ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 1980

      გასულ საღამოს წავიკითხე ლექცია თემაზე "ეკლესია და გარეგნული ღვთისმოსაობა". ამ თემამ მართლმადიდებლობის ხვედრზე ჩამაფიქრა. დღესდღეობით მონასტრული ცხოვრების ტრიუმფია ღვთისმეტყველებაშიც და საეკლესიო ცხოვრების წესშიც. სერბეთში, ყოველგვარი აღორძინება ეკლესიაში მონასტრულ გამოცდილებასთან, მიმართულებასთან ან სწავლებასთანაა დაკავშირებული. მე მადარდებს ის, რომ უკვე ხდება ამ მიმართულების მართლმადიდებლობასთან გაიგივება. ამერიკაში ხშირად მართლმადიდებლობის გაგება დაყავთ ხატებამდე, ძველებურ გალობამდე და ათონის მთის წიგნებამდე, რომლებიც სულიერ ცხოვრებას შეეხება. ეს ბიზანტიის ტრიუმფია და ვფიქრობ, ასეთი სახის მართლმადიდებლობის სიყვარული რაღაც რომანტიზმის მაგვარია, რადგან ის რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე მსოფლიოსაგან. ეს არის გაქცევა, დაცილება მართლმადიდებლობისაგან.

      ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სადაც ამ მიმართულების ტრიუმფია, იქ ევქარისტია, ზიარება, ეკლესიის აზრი და გამოცდილება დაკარგულია. ეს აზრი და გამოცდილება კი საჭიროა ახლა ისე, როგორც არასდროს. ევქარისტიული ეკლესია თავის თავს უწოდებს "ამ სოფელში მყოფს, მაგრამ არაამსოფლიურს." ეკლესიის მონასტრული მიმართულება კი მრევლის, კრებულის და ა.შ. ამა სოფელში ყოფნაში წინააღმდეგობას ხედავს, ხოლო სოფლიდან გარიდება ჭეშმარიტი მართლმადიდებლურ გზადაა მიჩნეული. მონასტრული მიმართულება, რაც არ უნდა უცნაური ჩანდეს ეს, მიიჩნევს ეკლესიას, როგორც ამა სოფლის ნაწილს ისე, რომ ადამიანმა უნდა დატოვოს არა მხოლოდ სოფელი, არამედ ეკლესიაც.

      ჩემმა პროფესორმა ინსტიტუტში, პარიზში ერთხელ დაწერა, "...სად არის ქრისტე, სად არიან მოციქულები, სად არის ეკლესია? ყველაფერი დაბნელებულია სტარეცის უზარმაზარი ჩრდილით..."

      საკმაოდ ლოგიკურად, ეს მიმართულება ბუნებრივადაა დაკავშირებული რომანტიულ, ნაციონალისტურ წმინდა რუსეთთან, ე.ი. წარსულთან და მის სტილთან.

      ერთხელ, გულახდილ საუბარში მამა იოანე მეიენდორფმა მითხრა, რომ მას არ ესმის თუ რატომ არიან ადამიანები ასე ძალიან შეპყრობილები ეკლესიის მამებით. რამდენი ადამიანი ავრცელებს ასეთ სტილს, რომელიც ხელს უშლის მათ გაიგონ რაიმე რეალურ სამყაროში და ამავე დროს დარწმუნებულნი არიან, რომ ემსახურებიან ეკლესიასა და მართლმადიდებლობას. ვშიშობ, რომ ამ ხალხს იზიდავს არა მამების ნააზრევი ან მათი ნაწერების შინაარსი, არამედ მათი სტილი. ეს საკმაოდ ახლოსაა ლიტურგიკული მსახურებების მართლმადიდებლურ გაგებასთან: გიყვარდეს ისინი ისე, რომ არ გესმოდეს; და რამდენადაც ისინი არ ესმით, დასკვნაც ვერ გამოაქვთ მათგან. ჩვენ ვსხედვართ ჩვენს ნაჭუჭში, მელოდიით მოხიბლულები და ვერ ვამჩნევთ, რომ ეკლესია ზარალდება და მან უკვე დიდი ხანია დატოვა ბრძოლის ველი.

შაბათი, 1 ნოემბერი, 1980

დენვერი, კოლორადო

      მთელი ეს დღეები, რაც შეკრებაზე ვარ და ვმუშაობ საეკლესიო საკითხებზე, ვფიქრობ იმის შესახებ, რასაც გონებაში ვუწოდებ "რომანტიულ მართლმადიდებლობას". მე მგონია, რომ ეს შესაფერისი წოდებაა, რადგან მოიცავს თანამედროვე მართლმადიდებლობაში არსებულ ბევრ ერთმანეთთან კავშირის არმქონე გამოვლინებებსა და ტენდენციებს, რომლებიცაა:

      - ბრმა ლიტურგიკული კონსერვატიზმი

      - წარსულის კულტი

      - საღვთისმეტყველო დაინტერესება მხოლოდ და მხოლოდ საეკლესიო მამებით

      - "აპოკალიპტიზმი"

      - თანამედროვე მსოფლიოს სიძულვილი (და არა ზოგადად ამა სოფლისა)

      - ემოციონალიზმი

      - გარეგნული ნიშნების კულტი (წვერი, სამღვდელო კაბა, სკვნილი, კალენდარული სტილი)

      სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს მოიცავს ყველაფერ იმას, რაც ასუსტებს მართლმადიდებლობას და მისგან ქმნის ჩაკეტილი გეტოს (და არა მოწოდებას, ბრძოლას, სიცოცხლეს)

      რომანტიზმი ცხოვრებაში და კულტურაში უპირველეს ყოვლისა ოცნებაა, გულის უპირატესობაა განსჯასა და ჭეშმარიტებაზე. ილუზიების რწმენაა და რეალობას წარმოსახვითი რეალობით ჩაანაცვლებს.

ოთხშაბათი, 19 ნოემბერი, 1980

      გასული კვირა დეტროიტში, სრულიად ამერიკის საეკლესიო კრებაზე გავატარე. ჩვენი ოთახი 28-ე სართულზე იყო და გადაჰყურებდა მდინარეს, ცათამბჯენებს, მანქანებით დატვირთულ ქუჩებს. ყველაფერი მზის სხივებით იყო სავსე. კრებაზე კი ჩვეული ფუსფუსი და მღელვარება, შეკრებები, საუბრები, შეხვედრები სცენის მიღმა და ინტერვიუები. მაგრამ ამავე დროს ყოველ დილით წირვა, რომელზეც უზარმაზარი გუნდი გალობს და ყოველ საღამოს მწუხრის ლოცვა. მიუხედავად სასტუმროს ატმოსფეროსა, მღელვარებისა და ფუსფუსისა, სულ მუდმივად ეკლესიის განცდაა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მხოლოდ ცოტათი შემაშფოთების გრძნობა მაქვს ფანატიკოსების მცირე, მაგრამ აგრესიული ჯგუფის, მათი მიკროფონში ყვირილისა და სულელური მაქსიმალიზმის გამო. რელიგიის მარადიულად საშინელი პოლუსი: ფანატიზმი, შიში, სიბრმავე, საკუთარი თავით აღფრთოვანება. ამას ემატება ღრმა უგუნურება და ტვინშეზღუდულობა. მაგრამ ეს მხოლოდ მცირე ჯგუფია, კრების უმრავლესობა ჯანსაღია.

პარასკევი, 12 დეკემბერი, 1980

      ქრისტიანობა ბედნიერებაა და ქმნის, შობს ბედნიერ ადამიანს. ამ ბედნიერების განსაზღვრებაა: "სიხარული, რომელიც ვერავინ მიგიღოს თქვენგან"; ღმერთის ცოდნა ქრისტეში; ქრისტესა და სულიწმიდის ცოდნა; "ცხოვრების აზრის" ცოდნა; ქრისტეს გამარჯვების ცოდნა; მარადიული ცხოვრების ცოდნა: სიკვდილი შთანთქმული გამარჯვებით..."

ვნების სამშაბათი, 21 აპრილი, 1981

      რა დაკარგა ქრისტიანობამ ისეთი, რომ მსოფლიო, რომელიც ქრისტიანობითაა ნაკვები, უფრთხის მას და აკრიტიკებს ქრისტიანულ რწმენას? ქრისტიანობამ დაკარგა სიხარული, არა ბუნებრივი სიხარული, არა ოპტიმისტური სიხარული, არა მიწიერი ბედნიერებისაგან მომდინარე სიხარული, არამედ ღვთაებრივი სიხარული, რომლის შესახებაც ქრისტემ გვითხრა, რომ "სიხარული თქუენი ვერავინ მიგიღოს თქვენგან" (იოანე 16:22). მხოლოდ ამ სიხარულმა იცის, რომ ღმერთის სიყვარული ადამიანისადმი და სამყაროსადმი არ არის სასტიკი; იცის ეს, რადგან სიყვარული ნაწილია აბსოლუტური ბედნიერებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი ვართ შექმნილნი. ქრისტიანობამ (და არა ეკლესიამ თავისი მისტიკური სიღრმით) დაკარგა თავისი ესქატოლოგიური განზომილება, მოუბრუნდა სამყაროს როგორც კანონი, სამსჯავრო, სამაგიეროს მიგება, როგორც მომავალი ცხოვრების რელიგია და ბოლოს აკრძალა სიხარული და დაგმო ბედნიერება. აქ არ არის სხვაობა რომსა და კალვინს შორის; მსოფლიო აუჯანყდა ქრისტიანობას მიწიერი "ბედნიერების" სახელით.

      მთელი ამსოფლიური ოცნებები, უტოპიები და იდეოლოგიები ძირითადად მიწიერი ესქატოლოგიაა. ქრისტიანობის ისტორიის პარადოქსია ის, რომ მას შემდეგ რაც ის აღარ არის ესქატოლოგიური, მან მსოფლიო გახადა ესქატოლოგიური.

      სამყარო შექმნილია ბედნიერებისათვის და მასში ყველაფერი წინასწარმეტყველებს ამ ბედნიერებას; ყველაფერი მისკენ მოუწოდებს. დაცემული სამყაროსათვის, რომელმაც დაკარგა ეს ბედნიერება, მაგრამ მისსწრაფის მისი მოპოვებისაკენ და მისით ცხოვრობს, ქრისტიანობამ მისაწვდომი გახადა ბედნიერება, განახორციელა ის ქრისტეში, როგორც სიხარული და შემდეგ მოიშორა ის. ასე რომ, მსოფლიომ დაიწყო ქრისტიანობის (ქრისტიანული სამყაროს) სიძულვილი და დაუბრუნდა მიწიერ ბედნიერებას. მაგრამ მოწამლულმა აბსოლუტური ბედნიერების დაუჯერებელი დაპირებით, მსოფლიომ დაიწყო მისი აშენება, მისკენ სვლა, აწმყოს დაქვემდებარება ამ მომავალი ბედნიერებისათვის.

      ახლა, ქრისტიანობა, იმისათვის, რომ დაიბრუნოს თავისი ადგილი მსოფლიოში და მის ისტორიაში იღებს ამ მიწიერ ესქატოლოგიას და იწყებს თავისი თავისა და სხვების დარწმუნებას, რომ ყოველთვის ისწრაფოდა ამ მიწიერი ბედნიერებისაკენ და რომ არც ქრისტეს და არც ეკლესიას უსწავლებია ოდესმე რაიმე სხვა.

      ქრისტიანობა დაყოფილია კონსერვატიულად განწყობილებსა (რომელთაც სურთ კანონისა და სამაგიეროს მიგების რელიგია) და პროგრესულად განწყობილებს შორის (რომლებიც დედამიწაზე მომავალ ბედნიერებას ემსახურებიან) საინტერესო ისაა, რომ ორივე ჯგუფს არაფერი სძულს იმაზე მეტად, ვიდრე მოწოდება სიხარულისაკენ, როგორც შეხსენება იმ უდიდესი სიხარულისა, რომელიც გამოცხადებულია სახარების დასაწყისში, ("გიხაროდენ და კვალად გიხაროდენ") რითაც ცოცხალია ქრისტიანობა და რისკენაც ის მიისწრაფის,. ზოგიერთები ამბობენ, "როგორ შეუძლია ადამიანს უხაროდეს, როდესაც მილიონობით ადამიანი იტანჯება? ადამიანი უნდა ემსახუროს მსოფლიოს. " სხვები ამბობენ "როგორ შეუძლია ადამიანს უხაროდეს მსოფლიოში, რომელიც ბოროტებაშია ჩაფლული?" მათ არ ესმით, რომ თუკი მხოლოდ ერთი წუთით (რომელიც გრძელდება საიდუმლოდ და ფარულად წმინდანებში) ეკლესიამ სძლია სოფელს, გამარჯვება მოპოვებული იქნა ღვთიური სიხარულისა და ბედნიერების საშუალებით.

ვნების ხუთშაბათი, 23 აპრილი, 1981

      ქრისტიანობა მშვენიერია. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ის შესანიშნავია, სრულყოფილი, სრული და ჭეშმარიტი, მისი მიღება უპირველესად მისი მშვენიერების, სისრულისა და ღვთაებრივი სრულყოფილების მიღებაა; მაშინ, როდესაც ისტორიაში, ქრისტიანებმა თვითონ დაანაწევრეს ქრისტიანობა, დაიწყეს მისი აღქმა და სხვებისათვის მიწოდება "ნაწილებად" და ხშირად ისეთ ნაწილებად, რომლებიც მთლიანთან არ არიან კავშირში. როგორც სწავლება რაღაც საკითხებზე, ზოგიერთ დოგმატებზე. მაგრამ ამ დანაწევრებულ მდგომარეობაში ქრისტიანობა კარგავს იმას, რაც მასში არსებითია, რადგან ყოველი ცალკეული ნაწილის მნიშვნელობა ისაა, რომ გაგვხადოს ჩვენ მთლიანის მონაწილეები.

ოთხშაბათი, 4 ნოემბერი, 1981

      გუშინ თითქმის მთელი დღე ჩემი წიგნების დალაგებაში გავატარე. ვალაგებდი მათ თაროებზე და ვფიქრობდი: რამდენი რამ არის დაწერილი! რამდენი ძალისხმევა, განცდა, დროა ჩადებული თითოეულ ამ წიგნში და როგორ სწრაფად ქრებიან ან რჩებიან ისინი თაროებზე, როგორც წიგნების სასაფლაოზე. რამდენიმე ასეული, ან შეიძლება რამდენიმე ათასი მათგანი ცოცხალი რჩება, მაგრამ ასეულობით მათგანი უიმედოდ დავიწყებულია. ყველა ამ წიგნმა ერთად კი შექმნა კულტურა. თითოეულმა მათგანმა რაღაცის შესახებ, რაღაცაში, რაღაცნაერად ნათელი ან ბნელი შემატა სამყაროს. რა იშვიათად ვკითხულობ ბლოკს ან თუნდაც პუშკინს. მაგრამ ვიქნებოდი კი მე ასეთივე, როგორიც ვარ, რომ ისინი როდესღაც არ წამეკითხა? პუშკინი და ბლოკი გასაგებია, მაგრამ მეგრეც (სიმენონის საიდუმლოებების დეტექტივი) კი თავისი წვიმიანი პარიზით ჩემი ნაწილი, ცხოვრების ჩემეული ხედვის ნაწილი გახდა.

      მე მეშინია ჩვენი ახალგაზრდობის გამო, რომლებიც იშვიათად კითხულობენ წიგნებს და ცხოვრობენ ხსოვნის გარეშე, მაგრამ "დაინტერესებული არიან ეკლესიით". რა შეიძლება იყოს მათთვის "საინტერესო" ეკლესიაში, რომ იყვნენ ჩაძირულები კლერიკალიზმში, ეპისკოპოსების შესახებ ჭორაობაში და ა.შ. ? ქრისტეს არაფერი ესაქმებოდა კულტურასთან? არ არის მართალი! თითოეული მისი სიტყვა ღმერთის სასუფევლის, დავითის, უხუცესების შესახებ მიუთითებს იმის ცოდნის, გაგებისა და ხსოვნის არსებობას, რაზეც ის საუბრობდა, საითაც მოგვიწოდებდა, რასაც გმობდა.

ორშაბათი, 1 თებერვალი, 1982

      უცებ ნათელი გახდა ჩემთვის, რომ უკიდურესად და ღრმად, ჩვენს ეკლესიაში დემონური ბრძოლაა ევქარისტიასთან და ეს არ არის შემთხვევითი! თუ ევქარისტია არ იქნება ყველაზე მთავარი ეკლესიაში, მაშინ ის გახდება "რელიგიური ფენომენი" მაგრამ არა ქრისტეს ეკლესია... (1 ტიმოთე 3:15). ეკლესიის მთელი ისტორია აღსანიშნავია ღვთისმოსავი მცდელობებით, რომ შეამცირონ ევქარისტიის მნიშვნელობა, გახადონ ის "უსაფრთხო", გააზავონ ის ღვთისმოსაობაში, დაიყვანონ მარხვაზე და ზიარებისათვის მზადებაზე, მოგლიჯონ ის ეკლესიას (ეკლესიოლოგიას), სამყაროს (კოსმოლოგია, ისტორია) სასუფეველს (ესქატოლოგია). და ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ჩემი მოწოდება სწორედ ესაა, ევქარისტიისათვის ბრძოლა, მისი დამცრობის წინააღმდეგ, ეკლესიის განეკლესიურობის წინააღმდეგ, რაც მოხდა ერთის მხრივ კლერიკალიზაციით და მეორე მხრივ გააამსოფლიურებით.

სამშაბათი, 2 თებერვალი, 1982

      კლერიკალიზმი მაღრჩობელაა, ის ისაკუთრებს ეკლესიის მთელ საკრალურ ხასიათს, ის გადააქცევს თავის ძალას საკრალურ ძალად გაკონტროლებისა, წინ წაძღოლისა, მართვისა, საეკლესიო საიდუმლოებების შესრულებისა და ზოგადად ნებისმიერ ძალაუფლებას ის გადააქცევს "ძალაუფლებად რომელიც მე მომეცა"! კლერიკალიზმი ერისკაცებს ართმევს ყოველგვარ "საკრალურობას": კანკელი, ზიარება (მხოლოდ ნებართვით), ღვთისმეტყველება. მოკლედ, კლერიკალიზმი დე ფაქტო უარყოფაა ეკლესიისა როგორც ქრისტეს სხეულისა, რადგან სხეულში ყველა ორგანო ერთმანეთთან კავშირშია. მათ განსხვავებული მხოლოდ ფუნქციები აქვთ და არა არსი. რაც უფრო ძლიერია კლერიკალიზმი (ეპისკოპოსის ან მღვდლის ტრადიციული სახე ხაზგასმული მისი ტანსაცმლით, თმით და ა. შ, ეპისკოპოსი თავის სრულ რეგალიებში!), მით უფრო ამასოფლიური ხდება ეკლესია, სულიერად ექვემდებარება ამა სოფელს. ახალ აღთქმაში მღვდელი წარმოდგენილია როგორც იდეალური ერისკაცი. მაგრამ თითქმის დაუყოვნებლივ იწყება მისი სულ უფრო რადიკალური გამორჩევა ერისკაცებისაგან და არა მარტო დაცილება, არამედ დაპირისპირება მათთან, კონტრასტი მათთან.

      ყველაზე აშკარა ფორმა ასეთი გამორჩევისა არის ერისკაცებისათვის ზიარებაზე ანუ ეკლესიის სხეულში მათი წევრობის განხორციელებაზე უარის თქმა "..."(1 ტიმოთე 4:12) მაგივრად ჩნდება სასულიერო პირის სახე, როგორც "ყოველგვარი საკრალურის ბატონ-პატრონისა", რომელიც განსხვავებულია მორწმუნეებისაგან და არიგებს მადლს ისე, როგორც თვითონ თვლის საჭიროდ.

      ამას ეფუძნება ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ წინააღმდეგობა ხშირი ზიარებისადმი, ზიარების დაცვა აღსარებით, ცოდვებისაგან გახსნით, "ჩემთვის მოცემული ავტორიტეტით..." და ა. შ ეს ბრძოლა აშკარად ძლიერდება ახლა, თავისი ძალითა და "საკრალურობით" შეპყრობილი ზოგიერთი სასულიერო პირის გავლენით. არაფერი ისე არ ემუქრება მათ ძალაუფლებას, როგორც ეკლესიისათვის ევქარისტიის დაბრუნება, მისი აღორძინება, როგორც "საეკლესიო საიდუმლოებისა" და არა როგორც "განწმენდის ერთ-ერთი საშუალებისა..."

      დღევანდელი საღვთისმეტყველო განათლების ტრაგედია მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდები, რომელთაც სასულიერო პირად გახდომა სურთ, ცნობიერად თუ არაცნობიერად ამ განცალკავების, ძალის, ერისკაცებზე მაღლა დადგომისაკენ მიისწრაფიან. მათ წყურვილს აძლიერებს და წარმოშობს საღვთისმეტყველო განათლების, კლერიკალიზმის მთელი სისტემა. როგორ უნდა აიძულო ისინი გაიგონ არა მხოლოდ გონებით, არამედ მთელი არსებით, რომ ადამიანი უნდა გაურბოდეს ნებისმიერ ძალაუფლებას, რომელიც ყოველთვის საცდურია, ყოველთვის ბოროტისაგანაა? ქრისტემ გაგვათავისუფლა ჩვენ ამ ძალაუფლებისაგან - "მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე..." (მათე 28:18) - იმით, რომ ამ ხელმწიფების ნათელი ვლინდება როგორც სიყვარულისა და საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის ხელმწიფებაში. ქრისტემ ეკლესიას მისცა არა "ძალაუფლება", არამედ სულიწმიდა: "მიიღეთ სულიწმიდა..." ქრისტეში ხელმწიფება დაუბრუნდა ღმერთს და ადამიანი განიკურნა მმართველობისა და მბრძანებლობისაგან.

      ჩემი ცხოვრების სამოცდამეერთე წელს ვეკითხები ჩემს თავს: როგორ გაუკუღმართდა ეს ყველაფერი ასე ძალიან? და შიში მიპყრობს.

ვნების პარასკევი, 16 აპრილი, 1982

      გუშინ იყო თორმეტი სახარების კითხვა, გუშინწინ საიდუმლო სერობის წირვა - "რაითა არა მტერთა შენთა უთხრა საიდუმლო შენი. " დღეს დატირების მსახურება... რამდენჯერ იყო ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში? ყოველთვის, ამ დღეებში, ჩემი მეხსიერება აღადგენს იმ დროს, იმ მომენტს? იმ წელს? არ ვიცი როდის იყო ეს როდესაც ყველაფერი ეს განცხადდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ეს ყველაფერი ასეთი ძვირფასი, ასეთი "აბსოლუტურად სასურველი" გახდა და თუმცა ფარულად მოხდა გულში, ასე ძალიან გადამწყვეტი მოვლენაა: ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი პარიზში, გაზაფხული, სახლი, ახალგაზრდობა, ბედნიერება. შემდეგ ყველაფრის გასაღები მომეცა როგორც მღვდელს, როგორც ღვთისმეტყველს, როგორც წიგნების ავტორს, როგორც მასწავლებელს. მე ძირითადად დავამოწმებ მხოლოდ "იმ მომენტს". ჩემი სულიერი ცხოვრება, როგორც გმირული ღვაწლი, წესი, სულიერი სახელმძღვანელო, ნულის ტოლია და თუ ის არსებობს, არსებობს როგორც მუდმივი გაცნობიერება, ქვეშეცნეული გრძნობა, რომ ყველაფერი ყველგანაა. მეორე მხრივ, გულის სიღრმეში, მე მხოლოდ იმით ვცხოვრობ, ან უფრო სწორად ის ცხოვრობს ჩემში.

      მარტივი კითხვები:

რა უნდა ღმერთს ჩვენგან?

      რომ ჩვენ გვიყვარდეს ის, მივიღოთ ის როგორც სიცოცხლის წყარო, აზრი და მიზანი.

როგორ უნდა მივიდეს ადამიანი ღმერთის სიყვარულამდე? სად არის...?

      ღმერთის თვითგამოცხადებაში ჩვენს მიმართ სამყაროსა და ცხოვრებაში.

      ამ თვითგამოცხადების მწვერვალი და განხორციელებაა ქრისტე.

      ყველაფერი მასთანაა კავშირში. განკაცება, ბუნების სამყაროში, დროსა და ისტორიაში შესვლა მისთვისაა.

      აქედან გამომდინარეობს, რომ ღმერთის სიყვარული ქრისტეა.

      სიხარული მასში.

      მისი სიყვარული.

      ყველაფრის მისდამი მიმართვა.

      ყველაფრის მასში შეკრება.

      მასში სიცოცხლე, სულიწმიდით მისი ყველაფერში ცნობით.

      ეკლესია არის ამ სიყვარულისა და სიცოცხლის შესაძლებლობა.

      ამინ.

ტეგები: Qwelly, აპოკალიპტიზმი, ახალი_აღთქმა, ბედნიერება, დარიგებანი, კალენდარი, სკვნილი, ღვთისმოსაობა

ნახვა: 216

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Path of Exile 2 is set to usher

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 13, 2024.
საათი: 4:23am 0 კომენტარი

Even though Grinding Gear Games intends to announce a beta test for Path of Exile 2 on July 29, 2023, it would be a huge surprise if they opted not to have one. The developers' dedication to delivering an exceptional gaming experience for their players is evident, and a beta test would offer them an unmatched opportunity to POE currency trade gather priceless feedback and confirm that the game lives up to the high standards set…

გაგრძელება

The world of Throne and Liberty

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: მაისი 7, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The world of MMORPGs is abuzz with anticipation for the upcoming release of Throne and Liberty, a captivating title from the renowned developer NCSoft. This highly anticipated game boasts a captivating world brimming with dynamic features, promising an immersive and engaging experience for players worldwide.

A World Unveiled: Early Images Offer a Glimpse into Solisium

While details surrounding Throne and Liberty remain under wraps, early images released by NCSoft offer a…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

Qwelly World

free counters