ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი
იოჰან ვოლფგანგ გოეთე

წიგნი პირველი 1771 წლის მაისის 4.

      რარიგ მიხარის, რომ წამოვედი! კეთილო ჩემო, რა არის გული კაცისა!

      საოცარია! გიხაროდეს ისეთი განუყრელი მეგობრის განშორება, როგორიც შენ ჩემთვის იყავი? ვიცი, ამას მომიტევებ.

      განა ჩემი დანარჩენი მეგობრობა ჩემთვის საგანგებოდ მირწყული არ იყო განგების ხელისგან გულისა ჩემის დასათრგუნველად?

      საბრალო ლეონორა! მიუხედავად ამისა, მე უდანაშაულო ვიყავი. განა რაიმე ბრალი მიმიძღვის იმაში, რომ მისი დის თავნება აღტყინებამ გამიტაცა და დაკოდილ გულში ვნება აღმიგზნო? განა მე არ აღვზარდე მის გულში ნაზზე უნაზესი გრძნობა? განა მე... ოი, რა საოცარია ბუნება კაცისა, განგებას მისთვის ქენჯნის ნიჭი რომ მიუცია! გაძლევთ სიტყვას, მეგობარო, მე გამოვკეთდები. მინდა ის მცირე ფათერაკი, რომელსაც ბედი გვიმზადებს ცხოვრებაში, ადვილად მოვინელო ისევე, როგორც ეს მრავალგზის მიქნია კიდეც. მინდა ამიერიდან მხოლოდ აწმყოთი დავტკბე და წარსულს წარსულად ვთვლიდე. რა თქმა უნდა, შენ უთუოდ მართალი ხარ: ადამიანებს ნაკლები ურვა შეხვდებოდათ ქვეყნად, განგების ნებით ისე საოცრად რომ არ იყვნენ მოწყობილნი, წარმოდგენის ძალით არ სჩვეოდეთ განვლილთა ჭირთა უკუხმობა და მოგონება, ნაცვლად იმისა, რომ შეეტკბონ ბოძებულ აწმყოს. გეთაყვა, გადაეცი დედაჩემს, რომ მის დავალებებს არ ვივიწყებ: აქ ყოფნის დროს ჩემი მამიდა მოვინახულე და დავრწმუნდი, იგი არც ეგზომ ბოროტი დედაკაცი ყოფილა. მამიდა მხოლოდ გულფიცხი ქალია და სხვა არაფერი. მე განვუმარტე მას დედაჩემის ჩივილი მასზე დარჩენილ ნაანდერძევის შესახებ. მამიდამ ამიხსნა, თუ რა პირობებში შეეძლება დაგვიბრუნოს ჩვენი ხვედრი ამ ანდერძიდან: მოკლედ, გადაეცი დედაჩემს, ახლა არ მინდა ყოველივე აქ აღვნუსხო. ერთი სიტყვით, ყოველივეს, მისგან მონდობილს, კეთილად დავაგვირგვინებ. უნდა გამოგიტყდე, მეგობარო, ამ უმნიშვნელო საქმიანობის დროს დავრწმუნდი, რომ გაუგებრობა და სიზანტე ამ ქვეყანაზე უფრო მეტ სიავეს წარმოშობს ხოლმე, ვიდრე ბოროტება და მუხანათობა. ეს ორი უკანასკნელი ყოველ შემთხვევაში უფრო ნაკლებად თვალსაჩინოა, ამ ცხოვრებაში წარმოდგენილი. სხვათა შორის, მე აქ გვარიანად ვგრძნობ თავს, ამ სამოთხისებურ მხარეში მარტოობა სანუკველ ბალზამად მოეცხო ჩემს გულს. და სიჭაბუკის დღეთა სავსება განცხრომით ათრობს გულს იჭვით სნეულს. ყოველი ხე, ყოველი ჩირგვი მწვანითა და ყვავილით შემოსილა, და ყოველ წუთს გენატრება კაცს გადაიქცე თუნდ პაწია ჭიამაიად, რათა შეგეძლოს ნელსურნელოვან მუშკით შეზავებულ სფეროთა ლივლივში ფრენდე, იშვებდე, გაიხარებდე, ბუნების საზრდოს უმეშვეოდ დაწაფებული.

      ქალაქი თვითონ უხეიროა. სამაგიეროდ თვალისმომწყვეტი მშვენებით სავსეა სანახები, აგარაკები. სწორედ ამან წააქეზა ალბათ განსვენებული გრაფი მ..., რომელსაც საუცხოო ბაღნარი გაუშენებია მახლობელი გორაკის თხემზე.

      ბაღი უბრალოდაა გაკეთებული და შესვლის უმალვე დარწმუნდებით, რომ მისი გეგმა დაუდგენია არათუ მეცნიერულად განსწავლულ მებაღეს, არამედ მგრძნობიარე გულის პატრონს.

      მე არაერთხელ გულგასენილი ვმჯდარვარ აწ გავერანებულ, სვიით შემოსილ ტალავერს ქვეშ: თვით ბაღის პატრონს ჰყვარებია ადგილი იგი.

      სულ მალე ალბათ ამ მშვენიერ ბაღს დავეუფლები, და მებაღეც ერთგულია და ფრიად ხელმომჭირნე.

მაისის 10.

      საოცარმა სიხარულმა რომ აათრთოლა ჩემი გული, იგი მომევლინა ვით გაზაფხულის ნეტარი დილა, რომელსაც ახლა განვიცდი მარტოობაში. მე აქ მარტოკა ვარ და შევხარი თვითვე სიცოცხლეს და ამ სანახებს, შვების მომგვრელსა და სანეტაროს. და გეტყვი, ჩემო გულის სწორო, ეს მშვენიერი ტურფა მიდამო ჩემებრ სულის პატრონისთვის შეთხზულია განგებისაგან, კეთილო ჩემო. მე ისე ბედნიერი ვარ, ისე აღვსილი ამ აუმღვრეველ მყუდრო ყოფნის სიხარულით, რომ ჩემი შემოქმედების უნარი, ლამისაა მთლად მოადუნოს ამ ნეტარებამ.

      ამ წუთში ფუნჯს ვერ გავეკარები, ერთი ხაზის მოსმაც არ შემიძლია, მაგრამ არასდროს მიგრძნია ამაზე მეტი მხატვრული ძალის მოზღვავება მე ჩემს მაჯებში. როცა ქალაქებს, ირგვლივ მდებარეს, ცხელი ალმური თავს წაადგება და მაღალი მზის ლამპარი გადმოიხრება თვალჩაშავებულ უღრანი ტყის მწვანე ფაფარზე, მხოლოდ ღერ-ღერა სხივის ისრები შეიჭრებიან უღრან ტევრში, მაშინ ვნებივრობ ვერცხლის ჩანჩქერის შორიახლო მოლზე განრთხმული და საოცარი ფერმრავლობა ამ მწვანე მოლის, მაღალ ბალახის მაოცებს მაშინ. როცა ამ მაღალ ბალახებში მცოცავი მწერების ფუსფუსსა და რბენას საცნაურსა ვყოფ, ამ გასაოცარ შეუცნობ პაწია სულდგმულების სიახლოვე გულს მიჩქროლებს, მაშინ ცხადია, ვგრძნობ: მეახლა ყოვლად ძლიერი შემოქმედის სუნთქვა და სითბო გულის მისის ყოვლის შემცველის და მოყვარულის ამ არსებათა, რომელიც შექმნა მან თვითონვე თავის სურვილით, ჩემო კეთილო, და მერმე როცა ჩამოწვება ბინდი მწუხრისა და ჩემს თვალებში ჩამოეშვება სანახაობა სანუკველი და საოცარი, ვოცნებობ მაშინ და ფიქრს ვეძლევი: ნეტავ შემეძლოს ავსახო იგი, გადავიტანო ქაღალდზე მაინც, რაც ასე თბილად, ასე ცოცხლად ამ ჩემს სულში აღბეჭდილია, რათა ნაწერი ან ნახატი იქნეს ხატებად სულის შენის, სურათხატებად გასაოცარ ღვთის წარმოდგენის.

      კეთილო ჩემო, ეჭვი არა მაქვს ამ მოვლენათა დიდებული ძალოვანება მე გადამიტანს, მომაჯადოებს.

მაისის 12.

      არ მესმის სწორედ, ამ მხარეში ხომ არ დაფრენენ თვალის ამქცევი ნაზი სულები, თუ ზეციური ფანტაზიაა, ეგ სანახები რომ დაფერა სამოთხის დარად. ჩვენს ახლოს, აქვე, თვალწარმტაცი წყაროა ერთი, რომელმაც მე ისევე მომაჯადოვა, როგორც მელუზინა და მისი დები.

      პატარა გორაკის ფერდობს რომ ჩაჰყვები, თაღს წააწყდები უმნიშვნელოს, ჩაირბენ მერმე ოციოდე ნაბიჯს მხარმარჯვნივ და ხედავ, გულო, მოსჩქეფს მარმარის ნაპრალებიდან წყარო ანკარა.

      ირგვლივ ქვიტკირის გალავანია, ჩრდილმრავალ ხეთა მწყობრი მწკრივით შემორაგული. და აქ სიგრილე, ოაზისებრი აგავსებს შვებით და სიტკბოებით.

      აქვე მოდიან ქალაქიდან კოხტა ქალები სურებით ხელში. უბრალო საქმე, მაგრამ საქმე ფრიად საჭირო, რომელსაც უწინ სეფეწულნიც ვერ ასცდებოდნენ. და ამ წყაროსთან როს გავგრილდები, პატრიარქალურ იდეებით ივსება სული, მივხედავ მაშინ ჩვენს წინაპრებს, ბნელში დანთქმულებს, წყაროსთან მოსულთ სასძლოთ არჩევა რომ სჩვეოდათ მას ჟამსა შინა.

      ო, ვინც ამგვარ ფიქრებს არ ეძლევა ამ წყაროს პირას, იგი, სჯობია, არც მოვიდეს ამ წყაროს ჩრდილში დასასვენებლად.

მაისის 13.

      შენ ჩემი წიგნების გადმოგზავნის შესახებ მეკითხები? მიხედე შენს ღმერთს, ჩემო კარგო და, მომაცილე ზედმეტი ბარგი. აღარ მჭირია ამიერიდან ხელმძღვანელობა, გამხნევება და წაქეზება. ეს ჩემი გული თავისთავად აზვავებულა. მე მხოლოდ ტკბილი ძილისპირი თუ დამჭირდება. ვიპოვე იგი ჩემს ძველს ჰომეროსში. ხშირად ამგვარად დავაშოშმინებ ჩემს ამბოხებულ სისხლს. ვინაიდან ასეთს დაუდევარსა და ცვალებად არსებას შენს ბადალსაც ვერ მოუნახავ ამ საწუთროში, როგორიცაა ეს ჩემი გული. თუმცა, კეთილო, რა საჭიროა შენთვის მიწერა ამ ამბებისა, შენთვის, რომელსაც არაერთხელ გინახავარ მე პირქუშ ვარამისაგან უდარდელობის მიჯნებისა და უკურნებელ მელანქოლიისკენ, წამწყმედელ ვნებათა ღელვისკენ დაქანებული.

      და ჩემს საბრალო გულს მე ისე ვანებივრებ, როგორც სნეულ ბავშვს; ყოველნაირ ჭირვეულობას ადვილად ვუთმობ, გთხოვ, ყოველივე ეს დარჩეს ჩვენ შორის, რადგანაც ისეთნიც მოიძევიან ამ ქვეყანაზე, რომელნიც ამგვარ საქმეებში მე გამკიცხავენ განუკითხავად.

მაისის 15.

      ჩემ გარშემო მცხოვრები ადამიანები უკვე მიცნობენ, ბევრი მათგანი ფრიად თავაზიანად მეპყრობა კიდეც, მაგრამ მე ბავშვებს შევუყვარდი განსაკუთრებით. სამწუხარო რამ შევნიშნე ამ დღეებში: როცა თავდაპირველად ამ უბრალო ადამიანებს დავუახლოვდი, მათ ეგონათ, დავცინოდი, ამიტომაც უხეშად მომექცნენ. ამ დაკვირვებამ მე შემაგნებინა: ზოგიერთი წოდების ხალხი შორს იჭერს თავს უბრალო ხალხისაგან, რადგანაც ეშინიათ მათთან დაახლოებით საკუთარი ღირსების შებღალვისა. ხანდახან მათში გამოერევა მკრეხელი და თაკილობს მდაბიო ხალხთან დაახლოებას, რათა ამგვარად თავის უპირატესობას მკაფიოდ გაუსვას ხაზი.

      მე კარგად მესმის, რომ ჩვენ, ადამიანები თანასწორნი არა ვართ და ვერც ვიქნებით ოდესმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის, ვისაც აუცილებელ საჭიროებად მიაჩნია საკუთარი პატივმოყვარეობის დასაცავად, ეგრეთ წოდებულ ბრბოსგან გამიჯვნა, ისევე გასაკიცხავია, როგორც ის მშიშარა, რომელიც მტერს ემალება, რადგანაც თვითონ თავის ძალის იმედი არა აქვს.

      ამას წინათ წყაროსთან ვიდექი, მოსამსახურე გოგოს კიბის საფეხურზე დაედგა სავსე კოკა და შორიდან მომავალ ამხანაგ ქალებისკენ იხედებოდა.

      კიბეზე ჩამოველ და შევხედე გოგონას. „მოგეხმარო, ქალო?“ – ვეუბნები.

      ძლიერ გაწითლდა.

      – არა, ბატონო, როგორ გეკადრებათ...

      ავაწევინე კოკა და მხარზე შევადგი.

      მადლობა მითხრა და გზას გაუდგა.

მაისის 17.

      აქ ბევრი ვინმე გავიცანი, მაგრამ საჩემო საზოგადოება ჯერ არ მიმიჩნევია, არ ვიცი, ვის რა უნდა მოეწონოს ჩემში?

      ზოგიერთი მათგანი არაერთხელ შემთვისებია, და როცა მეორე ადამიანთან გამივლია მცირეოდენი ცხოვრების გზა, მე მუდამ ტკივილი მიგრძნია ამ დროს. შენ თუ მკითხავ, როგორი ადამიანებია აქ? როგორიც ყოველგან, – გიპასუხებდი. კაცთა მოდგმა საოცრად ერთსახიერი რამ არის, ჩემო.

      უმეტესობა თავის სიცოცხლეს შრომაში ატარებს. და ზოგიერთი ადამიანი მოწადინებულია, რადაც უნდა დაუჯდეს, თავისი მცირე თავისუფალი საათებიც როგორმე მოჰკლას და თავიდან მოიშოროს.

      ჰოი, მწარე ხვედრო კაცთა მოდგმისავ!

      ხანდახან თავდავიწყებას ვეძლევი, საკმაოდ კარგს საზოგადოებაში რომ გავერევი. აქ განვიცდი იმ სიხარულს, რომელიც კაცთათვის კიდევ ხელმისაწვდომია, გულუხვად მორთულ სუფრას შემოვუსხდებით, ვხუმრობთ, ვბაასობთ, ან ნავით გავისეირნებთ მახლობელ ველებისკენ, ან ცეკვას გავაჩაღებთ და ყველაფერი ეს ფრიად სანუკველ შთაბეჭდილებას სტოვებს ჩემზე. მე მეშინია ოღონდ, არ დავრწმუნდე, რომ ჩემში მთვლემარე შემოქმედი ძალები უქმად დაობდნენ.

      აჰ, ეს ეჭვები ჩრჩილივით ღრღნიან ჩემს გულს.

      და მაინც ხომ დამეთანხმები: ჩვენი მოდგმის მწარე ხვედრია – ვერ გაგიგოს მოყვასმა შენმან.გული მიკვდება, ჩემი სიყრმის მიჯნურს რომ მოვიგონებ: რა უდროოდ გამომაცალა სიკვდილმა იგი!.. ხომ აჯობებდა, არც გამეცნო იგი ოდესმე. მე ვეტყოდი ჩემს თავს: შენ ჭეშმარიტად შლეგი ყოფილხარ, შენ მას ეძიებ, რაც ხელმიუწვდომელია სააქაოში. მაგრამ ეს არის გასაოცარი, ხომ მეკუთვნოდა მე მისი გული?

      განა მისი დიადი სულის სიახლოვეს არ დავმტკბარვარ? განა იმ წუთში ჩემი თავი წარმოდგენილი არა მქონდა უფრო მეტად, ვიდრე ვიყავი სინამდვილეში და სინამდვილეში მე ვიყავი მთელის სავსებით, რაც კი ოდესმე შემეძლო რომ ვყოფილიყავ, ღმერთო სახიერო!

      განა თუნდ ბეწვის ოდენი ძალა რჩებოდა მაშინ ჩემს არსებაში უქმი, ურგები?

      განა მე არ შემეძლო მის წინაშე გადამეშალა მთლად საოცარი სულის მხნეობა, რომლის შემწეობითაც ჩემი სული იგებს ბუნებას და მის სირთულეს განსაცვიფრებელს და ნაირ-ნაირს! განა ჩვენი მეგობრობა სავსე არ იყო უნაზესი გრძნობებით, უბასრესი სიმძლავრით და გონებამახვილობით, და ყოველივე ეს ხომ დადამღული იყო გენიის ბეჭდით. აჰ, მან რამდენიმე წლით მიმასწრო სიკვდილის ბჭეებთან.

      მას ვერასოდეს ვერ დავივიწყებ, მისი გულის სავსებას და მის ღვთაებრივ ჭირთამთმენობას. სულ რამდენიმე დღის წინათ შევხვდი ახალგაზრდა ეც-ს, გულწრფელ ჭაბუკს, საკმაოდ ლამაზ გარეგნობით აღჭურვილს.

      იგი ახლად დაბრუნებულია აკადემიიდან და მთლად ბრძნად არ მოაქვს თავი, მაგრამ დაბეჯითებით სჯერა, რომ სხვაზე მეტი მაინც იცის და როგორც შევატყვე, ბეჯითია და საგრძნობი ცოდნის პატრონი უნდა იყოს. როცა გაიგო, რომ მე ვხატავ თურმე და ძერწვაში ცოტა რამ გამეგება (ორი მეტეორი შეხვდა მიწაზე ვითომც ერთმანეთს), იგი დამიპირდაპირდა და საგრძნობი ცოდნის სკივრები გადმოალაგა ჩემ წინაშე, ვატტოდან დაწყებული ვუუდამდის, პილესიდან – ვინკელმანამდის, რაც წაეკითხა ან გაეგონა და მარწმუნებდა, ზულცერის თეორიის პირველი ნაწილი გადაკითხული მაქვს და პეინენის ხელნაწერი ანტიკურ მოძღვრებათა შესახებ ჩემს ხელშიაო.

      მე ეს მოვუწონე და წავახალისე. კიდევ ერთი ჩინებული კაცი გავიცანი აქ, სამთავროს მოხელე, ფრიად გულახდილი და ენერგიული ვინმე. მასზე ამბობენ, გაწვრთნილი აქვსო გული მოყვასთა სიყვარულში. და მართლაც კარგი სანახავია იგი თავის ცხრა შვილის წრეში.

      ძლიერ აქებენ მის უფროს ქალიშვილს. იგი ამჟამად საბაზიერო სასახლეში ცხოვრობს. თავადის ბაზიერთა სასახლე აქედან საათ-ნახევრის სავალზეა. აქ გადმოსახლებულა იგი თავისი ცოლის სიკვდილის შემდეგ, რადგან ქალაქში ყოფნა აორკეცებდა მის ღრმა სიმძიმილს. დანარჩენი ჩემი ნაცნობები გაცვეთილი ტიპებია, რომელთა შეხვედრაც კი ვეღარ ამიტანია.

      მშვიდობით.

მაისის 22.

      ადამიანის ცხოვრება რომ სიზმარსა ჰგავს, ეს ბევრს აღუნიშნავს და მეც ამკვიატებია ეს აზრი ბოლო ხანს.

      როცა იმ დაბრკოლებათ გავითვალისწინებ, რომელნიც ადამიანის მოქმედსა და მაძიებელ ძალებს ბორკავენ, ვრწმუნდები, რომ ყოველივე გარჯა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისკენაა ბოლოს და ბოლოს მიქცეული, და ყველაფერ ამას სხვა მიზანი არ მოჰყვება, თუ არა ჩვენი უბადრუკი არსებობის გახანგრძლივება და ისიც ნათელია ჩემთვის, რომ ყოველნაირი გულის შეჯერება კვლევის ზოგიერთ შესაძლებლობათა შესახებ მხოლოდ მეცნიერთაგან მოგონილი ნუგეშისცემაა და სხვა არაფერი.

      რადგან ჩვეულებრივად ჩვენ ნაირ-ნაირი ფერადებით ვამკობთ იმ კედლებს, რომელთა შორის თვითონვე ვართ გამომწყვდეული. ყოველივე ეს, ჩემო ვილჰელმ, ფრიად მანცვიფრებს.

      მე ჩემსავე არსებაში უკუვიქცევი ამ შემთხვევაში და ვპოულობ კიდევაც ჩემს სამყაროს და თავშესაფარს. მეტი ქვეშეცნებითი შეგრძნება, ვიდრე ცოცხალი შემოქმედებითი სახვა: აქ კი ყოველივე ბურუსის წიაღში უკუიქცევა და მე იჭვნეული ღიმილით შევცქერი სამყაროს. ბავშვებმა რომ თავიანთი საწადელის მიზეზი არ იციან, ამას ყველა განსწავლული აღმზრდელი თანაბრად ადასტურებს.მაგრამ მოზრდილებიც რომ ბავშვებივით ჭირვეულობით არიან შეპყრობილნი ამ ცხოვრებაში?

      ვიცი, შენ ამაზე უთუოდ მომიგებ: სწორედ ისინია ბედნიერნი, ვინც ბავშვივით უდარდელად ატარებს თავის ცხოვრებას.

      ისინი ბავშვებივით დაათრევენ თავიანთ დედოფალებს და გულმოდგინედ იჭვრიტებიან იმ კოლოფებში, სადაც დიდედას შაქარლამა და ნამცხვრები შემოუნახავს, და როცა საწადელს აისრულებენ, გავსილი პირით ყვირიან: კიდევ მომეცით!სწორედ ამგვარი ადამიანებია ბედნიერი, არც იმათ უშავთ რა, ვინც საკუთარ, ხარაბუზასებურ საქმიანობას მაღალფარდოვანი ხოტბით ამკობენ და ადამიანობის მოდგმას ამადლიან კიდევაც თავიანთ მოღვაწეობას.

      ნეტავი იმას, ვინც შეძლებს ამგვარ ჯანმრთელობის კეთილად ჩატარებას. ხოლო იგი, ვინც თავმდაბლურად აღიარებს ადამიანების სწრაფვის ამაოებას და ნათლად ამჩნევს, რომ ყოველი მოქალაქე თავის ბაღჩას იმისთვის უვლის, რომ მზის შუქით დატკბეს ანდა წუთით გაახანგრძლივოს, სწორედ იგი სდუმს.

      და თუმცა იგი შეზღუდულია და შებოჭვილი, გულში მაინც ატარებს ტკბილი თავისუფლების უხმო ოცნებას, სავსებით დარწმუნებული, რომ მას ყოველ წუთში შეუძლია თავისი საპყრობილიდან თავის დაღწევა.

მაისის 26.

      შენ ალბათ გახსოვს ჩემი ახირებული ჩვეულება: მე ხომ ყოველგან პატარა ქოხი უნდა ავიშენო, მყუდრო კუთხე მოვიმარაგო.

      ქალაქიდან ერთი საათის სავალზე იმყოფება ვალჰაიმი.

      აქაც მოვძებნე ჩემი ადგილი.

      ვალჰაიმში ერთი გორაკია, საიდანაც ხელისგულივით მოსჩანს გარეშემო ველ-მიდამო და სანახები. ამ გორაკის ზეთავზე ორი საუცხოო ცაცხვი დგას. ამ ცაცხვების ჩრდილში ვზივარ ხშირად. მახლობელ დუქნიდან მოხუცებულ დედაკაცს ამოაქვს ჩემთვის ლუდი, საუზმე, ყავა და ღვინო. ცაცხვების შტოებს ქვეშ ეკლესიის მოედანია ქოხმახებითა და სახლებით გარშემორტყმული. ასეთი მყუდრო ალაგი სხვაგან არ მეგულება, დავჯდები ცაცხვის ქვეშ, შევექცევი ღვინოს ან ყავას, თანაც ჩემს ჰომეროსს ვფურცლავ, ვკითხულობ. თავდაპირველად, როცა ამ ცაცხვების ძირას მოვედი, საოცარი მარტოობა ვიგრძენი, მთელი სოფელი ყანებში გასულიყო, მხოლოდ ერთი ოთხიოდე წლის ბავშვი იჯდა მიწაზე და მეორე ექვსიოდე თვის ბალღი მის ფერხთით. მოზრდილი პაწიას მკერდზე იხუტებდა, ეფერებოდა. ამ საოცარმა იდილიამ აღტაცებაში მომიყვანა. წამოვჯექი იქვე მიგდებულ ძველ ერქვანზე და დიდის აღტაცებით დავხატე, ძველი ქოხმახების, დამსხვრეულ, უვარგის ბორბლებისა და ძველი ერქვანის ფონზე.

      ამ შემთხვევამ განამტკიცა ჩემი მხატვრული დევიზი: მეტი სიახლოვე ბუნებასთან. მხოლოდ ბუნებაა უხვი მასალა, ბუნება ჰქმნის დიად ხელოვანს.

      ნორმების შესახებ ბევრი რამის თქმა შეიძლება, ისევე როგორც მოქალაქურ საზოგადოების შესახებ ბევრი ხოტბის დაწერაც.

      ვინც შემოქმედის ნორმების მიხედვით იწვრთნება, იგი უგემურსა და მახინჯს არ წარმოშობს, როგორც კეთილგონიერ სოციალურ ნორმებზე აღზრდილი ადამიანი არასოდეს ბოროტმოქმედი არ იქნება.

      ამავე დროს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ დოგმატური ნორმით მიმდევრობა ჭეშმარიტად ვნებს ბუნებრივ გრძნობებს.

      კეთილო მეგობარო, გითხრა საამისო იგავი?

      გეტყვი ქარაგმულად სიყვარულის შესახებ. ვთქვათ, ვინმე ჭაბუკს შეუყვარდა ასული ვინმე. მთელი დღე მისი სიახლოვით სტკბება, დღე და ღამეს მიჯნურის ალერსში ატარებს. სატრფოს ანდომებს მთელს თავის ენერგიას, თავის ჯანსა და საბადებელს. ჭაბუკსა ამგვარს შემოეყრება ფილისტერი და ასე ეტყვის წრესგადასულს და შეყვარებულს: მშვენიერო ჭაბუკო, სიყვარული ღვთით გაწესებულია კაცთათვის და თქვენც ისე უნდა გიყვარდეთ, როგორც ეს კაცთა სჩვევიათ კიდევაც.

      განაწესეთ თქვენი საათები, სამუშაო დრო მუშაობას მოახმარეთ და დასასვენებელი – მიჯნურსა თქვენსას: მოითხოვეთ – ქონებაც თქვენი მამისეული, საჭირო და აუცილებელი ცხოვრებას მოახმარეთ და ზედმეტად შთენილი – სატრფოსა თქვენსას: ამასაც განსაზღვრული დღეები აქვს ხომ მიჩნეული: დაბადებისა და ანგელოზის დღე და სხვა.

      თუ ეს ჭაბუკი ყოველივე ამას მოისმენს და შესაფერადაც მოიქცევა, უთუოდ კარგი ვაჟი დადგება და ყოველ თავადს ვურჩევდი მრჩევლად აიყვანოს იგი.

      მოვა დრო და სიყვარული მისი დაიშრიტება, თუ იგი მიჯნურია, და თუ ხელოვანია, მისი ხელოვნებაც მიაღწევს აღსასრულს.

      ჰოი, მეგობრებო, რისთვის დაწესებულა ასე, რომ გენიის ნიაღვარი იშვიათად თუ ამბოხდება, იშვიათად ავარდება იგი მაღალ რეგიონებში სულისა თქვენის შესატოკებლად?

      ძვირფასნო ჩემო, ამ ნიაღვრის ორთავ კიდეზე გულგრილი ადამიანები ცხოვრობენ და მათი წალკოტები, მათი ველები და ნათესები უთუოდ წაირღვნებოდა და წაწყდებოდა აქელებულ სტიქიონისაგან, რომ ცივ გონებას ჯებირების ზღუდეებით არ შეეკრა ნაპირნი თვისნი.

მაისის 27.

      როგორც ვხედავ, ექსტაზში მომიყვანა ამ იგავებმა, დეკლამაციამ, და მთლად გადამავიწყდა უმთავრესი მომეთხრო შენთვის, თუ რა მოუვიდათ მერმე ამ ბალღებს. მე ორიოდე საათი მოვანდომე მათ მხატვრულ ჭვრეტას, ერქვანზე მჯდომარემ. ქაღალდის ნაჭერი მთლად გადავხაზე.

      შეღამებულზე ბავშვებს ხელკალათებით დატვირთულმა ახალგაზრდა დედაკაცმა მოაკითხა.

      და ერთ-ერთს წკრიალა ხმით გადმოსძახა შორიახლოდან: – ფილიპს, ყოჩაღ, ჩემო პატარავ. მერმე მე მომესალმა. სალამითვე ვუპასუხე, მივუახლოვდი და ვეუბნები: თქვენა ბრძანდებით ამ პაწიების დედა, ბატონო?

      მან დამიმოწმა. უფროსს ნამცხვარი მოუტეხა, პაწია ხელში აიყვანა და აკოცა.

      – ჩემს ფილიპსს ჩავაბარე პაწია და უფროსი ქალაქს წავიყვანე თეთრი პურისა და თიხის კეცების სასყიდლად, – ამბობდა დედაკაცი. თვალი შევავლე ხელკალათში ჩადებულ ნივთებს.

      – პაწია ჰანსს წვნიანი უნდა გავუკეთო. ამ აბეზარმა კეცი გამიტეხა ფილიპსთან ბღლარძუნის დროს.

      გამოვკითხე უფროსი ვაჟის შესახებ და გამოირკვა, რომ მახლობელ ველზე ბატებს აძოვებს თურმე. აგრეთვე გავიგე, რომ ეს ქალი სკოლის გამგის ქალიშვილი ყოფილა, მისი მეუღლე შვეიცარიას წასულა მიცვალებული ნათესავისაგან ნაანდერძევ ქონების ჩასაბარებლად. ქალი ძლიერ დანაღვლიანებული იყო იმის გამო, რომ ქმრისაგან არავითარი ცნობა არ ჰქონია ჯერ მიღებული. გამიძნელდა ამ ქალის მოშორება, ბავშვებს თითო გროში ვაჩუქე. არ დავივიწყე პატარა ბატის მწყემსიც და გამოვეთხოვე სამივეს.

      უნდა გამოგიტყდე, მეგობარო, ეგზომ მშვენიერი ქმნილების შემხედვარეს, ლამისაა, გული ამემღვრეს.

      ბავშვები ძლიერ მომეჩვივნენ: როცა მე ვსაუზმობ, ისინი ჩემ გვერდით სხდებიან და შეექცევიან თავიანთ წილს რძესა და ყავას.

      კვირაობით თეთრ უზალთუნებსაც იღებენ საჩუქრად.

      მეტად შემომეჩვივნენ, დედა იმათი შიშობს, პატარებმა არ შემაწუხონ.

მაისის 30.

      რაც ამას წინათ მხატვრობის შესახებ მოგწერე, იგივე ითქმის პოეზიისთვისაც.

      აქაც მთავარია უპირატესის შეცნობა, მისი გამოთქმა – უკეთ, გაბედვა თქმისა.

      ღეს მე აქ რომ სცენა ვნახე, ზედმიწევნით რომ აღწეროს კაცმა, წმინდა წყლის პოეზია იქნებოდა.

      უუმშვენიერესი იდილიაც თუ გნებავს.

      ფარსაგი რამ არ გეგონოს, ვილჰელმ!

      უბირი გლეხიკაცის ამბავი მინდა მოგითხრო.

      იგი თურმე ვინმე ქვრივი დედაკაცის მოჯამაგირე ყოფილა. ვაჟი ფრიად გულთბილად იხსენიებდა ქვრივს, აქებდა და ადიდებდა მას.

      ქვრივს ცუდი შთაბეჭდილება დარჩენია პირველი შეუღლებიდან და ამიტომაც უფრთხოდა ხელმეორედ ოჯახურ უღელში შებმას. ჭაბუკი ნატრობდა მგლოვიარე ქალის გულის მოგებას და ფიცსა სდებდა, იმდენ სიყვარულსა და ერთგულებას მიაგებდა ამ დედაკაცს, რომ უკვე განცდილ მწარე გამოცდილებას გაუქარწყლებდა.მე რომ დიდი პოეტის მეტყველების უნარი მქონდეს, სიტყვით სიტყვამდის გადმოგცემდი მის ნაამბობს, მის მიხრა-მოხრას, ლაპარაკის მანერას, მისი ხმის ჰარმონიასა და მისი შემოხედვის აღგზნებას. არა, სიტყვით არ გამოითქმება ის საოცარი სინაზე, რომელსაც მისი მეტყველება ამჟღავნებს საუბრის დროს. განსაკუთრებით გულუბრყვილოდ მომეჩვენა მისი შიში, ვაითუ, მე მისი სატრფო გულარძნილ დედაკაცად წარმოვიდგინო. იგი სცდილობდა როგორმე დავერწმუნებინე, რომ მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ხორციელი დაახლოება. როცა იგი ამ ქალის სხეულზე მიამბობდა, ვნებით დათუთქულ თვალებს ნაბავდა. მე ჯერ არ მინახავს, ეგზომ გახელებული სექსუალური ჟინი რომ მოზღვავებოდა ახალგაზრდა ჭაბუკს, ხნიერი დედაკაცის სხეულზე შეყვარებულს. დაბოლოს, მინდა სადმე შევხვდე ამ დედაკაცს. ვნახო მისი აღნაგობა, რომელსაც ეს ჭაბუკი ასე გაუცოფებია. მაგრამ ხშირად ვფიქრობ, არა, ისევ სჯობია, მისი მიჯნურის თვალებით ვხედავდე მას შორიდან. ვინ იცის, რომ ვნახო, სულ სხვაგვარად მომეჩვენოს, ვიდრე მის მიჯნურს, და რისთვის წავიწყმიდო ეგზომ ნათელი წარმოდგენა მასზე.

ივნისის 16.

      რატომ ბარათებს არა გწერ?

      შენ მეკითხები ამას, გულთმისანო? შენ ალბათ მიხვდები, რომ მე კარგად ვგრძნობ თავს. მოკლედ გეტყვი: აქ ისეთი ვინმე გავიცანი, ვინც ჩემს გულთან ძლიერ ახლოა. დაწვრილებით გიამბო, როგორ, როდის ან სად?

      ეს ყველაფერი საძნელოა. მთავარია: მე ბედნიერი ვარ და კმაყოფილი. ისტორიების წერა არც ისე მემარჯვება.

      ანგელოზი?.. ფუი, ყოველი კაცი ასე ეძახის თავის...

      არა?მე ვერ გეტყვი, რამდენად სრულყოფილია ან რისთვისაა იგი ეგზომ სრულყოფილი?მან მთელი ჩემი გული და გრძნობა დაატყვევა და ვგონებ, ესეც საკმარისია. ამოდენა მიამიტობა – ეგზომ ნათელი გონების გვერდით, ამდენი სიქველე – ეგზომ დიდი ხასიათის სიმტკიცის ჯუფთი?

      და ასე საოცარი, მშვიდი ბუნება!

      ყველაფერი, რაც წეღან ვთქვი, უმწეო აბსტრაქციებია, რომელნიც დაახლოებითაც ვერ გადმოგცემენ მისი ჭეშმარიტი ბუნების სიავკარგეს. სხვა დროს გეტყვი, თუმცა არა, სჯობია ახლავე... ახლავე მოგწერ... რაც ეს წერილი დავიწყე, სამჯერ მოვინდომე კალამი გადამეგდო, ცხენი შემეკაზმა და გავჭრილიყავ – მაგრამ არ შემიძლია, დილით სიტყვა მივეცი ჩემს თავს, არ გავსულიყავ სახლიდან. ყოველ წუთში მივდივარ ფანჯარასთან, ვნახო, სადაა მზე? მაგრამ ვერ დავსძლიე გულისხმა... მე უნდა წავსულიყავ მასთან. ახლა ისევ აქა ვარ, ვილჰელმ, ჩემი ბუტერბროდი უნდა შევჭამო, საღამოს – წერილები ვწერო. შენ ვერ წარმოიდგენ, როგორი სიხარულია ჩემთვის მისი დანახვა – თავისი რვა და-ძმის წრეში. მე რომ ამ გზით განვაგრძო წერა, ვიცი, შენ ვერას გაიგებ. მაშ, მომისმინე, დაწვრილებით გიამბობ. მე გწერდი ამას წინათ, თუ როგორ გავიცანი სამთავროს მოხელე ს..., რომელმაც მთხოვა ვწვეოდი სტუმრად თავის მარტყოფში, უკეთ – თავის პაწია სამთავროში. მე მის თხოვნას ყურადღება არ მივაქციე და მხოლოდ შემთხვევის წყალობით მივაგენი ამ სამთავროში დაფლულ საგანძურს.

      აქაურმა ახალგაზრდობამ გადაწყვიტა, ბალი მოგვეწყო ადგილობრივი ძალების შემწეობით. მე ავიყოლიე ერთი აქაური კოხტა გოგონა და მისი დეიდაშვილი, ავიყვანე ეტლი ბალზე წასასვლელად.

      გზად უნდა გაგვეარა შარლოტესთან და თან წაგვეყვანა იგი ბალზე.

      ჩემმა მეინახემ წინასწარ გამაფრთხილა: – თქვენ შემთხვევა გეძლევათ ფრიად ლამაზი ქალი გაიცნოთ გზაში.

      ჩვენ უკვე გადავედით გაკაფულ ეწერში და საბაზიერო სასახლეს ვუახლოვდებოდით. მისმა დეიდაშვილმა დასძინა, – იცოდეთ, გაფრთხილდით, არ შეგიყვარდეთ ის ქალი.

      – როგორ თუ? – ვუთხარი მე.

      – ის ქალი უკვე გათხოვილია ერთ საუცხოო კაცზე, რომელსაც მამა გარდაეცვალა უეცრად და იძულებული გახდა, საქმეების მოსაგვარებლად საჩქაროდ გამგზავრებულიყო. ეს ამბავი გულგრილად მოვისმინე.

      მზე მთის წვერზე გადმომდგარიყო, როცა ჩვენ სასახლის ალაყაფის კარს მივუახლოვდით. გულშემხუთავი პაპანება იდგა ჰაერში, და ქალები შიშს გამოსთქვამდნენ შესაძლებელ ავდრის მოლოდინში. ქვიშარდულა ღრუბლები გროვდებოდნენ ცის ძგიდეებზე.

      მე ვანუგეშე ჩემი თანამგზავრები, ვარწმუნებდი – ჩინებული ამინდის მცნობი ვარ-მეთქი. გულში კი არანაკლებ მეშინოდა, რომ ჩვენს ბალს ფრიად შეაფერხებდა მოსალოდნელი ავდარი.

      ეტლიდან გადმოვხტი და ვთხოვე ოდნავ შეგვეცადა, ვიდრე მამზელ ლოტჰენი გამოვიდოდა. გავიარე ეზო და მივაშურე დარბაზს. კიბე ავირბინე თუ არა, ჩემ თვალწინ გადაიშალა თვალწარმტაცი სურათი. წინა დარბაზში ექვსი, თერთმეტ-თორმეტი წლის ბავშვი გარშემოხვეოდა ერთ ახოვან, წერწეტ ქალწულს. სადა, თეთრ ტანისამოსში მორთულს ვარდისფერი ბანტები ემოსა მკლავებსა და ძუძუ-მკერდის გარშემო. ქალწული პურს უნაწილებდა ბალღებს მადისა და წლოვანების მიხედვით; ყოველი მათგანი ართმევდა თავის ხვედრს და დამრიგებელს მადლობას ეუბნებოდა.

      ვისაც უკვე მიეღოთ თავისი არჩივი, აივნისკენ გარბოდნენ, რათა ენახათ ეტლით მოსული უცხო სტუმრები, რომელთაც მათი ლოტჰენი უნდა წაეყვანათ.

      – გთხოვთ, მომიტევოთ, – წარმოსთქვა მან, – რომ თქვენ გაგსარჯეთ აქ ამოსვლისთვის და ქალბატონებს ამდენს ვაცდევინებ. სხვადასხვა თადარიგის განაწილების დროს მე დამავიწყდა ბავშვებისთვის სამხრობის პური დამერიგებინა და ისინი სხვისი ხელით დაპურებას ჩვეულნი როდი არიან.

      მე უმნიშვნელო კომპლიმენტი შევაგებე. ჩემი სული აზვავდა მისი აღნაგობის თვალმოკვრით, მისი ხმის ტონის მოსმენით და ამ წუთში საშუალება მომეცა ხელი მომეხვია, რადგან მან ოთახში შეირბინა თავის ხელთათმანებისა და მარაოს გამოსატანად. პატარები შორიდან მიმზერდნენ. მე მივუახლოვდი ყველაზე უმცროსს მათ შორის და ყველაზე ლამაზს.

      ბავშვმა უკან დაიხია. ამასობაში ლოტე ოთახიდან გამოვიდა და ბავშვს დაუძახა: „ლუიზ, ჩამოართვი ძია-ბატონს ხელი“.

      ბავშვმა თამამად გამომიწოდა ხელი და მეც, მიუხედავად იმისა, რომ ცხვირ-პირი მოდუდღნული ჰქონდა, ვაკოცე პაწიას.

      – ძია? ნუთუ მე ღირსი არ ვარ თქვენი ნათესაობისა? – მივმართე ლოტეს და ხელი გავუწოდე.

      – ო, რატომ არა, ჩვენ აუარებელი ძიები გვყავს და მე სამწუხაროდ დამირჩებოდა, რომ თქვენ მათ შორის უკანასკნელი ალაგი გეჭიროთ, – შეუჩერებლად დაუბარა მან თავის მრწემს დაიას, ბავშვებისთვის ყური ეგდო და როცა მამილო სეირნობიდან დაბრუნდებოდა, მისთვის სალამი დაემოწმებინა. პატარებს სთხოვა – სოფიოს ნათქვამი ისევე გაეგონათ, როგორც მისი, და ისინიც დაჰპირდნენ – ჭკუით ვიქნებითო.

      ექვსიოდე წლის ქერა გოგონამ თავი წამოჰყო და გადმოსძახა ლოტეს: – შენს მაგივრობას სოფიო როგორ გაგვიწევს, ლოტჰენ? ჩვენ შენ გვიყვარხარ მხოლოდ. ორი უფროსი ვაჟი ეტლის უკან შემოჯდა და ჩემის თხოვნით ლოტემ ნება მისცა მათ, ტყეში შესვლამდის წამოგვყოლოდნენ, მხოლოდ იმ პირობით, თუ მაგრად მოებღაუჭებოდნენ ეკიპაჟის კიდეებს.

      ჩვენ ნებიერად ვისხედით ეტლში და ქალები უკვე საუბრობდნენ ქუდებსა და ტანისამოსებზე, ლოტემ მეეტლე შეაჩერა და ბავშვებს უბრძანა ჩამოსულიყვნენ. ბავშვები ნაზად ეამბორნენ უფროს დას ხელზე და გამოეთხოვნენ.ჩემმა მხლებელმა ქალმა ჰკითხა ლოტეს: – მე რომ წეღან წიგნი გაგიგზავნეთ, გადაიკითხეთ თუ არა? – არა, ეს წიგნი არ მომეწონა, არც წინანდელი, ამიტომაც მალე უკანვე დაგიბრუნებთ.

      გავოცდი, როცა გავიგე, თუ რა წიგნები არ მოსწონებია მას. მის ნათქვამში ამოვიკითხე მცირედი რამ მისი ხასიათისა და განვითარებისთვის. ბევრ რამეში საერთო აზრიც აღმოგვაჩნდა.

      – როცა უფრო ახალგაზრდა ვიყავი, – განაგრძო ლოტემ, – ყველაფერს რომანები მერჩია. ღმერთმაც იცის, რამდენ ნეტარებას განვიცდიდი, როცა კვირაობით კუთხეში მივჯდებოდი და გულმოდგინედ თვალს ვადევნებდი რომელიმე მისი გმირის ბედისა და სიყვარულის მოთხრობას. მე არ უარვყოფ, რომ რომანი ამჟამადაც არა მძულს... მაგრამ რაკი ახლაც იშვიათად მცალია წიგნის საკითხავად, სამაგიეროდ წიგნიც უნდა შეესაბამებოდეს ჩემს მოთხოვნილებებს. და ის ავტორია ჩემთვის ძვირფასი, რომელიც დაახლოებით ისეთ ცხოვრებას დამიხატავს თვალწინ, როგორიცაა ჩემი ინტერესების სფერო, სადაც ჩემი განცდების მაგვარი რამაა აღწერილი, რაც ჩემს გულთან უფრო ახლოა, რაც ჩემს შინაგან ცხოვრებას მომაგონებს, რომელიც ყოველ შემთხვევაში სამოთხე არაა, მაგრამ მაინც ერთგვარი წყაროა ენით უთქმელი ნეტარებისა და სიხარულისა.

      მე განგებ თავი შევიკავე – რათა არ გამომემჟღავნებინა ამ სიტყვების ზემოქმედება ჩემს სულიერ განწყობაზე, მაგრამ როცა ლოტემ სიტყვა ჩამომიგდო იმ ვეკფილდელი ხუცესის შესახებ, მე აქ თავი ვეღარ შევიკავე და ჩემი აღფრთოვანება გამოვთქვი მისი გონებამახვილობის გამო. ცოტა ხანს შემდეგ ლოტე ჩემს მეინახეებს ესაუბრებოდა.

      ერთმა მათგანმა დამცინავი ღიმილით გადმომხედა, მაგრამ ყურადღებაც არ მივაქციე. საუბარი ცეკვას შეეხო.

      – გნებავთ, ცოდვად ჩამომართვით ეს ვნება და მე უნდა მოგახსენოთ, ცეკვა ყველაფერს მირჩევნია ამ ქვეყანაზე, – აღიარა ლოტემ, – და როცა გულზე დარდი მომაწვება, პიანინოს მივუჯდები და რომელსამე ვალსს რომ დავუკრავ, მთელი ზაფრა იჩქითად გამივლის.

      ამ საუბრის დროს ჩემი სული მის შავს თვალებში იმზირებოდა, მისი ნორჩი ლოყების ალმური და ტუჩების სიწითლე ანებივრებდა ჩემს ვნებით დათუთქულ თვალებს.

      მისი ღრმა აზროვნება ჩემს გულში ჰარმონიულ თანხმობას ჰბადებდა, მაგრამ მომეტებულად მათრობდა მე მისი პირიდან ამომხდარ ბგერათა უნაზესი მუსიკალობა. ყოველივეს ადვილად წარმოიდგენ, მეგობარო, რადგან შენ იცნობ ჩემი გულის გრძნობიერობას.

      დასასრულ, ეტლიც გაჩერდა.

      მთვრალივით ჩამოვხტი ეტლიდან და ისე გაბრუებული ვიყავი ლოტეს სიახლოვით, რომ მახლობელ დარბაზიდან მომავალ მუსიკის ხმას არც კი ვაქცევდი ყურადღეებას. ორივე ანდრანი და ერთიც ვინმე N.R. მოუახლოვდნენ ეტლს – მათ შორის ორი ლოტეს და ერთი ჩემი მეინახე ქალის პარტნიორები იყვნენ.

      კავალრებმა თავიანთი დამები წაიყვანეს. მეც ჩემს პარტნიორს შევყევი დარბაზში. დავიწყეთ მენუეტის ცეკვა.

      მე ზედიზედ ვიცვლიდი პარტნიორ ქალებს. ლოტემ და მისმა კავალერმა ინგლისური დაიწყეს და ადვილად წარმოიდგენ, როცა მწკრივში ცეკვის დროს მან ჩვენს სიახლოვეს ჩაატარა რამდენიმე ფიგურა, რა შთაბეჭდილება შეიქნებოდა!.. შენ უნდა ნახო მოცეკვავე ლოტე: მთელს თავის სულსა და გულს, მთელს ჰარმონიულ მიხრა-მოხრას ტანისას ამჟღავნებს იგი და ყველაფერი მის გარშემო იჩრდილება და უჩინარი ხდება ამ დროს.

      ლოტე შემპირდა, მესამე ჯერზედ თქვენთან ვიცეკვებო. თანაც გულწრფელად აღიარა – გერმანულ მენუეტს უფრო მეტი სიამით ვცეკვავო. ჩემი კავალერი ცუდად ცეკვავს, – დასძინა ლოტემ, – და იმასაც ვატყობ, ვეღარც თქვენი დამა ცეკვავს ჩინებულად. ესაა მხოლოდ, ჩემს კავალერს უნდა სთხოვო ნება და მე თქვენს დამას დავითანხმებო.

      ამის შემდეგ მე ლოტეს გავუწოდე ხელი და დავიწყეთ ცეკვა.

      თავდაპირველად ჩვენ უბრალოდ ვხალისობდით, სხვადასხვა ფიგურას ვაკეთებდით. როგორის სიმკვირცხლით, როგორის გრაციით ნარნარობდა მისი მშვენიერი ნაზი სხეული! და როცა ვალსის ტემპი აჩქარდა და სფეროების რიალი ვიგრძენით, თავდაპირველად შეფერხდა ცეკვა, რადგან ეს ბევრს არ ემარჯვებოდა. ჩვენც შევჩერდით. და როცა მოხალისენი მოიქანცნენ და საცეკვაო ასპარეზი დასცალეს, ჩვენ ისევ ჩავერიეთ, და მხოლოდ ანდრანმა და მისმა პარტნიორმა ქალმა გაგვისწორეს ნაბიჯი.

      მე უკვე არსებიდან გამოვედი, ჩემი სული ცას შეჰფრენდა, ეგზომ ძვირფასი არსების სიახლოვით აღტყინებული. წალიკონივით დავჰქროდით მწკრივებში და ვილჰელმ, უნდა გამოგიტყდე, ფიცი დავდე, არასოდეს მივცე ნება ჩემს სიყვარულს, რომ მან სხვა ვინმესთან იცეკვოს. ვინც ჩემს გულს უყვარს, იგი მხოლოდ ჩემთან უნდა ცეკვავდეს, მხოლოდ ჩემთან, თუნდაც ამ გზით ბოლოც რომ მომეღოს. შენ კარგად გესმის, რისი თქმაც მინდა.

      მესამე ინგლისური ცეკვის დროს ჩვენ მეორე წყვილი ვიყავით.

      როცა ჩვენ ორმა ცეკვით გავიარეთ მწკრივი და ერთს ხნიერ მანდილოსანს მივუახლოვდით, მან ლოტეს ღიმილით გადმოხედა, თითით დაემუქრა და უნებლიეთ დასცდა ბაგეთაგან: „ალბერტ“.

      და ამის შემდეგ ცეკვით გაჰყვა თავის კავალერს.

      – ვინ არის ალბერტ? – შევეკითხე ლოტეს, – გთხოვთ მომიტევოთ კადნიერება ამგვარი, – დავსძინე თანაც.

      ის-ის იყო, ლოტე პასუხის მოცემას აპირებდა, და ამ დროს ურთიერთს უნდა გავცლოდით მერვე დიდი წრის ჩასატარებლად.

      და როცა მოცეკვავეთა მწკრივში ისევე შევიყარენით, მე მის შუბლზე შევამჩნიე გულჩათხრობილი იჭვის ჩრდილის გაელვება.

      – რად დაგიმალოთ, – მითხრა ხმადაბლა ლოტემ და პრომენადისთვის გამომიწოდა ხელი, – მოკლედ რომ გითხრათ – ალბერტი ჩემი დანიშნულია.

      ეს ამბავი ჩემთვის არახალი იყო. მაგრამ ეს სიტყვა იმის მიმართ, რომელიც სულ რამდენიმე წუთში ასე შეიტკბო ჩემმა სულმა, მეუცხოვა იჩქითად. მოკლედ: დავიბენი, თავბრუ დამესხა, ნაბიჯი ამერია, რომელიღაც წყვილს გადავაწყდი. ამის გამო ყველაფერი აირია მოცეკვავეთა მწკრივებში და დიდი ხნის გაწამაწია დაგვჭირდა მწკრივების გამოსასწორებლად.

      ცეკვა დასრულებული არ იყო, როცა ელვამ მოუხშირა, მალე გრგვინვამ და ქუხილმა დაჩრდილა მხიარული მუსიკის აკორდები. სამი ქალწული გამოაკლდა მწკრივებს, მათი კავალრებიც აირივნენ, ყველანი აჩოჩქოლდნენ.

      მუსიკა დადუმდა. ბუნებრივია, როცა უბედობა და ხიფათი სიამოვნების პროცესში თავს დაატყდება ადამიანს, ეს უფრო საგრძნობია; მით უმეტეს იმ წუთში ეს უფრო თვალსაჩინოა, როცა ჩვენი გრძნობები ვნებითა და სიტკბოებითაა აზვავებული. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მრავალი ქალთა შორის საოცრად დაღრეჯილიყო ამ ამბით. ერთი ქალი კუთხეში დაჯდა და ფანჯრისკენ ზურგშექცეულმა თითებით დაიგმანა ყურები.

      მეორემ დაიჩოქა მის წინაშე და კალთაში თავი ჩაუდო. მესამე შუაში ჩაეჩხირა და ცრემლმორეული მოეხვია თავის საყვარელ დაიკოს.

      ზოგმა შინ წასვლა დააპირა.

      დანარჩენები დაიბნენ და თავათ არ უწყოდნენ, რა ექნათ.

      მათი მღელვარებისგან ვნებააღგზნებული ვაჟები თვალებში შესცქეროდნენ გოგონებს და სალოცავად აპყრობილ თვალებში მათთვის ხელსაყრელ და საიმედო სხივის კიანთი უნდა ამოეკითხათ.

      ზოგი მათგანი კუთხე-კუთხე დაიზლაზნებოდა და ყალიონს აბოლებდა.

      ამასობაში დიასახლისმა შესაფერი დარბაზი მიგვიჩინა. აქ ფანჯრები დარაბებითა და პორტიერებით დაეგმანათ.

      დარბაზში რომ შევედი, ლოტე წრეში ალაგებდა სკამებს და ახალშემოსულებს ამწკრივებდა ამ სკამებზე.

      – ჩვენ დათვლა უნდა ვითამაშოთ, ბატონებო, – გამოაცხადა ლოტემ, – მაშ მომისმინეთ: „მე მარჯვნიდან მარცხნივ შემოვუვლი წრეს და თქვენც ჩქარ-ჩქარა უნდა დაითვალოთ ის რიცხვი, რომელიც რომელიმე თქვენგანს მოუწევს, ვისაც კი შეეშლება იგი, უთუოდ ერთ სილას მიიღებს. მე ამასობაში წრის გარშემო ვირბენ, ვიდრე ათასამდის არ დავითვლი.

      საუცხოო სანახავი იყო, ხელებგაშლილი ლოტე წრის გარშემო რომ დაგოგავდა, თანაც ითვლიდა სხაპასხუპით: ერთი, ორი სამი...

      აუჩქარა ლოტემ. ვიღაცას შეეშალა და გაისმა ტკაცანი.

      ატყდა სიცილი. კიდევ შეეშალა ვიღაცას; ისევ სილაქის ტკაცანი და ისევ საერთო ხარხარი. მეც ორჯერ დავიმსახურე სილა და სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ ლოტე მე უფრო დაუზოგველად გამიმასპინძლდა, ვიდრე სხვებს. საერთო ხარხარითა და ალიაქოთით დაბოლოვდა თამაში.

      შემდეგ წყვილები კუთხეებში დარიგდნენ. მე დარბაზში შევყევი ლოტეს. გზაში მეუბნება: – სილამ ავდარი დაავიწყა ხალხს. ვერაფერი ვუპასუხე. ქუხილი გაისმა და საუცხოო ჟუჟუნა წვიმა დაეშვა მიწაზე. გააგრილა ქვეყანა და ჰაერი აივსო ნელსურნელებით. ლოტე ფანჯარასთან იდგა იდაყვზე დაყრდნობილი. მან გადახედა მიდამოს, ცისკენ აიხედა და მობრუნდა.

      ცრემლით დანამულ თვალებში ჩავხედე, – მან ხელი ხელზე შემახო და მეუბნება, – კლოპშტოკი. წამსვე მომაგონდა კლოპშტოკის ოდა, რომელსაც იგი გულისხმობდა ამ წუთში. ჩემს გულში მოზღვავებული გრძნობა ვერ დავაოკე, ცრემლი მომერია გრძნობის სიჭარბისაგან, ვაკოცე ხელზე და ისევ ჩავხედე თვალებში.

ივნისის 19.

      აღარც კი მახსოვს, სად შევწყვიტე ჩემი მოთხრობა. ის კი ვიცი, რომ იმ ღამეს ორ საათზე დავწექი და რომ შემძლებოდა ყოველივე ეს სიტყვიერად მომეთხრო შენთვის, ალბათ გათენებამდის მოვუნდებოდი ყოველივე ამის გადმოცემას.

      რაც მოხდა ჩვენი შინ დაბრუნების დროს, ეს ყველაფერი არ მომიწერია შენთვის, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს.

      მზემ დაფერა დანამული ტყე და გარშემო მწვანე წალკოტები, ჩვენი მეინახენი სთვლემდნენ.

      – თქვენც ხომ არ გეძინებათ? ჩემი გულისთვის ძილი არ მოიკლოთ, – მეუბნება ლოტე.

      – ვიდრე თქვენს თვალებს შევცქერი, რა დამაძინებს, – ვუთხარი და თვალი გავუმართე. და ორივე ვფხიზლობდით მის ჭიშკართან მისვლამდის.

      ჭიშკარი მსახურმა ქალმა გაგვიღო, – ლოტემ შინაურები მოიკითხა, – ყველანი კარგად არიან, ჯერ ყველას სძინავს, – იყო პასუხი.

      მე დავტოვე იგი და თანაც ნება ვთხოვე იმავე დღეს ვხლებოდი. მან ნება დამრთო. მეც ვინახულე ხელმეორედ, და ამის შემდეგ მე არ მენაღვლება მზისა და მთვარის ეტლების ცვალებადობა. ჩემთვის ერთია – დღეა თუ ღამე და მთელი ქვეყანა სხივთა კრთომას ჰკარგავს ჩემს თვალში.

ივნისის 21.

      ისეთ ბედნიერ დღეებს ვატარებ, როგორსაც ღმერთი გამოიზოგავს ხოლმე თავის წმინდანებისთვის. დეე, მომივიდეს, რაც მოსასვლელია და არც უფლება მაქვს ვთქვა – მიწიერი სიხარული არ მიგემნია-მეთქი.

      ახლა შენ ადვილად წარმოიდგენ, რა ბედნიერებაა ჩემთვის, რომ ჩემი სამყოფლიდან სულ ნახევარი საათის სავალი გზაა ლოტემდის. როგორ შემეძლო მე ეს მცოდნოდა, როცა ვალჰაიმს ჩემი სეირნობის საბოლოო სადგურად ვირჩევდი, რომ იგი ასე ახლოს ყოფილა სამოთხესთან. რამდენჯერ მინახავს საბაზიერო სასახლე სეირნობის დროს ხან გორაკიდან, ხან თვალმოკვრით გვერდს ჩავლილს, ვილჰელმ, მე ბევრი მიფიქრია ადამიანის აღმოჩენითი სურვილების შესახებ, როცა იგი აღარ ეტევა თავის ნაჭუჭში, დაძრწის გარემოში და ეძებს ახალსა და ახალს.

      ხანდახან იგი შეიკუმშება.

      კარჩაკეტილ ცხოვრებას ეძლევა და გარე სამყაროს ამბებიც იშვიათად აინტერესებს. საოცარი რამეა: როცა აქ მოვედი და მთიდან ძირს გაშლილ ჭალაკებს გამოვხედე, ძლიერ მომეწონა.

      მახლობლად ტყეა. ნეტავ შემეძლოს მის ჩრდილში არევა.

      შორს, შორს მთის მწვერვალი მოსჩანს, – გადმოღმა ველია ველზე მოდგმული. შემეძლოს, ნეტავ, დავიკარგო მე მათ წიაღში და გავითქვიფო.

      შორეთი და მომავალი ერთმანეთსა ჰგვანან. დიდი, ბინდით მოცული სავსება მოელის ჩვენს სულს და ჩვენი სულიც ესწრაფვის ამ სავსებას მოწყურვებული. და როცა ჩვენ ვუახლოვდებით მის იდუმალ მიჯნებს და ძველი „მანდ“ „აქ“-ად შეიცვლება და ჩვენ კიდევ იმედგაცრუებული და შეზღუდული შევცქერით სივრცეებს.

      ასე ეძიებს თავის სამშობლოს გზადაკარგული მოხეტიალე და როცა მობრუნდება თავის ქოხში, თავის მეუღლის მკერდთან მოისვენებს, თავის ბალღების ხილვით დასტკბება და ოჯახისთვის ზრუნვა მიანიჭებს მას იმ ნეტარებას, რომელსაც შორეულსა და უდაბურს ქვეყნებში ამაოდ ეძებდა.

      როცა მე დილდილობით მზის ამოსვლის უმალ ვალჰაიმში ავალ და რესტორნის ბოსტანში ცერცვის პარკებს დავაგროვებ, კოჭობს ამოვირჩევ სამზარეულოში, ჯერ კარაქს ჩავაგდებ, მერმე ცერცვს, ცეცხლთან მივდგამ მერმე ქოთანს და ჩემი ჰომეროსის კითხვას დავიწყებ.

      ამ წუთში მე ცხოვლად დამიდგა თვალწინ პენელოპეს საქმროები რომ საქონელს დაჰკლავენ და მწვადების შესაწვავად ცეცხლს როგორ დაანთებენ.

      უნდა გამოგიტყდე, მე ძლიერ დანატრებული ვარ პატრიარქალურ ცხოვრებას. ჩემს სულს სიხარულით ავსებს ისეთი ადამიანის სიახლოვე, თავის ნაჭირნახულევ ბოსტნეულს რომ შინ მოიტანს და არა მარტო ნაყოფს, ყველა იმ ცისმარე დილებს, როცა მას ესა თუ ის მცენარე დაურგავს და გამოუხშირავს, გაუმარგლავს, ყველა ნაზ საღამოს, როცა მას ეს მცენარე მოურწყავს, და შესამჩნევი ზრდისთვის თვალი უდევნებია, და ყოველივე ამას ერთ წუთში განიცდის, როგორც ძვირფას ჯილდოს თავის შრომისას.

ივნისის 29.

      გუშინწინ ქალაქიდან ჩამოვიდა ექიმი ლოტეს მამასთან და მნახა მე მიწაზე მჯდომარე ლოტეს და-ძმათა შორის.

      ზოგი მხარზე მაჯდა, ზოგს ვუღიტინებდი, ვეალერსებოდი, და საერთოდ უშველებელი ჩოჩქოლი და აურზაური იყო ამტყდარი.

      ექიმი, როგორც სჩანს, ფრიად დიგმატიურად მომართული მანეკენი უნდა იყოს, მაღალ საყელოთი და თეთრი მანჟეტებით მოკაზმული მანეკენი; მას არ მოეწონა ჩემი საქციელი. მისი აზრით, ეს არ შეეფერება სერიოზულ ადამიანს. ყველაფერი ეს მის ცხვირზე ამოვიკითხე.

      მე მაინც ჩემი არ დამიშლია, განვაგრძე ბავშვების კარტების ხუხულის აგება, ვიდრე ბავშვებმა ხელმეორედ არ დაანგრიეს იგი.

      მერმე ქალაქში ჭორიკანობა დაიწყო ექიმმა: მოხელის ბავშვები ისედაც გაუზრდელებია და ვერტერი უარესად აფუჭებსო მათ.

      დიახ, ჩემო ვილჰელმ, ბავშვები ყველაზე ახლოს არიან ჩემს გულთან.

      როცა პატარა არსებაში მომავალი ნიჭისა და ძალის ნორჩ ყლორტებს საცნაურს ვყოფ, ბავშვის სიჯიუტეში მომავალ სიმტკიცის ნიშნებსა ვსჭვრეტ და სიცელქე მიმჟღავნებს სიმალხაზესა და ჰუმორს, რომელიც ბედის ქარიშხლის გადასატანად ასე საჭიროა ადამიანისთვის, ეს სიხარულით ავსებს ჩემს გულს და ყოველთვის ვიმეორებ მე კაცთა მოდგმის ბრძენი ოსტატის სიტყვებს: „უკეთუ არ იქნებით ვითარცა ყრმანი“...

      და, ჩემო კეთილო, ჩვენ ასე გვჩვევია: ქვეშევრდომებსავით ვექცევით იმათ, ვინც ჩვენი სწორია, უფრო მეტს გეტყვი, – ვინც ჩვენ ნიმუშად გამოგვადგება კიდევაც.

      ჩვენ მოწადინებული ვართ ნებისყოფა აღვკვეთოთ ბავშვში. ჩვენ ხომ ვაფასებთ ჩვენსავე ნებისყოფას და რა შუაშია აქ უპირატესობა?

      განა ის, რომ ჩვენ უფრო ხნიერები და ჭკვიანები ვართ, უპირატესობას გვაძლევს? სათნო და საყვარელო მამაო სახიერო!

      ყველა ბავშვს შენ ხედავ თვალით, პატარებს, და მათ შორის თუ ვის ანიჭებ უპირატესობას, ეს ძემან შენმან ჩვენ გვაუწყა კიდევაც ერთხელ.

      მშვიდობით, ვილჰელმ, კმარა ამ საგანზე აწ ამდენი მჭევრმეტყველება.

ივლისის 1.

      რამდენ შვებას მოჰგვრის ალბათ ლოტეს სიახლოვე ავადმყოფს; ამას ნაწილობრივ ჩემი სნეული გულის მაგალითიც დაადასტურებს. ლოტე რამდენიმე დღეს დაჰყოფს ამჟამად ქალაქში ერთ ფრიად სათნო ქალთან, რომელიც ექიმების სიტყვით, სულთმობრძავი მომაკვდავია – და უკანასკნელ წუთებში ლოტეს მოგვრა უთხოვია.

      გასულ კვირას მე და ლოტემ სტ...ს მღვდელი მოვინახულეთ, ეს ადგილი ქალაქიდან ერთი საათის სავალზეა, მთის ფერდობზე. ლოტემ თავისი ორი დაია თან წამოიყვანა. როცა ჩვენ, ორი უშველებელი კაკლის ხით დაჩრდილულ ეზოს მივუახლოვდით, მოხუცებულს თავისი არგანი დავიწყებოდა და წინ შემოეგება ლოტეს. ლოტემ დაასწრო მოხუცს. დასვა ისევ თავის ადგილზე, გვერდით მიუჯდა, მამის მოკითხვა და სალამი დაუმოწმა და მოეფერა მის გვერდით მჯდარ გაბურძგნილ, ზღმურტლიან ბიჭუნას, მისი სიბერის სანუგეშო ნაბოლარას.

      უნდა გენახა, როგორ ევლებოდა იგი თავს მოხუცებულს, ხმასაც აუწია, რომ ყრუ ხუცესს გარკვევით გაეგონა მისი სიტყვები, მოუწონა ბებერს კარლსბადში საექიმოდ წასვლის განზრახვა. არწმუნებდა, ახლა უკეთ გამოიყურებიო, ვიდრე უკანასკნელი შეხვედრის დროს.

      ამასობაში მე ხუცის მეუღლეს მივესალმე.

      მოხუცი ხუცესი გამხიარულდა.

      მე კაკლის ხეებს თვალი შევავლე და ხოტბა შევასხი მის ჩრდილმრავალ შტოებს. ხუცესმა ამ კაკლის ხეების წარმოშობის ამბავი წამოიწყო.

      – ის მეორე, უფრო ხნიერი კაკლის ხე ვინ დარგო, არ ვიცით. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას. ეს კი სწორედ ჩემი მეუღლის ხნისაა, ე.ი. ორმოცდაათი წლისა. დილით დაურგავს ჩემს სიმამრს ეს ხე და იმავე საღამოს ჩემი ცოლი დაბადებულა. ჩემი სიმამრი ჩემს მოსვლამდის ამ ეკლესიაში სწირავდა. ვერ წარმოიდგენთ თუ როგორ ჰყვარებია მას ეს კაკლის ხე!.. არც მე მიყვარს იგი მასზე ნაკლებად. ჩემი ცოლი ამ კაკლის ქვეშ ნამორზე იჯდა და ქსოვდა, როცა მე ოცდაშვიდი წლის სტუდენტმა აქ მოვაღწიე პირველად.

      ლოტემ მღვდლის ქალიშვილი მოიკითხა, გამოირკვა – იგი ბატონ შმიდტთან ერთად სათიბებისკენ გადასულა მუშების მისახედავად. და ხუცესმა განაგრძო თხრობა, თუ როგორ შეჰკედლებია იგი მომავალ სიმამრს, როგორ შეჰყვარებია თავისი მომავალი საცოლე. ჯერ მთავარდიაკონი გამხდარა და მერე მღვდელი. მისი მოთხრობა ჯერაც დასრულებული არ იყო, როცა ხუცის ქალიშვილი და ბატონი შმიდტი სათიბებიდან დაბრუნდნენ.

      ქალწული ლოტეს მიესალმა, გაიხარა მისი ნახვით და მე უნდა ვაღიარო: ის ქალი ძლიერ მომეწონა. მარდი, აშოლტილი, შავგვრემანი!.. სამასლაათოდ საამო ქალი. მან გაგვაცნო თავის მიჯნური (აგრე უწოდებდა იგი ბატონ შმიდტს) – სათნო სახის მოკრძალებული მამაკაცი, რომელსაც ეტყობოდა, არ ეწადა ჩვენს ბაასში გარევა, თუმცა ლოტე დაჟინებით ცდილობდა მის ჩათრევას ჩვენს მასლაათში. მე მას გამომეტყველებაზე შევატყვე: დანარჩენებთან გამოლაპარაკებას უშლიდა არა გონების შეზღუდულობა, არამედ სიჯიუტე და გესლიანი ჰუმორი. სამწუხაროდ, ეს სულ მალე გამოაშკარავდა. როცა ფრედერიკამ და ლოტემ სასეირნოდ წამიყვანეს, ფრედერიკას გავესაუბრე. ბატონი შმიდტის აქამდე რკინისფერი სახე ერთბაშად გაფითრდა და ჩამობნელდა. ლოტემ იდაყვი მიბიძგა და მანიშნა, ფრთხილად მოვპყრობოდი ფრედერიკას. მე არ მიყვარს, როცა ადამიანები და განსაკუთრებით ახალგაზრდები უკმეხობენ, ერთიმეორეს უღრენენ.

      საღამოს, როცა ხუცის სახლში მოვბრუნდით და სამხრობას შევუდექით, განზრახ მივმართე საუბრის გეზი ამქვეყნიურ სიხარულისა და ურვისკენ.

      ადამიანები, ვამბობდი მე, ამაოდ წუწუნებენ – ამ ცხოვრებაში ბედნიერი დღეები ცოტაა და უხეირო ბევრია-მეთქი.

      ჩვენ რომ ალალ-მართალი გულის პატრონები ვიყოთ, რომელიც შეიშნობს და შეიტკბობს სიკეთეს, მაშინ შესაძლებელ გულის შეერთებას და მწუხარებას უფრო ადვილად ავიტანდით.

      – კი მაგრამ, ჩვენი სულიერი განწყობა ხომ მთლად ჩვენგან არ არის დამოკიდებული, ჩვენი სხეულისგანაც ბევრია დამოკიდებული! როცა ადამიანი შეუძლოდაა, მაშინ იგი სულიერადაც შეწუხებულია, – ამბობდა ხუცის ცოლი. მე დავეთანხმე ამ შემთხვევაში მას.

      – მაშინ ჩვენ ეს ავადმყოფობას უნდა მივაწეროთ, – განვაგრძე მე, – და წამალიც უნდა მოვიკითხოთ შესაფერი.

      – სწორია, – შენიშნა ლოტემ, – ჩვენზედაც ბევრი ჰკიდია. ჩემს თავზე გამომიცდია, როცა ცუდ გუნებაზე დავდგები, გავალ ბაღში, რომელიმე არიას ვიმღერი ჩემთვის, ხშირად ცეკვასაც ავაყოლებ შეუმჩნევლად და მწუხარებაც უცებ გადამეყრება.

      – სწორედ მეც ეგ მინდოდა მეთქვა, – ჩამოვართვი სიტყვა ლოტეს, – უგუნებობა სხვა არაფერია, თუ არა სიზარმაცის ერთი დარგი. ჩვენ უნდა შეგვწევდეს ნებისყოფა – ჩვენივე ბუნება აღვზარდოთ და დავგეშოთ.

      ფრედერიკა გულდასმით გვისმენდა და შმიდტმაც ასეთი წინადადება ჩააკერა ჩვენს საუბარში: – ჩვენ ხომ არ ძალგვიძს ჩვენი ბუნების დაოკება და ჩვენი გრძნობების ეგზომად დამორჩილება?!

      მე განვაგრძე.

      – აქ ლაპარაკია ისეთ უსიამო გრძნობებზე, რომელთა მოშორება ყოველ ადამიანს გაუხარდებოდა.

      ცხადია, ვინც დასნეულებულია, იგი ექიმებსაც მიაგნებს და უმწარეს წამლებს არ დაერიდება თავის ჯანმრთელობის აღსადგენად. მე შევნიშნე, მოხუცებული ხუცესიც დააინტერესა ჩვენმა საუბარმა. მის გასაგონად ხმას ავუწიე და ბერიკაცისკენ პირშექცეულმა განვაგრძე: – ყოველგან ამდენს ქადაგებენ ცოდვების წინააღმდეგ და უგუნებობის წინააღმდეგ კი მე ჯერ კრინტიც არა მსმენია არავისგან.

      – ეს ქალაქის მღვდლებმა უნდა გასწიონ ასეთი ქადაგება, – ჩაერია ბერი ხუცესი საუბარში, – გლეხებს უგუნებობა და ბოროტი ჰუმორი არა სჩვევიათ. თუმცა ესეთი ქადაგება ძლიერ მოუხდებოდა ჩემს ცოლსა და პატივცემულ მოხელეს. ბერიკაცის სიტყვებმა დამსწრეთა საერთო ხარხარი გამოიწვია, თვით მოლაპარაკეს კი ისეთი ხველა აუტყდა, რომ კარგა ხანს ვდუმდით დანარჩენებიც. ამის შემდეგ ახალგაზრდამ, შმიდტმა აიღო სიტყვა: – თქვენ გესლიან ჰუმორს ცოდვად თვლით, მე ეს გადაჭარბებულად მიმაჩნია.

      – უთუოდ, – ვუპასუხე მე, – ის, რითაც ადამიანი თავის თავსა და თავის მოყვასს ავნებს, უთუოდ ღირსია ამგვარი სახელის.

ივლისის 6.

      ლოტე თავის მომაკვდავ მეგობარ ქალს დასტრიალებს თავს, იგი მუდამ ერთნაირია, კეთილშობილი, სათნო არსება, რომელიც ტკივილებს აშუშებს, უბედურთ ანუგეშებს ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება.

      გუშინ საღამოს სასეირნოდ წავიდა პატარა მარიანესა და ვალხენთან ერთად. მე ეს წინასწარ ვიცოდი და შევხვდი. საათ-ნახევარი ვიარეთ, შემდეგ ქალაქში მოვედით, და მოვისვენეთ იმ წყაროსთან, რომელიც მე ეგზომ მიყვარს. ლოტე ლოდზე ჩამოჯდა.

      ჩვენ მის გვერდით ვიდექით. მე გარშემო მიმოვიხედე და მოვიგონე ის დრო, როცა დამარტოებული დავდიოდი ამ მინდორში.

      „ძვირფასო წყაროვ, – ვთქვი ჩემს გულში, – რამდენი ხანია შენთან არ მოვსულვარ გულნაღვლიანი. ხანდახან გზად გავლილს თუ მომიკრავს შენთვის მხოლოდ შორიდან თვალი“.

      ჩავიხედე ძირს და დავინახე, ვალხენს ამოჰქონდა წყაროდან წყლით სავსე ჭიქა: მარიანე შეეგება და უნდოდა ჭიქა გამოერთმია.

      – არა, – იყვირა ბავშვმა, – ლოტჰენ, შენ პირველმა უნდა მოსვა ეს წყალი.

      ისე აღმაფრთოვანა ამ საყვარელი ბავშვის სინაზემ და გულჩვილობამ, სხვა ვერაფრით გამოვხატე ჩემი გრძნობა, ავიყვანე ხელში პატარა და ვაკოცე, ისე მაგრად ვაკოცე, რომ ბავშვმა ტირილი მორთო.

      – ოი, ოი, თქვენ ატკინეთ მას რაღაც, – წარმოსთქვა ლოტემ. ხელი მოჰკიდა ბავშვს და წყაროზე ჩაიყვანა. ბავშვი გაფაციცებით იფხაჭნიდა ლოყაზე ჩემგან ნაკოცნ ადგილს, რათა საძაგელი წვერი არ ამოსვლოდა ლოყაზე.

      ლოტეც ალერსიანი მზრუნველობით შველოდა მას ლოყების ჩამობანაში.

      – ვილჰელმ, უნდა გამოგიტყდე, არც ერთი ნათლობისთვის არ მიდევნებია ასე გულმოდგინედ თვალყური.

      და როცა ლოტემ ბავშვი ზევით ამოიყვანა, მზად ვიყავი მას ფერხთით ჩავვარდნოდი, როგორც ვინმე წინასწარმეტყველს, რომელმაც მთელს ერს წარხოცა ცოდვები ნაკურთხი წყლით.

      აღტაცება გულში აღარ დამეტია, და ეს მცირე განცდა იმავე საღამოს ერთ ჩემს ნაცნობს გავუზიარე.

      ეს კაცი ძლიერ გონებამახვილი მეგონა, მაგრამ წარმოიდგინე, რომ შევმცდარვარ.

      – ეს ძლიერ ცუდია ლოტეს მხრიდან, – ამბობდა იგი, – ასეთი ცრუმორწმუნეობა არ უნდა ჩაუნერგონ ბავშვებს, თორემ როცა წამოიზრდებიან, მაშინაც ირწმუნებენ ამგვარ რამეებს.

      გამახსენდა, რომ ამ კაცმა ერთი კვირის წინათ ბავშვი მოანათვლინა.

      ამიტომაც გავჩუმდი.

      ჩემს გულში კი ეს ჭეშმარიტება უცვლელი რჩება. ჩვენ სწორედ ისევე უნდა მოვექცეთ ბავშვებს, როგორც ჩვენ გვექცევა გამჩენი; იგი ხომ ადამიანებს ბედნიერებას მაშინ აგრძნობინებს, როცა მათ გონებას ბუნდოვანი ოცნების ჟრუანტელით გააბრუებს.

ივლისის 8.

      ჩვენ ვალჰაიმს წავედით. ქალები ეტლით დაწინაურდნენ. სეირნობის დროს ლოტეს თვალებზე ვფიქრობდი.

      უთუოდ შლეგი ვარ, ჩემო ვილჰელმ.

      შენ უნდა ნახო მისი თვალები! ეს თვალები მელანდება დაძინებისას.

      როცა ქალები ეტლში სხდებოდნენ, ეტლის გარშემო ვიდექით: ჭაბუკი ვ. ზელშტატი, აუდრანი და მე. ქალები მხიარულ ჭაბუკებს ებაასებოდნენ. მე ლოტეს თვალებს ვეძებდი. აჰ, მისი თვალები ხან ერთს უმზერდნენ, ხან მეორეს. მაგრამ მე არ მაღირსა მან შემოხედვა, მე, რომელიც ეგზომ ნაღვლიანი მის წინაშე ვიდექი. აჰ, ჩემმა გულმა ათასკეცი მშვიდობით გააცილა იგი!..

      ეტლი გაქანდა და ჩემს წამწამებს მოაწვა ცრემლი.

      თვალი გავაყოლე, ლოტეს თავშალს შევასწარი თვალი და მან მოიხედა. ნეტავ მე თუ მომხედა?

      ძვირფასო! მე კი ჯერაც არ ვიცი დანამდვილებით: მე თუ სხვას? მაგრამ ვინ იცის, ეგებ მე მომხედა.

      ეგებ!

      ეგებ?

      აჰ, რა ბავშობაა!

      ღამე მშვიდობისა, ვილჰელმ!

ივლისის 10.

      ვერ წარმოიდგენ, რა უხერხულ მდგომარეობაში ვვარდები, როცა საზოგადოებაში მასზე დაიწყებენ ლაპარაკს. ხშირად მეკითხებიან კიდევაც, თუ როგორ მომწონს მე ლოტე? ეს სიტყვა მწივანა გველივით მძაგს. ვის მოეწონება ლოტე ისე, რომ მთელი მისი გრძნობები, მისი სული არ შეიპყრას და არ დაატყვევოს.

      მოწონება!

      ვიღაცამ ამას წინათ ისიც მკითხა: ოსიანი როგორ მოგწონსო!

ივლისის 11.

      ქალბატონი მ... ძლიერ ცუდი არსებაა, მაგრამ ლოტეს ხათრით ვითმენ ამ ქალის სიახლოვეს.

      დღეს ლოტემ საოცარი ამბავი გადმომცა.

ივლისის 11.

      მოხუცი მ... ფრიად ძუნწი და საძაგელი კაცია, რომელიც წლების განმავლობაში აწვალებდა თავის ცოლს.

      რამდენიმე კვირის წინათ, როცა ექიმებმა იმედი დასწურეს მისი ცოლის გადარჩენისთვის, ცოლმა ქმარი იხმო, ლოტეს თანდასწრებით გამოელაპარაკა: მე სიკვდილის წინ ერთ რამეში უნდა გამოგიტყდე, ჩემი სიკვდილის შემდეგ ყოველივე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად.

      მე ოცდაათი წლის განმავლობაში როგორც შემეძლო, ხელმომჭირნედ ვაწარმოებდი ოჯახურ საქმეებს. შენ უნდა მაპატიო, რომ ამ ხნის განმავლობაში მე გატყუებდი. ჩემი მოყვანის პირველ კვირას შენ გამიჩინე 7 გულდენი კვირაში, ამ ფულით მე უნდა გავძღოლოდი ოჯახის გამოკვების საქმეს. ეს ფული არ კმაროდა, მაგრამ არაფერი გითხარი. რაც მაკლდებოდა, იმას საოჯახო სალაროდან ვიღებდი შენდა უკითხავად. მე ეს ფული არ გამიფანტავს, ისევ ოჯახს მოვახმარე.

      ახლა ეს იმისთვის გაგიმხილე, რომ ჩემს მოადგილეს საქმე არ გაუჭირო იმის მტკიცებით, რომ პირველი ცოლი კვირაში 7 გულდენს კმარობდაო...

      მე და ლოტემ ბევრი ვილაპარაკეთ ამის შემდეგ ადამიანის აზროვნების საოცრად აღრევისთვის...

ივლისის 13.

      არა, თავს არ ვიტყუებ.

      მე მის თვალებში ნათლად ვკითხულობ: იგი ჩემი ბედით დია დაინტერესებულია.

      ვიცი, გული არ მატყუებს, თუმცა არ ვიცი, სახიერო, როგორ გავბედო ამ სიტყვის წარმოთქმა?

      მე ვუყვარვარ მას?

      ვუყვარვარ?

      შენ გაიგებ ამას: მე შემიყვარდა ჩემივე თავი, მე ვაღმერთებ ჩემს თავს მას შემდეგ, რაც დავრწმუნდი, რომ მას ვუყვარვარ.

      კადნიერებაა ეს თუ ნამდვილი განწყობის გრძნობა?

      მე არ მეგულება ისეთი ადამიანი, რომლისაც მეშინოდეს ლოტეს თვალში.

      მაგრამ როცა იგი თავის დანიშნულზე სიტყვას ჩამოაგდებს, ისე გულთბილად, ისე ნაზად იხსენიებს მას, მაშინ მე ისეთივე გრძნობა მეუფლება, როგორიც უნდა ჰქონდეს ალბათ ღირსებაახდილს, იარაღაყრილ რაინდს.

ივლისის 16.

      აჰ, ელვის სისწრაფით დამივლის ჟრუანტელი, როცა ჩემი თითი უცაბედად მისას გაეკარება ან მაგიდის ქვეშ ჩვენი ფეხები ერთიმეორეს შეხვდებიან.

      მე უკან ვიხევ, ცეცხლში დამწვარივით, მაგრამ იდუმალი ძალა წინ გამწევს – ამ წუთში თავბრუ მეხვევა.

      ო, მისი უბიწო და სათნო სული ვერც კი იგებს, თუ როგორ მახელებს მე ამგვარი წვრილმანი.

      როცა იგი საუბრის დროს ხელს ხელზე მომადებს, და ჩემკენ მოიწევს ისე ახლოს, რომ მისი ფშვინვა ჩემს ბაგემდე აღწევს, მე ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს უფსკრულში ვიძირებიო. და როცა მე ხანდახან გავკადნიერდები... რომ ეს ნდობა, ეს გულუბრყვილობა...

      ვილჰელმ, შენ გესმის ალბათ, რაც მინდა გითხრა.

      არა, ჩემი გული ასე გარეწარიც არ არის.

      სირცხვილი!

      სირცხვილი!

      იგი წმინდანად მყავს მიჩნეული.

      ყოველივე გულარძნილობა მიყუჩდება მის სიახლოვეს.

      ცნობიერებას ვკარგავ მის ახლოს.

      იგი როიალზე უკრავს ერთ საუცხოო მელოდიას.

      ანგელოზის დარად უკრავს იგი ამ სიმღერას. მისი საყვარელი ჰიმნია.

      ჩემი სული იხიბლება წამსვე, როგორც კი პირველ აკორდებს აიღებს ლოტე და ყოველი ლეგენდა მუსიკის ჯადოსნური ძალის შესახებ საცნაური ხდება ჩემთვის, როცა ეს უბრალო მოტივი ასე მოაჯადოებს ჩემს სულს. ხანდახან სწორედ ისეთ დროს დაუკრავს, როცა მე დარდისგან გულგასენილი ყოველ წუთში მზადა ვარ ტყვია მივუშვირო ჩემსავე შუბლს. ჩემი სულის სიბნელე და იჭვის მატლი ჰქრებიან წამში და მეც თამამად ამოვისუნთქავ ხოლმე ასეთ შემთხვევაში.

ივლისის 18.

      ვილჰელმ, რა ბედენაა ეს ქვეყანა უსიყვარულოდ... იგივეა, რაც ჯადოსნური ლიფლიფა უსინათლოდ.

      სინათლის ჩასვლა ამ ლიფლიფაში და წამსვე აირევიან ნაირ-ნაირი ხატებანი შენს თეთრ კედელზე.

      და იგი უბრალო მოჩვენების მეტი სხვა არა იყოს რა, ხომ ესეც ბედნიერებაა, რომ ჩვენ უმწიფარ ჭაბუკებივით დავდგებით მის წინაშე, წამიერად აღტაცებულნი ამ ჭრელფეროვან სანახაობით.

      დღეს ლოტესთან ვერ წავედი. მიუცილებლად უნდა მენახა ერთი კაცი.

      მსახური გავგზავნე ლოტესთან, რათა დღის განმავლობაში ახლოს მყოლოდა ისეთი, რომელიც მის სიახლოვეს იყო დღეს.

      მოუთმენლად მოველოდი მის დაბრუნებას.

      სირცხვილი, რომ არ მეკრძალვოდეს, მე მას ვაკოცებდი.

      ალბათ შენც გსმენია ბონონიური ქვის შესახებ. თურმე ამ ქვას მზვარეში დასდებენ, მზის სხივებს იტაცებს და ამ მოტაცებულ სხივებს ღამითაც ავრცელებს. ასეთი რამ შეემთხვა ამ ვაჟსაც.

      იმის შეგნება, რომ რამდენიმე საათის წინ ლოტეს მზერა, ლოტეს თვალები მის ქურთუკს, მის სახეს, მის სახელოს მოხვდებოდა, ალბათ, ამ მსახურს რაღაც სიძვირფასის შარავანდედით მოსავდა ჩემს თვალში.

      მე დამამწუხრა მისმა სიახლოვემ.

      ვილჰელმ, ეს წამიერი შვებაც ხომ მოჩვენება არ არის?

ივლისის 19.

      დღეს მას ვნახავ.

      შევცქერი მზეს, სიხარულით მევსება გული, როცა ჩემს თავს ვამხნევებ: დღეს ლოტეს ვნახავ.

      სხვა სურვილი არა მაქვს მე დღეს.

      მისი სიახლოვე – ეს ყოვლის შემცველი სურვილია.

* გაგრძელება *

ტეგები: Qwelly, გოეთე, კლასიკა, ლიტერატურა

ნახვა: 5648

გამოხმაურებები!

მომავალში "ლოთე ვაიმარშიც" თუ დაიდება ვაფშე მაგარი იქნება  

სად შეიძლება, ნაწარმოების სრული ვერსია  წავიკითხო? (ელექტრონულ ვერსიას ვგულიუსხმობ)

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

All of this makes for an complex give

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 21, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Beyond the easy element of retrieving excessive-level loot, there is a separate phase to the gameplay within the vein of the roguelike Moonlighter, wherein gamers need to now determine how they are going to spend their nicely-earned treasure. While within the lobby between dives into the dungeon, gamers are tasked with locating the traders who can be capable of give the high-quality fee for the entirety determined on the ultimate crawl. This is likewise one place wherein a experience of…

გაგრძელება

Throne and Liberty offers a pathway to rapid progression

გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ივნისი 21, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In the vast and dynamic world of TL Lucent, the pursuit of efficiency is a constant for adventurers seeking to amass wealth, experience, and powerful gear. One of the most lucrative solo farming endeavors is the Sollant farm, and the Sylaveth 1F area is a prime location for this endeavor. In this detailed guide, we will unravel the secrets of achieving an incredible 360k/hr solo Sollant farm using a Wand/Staff setup, accompanied by the unique advantage of unlimited mana. Whether you're a…

გაგრძელება

At the heart of the Affliction expansion

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ივნისი 21, 2024.
საათი: 5:24am 0 კომენტარი

Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood

Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve…

გაგრძელება

Green Tea Market Revenue, Growth, Restraints, Trends, Company Profiles, Analysis & Forecast

გამოაქვეყნა vandana manturgekar_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2024.
საათი: 3:00pm 0 კომენტარი

The global green tea market size was USD 15.00 Billion in 2021 and register a revenue CAGR of 8.1% over the forecast period, according to a latest analysis by Emergen Research. Various health benefits associated with drinking green tea and rapid advancement in tea packaging have led to an increase in shelf life and upsurge in export, leading to a rise in the number of new green tea brands are key factors driving revenue growth of the global Green Tea market.

The current COVID-19…

გაგრძელება

Qwelly World

free counters