ნოველა

        დები თავიანთ ოთახში განმარტოვებულან. შუქი ჩამქრალია და სიბნელეში ოდნავ მოჩანს თეთრი საწოლები. გოგონების სუნთქვა ძლივს ისმის, გეგონებათ ჩასძინებიათო.

- გამიგონე, - გაისმა თორმეტი წლის გოგონას ჩუმი, თითქმის შეშინებული ხმა..

- რა გინდა? - შეეხმიანა საწოლიდან მეორე ბავშვი, რომელიც მასზე მხოლოდ ერთი წლითაა უფროსი.

- არ გძინავს? რა კარგია. მე... მე ძალიან მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა.

უფროსი და დუმს. მეორე მხრიდან მხოლოდ ლოგინის შრიალი ისმის. უმცროსი წამოჯდა და ანთებული თვალით აკვირდებოდა უფროსს.

- იცი, რა... მე მინდოდა შენთვის მეთქვა, რომ... მაგრამ ჯერ შენ თქვი: არაფერი შეგიმჩნევია ამ ბოლო დღეებში ჩვენ ფროილაინისთვის? უფროსი ყოყმანობს და რაღაცას ფიქრობს.

- ჰო, მაგრამ არ ვიცი ეს რას ნიშნავს. იგი ძველებურად მკაცრი აღარაა. ამას წინათ გაკვეთილები ზედიზედ ორი დღე არ მომიმზადებია, მაგრამ არაფერი მითხრა. ის რაღაც... არ ვიცი, როგორ გითხრა. მე მგონია, მას ჩვენი ჯავრი სულაც აღარ აქვს, მარტო ზის და კვლავინდებურად ჩვენთან აღარ თამაშობს.

- მგონი, ძლიერ ადარდებს რაღაც, მაგრამ არ უნდა შეგვამჩნევინოს. აღარც პიანინოს ეკარება.

კვლავ დუმილი ჩამოვარდა.

- შენ რაღაცის თქმა გინდოდა, - შეახსენა უფროსმა დამ.

- - ჰო, მაგრამ არავის უთხრა, არც დედას და არც ამხანაგს.

- არა, არავის ვეტყვი, - ვეღარ ითმენს უფროსი. - დაიწყე!

- აი, რა... ჩვენ რომ ვწვებოდით, უცებ გამახსენდა, რომ ფროილაინს არ დავმშვიდობებივარ. ფეხსაცმელი უკვე გახდილი მოქონდა, მაგრამ მაინც წავედი. ჩუმად მივდიოდი, რადგან მინდოდა მოულოდნელად მივპარვოდი. კარი ფრთხილად შევაღე. ჯერ ვიფიქრე, ოთახში არ არის-მეთქი, რადგან მართალია, შუქი ენთო, მაგრამ თვითონ არსად ჩანდა. უეცრად, - ო, რა ძალიან შემეშინდა, - მესმის, რომ ვიღაც ტირის. მივიხედე და დავინახე, ჩვენი ფროილაინი ლოგინზე ჩაცმული წევს, თავი ბალიშში ჩაურგია და მწარედ ტირის! არ ვიცოდი, რა მექნა. მან ვერ შემამჩნია. კარი ისევ ჩუმად გამოვიხურე. ისე ვკანკალებდი, რომ ერთხანს ადგილიდან ფეხი ვერ დავძარი. მერე კარიდან კვლავ მისი ქვითინის ხმა მომესმა და აჩქარებით ქვემოთ ჩამოვირბინე. ორივე დუმს.

- საწყალი ფროილაინი, - ამბობს ერთი და მისი აკანკალებული ხმა სიბნელეში წყდება.

- ნეტავ გამეგო, რას ტიროდა, - წამოიწყო ისევ უმცროსმა. - ამ დღეებში დედა აღარ წასჩხუბებია, არც ჩვენ დაგვიშავებია რამე. მაშ, რაღა ატირებდა?

- მე რაღაცას ვხვდები, - ამბობს უფროსი.

- რას? რას? მითხარი რა!

უფროსი ჭოჭმანობს, ბოლოს ამბობს: - მგონი, შეყვარებულია.

- შეყვარებული? - კინაღამ ლოგინიდან გადმოხტა უმცროსი, - შეყვარებული? კი მაგრამ ვინ უყვარს?

- შენ სულ არაფერი შეგიმჩნევია?

- ოტო ხომ არ უყვარს?

- რასაკვირველია, ოტოსაც უყვარს ფროილაინი. ის ხომ სამი წელია ჩვენთან ცხოვრობს და არასოდეს ერთად არ გაგვივლია. ახლა კი, ეს რამდენიმე თვეა ყოველდღე ჩვენთან სეირნობს. გვეფერება და სულ ჩვენთან ტრიალებს. საითაც არ უნდა წავიდეთ ფროილაინთან ერთად, ყველგან შემთხვევით გვხვდება, - სახალხო პარკში, ქალაქის ბაღში, პრატერში[2]. განა ეს არ შეგიმჩნევია?

- როგორ, არა, შევამჩნიე, მაგრამ მეგონა... - შემკრთალი ბუტბუტებს უმცროსი და ხმა უწყდება...

- წინათ მეც ასე მეგონა. ჩვენ, გოგოები ხომ სულელები ვართ. მაგრამ დროზე მივხვდი, რომ ოტოს ჩვენი დარდი სულ არა აქვს.კვლავ ორივე დუმს. საუბარი თითქოს დამთავრებულია. ორივე ფიქრში ჩაეფლო, შეიძლება ჩათვლიმათ კიდეც. მაგრამ სიბნელეში ისევ გაისმა უმცროსის უმწეო ხმა: - მაგრამ რატომ ტირის ფროილაინი? ოტოსაც ხომ უყვარს. ყოველთვის ვფიქრობდი, ძალიან კარგია, როცა ვინმე გიყვარს.

- რა ვიცი, - მეოცნებე ხმით უპასუხებს უფროსი, - მეც მეგონა, რომ ეს კარგი იყო. და კიდევ ერთხელ, ჩუმად და თანაგრძნობით გაისმის ძილღვიძარი გოგონების ხმა: - საწყალი ფროილაინი! და ოთახში სიჩუმე მეფდება.

*

       მეორე დილას ისინი ამაზე აღარ ლაპარაკობენ, მაგრამ ორივე გრძნობს, მათი ფიქრი ერთსა და იმავე საგანს დასტრიალებს. ისინი ერთმანეთს გაურბიან, თვალს არიდებენ, მაგრამ მათი თვალები ერთმანეთს უნებურად ხვდება, როცა ჩუმ-ჩუმად გუვერნანტ ქალს აკვირდებიან. სუფრასთან ოტოს ისე უთვალთვალებენ, თითქოს უცნობი ყოფილიყოს, თუმცა იგი მათი ახლო ნათესავია და კარგა ხანია, რაც მათთან ცხოვრობს. ოტოს არ ელაპარაკებიან, მაგრამ თვალდახრილნი ალმაცერად უყურებენ, არ გამოგვეპაროს, ფროილაინს თუ რამეს ანიშნებსო. ორივე შეშფოთებულია ამ ამაღელვებელი საიდუმლოებით. სადილის შემდეგ ძველებურად აღარ თამაშობენ. ხან ამას ეცემიან, ხან იმას, ყველაფერი ხელიდან უვარდებათ, გულს ვერაფერს უდებენ. საღამოს ერთი და გულგრილად ეკითხება მეორეს, თითქოს არც აინტერესებსო: კიდევ შეამჩნიე რამე?

- არა, - უპასუხებს მეორე და ზურგს აქცევს დას. საუბრის თითქოს ორივეს ეშინია. ასე გადის რამდენიმე დღე. გოგონები დუმან. გაურკვეველი შიში მოსვენებას არ აძლევთ. ცდილობენ როგორმე ამოიცნონ ეს საიდუმლო, რომელიც მათ ძალზე აინტერესებთ. ბოლოს, როგორც იქნა, უმცროსმა შეამჩნია, რომ სადილობისას გუვერნანტმა ქალმა ოტოს თვალით რაღაც ანიშნა. ოტომ თავი დაუქნია. გოგონა კანკალებს მღელვარებისაგან. მაგიდის ქვეშ დის ხელს ეხება და როცა მისკენ ბრუნდება, აგზნებულ თვალს მიაპყრობს. ისიც უცებ ხვდება ყველაფერს და მღელვარება მასაც ედება. მაგიდიდან წამოდგომისთანავე გუვერნანტი ქალი გოგონებს ეუბნება: - წადით თქვენს ოთახში და რაიმეთი გაერთეთ. მე თავი მტკივა და ნახევარ საათს დავისვენებ.ბავშვებმა თვალები დახარეს და როგორც კი გუვერნანტი ქალი თვალს მიეფარა, უმცროსმა უთხრა უფროსს: - აი, ნახავ, თუ ახლა ოტო მის ოთახში არ შევა.

- ნამდვილად. ჩვენ ამიტომ დაგვითხოვა.

- მოდი, კარიდან მოვისმინოთ!

- ვინმე რომ უცბად წამოგვადგეს თავზე?

- ვინ?

- დედა.

უმცროსი შეკრთა: - ჰო, მართალია.

- იცი რა, მე ყურს დავუგდებ, შენ კი დერეფანში დარჩი და თუ ვინმე დაინახო, მანიშნე.

უმცროსი კოპებს იკრავს: - რომ არ მომიყვე, რასაც გაიგონებ?

- მოგიყვები!

- ყველაფერს მეტყვი? სულ ყველაფერს?

- სიტყვას გაძლევ, ყველაფერს გეტყვი. შენ ჩაახველე, თუ ვინმეს დაინახავ. ორივე დერეფანში იცდის. მათ გულს ბაგაბუგი გაუდის. რა მოხდება? ორივე ცახცახებს და ერთმანეთს ეკვრის. ვიღაც მოდის. ისინი ბნელში უჩინარდებიან. სწორედ ისე, როგორც მათ იფიქრეს: ოტო მოდის, აღებს ფროილაინის ოთახის კარს და შიგ შედის. უფროსი მირბის კართან და სუნთქვაშეკრული ყურს უგდებს. უმცროსი შურით შესცქერის დას. ცნობისმოყვარეობა მოსვენებას არ აძლევს, საგუშაგოს თავს ანებებს და ისიც კართან მირბის. უფროსი ბრაზდება და ხელს კრავს უმცროს. ის უკანვე ბრუნდება. გადის ორი-სამი წუთი, მას კი ეს დრო მთელ საუკუნედ ეჩვენება. მოუთმენლობა სულს უხუთავს, ხტის და ცმუკავს, თითქოს ნაკვერჩხლებზე იდგეს, მღელვარებისა და ბრაზისაგან მზადაა ცრემლად დაიღვაროს, რადგან უფროსს ყველაფერი ესმის, ამას კი ვერაფერი გაუგია. დერეფნის ბოლოს კარის ჯახუნი ისმის. გოგონა ახველებს. ორივენი თავქუდმოგლეჯილნი გარბიან თავიანთ ოთახში. ერთი წამით შეჩერდებიან, სულს ძლივს ითქვამენ, გული ამოვარდნას ლამობს. მერე უმცროსი ვეღარ ისვენებს და დას აჩქარებს: - აბა, ჩქარა... მომიყევი! უფროსი ჩაფიქრებული დგას. შემდეგ დაბნეულად ამბობს, თითქოს დას კი არ ეუბნება, არამედ საკუთარ თავს: - არაფერი მესმის!

- რა იყო?

- ეს ყველაფერი ისე უცნაურია...

- რა, რა?... - ხმას ძლივს იღებს უმცროსი.

- ყველაფერი ისე უცნაურია... ისე არაა, მე რომ მეგონა. ოტო შევიდა ოთახში, ალბათ უნდოდა მოხვეოდა და ეკოცნა, რადგან ფროილაინმა უთხრა: „მოითმინე, სერიოზულად მინდა გესაუბრო“. ვერაფერს ვხედავდი, რადგან ჭუჭრუტანაში შიგნიდან გასაღები იყო ჩატანებული, ხმა კი მესმოდა. „რა მოხდა?“ - იკითხა ოტომ რაღაც გამოცვლილი ხმით. ის ხომ ყოველთვის უხეშად და ხმამაღლა ლაპარაკობს, ახლა კი თითქოს შეშინებული ჩანდა. მე უცბად მივხვდი, რომ მას რაღაცის ეშინია. გუვერნანტმაც, როგორც ჩანს, გაუგო, რომ ოტო თავს იკატუნებს და ჩუმად უთხრა: „შენ ხომ იცი“. „არა, - უპასუხა ოტომ, - მე არაფერი არ ვიცი“. „როგორ არ იცი, - უთხრა ფროილაინმა და ლამის ატირდა, - რატომ აიყარე გული ჩემზე? აი უკვე მთელი კვირა გავიდა, ერთი სიტყვა არ გითქვამს, გამირბიხარ, ბავშვებთან ერთად სასეირნოდ აღარ მოდიხარ, აღარც პარკში ადგამ ფეხს, ნუთუ ასე უცებ უცხო გავხდი შენთვის? ო, შენ მშვენივრად იცი, რატომაც შეიცვალე“. ოტო გაჩუმდა ცოტა ხანს და მერე უთხრა: „მალე გამოცდები დამეწყება, ბევრი უნდა ვიმეცადინო და აღარაფრისათვის მცალია. ამჟამად სხვაგვარად არ შემიძლია მოვიქცე“. ფროილაინი ატირდა და ნაზად უთხრა: „ოტო, რატომ ცრუობ? მითხარი სიმართლე, ნუთუ ეს არ დამიმსახურებია? ხომ არაფერს გთხოვ, მაგრამ რაიმე მაინც ხომ უნდა ვუთხრათ ერთმანეთს? ხომ იცი, რაც მინდა გითხრა, თვალებზე გატყობ, რომ იცი“. „რა გინდა?“ - ჩუმი ხმით ჩაილუღლუღა ოტომ. მაშინ ფროილაინმა უთხრა... უფროსი მღელვარებისაგან ცახცახებს და სიტყვის თქმა აღარ შეუძლია. უმცროსი კიდევ უფრო მეტად ეკვრის დას.

- რა, რა უთხრა?

- მაშინ ფროილაინმა უთხრა: „მე ხომ შენგან ბავშვი მყავს“.

უმცროსი ელდანაკრავივით იკრუნჩხება.

- ბავშვი? ბავშვი? ეს როგორ შეიძლება?!

- ფროილაინმა ასე თქვა.

- ალბათ შენ მოგესმა ასე!

- არა, არა. ოტომაც შენსავით წამოიყვირა. სწორედ შენსავით შეხტა ისიც და წამოიყვირა: „ბავშვი?“ ფროილაინი კი დიდხანს დუმდა და ბოლოს თქვა: „ახლა რა ვქნა?“ და შემდეგ...

- რა?

- შენ ჩაახველე და მე გამოვიქეცი.

უმცროსს თვალი უშტერდება.

- ბავშვი! ეს როგორ შეიძლება? მერე სად ჰყავს ეს ბავშვი?

- რა ვიცი! მეც სწორედ ეგ ვერ გავიგე.

- შეიძლება სადმე სახლში ჰყავს... სანამ ის ჩვენთან მოვიდოდა. დედა, რასაკვირველია, ჩვენი გულისათვის ამ ბავშვს აქ არ მოაყვანინებდა ამიტომაა ფროილაინი ასე დაღვრემილი.

- სისულელეა! მაშინ ხომ ოტოს არც კი იცნობდა. ორივე კვლავ დუმს; დიდხანს ფიქრობენ, მაგრამ ყველაფერი ისევ ბინდით მოცული რჩება. მერე სიჩუმეს უმცროსი არღვევს.

- ბავშვი! ეს როგორ შეიძლება! საიდან ეყოლება ბავშვი? ის ხომ გათხოვილი არაა, ბავშვი კი მხოლოდ გათხოვილ ქალებს ჰყვათ. ეს მე ნამდვილად ვიცი.

- იქნებ გათხოვილი იყო?

- ნუ სულელობ, ოტოზე ხომ არ იყო გათხოვილი!

- მაშ საიდან?..

ბავშვები დაბნეულად შესცქერიან ერთიმეორეს.

- საწყალი ფროილაინი, - დაღონებით ამბობს უფროსი.

- შენ როგორ გგონია, ბიჭია თუ გოგო?

- რას იტყვი... ერთხელ რომ ვკითხო მას... ძალიან, ძალიან, ფრთხილად...

- ჭკუაზე ხომ არ შეიშალე!

- რატომ? ის ხომ ასე კეთილია.

- განა ამის კითხავ შეიძლება? ჩვენ ასეთ რამეებზე არ გველაპარაკებიან. ყველაფერს გვიმალავენ. როცა ოთახში შევდივართ, ლაპარაკს სწყვეტენ და ყოველგვარ სისულელეზე გვიწყებენ საუბარს, თითქოს პატარა ბავშვები ვიყოთ, თუმცა მე უკვე ცამეტი წლისა ვარ. რა აზრი აქვს კითხვას, სულ ერთია, მაინც ტყუილს გვეტყვიან.

- ო, როგორ მინდოდა გამეგო!

- განა მე კი არ მინდოდა?

- სრულიად არ მესმის, როგორ არ იცოდა ოტომ ამის შესახებ არაფერი. ხომ ყველამ იცის, რომ მას ბავშვი ჰყავს, ისევე როგორც ყველამ იცის, რომ ჰყავს მშობლები.

- თავს იკატუნებს, ის საზიზღარი ყოველთვის თავს იკატუნებს.

- არა, ასეთ საქმეში არა. მხოლოდ მაშინ... როცა ჩვენი გაცურება სურს. შემოდის ფროილაინი. გოგონები უცბად ჩუმდებიან და ისეთ სახეს იღებენ, თითქოს მეცადინეობენ. მაგრამ გვერდზე ჩუმ-ჩუმად იხედებიან. ფროილაინს თვალი დასწითლებია, უფრო ჩუმად ლაპარაკობს და თრთის. გოგონები მოწიწებით შესცქერიან. გონებიდან არ სცილდებათ აზრი: „მას ბავშვი ჰყავს, ამიტომაა იგი ასე ნაღვლიანი“. და თანდათან მისი ნაღველი მათაც ედებათ.

*

        მეორე დღეს, სადილობისას, გოგონები მოულოდნელად ახალ ამბავს იგებენ. ოტო მათგან სხვაგან გადადის. მან ბიძას უთხრა, რომ გამოცდები ცხვირწინაა და მეცადინეობას უნდა უმატოს, აქ კი ხელი ეშლება. სადმე ორიოდე თვით ოთახს დავიქირავებ, სანამ გამოცდები დამთავრდებაო. გოგონებს მძაფრი მღელვარება იპყრობთ. მიხვდნენ, რომ გუშინდელ საუბართან ამას რაღაც კავშირი აქვს, თავიანთი მახვილი ინსტინქტით გრძნობენ ოტოს სიმხდალეს, ლაჩრულ გაქცევას. გამომშვიდობებისას ოტოს ზურგს აქცევენ, მაგრამ მალულად უთვალთვალებენ, როცა იგი ფროილაინს უახლოვდება. ფროილაინს ბაგე უთრთის, მაგრამ ხმას არ იღებს და მშვიდად უწვდის ხელს. ბოლო დღეებში გოგონები თითქმის სრულიად შეიცვალნენ. არც თამაშობენ, არც იცინიან: თვალები ძველებური უდარდელობით აღარ უბრწყინავთ. მოუსვენრობა და დაბნეულობა დაუფლებიათ. ირგვლივ მყოფთ აღარ ენდობიან. აღარ სჯერათ, რასაც ეუბნებიან, ჰგონიათ, ყოველ სიტყვაში მხოლოდ სიცრუე და სიყალბეა დაფარული. მთელი დღე ყველაფერს თვალს ადევნებენ და აკვირდებიან, მხედველობიდან არ ეპარებათ უმცირესი მოძრაობაც კი, იჭერენ ყოველ ჟესტს, ყოველ ინტონაციას. აჩრდილივით დაეხეტებიან ოთახიდან-ოთახში, ყურს უგდებენ კარს იქით გამართულ ყოველ საუბარს, მთელი ძალ-ღონით ცდილობენ ჩამოიცილონ საიდუმლოებისა და გაუგებრობის რიდე, ანდა თუნდაც ერთხელ გაარღვიონ იგი და შეხედონ სიმართლეს. ბავშვურმა რწმენამ, - ამ ბედნიერებამ, უშფოთველმა სიბრმავემ, - მიატოვა ისინი. მაგრამ გრძნობენ, რომ ყველაფერი ჯერ არ მომხდარა, რომ ყველაფერი შემდეგ გაირკვევა და ეშინიათ, არაფერი გამორჩეთ. მას შემდეგ, რაც მათ გაიგეს, რომ გარშემო ტყუილი და სიყალბე არტყიათ, გულჩათხრობილნი გახდნენ. ყველაფერს ეჭვით უყურებენ და თვითონაც ცბიერება და თავის მოკატუნება ისწავლეს. მშობლებთან ბავშვური გულუბრყვილობის ნიღაბს იკეთებენ და ისე იქცევიან, თითქოს არაფერი იცოდნენ. დაძაბულები და აგზნებულები გახდნენ: მათი თვალები, წინათ რომ თბილი და თანაბარი შუქით ბრწყინავდა, ახლა ნერვული ცეცხლით ანთებიათ, მზერა გამომცდელი და დაკვირვებული გაუხდათ. მუდმივ თვალყურის დევნებასა და ძიებაში მორტონი არიან და ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან. ხანდახან, როცა ალერსი მოსწყურდებათ, ერთმანეთს ეხვევიან, ანდა როცა თავიანთი უმწეობა გაახსენდებათ, გულდათუთქულები უცებ ტირილს იწყებენ. გარეგნულად ემჩნევათ, თითქოს ყოველგვარი მიზეზის გარეშე მათს ცხოვრებაში მტკივნეული გარდატეხა მოხდა.

        მრავალ შეურაცხყოფასთან ერთად, რასაც ისინი ახლა ძალზე მტკივნეულად განიცდიან, განსაკუთრებით ერთი აღელვებთ. თითქოს პირი შეუკრავთო, ორივე ცდილობს რაც შეიძლება მეტი სიხარული მიანიჭოს თავიანთ დამწუხრებულ ფროილაინს. გაკვეთილებს მუყაითად და მონდომებით ამზადებენ, რაშიც ერთმანეთს ეხმარებიან. მათი ხმა არ ისმის, შენიშვნისათვის არავითარ მიზეზს არ აძლევენ ფროილაინს და წინასწარ ითვალისწინებენ მის ყოველგვარ სურვილს, მაგრამ ფროილაინი არაფერს ამჩნევს, რაც გოგონებს ძალზე სწყინთ. ბოლო დროს იგი სრულიად შეიცვალა. ხშირად, როცა რომელიმე მათგანი ფროილაინს მიმართავს, იგი კრთება, თითქოს ბურანიდან გამოაფხიზლესო; ისეთი გამოხედვა აქვს, თითქოს სადღაც შორიდან ნელ-ნელა ბრუნდებოდეს. საათობით გაუნძრევლად ზის ფიქრში ჩაძირული. დები მის ახლოს თითის წვერებზე დადიან, რომ რაიმეთი ხელი არ შეუშალონ; ბუნდოვნად გრძნობენ, რომ ფროილაინი ფიქრობს თავის ბავშვზე, რომელიც სადღაც შორსაა. და სულ უფრო ძლიერდება, მტკიცდება გაღვიძებული ქალურობის წიაღიდან დაძრული სიყვარული ფროილაინის მიმართ, რომელიც ახლა სულაც აღარაა მკაცრი, არამედ ალერსიანი და სათნო გამხდარა. მის ჩვეულებრივად სწრაფ და ამაყ სიარულს მოკრძალებულობა, ხოლო მოძრაობას სიფრთხილე დაეტყო. ამას ბავშვები მიაწერენ მის იდუმალ მწუხარებას. მართალია, თვალებზე ცრემლი არ უჩანს, მაგრამ ქუთუთოები ხშირად დაწითლებული აქვს. გოგონები ამჩნევენ, რომ ფროილაინი ცდილობს მათთან მწუხარების დაფარვას და სასოწარკვეთილებას ეძლევიან, რომ მისი შველა არ შეუძლიათ. ერთხელ, როცა ფროილაინი ფანჯრისაკენ მიბრუნდა და ცხვირსახოცი თვალზე მიიფარა, უმცროსმა გამბედაობა მოიკრიბა, ფრთხილად შეეხო მის ხელს და უთხრა: - ფროილაინ, თქვენ ძალზე მწუხარე ხართ ამ ბოლო დროს. ჩვენი ბრალი ხომ არ არის ეს? ფროილაინი გულაჩუყებული უმზერს გოგონას და რბილ თმაზე უსვამს ხელს.

- არა, ჩემო გოგონა, არა! რასაკვირველია, ეს თქვენი ბრალი არაა, - და ნაზად კოცნის შუბლზე. ასე უკვირდებიან და თვალს ადევნებენ ისინი ყველაფერს, რათა მხედველობიდან არაფერი გამორჩეთ. აი, ერთხელ ერთ-ერთმა მათგანმა სასადილო ოთახში შესვლისას რამდენიმე სიტყვას მოჰკრა ყური. ეს სულ ერთი ფრაზა იყო, - მშობლებმა ლაპარაკი მაშინვე შეწყვიტეს, - მაგრამ ახლა ყოველი სიტყვა აეჭვებს მათ. „მეც რაღაც მომეჩვენა, - თქვა დედამ, - მე მას დავკითხავ“. გოგონას ეგონა, ეს მე მეხებაო და შეშინებული რჩევისა და დახმარებისათვის დასთან გაიქცა. მაგრამ სადილობისას ისინი ამჩნევენ, რომ მშობლები ფროილაინის ჩაფიქრებულ სახეს გამომცდელად შესცქერიან, მერე კი ერთმანეთს რაღაცას ანიშნებენ. ნასადილევს დედამ თითქოსდა სხვათაშორის ფროილაინს უთხრა: - შემობრძანდით, გეთაყვა, ჩემთან. მინდა, რაღაც გითხრათ. ფროილაინი ჩუმად ხრის თავს. გოგონები კანკალებენ, გრძნობენ, რომ ახლა რაღაც უნდა მოხდეს. როგორც კი ფროილაინი დედის ოთახში შედის, გოგონებიც ფეხდაფეხ მისდევენ. გასაღების ჭუჭრუტანიდან ცქერა, ყურის მიგდება და თვალთვალი ჩვეულებად ექცათ. უკვე აღარ გრძნობენ თავიანთი საქციელის უღირსობასა და უტიფრობას, მხოლოდ ერთი აზრით არიან გამსჭვალულნი, - გაიგონ ცხოვრების ყველა საიდუმლოება, რასაც უფროსები უმალავენ. ოთახიდან მათ სმენამდე მხოლოდ გაურკვეველი ჩურჩული აღწევს. მთლად ცახცახებენ. ეშინიათ, ვაითუ ვერაფერი გავიგოთო. აი, გაისმა დედის გაბრაზებული, ხმამაღალი ლაპარაკი.

- როგორ გეგონათ, ყველა ბრმა იყო და ამას ვერავინ შეამჩნევდა? წარმომიდგენია, როგორ ასრულებდით თქვენს მოვალეობას ასეთი აზრებისა და ასეთი ზნეობის პატრონი. და თქვენ მოგანდეთ ჩემი ქალიშვილების, ჩემი გოგონების აღზრდა! თქვენ ხომ მათ სრულიად მიანებებდით თავს... ფროილაინმა, ეტყობა, შეპასუხება სცადა. მაგრამ იგი ძალზე ხმადაბლა ლაპარაკობს და გოგონებს არაფერი ესმით.

- მიზეზი! მიზეზი! ასე იცით თავქარიანმა ქალებმა. დანებდებით პირველადშეხვედრილ მამაკაცს და არაფერზე არ ფიქრობთ, მერე კი, ღმერთმა უწყის, რა მოხდება. ასეთ პიროვნებას სურს აღმზრდელი იყოს და ხელს ჰკიდებს გოგონების აღზრდას! ეს ხომ თახედობაა! იმედი მაქვს, თქვენ არ ფიქრობთ, რომ კვლავ ჩემს სახლში დარჩებით! ბავშვები გარედან უსმენენ და შიშისაგან ცახცახებენ. ვერაფერს იგებენ, მაგრამ დედის აღშფოთებული კილო შიშს ჰგვრით. მათ ესმით ფროილაინის წყნარი და გულიდან ამოიხეთქილი ქვითინი. თვალთაგან ცრემლები ცვივათ, დედის ხმა კიდევ უფრო მკაცრი ხდება.

- ერთადერთი, რაც თქვენ იცით, ცრემლის ღვრაა. ამით გულს ვერ ამიჩუყებთ. თქვენისთანა ქალები არ მებრალებიან. რა გეშველებათ, ეს ჩემი საქმე არაა. თქვენ კარგად გეცოდინებათ, ვის უნდა მიმართოთ, ამის შესახებ არაფერს გეკითხებით. ჩემთვის ერთი რამ ცხადია: მას შემდეგ, რაც ასე უმსგავსოდ მოეპყარით თქვენს მოვალეობას, ერთ დღესაც ვეღარ დარჩებით ჩემს სახლში. პასუხად გაისმის სასოწარკვეთილი ქვითინი, რომელიც კართან ატუზულ გოგონებს მთელ ტანს უთრთოლებს. ჯერ არასოდეს სმენიათ ასეთი ქვითინი და ბუნდოვნად გრძნობენ, რომ ვინც ასე ქვითინებს, არ შეიძლება დამნაშავე იყოს. დედა დუმს. ეტყობა უცდის. შემდეგ ცივად ამბობს: - ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. ჩაალაგეთ თქვენი ნივთები და ხვალ დილას გასამრჯელოსთვის მოდით, მშვიდობით! ბავშვები კარს სცილდებიან და თავის ოთახისაკენ გარბიან. ეს რა მოხდა? თითქოს ორ ნაბიჯზე მეხი ჩამოვარდნილიყოს. ფერი წასვლიათ და კანკალებენ. პირველად აეხადა ფარდა სინამდვილეს და პირველად ბედავენ მშობლების წინააღმდეგობას.

- ეს რა საძაგლობაა, დედა რომ ასე ელაპარაკებოდა ფროილაინს! - ტუჩების კვნეტით ამბობს უფროსი. უმცროსს დის კადნიერება უფრო მეტად აკრთობს.

- ჩვენ ხომ არც კი ვიცით, რა ჩაიდინა მან, - მოკრძალებით დუდუნებს უმცროსი.

- ალბათ, ცუდი არაფერი უქნია; ის ცუდს არაფერს იზამს. დედა მას არ იცნობს!

- ო, როგორ ტიროდა! ძალზე შემეშინდა.

- მართლაც, საშინელი იყო. როგორ უყვიროდა დედა! ეს საძაგლობა იყო, გესმის, საძაგლობა! იგი ფეხს ურტყამს იატაკს. თვალზე ცრემლი მოსდგომია. მაგრამ აი ფროილაინი შემოდის. დაქანცული გამოიყურება.

- ბავშვებო, დღეს სადილობის შემდეგ არ მეცლება. თქვენ მარტო იქნებით, კარგი? ხომ შეიძლება თქვენი იმედი მქონდეს? საღამოს კი მოვალ.

იგი მიდის ისე, რომ გოგონების მღელვარებას ვერ ამჩნევს.

- შეამჩნიე, რა ნამტირალევი თვალები ჰქონდა? არ მესმის, რატომ მოექცა დედა ასე.

- საწყალი ფროილაინი! კვლავ გაისმა ეს სიტყვები აღვსილი ცრემლითა და თანაგრძნობით. გაოგნებული გოგონები ოთახში რჩებიან. შემოდის დედა და ეკითხება, ხომ არ სურთ მათთან ერთად გასეირნება. ბავშვები უარობენ. დედის ეშინიათ. აღშფოთებულნი არიან იმით, რომ არაფერს ეუბნებიან ფროილაინის წასვლის შესახებ. ურჩევნიათ აქ მარტონი დარჩენ. ვიწრო გალიაში მოქცეული მერცხალივით დაწრიალებენ წინ და უკან, ტყუილითა და მალვით გაჟღენთილი მძიმე ატმოსფერო მათ სულს უხუთავს. ფიქრობენ - ეგებ ჯობდეს წავიდნენ ფროილაინთან, სთხოვონ, დაარწმუნონ, რომ დარჩეს, უთხრან, რომ დედა სწორედ არ მოიქცა, მაგრამ ეშინიათ, არ აწყენინონ. ამას გარდა, რცხვენიათ კიდეც: ყველაფერი, რაც იციან მხოლოდ ყურისგდებითა და თვალის დევნებით გაიგეს. საჭიროა ისევე სულელებად მოაჩვენონ თავი, როგორებიც ამ ორი-სამი კვირის წინათ იყვნენ. მარტონი რჩებიან და მთელ დაუსრულებელ დღეს ფიქრსა და ტირილში ატარებენ. ხოლო ყურებში განუწყვეტლივ რეკავს ორი საშინელი ხმა - დედის ბოროტი, უგულო, მკვახე პასუხი და ფროილაინის სასოწარკვეთილი ქვითინი. საღამოს ფროილაინი ბავშვებთან შედის, „ღამე ნებისას“ უსურვებს და აჩქარებით ეცლება იქაურობას. გოგონები კანკალებენ, ენანებათ ფროილაინის წასვლა, სურთ რაიმე უთხრან. მაგრამ კარამდე მისული ფროილაინი თვითონვე შემობრუნდება, თითქოს ბავშვების უთქმელმა სურვილმა გააჩერაო, თვითონაც თვალში ცრემლჩამდგარი ატირებულ გოგონებს გულში იკრავს, ერთხელ კიდევ კოცნის ბავშვებს და სწრაფად მიდის. ბავშვები მწარედ ტირიან. გრძნობენ, რომ ეს გამომშვიდობებაა.

- ჩვენ მას ვეღარ ვნახავთ! - ამბობს ერთ-ერთი და ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდის. - აი, ნახე, ხვალ რომ სკოლიდან მოვბრუნდებით, ის უკვე აქ აღარ იქნება.

- შეიძლება როდისმე მოვინახულოთ. ალბათ, მაშინ მაინც გვიჩვენებს თავის ბავშვს.

- ჰო, ის ძალზე კეთილია!

- საწყალი ფროილაინი!

ისე გაისმის ეს სიტყვები, როგორც ოხვრა საკუთარი უბედურების გამო.

- როგორ ვიქნებით ახლა უმისოდ?

- არასოდეს სხვა ფროილაინს არ შევიყვარებ.

- არც მე.

- არავინ არ იქნება ჩვენთვის ასე გულკეთილი და არც... იგი ვერ ბედავს აზრის დასრულებას. მაგრამ მას შემდეგ, რაც მისი ბავშვის არსებობა გაიგეს, ქალურობის გაუცნობიერებელი გრძნობა უკარნახებს მათ, რომ ფროილაინი განსაკუთრებული სიყვარულისა და პატივისცემის ღირსია. ორივე მუდამ ამაზე ფიქრობს, მაგრამ ამჟამად არა ადრინდელი ბავშვური ცნობისმოყვარეობით, არამედ ღრმა თანაგრძნობითა და სიბრალულით გამსჭვალულნი.

- იცი რა, - ამბობს ერთი.

- რა?

- მე მინდა ფროილაინი რაიმეთი გავახარო. დაე იცოდეს, რომ იგი გვიყვარს, რომ ჩვენ ისეთები კი არა ვართ, როგორც დედაჩვენი. გინდა?

- რა საკითხავია?

- მე მოვიფიქრე. მას ხომ ძალზე უყვარს თეთრი ვარდი. მოდი, ხვალ დილას სკოლაში წასვლამდე ვუყიდოთ ყვავილები და ოთახში შევუტანოთ.

- როდის შევუტანოთ?

- სადილობისას.

- მაშინ ალბათ უკვე აქ აღარ იქნება. იცი რა? ჯობია მე დილაადრიან ჩუმად მოვიტან, რომ არავინ დამინახოს და მეორე ოთახში შევუტანოთ.

- კარგი. ადრე შევუტანოთ. იღებენ ყულაბას და ფულს მაგიდაზე უყრიან თავს. ახლა ისინი გამხიარულდნენ კიდეც. უხარიათ, რომ ფროილაინს კიდევ აგრძნობინებენ თავიანთ უტყვ, ერთგულ სიყვარულს. რიჟრაჟზე ადგნენ. აკანკალებულ ხელში ახალი, სურნელოვანი ვარდები უჭირავთ და ფროილაინის კარზე აკაკუნებენ. მაგრამ შიგნიდან არავინ პასუხობს. ჰგონიათ, ფროილაინს ისევ სძინავს და თითის წვერებზე შედიან ოთახში. ოთახი ცარიელია, ლოგინი ხელუხლებელი. ნივთები უწესრიგოდაა მიყრილ-მოყრილი. რუხი ფერის სუფრაზე თეთრი წერილი დევს. ბავშვებს შიში იპყრობთ. რა მოხდა?

- დედასთან წავალ, - მტკიცედ აცხადებს უფროსი. ყოველგვარი შიშის გარეშე, მოქუფრული თვალებით მიდის დედასთან და ჯიქურად ეკითხება: - სადაა ჩვენი ფროილაინი?

- ის, ალბათ, თავის ოთახშია, - უპასუხებს დედა და გაოცებული უყურებს გოგონას.

- ოთახში არაა, ლოგინი ალაგებულია. ალბათ გუშინ საღამოსვე წავიდა. რატომ ჩვენ არაფერი გვითხრეს? დედა არც კი ამჩნევს ბავშვის გაბრაზებულ, გამომწვევ ტონს. ფითრდება და მამასთან მიდის. იგი სწრაფად შედის ფროილაინის ოთახში. იქიდან დიდხანს არ გამოდის. გოგონა გაანჩხლებული შეჰყურებს დედას, რომელიც, როგორც ჩანს, ძლიერ აღელვებულია და ბავშვს თვალს არიდებს. მამა გამოდის. იგი გაფითრებულია, ხელში წერილი უჭირავს. შეყავს დედა ფროილაინის ოთახში და რაღაცას ეჩურჩულება. ბავშვები კართან დგანან, მაგრამ ყურის დაგდებას ვერ ბედავენ. მამის ეშინიათ: ასეთი იგი ჯერ არასოდეს არ უნახავთ. დედა ოთახიდან ნირწამხდარი ბრუნდება, თვალები ნამტირალევი აქვს. აღელვებული და შეშინებული ბავშვები უნებურად დედისკენ გარბიან და კითხვას კითხვაზე აყრიან. მაგრამ დედა მათ უცბად აჩერებთ: - წადით სკოლაში, დაგაგვიანდებათ. ბავშვებიც მორჩილად მიდიან. ოთხი, ხუთი საათი გაოგნებული სხედან გაკვეთილებზე, შემდეგ თავქუდმოგლეჯილი გამორბიან შინისკენ. იქ ყველაფერი ძველებურადაა, მხოლოდ იგრძნობა, რომ ყველას ერთი საშინელი აზრი ტანჯავს. სიტყვას არავინ ძრავს, მაგრამ ყველას, მსახურსაც კი, რაღაც უცნაური ფერი დასდებიათ სახეზე. გოგონებს დედა ხვდება. იგი, ეტყობა, მათთან საუბრისათვის შეემზადა.

- ბავშვებო, ჩვენი ფროილაინი აღარ დაბრუნდება, ის... ყელში სიტყვა ეჩხირება. გოგონების ანთებული თვალები ისე მკაცრად შესცქერიან მას, რომ ტყუილის თქმას ვერ ბედავს. ის შეტრიალდება და თავის ოთახს აფარებს თავს. სადილის შემდეგ უცბად ოტო გამოჩნდა. იგი გამოიძახეს, - წერილი მის სახელზეა დაწერილი. ოტოსაც სანთლისფერი დასდებია. დაბნეულად იყურება აქეთ-იქით. არავინ ხმას არ სცემს. ყველა გაურბის. ხედავს კუთხეში მიყუჟულ გოგონებს და სურს მათ მიესალმოს.

- ახლოს არ მომეკარო! - ზიზღით ამბობს ერთი. მეორე ოტოსაკენ აფურთხებს. შემკრთალი, დარცხვენილი ოტო ოთახში დაბორიალობს. შემდეგ ქრება. ბავშვებს არავინ ელაპარაკება. არც ისინი იღებენ ხმას. შეშინებულნი და ფერწასულნი უაზროდ დადიან ოთახში; შეხვდებიან ერთმანეთს, შეხედავენ ნამტირალევი თვალებით და ისევ დუმან. ახლა მათ ყველაფერი იციან. იციან, რომ ატყუებდნენ, რომ ყველა ადამიანი შეიძლება ცრუ იყოს და უსინდისო. მშობლები აღარ უყვართ, მათი რწმენა დაკარგეს. იციან, რომ არ შეიძლება ვინმეს ენდონ. ახლა ცხოვრების მთელი საშინელი სიმძიმე მათ ფაქიზ მხრებს აწვება. ბავშვობის უდარდელობიდან თითქოს უფსკრულში ჩაეშვნენ. ჯერ კიდევ არ შეუძლიათ გაითვალისწინონ მომხდარი ამბის მთელი საშინელება, მაგრამ მათი ფიქრები სულ ამას დასტრიალებენ და განადგურებას უქადიან. ლოყებზე წითელი ლაქები დამჩნევიათ, თვალები გაბოროტებით ავსებიათ და ყველაფერს დაძაბული ყურადღებით აღიქვამენ. მობუზულან, თითქოს სცივათო და ადგილს ვერსად პოულობენ. ვერავინ, მშობლებიც კი ვერ ბედავენ მათთან მიახლოებას, ისეთი გაბოროტებით შესცქერიან ყველას. ოთახში ბავშვების უთავბოლო ბორიალი ამჟღავნებს მათ მტანჯველ ფიქრებს და თუმცა ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, მომხდარი საშინელება მათთვის უსიტყვოდაა გასაგები. მდუმარება, გოგონების ჯიუტი, მტკივნეული მდუმარება, ყველას შიშს უნერგავს. მათთან არავინ მიდის, მათ სულთან მისასვლელი გადაკეტილია, - შესაძლოა მრავალი წლით. ისინი ყველას მტრად ეჩვენება, მტრად, რომელმაც დანდობა უკვე აღარ იცის, რადგან გუშინდელი დღიდან ბავშვობა მიატოვეს, ახლა ისინი რამდენიმე წლით გაიზარდნენ, საღამოს, როცა ბნელ ოთახში მარტონი დარჩნენ, ისინი ბავშვურმა შიშმა შეიპყრო, შიშმა მარტოობის წინაშე, მიცვალებულთა წინაშე და კიდევ რაღაც სხვაგვარმა გაუცნობიერებელმა შიშმა, მათთვის გაურკვეველი ამბების წინაშე. საერთო შეშფოთების გამო უფროსებს ოთახის გათბობა დაავიწყდათ. გაყინული ბავშვები ერთ ლოგინში წვებიან და გამხდარი მკლავებით ერთმანეთს ეხვევიან, ერთმანეთს ეკვრიან თავიანთი წვრილი, ჯერ კიდევ გაუფურჩქვნელი სხეულით, რათა როგორმე გაექცნენ ამ ულმობელ შიშს, ხმის ამოღებას ჯერ ვერ ბედავენ. ბოლოს უმცროსს ტირილი წასკდება და უფროსიც აქვითინდება. მათ სახეზე ცხარე ცრემლები ჯერ ნელა იწყებს დენას, მერე კი გამალებით. ერთმანეთს ჩაკრულები მწარედ ტირიან და ცახცახებენ. ორივე არსება ერთ ტანჯვად, სიბნელეში აქვითინებულ ერთ არსებად ქცეულა. ახლა ისინი თავიანთ ფროილაინს როდიღა დასტირიან, არც თავიანთ მშობლებს, რომელთა სიყვარული ამიერიდან დაჰკარგეს; ისინი შეუპყრია შიშს ყველაფრის წინაშე, რასაც მათ უმზადებს ეს გაურკვეველი სამყარო, რომელშიც დღეს პირველად ჩაიხედეს შეძრწუნებით. აშინებთ იდუმალი და საშინელი ცხოვრება, რომელშიც ისინი შედიან და რომელიც უღრან ტყეს ჰგავს. ნელ-ნელა მკრთალდება გაურკვეველი შიში და თვლემით იცვლება. ქვითინი თანდათან ცხრება. მათი თანაბარი სუნთქვა ერთმანეთს ერწყმის ისე, როგორც წეღან მათი ცრემლები ერთვოდა ერთმანეთს და ბოლოს იძინებენ.

ნახვა: 1239

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:29am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom…

გაგრძელება

MMOexp: FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup

გამოაქვეყნა Nevillberger_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 5:04am 0 კომენტარი

In their way is Portugal, who accidentally put six goals accomplished Switzerland with Cristiano Ronaldo sitting on the bench. It won't be easy, but aloof how abundant of FC 24 Coins an underdog is Morocco vs. Portugal? Actuality is how FC 24 ante this Angel Cup quarterfinal matchup.

We aboutface to the best reliable antecedent of football admonition there is, FC 24, to accommodate us with some perspective. We best Morocco…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Qwelly World

free counters