ფსიქოლოგიის ისტორია, III თავი

      შუა საუკუნეებში (V-XIIIს.) ფსიქოლოგიის საერთო განვითარება შეფერხდა, ზოგჯერ უკუსვლითაც წავიდა. ცხადია, ფსიქოლოგიური აზრის სტაგნაცია გამოხატავდა იმდროინდელი ფილოსოფიისა და მეცნიერების განვითარების ზოგად ტენდენციას. ანტიკური ცივილიზაცია რომის დაცემასთან ერთად (476წ.) საბოლოოდ დაიშალა. მანამდე მოპოვებული ცოდნა თანდათან იკარგებოდა. ვრცელდებოდა და მკვიდრდებოდა ქრისტიანობა, რომელიც, ცდილობდა რა, დაემტკიცებინა თავისი ძალა და უნიკალობა, ებრძოდა ყველა სხვა პოზიციის გამოვლინებას და, პირველ ყოვლისა, წარმართულ მითოლოგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს. ქრისტიანული თეოლოგიური აზრის განვითარების პირველ ეტაპზე ეკლესიის მამები (თუნდაც იგივე ავგუსტინე) ცდილობდნენ ძირითადი ძველბერძნული ფილოსოფიური სკოლების ნააზრევის ასიმილაციას, მაგრამ შემდგომში ერთხანს გამეფდა ყოველივე არაქრისტიანულისადმი სრული შეუწყნარებლობა. ანტიკური მეცნიერებისადმი მომთმენი დამოკიდებულება საბოლოოდ დასრულდა, როცა 529 წელს იმპერატორმა ავგუსტინემ გააუქმა ათენის ყველა ფილოსოფიური სკოლა და წერტილი დაუსვა მათი განვითარების ცხრასაუკუნოვან ისტორიას.

      შუა საუკუნეების დასაწყისი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მატერიალური და სულიერი კულტურისა და მოსახლეობის აოხრებისა და განადგურების ხანაა. სხვადასხვა ხალხების (გოთები, ვანდალები, ვიკინგები, დანები, ანგლები, საქსები და სხვ.) განუწყვეტელმა შემოსევებმა, საზარელმა შიმშილობამ, ეპიდემიებმა და სრულმა განუკითხაობამ გააპარტახა ყველაფერი. მოისპო რომის ცივილიზაციის ნაშთები, ცივილიზაციისა, რომლის დროსაც სუფევდა წესრიგი და დოვლათი, მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებულმა ნაწილმა იცოდა წერა-კითხვა, არსებობდა საერო განათლების ხელმისაწვდომი კერები, ხოლო მეცნიერება და მეცნიერები დიდ პატივში იყვნენ. დამდგარ შავბნელ ხანაში ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფდა რაღაც სტაბილურობას და ასულდგმულებდა ცივილიზაციას, ეკლესია იყო. მონასტრები აძლევდნენ თავშესაფარს დევნილ, ულუკმაპუროდ დარჩენილ და ავადმყოფ ადამიანებს. იქ არსებობდა სულიერება, ინახებოდა წიგნები, ისწავლებოდა წერა-კითხვა. საზოგადოებაში, რომლის უმაღლეს წრეებშიც უვიცობამ დაისადგურა, ერთადერთი მეტნაკლებად განათლებული ფენა საეკლესიო პირები იყვნენ. ამავე დროს, ეკლესია კატეგორიულად ვერ ეგუებოდა რაიმე კონკურენციას, განსაკუთრებით მეცნიერების მხრიდან. ქრისტიანული რელიგია თითქოს ამძაფრებდა სულიერი სამყაროსადმი ინტერესს, მაგრამ არა კვლევა-ძიების, არამედ მარტოოდენ რწმენის მიმართულებით. ეკლესია მთლიანად დაეპატრონა ადამიანების სულს და ფსიქოლოგიისთვის ადგილი არ დატოვა. იმავდროულად გაიფურჩქნა მისტიკა და კაბალისტიკა, ალქიმია და ასტროლოგია.

      VI-X სუკუნეები “ბნელ საუკუნეებად” მიიჩნევა. ამ პერიოდში დასავლეთ ევროპის სულიერ კულტურას თითქმის არაფერი შემატებია, მაშინ როცა ბიზანტიასა და მუსლიმანურ სამყაროში საქმიანი და შემოქმედებითი ცხოვრება წინ მიდიოდა. კონსტანტინოპოლში, მაგალითად, 855 წლიდან ფუნქციონირებდა უნივერსიტეტი (ე.წ. “მანგავრის უმაღლესი სკოლა”). შუა საუკუნეებში ფსიქოლოგიის წინსვლა ყველაზე მეტად სწორედ არაბულ ფილოსოფიასა და მეცნიერებას უკავშირდება. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, ბნელი საუკუნეების შემდეგ, თანდათან ინტელექტუალური კლიმატის გარკვეული გაუმჯობესება დაიწყო. გაიხსნა უნივერსიტეტები. ყველაზე ადრე (IX საუკუნე) სოლერნოში გაიხსნა განთქმული “სამედიცინო სკოლა”, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა მედიცინის საუნივერისტეტო ტიპის სწავლება და კვლევა, მაგრამ პირველი ნამდვილი უნივერისტეტი გაიხსნა 1088 წელს - ბოლონიაში; შემდგომში ოქსფორდში (1117), პარიზში, XIII საუკუნის დასაწყისიდან - კემბრიჯში, მონპელიეში, სალამანკაში, პადუაში და ევროპის სხვა ქალაქებში. ამან უდავოდ შეუწყო ხელი ცოდნის შენახვას, სისტემატიზაციას და, რიგ შემთხვევაში, მის გაღრმავებასაც, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში შუა საუკუნეების სასწავლო და სასულიერო ცენტრებში დოგმატური სულისკვეთება სუფევდა. სწორედ ამ დროს წარმოიშვა სქოლასტიკა (ე.წ. “სასკოლო ფილოსოფია”), რომელიც ცდილობდა ქრისტიანული რწმენის რაციონალურ დასაბუთებას, ანტიკური ხანის ავტორების ფილოსოფიური ტექსტების კომენტირებისა და მათი სარწმუნოებრივი დოგმებისადმი მისადაგების გზით. თავდაპირველად სქოლასტიკა დადებით როლს თამაშობდა, რადგან ხელს უწყობდა დაკარგული ცოდნის აღდგენას, ორგანიზაციას და შენახვას, მაგრამ საკმაოდ მალე თავი იჩინა მისმა უარყოფითმა მხარეებმა: ჯერ ერთი, ის იყო არაპროდუქტიული - იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ხდებოდა ახალი ცოდნის გენერაცია და პირიქით, იზღუდებოდა ნოვატორული იდეების აღმოცენება-გავრცელება; მეორე, ის იყო დეზორიენტაციის შემომტანი - კათოლიციზმის პოზიციებიდან ძველი ავტორების (პირველ რიგში, პლატონისა და არისტოტელეს) ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესატყვისი ინტერპრეტაცია ხშირად მათი ნააზრევის რეალური შინაარსის გაღარიბებასა და დამახინჯებას იწვევდა.

3.1. არაბული ფსიქოლოგია

      მეცნიერების ისტორიკოსების შეფასებით, კურიოზულ ისტორიულ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ევროპაში მეცნიერების დაბრუნების თვალსაზრისით ითამაშეს არაბებმა - მათ შეინახეს და საფუძვლიანად დაამუშავეს ანტიკურ ხანაში მოპოვებული ცოდნა. მის შესახებ ინტელექტუალურ ლეთარგიაში მყოფ კათოლიკურ ევროპას წარმოდგენაც არ ჰქონდა. ესპანეთიდან არაბების განდევნის მერე ევროპელებმა აღმოაჩინეს უამრავი ანტიკური ტექსტი არაბულ ენაზე და მათი მაღალ დონეზე შესრულებული კომენტარები. ყოველივე ეს სასწრაფოდ ითარგმნა ლათინურად, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს მავრიტანიაში მცხოვრებმა ორივე ენის მცოდნე ებრაელმა მწიგნობრებმა. თავად არაბებმა თავდაპირველად ათენის ფილოსოფიური სკოლების განადგურების მერე, მცირე აზიაში გაქცეული ნეოპლატონიკოსებისაგან, შემდეგ კი სხვა გზებით მოიპოვეს ანტიკური ფილოსოფიური ხელნაწერების დიდი ნაწილი, თარგმნეს და გაიაზრეს იგი, რითაც საფუძველი დაუდეს არაბულ ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას.

      ინდოეთიდან ესპანეთამდე გადაჭიმულ ხალიფატში, საკმაოდ სტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში, VIII-XII საუკუნეებში კულტურული და ინტელექტუალური ცხოვრება ჩქეფდა. ბაღდადში, ბუხარაში, დამასკოში, კორდოვაში, სევილიასა და ქაიროში იყო უნივერსიტეტები, სადაც არ იკრძალებოდა ისლამისაგან განსხვავებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრებათა შესწავლა. რომაელების მსგავსად, ფილოსოფიის სფეროში არაბები ძველი ბერძენი ავტორების, განსაკუთრებით პლატონისა და არისტოტელეს თხზულებების კომპილაციითა და კომენტირებით იყვნენ დაკავებული. სამაგიეროდ, მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს კონკრეტული მეცნიერების სფეროში, კერძოდ, ფიზიკა-მათემატიკაში, ქიმიაში, ასტრონომიაში, გეოგრაფიასა და მედიცინაში. ეს ძალიან წაადგა ფსიქოლოგიას, რადგან სულის შესწავლისას არაბულენოვანი მეცნიერები არ იზღუდებოდნენ თეორიულ-ფილოსოფიური მსჯელობებით, არამედ აქტიურად იყენებდნენ ბუნებისმეტყველების, პირველ რიგში, მედიცინის მონაცემებს.

      ცნობილი არაბი მეცნიერი, ნატურალისტი და მათემატიკოსი იბნ-ალჰაისამი (ალღაზენა) (965-1039) ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც აღქმის ფსიქოფიზიოლოგიის მკვლევარი. მისი აღმოჩენები უმთავრესად მხედველობითი სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება, რის შესწავლაშიც მან რევოლუციური ცვლილებები მოახდინა. ისტორიულად მხედველობის ფუნქციის ახსნა ე.წ. “გამოდინების” თეორიის შესაბამისად ხდებოდა: საგნებიდან გამოედინება მათი უმცირესი ასლები (მაგ., ეიდოლები), რომლებიც აღიბეჭდებიან თვალზე, მაგრამ ჩვენი მხედველობა უშვებს უამრავ შეცდომას, რომელთა ახსნა შეუძლებელია, მარტო საგნის ასლები რომ ხვდებოდნენ თვალში. ამიტომ დაშვებული იყო მეორე სახის “გამოდინება”, თვალიდან საგნისკენ მიმდინარე რაღაც ნივთიერი სუბსტრატის (მაგ., პნევმის) სახით. მთელი ეს ახსნითი კონსტრუქცია ოპტიკის კანონებისა და თვალის ფიზიოლოგიის უცოდინარობის მაჩვენებელი იყო. ალღაზენამ პირველმა სცადა ეჩვენებინა, თუ როგორ იქმნება თვალში გარემდებარე საგნის ხატი ოპტიკის კანონების შესაბამისად. ამ პირველად და უშუალო ფიზიკურ ეფექტებს ემატება ფსიქიკური აქტები ანუ ერთგვარი “გონების მუშაობა”, რომელიც არაცნობიერად მიმდინარეობს. ამით ალღაზენამ, ფაქტობრივად, წინასწარ განჭვრიტა ჰელმჰოლცის “არაცნობიერი დასკვნის თეორია” (იხ. თავი 5.1.). საგნების მოყვანილობის, სიდიდის, მოცულობისა და ა.შ. აღქმა ფიზიკური და ფსიქიკური პროცესების ურთიერთქმედების შედეგია.

      ალღაზენამ ექსპერიმენტულად შეისწავლა ისეთი მოვლენები, როგორიცაა ბინოკულარული მხედველობა, ფერთა შერევა და სხვა. მან აგრეთვე აჩვენა, რომ ობიექტების სრულყოფილი აღქმისთვის აუცილებელია თვალის მოძრაობა. ამის წყალობით ავტომატურად ხორციელდება ფსიქიკური ოპერაციები, რომელთა შედეგად იკვეთება საგნების ადგილმდებარეობა, დაშორებულობა თუ ურთიერთმიმართება. მან გაარკვია, თუ რა მნიშვნელობა აქვს მხედველობითი აღქმის ხანგრძლივობას. ხანმოკლე აღქმისას თვალი მხოლოდ ნაცნობი ობიექტების აღქმას ასწრებს. ამ ფაქტიდან გაკეთდა შორსმიმავალი დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხედველობითი ხატის ფორმირებაში, ოპტიკური გამღიზიანებლის უშუალო ეფექტის გარდა, მონაწილეობს გამოცდილება, რომელიც ნერვულ სისტემაში წინარე აღქმებიდან მიღებულ შთაბეჭდილებათა კვალის სახითაა მოცემული.

      განსაკუთრებულია იბნ-სინას (ავიცენას) (980-1037) წვლილი ფსიქოლოგიაში. იგი მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში. ავიცენა იყო უნივერსალური მეცნიერი, ფილოსოფოსი და ექიმი. მისი “წიგნი განკურნებისა” თვრამეტტომიანი ენციკლოპედიაა და ეხება ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას. სახელგანთქმული “მედიცინის კანონი” კი სამედიცინო ენციკლოპედიაა, რომელშიც ავტორის საკუთარ გამოცდილებასთან ერთად განზოგადებულია ბერძენი, რომაელი, ინდოელი, შუააზიელი ექიმების ცოდნა. XVI საუკუნემდე აზიასა და ევროპაში “კანონი” სამედიცინო ბიბლიის როლს თამაშობდა.

      თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავიცენა ფსიქოსომატური მედიცინის სათავეებთან დგას. იგი უდიდეს ყურადღებას აქცევდა სხეულებრივი და ფსიქიკური პროცესების ურთიერთმიმართებას ავადმყოფობის აღმოცენებისა და მკურნალობის პროცესში. ცნობილია, მაგალითად, როგორ განკურნა უიმედოდ დატანჯული პაციენტი: ავიცენას ეჭირა მის პულსზე ხელი და სთხოვდა, გაეხსენებინა სხვადასხვა პროვინციის, რაიონის, ქალაქის, ქუჩისა და ადამიანის სახელი. გარკვეულ სახელწოდებათა დასახელებისას პულსის შეცვლის მიხედვით, ავიცენამ გაარკვია, რომ პაციენტი უსაზღვროდ შეყვარებული იყო, გაარკვია ქალიშვილის სახელიცა და მისამართიც. პაციენტმა ყურად იღო დიდი სწავლულის რჩევა, მოიყვანა ცოლად ქალიშვილი და განიკურნა. ავიცენას მიერ გამოყენებულ ხერხს დღეს “ასოციაციურ ექსპერიმენტს” უწოდებენ. მასვე მიეწერება ცდა, რომელიც, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული ნევროზის კვლევაა: ორი ცხვრიდან ერთი ნორმალურ პირობებში იკვებებოდა, მეორე კი - იქვე მიბმული მგლის თანდასწრებით. იგი საკმარისად ჭამდა, მაგრამ სწრაფად იკლებდა წონაში და მალე მოკვდა. დადასტურდა სტრესის მიერ ღრმა სომატური ცვლილებების გამოწვევის ფაქტი.

      საზოგადოდ, ავიცენა სულის პრობლემატიკას ფილოსოფიის ჭრილშიც განიხილავდა. იგი ორგვარი ფსიქოლოგიის მომხრე იყო, მიჯნავდა რა სულის სამედიცინო ანუ საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ გაგებას და ხაზგასმით აღნიშნავდა ექიმის პოზიციის თავისებურებას. ამგვარად, ავიცენა შეგნებულად ავითარებს ორი სახის ფსიქოლოგიას - საბუნებისმეტყველოსა (სამედიცინოს) და თეორიულს (ფილოსოფიურს). ორგვარი ფსიქოლოგია, ემპირიული და მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის სახით, სხვა მეცნიერებთანაც იყო წარმოდგენილი, მაგრამ მათთან ეს გარემოება სათანადოდ ექსპლიცირებული არ იყო.

      აქ მოკლედ შევეხებით ავიცენას თეორიულ შეხედულებას სულის სახეებისა და თვისებების შესახებ. იგი ძველი ბერძნული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის, ძირითადად არისტოტელეს გავლენით არის ჩამოყალიბებული, თუმცა ბევრ საინტერესო ორიგინალურ ნიუანსსაც შეიცავს. ავიცენას თანახმად, არსებული სინამდვილე ან მატერიალურია, ანდა სულიერი ანუ სპირიტული. პირველს შეისწავლის ფიზიკა, მეორეს - მეტაფიზიკა. ინდივიდუალური სული შუალედურია მატერიალურ და სპირიტულ სამყაროებს შორის, უფრო ზუსტად, ესაა მარადიული მატერიის (სხეულის) და აბსოლუტური გონის (პირველსაწყისის) ურთიერთქმედების ნაყოფი. მისი წარმოქმნა აიხსნება ტრადიციული ნეოპლატონური ემანაციის საფუძველზე.

      ავიცენა გამოყოფს მენტალური ძალების (თვისებების, უნარების) სამ ჯგუფს: ვეგეტაციური, ცხოველური და რაციონალური. ვეგეტაციური ძალები, იმის მიხდვით, თუ რა ფუნქციას ასრულებს, სამი სახისაა: გენერაციული (გამრავლება), ოგმენტაციური (ზრდა) და ნუტრიტული (არსებობის შენარჩუნება, კვება). არისტოტელეს მსგავსად, აქაც სიცოცხლის ფიზიკური მხარის ანალიზი კეთდება, რასაც ემატება მოსაზრება, რომ ვიტალური პროცესები არა მარტო მატერიის ფუნქციაა, არამედ მატერიასთან ერთიანობაში მყოფი სულისაც. ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით, ამ თვალსაზრისს შეიძლება “ვიტალიზმის არაბული ფორმა” დაერქვას (ბრეტი).

      ცხოველური სული ფსიქიკური მოვლენების ორ კლასს აერთიანებს - თანამედროვე ტერმინებით: მოტივაციურს და კოგნიტურს. პირველი სურვილსა და მოქმედების იმპულსს მოიცავს, ხოლო მეორე მის შესრულებას განაპირობებს. კოგნიტური სფერო გარე და შიდა ძალებად თუ უნარებად იყოფა. გარე უნარებს ხუთი შეგრძნება მიეკუთვნება. მათ ემატება შეხებაში შემავალი ოთხი თვისების გარჩევის უნარი (ცივი-ცხელი, მშრალი-სველი, მაგარი-რბილი, უხეში-ნაზი). ავიცენა კონკრეტულ შეგრძნებებს საკმაოდ დეტალურად ახასიათებს, იმ დროისთვის ბუნებისმეტყველებასა და, კერძოდ, მედიცინაში დაგროვებული ახალი ცოდნის გამოყენებით.

      შიდა უნარები ადამიანის ცხოველური და ღვთიური ბუნების საზღვარზეა. აქ ხუთი შემეცნებითი უნარი გამოიყოფა: პირველი, ზოგადი გრძნობა. ის იღებს, აერთიანებს და ცნობიერად აქცევს ცალკეული შეგრძნებებიდან წამოსულ შთაბეჭდილებებს. ჩვენ ამ ფსიქიკურ პროცესს აღქმას ვუწოდებთ. ამ აღქმული შინაარსის შენარჩუნებას შემდგომი გახსენებისა ან განსჯისთვის სული ახდენს მეორე კოგნიტური შინაგანი უნარის - შემნახველი წარმოსახვის მეშვეობით. იგი აჯამებს აწმყოსა და წარსულის მონაცემებს და ინახავს მათ, რითაც მეხსიერებას ემსგავსება. ამავე დროს იგი გრძნობად შინაარსს გარდაქმნის წარმოსახულ ფორმად ანუ იმ ფსიქიკურ ხატად, რომლის ხელმეორე აღდგენა შესაძლებელია საგნის უშუალო ზემოქმედების შემდეგაც. ჩვენ ასეთ განცდას მეხსიერების წარმოდგენას ვუწოდებთ. მესამე შინაგანი უნარი კომპოზიციური წარმოსახვაა. ის ერთმანეთთან აკავშირებს შემნახველი წარმოსახვით ფიქსირებულ მენტალურ ხატებს და ქმნის ისეთ კომპოზიტებს, როგორიცაა, მაგალითად, კენტავრი. ცხოველებთან ეს პროცესი ასოციაციურია, ადამიანთან - შემოქმედებითი. მეოთხე უნარი არის შეფასება. ეს შეფასება ეხება საგნების სუბიექტურ ფასეულობას და მათთან მოპყრობის წესს. იგი დაახლოებით იმის ეკვივალენტია, რასაც ცხოველთან ვუწოდებთ ინსტინქტს, ხოლო ადამიანთან - ვარაუდს. მაგალითად, ძაღლი გაურბის ჯოხს, ვინაიდან “შეაფასა” მისი დამსჯელი ძალა, მელა ეძებს კურდღელს, რადგან “იცის”, რომ ის იჭმევა, ხოლო ადამიანი, როცა ბავშვს ხედავს, გრძნობს, რომ მას ნაზად უნდა მოეპყრო. ეს ისეთი შეფასებაა, რომელშიც შეფასების მიზეზები არ არის გაცნობიერებული და რომლის შემუშავებაში ინტელექტუალური პროცესები არ მონაწილეობს. თანამედროვე ფსიქოლოგია ასეთ პროცესს დასწავლის განპირობების მექანიზმებით ხსნის. ცხოველური სულის მეხუთე და ბოლო უნარი არის მეხსიერება და გახსენება; მასალა, რომელსაც ინახავს ეს უმაღლესი დონის მეხსიერება და აღადგენს გახსენება, არ არის ობიექტების უბრალო ასლები. მათთან საქმე აქვს შემნახველ და კომპოზიტურ წარმოსახვას. ეს მასალა ქმნის შედარებით მარტივი, მაგრამ აბსტრაქტული იდეების ან ზოგადი დასკვნების სისტემას, რომელიც გამომდინარეობს გამოცდილებიდან, მაგრამ არ მოიცავს უნივერსალიებს, ვინაიდან უნივერსალიების შექმნის უნარი აქვს მხოლოდ ადამიანის გონებას.

      ვეგეტაციური და ცხოველური უნარები ორგანული ძალებია იმ გაგებით, რომ ისინი განსაზღვრულ მიმართებაში იმყოფებიან ორგანიზმის გარკვეულ ნაწილებთან და სხეულისა და სულის ერთიანი მოქმედების შედეგად ვითარდება. მაგალითად, მხედველობის უნარი კონკრეტულად უკავშირდება ორგანიზმის ერთ ნაწილს - თვალს. მას აქვს კონკრეტული სხეულებრივი ლოკალიზაცია. გრძნობის ორგანოში სწორედ ერთ-ერთი უნარია ლოკალიზებული. სამაგიეროდ, ტვინი ყველა უნარის ცენტრალური ორგანოა. ავიცენამ გამოყო ტვინის სხვადასხვა უბანი, რომლებიც შუბლის წილიდან კეფის წილამდე განალაგა და თითოეულს გარკვეული ფსიქიკური უნარი შეუფარდა. XVI საუკუნემდე ასეთი იყო მედიცინის სტანდარტული შეხედულება.

      ვეგეტაციური და ცხოველური სულის ფუნქციების გარდა, არსებობს წმინდა სულიერი აქტივობა, რომელიც სხეულზე არ არის მიბმული. მის შესახებ რაციონალური სულის ან ინტელექტის დოქტრინაშია საუბარი. არისტოტელეს მსგავსად, ავიცენა მიჯნავს პრაქტიკულ და თეორიულ (მისი ტერმინოლოგიით, განსჯით) ინტელექტს. პრაქტიკული ინტელექტი რაციონალური სულის უფრო დაბალი ფორმაა და ადამიანის ყოველდღიური საქმიანობით არის დაკავებული. ის ახდენს სხეულის რეგულაციას, განაპირობებს მიზანშეწონილ ქცევას და განსჯით ინტელექტს თვითრეალიზაციის პირობებს უქმნის. განსჯითი ინტელექტის თვითგანხოციელება გრძნობადი გამოცდილებისაგან აბსტრაჰირებული უნივერსალური ცოდნის შექმნაში მდგომარეობს. განსჯითი ინტელექტის დახასიათებისას ავიცენას შემოაქვს პასიური და აქტიური გონების გამიჯვნის პრინციპი. განსჯითი ინტელექტი იწყება პასიური გონებიდან, ერთგვარი სიცარიელის მდგომარეობიდან, რომელიც პოტენციის სახით წინ უსწრებს ყოველგვარ აქტივობას. მის საპირისპირო მხარეს არის წმინდა ინტელექტუალური აქტივობა. განსჯითი ინტელექტი აღმავალი გზით მიემართება წმინდა პოტენციურობიდან, შუალედური ეტაპის გავლით, სადაც უკვე მოცემულია ცნებითი ცოდნა ანუ იდეების სისტემა, წმინდა აქტუალიზაციამდე. ეს ბოლო წერტილი მთლიანი თვითგანხორციელებაა და ნიშნავს “სუბიექტისაგან ტრანსცენდენტური, იდეალური ფორმების შემეცნებას” ან, სხვანაირად, “უზენაესი ინტუიციური ცოდნის წვდომას”, რასაც ძალიან ცოტანი, უმეტესად მოციქულები და წმინდანები აღწევენ. ავტორი ამ თეორიულ კონსტრუქციას მარტივი მაგალითით ნათელყოფს: ბავშვი თავდაპირველ ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ იმ არსებად, რომელსაც წერის უნარი აქვს, მაგრამ თვითონ წერა არ შეუძლია; სწავლების შედეგად იგი შეძლებს წერას გადაწერის მნიშვნელობით, საბოლოოდ კი მას ექნება უნარი წეროს საკუთარი გონების კარნახით.

      არაბული ფილოსოფიის და მეცნიერების მეორე უდიდესი წარმომადგენელი იბნ-რუშდი (ავეროესი) (1126-1198) ცხოვრობდა ხალიფატის მეორე ბოლოში, ესპანეთსა და მაროკოში. ავეროესი ამტკიცებდა, რომ რელიგია შეიძლება განვიხილოთ როგორც სისტემა, რომელიც მასებისთვის გასაგებ ფორმაში, ქარაგმულად გადმოსცემს ჭეშმარიტებას, რომელსაც ფილოსოფია მხოლოდ გამორჩეულთათვის მისაწვდომი სახით აყალიბებს. ფორმალურად, აქადან გამომდინარეობს, რომ ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულადაა ასე. ფილოსოფიის ისტორიკოსების აზრით, სინამდვილეში ავეროესი შინაგანად დარწმუნებული იყო ე.წ. “ორგვარი ჭეშმარიტების თეორიის” სისწორეში და მხოლოდ ისლამური თეოლოგიის დევნისაგან თავის დასაღწევად გააკეთა ისეთი მოსარხებელი ფორმულირება, რომელიც, ფაქტობრივად, კარს ღიად უტოვებდა ამ თეორიას. მის მიხედვით, დაშვებულია წინააღმდეგობა ფილოსოფიის (რაციონალური შემეცნების) და თეოლოგიის (რელიგიური პოსტულატების) ჭეშმარიტებას შორის. ისინი, პრინციპში, შეიძლება ერთმანეთს გამორიცხავდნენ, მაგრამ ვინაიდან ასეთ ურთიერთგამომრიცხავ ფორმაში ორი ჭეშმარიტების დაშვება ლოგიკურად ძნელი გასამართლებელია (ჭეშმარიტება, თუ ის მართლაც ჭეშმარიტებაა, მხოლოდ ერთი უნდა იყოს), ამიტომ ამ თეორიის ყველაზე მისაღები ფორმულირება ის არის, რომ ფილოსოფიას საქმე აქვს მოვლენების ბუნებრივ მსვლელობასთან და იყენებს რაციონალურ გონებას, ხოლო თეოლოგიას საქმე აქვს ირაციონალურთან და ეყრდნობა რწმენასა და გამოცხადებას - და არა ლოგიკას.

      ასეა თუ ისე, ავეროესიდან წამოსული ეს დოქტრინა პრინციპულად გზას უხსნიდა რწმენის დოგმებით შეუზღუდავ მეცნიერულ კვლევას. ფსიქოლოგიისთვის ამას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება თეოლოგიის საგანგებო ინტერესისა და მეცნიერებისადმი ეჭვიანობის საგანი იყო. ყველაზე მართებული დასკვნა, რომელიც ფსიქოლოგიას შეუძლია გააკეთოს ამ თეორიიდან, არის ის, რომ მას აქვს კვლევის საკუთარი სფერო, რომლის შესწავლა საკუთარი მეთოდებით შეუძლია ისე, რომ არ შეეხოს და არ შეეწინააღმდეგოს რელიგიურ პოსტულატებს. თუმცა ამ შესაძლებლობის ხორცშესხმა ფსიქოლოგიამ თანდათან მხოლოდ ახალი დრიოდან დაიწყო.

      ავეროესმა გამოთქვა მოსაზრებები, რომლებიც შეუთავსებელი იყო ყურანთანაც და ბიბლიასთანაც და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უკიდურესად მძაფრი იდეოლოგიური დაპირისპირების საბაბად იქცა. მაგალითად, არისტოტელეს თავისებური ინტერპრეტაციის საფუძველზე ავეროესი განასხვავებდა ინდივიდუალურ მოკვდავ სულს და უნივერსალურ უკვდავ გონებას. ინდივიდუალური სულის ფუნქციები განუყრელია ორგანიზმისაგან (პირველ რიგში ე.წ. გრძნობიერება) და მასთან ერთად ისპობა. გონება ღვთიური წარმოშობისაა და ინდივიდუალურ სულში გარედან შედის იმის მსგავსად, როგორც მზე უგზავნის სხივებს გრძნობის ორგანოს. მაგრამ თვალს, ეს სხივები რომ დაინახოს, სპეციფიკური უნარი უნდა ჰქონდეს. ინდივიდუალური სულის ეს უნარი - მიიღოს უნივერსალური გონება - გრძნობიერების სახითაა წარმოდგენილი. სხეულისა და ინდივიდუალური სულის დაღუპვის მერე არსებობას განაგრძობს უნივერსალური გონების ნაწილი, რომელიც ისევ უერთდება თავის პირველწყაროს ინდივიდის ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსია, მაგრამ მისი სული მოკვდავია. ეს თეზისები მიუღებელი იყო რელიგიისთვის ისევე, როგორც ორგვარი ჭეშმარიტების თეორია. სქოლასტიკურ ფილოსოფიაში ამ საკითხების გარშემო მიმდინარე აზრთა ჭიდილი ფსიქოლოგიური პრობლემების ფორმულირებაზეც ახდენდა გავლენას.

3.2. ფსიქოლოგია გვიანდელ შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქაში

      გვიანდელი შუა საუკუნეების ფილოსოფია სქოლასტიკური აზროვნების დომინირების ნიშნით ვითარდებოდა. ცხადია, ეს არ ნიშნავდა სხვადასხვა პრობლემებზე განსხვავებული თვალსაზრისის არსებობას, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც ან უშუალოდ ეხებოდა სულიერ სფეროს, ანდა ქმნიდა მისი გააზრებისა და შესწავლის მსოფლმხედველობით საფუძველს. ასეთებს, ცოდნისა და რწმენის მიმართების პრობლემასთან ერთად (ორმაგი ჭეშმარიტების თეორია), მიეკუთვნება უნივერსალიების (ზოგადი ცნებების) ონტოლოგიური სტატუსის პრობლემა. ეს პრობლემა ეხება იმას, არსებობს თუ არა უნივერსალიები რეალურად და როგორია, საზოგადოდ, ზოგადის მიმართება კერძოსთან.

      დისკუსია უნივერსალიების გარშემო, ფაქტობრივად, ეხებოდა შემეცნების ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ცენტრალურ თეორიულ პრობლემას: რა არის პირველადი - გრძნობადად მოცემული საგანი თუ იდეა; როგორ მიმდინარეობს ადამიანის შემეცნების პროცესი: კონკრეტული აღქმიდან ზოგადი ცნებისკენ თუ პირიქით - ცნებიდან კერძო საგნისკენ. უკვე ანტიკურ ფილოსოფიაში საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა ამ პრობლემის გადაჭრის ორი ძირითადი ვარიანტი. ერთი ჩამოაყალიბა პლატონმა, რომელიც იდეების პირველადობას ამტკიცებდა, მეორე კი - მის საპირისპიროდ კინიკოსებმა და სტოელებმა, როდესაც ასაბუთებდნენ, რომ იდეები რეალურად არ არსებობს და მხოლოდ გონებაში იმყოფება.

შუა საუკუნეების სქოლასტიკურ ფილოსოფიაში ეს მიდგომები შესაბამისად ნომინალიზმის და რეალიზმის სახელწოდებით განვითარდა. მკვეთრად გამოხატული ნომინალიზმის მიხედვით, რეალურად არსებობს მხოლოდ ცალკეული კერძო საგნები მათთვის ნიშნეული ინდივიდუალური თვისებრიობით. ზოგადი ცნებები ამ საგნების შესახებ ჩვენი გონების შექმნილია. ისინი არა თუ არ არსებობენ ამ საგნებისაგან დამოუკიდებლად, არამედ არც კი ასახავენ მათ თვისებრიობას. უნივერსალიები მხოლოდ “ხმის მოძრაობაა”, ანუ ისეთი სახელებია ადამიანთა შორის ურთიერთობის გასაადვილებლად, რომლებიც მსგავსი საგნების ჯგუფებს მოსაზღვრავს. იმ ავტორთა შორის, ვინც ამ თვალსაზრისს იზიარებდა, ყველაზე ცნობილნი არიან დუნს სკოტი (1265-1308) და უილიამ ოკამი (1285-1349). ნომინალიზმის შერბილებულ ფორმაში, რომელსაც კონცეპტუალიზმი ეწოდება, უარყოფილია დებულება, რომ უნივერსალიები ქმნიან დამოუკიდებელ ონტოლოგიურ რეალობას. ამასთანავე, დაშვებულია, რომ საგნებში არსებობს რაღაც საერთო, რაც სიტყვით აღნიშნული და გონებაში მოცემული კონცეპტის (ცნების) საფუძველი ხდება. მოკლედ, სიტყვა ცარიელი ბგერა არ არის, ის საერთო მნიშვნელობას შეიცავს და საგნებისა თუ მოვლენების სახელწოდებათა სახით გადაეცემა ადამიანებს. ასე ფიქრობდა, მაგალითად, ცნობილი თეოლოგი პიერ აბელიარი (1079-1142).

      რეალიზმი კი ამტკიცებდა, რომ უნივერსალიები რეალურად არსებობენ და წინ უსწრებენ ცალკეული საგნების არსებობას. რეალიზმის ორივე ფორმა სქოლასტიკურმა ფილოსოფიამ ანტიკური ფილოსოფიისაგან მემკვიდრეობით მიიღო. პირველი (უკიდურესი რეალიზმი) თავის სათავეს პლატონის იდეების თეორიაში იღებს, რომლის მიხედვითაც იდეები საკუთარ სამყაროს ქმნიან, არსებობენ კონკრეტულ საგნებამდე და მათ ორგანიზებას ახდენენ. მეორე (ზომიერი რეალიზმი) არისტოტელესაგან მოდის, რომელიც თვლიდა, რომ ზოგადი განუყრელ კავშირშია ცალკეულთან და საგნის არსს ანუ ფორმას წარმოადგენს.

      შუა საუკუნეების უდიდესი სქოლასტიკოსი, წმინდა თომა აქვინელი (12251274), რომლის მოძღვრება “თომიზმის” სახელწოდებით საბოლოოდ კათოლიციზმის ოფიციალურ ფილოსოფიად გამოცხადდა, უფრო ზომიერი რეალიზმისკენ იხრებოდა. თომიზმი შეიძლება შეფასდეს, როგორც არისტოტელეს, ავიცენას და ქრისტიანული თეოლოგიის იდეების ერთგვარი სინთეზი. ეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა მის პოზიციაში უნივერსალიების პრობლემასთან დაკავშირებით. თომა აქვინელის მიხედვით, არსებობს სამი სახის უნივერსალია: “ცალკეულ საგნებამდე” ღვთიურ გონებაში, როგორც მათი იდეები, პირველსახეები; “თვით საგნებში”, როგორც მათშივე მოცემული არსი, ანუ ზოგადი ცალკეულში და “საგნების შემდეგ”, მათ შემმეცნებელ ადამიანურ გონებაში, როგორც განზოგადების გზით მიღებული ზოგადი ცნებები. ამით თომა აქვინელი შეეცადა მიეღწია კომპრომისისთვის ნომინალიზმსა და რეალიზმს შორის. ასეთივე განწყობით უდგებოდა იგი ორგვარი ჭეშმარიტების თეორიასაც. თომა ყოველთვის ცდილობდა, ეჩვენებინა არისტოტელეს ფილოსოფიის ძალა. მაგრამ იგი, მაინც, განასხვავებდა ფილოსოფიასა და თეოლოგიას და მიიჩნევდა, რომ მათი დაპირისპირების შემთხვევაში უპირატესობა რწმენას უნდა მიენიჭოს.

      სამაგიეროდ, თომა აქვინელის პოზიცია სრულიად უკომპრომისო იყო სულისა და გონების გამიჯვნისა და ინდივიდუალური სულის მოკვდავობის პოსტულატების მიმართ, რომელთაც ავეროესისტები იცავდნენ. მას მიაჩნდა, რომ გონიერება სულის იმანენტური და აუცილებელი თვისებაა, რომლის გარეშე ის არც არსებობს. ამიტომ აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ სული კვდება, ხოლო გონება უკვდავია. თომა ქადაგებდა მონოფსიქიზმს - გონება ყველასთვის საერთოა და სულთან მჭიდრო კავშირში იმყოფება; ღვთიური (ზოგადი) და ადამიანური (ინდივიდუალური) მენტალობა ერთიანობას ქმნის. ეს მენტალური მონიზმი სულის უკვდავების დოგმის გამართლებას ემსახურება და აძლიერებს სქოლასტიკური ფსიქოლოგიის სპირიტუალისტურ ტენდენციას. ამავე დროს, ის ხაზს უსვამს ფსიქოფიზიკურ დუალიზმს, სულსა და სხეულს შორის არსებულ დისტანციას (სხეულს არაფერი აქვს საერთო გონებასთან). ცდილობს რა თავის ფსიქოლოგიაში ამ დაპირისპირების შერბილებას, თომა სერიოზულ სირთულეებს აწყდება. მართლაც, არისტოტელეს მსგავსად, იგი გამოყოფს ადამიანის სულიერებაში ისეთ ძალებს ან უნარებს, რომლებიც სხეულთან უშუალო კავშირში იმყოფებიან და სხეულის გარეშე ვერ იარსებებენ. ვეგეტაციურ ფუნქციებზეც რომ არაფერი ვთქვათ, ასეთია შეგრძნების ნამდვილად ფსიქიკური, შემეცნებითი უნარი. თავის მხრივ, გონებასთან წილნაყარი ინტელექტი წმინდა მენტალური უნარია, ამიტომ არ უნდა უკავშირდებოდეს არც ვეგეტაციურ, არც სენსორულ თვისებებს და, საზოგადოდ, ორგანიზმს.

      ამასაც რომ თავი დავანებოთ, თომა პატივს სცემს როგორც საკუთარ ემპირიულ გამოცდილებას, ისე არისტოტელეს და ავიცენას მტკიცებას სხეულის და სულის (მათ შორის მისი გონიერი, ინტელექტუალური ნაწილის) განუყრელი ერთიანობის შესახებ. ავტორი ამბობს: სხეული არც აკლდამა ან ციხეა, არც თოჯინა, რომელსაც სული მართავს. ადამიანი გონებისა და სხეულის ერთიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ გონიერი სული ტრანსცენდენტურია, მისი ბუნებრივი ადგილი არის სხეული, რომელსაც ის ავსებს და რომლითაც თავად ივსება. მაშასადამე, ის შეგრძნების მასალას იყენებს, სენსორული ხატები კი სხეულში (გრძნობის ორგანოში) არიან წარმოქმნილი. ამგვარი “სხეულნარევი” ხატების ცნებებად გარდაქმნა შეგრძნების სფეროდან ინტელექტის (ანუ წმინდა მენტალობის, გონების) სფეროში გადასვლას ნიშნავს, მაგრამ არსად არის ნათქვამი, თუ გრძნობითი ფორმიდან როგორ წარმოიქმნება აზროვნების შინაარსი. შეგრძნება ვერასდროს გახდება ინტელექტი, როგორც სხეული ვერ გახდება სული და პირიქით. წმინდა მენტალური წარმოშობის ინტელექტი არსებითად განსხვავედება “ნახევრად მატერიალური” შეგრძნებისაგან. მეორე მხრივ, შეგრძნება ინტელექტის გარეშე ვერასდროს გახდება უნივერსალური, ხოლო ინტელექტი ვერ იმოქმედებს გრძნობით შინაარსზე დაყრდნობის გარეშე. მათი საბოლოო ერთიანობის ახსნა ემპირიულ დონეზე ვერ ხერხდება და ისევ ღმერთში, როგორც ყველაფრის შემოქმედსა და ამხსნელში, უნდა იყოს მონახული. სული ყოველგვარი მედიატორის გარეშე ერთიანდება სხეულთან. ინტელექტს აქვს ობიექტის არსის უშუალო წვდომის უნარი, რაც აგრეთვე ღმერთისგანაა. შესამეცნებელი არსი და ინტელექტი შექმნილია ერთმანეთისთვის ღმერთის მიერ. ასეთია წმინდა თომა აქვინელის საბოლოო პასუხი.

      ფსიქიკური პროცესების იერარქიის უკიდურესი წევრების (შეგრძნება და ინტელექტი) ერთმანეთთან დაკავშირება ძველ სწავლულს იმიტომ უჭირს, რომ მათი მიმართება სხეულისა და სულის ერთიანობას გულისხმობს, ხოლო ამ ერთიანობას ის უშლის ხელს, რომ სული უკვდავ ღვთაებრივ გონებასთან ანუ წმინდა მენტალობასთან არის გაიგივებული. ამასთანავე, თომამ სხვა ფსიქიკური პროცესების საკმაოდ საინტერესო ანალიზი მოგვცა. იგი ძირითადად ეყრდნობოდა ზემოთ განხილულ სულის უნარების ავიცენასეულ კლასიფიკაციას, მაგრამ დახვეწა და განავრცო ეს სისტემა ადამიანის სულის სპეციფიკის ხაზგასმით. ამ სპეციფიკას გონიერი სულის ორი არსებითი ნიშანი ქმნის, მისი ინტელექტუალურობა და ნებელობითობა. ყველაზე მეტად ამგვარი მიდგომა დაეტყო შეფასებისა და მოტივაციის უნარების ანალიზს. ავიცენასაგან განსხვავებით, თომა აქვინელი ორი ტიპის შეფასებას განიხილავდა. ერთი ჩვეულებრივი შეფასებაა, რომელიც ცხოველსაც აქვს და ნების კონტროლის გარეშე მიმდინარეობს: ბატკანი თავისთავად გაურბის მგელს, რადგან მას საფრთხის შემცველად აღიქვამს (აფასებს). შეფასების მეორე სახე მხოლოდ ადამიანს ახასიათებს და რაციონალურ-ნებელობითი კონტროლის საშუალებით ხორციელდება: ჩვენ შეგვიძლია გავექცეთ მგელს ან, საჭიროების შემთხვევაში, მასთან მიახლოება გადავწყვიტოთ. ადამიანი მსჯელობს და ირჩევს იმის ნაცვლად, რომ ბრმად, ინსტინქტურად მოახდინოს რაიმეზე რეაგირება. ამიტომ მისი შეფასებითი უნარი ნებელობით იმართება.

      ასევე არსებობს ორი ტიპის მოტივაცია. პირველის გამოხატულებაა სიამოვნების შემცველი ობიექტებისკენ სწრაფვისა და უსიამოვნების მომგვრელი ვითარებებისაგან განრიდების ბუნებრივი და უნებლიე ტენდენცია. ამავე დროს ადამიანს აქვს სხვაგვარი სახის, ინტელექტუალური და ნებელობითი მოტივაცია, რომელიც ეძებს საუკეთესოს გონების კარნახით. ცხოველმა მხოლოდ სიამოვნება და უსიამოვნება “იცის”, ადამიანმა კი იცის, რა არის სწორი და რა - არასწორი.

      თომა აქვინელმა კორექტივები შეიტანა ავიცენას მიერ განხილული სხვა უნარების ანალიზშიც. სახელდობრ, მან გააუქმა კომპოზიტური წარმოსახვა, ვინაიდან იგი მიიჩნია შემნახველი წარმოსახვისა და რაციონალური აზროვნების ზედმეტ დანამატად. გარდა ამისა, ადამიანური შეფასების ცნების შემოღებით, რომელიც მოქმედების მიზანშეწონილობის განსაზღვრის რაციონალურად წარმართულ უნარს გულისხმობს, მოიხსნა პრაქტიკული აზროვნების ცნების საჭიროება. დაბოლოს, თომა აქვინელმა გაამთლიანა გონება, იმით, რომ დაუბრუნა აქტიური ინტელექტი ადამიანის სულს. ცოდნა არის ადამიანის აქტიური აზროვნების პროდუქტი და არა ღვთიურად გასხივოსნებული საჩუქარი, მაგრამ, ვინაიდან ინდივიდუალური სული ორგანულად უკავშირდება უნივერსალურ გონებას, მისი ანალიზი, მიუხედავად გამოხატული ემპირისტული სულისკვეთებისა, მაინც მეტაფიზიკური ნისლით რჩება დაბინდული.

      ამ ვითარების საილუსტრაციოდ გამოდგება ნების თავისუფლების პრობლემის ანალიზი. უდავოა, რომ ნების პარამეტრის შემოტანით თომა აქვინელმა სწორი მიმართულებით განავითარა სულის უნარების ავიცენასეული გაგება. ნებელობა არის ემპირიულად არსებული ფსიქიკური ფუნქცია და, ასე თუ ისე, ყველა სულიერ ძალას უკავშირდება. მაგრამ თვით ნებელობის დახასიათებისას თომა თანმიმდევრული არ არის და ბოლომდე ვერ ინარჩუნებს ემპირიულ სინამდვილესთან შესაბამისობის პოზიციას. ჯერ ერთი, იგი ახდენს ნების უკიდურეს ინტელექტუალიზაციას, აცხადებს მას გონების მიმართ მეორეულ ფუნქციად, რითაც, ფაქტობრივად, სპეციფიკას უკარგავს. გონების პრიორიტეტი ნებაზე კატეგორიულად არის განცხადებული: არ შეიძლება ისურვო ის, რაც არ არის აღიარებული გონების მიერ, გვეუბნება თომა, თუმცა თავადვე ხედავს, რომ ხშირად შემეცნებისკენ ადამიანს სწორედ ნებისყოფა აღძრავს. უფრო მეტიც, ყოფითი თვალსაზრისით, აღნიშნავს იგი, ღმერთისკენ ნებელობითი სწრაფვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გონებრივი შემეცნება. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, ადამიანის თავისუფალი გადაწყვეტილების წყარო არც მისი ნებაა და არც მისი ინტელექტი, არამედ ღმერთი, რომელმაც ერთადერთმა იცის, რა არის ჭეშმარიტება. ამდენად, თავისუფალი ნება ღვთიურ ცოდნაზე დამყარებული აუცილებლობაა. უფრო მეტიც, თვით ღვთიური ნებაც, ამბობს ავტორი, ღვთაებრივ გონებაზეა დამოკიდებული. ასეთი უკიდურესი მეტაფიზიკით დაგვირგვინდა მყარი ემპირიული ნიადაგიდან აღმოცენებული ანალიზი.

      თომა აქვინელის მიერ დამუშავებული ერთი ცნება უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ფსიქოლოგიაში. ეს ცნება არის ინტენციონალობა. სულიერი მოვლენების შინაარსეული მხარის განხილვისას თომა აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია, გქონდეს რაიმე აღქმა ობიექტის გარეშე ან აზრი შინაარსის გარეშე. სული (ცნობიერება, ნებელობა) ყოველთვის მიმართულია რაიმეზე და ეს მიმართულობა არის ინტენციონალობა. ინტენციონალობა მრავალმხრივია. თავდაპირველად სული მიმართულია გარე ობიექტისკენ, რის შედეგადაც ვიღებთ აღქმის ხატს ან გარკვეული საგნის ცნებას (ე.წ. “პირველადი ინტენციონალობა”). შემდეგ სული მიიმართება არა გარეშე საგნისკენ, არამედ თავად იმ აქტისკენ, რომელსაც ის აწარმოებს. ამით სული სწვდება ლოგიკის კანონებს, რომელთა შესაბამისად მიმდინარეობს ინტელექტუალური აქტი და უნივერსალიებს, როგორც ამ აქტის პროდუქტს (ე.წ. “მეორეული ინტენციონალობა”). ბოლოს სულს შეუძლია დაუბრუნდეს თავისთავს და გააცნობიეროს არა ობიექტი ან აქტი, არამედ საკუთარი თავი, როგორც უნიკალური არსი. XIX საუკუნის ბოლოს, როცა ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების, საგნის პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით დაისვა, ფრანც ბრენტანომ ინტენციონალობაში დაინახა ცნობიერების სპეციფიკური ნიშანი, რომელიც არსებითად განასხვავებს მას ფიზიკური მოვლენებისაგან. ინტენციონალობა მხოლოდ ცნობიერებას ახასიათებს, რის გამოც იგი სპეციალური მეცნიერების, ფსიქოლოგიის საგნად გვევლინება (იხ. თავი 6.3.).

      შუა საუკუნეებს აგვირგვინებს აღორძინების პერიოდი. რენესანსმა მოიტანა არნახული აღმავლობა მატერიალური და სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში. ფართოდ გავრცელდა ჰუმანიზმის იდეები. ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, პიროვნების განვითარების, მისი შესაძლებლობების გამოვლენისა და ცხოვრების საკუთარი გზის არჩევის თავისუფლება, ყოველგვარ ფანატიზმთან შეურიგებლობა და თავისუფალი, არადოგმატური აზროვნების დამკვიდრება - ამას ქადაგებდნენ ამ ეპოქის უდიდესი ჰუმანისტები: დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო, თომას მორი, ერაზმ როტერდამელი, ფრანსუა რაბლე, მიშელ მონტენი, უილიამ შექსპირი, მიგელ სერვანტესი და სხვები. გამაოგნებელ სიმაღლეებს მიაღწია ხელოვნებამ, განსაკუთრებით ფერწერამ. საკმარისია დავასახელოთ ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი, ბოტიჩელი, ტინტორეტო, დიურერი, კრანახი, ბრეიგელი, ბოსხი, ვან-დეიკი, ელ გრეკო და მრავალი სხვა. რენესანსის ერთ-ერთი ტიტანი ლეონარდო და ვინჩი უნივერსალური გენიოსი იყო. იგი აერთიანებდა ხელოვანისა და მეცნიერის ნიჭიერებას, იყო მხატვარი, არქიტექტორი, პოეტი, მუსიკოსი, ამავე დროს ფილოსოფოსი, ბიოლოგი, მექანიკოსი, ქიმიკოსი, ინჟინერი. სერიოზულად იკვლევდა ადამიანის სხეულის აგებულებას და მხედველობის ფსიქოფიზიოლოგიას. მეტ-ნაკლები უნივერსალიზმი აღორძინების ხანის სხვა მხატვრებისთვისაც იყო დამახასიათებელი. ამის გამო, მეცნიერების ისტორიკოსების თქმით, ისინი გამოხატავდნენ ახალი ტიპის მეცნიერებას, რომელიც იქმნებოდა არა უნივერსიტეტებში, სადაც უფრო მეტად ძველი ტექსტების კომენტირებით იყვნენ დაკავებულნი, არამედ მხატვრისა თუ გამომგონებლის სახელოსნოში, სადაც მეცნიერული აზრი ბუნების შემეცნებისა და გარდაქმნისკენ იყო მიმართული. რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა აკადემიური კვლევა-ძიებაც. გაკეთდა არაერთი ფუნდამენტური აღმოჩენა მეცნიერების სხვადასხვა დარგში: ასტრონომიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში (ნიკოლაი კოპერნიკი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, იოჰანეს კეპლერი და სხვა). გადატრიალების ტოლფასი ძვრა მოხდა ბიოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებაში. აქ უნდა გამოიყოს ანდრეს ვეზალიუსის ნაშრომი “ადამიანის სხეულის აგებულება”. მან რევოლუცია მოახდინა ანატომიაში და საფუძვლიანად შეცვალა მანამდე საყოველთაოდ გავრცელებული გალენის შეხედულებები, რომელიც ადამიანის აგებულებაზე მეტწილად ცხოველების ანატომირების შედეგებით მსჯელობდა. მედიცინის სფეროში განსაკუთრებით გაითქვა სახელი აურეოლ პარაცელსმა.

      აღორძინების ხანის კულტურის საერთო სულისკვეთება სამყაროს დემისტიფიკაციისკენაა მიმართული. რენესანსის ჰუმანისტების და ნოვატორების დიდი ნაწილი მკვეთრად აკრიტიკებდა ალქიმიას, ასტროლოგიას, ქირომანტიას და ა.შ. მაგრამ სამყაროს განსულიერების ტენდენცია მაინც მძლავრად იყო ფესვგადგმული, მათ შორის არაერთი პროგრესული მოაზროვნის ცნობიერებაში. მაგალითად, პლანეტების მოძრაობის კანონების აღმომჩენი კეპლერი ასტროლოგიას მიმართავდა, შარლატანობასთან სასტიკად მებრძოლი რაბლე ჰოროსკოპებს ადგენდა, ავადმყოფობის ბუნებრივი მიზეზების დაუღალავი მაძიებელი პარაცელსი სერიოზულად იყო დაკავებული ალქიმიითა და ასტროლოგიით.

      ძლიერ გავრცელდა ქირომანტია და ფიზიოგნომიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საეჭვო პრაქტიკით დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა შარლატანი იყო, მათ შორის ისეთიც გამოერეოდა, რომელიც საკმაოდ სერიოზულად ეკიდებოდა პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თვისებების გამოვლენის საკითხს (ე.ი., ფაქტობრივად, ფსიქოდიაგნოსტიკას) და აღვივებდა ინტერესს სხეულისა და სულის ურთიერთმიმართების პრობლემის (ანუ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მუდმივი პრობლემის) მიმართ. ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად, ესპანელი ექიმი ხუან უარტე, ფსიქიკური თვისებების ინდივიდუალური განსხვავებულობის საკითხის შესწავლას წმინდა მეცნიერული პოზიციებიდან ცდილობდა და ადამიანთა პროფესიული ვარგისიანობის პრაქტიკულ ამოცანებს უკავშირებდა (იხ. თავი 7.2.). მეორე ცნობილი ესპანელი ექიმი ხუან ლუის ვივესი (1492-1540) თავის წიგნში “სულისა და ცხოვრების შესახებ” პირდაპირ მოუწოდებდა მეცნიერებს სულიერ პროცესებზე მსჯელობისას დაყრდნობოდნენ არა აბსტრაქტულ მოსაზრებებს, არამედ დაკვირვებისა და ექსპერიმენტის მონაცემებს. თავად იგი სისტემატურად აკვირდებოდა თავის პაციენტებს, რის საფუძველზეც ძალზე ზუსტად აღწერა სხვადასხვა ემოციური მდგომარეობა და ამ ემოციების რეგულაციის სავსებით რეალისტური მექანიზმები. ამ მონაცემების პრაქტიკული გამოყენების ძირითად სფეროდ მას ბავშვის სწორი აღზრდა მიაჩნდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იმ ეპოქის უდიდესი პედაგოგი იან ამოს კომენსკი თავისი აღზრდის მოძღვრების დასაბუთებისას ვივესის მონაცემებს ეყრდნობოდა.

      რენესანსის ეპოქაში პირველად წარმოიქმნა ჰუმანისტური ფილოსოფია (და, მის ფარგლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგია - რომელმაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა მეოცე საუკუნეში), ჰუმანისტური პედაგოგიკა, გამოითქვა საყურადღებო ეთიკური და სოციოლოგიური მოსაზრებები. ამკვიდრებდნენ რა აქტიური, სიცოცხლითა და ღირსებით სავსე ადამიანის კულტს, ჰუმანისტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პიროვნების სხვადასხვა უნარების (ფიზიკური, გონებრივი, მხატვრული, ნებელობითი) მრავალმხრივ, ჰარმონიულ განვითარებას. დაბოლოს აუცილებელია აღინიშნოს, რომ XVI საუკუნეში ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - გაჩნდა თვით ტერმინი “ფსიქოლოგია”. 1590 წელს გერმანელმა სქოლასტმა რ. გოკლენიუსმა გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი ამ სათაურით, მეორე კი 1594 წელს მისმა მოწაფემ - ო. კასმანმა.

      ახალ ეპოქაში სულის შესწავლა მეტაფიზიკური გონებაჭვრეტიდან ემპირიული კვლევის კალაპოტში უნდა გადასულიყო, მაგრამ ამის რეალური განხორციელება გაცილებით უფრო ძნელი იყო, ვიდრე ბუნებისმეტყველებაში, ვინაიდან სულის სფერო ჯერ კიდევ სქოლასტიკური აზროვნების მარწუხებში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, აღორძინების ხანამ საჭირო ინტელექტუალური ფონი შექმნა და, ამდენად, მძლავრი ბიძგი მისცა ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარებას ახალ დროში.

      ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის გვიანდელი რენესანსის გამოჩენილ ინგლისელ ფილოსოფოსს, ფრენსის ბეკონს (1561-1626). ბეკონი დაჟინებით მოითხოვდა მეცნიერული ცოდნის ცდისეულ, ემპირიულ საფუძველზე დამყარებას. ამასთან, სამყაროს ემპირიული შესწავლა მასთან ახალ შინაარსს იძენს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბეკონი ანიჭებს არა უბრალოდ გრძნობად აღქმას, არამედ ექსპერიმენტის სახით ორგანიზებულ დაკვირვებას, რომელიც იყენებს სხვადასხვა ხელოვნურ საშუალებებს, ხელსაწყოებს, დანადგარებს. შიშველი ხელი იარაღის გარეშე სუსტია; ასევე გონებას ესაჭიროება იარაღები, რომლებიც განუზომლად აფართოვებენ მის შესაძლებლობებს. ცოდნა არ არსებობს გამზადებული სახით, საჭიროა მისი აღმოჩენა, ცდისეული მოპოვება. მეცნიერისთვის ბუნება წარმოდგენილია, როგორც სარბიელი, სადაც იგი ატარებს ცდებს, აწარმოებს დაკვირვებებს და გამოთვლებს სხვადასხვა ხელსაწყოს საშუალებით (მიკროსკოპი, ტელესკოპი, ბარომეტრი, თერმომეტრი). ნიშანდობლივია, რომ ბეკონი ხორცის გაყინვასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარებისას გაცივდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მაგრამ, შემეცნების მთავარი იარაღი არის ახალი მეთოდი - მეცნიერული ინდუქცია. ბეკონი შეეცადა ინდუქციისთვის, როგორც კერძოდან ზოგადზე გადასვლის მეთოდისთვის, მეცნიერული შემეცნების ზოგადი თეორიის სახე მიეცა. ინდუქცია მოწოდებულია დაადგინოს მოვლენათა მიზეზები. ამისთვის, ბეკონის აზრით, ცდისეული კვლევისას უნდა შეიქმნას ცხრილები, რომლებშიც შევა შესასწავლი მოვლენები და, სავარაუდოდ, მათი გამომწვევი თანმხლები გარემოებები. ამ ცხრილების მონაცემებს შორის არსებული შესაბამისობის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირები, რის გამოც ისინი “აღმოჩენების ცხრილებად” მოგვევლინებიან.

      ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით მთავარი ისაა, რომ კვლევის მთელი ეს მეთოდოლოგია ვარგისია არა მხოლოდ ბუნების მოვლენების, არამედ ფსიქიკურისთვისაც. “ჩვენ ვადგენთ ... აღმოჩენების ცხრილებს, როგორც სითბოსა და სიცივისთვის, როგორც სინათლისთვის ... ასევე რისხვისთვის, შიშისთვის, პატივისცემისთვის და ა.შ., აგრეთვე საზოგადოებრივი მოვლენებისა და სულიერი მოძრაობებისთვის - მეხსიერებისთვის ... მსჯელობისთვის და სხვა”. ბეკონმა მეცნიერებათა მთელი სისტემა გაიაზრა და მასში ფსიქოლოგიას, როგორც სულიერი მოვლენების შემსწავლელ დისციპლინას (ავტორი არ ხმარობს ტერმინს “ფსიქოლოგია”), საპატიო ადგილი მიუჩინა. ის შედის ერთიან სწავლებაში ადამიანის შესახებ, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი განიხილავს ადამიანს, როგორც ასეთს და მას “ადამიანის ფილოსოფია” ეწოდება, ხოლო მეორე ადამიანს განიხილავს საზოგადოებასთან მიმართებაში და “სამოქალაქო ფილოსოფიის” სახელწოდებით აღინიშნება. ვინაიდან ადამიანი სხეულისა და სულისაგან შედგება, ადამიანის ფილოსოფიაც, თავის მხრივ, შეიცავს დისციპლინებს სულისა და სხეულის შესახებ. ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება მედიცინა, კოსმეტოლოგია, ფიზიკური კულტურა და სხვა. სწავლება სულის შესახებ (ანუ ფსიქოლოგია) ორ ნაწილად იყოფა. ერთი გამოიკვლევს სულის არსებას და ბუნებას, მეორე - შესაბამის უნარებსა და ფუნქციებს (შეგრძნებას, აღქმას, მეხსიერებას, წარმოსახვას, გონებას, აფექტებს, მისწრაფებებს, ნებას). აქ ბეკონს, არსებითად, მხედველობაში აქვს რაციონალური და ემპირიული ფსიქოლოგია, რომლებიც ამ სახელწოდებას მხოლოდ XVIII საუკუნეში შეიძენენ (იხ. თავი 4.2.).

      ბეკონმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზეც, რომლებიც სხეულსა და სულს ერთნაირად მოიცავს. ეს არის სწავლება პიროვნების შესახებ და სწავლება სულისა და სხეულის კავშირის შესახებ. პირველ შემთხვევაში ისტორიული პერსონაჟების მაგალითებზე განიხილება ადამიანურ შესაძლებლობათა ღირსშესანიშნავი გამოვლინებები - უნიკალური მეხსიერება, გამორჩეული გონება, უმტკიცესი ნება და სხვა. მეორე შემთხვევაში საუბარია ისეთი პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა სხეულის ავადმყოფურ მდგომარეობათა გავლენა სულიერ მოქმედებაზე, სულიერ მდგომარეობათა სხეულებრივი გამოხატულება (ფიზიოგნომიკა), სიზმრების ახსნა და სხვა.

      როცა ბეკონი ფსიქიკურ უნარ-თვისებათა წარმოქმნაზე მსჯელობს, იგი აღარ გამოიყურება თანმიმდევრულ ემპირისტად და უფრო ნატივისტური თვალსაზრისისკენ იხრება. ბეკონი დარწმუნებულია, რომ ყოველი ინდივიდი შეიძლება დახასიათდეს რამდენიმე თანდაყოლილი უნარისა და ტემპერამენტის საშუალებით. ადამიანის ფსიქიკა მემკვიდრეობის წარუშლელი გავლენის ნიშნით არის აღბეჭდილი. ამიტომ მისი ქცევის თავისებურებანი, წარმატებები თუ ზნეობრივი სახე, გარე პირობების გავლენას ნაკლებად ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ბეკონი მიიჩნევს, რომ ჩვევას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, უსულო მატერიისაგან განსხვავებით, ადამიანური ქცევა “თავისუფლების” გარკვეულ ხარისხს შეიცავს.

      საბოლოდ კი შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ფ. ბეკონის ემპირიზმის არათანმიმდევრულობისა, მან მაინც გაკვალა გზა შუა საუკუნეების მეტაფიზიკურ-სქოლასტიკური ფსიქოლოგიიდან ახალი დროის ემპირიულ ფსიქოლოგიამდე.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, ავიცენა, აქვინელი, ბეკონი, იმედაძე, ფსიქოლოგია

ნახვა: 3741

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters