– ბატონებო, გთხოვთ, – თავაზიანად გვითხრა მასპინძელმა და მეფური ჟესტით სუფრასთან მიგვიწვია.

      ჩვენ თხოვნის გამეორება არ დაგვჭირვებია, სუფრას შემოვუსხედით და აყელყელავებული, გახამებული ხელსახოცები გავშალეთ.

      ოთხნი ვიყავით: მასპინძელი – ყოფილი ნაფიცი რწმუნებული, მისი ბიძაშვილი – ასევე ყოფილი ნაფიცი რწმუნებული, მისივე მამიდაშვილი – სამოქალაქო მრჩევლის ყოფილი ქვრივი, შემდგომში სახალხო მეურნეობის საბჭოს თანამშრომელი, ხოლო ამჟამად, უბრალოდ, ზინაიდა ივანოვნა, და სტუმარი – მე – ყოფილი... თუმცაღა ეს სულერთია... ამჟამად გაურკვეველი საქმიანობის კაცი.

      პირველი აპრილის მზე ფანჯრიდან შემოიჭრა და ჭიქებზე ათამაშდა.

      – ღვთის წყალობით, გაზაფხულდა. ზამთარმა გაგვაწამა, – თქვა მასპინძელმა და გრაფინის ყელს ნეტარებით შეხედა.

      – მადლობა ღმერთს! – შევძახე მეც, ყუთიდან ჭიჭყინა ამოვიტაცე, კანი წამში გადავაცალე, ბატონის ნაჭერს კარაქი წავაცხე, ზედ კანგამძვრალი ჭიჭყინა წავაფარე, ზინაიდა ივანოვნას თავაზიანად გავუღიმე და ვადღეგრძელე.

      თითო ჭიქა ყველამ გადაჰკრა.

      – სიმაგრე ხომ არ აკლია? – მოკრძალებით იკითხა მასპინძელმა.

      – საკმაოდ მაგარია, – ვუპასუხე და სული მოვითქვი.

      – ცოტა სუსტია, – თქვა ზინაიდა ივანოვნამ.

      კაცები ერთხმად შეეკამათნენ და თითო ჭიქა კიდევ გადავკარით. მოახლემ ქვაბით წვნიანი შემოიტანა.

      მეორე ჭიქის შემდეგ სხეულში ღვთაებრივმა სითბომ დამიარა და გულში კეთილგანწყობა ჩამეღვარა. მასპინძელი და მისი ბიძაშვილი უმალ შემიყვარდა. მეჩვენებოდა, რომ უკვე 38 წლის ზინაიდა ივანოვნა არცთუ ისე ურიგო შესახედავი იყო, ხოლო ჩემ პირდაპირ, რკინიგზათა რუკის გვერდით ჩამოკიდებულ კარლ მარქსს არც ისე უზარმაზარი წვერ-ულვაში ჰქონდა, როგორც საერთოდ მიაჩნდათ. მთელი სულითა და გულით კარლ მარქსის მოძულე რწმუნებულის ბინას ეს წვეროსანი შემდეგნაირად მოევლინა; ჩემი მასპინძელი მოსკოვში ყველაზე მოსაზრებული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე მოსაზრებული კაცი გახლდათ. ლამის ერთ-ერთმა პირველმა იგრძნო, რაც ხდება, სერიოზული რამ არის და დიდხანს გასტანსო. ამიტომ თავის ბინაში, სასხვათაშორისოდ, კუსტარულად კი არა, საფუძვლიანად ჩასანგრდა. უპირველეს ყოვლისა, ტერენტი მიიყვანა. ტერენტიმ მთელი ბინა მიანგრ-მოანგრია, სასადილო ოთახი თიხის აკლდამას დაამსგავსა, ყველა კედელი ფართოდ გახვრიტა და ყველგან მსხვილი, შავი მილები ჩაჩხირა, რის შემდეგაც ბინის პატრონმა ტერენტის ნამოქმედარს თვალი სიამით შეავლო და თქვა:

      – ის ბანდიტები ორთქლით გათბობას თუ არ ჩართავენ, სულაც არ მენაღვლება, – მერე პლიუშჩიხასკენ გასწია, იქიდან ზინაიდა ივანოვნა მოიყვანა და ყოფილ საძინებელ ოთახში, მზიან მხარეს დააბინავა. ბიძაშვილი მინსკიდან სამი დღის შემდეგ ეწვია. იგი ყოფილ მისაღებ ოთახში (წინკარის მარჯვნივ) სასწრაფოდ, ხალისით შეხიზნა და შავი ღუმელი დაუდგა. შემდეგ თხუთმეტი ყუთი ფქვილი ბიბლიოთეკაში (დერეფნიდან პირდაპირ) შეზიდა, კარი გასაღებით ჩაკეტა, კარზე ხალიჩა ჩამოკიდა, ხალიჩას ეტაჟერი მიადგა, ეტაჟერზე ცარიელი ბოთლები და ძველი გაზეთები დაალაგა და ბიბლიოთეკა ისე გაუჩინარდა, იქ შესასვლელს ეშმაკიც ვეღარ მიაგნებდა. ამგვარად, ექვსი ოთახიდან სამიღა დარჩა. ერთ ოთახში თვითონ მოთავსდა ცნობითურთ, რომ გულის მანკი სჭირდა, დარჩენილ ორ ოთახს კი (სასტუმროსა და კაბინეტს) კარები ჩამოხსნა და უცნაურ, ორმაგ სამყოფლად გადააქცია.

      ეს ერთი ოთახი არ გახლდათ, რადგან ორი იყო, მაგრამ ამ ოთახებში ცხოვრება, როგორც ორ ოთახში, შეუძლებელი შეიქნა, მით უმეტეს, რომ პირველში (სასტუმროში), შიშველი ქალის ქანდაკების ქვემოთ, პიანინოს გვერდით საწოლი დადგა, სამზარეულოდან საშას მოუხმო და უთხრა:

      – როცა ისინი მოვლენ ხოლმე, ეტყვი, რომ აქ გძინავს.

      საშამ შეთქმულივით ჩაიცინა და უპასუხა:

      – კარგი, ბატონო.

      კაბინეტის კარზე ბინის მფლობელმა მანდატები ააწება, რომლებიც იუწყებოდა, რომ მას, როგორც რომელიღაც დაწესებულების იურისკონსულტს, „დამატებითი ფართობი“ ეკუთვნოდა. დამატებით ფართობზე წიგნებით გამოტენილი თაროებით, უსალტეებო ძველი ველოსიპედით, ლურსმნებამოჩრილი სკამებითა და სამი კალათით ისეთი ბარიკადები გამართა, რომ მეც კი, მის ბინაში საკმაოდ გაჩვეული, პირველივე სტუმრობისას, მას მერე, რაც ბინას საბრძოლო სახე მიენიჭა, ორივე მუხლი გადავიყვლიფე, სახე და ხელები დავიღადრე, ხოლო პიჯაკი წინაც და უკანაც გავიფხრიწე.

      პიანინოზე ცნობა მიაკრა, რომ ზინაიდა ივანოვნა მუსიკის მასწავლებელი იყო, ხოლო მის კარზე მიწებებულ ცნობაში ეწერა, რომ იგი სახალხო მეურნეობის საბჭოში მუშაობდა, ბიძაშვილის კარზე აკრული ცნობა კი იუწყებოდა, რომ იგი მდივანი გახლდათ. კარს თავად აღებდა მესამე ზარის შემდეგ, ხოლო საშა ამასობაში პიანინოს გვერდით მდგარ საწოლზე წვებოდა.

      რუხი მაზარებითა და ჩრჩილისგან დაცხავებული შავი ჰალსტუხებით შემოსილი კაცები და ბრეზენტის ლაბადებიანი, პორტფელიანი ქალიშვილები ბინას ისე აწყდებოდნენ, როგორც ქვეითი მებრძოლები მავთულხლართებს, მაგრამ ვერაფერს გამხდარიყვნენ. მოსკოვიდან ქარაფშუტულად წასულსა და სამი წლის შემდეგ დაბრუნებულს ყველაფერი ძველებურად, თავის ადგილას დამხვდა. მასპინძელი მხოლოდ ოდნავ გამხდარიყო და ჩიოდა, ძალიან გამაწამესო.

      ოთხი პორტრეტი იმხანად იყიდა. ლუნაჩარსკი სასტუმრო ოთახში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მოათავსა, ისე რომ სახალხო კომისარი ოთახის ყოველი კუთხიდან მოჩანდა. მარქსი სასადილო ოთახში ჩამოკიდა, ხოლო ბიძაშვილის ოთახში საუცხოო, ყვითელი, სარკეებიანი კარადის ზემოთ ლ. ტროცკი ჭიკარტებით მიამაგრა. ტროცკი, როგორც წესი და რიგია, ანფასით იყო გამოსახული და ტუჩებზე საკმაოდ სათნო ღიმილი ეფინა, მაგრამ მასპინძელმა ფოტოსურათს ჭიკარტები დაარჭო თუ არა, მომეჩვენა, რომ სამხედრო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე მოიღუშა და ასე მოღუშული დარჩა. ამის მერე მასპინძელმა პორტფელიდან კარლ ლიბკნეხტი ამოაძვრინა და მამიდაშვილის ოთახისკენ გაემართა. ზინაიდა ივანოვნა ზღურბლზე დაუხვდა, ზოლიანი კაბით შემოტმასნილ თეძოებზე დოინჯი შემოიყარა და შესძახა:

      – ესღა მაკლდა! ალექსანდრ პალიჩ, სანამ ცოცხალი ვარ, მარატები და დანტონები ჩემს ოთახში არ იქნებიან!

      – ზინა... რა შუაშია მარა... – წამოიწყო მასპინძელმა, მაგრამ ენერგიულმა ქალმა მხრებში ხელები ჩაავლო, შეაბრუნა და გარეთ გააგდო. გაოგნებულმა მასპინძელმა ფერადი ფოტოსურათი ერთხანს ხელებში ატრიალა და არქივში ჩადო.

      ზუსტად ნახევარი საათის შემდეგ მომდევნო შეტევა დაიწყო. მესამე ზარისა და კარის ფერად, დატალღულ მინაზე მუშტების ბრაგუნის მერე მასპინძელმა პიჯაკის ნაცვლად გათხუპნილი ფრენჩი მოიხურა და კარი გააღო. ბინაში სამი კაცი შემოვიდა – ორი რუხმაზარიანი და ერთიც შავპალტოიანი, ყვითელპორტფელიანი.

      – თქვენ ოთახები გაქვთ... – წამოიწყო პირველმა რუხმაზარიანმა და წინკარს თვალი განცვიფრებით მოავლო. წინდახედულ მასპინძელს ელექტროშუქი არ აუნთია და სარკეები, საკიდები, ტყავის ძვირფასი სკამები და ირმის რქები წყვდიადში იყო ჩანთქმული.

      – ამხანაგებო, რას ამბობთ!! – შესძახა მასპინძელმა და ხელი ხელს შემოჰკრა, – აქ ოთახები სად არის?! დამიჯერეთ, ამ კვირაში თქვენამდე ექვსი კომისარი მოვიდა. შეგიძლიათ, აღარც დაათვალიეროთ. ზედმეტი ოთახი მაქვს კი არა, მაკლია კიდევაც. აი, ნახეთ, – მასპინძელმა ჯიბიდან ქაღალდი ამოიღო, – მე დამატებით 16 არშინი მეკუთვნის, 13 ½ კი მაქვს, მითხარით, 2 ½ არშინი საიდან გავაჩინო?

      – ყველაფერს ჩვენ თვითონ ვნახავთ, – პირქუშად თქვა მეორე რუხმაზარიანმა.

      – შემობრძანდით, ამხანაგებო!..

      მათ წინაშე უმალ ა.ვ. ლუნაჩარსკი წარდგა. განათლების სახალხო კომისარს სამივენი პირდაფჩენილნი მიაჩერდნენ.

      – აქ ვინ წევს? – იკითხა პირველმა რუხმაზარიანმა და საწოლზე მიუთითა.

      – ამხანაგი ეპიშინია, ალექსანდრა ივანოვნა.

      – რას საქმიანობს?

      – ტექნიკური მუშაკია, – მომხიბლავი ღიმილით უპასუხა მასპინძელმა, – რეცხავს.

      – თქვენი მოახლე ხომ არ არის? – ეჭვიანად იკითხა შავპალტოიანმა.

      მასპინძელმა პასუხად მწარედ გაიცინა:

      – ამხანაგებო, რას ბრძანებთ! ბურჟუა კი არა ვარ, მოახლე რომ მყავდეს! საჭმელი არ გვყოფნის, თქვენ კიდევ – „მოახლეო“! ჰი-ჰი!

      – იქ რა არის? – იკითხა შავპალტოიანმა და კაბინეტის ხვრელზე მიუთითა.

      – დამატებითი 13 ½, ჩემი დაწესებულების კანტორისთვის, – სწრაფად უპასუხა მასპინძელმა.

      შავპალტოიანმა ნახევრად ბნელ კაბინეტში დაუყოვნებლივ შეაბიჯა. ერთი წამის შემდეგ კაბინეტის იატაკზე ტაშტი არახრახდა და შემომესმა, წაქცეულმა შავპალტოიანმა თავი ველოსიპედის ჯაჭვს რომ ჩამოჰკრა.

      – ხედავთ, ამხანაგებო, – ღვარძლიანად თქვა მასპინძელმა, – ხომ გაგაფრთხილეთ, რომ საშინელი სივიწროვეა.

      შავპალტოიანი მგლის ბუნაგიდან სახედაღრეჯილი გამოვიდა, შარვალი ორივე მუხლზე გაფხრეწოდა.

      – რამე ხომ არ იტკინეთ? – ჰკითხა შეშინებულმა მასპინძელმა.

      შავპალტოიანმა რაღაც ჩაიბურტყუნა.
– აქ ამხანაგი ნასტურცინაა, – მოსულებს წინ მიუძღოდა და უჩვენებდა მასპინძელი, – აქ მე, – ხელები ფართოდ გაშალა და კარლ მარქსზე მიუთითა. სამივეს სახეზე გაოცება ემატებოდა, – აქ კი ამხანაგი შერბოვსკია, – მასპინძელმა ხელი ლ.დ. ტროცკისკენ გაიწოდა.

      სამივენი პორტრეტს შეძრწუნებულნი მიაჩერდნენ.

      – ეს ამხანაგი პარტიულია? – იკითხა მეორე რუხმაზარიანმა.

      – პარტიული არ არის, – მაამებლად ჩაიცინა მასპინძელმა, – მაგრამ თანამგრძნობია. სულით კომუნისტია. როგორიც მე გახლავართ. აქ ყველანი პასუხისმგებელი მუშაკები ვცხოვრობთ.

      – პასუხისმგებლები, თანამგრძნობები, – პირქუშად ამბობდა შავპალტოიანი, თან მუხლს იზელდა, – სარკეებიანი კარადები კი გიდგათ. ფუფუნების საგნები.

      – ფუფუნების? – საყვედურით თქვა მასპინძელმა, – რას ამბობთ, ამხანაგებო!! აქ დაძონძილი თეთრეულია, რაც შემოგვრჩა. თეთრეული, ამხანაგებო, საჭიროა, – მან ხელი ჯიბეში ჩაიყო გასაღების ამოსაღებად და მყისვე გაფითრებული გაჩერდა, რადგან გაახსენდა, რომ სწორედ გუშინ ვერცხლის ექვსი თეფში დაძონძილ ბალიშისპირებს შორის შემალა, – ამხანაგებო, თეთრეული სისუფთავის საგანია. ჩვენი ძვირფასი ბელადები, – მასპინძელმა ორივე ხელი პორტრეტებისკენ გაიწოდა, – პროლეტარიატს გამუდმებით სისუფთავისკენ მოუწოდებენ. ეპიდემიური სნეულებანი... ტიფი, შავი ჭირი და ქოლერა იმის გამო ვრცელდება, რომ ჩვენ, ამხანაგებო, ჯერ საკმარისად ვერ შევიგნეთ და ამისგან ერთადერთი საშველი, ამხანაგებო, სისუფთავის დაცვაა. ჩვენი ბელადი...

      ამ დროს აშკარად მომეჩვენა, რომ ფოტოგრაფიულ ტროცკის სახე დაემანჭა და ტუჩები თითქოს რაღაცის სათქმელად გაეპო. ეს ალბათ მასპინძელსაც მოეჩვენა, რადგან უცებ გაჩუმდა და ლაპარაკი სხვაგვარად განაგრძო:

      – ამხანაგებო, აქ საპირფარეშოა, აქ აბაზანა, რა თქმა უნდა, გაუქმებული. ხომ ხედავთ, შიგ ძონძებიანი ყუთი დევს. ახლა აბაზანის დროება არ გვიდგას. აქ სამზარეულოა – გაყინული. არც სამზარეულოს დროება გვიდგას. საჭმელს პრიმუსზე ვამზადებთ. ალექსანდრა ივანოვნა, სამზარეულოში რა გინდათ? წერილი მოგივიდათ – თქვენს ოთახში დევს. სულ ეს არის, ამხანაგებო! მე ვაპირებ, რომ ჩემთვის დამატებით ოთახი მოვითხოვო. თორემ ყოველდღე მუხლების გადაყვლეფა, ხომ იცით, ძალზე ნამეტანია. ვის უნდა მივმართო, რომ ამ სახლში ერთი ოთახი კიდევ მომცენ? კანტორისთვის.

      – სტეპან, წავიდეთ, – თქვა პირველმა რუხმაზარიანმა, ხელი უიმედოდ ჩაიქნია და სამივენი წინკარისკენ ჩექმების ბრაგუნით გაემართნენ.

      როცა კიბეზე ფეხის ხმა მიწყდა, მასპინძელი სკამზე დაეზღართა.

      – აბა, როგორ მოგწონთ? – შესძახა მან, – თანაც ეს ყოველ ცისმარე დღეს მეორდება! მერწმუნეთ, ესენი სულს ამომხდიან.

      – იცით, რა, – ვუთხარი მე, – ეგ კიდევ არავინ იცის, სულს ვინ ვის ამოხდის!

      – ჰი-ჰი! – ჩაიცინა მასპინძელმა და სამზარეულოსკენ მხიარულად გასძახა: – საშა! სამოვარი შემოიტანე!..

      ასეთი იყო პორტრეტების, კერძოდ, მარქსის პორტრეტის ამბავი. მაგრამ თხრობას მივუბრუნდები.

      ...წვნიანის შემდეგ ბიფსტროგანოვი გეახელით, თითო ჭიქა თეთრი ღვინო „აი-დანილი“ დავლიეთ და საშამ ყავა შემოიტანა.

      ამ დროს კაბინეტში ტელეფონი აჟღრიალდა.

      – ალბათ მარგარიტა მიხალნა იქნება, – საამოდ გაიღიმა მასპინძელმა და კაბინეტისკენ გაქანდა.

      – დიახ... დიახ... – მოისმა იქიდან, მაგრამ სამი წამის შემდეგ ამოგმინვა გავიგონეთ: – რაო?

      ყურმილი ყრუდ აჯიყჯიყდა, რასაც კვლავ მწუხარე ხმა შეენაცვლა:

      – ვლადიმირ ივანოვიჩ! მე ხომ გთხოვეთ! ყველანი მოსამსახურეები ვართ! ეს როგორ შეიძლება?!

      – ოჰო! – შესძახა ზინაიდა ივანოვნამ, – ხომ არ დაბეგრეს?!

      მოქნევით ჩამოკიდებული ყურმილის ჯახანი გაისმა და მასპინძელი კართან გამოჩნდა.

      – დაგბეგრეს? – ყვირილით შეაგება ზინაიდა ივანოვნამ.

      – მომილოცავს, – გაცოფებით უპასუხა მასპინძელმა, – თქვენ დაგბეგრეს, ჩემო ძვირფასო!

      – რაო?! – წამოდგა ერთიანად სახეგაფითრებული ზინაიდა პავლოვნა, – ამის უფლება არა აქვთ! მე ხომ ვუთხარი, რომ იმ დროს ვმსახურობდი.

      – „ვუთხარი“, „ვუთხარი“! – გამოაჯავრა მასპინძელმა, – კი არ უნდა გეთქვა, უნდა ჩაგეხედა, ის ნამუსგარეცხილი სახკომი სიაში რას წერდა! ყველაფერი შენი ბრალია, – მიუბრუნდა ბიძაშვილს, – ხომ გეუბნებოდი, მიაკითხე-მეთქი! ახლა კი, უნდა მოგახსენო, სამივენი მონიშნული ვყავართ.

      – უჰ, შე სულელო, – შეუტია სახეწამოჭარხლებულმა ბიძაშვილმა, – მე რა შუაში ვარ? იმ გაიძვერას ორჯერ ვუთხარი, მოსამსახურეებად აღგვნიშნე-მეთქი! თავად ხარ დამნაშავე! შენი ნაცნობია და თავად უნდა გეთხოვა!

      – ნაცნობი კი არა, ვიგინდარაა! – დაიქუხა მასპინძელმა, – ასეთი ნაცნობობა რას მარგია! ლაჩარია ის უბედური. ოღონდაც პასუხისმგებლობას თავი აარიდოს, ეს არის მისი საფიქრალი.

      – რამდენით დამბეგრეს?

      – ხუთით!

      – მარტო მე რატომ დამბეგრეს?

      – მაგაზე ნუ წუხხარ! – სარკასტულად უპასუხა მასპინძელმა, – რიგი მეც მომიწევს და ჩემს ბიძაშვილსაც – ანბანის მიხედვით. შენ მარტო ხუთით დაგბეგრეს და მე, ვინ იცის, რამდენი დამაკისრონ?! ახლა კი აქ ჯდომისთვის არ გვცალია. ჩაიცვით და რაიონის ინსპექტორთან გასწით – აუხსენით, რომ შეცდომა მოხდა. მეც წამოვალ... სწრაფად, სწრაფად!

      ზინაიდა ივანოვნა ოთახიდან ტყვიასავით გავარდა.

      – ეს რა დღეში ვართ? – მწუხარედ ამოიბღავლა მასპინძელმა, – წამითაც არ გვაძლევენ მოსვენებას. ხან კარს გიმტვრევენ, ხან ტელეფონით შემოგიტევენ! ბინის ჩამორთმევას თავი დავაღწიეთ, ახლა კიდევ დაგვბეგრეს. ეს როდემდე გასტანს? კიდევ რას მოიგონებენ?

      მან მზერა კარლ მარქსს მიაპყრო, მაგრამ იგი გაუნძრევლად, მდუმარედ იჯდა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს უნდოდა, რომ ეთქვა:

      – ეს მე არ მეხება.

      მისი წვერი აპრილის მზეს მოევარაყებინა.

მიხაილ ბულგაკოვი

ტეგები: Qwelly, ბულგაკოვი, ლიტერატურა, მოთხრობები

ნახვა: 103

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

MMOEXP: The Old School fans who love RuneScape will likely to remain in play for a long time

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2024.
საათი: 5:17am 0 კომენტარი



The Old School fans who love RuneScape will likely to remain in play for a long time, and without any indication of declining the game's popularity. Old School OSRS gold is a game that is timeless literally. The current version of the game was released in the year 2006. and was revived on the demand from the players who were unhappy by Runescape 3. Since its return in 2013. it has been awarded the status of being among the top MMOs around the…

გაგრძელება

Path of Exile: A introduction to PoE currency

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: სექტემბერი 21, 2024.
საათი: 4:21am 0 კომენტარი

At the beginning

Begin by building up your collection. Don't make use of your orbs for anything yet. Make sure you know your building and the POE currency trade way you'd like to play it first. Be concerned about your equipment and gems when you've completed the design. You can use your orbs at that point.

Crafting

At the time of the game's end, the players begin to build the equipment they want to use. If you'd…

გაგრძელება

Prepare for Rykard’s Boss Fight

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: სექტემბერი 20, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Second Contract: Rileigh the Idle

After completing the first contract, return to the drawing-room and collect the second letter.

This contract sends you to Altus Plateau to assassinate Rileigh the Idle. His red summon sign is located north of the Bridge of Iniquity Site of Grace.

Invade his world, defeat him, and return to Tanith for another reward.

Third Contract: Juno Hoslow

The third and final contract involves killing Juno Hoslow, who can be found in Mountaintops…

გაგრძელება

The Ultimate Weapon of Destruction

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: სექტემბერი 19, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი

The Lands Between are a perilous realm, filled with Elden Ring Runes relentless enemies. To survive, you need every advantage you can get. The Red Lightning Can, a new throwing potion introduced in the Elden Ring DLC, is a potent weapon that can turn the tide of battle.

This potent potion, a close relative of the Heavy Red Lightning Can, harnesses the destructive power of lightning. However, the Red Lightning Can distinguishes itself with its unique chain lightning effect, making it a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters