თავი VI. სოციალური მოქმედება ენტონი გიდენსის სტრუქტურაციის თეორიაში

VI თავის შინაარსი

  • 1. შესავალი
  • 2. სოციალური პრაქსისის კონცეფცია
  • 3. სოციალური ინსტიტუტები
  • 4. სოციალური სისტემები
  • 5. სტრუქტურის ცნება და სტრუქტურის ორობითობა
  • 6. მოქმედი სუბიექტის კონცეფცია
  • VI თავის ძირითადი შინაარსი
  • დამოწმებული ლიტერატურა

1. შესავალი

     სოციალური თეორიის განვითარების ყველა ეტაპზე ცენტრალურ ადგილს იჭერდა საკითხი ადამიანის მოქმედების (მოღვაწეობის) და სოციალური სტრუქტურის კავშირის შესახებ (ამაში წინა თავებში ჩატარებულმა ანალიზმაც დაგვარწმუნა). როგორც ცნობილი დასავლელი მკვლევარები (M. S. Archer, 1982: 455) აღნიშნავენ, სოციოლოგებისათვის (უკიდურესი „ექსტრემისტების“ - ჰოლისტების და ფსიქოლოგისტების - გარდა) სოციალური სტრუქტურა, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს ადამიანის პროდუქტს, თუმცა, ეს პროდუქტი, თავის მხრივ, განსაზღვრავს ინდივიდებს და გავლენას ახდენს მათ ინტერაქციაზე. მოღვაწეობასა და სტრუქტურას შორის ასეთი დიალექტიკური კავშირის აღიარების მიუხედავად, თეორიული კვლევა ყოველთვის იხრებოდა ხან მოქმედების და ხან სტრუქტურის მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ელემენტი ხდებოდა დომინანტური, ხოლო მეორე - დაქვემდებარებული. მაგალითად, ადრეული ფუნქციონალიზმის ფარგლებში ადამიანის მოღვაწეობა ხდებოდა უმნიშვნელო და უფერული, მაშინ როდესაც, ვთქვათ, ფენომენოლოგიის აყვავების ხანაში სტრუქტურის გავლენა ხდებოდა მყიფე და ნაკლებმნიშვნელოვანი. პოსტ-თეორიებმა კიდევ უფრო გაამძაფრეს ეს დაპირისპირება: ერთი მხრივ, მაგალითად, სტრუქტურალისტურმა მარქსიზმმა და ნორმატიულმა ფუნქციონალიზმმა მოქმედი სუბიექტი უსიცოცხლო მოცემულობად აქცია სტრუქტურულ კომპონენტებთან მიმართებაში. მეორე მხრივ, ინტერპრეტაციულმა სოციოლოგიამ ადამიანის მოღვაწეობა გახადა სუვერენული, ხოლო სოციალური სტრუქტურა დაიყვანა უმნიშვნელო პლასტიკურ მოცემულობამდე, მისი შედგენილი ბუნების გამო.

     ზემოთქმულის მიუხედავად, აღნიშნული ორი წყალგამყოფი თვალსაზრისის აპოლოგეტები ინტენსიურად განიცდიდნენ კრიტიკას იმ თვალსაზრისით, რომ დაესაბუთებინათ როგორც სტრუქტურის, ისე მოქმედების ტოლძალოვნად (თანაბრად) გათვალისწინების აუცილებლობა სოციოლოგიური ახსნისათვის. აღნიშნული ძალისხმევა დაიწყო 60-იანი წლებიდან და მის ერთ-ერთ ძალზე სერიოზულ გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს ე. გიდენსის სტრუქტურაციის თეორია, დაფუძნებული პრაქსისის (პრახის) ცნებაზე, რომელმაც დღის სინათლე პირველად 1976 წელს იხილა[1] მანამდე გიდენსი ითვლებოდა ეთნომეთოდოლოგიური პრობლემების მკვლევარად. სტრუქტურაციის თეორიით იგი შეეცადა გაეფართოებინა პრაქსისის კონცეფცია და მის საფუძველზე აეხსნა სოციალური ცხოვრების ძირითადი მახასიათებლები.

     გიდენსი (1984: 2) ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სტრუქტურაციის თეორიის თანახმად, სოციალური მეცნიერებების შესწავლის ძირითად სფეროს არ წარმოადგენს არც მხოლოდ ინდივიდუალური აქტიორის გამოცდილება და არც მხოლოდ სოციეტალური ერთობლიობის ნებისმიერი ფორმა, არამედ დროსა და სივრცეში მოწესრიგებული სოციალური პრაქტიკები (სოციალ პრაცტიცეს). თუმცა, პრაქტიკები შეიძლება ორი მხრიდან იქნას დანახული (ერთ ასპექტზე კონცეტრაციისას ხდება მეორე ასპექტის „ფრჩხილებში“ ჩასმა): ერთ შემთხვევაში კონცენტრაცია ხდება „სტრატეგიულ ანალიზზე“, რომელიც კონცენტრირდება იმაზე, თუ რას აკეთებენ აქტიორები, როგორ აგებენ ისინი რეფლექსურად მათ საქმიანობას, რომელ იმპლიციტურ წესებს მისდევენ ისინი. მეორე შემთხვევაში აქცენტი კეთდება „ინსტიტუციურ ანალიზზე“, ანუ სოციალურ სისტემათა ანალიზზე. მაშასადამე, სტრუქტურაციის თეორიისათვის ამოსავალია არა სოციალური მოქმედების ცნება, რომელიც მოქმედებაში ნაგულისხმევ სუბიექტურ მნიშვნელობას (საზრისს) იკვლევს, არამედ მოქმედება, როგორც „სოციალური პრაქტიკა“, რომელიც უნდა შეისწავლოს სოციოლოგიამ, რათა გადაჭრას დუალიზმი - მოქმედება/სტრუქტურა.

     მიუხედავად იმისა, რომ გიდენსის სტრუქტურაციის კონცეფცია ცდილობს გაექცეს სოციეტალურ ერთობლიობებზე პრიორიტეტულ აქცენტირებას და, ამ თვალსაზრისით, განსვავდება პარსონსის თეორიისაგან, მას მაინც მიიჩნევენ (I. Craib, 1992: 111-12) უფრო მეტად სტრუქტურული ფუნქციონალიზმის მოზიარედ, რამდენადაც წარმოადგენს მცდელობას, რომ შეინარჩუნოს საზოგადოება, როგორც მთლიანობა. თუ ვებერის თვალსაზრისი, სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიდგომა, რაციონალური არჩევანის თეორია, ეთნომეთოდოლოგია და ფენომენოლოგიური სოციოლოგია, მეტ-ნაკლები ხარისხით, მაგრამ მაინც იცავენ პოზიციას, რომ „არ არსებობს ისეთი საგანი, როგორიცაა საზოგადოება“, ანუ იწყებენ (და ხშირად ამთავრებენ კიდეც) ინდივიდუალური მოქმედებით და სოციალური მოქმედებით, გიდენსი აშკარად ცდილობს, რომ, გარკვეულწილად, გადაარჩინოს საზოგადოების იდეა. იგი სიამოვნებით საუბრობს სოციალური სტრუქტურების და სოციალური სისტემების შესახებ, თუმცა, ამავე დროს, ამტკიცებს, რომ საზოგადოება იქმნება (იწარმოება) და რეპროდუცირდება მხოლოდ ადამიანის მოქმედების მეშვეობით. ამდენად, გიდენსი უარყოფს სტრუქტურული ახსნის ნებისმიერ ფორმას და საზოგადოების ნებისმიერ გაგებას, რომელიც საზოგადოებას და სოციალურ სტრუქტურებს წარმოიდგენს როგორც ინდივიდებისაგან განყენებულად და მათ გარეშე არსებულს. მეტიც: გიდენსი შორდება ყველა ინტერპრეტაციას, რომელიც საზოგადოებას მიაწერს ემერჯენტულ თვისებებს (ემერგენტ პროპერტიეს), ანდა აღიარებს საზოგადოების დეტერმინაციას ინდივიდუალური მოქმედების მიმართ. სტრუქტურაციის თეორია, ამ თვალსაზრისით, არსებითად შორდება ფუნქციონალისტურ და ევოლუციონისტურ თეორიებს. მაშასადამე, რამდენადაც, ერთი მხრივ, გიდენსი იყენებს სოციალური სისტემის და სტრუქტურის კატეგორიებს და, მეორე მხრივ, მათ შენარჩუნებას ცდილობს მოქმედების თეორიის ფარგლებში, მისი პოზიცია ერთგვარი ამბივალენტობით ხასიათდება, რაც მახვილგონვრულად გამოხატა ერთ-ერთმა დასავლელმა მკვლევარმა (I. Craib, 1992: 111), აღწერა რა გიდენსის თეორია შემდეგნაირად: „სტრუქტურაციის თეორია: არსებობს ისეთი საგანი, როგორიც საზოგადოებაა; არ არსებობს ისეთი საგანი, როგორიც არის საზოგადოება“ („Structuration Theory: There is such a thing as Society; There is no such thing as Society“).

     როგორც აღინიშნა, სტრუქტურაციის თეორია დაფუძნებულია „სოციალური პრაქსისის“ ცნებაზე. ამდენად, პირველ რიგში მიზანშეწონილია ამ ცნების შინაარსის გადმოცემა.

2. სოციალური პრაქსისის კონცეფცია

     სტრუქტურაციის თეორიას ზოგიერთი ცნობილი მკვლევარი (I. J. Cohen, 1989: 11, 17), „პოტენციალთა ონტოლოგიას“ („ontology of potentials“) უწოდებს. აქ იგულისხმება ამ თეორიის პოსტპოზიტივისტური (ან, ანტიპოზიტივისტური) ხასიათი, რამდენადაც სტრუქტურაციული ონტოლოგია უპირატესად მიმართულია სოციალური ცხოვრების ფუნდამენტურ (ცონსტიტუტივე) პოტენციალებზე (შესაძლებლობებზე) - იმ საერთო ადამიანურ უნარებსა და ფუნდამეტური პირობებზე, რომელთა მეშვეობითაც სოციალურ პროცესთა და მოვლენათა მიმდინარეობა და შედეგები იწარმოება და იქმნება (ფორმას იძენს) ყველაზე მრავალფეროვანი სახით, რასაც კი შეიძლება ადგილი ჰქონდეს. მოკლედ თუ ვიტყვით, პოტენციალთა ონტოლოგია ეხება ადამიანთა უნარებს - შექმნან და შეცვალონ სოციალური სამყარო. აქედან გამომდინარე, სტრუქტურაციის თეორია კონცენტრირდება სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტის ქმნადობაზე, რაც სოციალური პრაქსისის არსს შეადგენს. სრულიად აშკარაა აღნიშნული თეორიის დაპირისპირება პოზიტივისტურ თვალსაზრისთან. ამ უკანასკნელის მიხედვით, სოციალური სამყარო კონსტრუირდება არა ადამიანთა სუბიექტური უნარების, არამედ ბუნებისმეცნიერული მეთოდების - ემპირიული დაკვირვების და გაზომვის - გამოყენებით მიღებული ცოდნის საფუძველზე.

     რაში მდგომარეობს „პრაქსისის“ ცნების უნიკალური მნიშვნელობა სტრუქტურაციის თეორიისათვის? მკვლევარები (I.J. Cohen, 1989: 11-2) სავსებით სამართლიანად მიუთითებენ, რომ პრაქსისი თავისი პირველდაწყებითი მნიშვნელობით აღნიშნავს სოციალური აგენტების მიერ წარმოებული ქცევის და ინტერაქციის ნიმუშებს. სტრუქტურაციის თეორიაში ეს ცნება კიდევ უფრო ფართო მნიშვნელობას იძენს: პრაქსისი წარმოადგენს სოციალური ცხოვრების კონსტიტუციის (ქმნადობის) სინონიმს. პრაქსისის ქვეშ მოიაზრება იმ ხელსაყრელი წესების (ხერხების) და მეთოდების ერთობლიობა, რომელთაც ფლობენ აგენტები და რომელთა მეშვეობითაც იწარმოება და სრულდება (პერფორმირდება) სოციალური ცხოვრების ყველა ელემენტი, ასპექტი და განზომილება - მარტივი ქცევების ნიმუშებიდან დაწყებული, კოლექტივების გაცილებით რთული და ფართო ტიპებით დამთავრებული. მაშასადამე, პრაქსისი სხვა არაფერია, თუ არა სოციალური ცხოვრების წარმოების პროცესი.

     გიდენსის მიხედვით, თუ სოციალურ სამყაროს (საზოგადოებას) განვიხილავთ მხოლოდ შედეგის მდგომარეობაში, როგორც მოცემულობას (ანუ, იმას, რაც უკვე შექმნილია), მაშინ ბოლომდე ვერასოდეს გავიგებთ საზოგადოების არსს. ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია სოციალური სამყარო განვიხილოთ წარმოების პროცესში, ე.ი. პრაქსისის თვალსაზრისით. კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ვაკეთებთ, გაცილებით მნიშვნელოვანია სტრუქტურაციის თეორიის ფარგლებში, ვიდრე ის, თუ რას ვაკეთებთ. ამდენად, ორიენტაცია მხოლოდ სოციალურ მოვლენათა მნიშვნელობაზე (meaning), რასაც, ვებერიდან დაწყებული, მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის მიდგომა გვთავაზობს, საკმარისი არ არის. მნიშვნელობაზე აქცენტირება, მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის ფარგლებში, არის აქცენტირება შედეგზე, როდესაც ხდება ამ უკანასკნელის სუბიექტური ინტერპრეტაცია, რაც, საბოლოო ჯამში, სოციალური მოქმედების ან ურთიერთობის გაგებას უზრუნველყოფს. გიდენსის აზრით, საჭიროა აქცენტი დაისვას არა შედეგზე, არამედ შედეგის ქმნადობის (წარმოების) პროცესზე. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: როდესაც უცხო ენაზე დაწერილ ტექსტს ვკითხულობთ, ჩვენს წინაშეა მზა მოცემულობა, ანუ შედეგი, რომლის გაგებასაც (ანუ, სუბიექტურ ინტერპრეტაციას) ვახდენთ. მაგრამ როდესაც თავად გვსურს ტექსტის გადმოცემა, ამ შემთხვევაში ვმონაწილეობთ მისი ქმნადობის (წარმოების) პროცესში. რასაკვირველია, ამ პროცესსაც თავისი მნიშვნელობა (საზრისი) გააჩნია, მაგრამ სტრუქტურაციის თეორია ფოკუსირდება წარმოების პროცესის, და არა ამ პროცესის რეზულტატის, მნიშვნელობაზე. პრაქსისის ცნება გამოიყენება სწორედ ქმნადობის პროცესის აღსანიშნავად.

     გიდენსის (1976: 15) თანახმად, პრაქსისი წარმოადგენს იმ ფენომენს, რომელიც საზოგადოებას ბუნებისაგან განასხვავებს: ბუნება არ არის შექმნილი ინდივიდის მიერ, და, მიუხედავად იმისა, რომ არც საზოგადოებას ქმნიან ცალკეული პიროვნებები, იგი შექმნილია და კვლავქმნილია (რეცრეატედ აფრესჰ) ყველა სოციალური „შეხვედრების“ მონაწილე სუბიექტების მიერ. საზოგადოების ქმნადობა წარმოადგენს დახელოვნებულ (კვალიფიციურ) პერფორმაციას, რომელსაც მხარს უჭერენ და ახორციელებენ ადამიანური არსებები. საზოგადოება, ბუნებისაგან განსხვავებით, არ ხასიათდება ერთგვაროვნებით (როგორც ამას პოზიტივისტები ამტკიცებენ). სხვა შრომებშიც გიდენსი (1984: 9; 1979: 92, 267) არაერთხელ ამტკიცებს, რომ ნებისმიერი სოციალური ქცევის მიმდინარეობის ნებისმიერ ფაზაში, ნებისმიერ აგენტს შეეძლო ემოქმედა იმისაგან რამდენადმე განსხვავებული გზით, ვიდრე იმოქმედა. პრინციპში, სოციალური ქცევის ნებისმიერი მოცემული ნიმუში შეიძლება შეიცვალოს იმავე აქტიორთა მიერ, რომლებიც მის ქმნადობას ახორციელებენ. ეს არ ნიშნავს იმის უარყოფას, რომ სოციალურ ცხოვრებაში არსებობს ქცევის რეგულაციები, მაგრამ ისინი არ უნდა მივიჩნიოთ სოციუმის ერთგვაროვნების ტრანსისტორიული წესრიგის ელემენტებად. სოციალური წესრიგი, ბუნებრივი წესრიგისაგან განსხვავებით, შეცვლადია (სრულიად აშკარა პარალელია პოპერის „კრიტიკული დუალიზმის“ თვალსაზრისთან). სწორედ ამაში მდგომარეობს სტრუქტურაციის თეორიის ანტი-უნიფორმატული (ანტი-უნიფორმიტარიან) ხასიათი.

     პრაქსისი, როგორც ქცევების და ურთიერთობების წარმოების პროცესი, მოიცავს აგრეთვე ფიზიკურ (არავერბალურ) პირობებს, რომლებიც ფორმას აძლევს და აადვილებს ამ პროცესს და უზრუნველყოფს სოციალური ცხოვრების წარმოების უწყეტობას. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მიახლოებას ქცევის წარმოქმნადობასთან ახდენს პრაქსისის ეთნომეთოდოლოგიური თეორიების პოზიციებიდან, გიდენსი თანდათან შორდება მათ და იკვლევს (A. Giddens, 1984: 110-19) მატერიალურ პირობებს, რომლებიც ფორმას აძლევს (ქმნის) სოციალურ ინტერაქციას როგორც პრაქხისს, ანუ განაპირობებს ინტერაქციის შესაძლებლობას აგენტების მიერ. მაგალითად, ხალხმრავალი ავტობუსის ხმაურის და მოძრაობის პირობებში ძნელია პირისპირ (face to face) ინტერაქციის განხორციელება (ამ საკითხს უფრო მოგვიანებით დავუბრუნდებით).

     პრაქსისის ცნება თანაბრად რელევანტურია, ერთი მხრივ, მოქმედების კონსტიტუციის, ხოლო, მეორე მხრივ, კოლექტივების კონსტიტუციის მიმართ, რაც სოციალურ პრაქსისს წარმოადგენს როგორც მედიუმს ინდივიდუალიზმსა და კოლექტივიზმს შორის. პრაქსისის ცნების საფუძველზე გიდენსს სურს განახორციელოს ინდივიდის და კოლექტივის სინთეზი, მისთვის ამოსავალს წარმოადგენს არც მხოლოდ ინდივიდი (რაზეც სუბიექტური თეორიები ფოკუსირდება) და არც მხოლოდ კოლექტივი (რაზეც, მაგალითად, მარქსი ან დიურკჰაიმი სვამენ აქცენტს), არამედ, მათი სინთეზი, რომელიც პრაქსისის ცნების „შუამავლობით“ უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, გიდენსი თავის სტრუქტურაციის თეორიას წარმოადგენს როგორც გზას, რომელმაც უნდა დაძლიოს ორი სახის კონცეპტუალური დუალიზმი ან განხეთქილება (I.J. Cohen, 2000: 93): პირველი, ეს არის სუბიექტ/ობიექტის დუალიზმი, რომელიც ერთმანეთისაგან მიჯნავს ცნობიერების მქონე სუბიექტს და სოციალურ კოლექტივებს; მეორე სახის დუალიზმს წარმოადგენს სტრუქტურა/მოღვაწეობა (structure/agency), როგორც უთანხმოება მოქმედებასა და სოციალური ცხოვრების კოლექტიურ ფორმებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივების ცნება მონაწილეობს ორივე ფორმის დახასიათებაში, დუალიზმის აღნიშნული სახეები ერთმანეთისაგან განსხვავებულია: სუბიექტ/ობიექტის დუალიზმი მოქმედების ლოკუსად მოიაზრებს ცნობიერების მქონე აგენტს, მაშინ როდესაც სტრუქტურა/მოღვაწეობის დუალიზმი მოქმედების ცენტრად მიიჩნევს ქცევის დადგენილ ფორმებს[2].

     სტრუქტურაციის თეორია ვითარდება იმ სწორედ იმ მიმართულებით, რომ მოარიგოს, ერთი მხრივ, ცნობიერების მქონე აგენტი (სუბიექტი) და საზოგადოება, ხოლო, მეორე მხრივ, ინდივიდუალური მოქმედება და კოლექტიური სოციალური ცხოვრების მყარი ფორმები. ორივე შემთხვევაში მედიუმს წარმოადგენს სოციალური პრაქსისის ცნება. როგორც უკვე აღინიშნა, ეს თეორია იწყება საღი აზრის მატარებელი დებულებით, რომ ყველაფერი, რაც სოციალურ ცხოვრებაში ხდება ან არსებობს, გენერალიზდება ქცევის დადგენილ ფორმებში. სოციალური ცხოვრების წარმოების (და რეპროდუქციის) პროცესში აგენტები მათი შემეცნების უნარების გამომჟღავნებისას, აუცილებლად იყენებენ სოციეტალურ თვისებებსაც. ამასთან ერთად, სიმბოლური ინტერაქციონისტებისაგან ან ეთნომეთოდოლოგებისაგან განსხვავებით, გიდენსი მიიჩნევს, რომ პრაქტიკა უფრო მეტია, ვიდრე ლოკალურად განფენილი ქცევა. კერძოდ, ყველა პრაქტიკა ხელს უწყობს აგრეთვე სისტემური ურთიერთობების და სტრუქტურული ნიმუშების (ეტალონების) შექმნას (წარმოებას) და რეპროდუცირებას.

3. სოციალური ინსტიტუტები

     გიდენსი აღიარებს განმეორებადი პრაქტიკების ანუ, ეთნომეთოდოლოგიის ენაზე - ჩვეულებების არსებობას, რაც პრაქტიკათა რეპროდუცირების მაჩვენებელია. რეპროდუცირება შესაძლებელია მაშინ, როდესაც აქტიორები თავიანთ ქცევას განიხილავენ როგორც თავისთავად ნაგულისხმევს (taken for granted). სოციალური ინსტიტუტები (ანუ, რუტინები) (A. Giddens, 1979: 80; 1981:164; 1984:17) ისეთი წარმოებული (წარმოქმნილი) სოციალური პრაქტიკებია, რომლებიც ახდენენ სწორედ სოციალური ცხოვრების ცნობილი (ჩვეული) ფორმების რეპროდუქციას. მოკლედ რომ ითქვას, სოციალური ინსტიტუტები სხვა არაფერია, თუ არა რეპროდუცირებული პრაქტიკები, ანუ, სხვანაირად - ქცევის სისტემატურად (უცვლელად) განმეორებადი ფორმები. ამ ფორმებს, გიდენსის თანახმად, ტრანს-სიტუაციური ბუნება აქვთ (თუმცა, გიდენსი აღიარებს იმასაც, რომ რუტინის შეწყვეტა აუცილებელია სოციალური ცვლილებებისათვის, მაგრამ ამაზე ქვემოთ).

     რეპროდუცირებული სოციალური პრაქტიკების შესახებ თავის კონცეფციას გიდენსი (1979: 81; 1981: 164-5) „ყოველდღიური ცხოვრების ინსტიტუციურ თეორიას“ უწოდებს. როგორც ჩანს, ტერმინი „ინსტიტუციური“ განსაკუთრებული, კერძოდ, პროგრამული მნიშვნელობის მატარებელია სტრუქტურაციის თეორიაში. ამ ტერმინის ქვეშ გიდენსი არ გულისხმობს სოციალურ ორგანიზაციებს. კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, რომ სოციალური ინსტიტუტების ცნება სპეციფიურად ეხება მხოლოდ რუტინულ პრაქტიკებს, რომელთაც ახორციელებს და აღიარებს კოლექტივის წევრთა უმრავლესობა (სწორედ ამაში მდგომარეობს მათი ტრანს-სიტუაციური ბუნება). როგორც ზოგიერთი ავტორი (I.Craib, 1992: 114) ახასიათებს, სოციალური ინსტიტუტები წარმოადგენს დროსა და სივრცეში მოწესრიგებულ იმპლიციტურ წესებს (სტრუქტურებს). აქედან გამომდინარე, ვთქვათ, ქორწინება ჩაითვლება ინსტიტუტად, რამდენადაც წარმოადგენს პრაქტიკას, რომელსაც ღრმად აქვს ფესვი გამდგარი ისტორიულ დროსა და სივრცეში. აქ საჭიროა გაკეთდეს გარკვეული განმარტება: განასხვავებს რა ერთმანეთისაგან სოციალურ ინსტიტუტებს და სოციალურ ორგანიზაციებს, გიდენსი არ გულისხმობს იმას, რომ ამ ორ ფენომენს ერთმანეთთან გადაკვეთის წერტილი არ შეიძლება ჰქონდეთ. ამ განსხვავების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ სოციალური ინსტიტუტების არსებობა არ მოითხოვს ამავე დროს სოციალური ორგანიზაციის ფორმით არსებობას. აქ იგულისხმება ორი შესაძლებლობა: (1) არსებობს უამრავი სოციალური ინსტიტუტი, ანუ განმეორებადი და რეპროდუცირებადი სოციალური პრაქტიკა, რომლებსაც ორგანიზაციის ფორმა არასოდეს მიუღიათ. ასეთია რუტინულ ქცევათა, ანუ ჩვეულებათა დიდი ნაწილი; (2) გარდა ამისა, სავსებით მოსალოდნელია, არსებობდეს სოციალური ორგანიზაციები, რომელნიც არაინსტიტუციონალიზებულია, ანუ მათ ფარგლებში არ ხდება სოციალურ პრაქტიკათა რეპროდუქცია. როგორც წესი, ასეთია ის სოციალური ორგანიზაციები, რომლებიც შექმნილია ერთჯერადი მიზნებისათვის, ხანმოკლე ვადით.

     შეიძლება ვიფიქროთ, რომ სოციალური პრაქტიკების რეპროდუქციის, ანუ რუტინიზაციის პროცესი ექვივალენტურია იმისა, რასაც სოციალურ მეცნიერებებში სოციალიზაციას უწოდებენ. მაგრამ, ეს ასე არ არის. სოციალიზაციის პროცესის კონტექსტი (და არა, ზოგადად, პროცესი) არ მოითხოვს ქცევის განსაზღვრული მოდელების იმპლიციტურ რეპროდუქციას ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რაც სტრუქტურაციის თეორიაში სოციალური ინსტიტუტების არსებობის პირობას წარმოადგენს. მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი: როდესაც მშობელი შვილს ჭადრაკის თამაშს ასწავლის, ეს სოციალიზაციის განხორციელებაა, მაგრამ, სრულიადაც არ გულისმობს, ამავე დროს, მოცემული პრაქტიკის რეპროდუქციის მოთხოვნას, ვინაიდან შეიძლება მოხდეს, რომ შვილმა ჭადრაკის თამაში აღარ გააგრძელოს. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული პრაქტიკა არ იქცევა ინდივიდის (შვილის) ყოველდღიური ცხოვრების ქმედებაში გამოხატულ რუტინად, სოციალური კონტექსტის რეგულარულ ნაწილად.

     სტრუქტურაციის თეორიის მკვლევარები (I.J. Cohen, 1989: 39) აღნიშნავენ, რომ სოციალურ მეცნიერებათა ბევრი წარმომადგენელი მიუთითებს ყოველდღიური პრაქტიკების ხანგრძლივად განმეორებადობის ფენომენზე გვაროვნულ საზოგადოებებში და სხვა მცირემასშტაბიან ჯგუფებში. მაგრამ, თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში სოციალურ პრაქტიკათა უჩვულო მრავალფეროვნება აძნელებს ინსტიტუციურ რუტინათა ჩამოყალიბებას. ამის მიუხედავად, შესაძლებელია მიეთითოს ქცევის განსაზღვრულ სახეებზე, რომელთა რეპროდუცირებამ შეიძინა გამოკვეთილი სიმყარე თანამედროვე დასავლურ (და არა მხოლოდ) საზოგადოებებში. ასეთია, მაგალითად, ხელფასიდან და მოგებიდან გადასახადების გადახდა სახელმწიფოებრივი ღონისძიებების დასახმარებლად, სამუშაო კონტრაქტების შემოღება დამქირავებლებს და მშრომელებს (მოსამსახურეებს) შორის, ავტომობილის გამოყენება და მისთ. სხვა ისეთი რუტინები, როგორიცაა ფორმალური პოლიტიკური პროცედურები, კულინარული ჩვეულებები და ა.შ. წარმოადგენს სოციალურ მოვლენათა მიმდინარეობის და ციკლურობის აუცილებელ პირობებს სპეციფიკურ საზოგადოებებში ან საზოგადოების პატარა ჯგუფებში. ქცევის ინსტიტუციური ფორმების რეპროდუცირებას ადგილი აქვს, აგრეთვე, ისეთ შედარებით ნაკლებად გავრცობილ სფეროებში, როგორიცაა სოციალური კლასები, განსხვავებული ასაკობრივი, სქესობრივი, ეთნიკური და რეგიონული ჯგუფები.

     გიდენსი (1979: 83-4; 1984:119, 373) აღნიშნავს, რომ სოციალური ინსტიტუტების სახით აგენტები ქმნიან სოციალური ქცევის მნიშვნელად კონტექსტს. სხვანაირად ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალური ინსტიტუტები, შესაძლოა, ფლობდნენ რეფლექსურ კონტექსტუალობას, რომელიც სოციალური შეჯახებების (შეხვედრების) და ინტერაქციების მაინტეგრირებელ ელემენტს წარმოადგენს. კონტექსტუალობას გიდენსი განსაზღვრავს, როგორც დრო-სივრცული ინტერაქციის ადგილმდებარეობით მახასიათებელს (სიტუატედ ცჰარაცტერ), რომელიც მოიცავს ინტერაქციის ფარგლებს, აქტიორთა თანაყოფნას და მათ შორის კომუნიკაციას. მიუხედავად ამისა, გიდენსი აღნიშნავს იმასაც, რომ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები კონტექსტუალობის შეზღუდული ხარისხით წარმოების საშუალებას აძლევს იმ აგენტებს, რომლებიც ფიზიკურად თანამყოფნი არ არიან. ამისაგან განსხვავებით, კონტექსტუალობის კარგად განვითარებულ სახეთა უმრავლესობა იწარმოება იმ სუბიექტების მიერ, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო სიახლოვეში იმყოფებიან. ამ შემთხვევაში (A. Giddens, 1984: 67-73) აგენტები იძენენ პოზიციას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ ჩაწვდნენ (აღიქვან) სხვათა საქციელს და იმასაც, რომ სხვებიც ამავე პოზიციაში იმყოფებიან მათ მიმართ. ამ ნიადაგზე იქმნება კონტექსტის გაცილებით ინტენსიური ფორმები, რომლებიც ორმხრივად - ვერბალური და არავერბალური პროცედურების მიერ - ნაწარმოებია პირისპირ შეჯახებებში (შეხვედრებში) და ინტერაქციებში. რაც შეეხება არავერბალურ პროცედურებს: ინსტიტუციური საქმიანობების რეპროდუცირებისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად სტრუქტურაციის თეორია (A. Giddens, 1976: 106-7; 1979: 206-7) შეუცვლელ როლს ანიჭებს სოციალური გარემოს ფიზიკურ ასპექტებს. გიდენსი იზიარებს თვალსაზრისს, რომ ფიზიკური ობიექტების ბუნება და მოხაზულობა (კონტურები) ფორმას აძლევს და აადვილებს როგორც კონტექსტის, ისე ქცევის რეპროდუქციას. მაგრამ სხვებისაგან განსხვავებით, გიდენსი მიიჩნევს, რომ ფიზიკური გარემოებები ყოველთვის ჩართულია სოციალურ რუტინების სახით რეპროდუცირებულ პრაქტიკებში. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური ასპექტები არ ახდენენ უარყოფით გავლენას სოციალურ ქცევაზე. პირიქით, ისინი დადებითად მობილიზდებიან სოციალური მოქმედების და ინტერაქციის მსვლელობის პროცესში.

     ამრიგად, ზემოთქმულიდან გამომდინარე, სოციალური რეპროდუქცია გულისხმობს იდეალური და მატერიალური, ვერბალური და არავერბალური ფაქტორების სინთეზს. სოციალურ შეჯახებებზე (შეხვედრებზე) რეფლექსია, რომელიც ვერბალურ პროცედურებს უკავშირდება, შეიძლება გამოიხატოს (ფორმულირდეს) იდეალურ ტერმინებში. ის, რაც პერცეფციულ ვერბალურ პროცედურებს სოციალური ქცევის მატერიალურ ფაქტორებთან აერთიანებს, სტრუქტურაციის თეორიაში (A. Giddens, 1976: 106-7; 1979: 206-7; 1984: 118-19) გამოიხატება ლოკალურობის (locale) ცნებით. ეს ცნება კონტექსტუალობის სუბკატეგორიას წარმოადგენს. მისი მეშვეობით აღინიშნება ფიზიკური რეგიონი, რომელიც ჩართულია ინტერაქციაში (როგორც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი) და ფლობს განსაზღვრულ საზღვრებს, რაც ეხმარება ინტერაქციის კონცენტრაციას ამა თუ იმ სახით. სხვანაირად თუ ვიტყვით, ლოკალურობის ცნება გიდენსთან სპეციფიურად ეხება იმას, თუ როგორ გამოიყენება სოციალური გარემოს მატერიალური ასპექტები რუტინათა მიმდინარეობის პროცესში. ასეთი გზა გვთავაზობს ვარიაციათა შესაძლებლობას, თუ რომელი მატერიალური ვითარებები ახდენენ გავლენას ქცევის შესრულებაზე. მაშინ როდესაც ბევრი პრაქტიკა ჩვეულებრივად შეიცავს საგანთა გამოყენებას სპეციფიურ გარემოებებში (მაგ., სასოფლო-სამეურნეო და ინდუსტრიული წარმოება), სხვა პრაქტიკები შეიძლება შეიცავდეს ისეთი საგნების გამოყენებას, რომლებიც არ არიან “მიბმულნი” ერთ რომელიმე სივრცით ადგილთან. თუმცა, თუნდაც ამ უკანასკნელ შემთხვევაში, საჭიროა მატერიალური საზღვრების დეტერმინაცია, რათა აგენტებმა აამუშავონ რეფლექსური ცნობიერება და მისდიონ დისკურსს. მაგალითად (I. J. Cohen, 1989: 41), მეცნიერებს უძნელდებათ შექმნან კონტექსტი მათი ლექციებისათვის, თუ აუდიტორიის სივრცე იმდენად პატარაა, რომ მსმენელებს უხდებათ ოთახის გარეთ დგომა.

4. სოციალური სისტემები

     სტრუქტურაციის თეორიაში სპეციფიურ მნიშვნელობას იძენს საკითხი სოციალურ სისტემებთან და სტრუქტურულ ეტალონებთან პრაქსისის ინტეგრაციის შესახებ. გიდენსი (1984: 377) სისტემას განსაზღვრავს, როგორც რეპროდუცირებული პრაქტიკების სახით მოცემული სოციალურ ურთიერთობების მოდელირებას დროში და სივრცეში. ტერმინი „სისტემა“ ეხება ყველა სახის ჯგუფის შიგნითა ურთიერთობების ეტალონებს (ნიმუშებს) - პატარა, ინტიმური ჯგუფებიდან დაწყებული, სოციალური ქსელებით და ფართო ორგანიზაციებით დამთავრებული. სისტემური რეპროდუქცია, როგორც წესი, წარმოიქმნება და ნარჩუნდება რეპროდუცირებული ურთიერთობების ციკლებით, რომლებშიც არსებული პრაქტიკები ქმნიან კავშირებს, ანუ ინტეგრირდებიან. გიდენსი ერთმანეთისაგან განასხვავებს სოციალურ ინტეგრაციას და სისტემურ ინტეგრაციას. სოციალური ინტეგრაცია მოიცავს წესრიგს, რომელიც შექმნილია პირისპირ (face to face) ინტერაქციის შედეგად. ბევრი სოციალური სისტემა, დაწყებული ნუკლეარული ოჯახებით და დამთავრებული არისტოკრატიული ერთობებით, შედგება ურთიერთობებისაგან, რომლებიც უმთავრესად რეპროდუცირებულია სოციალური ინტეგრაციის მნიშვნელობით. თუმცა, გიდენსი (1984: chapter 3) ამტკიცებს, რომ აქტიორები შეიძლება ერთმანეთთან ურთიერთობას ამყარებდნენ არაპირდაპირი გზებით, რომლებიც გაშუალებულია ფიზიკური დისტანციით და/ან დროითი ინტერვალით. გიდენსი აყალიბებს დრო-სივრცული დისტანცირების ცნებას, რომლის შუქზეც აანალიზებს აქტიორთა შორის ურთიერთობების კომპლექსურ ვარიაციებს. მას შემდეგ, რაც შეიქმნა ელექტრონული კომუნიკაციის და მექანიკური ტრანსპორტირების საშუალებები, სოციალური ინტერაქცია გაცდა ლოკალური მოცემულობას, გაფართოვდა და გადაინაცვლა სფეროში, რომელიც მოიცავს „არდამსწრე“ („არმყოფ“) აგენტებს შორის ურთიერთობათა ქსელს. რასაკვირველია, სისტემები მოიცავენ ლოკალურ, პირსპირ ინტერაქციებსაც, მაგრამ სისტემური ინტეგრაციის ცნების ქვეშ გიდენსი გულისხმობს დისტანციაზე ურთიერთობის პროდუქტს და, ამდენად, პრაქსისი თეორიის ფარგლებში ქმნის ფართომასშტაბიანი თანამედროვე ორგანიზაციების მორფოლოგიის თეორიულ სურათს.

     როგორც მკვლევარები (I. Craib, 1992: 116) მიუთითებენ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, როგორ არის შესაძლებელი გადასვლა პირისპირ ინტერაქციიდან დრო-სივრცულ ინტერაქციაზე, ანუ, მოქმედებიდან - სისტემებზე. ამ პროცესში ჩართულია ფაქტორთა მთელი რიგი: იმპლიციტური ცოდნა იმისა, თუ როგორ ვიმოქმედოთ, რუტინული ქცევები, რეფლექსური ცოდნა, საკუთარი მოქმედებების რეფლექსური მონიტორინგი და სხვ. მექანიზმი, რომელსაც გიდენსი აღწერს, მისივე აღიარებით, მსგავსია იმისა, რასაც გოფმანი (1974) გვთავაზობს თავის შრომაში: „ურთიერთქმედების ჩარჩოების ანალიზი“ („Frame Analysys“). გოფმანი იკვლევს საკითხს, თუ როგორ ხდება მოწესრიგება, ანუ „ჩარჩოში“ მოქცევა ყოველდღიური ცხოვრებისთვის თანმდევი ფრაგმენტული ინტერაქციების, მოულოდნელი შეხვედრების, „გავლითი“ საუბრების, წყვეტადი მოქმედებების და ა.შ., როგორ ხდება იმის გამოხატვა, როდესაც მოცემულ მომენტში რაღაცა იწყება და მთავრდება? ამ კითხვებს არა მხოლოდ ეთნომეთოდოლოგიურ ძიებებამდე მივყავართ, არამედ სოციალურ სისტემათა განხილვის განსხვავებულ გზაზეც მიგვანიშნებს. თუ პარალელს გავავლებთ გიდენსთან, სტრუქტურაციის თეორია აგრეთვე ცდილობს შექმნას დროსა და სივრცეში ადამიანთა ყოველდღიური მოძრაობების მოდელები. ეს პროცესი, ზოგად ხაზებში, ასე შეიძლება აღიწეროს (Stinchcombe, 1990: 50): ინსტიტუციური როლი არის არა ინდივიდუალური, არამედ დრო-სივრცული ერთეული, თანა-ყოფნის სიტუაცია (the situation of co-presence). ადამიანები ფლობენ ცოდნას არა იმის შესახებ, თუ როგორ ითამაშონ როლი, არამედ - თუ როგონ უპასუხონ და დაეუფლონ სიტუაციის პრაქსისს. შესაბამისად, სოციალური სტრუქტურის ძირითად ერთეულებს არ წარმოადგენს ინდივიდთა სტატუსები ან როლები, არამედ - განსაზღვრული პრაქსისის შემცველი სიტუაციები, რომელშიც ადამიანები შედიან და გამოდიან და რომელთა მიხედვითაც ახდენენ მოცემული ქცევებისათვის ფორმის მიცემას. მორალური და პრაქტიკული წესრიგის შემცველი ინსტიტუციური სიტუაციები ახდენენ ინდივიდთა მოვალეობების და უფლებების, აგრეთვე, საქმიანობების ქმნადობას. ამდენად, ისინი (და არა როლები) არიან კაუზალური მნიშვნელობის მქონე. აქედან გამომდინარე, სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს იმის დანახვა, რომ იმპლიციტური ცოდნა იმის შესახებ, როგორ ვიმოქმედოთ და შევინარჩუნოთ ხანიერება (მოქმედების ერთგვაროვნება), ეხმარება საზოგადოებას (სოციალურ ჯგუფებს) სოციალურ სისტემის სახით გამოხატვაში. გიდენსის თანახმად, საზოგადოება არ წარმოადგენს გეოგრაფიული საზღვრების მქონე მთლიანობას, არამედ, მეტ-ნაკლებად ღია სისტემას, რომელიც კვეთს გეოგრაფიულ საზღვრებს.

5. სტრუქტურის ცნება და სტრუქტურის ორობითობა

     სტრუქტურაციის იდეა უკავშირდება იმას, რასაც გიდენსი (1984: 25) „სტრუქტურის ორობითობას“ (duality of structure) უწოდებს. ხაზი უნდა გაესვას, რომ გიდენსი შეგნებულად ხმარობს ტერმინს „ორობითობა“[3] და არა ტერმინს - „დუალიზმი“. საქმე ისაა, რომ მას მხედველობაში აქვს სტრუქტურის არა ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი თვისება (სწორედ ამ შემთხვევაში მივიღებდით დუალიზმს), არამედ ერთი და იგივე პროცესის ორი ანალიტიკური განზომილება. აქვე უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, თუ რატომ იყენებს გიდენსი ტერმინს „სტრუქტურაცია“ და არ კმაყოფილდება ტერმინით “სტრუქტურა”. საქმე ისაა, რომ სტრუქტურაცია აღნიშნავს სოციალურ ურთიერთობათა რეპროდუქციას, როგორც პროცესს დროისა და სივრცის გადასწვრივ. მაშასადამე, რეალურად არსებობს მხოლოდ სტრუქტურაციის პროცესი. რაც შეეხება სტრუქტურას, იგი (A. Giddens, 1984: 17, 377) მხოლოდ ვირტუალურად არსებობს, როგორც ანალიტიკური აბსტრაქცია, როგორც „მეხსიერების ნაკვალევი“. ამ თვალსაზრისით, იგი ადამიანის „შემეცნებითუნარიანობის“ („knowledgeability“) საფუძველს წარმოადგენს, რომელიც მოქმედებაში მყისიერად ერთვება. სრულიად სამართლიანად მიუთითებენ მკვლევარები (P. Sztompka, 1994: 39), რომ სვამს რა აქცენტს სოციალური რეალობის ფლუიდურ, მუდმივად ცვალებად და სრულიად გაუთვალისწინებელ ბუნებაზე, რომლის ერთადერთ ჭეშმარიტ ონტოლოგიურ სუბსტრატს წარმოადგენს ადამინურ სუბიექტთა მოქმედებები და ინტერაქციები, გიდენსი განიზრახავს, რომ გარდაქმნას სტრუქტურის სტატიკური ცნება სტრუქტურაციის დინამიკურ კატეგორიად, რომელიც აღწერს ადამიანის კოლექტიურ ქცევას.

     როგორ განსაზღვრავს გიდენსი სტრუქტურას? რამდენადაც სოციალური სისტემები ჯგუფებს ეხება, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ტერმინი „სტრუქტურა“ ზედმეტი ხდება. სინამდვილეში (I.J. Cohen, 2000: 95) სტრუქტურა უზრუნველყოფს კოლექტიურობის იმ ელემენტს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან „დამატებას“ წარმოადგენს ქცევის რეპროდუქციის უზრუნველსაყოფად. წარმოვიგინოთ, მაგალითად, ასეთი რუტინული (შაბლონური) პრაქტიკა: ინსპექტორი აწესრიგებს გზაზე მოძრაობას პიკის საათებში. ინსპექტორის მინიშნებები მძღოლების მიმართ არის სწრაფი, დამაჯერებელი და მთლიანად რუტინული (დადგენილი). განმეორებადი ჟესტებით იგი უცვლის მანქანებს მიმართულებას და ხელოვნურად აწესრიგებს მოძრაობას. შეიძლება თუ არა, რომ ეს პრაქტიკა სრულად იყოს გასაგები, თუ ინსპექტორს მუშაობის პროცესში დავაკვირდებით? ცხდია, არა. ინსპექტორმა წინასწარ უნდა აითვისოს ხერხების აუცილებელი რაოდენობა, რათა უსაფრთხოდ გასცეს მითითებები მძღოლების მისამართით და ზიანი არ მიაყენოს როგორც მათ, ისე საკუთარ კეთილდღეობას. მეტიც, ეს ხერხები არ არის საგზაო ინსპექტორის მიერ გამოგონილი. საგზაო კონტროლის გაჩენიდან მოყოლებული, ყველა კომპეტენტური ინსპექტორი ვალდებულია, აითვისოს ჩვევები (ხერხები), რათა შეასრულოს (ანუ, რეპროდუცირება მოახდინოს) იგივეობრივი პროცედურების.

     როგორც აღნიშნული მაგალითიდან ჩანს, გიდენსი „სტრუქტურის“ ცნებაში სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას მოიაზრებს, ვიდრე სტრუქტურული ფუნქციონალიზმი. კერძოდ, იგი სტრუქტურას განსაზღვრავს „წესების და რესურსების“ თვალსაზრისით. განსაკუთრებული მნიშვნელობა სტრუქტურისათვის ენიჭება წესებს. გიდენსი (1979: 65, 82; 1984: 18) სტრუქტურის ორობითობის კონცეფციის ფარგლებში აფართოებს თავის თვალსაზრისს იმის შესახებ, თუ როგორ ერთვებიან წესები სოციალურ პრაქტიკათა პერფორმაციაში. წესებს ენიჭება მაწარმოებელის ფუნქცია და წარმოადგენს იმ პროცედურათა ასპექტებს, რომლებიც ახდენენ პრაქსისის რეგულაციათა რეპროდუქციას. რეპროდუქციის პროცესი, თავის მხრივ, ახდენს ამ წესების, როგორც ისტორიულად ჩამოყალიბებული სფეროების მყარი მახასიათებლების, რეგენერირებას. გიდენსის აზრით (1984: 19), ყველაზე აუცილებელ წესებს წარმოადგენენ ისინი, რომლებიც ემსგავსება მათემატიკურ მწკრივებს, როგორიცაა 2, 4, 6,..., როდესაც სირთულეს არ წარმოადგენს მსგავსი პროგრესიის გაგრძელება. ასეთია, მაგალითად, ლეგალური კოდები, ბიუროკრატიული რეგულაციები და სხვა წესები, რომლებიც ფორმულრებულია დისკურსიული გზით. თუმცა, მათ გარდა, საჭიროა ისეთი წესების ცოდნაც, რომელთაც ვასრულებთ, მაგრამ მათ შესახებ მკაფიო წარმოდგენა არა გვაქვს. ეს ემსგავსება წესებს, რომელთაც საუბრის დროს ვიცავთ, თუმცა, იშვიათად ვფლობთ ცოდნას მათ შესახებ. მაშასადამე, სტრუქტურა მოიცავს ისეთ წესებსაც, რომლებიც იმპლიციტურად იგულისხმება რუტინულ მოქმედებებში, ანუ სოციალურ პრაქტიკებში.

     საბოლოო ანგარიშით, სტრუქტურის გიდენსისეული ცნება მოიცავს პროცედურათა ანალიტიკურ დეკონსტრუქციას ოთხი ელემენტის სახით (ყოველი სტრუქტურირებული პრაქტიკა აერთიანებს ოთხივე ელემენტს):

     ა) პროცედურული წესები (ანუ, თუ როგორ სრულდება პრაქტიკა);

     ბ) მორალური წესები ხელსაყრელი (სათანადო) ქმნადობის უზრუნველსაყოფად;

     გ) მატერიალური (ლოკალიზებული) (Allocative) რესურსები;

     დ) ავტორიტეტული (Authoriative) რესურსები.

     მივმართოთ შედარებით მარტივ მაგალითს (თუმცა, უმრავლეს სიტუაციაში საქმე გვაქვს უფრო რთულ სტრუქტურებთან) (I. J. Cohen, 2000: 95): ერთ-ერთ სტრუქტურის მქონე პრაქტიკას წარმოადგენს ფულის ნიშნების გაცვლა საქონლის ან მომსახურებისათვის. აღნიშნული პრაქტიკა შეიცავს განსხვავებულ სტრუქტურულ რეკვიზიტებს, როგორიცაა, მაგალითად, ფულის ნიშნების სახით წარმოდგენილი მატერიალური რესურსები; ადმინისტრაციული რესურსები, რომლებიც ეხმარებიან გაცვლის პროცესს; მორალური კოდები (მოცემულ შემთხვევაში, ქცევის ეტიკეტი, რომელიც ახლავს ამ პროცედურას); იმ ჩვევების (ხერხების) ცოდნა, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ შესრულდეს (პერფორმირდეს) გაცვლის პროცესი. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სტრუქტურული ელემენტების ფუნქციონირება ფერხდება - მაგალითად, თუ საეჭვოა ფულის ერთეულის მატერიალური ღირებულება, დარღვეულია მორალური ეტიკეტი ანდა აქტიორი არ ფლობს გაცვლისათვის აუცილებელ ხერხებს - მაშინ პრაქტიკა წარუმატებლობას განიცდის და ჩაშლა ემუქრება.

     გიდენსი აღიარებს, რომ ქცევის წესები არარედუცირებადია, ანუ არ დაიყვანება რომელიმე სპეციფიკურ სიტუაციამდე. ეს მიუთითებს ამ წესების ტრანს-სიტუაციურ ბუნებაზე. ეს კი ნიშნავს, რომ წესები ჩართულნი არიან ქცევის იმ ფორმებში, რომლებიც ა) რეპროდუცირებულია და აღიარებულია დიდი ხნის განმავლობაში რუტინული საქმიანობების სახით, რომლებსაც კოლექტივის (ჯგუფის) წევრები მისდევენ; ბ) რეპროდუცირებული და აღიარებულია თავად ამ ჯგუფის ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, ქცევის წესები ჩაითვლება კოლექტიურობის ტრანს-სიტუაციურ თვისებებად, რომლებიც მონაწილეობენ ინსტიტუციური ქცევის რეპროდუქციაში.

     კონცეფცია ქცევის წესების შესახებ უკავშირდება (A. Giddens, 1976: 88-9; 1979: 73, 84, 251-3; 1984: 4) საზიარო (საერთო) ცოდნის (mutual knowledge) ცნებას, რომელიც მარტივად გულისხმობს ცოდნას იმისა, თუ „როგორ გავაკეთოთ რაიმე“ ანუ, „როგორ მოვიქცეთ“. საზიარო ცოდნას ინაწილებს ყველა, ვინც ფლობს იმის კომპეტენციას, რომ ჩაერთოს სოციალური პრაქტიკის სათანადო დონეზე შესრულებაში. წმინდა ანალიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, გიდენსი (1979: 64-8, 82-3) გვთავაზობს მოქმედების წესების შესახებ საზიარო ცოდნის სემანტიკური და ნორმატიული ასპექტების გათვალისწინებას. სემანტიკური ასპექტი ეხება პრაქტიკათა თვისებრივ და პროცედურულ მნიშვნელობას. აგრეთვე, მათი შესრულების ადგილმდებარეობას (ლოკალიზაციას) და ზოგიერთ მოსალოდნელ შედეგს. საზიარო ცოდნის ნორმატიული ასპექტი იმავე პრაქტიკებს, ლოკალიზაციას და შედეგებს განიხილავს უფლებების და მოვალეობების პოზიციიდან, რომელიც ადგენს მათ ლეგიტიმურ ან არალეგიტიმურ ხასიათს, ისევე როგორც - პრაქტიკათა შესრულების ხელსაყრელ და არახელსაყრელ გზებს. საბოლოო ჯამში, ორივე ასპექტი ხელს უწყობს სოციალური პრაქტიკების სათანადო დონეზე განხორციელებას. საზიარო ცოდნის თვისებები დამახასიათებელია ინსტიტუციური პრაქტიკებისათვის, რომელთა რეპროდუცირებას ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავი აგენტი მრავალჯერ მიმართავს. მაშასადამე, ეს ცოდნა ბოლომდე არასოდეს დაიყვანება ქცევის რომელიმე სპეციფიკურ სიტუაციამდე. ერთსა და იმავე მომენტში უამრავმა აგენტმა, სრულიად განსხვავებულ გარემოებებში, შეიძლება გამოიყენოს საზიარო ცოდნის ერთი და იგივე ფორმა, რათა რეპროდუცირება მოახდინოს (ზოგადად) იმავე ტიპის საქმიანობის.

     რაც შეეხება რესურსების ცნებას. ქცევის წესების მსგავსად, გიდენსი (1984: 15-6) რესურსებსაც განიხილავს როგორც კოლექტივების სტრუქტურულ მახასიათებლებს. რამდენადაც აგენტის მოღვაწეობა ჩართულია სოციალურ მოვლენათა ტრანსფორმაციაში, ანუ ახდენს მათ წარმოებას, საჭიროა არსებობდეს სოციალურ მოვლენათა განზომილება, რომელიც უზრუნველყოფს ამ გავლენის განხორციელებას (გამომჟღავნებას). რესურსები ეხება სწორედ ძალაუფლების შესაძლებლობებს და საფუძვლებს, რომლებზედაც აგენტებს ხელი მიუწვდებათ და რომელთა მანიპულირებითაც ისინი გავლენას ახდენენ ინტერაქციების მიმდინარეობაზე. რესურსებით მანიპულირება არ ხდება დისკრეტულ პრაქტიკებში. მათი მობილიზება ყოველთვის მოიცავს საზიარო ცოდნის ორივე - სემანტიკურ და ნორმატიულ ასპექტებს. და პირუკუ, რესურსები უზრუნველყოფს საშუალებებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება სემანტიკური და ნორმატიული წესების აქტუალიზება. გიდენსი (1984: 258, 373) ერთმანეთისაგან განასხვავებს რესურსების ორ კატეგორიას, რომლებიც ჩაქსოვილია კონკრეტულ პრაქტიკებში: ავტორიტეტული რესურსები არამატერიალური რესურსებია, რომლებიც წარმოადგენენ შესაძლებლობას იმისა, რომ აგენტებმა გავლენა იქონიონ (მოიპოვონ, შექმნან) პიროვნებებზე. მათ მიეკუთვნება: სოციალური დროისა და სივრცის ორგანიზაცია, ჯგუფის წარმოება/რეპროდუქცია (ადამიანთა ორმხრივი ურთიერთობების ორგანიზება), სასიცოცხლო, კერძოდ, თვითგანვითარების და თვითგამოხატვის შანსების ორგანიზება. ლოკალიზებული რესურსები, პირიქით, მატერიალური რესურსებია. ისინი წარმოადგენენ შესაძლებლობებს იმისა, რომ აგენტებმა გავლენა მოიპოვონ („აწარმოონ“) მატერიალურ ობიექტებზე, ბუნებაზე. ასეთ რესურსებს წარმოადგენენ: ნედლი მასალები, წარმოების/რეპროდუქციის საშუალებები (წარმოების ინსტრუმენტები, ტექნოლოგია), წარმოებული საქონელი (რომელიც შექმნილია ნედლი მასალების და ტექნოლოგიის ურთიერთობის შედეგად).

     მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სტრუქტურირებული პრაქტიკები უზრუნველყოფს სოციალური რეპროდუქციის და სოციალური ცვლილების ანალიზის ერთეულებს. მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ სტრუქტურირებული პრაქტიკები, უბრალოდ, ჩაითვალოს არსებულად, მხედველობის გარეშე დარჩეს მათი რეპროდუქციის ფაქტი და ისიც, რომ არსებობს პრაქტიკების შეცვლის შესაძლებლობა. ადამიანები ხშირად მსჯელობენ ინსტიტუციური პრაქტიკების შესახებ აღნიშნული საშიშროების კონტექსტში. ასე ხდება, მაგალითად, როდესაც მსჯელობები ეხება ეკონომიკურ გაცვლას ინ აბსტრაცტო, სამუშაოს მიღებას, ქორწინებაში შესვლას, იმ რეალური ქმედებების აღნიშვნის გარეშე, რომელთა მეშვეობითაც ეს ინსტიტუტები რეპროდუცირდება.

     სწორედ ამას უკავშირდება გიდენსთან „რეფლექსურობის“ ცნება. რეფლექსია წარმოადგენს გზას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვახდენთ საკუთარი სოციალური სამყაროს კონსტიტუირებას. სტრუქტურაციის თეორიას იგი სხვანაირად „რეფლექსურ სოციოლოგიასაც“ უწოდებს, რამდენადაც სოციოლოგია ახდენს იმ სამყაროს „მშენებლობას“, რომელსაც სწავლობს (რეფლექსურობის ცნება მოგვიანებით უფრო დაწვრილებით იქნება განხილული).

     როგორც ითქვა, სტრუქტურაციის პროცესი ხორციელდება სტრუქტურის ორობითობის სახით. მკვლევარები (M. S. Archer, 1982: 457) სამართლიანად უწოდებენ მას სტრუქტურაციის თეორიის „კვინტესენციას“, რამდენადაც იგი წარმოადგენს მექანიზმს, რომელმაც უნდა გააერთიანოს აღწერილი დუალიზმების დაპირისპირებული მხარეები. რაში მდგომარეობს ამ მექანიზმის არსი?

     სოციოლოგია, ჩვეულებრივ, სტრუქტურას განიხილავს როგორც იმას, რაც ზღუდავს ან განსაზღვრავს სოციალური ცხოვრების მახასიათებლებს. მაგრამ გიდენსი თვლის, რომ სტრუქტურა, ამავე დროს, უფლებასაც იძლევა რაღაცის გასაკეთებლად. შესაძლებელია მივმართოთ ანალოგიას ენასთან: ენა შემოფარგლავს იმას, რისი გამოთქმაც შეგვიძლია, მაგრამ, ამავე დროს, იგი რაიმეს თქმის უფლებასაც გვაძლევს. გიდენსის მიხედვით, სტრუქტურები „გახვეულნი“ არიან მოქმედებებში: ისინი არსებობენ მხოლოდ მოქმედების შიგნით და მათი მეშვეობით. მოქმედება ქმნის, რეპროდუქციას ახდენს (კვლავ აწარმოებს) და ცვლის სტრუქტურებს. სტრუქტურის ორობითობა გიდენსთან ნიშნავს ინსტიტუციურ პრაქტიკათა რეპროდუქციას, რამაც უნდა უზრუნველყოს მოქმედების და სტრუქტურის „შერიგება“. სხვანაირად თუ ვიტყვით, გიდენსის (1979: 5; 1984: 25, 374) თანახმად, სტრუქტურის ორობითობა ეხება სოციალური პრაქტიკების სახით ჩამოყალიბებული სოციალური ცხოვრების აუცილებელ განახლებას (recursiveness[4]): სტრუქტურა წარმოადგენს პრაქტიკათა რეპროდუქციის როგორც საშუალებას (მედიუმს), ისე შედეგს. სტრუქტურა არის სოციალურ პრაქტიკათა კონსტიტუციის („სხეულის“) შემადგენელი ნაწილი და, ამავდროულად, „იმყოფება“ ამ კონსტიტუციის წარმოების მომენტებშიც.

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, გიდენსის კონცეფცია სტრუქტურის ორობითობის შესახებ აქცენტს სვამს სტრუქტურის და პრაქსისის შინაგან კავშირზე (ალიანსზე). სტრუქტურის ორობითობა ეხება ფაქტს, რომ სტრუქტურირებული პრაქტიკის რეპროდუცირებისათის აუცილებელია, აგენტებმა გამოიყენონ წესების მათ მიერ (წინდაწინ) შეძენილი ცოდნა და რესურსები. მაგრამ, სწორედ იმდენად, რამდენადაც აგენტებს პრაქტიკის რეპროდუცირებისათვის ჭირდებათ იმის იმპლიციტური ცოდნა, თუ როგორ სრულდება პრაქტიკა, პრაქტიკის შესრულებასთან (პერფორმირებასთან) ერთად, ისინი ახდენენ ცოდნის რეპოდუცირებასაც, განავითარებენ რა მას დროის ახალ მომენტში და ხელახლა აცნობიერებენ, რომ პრაქტიკა (და მისი რესურსები) არსებობს. მოკლედ თუ ვიტყვით, ყოველდღიურ ცხოვრებაში, რუტინული მოქმედებების შესასრულებლად აგენტები იყენებენ სტრუქტურის (წესების და რესურსების) შესახებ ცოდნას, როგორც მედიუმს, თუმცა, ამავე დროს, ახდენენ ამ ცოდნის (ე.ი. სტრუქტურის) კვლავწარმოებას - შედეგის სახით. თუ ზემოთ მოყვანილ მაგალითს დავუბრუნდებით, როდესაც ადგილი აქვს ნაღდი ფულის გაცვლას, ამავე დროს ხდება გაცვლისათვის რელევანტური სარესურსო შესაძლებლობების, მორალური წესების და პროცედურული წესების რეპროდუცირებაც. ეს მაგალითი ტრივიალურია ყოველდღიური სოციალური ცხოვრების შემთხვევაში, მაგრამ თუ აგენტები მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, რომ განახორციელონ ფულის გაცვლის რეპროდუქცია (ეს ხდება მაშინ, როდესაც, ვთქვათ, ნაღდი ფულის ადგილს მთლიანად იჭერს კრედიტის ელექტრონული ინსტრუმენტები) - ფულის ხელით გადაცემის პროცესში ჩართული ეტიკეტი, რესურსები და ჩვევები გაქრება ყოველდღიური ცხოვრებიდან (ამგვარმა გადანაცვლებამ შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანოს. მაგალითად, კრედიტების მეშვეობით საქმის წარმოება განაპიობებს ნაკლებ ანონიმურობას, ვიდრე არამაიდენტიფიცირებელი ფულის გაცვლა).

     როდესაც ეხება სოციალურ სისტემათა სტრუქტურულ თვისებებს, გიდენსს შეუძლია აბსტრაქცია მოახდინოს სოციალურ ურთიერთობათა ფარგლებში არსებული განსხვავებული პრაქტიკებიდან. ეს განსაკუთრებით ეხება (A. Giddens, 1979: 93) ძალაუფლებითი ხასიათის ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს ზემდგომს (დამქვემდებარებელს) და ხელქვეითს (დაქვემდებარებულს) შორის. ამ ურთიერთობებში დაიკვირვება კონტროლის დიალექტიკა, როგორც ძალაუფლების განაწილების მექანიზმი: ზემდგომნი ინარჩუნებენ თავიანთ უპირატესობას იმის წყალობით, რომ მათთვის ხელმისაწვდომია საუკეთესო საშუალებები, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ხელქვეითნიც ინარჩუნებენ ბერკეტებს ზემდგომთა წინააღმდეგ, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარონ (მინიმალური დოზით მაინც) ზემდგომთათვის „განკუთვნილი“ რესურსები. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კონტროლის დიალექტიკა უკიდურესად უწონასწოროა (დაუბალანსებელია), ხელქვეითებმა შეიძლება მიაღწიონ გარკვეულ შეღავათებს, ვინაიდან ზემდგომნი დამოკიდებულნი არიან ძირითადი წესების მიმართ მათ დათმობებზე. კონტროლის დიალექტიკა ინგრევა, როდესაც ზემდგომებს არაფერი აიძულებთ სიცოცხლე შეუნარჩუნონ ხელქვეითებს (როგორც ეს ხდება, მაგალითად, გენოციის დროს). მაშასადამე, აღნიშნული კონცეფცია ძალაუფლებითი ურთიერთობების ანალიზს მიმართავს ბატონობის და დაქვემდებარების მარტივი წარმოდგენის მიღმა, აქცენტს სვამს რა სტრუქტურულ კომპონენტებზე.

6. მოქმედი სუბიექტის კონცეფცია

     სრულიად აშკარაა, რომ სტრუქტურაციის თეორიისათვის ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს პრაქსისის ფენომენი, ანუ ონტოლოგიური პრიორიტეტი ენიჭება ისტორიის „კეთების“ და სოციალური ცხოვრების წარმოების პროცესს, ისტორიის „მკეთებლებთან“ და სოციალური ცხოვრების მწარმოებლებთან - აგენტებთან -AAN შედარებით. შესაბამისად, გიდენსი პრაქტიკებს განიხილავს, როგორც მისი კვლევის ძირითად ერთეულებს. ამის მიუხედავად, სტრუქტურაციის თეორია მოიცავს მოქმედი სუბიექტის კონცეფციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სოციალური ცვლილებების არსში შეღწევა. კერძოდ, აღნიშნულმა თეორიამ უნდა უპასუხოს ორ კითხვას (I. J. Cohen, 2000: 96): რატომ მიმართავენ აქტიორები ასე დაჟინებით რუტინული ქცევების რეპროდუქციას? და მეორე, რატომ ახორციელებენ ისინი სოციალურ ცვლილებებს?

     ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, აუცილებელია რამდენიმე არსებითი წინასწარი შენიშვნის გაკეთება. მოქმედი სუბიექტის შესახებ გიდენსის კონცეფცია მიუთითებს მის მიზანზე (A. Giddens, 1984: 1-2), რომ სოციალური პრაქსისის ფარგლებში ერთმანეთთან შეაჯეროს, ერთი მხრივ, ინდივიდუალური აქტიორის, ხოლო, მეორე მხრივ, სოციეტალური ტოტალურობის ცნებები. ამ მიზნიდან გამომდინარე, ეს კონცეფცია ცდილობს საფუძვლიანად დაშორდეს აგენტის (ანუ, მოქმედი სუბიექტის) როგორც კოლექტივისტურ ინტერპრეტაციებს, ისე ჰერმენევტიკულ ვოლუნტარისტულ ტრადიციას. კოლექტივისტური თეორიები, დიურკჰაიმიდან დაწყებული, თანამედროვე ფუნქციონალისტების, მორფოლოგისტების და სტრუქტურალისტების ჩათვლით, აგენტებს განიხილავს როგორც სოციალური ცხოვრების დამყოლ და მანიპულირებად შემადგენელ ნაწილებს, რომელთა ქცევა მართვადია სუპრა-ინდივიდუალური ძალების და გარემოებების მიერ. ასეთი ძალების გაკონტროლება აგენტებს არ შეუძლიათ, ამდენად, ისინი ქვემდებარის პოზიციას იკავებენ. რაც შეეხება ჰერმენევტიკულ ვოლუნტარისტულ თვალსაზრისს, რომელიც სათავეს, სულ მცირე, დილთაის თეორიიდან იღებს, იგი აგენტს იკვლევს როგორც მოქმედ სუბიექტს და მისი მოქმედება შეიცავს მნიშვნელობას (სუბიექტურ საზრისს), რომელსაც აგენტები ინდივიდუალურად მიაწერენ ისტორიულ, კულტურულ და სოციალურ მოვლენებს. ეს თვალსაზრისი უარყოფს სტრუქტურული კონტექსტის გავლენას ინდივიდთა ქცევაზე.

     როგორც აღინიშნა, გიდენსს სურს გადალახოს ამ ტიპის - დეტერმინიზმი/ვოლუნტარიზმი - დუალიზმიც (რომელიც შინაგანად დაკავშირებულის სუბიექტ/ობიექტის დუალიზმთან). დეტერმინიზმის საპირისპიროდ, იგი (1984: 181) აცნობიერებს და აღიარებს, რომ, ინდივიდი წარმოადგენს ერთადერთ „მოძრავ არსებას“ სოციალურ ურთიერთობებში (საერთოდ, ყველა სახის საქმიანობაში) და, ამდენად, შეუძლებელია მხედველობის არის გარეშე დარჩეს აქტიორთა სუბიექტურობა. შესაბამისად, აგენტთა მოტივები და სურვილები ჩართული უნდა იქნას სოციალური ქცევის წარმოდგენისას. მიუხედავად ამისა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სტრუქტურაციის თეორია (A. Giddens, 1979: 44-5; 94-5; 1984: 213-21) უარყოფს მეორე უკიდურეს - მეთოდოლოგიური ინდივიდუალიზმის პოზიციას, რომელიც სოციალური მოქმედების იდენტიფიცირებას ახდენს სუბიექტურ ორიენტაციებთან. ამის საპასუხოდ, გიდენსი ახდენს აქტიორის „დეცენტრალირებას“ (decentering) (თუმცა, არა დეკონსტრუქციას) და ცენტრალურ ადგილას სვამს პრაქსისის ფენომენს.

     სტრუქტურაციის თეორიის მიერ აქტიორის დეცენტრალურობის გამოხატულებას წარმოადგენს თვალსაზრისი აქტიორის ავტონომიურობის შეზღუდვის შესახებ, როგორც სოციალური, ისე მატერიალური ფაქტორებით. ადრე აღინიშნა, რომ გიდენსი პრინციპულად უშვებს ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში აგენტთა „სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობას“, რითაც სურს გაემიჯნოს პოზიტივისტურ თვალსაზრისს და აჩვენოს სოციალური წესრიგის პრინციპული განსხვავება ბუნებრივი წესრიგისაგან. ამ თვალსაზრისმა ზოგიერთ მკვლევარს (M. Archer, 1982: 459-60) უბიძგა სტრუქტურაციის თეორია ეკვლია იმ მიმართულებით, რომ ეს თეორია აქტიორებს თავისუფლების მაღალ ხარისხს ანიჭებს მათ ქცევებში. თუმცა, სხვა ავტორები (I. J. Cohen, 1989: 25, chapter 6) მიუთითებენ, რომ გიდენსის მიერ „სხვაგვარად მოქმედების შესაძლებლობის“ აღიარება მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ იგი უარყოფს მოქმედების (მოღვაწეობის) სრულ დეტერმინაციას, რომელიც აქტიორს აიძულებს ავტომატური რეაქციების განსახორციელებლად. თუმცა, მეორე მხრივ, სრული დეტერმინაციის უარყოფა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს შეუზღუდავი თავისუფლების აღიარებას. სტრუქტურაციის თეორიის თანახმად (A. Giddens, 1979: 6, 149; 1984: 16, 374), აგენტის თავისუფლება ყოველთვის შეზღუდულია ორი თვალსაზრისით: ჯერერთი, ყოველ სოციალურ ურთიერთობაში არსებობს კონტროლის დიალექტიკა, რომელიც გულისხმობს რესურსების ასიმეტრიულ ხელმისაწვდომობას (განაწილებას) და მანიპულაციას, რაც ძალაუფლების განსხვავებულ ხარისხს ანიჭებს აგენტებს და, შესაბამისად, უფლებას აძლევს მათ ზეგავლენა მოახდინონ ერთმანეთის ქცევაზე. ამდენად, სოციალურ ინტერაქციაში ჩართული აგენტები არასოდეს არიან ბოლომდე ავტონომიურები. მეორე, მოქმედების თავისუფლების ხარისხი დიდად არის დამოკიდებული იმ პრაქტიკათა დიაპაზონზე, რომელთა შესრულება (პერფორმაცია) აქტიორებს ხელეწიფებათ. რაც არ უნდა ფართო იყოს ეს დიაპაზონი, შეუზღუდავი თავისუფლების მიღწევა მაინც შეუძლებელია, რამდენადაც არცერთ აგენტს არ ძალუძს საკმარისად დახელოვნდეს ყველა იმ პრაქტიკის შესრულებაში, რასაც სხვა აქტიორები შეიძლება ფლობდნენ. მაშასადამე, აგენტის თავისუფლებას ყოველთვის ზღუდავს მისთვის ხელმისაწვდომ პრაქტიკათა ამპლიტუდა. ასე სურს გიდენსს თავი აარიდოს ორ პოლარობას - ერთი მხრივ, აქტიორის სრულ დეტერმინაციას, ხოლო, მეორე მხრივ, აქტიორის შეუზღუდავ თავისუფლებას. თუმცა, უშვებს ამ პოლარობათა შორის ვარიაციის ყველა შესაძლებლობას.

     მოქმედი სუბიექტის შესახებ გიდენსის (1984: chapter 2, 1991: chapter 2) თეორია გამოყოფს სუბიექტურობის სამ დონეს:

     ა) დისკურსიული ცნობიერების დონე, რომელსაც ძირითადად იკვლევენ მოქმედების სუბიექტური თეორიის წარმომადგენლები (მაგალითად, ვებერი და პარსონსი). ეს არის მსჯელობის (დასაბუთების) და ექსისტენციური მნიშვნელობის, მოკლედ თუ ვიტყვით - აქტიურად რეფლექსური[5] ცოდნის დონე. გიდენსი (1979: 57, 73; 1984: 4-7) აღნიშნავს, რომ დისკურსიული ცნობიერება გამოხატავს ინდივიდის უნარს, აქციოს საგნები (მოვლენები) სიტყვებად;

     ბ) პრაქტიკული ცნობიერების დონე, რომელიც ეხება ქცევის რუტინული ფორმების ნაგულისხმევ (ტაციტ), იმპლიციტურ ცოდნას. ასეთ ცოდნას ვფლობთ, როდესაც ვმოქმედებთ წესების, ანუ სტრუქტურის მოთხოვნების შესაბამისად ისე, რომ მათზე აქტიურ რეფლექსიას არ ვახდენთ (დავუბრუნდეთ ძველ მაგალითს: საუბრისას ვიცავთ ენის წესებს, თუმცა, მათ შესახებ აქტიურ ცოდნას არ ვფლობთ). ამრიგად, ეს დონე გულისხმობს, რომ აქტიორთა გამოცდილება მოიცავს მათ მონაწილეობას ჩვეულებების (რუტინების) სახით არსებულ პრაქტიკებში თავისთავად ნაგულისხმევი (taken-for-granted) გზით. პრაქტიკული ცნობიერება (იმპლიციტური ცოდნა) შესაძლებელს ხდის (A. Giddens, 1979: 59, 218; 1984: 6), რომ პრაქტიკები შესრულდეს პირდაპირი (უშუალო) მოტივაციის არსებობის გარეშე (ამ საკითხს ქვემოთ უფრო დაცვრილებით შევეხებით). პრაქტიკული ცნობიერების კალაპოტში თავსდება ყოველდღიური ქცევების დიდი ნაწილი (თუმცა, რასაკვირველია, სრულიად შესაძლებელია, რომ ქცევის ხერხების იმპლიციტური ფლობა მოექცეს დისკურსიული ყურადღების ცენტრში, როდესაც ამის საჭიროება დგება).

     განსხვავება პრაქტიკულ და დისკურსიულ ცნობიერებას შორის შეიძლება ასეც გამოითქვას (I. Craib, 1992: 111): პირველი წარმოადგენს „ცოდნას იმისა, თუ როგორ“ („knowledge of how“), ხოლო მეორე - „ცოდნას იმისა, თუ რა“ („knowledge of what“).

     გ) სუბიექტურობის არაცნობიერი დონე, რომელიც უნიკალურია სტრუქტურაციის თეორიისათვის, რამდენადაც ადგენს, თუ რატომ მიმართავენ აქტიორები პრაქტიკების რეპროდუცირებას ან შეცვლას. აღნიშნული დონე არ ახდენს მოქმედებების ყოველდღიური რეპროდუქციის მექანიზმების პრეზენტაციას, იგი უფრო მეტად უზრუნველყოფს ზოგად (გენერალიზებულ) მოტივაციას. კერძოდ, გიდენსის თანახმად, ადრეული ბავშვობიდან აქტიორებს უჩნდებათ პრიმორდიალური, არაცნობიერი მოთხოვნილება იმისა, რომ განიცადონ სიახლოვე და პრაქტიკულად დაეუფლონ მათი სოციალური სამყაროს სტაბილურ (მყარ) მახასიათებლებს.

     (სოციალური აქტიორის აღნიშნულ სამ მოდელს გიდენსი (1984: 6-7) რამდენადმე ადარებს ფროიდის კლასიფიკაციას პიროვნების სამი-იდი, ეგო და სუპერ-ეგო - დონის შესახებ. მართლაც, გიდენსი არცთუ იშვიათად გვთავაზობს ფსიქოანალიტიკურ იდეებს მოქმედი სუბიექტის შესახებ თავის კონცეფციაში).

     როგორც უკვე ითქვა, გიდენსს სურს გაექცეს ორივე - კოლექტივისტურ-სტრუქტურალისტურ და ინდივიდუალისტურ-ვოლუნტარისტულ - უკიდურესობას და აგენტი (მოქმედი სუბიექტი) განიხილოს უპირველესად როგორც იმ პროცესებში ჩართული არსება, რომელთა მეშვეობითაც ხდება სოციალური ცხოვრების კონსტიტუირება (ანუ, აგენტი განიხილოს როგორც სტრუქტურაციის პროცესში ჩართული არსება). ამდენად, „მოქმედების სუბიექტის კონცეფცია“ აქცენტს სვამს აქტიორზე, როგორც აგენტზე, რომელიც „აკეთებს“ ანუ აწარმოებს სოციალურ მოვლენებს. აღნიშნული კონცეფციის ძირითად პარამეტრებს, ანუ (როგორც თავად უწოდებს) „აგენტის სტრატიფიკაციულ მოდელს“ გიდენსი (1979: 56; 1984: 5) წარმოადგენს ფიგურალურად, სქემის სახით:

     ფიგურა №1

     როგორც წარმოდგენილ მოდელიდან ჩანს, მის ცენტრში გიდენსი ათავსებს სამ ცნებას: მოქმედების რეფლექსური მონიტორინგი; მოქმედების რაციონალიზაცია და მოქმედების მოტივაცია. სამივე ცნება წარმოადგენს აგენტის სუბიექტურობის ასპექტებს. მაგრამ, ხაზი უნდა გაესვას იმას (I.J. Cohen, 1989: 49), რომ ისინი არიან არა გონების მდგომარეობები, არამედ ისეთი სუბიექტური პროცესები, რომლებსაც აგენტები ეწევიან და უკავშირებენ მოქმედების სვლას (მიმდინარეობას) განუზრახველი შედეგებიდან მოქმედების არააღიარებული პირობებისაკენ.

     ახლა უფრო დაწვრილებით აღნიშნული მოდელის ამ დინამიური პარამეტრების შესახებ:

     ა) მოქმედების რეფლექსური მონიტორინგი და რაციონალიზაცია

     გიდენსი მოქმედების ამ ორ სუბიექტურ პარამეტრს ერთ კალაპოტში განიხილავს და განასხვავებს მათ მოქმედების მოტივაციისაგან. ამ განსხვავების არსებითი მაჩვენებელი ის არის (A. Giddens, 1984: 6), რომ პირველი ორი ეხება მოქმედების საფუძვლებს, მაშინ როდესაც მოტივაცია ეხება სურვილებს, რომლებიც მონიტორინგის და რაციონალიზაციის მაპროვოცირებელია (ბიძგის მიმცემია). უფრო კონკრეტულად, რა შინაარსს დებს გიდენსი თითოეულ მათგანში? მოქმედების რეფლექსური მონიტორინგი ეხება პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც აგენტები მიყვებიან და ყურადღებას მიმართავენ სოციალური ცხოვრების მიმდინარე ნაკადზე. მონიტორინგის რეფლექსურობა მოიცავს რამდენიმე, ანალიტიკურად განსხვავებულ, მაგრამ რეალურად ერთმანეთთან დაკავშირებულ პროცედურას. ერთი მხრივ, აგენტები ყურადღებას მიმართავენ საკუთარ ქცევაზე, რომლის მონიტორინგი ემყარება მოქმედების რაციონალიზაციას. მეორე მხრივ, რეფლექსური მონიტორინგის პროცედურის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს აგრეთვე აგენტების მიერ ყურადღებას მიმართვა სხვების მოქმედებებზე, ისევე როგორც სოციალური გარემოს კონტექსტუალური ასპექტების მნიშვნელობებზე, რაც სათანადო პირობებს ქმნის ქცევის სპეციფიკური სახეების შესასრულებლად. მონიტორინგის თითოეული პროცესი, ცალკე აღებული, საკმაოდ კომპლექსური პროცედურაა, თუმცა, ისინი ინარჩუნებენ ერთმანეთთან რეფლექსურ კავშირს. კერძოდ, სოციალურ კონტექსტთა და მოვლენათა მონიტორინგი გავლენას ახდენს აგენტთა მიერ საკუთარი ქცევების მონიტორინგზე, ხოლო ეს უკანასკნელი „ქმნის“ (ახდენს) განსხვავებებს როგორც სხვათა მოქმედებებისაგან, ისე კონტექსტთა ერთობლივი წარმოებისაგან.

     გიდენსი (1976: 74-5, 78-9; 1984: 5-6) აღნიშნავს, რომ აგენტების შესაძლებლობები შეზღუდულია იმისათვის, რათა დისკურსიული ცნობიერების ველში მოაქციონ როგორც საკუთარი, ისე სხვისი ქცევების უაღრესად მრავალფეროვანი ასპექტები. ამდენად, რეფლექსური მონიტორინგის დიდი ნაწილი წარმოებს იმპლიციტურად და ხორციელდება პრაქტიკული ცნობიერების საფესურზე. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ სოციალური მოღვაწეობის რეფლექსური მონიტორინგის (გიდენსი ამ პროცესს „მოქმედებათა იდენტიფიკაციასაც“ უწოდებს) დისკურსიული და ნაგულისხმევი (იმპლიციტური) პროცედურები. მოქმედებათა დისკურსიული იდენტიფიკაცია წარმოებს მაშინ, როდესაც ხდება წყვეტა ან პაუზა სოციალურ პროცესთა მიმდინარეობაში. ამ დროს ინდივიდები ყურადღებას, ანუ დისკურსს მიმართავენ იმაზე, რაც უკვე გაკეთდა (ახლო ან შედარებით დისტანცირებულ წარსულში), ან რისი გაკეთებაც მომავალში იგეგმება. მაშასადამე, გიდენსის თანახმად, აქტიორები არ ახდენენ ქცევის მნიშვნელობაზე ექსისტენციურ რეფლექსიას მათი ყოველდღიური ცხოვრების ყოველ მოცემულ მომენტში. აქტიური რეფლექსიის და დასაბუთების (მსჯელობის) უნარი, ანუ ის, რასაც გიდენსი დისკურსიულ ცნობიერებას უწოდებს, მობილიზდება მხოლოდ რუტინათა შეწყვეტის ან (განსაკუთრებულ შემთხვევებში) - კრიტიკული მსხვრევის დროს. ეს პროცესი ზოგჯერ წინასწარმეტყველებადია (მაგალითად, უნივერსიტეტის დასრულება ან სამსახურიდან გადადგომა), ხოლო, ზოგიერთ შემთხვევაში, რუტინათა შეჩერება (შეწყვეტა) ხდება გაუფრთხილებლად (მაგალითად, უმუშევრობის ან სერიოზული დაავადების დროს). ყველა შემთხვევაში აქტიორები მობილიზებას უკეთებენ საკუთარი ძალებს და აზროვნების ფოკუსირებას ახდენენ პრობლემების გადასაჭრელად, რაც გააუვნებელყოფს შფოთვას და რასაც, საბოლოო ჯამში, სოციალური ცვლილებები მოაქვს.

     დისკურსიული მონიტორინგის გვერდით იმპლიციტური რეფლექსურობის აღიარება სტრუქტურაციის თეორიისათვის ფუნდამენტური, მეტიც, გარკვეული აზრით, პრიორიტეტული მნიშვნელობის მქონეა. გიდენსი აფართოებს რეფლექსურობის გაგებას და უშვებს, რომ მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ლატენტურად (ფარულად), შეიძლება ითქვას, არაფორმალურად, პრაქტიკული ცნობიერების დონეზე. მაშასადამე, დისკურსიული მონიტორინგისაგან განსხვავებით, მოქმედებათა იმპლიციტური იდენტიფიკაცია (მონიტორინგი) წარმოებს სოციალურ პროცესთა უწყვეტი ნაკადის (ხანიერი მიმდინარეობის) პირობებში, როდესაც არ ხდება ყურადღების დანაწილება (დაშლა) ცალკეულ მომენტებად. როგორც ითქვა, იმპლიციტური მონიტორინგის დისკურსიულით შეცვლის საჭიროება, გიდენსის (1976: 80-1; 1979: 55) აზრით, დგება მაშინ, როდესაც ფერხდება გარკვეულ მოვლენათა და გარემოებათა ადექვატური გაგების და რელევანტური მოქმედების უზრუნველყოფა და ამისათვის აუცილებელია გაირკვეს მათი როგორც სემანტიკური, ისე ნორმატიული მნიშვნელობები.

     რაც შეეხება აგენტის სუბიექტურობასთან დაკავშირებულ მეორე ასპექტს - მოქმედების რაციონალიზაციას, არც იგი წარმოადგენს, გიდენსის (1984: 8-14) თანახმად, განსჯითი ქცევის ან, თუნდაც, სხვათა დარწმუნების შესაძლებლობის ექვივალენტურს. ეს თვისებები მოქმედების რაციონალიზაციას მხოლოდ დისკურსიული ცნობიერების დონეზე უკავშირდება. მეტიც: მოქმედების რაციონალიზაციას უპირატესად ადგილი აქვს პრაქტიკული ცნობიერების საფეხურზე, როდესაც აგენტი საკუთარი ქცევის მონიტორინგს ახდენს მისივე განზრახვების (ინტენტიონს) პოზიციიდან. რას გულისხმობს გიდენსი განზრახულობის („ინტენციონალობის“) ცნების ქვეშ? აღნიშნული ცნება ეხება (A. Giddens, 1976: 76-7; 1984: 10) სუბიექტთა ცოდნას ან რწმენას იმის შესახებ, რომ პრაქტიკათა გარკვეულ სახეებს აღმოაჩნდებათ კერძო თვისება (მახასიათებელი) ან მოიტანენ გარკვეულ შედეგს, და მოქმედების სუბიექტი გამოიყენებს ამ ცოდნას, რათა მოიცვას ეს თვისება ან მიაღწიოს შედეგს. ეს ცოდნა, ძირითადად, იმპლიციტურ (ნაგულისხმევ) ხასიათს ატარებს და მიმართებაშია იმასთან, რასაც გიდენსი „საზიარო ცოდნას“ უწოდებს. მაშასადამე, მოქმედების რაციონალიზაცია სუბიექტის შესახებ კონცეფციაში წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც აგენტები ინარჩუნებენ ცოდნას იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია მათ ქმედებებს სოციალურ ცხოვრებაში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოქმედების რაციონალიზაცია უზრუნველყოფს აგენტთა მოქმედების შედეგების სრულ გათვლას? არავითარ შემთხვევაში. გიდენსი კატეგორიულად ამტკიცებს, რომ არც ინტენციონალობის ცნება და არც მოქმედების რაციონალიზაცია არ გულისხმობს, რომ აგენტები ფლობენ, ან შესაძლოა ოდესმე დაეუფლონ, ცოდნას (იმპლიციტურს ან დისკურსიულს) მათი საქმიანობის ყველა შედეგის შესახებ. ასე შემოდის მოქმედი სუბიექტის კონცეფციაში (საერთოდ, სტრუქტურაციულ ონტოლოგიაში) განუზრახველი (გაუთვალისწინებელი) შედეგების ცნება. ამგვარი შედეგები წარმოადგენენ სოციალური ცხოვრების არა მხოლოდ სავარაუდო, არამედ განმეორებად, შეიძლება ითქვას, ქრონიკულ მახასიათებლებს.

     მოვიყვანოთ მაგალითი (I. J. Cohen, 1989: 50-1) იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მიმართება არსებობს მოქმედი სუბიექტის რეფლექსურ მონიტორინგსა და მოქმედების რაციონალიზაციას შორის (ორივე პროცედურა მუდმივად სრულდება ინსტიტუციურ რუტინებში აგენტთა მონაწილეობის დროს): წარმოვიდგინოთ, რომ აგენტი ჩართულია თანამედროვე ცხოვრების ყველაზე უფრო პროზაულ საქმიანობაში - იხდის ფულს ფართო მოხმარების საქონლის შესაძენად. მაშინ, როდესაც ფასები ფიქსირებულია და პროცედურული ურთიერთობა მაღაზიის მოხელესთან (გამყიდველთან) წარმოადგენს რუტინას, აგენტის ქცევა მოჩანს როგორც სპონტანური (დაუგეგმავი) და ადვილად გახორციელებადი. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც კი აგენტი იმპლიციტურად ჩართულია მოქმედებათა რთულ სისტემაში. პირველ რიგში, იგი ახორციელებს ფასებზე მონიტორინგს, აკონტროლებს მისთვის ხელსაყრელი დასახარჯი თანხის რაოდენობას, ორგანიზებას უკეთებს შეძენილი საქონლის გადატანას - ყველაფერი ეს მოითხოვს დისციპლინირებულ ყურადღებას სისრულეში მოსაყვანად. თავის მხრივ, ეს ყურადღება დაფუძნებულია აგენტების ცოდნაზე იმის შესახებ, რომ ფულადი ანგრიშსწორება (გარიგება) წარმოადგენს რაიმეს ყიდვისა და მფლობელობის პროცედურის რეზულტატს, ყველა იმ უფლების, შესაძლებლობის და პასუხისმგებლობის დაცვით, რასაც აღნიშნული პროცედურები მოითხოვს.

     მაშასადამე, რეფლექსური მონიტორინგის და მოქმედების რაციონალიზაციის წყალობით სუბიექტი იძენს დისციპლინირებული, მოხერხებული და მიზანდასახული აგენტის რეპუტაციას, მაშინაც კი, როდესაც იგი დაკავებულია რუტინული მოღვაწეობით, რომლის შესრულება მან დიდი ხნის წინ დაიწყო. სოციალურ პრაქტიკათა სწორედ რუტინული ბუნების გამო, აგენტებს მეტწილად არ უხდებათ სხვებისთვის იმ ზრახვების დისკურსიული ახნა, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში ახორციელებენ. თუმცა, ზოგჯერ თავს იჩენს შემთხვევები (A. Giddens, 1984: 6), როდესაც აგენტის ქცევა სხვებისათვის გაუგებარი ხდება, რაც უბიძგებს მათ, დაინტერესდნენ აგენტის ამგვარად მოქცევის მიზეზებით. თუმცა, აგენტის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები უნდა განვასხვავოთ მოქმედების რაციონალიზაციისაგან. საქმე ისაა, რომ ქცევის მიზეზების დისკურსიული ანგარიში (შემოთავაზებული აგენტის მიერ), შესაძლოა, სხვადასხვა თვალსაზრისით - არასრული ანგარიშის შედგენა, სიმულაცია და ა.შ. - დაცილდეს ქცევის რაციონალიზაციას. მიუხედავად ამისა, გიდენსის (1984: 4) აზრით, აგენტების მიერ შემოთავაზებული მიზეზები წამოადგენს მთავარ საფუძველს, რომელზე დაყრდნობითაც სხვები ახდენენ მოქმედი სუბიექტების კომპეტენტურობის შეფასებას.

     ბ) მოქმედების მოტივაცია

     როგორც აღინიშნა, მოქმედების მოტივაცია შეხებაშია სუბიექტის სურვილებთან, რომლებიც რეფლექსური მონიტორინგის და მოქმედების რაციონალიზაციის მაპროვოცირებელს (ბიძგის მიმცემს) წარმოადგენს. ეს მიუთითებს (A. Giddens, 1976: 85-6; 1984: 6), რომ მოტივაცია (რეფლექსურობისა და რაციონალიზაციისაგან განსხვავებით) არ არის უშუალოდ „მიბმული“ მოქმედების უწყვეტობასთან, ანუ სოციალურ ქცევათა ნაკადთან. ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციალური პრაქტიკები ძირითადად პირდაპირი მოტივაციის გარეშე სრულდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც აგენტები მიმართავენ ცოდნის იმპლიციტურად გასაგებ ფორმებს. გიდენსის აზრით, მოტივაცია უფრო მეტად ეხება ქცევის პოტენციურობას (შესაძლებლობას), ვიდრე იმ წესს, რომლის მიხედვითაც მოქმედება უცვლელად (ქრონიკულად) სრულდება აგენტის მიერ. მოტივებს მოქმედების პირდაპირი (უშუალო) მოცვა შეუძლიათ მხოლოდ შედარებით უჩვეულო ვითარებებში, კერძოდ, სიტუაციებში, როდესაც რუტინათა დარღვევას (შეწყვეტას) აქვს ადგილი. ამდენად, უმრავლეს შემთხვევაში, მოტივები უზრუნველყოფენ მხოლოდ საერთო (ზოგად) „გეგმებს“ ან „პროგრამებს“, რომელთა ფარგლებშიც წარმოიქმნება ქცევათა განსაზღვრული რიგი.

     აღნიშნული თვალსაზრისიდან გამომდინარე, როგორც მკვლევარები (I. J. Cohen, 1989: 52) მიუთითებენ, ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: თუ ყოველდღიური პრაქტიკების უმრავლესობა არ არის უშუალოდ მოტივირებული, მაშინ რატომ აგრძელებენ აგენტები რუტინების ქრონიკულ (უცვლელ) შესრულებას? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად სტრუქტურაციის თეორია მოითხოვს, შევეხოთ არაცნობიერ მოტივებს, რომლებიც არაპირდაპირ არეგულირებენ იმას, რომ აგენტებმა მისდიონ ქცევის ინსტიტუციურ ფორმებს. სწორედ აქ ერთვება სუბიექტურობის მესამე - არაცნობიერი - დონე, იმ რეპრესიული მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ეხმიანება (პასუხობს) აგენტთა არაცნობიერ კოგნიციებს და მიდრეკილებებს. გიდენსის (1979: 58-9; 1984: 4-5, 49-50) თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არაცნობიერ სუბიექტურობას ძალუძს არაპირდაპირ „დაეუფლოს“ და მოიცვას მოქმედება, იგი იშვიათად ახდენს უარყოფით ეფექტს მოქმედების მონიტორინგსა და რაციონალიზაციაზე. გიდენსი ეყრდნობა ეგო-ფსიქოლოგისტებს (Erik Erikson, Abram Kardiner და სხვები), რომლებიც მიიჩნევენ, რომ არაცნობიერის საფუძველში დევს შფოთვის გაუქმების (მოხსნის) და თვითპატივისცემის დაცულობის ფუნდამნტური ორიენტაცია. ეს ორიენტაცია უპირატესად ვითარდება პირველადი სოციალიზაციის პროცესში, როდესაც არასრულწლოვანს (ბავშვს), მშობლიურ აგენტთან ინტერაქციის პროცესში, უყალიბდება “ძირითადი უსაფრთხოების სისტემა”. აღნიშნული სისტემა შედგება არაცნობიერი მექანიზმების ქსელისაგან, რომლებიც აგენტს იცავენ არასასიამოვნო სტიმულებისაგან, როგორიცაა უნდობლობა, სირცხვილი, ეჭვი, ბრალეულობა და სხვ.

     მთავარი მიზეზი, რატომაც არაცნობიერ მოტივაციასთან დაკავშირებული „ძირითადი უსაფრთხოების სისტემა” ზრდასრულებს რუტინული მოქმედებებისათვის განაწყობს, ის არის (A. Giddens, 1984: 54-5), რომ, ბავშვების მსგავსად, ზრდასრულებისთვისაც შფოთვაზე კონტროლი წარმოადგენს ადამიანის ქცევის ყველაზე ზოგად (მაგენერალიზებელ) მოტივაციურ წყაროს. თუმცა, ინფანტილურობის მომწიფებასთან ერთად, შფოთვის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული არაცნობიერი მოტივები მშობლისეული ფორმების გავლენით ჩამოყალიბებული წინასწარმეტყველებადი რუტინებიდან გადაინაცვლებს ყოველდღიური ცხოვრების ნაკლებად შეზღუდულ ქცევათა წინასწარმეტყველებად რუტინებზე. გონების სუბიექტურ მდგომარეობას, რომელსაც ამაგრებს (ინახავს) რუტინათა წინასწარმეტყველურობა, გიდენსი (1979: 219; 1984: 50) „ონტოლოგიურ უსაფრთხოებას“ („ontological security“) უწოდებს. ონტოლოგიური უსაფრთხოება უზრუნველყოფს სოციალური სამყაროს მიმართ სიახლოვის არაცნობიერ განცდას, რომლის სრულყოფილ რეალიზაციას აქტიორები, საბოლოო ანგარიშით, ახორციელებენ (აღწევენ) ზრდასრულ ასაკში, რუტინათა რეპროდუქციაში მათი მონაწილეობის მეშვეობით. მაშასადამე, „ონტოლოგიური უსაფრთხოება“ უკავშირდება აქტიორთა განცდას იმის შესახებ, რომ სამყაროს და მასში მყოფი ადამიანების მოქმედების მნიშვნელობა მეტ-ნაკლებად იგივეობრივი რჩება ყოველ მოცემულ მომენტში. გარდა ამისა, სოციალური რეპროდუქციის პროცესი ახალ ძალას მატებს აქტიორთა კომპეტენტურობას და განამტკიცებს მათ ნდობას სოციალური სამყაროს წესრიგის მიმართ. ამდენად, რუტინათა შესრულება არა მხოლოდ სოციალური პრაქსისის შესრულებისათვის და სოციალური ცხოვრების ინსტიტუციური ფორმების „მშენებლობისათვის“ არის აუცილებელი, არამედ აგენტის პიროვნულობის ჩამოყალიბების მექანიზმების მნიშვნელოვან ნაწილსაც წარმოადგენს. გიდენსი (1984: 61-4; 1991: 36-7) მიიჩნევს, რომ რუტინული პრაქტიკის რეპროდუცირების ალტერნატივა ონტოლოგიური უსაფრთხოების განცდის დაკარგვაზე მიუთითებს, რასაც ყოველთვის სასურველ ან არასასურველ ანომიამდე მივყავართ. ამას ადგილი აქვს კრიტიკულ (ექსტრემალურ) სიტუაციებში, როდესაც ინდივიდებს აღარ აქვთ მტკიცე რწმენა რუტინათა წინასწარმეტყველურობის მიმართ და კარგავენ მოქმედების ავტონომიურობის განცდას. მეტიც: უკიდურეს შემთხვევებში აგენტებმა შეიძლება დაკარგონ თვით საკუთარ ფიზიკურ მოძრაობებზე კონტროლის ყველაზე ფუნდამენტური განცდაც კი. გიდენსი აღწერილ პროცესს „დერუტინიზაციას“ უწოდებს.

     გ) მოქმედების განუზრახველი შედეგები და არააღიარებული პირობები

     გიდენსის მიერ აღწერილ სქემაში (ფიგურა №1) რეფლექსური მონიტორინგი, მოქმედების რაციონალიზაცია და მოტივაცია უკავშირდება განუზრახველი შედეგების წარმოშობას, რომელიც პირუკუ (recursively) მჟღავნდება როგორც მოქმედების არააღიარებული პირობები. სხვანაირად თუ ვიტყვით (A. Giddens, 1984: 8), ქცევას შეიძლება ჰქონდეს განუზრახველი შედეგები, რომლებიც, ამავე დროს, სისტემატური უკუკავშირის წყალობით, წარმოადგენენ არააღიარებულ (ანონიმურ) პირობებს მომავალი ქცევებისათვის. ასე მაგალითად, როდესაც კორექტულად ვლაპარაკობთ ან ვწერთ, ამ პროცესის რეგულარულ შედეგს წარმოადგენს ის, რომ ვახორციელებთ (მთლიანობაში) ამ ენის რეპროდუქციას. ის ფაქტი, რომ ამ ენაზე სწორად ვმეტყველებთ, წარმოადგენს განზრახულ რეზულტატს, თუმცა, ის, რომ ამასთან ერთად ვეწევით ენის რეპროდუქციას - აღნიშნული ქვევის განუზრახველი შედეგია, რომელიც, პირუკუ, წარმოადგენს იმპლიციტურ პირობას ყოველი ახალი საუბრისათვის.

     განუზრახველი შედეგების ცნება გიდენსთან, მისივე აღიარებით (A. Giddens, 1984: 12), ნათესაურ მიმართებაშია მერტონის მიერ „ლატენტური ფუნქციების“ გაგებასთან, რომელთაც იგი „აშკარა ფუნქციებისაგან“ განასხვავებს. მერტონის თანახმად, სტანდარტულ (განმეორებად) ქცევებს, როგორც ჩვეულებებს, აშკარა შედეგების გვერდით, შეიძლება ჰქონდეთ ისეთი ფარული ობიექტური შედეგებიც, რომლებიც არ იყო წინასწარ განზრახული და გაცნობიერებული მოქმედი სუბიექტის მიერ. მაგალითად, ინდივიდთა ერთობლივი საქმიანობის პროცესმა, ამ საქმიანობის უშუალო მიზნის განხორციელების გარდა (რაც, ცხადია, ინდივიდების განზრახვაში შედიოდა), შეიძლება ლატენტურად გამოიწვიოს ჯგუფის წევრებს შორის სოლიდარობის და ინტეგრაციის ხარისხის გაზრდა, რაც წინასწარ დაგეგმილი და განზრახული არ ყოფილა.

     ჩნდება კითხვა: რატომ არის შესაძლებელი, რომ განუზრახველი შედეგები, უკუკავშირის ძალით (რეცურსიველყ), გამჟღავნდეს როგორც მომავალი ქცევების უზრუნველყოფის ანონიმური პირობები? (როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთ-ერთ ასეთ პირობას წარმოადგენს ონტოლოგიური უსაფრთხოების განცდა). მაშასადამე, საკითხი დგება განუზრახველ შედეგებსა და არააღიარებულ პირობებს შორის კავშირის ხასიათის შესახებ. უფრო მარტივად საკითხი ასე დაისმის (I. J. Cohen, 1989: 54): უნდა განიზრახონ თუ არა აგენტებმა ინსტიტუციური ქცევის სტრუქტურული თვისებების რეპროდუქცია იმისათვის, რათა ეს პროცესი (რეპროდუქცია) განხორციელდეს? მაგალითად, საუბრის დროს, უნდა განიზრახონ თუ არა აგენტებმა ლინგვისტური პრაქტიკის წესების რეპროდუქცია? ანდა, ფართო მოხმარების საქონლის შეძენისას, საჭიროა თუ არა აგენტებმა, თუნდაც იმპლიციტურ საფუძველზე (ანუ, პრაქტიკული ცნობიერების დონეზე), განიზრახონ ფულადი ერთეულის, როგორც ინსტიტუციური რესურსის, თვისებების რეპროდუქცია? აშკარაა, რომ რეალურად საქმის ვითარება სრულიად სხვაგვარია. კერძოდ, არაპროფესიონალ აგენტებს, სოციალური დარგის მეცნიერთაგან განსხვავებით, შეიძლება არასოდეს არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდეთ, რომ სოციალურ რუტინებში მათი მონაწილეობა უზრუნველყოფს სოციალური სტრუქტურების რეპროდუქციას, რომელიც მოითხოვს მათი ცნობიერების, აგრეთვე, სხვათა ცნობიერების „განახლებას“, რაც ფაქტობრივად წარმართავს სოციალურ ცხოვრებას მოცემულ გარემოებებში.

     მაშასადამე, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, რომ მოქმედების ყველა მოსალოდნელი შედეგი თავიდანვე იყოს განზრახული აგენტების მიერ და მხოლოდ ამ საფუძველზე იყოს შესაძლებელი მომავალი ქცევების განხორციელება. ამ შემთხვევაში მოქმედებს იგივე მექანიზმი, რასაც გიდენსი ახასიათებს სტრუქტურის ორობითობის სახით. როგორც ცნობილია, ზოგად მაპროვოცირებელ ფონს ამ მექანიზმის მოქმედებისათვის წარმოადგენს „ონტოლოგიური უსაფრთხოების“ განცდა. მისი არსი ასეთია: რამდენადაც ქცევის სტრუქტურული თვისებები შეიძლება არაგანზრახულად რეპროდუცირდეს, ისინი, ამავე დროს, შეიძლება მოქმედების გაუცნობიერებელ (აუღიარებელ) პირობებს წარმოადგენდნენ (მოკლედ: მოქმედების შედეგი, როგორც მომავალი მოქმედების პირობა). ამ მექანიზმის ემპირიული ინტერპრეტაცია ასე გამოიყურება: აგენტები შეიძლება სხვადასხვა ხელობით დაკავდნენ და არ გააცნობიერონ (აღიარონ), რომ ეს ხელობები სოციალურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობის პირობებს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, სტრუქტურის ორობითობის თვალსაზრისი ასეც შეიძლება ჩამოყალიბდეს: იგი გულისხმობს გაუცნობიერებელი სტრუქტურული პირობების არაგანზრახულ რეპროდუქციას. თუმცა, აქ კიდევ ერთხელ საჭიროა გავიხსენოთ მნიშვნელოვანი დაზუსტება: სტრუქტურაციის კონცეფციიდან (როგორც „პოტენციალთა ონტოლოგიიდან“) გამომდინარე, ის, რაც მოცემულ ეტაპზე წარმოადგენს მოქმედების განუზრახველ შედეგებს და გაუცნობიერებელი პირობებს, გარკვეული ისტორიული დროიდან შეიძლება გახდეს დისკურსიულად გაცნობიერებული, როგორც აგენტთა ქცევის მოსალოდნელი შედეგი. ეს პოტენცია უშუალოდ უკავშირდება სოციალური ცვლილებების შესაძლებლობებს: გარკვეულ შემთხვევებში აგენტები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი საქმიანობა ხელს უწყობს სოციალურ ინსტიტუტთა დამთრგუნველი და არასასურველი ქსელის შენარჩუნებას (შენახვას), იწყებენ მიზანმიმართული ზომების გატარებას და ახორციელებენ ცნობიერ ძალისხმევას, რათა შეცვალონ საკუთარი ქცევის წინა ფორმები. თუმცა, ცხადია, სოციალური ცვლილებების მასშტაბი ყოველთვის დამოკიდებულია არსებულ შესაძლებლობებზე in situ.

     არაგანზრახული შედეგების ფაქტორი სტრუქტურის ორობითობაში წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზს, თუ რატომ ანიჭებს გიდენსი (1976: 110-11; 1979: 88; 1984: 14-6) სოციალურ ცხოვრებაში უპირატესობას „განსხვავების შექმნის“ („make a difference“) ძალაუფლებას, აგენტის ნებისმიერ სხვა ძალისხმევასთან შედარებით. სტრუქტურაციის თეორიაში ადამიანის ქცევის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს უნარი იმისა, რომ ჩაერიოს მოვლენათა მსვლელობაში. „განსხვავების შექმნა“ არის „სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობის“ გამოხატულება (ამაზე ზემოთ უკვე აღინიშნა), კერძოდ, უნარი იმისა, რომ აგენტმა განახორციელოს სოციალური პროცესის ან მოვლენის ზოგიერთი ასპექტის ტრანსფორმაცია. მაშასადამე, აგენტის მოღვაწეობა სოციალურ მოვლენათა ტრანსფორმაციის შესაძლებლობას შეიცავს - ამაში მდგომარეობს მისი ძალაუფლება. გიდენსი ამტკიცებს, რომ ინდივიდის მოქმედება შეუძლებელია აღნიშნული უნარის ქონის გარეშე - კავშირი აგენტის მოღვაწეობას და ძალაუფლებას შორის ლოგიკურად უსწრებს და ამზადებს სოციალური პრაქტიკების შესრულებას. ამდენად, სოციალური მოღვაწეობა სხვა არაფერია, თუ არა აქტიორთა მიერ „განსხვავების შექმნის“ ძალაუფლების გამომჟღავნება განსაზღვრულ შედეგთა წარმოების პროცესში, მაშინაც კი, როდესაც მათ მიერ არ არის განზრახული (ან, გაცნობიერებული) ამ შედეგთა არსებობა. ასეთი ზოგადი მნიშვნელობით, ძალაუფლება ლოგიკურ უპირატესობას ინარჩუნებს მოქმედების რეფლექსურ მონიტორინგთან და სუბიექტურობის სხვა ფორმებთან შედარებით.

     გიდენსი აღიარებს დაძაბულობის და კონტრადიქციების მოსალოდნელობას ქცევის ფართომასშტაბიან კოლექტიურ მოდელებში, რაც წარმოადგენს რუტინათა მსხვრევის წყაროს და ახდენს დისკურსიული რელექსიისა და მსჯელობის პროვოცირებას სოციალური ცვლილებების დასაფიქსირებლად. თუმცა, გიდენსი არ თვლის, რომ პრობლემების გადაჭრის შედეგად აუცილებლად მიიღწევა უკეთესი კომპრომისი აქტიორსა და გარემოს შორის, ვიდრე ეს მანამდე არსებობდა. ის, რაც აქტიორებს სოციალური ცვლილებებისათვის აქეზებს, არის არა იმპულსი კომპრომისისათვის, არამედ, უფრო მეტად, არაცნობიერი მოთხოვნილება ყოველდღიური რუტინისა, რომელიც, რაღაც მიზეზების გამო, ირღვევა და აუცილებელი ხდება ცნობიერი ძალისხმევის გამოჩენა ახალ საფუძველზე პრაქტიკათა რუტინულობის აღსადგენად.

     უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ცვლილებებისადმი მიმართვა მოკლებულია ნორმატიულ საფუძველს - იქნება ეს სწრაფვა საზოგადოებრივი სოლიდარობის, დემოკრატიული შეთანხმების ან სხვა რაიმე ნორმატიული, სოციალური იდეალის დასამკვიდრებლად. როგორც მკვლევარები (I. J. Cohen, 2000: 97-8) აღნიშნავენ, გიდენსის პრაქსისის თეორია არ გულისხმობს ადამიანის ქცევის და სოციალური ურთიერთობების სუბსტანციურ (substantive) ხედვას. პრაქსისის მორალური მნიშვნელობა არის ის, რასაც აქტიორი აკეთებს, არც მეტი, არც ნაკლები. ეთიკური ღირებულებების და ნორმაატიული იდეალების უარყოფით გიდენსს სურს გადაარჩინოს მისი კონცეფცია „ონტოლოგიური უსაფრთხოების“ შესახებ. საქმე ისაა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოქმედების ანალიზი განხორციელდა იმ პერსპექტივის და გეგმების გათვალისწინებით, რასაც „კარგი საზოგადოების“ ნორმები გვკარნახობს, მაშინ „ონტოლოგიური უსაფრთხოება“ დამარცხდება, რამდენადაც მას ამ ნორმების დაკმაყოფილება არ შეუძლია.

     გარდა იმისა, რომ გიდენსის თეორია ვერ უზრუნველყოფს საფუძველს სოციალურ იდეალთა რწმენისათვის, პრაქსისის თეორიას აკრიტიკებენ იმასთან დაკავშირებითაც, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს კოლექტიური იძულების (ზეწოლის) ადექვატურ აღწერას. საზოგადოდ, კოლექტიური იძულება წარმოადგენს დაბრკოლებას, რომელიც ხელს უშლის აქტიორებს მათი სურვილების დაკმაყოფილებაში. გიდენსის მიერ პრაქსისის დაკავშირება „ონტოლოგიური უსაფრთხოების“ საჭიროებასთან, პასუხის გარეშე ტოვებს კითხვას იმის შესახებ, განიცდიან თუ არა აქტიორები ზეწოლას სხვათა სურვილების დაკმაყოფილების მხრიდან. ამ შემთხვევაშიც, კოლექტივის მხრიდან ზეწოლის მოთხოვნა ეწირება „ონტოლოგიური უსაფრთხოების“ კონცეფციის გადარჩენას.

VI თავის ძირითადი შინაარსი

     1. ენტონი გიდენსის „სტრუქტურაციის თეორია“ მოწოდებულია, გადაჭრას ტრადიციული დუალიზმი: მოქმედება/სტრუქტურა (და მასთან დაკავშირებული სხვა დუალზმები: სუბიექტი/ობიექტი, ვოლუნტარიზმი/დეტერმინიზმი…). ამდენად, მისთვის ამოსავალი ხდება არა აღნიშნული დიხოტომიური წყვილის რომელიმე წევრი (სოციალური მოქმედება ან სტრუქტურა), არამედ მათი მედიუმი - სოციალური პრაქტიკის ცნება. ეს უკანასკნელი ფოკუსირდება არა მოქმედების (მოღვაწეობის) შედეგზე, არამედ - მოქმედების პროცესზე, რომელიც წარმოადგენს სოციალური ცხოვრების წარმოებას და რეპროდუქციას (კვლავწარმოებას). სტრუქტურაციის კონცეფცია სხვა არაფერია, თუ არა პრაქსისის კონცეფცია, რომელიც აქცენტს სვამს სოციალურ მოვლენათა ქმნადობის (პერფორმაციის) მიმდინარეობაზე.

     2. როდესაც სოციალური პრაქტიკების რეპროდუქცია იღებს იმპლიციტურ (თავისთავად ნაგულისხმევ) ხასიათს და გრძელდება (გავრცობილია) დროსა და სივრცეში, იგი ფორმირდება სოციალური რუტინების, ანუ ინსტიტუტების სახით. სოციალური ინსტიტუტები ქმნიან რეფლექსურ კონტექსტს. კონტექსტუალობა დაკავშირებულია დრო-სივრცული ინტერაქციის განლაგებასთან (მყოფობასთან) და მოიცავს ინტერაქციის საზღვრებს, აქტიორთა თანაყოფნას (ძირითადად, ფიზიკურს, თუმცა, შესაძლოა, ვირტუალურსაც) და მათ შორის კომუნიკაციას. მაშასადამე, კონტექსტუალობა გულისხმობს როგორც ვერბალური, ისე არავერბალური (მატერიალური) პროცედურების გამოყენებას ინტერაქციის, ანდა სოციალური შეჯახებების (შეხვედრების) პროცესში.

     3. სოციალურ სისტემას გიდენსი განსაზღვრავს, როგორც რეპროდუცირებული პრაქტიკების, ე.ი. სოციალური ინსტიტუტების, მოდელირებას დროში და სივრცეში. სისტემა ეხება ჯგუფებს (პატარა ან დიდ) შიგნით არსებული ურთიერთობების ეტალონებს (მოდელებს), რომლებიც უზრუნველყოფენ ურთიერთობათა ციკლების ინტეგრაციას. არსებობს ინტეგრაციის ორი დონე - სოციალური და სისტემური. სოციალური ინტეგრაცია აწესრიგებს პირისპირ ინტერაქციებს სოციალურ ჯგუფებში, რომლის წევრები ფიზიკურად თანამყოფნი არიან. სისტემური ინტეგრაცია ეხება ჯგუფის შიგნით არაპირდაპირ ურთიერთობებს, რომლებიც გაშუალებულია დრო-სივრცული დისტანციით (მაგალითად, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებით) და აწესრიგებს ფიზიკურად „არდამსწრე“ აგენტებს შორის ურთიერთობათა ქსელს.

     4. სტრუქტურას გიდენსი განსაზღვრავს, როგორც მოქმედების წესების და რესურსების ქსელს, რომელიც ჩართულია ინსტიტუციურ პრაქტიკათა წარმოებასა და რეპროდუქციაში. სტრუქტურა მხოლოდ ვირტუალურად არსებობს, როგორც ანალიტიკური აბსტრაქცია (რეალურად არსებობს მხოლოდ სტრუქტურაციის პროცესი). ეს ნიშნავს, რომ აგენტი ფლობს წესების (პროცედურული და ნორმატიული) და რესურსების (მატერიალური და ავტორიტეტული) ცოდნას (დისკურსიულს ან იმპლიციტურს), რომელიც წარმართავს მოქმედების შესრულებას. ეს არის საზიარო (საერთო) ცოდნა იმისა, თუ „როგორ მოვიქცეთ“.

     5. სტრუქტურაციის პროცესის, იგივე - სოციალურ პრაქტიკათა წარმოების და რეპროდუქციის, არსს გამოხატავს თვალსაზრისი „სტრუქტურის ორობითობის“ შესახებ. ეს უკანასკნელ წარმოადგენს გასაღებს იმისა, რომ გადაიჭრას დუალიზმი (დაპირისპირება) სტრუქტურასა და მოქმედებას, სუბიექტსა და ობიექტს, ინდივიდსა და კოლექტივს, ვოლუნტარიზმსა და დეტერმინიზმს შორის. „ორობითობა“ აღწერს არა სტრუქტურაციის ორ, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ თვისებას (სწორედ ეს იქნებოდა დუალიზმი), არამედ ერთი და იგივე პროცესის ორ „ჰიპოსტასს“: სტრუქტურა წარმოადგენს საშუალებას მოქმედების წარმოებისათვის (და კვლავწარმოებისათვის), ხოლო, ამავდროულად, არის აღნიშნული პროცესის შედეგიც. სხვანაირად: აგენტები იყენებენ (ცნობიერად ან იმპლიციტურად) წესების და რესურსების (ე.ი. სტრუქტურის) შესახებ ცოდნას მოქმედების პერფორმაციისათვის, ხოლო, პერფორმაციის პროცესში ხელახლა ახდენენ ამ ცოდნის განახლებას (რეპროდუქციას). მოკლედ: სტრუქტურა ქმნის მოქმედებას და ამავდროულად კვლავიქმნება მოქმედების პროცესში.

     6. მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურაციის თეორიაში ონტოლოგიური პრიორიტეტი ენიჭება სოციალური ცხოვრების წარმოების პროცესს, სოციალური ცხოვრების მწარმოებლებთან შედარებით, ეს თეორია შეიცავს მოქმედი სუბიექტის კონცეფციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სოციალური ცვლილებების არსის დადგენა. გიდენსი გაურბის მოქმედი სუბიექტის - აგენტის - როგორც კოლექტივისტურ (დეტერმინისტულ), ისე ვოლუნტარისტულ ინტერპრეტაციებს. ერთი მხრივ, იგი აღიარებს, რომ მოქმედი სუბიექტი წარმოადგენს ერთადერთ „მოძრავ“ არსებას სოციალურ ურთიერთობებში და შეუძლებელია, მხედველობის გარეშე დარჩეს მისი სუბიექტურობა (მოტივები, სურვილები და ა.შ.), თუმცა, მეორე მხრივ, გიდენსი ახდენს აქტიორის „დეცენტრალირებას“, რომელიც გამოიხატება აქტიორის ავტონომიურობის შეზღუდვაში როგორც სოციალური, ისე მატერიალური ფაქტორებით. აგენტის თავისუფლება ყოველთვის შეზღუდულია ორი თვალსაზრისით: ჯერერთი, ყოველ სოციალურ ურთიერთობაში არსებობს კონტროლის დიალექტიკა, რომელიც გულისხმობს რესურსების ასიმეტრიულ ხელმისაწვდომობას და მანიპულაციას, რაც აგენტებს ძალაუფლების განსხვავებულ ხარისხს ანიჭებს და, შესაბამისად, უფლებას აძლევს მათ ზეგავლენა მოახდინონ ერთმანეთის ქცევაზე. მეორე, მოქმედების თავისუფლების ხარისხი დამოკიდებულია აგენტთათვის ხელმისაწვდომ პრაქტიკათა დიაპაზონზე. ეს დიაპაზონი არასოდეს არის აბსოლუტურად შეუზღუდავი, ვინაიდან არც ერთ აგენტს არ ძალუძს საკმარისად დახელოვნდეს ყველა იმ პრაქტიკის შესრულებაში, რასაც სხვა აქტიორები შეიძლება ფლობდნენ.

     7. სტრუქტურაციის თეორია გამოყოფს სუბიექტურობის სამ დონეს:

     ა) დისკურსიული ცნობიერების (ცოდნის) დონე, რომელიც მსჯელობის, დასაბუთების, ანუ ვერბალური გამოხატვის დონეა, როდესაც აგენტი ახორციელებს პრაქტიკათა შესრულებაზე აქტიურ რეფლექსიას;

     ბ) პრაქტიკული ცნობიერების დონე, რომელიც ეხება ქცევის რუტინული ფორმების იმპლიციტურ ცოდნას. ასეთ ცოდნას ვფლობთ, როდესაც ვიქცევით წესების, ანუ სტრუქტურის მოთხოვნების შესაბამისად, მათზე აქტიური რეფლექსიის განხორციელების გარეშე (მაშასადამე, აღნიშნულ დონეზე აგენტი ახორციელებს პასიურ, არაფორმალურ რეფლექსიას). პრაქტიკული ცნობიერების კალაპოტში თავსდება ყოველდღიური ქცევების დიდი ნაწილი (რუტინული ქცევები). თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ქცევის ხერხების იმპლიციტური ფლობა მოექცეს დისკურსიული ცნობიერების ველში;

     გ) სუბიექტურობის არაცნობიერი დონე, რომელიც ადგენს, თუ რატომ მიმართავენ აქტიორები პრაქტიკების რეპროდუცირებას ან შეცვლას. აღნიშნულ დონეზე არ ხორციელდება კონტროლი რუტინათა ყოველდღიურ რეპროდუქციაზე, იგი უზრუნველყოფს ზოგად მოტივაციას, რომელიც გულისხმობს აქტიორთა ადრეული ბავშვობიდან წამოსულ პრიმორდიალურ, არაცნობიერ მოთხოვნილებას იმისა, რომ განიცადონ სიახლოვე და პრაქტიკულად დაეუფლონ სოციალური სამყაროს სტაბილურ მახასიათებლებს.

     8. გიდენსი აყალიბებს აგენტის სტრატიფიკაციულ მოდელს, რომელიც შემდეგ პარამეტრებს მოიცავს:

     ა) მოქმედების რეფლექსური მონიტორინგი. იგი წარმოადგენს პროცედურას, რომლის მეშვეობითაც აგენტები ყურადღებას მიმართავენ სოციალური ცხოვრების მიმდინარე ნაკადზე. ეს გამოიხატება როგორც საკუთარი ქცევაზე, ისე სხვების მოქმედებებზე კონტროლის დაწესებაში, აგრეთვე, რეფლექსია ხდება სოციალური გარემოს კონტექსტუალურ ასპექტებზე, რაც სათანადო პირობებს ქმნის ქცევის სპეციფიკური სახეების შესასრულებლად. რეფლექსური მონიტორინგის დიდი ნაწილი წარმოებს იმპლიციტურად და ხორციელდება პრაქტიკული ცნობიერების საფესურზე. მაშასადამე, არსებობს რეფლექსური მონიტორინგის (სხვანაირად: „მოქმედებათა იდენტიფიკაციის“) დისკურსიული და იმპლიციტური პროცედურები. მოქმედებათა დისკურსიული იდენტიფიკაცია „ირთვება“ მაშინ, როდესაც ხდება წყვეტა ან პაუზა რუტინათა მიმდინარეობაში, რაც სოციალური ცვლილებების წყაროა.

     ბ) მოქმედების რაციონალიზაცია. იგი გულისხმობს აგენტის მიერ საკუთარი ქცევის მონიტორინგს მისივე განზრახვების პოზიციიდან. განზრახულობის ცნება ეხება სუბიექტთა ცოდნას (იმპლიციტურს ან დისკურსიულს) იმის შესახებ, რომ პრაქტიკათა გარკვეულ სახეებს აღმოაჩნდებათ კერძო თვისება ან მოიტანენ გარკვეულ შედეგს, ხოლო აგენტი ამ ცოდნას გამოიყენებს, რათა მოიცვას ეს თვისება ან მიაღწიოს განზრახულ შედეგს. მოქმედების რაციონალიზაციას ადგილი აქვს ორივე - პრაქტიკული და დისკურსიული (უპირატესად, პრაქტიკული) - ცნობიერების საფეხურზე. მისი წყალობით აგენტები განსაზღვრავენ, თუ რისი მიღწევა შეუძლია მათ ქმედებებს სოციალურ ცხოვრებაში. თუმცა, მოქმედების რაციონალიზაცია ვერ უზრუნველყოფს აგენტთა მოღვაწეობის შედეგების სრულ გათვლას - აგენტები არ ფლობენ და ვერც ოდესმე შეძლებენ დაეუფლონ ცოდნას (იმპლიციტურს ან დისკურსიულს) მათი საქმიანობის ყველა შედეგის შესახებ.

     გ) მოქმედების მოტივაცია. იგი შეხებაშია სუბიექტის სურვილებთან, რომლებიც რეფლექსური მონიტორინგის და მოქმედების რაციონალიზაციის მაპროვოცირებელს წარმოადგენს. მათგან განსხვავებით, მოტივაცია არ არის უშუალოდ „მიბმული” სოციალურ ქცევათა ნაკადთან. ყოველდღიურ ცხოვრებაში რუტინული სოციალური პრაქტიკები, ძირითადად, პირდაპირი მოტივაციის გარეშე, კერძოდ, არაცნობიერი მოტივების გავლენით სრულდება. სწორედ აქ ერთვება სუბიექტურობის მესამე - არაცნობიერი - დონე. იგი გამოხატავს აგენტთა არაცნობიერ კოგნიციებს და მიდრეკილებებს, რომელთაც გიდენსი, ზოგადად, „ონტოლოგიური უსაფრთხოების“ განცდას უწოდებს. იგი წარმოადგენს სოციალური სამყაროს მიმართ სიახლოვის (ნდობის) არაცნობიერ განცდას და რწმენას იმისა, რომ სამყაროს და მასში მყოფი ადამიანების მოქმედებების მნიშვნელობა მეტ-ნაკლებად იგივეობრივი რჩება ყოველ მოცემულ მომენტში. ამ განცდის სრულყოფილ რეალიზაციას აქტიორები ახორციელებენ ზრდასრულ ასაკში, რუტინათა რეპროდუქციაში მათი მონაწილეობის მეშვეობით. ამ პროცესის ყოველი ალტერნატივა ონტოლოგიური უსაფრთხოების განცდის დაკარგვაზე (მოცემულ შემთხვევაში) მიუთითებს, როდესაც ინდივიდებს აღარა აქვთ რუტინათა უცვლელობის მტკიცე რწმენა. ეს არის „დერუტინიზაციის“ პროცესი, რასაც ყოველთვის ანომიამდე და ცვლილებებამდე მივყავართ.

     დ) არაგანზრახული შედეგები და არააღიარებული პირობები. გიდენსი ამტკიცებს, რომ არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, მოქმედების ყველა მოსალოდნელი შედეგი თავიდანვე იყოს განზრახული და მხოლოდ ამ საფუძველზე იყოს შესაძლებელი მომავალი ქცევების განხორციელება. სოციალური პრაქტიკები წარმოშობს განუზრახველ შედეგებს, რომლებიც, ამავდროულად, მოქმედების არააღიარებული პირობებს წარმოადგენენ. ამ შემთხვევაში მოქმედებს „სტრუქტურის ორობითობის“ მექანიზმი: მოქმედების შედეგი იქცევა მომავალი მოქმედების პირობად. (ის, რომ საუბრისას ენის სტრუქტურული წესების რეპროდუქციას ვახდენთ - არაგანზრახული შედეგია, რომელიც ხელახალი მეტყველების ანონიმურ პირობას წარმოადგენს). ზოგად მაპროვოცირებელ ფონს ამ მექანიზმის მოქმედებისათვის „ონტოლოგიური უსაფრთხოების“ განცდა წარმოადგენს.

     ის, რაც მოცემულ ეტაპზე წარმოადგენს მოქმედების განუზრახველ შედეგებს და გაუცნობიერებელ პირობებს, გარკვეული ისტორიული დროიდან შეიძლება გახდეს დისკურსიულად გაცნობიერებული, როგორც აგენტთა ქცევის მოსალოდნელი შედეგი. ეს პოტენცია უშუალოდ უკავშირდება სოციალური ცვლილებების შესაძლებლობას: აგენტები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათი საქმიანობა ხელს უწყობს სოციალურ ინსტიტუტთა დამთრგუნველი და არასასურველი ქსელის შენარჩუნებას, იწყებენ მიზანმიმართული ზომების გატარებას, რათა შეცვალონ საკუთარი ქცევის რუტინული ფორმები (თუმცა, სოციალური ცვლილებების მასშტაბი ყოველთვის დამოკიდებულია არსებულ შესაძლებლობებზე in situ).

     9. სტრუქტურაციის თეორიაში აგენტის ქცევის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს უნარი იმისა, რომ ჩაერიოს მოვლენათა მსვლელობაში, „შექმნას განსხვავება“. „განსხვავების შექმნა“ არის თავისუფალი ქცევის გამოხატულება, უნარი იმისა, რომ აგენტმა განახორციელოს სოციალური პროცესის ან მოვლენის ტრანსფორმაცია. ამაში მდგომარეობს მისი ძალაუფლება. კავშირი აგენტის მოღვაწეობას და ძალაუფლებას შორის ლოგიკურად უსწრებს და ამზადებს სოციალური პრაქტიკების შესრულებას. სოციალური მოღვაწეობა სხვა არაფერია, თუ არა აქტიორთა მიერ „განსხვავების შექმნის“ ძალაუფლების გამომჟღავნება განსაზღვრულ შედეგთა წარმოების პროცესში, მაშინაც კი, როდესაც ეს არაგანზრახულ ხასიათს ატარებს. ასეთი ზოგადი მნიშვნელობით, ძალაუფლება ლოგიკურ უპირატესობას ინარჩუნებს მოქმედების რეფლექსურ მონიტორინგთან და სუბიექტურობის სხვა ფორმებთან შედარებით.

     10. გიდენსი აღიარებს დაძაბულობის და კონტრადიქციების მოსალოდნელობას ქცევის ფართომასშტაბიან კოლექტიურ მოდელებში, რაც წარმოადგენს რუტინათა მსხვრევის წყაროს და ახდენს დისკურსიული რელექსიის პროვოცირებას სოციალური ცვლილებების დასაფიქსირებლად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემების გადაჭრის შედეგად აუცილებლად მიიღწევა აქტიორსა და გარემოს შორის უკეთესი კომპრომისი, ვიდრე ეს მანამდე არსებობდა. სოციალური ცვლილებებისადმი მიმართვა მოკლებულია ნორმატიულ საფუძველს - იქნება ეს სწრაფვა საზოგადოებრივი სოლიდარობის, დემოკრატიული შეთანხმების ან სხვა რაიმე ნორმატიული, სოციალური იდეალის დასამკვიდრებლად. პრაქსისის მორალური მნიშვნელობა არის ის, რასაც აქტიორი აკეთებს - არც მეტი, არც ნაკლები. ეთიკური ღირებულებების და ნორმატიული იდეალების უარყოფით გიდენსს სურს გადაარჩინოს კონცეფცია „ონტოლოგიური უსაფრთხოების“ შესახებ, რამდენადაც ამ კონცეფციას „კარგი საზოგადოების“ ნორმების დაკმაყოფილება არ შეუძლია.

ძირითადი ცნებები:

     სტრუქტურაცია, პრაქსისი, სოციალური ინსტიტუტი, სოციალური სისტემა, სტრუქტურა, სტრუქტურის ორობითობა, დისკურსიული ცნობიერება, პრაქტიკული ცნობიერება, არაცნობიერი სუბიექტურობა, ონტოლოგიური უსაფრთხოება, რეფლექსური მონიტორინგი, მოქმედების რაციონალიზაცია, მოქმედების მოტივაცია, განუზრახველი პირობები, არაღიარებული შედეგები, დერუტინიზაცია.

დამოწმებული ლიტერატურა

Archer, M. S. 1982: „Structuration versus Morphogenesis: On Combining Structure and Action“. British Journal of Sociology, 33 (4), pp. 445-83.

Cohen, I. J. 1989: Structuration Theory: Anthony Giddens and the Constitution of Social Life. London: Macmillan.

Cohen, I. J. 2000: „Theories of Action and Praxix“, in Bryan S. Turner (ed.), The Blackwell Companion to Social Teory (second edition). Oxford: Blackwell Publishers, pp. 73-111.

Craib, I. 1992: Modern Social Theory (From Parsons to Habermas) (second edition). Bodmin, Cornwall.

Giddens, A. 1976: New Rules of Sociological Method: A Positive Critique of Interpretative Sociologies. London: Hutchinson/New york: Basic Books.

Giddens, A. 1979: Central Problems in Social Theory: Action, Structure and Contradiction in Social Analysis. London: Macmillan/Berkely: University of California Press.

Giddens, A. 1981: „Agency, Institution, and Time-Space Analysis“, in Advances in Social Theory and Methodology: Toward an Integration of Micro- and Macro- Sociologies, edited by K. Knorr-Cetina and A. V. Cicourel. Boston: Routledge & Kegan Paul, pp. 161-74.

Giddens, A. 1984: The Constitution of Siciety: Outline of the Theory of Structuration. Cambridge: Polity Press/Berkley: University of California Press.

Stinchcombe, 1990: Clark, J., Modgil, C. and Modgil, F. (eds), Anthony Giddens: Consensus and Controversy. Falmer Press, Sussex.

Sztompka, P. 1994: „Evolving Focus on Human Agency in Contemporary Social Theory“, in P. Sztompka (ed), Agency and Structure, Reorienting Social Theory. Gordon and Breach, pp. 25-60.


[1] M.S. Archer (1982: 455) აღნიშნავს, რომ მეორე პერსპექტივას აღნიშნული დიხოტომიის დაძლევის გზაზე წარმოადგენს მორფოგენეტიკური მიდგომა, რომლის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია Walter Buckley. სტრუქტურაციის თეორიის მსგავსად, აღნიშნულ მიდგომა (რომელიც საკუთარ თავს „არაფუნქციონალურ მანიფესტს“ უწოდებს), ამტკიცებს, რომ „მოქმედება“ და „სტრუქტურა“ ურთიერთგანმაპირობებელი სოციალური ერთეულებია, თუმცა, სტრუქტურაცია და მორფოგენეტიკული მიდგომა განსხვავდებიან იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ახდენენ სოციალურ სისტემათა სტრუქტურირებას.

[2] სხვა მკვლევარები (M.S. Archer, 1982: 456) აღნიშნავენ, რომ სტრუქტურაციის თეორია ცდილობს გადაჭრას სხვა ტიპის დუალიზმებიც: დაპირისპირება ვოლუნტარიზმსა და დეტერმინიზმს შორის და სინქრონია/დაქრონიის დიხოტომია, რომელიც აცალკევებს სტატიკას დინამიკისაგან (ამ საკითხებს მოგვიანებით დავუბრუნდებით).

[3] „duality“ შეიძლებოდა გვეთარგმნა აგრეთვე როგორც „დუალურობა“, თუმცა, მაინც „ორობითობა“ ვამჯობინეთ

[4] სტრუქტურის ორობითობის და, საერთოდ, სტრუქტურაციის პროცესის არსის ასახსნელად გიდენსი ხშირად და ძირითადად იყენებს ტერმინს რეცურსივე (ან recursiveness). ამდენად, მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ამ ტერმინის ადექვატური ქართული თარგმანი. ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა: არ არსებობს სპეციალური - სოციოლოგიურ ტერმინთა - ქართულ-ინგლისური ლექსიკონი (თუმცა, იგი შეიძლება არც ჩაითვალოს სოციოლოგიურ ტერმინად), ხოლო „ჩვეულებრივ“ ლექსიკონებში საერთოდ ვერ მივაკვლიე ამ ტერმინის ქართულ ვარიანტს. ვინაიდან ვერ შევარჩიე ამ ტერმინის უნიფიცირებული თარგმანი, იგი განსხვავებულად ვთარგმნე სტრუქტურაციის თეორიის ფარგლებში მოცემული ამა თუ იმ კონტექსტის შესაბამისად. თუმცა, ნებისმიერი კონტექსტისათვის შერჩეული ტერმინი („განახლება“, „უკუკავშირი“ და სხვა) იგივეობრივი შინაარსის მატარებელია და გამოხატავს პროცესს, როდესაც რაიმე იმავდროულად ქმნის საკუთარ თავს, ანუ იგივეობრივად ახდენს საკუთარი თავის გამეორებას.

[5] ერთი შეხედვით ტავტოლოგიას წარმოადგენს რეფლექსურობასთან მიმართებაში გამოვიყენოთ პრედიკატი „აქტიური”, მაგრამ ეს კურსივი მიანიშნებს სწორედ იმაზე, რომ გიდენსი აღიარებს პასიურ რეფლექსურობასაც, როდესაც საქმე პრაქტიკული ცნობიერების დონეს ეხება.

იხილეთ ამოსაბეჭდი ვერსია:

"სოციალური მოქმედება ენტონი გიდენსის სტრუქტურაციის თეორიაში"

წიგნიდან

"სოციალური მოქმედების თეორიები"


ტეგები: Qwelly, გიდენსი, თეორიები, კაჭკაჭიშვილი, სოციალური_მოქმედება, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1617

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters