აქ მოთხრობილია,
ტყუპებმა როგორ დაღუპეს საქმის მწარმოებელი

I - 20 რიცხვში მომხდარი ამბავი

      იმ დროს, როცა ხალხი ერთი სამსახურიდან მეორეში გარბი-გამორბოდა, ამხანაგი კოროტკოვი ასანთმასალმთავარცენტრ ბაზაში (ასანთის მასალათა მთავარ ცენტრალურ ბაზაში) უცვლელად მსახურობდა საქმისმწარმოებლის საშტატო თანამდებობაზე და მთელი 11 თვე იმსახურა.

      ასანთმასალაში მოკალათებულმა, წყნარმა, ქერათმიანმა კოროტკოვმა გულიდან სამუდამოდ ამოიგდო აზრი, რომ ამქვეყნად არსებობდა ეგრეთ წოდებული ბედის უკუღმართობანი და ამის ნაცვლად რწმენა ჩაინერგა, რომ ამ ბაზაში იმსახურებდა დედამიწაზე სიცოცხლის დასრულებამდე, მაგრამ ყოველივე სხვაგვარად წარიმართა.

      1921 წლის 20 სექტემბერს ასანთმასალის მოლარემ საძაგელი ყურებიანი ქუდი დაიხურა. პორტფელში ზოლებიანი ასიგნობა(ასიგნობა – დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბანკი თანხას აძლევს.) ჩაიდო და წავიდა. ეს იყო ღამის 11 საათზე.

      იგი ნაშუადღევს, ხუთის ნახევარზე, მთლად გალუმპული დაბრუნდა, ქუდი დაფერთხა, მაგიდაზე დადო, ზედ პორტფელი ჩამოდო და თქვა:

      – ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ.

      მერე რატომღაც მაგიდის უჯრა ამოქექა, ოთახიდან გავიდა, თხუთმეტი წუთის შემდეგ დიდი, კისერმოგრეხილი მკვდარი ქათამი მოიტანა, პორტფელზე დადო, მარჯვენა ხელი დააყრდნო და წარმოთქვა:

      – ფული არ იქნება.

      – ხვალ? – ერთხმად შეჰყვირეს ქალებმა.

      – არა, – თავი გააქნია მოლარემ, – არც ხვალ იქნება და არც ზეგ. ბატონებო, ზედახორას ნუ გამართავთ, თორემ მაგიდას გადამიბრუნებთ.

      – რაო? – შესძახა ყველამ, მათ შორის მიამიტმა კოროტკოვმაც.

      – ამხანაგებო! – ტირილნარევი ხმით ამღერდა მოლარე და კოროტკოვი იდაყვით მოიცილა, – გთხოვთ!

      – ეს როგორ შეიძლება? – ყვიროდნენ ყველანი და ყველაზე ხმამაღლა – კომიკოსი კოროტკოვი.

      – აი, ნახეთ, – ჩახრინწული ხმით თქვა მოლარემ, პორტფელიდან ასიგნობა ამოიღო და კოროტკოვს აჩვენა.

      იმ ადგილას, სადაც მოლარე ჭუჭყიან ფრჩხილს უსვამდა, წითელი მელნით ირიბად იყო წარწერილი:

      „გაეცით. სუბოტნიკოვის ნაცვლად – სენატი“.

      უფრო ქვემოთ იისფერი მელნით ეწერა:

      „ფული არ არის. ივანოვის ნაცვლად – სმირნოვი“.

      – რაო? – მარტო კოროტკოვმა შეჰყვირა, ხოლო დანარჩენები მოლარეს ხვნეშით მიესივნენ.

      – ოჰ, ღმერთო ჩემო! – აწუწუნდა დაბნეული მოლარე, – მე რა შუაში ვარ? ღმერთო ჩემო!

      მერე ასიგნობა პორტფელში ფაცაფუცით ჩატენა, ქუდი დაიხურა, პორტფელი იღლიაში ამოიჩარა, თავი გაიქნ-გამოიქნია და შეჰყვირა: გეთაყვა, გამატარეთო! ცოცხალი კედელი გაარღვია და კარში გაუჩინარდა.

      მოლარეს წრიპინით გაედევნა გაფითრებული რეგისტრატორი ქალი. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. მარცხენა წვეტიანი ქუსლი ზედ კართან ღრაჭუნით მოსძვრა. ქალი შეტორტმანდა, ფეხი ასწია და ფეხსაცმელი გაიძრო.

      ცალ ფეხზე ფეხსაცმელგაძრობილი ქალიც და დანარჩენებიც, მათ შორის კოროტკოვი, ოთახში დარჩნენ.

II - წარმოების პროდუქტები

      ზემოაღწერილი ამბიდან სამი დღის შემდეგ იმ ოთახის კარი, სადაც კოროტკოვი საქმიანობდა, ქალმა შემოაღო, ნამტირალევი სახე გამოაჩინა და ბრაზიანად თქვა:

      – ამხანაგო კოროტკოვო, წადით, ხელფასი მიიღეთ.

      – რა? – შესძახა გახარებულმა კოროტკოვმა და „კარმენის“ უვერტიურის სტვენით გაიქცა იმ ოთახისკენ, რომლის კარზე ეწერა: „სალარო“. მოლარის მაგიდასთან შეჩერდა და პირი ფართოდ გააღო. ყვითელი შეკვრების ორი მსხვილი სვეტი ჭერამდე აზიდულიყო. პასუხი რომ არ გაეცა შეკითხვებზე, გაოფლილსა და აღელვებულ მოლარეს ასიგნობა კედელზე ქინძისთავით მიემაგრებინა. ასიგნობაზე ახლა მესამე, მწვანე მელნით წარწერილი სიტყვები მოჩანდა:

      „გაიცეს წარმოების პროდუქტებით.

      ამხ. ბოგოიავლენნის ნაცვლად – პრეობრაჟენსკი.

      მეც ასე მიმაჩნია – კშესინსკი“.

      მოლარის ოთახიდან გამოსული კოროტკოვი სულელურად იღიმებოდა. ხელებში ოთხი დიდი, ყვითელი, ხუთი პატარა, მწვანე შეკვრა ეჭირა, ხოლო ჯიბეში ასანთის ცამეტი ლურჯი კოლოფი ედო. თავის ოთახში დაბრუნებული გაოცების გამომხატველ ხმათა გუგუნს უსმენდა, კანცელარიიდან რომ მოისმოდა, თანაც ასანთის კოლოფებს დღევანდელი გაზეთის ორ უზარმაზარ ფურცელში ფუთავდა. მერე სამსახურიდან შინ ისე წავიდა, არავისთვის არაფერი უთქვამს. ასანთმასალის სადარბაზო შესასვლელის წინ კინაღამ ავტომობილს ჩაუვარდა, რომლითაც ვიღაც მოვიდა, მაგრამ სახელდობრ ვინ, კოროტკოვმა თვალი ვერ მოჰკრა.

      შინ როცა მივიდა, ასანთები მაგიდაზე დაალაგა, განზე გადგა და აათვალიერ-ჩაათვალიერა. სახიდან სულელური ღიმილი არ სცილდებოდა. მერე ქერა თმა აიჩეჩა და საკუთარ თავს უთხრა:

      – გული არ უნდა გავიტეხოთ. ახლა გაყიდვას უნდა შევეცადოთ.

      მერე მეზობელს, გუბღვინსაწყობის მოსამსახურეს, ალექსანდრა ფიოდოროვნას მიუკაკუნა.

      – შემოდით, – ყრუდ მოისმა ხმა ოთახიდან.

      კოროტკოვი შევიდა და განცვიფრდა. სამსახურიდან ადრე დაბრუნებული ალექსანდრა ფიოდოროვნა იატაკზე ჩაცუცქულიყო. პალტო არ გაეხადა და ქუდიც ისევ ეხურა. წინ მწკრივად ეწყო გაზეთის ქაღალდით პირდაცობილი, მუქწითელი სითხით სავსე ბოთლები. სახე ნამტირალევი ჰქონდა.

      – 46, – თქვა მან და კოროტკოვისკენ მოტრიალდა.

      – მელანია?.. გამარჯობა, ალექსანდრა ფიოდოროვნა, – მიესალმა განცვიფრებული კოროტკოვი.

      – საეკლესიო ღვინოა, – სლუკუნით უპასუხა მეზობელმა.

      – რაო, თქვენც ასე გადაგიხადეს? – ამოიოხრა კოროტკოვმა.

      – თქვენც საეკლესიო ღვინო მოგცეს? – გაუკვირდა ალექსანდრა ფიოდოროვნას.

      – ჩვენ – ასანთი, – მილეული ხმით უპასუხა კოროტკოვმა და პიჯაკის ღილის ტრიალი დაიწყო.

      – ეგ ასანთი ხომ არ ინთება! – შესძახა ალექსანდრა ფიოდოროვნამ, წამოდგა და კაბა ჩამოიფერთხა.

      – როგორ თუ არ ინთება? – შეშინდა კოროტკოვი და თავისი ოთახისკენ გაექანა. იქ ერთი წუთიც არ დაუკარგავს, კოლოფს ხელი დასტაცა, გახსნა და ასანთი გაჰკრა. ასანთმა გაიშიშინა, მომწვანო ალი დააკვესა, გადატყდა და ჩაქრა. გოგირდის მწვანე სუნით სულშეხუთულმა კოროტკოვმა ავადმყოფურად დაახველა და მეორე ასანთს გაჰკრა. ასანთმა გაიტკაცუნა და ორი ნაპერწკალი გატყორცნა. ერთი ნაპერწკალი ფანჯრის მინას დაეჯახა, მეორე კი ამხანაგ კოროტკოვს თვალში ეცა.

      – ა-აჰ! – შეჰყვირა კოროტკოვმა და კოლოფი ხელიდან გაუვარდა.

      იგი რამდენიმე წამს ფეხებს ფიცხი ცხენივით აბაკუნებდა და თვალზე ხელისგულს იჭერდა. მერე წვერის საპარს სარკეში შიშით ჩაიხედა, დარწმუნებული იყო, რომ თვალი აღარ ჰქონდა, მაგრამ თვალი თავის ალაგას აღმოჩნდა. თუმცა ჩასწითლებოდა და ცრემლები სდიოდა.

      – ოჰ, ღმერთო ჩემო! – თქვა გამწარებულმა კოროტკოვმა, კამოდიდან დაუყოვნებლივ ამოიღო ამერიკული ინდივიდუალური პაკეტი(1920 წლის დასაწყისში მოქმედებდა „დამშეულთა დახმარების ამერიკული ადმინისტრაცია“, რომელიც საბჭოთა რუსეთს სურსათსა და მედიკამენტებს აწვდიდა.), გახსნა, თავის მარცხენა მხარე შეიხვია და ბრძოლაში დაჭრილს დაემგვანა.

      კოროტკოვს მთელი ღამე შუქი არ ჩაუქრია, იწვა და ასანთს ატკაცუნებდა. ამგვარად სამი კოლოფი დააცარიელა, თანაც, 63 ასანთის ანთება შეძლო.

      – მიჰქარავს ის სულელი, – ბუზღუნებდა კოროტკოვი, – მშვენიერი ასანთია.

      დილა როცა მოახლოვდა, ოთახი სულის შემხუთავი გოგირდის სუნით გაივსო. გამთენიისას კოროტკოვმა დაიძინა და სულელური, საშინელი სიზმარი ნახა: თითქოს მწვანე მდელოზე მის წინაშე უზარმაზარი, ცოცხალი, ფეხებიანი ბილიარდის ბურთი გაჩნდა. ეს ისეთი საძაგელი რამ იყო, რომ კოროტკოვმა შეჰყვირა და გაიღვიძა. მღვრიე წყვდიადში ხუთიოდე წამს კიდევ ეჩვენებოდა, რომ ბურთი იქვე, საწოლის გვერდით იყო და გოგირდის ძალიან ძლიერი სუნი იდგა. მაგრამ მერე ყველაფერმა გაიარა; კოროტკოვმა გვერდი იცვალა, დაიძინა და დილამდე აღარ გაღვიძებია.

III - მელოტი გამოჩნდა

      მეორე დილას კოროტკოვმა სახვევი გადაიწია და დარწმუნდა, რომ თვალი თითქმის მორჩენოდა, მაგრამ ზედმეტად ფრთხილი გახლდათ და გადაწყვიტა, სახვევი ჯერჯერობით არ მოეხსნა.

      სამსახურში ძალზე დაგვიანებით მისული ეშმაკი კოროტკოვი პირდაპირ თავის ოთახში შევიდა, რათა დაბალი ჩინის მოსამსახურეებში მითქმა-მოთქმა არ გამოეწვია. მაგიდაზე ქაღალდი დახვდა, სადაც დაკომპლექტების ქვეგანყოფილების გამგე ბაზის გამგეს ეკითხებოდა, მანქანაზე მბეჭდავ ქალებს ფორმის ტანსაცმელი დაურიგდებათ თუ არაო. კოროტკოვმა ქაღალდი მარჯვენა თვალით წაიკითხა, ხელში აიღო და ბაზის გამგის, ამხ. ჩეკუშინის კაბინეტისკენ დერეფანს გაუყვა.

      კაბინეტის კართან უცხო კაცს შეეფეთა, ვისმა გარეგნობამაც განაცვიფრა. ისეთი ტანდაბალი იყო, მაღალ კოროტკოვს წელამდე ძლივს სწვდებოდა. სამაგიეროდ, უჩვეულოდ მხარბეჭიანი გახლდათ. კვადრატული სხეული მოკვანტილ ფეხებს ეყრდნობოდა, თანაც მარცხენა ფეხით კოჭლობდა. ყველაზე თვალში საცემი კი თავი ჰქონდა, კვერცხის ზუსტ, კისერზე ჰორიზონტალურად დადგმულ, გიგანტურ მოდელს რომ წარმოადგენდა. წვეტიანი მხარე წინ მიექცია, კვერცხივით იყო მოტვლეპილი და ისე ლაპლაპებდა, კეფაზე ელექტრული ნათურები ჩაუქრობლად ენთო. ერთი ბეწო სახე ისე სუფთად გაეპარსა, სილურჯე გადაჰკრავდა. პაწაწკინა, ქინძისთავის მსგავსი, მწვანე თვალები ბუდეებში ღრმად ეჯდა. ნაცრისფერი სასაბნე ქსოვილისგან შეკერილი, ღილებჩახსნილი ფრენჩი ეცვა, რომლის შიგნითაც უკრაინული ნაქარგი პერანგი მოუჩანდა. იმავე ქსოვილის შარვალი ალექსანდრე II-ის დროინდელ დაბალყელიან ჰუსარულ ჩექმებში ჰქონდა ჩატანებული.

      „რა ტიპია“, – გაიფიქრა კოროტკოვმა და ჩეკუშინის კარისკენ გაექანა, თან შეეცადა, თავმოტვლეპილი კაცისთვის გვერდი აექცია, მაგრამ ეს კაცი მოულოდნელად წინ გადაეღობა.

      – რა გინდათ? – ისეთი ხმით ჰკითხა კოროტკოვს თავმოტვლეპილმა, რომ ნერვიული საქმისმწარმოებელი შეკრთა. ეს ხმა სპილენძის ტაშტის ხმას ზედმიწევნით წააგავდა და ისეთი ტემბრი ჰქონდა, მსმენელს ყოველი სიტყვის გაგონებაზე ეჩვენებოდა, ხერხემლის გასწვრივ ხორკლიანი მავთული ჩამისრიალესო. ამას გარდა, კოროტკოვს ისიც მოეჩვენა, უცნობის სიტყვებს ასანთის სუნი უდისო.

      წინდაუხედავმა კოროტკოვმა ყოველივე ამას ყურადღება არ მიაქცია და ის ქნა, რაც არაფრის დიდებით არ უნდა ექნა, – განაწყენდა.

      – ჰმ... საკმაოდ უცნაურია. ქაღალდი მიმაქვს... იქნებ მითხრათ, თქვენ ვინ ბრძან...

      – ვერ ხედავთ, კარზე რა წერია?

      კოროტკოვმა კარს შეხედა და დიდი ხნის ნაცნობი წარწერა დაინახა: „მოუხსენებლად ნუ შემოხვალთ“.

      – სწორედაც მოხსენებით შევდივარ, – სულელურად უპასუხა კოროტკოვმა და თავის ქაღალდზე მიუთითა.

      თავმოტვლეპილი, კვადრატული კაცი მოულოდნელად განრისხდა, თვალებიდან მოყვითალო ნაპერწკლები დააკვესა.

      – ამხანაგო, – ქვაბისებური ხმით გააყრუა კოროტკოვი, – თქვენ ისეთი განუვითარებელი ხართ, რომ ყველაზე უბრალო სამსახურებრივი წარწერის მნიშვნელობა ვერ გაგიგიათ. მიკვირს, აქამდე როგორ მსახურობდით. საერთოდაც, თქვენთან ბევრი რამ არის საინტერესო. მაგალითად, ყოველ ნაბიჯზე თვალახვეულები მხვდებიან, მაგრამ არა უშავს. ყველაფერს მოვაწესრიგებთ („ჰო-ო!“ – გულში შესძახა კოროტკოვმა), მომეცით!

      თქვა ეს უცნობმა, კოროტკოვს ქაღალდი ხელიდან გამოსტაცა, სწრაფად წაიკითხა, შარვლის ჯიბიდან ქიმიური ფანქარი ამოიღო, ქაღალდი კედელზე მიატყეპა და რამდენიმე სიტყვა ირიბად წააწერა.

      – წადით! – დაიგრგვინა მან და კოროტკოვს ქაღალდი ისე შეაჩეჩა, კინაღამ საღი თვალიც გამოსთხარა. კაბინეტის კარმა დაიწივლა და უცნობი შთანთქა, ხოლო კოროტკოვი ერთ ადგილას გაშეშდა, – ჩეკუშინი კაბინეტში არ იყო.

      დაფეთებული კოროტკოვი გონს ნახევარი წუთის შემდეგ მოეგო, როცა ამხ. ჩეკუშინის პირად მდივანს ლიდოჩკა დე რუნის გადააწყდა.

      – ო-ოხ! – ამოიხვნეშა ამხ. კოროტკოვმა. ლიდოჩკას თვალი ზუსტად ისეთივე ინდივიდუალური მასალით ჰქონდა შეხვეული, იმ განსხვავებით, რომ ბინტს ბოლოები კოპწიად ჰქონდა გამონასკვული.

      – რა დაგემართათ?

      – წყეული ასანთის ბრალია! – უპასუხა გაღიზიანებულმა ლიდოჩკამ.

      – კაბინეტში ვინ არის? – ჩურჩულით ჰკითხა გულმოსულმა კოროტკოვმა.

      – ნუთუ არ იცით? – აჩურჩულდა ლიდოჩკა, – ახალია.

      – რაო? – დაიწრიპინა კოროტკოვმა, – ჩეკუშინი რა იქნა?

      – გუშინ გააგდეს, – ბრაზიანად უპასუხა ლიდოჩკამ, თითი კაბინეტისკენ გაიშვირა და დაუმატა, – ეს კი კარგი ვინმეა. ასეთი საძაგელი ვიღაცა ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. ღრიალებს! გაგრეკავთო! ეს ნიფხავგამოხეული! – დაუმატა მოულოდნელად.

      – რა გვარ...

      შეკითხვა ვერ დაამთავრა თვალებდაჭყეტილმა კოროტკოვმა, რადგან კაბინეტიდან შემზარავი ხმა მოისმა: „კურიერო!“ საქმისმწარმოებელი და მდივანი ქალი აქეთ-იქით გაცვივდნენ. თავის ოთახში შევარდნილი კოროტკოვი მაგიდას მიუჯდა და თავისთვის ალაპარაკდა:

      – ვაი, ვაი... კოროტკოვო, თავი რა დღეში ჩაიგდე. ეს საქმე უნდა გამოვასწოროთ... „განუვითარებელი“.. ჰმ... თავხედი... კარგი! განახვებ, კოროტკოვი როგორი განუვითარებელია.

      საქმისმწარმოებელმა მელოტის ნაწერი ცალი თვალით წაიკითხა. ქაღალდზე ირიბად ჩამწკრივებულიყო სიტყვები: „ყველა მემანქანეს და საერთოდ ყველა ქალს დროულად დაურიგდება ჯარისკაცური კალსონები“.

      – კარგი რამეა! – შესძახა აღფრთოვანებულმა კოროტკოვმა და ნეტარებით შეთრთოლდა. როცა ჯარისკაცის ნიფხვიანი ლიდოჩკა თვალწინ დაუდგა. სუფთა ფურცელი ამოიღო და სამ წუთში შეთხზა:

      „ტელეფონოგრამა.

      დაკომპლექტების ქვეგანყოფილების გამგეს წერტილი თქვენი 19 რიცხვში გამოგზავნილი №0,15015/ბ მიწერილობის პასუხად მთავასანთმასალა გაცნობებთ მძიმე რომ ყველა მემანქანეს და საერთოდ ქალებს ჯარისკაცის კალსონები დროულად დაურიგდებათ წერტილი გამგე ტირე ხელმოწერა. საქმისმწარმოებელი ტირე ვარფოლომეი კოროტკოვი წერტილი“.

      დარეკა და შემოსულ კურიერს, პანტელეიმონს უთხრა:

      – გამგეს შეუტანე ხელმოსაწერად.

      პანტელეიმონმა ტუჩები გაღეჭა, ქაღალდი გამოართვა და გავიდა.

      კოროტკოვი ამის შემდეგ ოთხ საათს თავის ოთახში ყურგაფაციცებული იჯდა იმ ვარაუდით, თუ ახალი გამგე შენობას ჩამოივლის, უსათუოდ საქმეში ჩაფლული დავხვდეო. მაგრამ შემზარავი კაბინეტიდან ჩქამიც არ მოისმოდა. მხოლოდ ერთხელ გაისმა ბუნდოვანი თუჯისებური ხმა, ვიღაცას თითქოს სამსახურიდან დათხოვნით რომ ემუქრებოდა; ოღონდ ვის, კოროტკოვმა ვერ გაიგონა, თუმცა ყური გასაღების ჭუჭრუტანაზე ჰქონდა მიდებული. ნაშუადღევის ოთხის ნახევარზე კანცელარიის კედლის იქით პანტელეიმონის ხმა დაირხა:

      – მანქანით წავიდა...

      კანცელარია უმალ აჩოჩქოლდა. ყველანი გაიქც-გამოიქცნენ. ამხ. კოროტკოვი შინისაკენ ყველაზე ბოლოს მარტოდმარტო წავიდა.

IV - პირველი პარაგრაფი – კოროტკოვი გაისტუმრეს

      მეორე დილას გახარებული კოროტკოვი დარწმუნდა, რომ მის თვალს სახვევით მკურნალობა აღარ სჭირდებოდა, ამიტომ დამშვიდებულმა ბინტი მოიხსნა და უმალ შეიცვალა, უკეთესი შესახედავი შეიქნა. ჩაი ხელდახელ დალია, პრიმუსი ჩააქრო და სამსახურისკენ გაეშურა; ცდილობდა, არ დაეგვიანა, მაგრამ 50 წუთით დაიგვიანა იმის გამო, რომ ტრამვაი მეექვსე მარშრუტის ნაცვლად წრეზე წავიდა მეშვიდე მარშრუტით, შორეულ ქუჩებში გავიდა, სადაც პატარა სახლები იდგა და იქ გაფუჭდა. კოროტკოვმა სამი ვერსი ფეხით გაიარა და კანცელარიაში ქოშინით სწორედ მაშინ შეირბინა, როცა „ალპური ვარდის“ სამზარეულოს საათმა თერთმეტჯერ დარეკა. კანცელარიაში დილის თერთმეტი საათისთვის შეუფერებელი სანახაობა ელოდა. ლიდოჩკა დე რუნი, მილოჩკა ლიტოვცევა, ანა ევგრაფოვნა, უფროსი ბუღალტერი დროზდი, ინსტრუქტორი გიმტისი, ნომერაცკი, ივანოვი, მუშკა, რეგისტრატორი, მოლარე – მოკლედ, მთელი კანცელარია – ყოფილი რესტორნის, „ალპური ვარდის“ სამზარეულოს მაგიდებთან თავ-თავიანთ ადგილებზე კი არ ისხდნენ, არამედ მჭიდროდ შეჯგუფებულნი იდგნენ კედელთან, სადაც ლურსმნით იყო მიმაგრებული ფურცლის მეოთხედი. კოროტკოვის შესვლისთანავე უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა და ყველამ თავი დახარა.

      – გამარჯობათ, ბატონებო, ეგ რა არის? – იკითხა განცვიფრებულმა კოროტკოვმა.

      ჯგუფი შუაზე გაიპო და კოროტკოვი ფურცელთან მივიდა.

      პირველი სტრიქონები კოროტკოვს გარკვევით, გამართულად შეაცქერდა, ბოლო სტრიქონები კი ცრემლნარევ, გამაოგნებელ ბურუსში გამოჩნდა.

      ბრძანება №1

      1. თავისი მოვალეობისადმი უკიდურესად დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მნიშვნელოვან სამსახურებრივ ქაღალდებში აღმაშფოთებელი არევ-დარევა გამოიწვია, აგრეთვე იმის გამო, რომ სახე, ალბათ, ჩხუბში დაისახიჩრა, ამხანაგი კოროტკოვი ამ თვის 26 რიცხვიდან გათავისუფლებულია. ტრამვაის ფული გადაეხადოს 25 რიცხვის ჩათვლით.

      პირველი პარაგრაფი ამასთანავე უკანასკნელიც გახლდათ, ხოლო პარაგრაფის ქვემოთ მოჩანდა მსხვილი ასოები ხელმოწერისა:

      „გამგე კალსონიერი...“

      „ალპური ვარდის“ ბროლის მტვრიან დარბაზში ოც წამს იდეალური სიჩუმე გამეფდა. ყველაზე უკეთ, ღრმად, მკვდარივით დუმდა სახეგამწვანებული კოროტკოვი. ოცდამეერთე წამზე მდუმარება დაირღვა.

      – რა? რა? – ორჯერ დაიწივლა კოროტკოვმა, როგორც ქუსლგატეხილმა „ალპური ვარდის“ ბოკალმა, – მისი გვარი კალსონიერია?

      საზარელი სიტყვის გაგონებაზე კანცელარიის თანამშრომლები აქეთ-იქით გაცვივდნენ და თვალის დახამხამებაში მაგიდებთან ჩამწკრივდნენ, როგორც ყვავები ტელეგრაფის მავთულებზე. კოროტკოვის სახეზე მწვანე ობისფერს მეწამული ლაქები შეენაცვლა.

      – ვაი, ვაი, ვაი, – დავთრიდან თავი აიღო და დაიგუგუნა მოშორებით მჯდარმა სკვორეცმა, – ჩემო კარგო, ეგ როგორ შეგეშალათ? ჰა?

      – რ-რა ვ-ვი-ცი! – ჩაიბლუკუნა კოროტკოვმა, – „კალსონიერის“ ნაცვლად „კალსონები“ წავიკითხე. გვარს პატარა ასოთი წერს!

      – მე ნიფხავს არ ჩავიცვამ, მშვიდად იყოს! – ბროლივით ჩააწკრიალა ლიდოჩკამ.

      – სს! – გველივით ჩაისისინა სკვორეცმა, – რას ამბობთ? – იგი მთავარი ბუღალტრის ოთახში შეიმალა და ფურცელი აიფარა.

      – სახის თაობაზე კი ნება არა აქვს! – წამოიყვირა კოროტკოვმა და მეწამულის ნაცვლად მიტკლისფერი დაედო, – მე ხომ თვალი ჩვენი საძაგელი ასანთით გამოვიწვი, როგორც ამხანაგმა დე რუნიმ.

      – ჩუმად! – დაიწრიპინა გაფითრებულმა გიტისმა, – რას ამბობთ? გამგემ ასანთი გუშინ შეამოწმა და საუცხოოდ მიიჩნია.

      დ-რ-რ-რ-რ-რ-რრრ, – უეცრად აჟღრიალდა ელექტროზარი კარს ზემოთ... იმავე წამს პანტელეიმონის მძიმე სხეული ტაბურეტიდან გადმოემხო და დერეფანში გაშლიგინდა.

      – არა! განმარტებას მოვთხოვ! განმარტებას მოვთხოვ! – წვრილი ხმით წამოიყვირა კოროტკოვმა, ჯერ მარცხნივ გაქანდა, მერე მარჯვნივ, ადგილზე ფეხები ააბაკუნა, „ალპური ვარდის“ მტვრიან სარკეში მრუდედ აირეკლა, დერეფანში გასხლტა და მქრქალი ნათურების შუქისკენ გაიქცა, რომელიც ანათებდა წარწერას – „განცალკევებული კაბინეტები“, შემზარავი კარის წინ ქოშინით შეჩერდა და გონს მაშინ მოეგო, როცა პანტელეიმონის მკლავებში მოექცა.

      – ამხანაგო პანტელეიმონ, – წამოიწყო აფორიაქებულმა კოროტკოვმა, – შემიშვი, გეთაყვა, გამგეს დაუყოვნებლივ უნდა ველაპარაკო...

      – არ შეიძლება, არ შეიძლება, ნაბრძანები მაქვს, არავინ შევუშვა, – ახრიალდა პანტელეიმონი და კოროტკოვის მოწადინება ხახვის საშინელი სუნით ჩაახშო, – არ შეიძლება. ბატონო კოროტკოვო, წადით, თორემ თქვენ გამო მეც დავისჯები...

      – პანტელეიმონ, შესვლა მჭირდება, – სთხოვა ჩანავლებულმა კოროტკოვმა, – ძვირფასო პანტელეიმონ, ჩემზე ბრძანებაა, შემიშვი, საყვარელო პანტელეიმონ.

      – რას ამბობ, ბატონო... – დაფეთებული პანტელეიმონი კარისკენ შეტრიალდა და ისევ აჩურჩულდა, – ხომ გითხარით, რომ არ შეიძლება. არ შეიძლება, ამხანაგო!

      კარს იქით, კაბინეტში, ტელეფონი აჟღრიალდა და მკაცრი, სპილენძისებური ბუბუნი გაისმა.

      – მოვდივარ! ახლავე!

      პანტელეიმონი და კოროტკოვი აქეთ-იქით გადგნენ; კარი გაიღო და ქუდიანი, იღლიაში პორტფელამოჩრილი კალსონიერი დერეფანს სწრაფი ნაბიჯით გაუყვა. პანტელეიმონი ძუნძულით გაედევნა, კოროტკოვი ცოტა ხანს შეყოყმანდა და პანტელეიმონს სირბილით მიჰყვა. დერეფნის მოსახვევში გადაფითრებული და აღელვებული კოროტკოვი პანტელეიმონს ხელებქვეშ გაუძვრა, კალსონიერს წამოეწია, მერე გაასწრო, პირი შემოაბრუნა და სირბილით წინ გაუძღვა.

      – ამხანაგო კალსონიერო, – აბურტყუნდა იგი ნაწყვეტ-ნაწყვეტი ხმით, – ნება მიბოძეთ, ერთ წუთს დაგელაპარაკოთ... ბრძანების გამო მინდა გითხრათ...

      – ამხანაგო! – დაიგრგვინა სწრაფად მიმავალმა, შეშფოთებულმა კალსონიერმა და კოროტკოვი გზიდან ჩამოიცილა, – ხომ ხედავთ, რომ არ მცალია? მივდივარ! მივდივარ!...

      – ბრძანების გამო გეუბნებით...

      – ვერ ხედავთ, რომ არ მცალია? ამხანაგო! საქმისმწარმოებელს მიმართეთ.

      კალსონიერი ვესტიბიულში გავარდა, სადაც „ალპური ვარდის“ უპატრონოდ მიტოვებული უზარმაზარი ორგანი იყო მოთავსებული.

      – საქმისმწარმოებელი ხომ მე ვარ! – დაიწრიპინა შეძრწუნებულმა, ოფლში გაღვრილმა კოროტკოვმა, – მისმინეთ, ამხანაგო კალსონიერო!

      – ამხანაგო! – საყვირივით დაიგრგვინა კალსონიერმა, კოროტკოვს ყური არ უგდო, პანტელეიმონს შეუჩერებლად მიუტრიალდა და დაუყვირა, – ზომები მიიღეთ, რომ არ დამაყოვნონ!

      – ამხანაგო! – დაიხრიალა შეშინებულმა პანტელეიმონმა, – რატომ აყოვნებთ?

      არ იცოდა, რა ზომები მიეღო და ამგვარად მოიქცა: კოროტკოვს წელზე ხელები შემოხვია და საყვარელი ქალივით მსუბუქად მიიკრა. ამ ქმედებამ გაჭრა, – კალსონიერი გასხლტა, კიბეზე თითქოს გორგოლაჭებით გაექანა და სადარბაზო შესასვლელიდან გავარდა.

      – დრ! დრ! – მინებს იქით დაიტრახტრახა მოტოციკლეტმა, ხუთჯერ გამოაბოლქვა, ფანჯარა კვამლში გაახვია და გაუჩინარდა. პანტელეიმონმა კოროტკოვს ხელი ახლაღა გაუშვა, ოფლი მოიწმინდა და ამოიგმინა:

      – რა უბედურებაა!

      – პანტელეიმონ, სად წავიდა? – ხმის კანკალით ჰკითხა კოროტკოვმა, – მალე მითხარი, უკვე სხვა...

      – მგონი, ცენტრმომარაგებაში.

      კოროტკოვმა კიბეზე ისარივით ჩაიქროლა, გასახდელში შევარდა, პალტოსა და ქუდს ხელი წამოავლო და ქუჩაში გაიჭრა.

V - სატანური ფოკუსი

      კოროტკოვს გაუმართლა. ტრამვაი „ალპურ ვარდებს“ იმავე წუთს გაუსწორდა. კოროტკოვი ტრამვაის მარჯვედ შეახტა და წინ გასწია; ხან სამუხრუჭე ბორბალს ეხლებოდა, ხან ვიღაცათა ზურგზე წამოკიდებულ ტომრებს. გულში იმედი უღვიოდა. მოტოციკლეტი რატომღაც დაბრკოლდა და ახლა ტრამვაის წინ მიტრახტრახებდა. ლურჯ კვამლში გახვეული ზურგი კოროტკოვს ხან ეკარგებოდა თვალთაგან, ხან ისევ გამოჩნდებოდა. კოროტკოვი ტრამვაის ბაქანზე ხუთიოდე წუთს აქეთ-იქით ეხეთქებოდა და იჭყლიტებოდა. ბოლოს მოტოციკლეტი ცენტრმომარაგების რუხი შენობის წინ გაჩერდა. კვადრატული სხეული გამვლელებს მიეფარა და გაქრა. კოროტკოვი მიმავალი ტრამვაიდან გადახტა, დაბზრიალდა, წაიქცა, მუხლი იტკინა, დავარდნილ ქუდს მისწვდა, ავტომობილის ცხვირწინ გასხლტა და ვესტიბიულისკენ გაეშურა.

      კოროტკოვს ათეულობით ადამიანი ხვდებოდა, ბევრნი წამოეწეოდნენ და გაასწრებდნენ ხოლმე. ყველანი იატაკზე სველ ლაქებს ტოვებდნენ. კვადრატული ზურგი კიბის მეორე მარშზე გაკრთა. სულშეხუთული კოროტკოვი უმალ გამოედევნა. კალსონიერი კიბეზე საშინელი, არაბუნებრივი სიჩქარით არბოდა და კოროტკოვს გული უკრთოდა, თვალთაგან არ დამეკარგოსო. მართლაც ასე მოხდა. მეხუთე ბაქანზე, როცა საქმისმწარმოებელს ძალა მთლად გამოელია, ზურგი სახეთა, ქუდთა და პორტფელთა ზღვაში გაუჩინარდა. კოროტკოვი ბაქანზე ისარივით აიჭრა და ერთ წამს შეყოყმანდა იმ კარის წინ, რომელზეც მოჩანდა წარწერა: „მომარაგების საქმეთა სამმართველოს კანცელარიის უფროსი.“ კოროტკოვმა ალალბედზე ეს კარი შეაღო და მინის უზარმაზარი გალიები დაინახა, რომელთა შორის უამრავი ქერათმიანი ქალი გარბი-გამორბოდა. მინის პირველი ტიხარი როცა გამოაღო, შიგნით ვიღაც ნაცრისფერკოსტიუმიანი კაცი დაინახა, მაგიდაზე რომ გადაწოლილიყო და ტელეფონში მხიარულად იცინოდა. მეორე განყოფილებაში მაგიდაზე შელერ-მიხაილოვის თხზულებათა სრული კრებული მოჩანდა, რომლის გვერდით თავშალმოხვეული უცნობი ხნიერი ქალი სასწორზე ხმელ, აყროლებულ თევზს წონიდა. მესამე განყოფილებაში განუწყვეტელი კაკუნ-წკარუნი გაისმოდა – იქ ექვს მანქანაზე ექვსი ქერა წვრილკბილა ქალი ბეჭდავდა და იცინოდა. ბოლო ტიხარს მიღმა მსხვილსვეტებიანი დიდი სივრცე გადაშლილიყო. ჰაერში მანქანების აუტანელი ჭახანი იდგა, ქალებისა და კაცების უამრავი თავი მოჩანდა, მაგრამ მათ შორის კალსონიერის თავი არ ერია. აფორიაქებულმა და დაბნეულმა კოროტკოვმა პირველივე ქალი გააჩერა, რომელმაც გვერდით ჩაურბინა და ხელში პატარა სარკე ეჭირა.

      – კალსონიერი ხომ არ გინახავთ?

      კოროტკოვს გული სიხარულისგან გაუჩერდა, როცა ქალმა თვალები დაჭყიტა და უპასუხა:

      – ვნახე, მაგრამ უკვე მიდის. დაეწიეთ.

      კოროტკოვი სვეტებიან დარბაზში იქით გაიქცა, საითაც წითელფრჩხილებიანი თეთრი ხელი უთითებდა. დარბაზი როცა გადაირბინა, ვიწრო, ჩაბნელებულ ბაქანზე აღმოჩნდა, სადაც განათებული ლიფტის დაღებული ხახა დაინახა. კოროტკოვს გული ფეხებისკენ დაუქანდა, – დაეწია... ლიფტის ხახა სასაბნე ქსოვილით შემოსილ კვადრატულ ზურგსა და შავად მოელვარე პორტფელს ნთქავდა.

      – ამხანაგო კალსონიერო, – შეჰყვირა კოროტკოვმა და გაშეშდა. ბაქანზე უამრავი მწვანე წრე ათამაშდა. მინის კარი ბადემ დაფარა, ლიფტი დაიძრა, კვადრატული ზურგი შეტრიალდა და გოლიათურ მკერდად იქცა. კოროტკოვმა ყველაფერი იცნო: ნაცრისფერი ფრენჩიც, კეპიც, პორტფელიც, წვრილი თვალებიც. ეს კალსონიერი გახლდათ, მაგრამ გრძელი, ასირიული, მკერდამდე ჩამოშვებული გოფრირებული წვერით დამშვენებული კალსონიერი. კოროტკოვის ტვინში დაუყოვნებლივ დაიბადა აზრი: „სანამ მოტოციკლეტით გარბოდა და კიბეზე ადიოდა, წვერი წამოეზარდა, – ეს რა ამბავია?“ შემდეგ მეორე აზრიც: „წვერი ყალბია – ეს რა ამბავია?“

      კალსონიერი ამასობაში ბადით დაფარულ უფსკრულში ჩაეშვა. ჯერ ფეხები გაუჩინარდა, მერე მუცელი, წვერი, ბოლოს თვალები და პირი. მერე კოროტკოვმა გაიგონა, ამ პირმა ნაზი ტენორით როგორ წამოიყვირა:

      – გვიანაა, ამხანაგო, პარასკევს.

      „ხმაც შეიცვალა“, – გაუწკარუნდა კოროტკოვის გონებაში. სამ წამს თავი მტანჯველად უხურდა, მაგრამ მერე გაახსენდა, ვერანაირმა ჯადოქრობამ ვერ უნდა შემაჩეროს, დაყოვნება დამღუპავსო, და ლიფტისკენ გაქანდა. ბადეში ბაგირზე ჩამოკიდებული სახურავი გამოჩნდა, მილს იქიდან მიბნედილი ლამაზი ქალი გამოვიდა, თმაში მოელვარე თვლები რომ უბრწყინავდა. კოროტკოვს ხელზე ნაზად შეეხო და შეეკითხა:

      – ამხანაგო, გულის მანკი გჭირთ?

      – არა, ოჰ, არა, ამხანაგო, – წამოიძახა გაოგნებულმა კოროტკოვმა და ბადისკენ ნაბიჯი გადადგა, – ნუ მაყოვნებთ.

      – მაშინ, ამხანაგო, ივან ფინოგენოვიჩთან წადით, – სევდიანად უთხრა კოროტკოვს ლამაზმა ქალმა და ლიფტისკენ გზა გადაუღობა.

      – არ მინდა! – წამოიტირა კოროტკოვმა, – ამხანაგო! მეჩქარება, თავი გამანებეთ!

      მაგრამ სევდიანი ქალი არ შედრკა.

      – არაფერი შემიძლია, თავადაც იცით, – უთხრა კოროტკოვს და ხელზე ხელი მაგრად ჩასჭიდა. ლიფტი შეჩერდა, პორტფელიანი კაცი გამოტყორცნა, ბადე ჩამოიფარა და კვლავ ქვემოთ გაემართა.

      – გამიშვით! – წამოიკივლა კოროტკოვმა, ქალს ხელი გამოსტაცა და კიბეზე წყევლა-კრულვით დაექანა. მარმარილოს ექვსი მარში ჩაათავა, მაღალი, თავსაბურავიანი დედაბერი კინაღამ საიქიოს გაამგზავრა, ქვემოთ უზარმაზარ, მინის ახალ კედელთან აღმოჩნდა, სადაც მაღლა, ლურჯ ფონზე მოჩანდა ვერცხლისფერი წარწერა: „მაღალი კლასის მორიგე ქალბატონები“, ხოლო ქვემოთ ქაღალდზე კალმით წაწერილი: „საცნობარო“. კოროტკოვს მრუმე შიში დაეუფლა. კედლის იქით აშკარად გაკრთა კალსონიერი. სილურჯემდე სუფთად წვერგაპარსული, ადრინდელი და საშინელი კალსონიერი. მან კოროტკოვს სულ ახლოს ჩაუარა, მისგან მხოლოდ მინის თხელი ფენა ჰყოფდა. კოროტკოვი შეეცადა, არაფერზე ეფიქრა, სპილენძის ელვარე სახელურისკენ გაექანა და შეანჯღრია, მაგრამ სახელური არ დაემორჩილა.

      კოროტკოვმა მოელვარე სპილენძი ერთხელ შეანჯღრია და სასოწარკვეთილმა ახლაღა შეამჩნია ნამცეცა წარწერა: „მე-6 სადარბაზოდან შემოუარეთ“.

      კალსონიერმა გაიელვა და მინის იქით შავ ნიშაში გაუჩინარდა.

      – მეექვსე სად არის? მეექვსე სად არის? – სუსტი ხმით გასძახა კოროტკოვმა ვიღაცას. გამვლელები გაფრთხნენ. გვერდითა პატარა კარი გაიღო და იქიდან ლუსტრინისპიჯაკიანი, ლურჯსათვალიანი ბერიკაცი შემოვიდა, ხელში უზარმაზარი სია ეჭირა, კოროტკოვს სათვალის ზემოდან გადმოხედა, გაიღიმა და ტუჩები გაღეჭა.

      – რაო? სულ აქ დაიარებით? – აჩიფჩიფდა იგი, – ღმერთმანი, ამაოდ. გამიგონეთ ბერიკაცს, მოეშვით აქ სიარულს. სულერთია, უკვე ამოგშალეთ. ხი-ხი.

      – საიდან ამომშალეთ? – გაშეშდა კოროტკოვი.

      – ჰი. საიდან და სიიდან. ფანქრით – ჩხიკ და მორჩა – ჰი, ჰი, – ბერიკაცმა გულიანად გაიცინა.

      – უკაც... რავად... მაგრამ საიდან მიცნობთ?

      – ჰი. რა ხუმარა ხართ, ვასილ პავლოვიჩ.

      – მე ვარფოლომეი ვარ, – უთხრა კოროტკოვმა და ცივ, გალიპულ შუბლზე ხელი მოისვა, – პეტროვიჩი.

      შემზარავ ბერიკაცს სახეზე ღიმილი წუთით გაუქრა.

      იგი ფურცელს ჩააჩერდა და გრძელფრჩხილიანი ხმელი თითი სტრიქონებს ჩააყოლა.

      – რატომ მაბნევთ? აგერ – კოლობკოვი, ვ. პ.

      – მე კოროტკოვი ვარ, – მოუთმენლად შეჰყვირა კოროტკოვმა.

      – მეც ხომ ეგა ვთქვი: კოლობკოვი, – განაწყენდა ბერიკაცი, – აი კალსონიერიც. ორივე ერთად ხართ გადაყვანილი. კალსონიერის ნაცვლად ჩეკუშინია.

      – რაო? – შეჰყვირა სიხარულისგან გადარეულმა კოროტკოვმა, – კალსონიერი გააგდეს?

      – დიახ. ერთ დღეს იუფროსა და გააძუნძულეს.

      – ღმერთო ჩემო! – შესძახა აღფრთოვანებულმა კოროტკოვმა, – გადავრჩი! გადავრჩი! – მან ბერიკაცს ხეშეშა ხელზე ხელი თავდავიწყებით მოუჭირა. ბერიკაცმა გაიღიმა. კოროტკოვის სიხარული წამით გაფერმკრთალდა. ბერიკაცის თვალთა ლურჯ ხვრელებში უცნაური, ავისმომასწავებელი რაღაც გაკრთა. უცნაური გახლდათ მისი ღიმილიც, რამაც მოლურჯო ღრძილები გააშიშვლა, მაგრამ კოროტკოვმა უსიამოვნო გრძნობა უმალ მოიცილა და დაფაცურდა.

      – მაშ ახლა ასანთმასალებში უნდა გავიქცე?

      – აუცილებლად, – დაუდასტურა ბერიკაცმა, – აქ ნათქვამია, ასანთმასალებშიო. ოღონდ თქვენი წიგნაკი მიბოძეთ, შიგ ფანქრით აღნიშვნას გავაკეთებ.

      კოროტკოვმა ხელი უმალ ჯიბეში ჩაიყო, გაფითრდა, მეორე ჯიბეც მოიქექა, უარესად გაფითრდა, შარვლის ჯიბეები მოისინჯა, ყრუ ხმით წამოიკივლა და კიბეს სირბილით აუყვა, თან ფეხებქვეშ იყურებოდა, გზად ვიღაცებს ეჯახებოდა. სასოწარკვეთილმა კიბე თავამდე აირბინა, უნდოდა, თვლებით თმაშემკობილი, ლამაზი ქალი დაენახა და მისთვის რაღაც ეკითხა, მაგრამ ნახა, რომ ლამაზი ქალი, მახინჯ, ცინგლიან ბიჭად გადაქცეულიყო.

      – ჩემო კარგო, – მისკენ გაექანა კოროტკოვი, – ჩემი საფულე, ყვითელი...

      – ტყუილია, – ბრაზიანად უპასუხა ბიჭმა, – მე არ ამიღია, ტყუილი უთქვამთ.

      – არა, ჩემო კარგო, ამას არ ვამბობ... შენ არა... საბუთები.

      ბიჭმა ალმაცერად შემოხედა და უცებ ბოხი ხმით აბღავლდა.

      – ოჰ, ღმერთო ჩემო! – შეჰყვირა სასოწარკვეთილმა კოროტკოვმა და ქვემოთ, ბერიკაცისკენ გაექანა, მაგრამ ქვემოთ როცა ჩაირბინა, ბერიკაცი იქ აღარ დახვდა. გაუჩინარებულიყო. კოროტკოვი პატარა კარს ეცა, სახელურს დაეჯაჯგურა. კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ბინდბუნდში გოგირდის ოდნავი სუნი იდგა.

      კოროტკოვს თავში ფიქრები ქარიშხალივით დაუტრიალდა და ახალი აზრი ამოუხტა: „ტრამვაი!“ უცებ ცხადად გაახსენდა, ბაქანზე ორმა ახალგაზრდა კაცმა შუაში როგორ მოიქცია და მოჭეჭყა. ერთი მათგანი გამხდარი იყო, შავი, თითქოს მიწებებული ულვაში ჰქონდა.

      – აი, ეს არის უბედურება, – ბუტბუტებდა კოროტკოვი, – ყველაზე დიდი უბედურება.

      იგი ქუჩაში გავარდა, ბოლომდე ჩაირბინა, შესახვევში გაუხვია და უშნოდ ნაგები პატარა შენობის სადარბაზო შესასვლელთან აღმოჩნდა.

      – სად მიძვრები? – ჰკითხა კოროტკოვს ელამმა და პირქუშმა, ულაზათო კაცმა, მისკენ კი არა, სადღაც გვერდზე რომ იცქირებოდა:

      – მე, ამხანაგო, ვ. პ. კოროტკოვი ვარ. ეს-ესაა, საბუთები მომპარეს... მთლიანად... შეუძლიათ, დამიჭირონ...

      – სულ იოლად, – დაუდასტურა პარმაღზე მდგარმა კაცმა.

      – ჰოდა, ნება მიბოძეთ...

      – პირადად კოროტკოვი მოვიდეს.

      – კოროტკოვი თავად მე გახლავართ.

      – მოწმობა მომეცი.

      – მოწმობა ახლახან მომპარეს, – ამოიგმინა კოროტკოვმა, – მომპარეს, ამხანაგო... ულვაშიანმა ახალგაზრდა კაცმა მომპარა.

      – ულვაშიანმა? მაშ კოლობკოვი იქნებოდა. უეჭველად. ჩვენს რაიონში ის არის ამისი სპეციალისტი. იმას ახლა სადმე საჩაიეში თუ იპოვი.

      – ამხანაგო, არ შემიძლია, – ატირდა კოროტკოვი, – ასანთმასალებში უნდა მივიდე, კალსონიერთან. შემიშვით.

      – მოწმობა მომეცი, რომ მოგპარეს.

      – მოწმობა ვინ უნდა მომცეს?

      – სახლმმართველმა.

      კოროტკოვი პარმაღს მოსწყდა და ქუჩაში გავარდა.

      „ასანთმასალებში წავიდე თუ სახლმმართველთან? – გაიფიქრა მან, – სახლმმართველს მიღება დილიდან აქვს; მაშ ასანთმასალებში უნდა წავიდე“.

      ამ დროს მოშორებით, მოწითალო კოშკზე საათმა ოთხჯერ დარეკა და იმავე წუთს ყველა კარიდან პორტფელიანი ხალხი გამოიშალა. დაბინდდა და ციდან თხლად იწყო ცვივნა თოვლის სველმა ფანტელებმა.

      „გვიანაა, – გაიფიქრა კოროტკოვმა, – შინ წასვლა სჯობია“.

VI - პირველი ღამე

      ბოქლომის ყურში თეთრი ბარათი იყო გაჩრილი. კოროტკოვმა ბინდბუნდში წაიკითხა.

      „ძვირფასო მეგობარო!

      მე ზვენიგოროდში დედასთან მივემგზავრები. საჩუქრად ღვინოს გიტოვებთ. სვით, რამდენიც გენებოთ, – არავინ ყიდულობს. კუთხეში აწყვია.

      თქვენი ა. პაიკოვა“.

      კოროტკოვმა ალმაცერად გაიღიმა, ბოქლომი ააჩხაკუნა, დერეფნის კუთხეში ჩამწკრივებული ბოთლები თავის ოთახში ოც გზობაზე გადაზიდა, ლამპა აანთო და საწოლზე ქუდიანი და პალტოიანი მიეგდო. კრომველის სურათს ნახევარი საათი მონუსხულივით უცქეროდა, სანამ იგი შედედებულ ბინდბუნდში არ ჩაიკარგა, მერე წამოხტა და გამძვინვარდა. კეპი მოიძრო და კუთხეში მიაგდო, ასანთის კოლოფები ხელის ერთი მოსმით იატაკზე ჩამოყარა, ფეხით შესდგა და გათელვა დაუწყო.

      – ეგეც შენ! ეგეც შენ! ეგეც შენ! – ღმუოდა კოროტკოვი და წყეულ კოლოფებს ლეწავდა, თან ელანდებოდა, კალსონიერის თავს ვთქერავო.

      კვერცხისნაირი თავის გახსენებამ უეცრად ხან გაპარსული, ხანაც წვერიანი სახე გაახსენა და უმალ შეჩერდა.

      – უკაცრავად... მაგრამ ეს რა ამბავია? – ჩაიჩურჩულა და თვალებზე ხელი მოისვა, – ეს რანაირი რამეა? რას ვდგავარ და რას ვსულელობ, როცა ყოველივე ასე შემზარავია? მართლა გაორმაგებული ხომ არ იქნება?

      ჩაშავებული ფანჯრებიდან შიში ოთახში შემობობღდა. კოროტკოვი ცდილობდა, ფანჯრებისთვის თვალი მოერიდებინა, თან ფარდებს აფარებდა, მაგრამ არც ამან უშველა. ხან წვერმოშვებული, ხან გაპარსული, გაორმაგებული სახე დროდადრო კუთხეებიდან ამოტივტივდებოდა და მომწვანო თვალებს აელვარებდა. კოროტკოვმა ბოლოს ვეღარ გაუძლო; გრძნობდა, რომ ტვინი დაძაბულობისგან უსკდებოდა და ხმადაბლა ატირდა.

      როცა ტირილით გული იჯერა და შვება იგრძნო, გუშინდელი ცივი კარტოფილი შეჭამა, მერე წყეულ გამოცანას მიუბრუნდა და ცოტა ხანს კიდევ წაუტირა.

      – უკაცრავად... – ჩაიჩურჩულა უცებ, – რა მატირებს, როცა ღვინო მაქვს?

      ნახევარი ჩაის ჭიქა ერთბაშად გადაჰკრა. ტკბილმა სითხემ ხუთი წუთის შემდეგ იმოქმედა, – მარცხენა საფეთქელი საშინლად ასტკივდა და ცხარედ, აუტანლად მოსწყურდა.

      სამი ჭიქა წყალი დალია, საფეთქლის ტკივილმა კალსონიერი მთლად გადაავიწყა, ტანსაცმელი კვნესით გაიძრო და საწოლზე თვალებგადმოკარკლული გაიშოტა. „პირამიდონი მაინც მქონდეს...“ – ჩურჩულებდა დიდხანს, სანამ ძილ-ბურანი თავს წაართმევდა.

VII - ორგანი და კატა

      მეორე დღეს, დილის ათ საათზე, კოროტკოვმა ჩაი სახელდახელოდ აადუღა, მეოთხედი ჭიქა უხალისოდ დალია, გრძნობდა, რომ ძნელი, ფორიაქი დღე ელოდა. ოთახიდან გავიდა და ნისლში სველი, მოასფალტებული ეზო გადაირბინა. ფლიგელის კარზე ეწერა: „სახლმმართველი“. კოროტკოვმა ხელი უკვე ღილაკისკენ წაიღო, მაგრამ თვალი მოჰკრა წარწერას: „სიკვდილის გამო მოწმობები არ გაიცემა“.

      – ოჰ, ღმერთო ჩემო, – სინანულით შესძახა კოროტკოვმა, – ყოველ ფეხის ნაბიჯზე მარცხი გაგონილა? – მერე დაუმატა, – რახან ასეა, საბუთების საქმე მერე მოვაგვაროთ, ახლა კი ასანთმასალებისკენ გავწიოთ. უნდა შევიტყოთ, იქ რა ხდება. იქნებ ჩეკუშინი უკვე დაბრუნდა.

      რადგან ფული სულ მოჰპარეს, კოროტკოვი ასანთმასალებამდე ფეხით მივიდა, ვესტიბიული გაიარა და პირდაპირ კანცელარიისკენ გაემართა. კანცელარიის ზღურბლზე შეჩერდა და პირი დააღო. ბროლის დარბაზში ვერც ერთი ნაცნობი სახე ვერ დაინახა. არც დროზდი, არც ანა ევგრაფოვნა, მოკლედ, არავინ ჩანდა. მაგიდებთან სამი მთლად ერთნაირი, წვერგაპარსული კაცი იჯდა. მავთულზე ჩამწკრივებულ ყვავებს კი არა, ალექსეი მიხაილოვიჩის სამ შევარდენს ჰგავდნენ. ღია ნაცრისფერი კუბოკრული კოსტიუმები ეცვათ. იქვე იყო ერთი ახალგაზრდა ქალი, მეოცნებე თვალები რომ ჰქონდა და ბრილიანტის საყურე ეკეთა. ახალგაზრდა კაცებს კოროტკოვისთვის ოდნავი ყურადღებაც არ მიუქცევიათ, დავთრებში კალმების წრიპინი არ შეუწყვეტიათ, ხოლო ქალმა თვალები მოჭუტა და ისე შეხედა. როცა დაბნეულმა კოროტკოვმა პასუხად გაუღიმა, ქალმა მედიდურად გაიღიმა და პირი მიიბრუნა. „უცნაურია“, – გაიფიქრა კოროტკოვმა, ზღურბლზე წაიბორძიკა და კანცელარიიდან გავიდა.

      თავისი ოთახის კართან შეყოყმანდა, ოხვრით შეხედა იმ ადგილს, სადაც მოჩანდა ძველი, საამური წარწერა: „საქმისმწარმოებელი“, კარი შეაღო და შევიდა. უმალ თვალთ დაუბნელდა და ფეხქვეშ იატაკი ოდნავ შეერყა. კოროტკოვის მაგიდას თვით კალსონიერი უჯდა, იდაყვები გაეფარჩხა და კალამს გააფთრებით აწრიპინებდა, მკერდს გოფრირებული, მბზინვარე წვერი უფარავდა. კოროტკოვი მწვანე მაუდისკენ დახრილ პრიალა მელოტ თავს სულშეგუბებული დააცქერდა. მდუმარება კალსონიერმა დაარღვია.

      – ამხანაგო, რა გნებავთ? – ფალცეტით თავაზიანად ჩაიღუღუნა მან.

      კოროტკოვმა ტუჩები ცახცახით გაილოკა, ვიწრო მკერდში ჰაერი ბლომად ჩაიგუბა და ძლივსგასაგონი ხმით თქვა:

      – ჰმ... მე, ამხანაგო, აქაური საქმისმწარმოებელი ვარ... ესე იგი... ბრძანება თუ გახსოვთ...

      კალსონიერს სახის ზედა ნაწილი განცვიფრებამ შეუცვალა. ქერა წარბები აეზიდა და შუბლი გარმონივით ჩაეკეცა.

      – უკაცრავად, – ზრდილობიანად უპასუხა მან, – აქაური საქმისმწარმოებელი მე გახლავართ.

      კოროტკოვი დროებით დამუნჯდა. სიმუნჯემ როცა გაუარა, მერე წარმოთქვა:

      – რანაირად? გუშინ ხომ... ოჰ, დიახ. ბოდიში, გეთაყვა, მგონი, შემეშალა. ბოდიში.

      იგი ოთახიდან უკუსვლით გავიდა და დერეფანში საკუთარ თავს ჩახლეჩილი ხმით უთხრა, – კოროტკოვო, გაიხსენე, დღეს რა რიცხვია?

      მერე თავადვე უპასუხა:

      – სამშაბათი, ანუ პარასკევი, ათას ცხრაასი...

      კოროტკოვი შეტრიალდა. იმავე წამს ადამიანის სპილოსძვლისებურ სფეროზე დერეფნის ორმა ნათურამ გაიბრწყინა და მთელი ქვეყნიერება კალსონიერის გაპარსულმა სახემ დაფარა.

      – კარგი! – დაიგრგვინა ტაშტმა და კოროტკოვს კრუნჩხვა დაეუფლა, – მე გელით. დიდებულია. მოხარული ვარ, რომ გაგიცანით.

      ეს თქვა, კოროტკოვს მიუახლოვდა, ხელი ჩამოართვა და ისე მოუჭირა, რომ იგი ცალ ფეხზე წამოიჭიმა სახურავზე მდგარ ყანჩასავით.

      – შტატი გავანაწილე, – სწრაფად, მჭახედ, მედიდურად წამოიწყო კალსონიერმა, – სამნი იქ არიან, – მიუთითა კანცელარიის კარისკენ, – რა თქმა უნდა, მანეჩკაც. თქვენ ჩემი თანაშემწე ხართ. კალსონიერი საქმისმწარმოებელია. ძველები ყველანი გავრეკე. იდიოტი პანტელეიმონიც. შევიტყვე, რომ „ალპურ ვარდში“ ლაქიად ნამყოფია. მე ახლა განყოფილებაში გავიქცევი, ამასობაში კი თქვენ და კალსონიერმა მიმართვები დაწერეთ ყველას თაობაზე; განსაკუთრებით იმაზე, რა ჰქვია... კოროტკოვზე. ჰო, მართლა, ცოტათი იმ არამზადას ჰგავხართ, ოღონდ იმას თვალი აქვს ჩალურჯებული.

      – მე, არა, – თქვა დაბარბაცებულმა, ყბაჩამოვარდნილმა კოროტკოვმა, – არამზადა არ ვარ. ყველა საბუთი მომპარეს. უკლებლივ.

      – ყველა? – წამოიყვირა კალსონიერმა, – ეგ არაფერი. უმჯობესიცაა.

      იგი სულშეხუთულ კოროტკოვს მკლავში ჩააფრინდა, დერეფანი ჩაარბენინა, სანუკვარ კაბინეტში შეათრია, ტყავის ფუმფულა სკამზე მიაგდო და თავად მაგიდას მიუჯდა. კოროტკოვი ფეხქვეშ იატაკის უცნაურ რყევას კიდევ გრძნობდა, მოიბღუნძა, თვალები დახუჭა და აბუტბუტდა: „ოცში ორშაბათი იყო, მაშასადამე, სამშაბათს ოცდაერთია. არა. რას ვამბობთ? ოცდაერთი წელია. გასული ნომერი 0.15, ხელის მოწერის ადგილი ტირე ვარფოლომეი კოროტკოვი. მაშასადამე – მე. სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა, ორშაბათი. ორშაბათი ოთხშაბათივით „ო“-თი იწყება. პარასკევი... პარას... სამშაბათივით „ს“ ურევია.

      კალსონიერმა ქაღალდზე კალამი სწრაფად ჩააფხაჭუნა, ბეჭედი დაჰკრა და ქაღალდი კოროტკოვს შეაჩეჩა. იმავე წამს ტელეფონი გაშმაგებით აღრიალდა. კალსონიერმა ყურმილს ხელი დასტაცა და შიგ ჩაჰყვირა:

      – დიახ! ასე. ასე. ამწუთას მოვდივარ.

      იგი საკიდისკენ გაექანა, ქუდი ჩამოგლიჯა, მელოტ თავზე ჩამოიფხატა, კარს მიღმა გაუჩინარდა და კოროტკოვს გამოსძახა:

      – კალსონიერთან მომიცადეთ.

      კოროტკოვმა როცა შტამპიან ქაღალდზე ნაწერი წაიკითხა, თვალებზე ბინდი გადაეფარა.

      „ამის წარმომდგენი ნამდვილად გახლავთ ჩემი თანაშემწე ამხ. ვასილი პავლოვიჩ კოლობკოვი, რაც ნამდვილად სწორია. კალსონიერი“.

      – ო-ო! – ამოიგმინა კოროტკოვმა, ქაღალდი და ქუდი იატაკზე დაუცვივდა, – ეს რა ამბავია?

      იმავე წუთს კარი აჭრიალდა და კალსონიერი წვეროსანი დაბრუნდა.

      – კალსონიერი უკვე გავარდა? – წვრილი ხმით ალერსიანად ჰკითხა მან კოროტკოვს.

      ირგვლივ შუქი ჩაინისლა.

      – ა-ა-ა-ა-ა... – ტანჯვას ვეღარ გაუძლო და ამოიბღავლა კოროტკოვმა, კალსონიერს გადარეული მიეჭრა და კბილები გააელვა. კალსონიერს სახეზე ძრწოლა აღებეჭდა, ერთბაშად გაყვითლდა. კარს ზურგით მიაწვა, ბრაგუნით გააღო, დერეფანში გავარდა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩაცუცქდა, მაგრამ უმალ წამოხტა და ყვირილით გაიქცა:

      – შიკრიკო! შიკრიკო! მიშველეთ!

      – გაჩერდით. გაჩერდით. გთხოვთ, ამხანაგო... – აყვირდა გონს მოსული კოროტკოვი და გაქცეულს გაეკიდა.

      კანცელარიაში რაღაც აგრიალდა. შევარდნები გამალებულნი წამოიშალნენ. მანქანასთან მჯდარ ქალს მეოცნებე თვალები აუბრიალდა.

      – ტყვიას დაგახლი! ტყვიას დაგახლი! – გაისმა მისი ისტერიკული კივილი.

      კალსონიერი პირველი გაიჭრა ვესტიბიულში, სადაც ორგანი იდგა, წამით შეჩერდა, ფიქრობდა, საით გაქცეულიყო, მერე ადგილს მოსწყდა, კუთხე მოჭრა და ორგანის მიღმა გაუჩინარდა. კოროტკოვი გამოედევნა, ფეხი დაუსხლტა და მოაჯირზე თავს გაიტეხდა, ორგანის ყვითელი ფერდიდან გამოჩრილი უზარმაზარი, მოხრილი, შავი სახელური რომ არ დახვედროდა. სახელურმა კოროტკოვის პალტოს კალთა ჩაიხვია, გაწყალებული შევიოტი ხმადაბალი წრიპინით ჩაიფხრიწა და კოროტკოვი ცივ იატაკზე რბილად დაჯდა. ორგანს იქით გვერდითა გასასვლელის კარი ზრიალით გაჯახუნდა და კალსონიერი შთანთქა.

      – ღმერთო ჩემო... – წამოიწყო კოროტკოვმა, მაგრამ აღარ დაუმთავრებია.

      სპილენძისმილებიან, უზარმაზარ, ჩამტვრეულ ყუთში უცნაური ხმა გაისმა, თითქოს ჭიქა გატყდაო, რასაც თითქოს მუცლიდან ამომავალი ბუყბუყი, უცნაური წრიპინი და ზარების რეკვა მოჰყვა. მერე მაჟორული აკორდი აჟღერდა, მძლავრი ჭავლი დაიძრა, ორგანის შიგანში ჩაგუბებულ ბგერათა საბადო შეირხა და ყვითელი, სამიარუსიანი ყუთი ერთიანად ამღერდა.

      მოსკოვს ძალუმი ხანძარი ნთქავდა...

      კარის შავ კვადრატში უეცრად პანტელეიმონის ფერმკრთალი სახე გამოჩნდა. წამიც და მას მეტამორფოზა დაემართა. თვალები გამარჯვების ელვარებით გაუბრწყინდა, გაიჯგიმა, მარჯვენა ხელი მარცხენისკენ ისე გადაიქნია, თითქოს უხილავი ხელსახოცი გადაიკიდაო, ადგილს მოსწყდა და კიბეზე გვერდულად, ეტლის განაპირა ცხენივით ირიბად დაექანა, თან ხელები ისე მოამრგვალა, თითქოს ფინჯნებიანი ლანგარი მიაქვსო.

      მდინარის პირას წვებოდა კვამლი...

      – ეს რა ჩავიდინე? – შეძრწუნდა კოროტკოვი.

      მანქანამ პირველი შეგუბებული ტალღები დაატრიალა, თანაბრად დაიძრა და ასანთმასალების უკაცრიელი დარბაზები ათასობით ლომის ღრიალითა და ზრიალით გაავსო.

      და იგი კრემლის შემურულ კართან...

      ღრიალ-გრიალი და ზარების რეკვა ავტომობილის სიგნალმა გაკვეთა და უმალ მთავარი შემოსასვლელიდან კალსონიერი დაბრუნდა, – წვერგაპარსული, შურისმგებელი და მრისხანე კალსონიერი. იგი კიბეზე თანაბარი ნაბიჯით მოემართებოდა ავისმომასწავებელ მოლურჯო ნათებაში. თმააყალყული კოროტკოვი გაფრთხიალდა, ორგანის იქით, გვერდითა კარიდან გასხლტა, მრუდე კიბეს ჩაუყვა, მოხრეშილ ეზოში გავარდა, შემდეგ კი ქუჩაში გაიჭრა. ისარივით მიქროდა და ყურში ჩაესმოდა, მის უკან „ალპური ვარდის“ შენობა ყრუდ როგორ გუგუნებდა.

      მოჩანდა რუხი სერთუკით მდგარი...(ლექსი ნაპოლეონისადმია მიძღვნილი.)

      კუთხეში მეეტლე მათრახს იქნევდა და გააფთრებით ცდილობდა, ჯაგლაგი ცხენი ადგილიდან დაეძრა!

      – ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! – გულამოსკვნით აქვითინდა კოროტკოვი, – ისევ ის არის. რა ამბავია?

      ეტლის გვერდით ქვაფენილზე წვეროსანი კალსონიერი გაჩნდა, ეტლში შეხტა, მეეტლეს ზურგში მუშტები დაუშინა და თან წვრილი ხმით შეუძახა:

      – გარეკე! გარეკე, შე არამზადა!

      ჯაგლაგი დაიძრა, წიხლები აიქნია, მერე მათრახით ფერდებამწვარი გაიქცა და ქუჩა ბორბლების ხრიგინით გააყრუა. თვალცრემლიანმა კოროტკოვმა დაინახა, მეეტლეს გალაქული შლაპა როგორ მოსძვრა და დაგრეხილი ფულები აქეთ-იქით გაეფანტა. ბიჭები ფულებს სტვენით გაედევნენ. მეეტლე შემოტრიალდა, სადავეები გამწარებით მოზიდა, მაგრამ კალსონიერმა ზურგში მუშტები გააფთრებით დასცხო და ყვირილიც დააყოლა:

      – გასწი! გასწი! მე გადაგიხდი!

      მეეტლემ სასოწარკვეთით შეჰყვირა:

      – ეჰ, ბატონო, თავი უნდა დავიღუპო? – ჯაგლაგი გააჭენა და ეტლი კუთხეს მიეფარა.

      კოროტკოვმა თავს ზემოთ სწრაფად მქროლ ნაცრისფერ ცას ქვითინით ახედა, დაბარბაცდა და გამწარებით შეჰყვირა:

      – კმარა! ამ ამბავს არ მოვეშვები! ამ კაცის ასავალ-დასავალს გამოვარკვევ, – იგი ახტა და ტრამვაის რკალს ჩამოეკიდა. რკალმა ხუთ წუთს აჯანჯღარა და ცხრასართულიან მწვანე სახლთან ჩამოაგდო. კოროტკოვმა ვესტიბიულში შეირბინა, ფიცრის ზღუდის ოთხკუთხა ხვრელში თავი შერგო და უზარმაზარ ლურჯ ჩაიდანს ჰკითხა:

      – ამხანაგო, პრეტენზიების ბიურო სად არის?

      – მე-8 სართული, მე-9 დერეფანი, 41-ე ბინა, ოთახი 302, – ქალის ხმით უპასუხა ჩაიდანმა.

      – მე-8, მე-9, 41-ე, სამას... სამას... რამდენი... 302, – ფართო კიბეზე არბოდა და ბუტბუტებდა კოროტკოვი, – მე-8, მე-9, მე-8, სტოპ, 40... არა 42... არა, 302, – ღმუოდა იგი, – ოჰ, ღმერთო ჩემო, დამავიწყდა... ჰო მე-40, მე-40...

      მე-8 სართულზე სამ კარს ჩაუარა, მეოთხეზე შავი ციფრი „40“ დაინახა და უშველებელ, ორფეროვან, სვეტებიან დარბაზში შევიდა. დარბაზის კუთხეებში ქაღალდის რულონის კოჭები ეწყო და მთელი იატაკი ნაწერი ქაღალდის ნაგლეჯებით იყო მოფენილი. შორს მოჩანდა მაგიდა, რომელზეც საბეჭდი მანქანა იდგა. მაგიდასთან მჯდარი, მუშტზე ლოყადაყრდნობილი ქალი ხმადაბლა ღიღინებდა. კოროტკოვმა დაბნეულად მიმოიხედა და დაინახა, რომ სვეტების მიღმა აღმართული ესტრადიდან მძიმე ნაბიჯებით ჩამოვიდა თეთრკუნტუშიანი კაცი. მარმარილოსებურ სახეზე ჩამოგრძელებული ჭაღარა ულვაში მოუჩანდა. არაჩვეულებრივად თავაზიანი, ოღონდ უსიცოცხლო, ცივი ღიმილი ეფინა. კოროტკოვს მიუახლოვდა, ხელი ნაზად ჩამოართვა, ქუსლი ქუსლს მიარტყა და უთხრა:

      – იან სობესკი( აქ გათამაშებულია დამთხვევა პოლონელი მხედართმთავრის, იან სომესკის (1629-1696) გვარისა და რუსული აბრევიატურისა „Собес“ (Социальное Обеспечение) – სოცუზრუნველყოფა.).

      – შეუძლებელია... – უპასუხა განცვიფრებულმა კოროტკოვმა.

      კაცმა სასიამოვნოდ გაიღიმა.

      – რომ იცოდეთ, ბევრს უკვირს, – თქვა მან ენის ბორძიკით, – მაგრამ არ იფიქროთ, ამხანაგო, რომ იმ ბანდიტთან რაიმე საერთო მაქვს. ოჰ, არა. სამწუხარო დამთხვევაა და მეტი არაფერი. უკვე შევიტანე განცხადება, რომ ახალი გვარი – სოცვოსსკი(გვარი ნაწარმოებია აბრევიატურიდან „соцвос“ (Социалистическое Воспитание) – სოციალისტური აღზრდა.) დამიმტკიცონ. ეს ბევრად ლამაზია და არც ისე სახიფათოა. თუმცა, თუ არ მოგწონთ, – კაცმა ტუჩები განაწყენებით დაბრიცა, – ძალას არ გატანთ. ხალხს ყოველთვის მოვნახავთ. ჩვენ სანთლით დაგვეძებენ.

      – რას ბრძანებთ, – მწუხარედ შესძახა კოროტკოვმა, იგრძნო, რომ აქაც უცნაური რაღაც იწყებოდა. დაფეთებულმა მიმოიხედა, ეშინოდა, საიდანმე გაპარსული სახე და კვერცხივით მოტვლეპილი თავი არ გამოჩნდესო. მერე ენის ბორძიკით დაუმატა, – მოხარული ვარ, დიახ, დიდად მოხარული...

      კაცს მარმარილოსებური სახე ოდნავ წამოუწითლდა. კოროტკოვს მკლავზე ხელი ნაზად მოჰკიდა, მაგიდისკენ წაიყვანა, თანაც საუბარი გაუბა:

      – მეც დიდად მიხარია, მაგრამ ისეთ დღეში ვართ, არ ვიცი, სად დაგსვათ. ჩვენი მნიშვნელობის მიუხედავად ბაკში გვამყოფებენ (კაცმა ხელი ქაღალდის კოჭებისკენ გაიქნია). ინტრიგები... მაგრამ ჩვენ მუშაობას გავაჩაღებთ, დარდი ნუ გექნებათ... ჰმ... ახალს რას შემოგვთავაზებთ? – ალერსიანად ჰკითხა მან ფერმიხდილ კოროტკოვს, – ოჰ, უკაცრავად, ათასგზის ბოდიშს გიხდით, ნება მიბოძეთ, გაგაცნოთ, – თეთრი ხელი საბეჭდი მანქანისკენ მოხდენილად გაიწოდა, – გენრიეტა პატაპოვნა პერსიმფანსი(გვარისთვის გამოყენებულია აბრევიატურა „Персимфанс“ (Первый Симфонический Ансамбль)).

      ქალმა კოროტკოვს ხელი უმალ ჩამოართვა ცივი ხელით და მიბნედილად შეხედა.

      – მაშ ასე, – ტკბილად განაგრძობდა მასპინძელი, – რით გაგვახარებთ? ფელეტონით? ნარკვევით? – თეთრი თვალები გადაკარკლა და განაგრძო, – ვერ წარმოიდგენთ, როგორ გვჭირდება.

      „ღმერთო ჩემო... რა ამბავია?“ – გაიფიქრა გონებადაბინდულმა კოროტკოვმა და მერე გამალებით ალაპარაკდა, სულს ძლივს ითქვამდა:

      – მე... ე... საშინელება დამემართა. იგი... ვერ გამიგია. თუ ღმერთი გწამთ, არ გეგონოთ, რომ ეს ჰალუცინაციაა... ჰმ... ხა-ხა... (კოროტკოვი შეეცადა, ხელოვნურად გაეცინა, მაგრამ ვერ მოახერხა). იგი ცოცხალია. გარწმუნებთ... მაგრამ ვერაფერს მივმხვდარვარ. ხან წვერიანია, ერთი წუთის მერე კი უწვეროა. ვერაფერი გამიგია... ხმასაც იცვლის... ამას გარდა, ყველა საბუთი უკლებლივ მომპარეს. სახლმმართველი კი, თითქოს ჯიბრზე, მოკვდა. ეს კალსონიერი...

      – ხომ ვიცოდი, – შეჰყვირა მასპინძელმა, – მაშ ვინ იქნებოდნენ?

      – ოჰ, ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა, – გამოეპასუხა ქალი, – ოჰ, ეს საშინელი კალსონიერები...

      – იცით, რა, – შეაწყვეტინა აღელვებულმა მასპინძელმა, – იატაკზე მის გამო ვზივარ. აი, ნახეთ. ჟურნალისტიკისა რა გაეგება?.. – მასპინძელი კოროტკოვს ღილზე ჩაეჭიდა, – კეთილინებეთ და მითხარით, რა გაეგება? აქ ორ დღეს დაყო და მთლად გამაწამა. მაგრამ, წარმოიდგინეთ, ბედნიერება მეწვია. ფიოდორ ვასილიევიჩთან მივედი და როგორც იქნა, მოგვაშორა. საკითხი მწვავედ დავუსვი: ან მე, ან ის-მეთქი. სადღაც ასანთმასალებში თუ ჯანდაბაში გადაიყვანეს. ქექოს ახლა ის მყრალი ასანთები! მაგრამ ავეჯის, ავეჯის გადატანა მოასწრო იმ წყეულ ბიუროში. მთლიანად. როგორი ამბავია? მითხარით ერთი, რაღაზე ვწერო? თქვენ რაზე უნდა წეროთ? რადგან ეჭვიც არ მეპარება, ჩვენი იქნებით, ძვირფასო (მასპინძელი კოროტკოვს მოეხვია). ატლასის მშვენიერ ავეჯს იმ არამზადამ სულელურ ბიუროში უკრა თავი, თუმცაღა, იმ ბიუროს, სულერთია, ხვალ დახურავენ, ჭირსაც წაუღია.

      – რომელ ბიუროზე ამბობთ? – ყრუ ხმით ჰკითხა კოროტკოვმა.

      – ოჰ, პრეტენზიებისაა თუ რაღაცისა, – გულჯავრიანად თქვა მასპინძელმა.

      – რაო? – შესძახა კოროტკოვმა, – რაო? სად არის ის ბიურო?

      – იქ, – უპასუხა გაოცებულმა მასპინძელმა და იატაკისკენ მიუთითა.

      კოროტკოვმა შეშლილი თვალები თეთრ კუნტუშს(მამაკაცის უკრაინული ტანსაცმელი) უკანასკნელად შეავლო და ერთი წუთის შემდეგ დერეფანში გაჩნდა. ცოტა ხანს დაფიქრდა და ქვემოთ ჩასასვლელი კიბის საძებნელად მარცხნივ გაიქცა. მიხვეულ-მოხვეულ დერეფანში ხუთ წუთს გარბოდა, ხუთი წუთის მერე კი იმავე ადგილას აღმოჩნდა, საიდანაც გაიქცა. კარი №40.

      – ფუ, ეშმაკს! – შეჰყვირა კოროტკოვმა, ფეხები ააბაკუნა, მარჯვნივ გაიქცა და 5 წუთის შემდეგ იქვე მივიდა. №40. კარი სწრაფად შეაღო, დარბაზში შევიდა და ნახა, რომ იქაურობა დაცარიელებულიყო. მხოლოდ მაგიდაზე მდგარი საბეჭდი მანქანა თეთრი კბილებით მდუმარედ უღიმოდა. კოლონადასთან მიირბინა და მასპინძელი დაინახა. იგი კვარცხლბეკზე იდგა, აღარ იღიმებოდა, სახე განაწყენებული ჰქონდა.

      – ბოდიში, რომ ვერ დაგემშვიდობეთ... – წამოიწყო კოროტკოვმა და გაჩუმდა..

      მასპინძელს ყური და ცხვირი აღარ ჰქონდა, მარცხენა ხელიც მოსტეხოდა. სისხლგაყინულმა კოროტკოვმა უკან დაიხია და კვლავ დერეფანში გავარდა. უეცრად მოპირდაპირე მხარეს უჩინარი კარი გაიხსნა და იქიდან სახედანაოჭებული, ყავისფერი დედაკაცი გამოვიდა. მხრეულზე ცარიელი ვედროები ეკიდა.

      – დედაკაცო! დედაკაცო! – შეშფოთებით შეჰყვირა კოროტკოვმა, – ბიურო სად არის?

      – არ ვიცი, ბატონო, არ ვიცი, მწყალობელო, – უპასუხა დედაკაცმა, – ტყუილად ნუ დარბიხარ, ჩემო კარგო, მაინც ვერ იპოვი. ვერაფერს გახდები – ათი სართულია.

      – უ-უჰ, შე სულელო, – კბილებშუა ჩაიღმუვლა კოროტკოვმა და კარს იქით შევარდა. კარი მის უკან მიჯახუნდა და კოროტკოვი ნახევრად ჩაბნელებულ სივრცეში აღმოჩნდა, რომელსაც გასასვლელი არსაით ჰქონდა. იგი შახტში მომწყვდეულივით გაქანდ-გამოქანდა, კედლებს კაწრავდა, ბოლოს თეთრ ლაქას წააწყდა, იქიდან რომელიღაც კიბეზე გავარდა და ქვემოთ ბრაგაბრუგით დაეშვა. ამ დროს ფეხის ხმა გაიგონა. ვიღაცა ქვემოდან ამოდიოდა. კოროტკოვმა მოუსვენრობა იგრძნო, გული სევდიანად შეეკუმშა და შეჩერდა. წამიც და პრიალა ქუდი, ნაცრისფერი სასაბნე ქსოვილი და გრძელი წვერი გამოჩნდა. კოროტკოვი დაბარბაცდა და მოაჯირს ჩაებღაუჭა. ქვემოდან მომავალმა და კოროტკოვმა ერთმანეთს ერთდროულად შეხედეს, ორივენი შეშინდნენ და წვრილი ხმით აყვირდნენ. კოროტკოვი უკუსვლით ზემოთკენ გაემართა, უსაშველო შიშით გათანგული კალსონიერი ქვემოთ დაეშვა.

      – მოიცადეთ, – დაიხრიალა კოროტკოვმა, – ერთი წუთით... მხოლოდ განმიმარტეთ...

      – მიშველეთ! – დაიღრიალა კალსონიერმა, წვრილი ხმის ნაცვლად პირვანდელი სპილენძისებური ბანი დაუბრუნდა. ფეხი დაუცდა, უკან გადავარდა და კეფით ბრაგვანი მოადინა. დაცემას ამაოდ არ ჩაუვლია. კალსონიერი ფოსფორისთვალებიან შავ კატად გადაიქცა, კიბე უკანვე აირბინა, ბაქანი ელვისებურად გადაჭრა, გორგალივით შეიკუმშა, ფანჯრის რაფაზე შეხტა და აბლაბუდით დაფარულ, ჩატეხილ მინაში გაუჩინარდა. კოროტკოვს ტვინზე თეთრი საბურველი წამით გადაეფარა, მაგრამ უმალ გადაეწმინდა და გონება არაჩვეულებრივად გაუნათდა.

      – ახლა ყველაფერი გასაგებია, – ჩაიჩურჩულა კოროტკოვმა და წყნარად გაიცინა, – დიახ, მივხვდი. კატები! ყველაფერი გასაგებია. კატები.

      იგი სულ უფრო და უფრო ხმამაღლა იცინოდა, სანამ კიბე მთლიანად გუგუნით არ გააყრუა.

VIII - მეორე ღამე

      ბაიკის საწოლზე ბინდბუნდში მჯდარმა ამხანაგმა კოროტკოვმა სამი ბოთლი ღვინო დალია, რათა ყველაფერი დაევიწყებინა და დამშვიდებულიყო. თავი ახლა ერთიანად სტკიოდა; მარჯვენა და მარცხენა საფეთქელი, კეფა და ქუთუთოებიც კი. კუჭის ფუძიდან მღვრიე ლექი დაეძრა, შიგანში ტალღებად დაუტრიალდა და ორჯერ ტაშტში აღებინა.

      – ახლა ასე მოვიქცევი, – ხმადაბლა ჩურჩულებდა თავჩაკიდებული კოროტკოვი, – ხვალ შევეცდები, რომ მას არ შევხვდე, მაგრამ რადგანაც ყველგან ტრიალებს, ამიტომ მოვიცდი. ან შესახვევში, ან ჩიხში მოვიცდი. ის გვერდზე ჩაივლის. თუ გამომეკიდება, მაშინ გავექცევი. ჰოდა, ჩამომეხსნება, შენი გზით იარეო. აღარც ასანთმასალებში მუშაობა მინდა. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. თუნდ გამგე იყავი და თუნდ საქმისმწარმოებელი. აღარც ტრამვაის ფული მინდა. ისედაც გავძლებ როგორმე, ოღონდაც თავი დამანებონ. კატა ხარ თუ არა ხარ, წვერიანი ხარ თუ უწვერო, შენთვის იყავი, ხოლო მე ჩემთვის ვიქნები. სხვა ადგილს მოვძებნი და წყნარად, მშვიდად ვიმსახურებ. არავის არაფერს დავუშავებ და ნურც მე დამიშავებენ. არც ჩივილს დავიწყებ სადმე. ხვალ საბუთებს მოვიწესრიგებ და ამით დავასრულებ...

      შორს საათის რეკვა ყრუდ გაისმა. ბამ... ბამ... „პესტუხინებთანაა“, – გაიფიქრა კოროტკოვმა და თვლას შეუდგა, – ათი... თერთმეტი... შუაღამე, 13, 14, 15... 40...

      – საათმა ორმოცჯერ დარეკა, – მწარედ ჩაიცინა კოროტკოვმა და კვლავ ატირდა. მერე საეკლესიო ღვინო კრუნჩხვით ამოარწყია.

      – ოჰ, რა მაგარი ღვინოა, – ამოიგმინა კოროტკოვმა და ბალიშს კვნესით მიესვენა. ორი საათი გავიდა. ჩაუქრობელი ნათურა ფერმიხდილ სახესა და ბალიშზე მიმოშლილ თმას ანათებდა.

IX - შემზარავი მანქანები

      შემოდგომის მქრქალი დღე კოროტკოვს უცნაურად შეხვდა. იგი კიბეზე აქეთ-იქით მფრთხალად იყურებოდა. მე-8 სართულზე ავიდა, ალალბედზე მარჯვნივ შეუხვია და გული სიხარულით აუჩქროლდა. კედელზე გამოსახული ხელი მიუთითებდა წარწერაზე – „302-349 ოთახები“. მხსნელი ხელის საჩვენებელი თითის მიმართულებას მიჰყვა და იმ კარამდე მიაღწია, რომელზეც ეწერა: „302 – პრეტენზიების ბიურო“. შიგნით ფრთხილად შეიხედა, რომ არასასურველ ვინმეს არ გადაჰყროდა, ოთახში შევიდა და საბეჭდ მანქანებთან მსხდარი ქალების წინაშე აღმოჩნდა. ცოტა ხანს შეყოყმანდა, მერე შვიდთაგან განაპირას მყოფ შავგვრემან, ფერმკრთალ ქალთან მივიდა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ შავგვრემანმა ქალმა უეცრად შეაწყვეტინა. ყველა ქალმა მზერა კოროტკოვს მიაპყრო.

      – დერეფანში გავიდეთ, – მკვეთრად უთხრა კოროტკოვს ფერმკრთალმა ქალმა და ათრთოლებული ხელით თმა შეისწორა.

      „ღმერთო ჩემო, კვლავ რაღაც დაიწყო...“ – სევდიანად გაუკრთა გონებაში კოროტკოვს, მძიმედ ამოიოხრა და ქალს დაემორჩილა. ოთახში დარჩენილი ექვსი ქალი მღელვარედ აჩურჩულდა.

      შავგვრემანმა ქალმა კოროტკოვი გარეთ გაიყვანა და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში უთხრა:

      – საშინელი ვინმე ხართ... თქვენ გამო მთელი ღამე არ მიძინია და გადავწყვიტე. იყოს ნება თქვენი. დაგნებდებით.

      კოროტკოვმა უზარმაზარ თვალებსა და შროშანის სუნის მფრქვეველ შავგვრემან სახეს შეხედა, ყელიდან რაღაცნაირი ხმა აღმოხდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ქალმა თავი უკან გადაიქნია, კბილები გაწამებით დაკრიჭა, კოროტკოვს მკლავებში ხელები ჩასჭიდა, თავისკენ მიიზიდა და აჩურჩულდა:

      – მაცდუნებელო, რას დუმხარ? სიმამაცით დამიმორჩილე, გრძნეულო. მაკოცე, ჩქარა მაკოცე, სანამ საკონტროლო კომისიიდან არავინ გამოჩენილა.

      კოროტკოვს კვლავ უცნაური ბგერა აღმოხდა, დაბარბაცდა, ტუჩებზე რაღაც ტკბილი და რბილი იგრძნო, თვალთა უზარმაზარი გუგები თვალებთან აუელვარდა.

      – დაგნებდები... – გაისმა ჩურჩული კოროტკოვის პირთან ახლოს.

      – არ მინდა, – ჩახრინწული ხმით უპასუხა კოროტკოვმა, – მე საბუთები მომპარეს.

      – ჰო-ო, – უეცრად გაისმა უკან.

      კოროტკოვმა მიიხედა და ლუსტრინისპიჯაკიანი ბერიკაცი დაინახა.

      – ო-ოჰ! – შესძახა შავგვრემანმა ქალმა, სახეზე ხელები აიფარა და ოთახში შეირბინა.

      – ჰი, – თქვა ბერიკაცმა, – ბარაქალა. ყველგან თქვენ უნდა დამხვდეთ, ბატონო კოლობკოვო. ძალიან მარჯვე ხართ. რამდენი კოცნაც უნდა დახარჯოთ, მივლინება მაინც არ გერგებათ. მე მომცეს, ბერიკაცს, და მე წავალ, დიახ.

      ეს თქვა და კოროტკოვს ხმელი ხელით ბრაწი აჩვენა.

      – თქვენ თაობაზე განცხადებას კი უსათუოდ შევიტან, – ბრაზიანად განაგრძო ლუსტრინისპიჯაკიანმა, – დი-ახ. მთავარ განყოფილებაში სამი ხომ გააბახეთ. ახლა ქვეგანყოფილებასაც უწიეთ? იმათი ანგელოზები ახლა რომ ტირიან, თქვენთვის სულერთია? საბრალო გოგოები ახლა წუხან, მაგრამ გვიანღაა. ქალწულობას ვეღარ დაიბრუნებენ. ვეღარ, – ბერიკაცმა ნარინჯისფერი თაიგულებით მოჩითული დიდი ცხვირსახოცი ამოიღო, წაუტირა და ცხვირი მოიხოცა, – ბერიკაცს ნამცეცები გინდათ წაგლიჯოთ, ბატონო კოლობკოვო? კარგი... – ბერიკაცი აცახცახდა და აქვითინდა, პორტფელი ხელიდან გაუვარდა, – წაიღეთ, ჭამეთ, უპარტიო, თანამგრძნობი ბერიკაცი თუნდაც შიმშილით მოკვდეს... მერე რა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია ბებერ ქოფაკს, მაგრამ უწყოდეთ, ბატონო კოლობკოვო, – ბერიკაცს ხმა წინასწარმეტყველივით მრისხანე გაუხდა და ზარივით აუგუგუნდა, – ეშმაკეული ფულები არ შეგერგებათ, ყელში გაგეჩხირებათ, – თქვა ეს და მწარედ აქვითინდა.

      კოროტკოვს ისტერიკა დაეუფლა. უეცრად, თავისთვისაც მოულოდნელად, ფეხები ააბრაგუნა.

      – ეშმაკსაც წაუღიხართ! – გამწივანად დაიყვირა და მისი ავადმყოფური ხმა თაღებში დაირხა, – მე კოლობკოვი არა ვარ. მომწყდი თავიდან! კოლობკოვი არა ვარ – არ მივდივარ! არ მივდივარ!

      კოროტკოვმა საყელო ჩამოიგლიჯა.

      ბერიკაცს ცრემლი უმალ შეაშრა, შიშისგან აცახცახდა.

      – შემდეგი! – მოისმა კარს იქიდან. კოროტკოვი გაჩუმდა, შიგნით შევარდა, მარცხნივ გაუხვია, საბეჭდი მანქანები უკან მოიტოვა და ბრგე, მოხდენილი, ლურჯკოსტიუმიანი ქერა კაცის წინაშე აღმოჩნდა. მან კოროტკოვს თავი დაუქნია და უთხრა:

      – მოკლედ, ამხანაგო. ერთბაშად. უცბად. პოლტავა თუ ირკუტსკი?

      – საბუთები მომპარეს, – უპასუხა გატანჯულმა კოროტკოვმა და ველურად მიმოიხედა, – კატაც დამემატა. უფლება არ აქვს. ჩემს დღეში არ მიჩხუბია, ასანთმა მიქნა. დევნის უფლება არა აქვს. მერე რა, რომ კალსონიერია. საბუთები მომპარა...

      – ეგ სისულელეა, – უპასუხა ლურჯკოსტიუმიანმა, – ტანსაცმელს მოგცემთ, პერანგებსაც და ზეწრებსაც. თუ ირკუტსკში წახვალთ, ნახმარ ქურქსაც მიიღებთ. მოკლედ...

      – სერგეი ნიკოლაევიჩ, გთხოვთ.

      იფნის უჯრიდან უმალ გამოჩნდა დავარცხნილი, სელისფერთმიანი თავი და ლურჯი, მკვირცხლი თვალები, თავს მოჰყვა გველისებური, გაკლაკნილი კისერი, გატკაცუნდა გახამებული საყელო, გამოჩნდა პიჯაკი, ხელები, შარვალი და ერთი წამის შემდეგ მდივანი მთლიანად გამოსხლტა ლურჯ მაუდზე, თანაც, – დილა მშვიდობისაო, – დაიწრიპინა. ტანი წყლიდან ამოსული ძაღლივით დაიფერთხა, ძირს ჩახტა, მანჟეტები პიჯაკის მაჯებზე ღრმად ჩაიწია, ჯიბიდან პატენტიანი კალამი ამოიღო და უმალ წერას შეუდგა.

      კოროტკოვმა უკან დაიხია, ხელი წინ გაიშვირა და ლურჯკოსტიუმიანს საწყალობლად უთხრა:

      – ნახეთ, ნახეთ, მაგიდიდან ამოძვრა. ეს რა ამბავია?

      – რა თქმა უნდა, ამოძვრა, – უპასუხა ლურჯკოსტიუმიანმა, – მაშ მთელ დღეს შიგ ხომ არ იქნებოდა. დროა. დრო. ქრონომეტრაჟი.

      – როგორ? რანაირად? – დაიწივლა კოროტკოვმა.

      – ოჰ? ღმერთო ჩემო, – აღელდა ლურჯკოსტიუმიანი, – ნუ მაყოვნებთ, ამხანაგო.

      შავგვრემანმა ქალმა კარში თავი შემოყო და გახარებულმა აღელვებით შეჰყვირა:

      – მაგისი საბუთები უკვე პოლტავაში გავგზავნე. მეც მაგასთან ერთად მივდივარ. პოლტავაში დეიდა მყავს განედის 43-ე გრადუსსა და გრძედის მე-5 გრადუსზე.

      – არ მინდა! – შეჰყვირა კოროტკოვმა და თვალები დააცეცა, – ეგ დანებებას მოინდომებს, რასაც ვერ ვიტან. არ მინდა. საბუთები დამიბრუნეთ. პატიოსანი გვარი აღმიდგინეთ!

      – ამხანაგო, ქორწინების განყოფილებას მიაკითხეთ, – აწრიპინდა მდივანი, – ჩვენ არაფერი შეგვიძლია.

      – ოჰ, შე სულელო! – შესძახა შავგვრემანმა ქალმა და კვლავ შემოიხედა, – დათანხმდი! დათანხმდი! – ჩურჩულებდა იგი სუფლიორივით, ხან მიიმალებოდა, ხან კვლავ გამოჩნდებოდა.

      – ამხანაგო! – აქვითინდა კოროტკოვი და სახე ცრემლებით მოერწყა, – ამხანაგო! გემუდარები, საბუთები მომეცი. ქენი სიკეთე. მთელი სულითა და გულით გთხოვ. ჰოდა, მონასტერში წავალ.

      – ამხანაგო! ისტერიკას მოეშვით. კონკრეტულად და აბსტრაქტულად ჩამოაყალიბეთ წერილობით და ზეპირად, დროულად და საიდუმლოდ – პოლტავა თუ ირკუტსკი? მოუცლელ კაცს დროს ნუ მაკარგვინებთ! დერეფნებში არ იაროთ! არ დააფურთხოთ! არ მოსწიოთ! ფულის დახურდავება არ დააბრკოლოთ! – დაიგრგვინა მოთმინებადაკარგულმა ქერა კაცმა.

      – ხელის ჩამორთმევა გაუქმებულია! – წამოიყივლა მდივანმა.

      – ხვევნას გაუმარჯოს! – ვნებიანად ჩაიჩურჩულა შავგვრემანმა ქალმა, ოთახში ნიავივით ჩაიქროლა და კოროტკოვს კისერზე შროშანის სურნელება დააფრქვია.

      – მეცამეტე მცნებაში ნათქვამია: მოყვასთან დაუკითხავად ნუ შეხვალ, – ჩაიჩიფჩიფა ლუსტრინისპიჯაკიანმა, ჰაერში გადაიფრინა და მოსასხამის კალთები გადააფრიალა... – მე არც შემოვდივარ, არც შემოვდივარ, ქაღალდებს კი მაინც ჩამოგიყრით. აი, ასე, ფრი!.. თუნდაც ერთს მოაწერ ხელს და განსასჯელის სკამზე დაჯდები, – მან განიერი შავი სახელოდან თეთრი ფურცლების დასტა გამოაგდო და ფურცლები მაგიდებს ისე მოეფინნენ, როგორც თოლიები სანაპიროს კლდეებს.

      ოთახში ბინდი შემოიჭრა და ფანჯრები შეზანზარდა.

      – ამხანაგო ქერათმიანო! – ტიროდა განაწამები კოროტკოვი, – აქვე დამხვრიტე, ოღონდაც რაიმე საბუთი მომეცი. ხელებს დაგიკოცნი.

      ბინდბუნდში ქერათმიანი თანდათან იბერებოდა და იზრდებოდა, თანაც ფურცლებს ხელს განუწყვეტლივ აწერდა და მდივანს უყრიდა, ხოლო ის სიხარულის გამომხატველი დუდღუნით იჭერდა.

      – ჭირსაც წაუღია! – დაიგრგვინა ქერათმიანმა, – ჭირსაც წაუღია. ჰეი, მემანქანეებო!

      მან უზარმაზარი ხელი დაიქნია, კოროტკოვის თვალწინ კედელი გააპო და მაგიდებზე ჩამწკრივებულმა საბეჭდმა მანქანებმა ზარების წკარუნით ფოქსტროტი ააჟღერეს. ოცდაათი ქალი მაგიდების ირგვლივ ზარ-ზეიმით დატრიალდა; თეძოებს არხევდნენ, მხრებს ავხორცულად იქნევდნენ, კრემისფერი ფეხებით თეთრ ქაფს აქეთიქით ისროდნენ.

      მანქანების ხახებში თეთრი ფურცლები გველებივით შესრიალდნენ და დახვევა, დაპობა, გადაკერება იწყეს. ამოსხლტნენ იისფერლამპასებიანი თეთრი შარვლები: „ამის წარმომდგენი არის ნამდვილად წარმომდგენი და არა ვიღაც ვიგინდარა“.

      – ჩაიცვი! – ბურუსში დაიგრგვინა ქერათმიანმა.

      – უ-უ-უ-უ, – წვრილი ხმით აყმუვლდა კოროტკოვი და ქერათმიანის მაგიდას თავის რახუნი დაუწყო. თავი ერთი წამით დაუამდა და ვიღაცის ცრემლიანი სახე თვალწინ გაუკრთა.

      – ვალერიანი! – იყვირა ვიღაცამ ჭერზე.

      მოსასხამი შუქს შავი ფრინველივით ჩამოეფარა და ბერიკაცი მღელვარედ აჩურჩულდა:

      – ახლა საშველი ესღაა, – დირკინისკენ, მეხუთე განყოფილებაში. მალე! მალე!

      ეთერის სუნი დადგა, მერე ვიღაცამ კოროტკოვს ხელი ნაზად მოჰკიდა და ნახევრად ჩაბნელებულ დერეფანში გაიყვანა. მოსასხამი გარს ეხვეოდა, წინ მიაქანებდა და თან ხითხითით ეჩურჩულებოდა:

      – ამათ კარგი ოინი ვუყავი: მაგიდებზე ისეთი რამ დავუყარე, თითოეულს სულ ცოტა ხუთი წელი და ბრძოლის ველზე დამარცხება ერგება. მალე! მალე!

      მოსასხამი განზე გაფრიალდა, უფსკრულში ჩამავალი ბადიდან ნესტიანმა ქარმა წამოუბერა.

X - შემზარავი დირკინი

      სარკეებიანი კაბინა ქვემოთ დაექანა და ორი კოროტკოვი ძირს ჩასრიალდა. პირველმა და მთავარმა კოროტკოვმა მეორე კოროტკოვი კაბინის სარკეში ჩატოვა და გრილ ვესტიბიულში მარტო გავიდა. ძალზე სქელი, ვარდისფერი, ცილინდრიანი კაცი მას ამ სიტყვებით შეხვდა:

      – დიდებულია. ახლა დაგაპატიმრებთ.

      – ჩემი დაპატიმრება არ შეიძლება, – უპასუხა კოროტკოვმა და სატანური ხმით გაიცინა, – იმიტომ რომ ცნობილი არ არის, ვინა ვარ. რა თქმა უნდა, ჩემი არც დაპატიმრება შეიძლება და არც დაქორწინება. არც პოლტავაში წავალ.

      სქელი კაცი შიშისგან აცახცახდა. კოროტკოვს თვალის გუგებში ჩახედა და უკან დაიხია.

      – აბა, დამაპატიმრე, – დაიწრიპინა კოროტკოვმა და ღიპიანს აცახცახებული, ფერდაკარგული, ვალერიანის სუნით გაჟღენთილი ენა გამოუყო, – როგორ დამაპატიმრებ, თუ საბუთების ნაცვლად ბრაწი მაქვს? იქნებ ჰოჰენცოლერნი(გერმანელ იმპერატორთა – ჰოჰენცოლერნთა საგვარეულოს ზოგიერთი წარმომადგენელი სამფლობელოების დათმობის შემდეგ განცალკევებით ცხოვრობდა.) ვარ?

      – ღმერთო დიდებულო, – თქვა ღიპიანმა, აკანკალებული ხელით პირჯვარი გადაიწერა და ვარდისფერის მაგივრად ყვითელი ფერი დაედო.

      – კალსონიერი არ შეგხვედრია? – მჭახედ ჰკითხა კოროტკოვმა და მიმოიხედა, – მიპასუხე, ღიპიანო.

      – არ შემხვედრია, – უპასუხა ღიპიანმა და სახე გაუნაცრისფრდა.

      – ახლა რა ვქნათ? ჰა?

      – დირკინთან წასვლაა საჭირო, – ატიტინდა ღიპიანი, – ყველაფერს ეს სჯობია, მაგრამ მრისხანეა. უჰ, რა მრისხანეა! ახლოს ვერ მიეკარები. ორნი, იმასთან ნამყოფნი, ზემოდან გადმოფრინდნენ. ახლახან ტელეფონი დალეწა.

      – კარგი, – უპასუხა კოროტკოვმა და ყოჩაღად გადააფურთხა, – ახლა ჩვენთვის სულერთია. ზემოთ წამიყვანე!

      – ფეხი არ იტკინოთ, ამხანაგო რწმუნებულო, – ნაზად უთხრა კოროტკოვს ღიპიანმა და ლიფტში ჩასვა.

      ზედა ბაქანზე ასულებს თექვსმეტიოდე წლის ტანმორჩილმა ყმაწვილმა შემზარავად დაუყვირა:

      – სად მიდიხართ? გაჩერდით!

      – არა მცემო, ბიძიკო, – უთხრა მას ღიპიანმა, მოიკუნტა და თავზე ხელები დაიფარა, – თვით დირკინთან მივდივართ.

      – გასწით, – შეჰყვირა ტანმორჩილმა.

      ღიპიანი აჩურჩულდა:

      – თქვენ წადით, თქვენო ბრწყინვალებავ, მე კი აქ სკამზე მოვიცდი. ძალიან მეშინია...

      კოროტკოვი ჯერ ბნელ წინკარში, შემდეგ კი უკაცრიელ დარბაზში შევიდა, სადაც ცისფერი, გაცვეთილი ხალიჩა ეფინა.

      იმ კართან, რომელზეც წარწერა „დირკინი“ მოჩანდა, კოროტკოვი ოდნავ შეყოყმანდა, მაგრამ მერე შევიდა და მყუდროდ მოწყობილ კაბინეტში აღმოჩნდა, სადაც ჟოლოსფერი მაგიდა იდგა და კედელზე საათი ეკიდა. მაგიდის იქით მჯდარი ტანმორჩილი, ფუმფულა დირკინი სწრაფად წამოხტა, ულვაშები აიყალყა და დაიღ-რიალა:

      – ჩუმად! – თუმცა კოროტკოვს ჯერ არაფერი ეთქვა.

      იმავე წუთს კაბინეტში ფერმკრთალი, პორტფელიანი ჭაბუკი შემოვიდა. დირკინს უმალ სახეზე ღიმილი გადაეფინა.

      – ოჰ! – შესძახა მან ტკბილი ხმით, – არტურ არტურიჩ. მოგესალმებით.

      – მისმინე, დირკინო, – წამოიწყო ჭაბუკმა ფოლადისებური ხმით, – პუზირევს შენ მისწერე, თითქოს ემერიტურულ სალაროში(ემირატურა – (ლათ. სიტყვიდან emeritus – დამსახურებული) – რევოლუციამდელ რუსეთში ფულადი დახმარება, რასაც სამსახურიდან გადამდგარ სახელმწიფო მოხელეებს აძლევდნენ.) ერთპიროვნული დიქტატურა დავამყარე და მაისის ემერიტურული ფული მივითვისე? შენ მისწერე? მიპასუხე, შე არამზადა.

      – მე? – აბუტბუტდა დირკინი, მრისხანე დირკინიდან ჯადოქრულად კეთილ დირკინად გადაიქცა, – მე, არტურ დიქტატურიჩ... მე, რა თქმა უნდა... თქვენ ტყუილ-უბრალოდ...

      – ოჰ, შე არამზადა, შე არამზადა, – მჭახე ხმით უთხრა დირკინს ჭაბუკმა, თავი გააქნია და პორტფელი ყურში ლავაშივით ჩასცხო.

      კოროტკოვმა უნებურად წამოიყვირა და გაშეშდა.

      – შენც და ყველა არამზადასაც, ვინც ჩემს საქმეში ცხვირს ჩაყოფს, ეს დღე მოელის, – შთამბეჭდავად უთხრა ჭაბუკმა კოროტკოვს, წითელი მუშტი მუქარით მოუღერა და კაბინეტიდან გავიდა.

      კაბინეტში ორიოდე წუთს სიჩუმემ დაისადგურა, მხოლოდ სადღაც ჩავლილი სატვირთო მანქანისგან აზანზარებული კანდელაბრის საკიდები წკარუნობდა.

      – ხომ ნახეთ, ყმაწვილო კაცო, – უთხრა კოროტკოვს კეთილმა, დამცირებულმა დირკინმა და მწარედ ჩაიცინა, – აი, გულმოდგინების საფასური. ღამეებს მშიერ-მწყურვალი ათევ, სანაცვლოდ კი ცხვირ-პირში გირტყამენ. იქნებ თქვენც ამ განზრახვით მოხვედით? მაშ ურტყით დირკინს, ურტყით. დირკინის ცხვირ-პირი რა დასანანია. იქნებ არ გინდათ, რომ ხელი იტკინოთ? მაშ კანდელაბრი აიღეთ.

      დირკინმა საწერი მაგიდიდან ფუმფულა ლოყები მაცდუნებლად წამოსწია. კოროტკოვი არც დაფიქრებულა, მორცხვად გაიღიმა, კანდელაბრს ფეხზე მისწვდა, სანთლებიანად მოიქნია და დირკინს თავში ჩაულაწუნა. თავდაჩეჩქვილ დირკინს ცხვირიდან სისხლი წასკდა და მაუდი გადააწითლა, მიშველეთო, – დაიყვირა, შიგნითა კარი გამოაღო და ოთახიდან გაიქცა.

      – გუ-გუ! – დაიძახა ტყის გუგულმა და კედელზე ჩამოკიდებული ნიურნბერგული მოხატული სახლიდან გამოხტა.

      – კუ-კლუქს-კლანი! – დაიყვირა მან და მელოტ თავად გადაიქცა, – ჩავწეროთ, თანამშრომლებს როგორ სცემთ.

      კოროტკოვს მრისხანება დაეუფლა. კანდელაბრი მოიქნია და საათს დაჰკრა. საათმა დაიგრგვინა და ოქროსფერი ისრები მიმოფანტა. საათიდან კალსონიერი გამოხტა, თეთრ მამლად გადაიქცა და კარიდან გავარდა. ფრთებზე „გასული“ ეწერა. იმავე წამს შიგნითა კარს მიღმა დირკინის ბღავილი გაისმა: „დაიჭირეთ ეგ ყაჩაღი!“ ირგვლივ ფეხების ბრაგაბრუგი გაისმა. ხალხი ყოველი მხრიდან გამორბოდა. კოროტკოვი შეტრიალდა და გაიქცა.

XI - პარფორსული* კინო და უფსკრული

      * Parforse (ფრანგ.) – სანადირო ძაღლების საყელური. პარფორსული ნადირობა – ნადირზე მწევრებით ნადირობა; აქ, კოროტკოვის დევნა, რომელიც მისი დაღუპვით დასრულდა.

      ბაქანზე ღიპიანი კაბინაში შეხტა, ბადე ჩამოიფარა და ქვემოთ დაეშვა, ხოლო უზარმაზარ, დაღრღნილ კიბეზე შემდგომი რიგით დაექანნენ: პირველი – ღიპიანის შავი ცილინდრი, შემდეგ – თეთრი „გასული“ მამალი, მამლის შემდეგ – კანდელაბრი, წვეტიანი თეთრი თავის ზემოთ ერთ გოჯზე რომ მიფრინავდა, მერე კოროტკოვი, რევოლვერმომარჯვებული თექვსმეტი წლის ყმაწვილი და კიდევ ვიღაცები, ნალებიან ჩექმებს რომ მოაბრაგუნებდნენ. კიბე ბრინჯაოს ხმით აკვნესდა, ბაქნებზე კართა მშფოთვარე ჯახუნი გაისმა.

      ვიღაც ზედა სართულიდან გადმოეკიდა და რუპორში ჩასძახა:

      – რომელი სექცია გადადის? ცეცხლგამძლე სალარო დარჩათ!

      – ბანდიტები! – ქვემოდან პასუხად გაისმა ქალის ხმა.

      ქუჩაში გამავალ უზარმაზარ კართან კოროტკოვმა ცილინდრსა და კანდელაბრს გაასწრო, გარეთ გავარდა, გახურებული ჰაერის უშველებელი ულუფა შეისუნთქა და ქუჩას სირბილით გაუყვა. თეთრმა მამალმა გოგირდის სუნი დააფრქვია და მიწაში ჩაინთქა, ჰაერში შავი მოსასხამი გამოიძერწა და კოროტკოვს აედევნა, თან წვრილი ხმით გაჰკიოდა:

      – მეარტელეებს სცემენ, ამხანაგებო!

      ქუჩაში მიმავალნი კოროტკოვის დანახვაზე აქეთ-იქით გარბოდნენ და სახლებქვეშა თაღებში იმალებოდნენ, წამდაუწუმ სტვენა გაისმოდა, ჩაიგრიალებდა და მიწყდებოდა. ატყდა საშინელი ყიჟინი, ვიღაც ჩახლეჩილი ხმით აყვირდა: „დაიჭირეთ!“ რკინის გისოსები გრიალით ჩამოეშვა.

      – დაიწყო! – კიოდა ტრამვაის ხაზზე მჯდარი კოჭლი კაცი.

      კოროტკოვის უკან ნაძვის ხის ტკაცუნასავით მხიარული სროლა გახშირდა. ტყვია ხან გვერდით, ხან მაღლა გაიწივლებდა. მჭედლის საბერველივით აქშუტუნებული კოროტკოვი ისარივით მიისწრაფოდა უზარმაზარი თეთრმეტსართულიანი შენობისკენ, გვერდი ქუჩისკენ რომ ჰქონდა მოქცეული, ფასადი კი ვიწრო შესახვევისკენ. კუთხეში მიმაგრებული მინის აბრა, რომელზეც ეწერა „Restoran i pivo“ ვარსკვლავისებურად დაიბზარა, ხნიერი მეეტლე კოფოდან ქვაფენილზე გადაჯდა და სახემოთენთილი ალაპარაკდა:

      – ყოჩაღ! რას სჩადით, ძმებო, ყველას განურჩევლად ესვრით?..

      შესახვევიდან ვიღაც კაცი გამოვარდა, კოროტკოვის შეჩერებას შეეცადა, პიჯაკის კალთაში სწვდა, მაგრამ კალთა ხელში შერჩა. კოროტკოვმა კუთხეში შეუხვია, რამდენიმე საჟენი გაირბინა და სარკეებიან ვესტიბიულში შევარდა. ლიფტთან მდგარი სირმებიანი და ოქროსფერღილებიანი ბიჭი განზე გახტა და ატირდა.

      – ჩაჯექი, ძია, ჩაჯექი! – აღრიალდა იგი, – ოღონდ ობოლს ნუ მცემ!

      კოროტკოვი ლიფტის კოლოფში შეხტა, მეორე კოროტკოვის პირისპირ მწვანე დივანზე ჩამოჯდა და ქვიშაზე დაგდებული თევზივით აქოშინდა. ბიჭი სლუკუნით შეჰყვა, კარი მიხურა და თოკი ჩამოქაჩა. ლიფტი ზემოთ გაემართა. იმავე წამს ქვემოთ, ვესტიბიულში, სროლა ატყდა და მინის მრავალი კარი აქანავდა.

      ლიფტი ზემოთ რბილად, მომაბეზრებლად მიემართებოდა. დამშვიდებული ბიჭი ერთი ხელით ცხვირს იხოცავდა, მეორე ხელით კი თოკს ექაჩებოდა.

      – ძია, ფული მოიპარე? – ცნობისმოყვარედ შეეკითხა პიჯაკშემოხეულ კოროტკოვს.

      – კალსონიერს... შევუტიე... – უპასუხა სულშეხუთულმა კოროტკოვმა, – მაგრამ იგი შეტევაზე თვითონ გადმოვიდა...

      – ძია, გირჩევნია, სულ მაღლა, საბილიარდოში ახვიდე, – ურჩია კოროტკოვს ბიჭმა, – თუ მაუზერი გაქვს, სახურავზე ჩასაფრდი.

      – ავიდეთ... – დაეთანხმა კოროტკოვი.

      ერთი წუთის შემდეგ ლიფტი შეჩერდა, ბიჭმა კარი გააღო და კოროტკოვს ცხვირის სრუტუნით უთხრა:

      – ძია, გადი, სახურავისკენ გასწი.

      კოროტკოვმა ლიფტიდან ისკუპა, მიმოიხედა და ყური მიუგდო. ქვემოდან გუგუნი მოისმოდა, თანდათან რომ მატულობდა და ზემოთ მოიწევდა. გვერდიდან, მინის ტიხარს იქიდან, სადაც შეშფოთებული სახეები მოჩანდა, ძვლის ბურთების ჭახაჭუხი გამოდიოდა. ბიჭი ლიფტში შეხტა, კარი მიიკეტა და ქვემოთ დაექანა.

      კოროტკოვმა პოზიციას არწივისებური მზერა მოავლო, ცოტა ხანს შეყოყმანდა, მერე ომახიანად შესძახა: წინ! – და საბილიარდოში შევარდა. მწვანე მოედანზე აგორებული კრიალა ბურთები და ფერმკრთალი სახეები აირ-დაირია. ქვემოთ, სულ ახლოს სროლის ხმა გაისმა, რასაც გამაყრუებელი ექო აჰყვა და სადღაც მინები წკრიალით ჩამოიმსხვრა. მოთამაშეებმა კიები ერთდროულად დაყარეს, დამწკრივდნენ და გვერდითა კარისკენ ბრაგაბრუგით გაცვივდნენ. კოროტკოვი გაქანდა, გასულთა უკან კარი გადარაზა, მერე კიბიდან საბილიარდოში შემოსასვლელი მინის კარიც გადაკეტა და ბურთებით უმალ შეიარაღდა. რამდენიმე წამი გავიდა და ლიფტის გვერდით, მინის მიღმა პირველი თავი ამოიზარდა. კოროტკოვის ნასროლმა ბურთმა მინა სტვენით გაანგრია და თავი უმალ გაქრა. მის ადგილას მკრთალმა ცეცხლმა იელვა და მეორე თავი გამოჩნდა, მერე – მესამე. ბურთები ერთმანეთს მიჰყვა და ტიხრის მინები ჩაიმსხვრა. კიბეზე ჩაგორებულ ბურთებს რაკარუკი გაჰქონდა. ამ ხმის პასუხად ზინგერის საკერავი მანქანასავით გამაყრუებლად აგრიალდა ტყვიამფრქვევი და მთელი შენობა შეზანზარდა. საბილიარდოს ზემოთა ნაწილში მინები და ჩარჩოები, თითქოს დანით შემოაჭრესო, ისე ჩამოიშალა და მთელ საბილიარდოს ჩამოცვივნული ბათქაშიდან ავარდნილი მტვრის ღრუბლები მოეფინა.

      კოროტკოვი მიხვდა, რომ პოზიციის შენარჩუნებას ვერ შეძლებდა. თავზე ხელები დაიფარა, გაქანდა და ფეხები დასცხო მინის მესამე კედელს, რომლის იქით შენობის ბრტყელი, მოასფალტებული სახურავი იწყებოდა. კედელი გაიბზარა და ჩამოილეწა. კოროტკოვმა ბობოქარ ცეცხლში მაინც მოასწრო, სახურავზე ხუთი პირამიდა გადაეყარა და ბურთები ასფალტზე მოკვეთილი თავებივით გაგორდა. ბურთებს კოროტკოვიც მიჰყვა. დროზე მოასწრო, იმიტომ რომ ტყვიამფრქვევმა ჩარჩოს ქვედა ნაწილი ჩაჭრა.

      – დაგვნებდი! – ყრუდ ჩაესმა ხმა.

      კოროტკოვის ზემოთ ძალაგამოლეული მზე და ფერმიხდილი ცა გამოჩნდა. მოყინულ ასფალტზე ქარი დაქროდა. ქვემოდან და გარედან ქალაქის მღელვარე გუგუნი მოისმა. კოროტკოვი ასფალტზე ახტა-დახტა, მიმოიხედა, სამ ბურთს ხელი წამოავლო, პარაპეტთან მიირბინა, ზედ ახოხდა და ქვემოთ გადაიხედა. გული გადაუტრიალდა. ქვემოთ გამოჩნდა გაბრტყელებულ-დაპატარავებულ სახლთა სახურავები, მოედანი, სადაც ტრამვაი მიღოღავდა და ადამიანები ხოჭოებივით მიმორბოდნენ. იმავე წამს კოროტკოვმა შესახვევიდან სადარბაზო შემოსასვლელისკენ წამოსული რუხი ფიგურები შეამჩნია. მათ უკან ოქროსფრად მოელვარე თავებით დახუნძლული მძიმე სათამაშო დაიძრა...

      – ალყაში მომაქციეს! – ამოიხვნეშა კოროტკოვმა, – მეხანძრეები არიან.

      პარაპეტზე გადახრილმა კოროტკოვმა დაუმიზნა და სამი ბურთი ზედიზედ ისროლა. ბურთები მაღლა აიჭრნენ, წრე მოხაზეს და ქვემოთ დაექანნენ. კოროტკოვმა სამი ბურთი კიდევ აიტაცა, კიდევ ახოხდა პარაპეტზე და სამივე ბურთი გაისროლა. ბურთებმა ვერცხლისფრად გაიელვეს, ქვემოთ დაეშვნენ და გაშავდნენ, მერე ისევ იელვეს და გაქრნენ. კოროტკოვს მოეჩვენა, რომ მზის სხივებივით გაბრწყინებულ მოედანზე ხოჭოებმა შეშფოთებით იწყეს სირბილი. იგი კვლავ დაიხარა ბურთების ასაკრეფად, მაგრამ აკრეფა ვეღარ მოასწრო. საბილიარდოში მინის ნამსხვრევების განუწყვეტელი ჭახაჭუხი გაისმა და ხალხის ნაკადი გამოჩნდა. მომხვდურნი სახურავზე მუხუდოს მარცვლებივით ცვიოდნენ. მოფრიალებდა რუხი ქუდები და რუხი მაზარები, ხოლო ლუსტრინისპიჯაკიანი ბერიკაცი ზედა სარკმლიდან იატაკზე ფეხის დაუკარებლად შემოფრინდა. მერე კედელი მთლიანად ჩამოიშალა და გორგოლაჭებით მრისხანედ შემოგორდა შემზარავი, წვერგაპარსული კალსონიერი. ხელში ძველებური მუშკეტონი ეჭირა.

      – დაგვნებდი! – გაისმა ღრიალი წინიდან, უკნიდან და ზემოდან, მერე კი ყველა ხმა დაფარა აუტანელმა, დამაყრუებელმა, ქვაბივით მოგუგუნე ბანმა.

      – რა თქმა უნდა! – სუსტი ხმით შესძახა კოროტკოვმა, – რა თქმა უნდა. ბრძოლა წაგებულია. ტა-ტა-ტა! – ტუჩებით დაუკრა გასაყარი ნაღარა.

      კოროტკოვს გული სასიკვდილო განწირულობის სიმამაცით აევსო. იგი პარაპეტის ბოძზე გადაბობღდა, შექანდა, მერე წამოიმართა და შეჰყვირა:

      – სირცხვილს სიკვდილი მირჩევნია!

      მდევრები ორ ნაბიჯზე იყვნენ. კოროტკოვი უკვე გამოწვდილ ხელებსა და კალსონიერის პირიდან გამოვარდნილ ალს ხედავდა. მზით გაბრწყინებულმა უფსკრულმა ისე მიიზიდა, რომ სული შეუგუბდა. გამარჯვების გამაყრუებელი შეძახილით შეხტა და მაღლა აიჭრა. უმალ სუნთქვა შეეკრა. ბუნდოვნად დაინახა, თითქოს აფეთქებისგან წარმოქმნილმა რაღაც ნაცრისფერმა და შავნახვრეტებიანმა გვერდზე როგორ ჩაუქროლა და ზემოთ გაემართა. შემდეგ თვალნათლივ დაინახა, რომ ის ნაცრისფერი რაღაც ქვევით დაექანა, თავად კი მაღლა გაქანდა ვიწრო შესახვევისკენ, ახლა თავს ზემოთ რომ მოჰქცეოდა. მერე სისხლისფერი მზე თავში გრიალით დაემსხვრა და მეტი აღარაფერი დაუნახავს.

მიხაილ ბულგაკოვი

ტეგები: Qwelly, ბულგაკოვი, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველა

ნახვა: 40

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

რა შორი ყოფილა შენამდე, თბილისო ანუ ისევ მარშრუტკები?!

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 29, 2021.
საათი: 11:30pm 2 კომენტარი

სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი.

მეუბნებოდნენ, A წერტილიდან უმოკლესი მანძილი B წერტილამდე ტოლია, B წერტილიდან A წერტილამდე უმოკლესი მანძილისო.

® მარი კიური

      ის ჟურალისტი ხომ გახსოვთ, „სერჩის“ ცოდნას რომ გვამადლიდა? ჰოდა, რომ „დასერჩოთ“ მცხეთა, გუგლისავე აღწერილობაში ამოიკითხავთ - მცხეთა თბილისიდან დაშორებულია 20 კილომეტრით. ახლა,…

გაგრძელება

შუაშისტი გუმათელები, ქირურგია სასამართლოში და 2024-ში ევროკავშირში თან კი, თან არა!

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 28, 2021.
საათი: 11:31pm 2 კომენტარი

      ჯერ-ჯერობით წრეზე დავდივართ, იგულისხმება ის რომ დღის ამბებში კვლავ ამნისტიის კანონპროექტი, მოსამართლეების დანიშვნა-არ დანიშნვა ისმის და მისთანები. დღეს ასევე გახარიას პარტიის ლოგო გამოჩნდა და ხვალი პრეზენტაციის ანონსები. გუშინ გუმათში დაკავებულების სასამართლოებიც ჩაინიშნა და პროტესტის ორჭოფობული გამოხმაურებებიც. ევროკავშირში გველიან, მაგრამ არ მიგვიღებენ. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს ქვეყანაში, 1 აშშ დოლარი - 3.2779 ლარია.…

გაგრძელება

რიონელები გუმათთან საპროტესტო ყიჟინით, გაძვირებული გაზი და ამნისტიის დამტკიცბის დასაწყისი

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 27, 2021.
საათი: 11:00pm 0 კომენტარი

      მაისი ბოლო ისევ აქტიური იქნება და ბუნებაც გააქტიურდება, როგორც ააონსებენ - წვიმები და ძლიერი ქარები გველის. რაც შეეხება პოლიტიკურ ასპარეზს - პარლამენტმა დღეს ამნისტიის კანონპროექტი ნახევრად დაამტკიცა, ასევე დღეს, პოლონელი კოლეგა ესტუმრა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს. დღის მთავარი საინფორმაციო ამბავი მაინც რიონის მცველების შეუპოვარი პროტესტია, ამჯერად ისევ ხეობაში, გუმათთან. დოლარმაც ცოტა კიდევ დაიწია - ჩვენს…

გაგრძელება

ჰესით პარალიზება შუაგულ თბილისში, ამნისტიის პოლიტიკური ამბები და მინსკი სკანდალში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: მაისი 24, 2021.
საათი: 11:30pm 1 კომენტარი

      თბილისი უქმებიდან მოყოლებული აქციების მთავარ ეპიცენტად იქცა, როგორც ადრე. ამჯერად აქციას პარტიებისგან არც ისე მოწონებული და დაფასებული მოძრაობა მართავს, რომელიც ჰესის წინააღმდეგ გაერთიანდა და ხელისუფლებას მოთხოვნებიც წაუყენა. დღის მთავარი ამბავი სწორედ ეს აქციებია, თბილისის პიკეტირება და პარალიზება - როგორც თავად აანონსებენ. საერთაშორისო სკანდალია მინსკში. ჩვენთან, ამინდები გაუარესდებაო იუწყებიან სინოპტიკოსები - 25 მაისს, დღის მეორე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters