სიმბოლური ინტერაქციონიზმი: სოციალური მოქმედება, როგორც "როლების ათვისების" პროცესი

თავი V. სიმბოლური ინტერაქციონიზმი: სოციალური მოქმედება, როგორც „როლების ათვისების“ პროცესი

V თავის შინაარსი

• შესავალი: სიმბოლური ინტერაქციონიზმის ძირითადი პრინციპები

• 2. სიმბოლური ინტერაქციონიზმი - სოციალური პრაქსისის თეორია?

• 3. სიმბოლური ინტერაქცია - „როლების ათვისების“ პროცესი

• 4. თვითობა: „me“ და „I”

• 5. კრიტიკა

• V თავის ძირითადი შინაარსი

• დამოწმებული ლიტერატურა

1. შესავალი: სიმბოლური ინტერაქციონიზმის ძირითადი პრინციპები

     სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოიშვა როგორც ფუნქციონალიზმის და სოციალურ სისტემათა თეორიის - განსაკუთრებით, პარსონსის სტრუქტურული ფუნქციონალიზმის - ალტერნატივა. პარსონსის სოციალური მოქმედების თეორიაში სოციალური აქტიორი მიზნებსა და საშუალებებს შორის არჩევანს ახორციელებს სოციალური ნორმების და კულტურული ღირებულებების საფუძველზე, რომელთა ინტერნალიზაციასაც ახდენს ინდივიდი სოციალიზაციის პროცესში. მართალია, პარსონსი იწყებს ერთეული აქტით და ინდივიდის ვოლუნტარიზმით, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პიროვნული სისტემა აღმოჩნდება დაქვემდებარებული სოციალური და კულტურული სისტემების მიმართ. როგორც ცნობილია, პარსონსი უპირატესობას ანიჭებს ინდივიდუალური შინაარსისაგან განყენებულ სისტემურ მიდგომას და აყალიბებს ეტალონურ ცვლადებს, რომლებიც განსაზღვრავენ სოციალურ მოქმედებას და ურთიერთობას საზოგადოებაში. სწორედ ამიტომ, სტრუქტურულ ფუნქციონალიზმს მაკროსოციოლოგიურ თეორიას უწოდებენ (იხ. Н. Смелзер. 1997: ).

     ამისაგან განსხვავებით, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მიკროსოციოლოგიური თეორიაა. იგი უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და ანალიზის ფოკუსირებას ახდენს ერთეულ აქტებსა და მათ შორის ინტერაქციაზე. ინტერაქციონიზმისათვის სოციალური სისტემა არსებობს მხოლოდ ინდივიდუალურ აქტებზე გავლით და მათგან დამოუკიდებლად ფიქციას წარმოადგენს.

     სიმბოლური ინტერაქციონიზმი ჩამოყალიბდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ე.წ. „ჩიკაგოს სკოლასთან“, რომელმაც რამდენიმე ახალ სოციოლოგიურ მიმართულებას დაუდო სათავე. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის სოციოლოგია და სიმბოლური ინტერაქციონიზმი. ამ უკანასკნელის ძირითად არქიტექტორს წარმოადგენს ჯორჯ ჰერბერტ მიდი, რომლის ნააზრევიც წარმოადგენს აღნიშნული მიმდინარეობის ყვალაზე გავლენიან გამოხატულებას. არსებობს სიმბოლური ინტერაქციონიზმის სხვა ფორმებიც. მათ შორის აღსანიშნავია „აიოვას სკოლა“ (მანფრედ კუნი), „როლების თეორია“ (რალფ ტერნერი), „დრამატურგიული მიდგომა“ (ერვინგ გოფმანი).

     მოცემულ თავში განხილული იქნება ჯორჯ მიდის, ჯონ დიუის და ჰერბერტ ბლუმერის თვალსაზრისები.

     ბლუმერი (1969: 2) ახასიათებს სიმბოლური ინტერაქციონიზმის სამ ძირითად წანამძღვარს:

     1. ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვთ. საგნები მოიცავენ ყველაფერს, რისი აღნიშვნაც შესაძლებელია ადამიანურ სამყაროში: ფიზიკურ ობიექტებს (მაგ., ხეები, სკამები და ა.შ.); სხვა ადამიანებს (დედა, მაღაზიის მოხელე და სხვ.); ადამიანთა განსაზღვრულ კატეგორიებს (მეგობრები, მტრები და ა.შ.); ინსტიტუტებს (როგორიცაა მაგ., სკოლა ან მთავრობა); სახელმძღვანელო იდეებს (ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, პატიოსნება და ა.შ.); სხვათა საქმიანობებს (მათ ბრძანებებს და თხოვნას); სიტუაციებს (როგორიცაა მაგ., ინდივიდუალური შეჯახებები ყოველდღიურ ცხოვრებაში).

     2. საგანთა მნიშვნელობები მიღებულია (წარმოქმნილია) სოციალური ინტერაქციებიდან, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ. სხვანაირად თუ ვიტყვით, საგანთა მნიშვნელობები წარმოადგენს საზოგადოებაში არსებული სოციალური ინტერაქციის პროდუქტს.

     3. ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით. ამ პროცესებს ინდივიდი იყენებს იმ საგნებთან მიმართებაში, რომლებსაც იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეჯახება.

     მოკლედ დავახასიათოთ თითოეული წანამძღვარი:

     1. ბლუმერის აზრით, ერთი შეხედვით მარტივი თვალსაზრისი, რომ ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ მათთვის მინიჭებული მნიშვნელობების საფუძველზე, იგნორირებულია ფსიქოლოგების და სოციოლოგების მიერ[1]. მნიშვნელობა ან განიხილება როგორც ის, რაც თავისთავად ნაგულისხმევია და, ამდენად, არ იმსახურებს ყურადღებას, ანდა ის მიიჩნევა მხოლოდ როგორც ნეიტრალური მაკავშირებელი, ერთი მხრივ, იმ ფაქტორებს, რომლებიც ადამიანის ქცევებს განსაზღვრავს და, მეორე მხრივ, იმ ქცევას შორის, რომელიც ამ ფაქტორების შედეგს წარმოადგენს. ორივე შემთხვევაში არსებობს ტენდენცია, რომ ადამიანის ქცევა იკვლიონ როგორც განსხვავებული ფაქტორების პროდუქტი. ფსიქოლოგებსა და სოციოლოგებს შორის განსხვავება მხოლოდ ფაქტორების არჩევანშია. ფსიქოლოგები აქცენტს სვამენ ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა სტიმულები, დამოკიდებულებები, ცნობიერი და არაცნობიერი მოტივები, წარმოდგენები და კოგნიციები და ა.შ. რაც შეეხება სოციოლოგებს, ისინი ნდობას უცხადებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა სოციალური პოზიცია, სტატუსური ვალდებულებები, სოციალური როლები, კულტურული სტანდარტები, ნორმები და ღირებულებები, სოციალური ზემოქმედება და ა.შ. ორივე შემთხვევაში ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური ახსნა იგნორირებას ახდენს საგანთა მნიშვნელობების და ქცევას წარმოადგენს როგორც კერძო ფაქტორების ზემოქმედების პროდუქტს.

     სიმბოლური ინტერაქციონიზმის პოზიცია, ბლუმერის (1969: 3) თანახმად, პრინციპულად განსხვავებულია: ათვლის წერტილს ამ შემთხვევაში წარმოადგენს საგანთა მნიშვნელობები, რომლებსაც ისინი ინდივიდებისაგან იძენენ.

     2. რაც შეეხება მეორე ძირითად წანამძღვარს, რომელიც საგანთა მნიშვნელობების წარმოშობის წყაროს ეხება, ამ შემთხვევაში, არსებობს ორი ტრადიციული მიდგომა. ერთი მიდგომის თანახმად, მნიშვნელობა ჩაითვლება საგნების მიმართ შინაგანად (intrinsic), როგორც საგანთა ობიექტური შემადგენლობის ბუნებრივი ნაწილი. მაგალითად, სკამი არის სკამი თავისთავად, ღრუბელი არის ღრუბელი თავისთავად და ა.შ. წარმოადგენს რა საგნის ხელშეუვალ (ობიექტურ) მახასიათებელს, მნიშვნელობა საჭიროებს მხოლოდ გამოცალკევებას (გამოთავისუფლებას) ობიექტურ საგანზე დაკვირვების მეშვეობით. მნიშვნელობა ემანირებს საგნიდან და საჭიროა მხოლოდ გაცნობიერება, რომ იგი არსებობს საგანში. როგორც ბლუმერი (1969: 4) აღნიშნავს, მსგავსი მიდგომა ეხმიანება ფილოსოფიაში „რეალიზმის“ სახელით ცნობილ პოზიციას, რომელიც იდეათა ობიექტურ არსებობას ამტკიცებს. მეორე ტრადიციული მიდგომის თანახმად, მნიშვნელობა ჩაითვლება როგორც საგანზე ფსიქიკური „დამატება“, რომელიც მასში ინდივიდს შეაქვს. ეს დამატება წარმოადგენს ინდივიდის ფსიქიკური ორგანიზაციის შემადგენელ ელემენტებს: შეგრძნებებს, გრძნობებს, იდეებს, მეხსიერებას, მოტივებს და დამოკიდებულებებს („ატიტუდებს“). საგნის მნიშვნელობა არის სწორედ ამ ელემენტების გამოხატულება.

     სიმბოლური ინტერაქციონიზმი, ბლუმერის თანახმად, მნიშვნელობას იკვლევს როგორც წარმოშობილს სრულიად განსხვავებული წყაროდან, ვიდრე ეს შეიძლება იყოს საგანთა შინაგანი ბუნების ემანაცია, ანდა პიროვნების ფსიქოლოგიურ ელემენტებთან გაერთიანება. ნაცვლად ამისა, ინტერაქციონიზმი ამტკიცებს, რომ მნიშვნელობა წარმოიშობა ადამიანებს შორის ინტერაქციის პროცესში. ინდივიდისათვის საგნის მნიშვნელობა ამოიზრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი ადამიანი მოქმედებს მეორეს მიმართ საგნის მხედველობაში მიღებით. ამ დროს ინდივიდი ოპერირებს მოქმედებებით, რათა განსაზღვროს საგანი პიროვნებისათვის. ამრიგად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მნიშვნელობას განიხილავს როგორც სოციალურ პროდუქტს, რომელიც ფორმირდება ინტერაქციაში ჩართულ ადამიანთა განსაზღვრული საქმიანობების მეშვეობით.

     3. რაც შეეხება მესამე წანამძღვარს, ბლუმერი (1969: 5) ამ შემთხვევაშიც მიუთითებს სიმბოლური ინტერაქციონიზმის თავისებურებაზე სხვა მიდგომებისაგან განსხვავებით. იმის ხაზგასმა, რომ საგანთა მნიშვნელობები ფორმირდება სოციალური ინტერაქციის კონტექსტში, არ ნიშნავს, რომ ინდივიდის მიერ საგანთა მნიშვნელობის გამოყენება საკუთარ მოქმედებაში არ წარმოადგენს უფრო მეტს, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული (დადგენილი) მნიშვნელობების გამოწვევა და გამოყენებაა. ეს შეცდომა ბევრი მეცნიერის ხარვეზს წარმოადგენს. ისინი ვერ ხედავენ იმას, რასაც სიმბოლური ინტერაქციონიზმი ფუნდამენტურ მნიშვნელობას ანიჭებს - ადამიანთა მიერ მნიშვნელობების გამოყენება საკუთარ ქცევაში შესაძლებელია მხოლოდ ინტერპრეტაციული პროცესის მეშვეობით. ამ პროცესს აქვს ორი განსხვავებული საფეხური: პირველ საფეხურზე აქტიორი თავისთვის აღნიშნავს იმ საგნებს, რომელთა მიმართაც ის მოქმედებს. ინდივიდი საკუთარ თავს მიუთითებს იმ საგნებზე, რომელთაც აქვთ მნიშვნელობები. მსგავსი აღნიშვნების გაკეთება წარმოადგენს ინტერნალიზებულ სოციალურ პროცესს, რომლის დროსაც აქტიორი ინტერაქციას ამყარებს (ურთიერთობს) საკუთარ თავთან. ეს ინტერაქცია საკუთარ თავთან, ბლუმერის აზრით, უფრო განსხვავებულია, ვიდრე ფსიქოლოგიური ელემენტების ურთიერთქმედება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პიროვნება ჩართულია საკუთარ თავთან კომუნიკაციის პროცესში. მეორე საფეხურზე, საკუთარ თავთან კომუნიკაციის პროცესის წყალობით, ინტერპრეტაცია წარმოდგება მნიშვნელობათა განმარტების პროცესის სახით. აქტიორი არჩევს, ამოწმებს, ეჭვი შეაქვს, გადააჯგუფებს და სახეს უცვლის მნიშვნელობებს იმ სიტუაციის შესაბამისად, რომელშიც ის იმყოფება და იმ მოქმედების მიმართულებით, რომელსაც ასრულებს. შესაბამისად, ინტერპრეტაცია წარმოადგენს არა უბრალოდ ჩამოყალიბებულ (დადგენილ) მნიშვნელობათა ავტომატურ გამოყენებას, არამედ, ფორმაციის (შექმნის) პროცესს, რომელშიც მნიშვნელობები გამოიყენება და გადაისინჯება (გადამუშავდება) როგორც მოქმედების განხორციელების და მართვის ინსტრუმენტები. მაშასადამე, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელობები მოქმედებაში მონაწილეობენ თვითინტერაქციის პროცესის მეშვეობით.

     ზემოთ აღნიშნული სამი წანამძღვრის საფუძველზე სიმბოლური ინტერაქციონიზმი განავითარებს (H. Blumer, 1969: 6) საზოგადოების და ადამიანის ქცევის ანალიტიკურ სქემას. ეს სქემა მოიცავს საფუძველმდებარე იდეებს, ანუ, როგორც ბლუმერი უწოდებს, „ფესვ-ხატებს“ („root images“). მათ შორის მოიაზრება შემდეგი: ა) ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოებები; ბ) სოციალური ინტერაქცია; გ) ობიექტები; დ) ადამიანი როგორც აქტიორი; ე) ადამიანის მოქმედება და მოქმედების ხაზების ურთიერთკავშირი. ერთად აღებული, ეს „ფესვ-ხატები“ წარმოადგენს იმ გზას, რომლის მეშვეობითაც სიმბოლური ინტერაქციონიზმი განიხილავს საზოგადოებას და ადამიანის ქცევას.

     მოკლედ დავახასიათოთ თითოეული მათგანი:

     ა) ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოება. ჯგუფი შედგება ადამიანებისაგან, რომლებიც ჩართულნი არიან მოქმედებაში. მოქმედება შედეგება მრავალრიცხოვანი აქტებისაგან, რომელთაც ინდივიდები მიმართავენ. ჯგუფის წევრთა ყოველდღიური ცხოვრების გზები გადაკვეთს ერთმანეთს, რაც სხვადასხვა დაპირისპირებულ სიტუაციას წარმოქმნის. ინდივიდებს შეუძლიათ იმოქმედონ მარტო, კოლექტიურად, ანდა, სხვა ჯგუფის სასარგებლოდ. აქედან ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ: ადამიანთა ჯგუფები ან საზოგადოება არსებობს მხოლოდ მოქმედებაში და დანახულ უნდა იქნას მხოლოდ მოქმედების მნიშვნელობით. ბლუმერი მიიჩნევს, რომ საზოგადოების ასეთი სურათი ამოსავალი უნდა იყოს ნებისმიერი სქემისათვის, რომელიც მიზნად ისახავს, ემპირიულად იკვლიოს და გაანალიზოს საზოგადოება. საზოგადოების ნებისმიერი გაგება - საზოგადოება როგორც კულტურა და როგორც სოციალური სტრუქტურა - უნდა დაეყრდნოს იმ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოებულია ადამიანთა ერთმანეთის მიმართ ემპირიული მოქმედების საფუძველზე. ნებისმიერი ემპირიულად ვალიდური სქემა შეთავსებადი უნდა იყოს ადამიანთა სოციალური მოქმედების ბუნებასთან.

     ბ) სოციალური ინტერაქციის ბუნება. ბლუმერი (1969, 7) თვლის, რომ ჯგუფის ცხოვრება აუცილებლად გულისხმობს ჯგუფის წევრებს შორის ინტერაქციას. ეს ზუსტად იგივეა თუ ვიტყვით, რომ საზოგადოება შედგება ერთმანეთთან ინტერაქციაში მყოფი ინდივიდებისაგან. სიმბოლური ინტერაქციონიზმისათვის სოციალური ინტერაქციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს პროცესს, რომელიც აყალიბებს (ქმნის) ადამიანის ქცევას, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იყოს ადამიანთა ქცევის რელიზაციისა და გამოხატვის საშუალება. მარტივად რომ ითქვას, ერთმანეთთან ინტერაქციის პროცესში ჩართულ ადამიანებს უხდებათ მხედველობაში იქონიონ ის, თუ რას აკეთებენ სხვები და საკუთარი ქცევა მიმართონ, ანდა საკუთარი სიტუაციები მართონ სხვათა ქმედებების გათვალისწინებით. ამრიგად, სხვათა საქმიანობები წარმოადგენს პოზიტიურ ფაქტორს ინდივიდებისათვის საკუთარი ქცევის ფორმაციის პროცესში. სხვათა ქცევების პირისპირ ინდივიდმა შეიძლება უარი თქვას საკუთარ განზრახვებზე ან მიზნებზე, მოახდინოს მათი რევიზია, ეჭვი შეიტანოს ან შეამოწმოს, გააძლიეროს ან შეცვალოს ისინი. ინდივიდი იძულებულია შეუსაბამოს ქცევის საკუთარი მსვლელობა სხვათა მოქმედებებს. ამაში მდგომარეობს სწორედ სოციალური ინტერაქციის არსი. აქედან გამომდინარე, ბლუმერი (1969: 9) ამტკიცებს, რომ სოციალურ ინტერაქციაში ჩართული ინდივიდები იძულებულნი არიან აითვისონ ერთმანეთის როლები. იმისათვის, რათა ინდივიდმა მიუთითოს სხვას, თუ რა გააკეთოს, მან ეს მითითება ამ „სხვის“ თვალთახედვის გათვალისწინებით უნდა განახორციელოს. მოვიყვანოთ მაგალითი: იმისათვის, რათა მძარცველმა თავის მსხვერპლს უბრძანოს ხელების თავს ზემოთ აწევა, მან უნდა „დაინახოს” მისი პასუხი იმ სახით, როგორც ამას მსხვერპლი აკეთებს. შესაბამისად, მსხვერპლმა მის მიმართ ნათქვამი ბრძანება უნდა „დაინახოს“ მძარცველის პოზიციიდან, ანუ იგი უნდა მიხვდეს მძარცველის განზრახვას და მის შემდგომ მოქმედებას. როლების ამგვარი ორმხრივი ათვისება წარმოადგენს კომუნიკაციის sine qua non და ეფექტურ სიმბოლურ ინტერაქციას.

     გ) ობიექტთა ბუნება. ბლუმერის თანახმად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი აღიარებს, რომ ის „სამყარო“, რომელიც ადამიანებისათვის ანდა ჯგუფებისათვის არსებობს, შედგენილია „ობიექტებისაგან“ და რომ ეს ობიექტები წარმოადგენს სიმბოლური ინტერაქციის პროდუქტს. ობიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაზეც შეიძლება მიეთითოს (indicated), რაც აღინიშნება, ანდა რასთანაც შეიძლება შეხება გვქონდეს - წიგნი, ღრუბელი, საკანონმდებლო ხელისუფლება, ბანკირი, რელიგიური დოქტრინა და ა.შ. მოსახერხებელია, ობიექტები დაიყოს სამ კატეგორიად (H. Blumer, 1969: 10-11): ა) ფიზიკური ობიექტები, როგორიცაა სკამები, ხეები და ა.შ. ბ) სოციალური ობიექტები, მაგალითად, სტუდენტები, სასულიერო პირები, პრეზიდენტი, დედა, მეგობრები და სხვ. გ) აბსტრაქტული ობიექტები, როგორიცაა მორალური პრინციპები, ფილოსოფიური დოქტრინები, ანდა სამართლის, ექსპლოატაციის, თანაგრძნობის და სხვ. იდეები. ნებისმიერი ობიექტის ბუნება გულისხმობს იმას, რომ იგი შეიცავს მნიშვნელობას, რომელსაც ობიექტი ფლობს იმ ადამიანისათვის, რომლისთვისაც იგი ობიექტს წარმოადგენს. მნიშვნელობა ადგენს იმ გზას, რომელზეც ინდივიდი „ხედავს“ ობიექტს, ემზადება მის მიმართ მოქმედებისათვის და შესაძლებლობა ეძლევა მასზე რეფლექსია მოახდინოს. ერთ ობიექტს შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს სხვადასხვა ინდივიდისათვის: ხე განსხვავებული ობიექტი იქნება ბოტანიკოსისათვის, ტყის მჩეხავისათვის, პოეტისათვის, მებაღისათვის. რას ნიშნავს, რომ ობიექტები სოციალური ინტერაქციის პროდუქტს წარმოადგენს? ბლუმერი ხაზს უსვამს, რომ ობიექტთა მნიშვნელობები ინდივიდისათვის წარმოიქმნება იმ სახით, როგორც ამას მისთვის განსაზღვრავენ სხვები, ვისთანაც ინდივიდი ურთიერთობს. ამრიგად, სხვათა მითითებების (indications) მეშვეობით ჩვენ ვსწავლობთ, რომ სკამი არის სკამი, რომ ექიმები გარკვეულ პროფესიას ფლობენ, რომ აშშ-ს კონსტიტუცია ლეგალური დოკუმენტია და სხვ. მხოლოდ ორმხრივი მითითების შედეგად ჩნდება საერთო ობიექტები, რომელთაც აქვთ იგივეობრივი მნიშვნელობა ადამიანთა გარკვეული ერთობლიობისათვის.

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბლუმერი (1969: 11-12) დაასკვნის: ა) ობიექტები გვაძლევს განსხვავებულ სურათს ადამიანთა გარემოს შესახებ. სხვანაირად, ადამიანური გარემო შედგება მხოლოდ იმ ობიექტებისაგან, რომელთაც ეს ადამიანები აღიარებენ და იცნობენ. ადამიანური გარემო არსებობს როგორც მნიშვნელობათა სამყარო, რომელსაც ობიექტები ფლობენ სწორედ ადამიანთა წყალობით. ამდენად, ადამიანებს და ჯგუფებს, რომლებიც ერთ სივრცით არეალში ცხოვრობენ, შესაძლოა, ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებული გარემო ჰქონდეთ. ამას ბლუმერი სხვადასხვა „სამყაროში“ ცხოვრებასაც უწოდებს; ბ) ობიექტები, მათი მნიშვნელობების გათვალისწინებით, უნდა განიხილებოდეს როგორც სოციალური ნაწარმოებნი (შემონაქმედნი), რამდენადაც ისინი ფორმირდებიან ინტერპრეტაციის პროცესში, რომელიც ადამიანთა შორის სოციალური ინტერაქციის დროს მიმდინარეობს. ნებისმიერი ობიექტის მნიშვნელობა ექვემდებარება ფორმირებას, შესწავლას და გადაცემას მითითების სოციალური პროცესის წყალობით. ობიექტებს არა აქვთ რაიმე უცვლელი სტატუსი, ისინი „სტატუსს“ - მნიშვნელობას იძენენ სწორედ მითითების და განსაზღვრის მეშვეობით, ხოლო, ეს უკანასკნელი პროცესები რელატიურია და ცვალებადი. მაგ., ვარსკვლავი ცაში წარმოადგენს სრულიად განსხვავებულ ობიექტს თანამედროვე ასტროფიზიკოსისათვის, ვიდრე ის იყო, ვთქვათ, ბიბლიური დროის მწყემსისათვის; ქორწინება განსხვავებულ ობიექტს წარმოადგენდა გვიანდელი რომაელისათვის, ვიდრე ძველი რომის საზოგადოების წევრისათვის.

     დ) ადამიანი როგორც მოქმედი სუბიექტი. ბლუმერის თანახმად, სიმბოლური ინტერაქციონიზმი აღიარებს, რომ ადამიანთა ბუნება უნდა შეესაბამებოდეს სოციალური ინტერაქციის ბუნებას. ადამიანი განხილულ უნდა იქნას როგორც ორგანიზმი, რომელიც არა მხოლოდ არასიმბოლურ დონეზე პასუხობს სხვებს, არამედ მითითებებს ახდენს სხვებზე და მათი მითითებების ინტერპრეტაციასაც ახდენს. როგორ ახერხებს ამას ადამიანი? ბლუმერი იმოწმებს ჯორჯ მიდს, რომლის მიხედვითაც, სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას განაპირობებს ის, რომ ინდივიდები ფლობენ „თვითობას“ („self“). ეს, უბრალოდ, ნიშნავს იმას, რომ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ობიექტი: შეუძლია შეიმეცნოს (გააცნობიეროს) საკუთარი თავი, მაგალითად, რომ იგი არის მამაკაცი, ახალგაზრდა, სტუდენტი, მაღალი ფენის ოჯახის წარმომადგენელი, ექიმობის პროფესიის დაუფლების მოსურნე და ა.შ. ყველა ამ შემთხვევაში ინდივიდი არის საკუთარი თავის ობიექტი, მოძრაობს საკუთარი თავის მიმართულებით და საკუთარ თავს აკონტროლებს სხვებთან მიმართებააში. მაგრამ, საკუთარი თავის ობიექტად ყოფნა შესაძლებელია მხოლოდ სოციალური ინტერაქციის წყალობით. უფრო ზუსტად: იმისათვის, რათა გახდეს საკუთარი თავის ობიექტი, ინდივიდმა იგი უნდა დაინახოს „გარედან“, ანუ, საკუთარი თავი უნდა ჩააყენოს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან „შეხედოს“ საკუთარ თავს. ეს სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდის მიერ სხვათა როლების ათვისების პროცესი.[2] ბლუმერი (1969: 13-14) კიდევ ერთი კუთხით ახასიათებს ინდივიდის მიერ საკუთარ თავთან ურთიერთობის ფენომენს: თვითინტერაქცია არსებობს როგორც საკუთარ თავზე მითითებების გაკეთების და ამ მითითებებზე პასუხის გაცემის პროცესი. რაიმეზე მითითებების გაკეთება, როგორც ადრე გავარკვიეთ, ამ რაიმეს ობიექტად ყოფნას გულისხმობს. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ყოველთვის შეიცავს მნიშვნელობას. შესაბამისად, საკუთარ თავზე მითითება, მისთვის რაიმე მნიშვნელობის მინიჭებას გულისხმობს, ეს კი სხვათა როლების ათვისების მეშვეობით ხორციელდება.

     ე) ადამიანის მოქმედების ბუნება. ბლუმერის თანახმად, ადამიანის უნარი, მიუთითოს საკუთარ თავზე, სპეციფიკურ დატვირთვას აძლევს მის მოქმედებას. ინდივიდის მოქმედება არ არის უბრალოდ პასუხი მასზე მოქმედი ფაქტორების ზემოქმედებაზე. ინდივიდი მუდმივად უპირისპირდება იმ სამყაროს, რომლის ინტერპრეტაციაც უნდა განახორციელოს. ინტერპრეტაციის პროცესში იგი ეჯახება სიტუაციებს, რომელშიც უწევს მოქმედება, ახდენს რა სხვათა მოქმედებების მნიშვნელობების განსაზღვრას და მოქმედების საკუთარი გზის დაგეგმვას. ამდენად, ინდივიდი იძულებულია, „ააგოს“ და გაუძღვეს საკუთარ მოქმედებას და არ დაკმაყოფილდეს მხოლოდ ზემომქმედ ფაქტორებზე რეაქციებით. ადამიანის მოქმედება მხედველობაში იღებს განსხვავებულ საგნებს, რომელთაც იგი აღნიშნავს და ქცევის იმ გეზს, რომლის საფუძველზეც ახდენს საგანთა ინტერპრეტაციას. საგნები, რომელთაც ინდივიდი მხედველობაში იღებს, შეესაბამება მის სურვილებს, მიზნებს, მიზანთა მიღწევის არსებულ საშუალებებს, სხვათა ნავარაუდევ მოქმედებებს, ინდივიდის წარმოდგენას საკუთარ თავზე და მოქმედების მოცემული გზის მოსალოდნელ შედეგებს. ადამიანის ქცევა ფორმირდება და იმართება მითითების და ინტერპრეტაციის პროცესების წყალობით. ამ პროცესში მოქმედების ესა თუ ის გზა იწყება, ან, პირიქით, წყდება, გადაიდება, შეიცვლება…და ა.შ.

     ადამიანის მოქმედების შესახებ ეს თვალსაზრისი თანაბარი წარმატებით გამოიყენება ერთობლივი ან კოლექტიური მოქმედების შემთხვევაში, რომელშიც ადამიანთა განსაზღვრული რიცხვია ჩართული. ამ ტიპის მოქმედებები სოციოლოგიის ინტერესების სფეროში შემოდის ჯგუფური ქცევის, ინსტიტუტების, ორგანიზაციების და სოციალური კლასების სახით. სოციეტალური ქცევის მსგავსი დონეების ფარგლებში ინდივიდები ერთმანეთს უთანადებენ მოქმედებების მსვლელობას. ამ შემთხვევაში ინტეპრეტაციული პროცესი ხორციელდება მონაწილეების მიერ არა მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ერთმანეთის ქცევებზე მითითებით.

     ვ) მოქმედების ურთიერთკავშირი. როგორც აღინიშნა, ადამიანთა ჯგუფების არსებობის წესი გულისხმობს მოქმედების მსვლელობათა შესაბამისობას ერთმანეთთან, რასაც ჯგუფის წევრები ახდენენ. მოქმედების გზათა მსგავსი შეერთება ქმნის „ერთობლივ მოქმედებას“ - სხვადასხვა ინდივიდების განსხვავებულ ქცევათა სოციეტალურ ორგანიზაციას. ერთობლივ მოქმედებასთან საქმე გვაქვს, როდესაც ლაპარაკია, მაგალითად, ქორწინებაზე, სავაჭრო გარიგებაზე, საპარლამენტო დისკუსიაზე, ანდა საეკლესიო მომსახურებაზე. მსგავსად ამისა, შეიძლება ვილაპარაკოთ ერთობლივ მოქმედებაში ჩართულ კოლექტივებზე, მათი ინდივიდუალური წევრების იდენტიფიკაციის მოთხოვნის გარეშე. ასეთ კოლექტივებს წარმოადგენს ოჯახი, ბიზნესის კორპორაცია, უნივერსიტეტი, ერი და სხვ.

     ბლუმერი (1969: 17-18) გვთავაზობს სამ დაკვირვებას, რომლებიც მოქმედების ურთიერთკავშირის იმ ფორმას ეხება, რაც ერთობლივ მოქმედებას აყალიბებს. პირველი ის არის, რომ ერთობლივი მოქმედება წარმოადგენს განმეორებადს და სტაბილურს. საზოგადოებაში სოციალური მოქმედების დომინანტურ ნაწილს წარმოადგენს სწორედ ერთობლივი მოქმედების განმეორებადი მოდელები. უმრავლეს სიტუაციაში, როდესაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ მოქმედებენ, მათ აქვთ წინასწარ ჩამოყალიბებული გაგება იმისა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ თავად და იმისაც, თუ როგორ მოიქცევიან სხვა ადამიანები. საზოგადოების წევრები იზიარებენ საერთო და წინასწარ განსაზღვრულ მნიშვნელობებს, რომელთა დაცვის მოლოდინიც სხვა წევრთა მხრიდან არსებობს. შესაბამისად, ერთობლივი მოქმედების თითოეულ წევრს შეუძლია მართოს საკუთარი ქცევა საერთო მნიშვნელობების საფუძველზე. ცნებები „კულტურა“ და „სოციალური წესრიგი“ სწორედ ერთობლივი მოქმედების შინაარსს ატარებენ. სოციოლოგიური სქემები ეყრდნობიან რწმენას, რომ საზოგადოების არსებობის წესი გულისმობს ცხოვრების დადგენილი წესის მიყოლას, რომელიც ეფუძნება კანონების, ღირებულებების და სანქციების ნაკრებს. თუმცა, როგორც ბლუმერი მიუთითებს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთობლივი მოქმედების ფარგლებში არ წარმოიშობა ახალი სიტუაციები. ახლის წარმოშობა მუდმივი პროცესია, რომელსაც ყოველთვის ახლავს პრობლემები, რამდენადაც არსებული წესების მიმართ არაადექვატურია. უფრო მეტი: იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საქმე გვაქვს წინასწარ განსაზღვრულ და განმეორებად ერთობლივ მოქმედებასთან, მისი ყოველი ცალკეული შემთხვევა ხელახალ ფორმირებას (განახლებას) მოითხოვს აღნიშვნის და ინტერპრეტაციის პროცესების მეშვეობით.

     მოქმედებათა ურთიერთკავშირზე მეორე დაკვირვება, რაც ერთობლივ მოქმედებას აყალიბებს, ეხება (H. Blumer, 1969: 19) მოქმედებათა გაფართოებულ კავშირს (extended connection), რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ჯგუფის არსებობას. აქ იგულისხმება მოქმედების ფართო და კომპლექსური ქსელები, რომლებიც შეიცავენ განსხვავებული ადამიანების განსხვავებულ მოქმედებათა ურთიერთკავშირს და ურთიერთდამოკიდებულებას. ამის მაგალითს წარმოადგენს შრომის განაწილების ქსელური მექანიზმი, რომელიც გაშლილია ფერმერის მიერ მარცვლეულის მოყვანიდან, ვიდრე მაღაზიაში პურის გაყიდვამდე. ასეთი ფართო ქსელი ადასტურებს, რომ ჯგუფის ცხოვრებას სიტემური ხასიათი აქვს.

     მესამე დაკვირვება, ბლუმერის (1969: 20) თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ ერთობლივი მოქმედების ნებისმიერი შემთხვევა, ახლად ფორმირებული თუ დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული, აუცილებლად წარმოიშობა ჯგუფის წევრთა წინა მოქმედებების ფონზე. ინდივიდები, რომლებიც ჩართულნი არიან ახალი ერთობლივი მოქმედების ფორმირებაში, ყოველთვის შეიარაღებულნი არიან ობიექტებით, მნიშვნელობების ნაკრებით და ინტერპრეტაციის სქემებით, რომლებსაც ისინი უკვე ფლობენ. ეს მათი გამოცდილებაა, როგორც წინა ერთობლივი მოქმედების პროდუქტი. ეს უკანასკნელი იქცევა იმ კონტექსტად, რომელთანაც კავშირშია ახალი ერთობლივი მოქმედების ფორმირება. ყველაზე უფრო რადიკალურად განსხვავებულ და სტრესულ სიტუაციებშიც კი, როდესაც ინდივიდებს უწევთ განავითარონ ერთობლივი მოქმედების ახალი ფორმები, რომლებიც შესამჩნევად განსხვავდება იმისაგან, რაშიც ისინი ადრე იყვნენ ჩაბმულნი - გარკვეული კავშირები და უწყვეტობა მაინც არსებობს, რომელთა გათვალისწინების გარეშე ახალი ფორმების გაგება შეუძლებელია. ამრიგად, ბლუმერის აზრით, ერთობლივი მოქმედება ყოველთვის გამოხატავს არა მხოლოდ ჰორიზონტალურ კავშირებს ჯგუფის წევრთა ქმედებებში, არამედ, ვერტიკალურ კავშირებსაც წინა ერთობლივ მოქმედებებთან.

     ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ბლუმერი (1969: 20-21) ახდენს შეჯამებას: სიმბოლური ინტერაქციონიზმი საზოგადოებას განიხილავს როგორც სოციალური ცხოვრებას, რომელიც ურიცხვ მოქმედებათა პროცესების ასპარეზია. ამ პროცესის მონაწილე ინდივიდები მრავალრიცხოვან სიტუაციებში (რომლებთანაც უწევთ შეჯახება) განავითარებენ მოქმედების საკუთარ გეზს. თუმცა, აქტიორები მონაწილეობენ ინტერაქციის ფართო პროცესში, რომელიც მათგან ითხოვს მოქმედების შეთანადებას სხვებთან. ინტერაქციის პროცესი მოიცავს სხვებზე მითითებების გაკეთებას და სხვების მიერ გაკეთებული მითითებების ინტერპრეტაციას. აქტიორები ცხოვრობენ ობიექტთა სამყაროში და თავიანთ მოქმედებებში იმართებიან ამ ობიექტთა მნიშვნელობებით. ობიექტები ფორმირდებიან და ტრანსფორმირდებიან სოციალური ინტერაქციის პროცესში. ეს ზოგადი პროცესი დიფერენცირებულად უნდა განიხილებოდეს იმასთან კავშირში, რომ ადამიანები დაყოფილები არიან სხვადასხვა ჯგუფებად, ეკუთვნიან სხვადასხვა გაერთიანებებს და იკავებენ განსხვავებულ პოზიციებს. შესაბამისად, ისინი ერმანეთთან დიფერენცირებულად ურთიერთობენ, განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ და მნიშვნელობათა განსხვავებულ ნაკრებს იყენებენ საკუთარი მოქმედებების სახელმძღვანელოდ. ამის მიუხედავად, შესაძლებელია ფორმირდეს ის, რასაც კოლექტივი და მისი საქმიანობა გულისხმობს. ეს შესაძლებელია აღნიშვნის და ინტერპრეტაციის პროცესების წყალობით.

2. სიმბოლური ინტერაქციონიზმი - სოციალური პრაქსისის თეორია?

     თუ გავითვალისწინებთ მოქმედების თეორიების იმ კლასიფიკაციას, რომელიც მათ საკუთრივ სოციალური მოქმედების, ხოლო, მეორე მხრივ, პრაქსისის თეორიებად ჰყოფს, ამ კლასიფიკაციის მომხრენი (I. J. Cohen), სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიდგომას მიიჩნევენ პრაქსისის თეორიის პირველ გამოკვეთილ ინდიკატორად. ეს პოზიცია შემდეგნაირად საბუთდება (I. J. Cohen, 2000: 83-84 ): როდესაც ვებერი „მოქმედებას“ განსაზღვრავს, როგორც სუბიექტური საზრისის მატარებელ ქცევას, ეს განსაზღვრება მხედველობაში არ იღებს ქცევის სხვა განზომილებას, კერძოდ, ქცევის შესრულებას (პერფორმაციას) ან ქმნადობას. სოციალური მოქმედების თეორია ეხება იმას, თუ რა მნიშვნელობას გულისხმობენ აქტიორები მათ ქმედებებში, ხოლო პრაქსისის თეორია ეხება იმას, თუ როგორ აკეთებენ აქტიორები იმას, რაც ხდება. მოქმედების მნიშვნელობის ნაცვლად, პრაქსისი აქცენტს სვამს მოქმედების მსვლელობაზე.

     დეკარტეს ცნობილი პრინციპიდან - „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ - მოყოლებული, მოქმედების სუბიექტური თეორიები გადაჭარბებულ პრივილეგიას ანიჭებენ ცნობიერებას (გონებას). პრაქსისის თეორიტოკოსებს სურთ დაასაბუთონ, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია ჰქონდეს მოქმედების მართვის შეუზღუდავი და სუვერენული ძალაუფლება. ეს პოზიცია პირველად, ყველაზე გამოკვეთილი სახით სწორედ სიმბოლურ ინტერაქციონიზმში, კერძოდ, ჯონ დიუისთან და ჯორჯ ჰერბერტ მიდთან გამჟღავნდა. დიუი და მიდი პრაგმატისტები არიან. პრაგმატიზმის მიხედვით, სოციალური აქტიორი, იმისათვის რათა იმოქმედოს, უნდა იყოს განსხეულებული (embodied). სწორედ ამას ივიწყებენ სოციალური მოქმედების თეორიტიკოსები, ამტკიცებენ რა, რომ გონება სხეულზე მეტია. მაშასადამე, პრაგმატისტებისათვის ამოსავალია არა „ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“, არამედ ის, რომ ინდივიდები მოქმედებენ მათი სხეულების მეშვეობით, რომელზეც რეაგირებს გარესამყარო, ხოლო გონება ახდენს ამ რეაქციის რეგისტრაციას და პასუხობს მას. სხეული და გონება წარმოადგენს ორ განსხვავებულ ფაზას მოქმედების განვითარებაში.

     პრაგმატული თეორია სოცილურ ქცევას „ამაგრებს“ სიტუაციებზე. სიტუაცია წარმოადგენს კონტექსტს განსხვავებულ ქცევათა შესაძლებლობებისათვის. ეს სიტუაციები ინდივიდის სხეულებზე „გადის“, უფრო ზუსტად, უკავშირდება ინდივიდის ორგანულ და კუნთოვან (მუსკულატურ) რეაქციებს, რომელთაც ინახავს მეხსიერება. ნებისმიერი სიტუაცია, რომელშიც კი აქტიორი ერთვება, დაკავშირებულია სხეულებრივი რეაქციების - დაძაბულობის, აღგზნების, ყოყმანის, მგძნობელობის და ა.შ. - ნაკრებთან. ეს არის ე. წ. „წინაკოგნიტური“ მოლოდინები იმისა, თუ რა მოხდება და როგორი იქნება ინდივიდის მოქმედება. მაგალითად, ლექტორი, როდესაც იგი აუდიტორიაში ლექციის წასაკითხად ემზადება, განიცდის ფიზიკურ შფოთვას (მოუსვენრობას). ანდა, მელომანი გრძნობს ფიზიკურ აღელვებას, ვიდრე მისი საყვარელი არიის შესრულება დაიწყება.

     მაგრამ, როგორც თანამედროვე პრაგმატისტები (H. Joas, 1992: 133) მიუთითებენ, სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთი წინაკოგნიტური მოლოდინები არ ასრულდეს. მაგალითად, ლექტორმა, რომელიც ელოდება აუდიტორიაში წარმატებით გამოსვლას, შესაძლოა, ფრუსტრაცია განიცადოს იმის გამო, რომ თავისი ჩანაწერების წამოღება დაავიწყდა; მელომანს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს იმის გამო, რომ მისი საყვარელი არია ცუდად შესრულდა. თუმცა, მოლოდინების იმედგაცრუება ხსნის ახალ შესაძლებლობებს ახალი ტიპის რეაქციებისათვის, რაც შემოქმედებითობის საფუძველს წარმოადგენს. პრაგმატისტები ამას „სიტუაციურ შემოქმედებითობას“ („situated creativity“) უწოდებენ. დავუბრუნდეთ იგივე მაგალითს: ლექტორმა შეიძლება ლექციის იმპროვიზაციას მიმართოს, ხოლო მელომანის რეაქცია წარმოდგენის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებში გამოიხატოს. შემოქმედებითობა თავს იჩენს სწორედ მაშინ, როდესაც მოცეულ სიტუაციაზე რუტინული რეაქციები არაადექვატურად გამოიყურება და სიტუაციის მოულოდნელი განვითარება ინდივიდის გონებრივი და წარმოსახვითი უნარების დაძაბვას იწვევს ადექვატური რეაქციის უზრუნველსაყოფად. ამგვარი განახლება (ანუ ახალ კალაპოტში „გადაწყობა“) არ ხდება სხეულებრივი რეაგირებისაგან დამოუკიდებლად. ინდივიდი გრძნობს ფიზიკურ დაძაბულობას, როდესაც ქმედება არ არის მოლოდინის შესატყვისი, მისი სხეული ეძებს „გასაღებს“ მოვლენათა ახალი განვითარებისათვის და გრძნობს შვებას, როდესაც მას ღმოაჩენს. მაშასადამე „სიტუაციური შემოქმედებითობა“ მოიცავს ორივეს - სხეულს და გონებას.

     ისმის კითხვა: ის, რაც პრაგმატისტების მიერ მოქმედების განსხეულებაზე ითქვა, რა კავშირშია „სიმბოლური ინტერაქციონიზმის“ თვალსაზრისთან? მიდი და დიუი ტერმინს „ინტერაქცია“ რამდენადმე არაორთოდოქსული გზით იყენებენ. კერძოდ, ეს ტერმინი მათთან მოიხმარება გაცილებით ფართო (განზოგადებული) მნიშვნელობით, ვიდრე, ვთქვათ, ბლუმერთან, რომელიც ინტერაქციას მოიაზრებს, როგორც პირისპირ (face to face) ქცევას. დიუი და მიდი აღნიშნულ ტერმინს განიხილავენ როგორც „შეგუების“ (accommodation) და „ადაპტაციის“ სინონიმს და მისით აღნიშნავენ ყველა ტიპის არსებულთა შორის ურთიერთობას, დაწყებული ატომებიდან და უჯრედებიდან, ვიდრე საზოგადოების წევრებამდე (Dewey, 1925: 145). მაშასადამე, ინტერაქციის პროცესში ჩართულია როგორც ბუნებრივი, ისე სოციალური სამყაროს ძალები. ამ თვალსაზრისით, ინტერაქციის გაგება უახლოვდება ადაპტაციის ევოლუციური თეორიისათვის (დარვინი) დამახასიათებელ გაგებას, რომლის თანახმადაც ადამიანები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახეობები, ისწრაფვიან, განახორციელონ თავიანთი ქცევის ადაპტირება იმ ზომით, რომ მიაღწიონ სტაბილურ და კოორდინირებულ თანამშრომლობას ყველასთან, ვისთანაც მოცემულ სიტუაციაში უწევთ ურთიერთობა.

     ინტერაქციის უნივერსალურობის დასამტკიცებლად მიდი (1934: 185) გვთავაზობს მაგალითს, რომელიც ააშკარავებს ურთიერთობას, რაც ადამიანსა და ბუნებრივ ძალებს შორის შეიძლება არსებობდეს: ინჟინერი, რომელიც აგებს ხიდს, ურთიერთობს, „საუბრობს“ ბუნებასთან ისევე, როგორც სუბიექტი სუბიექტთან, განიცდის გარკვეულ ფიზიკურ ზეწოლას (ზემოქმედებას) და დაძაბულობას. ისინი მომდინარეობს ხიდისაგან, რაც სხვა არაფერია, თუ არა „პასუხი“ (რეაქცია) ინჟინრის მოქმედებაზე. ინჟინერის მარეგულირებელი მოქმედებების კვალად, ხდება დაძაბულობის შენელება და ცვლილებების მიმართ შეგუება. საბოლოო ჯამში, ხიდისაგან გამოწვეული დაძაბულობა აღწევს იმ დონეს, რომელიც აკმაყოფილებს ინჟინერს და უზრუნველყოფს სტაბილურობას - ბუნებასთან კოოპერაციას. ცხადია, ამ შემთხვევაში საქმე არა გვაქვს სრულყოფილ ადამიანურ ინტერაქციასთან. ინჟინერი, როგორც აქტიორი, უნდა განვასხვავოთ ხიდისაგან, როგორც ობიექტისაგან, რომელიც მოკლებულია რაიმე მენტალურ უნარს სიტუაციის გასაცნობიერებლად. ამდენად, ხიდის „რეაქცია“ ინჟინრის ქმედებებზე წმინდა მექანიკური ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ინტერაქციასთან, რამდენადაც არსებობს ზემოქმედების და რეაგირების პროცესი, არსებობს დაძაბულობის ფაქტორი და მისი მოხსნის ძალისხმევა, როგორც ინდივიდის მარეგულირებელი მოქმედება, რაც ადაპტაციის აუცილებელ დონეს უზრუნველყოფს. მაშასადამე, ინტერაქციის ცნება დიუისთან და მიდთან აღნიშნავს რეგულირების ყველა ფორმას და არა მხოლოდ იმ ფორმებს, რომლებშიც მარტოოდენ ცნობიერი რეაქციებია ჩართული.

     რაც შეეხება წმინდა ადამიანურ ინტერაქციას, იგი ასეთად იქცევა ადამიანის მენტალური უნარების წყალობით, როგორიცაა განსჯა, წარმოსახვა, რეფლექსია და ა.შ. აღნიშნული უნარები უზრუნველყოფს განსხვავებულ სიტუაციებზე კონტროლს და მათი რეგულირების უნიკალურ შესაძლებლობებს. პრაგმატისტები ამას ინტერაქციის მენტალურ ფაზას უწოდებენ, როდესაც ქცევაში ჩართულია ცნობიერება (გონება).

     თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ინტერაქცია მხოლოდ ცნობიერ ხასიათს ატარებს და მის ფარგლებში არ მოიძებნება ადგილი ჩვეულებებისათვის (habits). ინტერაქციონისტები, ამ თვალსაზრისით, პრინციპულად ემიჯნებიან ვებერს. როგორც ადრე ვნახეთ, ვებერი ტრადიციულ მოქმედებას, რომელიც ხანგრძლივ ჩვევაზე დაფუძნებული ურთიერთობაა, „მძიმედ“ მიაკუთვნებს სოციალური მოქმედების კატეგორიას და მას „სოციალურობის ზღვარზე“ მყოფს უწოდებს. ამის მიზეზი კი, როგორც ცნობილია, ის არის, რომ, ვებერის აზრით, ჩვეულებები, შესაძლოა, შესრულდეს თავისთავად ნაგულისხმევი მნიშვნელობის ან ნახევრადცნობიერი განზრახვის გზით. ეს კი სოციალურობისაგან გადახრას წარმოადგენს. როგორც მკვლევარები (I. J Cohen, 2000: 86) მიუთითებენ, დიუისაც აქვს პრობლემები ჩვეულების „უფლებამოსილებასთან“ დაკავშირებით, მაგრამ ეს პრობლემები უფრო ნორმატიულია, ვიდრე ანალიტიკური. კერძოდ, დიუი (1922: part 1) ახდენს ჩვეულებების შერჩევას, მათ ნორმატიულ შეფასებას. შერჩევის და შეფასების პირობად აღებულია ის, თუ რამდენად უწყობს ხელს ესა თუ ის ჩვეულება სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რამდენად აძლევს იგი ბიძგს ისეთ შემოქმედებით ინოვაციებს, რომლებიც ფრუსტრირებული სოციალური ცხოვრების რეგულირებას წაადგება. აქედან გამომდინარე, დიუი უარყოფს მონოტონურ ჩვეულებებს (მაგ. დაზეპირების პრაქტიკა სკოლებში, ანდა საამწყობრო კონვეიერული წარმოება ინდუსტრიულ საზოგადოებაში), რომლებიც გზას უღობავენ შემოქმედებით ინოვაციებს და აფერხებენ პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული აზროვნების განვითარებას.

     ამდენად, დიუს (1922: 31-2) ყურადღება გადატანილია ისეთ ჩვეულებებზე, რომლებიც წარმოადგენენ არა მექანიკურ, არამედ დინამიკურ გეგმებს (დისპოზიციებს), რაც ხელს უწყობს სოციალური ცხოვრების რეგულირებას. თუ ზოგადად შევაფასებთ, უნდა ითქვას, რომ დიუის თეორია, რეფლექსური ცნობიერების და ქცევითი ცვლილებების გარდა, ჩვეულებათა ციკლების შესახებ თეორიას წარმოადგენს. ადამიანები, უბრალოდ, მოკლებულნი არიან უნარს, რომ მოახდინონ მათ მიერ შესრულებული ყველა ქმედების რეფლექსია, თვალი მიადევნონ ყველა საქმიანობას, რომელსაც ისინი ქმნიან დროის გარკვეულ მონაკვეთში. სოციალური ცხოვრება შეუძლებელია ყოველთვის თავიდან იშვას რეფლექსური ცნობიერების გზით. კვლავწარმოების პროცესი ხშირად რუტინულ, იმპლიციტურად ნაგულისხმევ პროცესს წარმოადგენს, რაც სწორედ ჩვეულებათა ნაკრებისაგან შედგება. როდესაც ხდება წყვეტა ჩვეულებათა შესრულებაში, ეს იწვევს მოლოდინების ფრუსტრაციას, რასაც ფსიქიკური სტრესი მოსდევს. თუმცა, დიუისათვის ამგვარი ვითარება სრულიად ნორმალურია და მისაღებიც, რამდენადაც იგი წარმოადგენს სტიმულს მენტალობისათვის ქცევითი ცვლილებების განსახორციელებლად. რასაკვირველია, სტრესულ სიტუაციებზე რეაქცია შეიძლება ემოციების მოზღვავებაში გამოიხატოს, ანდა მისი განეიტრალება მოხდეს, ვთქვათ, ნარკოტიკული საშუალებებით. მაგრამ, ამგვარ დევიაციებს უდავოდ აქვთ ალტერნატივა, რაც რაციონალური საშუალებებით ფრუსტრაციის ჩანაცვლებაში გამოიხატება.

3. სიმბოლური ინტერაქცია - „როლების ათვისების“ პროცესი

     თუ დიუი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, როგორ ერთვება რეფლექსური გონება ჩვეულებებში, მიდი უფრო მეტად აქცენტირდება პერსონალური ცნობიერების როლზე სოციალურ ინტერაქციაში. მიდის წინაშე (ისევე როგორც დიუისთან) დგას კითხვა: რა განაპირობებს წესრიგს ინტერაქციაში? მიდი (1934: 62-4) პასუხობს, რომ ადამიანები ერთმანეთის ქცევას არეგულირებენ მათთვის მნიშვნელადი სიმბოლოების მეშვეობით. ძირითად სიმბოლოებს წარმოადგენენ სიტყვები (მეტყველება). ენობრივი ნიშნები წარმოადგენს მნიშვნელადი სიმბოლოს იმ ტიპს, რომელიც ადამიანებს ცხოველებისაგან განასხვავებს. ცხოველები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ ჟესტების მეშვეობით, რომელიც იმით განსხვავდება ადამიანთა შორის კომუნიკაციისაგან, რომ არ არის დაკავშირებული გაგების ფენომენთან. მოვიყვანოთ მაგალითი (I. Craib, 1992: 87): როდესაც ერთი ძაღლი მეორეს უღრენს, ხოლო მეორე უკან იხევს, პირველი გამოხატავს აგრესიას, ხოლო მეორე - შიშს. მაგრამ აქ არ არსებობს ურთიერთგაგება. ამისაგან განსხვავებით, როდესაც ლექტორს სურს შენიშვნა მისცეს სტუდენტს, რომელიც მას ძალზე ბევრ დროს ართმევს, იგი არ უჩვენებს მას კბილებს და არ იღრინება, არამედ უტარებს სტუდენტს ახსნა - განმარტებას, და იმედოვნებს, რომ სტუდენტი ამას გაიგებს. ცხოველის ქცევისაგან განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ მნიშვნელადი სიმბოლო, ცხოველის ჟესტისაგან განსხვავებით, იწვევს იგივე რეაქციას ლექტორში, რასაც სხვაში.

     ის, რომ ადამიანთა ინტერაქცია გაჯერებულია მნიშვნელადი სიმბოლოებით, არ ნიშნავს იმას, რომ ინტერაქცია მხოლოდ სიმბოლური შეიძლება იყოს. მიდი განასხვავებს სოციალური ინტერაქციის ორ დონეს: ერთს იგი უწოდებს „ჟესტებით საუბარს“, ხოლო მეორეს - „მნიშვნელადი სიმბოლოების გამოყენებას“. ბლუმერი, რომელიც ახდენს მიდის ძირითადი პრინციპების გადმოცემას და ინტერპრეტაციას, აღნიშნულ ორ დონეს არასიმბოლურ და სიმბოლურ ინტერაქციებს უწოდებს (H. Blumer, 1969: 8, 65-6) არასიმბოლური ინტერაქციის დონეზე ინდივიდები პირდაპირ რეაგირებენ ერთმანეთის ჟესტებზე ან მოქმედებებზე. ამგვარი ინტერაქცია უმეტესად რეფლექტორულ (უნებლიე) რეაქციებში მჟღავნდება. მაგალითად, ასეთი რეაქცია აქვს ბოქსიორი რინგზე, როდესაც ავტომატურად მაღლა სწევს თავის მკლავს, რათა მოწინააღმდეგის დარტყმა მოიგერიოს. ადამიანთა ყოველდღიური ცხოვრება სავსეა არასიმბოლური ინტერაქციებით, რამდენადაც მათ უწევთ დაუყონებლივ და არარეფლექსურად უპასუხონ ერთმანეთის სხეულებრივ მოძრაობებს, გამონათქვამებს, ხმის ტონს და სხვ. რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციას, ამ დროს ინდივიდები ავტომატურად კი არ რეაგირებენ სხვათა მოქმედებებსა და ჟესტებზე, არამედ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას, ანუ აძლევენ მათ მნიშვნელობებს. იგივე მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, თუ ბოქსიორი ახდენს რეფლექსიას იმაზე, რომ გამოიცნოს მოსალოდნელი დარტყმა, როგორც მოწინააღმდეგის გამიზნული ფანდი მის წინააღმდეგ, ეს უკვე სიმბოლური ინტერაქციაა. ამ შემთხვევაში ბოქსიორი ცდილობს, გამოარკვიოს დარტყმის მნიშვნელობა - ის, თუ რას გამოხატავს (ნიშნავს) დარტყმა მისი მოწინააღმდეგის გეგმის მიხედვით.

     როგორც ბლუმერი (1969: 9) აღნიშნავს, მიდი სიმბოლურ ინტერაქციას განიხილავს როგორც ჟესტების (სიმბოლოების) და ამ ჟესტების მნიშვნელობებზე პასუხის პრეზენტაციას. ჟესტი წარმოადგენს მიმდინარე მოქმედების ნებისმიერ ნაწილს ან ასპექტს, რომელიც გამოხატავს უფრო ფართო მოქმედებას (რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს). მაგალითად, მუშტის ქნევა წარმოადგენს შესაძლო თავდასხმის ინდიკატორს. ისეთი მოვლენები, როგორიცაა თხოვნა, ბრძანება, რეპლიკები, დეკლარაცია და ა. შ. წარმოადგენს ჟესტებს, რომლებიც ადამიანს გადასცემენ (ატყობინებენ) იმ აქტიორის განზრახვას და შემდგომი მოქმედების გეგმას, რომელიც ამ ჟესტების პრეზენტაციას ახდენს. ეს უკანასკნელი იყენებს ჟესტებს როგორც ინდიკატორებს ან ნიშნებს იმისა, თუ რის გაკეთებას გეგმავს, ანდა რა სურს მას რესპონდენტისაგან. მეორე მხრივ, ინდივიდი, რომელიც პასუხს სცემს ამ ჟესტებს, ამას აკეთებს იმ საფუძველზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებენ ისინი მისთვის. ამრიგად, ჟესტებს აქვთ მნიშვნელობა ორივესათვის - ინდივიდისათვის, რომელიც მათ წარმოადგენს და ინდივიდისათვის, რომლის მიმართაც ისინი მიმართულია. როდესაც ჟესტს აქვს იგივეობრივი მნიშვნელობა ორივესათვის, ეს უზრუნველყოფს ინდივიდებს შორის ურთიერთგაგებას.

     ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიდის დასკვნა, ისევ და ისევ, ასეთია: ურთიერთობის (ინტერაქციის) პროცესში ყოველი ადამიანი საკუთარ თავს სხვის პოზიციაში აყენებს. სხვანაირად რომ ითქვას ინტერაქციის პროცესში გამოყენებულ სიმბოლოებთან დაკავშირებით არსებობს იმპლიციტური მოლოდინები: შემსრულებელი ელოდება, რომ მის მიერ გამოყენებულ ჟესტებზე სხვა (თანამონაწილე) რეაგირებას მოახდენს განსაზღვრული გზით. ამდენად, იგი იღებს (ითვალისწინებს) სხვის როლს, როგორც გარკვეულად მოსალოდნელ ქცევას. პირუკუ, თანამონაწილეს („სხვას“) შეუძლია გამოიცნოს, თუ პასუხის (რეაქციის) რა ტიპი აქვს გონებაში პერფორმატორს. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს პერფორმატორისა და თანამონაწილის დისპოზიციათა ერთგვაროვნებას. ეს არის კონცეპტუალური მოძრაობა, რომელიც აღნიშნავს უნიკალურ კომუნიკაციას სტიმულებსა და პასუხებს (რეაქციებს) შორის. როგორც ითქვა, ინტერაქციონისტები (G. Mead, 1934: 76) ამგვარ კომუნიკაციას მნიშვნელობის მქონეს უწოდებენ. უფრო ზუსტად: თუ სიმბოლო (ჟესტი), როგორც სტიმული, სხვა ორგანიზმის (თანამონაწილის) მიმართ აღნიშნავს ამ ორგანიზმის შემდგომ ქცევას, ეს ნიშნავს, რომ იგი მნიშვნელობის მქონეა. მაშასადამე, ურთიერთობა მოცემულ სტიმულს (ჟესტს) და სოციალური ქმედების მომდევნო ფაზებს შორის, როდესაც ჟესტი წარმოადგენს საწყის ფაზას, აყალიბებს მნიშვნელობის მქონე სფეროს. მიდი ასეთ ურთიერთობას სამმაგ (სამფა) მიმართებას უწოდებს, რომლის წევრებს ანუ მაკავშირებლებს წარმოადგეს: ა) ორგანიზმი, რომელიც იძლევა სიმბოლოს (ჟესტს) და, ამდენად, სტიმულს; ბ) სხვა ორგანიზმი, რომელიც პასუხობს (რეაგირებს) ამ სიმბოლოზე (ჟესტზე) და გ) სოციალური ქმედება, რომლის საწყის ფაზას წარმოადგენს სტიმული, ხოლო მომდევნოს _ ამ სტიმულზე რეაქცია.

     აღნიშნულ ტრიადას ბლუმერი (1969: 9) ასე ამარტივებს: 1. ჟესტი აღნიშნავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ინდივიდმა, ვისკენაც ეს ჟესტია მიმართული; 2. იგი გამოხატავს იმას, თუ რას გეგმავს ინდივიდი, რომელიც ამ ჟესტს იყენებს; 3. იგი გამოხატავს ერთობლივ მოქმედებას, რომელიც წარმოიშობა ორივე მხარის მოქმედებების შეერთების შედეგად. მივმართოთ მაგალითს: როდესაც მძარცველი თავის მსხვერპლს უბრძანებს, რომ ხელები მაღლა ასწიოს, მისი ეს ბრძანება (ჟესტი) წარმოადგენს: ა) იმის ინდიკატორს, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მსხვერპლმა; ბ) იმის ინდიკატორს, თუ რას გეგმავს მძარცველი (ანუ, წარმოადგენს მსხვერპლისათვის ფულის წართმევის მაჩვენებელს); გ) ამ შემთხვევაში ფორმირებული ერთობლივი მოქმედების - გაძარცვის - ინდიკატორს. თუ მნიშვნელობის სფეროს ამ სამ პარამეტრს შორის რომელიმე არასწორად იქნა გაგებული, კომუნიკაცია არაეფექტური ხდება, ინტერაქციას ხელი ეშლება და ერთობლივი მოქმედების ფორმირება ფერხდება. აღნიშნული სამფა ურთიერთობა ერთგვარი მატრიცაა, რომლის ფარგლებშიც ყალიბდება სწორედ მნიშვნელობის მქონე სოციალური ინტერაქცია და ის, რასაც ადამიანური - სუბიექტური სამყარო ქვია. მაგიდა, ობიექტურად, ხის ნაჭერია, მაგრამ ადამიანურ სამყაროში მას ენიჭება მნიშვნელობა, ანუ სიტყვა “მაგიდა” აღნიშნავს იმ როლს, რასაც იგი ასრულებს ინდივიდთა ინტერაქციაში. ეს როლი სრულიად განსხვავებულია: მაგიდა ინდივიდთა მიერ გამოიყენება როგორც ის, რაზეც შეიძლება ისადილო, იმუშაო და ა.შ. ეს მნიშვნელობები შეიძლება შეიცვალოს და განვითარდეს, რაც, თავის მხრივ, ადამიანური სამყაროს შეცვლასა და განვითარებაზე მიუთითებს.

     მიდი (1934: 77_81) ხაზს უსვამს იმას, რომ მნიშვნელობა უნდა განვასხვავოთ რეფლექსური აზროვნებისაგან. საქმე ისაა, რომ როდესაც მნიშვნელადი სიმბოლოები გამოავლენს ქცევის საზოგადოდ მოსალოდნელ ფორმებს, ქცევის მთელი პროცესი, შესაძლებელია, ჩვეულების სახით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა მხოლოდ ნაგულისხმევი სახით (tacitly) არსებობს გარემოში. მაშასადამე, ცნობიერება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მნიშვნელობა მონაწილეობდეს (არსებობდეს) სოციალურ პროცესებში (ამ შემთხვევაში მიდი ვებერის პოზიციაზე დგას). ნებისმიერ მოცემულ სოციალურ ქმედებაში ორგანიზმის რომელიმე ნაწილის ჟესტმა შეიძლება სხვა ორგანიზმის ნაწილის მხრიდან რეაქცია (პასუხი) გამოიწვიოს, როგორც პირველი ორგანიზმის ქმედების შედეგი. ყველაფერი ეს კი განხორციელდეს მანამდე, ვიდრე ამ პროცესში ჩაერთვება ცნობიერება (მაშასადამე, ვიდრე მნიშვნელობის მქონე ქცევა, ამავდროულად, გაცნობიერებულ ქმედებად იქცევა). სრულყოფილი სახით ამგვარი რამ ჩვეულებების სახით არსებულ მოქმედებებში ხორციელდება, როდესაც რეფლექსური აზროვნების სრული გადაფარვა ხდება.

     თუმცა, აქ აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ერთი ფაქტორი, რაც მკვლევარების (I. J. Cohen, 2000, 87- 88) აზრით, მიდის ნააზრევის ბიოლოგიურ განზომილებას წარმოადგენს. კერძოდ, მიდის (1934: 98) თანახმად, რეფლექსურ, ინსტიქტურ თუ ნაგულისხმევ საფუძველზე წარმოქმნილ ქცევას აქვს ერთი ალტერნატივა, როდესაც ქცევის მადეტერმინირებელ პირობას წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური მექანიზმები. ამ მექანიზმების წყალობით ადამიანის ჭკუა (inteligence), წინასწარი განზრახვით, რამოდენიმე ალტერნატიულ პასუხთა შორის (რომლებიც შესაძლებელნი არიან მოცემულ პრობლემურ გარემო სიტუაციაში) შეარჩევს ერთ რომელიმე პასუხს, რომელიც წარმოადგენს ამ პრობლემის ყველაზე ადექვატურ და ჰარმონიულ გადაწყვეტას. ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ უზრუნველყოფილ რეაქციას მიდი უწოდებს _ „დაგვიანებულ (შენელებულ) რეაქციას“, როგორც დაპირისპირებულს უშუალო რეაქციისადმი. შესაძლო მომავალ რეაქციათა შორის არჩევითობა აუცილებლად გულისხმობს დაგვიანებულ რეაქციას. ამგავარი რეაქციის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს ქცევაზე კონტროლი და მისი დეტერმინაცია. ცენტრალური ნერვული სისტემა უზრუნველყოფს სწორედ ამ პროცესისათვის აუცილებელ ფიზიოლოგიურ მექანიზმებს, რომლების აკონსტიტუირებს ჭკუას (intelligence). ეს უკანასკნელი, არსებითად, წარმოადგენს უნარს, რომ მოცემული ქცევის პრობლემები გადაჭრას მისი მომავალი შესაძლო შედეგების გათვალისწინებით, რაც, თავის მხრივ, წარსული გამოცდილების გათვალისწინებას გულისხმობს. მიდი (1934: 100) წერს, რომ ეს უნარი მოიცავს როგორც წარსულის მეხსიერებას, ისე მომავლის წინასწარგანჭვრეტას. დაგვიანებული რეაქცია, როგორც ალტერნატიული რეაქცია, თავს იჩენს მაშინ, როდესაც ხდება მნიშვნელად სიმბოლოებზე საზოგადოდ გასაგები პასუხების ბლოკირება, რაც გამოწვეულია თანამონაწილის წარუმატებლობით პასუხი გასცეს სტიმულებს მოსალოდნელი გზით. ცენტრალური ნერვული სისტემა ნებას რთავს ინდივიდს, გაითვალისწინოს მის მიმართ სხვათა დამოკიდებულება („ატიტუდი“) და აქციოს იგი საკუთარ ობიექტად. ეს სხვა არაფერია, თუ არა ქცევის მიზნობრივი (პურპოსე) ელემენტი. მიდი დაჟინებით ამტკიცებს, რომ ამ ელემენტს ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს და არააუცილებელია, იგი იყოს ცნობიერი ან ფსიქიკური მოტივაცია, როგორც ამას ტრადიციული მიდგომა გვთავაზობს.

4. თვითობა: „me“ და „I”

     როგორც ითქვა, სოციალური ინტერაქციის პროცესში „წარმოებული“ მნიშვნელობები მოდიფიცირდება და განიმარტება ინტერპრეტაციული პროცესების მეშვეობით, რასაც ყოველი ინდივიდი მიმართავს მაშინ, როდესაც აწყდება გარკვეულ წინააღმდეგობებს. ინტერაქცია ორი ტიპის კომუნიკაციას, „საუბარს“ გულისხმობს. „გარეგანი საუბარი“ ეს არის ინტერაქციის პროცესი, როდესაც ინდივიდები, სხვებთან ერთად, ქმნიან თანაზიარ სამყაროს. მაგრამ, როდესაც მნიშვნელადი სიმბოლოები გადაყვანილია ინდივიდუალური ქცევის „რეჟიმში“, ამას მიდი (1934: 167) „თვითობას“ („self“) უწოდებს. როგორც ბლუმერი (1969: 62) აღნიშნავს, როდესაც მიდი ამტკიცებს, რომ ადამიანს აქვს თვითობა, იგი უბრალოდ გულისხმობს, რომ ადამიანი არის საკუთარი თავის ობიექტი. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია ჩაწვდეს (percieve) საკუთარ თავს, ჰქონდეს წარმოდგენები საკუთარი თავის შესახებ, იქონიოს კომუნიკაცია საკუთარ თავთან და იმოქმედოს საკუთარი თავის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, ეს არის ინტერაქცია საკუთარ თავთან - მიმართვა საკუთარ თავზე, პასუხი ამ მიმართვაზე და ხელახალი მიმართვა. ასეთი თვითინტერაქცია იღებს საკუთარ თავზე მითითებების ფორმას ამ მითითებებზე რეაგირებას. ინდივიდს შეუძლია განსაზღვროს საგნები თავისთვის - თავისი სურვილები, ტკივილი, მიზნები, მის გარშემო არსებული საგნები, სხვათა არსებობა, მათი მოქმედებები და ა.შ. საკუთარ თავთან შემდგომი ინტერაქციის მეშვეობით, მას შეუძლია განსაჯოს, გაანალიზოს და შეაფასოს ის საგნები, რომელიც მან თავისთვის განსაზღვრა. საკუთარ თავთან ინტერაქციის გაგრძელების მეშვეობით, მას შეუძლია დაგეგმოს და ორგანიზება გაუკეთოს თავის მოქმედებას იმის გათვალისწინებით, თუ რა განსაზღვრა და შეაფასა.მაშასადამე, თვითობის ფლობა უზრუნველყოფს ადამიანს თვითინტერაქციის მექანიზმით, რომელიც გამოიყენება მისი ქცევის ფორმირებასა და მართვაში.

     ხასგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, მიდის თანახმად, სხვა ობიექტთა მსგავსად, თვითობა როგორც „თვით-ობიექტი“ ჩნდება სოციალური ინტერაქციის პროცესში, რომლის დროსაც სხვა ადამიანები განსაზღვრავენ პერსონას თავისთვის. ეს არის იგივე გზა, რასაც მიდი „როლების ათვისების“ მექანიზმს უწოდებს. კერძოდ, იმისათვის, რომ გახდეს ობიექტი თავისთვის, ინდივიდმა საკუთარი თავი გარედან უნდა დაინახოს. ამის გაკეთება კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ ინდივიდი საკუთარ თავს ჩააყენებს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან განიხილავს საკუთარ თავს ან იმოქმედებს საკუთარი თავის მიმართულებით.

     ის როლები, რომელთაც ინდივიდი ითვისებს, შეიძლება კლასიფიცირდეს სამ კატეგორიად (G. Mead, 1934: 158-61): 1. ცალკეულ ინდივიდთა როლები. ეს არის „თამაშის საფეხური“ („play stage“); 2. ცალკეულ ორგანიზებულ ჯგუფთა როლები. ეს არის „გართობის საფეხური“ („game stage“); 3. აბსტრაქტული ერთობის როლები (“გენერალიზებული სხვა”). აღნიშნული როლების მიღებით ინდივიდი იმყოფება პოზიციაში, რომელიც საშუალებას აძლევს, მიმართოს ან მიუახლოვდეს საკუთარ თავს. მაგალითად, ასე იქცევა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც თამაშობს რა დედის როლს, ესაუბრება საკუთარ თავს ისე, როგორც ამას მისი დედა გააკეთებდა. საკუთარი თავის ფორმირება ობიექტად ხდება სწორედ ასეთი - როლების ათვისების - პროცესის მეშვეობით.

     თვითინტერაქციის პროცესი, რასაც მიდი აანალიზებს, არ წარმოადგენს ფსიქოლოგიური სისტემის ორ ან მეტ ნაწილს შორის ინტერაქციას, როგორც ეს, მაგალითად, ფროიდის სქემაშია, რომელიც მოიცავს „id“-ისა და „ego“-ს შორის ურთიერთობას. პირიქით, თვითინტერაქცია, მიდის თანახმად, სოციალური პროცესია, კერძოდ, წარმოადგენს კომუნიკაციის ფორმას, რომელსაც ინდივიდი იყენებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავს მიმართავს და თავადვე პასუხობს კიდეც. ასეთი კომუნიკაცია ხშირად ხდება, მაგალითად, როდესაც ინდივიდი უბრაზდება საკუთარ თავს, ანდა როდესაც საკუთარ თავს რაიმეს ახსენებს, ანდა მაშინ, როდესაც საუბრობს საკუთარ თავთან მოქმედების განსაზღვრული გეგმის შესამუშავებლად.

     ბლუმერი ხასგასმით აღნიშნავს, რომ მიდი თვითობას განიხილავს როგორც პროცესს და არა როგორც სტრუქტურას. ამ თვალსაზრისით, მიდის თეორია განსხვავდება სხვა მიდგომებისაგან, რომლებიც ან თვითობის იდენტიფიცირებას ახდენენ „ეგოსთან“, ან მიიჩნევენ, რომ თვითობა წარმოადგენს მოთხოვნილებათა, მოტივთა და დამოკიდებულებათა („ატიტუდთა“) ორგანიზებულ სხეულს, ანდა იკვლევენ მას როგორც ინტერნალიზებულ ნორმათა და ღირებულებათა სტრუქტურას. ბლუმერის (1969: 63) აზრით, მსგავსი სქემები აზრს მოკლებული ხდება, რამდენადაც ისინი ყურადღების გარეშე ტოვებენ რეფლექსიის პროცესს, რომელიც თვითობის არსს შეადგენს. იმისათვის, რომ რაიმე სტრუქტურა თვითობად იქცეს, იგი უნდა ამოქმედდეს - მიმართოს საკუთარ თავს და უპასუხოს ამ მიმართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნება არააქტივიზებული ორგანიზმი. მიდი აქცენტს სვამს თვითობაზე როგორც მხოლოდ რეფლექსურ პროცესზე, რომელიც საშუალებას აძლევს პიროვნებას, მიუთითოს საკუთარ თავზე, აღნიშნოს საგნები და განსაზღვროს მათი მნიშვნელობა მოქმედებისათვის.

     თვითინტერაქციის მექანიზმების წყალობით, ადამიანი წყვეტს იყოს უბრალოდ მოპასუხე ორგანიზმი, რომლის ქცევაც არის გარეგანი ან შინაგანი ძალების „თამაშის” პროდუქტი. ნაცვლად ამისა, ადამიანი მოქმედებს თავის სამყაროსთან შემხვედრი მიმართულებით, ახდენს იმის ინტერპრეტაციას, რაც ამ სამყაროსთან კონფრონტაციაშია, ამ ინტერპრეტაციის საფუძველზე ახდენს თავისი მოქმედების ორგანიზებას. მაგალითად: ტკივილთან ადამიანის იდენტიფიცირება და მისი ინტერპრეტაცია აბსოლუტურად განსხვავდება მარტივი ორგანული (ბიოლოგიური) გრძნობისაგან და წარმოადგენს საფუძველს განსაზღვრული ქმედების ჩასადენად, რომელიც განსხვავდება მარტივი ორგანული რეაქციისაგან. როგორც ეს მაგალითი აჩვენებს, თვითინტერაქციის პროცესი ადამიანს საკუთარ სამყაროსთან დაპირისპირებაში ამყოფებს, აიძულებს მას, „თვალი გაუსწოროს“ და მართოს ეს სამყარო განსაზღვრული პროცესების მეშვეობით (ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ იყოს მოპასუხე), აგრეთვე, აიძულებს ინდივიდს, ააგოს თავისი მოქმედება, იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ მოახდინოს მისი რეალიზება.

     თვითობის როგორც რეფლექსური პროცესის წყალობით შესაძლებელი ხდება მნიშვნელადი სიმბოლოების ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია „შინაგანი საუბარია“, რომელიც მიმდინარეობს თვითობის ორ ფაზას შორის. ეს ფაზებია: „me“ და „მე“. რას წარმოადგენს თითოეული მათგანი?

     მიდი (1934: 174-5) განმარტავს, რომ „me“ თვითობის ის ფაზაა, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს სხვების პოზიციიდან. „me“ წარმოადგენს სხვათა დამოკიდებულების ორგანულ ნაკრებს, რომელსაც ინდივიდი თავად უშვებს (ვარაუდობს). თვითობის მეორე ფაზა - „მე“ - წარმოადგენს პროცესს, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს არა სხვათა, არამედ საკუთარივე პოზიციიდან. უფრო ზუსტად: „მე“ არის ინდივიდის პასუხი სხვათა დამოკიდებულებებისადმი („ატიტუტებისადმი“). იგი წარმოადგენს რეაქციას სხვათა დამოკიდებულებების საფუძველზე კონსტრუირებულ „me“-ზე. „me“-სა და „მე“-ს შორის მიმართება ასეც შეიძლება დახასიათდეს: „მე“ ეხება ჩვეულებრივ ან მოსალოდნელ პასუხებს მნიშვნელად სიმბოლოებზე, რომლებსაც ჯგუფის (ერთობის) ყველა წევრი წვდება (გებულობს). კონცეპტუალური აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა „განზოგადებული (გენერალიზებული) სხვა“. ინდივიდი, როგორც „გენერალიზებული სხვა“-ს ნაწილი, არ არის შემოქმედი, ორიგინალური და სპონტანური (იმპროვიზატორი). ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ თვითობის იმ ფაზის წყალობით, რასაც წარმოადგენს „მე“. მიდის (1934: 176-8) მიხედვით, „მე“-ს მიეწერება ახლის შექმნაში გადამწყვეტი ფუნქცია. `მე' ანიჭებს აზრს თავისუფლებას და ინიციატივას. აქედან გამომდინარე, მიდი აღნიშნავს, რომ „me“ ჩნდება გარკვეული მოვალეობის შესასრულებლად. იგი განსაზღვრულია და ინდივიდისაგან მოითხოვს სრულიად გარკვეულ პასუხს (რეაქციას). რაც შეეხება „მე“-ს, იგი ყოველთვის, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველია (განუსაზღვრელია). „მე“ არასოდეს შეიძლება იყოს ბოლომდე კალკულირებადი. წარმოვიდგინოთ, რომ ინდივიდი ხვდება სოციალურ სიტუაციაში, რომელიც მან წესრიგში უნდა მოიყვანოს. იგი საკუთარ თავს ხედავს ჯგუფში შემავალი ინდივიდების თვალსაზრისებიდან გამომდინარე. ეს ინდივიდები, რომლებიც ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, ინდივიდს გარკვეულ თვითობას ანიჭებენ. ის, თუ როგორ მოიქცევა ინდივიდი, ბოლომდე არც თავად ინდივიდმა იცის და არც ვინმე სხვამ. ცხადია, ამ შემთხვევაში არსებობს „me“-დან გამომდინარე მოლოდინები, რომელიც ინდივიდისაგან მოითხოვს, მოიქცეს მოვალეობის შესაბამისად და დაიცვას განსაზღვრული კურსი. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ინდივიდის პასუხი აღნიშნულ მოლოდინებს პასუხობს, შედეგი ყოველთვის იქნება თუნდაც მცირედ განსხვავებული, ვიდრე ამას უკვე არსებული გამოცდილება გულისხმობს. ამდენად, „მე“-ს არასოდეს გადაფარავს „me“, არამედ ყოველთვის დარჩება რაღაც, რაც „me“-ში მოცემული არ არის.

     თვითობის კონცეფცია შეიცავს აგრეთვე სოციალიზაციის პროცესის აღწერას. სოციალიზაციის საწყის ეტაპზე - ბავშვის ცხოვრებაში -სიმბოლოებით ოპერირება შეზღუდულია, რამდენადაც ბავშვი ეს-ესაა იწყებს იმ ნიშნების გაცნობიერებას, რასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს სხვებისათვის. თანდათან, თამაშის პროცესში, მოზარდი სწავლობს სხვა ინდივიდების როლის ათვისებას და ასაკის მატებასთან ერთად იგი სწავლობს, თუ როგორ მოახდინოს თავისი საქმიანობების სხვებთან კოორდინირება და იმას, რომ საკუთარი თავი დაინახოს ისე, როგორც მას ჯგუფი ხედავს. ეს ჯგუფები თანდათან ფართოვდება, ვიდრე არ მიაღწევს იმ დონეს, რასაც საზოგადოება ქვია. სოციალიზაციის ამ ეტაპზე ხდება სწორედ ის, რასაც მიდი „გენერალიზებული სხვის“ როლის ათვისებას უწოდებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი უკვე განიხილავს საკუთარ თავს იმ პოზიციიდან, რასაც საზოგადოება აყალიბებს მასთნ მიმართებაში.

5. კრიტიკა

     სიმბოლურ ინტერაქციონიზმს ძირითადად იმის გამო აკრიტიკებენ (I. Craib, 1992: 90), რომ იგი სოციალური სტრუქტურის და მისი ობიექტური (დიურკჰაიმისეული გაგებით) თავისებურებების იგნორირებას ახდენს და, ამდენად, არაფრის თქმა არ შეუძლია ძალაუფლების, კონფლიქტის და ცვლილებების შესახებ. კრიტიკა მიმართულია იმისკენაც, რომ სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიერ გაკეთებული თეორიული ფორმულირებები იძლევა ინდივიდის არასრულ სურათს.

     ინტერაქციონალისტები სოციალური სტრუქტურის, როგორც „სოციალური ფაქტის“ (დიურკჰაიმი), მხედველობაში მიღებას ღიად და პრინციპულად უპირისპირდებიან. მათი აზრით, სოციალური სტრუქტურა აბსტრაქტული არსია. სტრუქტურების განხილვით ვერასოდეს მივიღებთ რამდენადმე დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თავისებურებები ახასიათებს ცოცხალ და უშუალო ინტერაქციას. ზოგი მკვლევარი (P. Rock, 1979: 227-8) უფრო შორს მიდის და ამტკიცებს, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლოა იმაზე ფიქრი, რომ საზოგადოება და მისი სტრუქტურები რაღაც ორგანიზებულ მთელს წარმოადგენს. მათ შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ან ანალიზურად აპრიორული ვარაუდების საფუძველზე, რომლებიც ყოველთვის გაურკვეველი დარჩება, ანდა, სინთეზურ-აპრიორულად, რაც სრულიად არამეცნიერულია. ამდენად, სოციოლოგი უნდა მოერიდოს სტრუქტურაზე ანალიტიკურ რეფლექსიას. უკეთეს შემთხვევაში მან საზოგადოება უნდა წარმოადგინოს, როგორც ფლუიდურ ცვლილებათა კონგლომერატი.

     ასეთ უკიდურეს პოზიციას თვით სიმბოლური ინტერაქციონიზმის ბევრი წარმომადგენელი (განსაკუთრებით, „ჩიკაგოს სკოლის“) არ გაიზიარებდა. იმის მტკიცება, რომ საზოგადოება წმინდა წყლის ფიქციაა, ნიშნავს, რომ სრულიად უარვყოთ საზოგადოების მხრიდან გარკვეული გავლენების არსებობა, რაც იმავე ყოველდღიურ ინტერაქციებში მჟღავნდება. მეტიც: ინტერაქციონისტების მნიშვნელოვანი ნაწილი არ უარყოფს ფართო თუ მცირე სტრუქტურული კონტექსტების არსებობას. სტრუქტურული კონტექსტი აქცენტს სვამს სოციალურ ურთიერთობათა შეთანხმებად (negotiated) წესრიგზე ამ კონტექსტების ფარგლებში. შეთანხმების იდეა გამოიყენება სიტუაციათა კლასიფიკაციისათვის და, მისი მეშვეობით შესაძლებელია, მაგალითად, ვაჩვენოთ, თუ როგორ მოქმედებს ძალაუფლებითი მიმართებები ინტერაქციის მსვლელობაზე და თუ როგორ ხდება სოციალურ წესრიგზე შეთანხმება მიმდინარე სოციალური ცვლილებების პროცესში. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ინტერაქციას განიხილავს, როგორც შეთანხმებად რეალობას, რომელშიც ერთ პარტნიორს გაცილებით მეტი ძალაუფლება აქვს სხვასთან შედარებით. ხოლო ძალაუფლების ასეთი განაწილება უკვე ნიშნავს, რომ სტრუქტურის არსებობა წინასწარ ივარაუდება. „როლების მიღების“ პროცესი, რომელსაც ინტერაქციონისტები ასეთ დიდ მნიშვნელობას აძლევენ, მათი მიდგომის ყველაზე უფრო სტრუქტურულ ასპექტს წარმოადგენს. სოციალური როლი ხომ სოციალური ქცევის განმეორებადი მოდელების, ე.ი. სტრუქტურების, გამოხატულებას წარმოადგენს, თუნდაც შეზღუდულ - კონტექსტუალურ - დონეზე.

     რაც შეეხება სიმბოლური ინტერაქციონიზმის მიმართ წაყენებულ მეორე საყვედურს, რომ იგი არ იძლევა ინდივიდის სრულყოფილ სურათს, როგორც მკვლევარები (K. Plummer, 1975) მიუთითებენ, ეს, საზოგადოდ, სოციოლოგიის „ნაკლია“, რამდენადაც მას არ შეუძლია ინდივიდი განიხილოს იმავე წესით, როგორც ამას ფსიქოლოგია აკეთებს. და მაინც, საყვედური ეხება იმას, რომ ინტერაქციონისტული მიდგომა სათანადო ყურადღებას არ იჩენს ინდივიდის ემოციების მიმართ და მისთვის ძირითადია პიროვნების კოგნიტური განზომილება - აზროვნებითი პროცესები. ინტერაქციონისტების თანახმად, ადამიანების გაგება შესაძლებელია მაშინ, როდესაც გვესმის მათი ქმედებების მნიშვნელობები. მართალია, მნიშვნელობა არ უიგივდება რეფლექსურ აზროვნებას, მაგრამ პრიორიტეტულია მისთვის. ინტერაქციონიზმი მაქსიმალურად არიდებს თავს არაცნობიერი პროცესების გათვალისწინებას, პიროვნების არაცნობიერ დონეს და სოციალურ ურთიერთობაში გამჟღავნებულ მენტალურ პროცესებზე (განსჯა, წარმოსახვა, რეფლექსია) აქცენტირდება.

     ამრიგად, შეიძლება ითქვას (I. Craib, 1992: 94), რომ სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოადგენს სოციალური მოქმედების და ინდივიდის თეორიას, რომელიც არ ცდილობს, ამავე დროს, გახდეს საზოგადოების შესახებ თეორია. მის მიერ მოქმედების ახსნა რამდენადმე გამარტივებულია, მაგრამ ეს ცნობიერი არჩევანია, რათა რეალური სიტუაციების კომპლექსურობის ადაპტირება გახდეს შესაძლებელი.

V თავის ძირითადი შინაარსი

     1. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ჩამოყალიბდა პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში. მისი წარმოშობა დაკავშირებულია ე.წ. „ჩიკაგოს სკოლასთან“ (ჯორჯ მიდი). სიმბოლური ინტერაქციონიზმი წარმოიშვა როგორც სტრუქტურული ფუნქციონალიზმის და სოციალურ სისტემათა თეორიის ალტერნატივა. სტრუქტურული ფუნქციონალიზმი მაკროსოციოლოგიური თეორიაა, რომლის ფარგლებშიც პიროვნული სისტემა აღმოჩნდება დაქვემდებარებული სოციალური და კულტურული სისტემების მიმართ. ამის საპირისპიროდ, სიმბოლური ინტერაქციონიზმი მიკროსოციოლოგიური თეორიაა. იგი უარს ამბობს სისტემურ მიდგომაზე და ანალიზის ფოკუსირებას ახდენს ერთეულ აქტებსა და მათ შორის ინტერაქციაზე. სოციალური სისტემა არსებობს მხოლოდ ინდივიდუალურ აქტებზე გავლით და მათგან დამოუკიდებლად ფიქციას წარმოადგენს.

     2. სიმბოლური ინტერაქციონიზმი ეყრდნობა სამ ძირითად წანამძღვარს: ა) ადამიანები საგნების მიმართ მოქმედებენ იმ მნიშვნელობების საფუძველზე, რომლებიც ამ საგნებს მათთვის აქვთ; ბ) საგანთა მნიშვნელობები მიიღება სოციალური ინტერაქციების საფუძველზე, რომელთაც ადამიანები ერთმანეთთან ამყარებენ; გ) ეს მნიშვნელობები განიმარტება და მოდიფიცირდება ინტერპრეტაციული პროცესების წყალობით. ინტერპრეტაციას ინდივიდი მიმართავს იმ საგნებთან მიმართებაში, რომლებსაც იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში ეჯახება.

     3. განასხვავებენ სოციალური ინტერაქციის ორ დონეს: არასიმბოლურს და სიმბოლურს. არასიმბოლური ინტერაქციის დონეზე ინდივიდები პირდაპირ რეაგირებენ ერთმანეთის ჟესტებზე ან მოქმედებებზე. ამგვარი ინტერაქცია უმეტესად რეფლექტორულ (უნებლიე) რეაქციებში მჟღავნდება. რაც შეეხება სიმბოლურ ინტერაქციას, ამ დროს ინდივიდები ავტომატურად კი არ რეაგირებენ სხვათა ჟესტებზე, არამედ ახდენენ მათ ინტერპრეტაციას, ანუ აძლევენ მათ მნიშვნელობებს. ჟესტი/სიმბოლო წარმოადგენს მიმდინარე მოქმედების ნებისმიერ ნაწილს ან ასპექტს, რომელიც გამოხატავს უფრო ფართო მოქმედებას (რომლის ნაწილსაც იგი წარმოადგენს). ჟესტები ადამიანს გადასცემენ იმ აქტიორის განზრახვას და შემდგომი მოქმედების გეგმას, რომელიც ამ ჟესტების პრეზენტაციას ახდენს. ინდივიდი, რომელიც პასუხს სცემს ამ ჟესტებს, ამას აკეთებს იმ საფუძველზე, თუ რა მნიშვნელობას ატარებენ ისინი მისთვის. ამრიგად, ჟესტებს აქვთ მნიშვნელობა ორივესათვის - ინდივიდისათვის, რომელიც მათ წარმოადგენს და ინდივიდისათვის, რომლის მიმართაც ისინი მიმართულია. როდესაც ჟესტს აქვს იგივეობრივი მნიშვნელობა ორივესათვის, ეს უზრუნველყოფს ინდივიდებს შორის ურთიერთგაგებას. ძირითად ჟესტებს/სიმბოლოებს წარმოადგენს სიტყვები (მეტყველება). ენობრივი ნიშნები მნიშვნელადი სიმბოლოს ის ტიპია, რომელიც ადამიანებს ცხოველებისაგან განასხვავებს.

     3. ურთიერთობას მოცემულ ჟესტს, როგორც სტიმულს, და სოციალური ქმედების მომდევნო ფაზებს შორის, რაც მნიშვნელობის მქონე სფეროში მომდინარეობს, მიდი სამმაგ მიმართებას უწოდებს, რომლის წევრებს ანუ მაკავშირებლებს წარმოადგეს: ა) ორგანიზმი, რომელიც იძლევა სიმბოლოს (ჟესტს) და, ამდენად, სტიმულს; ბ) სხვა ორგანიზმი, რომელიც პასუხობს (რეაგირებს) ამ სიმბოლოზე (ჟესტზე) და გ) სოციალური ქმედება, რომლის საწყის ფაზას წარმოადგენს სტიმული, ხოლო მომდევნოს _ ამ სტიმულზე რეაქცია. აღნიშნული ტრიადა ასეც შეიძლება გამოიხატოს (ბლუმერი): 1. ჟესტი აღნიშნავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ინდივიდმა, ვისკენაც ეს ჟესტია მიმართული; 2. იგი გამოხატავს იმას, თუ რას გეგმავს ინდივიდი, რომელიც ამ ჟესტს იყენებს; 3. იგი გამოხატავს ერთობლივ მოქმედებას, რომელიც წარმოიშობა ორივე მხარის მოქმედებების შეერთების შედეგად. თუ მნიშვნელობის სფეროს ამ სამ პარამეტრს შორის რომელიმე არასწორად იქნა გაგებული, კომუნიკაცია არაეფექტური ხდება, ინტერაქციას ხელი ეშლება და ერთობლივი მოქმედების ფორმირება ფერხდება.

     4. ინტერაქციონისტები მნიშვნელობას ანსხვავებენ რეფლექსური აზროვნებისაგან. როდესაც სიმბოლოები გამოავლენს ქცევის საზოგადოდ მოსალოდნელ ფორმებს, ქცევის მთელი პროცესი, შესაძლებელია, ჩვეულების სახით განხორციელდეს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა მხოლოდ ნაგულისხმევი სახით (tacitly) არსებობს ინტერაქციაში. მაშასადამე, ცნობიერება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ მნიშვნელობა მონაწილეობდეს სოციალურ პროცესებში. ნებისმიერ მოცემულ სოციალურ ქმედებაში ორგანიზმის რომელიმე ნაწილის ჟესტმა შეიძლება სხვა ორგანიზმის ნაწილის მხრიდან რეაქცია (პასუხი) გამოიწვიოს, ეს კი განხორციელდეს მანამდე, ვიდრე ამ პროცესში ცნობიერება ჩაერთვება. სრულყოფილი სახით ამგვარი რამ ჩვეულებების სახით არსებულ მოქმედებებში ხორციელდება, როდესაც რეფლექსური აზროვნების სრული გადაფარვა ხდება.

     5. სოციალური ინტერაქციის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს პროცესს, რომელიც აყალიბებს ადამიანის სოციალურ ქცევას. ინტერაქციის პროცესში მყოფ ადამიანებს უხდებათ მხედველობაში იქონიონ ის, თუ რას აკეთებენ სხვები და საკუთარი ქცევა ააგონ სხვათა ქმედებების გათვალისწინებით. ინდივიდი იძულებულია შეუსაბამოს ქცევის საკუთარი მსვლელობა სხვათა მოქმედებებს. აქედან გამომდინარე, ინტერაქციაში ჩართული ინდივიდები იძულებულნი არიან აითვისონ ერთმანეთის როლები. ეფექტური სოციალური ინტერაქცია როლების ორმხრივ ათვისებას წარმოადგენს.

     6. სოციალური ინტერაქციის შესაძლებლობას განაპირობებს ის, რომ ინდივიდები ფლობენ „თვითობას“ („self“). თვითობის უნარი ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია იყოს საკუთარი თავის ობიექტი, შეუძლია შეიმეცნოს (გააცნობიეროს) საკუთარი თავი. იმისათვის, რათა გახდეს საკუთარი თავის ობიექტი, ინდივიდმა იგი უნდა დაინახოს „გარედან“, ანუ, საკუთარი თავი უნდა ჩააყენოს სხვათა პოზიციაში და ამ პოზიციიდან „შეხედოს“ საკუთარ თავს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ინდივიდის მიერ სხვათა როლების ათვისების პროცესი. მაშასადამე, საქმე გვაქვს ორმაგ დიალექტიკასთან: სოციალური ინტერაქცია დამოკიდებულია ადამიანის უნარზე, წარმოიდგინოს თავი სხვა სოციალურ როლში, ხოლო, სხვა როლის ათვისება დამოკიდებულია ინდივიდის უნარზე, შინაგანი დიალოგი აწარმოოს საკუთარ თავთან.

     7. თვითობის როგორც რეფლექსური პროცესის წყალობით შესაძლებელი ხდება მნიშვნელადი სიმბოლოების ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია „შინაგანი საუბარია“, რომელიც მიმდინარეობს თვითობის ორ - „me“ და „მე“ - ფაზას შორის. „me“ თვითობის ის ფაზაა, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს სხვების პოზიციიდან. თვითობის მეორე ფაზა - „მე“ - წარმოადგენს პროცესს, როდესაც ინდივიდი საკუთარ თავს უყურებს არა სხვათა, არამედ საკუთარივე პოზიციიდან. „მე“ არის ინდივიდის პასუხი სხვათა დამოკიდებულებებისადმი. ამ ორ ფაზას შორის მიმართება ასეც შეიძლება დახასიათდეს: „me“ ეხება ჩვეულებრივ ან მოსალოდნელ პასუხებს მნიშვნელად სიმბოლოებზე, რომლებსაც ჯგუფის ყველა წევრი წვდება. იგი არის „გენერალიზებული სხვა“. ინდივიდი, როგორც `გენერალიზებული სხვა'-ს ნაწილი, არ არის შემოქმედი, ორიგინალური და სპონტანური (იმპროვიზატორი). ასეთი რამ შესაძლებელია მხოლოდ „მე“-ს დონეზე. მას მიეწერება ახლის შექმნაში გადამწყვეტი ფუნქცია. იგი ყოველთვის, მეტ-ნაკლებად, გაურკვეველია და არასოდეს შეიძლება იყოს ბოლომდე კალკულირებადი.

     8. მიდი თვითობას განიხილავს როგორც პროცესს და არა როგორც სტრუქტურას. თვითობა არ წარმოადგენს მოთხოვნილებათა, მოტივთა და დამოკიდებულებათა („ატიტუდთა“) ორგანიზებულ სხეულს, ანდა ინტერნალიზებულ ნორმათა და ღირებულებათა სტრუქტურას. ასეთი მიდგომები ყურადღების გარეშე ტოვებს რეფლექსიის პროცესს, რომელიც თვითობის არსს შეადგენს. იმისათვის, რომ რაიმე სტრუქტურა თვითობად იქცეს, იგი უნდა ამოქმედდეს - მიმართოს საკუთარ თავს, აღნიშნოს საგნები და განსაზღვროს მათი მნიშვნელობა მოქმედებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იქნება არააქტივიზებული ორგანიზმი.

     9. ის როლები, რომელთაც ინდივიდი ითვისებს, შეიძლება კლასიფიცირდეს სამ კატეგორიად: 1. ცალკეულ ინდივიდთა როლები. ეს არის „თამაშის საფეხური“ („play stage“); 2. ცალკეულ ორგანიზებულ ჯგუფთა როლები. ეს არის „გართობის საფეხური” („game stage“); 3. აბსტრაქტული ერთობის როლები („გენერალიზებული სხვა“).

ძირითდი კითხვები

  • სიმბოლური ინტერაქციონიზმის ძირითადი წანამძღვრები და „ფესვ-ხატები“.
  • რატომ მიიჩნევენ სიმბოლურ ინტერაქციონიზმს პრაქსისის თეორიად?
  • რა განსხვავებაა სიმბოლურ და არასიმბოლურ ინტერაქციას შორის?
  • რაში მდგომარეობს სხვათა „როლების ათვისების“ მექანიზმის მნიშვნელობა სოციალური ურთიერთობისათვის?
  • „თვითობა“ როგორც რეფლექსიის პროცესი და სოციალური ინტერაქციის პირობა.
  • სიმბოლური ინტერაქციონიზმის კრიტიკა

დამოწმებული ლიტერატურა

  • Blumer, H. 1969: Symbolic Interactionism. Berkeley; University of California Press.
  • Dewey, J. 1922: Human Nature and Conduct. New York:Henry Holt.D
  • Joas, H. 1992 (1996): The Creativity of Action. Trans. J. Gaines and P. Keast. Chicago: University of Chicago Press.
  • Mead, G.H. 1934: Mind, Self and Society From the Standpoint of a Social Behaviorist. Ed. C. W. Morris. Chicago: University of Chicago Press.
  • Plummer, K. (ed.) 1991: Symbolic Interactionism. Edward Elgar, Aldershot, Hants.
  • Rock, P. 1979: The Making of Symbolic Interactionism, Macmillan, Basing-stoke.


[1] ბლუმერს მხედველობაში აქვს XX ს. პირველი მეოთხედის ამერიკული ფსიქოლოგია და სოციოლოგია.

[2] ამ პროცესს და, საერთოდ, „თვითობის“ თავისებურებებს უფრო დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილავთ, როდესაც ჯ. მიდის კონცეფციას შევეხებით.

იხილეთ ამოსაბეჭდი ვერსია:

"სიმბოლური ინტერაქციონიზმი: სოციალური მოქმედება, როგორც "როლების ათვისების" პროცესი"

წიგნიდან

"სოციალური მოქმედების თეორიები"

ტეგები: Qwelly, თეორიები, ინტერაქციონიზმი, კაჭკაჭიშვილი, სოციალური_მოქმედება, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2677

გამოხმაურებები!

დღეს ზუსტად ამ თემებზე ვისაუბრეთ, ლაშა :)))))))

შესანიშნავია, მასალა გვაქვს :D 

ლიკა_მ თქვა:

დღეს ზუსტად ამ თემებზე ვისაუბრეთ, ლაშა :)))))))

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters