ჯემალ ქარჩხაძე - ბიძაჩემი იონა


ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო, დიდ ქვაბში არ ეტეოდა, პატარაში ცოტა იყო.
ხალხური პარადოქსი

ეპილოგი 

   ამიტომ 28 ივნისს კიდევ ერთხელ ვეწვიე მშობლიურ სანაკლიოს...
მატარებელმა რომ უკანასკნელი აღმართი აიარა და სარკმლიდან სანაკლიოს ფერადი სახურავები გამოჩნდა, მაჯისცემა მკვეთრად გამიხშირდა; ის თავდაღმართიც რომ ჩავათავეთ და კივილით შევედით ძველ სადგურში, რომელიც დროის დინებას ისე გაჯიუტებოდა, იოტის ოდენადაც კი არ შეცვლილიყო, გული უკვე კედლებს აწყდებოდა და გარეთ გამოვარდნას ლამობდა; ბაქანზე გამოსულმა რომ ღრმად და სენტიმენტალურად ჩავისუნთქე მძიმე, დახუთული ჰაერი (ვინც ხანგრძლივი და უსახელო წანწალის შემდეგ მცირე ხნით მაინც სწვევია მშობლიურ ფუძეს, იცის, რომ, შეგრძნებათა სუბიექტურობის გამოისობით ასეთ დროს ყველაფერს საამო სუნი ასდის), ცრემლი მალულად მოვიწმინდე და ძალდაუტანებელი პათეტიკით გავიფიქრე: „ღმერთო, რამდენი დრო გამპარვია თვალსა და ხელს შუა!“; ხოლო მოსაცდელი დარბაზიც რომ გავიარე, რომელშიაც, როგორც მომეჩვენა, სიგარეტის ნამწვი იმავე ადგილას ეყარა, სადაც წლების წინ დავტოვე, და მოედანზე გავედი, ჩემი ბავშვობის ორეულები, ფეხშიშველები და მუხლებზე შარვალგამობდღვნილები, ქალაქის ყველა კუთხიდან წამოიშალნენ, შესახვედრად გამოეშურნენ და მუშტრის თვალით დამიწყეს ცქერა, თითქოს ამოწმებდნენ, აბა ერთი, რა გამოვიდა ჩვენგანო (სულელები! რა უნდა გამოსულიყო!).
   გული რაღაც ძალიან დიდით და ძალიან მსუბუქით მქონდა სავსე და გადავწყვიტე, ცოტა ხანს ქალაქის ქუჩებში მეხეტიალა.
ახალი ნაწვიმარი იყო. ოღრო-ჩოღრო ტროტუარებზე მოფენილი მრავალრიცხოვანი გუბურები ამომავალი მზის ოქროსფერ სხივებს ხალისიანი ბრჭყვიალით ირეკლავდა.
   მალე ქალაქის ცენტრს მივუახლოვდი და მივხვდი, რომ მარადიულობის შთაბეჭდილება, რომელიც სადგურის დანახვაზე დამეუფლა, მცდარი ყოფილა. მშობლიური სანაკლიო შეცვლილიყო და გვარიანადაც შეცვლილიყო: მთავარი მოედანი გადაეკეთებინათ და გაეფართოებინათ, მილიციის შენობა ეკლარის ქვით მოეპირკეთებინათ, კვიპაროსები გაზრდილიყო, სასტუმრო დამწვარიყო, მთავრობის სახლის წინ ახალი რესტორანი გაეხსნათ, ბაღი დაეგავათ, ფსიქიატრიული საავადმყოფოსთვის კიდევ ერთი კორპუსი მიემატებინათ, შორს, ქვემოთ, სადაც ადრე ტრიალი მინდორი იყო და ჩემი შორეული ბავშვობა სიქის გაცლამდე ფეთიანივით დასდევდა ბურთს, ახლა მაღალ-მაღალი შენობები აეკოკოლავებინათ და შიგ სანაკლიელი მოქალაქეები დაბუდებულიყვნენ. ამ ცვლილებების დანახვაზე ჩემი ბავშვობის ცნობისმოყვარე ორეულები, თითქოს დაფრთხნენო, უკან-უკან წავიდნენ და თვალს მიეფარნენ, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი მათს სიახლოვეს, მაინც მომდიოდა მათი ოფლის სუნი. ან კი სად უნდა დაკარგულიყვნენ! ამ ქალაქში მიწის ერთი გოჯი არ იყო, ზედ რომ ჩემი ფეხის ანაბეჭდი არ დამეტოვებინა. სანაკლიო, საყვარელი სანაკლიო! აქ დარჩა ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ხანა, ყველაზე თბილი, ყველაზე სევდიანი, ყველაზე სათუთი მოგონებები... რა დამავიწყებს, სკოლიდან რომ კოლექტიურად გავიპარებოდით და მეორე დღეს სამასწავლებლოში დირექტორი ქამრით გვცემდა!.. დირექტორს ფართო, ჯარისკაცური ქამარი ერტყა, რომელიც მოქნევისას რაღაც უცხო, კოსმიურ ხმაზე წუოდა. იმ ქამრის შეხსნას რომ დაიწყებდა, მდედრობითი სქესის მასწავლებლები პირს მიიბრუნებდნენ ხოლმე. ჰოი, რა პატარები ვიყავით მაშინ, რა გულუბრყვილოები! რა მიამიტურად გვეგონა, რომ მდედრობითი მასწავლებლები ამას ჩვენი სიბრალულით სჩადიოდნენ. ან ნაკლისწყალზე, ქვემოთ, მოფარებულში, ზარის მოთამაშე ბიჭებს რომ შემოვეხვეოდით, სულგანაბული ვადევნებდით თვალს და გული გამალებით გვიძგერდა, რადგან ვიცოდით, რომ ადრე თუ გვიან ჩხუბი მოუვიდოდათ და დანებს დააძრობდნენ... ეეჰ, რა ტკბილია მოგონება და რა სევდიანი!.. გახსოვთ, ჩემო პატარა ორეულებო, ამურმა რომ პირველად გვტყორცნა ისარი და შიგ ათიანში გაგვარჭო? ის ისარი ახლაც აქ გდია სადღაც. ის ბანგიც აქ არის, ის ხანმოკლე, მაგრამ სიკვდილივით ტკბილი და საშიში თავდავიწყება... სახელი აღარ მახსოვს (დროო, დროო, უხამსო და მუხანათო!), მაგრამ ნახშირივით შავი გოგო იყო, იმდენად შავი, რომ გულის მესაიდუმლეები, რომლებსაც, უთქმელობას რომ არ გავეგუდე, ჩემს ხვაშიადს ვუზიარებდი ხოლმე, ალალი ინტერესით მეკითხებოდნენ, სიბნელეში როგორ ხედავო. თქვენ რა იცოდით, ჩემო გადავიწყებულო მეგობრებო, რომ მე გულზე მესხა თვალები, გულის თვალი კი ღამე ჭოტივით იყურება... პირველად რომ ვიგრძენი იღლიებქვეშ ფრთები და სანაკლიოს თავზე ღრუბლების გვერდით დავეკიდე, მათემატიკის უჯრებიანი რვეულიდან ექვსი ფურცელი ამოვხიე და ჩახრუხაულით გაწყობილი უგრძესი ლექსი მივწერე. ისეთ ხოტბას ვახსამდი, ზღაპრულ მზეთუნახავებს სიზმრად არ მოელანდებოდათ. ბოლოში, ყველაზე უკეთ გარითმული ოთხი ტაეპით, გაუაზრებლად ვიშველიებდი რა მესამე გამორიცხულის ლოგიკურ კანონს, ასეთ ალტერნატივას ვუყენებდი: ან მომკალი და ან ჩემი ცხოვრების მარადიული თანამგზავრი გახდი-მეთქი. მე ჩემს პოეტურ ნიჭზე დიდ იმედებს ვამყარებდი და, რაც უფრო დიდ იმედებს ვამყარებდი, მით უფრო მეშინოდა შედეგის, მით უფრო ვთრთოდი და ვცახცახებდი მღელვარებისაგან. ამასობაში საუკუნეები გავიდა და მეორე დღეს, როცა იმისგან, ვისაც ჩემი ნამუშაკევი გავატანე, შევიტყე, რომ ადრესატს ლექსი ბოლომდე წაეკითხა და თვალებანთებულს აღტაცებით ეთქვა, დედა, ეს რა მშვენიერი პოჩერკი ჰქონიაო, ფრთებმა ქავილი დამიწყო და თოკებს, რომლებითაც ცაში ვეკიდე, ჭრაჭაჭრუჭი აუტყდა, ხოლო მესამე დღეს, როცა წერილობითი პასუხიც მივიღე - დიდი სიამოვნებით, მაგრამ სხვისთვისა მაქვს უკვე პირობა მიცემულიო - ბუმბულები შემოდგომის ფოთლებივით დამცვივდა, გამხმარი ფრთები მომძვრა, ტომარასავით მოვადინე ძირს ზღართანი და მოვკვდი. ისე უნუგეშოდ მოვკვდი, თუ გავცოცხლდებოდი, აღარ მეგონა...
   ეჰეჰე! რას ემგვანებოდა ჩვენი ცხოვრება, ფესვები რომ რომანტიკულ მოგონებათა კამკამა წყაროში არ გვქონდეს ჩაციებული!
მე სევდიანად გავუღიმე ჩემს წარსულს, რომელიც გულის კოვზთან საამურად მიღიტინებდა, და გავიფიქრე: „ო, რა ტკბილი ხარ, ბავშვობის ნეტარო ხანავ!“ ამის გაფიქრებაზე ბიძაჩემი იონა გამახსენდა, იმავ წამს მარცხენა ფეხი კოჭამდე ჩავტოპე მოზრდილ გუბურაში, მყისვე დამავიწყდა, რაზე გამახსენდა ბიძაჩემი იონა, რადგან კარგა ხმამაღლა შევიკურთხე და ამით შემკრთალმა სწრაფად მიმოვიხედე, რომ დავრწმუნებულიყავი, ჩემს უნებურ ბილწსიტყვაობას მოწმე არავინ წასწრებია, მერე სველი ფეხსაცმელი რამდენჯერმე მაგრად დავკარი ტროტუარს, მაგრამ წყალი ბოლომდე არ გამოიწურა და, გზა რომ განვაგრძე, საამო მოგონებებს ერთხანს ამღვრეულ ფონად გასდევდა უსიამოვნო ჭყაპაჭყუპი. საბედნიეროდ, ყური მალე შეეჩვია იმ ჭყაპაჭყუპს და, როცა მე და ჩემი ქალაქი კვლავ ჰარმონიულად შევერწყეთ ერთმანეთს, ისევ გამახსენდა, რაზე გამახსენდა ბიძაჩემი იონა...
არა, დავიწყებით არც არასოდეს დამვიწყებია და, საერთოდ, ბიძაჩემი იონა ისეთი კაცი არაა, ვინმეს თავი იოლად დაავიწყოს. გამახსენდა-მეთქი, იმიტომ ვთქვი, რომ იმ წამს მისი სახე უჩვეულოდ მკაფიოდ დამიდგა თვალწინ. ამის მიზეზი კი ის ფრაზა იყო, რომელიც გუნებაში „ო“ შორისდებულით დავიწყე. „ო“ შორისდებულზე ბიძაჩემმა იონამ წინადადებები იცოდა.
მთელს სანაკლიოში ორად ორი ადამიანი იყო, ვისაც ბიძაჩემი იონა უყვარდა: მე და დედაჩემი. თუმცა, დედაჩემი იქნებ ანგარიშში ჩასაგდები არცაა, რადგან ძმა, მით უმეტეს უმცროსი ძმა, რა ღვთის პირიდან გავარდნილიც არ უნდა იყოს, დას მაინც ქვეყანას ურჩევნია. ასეთია ძმისა და, განსაკუთრებით, დის ბედი. მე რატომ მიყვარდა, დიდხანს არ ვიცოდი. მხოლოდ გვიან, როდესაც დიდი გავიზარდე და, როგორც ნატიფი ირონიით ვიტყვით ხოლმე, ჭკუაში ჩავვარდი, როდესაც შუადღემდე ძილი წმიდათაწმიდა მოთხოვნილებად მექცა, როდესაც მივხვდი, რომ ისე მოვკვდები, ვერა საქმეს გულს ვერ დავუდებ, როდესაც ცოლის შერთვის შიში მკვიდრად გამიჯდა ძვალ-რბილში, როდესაც ქცევის ნორმებზე და სხვა ამდაგვარ სისულელეებზე საბოლოოდ ჩავიქნიე ხელი (რის გამოც ჩემს გამოჩენაზე საზოგადოება უსიამოვნოდ და მგონი ცოტა უხერხულადაც იშმუშნება), როდესაც გადაჭრით დავადგინე, რომ გაცილებით უფრო იოლი და სასიამოვნოა, ცხოვრების მდინარეს მიენდო და მიჰყვე, ვიდრე გულში უგუნური მიზანი ამოიჭრა და ტალღებთან უაზრო ჭიდილში ჟამიდან ჟამზე ჭუჭყიანი წყალი ყლაპო, როდესაც ყოველივე ეს ნათელი შეიქნა, აი, მაშინ მივხვდი, რომ მე და ბიძაჩემი იონა სულით უფრო მკვიდრი და ახლო ნათესავები ვიყავით, ვიდრე სისხლით, და რომ დედაჩემმა თვითონ არ იცოდა, რომ, როცა ჩემს წყევლას შინაარსიანს, ნათელს, კომპოზიციურად სანიმუშოდ შეკრულსა და მკაფიო, გამჭვირვალე შინაგან რიტმზე დამყარებულს, ტრადიციული ფორმულით დაასრულებდა - მოუკვდი, შვილო, დედაშენს, აგერ ნახავს შენი დასავსები თვალები, თუ ყველა სიგლახეში მაგ შენს უსაქმურ და უსაქციელო ბიძას არ გამოემგვანებიო - მისი ბაგეებით თავად ჭეშმარიტება ღაღადებდა. ოღონდ აქ ისიც უნდა შევნიშნო, რომ ზოგჯერ, როცა მამაჩემსაც წასძლევდა სული და ხსენებულ ფორმულას მიმართავდა (თუნდაც გაუბედავად და შერბილებული სახით), დედა მყისვე კლდესავით დადგებოდა თავისი მართლაც რომ უსაქმური და უსაქციელო ძმის დასაცავად. მამაჩემი, თავად მუდამ საქმიანი, უსაქმურობას ვერ იტანდა, ხოლო რაკი ბიძაჩემი იონა ჩვენთან ცხოვრობდა, ერთთავად იმის ცდაში იყო, როგორმე ცოლი შეერთვევინებინა. ეგონა, ამ გზით პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრიდა, რადგან მისი წესიერების პატრონს ვერ წარმოედგინა, რომ ბიძაჩემ იონას შეეძლო ცოლიც ჩვენთან მოეყვანა.
   ერთით კი მაინც განვსხვავდებოდით მე და ბიძაჩემი: ის განათლებული იყო. სად და როდის განათლდა, არ ვიცი. მე, პირადად, ისეთ პოზაში არასოდეს მინახავს, რომელიც განათლების მისაღებად მოხერხებული იყოს. მართალია, რვა თუ ცხრა წელი უნივერსიტეტში ისწავლა და მგონი დამთავრებულიც კი ჰქონდა (დაბეჯითებით ძნელია ასეთი რამის მტკიცება), მაგრამ ჯერ ერთი, შვიდი წელი მეც გამიტარებია მაგ უნივერსიტეტში და არაფერი დამტყობია, და მეორეც, თქვენ თუ სადმე გინახავთ კაცი, უნივერსიტეტში განათლება შეეძინოს, მიჩვენეთ და მადლობელი დაგრჩებით. არადა, აშკარად განათლებული იყო. ეტყობა, რაღაც გაუგებრობა მოხდა. ჩემი ვარაუდით, ადრე, სანამ მე დავიბადებოდი, წიგნების ღრღნით იყო გატაცებული და, როცა ყველა წიგნი დაღრღნა და აბრეშუმის ჭიასავით ირგვლივ პარკად შემოიკრა, მერეღა გახდა პეპელა. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული ნაკლი იყო და ამ ნაკლს თვითონაც განიცდიდა. ან კი როგორ არ განეცადა, როცა ამის გამო იძულებული იყო დროდადრო ისეთ სამსახურში შეერგო თავი, სადაც ჰალსტუხი პიონერივით მუდამ ჯიბეში უნდა სდებოდა, რადგან კაცმა არ იცოდა, რა წუთს მოსთხოვდნენ მის შებმას. მართალია, ამგვარი ტანჯვა დიდხანს არ გრძელდებოდა ხოლმე, რამდენიმე თვეში ან თავისით წამოვიდოდა, ან სხვა გამოაგდებდა, მაგრამ იმ დაკარგულ რამდენიმე თვეს ხომ აღარაფერი ეშველებოდა და კაცს რა იმოდენა სიცოცხლე აქვს მონიჭებული ღვთისგან, რომ ასე უთავბოლოდ ფანტოს თვეები და წლები! გარდა ამისა, ამ უაზრო განათლების გამოისობით, შინაც არ ჰქონდა მოსვენება: დედაჩემი აიძულებდა, გაკვეთილების მომზადებაში დამხმარებოდა. დახმარება კი, ღვთის წინაშე, მართლა მჭირდებოდა. მოგეხსენებათ, არიან მოწაფეები, რომლებიც ერთ-ორ საგანს ამოიჩემებენ, დანარჩენზე კი ხელი აქვთ ჩაქნეული. მე, ჩემდა საბედნიეროდ, არასოდეს არაფერი ამომიჩემებია, ამიტომ ყველა საგანზე ჩაქნეული მქონდა ხელი და სკოლაში ისე ვგრძნობდი თავს, როგორც გემიდან გადავარდნილი მეზღვაური, რომელმაც ცურვა არ იცის. ბიძაჩემს მშვენივრად ესმოდა, რომ ვინმესთვის რაიმეს სწავლება, მეტი რომ არა ვთქვათ, უზრდელობაა, მაგრამ დის შიშით ვერაფერს ამბობდა. ეს ყბადაღებული „დახმარება“ დედაჩემს, როგორც საერთოდ დედების წესია, გაუცნობიერებლად ჰქონდა აკვიატებული, თორემ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, ბიძაჩემის დახმარებას რაიმე სასიკეთო ნაყოფი გამოეღოს. „ო“ შორისდებულის ამბავიც, ეჭვი არაა, კატასტროფით დამთავრდებოდა, იმ დროს რომ დედაჩემი არ შემოგვსწრებოდა... მახსოვს, თითო შორისდებულზე ორ-ორი წინადადება მქონდა დასაწერი. იმ გარდაუვალმა ჟამმა რომ დაჰკრა, როცა გადადება უკვე შეუძლებელი იყო, მაგიდას მივუჯექი და რიტმული ხვნეშა დავიწყე. ბიძაჩემი იონა ტახტზე იწვა და გუნებაში სამყაროს იდეალურ მოდელს ქმნიდა. დედაჩემი სამზარეულოში ტრიალებდა და, ჩვეულებისამებრ, რაღაც ფანტასტიკურ სადილს გვიმზადებდა. ჩემი ბეჯითი და-ძმები დიდი ხანია მორჩნენ გაკვეთილების სწავლას და, როგორც დედაჩემი იტყოდა ხოლმე (ჩემი მისამართით), „სადღაც დაჩერჩეტობდნენ“. ბევრი ვიხვნეშე თუ ცოტა, „ო“ -ს რომ მივადექი და ვიგრძენი, ფანტაზია უკანასკნელ ძახილის ნიშნამდე იყო ამოწურული, ბიძაჩემს შევეხმიანე: - ბიძია იო!
- მმმ...
- „ო“ -ზე მითხარი რა წინადადება!
- ორჯერ ორი ოთხია.
- არა, არა.
- აბა, შენი ვარაუდით, რამდენია?
- უბრალო „ო“-ზე არ მინდა, „ო“ შორისდებულზე მინდა.
- ოო! - მოწონებით თქვა ბიძაჩემმა - რამდენი წინადადება გინდა?
- ორი.
ბიძაჩემმა იონამ მძლავრად გაიზმორა, ხანგრძლივად და გადამდებად დაამთქნარა და თქვა: - ო, რა ტკბილი ხარ, სამშობლოს მიწავ!
მე სამშობლოს მიწა ფხაჭაფხუჭით ჩავწერე და ვუთხარი: - მეორე?
ბიძაჩემმა კიდევ უფრო ხანგრძლივად და კიდევ უფრო გადამდებად დაამთქნარა და თქვა: - ო, შე გათახსირებულო!
- ო, შე მართლა გათახსირებულო და ზნედაცემულო! - მოისმა პასუხად დედაჩემის ხმა და იმავ წამს გამოჩნდა კიდეც კარის ზღურბლზე.
ბიძაჩემი იონა ელვის სისწრაფით წამოხტა, ფეხები ფოსტლებში წაჰყო და პარტყაპურტყით გაიქცა. დედაჩემი არ დადევნებია, მხოლოდ წყევლა დაადევნა: - გაგიწყრეს, ძამიკო, მამაზეციერი, მიეწიე ბაბუაჩემ ინდიკოს და ჩაგაწვინე ადრე და მალე სანაკლიოს შავ მიწაში! რას ასწავლი მაგ უდღეურს, რომ ასწავლი! მაგის ჭკუის პატრონს მეტი კი არ უნდა, მართლა მასე დაწერს და ხომ გადაახია რვეული თავზე იმ ცოფიანმა პოლიევქტმა, ის კი მოუკვდეს მის გლახა ცოლ-შვილს!
   ერთი სიტყვით, იმ დღეს გადავრჩით მეც და ჩემი ცოფიანი პოლივექტიც. მე მეორე წინადადების დაწერას გადავრჩი, ის კი რვეულის დახევას, რაც მისი ასაკის კაცისთვის დიდი ფიზიკური დატვირთვა იყო, მით უფრო, რომ სიჯიუტისა თუ მიუხვედრელობის გამო, რვეულს ყოველთვის დახურავდა ხოლმე და ასე ერთიანად ხევდა, და თუმცა, პირს რომ გადაუხსნიდა, მერე შედარებით იოლად მიუდიოდა საქმე, სანამ პირს გადაუხსნიდა, დიდხანს ცოდვილობდა მარტვილის სახით.
   მაგრამ თავზე გადახევის ცერემონიალი ბოლოს მაინც შედგა. შედგა სხვა გარემოებათა გამო და შედგა ორი წლის შემდეგ, როცა მოხუცი პოლიევქტი კიდევ უფრო მოტეხილი იყო და კიდევ მეტად უჭირდა რვეულთან ჭიდილი...
პოლიევქტმა თხზულება მოგვცა დასაწერად: „ჩემი სანაკლიო“. რაკი მშვენივრად ვიცოდი, რომ ასეთი თხზულების დამწერი არ ვიყავი, თავის დაძვრენის მიზნით სახლში აღშფოთებული თავმოყვარეობის მტკიცე კილოთი გამოვაცხადე, სანაკლიო არ მიყვარს და ამ თხზულებას არ დავწერ-მეთქი. მეგონა, პრინციპს დამიფასებდნენ და მომეშვებოდნენ. მაგრამ დედაჩემი მარტო თავის პრინციპებს ცნობდა და ბიძაჩემს უბრძანა, შენი დღე და მოსწრება რომ უქმად დაყიალობ, შენზე კი ჩაიცვას შენმა დამ შავები, მიეხმარე პატარა ამ დასამიწებელს და დააწერინე ის ოხერი თხზულებაო. არ ვიცი, უბრალოდ გარემოებანი დაემთხვნენ ასე თუ ბიძაჩემმა იონამ, „ო“ შორისდებულზე შიშნაჭამმა, განგებ შეარჩია ისეთი დრო, როცა დედაჩემი შინ არ იყო, ერთ საღამოს დამსვა მაგიდასთან, თვითონ ხელები ზურგსუკან დაიწყო, დინჯად მოჰყვა ბოლთის ცემას და მთელი თხზულება, თავიდან ბოლომდე, თავისი წერტილ-მძიმეებით, შეუფერხებლად მიკარნახა: „ჩემი სანაკლიო“
   (თხზულება) ჩემი ტურფა და წალკოტოვანი ქალაქი უხსოვარი დროიდან ყოფილა დასახლებული. თანამედროვე სანაკლიოს მიდამოებში მიკვლეული უძველესი ჩონჩხი, რომელსაც მკვეთრად ეტყობა როგორც ადამიანის, ასევე მაიმუნის დამახასიათებელი ნიშნები, ეჭვმიუტანლად ამტკიცებს, რომ სანაკლიო განეკუთვნება მსოფლიოს იმ მნიშვნელოვანი რაიონების რიცხვს, სადაც ერთ დროს ადამიანად ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობდა. არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური ძიება დღესაც წარმატებით გრძელდება და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ სანაკლიოში გაცილებით მეტ ადამიანისმაგვარ მაიმუნს წააწყდებიან, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონში.
   იმ შორეული ეპოქიდან მოყოლებული სანაკლიოს ტერიტორიაზე სისხლსავსე და მჩქეფარე ცხოვრება არასოდეს შეწყვეტილა. ბერძენი ისტორიკოსების ცნობით, ანტიკურ ხანაში აქ მდგარა კარგად გამაგრებული და პრაქტიკულად მიუდგომელი ციხე, სადაც იმდროინდელი სანაკლიელები გაჭირვების ჟამს თავს აფარებდნენ. სამწუხაროდ, იმ ციხის არავითარი კვალი არ შემორჩენილა. მართალია, სანაკლიოში დღესაც დგას ციხე და დღესაც არა ერთი და ორი სანაკლიელი აფარებს იქ თავს, მაგრამ ეს ციხე მატერიალური კულტურის შედარებით გვიანდელი ძეგლია.
   ამჟამად უკვე დასაბუთებულად ითვლება, რომ სახელი „სანაკლიო“ წარმოდგება სიტყვისაგან „ნაკელი“ (ამ მოსაზრების სასარგებლოდ, კერძოდ, მეტყველებს ის ფაქტი, რომ სანაკლიო დღესაც განთქმულია სასუქეულით), თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი კვლავაც ფიქრობს, თითქოს სანაკლიოს სახელი მომდინარეობდეს სიტყვა „ნაკლიდან“. ამ ჰიპოთეზას უმთავრესად ემხრობა ბურჟუაზიული მეცნიერება, რომელიც, როგორც საყოველთაოდ ცნობილია, მუდამ იმას ცდილობს, ნაკლი გამოგვიჩხრიკოს, ჩვენს სახელოვან წარმატებებს კი განზრახ არიდებს თვალს.
   როგორც ითქვა, სანაკლიო განთქმულია სასუქეულით, რაც შემოსავლის ძირითად წყაროსა და მეზობელ ქალაქებსა და რაიონებში ექსპორტის მთავარ საგანს შეადგენს. სტატისტიკური მონაცემებით ამჟამად სანაკლიოში ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში ას ოცი ტონა სასუქი მოდის, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხუთი პროცენტით მეტია.
სანაკლიო დიდი და ბარაქიანი რაიონის ცენტრია. აქ უმთავრესად სოფლის მეურნეობას მისდევენ. გაბატონებული მდგომარეობა უჭირავს კარტოფილის კულტურას. კარტოფილი, რომლის წარმოებამ წარმატებით შეცვალა წინათ ამ მხარეში მეურნეობის ფართოდ გავრცელებული ისეთი მძიმე და შრომატევადი სახეობები, როგორიცაა მევენახეობა, მეხილეობა, მესაქონლეობა, მეთამბაქოობა და სხვა., გაცილებით უფრო რენტაბელურია და შეიცავს თითქმის ყოველგვარ ვიტამინს. უკანასკნელ ხანებში კარტოფილმა სულიერი კულტურის სფეროშიც შეაღწია და იქაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაგ., თუ ადრე საესტრადო კონცერტებზე ლაყე კვერცხებითა და დამპალი პამიდვრით დაცხრილული მომღერალი მაყურებლის ჯინაზე მაინც შეუპოვრად განაგრძობდა სიმღერას, კარტოფილის დიდი კუთრი წონის მეოხებით ამგვარი სურათი ამჟამად უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა, რადგან ეფექტურად ნატყორცნი კარტოფილი სრულ გარანტიას იძლევა, რომ მომღერალი იმ საღამოს (ცალკეულ შემთხვევებში სამუდამოდაც) სცენაზე ვეღარ გამოვა. გარდა ამისა, კონცერტის დასასრულს მადლიერ მაყურებელს შეუძლია დახარჯული კარტოფილი ისევ აკრიფოს, რადგან ეს იშვიათი კულტურა დიდხანს ინარჩუნებს თავის თვისებებს და შესაძლებელია მისი მრავალჯერადი გამოყენება.
   თანამედროვე სანაკლიო ეკონომიკურად მძლავრად განვითარებული, მაღალი კულტურისა და სანიმუშო დისციპლინის ქალაქია. დღეს აქ ცხოვრება დუღს და გადმოდის. რაც გადმოდის, სპეციალური მილებით ნაკლისწყალში ჩაედინება და იქიდან შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის გავლით მსოფლიო ოკეანეს უერთდება. რაც რჩება, ის ჩვენია, სანაკლიელების.
ჩინებული გეოგრაფიული მდებარეობის, ბუნებრივი სიმდიდრის, გაცხოველებული აღებ-მიცემობისა და კიდევ მრავალი სხვა სიკეთის წყალობით (როგორიცაა მაგ., ხელმძღვანელი მუშაკები) სანაკლიელები ტკბილად და ბედნიერად ცხოვრობენ, დარდი არაფრისა აქვთ, დღე მშვიდად და უშფოთველად თვლემენ და ღამეც ასევე მშვიდად და უშფოთველად სძინავთ. სანკლიელები თავიანთ ქალაქს სიყვარულით ხშირად სამოთხეს ადარებენ და არცთუ უსაფუძვლოდ. მართლაცდა, აქ ისინი თავიანთ განსვენებულ თანამოძმეებზე ნაკლებად როდი გრძნობენ თავს!
სანაკლიელები წყნარი, მშვიდობიანი, თვინიერი ხალხია, იციან მტრისა და მოყვრის პატივისცემა და განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ზეიმისაკენ. ან კი რა სჯობს სანაკლიურ ზეიმს ნაყოფიერი შრომის შემდეგ! სანაკლიელები ყველაფერს ზეიმობენ, ყველა დღესასწაულს ხალისიანი ცეკვა-თამაშით ხვდებიან (დღესასწაულებს კი ძებნა არ სჭირდება, რადგან აქ ყოველი ცისმარე დღე სასწაულია). ამ დროს რომ ვერტმფრენიდან გადმოიხედო, სულში ნათელი ჩაგიდგებათ იმის დანახვაზე, რომ მთელი ქალაქი ფეხის წვერებზე დგას. დღეს სანაკლიოში ოთხმოცდათვრამეტ ათასამდე სანაკლიელი ბინადრობს. სულ მალე ქალაქის ცხოვრებაში დადგება ყველაზე ამაღელვებელი წუთი: სანაკლიო ჩვეული ზარ-ზეიმით შეეგებება თავისი მეასიათასე მოქალაქის დაბადებას.
   ასეთია ჩემი მშობლიური სანაკლიო და მე დიაღაც ვამაყობ, რომ სანაკლიელი ვარ“. თხზულება შაბათ დილით მივიტანე სკოლაში, ხოლო ორშაბათ დილით პოლიევქტმა იგი თავზე გადამახია.
გადახევის წინ პატარა შესავალი სიტყვა წარმოთქვა.
საკლასო ოთახში შემოსულმა ერთი კი მწყრალად გადმოგვიგდო, დასხედითო (რაც წმინდა წყლის ფორმალობა იყო, რადგან ზეზე არავინ იდგა), მერე რვეულები მაგიდაზე დააწყო, დაეჭვებით მოგვავლო თვალი, მზერა ჩემზე შეაჩერა, ცოტა ხანს მიცქირა და მითხრა: - ადექი ზევით!
მე, ყოველი შემთხვევისათვის, ისეთ სახე მივიღე, ვითომ ბრძანება სხვას ეხებოდა, და სავარაუდო ადრესატის მოსაძებნად ცნობისმოყვარედ მიმოვიხედე, მაგრამ პოლიევქტმა რომ მკვახედ მითხრა, აცა-ბაცა ნუ გაგირბის თვალები, ვითამ არ იცი, შენ რომ გეუბნებიანო, ზანტად წამოვდექი.
მაშინ პოლიევქტმა ჩემი რვეული აიღო, ისე დაიჭირა ორივე ხელით, როგორც მიცვალებულის სურათი უჭირავთ ხოლმე პროცესიაზე, და მკითხა: - შენ დაწერე, ბიჭო, ეს თხზულება?
- კი, მასწ. - მივუგე მე და შექების მოლოდინში მორიდებულად გავიღიმე.
პოლიევქტმა არ დამიჯერა.
- შენი მოსაცვლელი კბილი, ბიძიკო, - შეცდომით თქვა მან, - პოლიევქტ წოწორიას კაი ხანია მოტყუებული აქ. მარა, ვინცხამ ეს დაგაწერია, მასხრად ასაგდები სახლში ეყოლება. სად გინახავს, ბიჭო, შენ კარტოფილი სულიერ სფეროში, აა? ან არქეოლოგი სად გინახავს სანაკლიოში, აა? - აქ ერთი მწარე სინანულით გადაიქნია თავი და მეოცნებე გამომეტყველებით დაუმატა, - რატო ი დრო არაა, ქე რო იყო! იცოცხლე-თქვა, მითხარი, ამის დამწერს კი უკრავდენ თავს ვირის აბანოში, რავარც ბარე ორიზა უქნიათ, მამაჩემ პოლიევქტსა აქ ცხონება!..
   ამის შემდეგ გადახევის რიტუალს შეუდგა. რვეულს ორივე ხელი მოუჭირა და, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, გასწია და გამოსწია. სახე დაეძაბა და თვალები ოდნავ გადმოეკარკლა. კლასში სამარისებური დუმილი იდგა. ყველანი სულგანაბული მივჩერებოდით. პოლიევქტს დიდი ხანი იყო არაფერი დაეხია და გულით გვაინტერესებდა, შენარჩუნებული ჰქონდა თუ არა სპორტული ფორმა. ცოტა ხნის შემდეგ პოლიევქტმა შეისვენა, ხელები მოადუნა, თან, ყოველი შემთხვევისათვის, მრისხანედ და გამაფრთხილებლად მოგვაჩერდა. მერე, რა დაისვენა, ისევ საქმეს შეუდგა. მეოთხე ცდაზე, როგორც იქნა, პირი გადაუხსნა (აქამდე ორ ცდაზე მეტი არასოდეს დასჭირვებია) და ყველამ, იმანაც და ჩვენც, შვებით ამოვისუნთქეთ. რაკი ერთი პირი გადაუხსნა, გახია, კიდევ გახია, კიდევ გახია, მომიახლოვდა, ორივე ხელით შემომაყარა სახეში, როგორც აღტაცებული მაყურებეილ შეაყრის ყვავილებს ვალმოხდილ მსახიობს, და მითხრა: - ხვალ თუ მშობელი არ მოგიყვანია, სკოლაში მოსული არ გნახო!
მე დედაჩემის მიყვანა ვამჯობინე. თან ბიძაჩემ იონას წინდახედულად ვაცნობე თხზულების ბედი. ბიძაჩემმა ვითარება სწორად შეაფასა, უთანასწორო ბრძოლას თავი აარიდა და სკოლიდან მობრუნებულ დედაჩემს, პოლიევქტგამოვლილსა და გაალმასებულს, შინ არ დახვდა. შაბათ საღამომდე უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. ბიძაჩემის არყოფნაში წყევლის აქცენტმა მთლიანად ჩემზე გადმოინაცვლა, ვინაიდან მამაჩემი და ჩემი და-ძმები საამისო საბაბს არ იძლეოდნენ. გარდა ამისა, ბიძაჩემის გაქრობით შეშფოთებულმა დედაჩემმა მამაჩემი აამოძრავა, ქალაქის ხელისუფლებს ენერგიულად შეუტია, სანაკლიოს მთელი მილიცია თავის სახალხო რაზმებიანად ფეხზე დააყენა, წვრილ-წვრილ გუნდებად დაჰყო და ხევ-ხუვები და სხვა საეჭვო ადგილები პირწმინდად მოაჩხრეკინა.
ბიძაჩემი შაბათ საღამოს დაბრუნდა. დაბრუნდა ცოცხალი და საღსალამათი. ისეთი იყო, ვარდივით ღუოდა და ენას პირში ვერ აბრუნებდა. ბოლოს, როცა მეტყველების უნარი ნაწილობრივ დაუბრუნდა, მორცხვად გამოგვიტყდა, რაც აქედან წავედი, არ გამოვფხიზლებულვარო. მამაჩემი კუშტი სახით შევიდა თავის ოთახში და კარი ჯახუნით მიიკეტა, დედაჩემმა კი იმ ღამეს ერთი თავისი საუკეთესო წყევლათაგანი წარმოთქვა, ამაღლებული და შთაგონებული. მე და ბიძაჩემი პირდაღებული ვუსმენდით და ვცდილობდით არც ერთი სიტყვა არ გამოგვპაროდა.
მე ჩემს უსაქმურსა და უსაქციელო ბიძას ბრმად შევხაროდი და დიდხანს ვერ ვატყობდი, რა ხიბლი ჰქონდა ასეთი, რომ, როცა კი შეყვარებული არ ვიყავი, სხვასთან ყოფნას ყოველთვის მასთან ყოფნა მერჩია. მერე და მერე, როცა წამოვიზარდე, მივხვდი. მივხვდი, რომ იგი რაღაც ძალიან იოლად და არხეინად ცხოვრობდა, არაფერი აწუხებდა და თავს არაფერზე იტკიებდა. ირგვლივ დიდი და პატარა ყველა საგონებელს მისცემოდა, ყველა რაღაცას ჩიოდა, ყველა რაღაცაზე წუწუნებდა, ყველა რაღაცას წყვეტდა და არკვევდა. ბიძაჩემ იონას ყველაფერი გარკვეული და გადაწყვეტილი ჰქონდა. ერთხელ, გრძნობათმოზღვავების ჟამს, როდესაც სულში ბოჩოლა დაკუნტრუშობდა და ლაპარაკის საღერღელი უშნოდ მქონდა აშლილი, ეს ჩემი ბრძნული, მაგრამ დაუწმენდავი შთაბეჭდილება მამაჩემს გავუზიარე. მამაჩემმა დამიდასტურა. ოღონდ ამ დასტურს მცირე კომენტარიც მოაყოლა: სხვის ხარჯზე ყველა იოლად და არხეინად ცხოვრობსო, მითხრა. მამაჩემმა ისეთი ლაპარაკი იცოდა, რომ, სანამ გიყურებდა, მის ნათქვამში ეჭვს ვერ შეიტანდი. მეც დავიჯერე და ჩემი სანიმუშო დაკვირვება, ცოტა არ იყოს, გამიუფასურდა. მხოლოდ კარგა გვიან, მართლა რომ გავიზარდე, მივხვდი, რომ ხარჯში არ იყო საქმე. ბიძაჩემ იონასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, სხვის ხარჯზე იცხოვრებდა თუ სხვას აცხოვრებდა თავის ხარჯზე, რადგან „ხარჯი“ ისეთივე ლიტონ სიტყვად მიაჩნდა, როგორც „მოვალეობა“, „ოჯახი“, „ზნეობა“ და მრავალი სხვა, რომელთა გამო უბედურმა ჰომო საპიენსმა ასე აიწეწა და გაიმწარა ცხოვრება. რაკი ბედმა მამაჩემის სახლში მოიყვანა, მამაჩემის სახლში მოვიდა, ხვალ თუ სხვაგან წაიყვანდა, სხვაგან წავიდოდა და მიზეზების ჩხრეკას არ მოჰყვებოდა. პრობლემები არ აწუხებდა და ამით იყო ბედნიერი. პრობლემებს თავს არიდებდა-მეთქი, ვერ ვიტყვი. პირიქით, უფრო მართებული ალბათ იმის თქმა იქნება, რომ პრობლემები თვითონ არიდებდნენ თავს. პრობლემებს, საკუთარი წონისა და მნიშვნელობის ღრმა შეგნებით გატიკნილებს, შიში ჰქონდათ, რომ, როგორც კი ბიჩაძემ იოანას ხელში მოხვდებოდნენ, მყისვე სამარცხვინოდ დაიჩუტებოდნენ და წყალწყალა და სასაცილო შეიქნებოდნენ. იმიტომ, რომ ბიძაჩემი იონა ზღაპრის ბიჭს ჰგავდა, რომელსაც მთელი თავისი ავლადიდება პატარა ბოღჩაში გამოუკრავს, მხარზე გადაუდვია და არხეინად და ალალბედზე, ღიღინ-ღიღინით დასდგომია გზას.
   მაგრამ ვინ არ იცის, რომ ზღაპრის ბიჭს, რაკი ერთი გზას დაადგება, ადრე თუ გვიან, სურავანდივით შეეყრება თავისი საეჭვო ბედნიერება. ბევრიც რომ ისხმარტალოს, ბოლოს მაინც მზეთუნახავი უნდა შეირთოს და ტახტზე დაჯდეს. იმიტომ, რომ ბედისწერა განაგებს ყოველივეს, ბედისწერას საბელით ვყავართ გამობმული და ყველას ყველაფერი შუბლზე გვაწერია. მადლი უფალს, კითხვა არ ვიცით და უცხო მოლოდინის გრძნობა, ეს ერთადერთი პეწი და საყრდენი, მაინცა აქვს შემორჩენილი ჩვენს ცხოვრებას, თორემ, დღესვე რომ გავიგოთ, ხვალ რას ჩავიდენთ, მგონი მე და ბიძაჩემმაც კი ვეღარ შევინარჩუნოთ სიცოცხლის ხალისი.
   დიახ, ბედისწერა ულმობლად მიგვერეკება მზეთუნახავებისაკენ.
როდესაც სანაკლიოს თავზე დატრიალებული ქარბორბალა ჩადგა, რომლის დამანგრეველი ზემოქმედების შედეგად დედაჩემი მრავალი წლის განმავლობაში ისეთი იყო, დანა პირს არ უხსნიდა, ხოლო მამაჩემი მრავალი წლის განმავლობაში დედაჩემის დასანახავად ისეთ სახეს იღებდა, ვითომ დანა პირს არ უხსნიდა, მე და ბიძაჩემმა იონამ დინჯად გავაანალიზეთ ყველაფერი და დავადგინეთ, რომ ბედისწერის მზაკვარი ხელი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გამოჩენილა, კერძოდ, იმ ავადსახსენებელი თხზულების ბოლოსწინა აბზაცში, სადაც ლაპარაკი იყო სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქის საზეიმო დაბადებაზე. მე ვამტკიცებდი, რომ ბიძაჩემმა იონამ თავისი ბედისწერა თვითონვე გააღვიძა. ბიძაჩემი იონა ჩემს მოსაზრებას არ იზიარებდა. შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და არ იცი, რომ, რასაც არ სძინავს, იმას გაღვიძება არ ესაჭიროებაო, მეუბნებოდა, მე ჩემი ბედისწერა კი არ გავაღვიძე, უბრალოდ, პროვოკაციულად გამოვიწვიე და ვაიძულე გამოჩენილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უქმად გავისარჯე, ვინაიდან, გამოჩენით კი თუმცა გამოვაჩინე, დანახვით ვერ დავინახეო. შეიძლება მართლა ასე იყო, ყოველ შემთხვევაში, ამგვარი რამეები ჩემზე უკეთ ბიძაჩემმა იცოდა.
   მე იმ წელიწადს სკოლას ვამთავრებდი, ხოლო ჩემი თხზულების მესამე მოწმეს, საწყალ პოლიევქტს, მის წილად დასახევი ყველა რვეული უკვე დახეული ჰქონდა და, ამქვეყნიური სამოთხიდან იმქვეყნიურ სამოთხეში გადაბარგებული, უშფოთველად განისვენებდა სანაკლიოს ტურფა სასაფლაოზე.
   ყველაფერი დაიწყო იმით, რომ შემოდგომის ერთ წყნარ, ცოტა ნაღვლიან საღამოს ტელეფონმა დარეკა. მამაჩემმა, რომელსაც სანაკლიოს ორივე გაზეთი ედო წინ და მეთაურ სტატიებს ყურადღებით ადარებდა ერთმანეთს, ყურმილი აიღო და თქვა: - გისმენთ!
ყურმილში ქალის ხმა გაისმა. ნელი, საამო და მოღუღუნე: - იონა კამკამიძე მინდა, თუ შეიძლება.
   მამაჩემს, ეტყობა, შეეშინდა, რომ ქალი შეიძლებოდა თავის ხმას მავთულში შემოჰყოლოდა და ყურმილიდან გამომძვრალიყო. ამიტომ ცივად მიუგო: - არ არის, ბატონო, სახლში იონა კამკამიძე! - ამ სიტყვებით ყურმილი უკმაყოფილოდ დააგდო და ტუჩების მოძრაობაზე შეეტყო, რომ ერთი იმ სიტყვათაგანი წარმოთქვა, რომელთა წარმოთქმას მე, მაგალითად, სასტიკად მიკრძალავდნენ.
   იმავ წუთს ტელეფონმა ხელახლა დარეკა. მამაჩემმა კვლავ აიღო ყურმილი. ყურმილში კვლავ გაისმა იგივე მოღუღუნე ხმა. მამაჩემმა ის იყო კვლავ დაიწყო, მე მგონია გარკვევით გითხარითო, რომ მოღუღუნე ხმაში უეცრად რაღაც უცხო და მკვეთრი კილო შეიჭრა.
- მოითმინეთ, ამხანაგო! - ისე თქვა ხმამ იმ უცხო და მკვეთრი კილოთი, რომ მამაჩემს ცალი წარბი მაღლა გაექცა და ყურმილი დადების ნაცვლად კიდევ უფრო მიიჭირა ყურზე. მაშინ ხმამ ისევ რბილად, საამოდ განაგრძო, - კაცია გოგიას მდივანი გელაპარაკებათ. გადაეცით ბატონ იონა კამკამიძეს, რომ ხვალ ორ საათზე ჩვენთან უნდა მობრძანდეს, ბატონ კაციას თათბირი აქვს და ბატონ იონას სთხოვს, უეჭველად დაესწროს.
ბატონი კაცია სთხოვს ბატონ იონას!
   მამაჩემმა ყურმილი აკანკალებული ხელით დადო და პირჯვარი გადაიწერა, რასაც თავისი თანამდებობრივი და საზოგადოებრივი მდგომარეობის გამო თითქმის არასოდეს სჩადიოდა.
   კაცია გოგია მთლად სანაკლიოს უფროსი იყო და, თუმცა მე დიდხანს არ ვიცოდი, რომელი იყო სახელი და რომელი გვარი, ეს ჩემი უცოდინარობა სრულებით არ უშლიდა ხელს ქალაქის მართვაში.
ბიძაჩემი იონა ნაშუაღამევს მოვიდა. მეგობრებში პოკერი ეთამაშა და სამოცდათექვსმეტი მანეთი წაეგო. მამაჩემმა რომ ახალი ამბავი აცნობა, გაკვირვებით მაინცდამაინც არ გაკვირვებია, ესა თქვა მხოლოდ, ცოტა გვიან დაენიშნა ოჯახაშენებულს, მაგას მე ტოროლა ხომ არ ვგონივარო.
მეორე დღეს, ბიძაჩემი იონა რომ თათბირიდან დაბრუნდა, უფრო დაწვრილებით შევიტყეთ ყოველივე. შეკითხვებს აძლევდა მამაჩემი, მაგრამ ეს შეკითხვები ძალიან შორს წაგვიყვანს, ვინაიდან მამაჩემს ისეთი წვრილმანები აინტერესებდა, რომლებიც, ჩემი აზრით, არავითარი ყურადღების ღირსი არ არის, მოკლედ კი საქმე ასე ყოფილა: თათბირი ეხებოდა საზეიმო სამზადისს, ხოლო ზეიმი ეძღვნებოდა სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქის მომავალ დაბადებას, რაც ყველა ნიშნის მიხედვით მალე უნდა მომხდარიყო, და საიუბილეო კომისიის მდივნად - ბოლომდე დაუდგენელი დარჩა, რომელი გენიოსის წინადადებითა და ინიციატივით - დაუნიშნავთ ბიძაჩემი იონა.
მამაჩემს თავი ისე ეჭირა, ვითომ არაფერი.
   დასაწყისში ყველას ერთსულოვნად მიგვაჩნდა, რომ ბიძაჩემი იონასთვის ასეთი საქმის მინდობა, მეტი რომ არა ვთქვათ, შეცდომა იყო. თუ ვინმეს რაიმე კომისიასთან საქმე ჰქონია, ეცოდინება, რომ მდივანი ის კაცია, ვინც მთელი კომისიის მაგივრად უნდა იმუშაოს. ბიძაჩემ იონას შეეძლო მთელი კომისიის მაგივრად ეძინა, მთელი კომისიის მაგივრად უსაქმოდ ეხეტიალა და მთელი კომისიის მაგივრად პოკერი ეთამაშა. მუშაობას რაც შეეხება, მუშაობა საკუთარი თავის მაგივრადაც ძალიან უჭირდა. ამიტომ, ბუნებრივია, მოველოდით, რომ კომისია დღედღეზე მიხვდებოდა თავის შეცდომას და ძე შეცთომილი მალე მშობლიურ კერას დაუბრუნდებოდა.
   ყველა ჩვენგანის დიდად გასაოცრად (სწორედ აქ გამოჩნდა იმის გენიალური შორსმჭვრეტელობა, ვინც ბიძაჩემი იონა კომისიის მდივნად დანიშნა) საქმე სულ სხვაგვარად წარიმართა. ბიძაჩემ იონას მოულოდნელად პათოლოგიური აქტიურობის უმძიმესი ფორმა შეეყარა და მთელი თავისი ცოდვიანი არსებით ისე ჩაეფლო საიუბილეო საქმიანობაში, რომ ამქვეყნად სხვა ყველაფერი დაავიწყდა. რამდენჯერმე (როცა კარგ ფეხზე ავმდგარვარ და გაკვეთილების გასაცდენად დამაჯერებელი მიზეზი მომიგონებია) ჩემი თვალით მინახავს, რომ თერთმეტის ნახევარზე უკვე ზეზე იყო და ქაფქაფა ჩაით ყელს ითუთქავდა, აქაო და სხდომაზე მაგვიანდებაო. შინაურებმა გამოცდილებით ვიცოდით, რომ ეს ამბავი კარგს არაფერს მოასწავებდა. სიბეჯითის რეციდივები ბიძაჩემ იონას, მართალია, არც თუ ხშირად, მაგრამ ადრეც ჰქონია და, როცა კი ჰქონია, ყოველთვის რაღაც მოულოდნელი კატასტროფით დამთავრებულა. ლიტონი განცხადება რომ არ გამომივიდეს, ერთ ტიპიურ მაგალითს გავიხსენებ. ერთხელ ათასი მანეთი დასჭირდა. რად უნდოდა, არ ვიცი. თუ მის ნათქვამს დავუჯერებთ (რაც მთლად მართებული საქციელი არ იქნება), თვითონ კი არ სჭირდებოდა, არამედ მის ერთ უახლოეს მეგობარს, რომლისთვისაც ამ ათასი მანეთით ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა. „ყოფნა-არყოფნის საკითხი“ ჩემი აზრით, უფრო მამაჩემის გულის გასალღობად იყო ნათქვამი, მაგრამ მამაჩემის გული არ გალღვა. მამაჩემის გული არ გალღვა, ფულის შოვნის სხვა წყარო კი ბიძაჩემ იონას არ ჰქონდა. მაშინ ფიქრი დაიწყო. ერთხელ, ნაშუადღევს, დამიძახა და დახმარება მთხოვა: თავის ოთახში შემიყვანა, სკამზე დამსვა, თვითონ ჩემს პირდაპირ დაჯდა მეორე სკამზე, მძიმე საფიქრალი მაქვს და აზრის მოსაკრებად ცოტა ხანს რამე სიცარიელეს უნდა ვუყუროო, მითხრა და დაჟინებით მომაჩერდა შუბლში. თითქმის ნახევარი საათი ვეხმარებოდი. ბოლოს კმაყოფილი წამოდგა, აგაშენა ღმერთმა, შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდაო, და სადღაც წავიდა. ერთი კვირის განმავლობაში ისე დარბოდა და ფუსფუსებდა, მთელი ოჯახი ამოვარდნილი ვიყავით ცხოვრების ჩვეული რიტმიდან. კვირის თავზე ათასი მანეთი მოიტანა და თავისი უახლოესი მეგობრის ყოფნა-არყოფნის საკითხი დადებითად გადაჭრა. სწორედ ამ პერიოდში სანაკლიოს განაპირას, ერთ პატარა დასახლებას, რომელსაც ძროხათუბანი ერქვა, გზა გაუყვანეს. ეს იყო სულ ნახევარკილომეტრიანი მონაკვეთი, მაგრამ ისეთი გაუბედურებული, რომ მისი გამოისობით ძროხათუბანი კაი ხუთი წელიწადი თითქმის მთლიანად მოწყვეტილი იყო ქალაქს. მანქანა რა სათქმელია, ფეხითაც კი ისე ჭირდა სიარული, ერთ ნაპირს რომ მთელი მიადგებოდი, მეორე ნაპირზე შეიძლება ნაწილიღა გასულიყავი. კარგი ადგილი იყო. ბავშვები ხშირად დავდიოდით იქ და ნაირ-ნაირ შეჯიბრებებს ვმართავდით. ერთხელ ბიძაჩემმა იონამ ამბავი მოიტანა, ვითომ ძროხათუბნელებს ნახჭევანიდან ვიღაც სახელგანთქმული ჯამბაზი ჩამოეყვანათ და თოკზე სიარულის სწავლა დაეწყოთ. მე ეს მაინცდამაინც არ მჯეროდა. ჯერ ერთი, ვერ დავიჩემებ, რომ ბიძაჩემი ყოველთვის მართალს ამბობს, და მეორეც, თოკზე სიარულს რა ისეთი სიმარჯვე უნდა, რომ ასეთი გზის გადალახვაში გამოდგომოდათ. ასე იყო თუ ისე, ბოლოს და ბოლოს, ძროხათუბნელებს გზა გაუყვანეს. ისეთი გზა გამოვიდა, მახსოვს, კლასის ხელმძღვანელმა საგანგებოდ წაგვიყვანა ექსკურსიაზე მის სანახავად. თავიდან, რა თქმა უნდა, აზრად არავის მოსვლია, რომ ამ გზის გაყვანას შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა ბიძაჩემ იონას მოულოდნელ გააქტიურებასთან. არადა, პირდაპირი კავშირი ჰქონია. როგორც მოგვიანებით გამოირკვა, ძროხათუბნელებისთვის ეს გზა სწორედ ბიძაჩემ იონას გაეყვანა და ჰონორარად ათასი მანეთი აეღო. იმ ხუთი წლის განმავლობაში, რაც ქალაქის ცივილიზებულ ნაწილს მოწყდნენ, ძროხათუბნელებმა ბევრი ირბინეს, ბევრი იჩივლეს, ბევრი წერეს, ბევრი იკითხეს, ბევრი იყაყანეს და ბევრი იგინეს, მაგრამ არა გამოუვიდათ რა. როცა ყველა გზა მოსინჯეს და საბოლოოდ მიეცნენ სასოწარკვეთას, ერთ მშვენიერ დღეს, თურმე, ვისაც გზების გაყვანა ევალებოდა, თვითონ სწვევია ძროხათუბანს და იქაურებისთვის სიტყვით მიუმართავს. თქვე ოჯახქორებოო, უთქვამს, ჭამა გინდათ, სმა გინდათ, მზე გინდათ, მთვარე გინდათ, გათბობა გინდათ, განათება გინდათ, გზა გინდათ, ხიდი გინდათ და ფულის გადახდა არ გინდათ, როგორაა თქვენი საქმეო, და წინადადება მიუცია, შეკრიბეთ ოც-ოცი მანეთი, ოც-ოცი მანეთი არ დაგაქცევთ, და სამ კვირაში გზას გამოგიყვანთო. ძროხათუბანში ხუთასი ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ ხუთასივე ხელმოჭერილი იყო და დიდხანს თურმე კბილებით იცავდნენ თავიანთი შრომითა და ოფლით მონაგარ ოც-ოც მანეთს. საბოლოოდ ათ-ათ მანეთზე მორიგებულან. სასწრაფოდ შეუქმნიათ კომისია სამი მოწინავე ძროხათუბნელის შემადგენლობით და სწორედ იმ დროს, როცა სიებით უნდა დაეწყოთ კარდაკარ სიარული, ასპარეზზე მოულოდნელად ბიძაჩემი იონა გამოვიდა. ბიძაჩემ იონას კომისიის წევრები ერთად შეუყრია და ახლა მას მიუმართავს სიტყვით. ვერ ხედავთ, თქვე დოყლაპიებო, რომ გატყუებენო, უთქვამს, ათ-ათი მანეთი რა ამბავია, ათ მანეთად სანაკლიოს ბაზარზე ლამის ათი კილო კარტოფილის ყიდვა შეიძლება, ან სამი კვირა რად უნდათ, დალოცვილებს სტამბოლამდე ხომ არ გაჰყავთ გზა, სულ ხუთასი მეტრია დასაგებიო, და, კარგად რომ აუღელვებია კომისიის სამივე წევრი, თავის მხრივ გაცილებით სარფიანი წინადადება მიუცია: ორ-ორი მანეთი შემიკრიბეთ და ერთ კვირაში გზას ჩაგაბარებთო. ძროხათუბნელებს ათ-ათი მანეთი უკვე გამოგლოვილი ჰქონდათ, ამიტომ ამ ახალ ამბავს ისეთი სიხარულით შეხვდნენ, თითქოს ორ-ორ მანეთს კი არ კარგავდნენ, არამედ რვა-რვა მანეთს საჩუქრად იღებდნენ. ამგვარად საქმის ერთი მხარე ბიძაჩემმა იონამ წარმატებით მოაგვარა, ახლა გზის გაყვანაღა იყო საჭირო. როგორც შემდეგ გამოირკვა, იმ დღეებში ბიძაჩემი იონა ისეთ საეჭვო ადგილებში ენახათ, როგორიცაა სტამბა, სამხატვრო სასწავლებელი, ფოტოლაბორატორია, ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა და რა ვიცი... ვიღაცამ ნაგვიანევად ისიც გაიხსენა, ბაზრის კუთხეში გასაბერი ბუშტები იყიდაო, რაც სრული ჭეშმარიტება იყო. ოპერაცია რომ უეცარი კატასტროფით დამთავრდა, ბიძაჩემმა იონამ თვითონვე მიამბო ყველაფერი შეუფერებლად ოპტიმისტური კილოთი. მას შემდეგ, რაც მოსამზადებელი სამუშაოები წარმატებით დაუმთავრებია, ერთ დღეს სანიმუშოდ გამოწყობილა და იქ მისულა, საცა ჯერ არს. პირადი მდივანი რომ შესასვლელს ისე გადაფარებია, როგორც ლოდს მიაფარებენ გამოქვაბულს, სადაც საუნჯე აქვთ გადამალული, ბიძაჩემ იონას თავის მრავალრიცხოვან მოწმობათაგან (გახსოვთ, ალბათ, რამდენიმე თვეზე მეტს ვერც ერთ სამსახურში ვერ ძლებდა) ერთ-ერთი, რომელსაც, მისი აზით, ყველაზე საიმედო შესახედაობა ჰქონდა, ოდნავ ამოუწევია ჯიბიდან, მკაცრად მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით დაუნახვებია მდივნისთვის, ცივი და ცოტა იდუმალი ხმით უთქვამს, არავინ შემოუშვაო, და, როცა ყოველივე ამით შემკრთალი და დაბნეული ლოდი გამოქვაბულის პირს ჩამოსცლია, წარმატებით შეუღწევია დანიშნულების ადგილას. დამხდურს ხმაურზე თავი აუღია და, ბიძაჩემი იონა რომ დაუნახავს, მკვახე გაკვირვებით უკითხავს, თქვენ ვინ ბრძანდებით და აქ რა გინდათო. ბიძაჩემ იონას თითი ტუჩზე მიუდვია, ჩჩშუო, უთქვამს, მერე ხმადაბლა დაუმატებია, ეს ჩემი დარბაზობა რომ გახმაურდეს, მეც დავიღუპები და თქვენცო. რაშია საქმე, ამხანაგოო, მაინც ვერ მოუშორებია მკვახე კილო დამხვდურს. თქვენ, რა თქმა უნდა, არ გემახსოვრებათ, ბიძაჩემს მიუგია, მე კი რა დამავიწყებს იმ მამაშვილურ ამაგს, რაც ჩემზე მიგიძღვითო, არ მეგონა, თუ როდისმე გადახდას შევძლებდი, მაგრამ, ეტყობა, სამყაროს გამრიგე ზოგჯერ ჩემისთანა პატარა კაცსაც აძლევს შანსს და მე დღეს უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მაქვს სამაგიერო სამსახური გაგიწიოთო. ამაზე დამხვდურს ყოყმანით უთქვამს, კი მახსოვს ბუნდოვნად თქვენი სახე, მაგრამ ვეღარ ვიგონებო. მაშინ ბიძაჩემ იონას ჯიბიდან რამდენიმე ბუშტი ამოუღია, მაგიდაზე დაუყრია, საჩვენებელი თითი მიუშვერია და აიო, უთქვამს. ეს რა არისო გაკვირვებია იმას. ეს თქვენ ბრძანდებითო, უპასუხნია ბიძაჩემ იონას. რას ლაპარაკობ, კაცო, შენ, ეს ბუშტებიაო, ცოტა გამწყრალა ის. ერთი შეხედვით მართლა ბუშტებს ჩამოგავსო, კვერი დაუკრავს ბიძაჩემ იონას, და თქვენ თუ ბრძანდებით, ძნელი შესამჩნევია, სანამ არ გაიბერებაო. ამ სიტყვებით ერთი ბუშტი აუღია, ჰაერი რომ იოლად შესულიყო, ხელით გაუწელია და გაბერვა დაუწყია. რომ გაუბერია და იმას ბუშტზე თავისი პორტრეტი დაუნახავს, ჯერ რაღაც ხმა ამოუშვია, რომლის შინაარსი ბიძაჩემს ვერ გაუგია, მერე სლოკინი ასტყდომია. ბიძაჩემს რომ ბუშტი შეუტრიალებია და მეორე პორტრეტი უჩვენებია, მერე კიდევ რომ შეუტრიალებია და მესამე პორტრეტი უჩვენებია, იმას სლოკინი კიდევ უფრო გასძლიერებია. ბოლოს, სლოკინსა და სლოკინს შორის უთქვამს, ეს რას ნიშნავს, ამხანაგო, ამიხსენიო. ბიძაჩემ იონას ბუშტის მოგრეხილი ბოლოსთვის ხელი გაუშვია. ჰაერი რომ შხუილით გამოსულა, დაჩუტული ბუშტი ისევ მაგიდაზე დაუგდია და უთქვამს, ეს ხალხის რისხვააო. იმას არ დაუჯერებია: რას ქვია ხალხის რისხვა, ნიკოლოზის დრო ხომ არ არისო. ეს კი უთქვამს, მაგრამ თან მეორე ბუშტი აუღია და შეეჭვებულს თვითონ დაუწყია გაბერვა. მაშინ ბიძაჩემ იონას მესამე ბუშტის გაბერვა დაუწყია. ისხდნენ თურმე ორივენი და ბუშტებს ბერავდნენ, რაც, ბიძაჩემი იონას ვარაუდით, გარეშე თვალისთვის ალბათ ცოტა უცნაური სანახაობა უნდა ყოფილიყო. ახლადგაბერილ ბუშტებზეც რომ თავისი სამ-სამი პორტრეტი უნახავს, იმას ხასიათი საბოლოოდ გაჰფუჭებია და გულმოსულს უკითხავს, ვინ ქნა ესო. მაშინ ბიძაჩემს ყველაფერი წვრილად უამბნია: თავგასულ ძროხათუბნელებს რაღაც ნახევარკილომეტრიანი გზის გულისთვის ამბოხების მოწყობა განუზრახავთო. ამბოხების მოწყობა, მოგეხსენებათ, იმითაა ძნელი, რომ ხალხს პირის შეკვრა უჭირს, ამ ფუნაქექია ძროხათუბნელებს კი როგორღაც მოუხერხებიათ, ხუთასი ოჯახი მუშტივით შეკრულა და უთქვამს, რაღაი ხელისუფლებას ამ ერთი მტკაველი გზის გაკეთება არ შეუძლია, აწი ჩვენ ვიცითო. დღეს პარასკევია. იქითა კვირას, ზეგისსწორს, დილაადრიან, სანაკლიოს ლაჟვარდოვან ცაზე ორი ათასი ასეთი ბუშტის გაშვებას აპირებენ, რაღა თქმა უნდა, შესაფერისი წარწერებითო. ამ სიტყვებით ახლა ფოტოსურათები ამოულაგებია ჯიბიდან. ფოტოსურათებზე გამოსახული ყოფილა იგივე სამპორტრეტოვანი ბუშტები, რომლებსაც ქვემოთ, როგორც გაფიცულ უმუშევრებს, მუყაოები ეკიდათ და ზედ ნაირ-ნაირი (მათ შორის გვარიანად უხამსი) ლოზუნგები ეწერა. ფოტოებზე გამოსახული ბუშტების ნაწილი ხის სარებზე ყოფილა დამაგრებული და, რაკი მასპინძელს მათი დანიშნულება ვერ გამოუცვნია, ბიძაჩემ იონას აუხსნია, ხუთასი ცალი ბუშტი გასაკეთებელი გზის გასწვრივ იქნება ორივე მხარეს ჩამწკრივებულიო. მასალების დათვალიერებას რომ მორჩა, მასპინძელი თურმე ერთხანს ჩუმად იჯდა და თავისთვის ფიქრობდა, ბოლოს უთქვამს, ყველას დავიჭერ და ციხეში ამოვალპობო. ღირსნი არიანო, თანხმობა მიუცია ბიძაჩემს, მაგრამ რა საბაბით დაიჭერთ, პოლიტიკური ამბოხი ეს არ არის, სოციალური და ეროვნულიო. ორი ათასი ბუშტი რომ ასეთი ლოზუნგებით აიჭრება მზიური სანაკლიოს თავზე, თქვენ, ცხადია, მოგხსნიანო, დაუმატებია მერე. ეგ კი არაფერი, თქვენი თანამდებობის კაცს თავგანწირვა ჩემგან არ გესწავლებათ, მაგრამ ქალაქს რა ვუყოთ, ქალაქის პრესტიჟი რომ შეილახება, ამას რა ეშველებაო. აბა, აბაო, სინანულით უთქვამს იმას და საბოლოოდ მოღრეცია სახე. მანამ იმეორა თურმე, რა ვქნა და რა ვქნაო, სანამ ისევ ბიძაჩემი იონა არ დაეხმარა. ერთადერთი გამოსავალი დაგრჩენიათო, უთქვამს, უნდა დაასწროთ და შაბათ საღამოს გამზადებული გზა ჩააბაროთო. იმას ერთხანს კიდევ უყოყმანია, მაგრამ რას იზამდა, თვითონვე ხედავდა, რომ სხვა საშველი არ ჰქონდა. წამოსვლის წინ ბიძაჩემ იონას კიდევ ერთხელ გაუფრთხილებია, თქვენი ჭირიმე, არ გამამხილოთ, თორემ, ძროხათუბნელებმა რომ გაიგონ, მე მოგიტანეთ ამბავი, ჩაქოლვა არ ამცდებაო. მისაღებში რომ გამოსულა, პირადი მდივნისთვის, რომელიც მისი სიტყვით უაღრესად ფუმფულა ყოფილა, გამოთხოვების ნიშნად (თუ არ ტყუოდა) ლოყაზე ხელი მოუთათუნებია. მე მაშინ ისეთ ასაკში ვიყავი, რომ ყველაზე მკაფიოდ სწორედ ეს ეპიზოდი წარმოვიდგინე და ყველაზე დიდხანს სწორედ ეს ეპიზოდი დამახსომდა. მეორე დღეს სანაკლიოს ორივე გაზეთში ორი ერთნაირი შინაარსის სუსხიანი სტატია გამოქვეყნდა. სტატიები მკაცრად აკრიტიკებდნენ ზოგიერთ (სახელდებით არ იყვნენ მოხსენიებული) თბილ თანამდებობაზე მოკალათებულ ბიუროკრატს, რომლებიც მშრომელთა გასაჭირს ყურს არ ათხოვებდნენ, რის გამოც ქალაქის ერთი ულამაზესი უბანი უგზოობის გამო არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდა. შემდეგ პატარა ოდა იყო მიძღვნილი ქალაქის ხელმძღვანელობისადმი, რომელმაც დროულად ალაგმა ბიუროკრატების პარპაში და მშრომელთა სამართლიანი მოთხოვნის ოპერატიულად დაკმაყოფილებას შეუდგა. მართლაც, იმავე დღეს გზის გაყვანა დაიწყო. მომდევნო შაბათს მუშაობა დამთავრდა და ძროხათუბანში საზეიმო სხდომა და დიდი კონცერტი გაიმართა. კვირას სანაკლიოს ორივე გაზეთმა გამოაქვეყნა სტატიები სათაურით: „კიდევ ერთი კარგი საჩუქარი“. ორშაბათ საღამოს სტუმრები გვეწვივნენ. სამი უცხო კაცი მოვიდა და მამაჩემისა და დედაჩემის თანდასწრებით ბიძაჩემ იონას გამოუცხადეს, მოტყუებით რომ ორი ათასი მანეთი გამოგვძალე, ის ორი ათასი მანეთი დაგვიბრუნე, თორემ სასამართლოში გიჩივლებთ და უყარე მერე კაკალიო. მოულოდნელობის პირველმა დაბნეულობამ რომ გაუარა, ბიძაჩემი იონა აღტაცებაში მოვი-და ძროხათუბნელების მოხერხებულობით. როგორც მერე გამომიტყდა, განსაკუთრებით მოსწონებია თანხის გაორკეცება. თუმცა ვაჭრობა მაინც დაუწყო და იმდენი ევაჭრა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ათას ხუთას მანეთზე ჩამოიყვანა. ვინც იცის ბიძაჩემისა და მამაჩემის დამოკიდებულება ისეთი ცნებების მიმართ, როგორიცაა „პრესტიჟი“, „თავმოყვარეობა“, „სკანდალი“ და სხვა მისთანანი, ადვილად მიხვდება, რომ ამ საქმეში საბოლოოდ ყველაზე დაზარალებული მამაჩემი გამოვიდა. მამაჩემმა ძროხათუბნელებს ათას ხუთას მანეთი გადაუხადა. მართალია, ამ ათას ხუთას მანეთს ბიძაჩემი იონა, როგორც სახელმწიფო ბანკის სესხს, წლების განმავლობაში ფარავდა ნაწილ-ნაწილ, მაგრამ მორალურ ზარალს ვინ დაუფარავდა საბრალო მამაჩემს! ის ამბავი, რომ იმ ხუთასმეტრიან მონაკვეთს იმთავითვე „იონას გზა“ შეერქვა (ძროხათუბნელების საზეიმო ხუმრობა) მამაჩემისთვის, ცხადია, დიდი ვერაფერი ნუგეში იქნებოდა.
როცა ოჯახში ასეთი დინამიტი გიდევთ, იდილიაზე ლაპარაკი ზედმეტია, ხოლო თუ ერთ მშვენიერ დღეს ეს დინამიტი, იმის ნაცვლად, რომ თავისთვის იდოს კუთხეში და იჟანგებოდეს, საეჭვოდ ათუხთუხდა და საბედისწერო აქტიურობით შრომით ფერხულში ჩაება, ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოისხათ, რომ აფეთქება არ გამოგეპაროთ და დროზე მოასწროთ ოჯახის გახიზვნა.
   იმ დღეებში მამაჩემი სახიფათო დავალებაზე გაგზავნილ მზვერავს ჰგავდა, დედაჩემი შეფიქრიანებული სახით იწყევლებოდა, ხოლო ბიძაჩემი იონას პოპულარობა სანაკლიოში საათობით იზრდებოდა.
სანაკლიელებმა ხელად იყნოსეს, რომ ხელისუფლება მათ გრანდიოზული ზეიმისთვის ამზადებდა, და დიდადაც გაიხარეს, ვინაიდან, როგორც ითქვა, ზეიმი ძალიან უყვარდათ. მალე ისიც ცნობილი შეიქნა, რომ მომავალი დღესასწაულის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მისი გული და მისი მესაჭე იონა კამკამიძე იყო.
   საიუბილეო სამზადისის სადავეები ბიძაჩემმა იონამ პირველსავე სხდომაზე იგდო ხელთ. ეს არ იყო ძნელი საქმე და ბიძაჩემის მხრივ არც რაიმე განსაკუთრებულ სიმარჯვესა და მოხერხებას მოითხოვდა. პირიქით: კომისიის დანარჩენი წევრები იმ ჯიშისა და ხარისხის ადამიანები იყვნენ, რომელთა შესახებ ლოგიკური ლეგენდები (უმთავრესად ავტოლეგენდები) დადის ხოლმე - დღეღამეში ოცდახუთ საათს მუშაობენო. ამ ჯურის ხალხს დიდ და სერიოზულ კომისიებში ყოფნა კი ესახელებათ, კი შვენით, და რომ არ შეიყვანონ, კი ეწყინებათ და კი შეშფოთდებიან, მაგრამ მუშაობისთვის ვერ იცლიან. ბიძაჩემი იონა სწორედ ამიტომ დანიშნეს მდივნად. პირველი სხდომის დღის წესრიგიც ძირითადად იმას უნდა მიძღვნოდა, რომ კომისიის დანარჩენ წევრებს ყოველგვარი შავი სამუშაო ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ, შეუმჩნევლად მოეხსნათ და ბიძაჩემისთვის აეკიდებინათ. ბიძაჩემმა იონამ ისინი ამ საქმისგანაც გაათავისუფლა, თავადვე დაიდგა ქედზე უღელი, სხდომაზე გრძელი, პათეტიკური და პატრიოტულ-აღტკინებული სიტყვა წარმოთქვა და კომისიის წევრთა წამაქეზებელი შეძახილების ქვეშ ყველა საქმე თვითონ ითავა. ერთადერთი, რასაც ამ ხანგრძლივი სამზადისის პერიოდში კომისიისგან მოითხოვდა, ის იყო, რომ ჟამიდან ჟამზე სხდომაზე მოსულიყვნენ და მდივნის ანგარიში მოესმინათ.
რაც დრო გადიოდა, ბიძაჩემი იონა უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა შრომითი საქმიანობის ბლანტ ჭაობში. ამ ტრაგიკულსა და გაუგებარ მეტამორფოზას მთელი ოჯახი შიშით ადევნებდა თვალყურს და სახლში მუდამ დენთის სუნივით იდგა ავის მომასწავებელი მოლოდინი. ყველაზე მძიმე ალბათ ჩემი მდგომარეობა იყო. ჩემი გაუხარელი ბავშვობა, რომელიც იმ პერიოდში ძირითადად სასკოლო და სამიჯნურო ტრაგედიებისაგან შედგებოდა, ბიძაჩემი იონას ცხოვრების წესში თავისი ცხოვრების წესის გამართლებას ხედავდა, ბიძაჩემი იონა ეგულებოდა ერთადერთ საყრდენად, ერთადერთ იმედად, ერთადერთ ნათელ წერტილად სანაკლიოს კუნაპეტ ღამეში. და მე მწარე ტკივილით ვხედავდი, როგორ ქრებოდა ეს პატარა სინათლე, როგორ მეცლებოდა ფეხქვეშ საყრდენი, როგორ თვალსა და ხელს შუა ვკარგავდი იმედს. ბოლოს კი, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბიძაჩემმა იონამ დედაჩემის ორ ვრცელ წყევლას შორის წარმოქმნილი მცირე პაუზით ისარგებლა და გამოგვიცხადა, ალბათ ღამის გასათევადაც ვეღარ ვივლი შინ და ნუ დამელოდებით, საწოლი შტაბში დავადგმევინე და, წინ და უკან სიარულში რომ ძვირფასი დრო არ დავკარგო, იქ დავიძინებ ხოლმეო, ცა საბოლოოდ დაიფარა ტყვიისფერი ღრუბლებით და მე ინტენსიურად დავიწყე ცხოვრების ამაოებაზე ფიქრი. საბედნიეროდ ბიძაჩემს, როგორც სჩვეოდა ხოლმე, სიტყვა არ შეუსრულებია. თუმცა კი ზოგჯერ მართლა გადაიკარგებოდა რამდენიმე დღით, უფრო ხშირად მაინც შინ ეძინა. ეს ნუგეში კი იყო, მაგრამ ძალიან მცირე ნუგეში იყო, რადგან ჩემთვის სრულებით აღარ ეცალა, მისი ფიქრები და, საერთოდ, მთელი მისი არსება საზეიმო სამზადისს დასტრიალებდა.
   ეს კია, რომ, როცა შინ მოვიდოდა, ყოველთვის დაწვრილებით გვიამბობდა ხოლმე თავისი ავბედითი საქმიანობის ამბავს და ამგვარად, ჩვენდაუნებურად, ყველანი დიდი სამზადისის მონაწილეებად ვგრძნობდით თავს. თუმცა განა მარტო ჩვენ! იმ ხანებში პრესისა და რადიოს მეშვეობით მთელს სანაკლიოში გაისმოდა ბიძაჩემი იონას მქუხარე ხმა. ინტერვიუს ინტერვიუზე იძლეოდა, ყველა იდეა, ყველა პრობლემა, ყველა გადაწყვეტილება საზოგადოების სამსჯავროზე გამოჰქონდა, ქალაქი მუდამ საქმის კურსში ჰყავდა და აჟიოტაჟიც იზრდებოდა და იზრდებოდა.
კომისიის წევრებს კვირაში ერთხელ რეგულარულად უყრიდა თავს. თვეში ერთხელ სხდომებს თვითონ კაცია გოგიაც ესწრებოდა, რომელიც ოფიციალურად კომისიის თავმჯდომარე და საიუბილეო მზადების მთავარი ხელმძღვანელი იყო. კომისია თითქმის ყოველ კვირას ახალ-ახალ იდეებს ისმენდა, რომლებსაც ბიძაჩემი იონას ფრთაგაშლილი ფანტაზია პანტა-პუნტით ისროდა, და ერთხმად იწონებდა. ერთ-ერთ პირველსავე სხდომაზე ბიძაჩემმა იონამ წინადადება შეიტანა, საიუბილეო მედალი დაემზადებინათ და ახალშობილი მეასიათასისათვის სამშობიარო სახლშივე მიერთმიათ. კომისიამ წინადადებას მხარი დაუჭირა და ესკიზის შესაქმნელად გამოცხადდა კონკურსი „სანაკლიო - 100000“. კონკურსი დახურული იყო. დახურული იყო ხუთი მხრიდან, მეექვსე მხარეს კი კომისიისთვის, რომელიც ამავე დროს ჟიურიც იყო, დატანებული ჰქონდა მცირე ჭუჭრუტანა. ამ ჭუჭრუტანამ კომისია-ჟიურის პასიურობაში ცოტაოდენი სიცოცხლე შეიტანა. კერძოდ, უახლოეს სხდომაზე, როდესაც წინასწარი თათბირი გაიმართა მომავალი გამარჯვებულის გამოსავლენად, თათბირში კომისია-ჟიურის თითქმის ყველა წევრმა მიიღო მონაწილეობა. უმრავლესობას თავისი საკუთარი კანდიდატურა ჰყავდა, მაგრამ საბოლოოდ, რა ყველაფერი კარგად მისხალ-მისხალ აწონეს, გამარჯვებულად სცნეს ქალაქის მთავარი მხატვარი ლეონარდო დიდიმამიშვილი. სანამ კომისია ბჭობდა, ბიძაჩემი იონა ჩუმად იყო, მერე კი, კომისიის აზრი რომ გამოიკვეთა, წამოდგა, გადაჭრით გაილაშქრა დიდიმამიშვილის წინააღმდეგ, თავის მხრივ წამოაყენა ვინმე კარლო წუწუნავას კანდიდატურა და, როცა თათბირის მონაწილენი ერთსულოვნად აღშფოთდნენ, რადგან ეს სახელი და გვარი არც ერთ მათგანს არ გაეგონა, თავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ, ჯერ ერთი, ხსენებული წუწუნავა სანაკლიური გენიის ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც სულ მალე ყველაზე მაღალ და მიუვალ მწვერვალებს დაიპყრობს, და მეორეც, წვრილშვილის პატრონია, ვიწროდ ცხოვრობს, გამოფენებზე არ იწვევენ და ოჯახის რჩენა უჭირსო. რაკი კომისია-ჟიურიმ ეს მოტივები საკმარისად არ ცნო და ბრძოლა განაგრძო, ბიძაჩემმა იონამ მისი სიჯიუტის გასატეხად გადამჭრელი საბუთი მოიშველია: რაკი ასე გსურთ, მე ჩემდათავად ყველა მოვალეობა მომიხსნია და სხვა მდივანი ეძიეთო. ასეთი დილემის წინაშე რომ დადგნენ, კომისია-ჟიურის წევრებმა ისევ დიდიმამიშვილის გაწირვა ამჯობინეს (მოგვიანებით, როცა ორი მნიშვნელოვანი გარემოება გამოირკვა - წუწუნავამ მართლა საუკეთესო ესკიზი მოიტანა, ხოლო დიდიმამიშვილს საერთოდ არ მიუღია კონკურსში მონაწილეობა - კაცია გოგიასა და მთელი კომისიის თვალში ბიძაჩემი იონას აქციები კიდევ უფრო ამაღლდა).
   ამის შემდეგ მომავალი იუბილარის ეკონომიურ უზრუნველყოფას შეუდგა და ამ საკითხის გამო ერთ-ერთ სხდომაზე კომისიის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარდგა. შეცდომა რომ არა მოგვივიდეს რა, ამთავითვე უნდა ყველაფერი გავითვალისწინოთო, აღნიშნა მან, მართალია, სანაკლიელ მშრომელთა ცხოვრების დონე უკვე ისე ამაღლდა, ფეხის წვერებზე თუ არ შედექი, გადახედვაც კი ჭირს, მაგრამ, რაკი ცალკეული გამონაკლისები ჯერ კიდევ არსებობს, გამორიცხული არ არის, ჩვენი იუბილარი სწორედ ასეთ გამონაკლის ოჯახში დაიბადოს; სახლი არ ჰქონდეს, კარი არ ჰქონდეს, საჭმელი არ ჰქონდეს, სასმელი არ ჰქონდეს, ჩასაცმელი არ ჰქონდეს და დასახური არ ჰქონდეს. მერე რომ არ დაგვჭირდეს სახსრების ძებნა, როცა - ყველამ კარგად იცით ჩვენი ფინანსისტების წუწურაქობის ამბავი - შეიძლება გვიანღა იყოს, სჯობს ამთავითვე შევქმნათ საგანგებო ფონდი. თუ არ დაგვჭირდა, ხომ კარგი, და თუ დაგვჭირდა, საძებნელი არ გაგვიხდება. მოგეხსენებათ, მეასიათასე ისეთი ღირსშესანიშნაობა იქნება, რომლის ნახვას ქალაქის ვერც ერთი სტუმარი გვერდს ვერ აუვლის, ასეთი მნიშვნელობის ღირსშესანიშნაობა კი სანიმუშო და საჩვენებელი უნდა იყოს, ეს ჩვენი პრესტიჟის საქმეაო. კომისიამ წინადადება ერთსულოვნად მოიწონა და საიუბილეო ფონდი შეიქმნა.
ტექნიკური საკითხები რომ მოაგვარა, ბიძაჩემმა იონამ თავად ზეიმის მზადებას მიჰყო ხელი. ჯერ ზოგადი გეგმა შეიმუშავა და კომისიას დაამტკიცებინა. გეგმა მრავალ საინტერესო ღონისძიებას ითვალისწინებდა, როგორიცაა, მაგალითად, თეორიული კონფერენცია თემაზე „დედა, მამა და შვილი - პრობლემის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტი“, გაზეთ „სანაკლიოს დილას“ ორფურცლიანი ლიტერატურულ-საიუბილეო დამატება სათაურით „აუ, რამდენი გავმხდარვართ უკვე!“, სახელდახელო მიტინგები წარმოება-დაწესებულებებში და მრავალშვილიან ოჯახებში, საზეიმო კონცერტები საბავშვო ბაგა-ბაღებში, ქალთა კონცერტი ოფიცერთა კლუბში, სატრანსპორტო საშუალებათა საზეიმო საყვირები ქალაქის ქუჩებში და სხვა. ყველაფერი ეს უნდა მომხდარიყო მეასიათასის დაბადების დღეს. მთავარი საიუბილეო სხდომა და მშრომელთა დემონსტრაცია გაიმართებოდა სამი-ოთხი კვირის შემდეგ (რათა იუბილარ დედა-შვილსაც შეძლებოდა მასში მონაწილეობის მიღება).
დემონსტრაციისა და საზეიმო კონცერტის დასადგმელად ბიძაჩემ იონას თავიდან პროფესიონალი რეჟისორის მოწვევა ჰქონდა განზრახული, მაგრამ მერე, როდესაც ყველაფერი გულმოდგინედ აწონ-დაწონა, პირვანდელი გადაწყვეტილება შეცვალა, რადგან იმ დროს რეჟისორების მთავარი რეზერვაცია თბილისში იყო, პერიფერიებში კი, მათ შორის სანაკლიოშიც, მხოლოდ რამდენიმე კუდა რეჟისორი დაბოგინობდა, რომელთა ჩანასახოვან გემოვნებას თავისი ნატიფი ფანტაზია ვერ ანდო და საბოლოოდ ამ საქმესაც თავად მოჰკიდა ხელი. სცენარი დაწერა და მიზანსცენების მოფიქრებას შეუდგა. ზეიმი უნდა გამართულიყო მთავარ მოედანზე. ტრიბუნაზე ქალაქის ხელისუფალთა და ჩამოსულ სტუმართა გარდა იქნებოდნენ მრავალშვილიანი დედები, რამდენიმე ახლადშეუღლებული წყვილი და სამშობიარო სახლის წარმომადგენლები. ტრიბუნა მორთული იქნებოდა ცოცხალი ყვავილებით და მრავალფეროვანი ტრანსპარანტებით, რომელთა ძირითადი მოტივი უნდა ყოფილიყო მოწოდება გამრავლებისაკენ (როგორიცაა, მაგალითად, „წინ, მეორასიათასისაკენ!“). სცენარის პირვანდელ ვარიანტში ბიძაჩემ იონას გათვალისწინებული ჰქონდა ტრიბუნის მორთულობაში ისეთი დეტალებიც შეეტანა, რომლებიც ნაყოფიერების სიმბოლოდ გამოდგებოდა, მაგრამ კომისიის წევრები, რომელთაც ეს საკითხი თავთავიანთ ოჯახებში განეხილათ, ისეთი კატეგორიული გაწიწმატებით წინააღუდგნენ ამ განზრახვას, რომ ბიძაჩემი იონა იძულებული შეიქნა ამჯერად დათმობაზე წასულიყო. ტრიბუნას უწყვეტ ნაკადად ჩაუვლიდა ქალაქის თითქმის მთელი მოსახლეობა. ყველაზე წინ, ლამაზად მორთულ ორცხენიან ეტლში, იჯდებოდა იუბილარის ოჯახი. ეტლს მიჰყვებოდნენ ცხენებზე ამხედრებული რჩეული სანაკლიელი ჭაბუკები, მხედრების უკან - ბებია ქალები თეთრ ხალათებში, შემდეგ - შეთქვირებული გოგოები ლოზუნგებით: „მეც მინდა დედა გავხდე!“ და ა. შ. და ა. შ. მთელი ამ ხნის განმავლობაში მოედნის დიდი ნაწილი დათმობილი ექნებოდა კონცერტის მონაწილეებს - მოცეკვავეთა ანსამბლებს, მომღერალთა გუნდებს, მსახიობ-დეკლამატორებს, აკრობატებს, ილუზიონისტებს, ხუმარებს, ხალხურ მთქმელებს და სხვ. სკვერებში და მოზრდილ გზაჯვარედინებზე სუფრები იქნებოდა გაშლილი. დღესასწაული უნდა დამთავრებულიყო საერთო-სახალხო პურისჭამით.
ასეთ მასშტაბურ სპექტაკლს სანაკლიელი რეჟისორები, ცხადია, ვერ გაუმკლავდებოდნენ, ამიტომ ბიძაჩემმა იონამ ყველაფერი თვითონ იტვირთა და მხოლოდ ასისტენტები მოითხოვა, რომელთაც მის განკარგულებათა უსიტყვო შესრულება ევალებოდათ.
იმისათვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალაქს მეასიათასე მოქალაქის მოლოდინით ეცხოვრა, სანაკლიოს ორივე გაზეთში ჟამიდან ჟამზე იბეჭდებოდა შესაფერისი წერილები, ბოლო თვეს კი საგანგებო რუბრიკა შემოიღეს, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენი დაიბადა და კიდევ რამდენი დარჩა დასაბადებელი. გარდა ამისა, ბიძაჩემმა იონამ საიუბილეო კომისიის სახელით თავიდანვე გამოაცხადა საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომლის შედეგადაც უნდა გადაწყვეტილიყო, რა სახელი დარქმეოდა იუბილარს. რაკი ბიძაჩემმა იონამ წინასწარ არ იცოდა, ბიჭი დაიბადებოდა თუ გოგო, თანაქალაქელებს სთხოვა ორივე შემთხვევისთვის გამოეთქვათ თავიანთი სურვილები. სანაკლიელები ხალისით გამოეხმაურნენ მოწოდებას და მალე შტაბს წერილების ნიაღვარი მოასკდა. საბოლოოდ ვაჟების სახელებში გამარჯვებული გამოვიდა „კაცია“, ხოლო ქალების სახელებში - „ვანდა“.
   ერთი სიტყვით, ბიძაჩემმა იონამ ჩვენი საყვარელი სანაკლიო ისე დამუხტა იუბილის მოლოდინით და ისე გადაავიწყა ყველა სხვა პრობლემა და ყველა სხვა საზრუნავი, თითქოს ეს საინტერესო ქალაქი იმთავითვე მხოლოდ იმ მიზნით შექმნილიყო, რომ თავის მეასიათასე მოქალაქის დაბადება ეხილა.
ამასობაში დრო მიდიოდა და ნანატრი წამი ახლოვდებოდა.
როდესაც საიუბილეო კონკურსის ვადა გავიდა, ავტორიტეტულმა ჟიურიმ გულდასმით განიხილა წარმოდგენილი ესკიზები და პირველი ადგილი ერთხმად მიანიჭა კარლო წუწუნავას. ყველასთვის მოულოდნელად, კარლო წუწუნავამ, კონკურსის შედეგი რომ შეიტყო, განცხადება შეიტანა საიუბილეო კომისიის სახელზე და (მას შემდეგ, რაც გულწრფელი მადლობა მოახსენა ჟიურის მისი მოკრძალებული ღვაწლის ესოდენ მაღალი შეფასებისათვის) ითხოვა, პრემიაცა და კუთვნილი ჰონორარიც საიუბილეო ფონდში გადაერიცხათ. კარლო წუწუნავამ განცხადება, წესისამებრ, კომისიის მდივანს მიართვა. ბიძაჩემ იონას, რომელმაც კარგად იცოდა წუწუნავების ოჯახის გაჭირვების ამბავი, ეს უადგილო გულუხვობა და ენთუზიაზმი თურმე არაფრად ეჭაშნიკა, განცხადება უკანვე დაუბრუნა ავტორს და მზრუნველი კილოთი აუხსნა, რომ საიუბილეო ფონდი საკმარისად ღონიერი იყო და შეწირულობებს არ საჭიროებდა, რაზედაც კარლო წუწუნავას უპასუხნია, კაცო, შენ წინ იყურე და შენს საქმეს მიხედე, ჩემს ფულს მე როგორც მინდა ისე მოვიხმარო, და, გაუგებრობა რომ არა მომხდარიყო რა, განცხადება ოფიციალურად გაუტარებია კანცელარიაში. ბიძაჩემი იონა სახტად დარჩენილა (და, საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა, ვინც მასზე სულელი ეგონა, ბოლოს, როგორც წესი, მასზე ჭკვიანი აღმოჩნდებოდა ხოლმე, ვერასოდეს სათანადო დასკვნა ვერ გამოჰქონდა). კარლო წუწუნავას კეთილშობილური საქციელი სანაკლიოს გაზეთებმა მეორე დღესვე აიტაცეს. გამოქვეყნდა გამარჯვებული ესკიზის ფოტო, ავტორის პორტრეტი, მოზრდილი ინტერვიუ და ერთი ხელოვნებათმცოდნის სტატია, რომელიც მკითხველებს უკიდურესი მხატვრულობით მოუთხრობდა ახალგაზრდა შემოქმედის ნიჭიერების ამბავს. ხანი რომ გამოხდა, გამარჯვებული მხატვარი კაცია გოგიასთან ჩაეწერა მიღებაზე და, როცა რიგმა მოუწია და შევიდა, აღელვებითა და ცოტა დაულაგებლად უამბო, თუ რა გაჭირვება დაატყდა თავს კონკურსში გამარჯვების შედეგად. ასეთი რა მოხდაო, უთქვამს, რაღაც ორი გროში შევწირე საიუბილეო ფონდს, თან ხომ არ უნდა გადამაყოლონო. ერთი რიგითი პატრიოტი ვარ და ისე მიყვარს ჩემი ქალაქი, როგორც დანარჩენ სანაკლიელებს, არც მეტი, არც ნაკლები, ჩემს ადგილას ალბათ ყველა ასე მოიქცეოდაო. რა გმირობა, რის გმირობა, ეს გახლავთ ჩვეულებრივი მოქალაქის ბუნებრივი მოთხოვნილება და, რომ მცოდნოდა, ასეთი ამბავი ატყდებოდა, ამას როგორ ვიზამდიო. მოსვენება აღარა მაქვს მნახველებისაგან. თუ გარეშე, თუ შინაური, ყველა თავის მოვალეობად თვლის სტუმრად მეწვიოს და დამათვალიეროს, ვითომ რაღაც უნახავი სანახაობა ვიყოო. მოვიდნენ, ვინ ოხერი, მაგრამ ერთი პატარა ოთახი მაქვს, ცოლ-შვილი დავტიო იქ, თუ სტუმრებიო. თვითონ სულ არ ენაღვლებათ და მე ლამისაა სახლიდან გადავიკარგოო. თანაც ზოგი ისეთი სტუმარია, თუ არ გაუმასპინძლდი, არ ივარგებს, არადა, ჩემი ხელფასის პატრონი რომელ ერთს გავწვდე, ოჯახს შიმშილით ხომ არ ამოვწყვეტო...
   მოკლედ, სანაკლიოს მეასიათასე მოქალაქე ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, როდესაც დამწყებმა მხატვარმა კარლო წუწუნავამ ახალი ბინა და ახალი ხელფასი მიიღო, ხოლო სამი თუ ოთხი წლის შემდეგ (მაშინ მე უკვე კარგა ხნის წასული ვიყავი სანაკლიოდან) ქალაქის მთავარ მხატვრად დაინიშნა, ქალაქის ყოფილი მთავარი მხატვარი კი, ლ. დიდიმამიშვილი, საკუთარი განცხადებით გადადგა პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით.
თუმცა ჩვენს სათქმელს მივუბრუნდეთ.
   რაც უფრო ახლოვდებოდა დიდებული წუთი, სანაკლიოში მით უფრო იზრდებოდა აჟიოტაჟი. გაზეთებმა უმატეს წერილების რაოდენობასაც და სიგრძესაც, რადიოკვანძი უკანასკნელ ცნობებში რეგულარულად გადმოსცემდა ინფორმაციებს სამშობიარო სახლიდან, გაიზარდა საიუბილეო კომისიის სხდომათა სიხშირე, ამაღლდა ამ სხდომებზე კაცია გოგიას დასწრების კოეფიციენტი. ერთი სიტყვით, მოახლოებული იუბილე სრულიად სანაკლიოს ერთადერთი სულიერი საზრდო გახდა. ყველგან - ქუჩებში, სკვერებში, ბაზარში, ეზოებში, სარეცლებში, ვაჭრობის კლუბში, სკოლებში და პროფ. სასწავლებლებში, ტაქსებსა და ტროლეიბუსებში, კარტოფილის რიგებში და ქალთა საპარიკმახერო სალონებში - ყველგან მეასიათასის ხსენება იყო. თვით შეყვარებული გოგო-ბიჭებიც კი, რომლებიც ქალაქის ბნელ-ბნელ კუთხეებში გამალებული ვარჯიშობდნენ კოცნაში, ისე ვერ მოისვენებდნენ, შუა ვარჯიშში ერთხელ მაინც მომავალი იუბილე არ ეხსენებინათ.
ხოლო ქალაქის პულტთან იდგა ბიძაჩემი იონა და, რას ფიქრობდა, კაცმა არ იცის. იდგა, როგორც მთავარსარდალი, მხნე, ამაყი, გამარჯვებაში ღრმად დარწმუნებული, და დინჯად ითვლიდა.
   ცხრა, რთვა, შვიდი, ექვსი, ხუთი, ოთხი, სამი, ორი, ერთი...
და აჰა, დაჰკრა დიდებულმა ჟამმა: მომავალი მეასიათასის დედას საიუბილეო ტკივილები დაეწყო. ბიძაჩემმა იონამ პრესისა და რადიოს მუშაკებთან, კომისიის სამ წევრთან და საზოგადოებრიობის რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად ბოლო ორი დღე სამშობიარო სახლში გაატარა.
მეასიათასე დაიბადა აპრილის ცამეტს, ორშაბათ დღეს, გამთენიის ხანს, დილის ოთხ საათსა და ოცდასამ წუთზე.
   მოგვიანებით, ჩემს კითხვაზე, მახარობლები რომ ვესტიბიულში გამოცვივდნენ და იქ მელოგინის ოჯახის არც ერთი წარმომადგენელი არ აღმოჩნდა, გულმა რამე თუ გიგრძნო-მეთქი, ბიძაჩემმა იონამ დაფიქრებით მიპასუხა, როგორ არა, მაშინვე რეჩხი მიყო, მაგრამ ჩემი ტვინის ყველა თოთხმეტი მილიარდი უჯრედი (sic) იმ დროს მკაცრად იყო დასაქმებული, მე ხომ მთელი სანაკლიოს მაგივრად ვაზროვნებდი, და გონებამ იოლად ჩაახშო გულის ხმა, დანარჩენებს კი, ვინც იქ მახლდა, თითო-თითო უჯრედის მეტი არ გააჩნდათ, კაცზე ერთი უჯრედი კი ჩვენს ბობოქარსა და რთულ საუკუნეში ძალიან ცოტააო.
   ვის რამდენი უჯრედი ჰქონდა აპრილის იმ განთიადს სამშობიარო სახლის ოთახებსა და დერეფნებში, ამის ანგარიშს არ მოვყვები, ვინაიდან ამან შეიძლება გვარიანად პესიმისტურ შედეგამდე მიგვიყვანოს, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათემატიკა ბიძაჩემი იონას საქმე არ იყო.
სამ მახარობელს ერთდროულად აუღია სტარტი და კეთილშობილური განზრახვით - რაც შეიძლება მალე მიელოცათ ოჯახისთვის ბიჭის დაბადება - დიდი სიჩქარით წამოსულან ვესტიბიულში მომლოდინე საზოგადოებისაკენ. ერთი მათგანი შუა დისტანციაზე ტაბურეტს წამოსდებია და შეჯიბრს, სადაც, როგორც ცნობილია, დამარცხებული არ არსებობს, ვინაიდან ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს, იმთავითვე გამოთიშვია. დანარჩენი ორი ძახილით „ბიჭია, ბიჭი!“ ბოლომდე ისე მხარდამხარ მორბოდა თურმე, რომ გამარჯვებულის გამოვლენა, ბიძაჩემი იონას ვარაუდით, ფოტოფინიშის გარეშე შეუძლებელი იყო. მახარობელთა შეძახილების პასუხად ვესტიბიულში მქუხარე ტაში გაისმა. ცხადია, ეს საჭირო და კარგი იყო, საიუბილეო ბიჭი მთელ სანაკლიოს ეკუთვნოდა, მაგრამ მახარობლები სამართლიანად მოელოდნენ, რომ მილოცვას კონკრეტული ადრესატიც უნდა ჰყოლოდა. კონკრეტული ადრესატი კი არ ჩანდა და დაღლილი და აქოშინებული სპრინტერები შეფიქრიანებული და ცოტა გამწყრალი სახით აცეცებდნენ თურმე თვალებს. პირველი ბიძაჩემი იონა მოსულა გონს და, სანამ საერთო გაკვირვება უფრო მძაფრ სახეს მიიღებდა, ოცდახუთმანეთიანები დაუძვრია ჯიბიდან და გამარჯვებული მორბენლებისთვის პრიზებად დაურიგებია. ამასობაში ტრავმირებული მახარობელიც გამომჯობინებულა და, ბიძაჩემი იონას ხელში ოცდახუთმანეთიანები რომ დაუნახავს, ტკივილი სულ გადავიწყებია, წვივის არეში გადატეხილი მარცხენა ფეხი სასწრაფოდ აუკეცავს, ოდენ მარჯვენაზე შემდგარა, ელვისებური ასკინკილით წამოსულა და უიმედო და საწყალობელი ხმით უთქვამს ბიძაჩემი იონასთვის, ბიჭია, ბიჭი, ღმერთმა გაგიზარდოს და გაგიმრავლოსო, და ეს არასწორი მისამართით წარმოთქმული სიტყვები ბიძაჩემს კიდევ ერთი ოცდახუთმანეთიანი დაჯდომია.
   ეტყობა, ბიძაჩემ იონას თუ თოთხმეტი მილიარდი არა, ყოველ შემთხვევაში, რაც ჰქონდა, ყველა უჯრედი მართლა დასაქმებული იყო, რომ ამ პირველი საეჭვო გარემოებისათვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევია. ამის ნაცვლად ახალშობილის ზომა-წონითა და ჯანმრთელობით დაინტერესებულა. ეს მონაცემები მალე შეუტყვია. ბებია ქალი გამოსულა და ოცდახუთ მანეთად უთქვამს, წონა - ოთხი და სამასი, სიგრძე - ორმოცდათერთმეტი სანტიმეტრი, ხმა - ბოხი და ჯანმრთელიო. მაშინ ბიძაჩემ იონას კორესპონდენტები დაუთხოვია, ჯერჯერობით ეს ზოგადი ცნობები მივაწოდოთ მკითხველს, დანარჩენი ნელ-ნელა გამოვუზოგოთ, რომ მუდმივ სასიამოვნო დაძაბულობაში ვიყოლიოთო. ისინიც დაყაბულებულან, მაგრამ ამ დროს ფოტოკორესპონდენტები, რომელთაც, ბუნებრივია, ღამისთევის საფასური უნდოდათ, გაჭინჭყლებულან, სურათის გარეშე ცნობას ფასი არ ექნებაო. მაშინ თურმე, რაკი ახალმოლოგინებულთან აპარატის ჩხაკაჩხუკი მიზანშეწონილი არ იყო, ერთ სანიტარ გოგონას, რომელიც აქ სტაჟს აგროვებდა, რათა მერე ეს სტაჟი ნაკლული ცოდნის კომპენსაციად გამოეყენებინა და ამ გზით უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრილიყო, სასწრაფოდ გახადეს ტანთ, ქათქათა ლოგინში ჩააწვინეს, გვერდით ხუთიოდე დღის წინ დაბადებული ერთი ბუთხუზა ბიჭი მიუგორეს და პრესის საიდუმლოებათა ღრმად მცოდნე ფოტოკორესპონდენტებმა სურათი ისე გადაიღეს, რომ მნახველს ბედნიერი დედის განწყობა ეგრძნო, ხოლო სახე და სხვა დეტალები ვერც ქალისა და ვერც ბავშვის ვერ გაერჩია.
   რაკი პრესა მოიშორა და ამ გზით უჯრედების ნაწილი გამოუთავისუფლდა, ბიძაჩემი იონას ყურადღების არეში მყისვე მოექცა ის უცნაური გარემოება, რომ მახარობელი ქალების დაძახილს ზუსტი ადრესატი არ გამოხმაურებია, ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა იმავე მახარობლებისა და ბებია ქალის გამოკითხვით დადგინდა, რომ, რაც იუბილარის დედა აქ იწვა, მისთვის არავის მოუკითხავს, ბიძაჩემ იონას თურმე გულმა კიდევ უფრო ძლიერი რეჩხი უყო და მკაფიოდ, ცხადად (როგორც ახლა შენ გიყურებო, მითხრა) დაინახა ბედის ირონიული ღიმილი. ჩემი აზრით, ტყუოდა, რადგან ჩემს კითხვაზე, მარტო ღიმილი დაინახე თუ თვითონ ბედიც-მეთქი, ვერაფერი თქვა, მხოლოდ რეგვენი მიწოდა, რაც, შესაძლებელია, სიმართლე კი იყო, მაგრამ კითხვას სრულებით ვერ პასუხობდა. ასეა თუ ისე, ბიძაჩემი იონა გვარიანად შეშფოთებულა, კომისიის სამ წევრს, რომლებიც თან ახლდა, წინ გასძღოლია და შემდგომი კვლევა-ძიება სამშობიარო სახლის დირექტორის კაბინეტში გაუგრძელებია. ამ კვლევა-ძიებას შედეგი არ მოჰყოლია. სამშობიარო სახლში არავითარი ცნობა არ მოიპოვებოდა მელოგინის ოჯახის შესახებ. მაშინ საგონებელში ჩავარდნილ ბიძაჩემ იონას თავად მელოგინესთან საუბარი მოუთხოვია და მას შემდეგ, რაც ექიმს ქალის ჯანმრთელობა გულდასმით შეუმოწმებია და დამაკმაყოფილებლად უცვნია, ნებართვაც მიუღია. თეთრი ხალათი ჩაუცმევიათ, თეთრი ქუდი დაუხურავთ და, ამგვარად, ექიმისა და მისი ასისტენტების შემდეგ ბიძაჩემი იონა აღმოჩნდა პირველი კაცი, ვინც იუბილარის მშობელი დედა იხილა.
   ისეთი სახე ჰქონდაო, მიამბობდა მერე ბიძაჩემი, ისეთი მშვიდი, ისეთი სათნო, ისეთი ღვთაებრივი ნათელი ეფინა და ისეთი თბილი, ისეთი ნაზი და ისეთი უმწიკვლო ღიმილით შემომცქეროდა, მეტისმეტად შეშფოთებული რომ არ ვყოფილიყავი, მეტისმეტად შეფიქრიანებული და მეტისმეტად ბრიყვი (ეს უკანასკნელი სიტყვა გულზე მალამოდ მომეცხო, ვინაიდან ამ ყაიდის სიტყვებით, როგორც წესი, ყოველთვის მე მაჯილდოებდა ხოლმე, თავისთვის კი ძალზე იშვიათად იმეტებდა), ამ სახისა და ამ ღიმილის შემხედვარეს წინდაწინვე უნდა გამომეცნო მოვლენათა შემდგომი განვითარებაო.
ბიძაჩემ იონას გულითადად მიულოცავს ვაჟიანობა და უთქვამს, ალბათ გეცოდინებათ, რომ თქვენი ბიჭი სანაკლიოს მეასიათასე მცხოვრებია და, ამგვარად, იუბილარის მშობელი ბრძანდებითო. ქალს დედობრივი სიყვარულის გულში ჩამწვდომი ღიმილითა და ცოტა მისუსტებული, მაგრამ საამო ხმით მიუგია, მე თუ არ ვიცი, მაშ, ვინ იცის, ორი დღეა ჯოჯოხეთურ ტკივილებს ვითმენო, ვის შეუძლია წარმოიდგინოს, რა ძალა სჭირდება ქალს, რომ ბუნებას აჯობოს და დაწყებული მშობიარობა მთელი ორი დღით გადასწიოსო. ამ სიტყვების შემდეგ ქალის სახეზე გადაფენილი ნათელი ბიძაჩემ იონას ისეთი ღვთაებრივი უკვე აღარ ეჩვენებოდა, მაგრამ მის გულში მომხდარი ღირებულებათა ეს გადაფასება, ცხადია, ბედნიერი დედისთვის არ უგრძნობინებია, ღიმილითა და დიდი ტაქტით ჩამოუგდია სიტყვა ოჯახზე და, რა შეუტყვია, ქალს ოჯახში არავინ ჰყოლია, ცოტა არ იყოს, შეცბუნებულა და გაუბედავად და არც ისე მკაფიოდ, როგორც ეწადა, უთქვამს, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ... მმ... მეუღლე... ესე იგი, ბავშვის მმ... მამა... ეეჰო, ქალს უთქვამს, მოუკვდეს დედა ჩემს პატარა კაციას, მამა ვინ მისცაო. მაშინ ბიძაჩემ იონას სახის ნაკვთები იმდაგვარად გადაულაგებია, რომ ზედ სამძიმრის გამომეტყველება აღბეჭდილიყო, და თანაგრძნობით უკითხავს, ნუთუ გარდაიცვალაო, წამსვე ქალის ღიმილზე მიმხვდარა, რომ მიზანს ააცდინა, ნაკვთები უკანვე გადმოულაგებია, და აა, მიგატოვათო, უკითხავს. არც მომკვდარა და არც მივუტოვებივარო, უთხრა თურმე ქალმა, ჩემი პატარა კაცია, შემოევლოს დედა, უმამოაო. აპოკალიფსურმა ხილვამ რომ გაუარა, ბიძაჩემს უფრო პროზაული, უფრო რეალური და პრაქტიკული ეჭვი აუღია, მაგრამ ამ თემაზე საუბარი უხერხულად მიუჩნევია და, ვიზიტი რომ როგორმე სხვა თემით დაემთავრებინა, სახელი და გვარი უკითხავს, რაც ანკეტიდან უკითხავადაც კარგად იცოდა. იამზე ბურძგლაო, ქალს უთქვამს, თქვენ თუ გინდათ, იაია დამიძახეთ, ახლობლები იაიას მეძახიანო.
   ბიძაჩემმა იონამ თურმე იგრძნო, რომ მშობლიური სანაკლიოს ლაჟვარდ ცაზე ლეგა ღრუბლები გამოჩნდა, პალატიდან გამოსულმა სასწრაფოდ ჩამოურეკა კომისიის დანარჩენ წევრებს, საგანგებო მდგომარეობა შეიქნა და დაუყოვნებლივ შტაბში გამოცხადდითო, და იმ სამ წევრთან ერთად, რომლებიც ბოლო ორი დღეა მუდამ თან ახლდა, თვითონაც შტაბს მიაშურა.
ბიძაჩემი იონას ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სანაკლიოს საიუბილეო, მეასიათასე მცხოვრები ნაბიჭვარი გამოდგა, სხდომაზე თურმე გლოვის ზარივით გაისმა. დიდხანს იდგა სამარისებური დუმილი. მერე, როცა პირველმა ელდამ გაიარა, გამოირკვა, რომ იაია ბურძგლა ბევრისთვის ნაცნობი სახელი და გვარი იყო, ხოლო კომიიის ერთი-ორი, შედარებით ახალგაზრდა წევრი, საეჭვოდაც კი შეიშმუშნა და სკამზე მოუსვენრად აწრიალდა.
   მცირე ხნის შემდეგ ბიძაჩემმა იონამ მძიმე, მაგრამ გვერდაუქცეველი კითხვა დასვა - რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო - და კომისიის წევრთა გაუვალი, შეუღწევადი სახეების დანახვაზე მიხვდა, რომ ამ წუთიდან მოყოლებული მის უჯრედებს რაღაც დამატებითი და გაუთვალისწინებელი ტვირთი დააწვებოდა. მაგრამ ეს მომავლის ბუნდოვანი და ყრუ ძახილი იყო, რომელიც უცნობი ბრძოლისთვის მოწოდების შორეულ ზარს ჰგავდა, თორემ, როგორც ბიძაჩემმა იონამ ამიხსნა, როცა კომისიისთვის უკითხავს, რა ვქნათო, მხოლოდ ტაქტისა და სიფრთხილის იმ დოზას გულისხმობდა, რომლითაც ქალაქისთვის ეს მოულოდნელი და სავალალო ვითარება უნდა შეეპარებინათ, და იმ დროს აზრად არ მოსვლია, რომ საქმე შეიძლებოდა ისე დატრიალებულიყო, როგორც დატრიალდა.
   რაკი კომისიამ მის კითხვას პასუხი ვერ გასცა, ბიძაჩემმა იონამ გონივრული წინადადება შეიტანა: ასეთი პიკანტური საკითხები რა ჩვენი საქმეა, ბატონ კაცია გოგიას ვეახლოთ, ის არის კომისიის პატრონი და მთელი ქალაქის ალამდარი და დაე მისმა უზენაესმა გონებამ იმტვრიოს თავიო. კაცია გოგიას ხსენებაზე კომისიამ შვებით ამოისუნთქა. მართლაცდა (ვის არ გამოუცდია!), რამოდენა ლოდი გშორდება კაცს იმის გახსენებაზე, რომ არსებობს ვიღაც, ვისაც შეუძლია შენს მაგივრად იფიქროს და შენს მაგივრად წყვიტოს რთული და საჭოჭმანო საკითხები! კომისია მაშინვე წამოიშალა, მაგრამ მალე ისევ დაჯდა, ვინაიდან მოაგონდა, რომ ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო. კაცია გოგია რვის ნახევარზე დგებოდა. ლოგინიდან ხომ არ წამოაგდებდნენ ამხელა კაცს! საათნახევარი კიდევ ისხდნენ და ბოლოს, როცა კაცია გოგიას ადგომის დრომ მოაწია, ყველანი მისი სასახლისაკენ გაემართნენ.
   კაცია გოგია საუზმეს უჯდა. კომისია რომ შევიდა და საიუბილეო წიაღში წარმოქმნილი საგანგაშო ვითარება აცნობა, ხიზილალიანი პური (კარტოფილი არ უყვარდაო, ამიხსნა ბიძაჩემმა იონამ) თურმე ჰაერში გაშეშებია და წამით დამუნჯებულა (ბიძაჩემი იონა რომ ამ დეტალს მიამბობდა, მე ცნობიერების ნაკადის რთული ასოციაციის მეშვეობით ეგნატე ნინოშვილი მომაგონდა), მერე ყავა რამდენჯერმე ნერვიულად მოუწრუპავს და დაფიქრებულა. ბოლოს ფიქრების შედეგი კომისიისთვის გაუცვნია, კერძოდ, უთქვამს, უმამოდ ბავშვის დაბადება ბნელეთის მოციქულთა მოგონილი ზღაპარია, რომელიც საბოლოო მიზნად მასების მორჩილებაში ყოფნას ისახავსო, გამოცდილება და პრაქტიკა ნათლად გვიჩვენებს, რომ ბავშვი იბადება მხოლოდ მამის დაუღალავი შრომის შედეგადო, ეს, შეიძლება ითქვას, ბუნების გარდაუვალი კანონიაო, ამ შემთხვევაში ეტყობა საქმე გვაქვს არა უმამოდ დაბადებასთან, არამედ პირიქით, მამობის მრავალრიცხოვანი კანდიდატურების ერთობლივ მოღვაწეობასთან, რაც საშუალებას არ გვაძლევს ნამდვილი მამის ვინაობა დავადგინოთო. ამ მცირე თეორიული ექსკურსის შემდეგ უთქვამს, სამშობიარო სახლში წავიდეთ და ყველაფერი ადგილზე გავარკვიოთო. ბიძაჩემ იონას ეჭვი ეპარებოდა, რომ სამშობიარო სახლში იმის გარდა, რაც უკვე გაარკვია, კიდევ შეიძლებოდა რაიმეს გარკვევა, მაგრამ, რაკი სანაკლიოში უფროსები არასოდეს ცდებიან, არ შეპასუხებია. სამაგიეროდ ტელეფონს მიწვდა, ყურმილი აიღო და სამშობიარო სახლის დირექციას კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება წინდახედულად აცნობა. გასვლითი სხდომის გამართვას ვაპირებთ თქვენთანო, უთხრა, სხდომას თვით ბატონი კაცია დაესწრებაო, ამჟამად ბატონი კაცია საუზმეს შეექცევა და, რომ მოათავებს, წამოვალთ, ასე რომ ნახევარ საათში ალბათ უკვე მანდ ვიქნებითო. ბიძაჩემმა იონამ იცოდა, რასაც აკეთებდა. სამშობიარო სახლში წამსვე დაფაცურდნენ, იქაურობა ოპერატიულად დააკრიალეს, პერსონალს ახლადგაუთოებული ხალათები ჩააცვეს, თუ ვინმე მთვრალი იყო, შინ გაუშვეს, მელოგინე ქალები, რომლებიც თავიანთი რიგის მოლოდინში დერეფნის სხვადასხვა კუთხეებში შეკრებილიყვნენ და ერთმანეთს ინტიმურ გამოცდილებას უზიარებდნენ, თავთავიანთ პალატებში შელალეს, შემოსასვლელში საზეიმო წუთებისათვის საგანგებოდ შეძენილი დიდი ნოხი დააგეს, წინა ფასადზე ყოველი შემთხვევისთივს დროშაც გადმოფინეს და ამგვარად საპატიო სტუმრის შესახვედრად სანიმუშოდ მოემზადნენ.
კაცია გოგია მაღალი კაცი იყო და ერთი შეხედვით კაკლის საბერტყ ჭოკს ჩამოგავდა, მაგრამ ადგილზე გარკვევამ უკვე არსებულ ცნობებს ახალი ვერაფერი შემატა. კომისიის საპატიო თავმჯდომარე მელოგინის ანკეტას დიდხანს გულისყურით ჩაჰკირკიტებდა და ისეთი სახე ჰქონდა, ეტყობა, ფიქრობდა. ხანი რომ გამოხდა, თქვა: „მდააა...“ და ისევ გაჩუმდა. კიდევ რომ გამოხდა ხანი, თავი ასწია, კომისიის წევრებსა და გარეშე დამსწრეებს (სამშობიარო სახლის დირექტორი და მთავარი ექიმი) ქორული მზერა, მოავლო, ხელისგული მკაცრად დაჰკრა მაგიდის კიდეს და ხმაში ფოლადი გამოურია: უკანონო ბავშვის მეასიათასე მცხოვრებად დანიშვნას არავინ გვაპატიებსო, თქვა, ვინ მოგვცემს იმის უფლებას, ქალაქის პრესტიჟი შევლახოთო, აქ ხმას დაუწია და უკვე სავსებით წყნარად დააბოლოვა, კომისიის წევრებს ვთხოვ თავიანთი აზრი გამოთქვანო. ეს, ცხადია, რიტუალური ფრაზა იყო და კომისიის წევრებს სინამდვილეში არაფერს ავალდებულებდა, რადგან, იმავე რიტუალის თანახმად, როცა კაცია გოგია საიუბილეო კომისიის (ან სხვა ნებისმიერ) სხდომას ესწრებოდა, მთავარ აზრს ყოველთვის თვითონ გამოთქვამდა, დანარჩენებს მხოლოდ კვერის დაკვრა მართებდათ. მართლაც, მცირე პაუზის შემდეგ, როცა რიტუალურად დარწმუნდა, რომ ხმის ამოღებას არავინ აპირებდა, შემდეგ ფორმულაზე გადავიდა, კეთილი, მაშინ მე დავიწყებო, და დაიწყო. უპრეცედენტო შემთხვევის წინაშე აღმოვჩნდით და, თუ დროზე რამე არ ვიღონეთ, შეიძლება გამოუვალ ჩიხში მოვემწყვდეთო. აქ ცოტა ხანს დაყოვნდა, მერე კომისიის ყველაზე დიდთავა წევრს მიუბრუნდა და რბილად ჰკითხა, ეგება კარგად ვერ დავითვალეთ, ხვიჩა ჩემო, და დაანგარიშებაში შეცდომა მოგვივიდაო, და, როცა ხვიჩამ სასწრაფოდ შეაგება, გამორიცხული არაფერია, გადავათვლევინებ თავიდანო, კმაყოფილმა დაუქნია თავი, გადაათვლევინე, გადაათვლევინეო. ხვიჩამ ბლოკნოტი ამოიღო და დავალება ჩაინიშნა, კაცია გოგია კი ახლა გარეშე დამსწრეებს (სამშობიარო სახლის დირექტორი და მთავარი ექიმი) მიუბრუნდა: „შემდეგი უკვე დაიბადა?“ სამშობიარო სახლის დირექტორმა და მთავარმა ექიმმა მიუგეს: „ახლა იტკიებს მუცელს ერთი მელოგინე“. „ძალიან კარგი“ თქვა კაცია გოგიამ და ისევ ხვიჩას მიმართა, „ან ეგება ამ ხნის განმავლობაში ვინმე ამოეწერა ქალაქიდან და ანგარიშში არ ჩაგვიგდია?“ „კი ბატონო, ეგეც შესაძლებელია. კაცმა რომ თქვას, რა დაუდგებოდა წინ!“, მიუგო ხვიჩამ. მაშინ საუბარში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჩაერია, ქალაქ სანაკლიოში კაცია გოგიას შემდეგ ყველაზე პატივსაცემი პიროვნება. მან თქვა: „იქნებ პირიქით, კი არ ამოეწერა, არამედ ჩაეწერა“, და თავისი აზრი რომ განემარტა, დასძინა, „ხომ არ აჯობებს, კაცია ადამოვიჩ, წინაზე ავიღოთ აქცენტი, რაც არ უნდა იყოს, უკვე დაბადებულია და ფაქტის სახით არსებობს?“ კაცია გოგიამ ერთხანს ჩუმად უყურა თავის მოადგილეს, მერე წყნარად დაუქნია თავი და იკითხა: „მამა ჰყავს?“ სამშობიარო სახლის დირექტორმა ანკეტა მოძებნა, ჩახედა და დაადასტურა: „ჰყავს“. ამით ნასიამოვნებმა მოადგილემ მშვიდობიანი ირონიით ჩაიცინა და შენიშნა: „მთელი სანაკლიო ბუშებად ხომ არ გადავიქცეოდით!“ გამსვლელი სხდომა წესით აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ამ დროს თურმე ბიძაჩემმა იონამ იკითხა: „ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ქალს რა ვუყოთ?“ „რომელ ქალს?“, ვერ გაიგო თავმჯდომარემ. „ნამდვილი მეასიათასის დედას“. კომისიის წევრთა უკმაყოფილო ხმაურში თავმჯდომარეს ასე უთქვამს: „ნამდვილი, იონა ჩემო, ქვეყანაზე არაფერი არ არის. ყველაფერი მეტ-ნაკლებად ნამდვილია და, როცა კორექტივის შეტანა აუცილებელია, აუცილებლად უნდა შევიტანოთ კორექტივი“. „იმ ქალმა იცის, რომ მეასიათასის მშობელია. ჩვენ ხომ ქალაქს ყოველდღიურად ვაწვდიდით ინფორმაციას!“ „ვცდილობდით. არ უნდა გვექნა. მაგრამ არაფერია: შეცდომა, რომელსაც შეუძლია შემდგომ ზრდას შეუწყოს ხელი, საშიში არაა. რაც შეეხება მაგ ქალს, თუ რამე დახმარება სჭირდება, დავეხმაროთ. ხომ გვაქვს საიუბილეო ფონდი! თუ საჭიროა, სულ მაგას მოვახმაროთ. ნურაფერს დავიშურებთ. ბინა სჭირდება, ბინა მივცეთ, ერთდროული დახმარება სჭირდება, ერთდროული დახმარება მივცეთ, სამსახური სჭირდება, სამსახური მივცეთ. თუ ჭეშმარიტი პატრიოტია, არც თვითონ ესიამოვნება, რომ ქალაქს მორალური ლაქა მოეცხოს. სხვათა შორის, ეს კარგი გამახსენე, იონა ჩემო!“, აქ კომისიას მიუბრუნდა, „იმ ქალთან ფაქიზი და ტაქტიანი მოლაპარაკებაა საჭირო. წინადადება შემომაქვს, ეს მოლაპარაკება დაევალოს ამხანაგ იონა კამკამიძეს. ვინ არის მომხრე?“
   რაღა თქმა უნდა, თავიც კი არავის შეუკავებია და ბიძაჩემ იონას კიდევ ერთხელ ჩააცვეს თეთრი ხალათი და კიდევ ერთხელ დაახურეს თეთრი ქუდი.
ბიძაჩემ იონას კაცია გოგიას წინადადება თავდაპირველად სავსებით მისაღებად და დამაკმაყოფილებლად უცვნია და შუამავლობაც სიამოვნებით უკისრია, რადგან, მისი აზრით მთავარი ეკონომიური სარგებლობა იყო, თორემ მეასიათასის სახელი და წუწუნავას გამოჩორკნილი მედალი ვის რა ჭირად უნდოდა. მაგრამ ამ გონივრულ ვარაუდს იუბილარის დედამ მალე უკომპრომისობის მღვრიე წყალი შეუყენა.
   ბიძაჩემი იონა პალატაში შესული რომ დაინახა, თავიდან ალერსიანად გაუღიმა თურმე, როგორც ძველსა და კარგ ნაცნობს. ბიძაჩემი სკამზე ჩამომჯდარა და ზერელე, ქარაფშუტული მუსაიფი გაუბამს, ქალებს რომ უყვართ და შეეფერებათ, ისეთი. ცხადია, ამ გარეგნულად არხეინ საუბარს თავისი მიზანდასახულობა ჰქონდა, კერძოდ, თავიდან ბოლომდე ისეთი ფარული ლაიტმოტივი გასდევდა, რომელიც ქალის ქონებრივი ცენზის დადგენას ისახავდა მიზნად. მართლაც, ჩემს მზაკვარ ბიძას მალე დაუსკვნია, რომ იუბილარ დედას, თუ მცირეოდენ სულიერ კაპიტალს არ ჩავთვლით, სხვა არა ებადა რა, და ძალიანაც გახარებია, რადგან კარგად ესმოდა, რომ, რაც უფრო ღარიბი აღმოჩნდებოდა პატარა კაციას დედა, მით უფრო იოლი იქნებოდა მასთან მოლაპარაკება. ბოლოს, საუბარში რომ აიყოლია, ნელ-ნელა შეაპარა თურმე, საიუბილეო ანგარიშში, ეტყობა, შეცდომაა დაშვებულიო. ეს მოსაზრება რომ უფრო დამაჯერებელი და საშიში გაეხადა, დაუმატა, ვისაც დაანგარიშება ევალებოდა, კვადრატული ფესვი სწორად ვერ ამოუღია, რადგან ნიუტონის ბინომში რიცხობრივი მონაცემები მთლად სიმეტრიულად არ ყოფილა განლაგებულიო, ახლა თავიდან ანგარიშობენ და ვეჭვ, საიუბილეო ციფრი კვლავ თქვენზე მოვიდესო. ამის გაგონებაზე იაია ბურძგლას მსუბუქი და რბილი გამომეტყველება ერთბაშად წაშლია და უეცრად თურმე, როგორც გაჭრილი ვაშლი, ისე დამსგავსებია მიქელანჯელოს ქალს, რომელსაც ბავშვი აუტატებია და, თუმც კი იმედი აღარა აქვს, მაინც ცდილობს წარღვნას როგორმე თავი დააღწიოს. მერე თვალი თვალში გაუყრია ბიძაჩემი იონასთვის და უთქვამს, ბინომები და დებილები თქვენსკენ მოიკითხეთ, იცოდეთ, მე ცოცხალი თავით არაფერს დავთმობო. მაშინ ბიძაჩემი იონა მთავარ კოზირს ჩასულა: ბინაო, შეპირებია, ერთდროული დახმარებაო, სამსახურიო. თავისი ინიციატივით ისიც დაუმატებია, სხვა რაიმე ეკონომიკური პრეტენზია თუ გაქვთ, არ მოგერიდოთ, მითხარით და ყველაფერს მოგიგვარებთო. იაია ბურძგლამ უყურა თურმე ამ ბიძაჩემ იონას, უყურა და ბოლოს ჰკითხა, თქვენ იონა კამკამიძე არა ხართო? ბიძაჩემ იონას ერთი კი გაკვირვებია, მერე გულში კმაყოფილებით გაუვლია, მღვდელი ჭილოფში იცნობაო, და უღიარებია, დიახ, ქალბატონო, იონა კამკამიძე გახლავართო. მერე არა გრცხვენიათო, ქალს უთქვამს, ვის აყოლიხართ ამხელა კაცი, რომ აყოლიხართო, მაგათი ანგარიში მე კარგად ვიცი, მაგრამ მე თქვენს ანგარიშს ვენდობოდიო, თქვენ არ იყავით, გაზეთებში რომ ცნობებს ბეჭდავდითო?! მე თქვენი ანგარიშის კვალობაზე ვანგარიშობდი და თქვენი იმედით ვიმშობიარე დღეს, თორემ მაგათი შემყურე ასე როგორ გავიწამებდი თავს და ამ ჯოჯოხეთურ ტკივილებს ორი დღე როგორ მოვითმენდი, გუშინწინვე ვიმშობიარებდიო. იცით თქვენ, რას ნიშნავს დაწყებული მშობიარობის შეკავებაო? არ იცითო. არ იცით და ღმერთმა ნურც გამოგაცდევინოთო! რას ვიფიქრებდი, თქვენც თუ მაგათი ჯიშის გამოდგებოდითო!.. რა ხანია ბავშვის გაჩენა მინდა და ვერ გამიბედავს, სულ იმას ვფიქრობ, რომ გავაჩინო, რითი გავზარდო-მეთქი! ამ იუბილის იმედით, როგორც იქნა, გავბედე და ახლა მეუბნებით, ვერ დაიანგარიშესო?!. აკი ყოველგვარ ეკონომიურ შემწეობას გპირდებიანო, ბიძაჩემს უთქვამს, და რა აუცილებელია საიუბილეოც იყოსო. ამაზე იაია კიდევ უფრო გაწიწმატებულა: რაც ჩემს კაციას ერგება, ენაცვალოს დედა, ფრჩხილის ოდენას არაფერს დავთმობო, ცხარედ მიუგია, თქვენი ეკონომია თქვენთვის შეინახეთ, თქვე ქურდებო და მამაძაღლებოო, რა შავ ქვად მინდა ან სახლი, ან სამსახური, შვილს თუ სირცხვილით თვალი ვეღარ გავუსწორეო! რა ვუთხრა, რომ გაიზრდება და მკითხავს, დედი, დედი, რატომ მე არა ვარ მეასიათასეო? ვუთხრა, შენი მეასიათასეობა, შვილო, ბინაში და სამსახურში გავცვალე-მეთქი? ჰა, ვუთხრა? ამას მირჩევთ ხომ? შვილის ბედით ვივაჭრო ხომ?...
აქ ორი უცნაური და არაბუნებრივი რამ მომხდარა: „ერთი - იაია ბურძგლას უეცრად ტირილი ავარდნია, და მეორე - ბიძაჩემ იონას გული ასჩუყებია. აქვითინებული ქალი რომ სიტყვით ვერ დაუშოშმინებია, უკიდურესი ზომისთვის მიუმართავს: ლოგინის კიდეზე უღონოდ და უსასოოდ ჩამოდებულ მის ხელს თურმე ზემოდან თავისი ხელი დაადო და, რაც შეეძლო, ნაზად და ალერსიანად მოეფერა. იაია ბურძგლას ამაზე ჯერ შეუწყვეტია ტირილი, მერე ისევ განუახლებია და მერე ისევ შეუწყვეტია. ბოლოს ცრემლი მოიწმინდა თურმე და უკვე მშრალად მოჰყვა ზლუქუნს, ეს რა დრო დაგვიდგა, ერთი კაცი აღარ დარჩა ამოდენა სანაკლიოში, რომ საწყალ უმამო ბავშვს დამცველად დაუდგეს და სამართალი გაუჩინოსო.
სწორედ ამ დროს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა ბიძაჩემი იონას ორ ბუნებას შორის ერთ-ერთის გამარჯვებით დასრულებულა და ბიძაჩემი იონა ღალატის მოლიპულ გზას დაადგა. უღალატა თანამდებობას, უღალატა კომისიას, უღალატა მოვალეობას, უღალატა სინდისს, უღალატა მთელს სანაკლიოს, უღალატა ოთხმოცდაცხრამეტი ათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტ ადამიანს და სული ეშმაკს მიჰყიდა. როდესაც თავისი ამ უსინდისო ღალატის ამბავს მიყვებოდა, სახეზე ნეტარება ეწერა და კილოც ნეტარი ჰქონდა. ო, ეს საკვირველი რამ განცდააო, მარწმუნებდა, ახლაც კი ტანში ჟრუანტელი მივლის იმის გახსენებაზე, თუ როგორ მევსებოდა სული და როგორ მემუხტებოდა სხეული ბასრი და დიადი ღალატითო, თვალნათლივ ვხედავდი, როგორ ინაცვლებდნენ ადგილს პრინციპები, შეხედულებები, დამოკიდებულებები, სიმპათიები და ანტიპათიები, როგორ ლაგდებოდა ყველაფერი და როგორ ნათდებოდა სამყაროო. ვისაც ღალატი არ გამოუცდია, იმან არ დაიტრაბახოს, სისხლსავსე ცხოვრებით ვიცხოვრეო... ერთი სიტყვით, ბიძაჩემი იონა მაღალფარდოვნად და პათეტიკურად (ცოტა მეტი მომივიდაო, გამომიტყდა) დაჰპირებია იაია ბურძგლას, თუ ვყოფილვარ იონა კამკამიძე, თქვენ და თქვენს ვაჟიშვილს არავის დავაჩაგვრინებო, სრული ძალით აუმოქმედებია თავისი თოთხმეტი მილიარდი (ან უფრო რეალური რაოდენობის) უჯრედი და იმ წამიდან ფარული და, როგორც ქვემოთ ნახავთ, გვარიანად მზაკვრული ომი გაუჩაღებია საკუთარი კომისიის წინააღმდეგ.
უპირველეს ყოვლისა, კაცია გოგია და მთელი კომისია დაურწმუნებია, ყველაფერი რიგზეა, ქალი ჩვენს პირობებზე დავითანხმეო, მერე კი, კომისია რომ კმაყოფილი და დამშვიდებული გაუსტუმრებია, ის ექიმი მოუნახულებია, რომელმაც იაია ბურძგლა მოარჩინა. როგორც მითხრა, ამ ექიმის შესახებ უკვე შეგროვილი ჰქონდა საჭირო ცნობები, კერძოდ, იცოდა, რომ იგი, გარდა იმისა, რომ, საზოგადოდ, თოთხმეტმარცვლიანი თეთრი ლექსით მეტყველებდა, ამავე დროს ადგილობრივი კედლის გაზეთის „მელოგინის ხმის“ რედაქტორი იყო, თვითონ წერდა, თვითონ ხატავდა და, რომ მოათავებდა, თვითონ ჰკიდებდა დერეფანში თვალსაჩინო ადგილას, და ამას ყველაფერს ხალისითა და ენთუზიაზმით აკეთებდა, რადგან აგერ უკვე მეხუთე წელი იყო ამ გაზეთში გაგრძელებებით აქვეყნებდა თავის ორიათასსტრიქონიან პოემას, რომელიც მხატვრული კუთხით აშუქებდა აბორტის პრობლემებს. ბიძაჩემ იონას კედლის გაზეთის რედაქტორისთვის კომისიის სახელით შეუხსენებია, რომ საჭირო იყო საგანგებო ნომრის გამოშვება მეასიათასის დაბადებასთან დაკავშირებით, ესკიზი თვითონვე შეუდგენია, გამოსაქვეყნებელი მასალის შინაარსი ჩამოუყალიბებია და შეუპირებია, რომ საღამოსთვის გაზეთი მზად იქნებოდა (საღამოს ცხრა საათზე გაზეთი მართლაც უკვე დერეფანში ეკიდა. გაზეთში გამოქვეყნებული იყო ერთი მეთაური სტატია იდეოლოგიური მუშაობის შემდგომი გაძლიერების აუცილებლობის შესახებ, ერთი რიტმული პროზით დაწერილი წერილი სათაურით „მშობლიურ სანაკლიოს იამზე ბურძგლასაგან!“, ერთი ლირიკული ლექსი ამავე თემაზე, კიდევ ერთი წერილი, სადაც ავტორი ოდას უძღვნიდა ექიმს, რომელმაც იუბილარის დედა მოალოგინა, მარჯვენას ულოცავდა და უსურვებდა მეორასიათასეც მისი მეოხებით გაჩენილიყო, გარდა ამისა, ქვეყნდებოდა პოემის ოცდამეთხუთმეტე თავის დასაწყისი და პატარა იუმორესკა ხალხური ზღაპრის სტილში იმის შესახებ, თუ რა მძიმე და ეკლიანი გზა გამოიარა პატარა კაციამ, რა დაბრკოლებები გადალახა, როგორ აჯობა ჭკუით, ხერხითა და ვაჟკაცობით ნაირ-ნაირ დევებს, გველეშაპებსა და კუდიან დედაბერს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის მეასიათასეობა მოეტაცნათ და თავად მიეთვისებინათ. ბოლოში დახატული იყო საფოსტო ყუთი წარწერით „მოგვაწოდეთ წერილები!“. პრესა სანაკლიოშიც კი დიდი ძალაა და თუმცა კედლის გაზეთი ვერაფერი პრესაა, ბიძაჩემმა იონამ იცოდა, რომ, როცა ცოდვა-მადლი სასწორის პინებზე დალაგდებოდა და ყოველ მისხალს გადამწყვეტი მნიშვნელობა მიეცემოდა, იდეოლოგიური ბრძოლის ისეთ ჟანგმოდებულ იარაღსაც კი, როგორიცაა კედლის გაზეთი, შეიძლებოდა ძალიან დიდი როლი ეთამაშა.
   კედლის გაზეთის საქმე რომ მოუთავებია, წასულა და „საღამოს სანაკლიოს“ კორესპონდენტს სწვევია შინ, რათა ბრძოლაში ნამდვილი პრესაც ჩაება. სუფრას რომ მისხდომიან (სუფრა იმ დღეს სანაკლიოს უკლებლივ ყველა ოჯახში იყო გაშლილი), უთქვამს, საკვირველია პირდაპირ, ამ ხნის კაცი სანამ უნდა ტკეპნიდე ერთ ადგილს, ლიტმუშაკად ხომ არ გინდა მოკვდე, აღარ არის დრო, განყოფილების გამგე გახდე, რედაქტორის მოადგილე გახდე და ეს დახავსებული „საღამოს სანაკლიო“ ჭაობიდან ამოათრიოო, თუ სხვაზე ნაკლები ხარო? ეეჰ, ჩემო იონაო, კორესპონდენტს უპასუხნია, ნაკლები კი არა, მე რომ ჩვენს განყოფილების გამგეებს და რედაქტორს ვუყურებ, ჩემი ფეხის ფრჩხილად არ ღირს არც ერთი, მაგრამ რა გინდა ქნა, პატრონი უნდა გყავდეს კაცსო. კარგი, კარგი, მოვეშვათ ამასო, ბანზე აუგდია სიტყვა ჩემს ცბიერ ბიძას და საუბარი სხვა საგანზე გადაუტანია, რადგან ეჭვი არ ეპარებოდა, რომ საღერღელაშლილი კორესპონდენტი ახლა თვითონ აღარ გაჩერდებოდა. მართლაც არ გაჩერებულა. მაშინ ბიძაჩემ იონას ხმადაბლა, საიდუმლო კილოთი უთქვამს, შენი პირადი პატივისცემა, ჩემო იმანო, თორემ რა მრჯისო, რაც არის, არის, იუბილარის დედის სახელსა და გვარს გეტყვი და შენს ინფორმაციაში შეიტანე, ოღონდ არ გამთქვა, თორემ „სანაკლიოს დილაში“ სულ ჩემი ახლობელი ხალხი მუშაობს და სამუდამოდ დამკარგავენო. „საღამოს სანაკლიოს“ კორესპონდენტი ფიცით შეჰპირებია, არ გაგთვქამო.
   და იმ საღამოს სანაკლიოს საგაზეთო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდა: დილისა და საღამოს გაზეთები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა. კერძოდ, ინფორმაციაში, რომელიც მეასიათასე მოქალაქის დაბადებას იუწყებოდა, დილის გაზეთის ბოლო ფრაზა იყო: „პატარა კაცია და მისი ბედნიერი დედიკო თავს ჩინებულად გრძნობენ“, ხოლო საღამოს გაზეთისა: „პატარა კაცია და მისი ბედნიერი დედიკო - იამზე (ანუ როგორც ახლობლები ეძახიან, იაია) ბურძგლა - თავს ჩინებულად გრძნობენ“.
   „საღამოს სანაკლიოს“ მოხუც კორესპონდენტს სიტყვა არ გაუტეხია, ბიძაჩემი იონას საეჭვო ნამუსი ვაჟკაცურად შეუნახავს და დაკითხვაზე, რომელიც კაცია გოგიას კაბინეტში მიმდინარეობდა ბიძაჩემისა და კომისიის რამდენიმე სხვა წევრის თანდასწრებით, ინფორმაციის წყარო არ დაუსახელებია. თუმცა, უნდა ითქვას, მაინცდამაინც არც ვინმეს ძალა დაუტანებია, რადგან ამ მძიმე ვითარებაში კაცია გოგიას დამნაშავის დასჯა იმდენად არ აინტერესებდა, რამდენადაც დაშვებული შეცდომის გამოსწორება. ეს საქმე კი, როგორც სანდო და ნაცად კაცს, კვლავ ბიძაჩემ იონას მიანდო. ბიძაჩემი იონა ღრმად და ყასიდად დაფიქრებულა და ასეთი გეგმა შეუთავაზებია: როდესაც ახალ მეასიათასეს შევარჩევთ, ცნობა ისე გამოვაქვეყნოთ, რომ დედის სახელსა და გვარს ბუნებრივად და ტაქტიანად ავუაროთ გვერდი. მეტიც: პირველ ხანებში ჯობს მამაც კი არ მოვიხსენიოთ სახელით და როგორმე მარტო გვარით გავიდეთ ფონს, მაგალითად, „დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს გოგიების - სიტყვაზე ვამბობ - ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა...“ ამით მკითხველის მეხსიერებიდან ნელ-ნელა ამოვძირკვავთ იამზე ბურძგლასო, მერე და მერე, როცა ამის შესაძლებლობას დავინახავთ, ახალ სახელსა და გვარსაც შევაპარებთო. კაცია გოგიას გეგმა მოუწონებია, მადლობის ნიშნად ბიძაჩემი იონასთვის მხურვალედ ჩამოურთმევია ხელი და (მე არა მჯერა და თქვენ როგორც გენებოთ) თვალზე ცრემლი მოსდგომია.
სანამ კაბინეტიდან გამოვიდოდა, ბიძაჩემმა კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი შეუთანხმა კაცია გოგიას: პრობლემა ფრიად და ფრიად დელიკატურია და ყველა მოსალოდნელი გართულების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელია, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია, ყოველი შემთხვევისათვის, ცნობა ერთი მოქალაქის ამოწერის ან ერთი მოქალაქის ჩაწერის შესახებ (ჯერ არ ვიცით, რომელი ვარიანტი გამოგვადგება) ოფიციალურად გაიცესო. კაცია გოგიას იქვე დაურეკავს დიდთავა ხვიჩასთვის და წინადადება მიუცია, კომისიის მდივნის ყველა მოთხოვნა უყოყმანოდ შეასრულეო.
   ამასობაში ქალაქში ზეიმი დაიწყო. მართალია, ტახტი ჯერ კიდევ ცარიელი იყო, მაგრამ ქალაქი გაზეთის ცნობას დაეყრდნო და, როგორც დავალებული ჰქონდა, ზეიმს შეუდგა. წარმატებით ჩატარდა (მე თვითონ დავესწარი) კონფერენცია „დედა, მამა და შვილი - პრობლემის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტი“, გაიმართა სახელდახელო მიტინგი სამშობიარო სახლის წინ, საბავშვო ბაგა-ბაღებში გაისმა ტაშ-ფანდურის ხალისიანი ხმები. მართალია, შესაბამისმა ორგანოებმა შესაბამის ორგანიზაციებს ფრთხილად და ტაქტიანად ურჩიეს ჯერჯერობით თავი შეეკავებინათ, მაგრამ თეორიული კონფერენციისა და მიტინგის მონაწილეთა დროული გაფრთხილება ვერ მოხერხდა, ხოლო ბაგა-ბაღებში ეს გაფრთხილება, უბრალოდ, ყურად არ იღეს, რადგან აღმზრდელ პედაგოგებს, რომლებმაც ღამეები ათენეს და ტვინი ანთხიეს ლიტერატურულ-მუსიკალურ მონტაჟებზე, ბუნებრივია, ეშინოდათ ამდენი შრომა წყალში არ გადაჰყროდათ.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში ბიძაჩემი იონა სახლში არ გამოჩენილა, ამიტომ მთელი ოჯახი, შეიძლება ითქვას, ბნელში ვისხედით და წარმოდგენა არ გვქონდა, რა ოინებს ატრიალებდა. ამ ამბებზე არც შემდგომში ლაპარაკობდა ჩვეული ენთუზიაზმით და, როდესაც თავისი თავგადასავლის კულმინაციურ და უაღრესად დრამატულ ეტაპს ეხებოდა (ჩემთან, თორემ სხვებთან ამ თემაზე საერთოდ არ ლაპარაკობდა), ყოველთვის უემოციო იყო, ინდიფერენტული, და ყოველთვის მოკლედ და შედარებით მშრალად, უმთავრესად ფაქტების ენით ყვებოდა.
   ფაქტები კი (ის, რაც პრესის საშუალებით გავიგე, და ის, რაც ბიძაჩემისგან ვიცი) ასეთი იყო: იმ დღეს, კაცია გოგიას რომ გამოეთხოვა, ჯერ სამშობიარო სახლში წასულა, კედლის გაზეთი ყურადღებით წაუკითხავს და კმაყოფილი დარჩენილა, მერე იაია ბურძგლა მოუნახულებია, „საღამოს სანაკლიო“ უჩვენებია და გაუხარებია, ოღონდ იქვე აუხსნია, ეს მხოლოდ დასაწყისია, მთავარი ბრძოლა წინა გვაქვსო. იქიდან დიდთავა ხვიჩას დაწესებულებას სწვევია და აღმოუჩენია, რომ ზოგჯერ (ცხადია, მხოლოდ წვრილმანებში) ბედი სწყალობდა: საოცარია, მაგრამ იმ დღეებში ერთი კაცი მართლა ამოწერილა ქალაქ სანაკლიოდან და ერთი კაცი მართლა ჩაწერილა, რის გამოც ხვიჩას დაწესებულებას ორივე ცნობა უმტკივნეულოდ, უხინჯოდ და დამშვიდებული სინდისით გაუცია. ხვიჩასგან წამოსული ისევ სამშობიარო სახლში დაბრუნებულა და სავარაუდო კანდიდატურები შეუმოწმებია. იაია ბურძგლას წინ უმშობიარია (ეს ბიძაჩემმა ადრევე იცოდა), ქალს, რომელსაც უშვია კანდიდატი გვარად შამოევი, იაია ბურძგლას შემდეგ (ცამეტი, საღამოს) უმშობიარია ქალს, რომელსაც უშვია კანდიდატი გვარად მეფისაშვილი. ორივე კანდიდატს თითო მამა ჰყავდა და ორივე მშვენიერი ოჯახიშვილი იყო. ბიძაჩემ იონას კანდიდატების მისამართი ამოუწერია და ორივეს ოჯახი მოუნახულებია (რა გააკეთა იქ, არ უთქვამს). შემდგომ ამისა რედაქციები ჩამოუვლია და კორესპონდენტები მოუმზადებია (მოვამზადეო, ასე მითხრა და, როცა დავინტერესდი, თუ რა ხასიათისა იყო ეს მომზადება, სიტყვა ბანზე ამიგდო). იქიდან კაცია გოგიას ხლებია და მოუხსენებია, ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებაო.

   მერე კომისიის სხდომა მოუწვევია, მთავარი იუბილის დღე დაუნიშნავს (16 მაისი), მოსაწვევი ბარათის ტექსტი საკუთარი ხელით შეუდგენია (ხომ იცი, წერა-კითხვა ჩვენში რა პრობლემააო, მითხრა) და ერთ-ერთი ასისტენტის ხელით სტამბაში გაუგზავნია, მერე ეტლის, ცხენების, ყვავილების, ჩოხების და სხვა აქსესუარების შოვნის თადარიგს შედგომია და მთელი დღე ამაზე ურბენია. მეორე დილით, როდესაც კაცია გოგიას „სანაკლიოს დილაში“ წაუკითხავს: „სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს
დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს შამოევების ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა. დიახ, დიახ, ძვირფასო მკითხველო, სწორად მიმიხვდი: ქალაქ სანაკლიოს სტუმართმოყვარე კარიბჭე ომახიანი ძახილით შემოაღო მეასიათასე მცხოვრებმა. ვისწრაფი გაცნობო, რომ მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა, მელოგინეცა და ახალშობილიც თავს ჩინებულად გრძნობენ. ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, პატარა კაცია ალბათ ფუნჩულა ტუჩებით ჩაფრენია დედის ძუძუს“, მადიანად უსაუზმია, მაგრამ საღამოს, როცა „საღამოს სანაკლიოში“ წაუკითხავს: სანაკლიო ეგებება თავის მეასიათასე შვილს
დიდი ხნის ნანატრმა ბედნიერებამ ერთხანს ზღაპრული ფრინველივით იტრიალა სანაკლიოს მოწმენდილ ცაზე და ბოლოს მეფისაშვილების ტკბილ ოჯახში დაიდო ბინა. დიახ, ძვირფასო მკითხველო, სწორად მიმიხვდი: ქალაქ სანაკლიოს სტუმართმოყვარე კარიბჭე ომახიანი ძახილით შემოაღო მეასიათასე მცხოვრებმა. ვიჩქარი გაცნობო, რომ მშობიარობამ წარმატებით ჩაიარა. მელოგინეცა და ახალშობილიც თავს ჩინებულად გრძნობენ. ახლა, როცა ეს სტრიქონები იწერება, პატარა ვანდა ალბათ ფუნჩულა ტუჩებით ჩაფრენია დედის ძუძუს“, მადა დაკარგვია და პირში ლუკმა არ ჩასვლია.
ხოლო ერთი საათის შემდეგ თავის მშვენიერ კაბინეტში დაუნდობლად ურახუნებდა მუშტებს მუხის მყარ, გამძლე, მრავლისმნახველ მაგიდას და მტყუანსა და მართალს განურჩევლად აძრობდა ტყავს. ასეთ დაძაბულ ვითარებაში ბიძაჩემ იონას თურმე დამსწრეთა განსაცვიფრებლად სიტყვა შუა ლანძღვაზე შეუწყვეტინებია და მთელი დანაშაული მარტო თვითონ უტვირთია. სხვას რას ემართლებით ყველაფერი ჩემი ბრალია და, თუ დასჯაა, მე ერთი უნდა დავისაჯოო, უთქვამს, მერე რა, რომ თავის მოსაფხანი დრო არ მქონდა, მაინც ბოლომდე უნდა მივყოლოდი და ბოლომდე უნდა შემემოწმებინა, ხომ ვიცოდი, რა ვირებთან და ყეყეჩებთან მქონდა საქმეო, მაგრამ სასჯელი სად გაიქცევა, სასჯელს მერეც მოვესწრები, ახლა მაგისთვის არა მცალია, ახლა მთავარია წამხდარ საქმეს როგორმე დროზე ვუშველოო.
და უშველა. რა ქნა ასეთი, არ ვიცი (რაც საჭირო იყო, ის ვქენიო, მშრალად მიპასუხა, როცა დეტალებით დავინტერესდი, და მეტი ამ ეპიზოდზე კრინტი ვეღარ დავაძვრევინე), მაგრამ ფაქტია, რომ მეორე დღეს გაზეთებმა გასწორება დაბეჭდეს.

*გაგრძელება*

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, ქარჩხაძე

ნახვა: 1140

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters