ერთმა ბერმა წმინდანის სახელი გაითქვა. ცხოვრობდა იგი განმარტოებით მთაზე, გამოქვაბულში. მეორმოცე წელიწადი გადიოდა, რაც ლოცულობდა და იღვწოდა.

      მზის ამოსვლამდე იწყებდა ლოცვას და მზის ჩასვლამდე არ ნელდებოდა მისი ხმა მთაზე. ხმა კი ისეთი ჰქონდა, რომ ვერცხლის ზარის ჯადოსნურ რეკვას მიუგავდა, რაღაც ფრთიანი იყო იგი და მისტიური ჟღარუნით ათრთოლებდა გარემოს.

      პირველად მთას ეუცხოვა ბერის ლოცვა და გალობა. მოეჩვენა, თითქოს ცხოვრების წესის დარღვევას აპირებდა უცხო მოხუცი. მაგრამ თანდათან შეეჩვია. ბოლოს შეეთვისა და შეუყვარდა კიდევაც. სიამოვნებდა.

      ბერის მოღვაწეობამ განსაკუთრებით მთაშივე მცხოვრებ ყორანზე იმოქმედა. ეს ყორანი ძალიან ხნიერი იყო. ბევრი რამ ენახა თავის სიცოცხლეში, ბევრიც გამოეცადნა. ამიტომ ურწმუნო იყო დიდი. მისი ჩხავილი შემზარავი და საშინელი იყო. არავის არ უყვარდა ყორანი.

      ორმოცი წლის წინათ, როცა ყორანმა მთაზე ამოსული ბერი პირველად დაინახა, ჩვეულებრივი ჩხავილით შეეგება. დასძახა:

      - სიკვდილი! სიკვდილი!

      მაგრამ ბერმა მას ყურადღებაც არ მიაქცია. ლოცვად დადგა და საგალობელი სთქვა. ყორანი შეაკრთო ბერის ხმამ. არ გაეგონა ასეთი ხმა. მოეჩვენა, თითქოს ისეთი რამ გაიგონა, რასაც მისი შეცვლა და გარდაქმნა შეეძლო.

      „ეს რას უნდა ნიშნავდესო?“ – გაიფიქრა. სამასი წელი უსრულდებოდა და ფიქრადაც არ მოსვლია, თუ ქვეყნად კიდევ ახალს რასმე გაიგონებდა. გამოსაცდელად კიდევ ერთხელ დაა იჩხავლა:

      - სიკვდილი!

      ბერმა კი თავისი გალობა განაგრძო. მაშინ ყორანი დააკვირდა უცნაურ ადამიანს: ხომ არ მოვტყუვდი, რომ უცნობი ადამიანად მივიჩნიეო. მაგრამ ბერი ჩვეულებრივი ადამიანი აღმოჩნდა: საშუალო ტანის მოხუცებული, ჭაღარაწვერიანი. სახე კი ჰქონდა მკრთალი, გამჭვირვალე და თვალები მგზნებარე სხივების მფრქვევი, მაგრამ ეს ვერ გააკვირვებდა ყორანს, ხოლო ხმა კი ძალიან აფიქრებდა მას.

      - თუ ადამიანია, ასე როგორ გალობს? ხოლო თუ ასე გალობს, რატომ არის ადამიანიო? – თქვა ყორანმა, დაეშვა ძირს - და ბერს შორიახლო დაუწყო თვალიერება.

      ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე წელიწადი. ამ ხნის განმავლობაში ბერი სულ გალობდა და ლოცულობდა. მთასაც სახე გამოეცვალა, თითქოს განგებამ ახალი სული ჩაბერაო.

      ყორანს გარეგნულად ბევრი არაფერი არ დატყობია. იგი ახლაც ყორნულ ცხოვრებას განაგრძობდა. მხოლოდ საბედისწეროდ აღარ ჩხაოდა და ფიქრიანი შეიქნა. ბერის ნახვა და მისი ხმის გაგონება მოთხოვნილებად გადაექცა. ძალიან შორსაც რომ ყოფილიყო, მაინც მოფრინდებოდა დროზე და ბერის გალობას ყურს უგდებდა.

      ერთხელ ყორანი დიდად განაცვიფრა ერთმა გარემოებამ, - ბერის სენაკს ფარულად გარს შემორტყმოდნენ ნაცნობი მხეცები და ფრინველები და მოკრძალებით ისმენდნენ გალობას. ყორანი განსაკუთრებით იმან გააკვირვა, რომ მხეცებს, ნაცვლად სახის ბუნებრივი მკაცრი გამომეტყველებისა, ბერისებური ლმობიერი და სათნო იერი გადაჰკრავდა.

      - აქ უთუოდ რაღაც არაჩვეულებრივი ამბავი ხდება! - თქვა გულში.

      ამის შემდეგ მეტის ყურადღებით გასინჯა ყორანმა განცდილი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბერისთვის უნდა მიებაძნა, თუ ბედნიერება სურდა. გამოქვაბულთან ახლოს გაიკეთა ბინა და შეეცადა ბერისებური ცხოვრება დაეწყო.

      განვლო კიდევ დრომ. ახლა მთას შორიახლო სოფლებიდან ხალხიც ეწვია ბერის ლოცვა-კუთხევის მისაღებად. ყორანმა შეამჩნია, რომ ხალხსაც არ აკმაყოფილებდა არსებული ცხოვრება და რაღაცა ახალი სწყუროდა. ახალის მისაცემად კი, ჩანდა, ბერი იყო მოვლინებული.

      ყორანსაც ახალი ცხოვრება მოუნდა. რაკი დარწმუნდა, რომ ბერს შეეძლო ამ ახალის მოცემა, გადასწყვიტა ხლებოდა მას და წმინდა მოღვაწეობას შესდგომოდა.

      ერთ დღეს მიადგა გამოქვაბულის კარს და ნისკარტით დაუკაკუნა. გამოვიდა ბერი. მშვიდი სახე ჰქონდა. მოღიმარი.

      - რა გნებავს? – ჰკითხა სრულიად ბუნებრივად. ყორანმა კი თაყვანი სცა და თავი დახარა. ბერი მიუხვდა სურვილს, დალოცა და სენაკში შეიყვანა.

      - შეუძლებელი არაფერია განგებისათვის! – თქვა ბერმა და მადლობა უძღვნა უფალს სასწაულის მოვლინებისათვის.

* * *

      ჩინებული მორჩილი დადგა ყორანი. ბერი დიდად კმაყოფილი იყო მისი ყოფაქცევით. უკვირდა, რომ სულ მცირე ხანში ისე მოშინაურდა, რომ ყორნობის არაფერი არ ეტყობოდა.

      როდესაც ბერი ლოცვას დაიწყებდა, ყორანი მის უკან დადგებოდა, თვალებს ცისკენ აღაპყრობდა და ლიტანიობდა. გალობას კი თვალების დახუჭვით ისმენდა, სულგანაბული.

      მოვალეობასაც ასრულებდა: სოფლიდან ამოსულ მლოცველებს სალამის მიცემით შეხვდებოდა. თუ საჭირო იყო, სენაკში შეუძღვებოდა, თუ არა – ბერს გამოუხმობდა გარეთ.

      მორჩილი ყორნის ამბავი მთელ ქვეყანას მოედვა. ბერის სახელს ვინ არ ადიდებდა.

      – თუ სამასი წლის ნაცხოვრებმა ყორანმა უარყო ძველი ცხოვრება, თავისი ზნე და ადათები, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბერი მართალია! – ამბობდნენ მთაში მხეცები და ფრინველები, და შენატროდნენ ყორნის ბერობას. დიდი მოძრაობა იყო მთაში. ბევრი ფიქრობდა ყორნის მიბაძვას. ამ მიზნით ცდილობდნენ ბერთან დაახლოვებას. ებრძოდნენ მხეცურ ვნებას და უწყინარი ცხოვრებისკენ ეჭირათ თვალი.

      ამასობაში გავიდა კიდევ რამდენიმე წელი. ბერის გალობას ახლა მთელი მიდამო ეუბნებოდა ბანს. ძალიან შორიდანაც მოისმოდა გამოძახილი. იყო ერთი აღფრთოვანება ახალისათვის: შესაძლებელი გახდა ცხოვრების წესის შეცვლა და ყველას უკვირდა, თუ შესაძლებელი იყო ეს, რატომ აქამდის არავის არ მოუვიდა აზრად.

* * *

      მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მთაზე დაუჯერებელი და მოულოდნელი რამ მოხდა. მზის ამოსვლაზე არ გაისმა დამატკბობელი გალობის ხმა და ნაცნობმა ღვთიურმა სახემ არ გაუღიმა დამაამებელი ღიმილით ახლად გამოღვიძებულ გარემოს, – ბერი სენაკიდან არ გამოვიდა.

      მძიმე დუმილი ლოდივით დააწვა მთას და ჰაერი შეხუთა. ამ დილასაც, როგორც ყოველთვის, ყორანი სენაკის შესასვლელთან ელოდებოდა ბერს. ლოცვა-გალობის დროც მოახლოვებულიყო და ბერი კი სენაკიდან არ გამოდიოდა,

      - ნუთუ სძინავს? – გაიფიქრა ყორანმა და შეწუხებული სახით გაიარ-გამოიარა სენაკის წინ. გაიხმაურა. ამომავალ მზეს წინამორბედად ნათელი არშია გაეფინა ცის კიდურზე და ზედ ნაირ-ნაირი ფერები აეთამაშებია. სადაც იყო, მზის სახეც იელვებდა. ალბათ, წავიდა სადმე! მოდი, ავფრინდები და მაღლიდან დავათვალიერებ აქაურობას! იქნებ, კიდევაც ლოცულობს სადმე! - თქვა ყორანმა და აფრენა მოიწადინა, მაგრამ გაშალა ფრთა თუ არა, ისევ შეეკეცა: ძალა გამოლეოდა, მარხვასა და ბერობას დაეუძლურებინა იგი, შეწუხდა. დანაღვლიანდა. ეს რა მომსვლია? გულდაწყვეტით თქვა და მწარედ ამოიკვნესა. შიშისებურმა გრძნობამაც შეაკრთო. მოთმინება დაკარგა და დაიჩხავლა. მძიმე დუმილით უპასუხა გარემომ.

      მაშინ გაბედა და სენაკში შეიჭვრიტა: კუთხის სიღრმეში თვალი მოჰკრა ბერის ნაცნობ სახეს. გაუხარდა. შევიდა სენაკში და უხმო. ბერმა ხმა არ გასცა.

      გამოღვიძება ვერ გაბედა. ისევ გარეთ გამოვიდა. მზე ამოსულიყო და დედამიწაზე სინათლის სვეტი დაეცა.

      ყორანს ლოცვა მოუნდა. მივიდა იმ ადგილას, სადაც ბერი ჩვეულებრივად ლოცულობდა და განიზრახა დღეს თვითონ ელოცნა, უბეროდ, მაგრამ გულმა რაღაც არ უქნა. თითქოს შინაგანი სიცალიერე იგრძნო.

      სწრაფად მოშორდა სალოცავ ადგილს და სენაკისკენ გაეშურა: იქნება, ადგა ჩემი მოძღვარიო. მიაყურა: წინანდებური სიჩუმე იყო გამეფებული.

      დაუყოვნებლივ შევიდა ყორანი სენაკში. გამოქვაბულის სიღრმეში კვალად დაინახა ბერის სახე. დააკვირდა, რომ არ შემცდარიყო. ცხადი იყო, ბერი ფიცარზე იწვა პირაღმა. ყორანის აზრით, ის ღრმა ძილში უნდა ყოფილიყო. ამიტომ უხმო რამდენიმეჯერ, მაგრამ ბერმა პასუხი არ გასცა. არც კი შეინძრა.

      ალბათ, დღეს ასე უნდა იყოს, და მე რა უფლება მაქვს ბერის ნება დავარღვიო? - გაიფიქრა ყორანმა და ფეხაკრეფით გამოვიდა გარეთ. შეინანია თავისი შიში და აღელვება. დაჯდა თავის ადგილას სენაკის წინ, აღიჭურვა მოთმინებით და ლოდინი დაუწყო.

      შუადღეს გადაცილდა, კარგა ჩამოცხა მთაში.

      თითქოს განზრახ, დღეს არავინ არ სტუმრებია სენაკს. საქმიანი დღე იყო და სოფლიდან არავის არ მოელოდა ყორანი, მაგრამ მხეცები და ფრინველები რომ არ გამოჩნდნენ, ამან კი გააკვირვა იგი.

      იდუმალ კი გრძნობდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო, მაგრამ არც იმდენად, რომ ნაგრძნობი გაემხილა.

      ჰაერში კი ტრიალებდა ისეთი სუნი, რომელიც ყორნის მახვილ ყნოსვას ცუდად ენიშნებოდა. ხოლო შეგნება არ აძლევდა ამის დადასტურების ნებას.

      შებინდების დრომაც მოაწია.

      მზემ ერთხელ კიდევ გაშალა მხრები. მოღლილი სახით გადმოხედა დედამიწას, თითქოს ჩაამთქნარა კიდევაც და დასახუჭად გამზადებული თვალები დაახამხამა.

      ყორანს სურვილი ჰქონდა შესულიყო ბერთან და ერთხელ კიდევ ეცადნა მისი გამოღვიძება, მაგრამ ფიქრთა ხროვას ვერ გაართვა თავი, დაღლილიც იყო. მოხუცებულობის სიმძიმილს გრძნობდა მარხვისაგან დასუსტებულ სხეულში. განზრახვის სისრულეში მოყვანა მეორე დღისათვის გადასდვა.

      ***

      მეორე დღეს იგივე განმეორდა, რაც პირველს: ბერი სენაკიდან არ გამოვიდა.

      ყორანი ახლა, ცოტა არ იყოს, შეშფოთებული შევიდა გამოქვაბულში და იმ კუთხეს მიაშურა, სადაც ბერი ეგულებოდა. მიუახლოვდა.

      ბერი იმავე მდგომარეობაში იყო უცვლელად, რომელშიაც გუშინ ნახა ყორანმა: დაბლად გაგებულ ფიცარზე პირაღმა იწვა, ხელები გულზე გადაეჯვარა, ღია თვალები მაღლა აღეპყრო და ოდნავ გახსნილი ტუჩები ისე მოეკეცა, თითქოს მაღალ საგალობელს ამბობსო. ერთი ფეხიც ფიცრიდან გადმოედგა, მაგრამ მიწას ვერ დაწვდენოდა და ისე დაკიდებული დარჩენოდა.

      „იქნება ლოცვის წესი შესცვალა... რომ ასე არისო“, თქვა ყორანმა. მივიდა და ბერის გადმოკიდებულ ფეხთან თავი დახარა. მაგრამ უცბათ, თითქოს სული შეეხუთაო, შეფრთხიალდა. ფრთები გაშალა და უკან დაიხია.

      „ეს რა ამბავია?“ – დაიჩხავლა და თვალები მიაცივა წმინდანს. სახეზე ალერსიანი ღიმილი უკრთოდა ბერს, სწორედ ისეთი, რომლითაც პირველად შეეგება იგი ყორანს და დალოცა, სენაკში შეიყვანა.

      – ალბათ, მეზმანება? – თქვა ყორანმა და ჰაერი მძლავრად - ჩაჰყნოსა. იმავე გრძნობამ შეჰხუთა ახლაც, რომელმაც ბერის ფეხთან ააფორიაქა.

      და საიდანღაც გაჩენილმა, დიდი ხნის დავიწყებულმა, ქარის გაშხუილების მსგავსმა ნდომამ დაუქროლა სისხლში. ცნობიერება შეურყია.

      მაგრამ ძალა დაატანა თავს ყორანმა. შეკრუნჩხულად დაიხია უკან და თავდაჭერით გავიდა სენაკიდან.

      რადგანაც სენაკში, ბერის ფეხთან, ჩაყნოსილი ჰაერი კიდევ აღიზიანებდა და სულს უჯანყებდა, როკვით მოშორდა იქაურობას, ჩაჰყვა ფერდობს და მთის ძირში მდინარე რუს წყალს დაეწაფა.

      შეშინებული იყო ყორანი და აზრი დაბნეული ჰქონდა.

      „სწორედ მეზმანა ყველაფერი!" – გაიფიქრა და გრილი წყლით შეფხიზლებული იქვე ძელზე დაჯდა. ფიქრებს მიეცა გაყუჩებული.

      საღამო ახლოვდებოდა. ყორანი მაინც ვერ ბედავდა გამოქვაბულში დაბრუნებას. ყურები დაეცქვიტა კი, რათა ბერის ხმა არ გამოჰპარვოდა, ვინიცობაა ჩვეულებისამებრ გაეგონა იგი. სადაც იჯდა ძელზე, იქვე გაითენა.

* * *

      მესამე დღეს უფრო მდუმარე მოეჩვენა ყორანს, ვინემ პირველი ორი.

      საშინელი წინათგრძნობა ახლა უფრო დაახლოვებოდა მის ცნობიერებას. საიდანღაც, შორიდან ელანდებოდა, რომ ქვეყნის საძირკველი შერყეულიყო და დედამიწა ისე ქანაობდა, რომ მისი დამხობა იყო მოსალოდნელი.

      ნელი ფორიაქით, მაგრამ ბეჯითად იღვიძებდა მის გულში ძველი ბუნება, ძველი, სამასწლოვან ძარღვებში ჩაკირული ბუნება. ყალხზე შესდგა ყორანის სული. ასე გაემართა იგი სენაკისაკენ.

      მიახლოვებისას ტურებმა გადაურბინეს წინ გზაზე. სუნის კვალს მოჰყვებოდნენ.

      შეფეთდა ყორანი, გარკვეულმა ეჭვმა გაუბრჭყალა გული. შესდგა.

      შორიდან ყმუილისებური ხმა მოესმა აღტყინებისა. იგი ბრძოლაში გამწვევ ხმასა ჰგავდა და ძახილი იყო აშლილი მხეცური ვნებისა. ყორანი აიტაცა მისმა სტიქიონმა.

      დამათრობელი ბოლი ჩამოაწვა მთას.

      შეიცვალა კვლავ ქვეყანა ყორნისათვის.

      ისე შევარდა გამოქვაბულში, თითქოს ეშინოდა, სხვას არ შეესწრო.

      სენაკში ლეშის სუნი გამდგარიყო.

      ცნობადაკარგული ყორანი ქოშინით მივარდა ბერს. ძირს გადმოდგმულ ფეხს ფრთებით შეეხო მოურიდებლად.

      - უბედურებაა! გამოიღვიძე, თუ შეგიძლია!

      ბერი არც კი შეინძრა. მაშინ ნისკარტი გაჰკრა ფეხს ყორანმა. ნისკარტს პატარა ხორცის ნაგლეჯი მოჰყვა. და ისე დაიჩხავლა ყორანმა, რომ სენაკის კედლები შეარყია.

      - ლეში! – გაისმა და გამოქვაბულის კარით გასხლეტილმა საბედისწერო ხმამ მთის მიდამო შეაკრთო.

      - ლეში! - გაიმეორა გამოძახილმა და სენაკშივე შებრუნებით ყურში ატაკა ყორანს.

      მომსკდარ ნიაღვარივით წარიტაცა გაგონილმა ყორნის არსება.

      ძველი სული ჩაედგა ყორანს და ქვეყნიერებაც უმალვე ძველ ყაიდაზე გარდაიქმნა.

      ყორნის წინ ლეში ეგდო და მისი სუნი საამო ცხოველურ გემოს აღუძრავდა მას.

      - აჰაა! – დაიჩხავლა აღტაცებით ყორანმა და ზედ მოექცა ლეშს. ბრჭყალების მოურიდებელი გაკვრით მოშალა ცოცხლად დაკვდომილი ყოვლად მშვიდი ღიმილის ხაზები ბერის სახეზე და შემდეგ მიწვდა თვალებს...

      ყორანი ყორნულ საქმეს შეუდგა.

* * *

      ძალზე გამძღარი და გაბურძგნული გამოვიდა ყორანი გამოქვაბულიდან.

      მედიდურად აიმრიზა და ისე გადახედა მიდამოს.

      მის წინ მთელი თავისი სიგანითა და სიფართით გადაშლილიყო თვალმიუწვდომელი სივრცე მისი ძველი ნაცნობის — სალეშე და სასიკვდილო ქვეყნისა. ისე ხმაურობდა ქვეყანა ახლა, როგორც ძველად, ბერის მთაზე ამოსვლამდე და ხმაურობა იგი ყორნის ყურს ახლაც ისე ჩაესმოდა, როგორც ცხოვრებისა და სიკვდილის ხელჩართული ომის შხუილი.

      – აჰაა! – მიეგება ყორანი ამ ხმაურობას. გაშალა ფრთები და მაღლა აფრინდა.

      სილაღე იგრძნო მისმა ტანმა. ცხოვრების სიხარულმა აღაფრთოვანა.

      ბერის ზღაპარი უცბად წაიშალა მის მეხსიერებაში.

ლეო ქიაჩელი

ტეგები: Qwelly, ბუნება, ლიტერატურა, მოთხრობა, ქიაჩელი

ნახვა: 10216

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters