ედგარ პო - ბრბოს კაცი

Ce grand malheur, de ne pouvoir etre seul.

La Bruyere
   ერთი გერმანული წიგნის გამო კარგად უთქვამთ, „er Lasst sich nicht lessen“ - თავს არავის წააკითხინებსო. ასეთია ზოგი საიდუმლოც - თავს არავის გაამხელინებს. თავიანთ სარეცლებში ყოველ ღამე იხოცება ხალხი. სულიერ მოძღვარს ხელჩაჭიდებულები და მის თვალებში საწყალობლად მაცქერალნი, სასოწარკვეთილნი, ხროტინით ეყრებიან სიცოცხლეს, შავეთში მიდიან და მიაქვთ შემზარავი ხვაშიადი, რომელიც ტანჯვითღა თუ გამჟღავნდება. ჟამ-ჟამად, ვაგლახ, კაცის სინდისი წამოიკიდებს ისეთ შემაძრწუნებელ ტვირთს, რომლის მოხსნა მხოლოდ სამარეში შეიძლება. და ასე რჩება გაუხსნელი არსი ყველა დანაშაულისა.

   ამ ცოტა ხნის წინ, შემოდგომის ერთ დღეს, მწუხრის ხანს ლონდონის ყავახანა დ.-ში ვიჯექი დიდ მშვილდა სარკმელთან. რამდენიმე თვე ვიავადმყოფე და ახლა, ღონეზე მოსვლისდა კვალად ის საამური განწყობა დამეუფლა, სრული საპირისპირო რომაა ennui -ს. მძაფრად აღიქვამდა ყველაფერს, ასე მაშინ ხდება, როცა გონითი ხედვა საბურველს - άχλύδ ή πρίν έπηεν მოიხსნის და დაელექტროებული ინტელექტი გონების თვალით თავის ყოველდღიურ ცხოვრებას გადმოხედავს, ისე ამაღლდება, როგორც მაღლა დგას ლაიბნიცის ძალუმი და წრფელი სიტყვა გორგიას ხელურ და ბუნდ რიტორიკაზე. სუნთქვაც კი სიამოვნებს ამ დროს კაცს; მთლად დამიამდა ტკივილები, გარშემო საგნებს აღიქვამდი გულმშვიდად, მაგრამ ცხოველი ინტერესით. სიგარას ვეწეოდი, მუხლებზე გაზეთი მედო და საღამო აგრე გამყავდა: ხან განცხადებებს გადავხედავდი, ხან დარბაზში მყოფ ჭრელ საზოგადოებას მოვათვალიერებდი და ხანაც გაჭვარტლულ მინაში ვიჭვრიტებოდი.

   ეს იყო ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა და მთელი დღე აქ უამრავი ხალხი ირეოდა. ბინდმა რომ იძალა, კიდევ უფრო მოიმატა ბრბომ და, როცა აქაურობის ფარნებმა გადაანათა, ყავახანის კარწინ უკვე ზღვა ხალხს ვხედავდი. აქამომდე არ შევხვედრილვარ საღამო ხანის ამ განსაკუთრებულ წამს ამგვარი სულიერი განწყობით და ამიტომ ადამიანთა სახეების ცქერა ჯერაც განუცდელ სიამოვნებას მანიჭებდა. ბოლოს, აღარც კი მესმოდა დარბაზის ღრიანცელი და გარეთღა ვიჭვრიტებოდი.
ჩემი დაკვირვებები ჯერ საერთო ხასიათის იყო. აუარება გამვლელს ვხედავდი და ზოგადად გამვლელზე ვფიქრობდი. მაგრამ მალე წამოყელყელავდნენ დეტალებიც და უკვე გამოწვლილივით ვათვალიერებდი ფიგურებს, ჩაცმულობას, მიხრა-მოხრას, სიარულსა და სახეთა გამომეტყველებას მრავალფეროვნებას.

   საქმიანი და კმაყოფილი გამოხედვა ჰქონდა უმეტესობას; თითქოს ესღა ადარდებდათ, როგორმე გავიგნოთო გზა ამ დუნდგოში. შეჭმუხვნილ შუბლქვეშ თვალები მალიმალ მიმოურბოდათ, შემხვდური ვინმე მხარს თუ გაჰკრავდა, სამოსელს გაისწორებდა და წინსვლას განაგრძობდნენ მოუთმენლობის გამოუმჟღავნებლად. ბევრს მოუსვენარი მიხრა-მოხრა ეტყობოდა, თავის თავს ელაპარაკებოდა სახეაწითლებული, ხელების ქნევით, თითქოსდა სწორედ ამდენ ხალხში მარტოობას გრძნობდა. თუ შეაბრკოლებდნენ, ჩურჩულს შეწყვეტდა, ხელების ქნევას კი მოუმატებდა, დაბნეული და ბეჩავად წამბიძგებელს. ამ ორი ჯგუფის ხალხს რამე განსაკუთრებულს ვერ უნახავდა კაცი იმის მეტს, რაც უკვე გითხარით. რიგიანად ეცვათ და, ეჭვი არაა, აზნაურიშვილები გახლდნენ ან ვაჭრები, ვექილები, მედუქნეები, გართობის მოყვარული თუ მოვალეობით შეჭირვებული საქმის ხალხი. დიდხანს არ გაჰყოლია ამათ ჩემი გულისყური.

   კლერკების მოდგმა შევნიშნე იმწამსვე და აქ გამოვარჩიე ორი ღირსშესანიშნავი ჯგუფი. პირველს ეკუთვნოდნენ უდღეურ ფირმათა უმცროსი კლერკები, ცხვირიბზეკია ახალგაზრდა ჯენტლმენები, რომლებსაც ვიწრო სერთუკები და გაპრიალებული წაღები ეცვათ, თმაზე სქლად პომადა წაესვათ. როგორღაც გამორჩეულად იქცეოდა ეს ხალხი, ამ ქცევას, ზუსტი სიტყვის უქონლობის გამო, შეიძლება მეკალმეობაში დაოსტატებულთა სიამაყე დავარქვათ. თუ ამ დეტალს მხედველობაში არ მივიღებთ და გამოვრიცხავთ, მაშინ შეიძლება ითქვას, მათი მიხვრა-მოხვრა იყო, ასე, თორმეტი-ცამეტი თვის წინანადელი მაღალი საზოგადოების bon-ton -ის სრული ხატი. ნიადაგ პატრონის გამონაცვლებს ატარებენ და ეს გარემოება, ვფიქრობ, სრულიად ახასიათებს ამ კლასს.
კარგად შეკერილი ყავისფერი და შავი პალტოებითა და შარვლებით, თეთრი ჰალსტუხებით დამშვენებული თეთრივე ჟილეტებით, მაგარი ფეხსაცმელებითა და სქელი წინდებით შეუცდომლად შეიცნობდით სოლიდური ფირმების უფროსი კლერკების ანუ „ხალხში გამოსული“ მოსამსახურეების მარაქას. ყველა მათგანი მცირეოდნად გამელოტებული იყო და რაკიღა ჩვევად ჰქონდათ მარჯვენა ყურს უკან კალმისტრის გარჭობა, ყური განზე სასაცილოდ გადმოწეოდათ. შევნიშნე, რომ ყოველთვის ორივე ხელით იხდიდნენ და იხურავდნენ ქუდებს, საათი ძველებურ, მკვიდრად ნაკეთებ ოქროს ძეწკვზე გამოებათ, თავი მოჰქონდათ რესპექტაბელურობით, თუკი შეიძლება კვეხნა ამ ღირსებით.
მრავალ ყალთაბანდსაც მოვკარი თვალი, ადვილად შევიცანი გამოპეწენიკებული ჯიბის ქურდების ჯილაგი, ყველა დიდ ქალაქში აუარებას რომ შეხვდება კაცი. მაძიებლის თვალებით შევყურებდი ამ ვაჟბატონებს და მიკვირდა, ჯენტლმენებს ჯენტლმენები როგორ ჰგონია ეს ხალხის-მეთქი. ფართო ყოშიანი სახელოები, მოურიდებელი ქცევა მათ მაშინვე ააშკარავებდა.

   ყომარბაზები უფრო იოლად გამოვარჩიე. ნაირფერი ჩაცმულობის, რანაირი გინდა, მთლად ზიზილ-პიპილოებში გამოწყობილი ხალხი; ზოგს ჩაეცვა ხავერდის ჟილეტი, ეკეთა ჭყეტელა ყელსახვევი, ებნია მოოქრული ძეწკვი, ჭედური ფოლაქები; ზოგიც სამღვდელო პირივით სულ სადად შემოსილიყო, ასე რომ ვერაფრით დააეჭვებდა კაცს. მაგრამ ყველას მოღლილ-ჩაშვებული პირისახე ჰქონდა, უფერული ტუჩები მაგრად მოეკუმათ, თვალები გამოღამებოდათ. მაშინვე ვცნობდი მათ ორი ნიშნით: ჯერ ერთი, შემპარავი ყრუ ხმით მოსაუბრობდნენ, მეორეც, გასაოცრად შეეძლოთ ხოლმე გამოწვრთვა შუათითისა. ყალთაბანდების ამ ბრბოში ხშირად რაღაც სხვა, მაგრამ მაინც მათ მონათესავე ხალხს ვხედავდი - ავანტიურისტ ჯენტლმენებს. თითქოს ორ- დენდებისა და სამხედროების - რაზმად დადარაჯებოდნენ მსხვერპლს. პირველთ სახე გაბადრული ჰქონდათ, გრძელი დალალები ამშვენებდათ, მეორენი შუბლშეჭმუხნულები იყვნენ, ეცვათ ხვავრიელად მოსირმული ტანისამოსი.
წესიერ საზოგადოებას რომ უწოდებენ, იმაზე უფრო დაბლა მდგომი ხალხიც შევნიშნე და თვალთუჩინარი, ბნელით მოცულ საგნებზე ამეშალა ფიქრები. დავინახე მეწვრილმანე ებრაელი, მეტად ბეჩავი გამომეტყველების სახეზე ქორივით უელავდა თვალი; იქვე პროფესიონალი ტანბრგე მათხოვარი ემუქრებოდა უფრო ღირსეულ გლახას, ვინც მხოლოდ უსასოობას გადმოეგდო ღამე გარეთ მოწყალების სათხოვნელად; ერთმა მკელობელმა გაიარა ბრბოში, მოუძლურებული, შემზარავი სანახავი იყო, ეტყობოდა, ორი პარასკევიღა დარჩენოდა და ყოველ შემხვედრს საწყალობლად შესცქეროდა თვალებში თითქოს უნებური თანადგომა უნდოდა ამოეკითხა, ეპოვა დაკარგული იმედი; თავმოდრეკილმა გოგონებმა ჩამოიარეს, უსაშველოდ გაგრძელებული სამუშაო დღე გაელიათ, შინ მიიჩქაროდნენ, ამაოდ ცდილობდნენ ვიღაც მუტრუკის ჯიქურად, ურცხვად მოჩერებული თვალს დამალვოდნენ და მრისხანების კი არა - სიბეჩავის ცრემლი წასკდომოდათ; ყველა ასაკის რანაირ მეძავს არ შეხვდებოდი აქ, საარაკო სილამაზის ქალსაც ნახავდი, ლუკიანეს ნაწერებში ნახსენებ ქანდაკებას რომ მოგვაგონებდა - პაროსული მარმარილოსი. ყოფილა თურმე ეს ქანდაკება, რომლის ღრუ სიბინძურით იყო სავსე; შესაზიზღარი, შემოძონძილი, მთლად წყალწაღებული კეთროვანიც დავლანდე; სახედანაოჭებულ დიაცსაც მოვკარი თვალი - სქლად წაესვა ფერუმარილი და ძვირფასეულობით ახუნძლულიყო, უკანასკნელი ღონისთვის მიემართა, რათა ყმაწვილ ქალად წარმოეჩინა თავი; ჯერ კიდევ ზრდადაუსრულებელი გოგონა გამოჩნდა, სულ ბავშვი, მაგრამ თავის ამაზრზენ ხელობაში უკვე კარგა ხნის დაოსტატებული; ამ სურვილით წამონთებულიყო, ტოლი არ დავუდოო ჩემს გარე-გარე მავალ უფროს დებს; მრავალი მემთვრალე ირეოდა აქ, ზოგს სულ ძონძები ეცვა, ფეხარეული მოდიოდა, იყო სახედაჩეხილი, თვალებამღვრეული, ზოგს კი ეცვა მთელი, მაგრამ მწვირიანი ტანისამოსი, ჰქონდა სქელი, გრძნობიარე ბაგე-პირი, უბრალო, ლოყებღაჟღაჟა სახე; ზოგიერთის სამოსი ძვირფასი იყო და სუფთაც კი ჩანდა. ზოგი მიდი-მოდიოდა არაბუნებრივ, მეტად მტკიცე, ზამბარისებური ნაბიჯით, შემზარავად სახეგადაფითრებული, თვალებამღვრეული და ქუთუთოებდაწითლებული გზად ყველაფერს ეპოტინებოდა ხელებით; ვხედავდი ხაბაზებს, კარისკაცებს, მენახშირეებს, ღუმლის მწმენდავებს, მეიარღნეებს, მაიმუნის გამწვრთნელებს, ქუჩის მომღერლებს ქანცმიწყვეტილსა და ღონემიხდილ მუშებს; სიცოცხლის ყურისწამღები ხმაური იდგა, ფერთა სიუხვე თვალს მიღლიდა.
საღამომ მოატანა, ბრბომ სახე იცვალა (ღირსეული ხალხი წინ მიდიოდა და თანდათან მოილია საამო ფერები ქუჩისა. გვიანმა ჟამმა ბუნაგიდან გარეთ გამოაგდო აუარება შემაძრწუნებელი ადამიანიშვილი, იმატა უხამსმა ფერებმა). მთელი გულისყურით შევცქეროდი ამ სანახაობას. მომაკვდავ დღეს შეჭიდებული გაზის სანათურის ჯერ უღონო სხივები ბოლოს მომძლავრდა და მთრთოლარე სინათლით გაანათა იქაურობა. ყველაფერი მოპრიალდა და დაეტყო დიდებული ფერი - მსგავსი შავი ხისა, რომლისთვისაც ტერტულიანეს სტილი შეუდარებიათ.
შუქის შლეგურმა ციმციმმა ცალკეული სახეებისადმი მიმაპყრობინა მთელი გულისყური. სარკმელის წინ სიცოცხლის ამ მალ მდინარებაში მხოლოდ თითოჯერ მოვკრავდი თვალს თითოეულ გამვლელს, მაგრამ ჩემი მაშინდელი გრძნობა იმწუთას მამცნობდა ამვლელ-ჩამვლელთა გარდასული წლების ამბავს.

   შუბლთან მინას მიბჯენილი გამოწვლილივით ვათვალიერებდი ბრბოს. უცებ გამოჩნდა ერთი სახე (ასე, სამოცდახუთი თუ სამოცდაათი წლის ბერიკაცისა), სრულიად განუმეორებელი სახე, რომლის მაგვარი, ანდა, თუნდაც შორეული მსგავსების მქონე, ცხოვრებაში არ მინახავს. კარგად მახსოვს, პირველად გულში ასე გავივლე: რეტცს რომ ენახა ეს კაცი, მის პირისახეს დაგვიხატავდა თავის აგრერიგად ცნობილი ეშმასსახიანი ნახატების მაგივრად-მეთქი. ერთი თვალის მოკვრით ნანახი ამ კაცის ბუნების შეცნობისას რაღაც უთავბოლო და პარადოქსული აზრები მომივიდა მისი გასაოცარი გონის, სიფრთხილის, სიგლახაკის, სიძუნწის, გულქვაობის, ავსულობის, სისხლისმსმელობის, ბრწყინვალების, მხიარულების, მეტისმეტი შემზარაობის, გაუსაძლისი უსასოობის გამო. შევფორიაქდი, შევშინდი - ამ კაცის გულში რა შესაზარი ამბავი იქნება ჩაჭდეული-მეთქი. მონუსხულივით ვინატრე, ნეტავი მის შესახებ მეტი გამაგებინა-მეთქი. დავტაცე ხელი ჩემს ქუდსა და ხელჯოხს, გარეთ გამოვედი, ვჩქარობდი, ბრბოში იმ მხარეს მივიკვლევდი გზას, სადაც მოხუცს თვალი მოვკარი. ცოტა კი გაჭირდა, მაგრამ ბოლოს წამოვეწიე და გავყევი. ვფრთხილობდი, ამ კაცმა რამე არ შემამჩნიოს-მეთქი.
ახლა კარგად ვხედავდი მოხუცს. ტანდაბალი იყო, სულ მომდნარი და, როგორც ჩანს, საკმაოდ მოუძლურებული. ტანისამოსი ეცვა უსუფთაო, დახეულ-დაგლეჯილი. მაგრამ ხანდახან, ფარნების შუქზე მიმავალს გამოუჩნდებოდა მწვირიანი, თუმცა უმშვენიერესი ქსოვილის პერანგი; და მგონი, იმის ნაცვამ-გამოხუნებული, ტანზე შემოჭერილი, ყველა ფოლაქშეკრულ roguelaire -ში თვალი შევასწარი ბრილიანტსა და ხანჯალს. მაშინ უფრო წამძლია სულმა, ასე გადავწყვიტე, სადაც უნდა წავიდეს, მაინც გავყვები ამ უცნობს-მეთქი.

   ღამე ჩამოწვა. განუჭვრეტელი, ცვარად მწვეთავი ნისლი მოედო ქალაქს, ცოტაც და წამოვიდა თქეში. გაავდრების ხანს გასაოცარი ცვლილება დაეტყო ბრბოს, ყველა შეწრიალდა და წამოიმართა მრავალი ქოლგა. ათჯერ უფრო მოიმატა მიხლა-მოხლამ, ჭყლეტვამ, ღრიანცელმა. დელგმა-ღვარისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ციებცხელება გადატანილი კაცისათვის, მართალია, საშიში, მაგრამ საამურიც იყო ეს ნესტი. ცხვირსახოცით ავიხვიე პირი და გზა განვაგრძე. უკვე ნახევარი საათი მილასლასებდა ამ გაუთავებელ გამზირზე მოხუცი. ვაითუ თვალს მიეფაროს-მეთქი და ფეხდაფეხ გავყევი. მთელი ეს ხანი ერთხელაც არ მოუხედავს და არც შევუმჩნევივარ. შემდეგ კი პატარა ქუჩაზე გადაუხვია - აქაც ხალხმრავლობა იყო, ოღონდაც შედარებით ნაკლები. სხვა მიხვრა-მოხრა დაეტყო მოხუცს. ნაბიჯშენელებული ახლა თითქოს უმიზნოდ მიდიოდა, უფრორე მერყევი ჩანდა. ქუჩა რამდენიმეჯერ გადაჭრა და გადმოჭრა მოხეტიალემ, და რაკიღა ჯერ ხალხში მიიკვლევდა გზას, უფრო დავუახლოვდი. ეს ქუჩა ვიწრო იყო და უსაშველოდ გრძელი; ასე, ერთი საათი მიფრატუნებდა. თანდათან შეთხელდა ხალხი. იმდენიღა დარჩა, რამდენსაც ბროდვეიზე, პარკის სიახლოვეს ნახავთ ხოლმე შუადღით - მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვან ამერიკული ქალაქისაგან დიდად განსხვავდება ლონდონი. კიდევ ერთხელ გავუხვიეთ და განათებულ, სიცოცხლით მჩქეფარე მოედანზე გავედით. ადრინდელი მიხრა-მოხრა დაეტყო მოხუცს. თავდახრილი მიდიოდა და შეჭმუხნილი წარბებიდან შმაგად შესცქეროდა წამბიძგებელს. მოედანს შემოუარა, მერე მობრუნდა და უკანვე წამოვიდა. ეს რომ შევამჩნიე, გამიკვირდა. მით უფრო სახტად დავრჩი, ასე რომ რამდენჯერმე გაიმეორა და ერთხელ, უეცრად მოტრიალებული, კინაღამ შემომეჩეხა. კიდეც.

   ასე გავიდა ერთი საათი, საგრძნობლად მოიკლო ბრბომ და სიარული ისე აღარ ჭირდა. წვიმამ მოუმატა, აცივდა, ხალხი შინ მიდიოდა. მოხუცმა მოუთმენლად ჩაიქნია ხელი და იქით გაუხვია, სადაც ბრბო შედარებით ნაკლები იყო. დაუყვა, ასე, მეოთხედი მილის სიგრძის ქუჩას. მისი ხნის კაცისთვის შეუფერებლად ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. ძლივს წამოვეწიე. ორიოდე წუთში თავი ამოვყავით დიდ, ხალხმრავალ ბაზარში, რომლის ადგილმდებარეობა, ეტყობოდა, კარგად იცოდა უცნობმა. მყიდველ-გამყიდველთა ბრბოშიც ისევ თავისი ჩვეული მიხრა-მოხრით ტრიალებდა.
აქ, დაახლოებით, საათი თუ საათნახევარი დავყავით. ყოველი ღონით ვცდილობდი, არ დავცილებოდი მოხუცს, მაგრამ მინდოდა არც დავენახე. საბედნიეროდ, კაუჩუკის ძირიანი ფეხსაცმელი მეცვა და სრულიად უხმაუროდ მივაბიჯებდი. მოხუცს ერთხელაც არ შემოუხედავს, ეჭვიც არ აუღია - ეს კაცი რას დამსდევსო. დუქნიდან დუქანში გადადიოდა, აღარაფერი უყიდია, ხმაამოუღებლივ, ჭკუაარეული კაცის უაზრო თვალებით იცქირებოდა გარშემო. ახლა უფრო გამაოცა მოხუცის საქციელმა, მტკიცედ გადავწყვიტე, სანამ ცოტათი მაინც არ გავიგებ მის ამბავს, არ მოვეშვები-მეთქი.

   თერთმეტჯერ ძალუმად დაჰკრა საათმა, ცარიელდებოდა ბაზარი. დარაბა მიხურა ვიღაც მედუქნემ და უცებ მისი კიდე მოხვდა მოხუცს. თავით ფეხებამდე შეთრთოლდა. ქუჩაში გამოვარდა, მოუთმენლად მიმოიხედა ირგვლივ და მერე მიხვეულ-მოხვეული და უკაცური გზებით ირბინა, ვიდრე უეცრად ისევ ამ დიდ გამზირზე არ გამოვედით, სადაც სასტუმრო დ. მდებარეობდა. ახლა სხვა სურათი იყო აქ - აქაურობა გაზის შუქს გადაენათებინა. თქორი მოდიოდა და სულ რამდენიმე კაცი ჩანდა. ფერი ეცვალა მოხუცს. დაღრეჯილმა გაიარა ორიოდე ნაბიჯი ადრე ხალხმრავალ ქუჩაზე, შემდეგ ღრმა ამოხვრით მდინარისკენ დაუყვა და დაკლაკნილი ქუჩებით ბოლოს ერთ-ერთ მთავარ თეატრს მიაღწია. წარმოდგენა ახლახან დამთავრებულიყო და ყველა კარიდან ბრბოდ გამოდიოდა მაყურებელი. ხალხში მოხვედრილმა მოხუცმა თითქოსდა შვებით ამოისუნთქა; ახლა არც ისე შესაბრალისად გამოიყურება-მეთქი, ასე გავიფიქრე. თავი კვლავ დახარა და ისეთივე ჩანდა, პირველად რომ დავინახე. ესეც შევნიშნე, მიდიოდა იქით, საითაც მიეშურებოდა მეტი წილი მაყურებელი. ვერ იქნა და ვერ მივხვდი ამ კაცის ამბავს.

   ბრბო შეთხელდა. მოხუცი ადრინდელივით შეიბოჭა, გაუბედაობა დაეტყო. ერთხანს ღლაბუცით მიმავალ ათ თუ თორმეტკაციან ჯგუფს აეკიდა. მაგრამ თანდათანობით, ბოლოს, ამ ისედაც უკაცურ, სევდის მომგვრელ სავალზე სამნიღა დარჩნენ. შეყოვნდა მოხუცი და წუთით თითქოს საგონებელს მიეცა. მერე, თავტანდაკარგული, მალიად გაუყვა ქუჩას, რომლითაც ქალაქის განაპირა მხარეს, სულ სხვა უბანში გამოვედით. დიდი გაჭირვებისა და დიდი სასოწარკვეთილებით განპირობებული დანაშაულის ნიშანი დასტყობოდა ლონდონის ამ უშემზარავეს კუთხეს. დაფუტუროებული ფიცრის შენობა აყუდებულიყვნენ აქა-იქ შემხვედრი ფარნის შუქზე, კაცი იფიქრებდა, სადაცაა იხუვლებენ და ერთთავად ჩაიქცევიანო მთლად დაძველებული სახლები, ასე რომ, ძლივსღა ჩანდა გზის მინამსგავსი რაღაც გასასვლელი. მორეულ ბალახს ამოეყარა ქვაფენილი, ხნარცვებში ლპებოდა ამაზრზენი სიბინძურე. ყველაფერი ჩაოხრებულიყო. ცოტაც გავიარეთ და თანდათანობით უფრო ხმამაღლა მომესმა ღრიანცელი. დაბოლოს გამოჩნდა - ნურა თვალმა ნუ ნახოს - სოდომ-გომორი ზღვა ნაძირალა ხალხისა. გამოცოცხლდა მოხუცი - ასე აბრიალებდა ლამპარი ჩაქრობამდე მცირე ხნით ადრე. ახლა მხნედ მიაბიჯებდა. უეცრად კვლავ გავუხვიეთ, კაშკაშა სინათლემ თვალთ დამიბნელა, ჩვენ წინ აღიმართა ქალაქის განაპირას მდებარე, მემთვრალეთა ტაძართაგან ერთი - სრასახლი ეშმა ჯინისა.
დილაბინდი დამდგარიყო, და მაინც, ამ სახლის აჭრელებული კარით შედი-გამოდიოდა ბევრი ბედგაცუდებული ლოთი. სიხარულით შეჰყვირა და შესასვლელში გზა გაიკვლია წინანდელივით გულმოცემულმა მოხუცმა, ისევ მოჰყვა ხეტიალს წინ და უკან ამ ბრბოში. მაგრამ სახლი უკვე იკეტებოდა. პატრონის დაძახებისთანავე ყველა კარს მოაწყდა, თვალმოუცილებლივ შევყურებდი და დავინახე, უსასოობაზე მწარე რამ დაეტყო ამ გასაოცარი კაცის სახეს. მაგრამ აღარ დაუყოვნებია, ბუმბერაზი ლონდონის გულისაკენ გაიჭრა შმაგივით. კარგა ხანს და სწრაფად მიდიოდა; დიდად გაოგნებული მივსდევდი, ასე ვფიქრობდი, ვიდრე არ ჩავწვდები მის საიდუმლოს, ამ კაცს თავს არ დავანებებ-მეთქი. მზემ გამოანათა. იმ ხალხმრავალ ქუჩას მივაღწიეთ, სადაც სასტუმრო დ. მდებარეობდა. წუხანდელივით დიდი ბრბო იყო აქ, მაგრამ ერთი ღრიანცელი იდგა ამ დილას და სულ უფრო და უფრო მატულობდა ხალხი, ერთი ნაბიჯითაც არ მოვცილებივარ უცნობს, ჩვეულებრივ დაიწყო სიარული. მთელი დღე აღარ დაუტოვებია ეს ხმაურიანი ქუჩა. მწუხრმა რომ მოატანა, დაღლილობისაგან ძვალი და რბილი ძირს ჩამოდიოდა. პირდაპირ დავუდექი მსხემს, სახეში შევაცქერდი. აქ დაწყნარებულმა გზა განაგრძო ისე, რომ აღარც შევუმჩნევივარ. დევნა შევწყვიტე, შევჩერდი ფიქრებაშლილი; დიდი ბოროტების განსახიერებაა ეს მოხუცი, ეშინია საკუთარ თავთან მარტო დარჩენა-მეთქი. ბრბოს კაცია. ამაოა მისი დევნა; ვეღარაფერს გავიგებ ვეღარც ამ კაცის და ვეღარც მისი საქმეების შესახებ. ამქვეყნად შავფერი გული უფრო ბნელი წიგნია, ვიდრე „Horulus Animae“ და რომ ეს წიგნი „er last sich nicht lessen“  შესაძლოა, ეს იყოს დიდი მადლი ღვთისა.

ნახვა: 1656

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Games' partnership with NCSoft

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 3, 2024.
საათი: 6:40am 0 კომენტარი

A Global Collaboration:

Amazon Games' partnership with NCSoft signifies a significant step for both companies. Amazon Games continues its expansion into the online gaming market, adding Throne and Liberty to its growing portfolio of titles like New World and Lost Ark. NCSoft, renowned for successful MMORPG franchises like Lineage and Guild Wars, expands its reach by leveraging Amazon's global publishing expertise. This collaboration ensures Throne and Liberty reaches a wider audience,…

გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters