ფუშეს იდეა 

წიგნიდან: ონორე დე ბალზაკი - შუანები

   ბრიუმერის ბოლო დღეებში, ერთ დილით, როცა იულო, ზემდგომთა ბრძანებით, მაიენში თავმოყრილ თავის ნახევარბრიგადას ავარჯიშებდა, ალანსონიდან მოსულმა კურიერმა დეპეშები გადასცა. კითხვისას იულოს დიდი უკმაყოფილება გამოეხატა სახეზე.

- აბა, წინ! - შესძახა გაბრაზებულმა და დეპეშები ქუდში ჩაიჩურთა, - ორი ასეული ჩემთან ერთად წამოვა მორტანისკენ. იქ შუანები არიან. თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ, - უთხრა მერლს და ჟერარს, დიდგვაროვანი გამხადონ, თუ ერთი სიტყვა მაინც მესმოდეს ამ დეპეშისა. იქნებ ჭკუა გამომელია, თუმცა, რა სხვაობაა, წინ! დასაკარგი დრო არა გვაქვს.

- მეთაურო, რა ჩიტი იყო მაგ მონადირის ჩანთაში? - ჰკითხა მერლმა და ჩექმის ცხვირით სამინისტროს კონვერტს წაჰკრა.

- ეშმაკმა დალახვროს! დიდი არაფერი, ისევ გულს აწყალებენ.

თუ სარდალს ის ჯარისკაცული გამოთქმა წამოსცდებოდა ხოლმე, რომელსაც ასე შერბილებულად გადმოგცემთ, ყველამ იცოდა, ქარიშხალი ახლოვდებოდა. ამ ფრაზის სხვადასხვა ინტონაცია კი ნახევარბრიგადისთვის გრადუსებივით იყო მეთაურის მოთმინების თერმომეტრზე და ძველი ჯარისკაცური გულწრფელობა ამ შკალაში ისე ადვილად გარკვევის საშუალებას იძლეოდა, რომ უკანასკნელმა მედოლემაც კი ზეპირად იცოდა, მისი გრიმასის ყველა ვარიაციით, როცა ლოყას აჭიმავდა და თვალებს მოჭუტავდა ხოლმე. ამჯერად, იმ ტონში, რომლითაც ეს სიტყვები ითქვა, ფარული რისხვა იგრძნობოდა და ორივე მეგობარი ჩაჩუმდა და გაფაციცდა. ნაყვავილარიც კი თითქოს უფრო ჩაღრმავდა სარდლის შავგრემან, ვაჟკაცურ სახეზე, უფრო გაუმუქდა. როცა სამკუთხა ქუდი დაიხურა, ნაწნავებჩატანებულიკუდივით შეკრული ხშირი თმა ერთ-ერთ ეპოლეტზე გამოედო და ისეთი ბრაზით გადაიგდო ზურგისკენ, რომ ნაწნავები გაეშალა და ულვაშები აებურძგნა, გულხელდაკრეფილი, შეკრული მუშტებით დიდხანს იდგა გაუნძრევლად. ჟერარმა ბოლოს გაბედა და ჰკითხა: - ახლა გავდივართ?

- დიახ, თუ სავაზნეები სავსეა, - კბილებში გამოსცრა მეთაურმა.

- სავსეა.

- სწორდით! ნაბიჯით იარ! - უბრძანა ჟერარმა მეთაურის ნიშანზე. მედოლეები წინ გამოვიდნენ. ჩაუდგნენ ასეულებს თავში. ბარაბნის ხმაზე ფიქრებში წასული სარდალი თითქოს გამოერკვა და ორი მეგობრის თანხლებით ისე გავიდა ქალაქიდან, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მათთვის. მერლმა და ჟერარმა უბრად გადახედეს ერთმანეთს, თითქოს ეკითხებოდნენ, დიდხანს იქნება ასე გაბრაზებულიო? გზადაც უთვალთვალებდნენ იულოს, რაღაცას რომ ბუტბუტებდა, რამდენჯერმე ჯარისკაცების ყურამდე მიღწეული სიტყვები წყევლა-კრულვად მოეჩვენათ, მაგრამ ხმის ამოღებას ვერც ერთი ვერ ბედავდა, რადგან, როცა საჭირო იყო, ყველა იცავდა მკაცრ დისციპლინას, რასაც მიჩვეულნი იყვნენ იტალიაში, ბონაპარტის მეთაურობით ნაბრძოლი ჯარისკაცები. მათი უმრავლესობა იულოსავით იმ სახელგანთქმული ბატალიონების დარჩენილ ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლებიც კაპიტულაციის მერე მაიენიდან იმ პირობით გამოუშვეს, რომ საზღვრებზე არ იბრძოლებდნენ და არმიაშიც მაიენელები შეარქვეს. ძნელი იყო ჯარისკაცებისა და მეთაურის პოვნა, ასე რომ გაუგებდნენ ერთმანეთს.

   სალაშქროდ წასვლის მეორე დღეს იულო და მისი ორივე მეგობარი დილაადრიან უკვე ალანსონის გზას ადგნენ, ერთი ლიეს მანძილზე, მორტანის მახლობელ უკანასკნელ ქალაქამდე, გზის იმ ნაწილში, სარტის წყლით მორწყულ საძოვრებს რომ მიუყვება. მარცხენა მხარეს გადაჭიმულია მშვენიერი მდელოები, მარჯვნივ კი ხშირი ტყის ზოლია. მენილ-ბრუს ტყის მასივამდე და თუ მხატვრებს დავესესხები ტერმინს - კონტრასტულ ფონს ქმნის შესანიშნავი სამდინარო პეიზაჟებისთვის. გზას ნაპირებზე ღრმა თხრილები გასდევს და მიწა, რომელსაც გამუდმებით იღებენ ამ თხრილებიდან, მინდორზე მაღალ ფერდობს ქმნის, ჯოჯოთი რომ დაფარულა - ასე უწოდებენ დასავლეთ საფრანგეთში ეკლიან კურდღლისცოცხას. ეს ხშირი ბუჩქნარი ზამთარში ცხენისა და სხვა ცხოველების მშვენიერი საკვებია, ჯერჯერობით კი, სანამ ხშირი, დიდებული, მუქი მწვანე ღერები ჯერ არ მოუჭრიათ, მის უკან შუანები იმალებიან. ამიტომ ფერდობები და ჯოჯოს ბარდები, ბრეტანის სიახლოვეს რომ მოასწავებდნენ, იმხანად გზის ამ ნაწილში ძალიან სახიფათო იყო და თან ძალიან ლამაზიც. სწორედ ამ საფრთხის გამო, რაც მგზავრებს მორტანიდან ალანსონამდე და ალანსონიდან მაიენამდე ელოდათ, გამოიძახეს იულოს ექსპედიცია; აქ გაცხადდა ბოლოს და ბოლოს მისი მრისხანების მიზეზი: მოუხდა თანხლება ეტლისა, რომლის ფოსტის ცხენებიც ნელა მისდევდნენ დაღლილ ჯარისკაცებს. მორტანის გარნიზონის ორმა ასეულმა, ახლა რომ ორი შავი წერტილივით მოჩანდა შორს, ეს უსახური ეტლი თავისი ეტაპის ბოლომდე მიაცილა და უკან დაბრუნდა. ისინი იულომ შეცვალა, იმავე დავალებით, რასაც ჯარისკაცებმა სამართლიანად შეარქვეს გულისგამაწვრილებელი პატრიოტული მოვალეობა. ძველი რესპუბლიკელის ერთი ასეული რამდენიმე ნაბიჯით უკან მიჰყვებოდა ეტლს, მეორე კი წინ მიუძღოდა. იულო მერლსა და ჟერარს შორის, ავანგარდიდან ეკიპაჟამდე ნახევარ გზაზე მიაბიჯებდა. უცებ იფეთქა: - ეშმაკმა დალახვროს! წარმოგიდგენიათ! გენერალმა მაიენიდან მხოლოდ იმისთვის გამოგვაგზავნა, რომ ვახლდეთ ორ ქარაფშუტა ქალს, ამ დანჯღრეული ეტლით რომ მიემგზავრებიან!

- თუმცა, ჩემო სარდალო, მოქალაქე ქალბატონის მცველთა პოზიცია რომ დავიკავეთ ამ ცოტა ხნის წინ, თქვენ მიესალმეთ და ძალიან მოხდენილადაც!

- ეჰ, თავლაფის დასხმა სწორედ ეგ არის! პარიზელი ფრანგების მითითებით, გვევალება, უდიდესი პატივისცემა გამოვიჩინოთ მათი წყეული დედაკაცების მიმართ, განა შეიძლება ასე დაამცირო ჩვენნაირი პატიოსანი და მამაცი პატრიოტები, აქციო ვიღაც ქალების ამალად. მე გზაზე პირდაპირ მივდივარ და სხვებისაც არ მიყვარს მიხვეულ-მოხვეული. როცა დავინახე, რამდენი საყვარელი ჰყავდა დანტონს და რამდენი - ბარასს, ვუთხარი: „მოქალაქენო, რესპუბლიკამ მისი მართვა იმიტომ კი არ ჩაგაბარათ, რომ ძველი რეჟიმის დროსტარება გეგრძელებინათ-მეთქი.“ ამაზე მეტყვით, რომ ქალები... ქალები ყველას ჰყავს, ყველანი ცოდვილები ვართ... მართალია. სახელოვან ვაჟკაცებს სჭირდებათ ქალები და თან კარგი ქალები. მაგრამ როცა საფრთხე ახლოვდება, რა დროს ქალებია. რისთვის მოვსპეთ ძველი სისაძაგლეები, თუკი იგივე განმეორდება? შეხედეთ პირველ კონსულს, - აი, კაცი! არავითარი ქალები, მხოლოდ საქმე. მზად ვარ, მარცხენა ულვაშზე დაგენაძლევოთ, რომ მან არ იცის, რა სულელურ საქმეს გვაკეთებინებენ აქ.

- ღმერთმანი, მეთაურო, - სიცილით უპასუხა მერლმა, - იმ ახალგაზრდა ქალის ცხვირის წვერს მოვკარი თვალი, ეტლში რომ იმალება და ვაღიარებ, ნებისმიერს მოუნდებოდა, საკუთარი ღირსების შელახვის გარეშე, ჩემსავით ეტრიალა ამ ეტლის გარშემო, რომ ნაცნობობა გაება და ცოტა ხნით მაინც დალაპარაკებოდა მოგზაურებს.

- ფრთხილად იყავი, მერლ, - უთხრა ჟერარმა, - ამ შლიაპიან გაიძვერებს ვიღაც მოქალაქე ახლავს და ეტყობა, საკმაოდ ეშმაკია, მახეში არ გაგაბას.

- ვინ? ის კოხტაპრუწა, თვალები გზის აქეთ-იქით რომ დაურბის, თითქოს შუანები დაინახა სადმეო? ეს ფრანტი, როცა ფეხები არ უჩანს და არც ეტლის ძარის იქით ცხენი მოჩანს, გეგონება ნამცხვრიდან თავამოყოფილი იხვიაო, მაგრამ თუ ეგ ბენტერა ოდესმე ხელს შემიშლის, მოვეფერო მის ლამაზ გულწითელას...

- იხვი, გულწითელა! ეჰ, შე საწყალო მერლ, მეტისმეტად ხარ გატაცებული ფრინველებით! მაგრამ იხვს ნუ ენდობი! მისი მწვანე თვალები გველგესლასავით ვერაგული მეჩვენება და იმ ქალივით ეშმაკი, ქმარს რომ ყველაფერს აპატიებს. შუანების ნაკლებად მეშინია, ვიდრე ასეთი დამცველებისა, სიფათი ლიმონათის გრაფინს რომ მიუგავს.

- ეჰე! - მხიარულად შესძახა მერლმა, - მეთაურის ნებართვით გაბედავ! ამ ქალს თვალები ვარსკვლავებივით აქვს! რისკზე წახვალ, ოღონდ დაინახო!

- ჩვენი ამხანაგი გაება, - უთხრა ჟერარმა მეთაურს, - სისულელეებს როშავს.

იულო დაიმანჭა, მხრები აიჩეჩა და უპასუხა: - სანამ წვნიანის ჭამას დაიწყებდე, გირჩევ დაყნოსო.

- კაი ბიჭია ჩვენი მერლი, ოხუნჯი! - განაგრძო ჟერარმა, როცა შენიშნა, რომ მერლმა ფეხი შეანელა, რათა ეტლი წამოსწეოდა, - ერთადერთი კაცია, რომელსაც შეუძლია, ამხანაგის სიკვდილზეც იხუმროს და თან უგულობას ვერავინ დასწამებს.

- ნამდვილი ფრანგი ჯარისკაცი! - სერიოზულად უპასუხა იულომ.

- ოჰო, უყურეთ, ეპოლეტები გაისწორა მხრებზე, კარგად უნდა გამოაჩინოს, რომ კაპიტანია! - წამოიძახა სიცილით ჟერარმა, - ვითომ ამ საქმეში ჩინს რამე მნიშვნელობა აქვს!

ეკიპაჟით, რომელთან მიახლოებასაც მერლი ცდილობდა, მართლაც ორი ქალი მიემგზავრებოდა: ეტყობოდა, ერთი მოახლე იყო, მეორე - ქალბატონი.

- ასეთი ქალები ყოველთვის ორ-ორი დადიან, - თქვა იულომ.

პატარა, ხმელ-ხმელი, გამხდარი კაცი ხან მინავარდობდა ცხენით, ხან უკანიდან მოუვლიდა ეტლს, მართალია, ამ საპატიო მგზავრებს ახლდა, მაგრამ მათთან დალაპარაკებული არავის დაუნახავს. ეს ქედმაღლობისა და მოწიწების დამადასტურებელი მდუმარება, უამრავი ბარგი, მისი ქუდის კოლოფები, იულო პრინცესად რომ მოიხსენიებდა, ყველაფერი, მისი კავალერი-მსახურის კოსტიუმიც კი აღიზიანებდა იულოს. უცნობის კოსტიუმი ზუსტი ნიმუში იყო იმდროინდელი მოდისა, რომელზეც „წარმოუდგენლების“ უამრავი კარიკატურა შეიქმნა. იფიქრებდით, ეს უცნაური, ახირებული კოსტიუმი განგებ იყო მოგონილი, რათა ბუნებრივი გრაციისთვის მოეწყოთ გამოცდა და დაემტკიცებინათ, რომ რაც უნდა სასაცილო იყოს რაიმე, მოდას შეუძლია მისი დაკანონება. მხედარი ოცდაათი წლისა გეგონებოდათ, თუმცა სულ ახლახან გახდა ოცდაორის. მის გარეგნობას შეიძლება დროსტარებამ დაასვა დაღი, შეიძლება იმ ეპოქის ხიფათებმა. მიუხედავად მასხარის სამოსელისა, გარკვეული ელეგანტურობა მაინც ეტყობოდა მის მიმოხრას, ზრდილ ადამიანს, რომ ახასიათებს. როცა კაპიტანი კარეტასთან აღმოჩნდა, ელეგანტურმა ყმაწვილმა, ეტყობა, გამოიცნო მისი განზრახვა, ვითომ მისი დახმარება უნდოდა, შეაყოვნა ცხენი, მერლი წააწყდა გაქვავებულ, უმეტყველო სახეს ადამიანისას, რომელიც მიჩვეული იყო, რევოლუციის არასტაბილურობის გამო, დაემალა ყველა გრძნობა, სულ მცირეც კი. ქალებმა ძველი სამკუთხა ქუდის გადმოკეცილი კუთხე და კაპიტნის ეპოლეტები შენიშნეს თუ არა, ანგელოზის ნაზი, წკრიალა ხმა გაისმა: - ბატონო ოფიცერო, გამოიჩინეთ სიკეთე და გვითხარით, სად ვართ?

   რაღაც ამოუცნობი ხიბლი აქვს უცნობი მოგზაური ქალის მიერ დასმულ კითხვას, როცა სულ უმნიშვნელო სიტყვაც კი თითქოს მთელ თავგადასავალს მოიცავს; მაგრამ თუ ქალი, ქალური სისუსტიდან გამომდინარე, ან რამის არცოდნის გამო, რაიმენაირ მფარ-ველობას გთხოვთ, განა ნებისმიერი მამაკაცი არ შეთხზავს მაშინვე აუხდენელ ზღაპარს, რომელშიც მას ბედნიერის როლი ხვდება წილად? ამიტომაც უბრალო სიტყვებმა „ბატონო ოფიცერო“ და შეკითხვის თავაზიანმა ფორმამ გული აუჩქროლა კაპიტანს. სცადა, ქალის სახე დაენახა, მაგრამ ძალიან გაუცრუვდა იმედი, რადგან ვუალი უფარავდა ნაკვთებს. გამჭვირვალე პირბადის უკან ოდნავ გაარჩია მოელვარე თვალები, მზეზე გაბრწყინებული ორი ონიქსივით.

- ალანსონამდე ერთი ლიეა, ქალბატონო.

- ალანსონი? უკვე? - და უცნობი ქალბატონი უსიტყვოდ უკან გადაქანდა ან, უფრო ზუსტად, ეტლის ზურგისკენ გადაიწია.

- ალანსონი, - გაიმეორა მეორე ქალმა, ეტყობა, გამოღვიძებულმა, - ისევ ნახავთ მშობლიურ მხარეს... - შეხედა კაპიტანს და გაჩუმდა. იმედგაცრუებულმა მერლმა მშვენიერი უცნობი ქალის თანამგზავრი შეათვალიერა. ასე, ოცდაექვსი წლის იქნებოდა, ქერა, ლამაზი აღნაგობის, ქორფა, მშვენიერი სახის ფერით, ასე რომ გამოარჩევს ვალონის, ბეიესა და ალანსონის მიდამოების ქალებს. მის ცისფერ თვალებში დიდი ჭკუა არა, მაგრამ მტკიცე ხასიათი და სულის სინაზე კი ჩანდა. მუქი ქსოვილის კაბა ეცვა. როგორც ნორმანდიაშია მიღებული, თმა პატარა ჩაჩის ქვეშ, ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე ჰქონდა აწეული, რაც მის სახეს მშვენიერ სისადავეს ანიჭებდა. მისი გარეგნობა არ გამოირჩეოდა პირობითი სალონური არისტოკრატულობით, მაგრამ არც ბუნებრივი ღირსება აკლდა თავდაჭერილი ახალგაზრდა ქალისა, რომელსაც წარსულზე თვალის გადავლება ისე შეეძლება, რომ მოსანანიებელი სრულებით არაფერი ჰქონდეს. კაპიტანმა მერლმა თვალის ერთი შევლებით გამოიცნო, რომ ეს იყო მინდვრის ყვავილი, პარიზის სათბურში გადატანილი, სადაც უამრავი დამჭკნობი სხივია თავმოყრილი, მაგრამ მაინც არ დაუკარგავს არც ფერების სიხასხასე და არც სოფლური გულწრფელობა. მისი გულუბრყვილო და მორიდებული გამოხედვა ღაღადებდა, რომ მოსაუბრეს არ ეძებს. მართლაც, როგორც კი ოფიცერი ეტლს გაერიდა, უცნობმა ქალებმა საუბარი გააბეს და მათი ჩურჩული ძლივს აღწევდა მის ყურამდე.

- ისე საჩქაროდ გამოემგზავრეთ, - თქვა ახალგაზრდა ქალმა, - წესიერად ჩაცმაც ვერ მოასწარით. კარგი სანახავი ხართ! თუ ალანსონის იქით მივდივართ, აუცილებლად დაგჭირდებათ გამოცვლა...

- ოჰ, ოჰ, ფრანსინ, - წამოიძახა უცნობმა.

- რას მიბრძანებთ?

- აი, უკვე მესამედ ცდილობ, გაიგო, სად და რატომ მივდივართ.

- განა რამე გითხარით, ეს საყვედური რომ დავიმსახურე?

- მშვენივრად მივხვდი შენს ხრიკებს! ახლა ისეთი გულუბრყვილო და მიამიტი აღარ ხარ, ჩემი სკოლა გაიარე და ცოტა გაეშმაკდი. პირდაპირი შეკითხვები უაზროდ მიგაჩნია და მართალიც ხარ, შვილო ჩემო. ვინმეს გამოტეხვის არსებული ხერხებიდან ეს ყველაზე სულელურია, ჩემი აზრით.

- რა გაეწყობა, - განაგრძო ფრანსინმა, - რაკი ვერაფერს გამოგაპარებთ, მაგრამ აღიარეთ, მარი, რომ თქვენი ქცევა წმინდანსაც კი დააინტერესებდა. გუშინ დილას უფულოდ იყავით, დღეს ხელები ოქროთი გაქვთ სავსე. მორტინში გაძლევენ გაძარცვულ საფოსტო კარეტას, მოკლული მეეტლის ნაცვლად - სხვას, მთავრობის ჯარი გიცავთ, გაცილებთ ადამიანი, რომელსაც თქვენს ბოროტ სულად ვთვლი.

- ვინ? კორანტენი? - იკითხა ახალგაზრდა უცნობმა ქალმა და ხელით მხედარზე მიუთითა. ეს ორი სიტყვა ისეთი ზიზღით თქვა, რომ ჟესტზეც დაეტყო, მხედარზე რომ უთითებდა. მისმინე, ფრანსინ, - განაგრძო ისევ, - გახსოვს პატრიოტი, ჩემი მაიმუნი, დანტონის გამოჯავრება რომ ვასწავლე, ასე რომ გვართობდა.

- დიახ, მადმუაზელ.

- მერე მისი გეშინოდა?

- დაბმული იყო.

- კორანტენს კი ალიკაპი აქვს.

- ვიცი, საათობით ვერთობოდით პატრიოტით, მაგრამ ბოლოს მაინც ახერხებდა, ოინი ექნა.

   ამ სიტყვებზე ფრანსინი სწრაფად გადაიწია ეტლის ზურგისკენ, თავისი ქალბატონისკენ, ხელები ხელებში ჩასჭიდა, ნაზად მოეფერა და ლაქუცა ღიმილით უთხრა: - თქვენ მიმიხვდით, მარი, მაგრამ პასუხი არ გაგიციათ!.. რა მოხდა? ისეთი ნაღვლიანი იყავით, ისე შემტკიოდა გული, ო, ისე ვდარდობდი, ოცდაოთხი საათის მერე კი ასეთი გიჟური მხიარულება, როგორც მაშინ, თავის მოკვლაზე რომ ლაპარაკობდით... საიდან ასეთი ცვლილება? ცოტა მაინც ხომ მაქვს უფლება, თქვენი სულიერი მდგომარეობა ვიცოდე. ის ჯერ მე მეკუთვნის და მერე სხვას, ვინმეს, რადგან ჩემზე მეტად არავის ეყვარებით. მითხარით, მარი...

- კარგი, ფრანსინ, ნუთუ გარშემო ვერ ხედავ ჩემი მხიარულების მიზეზს? შეხედე, იქ შორს ხეების შეყვითლებულ ჯიღებს, ხედავ, ორი ერთნაირი არ არის. დიდი მანძილიდან რომ უყურებ, გეგონება, რომელიმე სასახლის გობელენია. შეხედე ამ ცოცხალ ღობეებს, მათ უკან ყველგან შეიძლება შუანები იყვნენ ჩასაფრებული, როცა ამ ხშირ ბუჩქნარს ვუყურებ, თოფის ლულები მელანდება. რა კარგია, ჩვენ ირგვლივ ამდენი ხიფათი რომ არის, სულ უფრო და უფრო მეტი. გზის ყველა დაბურულ მონაკვეთში ველოდები, რომ სროლა ატყდება და გული სწრაფად მიწყებს ფეთქვას, მანამდე განუცდელი გრძნობა მაღელვებს და ეს არც შიშისგან თრთოლაა, არც სიამოვნების განცდა. არა, ეს სხვაა, ეს უფრო მეტია, ეს ყველა ის ემოციაა ერთად, რაც მამოძრავებს - ეს ჩემი სიცოცხლეა! როგორ არ უნდა მიხაროდეს, ცოტა რომ გამოვაცოცხლე ჩემი არსებობა.

- ოჰ, რა სასტიკი ხართ, არაფერს მეუბნებით. წმინდაო ღვთისმშობელო, - დაუმატა ფრანსინმა და ცისკენ აღაპყრო ნაღვლიანი თვალები, - გულს ვის გადაუშლის, თუ მე არაფერს მეუბნება?

- ფრანსინ, - სერიოზულად უთხრა უცნობმა ქალმა, - არ შემიძლია გაგანდო ჩემი ზრახვები. ამჯერად საშინელია.

- ბოროტება განგებ რატომ უნდა ჩაიდინო?

- რას იზამ? ხშირად ვიჭერ ჩემს თავს იმაში, რომ ისე ვფიქრობ, თითქოს ორმოცდაათი წლის ვიყო და თხუთმეტი წლის გოგოსავით კი ვიქცევი. შენ ყოველთვის ჩემი გონება იყავი, საბრალო ფრანსინ, მაგრამ ამ საქმეში სინდისი უნდა ჩავაჩუმო, - და მცირე პაუზის შემდეგ ოხვრით დაუმატა, - არ გამომდის. მაშ, როგორ გინდა, შენისთანა მკაცრ აღმსარებელს გავენდო? - და მოფერებით დაუტყაპუნა ხელზე ხელი.

- განა ოდესმე მისაყვედურია თქვენი საქციელის გამო? თქვენი ბოროტებაც კი საყვარელია. წმინდა ანა ორეელი, ამდენს რომ ვევედრები თქვენზე, ალბათ ყველაფერს შეგინდობდათ. ამ გზაზეც ხომ თქვენ გვერდით ვარ, თუმცა არ ვიცი, სად მიდიხართ? - და მხურვალედ დაუკოცნა ხელები.

- შეგიძლია დამტოვო, თუ შენი სინდისი...

- კარგი, გაჩერდით, მადამ, - და ნაწყენი სახე მიიღო, - მაგრამ, ნუთუ არ მეტყვით?

- არაფერს გეტყვი, - მტკიცედ უპასუხა ქალიშვილმა, - მაგრამ იცოდე, ეს განზრახვა უფრო მეტად მძულს, ვიდრე ის ადამიანი, დათაფლული ენით რომ ამიხსნა ეგ საქმე. გულახდილად გეტყვი, მათ სურვილს არ დავთანხმდებოდი, ამ საზიზღარ ფარსში საშინელება და სიყვარული ერთად რომ არ დამენახა, სწორედ ამან მაცდუნა. და მერე, ამ ქვეყნიდან ისე არ მინდა წასვლა, ყვავილების მოკრეფას არ ვეცადო. ახლა იმედი მაქვს, ეს მოხდება, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ჩემი ხსოვნის პატივსაცემად, ბედნიერი რომ ვყოფილიყავი, გილიოტინის ჩემს თავზე ჩამოსავარდნად გამზადებული მძიმე დანაც კი ვერ მაიძულებდა, ამ ტრაგედიაში როლი მქონოდა, რადგან ეს ტრაგედიაა... ახლა კი, - განაგრძო მან და უნებურად ზიზღით აიქნია ხელი, - რომ გაეუქმებინათ, იმ წამში სარტში გადავვარდებოდი და ეს თვითმკვლელობაც არ იქნებოდა, რადგან ჯერ არ მიცხოვრია.

- ოო, ორეის წმინდა ღვთისმშობელო, შეუნდე!

- რისი შეგეშინდა? ხომ იცი, უმნიშვნელო ოჯახური უბედურებები ჩემში დიდი ვნებებს არ აღძრავს. ეს ქალისთვის ცუდია, მაგრამ ჩემი სული მომწიფდა უფრო მაღალი გრძნობებისთვის და უფრო მძიმე განცდებისთვის. იქნებ მეც შენსავით თვინიერი არსება გავმხდარიყავი, უწყინარი. რატომ ავმაღლდი, თუ დავეშვი იმ დონეზე დაბლა, რაც ჩემი სქესისთვის არის განკუთვნილი? რა ბედნიერია გენერალ ბონაპარტის ცოლი! მე, ეტყობა, ახალგაზრდა მოვკვდები, რაკი არ მაშინებს ეს მხიარული გასეირნება, სადაც სისხლის სმაა მოსალოდნელი, როგორც ამბობდა საბრალო დანტონი. თუმცა დაივიწყე ყველაფერი, რაც გითხარი, ამას ორმოცდაათი წლის ბებერი ლაპარაკობდა. მადლობა ღმერთს, მალე ისევ გამოჩნდება თხუთმეტი წლის გოგო.

   ახალგაზრდა სოფლელი გოგო ათრთოლდა, მხოლოდ ის იცნობდა თავისი ქალბატონის მგზნებარე და ფიცხ ხასიათს, მხოლოდ ის იცნობდა მისი მდიდარი, ეგზალტირებული სულის საიდუმლოებს, ფარულ გრძნობებს ამ არსებისას, რომელიც აქამდე მხოლოდ ხედავდა, როგორ მოუხელთებელი ჩრდილივით მილივლივებდა სიცოცხლე იქვე, ახლოს და ყოველთვის უნდოდა, დაეჭირა. ბარაქიანი ხელით უხვად თესავდა, მაგრამ ვერაფერს იმკიდა, გული უბიწო, სუფთა რჩებოდა, მაგრამ გაღიზიანებული. მრავალჯერ ხელის მოცარვის გამო, უმეტოქეო ბრძოლაში დაღლილი, სასოწარკვეთილი იქამდე მივიდა, რომ სიკეთეს ამჯობინებდა ბოროტებას, როცა სიკეთე სიამოვნება იყო და ბოროტებას - სიკეთეს, როცა ბოროტება პოეტურ სახეს იძენდა, სიღატაკეს - საშუალო, უფერულ ცხოვრებას, როგორც უფრო ამაღლებულ რამეს და სიკვდილის ბნელით მოცულ და იდუმალ მომავალს - იმედშემოძარცვულ ან ტანჯულ სიცოცხლეს. ნაპერწკლის მომლოდინე ამდენი თოფისწამალი არასოდეს მოუგროვებიათ, სიყვარულის ალს არასდროს შთაუნთქავს ამდენი განძი, მოკლედ, ევას არც ერთი ქალიშვილი არ ყოფილა გამოძერწილი თიხისგან, სადაც ამდენი ოქრო იმალებოდა. ფრანსინი მიწიერი ანგელოზივით იცავდა ამ არსებას, ქედს იხრიდა მის წინაშე, სრულყოფილებად მიაჩნდა, ეგონა, რომ ციურ ნებას შეასრულებდა, თუ დაიცავდა ამ სულს სერაფიმთა გუნდისთვის, საიდანაც თითქოს განდევნილი იყო სიამაყის ცოდვის მოსანანიებლად.

- აი, ალანსონის სამრეკლო, - აცნობა მხედარმა და ეტლს მიუახლოვდა.

- ვხედავ, - მშრალად უპასუხა ქალბატონმა.

- კეთილი, - თქვა მხედარმა, მიუხედავად გულგატეხილობისა, მონური მორჩილებით და მოერიდა.

- მიდით, უფრო ჩქარა გააჭენეთ, - უთხრა ქალბატონმა მეეტლეს, - ახლა საშიში აღარაფერია. მიდით ჩორთით, ან თუ შეგიძლიათ, ჭენებით, უკვე ალანსონის ქვაფენილზე ვართ.

მეთაურთან ჩავლისას, ნაზი ხმით გასძახა: - ნახვამდის, მეთაურო! ფუნდუკში შევხვდებით. მოდით, მინახულეთ.

- ეგღა მაკლია! - აღშფოთდა იულო, - „ფუნდუკში! მოდით, მინახულეთ!“ როგორ ელაპარაკება ნახევარბრიგადის მეთაურს!..

და მუშტი მოუღერა ეტლს, რომელიც სწრაფად მიგრიალებდა გზაზე.

- არ გეწყინოთ, მეთაურო. თქვენი გენერლობა მაგის ხელშია, - სიცილით უთხრა კორანტენმა და თან ცხენის გაჭენებას ცდილობდა, ეტლს რომ დასწეოდა.

- ოხ, ყველა ვიგინდარას თავს არ გავაბრიყვებინებ, - წაიბუზღუნა იულომ, - მირჩევნია, თხრილში გადავაგდო გენერლის მუნდირი, ვიდრე ლოგინში მოვიპოვო იგი. ეგ რა ჩიტები არიან და რა უნდათ? რამეს ხვდებით?

- როგორ არა! - თქვა მერლმა, - ის ვიცი, რომ არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი ქალი. და ისიც მგონია, რომ ქარაგმა არ გესმით. იქნებ ეს პირველი კონსულის ცოლია?

- კარგი ერთი! პირველი კონსულის ცოლი ბებერია, ეს კი ახალგაზრდაა, - განაგრძო იულომ, - თანაც ბრძანებაში, მე რომ მივიღე მინისტრისგან, მწერენ, რომ მას ჰქვია მადმუაზელ დე ვერნეი. ეტყობა, ერთ-ერთი ყოფილია... განა მაგნაირებს არ ვიცნობ! რევოლუციამდე ყველანი მაგ ხელობას მისდევდნენ. მაშინ ნახევარბრიგადის ხელმძღვანელობა შეიძლება მიგეღო, ერთი-ორი და მორჩა, ხელის ერთი მოსმით, ექვსი მოძრაობით და ორ-სამჯერ ტკბილად თქმით: ჩემო კარგო, საყვარელო!

   სანამ ჯარისკაცები მიალაჯებდნენ, დანჯღრეული კარეტა, იგივე საფოსტო ეტლი სწრაფად მივიდა სასტუმრო „სამ მავრამდე“, ალანსონის მთავარი ქუჩის შუაში. ამ უფორმო ეტლის გრიალ-ღრჭიალის გაგონებაზე, ზღურბლზე სასტუმროს მეპატრონე გამოჩნდა. ალანსონელებისთვის მოულოდნელი იყო საფოსტო ეტლის სასტუმრო „სამ მავრთან“ გაჩერება. მაგრამ საშინელმა შემთხვევამ მორტანთან ეტლი ყურადღების ცენტრში მოაქცია, იმდენი ყბაღია მოსდევდა, რომ მოგზაური ქალები, ცნობისმოყვარეებისთვის რომ აერიდებინათ თავი, უცებ შევიდნენ სამზარეულოში, რომელიც დასავლეთ საფრანგეთში ყველა ფუნდუკის წინკარს წარმოადგენს. ეტლის დათვალიერების შემდეგ მეფუნდუკე აპირებდა, მათ გაჰყოლოდა, მაგრამ მეეტლემ შეაჩერა, მკლავზე სტაცა ხელი.

- მისმინე, მოქალაქე ბრუტუს, ჩვენ მოგვდევდა ლურჯების ესკორტი. რაკი არც მეეტლეა და არც დეპეშები, ეს მოქალაქეები მე მოგიყვანე. ნამდვილად გადაგიხდიან ყოფილი პრინცესებივით, ასე რომ...

- ასე რომ ჩვენ თითო ჭიქას დავლევთ, ჩემო ბიჭო, - უპასუხა მეპატრონემ.

გამჭვარტლულ სამზარეულოში სისხლით დასვრილი მაგიდის დანახვაზე მადმუაზელ ვერნეი ჩიტივით გაფრთხიალდა მეზობელ ოთახში, რადგან შეეშინდა სამზარეულოში ნანახისა და სუნისა და არანაკლებ ტურტლიანი მეფუნდუკისა და მისი სქელი ცოლისა, რომლებიც თვალს არ აშორებდნენ.

- როგორ მოვიქცეთ, ჩემო ცოლო? ვინ ეშმაკი იფიქრებდა, ასეთ დროს ამდენი ხალხი რომ გვეყოლებოდა? სანამ შესაფერის საუზმეს მოვამზადებთ, ამ ქალს მოთმინება დაეკარგება. გეფიცები, კარგი იდეა მომივიდა! რაკი კეთილშობილი ხალხია, შევთავაზებ, იმ ქალთან ერთად ისაუზმონ, ჩვენთან ზემოთ რომ არის, ჰა?

   მეპატრონე წავიდა ახალმოსულებთან დასალაპარაკებლად, მაგრამ მხოლოდ ფრანსინი დაინახა. სამზარეულოს სიღრმეში შეიყვანა, ეზოს მხარეს, ყური რომ არავის დაეგდო და ჩუმად უთხრა: - თუ ქალბატონებს სურთ, ცალკე მივართვა საჭმელი, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ძალიან დახვეწილი კერძები მაქვს მომზადებული ერთი ქალბატონისა და მისი ვაჟისთვის. ისინი, დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგნი არ იქნებიან თქვენთან ერთად საუზმობისა, - დაუმატა იდუმალი გამომეტყველებით, - მაღალი წარმოშობის ხალხია.

   ბოლო წინადადება დასრულებული არ ჰქონდა, მეპატრონემ ზურგზე მათრახის ტარის შეხება იგრძნო. მკვირცხლად შემობრუნდა! უკან მეზობელი პატარა ოთახიდან უხმოდ გამოსული პატარა ჯმუხი კაცი ედგა. მისმა დანახვამ სქელ ქალს, მზარეულსა და მის შეგირდს თავზარი დასცა. გაფითრებულმა მეპატრონემ თავი მიაბრუნა. პატარა კაცმა თავი გადაიქნია, თმა გადაიყარა, შუბლს და თვალებს მთლიანად რომ უფარავდა, ფეხის წვერებზე აიწია, მეფუნდუკის ყურს რომ მისწვდომოდა და უთხრა: იცით, რა ღირს გაუფრთხილებლობა, დასმენა და რა ფერია ფული, ჩვენ რომ მაგაში ვიხდით? გულუხვები ვართ.

   სიტყვებს ჟესტიც დაუმატა, ამ სიტყვების მრისხანე კომენტარი. მართალია, ფრანსინს მეპატრონის ბურთივით სხეული ეფარებოდა და ვერ ხედავდა ამ პიროვნებას, მაგრამ ბრეტონულ კილოზე ნათქვამი რამდენიმე სიტყვა დაიჭირა და მეხდაცემულივით იდგა. ამ საერთო გაოგნებულობაში გამოენთო პატარა კაცისკენ, რომელიც გარეული ცხოველის სიცქვიტით უკვე ეზოში გამავალ კარში გადიოდა. ფრანსინს ეგონა, შეეშალა, საშუალო ზომის დათვისოდენა მოწითალო შავბეწვიანი ვიღაც დაინახა მხოლოდ. გაკვირვებული ფანჯარას მივარდა და ბოლისგან გაყვითლებულ მინებს იქით საჯინიბოსკენ მიმავალი ფეხარეული უცნობი დაინახა. შესვლამდე შავი თვალები მიაპყრო სასტუმროს მეორე სართულს, მერე ეტლს ისე დააკვირდა, თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა აღმოეჩინა და მეგობრისთვის ამბავი წაეღო. თხის ტყავებითა და თავის აქნევის მანერით, სახის დანახვის საშუალება რომ მისცა, ფრანსინმა იცნო მისი უზარმაზარი მათრახი და მიპარვით, ფეხაკრეფით, მაგრამ სწრაფად მოსიარულე შუანი, იარე-მიწაზეს მეტსახელით რომ იყო ცნობილი. დააკვირდა, მაგრამ თავლის სიბნელეში, სადაც ჩალაზე ისე დაწვა, რომ არაფერი გამოჰპარვოდა, რაც სასტუმროში მოხდებოდა, ბუნდოვნად ჩანდა. იარე-მიწაზე ის იყო მოკუნტული, რომ ყველაზე დაკვირვებული ჯაშუშიც კი ახლოდან თუ შორიდან მეფორნის მძინარე ძაღლად ჩათვლიდა, გორგალივით დახვეულს, თათებზე რომ უდევს თავი. იარე-მიწაზეს ქცევით, ფრანსინი მიხვდა, რომ ვერ იცნო. იმ დელიკატური მდგომარეობის გამო, რომელშიც მისი ქალბატონი იყო ჩავარდნილი, გოგონამ არ იცოდა, ეს უნდა გაჰხარებოდა თუ სწყენოდა. მისი ცნობისწადილი იმანაც გაამძაფრა, რომ რაღაც იდუმალი კავშირი იგრძნო შუანის მუქარასა და მეფუნდუკის ჩვეულებრივ შეთავაზებაში, რაც ასე ხშირია მედუქნეებში, ერთი ტომრიდან ორჯერ აეღო მინდი.

   მოშორდა ტურტლიან ფანჯარას, საიდანაც შავ, უფორმო მასას ხედავდა, იარე-მიწაზეს ყოფნის ადგილს, მიუბრუნდა მეფუნდუკეს და მისი შემხედვარე მიხვდა, რომ იაღლიში მოუვიდა და აღარ იცოდა, როგორ გამომძვრალიყო. საბრალო, შუანის ჟესტისგან გაქვავებული იყო. დასავლეთ საფრანგეთში ყველამ მშვენივრად იცოდა, რა დახვეწილი სისასტიკით სჯიდნენ მეფის ეგერები იმ ხალხსაც კი, ზედმეტს რომ წამოაყრანტალებდნენ და მეფუნდუკე ყელზე მიბჯენილ დანას გრძნობდა უკვე. შეძრწუნებული შეჰყურებდა მოგიზგიზე კერიას, სადაც, როგორც ამბობდნენ, ფეხებს უთბობდნენ ხოლმე დამსმენებს. სქელი პატარა ქალი, ცალ ხელში დანა რომ ეჭირა და მეორეში შუაზე გაჭრილი კარტოფილი, გამოთაყვანებული შეჰყურებდა თავის ქმარს. და ბოლოს, შეგირდს ვერაფრით აეხსნა ამ უმძრახი გაშეშების მიზეზი.

   ბუნებრივია, ფრანსინის ცნობისმოყვარეობა გააცხოველა ამ მუნჯმა სცენამ, რომლის მთავარი მოქმედი პირი, მართალია, ყველამ დაინახა, მაგრამ არ ჩანდა! ახალგაზრდა ქალს მოსწონდა შუანის საშინელი გავლენა და, თუმცა ჯერ არ ჰქონდა შესისხლხორცებული მოახლე ქალების ეშმაკობები, ისე ძალიან მოუნდა, ამოეცნო ეს საიდუმლო, რომ გადაწყვიტა, ესარგებლა თავისი ხელსაყრელი უპირატესობით.

- კეთილი, ჩემი ქალბატონი თანახმაა თქვენს წინადადებაზე, - მედიდურად უთხრა მეფუნდუკეს, რომელიც ამ სიტყვებზე ახალგამოღვიძებულივით შეხტა.

- რომელზე? - ჰკითხა გულწრფელად გაკვირვებულმა.

- რომელზე? - იკითხა მოულოდნელად შემოსულმა კორანტენმა.

- რომელზე? - იკითხა მადმუაზელ დე ვერნეიმ.

- რომელზე? - იკითხა მეოთხე პერსონაჟმა, კიბის უკანასკნელი საფეხურიდან მსუბუქად რომ ჩამოხტა სამზარეულოში.

- რომელზე და თქვენს დიდებულ სტუმრებთან ერთად საუზმობაზე, - მოუთმენლად უპასუხა ფრანსინმა.

- დიდებულებთან? - გამქირდავად, გესლიანი დაცინვით იკითხა კიბეზე ჩამოსულმა ადამიანმა, - ეს, ჩემო კეთილო, მედუქნის უშნო ხუმრობაა. მაგრამ თუ ეს ახალგაზრდა მოქალაქე გინდა, რომ საუზმეზე დაგვეწვიოს, გიჟი უნდა იყო, უარი რომ თქვა, - განაც-ხადა და მადმუაზელ დე ვერნეის გადახედა, - რაკი დედაჩემი აქ არ არის, მე თანახმა ვარ, - და მხარზე ხელი დაჰკრა საგონებელში ჩავარდნილ მეფუნდუკეს.

   სიყმაწვილის თავქარიანი გრაციოზულობით შენიღბულმა უტიფა-რი მედიდურობით ნათქვამმა ამ სიტყვებმა, ბუნებრივია, ამ სცენის ყველა მონაწილის ყურადღება მიაპყრო ამ ახალ პერსონაჟს. მეფუნდუკემ თავი პილატესავით დაიჭირა, ხელები რომ დაიბანა, ქრისტეს სიკვდილში არაფერ შუაში ვარო, ორი ნაბიჯით უკან დაიხია და თავის ცოლს ჩასჩურჩულა: - მოწმე ხარ, რამე უბედურება რომ მოხდეს, ჩემი ბრალი არ იქნება. და, რაც მთავარია, დაამატა კიდევ უფრო ჩუმად, ახლავე წადი და იარე-მიწაზე გააფრთხილე, ყველაფერი უთხარი.

   მოგზაურს, საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა კაცს დიდი, შავი გეტრები მუხლზემოთამდე სწვდებოდა, ლურჯი სერთუკი ეცვა, მაუდის მოკლე, მუხლამდე შარვალი, ისიც ლურჯი. ასეთი სადა, ეპოლეტების გარეშე უნიფორმა პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტებს ეცვათ. მადმუაზელ დე ვერნეიმ ამ მუქი კოსტიუმის ქვეშ თვალის ერთი შევლებით შეამჩნია მოხდენილი აღნაგობა და კიდევ, არ ვიცი რა, რაღაც, რაც მის კეთილშობილ წარმოშობას ამჟღავნებდა. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სახე მერე და მერე გხიბლავდათ, მისი ნაკვთები გაფიქრებინებდათ, მისი სული დიად საქმეებს შეეჭიდებაო. მზემოკიდებული სახე ჰქონდა, ქერა, ხვეული თმა, სხივიანი ცისფერი თვალები, თხელი ცხვირი, დახვეწილი მიმოხრა. მასში ყველაფერი გამოსჭვიოდა, ისიც, რომ მის ცხოვრებას მაღალი გრძნობები მართავდნენ და ისიც, რომ მბრძანებლობას იყო მიჩვეული, მაგრამ გარეგნობაში ყველაზე დამახასიათებელი იყო ნიკაპი, ბონაპარტისას რომ ჰგავდა და ქვედა ტუჩი, რომელიც ზედას გრაციოზულად მოხრილი, კორინთული კაპიტელის აკანთოს ფოთოლივით, ხაზით უერთდებოდა. ბუნებამ ამ ნაკვთებს მომხიბვლელი მიმზიდველობა მიანიჭა.

- რესპუბლიკელისთვის მეტისმეტად ნატიფია, - გაიფიქრა მადმუაზელ დე ვერნეიმ. ამ ყველაფრის შემჩნევას, სურვილის გაჩენას, რომ თავი მოეწონებინა მისთვის, თავის ნაზად გვერდზე გადახრას, კეკლუც გაღიმებას, ხავერდოვან მზერას, რომელიც სიყვარულისთვის კარდახშულ გულსაც გააცოცხლებს, შავი ნუშისებური თვალების მძიმე ქუთუთოებით დაბინდვას, გრძელი ხშირი წამწამებით ლოყებზე მუქი ჩრდილის მოფენას, საკუთარ ხმაში ყველაზე მელოდიური ბგერების პოვნას, რომ ბანალური ფრაზისთვის „დიდად დამავალებთ, ბატონო“ გულშიჩამწვდომი ხიბლი შეემატებინა, ყველა ამ ფანდს ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე ჩვენ - მის აღსაწერად. მერე მადმუაზელ დე ვერნეიმ მეპატრონეს მიმართა, თავისი ოთახი იკითხა, კიბე დაინახა და ფრანსინთან ერთად გაუჩინარდა, უცნობს კი თავსატეხი დაუტოვა, ეს პასუხი თანხმობა იყო თუ უარი.

კარი II

- ვინ არის ეს ქალი? - მკვირცხლად ჰკითხა პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა გახევებულ, გაოგნებულ მეფუნდუკეს.

- მოქალაქე დე ვერნეია, ერთ-ერთი ყოფილთაგანი, - გეს-ლიანად უპასუხა კორანტენმა და ეჭვიანი თვალით აათვალიერ-ჩაათვალიერა, - რაში გაინტერესებს?

უცნობმა რესპუბლიკელთა სიმღერა წაიღიღინა, ამაყად ასწია თავი და კორანტენს შეხედა. ერთხანს ახალგაზრდები მოჩხუბარი ყვინჩილებივით უყურებდნენ ერთმანეთს. ამ მზერამ სამუდამო სიძულვილი წარმოშვა მათ შორის, რამდენადაც უცნობის ცისფერი თვალები პირდაპირობას გამოხატავდნენ, იმდენადაც კორანტენის მწვანე თვალებში გაიძვერობა და ფლიდობა ჩანდა. ერთს თანდაყოლილი კეთილშობილური მანერები ჰქონდა, მეორეს - შემპარავი. ერთი ზემოთ მიილტვოდა, მეორე იდრიკებოდა. ერთი პატივისცემას აღგიძრავდათ, მეორე ცდილობდა, მოეპოვებინა. ერთი თითქოს ამბობდა: „დავიპყროთ!“ მეორე - „გავიყოთ!“

- მოქალაქე დიუ გა-სენ-სირი აქ არის? - იკითხა შემოსულმა გლეხმა.

- რაში გაინტერესებს? - ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა და წინ გამოვიდა.

- გლეხმა მდაბლად დაუკრა თავი და წერილი გადასცა, რომელიც სტუდენტმა წაკითხვისთანავე ცეცხლში შეაგდო. პასუხის ნაცვლად თავი დახარა და გლეხი წავიდა.

- ალბათ პარიზიდან ხარ, არა, მოქალაქევ? - ჰკითხა მაშინ კორანტენმა და უცნობისკენ გაემართა მოურიდებლად, თავისუფალი, პირმოთნე თავაზიანობით, რაც მოქალაქე დიუ გას აუტანლად ეჩვენა.

- დიახ, - უპასუხა მშრალად.

- და, უეჭველია, რამე ჩინი გექნება არტილერიაში?

- არა, მოქალაქევ, ფლოტში.

- აა, ბრესტში მიდიხარ? - უზრუნველი ტონით ჩაეკითხა კორანტენი, მაგრამ ახალგაზრდა მეზღვაურმა პასუხი არ მოინდომა, მსუბუქად შეტრიალდა ქუსლებზე და გააბათილა ის საამო იმედები, მისი სახის მიხედვით რომ ააგო მადმუაზელ დე ვერნეიმ. ბავშვური უზრუნველობით გადასანსლა საუზმე, მზარეულსა და დიასახლისს გამოჰკითხა, როგორ მოამზადეთო, გაიკვირვა პროვინციული ჩვევები, როგორც საკუთარი ჯადოსნური ნიჟარიდან ამოგდებულმა ნამდვილმა პარიზელმა და გულზიზღი გამოხატა განებივრებული გოგოსავით, დაბოლოს, სრულიად არ აღმოაჩნდა ის თვისებები, როგორიც უნდა ჰქონოდა მისი მანერებისა და სახის პატრონს. კორანტენს სიბრალულით გაეღიმა, როცა დაინახა, როგორ დაიმანჭა ნორმანდიის საუკეთესო სიდრის გასინჯვისას.

- აუფ! - წამოიძახა, - ამის დალევა როგორ შეიძლება? სასმელია თუ საჭმელი? რესპუბლიკელები მართალნი არიან, რომ არ ენდობიან იმ პროვინციებს, სადაც ყურძენს კეტით აყრევინებენ და სადაც მოგზაურებს ჩუმ-ჩუმად ხოცავენ გზებზე. ეგ წამალი სუფრაზე არ დაგვიდგათ, მოგვიტანეთ კარგი ბორდო, თეთრი და წითელი, ჰო, მართლა, წადით, ნახეთ, ზემოთ ცეცხლი კარგად თუ ანთია ბუხარში. მეჩვენება, რომ ეს ხალხი ცივილიზაციას მაგრად ჩამორჩა, ეჰ, - ამოიოხრა და განაგრძო, - ერთი პარიზია ქვეყანაზე და რა დასანანია, რომ ზღვაში თან ვერ წავიღებ! აუ, შე ფინაჩო! - უთხრა მზარეულს, - ამ ქათმის ფრიკასეში ძმარი როგორ ჩაასხი, როცა ლიმონი გაქვს მანდ!..

- თქვენ კი, ქალბატონო დიასახლისო, ისეთი უხეში ზეწრები მომეცით, რომ წუხელ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს.

მერე სქელი ხელჯოხით დაიწყო თამაში, ბავშვური გულმოდგინებით აკეთებდა სხვადასხვა მოძრაობას, აქეთ-იქით ატრიალებდა და მეტი თუ ნაკლები გაწაფულობა, მოხერხებულობა, შესრულების ხარისხი მაჩვენებელი იყო იმისა, თუ რამდენად საპატიო წევრი იყო ახალგაზრდა კაცი „წარმოუდგენლების“ კლასში.

- ასეთი თავქარიანებით აპირებენ რესპუბლიკის ფლოტის აღორძინებას? - ეჩურჩულებოდა კორანტენი მეფუნდუკეს და თვალს არ აშორებდა.

- ეს კაცი, - ეუბნებოდა ახალგაზრდა მეზღვაური სასტუმროს დიასახლისს, - ფუშეს ჯაშუშია, სიფათზე აწერია, პოლიციიდან უნდა იყოს. დავიფიცავ, ნიკაპზე რომ ლაქა აქვს, პარიზის ტალახია. მაგრამ დამაცადე, მოვიდა სეტყვა, დახვდა...

ამ დროს სასტუმროს სამზარეულოში შემოვიდა ერთი ქალბატონი, რომლისკენაც დიდი მოჩვენებითი პატივისცემით გაექანა მეზღვაური.

- ძვირფასო დედა, მობრძანდით. თქვენი არყოფნისას სტუმრები მოვაგროვე.

- სტუმრები, რა სიგიჟეა!

- მადმუაზელ დე ვერნეია, - ჩუმად განაგრძო ვაჟმა.

- ის ეშაფოტზე დაიღუპა სავენეის საქმის შემდეგ. იგი მანში ჩამოვიდა ძმის, პრინც ლუდონის გადასარჩენად, - მკვახედ უპასუხა დედამისმა.

- ცდებით, მადამ, - რბილად შეესიტყვა კორანტენი, - ორი მადმუაზელ ვერნეი არსებობს, ძველ გვარში ყოველთვის მრავალი საგვარეულო შტოა.

   ასეთი ფამილარობით გაოცებულმა უცნობმა ქალმა რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, თითქოს მოულოდნელი თანამოსაუბრის კარგად დასანახად: ქალებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობით აღსავსე შავი თვალები მიაპყრო, ეტყობა, ფიქრობდა, რა ინტერესი აქვს, მადმუაზელ ვერნეის არსებობას ამტკიცებდესო. ამ დროს კორანტენიც მალულად აკვირდებოდა ქალბატონს, დედობის სიხარულის ვერანაირი კვალი ვერ იპოვა, მხოლოდ სიყვარულისა. ოცი წლის ვაჟის ყოლის ბედნიერებაც კი საეჭვოდ მიიჩნია ამ ქალისთვის, დამაბრმავებელი კანი რომ ჰქონდა, მორკალული, ჯერ ისევ ხშირი წარბები, ხშირი წამწამები, ასე რომ აღაფრთოვანა იგი და ხშირი, შუაზე გაყოფილი, გადატკეცილი შავი თმა, რაც ხაზს უსვამდა აზრიანი სახის ახალგაზრდობას. ოდნავ შესამჩნევი ნაოჭები შუბლზე განვლილი ხანგრძლივი წლების კვალი კი არ იყო, არამედ ახალგაზრდული ვნებებისა. დაბოლოს, გამგმირავი, ოდნავ დაბინდული თვალები, ძნელი სათქმელი იყო, მგზავრობით იყო დაღლილი თუ სიამოვნების მეტისმეტად ხშირი განცდით. დასასრულ, კორანტენმა შენიშნა, რომ უცნობი ქალის უსახელო, გრძელი მოსასხამი ინგლისური ქსოვილისა იყო და მისი ქუდის ფორმაც უცხო ჩანდა და არ იყო ე.წ ბერძნული ფასონისა, იმ ხანად ჯერ კიდევ დიდი მოწონებით რომ სარგებლობდა პარიზულ ტუალეტებში.

   კორანტენი ხასიათით იმ ტიპის ხალხს ეკუთვნოდა, ყოველთვის ცუდს უფრო რომ ეჭვობენ, ვიდრე კარგს და მაშინვე დაეჭვდა ორივე მოგზაურის კეთილსაიმედოობაში. ქალბატონმაც, თავის მხრივ, ასეთივე სისწრაფით შეაფასა კორანტენის პერსონა, მრავალმნიშვნელოვნად შეხედა თავის ვაჟს, რაც ზუსტად გამოიხატებოდა სიტყვებით: „ეს ახირებული ტიპი ვინ არის? ჩვენიანია?“ ამ მდუმარე შეკითხვას ახალგაზრდა მეზღვაურმა ისეთი პოზით, მზერითა და ჟესტით უპასუხა, რაც ნიშნავდა: ღმერთმანი, არაფერი ვიცი და მე თქვენზე მეტად ვარ დაეჭვებულიო. მერე ეს გამოცანა დედას შეატოვა, სასტუმროს დიასახლისს მიუბრუნდა და ყურში ჩასჩურჩულა: ერთი გამიგეთ, ეს გაიძვერა ვინ ბრძანდება. მართლა ახლავს იმ ქალს და რატომ?

- მაშ, - თქვა მადამ დიუ გამ და დაჟინებით ჩააცქერდა კორანტენს, - დარწმუნებული ხარ, რომ მადმუაზელ დე ვერნეი არსებობს?

- ისევე არსებობს, მადამ, როგორც მოქალაქე დიუ გა-სენ-სირი.

ამ პასუხში ჩამალული ირონია მშვენივრად იგრძნო უცნობმა ქალმა და მის ადგილზე ნებისმიერი ქალი უხერხულად იგრძნობდა თავს. მისმა ვაჟმა გამომცდელად შეხედა კორანტენს, მაგრამ მან გულგრილად ამოიღო საათი, თითქოს მისი პასუხით გამოწვეული შეცბუნება არც შეუმჩნევია. ქალბატონს, შეშფოთებულსა და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილს, ახლავე უნდოდა, გაეგო, ეს ფრაზა ვერაგობით ითქვა თუ შემთხვევით გამოუვიდა კორანტენს, და რაც შეიძლება ბუნებრივად თქვა: - ღმერთო ჩემო, რა სახიფათოა ახლა გზები! მორტანთან ახლოს შუანები დაგვესხნენ, ჩემი დაცვისას ჩემს ვაჟს ორი ტყვია მოხვდა ქუდში, კინაღამ მოკლეს.

- როგორ, მადამ, თქვენ იმ სახიფათო ეტლში ისხედით, ყაჩაღებმა რომ გაძარცვეს, მიუხედავად იმისა, რომ დაცვა ახლდა? წარმოიდგინეთ, ჩვენც იმ ეტლით ჩამოვედით! მაშ, იმ ეტლს ალბათ იცნობთ! მორტანზე გავლისას გავიგე, შუანები ორიათასამდე ყოფილან და რომ ყველა დაიღუპა, მგზავრებიც კი. ხედავთ, როგორ წერენ ისტორიას! - თავქარიანი ტონით და მოსულელო გამომეტყველებით ამ წუთში პატარა პროვანსის მაცხოვრებელს ჰგავდა, გულისტკივილით რომ იგებს, რომ ახალი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამბავი მცდარი იყო.

- რას ბრძანებთ, მადამ, - განაგრძო მან, - თუ პარიზთან ახლოს ასე ხოცავენ მგზავრებს, წარმოიდგინეთ, ბრეტანის გზები რამდენად სახიფათო უნდა იყოს. ღმერთმანი, უკან, პარიზში დაბრუნება მირჩევნია, ვიდრე გზის გაგრძელება.

- მადმუაზელ დე ვერნეი ახალგაზრდა და ლამაზია? - ჰკითხა ქალბატონმა სასტუმროს დიასახლისს, - ეტყობა, უცებ რაღაც იდეა დაებადა.

   პასუხის გაგონება ვერ მოასწრო, რადგან საუზმე მზად არისო, მეფუნდუკემ შეაწყვეტინა საუბარი, რომელიც სამივე მგზავრისთვის შემაწუხებელი გახდა. ახალგაზრდა მეზღვაურმა დედას ყასიდი ფამილარობით შესთავაზა ხელი, რამაც ეჭვი განუმტკიცა კორანტენს, რომელსაც კიბისკენ მიმავალმა ხმამაღლა უთხრა: - მოქალაქევ, თუ შენ მოქალაქე ვერნეის თანმხლები ხარ და თუ ის თანახმაა მეფუნდუკის წინადადებაზე, ნუ მოგერიდება...

   ეს სიტყვები ცოტა აგდებულად და სწრაფად ითქვა. კორანტენი კიბისკენ გაეშურა. ახალგაზრდა მეზღვაურმა მაგრად მოუჭირა ხელი ქალბატონს და როცა პარიზელისგან შვიდი-რვა საფეხური აშორებდათ, ჩუმად უთხრა: - აი, რა უსახელო საფრთხეში გვაგდებს თქვენი გაუაზრებელი საქციელი. თუ გაიგეს, ვინ ვართ, როგორ დავიხსნათ თავი? და რა როლის თამაშს მაიძულებთ!

   სამივე საკმაოდ დიდ ოთახში შევიდა. ვისაც ბევრი არ უმოგზაურია დასავლეთ საფრანგეთში, ისიც კი შეამჩნევდა, რომ მეფუნდუკეს ცდა არ დაუკლია, დიდებულად რომ მიეღო სტუმრები. მაგიდა საგანგებოდ იყო გაშლილი. ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს ოთახიდან ნესტი გაეძევებინა, სუფრა, ხელსაწმენდები, ჭურჭელი, სკამები ძალიან ჭუჭყიანი არ იყო. კორანტენი მიხვდა, რომ მეპატრონე, სტუმრებისთვის რომ ესიამოვნებინა, ტყავში ძვრებოდა (ვიხმაროთ ეს ხალხური გამოთქმა).

„ესე იგი, ეს ის ხალხი არ არის, ვინც უნდათ, რომ გვეგონოს, - გაიფიქრა მან, - ახალგაზრდა კაცი ეშმაკია. ბრიყვი მეგონა, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ მოხერხებულობით არ ჩამომრჩება.“

   ახალგაზრდა მეზღვაური, დედამისი და კორანტენი მადმუაზელ ვერნეის ელოდნენ, მეფუნდუკე დასაძახებლად რომ წავიდა. მშვენიერი მოგზაური ქალი არ ჩანდა. პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა იფიქრა, იპრანჭებაო, წამოდგა და პატრიოტული სიმღერის „გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო“ ღიღინით გაეშურა მადმუაზელ დე ვერნეის ოთახისაკენ, დიდი სურვილით, გაემხნევებინა და წამოეყვანა. შეიძლება თავისი ეჭვების გაფანტვაც უნდოდა, ან იქნებ თავისი ძალაუფლების გამოცდა სურდა, ყველა მამაკაცს რომ უნდოდა, ლამაზ ქალთან შეხვედრისას წარმოაჩინოს.

„- ეგ თუ რესპუბლიკელია, თანახმა ვარ, ჩამომახრჩონ! მხრებს ისე მიათამაშებს, როგორც დიდებულებს სჩვევიათ. ეგ თუ დედამისია, - გაიფიქრა და მადამ დიუ გას შეხედა, - მაშ, მე პაპი ვარ! შუანები ჩავიგდე ხელში. უნდა დადგინდეს, რომელი რანგისანი არიან?“

   მალე კარი გაიღო და ოთახში მეზღვაური შემოვიდა, თვითკმაყოფილი გალანტურობით, ხელმკლავით მიიყვანა მადმუაზელ დე ვერნეი მაგიდასთან. განვლილი საათი ეშმაკს არ გაუცდენია. ფრანსინის დახმარებით, მადმუაზელ დე ვერნეი კარგად შეიარაღდა: მისი სამგზავრო კოსტიუმი ალბათ სამეჯლისო მორთულობაზე საშიში იყო. მის სისადავეს განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა, ეს ხიბლი კი შედეგი იყო დიდი ხელოვნებისა, რომლითაც ქალს, საკმაოდ ლამაზს, შეუძლია უარი თქვას მოსართავებზე და სამოსი მეორეხარისხოვნად აქციოს.

   მწვანე კაბა ეცვა, უნაკლოდ შეკერილი, რომლის კოფთა, სირმით ნაქარგი, ხაზს უსვამდა მის ფორმებს, რაც ცოტა უხერხული იყო ახალგაზრდა გოგოსთვის. კარგად გამოკვეთდა მის წერწეტ წელს, ელეგანტურ კორსაჟს და გრაციოზულ მოძრაობებს.

   ოთახში ღიმილით შემოვიდა, თავაზიანობით, იმ ქალებისთვის რომ არის ბუნებრივი, რომელთაც შეუძლიათ, თავი მოიწონონ პირში ფაიფურივით გამჭვირვალე ჩაწიკწიკებული კბილებით და ქორფა ლოყებზე ბავშვის ფოსოებივით ლამაზი ღრმულებით. უკვე მოეხადა ქუდი, რომელიც თითქმის მთლიანად უფარავდა სახეს ახალგაზრდა მეზღვაურის მზერისგან და ახლა არაფერი უშლიდა ხელს, გამოეყენებინა წვრილ-წვრილი და თითქმის გულუბრყვილო ეშმაკობები, რითაც ქალს თავისი სახის სილამაზისა და თავისი სინატიფის ჩვენება შეუძლია. რაღაცნაირი ჰარმონია მისი მანერებისა და ტუალეტისა, მას ისე აახალგაზრდავებდა, რომ მადამ დიუ გას ეგონა, ოცი წლისაც არ არისო. ამ სამოსის ელეგანტურობა იმისთვის იყო, ქალს რომ თავი მოეწონებინა, ახალგაზრდა კაცისთვის კი იმედი ჩაესახა; მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეიმ მსუბუქი თავის დაკვრით გადაუხადა მადლობა ისე, რომ არც კი შეუხედავს და განზე გადგა ანცი უზრუნველობით, რამაც ახალგაზრდა მეზღვაურს თავგზა აუბნია. ასეთ თავდაჭერილობას გარეშე ადამიანები ვერც სიფრთხილედ ჩათვლიან და ვერც კეკლუცობად, უფრო გულგრილობას ჰგავდა, ბუნებრივს ან მოჩვენებითს. ახალგაზრდა მოგზაურმა ქალმა გულწრფელი, ალალ-მართალი გამომეტყველების მიღება შესძლო, რამაც მისი სახე უმეტყველო გახადა. არავითარი მცდელობა არ გაუმჟღავნებია, ვისიმე გული მოეგო, მაგრამ, ეტყობა, ბუნებამ დაამადლა სიყვარული, მომაჯადოებელი მანერები, რამაც მოატყუა ახალგაზრდა მეზღვაურის თავმოყვარეობა. იგი ცოტა გულდაწყვეტილი დაბრუნდა თავის ადგილზე.

   მადმუაზელ დე ვერნეიმ ხელი ჩაჰკიდა ფრანსინს და ქალბატონ დიუ გას მიმართა ნაზი, ალერსიანი ხმით: - მადამ, გამოიჩინეთ სიკეთე და ნება მიეცით ამ გოგონას, უფრო ჩემს მეგობარს, ვიდრე მოახლეს, ისაუზმოს ჩვენთან ერთად. ამ ფათერაკიან, მშფოთვარე დროში ერთგულებას მხოლოდ გულით შეიძლება სამაგიერო გადაეხადოს... მხოლოდ ესღა დაგვრჩენია!

   მადამ დიუ გამ ამ ჩუმად ნათქვამ ფრაზას ცერემონიული მსუბუქი რევერანსით უპასუხა, რაც ასეთ ლამაზ ქალთან შეხვედრით მის უკმაყოფილებას გამოხატავდა. მერე შვილს მიუბრუნდა და წასჩურჩულა: - ოჰო, „მშფოთვარე დრო“, მადამ, ერთგულება და მოახლე! ეს მადმუაზელ ვერნეი კი არა, ფუშეს გამოგზავნილი გოგო უნდა იყოს.

სტუმრები დასხდომას პირებდნენ, როცა მადმუაზელ დე ვერნეიმ შეამჩნია კორანტენი, ისევ დიდი გულისყურით რომ ათვალიერებდა ორივე უცნობს, რომელთაც უკვე აშფოთებდა მისი დაჟინებული მზერა.

- მოქალაქევ, - უთხრა მან კორანტენს, - შენ ალბათ იმდენად კარგად ხარ აღზრდილი, რომ კუდში დევნას არ დამიწყებ. რესპუბლიკამ ჩემი მშობლები ეშაფოტზე აიყვანა, მაგრამ სულგრძელობა არ გამოუჩენია, ჩემთვის მეურვე დაენიშნა. თუ გაუგონარი რაინდული გალანტურობით ჩემი ნებართვის გარეშე გამომყევი (აქ ცოტა ამოიოხრა), მაინც არ შემიძლია დავუშვა, რომ მფარველობამ და მზრუნველობამ, ასე გულუხვად რომ იჩენ ჩემ მიმართ, შეგაწუხოს. აქ უსაფრთხოდ ვარ, შეგიძლია მშვიდად დამტოვო.

დაჟინებით, აგდებულად, დამცინავად შეხედა. კორანტენი მიხვდა, ჩაიხშო ღიმილი, ეშმაკურად რომ უთამაშებდა ტუჩების კუთხეებში, მოწიწებით დაუკრა თავი.

- მოქალაქევ, ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივი იქნება შენი მორჩილება, მშვენიერება ერთადერთი დედოფალია, რომელსაც ნამდვილი რესპუბლიკელი ნებაყოფლობით ემსახურება.

როცა მადმუაზელ დე ვერნეიმ დაინახა, კორანტენი მიდისო, თვალები ისეთი გულწრფელი სიხარულით აუციმციმდა, ფრანსინს ისე მრავლისმეტყველად და ბედნიერი ღიმილით შეხედა, რომ მადამ დიუ გა, რომელიც ეჭვიანობისგან მეტისმეტად ფრთხილი გახდა, მზად იყო, გაებათილებინა ეჭვები, მადმუაზელ დე ვერნეის სრულყოფილმა სილამაზემ რომ გამოიწვია.

- იქნებ ეს მართლა მადმუაზელ დე ვერნეია? - წასჩურჩულა ვაჟს.

- მერე, დაცვა? - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, თავმოყვარეობის შელახვამ რომ დააჭკვიანა, - ტყვეა თუ იცავენ? მთავრობის მტერია თუ მოყვარე?

   მადამ დიუ გამ თვალები მოჭუტა, თითქოს იმის თქმა უნდოდა, მაგ საიდუმლოს ამოვხსნიო. თუმცა, კორანტენის წასვლით, ახალგაზრდა მეზღვაურის ეჭვები თითქოს გაიფანტა, სახეს კი მკაცრი გამომეტყველება ჩამოშორდა და მადმუაზელ დე ვერნეის ისეთი მზერა ესროლა, რომელიც ქალების უზომო სიყვარულს გამოხატავდა, და არა ახლადგაჩენილი გატაცების მორიდებულ სიმძაფრეს. ახალგაზრდა ქალი, უფრო წინდახედულად, მხოლოდ მადამ დიუ გას მიმართავდა ალერსიანად. მეზღვაური ჩუმ-ჩუმად ბრაზობდა და მწარე იმედგაცრუებას მალავდა, ისიც ეცადა, გულგრილობა გაეთამაშებინა. მადმუაზელ დე ვერნეი თითქოს ვერ ამჩნევდა ოინს და თავი სადად ეჭირა, თავშეკავებულად, ოღონდ არა დარცხვენილად, შეშინებულსაც არ ჰგავდა. ამ შეხვედრას, რომელიც როგორც ჩანს, ბედისწერას არ უნდოდა, მჭიდრო ნაცნობობად გადაზრდილიყო, ვერ აღეძრა ძლიერი სიმპათია ვერავის გულში. თავიდან ჩვეულებრივი უხერხულობა სუფევდა, სიმორცხვე, ყველა სიამოვნება რომ ჩაშალა, რომელსაც ერთი წუთის წინ მადმუაზელ დე ვერნეიც და ახალგაზრდა მეზღვაურიც ერთობლივი ტრაპეზისგან მოელოდნენ. მაგრამ ქალები საზოგადოებაში ისეთ გასაოცარ ტაქტს და თავდაჭერის წესების ცოდნას ამჟღავნებენ, მათ ისე აახლოებს ურთიერთგაგება ან მღელვარების მძაფრი სურვილი, რომ მსგავს შემთხვევებში ყოველთვის შეუძლიათ ყინულის დამსხვრევა. უცებ ორივე მშვენიერ მოსაუბრეს ერთი და იგივე აზრი დაებადა, დაიწყეს უწყინარი ხუმრობა ერთადერთი კავალერის მისამართით, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ პატარ-პატარა საყვარელი დაცინვების გამოგონებაში, ყურადღებისა და მზრუნველობის გამოვლინებაში. ასეთმა ერთსულოვნებამ დაძაბულობა მოხსნა. შეხედვა ან სიტყვა, რომელიც ღრმა აზრს იძენდა, შემთხვევით რომ აღმოხდებოდათ უხერხულობისგან, ახლა მნიშვნელობას კარგავდა. მოკლედ, ნახევარი საათის შემდეგ ეს ორი ქალი, საიდუმლოდ მტრები რომ იყვნენ, თითქოს ამქვეყნად საუკეთესო მეგობრებად იქცნენ. ახალგაზრდა მეზღვაურმა თავისი თავი დაიჭირა იმაში, რომ მადმუაზელ დე ვერნეის უზრუნველი არასერიოზულობა ისევე სწყვეტდა გულს, როგორც ადრინდელი თავშეკავებულობა. ძლივს იკავებდა ყრუ მრისხანებას და ნანობდა, ერთად რომ საუზმობდნენ.

- მადამ, - უთხრა მადმუაზელ დე ვერნეიმ მადამ დიუ გას, - ბატონი თქვენი ვაჟი ყოველთვის ასეთი მოწყენილია?

- მადმუაზელ, - უპასუხა სტუდენტმა, - ახლა ვფიქრობდი, რატომ გვიგზავნის ბედისწერა ბედნიერებას, თუ ერთ წამში უნდა გაქრეს. ჩემი ნაღველის საიდუმლო უდიდეს სიამოვნებაშია.

- აი, მესმის მადრიგალები, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა სიცილით, - მაგრამ სამეფო კარის სუნი უფრო უდის, ვიდრე პოლიტექნიკური სკოლისა.

- მადმუაზელ, ჩემმა ვაჟმა სრულიად ბუნებრივი აზრი გამოთქვა, - თქვა მადამ დიუ გამ, რომელსაც უცნობი ქალის მოთვინიერება გადაეწყვიტა.

- აბა, გაიღიმეთ, - განაგრძო მადმუაზელ დე ვერნეიმ და გაუღიმა ყმაწვილ კაცს, - საინტერესოა, როგორი ხართ, როცა სატირლად გაქვთ საქმე, თუ ის, რისი „ბედნიერებად“ მოხსენიებაც ინებეთ, ასე გადარდიანებთ.

ამ ღიმილმა და გამომწვევმა გამოხედვამ, რამაც დაანგრია მოჩვენებით-გულუბრყვილო ჰარმონია მისი ნიღბისა, ახალგაზრდა მეზღვაურის თამამი იმედი გამოაცოცხლა. მაგრამ მორჩილს თავისი ქალური ბუნებისას, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში ქალს მეტისმეტად ბევრს ან მეტისმეტად ცოტას შეაძლებინებს, მადმუაზელ დე ვერნეის ხან თითქოს უნდოდა, ხელში ჩაეგდო ეს ყმაწვილი და სიყვარულის გულუხვი დაპირებებით მოელვარე მზერას სტყორცნიდა, ხან მის თავაზიან ფრაზებზე პასუხად მკაცრი მოკრძალებულობის სიცივეს შეაგებებდა, ჩვეულებრივი ფანდია, რითაც ქალები ჭეშმარიტ გრძნობებს ნიღბავენ. და მხოლოდ ერთადერთხელ, ერთი წამით, როცა ორივეს ეგონა, მეორეს თვალები დახრილი აქვსო, მზერით გადასცეს ერთმანეთს თავიანთი აზრები, მაგრამ იმ წამსვე ჩააქრეს ამ მზერის ელვარება, რომელმაც ორივეს გული გაუნათა და გადაუქანა. მეტი ვეღარ გაბედეს ერთმანეთისთვის შეეხედათ, დარცხვენილებმა, რომ ერთი შეხედვით ამდენი თქვეს. მადმუაზელ ვერნეიმ გადაწყვიტა, უცნობის იმედები მოეტყუებინა და გულგრილი თავაზიანობით მოუთმენლად ელოდა საუზმის დამთავრებას.

- მადმუაზელ, ალბათ ძალიან იტანჯებოდით ციხეში? - შეეკითხა მადამ დიუ გა.

- ვაგლახ, ქალბატონო, მეჩვენება, რომ ისევ იქ ვარ.

- თქვენს ესკორტს თქვენი დაცვა ევალებოდა, მადმუაზელ, თუ თქვენი თვალთვალი? რესპუბლიკისთვის ძვირფასი ხართ თუ საეჭვო?

მადმუაზელ დე ვერნეი ინსტიქტურად მიხვდა, რომ მადამ დიუ გა ცუდად იყო მის მიმართ განწყობილი და მისმა ამ კითხვებმა გააბრაზა.

- მადამ, - დანამდვილებით არ ვიცი, როგორია ჩემი დამოკიდებულება რევოლუციასთან.

- იქნებ თრთოლას იწვევს? - ირონიულად ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.

- მოურიდებლად რატომ ეხებით მადმუაზელ დე ვერნეის საიდუმლოებებს?

- ო, მადამ, რა უნდა იყოს საინტერესო ახალგაზრდა გოგონას საიდუმლოებებში, ცხოვრებაში აქამდე მხოლოდ უბედურება რომ გამოუვლია.

-კი მაგრამ, - უპასუხა მადამ დიუ გამ, საუბრის გასაგრძელებლად, საიდანაც შეიძლებოდა გაეგო ის, რისი გაგებაც უნდოდა, - პირველ კონსულს, როგორც ჩანს, შესანიშნავი ზრახვები აქვს. ამბობენ, ემიგრანტების წინააღმდეგ კანონის მოქმედების შეჩერება უნდაო.

- ეგ მართალია, მადამ, - უპასუხა მადმუაზელ დე ვერნეიმ, იქნებ ცოტა ზედმეტი გულმხურვალებით, - მაგრამ მაშინ რისთვის გვინდა ამბოხება ვანდეასა და ბრეტანში? რისთვის ვაღვივებთ ხანძარს საფრანგეთში?..

ამ დიდსულოვანი სიტყვებისგან, რომლითაც თითქოს თავისთავს უფრო უსაყვედურებდა, მეზღვაური შეკრთა. ძალიან ყურადღებით შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, მაგრამ მის სახეზე ვერც ზიზღი ამოიკითხა და ვერც სიყვარული. მშვენიერი ფერის უნაზესი სახე უმეტყველო იყო. დაუძლეველმა ცნობისმოყვარეობამ მიაჯაჭვა უცებ ამ უცნაურ არსებას, რომლისკენაც უკვე ეწეოდა მგზნებარე ჟინი.

- მაშ, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა მცირე პაუზის შემდეგ, - მადამ, მაიენში მიდიხართ?

- დიახ, მადმუაზელ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა და თვალებში კითხვა ჩაუდგა.

- იცით, მადამ, - განაგრძო მადმუაზელ ვერნეიმ, - რაკი ბატონი თქვენი ვაჟი რესპუბლიკას ემსახურება... - თითქოს ინდიფერენტულად თქვა ეს სიტყვები, მაგრამ ისე მალულად გადახედა ორივე უცნობს, მხოლოდ ქალებმა და დიპლომატებმა რომ იციან, - შუანების უნდა გეშინოდეთ და დაცვის თანხლება ზედმეტად არ უნდა ჩათვალოთ. თითქმის თანამგზავრები ვართ, მაიენამდე ერთად წავიდეთ.

დედა-შვილი ორჭოფობდა, თითქოს თვალებით ლაპარაკობდნენ, თანხმდებოდნენ.

- მადმუაზელ, - უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, - შეიძლება ჩემი მხრივ წინდაუხედაობაა ამის თქმა, მაგრამ გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეების გამო აუცილებელია ჩვენი ყოფნა ფუჟერის მიდამოებში და ჯერ ტრანსპორტი არ მოგვიგვარებია. მაგრამ ქალები ბუნებით ისეთი დიდსულოვანნი ხართ, რომ შემრცხვებოდა, თქვენ რომ არ გენდობოდეთ. მიუხედავად ამისა, სანამ თქვენ ხელში ჩაგიგდებთ თავს, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, აქედან თუ შევძლებთ საღსალამათად გასვლას, თქვენი რესპუბლიკური ესკორტის დედოფალი ხართ თუ მონა? ახალგაზრდა მეზღვაურს გულახდილობა უნდა აპატიოთ, თქვენი მდგომარეობა რატომღაც არაბუნებრივად მეჩვენება...

- ჩვენ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, ბატონო, როცა ჩვენს თავს და ჩვენ ირგვლივ ყველაფერი არაბუნებრივია. ასე რომ, ჩემი შემოთავაზების მშვიდად მიღება შეგიძლიათ და, რაც მთავარია, - დაუმატა მან ხაზგასმით, - ღალატის ნუ შეგეშინდებათ. წინადადება გულწრფელია და თანაც ადამიანისგან, ვინც შორს არის პოლიტიკისგან.

- ასეთი მგზავრობა უსაფრთხო არ იქნება, - განაგრძო ყმაწვილმა და ისეთი ეშმაკური სინატიფით შეხედა, რომ ამ ბანალურ პასუხს აზრი მიეცა.

- კიდევ რისი გეშინიათ? - ჰკითხა ქალმა დამცინავი ღიმილით, - ვერავისთვის ვხედავ საფრთხეს.

- ნუთუ ეს იმ ქალის სიტყვებია, რომლის მზერაც იმავე სურვილს გამოხატავდა, მე რომ მწვავდა? - გაიფიქრა ახალგაზრდა კაცმა, - როგორი ხმა აქვს! უეჭველად მახეს მიგებს!

ამ დროს ბუს მკაფიო და გამკივანი, ავისმომასწავებელივით კივილი გაისმა, თითქოს აქვე, ბუხრის საკვამურზე იჯდა.

- ეს რა არის? ცუდის ნიშანია, - თქვა მადმუაზელ დე ვერნეიმ, გზა დაგვეთარსება, - სად გაგონილა დღისით-მზისით ბუს კივილი? - შეკითხვას გაკვირვებული ჟესტიც დაურთო.

- ხანდახან ხდება ხოლმე, - ცივად უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, - მადმუაზელ, ვაითუ უბედურება მოგიტანოთ? თქვენც ეს გაიფიქრეთ, არა? მაშინ ნუ წავალთ ერთად.

ეს სიტყვები ძალიან მშვიდად და თავშეკავებულად ითქვა, რამაც მადმუაზელ დე ვერნეი გააკვირვა.

- ბატონო, - სუფთა არისტოკრატული მედიდურობით განაგრძო ქალმა, - სრულებითაც არ მინდა, ძალა დაგატანოთ. შევინარჩუნოთ თავისუფლების ნამცეცები, რესპუბლიკამ რომ დაგვიტოვა. ქალბატონი მარტო რომ იყოს, დაჟინებით მოვითხოვდი...

დერეფანში ჯარისკაცის მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა და მალე მეთაური იულოს კოპებშეკრული სახე გამოჩნდა.

- აქ მობრძანდით, პოლკოვნიკო, - მიიწვია ღიმილით მადმუაზელ დე ვერნეიმ და ხელით თავის გვერდით, სკამზე მიუთითა. მივხედოთ სახელმწიფო საქმეებს, რაკი საჭიროა. გაიღიმეთ! რა დაგემართათ, აქაც შუანები ხომ არ არიან!

მეთაურს პირი ღია დარჩა ახალგაზრდა უცნობის დანახვაზე და დიდი ყურადღებით დააკვირდა.

- დედა, კიდევ ხომ არ გნებავთ ცოტა კურდღლის ხორცი? მადმუაზელ, თქვენ არაფერს ჭამთ, - მიმართა მეზღვაურმა ფრანსინს, თავაზიანად მასპინძლობდა.

იულოს გაოცებასა და მადმუაზელ დე ვერნეის დაძაბულ გაფაციცებულობაში მკაცრი სერიოზულობა გამოსჭვიოდა, რის უყურადღებოდ დატოვებაც არ შეიძლებოდა, სახიფათო იყო.

- რა მოგივიდა, მეთაურო, მიცნობ? - ცოტა მკვახედ ჰკითხა ახალგაზრდა კაცმა.

- შესაძლოა, - უპასუხა რესპუბლიკელმა.

- მართლაც, მე მგონი სკოლაში მინახიხარ.

- სკოლაში არასოდეს ვყოფილვარ, - ცივად მიუგო მეთაურმა, - რომელი სკოლიდან ხარ?

- პოლიტექნიკურიდან.

- აი, თურმე საიდან! ყაზარმა, სადაც ჯარისკაცებს დორტუარებში წვრთნიან, - აღმოხდა იულოს, რომელსაც დაუძლეველი სიძულვილი ჰქონდა ამ სამეცნიერო სანერგიდან გამოსული ოფიცრების მიმართ, - მერე, სად მსახურობ?

- ფლოტში.

- რას მეუბნები! - გესლიანად გაიცინა იულომ, - ბევრი შეგხვედრია ფლოტში თქვენი სკოლელი? პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან, - მკაცრად გააგრძელა, - მხოლოდ არტილერიის ოფიცრები და საინჟინრო სამხედრო ნაწილების ოფიცრები გამოდიან.

ახალგაზრდა კაცს წარბი არ შესტოკებია.

- ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს ჩემი გვარის გამო. ჩვენს გვარში ყველანი მეზღვაურები იყვნენ.

- ოჰო, - გაიკვირვა იულომ, - განა რა გვარი ხარ, მოქალაქევ?

- დიუ გა სენ-სირი.

- შენ მორტანში არ მოგკლეს?

- ოჰ, კინაღამ მოკლეს, - მკვირცხლად ჩაერია მადამ დიუ გა, - ჩემს ვაჟს ორი ტყვია მოხვდა.

- საბუთები თუ გაქვს? - განაგრძო იულომ, დედას არ აცალა.

- წაკითხვა ხომ არ გნებავთ? - უტიფრად ჰკითხა ახალგაზრდა მეზღვაურმა და თავისი ცისფერი თვალებით რიგრიგობით დამცინავად შეათვალიერა მეთაურის დაღვრემილი სახე და მადმუაზელ დე ვერნეი.

- შე ცხვირმოუხოცავო, წინააღმდეგობის გაწევას ხომ არ აპირებ? ან საბუთები მაჩვენე, ან წავედით!..

- ოჰ, ოჰ, ჩემო მამაცო, არც მე ვარ გულუბრყვილო ყეყეჩი. რატომ უნდა გიპასუხო? ვინა ხარ?

- დეპარტამენტის ჯარების უფროსი, - უპასუხა იულომ.

- ოჰო, ჩემი საქმე შეიძლება ცუდად წავიდეს, იარაღით ხელში დამიჭერთ, - და ოფიცერს ჭიქით ბორდო მიაწოდა.

- არ მწყურია, - უპასუხა იულომ, - აბა, მაჩვენე შენი საბუთები.

ამ დროს ქუჩაში იარაღის ჟღარუნი და რამდენიმე ჯარისკაცის ფეხის ხმა გაისმა, იულო ფანჯარას მიუახლოვდა და სახეზე კმაყოფილება დაეწერა, რამაც შეაკრთო მადმუაზელ დე ვერნეი. თანაგრძნობის ასეთმა გამოხატულებამ გული გაუკეთა ახალგაზრდა კაცს, სახეზე კი გულგრილობა და სიამაყე გამოეხატა. კოსტიუმის ჯიბე მოიქექა, ელეგანტური საფულე ამოიღო და პოლკოვნიკს საბუთები მიაწოდა. იულომ ნელა დაიწყო კითხვა, პასპორტის მონაცემები საეჭვო მგზავრის სახეს შეადარა. ამ დროს ისევ გაისმა ბუს კივილი, მაგრამ ამჯერად ადამიანის ხმის ინტონაცია და რაკრაკი აშკარად ისმოდა. მეთაურმა დამცინავი სახით დაუბრუნა საბუთები ახალგაზრდა კაცს.

- ეს ყველაფერი კეთილი და პატიოსანი, მაგრამ განყოფილებაში მაინც უნდა გამომყვეთ. სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ!

- ოლქში რატომ მიგყავთ? - ჰკითხა მადმუაზელ დე ვერნეიმ ათრთოლებული ხმით.

- ჩემო პატარა გოგო, ეს უკვე თქვენი საქმე არ არის, - უპასუხა მეთაურმა თავისი ჩვეული გრიმასით.

ტონით, მოხუცი სამხედროს სიტყვებით და უფრო იმით, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს იმ კაცის წინაშე, რომელსაც მოსწონს, აღშფოთებული მადმუაზელ დე ვერნეი ადგა, მკვეთრად მოიშორა გულუბრყვილო, გულწრფელი მოკრძალებულობის ნიღაბი, აქამდე რომ ამშვენებდა, ლოყები აუწითლდა, თვალები აუელვარდა.

- ერთი ეს მითხარით, ამ ახალგაზრდის საბუთები კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს? - ჰკითხა ჩუმად, მაგრამ ხმის კანკალით.

- ერთი შეხედვით, კი.

- მაშ ასე, ველოდები, რომ ერთი შეხედვით გაანებოთ თავი, - განაგრძო ახალგაზრდა ქალმა, - გეშინიათ, რომ გაგექცევათ? ჩემთან ერთად ესკორტით წამოიყვანეთ მაიენში. ქალბატონ დედამისთან ერთად საფოსტო ეტლით წამოვა. არ შემედავოთ, ასე მსურს. აბა?.. რას ფიქრობთ, - განაგრძო მადმუაზელ დე ვერნეიმ, იულოს უგემური გრიმასა რომ შენიშნა, - ისევ საეჭვოდ მიგაჩნიათ?

- მე მგონი კი, ცოტა.

- მერე, რა გინდათ, რომ უქნათ?

- დიდი არაფერი. შუბლს გავუგრილებთ პატარა ტყვიით მაგ ქარაფშუტას, - ირონიულად უპასუხა მეთაურმა.

- ხუმრობთ, პოლკოვნიკო? - წამოიძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ.

- აბა, ამხანაგო, - უთხრა მეთაურმა და თავით ანიშნა მეზღვაურს, - აბა, დაუჩქარეთ!

იულოს ამ თავხედობაზე მადმუაზელ დე ვერნეის სიმშვიდე დაუბრუნდა, გაეღიმა.

- ფეხი არ მოიცვალოთ, - უთხრა ახალგაზრდა კაცს და ღირსეული ჟესტით თითქოს მფარველობა გამოხატა.

- ოჰ, რა მშვენიერია! - წასჩურჩულა მეზღვაურმა ყურში დედამისს, რომელმაც წარბები შეჭმუხნა.

თავმოყვარეობის შელახვამ, ათასნაირმა დაუოკებელმა გაბრაზებამ პარიზელი ქალის მშვენიერ სახეს ახლებური ხიბლი შესძინა. ფრანსინი, მადამ დიუ გა და მისი ვაჟი, ყველანი წამოდგნენ. მადმუაზელ დე ვერნეი ცოცხლად ჩადგა მათსა და მომღიმარე მეთაურს შორის და მარჯვედ გაიხსნა კოფთის სირმით მოქარგული ორი ღილკილო, დაუფიქრებლად, როგორც თავმოყვარეობაშელახულ ქალებს სჩვევიათ, როცა იციან, რომ შეუძლიათ, დაუყოვნებლივ გამოხატონ საკუთარი ძალაუფლება, როგორც ბავშვს არ ჰყოფნის ხოლმე მოთმინება და ეჩქარება ახლადნაჩუქარი სათამაშოს ნახვა, კორსაჟიდან სწრაფად ამოიძრო და მეთაურს გახსნილი წერილი გადასცა.

- წაიკითხეთ, - გესლიანი ღიმილით უთხრა.

მიუბრუნდა ახალგაზრდა კაცს და ტრიუმფით მთვრალმა ეშმაკურად, სიყვარულით შეხედა. ორივეს სახე გაუნათდა, სიხარულმა აუვარდისფრა აღელვებული სახეები და ათასი ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობა წამოიშალა მათ სულებში. მადამ დიუ გამ ერთი შეხედვით გამოიცნო, რომ მადმუაზელ დე ვერნეის დიდსულოვნება სიყვარულით უფრო იყო ნასაზრდოები, ვიდრე გულმოწყალებით და, ცხადია, მართალი იყო. ახალგაზრდა მოგზაური ქალი ჯერ გაწითლდა და მორცხვად დახარა თვალები, რაკი მიხვდა ქალის ფიქრებს. მერე, ამ უჩუმარი მუქარანარევი ბრალდების პასუხად, ამაყად ასწია თავი და ყველას თვალი მოავლო. გაოგნებულმა მეთაურმა დაუბრუნა მინისტრების მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ყველა ხელისუფალი უნდა დამორჩილებოდა ამ იდუმალი პიროვნების ბრძანებებს. მერე ქარქაშიდან ამოიღო ხმალი, მუხლზე გადაიმტვრია და ნატეხები მიუყარა.

- მადმუაზელ, თქვენ ალბათ კარგად იცით, რაც გასაკეთებელი გაქვთ, მაგრამ რესპუბლიკელს თავისი მოსაზრებები და სიამაყე გააჩნია. მე ვერ ვიმსახურებ იქ, სადაც ლამაზი გოგოები მბრძა-ნებლობენ. პირველ კონსულს დღესვე ექნება ჩემი თადარიგში გასვლის რაპორტი და ვისაც უნდა, დაგემორჩილოთ, ოღონდ არა იულო. როცა ჩემთვის გაუგებარია რაიმე, ვჩერდები, თუ, მითუმეტეს ისეთი რამაა, რაც უნდა მესმოდეს.

ერთხანს სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ მალე ახალგაზრდა პარიზელმა ქალმა დაარღვია, მიუახლოვდა იულოს და ხელი გაუწოდა: - პოლკოვნიკო, მართალია, წვერი გაქვთ მოშვებული, მაგრამ მაინც შეგიძლიათ მაკოცოთ. კაცი ყოფილხართ.

- და მე მაგით ვამაყობ, მადმუაზელ, - და საკმაოდ მოუქნელად ეამბორა ხელზე ამ უცნაურ გოგოს, - შენ კი, ამხანაგო, მუქარით დაუქნია თითი ახალგაზრდა კაცს, დიდ შარს გადარჩი.

- მეთაურო, - სიცილით უპასუხა მეზღვაურმა, - გვეყოფა ხუმრობა. თუ გინდა, შენთან ერთად წამოვალ ოლქში.

*გაგრძელება*

ნახვა: 371

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Skull and Bones

გამოაქვეყნა Rozemondbell_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 12:00pm 0 კომენტარი

Surviving the Crucible of Raid Bosses

The Snow's robust build enables it to Skull and Bones Items endure relentless assaults from formidable raid bosses such as the Op Welling.

Master the ship's bracing mechanics to mitigate incoming damage and regenerate stamina efficiently.

Approach engagements with the Op Welling cautiously, employing strategic healing and bracing techniques to sustain prolonged combat.

Despite facing significant adversary firepower, the Snow's…

გაგრძელება

The dodge roll

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 17, 2024.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.

But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Beyond its practical implications

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 16, 2024.
საათი: 4:00am 0 კომენტარი

The revelation sparked by the dodge roll mechanic transformed my perception of Path of Exile 2. It wasn't just another ARPG; it was a game that rewarded skillful play and tactical thinking. No longer was I merely bashing through enemies with brute force; I was dodging, weaving, and timing my movements with precision.



But the impact of the dodge roll extended beyond combat mechanics. It reshaped the entire gameplay experience, instilling a sense of agency and empowerment. Suddenly,…

გაგრძელება

Perfect Foodstuff Truck Catering for your personal Function

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 14, 2024.
საათი: 8:30pm 0 კომენტარი







Foods truck catering provides a vibrant and flavorful touch to any event, but with so many solutions obtainable, picking out the suitable one can be a frightening process. Worry not! Here's a comprehensive guidebook to assist you to navigate the globe of foods truck catering and choose the ideal a single in your upcoming occasion.



Assess Your Function Requires



Before diving into the planet of foodstuff vehicles, have a minute to evaluate your…

გაგრძელება

Qwelly World

free counters