თავი VII სოციალური მოქმედება ანტირედუქციონისტული თეორიის შუქზე

VII თავის შინაარსი

  • 1. "ანტირედუქციონისტული თეორიის" ძირითადი დისკუსიები
  • 2. აქტორი
  • 3. სტრუქტურა
  • 4. სოციალური შემთხვევა (Social Chance)
  • 5. მიკრო-მაკრო და დრო-სივრცე
  • VII თავის ძირითადი შინაარსი
  • დამოწმებული ლიტერატურა

1. "ანტირედუქციონისტული თეორიის" ძირითადი დისკუსიები

     სოციალური თეორიის ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი (R. Sibeon) გარკვეული ტიპის მოდერნისტულ თეორიებს „ანპირედუქციონისტული სოციოლოგიის“ სახელწოდების ქვეშ აერთიანებს. ანტირედუქციონისტული სოციოლოგია, მათი აზრით, ზოგადი მეტათეორიული ჩარჩოა, რომელშიც თავსდება არატრადიციული (არაკლასიკური) ინტერპრეტაციების მრავალფეროვანი სპექტრი.

     რედუქციონისტული თეორია გაიაზრება (R. Sibeon, 1999: 317) როგორც თეორია, რომელიც მოწოდებულია სოციალური ცხოვრება (საზოგადოებრივი მოვლენები) ახსნას ერთი, უნიფიცირებული პრინციპის საფუძველზე. ამ შემთხვევაში აქცენტირება ხდება ერთ ან ორ ფაქტორზე, რომელთაც ენიჭება განმსაზღვრელი კაუზალური მნიშვნელობა. ასეთი უნიფიცირებული პრინციპი შეიძლება იყოს, მაგალითად, „კაპიტალიზმის ინტერესები“, „პატრიარქატი“, „გლობალიზაცია“, „რაციონალური არჩევანი“ და სხვ. რედუქციონისტული ტიპის თეორიებად მოიაზრება მარქსისტული თორია, ფუნქციონალიზმი („ფუნქციონალური ტექნოლოგია“), ესენციალიზმი (essentialism), რეიფიკაცია (reification),აგრეთვე, თანამედროვე თორიები, როგორიცაა, მაგალითად, რადიკალური ფემინისტური თეორიები, ზოგიერთი პოსტფორდისტული თეორია და ა.შ.

     რედუქციონისტულ თეორიებს ზოგიერთი მკვლევარი (N. Mouzelis, 1993: 684) „თვითმყოფადი გენერალიზაციის“ („substantive generalisation“) თორიებსაც უწოდებს, განასხვავებს რა მათ „მეთოდოლოგიური გენერალიზაციის“ („methodological generalization”) თეორიებისაგან, რომლებიც ანტირედუქციონისტული სულისკვეთების მატარებელია. „თვითმყოფადი (სუბსტანციური) გენერალიზაციის“ თეორიები ყოველთვის მიკერძოებულია, რამდენადაც სოციალური ფენომენების ახსნა დაჰყავს უნიტარულ, ტოტალურ მოდელზე, რომელსაც დაკარგული აქვს ემპირიული ახსნითი (ან, ემპირიულად ახსნადი) ღირებულება. ესენციალიზმი, მაგალითად, ეფუძნება სოციალური ფენომენების ჰომოგენურობის წარმოდგენას. იგი ამოდის კულტურის, სოციალური ინსტიტუტების, ან გარკვეული კოლექტივების (ქალები, მამაკაცები, თეთრკანიანები, შავკანიანები, მუშთა კლასი და ა.შ.) ჰომოგენურობის აღიარებიდან a priori, ანუ სოციალური ფენომენების ერთგვაროვნებას (რომელიც, ცხადია, არსებობს) არ განიხილავს როგორც სოციალური პროცესების ემპირიულად გამჟღავნებულ შედეგს, როგორც მეთოდოლოგიურ რეზულტატს.

     ფუნქციონალური თეორიაც „თვითმყოფადი გენერალიზაციის“ უკანონო მცდელობას აწარმოებს, რამდენადაც სოციალური ფენომენების ახსნას მხოლოდ მათი ფუნქციონალური (ანუ, პოზიტიური, მაინტეგრირებელი) შედეგებიდან გამომდინარე სურს. სწორედ ამიტომ აქვს მას ტელეოლოგიური ხასიათი (ეს საყვედური, არსებითად, ეხება ადრეულ ფუნქციონალიზმს, პარსონსის ჩათვლით).

     რედუქციონისტული თეორიების კრიტიკოსების თანახმად, ანტირედუქციონისტული სოციოლოგიის მეტათეორიული ჩარჩო უარყოფს უნიფიცირებული (ტოტალური) პრინციპის გამოყენებას სოციალურ მოვლენათა ასახსნელად და აღიარებს მულტიინტერპრეტაციის პრინციპს, როდესაც სოციალური რეალობა კონსტრუირდება განსხვავებულ დისკურსთა საფუძველზე. ანტირედუქციონისტული სოციოლოგია ფოკუსირებას ახდენს შემდეგ ცნებებზე (დისკურსებზე) (R. Sibeon, 1999: 317); „აქტორი“, „მოქმედების პირობები“ („სტრუქტურა“), „სოციალური შემთხვევა“, „მაკრო-მიკრო“, „დრო-სივრცე“. ეს დისკურსები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და მათი სინთეზი „ონტოლოგიურად მოქნილ“, „მგრძნობიარე“ თორიულ მოდელს ქმნის („ონტოლოგიური მოქნილობა“ და „მგრძნობელობა“ ის მახასიათებელია, რომლებმაც ანტირედუქციონისტულ სოციოლოგიას თვითკმარ, ტოტალურ სისტემად განხილვის პერსპექტივა უნდა ააცილოს).

     ანტირედუქციონისტული სოციოლოგია მოიცავს შემდეგ თორიებს: ფიგურატიული სოციოლოგია (Figurational Sociology) (N. Elias), ანუ პროცესის სოციოლოგია; ბერგერის და ლუკმანის კონსტრუქტივიზმი; ფუკოს ძალაუფლების სოციოლოგია და ძალაუფლების პოსტფუკოსეული წარმდგენები; წესრიგის სოციოლოგია (J. Law), Hindess-ის ანტირედუქციონისტული პერსპექტივა; გიდენსის თვალსაზრისი სტრუქტურაზე და დრო-სივრცეზე; აქტორი-ქსელის (actor-network) და თარგმანის თორია (M. Callon, B. Latour), ინდეტერმინიზმის და დრო-სივრცული ცვალებადობების პოსტმოდერნული თორიები (G. Melennan, C. Bryant, R. Stones, N. Mouzelis)

     განვიხილოთ უფრო დაწვრილებით ანტირედუქციონისტული მეტათეორიის დისკურსები:

2. აქტორი

     „აქტორის“ ან „აგენტის“ ცნება ერთ-ერთი ფუნდამენტურია ანტირედუქციონისტულ სოციოლოგიაში. მკვლევარები (B. Hindess, 1986ა: 115) „აქტორს“ განსაზღვრავენ, როგორც „გადაწყვეტილების და მოქმედების ლოკუსს, სადაც მოქმედება არის აქტორის გადაწყვეტილების შედეგი“. გამოიყოფა აქტორის ორი ტიპი: ინდივიდუალური აქტორები და სოციალური აქტორები. ეს უკანასკნელი მოიცავს ორგანიზაციებს (სამთავრობო სააგენტოები, კერძო ფირმები, პროფესიული ასოციაციები და ა.შ.), მცირემასშტაბიან მიკრო-ჯგუფებს (ოჯახი, ლოკალური კომიტეტები და სხვ.). სოციალური აქტორები, რომელთაც სხვანაირად „ორგანიზაციულ“ ან „კორპორაციულ“ აქტორებსაც უწოდებენ, ახორციელებენ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც არ დაიყვანება ადამიანთა ინდივიდუალურ მოქმედებებზე. სოციალურ აქტორად ყოფნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: იგი უნდა იყოს დროში ხანიერი, უნდა დაიკავოს განსაკუთრებული (მყარი) ადგილი სივრცეში და აუცილებლად უნდა ფლობდეს მიზეზობრივ (კაუზალურ) ძალაუფლებას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, სოციალური აქტორები ინსტიტუციონალიზებულ მოქმედებებს ახორციელებენ, რომლებიც არ დაიყვანება მათში მონაწილე ინდივიდუალური წევრების დონეზე. მაგალითად, საზოგადოებრივ სექტორში ესა თუ ის ფორმალური კომიტეტი ან ორგანიზაცია ფლობს ლეგიტიმაციას, სახსრების მოზიდვის და გადაწყვეტილების მიღების ისეთ მექანიზმებს, რომლებიც უფრო მეტად, ვიდრე ინდივიდუალური წევრების აქტივიბა. სოციალური აქტივობის ამგვარი დისტანციურობა ინდივიდებისაგან შეიძლება დაიძებნოს სოციალური პროცესების მაკრო დონეზეც. მაგალითად, საერთო კულტურული ღირებულებები და ნორმები ობიექტივირდება ყოველდღიურ სოციალურ პრაქტიკაში და ორგანიზაციულ რეჟიმში. ამ ღირებულებათა და ნორმათა განმარტება (უფო ზუსტად, რევიზია) არ წარმოადგენს ცალკეული ინდივიდების კომპეტენციას (ეს ისევ სოციალური აქტივობის კომპეტენციაა, რომელიც ინდივიდუალურ მოქმედებათა გაერთიანების სპეციფიკური შედეგია). სოციალური აქტორების მსგავსად, ინდივიდუალური აქტორებიც ფლობენ მიზეზობრივი (კაუზალური) ძალაუფლების გარკვეულ ხარისხს. საერთოდ, ძალაუფლების ფლობა შესაძლებელია იმიტომ, რომ როგორც ინდივიდუალურ, ისე სოციალურ აქტორებს გააჩნიათ არსებულ სოციალურ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღების და გადაწყვეტილების მიღების უნარი. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მათ შეუძლიათ ვითარების რეორგანიზაცია (კვლავწარმოება) და შეცვლა. ისეთი „ტაქსონომიური“ (taxonomic) კოლექტივები, როგორიცაა „საზოგადოება“, „კლასები“, „ქალები“, „მამაკაცები“, „შავკანიანები“, „თეთრკანიანები“ და ა.შ. არ შეიძლება წარმოადგენდნენ აქტორებს. საქმე ისაა, რომ ისინი იმ სოციალურ აგრეგატებს მიეკუთვნებიან, რომლებიც არ იდენტიფიცირდებიან გადაწყვეტილების მიღების და, შესაბამისად, სოციალურ ვითარებაზე პასუხისმგებლობის აღების მოლოდინთან. მაგალითად, მოსაზრება იმის შესახებ, რომ „მამაკაცები“ წარმოადგენენ აქტორებს, რომლებსაც ძალუძთ რელიგიური, სქესობრივი, ან სხვა რაიმე უთანასწორობის დაძლევა, წმინდა წყლის სოფისტიკაა და მოკლებულია ემპირიულ ღირებულებას.

     მკვლევარებს შორის არსებობს ერთსულოვნება იმასთან გაკავშირებით, წარმოადგენენ თუ არა აქტორებს კლასები, ან სოციალური მოძრაობები. ზოგიერთი სოციოლოგი (მაგ. Touraine, Mouzelis, Layder და სხვ.) მათ სოციალურ აქტორებად მიიჩნევს, სხვები (მაგ. Sibeon და სხვ.) ამას უარყოფენ. ასეთი სხვადასხვაობის მიუხედავად, ისინი ერთსულოვანნი არიან აქტორის განსაზღვრაში, რომლის თანახმადაც (როგორც უკვე აღინიშნა) აქტორი გადაწყვეტილების და მოქმედების სინთეზია, როდესაც მოქმედება სრულდება აქტორის გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. სტრუქტურა

     ანტირედუქციონალისტური სოციოლოგია სტრუქტურის ცნებას განსაზღვრავს (R. Sibenon, 1999: 323), როგორც დროში და სივრცეში გაშლილ სოციალურ პირობებს (სოციალურ გარემოს), რაც, მეტ-ნაკლებად, გავლენას ახდენს აქტორის აზროვნების, გადაწყვეტილების და მოქმედების ფორმებზე და ეხმარება ან აიძულებს მას, მიაღწიოს განსაზღვრულ მიზნებს. სტრუქტურას ე.ი. სოციალურ პირობებს (სოციალური გარემოს), ამ განსაზღვრებიდან გამომდინარე, მოქმედების პიროობებსაც უწოდებენ, რამდენადაც იგი მოიცავს მხოლოდ იმ საზრვრებს, რომელშიც აქტორი მოქმედებს. ის, თუ რისი გაკეთება სურთ აქტორებს, რა გადაწყვეტილებას იღებენ ისინი და რისი გაკეთება შეუძლიათ - დამოკიდებულია (თუმცა, მთლიანად განსაზღვრული არ არის) მოქმედების პირობებზე.

     რას გულისხმობს სოციალური პირობები შინაარსობრივი თვალსაზრისით, ანუ ემპირიულ ინდიკატორებზე მითითებით? მაგალითად, თუ მოქმედების სუბიექტებად განვიხილავთ ეროვნული სოციალური პოლიტიკის აქტორებს, რა იქნება მათთვის რელევანტური სტუქტურა ანუ სოციალური პირობები (სოციალური გარემო)? ასეთ პირობებს წარმოადგენს: პოლიტიკური, ბიუროკრატიული და პროფესიული დისკურსები;ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური პრაქტიკა; სხვა აქტორები - ინდივიდუალური ან სოციალური (ოგანიზაციული); ახლანდელი და წინა პოლიტიკური პროგრამების განზრახული თუ განუზრახველი შედეგები; საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებს ეროვნულ პოლიტიკურ პროცესებზე; კანონმდებლობა, რესურსების განაწილება და პოლიტიკური ძალაუფლების კონფიგურაციები; საზოგადოებრივი აზრი და მასმედია და ა.შ.

     ანტირედუქციონისტული სოციოლოგიის წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სოციალური სტრუქტურისათვის (სოციალური პირობებისათვის) დამახასიათებელია პროცესუალობა. ეს ნიშნავს, რომ სოციალური პირობები, რომელთა ზეგავლენასაც განიცდიან აქტორები (დახმარებისა ან ძალდატანების ფორმით), ცვალებადია და, გარკვეული აზრით, შემთხვევითიც: ისინი არაწინასწარგანსაზღვრულად (არამიზანმიმართულად) იქნება, რეპროდუცირდება, ტრანსფორმირდება, ან, შესაძლოა, არსებობაც კი შეწყვიტოს. ანტირედუქციონისტული მიდგომის ძირითადი პათოსი სწორედ ეს არის, რომ იგი უარყოფს ერთწესრიგიან (single-order) თეორიებს, რომელთა თანახმადაც აქტორები იმართებიან რაღაც ძირითადი ანალიტიკური მამოძრავებელი ძალის მიერ, როგორიცაა, ვთქვათ „კაპიტალიზმის ინტერესები“, „პატრიარქატი“, „პოსტკოლონიალიზმი“, „გლობალიზაცია“, „ინფორმაციული საზოგადოება“ და სხვ. სოციალური პირობები, ანტირედუქციონისტების თანახმად, არ წარმოადგენს უნიტარულ ფენომენს, რომელიც განსაზღვრულია რომელიმე ერთი ტოტალური მამოძრავებელი მიზეზით (ასეთი აზროვნება და ხედვა რედუქციონალისტურია), პირიქით, მათი აზრით (როგორც უკვე აღინიშნა), სოციალური პირობები (სტრუქტურა) ცვალებადია - მასში ჩართულია სხვადასხვა აქტორთა მიზნები, მოქმედების სხვადასხვა შედეგები, განხორციელებული როგორც წინა, ისე ამჟამად მოქმედი აქტორის მიერ. ეს მრავალგანზომილებიანი მოძრაობაა და საკითხი იმის შესახებ, შეიძლებს თუ არა საციალური პირობების რომელიმე კერძო ნაკრები შენარჩუნდეს დროისა და სივრცის ფართო განფენილობაში სრულიად გაუთვალისწინებელ შედეგს წარმოადგენს იმ დიაქრონული და სინქრონული ურთიერთკავშირისა, რომელიც არსებობს აქტორსა და სოციალურ სტრუქტურას შორის.

     მკვლევართა აზრით, სტრუქტურა, როგორც სოციალურ პირობათა გაუთვალისწინებელი (განუზრახველი) და რეპროდუცირებადი ნაკრები, შეიძლება არსებობდეს სოციალური პროცესთა როგორც მაკრო, ისე მიკრო დონეებზე. თუმცა, ამ თვალსაზრისით, არ არსებობს ერთსულოვნება: ზოგიერთი სოციოლოგი (გიდენსი, Mouzelis) თვლის, რომ სტრუქტურა უკავშირდება მხოლოდ მაკრო დონეს, ხოლო მიკრო დონეზე არსებობს მხოლოდ ლოკალური ინტერაქციები (ეს არის ცნობილი ოპოზიცია მაკრო და მიკრო სოციოლოგიურ თეორიებს შორის). რიგი მოაზროვნეებისა (R. Sibeon, 1999: 324) ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მათ მოყავთ ისეთი მაგალითი: წარმოვიდგინოთ ინტერაქცია, რომელიც მომდინარეობს მასწავლებელსა და მოწაფეს შორის საკლასო ოთახში. გარდა იმისა, რომ ეს ინტერაქციაა უნიკალური, თუმცა, დროითი თვალსაზრისით რეპროდუქცირებადი, ლოკალური ძლაუფლებითი ურთიერთობების ნაკრებია, ე.ი. მიმდინარეობს მიკრო დონეზე, აღნიშნული ინტერაქცია, ამავე დროს, სულ მცირე, ახდენს განათლებასთან დაკავშირებული მაკრო-სოციალური ინსტიტუციებისა და როლებრივი წესების რეფლექსიას (ასახვას).

4. სოციალური შემთხვევა (Social Chance)

     აგენტის და სტრუქტურის ცნებებთან ერთად, ანტირედუქციონისტული სოციოლოგიის წარმომადგენლები აუცილებლად მიიჩნევენ სოციალური შემთხვევის კატეგორიის შემოტანას. როგორც ზოგი მკვლევარი (R. Boudon, 1986: 173) წერდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ კატეგორიას გულმოდგინედ უარყოფენ, როგორც ყველაზე „არასასურველ სტუმარს“, იგი ვირტუალურად ყველგან იმყოფება.

     ანტირედუქციონისტული მიდგომა სოციალურ შემთხვევას განსაზრღვრავს, როგორც „გაუთვალისწინებელ ხდომილებას“, რომელიც ორი ტიპისაა. პირველ ტიპს წარმოადგენს დისკრეტულ მოვლენათა შემთხვევითი შეერთება, ანუ მოქმედებისა და სოციალური მოდელების დისკრეტული თანმიმდევრობა. ამ კონტექსტში ტერმინი „შემთხვევითი“ გამოიყენება იმის აღსანიშნავად, რომ საქმე გვაქვს კაუზალურად ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების შეერთებასთან.

     გაუთვალისწინებელ ხდომილებათა მეორე ტიპი, თავის მხრივ, შედგება ორი სუბტიპისაგან: ა) ინტერსუბიექტურობის და ინტერაქციის გაუთვალისწინებელი შედეგებისაგან და ბ) არაინტერსუბიექტური პირობების ქვეშ მოქმედებათა შედეგების გაუთვალისწინებელი შეერთებისაგან. პირველი სუბტიპის მაგალითს წარმოადგენს ინტერორგანიზაციული პოლიტიკური ურთიერთობების ქსელში რელატიური, გაუთვალისწინებელი მოქმედებების არსებობა; ხოლო, მეორე ქვეტიპის შემთხვევაში საქმე გვაქვს უამრავი ინდივიდუალური აქტორის გადაწყვეტილებების თავმოყრასთან რაიმე გაუთვალისწინებელ პოლუციაში.

     კავშირი აგენტს, სტრუქტურასა და სოციალურ შემთხვევას შორის განაიპრობებს სოციალური ცხოვრების ინდენტერმინულობას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სოციალური სამყარო მთლიანად შემთხვევითი და ქაოტურია? ეს ფუნდამენტური კითხვაა მთელი ანტირედუქციონისტული სოციოლოგიისათვის, რომელიც ასეთ პასუხს იძლევა (M. Callon and B. Latour, 1981: 282; R. Sibeon, 1999: 328); არ არსებობს არავითარი ქაოსი, მაგრამ არ არსებობს არც არავითარი მყარი სოციალური სისტემა. სოციალური ცხოვრება მუდამ პოტენციურად ღიაა იმისათვის, რომ შეიცვალოს, ცვალებადობამ, რომელიც მსჭვალავს დროს და სოციალურ სივრცეს, შეიძლება შედეგად მოიტანოს როგორც სტაბილურობა და უწყვეტობა, ისე წყვეტადობა და არასტაბილურობა. ამდენად, სოციალური ცხოვრების სტაბილურობა. წყვეტადობა ემპირიული ცვლადია, რომელიც ვარირებს სოციალური გარემოს (სტრუქტურის) ცვლასთან ერთად. არ არსებობს არავითარი სტრუქტურული პრედეტერმინაცია, საზოგადოება ყოველთვის პოტენციურად ინდეტერმინულია, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ცხოვრების ზოგიერთი სეგმენტი შეიძლება მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდეს, არსებობს მოლოდინი, რომ სტაბილური ვითარება ყოველთვის შეიძლება შეწყდეს - სტაბილურობა უპირატესად პროცესუალურია და მისი ხანგრძლივობის გათვალისწინება (წინასწარგანსაზღვრა) შეუძლებელია.

     გაუთვალისწინებელი ხდომილებები დაიკვირვება როგორც მიკრო, ისე მაკრო დონეზე. როდესაც სოციალური შემთხვევის ზოგიერთი შედეგი (ორივე დონეზე) გაიშლება დროსა და სივრცეში, ინისი სტრუქტურის ელემენტები ხდება, ანუ წყვეტს არსებობას როგორც მაკრო ან მიკრო შემთხვევის ნაწილები და მაკრო და მიკრო სტრუქტურის ნაწილებად იქცევა. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სტრუქტურა პროცესუალური ბუნებისაა, ამდენად, მისი სიმყარე რელატიურია.

5. მიკრო-მაკრო და დრო-სივრცე

     მაკროსა და მიკროს შორის განსხვავება გამოხატავს დროსა და სივრცის სხვადასხვა განფენილობის კვლევისა და ანალიზის მასშტაბები. მიკრო ანალიზი მოიცავს მცირემასშტაბიანი, პირდაპის (face-to-face) ინტერაქციების ფარგლებში არსებულ მნიშვნელობებს (საზრისებს), პოზიციებს (სტატუსებს და როლებს, აქტორთა ურთიერთობებს და სხვ. მაკრო ანალიზი მოიცავს აქტორთა, სოციალური პირობათა, „მასალათა“, აგრეთვე სოციალური სისტემათა ქსელთა ფართო დრო-სივრცული განფენილობის შესწავლას. „მასალის“ ქვეშ იგულიხმება დისკურსების (ტექნიკური, რელიგიური, პროფესიული, პოლიტიკური დისკურსები, ან მათი კომბინაცია), კანონების, წესების, და ა.შ. ერთობლიობა, რომლებიც, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია ყოველდრიური ცხოვრების რუტინასთან. ზოგიერთი მასალის დრო-სივრცული მოქმედების და გამძლეობის ხარისხი დაბალია, ანუ ისინი აგენტს, სტრუქტურასა და სოციალური შემთხვევას შორის ინტერაქციის ზედმატად გაუთვალისწინებელ შედეგს წარმოადგენს. ზოგი „მასალა“, პირიქით, შედარებით მყარი, ინსტიტუციონალიზებული და, ამდენად, განფენილი ხდება დრო-სივრცეში,

     მაკრო და მიკრო დონეები რელატიურად ავტონომიურია. ეს ნიშნავს, რომ მოვლენები ერთი დონიდან ვერ ახდენს მეორე დონეზე მყოფი მოვლენების დეტერმინაციას. თუმცა, შესაძლებელია, არსებობდეს გაუთვალისწინებელი ხანგრძლივი ურთიერთობები მათ შორის. ამ ურთიერთობების გამოხატულებაა, მაგალითად ის, რომ ზოგიერთი „მასალა“, ან მისი ასპექტი (როგორც მაკრო დონის ერთეული), შესაძლოა ლოკალიზდეს მაკრო დონეზე, თუმცა პერსონალური ბიოგრაფიის მასშტაბით. მასალების დრო-სივრცული დიფუზია წარმოადგენს ნაყოფიერ ნიადაგს ანალიტიკური პროცედურებისათვის, რაც მოითხოვს კვლევის მოქნილი მეთოდების შემუშვებას.

VII თავის ძირითადი შინაარსი

     1. ანტირედუქციონისტული სოციოლოგია ზოგადი მეტათეორიული ჩარჩოა, რომელიც აერთიანებს არატრადიციულ (არაკლასიკურ) სოციოლოგიურ თეორიებს და ინტერპრეტაციებს. რედუქციონისტლი თვალსაზრისი მოწოდებულია სოციალური ცხოვრება ახსნას ერთი, უნიფიცირებული პრინციპის საფუძველზე, რომელსაც ენიჭება განმსაზღვრელი კაუზალური მნიშვნელობა. ასეთი უნიფიცირებული პრინციპი შეიძლება იყოს „კაპიტალიზმის ინტერესები“, „პატრიარქატი, „გლობალიზაცია“, „რაციონალური არჩევანი“ და სხვ. ანტირედუქციონისტული სოციოლოგია უარყოფს უნიფიცირებული პრინციპის გამოყენებას სოციალურ მოვლენათა ასახსნელად და აღიარებს მულტიინტერპრეტაციის პრინციპს, როდესაც სოციალური რეალობა კონსტრუირდება განსხვავებულ დისკურსთა საფუძველზე. იგი ფოკუსირდება შემდეგ ცნებებზე: „აქტორი“, „მოქმედების პირობები“ („სტრუქტურა“), „სოციალური შემთხვევა“, „მაკრო-მიკრო“, „დრო-სივრცე“.

     2. ანტი-რედუქციონისტული სოციოლოგიის ფარგლებში „აქტორი განისაზღვრება, როგორც გადაწყვეტილების და მოქმედების ლოკუსი, სადაც მოქმედება არის აქტორის გადაწყვეტილების შედეგი. გამოიყოფა აქტორის ორი ტიპი: ინდივიდუალური და სოციალური აქტორები. ეს უკანასკნელი მოიცავს ორგანიზაციებს, მცირემასშტაბიან მიკროჯგუფებს, რომელთა მოქმედება არ დაიყვანება ადამიანთა ინდივიდუალურ მოქმედებებზე. სოციალური აქტორი უნდა იყოს დროში ხანიერი, უნდა დაიკავოს მყარი ადგილი სივრცეში და აუცილებლად უნდა ფლობდეს კაუზალურ ძალაუფლებას. ეს ნიშნავს, რომ სოციალური აქტორები ინსტიტუციონალიზებულ მოქმედებებს ახორციელებენ.

     3. ანტირედუქციონისტული სოციოლოგია სტრუქტურას განსაზღვრავს, როგორც დროში გასლილ სოციალურ პირობებს, რაც გავლენას ახდენს აქტორის აზროვნების, გადაწყვეტილების და მოქმედების ფორმებზე და ეხმარება ან აიძულებს მას, მიაღწიოს განსაზღვრულ მიზნებს. სტრუქტურას მოქმედების პირობებსაც უწოდებენ, რამდენადაც იგი მოიცავს მხოლოდ იმ საზღვრებს, რომელშიც აქტორი მოქმედებს. სოციაურ სტრუქტურას ახასიათებს პროცესუალობა. ეს ნიშნავს, რომ სოციალური პირები, რომელთა ზეგავლენასაც განიცდიან აქტორები, ცვალებადია და შემთხვევითი: ისინი არაწინასწარგანზრახულად იქმნება, რეპროდუცირდება, ტრანსფორმირდება, ან წყვეტს არსებობას. ანტირედუქციონისტული მიდგომა უარყოფს ერთწესრიგიან (single-order) თეორიებს, რომელთა თანახმადაც აქტორები იმართებიან რაღაც ძირითადი ანალიტიკური მამოძრავებელი ძალის მიერ, როგორიცაა, ვთქვათ „კაპიტალიზმის ინტერესები“, „ინფორმაციული საზოგადოება“ და სხვ.

     4. ანტირედუქციონისტული მიდგომა სოციალურ შემთხვევას განსაზღვრავს, როგორც „გაუთვალისწინებელ ხდომილებას“, რომელიც ორი ტიპისაა. პირველ ტიპს წარმოადგენს დისკრეტულ მოვლენათა შემთხვევითი, ანუ კაუზალურად ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენების შეერთება. მეორე ტიპი ორი ქვეტიპისაგან შედგება: ა) ინტერსუბიექტურობის და ინტერაქციის გაუთვალისწინებელი შედეგებისაგან და ბ) არაინტერსუბიექტური პირობების ქვეშ მოქმედებათა შედეგების გაუთვალისწინებელი შეერთებისაგან.

     5. კავშირი აგენტს, სტრუქტურასა და სოციალურ შემთხვევას შორის განაპირობებს სოციალური ცხოვრების ინდენტერმინულობას. ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური ცხოვრება ქაოტურია, არამედ მიუთითებს, რომ იგი მუდამ პოტენციურად ღიაა ცვლილებებისათვის. სოციალური ცხოვრების სტაბილურობა-წყვეტადობა ემპირიული ცვლადია, რომელიც ვარირებს სოციალური გარემოს (სტრუქტურის) შეცვლასთან ერთად. არ არსებობს რაიმე სტრუქტურული პრედეტერმინაცია, თუმცა, რაღაც ეტაპზე, სოციალური ცხოვრების ზოგიერთი სეგმენტი შეიძლება მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდეს.

     6. მაკროსა და მიკროს შორის განსხვავებას გამოხატავს დროისა და სივრცის სხვადასხვა განფენილობის ანალიზის მასშტაბები. მაკრო ანალიზი მოიცავს მცირემასშტაბიანი, პირისპირ (face-to-face) ინტერაქციების ფარგლებში არსებულ მნიშვნელობებს, სტრუქტურებს, როლებს, აქტორთა ინტერაქციებს და სხვ. მიკრო ანალიზი მოიცავს აქტორთა და სოციალურ სტრუქტურათა ფართო დრო-სივრცული განფენილობის შესწავლას.

ძირითადი ცნებები

     რედუქციონალიზმი, ანტირედუქციონალიზმი, აგენტი, სტრუქტურა, სოციალური შემთხვევა, მიკრო-მაკრო, დრო-სივრცე.

დამოწმებული ლიტერატურა

  • Betts, K. 1986: The conditions of Actions, Power, and the Problem of Intereces. Sociological Review 34, pp. 39-64.
  • Boudon, R. 1986: Theories of Social Change. Oxford: Policy Press.
  • Callon, M. and Latour, B. 1981: Unscrewing and the Big Levithan: How Actors Macro-Structure Reality and How Sociologists Help them to do so, In K. Knorr-Cetina and A. V. Cicourel (eds). Advences in Social Theory and Methodology: Towerds an Integration of Micro And Macro-Sociology. London: Routledge.
  • Hidness, B. 1986: Actiors and Social Relations. In M.L. Wardell and S.P. Turner (eds.), Sociological Theory in Transition. London: Allen and Unwin.
  • Mouzelis, N.1993: The Poverty of Sociological Theory. Socilology 27, pp. 676-95.
  • Sibeon, R. 1999: anti-reducation Sociology. Sociology 33, pp. 317-334.

დასკვნის მაგიერ

როგორც ჩატარებულმა ანალიზმა დაგვანახა, სოციალური მოქმედების ფენომენის კვლევის სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია. ძალზე მოკლედ თუ გადავავლებთ თვალს ამ სპექტრს, იგი ასე გამოიყურება: სოციალურ მოქმედებას იკვლევენ, როგორც

ა) სუბიექტური საზრისის მქონე, სხვაზე ორიენტირებულ ქცევას (ვებერი);

ბ) სოციალური და კულტურული სისტემებით დეტერმინირებული პიროვნული სისტემის ნაწილს (პარსონსი);

გ) რაციონალურ არჩევანზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცედურის პრაგმატულ რეზულტატს (რაციონალური არცევანის თეორია);

დ) სხვათა როლების ათვისებაზე ორიენტირებულ ინტერაქციას (სიმბოლური ინტერაქციონალიზმი);

ე) სოციალური ცხოვრების ქმნადობის (წარმოების) და რეპროდუქციის მექანიზმს (გიდენსი);

ვ) გაუთვალისწინებელ (დიასკრეტულ) ხდომილებათა შემთხვევით კავშირს, მეტ-ნაკლები სტაბილურიბის პერსპექტივით (ანტირედუქციონისტული მიდგომა).

წარმოადგენილი თვალსაზრისები არ ამოწურავს სოციალური მოქმედების ინტერპრეტაციათა შესაძლებლობას. ეს კიდევ ერთი საბუთია იმის ნათელსაყუფად, რომ სოციალური მოქმედების თეორიები ნაყოფიერ საკვლევ ნიადაგს წარმოადგენს სოციოლოგებისათვის.

იხილეთ ამოსაბეჭდი ვერსია:

"სოციალური მოქმედება ანტირედუქციონისტული თეორიის შუქზე"

წიგნიდან

"სოციალური მოქმედების თეორიები"


ტეგები: Qwelly, თეორიები, კაჭკაჭიშვილი, რედუქციონიზმი, სოციალური_მოქმედება, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 725

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters