ხორხე ლუის ბორხესი - უკვდავი
ხორხე ლუის ბორხესი - მოთხრობები
სოლომონი ამბობს: არაფერია ამქვეყნად ახალი.თუკი პლატონის წარმოდგენით, ყოველგვარი ცოდნა მხოლოდ გახსენებაა, მაშინ სოლომონის თქმით, ყოველგვარი სიახლე მხოლოდ დავიწყებაა. ფრენსის ბეკონი, ესეები, LVIII ლონდონში, 1929 წლის ივნისის დასაწყისში, ბიბლიოგრაფიული იშვიათობებით მოვაჭრემ, ჯოზეფ კარტაფილუსმა პრინცესა დე ლუსინჟს შესთავაზა რომის პაპისეული „ილიადის“ ექვსი მცირე ფორმატის ტომი (1715-1720). პრინცესამ შეიძინა ეს ტომები და ვაჭარს გაესაუბრა. პრინცესას თქმით, ეს იყო გამოფიტული, ქარდაკრული მამაკაცი რუხი თვალებით, ნაცრისფერი წვერითა და უჩვეულოდ კონტურმორღვეული ნაკვთებით. სათქმელს გამოხატავდა სწრაფი, თუმცა დაუხვეწავი და არაკორექტული მეტყველებით სხვადასხვა ენაზე. სულ რამდენიმე წუთში ფრანგულიდან ინგლისურზე გადავიდა, ინგლისურიდან - სალონიკური ესპანურისა და მაკაოს პორტუგალიურის უცნაურ ნაზავზე. ოქტომბერში პრინცესამ ხომალდ „ზევსის“ ერთი მგზავრისგან შეიტყო, რომ კარტაფილუსი გემზე გარდაცვლილა სმირნაში დაბრუნებისას და კუნძულ იოსზე დაუსაფლავებიათ. „ილიადას“ მეექვსე ტომში პრინცესამ ვრცელი ხელნაწერი იპოვა. აი, ინგლისურად დაწერილი და ლათინიზმებით სავსე ამ ტექსტის სიტყვასიტყვითი ვერსია: I რამდენადაც მახსოვს, ჩემი ტანჯვა-წამება დაიწყო თებეს ასკარიბჭიან ბაღში იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. წითელი ზღვის სანაპიროზე განთავსებული ლეგიონის ტრიბუნი ვიყავი ბერენისში და უკვე გამოვლილი მქონდა (ყოვლად წარუმატებლად) მცირე ხნის წინანდელი ეგვიპტური ომები. იქ ციებ-ცხელებამ და მაგიამ მრავალი კაცი იმსხვერპლა, კეთილშობილურად რომ მიელტვოდნენ ფოლადისპირიან იარაღს. მავრიტანელები დამარცხდნენ. მეამბოხე ქალაქების მიწები სამუდამოდ გადავიდა პლუტონური ღმერთების მფლობელობაში; დამორჩილებული ალექსანდრია ამაოდ ელოდა კეისრის წყალობას. იმ ერთ წელიწადში ლეგიონებმა გამარჯვება იზეიმეს, მე კი მხოლოდ თვალი თუ მოვკარი მარსის ხატებას. ამ დანაკარგმა ძალზე დამამწუხრა და, ალბათ სწორედ ამიტომაც გადავეშვი უკვდავთა საიდუმლო ქალაქის ძიებაში მოძრავქვიშიანი, საშინელი უდაბნოების გავლით.
როგორც ვთქვი, ჩემი ტანჯვა თებეს ბაღებში დაიწყო. იმ ღამით საერთოდ არ მიძინია, რადგან ჩემს გულში ბრძოლა გაჩაღებულიყო.
ბოლოს ავდექი, განთიადამდე მცირე ხნით ადრე.
ჩემს მონებს ეძინათ, მთვარე უსასრულო ქვიშის ფერისა იყო.
აღმოსავლეთიდან გასისხლიანებული მხედარი მომიახლოვდა. მთლად ილაჯგაწყვეტილი, ცხენიდან ჩამოხდა და ლათინურად მომმართა. მისუსტებული და, იმავდროულად, დახარბებული ხმით შემეკითხა სახელს მდინარისა, ამ ქალაქის კედლებს რომ ელამუნებოდა. ეს წვიმებით ნასაზრდოები ეგვიპტეა-მეთქი, ვუთხარი. „მე სხვა მდინარეს ვეძებ, - წამოიძახა გაგულისებით, - საიდუმლო მდინარეს, რომელიც ადამიანებს სიკვდილისგან წმენდს“. მკერდიდან შავი სისხლი სდიოდა. მითხრა, - ჩემი სამშობლო განგის გადაღმა მდებარე მთაშიაო. თურმე იმ მთაზე ხმა გავარდნილა, რომ ის, ვინც დასავლეთისკენ ივლის ქვეყნიერების კიდემდე, მივა მდინარესთან, რომელშიც უკვდავების წყალი მიედინება. მერე ისიც თქვა: მდინარის გაღმა ნაპირზე უკვდავთა ქალაქია, ბასტიონებით, ამფითეატრებითა და ტაძრებით მდიდარიო.
სანამ ირიჟრაჟებდა, მოგზაური მოკვდა. მე კი გადავწყვიტე, მომეძებნა ის ქალაქიცა და მისი მდინარეც. ჯალათის მიერ დაკითხულმა ზოგიერთმა მავრიტანელმა ტყვემ დაადასტურა მხედრის ნაამბობი: ერთ მათგანს გაახსენდა ელიზიური ველი დედამიწის შორეულ კიდეზე, სადაც ადამიანთა სიცოცხლე მარადიულად გრძელდება; მეორემ გაიხსენა მწვერვალები, საიდანაც პაქტოლი მოედინება და სადაც ადამიანთა სიცოცხლე ასობით წელიწადს არ წყდება. რომში დაველაპარაკე ფილოსოფოსებს, რომელთა აზრით, ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივება ნიშნავს მისი კვდომის გახანგრძლივებას და მის თავს დატეხილ სიკვდილთა რაოდენობის ზრდას. არ ვიცი, ოდესმე თუ მჯეროდა უკვდავთა ქალაქის არსებობისა. ვფიქრობ, მისი პოვნის მცდელობა უკვე საკმარისად ბევრს მავალებდა. გეტულის პროკონსულმა ფლავიუსმა ორასი ჯარისკაცი გამომიყო ამ სარისკო წამოწყებისთვის. გარდა ამისა, დავიქირავე რამდენიმე კაცი, რომლებიც აცხადებდნენ, გზა ვიცითო, და რომლებიც შემდეგ პირველები გამექცნენ.
მომდევნო მოვლენებმა იმდენად დაგვიმახინჯა პირველი დღეების ხსოვნა, რომ შეუძლებელია ამ უკანასკნელთა თანმიმდევრული აღდგენა. არსინოედან დავიძარით და თაკარა უდაბნოში შევედით. გავიარეთ ტროგლოდიტების ქვეყანა, - იმათი, ვინც გველებს ჭამენ და ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებიან; გავიარეთ გარამანტები, რომელთაც საერთო ქალები ჰყავთ და რომლებიც ლომებით იკვებებიან; აუგილები, რომლებიც მხოლოდ ქვესკნელს ეთაყვანებიან. შემოვიარეთ სხვა უდაბნოებიც: შავი ქვიშების უდაბნო, სადაც მოგზაურმა უნდა იმარჯვოს და ღამით იაროს, რადგანაც დღისით აუტანელი პაპანაქებაა. შორიდან გავარჩიე მთა, რომელიც თავის სახელს აძლევს ოკეანეს და რომლის ფერდობებზე იზრდება შხამთა გამანეიტრალებელი რძიანა, ხოლო მწვერვალზე ცხოვრობენ სატირები - ავხორცობას მიძალებული ტლანქი, ველური მოდგმა. ის, რომ ამ ბარბაროსული ქვეყნების შუაგულში, სადაც დედამიწა ძუძუს აწოვებს ურჩხულებს, შეიძლებოდა მდგარიყო ასეთი სახელგანთქმული ქალაქი, წარმოუდგენლად მიგვაჩნდა. ასე ვაგრძელებდით გზას, რადგან დაბრუნება ჩვენთვის პატივისამყრელი იქნებოდა. ზოგიერთს, უაზროდ გაბედულს, მთვარისკენ სახემიქცეულს ეძინა. ისინი სულ მალე ციებ-ცხელებამ მოაშთო. წყლის ორმოებიდან შესმულმა გაფუჭებულმა წყალმა ბევრს სიგიჟე და სიკვდილი მოუვლინა. მერე დაიწყო დეზერტირობა, ცოტა ხნის შემდეგ - ამბოხებებიც. მათ ჩასახშობად სისასტიკეს არ ვერიდებოდი და სამართლიანადაც ვიქცეოდი. მალე ცენტურიონმა გამაფრთხილა, რომ მეამბოხეები, რომლებსაც ერთი სული ჰქონდათ, როდის იძიებდნენ შურს ერთ-ერთი მათგანის ჯვარცმისთვის, ჩემს მოკვდინებას გეგმავდნენ.
რამდენიმე ერთგულ ჯარისკაცთან ერთად ბანაკიდან გავიქეცი.
უდაბნოში, სამუმებსა და უკიდეგანო ღამეებში ერთმანეთს მოვწყდით.
სხეული კრიტულმა ისარმა განმიწონა. რამდენიმე დღეს უწყლოდ ვიხეტიალე, რამდენიმე ან - ერთ გრძელზე უგრძეს, მზით, წყურვილითა და წყურვილის შიშით გამრავლებულ დღეს. ჩემი მგზავრობა ცხენს მივანდე. ერთ გამთენიას ჰორიზონტის ხაზი კოშკებმა და პირამიდებმა დაკბილა. აუტანელი ოცნება ამეკვიატა: ერთი პატარა, მოწესრიგებული ლაბირინთი, რომლის შუაგულში ჭა იქნებოდა. ჩემი ხელები თითქმის ეხებოდა მას, თვალები ხედავდა, მაგრამ წინ ისეთი ჩახლართული და თავგზისამბნევი მისახვევ-მოსახვევები იყო, რომ ვიცოდი: სანამ იქამდე მივაღწევდი, მოვკვდებოდი.
II
როცა, ბოლოს და ბოლოს, ღამის კოშმარს გამოვერიდე, აღმოვაჩინე, რომ ხელები ზურგს უკან მქონდა შეკრული და ვიწექი ჩვეულებრივი საფლავის ზომის წაგრძელებულ, მთის კაუსტიკურ ფერდობზე ამოჭრილ ქვის ნიშაში. ღრმულის გვერდები ნესტიანი იყო და ისევე გაეპრიალებინა დროს, როგორც ადამიანის ხელს. გული მტკივნეულად მიფეთქავდა და წყურვილი მშაშრავდა. თავი ავწიე და მილეული ხმით შევყვირე. მთის ძირში მიედინებოდა უხმაურო, უწმინდური, ქვიშითა და კაჭრით სავსე ნაკადი. მოპირდაპირე ნაპირზე ღიად და თვალისმომჭრელად ანათებდა მზის პირველ ან უკანასკნელ სხივებში გახვეული უკვდავთა ქალაქი. ვხედავდი ფორტიფიკაციებს, თაღებს, ფრონტონებს, ფორუმებსა და ამ ყველაფრის საძირკველს - ქვის ზეგანს. მთაცა და ხეობაც ერთიანად დაეწინწკლა ას თუ მეტ უსწორმასწორო, ჩემი ნიშის მსგავს ნიშას. ჩანდა ქვიშაში ამოთხრილი ცარიელი ორმოები, საიდანაც ამოდიოდნენ შიშველი, ნაცრისფერკანიანი და წვერგაუპარსავი მამაკაცები. რაღაცნაირად მეცნენ: იმ ტროგლოდიტების ცხოველურ შტოს ეკუთვნოდნენ, სპარსეთის ყურის სანაპიროებსა და ეთიოპიის გამოქვაბულებს რომ მოსდებიან. არ გამკვირვებია არც ის, რომ არ მეტყველებდნენ, და არც ის, რომ გველებს სანსლავდნენ.
საშინელმა წყურვილმა უგუნური გამბედაობით ამავსო. ჩემი შეფასებით, სულ ოცდაათიოდე ნაბიჯი მაშორებდა ქვიშას. თვალები დავხუჭე და, ზურგს უკან ხელებშეკრული, მთის ფერდობზე დავქანდი. გასისხლიანებული სახე წყალში ჩავყავი და პირუტყვივით დავიწყე წყლის სვლეპა. სანამ კიდევ ერთხელ დავინთქმებოდი ძილსა და ბოდვაში, ყოვლად გაუგებრად ვიმეორებდი რამდენიმე ბერძნულ სიტყვას: „ზელეიას მკვიდრნი, მდიდარი ტროელები, ვინც ბნელი აისეპოს წყალს ეწაფება...“.
ვერ ვიტყვი, რამდენმა დღემ და ღამემ ჩაიარა ამ მდგომარეობაში. ასეთი მოწყვეტილი და უძლური საიმისოდ, რომ ღრმულების თავშესაფარს დავბრუნებოდი, შიშვლად გაწოლილი უცნობ ქვიშაზე, მთვარესა და მზეს ვანდობდი ჩემი დაუცველი ბედ-იღბლის გადაწყვეტას. თავიანთ ბარბაროსობაში ბავშვურად მიამიტი ტროგლოდიტები მშველოდნენ, რომ არც მოვმკვდარიყავი და არც მეცოცხლა. ამაოდ ვევედრებოდი, მომკალით-მეთქი. ერთ დღესაც, ბოლოს და ბოლოს, ზურგს უკან გაბაწრული ხელები გავითავისუფლე იმით, რომ თოკი კლდის ბასრ კიდეზე ხახუნით გადავჭერი. ამის შემდეგ შევძელი წამოვმდგარიყავი, მეთხოვა ან მომეპარა ჩემი პირველი გულისამრევი ლუკმა: გველის ხორცი! - მე, მარკუს ფლამინიუს რუფუსს! რომის ერთ-ერთი ლეგიონის სამხედრო ტრიბუნს!
იმ წყურვილით ატანილს, მენახა უკვდავთა ქალაქი, ხელი შემეხო იმისთვის, რაც ადამიანურ ქალაქზე მეტი იყო, თვით ძილიც კი არ მეკარებოდა. და თითქოს ტროგლოდიტები მიზანს მიმიხვდნენო - არც მათ ეძინათ. თავდაპირველად მეგონა, მითვალთვალებდნენ, მოგვიანებით კი ვიფიქრე, ჩემი შეუძლოდ ყოფნა გადაეცა მათ, როგორც ძაღლებს გადაეცემათ ხოლმე განწყობა. ბარბაროსთა სოფლიდან წასვლისთვის ყველაზე საჯარო მომენტი შევარჩიე: დაისი, როდესაც თითქმის ყველა მამაკაცი გამოდიოდა თავ-თავისი ღრმულიდან თუ ნაპრალიდან და მზერადაცარიელებული გაჰყურებდა დასავლეთს. ხმამაღლა ვილოცე, - არა იმდენად ტროგლოდიტების განწყობის მოსაპოვებლად, რამდენადაც იმისთვის, რომ ისინი ჩემი დანაწევრებული მეტყველებით დამეფრთხო. ამის შემდეგ ქვიშით ამოვსებული მდინარის კალაპოტი გადავიარე და გეზი ქალაქისკენ ავიღე. ორი-სამი კაცი შეცბუნებული გამომყვა. ტანმორჩილები იყვნენ, თავიანთი ტომის სხვა წარმომადგენლებივით, და უფრო ანტიპათიას იწვევდნენ, ვიდრე შიშს. გვერდი უნდა ამევლო არაერთი უსწორმასწორო ღრმულისთვის, რომლებიც ძველ კარიერებად მივიჩნიე. ვეებერთელა მასშტაბებით შეცდომაში შეყვანილს, ქალაქი გაცილებით ახლოს მეგონა, ვიდრე სინამდვილეში აღმოჩნდა. დაახლოებით შუაღამისას ფეხი დავადგი ქალაქის კედლის შავ ჩრდილს - ყვითელ ქვიშაზე პროვოცირებულ ბომონურ ფორმებს. ჩემი სვლა ერთგვარმა საკრალურმა ზაფრამ შეაყოვნა. იმდენად სძულს კაცთა მოდგმას სიახლეცა და უდაბნოც, რომ მე გამახალისა ერთი ტროგლოდიტის დანახვამ, რომელიც აქამდე გამომყოლოდა. თვალი დავხუჭე და დაუძინებლად დაველოდე განთიადს.
უკვე ვთქვი, ქალაქი კლდოვან ზეგანზე იდგა-მეთქი. ამ ზეგნის სიდიდე, თავისი ფრიალო კალთებით, ისეთივე ძნელი გასაზომი იყო, როგორიც თვით ქალაქის კედლები. ამაოდ დავიწყე მისი შემოვლა დაღლილი ნაბიჯებით - შავ საძირკველს არსად ეტყობოდა თვით უმცირესი უსწორმასწორობა, ხოლო თანაბრად აზიდულ კედლებს - თუნდ ერთი კარი. დღის სიმძიმემ მიბიძგა შევყუჟულიყავი ქვაბულში, რომლის უკანა კედელთან ჭა აღმოჩნდა. ჭის წყვდიადიდან ამოდიოდა კიბე, რომელსაც ქვემოთ ჩავყევი და აღმოვჩნდი ჭუჭყიანი დერეფნების ლაბირინთში, რომელმაც ვეებერთელა, განუსაზღვრელად მომრგვალებულ დარბაზში გამიყვანა. ცხრა კარი გადიოდა სარდაფისებრ სივრცეში, აქედან რვა კარით ხვდებოდი ლაბირინთში, რომელიც იმავე დარბაზში გაბრუნებდა, მეცხრე კარს კი გაჰყავდი სხვა ლაბირინთში, რომელიც, თავის მხრივ, უერთდებოდა მეორე მრგვალ დარბაზს - პირველის იდენტურს. წარმოდგენა არ მაქვს, რამდენი დარბაზი იყო იქ: მათ ჩემი ტანჯვა და მღელვარება ამრავლებდა. გარშემო მტრული სიჩუმე იდგა, ვირტუალურად - სრული, თუ არ ჩავთვლით მიწისქვეშა ქარს, რომლის გამომწვევი მიზეზი ვერაფრით აღმოვაჩინე. ქვის ამ ღრმა აბლაბუდაში არავითარი ბგერა არ ისმოდა. თვით წყლის ფოლადისფერი, თხელი ნაკადებიც კი უხმაუროდ მიედინებოდა ქვის ნაპრალებში. საშინელება იყო, როგორ მივეჩვიე ამ განუსაზღვრელ სამყაროს. უკვე დაუჯერებელი ჩანდა, რომ კიდევ რაიმეს შეიძლება ეარსება საერთოდ, ცხრაკარიანი სარდაფისა და გრძელი დერეფნების გარდა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიხეტიალე მიწის ქვეშ. მხოლოდ ის ვიცი, რომ დროდადრო, როცა დაბნეულად ვოცნებობდი სახლზე, ბარბაროსთა საზარელ სოფელს ყურძნის მტევნებში ჩაძირულ ჩემს მშობლიურ ქალაქთან ვაერთიანებდი.
ერთი დერეფნის ბოლოს გზა გადამიღობა არცთუ გაუთვალისწინებელმა კედელმა და - შორეული სინათლეც დამეცა. შუქით დატბორილი მზერა ზემოთ შევმართე და იქ, თავბრუდამხვევ სიმაღლეზე, ცის მრგვალი ნაფლეთი დავინახე - იმდენად ლურჯი, რომ უკვე მეწამულში გადადიოდა. რკინის საფეხურების მთელი წყება ზემოთ, ჭის თავისკენ მიემართებოდა. დაქანცულობისგან კუნთები მომდუნებოდა, მაგრამ მაინც ავუყევი კიბეს. მხოლოდ დროდადრო ვჩერდებოდი, რათა ტლანქად ავქვითინებულიყავი სიხარულისგან. ნელ-ნელა დავიწყე ფრიზებისა და კაპიტელების, სამკუთხა ფრონტონებისა და თაღების გარჩევა. ასე შემიძღვა ურთიერთგადახლართული ლაბირინთების შავი საუფლო ბრწყინვალე ქალაქში. თავდაპირველად აღმოვჩნდი ერთგვარ პატარა მოედანზე, უფრო უკეთ - შიდაეზოში, რომელსაც ერთი არათანაბარკუთხეებიანი და არათანაბარი სიმაღლის შენობა შემორტყმოდა. სწორედ ამ ჰეტეროგენურ[95] ნაგებობას ეკუთვნოდა მრავალი სვეტი და გუმბათი. უნიკალურ მონუმენტში ყველაზე მეტად განმაცვიფრა მისი კონსტრუქციის უკიდურესმა სიძველემ. ვიგრძენი, რომ ის თვით ადამის მოდგმამდე, თვით ქვეყნიერების გაჩენამდე არსებობდა. მისი თვალში საცემი სიძველე - თუნდაც რაღაცნაირად საშინელი საყურებელი - თითქოს უკვდავი ოსტატების გარჯის შედეგი იყო. ჯერ ფრთხილად, მერე უფრო და უფრო განურჩევლად, ბოლოს კი სასოწარკვეთით დავდიოდი ამ ლაბირინთული სასახლის კიბის უჯრედებსა და მოზაიკურ იატაკზე. მოგვიანებით შევნიშნე, რომ კიბეების საფეხურთა სიგანე ერთნაირი არ იყო და სწორედ ამით იხსნებოდა ჩემი უკიდურესი დაქანცვა. „ეს სასახლე ღმერთების ნახელავია“ - აი, ჩემი პირველი აზრი. როდესაც კიდევ მოვინახულე დაუსახლებელი ადგილები, აზრიც დავაზუსტე: „ღმერთები, რომლებმაც ეს ყველაფერი ააგეს, დაიხოცნენ“. მერე კი, როცა შენობის თავისებურებებს ჩავუფიქრდი, ჩემს თავს ვუთხარი: „ღმერთები, რომლებმაც აქაურობა ააგეს, შეშლილები იყვნენ“. ვიცი, ეს იმ გაუგებარი საყვედურის ტონით ვთქვი, ქენჯნას რომ ესაზღვრებოდა, - უფრო ინტელექტუალური საშინელების განცდით, ვიდრე გრძნობადი შიშით. დიადი სიძველის განცდას სხვებიც დაემატა: უსასრულობის, დამთრგუნველობისა და საშინელების, რთული ირაციონალობის განცდები. ბნელი ლაბირინთი გამოვლილი მქონდა, თუმცა, რეალურად, უკვდავთა ბრწყინვალე ქალაქმა შემაძრწუნა და უკუმაგდო. ლაბირინთი მიზანმიმართულად აგებული სახლია, რომელმაც უნდა დააბნიოს იქ მოხვედრილი ადამიანი. ამ მიზანს ემსახურება უკიდურესად სიმეტრიული მისი არქიტექტურა. ამ სასახლის არქიტექტურას კი, მხოლოდ ნაწილობრივ რომ დავათვალიერე, არავითარი მიზანი არ ჰქონდა. აქ იყო დერეფნები, რომლებსაც არსად არ მიჰყავდი; მიუწვდომლად მაღალი ფანჯრები, დრამატულად დიდი კარები, რომლებიც ბერულ სენაკებსა ან ცარიელ მაღაროებში გადიოდა; არგაგონილი თავდაყირა დაკიდებული კიბეები შესაბამისად ამოტრიალებული საფეხურებითა და მოაჯირებით. სხვა კიბეები - ჰაერიდან პირდაპირ რომელიმე მონუმენტურ კედელზე მიბჯენილი - ორი-სამი უჯრედის შემდეგ გუმბათის მაღალ სიბნელეში წყდებოდა. არ ვიცი, სწორ მაგალითებს ვიძლევი თუ არა, მხოლოდ ის ვიცი, რომ მრავალი წლის განმავლობაში ისინი სიზმრებს მიწამლავდნენ. აღარც ის ვიცი, ობიექტურად არსებულ რეალობას აღწერს რომელიმე სახასიათო შტრიხი თუ საკუთრივ ჩემს ღამეებში შობილი ერთ-ერთი ფორმაა. „ეს ქალაქი იმდენად თავზარდამცემია, რომ თვით მისი არსებობა, თავისთავად ის ფაქტი, რომ მან თვით საიდუმლო უდაბნოს შუაგულშიც კი გაძლო, ბილწავს წარსულსა და მომავალს და რაღაცნაირად რეპუტაციას ულახავს ვარსკვლავებსაც. სანამ ეს ქალაქი აქ დგას, არავინ იქნება ამქვეყნად ბედნიერი ან მამაცი“, - ვფიქრობდი ჩემთვის. არ მსურს მისი აღწერა, ჰეტეროგენური სიტყვების ქაოსი, ვეფხვის სხეული თუ კბილებით პირამოვსებული ხარი, ორგანოები, მონსტრუოზულად შეერთებული და მაინც ერთმანეთის მოძულე თავები: ასეთი შეიძლება იყოს დაახლოებითი აღწერილობა.
ვერ ვიხსენებ ვერც იმ ეტაპებს, რომელთა გამოვლამაც მომიწია უკანა გზაზე, ვერც ჩემს სვლას მტვრიან, ნესტიან მიწისქვეშეთში. მხოლოდ ის ვიცი: ყველგან მოუშორებლად თან მდევდა შიში იმისა, რომ როდესაც ბოლო ლაბირინთიდან გავაღწევდი, ისევ გულისამრევ უკვდავთა ქალაქში ამოვყოფდი თავს. სხვა არაფერი მახსოვს. მეხსიერების ეს დაკარგვა, ახლა უკვე დაუძლეველი, ალბათ ნებაყოფლობითი იყო. ისიც შესაძლებელია, რომ იქიდან იმდენად უსიამოვნო გარემოებებში გამოვიქეცი, რომ დავიფიცე, მათ გონებიდან განვდევნი-მეთქი.
III
ვინც ყურადღებით წაიკითხა ჩემი ტანჯვის ამბავი, გაიხსენებს, რომ ტროგლოდიტების ტომის ერთი წარმომადგენელი ძაღლივით ამედევნა კედლების დაკბილულ ჩრდილში. უკანა გზაზე, როდესაც ბოლო სარდაფიდანაც ამოვედი, ის კაცი ზედ ქვაბულის გამოსასვლელთან დამხვდა. ქვიშაში იწვა, მოუქნელად ხატავდა და შლიდა სიმბოლოებს, სიზმრის ასოების მსგავსს, ზუსტად იმ წამს რომ ერწყმიან ერთმანეთს და ბუნდოვანდებიან, როდესაც მათმა მნახველმა ის-ისაა უნდა გაშიფროს. თავდაპირველად ვიფიქრე, ეს ერთგვარი ბარბაროსული დამწერლობაა-მეთქი. მერე მივხვდი: აბსურდული იყო იმის დაშვება, რომ დამწერლობას შექმნიდა კაცი, რომელსაც არასოდეს ესწავლა მეტყველება. თანაც, არც ერთი მოხაზულობა არ ჰგავდა მეორეს, რამაც სავსებით გამორიცხა (ან ძალზე შორს გადასწია) შესაძლებლობა, რომ იგი სიმბოლოებს ხატავდა. კაცს ქვიშაზე გამოჰყავდა ისინი, უყურებდა და ასწორებდა, მერე კი, თითქოს თავისივე თამაშით გაღიზიანებული, ხელისგულით და იდაყვით შლიდა. ქვემოდან ამომხედა, მაგრამ, მგონი, ვერ მიცნო. მაინც იმდენად დიდი იყო შვება, რომელიც ვიგრძენი (ან, ეგებ, ჩემი მარტოობა იყო ასეთი უკიდეგანო და შემაძრწუნებელი), რომ ნამდვილად ვიფიქრე: ეს პირველყოფილი ტროგლოდიტი, გამოქვაბულში რომ წევს და ამომცქერის, მე მელოდება-მეთქი. მზე ველს ათბობდა. როცა სოფლისკენ მიმავალ გზას დავადექით, პირველი ვარსკვლავების ქვეშ ქვიშა ფეხს წვავდა. ტროგლოდიტი ჩემ წინ მიაბიჯებდა. იმ ღამეს გადავწყვიტე მესწავლებინა მისთვის სიტყვების გამოცნობა ან თვით გამეორებაც კი. აქედან პირველის უნარი ძაღლებსა და ცხენებსაც ხომ შესწევთ-მეთქი, ვფიქრობდი, ხოლო მეორე ბევრ ჩიტს შეუძლია, ვთქვათ, კეისრების ბულბული. რაოდენ მწირიც უნდა იყოს ადამიანის გაგება, მაინც ყოველთვის აღემატება ამ არამოაზროვნე არსებებისას. ტროგლოდიტის მოკრძალებულმა წარმოშობამ და მდგომარეობამ მეხსიერებაში ამომიტივტივა არგოსი - მოხუცი, მომაკვდავი ძაღლი „ოდისეადან“. ამიტომაც დავარქვი ეს სახელი და ვცადე, მისთვისაც მესწავლებინა. კიდევ და კიდევ, მაგრამ ამაოდ. ვერ მიშველა ვერანაირმა საშუალებამ, სიმკაცრემ, შეუპოვრობამ. უმოძრაოს და მზერადაშრეტილს, თითქოს არც კი ესმოდა ბგერები, რომელთა შესმენინებასაც ვცდილობდი. სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა ჩემგან, მაგრამ უზარმაზარი მანძილით მოწყვეტილს ჰგავდა. პატარა, ნაცემი, ლავაში გამოჭრილი სფინქსივით იწვა ქვიშაზე და საშუალებას აძლევდა ცას ეტრიალა მის ზემოთ ცისკრის პირველი სხივიდან მწუხრის უკანასკნელ ჭიატამდე. უბრალოდ, წარმოუდგენელი ჩანდა, როგორ ვერ მოეხელთებინა ჩემი განზრახვა! გამახსენდა ეთიოპიელების რწმენა, რომ მაიმუნები შეგნებულად არ მეტყველებენ, რათა შრომა ვერავინ აიძულოს. მეც არგოსის დუმილი უნდობლობას ან შიშს მივაწერე. ამ ცოცხალ სურათს სხვები შეენაცვლა, კიდევაც უფრო უჩვეულო. წარმოვიდგინე, რომ მე და არგოსი სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობდით; წარმოვიდგინე, რომ ერთნაირი აღქმა გვქონდა, მაგრამ არგოსი განსხვავებულად აწყობდა, სხვანაირ საგნებს აგებდა მათგან; წარმოვიდგინე, რომ მისთვის, შესაძლოა, საგნები კი არ არსებობდნენ, არამედ სწრაფი შთაბეჭდილებების მუდმივი, თავბრუდამხვევი თამაში; წარმოვიდგინე სამყარო მეხსიერების, დროის გარეშე. გავეთამაშე ისეთი ენის შესაძლებლობას, რომელშიც არ არსებობს ნაცვალსახელები, არის მხოლოდ უპიროვნო ზმნები ან არაუღლებადი ზედსართავები. ბევრმა დღემ ჩაიარა ამ წარმოდგენებში, დღეებთან ერთად - წლებმაც, სანამ ერთ დღესაც მოხდა რაღაც ისეთი, რაც ძალიან ჰგავდა სიხარულს: ციდან ნელმა, ძლიერმა წვიმამ დაუშვა. ღამით უდაბნოში შეიძლება ციოდეს, მაგრამ ის ღამე ნამდვილი გახურებული ქვაბივით იყო. მესიზმრა, რომ თესალიის ერთ-ერთი მდინარე (რომლის წყლებს მე ოქროს თევზი დავუბრუნე) ჩემს გადასარჩენად მოდიოდა. მესმოდა, როგორი დგაფუნით მოუყვებოდა წითელ ქვიშას და როგორ ევლებოდა შავ კლდეს. ჰაერის სიგრილემ და წვიმის შხაპუნმა გამაღვიძა. შიშველი გავვარდი გარეთ წვიმის მისასალმებლად. ღამე იცრიცებოდა. ჩემი არ იყოს, ყვითელი ღრუბლების ქვეშ ტროგლოდიტების ტომიც ექსტაზით შეჰხაროდა ციდან მოღვარღვარე ნაკადებს: ღმერთით ატანილ კორიბანტებს ჰგავდნენ. არგოსს თვალები ცისკენ აღეპყრო და გმინავდა, წყალი წანწკარით ჩამოსდიოდა სახეზე, - არა მხოლოდ წვიმა, არამედ ცრემლებიც (როგორც მოგვიანებით შევიტყვე). „არგოს! - ვიყვირე მე, - არგოს!“ მერე კი, თითქოს მრავალი წლის წინ დავიწყებულ-დაკარგულ რამეს იგონებსო, ოდნავ გაკვირვებულმა არგოსმა ენის ბორძიკით წარმოთქვა: „არგოს, ულისეს ძაღლი“. რამდენიმე წამის შემდეგ კი ისე განაგრძო, რომ ჩემთვის არ შეუხედავს: „ეს ძაღლი ნეხვის გროვაზე წევს“.
ჩვენ ასეთი მზადყოფნით ვიღებთ რეალობას. იქნებ იმიტომ, რომ ვგრძნობთ: არაფერია რეალური. არგოსს ვკითხე, რამდენი რამ იცოდა „ოდისეადან“. ბერძნულის გაგება გაუძნელდა და შეკითხვის გამეორება მომიხდა.
„ძალიან ცოტა. ყველაზე მწირ რაფსოდიაზე უფრო ნაკლები. მას შემდეგ თერთმეტმა ასწლეულმა განვლო, რაც უკანასკნელად დავწერე ეგ“.
IV
იმ დღეს ყველაფერს მივხვდი. ტროგლოდიტები უკვდავები იყვნენ, ჩქერალი და მისი ქვიშანარევი წყლები კი - ის მდინარე, მხედარი რომ ეძებდა. რაც შეეხება ქალაქს, რომლის სახელი განგამდე მივიდა, უკვდავებმა ის თითქმის ცხრაასი წლის წინ დაანგრიეს, ხოლო დანგრეული ქალაქის ნამსხვრევებისგან იმავე ადგილზე ააშენეს არეულ-დარეული ქალაქი, რომელშიც მე ვიხეტიალე, - პაროდია თუ ანტითეზა ქალაქისა, რომელიც, იმავდროულად, იყო ტაძარი, აგებული იმ ირაციონალური ღმერთებისთვის, ქვეყნიერებას რომ მართავენ, და იმათთვისაც, ვის შესახებაც ჩვენ არაფერი ვუწყით, გარდა იმისა, რომ ადამიანს არ ჰგვანან. ამ ქალაქის დაფუძნება წარმოადგენდა უკანასკნელ სიმბოლოს, რომლამდეც უკვდავები დაეშვნენ. იგი აღნიშნავს წერტილს, რომელზეც - თუ გავითვალისწინებთ მთელ მათ ამაო ძალისხმევას - მათ გადაწყვიტეს ეცხოვრათ საკუთრივ აზრში, წმინდა სპეკულაციაში. ჯერ ეს ბაკანი ააგეს, შემდეგ მიატოვეს და გამოქვაბულებში დასახლდნენ. ამ თვითდანთქმაში ისინი ვერც კი ამჩნევდნენ ფიზიკურ სამყაროს. ამ ყველაფერს ისე მიხსნიდა ჰომეროსი, როგორც ბავშვს უხსნიან ხოლმე. მიამბო თავის ხანდაზმულობაზეც და იმ მოგზაურობაზეც, რომელიც განახორციელა, როცა ულისესავით შეიპყრო განზრახვამ, მოენახულებინა იმ ადამიანთა მოდგმა, რომელმაც არ იცოდა, რა იყო ზღვა, არ ჭამდა დამარილებულ ხორცს და წარმოდგენა არ ჰქონდა ნიჩბებზე. მან ერთი საუკუნე იცხოვრა უკვდავთა ქალაქში და როცა ეს უკანასკნელი დაანგრიეს, სწორედ მანვე ურჩია მეორე ქალაქის აგება. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს: ხმები დადის, რომ მას შემდეგ, რაც ხოტბა შეასხა ილიონის ომს, ჰომეროსმა ბაყაყებისა და გომბეშოების ომსაც უმღერა. იმ ღმერთივით იყო, რომელმაც ჯერ კოსმოსი შექმნა, მერე - ქაოსი. არაფერია ღირსშესანიშნავი უკვდავად ყოფნაში. კაცობრიობის გამოკლებით, ყველა არსება უკვდავია, რადგან მათ სიკვდილისა არაფერი იციან. ღვთაებრივი, საშინელი და გაუგებარი სწორედაც იმის ცოდნაა, რომ უკვდავი ხარ. შემჩნეული მაქვს, რომ რელიგიის მიუხედავად, საკუთარი უკვდავების რწმენა უჩვეულოდ იშვიათია. ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმები - ყველა აცხადებს რწმენას უკვდავებაში, მაგრამ მოწიწება, რომელსაც მიაგებენ სიცოცხლის პირველ საუკუნეს, ამტკიცებს, რომ მათ ჭეშმარიტად მხოლოდ ამ ასი წლისა სწამთ, რაკი ყოველივე დანარჩენს სამარადისოდ გადააბარეს დასჯა ან დაჯილდოება, იმისდა მიხედვით, რაც ადამიანმა მოიმოქმედა, სანამ ცოცხალი იყო. ჩემი აზრით, გაცილებით მისაღებია ბორბალი, რომელიც ფიგურირებს ინდოეთის ზოგიერთ რელიგიაში. ამ ბორბალზე, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული, თითოეული ცხოვრება წინა ცხოვრების შედეგია და, თავის მხრივ, განაპირობებს მომდევნოს, თუმცა ვერც ერთი ცხოვრება ვერ განსაზღვრავს მთლიანს... საუკუნეობრივი არსებობით ნასწავლმა უკვდავთა რესპუბლიკამ მიაღწია ტოლერანტობის პიკს, თითქმის ზიზღისაც კი. ამ ადამიანებმა იცოდნენ, რომ დროის უსასრულოდ გრძელ პერიოდში ყველას ყველაფერი ემართება. როგორც დამსახურებულ მისაგებელს თავისი გარდასული და მომავალი სათნოებებისთვის, ყოველი კაცი იმსახურებდა ყოველგვარ სიკეთეს, თუმცა, იმავდროულად, ყოველგვარ ღალატსაც მის წარსულში და მომავალში ჩადენილი ყველა ბოროტებისთვის. იღბალზე დამყარებული თამაშებისა არ იყოს, თავები და კუდები თანაბრდებიან, ასევე გონიერება და სიჩლუნგეც აბალანსებს ერთმანეთს. შესაძლოა, ელ სიდის უხეში ლექსი არის საპირწონე, რომელსაც ითხოვს ეკლოგების ერთადერთი ეპითეტი ან რომელიმე მაქსიმა ჰერაკლიტედან. ყველაზე სწრაფწარმავალი აზრი ემორჩილება უხილავ გეგმას და შეიძლება ასრულებდეს ან აგვირგვინებდეს ფარულ ჩანაფიქრს. ვიცი ადამიანები, რომლებსაც ჩაუდენიათ ბოროტება იმისთვის, რომ მისგან სიკეთე გამოსულიყო მომავალ ან, შესაძლოა, უკვე გამოვიდა გარდასულ საუკუნეებში... ამ კუთხით დანახული ყველა ჩვენი ქმედება სამართლიანია, თუმცა, იმავდროულად, უმნიშვნელოც. არ არსებობს არავითარი სულიერი ან ინტელექტუალური ღირსებები. ჰომეროსმა შექმნა „ოდისეა“, მაგრამ უსასრულო დროში, უსასრულო გარემოებებსა და საგანთა მუდმივ ცვალებაში შეუძლებელია, ეს პოემა ერთხელ მაინც არ შექმნილიყო. არავინ არ არის ვიღაც. ერთადერთი უკვდავი ადამიანი ყველა ადამიანია. კორნელიუს აგრიპასი არ იყოს, მე ვარ ღმერთი, გმირი, ფილოსოფოსი, დემონი და ქვეყნიერება, რაც მოიარებითი გზაა იმის სათქმელად, რომ მე არ ვარ. ცნებამ ქვეყნიერებისა, როგორც ზედმიწევნით ზუსტი კომპენსირების სისტემისა, უზარმაზარი გავლენა მოახდინა უკვდავებზე. უპირველეს ყოვლისა, ამან ისინი უგრძნობელი გახადა შებრალების, როგორც ასეთისადმი. მე ვახსენე ძველი სამტეხლოები, მდინარის გაღმა ნაპირი რომ დაეწინწკლათ. ერთი ადამიანი ჩავარდა ამ ჭებიდან უღრმესში, თუმცა ტკივილით ვერ ეტკინებოდა, ვერ მოკვდებოდა, აი, წყურვილი კი ნამდვილად თანგავდა. მხოლოდ სამოცდაათი წლის შემდეგ ჩაუგდეს თოკი ამოსაყვანად. თვითონაც დიდად არ ანაღვლებდა საკუთარი ბედი. მთელი მოწყალება, რასაც მისი სხეული - მორჩილი შინაური ცხოველი - ყოველთვიურად ითხოვდა, იყო რამდენიმე საათის ძილი, ცოტაოდენი წყალი და ხორცის ერთი ნაგლეჯი. მაგრამ, დე, ნურავინ ნუ წარმოიდგენს, რომ ჩვენ უბრალო ასკეტები ვიყავით. არ არსებობს ისეთი კომპლექსური სიამოვნება, როგორიცაა აზრი, და ჩვენც სწორედ აზრს მივუძღვენით თავი. დროდადრო, რაღაც უჩვეულო სტიმულს შეიძლებოდა მივებრუნებინეთ ფიზიკური სამყაროსკენ (როგორც, ვთქვათ, იმ გამთენიას - წვიმის ძველისძველ-სტიქიურ სიამოვნებას). მაგრამ ეს მცირე გადახრები ძალზე იშვიათი იყო. ყველა უკვდავს ჰქონდა სრული სიმშვიდის უნარი. მახსოვს ერთი, რომელიც არასოდეს მინახავს ფეხზე მდგარი და რომლის მკერდზე ჩიტმა ბუდე გაიკეთა.
იმ მოძღვრების დასკვნათა შორის, რომლის მიხედვითაც არ არსებობს საგანი, რომელიც არ წონასწორდებოდეს მეორე საგნით, არის ერთი დასკვნა, რომელსაც დიდი თეორიული მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ რომელმაც X საუკუნის დასაწყისში თუ ბოლოში ჩვენ მთელს დედამიწაზე გაგვფანტა. ის შეიძლება შეჯამდეს ამ სიტყვებში: „არსებობს მდინარე, რომელიც იძლევა უკვდავებას. უნდა არსებობდეს სხვა მდინარეც, რომელიც უკვდავებას წყვეტს“. მდინარეთა რიცხვი არ არის უსასრულო. უკვდავი მოგზაური, რომელიც ქვეყნიერებას უვლის, ერთხელაც ყველა მდინარიდან შესვამს წყალს. ჩვენ გადავწყვიტეთ გვეპოვა ის მდინარე.
სიკვდილი - ან მისი ხსენება - ადამიანებს მშვენიერს ან პათეტიკურს ხდის. მათი მოჩვენებითობა გულისამაჩუყებელია. ნებისმიერი აქტი, რომელსაც განახორციელებენ, შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. არ არსებობს სახე, რომელიც გაბუნდოვანების ან ჩაქრობის პირას არ დგას, როგორც სიზმარეული ხატები. მოკვდავთა სამყაროში ყველაფერს უკანდაუბრუნებელი და შემთხვევითი ღირებულება ადევს. მეორე მხრივ, უკვდავთა სამყაროში ნებისმიერი მოქმედება თუ აზრი ექოა გარდასული მოქმედებებისა თუ აზრების ყოველგვარი ხილული საწყისის გარეშე, ისევე როგორც ერთგული წინამაუწყებელი სხვების, რომლებიც გამეორდება მომავალში, მარად და მარად. არაფერია ისეთი, რაც თითქოსდა ჩაკარგულია დაუღალავ სარკეებს შორის. ვერაფერი მოხდება ერთადერთხელ, არაფერს ემუქრება სამუდამოდ დაკარგვის აბსოლუტური საფრთხე. სევდიანი, პირქუში, ცერემონიული - ასეთი რამეებისადმი უკვდავები მოწიწებას არ ატარებენ. ტანგიერის ჭიშკრებთან ჰომეროსი და მე ჩვენ-ჩვენს გზებს გავყევით. მგონი, არც კი დავმშვიდობებივართ ერთმანეთს.
V
ახალ საუფლოებში, ახალ იმპერიებში ვიხეტიალე. 1066 წლის შემოდგომაზე სტამფორდ ბრიჯთან ვიბრძოლე, თუმცა აღარ მახსოვს, ჰაროლდის რიგებში ვიდექი და მალე გავიზიარე მისი ბედი თუ ბედუკუღმართი ჰარალდ ჰარდრადას, რომელმაც სულ ექვსი ფუტი ან ოდნავ მეტი ინგლისური მიწა დაიპყრო. ჰიჯრით VII საუკუნეში, ბულაკის გარეუბანში ყოფნისას, მწყობრი კალიგრაფიით გადავწერე (აწ დავიწყებულ ენაზე და ჩემთვის უცნობი ანბანით) სინდბადის შვიდი მოგზაურობა და ქალაქ ბრასის ისტორია. სამარყანდის ციხის შიდაეზოში ხშირად ვთამაშობდი ჭადრაკს, ბიკანირში ასტროლოგიას ვასწავლიდი ისევე, როგორც ბოჰემიაში. 1638 წელს კოლცვარში ვიყავი, მოგვიანებით - ლაიფციგში. აბერდინში, 1714 წელს, გამოვიწერე რომის პაპისეული „ილიადას“ ექვსი ტომი. ვიცი, რომ ხშირად ვკითხულობდი სიამოვნებით. 1729 წელს თუ დაახლოებით ამ პერიოდში ვიმსჯელეთ ამ პოემის წარმოშობის შესახებ მე და რიტორიკის პროფესორმა სახელად, ვგონებ, ჯამბატისტამ. მისი არგუმენტები შეუდავებლად მივიჩნიე. 1921 წლის 4 ოქტომბერს, გემი „პატნა“, რომელსაც ბომბეიში მივყავდი, ნაპირს შეეჯახა ერიტრეას სანაპიროზე. ნაპირზე გადავედი. გამახსენდა სხვა დილები დიდი ხნის წარსულიდან, როცა ასევე გადავყურებდი წითელ ზღვას. მაშინ რომაელი ტრიბუნი ვიყავი, ხოლო ლეგიონერები ციებ-ცხელებას, მაგიასა და უმოქმედობას გადაჰყვნენ. ქალაქგარეთ წყარო დავლანდე და, როგორც მჩვეოდა, მის ანკარა წყალს დავეწაფე. მერე კი, როცა ციცაბო ნაპირზე ავდიოდი, ეკლიან ხეზე ხელის ზურგი გავიკაწრე. მიუჩვეველი ტკივილი უკიდურესად მწვავე აღმოჩნდა. უნდობლად, უსიტყვოდ და სიხარულით ვუმზერდი სისხლის წვეთის მშვენიერ ფორმირებას გაკაწრულ ადგილზე. „მე ისევ მოკვდავი ვარ, - ვუმეორებდი ჩემს თავს კიდევ და კიდევ, - ისევ ყველა სხვა ადამიანს ვგავარ“. იმ ღამეს გათენებამდე მეძინა.
...ერთმა წელიწადმა განვლო და ისევ გადავიკითხე ეს ფურცლები. შემიძლია დავადასტურო, რომ ისინი ჭეშმარიტების საზღვრებს არ სცილდებიან, თუმცა პირველ თავებში და ზოგიერთ აბზაცშიც, ვგონებ, ერთგვარი სიყალბე აღმოვაჩინე. ეს, ალბათ, გამოიწვია სიტუაციური დეტალების ზედმეტმა გამოყენებამ, პოეტებისგან შეძენილმა წერის მანერამ. ამ პროცესში ყველაფერს სიყალბე ედება, რაკი უამრავი დეტალი შეიძლება იყოს საკუთრივ მოვლენაში და არა ხსოვნაში...
მაინც მჯერა, რომ აღმოვაჩინე უფრო პირადული და შინაგანი მიზეზი, რომელსაც გავამხელ და არად ჩავაგდებ საფრთხეს, რომ ფანტასტად შემრაცხონ. ამბავი, რომელიც აქ გადმოვეცი, არარეალური ჩანს, რადგან მასში ურთიერთგადახლართულია ორი ადამიანის გამოცდილება. პირველ თავში მხედარს სურს შეიტყოს სახელი მდინარისა, თებეს კედლებთან რომ მიედინება. ფლამინიუს რუფუსი, რომელმაც ქალაქს „ასკარიბჭიანი“ უწოდა, მხედარს ეუბნება, რომ მდინარეს „ეგვიპტე“ ჰქვია. არადა, ამ განაცხადთაგან არც ერთი არ ეკუთვნის რუფუსს, არამედ უფრო ჰომეროსს, რომელიც „ილიადაში“ არაორაზროვნად ახსენებს „თებე ჰეკატომპილოსს“, ხოლო „ოდისეაში“ ნილოსს გამუდმებით მოიხსენიებს „ეგვიპტედ“ პროტევსისა და ოდისევსის პირით. მეორე თავში, როდესაც რომაელი უკვდავების წყალს შესვამს, რამდენიმე სიტყვას წარმოთქვამს ბერძნულად. ეს სიტყვებიც ჰომეროსისეულია. მათი მოძებნა გემების სახელგანთქმული კატალოგის ბოლოში შეიძლება. შემდეგ, თავბრუდამხვევ სასახლეში, იგი ახსენებს „საყვედურს, რომელიც თითქმის ქენჯნა იყო“. ეს სიტყვებიც ჰომეროსისაა, რომელმაც იწინასწარმეტყველა მსგავსი საშინელება. ასეთი ანომალიები მაწუხებდა, სხვები - უფრო ესთეტიკური ხასიათის - ჭეშმარიტების პოვნის საშუალებას მაძლევდნენ. ამ უკანასკნელი ტიპის ძაფები ისინჯება ბოლო თავში, სადაც წერია, რომ სტამფორდ ბრიჯთან ვიბრძოდი, ბულაკში სინდბად-მეზღვაურის მოგზაურობების ამბავი გადავწერე, ხოლო აბერდინში პაპისეული „ილიადას“ ტომები გამოვიწერე. ტექსტი ამბობს: „ბიკანირში ასტროლოგიას ვასწავლიდი ისევე, როგორც ბოჰემიაში“. ამ განაცხადთაგან არც ერთი არ არის ყალბი, ნიშანდობლივი კი ისაა, რომ სწორედ ეს ამბები ამოვირჩიე ჩასაწერად. მათგან პირველი მეომარს შეეფერება, თუმცა შემდეგ ჩანს, რომ მთხრობელისთვის ყურადსაღებია არა იმდენად ომი, რამდენადაც ადამიანთა ბედი. მომდევნო „ფაქტები“ კიდევ უფრო საგულისხმოდ ჟღერს. ისინი ფურცელზე ბნელმა, თუმცა ელემენტარულმა მიზეზმა გადამატანინა: ვიცოდი, რომ ეს პათეტიკური ფაქტები იყო. მაშინ კი არ ჟღერს პათეტიკურად, როცა მათ რომაელი ფლამინიუს რუფუსი ჰყვება, არამედ მაშინ, როდესაც ჰომეროსი გადმოგვცემს. უცნაურია, რომ XIII საუკუნეში ჰომეროსმა სინდბადის - მეორე ულისეს - თავგადასავლები ჩაწერა, ხოლო მრავალი ასწლეულის შემდეგ კიდევ ერთხელ აღმოაჩინა ისეთი ფორმები, როგორიცაა მისი საკუთარი „ილიადა“, თანაც - ჩრდილოეთის სამეფოში და ბარბაროსულ ენაზე. რაც შეეხება ფრაზას, რომელიც შეიცავს სახელს „ბიკანირ“, მასში ჩანს, რომ იგი შექმნილია ბელეტრისტის მიერ, რომელსაც - გემების კატალოგის ავტორისა არ იყოს - ბრწყინვალე სიტყვების მფლობელობა სურდა.
რამდენადაც დასასრული ახლოვდება, ხსოვნაში სახეები აღარ ჩანს, ჩანს მხოლოდ სიტყვები. უცნაური არ არის, რომ დრომ შეიძლება ერთმანეთში არიოს სახეები, რომლებიც ოდესღაც მე გამომხატავდა, და ისინი, რომლებიც იყო სიმბოლოები პიროვნებისა, ამდენი საუკუნის განმავლობაში რომ მომყვებოდა ყველგან. მე ჰომეროსი ვიყავი, მალე კი, ულისესი არ იყოს, აღარავინ ვიქნები, მალე ყველა ადამიანად ვიქცევი, ანუ - მოვკვდები.
P.S. (1950): ზემოთ მოყვანილ პუბლიკაციას მოჰყვა კომენტარები, რომელთა შორის ყველაზე საგულისხმოა (თუ ყველაზე თავაზიანი არა) ის, რომელიც ბიბლიურადაა სახელდებული: „მრავალფეროვანი საფარველი“ (მანჩესტერი, 1948). ეს კომენტარი ეკუთვნის დოქტორ ნაჰუმ კორდოვეროს უკიდურესად მდგრად კალამს და ასამდე გვერდს მოიცავს. მასში ლაპარაკია ბერძნულ ანთოლოგიებზე, გვიან-ლათინური ტექსტების ანთოლოგიებზე, იმ ბენ ჯონსონზე, რომელმაც თავისი თანამედროვეები განსაზღვრა ამონარიდებით სენეკადან, ალექსანდრ როსის, ჯორჯ მურისა და ელიოტის ოსტატობიდან, დაბოლოს, იმ „ამბიდან, რომელიც მიეწერება ბიბლიოგრაფიული იშვიათობებით მოვაჭრე ჯოზეფ კარტაფილუსს“. პირველ თავში იგი აღნიშნავს მოკლე ჩანართებს პლინიუსიდან; მეორეში - თომას დე კუინსიდან; მესამეში - იმ წერილიდან, დეკარტმა რომ მისწერა ელჩ პიერ შანუს; დაბოლოს, ბერნარდ შოუდან. ამ „ჩარევებიდან“ გამომდინარეობს, რომ მთლიანი დოკუმენტი საეჭვოა და არამართლმაგვარი.
ჩემი აზროვნებისთვის ამგვარი დასკვნა მიუღებელია. „რამდენადაც დასასრული ახლოვდება, - წერდა კატაფილუსი, - ხსოვნაში სახეები აღარ ჩანს, ჩანს მხოლოდ სიტყვები“. სიტყვები, სიტყვები, სიტყვები - კონტექსტიდან ამოღებული და დამახინჯებული; სხვა ადამიანთა სიტყვები: აი, განგაშის ის სიგნალები, რომლებიც კარტაფილუსს საათებმა და საუკუნეებმა დაუტოვა.
ალეფი
თხილის ნაჭუჭში გამომწყვდეულს, მე ძალმიძს, ღმერთო, წარმოვიდგინო თავი მეფედ უსაზღვრო სივრცის...
ჰამლეტი, II, 2
მაგრამ ისინი გვასწავლიან, რომ მარადისობა შეჩერებული აწმყოა, „ახლა მდგარი“ (როგორც სკოლებში უწოდებენ); არადა, ეს არც მათ ესმით და არც არავის, -
არა უფრო მეტი, ვიდრე გაიგებდნენ „აქ მდგარს“ უსასრულო სიდიადისთვის ადგილისა.
ლევიათანი, IV, 46.
იმავე ხვატიან დილას, როცა ბეატრიჩე ვიტერბო გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია თავის სნეულებას, რომლის დროსაც ერთი წამითაც არ მისცემია სენტიმენტალობას ან შიშს, - იმავე დილას შევნიშნე, რომ პლაცა კონსტიტუციონეზე დაკიდებულ რკინის ბილბორდზე სიგარეტის (მე მგონი, „ბლონდის“) ახალი რეკლამა მიეკრათ. ამ ფაქტმა ღრმად დამამწუხრა, რადგან გავაცნობიერე, რომ ვრცელზე უვრცესი და შეუჩერებელი სამყარო უკვე შორდებოდა ბეატრიჩეს და რომ ეს იყო პირველი ცვლილება ცვლილებათა დაუსრულებელ ჯაჭვში. „სამყარო შეიძლება შეიცვალოს, მე - არა“, გავიფიქრე მელანქოლიური ქედმაღლობით. ვიცოდი: არაერთგზის გაუღიზიანებია ბეატრიჩე ჩემს ამაო ერთგულებას. ახლა, როცა ის მკვდარი იყო, შემეძლო თავი მისი ხსოვნისთვის მიმეძღვნა, - უიმედოდ, თუმცა დამცირების გარეშეც. გავიაზრე, რომ 30 აპრილი მისი დაბადების დღეა. ამ დღეს მის სახლში მისვლა კალე გარაიზე და ჩემი პატივისცემის გამოხატვა მამამისის და მისი ბიძაშვილის, კარლოს არგენტინო დანერისადმი, წარმოადგენდა თავაზიანობის სიტყვაშეუბრუნებელ და, შესაძლოა, ყოვლად არსებით აქტსაც. კიდევ ერთხელ დაველოდებოდი პატარა სასტუმროში, მთლად გადავსებულში ავეჯით, ფარდებითა და ძველებური ნივთებით. კიდევ ერთხელ შევისწავლიდი მისი ფოტოსურათებისა და პორტრეტების დეტალებს: ბეატრიჩე ვიტერბო პროფილში, ფერადად; ბეატრიჩე ნიღაბში 1921 წლის კარნავალზე; ბეატრიჩეს პირველი ზიარება; ბეატრიჩე მისი ქორწინების დღეს რობერტო ალესანდრისთან ერთად; ბეატრიჩე განქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ: ლანჩი ჟოკეი-კლუბში; ბეატრიჩე ქუილმსში დელია სან არიო პორცელთან და კარლოს არგენტინოსთან ერთად; ბეატრიჩე და მისი ბეკინესი, ვილგას ჰაედოს ნაჩუქარი; ბეატრიჩე ანფასში და სამ მეოთხედში, მოღიმარი, ნიკაპზე მიდებული ხელით... წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, ვალდებული არ ვიქნებოდი გამემართლებინა ჩემი იქ ყოფნა წიგნების თავმდაბლური შეთავაზებით, წიგნების, რომელთა ფურცლების ჩაჭრა როგორც იქნა ვისწავლე, რათა თვეების შემდეგ არ აღმომეჩინა, რომ ისევ გადაუფურცლავი იდო. ბეატრიჩე ვიტერბო 1929 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ არ გამიცდენია არც ერთი 30 აპრილი, რომ მის სახლში არ შემევლო. პირველად რვის თხუთმეტ წუთზე მივედი და დაახლოებით ოცდახუთ წუთს დავრჩი. წლიდან წლამდე ოდნავ უფრო გვიან მივდივარ და ოდნავ უფრო მეტხანს ვრჩები. 1933 წელს კოკისპირული წვიმა წამომეშველა: იძულებული იყვნენ სადილზეც დავეტოვებინეთ. რაღა თქმა უნდა, ხელიდან არ გავუშვი მშვენიერი შანსი. 1934-ში უკვე ცხრა იყო დაწყებული, როცა შევედი და სანტა ფეს შესანიშნავი ტკბილეულიც მივიტანე. სავსებით ბუნებრივი ჩანდა, რომ სადილზეც დავრჩენილიყავი. აი, ასე მოხდა, რომ ამ მელანქოლიურ და ამაოდ ეროტიკულ წლისთავებზე ნელ-ნელა მოვიპოვე კარლოს არგენტინო დანერის ნდობა.
ბეატრიჩე იყო მაღალი, მყიფე, სულ ოდნავ მხრებჩამოყრილი. მის სიარულში იყო რაღაც მოხდენილი მოუქნელობა (თუკი მომეტევება ეს ოქსიმორონი), ერთგვარი ყოყმანი თუ შებოჭილობა. რაც შეეხება კარლოს არგენტინოს, ესაა მსხვილი, ვარდისფერი, ჭაღარათმიანი, დახვეწილნაკვთებიანი კაცი. უჭირავს რაღაც დაქვემდებარებული პოსტი რომელიღაც უკითხვად ბიბლიოთეკაში ქალაქის სამხრეთ გარეუბანში. ავტორიტარულია, თუმცა უშედეგოც. სულ ცოტა ხნის წინ სარგებლობდა ღამეებითა და უქმეებით, რათა შინ დარჩენილიყო. ორი თაობის შემდეგაც კი არ გამქრალა იტალიური „s“ და თავისუფალი იტალიური ჟესტიკულაცია. მისი გონებრივი აქტივობა მუდმივი, მგზნებარე, მრავალფეროვანია და უკიდურესად უმნიშვნელო. სავსეა უსაგნო ანალოგიებით და ამაო ქენჯნით. მასაც (ბეატრიჩესავით) დიდი, ლამაზი, თხელი ხელები აქვს. თვეების განმავლობაში ატანილი იყო პოლ ფორტით, - არა იმდენად მისი ბალადებით, რამდენადაც მისეულ-დაუბინდავი დიდების წყურვილით. „იგი მშვენიერი საფრანგეთის პოეტების პრინცია, - იტყოდა ხოლმე ბრიყვულად, - ამაოდ შეუტევ, მაინც ვერასდროს შეეხები. თვით ყველაზე შხამიანი ისარიც კი ვერასოდეს მისწვდება“.
1941 წლის 30 აპრილს მე თავს უფლება მივეცი, გამემდიდრებინა ჩემი ტკბილი ძღვენი ერთი ბოთლი შინაური ბრენდით. კარლოს არგენტინომ დააჭაშნიკა, „საინტერესოა“, თქვა, რამდენიმე ყლუპის შემდეგ კი თანამედროვე ადამიანის გამართლებას მოჰყვა.
- თანამედროვე კაცი ისე წარმომიდგენია თავის სამუშაო კაბინეტში, როგორც დიდი ქალაქის საგუშაგო კოშკში, - თქვა ანგარიშმიუცემელი გზნებით, - ირგვლივ შემოწყობილი ტელეფონებით, ტელეგრაფებით, ფონოგრამებით, უფრო გვიან - რადიო-ტელეფონში, კინოში, მოსრიალე პროჟექტორებში, ლექსიკონებში, განრიგებში...
მისი აზრით, ესოდენ ეკიპირებული ადამიანისთვის მოგზაურობის აქტი საჭირო აღარ იყო. ამ ჩვენმა XX საუკუნემ ამოაყირავა მთისა და მუჰამადის იგავი: დღესდღეობით მთები, ფაქტობრივად, თვითონ მოდიოდნენ თანამედროვე მუჰამადთან.
იმდენად უგუნური მეჩვენა ეს იდეები, ასე ფართოდ და პომპეზურად გამოხატული, რომ მაშინვე ლიტერატურას დავუკავშირე. „რატომ არ ჩაწერთ თქვენს იდეებს?“, ვკითხე. მოსალოდნელი პასუხი გამცა: „უკვე ჩავწერე ესენიც და სხვებიც, არანაკლებ ორიგინალურები, ვრცლად ფიგურირებს წინამაუწყებელ კანტოში, პროლოგის კანტოში ან, უბრალოდ, კანტო-პროლოგში იმ პოემისა, რომელზეც წლების განმავლობაში ვმუშაობდი გაუხმაურებლად, მუდმივად იმ ტყუპზე დაყრდნობით, რომლებსაც ჰქვია „შრომა და მარტოობა“. ჯერ წარმოსახვის რაბები უნდა გამეღო, მერე გამპრიალებელი ბორბლისკენ წავსულიყავიო. პოემას ერქვა „დედამიწა“, რომლის ფოკუსში იყო წყლისა და მიწისგან შემდგარი ამ ჩვენი პლანეტის აღწერილობა. იქ, რაღა თქმა უნდა, თავისი ადგილი უჭირავს ხატოვან გადახრასა და დახვეწილ დეკლამაციას.
ვთხოვე, რომელიმე პასაჟი წამიკითხეთ, თუნდაც ყველაზე პატარა-მეთქი. მან მაგიდის უჯრა გამოსწია, ფურცლების მთელი დასტა გამოიღო (ზედ ხუან კრიზოსტომო ლაფინურ ლიბრარის სატიტულო ნიშნით) და თვითკმაყოფილებისგან მოწკრიალე ხმით წამიკითხა: მინახავს, როგორც ბერძნებს, ადამიანის ქალაქები, მისი დიდება, ნამოღვაწარი, სხვადასხვაგვარად განათებული დღეები, შიმშილი, არ ვალამაზებ არც ერთ ფაქტს, არ ვაყალბებ არც ერთ სახელს, რადგან voyage, რომელსაც ვყვები, არის... autour de ma chambre.
- ეს სტროფი ყოველმხრივ საინტერესოა, - თქვა მან, - პირველი სტრიქონი იმსახურებს მოწონებას მცოდნის, აკადემიკოსის, ჰელენისტის მხრიდან, თუმცა, შესაძლოა, არა იმ ეგრეთ წოდებულ სწავლულთა კეთილგანწყობას, საყოველთაო თვალსაზრისის არსებით ნაწილს რომ ქმნიან. მეორე სტრიქონი მიდის ჰომეროსიდან ჰესიოდესკენ (ფარულ პატივს მიაგებს დიდაქტიკური პოეზიის მამას თვალისმომჭრელი შენობის ზედ ზღურბლზე), იმ ტექნიკის არცთუ აუღორძინებლად, რომელიც ბიბლიიდან მოდის, ანუ - აღწერის, სიმრავლისა თუ სფერული ფორმის მიცემის. მესამე სტრიქონი - ბაროკო? დეკადანსი? ფორმის განწმენდილი და ფანატიკური კულტი? - ტყუპი ნახევარსტრიქონებისგან შედგება. მეოთხე სტრიქონი - გაბედულად ორენოვანი - მარწმუნებს უპირობო თანადგომაში თითოეული სულისა, რომელსაც ძალუძს იგრძნოს თამაშის დიდი ხიბლი და მიმზიდველობა. არაფერს ვიტყვი უჩვეულო რიტმზე, არც ერუდიციაზე, რომელიც საშუალებას მაძლევს (პედანტობისა და სიტლანქის მიღმა!) ოთხად ოთხ სტრიქონში ჩავატიო ეს ერუდირებული მინიშნებები, რომლებიც აგრძელებენ ინტენსიურ ოცდაათსაუკუნოვან ლიტერატურას: პირველი სტრიქონი - „ოდისეას“, მეორე - „შრომებს და დღეებს“, მესამე - იმ უკვდავ ბაგატელს, სავოიური ბუმბულის გართობებით რომ გვიმასპინძლდება... კიდევ ერთხელ ვამჟღავნებ ცოდნას, რომ ჭეშმარიტად თანამედროვე ხელოვნება მოითხოვს სიცილის ბალზამს, სკერცოს. უდავოდ და უეჭველად: გოლდონი მართალი იყო!კარლოს არგენტინომ ბევრი სხვა სტროფიც წამიკითხა, ყველა - ასეთივე უხვი ქებითა და კომენტარებით. არაფერი იყო მათში დასახსომებელი. იმასაც კი ვერ ვიტყვი, დანარჩენები პირველზე გაცილებით უარესი იყო-მეთქი. მათ შეთხზვაში თავ-თავისი წვლილი შეიტანა აპლიკაციამ, რეზინაციამ და შემთხვევითობამ, ხოლო ღირსებები, რომლებსაც დანერი მიაწერდა, მხოლოდ ნაგვიანევი აზრები იყო. გავაცნობიერე, რომ ამ პოეტის საქმე საკუთრივ პოეზიის შექმნა კი არ იყო, არამედ იმ მიზეზთა გამოგონება, რომელთა გამოც პოეზიას დიდებულება მიეწერებოდა. ბუნებრივია, მოგვიანებით ჩატარებულმა სამუშაომ ლექსი თვით დანერისთვის შეცვალა, ოღონდ სხვა არავისთვის. მისი ზეპირი ექსპრესია ექსტრავაგანტური იყო, მეტრიკული მოუქნელობა კი აბრკოლებდა (სულ რამდენიმე შემთხვევის გარდა), რომ ეს ექსტრავაგანტურობა ლექსად ექცია.
ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ მომეცა საშუალება, ჩავძიებოდი „პოლიალბიონის“ - ამ ტოპოგრაფიული ეპოსის - თხუთმეტი ათას თორმეტმარცვლიან სტრიქონს, სადაც მაიკლ დრაიტონმა მოათავსა ფლორა, ფაუნა, ჰიდროგრაფია, რელიეფის აღწერილობა, ინგლისის სამხედრო და სამონასტრო ცხოვრება. მაგრამ დარწმუნებული ვარ, დრაიტონის მასიური და მაინც დასაზღვრული ქმნილება ნაკლებად მოსაწყენია, ვიდრე ეს ვრცელი წარმონაქმნი ჩაფიქრებულ-გადმოცემული კარლოს არგენტინოს მიერ. მან მთელი პლანეტის გარითმვა შემოგვთავაზა. ამ მიზნით, 1941 წლისთვის უკვე გამოიყენა ქუინსლენდის რამდენიმე ჰექტარი, მდინარე ობის ერთ კილომეტრზე უფრო გრძელი მონაკვეთი, გაზის ქარხანა ვერაკრუზის ჩრდილოეთით, კონსეპსიონის ოლქის წამყვანი სავაჭრო ორგანიზაციები, მარიანა კამბასერეს დე ალევარის ვილა კალე ონსეზე და ცნობილ ბრაიტონის აკვარიუმიდან არცთუ ძალზე შორს მდებარე თურქული აბანო. წამიკითხა რამდენიმე მძიმე პასაჟი თავისი პოემის ავსტრალიური ნაწილიდან, რომლის გრძელ ალექსანდრიულ ლექსებს აკლდა პროლოგის შედარებითი მღელვარება. აი, ერთი სტროფი: ისმინე ეს: რუტინული მაჩვენებელი ბოძის მარჯვნივ
(რომელიც მოდის - საჭიროა კი ამის თქმა? - ჩრდილო-დასავლეთიდან) მოწყენილი ჩონჩხი ამთქნარებს. - ფერი? ციურ-მარგალიტოვანი. - ცხვრის ბაკის გარეთ, საძვალეს რომ მოგაგონებს.
- ორი გაბედული ნაბიჯი, უბედურების ყბებიდან გამოტაცებული! - შესძახა დანერიმ ეგზალტირებულად, - მესმის მათი წარმატებული ლუღლუღი! მე ვაღიარებ ამას, ვაღიარებ. ერთი მათგანი - ეპითეტი რუტინული - ქმნის ზედსართავს „ტრასის“ სინონიმისთვის და, თანაც, თავს უქნევს იმ პასტორალური და სოფლური საქმეებისთვის ესოდენ ნიშნეულ გარდაუვალ მოწყენილობას, რომლის აღიარება ვერც გეორგიკებს და ვერც ჩვენს დაფნისგვირგვინოსან დონ სეგუნდოს ვერასდროს გაუბედავს ასე პირდაპირ და მიუკიბ-მოუკიბავად. მეორე კი, დელიკატურად რომ უკავშირდება პირველს, ხაზგასმით პროზაული ფრაზაა: „მოწყენილი ჩონჩხი ამთქნარებს“. მას პედანტები ამოღებას დაუპირებენ სამღვდელოების თანადგომის გარეშე, ხოლო უფრო კაცური გემოვნების კრიტიკოსი ისევე ჩაიხუტებს, როგორც თავის საკუთარ ცხოვრებას. მთელი ეს სტრიქონი ერთი კარგი 24 კარატის ტოლფასია. მეორე ნახევარსტრიქონი გვთავაზობს ყოვლად გაცხოველებულ საუბარს მკითხველთან, ამ უკანასკნელის ცოცხალი ცნობისწადილის მოლოდინშია, შეკითხვას აღუძრავს ბაგეებზე და მერე... voilа, თვითონ პასუხობს დაუყოვნებლივ. ან ამ მანევრზე რას ფიქრობთ: ციურ-მარგალიტოვანი? ეს ხატოვანი ნეოლოგიზმი მხოლოდ მიანიშნებს ცაზე, ავსტრალიური პეიზაჟის ეგზომ არსებით შტრიხზე. ამ ალუზიის გარეშე ჩანახატის ფერები მეტისმეტად ჩამუქებული იქნებოდა და მკითხველს აიძულებდა, წიგნი დაეხურა შავი, უკურნებელი მელანქოლიისგან ღრმად დაკოდილი სულით.
შუაღამისას დავემშვიდობე და წამოვედი.
ორი კვირის შემდეგ დანერიმ დამირეკა. ეს პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაშიც და ჩემსაშიც. ოთხზე შევხვდეთო, მითხრა, „რათა ერთად შევისრუტოთ ღმერთების რძე რომელიმე ახლომდებარე ბარ-სალონში, რომლის გახსნას ქუჩის კუთხეში ჩემი საპატიო მემამულეების, ბატონი ზუნინოსა და ბატონი ზუნგრის იშვიათ კომერციულ ალღოს უნდა ვუმადლოდეთ. ამ კაფეს გაცნობას თქვენ არ ინანებთ“. დავთანხმდი ამ შეხვედრაზე (უფრო ბედს შერიგებული, ვიდრე ენთუზიაზმით აღვსილი). გაგვიჭირდა საჩვენო მაგიდის მოძებნა. უმოწყალოდ თანამედროვე „ბარ-სალონი“ ოდნავ ნაკლებად საზარელი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მეზობელ მაგიდებზე აგზნებული კლიენტები ზუნინოსა და ზუნგრის მიერ უყოყმანოდ ინვესტირებულ თანხებს განიხილავდნენ. კარლოს არგენტინოს ვითომ გაუკვირდა სიახლეები ამ დაწესებულების განათებაში (რომლის შესახებაც უეჭველად წინდაწინ შეატყობინებდნენ), მერე კი რამდენადმე მკაცრად მითხრა: - ერთობ უნდა ეწინააღმდეგებოდეს თქვენს მიდრეკილებებს ის ამბავი, რომ, როგორც თავად ამჩნევთ, ეს ადგილი არაფრით ჩამოუვარდება ფლორესის ყველაზე შემაღლებულ ადგილებს.
შემდეგ კიდევ ერთხელ წამიკითხა თავისი პოემის ოთხი თუ ხუთი გვერდი. ცვლილებები სიტყვიერი ყოყლოჩინობის მიმართულებით მოეხდინა: იქ, სადაც უწინ ეწერა „ლურჯი“, ახლა იყო „ლაჟვარდოვანი“, „ლაზურული“, თვით „მოცისფროც“ კი. სიტყვა „რძისებრი“ მისთვის არასაკმარისად საძაგელი აღმოჩნდა და მხურვალე აღწერაში იმ ადგილისა, სადაც მატყლს რეცხავენ, შეცვალა სიტყვებით „მორძეო“, „რძოვანი“, „ლაქტატური“... მწარედ ლანძღავდა თავის კრიტიკოსებს, მერე კი, უფრო კეთილმოწყალე ტონით ადარებდა მათ იმ პირებს, „ვისაც საქმე არა აქვს არც ძვირფას ლითონებთან და არც ორთქლის პრესებთან, ლამინატორებთან ან გოგირდმჟავასთან, რომელსაც იყენებენ ძვირფასეულობის გამოსაჭედად, მაგრამ ვისაც შესწევს უნარი მიუთითოს სხვებს საუნჯის ზუსტი ადგილსამყოფელი“. შემდეგ მიმართულება შეცვალა, სასტიკად გაილაშქრა წინასიტყვაობების წინააღმდეგ, რასაც „პროლოგომანია“ უწოდა. ეს ხომ უკვე გაბიაბრუებული ჰქონდა გონიერების პრინცს „დონ კიხოტის“ ელეგანტურ წინათქმაში. თუმცა დანერიმ თვითონვე აღიარა, რომ მისი ახალი ნაშრომის შესავალში ცუდი არ იქნებოდა ყურადსაღები რეკომენდაცია: „ქების სიტყვა ნათქვამი ნამდვილად მნიშვნელოვანი მწერლის, პატივდებული კაცის მიერ“. მერე დაამატა, ჩემი პოემის პირველი რამდენიმე კანტოს გამოქვეყნებას ვაპირებო. და, აი, ამ მომენტში მივხვდი უპრეცედენტო სატელეფონო ზარისა და აქ მოპატიჟების აზრს: ეს კაცი აპირებდა ეთხოვა, წინათქმა დამიწერე ჩემი პედანტური დომხალისთვისო. თუმცა ჩემი შიში არ გამართლდა. კარლოს არგენტინომ უხალისო აღტაცებით აღნიშნა: მჯერა, ბელეტრისტ ალვარო მელიან ლაფინურის მიერ ყველა სფეროში მოპოვებული პრესტიჟი „მტკიცეა“, და თუ მე დავიჯერებდი, რომ ალვარო დამერწმუნებინა, მას ნამდვილად „გაიტაცებდა აზრი ზემოხსენებული წინასიტყვაობის დაწერის თაობაზე“. ჩემი მხრიდან ყოვლად უპატიებელი ჩავარდნის აღსაკვეთად, სიტყვა უნდა დამეძრა პოემის ორ შეუდავებელ ღირსებაზე: მის გარეგნულ სრულქმნილებასა და მეცნიერულ სიზუსტეზე. „რადგან რიტორიკული მეთოდების, ფიგურების, ხიბლისა და გრაციის ეს ვრცელი ბაღნარი ვერ აიტანს თუნდაც ერთ დეტალს, რომელიც არ შეეხამებოდა მის მკაცრ სიმართლეს“. დანერიმ ისიც აღნიშნა, ბეატრიჩეს ყოველთვის სიამოვნებდა ალვაროს საზოგადოებაში ყოფნაო.
დავეთანხმე. გულუხვად დავეთანხმე. თუმცა, დამატებითი მართლმაგვარობის სახელით, ვუთხარი, რომ ალვაროს დაველაპარაკებოდი არა ორშაბათს, არამედ ხუთშაბათს პატარა ვახშამზე, რომლითაც მთავრდებოდა ხოლმე მწერალთა წრის ყოველი შეხვედრა (არავითარი ასეთი ვახშამი არ არსებობს, თუმცა ხუთშაბათობით ნამდვილად იმართება მწერლების შეხვედრები. ეს იყო ფაქტი, რომელიც კარლოს არგენტინოს შეეძლო გადაემოწმებინა გაზეთებში და რომელიც ჩემს თვალსაზრისს ერთგვარ დამაჯერებლობას სძენდა). დანერის ვუთხარი (ნახევრად პროფეტულად, ნახევრად შორს გათვლით), პროლოგის საკითხის განსჯამდე მე ჯერ პოემის საინტერესო ჩანაფიქრზე ვილაპარაკებდი-მეთქი.
როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ და მე კალე ბერნარდო დე ირიგოიენის ქუჩას ჩავუყევი, შეძლებისდაგვარად მიუკერძოებლად ვჭვრეტდი პერსპექტივებს, რომლებიც მელოდა: 1) საუბარი ალვაროსთან; თქმა, რომ ბეატრიჩეს ბიძაშვილს (შეხვედრის განმარტებითი ხასიათი უფლებას მომცემდა გარდაცვლილი ქალი სახელით მომეხსენიებინა) დაწერილი ჰქონდა პოემა, რომელიც თითქოს უსასრულობამდე განავრცობდა კაკაფონიისა და ქაოსის შესაძლებლობებს; 2) საერთოდ არ დავლაპარაკებოდი ალვაროს.
რაკი ჩემს თავს საკმაოდ კარგად ვიცნობდი, წინასწარ განვჭვრიტე, რომ ჩემი სიზანტე მეორე გზას აირჩევდა.
პარასკევის დილიდან დაწყებული, ჩემი ტელეფონი მუდმივი ფორიაქის მიზეზად იქცა. აღშფოთებული ვიყავი, რომ ეს მოწყობილობა, რომლიდანაც უწინ თვით ბეატრიჩეს ხმა მესმოდა ხოლმე, ახლა იქამდე შეიძლებოდა დაცემულიყო, რომ გიჟპოეტა კარლოს არგენტინო დანერისგან ფუჭი და, შესაძლოა, განრისხებული ჩივილებიც მესმინა. საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი მომხდარა, გარდა აუცდენელი გაღიზიანებისა, რომელიც მივიღე კაცისგან, დელიკატური მისიით რომ დამტვირთა, მერე კი სრულებით ამომიგდო მეხსიერებიდან.
საბოლოოდ, ტელეფონით ტერორი შეწყდა, ოქტომბრის ბოლოს კი კარლოს არგენტინომ დამირეკა. ძალიან აღელვებული იყო. თავიდან ვერც კი ვიცანი ვინ მირეკავდა. დაღვრემილად, ბრაზიანად და ენის ბორძიკით თქვა: ამჯერად ზუნინო და ზუნგრი - ეს დაუოკებელი წყვილი - ჩემი სახლის დანგრევას აპირებენ უამისოდაც ვეებერთელა თავიანთი „კაფეს“ გაფართოების საბაბითო.
- ჩემი მშობლების სახლი, სახლი, რომელშიც მე დავიბადე, ძველი და ღრმად ჩაფესვილი სახლი კალე გარაიზე! - გაიმეორა მან და, ვინ იცის, ეგებ თავისი ნაღველი ამ ფრაზის მელოდიურობით მოალბო.
ჩემთვის რთული საქმე არ აღმოჩნდა მისი მწუხარების გაზიარება. მას შემდეგ, რაც ადამიანი ორმოც წელს გადასცდება, ყოველი ცვლილება დროის სვლის საძულველ სიმბოლოდ იქცევა ხოლმე. გარდა ამისა, ეს იყო სახლი, რომელიც უსასრულოდ მიმანიშნებდა ბეატრიჩეზე. ვცადე, ნათლად გამომეხატა ეს უკიდურესად დელიკატური მომენტი. ჩემმა თანამოსაუბრემ შემაწყვეტინა. თუ ზუნინო და ზუნგრი თავიანთ აბსურდულ გეგმას არ გადაიფიქრებენ, მაშინ ზუნი - დანერის ადვოკატი - თვით ამ ფაქტის საფუძველზე აღძრავს საქმეს ჩემთვის მოყენებული ზარალისთვის და კარგად დამრგვალებულ ასი ათასსაც გადაახდევინებს.
ზუნის ხსენებამ შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მისი საადვოკატო ბიურო კასეროსის და ტაკუარის კუთხეში საარაკოდ კეთილგონივრული დაწესებულებაა. დანერის ვკითხე, უკვე მოჰკიდა თუ არა ზუნიმ ამ საქმეს ხელი. ამ ნაშუადღევს უნდა დაველაპარაკოო, მიპასუხა. მერე შეყოყმანდა... და ყრუ, უპიროვნო ხმით ჩვენ შევეხეთ საკითხს, თუ როდის ვისურვებდით, გაგვენდო ერთმანეთისთვის რაღაც ღრმად პირადული. პოემა რომ დავამთავრო, ამისთვის სახლი მჭირდებაო, რადგან სარდაფის ერთ კუთხეში ალეფიაო, მითხრა დანერიმ და ახსნაც მოაყოლა: ალეფი არის სივრცის ერთ-ერთი წერტილი, რომელიც ყველა სხვა წერტილს მოიცავსო.
- ზუსტად სასადილო მაგიდის ქვეშ არის, - მწუხარე კაცის ბაგეებს ეს სიტყვები მკაფიოდ მოსწყდა, - ის ჩემია, ჩემი! ბავშვობაში აღმოვაჩინე, სანამ სკოლაში წავიდოდი. სარდაფში დაქანებული კიბე ჩადის, ბიძამ და დეიდამ ამიკრძალეს იქ ჩასვლა. მაგრამ ვიღაცამ თქვა, ყველგან წახვალ, თუ საძირკველში ის გაქვსო. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ამის მთქმელი (ვინც უნდა ყოფილიყო ის) გულისხმობდა დიდ, დაბალ, კვადრატულ სკივრს, მე კი ვიფიქრე: იქ, ქვემოთ, რაღაც ჯადოსნური გამოგონება იმალება-მეთქი. ვცადე, ჩავპარულიყავი კიბეზე და... პირდაპირ თავდაყირა ჩავვარდი სარდაფში. როცა თვალი გავახილე, ალეფი დავინახე.
- ალეფი? - გავიმეორე მე.
- ჰო, ადგილი, სადაც მინარევისა თუ ურთიერთშერევის გარეშე თანაარსებობს და ყველა კუთხიდან მოჩანს ქვეყნიერების ყველა ადგილი. ეს აღმოჩენა არავისთვის გამიმხელია, მაგრამ სარდაფში ისევ ჩავედი. ბავშვი ვერ მიხვდა, რომ მიეცა პრივილეგია - პოემა შეექმნა უკვე ზრდასრულს! ზუნინო დ ზუნგრი ვერასოდეს წამართმევენ მას... ვერასოდეს, ვერასოდეს! კანონების წიგნმომარჯვებული ზუნი დაამტკიცებს, რომ ალეფი ჩემი განუყოფელი ნაწილია.
ვცადე, წარმომედგინა ეს ყველაფერი.
- მაგრამ სარდაფში ხომ სრულებით ბნელა?
- ურჩ ცნობიერებაში ჭეშმარიტება არ შევა. თუ ქვეყნიერების ყველა ადგილი ალეფშია, მაშინ იქვე იქნება ყველა ვარსკვლავი, ყველა ლამპა, სინათლის ყველა წყარო.
- ახლავე მოვალ. მსურს, ვნახო.
მანამდე დავკიდე ყურმილი, სანამ უარს მეტყოდა ჩემს მიღებაზე. ზოგჯერ რაიმე ფაქტის გაგება საკმარისია იმისთვის, რომ მანამდე შეუმჩნეველი დამადასტურებელი დეტალების მთელი მწკრივი თავის ადგილზე ჩაჯდეს. განცვიფრებული ვიყავი, როგორ ვერ მივხვდი ამ მომენტამდე, რომ კარლოს არგენტინო შეშლილია. ყველა ვიტერბო, ფაქტობრივად... ბეატრიჩე (ეს მე თვითონ მითქვამს არაერთგზის) იყო ქალი, შეუბრალებლად ნათლადმხედველი გოგონა. თუმცა ჰქონდა სხვა რამეებიც: უყურადღებობა, გაფანტულობები, ზიზღის მომენტები, სრული სისასტიკისაც, რასაც შეიძლებოდა პათოლოგიური ახსნა ჰქონოდა. კარლოს არგენტინოს სიგიჟემ მავნე სიხარულით ამავსო. გულის სიღრმეში ხომ ყოველთვის გვძაგდა ერთმანეთი.
კალე გარაიზე მოახლემ მთხოვა: თუ შეიძლება, დაელოდეთ, სერ დანერი სარდაფშია, როგორც ყოველთვის, ფოტოსურათებს ამჟღავნებსო. გამოუყენებელ პიანინოზე დადგმული უყვავილო ლარნაკის გვერდით იღიმოდა ბეატრიჩეს დიდი, გახუნებული ფოტოსურათი, - არა იმდენად მოძველებული, რამდენადაც დროის მიღმა დარჩენილი. ახლა ჩვენ ვერავინ გვხედავდა. სასოწარკვეთილი სინაზის ტალღამ სურათთან მიმაახლოვა.
„ბეატრიჩე... ბეატრიჩე ელენა, ბეატრიჩე ელენა ვიტერბო... საყვარელო ბეატრიჩე, სამუდამოდ დაკარგულო ბეატრიჩე... ეს მე ვარ, მე ვარ, ბორხესი“. მალე კარლოსიც შემოვიდა. სიტყვები ლაკონიური ჰქონდა, ტონი - გულგრილი. მივხვდი, რომ სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, ალეფის დაკარგვის გარდა.
- ერთი ჭიქა ფსევდოკონიაკი და პირდაპირ სარდაფში ჩავალთ. წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ: არსებითია მწოლიარე მდგომარეობა, ისევე, როგორც სიბნელე, უძრაობა და ერთგვარი მხედველობითი მისადაგება. კაფელის იატაკზე დაწვებით და სათანადო კიბის მეცხრამეტე საფეხურს მიაჩერდებით. მე ისევ ზემოთ ავალ, ტრაპს ჩამოვაღებ, თქვენ კი მარტო დარჩებით. რომელიღაც მღრღნელი შეგაშინებთ. ეს ძნელი საქმე არ არის! რამდენიმე წუთში დაინახავთ ალეფს: ალქიმიკოსებისა და კაბალისტების ხორცშესხმულ მიკროკოსმოსს, ჩვენს ანდაზურ მეგობარს: multum in parvo
- თუ თქვენ ვერაფერს ხედავთ, ეს, რასაკვირველია, ჩემი ნაამბობიდან არაფერს აუფასურებს, - განაგრძო სასადილო ოთახში, - ჩადით ქვემოთ. სულ მალე შეძლებთ დიალოგში შესვლას ბეატრიჩეს ყველა სახებასთან.
სწრაფად ჩავყევი კიბეს. აღარ შემეძლო მისი ცარიელი ყბედობის მოსმენა. კიბეზე ოდნავ უფრო ფართო სარდაფი ჭას ან ცისტერნას უფრო ჰგავდა. ამაოდ ვეძებე კარლოს არგენტინოს მიერ ნახსენები საგზაო სკივრი, მხოლოდ ჯუთის რამდენიმე ტომარა და ბოთლებით სავსე რამდენიმე ყუთი ეწყო კუთხეში. კარლოსმა ერთი ტომარა აიღო, დაკეცა და ძალზე აკურატულად დადო.
- მოკრძალებული ქვეშაგია, - ამიხსნა, - მაგრამ ერთი დუიმითაც რომ ავწიო, ვერაფერს დაინახავთ, დამწუხრდებით და დაითრგუნებით. გაჭიმეთ იატაკზე თქვენი დიდი და მოუქნელი სხეული და ცხრამეტამდე დაითვალეთ. მივყევი მის სასაცილო ინსტრუქციებს. ბოლოს დანერი წავიდა და ფრთხილად ჩამოაღო ტრაპი. მოგვიანებით გავარჩიე სინათლის სხივი, მაგრამ ირგვლივ მაინც სრული სიბნელე იდგა. უცებ გავაცნობიერე რა საფრთხეში აღმოვჩნდი: შეშლილ ადამიანს თავი მიწის ქვეშ ჩავამწყვდევინე მას შემდეგ, რაც ერთი ჭიქა შხამი გამოვცალე. კარლოსის ტრაბახი აშკარად მალავდა ღრმად ჩაჯდარ შიშს, რომ მის „სასწაულს“ ვერ დავინახავდი. და იმისთვის, რომ თავისი ბოდვა დაეცვა და საკუთარი თავისთვის თავისი სიგიჟე დაემალა, მე უნდა მოვეკალი. ვიგრძენი ყრუ დისკომფორტი, რომელიც, ვცადე, ჩემივე მოუქნელობისთვის მიმეწერა, არა ნარკოტიკის ზემოქმედებისთვის. თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე.
მაშინ დავინახე ალეფი. ამჯერად ჩემი ამბის გამოუთქმელ ცენტრს ვუახლოვდები. აქ იწყება მწერლის უიმედობა. თითოეული ენა სიმბოლოების ანბანია, რომლის გამოყენება გულისხმობს ამ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა ერთობლივ წარსულს. როგორ გადავცე სხვებს უსასრულო ალეფი, რომელსაც ჩემი მფრთხალი მეხსიერება ვერც კი იტევს? მსგავს ვითარებაში მისტიკოსები მიმართავენ სიმბოლოების მთელ სპექტრს: ღვთაების აღსანიშნავად სპარსი მისტიკოსი ლაპარაკობს ფრინველზე, რომელიც რაღაცნაირად ყველა ფრინველია; ალენ დე ლილი ასახელებს სფეროს, რომლის ცენტრი ყველგანაა, გარშემოწერილობა - არსად; ეზეკიელი ახსენებს ოთხსახიან ანგელოზს, ერთდროულად რომ გაჰყურებს ქვეყნიერების ოთხ მხარეს. შემთხვევით არ ხდება, რომ ასეთ გაუგონარ ანალოგიებს მოვუხმობ: მათ კავშირი აქვთ ალეფთან. იქნებ ღმერთებმა უარი არ მითხრან, რომ ეკვივალენტური სახე-ხატი ვიპოვო. თუმცა ამგვარი რამის გადმოცემა ლიტერატურით, სიყალბით შეირყვნება. გარდა ამისა, ცენტრალური პრობლემა - უსასრულობის აღწერა, თუნდაც ნაწილობრივი - გადაუწყვეტელი რჩება. იმ დაუსაზღვრავ წამში მე დავინახე მილიონობით საამური და საზარელი ქმედება, მაგრამ არც ერთს არ გავუკვირვებივარ ისე, როგორც იმ ფაქტს, რომ ყველა ერთსა და იმავე წერტილში ხდებოდა, თან არც ერთმანეთს ფარავდა და არც გამჭვირვალე იყო. ის, რასაც ჩემი მზერა ხედავდა, ერთდროულად ხდებოდა. ხოლო ის, რასაც დავწერ, ერთმანეთს მიყოლებული იქნება, რადგან, როგორც ასეთი, თვით ენაა თანმიმდევრული. სხვა თუ არაფერი, რაღაცას მაინც მოვიხელთებ.
საფეხურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს, დავინახე თითქმის აუტანლად კაშკაშა, ცისრტყელასებრი ნათება. ჯერ ვიფიქრე, რომ ბრუნავდა, მერე მივხვდი, რომ მოძრაობის ილუზიას მის შიგნით მიმდინარე სანახაობები ქმნიდნენ. ალეფი, ალბათ, ორი თუ სამი სანტიმეტრის სიგანის იქნებოდა, მაგრამ მის შიგნით სამყაროული სივრცე ეტეოდა სრულებით დაუპატარავებლად. თითოეული საგანი (სარკის მინის ზედაპირი, ასე ვთქვათ) წარმოადგენდა უსასრულო საგნებს, რადგან მკაფიოდ ვხედავდი მას კოსმოსის ყოველი წერტილიდან. დავინახე ცოცხალი არსებებით სავსე ზღვა, განთიადი და მწუხრი, უამრავი ამერიკა, ვერცხლისფერი აბლაბუდა შავი პირამიდის ცენტრში, დამსხვრეული ლაბირინთი (ეს ლონდონი იყო), აურაცხელი თვალი, ყველა - ძალზე მოახლოებული, ისე რომ უკვირდებოდნენ თავიანთ თავს ჩემში, როგორც სარკეში; დავინახე პლანეტის ყველა სარკე (მე არც ერთში არ ვირეკლებოდი); კალე სოლერის უკანა ეზოში დავინახე იგივე კაფელი, ოცი წლის წინ რომ ვნახე ფრაი ბენტოსის ერთი სახლის შესასვლელში; დავინახე ყურძნის მტევნები, თოვლი, თამბაქო, ლითონის ძარღვები, წყლის ორთქლი, ეკვატორის ამობურცული უდაბნოები და თითოეული ქვიშის მარცვალი, ქალი ინვერნესში და არასოდეს დამავიწყდება მისი ინტენსიური თმა, მისი ქედმაღალი სხეული, მის მკერდში განტოტვილი კიბო; დავინახე მშრალი მიწის წრე ტროტუარზე, სადაც უწინ ხე იდგა; დავინახე სოფლური სახლი ადროგეში; პლინიუსის (ფილემონ ჰოლანდიელის) პირველი ინგლისური თარგმანის ასლი, ყველა გვერდის ყველა ასო - ერთდროულად (ჩემს ბიჭობაში პირს დავაღებდი: როგორ არ აითქვიფა ყველა ეს ასო ერთმანეთში მთელი ღამის განმავლობაშიო); დავინახე დღე და ღამე ერთდროულად; დაისი კენეტაროში, რომელიც თითქოს ირეკლავდა ბენგალიაში გაშლილი ვარდის ელფერს; დავინახე ჩემი საძინებელი (არავინ იყო შიგ); დავინახე წყალმიწიანი დედამიწის გლობუსი ალკმაარის კაბინეტში, ორ სარკეს შორის მდგარი და ამის გამო უსასრულოდ გამრავლებული; დავინახე ქარისგან ფაფარაფრიალებული ცხენები კასპიის ზღვის სანაპიროზე განთიადისას; დავინახე ხელის დახვეწილი ძვლები; შეტაკების შემდეგ გადარჩენილი მებრძოლები, ღია ბარათებს რომ უგზავნიდნენ თავისიანებს; ტაროს ბანქოს ქაღალდი და მაღაზიის ვიტრინა მირზაპურში; გვიმრების გადახრილი ჩრდილები სათბურის იატაკზე; ვეფხვები, კლავიშები, ბიზონები, ტალღების მიმოქცევა, ჯარები, დედამიწის ყველა ჭიანჭველა, სპარსული ასტროლაბია; დავინახე მაგიდის უჯრაში (ამ ხელნაწერის დანახვაზე ცახცახმა ამიტანა) უხამსი, დაუჯერებელი, დეტალებში დაზუსტებული წერილები, რომლებიც ბეატრიჩეს გაეგზავნა კარლოს არგენტინოსთვის; დავინახე ლამაზი მონუმენტი ჩაკარიტაზე; ოდესღაც მშვენიერი ბეატრიჩე ვიტერბოს საზარელი ნაშთები; ჩემი შავი სისხლის ცირკულაცია ძარღვებში; სიყვარულის რგოლები და ზამბარები, სიკვდილისეული დეფორმაციები; დავინახე ალეფი ერთდროულად ყველა მხრიდან, ალეფში - დედამიწა, დედამიწაში - ისევ ალეფი, ალეფში კი - ისევ დედამიწა; დავინახე ჩემი სახე და შიგნეულობა, შენი სახე... თავბრუ დამესხა და ავქვითინდი, რადგან ჩემმა თვალებმა დაინახა ის საიდუმლო, ჰიპოთეტური საგანი, რომლის სახელი ადამიანებმა მიითვისეს, მაგრამ რომლისთვისაც არავის არასდროს ჭეშმარიტად არ შეუხედავს: წარმოუდგენელი სამყარო.
უსასრულო მოწიწების, უსასრულო დანანების განცდამ მომიცვა.
- ეგრე მოგიხდება, ჭკუიდან რომ გადახვედი და იქ ჩარგე ცხვირი, სადაც არავინ გიხმობდა, - თქვა მხნე და მოწყენილმა ხმამ, - შეგიძლია ტვინი იჭყლიტო, მაგრამ ვერასოდეს გადამიხდი იმისთვის, რაც დღეს გაგიმხილე, თუნდაც ას წელიწადში. ხედავ, რა დიდებული ობსერვატორიაა, ჰა, ბორხეს?! კარლოს არგენტინოს ფეხსაცმელები კიბის ზედა საფეხურზე შემოდგნენ. ამ უეცარ ნახევარსინათლეში მოვახერხე და წამოვდექი.
- დიდებული... ჰო, სრულებით... - ვთქვი ენის ბორძიკით და განმაცვიფრა ჩემივე ტონის გულგრილობამ.
- ნახე? - აღელვებით ჩამეკითხა კარლოსი, - მკაფიოდ დაინახე? ფერადად და ასე შემდეგ?
მეყსეულად ჩავიფიქრე ჩემი შურისძიება. შეძლებისდაგვარად გულთბილად - თვალში საცემი გულდაწყვეტით, ნერვიულად და ეშმაკურად - მადლობა გადავუხადე კარლოს არგენტინო დანერის მისი სტუმართმოყვრული სარდაფისთვის და ვურჩიე, - გაეცალე მეტროპოლისის დამღუპველ გავლენას, რომელსაც ვერავინ - მერწმუნე, ვერავინ - ასცდება-მეთქი. რბილი სიმტკიცით უარვყავი ჩემი მოსაზრებების გამოთქმა ალეფთან დაკავშირებით. გასვლის წინ ორივე მხარში ჩავბღუჯე და გავუმეორე: სოფელი (სიმშვიდე და თავისუფლება, ხომ გესმის) საუკეთესო თერაპიაა, რომელსაც შეიძლება მიმართო-მეთქი.
ქუჩაში, მეტროს სადგურ „კონსტიტუსიონის“ საფეხურებზე, ყველა სახე ნაცნობი ჩანდა. მეშინოდა, რომ ამიერიდან აღარაფერი გამაოცებდა; რომ ვეღარასდროს მოვიცილებდი dejа vu-ს შეგრძნებას. საბედნიეროდ, რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ ჩემში კვლავ ამუშავდა გულმავიწყობა.
P.S. (მარტი, 1, 1943): კალე გარაიზე სახლის დანგრევიდან ექვსი თვის შემდეგ „პროკრუსტეს პუბლიშერმა“, რომელიც არ შეუშინდა დანერის პოემის სიგრძეს, პირველად გამოაქვეყნა ის სერიაში „არგენტინული თხზულებები“. სხვა რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამას, თუ არა ის, რომ კარლოს არგენტინომ აიღო მეორე ადგილი ლიტერატურის ეროვნულ კონკურსზე. პირველი პრიზი ერგო დოქტორ აიტას, მესამე - დოქტორ მარიო ბონფანტის. განსაცვიფრებელია, მაგრამ ჩემს თხზულებას „მწყემსის ბანქო“ სრულებით არაფერი ერგო. კიდევ ერთხელ იზეიმა გაუგებრობამ და შურმა! დიდხანს ვეღარ მომიხერხდა კარლოს არგენტინოს ნახვა. გაზეთები გვამცნობდნენ, მალე მეორე ტომსაც გამოსცემსო. მისი ბედნიერი კალამი (რომელსაც აღარ ურახუნებს ალეფი) დოქტორ ასევედო დიასის კრებულის გალექსვას მიეძღვნა.
აქ, მსურს, დავამატო ორი დაკვირვება: ერთი უკავშირდება ალეფის ბუნებას, მეორე - მის სახელს. დავიწყებ მეორით. ალეფ, როგორც ყველამ იცის, საკრალური ანბანის პირველი ასოა. მისი გამოყენება ჩემი ამბის სათაურად შემთხვევითი ვერ იქნებოდა. კაბალაში ეს ასო ნიშნავს ენ სოფს - წმინდა, დაუსაზღვრავ ღვთაებას. ისიც უთქვამთ, რომ მას აქვს ფორმა ადამიანის, რომელიც ცაზე და მიწაზე მიუთითებს და ასე აღნიშნავს, რომ ქვედა სამყარო ზედას რუკა და სარკეა. სიმრავლეთა თეორიაში ალეფ არის არასასრული რიცხვების სიმბოლო, რომელშიც მთლიანობა არ აღემატება ნებისმიერ შემადგენელ ნაწილს. მსურს, ვიცოდე: კარლოს არგენტინომ ეს სახელი აირჩია თუ ამოიკითხა - მისადაგებული ერთ წერტილთან, რომელშიც თავს იყრის ყველა სხვა წერტილი - ერთ-ერთ იმ აურაცხელ ტექსტთაგანში, ალეფმა რომ გაუმხილა მისივე სახლში? რაოდენ საკვირველიც უნდა ჩანდეს, მწამს, რომ არსებობს (ან არსებობდა) მეორე ალეფი; რომ კალე გარაის ალეფი ცრუ ალეფი იყო.
ჩემს მიზეზებს მოვიყვან. 1867 წელს კაპიტანი ბარტონი ინგლისის კონსული იყო ბრაზილიაში. 1942 წლის ივლისში, სანტოსის ბიბლიოთეკაში, პედრო ჰენრიკეს ურენამ აღმოაჩინა ბარტონის ხელნაწერი, რომელშიც ეს უკანასკნელი განიხილავს ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლურ სარკეს. ამ სარკეში, ბარტონის თქმით, მთელი სამყარო ირეკლებოდა. ბარტონი ახსენებს სხვა ამდაგვარ მექანიზმებსაც: ქაიხოსროს შვიდმაგ თასს; ტარაქ იბნ-ზიადის სარკეს, კოშკში ნაპოვნს („ათას ერთი ღამე“, 272); ლუციან სამოსატელის სარკეს, მთვარეზე შემოწმებულს („ჭეშმარიტი ისტორია“, 1:26); სარკოვან შუბს - იუპიტერისთვის მიკუთვნებულს კაპელას „სატირიკონის“ პირველ წიგნში; მერლინის უნივერსალურ სარკეს: „მრგვალს და ჩაზნექილს... (რომელიც) მინის სამყაროს ჰგავდა“ („ჯადოსნური დედოფალი“, III:2,19), და შემდეგ ამატებს საგულისხმო სიტყვებს: „მაგრამ ეს ყველაფერი (გარდა იმისა, რომ აღარ არსებობს) მხოლოდ ოპტიკური ხელსაწყოებია. მორწმუნეებმა, რომლებიც ამრის მეჩეთში მოდიან (ქაირო), იციან, რომ სამყარო მოთავსებულია იმ ქვის სვეტებიდან ერთ-ერთში, გარს რომ ერტყმის ცენტრალურ ეზოს. რასაკვირველია, მას ვერავინ ხედავს, მაგრამ ვინც სვეტს ყურს მიადებს, მალე გაიგონებს მის გნიას-გუგუნს... მეჩეთი VII საუკუნით თარიღდება, ხოლო სვეტები სხვა, პრეისლამური ტაძრებიდან მოდის, რადგან როგორც იბნ-ხალდუნმა დაწერა: „მომთაბარე ტომების მიერ დაარსებულ სახელმწიფოებში არსებითი ფაქტორია უცხოელთა ყოფნა ყოველივე იმისთვის, რაც ქვის წყობას უკავშირდება“.
არსებობს თუ არა ალეფი ქვის გულში? ვნახე თუ არა ის, როცა ყველაფერი ვნახე, მერე კი დავივიწყე? ჩვენი გონება დავიწყებისკენაა მიდრეკილი. წლების ტრაგიკულ ეროზიაში, მე თვითონ ვამრუდებ და ვკარგავ ბეატრიჩეს ნაკვთებს.
ესტელა კანტოს
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ოქტომბერი 7, 2024.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In these days’s competitive company landscape, accessing funds is important for advancement and sustainability. No matter if you’re a startup aiming to expand or an established enterprise trying to get to improve operations, a company loan can offer the economical Increase you need. This blog post will dive into the planet of organization loans, masking the things they are, how they get the job done, and how to pick the proper loan for your needs.
What is a company…
გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: ოქტომბერი 7, 2024.
საათი: 5:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
While there are a broad range of abilities within Old School they all fall under four categories. The categories are combat production, gathering and utility. This is important because, as of the poll conducted by the community that was conducted, nearly half of the participants have voted for that new skills to count as a utility-related skill which was followed by combat with 22 percent. The new skill will probably be also a utility skill that could influence how the skill…
გამოაქვეყნა Ludwighench_მ.
თარიღი: ოქტომბერი 5, 2024.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Forget the confines of dungeons, the predictable dance of aggro and heals. This was a battle forged in the crucible of open plains, where hundreds of players, united and divided by the promise of glory and loot, would converge upon a monstrous entity of pure fury – the Crimson Wyvern. No rigid roles, no pre-defined strategies. This was a symphony of chaos, conducted by the cacophony of clashing steel and desperate cries.
My pulse quickened as I surveyed the scene. A motley crew of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: ოქტომბერი 4, 2024.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Closing with a call to action for readers to join the adventure and experience Cataclysm Classic for themselves.
With the arrival of the World of Warcraft Cataclysm Classic pre-patch, one of the most beloved features, transmogrification, has made its debut earlier than expected. This system allows players to customize the appearance of their gear without sacrificing its stats, providing a way to express individual style while maintaining optimal performance in battle. Here's all you…
გაგრძელება© 2024 George. •