ლევ ტოლსტოი - ივან ილიჩის სიკვდილი

1


სასამართლოს დიდ შენობაში მელვინსკის საქმესთან დაკავშირებით სხდომაზე შესვენების გამოცხადებისას პროკურორებმა და სასამართლოს წევრებმა თავი ივან ეგორიჩ შებეკის კაბინეტში მოიყარეს. საუბარი ყველასთვის ცნობილ კრასოვსკის საქმეზე დაიწყო. ფეოდორ ვასილევიჩი დაბეჯითებით ამტკიცებდა, ეს საქმე არაგანსჯადიაო, ხოლო ივან ეგოროვიჩი თავისაზე იდგა. ერთადერთი, ვინც კამათში არ ჩართულა, პეტრე ივანოვიჩი იყო, იჯდა და ახლახან შემოტანილ «ვედომოსტს» ათვალიერებდა.
– ბატონებო, ივან ილიჩი გარდაიცვალა!
– გარდაიცვალა?!
– აი, წაიკითხეთ! – უთხრა პეტრე ივანოვიჩმა ფეოდორ ვასილევიჩს და ჯერ ისევ სტამბის სუნით გაჟღენთილი გაზეთი გაუწოდა.
შავ არშიაში ასეთი განცხადება იყო: «პრასკოვია ფეოდოროვნა გოლოვინა ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებს მიმდინარე 1882 წლის ოთხ თებერვალს მწუხარებით აუწყებს საყვარელი მეუღლის – სასამართლოს პალატის წევრის ივან ილიჩ გოლოვინის გარდაცვალებას. გამოსვენება პარასკევს, ნაშუადღევს».
ივან ილიჩი, ვინც აქ შეკრებილი ბატონების ამხანაგი იყო და ყველას უყვარდა, უკვე რამდენიმე
კვირაა, ავადმყოფობდა – ამბობდნენ, რაღაც მოურჩენელი სენი სჭირსო... სამსახურში ივან ილიჩს ჯერ ისევ თავისი თანამდებობა ეკავა, მაგრამ, ვარაუდობდნენ, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში მის ადგილას შეიძლება ალექსეევი დაენიშნათ, ხოლო ალექსეევის ადგილას ან ვინიკოვი, ან შტაბელი. ამიტომაც, როგორც კი ივან ილიჩის სიკვდილის ამბავი შეიტყვეს, აზრი, რამაც ამ კაბინეტში თავმოყრილი თითოეული ბატონის თავში გაიელვა, იყო ის, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონებოდა ივან ილიჩის სიკვდილთან დაკავშირებულ გადაადგილებებ-დაწინაურებებს პალატის წევრებისა და მათი ნათესავებისათვის.
«ახლა ალბათ შტაბელის ან ვინიკოვის ადგილს დავიკავებ. მე ამას დიდი ხანია მპირდებიან. ამ დაწინაურებით კანცელარიის გარდა დამატებით კიდევ რვაას მანეთამდე მომიწევს»... – ეს ფეოდორ ვასილევიჩი იყო.
«სასწრაფოდ კალუგიდან ცოლისძმის გადმოყვანა უნდა ვითხოვო. იმას მაინც ვეღარ იტყვიან, ნათესავებისთვის არაფერს აკეთებსო», – ასე პეტრე ივანოვიჩმა გაიფიქრა, ხმამაღლა კი თქვა:
– რომ ვერ ადგებოდა, მე ეს უკვე ვიცოდი... ეჰ, ძალიან საწყენია...
– მაინც ისეთი რა ავადმყოფობა სჭირდა?
– ექიმებმა ვერ დაადგინეს, უფრო სწორად, დაადგინეს, ოღონდ სხვადასხვანაირად, ზოგი იმას ამბობდა, ზოგი ამას... ბოლოს რომ ვნახე, უკეთესად იყო, მეგონა, გამოკეთდებოდა.
– დღესასწაულების მერე მასთან აღარ ვყოფილვარ, ისე კი, სულ ვაპირებდი, წავალ, ვნახავ-მეთქი.
– მაინც, რა ქონების პატრონია?
– არ ვიცი, მგონი, ცოლს უნდა ჰქონდეს რაღაც ცოტაოდენი, თუმცა, ძალიან უმნიშვნელო.
– ახლა უნდა წავიდეთ, მივუსამძიმროთ... ისე, ძალიან შორს ცხოვრობენ...
– ესე იგი, თქვენგან ძალიან შორს... თქვენგან ხომ ყველაფერი შორია.
– არა, ვერ მპატიობს, მდინარის იქით რომ ვცხოვრობ, – თქვა პეტრე ივანოვიჩმა, შებეკს გაუღიმა და ლაპარაკი ახლა ქალაქის მოშორებულ ადგილებზე დაიწყეს.
სამსახურში მოსალოდნელ გადაადგილებებსა და შესაძლო ცვლილებებზე, რომელიც შეიძლება ივან ილიჩის სიკვდილს მოჰყოლოდა, ახლო ნაცნობის სიკვდილის ფაქტმა, როგორც ყოველთვის, – მოკვდა ის და არა – მე... მათ გულებში ერთგვარი სიხარულიც დაბადა...
«როგორია, მოკვდა ის, მე კი, აი, ცოცხალი ვარ!» – იგრძნო ან გაიფიქრა თითოეულმა, თუმცა, მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის ახლო ნაცნობებმა, ანუ ეგრეთ წოდებულმა მეგობრებმა, უნდოდათ თუ არა, იმაზეც იფიქრეს, რომ ახლა საჭირო იყო წასულიყვნენ პანაშვიდზე, მიესამძიმრებინათ ქვრივისთვის და ზრდილობის ეს მოსაწყენი წესი შეესრულებინათ.
ყველაზე ახლო ერთმანეთთან ფეოდორ ვასილევიჩი და პეტრე ივანოვიჩი გახლდათ.
პეტრე ივანოვიჩი ივან ილიჩთან სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან მეგობრობდა და მის წინაშე თავს ვალდებულად თვლიდა.
სადილობისას პეტრე ივანოვიჩმა ცოლს ივან ილიჩის გარდაცვალების ამბავი შეატყობინა, ოლქში ცოლისძმის გადმოყვანის თაობაზე თავისი მოსაზრება გაუზიარა და ისე, რომ არც კი დაუსვენია, არ წამოწოლილა, ფრაკი ჩაიცვა და მაშინვე ივან ილიჩის სახლისკენ გასწია.
ივან ილიჩის სახლის სადარბაზოსთან კარეტა და ორი მეეტლე იდგა. წინკარში საკიდართან კედელზე კუბოს ფარჩაგადაკრული, ფუნჯებითა და სირმებით გაწყობილი სახურავი იყო მიყუდებული. იქვე შავებში ჩაცმული ორი მანდილოსანი იდგა და ქურქებს იხდიდა. ამ ორთაგან ერთი პეტრე ივანოვიჩისათვის კარგად ნაცნობი ქალბატონი – ივან ილიჩის და იყო, ხოლო მეორე მისთვის სრულიად უცნობი გახლდათ... კიბეზე ზევიდან პეტრე ივანოვიჩის სკოლის ამხანაგი შვარცი ჩამოდიოდა, პეტრე ივანოვიჩი რომ დაინახა, კიბეზე შეჩერდა და თვალი ისე ჩაუკრა, თითქოს ეუბნება, ივან ილიჩმა ეს საქმე უდროო დროს წამოიწყო, თითქოს ახლა მე და შენ მეტი საქმე არა გვქონდესო!
შვარცის ინგლისურ ბაკნებარდებიანი სახეც და ფრაკში გამოწყობილი მისი გამხდარი სხეულიც, როგორც ყოველთვის, დახვეწილი და ზეიმური იყო, ხოლო სახის გამომეტყველება სერიოზული, რაც მის ფუქსავატ ხასიათს არ ესადაგებოდა, თუმცა მის სახეს ჩვეული ლაზათი და მიმზიდველობა არც ახლა არ აკლდა..
ასე პეტრე ივანოვიჩი ფიქრობდა.
ის ორი ქალი პეტრე ივანოვიჩმა წინ გაუშვა და თვითონ მათ უკან ნელა აუყვა კიბეს. შვარცი არ ჩამოსულა ზევიდან და პეტრე ივანოვიჩი, რა თქმა უნდა, მიხვდა, ასე რატომ მოიქცა: ეტყობა, უნდა შევთანხმდეთ, ვისტი ამ საღამოს სად ვითამაშოთო, – გაიფიქრა... ქალებმა კიბე აიარეს და ქვრივთან ახლოს დადგნენ... შვარცმა მსხვილი ტუჩები მოკუმა, ორაზროვნად გაიღიმა და – მიცვალებულის ოთახი მარჯვნივ არისო, – თვალით ანიშნა.
პეტრე ივანოვიჩი შევიდა მიცვალებულის ოთახში, მაგრამ, როგორც ეს ყოველთვის ხდება, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. მხოლოდ ის იცოდა, ასეთ დროს პირჯვრისწერა ხელს არასოდეს უშლიდა, აი ის კი, მისალმება და თავის დაკვრა ასეთ დროს საჭირო იყო თუ არა, წარმოდგენა არ ჰქონდა; ბოლოს ამ ორს შორის საშუალო აირჩია – ოთახში შესვლისას პირჯვარსაც იწერდა, ცოტა თავსაც ხრიდა და რამდენადაც ხელების და თავის მოძრაობა ამის საშუალებას აძლევდა, ოთახსაც ათვალიერებდა. ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი, მგონი, ივან ილიჩის დისშვილი იყო, პირჯვრის წერით ოთახიდან გავიდა... მოხუცი ქალი გაუნძრევლად იდგა და ვიღაც უცნაურად წარბაწეული მანდილოსანი ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა. სურთუკში გამოწყობილი მხნე, დაუზარელი დიაკონი, ყოველგვარი წინააღმდეგობრიობის გამომრიცხავი გამომეტყველებით ხმამაღლა რაღაცას კითხულობდა. ბუფეტის კაცმა გერასიმმა პეტრე ივანოვიჩის წინ ფრთხილად გაიარა, იატაკზე რაღაც მოაბნია და პეტრე ივანოვიჩმა უცებ ხრწნაშეპარებული გვამის ოდნავი სუნი იგრძნო. ეს კაცი, ანუ გერასიმი, ივან ილიჩთან მან ბოლო ყოფნის დროს მის კაბინეტში ნახა. მაშინ ის მესასთუმლის მოვალეობას ასრულებდა და ივან ილიჩს, ეტყობა, განსაკუთრებულად უყვარდა... პეტრე ივანოვიჩი პირჯვარს იწერდა და
კუბოსა და დიაკვანს შორის კუთხეში მაგიდაზე დაბრძანებული ხატებისკენ თავს ოდნავ ხრიდა. მერე მოეჩვენა, პირჯვარს დიდი ხანია ვიწერო, გაჩერდა, მიცვალებულს შეხედა და გულდასმით დაათვალიერა.
მიცვალებული ისე იწვა კუბოში, როგორც მიცვალებულები წვანან – მძიმედ, უგემურად, გაფიჩხებული და კუბოს საფენებში ჩაკარგული. სასთუმალზე თავი როგორღაც საცოდავად ჰქონდა წამოწეული, გამელოტებული საფეთქლები ჩავარდნილი, ჩამოგრძელებული ცხვირი, გეგონება, ზედა ტუჩზე აქვს მიბჯენილიო... მას მერე, რაც ივან ილიჩი ბოლოს ნახა, გაცილებით გამხდარი და შეცვლილი ეჩვენა, თუმცა, როგორც ყველა მიცვალებულს, გალამაზებულ, აზრიან სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს გეუბნება, ის, რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე და კარგადაც გავაკეთეო... გარდა ამისა, ამ გამომეტყველებაში იყო საყვედური, იყო შეხსენება ცოცხლებისადმი, რაც პეტრე ივანოვიჩს სრულიად უადგილო ეჩვენა. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული იყო, რომ ეს საყვედური მას სულაც არ ეხებოდა... მერე რაღაც არ ესიამოვნა, პირჯვარი ერთხელ კიდევ სწრაფად გადაიწერა, გატრიალდა და ოთახიდან სწრაფად გავიდა, თუმცა თავისი ეს საქციელი ზრდილობის წესებთან როგორღაც შეუსაბამო ეჩვენა... შვარცი წინა ოთახში ელოდა, ფეხები განზე გაედგა და ზურგს უკან ორივე ხელით თავის ცილინდრს ათამაშებდა. ლაღი, სუფთა, ელეგანტური შვარცის შეხედვაზე პეტრე ივანოვიჩი გამოცოცხლდა, მიხვდა, რომ ის – შვარცი – მაღლა დგას ყოველივე იმაზე, რაც აქ ხდება, არ ემორჩილება სულის ამ დამამძიმებელ შთაბეჭდილებას, მარტო მისი გარეგნობაც კი გეუბნება, რომ ივან ილიჩის პანაშვიდი კრების ჩაშლის მიზეზი ვერ იქნება, რომ არაფერს შეუძლია, ამ საღამოს, როცა ლაქია ოთხ უკურთხებელ სანთელს ჩამოდგამს, ხელი შეუშალოს ბანქოს დასტის ხმაურიან გახსნას და, საერთოდაც, არ არსებობს არავითარი საფუძველი იმის სავარაუდოდ,
თითქოს ამ ინციდენტს შეუძლია, დღევანდელი საღამოს სასიამოვნოდ გატარების საშუალება არ მოგცეს... ამ ფიქრში რომ იყო, პეტრე ივანიჩს შვარცმა გვერდით ჩაუარა და ყურში წასჩურჩულა, ვინტის თამაშში ამ საღამოს ფეოდორ ვასილევიჩს პარტიაში შეამხანაგებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, პეტრე ივანოვიჩს დღეს ვინტის თამაში არ ეწერა... პრასკოვია ფეიდოროვნა, ტანდაბალი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ძალიან მსუქანი, განსაკუთრებით მხრებიდან ქვემოთ სულ უფრო სქელი და ფუშფუშა, თავით-ფეხამდე შავებში გამოწყობილი, მაქმანიანი თავსაბურველით და ისევე უცნაურად წარბაწეული, როგორც კუბოს იქითა მხარეს მდგარი ის მანდილოსანი, სხვა ქალებთან ერთად მოსასვენებლიდან გამოვიდა, ქალები იმ ოთახის კარამდე მიაცილა, სადაც მიცვალებული ესვენა, თვითონ კართან გაჩერდა და განაცხადა:
– მობრძანდით, საცაა პანაშვიდი დაიწყება.
შვარცმა თავი როგორღაც გაურკვევლად დააქნია – როგორც ჩანს, მისი ეს წინადადება არც მიიღო და არც უარყო... მაგრამ პეტრე ივანოვიჩი პრასკოვია ფეოდოროვნამ იცნო, ამოიოხრა, ძალიან ახლოს მივიდა, ხელში ხელი მოჰკიდა და ეუბნება:
– ვიცი, ივან ილიჩის ნამდვილი მეგობარი იყავით, – თქვა, შეხედა და მისგან ამ სიტყვების შესაბამის პასუხს დაელოდა.
პეტრე ივანოვიჩმა იცოდა, ისე, როგორც იქ პირჯვრის წერა არ იყო უადგილო, ისე აქაც ცუდი არ იქნებოდა, ხელი ჩამოერთმია, ამოეოხრა და – დიახ, რა თქმა უნდაო, – ეთქვა. ცხადია, ასედაც მოიქცა, რის შემდეგაც იგრძნო, რომ შედეგი სასურველი გამოვიდა – ამით პრასკოვია ფეოდოროვნაც გულაჩუყებული იყო და თვითონაც.
– ვიდრე იქ პანაშვიდი არ დაწყებულა, აგერ, შევიდეთ ამ ოთახში, მინდა დაგელაპარაკოთ, მომეცით ხელი, – უთხრა ქვრივმა.
პეტრე ივანოვიჩმა ხელი გაუწოდა და ორივემ შიდა ოთახისკენ გასწია. შვარცს გვერდი რომ აუარეს, მან მეგობარს – აჰა, ესეც შენი ვინტიო, – თვალი სევდიანად ჩაუკრა, – თამაშში ვეღარ შემოხვალთ, იმედი ნუ გექნებათ, თქვენს მაგივრად სხვა პარტნიორს შემოვიყვანთ, ისედაც სულ რაღაც ხუთნი ვართ, ახლა კი თქვენც მოგვაკლდით! – ეუბნებოდნენ მისი ანცი, მოუსვენარი თვალები.
პეტრე ივანოვიჩმა კიდევ უფრო ღრმად, უფრო სევდიანად ამოიოხრა და პრასკოვია ფეოდოროვნამ მადლობის ნიშნად ხელი ჩამოართვა. შევიდნენ დაბურული ლამპით განათებულ, კედლებზე ვარდისფერ კრიტონგაკრულ სასტუმრო ოთახში და მაგიდასთან დასხდნენ – პარასკოვია ფეოდოროვნა დივანზე დაჯდა, პეტრე ივანოვიჩი ზამბარებჩაშლილ, ჯდომისგან ფორმადაკარგულ დაბალ პუფზე. ქვრივს უნდოდა, წინასწარ გაეფრთხილებინა, სხვა სკამზე დაჯექითო, მაგრამ გაახსენდა, რომ მის ახლანდელ მდგომარეობაში ეს უხერხული იყო და გადაიფიქრა... პუფზე რომ ჯდებოდა, პეტრე ივანოვიჩმა წარმოიდგინა, როგორ რთავდა, როგორ ალამაზებდა ამ სასტუმრო ოთახს ივან ილიჩი, რჩევას როგორ ეკითხებოდა, ეყიდა ეს მწვანეფოთლებიანი, ვარდისფერი კრეტონი თუ არ ეყიდა... სწორედ ამ დროს მაგიდის გვერდით გავლისას (მთელი ოთახი ავეჯით და ნაირ-ნაირი ნივთებით იყო სავსე) ქვრივმა მანტილიის შავი მაქმანი ჩუქურთმებიანი მაგიდის კუთხეს გამოსდო, პეტრე ივანოვიჩმა დასახმარებლად წამოიწია, გათავისუფლებული პუფი აზავთდა, ქვევიდან ჯიკავი დაუწყო, პეტრე ივანოვიჩი ისევ დაჯდა და აბობოქრებული პუფი ისევ ჩაწყნარდა. ქვრივი ახლა თავად
შეეცადა მაგიდას წამოდებული მაქმანის მოხსნას, მაგრამ, იმის გამო, რომ მთლიანად ვერ მოაცილა, პეტრე ივანოვიჩი წამოდგა და პუფი ისევ აჯანყდა, ის კი არა, ტკაცუნიც დაიწყო... როცა ეს ყველაფერი დამთავრდა, ქალმა ბატისტის სუფთა ცხვირსახოცი ამოიღო და ატირდა. სამაგიეროდ პეტრე ივანოვიჩი მაქმანის ეპიზოდისა და პუფთან ბრძოლის შემდეგ იჯდა დამშვიდებული, კოპებშეკრული და მოღუშული... ამ უხერხული მდგომარეობიდან ისინი სოკოლოვმა – ივან ილიჩის მებუფეტემ გამოიყვანა, რომელმაც პრასკოვია ფეოდოროვნას მოახსენა, რომ სასაფლაოზე მის მიერ მონიშნული ადგილი ორასი მანეთი ეღირებოდა. ქალმა ტირილი შეწყვიტა, მსხვერპლის შესაბრალისი გამომეტყველებით პეტრე ივანოვიჩს შეხედა და ძალიან ცუდად ვარო, – უთხრა ფრანგულად. პეტრე ივანოვიჩს ხმა არ ამოუღია, რაც იმას ნიშნავდა, ამაში სრულიად დარწმუნებული გახლავართ, ვინაიდან სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყოო.
– მოწიეთ, გეთაყვა, – უთხრა პრასკოვია ფეოდოროვნამ დიდსულოვნად პეტრე ივანოვიჩს, მერე ისევ სოკოლოვს მიუბრუნდა და სასაფლაოზე საუბარი დაუწყო. პეტრე ივანოვიჩი პაპიროსს ეწეოდა და ესმოდა, მიწის ფასზე ქალი რა დაწვრილებით, გულდაგულ გამოკითხავდა ყველაფერს და ბოლოს იმაზე შეჩერდა, რომელიც უფრო მისაღებად ჩათვალა. ადგილის ამბავი რომ გაარკვია, პრასკოვია ფეოდოვნა ახლა მგალობლების ამბით დაინტერესდა, მათ შესახებ თადარიგი დაიჭირა და სოკოლოვი წავიდა.
– ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, – უთხრა პეტრე ივანოვიჩს. მაგიდაზე დაწყობილი ალბომები ცალ მხარეს მიაწყო, მაგიდაზე გაბნეულ პაპიროსის ფერფლს დახედა, საფერფლე მიუცურა და ჩაილაპარაკა: რომ ამბობენ, მწუხარების დროს მგლოვიარეს პრაქტიკული საქმეების თავი აღარა
გვაქვსო, ფარისევლობად მიმაჩნია. ახლა ეს საქმე არათუ მამშვიდებს, შემიქცევს კიდევაც, ვინაიდან ამას ისევ მიცვალებულზე ზრუნვის გამო ვაკეთებ, – ისე თქვა, თითქოს საცაა უნდა ატირდესო, ცხვირსახოციც ამოიღო, მაგრამ, გეგონება საკუთარ თავს სძლიაო, თავი გააქნია და მშვიდად დაიწყო:
– თუმცა მე თქვენთან საქმე მაქვს.
პეტრე ივანოვიჩმა წამოიწია, თავი დაუკრა და პუფის ზამბარებს, რომლებიც მაშინვე ამოქმედდნენ, უფლება არ მისცა, თავის ნებაზე ამხედრებულიყვნენ.
– ბოლო დღეებში ძალიან იტანჯებოდა, – თქვა ცოტაოდენი დუმილის შემდეგ პრასკოვია ფეოდოროვნამ.
– ნუთუ ასე ძალიან?!
– დიახ, ძალიან. მხოლოდ ბოლო წუთებში კი არა, ვიდრე გარდაიცვლებოდა, ყვიროდა და ყვიროდა საათობით. სამი დღე და სამი ღამე პირი არ გაუჩერებია. ეს მართლაც აუტანელი იყო... არ ვიცი, როგორ გავუძელი, ეს უბედურება როგორ გადავიტანე. მისი ყვირილი სამი კარის იქითაც კი თავზარს გცემდა.
– ნუთუ მთელი ის დრო გონებაზე იყო? – ჰკითხა ისევ პეტრე ივანოვიჩმა.
– დიახ, – თქვა ჩურჩულით ქალმა, – ბოლო წუთამდე... ვიდრე მოკვდებოდა, რამდენიმე წუთით
ადრე ყველას გამოგვემშვიდობა, ისიც კი გვითხრა, ვალოდია გაიყვანეთო.
პეტრე ივანოვიჩს ფიქრი იმ გაწამებული ადამიანისკენ გაექცა, ვისაც იმ დროიდან ასე ახლოს იცნობდა, როცა ის ჯერ ისევ მოწაფე იყო, პატარა, მხიარული ბიჭუნა, ხოლო მერე ასაკოვანი მამაკაცი და მისი პარტნიორი... იმის გაცნობიერებამ, ახლა რა ურცხვად ფარისევლობდნენ თვითონაც და ეს ქალიც, უცებ შეაძრწუნა, მიცვალებულის სანთელივით გაყვითლებულ შუბლს შეხედა, შეხედა ლამის ზედა ტუჩს მიჭყლეტილ ცხვირს და შეეშინდა – შეეშინდა საკუთარი თავის გამო – სამი დღე და სამი ღამე გაუსაძლისად იტანჯო და მოკვდე... ხომ შეიძლება ყოველ წუთს ასეთი რამ მეც დამემართოსო, – გაიფიქრა და წუთით ისევ შიშმა შეიპყრო. მაგრამ, მის დასახმარებლად მაშინვე, ისე, რომ თვითონაც ვერ გაიგო, როგორ გაჩნდა მის თავში ეს ნაცნობი, ჩვეულებრივი აზრი – მოკვდა ის, და არა მეო... პეტრე ივანიჩს კი სიკვდილი არათუ არ უნდა, არამედ არ შეიძლება... სიკვდილზე თუ იფიქრებს, უმძიმესი განცდა მოიცავს, ამიტომაც სიკვდილზე ფიქრი საჭირო არ არის. ამას შვარცის თვალებიც ამბობდნენ... ამგვარი ფიქრისა და განსჯის შემდეგ პეტრე ივანოვიჩი თანდათან დამშვიდდა და ინტერესით დაუწყო გამოკითხვა ივან ილიჩის სიკვდილის შესახებ. ყველაფერს ისე დაწვრილებით, ისეთი ინტერესით გამოკითხავდა, თითქოს სიკვდილი ის თავგადასავალი იყო, რომელიც მხოლოდ ივან ილიჩის თავს შეიძლებოდა ყოფილიყო, მასთან კი სულაც არაფერი ესაქმებოდა.
ივან ილიჩის მიერ გადატანილ იმ აუტანელ ფიზიკურ ტანჯვაზე საუბრის შემდეგ (ამ ყველაფერს ასე გამოწვლილვით იმიტომ ჰკითხავდა, აინტერესებდა, მისმა ამ ტანჯვამ როგორ იმოქმედა ცოლის ნერვებზე) პრასკოვია ფეოდოროვნამ, ეტყობა, საჭიროდ ჩათვალა, საქმეზე გადასულიყო.
– აჰ, პეტრე ივანოვიჩ, რომ იცოდეთ, რა მძიმეა, რა ძალიან მძიმეა, – თქვა მან და ატირდა.
პეტრე ივანოვიჩმა ამოიოხრა, დაელოდა, ცხვირს როდის მოიხოცავდა და ბოლოს უთხრა:
– დიახ, რა თქმა უნდა...
მაგრამ, პრასკოვია ფეოდოროვნამ სიტყვის დამთავრება არ აცალა და ის მთავარი სათქმელი თქვა, რის თქმაც პეტრე ივანოვიჩისათვის უნდოდა, უფრო სწორად, უნდოდა ეკითხა, როგორ მოქცეულიყო, ქმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ხაზინიდან ფულის მიღება რომ შესძლებოდა, თან ისეთი სახე მიიღო, თითქოს ხაზინიდან ფულის მიღებაზე კი არა, რჩევას პენსიის გამო ეკითხებოდა. თუმცა პეტრე ივანოვიჩი მიხვდა, ამ ქალმა ყველაფერი თითოეულ წვრილმანებამდე იცოდა, იცოდა ისიც კი, რაზეც თავად პეტრე ივანოვიჩს წარმოდგენაც არ ჰქონდა. იცოდა ყველა ის საშუალება, ყველა ის ფანდი, რომლითაც შეეძლო სიკვდილის ამ მომიზეზებით რაც შეიძლება მეტი ფული გამოეწურა და გაგებით სწორედ იმის გაგება უნდოდა, რა იყო საჭირო იმისათვის, რათა კიდევ უფრო მეტი წაეგლიჯა ხაზინისათვის. პეტრე ივანოვიჩი შეეცადა, ქვრივის ამ სურვილის საპასუხოდ რაიმე ისეთი საშუალება გაეხსენებინა, ერთ ხანს იფიქრა კიდევაც, მაგრამ ვინაიდან ისეთი ვერაფერი მოიფიქრა, რითაც პრასკოვია ფეოდოროვნას ასიამოვნებდა, ძუნწები არიანო – კიცხვა მთავრობას დაუწყო და ბოლოს დასძინა – მეტის მიღება მგონი შეუძლებელიაო... პრასკოვია ფეოდოროვნამ ამოიოხრა და ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, ამ კაცისგან როგორ გათავისუფლებულიყო. პეტრე ივანოვიჩი ამას მიხვდა, პაპიროსი ჩააქრო, წამოდგა, ხელი ჩამოართვა და წინკარში გავიდა.
იმ სასადილო ოთახში, სადაც ის საათი იყო, რომლის გამოც – ბრიკაბრაკში[3] ვიყიდეო, – ივან ილიჩი მაშინ ასეთი გახარებული ბრძანდებოდა, პეტრე ივანოვიჩი მღვდელს და პანაშვიდზე მოსულ კიდევ რამდენიმე ნაცნობს შეხვდა, ნახა აგრეთვე ივან ილიჩის ქალიშვილი, ვისაც ბავშვობიდან იცნობდა. ისიც თავით ფეხამდე შავებში იყო ჩაცმული და მისი ისედაც წერწეტი წელი შავებში კიდევ უფრო წერწეტი ჩანდა. ჰქონდა დაღვრემილი, შეუვალი, თითქმის მკაცრი გამომეტყველება. პეტრე ივანიჩს ისე მიესალმა, გეგონება, რამეში დამნაშავე ყოფილიყოს. ქალიშვილის უკან იდგა პეტრე ივანოვიჩის ნაცნობი, ძალიან მდიდარი ახალგაზრდა მამაკაცი – სასამართლოს გამომძიებელი, ვისაც ისეთივე მკაცრი, შეურაცხმყოფელი გამომეტყველება ჰქონდა და ვინც, როგორც პეტრე ივანოვიჩს უთხრეს, ამ ქალიშვილის საქმრო იყო... ახალგაზრდებს ის ცივად მიესალმა, უნდოდა იმ ოთახში გასულიყო, სადაც მიცვალებული ესვენა, რომ კიბის ქვეშ თვალი უცებ ილიჩის გიმნაზიელ ვაჟიშვილს მოჰკრა. ბიჭი ძალიან ჰგავდა მამას. ეს ის პატარა ივან ილიჩი იყო, როგორიც ის სამართალმცოდნეობის სასწავლებლიდან ახსოვდა. თვალები ნამტირალევი ჰქონდა, თანაც ისეთი, როგორიც ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭუნებს აქვთ. ბიჭმა პეტრე ივანოვიჩს შეხედა, დაიმორცხვა, პეტრე ივანოვიჩმა თავი დაუკრა, მიესალმა და მიცვალებულის ოთახში შევიდა. დაიწყო პანაშვიდი – სანთლები... კვნესა... საკმეველი... ქალების ხმამაღალი ქვითინი... ცრემლები... პეტრე ივანოვიჩი იდგა შუბლშეკრული და მის წინ მდგომთა ფეხებს მისჩერებოდა. მიცვალებულისთვის ერთხელაც არ შეუხედავს, არ მისცემია იქაურობის დამთრგუნველ გავლენას და ოთახიდან ერთ-ერთი პირველი გავიდა. წინკარში არავინ იყო. უცებ მიცვალებულის ოთახიდან გერასიმი სწრაფად გამოვიდა, გორად დამდგარ ქურქებს შორის მის ქურქს ძებნა დაუწყო, იპოვა და მიაწოდა.
– რა იყო, ძმაო გერასიმ? – უთხრა პეტრე ივანოვიჩმა, რათა რაღაც ეთქვა, – გეცოდება?
– ყველაფერი ღვთის ნებაა, აქ არავინ დარჩება, ყველანი იქ ვიქნებით... – თქვა გერასიმმა, თავისი თეთრი, მსხვილი, მამაკაცური კბილები გამოაჩინა და როგორც მთელი სულითა და გულით საქმეში ჩართულ ადამიანს სჩვევია, კარი სწრაფად გააღო, მეეტლეს გასძახა, პეტრე ივანოვიჩი ეტლში ჩასვა და უკან წინკარში ისე შეხტა, თითქოს იმის ფიქრშია, სასწრაფოდ კიდევ რა მაქვს გასაკეთებელიო.
კარბოლატის, მიცვალებულის, საკმევლის მძაფრი სუნის შემდეგ პეტრე ივანოვიჩმა სუფთა, კამკამა ჰაერი ჩაისუნთქა და მოეშვა.
– რას მიბრძანებთ, სად წავიდეთ? – ჰკითხა მეეტლემ.
– ჯერ გვიანი არ არის, ფეოდორ ვასილევიჩთან შევივლი. – თქვა პეტრე ივანოვიჩმა და ეტლი ადგილიდან დაიძრა. იქ რომ მივიდა, ზუსტად პირველ რობერს ამთავრებდნენ, ისე რომ, თამაშში მეხუთე კაცად შესვლა სრულიად მოსახერხებელი აღმოჩნდა.
------------------------------------------------

2
ივან ილიჩის ცხოვრების გზა სრულიად ჩვეულებრივი და უბრალო, მაგრამ ამავე დრო ყველაზე საშინელი იყო.
სასამართლო პალატის წევრი ივან ილიჩი ჯერ მხოლოდ ორმოცდახუთი წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ის იმ ჩინოვნიკის ვაჟიშვილი გახლდათ, ვინც პეტერბურგის სხვადასხვა სამინისტროსა თუ დეპარტამენტში იმგვარ მდგომარეობას მიაღწია, როგორიც ადამიანს იმ გარემოებას უქმნის, როცა, მართალია, აშკარაა, ესა თუ ის პიროვნება ამა თუ იმ თანამდებობისთვის სრულიად გამოუდეგარია, მაგრამ იმის გამო, რომ დიდი ხანია მუშაობს, ჩინი აქვს, სამსახურიდან ვერ უშვებენ და გამოგონილ, ფიქტიურ თანამდებობებზე ნიშნავენ. მუშაობს ასე ათასობით ადამიანი ამგვარ ფიქტიურ თანამდებობებზე და ცხოვრობს ღრმა სიბერემდე ბედნიერად.
დიახ, ასეთი გახლდათ ივან ილიჩის მამა – საიდუმლო მრჩეველი, სხვადასხვა არასაჭირო დაწესებულების არასაჭირო წევრი ილია ეფიმოვიჩ გოლოვინი.
ჰყავდა სამი ვაჟიშვილი. ივან ილიჩი შუათანა იყო. უფროსმა ვაჟმა ზუსტად ისეთი კარიერა გაიკეთა, როგორიც მამამისმა, ოღონდ სხვა სამინისტროში. თან ძალიან სწრაფად აღწევდა იმ სამსახურეობრივ მდგომარეობას, რომლის დროსაც ჯამაგირს ინერციით იღებენ... მესამე ვაჟიშვილი უიღბლო გამოდგა. იმუშავა უამრავ დაწესებულებასა და თანამდებობაზე, მაგრამ, ვერსად ივარგა და ბოლოს რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა. არც მამას, არც ძმებს, განსაკუთრებით
კი მათ ცოლებს, არათუ არ მოსწონდათ მასთან ახლობლობა, რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა თუ არ იყო, მის არსებობასაც კი ივიწყებდნენ. რაც შეეხება ილია ეფიმოვიჩ გოლოვინის ქალიშვილს, ანუ მის მეოთხე შვილს, ის ცოლად ბარონ გრეფს გაჰყვა, ისეთივე პეტერბურგელ ჩინოვნიკს, როგორიც მისი სიმამრი გახლდათ. სამაგიეროდ, ივან ილიჩი, როგორც ამბობენ, le phenix de la famille[4] იყო. არ იყო ისეთი ცივი და აკურატული, როგორიც მისი უფროსი ძმა, არც ისეთი მოუხერხებელი, როგორიც უმცროსი... იყო ჭკვიანი, სიცოცხლით სავსე, წესიერი, სასიამოვნო ადამიანი. იზრდებოდა უმცროს ძმასთან ერთად, მასთან ერთად სწავლობდა სამართალმცოდნეობის სასწავლებელში, თუმცა უმცროსი ძმა სასწავლებლის მეხუთე კლასიდან გარიცხეს, ხოლო ივან ილიჩმა სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა. ის უკვე სასწავლებელშიც ისეთი იყო, როგორიც მთელ მის შემდგომ ცხოვრებაში – ხალისიანი, კეთილი, გულღია, თავაზიანი და მკაცრად შემსრულებელი იმისა, რასაც თავის მოვალეობად თვლიდა. ხოლო მოვალეობად თვლიდა იმ ყველაფერს, რასაც უმაღლესი თანამდებობის ადამიანები თვლიდნენ. ფარისეველი და ფლიდი არც ყმაწვილობაში ყოფილა, არც მერე, დავაჟკაცებული. მაგრამ, ბავშვობიდან ისე ისწრაფვოდა მაღალი საზოგადოების პირთა გაცნობა-დაახლოებისაკენ, როგორც ბუზი სინათლისკენ. ითვისებდა მათ წესებსა და ცხოვრებაზე მათ შეხედულებებს. მისმა ბავშვურმა და ახალგაზრდულმა გატაცებებმა ისე ჩაიარა, მასზე მაინცდამაინც დიდი კვალი არ დაუტოვებია. იყო მგრძნობიარე და თავმომწონე, ხოლო დამამთავრებელ კლასებში ლიბერალობდა კიდევაც, ოღონდ ყოველთვის იმ გარკვეულ ფარგლებში, რასაც ალბათ ინტუიცია ჰკარნახობდა.
სამართალმცოდნეობაში ზოგჯერ ისეთ ქმედებასაც ჰქონია ადგილი, რომელიც ადრე საშინელებად წარმოუდგებოდა და ასეთ დროს საკუთარი თავი სძულდა. მაგრამ მერე და მერე,
როცა ნახა, ასე უმაღლესი თანამდებობის პირები იქცეოდნენ და სულაც არაფრად მიაჩნდათ, ეს ყველაფერი დაივიწყა და მისი გახსენებით თავი აღარასოდეს შეუწუხებია.
სამართალმცოდნეობის სასწავლებლის მეათე კლასი რომ დაამთავრა და მამამ სპეციალური ტანსაცმლისთვის ფული აჩუქა, შარმეთან ეს ტანსაცმელი შეუკვეთა, ასეთ წარწერიანი – respice finem[5] – პატარა მედალიონი ჩამოიკიდა, პრინცს და აღმზრდელებს გამოემშვიდობა, მეგობრებთან ერთად დონონთან ისადილა, ყველაზე საუკეთესო მაღაზიებში შეკვეთილი თეთრეულით, სპეცტანსაცმლით, პლედით, საპარსებით და ტუალეტისთვის საჭირო ნივთებით სავსე ახალი მოდური ჩემოდნით ხელში, გუბერნატორის დახმარებით მამის მიერ ნაშოვნ საგანგებო დავალებათა ჩინოვნიკის ადგილის დასაკავებლად პროვინციაში გაემგზავრა.
ივან ილიჩმა მალე იქ ისეთივე კარგი გარემო შეიქმნა, როგორიც სამართალმცოდნეობის სასწავლებელში ჰქონდა. შრომობდა, წინაურდებოდა, აკეთებდა კარიერას და დროს ლაღად, მხიარულად, სასიამოვნოდ ატარებდა. იყო წესიერი, პატიოსანი ახალგაზრდა. უფროსის დავალებით ზოგჯერ მაზრაში უწევდა წასვლა და, როგორც მაღალი, ისე დაბალი წრის ადამიანებთან თავი ყოველთვის ღირსეულად ეჭირა. საქმეში ზუსტი, პატიოსანი და მოუსყიდველი იყო, რითაც ამაყობდა კიდევაც. დავალებებს კეთილსინდისიერად ასრულებდა, ხოლო განსაკუთრებული გულმოდგინებით სტაროვერების საქმეს ეკიდებოდა.
მიუხედავად ახალგაზრდობისა, მიუხედავად იმისა, რომ დროსტარება და გართობა უყვარდა, სამსახურში ძალიან თავშეკავებული იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, ოფიციალური და მკაცრიც კი, ხოლო საზოგადოებაში ყოველთვის მხიარული, მახვილგონიერი, კეთილი და ზრდილი.
უფროსებს, როგორც კაცებს, ისე ქალებს, შინაურად მიაჩნდათ და სიყვარულით bon enfant-ს[6] ეძახდნენ.
პროვინციაში ერთ იმ გათხოვილ ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, რომელიც ახალგაზრდა, ლამაზ, მოხდენილ სამართალმცოდნეს მოსვენებას არ აძლევდა. ჰყავდა ქუდების ოსტატი ქალიც. იყო ქეიფები და დროსტარება ჩამოსულ ფლიგელ ადიუტანტებთან, იყო ვახშმის შემდეგ შორ ქუჩაზე გასეირნებები... უფროსებთან პირფერობდა, ცდილობდა, გული არამარტო უფროსებისათვის მოეგო, არამედ მათი ცოლებისთვისაც და ამას ისეთ მაღალ დონეზე აკეთებდა, რომ შეუძლებელი იყო მისი საქციელი ურიგო სიტყვებით მოგეხსენებინა. მის ყველა მოქმედებას მხოლოდ ეს ფრანგული გამონათქვამი თუ მოუხდებოდა – il faut que jeumesse se passe[7]... ყველაფერს სუფთა ხელებით აკეთებდა, სუფთა პერანგებში გამოწყობილი. საუბრისას იყენებდა ფრანგულ გამონათქვამებს, რაც მთავარია, ყველაზე მაღალ საზოგადოებაში და რა თქმა უნდა, ყველაზე მაღალი საზოგადოების მოწონებით.
ასე იმსახურა ხუთი წელი, მაგრამ დადგა სამსახურის შეცვლის დრო. რაც მთავარია, გაჩნდა ახალი სასამართლო დაწესებულებები, სადაც ახალი ადამიანები იყო საჭირო.
ასეთი ახალი ადამიანი იყო ივან ილიჩი.
მალე მას სასამართლოს გამომძიებლის ადგილი შესთავაზეს და მანაც მიიღო ეს შემოთავაზება. ახალი სამსახური სხვა გუბერნიაში იყო, რის გამოც იძულებული გახდა, მიეტოვებინა მის ირგვლივ მყოფ ადამიანებთან დამყარებული საუკეთესო ურთიერთობა და ახალ ადგილას
დაემყარებინა ახალი ურთიერთობები. ახალ სამუშაო ადგილზე წასვლისას ივან ილიჩი ამხანაგებმა გააცილეს, თან შეგროვილი ფულით ვერცხლის საპაპიროსე უყიდეს.
ახალ სამსახურშიც ივან ილიჩი ისეთივე comme il faut იყო, ისეთივე წესიერი, ისევე შეეძლო სამსახურებრივი მოვალეობები და საზოგადოებრივი ცხოვრება ერთმანეთისაგან გაემიჯნა, ისეთივე პატივცემული ყოფილიყო საზოგადოებისაგან, როგორიც მაშინ, როცა განსაკუთრებულ დავალებათა შემსრულებლის თანამდებობა ეკავა... თავად გამომძიებლის სამსახური ძველთან შედარებით ივან ილიჩისთვის გაცილებით საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა. ძველი სამსახურის დროს შერმეროვის ვიცემუნდირში გამოწყობილს სიამოვნებდა მიღების მომლოდინე აკანკალებული მთხოვნელებისა თუ მოშურნე თანამდებობის პირთა წინ ამაყად გავლა, უფროსის კაბინეტში თავაღებით შესვლა, უფროსთან ერთად ჩაის დალევა და პაპიროსის გაბოლება, თუმცა, უშუალოდ მის საქმიანობასა და თავნებობაზე დამოკიდებული ადამიანები არც ისე ბევრნი იყვნენ. ასეთები მხოლოდ პოლიციის უფროსები და სტაროვერები გახლდათ, ესეც მაშინ, როცა მათთან დავალებით აგზავნიდნენ. ცდილობდა, მასზე დამოკიდებულ ამ ადამიანებს თავაზიანად მოპყრობოდა, თითქმის მეგობრულადაც კი. მოსწონდა, როცა ასეთ ადამიანებს აგრძნობინებდა, რომ მას, ვისაც შეეძლო გაესრისა, გაენადგურებინა ისინი, უბრალოდ, ადამიანურად ექცეოდა. ასეთი ხალხი მაშინ ცოტა იყო, ახლა კი სასამართლოს გამომძიებელი ივან ილიჩი გრძნობდა, ყველაზე თავმომწონე, საკუთარი თავით კმაყოფილი ადამიანები, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, ყველანი მის ხელთ იყვნენ, საკმარისია, სათაურიან ქაღალდზე რამდენიმე სიტყვა დაეწერა, რომ ამ ამაყ, თავმომწონე, თავისი თავით კმაყოფილ ადამიანს, როცა მასთან როგორც დამნაშავეს ან როგორც მოწმეს მოიყვანდნენ, თუ ნებას თავად ივან ილიჩი არ დართავდა – დაჯექიო, იდგებოდა მის წინ ასე გაჭიმული და
კითხვებზე პასუხს ეგრევე ფეხზე მდგომი გასცემდა... თუმცა თავის ამ ძალაუფლებას ივან ილიჩი ბოროტად არასოდეს იყენებდა, პირიქით, ცდილობდა, შეემსუბუქებინა მდგომარეობა. ეს ახალი სამსახური მისთვის სწორედ ამ ძალაუფლებისა და ამ შემსუბუქების სურვილის გაცნობიერებით იყო საინტერესო. სამსახურში, კერძოდ, გამომძიებლობაში ივან ილიჩმა ძალიან მალე გაითავისა ის ხერხი, ყურს იქით გაეშვა, თავიდან აეცილებინა ყველაფერი, რაც მის სამსახურეობრივ საქმიანობასთან არ იყო დაკავშირებული და ისეთი სახე მიეცა ყველაზე რთული საქმისათვის, რომლის დროსაც ეს საქმე მხოლოდ ზოგადად აისახებოდა ქაღალდზე და რომლის დროსაც სრულიად გამოირიცხებოდა მისი აზრი და პირადი შეხედულება და რაც მთავარია, დაცული იქნებოდა ყოველგვარი საჭირო ფორმალობა. ეს საქმე სრულიად ახალი იყო, ხოლო თვითონ იმ პირველ ადამიანთაგანი გახლდათ, ვინც 1864 წლის წესდების დანართი შეიმუშავა.
მას შემდეგ, რაც ივან ილიჩმა სასამართლოს გამომძიებლის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, უამრავი ახალი ნაცნობი შეიძინა, დაამყარა ახალი კავშირები, სრულიად შეიცვალა ქცევა, თავდაჭერა, შეიცვალა ტონი. გუბერნიის ხელისუფლებისაგან თავი შორს ერთგვარი ღირსებით დაიჭირა. აირჩია ყველაზე უკეთესი წრე ქალაქში მცხოვრებ მოსამართლეებსა და მდიდარ აზნაურებს შორის. მიიღო ხელისუფლების მიმართ ოდნავ უკმაყოფილო პიროვნების, ზომიერი ლიბერალისა და ცივილიზებული მოქალაქის სახე. არ უღალატია ელეგანტური, ძვირფასი ტუალეტისათვის. ახალ თანამდებობაზე წვერს უკვე აღარ იპარსავდა – დაე, ისე გაზრდილიყო, როგორც უნდოდა და სადამდეც უნდოდა.
ივან ილიჩის ცხოვრება ახალ ქალაქშიც შესანიშნავად აეწყო. გუბერნატორის წინააღმდეგ
ფრონდერულად განწყობილი საზოგადოება მეგობრული და ერთსულოვანი გახლდა. მეტი იყო ჯამაგირი, მეტი სიამოვნება მოჰქონდა ვისტს, რისი ნიჭიც ჰქონდა და უნარიც, რათა ხალისით, მხიარულად, გააზრებულად ეთამაშა და ამიტომ ყოველთვის მოგებული რჩებოდა.
ორი წლის მუშაობის შემდეგ, სწორედ იმ ქალაქში და იმ წრეში, რომელშიც ის ტრიალებდა, შეხვდა თავის მომავალ ცოლს, ყველაზე მიმზიდველ, ჭკვიან, მომხიბვლელ ქალიშვილს – პრასკოვია ფეოდოროვნა მიხელს და სასამართლო საქმეებისგან დაღლილმა გამომძიებელმა მასთან მსუბუქი ლაღი ურთიერთობა დაამყარა.
როცა ივან ილიჩი განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი ბრძანდებოდა, ყოველთვის ბევრს და სიამოვნებით ცეკვავდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამომძიებლად დაიწყო მუშაობა, მხოლოდ იშვიათად, გამონაკლის შემთხვევაში თუ იცეკვებდა. თან მხოლოდ იმ აზრით და განწყობით, საქმე ცეკვაზე თუ მიდგა, შემიძლია დავამტკიცო, რომ სხვებზე უკეთესად ვცეკვავო. პრასკოვია ფეოდოროვნასთან იშვიათად ცეკვავდა. ისიც მაშინ, როცა წვეულება თითქმის დამთავრებული იყო. მიუხედავად ამისა, პრასკოვია ფეოდოროვნა მიხელს სწორედ ცეკვის დროს შეუყვარდა, თანაც მაშინ, როცა სასამართლოს ახალგაზრდა მოსამართლეს ცოლის შერთვა აზრადაც არ ჰქონია, თუმცა რომ ნახა ქალიშვილს უყვარდა, ვითომ რატომ არ უნდა შევირთოო, უთხრა თავის თავს.
პრასკოვია ფეოდოროვნა, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე გვარის გახლდათ და არც ურიგო შესახედი იყო, ცოტაოდენ ქონებასაც ფლობდა. მართალია, ივან ილიჩს შეეძლო, გაცილებით უკეთეს პარტიაზე ეფიქრა, მაგრამ არც ეს იყო ცუდი. თვითონ კარგი ხელფასი ჰქონდა,
დარწმუნებული იყო, იმასაც ამდენივე შემოსავალი ექნებოდა. გარდა ამისა, ჰყავდა საუკეთესო ნათესაობა, თვითონაც ძალიან საყვარელი, წესიერი ქალი იყო. თუმცა იმის თქმა, ივან ილიჩმა ცოლი სიყვარულით შეირთო, მისი სახით ცხოვრებაზე თავისი შეხედულების თანამგრძნობ-თანამოზიარე ნახაო, ისეთივე უსამართლობა იქნებოდა, როგორც თქმა იმისა, თითქოს ეს ქალი ცოლად იმიტომ ითხოვა, რომ ეს არჩევანი მისი წრის ხალხმა მოიწონა. ისე კი სინამდვილეში ცოლად სწორედ ამ ორი მოსაზრების გამო ითხოვა: ერთი ის, რომ ასეთი ქალის თხოვნით თავისთვის მეტად კარგ საქმეს გააკეთებდა, მეორეც, კარგი იყო ის, რომ უმაღლესი თანამდებობის ადამიანები მის ამ არჩევანს სწორად მიიჩნევდნენ.
ასე შეირთო ცოლი ივან ილიჩმა.
ცოლქმრული ცხოვრების პირველი თვეები ცოლ-ქმარმა სიყვარულსა და ალერსში გაატარა. შეიძინეს ახალი ავეჯი, ახალი ჭურჭელი, თეთრეული, ისე, რომ, ვიდრე პრასკოვია ფეოდოროვნა დაორსულდებოდა, ყველაფერი შესანიშნავად იყო, იმდენად კარგად, რომ ივან ილიჩი უკვე იმასაც ფიქრობდა, ცოლის შერთვა არათუ არ შეცვლის ჩემს კარგ, სიამით სავსე ცხოვრებას, ყოველთვის წესრიგიანსა და საზოგადოების მიერ მოწონებულს, არამედ უფრო სასიამოვნოს გახდისო. მაგრამ, ცოლის ორსულობის პირველი თვეებიდან თავი რაღაც ისეთმა იჩინა, ისეთმა ახალმა, მოულოდნელმა და უსიამოვნომ, რასაც სრულიად არ ელოდა და რისგანაც თავის დაღწევა უკვე შეუძლებელი იყო.
ცოლის ყოვლად უმიზეზო, როგორც ივან ილიჩს ეჩვენებოდა, de gaité de coeur-ის[8] გამო, ყოველთვის მოწესრიგებულმა, სიამით სავსე ცხოვრებამ რღვევა იწყო. ქალი ყოველგვარი მიზეზის გარეშე ეჭვიანობდა, ყველაფერზე შარს სდებდა, უწყობდა უხამს, უსიამოვნო სცენებს.
თავიდან ივან ილიჩს იმედი ჰქონდა, ამ უსიამოვნებიდან, ცხოვრებისადმი იმ მსუბუქი, წესიერი დამოკიდებულების მეშვეობით გათავისუფლდებოდა, რომელსაც ადრე ყოველთვის გამოყავდა მდგომარეობიდან. სცადა, ცოლის ამგვარი განწყობისთვის ყურადღება არ მიექცია და ცხოვრებას ისევ ძველებურად განაგრძობდა – ბანქოს სათამაშოდ ისევ ისე ეპატიჟებოდა ნაცნობ-მეგობრებს, მაგრამ, ცოლმა ერთხელ უხეში სიტყვების ისეთი კორიანტელი დააყენა და ისე ჯიუტად განაგრძობდა მასთან ჩხუბს, რომ ეტყობა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, იქამდე არ შეჩერებულიყო, ვიდრე არ დაიმორჩილებდა, ანუ არ დაჯდებოდა სახლში ისიც მასავით მოწყენილი. ყოველივე ამან ივან ილიჩი დააბნია, მიხვდა, ცოლქმრული ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში თავის ამ ცოლთან, არათუ ხელს შეუწყობდა, ცხოვრება სიამესა და სიხარულში გაეტარებინა, არამედ პირიქით. ამიტომაც თავი მისგან შორს უნდა დაეჭირა და მიაგნო კიდევაც ამის საშუალებას – მიხვდა, რომ ერთადერთი, რაც პრასკოვია ფეოდოროვნას იმპონირებდა, მისი სამსახური იყო, ამიტომაც, სწორედ ამ სამსახურის, სამსახურეობრივი მოვალეობების მეშვეობით დაუწყო ცოლს ბრძოლა და თავისი დამოუკიდებელი სამყარო შეიქმნა.
ბავშვის დაბადება, მისი კვება, ამ კვებასთან დაკავშირებული ნაირნაირი სიძნელე და წარუმატებლობა, ბავშვისა და დედის ნამდვილი თუ მოგონილი ავადმყოფობები, რომელიც ყოველივე ამაში ივან ილიჩის აუცილებელ მონაწილეობას მოითხოვდა და რომელსაც ვერაფერს უგებდა, ამ ყველაფრიდან თავის დახსნა და ოჯახისგან საკუთარ სამყაროში თავის შეფარება მისთვის კიდევ უფრო აუცილებელი გახდა.
იმისდა მიხედვით, ცოლი რამდენადაც ჭირვეული, გამაღიზიანებელი და მომთხოვნი ხდებოდა, ივან ილიჩსაც საკუთარი ცხოვრების სიმძიმის ცენტრი სულ უფრო მეტად გადაჰქონდა
სამსახურში, რომელიც ახლა კიდევ უფრო შეიყვარა და წინანდელთან შედარებით კიდევ უფრო პატივმოყვარე გახდა.
დაქორწინებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ივან ილიჩი მიხვდა, ცოლის შერთვა, მართალია, ერთგვარად ხელსაყრელიც არის, მაგრამ არსებითად ძალიან რთული საქმეა, ვინაიდან, თუ გინდა ცოლის მიმართ შენი მოვალეობა პირნათლად შეასრულო, ანუ წესიერი საზოგადოების მოსაწონი ცხოვრებით იცხოვრო, საჭიროა, როგორც სამსახურის, ისე ოჯახით მიმართაც გარკვეული დამოკიდებულება შეიმუშაოო.
და შეიმუშავა კიდევაც. ოჯახური ცხოვრებიდან ახლა მხოლოდ იმ სიკეთეს მოითხოვდა, რომლის მიცემაც მარტო ცოლს შეეძლო, როგორიცაა მაგალითად, სახლში მომზადებული ოჯახური სადილი, ოჯახის დიასახლისობა, ლოგინი და, რაც მთავარია, ზრდილობის იმ გარეგნული ფორმების დაცვა, რომელიც საზოგადოებრივი აზრის მიხედვით არის განსაზღვრული. დანარჩენშიც ივან ილიჩი მხოლოდ სასიამოვნოს ეძებდა და თუ იპოვიდა, ძალიან კმაყოფილი ბრძანდებოდა. ხოლო შინ მისულს ცოლის ბუზღუნი და წინააღმდეგობა თუ დახვდებოდა, მაშინვე იმ სამსახურში გარბოდა.
იქ მას პატივს სცემდნენ და აფასებდნენ, როგორც საუკეთესო მუშაკს, ამიტომაც იყო, რომ სულ რაღაც სამი წლის შემდეგ პროკურორის ამხანაგად განაწესეს. ახალი მოვალეობები, ამ მოვალეობების მნიშვნელობა, იმის უფლება, რომ შეუძლია, ვისაც მოისურვებს, სასამართლოში მოიყვანოს და ციხეში ჩასვას, ის, რომ ახალ სამსახურში უკვე წარმატება მოიპოვა, ის, რომ სიტყვით თავისი საჯარო გამოსვლები მოსწონს, ყოველივე ამის გამო კიდევ უფრო მეტად მიუწევს გული სამსახურისაკენ.
მერე ბავშვები გაჩნდნენ. ცოლი დღითი დღე სულ უფრო ბუზღუნა და ბრაზიანი ხდებოდა, მაგრამ ოჯახური ცხოვრების მიმართ გამომუშავებული დამოკიდებულის გამო, ივან ილიჩს ყოველივე ამის მიმართ შეუღწევადს ხდიდა.
იმ ქალაქში შვიდი წლის მუშაობის შემდეგ პროკურორად სხვა გუბერნიაში გადაიყვანეს და ის იქ მთელი თავისი ოჯახით გადაბარგდა. მართალია, ახალ ადგილას წინა სამსახურთან შედარებით ჯამაგირი მეტი ჰქონდა, მაგრამ ცხოვრება იმ ქალაქში გაცილებით ძვირი იყო, ამიტომ ფული მაინცდამაინც არ ჰყოფნიდათ და პრასკოვია ფეოდოროვნას იქაურობა არ მოსწონდა. გარდა ამისა, მოუკვდათ ორი ბავშვი და ოჯახური ცხოვრება ივან ილიჩისთვის კიდევ უფრო მოსაწყენი გახდა.
პრასკოვია ფეოდოროვნა ამ ახალ ადგილას, სახლში ყოველგვარი უსიამოვნების გამო, ქმარს საყვედურობდა. ცოლისა და ქმრის საუბარში ბევრი რამ, განსაკუთრებით ბავშვების აღზრდის თაობაზე, მრავალ კითხვას ბადებდა. ახსენებდნენ თავიანთ იმ ჩხუბებს, რომელსაც შეიძლება ამ წუთშიაც ეფეთქა. რჩებოდა სიყვარულის ის იშვიათი პერიოდები, რომელიც დაეუფლებოდა ხოლმე ცოლ-ქმარს და რომელიც დიდხანს არ გრძელდებოდა – ეს ის პატარა კუნძულები იყო, სადაც მხოლოდ ცოტა ხნით თუ დაუტკბებოდნენ ერთმანეთს და მალე ისევ ურთიერთგაუცხოების, ერთმანეთის მიმართ გულში ჩამარხული მტრობის მორევში იძირებოდნენ. ამ გაუცხოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო დაემწუხრებინა ივან ილიჩი, თუ ჩათვლიდა, რომ ეს წესით არ იყო განსაზღვრული, რომ არ შეიძლებოდა ეს ასე ყოფილიყო. მაგრამ, ახლა უკვე აღიარებდა, რომ ეს არა მხოლოდ ნორმალური იყო, არამედ ოჯახში მისი ქმედების მიზანიც, ხოლო ქმედების ეს მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ რაც შეიძლება მეტად
გაეთავისუფლებინა თავი ოჯახური უსიამოვნებებისგან და თავისი ქცევისთვის წესიერების, უწყინრობის ხასიათი მიეცა, რასაც იმით აღწევდა, რომ სახლში დროს სულ უფრო იშვიათად ატარებდა. ხოლო როცა იძულებული იყო, რაღაც დრო ოჯახში გაეტარებინა, ცდილობდა, მისი ყურადღება უფრო სტუმრებისკენ ყოფილიყო მიმართული და ამით შეემსუბუქებინა მდგომარეობა... მაგრამ მთავარი მისთვის სამსახური იყო. მთელმა მისმა ცხოვრების მიზანმა და ინტერესმა თავი სამსახურებრივ გარემოში მოიყარა და ამ ინტერესმა ის მთლიანად შთანთქა... საკუთარი ძალმოსილების შეგნება, ის, რომ შეუძლია გაანადგუროს ყველა, ვის განადგურებასაც მოისურვებს, სასამართლოში შესვლისას თუ ხელქვეითებთან შეხვედრისას თავისი ამპარტავანი გარეგნობით თავი მოიწონოს, როგორც ზემდგომების, ისე ხელქვეითების წინაშე, რაც მთავარია, თავისი ცოდნით და დიდი დახელოვნებულობით, რასაც თავადაც კარგად გრძნობდა, გულს სიამით უვსებდა. ამასთან, ამხანაგებთან საუბრები, სადილები და ვისტი ახარებდა და ისე მიედინებოდა მისი ცხოვრება, როგორც თავად ივან ილიჩი თვლიდა საჭიროდ, ანუ სასიამოვნოდ და მართებულად.
ასე იცხოვრა კიდევ შვიდი წელიწადი. უფროსი ქალიშვილი უკვე თექვსმეტი წლის იყო. გარდაეცვალათ კიდევ ერთი ბავშვი. დარჩათ ქალიშვილი და გიმნაზიელი ბიჭუნა – ცოლ-ქმარს შორის ჩხუბის კიდევ ერთი ობიექტი: ივან ილიჩს უნდოდა, ბიჭს სამართალმცოდნეობის სასწავლებელში ესწავლა, თუმცა ქმრის ჯინაზე პრასკოვია ფეოდოროვნამ ის გიმნაზიაში შეიყვანა. ბიჭი იქ კარგად სწავლობდა, შესანიშნავად იზრდებოდა ქალიშვილი, რომელსაც სახლში ამეცადინებდნენ.


3
ასე გრძელდებოდა ივან ილიჩის ცხოვრება ცოლის შერთვიდან ჩვიდმეტი წელიწადი. ახლა ის უკვე ხანში შესული, დიდად გამოცდილი პროკურორი გახლდათ. ვინც იმის გამო, რომ უნივერსიტეტის ქალაქში თავმჯდომარის სასურველი ადგილის დაკავებას ელოდა, უარი თქვა რომელიღაც სამსახურებრივ გადაადგილებაზე. მოულოდნელად მოხდა ერთი მეტად არასასიამოვნო ამბავი, რამაც მისი მშვიდი ცხოვრება სრულიად შეცვალა. უნივერსიტეტის ქალაქში სასამართლოს თავმჯდომარის ის სასურველი ადგილი, რასაც ასე ელოდა ივან ილიჩი, გოპემ იყოჩაღა, წინ გაუსწრო და დაიკავა. ამან ძალიან გააღიზიანა ივან ილიჩი, გოპესაც ეჩხუბა და თავის უშუალო უფროსებსაც, რის შემდეგაც უფროსებმა ცივად დაუწყეს ყურება და გვერდი თანამდებობის შემდგომი განწესების დროსაც აუარეს.
ეს იყო 1880 წელი – ყველაზე მძიმე წელიწადი ივან ილიჩის ცხოვრებაში. ერთი მხრივ აღმოჩნდა, რომ, საცხოვრებლად ხელფასი არ კმაროდა, გარდა ამისა, ის რომ ყველამ დაივიწყა და მის მიმართ თავიანთი ეს უმკაცრესი დამოკიდებულება ჩვეულებრივ ამბად მიაჩნდათ, გულს ძალიან სტკენდა. აღარც თავად მიაჩნდა მამას შვილის დახმარება თავის მოვალეობად. და აი, ივან ილიჩმა იგრძნო, რომ ყველამ გვერდი უქცია, ვინაიდან მათი აზრით, სამიათას ხუთას მანეთიანი ხელფასით მისი მდგომარეობა სრულიად ნორმალური იყო, ის კი არა, ამით ძალიან ბედნიერიც უნდა ყოფილიყო. მაგრამ, იმ უსამართლობის გამო, როგორც მას ექცეოდნენ, იმის გამო, რომ ცოლი გამუდმებით ებუზღუნებოდა, იმ ფულისათვის, რომელსაც უფრო მეტს ხარჯავდა, ვიდრე შემოსავალი ამის საშუალებას იძლეოდა, მხოლოდ მან ერთმა იცოდა, არათუ ბედნიერი, ნორმალური მდგომარეობისგანაც კი ძალიან შორს იყო.
იმ წელიწადს ჯამაგირს ცოტა რომ დაეზოგა, შვებულება აიღო და ცოლთან ერთად ზაფხულის გასატარებლად ცოლისძმასთან სოფელში წავიდა.
იმის გამო, რომ უსამსახუროდ მთელ თავის ცხოვრებაში პირველად იყო, ივან ილიჩმა სოფელში არა მარტო მოიწყინა, არამედ აუტანელმა კაეშანმა მოიცვა და გადაწყვიტა, რომ ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო, რომ აუცილებლად რაღაც გადამწყვეტი ზომები უნდა მიეღო.
ის ღამე ივან ილიჩმა ტერასაზე უძილოდ გაატარა, რის შემდეგაც გადაწყვიტა, პეტერბურგში წასულიყო, იქ სხვა რომელიმე სამინისტროში სამსახურის საშოვნელად რაიმე ეღონა და ის ადამიანები დაესაჯა, რომლებმაც არ დააფასეს, უფრო სწორად, ვერ შეძლეს მისი დაფასება.
მიუხედავად ცოლის და ცოლისძმის მცდელობისა, წასვლაზე როგორმე უარი ეთქმევინებინათ, მეორე დღეს მაინც გაემგზავრა პეტერბურგში.
წავიდა მხოლოდ ერთი მიზნით, ეთხოვა ისეთი სამსახური, სადაც ხუთი ათასი მანეთი ჯამაგირი ექნებოდა. მისთვის ახლა არც სამინისტროს ჰქონდა მნიშვნელობა, არც იმას, რა მიმართულების იყო ის სამინისტრო, არც იმას, რა სახის სამუშაო იქნებოდა, მას მხოლოდ ხუთი ათასმანეთიანი სამსახური სჭირდებოდა, იქნებოდა ეს კანცელარია, ადმინისტრაცია, ბანკი, იმპერატორ მარიას დაწესებულება თუ საბაჟო, მთავარია, ჯამაგირი ხუთი ათასი მანეთი ყოფილიყო და იმ სამინისტროდან წამოსულიყო, სადაც მისი დაფასება ვერ შეძლეს.
და აი, ივან ილიჩის სწორედ ეს გამგზავრება დაგვირგვინდა სრულიად მოულოდნელი წარმატებით... კურსკში მატარებლის პირველი კლასის ვაგონში ამოვიდა მისი ნაცნობი ფ. ს. ილინი, რომელმაც გადასცა კურსკის გუბერნატორის მიერ მოსკოვიდან მიღებული ახალი ტელეგრამა იმის შესახებ, რომ დღე-დღეზე სამინისტროში დიდი ცვლილებები იწყებოდა – პეტრე ივანიჩის ადგილზე ივან სემიონოვიჩი გადაჰყავდათ.
ამ სავარაუდო ცვლილებას, გარდა მთელი რუსეთისა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ივან ილიჩისათვის ჰქონდა. როგორც ჩანს, ეს მისთვის მეტად ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო, რადგან დაწინაურებული ორივე პიროვნება – პეტრე ივანოვიჩი და ზახარ ივანოვიჩიც მისი მეგობრები იყვნენ.
როცა აღნიშნული ცნობა მოსკოვში დადასტურდა, ივან ილიჩმა პეტერბურგში ზახარ ივანოვიჩი მოინახულა, რომელიც დაბეჯითებით შეჰპირდა, რომ იუსტიციის თავის ყოფილ სამინისტროში ივან ილიჩი ადგილს აუცილებლად მიიღებდა.
ამის შემდეგ გავიდა ერთი კვირა და ივან ილიჩმა სოფელში ასეთი შინაარსის დეპეშა გააგზავნა:
«ზახარი მილერის ადგილას განწესებას მივიღებ პირველსავე საჯარო გამოცხადების შემდეგ».
სამუშაო ადგილებზე იმ გადაადგილებების წყალობით ივან ილიჩი მალე, მართლაც, თავის ძველ სამინისტროში იმ თანამდებობაზე იქნა დანიშნული, რომლის გამოც თავის ძველ ამხანაგებთან შედარებით მთელი ორი საფეხურით დადგა. გარდა ხუთი ათასი მანეთი ჯამაგირისა, დაწინაურების კიდევ სამი ათასი მანეთი დაენიშნა და როგორც თავისი ძველი მეგობრების, ისე სამინისტროს მიმართ ყოველგვარი წყენა დაივიწყა, ისე, რომ ივან ილიჩი ახლა ძალიან ბედნიერი გახლდათ.
სოფელში ისეთი მხიარული და კმაყოფილი დაბრუნდა, როგორიც დიდი ხანია აღარავის ენახა. გამხიარულდა პრასკოვია ფეოდოროვნაც და მალე მათ შორის დროებითი ზავი დამყარდა. ივან ილიჩი ცოლს დაწვრილებით მოუყვა, პეტერბურგში ყველანი როგორი პატივისცემით ექცეოდნენ, ხოლო ისინი, რომლებიც მისი მტრები ბრძანდებიან, პეტერბურგში ყველას ასე ძალიან რომ უყვარხართ, გვშურსო, როგორ ეპირფერებოდნენ.
პრასკოვია ფეოდოროვნა უსმენდა და არაფერში ეწინააღმდეგებოდა – აქაოდა, ყველაფერი მჯერაო! თან ახალ გარემოში ცხოვრების დასაწყებად გეგმებს აწყობდა, ივან ილიჩიც გახარებული იყო, მისი და მისი ცოლის გეგმები ერთმანეთს რომ დაემთხვა, სჯეროდა, მისი წაბორძიკებული ცხოვრება ამიერიდან ძველებურად ისევ სასიამოვნო იქნებოდა.
ვინაიდან ათ სექტემბერს უკვე თავის ახალ ადგილზე უნდა დაეწყო მუშაობა, ივან ილიჩი სოფელში მხოლოდ ცოტა ხნით ჩავიდა. გარდა ამისა, ახალ ადგილზე სახლის მოსაწყობად პროვინციიდან ავეჯის გადმოსატანად, უამრავი რაღაცის შესაკვეთად და საყიდლად დრო იყო საჭირო. ერთი სიტყვით, უნდოდა სახლი ისე გაელამაზებინა, ისე აეწყო ცხოვრება, როგორც გუნებაში ჰქონდა გადაწყვეტილი. კიდევ ისე, როგორც ამაზე პრასკოვია ფეოდოროვნა ოცნებობდა.
ახლა, როცა ყველაფერი კარგად იყო, როცა ასე ზუსტად დაემთხვა მისი და ცოლის სურვილები, თან იმის გამოც, რომ დიდი ხანია ერთად არ ყოფილან, ისე შეთანხმებულად ცხოვრობდნენ, როგორც არასდროს, დაოჯახების პირველ წლებშიაც კი. ივან ილიჩს უნდოდა, ცოლ-შვილი ახლავე წაეყვანა იმ ახალ ადგილას, მაგრამ დისა და სიძის დაჟინებული თხოვნის შემდეგ, რომლებიც ივან ილიჩისა და მისი ოჯახის მიმართ უცებ განსაკუთრებულად მოსიყვარულე და ნათესაურები გახდნენ, მოხდა ისე, რომ ივან ილიჩი იქ მარტო გაემგზავრა.
მთელი იმ დროის განმავლობაში ის მხიარული განწყობა, რომელიც სამსახურებრივი წარმატებისა და ცოლთან დამთბარი ურთიერთობების გამო დაეუფლა, არ ტოვებდა. მოიძებნა საუცხოო სახლი, ზუსტად ისეთი, როგორზეც ორივე ოცნებობდა – ცოლიც და თვითონაც. ფართო, მაღალჭერიანი მისაღები ოთახები, მყუდრო, უზარმაზარი კაბინეტი, ოთახები ცოლისა და ქალიშვილისათვის, საკლასო ოთახი გიმნაზიელი ბიჭუნასთვის, მოკლედ, ყველაფერი თითქოს მათთვის საგანგებოდ იყო ასე გამზადებული... ბინის მოწყობას ივან ილიჩმა თვითონ მოჰკიდა ხელი, არჩევდა შპალერებს, ყიდულობდა ავეჯს, განსაკუთრებულად ძველებურს – სახლს კომიფლურ იერს აძლევსო. ყიდულობდა ავეჯის ძვირფას გადასაკრავებს და ივსებოდა, ლამაზდებოდა ოთახები; თანდათან იმ იდეალის სახეს იღებდა, რომელიც მის წარმოსახვაში იყო და რა იდეალიც თავად შეიქმნა. ბინა ჯერ მხოლოდ სანახევროდ იყო მოწყობილი, რომ ოთახების სიმყუდროვემ და სასიამოვნო გარემომ მოლოდინს გადააჭარბა. იცოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, ბინა კიდევ უფრო კომიფლურ, დახვეწილ, მდიდრულ სახეს მიიღებდა. დასაძინებლად თვალებს რომ მილულავდა, წარმოიდგენდა, რა დიდებული იქნებოდა ზალა, წარმოიდგენდა მისაღებ ოთახს, რომელიც ჯერ ბოლომდე არ იყო დალაგებული, ბუხარს, ეტაჟერს, ირგვლივ მიმობნეულ სკამებს, კედლებზე დაკიდებულ ძვირფას თეფშებს, ლანგრებს, ბრინჯაოს ლამაზ ნაკეთობებს და უკვე თვალწინ ედგა, როგორი იქნებოდა აქაურობა, როცა ეს ყველაფერი თავ-თავის ადგილს დაიკავებდა. იმაზე ფიქრი ახარებდა, პაშასა და ლიზანკას, რომლებმაც ასევე კარგად იცოდნენ ამ ყველაფრის ფასი, როგორ გააოცებდა... ივან ილიჩი განსაკუთრებით იმით იყო კმაყოფილი, ეს ძველებური ნივთები, რომელიც ყველაფერს აკეთილშობილებდა, ასე იაფად რომ შეიძინა... სოფელში ოჯახის წევრებს, წერილებში ახალ სახლს, იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში იყო, განგებ ისე აუწერდა, თითქოს მაინცდამაინც დიდს არაფერს წარმოადგენდა, რათა შემდეგ გაეოცებინა ისინი. ამან ისე შეიქცია, ლამის თავისი ახალი სამსახურიც კი დაავიწყა... იჯდა ზოგჯერ კრებაზე თავჩაღუნული და იმაზე ფიქრობდა, ფარდებისთვის როგორი კარნიზები დაეყენებინა, ჩვეულებრივი თუ საგანგებოდ შერჩეული. სახლის მოწყობა-გალამაზებაში ისე იყო ჩართული, ავეჯს ერთ ადგილიდან მეორე ადგილზე თავისი ხელით გადააადგილებდა, თვითონ კიდებდა, თვითონ ცვლიდა ფარდებს – წვალობდა, თავს წუთითაც არ ზოგავდა. ერთხელაც ავეჯზე შალითების გადამკვრელისთვის რომ ეჩვენებინა, ფარდები ლამაზად როგორ დაეკიდა, ფეხი დაუსხლტა, კიბიდან ჩამოვარდა, მაგრამ, იმის გამო, რომ ძლიერი და მოქნილი იყო, თავი ადვილად შეიკავა და მხოლოდ გვერდი ჩამოჰკრა ფანჯრის სახელურს. ამის შემდეგ ცოტა ხანს იავადმყოფა, მაგრამ მალევე გამოკეთდა... მთელი იმ ხნის განმავლობაში, ვიდრე ამ გარჯასა და წვალებაში იყო, ივან ილიჩი თავს ჯანმრთელად და ხალისიანად გრძნობდა. ასე მგონია, მთელი თხუთმეტი წლით გავახალგაზრდავდიო, – სწერდათ. ეგონა, სახლის საქმეებს სექტემბრამდე მორჩებოდა, თუმცა ოქტომბრის შუა რიცხვებამდე სამუშაო ჯერ კიდევ საკმარისად იყო... ბოლოს, როგორც იქნა, ყველაფერი შესანიშნავად დამთავრდა, რასაც მხოლოდ თვითონ კი არა, ვინც ნახავდა, ყველა აღნიშნავდა.
სინამდვილეში მისი სახლიც ისეთი იყო, როგორიც ყველა არც ისე მდიდარი ადამიანის სახლია, ანუ იმათი, რომლებსაც ძალიან უნდათ მდიდრებს ჰგვანდნენ და ამიტომაც მათი სახლები ერთმანეთს ჰგავს – ავეჯის გადასაკრავი ძვირფასი აბრეშუმი, შავი ხის ავეჯი, ყვავილები, უძვირფასესი ფარდაგები, ბრინჯაო – ჩამუქებულიც და გაპრიალებულიც... ყველაფერი ის, რასაც ამ ტიპის ადამიანები აკეთებენ, აკეთებენ იმისთვის, რათა რაც შეიძლება ძალიან ჰგავდნენ ცნობილ ადამიანებს... ივან ილიჩის ეს ახალი სახლიც ისე ძალიან ჰგავდა იმ სახლებს, ყურადღების მიქცევადაც არ ღირდა. თუმცა თავად ილიჩს თავის სახლიც და ეს თავის ავეჯიც რაღაცით გამორჩეული, განსაკუთრებული ეგონა. როცა იგი ოჯახის წევრებს რკინიგზის სადგურში დახვდა, ხოლო იქიდან თავის განათებულ, მდიდრულად მოწყობილ სახლში მიიყვანა, როცა ყვავილებით მორთული კარი თეთრ ჰალსტუხში გამოწყობილმა ლაქიამ გაუღოთ, მერე კი ყველა სასტუმრო ოთახი და კაბინეტი დაათვალიერებინათ, კმაყოფილებისაგან ყველა ერთ სიცილსა და მხიარულებაში იყო, ივან ივანიჩს ყველა აქებდა და ადიდებდა და ისიც მათ ამ ქებას ისე ისრუტავდა, ისე იყო გახარებული, რომ პირდაპირ ბრწყინავდა. საღამოს, როცა პრასკოვია ფეოდოროვნამ ჰკითხა, კიბიდან როგორ ჩამოვარდიო, ივან ილიჩმა გაიცინა და ცოცხლად წარმოადგინა, კიბიდან როგორ გადმოფრინდა და ავეჯის გადამკვრელს გული როგორ გაუხეთქა.
– ტყუილად როდი ვარ სპორტსმენი. სხვა ჩემ ადგილას, ალბათ, სულს გააცხებდა, – თქვა მან სიცილით, – მე კი მხოლოდ, აი, იმ სახელურს ჩამოვასკდი და გვერდი ვიტკინე. ხელს რომ დავიდებ, მართალია, ცოტა მტკივა, მაგრამ უკვე ნაკლებად, ეგ არის, ეს ადგილი ოდნავ გალურჯებულია.
ასე დაიწყო მათი ცხოვრება ამ ახალ სახლში, რომელშიც, როგორც ყოველთვის, კარგად რომ გაისაცხოვრისეს, მხოლოდ ერთ ოთახს ნაკლულობდნენ. ახლანდელი შემოსავლიდან კი მხოლოდ სულ რაღაც ხუთასი მანეთი არ ჰყოფნიდათ, დანარჩენი კი ყველაფერი შესანიშნავად იყო. განსაკუთრებით თავიდან, როცა რაღაც-რაღაცებს ჯერ კიდევ ხელის წამოკვრა სჭირდებოდა, ზოგიერთი რამ ჯერ კიდევ მოსაგვარებელი იყო – რაღაც უნდა ეყიდათ, რაღაც შეეკეთებინათ, რაღაცისთვის ადგილი შეეცვალათ... მართალია, ცოლი და ქმარი ზოგიერთ რაღაცაზე ბოლომდე ვერ თანხმდებოდა, მაგრამ საქმე ჯერ კიდევ იმდენი ჰქონდათ, რომ ჩხუბისთვის არც ერთს ეცალა, არც მეორეს, რითაც ორივე კმაყოფილი გახლდათ. თუმცა საქმე როცა ბოლომდე მიიყვანეს, როცა გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა, ცხოვრება თითქოს მოსაწყენი გახდა, თითქოს რაღაც აკლდათ, მაგრამ, ახალი ნაცნობები, ახალი ურთიერთობები, ახალ გარემოსთან შეჩვევა-შეგუება... და ცხოვრება თანდათან თავის კალაპოტში ჩადგა.
ივან ილიჩი დილით სასამართლოში რომ წავიდოდა, სადილობისას უკვე სახლში იყო. პირველ ხანებში მშვენიერ გუნება-განწყობაზე ბრძანდებოდა, მართალია, სახლის საქმეების გამო წვალობდა, იღლებოდა კიდევაც, მაგრამ მხედველობიდან არაფერი რჩებოდა. ზოგჯერ სუფრასა ან რომელიმე ავეჯის აბრეშუმის ძვირფას გადასაკრავზე რაიმე პატარა ლაქაც რომ შეემჩნია, ანდა ფარდის ზონარს გაწყვეტილს დაინახავდა, ღიზიანდებოდა, გაპრიალებულ ავეჯზე თითოეული პატარა ნაკაწრიც კი ტკივილს ჰგვრიდა, ვინაიდან ამ ყველაფერში დიდი შრომა ჰქონდა ჩადებული... მიუხედავად ამისა, ივან ილიჩის ცხოვრება ისე მიედინებოდა, როგორც წარმოდგენილი ჰქონდა – ლაღად, მსუბუქად, მართებულად... ადგებოდა დილით ცხრა საათზე, დალევდა ყავას, გაზეთს წაიკითხავდა, გამოეწყობოდა თავის ვიცმუნდირში, წავიდოდა სასამართლოში და იქ უკვე მოექცეოდა იმ მძიმე უღელქვეშ, რომელშიც მუშაობა უწევდა – მთხოვნელები, ცნობები კანცელარიიდან, თავად კანცელარია, კრებები – განმკარგულებელი თუ საჯარო და ამ ყველაფრიდან, უნდა შეძლებოდა, უნდა გამოერიცხა ის ნედლი და ცხოვრებისეული, რაც ყოველთვის ხელს უშლის სამსახურებრივი საქმეების სწორ წარმართვას, არ უნდა ჰქონოდა გარეშე პირებთან ურთიერთობა გარდა სამსახურებრივისა. მაგალითად, მოდის ადამიანი, ვისაც რაღაცის გაგება უნდა, მაგრამ, ვინაიდან ის ადამიანი კერძო პირია, ვერ დაეხმარება იმიტომ, რომ არ შეიძლება. სამაგიეროდ, ისეთი პირი თუა, ვინც სასამართლოს წევრია და ეს იმ ქაღალდზეა აღნიშნული, რომლის სათაურიც მთავრული ასოებით არის წარმოდგენილი, ამგვარი ვითარების ფარგლებში ივან ილიჩი აკეთებს ყველაფერს, რის გაკეთებაც შეიძლება. ამასთან ერთად იცავს მასთან გულითად, ადამიანურ დამოკიდებულებას, იცავს ზრდილობის წესებს. მაგრამ, როგორც კი დამთავრდება სამსახურებრივი ურთიერთობა, მთავრდება სხვა ყოველგვარი ურთიერთობაც – აქ ივან ილიჩს უკვე შეუძლია, ერთმანეთს შეუთავსოს სამსახურებრივი და პირადი. ამ უნარს ის უმაღლეს დონეზე ფლობს და ეს თავისი ხანგრძლივი პრაქტიკით და ნიჭით იმ დონემდე აქვს გამომუშავებული, რომ ზოგჯერ ნამდვილი ვირტუოზივით თავს უფლებას აძლევს, პირადი და სამსახურებრივი ერთმანეთისგან არ განაცალკევოს, ვინაიდან იცის, როცა დასჭირდება, სამსახურებრივი პირადულისგან განაცალკევოს, ამის ძალას ყოველთვის გრძნობს და ამას არა მხოლოდ ადვილად და სიამოვნებით აკეთებს, არამედ ვირტუოზულადაც... შუალედებში ეწევა, სვამს ჩაის, ცოტას პოლიტიკაზე საუბრობს, ცოტას ზოგად საკითხებზე, ცოტას ბანქოზე, ყველაზე მეტს განწესებაზე და ბოლოს დაღლილი, იმ ვირტოუზის განცდით, რომელმაც წარმატებით დაასრულა ორკესტრის პირველი ვიოლინოს ერთ-ერთი პარტია, წავა სახლში და შინ მისულს ცოლი და ქალიშვილი ან წვეულებაზე წასულები დახვდებიან ან მათთან ვიღაც არის სტუმრად... ვაჟიშვილი გიმნაზიაშია, რეპეტიტორებთან გაკვეთილებს ამზადებს და რასაც გიმნაზიაში ასწავლიან, ყველაფერს გულდასმით სწავლობს. მოკლედ ყველაფერი შესანიშნავადაა... სტუმრები თუ არ არიან, სადილის შემდეგ ივან ილიჩი ზოგჯერ წიგნს კითხულობს, განსაკუთრებით იმას, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ, საღამოს კი მიუჯდება საქმიან ქაღალდებს, კიდევ ერთხელ გადახედავს კანონებს, შეადარებს ჩვენებებს და მიუსადაგებს. ამ დროს ის არც მოწყენილია, არც მხიარული. თუ მოეწყინება, შეუძლია ვინტი ითამაშოს, მაგრამ, თუ ვინტი არა, ცოლის გვერდით ჯდომას მარტო ჯდომა ურჩევნია. ყველაზე მეტად პატარა წვეულებები უყვარს, რომელზეც მხოლოდ იმ ადამიანებს პატიჟებს, იმ კაცებს და იმ ქალბატონებს, რომელთაც საზოგადოებაში მაღალი ადგილები უკავიათ და მათთან ისეთი დროსტარება უყვარს, რომელიც ისევე ჰგავს იმ ადამიანების დროსტარებას, როგორც მისი სასტუმრო ოთახი ჰგავს მათ სასტუმრო ოთახებს...
ერთ საღამოს წვეულებაც ჰქონდა. იმ საღამოს ივან ილიჩი მშვენიერ გუნებაზე ბრძანდებოდა. ყველაფერი ჩინებულად იყო, რომ არა ცოლთან ტორტისა და კანფეტების გამო ჩხუბი. ცოლს თავისი გეგმა ჰქონდა, ივან ილიჩი კი მოითხოვდა ტკბილეული იმ საკონდიტროში ეყიდათ, სადაც ყველაფერი ძვირი იყო, თან ტორტი რაც შეიძლება ბევრი უნდა ყოფილიყო. ჩხუბი სწორედ იმის გამო დაიწყო, რომ კონდიტერმა ტორტში, რომელიც იმდენად ბევრი იყო, რომ ვერ შეჭამეს და დარჩა, ორმოცდახუთი მანეთი გამოართვათ. ჩხუბი ისე გამწვავდა, პრასკოვია ფეოდოროვნამ ქმარს – გულის გამაწყალებელო ჩერჩეტოო – ესეც კი უთხრა. ამაზე ივან ილიჩმა თავზე ხელი იტაცა და გაბრაზებულმა გაყრაზე რაღაც ახსენა... მიუხედავად ამისა, საღამომ მხიარულად ჩაიარა. იყო საუკეთესო საზოგადოება. ივან ილიჩმა თავადის ასულ ტრუფონოვასან, იმ ქალის დასთან იცეკვა, ვინც იმ ცნობილი საზოგადოების დამფუძნებელი გახლდათ, რომელსაც სახელად «წაიღე ჩემი სევდა ერქვა»... სამსახურებრივი წარმატებით გამოწვეული სიხარული ივან ილიჩს კიდევ უფრო თავდაჯერებულს ხდიდა. სამსახურებრივი სიხარული თავმოყვარეობით გამოწვეული სიხარული იყო, საზოგადოებრივთან დაკავშირებული სიხარული – პატივმოყვარეობით. და მაინც, ყველაზე დიდ სიხარულს ივან ილიჩი ვინტის თამაშის დროს განიცდიდა. ისიც კი აღიარა, ყველა იმ ვითარებაში, რა ვითარებაც არ უნდა ყოფილიყო მის ბედნიერებას მოკლებულ ცხოვრებაში, სიხარულს, რომელიც ყოველივე ამის წინ სანთელივით ენთო, ვინტის თამაში ჰგვრიდა, ოღონდ, მყვირალა პარტნიორებთან კი არა, კარგ მოთამაშეებთან, თან აუცილებლად მეოთხე უნდა ყოფილიყო (მეხუთეობა არ უყვარდა, ცუდად გამომდისო, თუმცა თავს ისე აჩვენებდა, ვითომ ძალიანაც უყვარდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო), თამაშს ჭკვიანურად, სერიოზულად მოჰკიდებოდა (ეს მაშინ, როცა კარგი კარტი მოუვიდოდა), მერე ვახშმად ერთი ჭიქა ღვინო დაელია, დაწოლილიყო და გემრიელად დაეძინა, განსაკუთრებით ცოტა ფულიც თუ ექნებოდა მოგებული (ბევრი არა, არ ვარგა). ასეთ დროს ივან ილიჩი ყოველთვის შესანიშნავ გუნებაზე იძინებდა...
აი ასე ცხოვრობდნენ ისინი. მათ ირგვლივ საუკეთესო საზოგადოება იკრიბებოდა, იყვნენ როგორც ცნობილი, ასაკოვანი ადამიანები, ისე ახალგაზრდები.
ნაცნობი მამაკაცების წრეზე ივან ილიჩის ცოლიცა და ქალიშვილიც ერთი აზრისანი იყვნენ, სამაგიეროდ, ყოველგვარი ურთიერთშეთანხმების გარეშე, გვერდზე სწევდნენ, თავიდან იშორებდნენ იმ ნათესავებსა და ნაცნობებს, ანუ იმ თხუპნიებს, რომლებიც შემოლაგდებოდნენ მოულოდნელად ტკბილი, დათაფლული ლაპარაკ-ლაპარაკით მდიდრულად მოწყობილ, კედლებზე ძვირფასი იაპონური თეფშებით გალამაზებულ სასტუმრო ოთახში, მაგრამ მალე ის ფეთხუმი ნათესავ-მეგობრები ისე მოიცილეს თავიდან, ისე გათავისუფლდნენ მათგან, რომ მათი ხსენებაც აღარ იყო. გოლოვინების გვერდით ახლა მხოლოდ საუკეთესო საზოგადოება ტრიალებდა. ახალგაზრდა ვაჟები ლიზას ეარშიყებოდნენ, ლიზას ეარშიყებოდა პეტრიშევიც – დიმიტრი ივანოვიჩ პეტრიშევის ვაჟი და მისი ერთადერთი მემკვიდრე, რის გამოც ივან ილიჩმა პრასკოვია ფეოდოროვნას ისიც კი უთხრა, ტროიკით ხომ არ გავისეირნოთ, საღამო ხომ არ გავმართოთო... ასე ცხოვრობდნენ, ასე მიედინებოდა მათი ცხოვრება ყოველგვარი ცვლილებისა და სიახლის გარეშე.

---------------------------------------------------------

4
ოჯახში ყველა ჯანმრთელი, ყველა საღსალამათი იყო. ის, რომ ზოგჯერ ივან ილიჩი ამბობდა, პირში უცნაური გემო მაქვს, მარცხენა მხარეს მუცელში რაღაც უსიამოვნებას ვგრძნობო, არ შეიძლებოდა ამისთვის ჯერჯერობით ავადმყოფობა გეწოდებინა.
მაგრამ, მოხდა ისე, რომ ამ უსიამოვნო შეგრძნებამ თანდათან იმატა, მართალია, ტკივილი ჯერ არ დასწყებოდა, მაგრამ იყო სიმძიმის შეგრძნება, იყო უგუნებობა, რაც დღითი დღე სულ უფრო საგრძნობი ხდებოდა. ივან ილიჩის ამ მდგომარეობამ გოლოვინების ოჯახის ბედნიერ ცხოვრებას ნირი უცვალა. ცოლ-ქმარი ახლა უფრო ხშირად ჩხუბობდა, მათ შორის ჩამოვარდნილი სიმშვიდე ნელ-ნელა გაქრა, ერთმანეთთან უკვე ზრდილობიანი დამოკიდებულებაც კი უჭირდათ. გახშირდა სცენები, დარჩა მხოლოდ ის პატარა, მცირეოდენი კუნძულები, რომელზეც შეეძლო ცოლსა და ქმარს ერთმანეთს ჩხუბის გარეშე შეხვედროდნენ.
პრასკოვია ფეოდოროვნას ყველაფრის გაზვიადება უყვარდა, ხშირად იტყოდა ხოლმე, ჩემს ქმარს მძიმე ხასიათი აქვსო. მე რომ კარგი ხასიათი არ მქონდეს, ოცი წელიწადი ამას როგორ გავუძლებდიო. ისე, კაცმა რომ თქვას, ჩხუბს ახლა ყოველთვის, მართლაც, ქმარი იწყებდა. წვნიანის ჭამას დაიწყებდა თუ არა, ხან იმაზე მოსდებდა შარს, ჭურჭელი დაზიანებულიაო, ხან საჭმელი ვერ იყო ისეთი, ხან ის არ მოსწონდა, ბიჭი მაგიდასთან იდაყვდაყრდნობილი რატომ იჯდა. ხან თვალში ქალიშვილის თმის ვარცხნილობა არ მოსდიოდა და მისთვის რომ გეკითხათ, ეს ყველაფერი პრასკოვია ფეოდოროვნას ბრალი იყო. თავიდან ცოლი ეკამათებოდა, უამრავ საწყენ სიტყვას ეუბნებოდა, მაგრამ, ერთი-ორჯერ ჭამის დაწყებისას ივან ილიჩი ისე გაცოფდა,
იფიქრა, მის ამ ავადმყოფურ მდგომარეობას, ალბათ საჭმელი იწვევსო და დამშვიდდა, კამათით აღარ ეკამათებოდა, მაგრამ, ცდილობდა, რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ჭამა. ქმრისადმი ამ მორჩილებას პრასკოვია ფეოდოროვნა თავის დიდ დამსახურებად თვლიდა. დარწმუნებული იყო, ქმარმა თავისი ცუდი ხასიათით ცხოვრება გაუუბედურა, რის გამოც საკუთარი თავი ეცოდებოდა და ქმარი მით უფრო მეტად სძულდა, ის კი არა, ზოგჯერ მისი სიკვდილიც კი უნდოდა, მაგრამ ხელფასს ვინღა მოიტანსო, – გაიფიქრებდა შეშინებული და იმის გამო, რომ მისი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა სიკვდილსაც არ შეეძლო, თავი ყველაზე უბედურ ქალად მიაჩნდა, ამიტომ კიდევ უფრო ღიზიანდებოდა, მაგრამ მალავდა თავის ამ გაღიზიანებას და ეს ძალიან ცუდ გუნებაზე აყენებდა.
ერთ-ერთი იმ სცენის შემდეგ, როცა ივან ილიჩი მის მიმართ განსაკუთრებულად უსამართლო გახლდათ, აუხსნა, რომ ეს მხოლოდ მისი ავადმყოფობის ბრალი იყო. ამაზე პრასკოვია ფეოდოროვნამ, ავად თუ ხარ, უნდა იმკურნალოო და სთხოვა, სამკურნალოდ რომელიმე ცნობილ ექიმთან წასულიყო.
მართლაც, წავიდა ივან ილიჩი. ყველაფერი ისე იყო, როგორც ელოდა და როგორც ყოველთვის ხდება. ლოდინიც, ექიმის მოჩვენებითი თავდაჯერებულობაც (რაც მისთვის ძალიან ნაცნობი იყო, ვინაიდან თვითონაც ასე იქცეოდა სასამართლოში), მოსმენებიც, წინასწარ მომზადებული შეკითხვებიც, რომლებიც პასუხს არ საჭიროებდა, ექიმის ზემოქმედების მომხდენი შესახედაობაც, რომელსაც უნდა შთაეგონებინა, თქვენ მხოლოდ დაგვავალეთ და ჩვენ ყველაფერს მოვაგვარებთ, ვინაიდან კარგად ვიცით, ყველა ავადმყოფს ერთი წესით, ერთი მანერით როგორ ვუმკურნალოთო... მოკლედ, ყველაფერი ისე იყო, როგორც სასამართლოში, ის ცნობილი ექიმიც ისე იქცეოდა, თავი ისე ეჭირა, როგორც თვითონ განსასჯელების წინაშე.
ექიმმა – «ესა და ეს მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმში ასე და ასეა, მაგრამ ამის და ამის გამოკვლევის შემდეგ, თუ ეს არ დადასტურდა, მაშინ თქვენ შემთხვევაში მოგვიწევს ვივარაუდოთ ესა და ეს. ხოლო თუ ამას და ამას ვივარაუდებთ, მაშინ...» ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ივან ილიჩს კი მხოლოდ ერთი რამ აინტერესებდა, იყო თუ არა ან რამდენად იყო საშიში მისი მდგომარეობა? თუმცა მის ამ უადგილო კითხვებს ექიმი ყურს უკან უშვებდა. ვინაიდან მისი შეხედულებით, ეს კითხვა უაზრო იყო და განსჯას არ ექვემდებარებოდა... არსებობდა მხოლოდ აწონ-დაწონის, განხილვის ალბათობა – იყო ეს ბრმა ნაწლავი, ქრონიკული კატარი თუ ცდომილი თირკმელი... ივან ილიჩის სიცოცხლის საკითხი ექიმს ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია, კამათი მხოლოდ ცდომილ თირკმელს და ბრმა ნაწლავს, ანუ იმას შეეხებოდა, ტკივილის მიზეზი აქედან რომელი შეიძლებოდა ყოფილიყო – თირკმელი თუ ბრმა ნაწლავი. ეს საკითხი ექიმმა ივან ილიჩისავე თვალწინ ბრწყინვალედ გადაჭრა ბრმა ნაწლავის სასარგებლოდ, თუმცა თან დასძინა, შარდის ანალიზმა შეიძლება ახალი მამხილებელი ნიშნები გამოავლინოს, ამიტომაც საქმე მაშინ თავიდან იქნება გადასახედიო და სათვალის ზემოდან გამარჯვებულმა ზუსტად ისე გადმოხედა, როგორც განსასჯელის წინაშე თვითონ ივან ილიჩი ათასჯერ მაინც მოქცეულა... მთავარი მაინც ის იყო, ექიმის ამ დასკვნის მიხედვით, ივან ილიჩი მიხვდა, რომ მისი საქმე ცუდადაა და მაშინ როცა ის ასე ცუდად არის, ექიმისთვის და საერთოდ სხვა ყველასათვისაც ეს სულერთია... ამან ივან ილიჩს გული ატკინა, გააოცა, ექიმის ამგვარი გულგრილობის გამო ბრაზმა და გულისწყრომამ მოიცვა, საკუთარი თავი შეეცოდა.
წამოდგა, ექიმს ფული მაგიდაზე დაუდო, ამოიოხრა და ეუბნება:
– ჩვენ, ავადმყოფები ალბათ ხშირად ვიძლევით უადგილო შეკითხვებს. მიუხედავად ამისა, მაინც გეკითხებით, არის თუ არა საშიში ჩემი ავადმყოფობა?
ექიმმა სათვალიდან ცალი თვალით ისე მკაცრად გადმოხედა, თითქოს ეუბნებოდა – განსასჯელო, თუ თქვენ ჩემ მიერ დასმული კითხვების საზღვრებიდან გამოხვალთ, იძულებული ვიქნები, განკარგულება გავცე, რათა კრებიდან გაგაძევონო და ბოლოს უთხრა:
– მე უკვე გითხარით, რაც საჭიროდ ჩავთვალე, დანარჩენს გამოკვლევა გვიჩვენებს, – თქვა და გამომშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა.
ივან ილიჩი ოთახიდან ნელა გავიდა, მარხილში უხალისოდ ჩაჯდა და შინისკენ გასწია. მთელი გზა ექიმის ნათქვამ თითოეულ სიტყვას იხსენებდა, ცდილობდა, ის გაუგებარი სამეცნიერო სიტყვები ადამიანურ ენაზე ეთარგმნა და – მართლა, ძალიან ცუდად ვარ თუ ჯერ კიდევ არამიშავსო, – ამოეკითხა თავისი ამ კითხვის პასუხი. ყველაფერი, რაც ექიმმა თქვა, იმაზე მიანიშნებს, რომ საქმე ძალიან ცუდად არისო – გაიფიქრა გუნებაში... ქუჩაში ყველაფერი სევდიანი ეჩვენა, მეეტლეები სევდიანები იყვნენ, სევდიანი იყო სახლები, გამვლელ-გამომვლელები, სევდიანი იყო ჯიხურები. ეგონა, ამ ყრუ, მოუშუშებელმა ტკივილმა ექიმის გაუგებარი სიტყვების, მისი ბუნდოვანი ლაპარაკის შემდეგ გაცილებით სეროზული სახე მიიღო და საკუთარ ტკივილს ახლა კიდევ უფრო გულდამძიმებული უსმენდა.
სახლში რომ მივიდა, ცოლს ამ ყველაფრის მოყოლა დაუწყო, მაგრამ შუა მოყოლაში რომ იყო, შლაპაში გამოპრანჭული მისი ქალიშვილი შემოვიდა (დედაც და შვილიც, ეტყობა, სადღაც აპირებდნენ წასვლას), ჩამოჯდა, მამას ცოტა ხანს უსმინა, მოსაწყენი ამბის მოსმენას დიდხანს ვერ გაუძლო და გავიდა. ბოლომდე არ მოუსმენია არც დედამისს.
– ახლა ძალიან გახარებული ვარ. აბა, შენ იცი, დროზე მიიღე წამლები... აი ეგ რეცეპტი კი მომეცი, ახლავე გერასიმს აფთიაქში გავგზავნი, – უთხრა და ისიც ტანსაცმლის გამოსაცვლელად ოთახიდან გავიდა.
ვიდრე პრასკოვია ფეოდოროვნა მასთან ოთახში იყო, ივან ილიჩს სუნთქვა ეკვროდა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა თავისუფლად, როცა ის ოთახიდან გავიდა და – ვნახოთ, იქნებ არც ისე ცუდად არის საქმეო, – თქვა ხმამაღლა.
წამლები დალია, შარდის გამოკვლევის შემდეგ ექიმის მიერ შეცვლილი დანიშნულებები ბეჯითად შეასრულა. თუმცა, როგორც ამ გამოკვლევაში და იმაშიც, რაც ამ გამოკვლევას უნდა მოჰყოლოდა, რაღაც გაუგებრობა მოხდა და იმის გამო, რომ ექიმს ან დაავიწყდა გაფრთხილება, ან დაუმალა რაღაც, იძულებული იყო ისე მოქცეულიყო, როგორც ამას ექიმი გამოკვლევამდე მოითხოვდა. ხოლო ექიმთან რომ შესულიყო და რჩევა ეკითხა, მასთან შეღწევა თითქმის შეუძლებელი იყო.
მიუხედავად ამისა, ივან ილიჩი მაინც ზუსტად ასრულებდა ექიმის ამ დანიშნულებას და ამან პირველ ხანებში თითქოს ცოტა შვება მისცა.
მას შემდეგ, რაც ექიმმა მასთან სიარული დაიწყო, ივან ილიჩის მთავარი საქმე და საზრუნავი პირადი ჰიგიენა და ექიმის გამოწერილი წამლების ზუსტი მიღება იყო. ამასთან ერთად უნდა დაკვირვებოდა, როგორ მოქმედებდა ტკივილი მთელ მის ორგანიზმზე. ახლა ივან ილიჩი უმეტესად ადამიანის ჯანმრთელობით, ადამიანების ავადმყოფობების გამომწვევი მიზეზებით
იყო დაინტერესებული. როცა მისი თანდასწრებით ავადმყოფობაზე, სიკვდილზე, ადამიანის განკურნებაზე ლაპარაკობდნენ, განსაკუთრებით იმ ავადმყოფობაზე, რა ავადმყოფობაც თავად სჭირდა... მოსმენით ყველას უსმენდა, ყველას ყველაფერს ეკითხებოდა, თავის განცდებს კი მალავდა – ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა დაემალა.
მართალია, ტკივილი არ იკლებდა, მაგრამ ივან ილიჩს უნდოდა შთაეგონებინა საკუთარი თავი, არა, კარგად ვარო და თუ ვინმე ან რაიმე არ გააღიზიანებდა, ახერხებდა კიდევაც თავის მოტყუებას. თუმცა, როგორც კი ცოლთან უსიამოვნება მოუხდებოდა, სამსახურში საქმე ისე არ გამოუვიდოდა, როგორც სურდა, ან ბანქოს თამაშისას ცუდი კარტი აღმოაჩნდებოდა, ტკივილს და ავადმყოფობას მაშინ მთელი ძალით გრძნობდა. ზოგჯერ მოერეოდა მთელ ამ უსიამოვნო განცდებს – მანამდე ვიბრძოლებ, მანამდე დაველოდები, ვიდრე ამ ტკივილზე, ამ ავადმყოფობაზე არ გავიმარჯვებ, ვიდრე დიდ შლემს არ დავიმსახურებო. მაგრამ, ყოველი მარცხი ახლა წელში ტეხდა, სასოწარკვეთილებაში აგდებდა – «ეს-ესაა გამოჯანმრთელების გზას დავადექი, წამლებმა მოქმედება დაიწყო და აი, ისევ ეს წყეული ტკივილები, რომელიც ასე მანადგურებს», – ეუბნებოდა თავის თავს... ბრაზობდა თავის ავადმყოფობაზე, ბრაზობდა ადამიანებზე, რომლებიც მომაკვდინებელ უსიამოვნებას აყენებდნენ და გრძნობდა, როგორ ანადგურებდა ეს ბრაზი, თუმცა თავის შეკავება არ შეეძლო, მაშინ, როცა მისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, ძალას როგორ მატებდა მის ავადმყოფობას ეს ბრაზი, ეს გაღიზიანება ადამიანებსა თუ გარემოზე. საჭირო იყო, ყურს იქით გაეშვა, თვალი აერიდებინა ამ უსიამოვნებებისათვის, მაშინ, როცა ამის საწინააღმდეგოდ იქცეოდა... მართალია, ამბობდა, ჩემთვის სიმშვიდეა საჭიროო, ყველაფერს ყურადღებით აკვირდებოდა, მაგრამ თუ რამ სიმშვიდეს დაურღვევდა, მაინც ბრაზობდა, მაინც ღიზიანდებოდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ წიგნებს
მედიცინაზე ინტერესით კითხულობდა და სრულიად უმნიშვნელოზეც კი რჩევას ექიმს ეკითხებოდა... ავადმყოფობა ისე თანაზომიერად, ისე თანმიმდევრულად უარესდებოდა, დღევანდელ მდგომარეობას გუშინდელს რომ შეადარებდა, განსხვავება იმდენად მცირე იყო, შეეძლო თავიც კი მოეტყუებინა, მაგრამ დაელაპარაკებოდა ექიმს და მისთვის უკვე აშკარა იყო, რომ მდგომარეობა არათუ უმჯობესდებოდა, არამედ პირიქით, უარესდებოდა, თანაც ძალიან სწრაფად. მიუხედავად ამისა, ექიმს მაინც გამუდმებით აკითხავდა, რჩევას ეკითხებოდა.
ამ თვეში უკვე მეორე ცნობილ ექიმთანაც იყო და იმ მეორე ცნობილმა ექიმმაც თითქმის იგივე უთხრა, რაც პირველმა, თუმცა ძალიან განსხვავებულად. კითხვებიც ისეთი დაუსვა, რამაც ეჭვი და შიში კიდევ უფრო გაუმძაფრა... ამის შემდეგ კიდევ ერთ ძალიან კარგ ექიმს, თავისი მეგობრის მეგობარს მიაკითხა, რომელმაც სრულიად სხვაგვარად წარმოადგინა მისი ავადმყოფობა და შეჰპირდა, რომ დაუბრუნებდა ჯანმრთელობას, თუმცა თავისი კითხვებით და ვარაუდით კიდევ უფრო დააბნია და დააეჭვა.. იყო ჰომეოპატიც, ვინც ძალიან განსხვავებულად ახსნა მისი ავადმყოფობა და წამლებიც გადასცა, რომელსაც ივან ილიჩი ფარულად სვამდა, მაგრამ ერთმა კვირამ რომ გაიარა და შვება იოტისოდენადაც ვერ იგრძნო, რწმენა, როგორც ამ ჰომეოპატის, ისე იმ ორი ექიმისაც სრულიად დაკარგა და გული კიდევ უფრო დაუმძიმდა... ერთხელ ერთი მანდილოსანი მოუყვა, ხატებმა ავადმყოფი როგორ განკურნეს. ივან ილიჩი იმ ქალს დიდი ყურადღებით უსმენდა და ის, რომ მისი მონაყოლი დაიჯერა, ნუთუ ასე გამოვშტერდიო?! – შეშინებულმა გაიფიქრა... «სისულელეა, არ შეიძლება, არ უნდა ავყვე ეჭვებს, ერთ ექიმს რომ ავირჩევ, რასაც დამინიშნავს, რასაც მირჩევს, უნდა დავემორჩილო... ამიერიდან ასედაც მოვიქცევი, ცუდზე აღარაფერზე ვიფიქრებ. გაზაფხულამდე ბეჯითად ვიმკურნალებ, მერე კი ვნახოთ!..» ამის თქმა ადვილი იყო, ხოლო შესრულება თითქმის შეუძლებელი.
ტკივილი სულ უფრო მატულობდა, პირში ისეთი უცნაური გემო ჰქონდა, ასე ეგონა, იქიდან რაღაც საშინელება მოდიოდა. ამის გამო მადა სრულიად დაკარგა და თანდათან დასუსტდა. თავის მოტყუებას აზრი აღარ ჰქონდა – აშკარა იყო, რაღაც უფრო საშინელი, ახალი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ორგანიზმში და ეს მხოლოდ მან – ივან ილიჩმა იცოდა. მის ცოლ-შვილს არ ესმოდა მისი, ასე ეგონათ, ყველაფერი ისევ ძველებურად იყო, ეს კი გულს ყველაზე მეტად სტკენდა. შინაურებს, განსაკუთრებით ცოლს და ქალიშვილს, რომლებსაც სახლში თითქმის ვერ ხედავდა, არათუ არ გაეგებოდათ მისი მდგომარეობა, სწყინდათ, ასეთი მოწყენილი, ასეთი მომთხოვნი რატომ იყო. მართალია, ხმამაღლა არ ამბობდნენ, მაგრამ, ივან ილიჩი გრძნობდა, რომ ხელს უშლიდა მათ... ცოლმა მისი ავადმყოფობის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოიმუშავა და იმის მიუხედავად, ქმარი რას ამბობდა, ან რას აკეთებდა, ჯიუტად იდგა თავისაზე.
– იცით, – ეუბნებოდა პრასკოვია ფეოდოროვნა ნაცნობებს, – ივან ილიჩს არ შეუძლია ისევე ზუსტად დაიცვას ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობა, როგორც ყველა წესიერი ადამიანი უნდა იცავდეს, – დღეს დალევს წვეთებს, ჭამს იმას, რასაც ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა ჭამდეს, იძინებს დროზე, ხოლო მეორე დღეს, თვალი მე თუ არ მივადევნე, წამლის დალევაც ავიწყდება, ზუთხსაც კარგად მიირთმევს და ღამის პირველ საათამდე ბანქოსაც არხეინად უზის.
– არა, აბა, როდის?! ეს ხომ მხოლოდ ერთხელ იყო, ისიც პეტრე ივანოვიჩთან, – იტყოდა ივან ილიჩი ნაწყენი.
– გუშინ? გუშინ შებეკთან როგორღა მოიქეცი?
– რა უნდა მექნა, სულერთია, მაინც ვერ დავიძინებდი ტკივილისგან.
– რაც უნდა ყოფილიყო და რისგანაც უნდა ყოფილიყო, ასე ვერ გამოჯანმრთელდები და ამით ჩვენც გვტანჯავ და გვაწამებ...
როგორც სხვების, ისე თვითონ ივან ილიჩის გამონათქვამების მიხედვით, პრასკოვია ფეოდოროვნას დამოკიდებულება ქმრის ავადმყოფობის მიმართ გარეგნულად ასეთი იყო: «საკუთარ ავადმყოფობაში ივან ილიჩი თვითონ არის დამნაშავე, ხოლო ეს ავადმყოფობა ჩემ მიმართ მოყენებული ერთი დიდი უსიამოვნებაა...» ივან ილიჩი გრძნობდა, პრასკოვია ფეოდოროვნას ეს მისდაუნებურად გამოსდიოდა, მაგრამ მას ეს სულაც არ ამშვიდებდა.
ამჩნევდა, ან შეიძლება ფიქრობდა, რომ მის მიმართ სასამართლოშიც ზუსტად ასეთი უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ. ეგონა, ისე მიყურებენ, როგორც იმ ადამიანს, ვინც სამსახურში ადგილს მათთვის მალე გაათავისუფლებს... მისი ამ ეჭვიანობის გამო ამხანაგები უცებ მეგობრულად დაუწყებდნენ ხუმრობას, თითქოს ის რაღაც შემაძრწუნებელი, შიშის მომგვრელი და გაუგონარი, მის სხეულში რომ ჩაიბუდა, სისხლს სწოვს და სადღაც მიაქანებს, ყველაზე საინტერესო სახუმარო საგანი ყოფილიყოს.
მოვიდოდნენ ამხანაგები ბანქოს სათამაშოდ, მოთელავდნენ უხმარ, გატკიცინებულ კარტს, გაჭრიდნენ, აურევდნენ, ერთმანეთის მიყოლებით დაალაგებდნენ შვიდივე აგურს. უკოზიროდ, – იტყოდა პარტნიორი და დააფარებდა ხელს ტუზს... რა იყო კიდევ? იყო ის, რომ მხნეს და მხიარულს უნდოდა დიდი შლემი მოეგო... მაგრამ ფერდში უცებ იმ სისხლისმწოველ ტკივილს
იგრძნობდა, იგრძნობდა პირში იმ უსიამოვნო გემოს და ის, რომ შეიძლებოდა ახლა შლემს გაეხარებინა, უცნაურად მოეჩვენებოდა.
უყურებდა მიხაილ მიხაილოვიჩს, პარტნიორს, უყურებდა, როგორ ურტყამდა სანგვინიკურ ხელს მაგიდას, როგორ იკავებდა თავს, კარტს არ ჭრიდა და ივან ილიჩს კარტების მოგროვებით სიამოვნება რომ მიენიჭებინა, ხელი შორს არ გაეწოდებინა და არ შეწუხებულიყო, კარტებს მიუცურებდა... «ნუთუ ჰგონია, ისე დავძაბუნდი, ხელის გაწოდებაც აღარ შემიძლიაო», – გაიფიქრებდა ივან ილიჩი, კოზირის აღება დაავიწყდებოდა, თავის თულფს კიდევ ერთხელ ზედმეტად ჩამოვიდოდა და წააგებდა შლემს. მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, ხედავდა, ამ წაგების გამო, როგორ იტანჯებოდა მიხაილ მიხაილოვიჩი, მაშინ როცა მისთვის ყველაფერი სულერთი გახლდათ, თუმცა მეტად მტკივნეული იყო ფიქრი იმაზე, თუ რატომ იყო მისთვის ყველაფერი ასე სულერთი.
ხედავენ, ცუდად არის და – თუ დაიღალეთ, შეგვიძლია შევწყვიტოთ თამაში, დაისვენეთო, – ეუბნებიან... «დაისვენოს? არა, რატომ?! არ არის დაღლილი! ამ ხელს სხვებთან ერთად უსათუოდ ჩაამთავრებს...» ყველა მოღუშულია, ხმას არავინ იღებს. ივან ილიჩი გრძნობს, რომ ასეთი მოწყენილები მის გამო არიან, მაგრამ მათ დასამშვიდებლად არაფერი შეუძლია. სტუმრები ივახშმებენ და წავლენ, თვითონ კი დარჩება აქ მარტო, დარჩება იმ განცდით, რომ ცხოვრება არა მარტო მისთვის იქცა საწამლავად, არამედ სხვებსაც უწამლავს სიცოცხლეს და რომ ის საწამლავი არათუ იკლებს, არამედ სულ უფრო მეტად და მეტად წამლავს მის ორგანიზმს.
ამ განცდით, ამ ფიზიკური ტკივილით, დაწვება ახლა დასაძინებლად და მთელ ღამეს თეთრად გაათენებს. დილით ისევ ადგება, გამოეწყობა, წავა სასამართლოში და ჩაერთვება ისევ თავის საქმეში – დაწერს, ილაპარაკებს... თუ არ წავა, მთელი ოცდაოთხი საათი სახლში თუ იჯდება, ყოველ წუთს და საათს წამებაში გაატარებს... იქნება ასე მარტოდმარტო, სასიკვდილოდ განწირული, გვერდით ერთი ადამიანიც არ ეყოლება, ვინც გაუგებს და ვისაც შეეცოდება.

გაგრძელება →

ტეგები: Qwelly, მოთხრობები, ნოველები, ტოლსტოი

ნახვა: 570

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამეფო გვირგვინის მტრედი

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 19, 2019.
საათი: 10:21pm 1 კომენტარი

      როგორც წესი, ჩემი ბლოგი, ხელოვანებს, შემოქმედებს და მისთანათ ეძღვნება ხოლმე (რა თქმა უნდა, გამონაკლისი პოსტებიც არსებობს). დღეს არ დავარღვევ ამ ტრადიციას და ამჯერად უზენაეს შემოქმედს და…

გაგრძელება

ფილმის სოციოლოგიური ანალიზი - პოლანსკის მდგმური

გამოაქვეყნა Keteone_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 4:00pm 5 კომენტარი

ქეთევან პოპიაშვილი

მდგმური / THE TENANT

      რომან პოლანსკის ფილმი „მდგმური“, როლანდ ტოპორის ნაწარმოებზე დაყრდნობით, 1976 წელს საფრანგეთშია…

გაგრძელება

გველის და ადამის მსგავსება

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 15, 2019.
საათი: 2:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      - აღარასოდეს ვითამაშებ ადამთან, - ვეუბნები გველს, - ბევრჯერ გავებუტე და ისევ შევურიგდი, აწი აღარ…

გაგრძელება

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

Qwelly World

free counters