ედგარ ალან პო - მისტიფიკაცია

მიდით, თუ ასეთია ეს თქვენი „პასადოები“ და „მონტანტები“, არც ერთი მინდა და არც მეორე. ნედ ნოულზი.


   წარჩინებული უნგრული გვარისა იყო ბარონ რიტცნერ ფონ იუნგის ჩამომავლობა, ამ გვარიდან ყოველი (რამდენადაც ეს ვიცით გარკვეულ მატიანეთა მიხედვით) ამა თუ იმ ნიჭით იყო ცხებული; ერთნი დიდად იყვნენ ცნობილნი, მეორენი ნაკლებად , იმათთაგან მეტი წილი რაღაც grotesquaerie-ით გამოირჩეოდა; კარგი მაგალითები, თუმცა ძალიან კარგიო, ამას ვერ ვიტყვით, მოყვანილი აქვს ტიკს, ამ გვარის ერთ-ერთ შთამომავალს. რიტცნერი პირველად გავიცანი იუნგების დიდებულ სასახლეში, სასეირო თავგადასავლებმა მიმიყვანა იმისას და ამ ამბების სააშკარაოზე გამოტანა არ შეიძლება; ეს მოხდა 18.. წლის ზაფხულში. სწორედ იქ დავიმსახურე მე ამ კაცის ყურადღება და ნაწილობრივ, თუმცა კი ძნელად, შევიცანი იდუმალებაა მისი გონებისა, მერე და მერე, ამ კაცთან დაახლოებისდა კვალად, ეს იდუმალება სულ უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, და როდესაც სამი წლის განშორების შემდეგ ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს გ-ში, მე უკვე კარგად ვიცნობდი ბარონ რიტცნერ ფონ იუნგს.
   მახსოვს რა ცნობისმოყვარეობის მითქმა-მოთქმა ატყდა ამ კაცის უნივერსიტეტში გამოჩენისთანავე საღამო ხანს, 25 ივნისს. და უფრო ნათლად მახსოვს, ნახეს თუ არა იგი, ყველამ ერთხმად განაცხადა, „უგამოჩენილესი კაციაო ამ ქვეყანაზე“, თუმცა არც ერთს არ უცდია ამ აზრის დასაბუთება. გამორჩეულობა ამ კაცისა იმდენად უდავო იყო, რომ თავხედობად წარმოგვიდგებოდა მიკვლევა იმისა, თუ რა ესარძირკვლებოდა ამ გამორჩეულობას. მაგრამ ნება მიბოძეთ ახლა არ ჩავუღრმავდე ამ საკითხს, მხოლოდ ის კი უნდა აღვნიშნოთ, რომ შემოდგა თუ არა ფეხი უნივერსიტეტში, იმწუთასვე მოუხდენია ზეგავლენა სხვათა ჩვეულებაზე, მანერებზე, ხასიათზე, საფულეებსა და მიდრეკილებებზე, ყველამ განიცადა მის ირგვლივ ამ კაცის დიდი და დესპოტური გავლენა და, ამავე დროს, ვვერც ვერავინ ჩახვედრია ამ დიდად შეუცნობელ და აუხსნელ მოვლენას. სულ მცირე ხანი დაჰყო მან უნივერსიტეტში და მაინც სწორედ ამ დროს შეიქმნა მთელი ერა ამ დაწესებულების მატიანეში და ყოველს, ვინც კი ასე თუ ისე დაკავშირებული იყო უნივერსიტეტის მუშაობასთან, ასე უთქვამს „ეს იყო უშესანიშნავესი ეპოქა ბარონ ფონ იუნგის მეუფებისა“.
   გ-ში ჩამოსვლისთანავე ჩემსას მოვიდა. გაურკვეველი ასაკისა ჩანდა იმხანად, ანუ, მე იმისი თქმა მინდა, რომ შეუძლებელი იყო მისი ასაკის დადგენა. შეიძლება გეთქვათ, თხუთმეტი ან ორმოცდაათი წლისააო. მართალი თუ გნებავთ, ის იყო ოცდაერთი წლის და შვიდი თვისა. ლამაზი კაციაო, ამას ვერ იტყოდით, პირიქით, მკვეთრი და უხეში ნაკვთებისა ჰქონდა პირისახე; ცხვირი ზეაწეული, წმინდა და მაღალი შუბლი; თვალები დიდრონი, მზერა დაბინდული, შუშისადარი და უაზროდ მაცქერალი. ტუჩ-პირი კი უფრო გამცნობდათ ამ კაცის ხასიათს. მცირეოდნავ გამოწეული ჰქონდა ტუჩი და ზედა ისეთნაირად დასწოლოდა ქვედას, რომ ვერც კი წარმოიდგენდით; სხვა ადამიანის თუნდაც სულ ურთულესი თანაფარდობა ნაკვთებისა ვერ აღგვიძრავდა ენით უთქმელ თავდაოკების, ზარზეიმურობის და გულშეუძვრელობის ესოდენ ყოვლისმომცველ, განუმეორებელ შთაბეჭდილებას.
   ზემოთქმულს შეიძლება, რაღა თქმა უნდა, ასე დავსძინოთ, ბარონი გახლდათ ის არაჩვეულებრივი ადამიანი, ვისაც მისტიფიკაციის მეცნიერების შესასწავლად გადაუდვია თავი და კიდევაც გაუხდია თავისი ცხოვრების საგნად. განგებას მისთვის ისეთი ჭკუა-გონება მიუბოძებია, რომ თავისდა უნებურად გატაცებულა ამ მეცნიერებით და ისეთი გარეგნობისაც ყოფილა, რომ სულ ადვილად ახერხებდა დასახული მიზნების განხორციელებას. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ იმ ღირსშესანიშნავ ხანაში, რისთვისაც ასე უცნაურად ბარონ რიტცნერ ფონ იუნგის მეუფება შეურქმევიათ ვერც ერთ სტუდენტს ვერ გაუთავისებია ის იდუმალება, რომლითაც მოცული იყო ეს კაცი. სრული ჭეშმარიტებაა, რომ ჩემ გარდა იმ უნივერსიტეტში ვერავინ გაივლებდა გულში, რომ ამ კაცს შეეძლო რამე ეხუმრა ან სიტყვით ან საქმით; ამას უფრო დაიჯერებდნენ: ბაღის კარიბჭესთან დაბმულ ბებერ ბულდოგს, ჰერაკლიტეს აჩრდილს ან თეოლოგიის გადამდგარი პროფესორის პარიკს უოხუნჯიაო რაღაც. სწორედ ასე იყო მაშინაც კი, როდესაც ცხადლივ ამჩნევდნენ, თუკი მოხდებოდა რაიმე უსაზიზღრესი და წრეგადასული ოინბაზობა, მართალია პირდაპირ ამ კაცს ვერ დაასახელებდნენ ამ ამბის მოთავედ, მაგრამ ასე თუ ისე ნათელი იყო, მისი მეშვეობით თუ მონაწილეობით ხდებოდა სუყველაფერი. მისი მისტიფიკაციური ხელოვნების, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მშვენიერებას ესაძირკვლებოდა ერთი უსრულყოფილესი უნარი (რომლის შედეგი ის იყო, რომ თითქმის ქვეშეცნეულად შეეძლო გაესაკუთრებინა ადამიანის ბუნება და, ამავე დროს, ფრიად გასაოცარი თავშეკავება შეენარჩუნებინა) - სულ მუდამ ასე ჩანდა, მართალია კი ცდილობდა ნაწილობრივ იმის გამოც, რომ დიდი სურვილი ჰქონდა დაეცვა ღირსება კარგი სახელი Alma Mater-ისა, ეს მისი საქებური მონდომება უშედეგო რჩებოდა საბოლოოდ. ყოველი ასეთი მარცხი სულს უმღვრევდა, სტანჯავდა, დიდად სწყინდა და კიდევაც ნათლად გამოეხატებოდა ხოლმე სახეზე და აღარავის, თუნდაც იმის მთლად ურწმუნო ამხანაგსაც მცირეოდნავაც აღარ შეპარვოდა ეჭვი ამ კაცის გულწრფელობაში. ისიც კარგად მახსოვს, რომ არანაკლებ მოხერხებულიც გახლდათ, ოსტატურად შეეძლო შემოქმედი შეენიღბა და მხოლოდ შემოქმედება წარმოეჩინა, ანუ მისი ოინბაზობანი საცნაურდებოდა მხოლოდ, ხოლო თავად მისი პიროვნება ცხრაკლიტულში იყო მიმალული. ადრე, სანამ ამ კაცს გავიცნობდი, მე არ მინახავს, რომ თუნდაც დახელოვნებული მისტიფიკატორი არ გაბმულიყოს თავისივე ნამოქმედარის ხვანჯებში და სასაცილო არ შექმნილიყო ხალხის თვალში. დღენიადაგ თავისი ხუშტურებით გარემოცული ეს ჩემი მეგობარი გარეგნულად მკაცრად ემორჩილებოდა საზოგადოების წესებს; მედიდური და გულზვიადი, მხოლოდ ასეთი ახსოვდათ ბარონ რიტცნერ ფონ იუნგი იმის ახლობლებს.
   ამ კაცის გ-ში ყოფნის ხანს მხოლოდ ასე ჩანდა, რომ dolce far niente-ეს ეშმა დაქროდა უნივერსიტეტის თავზე ვითარცა ინკუბუსი. ერთი სიტყვით, სუფრა აუღებელი ჰქონდათ. სტუდენტებს თავიანთი ბინები სამიკიტნოდ გადაექციათ და იმათ შორის ბარონისა იყო ყველაზე უფრო სახელგანთქმული და მრავალსტუმრიანი სამიკიტნო. სწორედ მასთან იმართებოდა გაუთავებელი, ხმაურიანი დროსტარება და კიდევაც სულ მუდამ რაღაც ხდებოდა ხოლმე იქ.
   ერთხელ დილამდე გასტანა ამ კაცთან ლხინმა და ბევრი ღვინოც დაილია. შვიდნი თუ რვანი იყვნენ და, რაღა თქმა უნდა, ჩვენც, ბარონი და მე იმათთან ერთად. მეტწილად ყმაწვილკაცები გახლდნენ, მდიდარნი, დიდებული ნაცნობ-ნათესავები ჰყავდათ, დაბადებიდანვე დაჰყოლოდათ გულზვაობა და, ცხადია საკუთარი ღირსების გრძნობაც უსაშველოდ ჰქონდათ განვითარებული. ულტრაგერმანული შეხედულებისა იყვნენ duello-ზე. პარიზში სულ ახლახან გამოსული ერთი წიგნი წაუკითხავთ და გ-ში სამი თუ ოთხი დაუნდობელი და საბედისწერო ორთაბრძოლა მომხდარიყო, ხოდა ამან გამოაცოცხლა და კიდევ უფრო დაამკვიდრა დონკიხოტური შეხედულებები; იმ საღამოს ცხარე კამათი სწორედ ამ საკითხის ირგვლივ გამართულიყო მეტწილად. ბარონი ჯერ მთელი ეს ხანი უჩვეულოდ გაჩუმებულიყო და არც კი უსმენდა იმათ ნაუბარს; დაბოლოს, თითქოსდა აპათიისაგან გამორკვეული საუბარში ჩაება და ყველას აჯობა კიდევაც თავისი მჭერმეტყველებით, განსაკუთრებით აქებდა და ადიდებდა სადუელო წესების მშვენიერებას და იმდენად აღფრთოვანებული, გულგანათებული და მგზნებარედ ამტკიცებდა ამას, რომ დიდად მოხიბლა კიდევაც თავისი მსმენელები, მეც კი შემძრა იმისმა სიტყვებმა, თუმცა კარგად ვიცოდი, სულის სიღრმეში ყოველთვის ზიზღით ეკიდებოდა იმას, რასაც ახლა ხოტბით მოიხსენიებდა, ყველაზე უფრო მეტად გულს ურევდა ორთაბრძოლის მონაწილეთა კუდაბზიკობა, და მართალიც იყო.
   გარშემო მიმოვიხედე, როდესაც ბარონმა წამით გაწყვიტა თავისი სიტყვა (რომელზეც ჩემმა მკითხველმა შეიძლება ბუნდი წარმოდგენა მაინც შეიქმნას, თუ ვიტყვი, რომ მისი საუბარი მოგვაგონებდა კოლრიჯის ცეცხლოვან, ერთ ხმაზე გაწყობილ სიმღერას თუ საამურ გალობას), სტუმართაგან ერთი ოდენ ჩვეულებრივი ყურადღებით არ უსმენდა მას. ყოველმხრივ ორიგინალური პიროვნება გახლდათ ეს ჯენტლმენი, მოდით და მე იმას ჰერმანს დავუძახებ, თუმცა, მგონია, ერთი გარკვეული თვისებით კი იყო შემკული, დიდი სულელი ვინმე გახლდათ. მიუხედავად ამისა, უნივერსიტეტის ერთ ჯგუფში ღრმა და განსწავლული მოაზროვნე მეტაფიზიკოსის სახელი ჰქონდა და, რამდენადაც ვიცი ლოგიკური მსჯელობის უნარს მიაწერდნენ ამ კაცს. ვითარცა დუელანტი დიდად ცნობილი იყო გ-შიაც კი. ზუსტად არ მახსოვს რამდენი კაცი დაიღუპა მისი ხელით, მაგრამ ვიცი, ბევრნი იყვნენ. თქმა არ უნდა, კარგი ვაჟკაცი იყო. განსაკუთრებით კარგად იცოდა duello-ს წესები და დიდად ჰქონდა განვითარებული ღირსების გრძნობა, რითაც მეტად ამაყობდა კიდევაც. ყველაფერი ეს მას ცხოვრების საგნად გაეხადა. რიტცნერი ხომ სულ მუდამ უჩვეულოს ძიებაში იყო და ამ კაცის პიროვნება უკვე დიდი ხანია განაწყობდა მისტიფიცირებისათვის. თუმცა მე მაშინ ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ კი ვხედავდი, ეს კაცი გამზადებული იყო სამსხვერპლოდ და უთუოდ გაბმულიყო ჩემი მეგობრის, ბარონის დაგებულ ბადეში.
ხოდა, ამ თავის სიტყვას თუ მონოლოგს რომ განაგრძობდა, შევნიშნე, ჰერმანი, ახლა უფრო მეტად აღელვებული უმზერდა მას. დაბოლოს სიტყვა შეაწყვეტინა, თავისი ეჭვი გამოთქვა იმ საგანზე, რიტცნერი თავგადადებული რომ ამტკიცებდა, მერე კიდევაც საგულდაგულოდ მოჰყვა ამ თავისი მოსაზრების დასაბუთებას. ბარონმა უასუხა, კარგა ხანს ლაპარაკობდა (მეტისმეტად გრძნობამორეული იყო ამ დროს), დაბოლოს, მე ვფიქრობ, კარგად არ დაუსრულებია ეს თავისი სიტყვა, დაცინვით ჩაუხითხითებია. ჰერმანს თავისი აზრი ამის შემდეგაც არ შეუცვლია, ვატყობდი, მეცნიერული სიზუსტით სცადა ბარონის ნათქვამის უარყოფა, ნათლად მახსოვს მისი უკანასკნელი სიტყვები: „ნება მიბოძეთ, უნდა გითხრათ, ბარონ ფონ იუნგ, თქვენი მოსაზრებები ძირითადად კი არის სწორი, მაგრამ მრავალი, გარკვეულწილად მნიშვნელოვანი საკითხი ისე წარმოგვიჩინეთ, რომ სახელი გაგიტყდებათ თქვენც და იმ უნივერსიტეტსაც, სადაც განათლების მისაღებად მობრძანებულხართ. უფრო მეტსაც ვიტყოდი, ჩემო ბატონო, მაგრამ ვშიშობ, ვაითუ შეურაცხყოფილი დარჩეთ ( ნაზი ღიმილით წარმოთქვა ეს სიტყვები), კი ვიტყოდი-მეთქი, ჩემო ბატონო, რომ თქვენი მოსაზრებები არ უნდა იყოს ჯენტლმენის მიერ გამოთქმული მოსაზრებები“.
   დაასრულა თუ არა ჰერმანმა ეს თავისი ორაზროვანი სიტყვა, სუყველამ ბარონს შევხედეთ. ფერი ეცვალა, გაფითრდა, მერე მთლად წამოინთო, ცხვირსახოცი დაუვარდა, იმის ასაღებად დაიხარა და ამ დროს თვალი მოვკარი ამ კაცის სახეს, ჩემს გარდა იმ მაგიდასთან მჯდომარეს არავის დაუნახავს. იქედნურმა ღიმილმა გადაუნათა სახე, სწორედ ამწუთას გამჟღავნებულიყო ამ კაცის ნამდვილი ბუნება; ხალხში ყოფნისას ეს არც არასდროს შემინიშნავს, მხოლოდ ჩემთან მარტოდ დარჩენილი მოიხსნიდა ხოლმე ნიღაბს და კიდევაც მიჩვენებდა თავის გულს. წამიც არ იყო გასული და უკვე წელგამართული იდგა ჰერმანის პირისპირ. აქამდე არ მინახავს, თუ შეეძლო ვინმეს ასე უცებ და სრულიად სახის გამომეტყველების შეცვლა. მაშინვე თავში ისიც გამიელვა, რომ ვცდები, ეს კაცი ნამდვილად გაცეცხლებულია-მეთქი, თითქოსდა გული მობჯენოდა ყელში, მკვდრისფერი დასდებოდა. ცოტა ხანს ჩუმად იყო, გეგონებოდათ ძალას იკრებდა, რათა თავი შეეკავებინა როგორმე. დაბოლოს, თითქოსდა რომ შეძლო თავის დამორჩილება, იქვე დადგმულ სურას ხელი დასტაცა, მაგრად მოუჭირა და ასე წარმოთქვა: „ის სიტყვები, რომლითაც თქვენ მე მომმართეთ, მინჰერ ჰერმან, უსიამოვნოა მრავალმხრივ და მე კი დრო არა მაქვს, ვერ მოვყვები ამის დაზუსტებას. მაგრამ ის თქვენი ნათქვამი, რომ ჩემი მოსაზრება არ უნდა იყოს ჯენტლმენების გამოთქმული მოსაზრება, დიდად შეურაცხმყოფელია და მე მხოლოდ ერთ გამოსავალს ვხედავ. რაღა თქმა უნდა, აქ ისეთი საზოგადოებაა მოსული, რომ გარკვეული თავაზიანობა მმართებს; ამასთან ერთად, ამჟამად თქვენ ჩემი სტუმარიც ხართ. ამიტომ უნდა მომიტევოთ, თუკი მცირეოდნავ შევცვლი ჯენტლმენთათვის საყოველთაოდ ცნობილ წესს; კარგად მოგეხსენებათ, თუ როგორ უნდა მოიქცეს პირადად შეურაცხყოფილი კაცი. გთხოვთ მაპატიოთ, მინდა, რომ ცოტა თქვენს ფანტაზიას მოუხმოთ და ერთი წამით წარმოიდგინოთ, თქვენი გამოსახულება კი არა ჩანს იმ სარკეში, არამედ ეს თავად თქვენ ბრძანდებით, მინჰერ ჰერმან. ძნელი არ უნდა იყოს ეს თქვენთვის მგონია. ხოდა, ამ ღვინიან სურას თქვენს გამოსახულებას მივახლი სარკეში და ასე, გამოწვლილვით არა, მაგრამ სულს მაინც გამოვხატავ იმ გარემოებისასა , თუ რამდენად შეურაცხყოფილი ვარ თქვენი გამოხდომით. ამასთან ერთად, საჭირო აღარ იქნება ფიზიკურად შევეხო თქვენს პიროვნებას“.
   თქვა ეს და ღვინით სავსე სურა ესროლა სწორედ ჰერმანის პირდაპირ დაკიდებულ სარკეს; კიდევაც მოახვედრა ზუსტად ამ კაცის გამოსახულებას და, რაღა თქმა უნდა, მინა დაამსხვრია. ამწუთასვე წამოდგნენ ყველანი და წავიდნენ, მე და რიტცნერი დავრჩით. გავიდა თუ არა ჰერმანი, ბარონმა ჩამჩურჩულა, წადი, იმ კაცს გაჰყევი და შენი დახმარება შესთავაზეო. კი დავეთანხმე, მაგრამ არ ვიცოდი, თუ რა უნდა მოჰყოლოდა ამ სულელურ შემთხვევას.
   დუელანტმა ჩვეულებისამებრ მზვაობარი და უდარბაისლურესი მიხრა-მოხრით მადლობა მომახსენა დახმარებისათვის. მერე ხელი მომკიდა და თავის ოთახში შემიყვანა. კინაღამ ამ კაცის თვალწინ გამეცინა, როდესაც ღრმად ჩაფიქრებულმა, დინჯად დამიწყო საუბარი, „განსაკუთრებით დახვეწილი ხასიათის“ შეურაცხყოფა მომაყენესო. დიდხანს მელაპარაკებოდა თავისებურად, ისე, როგორც მან იცოდა, დავიღალე; დაბოლოს თაროდან რამდენიმე ობმოკიდებული წიგნი გადმოიღო duello-ს შესახებ და კარგა ხანს არ მომაკლო გასართობი. ხმამაღლა მიკითხავდა და კომენტარებსაც უკეთებდა წაკითხულს. ზოგიერთი შრომის სათაური დამამახსოვრდა. „ფილიპე ლამაზის ორდონანსები ორთაბრძოლის თაობაზე“; ფავინის „ღირსების თეატრი“; ოდიგიეს „ორთაბრძოლის უფლებებზე“; აგრეთვე დიდი ზარზეიმით წარმომიდგინა ბრანტომის „სადუელო მემუარები“. ეს წიგნი კელნში გამოიცა, 1666 წელს, ელზევირით იყო დაბეჭდილი ძვირფას ქაღალდზე, ვრცელ მინდვრიანი, გარეკანი თავად დერომის ნახელავი გახლდათ. შემდეგ დაჟინებით მთხოვა, იდუმალი ხმით მამცნო, აბა, ერთი ეს წიგნი ნახეთო; ვიღაც ფრანგის, ჰედელინის ბარბაროსული ლათინურით დაწერილი სქელტანიანი თხზულება იყო, გასაოცარი სათაური დაერთო მისთვის ავტორს: Duelli Zex Scripta et non; aliterque“. სწორედ აქედან წამიკითხა ამქვეყნად ყველაზე უფრო თავშესაქცევი პასაჟები, იმ თავიდან, რომელიც ასე იყო დასათაურებული: „Injuraie per applicationeem, per constructonem, et per se“. ამ თავის ნახევარი, მარწმუნებდა იგი, ზუსტად მიესადაგებაო იმ ჩემს „განსაკუთრებით დახვეწილი ხასიათის“ შეურაცხყოფას, მაგრამ თუნდაც მოგეკლათ, ამ წიგნიდან მოყვანილი ერთი სიტყვაც ვერ გავიგე. დაასრულა თუ არა ეს თავი, წიგნი დახურა და მკითხა, რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოვიქცეთო. მე ვუპასუხე, თქვენს მაღალ გონებას სრულიად ვენდობი და რასაც მეტყვით, იმას ვიზამ-მეთქი. ეს ჩემი პასუხი ესიამოვნა; შემდეგ დაჯდა და ბარონს ბარათი მისწერა. აი ისიც: „ჩემო ბატონო, ჩემო მეგობარი ბ-ნი პ. მოგაწვდით ამ ბარათს. პირველივე შესაძლებლობისთანავე ჯერ არს მოგთხოვთ ახსნა-განმარტება თქვენს ბინაზე ამ საღამოს მომხდარი ამბის გამო. უკეთუ თქვენ უარყოფთ ჩემს წინადადებას, ბ-ნი პ-სთვის სასიამოვნო იქნება თქვენს რომელიმე მეგობართან ერთად მოლაპარაკება და ჩვენი შეხვედრის თადარიგის დაჭერა.

დიდი პატივისცემით თქვენი მონა-მორჩილი.
იოჰან ჰერმანი“.

„ბარონ რიტცნერ ფონ იუნგს
18. წლის 18 აგვისტო“

   სხვა რაღა უნდა მექნა, რიტცნერს მივუტანე ეს უსტარი. თავი დამიკრა და პირქუშად მანიშნა, დაჯექიო. წაიკითხა ეს ხელნაწერი და კიდევაც დაწერა პასუხი, რომელიც მაშინვე წავუღე ჰერმანს.
   „ჩემო ბატონო, ჩვენი საერთო მეგობრის, ბ-ნ პ-ს. მეშვეობით ამ საღამოს მივიღე თქვენი ბარათი. სათანადო ფიქრის შემდგომ მინდა გულწრფელად გაუწყოთ, მართალი ბრძანდებით, ახსნა-განმარტებას რომ მოითხოვთ. ისიც უნდა ვაღიარო, რომ დიდად მიძნელდება (რაკიღა განსაკუთრებით დახვეწილი ბუნების უთანხმოება მოგვიხდა და ასეთივე იყო ის ჩემი შეურაცხყოფაც) სიტყვით გამოვხატო ის, რისი გამოთქმაც მსურს ამ ჩემი ბოდიშის საშუალებით და რაც აგრე აუცილებელი ჩანს ამ მრავალმხრივ საყურადღებო შემთხვევის გამო. მაგრამ ვიცი საარაკოა თქვენი ცოდნა სათანადო ესთეტიკის წესებისა და არც გყავთ ბადალი, თქვენისთანა განსწავლული კაცი სანთლითაა საძებნი და ამიტომაც დიდად ვიმედოვნებ, დარწმუნებული ვარ, რომ გამიგებენ, გამომდინარე აქედან მინდა თხოვნით მოგმართოთ, ჩემი გრძნობების აღწერა-გადმოცემას, იქნებ, სჯობდეს სერ ჰედელინის აზრი გაიცნოთ და ნახოთ მისი Duelli Zex Scripta, et non; alitergue“, მეცხრე პარაგრაფი თავისა „Injuarae per aplicationem, per constactionem, et per se“, თქვენ ისეთი გასაოცარი სიზუსტით იცნობთ ამ საკითხს, რომლებიც ამ ნაშრომშია მოყვანილი და მჯერა, რომ ჩემი თხოვნაა, ამოიკითხოთ ხსენებული ტრაქტატის დიდებული პასაჟები, დააკმაყოფილებს თქვენი, ესოდენ ღირსეული კაცის მოთხოვნას და ახსნა-განმარტების მაგივრობას გაგიწევთ.

დიდი პატივისცემით მარად თქვენი მონა-მორჩილი
ფონ იუნგი“

„ჰერ იოჰან ჰერმანს
18 წლის 18 აგვისტო“

   ჰერმანს სახე მოეღუშა და ყურადღებით ჩაიკითხა ეს წერილი, მერე კი ფრიად სასაცილო თვითკმაყოფილების ღიმილი მოერია, როდესაც ამ აბდაუბდას მიატანა „Injurae per applicationem, per constructionem, et perse-ს შესახებ. დაამთავრა, თუ არა კითხვა, მთლად უნაზესი ღიმილით მთხოვა, დაბრძანდით, ცოტა ხანს შეიცადეთ, ვიდრე იმ ტრაქტატს არ ვნახავო. გადაშალა თხზულების ის ადგილი და დიდი გულისყურით, ჩუმად წაიკითხა: მერე წიგნი დახურა და მოისურვა, რომ მე, როგორც იმათმა ნაცნობმა და სანდო პირმა, ბარონ ფონ იუნგისთვის მეცნობებინა მისი აღტაცება, დიდად მოხიბლული იყო ამ კაცის რაინდული საქციელით; და რაკიღა სეკუნდანტიც ვიყავი, ისიც მეთქვა მისთვის, რომ სრულიად საკმარისი, სრულიად ღირსეული და სრულიად უცილობელი იყო ეს ახსნა-განმარტება.
   სახტად დავრჩი, ბარონთან მივბრუნდი. ჩვეულებრივ მიიღო ჰერმანის მეგობრული წერილი, თითქოსდა ასეც უნდა მომხდარიყო. რამდენიმე სიტყვა მითხრა, ისე, სხვათა შორის, და რომელიღაც თავის ოთახში შევიდა და გამოიტანა აწ უკვე ცნობილი ტრაქტატი „Duelli Zex Scripta, et non aliterque“. გამომიწოდა ეს თხზულება და მითხრა, გადაათვალიერეო. ასეც ვქმენ; მაგრამ ამაოდ დავშვერ, იქ რა ეწერა, ვერაფერი გავიგე. მაშინ მან თავად აიღო ის წიგნი და ერთი თავი წამიკითხა, რა გაოცებული გავხდი, თურმე იქ ერთი გულშემზარავი, სულელური ამბავი, ორი ბაბუინის დუელი იყო მოთხრობილი. კიდევაც ამიხსნა საიდუმლო, მიჩვენა, რომ prima facie-ის წიგნი დიუ ბარტასის უაზრო ლექსების სახით იყო დაწერილი; ანუ, სიტყვები ისე იყო გაწყობილი, რომ გარეგნული ნიშნების მიხედვით, თითქოსდა გასაგები ჩანდა, რაღაც სიღრმესაც კი დალანდავდით, მაგრამ სინამდვილეში აბდაუბდას ამოიკითხავდით იქ და მეტს არაფერს. ამ გამოცანის ახსნა ასე შეიძლებოდა, ჯერ ყოველი მეორე სიტყვა უნდა გამოგეტოვებიათ, მერე-მესამე და მაშინ წაიკითხავდით ფრიად გამკილავ პასაჟებს ჩვენი ორთაბრძოლის თაობაზე.
   ბარონმა მერე მიამბო სუყველაფერი; ვიდრე ეს ამბავი მოხდებოდა, ამ ორი თუ სამი კვირის წინ მას შეგნებულად მიუჩეჩებია ჰერმანისათვის, ის ტრაქტატი. ამ კაცის საუბრები რომ ჰქონდა მოსმენილი, მიხვდა, გულდასმით წაიკითხავდა და კიდევაც დაასკვნიდა ამ ნაშრომის არაჩვეულებრივ ღირსებას. სწორედ ეს გარემოება ესაძირკვლებოდა ამ ამბავს. ჰერმანი ათასგზის სიკვდილს ამჯობინებდა იმის აღიარებას, რომ შეიძლება ამქვეყნად მოძებნილიყო ისეთი შრომა duello-ს შეახებ, რომლის გაგება მას არ ძალუძდა.

ნახვა: 1033

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters