ონორე დე ბალზაკი - მხედართმთავრის ცოლი

წიგნიდან: პოლკოვნიკი შაბერი და სხვა მოთხრობები

      მხედართმთავარმა გრაფმა დარმინიაკმა ამაო მედიდურობის გამო გადაწყვიტა ცოლად შეერთო გრაფი ბონის ასული, რომელსაც გაგიჟებით უყვარდა ახალგაზრდა სავუაზი, მეფე შარლ VI კარისკაცის ვაჟი.

      მხედართმთავარი თავგამოდებული მეომარი იყო; თვალტანად ნაკლებ წარმოსადეგი, წლების ტვირთით დამძიმებული; სახედანაოჭებული და ბანჯგვლიანი გრაფი მეტისმეტად მოსაწყენი იყო თავისი მჭმუნვარე სიტყვებით; მისი აზრები ხან სახრჩობელას ეხებოდა, ხან ცხარე ბრძოლას, ხან სამხედრო ოინებს, დაშორებულთ სიყვარულის ოინებისაგან. ეს მოლაშქრე ნაკლებ ფიქრობდა სიყვარულით თავის შექცევაზე და თავის დაქორწინებას სხვა უფრო საქმიანი მიზნებისათვის იყენებდა. ცოლებს კი, როგორც ცნობილია, არ უყვართ, რომ მათი სხეულის მშვენიერებათა ერთადერთი მოწმე მათი საწოლის ფეხები იყოს. ამიტომ, როცა გრაფის ასული მხედართმთავრის ცოლი გახდა, კიდევ უფრო გაუცხოველდა სიყვარული სავუაზისადმი, რაც ამ უკანასკნელმა, რასაკვირველია, მაშინვე შეამჩნია. მიჯნურებმა ერთ ხმაზე ააწყვეს თავიანთი ფანდური, რათა სიყვარულის სიმღერა ეთქვათ, და მალე დედოფალ იზაბელას ყურამდე ცნობამ მიაღწია, რომ სავუაზის ცხენები უფრო ხშირად მისი მოყვრის დარმინიაკის თავლაში სჭამდნენ ქერს, ვიდრე სენპოლის პალატებში, სადაც, როგორც ცნობილია, სავუაზი ცხოვრობდა მამამისთან ერთად მას შემდეგ, რაც პარიზის უნივერსიტეტის განკარგულებით მათი ძველი სასახლე დაანგრიეს. ამ ქველ და ბრძენ დედოფალს შეეშინდა, რაიმე უსიამოვნება არ შეემთხვეს ჩემს ბიძაშვილსო. მან იცოდა, რომ მხედართმთავარს ისევე ადვილად შეეძლო დაშნის ჩაცემა, როგორც ხუცესი ლოცვა-კურთხევას არიგებს ხოლმე, და ერთხელ, ეკლესიიდან გამოსვლის დროს, თავისი ხანჯალივით ბასრი ენით მიმართა გრაფის მეუღლეს, როცა მან სავუაზისთან ერთად ხელი ჩაჰყო აიაზმაში: - ჩემო მეგობარო, ნუთუ სისხლს ვერ ხედავ ამ ფიალის ფსკერზე?

      - ჰო, თქვენო დიდებულებავ, - სიტყვა ჩაურთო სავუაზიმ, - მაგრამ სიყვარულს სისხლი უყვარს. დედოფალმა ეს სიტყვები მეტად მოსწრებულ პასუხად მიიჩნია და კიდეც ჩაიწერა სამახსოვროდ, ხოლო შემდეგ გაიხსენა, როცა მეფემ, მისმა მბრძანებელმა, შური იძია ერთ მის სატრფოზე, როგორც ამას ქვემოთ გავიგებთ.

      ყველას პირადი გამოცდილებით მოეხსენება, რომ სიყვარულის პირველ დღეებში ორივე მიჯნური თრთის: ეშინია ჩვენი საიდუმლოება არ გამომჟღავნდესო, ერთმანეთსაც კი ექიშპებიან თვალთმაქცობაში, როგორც კეთილგონიერების კარნახით, ისე გარეშეთა მოტყუების მიერ გამოწვეული სიამოვნების გულისთვის. მაგრამ შემდეგ ხშირად ერთ წუთში დავიწყებას ეძლევა ყოველივე, რაც კეთილგონიერებით იყო მოპოვებული, და ან საბრალო ქალი განცხრომის დროს კაკანათში ებმება, ან მისი მეგობარი შემთხვევით თავისი დარბაზობის და გამოსათხოვარი კოცნის კვალს სტოვებს დავიწყებული ხელთათმანის, ღილის ან დეზების სახით. და ამას მოსდევს ხანჯლის ჩაცემა, რაც ნაფლეთებად აქცევს ნატიფ ქსოვილს, ხელოვნურად ამოქარგულს სიყვარულის მოვარაყებული ყვავილებით. მაგრამ როცა სიცოცხლე ვნებათაღელვითაა აღსავსე, სიკვდილისა არ უნდა გვეშინოდეს, და ქმრის დაშნა აშიკისთვის მშვენიერი დასასრულია, თუ შეიძლება სიკვდილი საზოგადოდ მშვენიერი იყოს. სწორედ ასეთი დასასრული ელოდა მხედართმთავრის მეუღლის სამიჯნურო თავგადასავალს.

      ერთ მშვენიერ დღეს გრაფ დარმინიაკს, ბურგუნდიის დუკის ლანიდან გაქცევის შემდეგ, ბევრი თავისუფალი დრო აღმოაჩნდა და მან გადაწყვიტა, საწოლ ოთახში შესულიყო, რათა დილა მშვიდობისა ესურვა თავისი ცოლისთვის; ეშინოდა, ცოლის გულისწყრომა არ გამოეწვია და შეეცადა, რაც შეიძლება ფრთხილად გაეღვიძებინა, მაგრამ ქალი ჯერ კიდევ დილის რულში იმყოფებოდა,.თვალი არ გაუხელია, მხოლოდ მიბნედილი ხმით უთხრა: - თავი დამანებე, შარლ!

      - ოჰო, - ჩაილაპარაკა მხედართმთავარმა, როცა იმ წმინდანის სახელი გაიგონა, რომელიც მას არ ერქვა, - ჩვენ ვიღაც შარლი გვყოლია თავში! - ცოლს აღარ შეხებია, საწოლს მოსხლტა, დაშნა იშიშვლა და გააფთრებული შეიჭრა მოახლე ქალის ოთახში, რადგან დარწმუნებული იყო, მას ეცოდინება თავისი ქალბატონის საიდუმლოებაო.

      - ეშმაკის კერძო! - შესძახა მრისხანედ, - ილოცე, რადგან ახლავე უნდა მოგკლა ვიღაც შარლის ხელის შეწყობისათვის. იგი აქ დაეთრევა ჩემი აქ არყოფნის დროს, ხოლო თუ ენა დაგება და წაიბორძიკე, ერთ წუთში აგკუწავ. თქვი!

      - ვინ მოგახსენათ, ბატონო, - უპასუხა ქალმა.

      - იცოდე, არ დაგინდობ, თუ შენი შეცოდებანი და მათი შედეგები არ აღიარე.

      - ამკუწეთ, - განუცხადა მოახლე ქალმა, - სულ ერთია, ჩემგან ვერაფერს გაიგებთ.

      მხედართმთავარი გააცოფა ამ გაბედულმა პასუხმა. მან დაშნა ჩასცა ქალს და ცოლისკენ გაიქცა, ხოლო გზად დაუძახა მეჯინიბეს, რომელიც ყვირილს შეეშფოთებინა და კიბეზე არბოდა საშველად.

      - ჩქარა ადი ზევით, ცოტა არ იყოს გადავაჭარბე ბილეტას დასჯის დროს.

      სანამ ცოლთან მივარდებოდა, თავის მძინარე ვაჟთან შეიჭრა, ტლანქად გამოაღვიძა და წაათრია დედასთან. ქალს თვალები გაუფართოვდა, როცა ატირებული ბავშვი დაინახა, შემდეგ კი დიდად შეშფოთდა, რადგან საშინლად განრისხებული ქმრის სისხლიანი ხელები შეამჩნია.

      - რა მოგივიდათ? - ჰკითხა ქალმა.

      - ქალბატონო, - წამოისროლა მხედართმთავარმა დაუფიქრებლად, - ეს ბავშვი ჩემია თუ თქვენი მეგობრის სავუაზისა.

      ამ სიტყვების გაგონებაზე გრაფის მეუღლეს ფერი ეცვალა, იგი შვილს ეცა შეძრწუნებული.

      - ოჰ, რასაკვირველია, ჩვენია! - წამოიძახა მან.

      - თუ არ გსურთ, რომ ამ ბავშვის თავი თქვენს ფეხებთან დაეცეს, გამოტყდით და პირდაპირ მიპასუხეთ: მყავს თუ არა თანაშემწე?

      - გყავთ.

      - ვინ არის?

      - ეს არ არის სავუაზი, და მე არასოდეს დავასახელებ ადამიანს, რომელსაც არ ვიცნობ.

      მხედართმთავარი ზეზე წამოხტა და ცოლს ხელი სტაცა, რათა დაშნის დარტყმით დაედუმებინა, მაგრამ ქალმა მეფურად შეხედა და შესძახა: - შეგიძლიათ მომკლათ, მაგრამ არ გაბედოთ ჩემი ხელით შეხება.

      - სიცოცხლე მიჩუქებია, - განუცხადა ქმარმა, - მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ სიკვდილზე უარეს სასჯელს მიიღებთ.

      მხედართმთავარმა იცოდა, რომ ქალები გაჭირვების დროს ყოველგვარ ცბიერებას, მანქანებას და მზაკვრობას იგონებენ მარტოდმარტო, ან თანამზრახველებთან ერთად, და ამ უხეში და არასასიამოვნო ლაპარაკის შემდეგ საწოლი ოთახიდან გავიდა გააფთრებული, რათა მსახურები დაეკითხა. მათ პასუხი აგეს, როგორც ღვთის წინაშე განკითხვის დღეს. ვერავინ მიხვდა, რა უნდა ყოფილიყო ამ მოკლე, მაგრამ ვერაგი დაკითხვის საბაბი. მათი პასუხიდან მხედართმთავარმა ის დასკვნა გააკეთა, რომ არც ერთი ჩემი მსახური ამ საქმეში გარეული არ არის და ყველაფერში დამნაშავეა ბაღის მცველი ძაღლიო. მან სიბრაზისაგან დაახრჩო ეს ცხოველი. მხედართმთავარმა გადაწყვიტა, რომ მისი მოქიშპე სახლში ბაღიდან შემოდიოდა: ეს ბაღი მდინარეს უერთდებოდა ფარული ხვრელით.

      აქ მკითხველს უნდა განვუმარტოთ, რომ დარმინიაკის მამულს ვრცელი ადგილი ეჭირა მეფის სასახლის მახლობლად და სენტ-ანტუანის ქუჩისაკენ მშვენიერი ქვის ჭიშკარი ჰქონდა; თვით მამული შემოზღუდული იყო კოშკებიანი გალავნით, რომელიც სენას გადაჰყურებდა. მხედართმთავარმა შექმნილი მდგომარეობა აწონ-დაწონა და გადაწყვიტა, საიმედო ხაფანგი მოეწყო, რომელშიც მიჯნური ორივე ფეხით გაებმებოდა.

      - წმინდანებს ვფიცავ, - თქვა მან, - რომ ჩემი რქების დამდგმელი ვეღარსად წამივა; შემდეგ ვნახოთ, როგორ გავუსწორდები.

      ბანჯგვლიანმა მხედართმთავარმა, რომელსაც არა ერთხელ უომნია გრანდუკა იოანე უშიშარის წინააღმდეგ, უცებ შეადგინა ბრძოლის გეგმა უცნობი მტრის დასამარცხებლად: მან ამოირჩია ყველაზე ერთგული და მარჯვე მოისარნი და კოშკებში დამალა მდინარის მხრით. საშინლად დასჯას დაემუქრა, თუ ისინი ისრებით არ გაუმასპინძლდებოდნენ ყველას, ვინც, გარდა მისი მეუღლისა, დღისით იქნებოდა თუ ღამით, უცნობს შემოუშვებდა ბაღში; იგივე ღონისძიება იქნა მიღებული სენტ-ანტუანის ქუჩაზე ამართულ ჭიშკართანაც.

      ყველა მსახურს, მოძღვრის გამოუკლებლად, ბრძანება მიეცა, არსად წასულიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა ელოდათ. ციხე-დარბაზის ორივე მხარეს დაყენებულ იქნენ მხედართმთავრის პირადი მცველები. მათ დაევალათ თვალყური ედევნებინათ მეზობელი ქუჩებისათვის, რათა უცნობი მიჯნური, რომელმაც მათ პატრონს ერთი წყვილი რქა მიუძღვნა, ცოცხლად დაეჭირათ იმ წუთში, როცა იგი სასახლეს მიუახლოვდებოდა თავხედი განზრახვით - თავისი ბაირაღი დაერჭო გრაფის კანონიერ სამფლობელოზე.

      ასეთი იყო ხაფანგი, რომელშიც უეჭველად ყველაზე მზაკვარი ადამიანიც კი გაებმებოდა, თუ ღმერთი ისეთ დახმარებას არ გაუწევდა, როგორიც პეტრე მოციქულს გაუწია, როცა ამ უკანასკნელს თავში აზრად მოუვიდა ზღვაზე გაესეირნა ფეხით.

      მხედართმთავარს საქმე ჰქონდა პუასიში და ნასადილევს იქ გამგზავრებას აპირებდა ცხენით; ეს იცოდა მისმა საბრალო მეუღლემ და წინა დღითვე თავისი თაყვანისმცემელი მოიპატიჟა, რათა მასთან ის სასიამოვნო დუელი გაემართა, რომელშიც ქალი ყოველთვის თავის უპირატესობას გრძნობს.

      სანამ ქმარი ყველგან ფხიზელ და მკვირცხლ გუშაგებს აყენებდა, რათა უცნობი მიჯნური დაეჭირათ, რომელი მხრიდანაც უნდა გამოჩენილიყო იგი, ცოლიც დროს არ ჰკარგავდა უნაყოფოდ.

      ხოლო მოახლე ქალი, რომელიც დაშნით იყო კედელზე მილურსმული, ნელ-ნელა გათავისუფლდა და ფეხის თრევით ქალბატონთან მივიდა, რათა ეთქვა, თქვენ ქმარს არაფერი გაუგია ჩემგანო. სანამ სულს დალევდა, გრაფის მეუღლე ანუგეშა, ყველაფერში ჩემი და შემცვლის, ციხე-დარბაზის მრეცხავი ქალი, რომელიც წელებზე ფეხს დაიდგამს, რათა გასიამოვნოთ, რადგან მთელ უბანში ცნობილია, როგორც დიდად გაქნილი და დაოსტატებული სიყვარულის საქმეებშიო.

      გრაფის მეუღლემ გამოიტირა თავისი ერთგული მსახური ქალი და მაშინვე მრეცხავი მოიხმო, რათა მასთან ერთად მიეღო ღონისძიებანი სავუაზის გადასარჩენად. უწინარეს ყოვლისა, გადაწყვიტეს რაინდისათვის ეცნობებინათ მხედართმთავრის ეჭვების ამბავი. დაე, ფრთხილად იყოსო.

      შემდეგ მრეცხავმა ქალმა ზურგზე მოიდო თეთრეულით სავსე კალათი და შეეცადა, ეზოდან გასულიყო. მაგრამ კარიბჭესთან გუშაგი დახვდა, მან გადაჭრით უარი უთხრა გარეთ გაშვებაზე. თავისი ქალბატონის სიყვარულის გამო მრეცხავი ქალი შეეცადა მოისარის სუსტ სიმზე ემოქმედნა და ისე მოხიბლა, რომ თუმცა იგი შეჭურვილი იყო, თავი ვერ შეიკავა და კარგად გაერთო ამ დედაკაცთან, მაგრამ ამის შემდეგ მაინც არ გაუშვა ქუჩაში; სხვა დარაჯნიც და მოისარნიც ასეთივე მიუდგომელნი აღმოჩნდნენ, თუმცა ისინი თავაზიანი და მოხდენილი ვაჟკაცები იყვნენ.

      - თქვენ გულქვა და უმადური ადამიანები ყოფილხართ, თუ არ გსურთ სამაგიერო მომიზღოთ, - გაიძახოდა დედაკაცი.

      მაგრამ მან შეძლო ყველაფრის შეტყობა და თავისი ქალბატონისაკენ გაეშურა, რათა მისთვის გრაფის განკარგულებანი გაეცნო.

      როცა გრაფის მეუღლემ გაიგო, რომ მხოლოდ მას ჰქონდა უფლება პალატიდან გარეთ გასულიყო, გადაწყვიტა, მაშინვე ესარგებლა ამ უფლებით. მაგრამ ვერც კი მოასწრო გასროლილი ისრის მანძილზე გაევლო, რომ მას ოთხი დარბაზის ყრმა შეუერთდა, ხოლო მოშორებით ორი მოისარი აედევნა. მაშინ დაღონებული ქალი უკან დაბრუნდა, თავის ოთახში ავიდა და ტირილი დაიწყო მარიამ მაგდალინელის მსგავსად, როგორც ამ წმინდანს სურათებზე ხატავენ ხოლმე.

      - და აი, ახლა ჩემს სატრფოს მოჰკლავენ, - მოსთქვამდა იგი, - და ვერასოდეს ვეღარ ვიხილავ; ვეღარ ვიგემებ მის ალერსს, ვეღარ დავტკბები მისი მოხდენილი ქცევით! ნუთუ მიწაზე დაეცემა ეს ლამაზი თავი, რომელიც ასე ხშირად ისვენებდა ჩემს მუხლებზე? ნუთუ ვერ შევძლებ ამ ძვირფასი და საყვარელი თავის მაგივრად ჩემს ქმარს რომელიმე ცარიელი და ბინძური თავი შევუგდო?

      - რა იქნებოდა, - უცებ წამოიძახა მრეცხავმა ქალმა, - ბატონურად რომ მოგვერთო მზარეულის შვილი, რომელიც გაგიჟებით შეყვარებულია ჩემზე, მაგრამ მე საშინლად მომწყინდა, და ამ სახით სახლიდან გაგვეშვა ფარული ხვრელის გზით.

      ქალებმა ერთმანეთს შეხედეს, მათ თვალებში სატანის ცეცხლმა გაიელვა.

      - და როცა ახალგაზრდა მზარეული მოკლული აღმოჩნდება, მერწმუნეთ, მოისარნი ყოველი მხრით გაფრინდებიან წეროებივით.

      - ჰო, მაგრამ გრაფი გაიგებს მზარეულის შვილის სიკვდილს, - წამოიძახა გრაფის ცოლმა, გულზე ხელი იტაცა და თავი გაიქნია, - არა, ჩემო ძვირფასო, საჭიროა, აქ კეთილშობილი სისხლი დაიღვაროს!

      შემდეგ ერთი წუთით ჩაფიქრდა და გახარებული სახით მიმართა მრეცხავ ქალს: - იცი რა, მგონია, შენი რჩევის წყალობით მოვისაზრე, როგორ გადავარჩინო ჩემი მეგობარი; ამისთვის ისე დაგაჯილდოებ, რომ ბედნიერი იქნები სიკვდილამდე. ცრემლები მოიწმინდა, ხელში პარკი და ლოცვანი დაიჭირა და უბიწო სასძლოს სახით გზას გაუდგა პავლე მოციქულის ეკლესიისკენ, საიდანაც მწუხრის ზარების ხმა მოისმოდა. ეს ქალი არასოდეს შემთხვევას ხელიდან არ უშვებდა, რათა თავისი ღვთისმოსავობა გამოეჩინა; ისეთივე გულმოდგინე მლოცველი იყო, როგორც დანარჩენი სეფექალები იყვნენ. ამ ეკლესიის წირვა-ლოცვას ხალხი დაცინვით სალხინოს უწოდებდა, იმიტომ, რომ აქ თავს იყრიდა გალაღებული, უსაქმური მოაშიკეების ბრბო, სასალუქოდ გამოწყობილი, სურნელებაშეკმეული ახალგაზრდა ქალებისა და ვაჟების საზოგადოება, და ყოველი მხრით მხოლოდ ღერბიანი ტანისამოსი და მოვარაყებული დეზები ჩანდა.

      გრაფის მეუღლე ეკლესიაში დღესასწაულებრივი სახით შევიდა, დარბაზის ყრმების, ორი მოისარის და რამდენიმე შეიარაღებული ჯარისკაცის ამალითურთ. უნდა ითქვას, რომ მშვენიერ რაინდთა შორის, რომელნიც მუდამ დაფარფატებდნენ სასახლის მანდილოსნების გარშემო, ერივნენ გრაფის მეუღლის თაყვანისმცემლებიც, რომელნიც აღტაცებით შეჰყურებდნენ მას და მზად იყვნენ, სული გაეწირათ მისთვის, როგორც ეს ხშირად ხდება ახალგაზრდობაში, როცა ჭაბუკები რამდენიმე საყვარელ საგანს ირჩევენ იმ იმედით, რომ მრავალი ქალის გულიდან ერთს მაინც მოვინადირებთო.

      ამ ნისკარტდაღებულ ონავარ ფრინველებს შორის, რომელნიც გემრიელ ნადავლს უთვალთვალებდნენ და უფრო ქალების სკამებსა და ლოცვანებს უცქეროდნენ, ვიდრე საკურთხეველსა და მის მსახურთ, იყო ერთი ახალგაზრდა რაინდი, რომელსაც გრაფის მეუღლე დროგამოშვებით ალერსიან შეხედვას აღირსებდა ხოლმე, იმიტომ, რომ როგორც, ეტყობოდა, იგი სხვებივით უსაქმური არ იყო, გრაფის მეუღლე კი სხვებზე მეტად იტაცებდა. ჭაბუკი მუდამ უმოძრაოდ და უსიტყვოდ ერთსა და იმავე სვეტს იყო მიყრდნობილი და აღტაცებული თვალებით შესცქეროდა თავისი გულის დიუფალს. მისი ფერმკრთალი სახე სევდიანი იყო; მისი გარეგნობა მოწმობდა, რომ მას კეთილშობილი გული უნდა ჰქონოდა, ანთებული, მწველი, მაგრამ უიმედო ვნებით. ასეთი ადამიანი ცოტაა ქვეყანაზე, იმიტომ, რომ ჩვეულებრივ, მამაკაცები უფრო სიყვარულის ხელშესახებ ნაყოფს ამჯობინებენ, ვიდრე უხილავ სიხარულს, რომელიც ჩვენი სულის კუნჭულებშია დამალული.

      მხედართმთავრის ცოლი ფიქრობდა - ეს უბრალოდ, მაგრამ ლაზათიანად და ერთგვარი გემოვნებით ჩაცმული ჭაბუკი, ალბათ, ბედის მაძიებელი ღარიბი რაინდია, შორი გზით მოსული წამოსასხამითა და დაშნით, რომელნიც მთელ მის ავლადიდებას უნდა წარმოადგენდნენო. ქალსაც მოსწონდა ვაჟის შავი კულულები, მოქნილი სხეული და მორცხვი, მორჩილი გარეგნობა და სულით და გულით წარმატებას უსურვებდა საქმეებში და ქალების სიყვარულში. მაგრამ რადგან მას არ უყვარდა თავისი თაყვანისმცემლების უყურადღებოდ დატოვება, ხშირად ვნებას აღვივებდა ვაჟში და ამისთვის ხან გამამხნევებელ მოძრაობას აკეთებდა, ხან კი ნაზად შეხედავდა, რომელიც შემპარავი იყო როგორც გველის დაგესვლა. იგი ეთამაშებოდა ამ ახალგაზრდა სიცოცხლეს, როგორც ლაღ დიაცს შეეფერებოდა, რომელიც შეჩვეულია უფრო ძვირფასი საგნებით თავის გართობას, ვიდრე ეს უცნობი რაინდი იყო. ამ მხრივ, ქალი თავის ქმარს, მოხუც მხედართმთავარს ჰგავდა, რომელიც ხშირად მთელს სამეფოს დებდა ბედის სასწორზე.

      სამი დღის წინათ გრაფის მეუღლემ მწუხრიდან გამოსვლის დროს დედოფალს თავისი ახალი თაყვანისმცემელი ანიშნა და სიცილით უთხრა: - აი, მამაკაცი აღსავსე ღირსებებით!

      ეს მოსწრებული გამოთქმა დიდად მოეწონათ სასახლეში და ჩვენ მხედართმთავარ დარმინიაკის მეუღლეს უნდა ვუმადლოდეთ, რომ იგი დღემდე შერჩა ფრანგულ ენას.

      ჭაბუკმა მართლაც არ გაამტყუნა ქალის შეხედულება. იგი აღმოჩნდა უდროშო რაინდი, ჟიულიენ დებუა ბურედონი, რომელსაც მამისაგან ერთი ნაფოტიც კი არ დარჩენოდა სამკვიდროდ, დედისაგან კი მხოლოდ სილამაზე მიეღო; და მას გადაეწყვიტა სწორედ ეს ერთადერთი თავისი სიმდიდრე გამოეყენებინა სასახლეში, რადგან იცოდა, რომ სეფექალები დახარბებული არიან ამ განძს და დიდად აფასებენ უცოდველად დატკბობას მზის ჩასვლასა და განთიადს შორის. მან ისიც იცოდა, რომ მრავალმა მისმა მსგავსმა ცხოვრებაში გამარჯვებას მიაღწია ქალის პატარა ფეხებით გატკეპნილი ბილიკით. მაგრამ ჟიულიენმა კარგად ვერ გაზომა თავისი სიყვარულის ძალა და ერთბაშად მთელი მარაგი დახარჯა, როცა სალხინო მღვდელმსახურებას დაესწრო და გრაფის მეუღლე დაინახა მთელი მისი აყვავებული მშვენიერებით. იგი ისეთი ტრფიალების ალმა მოიცვა, რომ ერთ წუთში დაკარგა ჭამა-სმის უნარი. სიყვარულის მრავალ სახეს შორის ეს ყველაზე უარესია, იმიტომ, რომ მიჯნურს მარხვას აყვარებს სიყვარულის მარხვის დროს, ასეთი ორმაგი სენი კი საკმაოა ადამიანის საფლავის კარამდე მისაყვანად.

      გრაფის მეუღლეს სწორედ ეს ჭაბუკი გაახსენდა შეჭირვების დროს და მან გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ მიეცა წინადადება, მოკვდი ჩემი გულისთვისო.

      ეკლესიაში შესვლისთანავე ქალმა თვალი მოჰკრა საბრალო რაინდს, რომელიც იმავე სვეტთან იდგა თავისი ბედნიერების მოლოდინში, როგორც ავადმყოფი, რომელიც გაზაფხულზე მზის ამოსვლას ელის. გრაფის მეუღლემ პირი იბრუნა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დედოფლისკენ, რათა თავის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში რჩევა და დახმარება ეთხოვა მისთვის; მაგრამ ამ დროს ერთი თანმხლები ჯარისკაცთაგანი მოკრძალებით მიუახლოვდა და უთხრა: - ქალბატონო, ჩვენ ნაბრძანები გვაქვს, ნება არ მოგცეთ ვინმეს დაელაპარაკოთ, ვინც უნდა იყოს იგი, თუნდ დედოფალი ან თქვენი მოძღვარი. და იცოდეთ, თქვენი და ჩვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული.

      - განა სიკვდილი თქვენი ვალდებულება არაა? - იკითხა ქალმა.

      - ჰო, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა ბრძანების ასრულებაც, - უპასუხა მოისარმა. მაშინ გრაფის მეუღლემ თავისი ჩვეულებრივი ადგილი დაიჭირა და თავის მაღმერთებელს შეხედა; იგი კიდევ უფრო გამხდარი და ფერწასული ეჩვენა.

      - მით უკეთესია, - ჩაილაპარაკა ქალმა თავისთვის, - მისი სიკვდილი ნაკლებ დამტანჯავს: ეს ყმაწვილი ისედაც ნახევრად მკვდარია.

      ამ აზრის გაფიქრებისთანავე მან რაინდს მიუძღვნა ერთი იმ ნაზ შეხედვათაგანი, რომელთაც თავიანთ თავს ნებას აძლევენ მხოლოდ სეფექალები ან მეძავი დედაკაცები. ცბიერმა სიყვარულმა მისი მშვენიერი თვალები აანთო და თითქოს დაგესლა სვეტზე მიყრდნობილი ჭაბუკი. ვინ არის ჩვენს შორის ისეთი, არ უყვარდეს ცხოვრების ეს მოწოდება, რომელიც გულს გადაუვლის ცხელ ტალღასავით? მხედართმთავრის ცოლმა რაინდის უსიტყვო პასუხში სიამოვნებით იგრძნო, თუ რა ყოვლისშემძლე იყო მისი ძლევამოსილი შეხედვა. ქალის შეფაკლული სახე ბერძენ და რომაელ ორატორებზე უფრო მჭევრმეტყველად ლაპარაკობდა, და ვაჟის პასუხიც ასეთივე ნათელი იყო. ქალმა ვაჟი ოცდაათჯერ მაინც განგმირა თავისი თვალებით და ბოლოს დარწმუნდა, იგი უკან არ მოიხედავს, ისე მოკვდება ჩემი გულისთვისო. ამ აზრმა ქალზე ისეთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ლოცვის დროს თავი ძლივს შეიკავა, იმდენად ძლიერი სურვილი ჰქონდა რაინდისათვის სიყვარულის ერთ მძლავრ განცდაში სიხარული მიენიჭებინა, რათა შემდეგ მისთვის არ ესაყვედურათ, ამ ჭაბუკს არა მარტო სიცოცხლე, არამედ ბედნიერებაც კი წაართვიო.

      როცა მღვდელი მობრუნდა, რათა თავისი მოვარაყებული სამწყსოსთვის ეთქვა, მშვიდობა თქვენდა, განვედითო, მხედართმთავრის ცოლი გასავალი კარისკენ გაემართა, თავის მაღმერთებელს გვერდით ჩაუარა და ხანგრძლივი შეხედვით სთხოვა, უკან გამომყევიო; შემდეგ, რათა დარწმუნებულიყო, რაინდმა სწორად გაიგო ჩემი სურვილიო, ქალმა კიდევ მოიხედა და შენიშნა, რომ ვაჟი ოდნავ შეირხა, მაგრამ მორცხვობდა და ვერ ბედავდა ადგილიდან დაძრულიყო. მაგრამ რაკი დაინახა, ქალმა განმეორებით მომიწოდაო, ხალხს შეუერთდა და ფეხაკრეფით უკან დაედევნა. იგი ხან წინ მიაბიჯებდა, ხან უკან, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ და აუცილებლად გრაფის მეუღლის ანთებულ თვალებს ხვდებოდა, რომლებიც მას თავისკენ იზიდავდნენ, როგორც მეთევზე ფრთხილად ეწევა ანკესს იმის შიშით, რომ ზედ წამოგებული თევზი არ გამისხლტესო. ერთი სიტყვით, გრაფის მეუღლე ისე ცდილობდა წყალი თავისი წისქვილისკენ გადაეგდო, რომ ვინც მას შეხედავდა, იტყოდა, არავინ არ ჰგავს ისე მეძავ ქალს, როგორც მაღალი წრის მანდილოსანიო.

      როცა გრაფის მეუღლე თავისი ეზოს ჭიშკარს მიადგა, ცოტათი შეყოყმანდა, უკან მობრუნდა და რაინდს ისეთი სატანისებური გამომეტყველებით შეხედა, რომ ამ უკანასკნელმა მყისვე მიირბინა თავისი გულის მბრძანებელთან. ქალმა ხელი მისცა და ორივენი აღგზნებულნი და მთრთოლვარენი შევიდნენ მხედართმთავრის სადგომში. ამ საბედისწერო წუთში სიკვდილის პირისპირ გრაფის მეუღლეს შერცხვა თავისი განუსჯელობისა და შეაწუხა იმ აზრმაც, რომ სავუაზის ღალატობდა, რათა ის ხიფათს გადაერჩინა: მაგრამ ეს სინდისის ქენჯნა უნაყოფოც იყო და დაგვიანებულიც.

      - ჩქარა გამომყევით ჩემს ოთახში, - უთხრა ქალმა რაინდს, - უნდა მოგელაპარაკოთ. ჭაბუკმა არ იცოდა, თუ სიკვდილი მოელოდა და სიტყვებს ვერ პოულობდა თავისი ბედნიერების გამოსახატავად. როცა მრეცხავმა ქალმა უცნობი დაინახა, გაიფიქრა, ჩანს მეფის კარის მანდილოსნები ჩვენზე უკეთ ყოფილან დახელოვნებული ასეთ საქმეებშიო. შემდეგ დაბლა თავი დაუკრა რაინდს, მაგრამ მის სახეზე გამოკრთოდა ერთგვარი დამცინავი აღტაცება ამ ადამიანის წინაშე, რომელიც სიცოცხლეს სწირავდა ასეთი უბრალო რამისთვის.

      - ჩემო კარგო, - მიმართა ხმადაბლა გრაფის ცოლმა მრეცხავ ქალს, - მე ძალა არ შემწევს, მას ჩემი სტუმართმოყვარეობის მიზეზი გავუმხილო.

      - ქალბატონო, რა საჭიროა ბევრი ახსნა-განმარტება? გააბედნიერეთ და შემდეგ ფარული გასასვლელით გაისტუმრეთ. ომში ამდენი ხალხი იღუპება უბრალო რამისთვის, ნუთუ არ შეიძლება ეს კაცი უდიდესი ბედნიერებისათვის მოკვდეს? რამდენიც გსურთ, იმდენ ჭაბუკს გიშოვით, თუ ნუგეშისცემა დაგჭირდათ.

      - არა, - წამოიძახა გრაფის ცოლმა, - ყოველივეს გავუმხელ: დაე, ეს სასჯელი იყოს ჩემი ცოდვისთვის.

      უცნობ მიჯნურს ეგონა, ჩემი გულის დიუფალი ღონისძიებას ღებულობს, რათა მყუდროება არავინ დაგვირღვიოს მომავალი საუბრის დროსო; მოშორებით იდგა და ფანჯარაში იცქირებოდა. მართალია, ქალის საქციელს მეტისმეტად გაბედულად თვლიდა, მაგრამ ეგონა, ჩემში იმდენი ღირსებაა თავმოყრილი, რომ ასეთი სიგიჟე ადვილი ასახსნელიაო. ძლივს მოასწრო ყოველივე ამის გაფიქრება, გრაფის ცოლმა უკვე თავისი ოთახის კარი შეაღო და ანიშნა, შემოდიო. ამ ქალმა მოიხსნა მთელი თავისი დიდებულება და ვაჟის ფეხთ ქვეშ დაეცა, როგორც სრულიად უბრალო დედაკაცი.

      - მშვენიერო ჭაბუკო, - თქვა მან, - თქვენს წინაშე დიდი დანაშაული მიმიძღვის, რადგან იცოდეთ, ამ სახლიდან გასვლისთანავე სიკვდილი მოგელით. სხვა ვაჟის სიყვარულმა დამათრო და ყოველივე დამიბნელა ამ ქვეყანაზე; და იმის მაგივრად, რომ ჩემს სატრფოს აქ შეეცვალოთ, თქვენ მას შეეცვლებით იმ წუთში, როცა იგი უნდა მოჰკლან. აი, ის ბედნიერება, რომლისთვისაც აქ მოგიყვანეთ.

      - ეჰ, - უპასუხა დებუა ბურედონმა, რომელმაც სულის სიღრმეში დაფარა თავისი სასოწარკვეთილება, - მადლობელი ვარ იმისთვისაც, რომ გამომიყენეთ, როგორც თქვენი საკუთრება. ისე გაგიჟებით მიყვარხართ, რომ თითქო ქალი ვიყო, წყურვილი მტანჯავს ყოველდღე შემოგთავაზოთ ის, რის მოცემაც მხოლოდ ერთხელ შეიძლება. მაშ, მიირთვით ჩემი სიცოცხლე!

      ამ სიტყვების წარმოთქმის დროს საბრალო რაინდი ქალს ისე უცქეროდა, თითქო უნდა თვალებით შესვას იგიო. როცა გრაფის ცოლმა ეს ვაჟკაცური და სიყვარულით აღსავსე სიტყვები მოისმინა, წამოდგა და თქვა: - ეჰ, როგორ შეგიყვარებდით, სავუაზი რომ არ მყოლოდა!

      - ჰო, - უპასუხა რაინდმა, - ჩემი ბედისწერა სრულდება, იმიტომ, რომ ვარსკვლავთმრიცხველმა მიწინასწარმეტყველა, შენი სიკვდილის მიზეზი მაღალი წარმოშობის ქალის სიყვარული იქნებაო. მაგრამ გეფიცებით, - განაგრძო მან და მახვილს ხელი იტაცა, - ჩემს სიცოცხლეს ძვირად გავყიდი და მოვკვდები იმით დაკმაყოფილებული, რომ ჩემი სიკვდილი ბედნიერებას მოუტანს საყვარელ არსებას. მიჯობს, მის ხსოვნაში ვიცოცხლო, ვიდრე სინამდვილეში.

      ამ ვაჟკაცის სხივოსანმა სახემ და გაბედულმა მიმოხვრამ სულის სიღრმემდე შეაშფოთა გრაფის მეუღლე. მაგრამ ამასთანავე, ცოტა არ იყოს, შეურაცხყოფაც იგრძნო, რომ რაინდი მზად იყო მას განშორებოდა ჯილდოს უთხოვნელად.

      - წამოდით, მე თქვენ შეგაიარაღებთ, - უთხრა ქალმა ისეთი მოძრაობით, თითქო მისი მოხვევა სდომებოდეს.

      - ოჰ, დიუფალო, - თქვა რაინდმა და უნებურად თვალები აუცრემლდა, - ნუთუ თქვენ ისე ძვირად აფასებთ ჩემს სიცოცხლეს, რომ გინდათ ჩემი სიკვდილი შეუძლებელი გახადოთ?

      - ეჰ, - წამოიძახა ქალმა, სრულიად დამორჩილებულმა ამ ანთებული სიყვარულით, - არ მინდა ყოველივე ამის დასასრულზე ვიფიქრო. ახლა გამომყევით, ხოლო შემდეგ ერთად წავიდეთ და ფარულ გასავალთან მოვკვდეთ. ქალ-ვაჟს ერთი და იგივე ალი მოედო, ისინი ერთმანეთს გადაეჭდნენ და ვნების აღგზნებაში ყოველივე დაივიწყეს ამ ქვეყანაზე: ხიფათიც, სიცოცხლეც და სიკვდილიც.

      ამ დროს კარიბჭის მცველებმა მხედართმთავარს უკვე აუწყეს მიჯნურის მოსვლა, ისიც მოახსენეს, რომ სიყვარულით გონებადაკარგულმა ჭაბუკმა არც ეკლესიაში და არც გზაზე ყურადღება არ მიაქცია თქვენი მეუღლის მიერ მიცემულ გამაფრთხილებელ ნიშნებსო. მაგრამ მხედართმთავარი გაეშურა არა თავისი ცოლის ოთახების, არამედ ფარული შემოსასვლელისკენ, იმიტომ, რომ ამავე დროს სხვა გუშაგებმა სავუაზის მოახლოება აცნობეს.

      და მართლაც, ეს უკანასკნელი შეპირებულ საათზე მოვიდა, მაგრამ როგორც იმ მიჯნურებს შეეფერებათ, რომელთაც თავში მხოლოდ სათაყვანებელი საგანი უზით, გრაფის მზვერავები ვერ შეამჩნია და დანდობილად მიადგა ფარულ შესასვლელს. ეს შემთხვევა იყო იმის მიზეზი, რომ გრაფმა ხელის მოძრაობით შეაჩერა კარიბჭის მცველები და შესძახა; - მე ვიცი, რომ ნადირი ხაფანგთან ახლოა! მაშინ ყველანი ფარული შესავლისაკენ გაიქცნენ და ყიჟინი ასტეხეს: სიკვდილი მაგას! სიკვდილი მაგას! ჯარისკაცები, მოისარნი, მათი ზემდეგნი და თვით მხედართმთავარი თავს დაესხნენ სავუაზის, რომელსაც სწორედ გრაფის ცოლის ფანჯარასთან მოუსწრეს. და, ამრიგად, ამ ბეჩავის გულის საკლავი კვნესა შეუერთდა ჯარისკაცების ღრიალსა და მიჯნურთა ვნებიან სუნთქვას და ჩურჩულს, აღსავსეს მოუთმენლობითა და შიშით.

      - აჰ, - წამოიძახა შეძრწუნებულმა გრაფის ცოლმა, - იქ სავუაზი კვდება ჩემი გულისთვის.

      - სამაგიეროდ, მე ვიცოცხლებ თქვენთვის, - უპასუხა დებუა ბურედონმა, - და ბედნიერი ვიქნები თუ იმავე ფასით გადაგიხადეთ, რომელსაც იგი იხდის ამ წუთში.

      - ახლავე დაიმალეთ ამ ნიშში და ნოხს ამოეფარეთ, - უთხრა გრაფის ცოლმა, - მხედართმთავრის ნაბიჯები მესმის.

      და მართლაც, კარებში გრაფი გამოჩნდა: ხელში კაცის თავი ეჭირა.

      - აი, ქალბატონო, - თქვა მან და თავი ბუხარზე დადო, - აი, ეს გაკვეთილი ცოლის ვალდებულებას მოგაგონებთ.

      - თქვენ უდანაშაულო კაცი მოგიკლავთ, - უპასუხა ქალმა, ისე რომ ფერი არ შესცვლია. - სავუაზი ჩემი საყვარელი არ ყოფილა.

      და მან მხედართმთავარი ისე გაზომა ქალური ცბიერებითა და გამბედაობით აღსავსე თვალით, რომ ამ უკანასკნელმა იფიქრა, მოვტყუებულვარ და მართლაც ამაოდ დამიღვრია სისხლიო.

      - მაშ, ვისზე ლაპარაკობდით ძილში დღეს დილით?

      - მეფე შარლი დამესიზმრა.

      - რად არ მითხარით ეს, ჩემო ძვირფასო?

      - განა იმას დამიჯერებდით, როცა ისე მხეცურად გააფთრებული იყავით?

      მხედართმთავარმა ყურის ძირი მოიფხანა და ჰკითხა: - მაშ, სავუაზის რატომ აღმოაჩნდა ფარული კარების გასაღები?

      - ეს უკვე აღარ ვიცი, - მკვახედ უპასუხა ქალმა, - იმედი მაქვს, დამიჯერებთ, რაც უკვე გითხარით.

      და გრაფის მეუღლე მარჯვედ შემოტრიალდა მაშიის ქუსლზე, თითქო უნდოდა ენიშნებინა, მივდივარ განკარგულებანი მოვახდინო ოჯახშიო. დარმინიაკი შეშფოთებული უცქეროდა საბრალო სავუაზის თავს, ხოლო დებუა ბურედონი ცდილობდა, ხველა შეეკავებინა და ყურს უგდებდა, როგორ ბუტბუტებდა რაღაცას გრაფი თავისთვის.

      ბოლოს, მხედართმთავარმა მუშტი ორჯერ მაგრად დაარტყა მაგიდას და წამოიძახა, ახლა კი თამამად შემიძლია პუასიში გავემგზავროო, და ოთახიდან გავიდა. როცა ჭაბუკმა მისი ცხენის თქარათქური გაიგონა, სამალავიდან გამოვიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ღამის წყვდიადში მიიმალა.

სავუაზი ცხარედ გამოიტირა მისმა გულის დიუფალმა, რომელმაც თავის დროზე ყოველივე მოიმოქმედა, რათა იგი სიკვდილს გადაერჩინა. შემდეგ ქალს კიდევ უფრო დაენანა თავისი ბედშავი თაყვანისმცემელი: საქმე ისაა, რომ მან ზემოთ მოთხრობილი ამბავი დედოფალ იზაბელას უამბო, ამან კი დებუა ბურედონი თავის ბიძაშვილს წაართვა და თვით დაიახლოვა, რადგან გაკვირვებული იყო მისი სიმამაცით და ღირსეული ყოფაქცევით. მაგრამ ეს რაინდი მართლაც სიყვარულისთვის ყოფილიყო განწირული. დედოფლის წყალობამ ისე გაათამამა, რომ დაცინვა დაუწყო მეფე შარლს. ერთ იმ იშვიათ დღეს, როცა მეფე თავის ჭკუაზე იყო, შურიანმა კარისკაცებმა აცნობეს, დედოფალი გღალატობსო. მაშინ უბედური ჭაბუკი, როგორც ცნობილია, დაუყოვნებლივ ტომარაში ჩასვეს და სენაში გადააგდეს შარანტონის ბორანის მახლობლად. ზემოთ ნათქვამს დავუმატოთ, რომ იმ დღიდან, როცა მხედართმთავარმა ასე გაუფრთხილებლად იხმარა თავისი მახვილი, მისი მეუღლე მუდამ მას აყვედრიდა ჯერ ერთი და მერმე ორი ადამიანის სიკვდილს და ამიტომ იგი ყარყუმის ბეწვივითაც რბილი გახდა და ჭეშმარიტების გზასაც დაადგა. იგი ცოლს ქებას ასხამდა ჭკუისა და სათნოებისთვის, რაიცა ამ უკანასკნელს, უეჭველია, დამსახურებული ჰქონდა.

      ხოლო მთელი ამ ამბიდან, როგორც ძველი მწერლების მოთხრობებიდან, რომლებშიც ყოველთვის თავის შესაქცევი და ჭკუის სასწავლი ნაწილია შეერთებული, შეიძლება ის დასკვნა გავაკეთოთ, რომ ქალებმა მძიმე წუთებში არ უნდა დაჰკარგონ სულის სიმშვიდე, რადგან სიყვარულის ღმერთი მათ არასოდეს არ დატოვებს, განსაკუთრებით, თუ ისინი ლამაზები, ახალგაზრდები და კეთილშობილები არიან; მეორე მხრით, მათმა აშიკებმაც, პაემანზე მისვლის დროს, თავქარიანობა არ უნდა გამოიჩინონ, არამედ თუ მხრებზე თავის შერჩენა სურთ, ფრთხილად უნდა მიიხედ-მოიხედონ, რათა ხაფანგში არ მოხვდნენ, იმიტომ რომ, ბოლოს, მშვენიერი ქალის შემდეგ ყველაზე ძვირფასი არსება ამქვეყნად, ჩვენი ფიქრით, ლამაზი მამაკაცია.

ნახვა: 365

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლე

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:03am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტილია II-ის

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (ინ.11.25).

აღსრულდა უფლის განკაცების დიადი საიდუმლოს მთავარი მიზანი, - ქრისტე აღდგა!

ენით გამოუთქმელი და მიუწვდომელი ეს…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters