მსოფლმხედველობა და იდეოლოგია

, ედუარდ კოდუა, კულტურის სოციოლოგია, ელექტრონული ლიტერატურა, eduard kodua, kulturis sociologia, ebooks, qwelly, sociology, ქველი, სოციოლოგია, sociologia, wignebi

      ადამიანის მოქმედებას, მის ამოცანებსა და გადაწყვეტილებებს, რომელთა განხორციელებას ესწრაფვის ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე, მისი მსოფლმხედველობა განაპირობებს. მსოფლმხედველობა იმდენად არსებითია ადამიანისათვის, რომ ადამიანის რაობა მისი მსოფლმხედველობით განისაზღვრება. ამა თუ იმ პიროვნებას როგორი მსოფლმხედველობაც აქვს, ისეთია მისი ყოფიერება. მსოფლმხედველობა ორი არსებითი მომენტისაგან შედგება. ერთის მხრივ, ის არის ადამიანის დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი, მისი პოზიცია ბუნებასა და სხვა ადამიანებთან მიმართებაში და, მეორეს მხრივ, ის არის ადამიანის მიერ გარე სამყაროსა და საკუთარი თავის რეფლექტირება ცნობიერებაში. მაშასადამე, მსოფლმხედველობა მოიცავს არა მარტო გარე სამყაროს სურათს, არა მარტო ადამიანის წარმოდგენას გარე სამყაროსა და საკუთარ თავზე, არამედ მის პოზიციასაც ამ სამყაროსა და საკუთარი მეობის მიმართ. ეს პოზიცია მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს სამყაროს, იქნება ეს ბუნება, სხვა ადამიანები თუ საკუთარი თავი, სურათსაც. ადამიანის აქტიურობა ვლინდება სწორედ იმ რეალურისა და წარმოსახვითის ერთიანობაში, რომელშიც მისთვის სასურველს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყაროს ის აღიქვამს ისე, როგორც აწყობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ინდივიდი თავისებურად აღიქვამს და აფასებს სამყაროს. მისი ეს ინდივიდუალური ხედვა და ყოფიერებისა თუ მოქმედების წესი, განაპირობებს სამყაროს მისეულ სურათს, მის დამოკიდებულებას არა მარტო ნივთებისა და სხვა ადამიანებისადმი, არამედ იმ ღირებულებებისადმიც და ღირებულებათა სკალისადმი, რომელსაც ის აგებს როგორც მის მაორიენტირებელს ბუნებასა და საზოგადოებისადმი მიმართებაში.

      როგორც აღნიშნული იყო, ცნობიერების ფორმებიდან იდეოლოგიასთან ყველაზე ახლოა მსოფლმხედველობა, რადგან იდეოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი მომენტი მოქმედების გამართლებაა. როცა მოქმედება ლეგიტიმურ ღირებულებებსა და ნორმებს ემთხვევა, მას არ სჭირდება ცნობიერების მანიპულირება. მას ეს ღირებულებები და ნორმები ამართლებენ. მაგრამ როდესაც მოქმედება ლეგიტიმურ ღირებულებებსა და ნორმებს სცილდება, მაშინ სუბიექტი ცდილობს თავისი მოქმედება ლეგიტიმურ ღირებულებათა უვარგისობითა და საკუთარი მოქმედებისათვის სამართლიანობის სტატუსის მინიჭებით გაამართლოს, ან კიდევ, თავისი მსოფლმხედველობა ლეგიტიმურობასთან შესაბამისად გამოაცხადოს. ეს კი შეუძლებელია ცნობიერების მანიპულირების გარეშე და მსოფლმხედველობის იდეოლოგიზება სწორედ აქ იწყება.

      აქამდე იდეოლოგიაზე მხოლობით რიცხვში ვმსჯელობდით, რადგან განვიხილავდით არსების შესაბამისად, არსება კი ყალბ ცნობიერებაშია გამოთქმული. მაგრამ იდეოლოგია არაა ერთიანი და განუყოფელი, მიუხედავად იმისა, რომ სიყალბე იდეოლოგიათა საერთო ნიშანია. განასხვავებენ ტოტალურ და ნაწილობრივ იდეოლოგიას. ეს განსხვავება იდეოლოგიაში სიყალბის ხარისხის მიხედვით ხდება. ზოგიერთი იდეოლოგიას განასხვავებს ტოტალურ ცნობიერებასთან ე. ი. საერთო ცნობიერებასთან გაიგივების, ან კიდევ იდეოლოგიად ცნობიერების მხოლოდ ზოგიერთი ფორმის გამოცხადებით. მოაზროვნეთა უმრავლესობა, მაგალითად, მეცნიერებას იდეოლოგიიდან საერთოდ გამორიცხავს, ზოგიერთი კი მხოლოდ საბუნებისმეტყველო და მათემატიკურ მეცნიერებებს გამორიცხავს, ზოგიერთი მეცნიერებას იდეოლოგიის ფორმად თვლის, რადგან მისი ჭეშმარიტებანი რელატიურია.

      ასეთია პოლ ფეიერაბენდის თვალსაზრისი. იდეოლოგიებს განასხვავებენ არა მარტო სიყალბის ხარისხით, ან კიდევ ცნობიერების ფორმებზე გავრცელებით, არამედ მათი მატარებელი სუბიექტების მიხედვითაც. იდეოლოგიური ცნობიერების მატარებელი შეიძლება იყოს ცალკეული ინდივიდი, პიროვნება, რომელსაც იდეოლოგია სჭირდება მის ყოველდღიურობაში ცხოვრების იმ წესის გასამართლებლად, რომლითაც ხელმძღვანელობს. თუ ის ქურდია, ქმნის იდეოლოგიას, რომ ყველა ქურდია: ზოგი კი ქურდია, მაგრამ საზოგადოებაში დაფასებულია და ამდენად არ ექცევა დამნაშავისა და სასჯელის კატეგორიაში. მდიდრები ქურდები არიან, რადგან უფრო მეტი აქვთ, ვიდრე სჭირდებათ, ღარიბები იძულებით ქურდობენ, რათა თავი ირჩინონ, თუ თვითონ ქურდია, ამას სოციალური გარემო აიძულებს. ზოგჯერ ეს გამოწვეულია ოჯახისა და ნათესავის წინაშე პასუხისმგებლობით, რაც კარგადაა ნაჩვენები იტალიურ ფილმში "პოლიციელები და ქურდები". სუბიექტის, პიროვნების იდეოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია ცხოვრების იმ წესის გამართლება, რომელსაც ეწევა. აქ ორი შესაძლებლობაა: ადამიანის ქცევასა და მოქმედებას განსაზღვრავს ღირებულებები, რომლებიც ან ლეგიტიმურია, ან კანონგარეშეა. პირველ შემთხვევაში მისი ცხოვრება ლეგიტიმურობის კალაპოტში მიმდინარეობს და მას იდეოლოგია არ სჭირდება _ მისი მოქმედება გამართლებულია კანონებითა და ნორმებით, რომლებიც საზოგადოების მიერაა აღიარებული. მეორე შემთხვევაში სუბიექტის ცხოვრების წესს განსაზღვრავს ნორმები და ღირებულებები, რომლებიც აღიარებულისა და დაკანონებულის საწინააღმდეგოა, მათი დარღვევაა. თუ პირველი სუბიექტის მსოფლმხედველობა არ საჭიროებს სხვა რამით გამართლებას, რადგან დადგენილი ნორმები და ღირებულებები ამართლებენ, ამიტომ მისი მსოფლმხედველობა იდეოლოგიურ ფორმას არ ღებულობს, მაგრამ როდესაც ადამიანის მოქმედება ლეგიტიმურობისათვის მიღმურ ღირებულებათა საფუძველზე ხდება, მას სჭირდება თავისი მოქმედების გამართლება, მოქმედების იმ ფორმების ჰაბილიტირება, რომელნიც მის ცხოვრებაში განმსაზღვრელნი და ძირითადნი არიან. ასეთ შემთხვევაში მისი მსოფლმხედველობა ყალბ ნოტებზე აიგება, რომელთა დანიშნულებაა ქცევის გაუმართლებელი ფორმების გამართლება. ქურდი ქურდობას ამართლებს, პროსტიტუტკა _ პროსტიტუციას, მკვლელი _ მკვლელობას. ასეთიადამიანები ქმნიან მიკროსტრუქტურას, სუბკულტურას, თავისებურ სოციალურ ატომებს, რომლებიც ადგენენ მათი მოქმედების ნორმებსა და ღირებულებებს საქმიანობის შესაბამისად და ყველანაირად ცდილობენ მათ მიერ დადგენილი არსებული ნორმების საწინააღმდეგო, ღირებულებათა და ცხოვრების წესის დაცვას. მათ წრეში ისჯება ის, ვინც ამ სუბკულტურის ეთიკას არღვევს. საზოგადოების მიმართ ოპოზიციური ეთიკითა და ნორმების დარღვევით აღჭურვილი მსოფლმხედველობის იდეოლოგიზებით ცდილობენ გაამართლონ ის, რაც საზოგადოების თვალსაზრისით გაუმართლებელია, იმუშავებენ რწმენას, რომ მათი მოქმედება მართებულია, ხოლო ლეგიტიმური ნორმები უმართებულოდაა აგებული.

      მსოფლმხედველობის იდეოლოგიზების შუქზე ისიცაა მხედველობაში მისაღები, რომ მსოფლმხედველობა მხოლოდ სოციალურ ერთობათა და სოციალურ ჯგუფთა კუთვნილება არაა. მსოფლმხედველობა არსებობს როგორც სოციალურ ერთობათა, ისე ცალკეულ ინდივიდთა ფორმით. ყოველ ადამიანს საკუთარი მსოფლმხედველობა აქვს. ესაა მისი ყოველდღიურ წარმოდგენათა ერთობლიობა გარემომცველ სამყაროზე, მის ადგილზე ამ სამყაროში, მისი საქმიანობისა და სტატუსის მნიშვნელობის განსაზღვრა. ინდივიდუალური მსოფლმხედველობაც ექვემდებარება იდეოლოგიზებას, როგორც ამას მასლოვას მაგალითზე აღვნიშნავთ. ამ თვალსაზრისით, მიუღებლად მიგვაჩნია ინდივიდის მსოფლმხედველობის უარყოფა და მხოლოდ ჯგუფური მსოფლმხედველობის აღიარება, რასაც ადგილი აქვს აბერკრომბის, ჰილისა და ტერნერის სოციოლოგიურ ლექსიკონში. ამ ავტორების განსაზღვრით, "მსოფლმხედველობის ტერმინით, რომელიც გერმანული ტერმინის Weltanschauung-ის სინონიმია, აღინიშნება რწმენათა ერთობლიობა, რომელნიც შეადგენენ სამყაროზე შეხედულებებს და ახასიათებს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებს, იქნება ეს სოციალური კლასი, თაობა, თუ რელიგიური სექტა" . ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამენ ბერგერი და ლუკმანი.

      როგორც არსებობს ინდივიდუალური და საზოგადოებრივი, ყოველდღიური და თეორიული ცნობიერებანი, როგორც აზრები წარმოადგენს ინდივიდუალურსა და საზოგადოებრივს, ასევე მსოფლმხედველობა გვევლინება ორი სახით: ინდივიდუალურ-ყოველდღიური სტიქიური და ცნობიერი, შეგნებულად შემუშავებული თეორიული სახით. მსოფლმხედველობა, როგორც ჩვენი თვალთახედვისა და მოქმედების არის შემოსაზღვრა, არის სამყაროს გარკვეული გაგება. ყოველ ადამიანს აქვს სამყაროსადმი გარკვეული პოზიცია. მსოფლმხედველობის გარეშე არაა არც უვიცი და არც მეცნიერი, არც პოლიტიკოსი და არც ობივატელი. ამ თვალსაზრისით მართებულია რიკერტის გამოთქმა, რომ ტოლსტოის რომანის "აღდგომის" გმირ ქალს, ზნედაცემულ მასლოვასაც აქვს თავისი მსოფლმხედველობა. ასევე მართებულია დილთაის მოსაზრება, რომ ცივილიზებულ თუ ველურ ადამიანს ერთნაირად აქვს მსოფლმხედველობა, რადგან ყოველი ცნობიერი არსება, ყოველი ინდივიდი გარკვეულად აღიქვამს მის გარემომცველ სამყაროს, იმუშავებს მასზე გარკვეულ შეხედულებებს, რომელნიც საფუძვლად ედებიან მის საქმიანობას და ამ აზრით ადამიანის მოქმედება დიდადაა დამოკიდებული მის მსოფლმხედველობაზე. იმდენად დიდია ეს დამოკიდებულება, რომ ერთ-ერთ მოაზროვნეს უფლება ჰქონდა ეთქვა: "ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი, ე. ი. პრაქტიკულად მნიშვნელოვანი _ ეს მისი მსოფლმხედველობაა". ეს ინდივიდუალური მსოფლმხედველობა ყოველდღიურ ურთიერთობებში ჩამოყალიბებულ შეხედულებათა ერთობლიობაა, და არა ცნებებში ფორმულირებული და სისტემური ფორმით გადმოცემული. იგი უბრალოდ სუბიექტის ყოველდღიური ცხოვრების გამოცდილებაა: მისი წარმოდგენა ცხოვრებაზე, მის მნიშვნელობაზე, მისი დამოკიდებულება ახლობლებთან _ იმ ადამიანებთან, რომლებთანაც რაიმე ურთიერთობა აქვს, და მიმართება ნივთთა სამყაროსთან. გარე სამყაროსთან ყოველდღიურ ურთიერთობაში ადამიანი იმუშავებს გარესამყაროსადმი გარკვეულ პოზიციას და ამით არაცნობიერად ქმნის თავის მსოფლმხედველობას, რომელიც "მეტად თუ ნაკლებად ბუნდოვანი გრძნობაა იმისა, თუ რას წარმოადგენს ცხოვრების სიღრმე, რა მნიშვნელობა აქვს ცხოვრებას... მსოფლმხედველობა კოსმოსური ცხოვრების მაჯისცემის, აღქმისა და შეგრძნების ჩვენი ინდივიდუალური წესია" .

      ზემოთ მითითებული რიკერტის მოსაზრება, რომ მასლოვასაც თავისი მსოფლმხედველობა აქვს, შემთხვევით გამოთქმას არ მიეკუთვნება. "აღდგომის" ავტორმა გენიალურად დაინახა ყოველი ადამიანის ღირებულებათა სისტემის განუყოფელი დაკავშირება ამ ადამიანის მოქმედებასთან, ამ ღირებულებებში მისი დარწმუნებულობა და ამით მისი ყოფიერების გამართლება, მისი საზრისიანად დასახვა. ეს ხდება არა მარტო საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებათა სამყაროში, არამედ ცალკეული სუბიექტის ღირებულებებში, რომელთაც საზოგადოება უარყოფს. ასეთ სუბიექტებს საზოგადოების სხვა ნაწილზე ნაკლებად არ მოაქვს თავი და მათი ყოფის მნიშვნელობა სავსებით საზრისიანად ესახებათ. აი, როგორ გადმოგცემს მასლოვას მსოფლმხედველობას ლ. ტოლსტოი: "მასლოვას არ რცხვენოდა... როსკიპობისა: პირიქით, კმაყოფილი იყო, თითქმის ამაყობდა კიდეც. თუმცა არც შეიძლებოდა ეს სხვაგვარად ყოფილიყო. ყოველ ადამიანს სამოქმედოდ ესაჭიროება რწმენა, რომ მისი მოქმედება მნიშვნელოვანი და კარგია. ამიტომ რა მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეს კაცი, ის აუცილებლად თავის გონებაში გამოიმუშავებს ადამიანთა ცხოვრებაზე საზოგადოდ და განამტკიცებს ისეთ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც მისი საქმიანობა მას მნიშვნელოვან და მშვენიერ მოღვაწეობად მოეჩვენება.

      საზოგადოდ ფიქრობენ, რომ ქურდს, მკვლელს, ჯაშუშს, როსკიპს უნდა რცხვენოდეს თავისი პროფესიისა, რადგან თითქოს თვითონვე ცუდ საქმედ მიაჩნია თავისი ხელობა. სინამდვილეში კი სრულებით საწინააღმდეგო რამ ხდება. ხალხი, რომელიც თავისი ბედით, თუ თავის შეცდომა-შეცოდებათა წყალობით ჩაყენებულია განსაზღვრულ მდგომარეობაში, რარიგ უკუღმართიც უნდა იყოს ეს მდგომარეობა, ყოველთვის შეიმუშავებს და შეითვისებს ცხოვრებაზე, საერთოდ, ისეთ შეხედულებას, რომლის თვალსაზრისითაც თავისი ყოფა-ცხოვრება ეჩვენება კარგ და საპატიო მოვალეობად. ამ შეხედულების განსამტკიცებლად ყოველი პიროვნება ინსტინქტურად უკავშირდება ადამიანთა იმ წრეს, რომელშიაც მათ მიერ შემუშავებულია ცნება ცხოვრებაზე და ამ ცხოვრებაში მათი ადგილის შესახებ. ჩვენ ამ მოვლენას განცვიფრებაში მოვყავართ, როცა საქმე ეხება ქურდებს, რომელთაც თავი მოაქვთ თავიანთი მოხერხებულობით, როსკიპებს _ თავიანთი გარყვნილობით, ჯაშუშებს _ თავიანთი უსაზღვრო უსინდისობით, მკვლელებს _ თავიანთი ულმობელი სიმკაცრით. მაგრამ ყოველივე ამას განცვიფრებაში მოვყავართ მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი წრეების სამყარო შეზღუდულია, თანაც, რაც მთავარია, ჩვენ ვიმყოფებით ამ წრეებს გარეშე. განა იმავე მოვლენას არა აქვს ადგილი მდიდართა შორის, რომელთაც თავი მოაქვთ თავიანთი სიმდიდრით, ე. ი. მძარცველობით, მხედარმთავრებს შორის, რომელნიც იკვეხნიან თავიანთ გამარჯვებას, ე. ი. მკვლელობას, ხელისუფალთა შორის, რომელნიც ტრაბახობენ თავიანთი ძლიერებით, ე. ი. ძალმომრეობით! ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამ ხალხის მიერ, თავიანთი მდგომარეობის გამართლების მიზნით, ცხოვრების, სიკეთის და ბოროტების ცნებათა გაუკუღმართებას მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ დამახინჯებულ ცნებათა მქონე ადამიანთა სამყარო მეტად დიდია, და ჩვენც ამ სამყაროს ვეკუთვნით.

      ასეთი შეხედულება ცხოვრებასა და თავის ადგილზე ცხოვრებაში შეუმუშავდა მასლოვასაც. ის კატორღამისჯილი როსკიპი იყო, და მიუხედავად ამისა, ისეთი მსოფლმხედველობა შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც ამართლებდა თავის საქციელს და ხალხის წინაშე კიდევაც თავი მოჰქონდა თავისი მდგომარეობით.

      მისი მსოფლმხედველობა გამოიხატებოდა შემდეგში: მოხუცებული კაცების, ახალგაზრდების, გიმნაზიელების, გენერლების, სწავლულების, უსწავლელების, განურჩევლად ყველა მამაკაცის უმთავრეს ბედნიერებას შეადგენდა ლამაზ ქალთან სქესობრივი კავშირის დაჭერა. და ამიტომ ყველა მამაკაცს, თუმც ისინი თვალთმაქცობენ და საჩვენებლად თავი ისე მოაქვთ, თითქოს გართულნი არიან სერიოზულ საქმეებში, არსებითად მხოლოდ ეს ერთი სურვილი აქვთ, ამისათვის იღვწიან, ამაზე ამოსდით მზე და მთვარე. თვითონ მასლოვა ხომ ლამაზი, მიმზიდველი ქალია. მის ხელთაა თილისმა _ უნდა დააკმაყოფილებს, უნდა არ დააკმაყოფილებს მამაკაცთა ამ სურვილს. ამიტომ, მაშასადამე, ის არის მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანი. ამ შეხედულების სისწორეს ადასტურებს მთელი მისი წარსული და ახლანდელი ცხოვრება.

      ათი წლის განმავლობაში ყველგან, სადაც და ვისთანაც უნდა ყოფილიყო ის, დაწყებული ნეხლიუდოვიდან და ბებერი ბოქაულიდან, გათავებული საპატიმროს ზედამხედველებით, მასლოვა ხედავდა, რომ ყოველ მამაკაცს სჭირდება ის, მხოლოდ როგორც ქალი. მას არ ენახა თავის ცხოვრების გზაზე ისეთი მამაკაცი, რომელსაც არ სჭირდებოდეს მასლოვა ქალი. ამიტომ მამრობითი სქესის მთელი სამყარო მას წარმოდგენილი ჰყავდა როგორც ერთი მთლიანი კრებული ავხორცობით აბოტებული მამაკაცებისა, რომელნიც ყოველი მხრიდან უდარაჯებდნენ მას და ყოველი საშუალებით _ მოტყუებით, ძალადობით, მოსყიდვით, ან რაიმე სხვა ხერხით, ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას მხოლოდ თავიანთი ვნებიანი სურვილის დასაკმაყოფილებლად.

      მასლოვას ასე ჰქონდა შეცნობილი ცხოვრება. ცხოვრების ასეთი გაგების მიხედვით, მის წარმოდგენაში ის იყო არა უკანასკნელი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. ასეთ შეცნობას ცხოვრებისას, თავის ასეთ შეხედულებას მასლოვა უფრთხილდებოდა და ელოლიავებოდა ყველაფერზე უფრო ამ ქვეყანაზე. არც შეეძლო არ გაფრთხილებოდა, რადგან ეს შეხედულება რომ შეცვლოდა და დაჰკარგვოდა, თვითონ მას ეკარგებოდა მნიშვნელობა და ის ადგილი საჭირო ადამიანთა შორის, რომელსაც მას ამქვეყნად ცხოვრების ასეთი გაგება ანიჭებდა. და რათა არ დაეკარგა თავისი მნიშვნელობა ცხოვრებაში, მასლოვა ინსტინქტურად ჩასჭიდებოდა ადამიანების იმ წრეს, სადაც ცხოვრებას უყურებდნენ ისე, როგორც ის".

      გარესამყაროსადმი ეს პოზიცია ყალიბდება ადამიანის ზნე-ჩვეულებებსა და ტრადიციებში, რომლებიც მისთვის არაცნობიერი ხდება. ყოველდღიური მსოფლმხედველობისათვის დამახასიათებელია გაუცნობიერებლობა ან ნახევრად ცნობიერი ხასიათი, ინდივიდუალობა, რომელსაც ზოგადობის პრეტენზია არა აქვს. ყოველდღიური მსოფლმხედველობის ყველაზე მაღალი ფორმა ყალიბდება "ცხოვრებისეულ სიბრძნედ", რომელიც შეუძლია მისმა მატარებელმა გაუზიაროს სხვას, მაგრამ საყოველთაო მნიშვნელობაზე პრეტენზია გამორიცხულია.

ამოსაბეჭდი ვერსია:

მსოფლმხედველობა და იდეოლოგია

წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია"

ტეგები: Qwelly, იდეოლოგია, კოდუა, კულტურის_სოციოლოგია, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 2984

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters