← დასაწყისი

ძნელი სათქმელია, რამ ჩააგონა გლეხებს, გაეკეთებინათ ასეთი სერიოზული ზღუდეები - ეს უთვალავი დაბკოლება, რის გამოც მხარე მიუვალი იყო და ომი წარმოუდგენელი. შეიძლება ამის მიზეზი მიწაზე დავის თავიდან აცილება იყო, ან იქნებ - ძალიან მოსახერხებელი გადაწყვეტილება ზარმაცებისთვის - საქონელი ჩაკეტილი ჰყოლოდათ, რომ საძოვარზე სადარაჯო არ ყოფილიყო, მაგრამ ასე თუ ისე ნაბიჯ-ნაბიჯ რომ შეისწავლონ იქაურობა, გასაგები გახდება ამბოხებულებთან რეგულარული ჯარის ბრძოლის წარუმატებლობის აუცილებლობა. აქ ხუთასი ადამიანი შეიძლება მთელი სამეფოს ჯარს გაუმკლავდეს. სწორედ ეს იყო შუანების ტაქტიკის საიდუმლო. და მადმუაზელ დე ვერნეი მიხვდა, რატომ იყო რესპუბლიკა იძულებული, ამბოხება უფრო პოლიტიკური მეთოდებით და დიპლომატიით ჩაეხშო, ვიდრე სამხედრო ძალის უნაყოფო გამოყენებით. მართლაც, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ იმ ხალხის წინააღმდეგ, რომელსაც ჭკუა ეყო, რომ უარი ეთქვა ქალაქების დაპყრობაზე, მაგრამ გაინაღდეს ბატონობა უმაგრესი ზღუდეებით გარშემორტყმულ მინდვრებზე. როგორ არ ეწარმოებინათ მოლაპარაკებები მტერთან, თუ ამ დაბრმავებული გლეხების მთელი ძალა დახელოვნებული და ყოჩაღი ბელადი იყო?.. მარი აღფრთოვანდა იმ მინისტრის გამჭრიახობით, თავისი კაბინეტიდან რომ გამოიცნო ამ მხრის ამბოხებულთა დაშოშმინების საიდუმლო. მარის მოეჩვენა რომ გაიგო, რა მოსაზრებებით ხელმძღვანელობენ ადამიანები, ასეთი მძლავრები, რომ შეუძლიათ, ერთი თვალი მოავლონ მთელ სახელმწიფოს, ხალხი, რომელთა ქმედება ხალხის თვალში დანაშაულებრივი, ბუმბერაზული აზრის თამაშია მხოლოდ. ამ მრისხანე სულებს თითქოს გააჩნიათ რაღაც წილი ბედისა და ბედისწერის ძალისა, წინასწარჭვრეტის ნიჭი, რომლის აქა-იქ გამოვლინება ძალიან აღამაღლებს მათ: ბრბო ამ წუთას აქ, თავის გვერდით ეძებდა მათ, ახლა კი აიხედეს ზემოთ და ხედავენ, რომ ჰაერში ფრენენ. ასეთი აზრები თითქოსდა ამართლებდნენ, აკეთილშობილებდნენ კიდევაც მადმუაზელ დე ვერნეის შურისმაძიებლურ ზრახვებს, სულის შინაგანი რუდუნება და ჩასახული იმედი აძლიერებდნენ მას, შველოდნენ უჩვეულო და დამქანცველი მოგზაურობისას, ყოველი სამემკვიდრეო ნაკვეთის ბოლოში დაასხი-კუტალი ორივე მხედარს სთავაზობდა, ჩამოქვეითებულიყვნენ და ციცაბო აღმართზე აბობღებაში ეხმარებოდა და როცა მინდვრის ნაკერი წყდებოდა, ისევ ამხედრებულიყვნენ თავიანთ სახედრებზე და შარაგზებით ევლოთ, სადაც გასქელებული ტალახი მტრის მოახლოებას ამცნობდა. დიდი ხეები, მაღალი მიწაყრილებიდან გზის ღრმა თხრილები ხევში ნესტს აბუდებდნენ, დროდადრო ყინულოვან საბურველში ხვევდა ჩვენს მგზავრებს. არაქათგამოცლილებმა განთიადამდე მიაღწიეს მარინეის ტყეებს. ტყის ბილიკით სიარული უფრო ადვილი იყო, გადახლართული ტოტების თაღი და დიდი ხეების კანები იცავდნენ ცის წყრომისაგან, ყველა ის უთვალავი დაბრკოლებაც გაქრა, აქამდე რომ უხდებოდათ გადალახვა. ტყეში ერთი ლიეც არ ექნებოდათ გავლილი, შორიდან რომ ხმების ბუნდოვანი გუგუნი და ზანზალაკის წკრიალი მოესმათ, ოღონდ ეს წკრიალი მონოტონურად წყვეტილი არ იყო, ნახირი რომ ჰგონებოდათ. დაასხი-კუტალმა გაფაციცებით მიუგდო ყური ამ მელოდიას. უცებ ქარის მოტანილი საეკლესიო გალობის რამდენიმე სიტყვა გაიგო. როგორც ჩანს, ამ ჰანგმა ისე ძალიან იმოქმედა მასზე, რომ მადმუაზელ დე ვერნეის წინააღმდეგობის მიუხედავად, დაღლილი ვირები სენ-ჯემსის გზიდან სხვა მხარეს მიმავალ ბილიკზე გადაიყვანა. ახალმა პირქუშმა პეიზაჟმა მადმუაზელ დე ვერნეის შიში კიდევ უფრო გააძლიერა. ბილიკის ორივე მხარეს ფანტასტიკური მოხაზულობის გრანიტის კლდეები ერთმანეთზე იყო აყორებული. უზარმაზარი ლოდების ნახეთქებიდან სქელი გველებივით მოიკლაკნებოდა საუკუნოვანი წიფლების ფესვები, სადღაც შორიდან რომ წოვდნენ მაცოცხლებელ წვენს. გზა, გეგონებოდათ, სტალაქტიტებით განთქმულ ორ მიწისქვეშა მღვიმეს შორის მიდიოდა. ამ ვიწრო ბილიკით რამდენიმე ნაბიჯის გავლისთანავე მადმუაზელ დე ვერნეის თვალწინ საუცხოო სანახაობა გადაიშალა, რამაც გასაგები გახადა დაასხი-კუტალის სიჯიუტე. ნახევარწის ფორმის ქვაბულში ტლანქი საფეხურებივით ჩანდა ამფითეატრად განლაგებული კლდის შვერილები, რომლებზედაც მწკრივ-მწკრივად იყო განლაგებული წერწეტი შავი ნაძვები და შეყვითლებული წაბლები. ეს ადგილი გიგანტურ ცირკს მოგაგონებდათ, რომლის არენეზეც ზამთრის მზე თითქოსდა უფრო ღვრიდა ბაც ფერებს, ვიდრე თავისი სხივების სინათლეს, სადაც შემოდგომას ყველგან გაეფინა ხმელი ფოთლების მოწითალო ხალიჩები. ამ დარბაზის შუაგულში, რომლის მშენებელიც თითქოს მსოფლიოს წარღვნა იყო, სამი უზარმაზარი დრუიდული ქვა იდო - ვრცელი საკურთხეველი ზეაღმართული ძველი საეკლესიო ალმით. ასამდე მუხლმოდრეკილი თავშიშველი მამაკაცი ლოცულობდა მთის ამ საფარში, სადაც რექტორი და ორი ქორეპისკოპოსი მესას აღავლენდნენ. მღვდლის ღარიბული სამოსი, მისი სუსტი ხმა, ამ დიდ სივრცეში ყრუდ დრტვინვასავით რომ ისმოდა, ერთი გრძნობით გაერთიანებული, ღრმად მორწმუნე ყოველგვარ დიდებულებას, დიდ მშვენიერებას მოკლებული საკურთხევლის წინ დამხობილი ხალხი, ტლანქი, უბრალო ჯვარი, ტაძრის ველური ძლიერება, დრო, ადგილი - ეს ყველაფერი ქრისტიანობის პირველ საუკუნეებს რომ გამოარჩევდა, ისეთ სისადავეს ანიჭებდა სცენას. მადმუაზელ დე ვერნეი მოხიბლული გაშეშდა. უღრან ტყეში ეს მესა, დევნის გამო პირველ ნაყოფს დაბრუნებული, უცნაურ, ფანტასტიკურ ბუნებაში თამამად აღორძინებული ძველი დროის პოეზია, ეს შუანები - შეიარაღებული და უიარაღო, სასტიკები და მლოცველები, მებრძოლები და ბავშვები - ეს ყველაფერი არაფრით ჰგავდა არც ერთ სანახაობას, თვალით რომ ენახა ან წარმოედგინა! მშვენივრად ახსოვდა, ბავშვობაში როგორ აღაფრთოვანებდა რომაული ეკლესიის ღვთისმსახურება, ასე რომ იპყრობდა გრძნობებს, მაგრამ აქამდე არ ენახა, არ იცოდა ღმერთი, ღმერთი შეულამაზებელი: ჯვარი საკურთხეველზე, საკურთხეველი მიწაზე, ტაძრების გოთური თაღების ქვაში კვეთილი ფოთლების ნაცვლად ცას შეყენებული უზარმაზარი ხეების შემოდგომის ფოთ-ლები, ვიტრაჟების ფერადი მინების უამრავი ფერადი ათინათის ნაცვლად მზის პირველი მოწითალო სხივები, მკრთალ ანარეკლად რომ დასრიალებენ საკურთხეველზე, მღვდლებზე და მლოცველებზე. ხალხის თავყრილობა ფაქტი იყო და არა სისტემა. ლოცვა იყო და არა რელიგია. ადამიანების წამით დათრგუნული ვნებები, იდუმალი სურათის ჰარმონიას რომ არღვევდა, უცებ გაცოცხლდნენ და აბობოქრდნენ სცენაზე. მადმუაზელ დე ვერნეი რომ გამოჩნდა, სახარების კითხვა დამთავრდა. მღვდელში ერთგვარი შიშით ამოიცნო აბატი გიუდენი და საჩქაროდ დაიმალა გრანიტის კლდის უზარმაზარი ნატეხის უკან. ფრანსინიც სასწრაფოდ წაათრია. მაგრამ ამაოდ ცდილობდა დაასხი-კუტალი წაეყვანა იმ ადგილიდან, ღვთისმსახურების ცერემონიაში მონაწილეობისთვის რომ აირჩია. მარის იმედი ჰქონდა, რომ საფრთხეს აიცილებდა, შეამჩნია, რომ ადგილმდებარეობა საშუალებას მისცემდა, შეუმჩნევლად გაპარულიყო. გრანიტის განიერი ნაპრალიდან დაინახა, როგორ ავიდა აბატი გიუდენი დიდ ლოდზე, ეკლესიის კათედრის მაგივრობას რომ გაუწევდა და წირვა დაიწყო. - In nomine Patris et Filii et Spiritus Sankti... ამ სიტყვებზე ყველამ მოწიწებით გადაისახა პირჯვარი. - ძვირფასო ძმებო, - ხმამაღლა თქვა აბატმა, - ჯერ განსვენებულთათვის ვილოცოთ, მოვიგონოთ ჟან კოშე გრიუ, ნიკოლა ლაფერტე, ჟოზეფ ბრუე, ფრანსუა პარკუეა, სუპის კუპიო. ყველა ჩვენი მრევლის წევრი იყო. და ყველა პელერინთან ბრძოლაში ან ფუჟერის ალყის დროს მიღებული ჭრილობებით დაიღუპა... სინანულის ლოცვას, როგორც წესია, რიგრიგობით კითხულობდნენ ეკლესიის მსახურნი და მლოცველები და ყოველ მუხლს დიდი გულმოდგინებით წარმოთქვამდნენ, რაც ლოცვის წარმა-ტების მაუწყებლად მიაჩნდათ. როცა ფსალმუნი ჩაათავეს, აბატი გიუდენი ისევ ალაპარაკდა, მისი ხმა სულ უფრო ძლიერდებოდა: ყოფილმა იეზუიტმა იცოდა, რომ მეტყველების გულმხურვალე მგზნებარება მისი ველური მსმენელებისთვის ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი იყო. - ქრისტიანებო! ღვთის ამ დამცველებმა ვალის მოხდის მაგალითი გაჩვენეს. არ გრცხვენიათ? რას იტყვიან თქვენზე სამოთხეში? რომ არა ეს ხალხი, რომელთაც სამუდამო სასუფეველი ელით და რომელთაც წმინდანები სულითა და გულით შეხვდებიან, უფალს ეგონება, რომ ჩვენს მრევლში ურჯულოები არიან. იცით თუ არა, ვაჟკაცებო, თქვენზე ბრეტანში და მეფესთან რას ლაპარაკობენ?.. არ იცით? მართლა? მაშინ გეტყვით: „როგორ, ლურჯებმა დაამხეს საკურთხევლები, დახოცეს რექტორები, სიკვვდილით დასაჯეს მეფე და დედოფალი, ბრეტანიდან ყველა ვაჟკაცის წაყვანა უნდათ და თავისნაირ ლურჯებად უნდათ აქციონ, გააგზავნონ საკუთარი სამრეკლოდან სხვა მხარეში საბრძოლვველად, სადაც შეიძლება დაიხოცონ მოუნანიებლად და სამუდამოდ ჯოჯოხეთში მოხვდებიან. მარინეის მრევლს დაუწვეს ეკლესია - მათ კი ხელები ჩამოუშვეს! ო! წყეულმა რესპუბლიკამ საჯარო ვაჭრობით გაყიდა ღმერთის ქონება და სენიორების მიწები, ფული ლურჯებს გაუნაწილა მერე, ჩვენი ფულით რომ იკვებოს, როგორც ახლა ჩვენს სისხლს სვამს. გამოსცა დეკრეტი, რომლის ძალითაც ყოველი ექვსფრანკიანი ეკიუდან სამი ფრანკი უნდა აიღოს, ყოველი ექვსი კაციდან სამი უნდა წაიყვანოს ჯარში - მარინეის სამრევლოს ვაჟკაცებმა ხელი ხმალს არ იკრეს, რომ გაყარონ ისინი ბრეტანიდან! ოჰ! ოჰ! მათ სამოთხეში არ შეუშვებენ და სულის ცხონებასაც ვერასოდეს მოიპოვებენ!“ აი, ამას ლაპარაკობენ თქვენზე, ქრისტიანებო, ლაპარაკი სამუდამო ნეტარებაზეა, როგორ გინდათ მოიპოვოთ? იბრძოლეთ რწმენისა და მეფისათვის! გუშინწინ, დღის სამის ნახევარზე თვით წმინდა ანა ორეელი გამომეცხადა. აი, ისე მითხრა, როგორც ახლა გელაპარაკებით: „შენ მარინეის მრევლის მღვდელი ხარ?“ „დიახ, ჩემო ქალბატონო, თქვენს სამსახურში მიგულეთ!“ - „მაშ ასე, მე წმინდა ანა ორეელი ვარ, ღმერთს დეიდად ვერგები, ბრეტონულად, ყოველთვის ორეიში ვარ, აქ კი იმისთვის მოვედი, რომ შენს მარინეის ვაჟკაცებს ვუთხრა: საკუთარი სულის ხსნის იმედი ნუ ექნებათ, სანამ იარაღს არ აიღებენ ხელში. ცოდვებს ნუ შეუნდობ, სანამ ღმერთის სამსახურში არ ჩადგებიან. და როცა ასე გააკეთებენ, უკურთხე თოფები და ის ვაჟკაცები, რომლებსაც ცოდვებს შეუნდობ, ლურჯებს არ ააცდენენ, რადგან მათი თოფები ნაკურთხი იქნება... და გაქრა. მუხის ქვეშ კი საკმევლის სუნი დარჩა. ეგ ადგილი შემჩნეული მაქვს. სენ-ჯემსის რექტორმა იქ ხის ლამაზი ღვთისმშობელი დადგა. საღამოს იქ პიერ ლეუას დედა მილასლასდა, თქვა იარე-მიწაზემ. და ღმერთმა განკურნა რევმატიზმისგან ხეობაში შვილის კეთილი საქმეების გამო. აი, ეს ქალი, თქვენი თვალით ნახეთ, რომ თვითონ დადის დაუხმარებ-ლად. სასწაული! ისეთივე სასწაულია, როგორიც ნეტარი მარი ლანბრეკენის მკვდრეთით აღდგომაა, ღმერთმა ეს სასწაული მოახდინა, რომ უჩვენოს, თავის ბრეტონელებს არასოდეს მიატოვებს, თუ იბრძოლებენ ღვთისმსახურებისა და მეფისათვის. მაშ, ჩემო ძვირფასო ძმებო, თუ გინდათ ხსნა და მეფის დამცველად ყოფნა, ჩვენი მიწიერი ბრძანებლისა, უნდა დაემორჩილოთ ყველაფერში ადამიანს, რომელიც მეფემ გამოგიგზავნათ და რომელსაც ვაჟკაცი დავარქვით. მაშინ თქვენ უკვე ურჯულოები აღარ იქნებით, არამედ ბრეტანის სხვა ვაჟკაცებთან ერთად, ღვთის დროშის ქვეშ დადგებით და მაშინ შეგეძლებათ ლურჯების ჯიბეებიდან იმ ფულის ამოღება, თქვენ რომ მოგპარეს, ვინაიდან სანამ თქვენ იბრძვით, თქვენი ყანები დაუთესავი რჩება და ამიტომ ღმერთი და მეფე მტრების დახოცვის ნებას გაძლევენ. ქრისტიანებო, ნუთუ გინდათ, ხალხი ალაპარაკოთ, რომ მარინეელი ვაჟკაცები ჩამორჩნენ მორბიგანის წმინდა გიორგის, ვიტრეს ან ანტრენის სამრევლოების ვაჟკაცებს, ისინი კი ყველანი აღდგნენ ღმერთისა და მეფის სამსახურად. თუ გინდათ, მთელი ალაფი მათ მისცეთ? თუ ერეტიკოსებივით გულხელდაკრეფილები ისხდებით, როცა ამდენი ბრეტონელი ცდილობს, მოიპოვოს სულის ცხონება და დაიცვას მეფე? „თქვენ ყველაფერს მიატოვებთ ჩემ გამო“. სახარებაში ჩვენ, მღვდლებმა განა უარი არ ვთქვით დესეტინაზე? მიატოვეთ ყველაფერი და ჩაებით საღმრთო ომში და მაშინ ყველაფერი გეპატიებათ. თქვენ გვერდით იქნებიან მაშინ თქვენი რექტორები და სხვა მღვდლები და თქვენც გაიმარჯვებთ! გახსოვდეთ, ქრისტიანებო, რომ მხოლოდ დღეს გვაქვს ძალაუფლება, ვაკურთხოთ თქვენი თოფები. ვინც ამ მადლით არ ისარგებლებს, მის მიმართ ანა ორეელი ისეთივე გულმოწყალე ვერ იქნება, როგორც წინა ომში და მათ ვედრებას ყურს არ მიუგდებს. ქადაგების პათეტიკურმა ტონმა, მგრგვინავმა ხმამ და ჟესტიკულაციამ, რომლისგანაც ორატორი ოფლად დაიღვარა, ეტყობა, დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა: გლეხები უძრავად იდგნენ, ქან-დაკებებივით მქადაგებელზე თვალმიშტერებულები, მაგრამ მალე მადმუაზელ დე ვერნეიმ შეამჩნია, რომ ეს ყველასთვის საერთო პოზა ერთგვარი მაგნეტიზმით იყო გამოწვეული. აბატმა ბრბო მოაჯადოვა, დიდი მსახიობების მსგავსად, მან აიყვანა თავისი სამწყსო, რომელიც შენივთდა, რადგან იგი შეეხო მის ვნებასა და პატივმოყვარეობას. წინასწარ შეუნდო ყველა უკიდურესობა, უხსნიდა ერთადერთ ბორკილებს, რომლებიც აკავებდა ამ ხეპრეებს და აიძულებდა, დაეცვათ რელიგიისა და საზოგადოებრივი მორალის მოთხოვნები, პოლიტიკური ინტერესებისთვის მან შეიბღალა ღირსება მღვდელმსახურისა. მაგრამ იმ რევოლუციურ დროს ყველა, თავისი პარტიის სასარგებლოდ, იარაღად აქცევდა ყველაფერს, რაც გააჩნდა. იესოს მშვიდობიანი ჯვარიც კი ომის იარაღად იქცეოდა, ისევე როგორც მარჩენალი გუთნის სახნისი. რაკი ირგვლივ არავინ ჰყავდა, მისი აზრები რომ გაეგო, მადმუაზელ დე ვერნეი შეტრიალდა ფრანსინისთვის შესახედად და ძალიან გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ გოგონა საერთო ენთუზიაზმს ინაწილებდა: კრძალვით ლოცულობდა. - ფრანსინ, - წასჩურჩულა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - მაშ, შენც გეშინია ურჯულო არ გახდე? - ოო, მადმუაზელ, - უპასუხა ბრეტონელმა გოგონამ, - შეხედეთ, პიერის დედა დადის! ფრანსინის სახე და პოზა ისეთ ღრმა რწმენას გამოხატავდა, რომ მარიმ გაიგო საიდუმლო არსი ამ ქადაგებისა, მღვდლების ზემოქმედება სოფელზე და იმ სცენის გასაოცარი ეფექტი, იმ წუთში რომ თამაშდებოდა. საკურთხეველთან ახლოს მდგომი გლეხები თითო-თითოდ მიდიოდნენ მღვდელთან. დგებოდნენ მუხლებზე და აწვდიდნენ თავიანთ თოფებს. ის კი საკურთხეველზე აწყობდა. დაასხი-კუტალმაც საჩქაროდ მიაწოდა საკურთხებლად თავისი ძველი ორლულიანი თოფი. სამივე მღვდელმა დაიწყო ჰიმნის გალობა „Veni Criatos“, მან, ვინც მესას ატარებდა, სიკვდილის იარაღი მოლურჯო ბოლში გაახვია, სასაკმევლეს აქნევდა და მისი მოხაზული ზიგზაგები ერთმანეთს ერწყმოდა. როცა ნიავმა საკმევლის ბოლი გაფანტა, თოფები პატრონებს დაურიგეს. თოფი ყოველმა შუანმა მღვდლისგან მიიღო, თან ლათინურად ლოცვას რომ კითხულობდა. როცა ყველა ისევ შეიარაღდა და თავისი ადგილი დაიკავა, ღრმა და მანამდე მდუმარე ენთუზიაზმი მგზნებარედ და თან გულის ამაჩუყებლად გამოვლინდა. - Domine, Salvum, fac regem... მღვდელმა დაიწყო გალობა ძლიერი, მჟღერი ხმით და ყველა აჰყვა რაღაცნაირი გაშმაგებით და ორჯერ იმღერეს. ამ მღერაში რაღაც საზარელი და საომარი სულისკვეთება ისმოდა. ორი ნოტი, სიტყვა Regem-ზე რომ მოდიოდა, გლეხებმა ადვილად გაიგეს და ისე დასჭექეს, რომ გრძნობამორეული მადმუაზელ დე ვერნეი გონებით ბურბონების განდევნილ დინასტიასთან წავიდა. ამ მოგონებებმა თავისი წარსული გაუღვიძეს. მეხსიერებაში აღუდგა სასახლის დღესასწაულები, სხვა ქვეყნებსაც რომ მოედო. სადაც ყოველთვის ბრწყინავდა. ამ ოცნებებში მარკიზის სახემაც გაიელვა და მაშინ მარის გადაავიწყდა მის თვალწინ მომხდარი და, ქალისთვის ჩვეული აზრთა მდინარების სწრაფი ცვლით, შურისძიების გეგმებს დაუბრუნდა, რისთვისაც სიცოცხლეს რისკავდა და რომელიც შეიძლებოდა, ერთ წამში დანგრეულიყო. მოუნდა თავისი ცხოვრების ყველაზე გადამწყვეტ მომენტში მშვენიერი ყოფილიყო, გაახსენდა, რომ არაფერი ჰქონდა სამეჯლისო ვარ-ცხნილობის დასამშვენებლად და მოუნდა, ბაძგის ტოტით შეემკო თავი, რადგან მოეწონა მისი თავნება ფოთლები და წითელი ნაყოფი. - ოჰო, ახლა ჩემმა თოფმა შეიძლება ნადირობისას მიმტყუნოს, მაგრამ ლურჯებთან - არა!.. არასოდეს! - დაასხი-კუტალმა კმაყოფილებით გადააქნია თავი. მარი დააკვირდა თავის გამყოლს და აღმოაჩინა, რომ ტიპური სახე ჰქონდა, ისეთივე, როგორც ყველა იმას, ვინც იქ ნახა. აზრები ამ ბებერ შუანს ალბათ ბავშვისაზე მეტი არ ჰქონდა. თავის თოფს რომ დასცქეროდა, მიამიტური სიამოვნებისგან ლოყებსა და შუბლზე ნაოჭები გაუჩნდა, მაგრამ რელიგიური ფანატიზმი გახარებულ გამომეტყველებას სისასტიკის ელფერს აძლევდა და წამით ამ ველურის სახეზე ცივილიზაციის ბიწიერებამ გადაირბინა. მალე მგზავრებმა სოფელს, ანუ დაასხი-კუტალის ქოხის მსგავს ოთხ-ხუთ ქოხს მიაღწიეს და როცა მადმუაზელ დე ვერნეი კარაქიანი პურითა და რძით საუზმობას ამთავრებდა, ახლად მოქცეული შუანებიც მოადგნენ სოფელს. ამ არეულ-დარეულ რაზმს რექტორი მოუძღოდა, დროშად ქცეული ტლანქი ჯვრით, უკან კი ამაყად მოჰყვებოდა ახალგაზრდა შუანი, თავისი მრევლის საეკლესიო დროშით ხელში. მადმუაზელ დე ვერნეი შეუერთდა ამ ჯარს. რაკი ისინიც სემ-ჯემსში მიდიოდნენ და, ცხადია, მის მცველებად იქცნენ, რადგან დაასხი-კუტალს, მისდა საბედნიეროდ, წამოსცდა და რაზმის უფროსს უთხრა, რომ ლამაზმანი, რომლის გამყოლიც თვითონ იყო, ვაჟკაცის მეგობარია. მზის ჩასვლისთვის მოგზაურები ჩავიდნენ სენ-ჯემსში, პატარა ქალაქში, რომელიც თავის სახელს ინგლისელებს უნდა უმადლოდეს, ბრეტანში თავიანთი ბატონობისას, მეთოთხმეტე საუკუნეში რომ ააშენეს. ქალაქის შესასვლელში მადმუაზელ დე ვერნეიმ უცნაური სამხედრო სცენა დაინახა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია, შიშობდა, მტერთაგან ვინმეს არ ეცნო და ჩქარობდა, ქალაქში შესულიყო. მინდორში ხუთი-ექვსი ათასი გლეხი იყო დაბანაკებული. მათი ტანსაცმელი პელერინის ტყეში გაქცეული ახალწვეულებისას რომ ჰგავდა, ომზე ფიქრსაც კი გამორიცხავდა. ეს ხმაურიანი ბრბო ბაზრობას უფრო მოგაგონებდათ, კარგად უნდა დაკვირვებოდით, რათა გაგერჩიათ, რომ ეს ბრეტონელები თოფებით იყვნენ შეიარაღებულები, რადგან სხვადასხვა „თარგით“ გამოჭრილი მათი თხის ტყავები თითქმის მალავდნენ მათ კარაბინებს და ყველაზე შესამჩნევი იარაღი ცელები იყო. ამ ჯგროში ზოგი ჭამდა და სვამდა, ზოგი ჩხუბობდა და ძიძგილაობდა, უმრავლესობას კი მიწაზე გაშხლართულს ეძინა. არაფერს ეტყობოდა წესრიგი და დისციპლინა... მადმუაზელ დე ვერნეის ყურადღება წითელმუნდირიანმა ოფიცერმა მიიქცია, ინგლისის ჯარიდან რომ ეგონა. ცოტა მოშორებით, ორი სხვა ოფიცერი, როგორც ჩანს, სხვებზე უფრო გონიერ რამდენიმე შუანს ზარბაზნის ხმარებას ასწავლიდა. ზარბაზანი ორი იყო, ალბათ მთელი არტილერია როიალისტების მომავალი არმიისა. მარინეის მრევლის ახალგაზრდობის გამოჩენამ, საეკლესიო ბაირაღით რომ იცნეს, დიდი ღრიანცელი გამოიწვია. ამ რაზმისა და მღვდლების გამოჩენით გამოწვეული ალიაქოთით ისარგებლა მადმუაზელ დე ვერნეიმ და ბანაკის გავლით მშვიდობიანად ჩააღწია ქალაქამდე. მივიდა ულაზათო სასტუმრომდე, იმ სახლთან ახლოს რომ იყო, სადაც მეჯლისი ეწყობოდა. იმდენი ხალხი მოაწყდა ქალაქს, რომ ძლივს იშოვა ამ სასტუმროში პატარა ოთახი. როცა მოეწყო, დაასხი-კუტალი გამოეცხადა, ფრანსინს მისი ქალბატონის სამეჯლისო ტანსაცმელი გადასცა მუყაოს ყუთით და გაუბედავი, მოლოდინის პოზაში გაჩერდა ზღურბლზე. სხვა დროს მადმუაზელ დე ვერნეი გაერთობოდა იმის ყურებით, როგორ იქცევა ბრეტონელი გლეხი თავისი სამრევლოს გარეთ, აქ კი საჩქაროდ გამოაფხიზლა გარინდებიდან, საფულიდან ამოიღო ოთხი ეკიუ და თავის გამცილებელს გაუწოდა. - აჰა, აიღე და, ძალიან გთხოვ, დაუყოვნებლივ დაბრუნდი ფუჟერში. ოღონდ ბანაკზე ნუ გაივლი და არც კი იფიქრო სიდრის დალევა. შუანმა გამოართვა ფული და ასეთი გულუხვობით გაკვირვებული ხან ოთხ ეკიუს შესცქეროდა, ხან მადმუაზელ დე ვერნეის, რომელმაც ხელი აუქნია და ისიც გაქრა. - გაისტუმრეთ, მადმუაზელ? როგორ შეიძლებოდა? ნუთუ ვერ შენიშნეთ, რომ ქალაქი გარშემორტყმულია. აქედან როგორ გავალთ? ვინ დაგვიცავს? - შენი დამცველი განა აქ არ არის? - ეშმაკური, დამცინავი სახით ჩუმად დაუსტვინა, თან იარე-მიწაზეს სიგნალს და მიმოხვრას ბაძავდა. ფრანსინი გაწითლდა და ნაღვლიანად გაეღიმა თავისი ქალბატონის მხიარულებაზე. - ჰო, აბა, სად არის თქვენი დამცველი? მადმუაზელ დე ვერნეიმ ხანჯალი იშიშვლა, ბრეტონელმა გოგონამ ხელები გაასავსავა და შეშინებული დაეშვა სკამზე. - აქ რისთვის ჩამოხვედით, მარი? - წამოიძახა ვედრებით, ისე, რომ პასუხს არ ითხოვდა. მადმუაზელ დე ვერნეი კი უკვე ხრიდა ბაძგის ტოტებს და ამბობდა: - რა ვიცი, კარგი იქნება თმაში ბაძგი თუ არა? ჩემი პირის კანის პატრონმა ალბათ შეიძლება მუქი სამშვენისი მოიხდინოს, როგორ ფიქრობ, ფრანსინ? კიდევ რამდენიმე მსგავსი ფრაზა თქვა, სანამ იცვამდა, რაც მის უზრუნველობას მიანიშნებდა. ვინც კი გაიგებდა მის ნათქვამს, ვერ დაიჯერებდა, რომ მისთვის გადამწყვეტი წუთი დამდგარიყო და სიკვდილს ეთამაშებოდა. ინდური მუსლინის საკმაოდ მოკლე კაბა, გეგონებოდათ, სველი ქსოვილიაო, ხაზს უსვამდა მისი შნოიანი სხეულის ლამაზ ხაზებს. ზემოდან წითელი მოსასხამი მოირგო, უამრავი ნაკეცი, ნელ-ნელა რომ გრძელდებოდა თეძოებისკენ, ბერძნული ტუნიკასავით ლამაზ ნახევარწრედ ლაგდებოდა. კერპთაყვანისმცემელი ქურუმი ქალის დიდებული სამოსი ფარავდა თამამ მორთულობას, იმდროინდელი მოდა რომ სთავაზობდა ქალებს. სითამამის შესანიღბად, მარი ტუნიკის ღრმად ამოჭრილ გულისპირს და შიშველ თეთრ მხრებს გაზის ქსოვილით იფარავდა. გრძელი ნაწნავები კეფაზე კვანძივით ისე დაილაგა, რომ მომრგვალებულბოლოიანი კონუსი გამოვიდა, თავის ფორმას ხელოვნურად რომ აგრძელებდა და განსაკუთრებულ გრაციას ანიჭებდა, ზოგიერთი ანტიკური ქანდაკების მსგავსად. თმა შუბლზე ჩამოშლოდა და გრძელ, პრიალა კულულებად ეშვებოდა ლოყებთან. ასეთი სამოსითა და ვარცხნილობით მარი საოცრად ჰგავდა ანტიკური ქანდაკების სახელგანთქმულ შედევრებს. ღიმილით მოიწონა თავისი ვარცხნილობა, ვინაიდან ყველა ეშმაკობა ხაზს უსვამდა მისი სახის მშვენიერებას, დაიხურა თავზე ბაძგის გვირგვინი და სიამოვნებით შენიშნა, რომ მისი წითელი ნაყოფი მშვენივრად ეხამებოდა მისი ტუნიკის ფერს. ზოგიერთი ფოთოლი ისე შეაბრუნა, რომ ზედაპირისა და უკუღმა მხრის შეფერილობის კონტრასტი გამოჩენილიყო. მადმუზელ დე ვერნეიმ, ეფექტურობის შესაფასებლად, სარკეში შეათვალიერა თავისი მორთულობა. - არა, ამ საღამოს საშინელი ვარ! - ისე თქვა, თითქოს მლიქვნელებით იყო გარშემორტყმული, - თავისუფლების ქანდაკებას ვგავარ!.. მერე ფრთხილად ჩაიყო ხანჯალი კორსაჟში ისე, რომ შუაში ლალებით მორთული ტარი მოაქცია: მის ლივლივს ხალხის ყურადღება უნდა მიეპყრო განძისთვის, ასე რომ შებღალა მისმა მეტოქემ. ფრანსინმა ვერ გაუშვა მარტო თავისი ქალბატონი. როცა დაინახა, მარი გასვლას აპირებდა, ათასი საბაბი მოიგონა მის გასაცილებლად და ყველა დაბრკოლება უხსენა, რის გადალახვაც შეიძლება დასჭირდეს ქალს, როცა ქვემო ბრეტანში, პატარა ქალაქში მიდის ზეიმზე. ვინ გახდის მადმუაზელ დე ვერნეის მოსასხამს და ზედა ფეხსაცმელს, ტალახისა და ნაკელისაგან თავის დასაცავად რომ დასჭირდა, თუმცა ქუჩას ქვიშა დააყარეს? გაზის პირბადეც უნდა მოხსნას, შუანების თვალთგან რომ იფარავს მის სახეს, რადგან ცნობისმოყვარეობამ მიიზიდა ისინი იმ სახლისკენ, სადაც ზეიმი უნდა ჩატარებულიყო. მართლაც, ქუჩაში იმდენი ხალხი იყო, რომ შუანების ორ მწკრივს შორის მოუხდათ გავლა. ფრანსინი აღარ ცდილობდა, გადაეთქმევინებინა თავისი ქალბატონისთვის, მაგრამ როცა გაუსწორა მორთულობა, რომლის ხიბლი მის ორიგინალურობაში იყო და უკანასკნელად შეავლო ხელი, ეზოში დარჩა. ბედის ანაბარა რომ არ დაეტოვებინა და, საჭიროების შემთხვევაში, დასახმარებლად მივარდნილიყო. საბრალო ბრეტონელი ქალი მხოლოდ უბედურებებს ხედავდა წინ. იმ დროს, როცა მარი დე ვერნეი ზეიმზე მიდიოდა, მონტორა-ნის პალატაში საკმაოდ უცნაური რამ ხდებოდა. ახალგაზრდა მარკიზმა, ის იყო, ჩაცმა დაამთავრა და განიერ წითელ ლენტს იკეთებდა - მომავალ შეკრებაზე მისი პირველობის განმასხვავებელ ნიშანს, ოთახში აფორიაქებული აბატი გიუდენი შევიდა. - ჩქარა წამოდით, მარკიზო, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ქარიშხლის ჩახშობა, თქვენს უფროსებს შორის რომ იფეთქა რატომღაც. მეფის სამხედროს მიტოვებაც კი უნდათ. მე მგონი ის სატანა რიფოელია ალიაქოთის მიზეზი. ასეთ ჩხუბს ყოველთვის უმნიშვნელო რამე იწვევს! ამბობენ, თითქოს მადამ დიუ გამ შენიშვნა მისცა რიფოელს, რომ მეჯლისზე ძალიან უშნოდ ჩაცმული მოვიდა. - გადარეული ქალი! - წამოიძახა მარკიზმა - გადაწყვიტა მოთხოვნა. - შევალიე დე ვისარმა, - გააწყვეტინა გიუდენმა და გააგრძელა, - უპასუხა, რომ მეფის სახელით დანაპირები ფული რომ მიეცათ... - საკმარისია, აბატო... ყველაფერი გასაგებია, ეს სცენა წინასწარ მომზადდა. ხომ ასეა? თქვენ კი დესპანად გამოგგზავნეს... - მე, მარკიზო? - ისევ გააწყვეტინა აბატმა, - პირიქით, მე მტკიცედ დაგიჭერთ მხარს და თქვენც, იმედი მაქვს, ჩემ მიმართ სამართლიანი იქნებით და დაიჯერებთ, რომ საფრანგეთში საკურთხევლის აღდგენა, მეფის მისი წინაპრების ტახტზე აღდგენა ჩემი მცდელობისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი ჯილდოა, ვიდრე რენის ეპისკოპოსის წოდება, თქვენ რომ მე... აბატმა ვეღარ გაბედა სათქმელის გაგრძელება, რადგან ამ სიტყვებზე მარკიზმა მწარედ ჩაიცინა. ახალგაზრდა მეთაურმა მაშინვე უკუაგდო ნაღვლიანი ფიქრები, მკაცრი გამომეტყველება მიიღო და აბატს გაჰყვა ოთახში, საიდანაც ბრაზიანი ლაპარაკი ისმოდა. - მე აქ არავის ძალაუფლებას არ ვაღიარებ, - ყვიროდა რიფოელი, მოელვარე თვალებით უყურებდა ირგვლივ ყველას და წამდაუწუმ ხმლის ვადაზე იტაცებდა ხელს. - საღი აზრის ძალაუფლებასაც არ აღიარებთ? - ცივად ჰკითხა მარკიზმა. ახალგაზრდა შევალიე დე ვისარი, მამაპაპისეული სახელით რიფოელად ცნობილი, კათოლიკური არმიის მათაურის დანახვაზე დადუმდა. - რამე მოხდა, ბატონებო? - იკითხა ახალგაზრდა მეთაურმა და მოკამათეების გამძვინვარებულ სახეებს დააკვირდა.. - დიახ, მოხდა, მარკიზო, - უპასუხა ცნობილმა კონტრაბანდისტმა, შეცბუნებულმა როგორც მდაბიომ, დიდებულის წინაშე რომ აღმოჩნდება, თავიდან ცრუ მოსაზრებებით შებოჭილია, მერე გადააბიჯებს დაბრკოლებას, ზღუდეს, მას რომ აშორებს დიდებულისაგან, თავის ტოლს დაინახავს მასში და უკვე ყველანაირი ზღვარი იშლება, - დიახ, რაღაც მოხდა, - გაიმეორა მან, - და ძალიან დროულად მოხვედით. მაამებელი ლაპარაკი არ მეხერხება და პირდაპირ გეტყვით. წინა ომში ხუთასკაციან რაზმს ვხელმძღვანელობდი. მერე ისევ ავიღეთ იარაღი ხელში, მეფის სამსახურისთვის მოვაგროვე ათასი კაცი, ჩემსავით ჯიუტები არიან. აი, უკვე შვიდი წელია, რაც თავს ვწირავ მართალი საქმისთვის. არაფერს გსაყვედურობთ, მაგრამ ხომ იცით, ყველა შრომა მოითხოვს ანაზღაურებას. მაშ ასე, ჯერ ერთი, მინდა, რომ დამიძახონ ბატონი დე კოტრო და მინდა, რომ მომცენ პოლკოვნიკის ჩინი, თორემ მოვურიგდები პირველ კონსულს და ვაღიარებ დანაშაულს. იცით, ბატონო მარკიზო, მე და ჩემს ხალხს საშინელი გულისგამაწყალებელი კრედიტორი გვყავს და მისი მოთხოვნები აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს!.. აი, ეს, - დაუმატა კონტრაბანდისტმა და მუცელზე დაირტყა ხელი. - მევიოლინეები უკვე მოვიდნენ? - დამცინავად ჰკითხა მადამ დიუ გას. მაგრამ კონტრაბანდისტი უხეშად შეეხო ამ, როგორც ანგარიშიანი, ასევე, პატივმოყვარე ხალხისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვან თემას, ძალიან დიდხანს რომ ელოდნენ მეფის დანაპირებს და დასტურს და ამიტომ მათი ახალგაზრდა მეთაურის შეურაცხმყოფელმა კითხვამ ვერ აუგდო კითხვა ბანზე. ფიცხმა ჭაბუკმა დიუ ვისარმა სწრაფად გადაუღობა გზა მონტორანს და ხელი სტაცა, რომ არ წასულიყო. - ფრთხილად იყავით, მარკიზო! მეტისმეტად აგდებულად ექცევით ხალს, რომელსაც უფლება აქვს იმ პირის მადლიერებისა, ვისი წარმომადგენელიც თქვენ ბრძანდებით. ჩემთვის ცნობილია, რომ მისმა უდიდებულესობამ უფლება მოგცათ, განდოთ, დაადგინოთ ჩვენი დამსახურება, რომლისთვისაც ჯილდო გვეკუთვნის... დედამიწაზე ან იმქვეყნად, ჩვენ ხომ ეშაფოტი ყოველდღე გველის. ჩემზე კი, გეტყვით, რომ გენერალ-მაიორის ჩინი... - პოლკოვნიკი უნდა გეთქვათ? - არა, მარკიზო, შარეტმა უკვე მომანიჭა პოლკოვნიკობა, ჩემი უფლება იმ ჩინზე, რომელზეც გელაპარაკებით, სრულიად უდავოა და ახლა მე ჩემზე კი არ გელაპარაკებით, არამედ ყველა ჩემს მამაც თანამებრძოლზე, რადგან მათი დამსახურება უნდა დადასტურდეს. ამისთვის თქვენი ხელმოწერაა საკმარისი და გარკვეულ დრომდე დაპირებით დაკმაყოფილდებიან. და უნდა ვაღიაროთ, - ჩურჩულით დაუმატა დიუ ვისარმა, - რომ ეს ძალიან ცოტაა.მაგრამ, - გააგრძელა ხმამაღლა, - როცა ვერსალში მზე ამობრწყინდება და მონარქიის ბედნიერ დღეებს გაანათებს, განა ადვილი იქნება ერთგული ხალხისთვის, რომლებიც ეხმარებოდნენ მეფეს საფრანგეთში საფრანგეთის დაპყრობაში, ადვილი იქნება მათთვის, წყალობა მოიპოვონ თავიანთი ოჯახებისთვის, პენსიები ქვრივებისთვის, მიწებისა და სხვა ქონების დაბრუნება, მათ რომ ჩამოართვეს. არა მგონია! ამიტომ, მარკიზო, სრულიადაც არ იქნება ზედმეტი მათი დამსახურების წერილობითი დადასტურება. არასოდეს შემეპარება ეჭვი მეფეში, მაგრამ ვერ ვენდობი მის მინისტრებსა და დიდებულებს. ეს გაიძვერები ყურებს გამოუჭედავენ სახელმწიფოს სიკეთეზე, საფრანგეთის ღირსებაზე, გვირგვინის ინტერესებზე და მრავალ სხვა სისულელეზე, მაგრამ რომელიმე პატიოსან ვანდეელს ან მამაც შუანს დასცინებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკვე ბებერი იქნება, ხმალი, სამართლიანობისთვის რომ იშიშვლა, გაჭირვებისგან გამხმარ ფეხებში მოედება... აბა, თქვენ გგონიათ, რომ მართლი არ ვარ? - შესანიშნავად ლაპარაკობთ, მესიე დიუ ვისარ, მაგრამ მეტისმეტად ადრე ლაპარაკობთ, - უპასუხა მარკიზმა. - მისმინეთ, მარკიზო, - ჩუმად უთხრა გრაფმა დე ბოვანმა, - ღმერთმანი, რაფოელმა ყველაფერი ძალიან სწორად თქვა. სრულიად დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ მეფე ყურს დაგიგდებთ. თქვენ ხომ ნახავთ ხოლმე და, გულახდილად გეტყვით, თუ აზნაურის პატიოსან სიტყვას არ მომცემთ, რომ თავის დროზე მომიხერხებთ საფრანგეთის ობერ-ეგერმეისტრის თანამდებობას, რა ჯანდაბისთვის ჩავიგდო თავი საფრთხეში? მეფისთვის ნორმანდიის დაპყრობაც სახუმარო საქმე არ არის, ამიტომ ორედნის იმედიც მაქვს. თუმცა, - დაუმატა და გაწითლდა, - ამ ყველაფერზე კიდევ მოვასწრებთ ლაპარაკს. ღმერთმა დამიფაროს, ამ ხეპრეებივით თავი მოგაბეზროთ. დაელაპარაკეთ ჩემზე მეფეს და ჩემთვის ეს საკმარისია. ყოველმა მეთაურმა მეტ-ნაკლებად ეშმაკური ფორმა იპოვა მარკიზისთვის დამსახურების დაფასების, სავარაუდო მოლოდინის სათქმელად. ერთი მოკრძალებულად ითხოვდა ბრეტანის გუბერნატორის პოსტს, მეორე - მამულს და ბარონის ტიტულს, მესამე - ჩინს, მეოთხე - მეთაურობას. ყველას უნდოდა პენსია. - და თქვენ, ბარონო? - მიუბრუნდა მარკიზი დიუ გენიკს, - ნუთუ არაფერი გინდათ? - ღმერთმანი, მარკიზო, ამ ბატონებმა საფრანგეთის გვირგვინის გარდა არაფერი დამიტოვეს, რა გაეწყობა, დავჯერდები ამას! - ეჰ, ბატონებო! - დასჭექა აბატმა გიუდენმა, - როგორ გეჩქარებათ! გამარჯვების დღეს თქვენი სულსწრაფობით ყველაფერს გააფუჭებთ. მეფემ რევოლუციონერებსაც ხომ უნდა უწყალობოს რამე? - იაკობინელებს, - წამოიძახა კონტრაბანდისტმა, - მეფე რომ ნებას მომცემდეს, ვპირდები, ჩემი ათასი კაცი ჩამოახრჩობდა სუყველას და უცებ მოვიშორებდით თავიდან. - მესიე დე კონტრო, - ჩაერია მარკიზი, - ვხედავ, სტუმრები უკვე მოდიან. ჩვენ ერთმანეთს გულმოდგინებასა და ზრუნვაში უნდა შევეჯიბროთ, ეს ხალხი მოვიმხროთ ჩვენს წმინდა საქმეში სათანამშრომლოდ. გესმით ალბათ, რომ რამდენად სამართლიანიც უნდა იყოს თქვენი თხოვნა, ახლა ამის დრო არ არის. ამ სიტყვებით, მარკიზი გაეშურა კარისკენ, თითქოს ადგილობრივ დიდებულთა შესახვედრად, მაგრამ თამამმა კონტრაბანდისტმა მორჩილი და მოწიწებული სახით გზა გადაუღობა. - არა, არა, ბატონო მარკიზო, ბოდიშს გიხდით, მაგრამ იაკობინელებმა 1793 წელს ძალიან კარგად გვასწავლეს, რომ ვინც პურს იმკის, ის არ ჭამს ნამცხვარს. ამ ქაღალდზე მომიწერეთ ხელი და ხვალ ათას ხუთას კაცს მოგიყვანთ, თუ არა, პირველ კონსულს მოველაპარაკები. მარკიზმა ამაყად მიმოიხედა და დაინახა, რომ ბებერი შუანის თავხედურმა სიტყვებმა და მტკიცე ტონმა არავინ აღაშფოთა. ერთადერთი კაცი იჯდა კუთხეში, არავითარ მონაწილეობას არ იღებდა ამ სცენაში და მშვიდად ტენიდა თიხის ჩიბუხს. ხარბი ორატორებისადმი აშკარა სიძულვილს გამოხატავდა, მორიდებულმა პოზამ და თანაგრძნობამ მის მზერაში რომ დაიჭირა მარკიზმა, აიძულა, ყურადღება მიექცია ამ უანგარო კაცისთვის. მაიორი ბრიგო იცნო, როიალისტების წინამძღოლი. სწრაფად მიუახლოვდა.

კარი IV - და შენ? შენ რაღას მოითხოვ? - ოო, ბატონო მარკიზო, მეფე თუ დაბრუნდება, კმაყოფილი ვიქნები. - შენთვის? - ჰო, ჩემთვის... ხუმრობთ? მარკიზმა დაკოჟრებული ხელი ჩამოართვა ბრეტონელს, მიუახლოვდა მადამ დიუ გას და უთხრა: - ქალბატონო, სანამ ბრეტანის კათოლიკური არმიის შესახებ ზუსტ ანგარიშს მივუტანდე მეფეს, შეიძლება დავიღუპო ბრძოლაში. თუ რესტავრაციას მოესწრებით, არ დაგავიწყდეთ ეს წესიერი კაცი და არც ბარონი დიუ გენიკი. ეს ორი უფრო თავდადებულია, ვიდრე ყველა დანარჩენი. და მიუთითა წინამძღოლებზე, მოუთმენლად რომ ელოდნენ, როდის შეუსრულებდა მარკიზი თხოვნას. ყველას რაღაც გაშლილი ქაღალდი ეჭირა ხელში, ეტყობა, მათი დამსახურების დადასტურება, წინა ომების გენერლების დამადასტურებელი ხელმოწერებით. ამ ბრბოში აბატი გიუდენი, გრაფი დე ბოვენი და ბარონი დიუ გენიკი თათბირობდნენ, როგორ ეშველათ მარკიზისთვის, უარი ეთქვა გაზვიადებულ პრეტენზიებზე, რაკი ხედავდნენ, რა რთულ მდგომარეობაში ჩააყენეს. უცებ მარკიზმა ირონიით მოციმციმე ცისფერი თვალები მოავლო შეკრებილ ხალხს და მკაფიოდ განაცხადა: - ბატონებო, არ ვიცი, რამდენად დიდია ჩემი უფლებამოსილება, მეფემ რომ ინება, ებოძებინა იმისათვის, რომ შევძლო თქვენი თხოვნის დაკმაყოფილება! იქნებ ასეთ თავგამოდებას და ერთგულებას არ მოელოდა. ახლავე, თქვენ თვითონ განსაჯეთ ჩემი მოვალეობანი და იქნებ მოვახერხო მათი შესრულება. გავიდა და მალევე დაბრუნდა ხელში მეფის ბეჭდიანი და ხელმოწერილი გაშლილი წერილით. - აი, სიგელი, რომლის თანახმადაც ვალდებული ხართ, დამემორჩილოთ. ეს საბუთი უფლებას მაძლევს, მეფის სახელით ვმართო ბრეტანი, ნორმანდია, მანი და ანჟუ და დავადგინო მეფის არმიის ოფიცერთა დამსახურებანი. კმაყოფილების დუდუნმა გადაუარა ხალხს. შუანები მარკიზისკენ წამოვიდნენ და მოწიწებით შემოეხვივნენ. ყველა მეფის ხელმოწერილ სიგელს უყურებდა. ახალგაზრდა წინამძღოლმა, ბუხართან რომ იდგა, საბუთი ცეცხლში ჩააგდო. ქაღალდი აბრიალდა და თვალის დახამხამებაში ჩაინავლა. - მე მინდა, მეთაური ვიყო მათი, ვინც მეფეში მეფეს ხედავს და არა გასაგლეჯ მსხვერპლს. თავისუფალი ხართ, შეგიძლიათ, დამტოვოთ... - მადამ დიუ გამ, აბატმა გიუდენმა, მაიორმა ბრიგომ, შევალიე დე ვისარმა, ბარონმა დიუ გენიკმა, გრაფმა დე ბოვანმა აღფრთოვანებულებმა იყვირეს - გაუმარჯოს მეფეს! თუ დანარჩენები თავს იკავებდნენ ამ შეძახილისგან, მარკიზის კეთილშობილური ჟესტით კმაყოფილები სთხოვდნენ, დაევიწყებინა მათი თხოვნა და არწმუნებდნენ, რომ სიგელის გარეშეც მათი წინამძღოლი იქნებოდა ყოველთვის. - წავედით, ვიცეკვოთ! - წამოიძახა გრაფმა დე ბოვანმა, - და რაც მოხდება, მოხდეს! ბოლოს და ბოლოს, - დაუმატა მან, - მეგობრებო, უკეთესია, მივმართოთ ღმერთს, ვიდრე მის წმინდანებს. ჯერ ვიბრძოლოთ, მერე გამოჩნდება. - აა, აი ეს სწორია. მაპატიეთ, ბარონო, - ჩუმად უთხრა ბრი-გომ ერთგულ დიუ გენიკს, - არასოდეს მინახავს, დღის საქმის საფასურს დილიდან ითხოვდნენ. სტუმრები გაიფანტნენ სალონებში, სადაც რამდენიმე კაცი უკვე შეკრებილიყო. მარკიზი ამაოდ ცდილობდა, დაემალა ნაღველი, ჩანდა, მეთაურებმა შენიშნეს, როგორ იმოქმედა იმ სცენამ ადამიანზე, რომლის ერთგულებასაც ჯერ ისევ სდევდა ჭაბუკური ლამაზი ილუზიები და შერცხვათ. დამათრობელმა სიხარულმა მოიცვა როიალისტთა პარტიის ყველაზე აღტაცებული წევრები, რომელთაც ამბოხებულ მიყრუებულ პროვინციებში არასოდეს შეეძლოთ რევოლუციური მოვლენების სწორად შეფასება და სრულიად უსაფუძვლო იმედებს რეალურად იღებდნენ. გაბედულმა სამხედრო ოპერაციებმა, მონტორანმა რომ წამოიწყო, მისმა სახელმა, ქონებამ, მისმა ნიჭმა, მხნეობა შემატა ყველას და პოლიტიკური, ყველაზე სახიფათო თრობა გამოიწვია, რადგან მისი გაგრილება, განელება მხოლოდ სისხლის ნაკადს შეუძლია, როგორც წესი, ამაოდ დაღვრილს. იქ შეკრებილთათვის რევოლუცია საფრანგეთის სამეფოში წარმავალი არეულობა იყო, რომელიც ვერაფერს დააკლებდა და შეცვლიდა. ეს სამეურნეო მხარე ჯერ ისევ ბურბონებს ეკუთვნოდა. როიალისტები იქ განუყოფლად ბატონობდნენ, იმდენად, რომ ოთხი წლის წინ ოშმა უფრო ზავს მიაღწია, ვიდრე მშვიდობას. დიდგვაროვანნი არასერიოზულად უდგებოდნენ რევოლუციონერებს. მათთვის ბონაპარტი იგივე მარსი იყო, ოღონდ უფრო იღბლიანი, ვიდრე მისი წინამორბედი. ქალები დიდი სიხარულით ემზადებოდნენ საცეკვაოდ. მხოლოდ რამდენიმე მეთაურმა, ადრეც რომ უბრძოლიათ ლურჯებთან, იცოდა, ახლანდელი კრიზისი რამდენად სერიოზული იყო. ისიც იცოდნენ, რომ ჩამორჩენილ თანამემამულეებთან პირველ კონსულზე და მის ძლიერებაზე ლაპარაკი უსარგებლო იყო, ვერ გაიგებდნენ და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ, თან გულგრილად უყურებდნენ ქალებს, რომლებიც სამაგიეროს იმით უხდიდნენ, რომ ერთმანეთს გულმოდგინედ აკრიტიკებდნენ. მადამ დიუ გამ მასპინძლობა იკისრა და ცდილობდა, მოცეკვავე ქალების გაღიზიანება დაეშოშმინებინა იმით, რომ რიგრიგობით ყველას ჩვეულებრივ ქათინაურს ეუბნებოდა. უკვე ისმოდა ინსტრუმენტების მკვეთრი ხმები, მუსიკოსები რომ აწყობდნენ. როცა მადამ დიუ გამ ჯერ ისევ ნაღვლიანი მარკიზი შენიშნა და სწრაფად წავიდა მისკენ. - მინდა იმედი ვიქონიო, რომ სრულიად ჩვეულებრივი სცენის გამო არ ხართ მოწყენილი, ამ ჩვენ ტეტიებთან რომ გქონდათ. პასუხი არ მიუღია, რადგან მარკიზი ღრმად იყო წასული ფიქრებში და თითქოს ისევ ჩაესმოდა ყურში მარის წინასწარმეტყველური ხმა, მისი მოსაზრება, როცა ვივეტიერში, ამ მოთავეებს შორის, არწმუნებდა, თავი დაენებებინა მეფეების ხალხის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მაგრამ მაღალი სულის პატრონი იყო, ძლიერ ამაყი, მეტისმეტად მტკიცე, ურყევი შეხედულების, რომ დაწყებული საქმე მიეტოვებინა და ამ წუთში ვაჟკაცურად გადაწყვიტა, მიუხედავად დაბრკოლებებისა, გაეგრძელებინა. ამაყად ასწია თავი და ახლაღა გაიგო, რას ეუბნებოდა მადამ დიუ გა. - გონებით ალბათ ფუჟერში ხართ? - სინანულით უთხრა, რაკი მიხვდა, რომ ამაოდ ცდილობდა მარკიზის გაცნობას, - ოჰ, მესიე, მზად ვარ, მთელი სისხლი გავიღო, ოღონდ თქვენ გვერდით იყოს და ბედნიერს გხედავდეთ მასთან. - აბა, რატომ ესროლეთ ასე მარჯვედ? - რადგან მინდოდა მენახა ან მკვდარი, ან თქვენს მკლავებში. დიახ, ბატონო, შემეძლო მარკიზ დე მონტორანი მყვარებოდა, რადგან მასში გმირს ვხედავდი. ახლა კი მხოლოდ მტკივნეული მეგობრობა დამრჩა, ვხედავ, რომ დიდებას ჩამოაშორა. - სიყვარულს რაც შეეხება, - ირონიულად შენიშნა მარკიზმა, - არასწორად მსჯელობთ ჩემზე! ის გოგო რომ მყვარებოდა, მადამ, ნაკლებად მენდომებოდა.... და, რომ არა თქვენ, ალბათ, აღარც კი ვიფიქრებდი მასზე. - აი, ისიც! - უცებ თქვა მადამ დიუ გამ. მარკიზმა ისე სწრაფად მიატრიალა თავი, რომ საბრალო ქალს საშინლად ეტკინა გული. სანთლების ძლიერ შუქზე ოდნავ ცვლილებასაც კი ხედავდა იმ ადამიანის სახეზე, ასე მგზნებარედ რომ უყვარდა და როცა მოტრიალდა მისკენ, ამ ქალურ ხუმრობაზე მისი გაღიმებული სახე დაინახა, მადამ დიუ გას სულში ბედნიერების დაბრუნების იმედის ნაპერწკალმა გაიელვა. - რაზე იცინით? - ჰკითხა გრაფმა დე ბოვანმა. - გახეთქილ საპნის ბუშტზე, - მხიარულად უპასუხა მადამ დიუ გამ, - მარკიზს, თუკი მის სიტყვებს დაეჯერება, ახლა უკვირს, მისი გული ერთი წამი მაინც როგორ ფეთქავდა იმ გომბიოსთვის, მადმუაზელ დე ვერნეი რომ დაირქვა. გახსოვთ? - იმ გომბიოსთვის?.. - საყვედურით გაიმეორა გრაფმა, - ... ქალბატონო, ბოროტებაში დამნაშავე მე ვარ და უნდა გამოვასწორო; პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ის ქალიშვილი მართლა ჰერცოგ დე ვერნეის ქალიშვილია. - გრაფო! - წამოიძახა მარკიზმა შეცვლილი ხმით, - რომელ თქვენს პატიოსან სიტყვას ვენდოთ - მაშინდელს, ვივეტიერში, თუ დღევანდელს - სენ-ჯემსში? ხმამაღლა გამოაცხადეს: - მადმუაზელ დე ვერნეი. გრაფი კარისკენ გაენთო, დიდი მოწიწებით შესთავაზა ხელი მშვენიერ უცნობს, გაატარა გაკვირვებულ ხალხში და წარუდგინა მარკიზს და მადამ დიუ გას. - დაიჯერეთ მხოლოდ ის, დღეს რაც ითქვა! - უპასუხა გაოგნებულ ახალგაზრდა მეთაურს. მადამ დიუ გა გაფითრდა, როცა ეს თარსი ქალი დაინახა. ერთხანს მადმუაზელ დე ვერნეი გაუნძრევლად იდგა და თვალი მოავლო დარბაზს, სტუმრებს შორის მათ ეძებდა, ვივეტიერში ვინც იყო. დაელოდა მეტოქის იძულებით თავის დაქნევას, მედიდურად, მფარველობითაც კი დაუკრა ოდნავ თავი, მარკიზისკენ არც კი გაუხედავს, დე ბოვანს თავი წააყვანინა საპატიო ადგილამდე და ჩამოჯდა მადამ დიუ გას გვერდით, რომელიც ქალური ინსტინქტით არ გაბრაზებულა და მეგობრული სახე მიიღო. მადმუაზელ დე ვერნეის უცნაურმა სამოსმა და მშვენიერებამ ჩურჩული გამოიწვია. როცა მარკიზმა და მადამ დიუ გამ ვივეტიერის მაშინდელ სტუმრებს გადახედეს, შეამჩნიეს სახეზე გულწრფელი პატივისცემა და თითოეული თითქოს იმაზე ფიქრობდა, როგორ ეპოვნათ ახალგაზრდა პარიზელი ქალის წყალობის მოპოვების საშუალება, ქალისა, ასე რომ შეუარცხყვეს. მტრები შეხვდნენ ერთმანეთს. - ეს ხომ ჯადოქრობაა, მადმუაზელ! მთელს მსოფლიოში მხო-ლოდ თქვენ შეგიძლიათ ხალხის ასე გაოცება! როგორ? სულ მარტო ჩამოხვედით აქ? - სრულიად მარტო, - დაუდასტურა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - ამ საღამოს, ქალბატონო, მხოლოდ ჩემი მოკვლა შეგიძლიათ. - მოიღეთ მოწყალება! - განაგრძო მადამ დიუ გამ, - ვერ გამომიხატავს, როგორ მსიამოვნებს თქვენი ისევ ნახვა. მართლა მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რა დამნაშავე ვიყავი თქვენ წინაშე და ამ შემთხვევას ვეძებდი, გამომესყიდა დანაშაული. - ადვილად გაპატიებთ ყველა შეცდომას, მე რაც მეხება, მაგრამ გულს მიკლავს ლურჯების სიკვდილი, თქვენ რომ დახოცეთ. სხვა რამეც შეიძლებოდა მესაყვედურა, თქვენი მკვახე მანერა კორესპონდენციისა... მაგრამ ყველაფერი მიპატიებია იმ სამსახურის სანაცვლოდ, თქვენ რომ გამიწიეთ. მადამ დიუ გამ თავშეკავების უნარი დაკარგა: მშვენიერი მეტოქე ხელს ჰკიდებდა ხელზე, შეურაცხყოფილი თავაზიანობით უღიმოდა. მარკიზი გახევებული იდგა. მერე უცებ ხელი მაგრად ჩაავლო ხელში გრაფ დე ბოვანს. - უღირსად მომატყუეთ და ღირსებაც კი შემილახეთ. ვიღაც ჟერონტი კი არ ვარ, კომედიიდან. ან თქვენ აგებთ პასუხს თქვენი სიცოცხლით, ან ინებეთ ჩემი. - მარკიზო, - ქედმაღლურად უპასუხა დე ბოვანმა, - მზად ვარ, ყველაფერი აგიხსნათ, რასაც ისურვებთ. და მეზობელი ოთახისკენ გაემართნენ. ამ სცენის საიდუმლოში გაურკვეველი ადამიანებიც კი ხვდებოდნენ, რომ რაღაც ხდება და ვიოლინოებმა ცეკვის დაწყების მანიშნებელი რიტურნელი რომ დაუკრეს, ფეხი არავის მოუცვლია. - მადმუაზელ, რა ასეთი მნიშვნელოვანი სამსახურის გაწევის პატივი მქონდა, რომ დამემსახურებინა... - თქვა მადამ დიუ გამ და გაცოფებულმა მოკუმა ბაგე. - განა თქვენ არ ამიხილეთ თვალი, მადამ, მარკიზ დე მონტორანის ნამდვილ ხასიათზე? ამ საზარელმა ადამიანმა რა გულგრილად გამიმეტა დასაღუპად! დიდი სიამოვნებით გითმობთ. - მაშ, რისთვის ხართ აქ? რას დაეძებთ? - ჰკითხა გაცხარებულმა მადამ დიუ გამ. - პატივისცემასა და ღირსებას, ვივეტიერში რომ წამართვით, ქალბატონო. დანარჩენი ყველაფერი... შეგიძლიათ სრულიად მშვიდად იყოთ. მარკიზი თუნდაც დამიბრუნდეს, თქვენ ალბათ იცით, დაბრუნება არასოდესაა სიყვარული. მადამ დიუ გამ ხელზე მოკიდა ხელი მადმუაზელ დე ვერნეის, იმ განაზებული თავაზიანობით, ქალები მამაკაცების დასანახად რომ იჩენენ ერთმანეთის მიმართ. - ო, ჩემო საბრალო პატარავ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ასე გონივრულად რომ მსჯელობთ. თუ ჩემ მიერ გაწეული სამსახური სასტიკი იყო თავიდან, ახლა სრული მაინც იქნება, - თქვა და ხელზე ოდნავ მოუჭირა ხელი. მაგრამ როგორ უნდოდა ამ უნაზესი კანის დაგლეჯა ფრჩხილებით! - მისმინეთ, ვიცნობ ვაჟკაცის ხასიათს, - უთხრა ცბიერი ღიმილით, - ეჰ, მაინც მოგატყუებდათ, მას არ შეუძლია და არც უნდა არავის შერთვა. - ჰა? - დიახ. მადმუაზელ, სახიფათო მისია მხოლოდ იმისთვის იკისრა, რომ დაემსახურებინა მადმუაზელ დ’იუქსელის ხელი, ალიანსი იყო, რომლისთვისაც მეფე სრულ მხარდაჭერას შეჰპირდა. - აი, თურმე რა! მადმუაზელ დე ვერნეიმ ამ დამცინავ შეძახილს აღარაფერი დაუმატა. ახალგაზრდა, მშვენიერ შევალიე დე ვისარს ერთი სული ჰქონდა, ეპატიებინა მარის მისთვის ხუმრობა, ვივეტიერში შეურაცხყოფის დასაწყისად რომ იქცა, მივიდა მასთან და მოწიწებით გაიწვია საცეკვაოდ. მანაც ხელი გაუწოდა და გაფრთხიალდა კადრილში ჩასადგომად, სადაც მადამ დიუ გაც მონაწილეობდა. ქალების სამეჯლისო კაბები, საფრანგეთიდან განდევნილ სამეფო კარს რომ ახსენებდნენ, მათი დაპუდრული და დახუჭუჭებული თმა სასაცილოდ გამოიყურებოდა დახვეწილი, მდიდრული და სადა კოსტიუმის გვერდით, მადმუაზელ დე ვერნეის მოდის კარნახით რომ ეცვა. ქალები ხმამაღლა კიცხავდნენ, მაგრამ in petto... ნამდვილად შურდათ. მამაკაცები აღფრთოვანებულები იყვნენ ბუნებრივი თმის მშვენიერებითა და სამოსით, რომლის ძირითადი ღირსება ის იყო, რომ ხაზს უსვამდა მის პროპორციულ, წერწეტ ტანს. ამ დროს მარკიზი და გრაფი დარბაზში დაბრუნდნენ. ორივენი მადმუაზელ დე ვერნეის უკან გაჩერდნენ. მარი არ შებრუნებულა. მას თავის პირდაპირ სარკეში რომც არ დაენახა მონტორანი, მადამ დიუ გას ქცევით მაინც მიხვდებოდა, რომ იქ იყო. ქალბატონი ცდილობდა, გულგრილობა შეენარჩუნებინა, მაგრამ ვერ მალავდა, რა მოუთმენლად ელოდა ბრძოლას, ადრე თუ გვიან შეყვარებულებს შორის რომ უნდა ამტყდარიყო. მარკიზი გრაფ დე ბოვანს და ორ სხვა სტუმარს ელაპარაკებოდა, მაგრამ მაინც შეეძლო გაება საუბარი მოცეკვავე ქალებისა და კავალერებისთვის, კონტრდანსის წესის მიხედვით, მადმუაზელ დე ვერნეისა და მისი მეზობლების ადგილი რომ დაიკავეს ერთი წუთით. - ო, ღმერთო ჩემო, დიახ, ქალბატონო, მარტო მოვიდა, - თქვა ერთმა კაცმა. - რა სითამამეა! - უპასუხა მოცეკვავე ქალმა. - ასე რომ მეცვას, თავი შიშველი მეგონებოდა, - თქვა მეორე ქალმა. - ო, თავდაჭერილი და კორექტული კოსტიუმი არ არის. მაგრამ რა ლამაზია, როგორ უხდება! - დაუმატა კავალერმა. - უყურეთ, მე შემრცხვებოდა, ასე უზადოდ რომ ვცეკვავდე, არ გგონიათ, რომ ოპერის მოცეკვავეს ჰგავს? - ისევ ეჭვიანმა ქალმა. - როგორ ფიქრობთ, აქ პირველი კონსულის სახელით სალაპარაკოდ მოვიდა? - ახლა მესამე ქალი ჩაერია. - რა ხუმრობაა, - უპასუხა კავალერმა. - მზითვად უბიწოებას ნამდვილად არ მიიტანს, - სიცილით თქვა პირველმა მოცეკვავემ. ვაჟკაცი უცებ მოტრიალდა, რომ დაინახა ის ქალი, ასეთი ეპიგრამა ვინც გაბედა და მაშინ მადამ დიუ გამ ისეთი სახით შეხედა, აშკარად რომ ნიშნავდა: - ხომ ხედავთ, რასაც ფიქრობენ. - მადამ, - სიცილით უთხრა გრაფმა მარის მოძულეს, - ჯერჯერობით მხოლოდ ქალები ცდილობთ მისი უმანკოების შებღალვას. მარკიზმა გუნებაში ყველაფერი აპატია გრაფს. როგორც იქნა, გაბედა და შეხედა მარკიზმა თავის სატრფოს, რომელიც, რო-გორც თითქმის ყველა ლამაზი ქალი, სანთლის შუქზე კიდევ უფრო მშვენიერი ჩანდა. მარიმ ზურგი შეაქცია, თავის ადგილს დაუბრუნდა და თავის კავალერს დაელაპარაკა, მარკიზის ყურამდე მისმა ალერსიანმა ხმამ მიაღწია. - პირველი კონსული ძალიან სახიფათო ელჩებს გვიგზავნის, - ეუბნებოდა პარტნიორი. - ეგ უკვე ითქვა ვივეტიერში! - უპასუხა მარიმ. - მეფესავით კარგი მეხსიერება გქონიათ, - თქვა ახალგაზრდა კაცმა, უკმაყოფილომ, ასეთი იაღლიში რომ მოუვიდა. - შეურაცხყოფა რომ აპატიო, უნდა გახსოვდეს, - გაუღიმა მარიმ და გამოიყვანა უხერხულობიდან. - ეს ამნისტია ჩვენ ყველას გვეხება? - ჰკითხა მარკიზმა. მაგრამ მარი ბავშვური აღტკინებით გაჰყვა ცეკვის ტალღას და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი მონტორანი უპასუხოდ დატოვა. ცივად და ნაღვლიანად უყურებდა. ამის დანახვაზე მარიმ თავი დახარა ისეთი კეკლუცი მოძრაობით, რომ კისრის ლამაზი, გრაციოზული მოხაზულობა გამოეჩინა და ყველა ის მოძრაობა გააკეთა, რითაც თავისი სხეულის უბადლო სრულყოფილებას უჩვენებდა. მარი იმედივით იზიდავდა და მოგონებასავით ხელიდან უსხლტებოდა. ასეთ მომენტში მისი ნახვა ნებისმიერ ფასად მისი ხელში ჩაგდების სურვილით გამსჭვალვას ნიშნავდა. მარიმ ეს მშვენივრად იცოდა და თავისი სილამაზის გააზრება წარმოუდგენელ მიმზიდველობას ანიჭებდა. მარკიზი გრძნობდა, როგორ ძლიერდებოდა მის გულში სიყვარულის, მძვინვარებისა და სიგიჟის ქარიშხალი. მან მაგრად მოუჭირა ხელი დე ბოვანს და თვალს მიეფარა. - ოჰ, ნუთუ წავიდა? - იკითხა დაბრუნებულმა მადმუაზელ დე ვერნეიმ. გრაფი გავარდა გვერდით ოთახში, მარის თვალით ანიშნა და მარკიზი მოუყვანა. - ჩემია, - გაიფიქრა მარიმ, სარკეში რომ აკვირდებოდა მის იმედის ნაზი მღელვარებით გაცისკროვნებულ სახეს. მარი გამწყრალი სახით მდუმარედ შეხვდა და ღიმილით დაშორდა. ხედავდა, რომ სხვებს აღემატებოდა და ეამაყებოდა, რომ შეეძლო, ტირანულად მოპყრობოდა, უნდოდა, ძვირად დასჯდომოდა რამდენიმე კეთილი სიტყვა, ეგრძნობინებინა მათი ფასი ქალური ინსტინქტით, მეტ-ნაკლებად ყველა ქალი რომ ემორჩილება. კადრილის დამთავრებისთანავე, ვივეტიერში ნამყოფი ყველა დიდებული მიეახლა, გარს შემოერტყნენ, ყველას უნდოდა დანაშაულის გამოსყიდვა მეტ-ნაკლებად კარგად მოფიქრებული მლიქვნელობით, თავაზიანობით, მაგრამ ის, ვისი ნახვაც ყველაზე მეტად უნდოდა თავის ფეხებთან, თაყვანისმცემელთა ჯგუფს, სადაც იგი მეფობდა, არც კი უახლოვდებოდა. - ჰგონია, რომ ისევ მიყვარს და არ უნდა, გაერიოს ჩემთვის უინტერესო ხალხში, - გაიფიქრა მარიმ. ცეკვაზე უარი თქვა. იტყოდით, მის პატივსაცემად მოწყობილი საღამოაო, გადადიოდა კადრილის მოცეკვავეთა ერთი ჯგუფიდან მეორესთან, გრაფ დე ბოვანის მკლავზე დაყრდნობილი, რომლის მიმართაც აშკარად გამოხატავდა კეთილგანწყობას. მადამ დიუ გას წყალობით, ვივეტიერში მომხდარი ამბები ყველამ დაწვრილებით იცოდა. მან საქვეყნო გახადა მადმუაზელ დე ვერნეისა და მარკიზის ურთიერთობანი, ცდილობდა, ამით მათი შერიგებისთვის დამატებითი დაბრკოლება შეექმნა. ასე რომ, ორი გაბუტული შეყვარებული საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. მონტორანი ვერ ბედავდა თავის შეყვარებულთან მიახლოებას, რადგან დანაშაულის გრძნობა და ბობოქარი, ისევ აგიზგიზებული ტრფიალი ბოჭავდნენ და ამონებდნენ, ქალიშვილი კი, თითქოს მოცეკვავეებს აკვირდებოდა, თვალს ადევნებდა მის ვითომდა მშვიდ სახეს. - აქ საშინლად ცხელა, - უთხრა მარიმ თავის კავალერს, - მესიე დე მონტორანსაც შუბლი დაცვარული აქვს, გამიყვანეთ მეორე ოთახში, აქ სუნთქვა არ შემიძლია. ვიხრჩობი, - თავის მოძრაობით გრაფს მეზობელი სალონი მიუთითა, სადაც რამდენიმე ადამიანი ბანქოს თამაშობდა. მარკიზიც გაჰყვა, ტუჩების მოძრაობით გამოიცნო, რაც თქვა. თამამმა იმედმა გაუელვა, განცალკევდა ჩემთან დასალაპარაკებლადო და ამ შესაძლებელმა წყალობამ მის ვნებას მანამდე განუცდელი სიმძლავრე შესძინა და სიყვარული გაუძლიერა. მარის სიამოვნებდა შუანების ახალგაზრდა მეთაურის წვალება, მისი ალერსიანი და ხავერდოვანი მზერა, როცა გრაფს უყურებდა, უმეტყველო და პირქუში ხდებოდა, თუ შემთხვევით მარკიზის თვალებს წააწყდებოდა. მონტორანმა თავს ძალა დაატანა და ყრუ ხმით ჰკითხა: - მაშ, მე არ მაპატიებთ? - სიყვარული ან არაფერს პატიობს, ან ყველაფერს, - ცივად უპასუხა მარიმ, - მაგრამ ამისთვის უნდა გიყვარდეს... - დაუმატა, როცა დაინახა რომ სიხარულმა გადაურბინა. მერე ისევ დაეყრდნო გრაფის მკლავს და სწრაფად გავიდა სათამაშო დარბაზის მომიჯნავე, ბუდუარის მსგავს ოთახში. მარკიზიც შეჰყვა. - უნდა მომისმინოთ! - შესძახა მან. - ვინმეს ეგონება, რომ თქვენი გულისთვის მოვედი და არა ჩემი თავის პატივისცემის გამო. თუ არ შეწყვეტთ ჩემს დევნას, წავალ. - კარგი, - თქვა მარკიზმა და გაახსენდა ლოტარინგიის უკანასკნელი ჰერცოგის გიჟური საქციელი, - ნება მომეცით, იმდენ ხანს გელაპარაკოთ, რამდენ ხანსაც შევძლებ ხელში ამ ნახშირის დაჭერას. დაიხარა, ბუხრიდან გავარვარებული ნახშირი ამოიღო და მაგრად მოუჭირა ხელი. მადმუაზელ დე ვერნეი გაწითლდა. გაითავისუფლა ხელი, გრაფს რომ ეყრდნობოდა და გაკვირვებულმა შეხედა მონტორანს. გრაფი ჩუმად გავიდა, შეყვარებულები მარტო დატოვა. ასეთმა გიჟურმა საქციელმა გული შეუტოკა მარის, რადგან სიყვარულში ყველაზე დამაჯერებელი მამაცური სისულელეა. - ამით მხოლოდ იმას ამტკიცებთ, რომ შეგიძლიათ ჩემი უსასტიკესი წამება, - ეუბნებოდა და თან ცდილობდა, გაეგდებინებინა ნახშირი, - ყველაფერში უკიდურესობა გიყვართ. სულელის სიტყვები და ქალის ცილისწამება დაიჯერეთ, ეჭვი შეგეპარათ მასში, ვინც სიკვდილს გადაგარჩინათ, ეჭვი შეგეპარათ იმაში, რომ გაგყიდდათ! - დიახაც, სასტიკად მოგექეცით, - ღიმილით უთხრა, - სამუდამოდ დაივიწყეთ ეს, მე კი არასოდეს დამავიწყდება. მომისმინეთ... სულმდაბლად მომატყუეს, მაგრამ იმ საბედისწერო დღეს იმდენმა გარემოებამ მოიყარა თავი, თქვენ წინააღმდეგ რომ ღაღადებდა... - და თქვენი სიყვარულის ჩასაქრობად ეს გარემოებები საკმარისი აღმოჩნდა? პასუხს ვერ ბედავდა. მარიმ ქედმაღლური ჟესტი გააკეთა და ადგა. - ო, მარი! აღარ მინდა დავიჯერო, რომ თქვენ... - და გადააგდეთ ბოლოს და ბოლოს ეგ ნახშირი. გიჟი ხართ. გახსენით ხელი. მე ასე მინდა. სიამოვნებდა მარის ნაზი მცდელობის წინააღმდეგობის გაწევა. სურდა, გაეგრძელებინა ძლიერი სიამოვნება, როცა ეხებოდა თლილი, საყვარელი თითები. ბოლოს, როგორც იქნა, გაახსნევინა დამწვარი ხელი. მარი მზად იყო, დაეკოცნა. სისხლმა ნახშირი ჩააქრო. - აბა, ამით რას მიაღწიეთ? - დაძებნა თავისი ცხვირსახოცი, ჭრილობას დააფარა, რომელიც არც ისე ღრმა იყო. მერე მარკიზმა დასამალად ხელთათმანი მოირგო. მადამ დიუ გა ფეხაკრეფით შეიპარა სათამაშო ოთახში. ჩუმჩუმად უთვალთვალებდა შეყვარებულებს, მათ ოდნავ განძრევაზეც კი მარჯვედ უკან იხევდა და ემალებოდა. ძნელი იყო, გაეგო მათი სიტყვები, მაგრამ ყველაფერს ხედავდა. - ყველაფერი, რაც ჩემზე გითხრეს, მართალი რომ ყოფილიყო, აღიარეთ, რომ ახლა შურისძიება შესრულებულად შეიძლება ჩათვლილიყო, - ღვარძლიანად უთხრა მარიმ; მარკიზი გაფითრდა. - რა გრძნობამ მოგიყვანათ აქ, არ იტყვით? - ჩემო ძვირფასო ბავშვო, მართლა ქარაფშუტა ხართ! ნუთუ მართლა გგონიათ, რომ დაუსჯელად შეიძლება შეურაცხყო ჩემნაირი ქალი? აქ თქვენ გამოც მოვედი და ჩემ გამოც, - მცირე პაუზის მერე დაუმატა, მკერდზე მოელვარე ლალის „მტევანს“ დასწვდა და ხანჯლის პირი უჩვენა. - ეს ყველაფერი რას ნიშნავს? - ფიქრობდა მადამ დიუ გა. - მაგრამ თქვენ ისე გიყვარვართ, - განაგრძო მარიმ, - ყოველ შემთხვევაში, გინდივართ მაინც, რაც ამ წუთში ჩადენილმა თქვენმა სისულელემ დამიმტკიცა, - და მისი ხელი აიღო. თქვენთვის მე ის ვარ, რაც მინდოდა და ბედნიერი მივდივარ. ვისაც ვუყვარვართ, მას მივუტევებთ კიდევაც. მე ვუყვარვარ, დამიბრუნდა პატივისცემა ადამიანისა, ჩემთვის მთელი სამყარო რომ არის. ახლა შემიძლია მოვკვდე. - მაშ, ისევ გიყვარვართ? - შეეკითხა მარკიზი. - განა ეგ ვთქვი? - დამცინავად უპასუხა მარიმ და სიხარულით შენიშნა, რომ მოსვლისთანავე დაწყებული წამება მარკიზისა - გაძლიერდა, - იცით, გარკვეული მსხვერპლის გაღება დამჭირდა აქ მოსასვლელად! სიკვდილს გადავარჩინე მესიე დე ბოვენი, რომელმაც, სამაგიეროდ, თავისი ხელი და ქონება შემომთავაზა. თქვენ მსგავსი რამ აზრად არ მოგსვლიათ! ამ სიტყვებმა მარკიზი განაცვიფრა, გადაწყვიტა, რომ გრაფმა ისევ მოატყუა და ისე განრისხდა, როგორც არასდროს, მაგრამ თავი შეიკავა და არაფერი უპასუხა. - აა! ფიქრობთ? ყოყმანობთ? - მწარედ გაეღიმა. - მადმუაზელ, თქვენი უნდობლობა ჩემს ეჭვებს ამართლებს. - წავიდეთ აქედან, - რადგან მადამ დიუ გას კაბის კალთას მოჰკრა თვალი და წამოდგა, მაგრამ სურვილმა, მეტოქე სასოწარკვეთილებამდე მიეყვანა, შეაჩერა. - მაშ, გინდათ ჯოჯოხეთში მოვხვდე? - ჰკითხა მარკიზმა და მაგრად ჩაჰკიდა ხელი. - ხუთი დღის წინ თქვენ განა ეგ არ გააკეთეთ? და ამ წუთშიც, განა არ მტანჯავს სასტიკი ეჭვი თქვენი სიყვარულის გულწრფელობისა? - მე რა ვიცი, იქნებ თქვენი შურისძიების მიზანია, დაეპატრონოთ ჩემს სიცოცხლეს, ჩირქი მომცხოთ, ნაცვლად ჩემი სიკვდილის ნდომისა? - ოჰ, არ გიყვარვართ! ხოლოდ თქვენზე ფიქრობთ, ჩემზე კი არა! - გაცეცხლდა მარი და ცრემლები გადმოსცვივდა. ლამაზმა ქალმა იცოდა, რა ძალა ჰქონდა ცრემლით დანისლულ მის თვალებს. - აიღე ჩემი სიცოცხლე, ოღონდ ცრემლი შეიშრე! - თავდავიწყებით შესძახა მარკიზმა. - ო! ჩემო სიყვარულო, - შესძახა მარიმ მოგუდული ხმით, - აი, როგორც იქნა, სიტყვები, ხმა და მზერა, ასე რომ ველოდი! ახლა შენი ბედნიერება ჩემსას მირჩევნია! ოღონდ, მესიე, გთხოვთ უკანასკნელ დასტურს თქვენი სიყვარულისას, რომელიც, როგორც ამბობთ, ასეთი ძლიერია. აქ დიდხანს არ მინდა დარჩენა. მხოლოდ იმდენი ხანი, რომ ყველამ დაინახოს, მე რომ მეკუთვნით. იმ სახლში, სადაც ის ქალი ცხოვრობს, რომელმაც ორჯერ სცადა ჩემი მოკვლა, რომელიც ალბათ, კიდევ რაღაცას ხლართავს ჩვენს წინააღმდეგ და ამ წუთშიც ყურს გვიგდებს ჩასაფრებული, - დაუმატა მარიმ და თითით მადამ დიუ გას კაბის ნაკეცების გაფრიალებაზე მიუთითა, - იმ სახლში მე ჭიქა წყალსაც კი არ დავლევ, - მერე ცრემლი შეიმშრალა, დაიხარა და რაღაც ჩასჩურჩულა ყურში მარკიზს, რომელიც მისმა თბილმა, მოალერსე სუნთქვამ შეაკრთო. - ყველაფერი მოამზადეთ წასასვლელად, - ჩურჩულებდა მარი, - გამაცილეთ ფუჟერამდე და მხოლოდ იქ გაიგებთ, ნამდვილად მიყვარხართ თუ არა! მეორეჯერ გენდობით. თქვენ შეგიძლიათ მეორედ მომენდოთ? - ოჰ, მარი, იქამდე მიმიყვანეთ, რომ აღარ ვიცი, რას ვაკეთებ! თქვენი სიტყვები, თქვენი თვალები, თქვენ ისე მათრობთ, მზად ვარ, ყველაფერი შეგისრულოთ. - აბა, მაშ, კარგი! გამაბედნიერეთ! საშუალება მომეცით, დავტკბე ტრიუმფით, ასე რომ ველოდები. მინდა ვისუნთქო იმ ცხოვრების ჰაერით, რომ ვოცნებობდი, დავტკბე ილუზიებით, სანამ არ გაფანტულან. წავიდეთ. მოდით, მეცეკვეთ. დარბაზში ერთად დაბრუნდნენ. და მართალია, მადმუაზელ დე ვერნეის გული და პატივმოყვარეობა სავსებით დაკმაყოფილებული იყო, რამდენადაც ეს ქალისთვისაა შესაძლებელი, მისი თვალების ამოუხსნელი თვინიერება, სიმშვიდე, ნაზი ღიმილი, ნატიფი მოძრაობები სწრაფი ცეკვისა, მალავდნენ მისი აზრების საიდუმლოს, როგორც ზღვა ინახავს ბოროტმოქმედის საიდუმლოს, მიცვალებულის სიმძიმეს რომ მიანდობს. საზოგადოებას ჩურჩულმა გადაურბინა, როცა მარი დატრიალდა და მკლავებში მოექცა თავის მიჯნურს ვალსის ცეკვისას. მიბნედილი თვალებით, გაბრუებულები, ხელებშემოჭდობილები ბზრიალებდნენ, რაღაცნაირი გაშმაგებით ჩახვეულები და ამით ამჟღავნებდნენ იმ სიამოვნების იმედს, უფრო ახლო ყოფნა რომ ჰპირდებოდათ. - გრაფო, გაიგეთ, მოიტაცე-დიდი-კვერი თუ დაბრუნდა ბანაკში და გამომიგზავნეთ, - დაავალა მადამ დიუ გამ გრაფ დე ბოვანს, - დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ამ პატარა სამსახურისთვის ჩემგან ყველაფერს მიიღებთ, რასაც ისურვებთ, ჩემს ხელსაც კი. შურისძიება ძვირი დამიჯდება, - წაიჩურჩულა ქალმა და თვალი გააყოლა, - მაგრამ, ამჯერად არ ავაცდენ. რამდენიმე წუთის შემდეგ მადმუაზელ დე ვერნეი და მარკიზი ოთხ ძლიერ ცხენებშებმულ ბერლინაში ისხდნენ. ფრანსინი გაოგნებული, გატრუნული უყურებდა ვითომ მტრებს, ხელიხელჩაკიდებულები რომ ისხდნენ და როგორც ჩანს, სრულ ურთიერთგაგებას მიაღწიეს. იმის გაფიქრებასაც კი ვერ ბედავდა, მისი ქალბატონის ვერაგობა იყო ეს თუ სიყვარული. სიჩუმისა და ღამის სიბნელის გამო, მარკიზმა ვერ შენიშნა, ფუჟერთან მიახლოებისას, როგორ აღელდა მადმუაზელ დე ვერნეი. დაისის მკრთალ სინათლეში შორს სენ-ლეონარის სამრეკლო გამოჩნდა. და ამ დროს მარიმ გაიფიქრა - მოვკვდები. პირველ აღმართთან, მთის ძირში შეყვარებულებს ერთი და იგივე აზრი დაებადათ. ჩამოვიდნენ ეტლიდან და ფეხით აუყვნენ მაღლობს, თითქოს პირველი შეხვედრის მოსაგონებლად. როცა მარი მკლავზე დაეყრდნო მარკიზს და რამდენიმე ნაბიჯი გაიარეს, ღიმილით გადაუხადა მადლობა იმისთვის, რომ სიჩუმე არ დაურღვია. მაგრამ როცა მაღალ პლატოზე ავიდნენ, საიდანაც ფუჟერი ჩანდა, ოცნებებიდან სრულიად გამოერკვა. - ნუღარ წამოხვალთ, ჩემი ძალაუფლება დღეს ლურჯებისგან ვერ დაგიცავთ. მონტორანის გაკვირვებულ მზერას ნაღვლიანი ღიმილით უპასუხა და ხელით გრანიტის ლოდზე მიუთითა, თითქოს დაჯდომა უბრძანა, თვითონ მოწყენილი დადგა. სულის ამაფორიაქებელი მღელვარება კეკლუცობის ხალისს უკარგავდა. ამ მომენტში მუხლებით რომ დამდგრარიყო გავარვარებულ ნაკვერჩხალზე, ტკივილს ვერ იგრძნობდა, როგორც ვერ იგრძნო წვა მარკიზმა, თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად ნაკვერჩხალი რომ ეჭირა ხელში. მარიმ უზომო მწუხარებით შეხედა თავის სატრფოს და საშინელი სიტყვები უთხრა: - ყველაფერი, რასაც ეჭვობდით ჩემთან დაკავშირებით - მართალია! მარკიზი შეკრთა. რაღაცის თქმა დააპირა; - თუ ღმერთი გწამთ, მომისმინეთ! ნუ შემაწყვეტინებთ, - და ვედრებით შეხედა, - ნუ შემაწყვეტინებთ. მე მართლაც ჰერცოგ დე ვერნეის შვილი ვარ, - აღელვებით დაიწყო მარიმ, - მაგრამ უკანონო შვილი. დედაჩემი, მადმუაზელ დე კატერანი მონაზონი გახდა, რომ აეცდინა წამება, ოჯახში რომ ემუქრებოდა, თხუთმეტი წელი ტირილით გამოისყიდა თავისი ცოდვა და სასოებაში გარდაიცვალა. სასიკვდილო სარეცელზე მყოფი, დედათა მონასტრის წინამძღვარი ჩემი ძვირფასი აბატისა შეევედრა მამაკაცს, რომელმაც მიატოვა ეზრუნა ჩემზე, რადგან მტოვებდა მარტო, მეგობრების, ქონებისა დ მომავლის გარეშე... ამ კაცზე გამუდმებით ლაპარაკობდნენ ფრანსინის დედის სახლში, რომელთანაც მიმიყვანეს, მაგრამ მას გადავავიწყდი. მერე მაინც სიამოვნებით მიმიღო და მაღიარა შვილად, რადგან ლამაზი ვიყავი და ჩემში ალბათ თავის ახალგაზრდობას ხედავდა. ეს ერთ-ერთი იმ დიდებულთაგანი იყო, წინა მეფის დროს რომ მოიხვეჭა დიდება და უჩვენა, როგორ შეიძლება გეპატიოს დანაშაული, თუ დახვეწილად ჩაიდენ. მეტს არაფერს გეტყვით, ის ხომ მამაჩემია! ოღონდ, ნება მომეცით, აგიხსნათ, პარიზულ ცხოვრებას ცუდი გავლენა რატომ უნდა მოეხდინა ჩემს სულზე. ჰერცოგ დე ვერნეის საზოგადოება და ის წრე, რომელშიც შემიყვანა, გატაცებული იყვნენ გამქირდავი ფილოსოფიით, ასე რომ აღაფრთოვანებდა საფრანგეთს, მასზე ყველგან ძალიან გონებამახვილურად მსჯელობდნენ. ბრწყინვალე საუბრები ყურს სიამოვნებდა, მატყვევებდა დახვეწილი მოსაზრებები და პიკანტური ენამოსწრებული ქირდვა ყველაფრის - ჭეშმარიტისა და წმინდის. მამაკაცები დასცინოდნენ გრძნობებს, მშვენივრად ხატავდნენ მათ ისე, რომ თვითონ არაფერს მსგავსს არ განიცდიდნენ, აჯადოებდნენ მსმენელს ეპიგრამებით, და უნარით, მთელი რომანი ერთი, კარგად მიგნებული სიტყვით გადმოეცათ, მაგრამ ხშირად სცოდავდნენ, თავს აბეზრებდნენ მეტისმეტი ენაკვიმატობით და ღლიდნენ ქალებს იმით, რომ სიყვარულს უფრო ხელოვნებად წარმოადგენდნენ, ვიდრე გულითადობად. მეც არ შევწინააღმდეგებივარ და ამ დინებას მივყევი. თუმცა საკმაოდ მგრძნობიარე ვიყავი, მაპატიეთ ჩემი სიამაყე, ვხვდებოდი, რომ გონებამ ამ ხალხს გული გაუქვავა, გამოუფიტა. მაგრამ იმჟამინდელმა ჩემმა ცხო-ვრებამ დამიტოვა მუდმივი ბრძოლა ბუნებრივ გრძნობებსა და ახირებულ, მანკიერ ჩვეულებებს შორის. ზოგიერთი გამორჩეული პიროვნება მივითარებდა თავისუფალ აზროვნებას და მიღებული წესების არადჩაგდებას, რაც ქალს აკარგვინებს შინაგან მოკრძალებას; რაც, თავისთავად, ხიბლს ართმევს. ვაგლახ, უბედურებას არ ძალუძს სიმდიდრით შეძენილი ნაკლის გამოსწორება! - მარიმ ღრმად ამოიოხრა და განაგრძო, - მამაჩემმა, ჰერცოგმა დე ვერნეიმ სიკვდილის წინ მაღიარა და სამემკვიდრეო წილი გამიზარდა, რითაც მისი კანონიერი ვაჟის ქონება შეამცირა. ძმამ ჩემს წინააღმდეგ საქმე აღძრა, ანდერძის ნამდვილობა სადავო გახდა. და აი, ერთ დილას აღმოვჩნდი უსახლკაროდ და უმფარველოდ. სამი წლის მანძილზე შეძლებულ ოჯახში ცხოვრებამ პატივმოყვარეობა გამივითარა. ყველა ახირების შესრულებით, მამაჩემმა ფუფუნების მოთხოვნილება და დამღუპველი თვისებები გამიღვიძა, რომელთა საშიშროებასა და ტირანულ ძალაუფლებას ჩემი ნორჩი და გულუბრყვილო სული ვერ აცნობიერებდა. მამაჩემის მეგობარმა, მარშალმა და ჰერცოგმა დე ლენონკურმა, სამოცდაათი წლის მოხუცმა, შემომთავაზა, ჩემი მეურვე ყოფილიყო. დავთანხმდი. ამ საძაგელი პროცესის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ ისევ აღმოვჩნდი ბრწყინვალე სახლში და ვსარგებლობდი ყველა სიკეთით, რაზეც ჩემი ძმის სისასტიკემ მამაჩვენის კუბოსთან ამაღებინა ხელი. ყოველ საღამოს მოხუცი მარშალი რამდენიმე საათს ატარებდა ჩემთან და მხოლოდ მანუგეშებელ ტკბილ სიტყვებს მეუბნებოდა. მისი ჭაღარისა და მამობრივი სინაზის გამო, მის გულში იგივე გრძნობები დავინახე, რასაც მე ვატარებდი და მიხაროდა, მის ქალიშვილად რომ ვგრძნობდი თავს. ლამაზი საჩუქრებით მანებივრებდა და მეც ყველა ჩემს სურვილს ვეუბნებოდი, ვხედავდი, რა სიამოვნებით მისრულებდა. ერთ საღამოს გავიგე, რომ მთელი პარიზი ამ საცოდავი მოხუცის საყვარლად მთვლიდა. დამიმტკიცეს, რომ ვერასგზით დავიბრუნებდი პატიოსან სახელს, რომელსაც ძალიან ადვილად მართმევდნენ. კაცმა, რომელიც ჩემი გამოუცდელობით ისარგებლა, ჩემი საყვარელი ვერ იქნებოდა, ქმრობა არ უნდოდა. იმ კვირას, როცა საშინელი აღმოჩენა გავაკეთე, იმ დღის წინადღეს, რომელიც დაინიშნა ჩემს იმ კაცთან დასაკავშირებლად, გვარის მოცემაზე რომ დავითანხმე, ცოდვის გამოსწორების ერთადერთ საშუალებად ის მოიფიქრა, რომ კობლენცში გაემგზავრა. სამარცხვინოდ გამომაგდეს პატარა სახლიდან, სადაც მარშალმა დამასახლა და რომელიც მისი არ ყოფილა. აქამდე რაც გითხარით, სრული სიმართლეა, როგორც ღვთის წინაშე, ისე გიამბეთ ყველაფერი. მაგრამ ახლა ნუღარ ჰკითხავთ უბედურ ქალს მის მეხსიერებაში დამარხულ ტანჯვაში გატარებული დღეების ანგარიშს. მოხდა ისე, რომ დანტონის ცოლი გავხდი. რამდენიმე დღის შემდეგ ქარიშხალმა წააქცია ეს უზარმაზარი მუხა, მკლავები რომ მქონდა შემოხვეული. ისევ საშინელ გაჭირვებაში აღმოვჩნდი და ამჯერად სიკვდილი გადავწყვიტე. არ ვიცი, სიცოცხლის სიყვარული თუ იმედი, რომ უბედურებას მობეზრდებოდა ბოლოს და ბოლოს ჩემი დევნა და უძირო უფსკრულის სიღრმეში დავიჭერდი ბედნიერებას, სულ რომ მისხლტებოდა ხელიდან, ჩემი არამკითხე მრჩევლები რომ აღმოჩნდნენ, თუ, იქნებ ერთი ახალგაზრდა კაცის თხოვნამაც გაჭრა, რომელიც, აი უკვე ისე მომეწება, როგორც გველი ხეს, ეტყობა, იმედი აქვს, რომ უბედურების ზღვრამდე მისული მას ჩავუვარდები ხელში, არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ დავთანხმდი, სამასი ათასი ფრანკის საფასურად მიმეღო მდაბალი წინადადება: ჩამოვსულიყავი აქ, გამეკეთებინა ისე, რომ შევყვარებოდი მავან უცნობ მამაკაცს და მთავრობის ხელში გადამეცა. როგორც კი დაგინახეთ, რაღაცნაირი წინათგრძნობით, არასოდეს რომ არ გვატყუებს, მივხვდი, ვინ ხართ. და ისე ძალიან მინდოდა, ეჭვი დამრჩენოდა; რადგან რაც უფრო მიყვარდებოდით, მით უფრო საშინელი იყო ჩემთვის დარწმუნება. გადაგარჩინეთ მეთაური იულოსაგან, უარი ვთქვი ჩემს როლზე და გადავწყვიტე ჯალათების მოტყუება, იმის მაგივრად, რომ მსხვერპლი მომეტყუებინა. შევცდი: ასეთი ქცევით ხალხის სიცოცხლით ვთამაშობდი, მათი პოლიტიკით და ჩემი თავითაც, ქალიშვილის იმ თავდაჭერილობით, რომლისთვისაც მხოლოდ გრძნობები არსებობს. ვთვლიდი, რომ შემიყვარეს, იმედი მომეცა, რომ სიცოცხლეს თავიდან დავიწყებდი, მაგრამ ყველაფერი, და ალბათ თვითონ მეც გავცემდი ჩემს უწესრიგო წარსულს - არ შეგეძლოთ ჩემნაირი ვნებიანი ქალის ნდობა გქონოდათ. მაგრამ ვინ იქნებოდა ისეთი, ჩემი სიყვარული და გულჩათხრობილობა არ შეენდო? დიახ, ბატონო, მეგონა, ცუდი სიზმარი ვნახე, გამომეღვიძა და ისევ თექვსმეტი წლისა ვიყავი. მე ხომ ალანსონში აღმოვჩნდი, სადაც ბავშვობა გავატარე და უმანკო, სუფთა მოგონებები დამეუფლა. მე უგუნურმა გულუბრყვილოდ დავიჯერე, რომ სიყვარული ნათლობასავით არის და უბიწოებას დაგიბრუნებს. ერთი წუთით ისიც კი ვიფიქრე, ქალწული ვარ-მეთქი, რადგან ჯერ არასოდეს მყვარებია. მაგრამ გუშინ საღამოს თქვენი გატაცება გულწრფელი მეჩვენა და შინაგანმა ხმამ შემარ-ცხვინა: „რატომ ატყუებ?“ ასე რომ, იცოდეთ, ბატონო მარკიზო, - განაგრძო მარიმ მკერდისმიერი, მაგრამ ამაყი გამოწვევა რომ ისმოდა, ისეთი ხმით, - გაიგეთ და დაიხსომეთ, რომ უღირსი ადამიანი ვარ და თქვენი ღირსი ვერ ვიქნები. ამ წუთიდან ისევ კურტიზანი ქალის როლს ვითამაშებ, დამღალა როლმა იმ ქალისა, თქვენ რომ ყველაფერი დაუბრუნეთ, რაც კი წმინდაა გულში. სათნოება მღლის. შემძულდებოდით, სისუსტე რომ გამოგეჩინათ და დაქორწინება რომ მოგესურვებინათ ჩემზე. ასეთი სისულელე ვინმე გრაფმა დე ბოვენმა შეიძლება ჩაიდინოს. თქვენ კი, მესიე, თქვენი მომავლის ღირსი იყავით და დაუნანებლად დამტოვეთ. კურტიზანი მეტისმეტად მომთხოვნი იქნებოდა, მას სხვანაირად ეყვარებოდით, ისე არა, როგორც უბრალო, გულუბრყვილო გოგონას, რომელსაც ერთი წამით ჩაესახა გულში მშვენიერი იმედი, ყოფილიყო თქვენი მეგობარი, ეზრუნა, რომ ყოველთვის ბედნიერი ყოფილიყავით, თქვენი ღირსი ყოფილიყო, გამხდარიყო კეთილშობილი მეუღლე და ამ გრძნობამ შემაძლებინა გამეცოცხლებინა ჩემს სულში მდაბალი ბუნება სირცხვილისა, მანკიერებისა და უმსგავსობის, რომ აღმემართა ჩვენს შორის სამუდამო ბარიერი. მსხვერპლად გწირავთ ღირსებასა და ქონებას. სიამაყე, რომელსაც ეს მსხვერპლი აღმიძრავს, გულს გამიმაგრებს უბედურების ჟამს და, დაე, ბედისწერამ თავის ნებაზე განსაზღვროს ჩემი ხვედრი. არასოდეს გაგცემთ. პარიზში ვბრუნდები. იქ თქვენი სახელი ჩემი მეორე „მე“ იქნება და ბრწყინვალება, რომლის შემატებასაც შეძლებთ მისთვის, მანუგეშებს ყველა ვაების დროს. თქვენ კი, თქვენ მამაკაცი ხართ, დამივიწყეთ... მშვიდობით! მარი მოწყდა ადგილიდან, გაიქცა სენ-სიულპისის ველისკენ და სანამ მარკიზი წამოდგებოდა და მის შეჩერებას შეძლებდა, გაქრა. მაგრამ მალევე დაბრუნდა, კლდის ღრმულში შეძვრა და თავისი სამალავიდან ინტერესით, ცნობისმოყვარეობითა და ეჭვით უყურებდა მარკიზს. დაინახა, როგორ მიდიოდა ალალბედზე, დარდით გათანგულივით. - ნუთუ სუსტი ადამიანია? - გაიფიქრა მარიმ, როცა თვალს მოეფარა და გაიაზრა, რომ დაშორდა, - გამიგებს კი? - გააჟრჟოლა. მერე სწრაფი ნაბიჯით მარტო წავიდა ფუჟერისკენ, თითქოს შეეშინდა, მარკიზი არ გაჰყოლოდა ქალაქისკენ, სადაც მას სიკვდილი ელოდა. - აბა, ფრანსინ, რა გითხრა? - ჰკითხა მარიმ, როცა ერთგული ბრეტონელი ქალი წამოეწია. - საბრალო! მარი, ძალიან შემეცოდა. თქვენ, დიდებული ქალები სიტყვით უფრო დიდ ჭრილობას აყენებთ, ვიდრე ხანჯლით. - როგორ იყო, რომ შეგხვდა? - განა დამინახა?.. ოჰ, მარი, უყვარხარ! - ო, ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ - ეს ორი სიტყვა ჩემთვის სამოთხეა და ჯოჯოხეთი. ამ ორ უკიდურესობას შორის ფეხის დასადგმელი ადგილი არ არის. ახლა, როცა მარის საშინელი ხვედრი გაირკვა, შეეძლო მისცემოდა დარდს. სახეზე, რომელზეც აქამდე სხვადასხვა გრძნობა ესახებოდა, უცებ თითქოს ლოყები ჩაუცვივდა და მთელი დღის მღელვარების, ბედნიერების წინათგრძნობასა და სასოწარკვეთილებას შორის გრძნობათა მონაცვლეობის შემდეგ სადღაც გაქრა მისი ბრწყინვალება და სინორჩე, რომელთა სათავე ყოველგვარი ვნების განელებაა ან განცხრომით თრობა. ახალი დაბრუნებული იყო მარი, როცა გამოეცხადნენ იულო და კორანტენი, აინტერესებდათ მისი გიჟური მოგზაურობის ამბები, მარიმ ღიმილით მიიღო ისინი. - მაშ, ასე, მეთაურო, - უთხრა მარიმ იულოს, რადგან შეფიქრიანებულ სახეზე შეკითხვა ეწერა, - მელას თქვენი ტყვია უკვე მისწვდება და მალე დიდებულ გამარჯვებასაც მოიპოვებთ. - რატომ, რა მოხდა? - ვითომ უინტერესოდ ჰკითხა კორანტენმა და ისე შეხედა, მისნაირი დიპლომატები სხვათა აზრების ამოკითხვას რომ ცდილობენ ხოლმე. - ოო, ვაჟკაცი ახლა უფროა შეყვარებული, ვიდრე ოდესმე და ვაიძულე, ფუჟერის კარიბჭემდე მოვეცილებინე. - ეტყობა, თქვენი ძალაუფლება მანდ შეწყდა, - თქვა ისევ კორანტენმა, - და მაგ ყოფილს ეტყობა შიში თქვენდამი სიყვარულზე უფრო ძლიერი აქვს. მადმუაზელ დე ვერნეიმ მედიდურად შეხედა. - თქვენი საზომით ნუ ზომავთ, - მაშ, აქ რატომ არ მოგიყვანათ? - უშფოთველად ჰკითხა კორანტენმა. - და თუ მართლა ვუყვარვარ? - ჰკითხა იულოს ეშმაკური ღიმილით, - ძალიან გაბრაზდებოდით, რომ გადამერჩინა და საფრანგეთიდან წამეყვანა? მოხუცი ჯარისკაცი სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და თითქმის აღფრთოვანებული ეამბორა ხელზე; მერე დაჟინებით შეხედა და პირქუშად უთხრა: - თქვენ დაგავიწყდათ? ჩემი ორი მეგობარი და სამოცდასამი ჯარისკაცი!.. - ოჰ, პოლკოვნიკო, ეგ მისი ბრალი არ იყო, - გულუბრყვილოდ მიუგო მარიმ, - ბოროტმა ქალმა მოატყუა, მაგ ქალს, მე მგონი, ლურჯების სისხლის დალევაც შეუძლია... - ნუ დასცინით მეთაურს, - შენიშნა კორანტენმა, - თქვენს ხუმრობას მიჩვეული არ არის. - გაჩუმდით, - უთხრა მარიმ, - და გახსოვდეთ, ის დღე, როცა ძალიან მომაბეზრებთ თავს, ჩვენი ნაცნობობის ბოლო დღე იქნება. - როგორც ვხედავ, საბრძოლველად უნდა მოვემზადო, - მშვი-დად თქვა იულომ. - ძალა არ გეყოფათ, მათი ექვსი ათას კაცზე მეტი დავინახე სენ-ჯემსში, რეგულარული ჯარი, არტილერია და ინგლისელი ოფიცერი. ჩემი თვალით ვნახე, ამდენ ხალხს მის გარეშე რა ეშველება? მეც ფუშეს ვეთანხმები. მისი თავი - ყველაფერია. - მერე და, მის თავს მივიღებთ? - მოუთმენლად ჰკითხა კორანტენმა. - მე რა ვიცი! - უზრუნველად უპასუხა მარიმ. - ინგლისელები! - გაბრაზდა იულო, - ეგღა აკლდა, ნამდვილი ბატონივით რომ იყოს! მე შენ გიჩვენებ ინგლისელებს! დამაცადე! მოქალაქე დიპლომატო, მე მგონი, ეს გოგო ხშირად გიტევს, - უთხრა იულომ კორანტენს, რამდენიმე ნაბიჯით რომ დაშორდნენ სახლს. - ბუნებრივია, მოქალაქე მეთაურო.

კარი V - სრულიად ბუნებრივია, მოქალაქე მეთაურო, - შეესიტყვა შეფიქრიანებული კორანტენი, - მისმა სიტყვებმა თავგზა რომ აგიბნია, ყველაფერში მხოლოდ ცეცხლს ხედავ. თქვენ, ჯარისკაცებმა არ იცით, რომ ომის სხვადასხვა ხერხი არსებობს.მარჯვედ თუ გამოიყენებ მამაკაცებისა და ქალების გატაცებებს, როგორც ზამბარებს, სახელმწიფოს სასარგებლოდ თუ აამუშავებ, ყველა კბილანა თვლებს იმ უზარმაზარი მანქანისა, „მთავრობას“ რომ ეძახიან, მის მექანიზმში თუ ჩართავ ყველაზე მოუთოკავ გრძნობებს და გულიანად ამუშავებ ბერკეტებს, განა ღმერთის მსგავსად შექმნა არ არის? ღმერთისა, რომელიც სამყაროს ცენტრშია! - ნება მომეცით, ჩემი ხელობა თქვენსას მერჩიოს, - მშრალად უთხრა იულომ, - რაც გინდათ, ის აკეთეთ თქვენი კბილანა თვლე-ბით, მე კი სამხედრო მინისტრის გარდა სხვა ხელმძღვანელი არ მწამს. მითითება მაქვს მიღებული, ჩემი თავზეხელაღებულებით სალაშქროდ მივდივართ, მტერს შევუტევთ და პირისპირ შევხვდებით, შენ კი კუდით გინდა დაჭერა. - შენი ნებაა, შეგიძლია სალაშქროდ მოემზადო, - უპასუხა კორანტენმა, - როგორც ამ გოგოს მიხედვით ვხვდები, რამდენადაც მიუწვდომლად და გულჩახვეულად უნდა გეჩვენოს, შებრძოლება არ აგცდება და მალე გასიამოვნებ, მაგ ყაჩაღების მეთაურს პირისპირ შეგახვედრებ. - როგორ? - ჰკითხა იულომ და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, უკეთ რომ დაენახა ეს უცნაური ადამიანი. - მადმუაზელ დე ვერნეის უყვარს ვაჟკაცი, - ყრუ ხმით განაგრძო კორანტენმა, - შესაძლოა, მასაც უყვარს. მარკიზი, წითელი ლენტი, ახალგაზრდა და გონებამახვილია; ვინ იცის, იქნებ ჯერ ისევ მდიდარიც, რამდენი ცდუნებაა! რა სასაცილო იქნებოდა მისი მხრიდან, თავის სასარგებლოდ არ ეზრუნა და არ ცდილიყო, ცოლად გაჰყოლოდა, ნაცვლად იმისა, რომ ჩვენთვის გადმოეცა! ჩვენი გაცურება უნდა. მის თვალებში რაღაც დაბნეულობა შევნიშნე, შეყვარებულებს ალბათ პაემანი ექნებათ, იქნებ უკვე შეთანხმდნენ კიდევაც. ასე რომ, ხვალ ის კაცი ჩემს ხელთ იქნება და ვერც გამექცევა. აქამდე ის რესპუბლიკის მტერი იყო, ახლა, რამდენიმე წუთის წინ ჩემი მტერი გახდა და ვინც ჩემსა და ამ ქალიშვილს შორის ჩადგა, ეშაფოტზე მოკვდა. ამ სიტყვების დამთავრებისთანავე, კორანტენი ისევ ფიქრებში ჩაიძირა და ვერ შეამჩნია, რა ღრმა სიძულვილი გამოეხატა სახეზე პატიოსან ჯარისკაცს, როცა იულო ჩასწვდა ამ ინტრიგის სიღრმესა და ზამბარების მექანიზმს, ფუშე რომ აყენებდა. გადაწყვიტა, კორანტენისთვის წინააღმდეგობა გაეწია ყველაფერში, რაც მთავრობის საქმეებისა და სურვილების წარმატებას არ ავნებდა და რესპუბლიკისთვის პატიოსნად მომკვდარიყო იარაღით ხელში, და არა ჯალათის ხელით, რომლის მიმწოდებელიც, თავისივე აღიარებით, საიდუმლო პოლიციის ეს ჯაშუში აღმოჩნდა. - პირველი კონსული რომ დამიჯერებდეს, - გაიფიქრა იულომ და კორანტენს ზურგი შეაქცია, - არისტოკრატიასთან საბრძოლველად ასეთ მელიებს დატოვებდა, ერთმანეთის ღირნი არიან, ჯარისკაცებს კი სხვა საქმეებისთვის გამოიყენებდა. კორანტენმა ცივად შეხედა მეომარს, რომელსაც ამ აზრმა სახე გაუნათა და მაშინ ამ დაბალი რანგის მაკიაველის თვალებში გესლიანმა გამომეტყველებამ გაირბინა, რაც თავის უპირატესობაში დარწმუნებულობაზე მიუთითებდა. - ამ საქონელს მიეცით სამ-სამი წყრთა ლურჯი მაუდი, რკინის ნაჭერი დაჰკიდეთ გვერდზე, - ფიქრობდა კორანტენი, და ეგონება, პოლიტიკაში ხალხის დახოცვა მხოლოდ ერთი ხერხით შეიძლება... რამდენიმე წუთი მარტო მიმოდიოდა და უცებ გაიფიქრა: - დიახ, დრო მოვიდა, ეს ქალი ჩემი გახდება! ხუთი წლის მანძილზე, წრე, რომელზეც გარშემო ვუვლი, ძალიან უმნიშვნელოდ შემცირდა და ახლა ჩემს ხელშია. მასთან ერთად კი მთავრობაში ისევე მაღლა ავალ, როგორც ფუშე, და თუ დაკარგავს ერთადერთ კაცს, რომელიც უყვარს, დარდი მას სულითაც და ხორცითაც დამიმორჩილებს. მხოლოდ თვალის დევნებაა საჭირო და საიდუმლოს ამოხსნა. მალე დაკვირვებული კაცი შეამჩნევდა კორანტენის გაფითრებულ სახეს იმ სახლის ფანჯარაში, საიდანაც ყველა ჩანდა, ვინც სენ-ლეონარის ეკლესიის პარალელურად ჩარიგებული სახლებით შექმნილ ჩიხში შედიოდა. კორანტენი თაგვის მომლოდინე კატის მოთმინებით იქ დილამდე დარჩა, ყველა გაფაჩუნებას ამჩნევდა და ყველა გამვლელს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. ბაზრის დღე თენდებოდა. თუმცა ამ ძნელბედობის ჟამს გლეხები ძნელად მოდიოდნენ ქალაქში. კორანტენმა დაინახა ერთი პატარა, მოქუფრულსახიანი, ხისტყავიანი კაცი პატარა, მრგვალი, დაბალი კალათით ხელში, მადმუაზელ დე ვერნეის სახლისკენ რომ მიემართებოდა და აქეთ-იქით უზრუნველად იყურებოდა. კორანტენი გავიდა, გადაწყვიტა, გამოსულს დახვედროდა, მაგრამ უცებ გაიფიქრა, მოულოდნელად რომ შესულიყო მადმუაზელ დე ვერნეის სახლში, იქნებ ერთი შეხედვით შიკრიკის კალათის საიდუმლოც ამოეხსნა. თანაც ყურმოკრული ჰქონდა ბრეტონელებისა და ნორმანდიელების ეშმაკური, გაუგებარი მეტყველების შესახებ. - დაასხი-კუტალო! - შესძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ, როცა ფრანსინმა ოთახში შეიყვანა შუანი, - ნუთუ ვუყვარვარ? - ჩაილაპარაკა. უნებურმა იმედმა ლოყები აუღუღუნა და გული სიხარულით აუვსო. დაასხი-კუტალმა დიასახლისს შეხედა, მერე უნებურად გახედა ფრანსინს, მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეიმ ჟესტით დაამშვიდა. - მადამ, - ორი საათისკენ ჩემთან იქნება და დაგელოდებათ. მღელვარებისგან მადმუაზელ დე ვერნეიმ თავის დაქნევის მეტი სხვა პასუხი ვერ მოახერხა. ამ დროს გვერდით, სასტუმრო ოთახში კორანტენის ფეხის ხმა გაისმა. დაასხი-კუტალმა შენიშნა, როგორ შეკრთა მადმუაზელ დე ვერნეი და თვალით საფრთხეზე მიანიშნა, მაგრამ შუანმა, როგორც კი ჯაშუშის ეშმაკი სახე გამოჩნდა, გამაყრუებელი ხმით დაიწყო ლაპარაკი. - ო! ო! - ეუბნებოდა ფრანსინს, - ბრეტანის კარაქიც არის და კარაქიც. თქვენ ჟიბარიც გინდათ და თერთმეტ სულზე მეტიც არ გემეტებათ? მაშინ არ უნდა დაგებარებინეთ! მერე როგორი კარაქია! - ახადა კალათს და ბარბეტას შედღვებილი ორი გუნდა აჩვენა. ნამდვილი ფასი მომეცით, ჩემო კეთილო ქალბატონო, ერთი სუ მაინც დაუმატეთ! მის სამარისებურ ხმას არავითარი ემოცია არ დასტყობია და მწვანე თვალებმაც, ჭაღარა, სქელი წარბების ქვემოდან მშვიდად გაუძლეს კორანტენის გამჭოლ მზერას. - აბა, გაჩუმდი, ძიაკაცო, შენ აქ კარაქის გასაყიდად არ მოსულხარ, რადგან იმ ქალთან მოხვედი, რომელსაც ცხოვრებაში არ უვაჭრია. სახიფათო ხელობა აგირჩევია, მეგობარო, ეგ იქამდე მიგიყვანს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მთელი თავით დაბალი გახდები, - მერე კორანტენმა მხარზე დაუტყაპუნა და უთხრა, - ორი ბატონის მსახური ვერ იქნები, შუანებისაც და ლურჯებისაც. დაასხი-კუტალს მთელი თავისი ნებისყოფა დასჭირდა რომ ჩაეხშო გაცოფება და ეს ბრალდებაც არ უარყო, თუმცა თავისი სიხარბით კი დაიმსახურა. თავი მოთოკა და თქვა: - მესიეს ჩემი მასხრად აგდება უნდა. კორანტენმა შუანს ზურგი შეაქცია, მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეის მისალმებისას, გული რომ შეეკუმშა, ადვილად შეძლო სარკეში მისი თვალთვალი. დაასხი-კუტალს ეგონა, ჯაშუში ვეღარ ხედავდა და ფრანსინს თვალებით ჰკითხა, მანაც კარისკენ ანიშნა და უთხრა: - ძიაკაცო, წამომყევით, ჩვენ ყოველთვის მოვრიგდებით. კორანტენს არაფერი გამოჰპარვია, არც მადმუაზელ დე ვერნეის ღიმილით ცუდად დაფარული მღელვარება, არც ის, რომ წამოწითლდა, სახე შეეცვალა. არც შუანის შეშფოთება, ფრანსინის ჟესტი - ყველაფერი დაინახა და დარწმუნდა, რომ დაასხი-კუტალი მარკიზის გამოგზავნილი იყო, ოთახიდან უნდა გასულიყო, რომ თხის ტყავის გრძელი ბეწვით დაიჭირა, თავისკენ მიიზიდა, თვალებში ჩახედა და უთხრა: - სად ცხოვრობ, მეგობარო, კარაქი მჭირდება... - მთელმა ფუჟერმა იცის, სადაც ვცხოვრობ, ბატონო ჩემო, თითქმის... - კორანტენ! - შესძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ და შუანს შეაწყვეტინა, - საშინელი თავხედი ბრძანდებით, ასეთ დროს რომ მოხვედით და თითქმის ჩაუცმელს მხედავთ. გაანებეთ ამ გლეხს თავი. მისთვის თქვენი ხრიკები ისეთივე გაუგებარია, როგორც ჩემთვის მათი მიზანი. წადით, ჩემო კარგო! ერთხანს დაასხი-კუტალი ყოყმანობდა, წასულიყო თუ დარჩენილიყო, საწყალი კაცის ბუნებრივმა თუ ყასიდმა გაუბედაობამ, რომელმაც არ იცოდა, ვის დამორჩილებოდა, შეაცდინა კორანტენი, შუანი კი, ქალიშვილის მბრძანებლური ჟესტის თანახმად, მძიმე ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. მადმუაზელ დე ვერნეი და კორანტენი უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს. ამჯერად მარიმ კრიალა თვალები ვერ გაუსწორა ამ კაცის მოელვარე მზერას. მტკიცე ნაბიჯით მისმა შემოსვლამ, ჯაშუშის სახის გამომეტყველებამ, მანამდე რომ არ იცნობდა მარი, მისმა წვრილმა ხმამ, სიარულის ყაიდამ, ყველაფერმა შეაშინა. მიხვდა, რომ მათ შორის ბრძოლა იწყებოდა, რომელშიც მის წინააღმდეგ თავისი ზეგავლენის ყველა ბნელ ძალას გამოიყენებდა. ამ მომენტში მარიმ დაინახა მთელი სიღრმე იმ უფსკრულისა, რომელშიც გადაეშვა, მაგრამ სიყვარულმა ძალა შეჰმატა, რომ გაეფანტა თავისი საშინელი წინათგრძნობა. - კორანტენ, - თითქმის მხიარულად აჟღურტულდა მარი, - იმედი მაქვს, მოწესრიგების საშუალებას მომცემთ. - მარი... ნება მომეცით, ასე მოგმართოთ... თქვენ მე ჯერ არ მიცნობთ! ჩემზე ნაკლებ გამჭრიახი ადამიანიც კი მიხვდებოდა, რომ მარკიზი გიყვართ. მე არაერთხელ შემომითავაზებია თქვენთვის ჩემი ხელი და გული, თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მე თქვენი ღირსი არ ვარ და იქნებ მართალიც ხართ. მაგრამ, თუ თვლით, რომ ჩემზე გაცილებით მაღლა დგახართ, ჩემზე მეტისმეტად ლამაზი და კეთილშობილი ხართ, მოვახერხებ და გაიძულებთ, ჩემს დონემდე დაეშვათ. ჩემი პატივმოყვარეობა და შეხედულებები პატივისცემას ვერ აღგიძრავენ, მაგრამ, გულახდილად რომ ითქვას, ცდებით. ხალხს ჩემს თვალში დიდი ღირსებები არა აქვს, თითქმის არავითარი, ამის ღირსნი არც არიან. მე, უეჭველია, მაღალ მდგომარეობას მივაღწევ, პატივსა და ღირსებას, რაც გეამებათ. ვის შეუძლია ჩემზე მეტად უყვარდეთ? ვინ მოგცემთ ნებას, იბატონოთ მასზე, თუ არა ადამიანი, ვისაც ხუთი წელია უყვარხართ? თავს საფრთხეში ვიგდებ, ნუ შეგექმნებათ არასწორი წარმოდგენა ჩემზე, რადგან ვერ გაიგებთ, რომ შეიძლება უარი თქვა ადამიანზე, რომელიც მეტისმეტად გიყვარს, კერპად გყავს. ამ ჩემი სიყვარულის უანგარობას დაგიმტკიცებთ. ნუ იქნევთ ლამაზ თავს ასე დაეჭვებით. თუ მარკიზს უყვარხართ, გაჰყევით ცოლად, ოღონდ, ჯერ დარწმუნდით, რომ გულწრფელია. სასოწარკვეთა შემიპყრობს, თუ გავიგებ, რომ მატყუებთ, რადგან თქვენი ბედნიერება მირჩევნია ჩემსას. ჩემმა გადაწყვეტილებამ შეიძლება გაგაკვირვოთ, მაგრამ ეს მხოლოდ კეთილგონიერი ადამიანის სიფრთხილეა, ადამიანისა, რომელიც იმდენად სულელი არ არის, რომ უნდა ქალი მისი სურვილის გარეშე. ჩემს თავს ვადანაშაულებ, და არა თქვენ, ჩემი მცდელობის უნაყოფობაში. იმედი მქონდა, რომ დავიპყრობდი თქვენს გულს მორჩილებითა და ერთგულებით, რადგან, დიდი ხანია, და თქვენ ეს იცით, მინდა გაგაბედნიეროთ, როგორც მე მესმის, მაგრამ თქვენ არ მოისურვეთ რამით მაინც წაგეხალისებინეთ. - ვიტანდი თქვენს ჩემ გვერდით ყოფნას, - მედიდურად თქვა მარიმ. - ისიც დაუმატეთ, რომ ამას ნანობთ... - ნუთუ მადლობაც უნდა გითხრათ იმისთვის, ამ სამარცხვინო საქმეში რომ გამრიეთ?.. - როცა ამ საქმეს გთავაზობდით, რომელიც მშიშარებმა, მფრთხალებმა შეიძლება გაკიცხონ, - თამამად განაცხადა კორანტენმა - მხოლოდ თქვენს ბედნიერებას ვგულისხმობდი. მე კი, სულერთია რა გველის, წარმატება თუ მარცხი, ნებისმიერ შედეგს გამოვიყენებ ჩემი გეგმებისთვის. თუ მონტორანს გაჰყვებით ცოლად, მოხარული ვიქნები, თუ ბურბონების საქმეს მოვუტან სარგებლობას: პარიზში კლიშის კლუბის წევრი ვარ. თუ გარემოებათა გამო ურთიერთობა მექნება უფლისწულებთან, რესპუბლიკის სამსახურზე უარს ვიტყვი, მაინც დეკადანსს განიცდის. გენერალი ბონაპარტი ძალიან გამჭრიახად ფიქრობს, ხვდება, ერთდროულად ვერ იქნება გერმანიაში, იტალიაში და აქ, სადაც რევოლუცია მარცხდება. უეჭველია, თვრამეტი ბრიუმერის გადატრიალება მხოლოდ იმისთვის მოაწყო, რომ ხელსაყრელი მოლაპარაკებები ეწარმოებინა ბურბონებთან საფრანგეთის მომავალზე, რადგან ჭკვიანი, დიდი გაქანების კაცია. მაგრამ მამაცმა პოლიტიკოსებმა უნდა გაასწრონ იმ გზაზე, რასაც ადგას. მეტისმეტი წესიერება, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევს საფრანგეთის „ღალატს“, კიდევ ერთი ცრურწმენაა, რომელსაც ჩვენ, გამოჩენილი ადამიანები სულელებს ვუთმობთ. არ დაგიმალავ: მომანიჭეს უფლება შუანების წინამ-ძღოლებთან მოსალაპარაკებლადაც და მათი განადგურებისაც, ვინაიდან ჩემი მფარველი ფუშე, შორსმხედველი კაცი, ყოველთვის ორმაგ თამაშს თამაშობდა: ტერორის დროს ერთდროულად რესპუბლიკის მხარესაც იყო და დანტონისაც. - რომელიც უსინდისოდ მიატოვეთ! - თქვა მარიმ. - დიდი ამბავი, - უპასუხა კორანტენმა, - მოკვდა. დაივიწყეთ. გულახდილად დამელაპარაკეთ, მაგალითს გიჩვენებთ. ეს ნახევარბრიგადის მეთაური უფრო ეშმაკია, ვიდრე გგონიათ და თუ გინდათ, მისი სიფხიზლე მოადუნოთ, დაგეხმარებით, გახსოვდეთ, რომ ყველა ხეობაში ჩააყენა კონტრშუანები და ძალიან ადვილად აღმოაჩენს თქვენს შეხვედრებს მონტორანთან. აქ თუ დარჩებით, მის თვალწინ, მისი პოლიციის ხელში ხართ. ნახეთ, რა უცებ გაიგო, რომ თქვენთან შუანი მოვიდა! და განა ასეთ გამოცდილ მეომარს გაუჭირდება თქვენი ნებისმიერი ნაბიჯით ინიშნოს მარკიზი, თუკი უყვარხართ?.. მადმუაზელ დე ვერნეის არასოდეს სმენია კორანტენის ასეთი კეთილი, მოალერსე ხმა, გულახდილობის გამოხატულება იყო და ნდობით იყო თითქოს აღსავსე. საბრალო გოგონას კეთილშობილურმა შთაბეჭდილებამ ადვილად მოულბო გული და მზად იყო, საიდუმლო გაენდო გველისთვის, რომელიც უკვე მჭიდროდ შემოჰხვეოდა, მგრამ უცებ გაიფიქრა, რომ ამ სიტყვების ჭეშმარიტების დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ ჰქონდა და ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე გადაწყვიტა თავისი ზედამხედველის მოტყუება. - რა გაეწყობა, - უპასუხა მარიმ, - გამოიცანით, კორანტენ, დიახ, მიყვარს მარკიზი, მაგრამ მას არ ვუყვარვარ!.. ყოველ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ასეა. იქნებ პაემანი რომ დამინიშნა, მხოლოდ ხაფანგია. - გუშინ ხომ თქვით, რომ ფუჟერამდე მოგაცილათ... რამის დაშავება რომ სდომებოდა თქვენთვის, ახლა აქ არ იქნებოდით. - გულცივი კაცი ხართ, კორანტენ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეშმაკური გამოთვლები გეხერხებათ, მაგრამ ადამიანის გულს არ იცნობთ. შეიძლება ამიტომაც ვერ გიტანთ. რაკი ასეთი გამჭრიახი ხართ, იქნებ გამოიცნოთ, კაცი, რომელსაც ასე მკაცრად დავშორდი გუშინწინ, რატომ მელის მოუთმენლად დღეს, საღამოს, მაიენის გზაზე ფლორინის სახლში... ამ აღიარებაზე, რომელიც თითქოს წამოსცდა ამ გულწრფელ და აღტაცებულ არსებას, კორანტენი გაწითლდა, რადგან ჯერ ისევ ახალგაზრდა იყო, მაგრამ ჩუმჩუმად გამჭოლ მზერას აპარებდა, სულში უნდოდა ჩაეხედა. მადმუაზელ დე ვერნეიმ მიამიტობა ისე კარგად გაითამაშა, რომ მოატყუა ჯაშუში, ყასიდი გულგრილობით რომ თქვა: - გინდათ, გამოგყვებით, ცოტა მოშორებით ვიქნები? გადაცმულ ჯარისკაცებს წამოვიყვან, თქვენს განკარგულებებს დავემორჩილებით... - თანახმა ვარ... - უპასუხა მარიმ, - ოღონდ დამპირდით... პატიოსანი სიტყვა მომეცით... თუმცა, არა, თქვენი პატიოსნება არ მჯერა!.. სამუდამო ნეტარება!.. ესეც არა, ღმერთი არ გწამთ!.. თქვენი სული დაიფიცეთ! თუმცა, რას ვამბობ, სული არ გაქვთ! რითი შეგიძლიათ დამარწმუნოთ თქვენს გულწრფელობაში? და მაინც, მოგენდობით, გაძლევთ მეტს, ვიდრე ჩემი ცხოვრებაა, ჩემს სიყვარულს ან შურისძიებას! კორანტენს გაფითრებულ სახეზე შეუმჩნეველმა ღიმილმა გადაურბინდა და მადმუაზელ დე ვერნეი მიხვდა, როგორ ხიფათს ასცდა. ჯაშუშს სიამოვნებისგან ნესტოები კი არ გაუფართოვდა, პირიქით, ჩაეჩუტა, აიღო თავისი მსხვერპლის ხელი, უღრმესი პატივისცემით ეამბორა, საკმაოდ მოხდენილად დაუკრა თავი და გავიდა. ამ სცენიდან სამი საათის შემდეგ, მადმუაზელ დე ვერნეი, კორანტენის დაბრუნების შიშით, მალულად გავიდა სენ-ლეონარის კარიბჭით და ეკლიანი ბუდის გავლით ვიწრო ბილიკს ნანსონის ხეობისკენ გაუყვა. ეგონა, გადარჩა და მოწმეების გარეშე, ბილიკების ლაბირინთით დაასხი-კუტალის სახლისკენ მიეშურებოდა. მიდიოდა მხიარულად, იმედი მიაქროლებდა ბედნიერებისკენ, სურვილი, გადაერჩინა თავისი შეყვარებული მოსალოდნელი საფრთხისგან. ამასობაში კორანტენი პოლკოვნიკს ეძებდა. როგორც იქნა, მიაგნო პატარა მოედანზე, სადაც რომელიღაც სამხედრო ექსპედიციისთვის ემზადებოდა და ძლივს იცნო. მართლაც მამაც ვეტერანს ისეთი მსხვერპლი გაეღო, რომლის მნიშვნელობაც ძნელი შესაფასებელია. ულვაშები მოეპარსა, ნაწნავი მოეჭრა, ეკლესიის წესდების მიხედვით შეჭრილი თმა ოდნავ დაეპუდრა. ნალებდაკრული უხეში ფეხსაცმელი ეცვა. ლურჯი მუნდირისა და ხმლის ნაცვლად, თხის ტყავი და მძიმე კარაბინი. ქამარში ორი პისტოლეტით, ფუჟერის ორას მცხოვრებს ათვალიერებდა, რომელთა კოსტიუმები ყველაზე გამოცდილ შუანსაც კი მოატყუებდა. ამ პატარა ქალაქის მებრძოლი სული და ბრეტონული ხასიათი კარგად ჩანდა ამ სცენაში. ხან აქ, ხან იქ, დედებს, დებს მოჰქონდათ თავიანთი ვაჟებისთვის, ძმებისთვის მათარით არაყი ან სახლში დარჩენილი პისტოლეტები. მოხუცები ეკითხებოდნენ ვაზნების რაოდენობასა და ხარისხზე ამ კონტრშუანებად გადაცმულ ნაციონალურ გვარდიელებს, რომლებიც სახიფათო ექსპედიციაში კი არა, თითქოს სანადიროდ მიდიოდნენ, ისე მხიარულად იყვნენ. მათთვის შუანების შეხვედრები, ანუ ქალაქელი ბრეტონელებისა და სოფლელი ბრეტონელების შეხვედრა თითქოს ძველ რაინდულ ტურნირს ცვლიდა. ამ პატრიოტული ენთუზიაზმის საფუძველი შეიძლება რაიმე სახელმწიფო ქონების შეძენა იყო. მაგრამ არანაკლებ როლს თამაშობდა აქ რევოლუციის წყალობა, რომელსაც ქალაქში უფრო აფასებდნენ, ვიდრე სოფლად, პოლიტიკური პარტიების განწყობა და ფრანგების ომის თანდაყოლილი სიყვარული. იულო აღფრთოვანებული იყო. მწკრივებს შორის დადიოდა, რაღაც ცნობებისთვის გიუდენს მიმართავდა, რომელზეც მეთაურმა მთელი მეგობრული სიყვარული გადმოიტანა, მერლისა და ჟერარის მიმართ რომ ჰქონდა. ქალაქელები გულმოდგინედ ადევნებდნენ თვალს ექსპედიციისთვის სამზადისს. ადარებდნენ ხმაურიანი თანამოქალაქეების ტანსაცმელს და თავის დაჭერას - იულოს ნახევარბრიგადის ბატალიონისას. ყველანი უძრავად და ჩუმად იყვნენ გამწკრივებულები, ლურჯები ელოდნენ თავიანთ ოფიცერთან ერთად მეთაურის ბრძანებებს, რომელსაც ყოველი ჯარისკაცი თვალით მიაცილებდა ჯგუფიდან ჯგუფისკენ. ნახევარბრიგადის მოხუც მეთაურთან მისულმა კორანტენმა ღიმილი ვერ შეიკავა იულოს დანახვაზე, რომელიც ისე იყო შეცვლილი, როგორც ზოგჯერ პორტრეტი აღარ ჰგავს ხოლმე ორიგინალს. - ახალი რა არის? - ჰკითხა კორანტენმა. - წამოდი ჩვენთან ერთად, გაისროლე და გაიგებ, - უპასუხა მეთაურმა. - ო! მე ფუჟერელი არ ვარ. - ეგ ნამდვილად გეტყობა, - უთხრა გიუდენმა. აქეთ-იქით დამცინავი სიცილი გაისმა. - შენ რა, გგონია მხოლოდ ხიშტებით შეიძლება საფრანგეთის სამსახური? - ჰკითხა კორანტენმა. მერე სიცილის მოყვარულებს ზურგი შეაქცია და ერთ ქალს ჰკითხა, სად და რისთვის მიდიოდა რაზმი. - ეჰ, ჩემო კეთილო, შუანები უკვე ფლორინიიში არიან, ამბობენ სამი ათასზე მეტი კაცით და ფუჟერისკენ მოდიან. - ფლორინიი? - შესძახა კორანტენმა და მიტკლის ფერი დაედო, - პაემანი იქ არ იქნება!.. ეგ რომელი ფლორინიია, მაიენის გზაზე? - ფლორინიი მხოლოდ ერთია, - უპასუხა ქალმა და გზისკენ მიუთითა, რომლის ბოლოშიც პელერინის მწვერვალი ჩანდა. - მარკიზ დე მონტორანს ეძებთ? - ჰკითხა კორანტენმა მეთაურს. - ცოტათი! - უხეშად უთხრა იულომ. - ფლორიინიში არ არის, - უთხრა კორანტენმა, - იქ თქვენი ბატალიონი და ნაციონალური გვარდია გააგზავნეთ, დატოვეთ რამდენიმე კაცი კონტრშუანებიდან და აქ დამელოდეთ. - არ გაგიჟებულა, ამისათვის მეტისმეტად ეშმაკია! - შესძახა იულომ და თვალი გააყოლა კორანტენს, - აი, ჯაშუშების ნამდვილი მეფე! იულომ თავის ბატალიონს დაძვრა უბრძანა. რესპუბლიკელი ჯარისკაცები წავიდნენ ჩუმად, დოლების ბაგაბუგის გარეშე, ვიწრო გარეუბნით მოედნის გზისკენ. სახლებსა და ხეებს შორის ლურჯ-წითელი ლენტივით, მათ შუანებად გადაცმული ნაციონალური გვარდიის ჯარისკაცები შეხვდნენ. იულო კი გიუდონთან და ოციოდე ყველაზე ყოჩაღ ქალაქელ ბიჭთან ერთად პატარა მოედანზე კორანტენს დაელოდა, რომლის იდუმალმა გამომეტყველებამ ცნობისმოყვარეობა გაუღვიძა. ფრანსინმა გამჭრიახ ჯაშუშს თვითონ უთხრა, მადმუაზელ დე ვერნეი სახლიდან წავიდაო. ყველა თავისი ვარაუდი ნამდვილ ამბად ჩათვალა და მაშინვე გავარდა ცნობების შესაკრებად, ამ ნამდვილად საეჭვო გაქცევასთან დაკავშირებით, ჯარისკაცებისაგან გაიგო, გუშაგებად რომ იდგნენ სენ-ლეონარის კარიბჭესთან, უცნობმა ლამაზმა ქალმა ეკლიანი ბუდე გაიარა და ბულვარისკენ გაიქცაო, მარის საუბედუროდ, იქ დროულად მივიდა და შეეძლო მისი ყოველი ნაბიჯი გაეკონტროლებინა. თუმცა მწვანე კაბა ეცვა და ქუდიც მწვანე ეხურა, ძნელად შესამჩნევი რომ ყოფილიყო, მაგრამ გამალებული მოძრაობა და სკუპ-სკუპი ფოთოლგაცვენილ, დათრთვილულ ცოცხალ ღობეებს შორის, მიუთითებდა, საით მიდიოდა. - აა! - წამოიძახა კორანტენმა, - ფლორიინში აპირებდი და ქიბარის ხეობისკენ ჩადიხარ? რა სულელი ვარ? გამაბრიყვა! დამაცადეთ, მიწიდან ამოგიღებთ! როცა დაახლოებით მიხვდა, პაემანი სად უნდა შემდგარიყო, კორანტენი სირბილით დაბრუნდა მოედანზე სწორედ მაშინ, იულო თავისი რაზმის დასაწევად რომ აპირებდა წასვლას. - მოითმინეთ, გენერალო! - დაუძახა კორანტენმა. იულო შემობრუნდა. კორანტენმა წამში გააგებინა ჯარისკაცს, რა მზაკვრობაც ხდებოდა, თუმცა დაფარული იყო, მაგრამ ძაფის ბოლო იპოვა. დიპ-ლომატის გონებამახვილობით გაკვირვებული იულო მკლავში ჩა-აფრინდა. - ეშმაკმა დამლახვროს! მართალი ხარ, ცნობისმოყვარე მოქალაქევ. ყაჩაღები მანდ თვალის ასახვევად შეტევას აპირებენ. ნაციონალური გვარდიის ორი კოლონა ანტრენსა და ვიტრეს შორის ადგილის დასაზვერად გავაგზავნე, ჯერ არ დაბრუნებულან. ასე რომ, ქალაქიდან რომ გავალთ, მაშველ ჯარს შევხვდებით და ნამდვილად ზედმეტი არ იქნება, ვაჟკაცი ისეთი ბრიყვი არ არის, რომ პაემანზე თავისი წყეული ბუების გარეშე წავიდეს. გიუდენ, - მიუბრუნდა ახალგაზრდა ფუჟერელს, - გაიქეცი, გააფრთხილე კაპიტანი ლებრენი, უჩემოდ მოუაროს ფლორიინში მაგ ყაჩაღებს და მალევე დაბრუნდი, ბილიკებს იცნობ. დაგელოდები. ერთად წავიდეთ ამ ყოფილზე სანადიროდ და ვივეტიერში მკვლელობისთვისაც ვიძიოთ შური. ეშმაკმა წამიღოს! ნახეთ, როგორ გარბის! - წამოიძახა იულომ, როცა დაინახა, როგორ თვალსა და ხელს შუა გაქრა გიუდენი, - ჟერარს მოეწონებოდა ეს ბიჭი! მოედანზე დაბრუნებულმა გიუდენმა დაინახა, იულოს პატარა რაზმს ქალაქის სხვადასხვა საგუშაგოებიდან წამოყვანილი ჯარისკაცები შემატებოდა. იულომ ახალგაზრდა ფუჟერელს შესთავაზა, ბნელ ხეობაში კარგად გაწვრთნილი თორმეტი თანამემამულე შეერჩია და ებრძანა სენ-ლეონარის კარიბჭისკენ წასვლა, სენ-სიულპისის მთების ფერდობების გასწვრივ, კუენონის ველისკენ დაშვება, რადგან დაასხი-კუტალის ქოხი სწორედ იქ იყო, მერე თვითონაც რაზმის დანარჩენს ჩაუდგა სათავეში და სენ-სიულპისის კარიბჭით გავიდა და მთების წვერებისკენ გაეშურა, რადგან მისი ანგარიშით იფრინდას რაზმს უნდა შეხვედროდა, რათა გაემაგრებინა გუშაგთა კორდონი, კლდეებს რომ იცავდა სენ-სიულპისის გარეუბნიდან ეკლიან ბუდემდე. როცა კორანტენი დარწმუნდა, რომ შუანების ბელადის ბედი მის ყველაზე შეურიგებელ მტერს გადასცა ხელში, ბულვარისაკენ გაქუსლა, იქიდან იულოს სამხედრო ოპერაციებს უკეთ ადევნებდა თვალს. მალე დაინახა, რომ გიუდენის პატარა რაზმი ნანსონის ველიდან გავიდა და კუენონის ველის ნაპირთან ქვიან ფერდობს გაუყვა, იულო კი ფუჟერის ციხე-დარბაზს გასცდა და სახიფათო ბილიკით სენ-სიულპისის მთაგრეხილის მწვერვალებისკენ გაემართა. ამრიგად, ორივე რაზმი პარალელურ გზებად მიიწევდა წინ. თრთვილის მდიდრული არაბესკებით მორთული ყველა ხე და ბუჩქი მოთეთრო ელფერს ჰფენდა მიდამოს, სადაც კარგად ჩანდა ზემოთ, ნაცრისფერი ზოლებივით მოძრავი ორი პატარა რაზმი. როგორც კი კლდოვან პლატოზე ავიდნენ, იულომ რაზმს უნიფორმიანი ჯარისკაცები ჩამოაცილა და კორანტენმა დაინახა, მარჯვე მეთაურის ბრძანებით, როგორ დაეწყვნენ ერთ გარკვეული მანძილით დაშორებულ გუშაგთა მოძრავ მწკრივად, სადაც პირველს გიუდენთან უნდა ჰქონოდა კავშირი, ბოლოს - იულოსთან. ასე რომ, არც ერთი ბუჩქი არ გადაურჩებოდა სამი მოძრავი ზოლის ჯარისკაცების ხიშტებს და მთებსა და ველებზე გამორეკილი ნადირივით გაეკიდებოდნენ ვაჟკაცს. - რა ეშმაკია ეს ბებერი მგელი, - წამოიძახა კორანტენმა, როცა ჯოჯოს ბუჩქებში უკანასკნელი თოფების პრიალა ლულები მოეფარა თვალს, - ცუდადაა ვაჟკაცის საქმე, ცუდადაა ვაჟკაცის საქმე. მარის ეს წყეული მარკიზი რომ გადმოეცა, მაშინ ყველაზე მტკიცე კავშირი იქნებოდა ჩვენ შორის - უზნეობა. მაგრამ მაინც ჩემი იქნება!.. მალე თორმეტი ახალგაზრდა ფუჟერელის რაზმი, სუბლეიტენანტ გიუდენის მეთაურობით, სენ-სიულპისის მაღლობის იმ ფერდობზე იყო, ბორცვებად რომ ეშვება ჟიბარის ხეობისკენ. გიუდენმა გზიდან გადაუხვია, მკვირცხლად გადაევლო კურდღლისცოცხათი დაფარული პირველივე შემოღობილი მინდვრის კუტიკარს. ექვსი ბიჭიც გადახტა. დანარჩენი ექვსი, მისი ბრძანებით, მარჯვენა მინდვრისაკენ წავიდა, გზის ორივე მხარეს რომ ეძებნათ. გიუდენი მაშინვე შუა ბუჩქებში, დიდი ვაშლის ხისკენ წავიდა. ამასობაში ექვსი შუანის ფეხის ყრუ ხმა მისწვდა მის ყურს. შვიდი თუ რვა კაცი, იფრინდა რომ მოუძღოდათ, ღობის გასწვრივ წამომართული წაბლის ხეების უკან დაიმალა. მიუხედავად თრთვილის თეთრი ანარეკლისა, მიწას რომ ანათებდა, მიუხედავად გამოცდილი, გაწაფული თვალისა, ფუჟერელებმა ჯერ ვერ შენიშნეს ხეებს უკან გამაგრებული მტერი. - ჩუ! აი, ისინიც, - თქვა იფრინდამ, პირველმა რომ აიხედა, - დაგვქანცეს ლოდინით! მაგრამ, რაკი აქ არიან, არ ააცდინოთ! თორემ მაგათი... რომის პაპის ჯარისკაცებადაც კი არ გამოვდგებით! ამასობაში გიუდენის გაფაციცებულმა მზერამ რამდენიმე მათკენ მომართული ლულა დაინახა. ამ დროს რვა როყიო ხმამ იყვირა დაცინვასავით - „ვინ მოდის?“ და რვა გასროლა გაისმა. კონტრშუანების ირგვლივ ტყვიების ზუზუნი ატყდა: ერთი მკლავში დაიჭრა, მეორე დაეცა. ხუთმა საღ-სალამათმა ფუჟერელმა ზალპით უპასუხა, თან „შინაურებიო“ - გასძახეს და ვითომ მტრისკენ გაეშურნენ, სანამ ისინი ისევ გადატენიდნენ თოფებს. - ო, თურმე სწორად გვითქვამს! - დაიძახა გიუდენმა, როცა ნახევარბრიგადელების მუნდირები და ძველი სამკუთხა ქუდები დაინახა, - ნამდვილი ბრეტონელებივით მოვიქეცით. დალაპარაკებამდე ვიჩხუბეთ. რვა ჯარისკაცი გიუდენის დანახვაზე გაოგნდა. - დედაო ღვთისმშობელო! ოფიცერი, რა ჯანდაბაა! აბა, როგორ არ გვეგონებოდით ყაჩაღები მაგ თქვენს თხის ტყავებში! - მწუხარე ხმით წამოიძახა იფრინდამ. - უბედურება მოხდა, მაგრამ არავის ბრალი არ არის, საიდან, თქვენ ხომ არ იცოდით კონტრშუანების გამოსვლა. თქვენ აქ რაღას აკეთებთ? - ჰკითხა გიუდენმა. - ოფიცერო, ერთ დუჟინ შუანებს ვეძებთ, რომ გვაწვალებენ. დავრბივართ მოწამლული ვირთხებივით და ამ ღობეებზე ხტუნვით ისე დავიღალეთ, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებით, ჯანდაბა მაგათ. დასვენება გვინდოდა, მე მგონი აქვე ახლოს უნდა იყვნენ ეგ ყაჩაღები, - აი, იმ ქოხთან ბოლი რომ ამოდის, ხედავთ? - კარგი! - წამოიძახა გიუდენმა, - თქვენ რვანი და შენ, იფრინდა, წადით, უკან დაიხიეთ სენ-სიულპისის კლდეებამდე და გაამაგრეთ გუშაგების ჟაჭვი, იულომ რომ დააყენა, თქვენი ჩვენთან დარჩენა არ შეიძლება, მუნდირები გაცვიათ. ჟანდაბა! ამ ძაღლებს გვინდა ბოლო მოვუღოთ, მათთან არის ვაჟკაცი. ამხანაგები ყველაფერს გეტყვიან, აბა, წადით მარჯვნივ და ფრთხილად იყავით, ჩვენი ბიჭები არიან ექვსნი, თხის ტყავებით, შეიძლება შეგხვდნენ. კონტრშუანებს ყელსახვევებით იცნობთ, თოკივით დაგრეხილები აქვთ, შეუკრავად. გიუდენმა ორივე დაჭრილი ვაშლის ხის ქვეშ დატოვა და დაასხი-კუტალის ქოხისკენ გასწია, იფრინდამ რომ უჩვენა, სანიშნად მილიდან ამოსული ბოლი ჰქონდა. იმ დროს, როცა ახალგაზრდა ოფიცერმა შუანების კვალს მიაგნო, იულოს პატარა რაზმი მაღლობზე ავიდა იმ ადგილის პირდაპირ, სადაც გიუდენმა თავისი ხალხი მიიყვანა. მოხუცი მეომარი, თავისი კონტრშუანების სათავეში, ახალგაზრდული სიმკვირცხლით უჩუმრად მისრიალებდა ღობეების გასწვრივ. ჯერ კიდევ ყოჩაღად ახტებოდა კუტიკარებს, დაკვირვებით უყურებდა ყველა ბორცვს და მონადირესავით ყველა გაფაჩუნებაზე ყურებს ცქვეტდა. მესამე მინდორზე, სადაც აღმოჩნდნენ, იულომ ასე ოცდააათი წლის ქალი შენიშნა, მოკაკული გულმოდგინედ თხრიდა მიწას. იქვე ახლოს შვიდი-რვა წლის ბიჭი აქა-იქ ამოსულ ჯოჯოს ტოტებს აქნევდა, თრთვილს აყრევინებდა, მოაჭრიდა მებაღის მრუდე დანით და ერთად ალაგებდა. იულო ღობეზე მძიმედ რომ გადმოხტა, დედა-შვილმა თავი ასწია. იულოს ეს ახალგაზრდა ქალი ბებერი მოეჩვენა, ნაადრევ ნაოჭებს დაეფარა ბრეტონელი ქალის შუბლი და ყელი, ისე ულაზათოდ და სასაცილოდ ეცვა თხის ტყავი, რომ არა ყვითელი ტილოს ჭუჭყიანი კაბა, მისი სქესის ერთადერთი მიმანიშნებელი, იულო ვერც მიხვდებოდა ქალი იყო თუ კაცი, რადგან ყვითელი ბუწუწები ჩაჩივით ჰქონდა დამალული ძონძებში, ძლივს რომ უფარავდა ტანს, აქა-იქ კანი უჩანდა. - ეჰე, ბებერო, - დაუძახა იულომ ხმადაბლა, - ვაჟკაცი სად არის? ამ დროს ოცი კონტრშუანი იულოს რომ ახლდა, ღობეზე გადმოძვრა. - ვაჟკაცი თუ გინდათ, ისევ იქით უნდა წახვიდეთ, საიდანაც მოხვედით, - უთხრა ქალმა და უნდოდ შეხედა რაზმს. - ფუჟერში ვაჟკაცის მამულს კი არ გეკითხები, კუდიანო ბებერო! მკვახედ შეაწყვეტინა იულომ, - ანა ორეელს გაფიცებ, აქეთ გაიარა? - ვერ გამიგია, რას მეკითხებით? - უპასუხა ქალმა, დაიხარა და მუშაობა განაგრძო. - წყეულო დედაბერო! იქნებ გინდა ლურჯებმა გადაგვყლაპონ რომ მოგვდევენ? - დასჭყივლა იულომ. ამ სიტყვებზე ქალმა ასწია თავი, უნდობლად შეხედა კონტრშუანებს და თქვა: - ლურჯები როგორ მოგდევენ? ახლახან დავინახე: შვიდი-რვა კაცი ქვემოთა გზით უკან მიდიოდა ფუჟერისკენ. - ერთი ამას დამიხედეთ! არ გგონიათ, რომ ჩაგვინისკარტებს თავისი გრძელი ცხვირით, მოტრიალდი, ნახე, ბებერო! და მეთაურმა თითით უჩვენა ორმოცდაათიოდე ნაბიჯით უკან ოთხი თუ ხუთი გუშაგი, კარგად რომ უჩანდათ ქუდები, უნიფორმები და თოფები. შენ რა, გინდა ყელები გამოგვჭრან? იარე-მიწაზემ გამოგვაგზავნა მარკიზის საშველად, ფუჟერელებს რომ უნდათ დაჭერა, - ბრაზიანად დაუმატა იულომ. - ოჰ, მაპატიეთ, - გააგრძელა ქალმა, - ისე ადვილია შეგეშალოს! რომელი მრევლიდან ხართ? - წმინდა გიორგის, - წამოიძახა ორმა თუ სამმა ფუჟერელმა ქვემო ბრეტონელივით, - და შიმშილით ვკვდებით. - მაშ კარგი, აგე იმ ბოლს ხო ხედავთ? ის ჩემი სახლია, მარჯვენა მხარეს თუ წახვალთ, ზემოდან მიხვალთ. შეიძლება ჩემი კაცი შეგხვდეთ, დაასხი-კუტალი უნდა ყარაულობდეს, რომ გააფრთხილოს ვაჟკაცი, თქვენ ხომ უკვე იცით, რომ დღეს ჩვენთან მოვა, - ამაყად დაუმატა. - მადლობელი ვარ, აბა, წავედით! მეხი დამეცეს, ახლა კი დავიჭერთ. ეშმაკმა დალახვროს. ამ სიტყვებზე რაზმი ჩქარი ნაბიჯით გაჰყვა მეთაურს, მითითებული ბილიკისკენ რომ გაეშურა. ამ შუახნის კაცის არაკათოლიკური ლანძღვა რომ გაიგო, დაასხი-კუტალის ცოლი გაფითრდა. ახალგაზრდა ფუჟერელების გეტრები და თხის ტყავები რომ დაინახა, ჩაიკეცა, დაჯდა მიწაზე, ჩაიხუტა შვილი და აღმოხდა: - წმინდაო ღვთისმშობელო ორეისა! და ნეტარო წმინდა ლაბარ, დაგვიფარეთ. არა მგონია, ჩვენი ხალხი იყოს, ფეხსაცმელები წაღებიანი არ ჰქონდათ!.. გაიქეცი ქვემოთა გზით, გააფრთხილე მამაშენი, თორემ თავს წააცლიან, - უთხრა პატარას, რომელიც ქურციკივით გაძვრა კურდღლისცოცხასა და ჯოჯოს ბუჩქნარში. მადმუაზელ ვერნეის გზად არ შეხვედრია არც ლურჯები, არც შუანები, რომლებიც დაასხი-კუტალის ქოხის ირგვლივ მინდვრების ლაბირინთში დასდევდნენ ერთმანეთს. ამ უბადრუკი ქოხის ნახევრად დანგრეული საკვამურიდან ამომავალი მოცისფრო ბოლის დანახვაზე მარის გული აუჩქროლდა, გრძნობდა, ძლიერი ბაგა-ბუგი ტალღებივით აღწევდა ყელამდე. გაჩერდა. ხის ტოტებს ჩაეჭიდა და შეხედა ბოლს, რომელიც შუქურასავით იყო, როგორც მეგობრებისთვის, ასევე მტრებისთვის. ასეთი ძლიერი ემოცია თავის სიცოცხლეში არ განეცადა. - ოჰ, მეტისმეტად მიყვარს, - გაიფიქრა სასოწარკვეთილმა მარიმ, - დღეს მე ალბათ ჩემს თავს ვერ მოვერევი... თვალის დახამხამებაში გადაირბინა მანძილი ქოხამდე, ეზოში შევარდა, სადაც ლაფი ყინვისაგან შეკრული იყო, უზარმაზარი ძაღლი ისევ გამოენთო ყეფით, მაგრამ დაასხი-კუტალმა ერთადერთი სიტყვა უთხრა, მანაც კუდი გააქიცინა და გაჩუმდა. ქოხში შესვლისთანავე სწრაფად მოავლო თვალი იქაურობას. მარკიზი იქ არ იყო. მარიმ შვებით ამოისუნთქა. სიამოვნებით შენიშნა, რომ შუანს უცდია, გაესუფთავებინა თავისი ბოსლის ერთადერთი ჭუჭყიანი ოთახი. დაასხი-კუტალმა დაავლო ხელი თავის ორლულიან თოფს, უხმოდ დაუკრა თავი სტუმარს და ძაღლთან ერთად გავიდა. მარიმ ზღურბლამდე გააცილა, დაინახა, როგორ გაუყვა ბილიკს, ქოხიდან მარჯვნივ რომ იწყებოდა და დამპალი სქელი მორით იყო გაღობილი კუტიკარივით. აქედან ხედავდა მინდვრების სქელ რიგს და გადაკეტილი შესასვლელები ანფილადასავით ჩანდა. ფოთოლგაცვენილი ხეები და ცოცხალი ღობეების ბუჩქები საშუალებას იძლეოდნენ, შორამდე შეემჩნიათ პეიზაჟის ყველა წვრილმანი. როცა დაასხი-კუტალის ფართოფარფლებიანი ქუდი თვალს მიეფარა, მარი მარცხნივ მიბრუნდა, უნდოდა, ფუჟერის ეკლესია დაენახა, მაგრამ ფარდული ეფარებოდა. მარიმ კუენონის ხეობას გახედა, სიფრიფანა ქსოვილის სუფრას რომ ჰგავდა და ამ სითეთრის გამო კიდევ უფრო მქრქალი ჩანდა რუხი, სათოვლე ღრუბლებით დაფარული ცა. ისეთი დღე იყო, როცა ბუნება უტყვი გგონია და ხმაურს ატმოსფერო ახშობს. და თუმცა ლურჯები და მათი კონტრშუანები სამ ზოლად მიდიოდნენ და სამკუთხედს ქმნიდნენ, რომელიც, რაც უფრო უახლოვდებოდნენ ქოხს, უფრო პატარავდებოდა და ისეთი მდორე სიჩუმე იდგა, რომ თრგუნავდა მადმუაზელ დე ვერნეის, მის შინაგან სიჩუმეს რაღაცნაირი დარდი ემატებოდა. ჰაერი უბედურებით იყო გაჟღენთილი. ბოლოს, იმ ადგილს, სადაც მინდვრების ანფილადას ფარდასავით ხურავდა პატარა ჭალა, დაინახა ახალგაზრდა კაცი, რომელიც ციყვივით ახტებოდა კუტიკარებს და გასაოცარი სისწრაფით მირბოდა. - ის არის, - გაიფიქრა მარიმ, შუანივით უბრალოდ ჩაცმულს მუშკეტონი მხარიღლივ ჰქონდა გადაკიდებული თხის ტყავის ზემოდან. რომ არა მისი მოხდენილი მიმოხრა, მისი ცნობა გაძნელდებოდა. მარი სწრაფად შეიმალა ქოხში, რაღაც აუხსნელი გრძნობის გავლენით, ისეთივე ინსტინქტურის, როგორც შიშია. სულ მალე მონტორანი მისგან ორ ნაბიჯზე იდგა ბუხართან, მოგიზგიზე ბრიალა ცეცხლთან. ორივე უხმოდ იყო, ერთმანეთის შეხედვის ან განძრევის ეშინოდათ, ერთი და იგივე იმედი აერთიანებდა მათ ფიქრებს, ერთი და იგივე ეჭვი აშორებდა. ამაში იყო მტანჯველი შფოთვა, ამაში იყო ნეტარება. - მესიე, - უთხრა ბოლოს აღელვებულმა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - აქ მხოლოდ თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნვამ მომიყვანა. - ჩემმა უსაფრთხოებამ! - სიმწარენარევი ნაღველი იყო ხმაში. - დიახ, სანამ ფუჟერში ვარ, თქვენი სიცოცხლე საფრთხეშია... მეტისმეტად მიყვარხართ და ამიტომ ამ საღამოს გავემგზავრები, აღარ მეძებოთ. - წახვალთ? ჩემო ანგელოზო!.. გამოგყვებით. - მე გამომყვებით? რას ამბობთ? და ლურჯები? - ოო, ჩემო ძვირფასო, რა საერთოა ჩვენს სიყვარულსა და ლურჯებს შორის? - მე მგონია, თქვენთვის ძნელია საფრანგეთში დარჩენა და კიდევ უფრო ძნელია ჩემთან ერთად აქედან წასვლა. - განა მისთვის, ვისაც უყვარს, არის რამე შეუძლებელი? - არა, დიახ, მე მგონი, ყველაფერი შესაძლებელია. ხომ მეყო გამბედაობა, უარი მეთქვა თქვენზე თქვენი გულისთვის. - როგორ! ეკუთვნოდეთ საშინელ არსებას, რომელიც არ გიყვართ და არ გინდათ, გააბედნიეროთ ადამიანი, რომელიც გაღმერთებთ! იყოთ მთელი ცხოვრება ადამიანისა, რომელიც გეფიცებათ, რომ მხოლოდ თქვენი იქნება! მარი გიყვარვარ? - დიახ. - მაშ, გახდი ჩემი. - ნუთუ დაგავიწყდათ, რომ ისევ კურტიზანის საძულველ როლს ვთამაშობ და თქვენ უნდა მეკუთვნოდეთ მე? მე ხომ მხო-ლოდ იმიტომ მინდა თქვენგან გაქცევა, რომ აგაცილოთ მტრობა, მძულვარება, რომელიც მე შეიძლება დავიმსახურო. ამის შიში რომ არა... იქნებ... - მე არაფრის მეშინია... - ვინ დამაჯერებს მაგაში? უნდო ვარ, ეჭვიანი. ჩემს მდგომარეობაში ვინ არ იქნებოდა ასეთი?.. თუ ჩვენი სიყვარული ხანგრძლივი არ იქნება, სრული მაინც უნდა იყოს, ყოვლისშემძლე და აგვატანინოს უსამართლობა. ჩემთვის რა გააკეთეთ? გინდივართ. გგონიათ ეს აღგამამაღლებთ სხვებზე, ვისაც აქამდე შევხვედრივარ? განა ერთი საათი ბედნიერებისათვის გაბედავთ, დაივიწყოთ თქვენი შუანები, მათი ხვედრი არ გაწუხებთ? როგორც მე არ ვფიქრობდი ლურჯებზე იმ დღეს, როცა ჩემთვის თითქოს ყველაფერი დამთავრებული იყო? და რომ გიბრძანოთ, უარი თქვათ თქვენს იდეეებზე, თქვენს იმედებზე, თქვენს ძვირფას მეფეზე, რომელიც მიშლის, მავიწროებს და რომელსაც იქნებ გაეცინოს, მისთვის რომ გასწიროთ თავი იმ დროს, როცა მე თაყვანისცემით შემიძლია თქვენთვის სიკვდილი, ანდა, რომ მოვინდომო მორჩილება გამოვუცხადოთ პირველ კონსულს, მხოლოდ იმიტომ, რომ შესძლოთ გამომყვეთ პარიზში?.. ან, თუ მოგთხოვთ, რომ წამოხვიდეთ ჩემთან ერთად ამერიკაში და შორს იყოთ საზოგადოებისა და მისი ამაოებისაგან მხოლოდ იმისთვის, რომ დავრწმუნდე, მართლა გიყვარვართ თუ არა მე - ჩემ გამო, როგორც ამ წუთში მიყვარხართ? მოკლედ, ერთ დღეს რომ ვისურვო, დაეშვათ ჩემთან და არა მე ავმაღლდე თქვენამდე, მაშინ როგორ მოიქცევით? - გაჩუმდი, მარი. შენს თავს ცილს ნუ სწამებ. საბრალო პატარავ, გამოვიცანი! დამიჯერე. თუ ჩემი პირველი ლტოლვა ვნებად იქცა, ახლა ვნება გადაიქცა სიყვარულად. ძვირფასო, ჩემი გულის გულო, ვიცი, ისეთივე კეთილშობილი ხარ, როგორიც შენი გვარია, ისეთივე დიდი ხარ, როგორიც მშვენიერი. საკმაოდ მაღალი წრის ვარ და იმდენ ძალასაც ვგრძნობ, რომ ვაიძულო საზოგადოება, მიგიღოს. არ ვიცი, იქნებ იმიტომ, რომ გული მიგრძნობს და ველი შენგან გაუგონარ და უსასრულო სიამოვნებას?.. იქნებ იმიტომ, რომ შენს სულში მივაგენი იმ ძვირფას თვისებას, რომელიც აიძულებს მამაკაცს, მხოლოდ ერთი ქალი უყვარდეს სამუდამოდ?.. ჩემი სიყვარულის მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უკიდეგანოა და მგონია, რომ უკვე აღარ შემიძლია უშენოდ სიცოცხლე, ცხო-ვრება სიძულვილი გამიხდება, თუ ჩემ გვერდით არ იქნები. - როგორ თქვენ გვერდით? - მარი, არ გინდა მიხვდე, რას გეუბნება შენი ალფონსი? - გგონიათ, დიდად მაამებთ, თუ თქვენს გვარსა და ხელს შემომთავაზებთ? - მედიდურად უთხრა, მაგრამ თვალი არ მოუშორებია მარკიზისთვის, მისი ყველა ფიქრის ამოცნობა უნდოდა, - ნამდვილად იცით, რომ ექვსი თვის მერე არ გადამიყვარებთ? მერე როგორი იქნება ჩემი მომავალი?.. არა, არა, საყვარელია მხოლოდ ის ქალი, ვინც თავისი მამაკაცის გრძნობებშია დარწმუნებული, რადგან მოვალეობა, კანონები, საზოგადოება, ბავშვების ინტერესი - მაშინ არ არის უხალისო, ნაღვლიანი დამხმარეები ქალისა და თუ მისი ძალაუფლება ხანგრძლივია, აი, მაშინ არის ამაყი და ბედნიერი, ეს გადაატანინებს ქვეყნის ყველაზე მძიმე მწუხარებას. ვიყო თქვენი ცოლი და ერთხელაც თქვენს ტვირთად ვიქცე!.. ამ შიშს წარმავალი, მაგრამ ნამდვილი სიყვარული მირჩევნია, თუნდაც ბოლო გაჭირვება და სიკვდილი იყოს. როგორ არა, შემეძლო, ვყოფილიყავი ნებისმიერზე უკეთესი, სათნო დედა, ერთგული ცოლი, მაგრამ იმისათვის, რომ ასეთი გრძნობები შეუნარჩუნოს ქალს, მხარში ამოუდგეს, შეეშველოს, მამაკაცი გატაცების, ვნების აფეთქებისას არ უნდა დაქორწინდეს. და მე თვითონ კი ვიცი განა, ხვალ მომეწონებით თუ აღარ? არა, თქვენი უბედურება არ მინდა, ვტოვებ ბრეტანს, - თვალებში ყოყმანი შეატყო, - დავბრუნდები პარიზში და თქვენ ჩემს საძებნელად იქ არ ჩამოხვიდეთ... - მაშ ასე, თუ ზეგ დილას სენ-სიულპისის კლდეებზე ბოლს დაინახავ, საღამოს შენთან ვიქნები - საყვარელი თუ ქმარი, როგორც მოისურვებ, არაფრის მეშინია! - ალფონს, მაშ, მართლა გიყვარვარ! - აღტაცებით წარმოთქვა მარიმ, - რაკი მზად ხარ, ასეთ საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე იმისათვის, რომ მე მომიძღვნა? არაფერი უთქვამს, მხოლოდ შეხედა; მარიმ თვალები დახარა და მის აგიზგიზებულ სახეზე ისეთივე აღტაცება ამოიკითხა, როგორსაც თვითონაც გრძნობდა და ხელები გაუწოდა. რაღაც სი-გიჟემ აიტანა მარი: მკერდზე მიეკრა, გადაწყვიტა, დანებებოდა მას, რომ ეს შეცდომა უდიდეს ბედნიერებად ექცია, რადგან რისკავდა მთელ თავის მომავალს, რომლის განმტკიცებაც შეეძლებოდა, თუ ამ უკანასკნელი განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვიდოდა. ის იყო, მხარზე დაადო თავი შეყვარებულს, რომ გარეთ შეუმჩნეველი ხმაური გაისმა. მარი თითქოს გამოფხიზლდა, მოეხსნა უცებ მისი მკლავებიდან და ქოხიდან გავარდა. მხოლოდ ახლა მოვიდა ცოტა გონს და შეძლო თავის მდგომარეობაზე დაფიქრება. - ჩემს ძღვენს მიიღებდა და მერე იქნებ დაეცინა კიდევაც, - გაიფიქრა, - ეს რომ ასე იყოს, მოვკლავდი. ოღონდ, ახლა არა, - დაუმატა მარიმ იფრინდას დანახვაზე და ნიშანი მისცა, რომელიც მან მშვენივრად გაიგო. საბრალო ბიჭი ქუსლებზე შემობზრიალდა, თავი მოაჩვენა, ვითომ არაფერი შეუმჩნევია. მადმუაზელ დე ვერნეი სწრაფად შებრუნდა ოთახში, ტუჩებზე მიიდო მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი, ანიშნა მარკიზს, ჩუმად რომ უნდა ყოფილიყო.

*გაგრძელება*

ნახვა: 698

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters