ლევ ტოლსტოი - ივან ილიჩის სიკვდილი

დასაწყისი


ასე გაიარა ორმა თვემ. ახალი წლის წინ ქალაქში მისი ქვისლი ჩამოვიდა და მათ სახლში დაბინავდა. ივან ილიჩი ამ დროს სამსახურში იყო, პრასკოვია ფეოდოროვნა კი საყიდლებზე გახლდათ წასული. შინ რომ მოვიდა ივან ილიჩი, თავის კაბინეტში შესულს იქ ქვისლი დახვდა – ახოვანი, ჯანღონით სავსე სანგვინიკი. ამ დროს ის ჩემოდანს ხსნიდა, რომ უცებ თავი ასწია, ივან ილიჩს შეხედა, წამით იყუჩა და მისმა ამ შეხედვამ, მისმა ამ გაოცებულმა მზერამ ივან ილიჩისათვის ყველაფერი ნათელი გახადა.
– რა იყო, ძალიან შევიცვალე?
– ჰო... არის რაღაც ცვლილება.
მისი ამ სიტყვების შემდეგ ივან ილიჩმა თავის გარეგნობაზე საუბარი რამდენჯერაც არ წამოიწყო, ქვისლმა წაუყრუა, საუბარში არ აჰყვა. მალე პრასკოვია ფეოდოროვნაც მოვიდა და ქვისლი მასთან შესახვედრად რომ გავიდა, ივან ილიჩმა კარი მაშინვე ჩაკეტა, სარკეში რამდენჯერმე ჩაიხედა, ჯერ წინიდან შეათვალიერა თავი, მერე გვერდიდან, მერე ცოლთან ერთად გადაღებული სურათი აიღო და სარკეში დანახულ თავის თავს შეადარა. ცვლილება მართლაც უზარმაზარი იყო. ახლა მკლავები გაიშიშვლა იდაყვებამდე, დაიხედა მკლავებზე, სახელოები ისევ ჩამოიწია, ატამანზე დაჯდა და სახე ღამესავით ჩაუშავდა.
«არა, არ შეიძლება, საჭირო არ არის, არ არის საჭირო...» – უთხრა საკუთარ თავს, წამოხტა,
მაგიდასთან მივიდა, საქმიანი ქაღალდები გაშალა, კითხვა დაიწყო, მაგრამ ვეღარ გააგრძელა, კარი გააღო და ზალაში გავიდა. სასტუმრო ოთახის კარი მოხურული იყო. კართან ფეხაკრეფით მივიდა და მიაყურა.
– ტყუილია, ასე არ არის, აჭარბებ, – ამბობდა პრასკოვია ფეოდოროვნა.
– როგორ თუ ვაჭარბებ?! შენ უბრალოდ ვერ ატყობ, მკვდარივითაა, შეხედე, თვალები როგორი ჩამქრალი აქვს. მაინც რა მოუვიდა, რა სჭირს?
– არ ვიცი... ნიკოლაევმა (ეს მეორე ექიმი იყო) რაღაც თქვა, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ლეშჩეტიცკიმაც რაღაც სრულიად საპირისპირო ილაპარაკა...
ივან ილიჩი გატრიალდა, ისევ თავის ოთახში შევიდა, დაწვა და ფიქრს მიეცა... «თირკმელი... მოხეტიალე თირკმელი...» – გაახსენდა ყველაფერი, რასაც ექიმები ამბობდნენ – ის, თუ როგორ მოსწყდა თირკმელი ადგილს და როგორ მოგზაურობს... მერე წარმოსახვა დაძაბა, შეეცადა შეეჩერებინა, დაემაგრებინა თავის ადგილას და – თურმე რა ცოტა რამ ყოფილა ამისთვის საჭიროო – გაიფიქრა... – არა, ისევ პეტრე ივანოვიჩთან წავალ, ახლავე, დიახ, ახლავე (პეტრე ივანოვიჩი მისი ის მეგობარი იყო, რომელსაც ექიმი მეგობარი ჰყავდა)! – თქვა და იმავე წუთს დარეკა, ცხენი შეკაზმეთო, ბრძანა, წასასვლელად მოემზადა.
– Jean, სად მიდიხარ? – ჰკითხა ცოლმა. ახლა მას ძალიან სევდიანი და მისთვის სრულიად უჩვეულო კეთილი გამომეტყველება ჰქონდა.
ივან ილიჩი გააღიზიანა მისმა ამ კეთილმა გამომეტყველებამ, შუბლშეკრულმა კუშტად შეხედა და უთხრა:
– პეტრე ივანოვიჩთან!..
მართლაც, წავიდა თავის იმ მეგობართან, ვისაც ექიმი მეგობარი ჰყავდა და ორივემ იმ მეგობრის მეგობრისკენ გასწია... ექიმი სახლში დახვდათ – ივან ილიჩი ექიმს დიდხანს ესაუბრა.
როცა დაწვრილებით გაარჩიეს ის ფიზიკური და ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ექიმის აზრით, მის ორგანიზმში ხდებოდა, ივან ილიჩი ყველაფერს მიხვდა:
«ესე იგი, ნაწლავში რაღაც ოინია, რაღაც პატარა ეშმაკობა, რასაც ადვილად ეშველება, ოღონდ ამისთვის საჭიროა ერთის ენერგიის გაძლიერება, ხოლო მეორის – მოქმედების შესუსტება, რის შემდეგაც მოხდება გაწოვა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება...» სადილად ივან ილიჩმა სახლში ცოტა დაიგვიანა, ისადილა, მხიარულად ისაუბრა და ვიდრე კაბინეტში სამუშაოდ გავიდოდა, იქ კარგა ხანს შეყოვნდა. ბოლოს შევიდა თავის სამუშაო ოთახში და საქმეებს მიუჯდა. კითხულობდა, არჩევდა წაკითხულს, მაგრამ ის მეტად მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც გადადებული ჰქონდა, გონებიდან არ ამოსდიოდა და დაამთავრებდა თუ არა ამ საქმეს, მაშინვე იმას მიუბრუნდებოდა. მერე გაახსენდა, რომ ეს «მეტად მნიშვნელოვანი საქმე» ბრმა ნაწლავი იყო. მაგრამ, ამაზე ფიქრი აღარ გაუგრძელებია და ჩაის დასალევად სასტუმრო ოთახში გავიდა. სასტუმრო ოთახში სტუმრები დახვდნენ, სტუმრებს შორის ახალგაზრდა მოსამართლეც იყო – მისი ქალიშვილის საქმრო... ლაპარაკობდნენ, ფორტეპიანოზე უკრავდნენ,
მღეროდნენ და როგორც პრასკოვია ფეოდოროვნამ შენიშნა, ივან ილიჩმა ის საღამო სხვებზე მხიარულად გაატარა, თუმცა წუთითაც არ დავიწყებია, რომ ბრმა ნაწლავის შესახებ თავში მეტად მნიშვნელოვანი აზრები უტრიალებდა. თერთმეტი საათი რომ გახდა, ყველას გამოემშვიდობა, კაბინეტის გვერდითა პატარა ოთახში შევიდა, სადაც მთელი მისი ამ ავადმყოფობის განმავლობაში მარტოს დღეს პირველად უნდა სძინებოდა. შევიდა, გაიხადა, ზოლას რომანი აიღო, მაგრამ კითხვას გული ვერ დაუდო და ფიქრი ისევ თავისი ავადმყოფობისაკენ გაექცა – მის წარმოსახვაში ხდებოდა მისთვის მეტად სასურველი რამ: ბრმა ნაწლავი თავის ნორმალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა... «დიახ, ყველაფერი ასეა, მაგრამ საკუთარ თავს უნდა მიეხმარო, უნდა მიეხმარო ბუნებას, – უთხრა თავის თავს, უცებ წამალი გაახსენდა, წამოდგა, დალია, პირაღმა დაწვა და დააკვირდა, როგორ იმოქმედებდა ის, როგორ გააქრობდა, გაანადგურებდა მის ტკივილს – მთავარია, დროზე მივიღო წამალი, უსიამოვნებას მოვერიდო... თავს ახლა ცოტა უკეთესად ვგრძნობ, არა, გაცილებით უკეთესად...» ამის გაფიქრებაზე ფერდში რამდენჯერმე იჩქმიტა, მაგრამ არ სტკენია: «არა, ტკივილს ნამდვილად არ ვგრძნობ, უკეთესად ვარ, ჩემი ბრმა ნაწლავი რჩება, შეიწოვება...» და აი, უცებ ისევ ის ყრუ, ნაცნობი, მოუშუშებელი ტკივილი, პირშიც ისევ ის აუტანელი გემო და გული ისევ მტკივნეულად შეეკუმშა, – «ღმერთო, ღმერთო ჩემო! – ჩაილაპარაკა ჩუმად, თავისთვის, – მტკივა, ალბათ სულ ასე მეტკიება, არასოდეს გამივლის». უცებ საქმე სხვაგვარად წარმოუდგა: «ბრმა ნაწლავი... თირკმელი... მაგრამ საქმე ბრმა ნაწლავს და თირკმელს კი არა, – უთხრა თავის თავს, – სიკვდილს და სიცოცხლეს ეხება... იყო სიცოცხლე, მაგრამ აღარ არის სიცოცხლე, მიდის, ქრება, მე კი არ შემიძლია მისი შეჩერება... დიახ, ასეა, თავი რატომ მოვიტყუო? განა ჩემ გარდა ყველასთვის აშკარა არ არის, რომ ვკვდები, მაგრამ რამდენ დღესა ან რამდენ კვირაში? აი, ეს არის საკითხავი. ხომ შეიძლება ახლა, ამ წუთშიაც... იყო სინათლე, ახლა წყვდიადია... მაშინ
აქეთ ვიყავი, ახლა იქით ვარ! მაგრამ საით? საით იქით?..» უცებ სიცივემ მოიცვა, სუნთქვა შეეკრა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა.
«როცა მე არ ვიქნები, მაშინ რა იქნება? არაფერი? ჰო, არაფერი... ჰო, მაგრამ, როცა აქ არ ვიქნები, სად ვიქნები?! ნუთუ ეს სიკვდილია!» – თქვა და უცებ წამოდგა, უნდოდა, სანთელი აენთო, აკანკალებული ხელი მოაფათურა, სანთელი შანდლიანად იატაკზე ხმაურით დაეცა და თავი ისევ ბალიშში წარგო... ეს სიკვდილია! – ეუბნებოდა თავის თავს და ფართოდ გაღებული თვალებით სიბნელეს მისჩერებოდა, – მათ კი ეს არ იციან, არ უნდათ იცოდნენ, მე მათ არ ვეცოდები... აი, ახლაც უკრავენ, მხიარულობენ (კარს იქიდან ხალხის ჟრიამული, ხმამაღალი მუსიკა და რიტურნელი ისმოდა), მოვკვდები თუ ვიცოცხლებ, მათთვის სულერთია... მაგრამ ისინიც დაიხოცებიან, მე მალე, ისინი ცოტა გვიან... ახლა კი ერთ მხიარულებასა და გართობაში არიან, მხეცები, პირუტყვები!.. თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, ხომ არ შეიძლება, ადამიანი ყოველთვის ამ შიშისა და ნერვიულობისათვის იყო განწირულიო, – გაიფიქრა და წამოდგა:
«რაღაც ისე არ არის. უნდა დავმშვიდდე. უნდა მოვიფიქრო, ყველაფერი თავიდან უნდა ავწონ-დავწონო...» მერე დაფიქრდა: «აი, იწყება ავადმყოფობა, მკერდში რაღაც დარტყმას, რაღაც ძლიერ ტკივილს ვგრძნობ, მაგრამ იმ დღესაც და მეორე დღესაც ჯერ ისევ კარგად ვარ. მერე ფერდში ოდნავ თითქოს რაღაც მღრღნის, ტკივილი თანდათან სულ უფრო მატულობს... მერე ექიმები, მერე სევდა, გულგატეხილობა და ისევ ექიმები... თანდათან უფსკრულთან მივდივარ, ახლოს სულ ახლოს... დღითიდღე ძალა მაკლდება, გავხდი, ჩამოვხმი, თვალებში სინათლე აღარა მაქვს. ეს უკვე სიკვდილია, მე კი ისევ ბრმა ნაწლავზე ვფიქრობ... ვფიქრობ, როგორ ვუშველო, თავი როგორ მოვირჩინო... დიახ, ეს სიკვდილია... სიკვდილია?! ნუთუ სიკვდილია?..» და ისევ უმძიმესმა სევდამ მოიცვა. აქოშინებული საწოლთან მდგარ პატარა ტუმბოს იდაყვით დაეყრდნო, დაიხარა, ასანთს ძებნა დაუწყო, მაგრამ იმის გამო, რომ ტუმბო მკლავს სტკენდა, გაბრაზებული მთელი ძალით ჩამოეყრდნო, ტუმბო წაიქცა, თვითონ სასოწარკვეთილი და სუნთქვაშეკრული ზურგზე გადაწვა და სიკვდილს დაელოდა.
ამ დროს სტუმრები უკვე მიდიოდნენ, პრასკოვია ფეოდოროვნა აცილებდათ, რომ უცებ რაღაცის დავარდნის ხმა მოესმა და შემოვიდა:
– რა მოხდა, რა დაგემართა?!
– არაფერი, შემთხვევით დამივარდა.
პრასკოვია ფეოდოროვნა გავიდა და სანთელი შემოიტანა. ივან ილიჩი იწვა იმ ადამიანივით, რამდენიმე ვერსი სირბილით რომ გამოიარა, მძიმედ, აჩქარებით სუნთქავდა. ის კი იდგა და გაკვირვებული მისჩერებოდა:
– Jean, რა იყო, რა მოგივიდა?
– არა-ფე-რი... დამივარდა! – თქვა და, ნეტავი რას ველაპარაკები, სულერთია, ვერ გაიგებსო, – გაიფიქრა.
რა თქმა უნდა, ვერ გაიგო. ტუმბო წამოაყენა, სანთელი აანთო და იმის გამო, რომ რომელიღაც სტუმარი ქალი უნდა გაეცილებინა, ოთახიდან სწრაფად გავიდა.
უკან რომ შემობრუნდა, ივან ილიჩი ისევ გულაღმა იწვა და ჭერს მისჩერებოდა.
– რა იყო, ცუდად ხარ?
– ჰო.
ქალმა თავი გააქნია და სკამზე ჩამოჯდა.
– იცი, Jean, ხომ არ აჯობებს, ექიმი ლეშჩეტიცკი მოვიწვიოთ?
ეს ნიშნავდა, ცნობილი ექიმის მოსაყვანად ფული არ დანანებოდათ. რაზეც ივან ილიჩმა გესლიანად გაიღიმა და საჭირო არ არისო, – უთხრა.
პრასკოვია ფეოდოროვნა ცოტა ხანს იჯდა, მერე წამოდგა, ქმართან მივიდა და შუბლზე აკოცა.
ქმარს ახლა ის მთელი სულითა და გულით სძულდა და დიდი ძალისხმევა დასჭირდა, ხელი რომ არ ეკრა.
– კარგად იყავი. ღმერთმა ჰქნას, გემრიელად იძინო.
– ჰო, – ჩაილაპარაკა წყნარად ივან ილიჩმა.
---------------------------------------

6
სასოწარკვეთილებას მიცემული ხედავდა, სიკვდილი კარს იყო მომდგარი.
იცოდა, მალე მოკვდებოდა, მაგრამ არათუ მიეჩვია ამას, არამედ ამის გაგებაც არ შეეძლო.
«კაი ადამიანია, ადამიანები მოკვდავები არიან. ესე იგი კაი მოკვდავია». სილოგიზმის ეს მარგალიტი, რომელიც ივან ილიჩმა კიზევეტერის ლოგიკის სახელმძღვანელოდან იცოდა და, ასე ეგონა, ეს მხოლოდ კაის შეეხებოდა, ვინაიდან კაი ადამიანი იყო, ადამიანი ზოგადად, მასთან – ივან ილიჩთან კი ამას საერთო სულაც არაფერი ჰქონდა, ვინაიდან ის არც კაია და არც ზოგადად ადამიანი, არამედ სრულიად განსხვავებული ყველა სხვა არსებათაგან – ის ვანიაა, დედით, მამით და ვალოდიათი; თავისი სათამაშოებით, მეეტლით, ძიძით, მერე კატენკატით და მთელი თავისი ბავშვური თუ ახალგაზრდული დარდით და სიხარულით... მითხარი, ნიშნავდა რაიმეს კაისთვის ზოლიანი ტყავის ბურთის სუნი, რომელიც ასე ძალიან უყვარდა ვანიას? ნუთუ კაიც ასე ჰკოცნიდა ხელზე დედას, კაისთვისაც ასე სასიამოვნოდ გაჰქონდა შარიშური დედის აბრეშუმის კაბის კალთებს? ნუთუ ისიც ასე ჯანყდებოდა ღვეზელების გამო, როგორც თვითონ სამართალმცოდნეობის სასწავლებელში? ნუთუ კაიც ასე იყო შეყვარებული? ნუთუ კაისაც შეეძლო ასე გასძღოლოდა კრებებს?
კაი მოკვდავია, დიახ, ის არის მოკვდავი, ის უნდა მოკვდეს, ეს სწორია. მაგრამ ჩემთვის, ვანიასთვის – მთელი ჩემი აზრებითა და გრძნობებით, ეს სრულიად სხვა რამეა, ეს შეუძლებელია! შეუძლებელია მე – ივან ილიჩი სასიკვდილოდ ვიყო განწირული, ეს წარმოუდგენელია, ეს საშინელებაა.
თუ მეც ისე უნდა მოვკვდე, როგორც კაი, მე ეს დიდი ხანია მეცოდინებოდა, ამას ჩემი შინაგანი ხმა მეტყოდა, მაშინ, როცა მსგავსიც არაფერი მიგრძნია... მეც და ჩემ ამხანაგებსაც კარგად გვესმოდა, რომ ეს სულაც არ იყო ისე, როგორც კაისთან, რომ ჩვენ ეს სულაც არ გვეხებოდა... ახლა კი, აი, რა ხდება! – ეუბნებოდა თავის თავს, – არა, არ შეიძლება! ასე არ არის!.. არ შეიძლება-მეთქი, მაგრამ არის! მაინც რა არის? როგორ გავიგო ეს?»
დიახ, ასეთი იყო მისი განცდები.
დიახ, არ შეეძლო ამის გაგება. ცდილობდა, თავიდან ამოეღო, მოეშორებინა ეს ცრუ, არასწორი, ავადმყოფური აზრები და სწორი, ჯანსაღი აზრებით შეენაცვლებინა, მაგრამ ისევ მოდიოდა, ისევ ეუფლებოდა მის სულს და გონებას, ისადგურებდა მის გონებაში არა როგორც აზრი, არამედ როგორც სინამდვილე.
და ივან ილიჩი მათ ნაცვლად რიგრიგობით უხმობდა სხვა აზრებს იმ იმედით, რომ მათში დასაყრდენს ჰპოვებდა. ცდილობდა, დაბრუნებოდა აზრის იმ ადრინდელ მდინარებას, რომელიც ფარავდა, წინ ეღობებოდა ფიქრს სიკვდილის შესახებ. მაგრამ უცნაურია, ყველაფერი ის, რაც ადრე მალავდა, რაც ხელს უშლიდა სიკვდილის გაცნობიერებას, ახლა უკვე აღარ შეეძლო მას ამგვარი ქმედება. ამ ბოლო დროს ივან ილიჩი სულ იმის მცდელობაში იყო, როგორმე აღედგინა გრძნობების ის ადრინდელი მდინარება, გრძნობებისა, რომელიც უარს ამბობდა, უარყოფდა სიკვდილს... წავალ სამსახურში, საქმით დავკავდები, მე ხომ ამით ვცოცხლობდიო, – ეტყოდა საკუთარ თავს და წავიდოდა, გადაიყრიდა გულიდან ყოველგვარ ეჭვს და უსიამოვნო ფიქრებს, ჩაერთვებოდა ამხანაგებთან საუბარში, დაჯდებოდა, მოავლებდა
ჩვეულებისამებრ დაბნეულ, ფიქრიან მზერას მომლოდინე ადამიანებს, დაეყრდნობოდა გამხდარი მკლავებით მუხის სავარძლის სახელურებს, გადაიხრებოდა ამხანაგებისკენ, მოიცურებდა ქაღალდებს, ამხანაგებს ერთს გადაუჩურჩულებდა, სწრაფად აიხედავდა, გასწორდებოდა, წარმოთქვამდა ნაცნობ სიტყვებს და ჩაუჯდებოდა საქმეს. მაგრამ ტკივილი, რომელსაც სულაც არ აინტერესებდა, საქმე რა ვითარებაში იყო, დამთავრებული იყო თუ დასამთავრებელი, დაიწყებდა ფერდქვეშ თავის სისხლისმწოვ ქმედებას, ივან ილიჩი მოუსმენდა, შეეცდებოდა, აღარ ეფიქრა, მაგრამ ტკივილი თავისას აგრძელებდა, მოვიდოდა, ჩაუჯდებოდა ფერდში, გაშეშდებოდა ივან ილიჩი ტკივილისგან, ჩაუქრებოდა თვალები და ისევ ჰკითხავდა თავის თავს – ნუთუ მხოლოდ ეს არის, მხოლოდ ეს ტკივილია სიმართლეო?.. ამხანაგებიც და ქვეშევრდომებიც ძალიან შეწუხებულები იყვნენ, უკვირდათ, ასეთი ბრწყინვალე, ასეთი გამოცდილი, დახვეწილი მოსამართლე, როგორ ცდებოდა, როგორ უშვებდა ასეთ შეცდომებს. ის დახვეწილი, გამოცდილი მოსამართლე კი მხოლოდ თავს გადააქნევდა და შეეცდებოდა, გონებაზე მოსულიყო, მიიყვანდა ბოლომდე როგორმე კრებას და წავიდოდა სახლში იმ სევდიანი განწყობით, იმის მწარე გაცნობიერებით, რომ აღარ შეუძლია სამსახურებრივი საქმეებით ძველებურად გადაფაროს ის, რის დაფარვაც ასე ძალიან სწადია... ის ანუ ის ტკივილი იმიტომ კი არ მიიქცევდა თავისკენ ყურადღებას, იმიტომ კი არ ახსენებდა თავს, რათა მას – ივან ილიჩს ემოქმედა, დახმარებოდა რამით საკუთარ თავს, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ არ ემოქმედა, არაფერი ეკეთებინა, მისთვის ესმინა და ეტანჯა – აი, რა იყო ყველაზე ცუდი!
ამ მდგომარეობიდან რომ გამოსულიყო, ივან ილიჩი სხვა შირმებს ეძებდა. გამოჩნდებოდა სხვა შირმები და ცოტა ხანს ჩაუყუჩდებოდა ტკივილი, მაგრამ არათუ ქრებოდა, არათუ იკარგებოდა
საბოლოოდ, არამედ, ისე ნათლად, ისე აშკარად წარმოავლენდა თავს, თითქოს ყველაფერში შეაღწია, თითქოს მთელ ორგანიზმს მოედო, ყველა სიძნელე გადალახა და მისი შეჩერება აღარაფერს შეუძლია.
ამ ბოლო დროს ზოგჯერ ასედაც ხდებოდა – შევიდოდა ივან ილიჩი თავისი ხელით ლამაზად მოწყობილ სასტუმრო ოთახში, სადაც ის კიბიდან ჩამოვარდა, ოთახში, რომლის მოწყობასაც ლამის შეეწირა და რა მწარე, თანაც რა სასაცილოა ახლა ამაზე ფიქრიო, თუმცა ეჭვიც არ ეპარებოდა, მისი ტანჯვა, მისი ეს ავადმყოფობა სწორედ იმ კიბიდან ჩამოვარდნის, ტკენის, დაჟეჟილობის ბრალი იყო... შევიდოდა, დაინახავდა ძვირფას, ლაქით გაპრიალებულ მაგიდას რაღაც ღრმა ნაჭდევი აჩნდა, დიდხანს იფიქრებდა, დაუწყებდა მიზეზს ძებნას და ბოლოს მიხვდებოდა, მიზეზი მოჩუქურთმებული ალბომის კუთხეში გაღუნული თუჯიაო, აიღებდა თავის მიერ შედგენილ ძვირფას ალბომს, ნახავდა, სურათები ზოგან გახეული იყო, ზოგან ამოტრიალებული – ჩემი ქალიშვილიცა და მისი ამხანაგებიც უწესრიგოები არიანო, – გაიფიქრებდა ნაწყენი და ყველაფერს დიდი მონდომებით მოიყვანდა წესრიგში.
მერე თავში ის აზრი მოუვიდოდა, ალბომს მთელი ამ établissement-იანად[10] აი, იმ კუთხეში ყვავილებთან გადავიტანო, ლაქიას დაუძახებდა, მაგრამ მის მაგივრად დასახმარებლად ან ქალიშვილი შემოვიდოდა, ან ცოლი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ, ეწინააღმდეგებოდნენ და ისიც ეკამათებოდა, ბრაზობდა... მიუხედავად ამისა, ყველაფერი მაინც კარგად იყო, ვინაიდან ახლა «ის» სულაც არ ახსოვდა, «ის» აღარ იყო, აღარ ჩანდა.
და აი, როცა იმ ყველაფრის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე თავისი ხელით გადაადგილება
დაიწყო – მოიცა, გაჩერდი, მაგას მოსამსახურეები გააკეთებენო, – უთხრა ცოლმა, რომ უცებ ივან ილიჩმა დაინახა, როგორ გაკრთა «ის» შირმის უკან! იმედი ჰქონდა, გაქრებოდა, შირმა დაიცავდა მისგან და, თავისდაუნებურად გაყუჩდა, გაირინდა, ყური მიუგდო... მაგრამ ის ისევ იქ იყო, ისევ ღრღნიდა, ისევ აწამებდა, ისევ მოურიდებლად მოსჩერებოდა ყვავილებს იქიდან, ივან ილიჩს კი აღარ შეეძლო თავის მოტყუება... რატომ, რისთვის?!
«ნუთუ მართლა ასეა, ნუთუ სიმართლეა ის, რომ აქ, აი ამ ფარდის გამო ისე ვკვდები, როგორც ომში, როგორც შეტევაზე?! სისულელეა, საშინელებაა! არა, არ შეიძლება, არ არის ეს ასე!.. არ შეიძლება... მაგრამ არის!..»
შევიდოდა კაბინეტში, დაწვებოდა, დარჩებოდა მასთან მარტოდმარტო პირისპირ, თავად კი არაფერი შეეძლო, გარდა იმისა, რომ ეყურებინა მისთვის და გაყინულიყო.
----------------------------------------

7
როგორ მოხდა ეს ივან ილიჩის ავადმყოფობის მესამე თვეს, თქმა ამისა ძნელია. ხდებოდა ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, შეუმჩნევლად, გაუცნობიერებლად, მაგრამ ხდებოდა ის, რომ იცოდა ცოლმაც, ქალიშვილმაც, იცოდა მისმა გიმნაზიელმა ვაჟმაც, იცოდნენ მოსამსახურეებმაც, ნაცნობ-მეგობრებმაც, იცოდნენ ექიმებმაც, რაც მთავარია, იცოდა თვითონაც, რომ მისი ეს ავადმყოფობა მხოლოდ იმით იყო ყველასთვის საინტერესო, როდის გაათავისუფლებდა სასამართლოში ადგილს, როდის გაათავისუფლებდა მისით შეწუხებულ ადამიანებს და გათავისუფლდებოდა თვითონაც ამ ტანჯვისგან.
ღამით თითქმის არ ეძინა, ოპიუმსაც უკეთებდნენ, მორფსაც უშხაპუნებდნენ, მაგრამ ეს იოტისოდენ შვებასაც არ ჰგვრიდა. ის ყრუ, უთქმელი სევდა, ძილბურანში რომ დაეუფლებოდა, როგორც რაღაც სიახლე, თავიდან ოდნავ თითქოს ამშვიდებდა, მაგრამ ტკივილი მალე კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა.
ექიმის რჩევით ივან ილიჩს საკვებს საგანგებოდ ურჩევდნენ და უმზადებდნენ, მაგრამ ეს საჭმელები მას უგემურზე უგემური ეჩვენებოდა.
მონელებული საკვებისგან მისი ორგანიზმის გათავისუფლება სპეციალური მოწყობილობით ხდებოდა, რაც მისთვის ნამდვილი წამება იყო – სიბინძურე, უხამსობა, აუტანელი სუნი... უფრო მეტად იმის გამო იტანჯებოდა, რომ ამ საქმეში თვითონ კი არა, სხვა ადამიანები ირჯებოდნენ, მის გასაკეთებელს სხვები აკეთებდნენ... მაგრამ ნუგეშისმცემელი მას სწორედ ამ ყველაზე
უსიამოვნო საქმეში გამოუჩნდა, ვინაიდან იმ სიბინძურის გასატანად ყოველთვის ის ადამიანი მოდიოდა, ვისაც სახელად გერასიმი ერქვა.
ეს იყო სიცოცხლით სავსე, ქალაქური საჭმელ-სასმელით გასუქებული ახალგაზრდა გლეხი, ყოველთვის ხალისიანი, გულღია და მხიარული. თავიდან ივან ილიჩს რცხვენოდა იმ სუფთა, რუსულ ყაიდაზე ჩაცმული, უსიამოვნო საქმით დაკავებული ახალგაზრდა კაცისა და წუხდა, ღელავდა.
ერთხელ, სუდნოდან წამომდგარს შარვლის ასაწევად ძალა რომ აღარ ეყო, პირდაპირ რბილ სავარძელში ჩაეშვა. იჯდა და თავის შიშველ, დაძარღვულ ფეხებს შეძრწუნებული დაჰყურებდა.
სწორედ ამ დროს დიდი, ბრახუნა ჩექმებით გერასიმი შემოვიდა და კუპრის სასიამოვნო სუნთან ერთად ზამთრის ცივი, კამკამა ჰაერის სურნელი შემოიტანა. შემოვიდა ფრთხილად, უხმაუროდ, ეკეთა ხამი ტილოს სუფთა წინსაფარი, ეცვა ჩითის სუფთა ხალათი, შიშველ, მარჯვე, ღონიერ მკლავებზე სახელოები აკაპიწებული ჰქონდა. ეტყობა, არ უნდოდა შერცხვენოდა ავადმყოფს და სუდნოსთან ისე მივიდა, ივან ილიჩისკენ არც კი გაუხედავს.
– გერასიმ, – დაუძახა ხმადაბლა ივან ილიჩმა.
გერასიმი შეკრთა, ხომ არაფერი შემეშალაო და კეთილი, ახალგაზრდა, ჯერ ისევ უწვერული სახე ავადმყოფისკენ სწრაფად მიაბრუნა:
– რას მიბრძანებთ?
– ეს საქმე შენთვის ალბათ ძალიან უსიამოვნოა. მაპატიე, მე უკვე აღარაფერი შემიძლია.
– რას ბრძანებთ! – თვალები გაუნათდა გერასიმს, საღი, თეთრი, ქათქათა კბილები გამოაჩინა, – რატომ არ უნდა შევწუხდე, რატომ არ უნდა გავისარჯო, თქვენ ხომ ავად ხართ.
თქვა, თავისი მარჯვე ხელებით გასაკეთებელი საქმე გააკეთა, ფრთხილი, მსუბუქი ნაბიჯებით ოთახიდან გავიდა და ხუთი წუთის შემდეგ უკან უხმაუროდ შემობრუნდა.
ივან ილიჩი ისევ სავარძელში იჯდა.
– გერასიმ, – უთხრა, როცა მან სუფთა, გარეცხილი სუდნო ადგილზე დადგა, – გეთაყვა, დამეხმარე, მოდი, ამაყენე, ადგომა მიჭირს, დიმიტრი კი უკვე გავუშვი.
გერასიმი მივიდა, თავისი ძლიერი მკლავები ისევე მსუბუქად მოხვია, როგორ მსუბუქადაც დააბიჯებდა და ფრთხილად წამოაყენა. მერე ცალი ხელი წელზე მოხვია, მეორე ხელით პანტალონი აუწია, უნდოდა ლოგინში ჩაეწვინა, მაგრამ ივან ილიჩმა დივანზე დამსვიო, სთხოვა და გერასიმმა დივანთან თითქმის ხელში აყვანილი მიიყვანა.
– გმადლობ, რა კარგად, რა მარჯვედ აკეთებ ყველაფერს...
გერასიმმა გაიღიმა, წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ივან ილიჩს დაენანა მისი გაშვება, ვინაიდან, ეტყობა, თავს კარგად გრძნობდა მასთან.
– გერასიმ, გეთაყვა, მომიცურე სკამი, არა, ეს არა, აი, ის! ფეხებქვეშ დამიდგი, თავს ასე უკეთესად ვგრძნობ.
გერასიმმა სკამი მოიტანა, უხმაუროდ დადგა, გაასწორა, ფეხები სკამზე დააწყობინა და ივან ილიჩს მოეჩვენა, რომ ამ მდგომარეობაში ცოტა შვება იგრძნო.
– ასე თავს უკეთესად ვგრძნობ, აი, ის ბალიში კი ფეხებქვეშ დამიდე.
გერასიმმა ბალიში გაასწორა და ფეხებქვეშ დაუდო.
ვიდრე გერასიმს ბალიშის დასადებად მისი ფეხები ხელში ეჭირა, ივან ილიჩმა თავი კიდევ უფრო უკეთესად იგრძნო და ეკითხება:
– გერასიმ, დაკავებული ხარ?
– არა, ბატონო, სულაც არა, – გერასიმმა ბატონებთან ასეთი ლაპარაკი ქალაქელებისგან ისწავლა.
– გაქვს კიდევ რამე გასაკეთებელი?
– არა, ყველაფერი მოვითავე. დავჭრი ხვალისთვის შეშას და მორჩა.
– მაშინ დამიჭირე ფეხები ცოტა უფრო მაღლა, შეგიძლია?
– რატომ არ შემიძლია! – გერასიმმა ფეხები ოდნავ აუწია და ივან ილიჩს მოეჩვენა, რომ ამ მდგომარეობაში ტკივილს თითქმის აღარ გრძნობდა.
– ახლა შეშის საქმე როგორღა იქნება?
– ნუ წუხხართ, მოვასწრებ.
ივან ილიჩმა სთხოვა დამჯდარიყო, მისი ფეხები მაღლა, აი, ასე სჭეროდა და ესაუბრა მასთან...
უცნაურია, მაგრამ ეჩვენებოდა, რომ ასე უკეთესად იყო.
ამის შემდეგ დაუძახებდა ზოგჯერ გერასიმს, შეაწყობდა ფეხებს მის მხრებზე და დაუწყებდა ლაპარაკს. გერასიმი ყველაფერს ხალისით, გულიანად აკეთებდა და ეს გულს უჩუყებდა ივან ილიჩს. სხვების ჯანმრთელობა, ძალა და მხნეობა შეურაცხყოფდა, მხოლოდ გერასიმის ჯანმრთელობა არ აღიზიანებდა, არ აღიზიანებდა ის, რომ ასეთი ხალისიანი, სიცოცხლით, ჯანით და ღონით იყო სავსე. ეს არათუ არ აღიზიანებდა, არამედ ამშვიდებდა კიდევაც.
ყველაზე დიდი სატანჯველი ივან ილიჩისთვის სიცრუე იყო, ყველასგან აღიარებული ის სიცრუე – კი არ კვდება, უბრალოდ ავადაა, მისთვის მხოლოდ სიმშვიდე, მკურნალობაა საჭირო, მერე კი ყველაფერი შესანიშნავად იქნებაო, მაშინ როცა მან – ივან ილიჩმა კარგად იცოდა, რამდენიც და როგორც არ უნდა ემკურნალა, რაც არ უნდა ექნა, კარგად აღარასოდეს იქნებოდა, მისი ბოლო აუტანელი წამება და სიკვდილი იყო... ტანჯავდა ეს სიცრუე, ტანჯავდა ის, რომ
არავის უნდოდა ეღიარებინა – ყველამ ვიცით, იცის თვითონაც, მაგრამ ვცრუობთ და გვინდა ვაიძულოთ, რათა იმანაც ამ სიცრუეში იცხოვროსო... სიკვდილის წინ თავსმოხვეული ეს სიცრუე, რომლითაც უნდოდათ გაეუბრალოებინათ სიკვდილის ზეიმური აქტი და ვიზიტების, სადილად მორთმეული ზუთხების დონემდე დაეყვანათ, ივან ილიჩისთვის ნამდვილი სატანჯველი იყო. მაგრამ, უცნაური ის არის, ბევრჯერ, როცა ისინი მის გამო ასე ოინბაზობდნენ, ერთი სული ჰქონდა, ეყვირა, კმარა, შეწყვიტეთ, გეყოფათ ტყუილი, თქვენც იცით და მეც კარგად ვიცი, რომ ვკვდებიო, მაგრამ გამბედაობა ამისთვის არასოდეს ჰყოფნიდა... ხედავდა, კვდომის ეს შემაძრწუნებელი აქტი მის ირგვლივ ყველას უბრალო უსიამოვნებამდე, ერთგვარ უწესობამდეც დაჰყავდათ (მსგავსად იმ ადამიანის საქციელისა, სასტუმრო ოთახში შესვლისას საზიზღარ სუნს რომ აყენებს), მაშინ როცა წესიერებისთვის ივან ილიჩს არასოდეს უღალატია... იცოდა, არავინ შეიცოდებდა, არავის ჰქონდა სურვილი, მისი მდგომარეობა გაეგო. ერთადერთი მხოლოდ გერასიმი იყო, ვისაც მისი ესმოდა და ეცოდებოდა. ამიტომაც იყო, რომ თავს კარგად მხოლოდ მასთან გრძნობდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მთელი ღამე ფეხები მის მხრებზე ჰქონდა შეწყობილი, ის კი იჯდა მშვიდად – თქვენ ამაზე ნუ წუხხართ, ივან ილიჩ, გამოძინებას ჯერ კიდევ მოვასწრებო და წასვლას სულაც არ აპირებდა. ანდა მაშინ, შენობით რომ დაუწყებდა ლაპარაკს – ნეტავი შენ არ იყო ავად, თორემ რატომ არ მოგემსახურებიო?.. დიახ, ერთადერთი მხოლოდ გერასიმი არ ტყუოდა, ყველაფრიდან აშკარა იყო, რომ კარგად ესმოდა, რა ხდებოდა, ეცოდებოდა თავისი გამხდარი, ძალაგამოლეული ბატონი და ამის დამალვა საჭიროდ არ მიაჩნდა... ის კი არა, ერთხელ, როცა ივან ილიჩმა უთხრა, საკმარისია, წადი, დაისვენეო, ასე უპასუხა:
– ჩვენც დავიხოცებით, ვითომ თავი რატომ არ უნდა შევიწუხოთ, – თქვა და ამით აგრძნობინა,
რომ სულაც არ უმძიმდა, არ აწუხებდა ეს შრომა, ვინაიდან ამას მომაკვდავი ადამიანისთვის აკეთებდა და იმედი ჰქონდა, დრო რომ დადგებოდა, თავს ვინმე მისთვისაც შეიწუხებდა.
გარდა იმ სიცრუისა, გარდა იმ სიცრუით გამოწვეული გულის ტკივილისა, ივან ილიჩს ყველაზე მეტად ის ტანჯავდა, გულწრფელად არავის ვუყვარვარ, არავის ვეცოდებიო. ზოგჯერ იყო წუთები, როცა გაუთავებელი ტანჯვის, ტკივილის შემდეგ, როგორადაც არ უნდა შერცხვენოდა, უნდოდა, ისიც ისევ შესცოდებოდა ვინმეს, ისე მოჰფერებოდა, ისე ეკოცნა და ეტირა, როგორც პატარა, ავადმყოფ ბავშვს ჰკოცნიან და ეფერებიან. იცოდა, ოჯახის საპატიო წევრს წვერი უკვე გაჭაღარავებული ჰქონდა და ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მაინც უნდოდა, მაინც ენატრებოდა... რაღაც ამდაგვარს მხოლოდ გერასიმისგან გრძნობდა და მის გვერდით ყოფნა ამშვიდებდა... აი, ახლაც უნდოდა ეტირათ, მოფერებოდნენ, ეტირათ მის გამო, მაგრამ, აი, მოდის მისი ამხანაგი შებეკი და ნაცვლად ამისა, მკაცრ, სერიოზულ, ღრმად მოაზროვნე ადამიანის სახეს იღებს, ისევ საქმეზე უწყებს საუბარს, კასაციურ გადაწყვეტილებაზე თავის აზრს უზიარებს და მტკიცედ იცავს ამ აზრს... და მაინც, სიცოცხლის ამ ბოლო დღეებს, ყველაზე მეტად, როგორც მის ირგვლივ გაბატონებული, ისე თავად მასშიც ფესვგადგმული სიცრუე უწამლავს.

9
პრასკოვია ფეოდოროვნა თეატრიდან გვიან ღამით დაბრუნდა, მართალია, ოთახში ფეხაკრეფით შევიდა, მაგრამ, მისი შემოსვლა ივან ილიჩმა მაინც გაიგო, თვალები გაახილა და მაშინვე დახუჭა. პრასკოვია ფეოდოროვნას უნდოდა, გაეშვა გერასიმი, ქმართან თვითონ დარჩენილიყო, თუმცა ივან ილიჩმა თვალები ისევ გაახილა, ცოლს შეხედა და ეუბნება:
– არა, წადი.
– ძალიან გტკივა?
– რა მნიშვნელობა აქვს, მაინც სულერთია.
– კარგი, მაშინ დალიე ოპიუმი.
ივან ილიჩი დაეთანხმა, წამალი დალია და პრასკოვია ფეოდოროვნა წავიდა.
სამ საათამდე ძილ-ღვიძილში იყო, ეჩვენებოდა, თითქოს შავ, ვიწრო, ძალიან გრძელ ტომარაში ტენიან, წვალობენ, ცდილობენ, მაგრამ ბოლომდე ვერა და ვერ ტენიან. ბოლოს მისთვის ეს თავზარდამცემი, ძრწოლის მომგვრელი ამბავი აუტანელი ტანჯვით მთავრდება: თან ეშინია, თან უნდა ჩავარდეს, ჩაასკდეს ძირამდე, იბრძვის, ეხმარებათ... უცებ ადგილიდან წყდება, ვარდება, სწრაფად მიქრის ფსკერისკენ და... იღვიძებს. მის ფეხთით ლოგინზე ისევ ისე
მშვიდად, ისევ ისე მოთმინებით ზის გერასიმი და თვლემს... თვითონ გამხდარი, გაჩხიკინებულია, წინდებიანი ფეხები გერასიმის მხრებზე აქვს შეწყობილი... ოთახში ისევ ის აბაჟურიანი სანთელი ანთია... თვითონ ისევ ისე იტანჯება, ისევ ის გაუსაძლისი, დაუსრულებელი ტკივილი აწამებს.
– წადი, გერასიმ, – უთხრა ჩურჩულით.
– არა, ვიჯდები.
– წადი, დაისვენე.
ივან ილიჩმა ფეხები ჩამოიღო, გვერდზე გადაბრუნდა, ხელი თავქვეშ ამოიდო, მანამდე შეიცადა, ვიდრე გერასიმი გვერდითა ოთახში გავიდოდა, მერე კი თავი ვეღარ შეიკავა და ბავშვივით ატირდა. ტიროდა თავის უსასოობაზე, თავის მარტოობაზე, ტიროდა ადამიანების სისასტიკეზე, სისასტიკეზე ღმერთისა, ტიროდა იმაზე, ასე რომ მიატოვა ღმერთმა:
– რატომ, რატომ მომექეცი ასე? რატომ ვეწამები, რატომ, რისთვის?
პასუხს არ ელოდა და ტიროდა, ტიროდა იმაზე, რომ არ იყო პასუხი და რომ არც შეიძლებოდა ყოფილიყო... მალე ტკივილი კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა, მაგრამ არავის ეძახდა, იწვა გაუნძრევლად და თავისთვის ბუტბუტებდა: «კიდევ, კიდევ უფრო დამცხე, კიდევ უფრო მატკინე, მაგრამ რატომ, რისთვის? რა ვქენი, რა ჩავიდინე, რა დავაშავე ასეთი? რატომ, რისთვის?»
მერე დამშვიდდა, არა მარტო ტირილი, სუნთქვაც კი შეწყვიტა და სმენად იქცა – თითქოს სიტყვებს, ხმიერ ლაპარაკს კი არა, გულის ხმას უსმენდა, გულიდან წამოსული აზრების მსვლელობას.
– მაინც რა გინდა? – ეს იყო სიტყვებით გახმიანებული პირველი აზრი, რომელიც მან გაიგონა და – «რა გინდა, მაინც რა გინდაო?» – გაუმეორა ხმამ რამდენჯერმე.
და ივან ილიჩი ისევ სმენად იქცა. ისე იყო დაძაბული, უკვე ტკივილსაც აღარ გრძნობდა.
– იცოცხლო? მაინც როგორ? – ჰკითხა იმავე ხმამ.
– მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც ვცხოვრობდი, კარგად, ბედნიერად.
– როგორ კარგად და ბედნიერად? – ჰკითხა მან ისევ და ივან ილიჩმა გონებაში თავისი კარგი, ბედნიერი ცხოვრებიდან ყველაზე საუკეთესო წუთების გახსენება დაიწყო... მაგრამ, უცნაური ის იყო, იმ ბედნიერი ცხოვრების საუკეთესო წუთები, ბავშვობაზე იმ პირველი მოგონების გარდა ახლა ისეთი სულაც აღარ ეჩვენა, როგორიც მაშინ. მხოლოდ იქ, ბავშვობაში იყო რაღაც ისეთი, რითაც შეიძლებოდა გეცოცხლა... მაგრამ ადამიანი, ვინც ბავშვობის ის ბედნიერება განიცადა, აღარ იყო, ეს მოგონება მას კი არა, თითქოს ვიღაც სხვას შეეხებოდა.
როცა ის იწყებოდა, რამაც ის ადამიანი წარმოშვა, ვინც ახლანდელი ივან ილიჩია, ყველაფერი ის, რაც მაშინ ასეთი სასიხარულო ეჩვენებოდა, ახლა მის თვალწინ ქრებოდა, არარაობად იქცეოდა, ხშირად სისაძაგლედაც კი.
რაც უფრო შორდებოდა ბავშვობას, რაც უფრო უახლოვდებოდა დღევანდელობას, მით უფრო საეჭვო და არდასაჯერებელი იყო მისთვის, რომ კიდევ იქნებოდა რაიმე ისეთი, რაც მის გულს სიხარულს მოჰგვრიდა. მისი ეს განწყობა სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან დაიწყო. თავიდან იქ ჯერ კიდევ იყო ის რაღაც კარგი – იყო სიხარული, მეგობრობა, იყო იმედი, მაგრამ ზედა კლასებში ვითარება თანდათან შეიცვალა, იქ უკვე ნაკლებად იგრძნობოდა ის სილაღე, ის სიხარული, აღარ იყო ის სიამოვნების მომგვრელი წუთები... მერე პირველი სამსახური გუბერნატორთან და ისევ გაჩნდა ბედნიერების წუთები – ეს იყო ქალის სიყვარული, იმ სიყვარულის გახსენება... მერე ყველაფერი აირია, კარგი იშვიათად თუ გაკრთებოდა აქა-იქ, ხოლო რაც დრო გადიოდა, სულ უფრო იშვიათად და იშვიათად...
მერე ცოლის შერთვა – ისე შემთხვევით... იმედგაცრუება, ცოლის პირიდან ამოსული სუნი, მგრძნობელობა, ფარისევლობა, მკვდარი, სულგაცლილი, უინტერესო სამსახური და გამუდმებული წუხილი ფულზე... ასე გაიარა ერთმა წელმა, ორმა, ათმა, ოცმა წელიწადმა, მაგრამ არათუ არ შეცვლილა არაფერი, რაც დრო გადიოდა, ცხოვრება სულ უფრო უინტერესო, სულ უფრო მოსაწყენი ხდებოდა... მშვიდად მივაბიჯებდი მთის ძირას, მაგრამ ასე მეგონა, თითქოს ზევით, მთაზე ავდიოდი. დიახ, ასე იყო... რამდენადაც საზოგადოების აზრით მთაზე სულ ზევით და ზევით ავდიოდი, იმდენად სულ უფრო სწრაფად ქრებოდა, სწრაფად იფერფლებოდა სიცოცხლე... და აი, უკვე მთაზე ვარ, მოკვდი!
მაინც, რა არის ეს?! რატომ?! არა, ეს შეუძლებელია! არ შეიძლება ასეთი უაზრო, ასეთი უხამსი იყოს ცხოვრება. და თუ ის მართლაც ასეთი უაზრო და უხამსია, მაშ ასე რატომ უნდა ვიტანჯებოდე, რატომ უნდა ვკვდებოდე ასეთი წამებით? არა, არ არის... არ არის რაღაც ისე...
«იქნებ ისე არ ვიცხოვრე, როგორც უნდა მეცხოვრა?» – გაუელვა უცებ გონებაში. «ჰო, მაგრამ, როგორ ისე არა, როცა ყველაფერს ისე ვაკეთებდი, როგორც საჭირო იყო?!» – ეუბნებოდა თავის თავს, თუმცა უმალ თავიდან იშორებდა სიცოცხლის და სიკვდილის ამოცანის ამ ერთადერთ ახსნას, როგორც სრულიად წარმოუდგენელს.
«ახლა რა გინდა? სიცოცხლე? ისეთი სიცოცხლე, როგორი ცხოვრებითაც სასამართლოში ცხოვრობდი? ისეთი – სასამართლო მოდისო! – ბოქაული რომ გამოაცხადებდა?»... «სასამართლო მოდის... სასამართლო მოდის!» გაიმეორა ივან ილიჩმა გუნებაში – აი, ესეც შენი სასამართლო!.. ჰო, მაგრამ, მე ხომ დამნაშავე არა ვარ! – წამოიძახა ღვარძლიანად, – მაშ რატომ?! რისთვის?! რატომ?!. – მერე შეწყვიტა ტირილი, კედლისკენ გადაბრუნდა და – რატომ, რისთვის, რისთვის მთელი ეს საშინელებაო?! – ისევ მოეძალა ფიქრი.
რამდენსაც არ ფიქრობდა, ვერა და ვერ პოულობდა პასუხს. მაგრამ როცა მის გონებაში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ის აზრი გაკრთებოდა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მე – ივან ილიჩმა, ისე არ ვიცხოვრე, როგორც საჭირო იყოო. მერე გაახსენდებოდა, მთელი სიცოცხლე როგორ წესიერად, როგორ პატიოსნად იცხოვრა და იმ უცნაურ აზრსაც თავიდან მოიშორებდა.
------------------------------------

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ტოლსტოი

ნახვა: 280

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters