ჯეკ ლონდონი - მოთხრობები

თქმულება კიშზე

       დიდი ხნის წინათ ჩრდილოეთის ოკეანის სანაპიროზე ცხოვრობდა კიში, სოფლის თავკაცი. მრავალ წელს ერთგულად ემსახურებოდა იგი თავის ხალხს, სიკვდილის შემდეგ კი მის სახელს პატივით იხსენიებდნენ თანასოფლელები. კიში ისე დიდი ხნის წინათ ცხოვრობდა, რომ მხოლოდ მოხუცებს ახსოვდათ მისი სახელი. კიშის სახელი და თქმულება კიშზე მათ წინაპართაგან გაეგონათ. ამ ამბავს მოხუცები თავიანთ შვილებს უამბობდნენ, შვილები - თავიანთ შვილიშვილებს და თქმულება თაობიდან თაობაში გადადიოდა. ზამთრის ბნელ ღამეში, როცა ჩრდილოეთის მძვინვარე ქარი სქელ ყინულზე დანავარდობს და თოვლსახვეტავს, როცა ჰაერი მოფარფატე ფიფქებით ივსება და კაცი გარეთ გამოხედვას ვერ ბედავს, საამოა კიშის ამბის მოსმენა, ამბისა, თუ როგორ გახდა ყველაზე ღარიბულ იგლუდან გამოსული პატარა ბიჭი ყველა კაცზე ძლიერი და სახელმოხვეჭილი. კიში გონიერი ბიჭი იყო, - ასე იწყება ამბავი, - ჯანსაღი და ღონიერი, მას ცამეტჯერ ენახა მზე. -ასე თვლიან დროს ჩრდილოეთში, რადგან მზე ყოველ ზამთარს სტოვებს მათ მიწას და მომავალ წელს განახლებული უბრუნდება, ათბობს და სინათლეს ჰფენს არემარეს, რომ იქაურებმა ერთმანეთი დაინახონ. კიშის, მამა, ბოკი, გულადი ვაჟკაცი იყო. ხალხი რომ შიმშილისაგან გადაერჩინა, დიდ თეთრ დათვზე წავიდა სანადიროდ. გამწარებული იყო და დათვს პირდაპირ შეება. დათვმა ძვლები დაუმტვრია მას. სამაგიეროდ თეთრ დათვს ბევრი ხორცი ჰქონდა და ხალხი შიმშილს გადაურჩა. კიში ბოკის ერთადერთი შვილი იყო. მამის სიკვდილის შემდეგ კიში დედასთან ცხოვრობდა. ხალხი გულმავიწყია. მალე დაივიწყეს კიშის მამის თავგანწირვა; და თუმცა კიში პატარა იყო, დედამისი კი - უმწეო ქალი, სოფელმა მაინც მიატოვა ისინი და მას შემდეგ კიში და დედამისი მთელ სოფელში ყველაზე პატარა და ყველაზე ღარიბულ იგლუში ცხოვრობდნენ.

       ერთ ღამეს სოფლის თავკაცის კლოშ-კვენის დიდ იგლუში გამართულ თავყრილობაზე კიშმა გაახსენა თანასოფლელებს, როგორი სისხლი ედგა ძარღვებში და როგორ ერჩოდა გული. დიდი ადამიანის სიდარბაისლით წამოდგა და აჩურჩულებული ხალხის გაჩუმებას დაელოდა. მართალია, ხორცს მე და დედაჩემსაც გვინაწილებთ, - თქვა მან, - მაგრამ ხშირად ეს ხორცი ძველია და მაგარი. უფრო ხშირად კი ცარიელი ძვლები გვხვდება წილად. მონადირეები, ჭაღაროსანნი და მხცოვანი თუ სისხლსავსე ჭაბუკები, გაშტერდნენ. ამის მსგავსი არაფერი ენახათ. ბავშვი დიდი ადამიანივით ლაპარაკობდა და თანაც სიმართლეს მოურიდებლად ახლიდა პირში მათ. კიში კი წყნარად და დაბეჯითებით ამბობდა: - მე ვიცი, რომ მამაჩემი, ბოკი, დიდი მონადირე იყო და ამიტომ გელაპარაკებით. ყველას ახსოვს, რომ მამაჩემს ორ კარგ მონადირეზე მეტი ხორცი მოჰქონდა შინ და საკუთარი ხელით ანაწილებდა მას, თვალს ადევნებდა, რომ ყველა უძლურ დედაბერსა და ღრმად მოხუცებულ ბერიკაცს რგებოდა წილი.

- აბა! აბა! - დაიძახეს მოთათბირეებმა, - მოაშორეთ აქედან ეს ბიჭი! ძილის დროა და დაიძინოს! ჯერ მიწას არ ასცილებია და ხედავთ, როგორ შემოგვეთამამა ვაჟკაცებსა და თეთრწვერა მოხუცებს!? კიში დინჯად ელოდა ხალხის დაწყნარებას.

- შენ, აგ-გლაკ, გყავს ცოლი, - თქვა მან, - და მის მაგივრად ლაპარაკობ. შენ, მასაკ, ცოლიცა გყავს და დედაც, მათ მაგივრად უნდა ილაპარაკო. დედაჩემს კი ჩემს მეტი არავინა ჰყავს, ამიტომ მის მაგივრად მე ვლაპარაკობ. ჰოდა, მე ვამბობ, მამაჩემი, ბოკი, იმიტომ მოკვდა, რომ ფიცხი მონადირე იყო. სწორედ ამიტომ მე, მის შვილს, და დედაჩემს, მამაჩემის ცოლს, აიკიგას საყოფი ხორცი უნდა გვქონდეს, როცა სოფელს გასაყოფი ხორცი აქვს. აი, მე, კიშმა, მონადირე ბოკის ვაჟმა, ვთქვი ჩემი სათქმელი.

კიში დაჯდა და სმენად იქცა. მისმა სიტყვამ მეზობლები აღაშფოთა.

- როგორ ბედავს ბავშვი ჩვენს თავყრილობაზე ლაპარაკს! - ჩაიბურდღუნა მოხუცმა აგ-გლაკმა.

- ძუძუმწოვრებმა უნდა გვასწავლონ, როგორ მოვიქცეთ? - ხმამაღლა თქვა მასაკმა. - როგორ უნდა აგვიგდოს პატარა ბავშვმა, ხორცისთვის რომ ტირის! აღშფოთებამ იმატა. კიშს უბრძანეს, ახლა დასაძინებლად წადი, ამის შემდეგ კი შეიძლება სულაც არ მოგცეთ ხორცი და თავხედობისათვის ერთს მაგრადაც მიგტყეპავთო - დაემუქრნენ. კიშს თვალები წამოენთო და სისხლი მოაწვა. ჯერ ლანძღვა არ დაემთავრებინათ, რომ უეცრად წამოხტა.

- მისმინეთ, ხალხო! - დაიყვირა კიშმა, - მე არასოდეს ვილაპარაკებ თქვენს თავყრილობაზე, ვიდრე თქვენი კაცები არ მოვლენ ჩემთან და არ მეტყვიან: „კარგი იქნება, კიშ, თუ მოხვალ და ილაპარაკებ, კარგი იქნება, ეს ჩვენი სურვილიც არისო“. ეს ჩემი უკანასკნელი სიტყვაა. მამაჩემი, ბოკი, დიდი მონადირე იყო. მეც, მისი შვილი, სანადიროდ წავალ და ჩემს სამყოფ ხორცს ვიშოვი. ყველამ იცოდეს, რომ ჩემი ნანადირევი თანაბრად გაიყოფა - არც ერთი ქვრივი, არც ერთი დავრდომილი აღარ იტირებს ღამით, ხორცი არ მაქვსო, არც ღონიერი ვაჟკაცები დაიკლაკნებიან ტკივილით ზომაზე მეტი ჭამისაგან და მალე ღონიერ ვაჟკაცებს შერცხვებათ ამდენის ჭამა. მე, კიშმა, ვთქვი ჩემი სათქმელი!

       დამცინავი სიტყვები და გესლიანი სიცილი დაადევნეს იგლუდან გასულ კიშს. მას კი პირი მაგრად მოეკუმა და არც აქეთ იხედებოდა და არც იქით. მეორე დღეს კიში სანაპიროს გაჰყვა, სანაპიროს, სადაც გაყინული ოკეანე ხმელეთს ეკვრის. ხალხმა შეამჩნია, რომ კიშს მშვილდი და წაწვეტებული ძვლისპირიანი ისრების დიდი კონა აეკიდებინა, მხარზე კი მამამისის სანადირო შუბი გაედო. ბევრი იცინეს და ბევრი ილაპარაკეს სოფელში ამ ამბის გამო. კიშისხელა ბავშვები არასოდეს არ მიდიოდნენ სანადიროდ, მით უმეტეს მარტო. თანასოფლელები სინანულით აქნევდნენ თავს და ჩურჩულებდნენ. ქალები კი თანაუგრძნობდნენ აიკიგას. დედას სახე მწუხარებისაგან გაფითრებოდა.

- მალე დაბრუნდება, - ამხნევებდნენ მას.

- წავიდეს, იწვნიოს გაჭირვება, - ამბობდნენ მონადირეები, - დაბრუნდება და დაჭკვიანდება, ნაკლებს ილაყბებს.

გავიდა ერთი დღე, მეორე, მესამე. დიდი ქარიშხალი ამოვარდა, მაგრამ კიში არსად ჩანდა. აიკიგამ თმები ჩამოიგლიჯა და მწუხარების ნიშნად მურით მოითხუპნა სახე. ქალები კი მამაკაცებს უსაყვედურებდნენ, რატომ არ გაჰყევით უკან, სასიკვდილოდ რათ გაიმეტეთო. მამაკაცები ხმას არ იღებდნენ და ტუნდრაში წასასვლელად ემზადებოდნენ, რომ ბიჭის გვამი მოეძებნათ. მხოლოდ ქარიშხლის ჩადგომას უცდიდნენ. მეორე დილით კიში თავისი ფეხით შემოვიდა სოფელში. თავაწეული მოდიოდა. ზურგზე ახლად მოკლული ნადირის ხორცი მოეგდო. ნაბიჯში მედიდურობა ემჩნეოდა, ლაპარაკში - სიამაყე.

- მამაკაცებო, გამართეთ ძაღლის მარხილები და გზას გაუდექით, გაჰყევით ჩემს კვალს, - თქვა მან, - ერთი დღის სავალზე ყინულში ერთი ძუ დათვისა და ორი მოზრდილი ბელის ხორცია ჩაფლული. აიკიგა სიხარულით ცას ეწია. კიშმა კი დედის სიხარული ისე მიიღო, როგორც ნამდვილ ვაჟკაცს შეეფერება, და უთხრა: - გეყოფა, დამშვიდდი, აიკიგა, წამო, სუფრა გაშალე. მერე კი დავიძინებ, ძალიან დავიღალე. კიში იგლუში შევიდა, კარგად დანაყრდა და დაიძინა. ოცი საათი ეძინა გაუნძრევლად. პირველად ყველა ეჭვობდა. ეჭვობდნენ და ბჭობდნენ. თეთრი დათვის მოკვლა ძალიან საშიშია, მაგრამ სამჯერ უფრო საშიშია და კიდევ სამჯერად სამჯერ უფრო საშიში ბელებიანი ძუ დათვის მოკვლა. მამაკაცებს ვერ დაეჯერებინათ, რომ პატარა ბიჭმა - კიშმა მარტო მოახდინა ასეთი დიდი სასწაული. ქალები კიშის ზურგით მოტანილ ახლად მოკლული ნადირის ხორცზე ლაპარაკობდნენ. ხორცი უდავო საბუთი იყო იმისათვის, რომ მამაკაცებს ეჭვი გაქარწყლებოდათ. ჰოდა, გაუდგნენ გზას. თან ბუზღუნებდნენ, თუ დათვი მოკლულია, ხორცი მაინც არ იქნება წესიერად დაჭრილიო. ჩრდილოეთში აუცილებელია ხორცი ნადირის მოკვლისთანავე დაიჭრას. თუ მაშინვე არ დაიჭრა, ისე გაიყინება, ახლად გალესილ დანასაც დააბლაგვებს. ესეც არ იყოს, მეტისმეტად ჭირს სამასი გირვანქა გაყინული ხორცის მარხილზე დადება და უსწორმასწორო ყინულზე მისი გამოთრევა. როცა ადგილზე მივიდნენ, მონადირეებმა ნახეს, კიშს არათუ მოეკლა დათვი და მისი ბელები, გამოეშიგნა და, წესისამებრ, თითო დათვის ხორცი ოთხ-ოთხ ნაჭრად გაეყო. ასე დაიწყო კიშის საიდუმლოებით მოცული ცხოვრება, რომელიც დღითიდღე ბურუსში ეხვეოდა. შემდეგ ნადირობაზე მან მოზრდილი დათვი მოკლა, მომდევნო ნადირობის დროს დიდი ხვადი დათვი და მისი ძუ მოკლა. ჩვეულებრივ, სამი-ოთხი დღით მიდიოდა ხოლმე სანადიროდ, ხანდახან თითო კვირაობითაც რჩებოდა ყინულოვან ველზე. კიში ყოველთვის უარს ამბობდა ვინმეს წაყვანაზე, ხალხს კი უკვირდა. „როგორ ახერხებს ნეტავ, - ეკითხებოდნენ ერთმანეთს, - არც ერთხელ ძაღლი არ წაუყვანია, ძაღლი ხომ მონადირის მარჯვენა ხელია“.

- რატომ ნადირობ მხოლოდ დათვებზე? - გაბედა და ჰკითხა ერთხელ კლოშ-კვენმა.

კიშმა შესაფერისი პასუხი გასცა: - ყველამ იცის, რომ დათვს ბევრი ხორცი აქვს! -თქვა მან. მაგრამ სოფელში ჯადოსნობაზეც ლაპარაკობდნენ, - ნადირობაში ავი სულები ეხმარებიანო. ყოველთვის ნანადირევით ბრუნდება, როგორ იქნება, რომ ავი სულები არა სწყალობდნენო?

- იქნებ კეთილი სულები სწყალობენ, - ამბობდნენ სხვანი, - მამა კარგი მონადირე ჰყავდა. იქნებ მამის სული დაჰყვება თან და ასწავლის მოთმინებას, სიმარჯვესა და ნადირობის ხელოვნებას, ვინ იცის? კიში კი ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა შინ. მონადირეებს მისი ნანადირევი მოჰქონდათ და კიში სამართლიანად ჰყოფდა მას. მამასავით, კიშიც თვალს ადევნებდა, რომ უძლურ დედაბრებსა და ღრმად მოხუცებულ ბერიკაცებსაც რგებოდათ წილი. თავისთვის კი იმდენს იტოვებდა, რამდენიც აუცილებელი იყო. ამის გამო და იმიტომაც, რომ იგი გონიერი მონადირე იყო, სოფლელები პატივისცემითა და მოკრძალებითაც კი ეპყრობოდნენ. ხმები დადიოდა, კიშს სოფლის თავკაცად აირჩევენ მოხუცი კლოშ-კვენის შემდეგო. კეთილ საქმეთა გამო კიშს ყოველთვის ელოდნენ თავყრილობაზე, მაგრამ ის არ მიდიოდა, მათ კი ერიდებოდათ რომ ეთხოვათ.

- გადავწყვიტე, იგლუ დავიდგა, - უთხრა მან ერთ დღეს კლოშ-კვენსა და რამდენიმე მონადირეს, - დიდი იგლუ, სადაც აიკიგა და მე ხალვათად ვიცხოვრებთ.

- კეთილი, - მყისვე დაეთანხმნენ ისინი.

- მაგრამ არა მცალია, ჩემი საქმე ნადირობაა. ნადირობა ბევრ დროს მართმევს. ამიტომ იგლუ ჩვენმა სოფლელებმა უნდა ამიშენონ, ისინი ჩემს მოტანილ ხორცსა ჭამენ. როგორიც სურდა, ისეთი იგლუ აუშენეს კიშს. კლოშ-კვენის იგლუზე დიდი იგლუ დაუდგეს. კიში და დედამისი დაბინავდნენ შიგ. ქმრის სიკვდილის შემდეგ აიკიგამ პირველად გაიხარა კეთილი ცხოვრებით, რომელიც შვილმა შეუქმნა. აიკიგა პირველი ქალი გახდა მთელ სოფელში. სოფლის ქალები ხშირად მიდიოდნენ მასთან, რჩევა-დარიგებას სთხოვდნენ და როცა მათ შორის ან მამაკაცებს შორის დავა ატყდებოდა, აიკიგას სიბრძნეს მიანდობდნენ სამართალს.

       ყველაზე მეტად მაინც კიშის საოცარი ნადირობა აცვიფრებდა ხალხს, სულ იმაზე ფიქრობდნენ, და ერთ დღეს აგ-გლაკმა კიშს პირდაპირ დასდო ბრალი, ჯადოსანი ხარო.

- ყველა დარწმუნებულია, - უთხრა აგ-გლაკმა ბოროტად, - რომ ავ სულებთან გაქვს კავშირი და ისინი გეხმარებიან ნადირობაში.

- ხორცი არ არის კარგი? - უპასუხა კიშმა, - განა ავად გახდა ვინმე ჩემი მოტანილი ხორცით? საიდან იცი, რომ ჯადოსნობა მშველის, თუ ეს მხოლოდ შენი ვარაუდია? შენ შური გღრღნის და გაწვალებს!

აგ-გლაკი დარცხვენილი გაბრუნდა, ქალებმა კი სიცილი დააყარეს. და მაინც ერთ ღამეს, თავყრილობაზე ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ, გადაწყვიტეს, როცა კიში სანადიროდ წავიდოდა, მზირები დაედევნებინათ და გაეგოთ, როგორ ნადირობდა. ორი ახალგაზრდა, ყოჩაღი მონადირე, ბიმი და ბოუნი, ფრთხილად აედევნენ უკან სანადიროდ მიმავალ კიშს. ხუთი დღის შემდეგ დაბრუნდნენ განცვიფრებისაგან თვალებგადმოკარკლულები, ენა ებმოდათ, ისე ეჩქარებოდათ კიშის ამბის მოყოლა. საჩქაროდ მოიყარეს თავი მოთათბირეებმა კლოშ-კვენის იგლუში, და ბიმმა დაიწყო: - ძმებო, როგორც დაგვავალეთ, ჩვენ კიშის კვალს გავყევით, ისე მოხერხებულად მივიპარებოდით, რომ კიშმა ვერ შეგვამჩნია. ნახევარი დღის სავალზე კიშს დიდი ძუ დათვი შემოხვდა. ძალიან დიდი თეთრი დათვი...

- მართლა ძალიან დიდი დათვი იყო, - დაუდასტურა ბოუნმა და ახლა თვითონ განაგრძო, - დათვი წყნარად მოდიოდა, ადამიანი რომ დაინახა, მიბრუნდა და ბაჯბაჯით გაჰყვა ყინულოვან გზას. ჩვენ სანაპიროს კლდეს მოვეფარეთ და იქიდან ვუთვალთვალებდით ყველაფერს, დათვი პირდაპირ ჩვენკენ წამოვიდა, უკან კი კიში მოჰყვებოდა და არაფრისა ეშინოდა, ხმამაღლა მოსძახოდა დათვს, ხელებს იქნევდა და ყვიროდა. მაშინ კი გაბრაზდა დათვი, უკანა თათებზე შედგა და დაიღრიალა, მაგრამ კიში მაინც მოიწევდა მისკენ.

- ასე იყო, - ჩამოართვა სიტყვა ბიმმა, - კიში პირდაპირ დათვისკენ გამოემართა. დათვმა უეცრად ისკუპა, კიში გაიქცა, დათვი უკან დაედევნა. კიშმა მრგვალი რაღაც დააგდო ყინულზე. დათვი შეჩერდა, დაყნოსა და შეჭამა. კიში გარბოდა და თან ყინულზე პატარ-პატარა ბურთებს უყრიდა დათვს. დათვი კი ჭამა-ჭამით მიჰყვებოდა კიშის კვალს.

მოთათბირენი ახმაურდნენ: არავის სჯეროდა მონაყოლი. აგ-გლაკმა კი აშკარად გამოთქვა ეჭვი.

- საკუთარი თვალით ვნახე, - თქვა ბიმმა.

       ბოუნმა კი დასძინა: - დიახ, დიახ, საკუთარი თვალით. ასე გაგრძელდა ერთ ხანს. მერე უეცრად დათვი ყალყზე შედგა, ტკივილისგან ხმამაღლა დაიღრიალა და გაგიჟებული ტორების ქნევას მოჰყვა. კიში კარგა დაშორდა დათვს. მაგრამ დათვი ყურადღებას აღარ აქცევდა; მუცელი სტკიოდა. ეტყობა, ის პატარა ბუთები შიგნეულობას უღრღნიდა.

- ჰო, ეტყობა, შიგნეულობა ეწვოდა, - ჩაერია ბიმი, - დათვი ცხვირ-პირში იცემდა ტორებს და ათამაშებული ლეკვივით ხტოდა. მაგრამ ისე ღმუოდა და კვნესოდა, რომ თამაში არ იყო. ტკივილისაგან იკლაკნებოდა. ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს ასეთი რამ.

- არა, არც მე შევსწრებივარ ასეთ რამეს, - ჩამოართვა სიტყვა ბოუნმა, - დათვი ისეთი დიდი იყო!

- ჯადოსნობაა! - ირწმუნებოდა აგ-გლაკი.

- არაფერი არ ვიცი, - უპასუხა ბოუნმა, - მე მხოლოდ იმას ვამბობ, რაც ჩემი თვალით ვნახე. ვეებერთელა დათვი იყო და ისე გაშმაგებული აწყდებოდა აქეთ-იქით, რომ მალე დაიღალა და დასუსტდა. მერე ნელ-ნელა გაუყვა ყინულოვან სანაპიროს, თავს უმწეოდ აქნევდა, ხან აქეთ, ხან იქით; მალიმალ დაყუნტდებოდა და ღმუილს და კვნესას მოჰყვებოდა. კიში დათვს მისდევდა, ჩვენ კიშს მივყვებოდით იმ დღეს და კიდევ სამ დღეს ვსდიეთ კიშს. დათვი გამუდმებით ღრიალებდა ტკივილისაგან. დაუძლურდა და დასუსტდა.

- ჯადო გაუკეთებია! - წამოიძახა აგ-გლაკმა, - ნამდვილად ჯადო გაუკეთებია!

- შეიძლება აგრეც იყოს!

ახლა ბიმმა ჩამოართვა სიტყვა ბოუნს: - დათვი გზააბნეული დაეხეტებოდა, ხან აქეთ მიაწყდებოდა, ხან იქით, ხან უკან დაბრუნდებოდა, ხან კი თავისსავე კვალს გადაუვლიდა. ბოლოს ისევ იმ ადგილას მივიდა, სადაც პირველად შეუტია კიშმა. ამასობაში დათვი დაძაბუნდა და ფორთხვის თავი აღარ ჰქონდა. მაშინ კიში მივიდა და შუბი ჩასცა.

- მერე რა მოხდა? - იკითხა კლოშ-კვენმა.

- მერე კიშმა დათვის გატყავება დაიწყო, ჩვენ კი სირბილით გამოვეშურეთ, რომ ამბავი მოგვეტანა თქვენთვის.

       შუადღისას ქალებმა მოიტანეს მოკლული დათვის ხორცი, მამაკაცები ჯერ კიდევ თათბირობდნენ. როცა კიში დაბრუნდა, შიკრიკი გაუგზავნეს და თავყრილობაზე მოდიო, სთხოვეს, მაგრამ კიშმა მოთათბირეებს შეუთვალა: მშიერი და დაღლილი ვარ, ჩემი ახალი იგლუ ისეთი დიდია, ყველას დაიტევსო. ისე დიდი იყო ცნობისმოყვარეობა, რომ მოთათბირენი წამოდგნენ და კიშის იგლუსაკენ გაემართნენ, წინ კლოშ-კვენი მიუძღოდათ. კიში იჯდა და ჭამდა, მაგრამ ხალხი რომ დაინახა, თავაზიანად წამოდგა, შეიპატიჟა და უფროს-უმცროსობით დასხა. კიში კი აუღელვებლად შეხვდა ყოველივეს. კლოშ-კვენმა გაიმეორა ბიმისა და ბოუნის მონაყოლი და ბოლოს მკაცრად დასძინა: - გაგვაგებინე, ო, კიშ, გვითხარი, როგორ ნადირობ? ჯადოს ხომ არ ხმარობ ნადირობისას?

კიშმა თავი ასწია და გაიღიმა.

- არა, ო, კლოშ-კვენ! ბავშვებს არაფერი გაეგებათ ჯადოსნობისა, და მეც არაფერი ვიცი. ჯადო კი არა, გონება მოვიშველიე.

- ყველას შეუძლია შენი ხერხის გამოყენება?

- ყველას.

დიდხანს სდუმდნენ, მერე ერთმანეთს გადახედეს. კიში ჭამდა.

- იქნებ... იქნებ გვითხრა, ო, კიშ? - ხმის კანკალით ჰკითხა ბოლოს კლოშ-კვენმა.

- გეტყვით, რატომაც არ გეტყვით! - კიშმა ბოლომდე გამოწოვა ძვალს ტვინი და წამოდგა, - უბრალო რამ არის. ყური მიგდეთ! მან ჯიბიდან ვეშაპის ულვაშის წვრილი ღერი ამოიღო და ხალხს უჩვენა. ულვაშს ნემსივით წაწვეტებული ბოლოები ჰქონდა. ულვაში ფრთხილად დაახვია. შემდეგ კი უეცრად გაუშვა ხელი. ულვაში იმწამსვე გაიშალა. კიშმა თევზის ქონის ნაჭერი აიღო.

- აი, ასე, - თქვა მან, - უნდა აიღოთ თევზის ქონის ნაჭერი, გული გამოუღოთ და ჩადოთ ვეშაპის ულვაშის ღერი, უნდა დაახვიოთ და ისე ჩადოთ. მერე თევზის ქონის მეორე ნაჭრით უნდა დაფაროთ დახვეული ულვაშის ღერი. ამის შემდეგ გარეთ უნდა გასდოთ, ვიდრე არ გაიყინება და პატარა ბურთს არ დაემსგავსება. დათვი ყლაპავს ამ ბურთულებს, თევზის ქონი დნება და ულვაშის ღერი მუცელში სწორდება. დათვი ავად ხდება. როცა ძალიან დასუსტდება, მიხვალთ და შუბს ჩასცემთ. სულ უბრალო რამ არის.

- ოო! - თქვა აგ-გლაკმა.

- ჰოო! - თქვა კლოშ-კვენმა.

თითოეულმა თავისებურად გაიკვირვა და ყველა მიხვდა.

აი, ამბავი კიშისა, რომელიც ცხოვრობდა დიდი ხნის წინათ, ჩრდილოეთის ოკეანის სანაპიროზე. რადგან ის გონებას იშველიებდა და არა ჯადოსნობას, ღარიბული იგლუდან გამოსული ბიჭი სოფლის თავკაცად აირჩიეს, და ამბობენ, მას შემდეგ მის ხალხს არაფერი გასჭირვებია, არც ერთ ქვრივსა და არც ერთ დავრდომილს აღარ უტირია ღამით - ხორცი არა გვაქვსო.

გემბანის ჩარდახის ჩრდილქვეშ

- გაგონილა, მამაკაცმა, ისიც ჯენტლმენმა, ქალს უთხრას, ღორი ხარო? - გამომწვევად ჰკითხა ჩია კაცმა მგზავრებს, სავარძლის ზურგს მიეყრდნო და პასუხის მოლოდინში ლიმონათს დაუწყო წრუპვა. ეტყობოდა, იგი მტკიცედ იყო დარწმუნებული თავის სიმართლეში და სულ ცოტაღა უნდოდა, რომ ჩხუბი აეტეხა. მაგრამ მგზავრები უკვე მიეჩვივნენ ჩიას ჭინჭყლობას, მის ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს და ამჯერად აღარავინ შეპასუხებია.

- ვიმეორებ: მეც იქ ვიყავი, როცა მან ერთ ქალს, რომელსაც არც ერთი თქვენგანი არ იცნობს, უთხრა, ღორი ხარო. განა ეხუმრა - პირდაპირ, უკმეხად მიახალა. მე კი მგონია, რომ მამაკაცს, თუ ის ნამდვილი მამაკაცია, უფლება არა აქვს ასეთი რამ თქვას ქალზე.

ექიმი დოუსონი მშვიდად აბოლებდა თავის შავ ჩიბუხს. მეთიუზს ორივე ხელი შემოეხვია მუხლებზე და თვალს არ აშორებდა ცაში მოლივლივე თოლიას. სუიტს ფსკერამდე დაეყვანა გაზიანი წყლით განზავებული ვისკი და ახლა თვალებს აცეცებდა - იქნებ გემბანის სტიუარდი დავინახო სადმეო.

- მისტერ ტრელორ, თქვენ გეკითხებით! შეიძლება კაცმა ღორი დაუძახოს ქალს?

ტრელორი ჩია კაცის გვერდით იჯდა, მაგრამ ასეთ სწრაფ თავდასხმას არ მოელოდა და ცოტა არ იყოს შეკრთა - ნეტა ისეთი რა შემამჩნია, როდის მიკადრებია ქალისთვის რამეო.

- უნდა მოგახსენოთ, - წამოიწყო ტრელორმა გაუბედავად, - რომ... ეს თვითონ... მმ... თვითონ ქალზეა დამოკიდებული.

ჩია კაცი ელდანაცემივით დაშეშდა და მერე ძლივს ამოილუღლუღა: - მაშ, თქვენ ამბობთ...

- მე ვამბობ, რომ მინახავს მდედრობითი სქესის არსებანი, რომლებიც ღორები და ღორებზე უარესებიც ყოფილან.

გემბანზე ხანგრძლივი, გულის გამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოვარდა.

ჩია კაცს თავზარი დასცა ამ უხეშმა და პირდაპირმა პასუხმა. სახეზე აუტანელი ტანჯვა და წყენა გამოეხატა.

- თქვენ ბრძანებთ, რომ ვიღაცამ უზრდელი გამოთქმა იხმარა. თქვენ გარკვეული აზრი შეგექმნათ იმ კაცზე, - ხმადაბლა, აუღელვებლად განაგრძო ტრელორმა, - ახლა ერთი ქალის, უკაცრავად, ერთი ქალბატონის ამბავს მოგითხრობთ და შემდეგ გთხოვთ, რომ გამოთქვათ თქვენი შეხედულება მასზე. ამ ქალბატონს მის ქარადეზი დავარქვათ, თუმცა ნამდვილად სულ სხვა სახელი ერქვა. ეს ამბავი „აღმოსავლეთის კომპანიის“ გემზე მოხდა ამ რამდენიმე წლის წინ. მის ქარადეზი მიმზიდველი ქალი გახლდათ. თუმცა უფრო სწორი იქნება, თუ მომაჯადოებელს ვიტყვი. ამ ახალგაზრდა ლედის მამას დიდი თანამდებობა ეჭირა. გვარს ვერ გაგიმხელთ, რადგან ყველანი იცნობთ. ქალიშვილი მამასთან მიემგზავრებოდა, ვთქვათ აღმოსავლეთში, დედასთან და ორ მოახლესთან ერთად. მის ქარადეზი მომაჯადოვებელი ქალი იყო. მაპატიეთ, რომ ვიმეორებ, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მომიძებნია და საერთოდ მისი აღწერა სიტყვით შეუძლებელია. ყველაფერი ემარჯვებოდა. ქალებში ბადალი არა ჰყავდა და ბევრ მამაკაცს სჯაბნიდა. იცით, როგორ უკრავდა და მღეროდა?! როგორც იტყვიან ხოლმე, თავისი საქმის ნაპოლეონი იყო. ახლა ცურვას არ იკითხავთ? პროფესიონალი რომ გამხდარიყო, დიდ სიმდიდრესა და სახელს მოიხვეჭდა. საოცარი ქალი იყო: სადა საბანაო კოსტუმი უფრო უხდებოდა, ვიდრე სხვას - ათასგვარი ზიზილ-პიპილოებით მორთული. რა ჩაცმა იცოდა, რა დახურვა! ნამდვილი ხელოვანი იყო!

       ცურვაზე მოგახსენებდით. უზადო აღნაგობისა გახლდათ. აკრობატივით როდი იყო დაკუნთული - ლამაზად ჩამოქნილი, ნატიფი, სათუთი და თანაც ღონიერი ტანი ჰქონდა. ძალა და სინატიფე საოცრად იყო შეხამებული ერთმანეთთან. მკლავებს არ იკითხავთ? ნიდაყვს ზემოთ თანაბრად მსხვილდებოდნენ, ლამაზად მომრგვალებული მაჯა პატარა, მაგრამ ძლიერი ხელის მტევნით მთავრდებოდა. ასეთი მკლავები არასოდეს მენახა. როცა მის ქარადეზი ინგლისური მკლაურით ცურავდა, ხელებს ჩქარ-ჩქარა უსვამდა და თანაც თითო მოსმით ისე სწრაფად მიიწევდა წინ, რომ... მე ანატომიაში, სპორტში და სხვა ამგვარ რამეებში კარგად ვერკვევი, მაგრამ დღემდე არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას. წყალქვეშ ორ წუთსა ძლებდა. მე თვითონ შევამოწმე საათით. მთელ გემზე მარტო დენისონი უდებდა ტოლს აუზის ფსკერიდან ფულის ამოკრეფაში. მთავარ გემბანზე, ბრეზენტის დიდი, ექვსი ფუტის სიღრმის აუზი იყო. აუზს ზღვის წყლით ავსებდნენ ხოლმე. შიგ ხურდა ფულსა ვყრიდით, მის ქარადეზი ბოგურიდან ხტებოდა წყალში და სულ ცოტა ორმოცდაშვიდი ცალი ამოჰქონდა. ჯერ მარტო გადახტომა თქვით: სიღრმე სულ ექვსი ფუტი თუ იქნებოდა, და მერე ფული ხომ მიმოფანტული იყო აუზის ფსკერზე! ახალგაზრდა და დინჯმა დენისონმა ერთხელაც ვერ აჯობა და იმას ცდილობდა, რომ ძალიან მაინც არ ჩამორჩენოდა. მის ქარადეზი ნამდვილი ზღვის ქალი იყო, მაგრამ ხმელეთზეც არავის აჩაგვრინებდა თავს. დიდებული ცხენოსნობა იცოდა და, ერთი სიტყვით, ყველაფერი გამოუდიოდა ხელიდან. რომ დაგენახათ, ნაზი, კოხტად ჩაცმული, მიბნედილი, ამაყი, თაყვანისმცემლებით გარშემორტყმული, რომელთაც ხან სულ არ აქცევდა ყურადღებას, ხან კი მწარედ ბასრავდა თავისი ალესილი ენით, იტყოდით, ეს ქალი მხოლოდ ამისთვის არის დაბადებულიო. ამ დროს ყოველთვის მახსენდებოდა ის ორმოცდაშვიდი მონეტა, აუზის ფსკერიდან რომ იღებდა ხოლმე. აი ასეთი იყო ეს საოცარი ქალი, რომელიც ყველაფერს საუცხოოდ ახერხებდა.

       მის ქარადეზი ყველა მამაკაცის გულს ატყვევებდა და უნდა გამოვტყდე, რომ ბავშვივით დავდევდი უკან. ლეკვებს რა გაემტყუნებათ, როცა ბებერი ნაგაზებიც კი, თითქოს უკვე დაბრძენებულნი რომ უნდა ყოფილიყვნენ, მის ქარადეზის კალთასთან ჩაცუცქდებოდნენ და ისიც ერთს დაუსტვენდა თუ არა, წკმუტუნსა და კუდის ქნევას მოჰყვებოდნენ ხოლმე. ყველანი ქედს უხრიდნენ - დაწყებული ცხრამეტი წლის წითელლოყება ქერუბიმიდან - ადმორიდან, რომელიც საკონსულოში მუშაობდა მოხელედ, კაპიტან ბენტლით დამთავრებული. კაპიტანი კი ჭაღარა, ზღვაზე ნათრევი კაცი იყო და რომ გენახათ, ალბათ იტყოდით, ჩინური კერპი ამაზე უფრო მგრძნობიარე იქნებაო. მგზავრებში ერთი შუახნის სიმპათიური კაცი ერია, მგონი პეკინსი იყო გვარად. ჰოდა, ამ კაცს სულ დაავიწყდა, ცოლი რომ ახლდა თან და მხოლოდ მაშინ გამოიფშვნიტა თვალები, როცა მის ქარადეზმა მაგრად შეახურა. მამაკაცები ცვილივით ადნებოდნენ ხელში. მის ქარადეზის სურვილზე იყო დამოკიდებული გამოძერწავდა ამ ცვილისგან რამეს, თუ მთლიანად დაწვავდა. ხომ ასეთი ზვიადი და მიუწვდომელი იყო, დარწმუნებული ვარ, ერთი რომ შეერხია წარბი, არც ერთი სტიუარდი არ შეყოყმანდებოდა და თვითონ კაპიტანს შეასხამდა სახეში ცხელ კერძს. ალბათ ყოველ თქვენგანს შეხვედრია ასეთი ქალი - ქალი, რომელიც ყველას იმონებს. მის ქარადეზიც ყველას გულს იპყრობდა. იგი მათრახი, ნესტარი, ალი ან, თუ გნებავთ, ელექტრონის ნაპერწკალი იყო და, თუ დამიჯერებთ, ხანდახან ისე აენთებოდა ეს გულწარმტაცი, მშვენიერი არსება, რომ მისი მსხვერპლი თავგზას კარგავდა და შიშით კანკალებდა. არ დაგავიწყდეთ, რომ უაღრესად გოროზი ქალი იყო, თორემ ისე ჩემს მონათხრობს ვერ გაიგებთ. რასის, ჩამომავლობის, სქესისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის გოროზობა მოსდგამდა - უცნაური, საშიში და ჭირვეული გოროზობა.

       მის ქარადეზი ყველას მბრძანებლად იქცა - თავის ნებაზე ატრიალებდა გემსაც, მგზავრებსაც და დენისონსაც. დენისონმა რომ ყველა ჩამოგვიტოვა უკან, ამას სულელიც მიხვდებოდა. აშკარა იყო, რომ ქალს, რაც დრო გადიოდა, უფრო მეტად მოსწონდა იგი. დარწმუნებული ვარ, ადრე ასე ძლიერად არავინ მოსწონებია. მაგრამ ჩვენ კვლავ ვაღმერთებდით და გვერდიდან არ ვშორდებოდით. ვცდილობდით მისი სურვილები შეგვესრულებინა, თუმცა კი ვგრძნობდით, რომ დენისონს ვეღარ დავეწეოდით. ახლა ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა ამ საქმის ბოლო, რადგან კოლომბოში რომ შევედით, ყველაფერი უკუღმა შეტრიალდა.

       თქვენ იცნობთ კოლომბოს და ალბათ გინახავთ, როგორ ყვინთავენ იქაური ბავშვები ზვიგენებით სავსე ყურეში, როცა მგზავრები ხურდა ფულს გადაუყრიან ხოლმე. ამას, რა თქმა უნდა, მარტო მაშინ ბედავენ თუ ყურეში თევზიჭამია ზვიგენები დაცურავენ. ბავშვები როგორღაც გრძნობენ ზოლებიანი ან წვრილთავა ზვიგენების მოახლოებას. ეს ზვიგენები ავსტრალიის წყლებიდან შემოდიან, და სანამ მგზავრები რაიმეს მიხვდებიან, კისრისტეხით აფოფხდებიან ხოლმე უშიშარ ადგილას. ეს ამბავი საუზმის შემდეგ მოხდა. მის ქარადეზს გემბანის ჩარდახისათვის შეეფარებინა თავი და ირგვლივ, როგორც ყოველთვის, თავისი ამალა შემოეკრიბა. ქალმა მოხუც ბენტლის გაუღიმა და კაპიტანმა ალბათ თავის სიცოცხლეში პირველად ჩაიდინა ასეთი საქმე - ზედა გემბანზე ამოუშვა ბავშვები. ხომ მიხვდით? მის ქარადეზი მოცურავე იყო და ამიტომ მოისურვა მათი ნახვა. მან მთელი ხურდა ფული გამოგვართვა და გემბანიდან გადაყარა. ხან თითო-თითოს ისროდა, ხან პეშვით ყრიდა, ბავშვებს შეჯიბრების პირობებს კარნახობდა, უგერგილოებს კიცხავდა, მარჯვეებს გულუხვად ასაჩუქრებდა, ერთი სიტყვით, მთელ სპექტაკლს ხელმძღვანელობდა. მის ქარადეზი ძალიან დაინტერესდა. ხომ იცით, რა ძნელია ჰაერში არ გადატრიალდეთ, როცა ფეხებით ხტები. ადამიანს სიმძიმის ცენტრი მაღლა აქვს და წონასწორობას ვერ ინარჩუნებს. ეს პატარა მათხოვრები კი როგორღაც თავისებურად ხტებოდნენ. მის ქარადეზმა განაცხადა, ამ ილეთს არ ვიცნობ და აუცილებლად უნდა ვისწავლოო. ბავშვები კანჯოს ჩამოსაკიდი ძელიდან ხტებოდნენ, წინ გადაიხრებოდნენ და წყალს დაჰყურებდნენ, ბოლო წამს კი სხარტად გაიმართებოდნენ წელში და წყალში ვერტიკალურად ჩაეშვებოდნენ.

       მშვენიერი სანახაობა იყო. ყვინთვას კი ისე კარგად ვერ ახერხებდნენ. მარტო ერთი ყვინთავდა იმათში კარგად. მას არც ხტომაში ჰყავდა ბადალი. ეტყობოდა, ვიღაც თეთრკანიანს ესწავლებინა, რადგან წელში გამართული ხტებოდა. ასეთი ლამაზი ნახტომი არასოდეს მინახავს. ალბათ იცით: როცა დიდი სიმაღლიდან თავდაღმა მიფრინავ, წყალში სწორი კუთხით უნდა ჩაეშვა. თუ ვერ მოახერხე, ხერხემალს გადაიმტვრევ და მერე ვეღარაფერი გიშველის. ზოგი იღუპება კიდეც. ეს ბავშვი კი ძალიან მარჯვედ იქცეოდა -სამოცდაათი ფუტის სიმაღლიდან გადმომხტარი, მკერდზე ხელებმიკრული და თავგადაწეული, ჩიტივით მიფრინავდა ჰაერში. ტანი თითქმის წყლის პარალელურად ეჭირა, ასე რომ დაცემულიყო, ალბათ ყავარივით გასკდებოდა შუაზე, მაგრამ წყლის ზედაპირს მიუახლოვდებოდა თუ არა, თავს წინ წასწევდა, ხელებს გაჭიმავდა, ლამაზად გაიმართებოდა და ზუსტად ვერტიკალურად ჩაეშვებოდა ზღვაში. ბიჭი რამდენჯერმე გადახტა და ყოველი ჩვენთაგანისა და განსაკუთრებით მის ქარადეზის მოწონება დაიმსახურა.

       ბავშვი თორმეტ-ცამეტი წლისა თუ იქნებოდა, მაგრამ ამხანაგებზე გონიერი ჩანდა და, თუმცა რაზმში მასზე უფროსებიც ერივნენ, ეტყობოდა, რომ მთელი რაზმის ბელადი და სათაყვანებელი იყო. იგი მოხდენილი ახალგაზრდა ღვთაება გახლდათ - ბრინჯაოს ცოცხალი ქანდაკება. შორი-შორს ჩასმული, ჭკვიანი და მამაცური თვალები ჰქონდა. ერთი სიტყვით, რაღაც განუმეორებელი ნაპერწკალი, თვალისმომჭრელი გაელვება თუ მჩქეფარე და დაუდგრომელი ცხოვრება იყო. ალბათ გინახავთ ასეთი დიდებული ქმნილებანი - თუნდაც ცხოველები - ლეოპარდი ან ცხენი მაგალითად - ფიცხი, მოუსვენარი, კუნთებდაძაბული, ყოველი მისი მოძრაობა საოცრად მოხდენილი, მკვირცხლი და დაუოკებელი რომაა. იგი თვით არის ბობოქარი სიცოცხლე, ირგვლივ ყველაფერს რომ ანათებს და აცისკროვნებს. ეს ბიჭიც ასეთი იყო - სხივოსანი და მჩქეფარე. სხეული და თვალები შინაგანი ცეცხლით ჰქონდა გაცისკროვნებული. გეფიცებით, რომ ვუყურებდი, თითქოს ცხოვრების ჟრიამული მესმოდა, თითქოს მაცოცხლებელ ჟანგბადს ვსუნთქავდი, ისეთი ნორჩი, ჯანსაღი და მკვირცხლი ჩანდა. აი, ასეთი იყო ის ბიჭი, და სწორედ მან მისცა პირველად თამაშით გართულ ამხანაგებს საფრთხის ნიშანი. ბავშვები ტრაპის ბაქნისაკენ გამოეშურნენ, ხელებს სწრაფად უსვამდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, ფართხალებდნენ და წყალს აშხეფებდნენ. შეშინებულები, დაბნეულები, მაინც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე აფოფხებულიყვნენ მაღლა. ბოლოს ყველანი ტრაპზე გამწკრივდნენ და წყალს დააჩერდნენ.

- რა მოხდა? - იკითხა მის ქარადეზმა.

- ვგონებ ზვიგენია, - უპასუხა კაპიტანმა, -ამ პატარა მათხოვრებს ბედი ჰქონიათ, - ყველანი გადარჩნენ.

- ნუთუ ზვიგენისა ეშინიათ? - იკითხა ქალმა.

- თქვენ კი არ გეშინიათ? - შეუბრუნა კითხვა კაპიტანმა. ქალი შეკრთა, ზღვას გადახედა, ზიზღით დაიმანჭა და უპასუხა: - არაფრის გულისათვის არ შევიდოდი ზვიგენებიან წყალში. საზიზღრები არიან, აუტანლები, - ამ სიტყვებზე მის ქარადეზს გააჟრჟოლა. ბავშვები ზედა გემბანზე ავიდნენ, მოაჯირთან შექუჩდნენ და აღტაცებით მიაჩერდნენ ქალს, რომელმაც ფეშქაშად გადაუყარა ამდენი სიმდიდრე. სანახაობა დამთავრდა. კაპიტან ბენტლის უნდოდა გაერეკა ბავშვები, მაგრამ ქალმა შეაჩერა: - ცოტა ხანს მოიცადეთ, თუ შეიძლება. მე ყოველთვის მეგონა, რომ აქაურები ზვიგენებს არ უფრთხოდნენ. - შემდეგ ის ბიჭი მოიხმო და ანიშნა, გადახტიო. ბიჭმა თავი გაიქნია. მოაჯირთან შეგროვილმა ბავშვებმა გაიცინეს. ალბათ იფიქრეს, ამ ქალმა იხუმრაო.

- ზვიგენია, - უთხრა ბიჭმა და წყლისკენ გაიშვირა ხელი.

- არა, - დაამშვიდა ქალმა, - იქ ზვიგენი არ არის. მაგრამ ბიჭმა თავი გაიქნია და სხვა ბავშვებმაც დაიწყეს თავის ქნევა.

- არა, არა, არა! - წამოიძახა მის ქარადეზმა და მერე ჩვენ მოგვიბრუნდა, - ნახევარკრონიანი და სოვერენი მასესხეთო. ექვსიოდე ხელმა მიაწოდა კრონები და სოვერენი. მან ადამორს გამოართვა ორი ფული და ბავშვებს ნახევარკრონიანი დაანახა. მაგრამ არც ერთი იმათგანი არ მივარდნია მოაჯირს. მის ქარადეზმა სათითაოდ შესთავაზა ფული, მაგრამ ყველა ფეხს ინაცვლებდა, უარის ნიშნად თავს აქნევდა და იღიმებოდა. მან მაინც გადაისროლა წყალში ნახევარკრონიანი. ბავშვებმა დანანებით გააყოლეს თვალი ვერცხლის ხაზს, ადგილიდან კი მაინც არ დაიძრნენ.

- სოვერენიც არ გადააგდოთ, - ხმადაბლა უთხრა დენისონმა. ქალმა ყური მოიყრუა და ბიჭს ზედ ცხვირთან დაუტრიალა ოქრო.

- თავი დაანებეთ, - ურჩია კაპიტანმა ბენტლიმაც, - მე ჭირიან კატასაც არ გადავაგდებდი ახლა წყალში. იქ ზვიგენია!

მაგრამ მის ქარადეზმა ჩაიცინა და კვლავ ჯიუტად შეეცადა ბიჭის ცთუნებას.

- ნუ აბრიყვებთ, სოვერენი მთელი ქონებაა მისთვის და რომ გადააგდოთ, შეიძლება მართლა გადაჰყვეს წყალში, - დაბეჯითებით უთხრა დენისონმა.

- თქვენ კი არ გადაჰყვებით, - აფეთქდა მის ქარადეზი, და მაშინვე შემპარავად დააყოლა, - მე რომ გადავაგდო? დენისონმა თავი გააქნია.

- თქვენ უფრო ძვირი ბრძანდებით, მაგრამ მაინც რამდენად გადახტებოდით?

- ჯერ იმდენი არ მოუჭრიათ, - მიახალა დენისონმა.

ამ პაექრობაში ქალს სულ გადაავიწყდა ბიჭი. მის ქარადეზმა ცოტა ხანს იყუჩა, შემდეგ კი ნაზად ჰკითხა დენისონს: - არც ჩემი გულისათვის?

- მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად! - იყო პასუხი. ქალი კვლავ ბავშვს მიუბრუნდა და თვალწინ ფული აუთამაშა, იქნებ ამ უზარმაზარი სიმდიდრით მოვხიბლოო. შემდეგ ვითომ გადაგდება დააპირა. ბიჭმა ინსტიქტურად გაიწია მოაჯირისაკენ, მაგრამ ამხანაგების ბრაზიანმა შეძახილებმა შეაჩერა.

- ვიცი, რომ ხუმრობთ, - უთხრა დენისონმა, - ეგ თქვენი ნებაა, ოღონდ ღვთის გულისათვის, მართლა კი არ გადააგდოთ! ახლა ძნელია თქმა, ეს ახირება იყი თუ სხვა რამე. იქნებ ფიქრობდა, ბიჭი გადახტომას ვერ გაბედავსო. ასე იყო თუ ისე, ამას არავინ მოელოდა: ოქრო ჩარდახის ჩრდილს გასცდა, კაშკაშა მზის სხივებში გაიელვა, მანათობელი მრუდი მოხაზა და წყალში ჩაეშვა. ჩვენ განძრევაც ვერ მოვასწარით, რომ ბიჭი მოაჯირს გადაევლო და ლამაზად გაჰყვა ოქროს კვალს. მშვენიერი სანახაობა იყო! ორივენი ერთდროულად მისრიალებდნენ ზღვისკენ. სოვერენი კიდით ჩაეშვა წყალში და ბიჭიც უხმაუროდ გაუჩინარდა იმავე წამს და იმავე ადგილას. შავტუხა, თვალგამჭრიახი ბავშვები ერთხმად აყვირდნენ. ყველანი მოაჯირს მივცვივდით. ვინა თქვა, როცა ზვიგენი თავს ესხმის მსხვერპლს, პირაღმა უნდა გადატრიალდესო? ის ზვიგენი არ გადაბრუნებულა. ზევიდან ყველაფერი ჩანდა ანკარა წყალში: ზვიგენი ვეებერთელა იყო, და თვალის დახამხამებაში ორად გადაკვნიტა ბავშვი. ვიღაცამ დაიჩურჩულა, თუ ამოიხვნეშა. ვინ იყო, არ ვიცი. იქნებ მეც კი ვიყავი. შემდეგ დუმილი ჩამოვარდა. პირველად მის ქარადეზმა ამოიღო ხმა. იგი მიცვალებულივით იყო გაფითრებული.

- მე... მე აზრადაც არ მომივიდოდა... - თქვა მან და ისტერიულად გაიცინა. მის ქარადეზს მთელი თავისი გოროზობის მოხმობა დასჭირდა, რომ თავი შეეკავებინა. ჯერ დენისონს მიაპყრო დუნე მზერა, შემდეგ თითოეულ ჩვენთაგანს. თვალებში შემაძრწუნებელი უსუსურობა ჩასდგომოდა. ტუჩები უთრთოდა. ახლა რომ ვიხსენებ ამ ამბავს, ვგრძნობ, რომ საშინლად ულმობელნი ვიყავით, მაგრამ იმ დროს სხვანაირად არ შეგვეძლო მოქცევა.

- მისტერ დენისონ, - თქვა მან, - ტომ, ხომ ვერ ჩამაცილებთ ქვევით? დენისონი კოპებშეკრული იდგა. მან არც კი შეხედა ქალს, სიგარეტი ამოიღო და გააბოლა. კაპიტანმა ბენტლიმ რაღაცა ჩაიბურტყუნა და ზღვაში გადააფურთხა. აღარავის გაუღია ხმა. ირგვლივ დუმილმა დაისადგურა. მის ქარადეზი მიბრუნდა და მტკიცე ნაბიჯით გაემართა წინ. მაგრამ ცოტა რომ გაიარა, დაბარბაცდა და, კაიუტის კედელს რომ არ მიყუდებოდა, წაიქცეოდა. შემდეგ ღონე მოიკრიბა და კედელზე ხელმიყრდნობილმა ნელა განაგრძო გზა. ტრელორი გაჩუმდა, ჩია კაცს მიუბრუნდა და ცივი, პასუხის მომლოდინე მზერა მიაპყრო.

- აბა, - თქვა მან ბოლოს, - რას მეტყვით ასეთ ქალზე?

ჩიამ ძლივს გადაყლაპა ნერწყვი და მიუგო: - არაფერი მეთქმის, სრულიად არაფერი.

კეთროვანი კულაუ

- აქაოდა სნეულები ხართო, თავისუფლებას გვართმევენ. კანონს დავემორჩილეთ, ურიგო არაფერი ჩაგვიდენია და ციხეში კი უნდა ამოგვხადონ სული. მოლოკაი საპყრობილეა, ეს თქვენ კარგად მოგეხსენებათ. აი, ნიული - იმის დას ამ შვიდი წლის წინათ მოლოკაიში უკრეს თავი. მას მერე ნიულის და აღარ უნახავს და ვერც ნახავს. სიკვდილამდე იმის სამყოფელი იქ არის. არ უნდოდა წასვლა, არც ნიულის უნდოდა, მაგრამ თეთრკანიანმა ბატონებმა ასე ინებეს; ისინი ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონები არიან. მერედა ვინ ბრძანდებიან?

       მამა-პაპათა გადმოცემით კარგად ვიცით, ვინც არიან. პირველად თურმე ბატკნებად მოუჩვენებიათ თავი, ტკბილი სიტყვებით მოუთაფლავთ ჩვენი წინაპრები. მაშინ ბევრნიც ვყოფილვართ და ძლიერნიც. მთელი ეს კუნძულები ჩვენს ხელთ ყოფილა. ჰო, მერე თურმე გველოლიავებოდნენ და ათასნაირი ხერხით მოგვდგომიან: ესაო და ზღვის სიტყვას გიქადაგებთო. ზოგი კიდევ გვთხოვდა, მოდით, ვაჭრობა გავაბათო. ასე იყო თავდაპირველად. ახლა ყველაფერი მათ ხელშია: კუნძულები, მიწები, საქონელი. ღვთისა და რომის მსახურნი ურთიერთს შეუთანხმდნენ და დიდ ბატონებად მოგვევლინენ. ახლა მეფურად ცხოვრობენ უთვალავ ოთახებიან სახლებში და აურაცხელი მსახური დასტრიალებთ თავს. წინათ არაფერი ებადათ, მაგრამ ახლა ნახეთ, ყველაფერს დაეპატრონენ. დღეს თუ ჩვენ ან რომელიმე კანაკა შიმშილობს, ეგენი სიცილით გვეუბნებიან: იმუშავეთ, ეს პლანტაციები რისთვის არისო.

       კულაუ გაჩუმდა. ხელი აწია და დაკოჟრილ-ნუჟრიანი თითებით პრიალა ბალბის ყვავილების გვირგვინი მოიძრო შავთმიანი თავიდან. მთვარე ვერცხლისფერ შუქს ჰფენდა ხეობას. მყუდრო, მშვიდი ღამე იყო. კულაუს მსმენელები ულმობელ ბრძოლაში დასახიჩრებულებსა ჰგავდნენ. სახე ლომებს მიუგავდათ. ერთს ცხვირის ადგილას ნახვრეტიღა შერჩენოდა, მეორეს ხელის მაგივრად გახრწნილი ხორცის ნაფლეთი ჩამოჰკონწიალებოდა. ქალიან-კაციანად სულ ოცდაათამდე იქნებოდნენ. ყველანი განდევნილები იყვნენ. ისინი ისხდნენ საამო მთვარით გაკაშკაშებულ ღამეში, თავი ყვავილების გვირგვინებით შეემკოთ. კულაუს ლაპარაკი მოსწონდათ და თავიანთ მოწონებას დროდადრო წამოძახილებით გამოხატავდნენ. ერთ დროს ისინიც ადამიანები იყვნენ, ახლა ურჩხულებს დამსგავსებოდნენ - დასახიჩრებულები და გაუბედურებულები. გეგონებოდათ, ეს უბადრუკები მთელი სიცოცხლე ჯოჯოხეთში უწამებიათო. ესენი იყვნენ ადამიანების შემაძრწუნებელი კარიკატურები. ხელებზე შერჩენილი თითები ჰარპიას ბრჭყვიალები გეგონებოდათ, სახე კი უშნოდ ნათითხნ ქანდაკებას მიუგავდათ, თითქოს რომელიღაც შლეგ ღვთაებას თამაშის დროს დამსხვრევია და ცხოვრების მანქანაში გაუჭეჭყიათო. ზოგისთვის ამ გადარეულ ღვთაებას აუღია და ნახევარი სახე სულ უბრალოდ წაუშლია. ერთ ქალს ცხარე ცრემლები გადმოსდიოდა შავი ფოსოებიდან, სადაც ოდესღაც თვალები ჰქონდა. ზოგიერთი მათგანი ტკივილისაგან იტანჯებოდა და ხმამაღლა ოხრავდა. ზოგი ახველებდა - მათი ხველა ნაჭრის ჩახევის ხმას წააგავდა. ორი მათგანი იდიოტი იყო, დიდ მაიმუნებსა ჰგავდნენ, მაგრამ სინამდვილეში ისეთი უშნოები იყვნენ, რომ ნამდვილი მაიმუნი მათთან შედარებით ანგელოზი გეგონებოდათ. ოქროსფერი ყვავილებისაგან დაწნული გვირგვინებით შემკულნი მთვარის სინათლეზე იმანჭებოდნენ და რაღაცას ბურტყუნებდნენ. ერთ მათგანს დასიებული ყური მხრამდე ჩამოჰკიდებოდა. ღია მონარინჯისფრო-მოწითალო ყვავილი მოეწყვიტა და თავის მახინჯ ყურზე გაეკეთებინა. აი, ამ არსებების მეფედ ითვლებოდა კულაუ. ეს ყვავილებით მოფენილი ხეობა კი მის სამფლობელოს წარმოადგენდა. ხეობა მოქცეული იყო დაკბილულ ციცაბო კლდეებს შორის, კლდეებიდან გარეული თხების კიკინი მოისმოდა. სამი მხრიდან პირქუშად აღმართულ კლდეებზე ბუნებას უცნაური ტროპიკული მცენარეების ფარდები ჩამოეფარებინა. მეორე მხრიდან ხეობას ღრმა უფსკრული ეკვროდა. შორს მოჩანდა შედარებით დაბალი მთებისა და მთაგრეხილების მწვერვალები, მთების ძირში ოკეანის ზვირთები აქაფებულიყო. წყნარ ამინდში კალალაუს ხეობის კლდოვან ნაპირთან ნავით მისვლა შეიძლებოდა, ოღონდ ძალიან წყნარ ამინდში. უშიშარ მთიელს შეეძლო ნაპირიდან ღრმად შესულიყო კლდეებს შორის მოქცეულ ხეობაში, იქ, სადაც კულაუ მეფობდა. ასეთ ადამიანს დიდი გამბედაობა უნდა ჰქონოდა და ამავე დროს თვალისათვის ოდნავ შესამჩნევი ბილიკებიც უნდა სცოდნოდა. დაუჯერებელი იყო კულაუს ტომის ამ საბრალო, უმწეო ხეიბრებმა როგორ შესძლეს ასეთი დაკლაკნილი ბილიკებით ამ მიუდგომელ ადგილას მიღწევა.

- ძმებო, - დაიწყო კულაუმ. მაგრამ უეცრად ერთმა ენაბლუმ, მაიმუნის მსგავსმა ხეიბარმა რომელიღაც ცხოველივით დაიბღავლა და კულაუ გაჩუმდა, დაელოდა, ვიდრე ეს საზარელი ამოძახილი კლდოვან კლდეებსა და ღამის სიმყუდროვეში სადღაც შორს ჩაჩუმდებოდა.

- ძმებო, განა ეს უცნაური არ არის? მიწა ჩვენ გვეკუთვნოდა, ახლა კი სხვისია. ამ ღვთისა და რომის მსახურებმა აბა, რა მოგვცეს ამის სანაცვლოდ? რომელ თქვენგანს მისცეს ნახევარი დოლარი მაინც? ახლა ბატონებად გაგვიხდნენ და გვეუბნებიან, იმუშავეთ ჩვენს მიწაზე, თქვენი ნაშრომიც ჩვენ გვეკუთვნისო. უწინ ასეთი თავაუღებელი მუშაობა როდი გვჭირდებოდა. ახლა, როცა ავადმყოფობამაც ხელი დაგვრია, თავისუფლებასაც ხელიდან გვგლეჯენ.

- მერე, კულაუ, ვინ შეგვყარა ეს ავადმყოფობა? - იკითხა ჩამომხმარმა და დაძარღვულმა კილოლიანმა, რომელიც ისე ჰგავდა მოცინარ ფავნს, რომ გეგონებოდათ, ფეხების მაგივრად ჩლიქები უნდა ჰქონდესო. მაგრამ ჩლიქები კი არა, დაწყლულებული, ჩირქისაგან სულ მთლად დალურჯებული ფეხები ჰქონდა. ოდესღაც კილოლიანა ყველაზე უშიშრად დაცოცავდა მთებზე და თხის ყველა ბილიკი იცოდა. სწორედ მან მოიყვანა კულაუ და მისი გაუბედურებული ხალხი კილალაუს ამ უშიშარ ადგილას.

- სწორია ეგ შეკითხვა, - გამოეპასუხა კულაუ. - შაქრის პლანტაციებზე, სადაც უწინ ჩვენი ცხენები ძოვდნენ, მუშაობაზე უარი ვთქვით, ეგენიც ადგნენ და ზღვის იქითა მხრიდან ჩინელი მონები ჩამოიყვანეს; იმათ ჩამოიტანეს ეს სენი და შეგვყარეს. ჰოდა, ახლა უნდა აგვყარონ და მოლოკაიში გამოგვამწყვდიონ. სად არა ვყოფილვართ, რომელ კუნძულზე: ოაჰუში, მაუიში, ჰავაიზე, ჰონოლულუში, მაგრამ დიდხანს ვერსად ვდგებოდით და ისევ კაუაიში ვბრუნდებოდით. რად ვბრუნდებოდით, როგორ გგონიათ? იმიტომ, რომ კაუაი გვიყვარს. აქ დავბადებულვართ, აქ გვიცხოვრია და აქვე უნდა მოვკვდეთ, თუ... თუკი ჩვენს შორის მხდალი არავინ ურევია: ამნაირები არცა გვჭირდება. მშიშრების ადგილი მოლოკაიშია. ხვალ ჯარს გადმოსხამენ ნაპირზე. დაე, გადაგვარებული სულის მქონენი ეახლონ. უმალვე მოლოკაიში გაგზავნიან. ჩვენ კი დავრჩებით და ვიბრძოლებთ. ნუ გეშინიათ, არ დავიხოცებით, შაშხანები ხელთა გვაქვს. ხომ იცით, ვიწრო ბილიკებია, მგზავრს ფეხს ვერ აუქცევ. მე ნიიჰაუში გარეულ ხარებს ვიჭერდი და მარტოს შემიძლია ეს ბილიკი დავიცვა, ათასი კაციც რომ მოგვადგეს. აი, კაპაჰეი წინათ მოსამართლედ მუშაობდა, პატივსაცემი პიროვნება იყო, ახლა რასა ჰგავს, - ჩვენსავით გაწამებული და გაუბედურებულია. ჭკვიანი ადამიანია და მოუსმინეთ. ყოფილი მოსამართლე კაპაჰეი წამოდგა. იგი პუნაბოუს კოლეჯში სწავლობდა. უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ბატონებთან და უფროს მოხელეებთან ერთ მაგიდასთან მჯდარა და მისიონერებისა და ვაჭრების ინტერესები დაუცავს. აი, ასეთი პიროვნება გახლდათ უწინ კაპაჰეი. ახლა კი, როგორც კულაუმ თქვა, ხაფანგში გაბმულ ვირთხას ჰგავდა. ის უფლება ახდილი, საშინელებად ქცეული ადამიანი იყო. ცხვირსა და ლოყების ნაცვლად შავი ღრმულები დარჩენოდა, წარბებზედა რკალებიდან უქუთუთო თავები უელავდა.

- უთანხმოების ატეხვა არ გვინდა, - თქვა მან. - ჩვენი ერთადერთი თხოვნა ის არის, რომ თავი დაგვანებონ. თუ არ შეისმინეს, მაშინ თვითონ სდომებიათ ეს უთანხმოება და ეგ არის, არა უშავს, თავისას მიიღებენ კიდეც. ხედავთ, თითები აღარა მაქვს. - თქვა და ხორცის ნაფლეთი ასწია, რომ ყველას დაენახა. - მაგრამ დიდი თითის სახსარი კიდევ შემომრჩა და თუ დამჭირდა, უწინდებური ძალით დავაჭერ სასხლეტს. ჩვენ კაუაი გვიყვარს. მაშ, მოდით, აქ ვიცხოვროთ, აქვე დავიხოცოთ და მოლოკაის ციხეში კი ნუ წავალთ. ეს სენი ჩვენებური არ არის. ჩვენ არავის ცოდვა არ გვაწევს კისერზე. ღვთისა და რომის მსახურებმა რომ ჩინელი მონები ჩამოიყვანეს, ეს სენიც თან ჩამოჰყვათ. ახლა ჩინელებს ჩვენ მიტაცებულ მიწაზე ამუშავებენ. მოგეხსენებათ, მოსამართლედ ნამუშევარი ვარ და კანონები კარგად ვიცი. გახსოვდეთ, არსად არა წერია, რომ ადამიანს მიწა წაართვა, ჩინური სენი დამართო და მერე მთელი სიცოცხლე ციხეში გამოამწყვდიო.

- ისედაც ხანმოკლე სიცოცხლე გვაქვს და ისიც ტანჯვაა და მეტი არაფერი, - თქვა კულაუმ, - მოდით დავლიოთ, ვიცეკვოთ, ვიმხიარულოთ, როგორც შეგვიძლია. კლდის გამოქვაბულიდან კალაბაშები გამოიტანეს და ერთმანეთში ჩამოარიგეს. სასმისები მცენარე ტის ფესვებისაგან დამზადებული მაგარი სასმელით აევსოთ. როგორც კი თხევადი ცეცხლი მათ ტვინსა და სხეულს მოედო, საბრალოებს ყველაფერი დაავიწყდათ და ისევ ჩვეულებრივ ადამიანებად იქცნენ. აი იმ ქალში, წეღან რომ ვახსენე, ამოჭმულ თვალთაგან ცრემლი სდიოდა-მეთქი, ჩაფერფლილმა გრძნობებმა გაიღვიძა. გიტარის სიმებს თითები ჩამოჰკრა და პირველყოფილი სამყაროს უღრან ტყეში დაბადებული, შეყვარებული ველური ქალის სიმღერა დაამღერა. წკრიალებდა მისი ძლიერი და მომაჯადოვებელი ხმა. ჭილობზე სიმღერის რიტმზე ცეკვავდა კილოლიანა. თითოეული მისი მოძრაობა სიყვარულს გამოხატავდა. მასთან ერთად ცეკვავდა ქალი, მისი განიერი თეძოები და მაღალი მკერდი სულ არ შეეფერებოდა სენისაგან დაღრღნილ სახეს. ეს იყო მოსიარულე გვამების ცეკვა. მათ გახრწნილ სხეულებში კიდევ ბჟუტავდა სიყვარული და ნდომა. თანდათან ძლიერდებოდა ქალის სიმღერა, უფრო გატაცებით ცეკვავდნენ ამ თბილი ღამის სიმყუდროვეში, მეტი სისწრაფით გადადიოდა ხელიდან ხელში კალაბაშები და შეუპოვარი ნაპერწკლებივით ბჟუტავდა მათ გონებაში მოგონებები და ვნებანი. ჭილობზე ქალთან ერთად ერთი ტანწვრილი ქალიშვილი ცეკვავდა, სახე ლამაზი და სუფთა ჰქონდა. ხელებზე, რომელთაც ცეკვის დროს ათამაშებდა, სენს თავისი უწყალო დაღი დაესვა და დაეკრუნჩხა. ორი იდიოტი - საშინელი, შემზარავი პაროდია ადამიანისა, მოშორებით ცეკვავდა. თან ხაოდნენ გაუგებრად, ლუღლუღებდნენ და უბადრუკად ბაძავდნენ სიყვარულს. აი, შუა გზაზე შეწყდა ქალის სიმღერა სიყვარულზე, კალაბაშები მიწაზე დაეშვა. დასრულდა ცეკვაც. ყველა უფსკრულს მიაჩერდა, ზღვის ზედაპირზე გაიელვა რაკეტამ.

- ჯარისკაცები არიან, - თქვა კულაუმ. - ხვალ ბრძოლა იქნება. გამოვიძინოთ და საომრად მოვემზადოთ.

       კეთროვანები მის სიტყვას დაემორჩილნენ და თავიანთ ბუნაგებში შეძვრნენ. კულაუ სულ მარტო დარჩა. მთვარის შუქზე გაუნძრევლად იჯდა, შაშხანა მუხლზე დაედო და ქვემოთ, ნაპირისაკენ იყურებოდა, ნაპირს ნავები მოდგომოდნენ.

       კალალაუს ხევის ზემოთა მხარე საიმედო თავშესაფარი იყო. კილოლიანას გარდა, რომელმაც კარგად იცოდა ხეობის შვეული კედლების ასაქცევი ბილიკები, მთის წვეტიანი თხემის გზით თუ არა, ისე აქ ვერავინ ამოარწევდა. თხემი რამდენიმე იარდის სიგრძეზე იყო გაჭიმული, სიგანე თორმეტი დიუმი თუ იქნებოდა. ორივე მხრით უფსკრულებს დაეღო პირი. ერთი რომ ფეხი დაგცდენოდა, - სიკვდილი არ აგცდებოდა. მაგრამ გზას რომ გახვიდოდით, თვალწინ მიწიერი სამოთხე გადაგეშლებოდათ. აზღვავებული მცენარეულობა მწვანე ზვირთებად მოსდებოდა კიდით-კიდემდე ხეობის კედლებს, ტიტველი ტინის ქიმებზე უსურვაზის მსხვილ ჭავლებად დაცურებული, ჰაერში ჩამოკიდებული გვიმრის ფესვები აქაფებულ ნაპრალებზე იწურებოდა.

       რამდენიმე თვე ებრძოდნენ კულაუ და მისი ქვეშევრდომები ამ მცენარეთა ზღვას. ხშირი ძეძვნარი დაგლიჯეს და ფორთოხლისა და მანგოს ხეებს მეტი თავისუფლება მისცეს. პატარა მდელოებზე ხარობდა ველური არორუტი. ქვის ტერასებზე, რომლებიც მიწით იყო დაფარული, ნესვი და ტარო გაეხარებინათ. იქით კი, გაშლილ მზიან ადგილებში, აღმართულიყო ოქროსფერი ნაყოფით დახუნძლული პაპუას ხეები.

       ამ თავშესაფარში კულაუ ქვემო ხეობიდან ავიდა. თუ ვინიცობაა, აქაც არ დაედგომებოდა, მხედველობაში ჰქონდა ამაზე უფრო ზევით მთის მწვერვალებს შუა მდებარე ხეობა. გვერდზე შაშხანა დაედო და ფოთლების რიდედან გაჰყურებდა შორეულ ნაპირზე ჯარისკაცებს. შეამჩნია, რომ მძიმე ზარბაზნები მოჰქონდათ, ზარბაზნები მზეზე სარკესავით ლაპლაპებდნენ. კულაუს თვალწინ წვეტიანი თხემები გაჭიმულიყო. ბილიკზე შავი წერტილებივით მიცოცავდნენ ადამიანები. კულაუმ იცოდა, ესენი ჯარისკაცები კი არა, პოლიციელები იყვნენ. თუ ესენი ვერას გახდებიან, მერე ჯარისკაცები მოდგებიან. შაშხანის ლულას ხელი სიყვარულით გადაუსვა და სამიზნე მოსინჯა. სროლა დიდი ხანია იცოდა, ჯერ კიდევ მაშინ, ნიიჰაუს კუნძულზე რომ ნადირობდა. იქაურებს ახლაც კარგად ახსოვთ მისი ზუსტი სროლა. იმისდა მიხედვით, თუ როგორ უახლოვდებოდნენ და იზრდებოდნენ მოძრავი წერტილები, კულაუ მანძილს ზომავდა და თან გვერდიდან მონაბერ ქარის ძალას ვარაუდობდა, რომელსაც შეეძლო აეცდინა ტყვია ნიშანში ამოღებული სამიზნეებისათვის. კულაუ არ ისროდა. დაკბილულ კლდემდე მოუშვა ისინი და ამის შემდეგ გაამჟღავნა თავისი იქ ყოფნა, მერე კი საფარიდან შესძახა: - რა გნებავთ?

- კეთროვანი კულაუ გვინდა, - უპასუხა აბორიგენთა რაზმის პოლიციის უფროსმა, ცისფერთვალება ამერიკელმა.

- გაბრუნდით უკან, - უთხრა კულაუმ. კულაუ იცნობდა მას: ეს ის შერიფი იყო, რომელმაც ნიიჰაუში ცხოვრების უფლება არ მისცა, კაუაიდან კალალაუს ხეობაში გააძევა, იქაც არ მოასვენა და ზემო ხეობაში განდევნა.

- რომელი ხარ? - ჰკითხა შერიფმა.

- კეთროვანი კულაუ გახლავართ, - იყო პასუხი.

- მაშინ გამოდი, დაგვნებდი. ათას დოლარად ხარ შეფასებული, იცოდე, ვერსად წახვალ. კულაუმ ხმამაღლა გაიცინა.

- გამოდი! - უბრძანა შერიფმა, მაგრამ არავინ გამოპასუხებია. შერიფი პოლიციელებს მოეთათბირა. კულაუ მიხვდა, რომ მისი ცოცხლად ხელში ჩაგდება გადაეწყვიტათ.

- კულაუ! - შესძახა შერიფმა, - მოვდივარ, კულაუ!

- მაშ, ერთხელ კიდევ ახედე მზეს, ცასა და ზღვას მეტად ვეღარ ნახავ.

- კარგი კულაუ, - ხმა მოულბა შერიფს, - ვიცი, ნიშანს არ ააცდენ. მაგრამ მე არ მესვრი. შენთვის ხომ არაფერი დამიშავებია. კულაუმ რაღაც წაულუღლუღა.

- მართალს არ გეუბნები, კულაუ? აბა, რა დამიშავებია შენთვის! - არ ეშვებოდა შერიფი.

- ეს დაშავება არ არის, რომ ციხეში მიპირებდი ჩაგდებას? - გამოეპასუხა კულაუ. - ისიც დანაშაულია, რომ ათასი დოლარის აღება გინდა. თუ სიცოცხლე არ მოგძულებია, მანდედან ფეხი არ ამოდგა.

- უნდა ამოვიდე. რა ვქნა ასეთია ჩემი მოვალეობა.

- უწინ შენი მზე ჩაესვენება, ვიდრე ჩემამდე ამოაღწევდე.

შერიფი ლაჩარი როდი იყო, მაგრამ შეყოყმანდა. ქვევით უფსკრულში ჩაიხედა. თვალი მოავლო დანის პირივით ბასრ თხემსა და გადაწყვიტა ასულიყო.

- კულაუ! - დაიღრიალა მან.

შამბნარი გაყუჩებულიყო.

- კულაუ, არ ისროლო, მოვდივარ! შერიფი პოლიციელებს მიუტრიალდა, რაღაც ბრძანება გასცა და სახიფათო ბილიკს აუყვა. ნელა მიდიოდა, გეგონებოდათ ბეწვის ხიდზე გადისო. ვერაფერს მოეჭიდებოდა. ფეხქვეშ ქვები უსხლტებოდა და ხრიალ-ხრიალით ეშვებოდა უფსკრულში. მზე აცხუნებდა და სახეზე ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. იარა, იარა და, როგორც იქნა, ნახევარი გზა გალია.

- შეჩერდი! - შეუძახა კულაუმ შამბნარიდან, - ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგა, გესვრი. შერიფი შედგა. უფსკრულს ჩახედა, მტკიცე გადაწყვეტილება მოსჩანდა მის გამომეტყველებაში. გამშრალ ტუჩებზე ენა მოისვა და უთხრა: - კულაუ, შენ არ მომკლავ, ვიცი, არ მომკლავ. და ისევ განაგრძო გზა. ტყვიამ ჰაერში გადაატრიალა. გაცბუნებულმა ერთი კი გაიფიქრა, ამ წვეტიან თხემზე თუ დავეცი, ჩემი გადარჩენა კიდევ შეიძლებაო, მაგრამ სიკვდილმა მაინც უწია. წამში თხემი მოცარიელდა. მაშინ ხუთი პოლიციელი ერთმანეთს მიყოლებით უშიშრად გაექანა წვეტიან თხემზე, ხოლო დანარჩენებმა ცეცხლი გახსნეს. ეს სრული უაზრობა იყო. კულაუ სწრაფად აჭერდა თითს ჩახმახს, ხუთჯერ ისროლა, ზედიზედ გადაევლო ტყვიები ზუზუნით ბუჩქებს, კულაუ მიწაზე გაერთხა და შამბნარიდან გამოიხედა. ოთხი პოლიციელი, მათი უფროსისთვის, თვალის დახამხამებაში გაქრა, მეხუთე ისევ ცოცხალი იყო და თხემის გარდიგარდმო გაშოლტილიყო. შორს დანარჩენები ისროდნენ. ბოლოს სროლა შეწყვიტეს. ამ მოშიშვლებულ კლდეზე რას გახდებოდნენ, კულაუ ყველას დააწვენდა ისე, რომ ქვემოთ ჩასვლის საშუალებას არ მისცემდა. მაგრამ კულაუ აღარ ისროდა. ცოტაოდენი თათბირის შემდეგ ერთმა მათგანმა თეთრი ხალათი გაიხადა, დროშასავით ააფრიალა და სხვებთან ერთად დაჭრილი ამხანაგისაკენ გასწია. კულაუ არც განძრეულა, რომ თავი არ გაეცა. გაჰყურებდა დაბლა ჩამავალ პოლიციელებს. ისინი ნელ-ნელა გაშორდნენ იქაურობას და ისევ შავ წერტილებად იქცნენ. ორიოდე საათის შემდეგ კულაუმ მეორე საფარიდან შეამჩნია, რომ პოლიციელების ჯგუფი ახლა ხეობის მოპირდაპირე კალთიდან ცდილობდა ამოსვლას. გარეული თხები დაფრთხნენ მათი შიშით, ისინი კი სულ მაღლა-მაღლა მიიწევდნენ. კულაუ თავს რომ აღარ ერწმუნა, კილოლიანასთან კაცი გაგზავნა.

- აქ ვერ ამოაღწევენ, - უთხრა კილოლიანამ.

- აბა, თხები? - ჰკითხა კულაუმ.

- თხები მახლობელი ხეობიდან ამოვიდნენ, ისინი აქამდე ვერ ამოვლენ, აქ გზა არ არის. მაგათ თხისოდენა ჭკუაც არა აქვთ, ფეხი დაუსხლტებათ და სასიკვდილოდ დაიმტვრევიან. აი, ვნახოთ.

- უშიშარნი არიან, - უთხრა კულაუმ. - ვინ იცის, როგორ წავა საქმე.

მაღლიდან ჩამოშვებული ჰაუს ყვითელი ყვავილების საფარიდან შროშანას ხალიჩაზე გაწოლილები უთვალთვალებდნენ, როგორ მოხოხავდნენ ზემოთ შავი წერტილები, და აი, მოხდა ის, რასაც ელოდნენ: სამ პოლიციელს ფეხი დაუცდა, კლდის შვერილამდე ჩაგორდნენ და მერე ქვებივით ჩაცვივდნენ უფსკრულში.

კილოლიანამ ჩაიფრუტუნა.

- არც ახლა მოგვეშვებიან? - თქვა მან.

- ზარბაზნები აქვთ. - შეეპასუხა კულაუ. - ჯარისკაცებს თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამთ.

       სიცხისაგან გასავათებულ კეთროვნებს შუადღისას გამოქვაბულებში ეძინათ. თავის ბუნაგში შემძვრალი კულაუ თვლემდა, კრიალა, დატენილი შაშხანა მუხლებზე დაედო. დაკრუნჩხულხელებიანი გოგონა ძეძვებში გაწოლილიყო და წვეტიან თხემს შეჰყურებდა. უეცრად აფეთქების ხმამ ძილი გაუფრთხო კულაუს, ზეზე წამოვარდა, ჰაერი თითქოს რაღაცამ დაფლითაო.

       ამ საშინელმა ხმაურმა დააფრთხო კულაუ. გეგონებოდათ, ღმერთებს ცის საფარველი აუღიათ და ფხრეწავენო, აი ქალებმა რომ იციან ხოლმე, ქსოვილის ნაჭრებად დაფხრეწა. შემაძრწუნებელი გრუხუნი ელვის სისწრაფით ახლოვდებოდა. კულაუმ შიშით აიხედა, ამ დროს სადღაც მაღლა კლდეზე ყუმბარა გასკდა და შავი კვამლის სვეტი აღიმართა ხეობაზე. კლდე გაიბზარა და ნამსხვრევები ძირს ჩაცვივდა. შეძრწუნებულმა კულაუმ ხელი მოისვა გაოფლიანებულ შუბლზე. დღემდე არ გაეგონა ზარბაზნის გრიალი და ვერ წარმოედგინა, თუ ასე დასაფეთებელი იქნებოდა.

- ერთი, - თქვა კაპაჰეიმ და რატომღაც გადაწყვიტა ყველა გასროლილი ყუმბარა სათითაოდ დაეთვალა.

       მეორე და მესამე ყუმბარამ შხუილით გადაუქროლა ხეობას და მახლობელ ქედთან გასკდა. კეთროვანები გამოქვაბულების წინ გამოლაგდნენ გაშლილ ადგილზე. გასროლამ პირველად დააფრთხო ისინი, შემდეგ კი, რაკი ყუმბარები ხეობის თავს უვნებლად გადაუვლიდნენ ხოლმე, მალე დამშვიდნენ. ამ ახალმა სანახაობამ გაართო კიდეც ისინი. ორი იდიოტი აღტაცებისაგან ჭყიოდა. ყოველი ყუმბარის გასკდომაზე იმანჭებოდნენ. კულაუ დარწმუნდა, ზარბაზნები ვერას გვავნებსო, იფიქრა, ასეთი დიდი ყუმბარების შორ მანძილზე ზუსტად სროლა ალბათ არ ხერხდებაო. მაგრამ უცებ რაღაცა მოხდა. ახლა ყუმბარები მათ ადგილამდე ვეღარ აღწევდა. ერთი ყუმბარა შამბნარში გასკდა ზედ წვეტიან თხემზე. კულაუს მოაგონდა შამბნარში გაწოლილი ქალიშვილი, ჯარისკაცებს რომ უთვალთვალებდა, და იქით გაიქცა. როცა ადგილზე მივიდა, ბუჩქებს ბოლი ასდიოდა. თავზარი დაეცა. ტოტები სულ მილეწილ-მოლეწილი იყო. იქ, სადაც ქალიშვილი იწვა, ორმო გაჩენილიყო, ყუმბარა სწორედ ქალიშვილს მოხვედროდა და ნაფლეთებად ექცია. კულაუმ ბუჩქებიდან გამოიხედა, როცა დარწმუნდა, ჯარისკაცები აღარ არიანო, გამოქვაბულისაკენ გაიქცა, ყუმბარები შხუილითა და სტვენით გადადიოდა თავზე. ხეობა გუგუნებდა და ირყეოდა აფეთქებისაგან. გამოქვაბულის წინ მხიარულად ხტუნავდა ორი იდიოტი. ნახევრად დამპალი ხელები ერთმანეთისათვის ჩაეჭიდათ. უეცრად კულაუმ დაინახა იდიოტების წინ აღმართული შავი კვამლის სვეტი. აფეთქებამ იდიოტები ერთმანეთს დააშორა. ერთი უძრავად ეგდო, მეორე ხელებით გამოქვაბულისკენ მიხოხავდა, ფეხებს მიწაზე მიათრევდა და ჭრილობებიდან სისხლი სდიოდა. სისხლში ამოსვრილი, ძაღლივით საცოდავად წკმუტუნებდა. გარდა კაპაჰეისა, კეთროვანები ბუნაგებში შემძვრალიყვნენ.

- ჩვიდმეტი, - ითვლიდა კაპაჰეი, - თვრამეტი, - იქვე დაუმატა. მეთვრამეტე ყუმბარა ერთ-ერთი გამოქვაბულის შესასვლელში გასკდა სწორედ. კეთროვანები გარეთ გამოცვივდნენ, მაგრამ ამ გამოქვაბულიდან არცერთი აღარ გამოსულა. აყროლებულ კვამლში კულაუ გამოქვაბულში შეფორთხდა. მიწაზე ეგდო ოთხი დაგლეჯილი გვამი. მათ შორის იყო ის უსინათლო ქალიც. ახლაღა დაშრობოდა ქალს ცრემლი თვალზე. კულაუს ხალხი შიშის ზარმა მოიცვა. გამოქვაბულიდან ბილიკით გარბოდნენ ხრამებსა და მწვერვალებისაკენ. დაჭრილი იდიოტი ძლივს მიფორთხავდა მიწაზე. ცდილობდა სხვებს დასწეოდა, მაგრამ როგორც კი შეღმართს მიადგა, ძალამ უღალატა, ერთი დაიკლაკნა და მიყუჩდა.

- მოდი ვესროლოთ, ასე აჯობებს, - უთხრა კულაუმ კაპაჰეის, კაპაჰეი ისევ ძველ ადგილას იჯდა.

- ოცდაორი, - განაგრძობდა კაპაჰეი, - ჰო, აჯობებს, ოცდასამი, ოცდაოთხი. - იდიოტმა მისკენ მიშვერილი შაშხანა რომ დაინახა, მწარედ დაიკნავლა. კულაუ შეყოყმანდა და შაშხანა დაუშვა.

- მიჭირს, - თქვა მან.

- სულელი ხარ. ოცდაექვსი, ოცდაშვიდი, -ი თვლიდა კაპაჰეი. - მოიტა, გასწავლო.

       კაპაჰეი წამოდგა, ერთი ქვა აიღო და დაჭრილისაკენ წავიდა. ის იყო ქვა მოიქნია, რომ გამოსროლილი ყუმბარა პირდაპირ მას მოხვდა, განთავისუფლდა მძიმე მოვალეობის აღსრულებისა და ყუმბარების თვლისაგანაც. კულაუ მარტო დარჩა გამოქვაბულში. თვალებით აცილებდა თავისიანებს, ვიდრე მთის თხემის იქით არ გაუჩინარდნენ. მერე შემოტრიალდა, ქვევით ჩავიდა შამბნარში, სადაც ქალიშვილის გვამი ეგდო. სროლა არ შეწყვეტილა, მაგრამ კულაუ ადგილიდან არ იძვროდა. შორს, ქვევით აღმართში ჯარისკაცები ამოდიოდნენ. ერთი ყუმბარა მისგან ათ ნაბიჯზე გასკდა. მიწაზე გაწოლილმა კულაუმ გაიგონა, როგორ გადაუარა ყუმბარის ნამსხვრევებმა. ჰაუს ყვავილები წვიმასავით დაეყარა თავზე. თავი ასწია, ბილიკს გახედა და ამოიოხრა. ძალიან შეშინდა. ტყვია ისე არ შეაშინებდა, მაგრამ ყუმბარა აფრთხობდა. ყოველ გასროლაზე აცახცახებული ეკვროდა მიწას, მაგრამ თავს მაინც სწევდა და ბილიკს თვალს ადევნებდა. ბოლოს შეწყდა სროლა. ალბათ იმიტომ, რომ ჯარისკაცები ახლოს არიანო, გაიფიქრა კულაუმ. ჯარისკაცები ბილიკზე ბაწარივით გაბმული მოდიოდნენ. კულაუ შეეცადა დაეთვალა, მაგრამ ანგარიში აერია. ასზე მეტი თუ არა, ნაკლები არ იქნებოდნენ. ყველანი კეთროვანი კულაუს ხელში ჩასაგდებად მოდიოდნენ. უცებ მასში სიამაყის გრძნობამ გაიღვიძა. ზარბაზნებით და შაშხანებით შეიარაღებული ამდენი პოლიციელი და ჯარისკაცი კულაუს დასაჭერად ამოდიოდა, კულაუ კი მარტო იყო - ისიც ავადმყოფი და დასახიჩრებული, ცოცხალს ჩაიგდებდნენ ხელში თუ მკვდარს, ათას დოლარს მიიღებდნენ ჯილდოდ. „ჩემს სიცოცხლეში არა მქონია ამდენი ფული, - გაიფიქრა მწარედ, - კაპაჰეიმ მართალი თქვა: არავისთვის არაფერი დამიშავებია. თეთრკანიანებს დატაცებული მიწის დასამუშავებლად მუშახელი სჭირდებათ და ამ სენით დაავადებული ჩინელი მუშები ჩამოიყვანეს. იმისათვის, რომ ამ სენით დავავადდი, ათას დოლარად შემაფასეს. მაგრამ მე ხომ არ მომცემენ. ამ ავადმყოფობისაგან გახრწნილი, ანდა ყუმბარისაგან დაფლეთილი სხეულის ნაწილები ღირს კი ამოდენა თანხად!“ აი, ჯარისკაცები წვეტიან თხემს მიუახლოვდნენ. კულაუს უნდოდა მათთვის დაესწრო, მაგრამ იქვე გაშოლტილი ქალიშვილის გვამს შეავლო თვალი და თავი შეიკავა. როცა ბილიკზე მეექვსე ჯარისკაცი გამოჩნდა, კულაუმ ცეცხლი გახსნა და იქამდე არ შეუწყვეტია სროლა, ვიდრე ბილიკი არ მოცარიელდა. გასროლის უმალ ხელახლა ტენიდა შაშხანას და შეუსვენებლად ისროდა. ძველი შეურაცხყოფა ცეცხლივით უგიზგიზებდა თავში და შურისძიებას მოწყურებული მთლად გაშმაგებულიყო. ბილიკზე გაჭიმული ჯარისკაცებიც ისროდნენ. მართალია, თხრილებში წვებოდნენ, მაგრამ მათი მიზანში ამოღება მაინც ადვილი იყო. ტყვიები ზუზუნით ეცემოდნენ კულაუს ახლოს და ქვებიდან ზრიალით სხლტებოდნენ. ერთმა ტყვიამ თავის ქალა გაუკაწრა, მეორემ მხარი დაუწვა, მაგრამ კანი არ გაუკაწრია. ეს იყო ნამდვილი სასაკლაო და ყველაფერში კი ერთი ადამიანი იყო დამნაშავე. ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს და დაჭრილების გაყვანას შეუდგნენ. უეცრად კულაუს დამწვარი ხორცის სუნი ეცა. ირგვლივ მიმოიხედა, მალე მიხვდა, რომ გახურებულმა შაშხანამ თითები დაუწვა. კეთრის ხელის ნერვი შეეჭამა. ხორცი იწვოდა, მაგრამ კულაუ ტკივილს ვერა გრძნობდა, მხოლოდ სუნი სცემდა.

       ძეძვნარში გაწოლილი იღიმებოდა. უცბად ზარბაზნები მოაგონდა. მცირე ხნით თუ ჩაჩუმდნენ, მერე ალბათ პირდაპირ ძეძვნარს მიადგებიან, სადაც კულაუ მოქმედებს. ვერც კი მოასწრო კლდის ქიმს იქით გადანაცვლება, იქ მისი აზრით ყუმბარა არ დაეცემოდა, რომ სროლა ისევ განახლდა. კულაუ ითვლიდა: სამოცჯერ ისროლეს, მერე ისევ ჩაჩუმდნენ. პატარა მოედანი ისე იყო დათხრილი დიდ-დიდი ორმოებით, რომ ვერ დაიჯერებდით, აქ თუ ცოცხალი არსება გადარჩებოდა. ჯარისკაცებიც ასევე ფიქრობდნენ. ნაშუადღევის მცხუნვარე მზეში კიდევ მიხოხავდნენ ბილიკზე, მაგრამ წვეტიან თხემს მაინც ვერ მიაღწიეს და ისევ დაიხიეს ზღვის მიმართულებით.

       კულაუ კიდევ ორ დღეს იცავდა ბილიკს, თუმცა ჯარისკაცები მის საფარს გამუდმებით უშენდნენ ზარბაზნებს. მესამე დღეს დაკბილულ მთაგრეხილზე ახალგაზრდა ბიჭი კეთროვანი პაჰაუ გამოჩნდა და კულაუს შეუძახა: შიმშილით რომ არ დავმწყდარიყავით, კილოლიანა თხემზე სანადიროდ წავიდა, მაგრამ დაეცა და დაიმტვრაო. ქალები დაფრთხნენ და აღარ იციან, რა ქნანო. ბიჭს კულაუმ ერთი შაშხანა მისცა და უბრძანა, თვალი ედევნებინა ბილიკისათვის, თვითონ კი თავისიანებთან ავიდა ზევით. სნეულნი სულით დაცემულიყვნენ. სარჩოს მოპოვება თვითონ არ შეეძლოთ, ამიტომ შიმშილობდნენ. კულაუმ ორი ქალი და ერთი კაცი აარჩია - მათ ჯერ ეგრერიგად არ მოსდებოდათ ავი სენი - და ხეობაში გააგზავნა საჭმლისა და ჭილობების მოსატანად. დანარჩენები დაამშვიდა და ისე გაამხნევა, რომ ყველაზე უძლურებიც კი მიეხმარნენ კარვების გაკეთებაში. გაგზავნილები უკან აღარ დაბრუნებულან. მაშინ კულაუ კვლავ ხეობაში დაბრუნდა. როგორც კი ხრამის თავზე გამოჩნდა, ერთდროულად გაისმა ხუთი თუ ექვსი საკეტის ჩხაკუნი. ერთი ტყვია მხარში მოხვდა, მეორე კლდეს მიეხალა, მისმა ნამსხვრევებმა ლოყა გაუჭრა. უკან დაიხია, მაგრამ ჯარისკაცებით ავსებულ ხეობას თვალი მაინც შეასწრო. თავისიანებმა გასცეს იგი! ვეღარ გაუძლეს ქვემეხების საშინელ გრიალს და მოლოკაის ციხე არჩიეს. კულაუმ რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან და ქამრიდან მძიმე ტყვიების ხალთა მოიხსნა. კლდეებს შორის ჩაწვა და როგორც კი ხრამის თავზე ვიღაც ჯარისკაცის თავი და მხრები გამოჩნდა, კულაუმ ჩახმახი მოსხლიტა. ასე გამეორდა ორჯერ. მცირეოდენი ხნის შემდეგ ხრამის კიდიდან თავისა და მხრების ნაცვლად თეთრი დროშა გამოჩნდა.

- რა გნებავთ? - ბრძანების კილოთი ჰკითხა მათ.

- თუ კეთროვანი კულაუ ხარ, სწორედ შენ მინდიხარ. -ი ყო პასუხი.

       კულაუს ერთბაშად ყველაფერი დაავიწყდა. დაავიწყდა ის საფრთხეც, რომელშიც იმყოფებოდა. ძირს გართხმული კულაუ განცვიფრებული იყო ამ ჰაოლების - თეთრების გაუტეხელი სიჯიუტით. ისინი თავისას მაინც გაიტანენ, ცაც რომ ჩამოექცეთ თავზე. საგნებისა და ადამიანების დასაპყრობად თვით სიკვდილსაც კი არ ერიდებიან. მათი ნებისყოფის სიძლიერეს იგი აღტაცებაში მოჰყავდა. ეს ნებისყოფა თვით სიცოცხლეზეც ძლიერია და ყველაფერს იმორჩილებს. დარწმუნდა, რომ ბრძოლა წააგო. ჰაოლეს ნებასთან შერკინება არ შეიძლებოდა. ათასი სულიც რომ გაწყვიტოს, მაინც ამობობღდებიან, ზღვის ქვიშასავით გამრავლდებიან და მას კი უსათუოდ ჩაკლავენ. ისინი არასოდეს თავს დამარცხებულად არ გრძნობენ. ამაშია მათი შეცდომაც და ძლიერებაც. მის ხალხს კი ეს არა აქვს. ახლა მიხვდა, როგორ შესძლეს რომისა და ღვთის ერთმა მუჭა მსახურებმა მათი მიწა-წყლის დაპყრობა. ეს იმიტომ რომ...

- აბა, რას უდგახარ, გამომყვები თუ არა? - უთხრა იმ უხილავმა კაცმა, რომელსაც თეთრი დროშა ეჭირა. დიახ, ნამდვილ ჰაოლეს შეეფერებოდა ასე ჯიქურ შეტევა თავისი მიზნის მისაღწევად.

- მოდით მოვილაპარაკოთ, - გამოეპასუხა კულაუ.

ხრამიდან უცნობის თავი და მხრები ამოიზარდა, მერე გამოჩნდა მთელი ტანიც. ეს იყო პოლიციელი კაპიტანი, გამოწკეპილი, ტანადი ჭაბუკი, მას თხელი პირისახე და ცისფერი თვალები ჰქონდა. კაპიტანმა ერთი ნაბიჯი წადგა, მაგრამ კულაუმ ანიშნა, გაჩერდიო. კაპიტანი ხუთი ნაბიჯის მოშორებით შედგა და იქვე ჩაჯდა.

- მამაცი ყოფილხარ, - უთხრა კულაუმ გაოცებით. - რომ მდომოდა ბუზივით გაგსრესდი.

- არა, ამას ვერ იზამდი.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ადამიანი ხარ, კულაუ, თუმცა საზიზღარი საპყარი. ვიცი, შენი ამბავი, ისიც ვიცი, რომ კაცის მოკვლა შენთვის არაფერია.

კულაუმ რაღაცა ჩაიბურტყუნა, მაგრამ იდუმალად მაინც ესიამოვნა შექება.

- რა უქენი ჩემს ხალხს? - ჰკითხა მან, - სად არის ჩემი გამოგზავნილი ბიჭი, ორი ქალი და ერთი კაცი?

- ისინი დაგვნებდნენ და ახლა იმისათვის მოვედი, რომ შენც მათ მაგალითს მიბაძო.

კულაუს უნდობლად გაეცინა.

- მე თავისუფალი ადამიანი ვარ. არავისთვის არაფერი დამიშავებია. ჩემი თხოვნაა თავი დამანებოთ. თავისუფლად მიცხოვრია და თავისუფლადვე მოვკვდები. არასოდეს არ დაგნებდებით.

- შენები უფრო ჭკვიანები ყოფილან შენზე, - უთხრა ახალგაზრდა კაპიტანმა. - აი, შეხედე, ისინიც მოდიან.

       კულაუ შემობრუნდა. ახლოვდებოდა საშინელი პროცესია. მისი ტომის უკანასკნელი ნაშიერნი, საცოდავი ხეიბარნი კვნესით და ოხვრით მოლასლასებდნენ. მაგრამ კულაუს ბედი უფრო დიდ მწუხარებას უმზადებდა. როგორც კი კულაუს გაუსწორდნენ, შეურაცხმყოფელი ლანძღვა-გინება დააყარეს. უკან მიმავალი დედაბერი შედგა, ზეაღმართა მხეცისბრჭყალებიანი გაძვალტყავებული ხელი და კბილების ღრჭიალითა და თავის რაცრაცით დასწყევლა კულაუ. კეთროვნები ერთმანეთის მიყოლებით გადადიოდნენ პიტალო ლობებზე და ნებდებოდნენ ჩასაფრებულ ჯარისკაცებს.

- ახლა შენც შეგიძლია მიბრძანდე, - უთხრა კულაუმ კაპიტანს. - მე არასოდეს დაგნებდები. ეს არის ჩემი საბოლოო სიტყვა. მშვიდობით.

       კაპიტანი დაბლა ჩასრიალდა თავის ჯარისკაცებთან. მეორე წუთში ქარქაშზე ჩამოცმული მუზარადი ასწია. კულაუს ნასროლმა ტყვიამ მუზარადი გაუხვრიტა. საღამომდე განუწყვეტლივ ესროდნენ გაღმიდან. მერე კი კულაუმ მაღლა, მიუვალი კლდეებისაკენ გასწია. ჯარისკაცებიც კვალდაკვალ აედევნენ. ექვს კვირას სდიეს ჯარისკაცებმა კულაუს დაკბილულ მწვერვალებსა და თხის ბილიკებზე. ლანტანის ძეძვნარში დამალული მდევრები გარსშემორტყმოდნენ ხოლმე და როგორც კურდღელს, ისე მისდევდნენ ლანტანის ჯუნგლებში და გუავის ბუჩქებში. მაგრამ ყოველთვის ახერხებდა და ხელიდან უსხლტებოდა. მისი ხელში ჩაგდება არ ხერხდებოდა. როცა კი მდევრები ჯგუფად შეუტევდნენ, კულაუ მაშინვე აამოქმედებდა თავის შაშხანას. მაშინ ისინი თავის დაჭრილებს ეზიდებოდნენ მთის ბილიკებით ზღვის სანაპიროსაკენ. ხანდახან, როცა მისი ყავისფერი ტანი ტევრში გაიელვებდა, ჯარისკაცებიც ესროდნენ ხოლმე. ერთხელ ხუთი მათგანი გაშლილ ადგილას ბილიკზე წააწყდა კულაუს. მთელი თავისი ტყვია-წამალი დააყარეს. მაგრამ კულაუმ თავბრუდამხვევ უფსკრულის პირას გაიარა კოჭლობით და გაერიდა. მიწაზე სისხლის ნაკვალევი შენიშნეს, მიხვდნენ, რომ კულაუ დაჭრილი იყო. ექვსი კვირის დევნის შემდეგ ხელი ჩაიქნიეს. ჯარისკაცები და პოლიციელები ჰონოლულუში დაბრუნდნენ და კულაუს მიუგდეს კალალაუს ხეობა სრულ მფლობელობაში. თუმცა ხანდახან თითო-ოროლა მათგანი გაინადირებდა მასზე, მაგრამ ისევ თავისი სამარის გასათხრელად. ორი წლის შემდეგ კულაუ უკანასკნელად შეძვრა ძეძვნარში, გაიჭიმა მიწაზე ტისა და ველური ილის ყვავილთა შორის თავისუფლად შობილი თავისუფლადვე კვდებოდა. წვიმა ცრიდა. კულაუს დამახინჯებულ ფეხებზე დაგლეჯილი საბანი გადაეფარებინა, ტანზე კი - მუშამბის ლაბადა. მკერდზე მაუზერი დაედო, რომლის ლულას სათუთად სწმენდდა წვიმის წვეთებს. იმ ხელზე, რომლითაც შაშხანის ლულას სწმენდდა, თითები აღარ შერჩენოდა. ახლა კი აღარ შეეძლო კულაუს სასხლეტი გამოეკრა. თვალები დახუჭა. სისუსტე დაეუფლა. გონებას ნისლი გადაფარებოდა. მიხვდა, რომ დასასრული ახლოვდებოდა. მომაკვდავი ნადირივით მონახა ტევრი და შიგ შეძვრა. ნახევრადგონდაკარგული ბუნდოვნად აზროვნებდა. ახლა ფიქრებით ნიიჰაუზე გატარებულ ყმაწვილკაცობას გადასწვდენოდა. სიცოცხლე იფერფლებოდა, თანდათან მიწყდა ფოთლებზე დაცემული წვეთების ტკაპუნიც. მას კი ეჩვენებოდა, რომ კვლავ ველური ცხენების რემას მიერეკება, კვლავ როკავს და ყალყზე დგება ორწლიანი კვიცი, რომელზეც ის გადამჯდარა. აი, გაცოფებული მიგელავს საფარ-ფარეხში, მეჯინიბეები დამფრთხალი იფანტებიან და ღობის იქით ხტებიან შეშინებულები. მალე სურათი შეეცვალა. სულ არ გაჰკვირვებია. ახლა ის მთის იალაღზე ველურ ხარებს მისდევს და ქამანდს ტყორცნის, იჭერს ხარებს და ქვემოთ ხეობაში მიერეკება, აქ, ბაკში დამღას ასვამდნენ საქონელს. მტვერი და ოფლი ნესტოებს უწვავდა.

       ჯანმრთელი და თავისუფალი ყრმობა ელანდებოდა კულაუს, ვიდრე სიცოცხლესთან განშორების მწარე გრძნობამ არ გამოაფხიზლა. დამახინჯებული ხელები მაღლა ასწია და გაოცებით შეხედა. როგორ? რატომ? რამ გახადა თავისუფალი და ამაყი კულაუ ასეთი? შემდეგ კვლავ გაახსენდა ყველაფერი და უმალ კეთროვან კულაუდ იქცა. დასუსტებულმა თვალები მილულა. წვიმის წვეთების ტკაპუნი მიწყდა. ტანში მომთენთავმა ჟრჟოლამ დაურბინა და შემდეგ ისიც მიწყდა. თავი წამოსწია, მაგრამ იმავე წამს მოწყვეტილივით დავარდა ბალახზე. გახეხილი თვალები მეტად აღარ დაუხუჭავს. უკანასკნელი ფიქრი შაშხანას გადასწვდა. მერე დამჭკნარი, უთითებო ხელები მოხვია შაშხანას და მკერდზე მიიკრა.

ტეგები: qwelly, ლიტერატურა, ლონდონი, მოთხრობა, მოთხრობები, ნოველა

ნახვა: 5830

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters