ონორე დე ბალზაკი - წითელი სასტუმრო

წიგნიდან: ონორე დე ბალზაკი - მოთხრობები

მარკიზ დე კიუსტინს

     ერთხელ, აღარ მახსოვს რომელ წელს, ერთმა, გერმანიაში ფართო სავაჭრო ურთიერთობის მქონე პარიზელმა ბანკირმა წვეულება გაუმართა დიდი ხნის მეგობარს, რომელსაც პირადად სულ არ იცნობდა; მსგავს მეგობრებს საქმიანი მიმოწერით სად არ იძენენ დიდვაჭრები.

     სტუმარს, ნიურენბერგის რომელიღაც საკმაოდ მსხვილი ფირმის პატრონს, გულჩვილ, ჩასუქებულ გერმანელს, განათლებულსა და ფაქიზი გემოვნების ადამიანს, ჩიბუხის დიდ მოტრფიალეს, სანდომიანი გაბადრული ნიურენბერგული პირისახე ჰქონდა, ხოლო ოთხკუთხ, თითქმის მოტვლეპილ შუბლს გვარიანად შეთხელებული ქერა თმა უმშვენებდა.

     იგი ჭეშმარიტი შვილი გახლდათ უმწიკვლო და კეთილშობილი გერმანიისა, რომლის წიაღშიაც უხვად მოიძებნებიან პატიოსანი ადამიანები და რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩვეულებანი შვიდმა ლაშქრობამაც კი ვერ შეცვალა.

     უცხოელი გულღიად იცინოდა, ყურადღებით უსმენდა სხვებს და ხარბად ყლურწავდა ღვინოს; ეტყობოდა, შამპანური იოჰანისბერგულ ჩალისფერ ღვინოებზე ნაკლებ როდი მოსწონდა. მწერლების მიერ წიგნებში აღწერილ ყველა გერმანელივით მასაც ჰერმანი ერქვა. ვინაიდან ყველაფრის საფუძვლიანად კეთებას იყო ჩვეული, ახლაც ბანკირის სუფრასთან საგულდაგულოდ მოკალათებულიყო. ევროპაში განთქმული გერმანული მადით შეექცეოდა კერძებს და დიდი კარემის სამზარეულოს კეთილსინდისიერად ემშვიდობებოდა.

     სტუმრის პატივსაცემად მასპინძელს მოეპატიჟნა რამდენიმე ახლო მეგობარი, კაპიტალისტები თუ კომერსანტები, თვალწარმტაცი თავაზიანი ქალები, რომელთა დათაფლული ჟღურტული და ძალდაუტანებელი მიხრა-მოხრა, გერმანულ გულითადობას საამოდ ეხამებოდა.

     მართალია, იმ საღამოს, თქვენც ჩემსავით რომ გაბედნიერებულიყავით და შეგძლებოდათ თვალი მოგევლოთ ამ მხიარული საკრებულოსთვის, სადაც ადამიანებს სარფის მოსახვეჭად გამზადებული ბრჭყალები მიემალათ და ცხოვრების სიამტკბილობაში ჩაძირულიყვნენ, მევახშეთა საგანაღდებო პროცენტებს ვეღარ შეიძულებდით და ვეღარც ბანკროტობას დასწყევლიდით.

     ადამიანს არ ძალუძს ყოველთვის ჩაიდინოს ბოროტება.

     თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათ პირქუშ ხომალდზე ადამიანი ისე გრძნობს თავს, როგორც საქანელაზე.

- ბატონი ჰერმანი სანამ გამოგვემშვიდობება, ალბათ, გვიამბობს რაიმე შიშისმომგვრელ გერმანულ ამბავს.

     ეს სიტყვები, ჩაროზი რომ ჩამოარიგეს, მაშინ წარმოთქვა ნორჩმა, ფერმკრთალმა და ქერა ქმნილებამ, უთუოდ გატაცებულმა ჰოფმანის ზღაპრებითა და ვალტერ სკოტის რომანებით. ბანკირის ერთადერთი ასული გახლდათ ეს მზეთუნახავი. ჟიმნაზში დადგმულ პიესებზე ჭკუას კარგავდა და ამ თეატრში საბოლოოდ იხვეწებოდა მისი აღზრდა-განათლებაც.

     განცხრომაში ჩაფლული მეინახენი კი ზანტად სდუმდნენ; ასეთი განწყობილება მაშინ გვეუფლება, როცა ნუგბარ-ნუგბარ კერძებს უზომოდ მივეძალებით და კუჭის შესაძლებლობას ბოროტად ვიყენებთ. სკამზე ზურგით მიწოლილნი, მაგიდის კიდეზე ხელებით ოდნავ დაყრდნობილნი მოვარაყებულ დანებს ნება-ნება ათამაშებდნენ. ჩვეულებრივ, სადილის დასასრულს, ზოგი მსხლის კურკას დაუწყებს ხოლმე თამაშს, ზოგი ცერსა და სალოკ თითს შორის პურის გულს ასორსოლებს; მიჯნურნი ხილის ნაფცქვენისაგან უფორმო ასოებს ადგენენ, ძუნწები კურკებს ითვლიან და ისე ალაგებენ თეფშებზე, როგორც სტატისტებს ამწკრივებენ დრამატურგები სცენის სიღრმეში. ბრია-სავარენს, საერთოდ მეტად კეთილსინდისიერ მწერალს, თავის თხზულებაში რატომღაც გამოუტოვებია ღორმუცელობის ამ პატარ-პატარა ნეტარებების აღწერა.

     მსახურნი თვალს მიეფარნენ. ომგადახდილ ესკადრას დაემსგავსა სუფრა - არეულ-დარეული, გაძარცვული, გაპარტახებული. თეფშები, უწესრიგოდ ეყარა და დიასახლისი მათ თავთავიანთ ადგილზე გულდაგულ დალაგებას ამაოდ ცდილობდა. ზოგი სტუმარი სასადილო დარბაზის ნაცრისფერ კედელზე სიმეტრიულად ჩამოკიდებულ შვეიცარიის ხედებს ათვალიერებდა. მოწყენილი არავინ ყოფილა. გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე - ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის - კარგი იქნებოდა ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მეინახენი კეთილი გერმანელისკენ ერთბაშად მიტრიალდნენ, ეგებ რაიმე ამბავი მოგვიყვეს, თუნდაც არასაინტერესოო.

     უცბად, სწორედ ჩემს პირდაპირ მჯდომი კაცის გარეგნობამ მიმიზიდა. შუატანისა იყო, მსუქანი. ემჩნეოდა, მხიარული ხასიათი ჰქონდა და განსაკუთრებული ჭკუით არ გამოირჩეოდა. მიმოხრა და ქცევა კი ბირჟის მაკლერისას მიუგავდა. აქამდე არც შემინიშნავს იგი. ახლა, ალბათ, შუქ-ჩრდილის თამაშის შედეგად მომეჩვენა, სახე თითქოს შეეცვალა, მოიისფრო ლაქებით დაეფარა და მიწისფერი დაედო. გეგონებოდათ, მომაკვდავის თავიაო. დიორამაში ჩახატულ ფიგურასავით უმოძრაოდ გაშეშებული, გამოყეყეჩებული თვალებით დაშტერებოდა ბროლის საცობის ელვარე წახნაგებს. ცხადი იყო, არაფერს ხედავდა და მომავლისა თუ წარსულის ფანტასტიურ ჭვრეტას გაეტაცნა.

     მის საეჭვო სახეს დიდხანს ვუკვირდებოდი და ვფიქრობდი: ავად ხომ არ არის? ან ბევრი ხომ არ დალია? ან იქნებ ბირჟის აქციების დაცემამ გააკოტრა? ან შეიძლება ვარაუდობს, როგორ გააცუროს კრედიტორები?

- შეხედეთ! - მივუთითე მასზე ჩემს გვერდით მჯდომ ქალბატონს, - ბანკროტობის პირწავარდნილი განსახიერებაა, არა?

- ოჰ! ბანკროტი რომ იყოს, უფრო მხიარული გამომეტყველება ექნებოდა, - მიპასუხა ქალმა, - მერე თავი კეკლუცად გადააქნია და განაგრძო: - ეგ თუ ოდესმე გაკოტრდება, ჯოჯოხეთში ჩასვლასაც კი არ დავიზარებ, ოღონდ ეს ამბავი ყველას შევატყობინო. ერთი მილიონის მიწები აქვს. უწინ იმპერიის არმიის სურსათის მიმწოდებელი გახლდათ. საკმაოდ უცნაური ბერიკაცია. მეორე ცოლი ანგარიშით შეირთო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერია ქალი მაგის ხელში. ლამაზი ასული ჰყავს, რომელსაც დიდხანს ახლოს არ იკარებდა; ვაჟიშვილის სიკვდილის შემდეგ, საწყალი დუელში მოუკლეს, იძულებული გახდა, ქალიშვილი მიეღო, რადგანაც მეტი შვილი აღარ ეყოლებოდა. ასე და ამგვარად, საცოდავი გოგო უცბად ყველაზე მდიდარი მემკვიდრე გახდა მთელს პარიზში. მამამისი კი, ეს კეთილი ადამიანი, ვისაც ერთადერთი ვაჟი ხელიდან გამოეცალა, უსაზღვროდ იტანჯება და ხანდახან სევდის დაფარვას ვერც ახერხებს.

     ამ დროს სურსათის მიმწოდებელმა თვალი მომაპყრო და მე ავკანკალდი, იმდენად პირქუში ფიქრებით აღვსებოდა გამოხედვა, რაც, შესაძლებელია, მთელ მის სიცოცხლეს გამოხატავდა. მერე, უცბად სახე გაუნათდა: ბროლის საცობი აიღო, თავისი თეფშის წინ მდგომ წყლით სავსე სურას ანგარიშმიუცემლად დაახურა და ბატონი ჰერმანისკენ ღიმილით გაიხედა. ჩანდა, ეს გასტრონომიული სიამოვნების განცხრომაში ჩაძირული კაცი არა თუ არაფერზე ფიქრობდა, აზრის ნატამალიც კი არ გააჩნდა მას. შემრცხვა კიდეც, რომ წინასწარმეტყველურ ნიჭს ამ სქელკანიან ფინანსისტზე, ბილწ პირუტყვზე ვხარჯავდი. სანამ მე ჩემს ფუჭ ფრენოლოგიურ დაკვირვებებს ვაწარმოებდი, კეთილმა გერმანელმა ცხვირში ერთი მწიკვი ბურნუთი შეიყარა და ამბის მოყოლა დაიწყო. ვინაიდან ვერ შევძელი ამბავი გადმომეცა გერმანელის სიტყვებით, ხშირი პაუზებითა და თხრობიდან სიტყვამრავალი გადახვევებით, ამიტომაც ჩემებურად მოვყევი, შეცდომები ნიურენბერგელს დავუტოვე, ხოლო მისი პოეტური და საყურადღებო ადგილები გულუბრყვილოდ შევიტყაპუნე იმ მწერლებსავით, რომელთაც ავიწყდებათ თავიანთ წიგნებს მიაწერონ:

     ფიქრი და საქმე

- რესპუბლიკის ეპოქის VII წლის ვანდემიერის მიწურულს, ჩვენი სტილით 1799 წლის 20 ოქტომბერს, ბონიდან დილით გამოსული ორი ჭაბუკი მზის ჩასვლისას მიუახლოვდა რაინის მარცხენა ნაპირზე მდებარე პატარა ქალაქ ანდერნახს, რომელიც კობლენციდან რამდენიმე მილითაა დაშორებული.

     იმ ხანებში საფრანგეთის არმია, გენერალ ოჟეროს მეთაურობით, მდინარის მარჯვენა მხარეს დაბანაკებულ ავსტრიელთა თვალწინ მანევრებს აწარმოებდა. რესპუბლიკის დივიზიის მთავარი შტაბი კობლენცში იყო მოთავსებული, ხოლო ოჟეროს კორპუსის ერთ-ერთი ნახევარბრიგადა - ანდერნახში.

     ორივე ახალგაზრდა მგზავრი ფრანგი გახლდათ. მათი თეთრარშიებიანი და წითელი ხავერდის გულისპირიანი ლურჯი მუნდირების, ხმლებისა და, განსაკუთრებით კი, სამფეროვანი პლუმაჟიანი მწვანე მუშამბის ქუდების დანახვისას გერმანელი გლეხებიც კი ხვდებოდნენ, რომ ისინი სამხედრო ქირურგები იყვნენ, გონიერი და ღირსეული ადამიანები, რომლებიც მეტწილად უყვართ არა მხოლოდ ჩვენს არმიაში, არამედ ჩვენი ჯარის მიერ დაპყრობილ ქვეყნებშიაც. იმხანად, გენერალ ჟურდენის მიერ გამოცხადებული ჯარში გაწვევის ახალი კანონის შედეგად, სამედიცინო ასპარეზზე მოღვაწეობას მოწყვეტილი მრავალი კარგი ოჯახიშვილი ამჯობინებდა სამედიცინო სამსახური ბრძოლის ველზე გაეგრძელებინა, ვიდრე დარჩენილიყო რიგით ჯარისკაცად, რაც ნაკლებად შეეფერებოდა მათ განათლებასა და მშვიდობისმოყვარე მისწრაფებებს. ახალგაზრდა სწავლულები, მშვიდობის მომხრენი და დაუზარელნი, იმ შავბნელ დღეებში სიკეთეს თესავდნენ, ნასწავლ ადამიანებს თანაგრძნობით ეპყრობოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც მიაბიჯებდა საფრანგეთის რესპუბლიკის ულმობელი ცივილიზაცია. მგზავრები, აღჭურვილნი სამგზავრო საშვებითა და კოსტასა და ბერნადოტის ხელმოწერილი ბრძანებით მათი «უმცროს ექიმებად» დანიშვნის შესახებ, მიემართებოდნენ იმ ნახევარბრიგადისკენ, სადაც იყვნენ გამწესებულნი. ორთავე მიეკუთვნებოდნენ ბოვეელ ბურჟუათა ოჯახებს, რომლებიც არცთუ ისე მდიდრები იყვნენ, მაგრამ პროვინციულ ნამუსიანობასა და ალალმართლობას თაობიდან თაობას გადასცემდნენ, როგორც მემკვიდრეობის ნაწილს.

     სტრასბურგამდე დილიჟანსით იმგზავრეს. ახალგაზრდებისათვის მეტად ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით ჭაბუკები სამსახურში დანიშნულ ვადაზე ადრე გამოცხადდნენ სამხედრო მოქმედების ასპარეზზე. თუმცა ფრთხილ დედებს ბევრი ფული არ გამოეტანებინათ, შვილები მაინც მდიდრებად თვლიდნენ თავს, რადგანაც ჯიბეში რამდენიმე ლუიდორი უჩხრიალებდათ; ეს კი ნამდვილი განძი იყო იმ დროს, როცა ასიგნაციებმა გაუფასურების უკანასკნელ საფეხურს მიაღწია და ოქრო ფულზე გაცილებით მეტად ფასობდა. უმცროსი ექიმები, ბევრი-ბევრი, ოც-ოცი წლისანი თუ იქნებოდნენ. და თავიანთი ახალი მდგომარეობის პოეტურ მხარეებს ჭაბუკური აღტაცებით ხვდებოდნენ. სანამ სტრასბურგიდან ბონში ჩავიდოდნენ, საჰერცოგო და რაინის ნაპირები დაათვალიერეს, ვითარც შეეფერებოდა არტისტულად და ფილოსოფიურად განწყობილ ცნობისმოყვარე არსებებს. ამ ასაკში, თუკი მეცნიერული მოღვაწეობისთვის ვემზადებით, მართლაც მეტად მრავალსახოვანნი ვართ მოგზაურობის დროსა თუ თვით ტრფობის ჟამსაც. უმცროსი ექიმი ვალდებულია, თავის მომავალ სახელსა და ბედ-იღბალს საძირკველს უყრიდეს.

     ორი ყმაწვილი შეიპყრო ძალუმმა აღტყინებამ, რაც დაეუფლება ხოლმე განათლებულ ადამიანებს, მაინცსა და კელნს შორის, შვაბეთის პეიზაჟისა და რაინის ნაპირების დანახვისას. ბუნება აქ ზვიადია, ბარაქიანი, მთებითა და გორებით მოფენილი, ამწვანებული, ფეოდალური ძეგლებით მდიდარი, თუმცა ყოველივეს ცეცხლისა და მახვილის დაღი ატყვია. ეს თვალწარმტაცი მხარე ლუი XIV და ტურენმა ნაცარტუტად აქციეს. აქა-იქ მოჩანს ნანგრევები, მოწამენი ვერსალის მეფის ქედუდრეკელობისა, ან იქნებ წინდახედულებისაც; გერმანიის ამ კუთხის მშვენებანი, დიდებული ციხე-დარბაზები ხსენებული მეფის ბრძანებით იავარიქმნა. ტყეებითა და შუა საუკუნეების ურიცხვი მომაჯადოებელი სურათებით დაფარული საუცხოო ადგილების ხილვისას შეიცნობთ გერმანულ სულს, მეოცნებესა და მისტიურს.

- ფრანკო-ჰოლანდიური არმიისა და ოჟეროს დივიზიის მთავარი ჰოსპიტალი თვით კურფიურსტის სასახლეში მოეთავსებინათ. ამიტომაც ახლად გამომცხვარი უმცროსი ექიმები იქით გაეშურნენ ამხანაგების სანახავად, სარეკომენდაციო ბარათების უფროსებისთვის გადასაცემად და საქმის გასაცნობად. აქ, ისევე, როგორც ეს სხვაგანაც ხდება, ისინი ერთგვარად გათავისუფლდნენ იმ გადაჭარბებული წარმოდგენისაგან, რაც ყველას გვაქვს შექმნილი მშობლიური ქვეყნის ისტორიული ძეგლებისა და მშვენიერების შესახებ. კურფიურსტის სასახლის მარმარილოს სვეტებით განცვიფრებული მეგობრები გერმანულ ნაგებობათა გრანდიოზულობამ აღაფრთოვანა; მიდიოდნენ და ყოველ ნაბიჯზე ძველი და ახალი ხელოვნების სამკაულებს აწყდებოდნენ. ხანდახან გორაკებს შორის მიკარგული ანდერნახისკენ მიმავალი გზები მათ კლდის მწვერვალზე აიყვანდა ხოლმე. იქიდან კი, ტყის ჭრილებსა და კლდეთა ფლატეებს შორის, მათ თვალწინ იშლებოდა ქვიშის ჩარჩოში ჩასმული, ანდა ატეხილი ჭალებით შემოკბილული რაინის სანახები. ხეობები, ბილიკები, ხეები ფიქრის ამშლელ სურნელებას აფრქვევდნენ. ხის კენწეროებს ოქროსფერი ეპარებოდა, აქა-იქ თბილი ტონებიც გამოსჭვიოდა, განსაკუთრებით კი, მიხაკისფერი - მაუწყებელი სიბერისა; ფოთლები ცვიოდა, მაგრამ ცას თვალისმომჭრელი ლაჟვარდი მაინც შერჩენოდა და მშრალი გზები ჩამავალი მზის ირიბი სხივებით განათებულ პეიზაჟზე ყვითელ ზოლებად იხაზებოდნენ. ანდერნახიდან ორი ლიეს დაშორებით ისეთი სიჩუმე იყო გამეფებული, თითქოსდა ომი ამ მშვენიერ მხარეს მუსრს არ ავლებდა. ორი მეგობარი მიჰყვებოდა საცალფეხო გზას, თხების მიერ გატკეპნილს გრანიტის კლდეებზე, რომელთა შორის მოჩქეფს რაინი. მგზავრები ხევ-ხევ დაეშვნენ. ხევის ძირში, მდინარის პირას კოხტად დასკუპულიყო პატარა ქალაქი, საუცხოო ნავსადგური მეზღვაურთათვის.

- მართლაც ლამაზია გერმანია! - წამოიძახა ერთმა ყმაწვილმა, პროსპერ მანიანმა, როცა თვალი მოჰკრა ნაირფრად შეღებილ, კალათში ჩაწყობილი კვერცხებივით ერთმანეთთან მიყუჟულ სახლებს, რომელთაც ერთმანეთისგან ბაღები და ყვავილები ჰყოფდა. პროსპერ მანიანი ერთხანს აღტაცებით დასცქეროდა წვეტიან სახურავებს, გამოშვერილ კოჭებს, ხის კიბეებს, მყუდრო სადგომების უამრავ აივნებსა და ნავსადგურში ტალღებზე მოქანავე ნავებს...როცა ბატონმა ჰერმანმა პროსპერ მანიანი ახსენა, სურსათის მიმწოდებელი სწვდა სურას, ჭიქაში წყალი დაისხა და მაშინვე სულმოუთქმელად გადაჰკრა. ამით ისევ მიიპყრო ჩემი ყურადღება და თითქოს შევნიშნე კიდეც, რომ კაპიტალისტს ხელი ოდნავ აუკანკალდა და შუბლი ოფლით დაენამა.

- რა გვარია ყოფილი სურსათის მიმწოდებელი? - შევეკითხე ჩემს ტურფა მეზობელს.

- ტაიფერი, - მიპასუხა მან.

- უგუნებოდ ხომ არა ბრძანდებით? - შევყვირე მე, როცა შევნიშნე, როგორ გაფითრდა ეს უცნაური ადამიანი.

- სრულებითაც არა, - მომიგო ტაიფერმა და მადლობის ნიშნად თავაზიანად გამიღიმა, - მე ვუსმენ, - დასძინა და თავი დაუქნია სტუმრებს, რადგანაც ყველა მისკენ შემოტრიალდა.

- მეორე ჭაბუკის გვარი დამავიწყდა, - წარმოთქვა ბატონმა ჰერმანმა, - როგორც პროსპერ მანიანმა ამიწერა, იგი შავგვრემანი, ოდნავ გამხდარი იყო და მხიარული ხასიათით გამოირჩეოდა. თუკი ნებას დამრთავთ, ვილჰელმს დავარქმევ, რათა უფრო გასაგებად შევძლო ამბის მოყოლა.

     გულუბრყვილო გერმანელმა, ვითომც არაფერიო, ისე უგულვებელჰყო რომანტიზმიცა და ადგილობრივი კოლორიტიც, ფრანგი უმცროსი ექიმი გერმანული სახელით მონათლა და არხეინად განაგრძო თხრობა: - როცა ორი ჭაბუკი ანდერნახს ჩავიდა, უკვე ბნელოდა. სანამ მეთაურებს მოვძებნით, სანამ საბუთებს წარვუდგენთ, სანამ ჯარისკაცებით გადავსებულ ქალაქში სამხედრო თავშესაფარს მივიღებთ, დიდი დრო დაგვეკარგებაო, იფიქრეს და გადაწყვიტეს უკანასკნელი თავისუფალი ღამე გაეტარებინათ ანდერნახიდან ასიოდე ნაბიჯის დაშორებით მდებარე სასტუმროში, რომლის მდიდრულ შეფერილობას, მზის სხივებით უფრო მეტად გამშვენიერებულს, ორივე ყმაწვილი მთის წვერიდან აღფრთოვანებით გადმოსცქეროდა. ეს ერთიანად წითლად შეღებილი შენობა მნახველთ უცბად ეცემოდა თვალში, რადგან ქალაქის ერთფეროვანი მასიდან და ნაირნაირი ფოთლების სიმწვანიდან მისი მეწამულისფერი ისევე კონტრასტულად გამოკრთოდა, როგორც მდინარის მონაცრისფრო ტონებიდან - ამ ნაგებობის კაშკაშა ფერი. სასტუმროს სახელწოდება წარმოდგებოდა შენობის შეფერილობიდან, რაც ოდესღაც, ალბათ, მისი საძირკვლის ჩამყრელის ფანტაზიამ შეარჩია. რაინის მეზღვაურთა შორის დიდად სახელგანთქმული სასტუმროს შემდგომი მფლობელნი, სრულიად ბუნებრივი მერკანტული ცრურწმენის გავლენით, სახლს ძველ სამოსს მზრუნველობით უნახავდნენ.

     ცხენების ფეხის ხმის გაგონებაზე წითელი სასტუმროს პატრონი ზღურბლზე გადმოდგა.

- ღმერთმანი! - შეჰყვირა მან, - სულ ცოტა კიდევ რომ დაგეგვიანათ, ღია ცის ქვეშ მოგიხდებოდათ წოლა, მსგავსად თქვენს თანამემამულეთა უმრავლესობისა, ანდერნახის მეორე მხარეს რომაა დაბანაკებული. სასტუმრო პირამდე სავსეა. თუ მაინცდამაინც საწოლებზე გსურთ მოსვენება, ისღა დამრჩენია, საკუთარი საწოლი ოთახი შემოგთავაზოთ. თქვენს ცხენებს კი ეზოს კუთხეში დავაბინავებთ. დღეს თავლა ქრისტიანებით გამევსო. საფრანგეთიდან ჩამობრძანებულხართ, ბატონებო? - განაგრძო მან მცირე პაუზის შემდეგ.

- ბონიდან, - წამოიძახა პროსპერმა, - და დილას აქეთ პირში ლუკმა არ ჩაგვიდია.

- ოჰ, საჭმელზე ნუ შეწუხდებით, - თავის კანტურით განუცხადა პატრონმა, - წითელ სასტუმროში ათი ლიეს იქიდან მოდიან საქეიფოდ. მეფურ სუფრას გაგიშლით. იცით, რას მოგართმევთ? რაინის თევზს! მეტი რაღა ვქნა!

     დაღლილი ცხენები მგზავრებმა სასტუმროს პატრონის მზრუნველობას მიანდეს. და მაშინ, როცა პატრონი ამაოდ უხმობდა მსახურებს, უმცროსი ექიმები სასტუმროს საერთო დარბაზში შევიდნენ. თუთუნის მწეველებს ბლომად მოეყარათ თავი და ბოლის ისეთი სქელი და მოთეთრო ღრუბლით გაევსოთ დარბაზი, რომ ახლად მოსულებმა თავდაპირველად ვერც კი გაარჩიეს, რა საზოგადოებაში მოხვდნენ. მაგრამ სუფრას მიუსხდნენ თუ არა, იმ ფილოსოფიურად განწყობილ მგზავრთა მოთმინებით, რომელთაც აყალმაყალის ამაოება კარგად შეუცვნიათ, კვამლში გაარჩიეს გერმანული სასტუმროს სავალდებულო აქსესუარები: ბუხარი, კედლის საათი, ლუდის ტოლჩები, გრძელტარიანი ჩიბუხები; საითაც გაიხედავდით, ათასნაირი ჯურის ხალხი ირეოდა: ებრაელები, გერმანელები, სახეკუშტი მეზღვაურები. ბურუსში ფრანგი ოფიცრების ეპოლეტები ელვარებდა, ფილაქანზე კი განუწყვეტლივ ჟღარუნობდა დეზები, ხმლები. ზოგი ბანქოს თამაშობდა, ზოგი კამათობდა, ერთი დუმდა, მეორე ჭამდა, სვამდა ან ბოლთას სცემდა. შორიახლოს ტრიალებდა ერთი გათქვირებული, ტანდაბალი დედაკაცი, რომელსაც ჩაწნულ თმაზე შავი ხავერდის ჩაჩი ეხურა, სირმით ამოქარგული ცისფერი კოფთა ეცვა, მკერდზე ვერცხლის ქინძისთავი ჰქონდა დაბნეული და აღჭურვილი გახლდათ ძაფის გორგლითა და გასაღებების ასხმულათი. ერთი სიტყვით, არ აკლდა არცერთი დამახასიათებელი კომპონენტი გერმანული სასტუმროს დიასახლისისა, რომლის ტანსაცმელი იმდენად ზუსტადაა გამოხატული უთვალავ სურათებზე და იმდენადაა გავრცელებული, რომ არცა ღირს ამ ქალის აღწერა. სასტუმროს პატრონის მეუღლე შესანიშნავი მოხერხებულობით აკარგვინებდა მოთმინებას ორ მეგობარს და ასეთივე მოხერხებულობით აშოშმინებდა მათ. თანდათან ხმაური შენელდა, მგზავრები დარბაზიდან გავიდნენ და კვამლის ღრუბელიც გაიფანტა. როცა უმცროს ექიმებს სუფრა გაუშალეს და რაინის სახელგანთქმული ჭანარი მოართვეს, საათმა თერთმეტი დარეკა და დარბაზიც დაცარიელდა. ღამის სიჩუმეში ყრუდ მოისმოდა ცხენების ხრამახრუმისა და ტორების ცემის ხმა, რაინის ლიკლიკი და მდგმურებით გაჭედილი სასტუმროს თავისებური ქოთქოთი, როცა მგზავრები დასაწოლად ემზადებიან: კარ-ფანჯარა იხსნებოდა, იკეტებოდა, ვიღაც-ვიღაცეები გაურკვევლად ჩურჩულებდნენ, ოთახებიდან გაუგებარი შეძახილები მოისმოდა. ამ სიჩუმეში და ფუსფუსში ორი ფრანგისა და მასპინძლის, - რომელიც ახალგაზრდებს უქებდა ანდერნახს, რაინის ღვინოს, რესპუბლიკის არმიას, საკუთარ პურ-მარილსა და ცოლს, - ყურადღება მიიპყრო მეზღვაურთა ხრინწიანმა ყვირილმა და ნავსადგურთან მოახლოებული ნავის დგაფუნმა. სასტუმროს პატრონი, უთუოდ შეჩვეული მენავეების ხორხისმიერ მეტყველებას, იმ წამსვე ოთახიდან გავარდა და მალე შემოუძღვა მსუქან, ტანდაბალ კაცს, რომლის უკან ორ მეზღვაურს მძიმე ყუთი და რამდენიმე ბოხჩა მოჰქონდა. დარბაზში დააწყვეს თუ არა ბარგი, კაცმა ყუთი აიღო, წინ დაიდგა და ორი უმცროსი ექიმის სუფრას მოურიდებლად მიუჯდა.

- წადით, ნავში დაწექით, - მიმართა მეზღვაურებს, - სასტუმრო სავსეა და ისედაც სჯობს, ნავში დაწვეთ.

- ბატონო, - განუცხადა მასპინძელმა ახალმოსულს, - სანოვაგიდან ამის მეტი აღარაფერი გამაჩნია, - მან ორი ფრანგისთვის გაშლილ სუფრაზე ანიშნა, - პურის ქერქიც კი აღარ მოიძებნება, ძვალსაც ვეღარ იპოვით.

- კომბოსტოს წნილი?

- სათითეში რომ ჩაეტევა, იმდენიც კი არ დარჩა. როგორც მქონდა პატივი მომეხსენებინა, საწოლად მიიღებთ სკამს, რაზედაც ხართ დაბრძანებული და ამ დარბაზის გარდა, სხვა ოთახსაც ვერ შემოგთავაზებთ.

     ამ სიტყვებზე დაბალმა კაცმა აათვალიერ-ჩაათვალიერა მასპინძელი, დარბაზი და ორი ფრანგი. გამოხედვაში გამოუკრთა შიშიცა და სიფრთხილეც.

- აქ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმას, - შეწყვიტა თხრობა ჰერმანმა, - რომ ჩვენ უცნობის ვერც ნამდვილი ვინაობა და ვერც ასავალ-დასავალი ვერ გამოვარკვიეთ. დოკუმენტები გვამცნობდა, რომ აახენიდან იყო ჩამოსული. იქ იგი ვალენფერის სახელს ატარებდა და ნეივალის მიდამოებში მდებარე ნემსების საკმაოდ მსხვილი წარმოების მფლობელი გახლდათ.

     როგორც ყველა მეფაბრიკეს ამ მხარეში, მასაც უბრალო მაუდის რედინგოტი ეცვა, მუქი მწვანე ხავერდის შარვალი, ჟილეტი და ჩექმები, წელზე კი ტყავის ფართო ქამარი ერტყა. სახე მთლად მრგვალი ჰქონდა. თავისუფალი მიხვრა-მოხვრა და კეთილი გულისა იყო. ეტყობოდა, ძლიერ უჭირდა ფარული შიში არ გამოემჟღავნებინა, ან იქნებ მძიმე საზრუნავიც აწუხებდა. სასტუმროს პატრონი დაეჭვდა, ეს გერმანელი დიდვაჭარი უთუოდ სამშობლოდან გამოქცეული უნდა იყოსო. შემდეგ მე გამოვარკვიე, რომ ფაბრიკა შემთხვევით დასწვოდა, რაც, საუბედუროდ, ომის დროს ხშირად ხდება. თუმცა უაღრესად აღელვებული ჩანდა, მისი სახე მაინც დიდ გულკეთილობას გამოხატავდა. სასიამოვნო ნაკვთები ჰქონდა. სქელი კისერი ისე განსაკუთრებით თეთრად მოუჩანდა შავი ყელსახვევის ფონზე, რომ ვილჰელმმა ხუმრობით ანიშნა მასზე პროსპერს...

     აქ ბატონმა ტაიფერმა ერთი ჭიქა წყალი შესვა.

     პროსპერმა მეფაბრიკე თავაზიანად მიიპატიჟა ვახშამზე და ვალენფერმაც თავპატიჟი არ გამოიდო, უმალ დათანხმდა, როგორც შეეფერებოდა კაცს, რომელიც დარწმუნებულია, ამ პატივისცემის სათანადო მადლობით ანაზღაურება მაინცდამაინც არ გამიჭირდებაო. ყუთი იატაკზე დადო, ზედ ფეხები დააწყო, ქუდი მოიხადა, სუფრასთან მიიწია, ხელთათმანები გაიძრო და ქამრიდან ორი პისტოლეტიც მოიხსნა.

     მასპინძელმა მაშინვე მოიტანა მისთვის ჭურჭელი. სამი მგზავრი დუმილით შეუდგა მადის დაკმაყოფილებას. დარბაზში ისე ცხელოდა და იმდენი ბუზი ირეოდა, რომ პროსპერმა მასპინძელს სთხოვა, ნავსადგურისკენ რომ გადიოდა, ის ფანჯარა გამოეღო და ჰაერი გაეწმინდა. ფანჯარა ჩაეკეტათ რკინის ურდულით, რომლის ორივე ბოლო ფანჯრის ჩარჩოს ორ კუთხეში გამოჭრილ ღრუში გაემაგრებინათ. მეტი უშიშროებისთვის დარაბებს ხრახნებით მოჭერილი თითო-თითო ჭანჭიკი ეკეთა. შემთხვევით, პროსპერი დააკვირდა, სასტუმროს პატრონი როგორ აღებდა ფანჯარას.

- რადგანაც შენობაზე ჩამოვარდა სიტყვა, - გამოგვიცხადა ბატონმა ჰერმანმა, - აგიწერთ კიდეც სასტუმროს ოთახების შინაგან განლაგებას, რაკი მისი ზუსტი გაცნობის გარეშე ჩემი ამბავი გაუგებარი იქნება თქვენთვის.

     დარბაზს, სადაც ამ თავგადასავლის სამი მოქმედი პირი იმყოფებოდა, ორი კარი ჰქონდა. ერთი კარი რაინს ჩაყოლებულ ანდერნახის გზაზე გადიოდა. იქ იდგა მეფაბრიკის მიერ სამოგზაუროდ დაქირავებული ნავი. მეორე კარი სასტუმროს ეზოში გადიოდა. ეზოს ძალიან მაღალი გალავანი ერტყა გარს და საქონლითა და ცხენებით იყო გაჭედილი. თავლებშიაც კი ხალხის ტევა აღარ იყო. ჭიშკარი ისე საგულდაგულოდ ჩაეხერგათ, რომ მის გაღებას იოლად ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ მასპინძელმა დიდვაჭარი და მენავეები დარბაზში ქუჩის მხარეს ჩატანებული კარიდან შემოიყვანა. და როცა ფანჯარა გამოაღო პროსპერ მანიანის თხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამ კარების დაკეტვასაც შეუდგა. ურდული გაამაგრა და ჭანჭიკები ჩახრახნა.

     მასპინძლის საძილე ოთახი, სადაც ორ უმცროს ექიმს უნდა დაეძინა, საერთო დარბაზის გვერდით მდებარეობდა და თხელი ტიხრით იყო გამოყოფილი სამზარეულოდან, რომელშიც, ალბათ, სასტუმროს დიასახლისი და მისი მეუღლე აპირებდნენ ღამის გათევას. მოახლე, ის-ის იყო, გაეშურა თავშესაფრის მოსაძებნად რომელიმე ბაგაში, სხვენის კუთხეში, ან კიდევ სადმე სხვაგან. როგორც ხედავთ, საერთო დარბაზი, პატრონის საძილე ოთახი და სამზარეულო ცოტა მოშორებით მდებარეობდა სასტუმროს დანარჩენი ნაწილისგან. ეზოში ორი დიდი ნაგაზი დაძუნძულებდა და მათი ბოხი ყეფა ფხიზელი და მრისხანე მცველების არსებობას იუწყებოდა.

     სასტუმროს პატრონმა კარის დაკეტვა დაასრულა. სიჩუმეს მდინარის ზვირთების შხაპუნიღა არღვევდა.

- რა სიწყნარეა, რა მშვენიერი ღამეა! - ცისკენ აღაპყრო თვალები ვილჰელმმა.

- ბატონებო, - მიმართა მეფაბრიკემ ორ ფრანგს, - ნება მომეცით, თქვენი ჭანარის დასასველებლად რამდენიმე ბოთლი ღვინო შემოგთავაზოთ. თქვენი გამომეტყველება და ჩაცმულობა ამჟღავნებს, რომ, ჩემი არ იყოს, კარგა მანძილი გამოგივლიათ.

     ორი მეგობარი დათანხმდა. მასპინძელი სამზარეულოს კარით გავიდა და გასწია სარდაფისაკენ, რაც, უეჭველია, შენობის იმ ნაწილის ქვემოთ იყო მოთავსებული. როდესაც პატრონმა ხუთი დიდად პატივცემული ბოთლი სუფრაზე დადგა, მისმა ცოლმაც უკანასკნელი კერძი მოიტანა, დიასახლისის თვალი მოავლო დარბაზსა და საჭმელს და, როცა დარწმუნდა, სტუმრების ყველა სურვილი დაკმაყოფილებულიაო, სამზარეულოში გავიდა.

     ოთხმა კაცმა, - ვინაიდან სასტუმროს პატრონიც მიიწვიეს, - ვერ გაიგო, თუ როგორ დაწვა დიასახლისი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როცა დუმილი ჩამოვარდებოდა ხოლმე მეინახეთა საუბარში, გაისმოდა ხმამაღალი ხვრინვა. ეს ხმა მკვეთრად ჟღერდა დაფაცხატებული ტიხრის მეოხებით, რომლის იქითაც ეძინა დიასახლისს. ამ ხვრინვაზე მეგობრებს ეღიმებოდათ, განსაკუთრებით კი, სასტუმროს პატრონს. შუაღამისას, როცა სუფრაზე დარჩა მხოლოდ ბისკვიტი, ყველი, ჩირი და კარგი ღვინო, ყველანი, უფრო მეტად კი ჭაბუკი ფრანგები, გულგახსნილნი გახდნენ. ახსენეს სამშობლო, სასწავლებელი, ომი. საუბარი გაჩაღდა. პროსპერ მანიანმა ცრემლი მოჰგვარა გამოქცეულ დიდვაჭარს, როდესაც პიკარდული გულწრფელობით, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანის გულუბრყვილობით მოიგონა დედა, ნეტავ რას აკეთებს ახლა, როცა მე აქ, რაინის პირას, ვიმყოფებიო...

- თვალწინ მიდგას დედაჩემი, - ამბობდა იგი, - მწუხრის ლოცვას კითხულობს ძილის წინ! რა თქმა უნდა, მე არ ვავიწყდები და თავის თავს ეკითხება, სად არის ახლა ჩემი პროსპერიო. თუ ქაღალდში მოუგო რამდენიმე სუ თავის მეზობელს, - დედაშენს, - ჩაურთო პროსპერმა და იდაყვი გაჰკრა ვილჰელმს, - ამ ფულს ჩაყრის წითელი თიხის დიდ ყულაბაში, სადაც აგროვებს საჭირო თანხას, ლეშვილში, მის პატარა მამულში შეჭრილი ოცდაათი არპანის მიწის შესაძენად. მიწა კარგი სამოცი ათასი ფრანკი მაინცა ღირს. ეჰ, რა მინდვრებია! ოდესმე რომ შემძლებოდა მისი შესყიდვა, მთელს ჩემს სიცოცხლეს ლეშვილში გავატარებდი და არად ჩავაგდებდი პატივმოყვარულ მისწრაფებებს. რამდენჯერ უნატრია მამაჩემს ეს ოცდაათი არპანი და მშვენიერი ნაკადული, იქ რომ მიიკლაკნება! რომ იცოდეთ, რამდენჯერ მითამაშია იქ!

- ბატონო ვალენფერ, ნუთუ თქვენ არ გაგაჩნიათ თქვენი hoc erat in votis? - შეეკითხა მეფაბრიკეს ვილჰელმი.

- დიახ, როგორ არა, ბევრი! მათ ასრულებას თითქმის აღარაფერი მიკლდა, მაგრამ ახლა...

     ვალენფერი გაჩუმდა, წინადადება აღარ დაასრულა.

- მე კი, - წარმოთქვა მასპინძელმა, რომელსაც სახე ოდნავ შეჟინჟღილებოდა, - მიწის ერთ ნაკვეთზე ვოცნებობდი მთელი ათი წელი და შარშან, როგორც იყო, ვიყიდე.

     ამგვარად საუბრობდნენ. როგორც ხდება ხოლმე, ღვინომ ენა გაუხსნა მათ. ერთმანეთის მიმართ განიმსჭვალნენ კიდეც იმ ნაუცბათევი მეგობრობის გრძნობით, რასაც მაინცდამაინც არ ვიშურებთ მოგზაურობის დროს. ამიტომაც, როცა დასაძინებლად მოემზადნენ, ვილჰელმმა თავისი საწოლი მეფაბრიკეს შესთავაზა.

- მშვიდად მოისვენეთ ჩემს საწოლზე, მითუმეტეს, რომ მე შემიძლია პროსპერთან დავწვე. ეს არ იქნება არც პირველად და, ალბათ, არც უკანასკნელად. თქვენ ჩვენზე უფროსი ბრძანდებით, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, პატივისცემით მოვეპყრათ ხანდაზმულობას.

- მოიცათ, - წამოიძახა მასპინძელმა, - ჩემი ცოლის საწოლზე რამდენიმე ლეიბი აგია, ერთი თქვენ დაიგეთ.

     იგი ფანჯრის მისახურად გაემართა და ამ კეთილგონიერი მოქმედების განხორციელებისას ხმაური ატეხა.

- თანახმა ვარ, - მიუგო დიდვაჭარმა, - უნდა გამოგიტყდეთ, - ხმა დაიდაბლა და შეხედა ორ მეგობარს, - რომ მაგას კიდეც ვნატრობდი. განა რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო, რომ ღამე გავათიო ორ კეთილსა და პატიოსან ყმაწვილთან ერთად, ორ ფრანგ მეომართან! მერედა, ყუთში ასი ათასი ფრანკის ოქრო და ბრილიანტი მიწყვია.

     მის გაუფრთხილებელ აღსარებას ორი ახალგაზრდა გულითადი თავშეკავებულობით შეხვდა, რამაც კეთილი გერმანელი დააშოშმინა. სასტუმროს პატრონმა მგზავრებს ლოგინის გაშლაში უშველა და, როცა ყველაფერი შეძლებისდაგვარად მოწესრიგდა, თვითონაც დასაწოლად გაეშურა. მეფაბრიკესა და უმცროს ექიმებს თავთავიანთ ბალიშებზე ეცინებოდათ; პროსპერმა საკუთარი და ვილჰელმის ქირურგიული იარაღები მუთაქის ნაცვლად თავქვეშ ამოიდო, ხოლო ვალენფერმა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, თავისი ყუთი სასთუმალქვეშ დაიდო.

- ორთავენი ჩვენ-ჩვენს სიმდიდრეზე ვიძინებთ; თქვენ - თქვენს ოქროზე, მე კი - ჩემს იარაღებზე. ნეტავ ვიცოდე, ჩემი იარაღები იმდენ ოქროს თუ მაშოვნინებენ, რამდენიც თქვენ შეგიძენიათ?

- იმედი იქონიეთ, - უპასუხა ვაჭარმა, - შრომით და პატიოსნებით ყველაფერს მიაღწევთ. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო.

     ვალენფერსა და ვილჰელმს მაშინვე ჩაეძინათ. პროსპერ მანიანს კი თვალზე რული არ ეკარებოდა: იქნებ იმიტომ, რომ მეტისმეტად მაგარ საწოლზე იწვა, ან იქნებ უკიდურესი დაღლილობა არ აძინებდა, ანდა, შესაძლოა, სულიერი განწყობილების საბედისწერო შემოტრიალება იყო ამის მიზეზი. შეუმჩნევლად, მისმა ფიქრებმა ბოროტი მიმართულება მიიღო. აეკვიატა ფიქრი იმ ასი ათას ფრანკზე, მეფაბრიკეს რომ ედო თავქვეშ.

     პროსპერისთვის ასი ათასი ფრანკი უდიდეს განძს წარმოადგენდა და ეს განძი მის ცხვირწინ იდო. ათასნაირად გამოიყენებდა. ფიქრებმა გაიტაცა; ისევე აგებდა ოცნების კოშკებს, როგორც ყოველი ჩვენთაგანი აგებს მათ თვლემის დროს, როცა ჩვენი გონება რაღაც გაურკვეველ საგნებს წარმოშობს და როცა ღამის დუმილში აზრი ჯადოსნური ძლიერებით იმოსება.

     აგერ, პროსპერი დედის ყოველ სურვილს ასრულებს; ყიდულობს ოცდაათ არპან მიწას, ცოლად ირთავს ბოვეელ ქალიშვილს, ვისზედაც ფიქრს აქამდე ქონებრივი უთანასწორობა უშლიდა ხელს. ამ თანხით ყოველგვარ ნეტარებას მიიღებს ცხოვრებაში. აი, იგი ოჯახის მამაა, მდიდარი, თავის მხარეში დიდად პატივცემული და, ვინ იცის, იქნებ ბოვეს მერიც.

     მისი პიკარდიული წარმოდგენა აღიგზნო. ახლა იმაზე იტეხდა თავს, რა ღონე ეხმარა, რათა ფიქცია რეალობად ექცია. იგი არაჩვეულებრივად მგზნებარებით შეუდგა ბოროტმოქმედების თეორიული გეგმის შემუშავებას.

     დიდვაჭარმა სული განუტევა. პროსპერი აშკარად ხედავს ოქროსა და ბრილიანტებს. მათი ელვარება თვალს უბნელებს. გულს ბაგაბუგი გააქვს. გაფიქრებაც კი უკვე ბოროტმოქმედებაა. ოქროს გროვით მოჯადოებულს მკვლელის მოსაზრებები თავბრუს ახვევს. თავის თავს ეკითხება, ამ საწყალ გერმანელს ნეტავ რაღად უნდა სიცოცხლეო. თან გაიფიქრა, მაგას ხომ არც არასოდეს უცხოვრიაო. ერთი სიტყვით, ბოროტმოქმედება უნდა ჩაიდინოს და სასჯელსაც გადაურჩეს. რაინის მეორე მხარეს პრუსიელები დაპატრონებიან. ფანჯრებს ქვემოთ ნავია და სწორედ მენავეები გამოსჭრიან ყელს ფაბრიკის პატრონს. გვამს რაინში გადაისვრის. ყუთს აიღებს და ფანჯრიდან გადახტება. პროსპერი იმდენად შეიპყრო ამ ფიქრებმა, რომ საკუთარი მოხერხებულობის გამოცდა დაიწყო; როგორ გამოიყენებდა ქირურგიულ იარაღებს, თავს მოჭრიდა მსხვერპლს ისე, რომ იგი კრინტის დაძვრასაც ვერ მოასწრებდა.

     აქ ბატონმა ტაიფერმა შუბლი მოიწმინდა და ცოტა წყალი კიდევ შესვა.

     პროსპერი ნელ-ნელა, ჩუმად ადგა. როცა დარწმუნდა, არავინ გამიღვიძებიაო, ტანთ ჩაიცვა და საერთო დარბაზში გავიდა. შემდეგ იმ საბედისწერო გუმანით, უეცრად რომ ეღვიძებათ ადამიანებს, მძაფრი ალღოთი და მტკიცე ნებისყოფით, რაც გეგმების განხორციელებისას არასოდეს ღალატობს პატიმრებსა და ბოროტმოქმედებს, რკინის ურდული ბუდეებიდან ამოიღო ყოველგვარი ხმაურის გარეშე, კედელთან მიაყუდა და რომ ჭრიალი არ დაეწყო, დარაბების სახსრებს დააწვა და ისე გამოაღო. მთვარემ თავისი ფერმკრთალი შუქი შემოანათა და პროსპერმა შეძლო საგნების გარჩევა იმ ოთახში, სადაც ვილჰელმსა და ვალენფერს ეძინათ. ამ წუთას, როგორც შემდეგში მითხრა მან, გული თურმე ისე ძლიერ უცემდა, ისე ღრმად, ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, რომ თავზარი დასცემია, ვაითუ გულგრილად ვეღარ ვიმოქმედოო. ხელები უკანკალებდა, ფეხისგულები ეწვოდა, თითქოს აგიზგიზებულ ნახშირზე უდგასო. მიუხედავად ამისა, განზრახვა ისე ბედნიერად უსრულდებოდა, რომ ეს ქუდბედობა მან განგების მფარველობას მიაწერა. ფანჯარა გამოაღო, მიბრუნდა ოთახში, იარაღების ყუთს დასწვდა, შეარჩია დანაშაულის დასაგვირგვინებლად ყველაზე მეტად შესაფერი იარაღი. საწოლს მივუახლოვდი, - მითხრა მან, - და ჩემი თავი ანგარიშმიუცემლად ღმერთს მივანდე. მოუკრებია რაც ძალი და ღონე ჰქონდა და თურმე, როცა ასწია ხელი, შინაგანი ხმა შემოესმა; თითქოს სინათლემაც გაუელვა თვალწინ. თავის საწოლზე დააგდო იარაღი, მეორე ოთახში გავარდა და სარკმელს მიადგა. უღრმესი ზიზღით განიმსჭვალა საკუთარი თავისადმი. ისიც იგრძნო, რომ ნებისყოფა ჯერაც არ განმტკიცებოდა. შეეშინდა, კიდევ არ აჰყოლოდა ცთუნებას, რისი მსხვერპლიც გამხდარიყო. სწრაფად გადახტა გზაზე. გაჰყვა რაინის ნაპირს. სასტუმროს წინ გუშაგივით მიმოდიოდა. აჩქარებული ნაბიჯით ხან ანდერნახამდე ჩადიოდა. იმ ფერდობამდეც კი მიაღწია, საიდანაც მეგობრები სასტუმროსკენ დაეშვნენ. ღამის ისეთი სიჩუმე იყო გამეფებული, ისე ენდობოდა მოდარაჯე ძაღლებს, რომ ღიად დატოვებული ფანჯარა ხშირად ეკარგებოდა თვალთახედვიდან. ცდილობდა ძლიერ დაღლილიყო და ძილი მორეოდა.

     დახეტიალობდა იგი მოწმენდილი ცის ქვეშ, შესცქეროდა თვალციმციმა ვარსკვლავებს, სუნთქავდა ღამის კამკამა ჰაერით, უსმენდა მდინარის მელანქოლიურ ჩუხჩუხს და ნელ-ნელა იძირებოდა ფიქრებში, ემორჩილებოდა კეთილ აზრებს. ბოლოს და ბოლოს, გონებამ მთლად გაჰფანტა უცაბედი თავდავიწყება. აღზრდით მიღებულმა ჩვევებმა, რელიგიურმა რჩევა-დარიგებებმა, განსაკუთრებით კი, - განმიმარტა მან, - მამისეული სახლის ჭერქვეშ გატარებული უმწიკვლო ცხოვრების მოგონებებმა დაამარცხეს ეს ბოროტი ზრახვანიო.

     რაინის პირას დიდ ლოდზე დაყრდნობილი დიდხანს ყოფილა ჩაძირული ღრმა ფიქრებში, შემდეგ გონს მოსულა და როგორც თავად მითხრა, - უკვე შემეძლო დამეძინა კი არა, მედარაჯნა კიდეც ერთი მილიარდი ოქროსთვისო.

     და როცა მისი პატიოსნება, ამაყი და ძლიერი, გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან, იგი აღტყინებული და ბედნიერი მუხლებზე დაემხო, მადლობა შესწირა ღმერთს. იყო მოცული სიხარულით, ლაღი და კმაყოფილი, ვით ზიარების პირველ დღეს, როცა ეგონა ანგელოზთ დავედარეო, რადგან მთელი დღის განმავლობაში არ შეუცოდავს არცა სიტყვითა, არცა საქმითა და არცა აზრით.

     სასტუმროში დაბრუნდა. ფანჯარა გაბედულად მიხურა, რადგან დაჭრიალების აღარ ეშინოდა. მაშინვე ლოგინში ჩაწვა. სულ-ხორცით მოთენთილი მინებდა ძილს. სულ მალე მიეცა ფანტასტიური მოჩვენებებით აღვსილ თვლემას, რაც მუდამ წინ უსწრებს ღრმა ძილს. ამ დროს გრძნობები გვიჩლუნგდება, სიცოცხლე თანდათან გვშორდება, აზრი გვეფანტება და აღქმის უკანასკნელი შეფრთხიალება სიზმარი გვგონია.

- რა მძიმე ჰაერია, - თავისთვის ჩაილაპარაკა პროსპერმა, - ასე მგონია, ორთქლს ვისუნთქავ.

     ბუნდოვნად გაუელვა აზრმა, მინდვრის სუფთა ჰაერის შემდეგ, ალბათ, ოთახის ტემპერატურა ახდენს ჩემზე ასეთ გავლენასო. ცოტაც და რაღაც თანაბარი ხმები შემოესმა, - ონკანიდან ჩამოსული წყლის წვეთების დაცემას ჰგავდა. შიშისგან თავზარი დაეცა, დააპირა, ავდგები, სასტუმროს პატრონს დავუძახებ. გავაღვიძებ მეფაბრიკეს ან ვილჰელმსო, მაგრამ მაშინვე თავისდა საუბედუროდ, კედლის ხის საათი მოაგონდა, ეს ხმაური ქანქარის მოძრაობის ხმას მიამსგავსა და ამ გაურკვეველი, ბუნდოვანი შეგრძნებით შეპყრობილს ჩაეძინა კიდეც.

- წყალს ხომ არ ინებებ, ბატონო ტაიფერ? - შეეკითხა მასპინძელი სურსათის მიმწოდებელს, რომელმაც დაუფიქრებლად აიღო სურა.

     სურა ცარიელი დახვდა.

     ბანკირის შეკითხვით გამოწვეული ხანმოკლე პაუზის შემდეგ ბატონმა ჰერმანმა თხრობა განაგრძო.

     მეორე დილას პროსპერ მანიანი დიდმა ხმაურმა გამოაღვიძა. თითქოს საზარელი კივილი ჩაესმა და კვლავ საშინლად აუთრთოლდა ნერვები, რაც მაშინ გვემართება, როცა გამოღვიძებისას ჯერ კიდევ შეპყრობილი ვართ დაძინებისას მიღებული განცდებით. ჩვენში ერთგვარი ფიზიოლოგიური აქტი ხდება; მდაბიო ენით რომ ვთქვათ, შევხტებით ხოლმე. ეს მეცნიერებისათვის საყურადღებო ფენომენი ჯერჯერობით საკმაოდ შესწავლილი არ გახლავთ. ძილში ერთმანეთისგან გათიშული ორი საწყისის შეერთებით აღძრული საზარელი შეშფოთება ადამიანს, ჩვეულებრივ, სწრაფად გაუვლის ხოლმე. საბრალო უმცროს ექიმს კი შეშფოთება უფრო მეტად გაეზარდა, გაუხანგრძლივდა, უკიდურეს, თავზარდამცემ შეძრწუნებად გადაექცა, როდესაც თავის ლეიბსა და ვილჰელმის საწოლს შორის სისხლის ტბას მოჰკრა თვალი. უბედური გერმანელის თავი იატაკზე ეგდო, ხოლო ტანი - საწოლში. სისხლს ყელიდან ამოეხეთქა.

     დაინახა თუ არა დიდვაჭრის ჯერ კიდევ გახელილი, დაჭყეტილი თვალები, სისხლი, რომელშიც ამოსვრილიყო მისი ზეწრები და ხელებიც კი, საწოლზე დაყრილი ქირურგიული იარაღები, პროსპერ მანიანს გული შეუღონდა და ვალენფერის სისხლში ჩაემხო. მან მითხრა, ჩემთვის ეს უკვე იყო დასჯა ბოროტი ზრახვებისთვისო.

     როდესაც გონს მოვიდა, დაინახა, საერთო დარბაზში გადაეყვანათ. სკამზე იჯდა, გარს ფრანგი ჯარისკაცები ეხვია. თავზე ვიღაც-ვიღაცეები დასდგომოდნენ და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი დაჟინებით დასცქეროდნენ. პროსპერმა მზერა შეავლო რესპუბლიკის არმიის ოფიცერს, მოწმეთა დაკითხვას რომ აწარმოებდა და, ჩანდა, ოქმს ადგენდა. იცნო სასტუმროს პატრონი, მისი ცოლი, მოახლე, ორი მენავე, ქირურგიული იარაღი, მკვლელს რომ ეხმარა...

     ბატონმა ტაიფერმა ჩაახველა, ცხვირსახოცი ამოიღო, მოიწმინდა ცხვირი, შუბლი. ეს საკმაოდ ბუნებრივი მოძრაობა ჩემს მეტს არავის შეუნიშნავს. ყველას ბატონი ჰერმანისთვის მიეპყრო თვალი და ყველა ხარბად უსმენდა. ტაიფერი მაგიდას იდაყვით დაეყრდნო, თავი მარჯვენა ხელს დაანდო და მთხრობელს მიაშტერდა. ამის შემდეგ მის მოქმედებას აღელვების ნატამალიც არ დასტყობია: არც განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებდა. მხოლოდ დაფიქრებული იჯდა და სახეზე ისევ ისეთი მიწისფერი ედო, როგორც მაშინ, როცა სურის საცობს ათამაშებდა ხელში.

     მკვლელის იარაღი პროსპერის ქირურგიულ ყუთთან, პორტფელთან და დოკუმენტებთან ერთად მაგიდაზე იდო. დამსწრე საზოგადოება თვალს არ აცილებდა ნივთიერ საბუთებსა და სიკვდილის პირას მისულ ყმაწვილ კაცს, რომელსაც თითქოს თვალის ჩინი დაშრეტოდა. ქუჩიდან გაურკვეველი გუგუნი მოისმოდა; ალბათ, ბოროტმოქმედების ამბავს მოეზიდა ბრბო სასტუმროს წინ. შესაძლოა, მკვლელის დანახვის სურვილსაც. დარბაზის ფანჯრების ქვემოთ დაყენებულ გუშაგთა ნაბიჯები, მათი თოფების ჩხაკაჩხუკი ხალხის ქოთქოთს ფარავდა. კარიბჭეგადარაზული ეზო დუმილს მოეცვა.

     პროსპერ მანიანმა თვალი ვერ გაუსწორა ოფიცერს, რომელსაც დაკითხვა მიჰყავდა. უცბად იგრძნო, ხელზე ვიღაცამ მოუჭირა ხელი. თვალი აახილა, ნეტავ ამ მტრულად განწყობილ საზოგადოებაში ჩემზე გული ვისღა შესტკივნიაო. ფორმაზე მიხვდა, ანდერნახში დაბანაკებული ნახევარბრიგადის მთავარი ქირურგი იქნებაო. მაგრამ მის მფარველს ისეთი გამსჭვალავი, ისეთი მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, რომ საბრალო ბიჭს ააკანკალა და თავი სკამის ზურგზე გადაუვარდა. ჯარისკაცმა ძმარი აყნოსა. პროსპერი უმალვე მოსულიერდა. ქირურგმა შენიშნა, დაბნეულ მზერაში სიცოცხლისა და გონიერების ნიშანწყალიც კი არ მოჩანდა და მაჯა გაუსინჯა. შემდეგ ოფიცრებს განუცხადა: - კაპიტანო, ამ კაცის დაკითხვა ამჟამად შეუძლებელია...

- კარგი, წაიყვანეთ, - სიტყვა გააწყვეტინა ქირურგს კაპიტანმა და თავის ზურგსუკან მდგომ კაპრალს უბრძანა.

- ბილწო მშიშარავ! - ჩურჩულით უთხრა ჯარისკაცმა პროსპერს, - ეცადე, მხნედ მაინც გაიარო წყეული გერმანელების წინ, ნუ არცხვენ რესპუბლიკას.

     ჯარისკაცის სიტყვებმა პროსპერ მანიანი გამოაფხიზლა; წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, როცა გაღებულ კარში სუფთა ჰაერმა დაუბერა, გარედან შემოსულ ხალხს თვალი მოჰკრა, ძალა წაერთვა, მუხლთ მოეკვეთა და წაბარბაცდა.

- ორგზის სიკვდილის ღირსია ეს ოხერი ექიმბაში! ჰა, გადადგი ფეხი, - ჩასჩიჩინებდა პროსპერს ორი ჯარისკაცი, რომლებიც მხარში ამოუდგნენ, რომ არ დაცემულიყო.

- ოჰ, აი, ის უსინდისო! ზნედაცემული! ის არის! აგერ ის! აი, ის!

     პროსპერს ეჩვენებოდა, რომ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა მხოლოდ ერთი ხმა: ეს ხმა აღმოხდა მშფოთვარე ბრბოს, რომელიც მას წყევლა-კრულვით აცილებდა და რომლის რიცხვიც ყოველ ნაბიჯზე იზრდებოდა. სასტუმროდან ციხეში გადაყვანისას ბრბოსა და ჯარისკაცების ფეხთა ტყაპუნი, ხალხის ზუზუნი, ცის სილაჟვარდე, ჰაერის სიგრილე, ანდერნახის მიდამოები, რაინის ლიკლიკი უმცროსი ექიმის სულში ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, იმ გრძნობების მსგავსს, რასაც იგი გამოღვიძების შემდეგ განიცდიდა. პროსპერი მეუბნებოდა, ხანდახან ისე მეგონა, თითქოს აღარც კი ვარსებობდიო.

     იმ ხანებში მე ციხეში ვიჯექი, - შეწყვიტა ამბავი ჰერმანმა, - როგორც მოგეხსენებათ, ოცი წლისანი ყველანი ენთუზიასტები ვართ და ჩემი ოცნება გახლდათ, დამეცვა სამშობლო. ანდერნახის მიდამოებში თავი მოვუყარე თავისუფალ რაზმეულს და სათავეში ჩავუდექი კიდეც. რამდენიმე დღის წინათ, სანამ პროსპერს დააპატიმრებდნენ, ღამით, რვაასი კაცისგან შემდგარ ფრანგულ ნაწილს ხელში ჩავუვარდი. ჩვენ ორასი ძლივს ვიყავით. ჩემმა მსტოვრებმა გამყიდეს.

     ანდერნახის ციხეში ჩამაგდეს. ხალხის დასაშინებლად დახვრეტას მიპირებდნენ. ფრანგები ცდილობდნენ რეპრესიებისთვის მიემართათ, მაგრამ მკვლელობა, რისი ჯავრიც რესპუბლიკელებს ჩემზე უნდა ეყარათ, კურფიუსტის სამფლობელოში არ იყო ჩადენილი. მამაჩემმა სასჯელის სისრულეში მოყვანა სამი დღით გადაადებინა, რათა გენერალ ოჟეროს ხლებოდა და ჩემი შეწყალება ეთხოვა მისთვის. მიზანს მიაღწია.

     ამგვარად, მე ვნახე პროსპერ მანიანი მაშინ, როცა იგი ანდერნახის ციხეში შემოიყვანეს. ძალიან შემეცოდა. აღარც ადამიანის ფერი ედო, მისუსტებულიც იყო, სისხლში ამოსვრილიც, მაინც ისეთი გულწრფელი და უბიწო გამომეტყველება შევნიშნე სახეზე, რომ საშინლად ავღელდი. მის გრძელ, ქერა თმაში, მის ლურჯ თვალებში გერმანიის სუნთქვა შევიგრძენი. ყმაწვილი ჭეშმარიტი სურათი გახლდათ ჩემი ღონემიხდილი სამშობლოსი; იგი მსხვერპლი იყო და არა მკვლელი.

     ჩემი სარკმლის ქვეშ რომ გაატარეს, მწარედ და მელანქოლიურად გაიღიმა, როგორც გიჟმა, რომელსაც უეცრად გაუელვა გონების სხივმა. ეს ღიმილი, რა თქმა უნდა, არ იყო მკვლელის ღიმილი. ჩემთან შემოსულ მედილეგეს ახალი პატიმრის ამბავი ვკითხე.

- რაც საკანში შეიყვანეს, კრინტიც არ დაუძრავს. ზის ხელებში თავჩარგული. ან ძინავს, ან ფიქრობს. ფრანგებს თუ დაეჯერებათ, განაჩენს ხვალ დილასვე გამოუტანენ, ხოლო ოცდაოთხ საათში დახვრეტენ.

     საღამოს, ციხის ეზოში სასეირნოდ განკუთვნილი მოკლე დრო მისი სარკმლის ქვეშ გავატარე. საუბარი გავაბით. მან მიამიტად მიამბო თავისი თავგადასავალი. შეკითხვებზე საკმაოდ ზუსტი პასუხები მომცა. პირველივე საუბრის შემდეგ მის უდანაშაულობაში ეჭვი აღარ მეპარებოდა. ვითხოვე, ნება მომეცით, რამდენიმე საათი გავატარო მასთან ერთად-მეთქი. ნება დამრთეს. ამრიგად, რამდენჯერმე შევხვდი მას და საწყალმა ბავშვმა გულის ნადები გადამიშალა. თავს უცოდველადაც თვლიდა და დამნაშავედაც. იგონებდა, რა საშინელი ცთუნების დაძლევა მოუხდა. შიშობდა, ვაითუ ძილში, ან სამთვარიოდ შეპყრობილმა ჩავიდინე ბოროტმოქმედება. რაზედაც დაძინებამდე, ცხადლივ ვოცნებობდიო.

- თქვენი მეგობარი - შევეკითხე პროსპერს.

- ოჰ, - მგზნებარედ შესძახა მან, - ვილჰელმს არ შეეძლო... - სიტყვის დასრულებაც კი ვერ შეძლო. ამ ჭაბუკური, სათნოებით აღსავსე აღშფოთების გამო ხელი ჩამოვართვი პროსპერს. - როცა გამოეღვიძა, ალბათ, შეძრწუნდა, თავგზა აებნა და გაიქცა.

- და თქვენ არ გაგაღვიძათ? - წარმოვთქვი მე, - თუკი ფულის ყუთი არავის მოუპარავს, თქვენი დაცვა იოლია.

     მან ერთბაშად ცრემლი გადმოაფრქვია.

- დიახ, მე უდანაშაულო ვარ, - შეჰყვირა პროსპერმა, - არ მომიკლავს. ახლა სიზმარიც გამახსენდა. ჩემს კოლეჟელ ამხანაგებთან დაჭერობანას ვთამაშობდი. აბა, როგორ მოვჭრიდი კაცს თავს, თუკი სიზმარში ვხედავდი, რომ დაჭერობანას ვთამაშობდი.

     ხანდახან იმედის შუქი ცოტაოდენ სიმშვიდეს უბრუნებდა და სულ მალე კვლავ სინდისის ქენჯნა ეუფლებოდა. დიაღაც, აღმართა ხელი მეფაბრიკის თავის მოსაკვეთად. საკუთარ თავს ბრალსა სდებდა და გული, სპეტაკი გული, ვეღარ ეპოვნა, რამეთუ გონებით მაინც ჩაიდინა ბოროტმოქმედება.

- მერედა, რა კეთილი გული მაქვს! - გმინავდა იგი, - ოჰ, ჩემო საცოდავო დედავ! ვინ იცის, იქნებ ახლა თავის პაწია ხალიჩებიან სასტუმრო ოთახში მეზობლებთან იმპერიალს მხიარულად თამაშობს. ყურიც რომ მოჰკრას, მე მარტოოდენ ხელი აღვმართე კაცის მოსაკლავად... ოჰ, მაშინვე სულს განუტევებს! მე კი ციხეში ვზივარ და მკვლელობა მედება ბრალად. და თუ მეფაბრიკე არ მომიკლავს, დედაჩემს უეჭველად მოვკლავ.

     ამ სიტყვებზე იგი აღარ ატირებულა, მაგრამ პიკარდიელებისათვის დამახასიათებელი ხანმოკლე და მძაფრი მრისხანებით შეპყრობილი კედელთან მიიჭრა და რომ არ შემეჩერებინა, თავს გაიხეთქავდა.

- დაუცადეთ სასამართლოს, - ვაშოშმინებდი მას, - გაგამართლებენ. თქვენ ხომ უდანაშაულო ხართ, და დედათქვენი...

- დედაჩემი... - წამოიყვირა მან, - დედაჩემს, უპირველეს ყოვლისა, ჩემს ბრალდებას შეატყობინებენ. პატარა ქალაქებში ასე იციან. საბრალო ქალი დარდით მოკვდება. თანაც მე ხომ უდანაშაულო არა ვარ, გსურთ გაიგოთ მთელი სიმართლე? ვგრძნობ, დავკარგე სინდისის სისპეტაკე.

     წარმოთქვა ეს საზარელი სიტყვები, მერე ჩამოჯდა, გულხელი დაიკრიფა, თავი დახარა და იატაკს პირქუშად დააშტერდა. ამ დროს მედილეგე შემოვიდა და მთხოვა, საკანში დავბრუნებულიყავი. უსაზღვრო სასოწარკვეთილებით შეპყრობილი ამხანაგის მიტოვებამ გული დამწყვიტა, ძმურად გადავეხვიე და ვუთხარი: - მოითმინეთ, იქნებ ყველაფერი კეთილად დასრულდეს. თუკი პატიოსან ადამიანს შეუძლია დაგიყუჩოთ სინდისის ქენჯნა, გწამდეთ, რომ პატივისცემის გრძნობითა ვარ თქვენს მიმართ გამსჭვალული და მიყვარხართ კიდეც. მეგობრად მიგულეთ და ჰპოვეთ ჩემს გულში სიმშვიდე, თუ საკუთარ გულში ვერ გიპოვნიათ იგი.

     მეორე დღეს, ცხრა საათზე, კაპრალი და ოთხი ჯარისკაცი უმცროსი ექიმის წასაყვანად გამოცხადდნენ. ჯარისკაცების ხმაურზე სარკმელთან მივედი. ახალგაზრდა კაცი ეზოში გამოვიდა და ჩემი საკნისკენ გამოიხედა. არასოდეს დამავიწყდება მისი მწუხარებითა და წინათგრძნობით გამსჭვალული, ბედს დამორჩილებული მზერა, მომხიბვლელად სევდიანი და მელანქოლიური. ეს გახლდათ მდუმარე და მრავლისმეტყველი ანდერძი ადამიანისა, თავის დაღუპულ სიცოცხლეს რომ გადასცემს უკანასკნელ მეგობარს. ალბათ, მეტად მძიმე იყო ეს ღამე პროსპერისათვის; ალბათ, მწარედ განიცდიდა მარტოობას. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მისი პირისახის სიფერმკრთალე, საკუთარი თავისადმი ახლად აღმოცენებული პატივისცემის გრძნობისგან წარმოშობილი, ჭაბუკის სტოიციზმის დამადასტურებელი იყო. იქნებ განიწმინდა იგი სინდისის ქენჯნით და გადაწყვიტა, ტანჯვითა და თავის შერცხვენით ჩამოერეცხა დანაშაული. მიდიოდა მტკიცე ნაბიჯით. შემთხვევით მოცხობილი სისხლის ლაქები დილითვე მოეშორებინა ხელებიდან.

- ხელები, ღამით საბედისწეროდ ამომსვრია სისხლში, რადგანაც ძილში ძალიან ვბორგავ ხოლმე, - განწირული ხმით მითხრა მან წინა დღეს.

     გავიგე, სამხედრო ტრიბუნალში მიჰყავდათ იგი. დივიზია მეორე დღეს უნდა დაძრულიყო ადგილიდან და ნახევარბრიგადის მეთაურს არ სურდა, ისე დაეტოვებინა ანდერნახი, რომ არ დაესაჯა დამნაშავე იქ, სადაც დანაშაული ჩაიდინა... სანამ სამხედრო საბჭო მიმდინარეობდა, ჩემს ღელვას საზღვარი არ ჰქონდა.

     ნაშუადღევს პროსპერ მანიანი ციხეში დააბრუნეს. სწორედ ამ დროს გამოვყავდით სასეირნოდ. მან თვალი მომკრა, მომიახლოვდა და გულში ჩამეკონა.

- დავიღუპე, - მითხრა პროსპერმა, - საბოლოოდ დავიღუპე! აქ ყველა მკვლელად ჩამთვლის.

     თავი ამაყად ასწია ზევით.

- ამ უსამართლობამ დამიბრუნა ჩემი სრული უდანაშაულობის გრძნობა. მთელი სიცოცხლე ტანჯვაში უნდა გამეტარებინა. სიკვდილი კი უებარი იქნება ჩემთვის. მაგრამ არსებობს კი მომავალი ცხოვრება?

     ამ უცაბედად წამოჭრილ კითხვაში მთელი მეთვრამეტე საუკუნე გამომჟღავნდა.

     იგი ჩაფიქრდა.

- ბოლოს და ბოლოს, რა გკითხეს? - მივმართე მას, - ან რა უპასუხეთ? ხომ არ გადაუშალეთ ყველაფერი ისევე გულუბრყვილოდ, როგორც მე მომიყევით? ერთხანს დამაშტერდა; შემაძრწუნებელი დუმილის შემდეგ ციებცხელებიანივით, სხაპასხუპით მომიგო: - ჯერ შემეკითხნენ, ღამით სასტუმროდან ხომ არ გამოსულხართო? მე ვუპასუხე, დიახ-მეთქი. საიდან გამოხვედითო? გავწითლდი და ვუთხარი, ფანჯრიდან-მეთქი. მაშ, თქვენ ფანჯარა გააღეთო? - დიახ, ვუპასუხე. ძალიან ფრთხილად კი მოქცეულხართ, სასტუმროს პატრონს არაფერი გაუგონიაო. თავზარი დამეცა. მენავეებმა განაცხადეს, რომ დაინახეს, როგორ მივეშურებოდი ხან ანდერნახისკენ, ხან ტყისკენ. ბევრჯერ წავიდ-წამოვიდაო, თქვეს, მიწაში თუ ჩაფლა ოქრო და ბრილიანტებიო. თანაც, ვერც მეფაბრიკის ყუთი უპოვნიათ. ამასთან, მეც სულ საკუთარ სინდისს ვებრძოდი. ხმის ამოღებას დავაპირებდი თუ არა, „შენ დანაშაულის ჩადენა გსურდა“ - ჩამძახოდა ულმობელი ხმა. ყოველივე ჩემს წინააღმდეგ ამხედრდა, თვით მეც კი... ახლა ამხანაგზე ჩამომიგდეს სიტყვა. სრულიად ავუკრძალე მასზე ლაპარაკი. მაშინ მითხრეს: „დამნაშავე უნდა მოიძებნოს თქვენს, თქვენს ამხანაგსა, სასტუმროს პატრონსა და მის ცოლს შორის. ამ დილას ყველა ფანჯარა და კარი დაკეტილი აღმოჩნდა“. ხმა ჩამიწყდა, ძალა წამერთვა, ძლივსღა ვღაფავდი სულს. თანაც მეგობრისა საკუთარ თავზე მეტადა მწამდა და ბრალს ხომ ვერ დავდებდი. მივხვდი, მკვლელობის თანამოზიარეებად გვთვლიდნენ და მე, ჩემს მეგობარზე მოუხერხებლად მივაჩნდი. გადავწყვიტე, სამთვარეო სენით ამეხსნა დანაშაული და მეგობარი გამემართლებინა. რაღაცას ვჩმახავდი. დავიღუპე. მოსამართლეების თვალებში განაჩენი ამოვიკითხე. ისიც კი ვერ შეძლეს, უნდობლობის გამომხატველი ღიმილი არ გამოეჩინათ. ყველაფერი გათავდა. ხვალ დამხვრეტენ. ჩემს თავზე სულაც არ ვნაღვლობ. დედაჩემის ჯავრი მკლავს!

     პროსპერი შეჩერდა. თვალი ცისკენ აღაპყრო. ცრემლი არ გადმოსცვივდა. ცრემლი გაშრობოდა და ქუთუთოები ძლიერად უთრთოდა.

- ფრედერიკ!..

- ჰო, მართლა, მეორეს ფრედერიკი ერქვა, ფრედერიკი! დიახ, სწორედ ეს იყო მისი სახელი! - გამარჯვებული სახით შეჰყვირა ბატონმა ჰერმანმა.

     მეზობელმა ქალმა ფეხი გამკრა და ტაიფერზე მანიშნა.

     სურსათის ყოფილ მომწოდებელს, ვითომდაც არაფერიაო, თვალებზე აეფარებინა ხელი; მაგრამ ჩვენ თითქოს შევნიშნეთ, რომ თითებს შორის მისი თვალები პირქუშ ცეცხლს აფრქვევდნენ.

- რა იქნება, -ჩამჩურჩულა ქალმა, - მაგას ფრედერიკი რომ ერქვას.

     პასუხის ნაცვლად თვალით ვანიშნე: «სიჩუმე!»

     ჰერმანმა განაგრძო: - ფრედერიკმა, - წამოიძახა უმცროსმა ექიმმა, - უსინდისოდ მიმატოვა. ალბათ, შეეშინდა. შესაძლებელია, სასტუმროში დაიმალა კიდეც. ჩვენი ცხენები ხომ ეზოში იყვნენ იმ დილას. რა მიუწვდომელი საიდუმლოებაა! - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დასძინა მან, - სამთვარიო, სამთვარიო! ჩემს სიცოცხლეში ერთხელ მომიარა ამ სენმა და ისიც ექვსი წლის რომ ვიყავი, მაშინ. წავალ აქედან, - განაგრძო მან და მიწას დაჰკრა ფეხი, - წავიღებ კი თან ყველაფერს იმას, რასაც მეგობრობა მოგვიძღვნის ამქვეყნად? მეორედ მოვკვდები, თუ საეჭვოდ გამიხდება ძმობა, რაც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, გაგრძელდა კოლეჟში, ინსტიტუტში. სად არის ფრედერიკი?..

     პროსპერი ატირდა. როგორც ხედავთ, ადამიანისთვის გრძნობა სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია.

- წამო, - შევიდეთ საკანში, - მომმართა მან, - იქ მირჩევნია ყოფნა. არ მინდა ვინმემ დაინახოს, რომ ვტირი. სიკვდილს ვაჟკაცურად შევხვდები, მაგრამ უდროო დროს გმირობა არ ძალმიძს და თანაც, უნდა გამოგიტყდეთ, ჩემი სიჭაბუკე და ლამაზი სიცოცხლე მენანება. წუხელ თვალი არ მომიხუჭავს. ბავშვობის სურათები მელანდებოდა. დავინახე, როგორ დავრბოდი იმ ველებზე, რომელთა მოგონებებმაც, იქნებ, დამღუპა კიდეც. მომავალი მქონდა წინ გაშლილი, - შეწყვიტა მან თავისი მოგონებები, - ახლა კი... თორმეტი ჯარისკაცი... უმცროსი ლეიტენანტი ბრძანებს: თოფი მხარზე, დაუმიზნეთ, ცეცხლი! დოლები ახარხარდება და სამარცხვინო დასასრული!.. ესეც ჩემი მომავალი, ახლა! ოჰ! ალბათ, არსებობს ღმერთი, თორემ უამისოდ ხომ ყოველივე ეს უდიდესი სისულელე იქნებოდა.

     იგი გადამეხვია და ღონივრად ჩამეხუტა.

- ოჰ, თქვენ უკანასკნელი ადამიანი ხართ, ვისაც შემიძლია გადავუშალო გული. თქვენ გაგათავისუფლებენ! ნახავთ თქვენს დედას! არ ვიცი ღარიბი ხართ თუ მდიდარი, მაგრამ ეგ სულერთია. თქვენ ახლა ჩემთვის მთელი ქვეყანა ხართ. სულ ხომ ომი არ იქნება. იცით, რა! როცა მშვიდობა ჩამოვარდება, ბოვეში წადით. თუკი დედაჩემი გადაურჩება ჩემი სიკვდილის საბედისწერო ამბავს, ინახულეთ იგი და უთხარით ეს დამამშვიდებელი სიტყვები: იგი უდანაშაულო იყო! დედა დაგიჯერებთ, - განაგრძო პროსპერმა, - წერილსაც მივწერ, მაგრამ თქვენ ჩემს უკანასკნელ მზერას მიუტანთ. ეტყვით, რომ თქვენ იყავით უკანასკნელი ადამიანი, ვისაც მე გადავეხვიე. ოჰ! როგორ შეგიყვარებთ საცოდავი დედაკაცი თქვენ, ჩემს უკანასკნელ მეგობარს!

     მოგონებათა ტვირთით გათანგული ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე განაგრძო: - აქ, მეთაურებიც და ჯარისკაცებიც ჩემთვის უცნობნი არიან. ყველას შიშს ვუნერგავ. თქვენ რომ არ შეგხვედროდით, ჩემი უდანაშაულობა საიდუმლოდ დარჩებოდა ჩემსა და ზეცას შორის.

     შევფიცე, რომ უკანასკნელ სურვილს პირნათლად შევუსრულებდი. ჩემმა სიტყვებმა, გულითადმა მოპყრობამ ჭაბუკი მეტად ააღელვა.

     მალე ჯარისკაცები მოვიდნენ და პროსპერი კვლავ სამხედრო ტრიბუნალში წაიყვანეს. მას დახვრეტა მიუსაჯეს.

     არ ვიცი, ამ განაჩენის გამოტანისას რა ფორმალობას იცავდნენ, არც ის ვიცი, ახალგაზრდა ქირურგმა თავის დასაცავად ყველა კანონი თუ გამოიყენა. მხოლოდ ის იცოდა, მეორე დღეს დასახვრეტად რომ უნდა წაეყვანათ და მთელი ღამე დედასთან წერილის წერაში გაათია.

- ორივე გავთავისუფლდით, - მითხრა მან ღიმილით, - გავიგე, გენერალს თქვენი შეწყალებისთვის ხელი მოუწერია.

     დადუმებული შევცქეროდი ჭაბუკს, რათა ჩემს მეხსიერებაში მისი სახის ნაკვთები კარგად აღბეჭდილიყო. ერთბაშად სახეზე ზიზღი გამოეხატა და წარმოთქვა: - რა საცოდავი მშიშარა ვიყავი! მთელი ღამე პატიებას ვთხოვდი ამ კედელს, - და მან საკნის კედელზე მიმითითა, - დიახ, დიახ, სასოწარკვეთილებისგან ვღმუოდი, გულისწყრომას გამოვთქვამდი. გადავიტანე უსაშინელესი ზნეობრივი აგონია. მაშინ მარტო ვიყავი! ახლა კი ვფიქრობ, თუ რას იტყვიან სხვები... მხნეობა სამოსია, რაც უნდა გადავიცვა ახლა. საკადრისად უნდა შევხვდე სიკვდილს... ამიტომ...

     ორი სამართალი

- ოჰ, ნუ დაასრულებთ! - ნიურენბერგელს სიტყვა გააწყვეტინა იმ ყმაწვილმა ქალმა, რომელმაც თავდაპირველად სთხოვა, გვიამბეთ რამეო. - არ მსურს ვიცოდე, რა მოხდა ბოლოს. ჯობს მეგონოს, რომ იგი გადარჩა. ახლა რომ მითხრათ, დახვრიტესო, ამაღამ არ დამეძინება. დანარჩენს ხვალ მეტყვით.

     სუფრიდან ავიშალეთ. ჩემს გვერდით მჯდომმა ქალბატონმა ბატონ ჰერმანს მკლავში ხელი გაუყარა და უთხრა: - იგი დახვრიტეს, ხომ?

- დიახ, მე დავესწარი კიდეც მის დასჯას.

- ნუთუ, ბატონო, - წარმოთქვა ქალმა, - ვერ შესძელით...

- თვითონ მოისურვა, ქალბატონო. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელებაა მიჰყვებოდე ცოცხალი ადამიანის გასვენებას. თანაც იმ ადამიანისა, რომელიც გიყვარს და იცი, რომ უდანაშაულოდ დაიღუპა. საწყალ ბიჭს თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. გეგონებოდათ, მხოლოდ ჩემშიღა ცოცხლობდა. მე მინდაო, მეუბნებოდა, ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა დედაჩემს წაუღოთო.

- მერე, ინახულეთ დედამისი?

- ამიენის ზავის დადების შემდეგ საფრანგეთში ჩავედი, რათა მისთვის მეთქვა ეს მშვენიერი სიტყვები: «იგი უდანაშაულო იყო». რელიგიური სასოებით ვეწვიე იმ წმიდა ადგილს, მაგრამ ქალბატონი მანიანი მწუხარებისგან გარდაცვლილიყო. მისთვის ჩამოტანილი წერილი ღრმა სასოებით დავწვი. თქვენ, ალბათ, გაგეცინებათ ჩემს გერმანულ მგრძნობიარობაზე, მაგრამ მე უდიადესი მწუხარებით მოცულ დრამად მივიჩნევ იმ სამარადისო საიდუმლოებას, რის წიაღშიც ჩაიმარხა ერთი სამარიდან მეორეში გადაგზავნილი გამომშვიდობება და რაც არასოდეს სულიერ ქმნილებათა სმენას არ მისწვდება ისევე, როგორც ყვირილი უდაბნოში გზააბნეული მგზავრისა, ვისაც უეცრად თავს დაესხა ლომი.

- ახლა თქვენ ამ დარბაზში რომელიმე სტუმრის წინ რომ დაგაყენონ და გითხრან, აი, მკვლელიო, ხომ არ იქნება ეს მეორე დრამა? - შეკითხვით სიტყვა გავაწყვეტინე ბატონ ჰერმანს, - მაშინ რაღას იტყოდით?

     ბატონმა ჰერმანმა ქუდი აიღო და სახლიდან გავიდა.

- პატარა ბიჭივით თავქარიანად იქცევით, - მომმართა მეზობელმა ქალმა, - აბა, შეხედეთ ტაიფერს! აგერ იქ! სავარძელში, ბუხრის კუთხესთან მადმუაზელ ფანი ფინჯნით ყავას აწვდის. ტაიფერი იღიმება. ამ ამბის მოსმენა მკვლელს ხომ ნამდვილ წამებას განაცდევინებდა და განა ეგრე მშვიდად იჯდებოდა? შეხედეთ, ხომ ნამდვილი პატრიარქალური გამომეტყველება აქვს?

- დიახ, მაგრამ ერთი შეეკითხეთ, გერმანიაში ხომ არ უომნია? - წამოვიყვირე მე.

- ვითომ, რატომ არ შევეკითხები?

     და იმ გამბედაობით, რაც იშვიათად ღალატობს ქალს, თუკი იგი საქმით დაინტერესდება და მის გონებას ცნობისმოყვარეობა დაეუფლება, ჩემი მეზობელი სურსათის მიმწოდებელს მიუახლოვდა.

- თქვენ ოდესმე ყოფილხართ გერმანიაში? - შეეკითხა იგი ტაიფერს.

     ტაიფერს, ცოტა გაწყდა, ლამბაქი არ გაუვარდა ხელიდან.

- მე, ქალბატონო? არა, არასოდეს...

- რას ამბობ, ტაიფერ? - შეაწყვეტინა მას ბანკირმა, - განა ვაგრამის კამპანიის დროს შენ არ აწვდიდი ჯარს სურსათს?

- ჰო, როგორ არა! - მიუგო ტაიფერმა, - მართლა, მაშინ კი ვიყავი.

- სცდებით, ეს კეთილი ბერიკაცია, - მითხრა მეზობელმა ქალმა, როცა ჩემთან დაბრუნდა.

- მაშ, კარგი! - წამოვიძახე, - სანამ ეს საღამო დასრულდებოდეს, მე გამოვაძევებ მკვლელს იმ წუმპედან, სადაც იგი ჩამძვრალა.

     დღენიადაგ ჩვენს თვალთა წინ ხდება განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, მაგრამ ისინი, ამავე დროს, იმდენად უბრალონი არიან, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ. თუ ერთ სალონში ორი კაცი ერთმანეთს შეხვდება, რომელთაგან ერთს უფლება აქვს ეზიზღებოდეს ან სძულდეს მეორე, რამეთუ გაგებული აქვს საიდუმლოებით მოცული, რაღაც სამარცხვინო ინტიმური და ფარული ქმედება მისი, აპირებს შურიც კი იძიოს ამ ადამიანზე; ეს ორი ადამიანი ერთმანეთს იცნობს და ითვალისწინებს იმ უფსკრულსაც, რაც მათ ამჟამად სთიშავს ან მომავალში გათიშავს. ისინი უნებლიედ უთვალთვალებენ ერთმანეთს, უკვირდებიან მათ გამოხედვასა და მიხვრა-მოხვრაში გამოსჭვივის მათი ფიქრთა გამოუცნობი ემანაცია და, თითქოს, ანდამატით არიან აღჭურვილნიო, ისე ელტვიან ერთურთს. არ ვიცი, რა უფრო ძლიერად იზიდავს: შურისძიება თუ ბოროტმოქმედება, სიძულვილი თუ შეურაცხყოფა. ვითარცა მღვდელი, ზვარაკი რომ ვერ შეუწირავს ბოროტი სულის თანდასწრებით, ასევე შებორკილი არიან ორთავენი, ერთმანეთში დაეჭვებულნი. ვერ გეტყვით რომელი, მაგრამ ერთი თავაზიანია, მეორე პირქუში: ერთი წითლდება ან ფითრდება, მეორე კანკალებს. ხშირად შურისმაძიებელი ისევე მშიშარაა, როგორც თვით მსხვერპლი. ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ჰყოფნის ვაჟკაცობა ბოროტების ჩასადენად, თუნდაც საჭირო იყოს იგი. ბევრი, აყალმაყალისა თუ ტრაგიკული დასასრულის შიშით, დუმს ან მიუტევებს ცოდვებს.

     ჩვენი სულისა და გრძნობათა ერთმანეთში შეჭრის შედეგად ჩემსა და სურსათის მიმწოდებელს შორის იდუმალი ბრძოლა გაჩაღდა. მას შემდეგ, რაც პირველად მივმართე ტაიფერს ბატონი ჰერმანის თხრობის დროს, იგი სულ თვალს მარიდებს. შესაძლებელია, ასევე არიდებდა პირს ყველა სტუმარს და ბანკირის ასულს, ცხოვრებაგამოუცდელ ფანის ესაუბრებოდა მხოლოდ. ალბათ, მასაც, როგორც ყველა ბოროტმოქმედს, სურდა სულის სიმშვიდე უმანკო ქმნილების გვერდით ეპოვნა. თუმც შორს ვიჯექი, მაინც ყურს ვუგდებდი და ჩემი გამსჭვალავი მზერა მას თილისმასავით ბოჭავდა. ხანდახან, როცა ეგონა, აღარ მიყურებსო, თვალთვალს მიწყებდა, მაგრამ წამსვე თვალს ვაგებებდი და იგი მაშინვე ქუთუთოებს ძირსა ხრიდა. ამგვარი წამებისაგან დაქანცული წამოდგა და ბანქოს სათამაშოდ ჩაჯდა. მის მოწინააღმდეგეს წილში შევუდექი და, ერთი სული მქონდა, ჩვენ წაგვეგო. სურვილი ამისრულდა. პარტნიორი ადგა. მისი ადგილი დავიჭირე და მკვლელის პირდაპირ აღმოვჩნდი...

- ბატონო, - მივმართე მას, როცა იგი ქაღალდს არიგებდა, - იქნებ კეთილი ინებოთ და ანგარიში აურიოთ.

     მან სასწრაფოდ გადაიტანა თავისი ჟეტონები მარცხნიდან მარჯვნივ. ჩემი მეზობელი ქალი გვერდით დამიდგა და მე მას მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე.

- ბოდიში, თქვენა ბრძანდებით, - შევეკითხე სურსათის მიმწოდებელს, - ბატონი ფრედერიკ ტაიფერი, რომლის ოჯახსაც მე კარგად ვიცნობდი ბოვეში?

- დიახ, ბატონო, - მომიგო მან.

     ქაღალდები ხელიდან დასცვივდა, გაფითრდა, ხელები თავზე მიიდო, პარტნიორს სთხოვა თამაში გაეგრძელებინა და ადგა.

- როგორ ცხელა აქ!.. - შეჰყვირა მან, - მეშინია...

     სიტყვა არ დაასრულა. ერთბაშად სახე საშინლად დაემანჭა და მაშინვე ოთახიდან გავიდა. მას გაჰყვა მასპინძელი, აშკარად შეწუხებული ტაიფერის ცუდადმყოფობის გამო.

     ჩემმა მეზობელმა ქალმა და მე ერთმანეთს გადავხედეთ. რა შევნიშნე, რომ იცოდეთ - ტაიფერს მწვავე სევდის ჩრდილი მოჰფენოდა სახეზე. თამაში წავაგე და მაგიდას მოვცილდი. ქალმა ფანჯარასთან მიმიყვანა და მითხრა: - განა ლმობიერია თქვენი საქციელი? ხომ არ გსურთ, ყველას გულთამხილველი გახდეთ? დეე, კაცისა ან ღვთის სამართალს დაესაჯა იგი. თუ ერთს დავაღწევთ თავს, მეორეს ხომ ვერსად წაუვალთ. ნუთუ ეგრე მომხიბვლელია მსაჯულთა სასამართლოს თავმჯდომარის პრივილეგია? თქვენ ხომ ლამის ჯალათის როლი იკისრეთ.

- განა თქვენ თვითონ არ იზიარებდით და ხელს არ უწყობდით ჩემში აღძრულ ცნობისმოყვარეობას. ახლა კი ზნეობას მიქადაგებთ.

- თქვენ მე ჩამაფიქრეთ, - მიპასუხა მან.

- მაშ ასე, მშვიდობა არამზადებს, ომი - უბედურთ და გავაღმერთოთ ოქრო... მაგრამ მოდი, ამას თავი დავანებოთ, - დავძინე სიცილით, - გეთაყვა, ერთი შეხედეთ აი, იმ ნორჩ არსებას, ახლა რომ შემოდის სალონში.

- მერე, რა იყო?

- სამი დღის წინათ ნეაპოლის საელჩოში მეჯლისზე შევხვდი და გაგიჟებით შემიყვარდა. თუ ღმერთი გწამთ, გამაგებინეთ რა ჰქვია, ვერავინ შეძლო...

- ეს გახლავთ მადმუაზელ ვიქტორინ ტაიფერ!

     თავზარი დამეცა და ძლივსღა გავარჩიე ჩემი მეზობლის ხმა: - სულ ცოტა ხნის წინათ დედინაცვალმა გამოიყვანა მონასტრიდან, სადაც მოგვიანებით დაასრულა სწავლა. კარგა ხნის განმავლობაში, მამა არც სცნობდა მას. ამ ოჯახში პირველად იმყოფება. ძალიან ლამაზიც გახლავთ და ძალიან მდიდარიც.

     ქალბატონმა ამ სიტყვებს გესლიანი ღიმილიც დააყოლა.

     უცბად გაისმა ძლიერი, მაგრამ შეკავებული ყვირილი. იგი თითქოს მეზობელი სახლიდან მოდიოდა და ბაღამდე ძლივს აღწევდა.

- ეს ხომ ბატონი ტაიფერის ხმაა? - შევძახე მე.

     მთელი ყურადღება მივაპყარით ამ ხმას და მალე შემაზრზენმა კვნესამ ჩვენს ყურამდე მოაღწია. ბანკირის მეუღლემ სასწრაფოდ ჩვენთან მოირბინა და ფანჯარა მიხურა.

- აურზაურს ნუ შევქმნით, - მოგვმართა მან, - ვაითუ, მადმუაზელ ტაიფერმა მამის ყვირილს მოჰკრას ყური და ნერვები აეშალოს.

     ბანკირი სალონში შემოვიდა, ვიქტორინი მოძებნა და რაღაც ჩასჩურჩულა. ყმაწვილმა ქალმა შეჰკივლა, კარისკენ გაიქცა და გაუჩინარდა. ამ ამბავმა დიდი არევ-დარევა გამოიწვია. თამაში შეწყდა. ყველა თავის გვერდით მდგომს ეკითხებოდა, რა ხდებაო. ხმაური გაძლიერდა. სტუმრებმა ჯგუფ-ჯგუფად მოიყარეს თავი.

- ბატონმა ტაიფერმა, იქნებ... - წამოვიწყე მე.

- თავი მოიკლა? - წამოიძახა ჩემმა დამცინავმა მეზობელმა, - დარწმუნებული ვარ, მის გამო შავებს არ ჩაიცვამდით.

- მაინც რა დაემართა?

- საწყალი კაცი, - მომიგო დიასახლისმა, - რაღაც სენი სჭირს. ვერ იქნა და ვერ დავიხსომე მისი სახელწოდება. მერედა, რამდენჯერ მითხრა ბატონმა ბრუსონმა. აი, ახლაც მოუარა ამ სენმა.

- რა ხასიათისაა ეგ ავადმყოფობა? - იკითხა უცბად აქ სტუმრად მყოფმა გამომძიებელმა.

- ოჰ, შემაძრწუნებელი სენია, ბატონო, - მოახსენა დიასახლისმა, - ექიმებმა არ იციან მისი წამალი. უდიდეს ტანჯვას კი უნდა აყენებდეს ავადმყოფს. ერთხელ ბატონი ტაიფერი ჩემს მამულში მყავდა სტუმრად. ისეთი შეტევა დაემართა, რომ იძულებული გავხდი მეზობელთან გავქცეულიყავი, ოღონდ კი მისი კივილი არ გამეგონა. საშინლად ყვირის და თავის მოკვლას ლამობს. მისი ქალიშვილი იძულებული ხდება, საწოლზე მიაბას მამა და შეშლილთა პერანგი გადააცვას. ეს კაცი ირწმუნება, თავში რაღაც ცხოველები მისხედან, ტვინს მიღრღნიან, მიწიწკნიან, მიხერხავენ და თითოეულ ნერვს საშინლად მიფლეთენო. თავი ისე სტკიოდა, რომ ერთხანს კანს უწვავდნენ, რათა მისი ყურადღება სხვა ტკივილზე გადაეტანათ, მაგრამ კანის დაწვასაც ვერა გრძნობდა. შემდეგ, ბატონი ბრუსონი აიყვანეს ექიმად და მან კანის ამოწვა აუკრძალა, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს ნერვული დაავადებაა, ნერვების ანთება. საჭიროა კისერზე წურბელები მოჰკიდონ, ხოლო თავზე ოპიუმი დაადონ. მართლაც, ახლა შეტევები იშვიათად უმეორდება, წელიწადში ერთხელ თუ მოუვლის, შემოდგომის მიწურულს. როცა გამობრუნდება, სულ იმას ამბობს, მირჩევნია ტანზე ბორბლები გადამატარონ, ვიდრე ასეთი ტკივილი კვლავ განვიცადოო.

- ჰო, მართლაც ძალიან დიდი ტკივილი ჰქონია, - კვერი დაუკრა სალონური ენამოსწრებულობით ცნობილმა ბირჟის მაკლერმა.

- რომ იცოდეთ, - განაგრძო დიასახლისმა, - შარშან კინაღამ დაიღუპა. თავის მამულში წასულიყო რაღაც სასწრაფო საქმეზე. როგორც ჩანს, მშველელი არავინ ჰყოლია და მთელი ერთი დღე და ღამე მკვდარივით გაშეშებული წოლილა. ცხელმა აბაზანამ გადაარჩინა.

- ეს, რაღაც, ტეტანოსის მსგავსია, არა? - იკითხა ბირჟის მაკლერმა.

- რა მოგახსენოთ, - უპასუხა დიასახლისმა, - უკვე ოცდაათი წელია ამ ავადმყოფობით იტანჯება. როგორც თვითონ ამბობს, ჯარში ყოფნისას ნავში ჩავარდნილა და თავში დიდი ხიჭვი შერჭობია. ბრუსონს იმედი აქვს მისი განკურნებისა. ამბობენ, ინგლისელები ამ სენს ციანის კალიუმით არჩენენო, იმგვარად, რომ ეს საწამლავი საფრთხეს არ წარმოადგენსო.

     ამ დროს წინანდელზე უფრო გამყინავი ღრიალი გაისმა და ჩვენ შიშისგან გავშეშდით.

- ხომ ხედავთ! აი, რას ვისმენდი ყოველ წუთს, - განაგრძო ბანკირის მეუღლემ, - სკამზე რომ ვიჯექი, მაღლა შემახტუნებდა ხოლმე და ნერვებს მიშლიდა. განსაცვიფრებელია პირდაპირ! საცოდავი ტაიფერი ხომ წარმოუდგენელი ტკივილებისგან იტანჯება, მაგრამ სიკვდილის საშიშროება არ ემუქრება. საშინელი წამების დროს, დაუდგება თუ არა ხანმოკლე შესვენების წამი, ჭამს და სვამს ჩვეულებრივად (რა უცნაურია ბუნება!) ვიღაც გერმანელმა ექიმმა უთხრა, ეს ერთგვარი თავის პადაგრააო, რაც თითქმის ემთხვევა კიდეც ბრუსონის მოსაზრებას.

     დიასახლისის გარშემო მდგომ სტუმრებს გავშორდი და გავყევი მადმუაზელ ტაიფერს, რომელიც მსახურმა გაიხმო.

- ოჰ, ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ნეტავ რა დანაშაული მიუძღვის მამაჩემს მამა-ზეციერის წინაშე, რომ ასეთი ტანჯვა დაიმსახურა? მერე, რა კეთილი გული აქვს!

     ქალი კიბეზე ჩამოვაცილე და ეტლში ასვლა ვუშველე. ეტლში მამამისს მოვკარი თვალი, ორად მოხრილიყო. მადმუაზელ ტაიფერი ცდილობდა, მამის გმინვა ჩაეხშო. პირზე ცხვირსახოცს აფარებდა. საუბედუროდ, ბატონმა ტაიფერმა შემნიშნა: სახე უფრო დაემანჭა, ჰაერში გაიფანტა მისი გააფთრებული კივილი, ერთი მძვინვარედ გადმომხედა და ეტლიც დაიძრა.

     ამ საღამომ, ამ სადილმა, მწარე გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებასა და გრძნობებზე. მე შემიყვარდა ტაიფერის ასული. იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ სინდისი და პატიოსნება მიკრძალავდა დავკავშირებოდი მკვლელს, რაც უნდა კარგი მამა და კარგი მეუღლე ყოფილიყო იგი. იდუმალი ბედისწერა მიზიდავდა იმ ოჯახებისკენ, სადაც ვიცოდი, შევხვდებოდი ვიქტორინს. ხშირად საკუთარ თავს პატიოსან სიტყვას ვაძლევდი, მას აღარასოდეს ვნახავ-მეთქი, მაგრამ იმავე საღამოს მის გვერდით აღმოვჩნდებოდი და უსაზღვროდ ბედნიერიც ვიყავი. ჩემი კანონიერი სიყვარული ქიმერიული სინდისის ქენჯნით შეპყრობილი, დანაშაულებრივი ვნების ელფერს ატარებდა. მეზიზღებოდა ჩემი თავი, როცა ვესალმებოდი ტაიფერს, - იგი ხანდახან თავის ასულთან ერთად მხვდებოდა, - და მაინც ვესალმებოდი! თანაც, საუბედუროდ, ვიქტორინი მარტოოდენ ლამაზი გოგონა როდი გახლავთ, იგი განათლებულიცაა, ნიჭიერიც და თავაზიანიც. პედანტობისა და მანჭიობის ნატამალიც კი არ გააჩნია. საუბარში თავდაჭერილობას იჩენს და მის ხასიათს ისეთი მელანქოლიური სინაზე აცისკროვნებს, რომ შეუძლებელია არ დაემორჩილო.

     მადმუაზელ ტაიფერს მე ვუყვარვარ, ყოველ შემთხვევაში ნებას მაძლევს, ასე ვიფიქრო. რაღაც განსაკუთრებული ღიმილი უმშვენებს ბაგეს და ამ ღიმილს მარტო მე მიძღვნის. ხმას ჩემთან უფრო მეტად დაიტკბობს ხოლმე. ოჰ! ვუყვარვარ! მაგრამ იგი აღმერთებს მამას; ჩემს წინაშე ხოტბას ასხამს მის გულკეთილობას, თბილ და ნატიფ ხასიათს. ეს ხოტბა კი ხანჯალია, რასაც მადმუაზელ ტაიფერი გულში მიყრის.

     ერთ დღეს, ცოტა გაწყდა, თანაზიარი გავხვდი იმ ბოროტმოქმედებისა, რაზედაც ტაიფერის ოჯახის სიმდიდრეა დამყარებული. ვიქტორინის ხელის თხოვნა განვიზრახე და გავიქეცი, ვიმოგზაურე. მოვიარე გერმანია, ანდერნახი. მაინც დავბრუნდი. ვიქტორინს ფერი დაჰკარგოდა, გამხდარიყო! ჯანმრთელი და მხიარული რომ დამხვედროდა, გადავრჩებოდი. გრძნობა უჩვეულო სიძლიერით ამიგიზგიზდა გულში. შემეშინდა, ყოყმანი მანიად არ გადამქცეოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, მომეწვია პატიოსან ადამიანთა სინედრიონი, რათა შუქი მომეფინა ამ მაღალზნეობრივი და ფილოსოფიური საკითხისათვის. მით უმეტეს, რომ ჩემი დაბრუნების შემდეგ საქმე უფრო მეტად გართულდა.

     ამგვარად, გუშინწინ, თავი მოვუყარე იმ მეგობრებს, რომელთაც ყველაზე სინდისიერ, თავაზიან და წესიერ კაცებად მივიჩნევ: დავპატიჟე ორი ინგლისელი, ერთი საელჩოს მდივანი და ერთი პურიტანელი. ერთი პოლიტიკურად მომწიფებული პიროვნება, ყოფილი მინისტრი; რამდენიმე ჯერ კიდევ უმანკოების თილისმით მოჯადოებული ახალგაზრდა; ერთი მღვდელი, ერთი მოხუცი. არც ჩემი ყოფილი მეურვე დამვიწყებია - ეს გულუბრყვილო ადამიანი, რომელმაც ისეთი ყოვლად პატიოსანი სამეურვეო ანგარიში წარმომიდგინა, რომ დღესაც ვერ დაუვიწყებიათ სამეურვეო საბჭოში; ერთიც ადვოკატი, ნოტარიუსი და მოსამართლე. ერთი სიტყვით, საზოგადოებრივი აზრისა და პრაქტიკული კეთილგონიერების ყველა განმასახიერებელნი. ჯერ ერთი, გემრიელად ვისადილეთ, ლაპარაკით და ყვირილით გული ვიჯერეთ, შემდეგ, როცა ჩაროზი გაჩნდა სუფრაზე, მათ გულწრფელად გადავუშალე ჩემი თავგადასავალი ისე, რომ სატრფოს ვინაობა არ გამოვამჟღავნე, და კეთილი რჩევა ვთხოვე.

- მეგობრებო, გთხოვთ მირჩიოთ რამე, - განვუცხადე ბოლოს, - ნუ აჩქარდებით, ყოველმხრივ აწონ-დაწონეთ ეს საკითხი, თითქოს საქმე რომელიმე კანონის პროექტს ეხებოდეს. ურნასა და ბილიარდის ბურთებს მოგიტანენ და ხმა მიეცით ჩემს ქორწინებას ფარული კენჭისყრის ყველა წესის დაცვით. უმალ ღრმა სიჩუმე გამეფდა. ნოტარიუსმა თავის თავზე აცილება შეიტანა.

- საქმეში ხომ ქორწინების კონტრაქტია გარეული, - შენიშნა მან.

     ჩემს მეურვეს ღვინო ბლომად ეყლაპა. დადუმებული იჯდა და თავად ესაჭიროებოდა ზრუნვა, რომ შინ დაბრუნებისას რაიმე ხიფათს არ გადაჰყროდა.

- გასაგებია, - შევყვირე მე - თუ არ გამოთქვამთ აზრს, ამით უფრო ხაზგასმით მიმითითებთ, როგორ უნდა მოვიქცე.

     სტუმრები აიშალნენ.

     ერთმა ბინათმფლობელმა, რომელმაც თანხა შესწირა გენერალ ფუას ძეგლის ასაგებად და მისი შვილების დასახმარებლად, წამოიძახა: - ბოროტმოქმედება, მსგავსად სათნოებისა, სხვადასხვა ხასიათისაა!

- ყბედი! - იდაყვი გამკრა და ჩამჩურჩულა ყოფილმა მინისტრმა.

- მერედა, რა გაბრკოლებთ? - შემეკითხა ერთი დუკა, რომლის სიმდიდრე შედგებოდა ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ ურჩი პროტესტანტების კონფისკაციაში მოხვედრილი მამულებისგან.

     წამოდგა ადვოკატი.

- ჩვენს მიერ განხილული საკითხი იურისპრუდენციაში არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს! ბატონი დუკა მართალსა ბრძანებს! - შესძახა კანონის დამცველმა, - ხომ არსებობს ხანდაზმულობის ვადა! სად წაგვიყვანდა ყოველგვარ სიმდიდრეთა სათავეების ქექვა? ეს უკვე სინდისის საქმეა. თუ მაინცდამაინც აგიჩემებიათ სამსჯავროს წარუდგეთ ამ საქმით, მიმართეთ ცის სამართალს, მოინანიეთ ცოდვანი თქვენნი.

     კანონის ხორცშესხმული კოდექსი გაჩუმდა, დაბრძანდა და ერთი ჭიქა შამპანური შესვა. წამოდგა კაცი, მოწოდებული სახარების ქადაგებისთვის, ტკბილი მოძღვარი.

- მეტისმეტად სუსტნი მოგვავლინა ამ ქვეყნად ღმერთმა, - მტკიცედ ბრძანა მან, - თუ თქვენ ეტრფით ბოროტმოქმედის ასულს, შეირთეთ იგი, მაგრამ იკმარეთ დედისეული ქონება მისი, ხოლო მამის სიმდიდრე მიეცით ღატაკთ.

- ვაითუ, - ხმა აიმაღლა ერთმა კამათის ულმობელმა მოყვარულმა, რომლის მსგავსთ ხშირად ვხვდებით საზოგადოებაში, - მამა სარფიანად იმიტომ დაქორწინდა, რომ თავად იყო მდიდარი. ამ ადამიანის სულ პაწაწა ბედნიერებაც კი, განა ყოველთვის ბოროტმოქმედების ნაყოფს არ წარმოდგენდა?

- თვით ეს კამათი თავისთავად უკვე განაჩენია! არის ზოგი რამ ისეთი, რაზედაც არ მსჯელობენ, - წამოისროლა ჩემმა ყოფილმა მეურვემ, ვისაც ეგონა შეზარხოშებული ადამიანის წარმოთქმული სიტყვით შეკრებილ საზოგადოებას გონებას გაუნათებდა.

- დიახ! - კვერი დაუკრა საელჩოს მდივანმა.

- დიახ! - შესძახა მღვდელმა.

     ამ ორ ადამიანს ერთმანეთის არა გაეგებოდათ რა. წამოდგა დოქტრინერი, რომელსაც არჩევნებში მხოლოდ ორმოცდაათი ხმა დააკლდა ასორმოცდათხუთმეტ ამომრჩეველთა შორის.

- ბატონებო, ეს ინტელექტუალური ბუნების ფენომენალური შემთხვევაა, რაც აშკარად სცილდება ჩვენი საზოგადოების ნორმალური მდგომარეობის საზღვრებს, - განაცხადა მან, - ამიტომაც გადაწყვეტილება, რისი მიღებაც ჩვენ გვმართებს, არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი აზროვნების წინასწარგანზრახულ ფაქტს; იგი უნდა იყოს უცაბედი, ჭკუის სასწავლებელი მოსაზრება; შემეცნების წამიერი აღქმა, რაც თითქმის მიემსგავსება გრძნობათა და გემოვნებათა გასხივოსნებას. დავიწყოთ კენჭისყრა!

- ვუყაროთ კენჭი! - შესძახეს სტუმრებმა.

     მოვატანინე თითოეულისთვის ორი ბურთი; ერთი თეთრი, მეორე - წითელი. თეთრი - უბიწოების სიმბოლო, ქორწინების აკრძალვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, წითელი კი - მისი დაშვებისა. რაკი უხერხულად მივიჩნიე, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განვაცხადე.

     ჩვიდმეტი მეგობარი მყავდა სტუმრად. ცხრა აბსოლუტურ უმრავლესობას ქმნიდა. თითოეულს ბურთი უნდა ჩაეგდო წნორისგან მოწნულ ვიწროყელიან კალათში, საიდანაც ბილიარდის მოთამაშენი თამაშის რიგის დასადგენად იღებენ დანომრილ ბურთებს. ყველა ძლიერმა ცნობისმოყვარეობის გრძნობამ შეგვიპყრო, რადგან მეტად უცნაური გახლდათ ამ წმინდა ზნეობრივი საკითხის კენჭისყრით გადაწყვეტა. ხმის დათვლისას აღმოჩნდა ცხრა თეთრი ბურთი! შედეგი არ გამკვირვებია; მაგრამ დავითვალე კი ჩემი კბილა ახალგაზრდები, რომელნიც ჩემს მსაჯულთა შორის იმყოფებოდნენ. ეს კაზუისტები ცხრანი იყვნენ და ყველანი ერთი აზრით გამსჭვალულნი.

     «ოჰ! ოჰ! - წარმოვთქვი გულში, საიდუმლო ერთსულოვნებაა, როგორც ჩემი ქორწინების სასარგებლოდ, ისევე მის წინააღმდეგ! როგორ დავაღწიო თავი ამ უხერხულ მდგომარეობას?»

- სად ცხოვრობს სასიმამრო? - დაუფიქრებლად იკითხა სხვებზე ნაკლებად თავდაჭერილმა ჩემმა კოლეჟელმა ამხანაგმა.

- სიმამრი აღარ არსებობს! - წამოვიძახე მე, - წინათ ჩემი სინდისი ისე აშკარად მესიტყვებოდა, რომ თქვენი განაჩენი არ მჭირდებოდა. და თუ დღეს მისი ხმა მისუსტდა, აი, მიზეზი ჩემი სულმოკლეობისა. ორი თვეა, რაც ეს მაცთური წერილი მივიღე.

     საფულედან მოპატიჟების ბარათი ამოვიღე და ვუჩვენე მათ.

     ბატონ... მოწყალეო ხელმწიფევ!

     გთხოვთ დაესწროთ გასვენებას, წირვასა და დასაფლავებას „ტაიფერისა და კომპანიის“ მეთაურის, სურსათის ყოფილი მიმწოდებლის, სიცოცხლეში საპატიო ლეგიონისა და ოქროს დეზის კავალერის, პარიზის ნაციონალური გვარდიის მეორე ლეგიონის გრენადერთა კაპიტნის, ბატონ ჟან-ფრედერიკ ტაიფერისა, რომელიც გარდაიცვალა მაისის პირველს, თავის სასახლეში ჟუმერის ქუჩაზე. დაკრძალვა მოხდება.. და სხვ.

     ...სახელით და სხვა».

- როგორ მოვიქცე ახლა? - საკითხს მეტად ფართოდა ვსვამ. რაღა თქმა უნდა, რომ მადმუაზელ ტაიფერის მამულებში სისხლის მორევი დგას, და მამამისის მემკვიდრეობა ნამდვილი «აცელდამაა». ეს მე ვიცი. მაგრამ პროსპერ მანიანს მემკვიდრეები არ დაუტოვებია. ვერც ანდერნახში მოკლული ნემსების მეფაბრიკის ოჯახის პოვნა შევძელი. ვის, ვის გადავცე ქონება? და თუ გადავცემ, მთელი ქონება უნდა გადავცე? მაქვს კი უფლება, შემთხვევით გაგებული საიდუმლოება გავამჟღავნო და უმანკო გოგონას მზითევს მოკვეთილი თავი მივუმატო? მივაღწიო იმას, რომ იგი ცუდ სიზმრებსა ხედავდეს და დავაკარგვინო მშვენიერი ილუზია, მეორეჯერ მოვუკლა მამა სიტყვებით: «ყოველი თქვენი ეკიუ სისხლშია ამოსვრილი!»

     ეკლესიის ერთი ხანდაზმული მსახურისგან ვითხოვე «სინდისის საკითხთა ლექსიკონი» და იქ ჩემი ეჭვების განმარტება ვერ ვიპოვნე. პროსპერ მანიანის, ვალენფერისა და ტაიფერის სულის საცხონებლად ავაგო ეკლესია? ჩვენ ხომ XIX საუკუნეში ვცხოვრობთ. ავაშენო თავშესაფარი, თუ დავაწესო ჯილდო სათნოებისთვის? სათნოების ჯილდოს გაიძვერებს მისცემენ. თავშესაფრები კი დღეს, როგორც ვხედავ, ბიწიერების ბუდედ გადაქცეულა! და განა შეიძლება ამ ბოროტმოქმედების იმით გამოსყიდვა, რომ დანაშაულით შეძენილი ქონება პატივმოყვარე მიზნების განხორციელებას მოხმარდეს? მერე, ვალდებული ვარ, ასე მოვიქცე? მე ხომ მიყვარს ეს ქალი და მიყვარს თავდავიწყებით. ჩემი სიყვარული სიცოცხლეა ჩემი! და ფუფუნებას, კოხტაობას, ხელოვნებისგან მიღებული სიამოვნებით სავსე ცხოვრებას მიჩვეულ ყმაწვილ გოგონას, ვისაც უყვარს ბუფონში როსინის მუსიკის ნებივრად მოსმენა, რომ შევთავაზო, ყოველწლიურად ათას ხუთასი ათასი ფრანკი შესწიროს გამოტვინებულ ბებრუცუნებსა და ქეციან მატანტალებს, იგი სიცილით ზურგს შემაქცევს, ხოლო მისი კომპანიონი ქალი კი ბოროტ ხუმარად ჩამთვლის. თუ ტრფობის თავდავიწყებაში ყოფნისას მე მას შევუქებ სადა ცხოვრების სილამაზეს, ჩემს პაწია სახლს ლუარის ნაპირას და შევეხვეწები ჩვენს სიყვარულს პარიზული ცხოვრება მსხვერპლად მოუტანოს, ეს ხომ, უპირველეს ყოვლისა, იქნება კეთილშობილი ტყუილი და თან, ვაითუ, სამწუხარო ექსპერიმენტი გამოდგეს და დამეკარგოს გული ნორჩი ასულისა, ვისაც ძალიან მოსწონს მეჯლისები, გაგიჟებით უყვარს თვალ-მარგალიტი და, ჯერჯერობით, მეც. მას მომტაცებს ტანწერწეტა, მორთულ-მოკაზმული, აბზეკილულვაშებიანი ოფიცერი, რომელიც დაუკრავს პიანინოზე, ხოტბას შეასხამს ბაირონს და კოხტად შესკუპდება ცხენზე. როგორ მოვიქცე? ბატონებო, შემიწყალეთ, მომეცით რჩევა!..

     ჯენი დინსის მამის მსგავსმა პურიტანელი გემოვნების მქონე პატიოსანმა კაცმა, რომელიც მე უკვე ვახსენე, და რომელსაც აქამდე ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია, მხრები აიჩეჩა და განმიცხადა: - შე სულელო, ნეტავ რა გრჯიდა, რომ ეკითხებოდი, ბოვედან იყო თუ არა?

პარიზი, მაისი, 1831 წელი.

ნახვა: 1115

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 is set to usher

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 13, 2024.
საათი: 4:23am 0 კომენტარი

Even though Grinding Gear Games intends to announce a beta test for Path of Exile 2 on July 29, 2023, it would be a huge surprise if they opted not to have one. The developers' dedication to delivering an exceptional gaming experience for their players is evident, and a beta test would offer them an unmatched opportunity to POE currency trade gather priceless feedback and confirm that the game lives up to the high standards set…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters