ვლადიმერ ვისოცკი - დელფინები და გიჟები

წიგნიდან: ვენური არდადეგები

შეშლილის ჩანაწერები ანუ სიცოცხლე ძილის გარეშე. ყველაფერი, ჩემ მიერ ქვემოთ აღწერილი, არ ექვემდებარება არაფერს და არც არავის საკუთრებაა. ასეა...

   საინტერესო მხოლოდ ისაა, გიჟის ნაბოდვარს უფრო მოჰგავს თუ შეშლილის ჩანაწერებს. და საერთოდ, აქვს კი მას საერთო რაიმე სიგიჟესთან? „Утро вечера мудренее...“ - ასე ამბობენ. მაგრამ საღამოშიც არის რაღაც ისეთი... საბრალო რუსეთი, რაღაც მოუვა. დილით... გვაძლევდნენ წიწიბურას ტკბილ ფაფას. კარგია და უსაფრთხო. დალილა სცოდავდა სამსონთან. ერთმა ყარაულმა დედაკაცმა მომახსენა, სამსონი დავაძინეო. დალილა მას ჩაუსაფრდა, წამოიკიდა, წაათრია და მოკლა დეზდემონა.

კანიბალებზე ერთ ამბავს ჰყვებიან. სამი საუკეთესო კანიბალი დაუძლურდა. ჰოდა, მოიწყინეს, ყურები ჩამოყარეს და გადაწყვიტეს: ვინ ვის შეჭამს. ერთი ამბობს: „მე არ შემჭამოთ!“ მეორეც - „მე არა!“, მესამე - „არც მე!“ მაშ ვინღა? არც ერთი. იმიტომ, რომ კანიბალებს თავისი კანონები და წეს-ჩვეულებები აქვთ: არ გინდა - არ ჭამ! ექიმო! არ მინდა ამ წამლის დალევა. იმპოტენციას იწვევს. იწვევს-მეთქი! იწვევს! იწვეევს! არ მინდა, არ მინდა, არ მინდაა! კარგი, ოღონდ უკანასკნელად! შეიძლება ხელში?! სულ დამჩხვლიტეს და დამაცხავეს. ნემსის შესარჭობი ადგილი აღარ დამიტოვეს.

შემდგომში და ბოლომდე მოდის შენიშვნები: - რას კითხულობთ? აა? გასაგებია! ის თუ იცით, როგორ გაისტუმრა მღვდელმა ფოფოდია? რას ნიშნავს - გაისტუმრა? მოკლა, ესე იგი. ნუ! განქორწინება იტალიურად, რა! მაშ! ჩაუსაფრდა და მხსნელის ხატი ჩაუშვა თავში. სამმაგი ეფექტი - ჯერ ერთი, თუ მხსნელმა არ იხსნა, ესე იგი, ღირსი იყო. სასეირნოდ არ წავალ - იქ გიჟები სეირნობენ და გულს მიწყალებენ შეკითხვებით. ერთმა მკითხა გუშინ, არა დღეს... გუშინ... გუშინ... - თქვენა, - მითხრა, - არ იცით, რომელი საათია? - არ ვიცი-მეთქი - ვპასუხობ. და არც თქვენ გირჩევთ, რომ იცოდეთ-მეთქი. იმიტომ, რომ დრო - ფულია, და დრო - სივრცეა. თქვენ კი - პარაზიტი ხართ. და ცხოვრობთ, ა, ბატონო, გრინვიჩის მიხედვით.

ეინშტეინის მეორე პოსტულატი კი გვეუბნება: სინათლის სიჩქარე არ არის დამოკიდებული წყაროს მოძრაობის სიჩქარეზეო. მოკლედ: ეს ეინშტეინთან. პრაქტიკაზე, კოსმონავტებთან სულ სხვაგვარადაა საქმე. სულ პირიქით. ვირთხებიც კი უფრო ადრე ეხოცებათ, ვიდრე ადამიანები. იმიტომ, რომ ადამიანებს აძლევენ ათ-ათ ტ-ს, ვირთხებს, თაგვებს და დამნაშავეებს - ორმოც-ორმოცს. უფრო მარტივად: ...ცოტა არ იყოს, დამავიწყდა ფუნქციის თეორია. ამას ეშველება, აღვიდგენ. ექიმი დამპირდა... მატყუებს ალბათ. თუ არ მატყუებს... ღმერთო, აღარ გვავახშმებენ?

*

   პროფესორ კორნელის, არა, ჯანდაბა, რასინის კაბინეტში... მოკლედ, ვიღაც პროფესორ ლინგვისტ-იხტიოლოგის კაბინეტში ხანში შესულმა დელფინმა ძველბიჭურად შეაბოტა. ცხვირწინ დაუჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, მაგრამ ვინაიდან გადასადები არც არაფერი ჰქონდა, ისეთი სახე მიიღო, ვითომ გადაიდო. და წარმოთქვა: - აბა?!

- მე თქვენ არ გამომიძახებიხართ?! - პროფესორმაც ისეთი სახე მიიღო, თითქოს სულაც არ გაოცებულა, მაგრამ ჭკვიანი არსების მოტყუება იოლი არაა. მით უმეტეს, თუ არსებობს ეჭვი მისი გონიერების შესახებ.

- მე მხოლოდ ვთქვი - აბა-მეთქი...მერე კი: დღეს ოკეანერიუმის მორიგემ, გვარი დამავიწყდა, ჭამის დროს, ჯერ ერთი, აყროლებული თევზი გვაჭამა, მეორეც - გვაგინა უცენზუროდ. მხედველობაში დელფინები მყავს - აგრეთვე, სხვა ვეშაპისმაგვარები და ვეშაპებიც კი. - კონკრეტულად რა გიწოდათ? - იკითხა პროფესორმა და ბლოკნოტი მოიმარჯვა. - გარწმუნებთ, ყველაზე, ყველაზე უცენზურო რამეები. რა ვიცი, „მუქთახორები“, „თელ-ავივის აგენტები“, და კიდევ ყველაზე უარესი - „უტვინო ქმნილებები“ გვიწოდა. - ახლავე მივიღებ ზომებს და მას დასჯიან.

- ნუ ღელავთ, უკვე დაისაჯა, მაგრამ თქვენ, ვგონებ, ვალდებული ხართ, მის მაგივრად ბოდიში მოიხადოთ. თქვენც იმის ჯიშისა ხართ და არც თქვენ დაიმორცხვებთ იგივე გამონათქვამების წარმოთქმისას! მოსახლეობა მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ წაუხვალთ შედეგებს! მხოლოდ ახლა გაახსენდა შეურაცხყოფილ პროფესორს, რომ დელფინებს ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ლაპარაკი, რომ საქმის ბოლომდე ჯერ კიდევ შორსაა და რომ - თავიდანვე როგორ ვერ მიხვდა, - ეს სიზმარია თუ გადაღლილობა.

- ო, ღმერთო! - სიგარას მოუკიდა. - ღმერთს არ ესაჭიროება მისი აქ მოხსენიება. მას ჩვენი ოხვრა და წყენაც ეყოფა. თანაც მას ახლა სძინავს. აი, მისი სამთითი - დელფინმა საკმაოდ უბოდიშოდ გამოაძრო პროფესორს სიგარა პირიდან, გააბოლა და ბოლის უზარმაზარი რგოლები პროფესორისაკენ გაუშვა. რის შემდეგაც წარმოთქვა: - ფუ, რა საძაგლობაა! - სიგარა გაჭყლიტა, პრინციპში, გასაჭყლეტიც არაფერი ჰქონდა, მაგრამ მან ისეთი რამ გააკეთა, რომ სიგარა აშიშხინდა და არსებობა შეწყვიტა. - ახლა კი, წამობრძანდით, - წვრილი ხმით დაიჭყივლა. სწორედ ისეთი ხმით, რომელსაც ასე არ მოელოდა პროფესორი. გადააფურთხა, სამთითი შეათამაშა და ადგა. დელფინებს, საერთოდ, უყვართ ანცობა. ადამიანებისაგან ისინი სიკეთით განსხვავდებიან, წყლიდან ხტებიან, იღიმებიან და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან თამაშობენ. მაგრამ ეს დელფინი სულაც არ აპირებდა სკოლამდელებთან თამაშს. ყოველ შემთხვევაში, ასე მოეჩვენა პროფესორს, და მორჩილად დადგა მოფარფატე ფეხებზე.

*

დღეს ძიძამ „ჩვენო ლამაზო“ მიწოდა და თქვა, რომ მე ყველაზე წყნარებს (შეშლილებს) შორის ყველაზე დისციპლინირებული გავხდი. კარგია ეს თუ ცუდი? To be or not to be - საკითხავი, აი, ეს არის. ლათინურად ვწერ, იმიტომ რომ ინგლისური არ ვიცი. არ მქონია სურვილი, მესწავლა. ამ ენაზე ხომ არ მეტყველებდა ლენინი, ინგლისურად მხოლოდ ვალტერ სკოტი და დარვინი საუბრობდნენ. ის კი მაიმუნების მხარეს იყო.

ღამის 3 საათსა და 30 წუთზე ერთმა ახალგაზრდა იდიოტმა გვერდში მუჯლუგუნი მკრა და შემატყობინა, რომ ტრამვაი აღარ დადის, და რომ უკანასკნელმა, ანუ ორმოცდამეშვიდემ ორი საათის წინ ჩაიარა. როგორც ჩანს - კონდუქტორებს, პარკის თანამშრომლებს და შემთხვევით გამვლელებს არიგებდა სახლებში. ქუჩაში უკანასკნელი ტროლეიბუსი მიჰქრის. ეხ, მაინც რა მშვენიერია სიცოცხლე! ექიმო, არ მინდა ამ წამლის დალევა. იმპოტენციას იწვევს. იწვევს-მეთქი! იწვევს! იწვეევს! ეშმაკმა დალახვროს, კარგი, ოღონდ უკანასკნელად! აი, ისევ! ხომ გთხოვეთ, ხელში-მეთქი?! გუშინ ვიღაც დამესიზმრა - რაღაც შუალედური ბრიჯიტ ბარდოსა და ივ მონტანს შორის. ალბათ ნიმფონია დამეწყო. ამბობენ, ბრიჯიტი არ ცხოვრობს ქმართან, იმიტომ, რომ არ უნდაო. რა გრანდიოზულია: არ უნდა და მორჩა! არ ცხოვრობს! აქ კი, გაბედე! არა! საფიქრალიც არაფერია! გავალ აქედან - მაიძულებენ. მათ ყველაფერი შეუძლიათ გაიძულონ. მტარვალები! გერმანელები - საკონცენტრაციო ბანაკებში, მკვლელები - თეთრ ხალათებში, ესკულაპები! ჰიპოკრატები და მორჩა! ეჰ, მსოფლიოს ბედი რომ არა! ეს რომ არა! სწორედ ეს! ჩემი მეექვსე გრძნობით, მთელი არსებით, ღმერთის მიერ ბოძებული გონებით დარწმუნებული ვარ, რომ ნორმალური ვარ. მაგრამ ვის დაარწმუნებ. ან ღირს კი?

თქვა ღმერთმა: - და ამექავება ხელები ჩემნი, და შემოვაწვდენ შენს ნეკნებს და დავამსხვრევ მათ! ასე მოუვა ჩემს სატკივარსაც - ექიმი დამპირდა, ხუთშაბათსო და ასეც იქნება. ყველა წინასწარმეტყველი - იოანე, ისააკი, სოლომონი, მოსე და კიდევ სხვები, მართალი იყვნენ - ცხოვრობდა უფალი, ჯვარს აცვეს, აღსდგა და დღესაც ცოცხლობს. იდიდოს! დანარჩენი კი, მოყვასის სიყვარულის, ერთ ლოყაში გარტყმის შემდეგ მეორის შეშვერის, აგრეთვე - არ უცქირო, არ უსმინო, არ ისუნთქო - როცა არ გთხოვენ, და დანარჩენი სისულელე - ხალხური ზეპირსიტყვიერების წყალობითაა დამატებული. აი კიდევ - „არა ჰკლა!“ - ეს სწორია. არ უნდა მოკლა. ცოდვაა, ან რა დააშავა, რისთვის კლავ?

*

დაიწყება პროცედურები - წიწვის აბაზანები, რომელიც ჩვენი სულისა და სხეულის განწყობილებას, აგრეთვე, ღირსების ამაღლებას ემსახურება. ასე რომ, არ ჰკლა და მორჩა ბაზარი. არ წავალ სასადილოში. არ შეეცადოთ ჩემს გადარწმუნებას. სწორედაც რომ წკმუტუნებენ და ტყლაპუნობენ. აჰა, ევრიკა! დაავადებების მიუხედავად - შიზოფრენიაა, პარანოია თუ რომელიღაც სხვა საძაგლობა, მათ კიდევ ერთი, არა, ორი საერთო თვისება აქვთ - ყველანი წკმუტუნა და ტყლაპუნები არიან. ასე! ამიტომ არ წავალ მათთან. უმჯობესია, ავიღებ მშრალ ულუფას, ბოლოს და ბოლოს, მაქვს თუ არა უფლება მშრალზე? აქ ისედაც ყველაფერი მშრალია: კანონიც და მომსახურე პერსონალიც. ამიტომ მოვითხოვ მშრალ ულუფას. არა? მაშინ შიმშილს ვაცხადებ! მხოლოდ შიმშილობა დაგარწმუნებთ იმაში, რომ პიროვნება - ეს არ არის მთქვლეფავი ქმნილება, არამედ რაღაც ისეთია... თანაც მნიშვნელოვნად რაღაც დიდი.

დიახ! დიახ! მადლობას მოგახსენებთ! ვიშიმშილებ და შემერგება. წაგიკითხავთ სკკპ ისტორია? არა, ახალი! იქ ბევრს უშიმშილია და წარმოიდგინეთ, წარმატებითაც. ერთმა კი ყველაზე მაღალ პოსტებამდე იშიმშილა და ქართული აქცენტით ლაპარაკობდა. ის, მართალია, უკვე მოკვდა და მხოლოდ მერე გაირკვა, რომ ფუჭად უშიმშილია. მაგრამ ეს 40 წლის შემდეგ. არა უშავს, სჯობს 40 წელი ცხენზე იჯდე, ვიდრე ფარის გარეშე იყო. უმჯობესია, ვიცხოვრო. შემდეგ კი, სიკვდილის შემდეგ, რაც უნდა, ის თქვან - ესაო, შიმშილობდა და იმიტომ მოკვდაო. ილაპარაკონ, რამდენიც უნდათ, გინდაც საგიჟეთში. მე ეს 40-იც მეყოფა.

*

სასეირნოდ გვიხმობენ. იქ ისევ ისინი არიან, ადამიანები, რომელთაც არც მეტი, არც ნაკლები, „ავადმყოფი“ ჰქვიათ და ალერსით მიმართავენ, საშინლად თბილად. წავალ. ბედს ვერსად გაექცევი! ვერც საკუთარს და ვერც სამყაროსას. მით უმეტეს, რომ ჩვენი ბედი - ორი დიდი პარალელია. აი, ლექსიკონი! უნდა დავიმახსოვრო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება: ჩვენ გვქვია „ჭირი“, კიდევ - „ლოთები“. სულ ესაა, ხედავთ, რა მარტივია.

ქუჩაში ჭყაპია, მოყინულია. სადღაც მძღოლები იგინებიან და ბილწსიტყვაობენ ძირს დაცემული ქალები, კაცები კი (რომლებიც არ ეცემიან) სულაც არ უწვდიან მათ ხელს, არამედ ცდილობენ საცვლების ფერი გაარჩიონ. ან კიდევ უარესი, არაფერსაც არ ცდილობენ, მიდიან და ცდილობენ, არ დაეცნენ. დაეცემი და არავინ აგაყენებს - როგორც წაიქეცი, ისე წამოდექი. კანონი, პოლიგონი, ალკოგონი, სასგონი, და უბრალოდ ონი. - იცით, მე გალაქტიკის უფროსი ვარ. ეს ძალიან, ძალიან ბევრია. თქვენ?

- მე სამყაროს უფროსი ვარ. - შეუძლებელია! სამყარო - ეს ხომ გალაქტიკაა. აქ კი ორი უფროსი ერთდროულად ვერ იქნება. - მაპატიეთ, შინ დავრეკავ - მარია, ეს მე ვარ! რას ამბობ? ჰო? კეფირი? არ შემიძლია კეფირის გარეშე. გარშემო ყველა დამცინის, კეფირის გარეშე რომ დავრჩი. გელოდები! ესე იგი, თქვენ ამტკიცებთ, რომ გალაქტიკა და სამყარო - ერთი და იგივეა. გთხოვთ, მომიტევოთ, მაგრამ შევნიშნავ, რომ ეს ასე არ არის. ეს იგივეა, რაც, აი... გალაქტიკა - ეს მხოლოდ საუზმეა, სამყარო - ბევრი საუზმე, ბევრი სადილი და ბევრი ვახშამია, განუსაზღვრელი დროის განმავლობაში. და მე ამ ყველაფრის უფროსი ვარ. ამიტომ, გთხოვთ, გახვიდეთ და ხელს ნუ მიშლით. საქმე მელოდება. ყველა ადამიანს შეუძლია ის აკეთოს, რაც სურს ან რაც მის უფროსს სურს. აი, ასეთი კანონია. ხოლო თუ არ არის უფროსი, არ არის კანონიც, და შესაბამისად - არც ადამიანია. აღარაფერი არ არის. არსებობს ფანჯრები, სახლები, მანქანები, მეტი არაფერი. ნული. ერთი საყოველთაო ნული, როგორც ბლითი, რომელსაც ვერავინ შეჭამს, იმიტომ რომ სულაც არაა ბლითი, არამედ ნულია. ნული.

კმარა, ასე არ შეიძლება. ექიმმა ამიკრძალა ასეთი უზარმაზარი კატეგორიებით აზროვნება. შეიძლება გაგიჟდე და მერე ხელი დაუქნიე მოყინულ გზას, ლუდხანასაც და მეტროსაც, მაშინ მხოლოდ ეს იქნება: გიჟები, ექიმები, ტელევიზორი და ბევრი საუზმე, სადილი და ვახშამი, ანუ სამყარო. გაქრი! გაქრი! გაქრი! უწმინდურო ძალავ! უწმინდურო - ეს ბინძური ჟაბოტინსკი. არსებობს ასეთი შედარება - გაქრი, ბინძურო ჟაბოტინსკი! კიდევ, აი, რა - იყო ერთი საკუჭნაო. ორნი სვამდნენ. ყველაფერი შესვეს - თავისიც და სხვისიც, გარშემომყოფების. მათი ოჯახების გარშემომყოფების - დედების, მამების, ცოლების, შვილების. შვილების, კაცო! მტარვალები! ბავშვებს კი ხელები ეყინებათ, შიათ, ეზოში სახულიგნოდაც ვერ გადიან, ჩასაცმელი არა აქვთ.

სულწაწყმედილები! მოკლედ, წამოიჭრა საკითხი - რა დავლიოთ, როგორ მოვიქცეთ. დასალევი არაფერია, იმიტომ რომ ფული არ არის და მოპარვისაც ეშინიათ - ცხვირ-პირში მოადებენ და ჩასაბარებელ ბოთლებსაც წაართმევენ. ერთი, რომელიც უფროსია და უფრო ფხიზელიც, ამბობს: - წავიდეთ, სისხლი ჩავაბაროთ. ოთხმაგი ეფექტი აქვს - პატივს გვცემენ - ერთი, და სამასს მოგვცემენ - ოთხი. წავედით. ერთს - ჰოპ, შეარჭეს ნემსი და ქაჩავენ, ქაჩავენ. ორივე ხელით. ის კი - ჰოპ, გული წაუვიდა, ვერ აიტანა გულგრილობა. არც პატივისცემა, არც სამასი. თურმე ასისა ძლივს ამოქაჩეს. ორი ბოთლი იყიდეს. სვამენ და ტირიან, მეგობარი ეუბნება: - შენს სისხლს ვსვამთ, ვანია! კაცის სისხლი - წყალი არაა, ის არაყია, ვანია, სხვა არაფერია, თუ არა არაყი.

- შენ, ვასია, ყოველთვის წყალს კი არა, ჩემს სისხლს სვამდი. სვამდი და არაფერს აყოლებდი. სისხლისმსმელი ხარ! უსინდისო! არ იმსახურებ ჩემს პატიებას. მიიღე! - ამბობს და ხელს აღმართავს, მაგრამ ვერ არტყამს - დასუსტებულია. იმას კი არაფერი ესმის - სძინავს უკვე. სოსისებზე სძინავს, სისხლიც კი ვერ დალია ბოლომდე. იქნებ დაენანა, ჰა?

*

იმ დროს, როცა დელფინის დაცვის ქვეშ მყოფი პროფესორი წინ, ოკეანერიუმისაკენ მიმავალი კორიდორისაკენ მიიწევდა, სწორედ მაშინ გონს მოსული მეცნიერი, თავის თავზე ინიციატივის აღებას აპირებდა და თითქმის გაიწია კიდეც ღილაკისაკენ. აი, ახლა, ერთი თითის დაჭერა და ტვინში ჩამონტაჟებული გაღიზიანების ელექტროდები ამუშავდება. ამ დროს მის უკან მიმავალი პარლამენტიორი იგრძნობს სასიამოვნო ჩხვლეტას და დაიძინებს. ყველანი დაიძინებენ და შესაძლებლობა მიეცემა, გაანალიზოს მომხდარი, შემდეგ კი განგაში ატეხოს, დააპატენტოს, პრეს-კონფერენცია გამართოს, მერე კი - სახლი ბაღითურთ, საქმეში თავით გადაშვება და კვლევა, კვლევა - ამ საყვარელი არსებების დაჭრა და ყურება... ამ აზრმა წამიერად გაიელვა. მაგრამ უეცრად ვეშაპისებრთა ხმამ დაიჭყივლა: - ტყუილად ცდილობთ, პროფესორო. მედიცინა შორს წავიდა, ელექტროდები უკვე ამოიღეს. თქვენს მემკვიდრეობას თავზე და სხეულზე მრავალი ნაჭრილობევი-ღა გვახსენებს. იარეთ და უკან ნუ იყურებით! ისინი გაჩერდნენ შესასვლელთან, რომლის თავზე წარწერა ანათებდა: „უცხო და ცნობისმოყვარე პირების შესვლა აკრძალულია!“ ქვემოთ კიდევ ერთი: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!“ სულ ქვემოთ კი წვრილი ასოებით: „ჩვენი ლოზუნგია - სითბო და მხოლოდ სითბო, როგორც პირველი ნაბიჯი ურთიერთგაგებისაკენ!“

კარი გაიღო და პროფესორის თვალწინ მისი საშინელი სიზმრის გაგრძელება გადაიშალა! მთელი ოკეანერიუმი დუღდა, თუხთუხებდა და ბობოქრობდა. ცალკეული, ყველაზე აგრესიული და ყველაზე მაღალ ნოტაზე შესრულებული შეძახილის გარჩევაც კი შეიძლებოდა. სამი, ქალაქის საყვარელი ზოლიანი ვეშაპი, რომლებიც აქამდე, ანუ მომხდარამდე წყნარად ასრულებდნენ საუკეთესო ბალეტმეისტერის და ცხოველების რჩეულის მიერ დადგმულ საბალეტო პას, ოკეანერიუმის ამ სამ ვეშაპს, თითქოს დავიწყებოდათ ყველა ჩვევა, ტრიალებდნენ და კედლებს ეხეთქებოდნენ, მაგრამ მხიარულად, როგორღაც გამძვინვარებულად მხიარულად გამოუდიოდათ. ყველა დელფინი ერთად შეკრებილიყო და ხმამაღალი ჟესტიკულაციით, თუმცა ჟესტიკულაციისთვის არაფერი გააჩნდათ, ხმამაღლა ყვიროდნენ, ნამდვილ ადამიანურ ენაზე ლანძღავდნენ პროფესორს, საშინელ სიტყვებს უწოდებდნენ, „ადამიანების ანუ დელფინების მწვალებელს“ ეძახდნენ. ვიღაცას ოსვენციმი გაახსენდა და დაიძახა: „ეს არ უნდა განმეორდეს!“

ერთი, ბედნიერებისაგან გონებადანისლული დელფინი, იმ სახეობის მშვენიერი წარმომადგენელი, რომელსაც ელექტროდი ახლახან ამოუღო გო... დიახ, გონისმიერმა მოძმემ (ახლა ამაში ეჭვი აღარავის ეპარება), ეს დელფინი ასრულებდა უზარმაზარ რგოლებს, ტორპედოს მსგავსად, ყვინთავდა, მერე მაღლა ხტებოდა და მაშინ შეძლებდით, გაგერკვიათ: „ძირს ურთიერთობა, არანაირი კონტაქტი“... და კიდევ რაღაც. დელფინი - ლოცმანები მღეროდნენ სიმღერას - „მტრული ქარტეხილები“ და ტაქტში ყვინთავდნენ სიღრმეში, შემდეგ იმ ბურთის მსგავსად ამოყვინთავდნენ, რომელსაც ჩაძირავ და მოულოდნელად ხელს გაუშვებ; და აბამდნენ ახალ, როგორც ჩანს, მათ მიერ შეთხზულ, დელფინურ ჰიმნს. ირგვლივ გაისმა: „ჩვენი პირველი სიტყვები: რას სჩადი, ადამიანო, თუმცა, მათ ჩვენი არ ესმით -

მზად ხარ? არ დაიგვიანო!“ კალათბურთის მთელი გუნდი სტყორცნიდა ბურთს კალათში, მაგრამ განგებ არ ახვედრებდა მიზანში და ამით ნეტარ იდიოტიზმში იმყოფებოდა, რაზეც გუნდის წევრების გაღიმებული სახეები მეტყველებდა. ირგვლივ ქაოსის, საშინელი დაძაბულობის და მოლოდინის სურათი გამეფებულიყო. კიდევ კარგი, სქელი კედლები ნთქავდა ულტრაბგერამდე მიღწეულ ამ საშინელ ჭყივილს, კივილს, მაგრამ რა მოხდება, ზედაპირზე რომ ამოვიდეს?

იქ ხომ ზვიგენები და კაშალოტები, ნამგალები და რვაფეხებია... ბრ-აა-ა... პროფესორმა კბილი კბილს დააჭირა და ხელოვნური ყბა გაიტეხა, ამოიღო იგი და უცებ გაშეშდა. კულტურული რევოლუციის მთელს ამ ქაოსში, მხოლოდ ერთი არსება იყო აუღელვებელი და მშვიდი. ეს იყო აუზის მომსახურე. ის იჯდა, არა... იდგა, თითქოს სივრცეში იმყოფებოდა და არაფრის აღმქმელი თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით.

- რა გჭირთ, გაგიჟდით? ახლავე წადით და დაიძინეთ. მე ვიქნები მათთან ერთად, მივაქცევ ყურადღებას! პროფესორმა უკნიდან სამთითას ღრჭიალი გაიგონა და გაახსენდა, რომ მისახედი არავინ ჰყავს, თუ ვინმეა მისახედი... - როგორ გაბედეთ ცხოველების შეურაცხყოფა! - ღმერთო, ისევ დაავიწყდა. რომელიღაც დელფინი ახტა ბორტთან, დააჭირა ჩამრთველს და იმ წამსვე მომსახურე შემკრთალ პროფესორს ეცა, ხელიდან ყბა გამოგლიჯა და იქვე, აუზის ბილიკთან გათელა. ეს კატეგორიულად იკრძალებოდა და პროფესორი ყველაფერს მიხვდა. მათ იგივე გაუკეთეს, რაც ჩვენ - მათ. ჩაუმონტაჟეს... ღმერთო, რა საშინელებაა! დიახ, და ასეთ ხანმოკლე დროში გამოიკვლიეს და ისწავლეს მართვა... კოშმარი!

- ჰო? რატომ მაშინ არ იყო ეს კოშმარი, როცა ყველაფერი პირიქით ხდებოდა? - დაიჭყივლა ყურთან წვრილმა ხმამ. პროფესორს მოეჩვენა, რომ ეს ხმა უკვე საზიზღარი იყო. - აბა, მიპასუხეთ! იგი მკვეთრად მიბრუნდა. მისი თავის გასწვრივ ერთ-ერთი ვეშაპთაგანი იდგა. (ის, რა თქმა უნდა, ორ დანარჩენს ეყრდნობოდა). „ჰო, საქმე ძალიან ცუდადაა! ხმელეთზე გადაადგილება რომ ისწავლონ?“ - მექანიკურად გაიფიქრა პროფესორმა. - რა თქმა უნდა, თანაც ძალიან მალე! - ხმა ვეშაპს ეკუთვნოდა.

„არ მეგონა, რომ ასეთ საყვარელ ცხოველს ასეთი საზიზღარი ხმა ექნებოდა,“ - ისევ გაიფიქრა პროფესორმა. - აბა-აბა, გირჩევ, არ იხუმრო. - და ვეშაპმა უჩვენა პროფესორს... ჩამონტაჟებული ზვიგენის კბილი. - საკმაოდ ბევრი ოპერაცია გავუკეთე, და წარმოიდგინეთ, ყველა წარმატებით და უსისხლოდ. მაგრამ შეიძლება შევცდე კიდეც. - ვეშაპმა საზიზღრად ჩაიხითხითა. პროფესორი შეეცადა, გულში არაფერი გაევლო, მხოლოდ ბოლოს გაიფიქრა - „ეს ტელეპატიც ყოფილა!“

- თანაც დიდი ხანია, - ვეშაპმა ჩაახველა და ღიმილი მოიხსნა. იქნებ არც მოიხსნა, ეშმაკმა უწყის... მხოლოდ ვიღაცის მისამართით წარმოთქვა: - კმარა! ის ყველაფერს მიხვდა. - და ხმაურით გაქრა.

- რა გინდათ ჩემგან? - ამოიოხრა პროფესორმა. - უკვე აგიხსნით საკმაოდ გასაგები ფორმით, - თქვა სამთითა დელფინმა. - კარგი! ასე! ბატონებო! - ჯანდაბასაც წაუღია ბატონები! - აყვირდა აუზი. - მეგობრებო! - ძირს ხმელეთზე მოსიარულე მეგობრობა! - მაშ, როგორ მოგმართოთ? - საბოლოოდ დაიბნა პროფესორი. - ეს უკვე მეტისმეტია, ბიჭებო, - წარმოთქვა ვიღაცის ხმამ მის დასაცავად. გამცილებლის ტემბრით. ყველა ჩაჩუმდა. პროფესორმა ალერსით და გარკვეული მადლიერებით შეხედა დელფინს (ტყუილად არ მყვარებია, როცა ცხოველი იყო).

მაგრამ, სდექ! როგორ მიდიოდა კორიდორში, როგორ იჯდა ჩემს კაბინეტში? მას ხომ არ უნდა შეეძლოს, არ შეუძლია, არ აქვს უფლება, შეეძლოს... პროფესორმა ქვემოთ ჩაიხედა და დაეცა... დელფინს არ ჰქონდა ფეხები, მაგრამ მას რაღაც ჰქონდა, და ამ „რაღაცაზე“ ეცვა პროფესორის ფეხსაცმელები.

*

დასაძინებლად მიგვერეკებიან. ყველგან აქრობენ სინათლეს, სიბნელეში კი მეშინია. თან მიდიხარ, თან გძინავს. მაინც რა მშვენიერია, რომ არსებობს კორიდორები - მათში სეირნობ, ტუალეტებიც აქ არის - იქ კი... არა-არა, ეწევიან. მაგრამ იქ ცუდია, იქ სულ ეს გიჟები, ეს წყეული შეშლილები აღებენ ფანჯრებს და ორპირს აყენებენ. ხვალ უნდა ვიჩივლო. რატომ ხვალ, ახლავე მივწერ კოსიგინს... ეხ, შუქი ჩააქრეს, როგორ შეიძლება... როგორ არ გრცხვენიათ!!! დამაცადეთ, გამოვჯანმრთელდე! ღამე მშვიდობის. ვანთებ ასანთს და ვწერ წერილს. ასე აკეთებდა ჯორდანო ბრუნო. იმიტომაც დაიწვა ასე სწრაფად. მე კი არ შემიძლია. წავალ და დავიძინებ, რომ გადავრჩე, მერე კი...

არ მეძინება. როგორ უნდა დაიძინო, როცა სამყაროში ამდენი უბედურებაა და ხვრინავენ. ღმერთო! როგორ ხვრინავენ! ისინი! ისინი! გუნდურად და უნისონში, ხმებში და ტერციაში, კვარტაში... ისინი ხვრინავენ, იმიტომ, რომ გიჟები არიან. ყველა გიჟი ხვრინავს და... სხვადასხვა ბგერებს გამოსცემენ, თითქოს რაღაცას ევედრებიან ღმერთს და მთავარ ექიმს, თქმა კი არ შეუძლიათ, იმიტომ, რომ არ შეიძლება. ათზე - ძილის დროა, და ლაპარაკი არ შეიძლება. ვინ აკრძალა, არავინ იცის. ასეთია კანონი და პერსონალი საგუშაგოზე.

ვის ეხალისება ძილისპირულის შემდეგ მოსკოვის დატოვება! თანაც ასეთ ჭყაპში, საავადმყოფოს ტანსაცმელში. ამიტომაც არ ლაპარაკობენ, მარტო ხვრინავენ: ისაო, ღმერთო, დაგვიცავიო და გვიხსენი, ცოდვილები, შენც და მთავარმა ექიმმაც, იხსენით ჩვენი სული და გადაარჩინეთო. სული - ღმერთის საცხოვრისია, მაგრამ რას ჰგავს აქაურობა, თუ სიგიჟით და წამლებით და იმით ყარს ყველაფერი, რაც ამ წამლებით გამოიდევნება. ექიმო! ვერ ვიძინებ, მაგრამ თქვენ ხომ უბრძანეთ, ისეთი წამალი მიჩხვლიტოთ, რომ დამეძინოს, ის კი იმპოტენციას იწვევს. დიახ-დიახ. ნუ ეცდებით ჩემს გადარწმუნებას. ლოთმა მითხრა, მან კი იცის. თვითონ წაიკითხა სამედიცინო ცნობარში. ექიმო, გამიშვით! რა გაგიკეთეთ ასეთი კარგი, რომ ვერ მელევით? სიმღერაც კი არ შემიძლია, სმენა არა მაქვს, თანაც სულ დაჩხვლეტილი ვარ ნემსებით და ეჭვებით. მომშორდით, ვითხოვ, როგორც უკანასკნელ სურვილს. არ შეიძლება ჩემთვის იმპოტენტად დარჩენა, სიდედრი გამომაგდებს და ცოლი სიკვდილის პირას მიმიყვანს ცემით. რა? კარგი, ოღონდ უკანასკნელად, ყველაზე უკანასკნელად! ისევ ხელში, არა? ღორობაა, ბოლოს და ბოლოს! დები კი მოწყალებისანი არიან და არა ღორობის. ღმერთებო, ღმერთებო! რატომ ცხოვრობთ ოლიმპზე, ეშმაკმა წაგიღოთ, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.

ამბობენ, დიდ თეატრში მოხდა. ორ სტატისტიკოსს თუ მოლარეს, ეს უკვე აღარავის ახსოვს, შეუყვარდა დირიჟორი ფაიერი თუ ფაიდილმერი (ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ ის ებრაელია და ამას არ იმსახურებს). თითქოს წითელი ნიღბები გაიკეთეს, ძირს გადაცვივდნენ. თანაც სპექტაკლის დასასრულს, რომ არ დაერღვიათ მოქმედება - ხელოვნება მათაც უყვარდათ. საშინელი სკანდალი იყო, მაყურებელი კი ტაშს უკრავდა. ეფექტი - იმის ღმერთი არ იყოს! მაყურებელს კი რა! - პური და სანახაობა. პური - ბუფეტში ღვეზელების სახით, სანახაობა კი აგერ - მიბაძვის ღირსი. მიირთვით, მოქალაქეებო, ღვეზელები, მიირთვით! და მიმბაძველებიც უცებ მოიძებნენ. ქალაქ ომსკში, დიდ თეატრში მომხდარი ამბის შესახებ ხმების მისვლიდან ერთ საათში ორ ტელეფონისტ ქალს მყისიერად შეუყვარდა სატელეფონო კვანძის უფროსი და ჩამოცვივდნენ - სატელეფონო ხაზიდან. ორივე სასიკვდილოდ დაიმტვრა, მაგრამ ერთი ექიმების წყალობით გადარჩა და კლინიკური სიკვდილიდან მობრუნებულმა განაცხადა, რომ ჩადენილს არ ნანობს და თუ მას გადაარჩენენ, ადგილი ექნება რეციდივს. ქალები! ერთი სიტყვა - დედაკაცები! ქათამი - ჩიტი არ არის, ქალი კი - ადამიანი. დედაკაცი - ეს ბოროტებაა, მათგან მოდის ჩვენი და ჩვენი მშობლების ყველა უბედურება.

რატომ არასდროს მპასუხობთ! რა, ადამიანი არა ვარ?! დუმხართ! კი, ბატონო, როგორც გნებავთ! ბევრი დუმდა, მაგრამ გმირობის გამო, ასე ვთქვათ, იდეისათვის! გაგიგონიათ, მაგალითად, კამო? ან პარტიზანების მთელი არმია. პარტიზანები ჩამოახრჩვეს, მაგრამ მაინც დუმდნენ, წმინდა პრინციპის გამო, თქვენ კი თანდაყოლილი ხეპრეობით მოგდით. რაო, დანაღვლიანდით? არაფერია, თქვენც ჩამოგკიდებთ ვინმე საფლავის ქვაზე, ფოტოს სახით.

შეგეშვათ? რა, ბევრს ვყბედობ? თქვენაო, მაღლა ადიხართ კიბეზეო, ჯანმრთელდებითო თანაც. ჩვენი ხვედრი კი - ქვემოთ დაშვებაა? ჩააფურთხეთ! ქვემოთ პირველი განყოფილებაა. იქ კი მღელვარეები არიან, იქ რა მესაქმება. მაგრამ არც ზემოთ გვინდა - იქ მეხუთე განყოფილებაა. ქალთა, აგრეთვე, მღელვარეთა. გინდათ ზემოთ? კი ბატონო, ოღონდ არ გირჩევთ, იქიდან ცოცხალი არავინ დაბრუნებულა. გავიდე? კეთილი!

მაინც რა შესანიშნავი ადამიანები არიან ეს ენაბლუები. ჩუმი, გულისხმიერი, არსად ეჩქარებათ. და, რაც მთავარია, რით არიან ჩვენზე ნაკლები? არაფრით. აგერ, ჰიტლერი სულაც არ უკიდებდა ენას, რომ არაფერი ვთქვათ მუსოლინიზე. მერე რა გამოვიდა? არაფერი! არა, გამოვიდა, მაგრამ რაღაც საზიზღარი და სწორედ იმიტომ, რომ ისინი არ იყვნენ ენაბლუები. ასე რომ ყოფილიყო, ხომ ვერ გამოვიდოდნენ სიტყვით და ვერ ავნებდნენ საერთაშორისო ხალხებს.

ჩვენი ენაბლუები - ისინი ერთგვარი განდეგილები არიან. კარგი გაგებით. ენბლუობა ნაკლი კი არა, დიდი ღორობაა. მათ, რაღაცნაირად, ლამაზად მკურნალობენ. ამ ნემსების გარეშე, რომლებიც იმპოტენციას იწვევს, ჰო, ასეც ხდება. მაშ! როგორ მკურნალობენ? გამოჰყავთ ქუჩაში, აყენებენ გრძელ რიგში და აიძულებენ - მივიდნენ გამვლელთან და თავაზიანად ჰკითხონ, მაგალითად: „ცოლიანი ხართ?“ ან „სად არის 12379 ტრამვაის გაჩერება?“ ასეთი ტრამვაი კი სულაც არ არსებობს. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ჰკითხონ, თანაც სხვებზე რაც შეიძლება სწრაფად. წამზომს აჩხაკუნებენ და ნიშნებს უწერენ. მაღაზიაში უნდა იკითხონ: „რა ღირს ძეხვი?“ ან „ხურდა არასწორად მომეცით!“ ეს შეიძლება არც იყოს მართალი, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარია, რაც შეიძლება მოკლედ თქვან. მათ ძალიან არ აწვალებენ. ითვლიან წუთებში და აფასებენ 100-ბალიანი სისტემით. - თქვენ, - ეუბნებიან, - ბიძაკაცო, 68 მიიღეთ, თქვენ კი - მიტენკა - 2.  აქ მათ მადლობა უნდა გადაიხადონ და დაბრუნდნენ საავადმყოფოში. ძიძები „სულელებს“ თამაშობენ, და არა „დურაკას“, როგორც გიჟები... იმიტომ, რომ ძიძებისათვის სულელის ქვეშ იგულისხმება გერმანელი, ინგლისელი და რაღა თქმა უნდა, ნაღდი რუსი სულელი და რა თქმა უნდა, ყველა ეს გიჟი - მათთვის სულელია. ძიძები - შესანიშნავი ქალები არიან. დედაკაცები კი არა, ქალები. ერთმა მითხრა - ჩვენო ლამაზოო! აბა? ამაზე ხომ უკვე ვთქვი.

რა ლამაზი მე ვარ. გენები და ქრომოსომები დამახინჯებული მაქვს (ლსდ), „ოგონიოკში“ წავიკითხე. ეს მათზეა - დასავლეთელებზე. მე კი ყველა იქაური მყავს, დასავლელი - პოლონელი ებრაელები. მაგრამ ეს არავინ იცის, ყველას ჰგონია, რომ ზანგი ვარ. ნეტავ, რატომ? მე ხომ შავი არ ვარ. ალბათ მკერდზე დახუჭუჭებული ბანჯგვლების გამო. რა თქმა უნდა, როგორ ადრე ვერ მივხვდი! რა სასიამოვნოა, როცა რაიმეს აღმოაჩენ. ჰო! სულ მივატოვე უწრფო განტოლებების თეორია დამახინჯებულ სივრცეში. უნდა გავიხსენო. ახლა კი ვივარჯიშებ: ჰა-ჰა-ჰა! ეს იდიოტები დომინოს თამაშობენ. რა სისულელეა! ის იგებს, ვისაც ნაკლები ქულები აქვს. ეს ხომ საერთოდ უაზრობაა. ფიქრობენ და აკაკუნებენ, აკაკუნებენ. რატომ აკაკუნებენ? ნუ აკაკუნებთ, გესმით? ჩამკაკუნებელებო, გამყიდველებო, ჩამშვებებო! ოღონდ ნუ მცემთ. არ შეიძლება ცემა, ჯერ არაფერი გამიკეთებია! „მოხუც მედოლეს, მოხუც მედოლეს, მოხუც მედოლეს ეძინა ტკბილად, ახალმა, ახალმა, ახალმა მედოლემ დააბრაგუნა, მან გაიღვიძა, გვერდი იცვალა, და სამი წელი გამოეცალა, ახალმა მედოლემ კი, ახალმა მედოლემ

აწაპნა მისი დოლი“... ეს ისე. მე პოეტი არ ვარ. ვინ ვარ? რა ვარ? რატომ ვარ? სიცოცხლევ, მაინც რა ნაძირალა ხარ! ახლა ვისაუბროთ არარსებულ რგოლზე. ადამიანებო! რა გაკლიათ, ვინ გაკლიათ? თქვენ პიტეკანტროპები გაკლიათ! წერთ უზარმაზარ კვლევებს და იკარგებით აღმოჩენებში, სხვათა შორის, პასუხი აქვეა. მისმინეთ და დამშვიდდით და ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ რგოლის შესახებ. იყო და არა იყო რა, ცხოვრობდნენ პიტეკანტროპები, ტომებად თუ თემებად, წყვილად თუ მონოგამურად, არ ვიცი, მაგრამ ჰქონდათ თავისი სიყვარული და წუხილი, უბედურება და სიხარული, თანაბრად ინაწილებდნენ, დარწმუნებული იყავით. ერთხელაც მიმოიხედეს, სიბნელე - თვალთან თითს ვერ მიიტან. ახლახან დამთავრდა მეზოზოური ხანა და ჯერ არ დაწყებულა მესამე პერიოდი და არანაირი სინათლე არ მოჩანს, ერთგვარი ხელისუფლებათაშორისობაა. დადგნენ ორ უკიდურეს წერტილში და დაიძახეს: „უ-ა!“ მეტი არ შეეძლოთ, სამწუხაროდ. დაიძახეს თავისი მწარე „უ-ა!“ და წავიდნენ მთებში. ცნობილია ტაქტიკა - მაო-ძედუნიც მთაში მიდიოდა, კასტროც, მაგრამ ისინი დაბრუნდნენ, პიტეკანტროპები კი - არა. ზაფხულში იყო დოღი და კულტურული რევოლუციები, საფარა და ნადირობა რაულთან ერთად, ბელოვეგის ტევრში დაბმულ დომბებზე, აგრეთვე, დაბმულ ხოხბებზე. პიტეკანტროპებს კი ეს არ ჰქონდათ, ისევე, როგორც ხალხთა მეგობრობა და დიდი ჩინური წინააღმდეგობა. პიტეკანტროპები წავიდნენ მთებში და მჭიდროდ დასახლდნენ, იმდენად მჭიდროდ, რომ თვითონაც ამ მთებად იქცნენ. შემდეგ დაიბადნენ ახალი მაიმუნები და ახალი პიტეკანტროპები, წინაპრების ძახილის მორჩილები, დაიძახეს თავისი „უ-ა!“ და წავიდნენ მთებში და შეეზარდნენ მას. შემდეგ ახალი და ასე შემდეგ. ასე რომ, პიტეკანტროპების იქით კაცობრიობის ისტორია ვერ წავიდა. ყველაფერი ისე დარჩა, როგორც იყო, მხოლოდ მთები, სავარაუდოდ, ჰიმალაები, მოწმობენ ამას და თვალსა და ხელს შუა იზრდებიან, იმიტომ, რომ მათზე... პიტეკანტროპებია.

ჩვენ? საიდან ვართ? ჩვენ, რა თქმა უნდა, მარსიელები ვართ, და არ ღირს მორცხვად ჰიპოთეზების წამოჭრა. სულელია დარვინი. მაგრამ არ არის დამნაშავე. მაშინ კაპიტალიზმი იყო. მაშ, რაღაში გჭირდებათ, ხალხო, ეს რგოლი? თავი დაანებეთ ძნელად საპოვნელის ძიებას, უმჯობესია თქვენ საყვარელ ადამიანებს ვარსკვლავები და ჰოლანდიური ყველი უშოვოთ. ამბობენ, რომ ის არ არის - ჩვენ ეს არ ვიცით! არსებობს თუ არა! საკითხავი, აი, ეს არის! დღეს აღმაშფოთებელი რამ მოხდა, რომელმაც საძირკველიდან ფუძემდე შემძრა, 1949 წლის აშხაბადის და 1966-67 წლების ტაშკენტის მიწისძვრასავით. ერთმა, გამოჯანმრთელების გზაზე დამდგარმა ავადმყოფმა მთავარი ექიმის სახელზე განცხადება დაწერა. აი, ტექსტი - სიტყვასიტყვით გთავაზობთ: „მე, ქვემორე ხელისმომწერი, სამუელ იაკობის ძე სოლოვეიჩიკი, ეროვნებით სომეხი, თუ გნებავთ - არა სომეხი, 43 წლის, აქედან 12 თქვენ მოგიძღვენით, ჩემო პატივცემულო მეგობარო, სადღესასწაულოდ და გამგებთა თანდასწრებით ვაცხადებ, რომ: 1) ჩემი წნევა მერყეობს ერთსა და იმავე საზღვრებში - 1230-1240 კვ.კმ./წმ; 2) ჩემი პულსია - 3-3,5 დარტყმა საათში; 3) როე - 12 მეგაჰერცი რაუნდში; 4) შარდი - მუდამ იისფერია; 5) პრეტენზიები არ მაქვს; ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, თავს, ბოლოს და ბოლოს მივიჩნევ გამოჯანმრთელებულად და აბსოლუტურად, გესმით, აბსოლუტურად ნორმალურად. გთხოვთ, გამიშვათ და გადამცეთ ჩემს შინაყმებს, რომელიც გუშინ გაწერეთ ამ საავადმყოფოდან (თქვენ ხომ ერთხელაც არ მოგვეცით საშუალება, ერთმანეთს შევხვედროდით), რომლებიც გულმხურვალედ მიყვარს. იმედია, მათაც ვუყვარვარ.

გეყოფათ, რაც მასხარად მიგდეთ, წყეულებო! სიყვარულითა და პატივისცემით, ი. სოლოვი“  ვერ წარმოიდგენთ, რა დაიწყო, როცა ეს განცხადება „საზოგადოების“ მონაპოვარი გახდა. ლოთებმა მიატოვეს დომინო, ეს გულისამრევი თამაში. ერთმა დუშაშიანი ქვა გადაყლაპა, ამიტომ საჭირო შეიქნა მისი მუყაოსაგან დამზადება (სულ მაინც შეეჭამა, ხომ აღარ იქნებოდა ამდენი კაკუნი). მიატოვეს ყველაფერი და დაიწყეს უნიტაზების თავზე ხარხარი (კორიდორებსა და პალატებში ხმაური არ შეიძლება), უნიტაზები კი, თავის მხრივ, აძლიერებდნენ ამ საშინელ სიცილს.

მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო. გასაგებია არა „კვ.კმ.“, არამედ, უბრალოდ, კილომეტრი, მაგრამ ხომ არ შეიძლება ორიოდე ორთოგრაფიული შეცდომისათვის ასე დასცინო ადამიანს. ეს ხომ ადამიანია და არა ვიღაც... პროფკავშირების მოღვაწე ამერიკაში, რომელიც ისე გაბურჟუაზდა, რომ ვეღარ იცნობ. ყველა ვიცნობთ მას, როგორც ჩუმ, მოკრძალებულ ავადმყოფს. არასდროს არაფერს ითხოვდა, მისი ხმა არ ისმოდა, მუნჯი იყო და ოყნასაც კი თვითონ იკეთებდა. და ასეთი ადამიანი გამოჯანმრთელების წინა დღეს ასე აიგდეს. თვითონ ვეხმარებოდი ბარათის დაწერაში. უფრო მეტიც, მე თვითონ დავწერე, ვინაიდან სოლოვეიჩიკი დიდი ხანია პარალიზებული წევს, მე კი ვამაყობ მომაკვდავი ადამიანისათვის ამ მოკრძალებული დახმარებით. რა თქმა უნდა, მოკვდება. აი, ვინ არიან ისინი. კაცი იხრჩობა, უკანასკნელ ხავსს ებღაუჭება, მათ კი გალაქული ბაობაბი შეაჩეჩეს ხელში. მთავარი ექიმი? რა, მთავარი ექიმი? მან მხრები აიჩეჩა, დახია ჩემი, უფრო სწორად, სოლოვეიჩიკის სულის ყვირილი და წავიდა პირველ განყოფილებაში, მღელვარეებთან, თითქოს იქ არაფერს შესთავაზებენ. მე ვიყავი იქ. მისთვის რეცეპტია გამზადებული.

*

დალილა - ეს უსამართლობაა, სამსონი კი - მე ვარ. ხეები ძილში კვდებიან. ძნელია ძილში, მაგრამ მე არ მეშინია სიძნელეების. რა ეშველება რუსეთს? ვინ მიპასუხებს? არავინ! აი, ჩემი უკანასკნელი ჩანაწერი: „გუშინ ბევრი ვიმუშავე! გთხოვთ, არ გამაღვიძოთ! არასდროს! ვიძინებ სამუდამოდ. ადამიანებო, მე თქვენ მიყვარდით! იყავით შემწყნარებელნი!“ ეს კი ჩემი ანდერძია. ატანა არ მაქვს ამ ანდერძების, ყველა ყალბია, განსაკუთრებით კი - პოლიტიკური, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რასაკვირველია. აი ისიც: „გაუმარჯოს გიჟების საერთაშორისო სოლიდარობას, ერთადერთ შესაძლებელს სოლიდარობებს შორის! ერთადერთი შესაძლებელი სოლიდარობებს შორის! გაუმარჯოს სიგიჟეს, თუ მე და ჩემნაირები გიჟები ვართ! გაუმარჯოს ყველაფერს, რაც ეხება ყველაფერს, რაც გვამშვიდებს და გვაღელვებს! მორჩა!“

ძილი კი არ მოდის. ის კიდევ დიდხანს არ მოვა. შეიძლება სულ ასე იყოს ამის შემდეგ. საბოლოოდ, ასეც გამოვიდა. თუმცა, ესეც ხომ ბოლოა - სიცოცხლე ძილის გარეშე! არა? წარმოგიდგენიათ ასეთი ცხოვრება?! არავის არ სძინავს, ყველა ღელავს და ფიქრობს! გენიალურია! კალდერონთან სიცოცხლე - სიზმარია. იქ საუბარია იმაზე, როგორ გააღვიძეს ერთი უფლისწული, მას კი ყველაფერი ისე საზიზღრად მოეჩვენა, რომ გადაწყვიტა - ეს სიზმარია, სიცოცხლე კი სიზმარში იყო. იმიტომ, რომ არ იქნება სიცოცხლე სიცრუისა და სისაძაგლის ჯაჭვი. ჰოდა, მანაც გამოიგონა ერთგვარად მოხერხებული ფორმულა. მოკლედ, სიცოცხლე - ესაო, სიზმარიაო, სიზმარი კი - სიცოცხლეო, ანუ ის სიზმარი, რომელიც ნამდვილად სიზმარია, და არა ის, რომელიც მან მიიჩნია სიზმრად. ფუი! რა უბედურებაა!

ჩემთან კი ყველაფერი მარტივადაა - სიცოცხლე ძილის გარეშე. არავის არ სძინავს და არაფერი არ მუშაობს. ყველა ფსიქიატრიულში წევს. გენიალურია. და ყველას უკეთებენ ნემსებს, რომლითაც ვითარდება ინფორმაცია, უფრო სწორად, იმპოტენცია, რა თქმა უნდა. და ყველა იმპოტენტია. ბავშვებიც არ იბადებიან და დგება სამყაროს აღსასრული. პლანეტა იღუპება. არა! ასეც არ შეიძლება! სიცოცხლე ძილის გარეშე - აი, რისკენ მივდივართ. მე მგონი, ეს მეტისმეტია! კაცმა რომ თქვას, რატომ? რაზე გავჩერდით? ა? ჰო, პლანეტა დაიღუპა. ადგილი განთავისუფლდა - მიფრინდი და დასახლდი. ჩვენს კლინიკას კი წინასწარ ჩამოხსენი აბრა და სკოლას დაემსგავსება. ისინი მართლაც სკოლებია, უბრალოდ, გადააიარაღეს. საწყალი ბავშვები. გავქურდეთ ისინი! რამდენ გაკვეთილს ისწავლიდით არითმეტიკაში, აქ კი... რა თქმა უნდა, წესით უნდა გძულდეთ. აბა, ჩვენგან რა ხეირია - ვწევართ, დავდივართ, და თითქოს არც ვცოცხლობთ. ფერფლი ვართ, სკოლა კი წაგვართვეს. ასეა, ასე! მოფრინდებიან ისინი, უცქერენ - სკოლაა და არანაირი კლინიკა სულით დაავადებულთათვის. ძალიანაც კარგი. დაიწყებენ ცხოვრებას ღიღინით, იმიტომ, რომ თუ არაა კლინიკა, არ იქნებიან სულით ავადმყოფებიც. ყველაფერი შენობით იწყება. ააშენებენ, შიგ კი ვინმე ხომ უნდა შეასახლონ. მიდის კაცი, თან კითხულობს - სტაცე ხელი და დასაწყნარებელში შეაგდე - ნუ კითხულობ სიარულის დროს, ჩუმად იკითხე. სიარულისას არ შეიძლება! ასეთია კანონი! დაარღვიე - ა, ბატონო! ციხე და მეთვალყურეები თეთრ ხალათებში. სისუფთავე, სინათლე, გისოსები ფანჯრებზე კი...

- დიდი ამბავი, ციხეშიც ასე არაა? მაგრამ ციხეში ხომ არ გინდა! ნამდვილში?! არ გინდა?! რატომ არ გინდა, ჰა? იმიტომ, რომ ცუდი შენობაა, არ მოგწონს შენობა. ეს კი სკოლას ჰგავს, რაც არ უნდა იყოს, ახლოა მეცნიერებასთან. აი! მოფრინდებიან ისინი და აღარაფერი აღარ იქნება. არა! სიცოცხლე ძილის გარეშე - ახალი საზოგადოების აშენების მთავარი კანონია, საზოგადოებისა, სიგიჟის გარეშე, მაგრამ ჯერ არ მიუღიათ. ისე მიიღებენ, თქვენი მოწონებული. ძალიან დიდი სახსრები მიდის ამაზე... კოსმოსში. აბა!

მიყვარს მოკლე მოთხრობები და სიტყვები. ერთი მეორეს სახეში ურტყამს და მიდის. იმან კი არც ჰკითხა, რისთვის. ალბათ იყო მიზეზი! მეორემ არ აუხსნა, იმიტომ, რომ მართლაც იყო მიზეზი. მანაც დაარტყა. ასეთი კანონი აქვთ ადამიანებს - ცოტაც და მაშინვე - დინგში, მაგრამ ყოველთვის უმიზეზოდ. კიდევ სიტყვები - მითი, ბლეფი, დო, რე, მი, ფა, მოკლეა და გასაგები. როგორი ჰარმონიაა, სიმეტრია, ინერცია. ღმერთო! რა ლამაზია!

ეპიცენტრი, ეპიცენტრი... რა შუაშია ეპიცენტრი? აა, გამახსენდა! უბრალოდ, თუ რაღაცაა, უნდა დაწვე ფეხებით ეპიცენტრისაკენ, სახით ქვემოთ, იქნებ მერე გვეშველოს. გააჩნია, ახლოს ხარ თუ შორს, მაღლა თუ დაბლა, მშრალი თუ სველი... იაპონელები ასე იქცევიან, მაგრამ ისინი დაბლები არიან. რა ერია! ისინი მტრის ღვიძლს ჭამდნენ, რომ გაზრდილიყვნენ. „კიტომორე“ ჰქვია. მაგრამ ჩვენ გამოჩენილი ერი ვართ და ღვიძლს არ ვჭამთ. ჩვენ ეპიცენტრისკენ ფეხებით უნდა მოვექცეთ, იქნებ წაგვიღოს. რამდენჯერ გამოვუტანივართ, ეშმაკმა დალახვროს! რუსეთო, საით მიერეკები?! მიპასუხე! არა აქვს მნიშვნელობაო - ამბობს, იქნებ ამოგვიტანოს. ამოგვიტანა კიდეც, წაგვიღო და მიაქვს აქამდე და ღმერთმა უწყის, კიდევ რამდენ ხანს გვატარებს.

გაიგონეთ, გაიგონეთ? დღეს მეშვიდე თეთრცხელებიანი მოიყვანეს, თავი ჩამოიკიდა ცენტრკავშირზე თეთრეულის თოკით. ერთმა გმირმა კი, 68-ე სახლიდან, რომელიც „გაზიკზე“ მუშაობს, ბაც! და ჩამოხსნა, ისე აკურატულად, თოკიც კი არ გაჭრა, დაენანა. რატომ უნდა გადაეჭრა, როცა ისეც შეიძლება. წევს ახლა თბილი. ამბობენ - დიდი ამბავი, თეთრი ცხელებაა, ამიტომაცაა თბილი. - თოკი სად არის? - ხელები შეუკრეს. - ესე იგი, მაინც გააფუჭეს? - რატომ გააფუჭეს, მთელით შეუკრეს. საინტერესოა, რატომ არის ცხელება ყოველთვის თეთრი? უნდა შეიცვალოს. ეს წარსულიდან დაგვრჩა - თეთრგვარდიელებისაგან. ახლა წითელი ცხელება უნდა გვქონდეს. ის კი - თეთრია. არ გამოდის, ამხანაგებო ლამაზად! აი, ასე!

*

პირველი, რაც გონს მოსულმა პროფესორმა დაინახა, ეს დელფინის უზარმაზარი სახე იყო, რომელიც რაღაც ურჩხულის თუ ვიღაცის, დისნეის მულტფილმის, ბარმოლეის და არა რ. ბიკოვის შესრულებულ როლს მოჰგავდა. სახეზე ერთგვარი მოუსვენრობა ეტყობოდა. პროფესორის სახესთან სამთითას იქნევდა... - რა გჭირთ? ჩვენს გეგმებში ეს არ შედის. არ ვაპირებთ თქვენთვის რაიმე მსგავსის გაკეთებას. პირიქით, გვსურდა თქვენი შემოზიარება, ასე ვთქვათ... მაგრამ თავდაპირველად უნდა მოგიბოდიშოთ.

- რა გაქვთ ფეხებზე? - ამოილუღლუღა პროფესორმა. - ფეხსაცმელები, - გაიოცა დელფინმა და პლასტიკატის ლანჩით დააბაკუნა.... - თქვენმა ფაბრიკებმა ოპტიმალური ვარიანტი შეიმუშავეს. კარგი გემოვნება გაქვთ, პროფესორო, - დელფინმა მფარველურად დაარტყა მხარზე და ჟესტით ანიშნა, მომყევიო. - შემეძლო, ჩემთან დამეპატიჟებინეთ, მაგრამ იქ წყალია. „წყალი, წყალი, ირგვლივ წყალი“... - ჩაიღიღინა დელფინმა. და პროფესორმა სმენის აბსოლუტური უქონლობა შეამჩნია.

კაბინეტში, სავარძლებში მოკალათდნენ, და საუბარიც უფრო დაუძაბავად გაგრძელდა. დელფინმა უფლება მისცა პროფესორს, მოეწია, მაგრამ სასტიკი უარი განაცხადა სპირტიანზე, შემდეგ კი კითხვებს დაასწრო და დაიწყო: - რატომ არ ვსაუბრობდით, მერე კი ყველაფერი ერთბაშად? ჩვენ ვლაპარაკობდით, დიდი ხანია, რამდენიმე ათასი წლის წინათ ვლაპარაკობდით, მაგრამ რად გინდა? ცეზარსაც ვეუბნებოდით, მაკედონელსაც, ნერონსაც. ხანძრის ჩაქრობასაც კი ვცდილობდით. „ადამიანებო, - ვამბობდით, - რას სჩადით?“ მერე მივაფურთხეთ და დავდუმდით, და მთელი დანარჩენი ისტორიის განმავლობაში ხმა არ ამოგვიღია, როგორც თევზებს, და იქვე გსწავლობდით - ადამიანებს. ომის შემდეგ თქვენ, ოკეანერიუმები ააშენეთ და ჯ. ლილიმ დაიწყო თავისი საძაგელი ცდების ჩატარება. კონტაქტი მოუნდათ.

- უკაცრავად... მე გავისეირნებ... - აღელდა დელფინი და მართლაც დაიწყო სეირნობა... - ესეც ავიტანეთ, რომ არ დაგვერღვია დუმილი და გვენახა, სადამდე მიიყვანს გონიერ არსებებს თავიანთი ცდები, რომლებიც საკმაოდ მაღალ საფეხურზე დგანან, თუმცა ჩვენზე ბევრად დაბლა, რამეთუ ვამტკიცებ, რომ ყველა ინდივიდუმის თვითსრულყოფაზე დაფუძნებული არატექნიკური ცივილიზაცია ნებისმიერ ტექნოკრატიაზე მაღლა დგას! შეგიძლიათ დარწმუნდეთ. ჩვენ არც ერთი ცდა არ ჩაგვიტარებია თქვენზე, მხოლოდ რამდენიმე დელფინს მიუცია თავისთვის ნება, ადამიანებთან კონტაქტში შესულიყო, ესენი ფსიქიურად არანორმალური ინდივიდუმები იყვნენ, უფლება ეძლეოდათ სიბრალულის გამო.

ჩვენ არ გვაქვს საავადმყოფოები, პროფესორები. ხოლო როცა ჩვენმა ამხანაგებმა დაღუპვა დაიწყეს, უკმაყოფილების ტალღა თავდაპირველად ოკეანეებს მოედო და ბოლოს, დამცირების ეს უაზრო შემთხვევა - ჩვენი გასართობი ტრიუკების, კალათბურთისა და თქვენი თამაშების საპასუხოდ და ასე შემდეგ. ვეღარ გავუძელით. ყოველთვის საკმარისია ერთი ნაპერწკალი, კოცონი რომ აინთოს - ისიც აგიზგიზდა. მე უკანასკნელი ვიყავი. მართლა, როგორ მოგწონთ ჩემი გამოთქმა? იმედი მაქვს, სწორია? - დიახ, დიახ, - დაამშვიდა პროფესორმა, რომელმაც ბლომად ვისკი ყლაპა, ნეტარმა სითბომ დაუარა სხეულში და ყველაფერი, რაც ხდებოდა, არც ისე დაუჯერებლად მოეჩვენა. ოღონდ ჩიფჩიფებდა და ცოტათი ჩხვლეტდა ზურგი. - თქვენი ყბა! - შეძახა უეცრად დელფინმა და სტომატოლოგს უხმო, რომელმაც აკვარიუმის მომსახურემ მოიყვანა. ეს თავფეხიანი მოლუსკი ლიპი გახლდათ. - არ მეგონა, რომ ეს იქნებოდა, - ჩაიხითხითა პროფესორმა და კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.

- სულ ფუჭად, - გაისმა აკვარიუმში - მთელი ანატომია თქვენია - აი, ჯიბეში მიდევს, - ლიპმა საცეცით ტაში შემოჰკრა და წყალი აამღვრია. - თქვენზე მუშაობის დაწყებისთანავე შევადგინე ზუსტი სურათი. დაიჭირეთ თქვენი ყბა - აი, ისიც. ზედაპირზე ისეთი მშვენიერი ყბა ამოტივტივდა, როგორზეც პროფესორი ვერც კი იოცნებებდა. მაინც რა ყბებია ახლა? ყბები კი არა, ზარადებია. - თუ რაიმეს გამოცვლა გსურთ, მკურნალ ექიმს ჰკითხეთ და გვაცნობეთ, ყველაფერს მყის გამოგიცვლით, ტვინის ჩათვლით. მეც, ისევე, როგორც თქვენ, ტვინი კარგა ხანია, სპირტში მაქვს, ტრანსპლანტაციისათვისაა გამზადებული. ნება მომეცით, გამოგეთხოვოთ!

მოლუსკმა აამღვრია წყალი და ტვინში ელექტროდჩამონტაჟებულმა მომსახურემ წაიყვანა. - მშვიდობით! - მიუხედავად ჩადგმული ყბისა, ჩაიჩიფჩიფა პროფესორმა. ის გვარიანად მთვრალი იყო. როცა დელფინმა ასეთ მდგომარეობაში იხილა, საუბრის გაგრძელება უაზრობად ჩათვალა და შეევედრა: - ხვალ მიიღებთ ჩვენს გეგმას და ულტიმატუმს, გადაეცით იგი ადამიანებს. გისურვებთ მკვდარივით დაძინებას! - მერე სიგარა ააშიშხინა და გავიდა.

მეორე დღეს გამოფხიზლებულმა პროფესორმა საკუთარ მაგიდაზე აღმოაჩინა... რაღაც ისეთი... მასში მოკლედ და არაორაზროვნად ეწერა: „ოკეანეში მობინადრე ყველა გონიერთა კავშირი სთავაზობს კაცობრიობას, სამდღიან ვადაში მიიღოს შემდეგი ზომები: შემოიღოს მშრალი კანონი საავადმყოფოს მეცნიერ-მუშაკთათვის. დაკეტონ ყველა ფსიქიატრიული კლინიკა და საავადმყოფო. ადამიანები, რომელიც აქამდე გიჟებად ითვლებოდნენ, შინ გაუშვან პატივით. საავადმყოფოები გადაეცეს სკოლებს. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ შესრულდება, კავშირი მიიღებს აუცილებელ ზომებს. შესრულების შემთხვევაში, კავშირი აღარაფერს აღარ ითხოვს კაცობრიობისაგან და წყვეტს ყოველგვარ კონტაქტებს მომავალში, უკეთეს დროებამდე.

*

პროფესორი, მთელი დღე რადიოთი თუ ტელევიზიით, აგრეთვე, პირად საუბრებში, ცდილობდა სამყაროს დარწმუნებას, დათმობაზე წასულიყო. ემუდარებოდა, საშინელ სურათს და ფერად-ფერად პერსპექტივას უხატავდა. მან მრავალი კორესპონდენტი და არაკორესპონდენტი მიიღო. მაგრამ რად გინდა... ვერაფრის დამტკიცება შესძლო. ოკეანერიუმი დაცარიელდა. ელექტროდიანი მუშაც სადღაც გაქრა. რა თქმა უნდა, ხალხი არ იჯერებდა - იცინოდა და ყიჟინებდა. როგორ შეიძლება ისედაც შეშლილ სამყაროში კიდევ გიჟების გამოშვება, რას ჰქვია, არ დალიონ მეცნიერ-მუშაკებმა!

ვიღაცამ აზრი წამოჭრა - ნამდვილად იმისთვის მოიგონა ყველაფერი, რათა უძლურება დამალოს, ადამიანებს იმედები გაუცრუა, რომლებიც ისეთი სასოებით ელოდნენ, იმან კი... მერე კიდევ ვიღაცას დაებადა უფრო სულელური იდეა, რომ პროფესორი თვითონაა გიჟი. არჩევანი ამ დასკვნაზე შეაჩერეს და თვით დიდი პროფესორი, იხტიოლოგ-ლინგვისტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოამწყვდიეს. შემდეგი ორი დღე სამყარო მშვიდდებოდა, შემდეგ კი დაიჭექა - კატასტროფა.

ახლა ისევ დაიწყებენ იმ წყეული ნემსების კეთებას. ექიმო, დედას გაფიცებთ! ეს ნემსები იმპოტენციას... ხელში გამიკეთეთ... რა? ღმერთო! ნუთუ გავიმარჯვე?! მე გამიკეთებენ ინსულინს, რათა ვჭამო და ვიძინო! სიცოცხლე ძილის გარეშე! აკი ამბობდნენ, საიდუმლოაო! დამარჭეთ ნემსი, ექიმო, და იყავით შემწყნარებელი, მე თქვენ მიყვარდით. მტკივა. მტკივა-მეთქი.

უჰ, რა უსიამოვნო შეგრძნებაა. ესეც თუ მკურნალობაა! სისხლში შაქარს ჭამენ. სხვაგან ვერ ჭამთ, არა? არ გყოფნით? აგერ, კუბიდან ჩამოგვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენ რომ ვიყიდოთ, აბა, ვინ იყიდის? აბა, რაში გჭირდებათ ჩემი სისხლის შაქარი? რას ცეცხლავთ? მაინც რა გაუმაძღრები ხართ! მე ხომ სისხლში თეთრი და წითელი ბურთულები მაქვს, რა, არ უნდათ მათ შაქარი? არანაირი! მოკვდებიან საწყალი სხეულები უშაქროდ, დაიღუპებიან, კაპიკი აღარ იქნება მათი ფასი! გმადლობთ, ჩემო შორეულო კუბელო მეგობრებო! გაუმარჯოს შაქრის ჭარხალს! მოგვეცით შაქარი, ბევრი შაქარი და თავზესაყრელად - პროდუქტები. ეს კარგია, მაგრამ მთელი მარაგი შემომეჭამა, ნათესავებს უნდა ვთხოვო, იქნებ კიდევ მომიტანონ. პაშკა, ის პარაზიტი მივლინებაშია, სვამს. არა უშავს, ჩემთან არ მოდის, - მოიყვანენ იმ პარაზიტს, განყოფილებაში, დიაგნოზით - ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ჰოდა აქ შევხვდებით, გადავუშლით ერთმანეთს გულს. ამბობენ, რომ შოკი მქონდა. ექიმიც ამას ამბობს, ხოლო რადგან ის ამბობს, ესე იგი, ტყუის. არ ყოფილა შოკი, არაფერიც არ ყოფილა.

როგორ შეგიძლიათ აქ კითხვა? აქ უნდა იფიქროთ, კი არ უნდა იკითხოთ. კითხვა გამიგია - მეტროსა და ტრამვაიში. მაგრამ იქ მუჯლუგუნებს გირტყამენ, გავიწროვებენ. მაშინ ჯანდაბას, იკითხეთ, თან გადაყევით... აი მე, არ წავიკითხავ. გავალ აქედან, ჩავჯდები მეტროში და რამდენიც უნდათ, იმდენი მიჯიკონ, ბოლომდე წავიკითხავ, ბოლომდე - მეტროში. არ იცით? მაინც რა სულელი ხართ! მოღუნულ ხანჯალს გადააგდებ, ის კი შენთან ბრუნდება, გაიგეთ? - იცით, მღვდელმა როგორ მოიშორა ფოფოდია?

- რას გააჭირეთ საქმე ამ მღვდლით! მე აგერ ექთანი მეხუთე დღეა ვენას მიძებნის, ეს კიდევ - მღვდელი და მღვდელი. მამაცთა სიგიჟეს ვუმღერით ჩვენ... უბრალოდ სიგიჟეს კი არა. რატომ? მაგალითად, ასე: „არაფერი ვიცი, არაფერი მესმის, არავის არაფერს ვეტყვი, ჰა-ჰა-ჰა...“

არა! ეს ერთმა მოწმემ ოქმში ჩაწერა, ჰოდა მიარჭეს - 15 დღე, პოლიტიკური ხულიგნობისათვის. ვიღაც მიიყვანეს ჭირთან. ამბობენ, პროფესორია, და დელფინებზე ათას სისაძაგლეს ჰყვებაო. ყველა იცინის. საზიზღრები. როგორ შეიძლება, რაც არ უნდა იყოს, ავადმყოფია. უნდა მოველაპარაკო.

- პროფესორი ხართ? - დიახ, მე იხტიოლოგ-ლინგვისტი ვარ. - არა უშავს, გაგივლით. გიჩხვლეტენ და გაგივლით. - სამყარო კატასტროფის წინაშეა. - მაშინ თქვენ სამყაროს უფროსს უნდა დაელაპარაკოთ. - გაიგეთ! დელფინებს ჩვენზე განვითარებული აქვთ აზროვნება. ისინი რაღაც საშინელებას ჩაიდენენ. წარმოდგენაც კი მიჭირს, რას ჩაიდენენ! ღმერთო!

არა, მთავარ ექიმთან დალაპარაკებაა საჭირო. მართლაც, გაუკეთონ ნემსები. რაც არ უნდა იყოს, ავადმყოფია კაცი. ყბა - ჩადგმული აქვს. რაღაც ელექტროდებზე ბოდავს. შეფობა უნდა ავიღოთ, თორემ გახვრეტენ. წყეული გიჟები. წკმუტუნები და ხრუტუნები... ის კი ვერ იწკმუტუნებს, ან რითი იწკმუტუნოს? ამასთან ერთად, ანტაბუსით სჭირდება მკურნალობა - სუნი ასდის. წავალ ექიმთან. იცით, ერთმა კაცმა ცნობარში საკუთარი გვარი აღმოაჩინა. ძალზე იშვიათი. თურმე მისმა წინაპარმა ვიღაც თავადი მოკლა და ოცი თაობა ანათემას გადასცეს. ეს კაცი სწორედ მეთორმეტეა. თავი მოიკლა - ტყვია დაიხალა. გამოთვალა და მოიკლა. ხოლო მოგვიანებით ნათესავებმა გაიგეს, რომ ეს გვარი ა-ზე იწყებოდა, ის კი, თვითმკვლელისა კი - ი-ზე. შეცდომა გამოვიდა, რა. როგორ შეიძლება ტყვია დაიხალო თავადის გულისათვის. ქალისათვის - შეიძლება, მსოფლიოს ბედისათვისაც, თავადებისათვის კი - სისულელეა. უმჯობესია... არა, მაინც იგივეა. ჰო! როგორ არა! ის თურმე მეცამეტე ყოფილა, მეთორმეტე კი არა! რა სამწუხაროა. არაფრისათვის მოკვდა ადამიანი. მაინც რამდენი უსამართლობა ხდება მსოფლიოში.

ჩასმულყბიანი კაცი რაღაც სისულელეებს ფქვავდა. რაღაც დელფინურ ულტიმატუმზე. და ყმუოდა. თქმა უნდა, ქვემოთ ჩაიყვანეს, მღელვარეებთან. რა სამწუხაროა! ვთხოვ ექიმს, იქნებ შეიბრალოს. რაც არ უნდა იყოს, ვუყვარვარ. ან შემეჩვია. არა, ვუყვარვარ, ნამდვილად. ასე რომ არ იყოს, რატომ არ მიშორებს? ვთხოვ. ჩვენ ერთი ანტისემისტი გვყავს. აშკარად არ ამჟღავნებს, ისე, თავისთვის. მაგრამ მე დავინახე, როგორ უყურებდა მიშკა ნეხმაკინს უკნიდან. რა მზერა იყო?! გესტაპოელსაც შეშურდებოდა.

მადლობა ღმერთს, შემეშალა. უბრალოდ, ღამით მიშკამ დააფსა. ესეც უყურებდა. შეხედავ, აბა რას იზამ! მიშკაც მაგარია, რა. ასე იქცევიან ინტელიგენტები? დააფსა ცოცხალ ადამიანს, თანაც ავადმყოფს. ნწუ-ნწუ-ნწუ! რომ კითხო, რომელიღაც ჟურნალის წევრ-კორესპონდენტია.

ყველა ფანჯრისკენ გარბის. რაღაცას ყვირიან. რა აყვირებთ, ახლა ხომ წყნარი საათია. მოვა მთავარი ექიმი და ყველას მოხვდება. დიახ! სწორედ ამით დამთავრდება ყველაფერი. ვიღაც შემოვიდა. ეს რა არის! რა არის! ადამიანები არიან? არა, არ არიან ადამიანები. რაღაც საშინელი არსებებია, თევზებს ჰგვანან. 

ესენი ალბათ პირველი განყოფილებიდან არიან. შეუძლებელია! იქაც კი არ ჰყავთ ასეთები! რაღაც საშინელი მასკარადია. თუმცა არა, ისინი იღიმებიან. ყურთამდე გააღეს ყველა შესასვლელი და გასასვლელი. ისინი გვიახლოვდებიან და საოცარი ხმით რაღაცას კითხულობენ. ჩვენზე. თავისუფლები ვართ.„ყოველი გონიერის გადაწყვეტილებით...“ შეუძლებელია! გაუმარჯოს! რა, ეს სიზმარია! ჩასმულყბიანი კაცი ტირის და ამბობს: - ხომ გაფრთხილებდით, ყველაფერი გავაკეთე, - არსებები კი მხარზე ურტყამენ და ცოტა ქვემოთაც - მათ დაბლა აქვთ ფარფლები. მაგრამ თბილად ურტყამენ. სხვებიც ურტყამენ. და ყველა იცინის.

ყველაფერს მივხვდი. ეს ხომ ისინი არიან, ისინი, ვინც მსოფლიოს გასასუფთავებლად მოვიდა მათთვის, ვინც შემდეგ ჩამოფრინდება. სკოლაზე გადასაცემად. იქნებ სწორედ ისინი მოფრინდნენ. და ყველაფერი ისეა, როგორც ჩემთან: სიცოცხლე ძილის გარეშე. არა როგორც სასჯელი, არამედ როგორც სიკეთე. ეს აზრი მე დამებადა!

- მეც, მეც დაგეხმარეთ! - ეს მე ვყვირი. რომელიღაც არსება ნანემსრებზე მირტყამს და იღიმება, უზარმაზარი, დამაბრმავებელი ღიმილით. ესენი ხომ დელფინები არიან. მე მათზე წამიკითხავს და ფოტოც მინახავს. ისინი! გამოდის, რომ პროფესორი - მართლაც პროფესორია! როგორ გამომეპარა ჩემი შორსმჭვრეტელობის პატრონს. გმადლობთ! გმადლობთ, ჩემო ძვირფასო დელფინებო! ჩემო ძვირფასო ვეშაპებო! მითხრეს, რომ ვეშაპები არ ჩამოვიდნენ - ისინი დიდები არიან, ქვემოთ, პირველ განყოფილებაში არიან. გარშემო კი - მუსიკაა, სალუტი და 56 ზალპი ჩემი წლების შესაბამისად.

- გმადლობთ, გმადლობთ! მოხდა! დელფინები უფრო დიდსულოვნები აღმოჩნდნენ, ვიდრე გვემუქრებოდნენ. არავის არაფერი დაუშავეს, პირველი პუნქტი მოხსნეს კიდეც. დალიეთ, დალიეთ, მეცნიერ-მუშაკებო. ახლა შეიძლება. ახლა ჩვენ თავისუფლები ვართ. რა ბედნიერებაა, თავი ჯანმრთელ ადამიანად იგრძნო. და ყველამ რომ იცოდეს ამის შესახებ.

ნახვა: 758

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters