bible, david, dead, god, heaven, history, jerusalem, king, kingdom, montefiore, qwelly, samoel, sea, sebag, simon, solomon, temple, world, yehuda, აბრაამი, დავიღ, დედამიწა, ეპოქა, იერუსალიმი, იმპერია, ისრაელიანები, ისტორია, იუდეა, კედელი, მეფე, მონტეფიორე, მსხვერპლი, რომი, საიმონ, საიმონ სებაგ მონტეფიორე იერუსალიმი, სალიმი, სამეფო, სოლომონ, ტაძარი, ტიტუსი, ქალაქი, ქრისტიანობა, ღმერთი, ჰეროდე

საიმონ სებაგ მონტეფიორე - იერუსალიმი

პირველი ნაწილი. იუდაიზმი

1. დავითის სამყარო

2. დავითის აღზევება

3. სამეფო და ტაძარი

4. იუდას მეფეები

5. ჰეროდეები

6. იესო ქრისტე

7. უკანასკნელი ჰეროდე

8. იუდეური ომები: იერუსალიმის სიკვდილი

მეორე ნაწილი. წარმართობა

9. ელია კაპიტოლინა

მესამე ნაწილი. ქრისტიანობა

10. ბიზანტიის აპოგეა

11. ბიზანტიელთა დაისი: სპარსული შემოსევები

მეოთხე ნაწილი. ისლამი

12. არაბი დამპყრობლები

13. ომაიანები: ტაძრის აღდგენა

14. აბასიანები: შორეული ბატონები

25. ფატიმიანები: შემწყნარებლობა და სიგიჟე

მეხუთე ნაწილი. ჯვაროსნული ლაშქრობები

16. ხოცვა-ჟლეტა

17. ზღვისგაღმითა სამეფოების აღმავლობა

18. ზღვისგაღმითა სამეფოების ოქროს ხანა

19. ფათი

20. კეთროვანი მეფე

21. სალადინი

22. მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა: სალადინი და რიჩარდი

23. სალადინის დინასტია

მეექვსე ნაწილი. მამლუქები

24. სულთნის მონა

25. მამლუქთა დაღმასვლა

მეშვიდე ნაწილი. ოსმალები

26. ბრწყინვალება სულეიმანისა

27. მისტიკოსები და მესიები

28. დიდგვაროვანთა ოჯახები

მერვე ნაწილი. იმპერია

29. ნაპოლეონი წმინდა მიწაზე

30. ახალი რომანტიკოსები: შატობრიანი და დიზრაელი

31. ალბანური დაპყრობები

32. ევანგელისტები

33. ახალი ქალაქი

34. ახალი რელიგია

35. არაბული ქალაქი, იმპერიული ქალაქი

36. რუსები

მეცხრე ნაწილი. სიონიზმი

37. კაიზერი

38. იერუსალიმელი მებარბითეები

39. მსოფლიო ომი

40. არაბთა აჯანყება, ბალფურის დეკლარაცია

41. საშობაო საჩუქარი

42. გამარჯვებები და ალაფები

43. ბრიტანული მანდატი

44. არაბების აჯანყება

45. ბინძური ომი

46. ებრაელთა დამოუკიდებლობა, არაბთა მარცხი

47. გაყოფილი ქალაქი

48. ექვსი დღე

  • ეპილოგი
  • დილა იერუსალიმში: მას აქეთ დღემდე
  • ხვალინდელი დღე
  • დღევანდელი დილა
  • მაკაბელები: მეფეები და მღვდელმთავრები
  • ჰეროდეები
  • წინასწარმეტყველი მუჰამადი და მუსლიმი ხალიფები და დინასტიები
  • იერუსალიმის ჯვაროსანი მეფეები (1099-1291)
  • ჰაშიმიანთა (შარიფების) დინასტია (1916 -)

ბიბლიოგრაფია:

საიმონ სებაგ მონტეფიორე - იერუსალიმი.

თბილისი.2012წ.

-----------------------------

„იერუსალიმის ხედი მსოფლიოს ისტორიაა; ის უფრო მეტია - ის ცისა და მიწის ისტორიაა“.

ბენჯამინდიზრაელი, „ტანკრედი“

„ეს ქალაქი დაანგრიეს, აღადგინეს, ისევ დაანგრიეს და ისევ აღადგინეს. იერუსალიმი ბებერი ნიმფომანია, რომელიც საყვარლებს ერთიმეორის მიყოლებით ალერსში ხდის სულს და მთქნარებით გადააგორებს მათ განზე; ის შავი ქვრივია, რომელიც პარტნიორებს შეუბრალებლად ნთქავს, სანამ ისინი მის დაუფლებას ცდილობენ“.

ამოსოზი, „ამბავისიყვარულისადაწყვდიადისა“

„ისრაელის მიწა სამყაროს ცენტრია; იერუსალიმი ისრაელის ცენტრია; წმინდა ტაძარი იერუსალიმის ცენტრია; წმინდა ტაძრის ცენტრია წმიდათა წმიდა; წმიდათა წმიდას ცენტრია აღთქმის კიდობანი; ხოლო ქვაკუთხედი, რომელზეც სამყაროა დაფუძნებული, აღთქმის კიდობნის წინაა“.

მიდრაშტანჰუმა, „კედოშიმი10“

„დედამიწის საკურთხეველია სირია; სირიის საკურთხეველია პალესტინა; პალესტინის საკურთხეველია იერუსალიმი; იერუსალიმის საკურთხეველია ტაძრის მთა; ტაძრის მთის საკურთხეველია სამლოცველო; სამლოცველოს საკურთხეველია კლდის გუმბათი.

თაურიბნიაზიდი, „ფადაილი“

„იერუსალიმი ყველაზე სახელოვანი ქალაქია. მაგრამ მას მაინც აქვს ნაკლი. როგორც ამბობენ, „იერუსალიმი ოქროს თასია, რომელიც მორიელებითაა სავსე“.

მუყადასი, „აღწერასირიისაპალესტინასთანერთად“

1. დავითის სამყარო

პირველი მეფე: ქანაანელები

     როცა დავითმა სიონის ციტადელი დაიპყრო, იერუსალიმი უკვე ძველი იყო, მაგრამ მას ქალაქს ძნელად თუ უწოდებდით, მხოლოდ ციხესიმაგრე იყო იმ მიწისა, რომელმაც შემდეგში მრავალი სახელი გამოიცვალა: ქანაანი, იუდა, იუდეა, ისრაელი, პალესტინა, ქრისტიანების წმინდა მიწა, ებრაელების აღთქმული ქვეყანა. ეს ტერიტორია, რომლის ფართობი სულ 40 000 კვადრატული კილომეტრია, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და მდინარე იორდანეს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს. მისი წყლიანი სანაპირო დაბლობები დამპყრობლებისა და ვაჭრებისთვის ეგვიპტისა და აღმოსავლეთის იმპერიებს შორის სამგზავროდ საუკეთესო გზა იყო. თუმცა, ზღვისგან იზოლირებული და უახლოესი სანაპირო ზოლიდან 50 კილომეტრით დაშორებული იერუსალიმი, რომელზეც არც ერთი სავაჭრო გზა არ გადიოდა, მთაგორიანი იუდეის სალი კლდეებისა და ქვიანი ხეობების ოქროსფერ უდაბნოში ზამთრის სუსხსა და ზოგჯერ თოვლშიც, ხანაც ზაფხულის მცხუნვარე, გვალვიან დღეებში, ამაყად იდგა. ეს საშინელი კლდეები ქალაქს იცავდა. ქვემოთ, ხეობაში, მდინარე მიედინებოდა და მოსახლეობას წყლით ამარაგებდა. დავითის ქალაქის რომანტიკული სახე ბევრად უფრო ცხადი და ხასხასაა, ვიდრე ისტორიული სინამდვილე. იერუსალიმის პრეისტორიულ ბურუსში თიხის ნამტვრევები, პირქუშ კლდეში ნაკვეთი საფლავები, კედლების ნარჩენები, ძველი მეფეების სასახლეებზე ამოტვიფრული წარწერები და წმინდა წერილი მხოლოდ ოდნავ ჰფენს ნათელს ერთმანეთისგან ასეულობით წლით დაშორებულ ადამიანთა თაობების ცხოვრებას. ისტორიული წყაროები მხოლოდ რომელიღაც ცივილიზაციის ერთ კონკრეტულ მომენტს გაანათებს ხოლმე და დანარჩენს სრულ სიბნელეში ტოვებს; ცივილიზაციის დაღუპვიდან ახალი ცივილიზაციის გაჩენამდე საუკუნეები ისე გაივლის, რომ ვერაფერს ვიგებთ. მხოლოდ მდინარეები, მთები და ხეობები რჩება იგივე, თუმცა ისინიც იცვლიან მიმართულებას, იშლებიან და ივსებიან ათასწლოვანი ავდრის, ნგრევისა და ადამიანთა ძალადობის გამო. ერთი რამ მაინც ზუსტადაა ცნობილი: მეფე დავითის დროს მისმა სიწმინდემ, უსაფრთხო ადგილმდებარეობამ და ბუნებრივმა პირობებმა იერუსალიმი უძველეს, თითქმის აუღებელ ციხესიმაგრედ აქცია. იქ ხალხი ჯერ კიდევ ძვ. წ. 5000 წლიდან ცხოვრობდა. ადრეულ ბრინჯაოს ხანაში, ძვ. წ. დაახლოებით 3200 წელს, ყველა ქალაქის სამშობლოში, ურუქში, უკვე 40 000 ადამიანი სახლობდა, ხოლო მეზობლად მდებარე იერიქონი (ებრ. იერიხო) სიმაგრეებიანი ქალაქი იყო. იქაურები თავიანთ მკვდრებს იერუსალიმის ბორცვებში გამოკვეთილ აკლდამებში მარხავდნენ. თანდათან იქვე დასახლება დაიწყეს და პირველი კედლებშემოვლებული სოფელი ოთხკუთხა სახლებით ზედ წყაროს თავზე გაშენდა. მალე ეს სოფელი მრავალი წლით დაცარიელდა. იერუსალიმი არსებობის პირველ წლებს ითვლიდა, როცა ეგვიპტის ძველი სამეფოს ფარაონების ხანაში პირამიდების მშენებლობამ ზენიტს მიაღწია და დიდი სფინქსის შენებაც დასრულდა. ძვ. წ. 1900-იან წლებში, როცა კრეტაზე მინოსური ცივილიზაცია აღმოცენდა, ბაბილონში მეფე ხამურაბი კანონების წიგნს ადგენდა, ხოლო ბრიტები სტოუნჰენჯში რელიგიურ რიტუალებს ატარებდნენ, ერთ თიხის ჭურჭელზე ამოტვიფრეს წარწერა (ამ ჭურჭლის ნამტვრევები ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში იპოვეს), რომელშიც ნახსენებია ურსალიმი - ბინდის ვარსკვლავის ღვთაების - სალიმის ანუ შალიმის - სახელობის ქალაქი. ურსალიმი სავარაუდოდ ამას ნიშნავს: „სალიმი დაარსდა დავუბრუნდეთ იერუსალიმს. დასახლება მდინარე გიხონის ერთ-ერთ სათავესთან შეიქმნა და გაფართოვდა: ქანაანელებმა კლდეში არხი გაკვეთეს და თავიანთი სიმაგრის შიგნით წყალს აუზში აგროვებდნენ. მდინარის სათავემდე გამაგრებული მიწისქვეშა დერეფნებითაც მიისვლებოდა. ბოლო არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ ადგილობრივები წყაროს კოშკითა და 3 ტონიანი ლოდებით აგებული 7 მეტრის სისქის კედლით იცავდნენ. სავარაუდოდ, კოშკი მდინარის კოსმიური ღვთაების სადიდებელ ტაძარსაც წარმოადგენდა. ქანაანის სხვა ნაწილებში მეფე-ქურუმები ციხე-ტაძრებს ბევრგან აშენებდნენ. ბორცვის ფერდობზე იერუსალიმის უძველესი კედლის ნარჩენებიც იპოვეს. როგორც ჩანს, ქანაანელებზე ნიჭიერი მშენებლები იერუსალიმში მომდევნო 2000 წლის განმავლობაში, ჰეროდე დიდამდე აღარ ჰყოლიათ. ძვ. წ. 1458 წელს ეგვიპტელებმა პალესტინა დაიპყრეს და იერუსალიმიც მათი ქვეშევრდომი გახდა. ახლომდებარე იაფასა და ღაზაში ეგვიპტური გარნიზონი იდგა. ძვ. წ. 1350 წელს შეშინებულმა იერუსალიმის მეფემ თავის ბატონს, ეგვიპტის ახალი სამეფოს ფარაონ ახენატონს, თხოვნით მიმართა, დამხმარე რაზმი გამომიგზავნე, თუნდაც ორმოცდაათი მშვილდოსანი, რომ ჩემი პატარა სამეფო მეზობელი სახელმწიფოების მეფეების აგრესიისა და მოთარეშე ყაჩაღებისგან დავიცვაო. მეფე აბდი-ჰეპა თავის ციტადელს, იერუსალიმის მიწის სატახტო ქალაქს ბეით შულმანის უწოდებს, რაც „კეთილსამყოფელს“ ნიშნავს. შესაძლოა, სწორედ „შულმანისგანაა“ მიღებული „შალიმი“ ქალაქის სახელწოდებაში. აბდი-ჰეპა უმნიშვნელო მმართველი იყო. მის დროს სამხრეთში ეგვიპტელები დომინირებდნენ, ჩრდილოეთში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე) - ხეთები, ხოლო ჩრდილო-დასავლეთში - მიკენელი ბერძნები, რომლებსაც წინ ტროის ომი ელოდათ. მეფის სახელის პირველი ნაწილი დასავლეთ სემიტურია. სემიტები - ახლო აღმოსავლური ხალხი, ბიბლიური ნოეს ძის, სემის, შთამომავლებად ითვლებიან. შესაბამისად, აბდი-ჰეპა წარმოშობით ჩრდილო-აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ნებისმიერი რეგიონიდან შეიძლებოდა ყოფილიყო. ფარაონის არქივში ნაპოვნ ჩვენთვის ცნობილი პირველი იერუსალიმელის სათხოვარ სიტყვებში პანიკური შიში იკითხება: „შვიდგზის და კიდევ შვიდგზის ვეთაყვანები მეფეს. აი, რა ჩაიდინეს მილკილუმ და შუვარდატუმ ჩემს მიწაზე: ისინი გეზერელთა რაზმებს გამოუძღვნენ... მეფის კანონს წინ აღუდგნენ... მეფის მიწა ჰაბირუების [მოთარეშე ყაჩაღების] ხელში გადავიდა. ახლა იერუსალიმის სამფლობელო ქალაქი ქილტუს ხალხის ხელშია. დაე, მეფემ ყურად იღოს მისი მსახურის, აბდი-ჰეპას თხოვნა და მშვილდოსნები გამოგზავნოს“. უცნობია, რა ბედი ეწია ალყაშემორტყმულ აბდი-ჰეპას, მაგრამ ერთი საუკუნის შემდეგ იერუსალიმელებმა გიხონის წყაროს თავზე, ოფელის ბორცვზე გლუვკედლებიანი შენობები ააგეს. სალიმის ციტადელისა და ტაძრის ეს საძირკვლები დღემდე შემორჩენილია. ეს მტკიცე კედლები, კოშკები და ტერასები ქანაანელთა ციტადელის, სიონის, შემადგენელი ნაწილი იყო. მალე სიონი დავითმა დაიპყრო. ძვ. წ. XIII საუკუნეში იერუსალიმი იებუსელებსაც კი ჰქონიათ დაპყრობილი. მაგრამ ახლა ძველი ხმლეთაშუაზღვისპირეთი ეგეოსის ზღვით მოსული ე. წ. „ზღვის ხალხების“ ტალღას წაელეკა. განუწყვეტელი თავდასხმებისა და გადასახლებების შტორმში მრავალი იმპერია დაიშალა. ხეთები დაეცნენ, მიკენური ცივილიზაცია უცნაურ ვითარებაში განადგურდა, ეგვიპტე შეირყა - და ერი, რომელსაც ებრაელებს უწოდებენ, პირველად გამოჩნდა ისტორიის ასპარეზზე.

აბრაამი იერუსალიმში: ისრაელიანები

     ახალმა ბნელმა ხანამ, რომელიც სამ საუკუნეს გრძელდებოდა, საშუალება მისცა ებრაელებს, ასევე „ისრაელიანებად“ ცნობილ უცნაურ ხალხს, რომლებიც ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, ქანაანის ვიწრო მიწაზე დასახლებულიყვნენ და თავიანთი სამეფო დაეარსებინათ. ებრაელთა პროგრესი აღწერილია სამყაროს შექმნის, მათი წარმოშობისა და ღმერთთან ურთიერთობის ამსახველ ამბებში. ისინი თავიანთ ტრადიციებს ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ თაობიდან თაობას, შემდეგ ებრაულ წმინდა ტექსტებად გადაწერეს, მოგვიანებით მოსეს ხუთ წიგნად, თორად შეკრიბეს. თორა ებრაული წმინდა წერილების, თანახის, პირველი განყოფილებაა. ბიბლია წიგნთა წიგნად იქცა, მაგრამ ის უბრალო დოკუმენტი კი არა, უცნობი ავტორების მიერ სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზნით დაწერილი და რედაქტირებული, გადახლართული ტექსტების მისტიკური ბიბლიოთეკაა. ეს მრავალი ეპოქისა და ავტორის წიგნი უტყუარ ისტორიულ ფაქტებსაც შეიცავს, გადაუმოწმებელ მითებსაც, ტკბილხმოვან ლექსებსაც და ბუნდოვან, ზოგჯერ გაურკვეველ, ზოგჯერ შეცდომით გაგებულ იდუმალ პასაჟებსაც. მორწმუნისთვის ბიბლია ღვთიური შთაგონების ნაყოფია, ისტორიკოსისთვის - ურთიერთსაწინააღმდეგო, დაუჯერებელი და ხშირად განმეორებადი ფაქტებით სავსე წიგნი, მაგრამ ის მაინც ფასდაუდებელი წყაროა - ხშირ შემთხვევაში ერთადერთი წყაროც კი. გარდა ამისა, ბიბლია პირველი, სრულყოფილი ბიოგრაფიაა იერუსალიმისა. ებრაელთა მამამთავარი, როგორც ბიბლიის პირველი, „დაბადების წიგნიდან“ ირკვევა, იყო აბრამი, რომელიც ურიდან (დღევანდელი ერაყის ტერიტორია) ხებრონში, ქანაანურ ქალაქში გადასახლდა, რადგან ღმერთმა ქანაანის მიწა მას აღუთქვა და სახელიც გადაარქვა - აბრაამი, „მრავალი ერის მამა“ უწოდა. მოგზაურობისას აბრაამს სალიმის მეფე-ქურუმმა, მელქისედეკმა, უზენაესი ღვთის, ელ-ელიონის სახელით უმასპინძლა. ბიბლიაში ქალაქის ეს პირველი ხსენება იმას მიანიშნებს, რომ იერუსალიმი უკვე იყო ქანაანელთა მეფე-ქურუმების მიერ მართული ციხე-ტაძარი. მოგვიანებით ღმერთმა აბრაამს გამოსაცდელად ვაჟიშვილის, ისააკის მსხვერპლად შეწირვა სთხოვა მორიას ანუ იერუსალიმის ტაძრის მთაზე. აბრაამის ცბიერმა შვილიშვილმა, იაკობმა, მემკვიდრეობის მისაღებად ითაღლითა, მაგრამ მოგვიანებით ცოდვები ვიღაც უცნობთან შეჭიდებით გამოისყიდა. აღმოჩნდა, რომ ის უცნობი ღმერთი ყოფილა და ამიტომ იაკობს ახალი სახელი - ისრაელი, „ღმერთთან მოჭიდავე“ ეწოდა. ასე შესაფერისად იშვა ებრაელთა მოდგმა, რომლის კავშირი ღმერთთან იმთავითვე მგზნებარე და მტანჯველი იყო. ისრაელი იყო მამამთავარი თორმეტი ებრაული ტომისა, რომელიც ეგვიპტეში გადასახლდა. თუმცა, ამ ე. წ. პატრიარქების ისტორიებში იმდენი ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტია, მათი ზუსტად დათარიღება შეუძლებელია. როგორც „გამოსვლათა წიგნშია“ აღწერილი, 430 წლის შემდეგ, ფარაონის მიერ დამონებული ისრაელიანები სასწაულებრივად გაიქცნენ ეგვიპტიდან ღვთის დახმარებითა და ებრაელი უფლისწულის, მოსეს წინამძღოლობით (ებრაელები დღესაც აღნიშნავენ ამ ამბავს პასექის დღესასწაულზე). სინას ნახევარკუნძულზე ხეტიალისას, ღმერთმა მოსეს ათი მცნება მისცა. თუ ისრაელის მოდგმა ამ მცნებების დაცვით იცხოვრებდა და ეთაყვანებოდა ღმერთს, მაშინ ღვთისგან ჯილდოდ ქანაანის მიწას მიიღებდა. როცა მოსე ამ ღმერთის ბუნებაზე დაფიქრდა და ჰკითხა მას, ვინ ხარო, მედიდური და მკაცრი პასუხი მიიღო: „მე ვარ, რომელიც ვარ“. ეს იყო უსახელო ღმერთი, რომელსაც ებრაულ ტექსტებში გამოსახავენ ტეტრაგრამით: הוהי (იჰვჰ) ანუ იაჰვე, რაც ქრისტიანებმა შეცდომით გადააკეთეს იეჰოვად. მრავალი სემიტი დასახლდა ეგვიპტეში. სავარაუდოდ, ფარაონი, რომელიც ებრაელებს ქალაქების მშენებლობებზე მონებად ამუშავებდა, რამსეს II დიდი იყო. მოსე ეგვიპტური სახელია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ის წარმოშობით ეგვიპტელი იყო. გასაკვირი არაა, რომ ახალი, მონოთეისტური რელიგიის პირველ ქარიზმატულ ლიდერად სწორედ მოსე ან მისნაირი ადამიანი მოგვევლინა - რელიგიები ხომ ასე იქმნება. რეპრესიებს გამოქცეული სემიტური მოდგმის ტრადიციები და ადათ-წესები საკმაოდ დამაჯერებელია, მაგრამ თარიღები ძალიან ბუნდოვანია. მოსემ აღთქმულ მიწას ნებოს მთიდან შეავლო თვალი, მაგრამ ისე მოკვდა, იქ ფეხის დადგმა არ ეღირსა. ისრაელიანები ქანაანის მიწაზე მისი შემცვლელი იესო ნავეს ძის მეთაურობით შევიდნენ. ბიბლიის მიხედვით, ქანაანის მიწის თანდათან ასათვისებლად და იქ დასასახლებლად ებრაელებს სისხლისმღვრელი ბრძოლების გადახდა დასჭირდათ. ქანაანის ძალით დაპყრობის არანაირი არქეოლოგიური სამხილი არ არსებობს, მაგრამ მწყემსებმა იუდეის მაღლობებში მრავალი უგალავნო სოფელი იპოვეს. ეტყობა, ამ ადგილებში ეგვიპტიდან გამოქცეული ისრაელიანები მცირე ჯგუფებად სახლდებოდნენ. მათ ერთი ღმერთის - იაჰვეს - თაყვანისცემა აერთიანებდათ, თან დაჰქონდათ მოძრავი ტაძარი, კარავი, რომელშიც აღთქმის კიდობნის სახელით ცნობილი ხის სკივრი ინახებოდა. შესაძლოა, ებრაელებმა საკუთარი იდენტობა მამამთავრებზე შეთხზული ლეგენდებით ჩამოაყალიბეს. ამ გადმოცემების უმეტესობა, დაწყებული ადამითა და ედემის ბაღით და დამთავრებული აბრაამით, მომავალში არამხოლოდ ებრაელებისთვის, არამედ ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვისაც წმინდა გახდა და სიწმინდემ ბინა იერუსალიმში დაიდო. ებრაელები პირველად უახლოვდებოდნენ ამ ქალაქს.

2. დავითის აღზევება

ახალგაზრდა დავითი

     იესო ნავეს ძემ შტაბი მოიწყო შექემში, სადაც იაჰვეს სადიდებლად ტაძარიც ააგო. იმ დროს იერუსალიმი იებუსელების ხელში იყო და იქაურ მეფეს ადონიცედეკი ერქვა. მეფის სახელი აშკარად მის ქურუმობაზე მიუთითებს. ადონიცედეკმა იესო ნავეს ძეს წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ დამარცხდა. თუმცა, „ვერ განდევნეს იუდას ძეებმა იერუსალიმში მცხოვრები იებუსელები. ისინი დღემდე იუდას ძეებთან ცხოვრობენ იერუსალიმში.“ ძვ. წ. დაახლოებით 1200 წელს მერნეპტაჰი, ძე რამზეს დიდისა, სავარაუდოდ, ის ფარაონი, რომელიც იძულებული გახდა, მოსეს მიმდევარი ებრაელები მონობიდან გაეთავისუფლებინა, „ზღვის ხალხთა“ გახშირებულმა თავდასხმებმა შეაწუხა და ახლო აღმოსავლეთის ძველ იმპერიებში წესრიგის დასამყარებლად ქანაანი დაარბია. უკან დაბრუნებულმა ფარაონმა თავისი გამარჯვება თებეს ტაძრის კედლებზე გამოასახვინა. ის აცხადებს, რომ „ზღვის ხალხი“ დაამარცხა, აშკელონი დაიბრუნა და გაჟლიტა ხალხი, რომელიც ისტორიულ ქრონიკებში დამოუკიდებლად პირველად აქ მოიხსენიება - „ისრაელი განადგურებულია, მისი მოდგმა მთლიანად ამოწყდა“. ისრაელი ჯერ კიდევ არ იყო სახელმწიფო; როგორც „მსაჯულთა წიგნი“ გვიამბობს, ის ტომების კონფედერაციას წარმოადგენდა და ტომთა მმართველი უხუცესები მალე ახალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. ებრაელებს ახალი მტრები გამოუჩნდნენ - წარმოშობით ეგეოსის ზღვის ხალხი - ფილისტიმელები. მათ ქანაანის სანაპირო ზოლი დაიპყრეს და იქ ხუთი მდიდარი ქალაქი დააარსეს, სადაც სამოსს ქსოვდნენ, წითელი და შავი თიხის ჭურჭელს ამზადებდნენ და თავიანთ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ისრაელიანები, პატარა სოფლებში მცხოვრები მთიელი მწყემსები, თანასწორ მეტოქეობას ვერ გაუწევდნენ განვითარებულ ფილისტიმელებს, რომლებიც თავიანთი ბერძნული სტილის საომარი საჭურვლით - ფირფიტებიანი ჯავშნით, საბარკულებით, ჩაფხუტებითა და ხელჩართული ბრძოლისთვის განკუთვნილი იარაღებით - თვით ეგვიპტურ მძიმე ეტლებიან კავალერიასაც კი უძლებდნენ. ისრაელიანებმა ფილისტიმელებთან და ქანაანელებთან საბრძოლველად ქარიზმატული სარდლები - მსაჯულები - აირჩიეს. თუ „მსაჯულების წიგნის“ ერთ-ერთ არაკანონიკურ მუხლს დავუჯერებთ, ისრაელიანებს ერთხელ იერუსალიმი აუღიათ და გადაუწვავთ კიდეც. თუ ეს მუხლი სინამდვილეს ასახავს, როგორც ჩანს, ისრაელიანებმა ციხესიმაგრის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. ძვ. წ. დაახლოებით 1050 წელს, ებენეზერთან ბრძოლაში, ფილისტიმელებმა ისრაელიანები გაანადგურეს, შილოში მათი ტაძარი დაანგრიეს, იაჰვეს წმინდა სიმბოლო, აღთქმის კიდობანი ხელთ იგდეს და იერუსალიმის გარშემო მდებარე მთიანი მხრისკენ დაიძრნენ. განადგურების შიშით შეპყრობილმა ისრაელიანებმა გადაწყვიტეს, „როგორც სხვა ერებსა ჰყავთ“, ჩვენც გვჭირდება ღვთისგან არჩეული მეფეო. ხალხმა მოხუც წინასწარმეტყველს, სამუელს, მიმართა. წინასწარმეტყველებს იმ დროს მომავლის განმჭვრეტელებს კი არა, აწმყოს მკვლევრებს უწოდებდნენ - ბერძნული სიტყვა პროპჰეტეია „ღმერთების ნება-სურვილის ახსნა-განმარტებას“ ნიშნავს. ისრაელიანებს სამხედრო მმართველი სჭირდებოდათ. სამუელმა ახალგაზრდა მეომარი, საული აარჩია და მირონი სცხო მას. იერუსალიმიდან ხუთი კილომეტრის მოშორებით ბორცვის თხემზე მდგარი გაბაონის (თელ ალ-ფულის) ციტადელიდან მმართველმა, „თავისი ხალხის, ისრაელის წინამძღოლმა“, მოაბელების, ედომელებისა და ფილისტიმელების დამარცხებით დაამტკიცა მისი მეფედ არჩევის მართებულება. მაგრამ საული ტახტს არ შეეფერებოდა, რადგან „ღვთის ბოროტი სული აწვალებდა მას“. ფსიქიკურად გაუწონასწორებელი მეფის შემხედვარე სამუელმა უჩუმრად მისი შემცვლელის ძიება დაიწყო. მან ბეთლემელი იესეს რვა ვაჟი სათანადო უნარით დაჯილდოვებულ კანდიდატებად მიიჩნია. უმცროსი დავითი, „წითური, ლამაზთვალებიანი და კარგი შესახედაობისა იყო“. და უთხრა უფალმა სამუელს: „ადექი და მირონი სცხე, რადგან ეს არის ის!“ დავითი კარგად უკრავდა ქნარზე, მამაცი იყო, ძლიერი მებრძოლი და კარგი სიტყვა-პასუხიანიც. ის ძველი აღთქმის ყველაზე გამოჩენილ, მაგრამ, იმავდროულად, მრავალსახოვან პერსონაჟად იქცა. იერუსალიმის სიწმინდის შემქმნელი ერთდროულად იყო პოეტი, დამპყრობელი, მკვლელი, მრუში, წმინდა მეფე და გამოუსწორებელი ავანტურისტი. სამუელმა დავითი სასახლეში წაიყვანა, სადაც მეფე საულმა ის თავის ერთ-ერთ საჭურველმტვირთველად დანიშნა. როცა მეფეს სიგიჟის შემოტევა ჰქონდა, დავითი ღვთისგან ბოძებულ ერთ-ერთ ნიჭს ავლენდა: ქნარს უკრავდა და „შვებას გრძნობდა საული“. დავითის მუსიკალური ნიჭი მისი ქარიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ზოგიერთი ფსალმუნი, რომლის ავტორობასაც დავითს მიაწერენ, შესაძლოა, მართლაც მისი შეთხზული იყოს. ფილისტიმელები ელაჰის ველზე დაბანაკდნენ. მათ წინააღმდეგ საული და მისი ლაშქარი გამოვიდა. ფილისტიმელებმა ბუმბერაზი მეომარი, გათელი გოლიათი გამოიყვანეს. ისრაელიან მეომართა თხელი აბჯრის გოლიათის მძიმე საჭურველთან შედარებაც არ შეიძლებოდა. სისხლისმღვრელი ბრძოლის მოლოდინში მყოფმა საულმა ალბათ შვებით ამოისუნთქა, როცა დავითმა გოლიათთან შებრძოლების სურვილი გამოთქვა. დავითმა „ხევში ხუთი მრგვალი ქვა აკრიფა“, შურდული მოიმარჯვა, გოლიათს „შურდულით ქვა სტყორცნა და შიგ შუბლში მოარტყა“ და დავითმა დაცემულ მეომარს თავი მოჰკვეთა. ისრაელიანებმა გაქცეულ ფილისტიმელებს ქალაქ ეკრონის კარიბჭეებამდე სდიეს. არ ვიცი, სიმართლეა თუ არა ეს ამბავი, მაგრამ ამ შერკინებით ყმაწვილმა დავითმა დიდი მეომრის სახელი მოიხვეჭა. საულმა დავითი დააწინაურა, მაგრამ ქალებმა ქუჩებში მღერა დაიწყეს: „საულმა ათასი მოკლა, დავითმა - ათი ათასიო“. საულის ძე, იონათანი დაუმეგობრდა დავითს, ხოლო მიქალს, საულის ასულს, შეუყვარდა იგი. საულმა მათ დაქორწინების ნება მისცა, შურდა დავითისა: ხელშუბით ორჯერ სცადა სიძის მოკვლა. მეფის ასულმა მიქალმა დავითი სასახლის ფანჯრიდან გააპარა და იხსნა იგი. დავითი ნობში მღვდელმსახურებმა შეიფარეს. მეფე დაედევნა მას და ყველა მღვდელი დახოცა, გარდა ერთისა, მაგრამ დავითი მაინც გადარჩა და ყაჩაღთა ექვსასკაციანი რაზმის მეთაურად იქცა. ორჯერ მიეპარა ის მძინარე საულს, მაგრამ ორჯერვე დაინდო, ატირებულმა საულმა კი მას უთხრა: „შენ ჩემზე მართალი ხარ“. ბოლოს დავითი შეეკრა გათის ფილისტიმელ მეფეს, რომელმაც მას სამფლობელოდ ქალაქი ციკლაგი უბოძა. ფილისტიმელები კიდევ ერთხელ შეიჭრნენ იუდას მიწაზე და საული გილბოას მთაზე დაამარცხეს. იონათანი მოკლეს, ხოლო მეფე თავის ხმალს ზედ დაეგო.

3. სამეფო და ტაძარი

დავითი: სამეფო ქალაქი

     დავითის ბანაკში ერთი კაცი მივიდა და განაცხადა: „მე მოვკალი უფლის ცხებული საული“. დავითმა ამბის მომტანი მოკლა და საული და იონათანი ამ პოეტური სიტყვებით დაიტირა: „შენს მაღლობებზე დასამარდა შენი მშვენება, ისრაელო: როგორ დაეცნენ ვაჟკაცები! იგლოვეთ საული, ისრაელის ასულებო, ვინც ძოწეულით გმოსავდათ და ძვირფასეულობით გამკობდათ. ვინც ოქროს სამკაულებით გიმშვენებდათ სამოსელს... საული და იონათანი, სიცოცხლეში საყვარელნი და ძვირფასნი, სიკვდილშიც განუყრელნი არიან. არწივზე სწრაფნი იყვნენ და ლომზე ძლიერნი... როგორ დაეცნენ ვაჟკაცები და როგორ განადგურდა საბრძოლო იარაღი!“ ამ ავბედით ჟამს იუდას სამხრეთულმა ტომებმა დავითი თავიანთ მეფედ აკურთხეს და სატახტო ქალაქად ხებრონი მისცეს, ხოლო საულის ცოცხლად გადარჩენილი ვაჟი, იშბოშეთი ისრაელის ჩრდილოურ ტომებზე გამეფდა. შვიდწლიანი ომის შემდეგ იშბოშეთი მოკლეს და ჩრდილოურმა ტომებმაც დავითი აკურთხეს თავიანთ მეფედ. სამეფო გაერთიანდა, მაგრამ ისრაელსა და იუდას ერთად მხოლოდ დავითის ქარიზმატულობა აკავებდა. იერუსალიმი, აგრეთვე ცნობილი როგორც იებუსი, ქალაქში მოსახლე იებუსელების გამო, საულის ციხესიმაგრე გაბაონის სამხრეთით მდებარეობდა. დავითი და მისი ლაშქარი სიონის ციტადელისკენ გაემართნენ, რომლის მტკიცე სიმაგრეები ახლახან ამოთხარეს გიხონის წყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ამბობენ, იმ დროს სიონი აუღებელი ციხესიმაგრე იყო და როგორ შეძლო დავითმა მისი დაპყრობა, დღემდე საიდუმლოდ რჩება. ბიბლიაში აღწერილია, როგორ გამოიყვანეს იებუსელებმა ქალაქის კედლებზე ბრმები და კოჭლები იმის საჩვენებლად, თუ რა ბედი ეწეოდა ყველა მათ მტერს. მაგრამ მეფე დავითმა როგორღაც მოახერხა შიგნით შეღწევა. ებრაული ბიბლიის მიხედვით, მას ამაში „ცინორი“ დაეხმარა. „ცინორი“ შესაძლოა ის წყლის გვირაბი იყოს, რომლის გათხრები ამჟამად მიმდინარეობს ოფელის ბორცვზე. ან შეიძლება, ჯადოსნური შელოცვაც იყოს. ასეა თუ ისე, „მაინც დაიპყრო დავითმა სიონის ციხე, დავითის ქალაქი“. ადვილად შესაძლებელია, რომ ეს „დაპყრობა“ სინამდვილეში სასახლის კარზე მომხდარი გადატრიალება ყოფილიყო. დავითს იებუსელები არ გაუჟლეტია, პირიქით, ისინი თავისი კოსმოპოლიტური ამალისა და ლაშქრის შემადგენლობაში შეიყვანა. მან დავითის ქალაქს, სიონს, სახელი გადაარქვა, მისი კედლები აღადგინა და ბრძოლით დაბრუნებული აღთქმის კიდობანი იერუსალიმში დაასვენა. კიდობნის ღვთაებრივმა სიწმინდემ ერთ-ერთი მზიდავი შეიწირა, რადგან ის მას ხელით შეეხო. მაშინ დავითმა კიდობანი სანდო გათელის სახლში შეინახა, სანამ მისთვის ხელის მოკიდება ისევ უსაფრთხო არ გახდა. „დავითსა და მთელ ისრაელის ერს მხიარული ყიჟინითა და საყვირის ხმის თანხლებით მიჰქონდათ უფლის კიდობანი“. ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი სელის ეფოდით შემოსილი „ცეკვავდა დავითი უფლის წინაშე, რაც ძალი და ღონე ჰქონდა.“ სამაგიეროდ, ღმერთი დავითს დაჰპირდა: „მარადიულად განმტკიცდება შენი სახლი და შენი სამეფო, მარადიულად განმტკიცდება შენი ტახტი.“ მრავალსაუკუნოვანი ბრძოლების შემდეგ დავითმა გამოაცხადა, რომ იაჰვემ წმინდა ქალაქში მუდმივი სამყოფელი იპოვა. მიქალმა, საულის ასულმა, დასცინა ქმარს, ღმერთის შიშით ნახევრად შიშველი დახტოდიო. ვინაიდან ბიბლიის პირველი წიგნები უძველესი ტექსტებისა და გაცილებით გვიან დაწერილი ამბების ნარევია, სამუელის მეორე და მეფეთა პირველ წიგნებში (მართლმადიდებლურ თარგმანში „მეფეთა მეორე და მესამე წიგნებში“ - მთარგმ. შენ.) დავითის არაჰეროიკული, გულწრფელი აღწერა წასაკითხად ისეთი დამაჯერებელია, მეფის რომელიმე კარისკაცის მოგონებები გეგონებათ. დავითმა ეს ციხე იმიტომ აირჩია სატახტო ქალაქად, რომ იერუსალიმი არც ჩრდილოურ ტომებს ეკუთვნოდა და არც - მის მომხრე, იუდას სამხრეთულ ტომებს. მან დამარცხებული მტრების ფარებით კედელი ააგო, ხოლო ფინიკიელმა მოკავშირეებმა ტვიროსიდან კედრის ხეები გამოუგზავნეს სასახლის ასაშენებლად. როგორც ამბობენ, დავითის დაპყრობილი სამეფო ლიბანიდან ეგვიპტემდე და აღმოსავლეთით დღევანდელ იორდანიასა და სირიამდე იყო გადაჭიმული, სამხედრო გარნიზონი თვით დამასკოშიც მდგარა. დავითზე მხოლოდ ბიბლია მოგვითხრობს: ძვ. წ. 1200-850 წლებში ეგვიპტისა და ერაყის იმპერიებს მძიმე დრო ედგათ და მწირი სამეფო ჩანაწერები დაგვიტოვეს. როგორც ჩანს, ამ პერიოდში იმპერიული ძალების გავლენა მეზობელ ქვეყნებზე შემცირებული იყო. დავითი ნამდვილად არსებობდა: ჩრდილოეთ ისრაელში, თელ-დანში 1993 წელს ნაპოვნი ძვ. წ. IX საუკუნის წარწერები გვიჩვენებს, რომ იუდას მიწას დავითის საგვარეულოს მეფეები მართავდნენ. ეს ამტკიცებს, რომ სამეფოს დამაარსებელი დავითი იყო. თუმცა, დავითის იერუსალიმი პატარა ციხე იყო. მაგალითად, დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი ბაბილონი 1000 ჰექტარზე იყო გაშენებული, ხოლო ახლომდებარე ხაცორი - 80 ჰექტარზე. აი, იერუსალიმის ფართობი კი სულ 5 ჰექტარი იყო, ზუსტად იმდენი, რომ ციხე-კოშკის ირგვლივ პატარა სახლებში მცხოვრები 1200 ადამიანი დაეტია. გიხონის წყაროს თავზე სიმაგრეების უახლესი აღმოჩენებით ირკვევა, რომ მართალია, იმპერიულ დედაქალაქს ვერ შეედრებოდა, მაგრამ დავითის სიონი ბევრად მნიშვნელოვანი დასახლება იყო, ვიდრე მიაჩნდათ. კრეტელი, ფილისტიმელი და ხეთი დაქირავებული მეომრების მეშვეობით დაპყრობილი მიწებისგან შექმნილი დავითის სამეფოს არსებობაც ნაკლებად საეჭვოა, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მის სიძლიერეს გადაჭარბებულად აფასებს და სამეფო რეალურად მხოლოდ დავითის პიროვნული თვისებების წყალობით შეკოწიწებულ ტომთა კავშირს წარმოადგენდა. მოგვიანებით ენერგიულმა მაკაბელმა სარდლებმა დაამტკიცეს, რა ადვილად შეიძლებოდა ებრაული „იმპერიის“ დაპყრობა თუნდაც დიდი იმპერიული ძალის არარსებობის შემთხვევაში. ერთ საღამოს დავითი თავისი სასახლის ბანზე ისვენებდა. „ბანიდან მობანავე ქალს მოჰკრა თვალი. ქალი ძალიან ლამაზი იყო. გაგზავნა დავითმა კაცი ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: „ეს ხომ ბათშებაა!“ ქალი დავითის არაისრაელიანი ჯარისკაცის, ხეთელი ურიას ცოლი იყო. დავითმა ის მოაყვანინა და „შევიდა ქალი დავითთან და დაწვა დავითი მასთან“. ქალი დაორსულდა. მეფემ თავის სარდალს, იოაბს, უბრძანა, ურია დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე მიმდინარე ომიდან გამოეწვია. ურია იერუსალიმში დაბრუნდა და დავითმა უთხრა მას: „წადი სახლში, ფეხები დაიბანე“. დავითს უნდოდა, ურია ბათშებასთან დაწოლილიყო, რათა მისი ორსულობა გაემართლებინა. მაგრამ ურიამ შინ წასვლაზე უარი თქვა. მაშინ დავითმა მას იოაბთან ეს წერილი გაატანა: „დააყენეთ ურია ბრძოლის წინა ხაზზე... რათა დაჰკრან და მოკვდეს“. ხეთელი ურია დაიღუპა. ბათშება დავითის საყვარელ ცოლად იქცა. თუმცა, წინასწარმეტყველმა ნათანმა უამბო მეფეს ამბავი მდიდარი კაცისა, რომელსაც ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ ღარიბ კაცს ერთადერთი ბატკანი მოჰპარა. დავითი ამ უსამართლობამ ძლიერ განარისხა: „სიკვდილის ღირსია ამის გამკეთებელი!“ „შენა ხარ ის კაცი!“ - უპასუხა ნათანმა დავითს. მეფე მიხვდა, რომ საზარელი დანაშაული ჩაიდინა. ცოდვით შობილი მისი და ბათშებას პირველი შვილი დაიღუპა, მაგრამ მეორე ვაჟი, სოლომონი, გადარჩა. დავითი სულაც არ ყოფილა იდეალური და წმინდა მეფე; შეიძლება ითქვას, რომ მისი ტახტი დათვის ორმოზე იდგა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთი ბელადის გარშემო აგებული იმპერია მისი დაუძლურებისთანავე გაიბზარა: დავითის ვაჟებმა ტახტისთვის ბრძოლა გააჩაღეს. წესით, ტახტი უფროს ვაჟს, ამნონს, უნდა რგებოდა, მაგრამ დავითის ფავორიტი ამნონის ნახევარძმა, ამპარტავანი და პატივმოყვარე აბესალომი იყო. მთელ ისრაელში არავინ იყო ქერათმიანი და გონებამახვილი აბესალომის სილამაზის მსგავსი.

აბესალომი: უფლისწულის აღზევება და დაცემა

     აბესალომის დის, თამარის, სახლში შეტყუებისა და გაუპატიურების შემდეგ, აბესალომმა ამნონი იერუსალიმის კედლებს გარეთ მოაკვლევინა. აბესალომი დედაქალაქიდან გაიქცა და მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაბრუნდა. მეფე და მისი საყვარელი ძე შერიგდნენ: აბესალომი პირქვე დაემხო ტახტის წინ და დავითმა აკოცა მას. მაგრამ უფლისწული აბესალომი თავის ამბიციებს ვერ თოკავდა. ყოველდღე იერუსალიმში ცხენებშებმული ეტლით დადიოდა, წინ ორმოცდაათ კაცს წაიმძღვარებდა ხოლმე. მამამისის ხელისუფლებას ძირს უთხრიდა, „აბესალომი ისრაელის გულს იგებდა“. მალე მან ხებრონში მეფის ტახტიდან ჩამოსაგდებად ამბოხი წამოიწყო. ხალხი ამომავალი მზის, აბესალომის, გარშემო შეგროვდა. მაგრამ ამასობაში დავითმა ახალგაზრდული სული დაიბრუნა: ის იერუსალიმიდან გაიქცა და აღთქმის კიდობანი, ღვთის კეთილგანწყობის სიმბოლოც, თან წაიღო. სანამ აბესალომი იერუსალიმში დამკვიდრდებოდა, ძველმა მეფემ მოკავშირეები შეაგროვა. „ჩემი გულისთვის ყმაწვილ აბესალომს ცუდად არ მოექცეთ“, - უთხრა დავითმა თავის სარდალს, იოაბს. დავითის ლაშქარმა ეფრამის ტყეში მუსრი გაავლო აჯანყებულებს, ხოლო აბესალომი ჯორზე ამხედრებული გაიქცა. მაგრამ ლამაზმა, ხშირმა თმამ უმტყუნა. „როცა ჯორი ტოტებგაბარჯღული დიდი ხის ქვეშ გადიოდა, აბესალომი თმით ტოტებში გაიხლართა და ცასა და მიწას შორის გამოეკიდა. ჯორი კი გამოეცალა და გაიქცა“. ხეზე ჩამოკიდებული აბესალომი იოაბმა მოკლა. მისი გვამი დიდ ორმოში ჩამარხეს და არა იმ სვეტის ქვეშ, რომელიც ამბოხებულმა უფლისწულმა თავის სახელზე ააგო. „ხომ მშვიდობაა აბესალომის თავს?“ - იკითხა საბრალო მეფემ. როცა დავითმა უფლისწულის სიკვდილის ამბავი შეიტყო, მოთქმა-გოდებას მოჰყვა: „შვილო, აბესალომ, შვილო, შვილო, აბესალომ! მე მაინც მოვმკვდარიყავი შენ მაგივრად, აბესალომ, შვილო, შვილო!“ მერე სამეფოს შიმშილი და ჭირი მოედო, მორიას მთაზე მდგარმა დავითმა იხილა სიკვდილის ანგელოზი, რომელიც იერუსალიმს განადგურებით ემუქრებოდა. მას გამოცხადება ჰქონდა, რომლის დროსაც სამსხვერპლოს აგება ებრძანა. იმ დროს იერუსალიმში წესით უკვე უნდა ყოფილიყო ტაძარი, რახან მის მმართველებს მეფე-ქურუმებს უწოდებდნენ. ადგილობრივი მცხოვრები, ორნია იებუსელი მორიაზე მიწის ნაკვეთს ფლობდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქალაქი გაფართოებულიყო და ოფელის ბორცვიდან უკვე მეზობელ მთასაც სწვდებოდა. „იყიდა დავითმა კალო და ხარები ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად. აუგო იქ დავითმა უფალს სამსხვერპლო და შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და მშვიდობის მსხვერპლი“. დავითი იმ ადგილას ტაძრის აშენებას გეგმავდა და ტვიროსის ფინიკიელ მეფე აბიბაალს კედრის ხეები შეუკვეთა. ეს მისი კარიერის დამაგვირგვინებელი მომენტი იყო - ღვთისა და მისი ხალხის, ისრაელისა და იუდას მიწების გაერთიანება და იერუსალიმის წმინდა სატახტო ქალაქად კურთხევა. მაგრამ დავითს ამის გაკეთება არ ეღირსა, რადგან უთხრა ღმერთმა: „შენ არ ააშენებ სახლს ჩემს სახელზე, რადგან მეომარი ხარ და სისხლი გაქვს დაღვრილი“. მოხუცებული და დაუძლურებული დავით მეფის კარზე მისმა მემკვიდრეებმა ტახტზე ასასვლელად ინტრიგების ხლართვა დაიწყეს. იმ დროს, როცა მეფეს გასართობად ტანწერწეტა ქალწული, აბიშაგი მიუყვანეს, მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა, ადონიამ გამეფება მოინდომა. მაგრამ შეთქმულებს ბათშება მხედველობიდან გამორჩათ.

სოლომონი: ტაძარი

     ბათშებამ ტახტზე თავისი ვაჟის, სოლომონის, დასმა შეძლო. დავითმა მღვდელი ცადოკი და წინასწარმეტყველი ნათანი იხმო და მეფის ჯორზე ამხედრებული სოლომონი პირადად მათი თანხლებით ჩავიდა გიხონის წმინდა წყარომდე. იქ სოლომონი მეფედ აკურთხეს. ჩაჰბერეს საყვირებს და გაიხარა ხალხმა. ადონია ზეიმის ხმის გაგონებაზე შეშინდა და საკურთხეველს შეაფარა თავი. სოლომონმა პირობა დადო, რომ ადონიას არ მოკლავდა. ისრაელის მოდგმის გაერთიანებისა და იერუსალიმის ღვთის ქალაქად ქცევის შემდეგ დავითის არაჩვეულებრივი კარიერაც დასრულდა. სიკვდილის წინ მან თავის ვაჟ სოლომონს დაუბარა, მორიას მთაზე ტაძარი აეგო. არასრულყოფილი დავითი წმინდა მეფედ ოთხი საუკუნის შემდეგ ბიბლიის ავტორებმა აღწერეს თავიანთი თანამედროვეების დასამოძღვრად. დავით მეფე დავითის ქალაქში დაკრძალეს. სოლომონი დავითისგან განსხვავდებოდა. მართალია, მან ტაძრის მშენებლობა დაასრულა, მაგრამ მეფობა ძვ. წ. დაახლოებით 970 წელს სისხლიანი ანგარიშსწორებით დაიწყო. ბათშებამ, დედა დედოფალმა, სოლომონს სთხოვა, ადონიასთვის მეფე დავითის ბოლო ქალწული ხარჭა, აბიშაგი, ცოლად მიეცა. „ბარემ მეფობაც მოითხოვე მისთვის“, - ირონიულად უპასუხა სოლომონმა დედას და ადონიას მოკვლა და მამამისის ძველი მცველების განადგურება ბრძანა. ეს ამბავი ალბათ ბოლო მონაკვეთია დავითის სასახლის კარის მემატიანის ქრონიკებიდან და მასში უკანასკნელად ჩანს სოლომონის უბრალო, ადამიანური თვისებები, სანამ წარმოუდგენლად ბრძენ და ნიჭიერ ლეგენდარულ იმპერატორად იქცევა. სოლომონი ჩვეულებრივ მეფეზე მეტი და უკეთესი იყო: მისი სიბრძნე 3000 ანდაზითა და 1005 სიმღერით გამოითქვა, მის ჰარამხანაში 700 ცოლი და 300 ხარჭა ცხოვრობდა, მისი ლაშქარი 12000 ცხენისა და 1400 ეტლისგან შედგებოდა. ამ ძვირადღირებული სამხედრო ტექნოლოგიების სადგომი და საწყობი მეფის ციხე-ქალაქებში - მეგიდოში, გეზერსა და ხაცორში იყო, ხოლო მეფის ფლოტი აქაბის ყურეში გაშენებულ ეციონ-გებერში იდგა. სოლომონი ეგვიპტესთან და კილიკიასთან ოქროთი, სანელებლებით, ეტლებითა და ცხენებით ვაჭრობდა. ფინიკიელ მოკავშირე ტვიროსის მეფესთან, ხირამთან ერთად აწყობდა სავაჭრო ექსპედიციებს სუდანსა და სომალიში. მან უმასპინძლა საბას (სავარაუდოდ, დღევანდელი იემენის) დედოფალს, რომელიც იერუსალიმში „დიდძალი დოვლათით მოვიდა; აქლემებს მოჰქონდათ ნელსაცხებლები, აურაცხელი ოქრო და ძვირფასი თვლები“. ოქრო ოფირიდან, ანუ ინდოეთიდან, ჩამოდიოდა. ბრინჯაო სამეფო მაღაროებიდან მოჰქონდათ. სოლომონის სიმდიდრემ შეამკო იერუსალიმი: „ვერცხლი ქვის ფასი გახადა მეფემ იერუსალიმში, ხოლო კედარი გაამრავლა სიკომორის ხესავით, დაბლობებში რომ იზრდება“. სოლომონის საერთაშორისო პრესტიჟი იმით დასტურდება, რომ მან ცოლად ფარაონის ასული შეირთო. ფარაონები არასდროს ათხოვებდნენ თავიანთ ასულებს უცხოელ უფლისწულებზე - მით უმეტეს, იუდაელ მეტიჩრებზე, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ მთის მწყემსების ბელადები იყვნენ. მაგრამ ერთ დროს ძლევამოსილი ეგვიპტე იმხანად ისეთ სამარცხვინო ქაოსში იყო, ფარაონმა სიამუნმა იერუსალიმთან ახლოს გეზერის დარბევის შემდეგ, თავისი სამეფოდან ძალიან შორს რომ აღმოჩნდა და შეშინდა, სოლომონს მანამდე გაუგონარი პატივი დასდო და თავისი ასულის ხელი და მის მზითვად საომარი ალაფი შესთავაზა. იერუსალიმის ტაძარი, რომლის აშენებასაც მეფე დავითი გეგმავდა, ნამდვილი ხელოვნების ნიმუში გამოვიდა. „უფლის სახლი“ სოლომონის სამეფო სასახლის გვერდით, წმინდა ადგილას, იმპერიულ აკროპოლისში ააშენეს. როგორც ბიბლიაშია აღწერილი, თვალისმომჭრელად მდიდრული უფლის სახლისა და სასახლის კედლები ოქროთი მოვარაყებული და კედრის ფიცრებით მოპირკეთებული იყო; აგრეთვე მდიდრული იყო „ლიბანის ტყის სახლიც“ და სვეტებიანი დარბაზიც, სადაც მეფეს მსჯავრი გამოჰქონდა. ეს არა მხოლოდ ისრაელიანთა მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს. ფინიკიელები, რომლებიც ლიბანის სანაპიროებზე, დამოუკიდებელ ქალაქ-სახელმწიფოებში ცხოვრობდნენ, იმდროინდელ ხმელთაშუაზღვისპირეთში ყველაზე განვითარებულ ხელოსნებად და ზღვაოსან ვაჭრებად მიიჩნეოდნენ. განსაკუთრებით ცნობილი იყო ტვიროსული ძოწი, რომლისგანაც ფინიკიელებმა თავიანთი სახელი მიიღეს (პჰოინიხ „ძოწს“ ნიშნავს). მათ შექმნეს პირველი ანბანიც. ფინიკიელმა მეფე ხირამმა არა მხოლოდ კვიპაროსისა და კედრის ხის მასალა გაუგზავნა სოლომონს, არამედ ხელოსნებიც, რომლებიც ვერცხლისა და ოქროს ჩუქურთმებს კვეთდნენ. ყველაფერი „სუფთა ოქროსი“ იყო. ტაძარი, სალოცავის გარდა, თავად უფლის სამყოფელიც იყო. კომპლექსი დაახლოებით 350 კვადრატული მეტრი ფართობის, სამი შემოკედლილი ნაწილისგან შედგებოდა. წინკარს ამშვენებდა 10 მეტრი სიგრძის ორი ბრინჯაოს სვეტი, იაქინი და ბოაზი, რომელთა თავზე შროშანები და ბროწეულები იყო ამოკვეთილი. წინკარი შედიოდა ზემოდან გადაუხურავ და სამი მხრიდან ორსართულიანი ოთახებით გარემოცულ სვეტებიან ეზოში. ეს ოთახები, სავარაუდოდ, სამეფო არქივებისა და საგანძურის მოვალეობას ასრულებდა. პორტიკი წმინდა დარბაზში შედიოდა, სადაც კედლების გასწვრივ ათი ლამპარი იდგა. ოქროს ტაბლა, რომელზეც საკურთხი პური ლაგდებოდა, სამსხვერპლოს, განსაწმენდი ავზების, თასებისა და „ზღვის“ სახელით ცნობილი ჯამის წინ იდგა. აქედან საფეხურები მიიწევდა წმიდათა წმიდამდე, ზეთისხილის ხისგან გამოჭრილი და ოქროთი მოვარაყებული ხუთმეტრიანი ქერუბიმებით დაცული პატარა ოთახისკენ. სოლომონს ტაძრის ასაშენებლად შვიდი წელი დასჭირდა, ხოლო თავისთვის უფრო დიდი სასახლის ასაშენებლად - ცამეტი წელი. უფლის სახლში მუდამ სიჩუმე უნდა ყოფილიყო, ამიტომ „არც ჩაქუჩის, არც ცულის და არც ერთი რკინის იარაღის ხმა არ გაღებულა სახლში მისი შენებისას.“ სოლომონის ფინიკიელი მშენებლები თლიდნენ ქვებს, ჭრიდნენ კედარსა და კვიპაროსს, კვეთდნენ ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ჩუქურთმებს, სანამ მათ იერუსალიმში გაგზავნიდნენ. მეფე სოლომონმა მორიას მთა ძველი კედლების გაფართოებით გაამაგრა და „სიონი“ უკვე ძველი ციხისა და ახალი მთის ტაძრის აღმნიშვნელ სიტყვად იქცა. როცა მშენებლობა დასრულდა, სოლომონმა შეკრიბა ხალხი, რათა მღვდლებს მათ თვალწინ გამოეტანათ აღთქმის აკაციის კიდობანი სიონიდან, დავითის ქალაქიდან, და მორიას მთის ტაძარში დაესვენებინათ. სოლომონმა სამსხვერპლოზე უფალს მსხვერპლი შესწირა და მღვდელმსახურებმა კიდობანი წმიდათა წმიდაში, ორი ბუმბერაზი ქერუბიმის ფრთებქვეშ დადეს. წმიდათა წმიდაში, ქერუბიმებისა და კიდობნის გარდა, არაფერი იყო, ხოლო კიდობანში ქვის ორი ფილა იდო. სიგრძით 120 სანტიმეტრის და სიგანით 75 სანტიმეტრის ფილებზე მოსესთვის გადაცემული ათი მცნება იყო ჩამოწერილი. ოთახი იმდენად წმინდა იყო, რომ ის სახალხო თაყვანისცემისთვის არ აუშენებიათ. იქ ისრაელიანთა უნიკალური იდეა - იაჰვეს ასკეტური, უსახო ღვთაება სახლობდა. როცა მღვდლები წმინდა ადგილიდან გამოვიდნენ, სულიწმინდის „ღრუბელმა“, „უფლის დიდებამ აავსო ღვთის სახლი“. სოლომონმა თავისი ხალხის წინაშე აკურთხა ტაძარი და ღმერთს მიმართა: „სახლი აგიშენე სავანედ შენდა, სამყოფელი სამარადისო სამკვიდრებლად“. ღმერთმა უპასუხა სოლომონს: „განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელში სამარადისოდ, როგორც მამაშენს, დავითს შევპირდი“. ეს იყო პირველი დღესასწაული, რომელიც თანდათან უდიდეს ებრაულ პილიგრიმობად იქცა. „წელიწადში სამჯერ სწირავდა სოლომონი დასაწვავ მსხვერპლსა და მშვიდობის მსხვერპლს სამსხვერპლოზე“. და სწორედ მაშინ იუდეურ-ქრისტიანულ-ისლამური სამყაროს სიწმინდემ სამარადისო ბინა იპოვა. ებრაელებსა და ბიბლიის სხვა მორწმუნეებს სწამთ, რომ მას შემდეგ „შეხინას“ („უფლის მყოფობას“) არასდროს დაუტოვებია მთის ტაძარი. იერუსალიმი დედამიწაზე ადამიანისა და ღვთის დამაკავშირებელ უმაღლეს ადგილად იქცა.

სოლომონი: დაღმასვლა

     ყოველი სრულყოფილი იერუსალიმი, ძველი თუ ახალი, ზეციური თუ მიწიერი, ბიბლიაში აღწერილ სოლომონის ქალაქს ეფუძნებოდა, რადგან სოლომონის ქალაქზე სხვა წყარო არ არსებობს და არც მისი ტაძრისგან დარჩენილა რამე. უცნაურად კი ჟღერს, მაგრამ ეს არც ისე უცნაურია. ტაძრის მთის გათხრა პოლიტიკური და რელიგიური მიზეზებით შეუძლებელია, მაგრამ თუნდაც ეს აკრძალული არ იყოს, საეჭვოა, სოლომონის ტაძრის კვალს ვინმემ მიაგნოს. ტაძარი, სულ ცოტა, ორჯერ მაინც დაანგრიეს, ერთხელ მიწასთან გაასწორეს და მრავალგზის გადააკეთეს. თუმცა, თუ სოლომონის ტაძრის ზომებსა და აგებულებას გავითვალისწინებთ, ნამდვილად შესაძლებელია, რომ ის არსებობდა, ოღონდ არც ისეთი ბრწყინვალე იყო, როგორადაც ბიბლიის ავტორები აღწერენ. სოლომონის ტაძარი თავისი ეპოქის კლასიკური სამლოცველოა. ფინიკიური ტაძრები, რომლებსაც ნაწილობრივ ეფუძნება სოლომონისა, შემოსავლიანი კორპორაციები იყო, მართული ასობით სახელმწიფო მოხელისგან. იქ საქმიანობდნენ ტაძრის მეძავები (რომელთა მიერ გამომუშავებული ფული საერთო ხაზინაში შედიოდა) და პირადი დალაქები მათთვის, ვინც საკუთარ თმას ღმერთებს სწირავდა. ამ რეგიონში მრავალგან აღმოჩენილი სირიული ტაძრების აგებულებაც, მათ წმინდა ჭურჭლებთან და სხვა ატრიბუტიკასთან ერთად, ძალიან ჰგავს სოლომონის ტაძრის ბიბლიურ აღწერილობას.

     ოქროულობისა და სპილოს ძვლისგან დამზადებული ნივთების სიუხვეც ტაძრის არსებობის სასარგებლოდ მეტყველებს. ერთი საუკუნის შემდეგ ისრაელის მეფეებმა სამარიის სიახლოვეს მდიდრული სასახლეები აიშენეს და იქ არქეოლოგებმა სპილოს ძვლისგან დამზადებული მრავალი ნივთი იპოვეს. ბიბლია აგრეთვე ამბობს, რომ სოლომონმა ტაძარს 500 ოქროს ფარი შესწირა. იმ ეპოქის სხვა წყაროებიც ადასტურებს, რომ მაშინ ოქროს ნაკლებობას არ უჩიოდნენ - ოფირიდან შემოჰქონდათ, ხოლო ეგვიპტელები ნუბიის მაღაროებს ფლობდნენ. სოლომონის სიკვდილისთანავე, ფარაონ შეშონქს, რომელიც იერუსალიმს განადგურებით დაემუქრა, ტაძრის საგანძურიდან გადაუხადეს ოქრო. სოლომონ მეფის მაღაროები დიდხანს მითიური ეგონათ, მაგრამ შემდეგ იორდანიაში მისი მეფობის დროს მოქმედი სპილენძის მაღაროები აღმოაჩინეს. სოლომონის ლაშქრის რიცხოვნობაც მისაღებია, მით უმეტეს, ზუსტადაა ცნობილი, რომ ერთი საუკუნის შემდეგ ისრაელის მეფემ საომრად 2000 ეტლის გამოყვანა შეძლო. სოლომონის სიძლიერე შეიძლება გადაჭარბებულია, მაგრამ მისი დასუსტება სინამდვილეს ჰგავს: ბრძენი მეფე იქცა არაპოპულარულ ტირანად, რომელიც თავისი მონუმენტური ფუფუნების საგნებისთვის ფინანსებს მაღალი გადასახადებითა და „გაშოლტვით“ აგროვებდა. ორი საუკუნის შემდეგ მცხოვრები მონოთეისტი ბიბლიის ავტორებისთვის დიდად სამწუხაროდ, სოლომონი იაჰვესთან ერთად სხვა ადგილობრივ ღმერთებსაც სცემდა თაყვანს და გარდა ამისა, უცხოელი ქალებიც უყვარდა. სოლომონს სამხრეთში ედომელები აუჯანყდნენ, ხოლო ჩრდილოეთში - დამასკოელები. იმავდროულად მისმა სარდალმა, იერობოამმა, ჩრდილოურ ტომებში ამბოხის მზადება დაიწყო. სოლომონმა იერობოამის მოკვლის ბრძანება გასცა, მაგრამ სარდალი ეგვიპტეში გაიქცა, სადაც მკვდრეთით აღმდგარი იმპერიის ლიბიელ ფარაონს, შეშონქს შეეკრა. ისრაელის სამეფოს სიმტკიცე შეირყა.

ტეგები: Qwelly, იერუსალიმი, ისტორია, ლიტერატურა, მონტეფიორე, მსოფლიო_ისტორია

ნახვა: 283

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters