qwelly , novel | literature | nodar dumbadze | nodar dumbadze kukaracha | kukaracha | motxroba kukaracha | nodar dumbadzis kukaracha | nodar dumbadzis motxroba kukaracha | დოდარ დუმბაძე კუკარაჩა | ნოდარ დუმბაძის მოთხრობა კუკარაჩა

ნოდარ დუმბაძე - კუკარაჩა

        დეიდა მართას პატარა ორსართულიანი სახლი ვარაზის ხევის პირას იდგა: თუთებით, ატმებით, ალუბლებითა და ფშატით გარშემორტყმული. ზაფხულში უბნის გოგო-ბიჭები ამ ხეხილზე ბეღურებივით ვიყავით შესეული და იყო დეიდა მართას ეზოში გაუთავებელი წყევლა-კრულვა, გნიასი, ხვეწნა, მუდარა და მუქარა: – ჩამოდი, შე არგასაზრდელო!

– ისე ვერ ჩახეთქავ, ტოტი რომ არ მოგლიჯო, შე ოხერო?!

– დაბრმავდი, აჰანდე, ვერა ხედავ, რომ ჯერ მკვახეა?!

– ჟორა, გამოიტა ის მარილიანი თოფი!

– ჯიბგირებო, ყაჩაღებო, ქურდებო, არამზადებო და დამტაცებლებო!!! – ჩამოდით ახლავე, ვიდრე კუკარაჩასთვის არ დამიძახნია!..

– არა გყავთ პატრონები? მაშ, თუ გყავთ, რად არ გამოდიან და არა მშველიან, ღმერთო, შენ გაუჩინე ამ ურდოს მუცლის გვრემა და ფაღარათი! დეიდა მართა ერთი ხის ძირიდან მეორესკენ გადარბოდა შინდის წკნელის ქნევით, მერე არაქათგამოცლილი შუა ეზოში ჯდებოდა და ახლა ხვეწნაზე გადადიოდა: – გოგო, ნათელა, მასწავლებლის შვილი მაინც არ იყო, დედაშენი მთელ ვაკეს ღრამატიკას და „ვეფხისტყაოსანს“ რომ ასწავლის, შენ საკუთარისა და სხვისი გარჩევა არ გასწავლა?! – აი და-და-და-და, დუდუ, შე თავგასიებულო, მეხი კი ინჟინერ მამაშენს დავაყარე, ნახევარი თბილისი ააშენა და რაღა ჩემი ოჯახის დამანგრევლადა გზრდის!

– შენ რა გაცინებს, უდღეურო გურიელო, რაიკომის მდივნის შვილი კი არა და, მეხაშის შვილი უნდა იყო და ღორის ჯიგარსა რეცხამდე ვერეზე. ჩამოდი ძირს და მაწონს გაჭმევ – ემანდ რამე არ მოგივიდეს და დასაჭერად არ გამიხადო საქმე...

– უი, ბროძელო, შენც აქა ხარ? ირაკლი კი არა, ვირაკლი უნდა გერქვას შენა, რადგან კაცის არ გეყურება, რამდენჯერ გითხარი, მაგ გიზიკას აყოლა ხელს არ მოგცემს-მეთქი, დღეს ალუბალს მოიპარავ, ხვალ სახლს გასტეხავ, ზეგ მატარებელს გააჩერებ, მაზეგ პარახოდსა და... უი, თვალი დამიდგეს, კუჭიკო, შენც აქა ხარ? კუჭიც და თავიც ერთად გაგიხმეს, ჩამო, შე საციმბირე, შენა...

– ბერძენო კოსტია, აქ იმიტომ ჩამოეთერით, რომა ჩემი ოჯახი დაანგრიოთ, საბერძნეთში ცოტა ალუბალი და თუთა იყო?!

– კუკარაჩა, ეგ არი, უბნის რწმუნებული ვარო, ქურდების ხორიალა ვარო, შავი ჭირი ვარო, ახალგაზრდობის აღმზრდელი ვარო, შენ ვისი გამზრდელი ხარ, შენ თვითონ პრიუტში გაზრდილო, შენა?!.

*

        კუკარაჩა ჩვენი მილიციის უბნის რწმუნებული იყო, კაცი მეტად უცნაური, სამართლის გამგები, გაჭირვებულის ქომაგი და საყვარელი. უბანში ვინმესთვის რწყილს რომ ეკბინა, კუკარაჩას შესჩივლებდა, სხვა უფრო დიდი საქმე ხომ უკუკარაჩოდ ვერა და ვერ გადაწყდებოდა. ფინეთის ომიდან დაბრუნებულს წითელი ვარსკვლავის ორდენი უმშვენებდა მკერდს. დაბრუნდა თუ არა ფრონტიდან, იმ დღესვე რაიკომში მისულა, – სამუშაო მომეცითო. – რა იციო? – უკითხავს რაიკომის მდივანს. – კაცის კვლაო, – უპასუხნია. რაიკომის მდივანს გასცინებია და მილიციაში გაუმწესებია უბნის რწმუნებულად. ეს იყო და ეს. ისე, ამბობდნენ, ფრონტზე დიდი გმირობა ჰქონდა ჩადენილი, ის კი არა, იმასაც ამბობდნენ, თურმე ის ორდენი ვოროშილოვმა საკუთარი მკერდიდან მოიხსნა და თვითონ დააბნია კუკარაჩას მკერდზეო, მერე მხარზე ხელი დაჰკრა და ასე უთხრაო: – მალადეც, კუკარაჩა, დზალიან კარგი ბიჩი ხარო!..

– ქართული საიდან იცით, ამხანაგო კლიმენტ ეფრემის ძევო! – გადარეულა თურმე კუკარაჩა. ვოროშილოვს გასცინებია თურმე კუკარაჩას გულუბრყვილობაზე და ასე უპასუხნია: – იოსიფ ვისარიონოვიჩმა მასცავლაო. მართალია თუ არა ეგ ამბავიო, რომ ჰკითხავდნენ ხოლმე კუკარაჩას, პასუხს თავს არიდებდა, არც უარს ამბობდა, არც ჰოს.

– ეგ რა მოსაყოლია, სჯობია, იმას მოგიყვებით, ორდენი რაში მივიღეო.

და მეასედ ჰყვებოდა...

ტანკსაწინააღმდეგო თხრილში ჩავარდნილა თურმე კუკარაჩა თავის ტანკიანად. დიდხანს უბუქსავია შიგ, ვერც ამოსულა და ვერც ჩვენებისთვის მიუწვდენია ხმა. მერე მთელი დღის ნაჯაჯგურებსა და არაქათგამოცლილს ჩასძინებია. შუაღამისას ესმის, ვიღაც მის ტანკს ექაჩება. გახარებია, ჩვენებმა მომაგნესო, გაუხედავს სამზერში და რას ხედავს – მისი ტანკისთვის ორი მსუბუქი ტანკი ჩაუბამთ ტროსებით ფინელებს და თხრილიდან მიათრევენ. გატრუნულა კუკარაჩა, თავი მოუმკვდარუნებია. რის ვაი-ვაგლახით ამოუთრევიათ ფინელებს კუკარაჩას ტანკი თხრილიდან და ჩოჩიალ-ჩოჩიალით წაუთრევიათ თავიანთი პოზიციისაკენ. ერიჰა, – გაუფიქრია კუკარაჩას, – მე თუ მაგათ ვუყურე, ტყვეობა არ ამცდებაო. – დაუქოქია თავისი ტანკი, ჩაუგდია მესამე სიჩქარეში, მიუცია მაგარი გაზი, შემოუბრუნებია ჩვენი პოზიციისაკენ და ვიდრე ფინელები აზრზე მოვიდოდნენ, სულ ხრიგინ-ხრიგინით მიუთრევია ის ორი ტანკი ჩვენს სატანკო დივიზიაში... მართალია, ფინელებს მოუსწრიათ თავიანთი ტანკებიდან ამოძრომა და გაქცევა, მაგრამ, რაც მთავარია, ის ორი ტანკი ცხვრებივით მიურეკია კუკარაჩას სახლში. აქ წყვეტდა კუკარაჩა ამბავს. ვოროშილოვთან ქართულად საუბარი კი კვლავ საიდუმლოდ რჩებოდა.

*

       დეიდა მართას ეზოს ბიჭები „ვირების გარაჟს“ ვეძახდით, იმიტომ, რომ წყნეთიდან სისხამ დილით ჩამოსული მემაწვნეები თავიანთ ვირებს დეიდა მართას ეზოში ტოვებდნენ, ხურჯინებს მხარზე გადაიკიდებდნენ და სიმღერაჩადგმული „მალაკო-მაწონის“ ძახილით მოედებოდნენ თბილისის ქუჩებსა და ეზოებს. ნაშუადღევს ხელგაცლილები კვლავ ბრუნდებოდნენ ვირების გარაჟში, დეიდა მართას ხეხილის ბაღში ჩადგმულ გრძელ მაგიდას მიუსხდებოდნენ, თითო ლიტრა კახურ ღვინოს დაამშრალებდნენ და სადღეგრძელოდან სადღეგრძელომდე დღის განმავლობაში გაგონილ ქვეყნის ჭორებსა და საკუთარი თვალით ნახულ ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს. ხანდახან წყნეთელი მემაწვნეები ვირების დოღსაც მართავდნენ დეიდა მართას ეზოში. დოღი ეზოს ჭიშკრიდან იწყებოდა, ხოლო ფინიში ეზოს უკანა ღობე იყო, რომელზეც ვირები ება დღის განმავლობაში. მანძილი ჭიშკრიდან ფინიშამდე დაახლოებით 25-30 მეტრი გახლდათ. ვირების პატრონები ჟოკეებად ჩვენ გვქირაობდნენ, ბავშვებს. თუ მოვიგებდით, ერთი ქილა მაწონი ჩვენი იყო, თუ არადა, ყურის აწევა, დაცინვა და პანღური არ აგვცდებოდა. ყველა ვირს, რა თქმა უნდა, საკუთარი სახელი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ჩვენზე მინდობილ ვირებს პატრონების სახელებს ვეძახდით. იმ დღეს შეზარხოშებულ წყნეთელ მემაწვნეებს ვირების დოღი ჰქონდათ. სანაძლეო 5 მანეთი იყო. მე ქიტესაზე ვიჯექი, ნათელა – არშაკაზე, დუდუ – შაქროზე, ირაჩა – იმედოზე, კოსტია ბერძენი – ხალვათაზე. კიდევ იყვნენ ვირები: ნიკალა, ნუგეშა, ვარდო, ბეგლარა და ქსენია, მაგრამ ეგენი პირველ ტურში მონაწილეობას არ იღებდნენ, რადგან სტარტის ხაზზე ხუთი ვირის მეტი ვერ ეტეოდა. მსაჯები დეიდა მართა და იმ ვირების პატრონები იყვნენ, რომლებიც დოღში არ მონაწილეობდნენ. დეიდა მართამ სამამდე დაითვალა და დოღი დაიწყო... ვირები პატარა ჩლიქების პაკაპუკითა და ყურების პარტყუნით დაიძრნენ ფინიშისაკენ. აზარტში შესული ფეხზე წამოცვენილი პატრონები ველური ყიჟინით, შეძახილებითა და ლანძღვა-გინებით გვამხნევებდნენ ჩვენც და ვირებსაც.

– მიდი, შე დაკოდილო, ვაი, რა უქმად გაჭმევ ორაბაზიან ქერსა!

– ბიჭო, გავაზე დააჯექი, გავაზე, უფრო გარეკავს!

– ნახე, როგორ დადგა ეგ მართლა ვირი, დეზი, ბიჭო, დეზი ამოჰკარ!

– ნელა, შე უდღეურო, ხომ იცი, ვირიდან გადმოვარდნას ცხენიდან გადმოვარდნა სჯობს!

– ცოტაც, ქალაბიჭავ, და პირველი ხარ, შენ კი გენაცვალე, ჩემო მაია წყნეთელო!

– ჩამოდით, თქვენი დოყლაპია დედა კი ვატირე, ამ უნიფხო გოგომ ყველას როგორ უნდა გაჯობოთ! ნათელამ ერთი ქილა მაწონი მოიგო, არშაკამ – ხუთი მანეთი, მე – პანღური... ის იყო, მეორე ტური უნდა დაგვეწყო, რომ მიტკალივით გაფითრებული ჩვენი ძმაკაცი ზევერა მოვარდა, შუა ეზოში დადგა, ხელები გაშალა და გადარეულივით იკივლა: – კუკარაჩა მოკლეს! ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა ეზოში, რომ ბეღურებიც კი შეკრთნენ ხეებზე.

– ხალხო, კუკარაჩა მოკლეს! – ახლა წყნარად თქვა ზევერამ და გამშრალი ტუჩები აილოკა.

– ვინ? – იკითხა დიდი ხნის შემდეგ ხმაწართმეულმა დეიდა მართამ.

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა ზევერამ.

– სად? – იკითხა ისევ დეიდა მართამ.

– ქობულეთის აღმართზე! – თქვა ზევერამ და ხელი იქითკენ გაიშვირა, საითაც ქობულეთის აღმართი ეგულებოდა.

– ინგას სახლში? ზევერამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. დეიდა მართამ თავშალი მოიძრო და ეზოდან გავიდა... ათ წუთში მთელი უბანი ინგას ეზოში იყო. ორმა სანიტარმა და ორმა მილიციელმა კუკარაჩა საკაცით გამოასვენეს ინგას ოთახიდან. გვერდით სახეშეშლილი და ღაწვებდახოკილი ინგა მოსდევდა გონდაკარგულ კუკარაჩას.

– არ მოკვდე, კუკარაჩა, არ დამღუპო, თორემ ვინ დამიჯერებს, რომ უბრალო ვარ... არ მოკვდე, ბიჭო, შენი ჭირიმე, დედას გაფიცებ, კუკარაჩა, არ მოკვდე... – ამას ყურში ჩასჩურჩულებდა ინგა კუკარაჩას და შიშისაგან გადარეული თვალებით დასცქეროდა, მკერდზე ორ ადგილას ტყვიით გაგლეჯილი ძუძუსთავიდან ზანტად რომ მოჟონავდა უკვე ნახევრად შედედებული სისხლი და მჭიდროდ გადაკრულ დოლბანდზე ორ ყაყაჩოსავით რომ უღვივოდა...

... და ვიდრე სასწრაფო დახმარების მანქანაში შეასვენებდნენ, კუკარაჩა გონს მოვიდა.

– არ მოკვდე, კუკარაჩა, შენი სიცოცხლის ჭირიმე... – ისევ სთხოვა ინგამ და მის წინ მუხლებზე დაეშვა. კუკარაჩამ დანისლული თვალები მოავლო მის გარშემო შეკრებილ ხალხს.

– კუკარაჩა, არ მოკვდე, ბიჭო, თორემ ვინ დამიჯერებს, რომ უბრალო ვარ...

– ჩუმად... ადექი და წადი, ვითომ აქ სულაც არ ყოფილხარ, წადი, ქალო...

– არ დამღუპო, კუკარაჩა... – ინგა ხელებს უკოცნიდა კუკარაჩას, ის კი ვიღაცას დაეძებდა ხალხში თვალით, იპოვა ბოლოს.

– დავით! – თქვა მან.

ხალხს გაფითრებული მილიციის უფროსი გამოეყო და კუკარაჩასთან მივიდა.

– დავით, შენ ხომ იცი, ეს ქალი ცოლია ჩემი... ცოლია და იმ ცრემლივით წმინდაა, ლოყაზე რომ ჩამოსდის... შენ ხომ იცი, დავით?!

– დავითმა თავი დაუქნია. კუკარაჩამ მშვიდად გაიღიმა.

– ინგა, ნისლი მოვიდა, ვარდისფერი ნისლი და ვეღარ გხედავ...

       მურტალო, შენი ოხერი დედა ვატირე, რა დედლურად გამაფუჭე... – თქვა თავისთვის ჩურჩულით კუკარაჩამ და თავი სინანულით გადაიქნია. მერე ინგას ახედა, ხელი ასწია, უნდოდა ლოყაზე მოალერსებოდა, მაგრამ გზაშივე მოსწყდა მკლავი და მარჯვნივ გადაუვარდა, ღიმილი ცოცხალივით შერჩა პირზე. არც ერთი დაკვნესება, არც ერთი „მიშველეთ!“ და არც ერთი „ვაი დედა!“ ლამაზად მოკვდა კუკარაჩა.

*

       ანასტასიევის ქუჩიდან ნიკო მარის ქუჩაზე რომ გადმოვედით საცხოვრებლად, პირველი, ვინც გვესტუმრა, მაღალი, შავტუხა, ლამაზი მილიციის ლეიტენანტი იყო. ზარი რომ დარეკა და დედამ რომ კარი გაუღო, იგი მოუპატიჟებლად შემოვიდა სახლში, სამზარეულოში გავიდა და ტაბურეტზე ჩამოჯდა.

– ვინ ბრძანდებით თქვენ, ბატონო, და რა გნებავთ?! – ჰკითხა მილიციელის თავხედობით გაკვირვებულმა დედამ.

– მე, ქალბატონო... – მილიციელი შეყოვნდა და დედას კითხვით სავსე თვალები მიაპყრო.

– ანიკო! – მკვახედ უკარნახა დედამ.

– მე, ქალბატონო ანიკო, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ორჯონიკიძის რაიონის მილიციის უბნის რწმუნებული გოგი თუშურაშვილი გახლავართ, ზედმეტ სახელად კუკარაჩას მეძახიან, – სულმოუთქმელად თქვა დაუპატიჟებელმა სტუმარმა.

– კარგად შეურქმევიათ, – გაეცინა დედას, გოგიას მუგუზალივით შავ სიფათს რომ შეხედა.

გოგიასაც გაეცინა.

– სიშავის გამო შემარქვეს.

– კი ხართ, სულო ცოდვილო, ცოტა შავგრემანი.

– შეგიძლიათ დღეიდან კუკარაჩა დამიძახოთ! – დართო ნება დედას.

– დიდი მადლობა, მაგრამ არა მგონია, მაგის შესატყობინებლად იყოთ მოსული, – უპასუხა დედამ და მეორე ტაბურეტზე ჩამოჯდა.

– დიახ, მე უბანში ახლად დამკვიდრებული მოზარდების აღრიცხვას ვაწარმოებ, რადგან მათი სახლგარეთ აღზრდა და მეთვალყურეობა მევალება, – კუკარაჩამ პლანშეტიდან საერთო რვეული და ფანქარი ამოიღო.

– ბატონო კუკარაჩა, თქვენ მისამართი ხომ არ შეგშლიათ? – ჰკითხა დედამ. კუკარაჩა ვერ მიუხვდა დაცინვას და სერიოზულად უპასუხა: – რას ბრძანებთ, ქალბატონო ანიკო, ნიკო მარის ქუჩა, #2, სადარბაზო 1, სართული 4, ბინა #8, ვლადიმერ ივანეს ძე გურიელი... ხომ არ მეშლება?

– ძალიანაც გეშლებათ, ამხანაგო კუკარაჩა, ჩემი მეუღლე ვლადიმერი ბაღდადის რაიკომის პირველი მდივანი გახლავთ. ჩვენს ოჯახს მილიციასთან არაფერი საერთო არა აქვს, მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შვილის აღზრდაში თქვენი დახმარება არ მჭირდება, – დედას სახე აეფაკლა, – და წესიერ ოჯახებში სიარულს გირჩევნიათ ქუჩაში ჯიბგირებსა და ხულიგნებს მიხედოთ!

– მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკო! – მშვიდად თქვა კუკარაჩამ და რვეული დაკეცა.

– მე ვიცი, რასაც ვამბობ, ჩემი შვილი ჯერ თორმეტი წლისაც არ არის და მილიციაში აღრიცხვაზე ასაყვანი არაფერი სჭირს...

– მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკო! – გაიმეორა კუკარაჩამ.

– რას დაგიჩემებიათ, მაგას ნუ იტყვით და მაგას ნუ იტყვით, ქალბატონო ანიკოო, მეორეჯერ არ დაგინახოთ ამ საქმეზე ჩვენთან მოსული, – გაწიწმატდა დედა და ფეხზე წამოდგა. წამოდგა კუკარაჩაც.

– ღმერთმა ქნას, ჩემი თავი არასდროს არ დაგაჭირვოთ, ქალბატონო ანიკო. ისე, იცოდეთ, თქვენი შვილის ტოლი რომ ვიყავი, ჩუმ-ჩუმად პაპიროსსაც ვეწეოდი, ყომარის თამაშსაც მასწავლიდნენ უბნის ბიჭები და სვირინგიც გამიკეთეს... – კუკარაჩამ სახელო აიწია და მკლავზე ამოსვირინგებული დახვეული ლურჯი გველი აჩვენა.

– ნუ წუხდებით, უმაგისოდაც გეტყობათ! – მოკლედ მოუჭრა დედამ.

– მე საჩხუბრად არ მოვსულვარ, ქალბატონო ანიკო, და ნუ მკადრებთ მაგას.

– მშვიდობით! – უთხრა დედამ.

– ნახვამდის! – უპასუხა კუკარაჩამ და კარისაკენ წამოვიდა. მე გასასვლელში ვიდექი და გაკვირვებული ვისმენდი მათ საუბარს. ასე გაცეცხლებული და უხეში დედაჩემი ადრე არასოდეს მენახა. კუკარაჩამ რომ ჩამომიარა, შეჩერდა და ლოყაზე მომითათუნა ხელი.

– რა გქვია? – მკითხა ღიმილით.

– თამაზი! – დავუღრინე მეც დედაჩემივით და ლოყა მოვარიდე.

– ხელს თუ არ მომჭამ, მადლობელი ვიქნები! – მითხრა კუკარაჩამ და კარი გაიხურა.

– Хам! – თქვა დედამ და კარი გადაკეტა.

*

      ეს ამბავი კუკარაჩას გამოცხადებიდან ერთი თვის თავზე მოხდა. ვარაზის ხევით მდინარე ვერეზე დავეშვით, ზოოპარკის ღობეზე გადავძვერით და კაკლის ძირში გავჩნდით. კუჭიკო წელში მოიხარა.

– აბა მიდი! – ჩურჩულით მითხრა კუჭიკომ, – თითო უბე გვეყოფა!

მე ზურგზე შევაჯექი და ხეს შევაფორთხდი. კუჭიკო წელში გაიმართა და ხელი შემაშველა. ჯერ ქვედა ტოტზე ჩამოვეკიდე მაიმუნივით, მერე მკლავზე ავიწიე, ტოტს გადავაჯექი და ფრთხილად ავცოცდი კენწეროსკენ. მე დუდუ მომყვა, დუდუს – კოსტია ბერძენი, კოსტიას – ირიჩა, კუჭიკო ბოლო ამოძვრა ხეზე. ვმუშაობდით უხმოდ და გამალებით.

თხუთმეტ წუთში უბეები გატენილი გვქონდა რძეჩამდგარი ნიგვზით.

– წავედით! – დაისისინა კუჭიკომ და კაკლის ძირისკენ დავიძარით.

ნიგვზით უბეებგამოტენილები რის ვაი-ვაგლახით გადმოვძვერით ღობეზე და ვერეს მაღლა ავყევით.

– აი, აქ! – თქვა კუჭიკომ და პატარა ტბორთან შეჩერდა. შარვლიდან პერანგის უბე ამოიქაჩა და თოთო ნიგოზი სილაზე დაახვავა. ყველამ იგივე გავიმეორეთ.

– აბა, დავიწყოთ! – გასცა განკარგულება კუჭიკომ. ორ-ორი რიყის ქვა მოვძებნეთ და საქმეს შევუდექით. გამალებით ვთეთქვავდით ნიგოზს, თან აქეთ-იქით ვიცქირებოდით გაფაციცებით. ხელისგულები და სახე ისე გვქონდა ნიგვზის ნაჭის შხეფებისაგან ჩაშავებული და დაჭორფლილი, ერთმანეთს ვეღარ ვცნობდით.

– აბა, ჩავყარეთ! – ბრძანა კუჭიკომ და მთელი ეს დაჩეჩქვილი ნიგოზი ტბორში გადავუშვით. დაიწყო მოლოდინის გაუთავებელი წუთები; ერთი წუთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და... პირველი მოწამლული თევზი გულაღმა ამობრუნდა და წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. ხუთ წუთში პატარა მორევის ზედაპირი თევზებით გადათეთრდა. მოულოდნელი ეფექტისაგან სიფრთხილედაკარგულები წყალში შევცვივდით და თევზს შევესიეთ: ვწიოდით, ვყვიროდით, ვბღაოდით, ვიცინოდით, ვხარხარებდით, ერთმანეთს ხელიდან ვგლეჯდით ჯერ კიდევ ცოცხალ თევზებს...

– არ გაუშვა!

– ჩემია!

– პირველმა მე დავიჭირე!

– დაყვინთე, ნუ გეშინია!

– უბეში ჩაიყარე, უბეში!

– საღოლ, კუჭიკო, ვინ გასწავლა?!

– ჩემით მოვიგონე!

– მხეცი ხარ, მხეცი!

     ნახევარი საათი მაინც გრძელდებოდა ეს ველური ყიჟინა და როდესაც ტბორი თევზისაგან დაიცალა, გალუმპულები და ილაჯგაწყვეტილები ჩვენც ჭერეხზე ამოყრილი თევზის გვერდით დავეყარენით. სული რომ მოვითქვით, კუჭიკომ თევზი თანაბრად გაჰყო, თან გაგვაფრთხილა, თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით – ანკესით დავიჭირეთ-თქო და ნანადირევით დატვირთულები, სასტიკად ამაყები დავბრუნდით შინ. თავით ფეხებამდე ჩაშავებული და გალუმპული რომ დამინახა, დედაჩემს გული კინაღამ შეუღონდა. თევზს რომ თვალი მოჰკრა, გაუკვირდა. როდესაც გაიგო, რომ საკუთრად ჩემი ნანადირევი იყო, ცოტათი დამშვიდდა. ერთი პირობა თევზის გადაყრა დააპირა, მაგრამ ნახევარსაათიანი მუდარის შემდეგ გამოკუჭა, მზესუმზირის ზეთსა და ფქვილში შეწვა, ცნობისმოყვარეობისა გამო ერთი თავი გასინჯა – უყურე შენ, რა გემრიელიაო, – თქვა და დანარჩენი წინ დამიდგა. თევზის ძვლებით აჩონჩხილი თეფში ჯერ კიდევ ალაგებული არ ჰქონდა დედას, მე კი – გაფშეკილი თითების ლოკვა დამთავრებული, რომ კართან ზარის ხმა გაისმა. დედამ კარი გააღო. კარში კუკარაჩა იდგა და იღიმებოდა. მისი მოსვლა იმდენად მოულოდნელი არ იყო, რამდენადაც გაუგებარი.

– გამარჯობათ, შეიძლება, ქალბატონო ანიკო? – იკითხა მან დიდი მოკრძალებით.

– მობრძანდით! – შემოიპატიჟა დედამ, ამჯერად ლმობიერად და მრგვალ მაგიდას მიუჯდა. კუკარაჩამ ბამბუკის ჯოხზე გაწყობილი ანკესი ოთახის კუთხეში მიაყუდა, პლანშეტიდან წითელყდიანი წიგნი ამოიღო და დედას პირდაპირ დაჯდა.

– რაზე შეწუხებულხართ, ბატონო კუკარაჩა, ან ეს ბამბუკი რა არის? – ჰკითხა დედამ.

– ახლავე მოგახსენებთ, ქალბატონო ანიკო: ეს წიგნი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსი გახლავთ, ეს კი ჩვეულებრივი ანკესია.

– კი, მაგრამ რა კავშირი აქვს ჩემს ოჯახთან ან ერთს, ან მეორეს? – გაუკვირდა დედას.

– ანკესით, ქალბატონი ანიკო, მოგეხსენებათ, თევზს იჭერენ, სისხლის სამართლის კოდექსით კი – ადამიანებს... – თქვა კუკარაჩამ და წითელყდიანი წიგნი გადაშალა.

– ბატონო კუკარაჩა, ძალიან გთხოვთ, ქარაგმებით ნუ მელაპარაკებით, პირდაპირ თქვით, რა გნებავთ. – დედას ხმაში გაღიზიანება დაეტყო. კუკარაჩამ ამას ყურადღება არ მიაქცია, თავისი საქმე განაგრძო. იგი წიგნს ფურცლავდა, ბოლოს მიაგნო სასურველ ადგილს და დედას ახედა. დედა მოუთმენლად ელოდა, რას იტყოდა კუკარაჩა. კუკარაჩამ დაიწყო: – ვნახოთ, რა წერია ამ დალოცვილ წიგნში, – თქვა და ახლა მე ამომხედა. – დაბრძანდით, პატივცემულო! – მომმართა და სკამზე მიმითითა. უსიამო ჟრუანტელმა დამიარა ტანში, მაგრამ მაინც დავჯექი.

– სახელმწიფო საკუთრების დატაცებაზე, რაც ნიგვზის მკვახე ნაყოფის დაკრეფასა და ბარბაროსულ განადგურებაში გამოიხატა, აღარაფერს ვამბობ. სხვა უფრო წვრილმანი დანაშაულიდან დავიწყებ. მაშ, ასე... მუხლი 175, – განაგრძო კუკარაჩამ, – თევზისა და სხვა მოპოვებითი სარეწების უკანონო წარმოება... ეს ჩვენ არ გვეხება, არც ეს... აგერ, ბატონო, ეს გვეხება ჩვენ... – თქვა უცებ ხმამაღლა და გამოთქმით წაიკითხა: – ქმედობა, ჩადენილი ფეთქებადი ან მომწამვლელი, ვიმეორებ, – მომ-წამ-ვლე-ლი ნივთიერების გამოყენებით, ან საყოველთაოდ საშიში, ვიმეორებ, – სა-ში-ში საშუალებებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ, ვიმეორებ, – სამ-წლამ-დე, მთელი მოპოვებულისა და საჭერი იარაღის კონფისკაციით. კუკარაჩამ წიგნი დახურა და შემომხედა. მე ცივმა ოფლმა გამომჟონა შუბლზე. ახლა კი მივხვდი, რატომ გვაფრთხილებდა კუჭიკო, არსად გვეთქვა თევზის ნიგვზის ნაჭით დაჭერის ამბავი. მე ნიგვზის ქურდობას ერიდებოდა მეგონა, თორემ რას ვიფიქრებდი, თუ ამ ლიფსიტების დაჭერისათვის საციმბიროდ გვამზადებდა ყველას. დედას გავხედე. იგი გაფითრებული იჯდა და თვალს არ მაცილებდა. მის ცქერას ვერ გავუძელი და თავი დავხარე.

– რა ვქნა ახლა მე? – იკითხა კუკარაჩამ, – თევზის კონფისკაციას ვეღარ მოვასწრებ, რადგან ზეთიან ტუჩებზე გეტყობა, შეჭმული გაქვს, ნიგვზის შხეფები კი სახეზე ჭორფლივით გაყრია, – მომიბრუნდა მე. დედა ადგა, სამზარეულოში გავიდა და სასწაულით გადარჩენილი თევზნახევარი გამოიტანა თეფშით.

– იმედია, ამ თევზის კონფისკაციის შემდეგ პიანინოსა და ავეჯს არ აგვიწერთ, ბატონო კუკარაჩა, ხოლო რაც შეეხება ნიგოზს, დარჩეულს მოგართმევთ, – უთხრა მან კუკარაჩას და თევზიანი თეფში წინ დაუდო.

– ისე, მართალი გითხრათ, არ მეგონა, თუ საბჭოთა კავშირში ლიფსიტების ჭერა აკრძალული იყო.

– როგორ გეკადრებათ, ქალბატონო ანიკო, თევზის ჭერა აკრძალულია მხოლოდ ფეთქებადი და მომწამვლელი ნივთიერებით, ანკესით კი, რამდენიც გნებავთ, – უპასუხა კუკარაჩამ.

– აბა, თქვენ რითი დაიჭირეთ? – მკითხა დედამ. მე თავი არ ამიღია ზევით.

– დანაყული ნიგვზის ნაჭით, ქალბატონო ანიკო! – აუხსნა კუკარაჩამ.

დედა ჩემთან მოვიდა და ნიკაპი ხელით ამიწია.

– მართალია, რასაც ბატონი კუკარაჩა ამბობს?

მე თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. დედამ ისე ამიწია ყური, ერთი დაკივლება ქვეყანას მერჩია, მაგრამ კუკარაჩასი შემრცხვა და გავიტრუნე.

– იქ არ ვიყავი? – დაადასტურა კუკარაჩამ.

– იქ თუ იყავი, დალოცვილო, და ყველაფერი საკუთარი თვალით ნახე, რაღა აქ მოდიხარ და მიკითხავ ამ სახარებას?! – უთხრა დედამ კუკარაჩას ნაწყენი ხმით.

– მაპატიეთ, ქალბატონო ანიკო... – გაწითლდა კუკარაჩა და დედას ხელზე აკოცა. დედამ უხერხულად გაუღიმა და ისევ სამზარეულოში გავიდა. დაბნეული კუკარაჩა ცოტა ხანს იდგა შუა ოთახში, მერე ქუდი დაიხურა და სწრაფად წავიდა.

*

      მილიციის უფროსმა თუშურაშვილი იხმო. ხუთი წუთის შემდეგ კუკარაჩა დავითის საწერ მაგიდაზე მიდგმულ გრძელ მაგიდას უჯდა.

– რაო, დავით, რაზე მეძახდი?

– ბიჭო, რით ვერ ისწავლე, – რაზე მეძახდი კი არა, – ამხანაგო მაიორო, თქვენი ბრძანების თანახმად ლეიტენანტი თუშურაშვილი გამოცხადდა-თქო! გაიგე? – თქვა წყენით მილიციის უფროსმა და საქაღალდე გვერდზე გადადო. თუშურაშვილი ფეხზე წამოდგა, გაიჭიმა, ხელი საფეთქელთან მიიდო, და დაიწყო: – ამხანაგო მაიორო...

– დაჯე, დაჯე, ახლა ეგ პატაკი ბებიაშენ აღათის მოახსენე, – გააწყვეტინა მილიციის უფროსმა. თუშურაშვილი ცივად დაჯდა.

– რა გინდა, კაცო, სხვებთან სულ ბატონოს და გენერალოს გეძახი და ერთი-ერთზე, ძმაკაცთან კაცურად აღარ დამალაპარაკებ?! – ეწყინა კუკარაჩას.

– სამსახურმა ძმაკაცობა არ იცის, ძმაკაცობა სახლში, ქუჩაში და... რესტორანში... ისედაც აავსეს კომისარიატი საჩივრებით, საბაშვილმა მილიცია ძმაკაცებით აავსოო, – უკმაყოფილოდ ახედა დავითმა კუკარაჩას და პაპიროსს მოუკიდა. კუკარაჩასაც მიაწოდა.

– აღარ ვეწევი! – თქვა კუკარაჩამ.

– როდის აქეთ?

– გუშინს აქეთ!

– ჯანმრთელი გინდა მოკვდე? – გაიღიმა ცალყბად და ახლად მოკიდებული პაპიროსი საფერფლეს დააჭყლიტა.

– მაინც ვინ გიჩივის? – ჰკითხა კუკარაჩამ.

– ყველა ოხერი და მამაძაღლი, ვისაც წერა შეუძლია და არ ეზარება.

– იმ შენ მომჩივრებს უთხარი, თქვე ვირიშვილებო, მა მილიციაში უცხოსა და მტერს ხომ არ მოვიყვან, თანაც იარაღს ხომ არ მივცემთქო! – ასწავლა კუკარაჩამ.

– ნეტაი შენ, ჭკუა არ გაწუხებს და დარდი, – ამოიოხრა მილიციის უფროსმა და თუშურაშვილს ქაღალდი გადასცა.

– ქობულეთის აღმართის მცხოვრებლების კოლექტიური განცხადებაა. ნახე ერთი და შეამოწმე, ან იმ გოგოს დაუძახე და მოელაპარაკე. – თუშურაშვილმა განცხადება ჩამოართვა. ქალაქ თბილისის ორჯონიკიძის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების მილიციის უფროსს ამხ. დ. საბაშვილს ქობულეთის აღმ. № 137 მცხ. კოლექტიური

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

       მოგახსენებთ, რომ ჩვენს ეზოში ცხოვრობს და აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა (პაპიროსსაც) ინგა ლალიაშვილი. ღამის ორ და ხანდახან ოთხ საათზე მისი ოთახიდან ისმის ჭიქების ჭახაჭუხი, უწმაწური სიტყვები და სიმღერები. მას ინტიმური კავშირი აქვს მრავალგზის ნასამართლებ ვინმე მურტალოსთან (ნამდვილი სახელი და გვარი უცნობია). გვრცხვენია, მაგრამ საქმის საჭიროების გამო ვასახელებთ იმ უწმაწურ სიტყვებსა და სიმღერებს, რომლებიც გვესმის ამ გარყვნილების ბუდიდან. სიტყვები: ბოზი, ჩათლახი, ნაბიჭვარი, ვირიშვილი, ყომარი, დურა, ატანდა, პლეტი, ხოში, ბითური და სხვ.

სიმღერები: პარახოდმა ბათუმისკენ გასწია, ვოი ბიჭმა ჩემოდანი ასწია...

შე ვირიშვილო სუდია, რა დაგიშავე ცუდია.

ჰოპ, სტოპ, ზოია...

გთხოვთ ჩვენ თუ არა, ჩვენი მომავალი (ბავშვები) მაინც იხსენით გახრწნისა და გათახსირებისაგან“.

განცხადებას რვა კაცი აწერდა ხელს, იმათგან ერთი წითელი ფანქრით.

„ამის დაწერილია“, გაიფიქრა კუკარაჩამ და გაეღიმა.

– რას იღიმები? – ჰკითხა დავითმა.

– ისე!

– სასაცილო არაფერია, ეგ გოგო ადრეც გვყავს შემჩნეული, იმ მურტალოსთან დადის თუ პირიქით, მოკლედ, როგორც არის... ის მურტალო კი, შენც იცი, ვინ არის, მაგრამ რომ ვერ დავიჭირე საქმეზე? მაგის დედა ვატირე, ვერსაიდან ვერ მივუდექი... – თავისთვის ჩაილაპარაკა მილიციის უფროსმა.

– ნება მომეცით, ამხანაგო მაიორო, წავიდე! – ფეხზე წამოდგა კუკარაჩა და მხედრულად გაიჭიმა.

– წადი, წადი, შენც კარგი მაიმუნი ხარ, – ხელი აიქნია დავითმა და საქაღალდეში ჩარგო თავი.

*

       მორიგე იყო ინგა, ღამის 12 საათი იქნებოდა, აფთიაქში ახალგაზრდა ვაჟი შევიდა. მიუხედავად ულვაშისა, ზედა ტუჩზე ღრმა ნაჭრილობევი ემჩნეოდა, საშუალო ტანისა იყო, ჩასკვნილი, მაგრამ ფერი ჰქონდა რაღაც უცნაური, ერთად შეზავებული მიწისა და ბაიისფერი. უშიშარი, თავხედი და დამცინავი გამოხედვა ჰქონდა, რაც ანტიპატიურობის გარდა, რაღაც ვაჟკაცურ იერსაც კი აძლევდა. გული შეეკუმშა ინგას ამ კაცის დანახვაზე, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და წამლების დალაგებას შეუდგა მოგონილი სიმშვიდით.

– გამარჯობათ, ქალიშვილო! – თქვა უცნობმა და გასაცემი წამლების სარკმლის რაფას ცალი იდაყვით დაეყრდნო.

– გაგიმარჯოთ! – თავაუღებლად უპასუხა ინგამ და საქმე განაგრძო.

– აქეთ მომხედეთ, ქალიშვილო! – გაუღიმა უცნობმა.

– რა გნებავთ? – ჰკითხა ინგამ და სარკმელს მიადგა.

– მარტო ხართ?

– არა, გამგეც აქ არის და მთავარი პროვიზორიც, – იცრუა ინგამ.

– ორივეს დაუძახე! – თქვა უცნობმა, ეს თქმა ბრძანებას უფრო ჰგავდა.

– თუ რამე მზა წამალი გნებავთ, მე მითხარით და მოგცემთ, თუ არადა, რეცეპტი დამიტოვეთ, – უპასუხა ინგამ.

– რასაც გეუბნები, ის გააკეთე! – უთხრა უცნობმა და ნაჭრილობევის ქვეშ ოქროს ორი კბილი გამოაჩინა. ინგას ისევ შეეკუმშა გული. „ღმერთო, რამ გაწყვიტა ეს ავადმყოფები, ვინმე მაინც შემოიხედავდეს“, – გაიფიქრა და კარისაკენ გაიხედა. უცნობმაც გაიხედა კარისაკენ. მერე კართან მივიდა და ზედ ჩამოკიდებული თეთრი მუყაოს ტაბლო გადმოატრიალა, რომელზეც შავი ასოებით ეწერა – აფთიაქი დაკეტილია, – შაბაშ! – თქვა სიცილით უცნობმა, – ახლა წადი და დაუძახე გამგესაც და პროვიზორსაც... ინგა გამგის კაბინეტისაკენ წავიდა, უცნობი თან გაჰყვა.

– სად მოდიხართ? – ჰკითხა ინგამ.

– გაგაცილებ! – ისევ გაუღიმა უცნობმა. ინგა გამგის კაბინეტში შევიდა. უცნობი შეჰყვა. კაბინეტი, რა თქმა უნდა, ცარიელი იყო.

– სად არიან? – ჰკითხა უცნობმა და თვალებში შეხედა.

– წასულან! – თქვა დაკარგული ხმით ინგამ და მოწყვეტილი ჩაეშვა გამგის სავარძელში...

– მაგას რა სჯობია, ახლა გამგეც შენა ხარ და მთავარი პროვიზორიც, – თქვა სიცილით უცნობმა.

– რა გნებავთ, მითხარით! – თქვა ინგამ და შუბლზე ცივმა ოფლმა გამოჟონა.

– მორფი! – თქვა მოკლედ უცნობმა. ინგა გაფითრდა.

– მე მორფი ვინ მომცა, სეიფშია ჩაკეტილი, – ძლივს მოაბრუნა გამშრალი ენა პირში ინგამ, – ხვალამდე მოითმინეთ, გამგე მოვა და...

– მორფმა ხვალ და ზეგ არ იცის, ქალიშვილო, ან ახლა, ან არასოდეს! – თქვა უცნობმა.

ინგამ უცნობის ამღვრეულ თვალებს შეხედა და მიხვდა, რომ მკვლელთან ჰქონდა საქმე.

– დავრეკავ და ვკითხავ! – თქვა ინგამ და აკანკალებული ხელით ტელეფონის ყურმილი აიღო. უცნობი ადგა, ჯიბიდან დანა ამოიღო, დანამ გაიჩხაკუნა და შავი ტარიდან გველის ენასავით ამოსრიალდა დანის პირი. ინგამ პირი დააღო, მაგრამ დაკივლების მაგივრად ყელიდან ყრუ ხრიალი აღმოხდა. უცნობმა პირზე ხელის დაფარება მოასწრო.

– ჩუმად, ნუ გეშინია, – გააფრთხილა მან. ინგას შიშისაგან კრიჭა შეეკრა. უცნობმა ყურმილის ზონარს დანა დაუსვა და ინგას მარტო ყურმილიღა შერჩა ხელში.

– მორფს ტელეფონი და მოწმე არ უყვარს, – თქვა უცნობმა. ამის შემდეგ ინგა მონუსხულივით მოქმედებდა. იგი ადგა, საგანგებო უჯრასთან მივიდა, გამოაღო, მორფის ორი ამპულა ამოიღო და უცნობს გადასცა. უცნობმა ხელის კანკალით ჩამოართვა მორფი და სავარძელში ჩაჯდა. საოცარი სისწრაფით მოქმედებდა. ჯიბიდან ორგრამიანი შპრიცი ამოიღო, გააწყო, ამპულებს თავი წაამტვრია, შპრიცი აავსო, მარცხენა მკლავი იღლიამდე დაიკოტავა, მერე ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოაძრო, აქეთიქით ყურებში ორთავე ხელი წაავლო, დაატრიალა, მკლავზე დაიხვია, ცხვირსახოცის ცალი ყური კბილებით დაიჭირა, მეორე ხელით მაგრად გაისკვნა და გამობერილ ვენაში საოცარი ოსტატობით შეიყვანა ნემსი... მერე ყველაფერი შესაშური წესრიგით ჩაალაგა თავის ადგილას, თავი სავარძლის სკამზე გადაჰკიდა, თვალები დახუჭა და რაღაცას დაელოდა თვალმინაბული. ინგა შიშისაგან გაფართოებული თვალებით უმზერდა მთელ ამ პროცესს. უცნობი დაახლოებით ორ-სამ წუთს გარინდული იჯდა სავარძელში.

– მოვიდა! – თქვა უცებ უცნობმა და თვალები გაახილა, ინგამ უნებურად კარისაკენ გაიხედა, კარში არავინ იდგა.

– მოვიდა! – გაიმეორა უცნობმა და ინგამ მის ამღვრეულ თვალებში უზომო სიმშვიდე და ნეტარება დაინახა.

– ხომ არ გასინჯავდით, ქალბატონო, – ჰკითხა ღიმილით უცნობმა. ინგა მუნჯივით იჯდა და განცვიფრებული უმზერდა ადამიანის საოცარ მეტამორფოზას.

– თქვენ არ იცით, ეს რა არის. ხომ არ გნებავთ გუმილიოვი წაგიკითხოთ, გნებავთ, ესენინს წაგიკითხავთ, იქნებ გალაკტიონი გირჩევნიათ? ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი არ არის, არ არის, არ არის... თქვენ კი შეგეშინდათ, ღირდა ამისთვის ნერვიულობა?

– იგი ზანტად წამოდგა სავარძლიდან, გულის ჯიბიდან სამთუმნიანების შეკვრა ამოიღო, ინგას წინ მაგიდაზე დადო და კარისაკენ წავიდა.

– ოპერაცია „მორფი“ დამთავრებულია. შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ, ვკოცნი თქვენს ნაფეხურებს, მორფინისტი არ გეგონოთ, ვიყავი ერთ დროს, ახლა ათასში ერთხელ მომივლის, როდის და სად, მე თვითონ არ ვიცი და ასეთ სისულელეებს ჩავდივარ ხოლმე... სხვათა შორის, მე თქვენ გიცნობთ, ინგა გქვიათ, ქობულეთის აღმართზე ცხოვრობთ, 137 ნომერში... დღეიდან თქვენი შემწუხებელი ჩემი შემწუხებელია, ჩემი შემწუხებელი კი ყველა ვერის სასაფლაოზე წევს... – ამას გზადაგზა ამბობდა. კართან მობრუნდა და ინგას დააშტერდა.

– არ გაინძრე, ეგრე იჯექი... ხელში პატარა ბავშვიც რომ გეჭიროს, ღვთიშობელი ხარ ნამდვილი... – თქვა და გავიდა. თითქოს თხოვნა შეუსრულაო, ინგა არ განძრეულა. დილის შვიდ საათზე მოსულმა დამლაგებელმა იგი აფთიაქის გამგის სავარძელში ნახა, ზონარგადაჭრილი ყურმილით ხელში.

*

       ინგასთვის მურტალოს სიყვარული არ აუხსნია. ერთი წელი ზამთარ-ზაფხულ ქურთი მარატიკას ხელით თითო კალათა წითელ ვარდებს უგზავნიდა ქობულეთის აღმართზე. ყველა თვის ბოლოს ვიღაც ქოსა, უცნობი მამაკაცი მოდიოდა და ათას მანეთს უტოვებდა.

– ქალბატონო, მურტალომ ვალი მოგართვათ და დაგვიანებისათვის ბოდიშს გიხდითო. – ვიდრე ინგა რამეს მოიფიქრებდა, ის კაცი მოლანდებასავით ჰქრებოდა ხოლმე. ორი თვის თავზე ინგამ შეამჩნია, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი უბნის ბიჭი შეხვედრისას უხერხული ღიმილით არიდებდა თავს და უზომო მოწიწებით ეპყრობოდა. ყველგან და ყველაფერში გრძნობდა ინგა მურტალოს უჩინარ და ძლიერ ხელს, თვითონ მურტალო კი არსად ჩანდა. ინგა ხელშეუხებელი დედოფალი გახდა უბანში. მურტალო კი არ ჩანდა.

       ინგას შიშთან ერთად რაღაც იდუმალი ძალის, აუხსნელი სიამაყისა და შემზარავი მოლოდინის გრძნობა გაუჩნდა. ეს გრძნობა დღითი დღე მატულობდა, იზრდებოდა, ღვივდებოდა და ამ მაჯლაჯუნა ფიქრისაგან თავი რომ დაეღწია და ამ იდუმალი საქმისათვის ბოლო რომ მოეღო, ინგამ თავად დაუწყო ძებნა მურტალოს. პირველად უბნის განთქმულ ბარიგასთან, ანჟელიკასთან მივიდა. წვრილად მოუყვა ყველაფერს. ანჟელა ყურს უგდებდა, თან „ყაზბეგს“ ერთიმეორეზე მიყოლებით აბოლებდა. ინგამ ამბავი დაასრულა და კითხვით სავსე თვალები მიაპყრო ორმოცდაათი წლის მკერდდამჭკნარ და ყელზე ძარღვებდაბერილ ქალს. ერთი საათი ახველა ანჟელიკამ, ბოლოს სული რომ მოითქვა, ცრემლით სავსე წამწამებგაცვენილი თვალებით ახედა ინგას.

– იმ ფულს რას უშვრები? – ჰკითხა.

– კაპიკი არ მომიკლია.

– თორმეტი ათასი მანეთი ძალიან დიდი ფულია, – თქვა თავისთვის ანჟელიკამ.

– რა უნდა ვქნა? – შეეკითხა ინგა.

– უნდა დახარჯო! – ხელები გაშალა გაკვირვებულმა ანჟელიკამ.

– მაგას არ გეკითხები.

– მა რას მეკითხები?

– საერთოდ რა ვქნა?!

– ჰოო, – გააგრძელა ანჟელიკამ, – საერთოდ მძიმე საქმე მოგსვლია, სატანას შეყვარებოდი სჯობდა, ეგ მე მკითხე.

– ჰოდა, გეკითხები.

– მე რას მეკითხები, ვარდივით გოგო ხარ, ვიდრე ცოცხალია, ისე დაგაჭკნობს, სხვა კაცი შენს სურნელებას ვერ გაიგებს...

– მაშ, ქვეყნად სამართალი არ არსებობს, არც მილიცია, არც მთავრობა, არც ხალხი, არც ციხე?! – ციხე მაგათი სახლია, დანარჩენი კი მაგათთვის არ არსებობს, – გადაუწურა წყალი ანჟელიკამ.

– ეგ არის შენი ბოლო სიტყვა?

– ეგ არის!

– მაშ, საშველი არ არის?

– არა, ვიდრე თავად არ დაგანებებს თავს.

– ეგ როდის მოხდება?

– ჩემსავით რომ დაჩამიჩდები.

– სხვა საშველი არ არის?

– არის!

– რა? – იმედი მიეცა ინგას.

– უნდა მოკვდეს.

– ვინ? – ერთ-ერთი თქვენგანი, ეს ყველაზე ნაღდი გამოსავალია, – გაიღიმა ანჟელიკამ.

– რომ დავაჭერინო? – ჰკითხა ფრთხილად ინგამ.

– რამეს გიშავებს?!

– ჯერ არაფერს! – შეყოყმანდა ინგა.

– მაშ, თუ არაფერს გიშავებს, დალოცვილო, სიყვარულისთვის რომ ხალხს იჭერდნენ, მთელი დუნია ციხეში იქნებოდა, – ხრინწიანად გაეცინა ანჟელიკას.

– შემახვედრე მაინც, – სთხოვა ინგამ.

– თვითონ მოვა! – დაამშვიდა ანჟელიკამ.

– ვიდრე მოვა, მე თვითონ უნდა ვნახო.

– მაშინ ნახალოვკელ კოლასთან მიდი, ის გასწავლის, როგორ მოიქცე, – ანჟელა ფეხზე წამოდგა, ამით ინგას აგრძნობინა აუდიენცია დამთავრებულიაო.

ნახალოვკელ კოლასთან საუბარი ძალიან ხანმოკლე და ლაკონური იყო: – მურტალო? რას ბრძანებთ, ქალბატონო, მურტალო ძალიან პროგრესული და კეთილშობილი ახალგაზრდაა.

– მაგას არ გეკითხებით, ბატონო კოლა, სად ვნახო-მეთქი, – უთხრა ინგამ.

– მე რა ვიცი, ქალბატონო, მაგის მისამართი საბჭოთა კავშირია, – ხელები გაშალა კოლამ.

– მშვიდობით! – უთხრა ინგამ და ადგა.

– ღმერთმა ხელი მოგიმართოს, – დალოცა კოლამ.

*

       ახალი წლის ღამე ინგამ თანამშრომლებთან ერთად გაატარა. რამდენიმე ჭიქა შამპანური დალია, ბევრი იმღერა, ბევრი იცეკვა, ბევრი იცინა და სახლში ღამის სამ საათზე დაბრუნდა. თავი სასიამოვნოდ უბრუოდა, ძალიან კარგ გუნებაზე იყო. კიბის ხუთი საფეხური ასკინკილათი აირბინა, კარი გააღო, პალტო ძუნძულ-ძუნძულით ჩამოიცურა მხრებიდან, ოთახში სინათლე აანთო და ინგას ზუსტად ისეთი ხრიალი აღმოხდა ყელიდან, როგორც ერთი წლის წინათ აფთიაქში. შუა ოთახში პირამდე სანოვაგითა და შამპანურის ბოთლებით გაძეძგილ მაგიდას მურტალო უჯდა. იგი ფეხზე არ წამომდგარა, არც სალამი უთქვამს. პაპიროსს აბოლებდა, თვალს არ აცილებდა ინგას და იღიმებოდა. ინგა თანდათან დამშვიდდა. მოულოდნელმა შიშმა გაუარა და, მისდა გასაკვირად, რაღაც სიხარულის მაგვარიც კი იგრძნო. კაცი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში დღე და ღამე დაეძებდა, ახლა მის წინ იჯდა და მორჩილი თვალებით უცქერდა.

– გამოჩნდი? – ჰკითხა ინგამ და ტახტის კუთხეში დაეშვა. ხელები მუხლებზე დაიწყო და პასუხს დაელოდა. როდესაც ხელები მუხლებზე დაიწყო, შეამჩნია, რომ ხელებიცა და მუხლებიც ორივე ოდნავ მაინც უთრთოდა. ამიტომ კალთაზე ყურთბალიში დაიდო და ათრთოლებული ხელები იმის ქვეშ დამალა.

– მოხვედი? – შეუბრუნა კითხვა ინგამ. მის ხმაში არც ზიზღი იყო ამ კაცის მიმართ, არც შიში, არც პატივისცემა, იყო მხოლოდ ცნობისმოყვარეობა. მურტალომ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, შამპანური გახსნა რაღაცნაირად, უხმაუროდ, ჭიქებში დაასხა, ქაფს დაჯდომა აცალა, მერე ერთი ჭიქა აიღო და დაილოცა.

– გილოცავ ახალ წელს, საქართველოს დიასახლისო, ყოვლადწმინდა ღვთიშობელი მარიამი იყოს შენი მფარველი.

– როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში?! – ჰკითხა ინგამ.

მურტალომ არაფერი უპასუხა, ადგა, ჭიქა აიღო, მაგიდას შემოუარა და ინგას გაუწოდა. ინგამ ჭიქა არ ჩამოართვა, რადგან ხელები ისევ უთრთოდა და არ უნდოდა, რომ მურტალოს შეემჩნია. მაშინ მურტალომ ჭიქა სკამზე დაუდგა და ადგილზე დაბრუნდა.

– როგორ შემოხვედი დაკეტილ სახლში? – გაუმეორა ინგამ კითხვა.

– კარი ღია დაგრჩენია! – გაუღიმა მურტალომ.

– მაშ, დაკეტილი რატომ დამხვდა?

– არ ვიცი, ღმერთმანი, მე მოვედი, ვთქვი „სიმ-სიმ, გაიღე!“ და კარი გაიღო. – თქვა მურტალომ ისე გულწრფელად, თითქოს მართლაც ასე მომხდარიყოს.

– მაშ, ახლაც იგივე თქვი და წადი! – უთხრა ინგამ.

მურტალოს ხმა არ ამოუღია, ისევ შეავსო ჭიქა.

– რა გინდა ჩემგან? – ჰკითხა ინგამ.

– არაფერი, – უპასუხა მურტალომ ძალიან მშვიდად.

– არაფერი, – გაიმეორა ინგამ. – კაცს, რომლის სახელი და გვარი არ ვიცი, არ ვიცი მისი პროფესია, ასავალ-დასავალი, კაცს, რომელიც ყოველდღე ერთ კალათა წითელ ვარდებს მიგზავნის, ყოველთვე ვიღაცის ხელით ათას მანეთს მიტოვებს, კაცს, რომელმაც ჩამომაცილა უბნის ყველა ვაჟი და საეჭვო გახადა უბანში ჩემი ქალობა და პატიოსნება, არაფერი არ უნდა ჩემგან... თქვი, ვინა ხარ შენ და რა გინდა ჩემგან...

მურტალოს სახეზე სევდა გამოეხატა.

– მე შენთვის არაფერი არ მითხოვია.

– მე – მით უმეტეს! – თქვა ინგამ. ადგა, კარადასთან მივიდა, უჯრა გამოაღო, თორმეტი ათასი მანეთი გამოიღო და წინ დაუყარა. მურტალოს ფულისთვის არ შეუხედავს.

– ვარდები დამიბრუნე, თუ შეგიძლია! – უთხრა დიდი ხნის დუმილის შემდეგ.

– როგორ? – გაუკვირდა ინგას.

– როგორც გინდა! – უპასუხა მურტალომ.

– ხვალვე დაგიბრუნებ, – უთხრა დაუფიქრებლად.

– იცოდე, სამას სამოცდახუთი კალათი უნდა იყოს, ყველა წითელი, დარჩეული, არც ერთი თეთრი. – თქვა მურტალომ და ჭიქა გამოსცალა.

– მე შენთვის ვარდები არ მითხოვია. ვარდები მოკვდა, დაჭკნა, ფული კი აქ არის, ხელი არ მიხლია და წაიღე.

– ეს ფული მკვდარია, ქაღალდისაა, ვარდები კი ცოცხალი იყო! – თქვა მურტალომ.

– მე შენი ქარაგმები არ მესმის. აიღე ფული და წადი! – თქვა ინგამ და ფული მიუჩოჩა.

– ერთი ჭიქა ღვინო დალიე, დამლოცე და წავალ! – დაჰპირდა მურტალო.

– შენზე ამბობენ, რომ მკვლელი, ქურდი, მორფინისტი და არამზადა ხარ!..

– ამბობენ, – სინანულით დაეთანხმა მურტალო.

– ხარ თუ არა?

– მე თავისუფალი კაცი ვარ! ვაკეთებ, რაც მინდა, როდესაც მინდა და როგორც მინდა.

– რამდენი წლისა ხარ?

– ოცდაათის.

– რატომ ეშინია შენი ყველას?

– ალბათ იმიტომ, რომ მე არ მეშინია არავისი.

– იმ ღამით მორფი რომ არ მომეცა შენთვის, რას მიზამდი?

მურტალო დაფიქრდა.

– მოგკლავდი! – თქვა თავაუღებლად.

– ახლა?

– ახლა რომ გამაგდო, თავს მოვიკლავ.

– მე?

– შენ ვეღარა.

– სტყუი!

მურტალომ ნაგანი ამოიღო და მაგიდაზე დადო. ინგას ჟრუანტელმა დაუარა.

– მაშინებ?

– არა, შენს მზეს ვფიცავარ.

– სტყუი! – გაიმეორა ინგამ და მურტალოსთან სულ ახლოს მივიდა.

– თუ გინდა, შენ მომკალი, – უთხრა და ნაგანი მიუჩოჩა.

– იცი, რომ მკვლელი არა ვარ და იმიტომ ხარ დიდ გულზე.

– ნუ გეშინია, არაფერს გეტყვიან, ჩემი მოკვლისთვის შეიძლება ორდენიც მოგცენ, – გაუღიმა მურტალომ.

– დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე.

– პირიქით. რასაც გეუბნები, სულ პირიქითაა.

– ადექი და წადი ჩემი სახლიდან, გეყოფა მასხარაობა, – უთხრა ინგამ.

– სიცოცხლეს უფრო ადვილად დავტოვებ, ვიდრე შენ, – თქვა მშვიდად გაფითრებულმა მურტალომ და ისევ დაისხა ღვინო. ინგა მიხვდა, რომ ეს კაცი სიტყვებს როყიოდ არ ისროდა.

– ვიკივლებ! – თქვა მან და წუთში მიხვდა, რომ არ იკივლებდა, – ვიკივლებ და მეზობლები შემოცვივდებიან.

– რამდენი მეზობელი გყავს? – ჰკითხა მურტალომ.

– ოცი! – ათი მიუმატა ინგამ.

– ოც მკვდარს გაიტანენ ამ ოთახიდან, – თქვა მურტალომ და ღვინო მოსვა.

ინგას ისევ გააჟრჟოლა ტანში.

– რამდენი კაცი გყავს მოკლული?

– ყველა კაცი თვითონ იკლავს თავს და, ვინც მოკვდა, ყველა სიკვდილის ღირსი იყო.

– მე ეგ შენი ქურდული ფილოსოფია არ მესმის, ახლავე ადექი და გაეთრიე ჩემი სახლიდან!

– ტყუილად ცდილობ, ინგა, ჩემ გაგდებას, მე შენი თავი ყომარში კი არ მომიგია, ღმერთმა მაჩუქა...

– ხვალვე განვაცხადებ მილიციაში! – დაემუქრა ინგა.

– როგორ შემეშინდააა, – გააგრძელა მურტალომ და გაიცინა.

– ნუთუ მართლა არაფრის გეშინია ქვეყანაზე? – ჰკითხა გაკვირვებულმა ინგამ.

– ერთი რამის მეშინოდა, მეშინოდა იმის, რომ უსიყვარულოდ წავიდოდი ამ ქვეყნიდან, ახლა ამისიც აღარ მეშინია, ჩემზე ბედნიერი კაცი არ დადის ქვეყანაზე და რაღა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვკვდები... ინგამ ვერ იგრძნო, როგორ გაექცა ხელი და როგორ გააწნა სილა მურტალოს. მურტალო არ განძრეულა, გაფითრდა მხოლოდ.

– თავხედი ხარ შენ და სალახანა, წაეთრიე აქედან, სახელს ნუ მიტეხ. ამ ეზოში ჩემს გარდა, ხალხი ცხოვრობს...

– ხალხი ბრბოა, ხვალ მოვა, შენს ფეხის ნაბან წყალს დალევს და მაგდალინელივით წმინდანად გამოგაცხადებს, – თქვა მურტალომ. ინგას სახეზე ცეცხლი წაეკიდა და ახლა მეორე ლოყაზე გააწნა სილა ისე მაგრად, რომ მურტალოს სისხლი წასკდა ცხვირიდან. მან თავი დახარა და მაგიდის თეთრი საფარი სისხლით შეიღება. ინგა შეკრთა სისხლის დანახვაზე, უკან დაიხია, მერე ანგარიშმიუცემლად სამზარეულოში შევარდა, ტილო ცივ წყალში დაასველა, გაწურა და ოთახში დაბრუნდა. მურტალო თავის ადგილას იჯდა და სისხლი ღვარად ჩამოსდიოდა ცხვირიდან. ინგამ იგი წამოაყენა, ტახტზე წამოაწვინა და ცივი ტილო დასიებულ სახეზე დაადო. ტილოს რომ ადებდა, ხელზე მურტალოს ტუჩების შეხება იგრძნო და, მისდა გასაოცრად, ინგას მისთვის ხელი არ წაურთმევია. დილამდე ენთო ინგას ოთახში სინათლე. დილით, როდესაც ტახტის კუთხეში გაუხდელად ჩაძინებულ ინგას გამოეღვიძა, ოთახში არავინ იყო. და თუ არა სისხლით შეღებილი მაგიდის საფარი, ყველაფერი სიზმარი ეგონებოდა.

*

       მოსე შაფთოშვილს დეიდა მართას სახლის სარდაფში ორი ბნელი ოთახი ჰქონდა დაქირავებული, შიგ სამღებრო საამქრო იყო გამართული. თვითონაც იქვე ცხოვრობდა თავისი ჯალაბით: ცოლით – რებეკათი და ასე თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ჭორფლიანი და ბობრი ვაჟით – ისხააკით. მომხმარებელთაგან დაკვეთებს, რაღა თქმა უნდა, მოსე იღებდა, სამღებრო საქმეებს კი ძირითადად რებეკა და ისხააკი ასრულებდნენ. ასე რომ, დეიდა მართას ეზო მარტო ვირების გარაჟი კი არა, რაც არ უნდა მსუბუქი გეძახათ, მაინც ჩვენი უბნის ერთ-ერთი სამრეწველო ცენტრი გახლდათ. საამქრო მუშაობდა. საქმე მშვენივრად მიდიოდა და ყველანი უზომოდ ბედნიერნი იყვნენ. რებეკა რომ მთელი ღამის ნამუშევარს დილით მზეზე გამოფენდა ხოლმე, დეიდა მართას ეზოს ყურებას არაფერი სჯობდა. ბაწარზე გასაშრობად ჩამოკიდებული ფერად-ფერადი პერანგები, საცვლები, შარვლები, თავსაფრები, წინსაფრები, ცხვირსახოცები, პირსახოცები, ხელსახოცები, ბავშვების ტანსაცმელი ქარში იალქნებივით რომ დაიბერებოდნენ და ატკარცალდებოდნენ, მაშინ დეიდა მართას ეზო სააღლუმოდ გაწყობილ პატარა ხომალდს ჰგავდა ხოლმე და მიჰქროდა სადღაც შორს, ბობოქარი ცხოვრების ზღვაში და ამ ხომალდის მესაჭეცა და კაპიტანიც მოსე შაფთოშვილი გახლდათ, ჩვენ კი – მას მინდობილი, თითო მუჭა კანფეტად დაქირავებული მეზღვაურები, რათა ამ მოფრიალე ფერად-ფერად აფრებზე ტალახში ამოსვრილი ჯოხით რამე უწმაწური და უნაირო არ დაგვეწერა და დაგვეხატა. საათივით ჰქონდა მოსე შაფთოშვილს ცხოვრება აწყობილი, მაგრამ სწორედ იმ ზაფხულს, მეოთხე კლასში სამჯერ ჩარჩენილი ისხააკი რომ მეხუთე კლასში გადავიდა, მოსეს ოჯახის ცხოვრების ჟამთააღმრიცხველმა საათმა პირველი გლოვის ზარი შემოჰკრა... ვიღაც ოხერმა და ცოდვილმა ამბავი მოუტანა რებეკას: შენი ქმარი სვანეთისუბნელ ანგელინას ყვარობსო, მთელი შემოსავლის ნახევარი იმასთან მიაქვსო, შენ რომ გადაბრუნებული დრაფის პალტო გაცვია, ანგელინა კრაველის ქურქით დადისო... და ერთ მშვენიერ დღეს რებეკამ დეიდა მართას ეზოში სულ შავი აფრები გამოფინა. ყველაფერი: ხელსახოცი, პირსახოცი, წინდა, პერანგი, შარვალი შავად იყო შეღებილი, ისე, თითქოს ჩვენი პატარა ხომალდის კაპიტნის დაღუპვას გლოვობდა. ქალაქიდან შინ დაბრუნებულმა მოსემ ეს რომ დაინახა, თვალები მოისრისა, მერე შავად შეღებილ აფრებს მიუახლოვდა, ხელი შეახო და გაშავებულ ხელისგულზე დაიხედა. მაინც არ დაუჯერა თვალებს და იქ მყოფ ბიჭებს დაგვიძახა.

– თამაზის დავენაცვლე, რა ფერისაა ეს? – მიმითითა ვიღაცის პერანგზე.

– შავია, ძია მოსე.

– გიზიკ, ბიჭო, თქვი, რომ მატყუილებს და მაროჟნს გიყიდი, – შეეხვეწა გიზიკას.

– შავია, ძია მოსე, და რა გიყო?

– დუდუ, მაბითურებენ ხომ? – ხავსს მოეჭიდა მოსე.

– მთვრალი ხომ არა ხარ, ძია მოსე? – ჰკითხა დუდუმ.

– ბროძელო, შენ მაინც მითხარი, რა ფერისაა ეს ჩემი მანუფაქტურა?!

– შავს და თეთრს ვეღარ არჩევ, ძია მოსე? – გაუკვირდა ირაჩას.

– რებეკა!!! – იკივლა უცებ მოსემ და თავში წაიშინა ხელები, – რებეკა, ოჯახის დამაქცეველო, ღორის გაგდებულო და ჯიგარში დანაგასაყრელო... ისხააკ, მამის გამყიდველო, იუდა ისკარიოტელო! – ახლა შვილს უხმო მოსემ. სარდაფში სამარისებური სიჩუმე სუფევდა. მაშინ იგი გიჟივით ეცა შიგნიდან გამოკეტილ კარს და მტვრევა დაუწყო.

– გამოდით, ქმრის და მამის მკვლელებო, გამოდით, თორემ ნავთს გადავასხამ სახლს და ვირთხებივით გამოგწვავთ შიგ, თქვენი დედის ჯიგარი... გამოდით!! – მოსეს მუშტები და ფეხები რომ დაუბუჟდა კარზე რტყმევისაგან, გაქანდა და მუხის კარი თავით ჩამოიღო. სარდაფში ჯოჯოხეთი დატრიალდა, ეზო ხალხით გაივსო, მაგრამ ჯოჯოხეთში შესვლას, რომლის წიაღიდან გმინვა, კვნესა და ოხვრა ისმოდა, ვერავინ ბედავდა.

– კუკარაჩას, კუკარაჩას დაუძახეთ! – მოიფიქრა ვიღაცამ. ხუთ წუთში კუკარაჩა მოვარდა და სარდაფში შეიჭრა. რამდენიმე წუთს მაინც არ შეწყვეტილა გმინვა სარდაფში, უცებ ჯოჯოხეთიდან მოსეს განწირული ღაღადისი გაისმა.

– არ მომკლა, დაგენაცვლე, და გნებდები! – მერე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. კიბეზე იღლიაში მოსეამოჩრილი კუკარაჩა გამოჩნდა. მოსეს ერთ მუჭში ისხააკის ცეცხლივით წითელი თმა ჰქონდა ჩაბღუჯული, მეორეში – რებეკას ყორნისფერი თმა. კუკარაჩამ ასე იღლიაში ამოჩრილი წაიყვანა მოსე. ცოტა ხნის შემდეგ სარდაფიდან დაბეჟილი რებეკა და ისხააკი ამოფორთხდნენ, უხმოდ ჩამოხსნეს შავი აფრები და ისევ სარდაფში შეიყუჟნენ. საღამოს მოსე აბრეშუმის ჭიასავით თვინიერი და ჩუმი დაბრუნდა კუკარაჩას თანხლებით და სარდაფიდან დილამდე ისმოდა ოთხ ხმაში ხან კახური მრავალჟამიერი, ხან თბილისური ბაიათი, ხან მეგრული არირა, ხან გურული კრიმანჭული, ხანაც „სამტრედიაში, ვადაი, ბურდღა გავყიდე...“ – რა თილისმა წაუსვა ამ კაცმა ამ ცოფიან ხვადაგს, ასე ანგელოსივით რომ გალობს? – თქვა გაკვირვებულმა დედამ და აივნის ფანჯარა მიხურა.

*

       მოსეს საქმე ასე მშვიდობიანად არ დამთავრებულა. იმ დღიდან ვირების დოღი ვიღას ახსოვდა, მოსემ დეიდა მართას ეზო ცირკის არენად აქცია და ყოველკვირა ახალ-ახალ სანახაობებს წარმოგვიდგენდა ხოლმე. იგი გაგლეჯილი მთვრალი მოდიოდა და სანახაობაც ხუთ წუთში იწყებოდა.

– მაშ, ანგელინა თმებით ათრიე, არა?.. მაშ, კარაკულის შუბაზე გოგირდის მჟავა შეასხი, არა?... მაშ, ავადმყოფებს ლოგინში უწვება, არა? მაშ, ექთანი კი არა, ბოზი და კახპაა, არა?... მაშ, შენ ვინა ხარ? – არ გინდა, მოსე, არ გინდა, აჰა, დანა და ბარემ ყელი გამომღადრე! – მუხლებზე დაჩოქილი ემუდარებოდა რებეკა მოსეს.

– პაპიკ, დედას ხელი არ ახლო, თორემ!.. – ემუქრებოდა ისხააკი და დედამისის ზურგს უკან იმალებოდა. ამასობაში კუკარაჩაც გამოჩნდებოდა დაბარებულივით და მოსე იმ წუთში ხავერდად იქცეოდა. ერთ კვირა დღეს მოსემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რებეკა სარდაფიდან ეზოში გამოიყვანა, წელზევით კაბა შემოახია და ქამრით დაუწყო ცემა.

– მაშ, ანგელინას ქუჩაში კაბა შემოახიე, არა?.. ლიფი მოგლიჯე, არა?.. მთელი სვანეთის უბნის ბიჭები ახარხარე, არა?.. ეგეც შენ, ეგეც შენ, ეგეც შენ... – რებეკა იდგა და უხმოდ იტანდა გვემას. ისხააკი მამამისის გარშემო დარბოდა ქვით ხელში და წვრილი ხმით ემუქრებოდა: – პაპიკ, დედას ხელი არ ახლო, თორემ ხომ იცი!.. მოსემ ისეთი ჭიტლაყი ამოჰკრა ისხააკს, რომ საბრალომ ორი მეტრი იფრინა და ვირების სადგომთან თავით დაერჭო, მაშინ კი იკივლა რებეკამ: – გოლგოთაზე სასეიროდ მოსულო პირუტყვებო, ღმერთის ხმა არ გესმით? გვიშველეთ რამე, კუკარაჩას დაუძახეთ! თითქოს ღმერთმა უსმინაო, ეზოში კუკარაჩა შემოვარდა.

... და მოხდა სასწაული. მოსე არ დანებდა კუკარაჩას.

– გაიწი, თორემ მოგკლავ! – უთხრა მოსემ კუკარაჩას და ქამარი ისე შეაბრუნა ხელში, რომ რკინის ბალთა ბოლოში მოექცა.

– დააგდე ქამარი, უბედურო, – უთხრა კუკარაჩამ და ერთი ნაბიჯი წინ გადადგა.

– უკან, თორემ მოგკლავ, კუკარაჩა! – თქვა მოსემ.

ქამრის აბზინდმა კუკარაჩას საფეთქელთან გაიშხუილა, კუკარაჩამ უკან დაიხია და მკლავები დაიკოტავა.

– ცოდვა არ ჩამადენინო, კუკარაჩა! – გააფრთხილა მოსემ კუკარაჩა.

       კუკარაჩა არ შეეპუა და ისევ წინ წაიწია, ოღონდ ახლა უფრო ფრთხილად, მაგრამ არ უშველა სიფრთხილემ კუკარაჩას, მოქნეული აბზინდა ყვრიმალზე მოხვდა და ლოყა შუაზე გადაეხსნა, სისხლმა იფეთქა კუკარაჩას სახიდან. ქალებმა კივილი ატეხეს. ყველამ გავიგონეთ, როგორ ააღრჭიალა კუკარაჩამ ტკივილისა და სიბრაზისაგან კბილები. სისხლი რომ დაინახა, მოსე სულ გადაირია, ქამრის ბალთა მეორედ მოხვდა კუკარაჩას სახეში. შემდეგ რაც მოხდა, ბევრს გარკვევით არც კი გვახსოვს, რადგან ყველაფერი რამდენიმე წამში შესრულდა. სახედასისხლიანებული კუკარაჩა წელში შეუვარდა მოსეს, ერთ წამს მოსე უმოწყალოდ აფართხალებდა ხელ-ფეხს ჰაერში, მერე კუკარაჩამ, თითქოს რაღაცას ფერთხავსო, ისე ჩამოიხია თავზე მოსე და გულშეღონებული და ყბამონგრეული რებეკას ფეხებთან დაუგდო... მოსე რომ არ გაინძრა, კუკარაჩამ მის წინ დაიჩოქა, ყბა გაუსწორა და გულზე ყური დაადო, მერე საყელო გაუხსნა და წყალი მოითხოვა. წყლის მომლოდინე დაჩოქილმა კუკარაჩამ უცებ იგრძნო, როგორ დაეშვა თავზე რაღაც უსაშველოდ მძიმე და თვალთ დაუბნელდა. ოდნავ გონს რომ მოეგო და მაღლა აიხედა, მის წინ სახეშეშლილი რებეკა იდგა შუაში გადამტვრეული სარეცხის საბიჯგი როკის სარით ხელში.

– მოჰკალი, შე ურჯულო?.. მოჰკალი ოჯახის მარჩენალი და მასაზრდოებელი?.. შენ არჩენ აწი ჩემს ობოლ ისხააკს? შენ უშველი აწი ჩემს დაბნელებულ ქვრივ ცხოვრებას?.. მოკვდი, შე კაცის მკვლელო!.. – რებეკამ ისევ მოუქნია კუკარაჩას ხელში შერჩენილი სარის ნახევარი, მაგრამ კუკარაჩამ დროზე გამოსტაცა სარი ხელიდან და გვერდზე მოისროლა.

– ახია ჩემზე! – თქვა და დასისხლიანებულ სახეზე ხელი მოისვა.

– როგორც მომიკალი, ისე გამიცოცხლე! – ახლა ქვით მივარდა შეშლილი რებეკა კუკარაჩას. კუკარაჩამ ქვა წაართვა რებეკას, მერე ვიღაცას ერთი ვედრო წყალი ჩამოართვა და თავზე დაამხო გულშეღონებულ მოსეს. მოსემ ჯერ ამოიკვნესა, მერე ქუთუთოებიც შეარხია პრანჭია პატარძალივით, ბოლოს თვალიც გაახილა და თავი აქეთ-იქით გადაიქნია.

– აჰა, შენია, მიჩუქნია, არავინ წაგართვას და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს, – უთხრა კუკარაჩამ რებეკას. ცარიელი ვედრო ხმაურით დააგდო მოსეს გვერდით, ცალყბად გაიღიმა და ეზოდან გავიდა. რებეკა და ისხააკი მუხლებზე დაეცნენ მოსეს წინ და საიქიოდან დაბრუნებულივით გამოიცხადეს.

– მობრუნდი, შენი სიცოცხლის ჭირიმე, ჩვენო მარჩენალო, იმედო, მზეო და სიხარულო!.. ხელი და ენა გაუხმეს შენს მტერს და დამაწყევარს... ათასი საყვარელი გაიჩინე, ოღონდ შენს ანგელოსის ხმას ნუ მოგვაკლებ, ჩვენო ღმერთო და უზენაესო!.. ხმა გაგვეცი, ჩვენო მოსევ, ჩვენო მოციქულო და ჩვენო წინასწარმეტყველო, ხმა გაგვეცი! მოსეს ძალიანაც უნდოდა ხმა გაეცა თავისი ჯამაათისათვის, მაგრამ ყბა ჰქონდა გაბზარული და ენას პირში ვერ აბრუნებდა. სახედასახიჩრებული კუკარაჩა მილიციის უფროსის კაბინეტში იჯდა და სველი ცხვირსახოცით იშუშებდა იარებს.

– გოგია თუშურაშვილო, რამდენჯერ გითხარი, საკუთარ ინიციატივას მორჩი-მეთქი?! – ეკითხებოდა მილიციის უფროსი.

– კაცო, რომელ საკუთარ ინიციატივაზე მელაპარაკები, როდესაც თვითონ მეძახდნენ, გვიშველეო, დღეს სულ გადაირია, ცოლ-შვილს კლავდა...

– მერე, ეგ არის ცოლ-შვილს კლავდაო?! – ნიშნის მოგებით უთხრა მილიციის უფროსმა და კუკარაჩას შეშუპებულ ცხვირ-პირზე მიუთითა.

– მე რა ვიცოდი, აქეთ მომდგებოდნენ! – დააპირა სკამიდან წამოდგომა და თავის მართლება კუკარაჩამ, მაგრამ, ნურას უკაცრავად, წელი ვერ აითრია და ადგილზე დარჩა. მილიციის უფროსმა ღილაკს ხელი დააჭირა. ოთახში მდივანი გოგონა შემოვიდა.

– რა გნებავთ, ბატონო დავით?

– ერთი, შენ რომ პატარა სარკე გაქვს, ის შემოიტანე და ამ ვაჟბატონს ათხოვე.

მდივანმა გოგონამ პირზე ხელი აიფარა, რომ არ გასცინებოდა და ისე გავიდა კაბინეტიდან.

– მასხრად მიგდებ? – ჰკითხა კუკარაჩამ.

– მასხრად კი არა, ერთ საკითხზე მინდა მოგეთათბირო და შენი დასტური მჭირდება, – უპასუხა უფროსმა და ვიდრე სარკეს შემოიტანდნენ, რაღაცის წერა დაიწყო. ერთ წუთში მდივანმა გოგონამ პატარა ოთხკუთხედი სარკე შემოიტანა, კუკარაჩას გადასცა და ისევ პირზე ხელაფარებული გავიდა. კუკარაჩამ უხალისოდ ჩამოართვა სარკე, შიგ ირიბად ჩაიხედა და მილიციის უფროსის მაგიდაზე უკუღმა დადო.

– როგორი ნამუშევარია? – ჰკითხა უფროსმა.

– მაგარი, მაგრამ ხურდაც კარგი მიიღო, – მიაყოლა გულის მოსაფხანად.

– როგორ ფიქრობ, რამდენ დღეში მოგიშუშდება? – არ მიაქცია უფროსმა ყურადღება კუკარაჩას ტრაბახს. კუკარაჩამ მხრები აიჩეჩა.

– აბა, რა ვიცი?!

– მაინც?

– მე მგონი, ორი კვირა მაინც დასჭირდება, რაც უნდა იყოს, ბალთით არის დაჩეჩქვილი, – თქვა კუკარაჩამ გამოცდილი ქირურგივით.

– დავიჯერო, ათი დღე არ ეყოფა? – ჩაჰკითხა უფროსმა.

– არა მგონია, თხუთმეტი დღე, მინიმუმი! – კატეგორიულად თქვა კუკარაჩამ.

– კარგად დაფიქრდი, ნუ აჩქარდები, – გააფრთხილა უფროსმა.

– კაცო, ჩემი კანის ამბავს შენ მასწავლი? – ეწყინა კუკარაჩას.

– კარგი, ჩემო კუკარაჩა, რადგან არ იშლი, თხუთმეტი სუტკა გაუპტვახტიც შენ, ეგ რუსულად, ქართულად კი თხუთმეტი დღე-ღამე ნაობახი, საუბედუროდ, ებრაულად როგორაა, არ ვიცი, – თქვა დავითმა და წერა შეწყვიტა.

– რათა, კაცო?! – ახლა კი იკადრა წამოხტომა კუკარაჩამ.

– ათი დღე ჭრილობების მოშუშებისათვის, ხუთი დღე ხულიგნობისა და საკუთარი ინიციატივისათვის.

– მაშ, სამართალი არ არის?

– სამართალი რომ იყოს, ამხანაგო თუშურაშვილო, ახლა სახლში იქნებოდი, თბილ ლოგინში ჩაღუღუნებული, – განუმარტა მილიციის უფროსმა და ქაღალდი გადასცა კუკარაჩას, – ბარემ შენ თვითონ გაუტანე თინიკოს, თან უთხარი, ეს შენი დაპატიმრების ბრძანება ახლავე დაბეჭდოს. კუკარაჩა კარისკენ წავიდა.

– მოიცა! ეგ იარაღი აქ დამიტოვე, სეიფში ჩავკეტავ.

– ოჰ, მოსე, შენი ოხერი დედა ვატირე! – ამოიკვნესა კუკარაჩამ კბილების კრაჭუნით და იარაღი მაგიდაზე დაუგდო დავითს.

– ნუ იღრინები, თხუთმეტი დღე ხელად გაირბენს, წამალს და საჭმელს არ მოგაკლებ... – დააიმედა დავითმა. კუკარაჩა გალახული ძაღლივით გაძვრა მილიციის უფროსის კაბინეტის კარში და თხუთმეტი დღე უბანში არ გამოჩენილა.

*

       ერთი თვე იწვა ქრომონიკელის მავთულით ყბააკრული მოსე მიხეილის საავადმყოფოში და ერთი თვის განმავლობაში დღეში სამჯერ მიირთმევდა ვერცხლის კოვზით რებეკას მზრუნველი ხელიდან ბრინჯის ფაფას. საავადმყოფოდან იგი ჩვენს უბანში აღარ დაბრუნებულა. სამღებრო საამქრო, რა თქმა უნდა, გაუქმდა და რადგან ცირკი მოგვესპო, ჩვენ ისევ ვირების დოღზე გადავედით.

*

        ჩელუსკინელების ხიდის მარჯვენა ბურჯის მხრიდან ჩავყევით ბილიკს და ხუთ წუთში მტკვრის ნაპირზე ვიყავით. ისეთი პაპანაქება იყო, ჰაერი თახთახებდა და რიყეს ბუღი ასდიოდა. სწრაფად გავიხადეთ და მტკვარში შევცვივდით. კუჭიკო ჩვენ შორის ყველაზე უფროსი იყო და ყველაზე კარგადაც ცურავდა. არც მე, დუდუ და ირაჩა ჩამოვუვარდებოდით ცურვაში. მარტო კოსტია ბერძენს ჰქონდა ცურვა ახალნასწავლი და ისე აპარტყუნებდა ხელ-ფეხს, ისე ჭყუმპალაობდა, რომ მის გვერდით არ დაიდგომებოდა. მაინც გვეკითხებოდა ხშირ-ხშირად და თავმომწონედ: – როგორ ვცურავო.

– როგორ ცურავ და, დილდილობით პირს რომ იბან, „სპასატელნი კრუგის“ ჩამოცმა არ დაგავიწყდეს, თორემ დაიხრჩვები, – ასწავლა დუდუმ.

– აბა, წავედი გაღმა, ვისაც შეგიძლიათ, მომყევით! – დაიძახა კუჭიკომ და მტკვრის მეორე ნაპირს მიაშურა მხარულით. გვალვის გამო მტკვარი საგრძნობლად დაკლებული იყო და ყველანი თამამად მივყევით. მდინარის შუაწელს რომ მივაღწიე, უკან მოვიხედე და გული კინაღამ გამიჩერდა, ეს სულელი ბერძენი კოსტია კუდში არ მომდევს? თავი წყალში ჩაუყვია და ხელ-ფეხს ისე იქნევს, გეგონებათ, ათ კაცს ერთად ეჩხუბებაო. ჰაერის მარაგის დასაგროვებლად ხანდახან თავს ჰყოფს წყლიდან და გადმოცვენილი თვალები ისე აქვს ჩასისხლული, როგორც დეიდა მართას ალუბლები. ახლა ამას რომ ყვირილი დავუწყო, სულ გაფუჭდება-მეთქი, – გავიფიქრე და ამიტომ იმედიანად შევუძახე: – მიდი, კოსტია, შე ძველო, ნუ გეშინია, აქა ვარ!

ისე იყო დაღლილი, მგონი, არც კი გაუგონია ჩემი შეძახილი. ერთი კი მოიქნია ხელ-ფეხი უღონოდ და მივხვდი, რომ ვიღუპებოდით.

– მიშველეთ, ბიჭებო, კოსტია ბერძენი იხრჩობა! – ვიკივლე მე.

– სად არის?! – იყვირა კუჭიკომ და უკან მოტრიალდა, მაგრამ კოსტია აღარ ჩანდა.

– დაყვინთეთ! – იყვირა უცებ კუჭიკომ და თვითონაც დაყვინთა.

გაქრა კოსტია ბერძენი, წყლის დინებამ კარგა მანძილზე გვათრია, შუაწელს გავცდით, ახლა უკვე ფეხზე დგომა შეიძლებოდა, თუმცა წყალი ნიკაპთან მწვდებოდა...

– გვიშველეთ! – ისევ ვიყვირე განწირული ხმით. ვხედავ, ჩემს ქვემოთ დაახლოებით ხუთ მეტრზე კოსტიამ თავი ამოჰყო, ერთი კი ჩაისუნთქა ჰაერი და ისევ გაქრა.

– გვიშველეთ, გვიშველეთ!!! – ავყვირდით ახლა ყველანი ერთად და იმ ადგილისაკენ გავქანდით ცურვით, სადაც კოსტია ბერძენმა თავი ამოჰყო. უცებ დავინახეთ, როგორ მოარღვევდა მტკვრის ჩქერს გადარეული და სახეშეშლილი კაცი.

– ნუ გეშინიათ, ბიჭებო, აქა ვარ, ოღონდ ცოტა მომეხმარეთ, ცურვა არ ვიცი!.. – გვემუდარებოდა იგი. ფეხდაფეხ დაეწია გულშეღონებულ კოსტიას, ხელი სტაცა და გულში ჩაიკრა. ჩაიკრა და წაიქცა. ახლა ორთავე გაქრა წყალქვეშ, თუმცა იმწამსვე ჯერ ხელში ატაცებული კოსტია გამოჩნდა, მერე იმ ძლიერი ხელების პატრონის თავი...

– კუკარაჩა, გვიშველე! – შეღაღადა ტირილით კუჭიკომ და კუკარაჩასთან მიცურა.

– შენ თვითონ მიშველე, შე მამაძაღლო, ხომ ხედავ, ცურვა არ ვიცი, ქვევით წამოდით, ფონია აქეთ... ყველანი კუკარაჩას შემოვეხვიეთ და ქვევით დავყევით მტკვარს. როდესაც წყალი კუკარაჩას მკერდზე მისწვდა, შვებით ამოვისუნთქეთ. ვიდრე დედის ხსენი არ წამოუვიდა პირიდან, მანამდე ჰყავდა კუკარაჩას კოსტია ბერძენი ფეხით დაკიდული. ბოლოს თვალებგადმოკარკლული და ენაგადმოგდებული რიყეზე დაასვენა და გვერდით მიუჯდა. ჩვენც გარშემო შემოვუცუცქდით.

– როგორ ხარ? – ჰკითხა კუკარაჩამ კოსტია ბერძენს, თვალები რომ გაახილა და ენა რომ დამალა.

გაკვირვებულმა კოსტიამ ჯერ ჩვენ შეგვხედა, მერე კუკარაჩას, რომ იცნო, შიშისაგან ისევ დახუჭა თვალები და დაიკვნესა.

– მე ვარ, მე! – ცალყბად გაუღიმა კუკარაჩამ და თითით თვალის ქვედა ქუთუთო ჩამოქაჩა, – კარგად დამაკვირდი... – ნიშნის მოგებით უთხრა და ტანსაცმლის გახდა დაიწყო. კუკარაჩა რომ გახდას შეუდგა, ჩვენ სასწრაფოდ ჩაცმა დავიწყეთ.

– ტანსაცმელს ხელი გაუშვით! – ბრძანა კუკარაჩამ. ჩვენ ცივად გავუშვით ხელი ტანსაცმელს. კუკარაჩამ ხელის ერთი მოსმით მოხიკა ჩვენი ტანსაცმელი და ფეხებთან დაიყარა.

– ახლა სიმაღლის მიხედვით დადექით! – ისევ ბრძანა კუკარაჩამ.

– კუკარაჩა, ტრუსები მაინც მოგვეცი! – შეეხვეწა კუჭიკო და სასირცხვო ადგილზე ხელი აიფარა.

– მე რა გითხარი? – მკაცრად იკითხა კუკარაჩამ. სხვა რა გზა გვქონდა, დავდექით სიმაღლის მიხედვით – ჯერ კუჭიკო, მერე ირაჩა, მესამედ დუდუ და მეოთხედ მე. ბერძენი კოსტია ისევ რიყეზე იწვა გულაღმა, მზისგან ტვინი რომ არ გამოლაყებოდა, კუკარაჩამ რომელიღაც ჩვენგანის პერანგი თავზე გადააფარა, მერე მოზრდილ ქვაზე დაჯდა და მწყობრს გამოგვხედა.

– ახლა თქვენ შორის ყველაზე დიდი ვირი გამოვიდეს, – თქვა კუკარაჩამ. კუჭიკომ მშვენივრად იცოდა, ჩვენ შორის ყველაზე დიდი ვირი რომ იყო, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის მაინც გადმოგვავლო თვალი, იქნებ ამ ერთ საათში რომელიმე წამომეწიაო, და საიმედო რომ ვერაფერი დაინახა, ფეხათრევით მიუახლოვდა კუკარაჩას.

– ხელები ჩამოუშვი! – კუჭიკომ ხელები ჩამოუშვა და პატარძალივით გაწითლდა. კუკარაჩას სადღაც ტუჩის კუნჭულში გაურბინა ღიმილმა და ისე სწრაფად გაუქრა, თითქოს იმ ადგილას ბუზი დააჯდა და მოიგერიაო. ჩექმა გაუშვირა კუჭიკოს.

– მომეხმარე! – კუჭიკო რაღაც საშინელებას ელოდა და ასეთი უბრალო საქმე რომ დაავალეს, ისე გაუხარდა და ისეთი გულმოდგინებითა და სისწრაფით გახადა კუკარაჩას ჩექმა, რომ თავი ვერ შეიკავა და უკან ყირაზე გადავიდა, მაგრამ უცებ წამოხტა და ახლა მეორე ჩექმაზე დააცხრა.

– ნელა, ბიჭო, თეძო არ ამომგლიჯო, – აღარ მალავდა სიცილს კუკარაჩა.

ჩვენც ძალიან გავმხიარულდით. კუკარაჩამ ქამარი მოიძრო, რიყეზე დააგდო, ახლა ხალათი და გალიფე გაიხადა, ჯერ ხალათის ჯიბიდან რაღაც მოწმობა და სამი სისველისაგან ერთმანეთზე მიწებებული სამმანეთიანი ამოიღო, სასოებით დააცილა ერთმანეთს, მზეზე გაშალა, ზემოდან პატარა კენჭები დააწყო, ნიავს რომ არ აეფრიალებინა და წაეღო, ახლა ის მოწმობა გაშალა, ალბათ, წყლისაგან გადღაბნილ თავის გვარსა და სახელს დახედა, სინანულით თავი გადაიქნია, ის საბუთიც მზეზე გასაშრობად დადო და თავისთვის ჩაიბურდღუნა.

– გაიგე ახლა, თუშურაშვილი ვარ თუ ჩიბურდანიძე... გაწურეთ მაინც, თქვე ოხრებო! – გვითხრა და შარვალ-ხალათი გადმოგვიყარა. მაისურის წურვა თვითონ დაიწყო. დაცოფილებივით ვეცით კუკარაჩას ტანსაცმელს, რომ როგორმე მისი გული მოგვეგო.

– ჰა, არ დამიხიოთ, ხომ არ გგონიათ, წელს კიდევ ახალს მომცემენ, – კუკარაჩამ ნაგანი ამოიღო ბუდიდან, ტყვიები ამოალაგა ბარაბნიდან და ბრტყელ ქვაზე დააწყო სათითაოდ გასაშრობად. სუნთქვა შეგვეკრა ბიჭებს. როგორც გამრავლების ტაბულა, ისე ზეპირად მახსოვს დღესაც – შვიდი ცალი იყო, მოგრძო, თავწაჭრილი და თითოეული მათგანიდან სიკვდილი იხედებოდა. ნაგანი იქვე გვერდით დადო კუკარაჩამ და კოსტია ბერძენს მიუბრუნდა: – ახლა როგორა ხარ?

– ახლა კარგად! – თქვა კოსტიამ და წამოდგომა დააპირა.

– იწექი! – უბრძანა კუკარაჩამ, – თქვენ კი ისევ სიმაღლის მიხედვით დადექით, – გვითხრა ჩვენ. რა ხანია შიში დაგვავიწყდა და ამიტომ დიდი ხალისით დავდექით. კუკარაჩამ თათარივით მოირთხა ფეხი, ორთავე ხელები მუხლებზე დაიბჯინა, ირიბად ამოგვხედა ქვევიდან ზევით.

– რომელმა თქვით პირველად მტკვარზე წავიდეთო?! – იკითხა უცებ. მართალია, ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, ან მეგობრის დაბეზღებას როგორ ვიკადრებდით, მაგრამ ძალაუნებურად ყველამ კუჭიკოს შევხედეთ. თხასავით გაყიდულმა კუჭიკომ თავი დახარა.

– ვერე აღარ გყოფნით საბანაოდ, არა? დღეს მტკვარი მოგინდათ, ხვალ შავი ზღვა, ზეგ დარდანელი, მაზეგ ბოსფორი, მერე ხმელთაშუა ზღვა, მერე რა ჰქვია იმ სრუტეს?..

– გიბრალტარის, – ამოვილუღლუღე მე.

– გიბრალტარიო, მერე ატლანტის ოკეანეო... – გააგრძელა უკარაჩამ.

– სუეცის არხითაც შეიძლება ინდოეთის ოკეანეში გასვლა, მეწამული ზღვის გავლით, – შეუცვალა მარშრუტი ირაჩამ.

– ხმა გაიკმინდე, შე მეხუთე კლასში ჩარჩენილო თავგასიებულო მაგელანო! – დატუქსა კუკარაჩამ არამკითხე ირაჩა და ფეხზე წამოდგა.

– გამოდი! – უთხრა კუჭიკოს. კუჭიკო მორჩილად გავიდა, – ლაწ! – ისე მოულოდნელად გაულაწუნა კუკარაჩამ კუჭიკოს მარცხენა ყბაში, რომ კუჭიკომ ხელის აფარება კი არა, თავის გაწევაც ვერ მოასწრო.

– რას მირტყამ, რას, შენი გაზრდილი ვარ? – იბღავლა კუჭიკომ.

– ჯერ არა, მაგრამ მალე გახდები! – შეპირდა კუკარაჩა.

– კაცი არა ხარ, ტყავი გადამძვრა მუხლებზე ვერეში ფორთხვით... – შესტირა კუჭიკომ. კუკარაჩამ ყურადღება არ მიაქცია მის ჩივილს.

– შემდეგი! – შემდეგი ირაჩა იყო. მან შესანიშნავად გამოიყენა მისი წინამორბედის გაკვეთილი და გასვლისთანავე საოცარი სისწრაფით აიფარა ხელი მარცხენა ყბაზე, და უცებ ისეთი ალიყური მიიღო მარჯვენა ყბაში, რომ ბროძელი ორჯერ დატრიალდა ადგილზე, მაგრამ ჭკუა ეყო და უხმოდ დაბრუნდა.

– ყველა უნდა გვცემო? – ჰკითხა მორჩილად დუდუმ, რადგან მისი ჯერი მოვიდა.

– რა ვქნა? – გაეცინა კუკარაჩას, – რომ არ გცემო, სამართალი დაირღვევა, თან ამათაც ეწყინებათ...

დუდუ გამოუძახებლად გავიდა.

– რადგან ეგეთი თვინიერი და დამჯერი ხარ, ყურის აწევით დავკმაყოფილდები, – უთხრა კუკარაჩამ და ისე გადაუგრიხა ყური, პირადად მე გასილაქებას ვარჩევდი.

ჩემი ჯერიც დადგა. კუკარაჩა თვითონ მომიახლოვდა, არ გამოვუძახებივარ.

– დედაშენმა იცის, აქ რომ ხარ?

– არა! – პასუხი დამთავრებული არ მქონდა, ალიყური რომ მივიღე, ცოტა შევქანდი, მაგრამ თავი შევიკავე.

– გეტკინა? – მკითხა.

– კი! – არ მოვატყუე მე, – ოღონდ დედას ნუ ეტყვი და კიდევ გამარტყი, – ვთხოვე. კუკარაჩა დაფიქრდა, მერე შეტრიალდა და ბერძენ კოსტიას დაადგა თავზე. იმანაც სულ მოიმკვდარუნა თავი, მაგრამ კუკარაჩას მომტყუებელი ვინ იყო?

– ბიჭო, გაჭყლეტილი ბაყაყივით რომ გადმოგცვენია ეგ თვალები, ცურვა თუ არ იცოდი, რას მისდევდი ამ ბიჭებს, კარგი, მე დავიხრჩობოდი შენს გამო, დავიხრჩობოდი და ჯანდაბას, მაგრამ შენ რომ დამხრჩვალიყავი, შენი საცოდავი მშობლებისათვის რა გვეთქვა ან მე, ან ამ ბიჭებს?.. კუკარაჩა გაფითრდა, მერე ხმა აუკანკალდა, დაიხარა, ტანსაცმელი გადმოგვიყარა და თვითონ ისევ ქვაზე ჩამოჯდა. ჩვენ ტანსაცმელს შევესიეთ და გაქცევა დავაპირეთ.

– ამ წყალქვეშა ნავს მე მიტოვებთ? – გვკითხა კუკარაჩამ.

– ახლავე წაიყვანეთ და მის მშობლებს ჩააბარეთ, ვიდრე ჩემით დამიხრჩვია.

კოსტია ბერძენმა ჩვენ შორის ყველაზე მკვირცხლად ჩაიცვა.

– თქვენ არ წამობრძანდებით? – ზრდილობისათვის ჰკითხა კუჭიკომ.

კუკარაჩამ რიყეზე გაფენილ თავის სველ ტანსაცმელს და ავლადიდებას გახედა ღიმილით. კუჭიკო მიხვდა, რა სისულელეც ჰკითხა, ამიტომ სწრაფად შეტრიალდა და წავიდა. ჩვენ ჭუკებივით უკან მივყევით. ფერდობს რომ მივუახლოვდით, კუკარაჩას ხმამ გაგვაჩერა.

– ბიჭებო, არაფერი გეწყინოთ, ხომ იცით, სამსახური სამსახურია...

თან ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან... – გაკვირვებულებმა შევხედეთ ერთმანეთს, კუკარაჩას თხოვნა ჰქონდა ჩვენთან... – ერთი პატარა სათხოვარი, – გაიმეორა მან, – უბანში არ მოყვეთ, კუკარაჩამ ცურვა არ იცისო... – არც „ჰოს“ დაელოდა, არც „არას“, ზურგი შეგვაქცია და გათავდა. ჩვენ იმავე ბილიკით ავიარეთ ჩელუსკინელების ხიდის მარჯვენა ბურჯის ფერდობი, რომლითაც ჩამოვედით და ვარაზის ხევით უნივერსიტეტის აღმართს შევუდექით.

*გაგრძელება*

ტეგები: Qwelly, dumbadze, kukaracha, ლიტერატურა, ნოველები, ცნობილი_ავტორი

ნახვა: 14518

გამოხმაურებები!

ტკბილი დუმბაძე♥

ტკბილი და ტიტანი ნოდარ დუმბაძე

khatuna zitanishvili_მ თქვა:

ტკბილი დუმბაძე♥

იცით რა მაინტერესებს, როდის დაიწერა კუკარაჩა, რომ ვარაზის ხევის პირას ჯერ კიდევ ანიკო დეიდას სახლი იდგა? იქ სახლს რა უნდოდა?

კარგი მოთხრობაა. მიყვარს  ნოდარ დუმბაძე!

ნოდარსაც, განსაკუთრებით უყვარს ბავშვები, თეკლა. ♥

თეკლა ხუჯაძე_მ თქვა:

კარგი მოთხრობაა. მიყვარს  ნოდარ დუმბაძე!

ძაან მაგარი წიგნი<3

სად წავიკითხო მოთხრობის გაგრძელება??

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

კოსმოსური (არა კვანტური) დაბნეულობა

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: აპრილი 6, 2020.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      ისე მყისიერად შედგა, თითქოს რაღაც უხილავ დაბრკოლებას გადააწყდაო.... არა, ეს უკვე მეტისმეტი იყო, სიზმარს თუ ჯადოქრობას ჰგავდა, საკუთარ (თუ საოცრად მსგავს ) ქუჩაზე ამოეყო თავი.

      დაერჭო შუა ტროტუარზე... კარგა დიდი ადგილი მონიშნა ჩამრგვალებულ- ჩაპუტკუნებული სხეულით. ირგვლივ ისე ევლებოდა მოსიარულე ხალხის ნაკადები, როგორც ჭორომს ევლება მდინარის ტალღები. მუჯლუგუნებსაც ბლომად ღებულობდა ყოველი მხრიდან, მაგრამ თითქოს ვერც კი აღიქვამდა…

გაგრძელება

სახლიდან ლოცვა, კორონა და განათლება, ინსტრუქციები და ავტობუსები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: აპრილი 6, 2020.
საათი: 10:24pm 0 კომენტარი

      კორონავირუსის რიცხვები საქართველოსა და მსოფლიოსთვიტს. ამ დროისთვის, საქართველოში აღრირცხული კორონავირუსიანების საერთო რაოდენობაა - 188, აქედან 39 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. იგივე სტატისტიკა მთელი მსოფლიოსთვის - 1323641 ინფიცირებული, აქედან ~277 გამოჯანმრთელებული და ~ 74k გარდაცვლილი. მკურნალობის რეჟიმში რჩება ~ 973K მსოფლიო მოქალაქე. სინოპტიკოსები ცუდ ამინდს გვპირდებიან, ხოლო ვალუტის ჯიხურები 1 დოლარს, 3.1740 ლარად…

გაგრძელება

პურის ცხობა ხელოვნების სახელით

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: აპრილი 5, 2020.
საათი: 10:55pm 2 კომენტარი

      ცხელი პური გემრიელია, პური და ყველი გემრიელია, პური არსობისა, კიდევ უფრო გემრიელია, მაგრამ არსებობენ ხაბაზები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პური უფრო მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე მხოლოდ „ყველაფარზე მისაყოლებელი“ პროდუქტი. ეს საცხობი, ვისზეც ახლა უნდა დავწერო, „ქერი და ხორბალა“ (Blondie + Rye), ოკეანის გაღმიდან, ოკეანის გამოღმა აოცებს დამთვალიერებელს, ხოლო თავის ქალაქში - დამგემოვნებლებს. როცა გემო ასეთი წარმატებული გამოვიდა, შეფუთვაზე ფიქრი…

გაგრძელება

სამი ანგელოზის ამბავი

გამოაქვეყნა Megaomgchen_მ.
თარიღი: აპრილი 5, 2020.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

The three angels were not pleased about that, but nevertheless gave her a opportunity to return to the Garden of Eden. She denied, but  Diablo Gold struck a bargain she'd spare any human infant she came across that bore among the three angels' symbols. The angels were OK with this, but God still ordered that 100 of her children would die everyday. When she couldn't kill a human kid lilith mad, would occasionally kill her offspring.

Going back into the Nephalem from Diablo lore, the…

გაგრძელება

Qwelly World

free counters