ფსიქოლოგიის ისტორია, II თავი, III ნაწილი

2.3. ელინიზმის ხანის ფსიქოლოგია

      ანტიკური საზოგადოების განვითარების მომდევნო ეტაპს ელინურს უწოდებენ, რადგან ის უკავშირდება ბერძნული კულტურისა და მეცნიერების გავრცელებას რომის იმპერიაში შემავალ და მის მომიჯნავე ქვეყნებში ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. გაჩნდა ფილოსოფიისა და მეცნიერების კერები რომში, ალექსანდრიაში, მცირე აზიის ქალაქებში, გაფართოვდა და გაღრმავდა კავშირები აღმოსავლურ კულტურებთან, არაჩვეულებრივად გაიზარდა ინტერესი ადამიანის მიმართ. კვლევა ძირითადად წარიმართა ადამიანის ორგანიზმის (მედიკო-ბიოლოგიური ასპექტი) და პიროვნების ქცევის, მოტივაციისა და ცხოვრების წესის (ფილოსოფიურეთიკური ასპექტი) შესწავლის მიმართულებით.

      ეპიკურე (341-270 ძვ.წ.) საკუთრივ ფსიქოლოგიურ იდეებს ძირითადად ცხოვრების აზრისა და წესის ეთიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით გამოთქვამდა. სწორედ ეს საკითხებია მისი მოძღვრების ცენტრში. იგი აანალიზებს ბუნების მოწყობისა და შემეცნების თეორიის საკითხებსაც, თუმცა, საბოლოოდ, მათაც მორალის ფილოსოფიის საჭიროებას უქვემდებარებს.

      ეპიკურე დაიბადა და გაიზარდა კუნძულ სამოსზე. 18 წლისა ჩავიდა ათენში და სწავლა განაგრძო აკადემიაში, რომელსაც მაშინ პლატონის მოწაფე ქსენოკრატე ხელმძღვანელობდა. 306 წელს ათენში იყიდა სახლი დიდი ბაღით, სადაც გახსნა თავისი სკოლა (აქედანაა სახელწოდება „ბაღის ფილოსოფოსები”). სკოლის შესასვლელში ასეთი წარწერა იყო: „უცხოელო, აქ შენ მშვენივრად იგრძნობ თავს; აქ უმაღლესი სათნოება - მხიარულებაა”. ეს წარწერა კარგად გამოხატავს როგორც ეპიკურეიზმის მორალური ფილოსოფიის არსს, ისე სკოლაში არსებულ ატმოსფეროს. ეპიკურესთვის უმაღლესი ღირებულება მეგობრობა და სულიერი ურთიერთობა იყო. ამიტომ სკოლაში მასწავლებლებისა და მოწაფეების დამოკიდებულებას უფრო საერთო იდეებითა თუ ინტერესებით შეკრული მეგობრებისა და თანამზრახველების ურთიერთობის სახე ჰქონდა.

      ეპიკურე ატომისტია. იგი დემოკრიტეს ხაზს აგრძელებს. ამ უკანასკნელის მსგავსად, მისი მატერიალიზმი იმდენად შორს მიდის, რომ სულსაც უფაქიზესი და ძალიან მოძრავი უხილავი ნაწილაკებისაგან შემდგარ მოვლენად განიხილავს. ეს ნაწილაკები მთელს სხეულშია გაფანტული და მის მოქმედებას განაპირობებენ. სული რომ სხეულზე ზემოქმედებდეს და სხვა ზემოქმედებასაც განიცდიდეს, იგი მატერიალური უნდა იყოს, ვინაიდან მოძრაობა მხოლოდ მატერიალურიდან მატერიალურს შეიძლება გადაეცეს, ამბობს ეპიკურე. ამავეს ამტკიცებდა დემოკრიტეც - სულის ატომები ეჯახებიან სხეულის ატომებს და იწვევენ ორგანიზმის მოქმედებას. ამავე მოსაზრებას ანვითარებდა ეპიკურეს ყველაზე სახელგანთქმული მიმდევარი ლუკრეციუსი. გამოდის, რომ ადამიანის მოქმედება მხოლოდ ატომების მოძრაობის ბუნებრივი ტრაექტორიით არის დეტერმინირებული და ადამიანი თავისი მოქმედების განსაზღვრაში არ მონაწილეობს. ასეთი მექანისტური დეტერმინიზმისაგან თავის დასაღწევად და თავისუფალი ნების არსებობის დასასაბუთებლად (რის გარეშეც ქცევის ზნეობრივი შეფასება აზრს კარგავს), ეპიკურე არღვევს დემოკრიტეს მიერ შექმნილ მკაცრი მიზეზობრიობის სურათს და უშვებს ატომების მოძრაობის სპონტანურ და შემთხვევით ცვლილებებს. ამით იგი ადამიანის ქცევის თვითდეტერმინირებულობის ფსიქოლოგიურ იდეას გარკვეულ მეთოდოლოგიურ ნიადაგს უქმნის: თუ თავისი განსხვავებული წონის გამო ატომებს შეუძლია მოძრაობის კანონზომიერი ტრაექტორიის შეცვლა, მაშინ ადამიანსაც აქვს უნარი შეცვალოს თავისი ქმედება, და საბოლოო ჯამში, განსაზღვროს საკუთარი ბედი.

      ატომისტურ-მატერიალისტური თვალსაზრისის შესაბამისად, ეპიკურე უარყოფს სულის უკვდავების თეზისსაც. თუ სულის შემადგენლობა ისეთივეა, როგორც სხეულისა, სიკვდილის შემდეგ მასაც იგივე ბედი ელის, რაც სხეულს - იშლება ატომებად, რომლებიც იფანტებიან სივრცეში, ანუ სული, როგორც ორგანიზებული ერთიანობა, ისპობა. სულის უკვდავება, ტრანსცენდენტული სულის არსებობა და მსგავსი მეტაფიზიკური იდეები ეპიკურესთვის მითოლოგიის სფეროს მიეკუთვნება.

      ასეთია ზოგადი, პრინციპული თეორიული მოსაზრებები სულის ბუნებისა და მოქმედების წესის შესახებ. მაგრამ ეპიკურესთვის მთავარია პრაქტიკული ფილოსოფია, რომელიც კონკრეტული ადამიანის რეალური ცხოვრების რაობისა და დანიშნულების გაგებას, საბოლოო ანგარიშით კი მის გაუმჯობესებას, ანუ ბედნიერების მიღწევას ემსახურება. მთავარი დებულება, რომელსაც მთელი მისი სისტემა ეფუძნება, აბსოლუტურად ჰედონისტური ხასიათისაა - ადამიანი სიამოვნების მიღებისთვის ცხოვრობს, სიამოვნებაა ბედნიერების არსი. ამდენად, ეპიკურეს ფილოსოფიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს ისეთი ფსიქოლოგიური კატეგორია (და შესაბამისი მოვლენა), როგორიცაა გრძნობა („აფექტი”) და მასთან დაკავშირებული მისწრაფება. პლატონთან და არისტოტელესთან უმთავრეს ფსიქიკურ ფუნქციად გონება (აზროვნება) ითვლებოდა, ეპიკურესთან კი წამყვანი როლი ემოციას ეკუთვნის. გონება, ცხადია, უარყოფილი არ არის, მაგრამ ადამიანის მოქმედების განსაზღვრაში წამყვანია გრძნობად-მოტივაციური საწყისი.

      როგორც მთელ ანტიკურ ფილოსოფიაში, ისე ეპიკურესთანაც ემოცია და მოტივაცია არ არის ერთამანეთისაგან მკაცრად გამიჯნული. სურვილი, სწრაფვა და სიამოვნება-უსიამოვნება ერთიანობაში განიხილება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ანალიზის ერთეული თავისთავად სიამოვნება კი არ არის, არამედ სწრაფვა სიამოვნებისკენ, რაც, ეპიკურეს თქმით, სიცოცხლის მუდმივი თანმხლებია, ადამიანის ბუნებრივი თვისებაა. მთავარი საკითხია ის, თუ რისკენ არის მიმართული სწრაფვა, ანუ რაში ხედავს ან რისგან იღებს ადამიანი სიამოვნებას.

      არსებობს გრძნობა-სურვილების სამი სახეობა: 1) ბუნებრივი და აუცილებელი; 2) ბუნებრივი, მაგრამ არააუცილებელი და 3) არაბუნებრივი და არააუცილებელი. სურვილების ეს უკანასკნელი სახეობა დახასიათებულია, როგორც ფუჭი, ამაო, უქმი; ისინი იწვევენ შფოთვასა და სულიერ დაბნეულობას და ამიტომ უნდა ვეცადოთ მათგან გათავისუფლებას. პირიქით, ბუნებრივი და აუცილებელი სურვილები (მაგ., ჭამის სურვილი) უთუოდ და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ბუნებრივ და არააუცილებელ სურვილებს (მაგ., ფუფუნებისკენ სწრაფვა) მათი დაკმაყოფილება გონივრულ ფარგლებში, ზომიერად უნდა ხდებოდეს. ეპიკურემ სიამოვნების მიღების ორი მექანიზმი განიხილა. ერთ შემთხვევაში სიამოვნება იმიტომ ჩნდება, რომ ადამიანი რომელიმე სურვილს იკმაყოფილებს; ე.ი. სიამოვნება პოზიტიური გამღიზიანებლის მოქმედების შედეგია. მეორე შემთხვევაში სიამოვნებას უსიამოვნებისაგან, ტანჯვისაგან, შიშისაგან გათავისუფლება იწვევს. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, სკინერის შემდეგ, ამას დადებითი და უარყოფითი განმტკიცების მექანიზმს უწოდებენ (იხ. თავი 9.3.).

      როდესაც სიამოვნების განცდის აღმოცენების პირველ წესზე ვსაუბრობთ, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა საქმიანობის განხორციელება ან რა ობიექტის დაუფლება იწვევს მას. ეპიკურეს და მის მიმდევრებს ხშირად საყვედურობენ, რომ ისინი სხეულებრივი ტკბობის, ხორციელი სიამოვნების კულტს ამკვიდრებდნენ. გვიანდელი, რომაული პერიოდის ეპიკურეიზმში ამ ტენდენციამ მართლაც იჩინა თავი, მაგრამ თვით ეპიკურე, მისი უშუალო მიმდევრები და ლუკრეციუსი კატეგორიულად უარყოფდნენ ამ ბრალდებას და ხაზგასმით ამტკიცებდნენ, რომ ჭეშმარიტი სიამოვნება მხოლოდ სულიერ ტკბობას მოაქვს და არა გრძნობად სიამოვნებასა და ავხორცობას. სულიერი სიამოვნება მუდმივი და გარდაუვალი ხასიათისაა, სხეულებრივი სიამოვნება კი დროებითია და შეიძლება თავისი საპირისპირო სახით, ანუ უსიამოვნებით შემოგვიბრუნდეს. უხვმა და ნოყიერმა ვახშამმა შეიძლება ისე დაგვამძიმოს, რომ ვერ დავიძინოთ, მეტიც, შეიძლება თავი ან კუჭი აგვატკიოს; უცხო ქალთან კონტაქტის შემდეგ შეიძლება ცუდი დაავადება შეგვეყაროს; წიგნებთან და მეგობრებთან ურთიერთობას კი მუდამ სიხარული მოაქვს. გარდა ამისა, სულიერი სიამოვნება უკავშირდება როგორც აწმყოს, ისე წარსულს და მომავალს, ხოლო სხეულს მხოლოდ ამჟამად მისაღები სიამოვნება აღელვებს.

      სულიერი ტკბობა არა მხოლოდ „სასიამოვნო” და „სასარგებლოა”, არამედ ზნეობრივიც. ეპიკურე ეთანხმება პლატონსა და არისტოტელეს იმაში, რომ ზნეობა არის ადამიანის ცხოველისაგან განმასხვავებელი ძირითადი თვისება, მაგრამ უარყოფს მათ მოსაზრებას, რომ ზნეობრივი მხოლოდ გონებაზე დაფუძნებული ქცევაა. როგორც ითქვა, ეპიკურეს სისტემის ცენტრალური ცნება არის გრძნობა. ამიტომ ზნეობრივი ქცევის კრიტერიუმიც ემოციის სფეროშია მოცემული. ქცევას გრძნობა იწვევს და არა გონება. ქმედება ბუნებრივად მიმართულია სიამოვნების მიღებისკენ და უსიამოვნების არიდებისკენ. თავის მხრივ, სიამოვნებისა და უსიამოვნების მომგვრელი საგნებისა და ვითარებების გარჩევა გარკვეულ ცოდნას, სიტუაციის გააზრებას მოითხოვს. ამ პუნქტში გრძნობა და გონება ერთმანეთთან თანამშრომლობენ. ამასთან, უპირველესი ყოველთვის სიამოვნებაა. ეს ჰედონისტური განწყობა, ეპიკურეს მიხედვით, სულაც არ ეწინააღმდეგება ქცევის ზნეობრიობის მოთხოვნას. „არ შეიძლება იცხოვრო სასიამოვნოდ და არ იცხოვრო ამავე დროს გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად; და პირიქით, არ შეიძლება იცხოვრო გონივრულად, ზნეობრივად და სამართლიანად, თუ ცხოვრობ სიამოვნების გარეშე”. მოკლედ, სიამოვნება თავისთავად ზნეობრივია, თუ ის სულიერია; ასევე ზნეობრივია გონებით ზღვარდადებული სხეულებრივი სიამოვნებაც.

      როგორც ითქვა, სიამოვნების მიღწევის მეორე წყარო არის ტანჯვისაგან თავის არიდება, შიშისაგან განთავისუფლება. პირველ ყოვლისა, ეს ეხება ღვთაებათა და სიკვდილის შიშს. ეპიკურე ამ შიშებს ებრძვის. ის არ უარყოფს ღვთაებათა არსებობას, მაგრამ გამორიცხავს მათ უნარს, ჩაერიონ ადამიანის ცხოვრებაში. ეპიკურე ღვთაებებს მხოლოდ კოსმოსის წესრიგის დამყარების ფუნქციას მიაწერს და განარიდებს მათ მიწიერი, ქმედითი სამყაროსგან. ადამიანი თავისუფალია ღმერთების მიერ დადგენილი ბედისწერისაგან და, შესაბამისად, არ უნდა გრძნობდეს მათდამი შიშს, რიდსა თუ მორჩილებას, არ უნდა ელოდოს მათგან არც დახმარებას და არც სასჯელს. თავის ქცევაში ადამიანი მხოლოდ საკუთარ სურვილებსა და ზნეობრივ კრიტერიუმებს უნდა ექვემდებარებოდეს.

      სიკვდილის შიშის დაძლევა თითქოს უფრო ძნელია, რადგან, თუ ღმერთების ყოფნა-არყოფნა ან ძლევამოსილება, ასე თუ ისე, საკითხავია, სიკვდილს ვერავინ გაექცევა. მიუხედავად ამისა, ეპიკურეს რწმენით, ამ შიშის დაძლევაც სავსებით შესაძლებელია. აქაც, ისევე როგორც ღვთაებათა შემთხვევაში, სიკვდილის რაობის გარკვევაა საჭირო. ამისთვის ავტორი ისევ და ისევ ატომისტიკას მიმართავს. სული სხეულივით ატომებისაგან შედგება. სიკვდილის მომენტში ეს ატომები სამყაროში იფანტება. ამიტომ მის დადგომას ჩვენ ვერ შევიგრძნობთ, „ვინაიდან ყველაფერი, კარგიცა და ცუდიც, შეგრძნებას ემყარება, სიკვდილი კი შეგრძნების აღკვეთაა”. ამდენად, თუ სიკვდილის ბუნებას ჩავუკვირდებით, ადვილად დავინახავთ, რომ ჩვენი სიცოცხლის გზაზე ის არ გვხვდება, ჩვენს არსებობასთან შეხება არა აქვს და, მაშასადამე, მისადმი შიში უსაფუძვლოა. „სანამ ჩვენ ვართ, სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილი მოვა, მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით”.

      ამ შიშების გარდა, ადამიანს ბევრი სხვა შიში და შფოთვა აწუხებს. სიამოვნება გულისხმობს „სხეულის გათავისუფლებას ტანჯვისაგან და სულისა - შფოთვისაგან”. ყველაზე დიდი ნეტარება ე.წ. ატარაქსიაში, ანუ სულიერ სიმშვიდეში, უშფოთველობაშია. მისი მიღწევის გზა არის აზროვნება, ჭეშმარიტი მსჯელობა, სიბრძნის ძიება. ამისთვის კი საჭიროა იცხოვრო შენთვის, განერიდო აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას, პოლიტიკას, ფუჭ პაექრობას იმათთან, ვინც შორს არის მეცნიერული აზრისაგან. მხოლოდ განმარტოებული ფიქრი ან ახლობელი მეგობრების წრეში მსჯელობა იძლევა ნამდვილ ნეტარებას, სრულ ატარაქსიას და მას მივყავართ ჭეშმარიტ შემეცნებამდე.

      აქედან გასაგებია, რომ ეპიკურე გვერდს ვერ აუვლიდა შემეცნების თეორიის პრობლემატიკას და, კერძოდ, შემეცნების ჭეშმარიტების კრიტერიუმის საკითხს. იგი გადაჭრით ამტკიცებს, რომ „ჭეშმარიტების კრიტერიუმი შეგრძნებებშია”. შემეცნების პროცესის სათავე შეგრძნებაა და მასშივეა მოცემული იმის გარანტია, რომ სამყაროს ჩვენს მიერ შექმნილი სურათი უტყუარია. შეგრძნების აღმოცენება დემოკრიტეს მსგავსად არის გაგებული. საგნები გამოყოფენ თავიანთ სახეებს, უმცირეს ანაბეჭდებს (ე.წ. ეიდოლებს). შეგრძნება წარმოიქმნება ეიდოლების შეღწევით გრძნობის ორგანოში. ვინაიდან ეიდოლები ფორმითაც და მასალითაც საგნების ასლები არიან, შეგრძნება საგნის შესახებ სრულყოფილ ცნობებს გვაძლევს. ეს იმიტომაც არის ასე, რომ თვით შეგრძნების პროცესი აბსოლუტურად პასიურია; ის არაფერს არ ცვლის და მხოლოდ ასახავს.

      მეხსიერება ინახავს შთაბეჭდილებებს ისე, როგორც შეგრძნებაში იყო მოცემული. ეს ნიშნავს, რომ მეხსიერების წარმოდგენებიც მართებულია. უზუსტობა, დამახინჯება ან შეცდომა შეიძლება მაშინ გაჩნდეს, როცა აზროვნება, როგორც აქტიური კოგნიტური პროცესი, იწყებს შეგრძნებისა და მეხსიერების შთაბეჭდილებებით მანიპულირებას, მათ შორის კავშირების დამყარებას, ურთიერთშედარებას და ა.შ. ამ გზით აზროვნება მრავალი კონკრეტული შთაბეჭდილების საერთო ნიშნებს გამოყოფს, ანუ ცნებას აყალიბებს. ეს პროცესი, ერთი მხრივ, მეცნიერული შემეცნების აუცილებელი პირობაა, ხოლო მეორე მხრივ, იგი პოტენციურად შეიცავს შეცდომის საშიშროებას. შეცდომის არიდება შესაძლებელია, თუ დადგინდება აზროვნების პროდუქტის (ცნების) მიმართება იმასთან, რასაც დასაბუთება არ სჭირდება, ანუ თავის პირველწყაროსთან, შეგრძნებასთან. მოკლედ, შემეცნების პროცესის თავიც და ბოლოც შეგრძნებაშია. ამიტომაც ეპიკურე აღიარებულია, როგორც პირველი თანმიმდევრული სენსუალისტი ანტიკურ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში. სენსუალისტურმა ტენდენციამ, როგორც ვნახეთ, უკვე სოფისტებთან იჩინა თავი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ანტიკურ აზროვნებაში მას სხვა დასაყრდენიც ჰქონდა, მაგრამ ეპიკურესთან რადიკალური ხასიათი შეიძინა.

      ეპიკურემ შექმნა ისეთი ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელმაც მთელი შემდგომი ანტიკური ხანის განმავლობაში იარსება. მის მიმდევრებს შორის ყველაზე სერიოზული მოაზროვნე უთუოდ ტიტუს კარუს ლუკრეციუსი (99-55 ძვ.წ.) იყო. მან დახვეწილი და სრული ფორმა მისცა ეპიკურეს ფილოსოფიურ სისტემას, თუმცა ბ. რასელის შეფასებით, მასში რაიმე არსებითი სიახლე არ შეუტანია. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით, ლუკრეციუსის შემოქმედებაში ისეთმა თემებმაც გაიჟღერა, რომლებიც ეპიკურესთან არ გვხვდება ან, შესაძლოა, ჩვენამდე ვერ მოაღწია. ასეთია, მაგალითად საკითხი ძილისა და სიზმრის შესახებ, რომელსაც ლუკრეციუსი საკმაოდ დაწვრილებით განიხილავს.

      ძილის მდგომარეობა აღმოცენდება იმის გამო, რომ სულის ნაწილები მთელ ორგანიზმში იფანტება, ხოლო ზოგიერთი სხეულის გარეთ გამოდის. შედეგად, სასიცოცხლო ტონუსი ქვეთდება. ძილში სხეულის მოთენთილობა და შედარებითი უძრაობა თავისი მააქტივირებელი საწყისის, სულის ნაწილის დაკარგვით აიხსნება. ძილში აღმოცენებული სიზმრების შინაარსს ორი რიგის ფაქტორები განაპირობებს. ერთია ადამიანის გამოცდილება, მისი პირადი და საქმიანი ცხოვრების შინაარსი. მაგალითად, სამხედროს ესიზმრება ბრძოლა, რომელშიც თვითონაც მონაწილეობს, ვექილს - სასამართლო პროცესი და ა.შ. თავის თავზე ლუკრეციუსი ამბობს, რომ ის სიზმრებში ხედავს, როგორ შეისწავლის ბუნებას და თავისი კვლევის შედეგებს პოეტურ ფორმაში გადმოსცემს (ლუკრეციუსი გამოჩენილი რომაელი პოეტი იყო, მისი ფილოსოფიური თხზულება „საგანთა ბუნებისთვის” ბრწყინვალე პოემაა). ღვიძილში ადამიანი ხშირად ურთიერთობს გარკვეულ საგნებთან და მოვლენებთან. მართალია, ძილში ისინი ადამიანზე უშუალოდ არ მოქმედებენ, მაგრამ მათი შესატყვისი ხატებისთვის გზა უკვე გაკვლეულია გონებისკენ და ისინი სიზმრის წარმოდგენების სახით ჩნდებიან. მეცნიერი ძილშიც მზად არის, მიიღოს ბუნების კვლევასთან დაკავშირებული ხატები, მეზღვაური ნაოსნობასთან დაკავშირებულ ხატებს ხედავს და ა.შ. სიზმრის შინაარსის განმსაზღვრელი მეორე ფაქტორი მოთხოვნილებაა. სიზმარში ხშირად ჩნდება ისეთი სურათები, რომლებიც ძილის მდგომარეობაში არსებულ ძლიერ მოთხოვნილებას გამოხატავს. მწყურვალს წყალი ესიზმრება, სქესობრივად აღტკინებულ ყმაწვილს - ქალის სხეული და სხვა.

      ლუკრეციუსი უყურადღებოდ არ ტოვებს ტემპერამენტისა და ხასიათის საკითხსაც. ცხოველიც და ადამიანიც თავისებური მიდრეკილებებით იბადებიან: ზოგი ადვილად ღიზიანდება, ზოგი მშიშარაა, ზოგიც ზედმეტად მშვიდი ან აპათიური. ამგვარი ძლიერ მიდრეკილებათა აღმოფხვრა ადამიანის ბუნებიდან აღზრდას არ შეუძლია, მაგრამ ნაკლებად გამოხატულ ხასიათობრივ თავისებურებათა რეგულაცია, შესაფერისი ცხოვრების წესისადმი მიჩვევით, სავსებით შესაძლებელია.

      ეპიკურეიზმის პარალელურად ათენში შეიქმნა ძლიერი ფილოსოფიური სკოლა სტოიციზმი. ეს სახელწოდება წარმოდგება სიტყვა „სტოა”-დან, რაც გადახურულ გალერეას, პორტიკს ნიშნავს. თავდაპირველად სწორედ აქ ქადაგებდა სკოლის დამაარსებელი ძენონი (336-264 ძვ.წ.). მის უშუალო მოწაფეთაგან ყველაზე ცნობილია ქრიზიპოსი (281/277-208/205 ძვ.წ). სტოიციზმმა მრავალი საუკუნე იარსება.

      რომის იმპერიის ეპოქაში სტოელებიდან ყველაზე მეტად გაითქვეს სახელი სენეკამ (5-65 ჩვ.წ), ეპიქტეტემ (50-140 ჩვ.წ) და იმპერატორმა მარკუს ავრელიუსმა (121-180 ჩვ.წ

      ეპიკურეიზმის მსგავსად, სტოიციზმის ფილოსოფია და ფსიქოლოგია მატერიალისტურია, მაგრამ არ არის ატომისტური. სული, ისევე როგორც სხეული, მატერიალურია. მისი საწყისია პნევმა. ეს არის სამყაროს აქტიური ელემენტების, ჰაერისა და ცეცხლის გარკვეული ერთიანობა („თბილი სუნთქვა”). ყოველივე მისგან წარმოიქმნება, მოძრაობს და ცოცხლობს. მთელი სამყარო ამ მაფორმირებელი ძალით არის გამსჭვალული. პნევმა სულია, ვინაიდან ის აქტივობის წყაროა. გამომდინარე იქიდან, რომ პნევმა ყველგან იმყოფება, მთელი სამყარო განსულიერებულია. ამდენად, სტოელების ნატურფილოსოფია ჰილოძოიზმის სახეს იღებს. როგორც უკვე ითქვა, ეს არის პანფსიქიზმის ძველბერძნული ნაირსახეობა, რომლის თანახმად სული ყოველივე არსებულში იმყოფება, მაგრამ სხვადასხვა ოდენობით. განსხვავებულია პნევმის თვისებრივი მახასიათებლებიც - რაც უფრო თხელი და წმინდაა ამა თუ იმ საგნის პნევმა, მით მეტია მისი „ტონუსი” და მით უფრო მეტადაა იგი ცოცხალი და სულიერი. ადამიანის სული ამ სუბსტანციის ყველაზე დახვეწილი ფორმაა.

      სულის ბუნებაზე ასეთი ნატურფილოსოფიური და მეტაფიზიკური სპეკულაციების გარდა სტოელები საყურადღებო მოსაზრებებს გამოთქვამენ კონკრეტული ფსიქიკური მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული გულისყურით არის შესწავლილი ადამიანის ემოციური სფერო. მათი ეთიკურფსიქოლოგიური შეხედულების ცენტრალური პუნქტია გონებისა და გრძნობის დაპირისპირება და ემოციისთვის (აფექტისთვის) მკვეთრად უარყოფითი როლის მიწერა. ეპიკურელებისა არ იყოს, ფსიქოლოგიური პრობლემატიკის დიდ ნაწილს სტოელებიც მორალური ფილოსოფიის კუთხით განიხილავდნენ. ამ კონკურენტი სკოლების შეხედულებებში არის მსგავსებაც და განსხვავებაც. გარდა სულისადმი ერთნაირი მატერიალისტური მიდგომისა, მათ აერთიანებთ საერთო პრაქტიკული მიმართულობა იმაზე, რომ ადამიანი ბედნიერი გახადონ. მათი აზრით, ფილოსოფიის (რომელიც მაშინ ფსიქოლოგიასაც მოიცავდა) დანიშნულება სწორედ ესაა. პრაქტიკულმა ფილოსოფიამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის ოპტიმალური და მშვიდი განწყობილება. მაგრამ ეპიკურელებისთვის ნამდვილი ბედნიერება ნიშნავს გონებიდან მომდინარე მაღალი სულიერი განცდებით ტკბობას, ხოლო სტოელები ბედნიერებას გრძნობების სრულ აღკვეთასა და გონიერ ცხოვრებაში ხედავენ. ეპიკურელები ჰედონიზმს ქადაგებდნენ და ადამიანის ცხოვრების აზრს სიამოვნებაში ეძებდნენ. სტოელები ე.წ. რიგორიზმს (სიმკაცრეს) ემხრობოდნენ, ანუ მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ბედნიერებაც და ზნეობაც ვალდებულებათა და მოვალეობათა შესატყვის ცხოვრების წესშია ჩადებული. ცხოვრების ასეთი წესის განხორციელების ძირითადი ფსიქიკური ინსტრუმენტი გონებაა, ხოლო მთავარი საფრთხე გრძნობებიდან (აფექტებიდან) მომდინარეობს.

      ყოველი ცოცხალის პირველადი და ძირეული სწრაფვა თვითშენახვაში ვლინდება. ეს ბუნებასთან შეთანხმებულ არსებობას, მასთან მიზანშეწონილ ურთიერთობას გულისხმობს. ცხოველიც და ადამიანიც იმას ემორჩილება, რასაც ბუნების კანონები ჰკარნახობს. ეს კანონები ჩვენზე არაა დამოკიდებული, არამედ „მსოფლიო წესრიგის” გამოვლინებაა. საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობა (მათ შორის პოლიტიკური სისტემა) ამ მსოფლიო წესის შემადგენელი ნაწილია. მასაც თავისი კანონები აქვს. ისინი იმ ნორმებისა და წესების სისტემაშია ასახული, რომლებიც საზოგადოებაშია დამკვიდრებული. რა მიმართულებით უნდა იაროს ადამიანმა თავისი წუთისოფლის გზაზე, იმთავითვეა განსაზღვრული. მან ის როლი უნდა შეასრულოს, რომელიც ცხოვრების პიესაში მიაკუთვნეს. ადამიანი არც პიესას ირჩევს და არც როლს. მას მხოლოდ როლის კარგად ან ცუდად შესრულება შეუძლია, ვინაიდან ბუნების კანონებსა და თავის ბედისწერას ვერ შეცვლის; მათ წინაშე ადამიანი უძლურია, რაც აიძულებს მასზე დაკისრებული ტვირთი ზიდოს. მთავარი აქ ის არის, თუ როგორ გააკეთებს ამას. ძენონის თქმით, საცოდავი სანახავია ის ადამიანი, ვინც განუწყვეტლივ მოთქვამს, ვინაიდან არ ესმის თავისი მიზანი. სულ სხვაგვარად გამოიყურება ცხოვრების გზაზე ამაყად და ღირსეულად მიმავალი ადამიანი, რომელმაც იცის, საით მიდის. ბედს მიყავს ის, ვისაც ეს სურს და მიათრევს მას, ვისაც ეს არ სურს - ამბობდა სენეკა.

      აქედან ჩანს, რომ სტოელების წინაშე მთელი სიმძაფრით დადგა ადამიანის თავისუფლების პრობლემა. ისინი აღიარებდნენ, რომ პიროვნება თავისუფალია და გულისხმობდნენ, რომ ის თავისუფალია შინაგნად, ანუ თავისუფალია მისი სული (ე.წ. შინაგანი თავისუფლება). ამავე დროს, ადამიანი არ არის თავისუფალი თავის ქმედებაში (ე.წ. გარეგანი თავისუფლება). როგორც ითქვა, იგი ვერ ირჩევს პიესას და როლს. მისი ნება ვრცელდება მხოლოდ იმაზე, თუ როგორ იქნება ეს როლი შესრულებული. სტოელები იმასაც ამტკიცებდნენ, რომ ბედისწერას შეუძლია ადამიანს წაართვას შესაძლებლობა იცხოვროს ისე, როგორც სურს, მაგრამ ვერ წაართმევს სიკვდილის უფლებას. ამაყ, დაუმორჩილებელ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი: არ შეურიგდეს პირადი ღირსებისა ან თავისუფლების ბედისწერით განსაზღვრულ დაკარგვას და თავისი ნებით წავიდეს ცხოვრებიდან (სენეკა, მაგალითად, ასეც მოიქცა). ცხოვრებაში თავისი დანიშნულებისა თუ ხვედრის გაგება და ამის შესაბამისად მოქცევა ადამიანს თავისუფლების განცდას უჩენს, რაც, ფაქტობრივად, სხვა არაფერია, თუ არა შეცნობილი აუცილებლობა. თავისუფლების პრობლემის ასეთი ფორმულირება მხოლოდ სპინოზას შემდეგ გახდა პოპულარული სხვადასხვა ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ შეხედულებებში.

      აქედან გამომდინარე, გასაგები ხდება, თუ რატომ მიეწერება ასეთი მნიშვნელობა იმას, რომ, ცხოველისაგან განსხვავებით, ადამიანი გონებით არის დაჯილდოებული. ცხოველი ინსტინქტურად მიჰყვება „ბუნების მიწერილობებს”, ხოლო ადამიანი მათ აცნობიერებს, გაიაზრებს და შეგნებულად აქცევს თავისი ცხოვრებისა თუ მოქმედების წესად. სტოელები ამტკიცებდნენ, რომ ვინც ხალისით ემორჩილება ბრძანებებს, თავიდან ირიდებს მონობის ყველაზე უსიამოვნო მხარეს - აკეთოს ის, რაც არ სურს. უბედური ის კი არ არის, ვინც სხვის ბრძანებას ასრულებს, არამედ ის, ვინც ამას თავისი ნების გარეშე, იძულებით ასრულებს. გამოსავალი ერთია - ვიყოთ შინაგნად მზად იმის გასაკეთებლად, რასაც გარემოებანი გვკარნახობს. ასეთი პოზიციის გამომუშავებას ორი რამ ესაჭიროება - საყოველთაო აუცილებლობის გაცნობიერება (საკუთარი თავისა და ბედისწერის რაციონალური შეფასება) და იმ წინააღმდეგობის დაძლევა, რომელსაც გრძნობები და სურვილები უქმნის მართებულ ქცევას. საბოლოო ჯამში, ადამიანი ორივე მათგანს პიროვნული წრთობით აღწევს.

      პედაგოგიური დოქტრინა, რომელსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გვიანდელი სტოელები - სენეკა, მარკუს ავრელიუსი და სხვები, გულისხმობდა ბავშვებზე ადრეული ასაკიდან მიზანმიმართულ ზემოქმედებას მათში აქტიური ცხოვრებისეული პოზიციისა და გონების შესაძლებლობებში დარწმუნებულობის გამომუშავებისთვის. ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა ირწმუნოს, რომ ყველაფრის გაგებისა და დაძლევის უნარი აქვს. პირველ რიგში ეს აფექტებზე ვრცელდება. სტოელების რწმენით, სწორედ აფექტები უქმნიან ყველაზე დიდ საფრთხეს იმას, რომ ადამიანმა გონივრულად იცხოვროს და თავისი ნებით მიიღოს ბედისწერის მიერ დადგენილი ცხოვრების წესები.

      სტოელები აფექტების ოთხ ნაირსახეობას გამოყოფენ. მათი დაჯგუფება დროის პრინციპის შესაბამისად ხდება: მწუხარება (დარდი) და ზღვარგადასული სიამოვნება აწმყოს უკავშირდება, ძლიერი სურვილი და შიში კი - მომავალს. პირველადი და ძირითადია სურვილისა და შიშის აფექტები, ხოლო მწუხარება და სიამოვნება მეორადია და მათგან გამომდინარეობს. სიამოვნება მაშინ ჩნდება, როცა ვისრულებთ სურვილს ან თავიდან ვიცილებთ იმას, რაც არ გვსურდა (ეს საკმაოდ წააგავს იმას, რასაც სიამოვნების - გენეზისზე ამბობდნენ ეპიკურელები). მწუხარების აფექტიც იმის შედეგად წარმოქმნება, რომ ვერ მივაღწიეთ სასურველს ან შეგვემთხვა ის, რისიც გვეშინოდა.

      განმარტების თანახმად, აფექტი არის გონების მიერ დადგენილი საზღვრის გადალახვის შედეგად წარმოქმნილი უზომოდ მხურვალე, ძლიერი სულიერი მიდრეკილება, მიზიდულობა. მარკუს ავრელიუსი აფექტს იმ სიტუაციას ადარებს, როცა ადამიანი რაიმე მიზნისკენ მირბის, მაგრამ მისი მიღწევის შემდეგაც თავს ვერ იკავებს და სირბილს განაგრძობს. აფექტი, თავისთავად, უმართავი სტიქიაა. მაგრამ მას შეიძლება გონების ძალა დავუპირისპიროთ, რომელიც აფექტს ან სულ აღკვეთს, ან საგრძნობლად შეზღუდავს მის დამანგრეველ მოქმედებას.

      გონებისა და აფექტის ურთიერთმიმართება რთული და ორმხრივი ხასიათისაა. სტოელებისთვის აფექტი არასწორი მსჯელობის საფუძველია. ამავე დროს, აფექტი მხოლოდ აზროვნების დამახინჯების მიზეზი არ არის; თვითონ არასწორი მსჯელობაც, ანუ „გონების შეცდომაც”, შეიძლება აფექტად ჩაითვალოს (ქრიზიპოსი). ეს ლოგიკურად მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მსჯელობის გამოსწორებით აფექტიც მოიხსნება. ე.ი., არსებითად, გონებასთან აფექტის კავშირი მისი რაციონალური მართვის საშუალებას იძლევა. თუ გონება ძლიერია, ის ზღუდავს ან აფერხებს მისწრაფების გადაზრდას აფექტში. პირიქით, სუსტი, ცრურწმენებით დაბინდული გონება სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევს აფექტის განვითარებას.

      აფექტის განვითარებაში სამი სტადია გამოიყოფა. თავდაპირველად, გარეგანი გამღიზიანებლის ზემოქმედების შედეგად, ორგანიზმში გარკვეული ფიზიოლოგიური პროცესები იწყება. სტოელებს კარგად ჰქონდათ შესწავლილი ემოციები, კერძოდ აფექტები და ნათლად ხედავდნენ, რომ გამომხატველი მოძრაობებისა თუ შინაგანი ორგანული ცვლილებების გარეშე აფექტი არ არსებობს. ეს ცვლილებები ავტომატურად, უნებლიეთ წარმოიქმნება. შემდეგ სტადიაზე ასევე უნებლიეთ ჩნდება აფექტის ფსიქიკური კომპონენტი. ეს კომპონენტი თავის თავში აერთიანებს აზრს (წარმოდგენას) იმის შესახებ, რომ მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი და, ასევე, მომხდარზე გარკვეული რეაგირების სურვილს, ტენდენციას. აფექტის განვითარების მესამე, ნებელობითი სტადია მაშინ დგება, როცა მის მსვლელობაში გონება ჩაერთვება. ამ დროს სულის რაციონალური მხარე ემოციურს უპირისპირდება და ადამიანი ღებულობს ზომებს აფექტის აღსაკვეთად ან, თუნდაც, მის შესარბილებლად.

      სტოელებმა შეიმუშავეს აფექტებთან ბრძოლის მეთოდები. ისინი მოიცავს აფექტების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებათა და ღონისძიებათა ერთობლიობას. მაგალითად, რეკომენდებულია მაქსიმალურად შეიზღუდოს აფექტის გარეგანი (სამოძრაო ან სხეულებრივი) გამოვლინება. ეს ბევრად აადვილებს მის მოთოკვას; სასურველია, არ დავამძიმოთ აფექტი ჩვენი ფანტაზიით; გამოვიყენოთ ჩვენი გამოცდილება და აღვადგინოთ მეხსიერებაში აფექტის საწინააღმდეგო ქმედების სურათები (მაგ., შიშის დროს გავიხსენოთ თავშეკავებისა და სიმამაცის გამოვლენის ფაქტები); გავაანალიზოთ აფექტური მოქმედების სავალალო შედეგები; სასურველია, შეძლებისდაგვარად გავახანგრძლიოთ აფექტის მოქმედებაში გადასვლის დრო (მაგ., დავითვალოთ ათამდე) და სხვა. ერთი სიტყვით, სტოელებმა გამოიმუშავეს თვითრეგულაციის საკმაოდ ეფექტური სისტემა, რომლის გამოყენებაზე არც თანამედროვე ფსიქოლოგია ამბობს უარს.

      ეს სისტემა სტოიციზმის მიერ შემუშავებული აღზრდის დოქტრინის ნაწილია. ბავშვს თავიდანვე უნდა ვასწავლოთ გონების ძალით აფექტის შეზღუდვა, ვინაიდან ცხადია, რომ უფრო ადვილია აფექტის პრევენცია, ვიდრე ძალაში შესულ აფექტთან გამკლავება. სტოელებმა შექმნეს ბრძენი ადამიანის იდეალი, რომელიც აფექტებისაგან სრულად თავისუფალია, რადგან ბუნებასთან შესაბამისობაში ცხოვრობს, კმაყოფილია თავისი ბედით, ზრუნავს თავისი დანიშნულების რეალიზაციაზე და აღჭურვილია ნებელობით („გონიერი აგზნებით”), რომელიც შეუსაბამო სურვილებს უპირისპირდება. ბრძენი თავისუფალია ვნებებისაგან, მშვიდია და თავშეკავებული. მარკუს ავრელიუსი ამას უწოდებდა „აუმღვრეველი”.

      აფექტების მოქმედების დესტრუქციულ მხარეს სხვა ფილოსოფოსებიც კარგად ხედავდნენ. არისტოტელეს მიმდევრები და ინტერპრეტატორები, ე.წ. პერიპატეტიკოსები მოითხოვდნენ აფექტების შერბილებას და გრძნობების ზომიერებას (ე.წ. „მეტროპათია”). ეპიკურელების „ატარაქსიაც” ხომ უშფოთველობას ნიშნავს. სტოელები ამით არ კმაყოფილდებიან. მათ ეთიკურფსიქოლოგიურ მოძღვრებაში შემოდის აპათიის ცნება, რაც გულგრილობას, სრულ სიმშვიდეს გულისხმობს. აქ ნათლად იკვეთება აღმოსავლური რელიგიურ-ფილოსოფიური სისტემების, სახელდობრ, ბუდიზმის გავლენა. გავიხსენოთ ბუდიზმის მოძღვრება ნირვანაზე - ადამიანის უმაღლეს სულიერ მდგომარეობაზე, რომელიც ხასიათდება სრული სიმშვიდით, თვითმკმარობითა და განდგომით. ეს უკანასკნელი მახასიათებელი ნაკლებ ესადაგება სტოელების მოძღვრების სულისკვეთებას, ვინაიდან, იმავე ეპიკურელებისაგან განსხვავებით, ისინი მიმდევრებს აქტიური სასიცოცხლო პოზიციისკენ მოუწოდებდნენ.

      ძნელი შესამჩნევი არ უნდა იყოს, რომ სტოელების ეთიკურ-ფსიქოლოგიური სწავლების ზოგადი მიმართულება, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ფსიქოთერაპიულია. ეპიკურელების მსგავსად, სტოელებიც ცდილობენ, დაძლიონ ან შეარბილონ კონკრეტული ადამიანის რეალური ფსიქოლოგიური სირთულეები, ასწავლონ მას „სწორი” ცხოვრება და მიიყვანონ ისეთ სულიერ მდგომარეობამდე, როცა თავს ბედნიერად იგრძნობს. ეპიკურელებისა და სტოელების გავლენით, ანტიკური ფილოსოფოსები სულ უფრო ემსგავსებოდნენ სულის მკურნალებს, ე.ი. ნაწილობრივ მაინც ასრულებდნენ იმ ფუნქციას, რომელიც შემდგომში, ქრისტიანულ ეპოქაში, მთლიანად სასულიერო პირების პრეროგატივა გახდა.

      თეორიულ ჭრილში სტოიციზმმა ვერ შეძლო ბუნებრივი კანონზომიერებისა და მორალური თავისუფლების მიმართების პრობლემის გადაჭრა (თუმცა, ეს ვერც შემდგომდროინდელმა მეცნიერებამ შეძლო). ადრინდელი სტოიციზმი საბოლოოდ აშკარად გამოხატულ ფატალიზმამდე მივიდა. მაგრამ გვიანდელმა სტოიციზმმა, თავისი ზნეობრივი დარიგებებითა და - ცხოვრებისეული წესების ფორმულირებით, თეორიული პრობლემა პრაქტიკულ ჭრილში გადაიყვანა. ცნობილი კანადელი ფსიქოლოგიის ისტორიკოსის, გ. ბრეტის ზუსტი შეფასებით, სტოელები თავისუფლების შესაძლებლობის ახსნაში დამარცხდნენ, მაგრამ თავისუფლად ყოფნის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებულნი აღმოჩნდნენ.

      სტოელების მიხედვით, ემოციებს გონება მართავს. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სტოიციზმის პოზიცია მკვეთრად რაციონალისტურია. გონება წამყვან როლს ასრულებს მთელ ფსიქიკურ ცხოვრებაში და, კერძოდ, ადამიანის კოგნიტურ აქტივობაში. შემეცნება, ზოგადად, მოიცავს შეგრძნებას, მეხსიერებას, წარმოსახვას და აზროვნებას. თავად აზროვნებას ორი ფორმა აქვს - შინაგანი და გარეგანი. ეს უკანასკნელი მეტყველების პროცესთან არის გაიგივებული. ზოგადად კი აზროვნება შემეცნების მთელ პროცესს გამსჭვალავს და ყველა ფუნქციის მუშაობაში მონაწილეობს. აზროვნების გარეშე შეგრძნებაც არ იქნებოდა ადეკვატური და ყველასთვის თვალსაჩინო. ნამდვილი ცოდნა მხოლოდ აზროვნებას მოაქვს და შეგრძნებაც მისი წყალობით არის უტყუარი. ეპიკურელების სენსუალიზმი გულისხმობს, რომ შეგრძნება სინამდვილის უტყუარ სურათს იძლევა და, ამდენად, ჭეშმარიტების კრიტერიუმად გვევლინება. სტოელების რაციონალიზმის თანახმად კი თვით შეგრძნებათა უტყუარობას ან მცდარობას მათში აზროვნების ჩართულობის დონე განაპირობებს. იგივე ხდება მეხსიერებისა და წარმოსახვის შემთხვევაში, ანუ შემეცნების პროცესის ყველა საფეხურზე. ამგვარი პოზიცია ეხმიანება თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის მიდგომას, რომლის მიხედვით შემეცნების ფსიქოლოგიური პროცესი სხვადასხვა დონის კოგნიტურ სტრუქტურებში ინფორმაციის გადამუშავების სახით არის წარმოდგენილი. დღეს უკვე საკმაოდ დიდი ცოდნა დაგროვდა იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში კოგნიტური ფუნქციონირების სხვადასხვა დონეზე და როგორია ეს პროცესი მთლიანობაში. სტოელების გულუბრყვილო და ინტუიციურ მიხვედრებთან შედარებით ეს, რა თქმა უნდა, ცა და დედამიწაა, მაგრამ, თუ კარგად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ სწორედ სტოელებმა მოგვცეს შემეცნების ფსიქოლოგიური პროცესის ერთიანი სურათი და გამოყვეს მისი საფეხურები. გარკვეული აზრით, ისინი დღევანდელი კოგნიტური ფსიქოლოგიის შორეულ წინაპრებადაც შეიძლება მივიჩნიოთ, თუმცა, რაიმე სახის პირდაპირ მემკვიდრეობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

      პლოტინი (204/5-270) დაიბადა ეგვიპტეში, სწავლობდა მეცნიერების იმდროინდელ ცენტრში, ალექსანდრიაში, და მოღვაწეობდა ძირითადად რომში, სადაც გარდაიცვალა. მისი მოძღვრება წინაქრისტიანული პერიოდის ფსიქოლოგიის განვითარების ბოლო წერტილია. მან ბევრი რამ აიღო პლატონიდან და თავის სწავლებას ნეოპლატონიზმი უწოდა. პლატონზე არანაკლებ, მის ნააზრევში არისტოტელეს და სტოიციზმის გავლენაც იგრძნობა. ეს ძირითადად პლოტინის ემპირიულ ფსიქოლოგიას ეხება, მაგრამ თავისი სულისკვეთებით პლოტინის მთელი ფსიქოლოგიური სისტემა უდავოდ მეტაფიზიკურია და, არსებითად, პლატონის მეტაფიზიკის განვითარებაა. პლოტინთან მთავარია მსოფლიო გონი, როგორც ყველაფრის საწყისი. ამ ცნებასთან მიმართებაში ხდება სულის ღვთაებრიობისა და უკვდავების დასაბუთება. ემპირიული ფსიქოლოგიაც, ფაქტობრივად, ამას ემსახურება.

      ნამდვილი არსებობა ახასიათებს მსოფლიო გონს (იმავე სულიერ სუბსტანციას). მასში მოცემულია ჭეშმარიტი ცოდნა, რომელსაც ის ასხივებს, როგორც მზე სინათლეს. ის მოთავსებულია სამყაროს ცენტრში, სამყარო კი, რამდენიმე ფენის სახით, გარშემო ერტყმის მას. ეს ფენები ხილული სინამდვილის იერარქიას ქმნის და, არსებითად, ამ ცენტრალური და უმაღლესი რეალობის გამოვლინებას, გამოსხივებას, ჩამოდინებას ან, პლოტინის ტერმინებში ემანაციას, წარმოადგენს. რაც უფრო ახლოა მსოფლიო გონის აბსოლუტურ სრულყოფილებასთან სინამდვილის ესა თუ ის საფეხური, რეალობისა და არსებობის მით უფრო მაღალ ფენას (დონეს) მიეკუთვნება იგი. ინდივიდუალურ სულს (ე.ი. ემპირიული ფსიქოლოგიის შესასწავლ საგანს) ემანაციაში შუა პოზიცია უკავია. ხოლო ემანაციის ყველაზე ქვედა საფეხურს მატერიალური სხეულები, ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება ქმნის.

      პლოტინის ემანაციის თეორია პლატონის იდეების თეორიის შემდგომ დამუშავებად და კონკრეტიზაციად შეიძლება მივიჩნიოთ, მაგრამ მათი კვლევის ამოსავალი წერტილი განსხვავებულია. პლატონი თავის კვლევა-ძიებას იწყებს გრძნობადი აღქმის მონაცემების ანალიზით, ადგენს მათ არასანდოობას და ეძიებს ცოდნის უფრო სრულყოფილ (ზოგად და ჭეშმარიტ) ფორმას, რასაც იდეაში (იდეების სამყაროში) პოულობს; გრძნობადი მონაცემები იდეების („ეიდოსების”) ასლებია. პლოტინი იწყებს არა კონკრეტული მოვლენებიდან, არამედ ზოგადი და სრულყოფილი ფორმიდან, რომელსაც წარმოგვიდგენს ზებუნებრივი, მისტიკური, ყოვლადერთიანი და ერთადერთი ჭეშმარიტი ყოფიერების სახით. მთელი ხილული და რეალური სამყარო, მათ შორის სულიერი, მისი ემანაციაა. სულიერი მოვლენები მსოფლიო გონიდან არის ნაწარმოები. მით უფრო ეს ითქმის ცოცხალი სხეულისა და, საზოგადოდ, საგნობრივი სამყაროს მიმართ.

      პლოტინის ფსიქოლოგიაში დიდი ადგილი ეთმობა სულის აბსოლუტური არამატერიალურობისა და სხეულისაგან პრინციპული განსხვავებულობის თეზისის დასაბუთებას. ავტორს მრავალი არგუმენტი მოაქვს სულის მატერიალისტური (ნატურფილოსოფიური თუ ატომისტური) თეორიების საწინააღმდეგოდ. საბოლოო ანგარიშით, პლოტინს სულის სუბსტანციონალობის დამტკიცება სურს. ამიტომ იგი უარყოფს ყველა შეხედულებას, რომელიც სულის სხეულისაგან დამოუკიდებლობის იდეას ეწინააღმდეგება. თუ სული არამატერიალური სუბსტანციაა, მას არ ექნება მატერიალურის ძირითადი ნიშანი - სივრცულობა. სივრცულობის გამო ყველა სხეული დანაწევრებადია, ხოლო სული განუყოფელი მთლიანობაა. სული სხეულის ყველა ნაწილში იმყოფება და, ამავე დროს, მთლიანობაა.

      პლოტინი იმ თვალსაზრისსაც უარყოფს, რომლის მიხედვით სული მატერია არ არის, მაგრამ გაგებულია როგორც სხეულის ენტელექია, მისი ფორმა, რაც მათ განუყრელ კავშირს გულისმობს (არისტოტელე და მისი მიმდევრები). სული რომ სხეულის ენტელექია ყოფილიყო, ის მუდამ მასთან იქნებოდა. არადა პლოტინის მიხედვით სული სიცოცხლეშივე ხშირად შორდება სხეულს და შემდეგ კვლავ უბრუნდება (მაგ., ძილის დროს). სხეული ამ დროს ცოცხალი რჩება, თუმცა თავის ენტელექიას (სულს) მოკლებული სხეული ცოცხალი ვერ იქნება. გარდა ამისა, სული რომ სხეულის ფორმა იყოს, მათ შორის სრული ჰარმონია უნდა სუფევდეს, რაც ასევე არ შეესაბამება რეალობას. სხეულს მრავლად აქვს ისეთი მიდრეკილებები, რომლებსაც სული ებრძვის, სულს კი ისეთი მისწრაფება, რომელიც სხეულის მოთხოვნილებებს ეწინააღმდეგება.

      სხეული არ არის სუბსტანცია, ვინაიდან ის იქმნება და ცვალებადობს. ხოლო სული ნამდვილი სუბსტანციაა, ის ყოველგვარი მოძრაობის დასაბამია, სხვას ამოძრავებს, სიცოცხლეს ანიჭებს, თავად კი არც მოძრაობს და არც სიცოცხლეს იძენს საიდანმე. მას სხვა არ სჭირდება და თავის თავში შეიცავს ყოველგვარ არსებობას. ცხოველებისა და ადამიანის სულები მისგან არის ნაწარმოები. კონკრეტული ინდივიდუალური სული, თავის მხრივ, სხეულს უკავშირდება და სიცოცხლეს შთაბერავს. სხეულსა და სულს შორის ისეთივე მიმართებაა, როგორიცაა მუსიკოსს (დამკვრელს) და ქნარს (ინსტრუმენტს) - შორის, ანუ სხეული სულის ორგანოა, იარაღია. სული თავის დანიშნულებას სხეულის მეშვეობით ასრულებს. ამასთან, ის შეიძლება კიდეც დასცილდეს სხეულს, თუ აღმოჩნდება, რომ ეს უკანასკნელი სათანადოდ ვეღარ მუშაობს. როგორც მუსიკოსი მოიშორებს უვარგის ინსტრუმენტს, სულიც შეარჩევს თავისთვის ახალ ორგანოს. აქედან მომდინარეობს სულის გადასახლების იდეა, რომლის რეალობაში პლოტინს ეჭვი არ ეპარება. ცხადია ეს აზრი ინდური რეინკარნაციის გავლენით ჩამოყალიბდა (პლოტინს უმოგზაურია ინდოეთში და ამიტომ მის ნააზრევში საკმაოდაა აღმოსავლური გავლენა).

      ინდივიდუალური სულის აქტივობა მიმართულია ან ზემოთ, მსოფლიო გონისკენ, ან ქვემოთ, გრძნობადი მატერიალური სინამდვილისკენ, ან თავის თავზე, საკუთარ მოქმედებაზე, რომელიც გარედან უხილავია. იგი აკვირდება თავის მუშაობას და ფსიქიკური ცხოვრების ერთგვარ „სარკედ” იქცევა. სულის აქტივობის ეს ვექტორი პლატონთან არ გვხვდება და პლოტინის უმნიშვნელოვანეს ორიგინალურ მიგნებად უნდა შეფასდეს.

      სულის აქტივობის აღნიშნული სამი მიმართულება განსხვავებული ცოდნის წყაროდ გვევლინება. სხეულზე მიმართული სული მის შესახებ ცნობებს იძლევა; ამავე გზით ხდება ბუნების მოვლენების, გარესამყაროს შემეცნება. განსაკუთრებულ როლს ამ მხრივ შეგრძნება, გრძნობადი აღქმა თამაშობს. მისი საშუალებით ჩვენ ვიძენთ ახალ ცოდნა-გამოცდილებას. როდესაც ინდივიდუალური სული მიიმართება მსოფლიო გონისკენ, ამ უკანასკნელში მოცემული ცოდნა მასში გადადის. ფსიქოლოგიის ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ცოდნის მიღების ეს გზა ჰქონდა მხედველობაში პლატონსაც. მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რას გულისხმობს პლატონის ანამნეზისის თეორია, დავინახავთ რომ ასეთი პარალელის გავლება არ უნდა იყოს მართებული. პლატონს მიაჩნდა, რომ ინდივიდუალური სული იმთავითვეა იდეების სამყაროში მიღებული ჭეშმარიტი ცოდნის მატარებელი. ამიტომ პლატონთან ჭეშმარიტების შემეცნება სუბიექტის მიერ მხოლოდ ამ დავიწყებული ცოდნის განახლებაა (ანამნეზისი). ხოლო პლოტინის მიხედვით, ცოდნის მიღების ყველა გზა მართლაც ახალი ცოდნის მოპოვებაა ინდივიდუალური სულის მიერ, რომელსაც მანამდე ეს ცოდნა არ გააჩნდა. იგივე ვითარებაა ინდივიდუალური სულის მსოფლიო გონთან ურთიერთობისას.

      პლოტინი საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას ამ პროცესის თავისებურებაზე და ხაზს უსვამს აღნიშნული ურთიერთობის უშუალო ხასიათს, რასაც განაპირობებს სულის განსაკუთრებული მდგომარეობა, ე.წ. ექსტაზი. ექსტაზში მყოფი სული განიცდის მსოფლიო გონთან ერთიანობას, მას ერწყმის და იქ არსებულ ჭეშმარიტ და უმაღლეს ცოდნას სწვდება. ამ მეტაფიზიკურ ბურანში ძნელია, ნათლად გაიგო კაცმა, თუ რა რეალური ფსიქიკური პროცესი იმალება გონისა და სულის აღნიშნული ურთიერთობის მიღმა. სამწუხაროდ, ეს განმარტებული არ არის, მაგრამ საფიქრებელია, რომ აქ საქმე მოგონებასთან არ უნდა გვქონდეს. ეს დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ პლოტინის მოსაზრებებიდან მეხსიერების შესახებ. მისი ბუნება საკმაოდ თავისებურად და არც თუ დამაჯერებლად არის გახსნილი. მართლაც, პლოტინი კატეგორიულად ილაშქრებს ანტიკურ ფსიქოლოგიაში გავრცელებული კვალის თეორიის წინააღმდეგ. მის თანახმად, მეხსიერება შთაბეჭდილების ანაბეჭდის შემონახვაში მდგომარეობს. მოგონება ვერ იქნება ამ კვალის აღდგენა, რადგან კვალი სულში არც არსებობს. თუ აღნიშნული მოსაზრება მართებულია, ანაბეჭდებისა და, შესაბამისად, მოგონებების რაოდენობა სუბიექტის გამოცდილების პროპორციული უნდა იყოს. მაგრამ ეს ასე არ არის. უეჭველი ფაქტია, მაგალითად, რომ ახალგაზრდებს უფრო მეტი მოგონება აქვთ, ვიდრე მოხუცებს. გარდა ამისა, თუ მოგონება კვალის აღდგენაა, გაუგებარი რჩება ის ძალისხმევა, რომელიც შთაბეჭდილების რეპროდუქციას ახლავს, ვინაიდან, კვალი რომ არსებობდეს, ის მუდამ აქტუალური და, მაშასადამე, ჩვენთვის ცნობილი უნდა იყოს. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში დავიწყება სულ არ უნდა ხდებოდეს. გაუგებარი იქნება გამეორებათა საჭიროებაც, რადგან სრულყოფილ კვალს ცვილზე ბეჭდის ერთჯერადი დაჭერაც იძლევა. საბოლოოდ, პლოტინი ასეთ ზოგად ფორმულირებას გვთავაზობს: კვალის თეორია არასწორია, ვინაიდან ის ყურადღების მიღმა ტოვებს სულის აქტიურ ბუნებას და მას შთაბეჭდილებების პასიური მიმღების როლს აკუთვნებს.

      ბუნებრივად იბადება კითხვა: თუ შთაბეჭდილება კვალს არ ტოვებს, რა ინახება და რისი აღდგენა ხდება მეხსიერებაში? ნათელ პასუხს ამაზე პლოტინი ვერ იძლევა. იგი მსჯელობს სულის აქტიურობაზე და მის უნარზე, სურვილისამებრ დააყენოს თავისი მზერის წინაშე ის, რასთანაც მას ოდესღაც ჰქონია საქმე. ინტერპრეტატორების თქმით, პლოტინი მეხსიერების ინტელექტუალიზაციას ახდენს - ყოველი მოგონება ამ მოგონების შესახებ აზრს ნიშნავს ან შეიცავს. ეს შესაძლოა ასეც იყოს, მაგრამ იმისთვის, რომ შთაბეჭდილებაზე აზრი გქონდეს, ის უნდა არსებობდეს, ხოლო თუ მას სულში კვალი არ დაუტოვებია, ვერც გაიმეორებ (ე.ი. მნემურ აქტივობას ვერ განახორციელებ) და ვერც გაიაზრებ.

      ასეა თუ ისე, პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ეს სირთულე იმას ადასტურებს, რომ მსოფლიო გონიდან ცოდნის მიღება ინდივიდუალურ სულში მისი ანაბეჭდის აღდგენის სახით ვერ განხორციელდება. ექსტაზი არ არის ანამნეზისი, თუმცა თვით ექსტაზის, როგორც შემეცნებაში ჩართული ფსიქიკური მდგომარეობის, ბუნებაც გაუხსნელი რჩება. თანამედროვე ფსიქოლოგიას შეუძლია თქვას, რომ პლოტინს მხედველობაში აქვს ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელიც აღწერილია მრავალ დასავლურ და, განსაკუთრებით, აღმოსავლურ ფილოსოფიურ-რელიგიურ სწავლებაში. ეს არის მდგომარეობა, როცა ინდივიდუალური ცნობიერება აბსოლუტთან ერთიანდება და ნამდვილ ცოდნას სწვდება. დღეს ასეთი მდგომარეობების ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მეცნიერებისთვის უცნობი რჩება სულის ექსტაზურ (ან მის მონათესავე) მდგომარეობაში მოპოვებული ჭეშმარიტი ცოდნის შინაარსიც (თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს) და მისი მიღების მექანიზმიც.

      სამაგიეროდ, ცოდნის მოპოვების მესამე გზა, რომელზეც პლოტინმა მიუთითა, ფსიქოლოგიური მეცნიერებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა. როგორც ითქვა, ამ შემთხვევაში ადამიანის სული თავის თავზეა მიმართული და ამგვარად იღებს ცოდნას საკუთარი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ. გამოცდილების მიღების ეს გზა შესაძლებლობას იძლევა, დავაკვირდეთ შინაგან სამყაროს და შევიქმნათ გარკვეული აზრი საკუთარ თავზე. მრავალი საუკუნის შემდეგ, ადამიანის უნარს აღიქვას, წარმოიდგინოს, გაიაზროს, იგრძნოს, ისურვოს და ამავე დროს იცოდეს ამ განცდების არსებობისა და რაგვარობის შესახებ, რეფლექსია ეწოდა. რეფლექსია, როგორც „თვითცნობიერების მექანიზმი”, ემპირიული ფსიქოლოგიის საფუძველია და მისი კვლევის ძირითადი მეთოდის - თვითდაკვირვების პირობაც (იხ. თავი 4). შემეცნების ამ მესამე გზის ჩვენებით, რომელსაც თვითცნობიერებამდე, სუბიექტური სამყაროს შესახებ ცოდნის სისტემის შექმნამდე მივყავართ, პლოტინმა შემოიტანა ფუნდამენტური მნიშვნელობის იდეა, რომლის გარეშე ფსიქოლოგიის შემდგომი განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა. ამის გამო ფსიქოლოგიის ვერც ერთი ისტორიკოსი გვერდს ვერ აუვლის პლოტინის შემოქმედებას.

      როგორც დასაწყისში აღინიშნა, პლოტინის ფსიქოლოგია ძირითადად მეტაფიზიკურია. მიუხედავად იმისა, რომ თვითცნობიერებაზე მითითებით მან, მეტ-ნაკლებად მაინც, გზა გაუხსნა ემპირიულ ფსიქოლოგიას, მისი დაკვირვებები და მსჯელობები რეალური ფსიქიკური მოვლენების შესახებ სისრულით და ხარისხით საგრძნობლად ჩამოუვარდება არისტოტელეს ნააზრევს. ამის მაგალითად მეხსიერების ზემოთ მოყვანილი დახასიათებაც კმარა. მეხსიერება, წარმოსახვასა და აზროვნებასთან ერთად, ე.წ. მაღალი სულიერი პროცესების ჯგუფში შედის. დაბალ ფსიქიკურ მოვლენებს მიეკუთვნება ხორციელი გრძნობები, სურვილები, მისწრაფებები და გარე გრძნობები. ეს უკანასკნელი იგივე შეგრძნებებია და თუმცა ისინი დაბალ პროცესებად განიხილება, მათი სტატუსი ამ მხრივ ბოლომდე არ არის გარკვეული. ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ პლოტინის მიერ დაბალი და მაღალი პროცესების განსხვავებისთვის შემოღებული კრიტერიუმები ფსიქიკური პროცესების გამიჯვნის საშუალებას არ იძლევა. „მაღლებად” მიჩნეულია ისეთი ფუნქციები, რომლებიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს და ცხოველებს არ გააჩნიათ. შემდეგი ნიშანია ამ ფუნქციების სხეულისაგან დამოუკიდებლობა. თუ კონკრეტული სულიერი მოვლენა სხეულის რაიმე ორგანოს ჩართულობას გულისხმობს, ის უკვე დაბალ ფსიქიკურ პროცესად ითვლება. თუ ამ კრიტერიუმების მიხედვით ვიმსჯელებთ, შეგრძნება მართლაც დაბალ ფსიქიკურ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან ის ცხოველსაც აქვს და მისი აღმოცენებისთვის აუცილებელია გრძნობის ორგანო. მიუხედავად ამისა, შეგრძნებას, გარკვეული აზრით, ორმაგი ბუნება აქვს. მართალია, ის გრძნობის ორგანოზეა დამოკიდებული, მაგრამ, მეორე მხრივ, შემეცნებასაც ემსახურება, კოგნიტური ფსიქიკური პროცესია; შემეცნებითი სულიერი მოვლენები კი მაღალ განცდებს მიეკუთვნება, ვინაიდან ინდივიდუალური სულის მთავარი და განსაკუთრებული ფუნქცია კოგნიტური ხასიათისაა. ეს ფუნქციაა შემეცნების სამივე სახის უზრუნველყოფა. მისი საშუალებით ადამიანი ცოდნას იძენს ბუნებიდან, მსოფლიო გონიდან და საკუთარი თავიდან. შეგრძნება ჩართულია ამ პროცესში, ყოველ შემთხვევაში, ბუნების მოვლენების შემეცნებისას მაინც. მოკლედ, შეგრძნების (ანუ გარეგანი გრძნობის) სტატუსი ბოლომდე ნათელი არ არის - ის, ერთდროულად, დაბალი ფუნქციაც არის და მაღალიც.

      შეგრძნების აღმოცენების ზოგადი სქემა ასეთია: გარე ობიექტი ზემოქმედებს გრძნობის ორგანოზე; აქ აღმოცენებული შთაბეჭდილება გადაეცემა სულს, რომელიც გრძნობის ორგანოს მონაცემების გათვალისწინებით ქმნის ობიექტის თვისებებს, მის ტექსტურას - ფერს, სუნს, გემოს, ტემპერატურას, სიმკვრივეს და ა.შ. ფაქტობრივად, სუბიექტის მიერ შეიგრძნობა (აღიქმება) არა თვით ობიექტი, არამედ მისი ფსიქიკური რეპრეზენტაცია. აღქმა გარე რეალობის ფსიქიკური ასახვა კი არ არის, არამედ აქტიური სულის მიერ წარმოებული განცდაა. ფსიქოლოგიის ცნობილი მეთოდოლოგისა და ისტორიკოსის, ნოელ სმიტის შეფასებით, აღქმის ასეთ დახასიათებას თანამედროვე ფსიქოლოგიაში დამცველებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.

      კოგნიტურ აქტივობაში შეგრძნების შემდგომ საფეხურს წარმოდგენა (ფანტაზია) ქმნის. რაკი შემეცნება ადამიანური სულის გამორჩეული თვისებაა, წარმოდგენა თითქოს ცალსახად მაღალ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ, შეგრძნების მსგავსად, აქაც გაორებული და ერთგვარად წინააღმდეგობრივი მდგომარეობა იკვეთება. პლოტინი ორი სახის წარმოდგენას გამოყოფს. ერთი რაიმე საგნის ან ვითარების თვალსაჩინო სურათს იძლევა, გრძნობის ორგანოზე მისი ზემოქმედების გარეშე და, გარკვეული აზრით, ინსტინქტს უახლოვდება. ასეთი წარმოდგენა ცხოველის მიზანშეწონილი ქცევის შესრულებაშიც მონაწილეობს. თუ ეს მართლაც ასეა, იგი დაბალი რიგის განცდა ყოფილა. მაგრამ არსებობს სხვაგვარი წარმოდგენაც, რომელშიც თვალსაჩინო ხატის გარდა, მოცემულია მეტ-ნაკლები დარწმუნებლობა. ამით ის უახლოვდება აზროვნებას, დასკვნას, ოღონდ, ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით, წარმოდგენის დარწმუნებულობა დასაბუთებული არ არის, ის, ასე ვთქვათ, უშუალო ხასიათისაა. ასეთი წარმოდგენა ინტელექტუალური განჭვრეტის უნარს იძენს და, მაშასადამე, მაღალ ფსიქიკურ პროცესად გვევლინება.

      ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენითი ჭვრეტა შეიძლება ყველა მხარეს იყოს მიმართული. იგი გრძნობადი აღქმის სურათს იმეორებს და, ამდენად, გარე სამყაროს წარმოგვიდგენს. ამავე დროს, ის გვაწვდის ცნობებს თვით ჩვენი სულიერი აქტივობის მიმდინარეობის თაობაზე. მათი გაცნობიერება საფუძველს უქმნის შინაგანი სამყაროს შესახებ ჩვენს ცოდნას. ამრიგად, ადამიანის ფსიქიკურ პროცესებს ახლავს შინაგანი წარმოდგენა და მისი გაცნობიერების უნარი. პლოტინი სავსებით მართებულად აღნიშნავს, რომ ამ უნარს ბავშვობიდანვე სჭირდება განვითარება.

      შემეცნებითი ფსიქიკური აქტივობის ბოლო პუნქტი საკუთრივ აზროვნებაა. აზროვნების პროცესუალური მხარე რაიმეს დასაბუთებას გულისხმობს, მაგრამ თავის უმაღლეს საფეხურზე, რომელსაც მოგვიანებით ინტუიცია უწოდეს, აზროვნება ჭეშმარიტებას პირდაპირ სწვდება. ყველა კრიტერიუმის მიხედვით, აზროვნება უმაღლეს ფსიქიკურ ფუნქციად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან იგი შემეცნების პროცესის მწვერვალია, ადამიანის სულის ექსკლუზიური კუთვნილებაა და სხეულზე არ არის დამოკიდებული. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ დღევანდელი მეცნიერების გაგებით, პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ყველა ეს კრიტერიუმი პირობითად და არასანდოდ გამოიყურება. თანამედროვე ფსიქოლოგია კოგნიტური ფუნქციონირების ელემენტებს ფილოგენეზის საკმაოდ დაბალ საფეხურებზეც აფიქსირებს, ხოლო წარმოდგენისა და აზროვნების ჩანასახოვანი ფორმების არსებობას უმაღლეს ცხოველებში საკმაოდ სავარაუდო ფაქტად მიიჩნევს. რაც შეეხება სხეულისაგან დამოუკიდებლობის კრიტერიუმს, მისი სერიოზულად განხილვა არც შეიძლება, რადგან ნერვულ სისტემას მოწყვეტილი აზროვნება, ან საერთოდ რაიმე ფსიქიკური პროცესი ამჟამინდელი მეცნიერების თვალსაზრისით ნონსენსია.

      აღნიშნული სირთულეები თავს იჩენს აგრეთვე პლოტინის მიერ მოტივაციური პროცესების დახასიათებისას. როგორც ითქვა, სურვილები და მისწრაფებები დაბალი სულიერი მოვლენებია და ხშირად სხეულებრივ საჭიროებებს გამოხატავს; ისინი ცხოველებთანაც გვხვდება. მაგრამ, ხომ არსებობს ისეთი მისწრაფებებიც, რომლებიც მხოლოდ ადამიანისთვის არის დამახასიათებელი და უმაღლეს ინტელექტუალურ, ეთიკურ თუ ესთეტიკურ განცდებს უკავშირდება. ამას პლოტინიც ხედავს. იგი იმასაც ამტკიცებს, რომ ყოველი ემოციური განცდა (აფექტი) სხეულის მონაწილეობას გულისხმობს და საჭიროებს. ეს ეხება საკუთრივ ადამიანურ მისწრაფებებს და გრძნობებსაც. მაშინ ჩნდება კითხვა, თუ როგორია მათი კვალიფიკაცია სიმაღლე-სიდაბლის თვალსაზრისით. ამაზე პასუხი პლოტინთან არ ჩანს. და მაინც, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პლოტინის ემპირიული ფსიქოლოგიის ამ ხარვეზების მიუხედავად, თვითცნობიერების იდეის შემოტანით მან მწვანე შუქი აუნთო „წმინდა” ემპირიულ ფსიქოლოგიას. თუმცა, სანამ ფსიქოლოგიური აზრი ამ მიმართულებით დაიწყებდა მოძრაობას, ძალიან დიდი დრო გავიდა. მაგრამ, როცა ეს მოხდა, პლოტინისა და ავგუსტინეს გამოცდილება ფრიად სასარგებლო აღმოჩნდა.

      ამრიგად, საბოლოო რეზიუმეს სახით შესაძლებელია ითქვას, რომ დასაწყისში ანტიკური პერიოდის ფსიქოლოგიური წარმოდგენები ემყარებოდა სხეულისა და სულის, მატერიალურისა და იდეალურის განუყოფლობის და, აქედან გამომდინარე, ბუნების საყოველთაო განსულიერების პანფსიქისტურ იდეას. შემდგომში, განვითარების კვალდაკვალ, მოხდა მატერიალურისა და იდეალურის მკაფიო დიფერენციაცია. გამოიკვეთა სულის პრიორიტეტული როლი სხეულთან მიმართებაში. თავდაპირველად სული სხეულის მამოძრავებელ ძალად ითვლებოდა, ხოლო შემდგომში - მის არსად და ყველა ფუნქციის მაორგანიზებელ საწყისად. სულიერ მოვლენებში გამოიყო შეგრძნება, აზროვნება და გრძნობები. მათ თანდათან დაემატა სხვა ფსიქიკური ფუნქციები: აღქმა, მეხსიერება, წარმოსახვა, ნებისყოფა. ისინი არსებითად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან და განსხვავებულმა თეორიულმა სისტემებმა სხვადასხვა მათგანს მიანიჭა უპირატესობა, ზოგმა შემეცნებითს, ზოგმა ემოციურს, ზოგმა კი ნებელობითს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ანტიკურ ხანაშივე გაჩნდა ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვალსაზრისი. ერთი, შეზღუდულ ფორმაში, მაგრამ მაინც უშვებდა ნების თავისუფლებას. მეორე ამას პრინციპულად უარყოფდა და იცავდა პოსტულატს ბუნებისა და სულიერი მოვლენების სრული განსაზღვრულობის, ანუ დეტერმინიზმის შესახებ.

      ანტიკურ პერიოდში დაისვა ძირეული მნიშვნელობის პრობლემები, რომლებიც ფსიქოლოგიას მისი მთელი არსებობის განმავლობაში გაყვნენ და მუდმივ პრობლემებად იქცნენ. ესენია: სულისა და სხეულის ურთიერთმიმართების პრობლემა, ფსიქიკის შინაარსისა (ცოდნის) და თვისებების თანდაყოლილობა-შეძენილობის პრობლემა, შემეცნების პროცესში ემპირიულისა (გრძნობადის) და რაციონალურის (გონებრივის) მიმართების პრობლემა, ქცევის თავისუფლება-დეტერმინირებულობის პრობლემა და ბოლოს, ადამიანის ფსიქიკის სპეციფიკურობის პრობლემა.

      ანტიკურ ეპოქაში საფუძველი ჩაეყარა ფსიქოლოგიის კატეგორიალურ სისტემას. გამოიყო და გარკვეულ დონეზე დამუშავდა ზოგიერთი ძირითადი ცნება: განცდა, ქცევა, პიროვნება, ცნობიერება, ხატი და სხვა. მათი ურთიერთკავშირის განხილვისას გამოიყო სულის განსხვავებული ფორმები და დონეები და, საბოლოო ჯამში, ხორცი შეესხა სულის განვითარების იდეას, როგორც ფილოგენეტურ, ისე ონტოგენეტურ ჭრილში.

      ანტიკურ ფსიქოლოგიას უმთავრესად მეტაფიზიკური და გონებაჭვრეტითი ხასიათი ჰქონდა, თუმცა, ყველა კონცეფციას გარკვეული ემპირიული საყრდენი გააჩნდა, რაც ზოგიერთ სისტემაში განმსაზღვრელიც იყო. საზოგადოდ კი, რასელის თქმით, ელინურ ფილოსოფიას ეჭვი ეპარებოდა, რომ თვით მეტაფიზიკა და კოსმოლოგია შეიძლება შეიქმნას მრავალჯერადი მსჯელობისა და დაკვირვებების შეთავსების გზით. მოგვიანებით, შუა საუკუნეების ეპოქაში, გონებაჭვრეტითმა მსჯელობებმა იმდენად იმძლავრა, რომ ემპირიული საწყისი თითქმის ჩრდილში მოაქცია. სამაგიეროდ, ახალი დროიდან ფსიქოლოგიის (ისევე როგორც მთელი მეცნიერების) განვითარების ძირითადი ტენდენცია მყარად დაუკავშირდა სულიერი (ცნობიერების) მოვლენების დაკვირვების მონაცემებს. ეს მნიშვნელოვანი ბიძგი იყო ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარებისთვის, რამაც, საბოლოოდ, ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიამდე მიგვიყვანა.

      ავრელიუს ავგუსტინეს (357-430) შემოქმედება ანტიკური ტრადიციიდან ქრისტიანულ მსოფლმეხდველობაზე გადასვლის აღმნიშვნელია. მან პლოტინის თვითცნობიერების დოქტრინა გააღრმავა და თვითანალიზის დონემდე აიყვანა. ამით თითქოს შინაგანი სამყაროს შესწავლა პრინციპულად ახალ საფეხურზე ავიდა და გაიხსნა პირდაპირი გზა ემპირიული ფსიქოლოგიისკენ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. თუ მის ნააზრევს ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ავგუსტინეს მთელი შემოქმედება მხოლოდ ღმერთის ცნების დამკვიდრებას ემსახურება. მისთვის მთავარია რწმენა და მისი დასაბუთება. ყოველგვარი ცოდნა მეორადია რწმენასთან მიმართებაში. ცოდნისკენ მიმავალი გზა რწმენაზე გადის. ეს ეხება ფსიქოლოგიურ ცოდნასაც, სულიერი მოვლენების კვლევას; ფსიქიკურ ცხოვრებაზე დაკვირვებას და თვითანალიზს, რომლის შესანიშნავი ნიმუში მოცემულია ავგუსტინეს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებში „აღსარება”, ავტორისთვის თავისთავადი მნიშვნელობა არა აქვს და მხოლოდ და მხოლოდ სამყაროს, მათ შორის შინაგანი სამყაროს, ღვთაებრივი შექმნისა და მოწყობის დასაბუთებას ემსახურება. მით უფრო ითქმის ეს მეტაფიზიკურ ფსიქოლოგიურ მსჯელობებზე სულის წარმოშობისა და რაობის, მისი უკვდავებისა და თავისუფლების შესახებ. ეს აგრეთვე ეხება მის წმინდა ფილოსოფიურ დებულებებს ცოდნის წყაროებისა და ჭეშმარიტების კრიტერიუმების შესახებ. აღარაფერს ვამბობთ საკუთრივ თეოლოგიურ მსჯელობებზე; ავგუსტინე ხომ ქრისტიანული თეოლოგიის ერთ-ერთი ნიშანსვეტია. სამაგალითო თეორიული და პრაქტიკული მოღვაწეობის გამო იგი მართლმადიდებლობაში ნეტარ ავგუსტინედ მოიხსენიება, კათოლიკობაში - წმინდა ავგუსტინედ.

      ავგუსტინე დაიბადა ქალაქ თაგასტაში (ნუმიდია, ახლანდელი ალჟირი), თავისუფალი ცხოვრების მომხრე წარმართი პატრიციელი მამისა და ღვთისმოსავი ქრისტიანი დედის ოჯახში. რიტორიკასა და სამართალს დაეუფლა კართაგენში, რომსა და მილანში. შემდგომში აქვე მასწავლებლობდა. ავგუსტინემ სხვადასხვა ფილოსოფიურ და რელიგიურ მიმდინარეობათა გავლენა განიცადა. ათ წელს მისდევდა მანიქევლობას (მცირე აზიაში გაჩენილი და იმ დროს ძალიან გავრცელებული რელიგიურფილოსოფიური სწავლება, რომელიც აერთიანებს ზოროასტრიზმის, ბუდიზმისა და ქრისტიანობის ელემენტებს). მოგვიანებით გატაცებული იყო სტოიციზმით, ე.წ. „ახალი აკადემიის” სკეპტიციზმით და ბოლოს, ნეოპლატონიზმით. ამ უკანასკნელის გავლენა ავგუსტინეს შემოქმედებაზე განსაკუთრებით შესამჩნევია. ავგუსტინეს მსოფლმხედველობრივი მრწამსის რადიკალური შემობრუნება ქრისტიანობისკენ მოხდა 387 წელს, როცა იგი მოინათლა. ამიერიდან მთელი მისი ცხოვრება ეკლესიის სამსახურს ეძღვნება. თავის მშობლიურ ქალაქში ის აყალიბებს ბერების თემს, 391 წელს იკურთხება ხუცესად, ხოლო 395 წელს აქვე ხდება ეპისკოპოსი და სიკვდილამდე მღვდელმთავრად მოღვაწეობს.

      მიუხედავად უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემისა დედისადმი, რომელიც სულ ცდილობდა, შვილი ქრისტიანობისკენ მოექცია, ავგუსტინე თავდაპირველად მამის კვალს გაჰყვა. მისივე თქმით, იგი ვნებებითა და უგუნურობით სავსე ცხოვრებას ეწეოდა. ამავე დროს, უკვე სკოლაში სწავლისას გაუჩნდა რელიგიური გრძნობები. 33 წლამდე მისი შინაგანი სამყარო ღმერთისადმი სიყვარულისა და სხეულებრივი ლტოლვების მძაფრი დაპირისპირებით იყო გამსჭვალული. ეს შინაგანი კოლიზიები გასაოცარი გულწრფელობით და გამჭრიახობით არის გადმოცემული „აღსარებაში”, რომელსაც ყველა მკვლევარი თვითანალიზის შედევრად აღიარებს. ეს ნაშრომი განსაკუთრებულ ინტერესს ფსიქოანალიტიკოსებში იწვევს, რომლებიც მასში თავიანთი მრავალი იდეის დადასტურებას ხედავენ. კერძოდ, ეს არის ადამიანში ისეთი ლტოლვების არსებობა, რომელთაც ის ვერ აცნობიერებს; ეს არის ფსიქიკის არსებითად ანტისოციალური, ეგოისტური ხასიათი. ავგუსტინეს თქმით, ე.წ. „ბუნებრივი ადამიანი” იმდენად სუსტია, და მანკიერია, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ღმერთის მადლს შეუძლია. ადამიანის ეს უარყოფითი ბუნება ბავშვობიდანვე იჩენს თავს - ადამიანი დაბადებიდან ცოდვილია. ავტორი აანალიზებს თავის ბავშვობისდროინდელ მოგონებებს, სხვა ბავშვებზე დაკვირვებებს და აჩვენებს, რომ უარყოფითი, ცოდვილი ზნე იმთავითვეა გამოხატული. აღსარების მთელი თავი იმის მტკიცებას ეთმობა, რომ თოთო ბავშვიც კი ღორმუცელობის, ეჭვიანობისა და სხვა ცოდვების მორევშია ჩაძირული. მოზრდილები ამას ან უბრალოდ არ იმჩნევენ, ან ერთობ შემწყნარებლურნი არიან, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ეს გაივლის. სიცრუე, ეშმაკობა, მზაკვრობა, რაც საძაგელი და ყოვლად მიუღებელი ლტოლვების ასრულებისთვის გამოიყენება, ადამიანს იმთავითვე თან ახლავს. ინფანტილური სექსუალობისა და დესტრუქციულობის იდეით გამსჭვალული ფსიქოანალიზისთვის ავგუსტინეს მოსაზრებები საკმაოდ მიმზიდველი აღმოჩნდა. დიდი სურვილის შემთხვევაში, ავგუსტინეს გამორჩეულად თბილი ურთიერთობაც დედასთან შეიძლება ოიდიპოსის კომპლექსად იქნეს ინტერპრეტირებული, ხოლო ფსიქოანალიტიკოსებს, როგორც ცნობილია, ასეთი სურვილები არ აკლიათ (იხ. თავი 8.1.)

      აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოანალიტიკოსი და, ამავე დროს, ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის ისტორიის მკვლევარი, ფ. ალექსანდერი, ავგუსტინეს ფსიქოანალიზის წინამორბედად მოიხსენიებს. იგი მიიჩნევს, რომ პლატონისა და არისტოტელეს აბსტრაქტული კონცეფციებისაგან განსხვავებით, ავგუსტინეს „აღსარებაში” ფსიქოლოგია უფრო რეალური, კონკრეტული და სისხლსავსე ხდება. თავის მეორე დიდ ნაწარმოებში, „ღვთიური ქალაქი”, ავგუსტინემ გამოთქვა მოსაზრება, რომ იდეალური ქვეყანა უნდა მართონ დესტრუქციული იმპულსებისაგან თავისუფალმა, ჰარმონიული სულის ადამიანებმა. სულის ჰარმონიას ტექნოლოგიითა და პოლიტიკით ვერ მიიღებ. ამისთვის საჭიროა შინაგან ღირებულებათა შეცვლა, რაც ეკლესიისკენ შემობრუნებით მიიღწევა. ალექსანდერს მიაჩნია, რომ ნეტარი მამის ეს პოზიცია ფსიქოლოგიის როლის უეჭველ აღიარებას ნიშნავს და მის ნააზრევს აქტუალურსა და თანამედროვეს ხდის. ამ ძალზე მაღალ შეფასებაში არის გარკვეული სიმართლე, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ავგუსტინე ეკლესიას ემსახურებოდა და არა ფსიქოლოგიას. შინაგანი ღირებულებების შეცვლა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობდა საზოგადოების ტოტალურ გაეკლესიურებას და ქრისტიანული რწმენით გამსჭვალვას, რაც ავგუსტინესთვის კეთილშობილებისა და სულიერი სიმშვიდის სინონიმი იყო. ეს უკვე თეოკრატიული პოზიციაა და არა ფსიქოლოგიური. მოცემულ კონტექსტში მთავარი ისაა, რომ იგი არსებითად ეწინააღმდეგება ფროიდის თეორიულ შეხედულებებს, ხოლო ფსიქოანალიზის პრაქტიკას მთლიანად თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს.

      ავგუსტინეს ძირითადი დოქტრინა ის არის, რომ მთელი სამყარო, ადამიანი, მისი სხეული და სული ღმერთის შექმნილია. სული სხეულზე უფრო „მაღალი” დონის ქმნილებაა, ვინაიდან ის ღვთიურ სუნთქვას უკავშირდება, რომლის ჩაბერვითაც ადამიანს სიცოცხლე მიენიჭა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამით ადამიანში ღმერთის ნაწილი შევიდა. სული ღმერთისაგან მომდინარეობს, მაგრამ ღმერთის სუბსტანციის მატარებელი არ არის. სული არაფრიდან არის შექმნილი და აბსოლუტურად არამატერიალურია. მიუხედავად ამისა, ისეთი ელემენტები, როგორიცაა სინათლე და ჰაერი, სულთან უფრო ახლოსაა. ამიტომ სულის მიერ სხეულის მართვა (რაც მისი ძირითადი დანიშნულებაა), გარკვეულწილად ამ ელემენტებთან არის დაკავშირებული. ნერვები ჰაერითაა სავსე; მისი მოძრაობა კიდურებს გადაეცემა, თავად კი სულის ნებას ემორჩილება.

      სულის ყოფიერება, ავგუსტინეს მიხედვით, შვიდ გრადაციას ანუ სტადიას შეიცავს. სულის პირველი, უმარტივესი დონე ადამიანს და მცენარეს საერთო აქვთ. ის უზრუნველყოფს ორგანიზმის მთლიანობას, მის ცოცხლად ყოფნას და პასუხისმგებელია კვებასა და გამრავლებაზე. სულის მეორე საფეხური ადამიანს საერთო აქვს ცხოველებთან. ის „შეიგრძნობს” და „ხედავს სიზმრებს”. მესამე სტადიაზე სულს ემატება მეხსიერების, მეტყველებისა და პრაქტიკული გონების ფუნქციები. მეოთხე სტადიაზე სული საკუთარი თავისკენ შემობრუნდება, იწყებს თავისი თავის, როგორც სხეულისაგან განსხვავებულის და მასზე ამაღლებულის შეფასებას და ეძიებს ღმერთს თავის ბუნებაში. მეხუთე დონეზე სული უკვე განწმენდილია სიკვდილის შიშისაგან და ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას ადგას. მეექვსე სტადიაზე სული მთელი თავისი არსითა და გონების ძალით მიიმართება ღმერთისკენ, ანუ ერთადერთი ჭეშმარიტებისკენ. მეშვიდე სტადიაზე სული ჭეშმარიტებას სწვდება, ვინაიდან მთლიანად ღმერთითაა მოცული.

      ავგუსტინეს ამ თეორიულ კონსტრუქციაში ფსიქოლოგიის ზოგი ისტორიკოსი სულის სახეების არისტოტელესეული კლასიფიკაციის გავლენას ხედავს. ეს ალბათ მხოლოდ პირველი სამი სტადიის მიმართაა მართებული, ვინაიდან მათი დახასიათებისას ავტორი მყარ ემპირიულ ნიადაგზე დგას. შემდგომი სტადიების დახასიათებისას კი მისტიკური ელემენტი სულ უფრო მატულობს და საბოლოოდ იმდენად მეტაფიზიკურ სახეს იღებს, რომ თითქმის მიუღწეველი ხდება მეცნიერული ანალიზისთვის. თუმცა ერთი რამ მაინც შესაძლებელია: უმაღლესი, მეშვიდე სტადიის განცდისეული მხარის შედარება პლოტინის მიერ აღწერილი ექსტაზის მდგომარეობასთან. თუ ეს ანალოგია მართებულია, მაშინ მის შესახებ იმავეს თქმა შეიძლება, რაც ზემოთ პლოტინისეული ექსტაზის თაობაზე ითქვა, ჭეშმარიტების წვდომისა და ნამდვილი ცოდნის მიღებასთან დაკავშირებით. ამგვარი რამ, პლოტინის მიხედვით, ექსტაზის მდგომარეობაში ხდება. ადვილი დასანახია, რომ სულის აღნიშნული სახეები, იმავდროულად, ჭეშმარიტებასთან (იმავე ღმერთთან) დაახლოების სტადიებია. ამდენად, გნოსეოლოგიური პრობლემა ნათლად გამოხატულ ფსიქოლოგიურ ხასიათს იძენს. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან შემეცნების შესაძლებლობაზე საუბარს, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივყავართ ამ პროცესის ფსიქოლოგიური უზრუნველყოფის საკითხთან. ეს მით უფრო ბუნებრივია ავგუსტინესთანა მოაზროვნისთვის, რომელიც ჭეშმარიტ ცოდნას ღმერთში ათავსებს, თვით ღმერთს სულში უჩენს ადგილს, ხოლო მასთან მისასვლელ გზას სულის მიერ საკუთარი თავის შეცნობაში ხედავს.

      პლატონის მსგავსად, ავგუსტინეს ფსიქოლოგიურ სისტემაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი შემეცნებითი ფსიქიკური ფუნქცია, როგორიც მეხსიერებაა. ავგუსტინეს მიხედვით, სწორედ მასშია განთავსებული მთელი ცოდნა და მის მოსაპოვებლად საჭირო არაა სულის გარეთ გასვლა, ბუნების კვლევა - საკმარისია საკუთარი თავის შესწავლა. შემეცნება თვითშემეცნებით ხორციელდება - ეს თეზისი მისი ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური მოძღვრების ლეიტმოტივია.

      მეხსიერება წმინდა სულიერი აქტივობაა, ის სულში არსებულის ნათელყოფაა. მეხსიერება ორი სახისაა: გრძნობადი და ინტელექტუალური. გრძნობადი მეხსიერება დაკავშირებულია გრძნობის ორგანოებთან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს შეხებითი, სმენითი, მხედველობითი და ა.შ. მეხსიერება. მეხსიერება სულიერების სფეროა და არა უბრალოდ ცნობების შესანახი ადგილი. ადამიანს არ შეუძლია შეინახოს იდეა მისი განცდის ან გააზრების გარეშე. ამავე დროს, სავალდებულო არ არის, რომ ადამიანი ყოველთვის აცნობიერებდეს იმას, რაც იცის. აქედან გამომდინარე, ადამიანს აქვს ისეთი ცოდნაც, რომელიც პოტენციურად ცოდნად უნდა ჩაითვალოს და რომელიც მოგონების აქტს საჭიროებს. ავგუსტინე იმ პირობებზეც საუბრობს, რომლებიც პოტენციური ცოდნის ცნობიერებაში აღდგენას უწყობს ხელს. ესენია: შთაბეჭდილების სიძლიერე, მისი გამეორება, მასალის მოწესრიგებულობა, მასზე ყურადღების ან ნებისყოფის მიმართვა, გონების გავარჯიშება და სხვა. გარდა ამისა, ავგუსტინეს თქმით, მოგონება ბუნებრივად არის დაკავშირებული ერთი იდეის მიერ მეორის აღდგენის ხელოვნებასთან. აქ იგი ნათლად აყალიბებს ადგილის, დროისა და მსგავსების ასოციაციის პრინციპებს. შეიძლება ითქვას, რომ გრძნობადი მეხსიერების დახასიათებაში ავგუსტინე ძირითადად აგრძელებს არისტოტელეს ხაზს, იყენებს საკუთარ ემპირიულ დაკვირვებას და დღევანდელი გადასახედიდანაც კი საკმაოდ დამაჯერებელია.

      რაც შეეხება ე.წ. ინტელექტუალურ მეხსიერებას, მისი ანალიზი მთლიანად მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის ფარგლებში მიმდინარეობს. აქ ავგუსტინე არსებითად პლატონის ხაზს მიჰყვება და ცდილობს მის შეთანხმებას ქრისტიანულ დოქტრინასთან. პლატონის შემეცნების, როგორც გახსენების თეორია, დავიწყების თეორიაცაა. ავგუსტინეს აზრით, მთელი ცოდნა ღვთაებრივი და მარადიულია. ინდივიდუალურ ცნობიერებაში ამ ცოდნის ამოტანა ჩვენი სულიერი ბუნებისა და ღმერთის არსების ერთიანობას ეფუძნება. სულს აქვს თვითცნობიერება და ამიტომ მან ყოველთვის იცის, რომ ის უმაღლესი აზრის მატარებელია, მაგრამ ყოველთვის არ აცნობიერებს საკუთრივ ამ აზრს, ანუ ჭეშმარიტ ცოდნას. ავგუსტინეს თქმით, სული ჰგავს ამოუწურავ მაღაროს, საიდანაც მას თვითონვე ამოაქვს მზის სინათლეზე აზრის ძვირფასი ქვები. ჭეშმარიტების გამოგონება კი არ ხდება, არამედ მისი აღმოჩენა საკუთარ გონებაში. აქედან გამომდინარე, სწავლა გახსენებაა და ვინაიდან მთელი ცოდნა შინაგანია, სწავლის პროცესიც ამ შინაგანის გამომზეურებაა. მასწავლებელი იმაზე მეტს ვერ მოგცემს, რაც შენში იყო. ის მხოლოდ საუკეთესო პირობებს ქმნის სულის სათანადო აქტივობისთვის, რასაც ცოდნის ექსპლიკაცია მოჰყვება. ცოდნა და სწავლა იწყება ღმერთით (წინასწარჩანერგილი ცოდნა) და თავდება ღმერთით (მისი შემეცნება). ცოდნის ზრდა, ფაქტობრივად, არის ღმერთის შესახებ ცოდნის ზრდა.

      ადვილი დასანახია, რომ ამ კონცეფციაში ფსიქოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემებია გაერთიანებული (შემეცნების პროცესი, მეხსიერება, სწავლა და სწავლება, თანდაყოლილი და შეძენილი). ამავე დროს, ფსიქოლოგია და მეტაფიზიკა ერთმანეთშია შერეული, ხოლო მეტაფიზიკას მეცნიერული კრიტერიუმებით ვერ შეაფასებ. მართლაც, სულის როგორი გაგებაა უკეთესი - როგორც ზოგადი ცნებების (იდეების) თანაზიარი მოვლენისა (პლატონი), თუ ღმერთის მიერ არარადან შექმნილი ფაქტისა (ავგუსტინე)? ეს რწმენისა და ფილოსოფიის განსჯის საგანია, რადგან მეცნიერება ვერც ღმერთის განზრახვაში შეაღწევს და ვერც იდეათა სამყაროში. თუმცა ამ უკანასკნელის შესახებ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის არსებობს ინდივიდუალური ცნობიერების მიღმა, მისგან დამოუკიდებლად და ყოველი ადამიანი ცოდნის მოპოვებისა და ჭეშმარიტების წვდომისას ეზიარება მას. ამ შემთხვევაში იდეათა სამყარო გაგებულია, როგორც სულიერი კულტურის სინამდვილე, რომელიც დაფიქსირებულია მის გრძნობად მატარებლებში, პირველ ყოვლისა, ენაში, მეცნიერულ და ლიტერატურულ ტექსტებში. ეს არის ობიექტური ღირებულებებისა და იდეალების, აბსტრაქტული ცნებების სამყარო, სადაც მოცემულია საგნებისა და მოვლენების არსებითი ნიშნები, მათი არსი. პლატონის იდეათა სამყარო კოსმიურ-მეტაფიზიკური სფეროდან მიწაზე ჩამოტანის შემდეგ სავსებით ემპირიულ მნიშვნელობას შეიძენს. ამგვარი ინტერპრეტაცია არსებით შეცდომას არ უნდა შეიცავდეს. ისიც ცხადია, რომ ავგუსტინეს ზეციური მეტაფიზიკის ასეთი „დამიწება” ძნელად წარმოსადგენია. მიუხედავად ამისა, შევეცადოთ გავაანალიზოთ წარმოდგენილი შეხედულება ფსიქოლოგიის ისტორიისა და, შეძლებისდაგვარად, თანამედროვე ფსიქოლოგიის თვალსაზრისით.

      ეს კონცეფცია, არსებითად არის პლატონისა და ნეოპლატონოზმის გაგრძელება და ღმერთის იდეასთან დაახლოება. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ, არისტოტელესაგან განსხვავებით, პლატონსა და ავგუსტინეს მეხსიერების ფუნქცია დავიწყება-აღდგენის განზომილებაში აქვთ გააზრებული. ამას მეხსიერების ცნების რეალური ემპირიული შინაარსის დავიწროებამდე მივყავართ, რადგან მის გარეთ რჩება დამახსოვრების პროცესი, რომელიც, შემონახვისა და აღდგენა-დავიწყების პროცესებთან ერთად, მეხსიერების ფუნქციის ძირითადი მახასიათებელია. არისტოტელესთან დამახსოვრების პროცესი გათვალისწინებულია. იმდენად, რამდენადაც მისთვის მეხსიერება ახალი ინფორმაციის მიღებით იწყება, ის გრძნობადი აღქმის გაგრძელებაა, რომელიც შემოინახება და, საჭიროების შემთხვევაში, აღდგება. პლატონი დამახსოვრებაზე მხოლოდ მისტიკური აქტის მნიშვნელობით ლაპარაკობს, როდესაც სული, იდეების სამყაროში ყოფნისას, უშუალოდ ჭვრეტს ამ იდეებს და ახალი ცოდნით „ივსება”. ავგუსტინესთან კი დამახსოვრებას მთლიანად ეკარგება სულის განსაკუთრებული მნემური აქტივობის სახე და ღმერთის მიერ ინდივიდუალურ სულში ცოდნის ჩადების აქტად წარმოგვიდგება. ამ მხრივ ეს ერთგვარი უკუსვლაა არისტოტელეს პოზიციიდან.

      შენახვასთან დაკავშირებით იგულისხმება, რომ მეხსიერებაში (ამ შემთხვევაში იგივეა, რაც სულში), მთელი ცოდნა თავიდანვე რაღაც ფორმით არის შემონახული და ადამიანის განვითარება (სწავლა) მხოლოდ მისი ცნობიერებაში ამოტანაა. მოკლედ, ცოდნა თანდაყოლილია. ახლანდელი მეცნიერების თვალსაზრისით ასეთ გაგებას არც თეორიული და არც ემპირიული გამართლება არა აქვს. თანდაყოლილობის პრობლემა ფსიქოლოგიამ მემკვიდრეობით მიიღო ფილოსოფიისაგან და მის მუდმივ პრობლემებს მიეკუთვნება. ასეთი პრობლემები ფსიქოლოგიას ახლავს მთელი მისი არსებობის გზაზე. მოგვიანებით დავრწმუნდებით, რომ ე.წ. თანდაყოლილი იდეების პრობლემა რაციონალური და ემპირიული ფსიქოლოგიის უმწვავესი დაპირისპირების საგანი გახდა და, გარკვეული აზრით, ახალი დროის ფსიქოლოგიაში ამ ორი მიმდინარეობის წყალგამყოფადაც იქცა. ამ პრობლემის ფესვები ანტიკურ ფილოსოფიაში და, შესაბამისად, ფსიქოლოგიაშია და უკავშირდება ჭეშმარიტი ცოდნის არსებობის დასაბუთებას. ემპირიულ სინამდვილეში მხოლოდ კონკრეტული საგნები და მოვლენებია. ამავე დროს, მათი გრძნობადი აღქმაც და მასზე დამყარებული აზროვნებაც შეცდომების წყაროა. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ზოგადი ცნებები და მათში დაუნჯებული ჭეშმარიტი ცოდნა. ამის ასახსნელად მოაზროვნეთა ნაწილი ჭეშმარიტი ცოდნის თანდაყოლილობის პოსტულატს იღებდა. ამ პრობლემის ფილოსოფიური ასპექტების, განხილვა ჩვენი მიზანი არ არის; უბრალოდ მივუთითებთ, რომ ასეთია პლატონ-ავგუსტინეს ხაზი.

      თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, არ არსებობს სერიოზული საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ადამიანში დაბადებიდანვე რაიმე სახით არის მოცემული ცოდნა ფაქტებისა ან კანონზომიერებათა შესახებ. ის, რომ 2X2=4, ან რომ დედამიწა მრგვალია, არ არის თავიდანვე ჩაწერილი არც ნერვულ და არც ფსიქიკურ სისტემაში. ადამიანი ამ ცოდნის მატარებელ არსებად არ იბადება. ეს ცოდნა ცხოვრების პროცესში, სწავლით შეიძინება და ფიქსირდება. ეს ურთულესი პროცესი მრავალი მეცნიერების, მათ შორის ფსიქოლოგიის შესწავლის საგანია და მასთან დაკავშირებით უკვე დიდი მასალაცაა დაგროვილი. მართალია, გასარკვევი კიდევ ბევრია, მაგრამ ერთი რამ ცხადია - სწავლა ახლის შეძენაა და არა ძველის აღდგენა. ეს ითქმის ყოველგვარ ცოდნაზე. ჩვენ თავიდან არ ვიცით, რომ შაქარი ტკბილია, ხოლო წიწაკა - მწარე, ან ის, რომ ინცესტი დაუშვებელია. ყოველივე ამას შემდგომში, საკუთარი გამოცდილებით ან სხვების დახმარებით ვიგებთ. მაგრამ ჩამოთვლილ მოვლენებთან მიმართებაში ზოგი რამ თანდაყოლილიც არის. ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგის, ევოლუციური და გენეტიკური ფსიქოლოგიის მონაცემებით ადამიანები თავიდანვე ანიჭებენ მეტ-ნაკლებ უპირატესობას სხვადასხვა გემოს (მაგ., მოსწონთ ტკბილი და არ მოსწონთ მწარე); მათ უფრო ადვილად უმუშავდებათ შიშის რეაქცია სტიმულთა გარკვეული კლასის (მაგ., გველების) მიმართ. იგივე ითქმის ინცესტუალურ ტაბუზეც. ამ მორალურ ნორმასაც, როგორც ჩანს, თავისი მემკვიდრეობითი ძირები აქვს - ინცესტის მიუღებლობა ჩვენს ბიოფსიქიკურ კონსტიტუციაშია მოცემული. არსებობს სხვა ასეთივე თანდაყოლილი მიდრეკილებაც. აქ შეიძლება ჯერ კიდევ ბევრი რამ იყოს გამოსარკვევი და საკამათო, მაგრამ თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ არაერთი ფსიქიკური მიდრეკილება და უნარ-თვისება დიდწილად თანდაყოლილია. ასეთია ადამიანის ტემპერამენტი, ინტელექტი, ზოგიერთი პიროვნული თვისებაც კი. მაგრამ ეს არ არის ცოდნა მოვლენების, მათი კავშირების, ნიშნების, იდეების ან ღირებულებების შესახებ, რომელიც იმპლიციტურად არსებობს ფსიქიკაში, შენახულია მის რაიმე სტრუქტურაში, კერძოდ მეხსიერებაში და ცხოვრების მსვლელობაში თავისით თუ სხვების დახმარებით გამომზეურდება, ექსპლიციტური ხდება. ენის შეთვისების უნარი (ე.წ. ენობრივი ნიჭიერება) ადამიანის მემკვიდრეობითი და ყველა სხვა ცოცხალი არსებისაგან გამორჩეული თვისებაა. ის, პირველ რიგში, დედაენის ძალზე ადრეულ და ძალზე ადვილ ათვისებაში ვლინდება, მაგრამ ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ ენა, როგორც ნიშანთა კონკრეტული სისტემა გვაქვს თანდაყოლილი. ასევე, ადამიანს თანდაყოლილი აქვს ზოგად ცნებათა გააზრების უნარი და, უფრო მეტიც, განზოგადების ძირითადი მიმართულებებისკენ მიდრეკილება, მაგრამ არა - თვით ზოგადი ცნებები.

      თუ დავუბრუნდებით ავგუსტინეს მიერ მეხსიერების დახასიათებას, შეიძლება ითქვას, რომ მისი ნაწილი, მაგალითად, ე.წ. გრძნობადი მეხსიერების აღწერა, ფაქტებისა და მეცნიერული დაკვირვების საფუძველზეა შესრულებული. რაც შეეხება თანდაყოლილ ცოდნასთან დაკავშირებულ ე.წ. ინტელექტუალურ მეხსიერებას, აქ მისი მსჯელობა გონებაჭვრეტით ხასიათს იღებს და მეცნიერებისთვის მიუწვდომელი ხდება.

      დაახლოებით ასეთივე სურათი გვაქვს ნებისყოფის შემთხვევაშიც. მეხსიერების მსგავსად, ამ ფსიქიკურ ფუნქციაშიც ორი სახეობა გამოიყოფა. პირველი, ნებისყოფის დაბალი ფორმა მიმართულია ყოფით მოქმედებაზე ემპირიულ სამყაროში, მართავს ამგვარ მოქმედებაში ჩართულ ფსიქიკურ და სხეულებრივ პროცესებს. უფრო მეტიც, იგი სხეულებრივ პროცესებსაც ფსიქიკურად აქცევს. მაგალითად, გრძნობის ორგანოებში მოცემული საგნების სხეულებრივი ანაბეჭდებიდან ქმნის მათ ფსიქიკურ ხატებს, ხოლო ამ ხატებიდან - გრძნობადი მეხსიერების მოგონებებს. ნებისყოფის ამ სახეობამ შეიძლება მორალურად მანკიერი საქციელი გამოიწვიოს. ეს ცოდვილი ადამიანის ნებაა, რომელიც მის მისწრაფებებში ვლინდება. „ჩემში თითქოს ორი ნება იბრძვის, ამბობდა ავგუსტინე, და მათ დაპირისპირებაში იგლიჯება სული ჩემი”. აქედან ჩანს, რომ ნებისყოფის დაბალი ფორმა არც არის ნებისყოფა, როგორც ასეთი, ის უფრო სურვილი ან მოთხოვნილებაა. მას ებრძვის ნებისყოფის ის ფორმა, რომელიც ამაღლებული და ზნეობრივი ქცევისკენ წარმართავს ადამიანს. ამ უკანსაკნელს ავგუსტინე სულიერ ნებისყოფას უწოდებს და ისე წარმოგვიდგენს, რომ მას, ფაქტობრივად, დაკარგული აქვს რეალური ფსიქიკური პროცესის ნიშნები. სულიერი ნებისყოფა ღვთაებრივი ნების განმახორციელებელი მისტიკური ძალის სახეს იღებს და მისი წვდომა მხოლოდ გონებაჭვრეტით შეიძლება.

      სხვათა შორის, სწორედ ასეთი ვოლუნტარისტულ-მისტიკური შინაარსის გამო, XX საუკუნის ფსიქოლოგიამ ერთხანს თითქმის ამოაგდო თავისი კატეგორიებიდან ნებისყოფა. ახლა იგი კვლავ ბრუნდება მეცნიერებაში, მაგრამ სავსებით ემპირიული შინაარსით - თვითრეგულაციის ისეთი პროცესების ან უნარების სახით, რომლებიც ექვემდებარებიან ფორმირებას, კორეგირებას, გაზომვას და მოდელირებას. სიტყვამ მოიტანა და აღვნიშნავთ, რომ იმ მოძღვრების სათავესთან, რომელსაც შემდგომში ვოლუნტარიზმი ეწოდა, სწორედ ნეტარი ავგუსტინე დგას. ეს ფილოსოფიური მიმართულება მთელი ყოფიერების და სულიერი ცხოვრების საწყისად ნებისყოფას აცხადებს. მართლაც, ავგუსტინესთან სინამდვილის შემოქმედი პირველსაწყისი ღვთაებრივი ნებაა. ფსიქოლოგიური კუთხით კი ნებისყოფა ყველა სულიერ ფუნქციაზე მაღლა დგას. ავტორი იმასაც ამბობს, რომ ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ნებისყოფა. ყოველ შემთხვევაში, ავგუსტინეს მიხედვით, ფსიქიკურ პროცესებს განაგებს არა გონება, როგორც ამას მისი წინამორბედების უმრავლესობა თვლიდა, არამედ ნებისყოფა. ნებისყოფა მთელ სულს გამსჭვალავს, იგი მთავარი სულიერი ძალაა. თუ ამას ისე გავიგებთ, რომ მოტივაციურ-ვოლიტური სფერო მთელ ფსიქიკას მოიცავს და მის გარეშე არავითარი სულიერი ცხოვრება არ არსებობს, ავგუსტინეს ვოლუნტარიზმი სავსებით გამართლებული იქნება. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია: ისევე, როგორც ყველა ფუნქციას, უმაღლეს კოგნიტურ ფუნქციასაც, აზროვნებასაც წარმმართველი ძალა ესაჭიროება. ადამიანი ჯერ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ იწყებს შემეცნებას. მაგრამ ვოლუნტარიზმი, ნების უზენაესობასთან ერთად, ნებისყოფის თავისუფლებას, მის შეუზღუდაობასაც გულისხმობს.

      ამ პუნქტში იჩენს თავს ავგუსტინეს ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისის ძირეული წინააღმდეგობა. იგი ნებისყოფის თავისუფლებას ქადაგებს და, ამავე დროს, მას არსებითად ზღუდავს. ავგუსტინეს აზრით, ადამიანი თავისუფალია იმდენად, რამდენადაც ღვთაებრივ ნებას ემორჩილება. იგი არ არის ბოლომდე ავტონომიური. ასეთი იყო პირველი ადამიანი - ადამი. თავისი დაცემის შემდეგ ადამიანთა მოდგმა ცოდვისა და ბოროტებისკენ მიმავალ გზაზე გახდა თავისუფალი, ხოლო კეთილი საქმე მხოლოდ ღმერთის უშუალო ჩარევით სრულდება. თავისუფლება მხოლოდ უსიტყვო და უყოყმანო რწმენაშია. ამ თვალსაზრისში თავისუფლება იმაზე ნაკლებია, ვიდრე სტოელებთან, ვისთანაც თავისუფლება აუცილებლობისადმი დამორჩილებაა.

      ადამიანის შეუზღუდავ თავისუფლებას ქადაგებდა პელაგიუსი, რომელსაც მკაცრად დაუპირისპირდა ავგუსტინე. პელაგიუსი თვლიდა, რომ ადამიანი შთამომავლობითი ცოდვის მატარებელი არ არის და არც პასუხს აგებს ადამისა და ევას ცოდვაზე. ამიტომ მას თავად შეუძლია სიკეთის კეთება სავსებით თავისუფალი არჩევანის საფუძველზე. ავგუსტინეს მიაჩნდა, რომ ადამიანთა მოდგმის ყველა უბედურების წყარო პირველი ცოდვაა, რომელშიც ცალსახად ევაა დამნაშავე. ამიტომ იგი ზიზღით უყურებდა სქესობრივ ცხოვრებას და ყოველმხრივ ადანაშაულებდა ქალებს. ალბათ კომენტარს არ საჭიროებს ის, თუ რამდენად მართებული ან ბუნებრივია ეს პოზიცია დღევანდელი შეფასებით, მაგრამ იგი საუკუნეების მანძილზე ბატონობდა და არცთუ დიდი ხანია, რაც შეიცვალა.

      ნებისყოფის თავისუფლების შეზღუდულობის პოსტულატი ჩვენს დროშიც სავსებით მართებულად გამოიყურება. საპირისპირო დებულება ნების აბსოლუტური თავისუფლების შესახებ უფრო დამაეჭვებელია, თუნდაც იმიტომ, რომ ყოველი „თავისუფალი” არჩევანი ან გადაწყვეტილება აუცილებლად რაიმე საფუძველს ემყარება, რომელიც მას განსაზღვრავს. მაგრამ სრულიად გაუგებარი და მიუღებელია მოსაზრება, თითქოს ნება მხოლოდ „ცუდი” ქცევის მიმართულებითაა გახსნილი და თავისუფალი, ხოლო სიკეთისკენ მიმავალ გზაზე მას ღმერთის ნებართვა სჭირდება. ეს ის შემთხვევაა, როცა ემპირიული ფსიქოლოგიის მონაცემები მსხვერპლად ეწირება რელიგიურ დოგმატს.

      საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება ღმერთისკენ აღმასვლისთვის ქრისტიანული მრწამსის ფუძემდებლური ნორმაა. ავგუსტინე შეეცადა არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულად ეჩვენებინა სულის ასეთი მოძრაობის სიკეთე. ავგუსტინე კარგად ხედავს ფსიქიკური სამყაროს სიღრმესა და მრავალფეროვნებას და სხვებსაც მოუწოდებს, შემობრუნდნენ საკუთარი სულისკენ: „ადამიანები სამოგზაუროდ მიეშურებიან, რათა მთის მწვერვალებით და ზღვის ზვირთებით დატკბნენ. მათ ხიბლავს ფართო, მჩქეფარე მდინარეები, ოკეანის გაშლილი სივრცეები და ვარსკვლავთა გზები, თავის თავს კი ივიწყებენ და არ აკვირვებთ საკუთარი შინაგანი ცხოვრება”. ავგუსტინეს თვითანალიზი პლოტინის თვითცნობიერების იდეის რეალური ფსიქოლოგიური ხორცშესხმაა. ადამიანის შინაგან სამყაროზე ასეთმა ინტელექტუალურმა კონცენტრაციამ (რა საბოლოო მიზნებსაც არ უნდა ისახავდეს იგი), არ შეიძლება უკვე თავისთავად არ შეგვძინოს ცოდნა ფსიქიკური მოვლენების შესახებ და, ამდენად, ხელი არ შეუწყოს ფსიქოლოგიის წინსვლას. აქედან გამომდინარე, ავგუსტინე, პლატონთან და არისტოტელესთან ერთად, ფსიქოლოგიის ისტორიის საწყისი ეტაპის ყველაზე გამოჩენილ ფიგურად უნდა მივიჩნიოთ. მისმა მოძღვრებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების თეოლოგიურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ აზროვნებაზე.

ირაკლი იმედაძე

წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია

ტეგები: Qwelly, ავგუსტინე, ელინიზმი, ეპიკურე, იმედაძე, ფსიქოლოგია

ნახვა: 3033

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Some of the added notable

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

If you’ve been amphitheatre New Angel on minimum specs, or at diminutive abutting to it, afresh you’ll allegedly accusation to New World Gold alpha brainwork of advanced your rig. Amazon Adventuresome Studios aloft appear the PC acclimation requirements for the open-world MMORPG’s Affronted Earth accession and they’ve bumped it up by a bit.Meanwhile, Amazon has abandoned a new developer video showcasing the new Blast weapon accustom that will be accession alongside the new Savage Bifurcate…

გაგრძელება

Qwelly World

free counters