ანეტე შტოლი ცენტრალური გერმანიის პატარა საუნივერსიტეტო ქალაქში გაიზარდა. ის ნორჩი გოგონა იყო, ღია ფერის პირისახით, უდარდელი და კისკისა. სკოლაში ზომიერად ბეჯითი იყო, ტკბილეულისა და ფილმების მიმართ კი სისუსტით გამოირჩეოდა. ბავშვობაში მასზე სამიოდე წლით უფროს, გამხდარ და მოუხერხებელ გერჰარდ იეგერთან ერთად თამაშობდა ხოლმე. ბიჭი წიგნებისა და სერიოზული საუბრების მოყვარული იყო.

      მეზობლები იყვნენ და მათი მშობლებიც მეგობრობდნენ. ამიტომ და-ძმასავით იზრდებოდნენ. ერთის თავგადასავალი მეორისაც იყო - მიტოვებული ბაღები, მიხვეულ-მოხვეული ქუჩები, კვირადღეები და ზარების ხმა, ზაფხულის მდელოები, ბინდი, ვარსკვლავები, სურნელი და ახალგაზრდობის თავბრუდამხვევი, იდუმალი ხიბლი - ეს ყველაფერი მათ საერთო ჰქონდათ.

      მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა. ლამაზი და ნაადრევად მომწიფებული თექვსმეტი წლის კეკლუცი გოგონა ცივი და თავშეკავებული გახდა. ბავშვური მეგობრობის გახსნილი, ნაცნობი ბაღიდან ის უცებ მომაჯადოებელ, საიდუმლოებებით მოცულ გარემოში მოხვდა. ახალგაზრდა გერჰარდი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ მისი ბავშვობის უფროსი მეგობარი და დამცველი იყო, ახლა უსუსურად, მასზე ბევრად უმცროსად ეჩვენებოდა, მისი გაუბედაობა და ჩაფიქრებული გამომეტყველება კი - თითქმის სასაცილოდ. გოგონას ცხოვრებაში ისეთი რაღაცები მოსწონდა, რაც ადვილად, უპრობლემოდ გამოსდიოდა. ამიტომ არ იყო რთული მისი მომავლის განჭვრეტა - მას ექნებოდა უსაფრთხო, მშვიდი და ჩვეულებრივი ცხოვრება, ეყოლებოდა პატივსაცემი მეუღლე და ჯანმრთელი შვილები.

      როდესაც გერჰარდმა უნივერსიტეტში პირველი სემესტრი დახურა, ისინი ერთმანეთის მიმართ უკვე გაუცხოებული იყვნენ.

      შემდეგ ომი დაიწყო. ქალაქი საყოველთაო აჟიოტაჟმა მოიცვა. ყოველდღიურად სულ უფრო მეტი და მეტი უფროსკლასელი და ახალბედა სტუდენტი ეწერებოდა მოხალისედ და სტუდენტურ ქუდებს სამხედრო კეპებში ცვლიდა. მათ ბიჭურ სახეებს რაღაცნაირი გაუცხოებული გამომეტყველება გაუხდა. უფრო სერიოზულები გახდნენ, თითქოს გაიზარდნენ. მოსაწონი იყო მათი ახალგაზრდული შემართება, გაეწირათ თავი. თუმცა ისინი ჯერ კიდევ ახლოს იყვნენ სკოლის მერხთან, ნიჩბოსანთა კლუბებთან და საღამოს გართობასთან. მეტისმეტად ახლოს იყვნენ მშვიდობიან პერიოდთან, რომ სერიოზულად აღექვათ, თუ რას ნიშნავდა ომი და სად მიდიოდნენ.

      გერჰარდ იეგერი პირველ მოხალისეებს შორის იყო. მშვიდი, გაუბედავი, მეოცნებე ბიჭი თითქოს გარდაიქმნა. თითქოს შინაგანი ცეცხლი წვავდა, თუმცა ეს შორს იყო ომით გამოწვეული იმ უზომო აღფრთოვანებისგან, რასაც პროფესორები მოეცვა. ის და მისი მეგობრები ომში მეტს ხედავდნენ, ვიდრე მხოლოდ ბრძოლასა და თავდაცვას. მათთვის ეს იყო დიადი შეტევა, რომელსაც უნდა მოეშორებინა თვითკმაყოფილი და მოწესრიგებული ყოფის მოძველებული იდეალები და მობერებული ცხოვრება გაეახალგაზრდავებინა.

      ერთ კვირადღეს ყველანი ერთად გაეშურნენ ფრონტზე. სადგურზე ბევრი მტირალი, აღელვებული და აღფრთოვანებული მეგობარი და ნათესავი იყო. იქ თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი. ყველგან ყვავილები იყო, ნორჩი მწვანე ტოტები თოფების ლულებში ჩარჭოთ, სამხედრო ორკესტრი უკრავდა, ყვირილი და შეძახილები ისმოდა. ის იყო, მატარებელი დაიძრა, რომ გერჰარდმა უეცრად თავისი კუპეს ფანჯრის წინ ანეტე დაინახა. ის სხვა ვაგონში ვიღაცას ხელს უქნევდა. ბიჭმა ხელზე ხელი წაავლო.

      - ანეტე...

      ანეტემ გაიცინა და მას დარჩენილი ყვავილები ესროლა.

      - რაიმე ლამაზი ჩამომიტანე პარიზიდან!

      გერჰარდმა თავი დაუქნია, მაგრამ მეტი ვეღარაფერი უთხრა, რადგან მატარებელმა სიჩქარეს უმატა, სადგურში კი სიმღერისა და სასულე ორკესტის ხმამაღალი გუგუნი ისმოდა. გოგონას მოფრიალე, თეთრი საზაფხულო კაბა ბოლო მოგონება იყო, რომელიც თან წაიყოლა. პირველი თვეების განმავლობაში ანეტე იშვიათად თუ გაიგებდა რამეს გერჰარდის შესახებ. შემდეგ კი გახშირდა მისი წერილები და ღია ბარათები ფრონტიდან. კაცმა რომ თქვას, ანეტეს აკვირვებდა ეს. ვერ გაეგო, რა გახდა ასე ერთბაშად ამის მიზეზი, მაგრამ ყველაზე მეტად ის აოცებდა, რომ თვეების განმავლობაში გამოგზავნილი ყველა წერილი მხოლოდ მათი საერთო ბავშვობის მოგონებებს ეხებოდა. ანეტე მოელოდა გაბედული შეტევების ხატოვან აღწერას და ყოველთვის იმედგაცრუებული რჩებოდა, როცა იმ ამბების შესახებ უწევდა წაკითხვა, რომლებიც უკვე იცოდა და უინტერესოდ ეჩვენებოდა.

      გერჰარდის ბრიგადამ ფლანდრიის ბრძოლაში საშინელი დანაკარგი განიცადა. რამდენიმე დღის შემდეგ მისმა ოჯახმა მხოლოდ მოკლე შეტყობინება მიიღო, რომელშიც ეწერა, რომ ორასი ჯარისკაცისგან მხოლოდ გერჰარდი და კიდევ ოცდაშვიდი მეომარი გადარჩა უვნებლად.

      ანეტემ კი გრძელი წერილი მიიღო, რომელშიც გერჰარდი თითქმის თავდავიწყებით იხსენებდა მაისის რომელიღაც დილას და თეთრად აყვავილებულ ალუბლის ხეს ტაძრის გალერეის უკან. წერილის კითხვისას გერჰარდის მამამ გაოცებულმა გადააქნია თავი. ის უფრო მაღალი იდეალებით იყო შეპყრობილი და ბედნიერი იქნებოდა, მის ვაჟს უფრო გმირული კუთხით რომ წარმოეჩინა თავი. ანეტემ მხრები აიჩეჩა და საგულდაგულოდ ჩაწიკწიკებული წერილი გვერდზე გადადო - მან ვერაფერი გაიხსენა მაისის იმ დილის შესახებ.

      ამიტომაც უფრო მეტად გააოცა ორივე ცოტა ხნის შემდეგ მიღებულმა ცნობამ - გერჰარდს ფლანდრიის ბრძოლაში ისეთი სიმამაცე გამოუჩენია, რომ ბრძოლის ველზევე დაუჯილდოებიათ და სამხედრო წოდება მოუმატებიათ.

      მალევე შვებულებით ჩამოვიდა სახლში დაკუნთული, ტანადი და გარუჯული გერჰარდი, სრულიად სხვანაირი, ვიდრე ანეტეს წერილების მიხედვით წარმოედგინა. მამისგან განსხვავებით, რომელსაც ქედმაღლური ლაპარაკი უყვარდა, ის ორმაგად სერიოზული, ზოგჯერ ფიქრებში ჩაძირული და უცნაურად დაბნეული იყო. როდესაც პირველად დარჩა მარტო ანეტესთან, საკმაოდ უცნაურად იქცეოდა. თითქმის ერთი საათი ხმას არ იღებდა, უსუსურად იხედებოდა აქეთ-იქით, მერე მოულოდნელად შეხედავდა ხოლმე ანეტეს. უცებ ხელზე ხელი წაავლო და ჰკითხა, ხომ არ დავქორწინდეთო. დაჟინებით, თუმცა მშვიდად იდგა თავის აზრზე. მაშინაც კი, როცა ანეტე შეეკამათა და უთხრა, ძალიან ახალგაზრდები ვართო. გერჰარდი ცხრამეტი წლის, ანეტე კი ჯერ ჩვიდმეტისაც არ იყო.

      იმ პერიოდში დაჩქარებულ ქორწინებებსა და ნიშნობებში არაფერი იყო უჩვეულო. ესეც საყოველთაო აღტაცების შემადგენელი ნაწილი იყო. პირველი წამიერი გაოცების შემდეგ ანეტე სწრაფად შეეჩვია ამ აზრს - მიმზიდველად ეჩვენებოდ, რომ კლასში პირველი გათხოვილი ქალი იქნებოდა. მამაკაცური, ახალგაზრდა ოფიცერიც საკმაოდ მოსწონდა, რომლადაც გადაიქცა მისი ბავშვობის მეოცნებე მეგობარი გერჰარდი. ეს ყველაფერი კი მისთვის საკმარისი იყო გადაწყვეტილების მისაღებად. ანეტეს შეძლებულმა, კეთილგანწყობილმა და, ამასთან, პატრიოტმა მშობლებმაც თანხმობა განაცხადეს. გაუხარდათ კიდეც - ქორწილი დიდი დღესასწაულის საბაბს იძლეოდა.

      ღონისძიება შუადღეს დაიწყო. ნაშუადღევს, საქორწილო სადილის დროს, გაზეთის სპეციალური გამოშვება გამოვიდა, რომელიც აღმოსავლეთის ფრონტზე ახალ დიდ გამარჯვებას იტყობინებოდა. გერჰარდის მამამ ყველა გაზეთი მოატანინა და შეკრებილ საზოგადოებას ხმამაღლა წაუკითხა ცნობები. ათი ათასი რუსი აუყვანიათო ტყვედ! ქორწილის სტუმრები სიხარულისაგან მეცხრე ცაზე დაფრინავდნენ. სიტყვები წარმოითქვა, პატრიოტული სიმღერები შესრულდა, რუხ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გერჰარდი კი იმ იდეალების განსახიერებას წარმოადგენდა, რომლებსაც თითქოს ყველა დაეთრო.

      მღვდელმა გერჰარდს ხელი ჩამოართვა, მასწავლებელმა მხარზე ხელი დაუტყაპუნა, მამამ კი გაამხნევა, რომ ისეთივე შემართებით შებმოდა მტერს. ყველა დამსწრე წამოდგა, რომ მასთან ერთად დაელიათ "ბრძოლაში გამარჯვების, დიდებისა და გამართლების" სადღეგრძელო. გერჰარდი, რომელიც უფრო მოიღუშა და სიტყვაძუნწი გახდა, უცებ ფეხზე წამოხტა და თავის ჭიქას ხელი დაავლო. მისი სიტყვის მოლოდინში სტუმრები გაირინდნენ. მან კი მათ თვალწინ ისე მაგრად დასცხო ჭიქა მაგიდას, რომ ნამსხვრევებად აქცია.

      - თქვენ, - თქვა მან, - თქვენ, - მისი მუქი, მოელვარე თვალების მზერა ერთი სტუმრიდან მეორეზე გადადიოდა, - რა იცით საერთოდ ამის შესახებ?

      და გარეთ გავიდა.

      ამ საღამოს და მთელი ღამე აღელვებული ელაპარაკებოდა ანეტეს, თითქოს უნდოდა, რომ რაღაც მომენტი დაეჭირა, რომელიც ხელიდან შეიძლება დასხლტომოდა. ის ლაპარაკობდა ახალგაზრდობაზე, მიზანზე, ცხოვრებაზე. სულ ანეტეზე ლაპარაკობდა, მაგრამ გოგოს ხშირად ეჩვენებოდა, რომ მას არ გულისხმობდა.

      მეორე საღამოს გერჰარდი ფრონტს დაუბრუნდა, მაგრამ გამგზავრებამდე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, მარტო დარჩენილიყო ანეტესთან. თითქოს ციებ-ცხელება ჰქონდა. მის გარდა არავის დანახვა არ სურდა. მხოლოდ მასთან უნდოდა მოედნებსა და ბაღებში ხეტიალი, მდინარესთან მდელოზე ყოფნა, სანამ განშორების დრო დადგებოდა. ანეტეს ეს უჩვეულოდ ეჩვენებოდა და ცოტათი ეშინოდა კიდეც მისი. დამშვიდობებისას ძლიერად მოეხვია, სწრაფად ესაუბრებოდა, სიჩქარისგან ენა ებმოდა, თითქოს ბევრი რამ უთქმელი, გაუკეთებელი რჩებოდა. შემდეგ უკვე დაძრულ მატარებელს შეახტა.

      ოთხი კვირის შემდეგ გერჰარდი ომში დაიღუპა და ანეტე ჩვიდმეტი წლისა დაქვრივდა.

      ომი გრძელდებოდა და წლები სულ უფრო და უფრო სისხლიანი ხდებოდა. ბოლოს პატარა ქალაქში თითქმის აღარ დარჩა სახლი, რომელშიც ვინმეს არ გლოვობდნენ. ანეტეს უბედურება კი, რის შესახებაც თავიდან ხშირად საუბრობდნენ, იმ ოჯახების უფრო მძიმე ხვედრმა გააუფერულა, რომლებშიც მამები და შვილები დაიღუპნენ ომში. თანდათანობით თვითონაც აღარ გრძნობდა სევდას. ანეტე მეტისმეტად ახალგაზრდა იყო და ის რამდენიმე დღე, რომლებიც ერთად გაატარეს, არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ გერჰარდი ქმრად აღექვა. ის მისთვის მხოლოდ ბავშვობის მეგობარი იყო, რომელიც ომში დაიღუპა - ისევე, როგორც ბევრი სხვა.

      თვალში მოსახვედრი იყო, რომ ის გარკვეულწილად კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა. ძველ მეგობრებთან, ფაქტობრივად, აღარაფერი აკავშირებდა - მათსავით პატარა გოგო აღარ იყო. მეორე მხრივ კი, მოზრდილებსაც არ ეკუთვნოდა - მათთვის მეტისმეტად პატარა იყო. აღმოჩნდა, რომ აღარ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ძალიან ბევრი რამ მოხდა და ძალიან მალე ჩაიარა ყველაფერმა.

      თუმცა ომის ბოლო წლების მოვლენები მას დროს არ უტოვებდნენ დასაფიქრებლად. დილიდან საღამომდე ერთ-ერთ საავადმყოფოში მედდის დამხმარედ მუშაობდა მოხალისედ. დროის ორომტრიალმა ირგვლივ ყველა შთანთქა.

      შემდეგ იყო ცეცხლის შეწყვეტა, რევოლუცია, პუტჩის პერიოდი, ინფლაციის კოშმარი - ბოლოს კი, როცა ყველაფერი დასრულდა და ანეტე გონს მოეგო, მან თითქმის გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ ოცდახუთი წლის ქალი გამხდარიყო, მისი ცხოვრება კი არაფრით გამდიდრებულიყო. ის ახლა გერჰარდზე თითქმის აღარ ფიქრობდა.

      მალე მშობლები გარდაეცვალნენ. მისი ქონება იმდენად შემცირდა, რომ ანეტე მადლობელი უნდა ყოფილიყო, როცა ერთ-ერთ ჩრდილოგერმანულ ქალაქში მედდის ადგილი მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ ერთი კაცი გაიცნო, რომელსაც მოეწონა და მასზე დაქორწინება მოინდომა. ანეტე თავიდან ჭოჭმანობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თაყვანისმცემლის მიმართ კარგად განეწყოა და ქორწილის დღეც დაინიშნა.

      ახლა კი ნამდვილად ბედნიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ანეტემ სიმშვიდე დაკარგა. თვითონაც არ იცოდა, რატომ. იყო მასში რაღაც, რის გამოც ამ ქორწინების ეშინოდა. საკუთარ თავს ამჩნევდა, რომ უნებლიეთ ფიქრებში იძირებოდა, როდესაც ვინმე ესაუბრებოდა, და დაბნეული უსმენდა. აზრები ებინდებოდა და მძიმე მელანქოლიაში ვარდებოდა. ღამღამობით უმიზეზოდ იღვიძებდა ტირილით. შემდეგ გაუჩნდა მგზნებარე სურვილი, რომ სინაზე და ზრუნვა სხვაზე გადაეტანა და მის წინ თანდათან წამომართული ეს უცნაური ბარიერი ასე გადაელახა.

      ზოგჯერ, როდესაც ოთახში მარტო იყო და ფანჯრიდან შიშველ, რუხ სახლებს უყურებდა, ეჩვენებოდა, თითქოს კედლები გამჭვირვალე კვამლში უჩინარდებოდა, მათ უკან კი კარები იღებოდა, საიდანაც მოჩანდა ქუჩები და ორფერდა სახურავები, ზაფხულის მდელოები და მიტოვებული ბაღები - ამ დროს მას მშობლიური სახლის მძაფრი მონატრების გრძნობა იპყრობდა. დაბოლოს, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველა მისი სირთულე სწორედ ამასთან იყო დაკავშირებული, ეს მხოლოდ ნოსტალგია იყო. ამის გადასალახავად სახლში უნდა დაბრუნებულიყო და თავიდან აღექვა ყველაფერი.

      ანეტემ გადაწყვიტა, რამდენიმე დღით თავისი სამშობლო მოენახულებინა. მოგზაურობისას საქმრო თან ახლდა.

      საღამოს ჩავიდნენ. ანეტე ძალიან აღელვებული იყო. ნივთები სასტუმროში დააბინავა თუ არა, საქმრო დატოვა და მარტო წავიდა.

      ის იდგა შენობის წინ, რომელიც ოდესღაც მისი მშობლიური სახლი იყო. ბაღში შეირბინა და თანდათან უფრო აღელდა. მთვარე ანათებდა და სახურავები ელვარებდა. ჰაერში გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა და ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ მის წინ რაღაც იხსნებოდა, რაღაცის დასაწყისი, რომელიც უკვე ჰორიზონტზე ამოდიოდა, მისკენ მოემართებოდა, რაღაც უნდა გახსენებოდა და მისთვის სახელი დაერქმია.

      მდელოებზე დასეირნობდა. ბალახი ნამისაგან დამძიმებულიყო. ალუბლის ხეები ახალი თოვლივით ბრწყინავდნენ. და აი, უცებ ჩაესმა ხმა - გარიყული, დავიწყებული, ჩაძირული ხმა, გარიყული, დავიწყებული, ჩაძირული სახე. შინაგანად რაღაც გაეხსნა, რაღაც უსაზღვროდ შორეული, წარმოუდგენლად დაღლილი, მძიმე, სევდიანი, რაზეც უკვე აღარ ფიქრობდა. ახლა კი ამოძრავდა და უფრო გაძლიერდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა მის ცხოვრებაში - უცებ გახდა ძალიან საყვარელი, სამუდამოდ დაკარგული, თუმცა არასოდეს დანამდვილებით მისი - გერჰარდ იეგერი.

      სასტუმროში ბარბაცით, დათრგუნვილი დაბრუნდა. საქმროს შეხედა - რა უცხო იყო იგი მისთვის! მის წინ იდგა ცოცხალი და ჯანმრთელი, მას კი თითქმის ეზიზღებოდა უკვე. ძლივს უთხრა რამდენიმე აუცილებელი სიტყვა. კაცს უნდოდა დალაპარაკებოდა, დაჟინებით სთხოვდა, კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო, ჰპირდებოდა, რომ დაელოდებოდა. ქალი მხოლოდ თავს უქნევდა და სთხოვდა, მარტო დაეტოვებინა.

      გერჰარდთან ერთად გატარებული რამდენიმე დღე ანეტესათვის მტანჯველ საიდუმლოდ იქცა. გერჰარდის წერილები ამოიღო და ატირებული, მანამდე კითხულობდა, სანამ ცრემლები დაუბინდავდა თვალებს. მისი რამდენიმე ამხანაგი მოძებნა და გაუჩერებლად ეკითხებოდა გერჰარდის შესახებ. ერთ-ერთს ბევრი უსაუბრია გერჰარდთან, იმ დღესაც კი, როდესაც ის დაიღუპა. ახლა პირველად გაითავისა ანეტემ, რა იყო სინამდვილეში ომი. პირველად გაიაზრა, რაზე ელაპარაკებოდა გერჰარდი გამგზავრების წინაღამეს, როგორ ცხოვრებაზე ოცნებობდა მასთან ერთად - ნატრობდა წყნარ ადგილს, ნავსაყუდელს, სიყვარულის პატარა ცეცხლს ამდენი სიძულვილის შუაგულში, ადამიანობის ნაპერწკალს ურთიერთგანადგურების შუაგულში; სითბოს, ნდობას, საძირკველს, რომელზეც შეძლებდა დგომას; მიწას, სამშობლოს, ხიდს, რომლითაც შეძლებდა უკან დაბრუნებას.

      სინანულისა და სიყვარულის გრძნობამ მოიცვა. ანეტეს, რომლისთვისაც ეს ყველაფერი მხოლოდ მცირედი პატივმოყვარეობა, ქარაფშუტული მიდრეკილება უჩვეულო რაღაცებისადმი, ოდნავი მეგობრობა და ცოტაც ქალიშვილის სურვილების დაკმაყოფილება იყო, მას, რომელმაც ასე ჩქარა დაივიწყა და თითქმის აღარ ახსენდებოდა გერჰარდი, ახლა უცებ შეუყვარდა - მისი ჩრდილი შეუყვარდა.

      ყველასგან განმარტოებული ცხოვრება დაიწყო. მისი ნაცნობები ცდილობდნენ, გადაეფიქრებინათ მისთვის ასეთი ცხოვრება, დახმარებოდნენ, ეპოვა საკუთარი თავი, მაგრამ არაფერი ჭრიდა. ცოცხალ ადამიანთან ერთად რომ ეცხოვრა, იქნებ შესაძლებელი ყოფილიყო, იქნებ გამოსწორებულიყო მისი მდგომარეობა, მაგრამ ის მოგონებებით ცხოვრობდა.

      სულ უფრო და უფრო უცნაური ხდებოდა. ხშირად, როცა ოთახში მარტო იყო, ხმამაღლა ესაუბრებოდა თავის თავს. მალე დაკარგა სამუშაო ადგილი. მოგვიანებით პატარა სექტას შეუერთდა, რომელიც სპირიტუალურ სეანსებს აწყობდა. ერთხელ თქვა, რომ მისკენ მომავალი გერჰარდი დაინახა. ასე გადიოდა წლები... ერთ დღესაც აღესრულა... ბოლო რამ, რაც დაინახა, ფანჯრის ჩარჩოს მუქი ჯვარი იყო, რომლის უკანაც ჩამავალი მზე ეკიდა.

ერიხ მარია რემარკი

ტეგები: Qwelly, ლიტერატურა, მოთხრობები, ნოველები, რემარკი

ნახვა: 948

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters