ფრანც კაფკა - წერილები მილენასადმი

← დასაწყისი

ჰო, კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ ისევ ის ახალგაზრდა პოეტი იყო აქ. არ ვიცი, როგორც კი ვინმე მოდის, მაშინვე ჩემი საქაღალდეები მახსენდება და მთელი ამ სტუმრობის პერიოდში სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. დაღლილი ვარ, არაფერი ვიცი, შენს კალთაში თავის ჩადების მეტი სხვა არაფერი მინდა. მსურს, ვიგრძნო შენი ხელი ჩემს თავზე და მარადიულად ასე დავრჩეთ. შენი ჰო, აი რის თქმა მინდოდა, შენს წერილში ერთი დიდი ჭეშმარიტება (სხვა ჭეშმარიტებათა შორის) წერია, ის, რომ, სხვათა შორის, შენ ადამიანი ხარ და ანგარიში შენც უნდა გაგიწიო. ეს ჭეშმარიტებაა. მე კი ჭუჭყში, სისაძაგლეში, ჯოჯოხეთში ჩაძირული, გასაცოდავებული ვდგავარ შენ წინაშე და ვტირი - ვტირი იმ ბავშვივით, რომელმაც რაღაც ცუდი ჩაიდინა და დედის წინაშე მოთქვამს: ასე აღარასოდეს მოვიქცევიო. ვიდრე რამე სერიოზული მომხდარა, ჯერ კიდევ შეიძლება უბედურების თავიდან აცილება. მაგრამ შიში ხომ ძალებს ართმევს კაცს. სწორედ რომასეა!...

***

ტელეფონი! წამოვფრინდი! დირექტორთან მიბარებდნენ! მას შემდეგ, რაც პრაღაში ვარ, საქმეზე პირველად გამომიძახეს. ახლა დაიწყება თავბრუ დამხვევი წუთები. თვრამეტი დღის განმავლობაში, წერილების დაწერის და წაკითხვის გარდა, არაფერი გამიკეთებია. ჰო, კიდევ ფანჯრიდან ყურება. წერილებს ხან ხელში ვიღებდი, ხან ისევ მაგიდაზე ვდებდი, მერე ვინმე სტუმარი მოვიდოდა. ეს იყო და ეს. როცა ბიუროში დირექტორთან მივედი, მეგობრულად გამიღიმა და ჩემთვის სრულიად გაუგებარ რაღაც საქმეებზე დამიწყო ლაპარაკი. მერე გამომემშვიდობა, რადგან შვებულებაში გადიოდა. წარმოუდგენლად კარგი ადამიანია. (მართალია, მისი ნალაპარაკებიდან ვერაფერი გავიგე, მაგრამ მე მაინც გაურკვევლად ჩავიბურდღუნე: კი უკვე მზად მაქვს და ხვალ უკვე მბეჭდავს ვუკარნახებ-მეთქი) აი, ეს მინდოდა, ჩემი კეთილი სულისათვისაც მეუწყებინა. კვირა შენ რაღაც არ გესმის, მილენა, შენ ხომ ჩემი მთლიანობა ხარ და სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. ვენაში ჩამოვალ თუ არა, დღეს ამის თქმა არ შემიძლია. ალბათ უფრო არ ჩამოვალ. თუ ადრე ამისათვის, სხვა მიზეზი გამაჩნდა, დღეს ერთადერთი მიზეზი ჩემი შინაგანი სულიერი ძალაა და კიდევ სხვა მიზეზებიც. შესაძლოა, ყველა ჩვენგანისთვის ასე აჯობებს. აქვე დავძენ, რომ ალბათ ეს ჩემი სულიერი ძალა გამტკიცდებოდა, თუ შენ, მიუხედავად ქვემოთ დაწერილი შენი მდგომარეობისა პრაღაში ჩამოხვიდოდი. რის გაგებინებასაც ჩემთვის იმ ექვსი თვის შესახებ ცდილობ, ეგ წამიერად არ მოხდება. ვგრძნობ, საზარელი რამ უნდა იყოს. ალბათ საშინელი რამ გადაიტანე ან ჩაიდინე. შენთან რომ ვყოფილიყავი, ამას ვერ ავიტანდი (ამ შვიდი წლის წინ იქნებ ყველაფერი ამეტანაა) ახლა კი, შენ გვერდითაც რომ ვიყო,ასეთ რამეს მომავალშიც ვერ ავიტან. ისე ეს ყველაფერი მე არ მეხება. ჩემთვის მხოლოდ შენ ხარ მნიშვნელოვანი და არა ის, რაც გადაიტანე ან გააკეთე! საკმაოდ კარგად გიცნობ, უკეთაც, ვიდრე საკუთარ თავს, ასე რომ, მოყოლის გარეშეც მესმის შენი. საკუთარი ხელების მდგომარეობა რომ არ იცოდე კაცმა, ეს ხომ შეუძლებელია. ჩემს შემოთავაზებულ წინადადებას შენი წერილი არ ეწინააღმდეგება. შეიძლება ვთქვათ, პირიქით. შენ მწერ: nejradesji bych utekla treti cestou, ktra nevede ani k tobe ani s nim, nekam do samty. (მიჯობს, სხვა მესამე გზა გამოვნახო, რომელიც არც შენამდე მომიყვანს და არც სადმე, მარტოობასთან) აშკარაა, ავადმყოფობა ისეთ სტადიაშია, შენი ქმრის დატოვება რაღაც პერიოდი მართლაც არ გამოვა. მაგრამ, როგორც მწერ, მოურჩენელი ავადმყოფობა არ უნდა სჭირდეს. ერთ თვეზე მეტი თუ გავიდა, ვეღარც შეძლებ მის დატოვებას. უკვე აგვისტო და სექტემბერიც მოვა. სხვათა შორის, მინდა გამოგიტყდე:შენი ეს წერილი წერილთა იმ სახეობას განეკუთვნება, რომლის წაკითხვაც ამ წუთას არ შემიძლია. ხუთჯერ მაინც გადავავლე თვალი, მაგრამ აზრს მაინც ვერ გამოვთქვამ. ამასაც თავისებური ხიბლი აქვს.

***

ისევ გუშინდელზე გწერ: შენს წერილს, ვცდილობ, ერთი მხრიდან შევხედო. ამ მხრიდან შეხედვას აქამდე ვერიდებოდი, ცოტა უცნაური მეჩვენებოდა. შენს ქმართან შენთვის კი არ ვიბრძვი, ბრძოლა მხოლოდ შენში ხდება, როცა ცდილობ, მასსა და ჩემს შორის არჩევანი გააკეთო. რომ არა შენი შინაგანი ბრძოლა, გადაწყვეტილება უკვე კარგა ხნის მიღებული გექნებოდა. სულაც არ მინდა, შენი ქმარი სათანადოდ ვერ შევაფასო. იქნებ გადაჭარბებულადაც ვაფასებ. მშვენივრად ვიცი: მას თუ ვუყვარვარ, ეს ალბათ მდიდარი კაცის საბრალოს მიმართ სიყვარულია (იქნებ ეს შენს ჩემდამი ურთიერთობაშიცაა?). მე ალბათ მისთვის ამ დიდ ოჯახში თაგვი ვარ, რომელსაც წელიწადში ერთხელ მაინც აძლევენ უფლებას, ხალიჩაზე გაირბინოს. ჰო, ეს ასეა. არც მეუცნაურება და არც მიკვირს. თუ მიკვირს, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ამ დიდ სახლში ცხოვრობ და მთელი არსებით იმას ეკუთვნი,შენი ცხოვრების დიდ ნაწილს იქიდან იღებ და ამ სახლის დიდი დედოფალი ხარ, ეს ზუსტად ვიცი. შეგიძლია გიყვარდე, ჩემიც იყო, თან საკუთარ ხალიჩაზეც ირბინო. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის გაკვირვების უმაღლესი მწვერვალი. მთავარი ისაა, შენ თუ ჩემთან წამოსვლა გსურდა - მაღალმხატვრულად თუ ვიტყვით - მთელი სამყარო უნდა დაგეთმო, ჩემთან გადმოსულიყაკვი. ასეთ დროს კაცი სხვას ვეღარაფერს უნდა ხედავდეს. უცნაურია, უცნაური. დაბლა არ უნდა დაშვებულიყავი. ზეადამიანურად უნდა შეგძლებოდა, საკუთარ თავს ჩასწვდომოდი, ჰო, გადახტომოდი საკუთარ თავს, თანაც ისეთი ძლიერი ნახტომი გაგეკეთებინა, რომ ეგებ გტკენოდა კიდეც რამე (ოღონდ მე ვყოფილიყკვი შენთან). ძნელია, იყო იქ, სადაც არაფერი გიზიდავს, ბედნიერსა თუ უბედურს, დამნაშავესა თუ უდანაშაულოს, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ის ადგილი მიგიჩინეს. ამ სამყაროში შენთვის მეომარი ვარ (მოთამაშე კაციც კი არ ვარ, ესეც კი არა!). ამ ადგილს, ბრძოლითაც რომ მომეპოვებინა - მაგრამ არ მომიპოვებია - მაინც არანაირი ფასი არ ექნებოდა.

***

 მართალია, რასაც ფესვებზე მწერ. რა თქმა უნდა, ასეა. სხვათა შორის, ტურნაუში მთავარ დავალებად ითვლებოდა, ჯერ გვერდითი ფესვები უნდა ეპოვათ და მოეცილებინათ, მერე კი ჩასულიყვნენ ძირამდე. ძირითად სამუშაოსაც ასე ასრულებენ: ამ ფესვებს ერთბაშად ნიჩბით მოთხრიდნენ და ძირიანად ამოგლეჯდნენ ხოლმე. ახლაც ყურებში მაქვს ხის წაქცევის ხმა. მაგრამ ეს ხე იყო და იქ ფესვების ამოთხრა იოლია, თანაც იცი, სად უფრო იხარებს და გადარგავ. ხეც ბავშვივითაა.

***

 შენ მწერ, რომ შეიძლება შემდეგ თვეში პრაღაში ჩამოხვიდე. თითქმის გემუდარები, მომეცი იმის იმედი, რომ, როცა შემოგითვლი ძალიან მჭირდები, მართლა ჩამოხვალ. ახლა კი მირჩევნია, არ ჩამოხვიდე. ვერ ავიტან, შენ რომ ისევ უკან გაემგზავრო. (წერილის კიდეზე წაერწერა: შენი პასუხი ისედაც ვიცი, მაგრამ მირჩევნია შენგან გავიგო, მომწერე პასუხი.)

***

 ერთი ამბავი მაგონდება: ბავშვობაში, ერთხელ დედამ ათიანი მომცა. მოედანზე რომ ჩავიარეთ, მათხოვარი შევნიშნე. ვიფიქრე, ამ ათიანს მივცემ-მეთქი. მაგრამ გამახსენდა: მათხოვარს ბევრს ნუ მისცემ, თორემ მოგვიანებით სანანებელი გაგიხდებაო! გადავწყვიტე, ეს ათიანი სულ თითო მონეტად დამეხურდავებინა და სათითაოდ მიმეცა. ამ მოედანს ლამის ასჯერ მაი6ც დავარტყი წრე, ბოლოს მათხოვარს, ეტყობა, მოთმინებამ უმტყუნა და იქ აღარ დამხვდა. ასე იყო თუ ისე, ამ ფაქტმა მორალურადაც დამთრგუნა და ფიზიკურადაც. მაშინვე შინ წავედი და იმდენ ხანს ვტიროდი, ვიდრე დედამ ექვსჯერ უფრო მეტით არ ამინაზღაურა. ხომ ხედავ, ამ მათხოვართან ბედმა მიმუხთლა, მაგრამ მზად ვარ, მთელი ჩემი ახლანდელი თუ მომავალი ქონება სულ წვრილად გადავახურდავო და იქ, ოპერასთან, მათხოვარს ნელ-ნელა მივცე, ერთადერთი პირობით, თუ შენც იქ იქნები და მე შენს სიახლოვეს ვიგრძნობ. ფრანცი ხუთშაბათი მშვენიერი ბარათი მივიღე სტასასგან. ვერ იტყვი, რომ ის ამ წერილში ჩვეულებრივზე სხვანაირი იყო. ამ ბარათში თავის თავზე საერთოდ არაფერს ამბობდა. მარტო შენ საკეთილდღეოდ წერდა. დაუჯერებელი სულიერი კავშირია შენსა და მას შორის. პირდაპირ ჩარევას ვერ ბედავს. ცდილობს, მხოლოდ შუამავალი იყოს. ყვება იმას, რაც იცის. ამაშია მთელი ხიბლი. თუმცა ასეთს კარგი მომსმენი და გამგებიც უნდა. ალბათ ამგვარ ბარათს დღესაც დაწერს, თუ ამის შესაძლებლობა მიეცემა... გუშინ საფლკვი ვიპოვე. რასაც ეძებ, იპოვი კიდეც. საიდან უნდა მცოდნოდა, რომ საფლკვი დედაშენის ნათესავისაა. წარწერას კარგად თუ დააკვირდები, მხოლოდ მაშინ ამოიკითხავ. ახლოს უნდა მიხვიდე და ისე დააკვირდე, რადგან ოქროსფერი ასოები მთლად გადაშლილია. დიდხანს დავყავი იმ საფლავთან. ძალიან ლამაზი, გაუდაბურებული, ქვიანი სასაფლაო იყო. ერთი ყვავილიც არ ჩანდა. რა უნდა ბევრ ყვავილს საფლავზე? ეს არასოდეს მესმოდა. კიდეზე რამდენიმე ჭრელი მიხაკი დავდე. სასაფლაოზე უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე ქალაქში. იქ დიდხანს გავჩერდი... თავს როგორ გრძნობ? იმ სურათში აშკარად ავად ხარ. იქნებ ვაჭარბებ, მაგრამ ასეა. შენი ნორმალური სურათი ჯერ არ მაქვს. ერთზე - ახალგაზრდა, მეტად ნაზი, მოვლილი გოგონაა, ორ წელიწადში სამონასტრო პანსიონიდან რომ უნდა გამოიყვანონ (ტუჩის კუთხეები ცოტათი მაღლა გაქვს აწეული. ეს მხოლოდ ეკლესიური სიწმინდისა და არისტოკრატიულობის ნიშანია). მეორე სურათი - ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, სარეკლამოს ჰგავს, რომელიც გეუბნება: აი, ასე ცხოვრობს დღეს ვენაში ადამიანიო. სხვათა შორის, ამ მეორე სურათზე ჩემს ერთ ადრინდელ მეგობარს ჰგავხარ. ერთხელ უთუოდ მოგიყვები მასზე. არა, ვენაში არ ჩამოვალ. ამისთვის ტყუილების მოფიქრება დამჭირდება. ბიუროში თუ ვიტყვი, რომ ავად ვარ. ან იქნებ სადღესასწაულო დღეებში შევძლო? საბრალოვ. (საკუთარ თავს ეუბნება), ეს ხომ მხოლოდ გარეგანი დაბრკოლებებია. ყოველდღე გწერ. ალბათ მიიღებ ჩემს წერილებს. დეპეშა? გმადლობ, გმადლობ. ყველანაირ საყვედურს უკან ვიღებ. ეს მხოლოდ გულის მოფხანვა იყო. ახლახან ისევ ის პოეტი-გრაფიკოსი მყავდა სტუმრად (ისე ის მუსიკოსიც არის). ბოლო დროს ხშირად მოდის. დღეს ორი ხის ნაკეთობა მომიტანა (ტროცკი და სახარება). ხედავ, მისი მსოფლხედვა რა შორს იჭრება?! ამ საგნების უკეთ ჩაწვდომა რომ შემძლებოდა, მაშინვე შენ წარმოგიდგინე. ვუთხარი: ამ სურათების გაგზავნა ჩემს მეგობართან ვენაში მინდა-მეთქი. ამ სიტყვებს გაუთვალისწინებელი შედეგი მოჰყვა: ორ-ორი ეგზემპლარი მივიღე (შენი ჯერ არ გამომიგზავნია. სასწრაფოდ გინდა?). აი, დეპეშაც მოვიდა. ვკითხულობდი და ჩემს მადლიერებასა და სიხარულს ბოლო არ უჩანდა. პოეტი ისევ შეუჩერებლად ლაპარაკობდა, არაფერი აბრკოლებდა; ვუთხარი, რაღაც საქმე მაქვს-მეთქი (ხმამაღლა ვუთხარი, რომ გამომეფხიზლებინა). უცბად შუაზე გაწყვიტა წინადადება და გაიქცა. არა, არ სწყენია. რასაც მწერ, მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ცალკეული ელემენტები უფრო ყურადსაღებია. განსაკუთრებით კი ეს: გინდა, საკუთარი თავი დაზოგო, მაგრამ ეს შეუძლებელია. მე არ მახსოვს ექიმი, რომელსაც რამე აზრიანი ეთქვას. ეს ხომ საშინელებაა... ყოველ შემთხვევაში, გმადლობ, გმადლობ. შაბათი ნახევარი საათია, უკვე ორ წერილს და ბარათს ვკითხულობ (კონვერტს ვერ ვივიწყებ). გაოცებული ვარ, რომ მთელი განყოფილება არ გამოვიდა და შენთვის ბოდიშის მოხდას არ მთხოვდა. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ კითხვისას ვიცინოდი. მსოფლიო ისტორიაში ასე მარტო კაიზერს ჰქონდა საქმე. შედიოდა ოთახში და მაგიდაზე სამი წერილი ხვდებოდა. სხვა საქმე არ ჰქონდა. სკამზე გადაწვებოდა, თითების ნელი მოძრაობით გახსნიდა და კითხვას იწყებდა. დაუჯერებელია, რომ ასეთი ბედნიერებაა ჩემს თავს. არა, განა მართლა სულ ვიცინოდი. ბარგის ტარებაზე არაფერს ვიტყვი. ამას ვერ ვიჯერებ. რომც დავიჯერო,ვერა და ვერ წარმომიდგენია. შენ ისეთი ლამაზი ხარ - არა, ეს უკვე სილამაზე კი აღარაა, ცის ცდომილება უფროა - მესმის იმ ბატონის (ვენაში იყო ისეთი მძიმე პერიოდი, როცა სადგურზე მებარგულებად ქალებიც მუშაობდნენ... დაჯერება ნამდვილად არ შემიძლია. შენ რომ არაფერს ჭამ და მშიერი ხარ (როცა მე აქ ასე უზომოდ ვიკვებები), შენ რომ თვალები ამოღამებული გაქვს (ეს ხომ არ მეჩვენება, სურათს რომ ვუყურებ, ნახევარ სიხარულს მართმევს. ისიც კმარა, რასაც აკეთებდი და რისთვისაც აქამდე ხელზეც კი უნდა მეკოცნა. ნეტავ, აღარასოდეს გაგიჭირდეს ისე, რომ თარგმნო ან სადგურზე ბარგი ატარო) ამას ვერასოდეს გაპატიებ. ასი წლის მერეც, ჩვენი ქოხის წინ ერთად რომ ვისხდეთ, მაშინაც გისაყვედურებ. არა, არ გეხუმრები. ეს რა სიჯიუტეა, მიმტკიცებ, მიყვარხარო, თუ მართლა ასეა, რატომ შიმშილობ? მე კი ამდენი ფული მაქვს დასასტუმრო ვაისე ჰანიც არაა შორს. რასაც იმ გოგოს წერილზე მწერ, გამონაკლისის სახით გაპატიებ, რადგან მე შენ... რასაც აქ ამ სამი კვირის განმავლობაში ვაკეთებ, იდუმალებითაა მოცული. ისე, შენ ნამდვილად მართალი ხარ. მაგრამ განა კმარა, რომ მართალი ხარ? ისიც ვიცი, რომ მე არ ვარ მართალი. მაგრამ ასე არ გამოვა. ეს არც ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, არც - სურვილზე. აღარაფრის გაგონება არ მინდა ამ წერილების გაცვლა-გამოცვლაზე. შენი წერილი რამდენიმე თავაზიანი სტრიქონით უკან გავუგზავნე. მას შემდეგ მისგან აღარაფერი გამიგია. შეხვედრა რომ შემეთავაზებინა, ამას ჩემში ვერ გადავლახავდი. იმედია, ყველაფერი მშვიდად და კარგად ჩაივლის. შენ სტასასადმი წერილზე მწერ. მაგ წერილისთვის მადლობაც გადაგიხადე. ახლახან ნოი-ვალდეგში კიდევ იყავი? მეც ხშირად მიწევს იქ ყოფნა. უცნაურია, რომ ერთმანეთს არ შევხვდით. ჰო,შენ ისე სწრაფად მირბიხარ და მორბიხარ, ალბათ თვალსა და ხელს შუა გამისხლტი. როგორც ვენაში გამიკეთე. რა ოთხი დღე იყო ასეთი?

***

წერილს მაქსი დღესვე მიიღებს. ამ საიდუმლოებაში სხვა ვერაფერი ამოვიკითხე. ჰო, ლანდაუერთან მიუნხენის მრჩეველთა საბჭოს წევრი, არაჩვეულებრივი ესეისტი, 1919 წელს მოკლეს.) ბედნიერება ნამდვილად არ გხვდა წილად. გერმანულში წინსვლა გაქვს? რა გააკეთე, საბრალო ბავშვო (პაწიავ, თავს გაუფრთხილდი!) დაიტანჯე და შეიშალე ჩემი წერილებისაგან? ვიცი, მართალი არ ვარ, რომ გეუბნები, ჩემი წერილები ხელს გიშლის-მეთქი, მაგრამ განა ეს საშველია? როცა შენს წერილს ვიღებ, ყველაფერი ჭეშმარიტებად მესახება, თუ არც ერთი წერილი არ მოდის, ჭეშმარიტება კი არა, ცხოვრებაც აღარაფერია საერთოდ! გთხოვ, თარგმანი გამომიგზავნე. შენი ბევრი არაფერი მაქვს. პარასკევი მილენა, სულ ცდილობ გაიგო, მიყვარხარ თუ არა! მაგრამ ეს ხომ რთული შეკითხვაა? ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. იქნებ შეხვედრისას უფრო მეთქვა, თუ ხმა არ მიღალატებდა. ვენაში გამგზავრებაზე კი არაფერი მომწერო, მაინც არ ჩამოვალ. ვენის ყოველ ხსენებაზე ცეცხლი მედება, გეგონება, შიშველ კანზე კოცონს მინთებენო და ვეღარაფერი აქრობს. ის სულ უფრო და უფრო ღვივდება და იწვის. ვიმედოვნებ, ეს არ გინდა. ყვავილები რომ მიიღე, ძალიან მებრალება. ვერც კი გავშიფრე, რა ყვავილია. ალბათ უკვე შენს ოთახში დგას. მე რომ მართლა კარადა ვიყო, ერთ მზიან დღეს უცბად შენი ოთახიდან გარეთ გავცურდები. მანამ მაინც,ვიდრე ეგ ყვავილები დაჭკნება, სხვა ოთახში ვიქნები. ეს არაა ლამაზი. რა შორსაა ეს ყველაფერი ჩემგან! მაგრამ ასე შენი კარის სახელურსაც ისე ახლოდან ვხედავ, როგორც ჩემს სამელნეს მაგიდაზე. ჰო, მართლა, შენი გუშინდელი, არა უფრო სწორად გუშინწინდელი დეპეშიდან როგორც ვხვდები, ეს ყვავილები ჯერ კიდევ არაა დამჭკნარი. რატომ გიხარია ისინი ასე ძალიან? იქნებ ეს მეტად რთული შეკითხვაა და შეძლებ უპასუხო? ჰო, მაგრამ სად ხარ? ვენაში? არა, ყვავილები თავიდან არ მშორდება. კერტნერის ქუჩა - მოჩვენებათა ისტორიაა თუ სიზმარი? მაგრამ ყვავილები ნამდვილია? ვაზაში აწყობ? (გულში იკრავ?) რატომ ხარ ნაღვლიანი? ეს ხომ შენი საყვარელი ყვავილებია? შევცდი? მილენა ოთახიდან რომ გამოვა, ხელიდან გამოვტაცებ ყვავილებს და ეზოში გადავყრი. რატომ ხარ დათრგუნვილი? მოხდა რამე და არ მეუბნები? არა,ეს ხომ შეუძლებელია. (წერილის კიდეზე ეწერა - ამაოდ) მაქსზე მეკითხები. იმან ხომ უკვე გიპასუხა. თუმცა, მე არ ვიცი პასუხი. კვირას ჩემ თვალწინ ჩააგდო წერილი. ჩემი კვირის წერილი მიიღე? გუშინ მეტად მოუსვენარი დღე მქონდა. საშინლად მტანჯველი დღე. იქნებ ამაზე შემდგომ მოგიყვე. რაც მთავარია, შენი დეპეშა ჯიბეში მაქვს. სიარულისას საოცარი გრძნობა მეუფლება. იმ მხარეს, სადაც ჯიბეში მიდევს, ვგრძნობ, როგორ მელამუნება. მაგრამ ქუჩაში შემხვედრი ამას ვერ მიხვდება. ხიდზე გადასვლისას ვიღებ, რომ წავიკითხო და ისევ უკან ვდებ. წერილი თუ ბოლომდე წაიკითხე, თითქოს ცარიელდება, ჯიბეში ჩაიდებ და თითქოს ხელახლა იწერებაო. ქუჩაში რომ წავიკითხო, ვაითუ, ვინმეს ბოროტ, შურიან მზერას გადავაწყდე. მზერას, რომელშიც იკითხება: როგორ, დეპეშა მიიღე? გული როგორ გიძლებს და ყვავილებს არ აგზავნი? ირგვლივ სიმშვიდე იყო:მეთევზეები თევზაობდნენ, ბავშვები თამაშობდნენ, ხიდთან კაცი მათხოვრობდა. კარგად რომ დაკვირვებოდა კაცი ამ ყველაფერს, რაღაც ნერვოზის მაგვარი აშკარად ეტყობოდა: რატომ ხარ ნაღვლიანი?....

***

 ვწუხვარ იმ რაღაც-რაღაცების გამო, ამ ბოლო ხანს რომ მოგწერე. არ გამიბრაზდე. გთხოვ, ფიქრებით თავი არ დაიტანჯო, თითქოს ეს მხოლოდ,შენი ბრალი იყო. ეს უფრო ჩემი ბრალია და ამაზე კიდევ მეტს მოგწერ. ხუთშაბათი, გვიან არანაირი ეჭვი არ არსებობს, მილენა: ყველაფრის მიუხედავად, თითქოს მაინც კარგად ვარ: მხიარულად, მშვიდად. მგონი, დაუმსახურებლად, შიშისმომგვრელად კარგადაც კი. თუ ამჟამინდელ მდგომარეობას ცოტას ავიტან, ყოველდღე შენგან თითო სიტყვას მივიღებ (რაც ალბათ შენ არ დაგტანჯავს). ესეც იკმარებს, რომ ნახევრად მაინც გამომაჯანმრთელო. გთხოვ, მილენა, არ დაიტანჯო. ფიზიკის არაფერი მესმის. სამყარო აწონეო, ესეც ხომ ფიზიკაა. მაგრამ არ მესმის. არც ფიზიკას ესმის ჩემი. (აბა, რას გავხდები, ჩემი საშინელი 55 კგ წონით. შიშველი თუ დავდექი სასწორზე, ვერც კი მამჩნევს, არც ინძრევა.). აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ვენაში. შენს ხელს ისევ ჩემს ხელში ვგრძნობ და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ამის უფლებას მომცემ.

***

 შენი შენიშვნა შვებულების შესახებ მთლად ვერ გავიგე. სად გინდა გამგზავრება? პარასკევი არა, მოკლედ, ეს არცთუ ისე საშინელება იყო. მერე როგორ უნდა გათავისუფლდეს სული ტვირთისაგან სულ მცირე ბოროტებითაც კი? ამას გარდა, დღეისათვის თითქმის ყველაფერი სწორად მიმაჩნია, რასაც ვწერდი. მგონი, რაღაცები ვერ გაიგე. შენი თვითგვემა მტანჯავს. ხომ იცი, რომ შენი წერილები, ყოველდღე ძალას მაძლევს, იმ დღეს მატანინებს, მაძლებინებს. ვერც ერთ ამ დღეზე უარს ვერ ვიტყვი. ეჭვიანი სულაც არ ვარ. დამიჯერე. ეს უკვე მეტისმეტი იქნებოდა, ეჭვიანი რომ ვყოფილიყავი. შეიძლება მხოლოდ ხანდახან ვიყო კიდეც. როგორც იქნა, მაქსს რაღაც მოვუყევი. შენი აზრიც გავუზიარე მის დიდ წიგნზე. ის ხშირად მეკითხება შენ შესახებ: როგორ ხარ, რა ხდება. ყველაფერი აინტერესებს და გულთან მიაქვს. ვერაფერს ვეუბნები, ენაც არ მიბრუნდება სალაპარაკოდ. არ შემიძლია, მოვუყვე, რას აკეთებს ან როგორ არის,ან რას ფიქრობს მილენა ვენაში. მოკლედ, ვერაფერს ვეუბნები... ჰო, სხვათა შორის, უცხო ადამიანებთან შენზე ლაპარაკი შემიძლია. ამას თავისებური ხიბლიც აქვს. თუ ნებასაც დამრთავენ, პატარა კომედიასაც გავითამაშებდი, რაც ძალიან მიზიდავს და სიამოვნებას მანიჭებს. ამ ბოლო დროს რუდოლფ ფუესს შევხვდი (ფუქსი, პრაღელი პოეტი, ჩეხური პოეზიის გამოჩენილი მთარგმნელი). მე მას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მისი შეხვედრის გამო დიდი სიხარული არ განმიცდია. შეხვედრისას, ხელი არცთუ ისე მაგრად ჩამომირთმევია. საუბარი მაშინვე ვენაზე და იმ საზოგადოებაზე ჩამოვარდა, რომელშიც ტრიალებდა. ძალიან მაინტერესებდა იმათი გვარები, ვის წრეშიც ის იყო. ისიც მოჰყვა ჩამოთვლას. უფრო სწორად მინდოდა,იმ ქალის სახელიც გამეგო: იქ იყო მილენაც, რომელსაც იცნობ. დიახ, მილენა, - გავიმეორე ჩემთვის. შემდეგ სხვა სახელებიც ახსენა. ხველა ამიტყდა და საუბარიც შეწყდა... ჰო, ცოტა მეტი რომ მეთქმევინებინა შენზე, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამისათვის ძალა არ მეყო. ფ.

***

 როგორ უძლებ აბებს ახლა? ამ ბოლო ხანებში? პირველად მწერ ისევ თავის ტკივილზე. შეგიძლია რამე მითხრა პარიზთან დაკავშირებულ გეგმაზე? სად გინდა ახლა გაემგზავრო? (ფოსტა კარგად მუშაობს?) როდის? რამდენი ხნით? ექვსი თვით? დამისახელე ჟურნალები, რომლებშიც შენი რაღაცები ისევ გამოდის. მაინც როგორ მოაწყვე ასე ეს ორდღიანი მგზავრობა პრაღაში? (მხოლოდ ინტერესის გამო გეკითხები). მაინც გმადლობ, იმ ჯადოსნური სიტყვის გამო, სისხლში რომ მეჭრება.

***

 შაბათი საღამო წერილი უკვე დაწერილი მქონდა. დღეს კიდევ სხვანაირად მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა არა აქვს. სახლში რომ დავბრუნდი, სიბნელეში მაგიდაზე მოულოდნელად წერილი დავინახე. თვალი გადავავლე. ამ დროს საჭმელად დამიძახეს. რაღაც უნდა მეჭამა. სამწუხაროდ, სანამ არ გადაყლაპავდი, თეფშიდან თავისით არ გაქრებოდა. მხოლოდ ჭამის შემდეგ წავიკითხე წერილი საფუძვლიანად, ნელა, მოუთმენლად, ბედნიერმა, ერთ მომენტში გაოგნებულმაც კი. დაუჯერებელია, მაგრამ ეს ხომ შიგ წერია. გულის სიღრმემდე დაეჭვებულმა გავიფიქრე: მე არ შემიძლია წასვლა. ეს პირველი სტრიქონის წაკითხვისთანავე ვიცოდი. ვიდრე წერილი ბოლომდე ჩავიკითხე, ათჯერ მაინც ვიყავი ვენაში, როგორც ნახევარწუთიან სიზმარში ხდება ხოლმე. შემდეგ ფოსტაში წავედი და დეპეშა გამოგიგზავნე. მხოლოდ ამან დამამშვიდა ცოტა. ახლა აქ ვზივარ. ვზივარ გასაცოდავებული და ვცდილობ დაგიმტკიცო, რომ არა ვარ სუსტი. იქნებ შემდეგ კვირაში უკეთ ვიყო?! უკვე დღეიდან დაიწყო შეკითხვები: მართლა არ იყავი ვენაში? არ იყავი ვენაში? მუსიკისა არაფერი მესმის, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს წინადადება მუსიკასავით ჩამესმის. ვერ შევძელი ჩამოსვლა იმიტომ, რომ ბიუროში ვერ მოვიტყუებდი. შემეძლო ბიუროში მომეტყუა, მაგრამ მხოლოდ ორი მიზეზის გამო: შიშის (ეს კი ბიუროსთვის დამაჯერებელი არ იქნებოდა.) ან თუ მივწერდი: ელზე ავადაა (როგორც ჩანს, თუ დეპეშაში ეწერებოდა: ელზე ავად არის, ნიშნავდა ჩამოდი). მაგრამ, არა, მილენა, შენ არ გახდები ავად. ეს უკვე უკიდურესი მდგომარეობა იქნება, რაზეც საუბარიც არ მსურს. ეს კი ის მომენტია, როცა დაუფიქრებლად შემიძლია მოვიტყუო და არანაირი დეპეშა არაა საჭირო. ასეთ დროს ბიუროდან ნებართვის გარეშეც წავალ. მაგრამ ყველა სხვა შემთხვევაში ვერ მოვიტყუები. ვერ შევძლებ ასეთი ტყუილის ზიდვას, ისევე როგორც შენ, ოცი კილო სიმძიმის აწევას. მე რომ ელზეს დეპეშით დირექტორთან მივიდე, ალბათ ხელიდან გამივარდება, გამივარდებოდა კიდეც და იქიდან ისე გამოვიქცეოდი, დირექტორს ვერაფერს ვთხოვდი. მილენა, დაფიქრდი, ბიურო რაღაც სულელური დაწესებულება ხომ არ არის (დიახ, იქნებ არის კიდეც, მაგრამ ახლა ამაზე არაა საუბარი. იქნებ სულელურზე მეტად ფანტასტიკურია). ასეთია ჩემი ამჟამინდელი ცხოვრება. იქნებ შემიძლია კიდეც მისგან გათავისუფლება და ეს არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ დღესდღეობით ესაა რაცაა. ცხოვრება, რომელსაც არამზადულად ვექცევი. მაგრამ, სულ მცირე, ვიმუშაო მაინც. იქნებ შევინარჩუნო ის სასიამოვნო დამოკიდებულება, ბიუროში რომ მეპყრობიან. ბიურო ჩემით მადლიერია. მშვიდ ადამიანად მთვლიან. მაგრამ მოვიტყუო, იმიტომ, რომ უცბად მომინდა, თავისუფალი ადამიანი გავხდე. მე ხომ ბიუროს თანამშრომელი ვარ. ვერ გავემგზავრები იქ, სადაც მხოლოდ გულის ტკივილი მელის. მოკლედ, ვერ მოვიტყუები. ამის მოწერა მანამდე მინდოდა, ვიდრე შენს წერილს მივიღებდი. ამ კვირაში პასპორტს განვაახლებ ან უფრო სწორად წესრიგში მოვიყვან, რომ, თუ ეს საჭირო გახდა, შეძლებისდაგვარად მალე ჩამოვიდე.

***

..არა, არ ვარ ძლიერი. აღარც წერა შემიძლია, აღარც - არაფერი. მილენა, დიდი ხნით ნუ იბრუნებ ჩემგან პირს. იცოდე, ადამაინი გულის ძგერის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს... კვირა რას იტყვი შაბათ საღამოს წერილზე? ჯერ არ ვიცი. ალბათ დიდხანს არც მეცოდინება. ასეა თუ ისე, ახლა ბიუროში ვზივარ, კვირის საქმეს ვასრულებ (ესეც უჩვეულო რამაა ამ ბიუროში.ზის აქ კვირას კაცი და მორჩა. სხვები იშვიათად მუშაობენ კვირაობით. ყოველ შემთხვევაში, ძალიან იშვიათად). დათრგუნვილი ვარ. მალე იწვიმებს. მოიქუფრება და ესეც ხელს შემიშლის წერაში. ასეა, მძიმეა მოწყენილობა... მწერ: სურვილი მაქვს თუ არა სიცოცხლის? დღეს არანაირი სურვილი არ გამაჩნია; რა უნდა მომცეს დღევანდელმა დღემ ან ღამემ (დროდადრო მაინც მოდი, კარგო სიტყვავ)! საკუთარი თავი სულაც არ მომწონს. ვზივარ დირექტორის კართან. დირექტორი აქ არ არის, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ გამოვა უცბად და მეტყვის: - მე თქვენ არ მომწონხართ. მინდა გაუწყოთ ეს. - გმადლობთ, - ვეტყვი მე,- ეს ისედაც სასწრაფოდ მჭირდება, ვენაში რომ გავემგზავრო. - აჰა, - მეტყვის ის. - არა, მომწონხართ, უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. -აჰ, - ამოვიოხრავ. - მაინც მიჭირს, ვერ გავემგზავრები... ასე გაუთავებლად გაგრძელდება ჩვენი დიალოგი. მას შემდეგ, რაც პრაღაში ვარ, დღეს, მგონი, პირველად დამესიზმრე. დილის სიზმარი იყო, მაგრამ ძალიან მძიმე. ბოროტი ღამის შემდეგ ისევ ძილმა გამიტაცა. შენ პრაღაში იყავი. ფერდინანდის ქუჩაზე მივდიოდით. დაახლოებით ვილმეკის პირდაპირ, მეორე მხარეს შენი ნაცნობი გამოჩნდა. მისკენ შევბრუნდით. გამოელაპარაკე. მგონი, კრასა ახსენეთ. (ჰანს კრასა, ჩეხი კომპოზიტორი, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა). ლაპარაკობდით, მაგრამ არსებითს არაფერს. შემდეგ ყავის სახლში შევედით, მგონი, კაფე უნიონში (იქვე გზაზე). ერთი გოგო და ბიჭი ისხდნენ მაგიდასთან. კიდევ ერთი კაცი. დოსტოევსკის ჰგავდა, შავი წვერითა და თმით, ყველაფრით, ცოტათი იმაზე ახალგაზრდა იქნებოდა. მე შენ გიყურებდი და თვალს ვერ გაშორებდი: მეტისმეტად გაპუდრული იყავი, თანაც არც ისე ლამაზად. ისე ცხელოდა, მთელი პუდრი გადღაბნილივით გეტყობოდა ლოყებზე. მინდოდა მეკითხა: რატომ იყავი გაპუდრული, მაგრამ, როცა ამჩნევდი, რომ რაღაცის შეკითხვა მინდოდა, იქით მისვამდი შეკითხვას - რა გინდა? მეც ვეღარაფერს გეკითხებოდი. ვერ ვბედავდი. თითქოს ვგრძნობდი, რომ ეს გაპუდრული სახე ჩემთვის გამოცდასავით იყო. გადამწყვეტი გამოცდა. ასე დამატყდა თავს ეს სასაცილო სიზმარი. თან ეს დოსტოევსკის მსგავსი კაციც მტანჯავდა. ქცევით თითქოს შენ გგავდა, მაგრამ მაინც სხვანაირი იყო. თუ იმას ვეკითხებოდი რამეს, თავაზიანად, გულისხმიერად, გულწრფელად მპასუხობდა. მაგრამ რა მეკითხა ან რა მეთქვა, არ ვიცოდი. ის ხან თავის წიგნში იძირებოდა და ამა ქვეყნისა აღარა გაეგებოდა რა, ხანაც - საკუთარ თმასა და წვერში. საშინლად აუტანელი იყო ეს მდგომარეობა ჩემთვის და მინდოდა, რამე მეკითხა, რათა მისი ყურადღება შეკითხვით მიმეპყრო, მაგრამ ისევ და ისევ ჩემივე მიზეზით ამას ვერ ვახერხებდი. პატარა ნუგეში გამოჩნდა. წინ ტრიბუნი მიდევს (ტრიბუნი -ეს არის ცნობილი ჩეხური ჟურნალი, სადაც მილენა თანამშრომლობდა). არა, არ მიყიდია. ჩექმა სიძემ მომცა. გთხოვ, ნუ ამიკრძალავ ამ ბედნიერებას. ამჯერად სულაც არ მაწუხებს, შიგ რა წერია, მხოლოდ იქიდან მომდინარე ხმას ვუგდებ ყურს! გთხოვ, ამ სამყაროს ხმაურში შემანარჩუნებინე ეს ბედნიერება! მთლიანობაში ძალიან ლამაზია. არ ვიცი, როგორ. ვკითხულობ თვალებით, მაგრამ მთელი სისხლი გრძნობს, მიცხელდება. სასაცილოა არა?! მე მეორე ჯგუფს განვეკუთვნები: ჩემი წონა ჩემი პიროვნული საკუთრებაა და სულაც არ მინდა, ეს გამოაშკარავდეს. ერთხელ ვიღაცამ მითხრა, ღრუბელივით დაცურავო, ეს არ იყო კომპლიმენტი. თუმცა არც აღვშფოთებულვარ. თავი გოლიათი მგონია, გაწვდილი ხელებით შენგან საზოგადოების ჩამოშორებას რომ ცდილობს. ერთი მხრივ, ამას ვცდილობ, მეორე მხრივ, მინდა, არც ერთი შენი მიმიკა თუ ნათქვამი არ გამომრჩეს. მაგრამ საზოგადოებამ მაინც გაარღვია შენამდე გზა. მეტწილად სულელ ქალთა საზოგადოება გაჰყვიროდა: სად არის მოდა? ბოლოს და ბოლოს, გვაღირსებთ თუ არა მოდას? რაც აქამდე დავინახეთ, მხოლოდ მილენაა. მე კი სწორედ ამ მილენათი მიდგას სული. მთელი დანარჩენი სამყარო კი ერთი დიდი ზღვაა. როგორ? მთელი სამყარო? და მის გამო ტყუილი ვერ გითქვამს ბიუროში? მოკლედ, ვზივარ აქ. ისეთივე მოჟამულობაა, როგორც უწინ. ხვალ წერილიც არ მოვა და სიზმარი ბოლო ამბავია შენგან. კვირა საღამო მოკლედ ჩქარა. ეს არის კარგი შესაძლებლობა. ჩვენ ხომ ასეთი შესაძლებლობა ყოველ კვირა გვაქვს. უწინ რატომ არ მომდიოდა თავში. სხვათა შორის, ჯერ პასპორტი უნდა ავიღო,ეს არცთუ იოლია, როგორც შენ ფიქრობ. მით უმეტეს ოტლას გარეშე. (ოტლა, კაფკას დაა, რომელსაც მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა): ერთ შაბათს, ნაშუადღევს, ჩქარი მატარებლით ასე დაახლოებით 2 საათზე, ღამით ჩამოვალ ვენაში (ხვალ ზუსტ დროს გავიგებ). შენ, როგორც დეპეშაში მომწერე, ამასობაში კვირის ჩქარი მატარებლის ბილეთი იყიდე. ამ დეპეშის გარეშე პრაღიდან ვერსად გავემგზავრები. შენ სადგურზე დამელოდე. ასე ოთხი საათი გვექნება, ერთად რომ გავატაროთ. კვირას დილის 7 საათზე ისევ გავემგზავრები. მოკლედ, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა. დამღლელ ღამის საათებს მაინც გავატარებთ ერთად (სად? სასტუმროში ფრანც-იოზეფის სადგურზე?). ამაზე ფიქრი წარმოუდგენელ ძალას მაძლევს, მაგრამ არსებობს კი ეს შესაძლებლობა? გმიუნდში შემხვდები და ღამეს იქ გავატარებთ. გმიუნდიც ხომ ავსტრიაა? იქ შენ პასპორტი არ გჭირდება. იქ ასე საღამოს 10 საათზე ჩამოვალ. იქნებ ცოტათი ადრეც. კვირას კი ჩქარი მატარებლით 11 საათზე ისევ გავემგზავრები. თუ სხვა სამგზავრო მატარებელი იქნება, ცოტა გვიანაც შემიძლია. აი,შენ როგორ ჩამოხვალ და გაემგზავრები უკან, ეს არ ვიცი. რას იტყვი? უცნაურია, რომ ახლა გეკითხები, არადა მთელი დღე გელაპარაკე... ორშაბათი დეპეშაში პასუხი არ ეწერა, მაგრამ ხუთშაბათ საღამოს წერილში - კი. უძილობამ მარგო. დღეს დილანდელი მოწყენილობაც ზედგამოჭრილი იყო. შენმა ქმარმა უკვე იცის სისხლი რომ ამოგივიდა? საჭირო არაა გადაჭარბება. იქნებ სულაც არაფერი გჭირს. ხანდახან სისხლი შეიძლება ისეც წამოუვიდეს კაცს, მაგრამ ეს სისხლია და მისი მივიწყება მაინც არ შეიძლება. შენ ხომ ასე ცხოვრობ: შენი სიცოცხლით აღსავსე, მხიარული ცხოვრება, სისხლის ჩქროლვას ჰგავს. მოკლედ, მოდი, მოდი, ბოლოს და ბოლოს, და ცხოვრებაც მოვა! მე აქ რას ვაკეთებ, შენ არ გაწუხებს. დიახ, პატარა ძუძუმწოვარა ხომ არ ვარ, ისედაც იცი, რას ვაკეთებ. მაგრამ გატყობ, გინდა, აქ, პრაღის სანაპიროსთან, ვიდგე და შენ,ვენის ზღვასთან მდგომი, თვალწინ მედგე. საჭმელი თუ არ გაქვს საკმარისი, ეგ შენი ბრალია. ფულს, სამწუხაროდ, ვეღარ გამოგიგზავნი, რადგან შუადღეს შინ მივდივარ და იმ ფულს გაზქურაში შევუკეთებ. ასე დავშორდით ერთმანეთს, მილენა. ეტყობა, მთელი ძალით მხოლოდ ერთადერთ სურვილს ვეჭიდებით: რომ შენ აქ იყო და შენ სახეს აქ, ჩემ ახლოს, ვხედავდე. და კიდევ: სიკვდილის სურვილი. ორივეს სიკვდილის სურვილი გვაქვს. ეს ხომ, კაცმა რომ თქვას, პატარა ბავშვების სურვილია. ასეთი სურვილი შურისგების საათებში მებადება. როცა საკუთარ არარაობას ვაცნობიერებ, როცა მინდა, მოჩვენებასავით გავქრე, გარეთ გავვარდე, რომ საკუთარი თავი ვიპოვო და თავი გავითავისუფლო…

***

 დღეს შენი წერილების წაკითხვამდე ბევრი რამის თქმა მინდოდა. რას მეტყვი სისხლზე? გთხოვ, მომწერე ახლავე, რა გითხრა ექიმმა და საერთოდ, ვინ არის ეგ ექიმი? ორშაბათი, გვიან აჰ, რამდენი ქაღალდი მოვიდა, თანაც სწორედ ახლა. რისთვის ვმუშაობ, მით უმეტეს ამ გამოუძინებელი თავით. რისთვის? სამზარეულოს გაზქურისათვის? ახლა კიდევ ეს პოეტი. ისეთი სიცოცხლით აღსავსე და ხალისიანია, ჩემზე ცუდად მოქმედებს. მოულოდნელად დამატყდა თავს. ხედავ, მოთმინება დაკარგული, როგორ ვცახცახებ? ხელი წერილზე მიდევს და მიკანკალებს. თავი უკვე ლამის არის მკერდზე ჩამომივარდა. ეს კეთილი, ცოცხალი, ბედნიერი თუ უბედური, გამორჩეული, მაგრამ ამწუთას ჩემთვის ნამდვილად გამაღიზიანებელი და ხელის შემშლელი ბიჭი მაინც არ მიდის. შენ კი ამ დროს პირიდან სისხლს აღებინებ. *** კაცმა რომ თქვას, სულ ეთსა და იმავეს ვწერთ. ერთხელ გკითხე, ავად ხომ არა ხარ-მეთქი და ახლა ამაზე მწერ. ერთხელ მინდა მოვკვდე, ერთხელ მინდა შენგან ვიყო დატირებული, როგორც პატარა ბიჭი, შენ კი ჩემგან, როგორც პატარა გოგო. ერთხელ და ათასჯერ, ისევ და ისევ მინდა ვიყო შენთან და შენც იგივე მითხრა. კმარა, კმარა... და ისევ არ ჩანს შენგან წერილი, რა გითხრა ექიმმა? რატომ არ მწერ? შე ბოროტო და საყვარელო და კიდევ... არაფერი, იყავი მშვიდად შენს სამყოფელში. ორშაბათი ნაშუადღევი მატყუარა უნდა ვიყო, იმაზე მეტს თუ გეტყვი, რაც დღეს დილის წერილში მოგწერე. შენგან განსხვავებით თავისუფლად გელაპარაკები. ასე ახლოს ჯერ არავისთან მიგრძვნია თავი. მაგრამ გთხოვ, განასხვავე ერთმანეთისაგან: მიუხედავად და მით უმეტეს. შენს წერილებს შორის ყველაზე ლამაზი ის წერილებია (ამით ყველაფერია ნათქვამი. იქ ყველა სტრიქონი ერთიმეორეზე ლამაზია, რაც კი ჩემს ცხოვრებაში მახსოვს), რომლებშიც ჩემს შიშს ანგარიშს უწევ და ამასთანავე ახსნასაც უძებნი. ცდილობ დამარწმუნო, რომ ეს შიში არ უნდა მქონდეს. ზოგჯერ მე ალბათ ჩემი შიშის თავგამოდებულ დამცველს ვგავარ. ჰო, მე მთლიანად შიშისაგან შევდგები და იქნებ ეს ჩემში ყველაზე საუკეთესოცაა. საუკეთესო და იქნებ ერთადერთიც, რაც გიყვარს, თორემ აბა სხვას რას იპოვი ჩემში სიყვარულის ღირსს?! ეს კი ნამდვილად სიყვარულის ღირსია. თუ ერთხელ მაინც მკითხავდი, შაბათი რატომ მიყვარს, შიშით, მაგრამ მაინც შევძლებდი ამეხსნა: (სწორედ ამ დღეს...) მე შენ მიყვარხარ. (მიყვარხარ, როგორც ზღვას უყვარს პატარა კენჭიც კი ფსკერზე. სწორედ ასე გტბორავს ჩემი სიყვარული შენ) შენთან ყოველთვის რიყის კენჭი ვიქნები, თუკი ცა ასე ინებებს. მიყვარს მთელი სამყარო. ეს სამყარო ჩემთვის შენი მარცხენა მხარი, არა, ჯერ მარჯვენა იყო, ამიტომ ვკოცნი მას (გთხოვ, გამოიჩინე, ლმობიერება და გადაიწიე მხრიდან პერანგი), შემდეგ მარცხენა მხარზე გკოცნი, მერე მთელ სახეს (როგორც იქ, ტყეში...) ბოლოს კი შენს შიშველ მკერდში ჩავიძირები. მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ ჩვენ მაშინ ერთნი გავხდით და ამის გამო არანაირი შიში არ უნდა მქონდეს. რომ ეს ჩემი ერთადერთი ბედნიერებაა, ჩემი ერთადერთი სიამაყე და მხოლოდ ტყით არ უნდა შემოვიფარგლო. მაგრამ სწორედ ეს სამყარო, დღისით, თუ ღამით საწოლში, მხოლოდ ნახევარი საათი შენ ერთხელ კაცების ერთადერთ საქმედ მოიხსენიე, ჩემთვის ის უფსკრულია, რომელზეც გადასვლა არ შემიძლია. არ შემიძლია! იქ, დაბლა არის ღამის სამყარო, ყველანაირი აზრით ღამის გარემო. აქ არის სამყარო, რომელსაც ვფლობ. უნდა გადავახტე ღამეს, რომ ისევ შევძლო მისი ფლობა. თუმცა შეუძლია კაცს რამე ბოლომდე შეინარჩუნოს? ძალიან მეშინია!.. ერთ ღამეში ზღაპრულად, ნაჩქარევად, შეპყრობილივით დავეუფლე იმას, რაზეც ყოველდღე ვოცნებობდი (ალბათ ბავშვები არ გაჩნდება. ალბათ, ჰო, ბავშვების ამქვეყნად მოვლენაც ჯადოქრობაა. ამ კითხვას შევეშვათ ცოტა ხნით)! ამიტომ ვარ ასეთი მადლიერი შენი და ყველასი). ეს ასეა, შენ გვერდით მშვიდადაც ვგრძნობ თავს და აფორიაქებულადაც, დაძაბულადაც და თავისუფლადაც. სხვაგვარ ცხოვრებაზე ხელი ავიღე. ჩამხედე თვალებში! ორშაბათი საღამო უკვე გვიანია, მიუხედავად ყველაფრისა, ცოტა დამთრგუნველი დღეა. დილით ალბათ არანაირი წერილი არ მოვა შენგან. შაბათისა უკვე მოვიდა, კვირისაც რომ მოვისურვო, მეტისმეტი მომივა. დღე ალბათ წერილების გარეშე ჩაივლის. უცნაურია, მილენა, როგორ მაბრმავებს შენი წერილები. უკვე ერთი კვირაა, ვგრძნობ, რაღაც მოხდა შენში - უეცრად თუ თანდათან, რაღაც მნიშვნელოვანი თუ შემთხვევითი, თითქოს აშკარა თუ ნახევრად გაცნობიერებული. მე არ შევიცნობ ამას შენი წერილების ცალკეული ნაწილებიდან, თუმცა ასეთი ნაწილებიც არსებობს. წერილები აღსავსეა მოგონებებით (განსაკუთრებული მოგონებებით). შენ თითქმის ყველაფერზე პასუხს მცემ, თუმცა მაინც არა ყველაფერზე. უმიზეზოდ სულ ნაღვლიანი რატომ ხარ (ჩემი რჩევა აქ არ ჩამოხვიდე-მეთქი, გაითვალისწინე, მოითმინე)? ვენა ჩვენი ერთად ყოფნისათვის შეუფერებლად აღწერე. გამგზავრების წინ მითხარი, ერთად არ ჩავიდეთო. ახლა ბოლო ორ-სამ წერილში კი რას ნიშნავს ეს მოუთმენელი სიჩქარე. მე ალბათ ეს ძალიან უნდა მიხაროდეს, მაგრამ არ შემიძლია. შენს წერილებში იდუმალი შიში იგრძნობა, ჩემ თუ შენ გამო არ ვიცი. ეს შიში ამ შენს სიჩქარესა და მოუთმენლობაშიც ჩანს, ასე სასწრაფოდ რომ მოისურვე შეხვედრა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მიხარია, რომ ვიპოვე ეს შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა გარდაუვალია. საჭირო არ იყო ღამით ვენიდან შორს დარჩენილიყავი. მსხვერპლად შეწირვა აუცილებელი არაა. რამდენიმე ერთად ყოფნის საათისათვის ესეც კმარა. დილით შვიდ საათზე გმიუნდში ჩქარი მატარებლით იმგზავრებ. როგორც მაშინ მე, ათზე იქ იქნები. მე იქ დაგელოდები და ასე ხუთის ნახევრისათვის ისევ გავემგზავრები. ასე ექვსი საათი მაინც ვიქნებით ერთად. მერე შენ საღამოს მატარებლით ვენაში გაემგზავრები და 12-ზე იქ იქნები. პატარა კვირის გასეირნება გამოგვივა. ამიტომ ვარ აფორიაქებული, უფრო სწორად, აფორიაქებული კი არა, იმდენად დიდია შენი ძალა ჩემზე, ნაცვლად საშინელი მოუსვენრობისა, მხოლოდ მოუთმენლობა მჭირს. მდუმარედ აჩუმათებ, თუ გინდა, რომ მიაჩუმათო რაღაც. იქნებ გაუცნობიერებლად აკეთებ ამას, მაგრამ ნაცვლად იმისა, უფრო მეტად ავფორიაქდე, პირიქით, საოცრად მშვიდად ვარ. ამდენად დიდია ჩემი შენდამი ნდობა. თუ რამეს მალავ (და რამეს არ მეუბნები), ვფიქრობ, ეს დუმილიც გამართლებული იქნება. მაგრამ კიდევ სხვა განსაკუთრებული მიზეზის გამოც ვარ ალბათ მშვიდად. ერთი საოცარი თვისება გაქვს: ვგონებ, ეს შენი ღრმა, პიროვნული თვისებაა. ამ თვისებამ ვინმეზე რომ არ გაჭრას, ეს მხოლოდ მისი პრობლემა იქნება. ასეთი თვისება მხოლოდ შენში აღმოვაჩინე, ჯერ არავისთან შევხვედრივარ. ეს ის თვისებაა, რომელსაც შენ ვერ იტან. არა, ეს ნამდვილად ფანტასტიკურია, ლამის მთელი ნაშუადღევი ამაზე ვფიქრობდი, ახლა კი ვერ ვბედავ დავწერო. იქნებ ეს არც მეტი, არც ნაკლები მობოდიშებაა იმ მოხვევის გამო. ახლა კი დავწვები. ნეტა ამწუთას რას აკეთებ? ორშაბათი, საღამოს 11 საათია. სამშაბათი რა ცუდად იცნობ ადამიანებს, მილენა. კარგი, ელზე ავად გახდა, ეს შესაძლებელია. ამისთვის იქნებ ვენაშიც შეიძლება გამგზავრება. მოხუცი დეიდა კლარას ავად გახდომით, ფიქრობ, შემიძლია მივიდე დირექტორთან და ისე მოვუყვე მის ავადმყოფობაზე, რომ არც გამეცინოს. მგონი, ეგ დიდი ხანია, მკვდარია. ასე რომ, ის კლარა აღარ გვჭირდება. შეეძლო მომკვდარიყო, მარტო ხომ არ არის. ოსკარიც თან ჰყავს. ჰო, მართლა ეგ ოსკარი ვიღაა? დეიდა კლარა დეიდა კლარაა. მაგრამ ოსკარი? მაგრამ, როგორც ჩანს, მასთან არის. იმედია, ისიც ავად არ არის. ეგ მლიქვნელი (როგორც ჩანს, მილენას უნდოდა დეპეშაში რაღაც ტყუილი მიეწერა)!

***

 ერთი წერილი, თანაც ასეთი! საღამოს წერილად ეს არ ითვლება. როგორც გითხარი, ეს ჩუმი მოუსვენრობა მაინც არის, რადგან ეს წერილი უკვე აქ არის. რა კარგია, რომ ვნახავთ ერთმანეთს. შეიძლება ხვალან ზეგ დილით დეპეშა გამოგიგზავნო (ოტლა დღეს უკვე წავიდა პასპორტისათვის)? ნეტა ამ შაბათს შევძლებ გმიუნდში ჩამოსვლას (ყოველ შემთხვევაში,ვენისათვის ეს კვირა უკვე ძალიან გვიანია, მაში6 კვირის ჩქარი მატარებლის ბილეთი უკვე ნაყიდი უნდა მქონდეს)? შენც დეპეშით მიპასუხე, თუ მოდიხარ. საღამოს უკვე ფოსტაში ვიქნები, რომ დეპეშა სწრაფად მიიღო. თუ დეპეშაში ეწერება: შეუძლებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კვირას ვერ ჩამოვალ. ამ შემთხვევაში საპასუხო დეპეშას აღარ ველი. ამის შემდეგ უკვე ვიწყებთ მოლაპარაკებას შესაძლო ოთხი კვირის განმავლობაში. ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ აპირებ ვენიდან გასვლას და სად. თუ ეს ჩემგან ძალიან შორს იქნება, ალბათ ერთი თვე ვერ ვნახავთ ერთმანეთს. თუ დეპეშაში იქნება: შეიძლება შაბათს გმიუნდში. ამ შემთხვევაში უკვე ველი შენს პასუხს: შაბათს ვიქნები გმიუნდში! ან კვირას ვიქნები გმიუნდში. ორივე შემთხვევაში უკვე შეთანხმებულები ვართ. (თუმცა დარწმუნებული რომ იყო, შენი დეპეშა მივიღე, ნიშანს მოგცემ). ორივე მივემგზავრებით გმიუნდში: ამ შაბათს ან კვირას ერთმანეთს ვნახავთ. ასე, რა იოლად ჟღერს არა, ყველაფერი?

***

 ლამის ორი საათი დავკარგე. იძულებული ვიყავი, წერილი გადამედო. ჩემთან იყო ოტო პიკი (ოტო პიკი იყო პრაღელი პოეტი და პრაღის პრესის რედაქტორი, კაფკას ძველი მეგობარი) როდის ვნახავთ ერთმანეთს? რატომ ესმის კაცს ლამის ყოველ საათნახევარში ერთხელ შენი სახელი? სად ხარ? სოფელში მიემგზავრები? ქოხში? მეც მივემგზავრები, ხანგრძლივი მგზავრობა მელის. ამის გამო თავს ნუ იტანჯავ, გთხოვ. ყოველ შემთხვევაში, ორივე გზას ვადგავართ. სხვა მეტი არაფრის გაკეთება არ შეიძლება. სამშაბათი სად არის ექიმი? წერილი ხელში მიჭირავს. ვერ ვკითხულობ, მხოლოდ თვალს ვავლებ, რომ ექიმი ვიპოვო. სად არის? არ მძინავს... უკვე დიდი ხანია არ მძინავს. ვენაში მგზავრობის შემდეგ ალბათ ძალიან თუ შევაქე ჩემი ბედნიერება! არ მშველის რძე, კარაქი, სალათა, არაფერი. კვება მხოლოდ შენი სიახლოვით მჭირდება. იქნებ ეს არც იყოს მთავარი მიზეზი, მაგრამ ლამაზი დღეები აღარ მაქვს, აღარც - ის ბედნიერება. სამი დღეა, რაც ცარიელ ბინაში ვარ. უკვე ჩემს ბინაში გადავედი. იქნებ ცარიელი ბინა არაფერ შუაშია?..

***

 ვიწყებ ისევ წერილების დახევას. გუშინ უკვე დავხიე ერთი. შენ ჩემ გამო ძალიან უბედური ხარ (ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაშია). იყავი მუდამ გულწრფელი. რა თქმა უნდა, ასე უცბად არაფერი ხდება.

***

 გუშინ ექიმთან ვიყავი. ვიმედოვნებდი, მაგრამ არც ექიმს, არც სასწორს ჩემი წონის გამო ახალი და კარგი არაფერი უთქვამთ. არც არაფერი გამოსწორებულა და არც გაუარესებულა. მაგრამ ექიმი ფიქრობს, რომ უნდა გავემგზავრო. სამხრეთ შვეიცარიაზე მითხრა, რომ ეს შეუძლებელია, თითქმის შეუძლებლად მიიჩნია. საუკეთესო შესაძლებლობად ორი სანატორიუმი დამისახელა ქვემო ავსტრიაში: ერთი - გრიმენშტაინი, ექიმ ფრანკფურტერთან, მეორე - ვინერ ვალდში. მან არც ერთი ამ სასტუმროს საფოსტო სადგური არ იცოდა. იქნებ შენ მაინც გამიგო აფთიაქში ან რომელიმე ექიმისაგან, ან სადღაც ფოსტაში? ძალიან სასწრაფო არ არის. ჯერ არც; ვიცი, წავალ იქ თუ არა. ეს ხომ ფილტვებით დაავადებულთა დაწესებულებებია, სადაც მთელი დღე და ღამე მარტო ახველებენ, სიცხე აქვთ, იქ ხომ ხორცს იძულებით აჭმევენ. ჯალათივით ხელსაც გადაგიტრიალებენ, თუ ინექციის გაკეთებაზე უარს იტყვი… სადაც წვერიანი ებრაელი ექიმები არიან, გამუდმებით წვერს რომ იფხანენ. ისე მკაცრად ეპყრობიან ყველას, როგორც იუდა - ქრისტეს.

***

ექიმზე აღარაფერი გითქვამს? ხომ დამპირდი, რომ წახვიდოდი ექიმთან? შენ ხომ მუდამ ასრულებ სიტყვას? რადგან სისხლი აღარ შეგინიშნავს, იმიტომ არ მიდიხარ? აქ მე მაგალითად არ გამოგადგები. შენ ჩემთან შედარებით მართლაც ჯანმრთელი ხარ. მე ისევ და ისევ ის ბატონი ვიქნები, რომელიც სხვას ატარებინებს თავის ჩემოდანს, რადგან იცის, თვითონ თუ ასწევს, დაეცემა. როგორც ამას წინათ: სადგურიდან შინ მივდიოდი, მებარგულს, რომელსაც ჩემი ჩემოდანი მიჰქონდა, ეტყობა, იმდენად შევეცოდე, ნუგეშისცემა მოისურვა. მოკლედ, ჩემს თავს ვერ შეგადრი. მაგრამ ფიქრით კი მომიწევს ამაზე ფიქრი. სწორედ ეს ფიქრები მაწუხებს. აუცილებლად უნდა წახვიდე ექიმთან. ეს ხომ სამი წლის წი6 იყო. არასოდეს ვყოფილვარ ფილტვებით ავად, არც არაფერი მღლიდა, უსასრულოდ შემეძლო მევლო, სიარულისას ძალა არასოდეს გამომლევია (სხვათა შორის, არც ფიქრებში). დაახლოებით აგვისტოში - მაშინ ძალიან ცხელოდა - მეგონა, რომ ყველაფერი წესრიგში მქონდა, მაგრამ უცბად ყელიდან რაღაც წითელი ამოვახველე. უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ დამაინტერესა. წამით კი დავხედე სისხლს, მაგრამ მალევე გადამავიწყდა. შემდეგ უკვე ხშირ მოვლენად მექცა, ყოველ ამოხველებაზე სისხლს ვაყოლებდი. თითქოს უკვე ასეც უნდა ყოფილიყო. საინტერესო ნამდვილად აღარ ეთქმოდა, უკვე მოსაბეზრებელი გახდა. მაშინვე ექიმთან რომც წავსულიყავი, ექიმით თუ უექიმოდ, ასე იქნებოდა. ეს არც მე მანაღვლებდა და არც სხვა ვინმეს ჩემ გარშემო. დღეს კი მე ვნაღვლობ და ვწუხვარ შენ გამო. გთხოვ, წადი ექიმთან.

***

შენთვის თუ კიდევ შესაძლებელია, შაბათს ან სულ უგვიანეს კვირას გმიუნდში იყავი! ეს აუცილებელია! ეს უკვე ბოლო წერილი იქნება, ვიდრე ერთმანეთს პირისპირ შევხვდებით! ოთხშაბათი, საღამო ახლა ასე 10 საათი იქნება, ბიუროში ვარ. დეპეშა იქ დამხვდა. ასე სწრაფად? უკვე ეჭვებმა შემიპყრო, რომ ეს გუშინდელ ჩემს დეპეშაზე პასუხი იქნებოდა, მაგრამ იქ ეწერა: გამოგზავნილი 11 საათზე, ნაშუადღევს. უკვე შვიდ საათზე აქ იყო. მხოლოდ რვა საათი დასჭირდა. დეპეშამ მანუგეშა... რა ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ლამის 24 საათში შემიძლია შენი პასუხი მივიღო. ეს პასუხი სულ ასეთი ხომ არ იქნება: არ გაემგზავრო. ერთი პატარა შესაძლებლობა კიდევ რჩებოდა: იქნებ ჩემი წერილი ჯერ არ მიგიღია, რომელშიც გიხსნი, რომ ერთი ღამეც არ მოგიწევს ვენის გარეთ დარჩენა და შეგიძლია გმიუნდში გაემგზავრო. ისევ და ისევ ის მაფიქრებს, ამ პატარა შესაძლებლობას, 30 დღიან ვიზას, თუ მომცემენ (შენი შვებულების დღეებისთვის), ჩქარი მატარებლის ბილეთი უკვე მინდოდა შემეგულებინა, მაგრამ ამას ალბათ არ გავაკეთებ. დეპეშა ძალიან გაუგებარია. ყოველ შემთხვევაში, ამ მგზავრობასთან დაკავშირებით გადაულახკავი აზრები გაწუხებს. მაგრამ, მილენა, მე არ შემშინებია ამ სურვილის,შენი ნახვის სურვილის! რა მადლობელი ვიქნებოდი, რომ მე და შენ ერთად შეგვძლებოდა იქ ჩასვლა. მოკლედ, შენ მიერ მოგონილ სიმართლეზე თუ შესაძლებლობაზე არაფრის დაწერა არ მსურს. მთავარი ისაა, რომ ის ვიწრო გზა, შენი ბინიდან ჩემამდე, ამ სიხარულითვე დაიმარხა და ყველაფერი, რაც ადამიანურია თან გაიყოლა (ალბათ, სისულელეა) შენამდე მომავალი ეს გზა, შენ ნაცვლად, უეცრად რაღაც უღრანს წააწყდა. გთხოვ, არ ჩამოხვიდეო - სწორედ ეს იწვევს გულის ტკივილს. თუმცა, რადგან ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ მაქვს წერის თავი, მთლად საშინელება არ უნდა ხდებოდეს. მხცოვანი თხუნელა ისევ გაიყვანს ახალ გზებს. მთავარი საშინელება ისაა, რომ გმიუნდში ერთად ყოფნა, როგორც გუშინ მიგანიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა ორივესთვის. მოკლედ, დეპეშამ ძალზე დამანაღვლიანა. ეგებ შენი ზეგინდელი დეპეშა უფრო მანუგეშებელი იყოს?! (წერილის კიდეზე: მე საერთოდ არ ვარ შენი შვებულების წინააღმდეგი, ან რატომ უნდა ვიყო, საიდან მოიგონე?) პარასკევი მინდა, შენთან თავი გამოვიჩინო, ნებისყოფა, ძალა გაჩვენო და წერილის მოწერა დავაყოვნო. ჯერ ერთი, საქმე უნდა მოვაგვარო, მაგრამ ოთახი ცარიელია, ჩემზე არავინ ზრუნავს. ასეა, თითქოს ვიღაც ამბობს: დატოვეთ, დაანებეთ თავი, ნუ უყურებთ, აკეთოს თავისი საქმე მდუმარედ. ასე დავწერე მხოლოდ ნახევარი გვერდი და ისევ შენთან მოვედი, ისევ შენი წერილის გვერდით ვწევარ, როგორც მაშინ ტყეში,შენ გვერდით. დღეს არც ერთი წერილი არ მიმიღია, მაგრამ შიშს არ შევუპყრივარ, გთხოვ, მილენა, ცუდად არ გამიგო, შენ გამო შიში არასოდეს მაქვს. ეგ მხოლოდ გულის განწყობა, სისუსტეა. გოლიათსაც აქვს სისუსტე. თვით ჰერაკლესაც კი ჰქონდა. მგონი, ერთხელ გულიც წაუვიდა. მაგრამ შემიძლია პირმოკუმული შენ თვალწინ ვიდგე და ყველაფერი ავიტანო: სიშორე, შიში, დარდი, უწერილობა.

***

რა ბედნიერი ვარ, რა ბედნიერს მხდი! ვიღაც მოვიდა. წერაში ხელი შემიშალა. გამაბეზრა, მაგრამ მეტად კეთილი, მეგობრული, მსუქანი, ნამდვილი გერმანული, კორექტული სახე ჰქონდა, ისეთი საყვარელი იყო, ისეთი მონდომებული თკვისი საქმის შესრულებისას, მაგრამ მე ხელი შემიშალა, რასაც ვერ ვაპატიებ. თანაც ადგომაც მომიწია, რომ სხვა განყოფილებაში გავსულიყავი. და სწორედ იმ დროს, როცა ვდგებოდი, შენი წერილი მომიტანეს. კიბეებზე ჩასვლისას კონვერტი გავხსენი. ღმერთო მაღალო, შიგ წერილი იდო, უსასრულო წერილი, მგონი, მთელი წლის მარადიული წერილი. ასე კარგია, ამაზე უკეთესი სხვა რა უნდა იყოს. მხოლოდ ცრემლითა და გულის ძგერით თუ შეუძლია კაცს ამის ყურება.

***

რაც ადრე გითხარი, ისევ მინდა განვაგრძო: როცა გულში შენ მყავხარ, ყველაფრის ატანა შემიძლია. გახსოვს, ერთხელ მოგწერე, რომ დღეები შენი წერილების გარეშე საშინელებაა, იქნებ ეს არაა მართალი, შეიძლება რთულია ასეთი დღეები, მაგრამ ისინი თავისი დინებით მიედინება. მარტო ერთი რამაა, მილენა, შენი დახმარების გარეშე შიშს ვერანაირად ვერ გადავლახავ, ვერ გავუძლებ ამ საშინელ ურჩხულს,ისე დაცურავს იგი ჩემში... ფ. ყვავილები არ მიმიღია, ეტყობა, ბოლო წამს ჩემთვის დაგენანა.

***

ჰო, შენ ალბათ კარგად ვერ გრძნობ თავს, თანაც ასე შესაძლოა არასოდეს ყოფილხარ. ეს გადაულახავი სიშორე, მით უმეტეს, როცა ვიცი, რომ იტანჯები, მოქმედებს ჩემზე... როცა წარმოვიდგენ, რომ უსასოდ მიმოდიხარ საწოლსა და ფანჯარას შორის… ვერავის ენდობი, არც ექიმს, არც არანაირ წამალს, საერთოდ არაფერი იცი, შესცქერი მხოლოდ მოქუშულ ცას, რომელიც კიდევ უფრო გიმძაფრებს უიმედობას. თანაც ჩემსავით უსასოდ საწოლში წევხარ... ვინ მოგიტანს საჭმელს? ან რა საჭმელს? იქნებ თავიც გტკივა? ერთხელ თუ მაინც შეძლებ, მომწერე ამაზე. იცი, ერთი მეგობარი მყავდა. აღმოსავლეთ ებრაელი მსახიობი იყო, შიგადაშიგ საშინელ თავის ტკივილებს უჩიოდა, ისე კი მთლად ჯანმრთელი იყო. მაგრამ როგორც კი ეს ტკივილის დღეები ახლოვდებოდა, ქუჩაში კედლებს ეყუდებოდა, არავის შეეძლო მისი შველა. ამვლელ-ჩამვლელები მხოლოდ უყურებდნენ. ავადმყოფები ჯანმრთელებისაგან მიტოვებულები არიან, ალბათ ისევე როგორც ჯანმრთელები ავადმყოფებისაგან. ხშირად გიმეორდება ტკივილები? ექიმი რას ამბობს? როდის აქეთ იჩინა თავი ამ ტკივილებმა? ალბათ აბებსაც იღებ? საშინელებაა, საშინელება და აქ ბავშვო-ს თქმის უფლებაც არ მაქვს. სამწუხაროა, რომ შენი გამგზავრება გადაიდო. ახლა ერთ კვირაში გიწევს გამგზავრება. ბედნიერებაა, იქ, ზღვასთან, ტყეში, მთებში ეგებ ცოტა მოსულიერდე. მე კი ეს ბედნიერება არ მექნება. მაგრამ რამდენი ბედნიერება შეიძლება ვისურვო. ოჰ, ეს სიხარბე!.. დავოსზე კიდევ ვილაპარაკებთ. მე იქ არ მინდა, რადგან ძალიან შორს არის, ეს ძვირი ჯდება და არც ისე აუცილებელია. პრაღიდან თუ გავემგზავრები, თუ ეს მაინცდამაინც საჭიროა, სადმე სოფელში მირჩევნია. ყოველ შემთხვევაში, სადაც შემიკედლებენ. ამის შესახებ უნდა დავფიქრდე. მაგრამ ოქტომბრამდე არ გავემგზავრები. გუშინ საღამოს შევხვდი ვიღაც შტაინს (დოქტორ პაულ შტაინი, პრაღელი მოსამართლე) იქნებ ყავის სახლიდან იცნობ კიდეც. მას სულ მეფე ალფონსს ადარებდნენ. ძალიან გაუხარდა ჩემთან შეხვედრა. საქმიანად მელაპარაკა. მითხრა, ხვალ დაგირეკავთო. ის ერთი ნაცნობი ცოლ-ქმრის გაყრაში მთხოვდა ჩარევას. უფრო სწორად სურდა, ერთ პოეტზე მომეხდინა ზეგავლენა, რათა იგი დედამისს უკეთ მოჰქცეოდა და არ გაელანძღა... სურვილების ბარათი გამომიგზავნე. რაც მეტს გამომიგზავნი, მით უკეთესი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვენაში გავემგზავრო (დირექტორს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს) შეძლებისდაგვარად ასეთი გამგზავრების მეტი შანსი მომეცი. თუ სტატიები ტრიბუნიში უკვე გამოქვეყნდა, შეგიძლია მათხოვო? სხვათა შორის, შენი შვებულება, მიუხედავად ცუდი საფოსტო კავშირისა, მაინც მიხარია. ისე, ცოტას ხომ მომწერ, როგორ გამოიყურება იქაურობა, როგორ იქნები, როგორია შენი ოთახი, გზა, ფანჯრიდან ხედი, საჭმელი, რომ ასე მაინც შევძლო შენთან ერთად ცხოვრება. შაბათი რასაც დღეს ექიმზე მწერ, ეს მანუგეშებს. ესე იგი, სისხლი არაფერს ნიშნავდა. როგორც გამოცდილმა, ასეც ვიცოდი. ფილტვის უკმარისობაზე რას ამბობს? შიმშილი და ბარგის ტარება ალბათ არ გამოუწერია. ჩემ შესახებ არაფერი გითქვამს? იქნებ ექიმმა ჩემი კვალი საერთოდ ვერ იპოვა შენში? თუ ეს სწორედ ჩემ გამოა, რაც გჭირს? ეგ ნამდვილად არაა საშინელება! თუ მაგის მეტი არაფერი აქვს სათქმელი, რომ ოთხი კვირით ქალაქგარეთ გაგაგზავნოს, ეს ხომ ძალიან ცოტაა?! არა, ამ მგზავრობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ვენაში დარჩენას ნამდვილად ჯობია. გაემგზავრე მანდედან, გთხოვ, გაემგზავრე! ასე თუ ისე იმედი მეძლევა, როცა გამგზავრებაზე წერ. ეს რომ ვისურვო, ამისათვის საკმარისი მიზეზი გამაჩნია. ისევ ვენაში გამგზავრება? თუ ამაზე სერიოზულად მწერ, საშინელებაა, მიწა მეცლება ფეხქვეშ, მეშინია, არ ჩავვარდე. მაგრამ ასე არ ხდება! სხვა დაბრკოლებაცაა, შინაგანზე რომ არაფერი ვთქვა, მგზავრობას მხოლოდ ტყუილით თუ შევძლებ. ტყუილის კი მეშინია, არა როგორც პატიოსან კაცს, არამედ როგორც მოსწავლეს. გარდა ამისა, ისეთი შეგრძნება მაქვს ან, უფრო სწორად, გული მიგრძნობს, ერთხელ ჩემი ან შენი გულისათვის აუცილებლად მომიწევს ვენაში გამგზავრება. არ შემიძლია, ქარაფშუტა მოსწავლესავით ვერ მოვიტყუები. ტყუილის შესაძლებლობა, რეზერვში მინდა შემოვინახო. ამ იმედით ვცოცხლობ,ისევე, როგორც შენი დაპირებით - ჩამოვალო. ამიტომ ახლა არ ჩამოვალ. ასე მუდმივ შესაძლებლობას ვიტოვებ... და ყვავილები? რა თქმა უნდა, უკვე დაჭკნა, არა?! იქნებ ყვავილები უსამართლო ხახაში მოხვდა? ეს, ბუნებრივია, ძალზე უსიამოვნოა. შენსა და მაქსს შორის კამათში არ ჩავერევი. მირჩევნია, განზე გავდგე, ორივეს თქვენ თქვენი სიმართლე დაგიტოვოთ, ასე უფრო საიმედოდ ვიქნები. შენ უეჭველად მართალი ხარ, რასაც ამბობ, მაგრამ მოდი, დავფიქრდეთ: შენ გაქვს შენი სამშობლო და შეგიძლია მასზე უარი თქვა,იქნებ ეს უკეთესიც იყოს. მას კი არა აქვს სამშობლო და აბა რაზე შეუძლია თქვას უარი? მუდამ იმაზე ფიქრობს, სამშობლო იპოვოს ან შეიქმნას, სულერთია, რასაც უნდა აკეთებდეს, საცურაო აუზზეა, მზეზე წევს თუ შენს თარგმანზე რამეს წერს (აქიქნების ცოტათი დაძაბულია, მაგრამ, შე საბრალო, საყვარელო, რამდენი სამუშაო უნდა იტვირთო დანაშულის შეგრძნების გამო? გხედავ შენს საქმეებზე თავდახრილს, ყელმოღერებულს. შენ უკან ვდგავარ, შენ ეს არ იცი - გთხოვ, ნუ შეგეშინდება, ჩემს ბაგეებს შენს კეფასთან თუ იგრძნობ, ეს მხოლოდ უსასოო სიყვარულია.. ჰო, მაქსი ისევ და ისევ სამშობლოს ძიებაშია, მაშინაც, როცა შენ გწერს... შაბათი მოსიყვარულე და მომთმენი ვარ? ეს ნამდვილად არ ვიცი. ვიცი მხოლოდ ის, რომ ასეთი დეპეშა მთელ სხეულს ეამა. თუმცა ეს მხოლოდ დეპეშაა და არა გამოწვდილი ხელი. მაგრამ ასევე ნაღვლიანი და დაღლილი ვარ, თითქოს, ავადმყოფის საწოლიდან წამომდგარი. და კიდევ, წერილიც რომ არ მოდის, უფრო ნაღვლიანი ვხდები. კიდევ ერთი დღე წერილის გარეშე. ალბათ ძალიან ცუდად თუ იყავი. იქნებ მთელი დღე საწოლში იწექი, შენ შენს ოთახში მაღლა, მე კი ჩემს - ოთახში? დღეს ღამით კი შენი გულისათვის თავი მოვიკალი. რა საშინელი ღამე ღამე მქონდა. ამის შესახებ მეტი არაფრის თქმა შემიძლია.

***

როგორც იქნა, წერილიც მოვიდა. ყველაფერი გასაგებია. სხვები არც ისე გასაგები იყო, მაგრამ ამის თქმას როგორ გაბედავდა კაცი. სხვათა შორის, როგორ უნდა გეცრუა, ეს ის შუბლი არაა, რომელსაც შეუძლია მოტყუება. მაქსს ნუ ადანაშაულებ. დიახ, რა თქმა უნდა, რაც ბოლოს მის წერილებში იყო, არაა სწორი. რა, უნდა ჩავერიო თქვენ შორის? ჰო, იცი, დღეს სიზმარში თავს ვიკლავდი: ვიღაც ნათესავმა შენზე ირონიულად მითხრა რაღაც და ამის გამო ის მოვკალი. აღელვებული დავბრუნდი შინ. დედაჩემი უკან დამდევდა. იქაც შენზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ბოლოს გამწარებულმა ვიღრიალე: ვინც მილენას ცუდად მოიხსენიებს, თუნდაც მამაჩემი იყოს, მოვკლავ მასაც და საკუთარ თავსაც ზედ მივაყოლებ-მეთქი. მერე გამომეღვიძა, მაგრამ ეს არც ძილი იყო, არც - გამოღვიძება. ისევ ადრინდელ წერილებს მინდა დავუბრუნდე. ერთ საღამოს მომწერე, ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ის, რომ შენ დაგკარგავ, შეუძლებელიაო. მარტო ერთი ჩარევა იყო საჭირო, რომ ეს შეუძლებლობა აღსრულებულიყო. წერილი შვებაა, თითქოს ცოცხლად გინდა, დაიმარხო ადრინდელ წერილებში, მდუმარედ ჩაწვე შიგ და იფიქრო,იქნებ მართლა მკვდარი ვარო.

***

ამ ყველაფერმა საერთოდ არ განმაცვიფრა, ამას მოველოდი. როგორც შემეძლო, კარგადაც მოვემზადე, რომ ამეტანა, როცა ეს მომიახლოვდებოდა. მაგრამ მოახლოებისას ვიგრძენი, რომ მზად მაი6ც არ ვიყავი. რასაც შენს ჯანმრთელობაზე მწერ, საშინელებაა, ჩემსაზე უფრო საშინლად ჟღერს. როცა მოგზაურობიდან დაბრუნდები, ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. იქნებ იქ რამე საოცრება მოხდეს. სულ მცირე, ფიზიკური თვალსაზრისით მაინც. საერთოდ მე მხოლოდ ერთადერთი საოცრება მსურს, რომ შენით მუდამ მოხიბლული, გაოცებული, მოჯადოებული ვიყო... როცა შენს წერილზე ვფიქრდები - მხოლოდ ერთხელ წავიკითხე - სადაც წარსულზე, მომავალზე, მამაშენზე, ჩემზე წერ,ასე მგონია, შენი უბედურების ერთადერთი მიზეზი მხოლოდ მე ვარ. ამან შემაშფოთა: შენს ფიზიკურ უბედურებას ალბათ ასცდებოდი, ამ ნახევარი წლის წინ ვენიდან რომ წასულიყავი. მაშინ თუ არა, ახლა მაინც წადი. ვიცი, არ გინდა ვენიდან წასვლა, ვიცი, არც არასოდეს გენდომება, მაგრამ მე ერთადერთ შესაძლებლობას მხოლოდ ვენიდან წასვლაში ვხედავ. მაგრამ ასე შორს, წვრილმანებში შეჭრა არ მინდა. საგულდაგულოდ თუ აწონ-დაწონის კაცი, უთუოდ მიხვდება, რომ ბოლოს და ბოლოს შენი ქმარი უნდა მიატოვო. თან მხოლოდ იმის გამო, რომ მისატოვებელია.

***

კარგი, ამას მოვაგვარებ. ისე, მგონი, ჯობია, ვენაში იყიდო მაისურები, რადგან მაისურების გამოგზავნაზე ნებართვა დაგჭირდება, ვიცი. ამას წინათ წიგნებიც კი არ გამომატანეს ფოსტიდან ნებართვის გარეშე. იქნებ მაღაზიაში რამე გირჩიონ კიდეც. ფულს აუცილებლად ჩავდებ ყოველ წერილში. როცა მომწერ: საკმარისია, მაშინ შევწყვეტ. ჟურნალ ტრიბუნის წაკითხვის უფლება რომ დამრთე, დიდი მადლობა. გასულ კვირას ვენცელის მოედანზე ერთი გოგო დავინახე, ჟურნალ ტრიბუნს ყიდულობდა. ალბათ მხოლოდ მოდაზე სტატიის გამო. არც ისე კარგად იყო ჩაცმული. სამწუხაროა, რომ ვერ დავიმახსოვრე. კარგი იქნებოდა მიმედევნებინა თვალი, როგორ განვითარდებოდა მისი ცხოვრება ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ. არა, შენ არ ხარ მართალი, რადგან სათანადოდ არ აფასებ შენს სტატიას. მადლობელი ვარ, რომ მისი წაკითხვის უფლება მომეცი (რა თქმა უნდა, მალულად უკვე არაერთხელ მქონდა წაკითხულია. შაბათი ხომ ვიცოდი, რა ეწერებოდა ამ წერილში, თითქმის ყველა წერილის მიღმა,შენს თვალებშიც, მის ნათელ ფსკერზეც, შუბლზეც ეს ეწერა... ვიცოდი. მთელი დღე ძილბურანში, შიშში ჩაძირულმა გავატარე. საღამოს ფანჯარა რომ გავხსენი, სულაც არ გამკვირვებია სიბნელე. ვხედავ, როგორ იტანჯავ თავს, ვერა და ვერ თავისუფლდები… ვამჩნევ ამას და არ მაქვს უფლება, გითხრა: დარჩი, სადაც ხარ. მაგრამ არც ამის საწინააღმდეგოდ ვამბობ რამეს. მხოლოდ შენ პირდაპირ ვდგავარ და საყვარელ თვალებში ჩაგყურებ (რა ნაღვლიანი სურათი გამომიგზავნე, შენს მზერაში ვხედავ ტანჯვას, დღეში ასჯერ მაინც რომ გეუფლება... ვწუხვარ, ნეტავ მქონდეს ათი კაცის სიძლიერე, რომ შევძლო შენი დაცვა. როგორც შენ მწერ, ძლიერი ვარ... ალბათ იმდენად მაინც, რომ ახლა წერა ვეღარ განვაგრძო. რაღაც ტანჯვისა და სიყვარულის ტალღა მეუფლება, რომელიც წერას მწყვეტს. ფ​. შაბათი საღამო შენს არგუმენტებში უკვე რამდენი ხანია ერთი რამ მაღიზიანებს, რაც განსაკუთრებით ბოლო წერილშია გამოკვეთილი. ეს ეჭვგარეშეა შეცდომა უნდა იყოს. იქნებ გადაამოწმო: როცა ამბობ, რომ (რაც მართალიც არის) შენი ქმარი ისე გიყვარს, მისი მიტოვება არ შეგიძლია (ჩემ გამო ხომ საერთოდ, ვფიქრობ, მართლაც საშინელება იქნება, თუ ამას მაინც გააკეთებ), ასე მგონია და ამაში გამართლებ კიდეცმ, როცა ამბობ, რომ გინდა მიატოვო. ხომ იცი, როგორ სჭირდები, შენ გარეშე არ შეუძლია ცხოვრება და მხოლოდ ამიტომ ვერ მიატოვებ,ეს ცოტა გაუგებარია... ორშაბათი ფიქრებში წასული სწორედ ახლა ვაპირებდი ამის მოწერას და უცებ ოთხი წერილი მოვიდა შენგან, თუმცა ერთდროულად არა. ჯერ ის, რომელშიც ნანობ, რომ გულის წასვლის შესახებ მომწერე. შემდეგი, რომელიც, ეტყობა, სწორედ გულის წასვლის შემდეგ მომწერე იმ წერილთან ერთად, ძალიან ლამაზი რომაა. მომდევნო წერილი ემილიაზე იყო. ისე ამ წერილების თანმიმდევრობის გარჩევა ცოტა გამიჭირდა. როცა შიშსა და მონატრებაზე მეკითხები, თანაც ასე ხშირად, პასუხის გაცემა იოლი არ არის. ერთი ამბავი გამახსენდა: მაშინ ცელტენის ქუჩაზე ვცხოვრობდით, პირდაპირ მზა ტანსაცმლის მაღაზია მდებარეობდა, კარში ყოველთვის გამყიდველი გოგო იდგა. ასე 20 წელს გადაცილებული ვიყავი. ჩემს ოთახში წინ და უკან დავდიოდი, პირველი სახელმწიფო გამოცდისათვის ვემზადებოდი. ზაფხული იყო, აუტანელი სიცხე. ალბათ სწორედ ეს დრო. ხშირად მივდიოდი ფანჯარასთან, დიდხანს ვჩერდებოდი, თან ისევ და ისევ რომის ისტორიას ვცრიდი კბილებს შორის. ფანჯრიდან უკვე მინიშნებებით ვუგებდით მე და ის გოგო ერთმანეთს. საღამოს რვა საათზე მისთვის უნდა გამევლო. როცა საღამოს დაბლა ჩავდიოდი, იმ გოგოსთან უკვე სხვა კაცი იდგა. ეს ბევრს არაფერს ცვლიდა. მე მთელი სამყაროს შიში მქონდა. იმ კაცისაც, იქ რომ იდგა, თუმცა იმის გარეშეც მექნებოდა შიში. გოგონა ლამის ამ კაცზე იყო ჩამოკიდებული, მაგრამ ნიშანი მომცა, რომ მათ უკან გავყოლოდი. ასე მივედით შუტცენინზელთან, დავლიეთ ლუდი, მე გვერდით მაგიდასთან ვიჯექი. იქიდან რომ გამოვედით, ისევ უკან მივდევდი. ნელ-ნელა გოგონას ბინისაკენ მივაბიჯებდით. ხორცის მაღაზიასთან ის კაცი გოგოს გამოემშვიდობა. გოგონა სახლში შევიდა. ცოტა ხანს ვიცდიდი. მალე გამოვიდა და სასტუმროში წავედით. ეს ყველაფერი ჯერ მარტო სასტუმრომდე იყო უკვე ამაღელვებელი, თან საზარელიც. არც სასტუმროში იყო სხვანაირად. დილით ისევ საშინლად ცხელოდა, კარლსბრიუკით სახლისკე6 წავედით. სხვათა შორის, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს ბედნიერება იმით აიხსნებოდა, რომ საბოლოოდ, როგორც იქნა, ფიზიკური სიმშვიდე მოვიპოვე. და კიდევ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არანაირად არ იყო ჭუჭყიანი და ამაზრზენი. ამ გოგოსთან ორი ღამე გავატარე. როცა რამდენიმე დღის შემდეგ სხვა გოგოს გავეთამაშე,ის გოგო გაკვირვებული კეთილი თვალებით მომაჩერდა. მე კი თვალებში ვერ ვუყურებდი. მოგვიანებით ამ გოგომ მიამიტობით ერთი საშინელი რამ მოიმოქმედა, მაგრამ ამაზე არ ღირს ლაპარაკი. ისე, ეს ამბავი მეხსიერებაში ღრმად ჩამრჩა... იყო დრო, როცა სხეული არ მშვიდდებოდა. მაგრამ ეს იყო მშვიდი, მხოლოდ იმედიანი მოუსვენრობა (განა არის კი ამაზე სასიამოვნო მოუსვენრობა?) ცხოვრებაში. მაგრამ ვიდრე ეს მოუსვენრობა მშვიდი და ხანგრძლივი იყო, მე მარტო ვიყავი. პირველადაა ახლა ჩემს ცხოვრებაში ისეთი დრო, როცა მარტო არ ვარ. ამის მიზეზი მხოლოდ შენი ფიზიკური სიახლოვე როდია, თავად ხარ დამამშვიდებელი და ამასთანავე ამაფორიაქებელი. ამიტომაც აღარ მაქვს სწრაფვა წუთიერი ჭუჭყისადმი. (ჩემი მერანში ყოფნისას დღედაღამ გეგმებს ვსახავდი, როგორ უნდა დავუფლებოდი მოსამსახურე გოგოს. იგი მეტად სასურველი იყო). მაგრამ იქ, სადაც გარეგნული ხიბლიცაა და შინაგანიც, ჭუჭყის მსგავსს ვერაფერს ვხედავ. იქ ყველაფერი შიგნიდან მოდის, თითქოს ქარმა მობერაო, სამოთხიდან მონაბერმა ქარმა, სადაც არ არის შიში. ახლა ხომ გესმის, რატომაც მეშინოდა გმიუნდისეული ღამის წინ. ეს იყო მხოლოდ ჩვეულებრივი შიში. მაგრამ შიში ჩვეულებრივიც კმარა აქ, პრაღაში, ყოველდღე რომ მაქვს.

***

გულის წასვლა - ეს მხოლოდ ერთ-ერთია სხვა ნიშნებს შორის. გთხოვ, გმიუნდში აუცილებლად ჩამოდი. თუ კვირას დილიდანვე იწვიმებს, ვიცი, ვერ ჩამოხვალ. მოკლედ, მე ყველა შემთხვევაში გმიუნდის სადგურის წინ ვიდგები. შენ ხომ პასპორტი არ გჭირდება? ხომ არაფერი გინდა, რომ წამოგიღო? (წერილის კიდეზე ეწერა: საბაჟოზე ავსტრიელებს თავს დიდხანს ნუ შეაყოვნებინებ. საათობით იმ წინადადებებს ხომ ვერ ვიმეორებ, რითაც მინდა მოგესალმო) სტასას თქმით, ვფიქრობ, მასთან უნდა წავიდე. ის ხომ პრაღაში იშვიათადაა (თუმცა, როცა პრაღაშია, უფრო რთულია მასთან მისვლა)? ველოდები, კიდევ როდის ახსენებ სტასას. მოკლედ გმიუნდამდე. დღევანდელი შენი წერილი მეტად ნაღვლიანია, ტკივილიანი. მინდა გავიდე ჩემი ოთახიდან, აქეთ-იქით ვირბინო, რომ იქნებ უკან დაბრუნებულს მაგიდაზე შენი დეპეშა დამხვდეს: შაბათს მეც გმიუნდში ვარ. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი დეპეშა ჯერ არ მოსულა. ორშაბათი მგზავრობის გეგმა ბევრად უკეთესია, ვიდრე ვფიქრობდი. იმედია, ეს განრიგი სწორია. მოკლედ, შესაძლებლობა (ყველაზე უარესი) ასეთია: კვირას გავდივარ 4.12 სთ-ზე შუადღისით, 11 საათზე ვენაში ვარ. შვიდი საათი გზაში. ამ 7 საათის ხეირი ისაა, რომ წინა ღამე გამოვიძინო, თორემ შე6 წინაშე ერთი გასაცოდავებული ავადმყოფი ცხოველი ჩამოვა. ეს შესაძლებლობა, მართლაც, შესანიშნავია: მივემგზავრები 4:12 სთ-ზე აქედან, მაგრამ ვიქნები ასე 7:28 სთ-ზე უკვე გმიუნდში, თუნდაც კვირას შუადღის ჩქარი მატარებლით გავემგზავრო. ასე რომ, ჩვენ ერთად ყოფნის 15 საათზე მეტი დრო გვაქვს. რამდენიმე საათი შეგვიძლია გამოვიძინოთ კიდეც. მაგრამ უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ მატარებლით არ გამოვემგზავრები. თუ შუადღისით 4:38 სთ-ზე გავემგზავრები პრაღაში, მაშინ ერთად ყოფნის 21 საათი გვექნება. თეორიულად თუ ვიფიქრებთ, ასე ყოველ კვირა შეგვიძლია შევხვდეთ. არსებობს მხოლოდ ერთი ხელის შემშლელი რამ, მაგრამ, მგონი, არც ისე სერიოზული. ისე ჯობია, მაი6ც გაიკითხო. გმიუნდის სადგური ჩეხეთს ეკუთვნის, ქალაქი ავსტრიულია. საპასპორტო შემოწმებისას ნეტა ვენის პასპორტიცაა საჭირო და ჩეხეთისაც? მაშინ გმიუნდელებს, რომლებიც ვენაში მიემგზავრებიან, ჩეხეთის ვიზაც სჭირდებათ? ამას ვერ დავიჯერებ. ეს ჩვენს გეგმებს ეწინააღმდეგება. ისედაც ბევრი დაბრკოლებაა და ერთი საათი საბაჟო შემოწმებაზეც თუ გავატარეთ, არ ივარგებს. მაშინ ჩვენი ერთად ყოფნის 21 საათი შემცირდება.

***

მეტი ამასთან დაკავშირებით არაფერი მაქვს მოსაწერი. ყოველ შემთხვევაში, დიდი მადლობა, რომ დღესაც წერილის გარეშე დამტოვე. მაგრამ ხვალ? დარეკვით არ დაგირეკავ, რადგან, ჯერ ერთი, ძალიან ამაღელვებელია და მეორეც, შეუძლებელი. თანაც მალე ვხვდებით კიდეც. სამწუხაროდ, დღეს ოტლას არ ჰქონდა დრო, რომ პასპორტისათვის პოლიციის უფროსთან წასულიყო. ხვალ წავა ალბათ. ზღაპრების მოყოლის სურვილი დღეს არ მაქვს. ჩემი თავი ახლა სადგურივითაა, მატარებლები მიმოდიან, საბაჟო რევიზიის უფროსი ინსპექტორიც არ მასვენებს, ჩემს ვიზაზეა ჩასაფრებული. მგონი, ამჯერად ყველაფერი წესრიგშია და მეუბნება: ინებეთ, სადგურიდან გასასვლელი აქეთაა, მიბრძანდით. ბატონო უფროსო ინსპექტორო, თუ შეიძლება კარი გამიღეთ, ვერ ვაღებ. ძალა არ მყოფნის, გარეთ მილენა მიცდის. დიახ, ახლავე, არ ვიცოდი. კარიც გამიღო... სამშაბათი დაბადების დღისათვის მთლად კარგად არ ვარ მომზადებული. ჩვეულებრივზე უფრო ცუდად მეძინა. თავი მთლად გავარვარებული მაქვს, თვალები გადამწვარი, საფეთქლები მიფეთქავს, მახველებს. მგონი, ხველის გამო დიდი სურვილის ამოთქმას ვერც მოვახერხებ. საბედნიეროდ, ახლა არაა სურვილების გამოთქმის საჭიროება. მარტო მადლობის თქმა მინდა, რომ შე6 ხარ ამ სამყაროში, სამყაროში, რომელიც აქამდე არ მინახავს (ხომ ხედავ, არც ისე დიდი სამყაროსეული ცოდნა გამაჩნია. შენგან განსხვავებით, ამაში გამოტყდომა შემიძლია). მარტო იმით ვარ ბედნიერი, რომ ამ სამყაროში შევძელი შენი პოვნა. მადლობას გიხდი ამისთვის. ამასთან გკოცნი კიდეც, როგორც იქ, სადგურზე. თუმცა ვიცი, შენ არ მოგეწონა (დღეს რატომღაც ძალიან ვჯიუტობ.. დღეს ღამით, ნახევრად ძილბურანში მომაგონდა, რომ შენი დაბადების დღე უნდა ვიდღესასწაულო და შენთვის მნიშვნელოვანი ადგილი მოვძებნო. სრულიად უნებურად დასავლეთის სადგურზე აღმოვჩნდი. ეს სულ პატარა შენობა არც შიგნით ჩანდა დიდი. მალე ჩქარი მატარებელის ჩამოდგა. ვაგონი სავსე იყო. მესიამოვნა, როცა იქვე ბარგის დამტარებლად სამი გამხდარი გოგო შევნიშნე. გამახსენდა, რომ ეს უჩვეულო არ იყო, ერთხანს ხომ შენც ატარებდი ბარგს. გული დამწყდა, რომ იმჟამად იქ არ იყავი... ჟურნალ ტრიბუნის მეორე ნაწილი განსაკუთრებით მომეწონა, უფრო დახვეწილი, მძაფრია. უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც არაჩვეულებრივი რამაა. შენ მკითხველის წინაშე მეტად მშვიდად, საქმიანად საუბრობ, თითქოს იმწუთას არაფერი გახსოვს ამ სამყაროსეული, მარტო მკითხველზე ფიქრობ. რადგან შორს ვარ, მადლობის ნიშნად ვერ გკოცნი. გმადლობ, რომ ყველაფერი ამ სამყაროში გავიწყდება, გმადლობ, რომ ასე გიყვარს მკითხველი. ბოლოს თითქოს მეკითხები: ლამაზია, რაც დავწერე? ჰო, ლამაზია და ძალიან მიხარია... იცი, კონფირმაციაზე რა მაჩუქეს? ჰო, არსებობს გარკვეული სახის ებრაელთა კონფირმაცია. მოკლედ, 13 წლისა ვიყავი, როცა შე6 დაიბადე. ჩემს მეცამეტე დაბადების დღეზე განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა. ტაძარში, მაღლა, საკურთხეველთან დიდის ძალისხმევით პატარა ლოცვაც წავიკითხე. სახლშიც წარმოვთქვი სიტყვა. ბევრი საჩუქარი მივიღე. მახსოვს, მაინც არ ვიყავი კმაყოფილი. თითქოს რაღაც საჩუქარი მაკლდა. ამ საჩუქარს ალბათ ციდან მოველოდი. ცაც 10 აგვისტომდე ორჭოფობდა. *** მამაზე გმიუნდში ვილაპარაკოთ.... ..რა სიამოვნებით მოვიქცევდი ახლა შენს ხელს ჩემსაში. რა სიყვარულით ჩაგხედავდი თვალებში. ამოუცნობი ამოცანის წინაშე ვდგავარ. ამ ამოცანას ალბათ ერთადაც ვერ ამოვხსნით. სხვათა შორის, მეტად დამამძიმებელია. ყოველ შემთხვევაში, გმიუნდში ამაზე არც ერთი წუთის დაკარგვასაც არ ვაპირებ. ვგრძნობ, შენ უფრო მეტი ტყუილის თქმა მოგიწევს, ვიდრე მე - აქ. ეს მთრგუნავს და მაწუხებს. თუ მართლა ბევრი დაბრკოლება შეგექმნება, მაშინ დარჩი ვენაში. მე მაი6ც მოვაწყობ გმიუნდში პატარა გასეირნებას, ასე სამი საათი მაინც ვიქნები შენთან ახლოს. ვიზა უკვე მაქვს. ალბათ დეპეშას აუცილებლად გამომიგზავნი, სულ ცოტა, დღეს მაინც, თუკი თქვენი ჩხუბის გამო ჩამოსვლას ვერ შეძლებ. ოთხშაბათი შენი თხოვნა პატიების გამო გასაგებია. თუ უკვე ყველაფერი მოგვარდა და თავისთავად ჩაიარა, გპატიობ. ან როგორ შემეძლო, შენთვის არ მეპატიებინა. გატყობ, რა არეული გაქვს ახლა ტვინი, რომ ასეთი რაღაცების გჯერა. მამაჩემთან შედარება ამ წუთას ნამდვილად არ მომწონს. რა, შენც უნდა დაგკარგო (იცოდე, მამაშენისნაირი ძალა მე არ გამაჩნია)? დღეს ამაზე აღარ ვილაპარაკებ, ძალიან დაღლილი ვარ. მეორე ღამეა არ მძინებია. ცოტათი ძალა ხომ უნდა მოვიკრიბო, რომ გმიუნდში შენი ქება დავიმსახურო? რაც შეეხება მაქსს, შევეცდები, ისე მოვიქცე, როგორც შენ გინდა. უკვე ვიცი, რასაც ითხოვ მისგან. ასე რომ, მოველაპარაკები. თავს კარგად ვგრძნობ და შემიძლია,ვიდრე შინ გავემგზავრები, მასთან ჩავიდე.

***

ვიმეორებ, თუ რამე დაბრკოლება შეგექმნება, რაც თუნდაც სულ მცირე ტანჯვას მოგაყენებს, დარჩი ვენაში, თუ სხვანაირად არ გამოვა. მაგრამ გაემგზავრე, გაარღვიე ჩაკეტილი საზღვარი. ალბათ მე ახლა რაღაც გაუთვალისწინებელი სიგიჟე უნდა დამემართოს, შენი გაგება რომ ვერ შევძლო.

***

სწორედ ისევე, როგორც შტაინის მოსმენისას, შენი სტატიის კითხვისასაც იგივე დამემართა. თუმცა შენ უკეთ ყვები, ვიდრე ის. კიდევ ვის შეუძლია ასე კარგად მოყოლა? რატომ უყვები ყველას, ვინც ტრიბუნს ყიდულობს? ამ სტატიას რომ ვკითხულობდი, ისე დამემართა, თითქოს ყავის სახლის წინ ავდიოდ-ჩავდიოდი დღედაღამ, წლობით. ყველა შემსვლელ-გამომსვლელი მარწმუნებდა, რომ შენ ისევ შიგნით იყავი. მეც ისევ აღმა-დაღმა სიარულს ვიწყებდი და გელოდებოდი. ეს არც დამანაღვლიანებელია, არც - დასაძაბი. განა რა არის იმაში ცუდი,იმ ყავის სახლთან ვიცდიდე, სადაც შენ ხარ? ხუთშაბათი ...გმიუნდზე სანამ მკითხავდი, ხომ უკვე გიპასუხე. შეძლებისდაგვარად ნაკლებად დაიტანჯე თავი, მაშინ მეც ნაკლებად დამტანჯავ. ვერ გავითვალისწინე, რომ შენ ასეთი ტყუილის თქმა მოგიწევდა. მაგრამ რა ჰგონია შენს ქმარს, რომ შენი ნახვა არ მინდა მას შემდეგ, რაც ერთხელ უკვე გნახე? ნეტავ როდისღა უნდა დავიძინო, შაბათს თუ კვირა ღამით?

***

ამ წერილებმა მიმახვედრა, რომ ეს წმინდაწყლის ორჭოფული კავშირი შენს ქმართან გადაუწყვეტელია (საშინლად აღელვებული ვარ ამ ბოლო დღეებში. ჩემს გეგმას ასრულება არ უწერია). ასე თუ ისე რაღაც მაინც გაკავშირებს მასთან. რა შემიძლია ამაზე ვთქვა, ერთი კავშირის ამოუხსნელობა აძლიერებს და ხელს უშლის მეორე კავშირის ამოუხსნელობას, მაგრამ, როგორც მწერ: მომავალზე ნუ ვილაპარაკებთ.

***

სიმართლე აუცილებელი, ურყევი სვეტივითაა, რომელსაც სამყარო ეყრდნობა. მინდა გამოგიტყდე... მაგრამ, როგორც კი ამ გრძნობაზე ვიწყებ წერას, თითქოს წვეტიანი ხმალი აღწევს ჩემს სხეულში და მაწამებს. საშინელებაა, როცა ხმლის წვერი კვეთს ჩემს ხორცს, პირველივე ჩხვლეტაზე ვიწყებ ღრიალს და ვღალატობ ყველაფერს: შენც, საკუთარ თავსაც. წერილებს რომ ვწერთ ერთმანეთს, ხანდახან ასე მგონია, სადღაც ცენტრალურ აფრიკაში ვცხოვრობდე და მთელი ცხოვრება იქ მეცხოვროს, შენ კი ევროპაში, შუა ევროპაში ცხოვრობ და ერთმანეთს ვუზიარებთ აზრებს პოლიტიკურ მდგომარეობაზე. თუმცა ეს ალბათ სულელური, უხეირო, ყალბი, სენტიმენტალური, საცოდავი შედარებაა და სხვა არაფერი. გთხოვ, ხმალო, შეწყვიტე ჩემი წვალება!...

***

მართალი ხარ, როცა შენი ქმრის წერილს ციტირებ, გეგონება, ყველაფერი ზუსტად არ მესმოდეს. როგორც ჩანს, აქ მხოლოდ ერთი თავისუფალი კაცი წერს, რომელსაც დაქორწინება სურს. რას ნიშნავს ეს მისივ დროგამოშვებითი ორგულობა, რომელსაც ორგულობასაც ვერ უწოდებ, რადგან თქვენ მაინც საერთო გზაზე რჩებით? ნეტავ, რას ნიშნავს ეს ორგულობა, რომელიც თან ასე გაუთავებლად გაწამებს, თან თითქოს გაბედნიერებს კიდეც? რა არის თქვენი ცოლქმრული კავშირის იდუმალი დაურღვევლობა, რაც მუდამ სადარდებელს გიქმნის და მეც ასე მტანჯავს? რატომ ართულებ ასე საქმეს, თუ მართლა გსურს მისგან წასვლა? მაშინ ის ან სხვა ქალთან იცხოვრებს,ან სადმე სანატორიუმში. იქ ჩექმებსაც გაუწმენდენ და უკეთესადაც იზრუნებენ. იქნებ სისულელეს ვამბობ… უკვე არ ვიცი. იქნებ შენ იცოდე?

***

დაბადების დღე არ უნდა გაგეფუჭებინა. ჩემთვის ფულის შესახებ ადრე რომ მოგეწერა, მოგიტანდი. მაგრამ იქნებ საერთოდაც ვერ ვნახულობთ ერთმანეთს? ამ საგიჟეთში - შესაძლებელიცაა. ასეც არის. შენ იმ ადამიანებზე მწერ, რომელთაც დღეც და ღამეც საერთო აქვთ და იმათზეც, ვისაც ეს არა გააჩნიათ რა. ამ უკანასკნელთა მდგომარეობა უფრო სახარბიელოდ მიმაჩნია, რადგან ისინი ერთად ყოფნისას, იქნებ უფრო მეტ ჭუჭყს აწყდებიან. ეს მიწიერი ჭუჭყია... ეს საშინელებაა... თუმცა ეს ფორმალურად შეიძლება გადაწყდეს მიწაზე ან ცაში. როგორც შენ ამას უწოდებ,ეს მხოლოდ თამაშია. ისევე, როგორც ევამ, ვაშლი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჩაკბიჩა, რომ ადამისათვის ეჩვენებინა, რომ მოსწონდა (მგონი, ეს ადგილი ძალიან კარგად მესმის… სწორედ ეს ჩაკბეჩა აღმოჩნდა გადამწყვეტი. თამაში ხომ არც ნებადართულია და არც-აკრძალული. სამშაბათი ამ წერილზე მხოლოდ 10-14 დღეში მივიღებ პასუხს? ეს მიტოვებას ნიშნავს, არა? მე კი სწორედ ახლა მსურს გითხრა რაღაც გამოუთქმელი, დაუწერელი. იმიტომ კი არა, რომ ახლა მინდა, უფრო უკეთესი რამ გავაკეთო, ვიდრე გმიუნდში, არც იმიტომ, თითქოს ვცდილობ, ამით რაღაც უკვე დაკარგული გადავარჩინო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მიგახვედრო, გაგაგებინო, რა მჭირს, რას ვგრძნობ ახლა. არ მინდა, ჩემი გეშინოდეს, როგორც საერთოდ ადამიანებს ემართებათ ხოლმე ბოლოს. ახლა ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ის სუსტი შინაგანი გაწონასწორებულობა ერთ წამში ზღვაში აპირებს ჩანთქმას. იმან, თითქოს ჩემს გადარჩენას რომ ლამობდა, მიმატოვა, არა სისუსტის, უმწეობის, არამედ მხოლოდ სიბრაზის გამო. ეს ნათქვამი, რა თქმა უნდა, შენ არ გეკუთვნის. ამას შენგან იმ სუსტ გამონათებაზე ვამბობ, ჩემი დაღლილი, დამძიმებული თავით ძლივს რომ აღვიქვამ. უბედური იქნები თუ მუდამ აღელვებული, ორივესთვის მადლობელი უნდა იყოს კაცი.)

***

გუშინ იარმილასთან ვიყავი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არც ერთი დღით არ მინდოდა გადამეწია წასვლა. ერთი სული მქონდა, სიმართლე მეთქვა. და ის აზრი, რომ მასთან საუბარი მსურდა, არ მასვენებდა. რაც მალე დაველაპარაკებოდი, მით უკეთესი. ასე ორის ნახევარზე უკვე მაღლა ვიდექი. კარის ზარი არ დაირეკა, დაკაკუნებამაც არ მიშველა, საფოსტო ყუთში ნაროდნი ლისტი (პრაღის ყოველდღიური გაზეთი) იყო გარჭობილი. ეტყობა, შინ არავინ იყო. ის იყო შევბრუნდი, რომ დავინახე, ეზოდან ორი ქალი მოდიოდა, ერთი მათგანი იარმილა იყო, მეორე ალბათ დედამისი. იარმილა მაშინვე ვიცანი, თუმცა ფოტოზე, რომელიც მე მქონდა, სხვანაირი იყო. შინ არ შევსულვართ, იქვე, კადეტთა სკოლასთან, ზემოთ-ქვემოთ ვსეირნობდით. ჩემდა გასაკვირად, შენი დახასიათების საპირისპიროდ, მეტად მოლაპარაკე აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, პირველი 10 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ლაპარაკობდა. მაშინვე შენი წერილი გამახსენდა, მასზე რომ მეუბნებოდი, საკმაოდ თავდაჯერებულიაო, ეს მართლაც თვალში საცემი იყო. მან მითხრა, რომ ის უკვე რამდენიმე დღეა, რაღაც ამბის გამო მეტად აღელვებული იყო, ვერფელის გამო ჰაასისთვის დეპეშა გაუგზავნია, შენთვისაც მოუწერია, შემდეგ წერილები შენი მოთხოვნით დაუწვავს. ამის გამო უკვე სიმშვიდე დაკარგულს ჩემი ძებნა დაუწყია, რომ ჩემთვის ეს ამბავი გაეზიარებინა (მას ეგონა, იცოდა, სად ვცხოვრობდი. ერთ გაზაფხულზე ოტლასთან ერთად შემხვედრია. შემდეგ ოტლასაც გამოლაპარაკებია საცურაო სკოლაში. ჩვენ მაშინ იმ სკოლასთან ვცხოვრობდით. ოტლას ჩვენი ბინა უნახვებია). მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ძალიან გაუხარდა, რომ მივედი და ამიტომაც იყო აფორიაქებული, თან მომხდარს მეტად განიცდიდა. მითხრა: ნამდვილად არ ვთვლიდი საჭიროდ, რომ წერილები დამეწვა, მაგრამ დავალება უნდა შემესრულებინა: წერილები ფერფლად მექცია და ფერფლი ბელვედერზე მიმომეფანტა. თავის თავზე თითქმის არაფერს ამბობდა. ეტყობა, ძირითადად შინზის, ამაზე მისი სახეც მეტყველებდა. შიგადაშიგ მაღაზიაში ან ფოსტაში თუ გადის. მარტო შენზე მელაპარაკებოდა (თუმცა რა ვიცი,იქნებ იმიტომ, რომ მე ვლაპარაკობდი შენზე. ეს ახლა ძნელი მისახვედრია), ისიც ვუთხარი, როგორ გაგიხარდა, მაშინ იარმილას ნახვა. დაიბნა, თან გაუხარდა, ვერ წარმოედგინა, მისი ნახვა ვინმეს თუ გაეხარდებოდა. თითქოს არ სჯეროდაო. თქვენი შეხვედრის შესაძლებლობაზე რომ ვუთხარი, დასძინა, ძალიან მინდა მასთან შეხვედრა,ნეტავი ჩამოვიდესო. სახლთან ნაჩქარევად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. ცოტა გამაბრაზა კიდეც. შენი ლამაზი ფოტოს ჩვენება უნდოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაშინ ბერლინიდან გამომგზავრებისას, როცა ყველა წერილი დაწვა, თურმე ის ფოტოც ხელში ეჭირა. ბევრი ეძება, მაგრამ უშედეგოდ. მინდოდა, ეს მომეწერა შენთვის, რომ დავალება შესრულებულია. შემეძლო, ამაზე მეტი გამეკეთებინა? კმაყოფილი ხარ ჩემით?

***

უაზრობაა რამის თხოვნა, როცა ვიცი, რომ წერილს 14 დღეში მიიღებ. ან იქნებ ეს ერთი უაზრო თხოვნის პატარა უაზრო დამატებაა. გთხოვ, ამ გაუსაძლის სამყაროში (სადაც ადამიანი მიტოვებულივითაა და მისი შველა არაფერს და არავის შეუძლია) არ შეგეშინდეს, თუკი როდისმე იმედს გაგიცრუებ. იქნებ ეს თხოვნა არცაა შენ მიმართ,ან საერთოდ ვის მიმართაა, ვიცი?! ეს მხოლოდ დათრგუნვილის მკერდიდან ამოხეთქილი სუნთქვაა. იმ ორშაბათ დილას, თუ, უფრო სწორად, ორშაბათ შუადღეს, როცა მგზავრობის მადლი (მიუხედავად ყველაფრისა, შენთან გამომგზავრება, დასვენება, გონს მოსვლა, განმუხტვაა) თანდათან გაქრა, განუწყვეტლად ერთსა და იმავე, მაგრამ ამავდროულად განსხვავებულ სიმღერას გიმღერი უძილო, უსიზმრო დაღლილ ღამეში. გიხაროდეს, რომ შენ არ გესმის... გიხაროდეს, რომ ჩემი წერილებისგან ამდენი ხანი თავისუფალი ხარ!

***

აჰ, ადამიანების შეცნობა! რა მაქვს ამის საწინააღმდეგო, რომ შენ მართლა კარგად წმენდ ჩექმებს! დაწმინდე ლამაზად, დააწყვე კუთხეში და საქმეც მოგვარდება. მაგრამ ის, რომ ამ ჩექმებს მთელი დღე შენს ფიქრებშიც წმენდ, ეს მაწამებს ხანდახან (ჩექმა მაინც არაა სუფთა). (გულისხმობს, მილენას ქმრის ჩექმებს.) შაბათი რა კარგია, მალე მივიღე ორი წერილი ზალცბურგიდან. იმედია, გილგენში კარგი ამინდია. უკვე შემოდგომაა, ამას ვერ უარვყოფ. ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ვარ, მაგრამ ვერც იმას, კარგად ვარ-მეთქი. იმედია, ჯანმრთელობა კიდევ რამდენიმე ხანს გამიძლებს. გმიუნდზე ალბათ კიდევ დავწერთ ან ვილაპარაკებთ. იქნებ ცუდად ყოფნის მიზეზი ეგეც არის. იარმილას წერილი შიგ ჩავდე (წერილის კიდეზე: თუ შესაძლებელია, გთხოვ,შენი ბინის ხედი აღმიწერე). ხუთშაბათი ჯერ ფანქრით დაწერილი წერილი წავიკითხე, შემდეგ ორშაბათის წერილში მკრთალად ხაზგასმული ადგილი. იმ ადგილს დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი. რა მშიშარა ვარ. რა ცუდია, რომ ყოველ სიტყვაში ვერ ჩაძვრება კაცი, ვერც ჩასწვდება. ზოგჯერ ერთი სიტყვის გამო შეიძლება თავის მართლება მოგიხდეს... ვიდრე წერილს ბოლომდე ჩავიკითხავ, მინდა გკითხო, ხომ არ შეგიძლია ცოტა დიდხანს დარჩე მანდ, ვიდრე შემოდგომა მოგცემს ამის შესაძლებლობას? ზალცბურგიდან წერილები ჩქარა მოდის; გილგენიდან ჯანჯლდება რამდენიმე ხანს, მაგრამ შიგადაშიგ ამბები მაინც მომდის. პოლგარის ჩანახატები გაზეთში მეტად ნაღვლიანია, თუმცა სასაცილოცაა. კიდევ რა არის ზალცბურგში ახალი? ზეიმები, ცვალებადი ამინდები, არც ესაა გასახარი. ზოგჯერ გილგენზე მაქსს ვთხოვ ხოლმე, მომიყევი-მეთქი. ის იქ ყმაწვილობაში ძალიან ბედნიერი იყო. მაგრამ არც ეს კმარა, რომ არა ჟურნალი ტრიბუნი, რომელშიც ყოველდღე ვცდილობ, რაღაც ახალი ვიპოვო შენზე... არ გსიამოვნებს, ამაზე რომ ვლაპარაკობ? მაგრამ მართლაც სიამოვნებით ვკითხულობ ამ ჟურნალს. ამაზე სხვა ვინ გეტყვის, თუ არა მე, შენი საუკეთესო მკითხველი? ადრე მითხარი, წერისას შენზე ვფიქრობო. ჰოდა, კითხვისას ისე ვგრძნობ, თითქოს შენთან ჩახუტებული ვიყო, თითქოს, შენთან ვიყო. ახლა, მას შემდეგ, რაც უკვე გარკვევით გამოვთქვი ეს, შიშმა შემიპყრო. ჰო, თოვლში მოფართხალე კურდღელს ვგავარ...

***

რამდენიმე დღეა სამხედრო რეჟიმში ვარ, უფრო სწორად, მანევრირებული ცხოვრება დავიწყე. რამდენიმე წლის წი6 აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ასე ჯობია. შუადღეს, რამდენიც შესაძლებელია, ვიძინო, შემდეგ ორი საათი გარეთ გავიდე. მერე სანამ გავძლებ, შევეცადო, არ დავიძინო. ბიუროში რომ მივდივარ, უკვე გამოშტერებული ვარ. ყველაზე მნიშვნელოვანი შუაღამის ორი, სამი, ოთხი საათია; თუ სულ გვიან შუაღამემდე ვერ დავიძინე, საწოლში რისთვისღა ჩავწვე. ასე დღეც დაკარგულია და ღამეც. ისე არა უჭირს, კარგია, ასეთი უშედეგო, მაგრამ მაინც გასამხედროებული ცხოვრება. ასე ნახევარი წელი თუ გავძლებ, მერე იქნებ ლაპარაკის უნარი დამიბრუნდეს. როგორც ვამბობ: ერთი რამ კარგია, ხველის აუტანელი ტირანული დრო ხანმოკლე ხდება. წერილები ცუდი არ იყო, მაგრამ ფანქრით დაწერილ წერილს ნამდვილად არ ვიმსახურებ. არის კი სადმე ვინმე ან რამე, რასაც ვიმსახურებ ამ დედამიწაზე ან ცაზე? ხუთშაბათი საღამო დღეს სხვა ვერა გავაკეთე რა, გარდა იმისა, რომ ვიჯექი და ვკითხულობდი. თუმცა მსუბუქ ტკივილსაც მივუგდე ყური, საფეთქლებს რომ მიბურღავდა. მთელი დღე შენი წერილებით ვიყავი დაკავებული. რაღაც გაურკვეველი მტანჯავდა, მიყვარდა, მადარდებდა, შიშს მგვრიდა. ეს გაურკვევლობა ჩემს ძალებს აღემატებოდა. ამ წერილების მეორედ წაკითხვას ვეღარ გავბედავ. ისე ნახევარი გვერდი ძლივს წავიკითხე. ზოგს მოსწონს ამ შემბოჭავ თვითმკვლელობის მსგავს დაძაბულობაში ცხოვრება (ეს შენ ერთხელ მითხარი კიდეც. მაში6 დაგცინე). იზიდავს, უყვარს ეს უგუნურება, მთლიანად რომ მოსდებია და ლამისაა დასწვას. კაცმა რომ თქვას, რის თქმა მინდა ამით, თვითონაც არ ვიცი. ალბათ ვცდილობ, ვიწუწუნო იმ გაურკვევლობის გამო, რასაც შენს წერილებში ვგრძნობ. უფლებაც მაქვს, რადგან ეს წერილები ხომ მე მეკუთვნის და შეგვიძლია აქ, სიბნელეშიც ერთად ვიყოთ… პარასკევი ღამე, ნაცვლად იმისა რომ დამეძინა (თუმცა ჩემდა უნებურად), შენს წერილებთან ერთადვგავატარე. მაგრამ ყველაზე საშინელება ეს არ არის. სხვათა შორის, არც ერთი წერილი არ მოვიდა, მაგრამ არც ესაა საშინელება. პირიქით, უკეთესიცაა, რომ ყოველდღე არ მიწევს წერა. ამის იდუმალება შენ უფრო ადრე შეიცანი, ვიდრე მე. ყოველდღიური წერილები ნაცვლად გაძლიერებისა, დღითი დღე მასუსტებდა. ადრე წერილებს ვისრუტავდი, ამავდროულად (ვლაპარაკობ პრაღის დროინდელზე და არა მერანისეულზე) ათმაგად მაძლიერებდა, ათმაგად მოწყურებულიც ვეწაფებოდი. ახლა კი ისეთი სერიოზულია, რომ უკვე ტუჩებს ვიჭამ, როგორც კი წერილის კითხვას ვიწყებ. მარტო საფეთქლებში მოწოლილ ტკივილს ვგრძნობ. მაგრამ ამასაც აიტანს კაცი. მარტო ერთს, ერთს ვერ ავიტან: მილენა, ავად არ გახდე, ავად არ გახდე! თუ არ მომწერ, ეს კიდევ დასაშვებია. (რამდენი დღე დამჭირდება ნეტავ, გუშინდელისნაირი ორი წერილით, საბოლოოდ რომ გავთავდე? სულელური შეკითხვაა, შეიძლება ადამიანი ამით გათავდეს?) მაგრამ გთხოვ, დუმილი ავადმყოფობით არ იყოს გამოწვეული. ამ დროს მე მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობ. რა უნდა გავაკეთო? ალბათ ის, რასაც ახლა ვაკეთებ. მაგრამ როგორ? არა, ამაზე არ მინდა ვიფიქრო. როცა შენზე ვფიქრობ, თვალწინ მხოლოდ ის მიდგას, რომ საწოლში წევხარ, მე კი შენზე ვზრუნავ, შიგადაშიგ მოვდივარ შენთან, ისევე როგორც მაშინ, გმიუნდში, საღამოს მდელოზე როცა იწექი (იქ ჩემს მეგობარზე მოგიყევი, შენ მისმენდი). ეს სულაც არაა მტანჯველი ფიქრი, შეიძლება ითქვას, მშვენიერი, საუკეთესო ფიქრიც კია: წევხარ საწოლში, მე ვზრუნავ შენზე, როცა შენკენ ვიხრები, შენს თვალებში ვიძირები და ჩემს მზერას ვხედავ შენში. როცა იქ, შენს ოთახში, ვარ, სიამაყე მავსებს, რომ მე შენთვის ვცხოვრობ. ჩემ წინ ჩერდები, ხელს მიწვდი... იმედია, მაშინდელივით უბრალოდ ავად ხარ და გაგივლის. ისევ მალე გამოჯანმრთელდები. ისევ ისე ძლიერი ადგები... იმის წარმოდგენა, რომ ავად ხარ და ჩემგან შორს, მტანჯავს... შაბათი არაფერია სამშაბათის წერილში ისე ლამაზი, როგორც ეს სიმშვიდე, ნდობა, გარკვეულობა, წერილიდან რომ მოდის. რა ადვილი ყოფილა კმაყოფილების შეგრძნება წერილების მიღებით. მივხვდი, რა აუცილებელია ბედნიერებისათვის წერილები. გუშინ მთელი დღე და ღამე შენთან ლაპარაკში გავატარე. მე ბავშვივით გაბუტული და გულწრფელი ვიყავი, შენ კი - დედასავით მზრუნველი. თუ არ მწერ, საკმარისია, მარტო მიზეზი ვიცოდე, რომ შენ ავად არ ხარ.ისევ და ისევ საწოლში მწოლს არ გხედავდე, დაღლილს, სიცხისაგან გათანგულს, მარტოს შენს ოთახში. მხოლოდ ამას ვისურვებდი სხვას არაფერს.

***

შენი წერილის პირველ აბზაცს ვერ შევეხები, მე ხომ არ ვიცი წინა წერილის პირველი აბზაცი. ეს მეტად ჩახლართული ამბავია, რაც მხოლოდ დედა-შვილს შორის უნდა ამოიხსნას. მე იმიტომ არ ვეხები მათ ამბავს, რომ ლამის საფეთქლები დამიხეთქოს ტკივილებმა. ეტყობა, გულის ნაცვლად, სიყვარულის სათამაშო საფეთქლებში მომხვდა. განზრახ არც გმიუნდზე გწერ. ბევრი რამის თქმა კი შეიძლებოდა, მაგრამ გავურბივარ ამას: ვენაში პირველ დღეს, საღამოსვე, რომ გამოგმშვიდობებოდი, არც ეგ ივარგებდა. ვენაში შიშისაგან ნახევრად უგონოდ გადაღლილი ჩამოვედი, გმიუნდში კი, პირიქით, არც ვიცოდი, ასეთი სულელი თუ ვიყავი. ისე ჩამოვედი, გეგონება, ყველაფერი მე მეკუთვნოდაო. იქნებ შეცდომა ჩემშიცაა და სხვაშიც. სამის ნახევარზე მივიღე შენი წერილი, მხოლოდ ორი საათის წინ. ახლა შევწყვეტ კითხვას და წავალ სადილად, კარგი? ბოლო წინადადების თარგმანი ძალიან მომეწონა. იმ ამბავში ყოველი წინადადება, ყოველი სიტყვა, ყოველი - თუკი შეიძლება ამის თქმა - მუსიკალობა შიშთანაა დაკავშირებული. მაშინ, იმ უსასრულო ღამეს, პირველად ამოხეთქა ჭრილობამ. ეს ურთიერთკავშირი თარგმანში ჩემს გრძნობას კარგად ემთხვევა. ეს შენი ჯადოსნური ხელის ნამოქმედარია. შენც იცი, რა არის ასე მტანჯველი შენს წერილებში. დღეს შენსა და ჩემს წერილში იგრძნობა საერთო სუნთქვა, ერთად ყოფნა. ვიცი, ჩემს ადრინდელ წერილებზე პასუხს ელი. თუ მისამართს დროულად მივიღებ, მაშინ... შაბათი გუში6 ერთი უცნაური რამ შევნიშნე. ნაშუადღევს ისეთი გახარებული ვიყავი შენი წერილის გამო, საღამოს ისევ რომ წავიკითხე, ბოლო წერილებისაგან მისი განსხვავება გამიჭირდა. შეცდომა კი ისაა, რომ ბევრს ვფიქრობ საკუთარ თავზე, საკუთარ თავში ვარ ჩაკეტილი. შენში, რასაც შემიძლია, ჩავებღაუჭო, მთელი ძალით ვებღაუჭები, რომ სხვამ არ წამართვას. ამას მირჩევნია, სადღაც უდაბნოში გავიქცე... ფურცლებს თავი დავანებე და ჩემს ოთახს მივაშურე. ჩემდა გასაოცრად, მაგიდაზე შენი წერილი დამხვდა. ხარბად, სიხარულით გადავავლე თვალი. შევნიშნე, მუქად, ხაზგასმით რაღაცას მწერდი. საფეთქლები მშვიდად მიფეთქავდა. იმწუთას (საკმაოდ ქარაფშუტა ვარ!) წარმოვიდგინე, მაშინ, ტყეში, როგორ გევედრებოდი. თუმცა ამ ყველაფერს შენს წერილთან და რეალურ მდგომარეობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. რატომღაც შენი წერილი მეტად ხალისიანი მომეჩვენა და დაუფიქრებლად მოგწერე. ორშაბათი ბოლოს გთხოვე, ყოველდღე ნუ მომწერ-მეთქი, რადგან შენი წერილების გულწრფელად მეშინოდა. როცა აღარ მოდიოდა, უფრო მშვიდად ვიყავი. მაგიდაზე შენი წერილის დანახვაზე მთელი ძალის მოკრება მჭირდება, რომ წავიკითხო. მაგრამ დღეს შენი წერილი რომ არ მიმეღო, უბედური ვიქნებოდი. გმადლობ. ხუთშაბათი ორშაბათს კვირის წერილები და კიდევ ერთი ბარათი მოვიდა. გთხოვ, მილენა, სწორად განსაჯე. ვზივარ აქ ჩაკეტილი, ასე შორს, ვითომდა მშვიდად და რაღა არ მომდის თავში: შიში, ათასნაირი არეული ფიქრი და თან ვწერ. წერისას მავიწყდება ყველაფერი… შემდეგ კი მოდის ორი ასეთი წერილი და ისევ ყველაფერს ვაცნობიერებ. ვერ გამიგია, თუ შენი ქმარი ასე ავად არის, თანაც ორი დაავადებით, თან ასე სერიოზულადაა საქმე, მაშინ სამსახურშიც ვერ წავა. ავადმყოფობის გამო ვერც გაათავისუფლებენ. ასეთ შემთხვევაში ცხოვრება ცოტა სხვანაირად უნდა მოიწყოს, იქნებ უფრო გააიოლოს კიდეც, სულ მცირე, გარეგნულად მაინც. ისე, ყველაფერი ნაღვლიანად გამოიყურება. ამქვეყნად ყველაზე საშინელება დანაშაულის შეგრძნებაა. ასე ვფიქრობ მე. არა, ეს საყვედური არაა. ცხადია, როცა ადამიანს უჭირს, ყველას საყვედურობს. ისიც გასაგებია, რომ საყვედური გულთან მიაქვს კაცს. მაგრამ განსაკუთრებით ვერ გამიგია, როგორ შეიძლება ამის წინასწარ გათვლა. რა თქმა უნდა, შენ დამნაშავე ხარ, მაგრამ შენი ქმარიც დამნაშავეა, როგორც თანაცხოვრებისას ხდება ხოლმე... დანაშაული უსასრულოდ გროვდება, ვიდრე ბოლოს ცოდვათა მღვრიე ნაკადად არ იქცევა. მაგრამ მე რაში მარგია დღეს სამარადისო ცოდვაში გარევა? გარეთ ისევ წვიმს, არ აპირებს გადაღებას, მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებს, რადგან ვზივარ ოთახში მყუდროდ და მრცხვენია, რომ მუშა, ჩემგან განსხვავებით, თავსხმასა და ავდარშიც მუშაობს... კვირა მილენა, რასაც აქ მწერ, ეს არ არის მთავარი. მთავარი ხომ ნდობაა? ასე იყო ბოლო წერილშიც, მერანში რომ გამომიგზავნე, რომელზეც ვეღარ გიპასუხე. რობინზონივით უნდა მოვიქცე: ერთი სახიფათო მგზავრობა, გემის დამსხვრევა, ათასი უბედურება და ალბათ ასე უნდა დაგკარგო. მაგრამ მე უფრო შესაბრალისი რობინზონი ვიქნებოდი, ვიდრე ის. იმას პარასკევაც ჰყავს, კუნძულიც აქვს, ბოლოს გემიც, მე კი აღარაფერი მექნება, რაზეც ვოცნებობდი, სახელიც კი, რადგან ისიც შენ მოგეცი. შენგან განსხვავებით გარკვეულწილად დამოუკიდებელი ვარ, თუმცა ამ დამოუკიდებლობასაც აქვს თავისი ზღვარი. მეტისმეტი არაფერია კარგი. ან ჩემი ხარ და ამაზე ბედნიერება არაფერია, ან ჩემგან მიდიხარ და გკარგავ. იქნებ არც ეს იყოს ცუდი. მაშინ აღარაფერი დამრჩება, აღარც ეჭვიანობა, აღარც - ტანჯვა, აღარც - ნაღველი, საერთოდ - არაფერი. ეს ხომ ტვირთივით აწევს ადამიანს, შიშს გვრის. მაგრამ ეს შიში შენ გამო კი არ არის, ეს ის შიშია, რომელზეც აშენება საერთოდ არ უნდა გაბედოს კაცმა. ამიტომაა ამდენი წინააღმდეგობა. რამდენი ღვთიურია შენს საყვარელ სახეში... სამი ღამეა უკვე გამოუცნობი მიზეზების გამო არ მძინავს. ხომ ჯანმრთელად ხარ? სწრაფი პასუხია, თუკი ამას პასუხი ჰქვია. ეს-ეს არის, დეპეშა მოვიდა. ისებმოულოდნელად, რომ შეშინების დროარ მქონდა. დღეს ეს ნამდვილად ძალიან მჭირდებოდა; საიდან მიხვდი ამას? ისევ თავდაჯერებულობა, რაც მუდამ მოდის შენგან, თანაც საჭიროებისამებრ. სამშაბათი ისევ და ისევ გაურკვევლობა. არა, ეს გაურკვევლობაზე უფრო მეტია, მილენა. თუკი ეს კარგად გესმის. მაგრამ რა არის აქ გასაგები? სრული გაუგებრობაა, თანაც უკვევმერამდენედ (მერანში ხომ გამეორდა ორჯერ თუ სამჯერაც). მე ხომ შენთვის არ მითხოვია რჩევა, ისევე როგორც -შენი ქმრისთვის. მე საკუთარ თავს ველაპარაკებოდი, ძილში საკუთარ თავს ვთხოვდი რჩევას, შე6 კი გამაღვიძე. სამშაბათი დღეს ორი წერილი მოვიდა და კიდევ ღია ბარათი. ჭოჭმანით გავხსენი. ან მიუხვედრელი ხარ, ან თავი მოგაქვს ასეთად, მაგრამ ყველაფერი პირველზე უფრო მიანიშნებს, ცოტა იქნებ მეორეზეც. გიმეორებ: შენ აშკარად მართალი ხარ. შენ - რაც შეუძლებელია - მსგავსი წინდაუხედაობა, თვითკმაყოფილება, გულგრილობა, სისულელე რომ გამოგეჩინა, როგორც მე ვ-სთან (მილენას მამასთან) ლაპარაკისას, გონებას დავკარგავდი და ეს მხოლოდ დეპეშის გამო არ მოხდებოდა. აქ ლაპარაკია, რომ კაფკა მილენას გამო მათ ოჯახურ საქმეში ჩაერია, თანაც მეტად მოხერხებულად და ტაქტიანად. ორჯერ წავიკითხე დეპეშა, ერთხელ გაკვრით, რამდენიმე დღის შემდეგ კი დავხიე. რთული აღსაწერია, რა დამემართა პირველ წაკითხვაზე, რამდენი რამ დამიგროვდა. აშკარად იგრძნობოდა შენგან დარტყმა. მგონი, დავიწყე თუ არა, მაშინვე ვიგრძენი ეს. არა, ამაზე დღეს დაწვრილებით ვერ მოგწერ არა იმიტომ, რომ მეტად დაღლილი ვარ, არამედ იმიტომ, რომ დამძიმებული ვარ. სიცარიელემ, რომელზეც ერთხელ უკვე მოგწერე, ისევ საიდანღაც დაჰქროლა. მე რომ დანაშაული მიმიძღვოდეს, ჩავთვლიდი, რომ ეს დარტყმა ახიც იყო. მაგრამ ამაში არც შენ მიგიძღვის ბრალი და არც - მე. იქნებ შეძლო გადალახო ყველა წინააღმდეგობა და შეურიგდე ვ-ს (მამას) წერილს, რომელიც ვენაში დაგხვდება. დეპეშა რომ მივიღე, მამაშენის ბინის საძებნელად წავედი. როგორც ეწერა schody (კიბეებით ჩასასვლელ სახლში), მეგონა პირველი სართული, თურმე მაღლა ყოფილა. ერთმა ახალგაზრდა, მხიარულმა მოსამსახურე გოგომ გამიღო კარი. ვ. არ იყო შინ. ამას ველოდი კიდეც, მაგრამ მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა, გამეგო, ადრე ხომ არ მოვიდოდა. სახლის წინ დაველოდე, ძალიან მომეწონა, როცა ვნახე: ჭკვიანი, საქმიანი, გულახდილი იყო. იმაზე ბევრი, რაც მოგწერე, მასთან არ მილაპარაკია (კიდეზე: მამაშენის გამო შეშფოთება ამაოა, შემიძლია გაგიბათილო შემდეგში.). იარმილა გუშინწინ ჩემთან იყო ბიუროში. შენგან კარგა ხანია არაფერი გაეგო, არც წყალდიდობების შესახებ იცოდა რამე. შენ საკითხავად შემომიარა. ცოტა ხნით დარჩა. შენი თხოვნის გადაცემა რომ მოეწერა, დამავიწყდა. ერთი-ორი წინადადებით მივწერე. წერილი არ გადამიკითხავს, კიდევ მოგწერ. *** ახლა დეპეშაც მოვიდა. მართლა, მართლა, აღარ მეძებ? არა, ეს არ უნდა გიხაროდეს, ეს შეუძლებელია. ეს რაღაც წამიერი დეპეშაა, როგორც ამის წინათ და სიმართლე არც აქაა და არც - იქ.ზოგჯერ, როცა ადამიანი ადრე იღვიძებს, სჯერა, რომ სიმართლე იქვე, საწოლთანაა... ვერ ვბედავ წერილების წაკითხვას. სვენებ-სვენებით თუ წავიკითხავ. ვერ ვიტან წერილის კითხვისას მოგვრილ ტკივილს. მილენა, თმაზე გეხები, ვცდილობ, გვერდზე გადაგიწიო. ასეთი ბოროტი ცხოველი ვარ, ბოროტი საკუთარი თავის და შენ მიმართ. იქნებ, რაც ჩემშია და რაც ასე მაცოფებს, ეს ბოროტება სულაც არაა? რაც მოგწერე, მართალია. როცა გწერ, მანამ ხომ ვერ ვიძინებ და ვერ ვიძინებ, ამის შემდეგ კი ძილზე ლაპარაკიც ზედმეტია. სულ მცირე, ალბათ საათი მძინავს. როცა არ გწერ, დაღლილი, ნაღვლიანი, დამძიმებული ვარ; როცა გწერ შიში და მოუსვენრობა მღრღნის. ეს ასეა, ჩვენ ერთმანეთს თანაგრძნობას, გაგებას ვთხოვთ - მე შენ, შენ მე. მაგრამ აქ ვაწყდებით სწორედ საშინელ წინააღმდეგობას. მაგრამ როგორ შეიძლება? მეკითხები, რა მინდა? რას ვაკეთებ? ეს დაახლოებით ასეა: მე ტყის ნადირი, მაშინ ტყეში რომ ვიყავი, სადღაც ჭუჭყიან ორმოში ვიწექი, (ჭუჭყიანი ის ორმო მხოლოდ ჩემი იქ ყოფნის გამო იყო, მართლა!. შენ რომ დაგინახე ბუნებაში, საოცრება იყო. ამ საოცრებამ დამავიწყა საკუთარი თავიც და საერთოდ ყველაფერი. ავდექი, შიშით მივუახლოვდი, რა თქმა უნდა. ამ ახალ, მაგრამ მშობლიურ თავისუფლებას სულ უფრო ვუახლოვდებოდი. შენ ისეთი კარგი იყავი, ჩავიმუხლე შენ წინაშე, გეგონება, ამის ნება ვინმემ მომცა, სახე შენს ხელებში ჩავრგე. ისეთი ბედნიერი ვიყავი, ისეთი ამაყი, თავისუფალი, ძლიერი, თითქოს ჩემი მშობლიური კერა მეპოვოს. ისევ და ისევ ეს: კერა - მაგრამ მე ხომ მაინც ცხოველი ვიყავი, ტყეს ვეკუთვნოდი, აქ, ამ ღია ცის ქვეშ ვცხოვრობდი. ჩემი ბედისწერა მხოლოდ შენი წყალობით შენს თვალებში ამოვიკითხე. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. შენ ხელი გადამისვი თავზე. გინდოდა, ეს ტყიდან, ნამდვილი სამშობლოდან გამოსული უცნაური რამ შეგეცნო. თანდათან გაჩნდა გარდაუვალი ფიქრები და შეკითხვები შიშზე. მე შენთვის მუდამ ჭუჭყი, ხელის შემშლელი დაბრკოლება ვიყავი. მაქსთან გაუგებრობამ შემძრა. ეს გმიუნდშიც აშკარა გახდა. შემდეგ გაჩნდა იარმილას გაგების უნარი თუ გაუგებრობები, ბოლოს სულელური უხეში სულერთიობა ვ-სთან და კიდევ უამრავი წვრილმანი. ამ ყველაფერმა გამახსენა, ვინ ვარ მე, შენს თვალებში იმედგაცრუებას აღარ ვკითხულობდი, სიზმარსა და შიშში აღმოვჩნდი (არ შეიძლება, იქ, სადაც შენი ადგილი არ არის საკუთარ კერად მიიჩნიო..). ეს შიში რეალობად მექცა. მე ისევ ბნელეთში უნდა დავბრუნებულიყავი. მზეს ვეღარ ვიტანდი, დაეჭვებული, გააფთრებული, გაცოფებული ცხოველივით ვიყავი, რომელიც ცდილობს გაიქცეს რაღაცას. ისევ და ისევ ეს ფიქრი არ მასვენებს: მისი თან წაყვანაც რომ შემეძლოს... ნეტავ სადაც ის არის, როდისმე ბნელდება. შენ მეკითხები, როგორ ვარ. აი, ასე ვარ.

***

ძნელია ყოველ წამს მარტოსული არასრულფასოვნების ატანა… იქნებ ამ მიზეზის გამო კაცმა თვალებიც უნდა ამოითხაროს და გულიც ამოიგლიჯოს? ვიცი, ეს გადაჭარბებულია. ყველაფერი ტყუილია, გარდა სწრაფვისა. ან იქნებ, არც ესაა მართალი? ეს დამაბნევლად ჟღერს, მაგრამ ასეა. იქნებ ეს არცაა სიყვარული, როცა ვამბობ, რომ შე6 ხარ ჩემი სიყვარული. შენ ხომ დანა ხარ ჩემთვის, რომლითაც ვიჯიჯგნები. (მეუბნები: შენ არ გაქვს ძალა სიყვარულისა), განა მთავარი განმასხვავებელი ცხოველსა და ადამიანს შორის სიყვარულის უნარი არ არის.

***

შენ შეგიძლია, მილენა, ზუსტად ვერ გაიგო, რაზეა აქ ლაპარაკი, უფრო სწორად, რაზეც უკვე ვილაპარაკე ნაწილობრივ. მგონი, თავადაც არ მესმის. ვკანკალებ ამის ამოხეთქვისას, სიგიჟემდე ვიტანჯები, მაგრამ რა არის ეს? ან რა იქნება შემდეგში? არ ვიცი. ერთადერთი რამ მსურს, თანაც რაც შეიძლება მალე: სიმშვიდე, სიბნელე, საკუთარ თავში ჩაკეტვა, რომელსაც კარგად ვცნობ და მას უნდა მივყვე. სხვანაირად არ შემიძლია. ეს ამოხეთქვა იყო და ჩაიარა. ნაწილობრივ ჩაიარა, მაგრამ საკმაო ძალები ჯერ კიდევ ვერ მოვიკრიფე. ჰო, ჩემი ცხოვრება ამქვეყნად, ამ მიწისქვეშა მუქარის ქვეშ დასრულდა. მეც დავსრულდი. ამით ჩემი თანამონაწილეობა ცხოვრებასთან შეწყდა. დავთმობ ცხოვრებას ასე, იოლად და თავისთავად, დავხუჭავ თვალებს.თუმცა ამქვეყნად რომ არ ვყოფილიყავი, ხომ ვერ შევხვდებოდით ერთმანეთს, თუნდაც ცოტა ხნით მაინც? რა თქმა უნდა, ასე ვერ იტყვის კაცი: ჰო, უკვე ჩაიარა და თითქოს არც არაფერი იყო ამ ერთად ყოფნაში მშვიდი, ბედნიერი. ადამიანს უფლება არ აქვს, თქვას ეს, მაგრამ ასე თუ ისე სიმართლეა. მადლიერება ნამდვილადაა გარკვეულწილად ბედნიერება, მაგრამ სიმშვიდე - არასოდეს, რადგან მუდამ შიშში ვიყავი და ვიქნები. შენ, ნიშნობას და რაღაც ამის მსგავსს ახსენებ. რა თქმა უნდა,ეს ძალიან იოლი იყო. ტკივილი კი - მეტად მწარე. არ გგონია, რომ ადამიანს ყველა ცოდვისა თუ გარყვნილებისათვის ერთად მიეზღო, სასჯელად სახრახნისში გააყოფინეს თავი, მარჯვნიდან და მარცხნიდან კი მოუჭირეს. ამ დროს რა დარჩენია კაცს? ერთ-ერთი გზა უნდა აირჩიოს და თქვას: ჰო, მე ისევ განვაგრძობ გარყვნილ ცხოვრებას, ან არა, მე შევეშვები. და რა თქმა უნდა, ბოლოს მთელი ხმით იღრიალებს: არა-ს. მართალი ხარ, როცა ჩემს ახლანდელ საქციელს ისევ ძველს ადარებ. ასეცაა, თუმცა ცოტა სხვანაირად. მე უკვე მივიღე გამოცდილება: ღრიალს მანამ ვიწყებ, ვიდრე სახრახნისს მომიჭერენ და გამოტყდომას მაიძულებენ. ჰო, როგორც კი მომიახლოვებენ ხელსაწყოს, მაშინვე ვიწყებ ღრიალს. არის კიდევ რაღაც: შენ კაცმა შეიძლება გითხრას სიმართლე (სხვას ნაკლებად) და ამავე დროს, საკუთარ თავზეც შეიტყოს სიმართლე. მილენა, რატომ მახსენებ იმ სიტყვებს, როგორ გევედრებოდი, ნუ დამტოვებ-მეთქი. მე მაშინაც ასეთი ვიყავი და დღესაც: შენი მზერით ვცხოვრობდი (ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე შენ გაღმერთებდი. ყველა ასეთი მზერა თავისთავად ღვთიურია) მე ფეხქვეშ ნიადაგს ვერ შევიგრძნობ. მუდამ შიშის ქვეშ მყოფმა ისიც კი არ ვიცი, ნიადაგზე როგორ დავდივარ. ორივემ ვიცით, ეს არაა კარგი. ზოგჯერ ერთი სიტყვაც კმარა, ისე მოსწყდე ნიადაგს, რომ ვეღარაფერმა შეგაკავოს, დაეცე, გრძნობებიც კი გაგინელდეს. შეგნებულად არც ერთ მაგალითს არ ვასახელებ. ეს მაგიჟებს, ეს არაა სწორი.

***

მილენა, გთხოვ, მოძებნე სხვა შესაძლებლობა, როგორ მოგწერო. ცრუ ბარათების მოწერა ეს უაზრობაა. ან რა წიგნები გინდა გამოგიგზავნო, უკვე აღარ ვიცი. იმის წარმოდგენა, რომ ფოსტაში ამაოდ მიხვალ, აუტანელია ჩემთვის. გთხოვ, გამოძებნე რამე შესაძლებლობა, რომ მოგწერო. ორშაბათი საღამო მოკლედ, მიდიხარ ფოსტაში ოთხშაბათს და იქ წერილი არაა, თუმცა არა, ერთი მაინცაა - შაბათის. ბიუროში ვერ შევძელი დაწერა. უნდა მემუშავა, მაგრამ მუშაობა არ შემეძლო. ჩვენზე ვფიქრობდი. ნაშუადღევს საწოლიდან წამოდგომა ვერ შევძელი. დაღლილი კიარ ვიყავი, მძიმედ ვგრძნობდი თავს. ისევ და ისევ ეს სიტყვა, ეს ერთადერთია, რომელიც შემეფერება. თუ გესმის, რა არის ეს სიმძიმე? ეს საჭედაკარგული გემის სიმძიმეა, რომელიც ტალღებს ეუბნება: წამიყვანე, ძალიან მიჭირს, შენთვის ხომ იოლია! მაგრამ მთლად ზუსტად ასე არაა, შედარების პოვნა და გამოხატვა მიძნელდება. ერთი სიტყვით იმიტომ ვერ დავწერე, რომ მეტად გაურკვეველი გრძნობა მქონდა. მნიშვნელოვანი რამ კი მინდოდა მეთქვა, თან ვიცოდი, არანაირი დრო არ მეყოფოდა, სათქმელისათვის თავი რომ მომეყარა. ამჟამინდელ დროზე ვერაფერს ვიტყვი, მომავალზე ხომ საერთოდ! ავადმყოფის საწოლიდან ახლა ავდექი, მაგრამ მაინც საწოლისაკენ მიჭირავს თვალი, მინდა, ისევ უკან დავბრუნდე. თუმცა ვიცი, რას ნიშნავს საწოლში წოლა. მილენა, იქნებ ადამიანებს სიყვარული სხვადასხვანაირად ესმით. ერთს უნდა რომ უყვარდეს და ეს აძლევს ძალას, მეორეს კი სურს, მასში იყვნენ შეყვარებული. განა ამას შეიძლება სიყვარული ვუწოდოთ? ორის არასრულყოფილება, როგორც მივხვდი შენი წერილიდან, ეს ჩემი ნათქვამი, ვერ გაიგე. ამით მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ: მე რომ ჩემს ჭუჭყში ვცხოვრობ, ეს ჩემი საქმეა. მაგრამ შენი შიგ ჩათრევა, ეს უკვე სხვაა. მე რომ შენკენ მოვილტვი, ეს არაა მთავარი. საშინელება ისაა, რომ ჩემს ჭუჭყს შენთან ურთიერთობაში უფრო მეტად ვაცნობიერებ. ჩემი გადარჩენა რთულია, უფრო სწორად შეუძლებელი. ეს მგვრის სწორედ შიშს და შიშისგან ჭირის ოფლს მასხამს. მილენა, ამით რამეში კი არ გადანაშაულებ, არა, ამაზე არაა აქ ლაპარაკი. შეცდომა დავუშვი და ვნანობ, ძალიან ვნანობ, ბოლო წერილში წარსულთან შედარება რომ გავაკეთე. მოდი, ეს ადგილი ორივემ ერთდროულად წავშალოთ.

***

მართლა არ ხარ ავად? მილენა, აქ, პრაღაში, მუდამ გაქვს ადგილი და ვერავი6 წაგართმევს, შეიძლება მხოლოდ უძილო ღამეები გეცილება და იბრძვის ამ ადგილის დასაკავებლად. რა ადგილია ეს? არ ვაზვიადებ, ისეთი დიდია, რომ სავსე მთვარესაც კი დააბნელებს. არ შეგეშინდება სიბნელის? სიბნელის სითბოს გარეშე. წარმოიდგინე, ოთხი სარია ჩარჭობილი, ორში, უფრო საშუალო სიმაღლის სარში ძელებია გარჭობილი, რომლებზეც დამნაშავეა ხელებით მიკრული. ძელებს თანდათან გასწევენ და კაცს შუაზე გახლეჩენ6. მეორე სარზე კი ამის ჩამდენია მიყუდებული და ისე იბღინძება, თითქოს რამე ორიგინალური ჩაედინოს. მინდა გკითხო, არ შეგეშინდება? ჰო,ის მე, ვისზეც შენ მწერ, არ არსებობს. არც უარსებია, არც გმიუნდში, არც ვენაში ახლა კი ჯობია, საერთოდ დაწყევლილ იქნეს. მინდა, ეს იცოდე, რადგან, თუ ერთად უნდა ვიყოთ ან კიდევ უნდა შევხვდეთ გმიუნდში, ვენაში, მინდა, შეხვედრისას არანაირი დანაშაულის შეგრძნება არ არსებობდეს, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა... რეალობა, მუქარა, ისევ ყველაფრის დამსხვრევა…

***

რომ ვიცოდე, ეს გამივლის, მაგრამ ვიცი, არ გაივლის. როგორც ბავშვობაში, როცა რამე ცუდს გავაკეთებდი, არა, ძალიან ცუდს კი არა, არამედ ცუდს ჩემი ბავშვური აზრით, ძალიან გაკვირვებული ვიყავი, რომ ყველაფერი ისევ თავისი გზით მიედინებოდა.უფროსებიც ისევ ისე უცვლელად მშვიდად, დინჯად მიყურებდნენ. ამ ყველაფერს კარგად რომ ჩავუკვირდი, მივხვდი: თურმე განსაკუთრებულ ცუდს არაფერს ვაკეთებდი და არც შემეძლო გამეკეთებინა. ეს მხოლოდ ბავშვური, გულუბრყვილო ფიქრები იყო. მაშინვე უნდა შემძლებოდა პირველი შიშის ჩახშობა. მოგვიანებით თანდათან შემეცვალა გარემომცველ სამყაროზე წარმოდგენა. უკვე მივხვდი, რომ ყველა ყველაფერს ამჩნევდა, საკუთარი აზრიც გააჩნდა. მათ სამყაროში ჩემნაირის ადგილი არ იყო. მათთვის შეუფერებელი ვიყავი. ჩემი გზა ამ სამყაროს გარეთ მიემართებოდა.

***

გუში6 დამესიზმრე. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი, მარტო ეს მახსოვს, რომ ჩვენ ერთიმეორეში გარდავისახეთ, შენ იყავი მე და პირიქით, მე - შენ. ბოლოს შენ ცეცხლში იწვოდი. უცბად გამახსენდა, რომ ცეცხლს ქსოვილით აქრობენ. ძველ კაბას დავავლე ხელი, მაგრამ ისევ გარდასახვა მოხდა და ცეცხლში შე6 კი არა, ახლა მე ვიწვოდი. ცეცხლშიც მე ვიწვოდი და კაბით ჩაქრობასაც მევე ვცდილობდი. მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ისევ ჩემეულმა შიშებმა შემიპყრო და საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ასე ცეცხლს ვერ ჩააქრობ-მეთქი. შემდეგ მეხანძრეები მოვიდნენ, ხანძარი ჩააქრეს და გადაგარჩინეს. ახლა ისევ შე6 იყავი, მაგრამ ძალიან სხვანაირი, უფრო მოჩვენებასავით, სულივით. თითქოს ცაში ვიღაცამ ცარცით შემოგხაზა. ასე სიბნელეში მოხაზული, უსიცოცხლო მომეჩვენე. სულაც არ გიხაროდა, რომ გადაგარჩინეს, გონმიხდილი ხელში მეჭირე. და უცბად ისევ გარდასახვა მოხდა. მოულოდნელად ვიღაც მოვიდა. ეს სტუმრობები რომ შეწყდებოდეს, ყველა ადამიანი მარადიულად ცოცხალი დარჩებოდა, არა ჭეშმარიტი უკვდავობის მნიშვნელობით, არამედ იმ წუთიერი ცხოვრების სიღრმით. მათი ისე მეშინია. სულ თვალებში ჩავცქერი, მინდა, სურვილი ამოვიკითხო, მადლიერებისაგან ფეხები დავუკოცნო, საპასუხო სტუმრობა რომ არ მოისურვოს. ვცხოვრობ ჩემთვის მარტო და უცბად მოდის სტუმარი, რაც სულიერად მკლავს. მათ რომ თავიანთი ძალებით ჩემი გაცოცხლება შეეძლოთ, მაგრამ ამდენი ძალა სად აქვთ?.. ორშაბათს მომიწევს მასთან მისვლა. უკვე თავი მიზუის. *** მილენა, რატომ იწერები ერთობლივ მომავალზე, რაც არასოდეს იქნება. იქნებ იმიტომ, რომ ამაზე ერთხელ ვენაში გაკვრით უკვე ვილაპარაკეთ? ასე მგონია, ვიღაცას ვეძებთ, რომელსაც კარგად ვიცნობთ, ძალიანბგვაკლია, ვუხმობთ, მაგრამ ბოლოს მისგან არანაირი პასუხი არ გვესმის. ან როგორ უნდა გავიგოთ, როცა ის იქ არც არის? დარწმუნებული ცოტა რამეში თუა კაცი. მათ შორის იმაშიც, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიქნებით ერთ ბინაში, სხეული სხეულთან, ერთ მაგიდასთან, ვერასოდეს - ერთ ქალაქშიც კი. ეს ისევე აშკარად ვიცი, როგორც ის, რომ ხვალ ადრე ვერ ავდგები და ვერ წავალ ბიუროში (თავს კი ვაიძულებ, რომ ავდგე, მაგრამ გადაბრუნებაც კი მიჭირს, რომ ჩემი ლეში ცოტათი წამოვწიო). ეს ადგომა სიტყვასიტყვით ისე არ გაიგო, ხვალ რომ ავდგები, ეს უფრო გარკვეულია, ვიდრე ერთად ცხოვრების შორეული შესაძლებლობა. სხვათა შორის, მილენა, არც შენ ფიქრობ სხვანაირად. საკუთარ თავს ამოწმებ თუ მე? რაც შეეხება ჭუჭყს, რატომ უნდა გავავრცელო ჩემი ერთადერთი საკუთრება (ყველა ადამიანს გააჩნია რაღაც თავისი, რა, ზუსტად არ ვიცი), იქნებ მოკრძალების გამო? გაშინებს სიკვდილზე ფიქრი? მე მხოლოდ ტკივილი მგვრის შიშს. ეს ცუდი ნიშანია. ჰო, როცა სიკვდილის სურვილი გაქვს, ტკივილის არა, ეს არაა კარგი. ადამიანი ბიბლიურ მტრედადაა მოვლენილი, სიმწვანეს თუ ვერ პოვებს, ისევ ბნელ ჭუჭყში იკარგება. ხედავ, მილენა, როგორ ვფიქრობ საკუთარ თავზე. ისევ და ისევ, უფრო სწორად, ჩვენზე, ჩემი გრძნობისა და ნების შესაბამისად, ჩვენთვის საჭირო ნიადაგზე... ერთხელაც არ მითქვამს მადლობა, არც ჟურნალ კმენზე, არც ტრიბუნზე. ეს უკანასკნელი ძალიან კარგი იყო. ჩემს ეგზემპლარს გამოგიგზავნი. აქ მაგიდაზე მიდევს. თუ გინდა, რამდენიმე შენიშვნასაც წავაწერ. ისე ეს ადვილი არ იქნება. სიამოვნებით ვკითხულობ შენს თარგმანებს უცხო შრიფტით. ეს ტოლსტოის საუბრები იყო, რუსულიდან თარგმნილი? გრიპი გქონდა? საკუთარ თავთა6 სასაყვედურო ნამდვილად არ მაქვს, მხიარულად არც მე ვყოფილვარ (ზოგჯერ მგონია, ცნება მხიარულება ადამიანებმა მოწყენილობის საპირისპიროდ გამოიგონეს. დარწმუნებული ვიყავი, აღარ მომწერდი. არც გამკვირვებია. ჩემდა გასაოცრად, ამას არც დავუნაღვლიანებივარ... რა შემიძლია გითხრა, მილენა. ალბათ ადრე უნდა შევხვედროდით ერთმანეთს (მე ვწერ: გვენახა, შენ მწერ: ერთად გვეცხოვრა)! მგონი, ჩვენ ერთად ვერასოდეს ვიცხოვრებთ, ამას ვერ შევძლებთ. და როცა ვამბობ - ადრე-მეთქი, ეს იგივეა, რაც არასოდეს.

გაგრძლება →

ნახვა: 1877

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters