ედგარ ალან პო - საუბარი მუმიასთან

   წუხანდელმა შეხვედრამ და სჯა-ბაასმა ძალიან კი დამღალა. თავის ტკივილმა გამაწვალა, ძილი მომერია. ამ საღამოსაც უნდა წავსულიყავი იქ, მაგრამ სახლში დარჩენა ვარჩიე, ცოტას ვივახშმებდი და მაშინვე დავიძინებდი. ვახშმად ბევრს არ ვჭამდი, რაღა თქმა უნდა. ჩემი უსაყვარლესი კერძია ყველიანი გრენკები. მაგრამ, იქნებ, ყოველთვის ვეღარ შეჭამო უცებ ერთ ფუნტზე მეტი. თუმცა ორიც რა სათქმელია. და რახან ასეა, გინდ ორი იყოს და გინდ სამი. ერთხელ კი გავბედე და მეოთხეც გადმოვიღე. ჩემი ცოლი კი მეუბნებოდა, მეხუთე იყოო; მაგრამ, როგორც ჩანს, ერთიმეორეში არევია რაღაც-რაღაცეები. თავადაც არ უარვყოფ ხუთიანს, ოღონდ კი უნდა დავაზუსტო, ეს იყო რაოდენობა იმ ბოთლებისა, რომლებშიც წითელი ღვინო ესხა და ურომლისოდაც ყველიანი გრენკები ყელში არც გადავა.
მცირეოდენი საჭმლის მერე დავიხურე ჩემი საღამური ჩაჩი, შუადღემდე თვალს მოვატყუებ-მეთქი; ბალიში გავისწორე და სრულიად საღსალამათი სინდისით ტკბილ ზმანებებს მივეცი თავი.

   მაგრამ იმედი ვის გამართლებია? ჯერ კიდევ მესამედაც ვერ წავიხვრინე, რომ სადარბაზოს კარზე ბრახაბრუხი ატეხეს. იმწუთსავე გამომეღვიძა. ერთი წუთი გავიდა და კარგად არ მქონდა თვალი გახელილი, ჩემი ცოლი შემოვიდა და ბარათი შემომაჩეჩა ხელში, ჩემს ძველ მეგობარს დოქტორ პონონიერს რომ გამოეგზავნა. აი რას მწერდა: „მიიღებ თუ არა ამ ბარათს, ჩემსას უნდა მოხვიდე უთუოდ, ჩემო კარგო მეგობარო. მოდი და გაიხარე ჩვენთან ერთად. ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ საქალაქო მუზეუმის დირექციამ ნება დამრთო, უკვე შემიძლია იმ მუმიის გამოკვლევა, შენ იცი, რომელიცაა. სახვევს მოვაცილებ და თუ საჭირო იქნება, გავჭრი კიდევაც. ეს ამბავი, შენც იქნები იმათ შორის, თქმა არ უნდა, მუმია ახლა აქ, ჩემს სახლშია და ამაღამ, თერთმეტ საათზე მის შემოხსნას დავიწყებთ.
სამარადისოდ, შენი პონონიერი“.

   ამოვიკითხე თუ არა ეს „პონონიერი“, საბოლოოდ გამომეღვიძა, მე მიხმობდნენ, მე ვჭირდებოდი იმათ. სიხარულით გადმოვხტი ლოგინიდან, გზად ყველაფერი ამოვატრიალე, გასაოცარი სისწრაფით ჩავიცვი და რაც ძალი და ღონე მქონდა დოქტორისას გავიქეცი. ყველანი მოსულიყვნენ და მე მელოდებოდნენ მოუთმენლად; მუმია სასადილო მაგიდაზე დაეწვინათ. შევედი თუ არა, იმწუთას დავიწყეთ გამოკვლევა. ეს იყო ერთი იმ ორიდან, რამდენიმე წლის წინათ რომ ჩამოიტანა. პონინიერის დეიდაშვილმა კაპიტანმა არტურ სერბეტაშმა ელეითიასის ახლორე ნანახი სამაროვანიდან, ლიბანის მთებში რომ არის და მდებარეობს საკმაოდ შორს თებედან, ნილოსის სათავისაკენ. ხსენებულ არემიდამოში მღვიმეები ისეთი დიდებული არ არის, როგორც თებეს აკლდამებია, მაგრამ კი არიან დიდად საყურადღებონი, რაკიღა იქ მრავალი სურათისათვის მიუკვლევიათ, ძველეგვიპტელთა ყოფაცხოვრებას რომ გადმოგვცემენ. საკანი, საიდანაც ჩვენ წინ მდებარე გვამი ამოეღოთ, ხვავხრიელად იყო მოხატული, მისი კედლები მოფენილიყო ფრესკებითა და ბარელიეფებით, ქათქათა თეთრი ქანდაკებებით, ლარნაკებით, მშვენიერი მოზაიკები გვიჩვენებდა გარდაცვლილის დიდ სიმდიდრეს.

   სწორედ ისე გადასცა ეს განძი ჩვენს მუზეუმს, როგორც უპოვია კაპიტან სებრეტაშს, სარკოფაგი ხელუხლებელი იყო. რვა წელიწადი ხალხს მხოლოდ მისი გარეთა მხარის მოთვალიერება შეეძლო. ამჟამად კი ჩვენ ხელთ გვქონდა შეუხებელი მუმია, და ვინც იცის, თუ რა იშვიათად მოუღწევია ჩვენს სანაპიროზე დაუზიანებელ სიძველეებს, იმისთვის მაშინვე ცხადი იქნება, დიახაც უნდა ვყოფილიყავი ბედის მადლიერი. მაგიდას რომ მივუახლოვდი, დავინახე დიდი ყუთი თუ სკივრი, დაახლოებით შვიდი ფუტის სიგრძის, სამი ფუტი სიგანის და ორნახევარი ფუტი სიმაღლისა. მოგრძო იყო, თუმცა არა კუბოს ფორმისა. ჭადრის (platanus) გვეგონა პირველად მისი მასალა, მაგრამ რომ ჩავჭერით მუყაო, ანუ, უფრო სწორად, პაპირუსისაგან დამზადებული papier-mach ვიხილეთ. მთლად მოეხატათ დაკრძალვის სცენებით - და სხვა ამდაგვარი სევდის მომგვრელ სურათებით - რომლებზეც, სადაც კი შეიძლებოდა, ყველგან ნახავდით გარკვეული სახის იეროგლიფებს, რომელიც, თქმა არ უნდა, მიცვალებულის სახელს გვამცნობდა. საბედნიეროდ, ბ-ნი გლიდონი იმყოფებოდა ჩვენ შორის და ამოკითხვა აღარც გაგვძნელებია, უბრალო ფონეტიკური ნაწერი გვაუწყებდა ამ სიტყვას: „ჰეიჰოი“.
დაუზიანებლად უნდა გაგვეხსნა ეს ყუთი და ჯერ გაგვიჭირდა, მაგრამ ბოლოს კარგადაც მოვახერხეთ და გამოვაჩინეთ მეორე, ახლა კი კუბოს მსგავსი და იმ პირველთან შედარებით სულ პატარა, მაგრამ სხვა მხრივ თითქოსდა მისი ზუსტი ასლი იყო, იმათი შუა სივრცე გამოევსოთ ფისით, რასავ გარკვეულწილად შიდა ყუთი გაეფუჭებინა.

   გავხსენით იგი (სულ ადვილად), მესამე დავინახეთ ასევე კუბოს დარი და მეორესაგან მხოლოდ მასალით განსხვავდებოდა, ამჯერად კედარი ეხმარათ და ამ ხეს თავისებური სურნელება დაეყენებინა. მეორე და მესამე ზარდახშებს შუა უკვე აღარ იყო სივრცე და ერთიმეორეს მჭიდროდ მიკვროდა.
ის მესამე ყუთი ამოვიღეთ და სწორედ იქ იყო მიცვალებული, გვეგონა ჩვეულებისამებრ, მაგრად იქნებოდა გახვეული, ანუ ქსოვილით შეფუთული; მაგრამ ამის მაგივრად თურმე რაღაც ბუდის მსგავსი გაუკეთებიათ პაპირუსისაგან, სქლად ლაქი წაესვათ, მთლად მოეოქროებინათ და მოეხატათ. სურათებში გვამცნობდნენ მრავალნაირ გვემას სულისას და შეხვედრას სხვადასხვა ღმერთთან, მრავალჯერ მეორდებოდა ერთი და იგივე ადამიანის გამოსახულებანი, შესაძლებელია ეს იყო ბალზამირებულთა პორტრეტები. ამ ლუსკუმას თავიდან ბოლომდე გასდევდა სვეტები ანუ პერპენდიკულარული მწკრივები ფონეტიკური იეროგლიფებისა, კვლავ რომ გვაუწყებდა გარდაცვლილის სახელსა და ტიტულებს, აგრეთვე, მისი ნათესავების სახელებსა და ტუტულებს. ყელზე ფარღული ჰქონდა შემოხვეული ნაირფეროვანი მძივებით, თითოეული ცილინდრისებური ფორმისა იყო, სხვადასხვა ღმერთების, სკარაბეებისა და ფრთოსანი ბუშტების გამოსახულებებითაც. სხვა ამისი მსგავსი ქამარი მისი წვრილი წელისათვის შემოერტყათ.

   შემოვახიეთ პაპირუსი, სხეული სრულიად დაცული ვნახეთ, არც არავითარი სუნი ასდიოდა, მოწითალო ფერის კანი ჰქონდა, პრიალა, მკვრივი და ნათელი. კარგად შენარჩუნებოდა კბილები და თმა. თვალები (როგორც ჩანს) მისთვის ამოეღოთ და იმის მაგივრად შუშისა ჩაესვათ მშვენიერი ნახელავი და ბუნებრივს საოცრად დამსგავსებული, ოღონდ მეტისმეტად მკაცრი გამოხედვა ჰქონდა ამ ნაოსტატარს, თითები და ფრჩხილები სრულიად მოოქრულები. ბ-ნ გლიდონის აზრით, ეპიდერმისის სიწითლე მოწმობდა, რომ ბალზამირება მოუხდენიათ მხოლოდ ასფალტის ფისებით; მაგრამ რაღაც ცოტაოდენი რომ მოაცილეს სხეულს ფოლადის საფხეკით და ცეცხლში ჩაყარეს, დაადგინეს, ეს ნივთიერება ქაფურს და სხვა სურნელოვან მასალას შეიცავდა. გულდასმით მოვათვალიერეთ გვამი, ხომ უნდა გვენახა ჭრილობა, საიდანაც შიგნეულობა უნდა გამოეღოთ; ჩვენდა გასაოცრად ვერც ვერაფერი ვნახეთ. ყველა ჩვენთაგანი ვინც იქ ვიყავით, იმხანად არ ვიცოდით, რომ მთელი ანუ გაუხსნელი მუმიები არცთუ ისე იშვიათი მოვლენა ყოფილა. ჩვეულებრივ, ტვინს ნესტოების მეშვეობით გამოწმენდნენ, ხოლო შიგნეულის ამოსართმევად გვერდს გაუჭრიდნენ, მერე გვამს გაპარსავდნენ, დაბანდნენ და დაამარილებდნენ, რამდენიმე კვირა ასე გააჩერებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა ბალზამირება.

   ჭრილობის ნაკვალევს რომ ვერსად მიავაგენით, დოქტორმა პონონიერმა გასაკვეთად ხელსაწყოები მოამზადა, მაგრამ მე მაშინ საათს დავხედე და წამოვიძახე, რაღა დროსაა, უკვე სამი დაიწყო-მეთქი. შინაგანი გამოკვლევა ხვალინდელი საღამოსათვის გადავდეთ, დავადგინეთ ასე, და ვიღაცამ თქვა, ვოლტის ბატარეით რამდენიმე ცდა ჩავატაროთო. სამი თუ ოთხი ათასი წლის მუმიაზე ელექსტოდენით ზემოქმედება არ იყო ბრძნული აზრი, მაგრამ საკმაოდ ორიგინალობით კი გამოირჩეოდა. იმწუთსავე ყველამ დასტური მივეცით. ერთი მეათედი წილი იმედითა და ცხრა მეათედი წილი ხუმრობით შევიტანეთ ბატარეა დოქტორის კაბინეტში და იქვე გადავიტანეთ ის ეგვიპტელი. ძლივსღა შევძელით მცირეოდენი ნაწილი საფეთქლის კუნთის გაშიშვლება, ნაკლებად გაქვავებულიყო ეს ადგილი სხვასთან შედარებით, მაგრამ, რაღა თქმა უნდა, ჩვენ არც არაფერს მოველოდით, გალვანური გრძნობელობის რაიმე ნიშანწყალი არც დასტყობია იმას მავთულის შეხებისას. მართლაცდა საკმარისი უნდა ყოფილიყო ეს ჩვენი პირველი ცდა; ჩვენივე სისულელეზე გულიანად გაგვეცინა, ძილინებისაო, ვთქვით, და უცებ, რომ გავხედე მუმიას, გავშეშდი გაოცებისაგან. მზერა მივაპყარი თუ არა, იმწუთასვე შევნიშნე, იმისი თვალის კაკლები, ჩვენ რომ შუშის გვეგონა სუყველას, თავდაპირველად მკაცრი გამოხედვის მქონე, ახლა ქუთუთოებდაფარული აღმოჩნდა და გამოჩენილიყო მცირეოდენი ნაწილი tunica albuginea.

   დავიყვირე, იმათ მოვუხმე, ერთი შეხედეთ-მეთქი, მაშინვე მოირბინეს, დამიდასტურეს ეს ამბავი. ვერ ვიტყვი, შევშფოთდი-მეთქი, რადგან ეს სიტყვა „შეშფოთება“ ზუსტად ვერ გამოხატავს ჩემს მდგომარეობას. ის წითელი ღვინო რომ მქონოდა დალეული, ცოტათი ფერი მეცვალა. ხოლო დანარჩენებს შიშმა დარია ხელი და არც ცდილან ამის დამალვას. სწორედ რომ შეგეცოდებოდათ დოქტორი პონონიერი. სადღაც გაუჩინარდა ბ-ნი გლიდონი. ბ-ნი სილკ ბაკინგემი, მე მგონია, ვერც გაბედავს ამის უარყოფას, ოთხზე დამდგარი მაგიდის ქვეშ შეძვრა. მაგრამ ამ პირველმა ელდამ რომ გაგვიარა, უკან აღარ დაგვიხევია, თქმა არ უნდა, ექსპერიმენტი უნდა გაგვეგრძელებინა. ჩვენ ახლა მარჯვენა ფეხის შუათითს მივმართეთ საოპერაციოდ. ჩავჭრით გარეთა მხარე os sesamodeurn policis pedis. და ასე გამოვაჩინეთ ფესვი abductor კუნთისა. კვლავ დავაყენეთ ბატარეა და დენი მივუშვით გაშიშვლებულ ნერვს და ვითარცა ცოცხალმა, მუმიამ, ისე მოღუნა მარჯვენა მუხლი, რომ თითქოს მუცელთან მიიტანა იმისი თავი, მერე კი გამართა, მთელი ძალით გამოიქნია ფეხი და დოქტორ პონონიერს მოახვედრა, თითქოს კატაპულტით გამოსროლილი ისარი ეკრათ, ისე გავარდა ეს ჩვენი ჯენტლმენი ფანჯრიდან ქუჩაში. მაშინვე en masse გავცვივდით გარეთ, რათა ამოგვეტანა ნეშტი ამ დასახიჩრებული კაცისა, მაგრამ საბედნიეროდ თავად იმას შევხვდით კიბეზე, თავქუდმოგლეჯილი ამორბოდა ფილოსოფიური მღელვარებით წამონთებული, აწ უკვე ვერავითარი ძალა ვერ შეაცვლევინებდა იმ აზრს, რომ ცდები უნდა გაგრძელებულიყო ახლა უფრო დიდი მონდომებითა და გულმოდგინებით.

   ამ კაცის რჩევითა და მითითებით, ღრმად ჩავჭერით ცხვირი მუმიისა და თავად დოქტორმა სტაცა იმას ხელი და მავთულისკენ გამოსწია.
მორალურად და ფიზიკურადაც - გინდ პირდაპირი მნიშვნელობით ითქვას და გინდ არა - ელექტროეფექტები ვიხილეთ. ჯერ ერთი, გვამმა თვალი გაახილა და ისე მალიმალ მოჰყვა წამწამების ხამხამს რამდენსამე წუთს ვითარც ბ-ნი ბარნესი პანტომიმაში, მეორე ის იყო, რომ დააცემინა; მესამე - ყუთის კიდეზე ჩამოჯდა; მეოთხე - დოქტორ პონონიერს ცხვირთან მუშტი დაუტრიალა; მეხუთე - წმინდა ეგვიპტურით ასე მიმართა ბატონებს გლიდონსა და ბაკინგემს. კი უნდა გითხრათ, ჯენტლმენებო, დიდად გაოცებული და შეურაცხყოფილი ვარ ამ თქვენი საქციელით. დოქტორ პონონიერისაგან რაიმე სასიკეთოს არც მოველოდი, სასიკეთო რა უნდა იცოდეს ამ საწყალმა, ჩასუქებულმა და სულელმა კაცმა. მებრალება და კიდევაც მიპატიებია მისთვის. მაგრამ თქვენ, ბ-ნო გლიდონ და თქვენც, სილკ, ვისაც ამდენი გიმოგზაურიათ და გიცხოვრიათ ეგვიპტეში, თითქმის იქ დაბადებულხართ და გაზრდილხართ და ის არის, მე გეუბნებით თქვენ, ვინც ამდენი ხანი დაჰყავით ჩვენ შორის და ასე კარგად დაგისწავლიათ ეგვიპტური ენა, მგონია, მშობლიურის მსგავსად უნდა წერდეთ ამ ენაზე, თქვენ-მეთქი, ვინც, ჩემი აზრით, სულ მუდამ იყავით დიდი მეგობრები მუმიებისა; ნამდვილად, მეტი ჯენტლმენობა გმართებდათ თქვენ. რას ვიფიქრებდი, წყნარად დამდგარხართ და უმზერთ ჩემს ასე აბუჩად აგდებას? გულშიაც კი ვერ გავივლებდი, რომ თქვენ ნებას მისცემდით ვიღაც ვიგინდარებს, ჰა, ტომ, დიკ, ჰარი, მოდით, გადაამტვრიეთ თავზე კუბოები, გახადეთ ტანზე, მერე და ასე არ ყინავდეს მაინც? ისიც ხომ ნათელია (რაკიღა სიტყვამ მოიტანა), კარგს თქვენზე როგორ ვიტყვი, თქვენ ეხმარებით და აგულიანებთ ამ საცოდავ გაიძვერას, დოქტორ პონონიერს, ჰოდა, ისიც ადგა და ამ ჩემს ცხვირს არ დაეტაკა?
რაღა თქმა უნდა, სავარაუდებელი იყო, რომ ასეთი ვითარებისას სიტყვის მოსმენა და გარეთ გავარდნა ერთი უნდა ყოფილიყო ან სუყველას საშინელი ისტერიკა უნდა მოგვსვლოდა, ან გრძნობა უნდა დაგვეკარგა. სწორედ ასე უნდა მომხდარიყო, ამ სამიდან ერთი რომელიმე უთუოდ უნდა დაგვმართნოდა. მართლაცდა, ძალზე დიდი იყო ასე მოქცევის ალბათობა. და გეფიცებით, ვერ მივმხვდარვარ, არ ვიცი, რად მოხდა ასე და არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. შეიძლება ჭეშმარიტი მიზეზი ჩვენი დროების სულშია საძიებელი, როდესაც სუყველაფერი პირიქით უნდა მოხდეს და კიდევაც ამ გარემოებით ხსნიან პარადოქსულ და შეუძლებელ ამბებს. ან, იქნებ, სულაც საქმე ის იყო, რომ მუმიამ სრულიად ბუნებრივად და ჩვეულებრივად წარმოთქვა ის თავისი სიტყვა, და ამიტომ აღარც აღგვიქვამს შიშის ზარით. ასე იყო თუ ისე, ცხადია, ჩვენთაგან არც ერთი არ აკანკალებულა, ანუ თითქოსდა ასეც უნდა მომხდარიყო, ისე შევხვდით ამ ამბავს. ჩემდა თავად მე წარბიც არ შემიხრია და წყნარად განზე მივდექი, მოვცილდი ამ ეგვიპტელის მუშტს. დოქტორმა პონონიერმა ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო, მთლად წამოწითლდა და თვალი აღარ მოუცილებია მუმიისათვის. ბ-ნმა გლიდონმა ბაკენბარდებზე ხელი ჩამოისვა და საყელო გაისწორა. ბ-ნმა ბაკინგემმა თავი ჩაქინდრა და მარჯვენა ხელის შუათითი პირის მარცხენა კუთხეში ჩაიდო.

   ეგვიპტელმა მკაცრად გამოხედა მას, დაბოლოს რამდენიმე წუთი დუღილის შემდეგ ასე უთხრა დამცინავი ღიმილით: - რატომ არ მეუბნებით რამეს, ბატონო ბაკინგემ? გესმით თუ არა, რასაც გეკითხებიან? პირიდან ხელი გამოიღეთ! ბატონი ბაკინგემი შეკრთა, პირის მარცხენა კუთხიდან გამოიღო მარჯვენა ხელის შუა თითი, მაგრამ სამაგიეროდ რაღაცა ხომ უნდა ექნა და მარცხენა ხელის შუათითი ზემოთ ხსენებული ხვრელის მარჯვენა კუთხეში ჩაიდო. ბ-ნი ბ. რაღას უპასუხებდა, ხოდა, იმან ახლა ბ-ნ გლიდონს მიმართა გულზვიადად, ახსნა-განმარტება მოითხოვა.
დიდხანს უხსნიდა ბ-ნი გლიდონი რაღაცას იმის ენაზე; ამერიკულ სამბეჭდაოებში იეროგლიფების შრიფტი არ იშოვნება, თორემ კარგი იქნებოდა ამ უშესანიშნავესი სიტყვის ორიგინალზე მოყვანა.
ისიც უნდა ვთქვათ, შემდგომი ლაპარაკი მუმიასთან მიმდინარეობდა ჩვეულებრივ ეგვიპტურ ენაზე მეშვეობით (იქ ხომ ჩვენც ვიყავით, მე და კიდევ რამდენიმე სხვა, ვისაც არც უმოგზაურია არსად)... მეშვეობით-მეთქი ბ-ნ გლიდონისა და ბ-ნ ბაკინგემისა, ესენი თარჯიმნობდნენ. ეს ჯენტლმენები დიდებულად საუბრობდნენ მუმიის მშობლიურ ენაზე, მაგრამ ეს იყო (თანამედროვე ცნებების მოშველიებისას, რაც რაღა თქმა უნდა, გაუგებარი იქნებოდა ამ უცხოელისათვის), ეს ორი მოგზაური იძულებული გახდა რაიმე მნიშვნელობის გადმოცემის ხანს საგნობრივ ახსნაზე გადასულიყო. ბ-ნ გლიდონს, ასე, მაგალითად, დიდად გაუჭირდა და ვერ გააგებინა ეგვიპტელს ტერმინი „პოლიტიკოსი“ მანამ, სანამ ნახშირის ნატეხი არ აიღო და კედელზე არ დახატა პატარა, ცხვირწამოწითლებული, იდაყვებზე სახელოებგამოხეული, კუნძზე მდგარი ჯენტლმენი, მარცხენა ფეხი უკან, მუშტად შეკრული მარჯვენა ხელი წინ აშვერილი და ზეცისკენ თვალებატრიალებული და ორმოცდაათი გრადუსით პირდაღებული. სწორედ ასევე ბ-ნ ბაკინგემს გაუჭირდა გადმოცემა სრულიად ახალი ცხენებისა „ვიგები“, ვიდრე (დოქტორი პონონიერის რჩევისამებრ). სახეგადაფითრებულმა საიდანღაც ჭუჭყიანი ჩვარი არ გამოაძვრინა.

   ცხადია, რომ ბ-ნმა გლიდონის საუბრის ძირითადი თემა იყო გახსნილ-გამოშიგნული მუმიათა სარგებლობაზე მეცნიერებისათვის; ისიც თქვა, სამწუხაროა, რომ ასეთი მიმძლავრება გარკვეულწილად შეაშფოთებდა მას, კერძოდ, ამ მუმიას, რომლის სახელია ჰეიჰოი; დაბოლოს ასე გადმოგვიკრა (მეტი არც არაფერი უთქვამს) რაკიღა ასე თუ ისე ნათელია ეს ამბავი, კარგი იქნებოდა გამოკვლევის გაგრძელება. დოქტორი პონონიერი მაშინვე შეუდგა ხელსაწყოების მომზადებას. სიტყვით გამოსულს ამ უკანასკნელ შენიშვნაზე ჰეიჰოიმ გარკვეული ეჭვი გამოთქვა, ზუსტად ვერ ჩავხვდი იმის მნიშვნელობას; მაგრამ ამ ბოდიშის მოხდამ კი დააშოშმინა, გადმოვიდა მაგიდიდან და სუყველას ხელი ჩამოგვართვა.

   ამ ცერემონიის გასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა მოგვევლო იმისთვის, რაც ჩვენმა სკალპელმა დაუზიანა. ჭრილობა შევუხვიეთ საფეთქელზე, ფეხზე ბანდი შემოვუჭირეთ, სქლად წავცხეთ ცხვირზე შავი ფერის მალამო. მერე კი შევნიშნეთ, რომ გრაფი (ასეთი წოდებისა გახლდათ თურმე ჰეიჰოი) თრთოდა, უთუოდ სციოდა. დოქტორი იმწუთსავე გავიდა და მალე დაბრუნდა, თავისი გარდერობიდან წამოეღო შავი ფერის ფრაკი, სულ ახლახან შეეკერა ჩვენს ცნობილ ჯენინგთან, ერთი წყვილი უჯრედებიანი ცისფერი შარვალი, ვარდისფერი ზოლებიანი chmise, ფაშფაშა ფარჩის ჟილეტი, ტომრისებრ შეკერილი თეთრი პალტო, კაუჭიანი ხელჯოხი, ქვაბუნა ქუდი, საუკეთესო ტყავის ჩექმები, მშვენიერი ჩალისფერი ხელთათმანები, მონოკლი, მისაბმევი ბაკენბარდები, დიდებული ჰალსტუხი. მაგრამ სხვადასხვა ზომის ტანისანი იყვნენ გრაფი და დოქტორი (შეფარდება, ასე, ორი ერთზე უნდა ყოფილიყო) და ამიტომ ცოტა კი იყო ძნელი ამ ტანისამოსის მორგება ეგვიპტელისათვის; მაგრამ ბოლოს ასე თუ ისე ჩავაცვით და უკვე ვეღარ იტყოდით, შიშველიაო. ბ-ნმა გლიდონმა მკლავზე ხელი მოკიდა; ბუხართან მიიყვანა, კეთილნახელავ სავარძელში ჩასვა, დოქტორმა ზარი დარეკა და კიდევ მოატანინა სიგარები და ღვინო.
სულ მალე გამოცოცხლდა საუბარი. მართლაცდა კი იყო დიდად გასაოცარი ამბავი, თქმა არ უნდა, ყველანი განცვიფრებულები ვიყავით იმ მნიშნელოვანი ფაქტით, სული რომ ედგა ჰეიჰოის.
- მე მგონია, - თქვა ბ-ნმა ბაინგჰემმა, - თქვენ ახლა კარგა ხნის მკვდარი უნდა იყოთო. - რას ბრძანებთ, - მიუგო მეტად გაოცებულმა გრაფმა, - მე უკვე შვიდ საუკუნეს გადავაბიჯე! მამაჩემი კი ათასის ყოფილა, და სულაც არ გახლდათ მიხრწნილი, რომ გარდაიცვალა.
მერე კი სულ აღარ მოვათქმევინეთ, ბევრი რამ ვკითხეთ და რომ გამოვითვალეთ, ცხადი გახდა, შედარებით მცირე ასაკისა გვეგონა მუმია. ხუთი ათასი და ორმოცდაათი წლის, კიდევ რამდენიმე თვისა იქნებოდა იგი, ამდენი ხანი იყო გასული მისი ელეითიასის კატაკომბებში მოთავსების შემდეგ. - მე იმის თქმა კი არ მინდოდა, - აუხსნა ბ-ნმა ბაკინგემმა, - რომ თქვენ სწორედ ამდენი ხნის იყავით დაკრძალვის ჟამს (თქვენ ჯერ კიდევ ყმაწვილი კაცი ხართ, უნდა ვაღიარო), მე იმას ვგულისხმობ, რომ უდიდესი დრო გავიდა მას შემდეგ, თქვენი თქმისა არ იყოს, რაც ამ ასფალტში დაჰყავთ.
- რაო, რაშიო? - იკითხა გრაფმა.
- ასფალტში-მეთქი, - გაუმეორა ბ-ნმა ბაკინგემმა.
ჰო, დიახ, მგონი კი ვიცი რასაც ამბობთ, კი შეიძლებ ამ ნივთიერების მოხმარება, მაგრამ ჩემს დროს ამისათვის ჰქონდათ ვერცხლისწყლის ბიქლორიდი. - და მაინც ჩვენთვის კი არის გაუგებარი, - თქვა დოქტორმა პონონიერმა, - როგორ მოხდა, თქვენ მიიცვალეთ და დაკრძალული იყავით ეგვიპტეში ხუთი ათასი წლის წინათ, დღეს კი დიდებულად გამოიყურებით საღსალამათი კაცი. - მე რომ მართლა, როგორც თქვენ ბრძანეთ, მიცვალებული ვყოფილიყავი, - მიუგო გრაფმა, - რაღა თქმა უნდა კიდევაც ვიქნებოდი მიცვალებული; მაგრამ ვხედავ რომ ბავშვის შეხედულება გქონიათ გალვანიზმზე და არ გცოდნიათ, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო თუ იმ ჩვენს ძველ ხანაში, კატალეფსური ძილით გონწართმეული კაცი ჩემს უახლოეს მეგობრებს მკვდარი ვეგონე ან ასე უფიქრიათ, სადაცაა მოკვდებაო; ხოდა, აღარ დაუხანებიათ, ბალზამირება გამიკეთეს... მე მგონია თქვენ კი უნდა იცოდეთ ბალზამირების მთავარი პრინციპები.

  ცოტა, ისე, მთლად არა. - ჰო, მესმის, რა სავალალო უვიცობაა! ახლა კი შემიძლია გამოწვლილვით ჩავუღრმავდე ამ საკითხს, მაგრამ ის კი უნდა გითხრათ, რომ ბალზამირება (ძირითადად) ეგვიპტეში იყო რაღაც ვადით მთელი სასიცოცხლო პროცესების შეჩერება, „სასიცოცხლო-მეთქი“, გეუბნებით მე და ამ სიტყვაში ბევრ რამეს ვგულისხმობ, მათ შორის ფიზიკურზე უფრო სულიერს და ვიტალურ ყოფას. გიმეორებთ, რომ ჩვენში ბალზამირების მთავარი პრინციპი იყო დაუყოვნებლივ შეჩერება ყველა სასიცოცხლო ფუნქციისა დიდი დროის მანძილზე; მოკლედ რომ ვთქვათ, როგორიცაა კაცი ბალზამირების ხანს, ასეთივე რჩება მას მერეც. ჩემდა ბედად მე სკარაბეების სისხლისა ვარ და ცოცხალსავე გამიკეთეს ბალზამირება. თქვენც ხედავთ ამას. - სკარაბეების სისხლისო! - გაუკვირდა დოქტორ პონონიერს. - დიახ. სკარაბეი ნიშანი თუ გერბი იყო ჩვენი სახელოვანი იშვიათი დიდებული მოდგმისა. „სკარაბეების სისხლისაო“ რომ ვამბობ, გარკვეულ გვარს ვგულისხმობ, მისი ნიშანია სკარაბეი. ხატოვნად გეუბნებით ამას. - და, იქნებ, ამიტომაც ხართ ცოცხალი? - დიახ, ეგვიპტეში, ჩვეულებისამებრ, ბალზამირების წინ გვამს შიგნეულობასა და ტვინს გამოაცლიდნენ. მაგრამ სკარაბეებმა ასე არ იცოდნენ, მასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ მე უშიგნეულოდ და უტვინოდ დავრჩებოდი. უამათოდ კი გაუძნელდება სიცოცხლე კაცს. - ახლა კი მივხვდი, - თქვა ბ-ნმა ბაკინგემმა, - ჩვენ ხელთ მოხვედრილი მრთელი მუმიები, როგორც ჩანს, სკარაბეების გვარისა გახლდნენ. - თქმა არ უნდა.
- მე მგონი, - მოწიწებით დასძინა ბ-ნმა გლიდონმა, - ეგვიპტური ღმერთთაგან ერთ-ერთი სკარაბეი გახლდათ.
- ეგვიპტური, რაო? - შეჰყვირა მუმიამ, ზე წამოიჭრა.
- ღმერთთაგან ერთ-ერთი, - გაუმეორა მოგზაურმა.
- ბ-ნო გლიდონ, გასაოცარ რასმეს მეუბნებით, - თქვა გრაფმა, ისევ რომ დაჯდა სავარძელში, - მთელ დედამიწის ზურგზე არც ერთ ერს არა ჰყოლია ღვთაება გარდა ერთისა. სკარაბეი, იბისი და ა. შ. ჩვენთვის იყვნენ (ვითარცა მსგავსი არსებანი სხვათათვის) სიმბოლოები ან media, რომლებსაც ჩვენ მივმართავთ ხოლმე შემოქმედის თაყვანისცემის ხანს, მისი თვალმიუწვდომელი სიდიადე ხომ გიკრძალავს მასთან უშუალოდ მიახლოებას. ყველანი გავჩუმდით. დაბოლოს დოქტორმა პონონიერმა განაგრძო საუბარი. - თქვენი სიტყვები თუ გვემახსოვრება, შეუძლებელი არ უნდა იყოს, მგონია, - თქვა მან, - ნილოსის ახლოს, კატაკომბებში სხვა მუმიებიც უნდა იყვნენ სკარაბეების მოდგმისა ვიტალურ მდგომარეობაში?
- რაღა თქმა უნდა, - უპასუხა გრაფმა, - შემთხვევით ცოცხლად დაბალზამირებული ყველა სკარაბეი ახლაც ცოცხალია. შეიძლება სამაროვანში მოიძებნოს ისინი, ანდერძის აღმასრულებელთა დაუდევრობით დარჩენილნი იქ, იმათ შორის, ვისაც განგებ გაუკეთეს ბალზამირება.
- ხომ ვერ აგვიხსნით, - ვუთხარი მე, - რას უნდა ნიშნავდეს ეს „განგებ გაუკეთეს ბალზამირება“?
- დიდი სიამოვნებით, - მიპასუხა მუმიამ, დინჯად რომ მომათვალიერა მონოკლიდან, რადგან აქამდე ჩუმად ვიყავი და პირველად მივმართე შეკითხვით. - დიდი სიამოვნებით, - თქვა მან, - ჩემს დროს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა რვაასი წელიწადი იყო დაახლოებით. მართალია, ზოგჯერ იყო და ექვსასამდეც ვერ მიატანდნენ, ზოგი კი ათასსაც კი გადააბიჯებდა, მაგრამ მეტწილად რვა საუკუნეს ცხოვრობდნენ. ბალზამირების პრინციპის აღმოჩენის შემდეგ, მე რომ უკვე აღგიწერეთ, ჩვენს ფილოსოფოსებს ერთი ასეთი აზრი მოსვლიათ თავში, უნდა დავაკმაყოფილოთ ხალხის აგრე რიგად საქებური ცნობისმოყვარეობა და ამავე დროს მეცნიერების წიაღსვლას უნდა შევუწყოთ ხელი, ხოდა, ასე დაადგინეს, ნაწილ-ნაწილ უნდა გაელია ადამიანს თავისი სიცოცხლე. მართლაცდა, ისტორიისათვის ხსენებული ცდები, როგორც დავინახეთ სრულიად აუცილებელი აღმოჩნდა. ასე, მაგალითად, მიატანს ისტორიკოსი ხუთას წელიწადს, დიდი რუდუნებით დაწერს წიგნს, მერე გულდასმით დააბალზამირებინებს თავს და დაუტოვებს თავის protem, ანდერძი აღმასრულებლებს მითითებას გაცოცხლების თაობაზე, გარკვეული ხნის შემდგომ, ვთქვათ, ხუთი-ექვსი საუკუნის შემდეგ. გაივლის ეს დრო და გაცოცხლდება და უსათუოდ ნახავს, ის მისი დიდი შრომა რაღაც შემთხვევით ამოკრებილ კრებულად ქცეულა, ანუ, შეიძლება ვთქვათ, გამხდარა ლიტერატურული სარბიელი, სადაც ბრძოლა გაუმართავთ ურთიერთსაპირისპირო ბუნდოვან აზრებს და მისი მეშვეობით ერთმანეთს აწიოკებენ მთელი ხროვა გაანჩხლებული კომენტატორებისა. მთელი ეს ვარაუდი და ა.შ., რომლებისთვისაც შეურქმევიათ შენიშვნები ან გასწორებანი - იმდენად შერყვნის ტექსტს, რომ ავტორმა ფარანი უნდა დაიკავოს ხელში და ისე ეძებოს თავისი წიგნი. იპოვოს და მიხვდება, რომ ტყუილუბრალოდ შეუწუხებია თავი. თავიდან უნდა დაწეროს თავისი წიგნი და ამავე დროს მისი, ისტორიკოსი კაცის ვალია დაუყონებლივ გაასწოროს მის შემდგომ გაუკუღმართებულად წარმოჩენილი ამბები იმ ეპოქისა, რომელშიაც თავად უცხოვრია და მშვენივრად იცის მაშინდელი განათლების დონე, გამოცდილება და გადმოცემები. ასე, მრავალი, დროდადრო ხელახლა რომ წერს თავის შრომას და პირდაპირ ასწორებს შეცდომებს, ჩვენი ისტორია აღარ გადაგვარებულა და არც დამსგავსებია არაკების კრებულს.
- მაპატიეთ და, - უთხრა დოქტორმა პონონიერმა და ეგვიპტელს ფრთხილად მოკიდა მკლავზე ხელი, - მაპატიეთ, ჩემო ბატონო, ერთი წამით უნდა შეგაწყვეტინოთ თქვენი სიტყვა.

   ბრძანეთ, ჩემო ბატონო, - მიუგო გრაფმა და ხელი იქით გასწია.
- მხოლოდ ის მინდა გკითხოთ, - თქვა დოქტორმა, - თქვენ ახლა ახსენეთ ის ამბავი, რომ ისტორიკოსი პირადად ასწორებს მისი ეპოქის გადმოცემას. თუ შეიძლება, ჩემო ბატონო, იქნებ, აგვიხსნათ, რა სიმართლე შეიძლება მოვიძიოთ ამ აბდაუბდაში?
- ამ აბდაუბდაში, როგორც თქვენ სწორედ ბრძანეთ, ჩვეულებრივ შეგიძლიათ ნახოთ იმდენივე ჭეშმარიტება, რამდენიც იმ ისტორიულ თხზულებაში, თავიდან დაწერას რომ მოითხოვს; ანუ, შეიძლება ვთქვათ, არც ერთსა და არც მეორეში არ მოიპოვება იოტისოდენა ცნობა, სრულიად და საფუძველშივე მცდარი რომ არ იყოს. - მაგრამ ის ხომაა ნათელი, - თქვა დოქტორმა, - თქვენი დაკრძალვის დღიდან ხუთი ათასი წელიწადია გასული და გამომდინარე აქედან თქვენი ხანის ისტორიაში, თქვენ დროინდელ გადმოცემაში საკმაო სიზუსტით იქნებოდა მოყვანილი ამბავი სამყაროს შექმნის შესახებ, რასაც დღესაც საყოველთაო ინტერესით ეკიდებიან, და ეს ამბავი უნდა მომხდარიყო, მგონია, როგორც თქვენ იცით, თქვენამდე ათი საუკუნით ადრე. - რას მეუბნებით, ჩემო ბატონო? - ჰკითხა გრაფმა ჰეიჰოიმ.
დოქტორმა გაიმეორე თავისი ნათქვამი, მაგრამ კი დასჭირდა ახლა ბევრი დამატებითი ცნობების მოყვანა, ვიდრე უცხოელი არ გაიგებდა რაღაც-რაღაცეებს. დაბოლოს იმან გამოთქვა თავისი აზრი, კი მერყეობდა ამ დროს.
- ის იდეები, თქვენ რომ აგვიწერეთ, უნდა ვაღიარო, სრულიად ახალია ჩემთვის. ჩემს დროს მე არც მინახავს ვინმე, ვისაც ასეთი გასაოცარი აზრი მოსვლია თავში ქვეყნიერების (ანუ სამყაროს, როგორც თქვენ გნებავდეთ) დასაწყისის თაობაზე. ერთხელ კი მახსოვს, ოღონდ ეს მხოლოდ ერთხელ იყო, მოვისმინე უძველესი გადმოცემა, რაღაც უთქვამს ჩემთვის ბრძენთა უბრძენეს კაცს ადამიანის წარმოშობაზე. ხოდა, სწორედ ეს სიტყვები ახსენა - ადამი ( ანუ წითელი მიწა ) როგორც თქვენ ამბობთ. თუმცა ეს სიტყვა განზოგადებული მნიშვნელობით მოუშველიებია იმის გამო, რომ თავისთავად აღმოცენებულა ნიადაგში (როგორც სხვა ათასი დაბალი სახეობა აღმოცენებულა ადრევე), - თავისთავად აღმოცენებულა-მეთქი ხუთი უდიდესი ურდო კაცთა მოდგმისა ერთდროულად დედამიწის ხუთი სხვადასხვა და დაახლოებით ერთნაირი ფართობის ნაწილზე.
თქვა ეს და სუყველამ მხრები ავიჩეჩეთ, ჩვენთაგან ერთმა თუ ორმა მალულად შუბლზე დაიკრა ხელი. ბ-ნი სილკ ბაკინგემი უცებ დააცქერდა ანაგობას ჰეიჰოის თავისას და ახლა ამან განაგრძო საუბარი: - თქვენს დროს ადამიანის სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობა და, ამასთან ერთად, ნაწილ-ნაწილად ცხოვრების პრაქტიკა, როგორც თქვენ აგვიხსენით, მართლაცდა მეტად შეუწყობდა ხელს ცოდნის ამაღლებას და მის საფუძვლიან აღნუსხვას. გამომდინარე აქედან, ძველეგვიპტელთა გარკვეულწილად დაბალი დონე თანამედროვე ადამიანის, სახელდობრ იანკების განვითარების დონესთან შედარებით, განსაკუთრებით ეს უნდა ითქვას მეცნიერებათა მიღწევების გათვალისწინებით, უნდა მოწმობდეს იმას, რომ ეგვიპტელის თავის ქალა მეტისმეტად სქელი უნდა ყოფილიყო. - კვლავ უნდა ვაღიარო, - დიდი თავაზიანობით მიუგო გრაფმა, - რას ამბობთ არ მესმის, იქნებ, მითხრათ, განსაკუთრებით რომელ მეცნიერებას გულისხმობთ?
   ჩვენ აქ ერთხმად მოვყევით დიდხანს და დაწვრილებით ფრენეოლოგიის საკითხებისა და ცხოველური მაგნეტიზმის სასწაულების გადმოცემას.
ბოლომდე რომ მოგვისმინა გრაფმა, რამდენიმე ანეკდოტი გვიამბო, თურმე გალისა და შპურცჰაიმის პროტოტიპები ეგვიპტეშიაც არსებობდნენ, დიდად სახელგანთქმულნიც ყოფილან და კარგა ხნის წინათაც დავიწყებიათ, ხოლო ამ ჩვენი მესმერის მანიპულაციები უსუსური ტრიუკებია თებელ savants ნამდვილ სასწაულებთან შედარებით, იმათ შეეძლოთ ტილების და სხვა ამდაგვარ არსებათა გამოყვანა. მაშინ მე ვკითხე გრაფს, თქვენ დროს დაბნელებათა გამოანგარიშება თუ შეეძლოთ-მეთქი. შემომხედა იმან დამცინავი ღიმილით და თქვა, შეეძლოთ. ცოტათი კი დამაბნია ამან და კვლავ ვკითხე რაღაც-რაღაცეები ასტრონომიაზე, მაშინ კი ჩვენთაგან ერთმა, ვისაც ამ საღამოს კრინტიც არ დაუძრავს, ჩამჩურჩულა ყურში, ამ ინფორმაციისათვის სჯობს პტოლომეს (ვინ არის ეს პტოლომე) მიმართეო, და კიდევ ვიღაც პლუტარქს de facie lunac.

   მერე მე ვკითხე მუმიას ცეცხლის ამნთებ შუშებისა და ლინზების და, საერთოდ, მინის წარმოების შესახებ; მაგრამ ჯერ კიდევ სიტყვაც არ მქონდა გასრულებული, რომ ჩვენი ჯგუფის იმ მდუმარე წევრმა ჩუმად მომკიდა ხელი იდაყვზე და მითხრა, ღვთის გულისთვის, იქნებ, დიოდორე სიცილიელის ნაწერებს გადაავლო თვალი. ხოლო გრაფმა ასე მიპასუხა, თქვენს თანამედროვეებს თუ აქვთო ისეთი მიკროსკოპები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გამოჭრათო ეგვიპტურის დარი კამეები. სანამ ვფიქრობდი თუ რა მეთქვა, საუბარში ჩაგვერია ჩია ტანის დოქტორი პონონიერი, თავი ვეღარ მოეთოკა ამ კაცს. - აბა ერთი ჩვენი არქიტექტურა ნახეთ! - შეჰყვირა მან, დიდად კი შეაწუხა ამ გამოხდომამ ჩვენი ორივე მგზავრი, ანიშნებდნენ ხელიც წაჰკრეს, მაგრამ ამაოდ დაშვრნენ.
- ნახეთ-მეთქი - ისევ შესძახა აღფრთოვანებით, - აი ეს ჩვენი შადრევანი ნიუ-იორკში, ბოულინგ-გრინზე! ანდა თუ იგი შეუდარებელია, მაშინ კაპიტოლის შენობა გავიხსენოთ, ვაშინგტონშიკოლუმბიის ოლქში!-აქ ჩვენმა პატარა მკურნალმა დაწვრილებით, დეტალურად აგვიწერა ამ ნაგებობის ანაგობა და პროპორციები. მხოლოდ იმის კარიბჭეს ამშვენებსო ოცდაოთხი სვეტი, თითოეული ხუთი ფუტი დიამეტრისა და ერთიმეორეს ათი ფუტითაა დაცილებული. გრაფმა უპასუხა, რომ სამწუხაროდ ახლა ზუსტად ვერ გვეტყოდა, სიდიდეს იმ მთავარი შენობებისას, ქალაქ აზნაკში რომ იყო, უხსოვარ ხანაში ჩაუყრიათ მათი საძირკველი, ღამისნაირ წკვარამშია დანთქმული ის დრო, მაგრამ მათი ნანგრევები იმ ეპოქაში, როდესაც ის დაუკრძალავთ, ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ქვიშოვან უდაბნოში, თებეს დასავლეთით. მაგრამ იმის გახსენება კი შეუძლია (კარიბჭეს გულისხმობდა), მცირე სასახლე ყოფილა ერთი ქალაქის გარეუბანში, რომელსაც კარნაკს ეძახდნენ; ას ორმოცდაოთხი სვეტით იყო გაწყობილი ის კარიბჭე, თითოეული ოცდაჩვიდმეტი ფუტის სიმრგვალისა, ერთმანეთს ოცდახუთი ფუტით დაცილებულნი. ნილოსის მხრიდან ამ კარიბჭესთან მოსასვლელი ორი მილის სიგრძისა იყო, გაწყობილი სფინქსებით, ქანდაკებებით. თავად სასახლე (რამდენადაც ახსოვს) ორი მილის სიგრძისა იყო ერთი მიმართულებით და დაახლოებით შვიდი მილის გავლა მოგიხდებოდათ, მის გარშემო რომ შემოგევლოთ. მისი კედლები, შიგნითაც და გარეთაც ხვავრიელად იყო მოხატული იეროგლიფებით. ამას ვერ დაიჟინებდა რომ ზუსტად ასე იქნებოდა და იმის კედლებში დაეტეოდა ორმოცდაათი თუ სამოცი ისეთი შენობა, დოქტორის კაპიტოლი რომ არის, მაგრამ კი შეიძლება ითქვას, თუკი უწესრიგოდ ყველგან დადგამდით, მაშინ, იქნებ, ორასსა და სამასამდე ასულიყო ეს რიცხვი. კარნაკის ეს სასახლე უმნიშვნელო, მცირე უნდა ყოფილიყო სხვებთან შედარებით. ამავე დროს, იგი (გრაფი) აღტაცებულია იმ დიდებული, ბრწყინვალე და საარაკო ბროუდინგ-გრინის შადრევნებით, ისე კარგად რომ აღუწერია დოქტორს. მსგავსი ამისა, კი უნდა აღიაროს, არც ეგვიპტეში აუგიათ და არც კიდევ სხვაგან სადმე.
მაშინ მე ვკითხე გრაფს, რკინიგზაზე რას იტყვით-მეთქი.
- ისეთს ვერაფერს, - მიპასუხა მან, - საკმაოდ გამძლე, საკმაოდ კარგი გამოგონება ვერ არის და ვერც სწორადააო დაწყობილი, ასე დასძინა. რაღა თქმა უნდა, როგორ შეედრებოდა ამას ფართო, ლარივით პირდაპირ გადაჭიმული რკინის ჯებირებიანი გზა, რომელზეც ეგვიპტელებს გადაჰქონდათ მთელი ტაძრები, ვეებერთელა ობელისკები ას ორმოცდაათი ფუტი სიმაღლისა.

   ჩვენი გიგანტური მექანიკური ძრავები ვუხსენე.
კი დამეთანხმა, ამის შესახებ არაფერი ვიციო, მაგრამ მკითხა, თუ როგორ შეიძლებოდა თაღების დადგმა თუნდაც იმ მცირე სასახლის მშენებლობის ხანს, კარნაკში. ვითომცდა არ გამიგონია ეს შეკითხვა; ვუთხარი, არტეზიული ჭები თუ იცით-მეთქი; ზე აწკიპა წარბები, ბ-ნმა გლიდონმა რამდენჯერმე მკაცრად თვალი მიყო და ჩამჩურჩულა, სწორედ ამ ბოლო ხანს აღმოვაჩინეთო ისინი, როდესაც წყალს ვეძებდით დიდი ოაზიისათვის.
მაშინ მე ფოლადი ვუხსენე, ამ უცხოელმა ცხვირი აიბზუა და მკითხა, თუ შეიძლება მაგ თქვენი ფოლადით ქვის ჭრა ისე, ობელისკებს რომ ამუშავებდნენ ჩვენში ბრინჯაოს საჭრელებით.
სულ დაგვაკარგვინა ამან თავგზა და ახლა იერიში მეტაფიზიკურ საკითხებზე გადავიტანეთ. წიგნი მოვიტანეთ, „დაიელი“ იყო მისი სახელწოდება და იქიდან ერთი თუ ორი თავი წავუკითხეთ, ნათელი იყოო, ამას ვერ იტყოდით, მაგრამ ბოსტონელებს ამისათვის „დიადი თაოსნობა“, ანუ „პროგრესი“ შეურქმევიათ. გრაფმა უბრალოდ გვიპასუხა, თითქმის ყოველდღიურად ხდებოდა მის დროს დიადი თაოსნობა, ხოლო პროგრესს თუ გავიხსენებთ, ერთ ხანს გული გვქონდა გაწყალებული იმით, მაგრამ პროგრესული ვერც ვერაფერი ვიხილეთ საბოლოოდ.

   მერე ჩვენ სიტყვა ჩამოვუგდეთ დემოკრატიის დიდებულებასა და მნიშვნელობაზე და გვინდოდა გრაფისთვის ჩაგვეგონებინა, თუ რაოდენ დიდი უპირატესობა გვქონდა ჩვენ, რადგან შეგვეძლო არჩევნების მოწყობა ad libitum, და მეფე არ გვყავდა. ყურადღებით მოგვისმინა და კარგადაც გაერთო. მერე გვითხრა, დიდი ხნის წინათ ჩვენთანაც იყო რაღაც სრულად ამისი მსგავსი. ცამეტ ეგვიპტურ პროვინციას უეცრად დაუდგენიათ თავისუფლების მოპოვება, რაც ბრწყინვალე მაგალითი უნდა ყოფილიყო დანარჩენი კაცობრიობისათვის. ბრძენკაცთა ყრილობა მოუწვევიათ და დაუწერიათ საუკეთესო კონსტიტუცია, უკეთესს ვერ მოიგონებდა კაცი. ყველაფერი კარგად მოგვარებულა გარკვეული ხნით, მაგრამ გაუთავებელი ბაქი-ბუქი ჩვეულებად გადაქცევიათ. დაბოლოს იმით გასრულდა ეს ამბავი, რომ ის ცამეტი მხარე სხვა დანარჩენ თხუთმეტთან თუ ოცთან შეერთებულა და ისეთი ბილწი და საძულველი დესპოტია დაუმყარებიათ, რომ ჯერ არავის სმენია დედამიწის ზურგზე. მე ვკითხე, იმ ტირან-უზურპატორს რა ერქვა-მეთქი. რამდენადაც მახსოვსო, ბრბო. რაღა უნდა მეთქვა, ჯერ სიტყვა ვერ დავძარი, მერე მივაძახე, ძალიან ვწუხვარ, რომ ეგვიპტელებმა ორთქლის გამოყენება არ იცოდნენ. დიდად გაოცებულმა გრაფმა შემომხედა და აღარაფერი უთქვამს. იმ მდუმარე ჯენტლმენმა კარგა მაგრად ჩამკრა იდაყვი ნეკნებში და მითხრა, უკვე კარგად ისახელე თავი, ნუთუ იმდენად გამოსულელებულხარ და არ იცი, თანამედროვე ორთქლის მანქანები ჰერონის გამოგონების საფუძველზე შეიქმნა და სოლომონ დე კოს უნდა ვუმადლოდეთ ამ ცნობის მოშველიებასო. სრული დამარცხების პირას ვიყავით მისული, მაგრამ საბედნიეროდ ისევ დოქტორმა მოიკრიბა ძალ-ღონე და გადაგვარჩინა, ასე ჰკითხა, თუ შეძლებდნენო ეგვიპტელები რამდენადმე მაინც გამკლავებას ჩვენს თანამედროვეებთან ისეთ დიდმნიშვნელოვან დარგში, როგორიცაა ტანსაცმლის კერვა. გრაფმა თავისი შარვლის კიდეებს დახედა და მერე ფრაკის ბოლოს დაავლო ხელი, თვალთან მიიტანა და ასე ათვალიერებდა რამდენსამე წუთს. მერე დაუშვა და ნელ-ნელა გამოაჩინა პირის ნახევი ერთი ყურიდან მეორემდე. მაგრამ, მგონია, არაფერი უპასუხნია.

   აქ კი გული მოგვეცა და მზვაობარი სახით რომ მიუახლოვდა მუმიას, დოქტორმა მოითხოვა, ჯენტლმენი ხართ და ერთი ეს მითხარით გულწრფელად და ღირსეულად, თუ იცოდნენ იმხანად ეგვიპტელებმა პონონიერის წამლისა და ბრანდრეტის აბების დამზადებაო.
დიდად შეშფოთებულნი ვუმზერდით, რას გვეტყვისო, მაგრამ ამაოდ ველოდით პასუხს, აღარაფერი უთქვამს. ეგვიპტელი წამოჭარხლდა და თავი დახარა. ასეთი ტრიუმფი ჯერ არ გვინახავს. მთლად დაბეჩავებული გამოიყურებოდა დამარცხებული. მართლაცდა, გული მეტკინა ასე გასაცოდავებული მუმიის დანახვისას. ქუდი მოვუხადე, თავი დავუკარი და წამოვედი. ხუთი საათი იყო, სახლში რომ მივედი და მაშინვე დავწექი. ახლა დილის ათი საათია. შვიდ საათს მერე ფეხზე ვდგავარ და ვწერ ამ ამბავს ჩემი ოჯახისა და კაცობრიობის საკეთილდღეოდ. პირველს აწი ვეღარასოდეს ვნახავ. ყიამყრალა ცოლი მყავს, მართალი თუ გნებავთ, მომძულებია ასეთი ცხოვრება და საერთოდ მეცხრამეტე საუკუნეც. კარგს არაფერს მოველი. ამავე დროს, ერთი სული მაქვს გავიგო, თუ ვინ იქნება პრეზიდენტად 2045 წელს. ხოდა, წვერს გავიპარსავ, დავლევ ერთ ჭიქა ყავას, პონონიერისას გავიქცევი და ვთხოვ, ბალზამირება გამიკეთოს ორასი წლით.

ნახვა: 317

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

One of the most intriguing features

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:55am 0 კომენტარი

Beyond Combat: A Story to Unfold:

While Throne and Liberty offers large-scale player versus player (PvP) and player versus environment (PvE) combat experiences, the developers emphasize the importance of the narrative. The game features a "story-driven adventure," weaving a captivating storyline into the core gameplay. This integrated Throne and Liberty Lucent narrative adds purpose and direction to the player's…

გაგრძელება

With the support of their loyal

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 6:32am 0 კომენტარი

Featuring a rich and atmospheric setting, diverse character classes, and a wide array of weapons and abilities to master, Dark and Darker offers endless possibilities for customization and strategy. Whether you prefer to Dark And Darker Gold brave the depths of the dungeons alone or team up with friends to conquer formidable foes, there's something for every adventurer in this epic fantasy adventure.

Building a Brighter…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

Qwelly World

free counters