აკა მორჩილაძე - ნიკალა

   შევხედოთ სურათს: საშუალოზე ოდნავ მაღალი, მშიერი კაცივით გამხდარი, გაუპარსავი, მიკიტან მიხო ვარსიმაშვილის ნაქონ ლურჯ პიჯაკსა და შავ ყარამანდულ შარვალში გამოწყობილი, თავზე რუსული კარტუზით, მოარული ნელა და დაბნეულად - ასეთი იყო ნიკო ფიროსმანი თავისი ცხოვრების ბოლო ათ წელიწადს. ნიკო ფიროსმანი, ანუ ქალაქელებისთვის მხატვარი ნიკალა ან ნიკალაი მხატვარი.

იმისთვის, რომ ვიცოდეთ, რას ნიშნავს ძველი ქალაქისთვის მხატვარი, უნდა ვიცოდეთ სად გადის თბილისში საზღვარი ძველ და ახალ ქალაქს შორის.

ეს საზღვარი გადის შუა ბაზარზე, დაახლოებით იქ, სადაც ახლა ლესელიძის ქუჩაა. იმიტომ რომ მხატვარი ამ ქუჩის დაბლა და ამ ქუჩის მაღლა, სულ სხვადასხვა რამეს ნიშნავდა ძველ თბილისში. ქუჩის მაღლა, ანუ ახალ ქალაქში, რომელიც რუსების დროს შენდებოდა და აშენდა, მხატვარი იყო ნასწავლი კაცი, აკადემიური განათლებით, შემოქმედი, ინტელექტუალი და ასე დაუსრულებლად.

ქუჩის დაბლა, ძველ ქალაქში, მხატვარი იყო უსწავლელი კაცი, რომელსაც ხშირად წერა-კითხვა იმისთვის თუ ჰქონდა ნასწავლი, რომ აბრებზე კოხტად დაეწერა შეკვეთილი სიტყვები, ეს იყო კაცი, რომელიც თავისი ბუნებრივი ნიჭის წყალობით ახერხებდა დაედო თუნუქზე ან მუყაოზე ფერები და შეესრულებინა ნაირგვარი შეკვეთა.

ეს შეკვეთები იყო სულ ნაირ-ნაირი, არა მარტო დუქნების აბრების დახატვა, არამედ სამიცვალებულო განცხადებების ხატოვნად წერა და გამოკვრაც და სხვა ათასი. რა თქმა უნდა, ამაში შედიოდა ჩვეულებრივი ხატვაც და თუ ძალიან ხმამაღლა არ გამოგვივა, ფერთა წერაც. მხატვარი იმავდროულად იყო მღებავიც და ეს ყველაფერი ერთიანდებოდა ამ სიტყვის ქვეშ.

მხატვარი არის სიტყვა სწორედ დაბლა ქალაქიდან და ის სწორედ შუა ბაზრის გავლით ავიდა მაღლა და დაერქვა აკადემიურ მხატვრებს.

მხატვრები თბილისში იმ გაგებით, როგორც მას ძველი ქალაქი ხმარობდა, ყოველთვის ბევრი იყო და კონკურენციაც საკმაოდ მაღალი შეიმჩნეოდა.

რახან 100 წლის განმავლობაში თბილისი იყო ძალიან მზარდი და ყოველდღიურად მშენებარე ქალაქი, მას ყოველთვის ჰქონდა გარეგნული სიკოხტავის მოთხოვნილება. იმ დროს იშვიათად გაივლიდა თვე, რომ ქალაქში რაღაც ახალი დუქანი ან რამე გასართობი სახლი არ გახსნილიყო. ამას ყველაფერს აუცილებლად სჭირდებოდა მხატვარი. თბილელი მხატვარი იყო თვითნასწავლი კაცი.

გიგო ზაზიაშვილი, ერთი ყველაზე ცნობილთაგანი ასეთთა შორის, იგონებს, როგორ სწავლობდნენ თბილისში ხატვას. მამამისი შუაბაზრელი მკერავი ყოფილა, ქალებს უკერავდა ტანისამოსს.

ამ დროს გაზაფხულზე თბილისში მოდაში იყო სისხლის გამოშვება. ადამიანებს წნევა უწევდათ და დალაქებს საქმე ემატებოდათ. ანუ მიუშვერდი შენს მკლავს და დალაქიც სისხლს გამოგიშვებდა.

ჰოდა, ამ მკერავ ზაზიაშვილსაც ერთ მაისის თვეში სისხლი გამოუშვებინებია და მერე ხელზე ჭრილობა გამიზეზებია, იმიტომ რომ მორჩენას და შეხორცებას არ დალოდებია, რახან გაღმა კრივი ყოფილა დანიშნული და საკრივოდ წასულა.

ამ კრივში მკერავს ხელი უარესად დაუზიანდა და, როგორც ჩანს, განგრენაც დაეწყო. ერთმა კარგმა ექიმმა მკლავი მოჰკვეთა და დარჩა უხელოდ. ცალი ხელით რაღა უნდა შეეკერა. იჯდა ასე საწყლად და დარაჯად მსახურობდა. ერთ დღესაც აიღო კალმისტარი, რახან იმ სადარაჯოში ხშირად უყურებდა, როგორ ხატავდა რუსის მოხელე რაღაცეებს და გადაწყვიტა, გველი დაეხატა.

აბა, გველს როგორ დავხატავო და დახატა გველი. მერე რაღაც სურათი იშოვა და იქიდან გადახატა. გაეჩვია, გააჩვია ხელი და ასე გახდა უფროსი ზაზიაშვილი მხატვარი. მერე კი თავისი პროფესია შვილსაც გადასცა. აი, ასეთი ხელობის ხალხი იყო. ვარანცოვზე იყო ერთი მხატვარი ჯორაშვილი, რომელსაც ძალიან ბევრი შეკვეთა ჰქონდა.

შეკვეთა მაინცდამაინც ტილოს და შინაარსიან ნახატს არ გულისხმობდა, უფრო აბრების ხატვას და გაფორმებას, ან სახლის კედლების, ამიტომ ეს ხელობა ახლოს იყო რუსულიდან შემოსულ სიტყვა „მალიართან“, ანუ მღებავთან.

მხატვარი ბევრი იყო, ვთქვათ, გრიგორიანი, ვანო ხოჯაბეგოვი. ანდა ათონის ქუჩაზე იყო მხატვარი არსენა, რომელსაც ძალიან კარგი სახელოსნო ჰქონდა.

თბილელ მხატვრებს ამქრები არ ჰქონდათ, მაგრამ გარკვეული ერთობა და სოლიდარობა კი სჭირდებოდათ, ხშირად ერთად იღებდნენ შეკვეთებს, ერთად ყიდულობდნენ საღებავებს, ზიარად აგროვებდნენ მასალას. ფიროსმანი განსხვავდებოდა ყველა ამ მხატვრისგან. ის ცხოვრების სულ სხვანაირ გზებს მისდევდა.

ფიროსმანს არასდროს არ ჰქონდა ისეთი სახელოსნო, როგორიც გიგო ზაზიაშვილს, იგივე იმ არსენას. ის უმეტესად სამადლოდ ათევდა ღამეს, თუმცა მუშტარი ყოველთვის ბევრი ჰყავდა.

ყველაზე უცნაური საიდუმლო ფიროსმანის დანატოვარის სიუხვისა და მისი ხელის სისწრაფისა არის სწორედ ის, რომ თბილელ მხატვართა შორის არსებული მაღალი კონკურენციიის მიუხედავად, ფიროსმანს სამუშაო ყოველთვის ჰქონდა. ის ნამუშევარში ფულს იშვიათად იღებდა. სხვები იღებდნენ, ის - არა.

ფიროსმანი ძირითადად მუშაობდა ორ უბანში - თბილისის სადგურის მიდამოებში და იარმუკასა და რიყეზე. ამ ორ უბანზე იყო ძირითადად.

შემკვეთ მედუქნეებს აწყობდათ ასეთი კაცი. ის საჭმლისა და სასმლის სანაცვლოდ ხატავდა და აფორმებდა ყველაფერს, თან ხატავდა ძალიან სწრაფად და ხატავდა ყველანაირი შეკვეთით: აი, აქ ისე დამიხატე, იქ ისე დამიხატე…... იარმუკაში იყო ერთი კაი კაცი ვანო აბაევი, ფიროსმანის მეგობარი. ეს ვანო ოთახებს აქირავებდა. ასეც ერქვა: „მებელიროვანიე კომნატი ვლადიკავკაზა“. ოსი იყო ეს ვანო აბაევი და იყო არა მარტო ფიროსმანის, არამედ ვაჟა-ფშაველას მეგობარიც.

სწორედ ამ „ვლადიკავკაზის ოთახებში“ მოხდა ფიროსმანისა და ვაჟა-ფშაველას ერთადერთი შეხვედრა. ეს შემთხვევითობა იყო: ფიროსმანი რაღაცას ღებავდა და ვანომ დაუძახა. სადილად ვაჟა ჰყავდა, რომელიც იმხანად ვანოს ოთახებში ჩერდებოდა ხოლმე ქალაქში ჩამოსული. ჰოდა იქ ლაპარაკის დროს გამოირკვა, რომ ფიროსმანს წაკითხული ჰქონია „შვლის ნუკრის ნაამბობი“.

ამ დაბლა ქალაქის მხატვრებში კითხვა ძალიან იშვიათი რამ იყო. განსაკუთრებით ისეთი რამეებისა, როგორიც არის ვაჟას „შვლის ნუკრის ნაამბობი“. იქ სხვა ლიტერატურა არსებობდა, რომელიც უკიდეგანო იყო და იმასაც ვერ ამოწურავდი, რომ მიჰყოლოდი... ფიროსმანმა ვაჟას მოუთხრო, რომ ერთ დუქანში დაეხატა ეს მისი შვლის ნუკრის ამბავი, რადგან მოთხრობას ძალიან ემოქმედა მასზე და დაეხატა ყელგამოჭრილი შველიც.

მედუქნეს სწყენოდა, ამ დუქანში ხალხი გასართობად შემოდის და ამ სისხლის ყურებაში რა უნდა ჭამონ და რაღა უნდა დალიონო. ამიტომ იქვე გადაეღებათ კედელი და ფიროსმანს ზედვე დაეხატა თავადების ქეიფი.

შეკვეთები იყო ძალიან კონკრეტული. რომელიმე მედუქნე ეტყოდა ფიროსმანს, დამხატე, ოღონდ ხელში ჯაჭვი მეჭიროს, ამ ჯაჭვზე კიდევ ყოჩი იყოს გამობმულიო. მოგეხსენებათ, თბილისში ყოჩების ჩხუბი ძალიან პოპულარული იყო და ბევრ მედუქნეს ესახელებოდა, რომ სურათზე მაინც ჰყოლოდა კარგი ყოჩი.

ნიკოს ძველი მეგობარი, მედუქნე ბეგო იაქსიევი იგონებს, რომ ერთხელაო იმდენი ხატაო, იმდენი მოვუყევი და ხატაო, რომ ბოლოს ვეღარ მოვიფიქრეთ, რაღა დაეხატაო. ჰოდა გამოვედით დუქნის გარეთ და დავინახეთ, ჩარდახიანი ურემი მოდისო და შემობრუნდაო და: აგე, ეხლა ეგ დავხატოთო. ოღონდ, მხოლოდ შეკვეთები არ იყო: ფიროსმანი თავისითაც ხატავდა.

როცა ვინმე პატივს სცემდა, ორი დღის მერე ის აუცილებლად მიაკითხავდა და მიუტანდა რაიმე ნახატს საჩუქრად, რომელსაც თვითონ ხატავდა ხოლმე სახლში. თუ ჰქონდა სადმე ჭერი, იქ აუცილებლად იჯდა და ხატავდა. სხვათა შორის, ხშირად ხატავდა ლამპის შუქზე. ჰქონდა თავისი ხერხები.

მაგალითად, ჭვარტლსა და კირს ურევდა ერთმანეთში და მუშამბაზე უსმევდა შავ ფონად. ამბობენ, რომ ის მუშამბაზე კი არ ხატავდა იმდენად, რამდენადაც ეტლების სკამების გადასაკრავ დერმატინზე, რომელიც ძალიან ძვირი იყო და ძალიან ძნელი საშოვნელიც. საერთოდ, საინტერესო ის არის, რომ ძალიან მაღალი ხარისხის საღებავებს ყიდულობდა ყოველთვის და ძალიან სწრაფად აზავებდა მათ პირდაპირ დუქნის თეფშზე. ის ერთი დასვრილი თეფში მისთვის არ ენანებოდათ ხოლმე.

მაშინ თბილისში იყო ორი-სამი მაღაზია, სადაც ძალიან კარგი და ძვირი ინგლისური საღებავები იყიდებოდა. ერთი ასეთი იყო მუხრანის ხიდის შორიახლოს. მისი პატრონი იყო პეპოვიანცი და ფიროსმანი სულ იქ ყიდულობდა საღებავებს, სანამ პირველი მსოფლიო ომი არ დაიწყო. ამ ამბავს ამ პეპოვიანცის სიკვდილიც მოჰყვა და მაღაზიაც დაიკეტა. მერე უკვე დაბლა ცდილობდა ეშოვა ეს საღებავები. ხშირად ხატავდა თუნუქზე, თუკი შეუკვეთავდნენ, ხატავდა ხოლმე შუშაზეც, როცა საჭირო იყო და, რაც მთავარია, მიდიოდა დუქნებში, როგორც წესი, თვითონ. გამოჩნდებოდა და გეტყოდა: რამე არ გინდათ დაგიხატოთ.

მისი ფასი იცოდნენ - მაქსიმუმ მედუქნეს მისთვის ჯიბეში ჩაედო ერთი ან ორი მანეთი. ეს არ იყო, ასე ვთქვათ, მაინცდამაინც უბრალო ფული, მაგრამ სასაცილო ფულია იმასთან, რასაც თბილისში სხვა მხატვრები იღებდნენ. ეს იყო ძალიან უცნაური. ფიროსმანის გარეგნობაც კი იმ დროის დაბლა ქალაქში, ამ ძველ ქალაქში იყო ძალიან უცნაური.

ბეგო იხსენებს, მე ვყიდულობდი ხოლმე მაგისთვის ტანსაცმელსო, 4-5 წელიწადს სულ ერთად ვიყავით და ერთი სუფრა გვქონდაო. ყოველთვის იცოდა არჩევა ძალიან დახვეწილი ტანისამოსის და უნდოდა, რომ გამორჩეული ყოფილიყო. ერთხელ ვიღაცამ ბაღდადი გადაჰკიდა მხარზე ხუმრობით და მოიშორა, არა ვარ ყარაჩოღელი და თქვენნაირი არა ვარ, ეგ არ მჭირდებაო.

ჰოდა, ბეგომ, ბაზარში ავედით ტანსაცმლის საყიდლადო და ძალიან კარგი ჩოხა და ყარაჩოღლის მთელი სამოსი მომაჩეჩეს იაფად, ზუსტად მისი სარგოო და მოვკიდე ხელი და შემოვხედე და არა, არა ეგ ჩემი არ არიო, ნიკალამ მითხრაო.

უცნაურობა მის ტანსაცმელში არის ისიც, რომ ხშირად ეცვა ძველი, ნაკემსი და ჩამოძენძილი, მაგრამ იმავდროულად უხდებოდა, კარგად ჰქონდა მომდგარი.

თავისი მეგობარი მედუქნეების და ყარაჩოღლების წრეში ის ხშირად ამბობდა, რომ ტანსაცმელს მნიშვნელობა არა აქვს. ხშირად ფეხსაცმელიც არ ჰქონდა ისეთი, რომ თავისუფლად ევლო ქუჩაში. მაგრამ როგორც კი ის ერთი-ორჯერ მოხვდა მაღლა ქალაქის მხატვრებში, იქ თქვა, მიჭირს თქვენთან სიარული, იმიტომ, რომ ტანსაცმელიც კი არა მაქვსო. აუცილებლად იცოდა ვალის დაბრუნება.

პირველად როცა მოხვდა მხატვართა ასოციაციაში, თუმანი აჩუქეს და უზარმაზარი ტილო მოიტანა საპასუხო საჩუქრად. ძველი მედუქნეები ყვებიან, რომ ხშირად ამბობდა, არავის კაპიკი არ მინდაო. საერთოდ, ვალი არ იცოდა.

იყო იმ დროის თბილისში ცნობილი სირაჯი მესხიშვილი, რომელიც ფიროსმანს დახატულიც ჰყავდა და ამ მესხიშვილის სიტყვებია, ვალი ეჯავრებოდაო, მაგის კასტუმს ჯიბე არა ჰქონდაო, ანუ რასაც ჩააგდებდი, იმწუთში ვარდებოდა და ჩაგდებას კიდევ არც განებებდაო. ამიტომ მაგის ხელფასი საჭმელი იყო და მაგის ჰონორარი სასმელიო.

იმ დროის თბილისში ღარიბი კაცისთვის ცხოვრება ძალიან ძნელი და აუტანელი არ იყო. არა ღატაკი კაცისთვის და მათხოვარისთვის, არამედ ღარიბი კაცისთვის. ცხოვრება ასატანი იყო, თუ ღარიბ მარტოხელა კაცს მეგობრები ჰყავდა.

ფიროსმანს არ ჰქონდა სახლი, არ ჰქონდა ფული, არ ჰქონდა ვალი და ტანსაცმელს მისთვის მეგობრები და გულშემატკივრები ყიდულობდნენ ხოლმე და ხანდახან ვიღაცა რაღაცას აჩუქებდა. ამის მიუხედავად, მედუქნეებმა „გრაფი“ დაარქვეს.

ეს არ იყო მარტო დამცინავი მეტსახელი, თუმცა დამცინავიც იყო, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ქვეყანაზე არაფერი ებადა და ვიღაც 10 მანეთს ჩაუდებდა ჯიბეში, მერე კი ეს ადამიანი მათხოვრებს ურიგებდა ამ ფულს, ცხადია, გარკვეული დაცინვის საგანიც შეიქნებოდა ხოლმე ისეთი ხალხისგან, როგორებიც იყვნენ თბილელი მედუქნეები.

ისინი ცუდი ხალხი არ იყო, თბილისელი მედუქნეები. ძალიან საინტერესო ფენა იყო და საერთოდ, ფიროსმანმა რომ ამდენი იცოცხლა, ფიროსმანის რომ ამდენი ნახატი დაგვრჩა, სწორედ თბილისელი მედუქნეების დამსახურებაა. მაგრამ ზურგს უკან ისინი მაინც დასცინოდნენ ხოლმე ნიკალას ახირებულობას და თან ნიკალას ხარჯზე იოლად გამოდიოდნენ, რადგან ვერ იპოვიდი სხვა ისეთ მხატვარს, ერთ მათლაფა ხარჩოში და ერთ ბოთლ არაყში დაეხატა რაღაც. ამის მიუხედავად, ის მაინც ინარჩუნებდა ღირსებას და „გრაფი“ ამასაც მოიცავდა.

როცა ფიროსმანი დუქნის დარბაზის კუთხეში მჯდომი ხატავდა ხოლმე, იქ ბევრი მოქეიფე იყო და ხშირად სინათლეც არ იყო კარგი. ზაფხულობით საერთოდაც ადრე დგებოდა და 6 საათიდან დაიწყებდა და მთელი დღე იჯდა და რამდენიმე ნახატს ერთბაშად უკეთებდა ხოლმე ამ მედუქნეებს, მაგრამ მოგეხსენებათ, თბილისის დუქანი სულ გაჭედილი იყო, სულ არღნის ხმა მოისმოდა, რომელიც, სხვათა შორის, ფიროსმანს უყვარდა და სიამოვნებდა. ყველა სუფრასთან იწვევდნენ, მაგრამ ის არც ერთ სუფრასთან არ ჩამოჯდებოდა, თუმცა თითოს დალევა ყველგან უწევდა და ფაქტობირვად მთვრალი ამთავრებდა ხოლმე სამუშაო დღეს. სირაჯმა მესხიშვილმა თქვა საოცარი ფრაზა ფიროსმანის შესახებ: ხატავდა იმიტომ, რომ დაელია და სვამდა იმიტომ, რომ დაეხატაო.

გულახდილად რომ ვთქვათ, ფიროსმანი ლოთი იყო, მაგრამ ის არ თვრებოდა. ლოთები არ თვრებიან. მისი ცნობილი გამონათქვამია: ბეგო, ბიჭო, არაყი მომაშველეო. ეს ჩვეულებრივი, საწყალი ლოთი კაცის მოწოდებაა.

მას უნდა, რომ მუშაობა გააგრძელოს და თუ არ დალია, ვერაფრით ვერ გააგრძელებს. ქეიფის მოტივი მის სმაში არ იყო, ეს იყო მარტოხელა კაცის ლოთური პორციები, რომლებსაც ის იღებდა დღის მანძილზე და ეს წლობით გრძელდებოდა.

ერთი სადგურისპირა მედუქნე იხსენებს, დილით მოვიდოდა ხოლმე ჩემთან აცახცახებული და მთხოვდა რამე დამალევინე და სანაცვლოდ, რასაც გინდა დაგიხატავ, რამდენსაც გინდა დაგიხატავო.

არანაირი სიამოვნება ამ სმაში ფიროსმანს არ ჰქონდა, ის ჩვენ მოქეიფედ და დროის მტარებელ კაცად არ უნდა წარმოვიდგინოთ. ის იყო მშრომელი, ალკოჰოლიზმით დაავადებული კაცი.

ის იყო ერთადერთი მხატვარი თბილისში მაშინ, ვისაც სახელოსნო არ ჰქონდა და არ ებადა ქვეყანაზე არაფერი, ცხოვრობდა დუქნების უკანა ეზოებში, სადაც სოფლებიდან ჩამოსულ ხალხს ჩამოჰქონდა საქონელი, სადაც იყო ბაკები. ბოლო მისი ბინა საერთოდაც კიბის ქვეშ იყო. ბინაც არ იყო ესა და ჩიოდა, ბავშვები ფანჯარას მიმტვრევენო, ერთი ფანჯარა ჰქონდა, უბედური.

ის, რასაც ჰყვებიან მედუქნეები, ყარაჩოღლები და კინტოები, რომ სასმელი მომაშველეთო, მისი უბედურება იყო და არა მისი ბედნიერება და სილაღე. თუ არ დალევდა, ვერ დახატავდაო. როცა ადამიანი წლების განმავლობაში ლოთია, ის თუ არ დალევს, არათუ ვერ დახატავს, ვერ გაინძრევა საერთოდ.

მთელი მისი უბედურება ეს იყო, მაგრამ ნიკალა ყოველთვის ასეთი არ იყო. უბრალოდ, მან თვითონ აირჩია ასეთი ცხოვრება და საოცარი ცხოვრება გამოვიდა, ალბათ ყველაზე საოცარი თბილისში, თორემ მანამდე ნიკო ფიროსმანაშვილი კომერსანტიც იყო, სამჯერ დუქანიც ჰქონდა და ეს საქმეები რომ ჩაეშალა, ერთხანს „ტარმაზნოი კონდუქტორიც“ იყო გამოუვალობისგან, მაგრამ ეს კონდუქტორობა ცალკე ჯანმრთელობის და ცალკე ალბათ იმის გამო, რომ მოკლებული იყო ხატვის შესაძლებლობას დიდად არ მოსწონდა და მედუქნეობა კი მოსწონდა.

მისი ერთ-ერთი კომპანიონი ამბობს: რა ენაღვლებოდა, მე დახლში ვიდექიო და თვითონ ავიდოდა ზედა ოთახში, აიტანდა ახალ მოთიბულ ბალახს, გააგებდა იატაკზეო და მეუბნებოდა, სოფელში ვერ დავდივარ და მსიამოვნებს, ამაზე რომ ვაბიჯებო. მედუქნეობისას, იჯდა მთელი დღეები და ხატავდა ძმაკაცებისთვის, სხვებისთვის. მაშინ ცოტა ფული ჰქონდა და შეეძლო, რომ თავის ნებაზე ეხატა და ემუშავა. ალბათ სწორედ იმ დროის არის დაუდგენელი ისტორია მომღერალ მარგარიტას შესახებ, იმიტომ, რომ უფულო კაცი დიდად ვერ წავიდოდა ორთაჭალის ბაღებში.

სიცოცხლის ბოლო 10-15 წელიწადს ის ორთაჭალაში არ დადიოდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ სადმე ბაღებისკენ გაეხედა და საქეიფოდ გაჰყოლოდა ვინმეს.

დადიოდა სულ მარტო, ეგება ამიტომაც დაარქვეს „გრაფი“. ასე რომ, ამ მეტსახელში ძალიან ბევრი რამაა გაბნეული. მაგალითად, მისი ცნობილი ფრაზაც, როცა უკვე ფიროსმანი შეამჩნიეს მაღლა, ევროპულ თბილისში და როცა მიშელ ლედანტიუმ საფრანგეთში რამდენიმე წერილი დაბეჭდა გაზეთებში მის შესახებ: „მე უკვე საფრანგეთში მიცნობენ“.

ეს სიამაყის გამომხატველი ფრაზა იყო და შეიძლებოდა ასეთი კაცისთვის ამიტომაც დაგეცინა. შეხედავდი ფიროსმანს და ის იყო სრულიად ბოგანო იერის კაცი და სავსე რაღაც მოულოდნელი ღირსებით. ძალიან უცნაური შეთანხმებაა. ტანსაცმელი არ უვარგოდა, მაგრამ მას უხდებოდა, საშინელი იყო, მაგრამ ამავე დროს იყო ღირსეული.

უცნაურობა კიდევ ის იყო, რომ მას მიესვლებოდა ყველგან. ყველგან უხაროდათ მისი ნახვა, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ძალიან სიტყვაძუნწი და ურთიერთობებში დისტანციის შემნახველი, კარგ ადგილას მოხვედრილი, მშვიდად იწყებდა ლაპარაკს და ლაპარაკი და თხრობა უყვარდა ძალიან. იმავდროულად ცნობილი იყო, როგორც მდუმარე და უხიაგი კაცი.

იმ ორ უბანში, სადაც საქმიანობდა, ფიროსმანს ჰქონდა თავისი ბირჟები, ანუ რახან სახელოსნო არ ჰქონდა, როცა თვითონ აღარ დადიოდა მედუქნეებთან და ვიღაცას კი უნდოდა მისთვის რაღაც შეეკვეთა, ნიკალა მიდიოდა თავისი მეგობრების სახელოსნოებში და იქ იჯდა. ეს არ იყო მაინცდამაინც მხატვართა სახელოსნოები. ვთქვათ, ერთი მისი მეგობარი იყო შაშო მექუდე, ვისთანაც ნიკალა ბევრ დროს ატარებდა. სხვა ასეთი ადგილი ფიროსმანს ჰქონდა გაღმა, ავლაბარში.

ეს იყო ავლაბრის ბაკების შენობა, სადაც ერთ პატარა ოთახში სანთლებსა და პატარა ქალაქურ წიგნებს ყიდდა ძველი თბილისის ძალიან ცნობილი პოეტი დავით გივიშვილი. ეს გივიშვილი იყო ძალიან კოლორიტული კაცი.

გივიშვილთან იჯდა და ფურცლავდა ამ წიგნებს და ასევე იქაც მოდიოდნენ შემკვეთები. ხშირად იყო ხოლმე ნიკალა აბრაგუნეს განთქმულ დუქანშიც. ეს აბრაგუნე მეგობრობდა მას დიდად.

რახან მედუქნეებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მედუქნე არ არის აუცილებლად ჩარჩი და ვაჭარი. იმ დროის თბილისში რამდენიმე ტიპის მედუქნეა. მათში ხშირია დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული მშრომელი ხალხი, რომელთაც ქალაქი ძალიან იოლად იგუებს და კარგად იწოვს - მაგალითად, გოლა ჭიჭინაძე, რომელსაც სადგურთან ჰქონდა ცნობილი სასტუმრო და რესტორანი „არარატი“, სადაც ფიროსმანის ბევრი ნახატი იყო და სადაც ცხოვრობდა ხოლმე ნიკალა. აბრაგუნე კი იყო ძველი ყარაჩოღელი, ცოტა სხვა ტიპის მედუქნე.

ნაყარაჩოღლარი მედუქნეები ძალიან ხშირად თავზე ხელაღებული, დამრტყმელი კაცები იყვნენ. იმათ შორის კი იყო ეგეთი „შავი ვანო“, რომელსაც მტკვარს გადმოღმა, ხევში ჰქონდა დუქანი, აი, საბურთალოს და დიღმის გზის შორიახლოს.

იმ დუქანში შეიძლებოდა ყაჩაღსაც შეენახა თავი, იმიტომ, რომ თვითონაც ნახევრად ყაჩაღი იყო შავი ვანო და სულ მუშტებზე იყურებოდა. შავ ვანოსთან იყო ფიროსმანის ნახატები, მალაკნების სერია. ესეც პირდაპირი შეკვეთა იყო.

რახან შავი ვანო თვითონ ოხრის მქნელიც ხშირად იყო და ეს კარგად იცოდა, ასეთ ხალხს ხშირად წესიერი და პატიოსანი ადამიანები მოსწონს და ვანოსთან ხშირად მოდიოდნენ მალაკნები, გადმოსახლებული რუსი სექტანტების შთამომავლები და მოჰქონდათ მისთვის რძის ნაწარმი და სხვადასხვა პროდუქტი. მალაკნები ცნობილი იყვნენ თავიანთი პატიოსნებით და ვანოსაც გული მიუვიდა მათზე. ჰოდა, სთხოვა ნიკალას, მალაკნები დამიხატეო.

სატინის ხალათები ცისფერი ან ვარდისფერი, შავი ჟილეტები, გრძელი წვერი, კარგად გაპრიალებული ჩექმები, მალაკნები მოსწონდა - წესიერი ხალხია ჩვენგან განსხვავებითო.

ბეგო და აბრაგუნე კი მართლა ინახავდნენ ნიკალას. გოლა ჭიჭინაძეც მართლა ინახავდა, მაგრამ მედუქნე ბევრნაირი იყო და ხშირად იყო, ნახატი მიფრინავდა სადღაც, იმიტომ რომ მედუქნეს არ მოსწონდა. ხშირად იყო გულსატკენი ეპიზოდები, მაგრამ რახან ნიკალა მუქთად ხატავდა, დიდად არ იმჩნევდა დაწუნებულს.

ვერავინ დათვლიდა, რამდენი ნახატი იყო ფიროსმანის, რამდენი კედელზე, რამდენი მის მუშამბასა და დერმატინზე, რამდენი თუნუქზე და რამდენი მუყაოზე. ვერავინ ვერ დათვლიდა და ვერ გაიგებდა ამას, იმიტომ, რომ ეს კაცი რაღაც გასაოცრად მოძრაობდა ქალაქში, მისი პოვნა იყო შეუძლებელი, ვინმეს რომ დასჭირდებოდა, ვერაფრით ვერ იპოვიდა, თუ მის ბირჟებზე არ გადააწყდებოდა.

ჰკითხავდნენ: სადა ხარ, ჩვენთან რატომ არა ჩნდებიო და, აი, დიდუბეში ვიშოვე რაღაცა პატარა ოთახი და იქა ვარ და წყნარათა ვარო, უპასუხებდა. რევოლუცია დამარცხდა, ადრეც მოგახსენებდით. სისხლი. მე კიდევ თბილისელი სირაჯები მახსენდება.

ეგრეა, რომ ფიროსმანის ბევრ ტილოზე, „ფართრეთზე“, როგორც მაშინ თბილისში იტყოდნენ, ბევრი მისი მეგობარია აღბეჭდილი და ბევრიც კიდევ მისი ქალაქის ცნობილი კაცი. ამათი ჩამოთვლა, ამათი აღწერა კიდე ცალკე საქმეა და ესეც სახალისო საქმე. იგივე ბეგო იაქსიევი არის მის ტილოებზე, არი ცნობილი მეზურნე დიდი ბაგრატა, სარქისა მეღვინე.

ტილო „მეეზოვეს“ შეიძლება სულ სხვა სახელი ერქვას, „მეეზოვე“ ალბათ უკვე ხელოვნებათმცოდნეებმა დაარქვეს, იმიტომ რომ ამ მეეზოვის ვინაობა ცნობილია - ეს არის მირზოევის ქარვასლის იეზიდი დარაჯი რაშიდ ალმოევი. რაშიდა ძალიან შავი იყო და ფიროსმანს ამიტომაც დააინტერესა, მინდოდა შავი კაცის დახატვაო. ფიროსმანი ღატაკი კაცი იყო, მაგრამ ცხოვრება მაინც სავსე იყო ხალისიანი ეპიზოდებით, იმედის მომცემი ამბებით.

ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე თვითონ ფიროსმანის ხასიათიდან და განწყობიდან გამომდინარე. სწორედ ამ ჩვენი რუსეთის რევოლუციის დროს მან იშვიათმა, ძველი ქალაქის შვილთაგან, უცბად რევოლუციონერობა დაიჩემა და აქა-იქ პლაკატებიც კი გააკრა დუქნებზე. მედუქნეები პოლიტიკაში ნაკლებად ერკვეოდნენ და ერეოდნენ, მაგრამ პლაკატებზე გარადავოები ურჩევდნენ, მოხსენითო.

ნიკალა კი წერდა და წერდა ამ პლაკატებს - „ძირს მეფეო“ და ასე შემდეგ. ერთხელაც, რომ ჩამოუხსნეს, თქვა, დაიცადე, მაგას მაინც ბოლო მოეღება, ჩემს სეხნიასო. ერთხელ კიდევ გააკეთა მაგარი ეშმაკური რაღაც.

საერთოდ, ძველ თბილისში ასე იყო და კარგა ხანსაც მოყვა, რომ თბილისის ამქრები, ხელოსნების პროფესიული გაერთიანებები, წელიწადში ერთ დღეს იღებდნენ რომელიმე დუქანს მთლიანად, ან კიდევ ბაღებში მიდიოდნენ და ის ბაღებიც ვიღაცის იყო და ბაღებსაც იღებდნენ საქეიფოდ მთელი დღით. ჩვეულებრივ, ეს იყო ხოლმე ამქრის მფარველი წმინდანის დღეს და ძალიან შემოსავლიანი რამ გახლდათ მედუქნეებისა და ბაღების პატრონებისთვის, იმიტომ, რო ვთქვათ, მთელი ამქარი რომ მოიკრიბებოდა, ვთქვათ - მექუდეებისა, 150-200 კაცი გამოვიდოდა ხოლმე და შემოსავალი კარგი შემოდიოდა. ჰოდა, მედუქნეს ყოველთვის ახსოვდა იმ ამქრის დღე, რომელმაც წინა წელიწადს მასთან გაატარა დრო და კარგი ფულიც გადაიხადა.

ეს მთელი რიტუალი იყო ამქრებისა: ჯერ ქარგლებს დალოცავდნენ, სილას შემოარტყამდნენ, მერე კი იწყებოდა ქეიფი. მოჰყავდათ ბაგრატა თავისი დასტით, ჭიანურა თავის დასტით, მთელი ამბავი იყო მოკლედ და გამოფენდნენ თავიანთ ცისფერ ბაირაღებს და ერთმა მედუქნემ იფიქრა, რომ რახანც წელს ესენი კარგად ვაქეიფე და ამხელა შემოსავალი მომცესო, მოდი ისე გავაკეთებო, რომ ამათ ამქრის გულს მოვიგებ, რომ გაისადაც ჩემთან მოვიდნენო და გადაწყვიტა, თავისი დუქნის კედელზე დიდი ნახატი შეეკვეთა ფიროსმანისთვის, ძალიან კონკრეტული პერსონაჟებით, აი იმ ამქრის უსტაბაშით, იგივე ბაგრატათი და მოკლედ, ესენი რომ ჩვეულებრივ დღეს შემოვიდოდნენ დუქანში, თავისი თავი ამოეცნოთ და მერე ეთქვათ: იქ წავიდეთ, საცა ჩვენა ვხატივართო.

ეს სასახელო იყო მაშინ უბრალო ხალხში, ჰოდა ნიკალამაც აიღო შეკვეთა და მედუქნემ ჩამოუთვალა, სად ვინ უნდა იდგეს, სად ვინ უნდა ეხატოს, როგორ უნდა იყოს, რა უნდა იყოს. ნიკალამ წაიღო ეს შეკვეთა და გააკეთა სწრაფად, როგორც იცოდა, პირდაპირ დუქნის მთელ კედელზე. უზარმაზარი ნახატი გამოუვიდა.

ოღონდაც, ფიროსმანმა ერთი ეშმაკობა ჩაიდინა ამ სურათის ხატვის დროს - ჩვეულებრივ, ამქრებს თავისი ბაირაღები ჰქონდათ და ეს ბაირაღიც ამ ნახატზე შეკვეთილი იყო.

ბაირაღები ძირითადად იყო ცისფერი, ზედ წარწერით და სხვადასხვა სიმბოლოებით. ჰოდა, ფიროსმანი ადგა და ცისფრის ნაცვლად წითელი დახატა. ესეც რევოლუციის ხათრით. დახატა შემპარავად, ვერავინ ვერ შეამჩნია, იმიტომ, რომ ბაირაღები უკან იყო. დახატა და ძალიან ხარობდა თვითონ ამის გამო, ოღონდ უთქმელად, იმიტომ რომ მედუქნე დიდად ვერ მიხვდა მთელ ამ ამბავს, მაგრამ ეს უკვე რომელი დროა, იცით? როცა რევოლუცია დამარცხებულია და დასდევენ რევოლუციონერებს, ხოლო წითელი არის დამნაშავეობის ფერი. მაგრამ აი, ერთხელაც ვიღაცამ შეამჩნია და მედუქნე გალანძღა და შეაშინა, რო შენაო, არ იცი რა მოგივა აი ამის გულისთვისო, მიხვდა რაც იყო.

მედუქნეს ისე შეეშინდა, რომ ეცა დანით, გაჯიანადვე ამოფხიკა ეს ბაირაღი და მერე დარბოდა იარმუკაში და ნიკალას ეძებდა, გამიახლოს ის ნახატი, დამიმახინჯდაო. დიდი არაფერი, გაჯით ამოავსეს ისევ და ნიკალამ ცისფერი ბაირაღი დახატა.

ფიროსმანის ცხოვრებაშიც მოხდებოდა ხოლმე სასიამოვნო ქეიფები, ანუ ისეთი სუფრები, სადაც ყოფნა მას უყვარდა. რახან ჩვეულებრივ არ ჩერდებოდა სუფრაზე, რაღაც განსაკუთრებული უნდა მომხდარიყო, რომ ქეიფში მისულიყო.

მუხრანის ხიდი რომ გაიხსნა, ამან იარმუკა ძალიან გამოაცოცხლა. დაიწყო შენება და გაგრძელდა, გაგრძელდა და მივიდა ისევ მეტეხის ხიდამდე. ორ ხიდს შუა ძალიან გამოცოცხლდა ცხოვრება და იქ მრავალთაგან ერთი სახლი აშენდა ძალიან უცნაური იერისა.

ვიწრო იყო, დერეფანს ჰგავდაო, თვითმხილველები ამბობენ, მაგრამ მეორე სართულზე გაუკეთეს დიდი აივანი და პირდაპირ მტკვარზე იყო გადმოკიდებული, რაღაც ჰაეროვანი აივანი გამოვიდა ბიჯგების გარეშე. ეს აივანი ამ შენობას მიაშენა ერთმა თელაველმა ასათიანმა, მედუქნემ და ამ ზედა სართულზე გახსნა დუქანი, ძალიან ვიწრო, საჩაიე, ასე ვთქვათ. აივანი გადადიოდა მტკვარზე და ამიტომ ძალიან ბევრი ხალხი ეტანებოდა. ეს ის დრო იყო, როცა იარმუკაში ძალიან პოპულარული გახდა ერთი განთქმული კაცი, თუმცკი ისტორიაში არც თუ ხშირად ხსენებული.

ეს იყო პირველი ქართველი მფრინავი, ბესარიონ ქებურია, რომელიც სწორედ მაშინ საფრენი აპარატებით ატარებდა საოცრებებს დიდუბესა და ვაკეში. ეს იყო მთელი აღმოჩენა თბილისისთვის - ცაში აეროპლანი. ჰოდა, ლექსიც იყო ქებურიაზე უბრალო ხალხში გავარდნილი: ბესარიონ ქებურია ვაჟკაცობით ქებულია, მტკვარზე გადის უხიდოდ, ცაში ადის უკიბოდ.

ჰოდა, რახან ამ დუქნის აივანს ძალიან ჰაეროვანი იერი ჰქონდა და იარმუკის სულ განთქმულმა კინტოებმა, ჰაჯიამ, ანგლიამ და პარიკამ თქვეს, რომ ესაო, დუქანი კი არა, აეროპლანიაო და შეერქვა ამ დუქანს „აეროპლანი“ და უკვე ასათიანიც მზად იყო, რომ დუქნისთვის დაერქმია „აეროპლანი“. ამისთვის სჭირდებოდა ახალი აბრა, ახალი „ვივესკა“ და ამიტომაც დაუძახა ფიროსმანს. ფიროსმანმა გააკეთა ძალიან კარგი „ვივესკა“ და დუქნის სამი კედელიც მოხატა.

უფრო სწორად, ორი კედელი მოხატა და მესამეზე ნახატი არ ეტეოდა და დაწერა სწორედ ეს ლექსი. ერთ კედელზე ეხატა ცაში მფრინავი აეროპლანი და შიგნით კიდევ ბესარიონ ქებურია. მეორე მხარეს, რა თქმა უნდა, ქეიფი.

მერე იმდენი გაბედეს უბრალო იარმუკელებმა, რო ბესარიონ ქებურია დაპატიჟეს სწორედ ამ დუქანში და აჩვენეს კედელზე მისი აეროპლანი და თავისი თავი და იქ იყო ფიროსმანიც და ეს დარჩა ძალიან ლამაზ წუთებად მის ცხოვრებაში.

თბილისი მაშინ იმგვარი ქალაქი იყო, რო მიუხედავად მისი სიპატარავისა, რაღაც გასაოცარი საზღვარი გადიოდა შუაბაზარზე და ქვედა ქალაქის ხალხს ზედა ქალაქში არ იცნობდნენ.

აი, ქებურიამაც არ იცოდა ეს ლექსი, ქებურიამ არ იცოდა ფიროსმანი. ფიროსმანმა და ვაჟა-ფშაველამ არ იცოდნენ ერთმანეთი. ეს ყველაფერი ერთად გროვდება. ფიროსმანი კიდე აუცილებლად გრძნობდა, რომ მას უნდა გაერღვია ეს საზღვარი და ევროპულ თბილისში მოხვედრილიყო.

ფიროსმანი უნდა აღმოეჩინათ და ის აღმოაჩინეს. აღმოაჩინეს ევროპული თბილისის შვილებმა, მაგრამ მერე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. პირველი მსოფლიო ომი იყო ფიროსმანის დასასრულის დასაწყისი, მაგრამ მან ეს არ იცოდა. მოდი, ისევ ფიროსმანზე ვილაპარაკოთ. საერთოდ, კაცი თუ ყურადღებას მიაქცევდა, თბილისის ყველა შემოსასვლელში ფიროსმანი იდგა.

ყველა შემოსასვლელს ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ჩამოხვიდოდი ველიამინოვზე, ანუ მოხვიდოდი კოჯრის კართან, სადაც იწყებოდა შუაბაზარი, იქ პირდაპირ ვიტრინაში იდო ფიროსმანის სურათები.

წამოხვიდოდი დიღმიდან საბურთალოს გამოვლით და სანამ ბორანთან გამოხვიდოდი, ნახავდი „შავი ვანოს დუქანს“ და იქაც ფიროსმანის ნახატები იყო. ასეთი შემოსასვლელი თბილისში ბევრი იყო, ყველგან დუქანი იდგა და ყველგან შეგეძლო გენახა ფიროსმანის ნახატები, ოღონდ საქმე ისაა, რომ ამ დუქნებში ნასწავლი ხალხი, როგორც მაშინ იტყოდნენ არ დაიარებოდა. ეს იყო უბრალო ხალხის და ჩამოსული გლეხობის დროის სატარებელი ადგილები, მაგრამ იყო ერთი შემოსასვლელი თბილისში, საიდანაც ნასწავლი ხალხი ხშირად შემოდიოდა. ეს იყო თბილისის სადგური და ამ სადგურიდანაც რომ გამოხვიდოდი, ყველგან იყო ფიროსმანი.

უამრავი დუქანი, საჩაიე, აშპაშხანა, მეიხანა, ჩაიხანა, ყავახანა, დუქანი, რესტორანი, ტრაქტირი და ათასი სხვა. და ძალიან ბევრგან ნახავდი ფიროსმანს.

ამიტომ დაკვირვებული თვალისთვის და ჭკვიანი კაცისთვის ფიროსმანის პოვნა ძნელი არ იყო და ზუსტად ასე იპოვეს ფიროსმანი სწორედ თბილისის სადგურისპირა დუქნებში ძმებმა ზდანევიჩებმა და ფრანგმა მიშელ ლედანტიუმ.

ასე აღმოაჩინა ფიროსმანი, ასე მოიწონა პირველად ფიროსმანი მაღლა ქალაქის, ანუ ევროპული თბილისის ხალხმა და აქედან დაიწყო ბევრი რამ, რასაც თითქოს უნდა შეეცვალა ფიროსმანის ცხოვრება, მაგრამ ვერაფერი ვერ შეცვალა.

როდესაც კირილ და ილია ზდანევიჩებმა და ლედანტიუმ ფიროსმანის ნახატები იპოვეს, ამოიცნეს ისინი და მათი შეგროვება დაიწყეს საქართველოსთვის, რუსეთისთვის და ევროპისთვის, მშვიდობიანი დრო იყო, თუმცა, თურმე მზადდებოდა პირველი მსოფლიო ომი, რომელშიც, სხვათა შორის, დაიღუპა ლედანტიუ და დაიჭრა ილია ზდანევიჩი, მაგრამ ეს ცოტა სხვა ისტორიაა, მანამდე კი მშვიდობიან თბილისში, ზაფხულის არდადეგებზე ჩამოსული ზდანევიჩები და ლედანტიუ, რომლებიც უფრო ხალხური ხელოვნების ნიმუშებს ეძებდნენ და კერამიკით იყვნენ დაინტერესებული, შეიქნენ ნამდვილი მოგზაურები ამ ძველი თბილისის დუქნებში და ამ ნახატების ამომცნობნი და შემმოწმებელნი. ფიროსმანი, ცხადია, არავისში არ ერეოდათ, იმიტომ, რომ მხატვარი იქ მართლაც ძალიან ბევრი იყო და ერთხელ ისე მოახერხეს, რომ ნიკალას გადააწყდნენ კიდეც კითხვა-კითხვით.

ფიროსმანი იდგა და კედელზე აწერდა სიტყვას „სარძევე“. მათ ილაპარაკეს მშვიდად. ფიროსმანი იყო კვლავ ძველმანებში ჩაცმული და ძალიან ღირსეული, მერე ისე მოხდა, რომ ისინი დამეგობრდნენ, ფიროსმანი უხატავდა მათ, ჩუქნიდა ნახატებს. ილია ზდანევიჩი დახატა კიდეც. პორტრეტზე იბარებდა და ესეც საოცარი სცენები იყო.

ისინი მიდიოდნენ სასწავლებლად რუსეთში, ფიროსმანის ნახატებს აგროვებდნენ, ცდილობდნენ როგორმე გაზეთებამდე მიეტანათ ყველაფერი, გაეტანათ ფართო წრეებში, თბილისელი აკადემიური მხატვრებისთვის ეჩვენებინათ, რომელთა უმრავლესობაც, რა თქმა უნდა, მტრულად შეხვდა ფიროსმანს. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო გიგო გაბაშვილი. ის სასტიკად არ ცნობდა ფიროსმანს, მაგრამ შეუძლებელი იყო, ვერ მიმხვდარიყო, რა იყო ფიროსმანი. შეიძლება ამიტომაც არ ცნობდა. სამაგიეროდ ცნობდა სხვას - იგივე გიგო ზაზიაშვილს, რომელთანაც მეგობრობდა.

ლედანტიუსა და ზდანევიჩების მოგზაურობა თბილისის დუქნებში კი სულაც არ იყო უხიფათო. ლედანტიუ მარტო მიბოდიალდა შავი ვანოს დუქანში. ათვალიერებდა სურათებს და იწერდა მათ სახელებს. ჰოდა, შავი ვანო ნაყარაჩოღლარი კაცი იყო და ეს ჩაწერები არ მოეწონა. ჩაწერით მაშინ შპიკები იწერდნენ, ძირითადად. ჰოდა ჩხუბი ატყდა და ლედანტიუ მომზადებული სპორტსმენი გამოდგა.

მეორე დღეს, ზდანევიჩები შესარიგებლად რომ მივიდნენ შავ ვანოსთან, ის თვალახვეული დაუხვდათ და ცოტა დაბნეულიც. უცნაურობა ის იყო, რომ ზოგი მედუქნე ძნელად ელეოდა ნახატებს. ზდანევიჩები ყიდულობდნენ.

მერე უკვე, 1918 წელს, მათ თბილისში ერთდღიანი გამოფენაც მოაწყვეს. მოსკოვშიც მოაწყვეს გამოფენა. ეს ყველაფერი კი გააკეთეს, მაგრამ ფიროსმანისთვის ბევრი არაფერი იცვლებოდა. ის მათგან კი ფულს იღებდა, როგორც პატივისცემას. ხოლო მედუქნეები, ან არ ელეოდნენ, ან ხალისით ყიდდნენ. თუ იმწუთში ვთქვათ თუმანი ჭირდებოდა მედუქნეს, შეეძლო მიეყიდა, სხვანაირად კი არაფრით. გულს იმით ინუგეშებდნენ, ნიკალა მაინც დაგვიხატავსო.

აი, ასე თანდათან გროვდებოდა ფიროსმანის ნახატები ევროპულ თბილისში და ამ დროს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

პირველმა მსოფლიო ომმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა პატარა ადამიანების ცხოვრებაში. ფიროსმანისთვის თვალში საცემი შეიქნა, რო თბილისში დუქნების დაკეტვა დაიწყეს. ეს იყო სრული კრიზისი, ქვეყანაში იყო გაჭირვება.ფიროსმანის ერთადერთი შემოსავალი იყო სწორედ ის, რომ დუქანში საჭმლის ფასად დაეხატა, ან ერთი-ორი მანეთი აეღო.

თბილისში კი დუქნები იმიტომ დაიკეტა, რომ ომის დაწყებისთანავე ძალიან ბევრი ჯარისკაცი იპარებოდა სამხედრო ნაწილებიდან. თბილისში კიდევ იყო 300, 400, 500, 600 დუქანი. ეს იყო ღვინის და ქეიფის ქალაქი და ისეთ დუქნებში, როგორებშიც მოღვაწეობდა ფიროსმანი, ღვინო და საჭმელ-სასმელი იაფი იყო.

თურქეთის ფრონტის ჯარისკაცები კი იპარებოდნენ, მერე კი ყიდდნენ თავიანთ ჩექმებს და სამოსს ამ ღვინისთვის და ეს იმხელა ამბავი იყო, რომ ძალიან მალე ღვინის გაყიდვაც კი აკრძალეს დუქნებში. ეს იყო ცოტა ხანს, მაგრამ ამან სასტიკად დაარტყა დუქნებს. ისინი იკეტებოდა.

ბეგო იაღსიევმაც დაკეტა თავისი დუქანი, რა ნახატებზე იყო ლაპარაკი, რაღა შეკვეთა იქნებოდა, რაღას წააწერდნენ. მთელ წელიწადშიო, ვიღაც იგონებს, ნიკალამ ერთ ლუდხანას დააწერა და მეორე კიდევ ქუჩის წინ გამოდგმულ ფარანზე დააწერა, აქ რაღაცა შეიძინეთო და ეგ იყოო.

მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა ის ამბავი, რომ გერმანიიდან ჩამოვიდა მაგარი მხატვარი და მაგარი კაცი დიმიტრი შევარდნაძე. დათიკოში კი ნუ აგერევათ. დიმიტრიმაც სადგურზევე იპოვა ფიროსმანი, შეიძლება ითქვას, პირველსავე დუქანში, და დაიწყო მისი პირდაპირი მნიშვნელობით ძებნა. და იპოვა კიდეც. იპოვა და მიიყვანა ქართველი მხატვრების შეკრებაზე, სადაც ფიროსმანმა მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა. შევარდნაძე ძალიან ცდილობდა, მოევლო ფიროსმანისთვის, მაგრამ ფიროსმანი იკარგებოდა და მას ვერ პოულობდნენ ვერანაირად.

როგორ მოძებნა შევარდნაძემ ფიროსმანი, ვინ იყო მათი დამაკავშირებელი, ეს თავისთავად საინტერესო ამბავია, იმიტომ რომ იმ კაცმა, ვინც მიუყვანა შევარდნაძეს და ქართველ მხატვრებს ნიკალა, მოახერხა ის, რაც ვერ მოახერხა ნიკალამ, ანუ პირდაპირი მნიშვნელობით შუა ბაზრიდან ამოვიდა და ჩადგა აკადემიურად და ევროპულად განათლებულ ქართველ მხატვართა შორის.

ეს კაცი იყო გიგო ზაზიაშვილი და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მის შესახებ. გიგო ზაზიაშვილი დაიბადა ძალიან სიმბოლურ ადგილას თბილისში - ძველი და ახალი თბილისის საზღვარზე, ანუ აზიური და ევროპული თბილისის გასაყარზე.

ხატვა თავისი მამისგან, ცალხელა მკერავისაგან ისწავლა. თავისი შრომით, წვალებით, დაგვით, მონდომებით და ნიჭით მიაღწია იმას, რომ გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უხვშეკვეთიანი მხატვარი დაბლა ქალაქში და მერე თანდათან ავიდა მაღლა. ზაზიაშვილი ძალიან გატაცებული იყო ხატწერით და უამრავ ეკლესიაში ჰქონდა სამუშაო, ამიტომ, მას ბევრად მეტი შეძლება ჰქონდა ყოველთვის, ვიდრე ფიროსმანს. ის მთელ საქართველოში დადიოდა და იღებდა შეკვეთებს ეკლესიების მოხატვაზე, ხატების წერაზე, უბრალოდ ხალხისთვის, გლეხებისთვის თუ თავადებისთვის. ყოველთვის ჰქონდა კარგი სახელოსნო და რაც მთავარია, ადრევე გაიცნო გიგო გაბაშვილი, თავისი სათაყვანებელი მხატვარი და დაუმეგობრდა მას. გაბაშვილმაც, ასე ვთქვათ, შეიტკბო ზაზიაშვილი, თვითნასწავლი კაცი და მასში დაინახა რაღაც საოცარი ნიჭი და აქედან ზაზიაშვილი გაეცნო თბილისურ, აკადემიურ მხატვრებს. გიგო თავადაც ევროპულად იცვამდა, თუმცა უკვე მერე მის გარეგნობაში ძალიან ჩანს ძველი თბილისელის იერი, თბილისისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი შტრიხით - დაბლა დაშვებული ულვაშით.

ზაზიაშვილი ერთადერთი იყო გადმოღმა ქალაქის მხატვრებს შორის, რომელიც ფიროსმანს არათუ იცნობდა, მეგობრობდა მასთან და ძალიან ხშირად შეეძლო, მოეძებნა კიდეც.

ისინი მეგობრობდნენ, ფიროსმანი და ზაზიაშვილი. ზაზიაშვილს არაერთხელ ხელი გაუმართავს მისთვის. ცოლისთვისაც კი დაბარებული ჰქონდა, თუ ნიკალამ შემოიაროს, უსადილოდ არ გაუშვაო, ხომ იცი, როგორი კაცია და უჭირსო. მეტიც, ერთხანს, ველიამინოვზე ზაზიაშვილს და ნიკალას ერთად ჰქონდათ სახელოსნო.

უფრო სწორად, ეს ზაზიაშვილის სახელოსნო იყო, მან მიიკედლა ფიროსმანი და ერთად მუშაობდნენ რაღაც შეკვეთებზე, მაგრამ ფიროსმანმა ვერც ამ საქმეში ივარგა. ასეთ მოწესრიგებულ საქმეში ვერ ივარგა. ზაზიაშვილი იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა გამზადებული, შეკვეთილი ნახატი თუ აბრა გაატანა ფიროსმანს მუშებთან ერთად დათქმულ მისამართზე და უთხრა, მეც მალე წამოგეწევითო. საღამომდე ვერ მივიდა იქ, ფული უნდა აეღო შეკვეთაზე და ხედავს, დაკეტილ კართან მუშები დგანან და ეს შენაკვეთი აბრა უჭირავთ. ნიკალა სად არიო, გიგომ და ნიკალა ცოტა ხანს იდგა და გვითხრა: წავედი მეო. არა ჰქონდა ამის ნერვები - პირდაპირ და ახლებურად რომ ვთქვათ.

ზაზიაშვილი ასევე იგონებს, როგორ უპოვია მთვრალი ნიკალა ქუჩაში არაერთხელ, წამოუყენებია, წაუყვანია, დაუწყნარებია. რაც შეეძლო, ეფერებოდა, მაგრამ მათი ურთიერთობა მაინც რთული იყო. რაც დრო გადიოდა, ფიროსმანი აუცილებლად გრძნობდა, რომ ის, რაც ჰქონდა ზაზიაშვილს, მასაც ეკუთვნოდა და შეიძლება გრძნობდა იმასაც, რომ ერთი ასად ეკუთვნოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას არ შეეძლო ასე მუშაობა.

ხდებოდა, რომ ისინი ერთმანეთის შესახებ რაღაც უხერხულს ამბობდნენ, თუმცა ამას მეგობრობისთვის და კარგი განწყობისთვის ხელი არ შეუშლია. მაგალითად, ქართველ მხატვრებთან შეხვედრისას ფიროსმანმა თქვა, არ მესმის ისეთი მხატვრობა, როგორსაც, აი, მაგალითად, ხატმწერები მისდევენო, მაგათ ხატვა არ იციანო, მაგათ ხატვა არ უნდათო, რაღაცა სხვას აკეთებენო. თვითონ ფიროსმანმა ერთადერთხელ დახატა წმინდა გიორგი, რომელსაც ხშირად ახსენებდა, და ეს ხატი არ იყო, ეს იყო უბრალოდ ნახატი, მაშინ, როცა ზაზიაშვილი სულ ამ შეკვეთებზე მუშაობდა და არაფერი ამაში საძრახისი არ იყო. ერთხელ ნასვამი ნიკალა ქუჩაში მოდიოდა და გაუგონია ლაპარაკი რომელიღაც დუქნის კართან, რომ ნახე რა ლამაზად დახატა ზაზიაშვილმა აბრაო და მოუხედავს და დაუყვირა: ზაზიაშვილი, ზაზიაშვილი, მე უკეთესად დავხატავო!

იყო კიდე ერთი ასეთი ამბავიც, რომ სირაჯმა მესხიშვილმა ნიკალას დაახატვინა თავისი „ფართრეთი“. მესხიშვილის მოგონებაა დარჩენილი, მოვიდა ზაზიაშვილიო, ნიკალა უკვე წასული იყო და ხელახლა დამხატაო. ისა სჯობდა, ზაზიაშვილს სხვანაირი ხელი ჰქონდა და ისა მგავდაო. აქ, მოგეხსენებათ, ცოტა ფოტოგრაფიულ აღქმაზეა ლაპარაკი და მეღვინეს უნდა ვაპატიოთ, მაგრამ ზაზიაშვილის საქციელიც საინტერესოა, რომ ის მივიდა და ნახა ნიკალას ნახატი და მაინც მიიღო შეკვეთა.

ზაზიაშვილი ეხმარებოდა ფიროსმანს. ფიროსმანი ამ დახმარებას იღებდა, მაგრამ როგორღაც მაინც მათი ერთად მუშაობა არ გამოდიოდა. იმ ერთ საქმეში რომ იყვნენ, ისიც მალე დაიშალა.

მერე იყო, რომ ზაზიაშვილმა ფიროსმანი მიიყვანა ქართველ მხატვრებთან. მხატვრები ორჯერ დაეხმარნენ ფიროსმანს ფულით. ორჯერვე ეს ფული წაუღო მას ლადო გუდიაშვილმა. პირველად გადასცა, მეორედ კი ვეღარ იპოვა. ეს იყო უკვე 1918 წელს.

უცნაური და მძიმე წელია ფიროსმანისთვის სწორედ 1916 წელი, როცა ის პირველად შეხვდა ქართველ მხატვრებს და რაღაცის იმედი მიეცა. მან წარმოიდგინა, რომ გახდებოდა ისეთი, როგორებიც სხვები იყვნენ. ეს მან აუცილებლად წარმოიდგინა, მაგრამ იმავე წელს მისი ყველა იმედი დასამარდა ერთი უცნაური ამბით - ფიროსმანი ორჯერ მოხვდა გაზეთში: პირველად „სახალხო ფურცლის“ სურათებიან დამატებაში, როცა მისი პორტრეტი დაბეჭდეს, როგორც ახლად აღმოჩენილი ნიჭისა და ეს იყო ძალიან საამაყო.მაგრამ ამას სულ მალე მოჰყვა მეორე, რამაც გაანადგურა ფიროსმანი.ამ ბუნების, ამ აღზრდის და ამ ქალაქში მცხოვრები კაცისთვის გაზეთი, ნაწერი, ქაღალდი, წიგნი ნიშნავდა სინამდვილეს.

ასე იყო საქართველოში ტრადიციულად და მერეღა ნელ-ნელა დაინგრა ეს მითი და ამბობდნენ, რომ ამას კომუნისტებმა შეუწყვეს ხელი გაზეთებში ტყუილების წერითო, თორემ ქაღალდზე ნაწერი იგივე კანონი იყო. ზაზიაშვილის ცოლი იგონებს, როგორ მოვიდა ერთხელ მათთან აღელვებული ფიროსმანი და მოიტანა „სახალხო ფურცლის“ სურათებიანი დამატება. იმ ნომერში იყო ფიროსმანის კარიკატურა - ფეხშიშველი, ბანჯგვლიანი, ჩამოგლეჯილი ფიროსმანი დგას და ხატავს თავის საოცარ ჟირაფს. თუმცა, ჟირაფი იმ კარიკატურაზე საოცარი არ არის, ფიროსმანს კი ზურგს უკან უდგას გრიგოლ რობაქიძე თავისი პარიკით, გამოწყობილი ძალიან კარგ კოსტიუმში და ეუბნება, ისწავლე მეგობარო, ისწავლე, 20-30 წელი უნდა ისწავლო, მერე კი ალბათ ნამდვილი მხატვარი გამოხვალ და გამოფენასაც მოგიწყობო.

ფიროსმანმა მოიტანა ეს გაზეთი ზაზიაშვილთან, დაუტოვა მის ცოლს და უთხრა: შენი ჭირიმე, გიგოს უთხარიო, რომ როგორც გადამკიდა, აი, ამ ხალხს, ვისთანაც მიმიყვანა, ისე ჩამომაშოროსო. ამ კარიკატურიდან ტრაგედიის შექმნა არ ღირდა, მაგრამ აშკარა იყო, რას ნიშნავდა მისთვის ყოველი სიტყვა ევროპული ნაწილიდან - ეს მისთვის იმედი იყო.

როგორც ჩანს, ფიროსმანი დადიოდა ამ გაზეთით ხელში ქალაქში, ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, იმიტომ ,რომ არსებობს მეორე შემთხვევა: ის მივიდა შაშო მექუდესთან იარმუკაში და იქაც ხელში ეჭირა ეს გაზეთი და აჩვენა იქ მყოფთ, აი, ნახეთ როგორ გამამასხრესო და რას მიპირებენ და მიშვრებიანო, ხედავთ რა სწერიაო: 20-30 წლის მერე მოგიწყობთ გამოფენასო.

მას აქ არ ესმის ხუმრობა და ირონია. 20 წლის მერე მკვდარი ვიქნები, ეხლა ომია და ამ ომში თავი რით გავიტანო, 20-30 წელი როგორღა ვიცოცხლებო. აი, ასე პირდაპირ და გულწრფელად თქვა. სჯეროდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა.ასე გაქრა ქართველი მხატვრებისთვის ფიროსმანი. ამ კარიკატურის შემდეგ ის აღარ უნახავთ. მიეცა ისევ ამ თბილისს და მის სამყაროს, რომელიც ძალიან გადასხვაფერებული იყო ამ ომის დროს.

ეს იყო სიღატაკის დრო, მათხოვრობა, დაჭრილები, ეპიდემიები. ქალაქი იყო განადგურებული. თბილისი იყო ახლო ზურგი თურქეთის ფრონტისა და აქ მოქმედებდა სამხედრო კანონები და არანაირი სახსარი ცხოვრებისა ფიროსმანისნაირი კაცისთვის აღარ არსებობდა. აღარ არსებობდა დუქანი, სადაც ის თავს შეინახავდა და სადაც იშრომებდა. ამის გამო ის იშვიათად აკითხავდა ხალხს. ერთხელ ზაზიაშვილმა გადაწყვიტა, მოეძებნა ფიროსმანი და იცოდა სადაც იქნებოდა - მალაკნების მოედანზე, სადგურის უკან. ფიროსმანს იქ უყვარდა ხოლმე მისვლა, იქ იკრიბებოდნენ თბილისელი მედროგეები. მედროგეებმა დროგზევე იცოდნენ სუფრის გაშლა და სულ დარჩეული ლოთები იყვნენ, დარჩეული ლოთები მარილიანი სიტყვა-პასუხით და მათი ბირჟა იყო მალაკნების მოედანზე, იქ სასტუმროებიც ბევრი იყო და ამ სასტუმროებში კი უფრო ჩერდებოდა პროვინციიდან ჩამოსული მოვაჭრე ხალხი. ჰოდა, ზაზიაშვილმა იცოდა, სად მოეძებნა ფიროსმანი, მივიდა იქა და ნახა დროგზე გაშლილ სუფრასთან, ძალიან მთვრალი და არცთუ კარგ გუნებაზე მყოფი. ჩავებღაუჭეო - იგონებს ზაზიაშვილი - და ვუთხარიო, ნიკო, წამო კაცოო, იმ საზოგადოებაში მიგიყვანოო, მხატვრებზე ეუბნებოდა და იმან გაიცინა და ბრაზიანად უთხრა: აი, ჩემი საზოგადოებაო და დაანახა მთვრალი მედროგეები და დროგზე გაშლილი სუფრა.ეს ყველაფერი მართლა იყო და მართლა ხდებოდა. ეს კაცი ინგრეოდა, რადგან ყველაფერი ერთმანეთს დაედო და გამოსავალი კი არ იყო.

ომის ბოლოსკენ, როგორც ჩანს, იყო კანტიკუნტი შეკვეთები. ფიროსმანი იქავე, სადგურთან ცხოვრობდა, კიბის ქვეშ, საწყობში, სადაც ინახავდნენ ღვინოს, შეშას და ასეთ რამეებს და მას რაღაც გროშებად მიაქირავეს და პატრონი შერჩენოდა ერთი - ცალფეხა მეჯღანე არჩილა მაისურაძე. ეს კაცი უვლიდა, ეხმარებოდა, ამხნევებდა და ფიროსმანს მისცა ბოლო შეკვეთა.ეს იყო აბაშიძის სასტუმრო, სადაც ის პირველ სართულზე მუშაობდა და სვამდა კიდეც ჩვეული წესით. მაგრამ ეს იყო ცუდი დრო, ეპიდემიების დრო.

თბილისში მაშინ მძვინვარებდა „ისპანკა“, საშინელი გრიპი, უკურნებელი, წამალი არ იშოვებოდა არათუ ღარიბისთვის, მდიდრისთვისაც კი. თან გაზაფხული იყო, როცა ყველანაირი ავადმყოფობა და სისუსტე ადამიანისა თავს წამოყოფს ხოლმე. ფიროსმანი მუშაობდა აბაშიძესთან და ერთ დღესაც არ მივიდა. მეორე დღესაც არ მივიდა და მერე იმ საცოდავმა მაისურაძემ, თვითონაც ცალფეხამ და გაჭირვებულმა, მოიკითხა და იპოვა დაგდებული იმ თავის სარდაფში. გონზე იყო. მაისურაძე ასე იგონებს, სმისგან დამართნოდაო, ცუდად გამხდარიყოო. უფრო აზრიანი იქნება, ვიფიქროთ, რომ მას ეს „ისპანკა“ შეეყარა. მოუვლელობა და სმა უბრალოდ ზედ დაერთო. ფიროსმანმა უთხრა, არჩილაო, სამი დღეა აქა ვგდივარ, ბიჭოო, და ვკვდებიო, კაცი არ შემოსულაო. რაც შეეძლო საწყალ მაისურაძეს, დატრიალდა, ექიმებიც კი მოუყვანეს. მოიყვანეს დროგი. დროგები, მოგეხსენებათ, იქვე იყო და ფიროსმანი წაიყვანეს არამიანცის საავადმყოფოში, სადაცო, მაისურაძე ამბობს, მე ვეღარ მივყევი, საქმე მქონდაო. ასეთი ცხოვრება იყო თბილისში.მეორე დღეს მომკვდარიყო.

აქ უნდა გავიხსენოთ კიდევ ერთი ძველი ამბავი. უკეთეს დროში, პეპოიანცის მაღაზიაში, სადაც ნიკალა ომამდე ყიდულობდა ამ თავის დარჩეულ საღებავებს, ერთ-ერთი ნოქარი ყოფილა ვინმე „პაჭუა მიშა“, რომელსაც პეპოიანცის სიკვდილის და მაღაზიის დახურვის შემდეგ დაუკარგავს ეს სამსახური და მოწყობილა უპატრონო მიცვალებულთა ზიდვის ეტლზე. ომის დროს იყო ასეთი ხელობა. ჯარისკაცები, მაწანწალები ბევრნი იხოცებოდნენ, ეს ეპიდემიაც თავისას შვრებოდა და უპატრონო და ღატაკ მიცვალებულს ვერ მარხავდნენ ისე, როგორც საჭირო იყო. ამისთვის რამდენიმე ადგილას სასაფლაოებს ადგილები მოემატა და უბრალოდ ჭრიდნენ სამარეს და კაცს პირდაპირ მარხავდნენ სახელმწიფო წესით და სახელმწიფოს ხარჯით. მოხდა ასეთი უცნაური ამბავი, რომ შაშო მექუდის ვაჟი, ვასო, წამოჰყოლოდა თავისი უპატრონო მეზობლის ბალდახინს. მოუსვენებიათ უბნის ახალგაზრდებს ეს უპატრონო ქალი და მღვდელიც მოუყვანიათ და კრძალავდნენ პეტრე-პავლეს ეკლესიის უკან, ძველი ავლაბრის საჭიდაოზე. რახან ომი იყო, ეს საჭიდაო გაეუქმებინათ და უპატრონო და უსახელო ჯარისკაცებსა და მიცვალებულებს იქავე კრძალავდნენ. ჰოდა, ამ ვასომ უცებ დაინახა, რო დახურული საკუბოვე ეტლით სასაფლაოზე შემოვიდა პაჭუა მიშა და რახან ერთმანეთი იცნეს, მიშამ უთხრა, იცი ვინ მისვენიაო აქაო? მამაშენის ძმაკაცი, ჩვენი ნიკალაო, თუ გახსოვსო. ხსომებაზე აქ არ იყო, ვასომ ნახა მიცვალებული და, სხვათა შორის, მოახერხა, რომ მღვდელი, რომელიც სხვა საქმეზე იყო იქა, მოიყვანა და წესი ააგებინა ფიროსმანისთვის და იქავე დავმარხეთ მე და პაჭუა მიშამო, ასე გაიხსენა მრავალი წლის შემდეგ. მერე ვასო წამოსულა და ეს ყველაფერი უამბნია შაშოსთვის და კიდევ ფიროსმანის ერთი ძველი მეგობრისთვის, ილია აბაევისთვის. ეს აღდგომის დღეებია.

ფიროსმანი აღდგომის წინა ღამეს მოკვდა.

ილო და შაშო მოსულან პეტრე-პავლეზე და ყარაჩოღლურად, ზედ საფლავზე გაუშლიათ სუფრა და იქ მთელი დღე ნიკალასთან ჭირის პური უჭამიათ, ღვინოც დაუსხამთ, როგორც ეს ხშირად ხდებოდა თბილისში და მერე შაშოს ქვაც დაუდია.

საფლავი დაკარგულია.

მალევე ატყდა ფიროსმანის ბუმი, ქართველმა მწერლებმა დაიწყეს ძებნა, მოგონებების ჩაწერა, მაშინ ნახეს ბეგო, მაშინ ნახეს გორელი ლიმონა, მაშინ ნახეს ყველა, მაშინ ნახეს კიდევ ერთხელ ზაზიაშვილი, რომელმაც ცოტა ცივად უამბო მათ ფიროსმანის ამბავი. მობეზრებული ჰქონდა ეტყობა ნიკალას ხუშტურები, ათასში ერთხელ გამახსენდებოდა, მივიდოდი და მივეხმარებოდიო და ერთხელ მოსე თოიძემ, ფიროსმანის დიდმა გულშემატკივარმა, მითხრა, წამო მომაძებნინეო, მივიკითხ-მოვიკითხეთ მალაკნებზეო და მომკვდარიყოო. მაგრამ როდესაც თვითონ კვდებოდა გიგო ზაზიაშვილი, 1952 წელს, სიკვდილის წინ სწორედ ფიროსმანი გაიხსენა და თქვა, მე რომ მაშინ თბილისში ვყოფილიყავი, ის არ მოკვდებოდაო. ზაზიაშვილი მთელ საქართველოში დადიოდა შეკვეთებზე და სწორედ იმ აღდგომას არ იყო თბილისში. არ ვიცი, რას იზამდა, მაგრამ ეს მისი ბოლო გახსენება ფიროსმანისა ძალიან მტკივნეულია.

ნახვა: 1771

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters