ედგარ ალან პო - ლიგეა

   და აქაა ძალი ნებისა - ძალი წარუვალი, ვინ ჩახვდება მისი ნების საიდუმლოს? ღმერთი ძალაა უდიადესი, წარმომჩენი საგანთა არსისა. კაცი არც ანგელოსს, არც სიკვდილს დამორჩილდება სრულიად, თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ.

ჯოზეფ გლენვილი


   სულის საცხონებლადაც რომ მინდოდეს, არ შემიძლია ნათლად გავიხსენო - როდის ან თუნდაც სად გავიცანი პირველი ლედი ლიგეა. დიდი ხანი გავიდა მაშ შემდეგ და ამდენმა ჭირ-ვარამმა შემისუსტა მეხსიერება, ანუ, შესაძლოა, ახლა აღარ ძალმიძს სრულიად მოვიხილო ჩემი გონების ყოველი კუნჭული. მართლაც, ხასიათი ჩემი სატრფოსი, იშვიათი განათლება, გასაოცარი და უდრტვინველი მშვენიერება, თრთოლვის მომგვრელი, ამო საუბარი ისე თანდათანობით და იდუმალ მიტყვევებდა გულს, რომ შეუნიშნავი და გაურკვეველი დამრჩა ეს ამბავი. მგონი, პირველად შევხვდი და ხშირად ვნახულობდი ერთ დიდ, დრო-ჟამით გამოძველებულ რაინისპირა ქალაქში. ნამდვილად ექნებოდა რაიმე ნათქვამი თავის ოჯახზე და, ცხადია, ძირძველი უნდა ყოფილიყო მისი გვარი. ლიგეა! ლიგეა! წიგნებისთვის თავგადადებული კაცი ვიყავი და სრულიად მიძინებულიყო ჩემთვის გარესამყაროს შთაბეჭდილებები, მარტოოდენ - ლიგეა! - ამ სანეტარო სახელითღა ვაცოცხლებ იმ ხატს, ვინც აღარ არის. ამ სიტყვების დამწერს ახლა უეცრად გამიელვა: არც არასოდეს ვიცოდი ჩემი მეგობრისა და მშველელის, მერე ჩემი თანამდგომის, დაბოლოს სულზე უტკბესი ჩემი მეუღლის გვარი.

   იქნებ ეს ლიგეას ჟინიანობა იყო? ანდა ერთგვარი გამოცდა ჩემი ვნებისა, როცა გადავწყვიტე ამის გამო არაფერი მეკითხა? ანუ, შესაძლოა, ჩემივე რაღაც ახირება, თვითგვემა რომანტიკული მოწამეობით ატაცებული კაცისა? თავად ეს ფაქტი ძლივსღა მაგონდება - რაღა გასაკვირია, თუ სრულიად დამავიწყდა წვრილმანები, ამ ამბავს რომ ესაძირკვლებოდა, ანუ თან სდევდა, და ჭეშმარიტად, თუკი სული იგი - მიჯნურობის სულად სახელდებული, ძველეგვიპტელი წარმართების მრუმე ფერის ფრთებით შემკული ღვთაება აშტოფეტი მართლაც თავს დასტრიალებს უბედურ ქორწილებს, მაშინ უთუოდ აქაც იყო, თამადად იჯდა ჩემი საქორწინო სუფრის თავში.
ერთი სათაყვანები რამ, ამდენი ურვის შემდგომ, მაინც დამრჩა მეხსიერებაში - ლიგეას სახება; ტანაშოლტილი, წელწვრილი, სიცოცხლის ბოლო დღეებში ოდნავ გამხდარიც ეთქმოდა. ამაოდ დავშვრები, მშვიდი შარავანდედით მოსილი მისი დიდებული სინატიფის, ანდა სადა მიხრა-მოხრისა და ჰაეროვანი ნაბიჯების აღწერას თუ შევეცდები. ლანდივით უჩუმრად შემოვიდოდა ხოლმე ჩემს მყუდრო ოთახში და ასევე უჩუმრად გაქრებოდა. ვერასოდეს ვიგებდი მის შემოსვლას, ვიდრე საამური დაბალი ხმის ჟღერა არ ჩამესმოდა, ვიდრე მხრებზე არ შევიგრძნობდი მარმარილოსებრ სალუქ მკლავებს. ვერც ქალწული ვინმე შეედრებოდა სახის სილამაზით; მზისადარი სახე ჰქონდა, თრიაქნასვამი კაცი თუ ნახავს ასეთს თავის ზმანებაში, უფრო სასწაულებრივი და ღვთაებრივი გახლდათ, ვინმე დელოსელ ქალწულთა თავზე მორიალე ფანტაზიები. თანაც ამ სახეს არ ჰქონდა ის სწორი წყობა, რის თაყვანისცემასაც აგრე ბრმად მიგვაჩვიეს წარმართი მოქანდაკეების კლასიკურმა ნამუშევრებმა. „გამორჩეულად მშვენიერი, თქვა ბეკონმა, ლორდმა ვერულემმა, როცა მოგვითხრობდა მშვენიერების ფორმასა და genera-ზე, - სულ მუდამ რაღაც უცნაური ანაგობისაა“. თუმცა ვიცოდი, ლიგეას სახე კლასიკური წყობისა არ იყო, მაინც კარგად ვხვდებოდი მისი მშვენიერების „გამორჩეულობას“, ვგრძნობდი მისი საფუძვლის უსწორო ნაკვთების მიკვლევას, იმის მიხვედრას, რა არის ამ უცნაური გრძნობის სათავე-მეთქი. ვუმზერდი მაღალ და ფერკმთალ შუბლს უზადო იყო.

   ამ ღვთაებრივი მშვენების გადმოსაცემად სიტყვა რა უღონოა! ვჭვრეტდი მის პირისკანს, სპილოს უძვირფასეს ძვალს რომ გაეჯიბრებოდა, მწყაზრად და ზვიადად განფენილს, ნაზად ამობურცულ ყვრიმალებს, ყორნისფრად მოლივლივე, კულულებიან თმის ტევრს, სრულიად რომ მიესადაგებოდა ჰომეროსის ეპითეტი - „სუმბულისებრი!“ შევცქეროდი დიდებულ, უმწიკვლო კარს, ოდნავ კეხიან, ამაოდ ჩამოქნილ ცხვირს - მხოლოდ ერთხელ, ძველებრაულ მედალიონზე მინახავს მსგავსი სრულყოფილება, ვხედავდი უბიწოდ გამოყვანილ ნესტოებს, თავისუფალ სულზე რომ მეტყველებდნენ, შევყურებდი მის საამურ ბაგეთ, ვარდის წალკოტს რომ მოაგონებდნენ კაცს. მართლაც ციური ასოები იყო - ნაზი პაწაწინა ზედა ტუჩები და ქვედა, ბნედის მომგვრელი, სანდომ-საამური; თვალს ვერ ვაცილებდი უსათუთეს ღაწვებზე მოთამაშე ღრმულებს, ნათლისმომღებ ბროლის კბილებს, სხვათა მთოველი, სპეტაკი და სათნოიანი ღიმილისთვის რომ გაიპობოდნენ შევცქეროდი დახვეწილ ნიკაპს, სუფთად და დიდებულად მომრგვალებულს, ისეთს, ლანდად რომ წარმოუჩინა სიზმარში აპოლონ ღმერთმა კლემონეს, ათენელის ძეს; და კიდევ თვალები, ლიგეას დიდრონი თვალები!
შორეული ანტიკური ხანიდან თვალების ნიმუში არ შემოგვრჩენია.

   შესაძლოა, ჩემი სატრფოს თვალებში იმალებოდა ის საიდუმლო, ლორდი ვერულემი რომ იხსენებდა. მგონია უფრორე დიდრონი ჰქონდა ეს თვალები, ვიდრე ჩვეულებრივ ახასიათებთ ჩვენი მოდგმის ქალებს, ნურჯაჰადის ველად მცხოვრები ტომის დიაცთა ქურციკისებრ თვალებზეც უფრო დიდრონი ჩანდნენ ისინი. მხოლოდ ზოგჯერ, დიდი მღელვარების წამს მცირეოდნავღა ხდებოდა შესამჩნევი ეს გარემოება. მზეს შეშურდებოდა მისი მოხდენილობა ამ წუთს, ცით მოვლენილი, არამიწიერი სილამაზის არსებას ჰგავდა, თურქული ზღაპრების ჰურიას. თუ, შესაძლოა, აგრე ჩამაგონა ჩემმა წამონთებულმა ფანტაზიამ. შავფერი, ცოტათი უსწოროდ მორკალული წარბები ჰქონდა, გრძელ-გრძელ, გიშრის წამწამებში მელნისფერი თვალები უბრწყინავდა. ამ თვალებში მიკვლეული „უცნაური“ კი იყო ცხადი თავისი ფორმით, ფერით თუ ნათებით, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ამას სწორედ თვალების გამომეტყველება გვამცნობდა... ჰოი, რამდენი ტყუილი საბრუნავის მქონეა სიტყვა! და ასე გვიჯდება ძვალ-რბილში ადამიანის სულის აუარება ამბის არცოდნა. ლიგეას თვალთა გამომეტყველება! რამდენი საათი გამილევია ამ საგონებლით! შუა ზაფხულის ღამით როგორ ვეჭიდებოდი მის ჩასაწვდომად მოძალებულ ფიქრებს! ჩემი სატრფოს დემოკრიტეს ჭაზე უღრმესი თვალებში ნეტავ რა დაძირულიყო? ერთთავად გამეხელა ამის მოკვლევის ჟინმა. ლიგეას თვალები! დიდრონი, ნათელი, ღვთაებრივი თვალები! ლედას მარჩბივ ვარსკვლავად შეიქმნენ ისინი ჩემთვის და მეც გავხდი მათთვის თავგადადებული ვარსკვლავთმრიცხველი.
ადამიანის გონის შემსწავლელი მეცნიერება ხომ ამდენ გაუხსნელ ხლართებს გადაეყრება, მაგრამ ყველაზე უფრო ის არის ამაღელვებელი, მგონი შეუმჩნეველი რომ დარჩა მრავალ სკოლას, როცა ძალიან გვინდა დიდი ხნის წინ გარდახდომილის გახსენება, მხოლოდ მოსაგონარი ამბის სულ სამანებს მივაღწევთ და მაინც ვერ მოვიგონებთ საბოლოოდ. სწორედ ასევე, ლიგეას თვალებს წამდაუწუმ და დაჟინებით რომ ვაკვირდებოდი, მაშინღა ვგრძნობდი აჰა, სრულიად მივხვდები-მეთქი მათ გამომეტყველებას, ახლა კი მივხვდები, აი ახლა-მეთქი, რომ უკვალოდ გაქრებოდა მათი შესაცნობი აზრის ნატამალიც! და (უცნაური კია, საიდუმლოთაგან ფრიად უცნაური!) ქვეყნიერების მთლად ჩვეულებრივ საგნებში ვპოულობდი იმ გამომეტყველების ანალოგიას. ამით ის მინდა ვთქვა, შემდგომ, როცა ლიგეას მშვენიერება ჩამეჭდო სულში და როგორც სამლოცველოში, აქ ისე გამიბატონდა, მატერიალური სამყაროს მრავალი საგანი იგივეს მაგრძნობინებდა, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი ჩემში და ჩემ გარშემო მისი დიდრონი და სხივოსანი თვალების მზერისას. მეტი არც ამ გრძნობის განსაზღვრა, არც გააზრება და აღარც მისთვის თვალყურის მიდევნება შემეძლო. მაშინღა ხდებოდა ჩემთვის საცნაური, ვიმეორებ, როცა ვუჭვრეტდი ვაზის ყვავილობას, ფარვანის ფარფატს, ზღვის ლივლივს, ცაზე მეტეორის ვარდნას, მხცოვანი კაცის თვალებს, ნაკადულის რბოლას.

   ორი თუ სამი ვარსკვლავის (განსაკუთრებით ერთის, სიდიდით მეექვსის, მარჩვიბისა და ცვალებადის ლირას დიდი თანავარსკვლავედის ახლოს რომ მდებარეობს) ცარგვალზე ტელესკოპით ხილვისას ვცნობდი ამ გრძნობას, და რაღაც ამდაგვარი დამეუფლებოდა ხოლმე მაშინ, როცა სიმებიანი საკრავების ჰანგებს გავიგონებდი ამ წიგნის ზოგიერთ ადგილს წავიკითხავდი. ნათლად მახსენდება ჯოზეფ გლენვილის ტრაქტატში ამოკითხული სიტყვები (საკვირველნი რომ იყვნენ, შესაძლოა ამიტომ, ვინ იცის?), რომლებიც ნიადაგ იგივეს მაგრძნობინებდა: „და აქაა ძალი ნებისა ძალი წარუვალი. ვინ ჩახვდება მისი ნების საიდუმლოს? ღმერთი ძალაა უდიადესი, წარმომჩენი საგანთა არსისა. კაცი არც ანგელოსს, არც სიკვდილს დამორჩილდება სრულიად, თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ“.

წლებმა და შემდგომი დროის ფიქრებმა შემაძლებინეს მართლაც შემენიშნა რაღაც შორეული კავშირი ინგლისელი მორალისტის სიტყვებისა და ლიგეას ხასიათის ზოგიერთ თვისებას შორის. ამ ქალის ფიქრის, საქმისა თუ იტყვის ძალამოსილება იყო, შესაძლოა, შემდეგი, ანუ ნიშანი მაინც, დაულეველი ვნებისა, რაც ჩვენს ხანგრძლივი ურთიერთობაში უფრო საცხადო რამით კი არა, მხოლოდ ამით, ამ ძალმოსილებით გამოიხატებოდა. ყველა ქალთაგან, ვინც ოდესმე მენახა, გარეგნულად სულ სახემშვიდი ლიგეა უფრორე მოუდრეკდა ხოლმე თავს დაუოკებელი ვნების ძალის შესახებ, ადრე თვალსხივოსანი რომ არ შობილიყო ეს ქალი, ასევე, რომ არ სცოდნოდა მკაფიო და, იმავე დროს, ჩუმი და უშფოთველი, თითქმის ჯადოხმით საუბარი; ასევე, მარად დღე რომ არ ყოფილიყო მთქმელი ცეცხლოვანი სიტყვებისა (რომლის წარმოთქმა ორმაგ ძალას მოიღებდა, რაკიღა ამ სიტყვებში ჩაწნულიყო მგზნებარება და სიმშვიდე).
   ლიგეას განათლების ამბავი უკვე ვიცით, მსგავსი ცოდნის ქალი არასოდეს მინახავს. საუცხოოდ შეესწავლა კლასიკური ენები და, რამდენადაც თავად გარკვეული ვიყავი, თანამედროვე ევროპული ენების ცოდნაში ვერავინ გაუტოლდებოდა. ზოგიერთი საგანიც, უფრო თავისი ბუნდოვანებით რომაა ცნობილი და რომლითაც თავი მოაქვთ აკადემიის მწიგნობრებს, სრულიად გაესაკუთრებინა ლიგეას. რა გაოცებულმა, რა აფორიაქებულმა გავიგე ჩემი მეუღლის ეს ღირსება სულ უკანასკნელ ხანებში! მსგავსი ქალი არასდროს მინახავს-მეთქი, მაგრამ მამრი, სად მოიძებნებოდა მამრი, ასე სრულიად რომ ჰქონოდა მოვლილი მორალის, ფიზიკის, მათემატიკის მეცნიერებათა ვრცელზე-ვრცელი სარბიელი? მაშინ ვერ ვხედავდი იმას, რაც ახლა ნათელია ჩემთვის: განსაცვიფრებელი, ყოვლისმომცველი იყო ლიგეას ნიჭი. და მაინც, იმთავითვე კარგად ვგრძნობდი მის უდიდეს უპირატესობას და ბალღურად მორჩილი, მისი თანამდგომობით მივიკვლევდი გზას მეტაფიზიკური გამოკვლევების ქაოსურ სამყაროში, რითაც გატაცებული ვიყავი ჩვენი ქორწინების პირველ წლებში. რა ზეიმით, რა სიხარულით ცათა ფრენაშემდგარი, რა იმედებით მოვიხიბლებოდი, როცა ის ჩემ გვერდით იყო და სულ ორიოდე წუთში. სულ შეუჭირვებლივ, თანდათანობით გადამეშლებოდა ნათელი თვალსაწიერი და წინმავალი, შორი, მზიანი, მთლად გაუკვალავი ბილიკი, სიბრძნის კარიბჭესთან, ესოდენ ფასდაუდებელ, ღვთაებრივ ნაკრძალთან რომ მიმიყვანდა!

   მართლაც, რა შხამსამსალა უნდა შემესვა მაშინ, როცა, რამდენიმე წლის შემდეგ, ჩემი ნათელი იმედები გაცუდდა! ბალღი გავხდი უიმისოდ, წკვარამ ღამეში ხელის ფათურით მოხეტიალე. მასთან ყოფნა, მისი ხმა წარმომიჩენდა ტრანსცენდენტულ საიდუმლოს, რომლის მისაკვლევად ვათენ-ვაღამებდი. სატურნის ტყვიაზე უფრო ჩამუქდა ახლა მის მანათობელ თვალებს მოკლებული პრიალა, ოქროცურვილი ასოები. ჩემი საკითხავი წიგნების გვერდებს უფრო და უფრო აკლდებოდა ლიგეას თვალის სინათლე - ლიგეა ავად გახდა. მეტისმეტი ავადმყოფური ბრწყინვა დაეტყო უკვე მის თვალებს; სამარისებული ფერი გადაჰკრავდა, სანთლისფერი გაუხადა თლილი თითები; მაღალ შუბლზე მცირეოდენი მღელვარების დროსაც კი მალიად უფეთქავდა ცისფერი ძარღვები. ვხედავდი, უნდა მომკვდარიყო და სასოწარკვეთილი ვებრძოდი პირქუშ ჯაბრაილს, მაგრამ ჩემი ვნებაულევი ცოლი, ჩემდა გასაოცრად, უფრო ძალუმად შებრძოლებოდა. ბევრი რამ იყო ისეთი მის მტკიცე ხასიათში, რამაც ჩამაგონა, მშვიდად და უშფოთველად შეხვდება-მეთქი. მაგრამ სიცოცხლის გაუნელებელ წყურვილს რომ ვატყობდი - სიცოცხლის - მხოლოდ სიცოცხლის, ჩემი ყოველი სანუგეშო სიტყვა ამაო ღაღადი იქნებოდა. ტანჯვა-ვაებით ანწუხზე აგებული სულის ამოხდენამდე მისი გარეგნული უდრტვინველობა შეგზარავდათ. ხმა უფრო ნაზი გაუხდა, უფრო ჩუმი.. ახლა არ მინდა წყნარად წარმოუთქმელი მისი სიტყვების ბორგნეული შინაარსის მოყოლა. კინაღამ ჭკუა დავკარგე, როცა უბრალო მოკვდავისგან ჯერხანად უთქმელ თავის ნაფიქრალსა და სურვილებს მეუბნებოდა და მის გულშიჩამწვდენ ჯადოხმის მელოდიას ვისმენდი.
ლიგეას უეჭველად ვუყვარდი. ისიც კარგად ვიცოდი, ჩვეულებრივი არ უნდა ყოფილიყო ასეთი ქალის სიყვარული. მაგრამ ამ სიყვარულის ძალას სრულად მისი სიკვდილის ჟამს მივხვდი. ჩემი ხელი ხელში რომ ეკავა, იმ გაუთავებელ საათებში ნათლად წარმომიჩინა კერპთაყვანისმცემლობის მსგავსი სულით ხორცამდე ჩემი ერთგულება. ამგვარი აღსარების სითბო რით დავიმსახურე? ასეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ რით დავიმსახურე სატრფოსთან დაშორების ვაება? მაგრამ ამის შესახებ მეტს აღარ გეტყვით. ამასღა დავსძენ, თქვენი ნებართვით: ქალურ სიყვარულს რომ ასე მეტობდა, ლიგეას სიყვარულმა, რაიც - ვაგლახ - ვერაფრით დამემსახურებინა, დამანახა გაუძლისი წყურვილი სიცოცხლისა, ასე მსწრაფლ, თვალ და ხელ შუა რომ უქრებოდა. სწორედ სიცოცხლის წყურვილის - სიცოცხლის, მხოლოდ სიცოცხლის ამ გაუნელებელ სურვილის გადმოცემის ძალა არ შემწევს - ამ ამბავს ენა ადვილად ვერ იტყვის.
   სიკვდილის ბჭეს რომ მიატანა, იმ შუაღამით მბრძანებლურად დამიქნია ხელი, მიმიხმო და მთხოვა წამეკითხა ლექსი - რამდენიმე დღის წინ თავად შეთზა. აი ისიც: ჰა, წარმოდგენა ისევ ღამისა, წყეული წლები კი ისევ რბიან!
ანგელოსთ ბურავთ შავლეგა ნისლი, ბნელში მიყუჟულთ ცრემლები სდიან.


სხედან დარბაზში თეატრონისა
ხილვად თამაშის - იმედის, შიშის.
კვნესის გიტარა სიმდაწყვეტილი
და თვლემს მუსიკა სფეროთა ჩრდილში.
მიმოსნი საღვთო ფერისცვალებით -
მარიონეტნი ზეციურ მხარის
ხელების ქნევით, ფართო თვალებით
მიმოიძვრიან ფრთების ქარებით; თურმე ამ ღამით ესენი ისევ
სცვლიან სცენარებს, და გააფთრებით
ფურცლებსა ხევენ, მერე მალიად
გადახვეტავენ კონდორის ფრთებით.
ჰოი, მრავალფეროვანი დრამა!
დაუვიწყარი დარჩება მარად, ვერ დაიჭერენ აჩრდილთა დასებს
ველად მძვინვარე ქარებს დარად, და მროკავი ბრბო წრეგადასული
კვლავ უბრუნდება ჯადოქმნილ წერტილს.
შეცოდებათა სიშლეგე სრული -
იმ სიუჟეტის სულია კრული!
მაგრამ ეს რაა... მიმოსთა წრეში
მოიგრაგნება, რაღაც ხმიანი..
ფერად წითელი, ვეება ეშვით
მოიჭრა იგი აქ გაშმაგებით -
მიმოსთა დღეა სიკვდილიანი!
ჰა, სისხლიანი ჯოჯოს ეშვები..
ჰაი, ქვითინი სერაფიმების!
ჩადგა შავფერი ქარი წყეული, დაეცა არეს წყვდიადის დამბლა.
შავი შრიალით ფარდა ხვეული
მაშინვე, უცებ დაეშვა დაბლა.
და ანგელოსნი მწუხარე ზარით
განაცხადებენ ასე, ხმამაღლა: ტრაგედიაში „ადამიანი“
გამარჯვებული გმირია მატლი.


   ჰოი, ღმერთო! - შეჰყვირა ლიგეამ, ჩავათავე თუ არა ეს ლექსი, წამოდგა და მსწრაფლ აიწვდინა ხელები, - ჰოი, ღმერთო! ჰოი, მამავ ყოვლის მპყრობელი! ნუთუ ვერავინ მოუღებს ბოლოს იმის მძლავრობას? სულ მუდამ გამარჯვებული ნუთუ ერთხელაც არ დამარცხდება? თუ ჩვენ არა ვართ შენი სისხლი სისხლთაგანი და ხორცი ხორცთაგანი? ვინ, ვინ ჩახვდება მისი ნების ძლიერების საიდუმლოს? კაცი არც ანგელოსს, არც სიკვდილის დამორჩილდება სრულიად, თავისივე ნების უღონობა შეიწირვას მხოლოდ.
ამ მღელვარებით სულ მოუძლურებულს თეთრნი მკლავნი ჩამოუცვივდა, ნელინელ დაუბრუნდა სიკვდილის სარეცელს. ძლივს გასაგონი ჩურჩული ამოჰყვა ბაგეთაგან უკანასკნელ სუნთქვას. მისკენ თავდახრილმა გავარჩიე გლენვილის ის ბოლო სიტყვები: „კაცი არც ანგელოსს, არც სიკვდილს დამორჩილდება სრულიად, თავისივე ნების უღონობა შეიწირავს მხოლოდ“.
მოკვდა. ამდენი ტანჯვით წუთისოფელჩაშხამებულმა ვეღარ გავუძელი მარტოობას ჩემს ბინაზე, მზებნელ, დრო-ჟამისგან გამოძველებულ რაინისპირა ქალაქში. სიმდიდრეს რასაც ეძახის ხალხი, არ მაკლდა. ლიგეამაც უფრო შემმატა, ნამდვილად უფრო მეტი და ვეჭვობ, ჩემსავით მდიდარი თუ გამხდარა ვინმე მოკვდავი. რამდენიმე თვის გზამძიმე და უაზრო ხეტიალის შემდეგ ვიყიდე და ცოტათი შევაკეთებინე ერთი სააბატო, რომელიც პირქუში ინგლისის ერთ ყველაზე უკაცურ და მივარდნილ კუთხეში იყო და რომლის სახელს ახლა ვერც გეტყვით. შენობის სევდისმომგვრელი და მჭმუნვარე დიდებულება, თითქმის მთლად გატიალებული მამული და მასზე შექმნილი, საუკუნოთა წიაღ ცოცხალი, ნაღვლიანი და შესაზარელი ლეგენდები, ერთიცა და მეორეც ერთობ ეხმიანებოდა იმ ჩემს სიმძიმილს, რამაც ქვეყნის ამ ძველ, გამოყრუებულ მხარეს გადმომაგდო.

   თუმცა სქლად ხავსმოდებულ სააბატოს გარეკედლებისთვის ხელი არ მიხლია, მაგრამ დარბაზები და ოთახები დიდმეფურად მოვართვევინე ბავშვივით ახირებულმა და უღონო იმედის გულში მატარებელმა, იქნებ, ამით სევდა განვიქარვო-მეთქი. ფუჭი წვრილმანების თაყვანისცემა ჯერ კიდევ ბიჭობაში დამჩემდა და ამან კვლავ გამიხსენა ამდენი ვაებით ბებრულად ჭკუადასუსტებულ კაცს. ვგრძნობდი, ჩემი სიგიჟის პირველი ნიშნები ჩანდა ამ სქელ, უხვფერებიან და ფანტასტიკურ ფარდებში, ქვეშ ძველეგვიპტურ ქანდაკებებში, ლავგარდნებში, ავეჯის ჩუქურთმებსა და შლეგურ ნახატებით დაქარგულ ოქრომკობილ ნოხებში. თრიაქმა დამიმონა, ყველა ჩემს ნაშრომსა და ნათქვამს დაეტყო ზმანებათა არილი. მაგრამ აღარ მოვყვები ჩემი იმდროინდელი უგუნური ცხოვრების ამბავს. მხოლოდ გიამბობთ ერთ დაწყევლილ ოთახზე, სადაც მარადმოსაგონარი ლიგეას ნაცვლად ჭკუაარეულმა საკურთხევლიდან მოვიყვანე თმანათელი და ცისფერთვალა ტრემეინელი ლედი როვენა ტრევინიონი.
   ნათლად მიდგას თვალწინ იმ საქორწინო პალატის მორთულობისა და წყობის წვრილმანი. ჩემი ცოლის მზვაობარ სახლეულს გული აგრე როგორ გაქვავებოდა, რომ ოქროს ბრწყინვით დაბრმავებულმა თავიანთ საყვარელ ასულს ნება მისცეს გადმოებიჯებინა ასე მორთული ოთახის ზღურბლზე. უკვე გითხარით, გამოწვლილივით მახსოვს-მეთქი პალატის ყოველი წვრილმანი, მაგრამ, სამწუხაროდ, დამვიწყებია ბევრი რამე, უფრო მნიშვნელოვანი. მეხსიერებაში რომ აღიბეჭდა, სწორედ რაღაც ისეთი წყობა და თანაზომადობა აკლდა ფანტასტიკურ პალატას. ციხესიმაგრის მსგავსად ნაგებ სააბატოს მაღალ კოშკში იყო ოთახი, ხუთკუთხა და საკმაო სიდიდისა. სამხრეთის კედლად ჰქონდა ერთი დიდი, ტყვიისფეროვანი მთლიანი ვენეციური შუშის სარკმელი, რომელშიც მთლიანი ვენეციური შუშის სარკმელი, რომელშიც გამოღწეულ მზისა და მთვარის შუქს შემზარავად წარმოეჩინა ირგვლივ ყველაფერი. მრავალწლოვანი ვაზით შეფენილი რკინის გისოსიანი ზღუდე დაემაგრებინათ ამ ვეებერთელა სარკმელის ზემოთ, ჭერი მოშავო მუხისა, უჩვეულოდ მაღალი, კამაროვანი იყო, ნახევრად გოთიკური და ნახევრად დრუიდულ ყაიდაზე მოჩუქურთმებულ ფართერგოლებიან ოქროს ჯაჭვზე დაეკიდათ სარკინოზელ ნაყშებიანი ოქროსავე სანათური. იგი ისე მრავლად იყო დასვრეტილი და ნასვრეტებიც ისე ოსტატურად განელაგებინათ, რომ შიგაც და გარეთაც გველივით დაიკლაკნებოდა სინათლის ნაირფეროვანი ჭავლები.
   რამდენიმე აღმოსავლური ტახტი და ოქროს შანდალი უწესრიგოდ იდგა პალატაში, აქვე - ინდური სარეცელი, დაბლა საქორწინო სარეცელი, მკვრივი შავი ხისაგან ნაკეთები, კუბოსამებრ მოჩარდახული. პალატის ყოველ კუთხეში დაედგათ ლუქსორის სამეფო აკლდამისეული შავი გრანიტის უზარმაზარი სარკოფაგები, აურაცხელი, ადამის ჟამინდელი ნახატებით მორთული საურავებითურთ. მაგრამ სწორედ დარბაზის გობელენები იყო - ვაგლახ! - მთლად ფანტასმაგორული. მაღალი, მეტად მაღალი, ამავე დროს არაპროპორციულად ნაგები კედლებიდან ძირისძირამდე კეც-კეცად ეშვებოდნენ გობელენები. მათი მსგავსი მასალითვე მოექსოვათ იატაკის ხალიჩა, ტახტებისა და შავი ხის სარეცლის ბალდახინები. სარკმლის ნაწილი დაეფარა საკვირველად დაქარგულ ფარდას, რომლის მასალა ოქრონემსული ფარჩა იყო, არეულ-დარეულად სულ გადაფენილა ერთი ფუტი დიამეტრის, ნახშირივით შავი არაბესკებით. მაგრამ ესენი არაბესკებად მხოლოდ მაშინ გამოჩნდებოდნენ, თუ ერთი ფუტი წერტილიდან შეხედავდით. ძველთაძველი და აწ გავრცელებული მოწყობილობის მეშვეობით სახეს იცვლიდა არაბესკები. ახალშემოსულისთვის ჯერ უსახური ჩანდა, მაგრამ რაც უფრო მიუახლოვდებოდა, მით უფრო შემზარავად წარმოისახებოდა და ბოლოს შემაძრწუნებელი ფიგურების ალყაში აღმოჩნდებოდა კაცი, ნორმანთა ცრურწმენების კვალობაზე შექმნილ სახეთა ან მონაზვნის ცოდვილიანი სიზმრების ნაკადი ფანტასმაგორიულ ეფექტს აძლიერებდა და დაუცხრომელ, შემზარავ, ჯერეთ უნახველ სიცხოველეს ანიჭებდა ყოველივეს.
   ამგვარ დარბაზში, ამგვარ საქორწინო პალატაში ვატარებდი უკურთხეულ საათებს ტრემეინელ ლედისთან ჩვენი ქორწინების პირველ თვეს და აგრერიგად არც ვდარდობდი. ვატყობდი, ჩემს ცოლს გულის მომკვლელი ჩემი ზნე-ქცევა აშინებდა, მიფრთხოდა, არც დიდად ვუყვარდი. და ეს ამბავი არამცთუ მწყინდა, პირიქით, კიდევაც მსიამოვნებდა. მძულდა ეს დიაცი და ეს სიძულვილი დემონს უფრო შეეფერებოდა ვიდრე კაცს. კვლავ ვფიქრობდი (ჰოი, რა სინანულით!) საყვარელ, ღვთაებრივ, დასამარებულ ლიგეაზე. ღამე გამითენდებოდა, როცა მაგონდებოდა მისი სიწმინდე, სიბრძნე, ზექალობა და ამაღლებული, ვნებაულევი, თავდაუზოგავი სიყვარული. გული მეწვოდა, ცეცხლი შემომგზნებოდა და უფრო ძალუმად კიაფობდა, ვიდრე ლიგეას სულისეული ლამპარი. თრიაქნასვამი, ზმანებებით შეპყრობილი (რაკიღა უკვე სულ დამიმონა ამ შხამმა) ღამის მდუმარებაში, დღისითაც, გადაკარგულ ხევხუვებში მოხეტიალე გავყვიროდი მის სახელს, თითქოს გულის მხურვალებას, მოგუზგუზე ვნებას, ლიგეას ნახვის გულისგამომჭმელ სურვილს შეეძლო დაებრუნებინა იგი აქ, მიწისზედა - ჰოი, ნუთუ სამარადისოდ? - დატოვებულ ბილიკზე.
   ჩვენი ქორწინების, ასე, მეორე თვის დამდეგს როვენა უცებ ავად გახდა და კარგა ხანს ვერ მომჯობინდა. შავი დღე აყარა ციებამ, ცუდი ღამეები დაუდგა. ძილი და მოსვენება რომ აღარ ჰქონდა, სულ ჩიოდა, რაღაც ხმები მომდისო კოშკის შიგნიდან და გარედანაც. ეს ამბავი, ასე ვფიქრობდი, მისი ავადმყოფობის ან, იქნებ, ოთახის ფანტასმაგორიული მორთულობის ნაძალი თუა-მეთქი. ჯერ იყო, გამოკეთება დაეტყო, ფეხზეც დადგა. მაგრამ მალე შეუბრუნა და ამჯერად უფრო სასტიკმა, მწარე შეტევამ ჩააგდო ლოგინად. ისედაც სუსტი ქალი ვეღარ შეებრძოლა და ვეღარც თავი დააღწია უჟმურს. ამაოდ დაშვრნენ განსწავლული და თავის საქმეზე თავგამოდებული ექიმები. სრულიად დააგდო ამ, როგორც ჩანს, მოურჩენელმა ავადობამ და უკვე აშკარად ვატყობდი ნერვულ ჭირვეულობას, შიშიანობაც დასჩემდა. კვლავ, უფრო ხშირად და ჯიუტად ჩიოდა, რაღაც ხმები, სულ ჩუმი ხმები მესმისო და ადრინდულად იძახდა, საკვირველად დაშრიალებსო ეს ფარდები.
ერთხელ ღამით, სექტემბრის მიწურულს, უფრო დაჟინებით დამიწყო ამ გულისმომწყვლელ საგანზე საუბარი, ჩვეულებრივზე უფრო მოითხოვდა ჩემს ყურადღებას. მშფოთვარე ძილ-ღვიძილისგან ახლაღა გამორკვეულიყო და მეც, შავი ხის სარეცლის ახლოს, ინდურ ტახტზე მჯდომარე გაოგნებული და თავზარდაცემული შევყურებდი მის ფერმკრთალ სახეს. ბალიშზე თავწამოწეული, შიშატანილი მეჩურჩულებოდა, ნამდვილად მესმისო ის ხმები, ნამდვილად ვამჩნევო ფარდების მოძრაობას. მე კი ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს ვგებულობდი. ქარი დაშტრიალობდა გობელენებში და მინდოდა ჩამეგონებინა ქალისთვის (რაც, უნდა ვაღიარო, თავადაც ცოტა მჯეროდა), ჩუმი ხვნეშისა და კედლებზე მოფენილი მრავალი გამოსახულების ძლივს შესამჩნევი ცვალებადობის მიზეზი სწორედ ესაა, ქარია-მეთქი. მაგრამ მისი შემზარავად გადაფითრებული სახე მარწმუნებდა, ვეღარაფერს შევასმენდი. სადაცაა გრძნობას დაჰკარგავს-მეთქი, ასე მეგონა.

   მსახურთაგან ახლოს კი არავინ იყო, რომ მომეხმო. გამახსენდა, თუ სად იდგა ტკბილღვინიანი სურა, ექიმის რჩევით მხოლოდ ამ ღვინოს ვასმევდი ავადმყოფს. სწრაფად წავედი მის მოსატანად. მაგრამ როგორც ზემოდან ჩამონათებულ შუქის წრეში ფეხი შევდგი, ჩემი ყურადღება მიიპყრო ორმა უცნაურმა ამბავმა. ჯერ ასე შევნიშნე, სულ ახლოს ჩამიარა რაღაც საგრძნობმა, თუმცაღა უხილავმა; მერე ისიც დავინახე: სანათურის სინათლით შემოხაზული წრის შუაგულში გაკრთა ანგელოსისებრ რაღაც ჩრდილი. გამჭვირვალე და მოუხელთებელი რომ იყო, კაცი ასე იფიქრებდა, ჩრდილის ჩრდილიაო. კარგა მაგრად თრიაქნასვამი, აფორიაქებული ვიყავი და ეს ამბავი არაფრად ჩავაგდე, არც როვენასთვის მითქვამს რამე ამის შესახებ. სურა ავიღე, უკანვე გამოვბრუნდი, თასი გავავსე, მოუძლურებულ ქალს ტუჩთან მივუტანე. თვალი გაახილა და ჯერ კიდევ ბურანში მყოფმა თასი თავად გამომართვა. მასთან ახლოს, ტახტზე ჩამოვჯექი და შევყურებდი. სწორედ მაშინ, იქვე, ნოხიდან, ანუ, შესაძლოა, მეზმანა - როვენას პირთან რომ მიჰქონდა თასი, შიგ ჩავარდა რაღაც უჩინარი ჭურჭლიდან მეწამული ფერის სამი თუ ოთხი მოდიდო, მოელვარე წვეთი. შესაძლოა მე ეს ნამდვილად დავინახე, მაგრამ როვენას არაფერი შეუნიშნავს. ღვინო უყოყმანოდ დალია. მეც აღარაფერი მითქვამს ამის გამო, რადგან ასე ვფიქრობდი, ყველაფერი ეს ჩემი ცოლის სასტიკი შიშიანობით, თრიაქითა და უძინარობით აგრე ცხოველად გრძნობა-გონებააშლილი კაცის ფანტაზიის ბრალი თუა-მეთქი.
   საკუთარ თავს გამოვუტყდი, იმ მეწამული ფერის წვეთების შემდეგ სულ მალე ჩემს ცოლს სააქაო პირი აღარ უჩანდა. მართლაც, მესამე ღამეს მისი ცხედარი გააპატიოსნეს და სამარისათვის მორთეს, ხოლო უკვე მეოთხე ღამეს მარტო ვუჯექი სუდარაში გახვეულს, ამ ჩემს უცნაურ პალატაში, სადაც პატარძლად შემოვიდა ეს ქალი. მორიალე, შემაძრწუნებელი, ჩრდილების მაგვარ რასმე, თრიაქით აშლილ ზმანებებს ვხედავდი. ძრწოლაატანილი შევყურებდი დარბაზის კუთხეებში დაყურსულ სარკოფაგებს, ფარდებსა და გობელენებზე გამოსახულებათა ფარფარსა და ჭერიდან ნაირფეროვან სხივთა თოვას. რამდენიმე ღამის წინანდელი ამბავი რომ წამომაგონდა, დავხედე იმ ადგილს, სადაც მაშინ სანათურით გამოკვეთილ წრეში რაღაც აჩრდილის მკრთალი ნაკვალევი შევნიშნე ახლა იქ აღარაფერი იყო. გულზე მომეშვა და კვლავ მოვხედე ფერწასულ, გათოშილ სხეულს. სწორედ იმ წუთას ათასი რამე მომაგონდა, ლიგეაზე და გულიც მომიკვდა: ცრემლები მახრჩობდა, დარდით აღარ ვიყავი, როცა დავცქეროდი ამ, სუდარაში გახვეულ ქალს. ღამე გაილია და ჩემს ერთადერთ, ჭეშმარიტ სიყვარულზე ფიქრებაშლილ კაცს თვალი არ მომიცილებია როვენას ცხედრისთვის.

   შუაღამით, შესაძლოა ცოტა უფრო ადრე ან უფრო გვიან, არ ვიცი, რაკიღა დროის სათვალავი ამერია, ჩამესმა ჩუმი, საწყალობელი, მაგრამ მკაფიო ქვითინი და გონზე მოვედი. ვიგრძენი, შავი ხის სიკვდილის სარეცლიდან მოისმოდა. ყური მივუგდე ცრუმორწმუნეობრივი შიშით თავტანდაკარგულმა, მაგრამ ეს ხმა აღარ განმეორებულა. თვალი ვეღარ მოვაცილე მიცვალებულს, მცირეოდნავაც არ შეტოკებულა. მაგრამ არ მოვტყუებულვარ, ნამდვილად გავიგონე ჩუმი ქვითინი და ჩემმა სულმა გაიღვიძა ჩემს არსებაში. მივციებოდი სხეულს, მხოლოდ მრავალი წუთის შემდეგ მოხდა ის, რამაც ნათელი მოჰფინა ამ საიდუმლოს. ბოლოს ცხადი გახდა, ცოტა შეუფერიანდა ღაწვები და სახის კანი ჩანაცრებულ ქუთუთოებთან, წვრილი, მქრქალი ძარღვების გასწვრივ. თავზარი დამეცა, შიშით გრძნობამ ბოლოს გონს მომაგო. ეჭვი არ იყო, თურმე ავჩქარებულვართ - როვენას სული ედგა. რაღაც უნდა მეღონა დაუყონებლივ. კოშკი კარგა შორს იყო მსახურთა სამყოფელისგან და ვერც ვერავინ ვნახე რომ გამეგზავნა, ვეღარავის მოვუხმობდი საშველად. ვინმეს დასაძახებლად რომ წავსულიყავი, რამდენიმე ხნით უნდა დამეტოვებინა პალატი, ამას კი ვერ ვბედავდი. ამიტომ სულ მარტოკამ ვცადე მივშველებოდი როვენას, მომებრუნებინა აქვე მფრინავი სული. მაგრამ მალე მივხვდი, ამაოდ დავშვერ. ფერი მიელია და თეთრ მარმარილოზე უთეთრესი გაუხადა ქუთუთოები და ღაწვები; სიკვდილის სასტიკი ხელით გადახატული ტუჩები ორკეც ჩაეღრიცა, ამაზრზენი და სლიპინა სუსხი ჩაუდგა მთელ სხეულში, იმწუთას გაიჭიმა და გაქვავდა. ძრწოლით მივწექი ტახტზე, საიადანაც წეღან ასე ცქვიტად წამოვდექი და კიდევ მომეძალა მგზნებარე ზმანებები ლიგეაზე. საათი გავიდა, რომ (ნუთუ ეს შესაძლო იყო) სარეცლის მხრიდან კვლავ რაღაც ბუნდი ხმა მოესმა. ყური მივუგდე ზარგანხდილმა. ისევ მომესმა ამოოხვრა. გვამთან მივირბინე და დავინახე, ნათლად დავინახე, როგორ ათრთოლდნენ ბაგეები. წუთის შემდეგ მოეშვნენ და ბროლის კბილები გამოაჩინეს. აქამომდე თუ მარტო შიშით ვიყავი გულგადაქანებული, ახლა ამას გაოცებაც დაერთოთ. თვალთ დამიბნელდა, გული მიღონდებოდა და მხოლოდ ენით უთქმელი ნებისყოფის წყალობით აღარ დამიკარგავს გონება, ჩემი ვალი ხომ უნდა მომეხადა. ფერი ახლა შუბლზე, ღაწვებსა და ყელზე მოუვიდა, სხეული შეუთბა, გულის ფეთქვაც შეინიშნებოდა. ქალი ცოცხლობდა; გაორკეცებული ძალით შევუდექი საქმეს - საფეთქლები, ხელები დავუზილე, აღარაფერი დამიკლია. აღარაფერი დამვიწყებია, რასაც გამოცდილება და სამედიცინო წიგნების არცთუ ისე მცირე ცოდნა მკარნახობდა, ვერაფერს გავხდი. ფერი წაუვიდა, მაჯისცემა გაუჩერდა, ბაგე-პირი მოეღრიცა სიკვდილმოწეულივით და მაშინვე ყინულივით გაცივდა, ჩალურჯდა, გაშეშდა, ნაკვთები ყინულივით გადაელია, საძვლებში დიდხანს ნადები გვამის ამაზრზენი იერი მიიღო მთელმა სხეულმა.

   თავი კვლავ მივეცი ზმანებებს ლიგეაზე - და კვლავ (რაღა გასაკვირია, ტანზე ეკალი რომ ამესხა ამის დამწერს?) - კვლავ ჩუმი ქვითინი მომესმა შავი ხის სარეცლის მხრიდან. მაგრამ რაღა საჭიროა იმ ღამის ენით აუწერელ საშინელებათა გამომწვლილვით გადმოცემა? რაღატომ უნდა ეთქვა, ჟამ-ჟამად, დილა-ბინდის დადგომამდე როგორ გრძელდებოდა სიკვდილ-სიცოცხლის შემზარავი დრამა, სულ უფრო ახლოვდებოდა გარდაუვალი დასასრული? ყოველივე ასეთი აგონია როგორ ჰგავდა უჩინარ მომხდურთან ჭიდილს და როგორ იცვლებოდა გვამი ყოველ ასეთი შებრძოლების შემდეგ! მაგრამ მოკლედღა ვიტყვი სათქმელს. გულშემზარავი ღამე თენდებოდა, როცა ის, ვინც მკვდარი იდო, კვლავ შეინძრა, ამჯერად უფრო მკვეთრად და ეს მოხდა ასეთი საცხადო აღსასრულის შემდეგ. კარგა ხანია დავამთავრე ყოველგვარი ბრძოლა და გარინდული ვიჯექი ტახტზე, შლეგურ გრძნობათა მორევით მიტაცებული მსხვერპლი. ამ გრძნობებში გაუძლისი შიში, შესაძლოა, ნაკლებად შემზარავი და ნაკლებად გამტანჯავი იყო. ნეშტი, ვიმეორებ, შეტოკდა, ამჯერად უფრო ძალუმად. სიცოცხლის ნიშნები სულ უფრო ცხადლივ გამოჩნდა პირსახეზე, სხეულის ყოველი ასო მოეშვა და მისი მთლად შეწებებული ქუთუთოები რომ არა, შეიძლებოდა მეფიქრა, როვენამ მართლაც დააღწია-მეთქი თავის სიკვდილს. მაგრამ ამ აზრის გავლება გულში ჩემთვის, იმხანადაც კი, ძნელი იყო, თუმცა ახლა რაღა ეჭვი უნდა შემპარვოდა, როცა ნათლად ვიხილე სარეცლიდან წამომდგარი, მონანავე, ფეხარეული, თვალებდახუჭული, სიზმარეულივით გაოგნებული, ნამდვილად გამომავალი პალატის შუაგულში.
   ძრწოლას აღარ ავუტანივარ, მისი ანაგობის, გარეგნობის, მიხრა-მოხრის დანახვისთანავე გამოუთქმელმა ფანტაზიებმა გამიელვა და გამაქვავა. გაშეშებული ვიყავი, მაგრამ კი ვხედავდი ამ გამოცხადებას. გიჟურად ფიქრებაშლილს გული ამოვარდნაზე მქონდა, თვალი მატყუებს-მეთქი. ნუთუ მართლაც ჩემ წინ ცოცხალი როვენა იდგა? მართლაც შეიძლება ეს ქალი როვენა ყოფილიყო - თმანათელი, ცისფერთვალა ტრემეინელი ლედი? რაღატომ, რაღატომ მეპარებოდა ეჭვი? ბაგე-პირი მაგრად ჰქონდა ახვეული - მაგრამ განა შესაძლოა ეს ყოფილიყო ტრემეინელი ლედის ბაგე-პირი? ყმაწვილი ქალის მაისის ვარდივით გაფურჩქნილი ლოყები.. დიახ, მართლაცდა შეიძლება ყოფილიყო ტრემეინელი ლედისა. მთლად საღსალამათი ქალის ეს ფოსოებიანი ნიკაპი.. მაგრამ შესაძლოა, ავადობის დროს სიმაღლე მომატებოდა? ამას რომ ვფიქრობ, ხომ არ შევშლილვარ? ერთი ნახტომით წამოვიჭერი და ფეხებში ჩავუვარდი! შევეხე თუ არა, მსწრაფლ უკუმედგა, შესაზარელი სუდარა თავიდან ჩამოიგდო, პალატაში დატრიალებულმა ჰაერის ნაკადმა კოჭებამდე კეც-კეცად ჩამოუშალა უკუნი ღამის ფრთებზე უფრო შავფერი თმის ტევრი! აჰა, ჩემ წინარე მდგომმა ნელინელ გახილა თვალი. - ახლა კი, - შევყვირე, - აღარასოდეს, აღარასოდეს შევეცდები - ეს ხომ შავად შუქმომფინარე თვალებია დაკარგული ჩემი სატრფოსი - ლედი ლიგეასი!

ნახვა: 2022

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters