ონორე დე ბალზაკი -  დღე ხვალინდელი დილის გარეშე

   მოვლენები, რომლებსაც ჩვენი ამბის ბოლოს გიამბობთ, იმ მხრის თავისებურებებზე იყო დამოკიდებული, სადაც ვითარდებოდა და აუცილებელია, დაწვრილებით აგიწეროთ, თორემ ამ დრამის კვანძის გახსნა მთლად გასაგები არ იქნება.    ქალაქ ფუჟერის ნაწილი ფიქლის კლდეზეა შეფენილი, თითქოს ქედებს მოწყვეტილი, დასავლეთით კუენონის ვრცელ ველს რომ კეტავს - სხვადასხვა სახელიც ჰქვიათ, ადგილმდებარეობის მიხედვით. აქეთ ფუჟერი მთებისგან ღრმა ხეობით არის გამოყოფილი, სადაც პატარა მდინარე ნანსონი მიედინება. მაგრამ ამ კლდეზე ისეთი ადგილიც არის, საიდანაც შეიძლება თვალი ჰკიდოთ კუენონის ველის რკალის ნაწილს და ყველა ლამაზ ხვეულს, ალანსონის პატარა ველიდან რომ ემიჯნება. ეს ფუჟერელების უსაყვარლესი სასეირნო ადგილია, ბულვარი, საითაც მადმუაზელ დე ვერნეი გაემართა და რომელიც სწორედ ის თეატრი აღმოჩნდა, სადაც ვივეტიერში დაწყებული დრამის დასასრული გათამაშდა. ამიტომ, შეიძლება ქალაქის დანარჩენი ნაწილები უფრო ლამაზია, მაგრამ ჩვენ ყურადღებას მხოლოდ იმ არემარეზე, იმ მიდამოზე შევაჩერებთ, ქალაქის ბულვარიდან რომ ჩანს.    წარმოდგენა რომ გქონდეთ, როგორია ამ მხრიდან ფუჟერის კლდე, შეიძლება შევადაროთ სარკინოზების მიერ აგებულ ერთ-ერთ უზარმაზარ კოშკს, რომლის ირგვლივაც ხუროთმოძღვარმა ხვეული კიბით ერთმანეთთან შეერთებული განიერი აივნები ააგო საფეხურებად. სინამდვილეში კლდე მთავრდება გოთიკური ტაძრით, რომელიც ეკლესიის წვრილი შპილეებით, სამრეკლოთი და კონტრფორსებით ზუსტად შაქრის თავს ემსგავსება. სენ-ლეონარის ძველი ეკლესიის პორტალის წინ პატარა, არასწორი მოხაზულობის მოედანია, ჩამოქცევისგან ბალუსტრადიანი კედელი რომ იცავს - იქიდან კი დამრეცი გზა ჩადის ბულვარისკენ - თვითონ ესპლანადა - ხეებჩარიგებული მიწის ფართო ზოლი, მეორე ლავგარდანივით რომ გასდევს კლდეს ირგვლივ, სენ-ლეონარის მოედნიდან რამდენიმე ტუაზით ქვემოთ არის და ქალაქის გალავანს უერთდება. კლდეებსა და კლდის შვერილებზე ათი ტუაზით დაბლა, ეს ტერასა რომ ებჯინება, ტერასაა, რომელიც ფიქლის ქანების ხელსაყრელი განლაგებითა და ადამიანის დაუღალავი შრომით გაჩნდა, მოიკლაკნება დედოფლის - ანა ბრეტონელის კიბე - მდინარე ნანსონზე გადებული ხიდისკენ ჩასასვლელი, ანა ბრეტონელმა რომ ააშენა. ეს გზა მესამე კარნიზია, მის ქვეშ კი, მდინარის საფეხურებივით, ტერასებად ეშვება ყვავილებით მორთული ბაღები. ბულვარის პარალელურად, მდინარის გასწვრივ გაჭიმულია მაღალი კლდეების ჯაჭვი, სენ-სიულპისის მთები რომ ჰქვია, იმ გარეუბნის სახელის მიხედვით, რომლის უკანაც არის აღმართული. ეს კლდეები თანდათან დაბლდება, დამრეცად ეშვება კუენონის განიერი ველისკენ და მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ, შორიდან გეგონება ეს ციცაბო, ველური და პირქუში კლდეები ფიქლის შვერილებს უერთდებაო, ბულვარი რომ ებჯინება. ხანდახან ბულვარს თოფის ერთი გასროლის მანძილით სცდება. კლდეები ჩრდილოეთის ქარებისაგან იცავს ასი ტუაზის სიღრმის ვიწრო ხეობას, სადაც ნანსონი სამ ტოტად იყოფა და რწყავს მდელოს, სადაც ლამაზად მიმოფანტულა ხეები და ნაგებობები. სამხრეთისაკენ, იქ, სადაც ქალაქი მთავრდება და სენ-ლეონარის გარეუბანი იწყება, ფუჟერის კლდე ნაკეცივით უხვევს, მისი მკვეთრი კონტურები რბილდება, დაბლდება და, ნინსონის გაყოლებით, კუენონის განიერი დაბლობისკენ უხვევს, რითაც მას სენ-სიულპისის მთებისკენ ტოვებს და ქმნის ხეობას, საიდანაც მდინარე ორ აქაფებულ ნაკადულად გამოვარდება, მიხტის კუენონისკენ და დაბლობზე უერთდება კიდევაც მას. მთელ ამ ლამაზ კლდოვან ბორცვებს საერთო სახელი აქვს, ეკლიანი ბუდე, ხოლო ველს, მათ რომ ებჯინება, ჟიბარის ღარტაფს ეძახიან, მისი ნოყიერი საძოვრებიდან მიიღება უმეტესი ნაწილი კარაქისა, გურმანები „მდელობისას“ რომ ეძახიან - „Pree - Valaye“. იმ ადგილას, სადაც ბულვარი ქალაქის სიმაგრეს უერთდება, აღმართულია კოშკი, „თუთიყუშის კოშკად“ წოდებული. ოთხკუთხედი ნაგებობით დაწყებული, რომელზეც ის სახლი იყო აშენებული, მადმუაზელ დე ვერნეი რომ დასახლდა, აღმართულია კედელი, თუ კედელივით შვეული კლდე და ქალაქის ნაწილი, ამ მაღალ, მიუდგომელ პიედესტალზე განლაგებული განიერი ნახევარმთვარის ფორმისა, რომლის ბოლოშიც კლდეები დაბლდება, იშლება და გზას უთმობს ნანსონს. აქვეა სენ-სიულპისის კარიბჭე, მის იქით კი იმავე წმინდანის სახელის მქონე გარეუბანი. უფრო იქით, გრანიტის მომრგვალებულ ბორცვზე, სამ ხევს რომ გადმოჰყურებს, სადაც სამი გზა იყრის თავს, ჩანს სათოფურებიანი, ქონგურებიანი კლდეები და ფუჟერის ციხის ფეოდალური კოშკები, ბრეტანელი ჰერცოგების ერთ-ერთი ყველაზე გიგანტური ნაგებობა: კლდეების სიმაღლე - ორმოცდაათი ტუაზი, სისქე კი - თხუთმეტი ტუაზი. აღმოსავლეთის მხრიდან ციხე-კოშკს ემიჯნება ტბა, საიდა-ნაც ნანსონი გამოედინება, ციხე-სიმაგრის თხრილებს რომ ავსებს წყლით და სენ-სიულპისის კარიბჭესა და ციხის ასაწევ ხიდებს შორის წყლის წისქვილის ბორბლებს ატრიალებს. დასავლეთის მხარეს ციხე დაცულია გრანიტის ფრიალო კლდით. ბულვარიდან შუა საუკუნეების სუროს მწვანე საფარიან ამ დიდებულ ნაშთამდე ოთხკუთხა თუ მრგვალი იმდენი კოშკი ადგას, რომ მთელი პოლკი შეიძლება განთავსდეს, ციხე-სიმაგრე, ქალაქი და კლდე დაცული სიმაგრის სქელი კლდეებით ან კლდის ციცაბო ფლატეებით განიერი ნალივით არის განლაგებული და უფსკრულები აკრავს, რომლის ნაპირზეც ბრეტონელებმა რამდენიმე ბილიკი გაკვალეს. აქა-იქ არქიტექტურული ორნამენტებივით ამოშვერილია გრანიტის ლოდები, ზოგან წყალი მოჟონავს და უძლური ხეებიც ამოსულა. მოშორებით უფრო დამრეცი გრანიტის ფერდობები ბალახსაც კვებავენ, თხებს რომ მიიზიდავენ და ყველგან, ნესტიანი ნაპრალებიდან ამოყრილა ერიკა, ვარდისფერ გირლანდებად რომ მოსდებია მუქი კლდეების ხვეულებს. ციხე-კოშკის ძირში, ამ უზარმაზარი ძაბრის სიღრმეში, რბილი ხალიჩასავით რომ ფარავს მწვანე მდელო, პატარა მდინარე მიიკლაკნება. გრანიტის კლდეებს შორის აღმართულია სენ-სიულპისის ეკლესია, რომლის სახელიც ჰქვია გარეუბანს, მდინარე ნანსონის გაღმა რომ გადაშლილა. გარეუბანი კი, ლამაზად რომ ეკვრის ნანსონის შენაკადები, ხეებით დაჩრდილულა, ხეხილით მორთული, თითქოს უფსკრულში ჩაუგდიათო და მისი ეკლესიის წვეტიანი სამრეკლოს შპილი ვერ სწვდება მახლობელი კლდეების სიმაღლეს, რომლებიც, გეგონება, ეკლესიაზე და მის ირგვლივ ქოხმახებზე უნდა ჩამოიქცესო. ეს დასახლება უთანასწორო ნაწილებად ჰყოფს ბულვარით, ქალაქითა და ციხე-სიმაგრით შემოსაზღვრულ ნახევარმთავრეს და უპირისპირდება მთების ამფითეატრის მკაცრ სურათს. დაბოლოს, მთელი ფუჟერი, მისი გარეუბნები, ეკლესიები და სენ-სიულპისის მთები ჩარჩოსავითაა გარშემორტყმული რიიეს სიმაღლეებით, რომელიც იმ მთათა ჯაჭვის ნაწილს წარმოადგენს, კუენონის გადაშლილ ველს რომ ზღუდავს.ასეთია ბუნება ამ მხარეში. მისი მთავარი ნიშანი ველური სიმკაცრეა, რომელსაც არბილებს ხალისიანი ხედები, არაჩვეულებრივი შეხამება ადამიანის შრომით შექმნილი შესანიშნავი ნაგებობებისა და მიწის ოღროჩოღრო ზედაპირისა, უჩვეულო, მოულოდნელი დაპირისპირებულობა გაკვირვებთ, გაოცებთ, გაოგნებთ. საფრანგეთის ვერც ერთ ნაწილში მოგზაური ვერ შეხვდება ისეთ გრანდიოზულ კონტრასტებს, როგორიც კუენონის ამ ვრცელ აუზში და ველებზეა, ფუჟერის კლდეებსა და რიიეს მაღლობებს შორის რომ ჩაკარგულან. აუწერელი სილამაზეა, რადგან აქ შემთხვევა ზეობს და თანაც აღსავსეა ბუნებრივი ჰარმონიით. აქ არის კამკამა, გამჭვირვალე წყლები და ბრეტანის ხშირი მცენარეულით დაფარული მთები, პირქუში ფრიალო კლდეები და კოხტა ეკლესიები, ბუნების ხელით შექმნილი სიმაგრეები და ადამიანის ნახელავი გრანიტის კოშკები, შუქისა და ჩრდილის მიმზიდველი თამაში, ფოთოლთა შეფერილობის კონტრასტული მრავალფეროვნება, ასე რომ აფასებენ ფერმწერები. ჯგუფ-ჯგუფად მდგომი სახლები, სადაც შრომისმოყვარე ადამიანები ფუსფუსებენ და უკაცრიელი სიმაღლეები, სადაც გრანიტი თეთრ ხავსსაც კი არ იკარებს, ქვებს რომ ებღაუჭება. მოკლედ, აქ თავმოყრილია ყველაფერი, რასაც პეიზაჟისგან მოვითხოვთ: გრაცია და პირქუში ძალა, პოეზია, ახალ-ახალი გრძნებითა და ჯადოთი, დიდებული სურათებითა და სოფლური სისადავის ხიბლით. ბრეტანი აქ მთელი თავისი მშვენიერებით წარმოგიდგებათ. საძირკველი „თუთიყუშის კოშკად“ წოდებული კოშკისა, რომელზეც მადმუაზელ დე ვერნეის სახლია აგებული, უფსკრულის ძირამდე ჩადის, ზემოთ კი ესპლანადე სენ-ლეონარის ეკლესიის წინ ლავგარდანივით იშლება. ამ სახლიდან, სამი მხრიდან იზოლირებული რომ არის სხვა საცხოვრებლებისგან, ნალივით გადაშლილი მთელი ქალაქის დანახვა შეიძლება, კოშკიდან რომ იწყება, ნანსონის დაკლაკნილი ველისა და სენ-ლეონარის მოედნის ჩათვლით. ის შედის ხის სახლების იმ რიგში, სამას წელს რომ ითვლის, ეკლესიის ჩრდილი კედლის პარალელურადაა გადაჭიმული და მასთან ჩიხს ქმნის, რომელიც დამრეც ქუჩაზე, ეკლესიიდან სენ-ლეონარის ჭიშკრამდე გადის. სწორედ ამ გზით მიდიოდა მადმუაზელ დე ვერნეი.    რასაკვირველია, მარის არც უფიქრია ეკლესიის მოედნისკენ წასვლა, ქვემოთ ჩაუხვია, ბულვარისკენ. როგორც კი გასცდა დაბალ, მწვანე შლაგბაუმს, იმხანად სენ-ლეონარის ჭიშკართან კოშკში განთავსებულ საგუშაგოსთან რომ იყო მოწყობილი, მის წინ ისეთი დიდებული სანახაობა გადაიშალა, რომ წამით გაანელა მისი ვნებათაღელვა. თვალი ვერ მოსწყვიტა კუენონის ველის უკიდეგანო რკალს, პელერინის მთიდან იმ ზეგნამდე, ვიტრეს გზა რომ გადის. მერე მზერა ეკლიან ბუდესა და ჟიბარის დაკლაკნილ დაბალ ველიანზე შეაჩერა, რომლის ირგვლივაც მთათა თხემებს ჩამავალი მზის დაბინდული შუქი ანათებდა. ნანსონის ველის სიღრმემ გააკვირვა. ყველაზე მაღალი ალვის ხეები ძლივს სწვდებოდნენ დედოფლის კიბის ქვემოთ ხეხილის ბაღების კედლებს. მარი გაოცებას ვერ მალავდა ახალ-ახალი ხედების აღმოჩენით. ბულვარზე იმ ადგილამდე მივიდა, საიდანაც ჩანდა კუენონის დიდი ველი, ჟიბარის ღარტაფის გადაღმა და მშვენიერი პეიზაჟი, ქალაქის ნალისებური ფორმით, სენ-სიულპისის კლდეებით და რიიეს მაღლობებით შემოფარგლული. მწუხრის პირზე გარეუბნებისა და ველის სახლებიდან ამოსული ბოლი ღრუბლად იშლებოდა და ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა ამ მოცისფრო გამჭვირვალე ბალდახინის ქვეშ. დღის კაშკაშა ფერები მქრქალდებოდა, ცას მონაცრისფრო მარგალიტისფერი დაედო. მთვარის შუქი მოეფინა მშვენიერ უფსკრულს. მოკლედ, ყველაფერი საოცნებოდ განაწყობდა და ძვირფას არსებებს ახსენებდა. უცებ სენ-სიულპისის გარეუბნის ხის სახურავებმა, ეკლესიამ ველის მუქ სიღრმეში ჩაკარგული შპილით, საუკუნოვანმა სურომ და თეთრმა უსურვაზმა, ძველისძველი ციხე-კოშკის კედლებს რომ შეჰფენოდა, წყლის წისქვილის ბორბლებქვეშ აქაფებული ნანსენის შორიახლო, პეიზაჟის ყველა წვრილმანმა ინტერესი დაკარგა. ამაოდ აფრქვევდა მზე ოქროს მტვერს და მეწამული ნისლიც ტყუილად გადააფარა კლდეებს შორის მიმობნეულ თვალწარმტაც ქოხებს, მდელოებსა და წყალს. უძრავად იდგა და თვალს ვერ აშორებდა სენ-სიულპისის მთებს. სასწაულმა აუსრულა წარმოუდგენელი იმედი, რომელმაც ბულვარზე მიიყვანა. ძეძვისა და კურდღლისცოცხას ბუჩქებს მიღმა, მთის წვერებს რომ ფარავდა, ზუსტად თავის პირისპირ, რამდენიმე ადამიანი შეამჩნია და, მიუხედავად თხის ტყავის სამოსისა, იცნო ვივეტიერში ნანახი სტუმრები, მათ შორის აშკარად გამოარჩია ვაჟკაცი: სულ მცირე მოძრაობასაც კი ამჩნევდა ჩამავალი მზის სინათლეში. მთავარი ჯგუფის უკან კი ყველაზე საშიში მოძულე - მადამ დიუ გა. ჯერ სიზმარი ეგონა, მაგრამ მეტოქის სიძულვილმა თვალები აუხილა, ყველა ცოცხალი იყო ამ სიზმარში. სანამ დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მარკიზის მოძრაობას, ვერ შენიშნა, რომ მადამ დიუ გა გულდაგულ უმიზნებდა გრძელი თოფის ლულას. უცაბედმა გასროლამ მთებში ექო გააღვიძა და მარისთან სულ ახლოს გაზუზუნებულმა ტყვიამ დაუმტკიცა მეტოქის სიზუსტე.

- თავისი სავიზიტო ბარათი გამომიგზავნა, - გაეღიმა მარის. იმწამსვე გაისმა მრავალხმიანი შეძახილი „ვინ მოდის?“ გუშაგმა გუშაგს გასძახა, ციხე-კოშკიდან სენ-ლეონარის კარიბჭემდე, რითაც შუანებს აგრძნობინეს ფუჟერის მცხოვრებთა სიფხიზლე, ასე კარგად რომ იცავენ ქალაქის სიმაგრის ყველაზე ნაკლებად საშიშ ადგილსაც კი. „ეს ის ქალია, ეს - ეს ის არის“ - გაიფიქრა მარიმ. ელვისუსწრაფესად გაუჩნდა სურვილი, მარკიზის კვალს მიჰყოლოდა და ანაზდეულად ჩაეგდო ხელში. - იარაღი რომ არ მაქვს? - წამოიძახა.    გაახსენდა, რომ პარიზიდან წამოსვლისას ქუდის მუყაოს ყუთში ჩააგდო რომელიღაც სულთნის ცოლის ნაქონი პატარა კოხტა სატევარი. მაგრამ მაშინ ვინმეს სისხლის დაღვრის პერსპექტივა იმდენად არ ხიბლავდა, რამდენადაც ეს ნატიფი ნივთი მოსწონდა. ხანჯალი ძვირფასი ქვებით მოოჭვილი და პრიალა პირიანი იყო, სამი დღის წინ, როცა თავის მოკვლა უნდოდა, საშინლად ინანა, იარაღი მუყაოს ყუთში რომ დატოვა. ახლა სასწრაფოდ დაბრუნდა სახლში, მოძებნა ხანჯალი, გაირჭო ქამარში, მოიხვია გრძელი შალი, მაქმანით აიწია თმა, დაიხურა მისი სახლის ერთ-ერთი მსახურის ფართოფარფლებიანი შუანური ქუდი, იმ გამჭრიახობით, ზოგჯერ ჯინი რომ ბადებს ადამიანის გონებაში, დასტაცა ხელი მარკიზის ხელთათმანს, იარე-მიწაზემ რომ მისცა თავის დასაცავად, მერე გულგახეთქილ ფრანსინს უთხრა: „რას ვიზამ, მის საპოვნელად ჯოჯოხეთშიც კი წავიდოდიო,“ და ისევ ბულვარზე წავიდა. ვაჟკაცი ისევ იქ იდგა, ოღონდ მარტო. ჭოგრიტით ეტყობა ნანსონზე გადასასვლელ ფონს ეძებდა მეთაურის ზედმიწევნითი ყურადღებით, ათვალიერებდა დედოფლის კიბესა და იმ გზას, სენ-სიულპისის კარიბჭიდან ეკლესიისკენ რომ მიდის და რომ შეუხვევს, დიდ გზას უერთდება, რომელსაც დიდი ზარბაზნები იცავენ. მადმუაზელ დე ვერნეიმ ჩაირბინა მწყემსებისა და თხების გაკვალული ვიწრო ბილიკებით, გავიდა დედოფლის კიბეზე, ჩავიდა ხეობის ფსკერამდე, გავიდა ნანსონზე და გარეუბანზეც გადაიარა. როგორც ჩიტმა უდაბნოში, ინსტინქტურად იპოვა გზა სენ-სიულპისის კლდეების სახიფათო ფლატეებს შორის, მალე მიაღწია სრიალა გზას, გრანიტის საფეხურებს და, მიუხედავად კურდღლისცოცხასა და ძეძვის ეკლიანი ბუჩქებისა, ფეხქვეშ წვრილი, ჩხვლეტია კენჭებისა, დაქანებულ ფერდობზე ისე ენერგიულად დაიწყო ასვლა, კაცსაც რომ შეშურდება. მარის იმ დროს მოუსწრო ღამემ, როცა მწვერვალზე ავიდა და მთვარის მკრთალ შუქზე ცდილობდა, გამოეცნო, საით წავიდა მარკიზი. დაჟინებულ ძებნას ნაყოფი არ გამოუღია, ირგვლივ გამეფებული სიჩუმე კი მიუთითებდა, რომ შუანები და მათი წინამძღოლი გაუჩინარდნენ, მგზნებარე სწრაფვა მაშინვე გაქრა და გაიყოლა მისი იმედებიც.

   უცნობ ადგილას მარტო დარჩენილმა მარიმ მსჯელობა დაიწყო, იულოს დარიგებები გაახსენდა, მადამ დიუ გას გასროლა და შიშისგან შეკრთა. ღამის სიჩუმეში, ასეთი ღრმა რომ არის მთებში, გრანიტზე დაცურებული ფოთლის შრიალიც კი ისმოდა. ეს მსუბუქი ხმაური აქ გამეფებულ მყუდროებასა და მდუმარებას უფრო უსვამდა ხაზს. ამოვარდნილი ქარი ღრუბლებს მიერეკებოდა, შუქ-ჩრდილის მონაცვლეობა ყველაზე უვნებელ საგნებსაც კი ფანტასტიკურ და მრისხანე იერს ანიჭებდა და მარის შიშს ამძაფრებდა. მზერა ფუჟერზე გადაიტანა, სადაც სახლებში სინათლე მიწიერი ვარსკვლავებივით ციმციმებდა და უცებ მკაფიოდ დაინახა თუთიყუშის კოშკი. საკმარისი იყო, სულ პატარა მანძილი გაევლო და სახლში იქნებოდა, მაგრამ ეს პატარა მანძილი უფსკრული იყო. მარის გაახსენდა, იმ ვიწრო ბილიკებიდან, სადაც გაიარა, როგორი უფსკრულები ჩანდა და მიხვდა, რომ ფუჟერში დაბრუნება უფრო სახიფათო იყო, ვიდრე გზის გაგრძელება. გაიფიქრა, რომ მარკიზის ხელთათმანი ყველა ხიფათს აარიდებდა ღამე სეირნობისას, თუნდაც შუანებს ქალაქის შემოგარენი ჰქონოდათ დაპყრობილი. მხოლოდ მადამ დიუ გას შიში უნდა ჰქონოდა. ამის გაფიქრებაზე, მარიმ ჩაბღუჯა ხანჯლის ვადა და გასწია წინ, ცდილობდა, იმ სახლის მიმართულებით ევლო, ხეებს შორის სახურავი რომ შეამჩნია, როცა სენ-სიულპისის კლდეებზე ავიდა. მაგრამ ნელა მიდიოდა, რადგან ჯერ არ იცოდა, რომ ღამის უკუნი დიდებულება თრგუნავს ველურ ბუნებაში მარტოსულ არსებას, სადაც ყველა მხრიდან მაღალი მთები თავდახრილი შეჯგუფებული გოლიათებივით დგანან. რამდენჯერმე შეკრთა ეკალზე გამოდებული საკუთარი კაბის შარიშურით, რამდენჯერმე ფეხს აუჩქარა, რამდენჯერმე შეანელა, ეგონა, აღსასრული მოვიდა, მაგრამ მალე საქმე ისე შეტრიალდა, რომ ყველაზე მამაცი მამაკაცებიც კი უკან დაიხევდნენ, მადმუაზელ დე ვერნეის კი თავზარი დაეცა - ის ელდა იყო, რომელიც იმდენად ჭიმავს სიცოცხლის ზამბარებს, რომ ადამიანში ყველაფერი ზღვრამდე მიდის, ძალაც და სისუსტეც. ყველაზე გაუბედავმა ადამიანმა შეიძლება გაუგონარი გმირობა ჩაიდინოს, ლომგულმა კი შიშისგან გონება დაკარგოს. იქვე ახლოს მარის უცნაური ხმები მოესმა, ხან ბუნდოვანი, ხან მკაფიო, ღამესავით, ხან უფრო ნათელი რომ იყო, ხან ბნელი; ეს ხმაური რაღაც შფოთვას, განგაშს ამჟღავნებდა, რომელიღაც ურდოს არეულ-დარეულ სვლას, ყურს უჭირდა გარჩევა; თითქოს მიწისქვეშეთიდან მოისმოდა. მიწა ზანზარებდა უთვალავი ადამიანის ფეხქვეშ. წამით მთვარემ გამოანათა და მადმუაზელ დე ვერნეიმ, რამდენიმე ნაბიჯის დაშორებით, დაინახა საშინელი ფიგურების გრძელი მწკრივი. მოქანაობდნენ, როგორც თავთავები ყანაში და მოჩვენებებივით მოსრიალებდნენ. მაგრამ, როგორც კი შეამჩნია, ისევ სიბნელე ჩამოწვა შავი ფარდასავით და თვალს მოეფარა ეს ავის მომასწავებელი სურათი და მოელვარე თვალები. მარიმ სწრაფად უკან დაიხია და ფერდობი აირბინა, სამი საშინელი ფიგურისგან თავის დასაღწევად, მას რომ უახლოვდებოდა. - დაინახე? - იკითხა ვიღაცამ. - არა, მხოლოდ ცივი ნიავი ვიგრძენი, გვერდში რომ ჩამიარა, - უპასუხა მეორე, ხრინწიანმა ხმამ. - მე კი ნესტისა და საფლავის სუნი ვიგრძენი, - თქვა მესამემ. - როგორია, თეთრი? - ისევ პირველის ხმა იყო. - არა, რატომ, მარტო ეს დაბრუნდა იმათგან, ვინც პელერინთან მოკვდა? - როგორ თუ რატომ? - საძმო საკრე-კერის ხალხს ყველა-ფერში შეღავათი აქვს და მაინც, იცი, მგონია, ჯობს მოუნანიე-ბელი მოკვდე, ვიდრე მაგასავით ღამე მოჩვენებასავით დაეხეტებოდე, უჭმელი, უსმელი, ძარღვებში უსისხლოდ, უხორცო. - უუჰ! ეს შეძახილი ან, უფრო ზუსტად, ღმუილი აღმოხდა სამივე შუანს, როცა ერთ-ერთმა მიუთითა ტანწერწეტა, გაფითრებულ მადმუაზელ დე ვერნეიზე, რომელიც წარმოუდგენელი სიჩქარით, უხმოდ მიჰქროდა ისე, რომ მისი ფეხის ხმაც არ ესმოდათ. - აი, ის! - აი, იქ! - სად? - იქ! - არა, აი, იქ! - წავიდა? - არა! - კი! ხედავ? ეს სიტყვები ზღვის ქვიშიან სანაპიროზე წყლის შხუილივით ისმოდა. მადმუაზელ დე ვერნეი თამამად მიაბიჯებდა სახლისკენ და ბუნდოვნად ხედავდა ხალხის ჯგროს, სხვადასხვა მხარეს რომ გარბოდნენ, როცა მათ უახლოვდებოდა და აშკარად პანიკური შიშით იყვნენ შეპყრობილი. მარის კი თითქოს რაღაც იდუმალი ძალა მიაქანებდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა, ასე რამ აამჩატა და შიში კიდევ უფრო უმძაფრდებოდა. გზად მის წინ, ხან აქ, ხან იქ ჩნდებოდნენ შავი ფიგურები, თითქოს იმ მიწიდან ამოიზრდებოდნენ ხოლმე, სადაც განისვენებდნენ და თან მათი არაადამიანური გოდება ესმოდა. ბოლოს, როგორც იქნა, გაჭირვებით მიაღწია დაცარიელებულ ბაღამდე. გუშაგმა გააჩერა, მარიმ ხელთათმანი აჩვენა. ამ დროს ღამემ გამოაშუქა და სახე გაუნათა. შუანს უკვე დამიზნებული თოფი ხელიდან გაეშვა, ხრინწიანი ყვირილი აღმოხდა, გუგუნივით რომ გადაუარა მინდვრებს. ბაღის სიღრმეში მარიმ დიდი ნაგებობა შენიშნა, რამდენიმე განათებული ფანჯრით, - რაც იმის ნიშანი იყო, რომ ცხოვრობდა ვიღაც. კედელთან ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მივიდა და შეიხედა. პირველ ფანჯარაში დაინახა მადამ დიუ გა და ვივეტიერში რომ იყვნენ, მეამბოხეთა ის მეთაურები. ამ სანახაობითა და საფრთხით შეძრწუნებული განზე გახტა, პატარა, სქელი რკინის გისოსებიანი სარკმლისკენ და გრძელ, თაღოვან დარბაზში მარკიზი დაინახა. მისგან ორ ნაბიჯზე, განმარტოებული, ნაღვლიანი. უხეშ სკამზე იჯდა კერასთან და მოწითალო მოციალე ალის ათინათი სახეს უნათებდა, რაც ამ სცენას მოჩვენებით იერს აძლევდა.

   მთელი სხეულით ათრთოლებული მარი გაუნძრევლად იდგა რკინის გისოსებზე მიკრული, იმ იმედით, რომ თუ მარკიზი დაილაპარაკებდა, სამარისებურ სიჩუმეში გაიგებდა მის სიტყვებს. ხედავდა, რომ დამწუხრებული, გაწამებული და გაფითრებული იყო და უხაროდა, რომ მისი დარდის ერთ-ერთი მიზეზი თვითონ იყო. მერე მრისხანება თანაგრძნობამ შეცვალა, თანაგრძნობა სინაზეში გადაიზარდა და მარი მიხვდა, რომ აქ მხოლოდ შურისძიების წყურვილს არ მოუყვანია. მარკიზი ადგა, თავი მოაბრუნა და გაშრა, თითქოს ნისლში მადმუაზელ დე ვერნეის სახე რომ დაინახა. მოუთმენლობისა და ზიზღის გამომხატველი ჟესტით ხმამაღლა თქვა: - რა ხდება? ყველგან და ყოველთვის ამ ალქაჯს ვხედავ, ახლა ცხადშიც!    ამ აშკარა სიძულვილმა ნერვული სიცილი მოჰგვარა უბედურ ქალიშვილს. მარკიზი შეკრთა და ფანჯარას მივარდა. მადმუაზელ დე ვერნეი საჩქაროდ მოსწყდა კედელს. შორიახლოს კაცის ფეხის ხმა გაიგო, ეგონა, მონტორანი იყო და მოკურცხლა. ამ მომენტში მისთვის დაბრკოლება არ არსებობდა, კედელშიც კი გაატანდა, ჰაერში აფრინდებოდა, ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას იპოვიდა, ოღონდ კიდევ ერთხელ არ ამოეკითხა სიტყვები „მეზიზღები“ - ამ კაცს სახეზე რომ ეწერა, სიტყვები, შინაგანი ხმა რომ ყვიროდა, აყრუებდა ბუკის ხმასავით. ალალბედზე მირბოდა, არ იცოდა, სად მიდიოდა და ანაზდად გაჩერდა, იგრძნო, რომ ძვლებამდე რომ ატანს, ისეთმა ნესტიანმა სიცივემ აიტანა. უკან რამდენიმე კაცის ფეხების ბრაგუნი მოესმა და საჩქაროდ ჩაირბინა ღრმა სარდაფში. უკანასკნელ საფეხურზე მარი გაჩერდა და ყური მიუგდო, ცდილობდა, გაეგო მისი მდევრები რომელ მხარეს გაიქცნენ. მიუხედავად გარედან შემოსული ხმაურისა, სარდაფში ადამიანის შესაბრალი კვნესა მოესმა და კიდევ უფრო შეეშინდა. ზედა საფეხურზე სინათლის სხივმა გადაირბინა და მარის საშინელმა აზრმა გაუელვა, ეგონა, მდევრებმა მისი სამალავი აღმოაჩინეს და მათგან თავის დაღწევის სურვილმა ახალი ძალა შეჰმატა. რამდენიმე წუთის შემდეგ, თავადაც ვერ მიხვდა, როგორ შეძლო დაბალ კედელზე აძრომა და იქ დამალვა. თავიდან ვერც კი შეამჩნია, როგორ მოუხერხებელ მდგომარეობაში იყო მისი სხეული, მაგრამ მალე აუტანელი გახდა ეს პოზა. კამარის თაღქვეშ მიყუჟული ქანდაკება „ჩამომჯდარ ვენერას“ მოგაგონებდათ, რომელიც თითქოს ხელოვნების მოყვარულმა ძალიან დაბალ ნიშაში მოათავსა. ეს გრანიტის საკმაოდ განიერი კედელი კიბეს სარდაფისგან გამოყოფდა, საიდანაც ისევ ისმოდა გმინვა. მალე მარიმ დაინახა ვიღაც, თხის ტყავით შემოსილი კაცი ჩამოვიდა კიბეზე და თაღქვეშ გაუჩინარდა. მოძრაობაზე ოდნავაც არ ეტყობოდა, რომ ჩქარობდა. მადმუაზელ დე ვერნეი გაფაციცებული ეძებდა თავის დახსნის გზას და შიშით ელოდა იმ წუთს, უცნობის მოტანილი ცეცხლი რომ გაანათებდა სარდაფს. ბუნდოვნად ხედავდა მიწაზე უფორმო, ცოცხალ მასას, სწრაფი, მკვეთრი მოძრაობით რომ ცდილობდა, კედლამდე მიეღწია და გამწარებული იკლაკნებოდა, წყლიდან ამოყვანილი ჭანარივით ფართხალებდა.    ფისის პატარა ჩირაღდანმა მალე მოლიცლიცე მოლურჯო შუქით გაანათა სარდაფის კედლები. მიუხედავად შავბნელი პოეზიისა, მადმუაზელ დე ვერნეის წარმოსახვამ რომ შეამკო ეს თაღები, ყრუდ რომ ირეკლავდნენ გულისმომკვლელ ვედრებას, დარწმუნდა, რომ მიწისქვეშეთი - დიდი ხნის წინ მიტოვებული მიწისქვეშა სამზარეული იყო. ჩირაღდნის შუქზე უფორმო ცოცხალი მასა დაბალი, ძალიან მსუქანი ადამიანი აღმოჩნდა, მაგრად ხელფეხშეკრული. ეტყობა, ვინც დაატყვევა, მსხვერპლი ქვის იატაკის ნესტიან ფილებზე მიაგდო და აღარც დაინტერესებულა მისი ბედით. როგორც კი ტყვემ დაინახა უცნობი ცალ ხელში ჩირაღდნითა და მეორეში ფიჩხის კონით, ისე გულსაკლავად დაიწყო კვნესა, რომ მადმუაზელ დე ვერნეის მგრძნობიარე გული ააჩვილა. შიშიც დაავიწყდა და სასოწარკვეთილებაც, მტანჯველი უხერხული პოზაც, მთელი სხეული რომ დაუბუჟა. ცდილობდა, არ შერხეულიყო. შუანმა მოტანილი ფიჩხი ცეცხლს შეუკეთა, მანამდე ძველი თუჯის მაღალი ღუმლის წინ ჯაჭვებს ჩამოკიდებული კავის სიმაგრე შეამოწმა და ჩირაღდნით ცეცხლი დაანთო. აი, მაშინ იცნო მადმუაზელ დე ვერნეიმ, რომ ეს მზაკვარი მოიტაცე-დიდი-კვერი იყო, რომელსაც მეტოქემ მარი მისცა. აბრიალებულ ალზე დაინახა მისი სახე, ცულით გამოჩორკნილი ხის კაცუნას კომიკური ნაკვთები რომ გაახსენა, გერმანიაში რომ კვეთენ ბზისგან. ტყვის შესაბრალის კვნესაზე ნაოჭებით დაღარულ და მზით დახრუკულ სახეზე კმაყოფილი ღიმილი დაეფინა. - ხედავ, - მიმართა თავის მსხვერპლს, - ჩვენ, ქრისტიანები სიტყვას არ ვტეხთ, თქვენსავით კი არ ვართ. აი, ახლა ცეცხლი გაგიხსნის ხელებსაც, ფეხებსაც და კანსაც ... ოჰ, რა საწყენია! სად ვიშოვო იმოდენა ტაფა, ფეხქვეშ რომ შეგიდგა, თორემ ისეთი სქელი ხარ, რომ დადნები, ქონი ცეცხლს ჩააქრობს. ეს რა უწესრიგობაა? მასპინძელს გათბობა უნდა, მაგრამ არავითარი პირობები არ არის ამ საქმისთვის. ტყვემ ცივი ხმით იკივლა, ალბათ იმედი ჰქონდა, მისი ხმა გაატანდა თაღებში და მხსნელი გამოჩნდებოდა ვინმე. - რამდენიც გინდათ, იგალობეთ, ბატონო დ’ორჟემონ. ზემოთ ყველას სძინავს, ახლა იარე-მიწაზე მოვა და კარს ჩაკეტავს. მოიტაცე-დიდი-კვერი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა და თან კარაბინის კონდახს უკაკუნებდა კერიის ჩარდახს, ქვის ფილებს, ღუმელს, ეძებდა სამალავს, სადაც ძუნწმა თავისი ოქროები შეინახა. ეს ძებნა ისე მარჯვედ მიდიოდა, დ’ორჟემონი უცებ გაჩუმდა, ვაითუ, რომელიმე შეშინებულმა მსახურმა გამცაო, თუმცა თავის საიდუმლოს არავის ანდობდა, მის გამომეტყველებას შეიძლება ეჭვი აღეძრა და მტერს სწორი დასკვნები გაეკეთებინებინა. ხანდახან მოიტაცე-დიდი-კვერი მკვეთრად შებრუნდებოდა ხოლმე და გამომცდელად უყურებდა თავის მსხვერპლს, როგორც ერთ საბავშვო თამაშშია. რაღაცას მალავენ და პარტნიორის გულუბრყვილო სახის მიხედვით ხვდებიან, დამალულ ნივთს უახლოვდებიან თუ შორდებიან. დ’ორჟემონს სახეზე ელდა გამოეხატა, როცა შუანი სამზარეულოს ღუმელს უკაკუნებდა, სიცარიელის ყრუ ხმას რომ გამოსცემდა. როგორც ჩანს, ასე უნდოდა გზა-კვალი აებნია ხარბი მოიტაცე-დიდი-კვერისათვის. უცებ სამზარეულოში ქალიშხალივით შემოიჭრა სამი შუანი, ერთ-ერთი იარე-მიწაზე იყო. მოიტაცე-დიდმა-კვერმა შეწყვიტა ძიება და დ’ორჟემონს მრისხანებით შეხედა. - მარი - ლამბრეკენი აღსდგა! - იყვირა იარე-მიწაზემ და მთელი მისი არსება ამბობდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მერე ყველა ინტერესი ფერმკრთალდებოდა. - რა გასაკვირია, - გამოეხმაურა მოიტაცე-დიდი-კვერი, - ტყუილად კი არ ეზიარებოდა ასე ხშირად. შეიძლება ითქვას, მამაზეციერს დაეპატრონა. - ეგ ისე გამოადგა, როგორც ვირს ყურანი, - დაუმატა წაიღე-დოვლათმა, - ჯერ იყო და, გოგელიუს გოგო შეაცდინა, პელერინის ამბების დაწყებამდე კი ცოდვები ვერ მოინანია, ე.ი. მომაკვდინებელი ცოდვა ვერ ჩამოირეცხა. მამა გიუდენი ამბობს, კიდევ ორ თვეს იხეტიალებს ქვეყანაზე მოჩვენებად და მერე მთლად აღსდგებაო. სამივემ დავინახეთ. ეს წუთია, გვერდზე ჩაგვიარა. გაფითრებული, ცივი, მსუბუქი იყო და საფლავის სუნს აფრქვევდა. - მისმა უწმინდესობამ ისიც თქვა, თუ მოჩვენება ვინმეს ხელს სტაცებს, ისიც მასთან ერთად იბორიალებსო, - დაუმატა მეოთხე შუანმა. ამ ახალი თანამოსაუბრის მახინჯმა და სასაცილო სახემ იარე-მიწაზე აღდგომას მომხდარი სასწაულის შესახებ ღვთისმოშიში ფიქრებიდან გამოარკვია, ეს შეიძლება რელიგიისა და მეფის ნებისმიერ თავგადაკლულ ღვთისმოსავ დამცველს მოუვიდესო, აბატმა გიუდენმა. - ხედავ, დაასხი-კუტალო, - ცოტა მედიდურად უთხრა ნეოფიტს იარე-მიწაზემ, - ხედავ, სადამდე მივყავართ სულ მცირე დაუდევრობას მოვალეობის შესრულებისას, წმინდა რელიგია რომ გვავალებს. აქ წმინდა ანა ორეელიც გვაფრთხილებს, რომ სულ მცირე დანაშაულისთვისაც კი შეუბრალებელნი უნდა ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. შენმა ბიძაშვილმა მოიტაცე-დიდი-კვერმა დიდი ხვეწნით დაითანხმა ვაჟკაცი, შენთვის რომ დაევალებინათ ფუჟერის მეთვალყურეობა და კარგად გადაგიხდიან. მაგრამ ხომ იცი, მოღალატისთვის პურს რომელი ფქვილისგან ვაცხობთ? - ვიცი, ბატონო იარე-მიწაზე. - და იცი, ამას რატომ გეუბნები. ხალხში ლაპარაკობენ, სიდრი და ფული ძალიან უყვარსო. იცოდე, არ ითაღლითო, მარტო ჩვენ უნდა გვემსახურო. - ნუ გაწყრებით, ბატონო, სიდრი და ფული კარგი რამეა და სულის გადარჩენას ხელს სულაც არ უშლის. - თუ ბიძაშვილი რამე სისულელეს ჩაიდენს, მხოლოდ სიბრიყვით, - ჩაერია მოიტაცე-დიდი-კვერი. - განსაცდელი რომელი კარიბჭედანაც უნდა შემოვიდეს, არ დავინდობ, არ შევარჩენ, - ისე დაიგრგვინა იარე-მიწაზემ, რომ კედლები შეზანზარდა, - მაგაზე პასუხს შენ აგებ, - მიუბრუნდა მოიტაცე-დიდი-კვერს, - თხის ტყავის ქვეშ შენს ტყავსაც ვიპოვი! - არ გეწყინოთ, ბატონო, მაგრამ თქვენ თვითონ კონტრშუანები შუანები არასოდეს გგონებიათ? - ჩაილაპარაკა დაასხი-კუტალამ. - ძმობილო, - მშრალად უთხრა იარე-მიწაზემ, - ჭკუით იყავი, მასე არასოდეს მოგივიდეს, თორემ თალგამივით შუაზე გადაგჭრი. თუ ვაჟკაცი ვინმეს გამოაგზავნის, მისი ხელთათმანიც ექნებათ. ოღონდ ვივეტიერის საქმის მერე მთავარი ვარიკა ზედ მწვანე ლენტს ამაგრებს. მოიტაცე-დიდი-კვერმა მუჯლუგუნი წაჰკრა თავის ამხანაგს და თვალით დ’ორჟემონზე ანიშნა, თავს რომ იმძინარებდა. იარე-მიწაზემ და მოიტაცე-დიდი-კვერმა კი გამოცდილებით იცოდნენ, რომ მათ ბუხართან, მათ გვერდით ვერავინ ჩათვლემდა. დაასხი-კუტალთან ლაპარაკისას, ბოლო ფრაზა ჩუმად თქვა შუანმა, გამომცდელად შეხედა მას და გადაწყვიტეს, რომ შიშისგან გონება დაკარგა. უცებ იარე-მიწაზეს ოდნავ შესამჩნევ ნიშანზე მოიტაცე-დიდი-კვერმა დ’ორჟემონს წაღები და წინდები გახადა. დაასხი-კუტალმა და წაიღე-დოვლათმა დასტაცეს ხელი და კერასთან მიიყვანეს. მერე ფიჩხს რომ შემოხსნეს, იმ თოკით ფეხებით მიაბეს თუჯის კაუჭზე. მათი შეთანხმებული და მარჯვე მუშაობის დანახვაზე მსხვერპლს ყვირილი აღმოხდა, მერე კი გულშემზარავი ღრიალი, როცა მოიტაცე-დიდი-კვერმა ფეხქვეშ ნაკვერჩხლები მიუხვეტა. - მეგობრებო, ჩემო კარგო მეგობრებო, - ყვიროდა დ’ორჟე-მონი, - მე ხომ მეტკინება! მეც ხომ თქვენნაირი ქრისტიანი ვარ!.. - მოკეტე, ტყუი, - უპასუხა იარე-მიწაზემ, - შენი ღვიძლი ძმა ღმერთს განუდგა, შენ კი ჟიუვინიის სააბატო იყიდე. აბატმა გიუდენმა გვითხრა, რომ ღვთის განდგომილი შეიძლება სინდისის ქენჯნის გარეშე შებრაწო. - ჩემო ქრისტესმიერო ძმებო, მოიცადეთ! გადახდაზე უარს ხომ არ გეუბნებით. - ჩვენ ორი კვირა მოგეცით ვადა. ორი თვე გავიდა, დაასხი-კუტალას ჯერაც არაფერი მიუღია. - შენ განა არაფერი მიგიღია დაასხი-კუტალა? - სასოწარკვეთილი ხმით იკითხა ძუნწმა. - არაფერი, სულ არაფერი, მესიე დ’ორჟემონ, - შეშინებულმა უპასუხა. ყვირილი, განუწყვეტელი ღმუილი, მომაკვდავის ხრიალს რომ ჰგავდა, უცებ საშინელი ძალით განახლდა. ოთხი შუანი, რომლისთვისაც ეს სანახაობა ისეთივე ჩვეულებრივი იყო, როგორც ძაღლები უწაღებოდ რომ დარბიან, სრული სიმშვიდით უყურებდა, როგორ იკლაკნებოდა და კიოდა დ’ორჟემონი. მოგზაურებს ჰგავდნენ, სასტუმროში კერასთან რომ ელიან, როდის შეიბრაწება ხორცი, რომ შეჭამონ. - ვკვდები! ვკვდები!.. - ყვიროდა დ’ორჟემონი, - და ჩემს ფულს ვერ ეღირსებით.    მიუხედავად ყურთასმენის წამღები ყვირილისა, მოიტაცე-დიდი-კვერმა შენიშნა, რომ ცეცხლს ჯერ არ აელანძა დ’ორჟემონისთვის კანი. ოსტატურად გაჩხრიკა, ნაკვერჩხალი რომ გაეღვივებინა და მაშინ ძუნწმა იმედდაკარგული ხმით უთხრა: - მეგობრებო, გამიხსენით ხელ-ფეხი... რამდენი გინდათ? ასი ეკიუ? ათასი? ათი ათასი? ასი ათასი? გთავაზობთ ორას ეკიუს.    მისი ხმა ისეთი შესაბრალისი იყო, მადმუაზელ დე ვერნეის დაავიწყდა, რომ თვითონაც საფრთხეში იყო და შეჰყვირა. - ვისი ხმა იყო? - იკითხა იარე-მიწაზემ. შეშინებულმა შუანებმა მიმოიხედეს. ამ ხალხს, ასეთი ლომ-გულები რომ იყვნენ ზარბაზნის სიკვდილის მთესველი პირის წინაშე, სულების ეშინოდა. მხოლოდ მოიტაცე-დიდი-კვერი ცდილობდა, ყურადღება სხვა რამეზე არ გადაეტანა და ყურს უგდებდა აღიარებას, გაძლიერებული ტკივილი რომ აიძულებდა. - ხუთასი ეკიუ! ჰო... გაძლევთ ხუთასს! - კარგი. მერე და სად არის? - მშვიდად ჰკითხა მოიტაცე-დიდი-კვერმა. - სად? პირველი ვაშლის ხის ქვეშ. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელო!.. ბაღის ბოლოში მარცხნივ!.. ყაჩაღებო!.. ქურდებო... ოოჰ, ვკვდები!.. ათი ათას ფრანკს მოგცემთ. - ფრანკები არ გვინდა, - იარე-მიწაზემ, - ლივრები მოგვეცი. შენი რესპუბლიკის ფრანკებზე წარმართული კერპებია. მასეთი ფული არასოდეს გამოდგება. - იქ, ლივრებია, წონასრული ლუიდორები. ოღონდ გამხსენით, ახლა ხომ იცით, სად არის ჩემი განძი... ჩემი სიცოცხლე!.. შუანებმა გადახედ-გადმოხედეს ერთმანეთს, ფიქრობდნენ, ვისთვის დაევალებინათ, ვინ გაეგზავნათ ფულის ამოსათხრელად. მათმა სისასტიკემ ისე შეაშინა მადმუაზელ დე ვერნეი, რომ არც კი იცოდა, ნებისმიერი საფრთხისგან დაიცავდა თუ არა მოჩვენების როლი, გაფითრებული სახის გამო რომ შეეძლო ეთამაშა. ბოხი ხმით თამამად დაიყვირა: - ნუთუ ღვთის რისხვისა არ გეშინიათ? გახსენით, ბარბაროსებო! შუანებმა ასწიეს თავები, ზემოთ ვარსკვლავებივით მოელვარე თვალები შენიშნეს და გულგახეთქილებმა მოკურცხლეს. მადმუაზელ დე ვერნეი ჩახტა სამზარეულოში, მიირბინა დ’ორჟემონთან და ისე მაგრად გასწია ერთბაშად უკან, რომ კანაფი გაწყდა, ხანჯლით გადაჭრა თოკები, მთელ ტანზე რომ ჰქონდა შემოხვეული. ძუნწმა როგორც კი იგრძნო თავისუფლება, წამოხტა, სახეზე ტანჯული გამომეტყველებითა და გესლიანი დაცინვით: - წადით, წადით ვაშლის ხესთან, ყაჩაღებო! ოხ! ორჯერ უკვე გავაბრიყვე, მესამედ კი ვეღარ დამიჭერენ. ამ დროს ეზოში ქალის ხმამაღალი ყვირილი გაისმა. - მოჩვენება! მოჩვენება! - ყვიროდა მადამ დიუ გა, - ჩერჩეტებო, ის არის! ათასი ეკიუ იმას, მაგ კახპის თავს ვინც მომიტანს! - მადმუაზელ დე ვერნეი გაფითრდა. ძუნწმა ღიმილით ჩაავლო ხელი, კერიის ჩარდახქვეშ შეიყვანა, ისე გაატარა, რომ არავითარი კვალი არ დარჩენილა, არც ცეცხლს გამოსდებიან, პატარა სივრცე რომ ეჭირა. მერე რაღაც ზამბარას დააჭირა ხელი, თუჯის ფილა ასწია და როცა მათი საერთო მტრები სარდაფში დაბრუნდნენ, სამალავის მძიმე კარი უკვე უხმაუროდ იყო დაბრუნებული თავის ადგილზე. ახლა კი მიხვდა პარიზელი ქალი, რას ნიშნავდა ის თევზის ცეკვა, ცოტა ხნის წინ რომ ფართხალებდა უბედური ბანკირი. - აი, ხედავთ, ქალბატონო! - დაიძახა იარე-მიწაზემ, - მოჩვენებამ ამხანაგად ლურჯი წაიყვანა. ეტყობა ამ სიტყვებმა საშინელი შიში გამოიწვიეს, რადგან ისეთი სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, რომ დ’ორჟემონმა და მისმა თანამგზავრმაც გაიგონეს შუანების ბუტბუტი. - Ave sancta Anna Auriaca, gratia plena, Dominus tecum...  - ლოცულობენ... გამოთაყვანებულები! - წამოიძახა დ’ორჟემონმა. - ჩუმად, - შეაწყვეტინა თანამგზავრს მადმუაზელ დე ვერნეიმ, - არ გეშინიათ, რომ აღმოაჩინონ ჩვენი... ბებერი ძუნწის სიცილმა ახალგაზრდა პარიზელი ქალის შიში გაფანტა. - თუჯის ფილა ჩასმულია ათი დიუიმის სისქის გრანიტის ფილაში. ჩვენ გვესმის მათი ხმა, მათ კი ჩვენი - არა. დ’ორჟემონმა ფრთხილად აიღო თავისი გამათავისუფლებლის ხელი და რაღაც ნაპრალს მიადო, საიდანაც დროდადრო გრილი ნიავი უბერავდა. გოგონა მიხვდა, ქურის მილში გაკეთებული სასულე იყო. - ოოხ! - ამოიკვნესა დ’ორჟემონმა, - ეშმაკმა დალახვროს, ფეხები მაინც მეწვის. ეს ფაშატი შარეტი, როგორც ნანტში ეძახიან, ჭკვიანი ქალია, თავისი ერთგული მომხრეებისა და მიმდევრების გადარწმუნებას არ დაიწყებს. კარგად იცის, ასეთი ბრიყვები რომ არ ყოფილიყვნენ, არ დაიწყებდნენ თავიანთი ინტერესების საწინააღმდეგოდ ბრძოლას. გესმით, ისიც ლოცულობს. ნეტავ მაჩვენა, როგორ უკითხავს ანა ორეელს აკაფისტს. ჯობდა, ერთი დილიჟანსი კიდევ გაეძარცვა და ჩემი ვალი მოეცა, ოთხი ათასი ფრანკი გამომართვა. პროცენტებითა და სხვადასხვა ხარჯით ოთხი ათას შვიდასოთხმოცი ფრანკი და რამდენიმე სანტიმია... ლოცვის დამთავრების შემდეგ დაჩოქილი შუანები წამოდგნენ და წავიდნენ. მოხუცმა დ’ორჟემონმა ხელზე ხელი მოუჭირა მადმუაზელ დე ვერნეის, თითქოს ანიშნა, საფრთხეს ჯერ არ გადაუვლიაო. - არა, ქალბატონო, - გაისმა რამდენიმე წუთის სიჩუმის შემდეგ მოიტაცე-დიდი-კვერის ხმა, - თუ გინდათ, ათი წელი უცადეთ, აქ აღარ დაბრუნდებიან. - ის გომბიო არც გამოსულა, აქ უნდა იყოს, - ჯიუტად თქვა „ფაშატმა შარეტმა.“ - არა, ქალბატონო, არა. კედელში გავიდოდნენ და გაფრინდებოდნენ... გახსოვთ, ეშმაკმა აქედან როგორ წაათრია ის აბატი, ფიცი რომ დადო. - მოიტაცე-დიდო-კვერო, შენც ხომ ისეთივე ძუნწი ხარ, როგორც დ’ორჟემონია. ნუთუ ვერ ხვდები?.. ამ ბებერ ქვაწვიას თავისუფლად შეეძლო დაეხარჯა რამდენიმე ათასი ლივრი და აქ, თაღების საძირკველში გაეკეთებინა კუნჭული საიდუმლო კარით. ძუნწმა და ქალიშვილმა მოიტაცე-დიდი-კვერის რიხიანი ხარხარი გაიგეს. - მართალი ხარ! - შენ აქ დარჩი, ისევ მადამ დიუ გა ალაპარაკდა, - დაიცადე, როდის გავლენ. ერთი ზუსტი გასროლისთვის ყველაფერს მოგცემ, რასაც ჩვენი მევახშის სამალავში იპოვი. დამიჯერე, თუ გინდა, რომ გაპატიო, ეგ გომბიო რომ გაყიდე მოკვლის მაგივრად, როგორც დაგავალე. - მევახშეო? - აღშფოთდა დ’ორჟემონი, - მე კი ფული ცხრა პროცენტით ვასესხე. მართალია, გირავნობის სიგელი გამოვართვი, მაგრამ მაინც, ნახეთ, რა უმადურობაა! იცით, ქალბატონო, თუ ღმერთი ბოროტი საქმეებისთვის გვსჯის, ეშმაკი არ დააყოვნებს კეთილი საქმისთვის დასჯას, ადამიანი კი ამ ორ ზღვარს შუაა, არაფერი იცის მომავალზე და ეს ყველაფერი სამუცნობიანი ამოცანასავით არის, სადაც X-ის პოვნის არავითარი საშუალება არ არის.    ღრმად და რაღაც უცნაურად ამოიოხრა, - თითქოს ხორხში გავლისას ჰაერი მოდუნებულმა სიმებმა ააჟღერა. უცებ ისევ გაისმა კაკუნი! მოიტაცე-დიდი-კვერმა და მადამ დიუ გამ კედლების, თაღებისა და ქვის იატაკის შესწავლა დაიწყეს. ეს ხმაური თითქოს გულს უკეთებდა, ამხნევებდა დ’ორჟემონს: თავის მხსნელს ჩაავლო ხელი და მოეხმარა გრანიტის სქელ კედელში გამოჭრილი ვიწრო, ხვეული კიბით ასვლაში. როცა ასე ოცი კიბე აიარეს, მათი თავები ლამპის შუქმა ოდნავ გაანათა. ძუნწი გაჩერდა, მიუბრუნდა თავის მხსნელს, დაჟინებით დააცქერდა მის სახეს, თითქოს აღრიცხვისთვის მიღებული არასაიმედო თამასუქი ყოფილიყოს. მერე ისევ საზარლად ამოიოხრა. - აქ მოგიყვანეთ, - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დაიწყო დ’ორჟემონმა, - და ამით გულუხვად გადაგიხადეთ თქვენი სამსახურისთვის და მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ უნდა გადაგიხადოთ კიდევ ფუ... - ბატონო, აქ დამტოვეთ! და არც არაფერს გთხოვთ! - სიტყვა გააწყვეტინა მადმუაზელ დე ვერნეიმ. ამ სიტყვებმა და შეიძლება ზიზღმაც, მშვენიერ სახეზე რომ გადაურბინა მარის, მოხუცი დაამშვიდა, ისევ ამოიოხრა და დაუმატა: - აქ რომ მოგიყვანეთ, ამით იმდენი გავაკეთე თქვენთვის, რომ უნდა გავაგრძელოთ... ის თავაზიანად მიეხმარა მარის საკმაოდ უჩვეულოდ განლაგებულ საფეხურებზე ასვლაში და ნახევრად თავაზიანად, ნახევრად გაბრაზებულმა შეიყვანა არაუმეტეს ოთხი კვადრატული ფუტის პაწაწინა ოთახში, თაღოვან ჭერზე ჩამოკიდებული ლამპა რომ ანათებდა. ძნელი შესამჩნევი არ იყო, რომ ძუნწმა სიფრთხილის ყველა ზომა დაიცვა იმისთვის, რომ შესძლებოდა, თუკი საჭირო იქნებოდა, არაერთი დღე გაეტარებინა ამ თავშესაფარში, თუ სამოქლაქო ომის მოვლენები აიძულებდნენ, იქ დამალულიყო. - კედელთან ნუ მიხვალთ, კირით დაისვრებით, - უცებ უთხრა დ’ორჟემონმა და საჩქაროდ შეაცურა ხელი ქალიშვილის ზურგსა და, ეტყობა, ახლადშელესილ კედელს შორის. მაგრამ ამ ჟესტმა სულ სხვა შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ძუნწი ბებერი ელოდა. მადმუაზელ დე ვერნეიმ სწრაფად მიმოიხედა და კუთხეში უცნაური რამ შენიშნა, რომლის ფორმის გამოც შეძრწუნებულმა წამოიყვირა, მიხვდა, იქ კირის ფენით დაფარული ადამიანის სხეული იდგა. დ’ორჟემონმა მრისხანე ჟესტით გააჩუმა და მის პატარა, თითქოს ქაშანურისაგან გაკეთებულ პატარა ცისფერ თვალებში ისეთივე შიში იდგა, როგორიც მისი თანამგზავრის თვალებში. - სულელო, გგონიათ მე მოვკალი!.. ეს ჩემი ძმაა, - ამჯერად მის ოხვრაში დარდიანი ნოტები გაისმა, - ჩემი ძმა ადგილობრივ მღვდლებს შორის პირველი იყო, ფიცი რომ დადო და ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეიძლებოდა სხვა მღვდლებისა და შუანების გააფთრებას დამალვოდა. წარმოგიდგენიათ, ასეთი ღირსეული ადამიანის დევნა! ისე უყვარდა ყველაფერში წესრიგი! ჩემი უფროსი ძმაა. მხოლოდ მას ეყო მოთმინება, ჩემთვის ათწილადები ესწავლებინა. ოჰ, როგორი მღვდელი იყო! ხელმომჭირნე, ფულის მოგროვება იცოდა. აი, უკვე ოთხი წელია, რაც მოკვდა, ნამდვილად არ ვიცი, რა დაავადებით. მაგრამ იცით, როცა მღვდლები ლოცულობენ, მიჩვეულნი არიან მუხლის მოყრას. მისთვის იქნებ ძნელი იყო ყოველთვის ფეხზე დგომა ჩემსავით... აქ დავტოვე: სხვაგან ისინი საფლავიდან ამოთხრიდნენ. ვეცდები, ოდესმე დავმარხო ნაკურთხ მიწაზე, როგორც თვითონ ამბობდა, საცოდავი. ფიციც ხომ მხოლოდ შიშისგან დადო. პატარა, გამშრალ თვალებზე ცრემლი მოადგა მოხუცს და ამ წუთში მისი ჟღალი პარიკიც ისეთი უშნო და უმსგავსი არ ეჩვენა მარის. მისი დარდისადმი დაფარული თანაგრძნობით აარიდა თვალი. მიუხედავად გრძნობის მორევისა და გულისაჩუყებისა, დ’ორჟემონმა გაიმეორა: - ნუ მიუახლოვდებით კედელს, დაისვ... თვალის მოუშორებლად, თვალებში უყურებდა მადმუაზელ დე ვერნეის, თითქოს უნდოდა, ხელი შეეშალა ამ პაწაწინა ოთახის კედლების ყურადღებით დათვალიერებაში, სენაკისა, სადაც ფილ-ტვებს ჰაერი არ ჰყოფნიდა. მარიმ თავისი არგუსისგან მალულად მაინც მოახერხა კედლების შეხედვა და უცნაურად ოღროჩოღრო ეჩვენა, იფიქრა, ალბათ თვითონ ააშენა ოქროთი და ვერცხლით სავსე ტომრებისგანო. ამასობაში დ’ორჟემონს რაღაც კომიკური აღტაცება იპყრობდა, თუმცა ბებერი წუწურაქის ყოველ ნაოჭში შეიძლებოდა ამოგეკითხათ ტკივილი ფეხისგულებისა და მის საგანძურში ცოცხალი არსების გამოჩენის შიში. მაგრამ მშრალი თვალები მისი გადამრჩენლის სახიფათო მეზობლობით მღელვარების უჩვეულო ცეცხლით უელავდა, ქალის თეთრყირმიზი ლოყა საკოცნელად იზიდავდა, შავი, ხავერდოვანი თვალების შემოხედვისას კი გულს სისხლის ისეთი ცხელი ტალღები აწყდებოდა, რომ აღარ იცოდა, სიცოცხლის ნიშანი იყო თუ სიკვდილისა. - გათხოვილი ხართ? - ათრთოლებული ხმით ჰკითხა. - არა, - ღიმილით უპასუხა - რაღაც-რაღაცები მაქვს, - განაგრძო და ისევ გაისმა უცნაური ოხვრა, - მაგრამ, რასაკვირველია, ისეთი მდიდარი არ ვარ, როგორც ყველანი ამბობენ. ასეთ მშვენიერ ახალგაზრდას ალბათ გიყვართ ბრილიანტები, ძვირფასეულობა, ეტლები, ოქრო, - დაუმატა და შეშინებულმა მიმოიხედა, - მე შემიძლია ეს ყველაფერი მოგცეთ... ჩემი სიკვდილის შემდეგ... და თუკი თქვენ ისურვებდით... მოხუცის მზერა ამ ეფემერული სიყვარულისთვისაც კი ისეთ ანგარიშიანობას გამოხატავდა, რომ მადმუაზელ დე ვერნეიმ უარის ნიშნად თავი გააქნია, გაფიქრებაც კი არ შეეძლო, რომ ძუნწი მის ცოლად მოყვანას მხოლოდ იმიტომ აპირებდა, რომ საიდუმლო თავისი მეორე „მეს“ გულში დაემარხა. - ფული! - თქვა მარიმ და ირონიულად შეხედად’ორჟემონს, რომელიც ამ მზერამ თან გააბედნიერა და თან გაანაწყენა, - ფული ჩემთვის არაფერია. სამჯერ უფრო მდიდარი იქნებოდით, აქ რომ მომეგროვებინა მთელი ოქრო, რომელზეც უარი ვთქვი. - არ მიუახლოვდეთ კე... - და, სხვათაშორის, სამაგიეროდ ერთ მზერას მთხოვდნენ, - უზომო სიამაყით დაუმატა. - ტყუილად თქვით უარი. შესანიშნავი გარიგება იქნებოდა, მაგრამ თქვენ მაინც მოიფიქრეთ... - თქვენ, „მოიფიქრეთ“, - შეაწყვეტინა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - ის, რომ მესმის ხმა, რომლის ერთი ბგერაც კი ჩემთვის თქვენს მთელ სიმდიდრეს მირჩევნია. - თქვენ არ იცით... დ’ორჟემონი სანამ შეაჩერებდა, გოგონამ თითი მიადო პატარა გაფერადებულ გრავიურას, ცხენზე ამხედრებულ ლუი XV-ს რომ გამოსახავდა, განზე გასწია და ქვემოთ მარკიზი დაინახა, მუშკეტონს ტენიდა. პატარა, ფიცარაფარებული ჭუჭრუტანა, ამ ფირფიტაზე დაწებებული გრავიურით, როგორც ჩანს, რომელიღაც ორნამენტს შეესაბამებოდა თაღოვან ჭერზე ოთახში, შუანების წინამძღოლის საძინებელი ოთახი რომ უნდა ყოფილიყო. დ’ორჟემონმა დიდი სიფრხილით დააბრუნა ძველი ესტამპი თავის ადგილზე და მკაცრად შეხედა ქალიშვილს. - ხმა არ ამოიღოთ, თუ სიცოცხლე გინდათ! - წაიჩურჩულა მან და ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ ყურში უთხრა: - კარგა მოზრდილი გემის აყვანა განგიზრახავთ აბორდაჟზე. იცით, რომ მარკიზ დე მონტორანს იჯარით გაცემული მიწებიდან ასი ათასი ლივრი აქვს შემოსავალი? ეს მიწები ჯერ არ გაუყიდიათ! ამ დღეებში წავიკითხე ილ-ე-ელენის კონსულების დეკრეტი, რომლის ძალითაც სეკვესტრები შეჩერებულია. ჰო, ჰო, რა თქმა უნდა, თქვენს თვალში ეგ ვაჟბატონი ახლა უფრო გალამაზდა! ხომ ასეა? თვალები ორი ახალი ლუიდორივით გიბრწყინავთ! მადმუაზელ დე ვერნეის თვალები გაუბრწყინდა, როგორც კი კარგად ნაცნობი ხმა გაიგო. აქ გატარებული დროის მანძილზე, სანამ აკლდამაში დამარხულივით იყო, მოვლენათა სიმძიმისგან შეკუმშული მისი ნებისყოფის ზამბარა თითქოს გაიმართა. გეგონებოდათ, უცებ რაღაც საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღოო და ფიქრობდა, როგორ განეხორციელებინა.

კარი II

   „ასეთი არადჩაგდებისგან უკანდასახევი გზა არ არის, - გაიფიქრა მარიმ, - და თუ ჩემი სიყვარული აღარ შეუძლია, მოვკლავ... არც ერთ ქალს არ ერგება“. უცებ ახალგაზრდა მეთაურის ხმა გაისმა. - არა, აბატო, არა! - ხმამაღლა თქვა მან, - ეს სწორედ ასე უნდა გაკეთდეს. - მარკიზო, - ქედმაღლურად უთხრა აბატმა გიუდანმა, - მთელ ბრეტანში თავი მოგეჭრებათ, ამ მეჯლისს თუ სენ-ჯემსში გამართავთ. მოცეკვავეები კი არა, მქადაგებლები გამოაფხიზლებენ ჩვენს სოფლებს, თოფები გჭირდებათ, ვიოლინოები კი არა. - აბატო, ჭკვიანი კაცი ხართ და უნდა გაიგოთ, რომ როცა თავს მოვუყრით ჩვენს მომხრეებს, დავინახავ, რა შეიძლება მოვიმოქმედოთ. ჩემი აზრით, სადილობისას უკეთ შეიძლება მათი სახეების შესწავლა და განზრახვის გაგება, ვიდრე ნებისმიერი შპიონაჟით, რაც, ამასთანავე, მეზიზღება კიდევაც. ჭიქით ხელში ალაპარაკდებიან, - მარის ამ სიტყვებზე გული აუჩქროლდა. აზრად მოუვიდა ამ მეჯლისზე შურის საძიებლად მოხვედრა. - აბატო, როგორც ჩანს, იდიოტად მიგაჩნივართ, თუ ქადაგებას აპირებთ ცეკვების ცოდვიანობაზე. რა, თქვენ თვითონ სიამოვნებით არ იცეკვებთ ჩაკონას ან რამეს, ოღონდ თქვენი ორდენი აღადგინონ ახალი სახელწოდებით, მაგალითად „რწმენის მამები“? თანაც, განა არ იცით, რომ ბრეტონელები მესის მერე პირდაპირ საცეკვაოდ მიდიან? არ იცით, განა, რომ ხუთი დღის წინ ილ დე ნევილი და დ’ანდინიე პირველ კონსულთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ ტახტზე მეფე ლუი მეთვრამეტის დაბრუნების შესახებ? და ახლა თუ ასეთ თამამ სვლას ვაპირებ, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენმა ნალდაკრულმა ფეხსაცმელმა წონა შემატოს ამ მოლაპარაკებებს. თქვენთვის ცნობილია თუ არა, რომ ვანდეის ყველა წინამძღოლი, ფონტენიც კი, დროდადრო დამორჩილებაზე ლაპარაკობს. ოჰ, აბატო გიუდენ! როგორც ჩანს, უფლისწულები მოატყუეს, არასწორად განუმარტეს საქმის ვითარება საფრანგეთში. ერთგულება, მათ რომ უკიჟინებენ, აუცი-ლებლობით არის გამოწვეული. აბატო, მე უკვე ფეხი გასვრილი მაქვს სისხლში სიარულით და მხოლოდ ყველაფრის აწონ-დაწონის შემდეგ დავთანხმდები წელამდე ჩავეფლო. მე მეფის ერთგული ვარ, და არა ოთხი თავზე ხელაღებულისა, არა ვალებში ჩაფლული რიფოელის მსგავსი მოთამაშეებისა, არა ყაჩაღებისა, ადამიანებს ცეცხლით რომ აწამებენ, არა... - განაგრძეთ, განაგრძეთ: „არა აბატებისა, შარაგზაზე ომისთვის საჭირო კონტრიბუციას რომ ართმევენ!“ - შეაწყვეტინა აბატმა გიუდანმა. - და რატომ არ უნდა ვთქვა! - გესლიანად შეეპასუხა მარკიზი, - მეტსაც გეტყვით, ვანდეის გმირობის დრო წავიდა. - რა გაეწყობა, მარკიზო, სასწაულს უთქვენოდაც მოვახდენთ. - მარი ლამბრეკენის სასწაულის მსგავსს, არა? - სიცილით აჰყვა მარკიზი, - გეყოფათ, აბატო, ნუ ბრაზობთ! ვიცი, რომ თავს არ ზოგავთ და ლურჯებს ისევე კარგად ესვრით, როგორც „Ozemus“-ს კითხულობთ. იმედი მაქვს, ღვთის წყალობით გავიმარჯვებთ და გნახავთ ეპისკოპოსის მიტრით, მისი უდიდებულესობის კურთხევის მონაწილედ.    ამ ფრაზამ ეტყობა აბატზე მაგიური ზეგავლენა მოახდინა. გაისმა, როგორ გააჩხაკუნა კარაბინი და შესძახა: - ჯიბეებში ორმოცდაათი ვაზნა მაქვს, მარკიზო, ჩემი სიცოცხლე კი მეფეს ეკუთვნის! - აი, კიდევ ერთი ჩემი მოვალე, - უთხრა ქვაწვიამ მადმუაზელ დე ვერნეის, - ბევრი არ უსესხია, რაღაც საცოდავი ხუთასი-ექვსასი ფრანკი, ამაზე არ ვლაპარაკობ, სისხლი მართებს და იმედი მაქვს, გავუსწორდები. ეგ სატანა იეზუიტი, როგორც გინდა აწამო, მაინც ცოტა იქნება. დაიფიცა, რომ სიკვდილით დასჯიდა ჩემს ძმას და მთელი ჩვენი მხარე აამხედრა. რისთვის? იმისთვის, რომ საბრალოს ახალი კანონებისა შეეშინდა... მერე ყური მიუგდო რაღაც შეუმჩნეველ მოწყობილობას თავის სამალავში, უსმინა და თქვა: როგორც იქნა, მიეთრევიან ეს ყაჩაღები. წავლენ და კიდევ რაღაც სასწაულს მოახდენენ! ნეტავ მაშინდელივით არ მოეპრიანოთ წასვლისას სახლის გადაწვა.    დაახლოებით, ნახევარი საათი კიდევ დარჩნენ, ერთმანეთს შეჰყურებდნენ მადმუაზელ დე ვერნეი და დ’ორჟემონი, უცებ დაასხი-კუტალის უხეში, ბოხი ხმა მოესმათ, ჩუმად რომ დაუძახა: - ბატონო დ’ორჟემონ, საფრთხე აღარ არის! აი, ამჯერად ნამდვილად დავიმსახურე ჩემი ოცდაათი ეკიუ! - შვილო ჩემო, სიტყვა მომეცით, რომ თვალებს დახუჭავთ. მადმუაზელ დე ვერნეიმ თვალები დახუჭა და ხელიც მიიფარა, მაგრამ დარწმუნებული რომ ყოფილიყო, დ’ორჟემონმა ლამპა ჩააქრო, ხელი ჩაჰკიდა თავის მხსნელს, მოეხმარა მიხვეულ-მოხვეულ გასასვლელეში ექვსი-შვიდი ნაბიჯი გადაედგა, რამდენიმე წუთის შემდეგ ნელა მოაშორებინა ხელი სახიდან და მარიმ დაინახა, რომ იმ ოთახში იყო, სადაც ცოტა ხნის წინ მარკიზ დე მონტორანი დაინახა. დ’ორჟემონის საძინებელი ოთახი აღმოჩნდა. - ჩემო ძვირფასო ბავშვო, - უთხრა ძუნწმა, - ახლა შეგიძლიათ, წახვიდეთ. ასე ნუ იყურებით აქეთ-იქით, ალბათ ფული არ გაქვთ. აი, ათი ეკიუ. ზოგიერთი მონეტა ცოტა დაზიანებულია, მაგრამ არაფერია, აიღებენ. როგორც კი ბაღიდან გახვალთ, ბილიკს დაინახავთ - ქალაქისკენ მიდის, ან, როგორც ახლა ამბობენ, ოლქში. მაგრამ ფუჟერთან ახლა შუანები არიან. ძნელი წარმოსადგენია, რომ მალე მოხვდებით იქ და მაშასადამე, სანდო თავშესაფარი დაგჭირდებათ. კარგად მომისმინეთ, რასაც გეტყვით, მაგრამ ამ სახიზნავით მხოლოდ უკიდურს შემთხვევაში ისარგებლეთ. ჟიბარის ღარტაფის გადაჭრით, ეკლიან ბუდემდე მიმავალ გზაზე დაინახავთ ფერმას, იქ დიდი სიბო, იგივე დაასხი-კუტალი ცხოვრობს. შედით და უთხარით მის ცოლს, „გამარჯობა, ყანჩა,“ - და ბარბეტა დაგმალავთ. დაასხი-კუტალი თუ დაგინახავთ, ღამე მოჩვენება ეგონებით, დღისით კი შეიძლება გული მოუგოთ ათი ეკიუთი... მშვიდობით. ბარი-ბარში ვართ... ოხ, თქვენ რომ მოგესურვებინათ, ეს ყველაფერი თქვენი იქნებოდა, - და ხელით სახლის გარშემო ველებზე მიუთითა.    მადმუაზელ დე ვერნეიმ მადლიერებით შეხედა ამ უცნაურ მოხუცს, მან კი განსხვავებული ხმით ამოიოხრა. - თქვენ, რა თქმა უნდა, ამ ათ ეკიუს მერე მომცემთ (მიაქციეთ ყურადღება, პროცენტებზე არაფერს ვამბობ), მიუტანეთ, გეთაყვა, ჩემს კრედიტზე ფუჟერელ ნოტარიუსს - მეტრ პატრას. თქვენი სურვილიც რომ ყოფილიყო, ის შეადგენდა ჩვენს საქორწინო კონტრაქტსაც, ჩემო მშვენიერო საუნჯევ!.. მშვიდობით!.. - მშვიდობით, - უპასუხა მარიმ და ხელი დაუქნია. - და თუ ფული დაგჭირდებათ, - მიაძახა მიმავალ მარის დ’ორჟემონმა, - გასესხებთ ხუთი პროცენტით. ჰო, მხოლოდ ხუთი! ნუთუ „ხუთი“ ვთქვი? მარი იქ აღარ იყო. „ერთი შეხედვით, კარგი გოგო ჩანს, - ფიქრობდა დ’ორჟემონი, - ქურიდან საიდუმლო გასასვლელი მაინც უნდა გადავაკეთო.“ მერე აიღო თორმეტგირვანქიანი პური, ღორის ბარკალი და დაბრუნდა თავის თავშესაფარში. როგორც კი მადმუაზელ დე ვერნეი მონდორში გავიდა, თითქოს გამოცოცხლდა. განთიადის ნიავმა სახე გაუგრილა, რომელიც რამდენიმე საათი თითქოს ხორშაკიანი ჰაერით ეტკიცებოდა. ეცადა, ბილიკი ეპოვა, მაგრამ მთვარე უკვე თვალს მიეფარა და ისე ჩამობნელდა, რომ ალალბედზე მიდიოდა. მაგრამ უცებ შიშისგან გული შეუქანდა, უფსკრულში გადავარდნის შეეშინდა და გაჩერდა, რადგან იგრძნო, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი და მიწა გამოეცლებოდა ფეხქვეშ. ცივმა ნიავმა, თმას რომ უჩეჩდა, წყლის ჩხრიალმა, ინსტინქტმა - ყველაფერმა აფიქრებინა, რომ სენ-სიულპისის კლდეების ნაპირთნ მისულიყო, რომელიღაც ხეს მოეხვია და განთიადს დაელოდა ზარდაცემული, რადგან სადღაც იქვე ისმოდა იარაღის ჟღარუნი, ცხენების ფლოქვების ცემა და ადამიანების ხმა. ღამის სიბნელის მადლობელი იყო, შუანების ხელში ჩავარდნას რომ გადაარჩინა, თუ მართლა გარს ერტყნენ ფუჟერს, როგორც ბებერმა წუწურაქმა თქვა.    გეგონებოდათ, ღამეული კოცონების ცეცხლიაო, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიგნალი, - ისე იფეთქა მთების წვერებზე მეწამულმა შუქმა, მთების მოლურჯო ძირები კი ჯერ არ განათებულიყო და კონტრასტს ქმნიდა დაცვარული ველების თავზე მოლივლივე მოთეთრო თხელ ნისლთან. მალე ჰორიზონტზე ნელა ამოგორდა ლალისფერი დისკო. ბნელიდან გამოჩნდა მთების ბუნდოვანი მოხაზულობა, სენ-ლეონარის სამრეკლო, კლდეები, ნისლში შებურული მდელოები და ახლადგამოღვიძებული დღის ავარდნილ ალში მთის წვერებზე ხეები გამოიძერწა. ქაოსიდან ლამაზად ამობრიალდა მზე, ცეცხლისფერი, ნარინჯისფერი და საფირონის ღრუბლებიდან კაშკაშა ნათელი თანაბარ ჰარმონიულ ზოლებად დაეფინა მთებს და წალეკა ველები. ბნელი გაიფანტა, დღემ დაიპყრო ბუნება. ცივი ნიავი ამოვარდა, ჩიტებმა სტვენა დაიწყეს, ყველგან გაიღვიძა სიცოცხლემ. მადმუაზელ დე ვერნეიმ ძლივს მოასწრო ქვემოთ მშვენიერი სანახაობის თვალის შევლება, რომ ნისლი, ამ გრილ მხარეში ძალიან ხშირად რომ არის ხოლმე, საბურველივით გაიშალა, ამოავსო ველი, ამოვიდა ყველაზე მაღალ გორებამდე და თოვლის საფარივით დაედო კუენონის მთელ მდიდარ აუზს. მალე მადმუაზელ დე ვერნეის მოეჩვენა, რომ ერთ-ერთ მყინვარს ხედავდა, ალპების მწვერვალს რომ ფარავენ. მერე ჯანღის ამ ღრუბლებზე, იტყოდი, ოკეანეაო, ტალღებმა იწყეს გადაგორება, ხან ამოფუვდებოდნენ მაღალ ზვირთებად, ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, ტრიალებდნენ, რბილად ლივლივებდნენ და ცხრებოდნენ. მზის სხივები კაშკაშა ვარდისფრად აელვარებდნენ, ზოგგან აშუქებდნენ გამჭვირვალე ბრჭყვიალით, თხევადი ვერცხლის ტბა გეგონებოდათ. უცებ ამ ფანტასმაგორიას ჩრდილოეთის ქარმა წამოუბერა და ნისლი ოზონით გაჯერებულ ცვრად გაიფანტა ბალახზე. აი, მაშინ შენიშნა მადმუაზელ დე ვერნეიმ ფუჟერის კლდეებზე უზარმაზარი მუქი მასა. შვიდასი-რვაასი შეიარაღებული შუანი ფუთფუთებდა სენ-სიულპისის გარეუბანში, როგორც ჭიანჭველები დანგრეულ ბუდესთან. შუანების სამიათასიანი ურდო რაღაც ჯადოქრობით გაჩნდა, დაიკავა მიდამოები ციხე-კოშკთან და გაშმაგებულ შტურმზე გადავიდა. ამწვანებული სანგრებისა და ძველი რუხი კოშკების მიუხედავად, მძინარე ქალაქი იერიშს ვერ გაუმკლავდებოდა, რომ არა იულოს სიფხიზლე. მიწაყრილებს შორის წარმოქმნილი ღრმულის შუაგულიდან თვალს მოფარებულმა ბატარეამ, შუანების პირველი სროლის პასუხად, ციხე-კოშკისკენ მიმავალ გზას დასცხო. კარტეჩმა მოცელა თავდამსხმელები და გზა გაათავისუფლა. ამის შემდეგ სენ-სიულპისის კარიბჭიდან ჯარისკაცების ასეული გამოვიდა, ისარგებლა შუანების არევ-დარევით, ჯარების საბრძოლო წესის მიხედვით განლაგდა გზაზე და მომაკვდინებელი ცეცხლი გახსნა. როცა დაინახეს, რომ ციხის მიწაყრილებზე ერთბაშად გამოჩნდა ჯარისკაცების მწკრივები, თითქოს თეატრის დახელოვნებულმა დეკორატორმა უცებ გაავლო ლურჯი ზოლები, და დარწმუნდნენ, რომ რესპუბლიკელ მსროლელებს ციხიდან იცავენ, შუანებს არც კი უცდიათ წინააღმდეგობის გაწევა. სხვა შუანებმა დაიკავეს ნანსონის ვიწრო ხეობა, კლდის კარნიზებით აცოცდნენ ბულვარამდე და იქ განლაგდნენ. მთელი ბულვარი დაიფარა თხის ტყავებით და დროისგან ჩაშავებულ ჩალის სახურავებს დაემსგავსა. ამ დროს ქალაქის სხვა ნაწილში, კუენონის ველისკენ გადარეული ზალპები გაისმა. როგორც ჩანს, ფუჟერს წრედ შემოერტყნენ და შეტევაც ყველა მხრიდან ხორციელდებოდა. კლდის აღმოსავლეთის ფერდობიდან ავარდნილმა ალმა გააგებინა, რომ შუანებმა გარეუბანს წაუკიდეს ცეცხლი. თუმცა ცეცხლის ენები, კურდღლისცოცხათი დახურული სახურავებიდან რომ ავარდა, მალე გაქრა და მათ ნაცვლად შავი ბოლის სვეტი აღიმართა - ხანძარი, როგორც ჩანს, ქრებოდა. დენთის ბოლის თეთრმა და მურა ბოლქვებმა მადმუაზელ დე ვერნეის თვალს მოაფარეს ეს სცენა, მაგრამ მალე ქარმა გაფანტა ბოლი. რესპუბლიკელების მეთაური ფრიალო კლდიდან, ბულვარს რომ წამოსდგომოდა, უთვალთვალებდა სცენას; დაინახა, რომ მისი პირველი ბრძანებები შესანიშნავად შესრულდა და უბრძანა, ბატარეის ქვემეხები შეებრუნებინათ, რომ შესძლებოდათ ნანსონის ველის, დედოფლის ბილიკისა და კლდისთვის სროლა. სენ-ლეონარის საგუშაგოსთან დადგმულმა ორმა ზარბაზანმა მიმოფანტა ჭიანჭველებივით მოდებული შუანები, ეს პოზიცია რომ ჰქონდათ ხელში ჩაგდებული. ფუჟერის ნაციონალურმა გვარდიელებმა საბოლოოდ გააქციეს მოწინააღმდეგენი. შეტაკება სულ ნახევარი საათი გაგრძელდა, ლურჯებმა ას კაცზე ნაკლები დაკარგეს. შუანები გაანადგურეს, უკუაგდეს და ისინიც ყველა მიმართულებით უკან იხევდნენ, ვაჟკაცის არაერთი დაჟინებული ბრძანებით. ის ხედავდა, რომ მისი გაბედული ოპერაცია ჩაფლავდა, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს ვივეტიერის ჟლეტის შედეგი იყო, რამაც იულო აიძულა, ფუჟერში დაბრუნებულიყო. არტილერია ქალაქში მხოლოდ იმ ღამეს მივიდა, რადგან ვაჟკაცს რომ გაეგო ჭურვების გადატანის შესახებ, ნამდვილად უარს იტყოდა თავის განზრახვაზე, იცოდა, რომ თავდასხმაზე ჭორები აუცილებლად სავალალო შედეგს გამოიღებდა. მართლაც, რამდენადაც იულოს უნდოდა, ვაჟკაცისთვის ჭკუა ესწავლებინა, იმდენადვე ვაჟკაცი ცდილობდა, მისი იერიში წარმატებული ყოფილიყო, პირველი კონსულის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოსახდენად. ზარბაზნის პირველივე გასროლაზე მარკიზი მიხვდა, რომ წარუმატებელი შტურმის მხოლოდ თავმოყვარეობის გამო გაგრძელება სიგიჟეა და უაზროდ რომ არ დაეკარგა თავისი შუანები, საჩქაროდ გაგზავნა შვიდი-რვა შიკრიკი ბრძანებით, სასწრაფოდ უკან დაეხიათ ყველა პუნქტში. იულომ შენიშნა სენ-სიულპისის კლდეებზე დიდი სამხედრო საბჭოთი გარშემორტყმული მოწინააღმდეგე მადამ დიუ გაც და ზალპი მისცა. მაგრამ პოზიცია ოსტატურად აღმოჩნდა შერჩეული, ახალგაზრდა მეთაური უსაფრთხოდ იყო, მაშინ იულომ შეცვალა პოზიცია, თავდაცვიდან შეტევაზე გადავიდა. შუანების პირველსავე მოძრაობაზე, რამაც მარკიზის განზრახვა გააგებინა, ციხე-სიმაგრესთან მდგომმა ასეულმა ბრძანება მიიღო, უკანდასახევი გზა მოეჭრა მტრისთვის და ნანსონის ველის ზედა გასასვლელების დასაკავებლად წავიდა.

   მიუხედავად სიძულვილისა, მადმუაზელ დე ვერნეი შეაშინა იმ ხალხის ბედმა, მარკიზი რომ მეთაურობდა. სწრაფად შეტრიალდა, რომ ენახა, მეორე გასასვლელი თავისუფალი იყო თუ არა, მაგრამ იქაც ლურჯები დაინახა. ეტყობოდა, ფუჟერის სხვა მისადგომებთან გამარჯვება მოეპოვებინათ და ახლა კუენონის ველიდან ბრუნდებოდნენ, ჟიბარის ღარტაფის გამოვლით, ეკლიანი ბუდის და სენ-სიულპისის კლდეების იმ ნაწილის დასაპყრობად, სადაც ველისკენ ქვემოთა გასავლელი იყო. მაშ, ასე, შუანები მოამწყვდიეს ხეობაში, ვიწრო მდელოზე და თითქოს ყველა იქ უნდა ჩახოცილიყო, იმდენად სწორად გაითვალისწინა რესპუბლიკელთა ბებერმა მეთაურმა და იმდენად ოსტატურად მიიღო ზომები, მაგრამ ზარბაზნები, ასე კარგად რომ ემსახურნენ იულოს, უძლურნი იყვნენ ამ ორი პუნქტის წინააღმდეგ, სადაც გააფთრებული ბრძოლა დაიწყო და როგორც კი ფუჟერს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ბრძოლამ შუანებისთვის ჩვეული შეტაკების ხასიათი მიიღო. მადმუაზელ დე ვერნეი ახლა მიხვდა, ხალხის რა გროვა იყო ფუჟერის მიდამოებში რომ დაინახა და რატომ შეიკრიბნენ შუანების წინამძღოლები დ’ორჟემონის სახლში. გასაგები გახდა იმ ღამის ყველა მოვლენა, მხოლოდ ის არ ესმოდა, როგორ აარიდა თავი ამდენ ხიფათს. სასოწარკვეთილებით ნაკარნახევმა ბრძოლამ ისე გაიტაცა მარი, რომ გაქვავებულივით იდგა და თვალს არ აშორებდა მის წინაშე გათამაშებულ დრამატულ სურათებს.

   მალე სენ-სიულპისის მთებში მიმდინარე ბრძოლამ მისი განსაკუთრეული ინტერესი გამოიწვია. როცა დაინახეს, რომ ლურჯები სჯობდნენ, მარკიზი და მისი მეგობრები შუანების დასახმარებლად ნანსონის ველისკენ გაეშურნენ. კლდეებთან მისადგომები სავსე იყო გამძვინვარებული მებრძოლების ჯგუფებით. სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება იყო, მაგრამ არენა და იარაღი შუანებს ანიჭებდა უპირატესობას. ბრძოლის ველი გაფართოვდა: შუანები გაიფანტნენ და კლდეებზე აცოცდნენ, ბუჩქნარებს ჩაბღაუჭებულები. მადმუაზელ დე ვერნეი შეძრწუნდა, ცოტა გვიან დაინახა, რომ მისი მტრები უკვე მწვერვალებამდე ასულიყვნენ და გააფთრებით იცავდნენ იქით მიმავალ სახიფათო ბილიკებს. ყველა გასასვლელი მებრძოლებს ეჭირათ და მარი შეშინდა, რომ მათ შორის მოექცეოდა. მოშორდა ხეს და გაიქცა, გადაწყვიტა, ბებერი ძუნწის რჩევით ესარგებლა. დიდხანს მირბოდა ფერდობზე, კუენონის ველს რომ გადასცქერის, შორს რაღაც გომური დაინახა და მიხვდა, ის დაასხი-კუტალის ფერმაში იყო, სადაც შეტაკების დროს ალბათ მხოლოდ მისი ცოლი იყო შინ. ამ ვარაუდმა გაამხნევა მადმუაზელ დე ვერნეი: იმედი ჰქონდა, გულთბილად მიიღებდნენ და ფუჟერში უხიფათოდ დაბრუნების დრომდე რამდენიმე საათით შეიფარებდნენ. ყველაფერი იმას მიანიშნებდა, რომ გამარჯვება იულოს უნდა ეზეიმა. შუანები ისე სწრაფად იხევდნენ უკან, რომ მარის სულ ახლოს ესმოდა სროლა. შეშინებულმა, ბრმა ტყვიის მსხვერპლი არ გამხდარიყო, გომურისკენ მოკურცხლა, სანიშნად საკვამლე მილი ჰქონდა. როგორც იქნა, ბილიკმა ქერქგაუცლელ ოთხ მორზე შემდგარ, გამხმარ კურდღლისცოცხას სახურავიან ჩარდახთან მიიყვანა. ფარდულის სიღრმეში ერთადერთ თიხატკეპნილ კედელთან სიდრის დასამზადებელი წნეხი იდგა, აქვე იყო წიწიბურას სალეწი პატარა კალო და სამიწათმოქმედო იარაღი. მადმუაზელ დე ვერნეი ფარდულის ერთ-ერთ ბოძთან გაჩერდა, ვერ ბედავდა, გადასულიყო ამ პატარა ქოხის, რომელიც ნამდვილმა პარიზელმა გომურად ჩათვალა, ჭაობზე, ეზო რომ რომ ერქვა. ქოხი კლდეზე იყო მიკრული. ჩრდილოეთის ქარისგან რომ იცავდა და პოეტურად გამოიყურებოდა, სახურავზე გადმოკიდულ თელისა და ერიკას ყლორტების გირლანდებითა და მთის ყვავილებით. კლდეში გამოკვეთილი კიბით ქოხის ბინადართ კლდის წვერზე, სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად ასვლა შეეძლოთ. ქოხის მარცხნივ მთა მკვეთრად დაბლდებოდა და ნათესების რიგი ჩანდა, რომელთაგან პირველი უეჭველად სახლის პატრონს ეკუთვნოდა. ხეებიანი მიწაყრილები თვალსახარ წარაფებად ერტყა ყველა მინდორს და უახლოესი ცოცხალი ღობე ეზოს ყორეს ემიჯნებოდა. მინდვრამდე ბილიკს სქელი, ჭიანაჭამი ხე იცავდა, - თავისებური ბრეტონული შლაგბაუმი (ეს სახელი, მოგვიანებით, გადახვევის საბაბი იქნება ამ მხარის დასახასიათებლად). ფიქლის ფერდობზე გამოთლილ კიბესა და მორით გადახერგილ ბილიკს შორის, ჭუჭყიანი ეზოს სიღრმეში, კლდის შვერილის ქვეშ ქოხის ოთხკუთხივ უხეშად ნათალი გრანიტის ნაჭრები ელაგა ზედიზედ - თიხის, ფიცრებისა და წვრილი ქვებისაგან შეკოწიწებული კედლების საყრდენად. ნახევარი სახურავი გამხმარი კურდღლისცოცხასი იყო, ჩალის მაგივრად რომ დაეხურათ, მეორე ნახევარი კი მუხის, კრამიტივით დაჭრილი ნაფოტებისგან რომ გაეკეთებინათ. ეს იმის მიმანიშნებელი იყო, რომ სახლი შიგნითაც ორად იყო გაყოფილი, მართლაც, ერთი ნახევარი უშნო ღობით გამოყოფილი გომური იყო, მეორე ნახევარში კი პატრონები ცხოვრობდნენ. თუმცა ამ ქოხში, ქალაქთან სიახლოვის გამო, რაღაც სიახლეები იყო, ფუჟერიდან ორი კილომეტრის დაშორებით რომ ვერ შეხვდებით, მაგრამ მაინც ნათლად ჩანდა ცხოვრების არამდგრადი, ცვალებადი ყაიდა, რაც ყმებს ომებმა და ფეოდალურმა წეს-ჩვეულებებმა დაუტოვეს და დაუქვემდებარეს. ბევრი გლეხი ციხე-კოშკს, სადაც მათი სენიორები ცხოვრობდნენ, დღემდე დარბაზს, დიდ სახლს უწოდებს. მადმუაზელ დე ვერნეი გასაგები გაკვირვებით ათვალიერებდა ამ კუნჭულს და ბოლოს შეამჩნია, რომ ეზოს ლაფში არც თუ საიმედო ბილიკად გრანიტის ნატეხები ეყარა. როცა სროლის ხმა საგრძნობლად მოახლოვდა, ქალიშვილმა გადაწყვიტა, თავშესაფარი ეთხოვა და ქვიდან ქვაზე სკუპ-სკუპით გადავიდა წუმპეზე. სახლში კარი ორნაწილიანი იყო: ქვედა ნაწილი მთლიანი მასიური ქვისა იყო, ზედას კი დარაბა ჰქონდა და ფანჯრის მაგივრობას სწევდა. ასეთი კარი საფრანგეთის ზოგიერთი პატარა ქალაქის სავაჭროებში გვხვდება, ოღონდ იქ ლამაზად მორთულ-გაწყობილია და ქვედა ნაწილში ზანზალაკი აქვს. ამ ქოხში კარი ხის რაზით იკეტებოდა, ზედა ნაწილს კი დარაბით მხოლოდ ღამე კეტავდნენ, რადგან სინათლე ოთახში მხოლოდ აქედან შედიოდა. მართალია, ქოხში უშნოდ გამოჩორკნილი სარკმელიც იყო, მაგრამ მისი პატარა მინები ბოთლის ძირს წააგავდა, სქელ, ტყვიის კალათას კი იმდენი ადგილი ეჭირა, თითქოს უფრო ეფარებოდა შუქს, ვიდრე ატარებდა. როცა მადმუაზელ დე ვერნეიმ ჟანგიანი ანჯამების ღრჭიალით გააღო კარი, ამიაკის აუტანელი სუნი ეცა. გომურის ოთხფეხა ბინადრებს ჩლიქების ცემით ტიხარი დაენგრიათ, საცხოვრებლისგან რომ ყოფდა. ასე რომ, ფერმა, - და ეს ფერმა იყო, შიგნიდან უკეთესი არ იყო, ვიდრე გარედან. მადმუაზელ დე ვერნეი ფიქრობდა: ნუთუ ამ პირველყოფილ ჭუჭყში შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს? და უცებ მის წინ აღმოჩნდა რვა-ცხრა წლის ბიჭი და მარიმ თვალი ვერ მოსწყვიტა: ქორფა, ყირმიზა სახე, მსუქანი ლოყები, ცოცხალი თვალები, კბილები სპილოს ძვლისა გეგონებოდათ და ნახევრად შიშველ მხრებზე დაყრილი აბურდული ქერა თმა. მის პატარა სხეულში ჩაბუდებული ძალა იგრძნობოდა, პოზა კი იმ ველურ მიამიტობას, მშვენიერ გაოცებას გამოხატავდა, რომლისგანაც ასე ფართოდ ახელენ ბავშვები თვალებს. ბიჭი გამაოგნებლად ლამაზი იყო.

- დედაშენი სად არის? - ალერსიანად ჰკითხა მარიმ, დაიხარა და თვალები დაუკოცნა. კოცნა შეიფერა, გასრიალდა და ბორცვზე ნაკელის გროვას მოეფარა, სახლსა და ბილიკს შორის. სიტყვამ მოიტანა და დაასხი-კუტალი, სხვა მრავალი მხვნელ-მთესველის მსგავსად, იმ მხარეში მიწათმოქმედების თავისებური სისტემის თანახმად, ნაკელს ყოველთვის შემაღლებულ ადგილზე აგროვებდა და როცა ნიადაგის გასანაყოფიერებლად მისი გამოყენების დრო დგებოდა, წვიმას უკვე გამორეცხილი ჰქონდა ყველა სასარგებლო თვისება. რამდენიმე წუთი მარი ქოხის დიასახლისად დარჩა და სახლი - ერთადერთი ოთახი, სადაც ბარბეტას ელოდა, მიათვალიერ-მოათვალიერა. ყველაზე შესამჩნევი და დიდებული რამ ლურჯი გრანიტის ბალდახინიანი უზარმაზარი კერა იყო. ამ სახელწოდების ეტიმოლოგიას ადასტურებდა გრანიტის ფილიდან გადმოკიდებული ნახევარწრის ფორმის მწვანე სარჟის ნაჭერი, ნაპირზე მოვლებული ბაცი-მწვანე ლენტით. „ბალდახინის“ შუაში იდგა ღვთისმშობლის გაფერადებული თაბაშირის პატარა ქანდაკება. მადმუაზელ დე ვერნეიმ სტატუეტის ცოკოლზე ამოიკითხა ამ პროვინციაში ძალიან გავრცელებული სასულიერო ლექსის ორი სტრიქონი: მე ვარ დედა ღმერთისა, მფარველი ამ ადგილისა.

   ღვთისმშობლის უკან სურათი ჩანდა - ლურჯი და წითელი ლაქებით ნათითხნი საშინელება. აკლდამის ფორმის საწოლს მწვა-ნე სარჟის მიჩიგდანი ეფარა. ბავშვის უშნოდ შეკრული, ნაჩორკნი საწოლი, სართავი ჯარა, ტლანქი, ულაზათო სკამები, ამონაკვეთი, ჩუქურთმიანი, განიერი, დაბალი კარადა ცოტაოდენი ჭურჭლით - სულ ეს იყო ამ ქოხის მოწყობილობა. ფანჯარასთან წაბლის ხის გრძელი მაგიდა იდგა, იმავე ხის ორი მერხით. დაბურული პატარა მინებიდან შემოსული სინათლე ძველებური წითელი ხის ელფერს აძლევდა. კუთხეში იდგა უზარმაზარი კასრი, მის ქვეშ მადმუაზელ დე ვერნეიმ შეამჩნია მოყვითალო სიბინძურე, რომელსაც ნესტით ამოეჭამა იატაკი - თიხით შეწებებული გრანიტის ნაჭრები. როგორც ჩანს, ოჯახის უფროსს შუანური მეტსახელი დამსახურებულად ჰქონდა შერქმეული. მადმუაზელ დე ვერნეიმ თვალი აარიდა ამ უსახურ გარემოს და ზემოთ აიხედა. და მაშინ მოეჩვენა, რომ ჭერქვეშ მთელი მსოფლიოს ღამურებს მოეყარათ თავი - იმდენი მუქი აბლაბუდა იყო კოჭებიდან ჩამოკონწიალებული. გრძელ მაგიდაზე ორი უზარმაზარი სიდრით სავსე კუტალი იდგა. თიხის ასეთი ჭურჭელი საფრანგეთის ბევრ ოლქშია და პარიზელებისთვის ძნელი წარმოსადგენი არ არის. ისინი პირგანიერი ტოლჩებივით არის, რომლითაც გურმანებს სუფრაზე ბრეტონულ კარაქს მიართმევენ ხოლმე. მაგრამ უნდა წარმოიდგინოთ უფრო ღიპიანი, უსწორმასწოროდ მოჭიქული, მოწითალო ლაქებით ზღვის ზოგიერთი ნიჟარასავით მოელვარე. ასეთ კუტალს სატუჩეც აქვს, წყლიდან ჰაერის ჩასაყლაპად თავამოწეულ ბაყაყს რომ მოაგავს. მარის ყურადღება ამ ორმა კუტალმა მიიქცია, მაგრამ ბრძოლის ხმა ისე მკაფიოდ შემოესმა, რომ თვალის ცეცება დაიწყო, ბარბეტას მოსვლამდე დასამალი ადგილის საპოვნელად. ამ დროს დიასახლისიც მოვიდა. - გამარჯობა, ყანჩა, - მიმართა მარიმ და ძლივს შეიკავა უნებური ღიმილი. ამ ქალს სახე საოცრად უგავდა ქვის ნიღაბს, არქიტექტურულ ორნამენტად რომ ათავსებენ ხოლმე ფანჯრის თაღის შუაში. - აა! დ’ორჟემონისგან ხართ? - არც თუ ალერსიანად ჰკითხა ბარბეტამ. - სად დამმალავთ? შუანები უკვე ახლოს არიან. - იქ!.. - უთხრა იმ არსების სილამაზითა და უცნაური ჩაცმულობით გაკვირვებულმა ბარბეტამ, ვერაფრით რომ ვერ აკავშირებდა თავისი სქესის წარმომადგენლებთან, - აი, იქ, სამალავში. მან მარი საწოლის თავთან მიიყვანა და საწოლსა და კედელს შორის დატოვებულ პატარა სივრცეში მოათავსა. მაგრამ უცებ ერთმანეთს გადახედეს, გაიგონეს ეზოში როგორ ჩახტა ვიღაც წუმპეში. ძლივს მოასწრო ბარბეტამ საწოლის ფარდის ჩამოფარება, მარიც ქვეშ მოაქცია და გამოქცეული შუანის პირისპირ აღმოჩნდა. - აბა, აქ სად დავიმალო, ბებერო? გრაფი დე ბოვანი ვარ. მადმუაზელ დე ვერნეი შეკრთა, იმ სტუმრის ხმა იცნო, ვისაც მისთვის გამოცანად დარჩენილი სიტყვები ეკუთვნოდა, ვივეტიერის ტრაგედია რომ გამოიწვიეს. - საუბედუროდ, მონსენიორ, ხომ ხედავთ, აქ დასამალი ადგილი არ არის! უკეთესია, ეზოში გავალ და იქ დავიჭერ თვალყურს. ლურჯები თუ მოვლენ, გაგაგებინებთ. აქ რომ დავრჩე და იმათ გიპოვონ, სახლს გადაბუგავენ. და ბარბეტა გავიდა. ვერ მოესაზრებინა, როგორ მოქცეულიყო ორი მტრის ინტერესების დასაცავად, ერთნაირი უფლება რომ ჰქონდათ აქ დამალვისა, რადგან ქმარმა უბრძანა ორმაგი თამაში. - მხოლოდ ორი ჭურვი დაგრჩა! - სასოწარკვეთილმა ჩაილაპარაკა გრაფმა. - მაგრამ ლურჯები უკვე გაგცდნენ. ეე, არაფერია! ნუთუ უკან დაბრუნებისას, ჩემდა საუბედუროდ, ისევ ამ სახლთან ჩაივლიან და აზრად მოუვათ საწოლის ქვეშ შეხედვა?

    დაუფიქრებლად მიაყუდა თოფი კუთხეში, სადაც მარი იდგა, სარჟის მწვანე ფარდაში შეხვეული. მერე დაიხარა, რომ ენახა, შეეტეოდა თუ არა საწოლის ქვეშ. უეჭველია, უნდა დაენახა მიყუჟული ქალის ფეხები, მაგრამ ამ სახიფათო მომენტში ქალმა ხელი სტაცა თოფს, გადახტა შუა ოთახში და დაუმიზნა გრაფს. მან იცნო ქალი და გადაიხარხარა. სამალავში შესვლისას, მარიმ მოიხადა ფართოფარფლებიანი შუანური ქუდი. მის ფაფუკ დალალებს მაქმანის შავი ბადე ვერ იჭერდა. - ნუ იცინით, გრაფო, ჩემი ტყვე ხართ... გაინძრევით თუ არა, გაიგებთ, რა შეუძლია შეურაცხყოფილ ქალს, - სწორედ იმ წუთში, როცა გრაფი და მარი, თავიანთი აზრებით აფორიაქებულნი, დაჟინებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს, კლდიდან ყვირილი შემოისმა. - გადაარჩინეთ ვაჟკაცი! გაიფანტეთ! გადაარჩინეთ ვაჟკაცი! გაიფანტეთ! ბარბეტას მჭექარე ხმა გაისმა, შეწყობილი ყვირილი რომ გადაფარა. ქოხში მომწყვდეული მტრები ყურს უგდებდნენ ძალიან განსხვავებული, მღელვარე გრძნობებით შეპყრობილნი. მშვენი-ვრად ხვდებოდნენ, რომ უფრო მათ გასაგონად ამბობდა, ვიდრე შვილის. - შენ რა, ლურჯებს ვერ ხედავ? - გაბრაზებული ჭყიოდა ბარბეტა, - აქ მოდი, დაუდეგარო, თორემ მე თვითონ მოგათრევ! თუ გინდა, რომ ტყვია მოგხვდეს? აბა, ცოცხლად, გამოიქეცი!.. ამ დროს, ეს სწრაფმდინარი წვრილ-წვრილი ამბები რომ ხდებოდა, ეზოში საიდანღაც იფრინდა ჩამოხდა. - იფრინდა!.. - დაუძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ. იფრინდამ მოირბინა მის ხმაზე და უფრო მარჯვედ, მოსხეპილად დაუმიზნა გრაფს, ვიდრე მისმა მხსნელმა. - არისტოკრატო, - დამცინავად მიმართა ქვეითმა, - არ გაინძრე, თორემ ბასტილიასავით ხელად მოგსპობ. - იფრინდა, - ალერსიანად წაიღუღუნა მადმუაზელ დე ვერნეიმ, - ამ ტყვეზე თქვენ აგებთ პასუხს. რაც გინდათ, ქენით, ოღონდ ფუჟერში საღ-სალამათი უნდა მიიყვანოთ. - გასაგებია, ქალიშვილო! - ფუჟერის გზა უკვე თავისუფალია? - თავისუფალია და სრულიად უსაფრთხო, თუ შუანები არ აღსდგებიან მკვდრეთით! მადმუაზელ დე ვერნეი გრაფის მსუბუქ სანადირო თოფს დაეპატრონა და ირონიული ღიმილით უთხრა თავის ტყვეს: - მშვიდობით, გრაფო! არა, ნახვამდის! - დაიხურა თავისი ფართოფარფლებიანი ქუდი და სწრაფად გაუყვა ბილიკს. - გვიან მივხვდი, რომ ღირსება და სახელდაკარგულ ქალს ღირსებაზე არ უნდა ეხუმრო, - მწარედ ჩაილაპარაკა გრაფმა დე ბოვანმა. - არისტოკრატო, - კუშტად გასძახა იფრინდამ, თუ არ გინდა, თქვენს ყოფილ სამოთხეში გაგისტუმრო, ცუდის თქმა არ გაბედო ამ ლამაზ ქალბატონზე! მადმუაზელ დე ვერნეი სენ-სიულპისის კლდეებისა და ეკლიანი ბუდის შემაერთებელი ბილიკებით გაემართა ქალაქისკენ. მივიდა იმ მაღლობამდე, სწრაფად გაიარა გრანიტის კლდეების შვერილებზე დაკლაკნილი გზა და აღფრთოვანებულმა თვალი ვერ მოსწყვიტა ნანსონის მშვენიერ ვიწრო ველს, სულ ახლახან ასეთ ხმაურიანს, ახლა კი სრულიად მშვიდსა და წყნარს. მთების სიმაღლიდან ეს ღარტაფი მწვანე ქუჩას ჰგავდა. გზამ მადმუაზელ დე ვერნეი სენ-ლეონარის კარიბჭესთან მიიყვანა და ფუჟერში შევიდა. ქალაქის მოსახლეობა ისევ ღელავდა, როგორ დამთვარდებოდა ბრძოლა, რომელიც, თუ კანტიკუნტი სროლებით იმსჯელებდით, შეიძლებოდა მთელი დღე გაგრძელებულიყო. კარიბჭესთან დიდი ჯგრო ელოდა ნაციონალური მეომრების დაბრუნებას, რომ გაეგოთ, როგორი იყო მსხვერპლი. მადმუაზელ დე ვერნეის უცნაურმა კოსტიუმმა, გაშლილმა თმამ, თოფმა, კირით გასვრილმა მიშხეფებულმა ტალახმა, ცვრისგან დანესტიანებულმა შალმა და კაბამ ფუჟერის მოსახლეობის ცნობისმოყვარეობა გამოიწვია, მით უმეტეს, რომ ქალაქში უკვე ლაპარაკობდნენ ამ პარიზელი ქალის ძალაუფლებაზე, სილამაზესა და უცნაურობაზე.

   მთელი ღამე ელოდა ფრანსინი თავის ქალბატონს და ბოლოს და ბოლოს რომ დაინახა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მარიმ მეგობრული ჟესტით გააჩერა. - ხომ ხედავ, ცოცხალი ვარ, ჩემო პატარავ, - უთხრა მარიმ, - პარიზიდან წამოსვლისას როგორ მინდოდა ფათერაკები!.. - და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დაუმატა, - ახლა ყველაფერი გამოვცადე!.. ფრანსინი გასვლას აპირებდა, რათა საუზმე მოერთმიათ მისი ქალბატონისთვის, ალბათ ძალიან მოგშივდათო, უთხრა. - ოო, აბაზანა, აბაზანა!.. პირველ რიგში, დაბანა მინდა! - შესძახა მადმუაზელ დე ვერნეიმ. ფრანსინს ძალიან გაუკვირდა, მისმა ქალბატონმა სამგზავრო სკივრით ჩამოტანილი სამოსიდან ყველაზე ელეგანტური ტანსაცმელი რომ მოითხოვა. საუზმის შემდეგ მარიმ საგულდაგულოდ დახვეწილად ჩაიცვა, ისეთი მონდომებით, ქალი რომ მეჯლისზე წასასვლელად, საყვარელ მამაკაცთან შესახვედრად რომ იპრანჭება. ფრანსინს ვერაფრით აეხსნა თავისი ქალბატონის ირონიული მხიარულება. ეს სიყვარულის სიხარული არ იყო, - ქალები ამას უშეცდომოდ გამოიცნობენ სახის გამომეტყველებით, - რაღაც თავშეკავებული ღვარძლი, ნიშნის მოგება იყო, რაღაც ავისმომასწავებელი, არასასიკეთო. მარიმ თვითონ, საკუთარი ხელით გაასწორა ფარდები ფანჯრებზე, საიდანაც შესანიშნავი პანორამა იშლებოდა, მერე სავარძელი ისე მიიდგა ბუხართან, რომ შუქი სახეზე მოხვედროდა. ფრანსინს უბრძანა, ყვავილები ეშოვნა, უნდოდა, ოთახი საზეიმოდ ყოფილიყო მორთული. როცა მოიტანა, უთხრა, ლამაზად როგორ განელაგებინა, მერე ოთახს კმაყოფილი თვალი მოავლო და ფრანსინს მიმართა, ვინმე გაეგზავნა იულოსთან და მისი ტყვე მოეყვანათ. თვითონ სავარძელზე მიწვა დასასვენებლად და თანაც მიიღო პოზა, რომლითაც ხაზს გაუსვამდა გრაციასა და სისუსტეს, თვალწარმტაცად, მომაჯადოებლად რომ გამოსდის ზოგიერთ ქალს. ეს მაცდუნებელი პოზის მიბნედილი მინაზებულობა, კაბის ნაკეცებიდან ოდნავ გამოჩენილი ინტერესის აღმძვრელი პატარა ფეხი, მოღერებული ყელი, ბალიშზე დასვენებული ხელი, ლამაზი თლილი თითები, ჟასმინის მტევნის თეთრი ზანზალაკებივით ბალიშის ნაპირზე გადმოკიდული, - ყველაფერი ჰარმონიულად ეხამებოდა მისი თვალების გამომეტყველებას. ყველაფერი აცდუნებდა და სურვილებს აღძრავდა. ბრძანა, საკმეველიც მოეტანათ, ჰაერი ნაზი არომატით რომ გაჯერებულიყო, ასე რომ აღელვებს მამაკაცის გულს და არც თუ იშვიათად ამზადებს იმ გამარჯვებას, რომლის შეუმჩნეველად მოპოვებაც განუზრახავს ქალს. რამდენიმე წუთის შემდეგ საძინებლის მომიჯნავე სასტუმრო ოთახში ბებერი მებრძოლის მძიმე ფეხის ხმა გასმა.

- აბა, მეთაურო, სად არის ჩემი ტყვე? - ამ წუთში ვბრძანე თორმეტკაციანი პიკეტის დაყენება იარაღით ხელში, დაჭერილი მტრის დასახვედრად. - როგორ, თქვენ გაეცით განკარგულება ჩემს ტყვესთან დაკავშირებით? - წამოიძახა მარიმ, - მისმინეთ, სარდალო, თქვენი სახის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დიდ სიამოვნებას არ უნდა გგვრიდეთ ადამიანის მოკვლა ბრძოლის ველის გარეთ. ასე რომ, დამიბრუნეთ ჩემი შუანი. მისი სიკვდილის გადავადებას ჩემს თავზე ვიღებ. გიცხადებთ, რომ ეგ არისტოკრატი აუცილებლად მჭირდება ჩვენი გეგმების განსახორციელებლად. და თანაც ამ მოყვარული შუანის დახვრეტა ისეთივე უაზრობაა, როგორც საჰაერო ბურთისთვის სროლა. საკმარისია, ქინძისთავი ჩაარჭოთ და - ჩვრად იქცევა. თუ ღმერთი გწამთ, ეგ სისასტიკეები არისტოკრატებს დაუტოვეთ. რესპუბლიკა დიდსულოვანი უნდა იყოს.განა არ მიუტევებდით კიბერონის მსხვერპლებს და მრავალ სხვას?.. აი, რა, თქვენი პიკეტი დაზვერვაზე გაუშვით, თქვენ კი, ჩემს ტყვესთან ერთად მოდით ჩემთან სადილად. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ერთ საათში დაღამდება, - დაუმატა ცბიერი ღიმილით, - და თუ დააგვიანებთ, ჩემი მოკაზმულობის მთელი ეფექტი დაიკარგება. - კი მაგრამ, მადმუაზელ, როგორ?.. - ჩაილაპარაკა გაოგნებულმა იულომ. - აბა, კიდევ რა? ა, მესმის!.. ნუ გეშინიათ, გრაფი არსად წაგივათ. ადრე თუ გვიან, თქვენი თოფების ცეცხლი ფრთებს შეუტრუსავს ამ სქელ პეპელას. იულომ ოდნავ აიჩეჩა მხრები იმ კაცივით, იძულებული რომ არის, უნდა თუ არა, დაემორჩილოს ლამაზი ქალის ახირებას და ნახევარი საათის შემდეგ გრაფ დე ბოვანთან ერთად დაბრუნდა.

   მადმუაზელ დე ვერნეიმ თავი მოაჩვენა, თითქოს სტუმრები მოულოდნელად დაადგნენ თავზე, თითქოს ძალიან უხერხულად იგრძნო თავი, გრაფმა დაუდევრად წამოწოლილი რომ დაინახა, მაგრამ როგორც კი გრაფის თვალებში ამოიკითხა, რომ სასურველი შთაბეჭდილება მოახდინა, ადგა და უზადო გრაციით, დახვეწილი თავაზიანობით მიიღო სტუმრები. მის ჟესტსა და პოზებში, ღიმილსა და სიარულში, ინტონაციაში - არაფერი იყო ყასიდი, დასწავლილი, არაფერი ამჟღავნებდა დამალულ ზრახვებსა და აზრებს. ყველაფერი ჰარმონიული იყო, ვულგარულობის ნასახიც კი არ ჩანდა არაფერში, რაიმე საეჭვოდ რომ სჩვენებოდათ. რომ ჰგონებოდათ, რომ ბაძავდა იმ საზოგადოების მანერებს, რომელსაც არ ეკუთვნოდა. როცა როიალისტი და რესპუბლიკელი დასხდნენ, ქალმა მკაცრად შეხედა გრაფს. დიდგვაროვანი ქალებს კარგად იცნობდა და იცოდა, რომ ამ ქალისთვის მიყენებული შეურაცხყოფა შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დასჯდომოდა. ასეთი ვარაუდის მიუხედავად, არც განზრახ მხიარულება დასტყობია და არც გულისტკივილი; თავი იმ ადამიანივით ეჭირა, ასეთ სწრაფ კვანძის გახსნას რომ არ ელოდა. მალე სასაცილოდ მოეჩვენა, ასეთი ლამაზი ქალის საზოგადოებაში სიკვდილის შინებოდა და თანაც, მარის მკაცრმა გამომეტყველებამ სხვა აზრები აუშალა.

   „აჰა! ვინ იცის, იქნებ გრაფის გვირგვინი უფრო ხიბლავს, ვიდრე ხელიდან გაშვებული მარკიზისა? მონტორანი ნაფოტივით გამხმარია, მე კი... - და კმაყოფილმა შეათვალიერა თავისი თავი, - ასეა თუ ისე, თავს მაინც გადავირჩენ!“ ეს დიპლომატიური მსჯელობები სრულიად უსარგებლოდ ეჩვენა. მოჩვენებითი გატაცება, გრაფს რომ უნდა განესახიერებინა, მოულოდნელად, ვნების მგზნებარე კაპრიზად შემოუბრუნდა და სახიფათო, მაცდუნებელი სიამოვნებით ეცადა, გაეღვივებინა იგი. - გრაფო, - უთხრა მარიმ, - ჩემი ტყვე ხართ. უფლება მაქვს, ჩემს ხელთ იყოთ. თქვენი სიკვდილით დასჯას ჩემი თანხმობა სჭირდება... მაგრამ ძალიან ცნობისმოყვარე ვარ და ნებას არ მივცემ, ახლა დაგხვრიტონ. - თუ გავჯიუტდები და არაფერს ვიტყვი? - მხიარულად ჰკითხა. - წესიერ ქალთან ეგ შეიძლება, მაგრამ გომბიოსთან!.. კარგი ერთი, გრაფო, ეგ უაზრობაა. მწარე ირონიით ნათქვამი ეს სიტყვები მარიმ წაისისინა, როგორც იულომ თქვა გრაფინია დე ბოფორზე ლაპარაკისას, და ისეთ ენამწარობას მოწმობდნენ, რომ გრაფმა არაფერი უპასუხა, მხოლოდ გაკვირვებით შეხედა თავის სასტიკ მოწინააღმდეგეს. - მომისმინეთ, - დაუმატა დამცინავი ღიმილით, - თქვენი სიტყვები რომ არ დავარღვიო, კარგი გოგო ვიქნები, როგორც ყველა ეგ არსება. პირველ რიგში, აი, თქვენი თოფი... - და რბილად, ხუმრობანარევი ჟესტით მიართვა კარაბინი. - აზნაურის პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მადმუაზელ, თქვენ ისე იქცევით... - ოჰ! - შესძახა მარიმ და შეაწყვეტინა, - არ მჯერა მე აზნაურის პატიოსანი სიტყვის! ვენდე აზნაურს და ჩამოვედი ვივეტიერში. თქვენმა წინამძღოლმა შემომფიცა, რომ მეც და ჩემი ხალხიც იქ უსაფრთხოდ ვიქნებოდით. - რა უნამუსობაა! - შესძახა შუბლშეჭმუხნულმა იულომ. - ამაში დამნაშავე გრაფია, - თქვა მარიმ და მიუთითა აზნაურზე, - ეჭვი არ მეპარება, ვაჟკაცს გულით უნდოდა, შეესრულებინა სიტყვა, მაგრამ გრფმა დე ბოვანმა ჩემზე რაღაც ცილისწამება გაავრცელა და კვერი დაუკრა „ფაშატ შარეტს“ ჩემზე სისაძაგლეები რომ თქვა... - მადმუაზელ, - თქვა სრულიად შეცბუნებულმა გრაფმა, - ჯალათის ცულისაც არ შემეშინდება, დავამტკიცებ, რომ მხოლოდ სიმართლე ვთქვი. - რა თქვით? - რომ იყავით... - თქვით, თქვით, ნუ გრცხვენიათ, რომ საყვარელი ვიყავი... - დიახ, მარკიზის საყვარელი, ახლა კი ჰერცოგ დე ლენონკურისა, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის, - განაცხადა გრაფმა. - ახლა კი მშვიდად შემეძლო თქვენი დასახვრეტად გაშვება, - წარმოთქვა მარიმ, სულაც რომ არ ეტყობოდა დარცხვენა, გრაფი კი გაოცებული იყო მისი მოჩვენებითი თუ ნამდვილი უზრუნველობით ასეთი ბრალდების შემდეგ, - მაგრამ, - სიცილით გააგრძელა მარიმ, - სამუდამოდ მოიშორეთ შავბნელი აზრები სასიკვდილო ტყვიის შესახებ, თქვენ მე უფრო მეტად არ შეურაცხმყავით, ვიდრე თქვენი მეგობარი, როცა განაცხადეთ, რომ მე ვიყავი მისი... ფუჰ! რა სისაძაგლეა!.. მისმინეთ, გრაფო, თქვენ განა არ ყოფილხართ მამაჩემის, ჰერცოგ დე ვერნეის სახლში? რაკი უნდოდა, იულოს არ გაეგო ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება, რის თქმასაც აპირებდა, მადმუაზელ დე ვერნეიმ თავისკენ მოუხმო გრაფს და ყურში უთხრა რამდენიმე სიტყვა. ბატონ დე ბოვანს გაკვირვების ყრუ შეძახილი აღმოხდა და დაბნეულმა შეხედა მარის. მარი შეეცადა, გაეღრმავებინა გრაფში გაღვიძებული მოგონება, ბუხარს მიეყრდნო და გულუბრყვილობისა და ბავშვური უმანკოების პოზა მიიღო. გრაფმა მუხლი მოიყარა. - მადმუაზელ, - შესძახა მან, - გემუდარებით, პატიება მიბოძეთ, თუმცა ღირსი არ ვარ. - მე არაფერი მაქვს საპატიებელი. ახლა თქვენი სინანული ისეთივე უსაფუძვლოა, როგორც არ გქონდათ საბუთი, ვივეტიერში იმ თავხედური მტკიცებისა. ამის გაგება თქვენს შესაძლებლობებს აღემატება, ოღონდ, იცოდეთ, გრაფო, - მკაცრად დაუმატა მარიმ, - ჰერცოგ დე ვერნეის ქალიშვილი დიდსულოვანია და თქვენი ბედი ძლიერ აწუხებს. - ასეთი შეურაცხყოფის შემდეგაც კი? - ჰკითხა გრაფმა რაღაცნაირი სიმწრის გრძნობით. - ზოგიერთი ადამიანი ისე მაღლა დგას, რომ შეურაცხყოფა მათ ვერ შეეხება, მე ასეთ ხალხს მივეკუთვნები. ქალიშვილმა ისეთი კეთილშობილებითა და სიამაყით თქვა ეს სიტყვები, რომ ტყვეს თავის მიმართ პატივისცემა აღუძრა, იულოსთვის კი მთელი ეს ინტრიგა უფრო ბუნდოვანი გახდა. მან ხელი ასწია, თითქოს ულვაშის გადაგრეხა უნდოდა, შეშფოთებით შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, მან კი მჭევრმეტყველური ნიშნით მიახვედრა, რომ თავისი გეგმის ერთგული რჩებოდა. - ახლა კი ვისაუბროთ, - თქვა მადმუაზელ დე ვერნეიმ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ, - ფრანსინ, გეთაყვა, მოიტანე სანთლები. ძალიან ოსტატურად გადაიტანა ლაპარაკი იმ დროზე, სულ რამდენიმე წლის წინ რომ გახდა ძველი რეჟიმი. ცოცხალი შენიშვნებითა და დახასიათებებით შეეშველა გრაფს, წარსულში გადასულიყო და ისეთი დახვეწილი თავაზიანობით მიჰყავდა საუბარი და მიმართულებას აძლევდა მის რეპლიკებს, იმდენჯერ მისცა შემთხვევა, გონებამახვილურად ეპასუხა, რომ ბოლოს და ბოლოს დე ბოვანმა გადაწყვიტა, რომ ცხოვრებაში ასეთი სასიამოვნო მოსაუბრე არ ყოფილა. ამ დასკვნისგან გაახალგაზრდავდა და ეცადა, მომაჯადოებელი დიასახლისისთვის შთაეგონებინა ის დიდი წარმოდგენა, რაც თვითონ ჰქონდა თავის პერსონაზე. ცბიერმა ქალმა სიამოვნებით მოსინჯა კეკლუცობის ყველა ხერხი და განსაკუთრებული ოსტატობით აცდუნებდა, რადგან ეს მისთვის მხოლოდ თამაში იყო. ხან მზერით აძლევდა სწრაფი წარმატების იმედს, ხან, თითქოს ძლიერი გატაცების შეეშინდაო, გულგრილი ხდებოდა, სულ უფრო მეტად ხიბლავდა გრაფს და ნელ-ნელა უღვივებდა ახლად ჩასახულ ვნებას. ზუსტად იმ მეთევზეს ჰგავდა, დროდადრო ანკესს რომ ამოიღებს ხოლმე, რომ ნახოს, თევზი ეგება თუ არა. გრაფი წამოეგო გულუბრყვილო სიამოვნების სატყუარას - მისმა მხსნელმა მოისმინა მისი ორი-სამი მოს-წრებული ქათინაური. ემიგრაცია, რესპუბლიკა, ბრეტანი, შუანები მისგან ათასი ლიეთი იყო დაშორებული. იულო გაჭიმული იჯდა, ღმერთ ტერმინუსივით... უტყვი, გაქვავებული, პირქუში, არასაკმარისი განათლების გამო, სრულებით არ შეეძლო მსგავსი საუბრის წარმოება. სრულიად დასაშვებად მიაჩნდა, რომ მოსაუბრენი რაღაცას ამბობდნენ, მაგრამ მთელი ძალა ჰქონდა მოკრებილი, რომ გაეგო, რას ამბობდნენ, გამოეცნო, მათ სიტყვებში რესპუბლიკის ღალატი ხომ არ იყო დაფარული. - მადმუაზელ, - ამბობდა გრაფი, - მონტორანი ძველი გვარისაა, კარგად აღზრდილი, მაგრამ სულ არ არის გალანტური. მეტისმეტად ახალგაზრდაა, ვერსალი არ უნახავს და ამიტომ მისი აღზრდა არ არის დასრულებული. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ მოწინააღმდეგე გააშაოს, პირშავად გამოიყვანოს, მზად არის, დანით გაუსწორდეს. შეუძლება მგზნებარედ უყვარდეს, მაგრამ არასოდეს ექნება დახვეწილი სინატიფე ურთიერთობაში, ლოზენს, ადემარს, კუანინს და ბევრ სხვას რომ გამოარჩევდა. არა აქვს ნატიფი ხელოვნება, ქალებს სასიამოვნო სიტყვები უთხრას, რაც, ბოლოს და ბოლოს, მათ უფრო მეტად მოსწონთ, ვიდრე მგზნებარე გატაცება, ძალიან მალე რომ ღლით ხოლმე. დიახ, ის გულთამპყრობელების ჯიშისაა, მაგრამ არც მათი უზრუნველობა ახასიათებს და არც მათი გრაცია. - შევამჩნიე, - დაეთანხმა მარი. - „ოჰ, - გაიფიქრა გრაფმა, - როგორ თქვა და როგორ შემომხედა! დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ახლო ურთიერთობა გვექნება, და, ღმერთმანი, მისი რომ გავხდე, მზად ვარ, დავიჯერო ყველაფერი, რაშიც მოესურვება ჩემი დარწმუნება.“ სუფრა გაიშალა. გრაფმა ხელი შესთავაზა მარის, რომელიც დიასახლისის მოვალეობას დიდი თავაზიანობითა და ტაქტით ასრულებდა, რაც მხოლოდ აღზრდითა და კარზე ყოფნის დახვეწილი ცხოვრებით მოიპოვება. - ახლა წადით, - უთხრა იულოს მარიმ, სუფრიდან ადგომის შემდეგ, - თქვენი შეეშინდება, მე კი თუ მარტო დავრჩები მასთან, ყველაფერს გავიგებ, რის ცოდნაც მინდა. იმ მდგომარეობამდე მივიდა, როცა მამაკაცი ქალს ყველაფერს ეუბნება და ყველაფერს მისი თვალებით უყურებს. - მერე? - ჰკითხა იულომ, აშკარად ეტყობოდა, ტყვის გადაცემის მოთხოვნას აპირებდა. - ო! მერე თავისუფალი იქნება! - უპასუხა მარიმ, - ქარივით თავისუფალი. - კი, მაგრამ, ხომ იარაღით ხელში დაიჭირეს!.. - არა, - შეესიტყვა მარი იმ სახუმარო სოფისტიკის მოშველიებით, რომელსაც ქალები მიმართავენ ხოლმე უდავო საბუთის გასაბათილებლად, - არა, მე განვაიარაღე. - გრაფო, - უთხრა მარიმ ოთახში დაბრუნებისას, - თქვენ თავისუფლება მოიპოვეთ. ოღონდ სამსახურისთვის სამსახურს გთხოვთ, - დაუმატა, თავი ჩაღუნა, მერე ღიმილით შეხედა, თითქოს რაღაცის თხოვნას აპირებსო. - რაც გნებავთ, მთხოვეთ, ყველაფერი, რაც მოგესურვებათ, ჩემი სახელი, ჩემი ღირსება, - შესძახა ექსტაზში შესულმა, - ყველაფერს ფეხქვეშ გაგიგებთ. მიუახლოვდა ქალიშვილს და უნდოდა, ხელზე ხელი ეტაცა, უნდოდა, ეს სურვილი მადლიერების გამოხატულებად მიეღო. მაგრამ მადმუაზელ დე ვერნეის ადვილად ვერ მოატყუებდით. კეკლუცად გაუღიმა, იმედი რომ არ წაერთმია ახალი თაყვანისმცემლისთვის, მერე რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა და უთხრა: - ნუთუ გინდათ, რომ ვინანო თქვენდამი ნდობა? - გოგონების წარმოსახვა, ეტყობა, უფრო სწრაფად მუშაობს, ვიდრე ქალების, - ღიმილით უპასუხა მან. - გოგონამ შეიძლება მეტი დაკარგოს, ვიდრე ქალმა. - ეგ მართალია! ფრთხილად უნდა იყოს, როცა განძის მფლობელია. - ასეთ ლაპარაკს დავანებოთ თავი და სერიოზულად ვილაპარაკოთ, - უთხრა მარიმ, - სენ-ჯემსში მეჯლისის გამართვას აპირებთ. ამბობენ, იქ საწყობები, არსენალი და თქვენი მთავრობების რეზიდენცია გაქვთ? - ხვალ საღამოს. - არ გაგიკვირდებათ, მესიე ბოვან, რომ ცილისწამების მსხვერპლ ქალს, ქალური შეუპოვრობით უნდა ბრწყინვალე ღირსების აღდგენა და იმ შეურაცხყოფის ჩამორეცხვა, მას რომ მიაყენეს, თანაც იმ ხალხის თანდასწრებით, ვინც მის შეურაცხყოფას შეესწრო. ამიტომ მინდა თქვენს მეჯლისზე მოხვვედრა. გთხოვთ, ჩემი დამცველი იყოთ, თქვენთან მოსვლის წუთიდან მანამ, სანამ თქვენგან წამოვალ... თქვენი პატიოსანი სიტყვა არ მჭირდება, - უთხრა მარიმ, რადგან შენიშნა, რომ გრაფმა გულზე დაიდო ხელი, - ფიცს ვერ ვიტან, გამაფრთხილებელი ზომების მიღებად მიმაჩნია. მხო-ლოდ მითხარით, რომ ვალდებულებას იღებთ, დამიცვათ დანაშაულებრივი თუ შეურაცხმყოფელი ხელყოფისაგან. დამპირდით, რომ თქვენს დანაშაულს გამოისყიდით, რომ გამოაცხადებთ, ნამდვილად ჰერცოგ დე ვერნეის ქალიშვილი რომ ვარ, ოღონდ ნურაფერს იტყვით იმ უბედურებასა და გაჭირვებაზე, უმამობამ რაც მაწვნია და ქვით ვიქნებით. მეჯლისზე ორი საათით ქალის მფარველობა განა მეტისმეტად დიდი გამოსასყიდია?.. ნამდვილად მეტი არ ღირხართ... არც ერთი ობოლი! ამ ღიმილით გაუნელა ამ სიტყვების მთელი სიმწარე. - და ჩემი თოფისთვის რას მოითხოვთ? - სიცილით ჰკითხა გრაფმა. - მეტს, ვიდრე თქვენთვის. - მაინც რას? - მდუმარებას. დამიჯერეთ, ბოვან, ქალს მხოლოდ ქალი შეიცნობს. დარწმუნებლი ვარ, თუ სიტყვა დაგცდებათ, შეიძლება გზაშივე დავიღუპო. გუშინდელმა რამდენიმე ტყვიამ დამარწმუნა, რა საფრთხეს შეიძლება გადაეყარო გზაზე. ეგ ქალი გამოცდილი მონადირეა და არა ნაკლები მოახლე. არც ერთ მოახლეს არ გავუხდივარ ისე მარჯვედ, მან რომ მოახერხა. გეთაყვა, ეცადეთ, მსგავსი რამ არ მოხდეს მეჯლისზე... - იქ მე დაგიცავთ, - ამაყად უთხრა გრაფმა, - მაშასადამე, სენ-ჯემსში მონტორანის გამო მოდიხართ? - ჰკითხა ნაღვლიანად. - თქვენ იმაზე მეტის გაგება გინდათ, ვიდრე მე ვიცი, - სიცილით უთხრა მარიმ, - ახლა კი წადით, ქალაქიდან მე თვითონ გაგიყვანთ, აქ ხომ კანიბალებივით ებრძვით ერთმანეთს. - ესე იგი, ოდნავ მაინც შეგტკივათ ჩემზე გული? - შესძახა გრაფმა, - ოჰ, მადმუაზელ! ნება მომეცით, იმედი მქონდეს, რომ ჩემი მეგობრობის მიმართ გულგრილი არ იქნებით, როგორც ჩანს, მხოლოდ ამ გრძნობით უნდა დავკმაყოფილდე, - დაუმატა ქარაფშუტულად. - წინასწარმეტყველი ყოფილხართ! - მხიარულად უთხრა მარიმ, ისეთი სახით, ქალები რომ იღებენ ხოლმე, როცა რაღაცას აღიარებენ ღირსების შეუბღალავად და გულში დამალული საიდუმლოს გაცემაც არ უნდათ. მერე ჩაიცვა ქურქი და ეკლიან ბუდემდე მიაცილა გრაფი. - მესიე დე ბოვან, სიტყვა არავისთან დაგცდეთ, მარკიზთანაც კი, - და თითი მიიდო ტუჩებზე.მადმუაზელ დე ვერნეის ალერსიანი შეხედვით გათამამებულმა გრაფმა ხელი ჩაჰკიდა და მარიმაც დიდსულოვნად დართო ნება. გრაფი ნაზად ეამბორა ხელზე. - ო, მადმუაზელ, მიმსახურეთ, როგორც გენებოთ, სამუდამოდ თქვენი ვარ! - შესძახა გრაფმა, თავი სამშვიდობოს რომ იგრძნო, - და თუმცა თქვენგან არანაკლებ ვარ დავალებული, ვიდრე დედაჩემისგან, გამიჭირდება მხოლოდ მადლიერების გრძნობით დაკმაყოფილება, - და სწრაფი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. მარიმ დაიცადა, სანამ სენ-სიულპისის კლდეზე ავიდოდა, კმაყოფილებით გადააქნია თავი და გაიფიქრა. - ეს ღიპიანი მზად არის, სიცოხცხლის გადასარჩენად სიცოცხლეზე მეტი გაიღოს. არ გამიჭირდებოდა მაგისგან მორჩილი ქმნილება მიმეღო. ქმნილება თუ შემქმნელი - ეს განასხვავებს ერთ მამაკაცს მეორისაგან. აზრის დამთავრება ვერ მოასწრო, სასოწარკვეთილი მზერა აღაპყრო ცისკენ და ნელი ნაბიჯით დაბრუნდა სენ-ლეონარის კარიბჭისკენ. იქ იულო და კორანტენი ელოდნენ. - კიდევ ორი დღე! - შესძახა მარიმ, - და მაშინ... - გაჩუმდა კორანტენის დანახვაზე, - და მაშინ... თქვენი ტყვიისგან დაეცემა, - ჩასჩურჩულა იულოს. იულომ უკან დაიხია და წარმოუდგენელი დაცინვით შეხედა ამ გოგონას: არც მანერებზე და არც სახეზე სინდისის ქენჯნა არ ეტყობოდა. ქალები შესანიშნავი თვისებით გამოირჩევიან, არ ლაპარაკობენ თავიანთ ყველაზე ცუდ ქცევებზე, როცა გრძნობით არიან შეპყრობილნი, მათ თვალთმაქცობაში, ფარისევლობაშიც კი არის რაღაც ბუნებრივი. მხოლოდ ქალს შეუძლია, ჩაიდინოს დანაშაული სიმდაბლის გარეშე. როგორც ყოველთვის, „არ იციან, ეს როგორ მოხდა“. - მივდივარ სენ-ჯემსში მეჯლისზე, რომელსაც შუანები მართავენ... - აქედან სენ-ჯემსამდე ხომ ხუთი ლიეა, - შეაწყვეტინა კორანტენმა, - გინდათ, გაგაცილებთ? - არა, - უპასუხა მარიმ. - თქვენ ძალიან გაინტერესებთ ის, რაზეც მე არასოდეს ვფიქრობ... თქვენი პერსონა. ის, რომ მარი აბუჩად იგდებდა კორანტენს, იულოს ძალიან მოსწონდა და როცა გოგონამ კარიბჭიდან სენ-ლეონარის ეკლესიისკენ გადაუხვია, სიამოვნებისაგან ჩვეული გრიმასა გამოესახა. კორანტენმა თვალით გააცილა ქალიშვილი და სახეზე ამოკითხავდით, რომ შეგნებული ჰქონდა საბედისწერო ძალაუფლება ამ მომაჯადოებელ არსებაზე. შესაძლებლად მიაჩნდა მისი დამორჩილება. მისი გრძნობების მართვა და ამ გზით ოდესმე მისი ხელში ჩაგდებაც კი. მადმუაზელ დე ვერნეი სახლში დაბრუნებისთანავე დაელაპარაკა ფრანსინს სამეჯლისო ტანსაცმლის შესახებ. მოახლე მიჩვეული იყო თავისი ქალბატონის მორჩილებას და არც უცდია, გაერკვია, რას აპირებდა. დიდხანს ეძება სკივრებში და ბერძნული ტუალეტი შესთავაზა. იმხანად ყველაფერში გაბატონებული იყო ბერძნული სტილი. მარიმ მოიწონა არჩევანი: ჩაეტია მუყაოს პატარა, მსუბუქ ყუთში. - ფრანსინ, ჩემო პატარა, მივდივარ. ტყე-ღრეში უნდა ვიარო. სახლში გინდა დარჩენა თუ ჩემთან ერთად წამოხვალ? - დარჩენა! და თქვენ ვინღა მოგეხმარებათ ჩაცმაში? - სად დადე ხელთათმანი, მე რომ მოგეცი? - აი. - მიაკერე მწვანე ლენტი; და, რაც მთავარია, ფული წამოიღე. რომ შეამჩნია, ახლადგამოჭედილი მონეტები აიღო, მარიმ შეჰყვირა: - ეგღა გვაკლია! მაგისთვის დაგვხოცავენ! ჟერემი გააგზავნე, კორანტენი გააღვიძოს... არა, ეგ არამზადა კუდში გამოგვყვება. უკეთესია, გაგზავნე ჩემი სახელით, მეთაურს სთხოვე ექვსფრანკი-ანი რამდენიმე ეკიუ, - სუფთა ქალური საზრიანობით, არაფერი რომ არ გამორჩებათ ხოლმე, ყველაფერი გაითვალისწინა, სანამ ფრანსინი სამოგზაურო სამზადისს ამთავრებდა, სცადა, ბუს კივილისთვის მიებაძა და მალე უზადოდ შეძლო შუანების სიგნალის გამეორება. ქალაქიდან შუაღამისას, სენ-ლეონარის კარიბჭიდან გავიდა, მივიდა ბილიკამდე, ეკლიან ბუდემდე და ჟიბარის ღარტაფამდე თამამად წაუძღვა წინ თავის თანამგზავრს. მძიმე ნაბიჯით მიიწევდა წინ, რადგან მტკიცე ნებისყოფა სიმხნევეს ჰმატებდა, რაც სხეულსაც და სვლასაც სიმძლავრეს ანიჭებდა. მეჯლისიდან უკან დაბრუნებისას სურდოს გადაურჩე, ქალისთვის არ არის ადვილი საქმე, მაგრამ როცა მის გულში ვნება გიზგიზებს, სხეული თითქოს ბრინჯაოსი ხდება. მამაცი კაციც კი დაფიქრდებოდა ასეთი თამამი ნაბიჯის გადადგმამდე, მაგრამ როგორც კი მადმუაზელ დე ვერნეის გონებაში გაიელვა, საფრთხე სატყუარასავით გახდა. - გზას გაუდექით და ღმერთისთვის შემწეობა არ გითხოვიათ, - უთხრა ფრანსინმა და სენ-ლეონარის სამრეკლოს გახედა. ღვთისმოსავი ბრეტონელი ქალი გაჩერდა, ხელები შეატყუპა და ლოცვით მიმართა ანა ორეელს, შესთხოვა მოგზაურობის მშვი-დობიანად დასრულება. მარი გაუნძრევლად იდგა და დაფიქრებული ხან თავისი მოახლის ალალმართალ სახეს უყურებდა, ხან მთვარის შუქის თამაშს, როცა ღრუბლიანი ციდან გამოსჭვიოდა, აღწევდა სამრეკლოს ჩრდილებში და გრანიტს ფილიგრანის სიმსუბუქეს აძლევდა. მგზავრები მალე მივიდნენ დაასხი-კუტალის ქოხამდე, მსუბუქად მიაბიჯებდნენ, მაგრამ ხმაურმა ეზოში ძაღლი გააღვიძა, უზარმაზარი ქოფაკი, ისეთი, ბრეტონელები რომ უბრალო რაზით ჩაკეტილი კარის დაცვას ანდობენ. ძაღლს უცხო სუნი ეცა, გამოვარდა და ისე ავად დაიწყო ყეფა, რომ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხიეს და საშველად დაიძახეს, მაგრამ სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. მადმუაზელ დე ვერნეიმ სიგნალი მისცა, ბუს კივილი გაისმა და მაშინვე გაიღრჭიალეს კარის ჟანგიანმა ანჯამებმა. გამოჩნდა ლოგინიდან წამომდგარი დაასხი-კუტალის კუშტი და ცბიერი სახე. - საჩქაროდ უნდა წავიდე სენ ჯემსში, - უთხრა მარიმ და ფუჟერის მეთვალყურეს მარკიზ დე მონტორანის ხელთათმანი აჩვენა, - გრაფმა დე ბოვანმა მითხრა, შენ იქნები ჩემი მეგზური და დამცველი. ასე რომ, გენაცვა, გვიშოვე უნაგირიანი ორი ვირი და ჩვენს გასაცილებლად მოემზადე. დრო არ იცდის. ხვალ საღამოს თუ ვერ მოვხვდებით სენ-ჯემსში, ვერც ვაჟკაცს ვნახავთ და ვერც მეჯლისს. - განცვიფრებულმა შუანმა აიღო ხელთათმანი, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, აანთო ნეკის სიმსხო ფისის სანთელი, ფერით კვერს რომ წააგავდა. ასეთი სანთლები ბრეტანში ჩრდილოეთ ევროპიდან ჩამოაქვთ და როგორც ყველაფერი, რასაც ამ თავისებურ მხარეში შეხვდებით, ეს საქონელიც მოწმობს ვაჭრობის უმარტივესი საფუძვლების სრულ არცოდნას. დაასხი-კუტალმა ხელთათმანზე ლენტი შენიშნა, შეხედა მადმუაზელ დე ვერნეის, ყურს უკან მო-იქექა, კუტალი სიდრი გამოცალა, ერთი ჭიქა ულამაზეს სტუმარს შესთავაზა, მაგიდასთან, წაბლის ხის გაპრიალებულ მერხზე დასვა და ვირების საძებნელად წავიდა. ეგზოტიკური სანთლის მკრთალი მოიისფრო შუქი ვერ ჩრდილავდა მთვარის ციალს, ამ გამჭვარტლულ ქოხში ჩაშავებული ჭერისა და ავეჯის მუქ ტონებს ბრჭყვიალა ათინათებით ალამაზებდა. ბიჭმა ასწია ლამაზი, ხშირკულულებიანი თავი, მის ზემოთ კი გომურის ამოტეხილი კედლის ღიობში ძროხების ვარდისფერი დრუნჩები და ამომჯდარი ბრჭყვიალა თვალები ჩანდა. ძაღლი - გამოხედვა სულაც არ ჰქონდა უფრო უჭკუო, ვიდრე ამ ხალხს, თითქოს ათვალიერებდა უცნობ სტუმრებს, ისეთივე ინტერესით, როგორც ბიჭუნა. ფერმწერი დიდხანს ვერ მოსწყვეტდა თვალს ამ სურათის ღამეულ ეფექტებს. მარის სულაც არ უნდოდა ბარბეტასთან საუბარი, რომელიც მოჩვენებასავით წამოიმართა საწოლზე, თვალები გააჭყიტა და ამასწინანდელი სტუმარი იცნო; ყანჩის აუცილებელი შეკითხვების ასაცილებლად და ამ ბუნაგის სიმყრალისგან თავის დასაღწევად, მარი ეზოში გავიდა, სწრაფად ავიდა კლდეში გამოკვეთილ კიბეზე. იმ კლდეში, რომელმაც დაასხი-კულტალის ქოხი შეიკედლა და მრავალფეროვანი ხედებით მოიხიბლა, ვინაიდან ყოველ ნაბიჯზე, ზემოთ, მაღლობისკენ, თუ ქვემოთ, ველისკენ ახალ-ახალი სურათი ეშლებოდა თვალწინ. მთვარის შუქი თხელი ნისლივით ბურავდა კუენონის ველს. არყოფილი სიყვარულით გულდამძიმებული ქალისთვის, ცხადია, ნეტარი იყო ის მელანქოლია, მთვარის მკრთალი შუქი, ფანტასტიკური მუქი კლდეები და წყალზე ფერადი ათინათები რომ აღვიძებდა სულში. ამ დროს სიჩუმე ვირის ყროყინმა დაარღვია. მარი საჩქაროდ ჩამოვიდა შუანის ქოხთან და გზას გაუდგნენ. ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული და თხის ტყავით შემოსილი დაასხი-კუტალი რობინზონ კრუზოს ჰგავდა. ფერისმჭამელებიანი დანაოჭებული სახე ძლივს უჩანდა ფართოფარფლებიანი ქუდის ქვეშ, როგორსაც ბრეტონელი გლეხები ტრადიციულად დღემდე ატარებენ და ამაყობენ, რომ მრავალსაუკუნოვანი მონობის შემდეგ მოიპოვეს ფეოდალების ამ თავსაბურის ტარების უფლება. პატარა ღამეული ქარავანი, მეგზური რომ იცავდა, რომლის სამოსში მოძრაობასა და ფიგურაში იყო რაღაც პარტიარქალური, მოგაგონებდათ რემბრანდტის დაბინდული ფუნჯით შექმნილ „გაქცევა ეგვიპტეში“. დაასხი-კუტალი დიდ გზებს ერიდებოდა და უცნობი ქალები ბრეტანის გზების უსასრულო ლაბირინთებით ატარა. მხოლოდ ახლა მიხვდა მადმუაზელ დე ვერნეი, რა იყო შუანების ომი. ვიწრო გზებით მიმავალს შეეძლო, სწორი წარმოდგენა შეექმნა იმ მხარეზე, რომელიც მთიდან გადმოხედვისას მომაჯადოებელი ეჩვენებოდა. მხოლოდ სიღრმეში შესვლისას შეიძლება მიხვდე, რა დაუძლეველი სიძნელეები და დაბრკოლებებია იქ ჩაბუდებული. უხსოვარი დროიდან გლეხის ყოველი მინდორი შემოფარგლულია პრიზმის ფორმის, ექვსი ფუტის სიმაღლის მიწა-ყრილით, რომლის თხემზეც წაბლის ხეები, წიფლები და მუხებია დარგული (როგორც ნორმანდიაში). ხეების გრძელი ტოტები გზის აქეთ-იქიდან იხლართება ერთმანეთში და უზარმაზარ თაღს ქმნიან. თიხნარი მიწის კედლებს შორის პირქუშად მომწყვდეული გზები ციხე-სიმაგრის თხრილებს წააგავს და თუ გრანიტი, რომელიც თითქმის ყველგან მიწის ზედაპირზეა ამოსულიო, არ ქმნის გზაზე ოღროჩოღრო ბუნებრივ ქვაფენილს, გზები დაფარულია ისეთი გაუვალი ტალახით, რომ ყველაზე პატარა საზიდარსაც კი მყევარი ხარ-კამეჩი ან ადგილობრივი ჯიშის ორი ძლიერი ცხენი სჭირდება გასათრევად. საფლობი ტალახი ამ გზებზე ისეთი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ თავისთავად ჩამოყალიბდა ჩვეულება, ფეხით მოსიარულეებისთვის მიწაყრილის გასწვრივ, მინდორში გაეტკეპნათ ბილიკი, რომელსაც ნაკერო შეარქვეს, იწყება და მთავრდება ყოვერ ნაკვეთში. ერთი მინდვრიდან მეორესთან მისასვლელად ხშირად რამდენიმე საფეხურია ამოსასვლელი მიწაყრილზე.ჩვენს მოგზაურებს ამ მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ბევრი სხვა დაბრკოლების გადალახვაც მოუხდათ. ყოველი სახნავ-სათესი ნაკვეთი გარშემორტყმულია მიწის სიმაგრით, შესასვლელი აქვს დაახლოებით ათი ფუტი სიგანისა და ეს შესასვლელი იკეტება ნაგებობით, რომელსაც საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში კუტიკარს ეძახიან. „კუტიკარი“ მორია ან ძელი, სქელი ტოტი, ერთ ბოლოში გახვრეტილი და წამოცმული გაუთლელ დაბალ ნამორზე, ღერძს რომ წარმოადგენს. ღერძს იქით გადაცდენილ ბოლოზე საპირწონედ მიმაგრებულია საკმაოდ მძიმე ქვა და პატარა ბავშვსაც კი შეუძლია გააღოს ეს ორიგინალური საველე შლაგბაუმი, რომლის მეორე ბოლოც ებჯინება მიწის კედელში ამონაჭერს. ზოგჯერ, საპირწონე ქვის ნაცვლად, ასეთი საკეტისთვის იღებენ მსხვილძირიან მორს, მოკლედ ასეთი საკეტის დეტალები იცვლება მინდვრის პატრონის ფანტაზიის მიხედვით. ზოგჯერ ზღუდე შედგება მხოლოდ ერთი ძელისგან, რომლის ორივე ბოლო თიხით ჩაგლესლია მიწაყრილში. ზოგჯერ ერთნაირი მანძილით დაშორებული ჯოხებისგან შეკრულ კვადრატულ ჭიშკარს ჰგავს. ეს ჭიშკარი ისევე იღება, როგორც ჩვეულებრივი ზღუდე. საგორავებლად მთლიანი ხის პატარა ბორბალი აქვს. ყველა ეს ღობე, ჭიშკარი იმ მხარეს უზარმაზარ ჭადრაკის დაფას ამსგავსებს, სადაც ყოველი მინდორი სრულიად იზოლირებული უჯრაა, სიმაგრესავით ჩაკეტილი და მიწაყრილებით დაცული. ადვილად დასაცავი შესასვლელები თავდამსხმელებისთვის ძალიან საშიში დაბრკოლებაა. ბრეტონელი გლეხი თვლის, რომ მიწის ანეულად დატოვებისას მის ნაყოფიერებას ზრდის, მიუშვებს კურდღლისცოცხას უზარმაზარ ბუჩქებს და ისე უვლის, რომ მალე ბუჩქები ადამიანის სიმაღლე იზრდება. ასეთი ცრუ აზრი სწორედ იმ ხალხის შესაფერისია, ნაკელს ეზოში ყველაზე მაღალ ადგილზე რომ აგროვებენ და იწვევს იმას, რომ სახნავ-სათესი მიწის მეხუთედი დაფარულია კურდღლისცოცხას ხშირი ბუჩქნარით, სადაც მრავალი საფარის მოწყობა შეიძლება. დაბოლოს, სიდრის ამ მოყვარულებს ერთი მინდორიც კი არ აქვთ, რომ არ იყოს რამდნიმე ძველი ვაშლის ხე, რომლის სიმძიმისგან დახრილი ტოტებიც დამღუპველია ყველანაირი მარცვლოვანი მცენარისთვის, რაც იმ მიწაზე მოჰყავთ. თუ იმასაც გაიხსენებთ, რა პატარა ყანები აქვთ, როგორი მაღალი, ხშირი ხეებია მათ ირგვლივ მიწაყრილებზე, ყოველი ნაკრეფის მეოთხედს რომ ეპატრონება ხარბი ფესვებით, წარმოდგენა შეგექმნებათ სოფლის მეურნეობაზე და ადგილზეც, სადაც იმ ღამეს გაიარა მადმუაზელ დე ვერნეიმ.

*გაგრძელება*

ნახვა: 339

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters