აკა მორჩილაძე - სახენაიარევი კაცის კვალდაკვალ


- ეგრეც არაფერი გამოგვივიდა, - თქვა სემმა და სიგარა ჩააქრო კრამიტზე, - ისეთი სიმსუბუქენი ჩავრიე ამ საქმეში, რომ სამუდამო ვალები დამედო... ისეთი სიმსუბუქენი შევაწუხე, შენი გულისთვის... ვალში ვარ ანგელოზებთან...
- ჩემი გულისთვის? - ნამუსი არ ჰქონდა ამ კაცს.
- აბა, ვისი გულისთვის?
- შენ ხომ მოკვდი, სემ. ყოველ შემთხვევაში, ნაყინივით მიგადნო კედელზე. ჩემთვის როგორღა შეწუხდებოდი? საკუთარი თავისთვის შეაწუხე ის ანგელოზები და ახლა მე მატენი...
სემმა ჩაიხითხითა.
საერთოდ, ამაყად და ბედნიერად გამოიყურებოდა, შლაპა კეფაზე გადაეგდო, ბაფთა შეეხსნა და პერანგი გადაეღეღა. დღე რომ ყოფილიყო, სახურავზე ჩამომჯდარ კაჭკაჭს ან რაიმე ეგეთს ემსგავსებოდა, მაგრამ ღამე იყო და, რა თქმა უნდა, მაწანწალას თუ ეტყოდი.
ჩაიხითხითა და ბოლოს მთქნარებაც მოაყოლა.
- მთელი ღამეა, დაგატარებ, ჯორჯია, და მაინც ვერ გაიგე, რომ ვერაფერს მივაღწიეთ. გახსოვს, რატომ დავდივართ? რა მიზეზია? ბრუს-პარდინგტონიო თუ ვუელიჩის არსენალიო... აქამდე ხომ მოიპარავდი იმ ქაღალდებს, ჩააბარებდი გენერალს და... რატომ დავდივართ? წავიდეთ ახლა და...
- ჯობდა, იქვე დარჩენილიყავი დამდნარი, - ვთქვი დაბოღმილმა.
ძალიან გახალისდა ბატონი სემ ფილიპსი.
- უბადრუკო ჯორჯ ჯეფერს, ვინ დამტოვებდა იქ დამდნარს? მართალია, დამამარცხა იმ წყეულმა ჰაიგეიტელმა აჩრდილმა და წაგათრია იმ თავის წყეულ სამყაროებში... აჰ, როგორ მინდოდა, რამეები მესწავლებინა და ისე ვიყავი, რომ ხმას ვერ ვიღებდი, დამდნარი ნაყინი როგორ იტყვის რამეს? თქვენ წახვედით და ვწევარ... ვწევარ და ვფიქრობ, ჰაი, დედასა, სამუელ ფილიპს, ნოტინგჰილელო ბებერო, სად ჩაგალბეს მარწყვში...
- მარწყვში?
- ასე ითქმის, მარწყვს რომ ჩაყრი ჯამში, რძეს რომ და ცოტას მიქსერით... აი, ასე ვიყავი.
- და ეგეთი გემრიელი, არა?
- ნახევრადანგელოზი სემ ფილიპსი. დიახაც რომ ამ სურნელებას აფრქვევს, ვინაიდან ანგელოზთათვის მოცემული პირობის გამო... თუმცა, მოიცა, ამბავი გითხრა. ვწევარ და შავ ფიქრებს წაუღია ჩემი ყველაფერი. შენზე ვფიქრობ, ჯორჯია, გესმის? შენი უბედურება რა არის? კაი კოხტა ბიჭი ხარ და ინფორმაცია არ გაგაჩნია. ანუ არა ხარ ინფორმირებული. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ ვერაგი ჰაიგეიტელი თავის ნებაზე გატრიალებს, შეგათრევს თავის სამფლობელოში და მონაყმად გაქცევს. წაგიყვანს იმქვეყნად და მერე შეიქნები აჩრდილი. ვერაფერს ვამბობ და ამ დროს რა ხდება? ამ დროს ის ხდება, რომ ჩვენს მოგზაურობას და ტანჯვა-ვაებას იქ, მაღლა, თვალყურს ადევნებენ. მოუცლიათ, ჯორჯია, და გვაკვირდებიან. შენ იცინე და ეს არ არის პატარა ამბავი. ესე იგი, იმგვარად ვიქცევით, რომ გვაკვირდებიან - ესენი ვინა ყოფილანო. შენ ეს პატარა ამბავი გგონია? ციდან გაკვირდებიან... ერთიც ვნახო და, იმ წყეული „ათი ზარის“ ჭერში ციცინათელებივით ტრიალებენ რაღაცეები. წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ... შენისთანა უცოდინარი, აბა, რას მიხვდება, მაგრამ მე ხომ ვიცი? როცა ეგეთი ციმციმი ატყდება, ანგელოზები რაღაცას ბჭობენ. საერთოდ, ანგელოზებს უყვართ ხალხის დახმარება, მაგრამ დიდხანს ფიქრობენ. აი, ღირსია თუ არაო. მე კი ნახევრადანგელოზი ვარ და უკვე ვიცი, რომ უნდა დამეხმარონ. მათი უმსუბუქესობა ჩემთან არის...
- იხილე?
- ტელევიზორის თაობავ! - შეჰყვირა სემმა, - ვიხილე რა, კრიკეტია? ჩემში ჩაიღვარა! ჩემს დამდნარ სხეულში სიმშვიდე და უნარი შემოვიდა! ეს ის კი არ არის... რა ჰქვია იმას?
- ანტონიო ბანდერასი!
- მაგას კიდევ რა უჭირს... ასე წამოვიმართე და დავდექი ფეხზე. ჭერში სულ ოქროსფერი სინათლე იყო, მაგრამ თქვენ აღარსად იყავით და სადღა უნდა მეპოვე?.. ისევ ანგელოზებმა მიშველეს, ხელი წამომავლეს და მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი, ისე გამაქანეს ციურ ქალაქში...
აქ კი უნდა მეთქვა რამე და ვუთხარი!
- რაღაც ძალიან იოლად გამოგდის ყველაფერი.
- როცა ანგელოზები გეხმარებიან, ცხადია, ყველაფერი იოლად გიჩანს, - მომიგო სერიოზულად. - იქ კი ისეთი რამ ვნახე, ჯორჯია, რომ ახლაც შეშინებული ვარ. შენი ოხერი თავის გულისთვის გადამიშალეს წიგნი... ვინ ხარ ამისთანა, რომ... არა, მე კი გამიხარდა მაგრამ... მოკლედ, გაგიტაცა ჰაიგეიტელმა და ხომ უნდა გიპოვო? ჰოდა, ჰაიგეიტელი ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ სამყაროს განაგებს და, აბა, რა ვიცით, შენ სად შეგაგდო? სენტ-ჯორჯიც კი დაიბნა...
- ვინ?
- კარგი, ნუ დავწვრილმანდებით... აი, გადაიშალა ყველა და ყველაფერი. რა აღარ ვნახე, ისეთი რამეები დავინახე, რომ... და არა ხარ. არსად. სად ჯანდაბაში წახვედი? ერთი პირობა ვიფიქრე, არ ღირს ასეთი აუწერელი სიმსუბუქის შერყევა ჯორჯიასთვის-მეთქი. ისეთი შავი ფურცლები იშლებოდა, რომა... თან სულ მეშინოდა, აქედან ვეღარ გამოვიყვანთ, აქედან ვეღარ გამოვიყვანთ-მეთქი. როდის-როდის მოგაგენით იმ უდაბნოში და... გესმოდა ჩემი ხმა? ვერაფრით შემოვაღწევდი იმ სააჩრდილოში, გარედან კი გეძახდი და რა ვიცით. მერე იმ მოლივლივე სამყარომ ორი რამ მოახერხა - წვიმა გამოუშვა და ამით განწყობა შეცვალა და, მეორეც - იცი, რა დავინახე? დავინახე, როგორ წამოიჭრა საწოლიდან მოხუცებული ხმლოსანი ჟუსაკი და როგორ მოსდევდა ამხედრებულს ცოლი...
- კლოდინს ეძინაო, - ცრემლი მომადგა.
- ეძინაო? ტყუილი... მოსდევდა, მოჰკიოდა... ხომ იცი, ფრანგების ამბავი...
- ახლა... მკვდარია?
- რა გითხრა, იცი? ანგელოზები არ მიატოვებენ... და მერე... სწორედ საზღვართან გელოდი. ასე რომა, ანგელოზებმა გადაგარჩინეს.
- და ახლა რა ვქნათ? სადა ვართ, საერთოდ? - ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მეკითხა?
სემი წამოდგა და სახურავზე ბოლთის ცემას მოჰყვა.
- რთული სპორტია, - თქვა ალალად. - რთული სპორტი. მთელი ღამეა, დავდივართ და არაფერი გამოგვდის. საერთოდ, რატომ დავდივართ?
- შენ არ წამომიყვანე?
- მერე, შენ რატომ არ მკითხე, სად მივდივართო? ეს რა არის, მტრედის სკინტლია? - სემი ჩაცუცქდა და კრამიტებს დააცქერდა, - შენ იმის თავი გაქვს, რომ დაბრუნდე და იმ ვიღაც გენერალთან ერთი ერთზე გარკვიო საქმე?
- სადა ვართ, სემ? - მინდოდა, სხვა რამეზე მელაპარაკა.
სემმა კვლავ ჩაიხითხითა.
- საათ-ნახევარში გათენდება, - თქვა ხმადაბლა და მერე შესძახა: - აბა, ერთი აქ მოდი! ოღონდ გული არ გაგისკდეს. - და ხელი აღმოსავლეთისაკენ გაიშვირა, - გული არ გაგისკდეს, აგე, ჰაიგეიტის სასაფლაო... აი, მანდ მარხია ის შენი ძმაკაცი... ეჰ, მიტოვებული საფლავია, მაგრამ აჩრდილთა მხარეში... აი, იქით გაიხედე, ძმობილო ჯორჯია, ინათებს და ემაგ მინდორზე ცხენოსნები გამოჩნდებიან. მოხდენილი ქალბატონები ჩორთით ჩამოატარებენ ულაყებს. დილის გასეირნება, სუფთა ჰაერი... ჰემპსტედის მინდორ-ველები, აი, ეგაა, სერ... დიდებულია, დიდებული. აგე, იმ სახლში კლავიკორდების კოლექციაა. სოფლის მდუმარება ჯიგარო-ჯან და აგე კიდევ, აი, იქით, ხედავ მაღალ საბუხრე მილს? მანდ ერთი ბერიკაცი ცხოვრობდა - წვერი თამბაქოს კვამლით გაყვითლებოდა, ბარე ორმოცჯერ იყო გაჭრილი ექიმთა მიერ და მაინც ქალებზე ფიქრობდა! სულ ქალებზე ფიქრობდა. უფრო სწორედ, იმდენად ქალებზე კი არა, კაცების მიერ ქალის ყველაზე დაფარული ადგილის პოვნაზე სრულიად მოულოდნელ ადგილებში... ვთქვათ, ლუდის კათხაში, უფრო აქეთ, ჩვენსკენ, აგე, მანდ ლამაზი მელექსე ცხოვრობდა. ნიკაპზე წვერი ამოუვიდა და აღესრულა კიდეც. რა გითხრა? ლექსები არ ვიცი... დიკ ვედინგტონი გაგიგონია? დრო თუ გამოვნახეთ, იმ ლოდს გაჩვენებ, სადაც დიკ ვედინგტონმა ბოუს ეკლესიის ზარების რეკვა გაიგონა და ლონდონში დაბრუნდა... ოჰ, ოჰ, ოჰ. ამ ქვას გაუსწორდა და ამ დროს შემოჰკრეს ზარებს... და მობრუნდა...*
- და აქ რატომ მოფრინდით? - სემის ტურისტული მარშრუტები დიდად ვეღარ შეცვლიდა ჩვენს მდგომარეობას.
- მა კენსინგტონის ბაღები გინდოდა? ტყუილად ვიარეთ, მაგრამ არცთუ ცუდად.
ვიცოდი, უნდა ეთქვა, იქ პიტერ პენის ძეგლი დგასო, მაგრამ კვლავ დამასწრო:
- ბევრი გიკლია, სანამ პიტერ პენი გახდები...
სულელია, ხო იცი. რაღა მიკლია? დამაფრენს ამ ქალაქის თავზე. ეგ ერთი. მშობლებს დავეკარგე. ეგ ორი. შერილის სიყვარული მწადია. ეგ სამი. - ვითომ ვენდი იყოს...
- ჰაი, გიდი, - თქვა სემმა, - ბოლო იმედია, ბოლო იმედი და...
- ხელები მაღლა!
ახლაც არ ვიცი, რატომ ავწიე ხელები. სემიც ხელაწეული იდგა.
- აბა, ერთი აქეთ მოიხედეთ, - ავი ხმა იყო, ბებრული.
ვიფიქრე, რომ ლორდის მიერ აღწერილი ბიძა დაგვადგა.
- ნუ გეშინია, - წამჩურჩულა სემმა. - გახსოვდეს პენსიანი...
შემჭამა ამ თავისი პენსიანით.
სამერცხულიდან კი თოფის ლულა მოჩანდა.
- ხელები თავს უკან! - სწორედ სამერცხულიდან მოისმოდა.
შემოვილაგეთ ხელები თავს უკან და მივაჩერდით სამერცხულიდან გამოყოფილ ლულას.
- ვინ ხართ?
- ჩვენ ვართ მოხეტიალე ხალხი. შემოგვაღამდა და... - თქვა სემმა.
- შენ ვინცა ხარ, ვხვდები. შენისთანებს ვიცნობ, - მოისმოდა სამერცხლულიდან, - ეგ ყმაწვილი უფრო მაინტერესებს.
- ჯორჯ ჯეფერსია, იგივ ჯორჯია, - გაეპასუხა სემი.
- ჯორჯია? რას გულისხმობთ?
- ჩემი სახელია პიტერ ჯაფარიძე, მაგრამ ესენი ჯორჯიას მეძახიან, იმიტომ რომ, ჯორჯიიდან ვარ, - ვუთხარი ლულას.
- ჯორჯიიდან? რომელი ჯორჯიიდან? სადაც მდინარე მოედინება?
- არა, სერ. Former Soviet Union, - ჩვენ უბედური ხალხი ვართ. ჯერჯერობით მაინც, იმიტომ რომ, როცა წარმომავლობას გვკითხავენ, აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ ამერიკელები არა ვართ და იქვე დავურთოთ, რომ ყოფილი საბჭოელები გახლავართ - Caucasus. TRANSCAUCASIA...
- ჰმ, - ჩაფიქრდა სამერცხლულში შემალული ვინმე. - ეგებ სხვა კი მოატყუოთ გეოგრაფიაში, მაგრამ მე ვერ გამაცურებთ. არავითარი ჯორჯია ტრანსკავკასიაში არ არის. იქ არის არმენია, იქ არის ჩეჩნია, ჩერქეზია, ფერსია და...
- გაგიგონიათ, იქ რომ ზღვაა? - ვკითხე გაბრაზებულმა.
- არის, შავი ზღვა, - მომიგო მტკიცედ.
- და იმ ზღვის პირას რაღაა?
- თურქი, ყოფილი ოსმან ემფაია.
- და ჯორჯია არ არის ზღვის პირას?
- თუ არსებობს ეგ ჯორჯია, რა ქალაქია იქ?
- თბილისი, ბათუმი... ქუთაისი...
- და მდინარე?
- მტკვარი, ენგური, ალაზანი, იორი... არაგვი.
- ამდენი მდინარეა?
- დიახ.
დამკითხველი დადუმდა.
ჩვენ თოფს ვუყურებდით.
დავინახეთ, როგორ შეიმალა თოფი სამერცხულში და მალე იქიდან კაცის თავი გამოჩნდა. რაც იმ სინათლეზე შევამჩნიე, ის იყო, რომ თეთრი თმა ჰქონდა, გრძელი ცხვირი და ჩაცვენილი ლოყები. მოხუცს ჰგავდა. სულ მოხუცები გვეჩითებოდნენ. ერთი ჯეელი არ შემხვედრია.
მკაცრი იერის კაცი კი ჩანდა.
ხმელი, გრძელი მკლავი გამოყო იმ ვიწრო სარკმლიდან და ხელი გამომიწოდა:
- ბერტ ბიორინგ!
ჯანი ჰქონდა ამ ხელში, თქვენი მოწონებული.
- სამზარეულოში მობრძანდით, ძეხვი ვჭამოთ და ვიმუსაიფოთ, - თქვა მკაცრად და სემს შეავლო თვალი. - თქვენც, რა თქმა უნდა...
- მე ვარ აქ მთავარი, - გაიბღინძა სემი, - ასე რომ, „თქვენც“ უადგილოა...
კაცმა კვლავ გახედა სემს და მტკიცედ აღნიშნა:
- შეუძლებელია, თქვენ მთავარი იყოთ... თქვენ მობრძადით, - და სამერცხულში გაუჩინარდა.
- ვირია, მაგრამ რა ვქნათ? სხვა მისამართი მე აღარ მქონდა, - წაიბურტყუნა სემმა და სახურავიდან ისკუპა.
საწვიმე მილს, ჩვენებურად, ჟოლობს, ჩავეჭიდე და ნელა ჩავცოცდი დაბლა.
ძია თუ ბაბუა ბერტ ბიორინგი ზღურბლთან გველოდა.
შორტები ეცვა და ფეხშიშველი იდგა. ახოვანი, წელგამართული ბებერი იყო, შერჩენილი თმა პოლბოქსზე შეეკრიჭა. უმკლავო, ღილებაწყვეტილი პერანგი შემოეცვა და მკერდზე ეყარა ჭაღარა ბალანი.
- მობრძანდით, - ხელკავი გამომდო, - პირველი სართული სამზარეულოს უჭირავს. მარტოხელა კაცს არც სჭირდება სხვა რამ ოთახი...
დიდი არჩეული ოთახი კი იყო. სემმა შლაპა მოიხადა და ჰკითხა:
- ვირთხებზე ნადირობდით?
- საიდან მოიტანე? - შეუტია მოხუცმა.
- ყველაფერი აშლილი და ანგრეულია.
- ვითრხა მე ვერ გამექცევა, - თქვა ამაყად ბატონმა ბიორინგმა. - აი, აქ ჩამოსხედით, - მაგიდასთან მიგვიწვია და კედლიდან ძეხვის მსუქანი თავი ჩამოხსნა, - ჩემი გამოყვანილია, სანელებლებით გამოვტენე...
თაროდან უშველებელი სამხედრო ბებუთი აიღო და პირდაპირ მაგიდაზე მოჰყვა ჭრას.
- არაყსაც ვხდი, სეზონზე შოტლანდიაში დავიარები სათევზაოდ... ქვრივის პირობაზე... ჰა, ტრანსკავკასია...
- ჯორჯია... - ჩაურთო სემმა.
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ გეოგრაფიას მასწავლიან, - მომმართა ბატონმა ბიორინგმა. - მე ხომ პატარა გამოცდა მოგიწყვეთ და დავრწმუნდი, რომ მართლაც ხართ საქ-ართ-ვილ-ო-დან... ხომ სწორია?
აი, კაცი.
- დიახ, მისტერ ბიორინგ...
- ბერტ, შვილიკო, ბერტ, ბერტი დამიძახე... აბა, რას დალევთ? სამწუხაროდ, ღვინო არა მაქვს და ერთი-ორი კაცური კოქტეილი კი შემიძლია...
- „ლიბელს დოკი“ შეგიძლია? - ჰკითხა სემმა.
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ კოქტეილებში კაცობა დაიკარგა. რა არის „ლიბელს დოკი“?
- სოდა, ალუბალი, სმირნოვი, კურასაოს წვეთი...
- ეგ არის კაცობა? - მომიბრუნდა ძია ბერტი, - კურასაო... ჰმ. სმა აღარავინ იცის. სმას ცოდნა უნდა. თუმცა, შენ ეგ არ გესწავლება. მე კიდევ, მარტოხელა კაცის პირობაზე... აბა, აქეთ, მოდი, - და სამზარეულოს მეორე ბოლოსკენ გატყაპუნდა, - კედელზე კოხტა ჩარჩოებში ჩასმული ფოტოები ეკიდა. ფოტოებზე - ერთმანეთზე უკეთესი ქალები - აი, ჩემი პირველი ცოლი, აგნესა. ეს - ჰედლი, ჩემი მეორე ცოლი. ესეც, პოლინი - მესამე, ეს კი - მარტა და მერი, ჩემი უკანასკნელი. - ხმა აუკანკალდა.
- ყველანი დაიხოცნენ? - რა უბედური კაცი ჩანდა...
- ალბათ, მაგრამ ჩემთვის ადრევე დახოცილები იყვნენ. აი, ჩემი შვილები... ნახე, რა ბიჭები არიან.
- ლურჯწვერა კაცის ამბავი გაგიგონიათ? - გამოგვძახა სემმა. - იმ ამბავს გიყვება. ვითომ თვითონაა...
- სუტენიორი, - ჩაეცინა ძია ბერტს, - იცის, ხელს არ გავისვრი. ძეხვი მიირთვი, მეორეხარისხოვანო. პირველხარისხოვანი ძეხვი... შენ კიდევ, ჯორჯო თუ პიტერ, აქ ჩაჯექი და მითხარი, ინგლისში რა გინდა?
- ვსწავლობ.
- დაჯე ამ სავარძელში. ხედავ იმ ლეოპარდის თავს? ჩემი ნანადირევია. ძალიან გამიხარდა რომ ქარ-თველ-ი ვნახე. ათი წლის წინათ ვიყავი თქვენთან, მთებში.
აი, იღბალი.
სემი კი ძეხვს მისდგომოდა.
- მიდით, მიდით, ატყუეთ ერთმანეთს, - ისევ გამოგვძახა, - ეს ძეხვი კი მშვენიერია...
- ჯერ სადა ხარ, ჯერ მწნილები გამოვალაგო, - წაიტრაბახა ბერტმა, - აბა, რვა წლის წინათ ვიყავი... არა, ათის.
- ალპინისტი ხართ, ძია ბერტ?
გადაიხარხარა ძია ბერტმა და სამზარეულო-დარბაზის საპირისპირო მხარისკენ გაქანდა. კედელში ჩაშენებული კარი გამოგლიჯა და შესძახა:
- აბა, მოდი და ნახე ეს მოწყობილობა!
- რა არის?
- სანადირო თოფები.
- სანადიროდ იყავით ჩვენთან?
- არა, თქვენთან მთის ტურიზმის ამბავში. ახლავე აგიხსნი ყველაფერს, - კვლავ ჩემკენ წამოვიდა, ბუხრიდან ნახშირი გამოიღო და იატაკზე ხაზვას მოჰყვა - აი, ეს არის თბილისი, არა? აქედან წავედით თელავში - სწორი ხაზი გაავლო და თელავი წერტილით აღნიშნა - აქეთ, ალა-ვერდი. ალა-ვერდი, ხომ? ასე... მერე მივდივართ სოფელი ფ...ფ...შა-ველ. იქ დავისვენებთ და სამოცდაათი კლომეტრი უნდა ვიაროთ, რათა მივადგეთ, ო-მა-ლოს. აქეთ ჩაგ-მა თუ-ში, - წრე შემოხაზა, - აქეთ გო-მე-სარ ხეობა...
- გომიწრის...
- მე მაგას ვერ ვიტყვი... მაღლა პირ-იქა ალ-აზ-ან-ი ხეობა. შუაში სოვა-თუში... ახლა, - კვლავ დაიწყო ხაზების გავლება, - ეს ხაზი. - წერტილები დასვა. - შე-ნა-ქო, დიკლო და მერე ჩანჩქერები. ეს ხაზი: ილ-ურ-თა, ჯვარ-ბო-სელ - და მერე დიდი უღელტეხილი და ან-და-კი. სხვა ქვეყანაა - ხევ-სუ-რე-თი. არ-დო-ტი, მუ-ცო, შა-ტილ, - კვლავ განაგრძო ხაზვა. - დარ-თლო, ფარ-სმა, ჩინ-თი-ო, ისევ უღელტეხილი... არ მაგონდება... ხონი-ჩალ და მუ-ცო. შა-ტილ!.. აი, ასე ვარ ნამყოფი... ჩვენი მეგზური იყო თაზო. თაზო ერქვა. მოიცა, - ახლა სხვა მხრიდან მიუფორთხდა თავის ნახაზს - ეს ხომ თბილისია? ეს არის დუ-შეთი, ასე... ბარის-ახო... მანდ პოეტი ცხოვრობდა... აი, კიდევ, აქეთ, გუ-ლან-ჰაჰ-მატ! სწორია? უღელტეხილი და ისევ შა-ტილ... ყველა გზა შატილში მიდისო...
აბა, არ გაგიჟდები კაცი?
- ეგრე როგორ დაიმახსოვრეთ ყველაფერი?
- ხელობა აქვს ეგეთი, - სემი კმაყოფილი ჩანდა.
- იცი, რა, მოდი, შენც გასინჯე ჩემი ძეხვი, თორემ ეს სულ შეჭამს ყველაფერს.
- რომ ვჭამ, პირი გამოტენილი მაქვს და ვერ ვლაპარაკობ, თქვენთვის ეგრე ჯობს, - ამოთქვა სემმა და ტოლჩას გადასწვდა, - ამაში რა არის?
- ლემკროტის კომპოტი, - მიუგო ძია ბერტმა.
სემმა პირდაპირ მიიდგა ტოლჩა. მერე ერთი კარგად დააბოყინა და ჯიბეები მოიქექა.
- მდაა, - თქვა მოწყენით. - სიგარები გათავდა.
- თამბაქოზე როგორა ხართ? მესამე უჯრაში ჩიბუხებია, მეოთხეში თამბაქო, თუ გინდა, აიღე... ძალიან მიხარია, რომ ქართველს შევხვდი... დიდი მეგობრობა მახსოვს თქვენგან. მარტო ახლა კი არა, ომის დროსაც. სულ მინდოდა წამოსვლა...
- ომის?
- ჰო. მაშინ კი ვერ შემოვედი. იქითა კავკასიაზე ვიყავით გაჩერებული. და მაშინ გადავწყვიტე, ერთი დროც მოვა და იქიდანაც ვნახავ ამ სილამაზეს-მეთქი. ბიჭი ვიყავი, მიხაროდა. ეს ყველაფერი გერმანიის იქნება-მეთქი.
- გერმანელი ხართ?
- ახლა რაღა მნიშვნელობა აქვს? ორმოცდაათი წელიწადია, ინგლისში ვცხოვრობ.
- ალბათ, ცუდია ჯარისკაცობა... - ისე ვთქვი, უცნობს რომ ამინდზე გამოელაპარაკებიან ხოლმე.
- არ ვიცი, ალბათ, - ამოიოხრა ბერტმა. - მე მთის დივიზიაში ვიყავი. საგანგებო მომზადება გავიარე. ახლა რომ ფილმებს იღებენ... დანაყოფი „დელტაო“, ისო, ესო. ჩვენ დროს სიკვდილის სკოლა ერქვა... ალპებში იყო სკოლა... მე შენ უამრავ რამეს გასწავლი. ნამცეცებით გაძღომას, ხელებით სანგრის გათხრას... ეწევი? მდინარეში სიგარეტი როგორ არ დაგისველდეს, სიარულისას როგორ არ დაიღალო...
- აი, ამ დანით ყელის გამოჭრას, - ბებუთი ასწია სემმა. - ნახე, რა აწერია პირზე? გერმანია ყველაზე მაგარიაო. ესეც არწივი. რამდენი კაცი მოგიკლავს ამ ბებუთით?
- მაგასაც ვასწავლი, ეგეც გამოადგება, - თითქოს შეცბა.
- როგორ გგონია, შემთხვევით ვისხედით შენი სახლის სახურავზე? - ჰკითხა სემმა.
- მე რა, ტყუილად წამოგადექით თავზე? - ამაყად შეუბრუნა ძია ბერტმა.
- კაცის მოკვლა რომ შეგვძლებოდა, შენთან მოვიდოდით? - სემი ჩიბუხს არჩევდა, - ამ ჩიბუხების პატრონი კი უნდა წერდე წიგნებს.
- რატომ?
- რა ვიცი, რაც მე მწერალი მინახავს, ყველას ჩიბუხი ჰქონია...
- ფაშისტი იყავით? - წამოვისროლე უცებ.
- მეომარი ვიყავი.
ესე იგი, იყო. მაგრამ აქედან რა? ხალხი კომუნისტი ყოფილა, მამა-პაპანი ჩვენნი, და იმათთვის არაფერი მითქვამს და ახლა ამ გადასარევ კაცს ვუსაყვედურო? რა სისულელეა. თუმცა, მისი ფაშისტობა სულაც არ არის მთავარი.
- ჰა, როგორ ფიქრობ, რატომ მოვედით? - ჰკითხა სემმა. - თუ გგონია, რომ ჩემისთანების ტყავისგან აბაჟურები უნდა გააკეთო? აი, ამ ლეოპარდის ფიტულივით... ბერტის მონადირებული სემ ფილიპსი. კი გინდოდათ, მარა, არ გაცალეს...
- რა სისულელეა, - წაიბურტყუნა ძია ბერტმა, - ახლაც ყველაფერში გაჯობებ, კაცობაში, ნადირობაში, ცურვაში, ბარბექიუს შეწვაში, კალატოზობაში, დურგლობაში...
- რა თქმა უნდა, მაჯობებ, - გაეცინა სემს, - მაჯობებ, მაგრამ მთავარში ვერა... სიყვარულში ვერ მაჯობებ...
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ასეთები სიყვარულზე ლაპარაკობენ...
- „ყველაზე ცუდი, ყველაზე ცუდი“... რას დაგიჩემებია ეს „ყველაზე ცუდი“? საქმეზე ვილაპარაკოთ, - დასჩხავლა სემმა - მაგრამ სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, მისტერ ბიორინგ, ერთი მითხარით, სად გააქრეთ მარცხენა ტუჩის კუთხესთან რომ ნაიარევი გქონდათ? თან, ეგ გაჩეხილი მარჯვენა წარბიც შეგიცვლიათ...
ძია ბერტი მდუმარედ შესცქეროდა. შუბლშეჭმუხნილი იყო, თუმცა, გაბოროტება დიდად არ ეტყობოდა.
- ვინ აღარ გაასამართლეს, - განაგრძობდა სემი, - კლაუს ბარბიე გაასამართლეს, ბატონი ჰესი შპანდაუს ციხეში აღესრულა... ამ მოხუცს კი, ჯორჯია, იარები გაუქრა სახიდან. ნაიარევიც აღარ ეტყობა. კარგმა ექიმებმა კი წაიმუშავეს ამ საქმეზე, მაგრამ მე რას მომატყუებ? მე ვიცნობდი იმ კაცს, ვინც ეს ნიშნები დაადო სახეზე... მონადირე, მოგზაური, ძეხვის მკეთებელი, რადიომოყვარული. იფ, რა მოხუცია? სუპერმოხუცი. შემოკეტილა ლონდონის სოფელში და... ერთი მითხარი, როგორ გძინავს?
ბერტი კვლავ დუმდა.
სემი წამოდგა, პალტო გაიხადა და დივანზე მიაგდო:
- მკლავის გადაწევაში ხომ არ გავეჯიბროთ? - აშკარად დასცინოდა. - არყისმხდელი მოხუცი... უფრთხილდი მოხუცებს, ჯორჯია. ვინ იცის, რა ჩაუდენიათ? ეს კაცი ისე ჭრიდა ადამიანთა ყელებს, როგორც აი, ამ ძეხვს. ყველაფერთან ერთად, მეტიჩარაც იყო. აიმ ქალების სურათებს რომ გვაჩვენებ, ფოტოალბომი სად არის, მისტერ ვითომ ბიორინგ? მადრიდში რომ იმალებოდით...
მაგრამ სემს აღარ დასცალდა. ძია ბერტმა უსწრაფესად ისკუპა ადგილიდან და ნახტომშივე სწვდა ყელში. სემი კედელს მიენარცხა და ენაგადმოგდებული ახრიალდა. ბერტს ცაცია ხელში მოექცია მისი ყელი, მარჯვენაში კი უკვე ღილაკიანი დანა ეჭირა...
წკაპ! დანა გაიხსნა და მე შევძახე:
- ძია ბერტ! ძია ბერტ! გემუდარებით...
მოხუცი უცებ გამოერკვა და სემს ხელი შეუშვა.
სემმა ერთხანს ახველა და მერე ამოთქვა:
- ხომ ნახე, ვისთან მოგიყვანე? ბოლო შანსია...
ბერტი მოშორდა და სავარძელში ჩაჯდა.
- კარი იქითაა, - გვითხრა ისე, რომ თვალები იატაკისთვის არ აუცილებია. - ოღონდ, იცოდეთ, რომ ძალიან მშვიდად მძინავს, იმიტომ რომ, არასდროს, არასდროს მისვრია ტყუილად. არასოდეს დამიხვრეტია ვინმე და მშიერ-მწყურვალი და უიარაღო ვყოფილვარ მხეცებთანაც და მხეცებზე უარეს ადამიანებთან, უბრალოდ, არ მინდოდა, რომ ახალგაზრდა კაცი გულგატეხილი წასულიყო აქედან. იმიტომ რომ, შენ ისე ჭრი და კერავ, ჩემი ძეხვით გამაძღარო, კაცს ეგონება, მე რომ ამერიკელი ან ინგლისელი ვყოფილიყავი, კარგი მოხუცი ვიქნებოდი და ჩემი ნაომარიც მეპატიებოდა... ნახვამდის!
წამოვდექი, ძლივს ავითრიე წელი.
- ადამიანებს არ უყვართ სიმართლე, - პალტოს დასწვდა სემი და მაგიდაზე დარჩენილ შლაპას დახედა. - იმედის პენსიანი იჟანგება, ჯორჯია. წავიდეთ, მოვნახოთ ჩვენი უბედური გზა. რაც იყო, იყო... ყველას რაიმე აქვს სახსოვარი, ჩვენც დაგვახსომდება, რომ იყო კაცი, რომელსაც არ შეეშინდა, და ასევე იყო სხვა კაცი, რომელიც ნახევარ საუკუნეს იმალებოდა სამზარეულოში, რათა თავისი ვაჟკაცობა შემოენახა, მაგრამ ერთ მშვენიერ ღამეს სემმა და ჯორჯიამ აღმოაჩინეს, რომ არანაირი ვაჟკაცი ის არ ყოფილა, მუსოლინიც კი სხვას მოუტაცია!.. ხედავ, ჯორჯია, დე ჟუსაკი რა კაცი გამოდგა?
უკვე კართან ვიდექით, როცა ძია ბერტის ხმა მოისმა:
- თხოვნა სირცხვილი არ არის, თუ რაიმე გინდათ, ითხოვეთ. გამოცანებით ლაპარაკს, ეგ ჯობს...
სემმა თვალი ჩამიკრა. კარგა ხანია მიხვედრილი ვიყავი მის ილეთებს. ადამიანს ჯერ გადარევდა, შეარცხვენდა, ჩააფიქრებდა და მერეღა დაუწყებდა ფერებას.
- რა უნდა გვეთხოვა? - სევდა ამოაყოლა ამ სიტყვებს. - ჩიბუხები რომ დავინახე, მწერლები გამახსენდნენ. განა მრავლისმნახველი ბერტი რომ აღწერს თავის თავგადასავალს, ლოურენს არაბის ნაამბობს არ აჯობებს? აჯობებს... გვინდოდა, ერთი რამ გეამბო, ერთი, რაც გაგიხარდება, ესაა. ჩვენ უბედურების წინაშე მდგომი ხალხი ვართ, ვაჟკაცური ამბავი გაგვამხნევებდა და...
- უბედურების? - გაიკვირვა ბერტმა, - რა უბედურების?
- ამას ჯერ ვერ მოგახსენებთ. თუ გვიამბობთ რამეს, მადლობელნი დაგრჩებით...
- გთხოვთ, - ამოვღერღე მეც.
სემმა უბეში ჩაიყო ხელი და იქიდან გამხმარი თევზი ამოიღო.
აი, ჩემპიონი!
- ეს ტარანია, - უთხრა ნაღვლიანად. - შენს არაყს მოუხდება, - და ტელეფონის გვერდით დადო, თაროზე.
- მე ვერ ვწერ, - ამოიოხრა ბერტმა. - მივხვდი, რომ ნაწერი სიტყვა სრულად ვერ გადმოსცემს კაცის აზრებს. შეიძლებოდა სპექტაკლის დადგმა, მაგრამ მაგ ხელობისა არაფერი გამეგება. თანაც სპექტაკლს ვერ დავამთავრებდი. ჩემი ცხოვრების ყოველი დღე მახსოვს და მაინც მშვიდად მძინავს, იმიტომ რომ, ყოველთვის ერთი ვიყავი ორის წინააღმდეგ. რა უნდა გიამბოთ...
- არ მიწყინო და, ნაიარევები გიხდებოდა...
- იოლი საცნობი ვიყავი. ფაშისტი, დამნაშავე. ოფიცერი. სულ ვიხსენებ, რაიმე ხომ არ იყო ისეთი, ადამიანებს რომ გააკვირვებდა ჩემს ხელობაში. ვაჟკაცობის მეტი არაფერი გააკვირვებდა. ქვიშა მიჭამია უდაბნოში...
- გვიამბე, - გაუმეორა სემმა. - აი, ეგ გვიამბე... გენერალ... რომელისა, აღარ მახსოვს... აღარ მახსოვს, რომელი იყო? რომელი?
ძია ბერტმა ერთი ამოიხვნეშა და ასე დაიწყო:
- იმ ზაფხულს ყვითელ ქვიშებში ვიდექით. ერთმანეთზე მოყოლებული, ტალახით ნაშენები ქალაქები იყო უდაბნოს კიდეზე. სულ იქით კი - ზღვა. იქიდან ამოვარდნილ ტენს ოაზისები ამოეზარდა აქა-იქ და ამ ოაზისებში ვიღაცეებს დუქნები გაეხსნათ. ამ ოაზის-ქალაქებში ჩვენი საგუშაგოები იდგა და თუ არ ვგუშაგობდით, ამ დუქნების ტერასებზე ვისხედით, ებრაულ ღვინოს ვსვამდით და ქვიშის ქარებს იქით ზღვის დანახვას ვცდილობდით.
პოზიციური ომების ხანა იდგა, ჩვენ და არაბები წერტილებივით ვხედავდით ერთმანეთს. უფრო ახლოს არც კი მივდიოდით. იმ ხანებში იერუსალიმის სამეფოში მინდოდა წასვლა, მაგრამ თვის ბოლოს ჩვენთან ჰამილკარ ბურსა ჩამოვიდა. ჰამილკარი კოპტი იყო და ამ ომის დროს ქალებით ვაჭრობისთვის მოეკიდა ხელი. ღვთისმოსავი კაცისთვის ამ საჩოთირო საქმეს იმით ამართლებდა, რომ ქალებს კი არ იტაცებდა, არამედ ომით დანგრეულ მხარეში დაეძებდა და ბედის შეცვლას სთავაზობდა. ზოგი ამათგანი ისედაც მეძავი იყო, ზოგს კი არაბების მხარეს, ჰარემებში ჰყიდდა.
ჰამილკარ ბურსას ერთი კარგი რამ სჭირდა - სანამ არაბთა მხარეს გადავიდოდა სავაჭროდ, უეჭველად ჩვენსა გამოივლიდა. რაღაც სულიერ კავშირს ვგრძნობო, იტყოდა. ალბათ, მეც ჯვაროსანი ვიქნებოდიო...
- ბოდიში, მაგრამ ეს როდის იყო? - ცოტა არ იყოს, დამაბნია ამ ამბავმა.
- ბალდუინის დროს, - მომიგო ძია ბერტმა. - წითელი ტანსაცმელი ეცვა ხოლმე და ამას იმით გვიხსნიდა, ღვინოს რომ ვსვამ, ზედ ჩამომექცევა და ლაქები არ ეტყობაო.
იმ საღამოს რაზმი გადავაბარე და მე და ბალანტრეი ბენ-ჰაიას დუქანში წამოვედით. იქ მაშინ გემრიელად აჭმევდნენ. კამეჩის მაწონში ჩამბალ უდაბნოს შემწვარ მწყერებს და გახუხულ პურს მოგიტანდნენ ვახშმად. ღვინო კი თეთრი მოჰქონდათ, მაგრამ აუცილებლად შებოლილ ყველთან ერთად და ასეთი წესი ჰქონდათ, ყველი ღვინოში უნდა ჩაგელბო და ისე გეჭამა.
საჭმელი კი გემრიელი იყო, მაგრამ შავი ღვინო არ ჰქონდათ და მე უფრო იმიტომ მივდიოდი იქ, რომ ბალანტრეის უყვარდა. ბალანტრეი ახოვანი, ჟღალი შოტლანდიელი იყო დიურის გვარიდან. დერისდირში მის მამა-პაპას დიდი სასახლე ედგა და იმ სასახლის ფანჯრებიდან კარგ ამინდში ირლანდიის ნაპირი ჩანდა. ბალანტრეის იმიტომ უყვარდა ბენ-ჰაიას დუქანი, რომ ორსართულიანი იყო და ტერასა მეორე სართულზე ჰქონდა. ბალანტრეის ამ აივანზე ჯდომისას თავისი სასახლე ახსენდებოდა და ჩვენც ათას რამეზე ვლაპარაკობდით. ბენ-ჰაია თავისი ხელით გაგვიწყობდა ხოლმე ყალიონებს და ასე ჩამოღამდებოდა ხოლმე.
ჩვენ შორს ვიყავით და ქვეყნიერებასთან ერთადერთ კავშირად ლაპარაკი გვრჩებოდა. ბენ-ჰაიას აივნიდან ჩანდა, როგორ ანთებდნენ მაშხალებს ამ ტალახით ნაშენ ქალაქში. მაგიდაზე რომ კვარს შემოგვიდგამდნენ, მე ვხედავდი ბალანტრეის კისერზე ჩამოკიდებულ ვერცხლის კოლოფს. კოლოფში შენახული კულული, მოლურჯო, ალბათ, ხვეული თმისა, ბალანტრეიმ ერთადერთხელ მაჩვენა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მე არ ვიცოდი ქალის სახელი, მაგრამ ვიფიქრე, რომ მას ანაბელ ლი ერქვა.
- ანაბელ ლი, - ვიტყოდი ხოლმე შეღამებისას. ეს კულული გადაგვატარებდა ცხრა ზღვას და ვფიქრობდი, რომ ვარ იქ, სადაც სინათლეა და თბილა.
- არ არსებობს ანაბელ ლი, - გაეცინებოდა ბალანტრეის.
- აბა, რა ჰქვია?
- რა მნიშვნელობა აქვს. მე სხვანაირი დავბრუნდები.
- ის კიდევ ისეთი დაგხვდება.
- ეგებ არც დავბრუნდე, აქ დავრჩე, ეს კარგი საფიქრალი იქნებოდა მისთვის...
ტერასაზე ჰამილკარ ბურსა დაგვიხვდა. ბიჭი ბაზარში გაეგზავნინებინა და ახლა ბატკნის შეწვას ელოდა. ყოველთვის ასე იქცეოდა ჩამოსვლის საღამოს.
- ჩემი ცოლ-შვილი ალექსანდრიაში გავისტუმრე, მხოლოდ შუათანა ვაჟი ვაიძულე, ბერის სამოსი მოერგო, - თქვა ჰამილკარმა. - რას იტყვით?
- გაუჭირდება, - ალალად ვუთხარი.
- რატომ? - ბალანტრეი ბატკნის ხორცს ჭრიდა.
- მე გამიჭირდებოდა, - სხვა რა უნდა მეპასუხა.
- მეც გამიჭირდებოდა, - დამეთანხმა ჰამილკარი. - მაგრამ რა ვქნა? ასეა წესი, პირველი ვაჟი მეომარი უნდა დადგეს, მეორე ღმერთს აჩუქო, მესამემ სიბერეში მოგიაროს...
- და გოგოები?
- გოგოები კარგად უნდა გაათხოვო.
მერე ცხენებზე ვლაპარაკობდით, ფასები დიდი იყო. გაზაფხულზე გალილეაში დოღი უნდა გამართულიყო და ჰამილკარი ფსონის გასვლას აპირებდა.
- გამოდით ოც-ოც დუკატს და სამოც-სამოცს ჩაგაბარებთ, - დარწმუნებით ამბობდა.
ფული არ გაგვაჩნდა. პაჭიჭში ხუთი ოქროს დუკატი და სამი დინარი მქონდა ჩაკერებული და ეგ იყო. არადა, ჰამილკარი ნაღდად მოიგებდა.
ჰამილკარმა სწრაფად ივახშმა და ფაციფუცით წამოდგა. ჩქარობდა. ლაქილორში ერთი გრძელი სახლი ექირავებინა და თავისი ქალები იქ ჰყავდა. ხვალ დილიდან, ალბათ, მუშტარს მივიღებო, გვითხრა, დღეს კი უამრავი რამაა მოსაწესრიგებელიო. ყოველთვის ასე იცოდა. ლაქილორი არავის მიწა არ იყო, ჩვენ და არაბებს იქ უიარაღოდ შესვლის შეთანხმება გვქონდა და ვაჭარ-დალალებიც იქვე იყრიდნენ თავს. ჰამილკარ ბურსა კი ვაჭრობის წინადღეს აუცილებლად მოგვნახავდა მე და ბალანტრეის და გვეტყოდა, ამაღამ ჩემი სტუმრები ხართო. ამას სხვანაირად „უცნაურ განავარდებას“ უწოდებდა. არასოდეს მოდიოდა ჩვენთან ერთად, ყოველთვის გაგვისწრებდა და ლაქილორში ქალთა მთელს ლაშქარს გვახვედრებდა. ბევრს ვიცინოდით მეგობრობის ამგვარი გამოხატულების გამო. ერთი გუშაგობისას პატარა ფარანი გავაკეთე, შიგ სანთელი ჩავამაგრე და რომ ავანთებდი ამ სანთელს, გარშემო წითელი სინათლეც იღვრებოდა. ეს ფარანი ბურსას ვაჩუქე და ავუხსენი, რომ კარის თავზე უნდა დაეკიდა. ბალანტრეი ვერასოდეს ითმენდა ასეთ რამეებს და მისმა ხითხითმა ბურსა დააეჭვა. თუმცა, ფარანი ყოველთვის თან დაჰქონდა და ამბობდა, მუშტარს ქალი სწორედ ამის შუქზე უნდა აჩვენო, მეტად ლამაზი ჩანსო.
შეღამებული იყო, მზე უკვე დამალულიყო უდაბნოს მოძრავ ბორცვებს იქით. საიდანღაც თითქოს მიწისქვეშეთიდან ცდილობდა ცისკიდურის გაფერადებას. ჩვენ ლაქილორისკენ მივაჭენებდით ცხენებს, უიარაღონი, უაბჯრონი და ქისაცარიელნი. ბევრჯერ იყო ასე და არასდროს - ერთნაირად.
ჰამილკართან კი დიდი ქეიფი გაიწია. ისეთი, გახსენება რომ არ მოგინდება. ყოველი ასეთი დროსტარების შემდეგ ვფიქრობდი, რომ აღარასოდეს მივიღებდი მორიგ მოწვევას მის ნაქირავებ სახლში, რადგან თავში სამუდამოდ მებეჭდებოდა იქ ნანახი ქალების სახეები და ბევრს ვფიქრობდი მათზე. ხშირად მრცხვენოდა კიდეც, რადგან ვპასუხობდი ისე, როგორც მეკითხებოდნენ. იქიდან ყოველთვის მდუმარენი ვბრუნდებოდით და გეგონებოდა, რომ ეს დაღლილობის ბრალი იყო. ცხენებს თავის ნებაზე მივუშვებდით და, ბალანტრეისა არ ვიცი, მე კი ვფიქრობდი, რომ ძირგახვრეტილ ჭიქას ვგავდი.
ჰამილკარი მხოლოდ ზღურბლამდე მოგვაცილებდა და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უკანასკნელად ვხედავდი, მაგრამ გავიდოდა სამი თვე და კვლავ დაგვიხვდებოდა ბენ-ჰაიას ტერასაზე.
ეს პირველი შემთხვევა გამოდგა, არაბებმა რომ შეთანხმება დაარღვიეს.
ჩვენ უიარაღოდ ვიყავით. აბუ მუჰამედ ატტავილი კი - იარაღით და თორმეტი კაცით. აბუ მუჰამედ ატტავილი მძარცველი და რეიტერი იყო. ქისები რომ ვერ გვიპოვა მე და ბალანტრეის, რაც რამ სამკაული გვინახა ტანზე, აგვართვა.
მე ვუთხარი, რომ მალე გათენდება და შეთანხმების დარღვევა იოლად არ ჩაუვლის.
აბუ მუჰამედი უდარდელი და გრძელწვერა კაცი იყო, სანამ მე ვლაპარაკობდი, ცისკრის ლოცვისათვის ემზადებოდა.
- მე არ ვიცი, რა შეთანხმებაა, - მითხრა ღიმილით - თქვენ რაინდები ხართ, მაგრამ ღარიბი რაინდები ჩანხართ. რახან აქ ჩამოხვედით, ესე იგი, ღარიბები ხართ. მე წაგიყვანთ ჩემსა და სანამ ბალდუინი არ მიხვდება, რომ ომებს ღარიბი რაინდები იგებენ, ჩემთან იქნებით. ბევრი არ მინდა, სულ ორი ათასი დინარი. აბდულაჰ ქერიმი წერილს დაწერს. აბდულაჰ, მართალო კაცო...
აბდულაჰი საჭურისი იყო. მაშრიყით მაღრიბამდე ნავალი კაცი. დაბერებული აღარავის სჭირდებოდა და აბუ მუჰამედს მოჰკედლებოდა სამადლოდ.
- უდაბნოში რა არის თვალსასეირო? - თქვა აბუ მუჰამედმა. - რა - ხალიჩაზე მჯდარხარ, რა - ორმოში.
ასე, ერთ კვირას ორმოში ვისხედით აბუ მუჰამედის ბანაკში. მორიელებს ქუსლებით ვხოცავდით და რიგრიგობით გვეძინა. ბალანტრეი დუმდა. ბოლო სამ დღეს საერთოდ არ ამოუღია ხმა. მხოლოდ ცას ვხედავდით და მივხვდი, რომ ახალ მეცნიერებას ვეუფლებოდი. სანამ წერილი იერუსალიმამდე ჩააღწევდა, ასტრონომი გავხდებოდი.
- არავინ გადაიხდის ჩვენში ორი ათას დინარს, - თქვა უცებ ბალანტრეიმ.
აღარც მეგონა, რომ ხმას ამოიღებდა ოდესმე.
- არ გადაიხდის და გაგვიშვებენ.
- ჩვენით უნდა წავიდეთ, - დაასკვნა ბალანტრეიმ. - აქ დავლპებით...
დერისდირელი ორი დიური
ერთად ცხოვრობდა კოშკში,
ერთი ჩაუჯდა წიგნებს და კალამს,
ხოლო მეორე წავიდა ომში...
- იცი ეს ლექსი?
- არა...
ერთი დიური წავიდა ომში,
ხოლო მეორემ დაადგა თვალი
მის შეყვარებულ ქალს...
- აუცილებლად უნდა წავიდეთ, - გამახსენდა ტყავის წინდაში ჩაკერებული ხუთი ოქრო.
- ეგ მერე იყოს, - თქვა ბალანტრეიმ და უცებ არაბულად დაიწყო ლოცვა: - ალლაჰ, ილ ალლაჰ, მუჰამედ, რასუუულ, - თანდათან უწევდა ხმას და იმეორებდა ამ ერთ წინადადებას.
მაღლა რომ ავიხედე, ჩვენი ორმოს თავზე წამომდგარი აბუ მუჰამედის კაცები დავინახე.
- მოლა მომიყვანეთ, მოლა, - ასძახა ბალანტრეიმ, მათ კი აბდულაჰ ქერიმი მოიყვანეს.
- Que va, - ასძახა ბალანტრეიმ. - რას იზამ? ასეთია კაცის ცხოვრება. ეგებ მოლა მომიყვანო, რათა წინა დავიცვითო. ზუსტად ნახევარი დღე დამაკლდა, რომ ჭეშმარიტი მუსლიმი გავმხდარიყავი.
- აქ მოლა არ არის, - გაეცინა აბდულაჰს.
- არ მინდა, ისე ამომძვრეს სული, რომ აქაურებმა თქვან, ქრისტიანი იყოო...
- დღეში რამდენჯერ უნდა ილოცოს ჭეშმარიტმა მორწმუნემ? - ჰკითხა აბდულაჰმა.
- ხუთჯერ.
მე ვეღარ მოვითმენდი.
- გამიგონე, აბდულაჰ, შარბათისა რამე გაგეგება?
- შარბათისა? იმდენი, რამდენიც თქვენ - ჩვენი რწმენისა.
- უნდა მომნათლოთ, გაგზავნე მოლას მოსაყვანად, - ასძახა ბალანტრეიმ. - ურჯულოები კი ხართ, მაგრამ ადამიანის ბოლო სურვილზე ფიქრი ხომ შეგიძლიათ?
- აბუ მუჰამედი აქ არ არის, მოლასთან რომც გავგზავნო ვინმე, ხვალამდე მაინც ვერ მოიყვანს.
- მოიყვანოს ხვალ...
- აი, სეირი, - ჩაიხითხითა აბდულაჰმა. - აი, სეირი.
- იმაზე დიდი სეირი არ იქნებოდა, შენ რომ გაგიჩალიჩეს ბავშვობაში. ეგ რომ არ მომხდარიყო. კარგი ცოლები გეყოლებოდა.
- ო, ეგ სანუგეშო აზრია. ნახე, როგორ ჩახდების მზე?
- მსურს, ისეთ ადამიანად მოვკვდე, რომელსაც შეეძლო, ეფიქრა, რომ შიმშილით რომ არ მოეკლათ, ისეთი ვინმე გახდებოდა, ყოველი მიჯნურის ცოლად შერთვა რომ შეუძლია, - თქვა ბალანტრეიმ.
აბდულაჰ ქერიმს აშკარად არ სიამოვნებდა ცოლებზე ლაპარაკი. ჭკვიანი კაცი იყო და იმიტომ.
- შენ რაღა გინდა? შარბათს რომ ახსენებდი, - ჩამომძახა მე.
- მე ერთი მუცლის მონა კაცი ვარ, ქერიმ, - ვუთხარი ხვნეშით. - ვატყობ, ჯანი მეცლება. თუ პირის გემო იცი და დატკბილული სასმელები გიყვარს, წილში გაგიყვანდი...
- ღვინოს არა ვსვამ...
- რის ღვინო? ორი ლიმონი, ოაზისის წყალი, ნესვის ნათალი, ცოტა წიწაკა და სულ ცოტაც არაყი მჭირდება.
- არაყი?
- ჰო, არაყს ცეცხლი უნდა მოვუკიდო და ეს ყველაფერი ნარინჯის წვენთან ერთად ზედ შევათბო.
- და საიდან მოგითრიო ეს ყველაფერი? წყალიც ტიკისა მაქვს და არა წყაროსი, - ხელი აიქნია აბდულაჰმა.
- საიდან და ლაქილორიდან. კაცი გაგზავნე. აღარ მოგბეზრდა თბილი წყლის სმა?
- მაგრამ ეს ყველაფერი ფული ღირს...
- ხუთი ოქროც მაგისთვის მაქვს ჩაკერებული წინდაში. ვიცოდი, ერთ დღესაც გამომადგებოდა...
- ხუთი ოქრო?
- ორმოში ვზივარ და იმას განდობ, რის იმედიც უნდა მქონდეს. სხვას ვერაფერს გეტყვი.
მთელ დღეს ვისხედით ასე. მე ხშირად წამომცდებოდა ხოლმე:
- ანაბელ ლი...
ბალანტრეი კი წამსვე მომახლიდა:
- ჰამილკარ ბურსა, ვერასოდეს დაივიწყებ ამ სახელს...
- აღარც მაქვს დავიწყების დრო.
მე ვიცი საჭურისების ამბავი. შარბათზე ჭკუას კარგავენ. ტკბილეული მათთვის ქალის მაგიერია, ხვდებიან, რომ ქალი რაღაც ამგვარია და წრუპავენ შარბათს. ბალანტრეიმ ჭადრაკი გაიხსენა. აბდულაჰ ქერიმს რომ ველაპარაკებოდით, თითქოს ჭადრაკს ვთამაშობდით და ორი სხვადასხვა ხერხი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოვიგონეთ ამათ წინააღმდეგო. თანაც მე შემაქო, წინდაცვეთის ამბავზე მთელი ეს დღეები ვფიქრობდი, შენ კი შარბათის ისტორია სახელდახელოდ გამოიგონე, ამიტომ კარგი მოჭადრაკე იქნებოდიო. ჭადრაკისა ბევრი არაფერი გამეგება. შარბათი კი იმიტომ გამახსენდა, რომ ჰამილკარ ბურსა ყოველთვის დასცინოდა შარბათს. მე კი მორიგეობის დროს ბიჭს ბაზარში ვაგზავნიდი, ხილეულს მოვატანინებდი და ღვინითა და კვიპროსული ნაყენით შარბათებს ვაკეთებდი. დღესაც ასე მგონია, სასმელების გამოგონება ყოველი კაცისთვის სავალდებულოა.
ჩემი ხუთი ოქროდან ოთხი ნაღდად აბდულაჰ ქერიმს დარჩებოდა, მაგრამ შარბათის ხილეულობა და, რაც მთავარია, ნახევარი თუნგი არაყი იქ არ მქონდა? ორმოდან ამოღწევის ჩემეული ხერხი უფრო ადრე ამოქმედდა, და გამუსლიმების მომიზეზებაც არ დასჭირვებია. ბალანტრეიმ მხარზე დამკრა ხელი და ავძვერი. მერე ვფიქრობდი, აბუ მუჰამედი რომ აქ ყოფილიყო, ამდენს არ გაგვაბედინებდა-მეთქი.
პირველი, რაც მოვიმოქმედე, ის იყო, რომ არაყი ვარცლში ჩავასხი და ცეცხლი მოვუკიდე, აქაოდა, ყოველივე აუცილებლად ამაზე უნდა ავათუხთუხო-მეთქი. იმდენი ვიზოზინე, რომ შარბათის კეთება ლოცვას დავამთხვიე. დავამთხვიე და შარბათში იმდენი არაყი გავურიე, რომ სათრობის გემოს არმცოდნე მუსლიმებს გვარიან დღეში ჩააგდებდა. ბედნიერებაა, პირველად რომ დაითვრები და თანაც ისე, რომ ვერ ხვდები ამ ამბავს.
აბდულაჰ ქერიმი ხითხითებდა და მთხოვდა, ბლომად ნესვი ჩამიჭყლიტე ამ საქმეშიო. მეც გვარიანად დავლიე და მერე, როცა მობარბაცე ჯარისკაცებს ვეხუტებოდი და რაღაც სულელურ სიმღერას ვასწავლიდი, შეძახილი მომესმა:
- ჰამილკარ, ჰამილკარ ბურსა!..
ეს სახელი თავს შემაზიზღებდა ხოლმე. ბალანტრეიმ იცოდა - ჩემი სიმთვრალე უნამუსობისა და თავდავიწყების ზღვარზე გაივლიდა ხოლმე. ამიტომ დამიძახა. მე თითოც ჩამოვასხი, მოვახერხე. მძინარე აბდულაჰ ქერიმს გადავაბიჯე და ხაროს სახურავი ავხადე. თითო არაბული სატევარი ავიღეთ და გავიქეცით. უდაბნოში მივრბოდით. ლაქილორისაკენ კი არა, ჩვენებისკენ. მივრბოდით და გამახსენდა, მაგრამ არაფერი ვთქვი. შემეშინდა ამ ფიქრის და კიდევ უფრო ჩქარა გავიქეცი.
ბალანტრეი უხმოდ მომდევდა. როდემდე ირბენენ გალეშიში კაცი და ნაშიმშილევი კაცი?
რომ მოვიხედე, ბალანტრეი იდგა, მთვარე დაჰნათოდა უდაბნოს მოძრავ ბორცვებს და ბალანტრეი იდგა, მისი გრძელი ჩრდილი თითქოს იერუსალიმამდე გაწელილიყო. იდგა და არ ვიცი, მიყურებდა, თუ არა.
უკვე ვიცოდი, და ძალიან მეშინოდა ამის.
- ანაბელ ლი? - გაისმა ჩემი საშინელი შეკითხვა უდაბნოში...
ძია ბერტი მძიმედ წამოდგა და ისევ დაჯდა. ხმას არ იღებდა.
- მერე? - ჰკითხა სემმა.
- მერე საინტერესო აღარ არის, - ამოიოხრა მოხუცმა, - ჩვენ დავბრუნდით... ბალანტრეი შეტაკებაში მოკვდა. მე კვლავ ორმოში ჩამაგდეს. აბუ მუჰამედ ატტავილმა ამომათრია იქიდან ერთი თვის შემდეგ. უბიდან ბალანტრეის გულსაკიდი კოლოფი ამოიღო, იქიდან კი კულული უცნაური ფერის თმისა. კარგა ხანს ეჭირა ორი თითით ეს კულული, მერე კი გამიცინა და უდაბნოს ქარს გაატანა. ჰამილკარ ბურსამ, ქალების დალალმა...
- ტყუილად კი არ ჩამაფიქრა ამ კაცის ჩიბუხებმა! - შესძახა სემმა, - აბა, რით არ არის მწერალი? გამოჩენილი მწერალია, მაგრამ ერთი სტრიქონიც რომ დაწეროს, ხელს სტაცებენ და სტრასბურში ან ჰააგაში გააქანებენ...
- ჰამილკარ ბურსა... - წამოიწყო ისევ ბერტმა, მაგრამ ხელი ჩაიქნია და დადუმდა.
- ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთი ეს გამაგებინე, მრავალცოლიანო, როდის მოხდა ეგ ამბავი? - თვალები მოჭუტა სემმა, - რაღაც ძველ ამბავს ჰგავს, ხმლებიო, ცხენიო...
- კი, ძველი ამბავია, - მიუგო ძია ბერტმა, - ასე, შვიდასი წლისა.
- მერე, შენ იქ რა გინდოდა?
ძია ბერტი, ეს ამხელა მოხუცი, კვლავ წამოდგა და მხრები აიჩეჩა. მე მის ღონიერ, შიშველ ფეხებს შევხედე და შემეშინდა. მაგარი ბაბუა იყო, რად უნდოდა ამდენი ლაპარაკი?
- არა, ნამდვილი მწერალია, რას იტყვი, ჯორჯია? - არ ცხრებოდა სემი.
- ნეტავ, რამე თუ გაგეგება მწერლებისა, - წავიბურტყუნე მე. ძია ბერტმა ხრინწიანად ჩაიხითხითა და სამზარეულოს იმ კუთხისკენ წატანტალდა, სადაც დათვის ტყავზე რაღაც ყუთები ელაგა.
- რახან ვამბობ, შენზე მეტი კი გამეგება. რაც მე მწერლები მინახავს, - ქადაგებას მოჰყვა სემი, - ისეთი იერი აქვთ, თითქოს ვიღაცამ გააბრაზა და სამაგიერო ვერ გადაუხადესო. მისტერ ბიორინგიც ასეთია. ახალგაზრდობაში რამეებს დააშავებენ და სიბერეში დარდობენ, მაშინ რომ კარგად მოვქცეულიყავით, ახლა ბედნიერები ვიქნებოდით და ჩვენი ნაწერი ჩვენივ ცხოვრებისაგან აგრერიგად განსხვავებულიც არ გამოვიდოდაო.
- აბა, ერთნაირი უნდა იყოს? - სულ არ ვიყავი ამგვარი ფილოსოფოსობის ხასიათზე, მაგრამ არ მეგონა, სემი თუ ლიტერატურაზე წამოიწყებდა ლაპარაკს.
- დიახაც, ერთნაირი ვერ იქნება, მაგრამ ორიოდ მარცვლით ხომ მაინც უნდა ჰგავდეს ერთმანეთს?
- შენ თუ გისმინა კაცმა, მწერალი ბერი ყოფილა.
- კი, რაღაც ამგვარია. ოღონდ სხვა მონასტრიდან. აი, მისტერ ბიორინგი რომ გვიამბობს კულულებსა და ვიღაც სუტენიორზე, იქ საკუთარი თავი ერთ ჭკვიან და ვაჟკაც ვინმედ ჰყავს გამოყვანილი. კულულისთვის დაბრუნდა, მაგრამ სინამდვილეში დაბრუნდებოდა?
- ეგ სისულელეა, - ხელი ავუქნიე, - ყოველთვის იმას ხომ არ დაწერ, რაც თავად შეგიძლია?
- ეგრე გამოდის, - თითქოს დამეთანხმა სემი. - აი, ამ ბერიკაცს აღარაფერი შეუძლია. დღედაღამ იმაზე ფიქრობს, რომ არ დაიჭირონ და მთელი მსოფლიოს ტელევიზორებში არ გამოაჩინონ. ჩვენ კი, ხედავ, გვიამბობს?!
ამასობაში ძია ბერტს ყუთები გადმოელაგებინა. დათვის ტყავზე დაჩოქილი იქექებოდა ხან ერთში, ხან - მეორეში, ხანაც მესამეში და რაღაცას ბუტბუტებდა.
- აბა ერთი, აქეთ მოდით, - გამოგვძახა იმ დათვის კუთხიდან. - შეხედეთ ერთი, რა ვიპოვე...
ხელში შავ თასმაზე ასხმული რამდენიმე ნივთი ეჭირა. ამათგან ერთი პატარა ვერცხლის კოლოფი იყო.
- უყურე ამას! - შესძახა სემმა. - ამ კოლოფმა შთაგაგონა, არა? ვიცი მწერლების ამბავი... რაღაცას შეხედავენ და წარმოიდგენენ, რომ ამის გამო ხალხის აცრემლება შეუძლიათ...
ძია ბერტმა ქვემოდან ამოხედა სემს. ერთხანს უყურა და მერე წამოიმართა. სემი უტიფრად ასცქეროდა თავს წამომდგარ ბებერ მებრძოლს. გულისფიცრამდე ძლივს სწვდებოდა, მაგრამ შიშისა არაფერი ეტყობოდა.
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ პირდაპირ არაფრის თქმა არ შეგიძლია, - გამოსცრა ძია ბერტმა. - რატომ ლაპარაკობ ამდენს?
- ასე უფრო ზრდილობიანად გამომდის, - მოუჭრა სემმა.
- არაფერი მისტერ ბიორინგ, ჩვენ წავალთ, - ვცადე შუაში ჩავმდგარიყავი, მაგრამ ძია ბერტმა ხელი მკრა და განზე გამისროლა. მთლად წამოჭარხლებულიყო.
- ყველაზე ცუდი ის არის, რომ ვერსად ვერ წახვალთ, - გამოსცრა მძიმედ.
- ძალიან კარგი, ძალიან კარგი, - სემმა ხელები აიქნია და აფოფრილი ბატივით დაიწყო სირბილი ოთახში. - სად უნდა წავიდეთ?
- სამუდამოდ აქ დარჩებით...
- მკვლელის სარდაფში! - შესძახა სემმა. - ასე სჯობს, არა, ჯორჯია? შენი მეგობრების აღსასრულს მაინც არ ნახავ. სარდაფში ჩაყრას გვიპირებს. თვითონ კი კარგად დაგმანავს ფანჯრებს და იმ სკინტლით მოფენილ სამერცხულს. გამოალაგებს შმაისერებს, მჭიდებს, სნაიპერის შაშხანებს, ხელყუმბარებს... გარაჟიდან ზარბაზანს გამოაგორებს. ზარბაზანიც ექნება... ამ სანადირო თოფებს და ხმალ-ხანჯალს ბოლოსთვის შემოინახავს. ჩაიკეტება თავისი მწნილებით ამ ჩაბუჟბუჟებულ სოფელში. ძეხვი დიდხანს ეყოფა და წარმოიდგენს, რომ თუ ცხვირს არ გაყოფს გარეთ, არავის გაახსენდება... მაგრამ არა, ჯორჯია! არა! ლესტერ სკვერის კომენდატურაში მასაც მოიგონებენ. ლესტერ სკვერიდან საზიზღარი ტანკები დაიძვრება და, ერთადერთი ნუგეში, რაც ამ ძველ მონადირეს შეიძლება, ეცეს, ბრძოლაში სიკვდილია. თვითონ უთქვამს, კაცი ან ბრძოლაში უნდა მოკვდეს, ან ტყვია დაიკრას შუბლშიო... მაგრამ ბრძოლა არ გამოვა. ამ კოხტა სახლს ტანკებიდან ესვრიან თითო-თითოს და მორჩა. ლესტერ სკვერის კომენდატურა საბრალო სემ ფილიპსი ხომ არ გგონიათ?
ძია ბერტმა აქაქანებულ სემს შეხედა, მერე - მე, მერე - კვლავ სემს, მერე - კვლავ მე...
- ვერ გავიგე, - თქვა ბოლოს საკმაოდ მშვიდად.
- ვერ გაიგო, - ჩაიცინა სემმა, - მაშინ უფრო გასაგებად... შენი სახლის სახურავზე ტყუილად კი არ ვისხედით. ჩვენს ჯორჯიას კაცურად სიცოცხლის ორი საათი დარჩენია. მისი მეგობრები ტაუერში სხედან სერ ტომას... რა ჰქვია? სერ ტომას... სერ ტომასთან ერთად. ლესტერ სკვერზე გენერლებმა ალისფერი კომენდატურა გახსნეს და ახლა სწორედ ჯორჯიას ელიან. თუ ვულიჩის არსენალიდან ბრუს-პადინგტონის... ჰო, პარტინგტონის ნახაზებს მოიტანს, მის მეგობრებს გამოუშვებენ, არადა სახრჩობელა გამზადებულია... საკუთარ ჭერქვეშ ერთი ინდაურივით გაფხორილი გენერალი ელის.
ძია ბერტმა გადაიხარხარა და დათვის ტყავზე ჩაჯდა:
- ვულიჩი? ესე იგი, ჩემი დაქირავება გინდოდათ? ყველაზე ცუდი ის არის, რომ პირდაპირ თქმა არ შეგიძლიათ... მაგრამ მე აღარ დავრბივარ ასეთ საქმეებზე.
სემმა ხელი შემოირტყა შუბლში:
- შეხედე, ჯორჯია, შეხედე მარტოობისა და შიშის შედეგს! ამ კაცს ჰგონია, შენ ისეთი თახსირი ვინმე ხარ, რომ თუნდაც მეგობრობის გულისთვის იმ ნაძირალებს მოემსახურები...
- ვერ გავიგე, - კვლავ ასე თქვა ძია ბერტმა.
- რა ვერ გაიგე, წმინდა დუნსტენის მადლმა. იმ საზიზღარ ხალხს ნახაზები სჭირდება და თუ მივიტანთ, ჯორჯია ორგზის ბითური დარჩება. ერთი, რომ გამყიდველად და მოღალატედ აქცევენ, მეორე კი ის, რომ თუნდაც ნახაზები მიიტანოს, მის მეგობრებს არავინ გამოუშვებს, მაინც ჩამოახრჩობენ და როგორია ასე სიარული ქვეყანაზე? რა აზრი აქვს ასე ცხოვრებას?
- თლათ ღვთის პირიდან გადავარდნილები ყოფილან ეგ კაცები, ჩემო იმანო, - აღმოხდა ძია ბერტს.
- იცნობ მაგ კაცებს შენ, - უთხრა სემმა.
- ვინ კაცებია?
- შენ რომ ცხენზე იჯექი, მაშინ იქ ქონდათ კომენდატურა... რა ქვია იმას. ქალაქი როა, სადაც ცეკვავენ.
- ჰავანა?
- არა, არა, კონტინენტზეა.
- ვენეცია.
- მაგას ჰგავს, მაგრამ ეგ არ არის.
- აბა?
- კაი გალოკილი ქალაქია, ქუჩაზე პაპიროსის დაგდების შეგრცხვება, ადრე სულ ცეკვავდნენ.
- ვენეციას ჰგავს?
- ეგეთი სახელია, ოღონდ უფრო მოკლე... - სემმა მეტი არაფერი იცოდა, - იქ სულ ცეკვავდნენ და მერე ამათ ჰქონდათ კომენდატურა. ძლივს გაიყვანეს აქედან.
- არ ვიცი, - თავი ჩაქინდრა ძია ბერტმა და უცებ უიმედოდ ჩაიჩურჩულა: - ვენა?
- სწორედ ეგ! - მუშტი შემართა სემმა და კისერზე ჩამომეკიდა.
- და მანდ ჰქონდათ კომენდატურა? - მოისმა ბერტ ბიორინგის სიავეგარეული ხმა.
- ო, დიახ...
ბერტი კვლავ წელში გაიმართა. მთელი ამ საუბრის განმავლობაში თითქოს გამამხნევებელ ვარჯიშს ასრულებდა. ჩაბუქნავდა, გაიმართებოდა. ჩაბუქნავდა, გაიმართებოდა...
- ჰა? - ჩაკითხა სემი. - დაგეწო ჯიგარი?
ძია ბერტს თითქოს არც გაუგონია, ჩაფიქრებულიყო.
- მე რა უნდა გავაკეთო? - იკითხა თვალებმოჭუტულმა.
- რასაც ყოველთვის აკეთებდი, - შესცინა სემმა.
- უფრო კონკრეტულად, - მოითხოვა ბერტმა და პერანგი გაიხადა.
- აბა, რა გითხრა? კარგი იქნება, თუ ჯორჯიას ბინაზე დაბუდებულ გენერალს ჩავყლაპავდით.
- ეგ არის მეთაური?
- მეთაურებამდე ძალიან შორია, - როგორც იქნა, გამოვცოცხლდი.
- აბა, ვინ არის მეთაური?
- ვითომ სიგუტკინი, ისე კი, ეს კაცი ჩანს, ეს გენერალი. ჩემთან ზის სახლში და გამთენიისას მელოდება ნახაზებით.
- ნახაზები, რა თქმა უნდა, არა გაქვს...
- რა თქმა უნდა.
- კარგი. კიდევ რა გინდათ?
- კომენდატურაც რომ წაგვეხდინა, - შესთხოვა სემმა. - უხერხულია, პელმელსა და ჩარინგ კროსზე ხალხს პასპორტებს უმოწმებდნენ. ლესტერ სკვერზე...
- დავნაღმავ, - საქმიანად თქვა ბერტმა.
- არა, არა, აფეთქება არ გვინდა, რესპუბლიკური არმია ხომ არ ვართ? - წამოიძახა სემმა.
ამ სიტყვებმა ძალიან გაახალისა ძია ბერტი:
- რესპუბლიკური არმიაო, ჰა!.. გესმის, მეგობარო? - მხარზე დამიტყაპუნა ხელი. - გესმის? ორმოცდაათ წელიწადს ყოველ რესპუბლიკურ არმიას საუზმეზე ვაკნატუნებდი.
- სად წავიდა შენი რესპუბლიკური იარები? - შესცინა სემმა.
- გაქრა, გაქრა, ხა-ხა-ხა! აღარ არის! თავისუფალი კაცი ვარ! ყველას ეგონა, რომ ვიღაცისკენ ვიყავი. მე კი ვთევზაობდი...
- კარგი თევზაობა კი გამოგდიოდა, შე აახენელო ჯალათო...
სიცილი უცებ შეწყდა.
- უკანასკნელად გპატიობ, - უთხრა ბერტმა და მე მომიბრუნდა: - მაშინ ქიმია შევუსხუროთ.
- დასაძინებელი გაზი ჯობს. მერე ყველას გავთოკავთ, - გაბედა სემმა.
- მაქვს, მაგრამ ვადაგასულია, - შეწუხდა ძია ბერტი.
- ისინიც ვადაგასულები არიან, - დაამშვიდა სემმა.
- კარგი, - მოხუცმა საათს გახედა, - სრულ ხუთ საათზე გავდივართ. თქვენ რა იარაღი გირჩევნიათ?
- ყველა და არცერთი.
- გასაგებია. თქვენ ჩემს უკან იდგებით, დაიკუზებით და კედლებს მოეფარებით...
ხუთ საათამდე დარჩენილ შვიდ წუთს ძია ბერტი ოთახში დაქროდა, ხმაურით ხდიდა თავს განჯინებს, ანგრევდა კედლის კარადების კარებს, გლეჯდა სარდაფის ხუფებს და განუწყვეტლივ ბუტბუტებდა. თვალები დაგეღლებოდა მის შემხედვარეს. იცვამდა, ირგებდა, სამიზნეს ასწორებდა, დეტონატორებს ამოწმებდა და ვაზნებს, რატომღაც, კბილებით სინჯავდა. უხმარი, მოლაპლაპე და საკმაოდ ძველი, დაკბილულძირიანი ჩექმების თასმებს მარდად იკრავდა. ამ ჩექმების ყელში წყვილ-წყვილ უქარქაშო ბებუთს იტენიდა. გულისპირზე მრგვალ ხელყუმბარებს იმაგრებდა და სახელოებში სათადარიგო ვაზნებს მალავდა. ხან ერთ თოფს შეათამაშებდა, ხან -მეორეს, ხანაც - მესამეს. ძველ გეიმანულ შმაისერს ამერიკულ შაშხანას უხამებდა, სიმძიმეს ამოწმებდა ხელით და სავაზნეებში იჭვრიტებოდა.
ყოველივე ამის ცქერა დამღლელიც იყო და დამაბნეველიც. ჩემთვის ეს ერთგვარ უხერხულობასაც წარმოადგენდა, თუმცა სემი სხვაგვარად ფიქრობდა.
- რაღაცეები არ უნდა წაისვა ცხვირ-პირზე? - ჰკითხა აქოშინებულ, მზადმყოფ ძია ბერტს.
- ლონდონის ფერები არა მაქვს და ისე, კლოუნი ხომ არა ვარ?
- მწვანე ხომ გაქვს? - ჩააცივდა სემი.
- ჰო, მაგრამ აგურისფერი?.. აბა, საბუთები ჩამაბარეთ და წავედით... საქმეს რომ მოვითავებთ, აქ მოვალთ და ყველაფერს დაგიბრუნებთ. მტერმა რომ ხელში ჩაგიგდოთ, ვინაობა არ უნდა დაადგინოს.
- კარგი ერთი, სადა გვაქვს საბუთები? - გაეცინა სემს.
- არც თქვენ? - გამომხედა ბერტმა. - თორემ, ღმერთმა არ ქნას და, იოლად გაიშიფრებით. მეც არ მქონდა, ჩემი ჟილეტი სადღაც ბუშმარკეტთან თუ დავტოვე ან კიდევ...
- ახლა მისმინეთ. წინ მე მივდივარ. თქვენ ჩემს ზურგსუკან იქნებით. ორი ნაბიჯით ინტერვალი დაიცავით. მე თუ კედელს ავეფარები, თქვენც აეფარეთ კედელს, მეტი არაფერი... რამე რომ შეგეძლოთ, ჰა, აირჩიეთ და აიღეთ, რაც გინდათ.
- ჩვენ ფრენა შეგვიძლია... სანამ გათენდება, - უთხრა სემმა.
- ეგ ცუდია, - სწრაფად მიუგო ძია ბერტმა.
- რატომ?
- ჩიტებივით დაგხოცავენ, - და მან კარი გამოაღო.
- სინათლეს ანთებულს ტოვებთ? - ვკითხე მე.
ბერტმა ხელი ჩაინია და გაგვატარა.
- ეს თეთრი სამოსი რა უბედურებაა? - სემის პალტო და შლაპა აშკარად არ მოსწონდა, - პასტორი ხარ?
მერე უსიტყვოდ გადმოვიარეთ პატარა ეზო და ქუჩაზე გამოვედით.
ძია ბერტი სერიოზული და მკაცრი იყო:
- ახლა თქვენ ასე წადით და მე ასე წავალ, მინდვრებს იქით შევხვდებით...
- და ტაქსს დავიჭერთ, - წამოვაყრანტალე მე.
- მანქანა არ გყავს? მანქანით უფრო სწრაფად მივიდოდით, - ჩაეკითხა სემი.
- თქვენ სად მიდიხართ, სასეირნოდ? - გაბრაზდა ძია ბერტი. - წადით, გაისეირნეთ და მე ლესტერ სკვერზე დაგელოდებით...
- ჩვენ ფრენა შეგვიძლია...
ძია ბერტმა მარჯვენა ხელი მუშტად შეკრა და თქვა:
- ახლა მისმინე, უხარისხო ბებერო. ჰემპსტედის მეტროს სადგურთან ვიქნები ოც წუთში. ერთ წუთსაც არ დაგელოდებით... წამმზომი ჩართულია...
- რას გვთავაზობ? - გაბრაზდა სემი.
- თუ საქმეს ვაკეთებთ, ასე უნდა იყოს. მხოლოდ გადამწყვეტ ეტაპზე უნდა ვიყოთ ერთად, - თქვა ესა ძია ბერტმა, ზურგი გვაქცია და ჩორთით გაუყვა ქუჩას...
- გიჟია, - აღმოხდა სემს. - თავისთვის მოკლე გზა აირჩია, ჩვენ სირბილი გამოგვიწერა. არ ჯერა, რომ დავფრინავთ, მე მაგას გავათამაშებ! აბა, ფეხისწვერებზე აიწიე, ჯორჯია...
და სემი აფრინდა, მე ერთი ჩავბუქნე და უკან მივყევი. დილით სინათლე ნელა ეპარებოდა ცას.
- მიჭირს, - გამომძახა სემმა. - ცოტაც და, დავეხეთქებით. ანგელოზებმა დროის ანგარიში იციან...
დაბალზე მივლივლივებდით. ხის კენწეროსაც კი გავედე ერთხელ. ძია ბერტი ზუსტად ჩვენს ქვემოთ იყო. თანაბარი, მოზომილი ნაბიჯით მიძუნძულებდა ცარიელ ქუჩაზე.
- უყურე, ბერიკაცს უყურე! - მეძახდა სემი.
ნეტავ ვინმე სხვასაც დაენახა ასე იარაღაჩონჩხლილი. ძია ბერტი ჩვენს საქმეზე მიიჩქაროდა, ჩვენ კი კვალში ვედექით და ვხითხითებდით. ეს უხერხულია, მაგრამ როცა ცაში დალივლივებ, ცუდ ხასიათზე ყოფნა არ გამოდის. მალე ისეთი ჟივილ-ხივილი ავტეხეთ, რომ დავფრთხით კიდეც.
- წყნარად, ჯორჯია, - შეშფოთდა სემი. - ისე ხარხარებ, თითქოს თავი ქუდში გვქონდეს! გახსოვს, რა თქვა ამ ბებერმა მკვლელმა ჩიტებზე?
- მკვლელი არ არის!..
- ხმას დაუწიე. თუ ამ ყოფაში დაგვინახა, უეჭველად დაგვაყრის. მეტროსთან მაინც ჩვენ მივასწრებთ... აბა, შეანელე! თან ძალები დაგვეზოგება, ხომ ხედავ, ღრუბლებს ვეღარ ვეთამაშებით? - და სემი ჰაერში დაეკიდა.
მეც მას მივბაძე და ორივენი ვუყურებდით, როგორ მიძუნძულებდა იმ სისხამზე შაშხანამომარჯვებული ძია ბერტი.
- ახლა ვეღარ გაიგონებს, - ამოისუნთქა სემმა. - ახლა გავაბითუროთ... ეეე! ბებერო! ეეე-ე! ტყვიები არ დაგცვივდეს! შენი ტყვიები და მუცლის ქარები ერთი და იგივეა!..
- კავკასიელო ტურისტო! - დავჩხავლე მე და ვინანე.
თუმცა, ძია ბერტს არაფერი გაუგონია. ის პატარავდებოდა და პატარავდებოდა. ვხედავდით, როგორ ჩაუხვევდა ქუჩაზე, მხოლოდ წამით შეყოვნდებოდა და კვლავ განაგრძობდა გზას.
- ე! - შესძახა უცებ სემმა.
მუხრუჭების ხმა არ გაგვიგონია.
ეგებ არც იყო მუხრუჭების ხმა.
მე არც დამინახავს, მხოლოდ მანქანის გაელვებას მოვკარი თვალი.
- ე! - კვლავ შესძახა სემმა და დაიძრა. სცადა, განთიადს შებრძოლებოდა მთელი ძალით. ალბათ, მიმინოებს ან სხვა ოდნავ მტაცებელ ფრინველებს თუ ვგავდით.
მანქანისკენ აღარც გამიხედავს. აღარც ჩანდა სადმე, მაგრამ ვერავინ გადამარწმუნებს - ეს იყო ძველი, ტალახიანი „BMW“, მონგრეული ფარით, შეჭყლეტილი ფერდით, მწვანეპალტოიანი მძღოლით და მისი დაბალი ამხანაგით. ვიცი, დელისელი ბიჭები იყვნენ. ეჩქარებოდათ. მოქროდნენ და იქ, სადღაც, შორს, გვარდიელი გაიტანეს მანქანით. ახლა, ალბათ, რომელიმე საბურთალოურ ეზოში არიან და მანქანას რეცხავენ პირველ სართულზე მცხოვრები შეშინებული კაცისთვის გამორთმეული ერთი ვედრო წყლით. კაცი გააღვიძეს და ისიც იჭვრიტება ფანჯრებს იქიდან. იცის, კაცს დაარტყეს, სისხლს აშორებენ მანქანას, გაიქცნენ შობელძაღლები. თუ მოახერხეს, ყოველთვის გარბიან.
ძია ბერტი თვალდახუჭული იწვა ქუჩის კიდეზე.
სემს მისი თავი ჩაედო კალთაში და ბუტბუტებდა:
- ბიჭო, მრავალცოლიანო... არა გრცხვენია? რაღაც რკინის ურიკამ წაგაქცია?
მეც იქვე ვიყავი ჩაჩოქილი და ვცდილობდი, საჭურველი მაინც შემეხსნა ძია ბერტისთვის. მეგონა, ეს შვებას მოჰგვრიდა.
- ორივე ფეხი მოტეხილი აქვს, - წამჩურჩულა სემმა. - ორივე ხელი.
სემის თეთრი შარვალი წითლად შეღებილიყო. ხმა ვეღარ ამოვიღე და სემმა ჩუმად დამიქნია თავი.
- ყველაფერი წაიღეთ, - თქვა ძია ბერტმა ისე, რომ თვალები არ გაუხელია. ძლივძლივობით ასწია ხელი და გულისპირზე დამაგრებულ ხელყუმბარას დაებღაუჭა.
თფუ!.. თავი მეზიზღებოდა ამის გამო. ასეთ დროს ლეონ ქილერი არ უნდა გაგახსენდეს. არ შეიძლება, გაგახსენდეს ლეონ ქილერი, როცა უფროსი ძმა გიკვდება თვალწინ.
- არ გვინდა, ძია ბერტ, - თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი, - ჩვენ არ ვიცით სროლა.
- კაცები, - წაიჩურჩულა მან, - არ მეგონა, რომ კაცები იტირებდნენ, ჩემი სიკვდილის წინ...
სემმა გასისხლიანებული ხელი გადაუსვა შუბლზე.
- მეგონა, მარტო მოვკვდებოდი.. სახლში, - და უცებ: - ბოლო სამი ციფრი... სამი, ექვსი, ხუთი, შავი ან ლურჯი... პიკაპი... - მაგარი კაცი იყო ძია ბერტი.
- ჯორჯია, ავტომატი მონახე სადმე, - მითხრა სემმა. - ამბულანსში დარეკე, მეტის მოცდა აღარ შეიძლება...
- მოიცა, მოიცა, - ბერტი თვალების გახელას ცდილობდა, - რის ამბულანსი? ამდენი ხანი... ქუჩა უნდა გადამერბინა... ჩქარობდნენ...
- არც გააჩერეს! - გამოსცრა სემმა.
- არც უნდა გაეჩერებინათ, ასეთია წესი... თქვენი არ იყოს, მეც... ავფრინდი ცაში... სულ ორი წამით.
ქვაფენილზე დამხობილი ვტიროდი. არ მინდოდა, ჩემი კრუსუნი ბერტს გაეგონა, მაგრამ ცხადი იყო, ესმოდა.
- ახლა მისმინეთ... თუ არ მიგაქვთ... ჩქარა, ოცდაათი ნაბიჯით მოშორდით აქაურობას... წამოდექი, შენ, შავო, და... შენც, გამიშვი... ახლა დაკრძალვა დაიწყება. ჩქარა, თორემ, საძმო საფლავში მოხვდებით, - ამ სიტყვებზე ძია ბერტმა ხელყუმბარის რგოლში გაუყარა თითი, - თვლას ნუ დამაწყებინებთ... კედელს ამოეფარეთ, როგორც გასწავლეთ.
სემმა ფრთხილად დაადებინა თავი ქვაფენილზე და ხელი მომხვია:
- ადექი, ჯორჯია, ადექი...
ვტიროდი. სემი სულ სისხლიანი იყო. შლაპაზეც კი მოსცხებოდა.
- ლესტერ სკვერზე წითლებს რა უნდათ? - იკითხა ძია ბერტმა. - წადით აქედან, თქვენი ფეხის ხმა რომ გავიგონო.
უკან-უკან მივდიოდით და ძია ბერტს შევცქეროდით.
დაკრძალვა იწყებოდა. ასეთი საშინელი დაკრძალვა არასდროს მენახა.
და არც მინახავს. არ შემიხედავს. სემი თვალებზე მაფარებდა თავის ვარდისფერ ხელისგულს და რაღაც იამაიკურ ლოცვებს ბუტბუტებდა.
აფეთქების ხმა გავიგონე. ეს იყო.
- წავედით! - თქვა სემმა, - გავიქეცით!
მე კვლავ ვიდექი.
- ჩქარა. სანამ პოლიცია მოსულა. სულ სისხლიანი ვარ, - სწრაფად იკრავდა პალტოს ღილებს. - ჩქარა! თენდება და ვერაფერი მოვახერხეთ!
შემეძლო, მომეკლა. მან კი ზურგში მკრა ხელი და დამჭყივლა:
- ჩქარა! ჩქარა! პირველივე მეტრო! მივუსწროთ და სახლში წავიდეთ. ფრენა დამთავრდა...
- სახლში?
- ჰო, შენს სახლში. შეფერდს ბუშზე... რაც მოხდება, მოხდეს.
ერთად გავრბოდით.
ალბათ, სასაცილო იყო. აქა-იქ უკვე ეღვიძათ, ფანჯრებში სინათლე ჩანდა.

ნახვა: 323

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters