კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 1
ნაწილი XVI

      ალბათ, არ არის უბრალო დამთხვევა, რომ ფემინისტური კვლევა ისეთივე სერიოზულ საკითხად განიხილება, როგორც იდეოლოგიის კრიტიკის პარადიგმები. ეს ორი თემა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. მართალია, აშერი (1996: 124) აკრიტიკებს ჰაბერმასის, რწმენას, რომ ოჯახი მყუდრო თავშესაფარია ამ უგულო, ექსპლუატაციურ სამყაროში, იგი ფენიმისტური კვლევის რამდენიმე პრინციპს აყალიბებს, რომელიც თანხმობაში მოდის ფრანკფურტის სკოლის იდეოლოგიის კრიტიკასთან:

  • გენდერის, როგორც ანალიზისა და ორგანიზაციის კატეგორიის, ყოვლისმომცველი გავლენის აღიარება;
  • ჭეშმარიტებისადმი, ობიექტურობისა და ნეიტრალურობისადმი ტრადიციული ერთგულების რღვევა;
  • ცოდნის კრიტერიუმისადმი იმ მიდგომის მიღება, რომელითაც ყველა თეორია პერსპექტიულია;
  • კვლევის მრავალგვარი მეთოდის გამოყენება;
  • ფენიმისტური კვლევის ინტერდისციპლინური ბუნების აღიარება;
  • მკვლევრისა და საკვლევი ადამიანების ჩართვა კვლევაში;
  • თეორიისა და პრაქტიკის ურთიერთმიმართების დაშლა.

      მისი შემოთავაზებები კვლევაში "ძალაუფლების საკითხის" მოგვარების მნიშვნელოვნების გაცნობიერებას ("ვისი კვლევა", "ვისთვის კვლევა", "ვის ინტერესებში შემავალი კვლევა") და განათლების კვლევაში ემანსიპატორული ელემენტის (ანუ, კვლევა ყველა მონაწილეს უნდა აძლევდეს შესაძლებლობების გაფართოების საშუალებას) ჩართვის საჭიროებას ეყრდნობა. კრიტიკული თეორიის პარადიგმა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ობიექტურ, ნეიტრალურ, ღირებულებებისგან დაცლილ, პოზიტივისტურ, "მეცნიერულ" პარადიგმას იმის გამო, რომ ის ერთმანეთისგან წყვეტს თეორიასა და პრაქტიკას, ძალაუფლების ასიმეტრიის რეპროდუცირებას ახდენს (კვლევით საზოგადოებაში უფლებამოსილებებს შორის განსხვავების ასახვა) და მონაწილეებს/რესპონდენტებს, როგორც ინსტრუმენტებს ანუ ობიექტებს, ისე ეპყრობა.

      რობსონი (1993: 64) კვლევაში სექსიზმის შვიდ წყაროს ასახელებს:

  • ანდროცენტრულობა: სამყაროს ხედვა მამაკაცის თვალით და მამაკაცების კვლევის პარადიგმის მიყენება ქალებისთვის;
  • ზეგენერალიზაცია: კვლევის განზოგადება მამაკაცებიდან ქალებზე ხდება;
  • გენდერისადმი არასენსიტიურობა: სქესის, როგორც შესაძლო ცვლადის იგნორირება;
  • ორმაგი სტანდარტები: მამაკაცებისთვის განკუთვნილი კრიტერიუმების გამოყენება ქალების ქცევის სტანდარტის შესაფასებლად და ქცევის გასაზომად და პირიქით (მაგალითად, სოციალური სტატუსის ტერმინებით);
  • სქესის შესაბამისობა: მაგალითად, ის, რომ ბავშვის აღზრდა ქალის პასუხისმგებლობაა;
  • ოჯახზე ორიენტირება: ანალიზის ერთეულად ოჯახის აღება და არა - ინდივიდის;
  • სექსუალური დიქოტომიზმი: სქესების ცალკეულ სოციალურ ჯგუფად მიჩნევა მაშინ, როდესაც, ფაქტობრივად, მათ საერთო მახასიათებლები აქვთ.

      ფემინისტური კვლევაც სათუოდ მიიჩნევს ისეთი კვლევის ლეგიტიმურობას, რომელიც ჩაგრული და სხვა მხრივ უჩინარი ჯგუფის - ქალების უფლებამოსილებით აღჭურვას არ ემსახურება. ეზი (2002: 20) წერს, რომ საჭიროა, მეცნიერების ტრადიციულ მასკულინურ სურათს ჩაენაცვლოს ერთგულება ემანსიპატორული ცოდნისადმი, რაც (ეს ცოდნა) მომდინარეობს ფემინისტური პერსპექტივიდან, ვინაიდან "თუ ქალების გამოცდილება მხოლოდ მამაკაცების პოზიციიდან შექმნილი თეორიებისა და დაკვირვებების გამოყენებით გაანალიზდება, მაშინ ასე მიღებული თეორიები დაჩაგრავს ქალებს" (გვ. 23). როგორც ეზი (2002: 43) ამბობს, გენდერი "გამოცდილების კატეგორიაა".

      პოზიტივისტური კვლევა ძალაუფლების მოცემულ ურთიერთობებს ემსახურებოდა და, ჩვეულებისამებრ, ხმის უფლებაწართმეული, მდუმარე ჯგუფების ხარჯზე, ძალაუფლებით აღჭურვავდა თეთრკანიანი მამაკაცების დომინირებით გამორჩეულ კვლევით წრეებს. ფემინისტური კვლევა ამის აღმოფხვრასა და ჩანაცვლებას სხვადასხვა რეალური სამოქმედო გეგმით ცდილობს, იქნება ეს უფლებამოსილების გაზრდა, ხმის უფლების მიცემა, ჩაგრული ჯგუფების ემანსიპაცია, თანასწორუფლებიანობა, თუ რეპრეზენტაცია. ამისათვის ის აღიარებს ძალაუფლების, დუმილისა და ხმის ამოღების, იდეოლოგიის კრიტიკის და ისეთი კვლევების ლეგიტიმურობაში დაეჭვების საკითხების პრიორიტეტულობის აუცილებლობას, რომლებიც მანამდე უმწეო, უუფლებო ჯგუფების ემანსიპაციას არ ახდენდა. ფემინისტურ კვლევაში ქალების მიერ ჩაგვრის, ექსპლუატაციის და უუფლებობის გაცნობიერება კვლევის ფოკუსად იქცევა - ეს არის იდეოლოგიის კრიტიკის პარადიგმა.

      ფემინისტები სულაც არ მიიჩნევენ განათლების სფეროს ობიექტურად და ღირებულებებისგან დაცლილად. ისინი ამტკიცებენ, რომ მისი ობიექტურობა, უბრალოდ, თვალის ასახვევი ფანდია და არსებულ უუფლებო სტატუს კვოს ემსახურება. ისინი თვლიან, რომ წინ უნდა წამოიწიოს, დღის სინათლეზე გამოვიდეს და ამუშავდეს კვლევის სუბიექტური და ღირებულებებით მართული ბუნება (Haig 1999: 223). ღირებულებებისგან დაცლილი, ნეიტრალური კვლევა, სავარაუდოდ, ძალაუფლებაში არსებულ განსხვავებებს ინარჩუნებს. ჯეიარანტი და სტიუარტი (Jayarante and Stewart 1991) კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ კვლევათა უმეტესობის დამახასიათებელ ტრადიციულ, ექსპლუატაციურ ბუნებას, რომელშიც ყველა ჯილდო მკვლევარს რჩება, მონაწილე კი როგორც წესი, იმავე უმწეო სიტუაციაში რჩება, რაშიც კვლევამდე იყო და, რომელშიც ჩაგვრის, პრივილეგიებს მოკლებულობისა და უთანასწორობის სტატუს კვო უცვლელი რჩება. სკოტი (1985: 80) წერს: "საკუთარი მიზნებისა და კარიერისთვის ჩვენ შეგვიძლია, უბრალოდ, გამოვიყენოთ ქალების გამოცდილება". ქრისველსაც (Cresswell 1998: 83) მიაჩნია, რომ ფემინისტური კვლევა თანამშრომლობითი და არაექსპლუატაციური ურთიერთობის ჩამოყალიბებას ესწრაფის. სკოტი (1985) კითხულობს, თუ რამდენად ეთიკურია, რომ ქალმა მკვლევარმა მათთან აწარმოოს ინტერვიუ, ვინც მასზე ნაკლებად პრივილეგირებული და მეტად ექსპლუატირებულია, ვიდრე თავად.

      ამ სიტუაციის შეცვლა რეფლექსიურობის და მკვლევრებსა და კვლევაში მონაწილეებზე კვლევის ზეგავლენის საკითხების სერიოზულად აღქმას, პოზიტივისტურ პარადიგმაზე უარის თქმას და კვლევის მიზნებისა და ეფექტების მეტად გაცნობიერებას მოიცავს. ეზი (2002: 153) წერს, რომ "მკვლევრის პირადი გამოცდილება კვლევის პროცესის განუყოფელი ნაწილია" და განამტკიცებს მოსაზრებას, რომ მკვლევრებისგან ობიექტურობის მოთხოვნა არასწორია.

      რიბენსისა და ესვარდის (Ribbens and Eswards 1997) მოსაზრებით, ჩნდება კითხვა: როგორ მუშაობენ მკვლევრები თეორიულ მოსაზრებებზე დაყრდნობით საჯარო, აკადემიური ცოდნის მოთხოვნებისა და ფორმალური ტრადიციების შესატყვისად, თუ კვლევის მონაწილეთა ახსნებისა და გამოცდილების ერთგულები რჩებიან. დენზინი (Denzin 1989), მიესი (Mies 1993), ჰაიგი (Haig 1999) და დე ლეინი (De Laine) ფემინისტური კვლევის რამდენიმე პრინციპს გამოყოფენ:

  • გენდერული ურთიერთობების ასიმეტრიულობა და რეპრეზენტაცია რეფლექსიურად უნდა იქნას შესწავლილი, ვინაიდან სოციალური ცხოვრების ფუნდამენტურ ასპექტს ქმნიან (რომელსაც განათლების კვლევა მოიცავს);
  • ქალების საკითხები, მათი ისტორია, ბიოგრაფია და ბიოლოგია, მახასიათებლები კვლევის ქმედით, არსებით დღის წესრიგს/ფოკუსს წარმოადგენს, ოღონდ მაშინ, როცა კვლევა მხოლოდ მეთოდოლოგიური საკითხებიდან სამოქმედო გეგმის ფორმირებისკენ გადაინაცვლებს;
  • ჩაგვრის, ექსპლუტაციის, უფლებამოსილების, თანასწორობის, ხმის უფლებისა და რეპრეზენტაციულობის ცნობიერების ამაღლება მეთოდოლოგიურ იარაღს წარმოადგენს;
  • ეჭვქვეშ უნდა დადგეს კვლევის ობიექტურობა და ობიექტურობის ცნება და მათი მიღება.
  • პრიორიტეტული უნდა იყოს ფემინისტური კვლევის რეალური, ღირებულებებით განსაზღვრული განზომილებები და მიზნები;
  • კვლევა უფლებამოსილებას უნდა მატებდეს და ძალაუფლებით აღჭურვავდეს ქალებს;
  • არ არის საჭირო, რომ კვლევა მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენელმა ექსპერტებმა აწარმოონ;
  • აუცილებელია კოლექტიური კვლევის წარმოება: ქალებს სჭირდებათ საკუთარი ინდივიდუალური ისტორიების გაერთიანება, თუ ეს ისტორიები ემანსიპაციისთვის გამოდგება;
  • საჭიროა ქალების ჩაგვრის ძირეული პროცესებისა და განმეორებადი მახასიათებლების გამოვლენა;
  • თეორიისა და პრაქტიკის განუყოფლობის მოთხოვნა;
  • პირადსა და საზოგადოებრივს, საშინაოსა და პოლიტიკურს შორის კავშირების არსებობის მტკიცება;
  • გენდერული და სქესობრივი განსხვავებების აგება და რეპროდუცირება;
  • უარყოფილია ვიწრო დისციპლინური საზღვრები;
  • უარყოფილია ხელოვნულად შექმნილი დუალიზმი: ცდის პირი/მკვლევარი;
  • უარყოფილია პოზიტივიზმი და ობიექტურობა, როგორც მამაკაცური მითი;
  • მეტად გამოიყენება თვისებრივი, ინტროსპექციული ბიოგრაფიული კვლევითი ტექნიკა;
  • აღიარებულია სოციალური კვლევის გენდერული ბუნება და ანტისექსისტური კვლევის სტრატეგიების შემუშავების საჭიროება;
  • კვლევის პროცესი განიხილება, როგორც ცნობიერებისა და ცოდნის მომატების საშუალება და არსებითად მონაწილეობითი პროცესი;
  • აღიარებულია ქალების პიროვნული სუბიექტური გამოცდილების პრიორიტეტულობა;
  • სოციალურ კვლევაში უარყოფილია იერარქიები;
  • მკვლევრების, კვლევითი წრეებისა და კვლევის ობიექტების ვერტიკალური, იერარქიული ურთიერთობები, რომელშიც Yთავად კვლევა შეიძლება გახდეს დომინირების, ელიტური წრეების ძალაუფლების რეპროდუცირებისა და ლეგიტიმაციის ინსტრუმენტი, უნდა ჩანაცვლდეს ჩაგრული, ექსპლუატირებული ჯგუფების ინტერესების დაცვის ხელშემწყობი კვლევით;
  • აღიარებულია კვლევის მონაწილეთა და მკვლევართა თანაბარი სტატუსი და მათ შორის ორმხრივი ურთიერთობა;
  • საჭიროა სტატუს კვოს შეცვლა და არა მისი, უბრალოდ, გაგება ან ინტერპრეტაცია;
  • კვლევა გაცნობიერების პროცესს უნდა წარმოადგენდეს და ის ექსპერტების მიერ და ექსპერტებისთვის კი არ უნდა წარმოებდეს, არამედ უფლებამოსილებით უნდა აღჭურვავდეს ჩაგრულ მონაწილეებს.

      ვები და მისი კოლეგები (Webb et al. 2004) კვლევის მეთოდოლოგიის სწავლებაში ფენიმისტური პედაგოგიკის ექვს პრინციპს გვთავაზობენ:

  • პროფესორი-სტუდენტის ურთიერთობის რეფორმულირება (იერარქიულიდან თანასწორ და გაზიარებით ურთიერთობად);
  • უფლებამოსილების მინიჭებისა და შესაძლებლობების გაფართოების უზრუნველყოფა (მონაწილეობითი დემოკრატიისთვის);
  • თემის, ერთობის შექმნა (თანამშრომლობითი სწავლის მეშვეობით);
  • ერთი ცალკელი ხმის პრივილეგირებულობა (არა მარტო ლექტორის);
  • პიროვნული გამოცდილების მრავალფეროვნების პატივისცემა (რომელიც, მაგალითად, გენდერიდან, რასობრივი წარმომავლობიდან, ეთნიკური კუთვნილებიდან, კლასიდან, სექსუალური პრიორიტეტებიდან იღებს სათავეს);
  • ტრადიციული მოსაზრებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება (მაგალითად, ცოდნის სოციოლოგია).

      გენდერი აყალიბებს კვლევის სამოქმედო გეგმას, დღის წესრიგს, თემებს და ფოკუსებს, არჩევს ტერმინებს შეგროვებული მონაცემებისთვის და ქმნის მკვლევრებსა და კვლევის მონაწილეთა ურთიერთობას. ფემინისტური კვლევის "ლოგიკური დასაბუთებიდან" რამდენიმე მეთოდოლოგიური პრინციპი გამომდინარეობს (Denzin 1989; Mies 1993; Haig 1997, 1999; De Laine 2000):

  • რაოდენობრივი, პოზიტივისტური, ობიექტური კვლევის ჩანაცვლება თვისებრივი, ინტერპრეტაციული, ეთნოგრაფიული რეფლექსიური კვლევით, ვინაიდან რაოდენობრივი კვლევის ობიექტურობა მასკულინური ინტერესებისა და დღის წესრიგის მხოლოდ თვალის ამხვევი ფანდია.
  • კოლექტივების, ხშირად, ქალთა კოლექტივების მიერ წარმოებული თანამშრომლობითი, კოლექტიური კვლევები მკვლევრებისა და კვლევის მონაწილეთა კომბინაციას ქმნის სუბიექტ-ობიექტის და იერარქიული, არარეციპროკული ურთიერთობების რღვევის მიზნით.
  • ნავარაუდევი ღირებულებებისგან დაცლილი, ნეიტრალური, ინდიფერენტული და მიუკერძოებელი კვლევით აპელირების ჩანაცვლება გაცნობიერებული, მიზანმიმართული მიკერძოებით კვლევის მონაწილეებთან მკვლევრის იდენტიფიცირების გზით.
  • იდეოლოგიისადმი კრიტიკული მიდგომებისა და პარადიგმების გამოყენება კვლევაში.
  • ლიბერატორული მეთოდოლოგია - ცოდნის შესახებ მაყურებლის, ანუ მჭვრეტელის თეორია, რომელშიც მკვლევრები შორიდან იყურებიან, უნდა შეიცვალოს მონაწილეობითი კვლევით, სავარაუდოდ, პრაქტიკის კვლევით, რომელშიც მონაწილეები (მკვლევრების ჩათვლით) თავად არიან ჩართული ქალთა ემანსიპაციისთვის ბრძოლაში).
  • სტატუს კვოს შეცვლის საჭიროება სოციალური კვლევის ამოსავალი წერტილია. თუ გვსურს, რაიმე ვიცოდეთ, უნდა შევცვალოთ ის. (მიესი (1993) ჩინელების ციტირებას ახდენს, როცა წერს, რომ თუ გინდა, იცოდე მსხლის გემო, უნდა ჩაკბიჩო და დაღეჭო ის!).
  • ტრიანგულაციისა და მრავალგვარი მეთოდების (ისეთი ვიზუალური ტექნიკის ჩათვლით, როგორიცაა ვიდეო, ფოტოგრაფია და ფილმები) ფართოდ გამოყენება.
  • ისეთი ლინგვისტური ტექნიკის გამოყენება, როგორიცაა საუბრის ანალიზი.
  • ტექსტების ანალიზის გამოყენება, როგორიცაა ქალების შესახებ დოკუმენტებისა და ტექსტების დეკონსტრუირება;
  • ცალკეულ ინდივიდუალურ კვლევებში მიღებული შედეგების სინთეზირებისთვის მეტაანალიზის გამოყენება (იხ. თავი 13).
  • რაოდენობრივ გამოკითხვებზე უარის თქმა და მათი კრიტიკულად შეფასება, კითხვების ფორმულირების გაკრიტიკების ჩათვლით.

      ედვარდსისა და მაუთნერის (Edwards and Mauthner 2002: 15, 27) აზრით, ფემინისტური კვლევა კონცენტრირდება დომინანტური და ღირებულებებისგან თავისუფალი კვლევის კრიტიკაზე, მკვლევარსა და კვლევის მონაწილეებს შორის არსებული ძალაუფლების ექსპლუატაციური იერარქიის გამოვლენასა და უარყოფასა და მკვლევრისა და მონაწილეების ძალიან მჭიდრო ურთიერთობის მხარდაჭერაზე. პოზიტივისტური კვლევა უარყოფილია, როგორც თავისი არსით დამთრგუნველი (Gillies and Alldred 2002: 34) და რომელსაც იმთავითვე არ შეუძლია ობიექტურობის საკუთარი პრინციპის ერთგულება; ეს ნაკლული ეპისტემოლოგიაა. კვლევა და მის უკან მდგარი ეპისტემოლოგიები ინტერესებში იღებს სათავეს და განუყოფელია მათგან (Habermas 1972).

      გეზი აღებულია "მონაწილეობითი პრაქტიკის კვლევისკენ," რომელშიც წინა პლანზეა წამოწეული უფლებამოსილების მინიჭება და ემანსიპაცია და რომელიც ჩართული და თანამშრომლობითი პროცესია (მაგალითად, იხ. De Laine 2000: 109 ფფ.). მონაწილეობა აღიარებს "ძალაუფლების დისბალანსს და ჩაგრული ადამიანების მათი საკუთარი ცვლილების აგენტებად გადაქცევის" საჭიროებას (Ezzy 2002: 44), ხოლო პრაქტიკის კვლევა - "ჩარევის თაობაზე მისაღებ გადაწყვეტილებებში კვლევის შედეგების გამოყენების" აუცილებლობას (გვ. 44). როგორც დე ლეინი (2000: 16) წერს: მოითხოვება "მეტი მონაწილეობა და ნაკლები დაკვირვება, სხვებთან და სხვებისთვის ყოფნა და არა სხვების ყურება". ასე უნდა ხდებოდეს ორმხრივი და თანასწორი ურთიერთობის ფონზე და არა - უპიროვნობის, ექსპლუატაციის და მკვლევარსა და კვლევის მონაწილეებს შორის ძალაუფლების/სტატუსის განსხვავების პირობებში.

      დე ლეინი ამტკიცებს, რომ მკვლევრისა და მონაწილის ურთიერთობამ უნდა გაარღვიოს ტრადიციული პატრიარქატი. ხაზგასმულია მკვლევრისა და კვლევის მონაწილეების პარტნიორობა - მკვლევრები თავად არიან მონაწილეები და არა - გარეშე დამკვირვებლები. მონაწილეები კი, როგორც თანამკვლევრები, თავად ქმნიან კვლევის პროცესს (De Laine 2000: 107), განსაზღვრავენ პრობლემას, მეთოდებს, ერევიან მონაცემების შეგროვებასა და ანალიზში, ინტერპრეტაციასა და მიღებული შედეგების გამოქვეყნება-გავრცელებაში. მკვლევრისა და კვლევის მონაწილეების ურთიერთობა თანასწორობით ხასიათდება და არაფერი აქვს საერთო გარეშე, ობიექტური, დისტანციური, პოზიტივისტური კვლევისთვის დამახასიათებელ ტიპურ ურთიერთობებთან. მკვლევრები განუყოფლად უკავშირდებიან კვლევის მონაწილეთა ცხოვრებას. ამ კავშირის შედეგად წარმოქმნილი მკვლევრისა და მონაწილის რეაქტიულობის შესაძლო სირთულეები კვლევაში ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხია და არა თავად კვლევის წყობის.

      თაფარ-ბიორკერტისა და ჰენრის (Thapar-Björkert and Henry 2004) მტკიცებით, მკვლევრის - ძალაუფლების მქონის და კვლევის მონაწილის - ნაკლებად უფლებამოსილის, მკვლევრის მიერ ექსპლუატირებულისა და მისგან მანიპულირებულის ტრადიციული, ცალმხრივი და ერთმიმართულებიანი ხედვა დასავლელი თეთრკანიანი მკვლევრების ქმნილება შეიძლება იყოს. ისინი საუბრობენ კვლევაზე, სადაც, ტრადიციულად შემოთავაზებული მოდელისგან განსხვავებით, უფლებამოსილება ისევე აქვთ კვლევის მონაწილეებს, როგორც მკვლევრებს და ეს უფლებამოსილება შეთანხმებისამებრ, უწყვეტია და თანაბრადაა გადანაწილებული მკვლევარსა და კვლევის მონაწილეებს შორის. ავტორები, ფაქტობრივად, გვიჩვენებენ, თუ როგორ შეუძლიათ (და ახორციელებენ კიდეც) კვლევის მონაწილეებს მკვლევარზე მეტი ძალაუფლება ჰქონდეთ კვლევის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. ისინი ინდოეთში ქალების საკუთარ სახლებში ინტერვიუირების საინტერესო მაგალითს აღწერენ, სადაც ჩანს, რომ სახლი მათი ჩაგვრისა და დათრგუნვის ადგილი კი არა, მათი ძალაუფლებისა და კონტროლის საუფლოა.

      მონაცემების შეგროვების მეთოდებთან დაკავშირებით, ოუკლი (Oakley 1981) თვლის, რომ "ქალის ინტერვიუირება" სტანდარტიზებული, უპიროვნო სტილით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესრულება და კითხვების გამეორებაა, შეიძლება "ლოგიკური წინააღმდეგობრიობა" იყოს, ვინაიდან მასში ექსპლუატაციური ურთიერთობა მოიაზრება. უმჯობესია, რომ სუბიექტ-ობიექტის ტიპის ურთიერთობა მართულმა დიალოგმა ჩაანაცვლოს. იგი აკრიტიკებს ინტერვიუს წარმოებისას "რაპორტის" ტრადიციულ ცნებას (Oakley 1981: 35) და ამტკიცებს, რომ ეს ინსტრუმენტული, არაორმხრივი და იერარქიულია - ეს ყველაფერი კი მასკულინური თვისებებია. იგი ამტკიცებს, რომ რაპორტი, ამ თვალსაზრისით, არ არის რეალური და გულწრფელი, რადგან მკვლევარი მას მეცნიერული მიზნებისთვის იყენებს და არა ადამიანური ურთიერთობებისთვის (Oakley 1981: 55). მისთვის ასეთ სიტუაციაში მკვლევრები "ყალბ მეგობრებს ჰგვანან", ისინი საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობენ (Dencombe and Jessop 2002: 108) და "რაპორტის შექმნას" ნდობასთან აიგივებენ, ამიტომაც იქცევიან მეგობრებისგან სრულიად "განსხვავებულად" (გვ. 110). ანალოგიურად, თაფარბიორკერტი და ჰენრი (2004) მიიჩნევენ, რომ მკვლევრისა და კვლევის მონაწილეების დამეგობრების მცდელობა სახიფათოა, რადგან კეთილი ზრახვების მქონე ფემინისტების "ნავარაუდევი სოლიდარობის" სახით, შესაძლოა, თაღლითობას ჰქონდეს ადგილი.

      დანკომბი და ჯესოპი (Dencombe and Jessop 2002: 111) ძალიან უკირკიტებენ კითხვას: რეალურად ითვლება თუ არა ინფორმირებული თანხმობა, თუ მკვლევარი ემპათიისა და "რაპორტის" დემონსტრირებით დაიყოლიებს რესპონდენტს ინტერვიუში მონაწილეობაზე? ავტორების აზრით, ინფორმირებული თანხმობა, განსაკუთრებით, კვლევითი ინტერვიუების შემთხვევაში, მუდმივი მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს და ინტერვიუერმა უნდა იზრუნოს, რომ რესპონდენტს ზედმეტად არ მოახვიოს თავს საკუთარი თავი. პირად ჩვენებებს, ზეპირ მონათხრობებსა და გრძელ ინტერვიუებს, ასევე, დიდი ადგილი უკავია ფემინისტურ მიდგომებში (De Laine 2000: 110; Thapar-Björkert and Henry 2004) და არა მარტო იმ მიდგომებში, რომლებიც სენსიტიურ საკითხებს შეეხება. ამტკიცებენ, რომ (Ezzy 2002: 45) ეს ქალების ხმის შესმენის, ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან მათი მიახლოების და, ზოგადად, ადამიანების გამოცდილების შესახებ გაუმართლებელი დაშვებებისგან თავის არიდების საშუალებას იძლევა.

      კოლექტიური, ეგალიტარული და ემანსიპატორული თვისებრივი კვლევისკენ გადანაცვლება აუცილებლად მიიჩნევა, თუ ქალებს სურთ თავი აარიდონ პოზიტივისტური, ჩაურთველი, მიუკერძოებელი და ობიექტური კვლევის გამო ჩაგრულ მდგომარეობას. მაიესის (1993: 67) მტკიცებით, კვლევის ამ უკანასკნელი ტიპის შემთხვევაში ქალები შიზოფრენიულ პოზიციაში იყენებენ თავს, ვინაიდან ამ ტიპის კვლევებში ისეთი მეთოდები იხმარება, რომლებიც ხელს უწყობს მათ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნასა და ჩაგვრას, იგნორირებულია მათი ჩაგრულობა და იძულებული არიან, დაემორჩილონ კონკურენტულ, მამაკაცების დომინანტური აკადემიური წრის "თამაშის წესებს." რომანი და ეიფლი (Roman and Apple 1990: 59) ამტკიცებენ, რომ ამ თვალსაზრისის მიხედვით, არ არის საკმარისი, რომ ქალები ეთნოგრაფიული კვლევებით დაკავდნენ, რადგან ჩაგვრის არსებული და მაფორმირებელი ძალებისთვის, ან ძალაუფლების ასიმეტრიულობისთვის ისინი უცილობელ გამოწვევას არ წარმოადგენენ. ავტორები ამტკიცებენ, რომ ეთნოგრაფიულ კვლევას იდეოლოგიის კრიტიკა უნდა ახლდეს თან. ფაქტობრივად, ისინი ამტკიცებენ, რომ კვლევის მატრანსფორმირებელი, ძალაუფლების მიმნიჭებელი და ემანსიპატორული პოტენციალი მოცემული კვლევის შეფასების კრიტიკული სტანდარტია.

      ეს უკანასკნელი მოსაზრება ეხმაურება ლათერის (Lather 1991) მოწოდებას, რომელიც მკვლევრებისგან მოითხოვს, რომ ყურადღებით და ფრთხილად იყვნენ საკუთარი კვლევის პოლიტიკურ შედეგებთან მიმართებაში (მაგალითად, შედეგების ვალიდობა) და არა მხოლოდ კვლევის ჩატარებისას და მონაცემების ანალიზისას. კვლევას ცვლილება და გაუმჯობესება უნდა ახლდეს თან, განსაკუთრებით, ამ კონტექსტში, ქალებისთვის (Gillies and Alldred 2002: 33. ასევე, იხ. Lather 1991). კვლევა და მოქმედება - პრაქსისი - უნდა მოიცავდეს როგორც "რაღაცისთვის ცოდნას", ისე, "რაღაცის ცოდნას" (Ezzy 2002: 47). როგორც მარქსი გვახსენებს თავის ნაშრომში "თეზისი ფოიერბახის შესახებ": "ფილოსოფოსებმა სამყაროს მხოლოდ ინტერპრეტაცია მოახერხეს, მრავალგვარი ინტერპრეტაცია, თუმცა, მთავარი მისი შეცვლაა". თუმცა, გილისი და ალდრედი (2002: 45) მიუთითებენ, რომ "მრავალ ფემინისტს აფიქრებს, აუცილებლად სასარგებლოა თუ არა კვლევის პოლიტიზებული მონაწილეები", ვინაიდან კვლევაში მონაწილეობა ზრდის მათი მოქმედებების შეზღუდვების გაცნობიერების ხარისხს, მათთვის გამოსავლის შეთავაზების, ან მათი მდგომარეობის სტრუქტურული მიზეზების მოძიების გარეშე. ამგვარად პოლიტიზებული, მაგრამ მდგომარეობის შეცვლის უნარის არმქონე კვლევა, შესაძლოა, მართლაც აღმოჩნდეს უფლებამოსილების მიმნიჭებელი და მფარველი, უბრალოდ, განათლებისკენ და ემანსიპაციისკენ მოწოდების გამო. მან შეიძლება, ქალები უფრო მოწყვლადი გახადოს, ვიდრე კვლევაში მონაწილეობამდე იყვნენ. ემანსიპაცია ბრძოლაა.

      ფემინისტური კვლევის ზოგიერთი ეს მოსაზრება და მეთოდოლოგია საკამათოია სხვა ფემინისტი მკვლევრებისთვის. მაგალითად, ჯეიარატნი (Jayarante 1993: 109) "მიზნისთვის შესატყვისობას" ემხრობა და თვლის, რომ მხოლოდ თვისებრივ მეთოდოლოგიებზე ფოკუსირება შეიძლება არ შეესატყვისებოდეს კვლევის მიზნებს, ან ფემინისტური სამოქმედო გეგმის განხორციელებას (ასევე, იხ. Scott 1985: 82 – 83). ჯეიარატნი აბათილებს არგუმენტს, რომ რაოდენობრივი მეთოდები შეუსაბამოა ფემინისტებისთვის, რადგან ისინი უარყოფენ კვლევაში ჩართული ადამიანების ემოციებს. ფაქტობრივად, იგი რაოდენობრივი კვლევის საკუთარ ტერიტორიაზე დამარცხებაზე საუბრობს (Jayarante 1993: 131) და თვლის, რომ სოციალურ მეცნიერებებში სექსისტურ რაოდენობრივ მონაცემებთან დასაპირისპირებლად ფემინისტური რაოდენობრივი მონაცემები და მეთოდოლოგიებია საჭირო. მისი აზრით, ფემინისტურ კვლევას ამის გაკეთება პოზიტივისტური, მამაკაცების დომინირებით გამორჩეული აკადემიური კვლევითი საზოგადოებისთვის "თავის მიყიდვის" გარეშე შეუძლია. ოუკლის (1998) მიაჩნია, რომ რაოდენობრივი მეთოდებისგან ქალების გამიჯვნამ, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგი მოიტანოს - ქალების დამკვიდრება "სხვებად" და, შესაბამისად, მათი დისკრიმინაცია.

      დე ლეინი (2000: 112) ამტკიცებს, რომ რაოდენობრივიდან თვისებრივი ტექნიკისკენ გადანაცვლებამ შეიძლება ვერ გადაჭრას კვლევაში არსებული ბევრი ეთიკური პრობლემა, რადგან ასეთი პრობლემები საველე სამუშაოების ნებისმიერ ფორმას იმთავითვე ახასიათებს. იგი ამტკიცებს, რომ ზოგიერთ ფემინისტ მკვლევარს შეიძლება, არც ნაკლები მონაწილეობა სურდეს და არც მეტი გარიყულობა, ხოლო მეტი გარიყულობა და ნაკლები მონაწილეობა ვერ გადაწყვეტს ეთიკურ დილემებს და ასეთ "მორალურად პასუხისმგებელ საველე სამუშაოს" თავად მოაქვს საკუთარი ეთიკური დილემები, მაგალითად, საფრთხის რისკი. თავის ნაშრომში (გვ. 113) ის ამბობს, რომ მკვლევრებისა და კვლევის მონაწილეების მჭიდრო ურთიერთობები შეიძლება ექსპლუატაციური გახდეს და უფრო მეტად შენიღბულიც კი, თუ მეგობრებს (მკვლევარსა და კვლევის მონაწილეს) შორის გულღია, გულწრფელი საუბრისას გამჟღავნებული მონაცემები შემდგომში საჯარო კვლევაში იქნება გამოყენებული. მკვლევარი დილემის წინაშე დგას: თუ იგი ნამდვილი მეგობარია, მაშინ ეს ზღუდავს მას, როგორც მკვლევარს და თუ ის მხოლოდ თვალთმაქცობს, რომ მეგობარია, ან შეზღუდვებს აწესებს მეგობრობაზე, მაშინ ეს გულწრფელობის და პატიოსნების საკითხებს წამოჭრის. კვლევის ფარგლებში დაწყებული მეგობრული ურთიერთობები რეალურია, წარმავალია, თუ მონაცემების მოპოვების მიზნით შთაბეჭდილებების მართვაა?

      დე ლეინის (2000: 115) აზრით, თვისებრივი კვლევისთვის პრივილეგიის მინიჭებამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს იმ მტკიცების გამო, რომ ასეთი კვლევისას გამორიცხულია ექსპლუატაციური ურთიერთობები. მართალია, იგი აღიარებს, რომ რაოდენობრივმა მიდგომებმა, შესაძლოა, გაამყაროს ძალაუფლების განსხვავებები და ექსპლუატაცია, მაგრამ არც იმის გარანტია არსებობს, რომ თვისებრივი კვლევა იგივეს არ გაიმეორებს, ოღონდ უფრო შენიღბულად. ის თვლის, რომ თვისებრივმა მიდგომებმაც შეიძლება შექმნან და შეინარჩუნონ უთანასწორო ურთიერთობები და, უმთავრესად, იმიტომ, რომ მკვლევარი საკვლევ ველზე ყოფნისას მკვლევარია და არა მეგობარი. რომ არა კვლევა, მკვლევარი სულაც არ იქნებოდა იქ, სადაც არის. სტეისის (Stacey 1988) მიაჩნია, რომ გაცილებით მეტია ალბათობა იმისა, რომ ფემინისტური ეთნოგრაფიისთვის მიწერილი სიახლოვე/ინტიმურობა ექსპლუატაციურ ურთიერთობაში გადაიზრდება, ვიდრე შესაძლებლობა იმისა, რომ ეს ასე არ მოხდება. მკითხველს ვურჩევთ, გადახედოს მეორე თავს, რომელშიც განათლების სენსიტიური კვლევის განხილვასთან ერთად სწორედ ეს საკითხებია წამოჭრილი.

      გილისისა და ალდრედის (2002: 43 – 46) მოსაზრებით, პრაქტიკის კვლევა, სფერო, რომელსაც აქტიურად უჭერს მხარს ფემინისტ მკვლევართა ზოგიერთი წრე, თავისთავად პრობლემურია. არსებობს რისკი, რომ ის ადამიანების ცხოვრებაში უხეში ჩარევა (ანუ, პოტენციურად ძალაუფლების ბოროტად გამოყენება) იქნება, ხოლო მკვლევარი, ჩვეულებისამებრ, თუ ცენტრალურს არა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კვლევის წამოწყებაში, ხელშეწყობასა და მასში მოცემული და მისგან მომდინარე შინაარსების კრისტალიზაციასა და განვითარებაში, ანუ, მკვლევარია ის, ვისაც აქვს ძალაუფლება და გავლენა.

      ეზი (2002: 44) აღნიშნავს, რომ, ვინაიდან არ არსებობს ერთი ცალკეული ფემინისტური მეთოდოლოგია, თვისებრივი და რაოდენობრივი მეთოდები თანაბრად ლეგიტიმურია. ფაქტობრივად, კელი (1978) ამტკიცებს, რომ ფემინისტური ვალდებულება კვლევაში კვლევის საკითხისა და შედეგების ინტერპრეტაციის ეტაპზე უნდა იყოს ჩართული, თუმცა, არ უნდა მონაწილეობდეს მონაცემების შეგროვებისა და კვლევის ჩატარების პროცესში.

      თაპარ-ბიორკერტი და ჰენრი (2004) მიუთითებენ, რომ "გარედან მოსულ" მკვლევარს, შესაძლოა, მეტი უპირატესობა ჰქონდეს, ვიდრე - შინაურს. მაგალითად, თეთრკანიანი ქალი მკვლევარი, რომელიც ფერადკანიან ქალებს იკვლევს, შეიძლება სულაც არ იყოს დაბრკოლება, რადგან ბევრმა ფერადკანიანმა ქალმა მას ისეთი ინფორმაცია შეიძლება გაანდოს, რასაც არ გაანდობდა თავისივე რასის პიროვნებას. ანალოგიურად, ერთი და იგივე რასობრივი და ეთნიკური წარმომავლობის ინტერვიუერი და რესპონდენტი თავისთავად არ მოიაზრებს და არ მიუთითებს მათ შორის არაიერარქიული ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე. ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ კატეგორიები "გარედან მოსული" და "შინაური" ბუნდოვანი და აღრეული უფროა, ვიდრე - ურთიერთგამომრიცხავი. მკვლევრები "სუბიექტებიც" არიან და "ობიექტებიც", ხოლო კვლევაში მონაწილეები - "დაკვირვების ქვეშ მყოფნიც" და "დამკვირვებლებიც".

      დე ლეინი (2000: 110) თვლის, რომ ფემინისტთა რიგებში არიან ისეთები, რომლებიც მკვლევრისა და ცდის პირების მჭიდრო ურთიერთობას ემხრობიან - ადამიანები იკვლევენ სხვა ადამიანებს და ისეთებიც, ვინც მკვლევარსა და კვლევის მონაწილეთა შორის "პატივისცემით გამსჭვალული დისტანციის" პოზიციაზე დგანან. ახლო ურთიერთობები კვაზითერაპიულ სიტუაციად შეიძლება იქცეს და არა კვლევად (Dunbombe and Jessop 2002: 111), თუმცა უფრო ღრმა საკითხების წვდომისთვის შეიძლება მაინც მნიშვნელოვანი იყოს სიახლოვე. გარდა ამისა, უნდა ვიკითხოთ, თუ რამდენად მივყავართ ახლო ურთიერთობას ორმხრივ ურთიერთგახსნამდე (გვ. 120). დისკუსია დაწყებულია: მკვლევარი უნდა გაიხსნას, ახლოს მივიდეს და უფრო ინტიმური სოციალური ურთიერთობისთვის მოემზადოს - "მოპყრობის ფემინისტური ეთიკა" (გვ. 111), თუ გულგრილი, ზედაპირული, დისტანციური ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს, რამაც შეიძლება კვლევის მონაწილეთა ობიექტებად ქცევა გამოიწვიოს? ეს თანაბრად არის როგორც მორალური, ისე, მეთოდოლოგიური საკითხი.

      ეს თემა უფრო ღრმად მიდის: არსებობს მოსაზრება, რომ ემოციები და გრძნობები კვლევის განუყოფელი ნაწილია და არა კვლევიდან ობიექტურობის ინტერესების გამო ამოღებული (Edwards and Mauthner 2002: 19). ემოციები კვლევისთვის ხელისშემშლელად ან ირელევანტურად კი არ უნდა იყოს მიჩნეული (De Laine 2000: 151 – 152), არამედ ცენტრალურად, რადგან მათ მთავარი ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. სინამდვილეში, ემოციურ რეაქციებს გადამწყვეტი როლი აქვთ კვლევა-ძიებისა და მონაცემების სანდოობის დადგენაში; "ფემინისტური კომუნიკაციური მოდელი", რომელზეც დე ლეინი (2000: 212 – 213) საუბრობს, ხაზს უსვამს რამდენიმე დონის - ემოციების, ემოციურობისა და პიროვნული ექსპრესიულობის, ემპათიის - ურთიერთდაკავშირებულობის მნიშვნელოვნებას. ეგალიტარული ფემინიზმი, რომელსაც ემხრობიან დე ლეინი (2000: 108) და სხვები, შინაურთა წრეზე საუბრობს, რომელშიც იმავე კულტურის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული და სადაც ემპათია, ორმხრივობა და ეგალიტარიზმი გამორჩეული მახასიათებლებია.

      სვანცის (Swantz 134) მტკიცებით, მკვლევარი შეიძლება, გარკვეულწილად, თავს იტყუებდეს, როდესაც საკუთარ თავზე იღებს - მკვლევრის და კვლევის მონაწილეების ინტერესების გამზიარებლის ორმაგ როლს. მისთვის ღიად რჩება საკითხი, თუ რამდენად შეუძლია მკვლევარს ნამდვილად იყოს ჩართული მონაწილეებთან არაზედაპირულ ურთიერთობაში და არსებობს თუ არა ძალაუფლების ფარული უთანასწორობა, თუნდაც, მხოლოდ იმის გამო, რომ მკვლევარს, შესაძლოა, "უპირატესი/უმაღლესი ცოდნა" ჰქონდეს. დე ლეინი (2000: 114) თვლის, რომ ასეთი უპირატესი/უმაღლესი ცოდნა შეიძლება ანთროპოლოგიაში ან ეთნოგრაფიაში მკვლევრის საკუთარი გამოცდილებიდან ან, უბრალოდ, მეტი განათლებიდან მომდინარეობდეს. მკვლევრის უპირველესი მიზანი კვლევაა და ეს განასხვავებს მას კვლევის მონაწილეებისგან, რომელთაც კვლევაში მონაწილეობის განსხვავებული მიზანი აქვთ.

      გარდა ამისა, კვლევაში მონაწილე ცდის პირებთან იდენტიფიკაციისა და სოლიდარობის სურვილი, რომელიც მკვლევარს უჩნდება, შეიძლება კეთილშობილური, მაგრამ არარეალისტური ოპტიმიზმი იყოს და, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ცდის პირები შეიძლება არ მიეკუთვნებოდნენ იმავე რასას, ეთნიკურ ჯგუფს, რომელსაც მკვლევარი, ჰქონდეს მათგან განსხვავებული წარსული, ცხოვრებისეული შანსები, გამოცდილება ან ფერი. გილისი და ალდრედი (2002: 39 – 40) სვამენ საკითხს, თუ რამდენად შეუძლია ან უნდა შეეძლოს მკვლევარს იმ ჯგუფის რეპრეზენტაცია, რომელსაც თავად არ მიეკუთვნება, კერძოდ, ძალაუფლების ან ხმის უფლების არმქონე ჯგუფებს, რაც, თავისთავად, კოლონიზაციისა და ჩაგვრის ერთ-ერთი ფორმაა. ავტორები ამტკიცებენ (გვ. 40), რომ მსგავსება/სიახლოვე არ არის რეპრეზენტაციული კვლევის ავტორიტეტული საფუძველი. მსგავსების/სიახლოვის ცნებაც კი საეჭვო ხდება, როდესაც ის ყურადღების მიღმა ტოვებს ან აკნინებს განსხვავების მნიშვნელოვნებას და ამით ჯგუფების და კონკრეტული გამოცდილებების ჰომოგენიზაციას ახდენს. ამის საპასუხოდ ფემინისტი მკვლევრები (გვ. 40) ამბობენ, რომ მკვლევრებს მხოლოდ საკუთარი უშუალო წრით შემოფარგვლის უფლებამოსილება აქვთ, თუმცა ეს საკამათო საკითხია. სხვების სახელით ლაპარაკს თავისი ღირებულება აქვს, კერძოდ, ჩაგრულთა და კოლონიზებულთა დაცვა. აუცილებლად უნდა დაისვას ფემინისტური ეთიკის მისაღებობის, მართებულობისა და სისწორის საკითხი, თუ მკვლევარი სხვების ისტორიებს წარმოადგენს და იყენებს (გვ. 41).

      კვლევისადმი ფემინისტური მიდგომის მაგალითია პრაქტიკის კვლევის პროექტი "გოგონები მეცნიერებასა და ტექნიკაში" ("Girls Into Science and Technology” – GIST). ეს კვლევა სამი წლის განმავლობაში წარმოებდა; კვლევაში მონაწილეობა მიიღეს დიდი ბრიტანეთის ერთ ნაწილში განლაგებული ათი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის 2,000-მა მოსწავლემ და მათმა მასწავლებლებმა, აქედან რვა სკოლა "მოქმედების" ბაზად გამოიყენეს, დანარჩენი ორი კი - "საკონტროლოდ". ამ კვლევის მეთოდოლოგიებისა და შედეგების აღწერა რამდენიმე სტატიაშია ასახული (Kelly 1986; 1989ა; 1989ბ; Kelly and Smail 1986; ჭჰიტყ 1986). კვლევის თანადირექტორი მას "სიმულტანურად ინტეგრირებულ პრაქტიკის კვლევას" (ანუ, მოქმედებისა და კვლევის ინტეგრაციას) უწოდებს (Kelly 1987). კელი ღიად საუბრობს ამ კვლევის სამეცნიერო გუნდის ფემინისტურ ორიენტაციაზე და იმაზეც, რომ მიზანმიმართულად ცდილობდნენ გოგონების არჩევანის ვარიანტებისა და კარიერასთან დაკავშირებულ გეგმების ტრანსფორმირებას, ვინაიდან მკვლევრები ხედავდნენ, რომ გოგონები არასახარბიელო მდგომარეობაში იყვნენ ტრადიციული სქესობრივი სტერეოტიპების გამო. იგი თვლის, რომ მკვლევრების მოქმედებები ქალების დაქვემდებარებული სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მცირე მცდელობა იყო (Kelly 1987).

ტეგები: Qwelly, კვლევა_განათლებაში, კვლევის_ბუნება, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია

ნახვა: 555

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

Qwelly World

free counters