29 აგვისტოს, (ძვ. სტ. 16 აგვისტოს) ქრისტეს ეკლესია აღნიშნავს ანჩისხატობას!

ანჩისხატობა, წმინდათა ცხოვრება, თვენი, აგვისტო, ქველი, qwelly, august

      ჩამოყვანება ედესით კონსტანტინოპოლს ხელთუქმნელისა ხატისა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. გადმოცემის თანახმად, სირიის ედესის მართველი იყო ავგაროზი, მაცხოვრის ქადაგების დროს. იგი უკურნებელ სენს შეეპყრო. ექიმებმა დავრდომილის გადარჩენის ყოველგვარი იმედი დაკარგეს. ავგაროზმა, რომლის ყურამდეც მიაღწია ხმამ იესო ქრისტეს სასწაულების შესახებ, ირწმუნა მისი, როგორც მესიისა და გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და დაეხსნა სნეულებისაგან; თან, იუდეველთაგან დევნილსა და შევიწროებულს, თავის ქალაქს სთავაზობდა საცხოვრებლად. ეს ეპისტოლე ედესის მთავარმა მხატვარ ანანიას გაატანა იუდეაში და თან ქრისტეს სახის დახატვაც დაავალა. მხატვარი ჩავიდა მაცხოვართან, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლო მასთან მიახლოება. მაშინ იგი შემაღლებულ ადგილას დადგა და შეეცადა, ქრისტეს სახე ქარტაზე გადაეტანა. მისი ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა - არაამქვეყნიური მადლით გაბრწყინებული სახის დახატვა ვერ ხერხდებოდა. ამასობაში იესომ, რომელიც ხედავდა ანანიას მცდელობას, სახელით მოუხმო მას და ავგაროზის წერილი მოსთხოვა.

      მთავრის სათხოვრის წაკითხვის შემდეგ, ქრისტემ წყალი და პირსახოცი მოატანინა, პირი დაიბანა და ოთხად გაკეცილი ტილოთი შეიმშრალა. მასზე სასწაულებრივ გამოისახა მაცხოვრის სახე. ამ ხელთუქმნელ ხატთან ერთად იესომ ავგაროზს გამოუგზავნა ეპისტოლე, რომელშიც წერდა: "ნეტარ ხარ შენ, ავგაროზ, რამეთუ არა გიხილავ და გრწმენე... შენთან მოსვლას მთხოვ, მაგრამ მე იმ საქმის აღსრულება მმართებს, რომლისთვისაც მოვლენილი ვარ, შემდეგ კი ჩემს წარმომგზავნელ მამასთან უნდა დავბრუნდე. მასთან ამაღლების შემდეგ გამოგიგზავნი ჩემს ერთ-ერთ მოწაფეთაგანს, რომელიც სრულიად განგკურნავს და სიცოცხლეს მოგანიჭებს შენ და სხვებსაც შენთან ერთად".

      გახარებულმა ანანია ედესისკენ მიაშურა. იერაპოლთან მას შემოაღამდა და ქალაქის განაპირას მცხოვრებ მექოთნესთან გაათია ღამე, ხატი კი იმის შიშით, რომ არ დაზიანებულიყო, ორ გამომწვარ კეცს შორის ჩაასვენა. შუაღამისას ზეციდან გადმოეშვა და ხატს დაადგა ცეცხლის სვეტი, რომელმაც ქალაქის თავის ყურადღებაც მიიქცია. მას ხატის შექმნის ისტორია უამბეს, ხოლო როცა იგი კეცებიდან ამოასვენეს, ნახეს, რომ მაცხოვრის სახე ზემო კეცზეც გადასულიყო. გამგებელმა ის კეცი თავის სასახლეში წაასვენა. მე-6 საუკუნეში მაცხოვრის ხატიანი კეცი მონოფიზიტური მწვალებლობის მიმდევართა ტაძარში მოხვდა. იქ იგი ნახა წმიდა ანტონ მარტყოფელმა, ათცამეტ მამათაგან ერთ-ერთმა და ეს დიდი სიწმიდე მწვალებელთა ხელში რომ არ დარჩენილიყო, ფარულად წამოაბრძანა; როცა წმიდანი იოანე ზედაზნელთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა, ხატიც თან გამოიყოლა. ცნობილია, რომ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიდან კეცზე გადასული ასლი ანტონ მარტყოფელის გარდაცვალების შემდეგ მარტყოფში ინახებოდა. მასთან მიახლებით სასწაულებრივ განკურნებულა საქართველოს დასნეულებული მეფე დავით VII ულუ (1246-1270); საქართველოს მეფის, გიორგი VII-ს (1393-1407) მეფობაში, თემურ-ლენგის შემოსევებისას, გიორგი მარტოდმყოფელმა კეცი მაცხოვრის გამოსახულებით უსჯულოთა შიშით ყველასათვის უცნობ ადგილას გადამალა. მოგვიანებით გიორგი მარტოდმყოფელი მოწამეობრივად აღესრულა და თან წაიღო ამ დიდი სიწმინდის ადგილსამ-ყოფელის საიდუმლო.

      ანანიამ ხელთუქმნელი ხატის პირველ პირი, ედესაში ჩაასვენა. ავგაროზმა, რომელიც უკვე ექვსი წელი იყო, რაც საწოლს მიჯაჭვოდა, სიხარულით მიიღო მაცხოვრის წერილი და ხატი და იმავ წამს ტკივილებისაგან განთავისუფლებაც იგრძნო, მაგრამ მის სახეზე კეთრის კვალი მაინც დარჩა უფლისგან აღთქმული მოწაფის, სამოცდაათთაგანი მოციქულის, თადეოზის (ხს. 21 აგვისტოს) ჩასვლამდე, რომელმაც სახარება უქადაგა და ნათელსცა ქალაქის მმართველსაც და მთელ მის სახლეულსაც. ავგაროზმა ხელთუქმნელი ხატი ფიცარზე დააკვრევინა, ზედ წააწერა: "ქრისტე ღმერთო, ყოველთა, რომელთა ჰრწმენეს შენი, არასადა რცხუენეს", შეამკო იგი და ქალაქის ბჭეებს ზემოთ გამოკვეთილ ნიშში დააბრძანა, იქ, სადაც უწინ კერპი იდგა.

      მრავალი წლის მანძილზე ედესაში წესად ქონდათ ,რომ ქალაქში ყოველ შემსვლელსა და გამომსვლელს თაყვანი ეცა ამ დიდი სიწმიდისათვის; მაგრამ შემდგომ ავგაროზის ერთ-ერთმა კერპთმსახურებაში ჩავარდნილმა შვილთაშვილმა გადაწყვიტა, ჩამოეხსნა ხატი და მის ნაცვლად კვლავ ცრუღმერთის ქანდაკი აღემართა. ამ უსჯულო განზრახვის შესახებ უფალმა წინასწარ განუცხადა ედესის ეპისკოპოსს, რომელიც ღამით თავის მღვდელმსახურთა დასთან ერთად მივიდა კარიბჭესთან, ხატის წინ კანდელი დაანთო და ნიში თიხის ფირფიტითა და აგურებით ამოაშენა. გადმოცემით, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად ედესაში მოციქულთასწორი წმიდა ნინოც მისულა გაიანესთან და რიფსიმესთან ერთად.

      მარავალმა წელმა განვლო. ქალაქის მცხოვრებლებმა სრულებით დაკარგეს ღვთის შიში, ისიც გადაავიწყდათ, თუ რა სიწმიდის მფლობელები იყვნენ. 539, სხვა ცნობით - 545 წელს სპარსთა მეფე ხოსრო თავისი მრავალრიცხოვანი ლაშქრით მოადგა ედესას. ქალაქის მდგომარეობა უიმედო ჩანდა. სწორედ ამ დროს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა ეპისკოპოს ევლავიოსს და უბრძანა, ამოქოლილი ნიშიდან გამოესვენებინა ხატი, რომელიც მათ გადაარჩენდა. მღვდელმთავარმა ხილვაში მინიშნებულ ადგილას კედელი გამოარღვია და სიწმიდე გამოასვენა. მის წინ კვლავ ენთო კანდელი, თიხის ფირფიტაზე კი სხვა, ხელთუქმნელი ხატის მსგავსი გამოსახულება გაჩენილიყო. ლოცვისა და ლიტანიობის შემდეგ მტრის ბანაკში არეულობა გაჩნდა და ხოსრო იძულებული გახდა, მეომრებისათვის უკან დახევა ებრძანებინა.

      630 წელს არაბებმა ედესას შეუტიეს და დაიპყრეს. ისინი ხელს არ უშლიდნენ ხელთუქმნელი ხატის თაყვანისცემას, რომლის დიდებაც უკვე მთელს აღმოსავლეთს მოედო. 944 წელს იმპერატორმა კონსტანტინე VII პორფიროგენეტმა (912-959) გადაწყვიტა, სიწმიდე მართლმადიდებლური სამყაროს მაშინდელ ცენტრში - კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა. ედესის ამირა დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს ორასი სარკინოზი ტყვის განთავისუფლების, 12 ათასი ვერცხლის მონეტისა და ედესაზე თავდაუსხმელობის პირობის საზღაურად დათმო ხელთუქმნელი ხატი და ავგაროზისადმი მიწერილი წერილი, რომლებიც 944 წლის 16 აგვისტოს სამღვდელოებამ დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში. ერთი ცნობით, იგი წმიდა სოფიას ტაძარში დააბრძანეს, სხვა წყაროთა მოწმობით კი - ფაროსის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.

      XIII საუკუნის დამდეგამდე ინახებოდა მაცხოვრის ხატი კონსტანტინოპოლში. ამ პერიოდისათვის ტილო _ ხელთუქმნელი ხატი მოაშორეს ფიცარს, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება სასწაულებრივად იყო გადასული.

      XIII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლში მწვავე პოლიტიკური ვითარება შეიქმნა _ მაჰმადიანური სამყაროს გარდა მას კათოლიკური ევროპაც უტევდა. 1204 წელს კონსტანტინოპოლი ევროპელმა ჯვაროსნებმა აიღეს. ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ამ ხანებში ტილო მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატით ვენეციის დოჟს, დონდოლოს გადაეცა. ამ უკანასკნელმა სიწმინდე ვენეციაში გააგზავნა გემით, რომელიც მარმარილოს ზღვაში ჩაიძირა. სხვა მოსაზრებით, შესაძლებელია მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი იმ სიწმინდეთა შორის მოხვდა, რომელიც საფრანგეთის მეფემ, ლუი IX-მ კონსტანტინოპოლში შეიძინა და პარიზში წაიღო.

      იმ მიზნით, რომ ეს უდიდესი სიწმინდე მართლმადიდებლურ სამყაროს როგორმე შეენარჩუნებინა, იგი კონსტანტინოპოლიდან საქართველოში, კერძოდ, მთიან კლარჯეთში გადაასვენეს და ანჩის საყდარში დააბრძანეს. ამ პერიოდიდან ხელთუქმნელ ხატს ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში მას პირი ღვთის ხატსაც უწოდებდნენ. ანჩელმა მთავრეპისკოპოსმა იოანემ თამარ მეფეს ხელთუქმნელი ხატის ძვირფასი თვლებით შემკობის ნებართვა სთხოვა. ხატი დიდი ხელოვნებით მოჭედა სახელოვანმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა, ხოლო იოანე ანჩელმა კლარჯეთში შემობრძანებულ ამ უდიდეს სიწმინდეს საგალობელი მიუძღვნა. ანჩში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის თაყვანსაცემად საქართველოს ყოველი კუთხიდან მიდიოდნენ ქართველი ერის ყველა ფენისა და წოდების წარმომადგენლები.

      1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალებმა ჩაიგდეს ხელში. ამის შემდეგ უსჯულოებმა საქართველოს სამხრეთ პროვინციებსაც შემოუტიეს. ქართველები საკუთარ მიწა-წყალს მამაცურად იცავდნენ, მაგრამ მტერი რიცხობრივად ბევრად აღემატებოდა მათ და ამიტომ ნელ-ნელა მოიწევდა წინ. ამ დროს ხელთუქმნელი ხატი ანჩიდან ახალციხეში გადაუსვენებიათ, საიდანაც იგი ჯერ სოფელ ჭალში მოხვდა, იოთამ ამილახვარის ოჯახში, შემდეგ კი - თბილისში ჩამოაბრძანეს და საკათოლიკოსო ტაძარში მიუჩინეს ადგილი. ამის შემდეგ საკათედრო ტაძარსაც, რომელიც VII საუკუნეში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე იქნა აგებული, ანჩისხატი ეწოდა. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ანჩისხატი სახელმწიფო მუზეუმში გადაასვენეს, სადაც იგი დღესაც ოქროს საცავშია დაბრძანებული.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 29 აგვისტო, Qwellyland, აგვისტო, თვენი, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 221

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

განახლებული ხელოვნება

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: ოქტომბერი 12, 2019.
საათი: 11:43pm 0 კომენტარი

      სიქსტის კაპელის მონახულების შემდეგ, მათი გაცოცხლება და რეალისტური სურათების შექმნა გადაწყვიტა. ტედზე მოხსენება სწორედ ამ ამბის თხრობით დაიწყო ახალგაზრდა სამხრეთ კორეელმა არტისტმა, მხატვარმა…

გაგრძელება

გველის ტყავი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 9, 2019.
საათი: 9:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      ისევ შევესწარი (ვინ იცის, მერამდენედ), გველის ტყავის გამოცვლას. ასეთ დროს სხვა ყველაფერი მავიწყდება,…

გაგრძელება

პატარა დავიწყება და უფლის თვალი

გამოაქვეყნა nunu qadagidze_მ.
თარიღი: ოქტომბერი 2, 2019.
საათი: 10:00pm 0 კომენტარი

გაცოცხლებული ქარაგმა (გაგრძელება)

      კიდევ რამდენი საოცარი რამ გამჟღავნდა ჩემთვის პატარა დავიწყების შემდეგ, ასე მეჩვენება, თითქოს ნისლის…

გაგრძელება

ბიუჯეტი ღვინობისთვეში, საგარეო საქმეთა მინისტრების ხმაურიანი შეხვედრა და ქრისტიანობა პოლიტიკურ მართვაში

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: ოქტომბერი 1, 2019.
საათი: 9:36pm 1 კომენტარი

      ღვინობისთვე დაიწყო და საშემოდგომოდ მზის გაფიცხებაც დაანონსდა - 5 ოქტომბრის ჩათვლით, მაღალი ტემპერატურა გველოდება. ოქტომბერი 2020 წლის ბიუჯეტმა გახსნა და ამ ბიუჯეტის განაწილების განხილვამ,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters