1917 წლის დეკემბრის ღამეებო! ლაზარეთის კვნესითა და განწირული გოდებით სავსე ღამეებო! რა აზრი აქვს თქვენს გახსენებას დღეს, იმ დროში, რომელიც ისევ ომისკენ ლტოლვითა და შეურიგებლობითაა აღსავსე! ხომ არ დაგვავიწყდა ყველაფერი, რაც ფერფლისა და უბედურებისაგან აღდგა. ისევ ხომ არ წაიშალა ის წლები, როდესაც მიწაში წვიმის წყალს სისხლი ჭარბობდა.

      ღამეებო, როდესაც ტანჯვა, სიკვდილი, ნოსტალგია და უიმედობა ყველას საერთო, შავბნელი თანმხლები იყო! ღამეებო, როდესაც სიტყვებს „მშვიდობა დედამიწაზე“ ბრალეულობის და საშინელი სევდის ელფერი დაჰკრავდა! თქვენი დავიწყება არაფრით არ შეიძლება. ამ არეულ-დარეულ დღეებში არ უნდა განელდეს თქვენი ფიქრი მუდმივ საფრთხეზე, არასოდეს!..

      წითელი გამომწვარი აგურით ნაშენი საავადმყოფო ღრმად იყო თოვლში ჩაფლული. ქარი ფანჯრებს აზანზარებდა, დერეფნებში ლამპის სუსტი შუქი ბჟუტავდა, გათბობის მილებში წყალი ჩხრიალებდა, ჩემ გვერდით პალატაში კი უკვე რამდენიმე კვირაა კვდებოდა უნტერ-ოფიცერი გერჰარტ ბროკმანი, რომელსაც ჭრილობიანი ზურგის ქვეშ ბალიშები ჰქონდა შეწყობილი.

      ომამდე სტეპის პატარა სოფელში მუშაობდა მასწავლებლად. სანამ ლაპარაკი შეეძლო, ხშირად გვიყვებოდა იმ პერიოდზე. მაშინ პალატაში ოთხნი ვიწექით და ბროკმანს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ რამდენიმე თვეში გამოჯანმრთელდებოდა და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვდნენ. სკოლაში აპირებდა დაბრუნებას, რომელიც სოფლის ძველი სასაფლაოს გვერდით, დაბალ შენობაში იყო განთავსებული, სადაც ფუტკრები ბზუოდნენ, პეპლები კი ორდენებივით ისხდნენ საფლავის ქვებზე. უნდოდა, დაჰბრუნებოდა არყების ხეივნებს, ზაფხულის ნათელ საღამოებს, მასწავლებლის ოთახს, სადაც პიანინო იდგა და წიგნებით სავსე თაროები ეწყო, დაჰბრუნებოდა ადრინდელ მშვიდობიან ცხოვრებას.

      - ბავშვები და კიდევ სიმღერის გაკვეთილები! - ამბობდა ის და იდაყვებზე დაყრდნობილი ზევით იწეოდა. პერანგის რუხი სახელოები გამხდარ მკლავებზე ეშვებოდა, - ეს საუკეთესო რამაა. ერთ სიმღერას ვსწავლობდით... სამ ხმაშიც კი ვიცოდით... გინდ დამიჯერეთ, გინდ არა. ჩვენს სკოლაში მხოლოდ ერთი კლასი იყო, მაგრამ ისე ვმღეროდით სამ ხმაში, როგორც პროფესიულ სიმღერის გუნდში. არ ვიცი, იცით თუ არა ეს სიმღერა „ღამით მესიზმრა...“. აუცილებლად უნდა მოვისმინო კიდევ ერთხელ.

      ძნელი იყო გაგეძლო მისი მოციმციმე თვალებისთვის, დაჟინებული მზერისთვის. როგორც ჩანს, ეს სიმღერა მისთვის ბევრს ნიშნავდა, რადგან ხშირად იხსენებდა მას. იქნებ, ოდესღაც იმ გოგოს უმღერია, რომელიც მას უყვარდა. მოგვიანებითაც, პეტერსონისა და ფიშერის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად იწყებდა ამ სიმღერაზე საუბარს. სწრაფად ვუპასუხებდი ხოლმე:

      - ჰო, გერჰარდ, ვიცი. ყოველი სტროფიც კი ზეპირად ვიცი.

      მაშინ ჩუმდებოდა და მედდის მოსვლას უცდიდა, რომ მისთვის მოეყოლა ამის შესახებ. ზოგჯერ ცდილობდა, თავისი ჩახლეჩილი, გაბზარული ხმით მედდისთვის მელოდია ემღერა. მაგრამ ეს თითქოს აღარ ჰგავდა ხმას, თითქოს ეს მისი ბოლო აზრები იყო, რომლებიც დაღლილი ბუზებივით ბზუილით დაფრინავენ ერთმანეთის მიყოლებით კანით დაფარულ მის თავის ქალაში. გერჰარდ ბროკმანი ოცდაათი წლის იყო, ტყვია ფილტვებში რომ ჩარჩა და ტუბერკულოზი განუვითარდა. ახლა ოთხმოცი წლისას ჰგავდა.

      1917 წლის დეკემბრის ღამეებო! ოქტომბერში, როდესაც ფოთოლცვენა დაიწყო, ჩვენი ამხანაგებიც გამოგვეცალნენ ხელიდან. პალატაში ოთხნი ვიყავით, ახლა კი მე და ბროკმანი დავრჩით. ფანჯრებს ათოვდა და ხმაური უხილავი საათის ხმას გვაგონებდა, კარი მუდმივად იღებოდა, სახლის გარშემო სიკვდილი დაძრწოდა, კუთხეებიდან ციებ-ცხელება მოძვრებოდა და ძილი არ გვეკარებოდა. ძლივს ჩამეძინებოდა ხოლმე და მძიმე სიზმრებით გატანჯულს, მოულოდნელად ისევ მაღვიძებდა ჩუმი, სუსტი ხმა ოთახის კუთხიდან. ბროკმანი ჩურჩულებდა, შიშისაგან ხმა უწყდებოდა:

      - სინათლე, სინათლე აანთეთ, თუ ღმერთი გწამთ!..

      შემდეგ ღამის ლამპის შუქი ბროკმანის თვალებში ირეკლებოდა - მის მუქ, იდუმალ თვალებში, რომლებსაც ნელა და ყურადღებით აცეცებდა აქეთ-იქით, თითქოს ვიღაცას ეძებსო. მას არ უნდოდა დაძინება. ფიქრობდა, რომ ასე არ მოკვდებოდა.

      რუხი და მოღუშული შობის დილა გათენდა. მედდებმა ლაზარეთის დიდ დარბაზში საშობაო საჩუქრები დაარიგეს, ნაძვის ხე ნათურებით, ბურთებითა და „წვიმებით“ იყო მორთული. თითოეულმა ჩვენგანმა საჩუქრად ვაშლები, ორცხობილა, სიგარეტი და ერთი წყვილი მაღალი წინდაც კი მიიღო. შუადღეს სტუმარი მეწვია, ჩემი მეგობარი ლუდვიგ ბრეიერი. ფლანდრიაში შეტევის დროს დავკარგეთ ერთმანეთი. შემდეგ გავიგე, დაიღუპაო. ახლა კი ჩემ წინ იდგა უვნებელი, ორკვირიანი შვებულება მიეღო და სახლისაკენ მიემგზავრებოდა. სიხარული მაინც ისეთი არ იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო, რადგან შობის წინადღეს უკვე ყველამ იცოდა, რომ ბროკმანი კვდებოდა.

      კანცელარიაში ამაოდ ცდილობდნენ მისი ნათესავების პოვნას და მათთვის დეპეშის გაგზავნას, რათა უკანასკნელ დღეებში მის გვერდით ვინმე მაინც ყოფილიყო. არაფერი გამოვიდა. მისი მშობლები გარდაცვლილი იყვნენ, დედმამიშვილი არ ჰყავდა, სხვა შეკითხვებზე კი ვერანაირი პასუხი ვერ მიიღეს. ბროკმანი მთელი დღე ხრიალებდა.

      ლუდვიგ ბრეიერი შებინდებამდე დარჩა ჩემთან, მაგრამ მეტხანს ვეღარ შეძლო. წასვლაც უნდოდა სახლში, დედამისთან.

      - არ გეწყინოს, - მითხრა მან, - არ ვარ ამას შეჩვეული. იერიშისას, კი ბატონო, ყველაფერი სწრაფად ხდება და ამას სხვა თვალით უყურებს კაცი. აქ კი ეს ყველაფერი უფრო მეტად მოქმედებს ნერვებზე, ვიდრე მთელი პოლკი რომ აღმოჩენილიყო ტყვიამფრქვევის ცეცხლის ქვეშ.

      თავი დავუქნიე და მანამ ვუყურებდი ფანჯრიდან, ვიდრე თვალს მიეფარებოდა. შემდეგ შუქი ავანთე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შემოვლისას მედდა იჩხუბებდა. სინათლე უნდა დაგვეზოგა და ჯერ საკმაოდ ადრე იყო. შემეძლო, საღ ფეხზე ხტუნვით გავსულიყავი სხვა პალატაში, სადაც მსუბუქად დაჭრილები იწვნენ, მაგრამ ბროკმანის მარტო დატოვება არ მინდოდა. მეორე მხრივ, სიბნელეშიც არ მინდოდა მასთან ერთად მარტო ყოფნა. ისედაც სულ იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, რომლებიც აქ გარდაიცვალნენ. ამიტომ ჩაცმული წამოვწექი ჩემს საწოლზე. ვფიქრობდი, რომ მწოლიარე უფრო ადვილად ავიტანდი ხრიალის მოსმენას. როცა ვიწექით, თითქოს ერთნაირები ვიყავით.

      ამ დღეს მედდა ჩვეულებრივზე უფრო ადრე შემოვიდა პალატაში. მინდოდა სწრაფად მივწვდომოდი ლამპას, მაგრამ მას საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება სინათლისთვის. ბროკმანის საწოლისკენ გაემართა და მისკენ დაიხარა. ერთი ხანობა უსმენდა, მერე კი მხრები აიჩეჩა. ახლა კარში საოპერაციოს მედდის ფერმკრთალი, ვიწრო სახე გამოჩნდა.

      ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. შეუძლებლად მიმაჩნდა, რომ ახლა გერჰარდისთვის ოპერაციის გაკეთებას აპირებდნენ! სწრაფად წამოვიმართე. საოპერაციოს მედდამ გამიღიმა. ეს საეჭვოდ მომეჩვენა, როდესაც ის იღიმოდა, ამას რაღაც სახიფათო მოჰყვებოდა ხოლმე. იქნებ მე მგულისხმობდა და მეც კიდევ ერთხელ უნდა დავეწვინე „ყასბის“ მაგიდაზე.

      მაგრამ ისიც ბროკმანისკენ გაემართა. შემდეგ შემოტრიალდა და თქვა: - შეიძლება მოსინჯვა.

      გაოცებული ავდექი. ნახევრად ბნელ დერეფანში ღია კარის წინ ბავშვების გუნდი იდგა. მათ გოგონა ახლდა.

      - მასწავლებელია, - ჩამჩურჩულა მედდამ, - ერთი კვირაა, გვერდითა პალატაში, ქალების განყოფილებაში წევს. მას ბროკმანის შესახებ მოვუყევით. დღეს კი მთელი თავისი კლასი აქ დაიბარა, რათა ბროკმანისთვის შობაზე სიამოვნება მიენიჭებინა. იმედია, გაიგებს.
- რაა? - ვიკითხე მე. რაღაც წინათგრძნობამ სუნთქვა შემიკრა.

      და აი, წკრიალა ხმებით დაიწყეს სიმღერა: "ღამე მესიზმრა - ისეთი ცუდი სიზმარი..."

      თითქოს რაღაცა დამეცა და წამაქცია. ხედავ? ამაზე უფიქრიათ! ნახევრად განათებულ ოთახში, რომელშიც უკვე სიკვდილის მოტკბო სუნი ტრიალებდა, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს დავიწყებული სამშობლო კიდევ ერთხელ გამოგვეცხადა, რომ მოგვსალმებოდა. რაღაც მახრჩობდა. მაგრამ შემდეგ თავი ხელში ავიყვანე და ბროკმანს გადავხედე. მაინტერესებდა, ესმოდა თუ არა სიმღერა.

      პირველი სტროფის დროს გაუნძრევლად იწვა. მედდამ ბავშვებს ხელი დაუქნია, ისინი ახლოს მოვიდნენ და კარის ქვეშ დადგნენ. მათ მეორე სტროფის სიმღერა დაიწყეს.

      ბროკმანის ხელები წრიული მოძრაობებით თაგვებივით დასრიალებდნენ საბანზე. შემდეგ კი ხელები გაშალა და გააჩერა, თითქოს ბედისწერას ურიგდებაო. უკვე ვფიქრობდი, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ ბროკმანმა თვალები გაახილა, რომლებიც ახლა ნაზი, დიდი და საოცრად მეტყველი იყო. სახე ვულკანის კრატერივით გაშეშებული, გატანჯული და რუხი ჰქონდა, მაგრამ თვალები იმ გოგონაზე უფრო ლამაზი გახდომოდა, რომელიც ბავშვებთან ერთად მღეროდა. თვალებში უკვე იმ სიმშვიდეს დაესადგურებინა, რომელიც ჯერ სახეზე არ იყო გავრცელებული.

      სიმღერა დამთავრდა. ბროკმანი არ იძვროდა. გასუსული იწვა. მასწავლებელმა ბავშვებს თავი დაუქნია და მათ თავიდან დაიწყეს სიმღერა. გერჰარდმა თავი მოატრიალა, თითქოს ისმენსო, სახეზე რაღაც გაუბედავმა, სუსტმა ღიმილმა გადაურბინა. ტუჩები აამოძრავა. მისკენ დავიხარე. თავიდან კარგად ვერ ვიგებდი, რას ამბობდა, ამიტომ ბალიში ცოტა ზემოთ ავუწიე. „სამ ხმაში, - ჩურჩულებდა ის, - სამ ხმაში...“

      შემდეგ გაჩუმდა და გოგონას შეხედა. ის ძალიან ახალგაზრდა იყო და ვერ ვიჯერებდი, რომ უკვე მასწავლებელი იყო. მე თვითონაც ჯერ ცხრამეტი წლის ვიყავი, მაგრამ მასთან შედარებით უკვე მოხუცად გამოვიყურებოდი. ის ჯერ ბავშვი იყო და ნამდვილად არ იცოდა, რა ხდებოდა აქ. ალბათ, უნდოდა, ავადმყოფი ადამიანისათვის სიკეთე გაეკეთებინა, მაგრამ ნამდვილად არ ფიქრობდა იმაზე, რომ აქ სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი კიდევ ერთხელ ხედავდა თავის ახალგაზრდობას.

      საღამოს ცხრა საათზე გერჰარდი აფორიაქდა. ათის ნახევარზე უკვე თვალში საცემი იყო, რომ მისი სხეული უკანასკნელ რეზერვებს იკრებდა. ათ საათზე ორთქლმავალივით მუშაობდა. სახეზე ოფლი გადასდიოდა, კანკალებდა და იხუთებოდა, ფილტვები ხიხინებდნენ, დაფჩენილი პირით ჰაერის ჩასუნთქვას ლამობდა. ნელა იხრჩობოდა, მაგრამ გონებაზე იყო.

      - დაო, გაუკეთეთ რა იმდენი მორფი, რომ მაშინვე დამშვიდდეს, - ვთხოვე მე.

      თავი გადააქნია.

      - ეს რწმენის წინააღმდეგაა, - მიპასუხა მან.

      - მაშინ მე მომეცით, - ვუპასუხე, - გამოიჩინეთ გულმოწყალება. აქ დადეთ და აქედან რომ გახვალთ, დაივიწყეთ.

      მედდამ შემომხედა.

      - სიკვდილი მხოლოდ ღმერთის ხელშია, - მიპასუხა მან და ჩუმად დაამატა: - ასე რომ არ იყოს, მაშინ აქ ყოფნა ხომ გაუსაძლისი იქნებოდა.

      თერთმეტის ნახევარზე ისე გაუარესდა გერჰარდის მდგომარეობა, რომ ამის ყურება აღარ შემეძლო. რაღაც უნდა გამეკეთებინა და უცებ იდეა მომივიდა.

      აღარ მახსოვს, როგორ გამოვედი გარეთ. ისიც არ მახსოვს, როგორ გავიგე, რომელ პალატაში იწვა გოგონა. საბედნიეროდ, დერეფანში ვერავინ დამინახა. ისიც აღარ ვიცი, რა ვუთხარი გოგონას, მაგრამ, როგორც ჩანს, ის მიმიხვდა, რადგან ზედმეტი კითხვების გარეშე გამომყვა.

      გოგონა ბროკმანის საწოლთან ჩამოჯდა და მისი ნესტიანი ხელები აიღო. დავინახე, როგორ გააჟრჟოლა შეძრწუნებისგან, მაგრამ არ შეიმჩნია. გოგონა ახლა ნამდვილად მის პალატაში იყო და მოხდა ის, რისიც ახლა თითქმის აღარ მჯეროდა: გერჰარდი დამშვიდდა. კი აგრძელებდა ხროტინს, მაგრამ ისე აღარ იტანჯებოდა.

      მორიგე მედდა თორმეტ საათზე მოვიდა. ეს მსუქანი მედდა ერთადერთი იყო, რომელსაც ვერავინ იტანდა. გოგონას დანახვისას შეკრთა. შევეცადე, ყველაფერი ამეხსნა მისთვის, მაგრამ ის მხოლოდ თავს აქნევდა უარის ნიშნად. ჰოსპიტალი კათოლიკური იყო და მსგავს რაღაცებს ძალიან მკაცრად უყურებდნენ. მედდა ყოველდღე ხედავდა ვიღაცის სიკვდილს. მისთვის უფრო უჩვეულო ის იყო, რომ ღამით ჩვენთან გოგონა იყო.

      - ქალიშვილო, აქ ვერ დარჩებით! - თქვა მან და შემომხედა.

      - მაგრამ... - ვუპასუხე მე და საწოლისკენ მივუთითე.

      მედდამ ცალი თვალით გაიხედა იქით.

      - ახლა ხომ მშვიდადაა, - მოუთმენლად თქვა მან, - ქალიშვილი უნდა გავიდეს! ახლავე! ნათესავი ხომ არ არის.

      გოგონა გაწითლდა. ხელები გაითავისუფლა და წამოდგომას შეეცადა. მაგრამ ბროკმანის ტუჩებს ხორხისმიერი ბგერა მოსწყდა, სახე აუტანელი შიშით დაემანჭა. მომეჩვენა, თითქოს სახელი „ანა“ დაიძახა. - დარჩით! - ვთქვი გაცოფებულმა და გოგონასა და მედდას შორის ჩავდექი. ახლა ჩემთვის სულერთი იყო, რა მოხდებოდა.

      მედდა აღშფოთებისგან კანკალებდა. ის გოგონას მიუბრუნდა.

      - ქალიშვილო, დატოვეთ პალატა! მმე თვითონ დავრჩები პაციენტთან.

      - არ არის საჭირო, - უხეშად ვუთხარი მე, - თქვენზე საკმაოდ ბევრჯერ გაბრაზებულა.

      მედდა კარისკენ გაექანა.

      - ამის შესახებ განვაცხადებ! ახლავე ბატონ დირექტორთან წავალ!

      - ეშმაკსაც წაუღიხარ, ბებერო ჭოტო...- მივალანძღე მე.

      დაძაბული და აღელვებული ველოდი, რა მოხდებოდა. გადაწყვეტილი მქონდა, აღარავინ შემომეშვა. ახლა ეს ჩემი და გერჰარდის საქმე იყო და სხვას არავის ეხებოდა.

      მაგრამ აღარავინ მოსულა.

      გერჰარდი შობის მეორე დილას გარდაიცვალა. ის მშვიდად მოკვდა, თითქოს დაიძინაო. გოგონა გარდაცვალებამდე მის გვერდით დარჩა. ამის შემდეგ მდუმარედ გავიარეთ მკრთალად განათებული დერეფანი. ახლა, როდესაც ყველაფერი დასრულდა, მედდის ამბავი მძიმედ დამაწვა გულზე. ჰოსპიტალში ასეთ რაღაცებთან დაკავშირებით არ ხუმრობდნენ. ჩემთვის კი სულერთი იყო, მაგრამ სრულიად შესაძლებელი იყო, რომ გოგონა საავადმყოფოდან გაეშვათ.

      - იმედია, დიდი პრობლემები არ შეგექმნებათ, - შეწუხებულმა ვუთხარი მე.

      ხელი აიქნია, პირდაპირ იყურებოდა.

      - ეს ხომ არაფერია, იმასთან შედარებით...

      შევხედე. სრულიად სხვანაირად გამოიყურებოდა. საღამოს, თავის კლასთან ერთად რომ მღეროდა, ბავშვური სახე ჰქონდა. ახლა მას ისეთი ადამიანის სერიოზული გამომეტყველება მიეღო, რომელმაც ბევრი რამ იცის და ტანჯვაც უცხო არ არის მისთვის.

      უკან რომ ვბრუნდებოდი, სულ ამაზე ვფიქრობდი. უცნაური შეგრძნება მქონდა. გარეთ ცისკრის ლოცვის მაუწყებელი ზარების რეკვის ხმა გაისმა. მას შემდეგ, რაც ჯარისკაცი გავხდი, პირველად მქონდა მშვიდობის შეგრძნება. ვგრძნობდი, რომ რაღაც კარგი მოხდა, რომ ომისა და განადგურების გარდა, კიდევ რაღაც არსებობდა, და ეს რაღაც დაბრუნდებოდა. დამშვიდებული და მობილიზებული დავბრუნდი ჩემს პალატაში, რომელსაც დილის მონაცრისფრო-მოოქროსფრო შუქი ანათებდა.მ იქ, საწოლში, აღარ იწვა უბრალო ჯარისკაცი გერჰარდ ბროკმანი, იქ სამუდამო მეგობარი იწვა და მისი სიკვდილი უკვე აღარ მაძრწუნებდა - ეს ანდერძი და აღთქმა იყო. დამშვიდებული და დაცული დავწექი ისევ მის გვერდით.

      1917 წლის დეკემბრის ღამეებო! ტანჯვით აღსავსე და შემაძრწუნებელო ღამეებო! თქვენს განუზომელ ნაღველში იმედმა და ადამიანურობის სურვილმა გაიღვიძა! თქვენი დავიწყება არ შეიძლება. ამ არეულ-დარეულ დღეებში არ უნდა განელდეს თქვენი ფიქრი მუდმივ საფრთხეზე, არასოდეს!

ერიხ მარია რემარკი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რემარკი

ნახვა: 1427

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

დაძაბული ბიურო, მოლოტოველის სასამართლო და აქციების დასაწყისიც

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 8, 2024.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

აპრილის შხაპუნა და ცოტა მომაბეზრებელი წვიმების ფონზე, აქტიური პოლიტიკური დღის წესრიგი გვაქვს. პრინციპში ამის მოლოდინი ისედაც იყო და წინაპირობაც, რადგან დღეს „გამჭვირვალობა“ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავიდა განსახილველად, ხოლო პარლამენტის წინ აქციები გაჩაღდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6777 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 8…

გაგრძელება

Qwelly World

free counters