თავი 21

წინამდებარე თავში საუბარია ბაბილონზე განხორციელებული ალყისა და ქალაქის დაცემის შესახებ. განმმარტებლები წინასწარმეტყველების აღსრულებასთან დაკავშირებით განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამენ. ერთნი ესაიას უწყებაში მოიაზრებენ სენნახირიმის მიერ ბაბილონელი მეფის მეროდან-ბალადანის წინააღმდეგ ქრისტეშობამდე 702 წელს მიმართულ გამანადგურებელ საომარ მოქმედებებსა და იმავე ასურელი მეფის მიერ 689 წელს ქალაქ ბაბილონის დაქცევას. მეორენი თვლიან, რომ ესაია მოცემულ შემთხვევაში სპარსულ-მიდიური სამხედრო კოალიციის მიერ ძვ. წ. აღ-ის 539 წელს ბაბილონის დაპყრობას გულისხმობდა.

მხ. 1. ‘ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან”.

ზღვის უდაბნოს ზოგჯერ ბაბილონს უწოდებდნენ. განმმარტებლები სახელის წარმომავლობასთან დაკავშირებით ორ ვერსიას გვთავაზობენ: 1. მდინარე ევფრატი ქალაქ ბაბილონის სამხრეთით იმგვარად ფართოვდებოდა, რომ ერთი შეხედვით ზმღვას ჰგავდა. 2. ბაბილონი სპერსითის ყურესთან ახლოს მდებარეობდა, რისთვისაც რიგ შემთხვევაში მას ზღვისპირეთად მოიხსენიებდნენ. ტერმინი უდაბნო კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბაბილინის მომავალ ბედს.

თავი 22

მხ. 1. ‘წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?”

ესაია ხილვათა ხეობას იერუსალიმს უწოდებს, რადგა უზენაესისგან მიღებული გამოცხადებების უდიდესი ნაწილი სწორედ იუდეის დედაქალაქს უკავშირდება. წინამდებარე თავში გადმოცემული წინასწარმეტყველება სენნახირიმის იუდეაზე თავდასხმის შესახებაა[1]. იერუსალიმი მთებს შორის, შუაში იყი მოქცეული და მოახლოებული მტრი დედაქალაქის სახლის აივნებიდანაც კარგად ჩანდა. წინასწარმეტყველი თანატომელებს ამხნევებს და მომავალი განსაცდელების მშვიდობიან დასასრულს ატყობინებს.

თავი 23

მხ. 1-14. ‘ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას…”

წინასწარმეტყველი ფინიკიელთა ორი ქალაქის - ტვიროსისა და სიდონის შესახებ საუბრობს. ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ფინიკიელებს ამავე ზღვის დასავლეთ სანაპიროებზე თავიანთი კოლონიები ჰქონდათ. პირველ მუხლში ნახსენები ქალაქი თარში ტვიროსელთა კოლონია იყო. ტვიროსში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ სავაჭრო ნივთებით დატვირთული ხომალდები, ხოლო შემდეგ სახმელეთო გზებით ტვირთს სხვადასხვა მიმართულებით აგზავნიდნენ. ქალაქში მუდამ უამრავი სტუმარი იმყოფებოდა. დღისით თუ ღამით ტვიროსის ქუჩები სავსე იყო ჩამოსული ვაჭრებით. გამალებული ვაჭრობის შედეგად ფინიკიელებმა დიდი სიმდიდრე მოიპოვეს, მათი მთავარი ქალაქი ტვიროსი კი ერთ-ერთი საუკეთესო პოლისი გახდა. ესაიას წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ. 729 წელს აღესრულა, როდესაც ქალაქი ჯერ ასურელებმა დაიპყრეს, ხოლო მოგვიანებით თანმიმდევრობით - ქალდეველებმა, საპარსელებმა, ბერძნებმა. ტვიროსის დამხობის მიზეზი, ესაიას თქმით, მისი ამპარტავნებაა. წინასწარმეტყველი იუწყება, რომ შორეული თარშიდან ხომალდებით გამომგზავრებული ფინიკიელი ვაჭრები ზღვის კუნძულის მკვიდრთაგან გებულობენ[2], რომ მშობლიური ქალაქი ტვიროსი მტრებმა გაანადგურეს. ესაია მიმართავს მათ და კვლავ უკან მიბრუნებას ურჩევს.

თავი 24

წიგნის 24-27 თავებს განმმარტებლები ესაიას აპოკალიფსს უწოდებენ. წინამდებარე თავში წინასწარმეტყველი მსოფლიო ხალხების გასამართელების შესახებ საუბრობს.

თავი 25

მხ. 8. ‘შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა”.

ესაია სიკვდილის დამარცხების თაობაზე საუბრობს. იმავეს იუწყებოდა წინასწარმეტყველი ოსიაც: ‘სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?”[3] წინასწარმეტყველებმა საღვთო მადლით წინდაწინ განჭვრიტეს, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც ყოვლისშემმუსვრელი სიკვდილი თავად განიგმირებოდა.

თავი 26

მხ. 14. ‘მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.”

მხ. 19. ‘გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას”.

წარმოდგენილ ორ მუხლში, ერთი შეხედვით, საპირისპირო აზრებია გადმოცემული, მაგრამ საქმე ისაა, რომ გაცოცხლებულ მიცვალებულებში ესაია უფალში განსვენებულ და მარადიული ნეტარებისთვის მკვდრეთით აღდგომილ ადამიანებს მოიაზრებს, ხოლო გაუცოცხლებელი მკვდრებში ისინი იგულისხმებიან, რომელნიც ჭეშმარიტი სიცოცხლის თანაზიარი არასოდეს გახდებიან, რასაც ეკლესიის მამები მარადიულ სიკვდილს უწოდებენ.

თავი 27

მხ. 1. ‘იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს”.

ესაიას წიგნის 24-27 თავებში გადმოცემული აპოკალიპტური სწავლება წინამდებარე მუხლში კულმინაციას აღწევს. მასში მისტიკური ცხოველის სახით ლევიათანი, გველეშაპი, არის წარმოდგენილი, რომლის მიწიერ პირველსახესაც ნიანგი წარმოადგენდა. ლევიათანი წმინდა წერილის თანახმად, სამყაროში მოქმედი ბოროტების სიმბოლოა, რომელსაც საკუთარი უკეთური ძალა ღვთის რჩეული ერის წინააღმდეგ აქვს მიმართული. უგარიტულ ლიტერატურაში ლევიათანი წესრიგის მქონე სამყაროს მტერია[4]. ესაია მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ სახეს იყენებს, რითიც მსმენელს აჩვენებს, რომ ღმერთს ძალუძს, ქაოსი შეაჩეროს და წესრიგი, ჰარმონია დაამყაროს როგორც დედამიწაზე, ასევე ადამიანის გულში. ეს მოხდება იმ დღეს, როდესაც დროის დასასრულს დედამიწაზე არსებული ბოროტება სამუდამოდ განიგმირება. წინასწარმეტყველი სამ არსებას ჩამოთვლის (გველს მოსრიალეს, გველს დაკლაკნილს, ზღვაში მობინადრე გველეშაპს). სამივე მათგანი ძველ აღმოსავლეთში ბოროტების სიმბოლოდ მიიჩნეოდა.

განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსრიალე გველში მდინარე ტიგროსი მოიაზრება, რადგან იგი როგორც ისარი, პირდაპირ მიემართება და მისი ასურული სახელწოდებაც ჰადიგლატჰ სწორედ ისარს ნიშნავს. ტიგროსის ხსენებით ესაია ასურეთის შესახებ წინასწარმეტყველებს და მოსრიალე გველის მახვილით დასჯა ასურეთის აღსასრულს გულისხმობს, რაც სიმბოლურად უკეთური ძალის საბოლოო მარცხს უიგივდება. დაკლაკნილ გველში განმმარტებლები მდინარე ევფრატს მოიაზრებენ, რომელიც ძლიერ დაკლაკნილი გზებით მიიკვლევდა კალაპოტს. მასში ბაბილონის სამეფო მოიაზრება, რადგან ქალაქი ბაბილონი სწორედ ევფრატის ნაპირზე იყო განლაგებული (უკეთურების კიდევ ერთი სიმბოლო). რაც შეეხება ზღვის გველეშაპს, ამ სახით წმინდა წერილი ეგვიპტის სამეფოს თაობაზე გვამცნობს (ბოროტების მესამე სიმბოლო).

თავი 28

მხ. 1. 'ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!"

წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ-ის 722 წლამდეა გამოთქმული, რადგან სწორედ ხსენებულ წელს დაიპყრეს ასურელიბამა ისრაელის სამეფო. ეფრემის საამაყო გვირგვინში ისრაელის დედაქალაქი სამარია მოიაზრება. იგი ულამაზეს ადგილზე, მთებს შორის იყო გაშენებული.

მხ. 5. 'იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება მშვენიერების გვირგვინად და დიდების ჯიღად თავისი ერის ნატამალისთვის ".

ისრაელის სამეფოს მკვიდრთათვის სმარიაა სიამაყის გვირგვინი, იუდასთვის კი ამგვარი გვირგვინი უზენაესია, რომელიც დაიფარავს და დაიცავს მათ განსაცდელთაგან. მორიგ მუხლებში ესაია მკაცრი მამხილებელი სიტყვებით მიმართავს სასულიერო პირებს, ცრუ წინასწარმეტყველებს და მოსამართლეებს.

მხ. 9-10. 'ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ? რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ".

ესაიას გამოთქმულ მხილებაზე სასულიერო პირები, მოსამართლეები და ცრუ მოძღვარნი უკმაყოფილებას ვერ მალავენ: 'ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი?". ისინი ცდილობდნენ, დაეცინათ წინასწარმეტყველისთვეს. მათი თქმით, არა მარტო ესაიაა ღვთივსათნო საქმის მცოდნე, არამედ თავადაც იციან, როგორ იმოქმედონ სწორად, და არაა საჭირო, მშობელთაგან დატუქსული მცირეწლოვანი ბავშვების დარად, ჭკუის დარიგება. მათი აზრით, ზედმეტია ყველაფერში ჩარევა და დამმოძღვრელობა, რადგან წარჩინებულ იუდეველებს ესაიას სიტყვა არ აინტერესებდათ, ვინაიდან საკუთარ თავს იყვნენ მინდობილნი და მიაჩნდათ, რომ დიპლომატია და მოხერხებულობა, რასაც ფლობდნენ, ყველგან და ყველაფერში გამოდგებოდა.

მხ. 16-18. 'ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს. გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით".

ესაია თვითდაჯერებულ თანამემამულეებს პასუხობს: საიმედო იქნება ლოდი, რომელიც სიონში დაიდება. სწორედ მას უნდა ჰსასოებდნენ და ესავდნენ ადამიანები. ხსენებულ ლოდში რომ ესაია ქრისტეს გულისხმობდა, ამას ახალი აღთქმის წიგნები ადასტურებენ[5]. ესაიას თქმით, სწორედ ეს ლოდია შენობის საფუძველი. ვინც თავსაკიდურ ლოდს დეყრდნობა, არასოდეს გამოეცლება სიმტკიცე, ხოლო საკუთარ თავს მინდობილი ადმიანი, მსგავსად წინასწარმეტყველის თანამედროვე იუდეველებისა, ამასოფლის განსაცდელთაგან მოვლენილი უდიდესი ტალღებით წაილეკებიან.

თავი 29

მხ. 1. 'ვაი არიელ, არიელ, ქალაქს, დავითის სადგომო ქალაქო! მიუმატეთ წელს წელი, იბრუნონ დღესასწაულებმა. და მე შევაჭირვებ არიელს, და იქნება ურვა და ტირილი და მეყოლება არიელივით".

არიელად იერუსალიმი იწოდება - ქალაქი, სადაც მეფე დავითი ცხოვრობდა. ფილოლოგიური ანალიზის შედეგად განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ, ტერმინ არიელს ორი მნიშვნელობა გააჩნია: ლომი ღვთისა და ღვთის სამსხვერპლო. პირველი მნიშვნელობაში იუდეველთა დედაქალაქის ძლევამოსილება იგულისხმება, ხოლო იერუსალიმის ვითარცა ღვთის საკურთხევლის მოხსენიებით ესაია სენნახირიმის მომავალ თავდასხმასა და უდიდეს მსხვერპლზე მიუთითებს. ‘მიუმატეთ წელს წელი” ანუ ასურთიდან მომდინარე საფრთხე დაახლოებით ორი წლის შემდეგ შეისხამს ხორც. თუმცა იერუსალიმი ღვთის არიელად კვლავ დარჩება.

მხ. 3. ‘ბანაკად შემოგადგები ირგვლივ და კოშკებს შემოგავლებ, გოდოლებს აღვმართავ შენს წინააღმდეგ”.

ესაია მსმენელს აუწყებს, რომ ასურელთა ხელით თავად უფალი იმოქმედებს და დაამდაბლებს იუდეველებს.

მხ. 5. 'მტვრის კორიანტელივით იქნება შენი ურიცხვი მტერი და განიავებულ ბზესავით - ურიცხვი მტარვალი. მოხდება უცბად ანაზდეულად".

იერუსალიმის მტრებს სიხარული მცირე დროით ელით, რადგან დედაქალაქის კედლებს ქარისგან გაფანტული მტვერის მსგავსად გაშორდებიან. მძიმე სიზმრის მსგავსად, ასურელთა შემოსევა მალევა დასრულდება და თავად მომხვდურთა ჯარიც იხილავს, რომ სურვილი, იერუსალიმის სიმდიდრით დამტკბარიყვნენ, განუხორციელებელი დარჩება.

მხ. 13-14. 'თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება, ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება".

იუდეველები, ერთი მხრივ, ტაძრის მსახურებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ, ხოლო მეორე მხრივ, თავიანთი ზრახვები არაფრით ეთმობოდათ. სწორედ ასეთ მზაკვრულ დამოკიდებულებას ამხელს წინასწარმეტყველი, როდესაც ადამიანი სხვას ფიქრობს, სხვას ამბობს, სხვასაც მოქმედებს და უფლის ტაძარშიც მხოლოდ პირადი საჭიროებისთვის დადის. ასეთებს ესაია შეაგონებს:

მხ 15. 'ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი?"

თავი 30

ესაიას წიგნის წინამდებარე და შემდეგი თავი ასურეთის იმპერიის ვასალი სახელმწიფოების პოლიტუგური უგუნურების მხილებას ეძღვნება. ისინი იუდეის სამეფოსთან ერთად (ესაა ეზეკიასს მმართველობის პერიოდი) ასურული უღლის გადაგდებას ჯიუტად ცდილობდნენ და, ამასთანავე, დასუსტებული ეგვიპის ეიმედებოდათ. იუდაში ანტიასურული პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერ იერარქთა ჯგუფს სამეფო კარის მოხელე შებნა[6] ხელმძღვანელობდა. ესაიამ სწორედ ამ ადამიანის ძალისხმევით დაკარგა გავლენა ეზეკიაზე და დამეფემ წინასწარმეტყველის რჩევების ყურისგდება შეწყვიტა. გულისტკივილითა და მწუხარებითა შეჭირვებული ესაია საზოგადოებაში მეტად აღარ ჩნდებოდა, თუმცა საკუთარი მოწაფეების საშუალებით საშინელი ხვედრის შესახებ მთელს იერუსალიმს ატყობინებდა. ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა კოალიციის წინააღმდეგ წარმოთქმულ ქადაგებებში, რომლებმაც ხარკის გადახდა ერთი მეორეს მიყოლებით შეუწყვიტეს ასურეთს და კავშირს ეგვიპტესთან ეძებდნენ, ესაია იუდეის სიბეცეს ამხელს, რადგან ისინი ღვთის ნებას წინაღდგომიან.

თავი 31

მხ. 1. 'ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან".

ვაი მას, ვინც ეგვიპტეს და, ზოგადად, ამაქვეყნიურ ძალას ჰსასოებს, რაც მოცემულ შემთხვევაში ცხენებისა და ეტლების სიმრავლითაა წარმოდგენილი. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნით ადრე უფალი მოსე წინასწარმეტყველის ბაგეებით აფრთხილებდა იუდეველებს, რომ აქტიური კავშირი არ ჰქონოდათ ეგვიპტელებთან და ცხენები თუ ეტლები მათგან არასოდეს შეეძინათ[7]. ესაიას თანამედროვე ებრაელები კი საპირისპიროს მოქმედებენ. ჭინასწარმეტყველი ცდილობს, იუდეველებს განუმარტოს, რომ ერთადერთი შემწე, განსაცდელისგან გამომხსნელი უზენაესი ღმერთია და მასზე მთელი ძალით დანდობილი არასოდეს დამარცხდება.

თავი 32

----------

თავი 33

მხ. 1-4. 'ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ...აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის".

წინამდებარე თავში გადმოცემული მოვლენები იუდეის სამეფოზე ასურელთა თავდასხმის პერიოდს უკავშირდე. ასურელები თავდაპირველად ეგვიპტისკენ გაეშურნენ, მოგვიანებით კი გეზი იერუსალიმისკენ მიმართეს. მიუხედავად ეზეკიას მცდელობისა, დიდი სიმდიდრის ფასად დაეხსნა იუდეა, სენნახირიმი შეჩერებას მაინც არ აპირებდა. ესაია ამ მოვლენათა შესახებ წინდაწინ იუწყება და იუდეველებს მომავალი განსაცდელისას ღვთის შემწეობაში არწმუნებს.

თავი 34

----------

თავი 35

----------

თავი 36

ესიას წიგნის 36-37 თავებში წარმოდგენილი მოვლენები ნაწილობრივ ნეშტთა წიგნებში, ხოლო სრულად მეფეთა წიგნბშია გადმოცემული[8]. წინასწარმეტყველის მიზანი მოცემულ შემთხვევაში ღმერთს მინდობილი და სასწაულებრივი გზით ღვთისგან დაცული იუდეველი მეფის წარმოჩენა იყო. ეს ყოველივე რჩეული ერისთვის მაგალითი უნდა გამხდარიყო იმისა, რომ უზენაესი არა მარტო დაპირებებს იძლევა, არამედ მათი აღსრულებაც ძალუძს. ისმის კითხვა: რომელი ტექსტი დაიწერა პირველად, ის, რაც ბიბლიის ისტორიულ წიგნებშია გადმოცემული, თუ ესაია მიერ აღწერილი ცნობები? განმმარტებელთა შორის ამ საკითხთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ისინი, ვინც მეფეთა წიგნების შესაბამისი უწყების უწინარესობას ემხრობიან, ამბობენ, რომ ესიამ მოგვიანებით საკუთარ წიგნში იგივე გაიმეორე და ასურეთის შესახებ მრავალგზის ნათქვამი წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება დაამოწმა. ამავდროულად, იმავე განმმარტებელთა თქმით, მეფეთა წიგნებში წარმოდგენილი მოვლენები გაცილებით მწყობრად და სრულად გადმოსცემს იერუსალიმის ალყასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მეორე მხარეს მიაჩნია, რომ პირიქით, მეოთხე მეფეთა წიგნის ავტორი ესაიას წინასწამრეტყველების უტყუარობას ადასტურებს.

სანამ წინამდებარე თავში გადმოცემულ უწყებას მუხლობრივად განვიხილავდეთ, ისტორიულ ფონსა და განვითარებული მოვლენების წინაპირობებზე ვისაუბრებთ.

დეკან. ალექსანდრე მენი: მეოცე თავში მოთხრობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც იუდა ასურეთის წინააღმდეგ სხვა წინააზიურ სახელმწიფოებთან ერთად იზრახავდა ამბოხს, ხუთ წელზე ოდნავ მეტი გასულიყო. მთელი ამ დროის მანძილზე იერუსალიმი მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას. 705 წელს პალესტინაში მოვიდა ამბავი სარგონის გარდაცვალების შესახებ. მყისიერად წამოიშვალა ძველი ვნებები ამბოხის სურვილისა. ესაია კვლავაც ხედავდა და გრძნობდა, ეზეკიას ერთი ნაბიჯი აკლდა, საომარ მოქმედებებში რომ ჩაბმულიყო. ამჯერად დაშვებული შეცდომა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩენილიყო, რადგან ასურეთის სამეფო ტახტზე ახალი მონარქი – სენნახირიმი აღზევდა, რომელიც საკუთარ მამაზე, სარგონზე, გაცილებით საშიში მოწინააღმდეგე იყო. მან ჯერ კიდევ მამის თანამმართველობისას გამოიჩინა თავი, როდესაც სადაზვერვო სამსახურხს ხელმძღვანელობდა. ფაქტობრივად, ახალ იერარქს ერთი წამის დაკარგვა არ უწევდა, მსოფლიოში არსებულ ვითარებას რომ გასცნობოდა, რადგან ეს საქმიანობა - ნებისმიერ სახელმწიფოში არსებული განწყობა, მონაცემები სამხედრო ძალების შესახებ, იერარქთა მიზნები, სურვილები, მისწრაფებები და მსგავს მოვლენებში გარკვეულობა ჯერ კიდევ გამეფებამდე იყო მისი პროფესიული ვალდებულება. ერთი რამ აშკარად ჩანდა, სენნახირიმი თეგლათ-ფალასარის სულით მოქმედებდა და ძველ ჩვეულებებს უბრუნდებოდა და მალე საკუთარი სისასტიკითა და დაუნდობლობით ყველა წინარე მმართველს გადააჭარბა. სენნახირიმის სიყვარულმა დისციპლინისა და წესრიგისადმი არ იცოდა საზღვარი. მეფემ ახალი ბრძანება გამოსცა: ვინც დედაქალაქში, ნინევში, სახლის მშენებლობისას გზის სწორ ხაზს თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრით დაარღვევდა, სარზე უნდა დაესვათ. იერარაქმა გარშემო სამხედრო ხალხი შემოიკრიბა და მათთან ერთად საომარ მოქმედებებს გეგმავდა.

კვლავ გააქტიურდა შებნა მწერალი. იგი მეფე ეზეკიას შეაგონებდა, რომ აუცილებელი იყო იუდაც ჩაბმულიყო ანტიასურულ კავშირში. ამავდროულად, აქტიურობდა ეგვიპტე და გამამხნევებელ წერილებს აგზავნიდა ყველასთან. წინააზიურმა სახელმწიფოებმა ერთიმეორეს მიყოლებით უარი განაცხადა ასურეთისთვის ხარკის გადახდაზე. იუდეველმა მეფემაც ვერ გაუძლო ცდუნებას. მხოლოდ ეკრონის მეფე პადი უარობდა კოალიციაში გაერთიანებას, რადგან აზოტის სახით მშვენიერი მაგალითი ჰქონდა, თუ რა შედეგი მოაქვს ნინეველებთან დაპირიპირებას (აღნიშნულის შესახებ მეოცე თავშია მოთხრობილი). მაგრამ განსხვავებული განწყობა სუფევდა თავად ეკრონში: მისმა მკვიდრებმა საკუთარი მეფე პადი დაატყვევეს და იერუსალიმში ეზეკიასთან ჩაიყვანეს. ამგვარი ქმედება სენნახირიმის წინააღმდეგ მიმართული აშკარა გამოწვევა იყო, რადგან წინააზიურ რეგიონში ერთადერთი ერთგული ვასალი ასურელებისა დატყვევებულია და იუდეველთა დედაქალაქის საპყრობილეში იმყოფება. ეს არის დრო, როდესაც ესაიას არავინ არაფერს ეკითხება.

და აი, დადგა დღე, როდესაც იერუსალიმის გარშემო მდებარე მთები ასურელებით დაიფარა. ყველა მხრიდან მოიჩქაროდნენ მეომრები. სენნახირიმმა კარგად იცის, რომ დედაქალაქის აღება არცთუ იოლი საქმეა, ხოლო ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში შესაძლოა საქმეში ეგვიპტელი ფარაონი ჩაებას, რაც ერთიორად გაართულებს გეგმას. ამიტომაც ასურელი მეფის ბრძანებით შეირჩა დელეგაცია, რომელმაც მოლაპარაკება უნდა აწარმოოს და ეზეკიას უომრად დანებება მოსთხოვოს. ეზეკია თავად უარს ამბობს დიალოგში მონაწილეობის მიღებაზე და სამ იერარქს აგზავნის. შეხვედრა ჩრდილო-აღმოსავლეთის გალავანთან ხდება. იერუსალიმის მოსახლეობა და მეომრები კედლებზე განლაგებულან და თვალყურს ადევნებენ შეხვედრას. სამხედრო მინისტრი რაბშაკე შეგნებულად იწყებს ებრაულ ენით მაღალ ხმაზე საუბარს. რაბშაკეს სიტყვა დახვეწილი სახითაა წარმოდგენილი და მსმენელებზე ერთგვარ ფსიქოლოგიური ხასიათის თავდასხმას წარმოადგენს. ასურელი იერარქის სიტყვებს იუდეველთა მხრიდან სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. წარგზავნილები ეზეკიასთან შემოხეული სამოსით ბრუნდებიან.

სენნახირიმმა ეგვიპტელ ფარაონთან დაპირისპირების მიზეზით იერუსალიმის კედლებთან განლაგებული ჯარი მოხსნა, თუმცა ეზეკიას წერილით მიმართა და კვლავ დაემუქრა მთელი იუდეის განადგურებით. იუდეველი მეფე, მიიღო რა წერილი, ჯვალოშემოსილი ტაძარში გაემართა, ხოლო ელჩები ესაიასთან მიავლინა, რომ საიმედო სიტყვები გაეგო. დაბრუნებულმა ელჩებმა მეფეს აუწყეს: დაისჯება სენნახირიმი, რადგან ცისა და ქვეყნის შემოქმედი დაგმო. იერუსალიმის კედლებთან მომხდარი შემდგომი მოვლენები დიდწილად საიდუმლოებითაა მოცული. გარკვეულმა ვითარებამ ასურელთა ჩანაფიქრის შემდგომი განვითარება დააბრკოლა. ლაქიშის გათხრებისას უზარმაზარი ძმური სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც უწესრიგოდ განეთავსებინათ 1 500 ადამიანზე მეტი ცხედარი. ეგვიპტური ლეგენდის თანახმად, როდესაც ასურელებმა ეგვიპტის წანააღმდეგ განიზრახეს ლაშქრობა, ვირთხების უზარმაზარი გუნდი დაესხათ თავს. მათ ასურელ მეომართა სამოსისა თუ იარაღის ზონრები ერთიანად გადაღრღნეს და უიარაღოდ დარჩენილი ჯარი უკუიქცა. ბიბლიის მიხედვით, ასურელთა მოკვდინება უფლის ანგელოზს – მალაქიას უკავშირდება).

მხ. 1-2. ‘მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს მოადგა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა ციხე-ქალაქს და აიღო ისინი. გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმისკენ მეფე ხიზკიაჰუსთან დიდძალი ჯარით; და დადგა იგი ზემო ტბორის წყალსადინართან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე".

განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ სენნახირიმმა[9] იერუსალიმი არა ერთგზის, არამედ რამდენიმეჯერ მოაქცია ალყაში, თუმცა ბიბლიური თუ ისტორიული წყაროებით აღნიშნული უწყების დამოწმება არ ხერხდება. ასურულ ლურსმნისებრ წარწერებში აღმოსავლეთის მმართველთათვის დამახასიათებელი ქედმაღლობით ნათქვამია, რომ სენნახირიმმა იუდეის 46 ქალაქი დაიპყრო, რაც ეზეკიას მიერ ხარკის გადახდაზე უარის თქმამ განაპირობა. სავარაუდოდ, გარდა იუდეისა სენნახირიმის წყრომის ობიექტს სხვა წინააზიური სახელმწიფოებიც წარმოადგენდა, რადგან ისინი შესაძლოა, კოალიციური არმიის შექმნას აპირებდნენ და ეგვიპტის დახმარების წყალობით ასურელთა უღლის გადაგდებას ლამობდნენ. ასურული ისტორიული წყაროების თანახმად, სენნახირიმის თავდასხმისას პირველად სიდონი განადგურდა (სიდონი ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთით მდებარეობდა და ფინიკიელებს ეკუთვნოდა). ასურულმა ჯარმა ხმელთაშუაზღვის სანაპიროს გავლით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაიკვალა გზა და ფილისტიმელთა ქალაქები - ეკრონი და აკკარონი დაიმორჩილა. შემდეგ სენნახირიმი იუდეისკენ დაიძრა და ქალაქი ლაქიში დაიკავა. ურიცხვ მტერთან ბრძოლის პირობებში ყველა იუდაური ქალაქის გადარჩენა შეუძლებელი ამოცანა იყო, ამიტომაც ეზეკია ეგვიპტიდან დახმარების მოლოდინში დედაქალაქს, იერუსალიმს, ამაგრებს. ასურის მეფე იუდეველ მეფეს ელჩებს ქ. ლაქიშიდან უგზავნის. მითითებული ქალაქი იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა.

ესაის წიგნის ცნობების შევსება მეფეთა წიგნებითაა შესაძლებელი. წინასწარმეტყველთან მე-2 მუხლში ვკითხულობთ, რომ ასურის მეფე იერუსალიმში რაბშაკეს აგზავნის, თუმცა მეფეთა წიგნების თანახმად, აღნიშნულ მოვლენას წინ უსწრებს უწყება თავად ეზეკიას მიერ წარგზავნილი ელჩების შესახებ, რაც ესაიასთან გამოტოვებულია. ამ ცნობის მიხედვით, ეზეკია სენნახირიმის წინაშე თავს დამნაშავედ სცნობს და ხარკის გადახდის განახლებაზე თანხმობას შეუთვლეს. სენნახირიმი იუდას 300 ქანქარ ვერცხლსა და 30 ქანქარ ოქროს მოსთხოვს. მითითებული თანხის მოძიება იერუსალიმში ვერ ხერხდება. გადასახადის მოკრების მიზნით ეზეკია სამეფო სასახლესა და სოლომონის ტაძარს ოქროსა და ვერცხლს მთლიანად შემოაცლის და ასურის მეფეს უგზავნის[10]. იოსებ ფლავიუსის ცნობით, სენნახირიმმა, მიუხედავად იმისა, რომ იუდას მთელი განძი მიითვალა, პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა და იერუსალიმის დასაპყრობად მხედართმთავარი რაბშაკე მიავლინა.

დეკან. ალექსანდრე მენი: იერუსალიმში მთელი ძალით დაიწყო მზადება საომარი მოქმედებებისთვის. იუდაური ჯარი არაბი დაქირავებული მეომრებით შეივსო. რათქმაუნდა, იუდაში მიმდინარე მოვლენები ნინევში დაუბრკოლებლად ჩადიოდა, თუმცა დუმდა სენნახირიმი, მაგრამ ეს იყო დუმილი ჭექა-ქუხილის წინ. 702 წელს პალესტინაში აღმოსავლეთიდან არასასიამოვნო ამბავი ჩამოვიდა: ასურელ მეფეს ერთი ხელის დარტყმით დაემარცხებინა ბაბილონელი მეფე მეროდან-ბალადანი და უშუალოდ ქალაქ ბაბილონშიც შეჭრილიყო. სენნახირიმმა მეგაპოლისიდან 200 000 ადამიანი გადაასახლა. ამჯერად, როდესაც აღმოსავლური საფრთხე დაძლეული იყო, შუამდინარელი მონარქი ურჩი სახელმწიფოების დასასჯელად დასავლეთისკენ გამოემართა.

701 წელს უზარმაზარი ასურული ჯარი ფინიკიაში შეიჭრა, აქედან ეკრონისკენ გაემართა და დაიპყრო იგი. საკუთარი მეფის, პადის, წინააღმდეგ ამბოხში მონაწილე ყველა პირი უსასტიკესად დასაჯეს, ცხედრები კარიბჭეში სახალხოდ გამოფინეს, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი იმპერიაში გადაასახლეს. ამის შემდეგ ასურული ჯარი იუდაურ სახელმწიფოში შეიჭრა. გამაგრებული ქალაქები ერთიმეორეს მოყოლებით გადადიოდა მომხდურთა ხელში. სენნახირიმმა პალესტინის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი – ლაქიში დაიკავა და იერუსალიმის დასაპყრობად დაიწყო მზადება. ასურულმა ჯარმა მალე ალყაში მოაქცია იუდეველთა დედაქალაქი. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დაქირავებულმა არაბებმა და ჯარის ნაწილმა ეზეკიას ასურელებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება მოსთხოვა, იუდეველ მეფეს სავხა არაფერი დარჩენოდა: მან ლაქიშში მყოფ სენნახირიმს თხოვნით მიმართა და გამოსასყიდის გადახდას შეჰპირდა, თუ ისინი უკან დაიხევდნენ. შუამდინარელმა იერარქმა იუდას უზარმაზარი კონტრიბუცია დააკისრა: 150 კილოგრამზე მეტი ოქრო და ცხრა ტონა ვერცხლი. ეზეკიას მთელი იერუსალიმის განძისა და ტაძრის ძვირფასეულობის შეგროვებაც დასჭირდა. ძვირფას ლითონთან ერთად ლაქიშში ეკრონის დატყვევებული მეფე პადიც გააგზავნეს. ძვირფასეულობით დატვირთულმა ქარავანმა ასურელ მეფეს ლაქიშში ვერ ჩაუსწრო და ნინევიისკენ მიმავალ გზაზე წამოეწია. სენნახირიმის მოულოდნელი უკუსვლა იმპერიაში განვითარებულმა ახალმა ამბოხმა გამოიწვია, თუმცა სენნახირიმი დარწმუნებული იყო, რომ იუდამ ბრწყინვალე გაკვეთილი მიიღო, რასაც დიდი დროის მანძილზე არ დაივიწყებდა.

ომის ამგვარი ტრაგიკული დასასრულის ფონზე შებნას პარტია უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. სახელმწიფო მთლიანად დაცლილი იყო ქონებისგან, ხალხის ნაწილი ასურეთში გადაასახლეს. მეამბოხეებს მოუწიათ აღიარება, რომ მართალი იყო ესაია. ყველას მისკენ მიემართა მზერა, თუ რას იტყოდა ამჯერად ჭეშმარიტების მქადაგებელი. წინასწარმეტყელის ასპარეზზე გამოსვლიდან ორმოცი წელი გასულიყო, მისდამი კრძალვა კი სულ უფრო მეტად იზრდებოდა ხალხში.

701 წელს დედაქალაქში დაბრუნებულ სენნახირიმს იმპერიის შიგნით უამრავი პრობლემა ჰქონდა, რის მოგვარებასაც საკმაო დრო დასჭირდა. წინააზიური სახელმწიფოები კვლავ ურჩობის სურვილით განიმსჭვალნენ, მათ შორის იუდეის სამეფოც. 689 წელს, მას შემდეგ, რაც ასურელმა მონარქმა ყველა საშინაო საკითხი გადაწყვიტა, ურჩი ეზეკიასა და მისი სამეფოს დასასჯელად ხელმეორედ შეიჭრა იუდაში და სამხედრო ბანაკი კვლავ ლაქიშში განათავსა (მსგავსად პირველისა). სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს ესაიას წიგნის წინამდებარე თავი. ამჯერად ეზეკია დარწმუნებული იყო, რომ ასურელებს უკან ვერაფერი გააბრუნებდა. უმძიმესი ვითარება სუფევდა იუდეველთა დედაქალაქში, მოსახელობა სასოწარკვეთილი მოელოდა მოვლენების განვითარებას. ხალხი თვლიდა, რომ ერთადერთი გამოსავალი უპირობო კაპიტულაციაა. სწორედ ამ დროს გამოდის სიტყვით ესაია და იერუსალიმელებს ჩაუბარებლობისკენ მოუწოდებს).

მხ. 3. ‘გავიდნენ მასთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე”.

ასურელებს იერუსალიმი ალყაში ჰყავთ მოქცეული. რაბშაკესთან მოსალაპარაკებლად გამოდიან ელიაკიმი, შებნა მწერალი და იოახი, ასაფის ძე. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეზეკიამ არ ჩათვალა საჭიროდ, თავად გასულიყო მოლაპარაკებაზე იერარქიულად დაბლამდგომ მხედართმთავართან. იოსებ ფლავიუსის ცნობით, უზომოდ შეშინებულ იუდას მეფეს ასურელებთან საუბრის უნარი აღარ შესწევდა.

მხ. 4-7. რაბშაკე მსმენელს დამცინავი სიტყვებით მიმართავს, ეგვიპტეს გადატეხილ ლერწამს ადარებს, რომელიც ადამიანს ხელში შეერჭობა და სულს გაუმწარებს. აფრთხილებს იუდეველებს, რომ ნურც თავიანთი ღმერთის იმედი ექნებათ, რადგან ეზეკიამ მას ძლიერ აწყენინა. ასურელები, სავარაუდოდ, ფლობდნენ ინფორმაციას იუდეველი მეფის მიერ გატარებული რელიგიური რეფორმის შესახებ და ფიქრობდნენ, რომ კერპების პატივმისაგებად გამოყენებული სიმაღლეების განადგურება და ღმერთის თაყვანისცემის ადგილად ოდენ იერუსალიმის გამოცხადება იუდეველთა ღმერთის შეურაცხყოფას ნიშნავდა.

მხ. 8-10. ერთადერთი გონიერი ნაბიჯი, რაც იუდეველებს დარჩენიათ, აგრძელებს რაბშაკე, ესაა ასურელთა ძლევამოსილების აღიარება და უბრძოლველად ჩაბარება, რადგან ომს სტრატეგია და ძალა სჭირდება, ხოლო იერუსალიმელთა მფლობელობაში მხოლოდ ფუჭი სიტყვებია. ეგვიპტიდან იმედოვნებენ იუდეველები ცხენებისა და ეტლების მიღებას? თავად რაბშაკე მისცემს მათ ორი ათას ცხენს, მაგრამ მოეპოვებათ კი შეშინებულ ებრაელებს ამდენი მხედარი? თუნდაც შეკრიბონ საჭირო რაოდენობა, ხომ არ ფიქრობენ ისინი, რომ ასურელი მეფის ყველაზე სუსტ მხედართმთავარს სძლევენ?[11] ასურელი მეთაურის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ იუდეველთა მიწის განადგურება ღვთის განგებით ხდება. ამგვარი ცნობა იუდეველებს ძლიერ შეაშინებდა, რადგან მუდმივი განდგომილებისა და ურჯულოების მიზეზით წინამდებარე განსაცდელი შესაძლოა, იაჰვესგან ყოფილიყო მოვლენილი.

მხ. 11-12. მოსალაპარაკებლად მისულ იუდეველ მაღალჩინოსნებს არ სურდათ, ქალაქის კედლებზე მდგომ ებრაელებსაც გაეგოთ რაბშაკეს ებრაულ ენაზე წარმოთქმული სიტყვები. ამიტომაც არამეულად სთხოვეს მას საუბარი, რადგან სახელმწიფოთა იერარქებს შორის მოლაპარაკებებისას სწორედ არამეული გამოიყებეოდა და მას დიპლომატიური ურთიერთობის ენა ეწოდებოდა. რაბშაკე თხოვნაზე უარს აცხადებს, რადგან, მისი თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, როგორი ხვედრი განუსაზღვრა მათ უზენაესმა. რაბინები და ნეტარი თეოდორიტე კვირელი ებრაულ ენაზე დაუბრკოლებლად მოსაუბრე ასურელ მხედართმთავარს იუდეველად მიიჩნევენ. მათი აზრით, ასურეთში აღმოჩენილი რაბშაკე საკუთარი ნიჭის, სიმამაცის წყალობით სამხედრო საქმეში წარემატა და მაღალჩინოსანთა შორის დაიმკვიდრა ადგილი.

მხ. 13-20. კედლებზე გადმომდგარ იუდეველებს რაბშაკე მაღალი ხმით შეგნებულად ებრაულ ენაზე მიმართავს. მისი თქმით, იუდას მოსახლეობა, ნაცვლად საკუთარი უძლური მეფისა, ძლევამოსილ ასურელ ხელმწიფეს უნდა მიენდოს, რადგან იგი არავის ავნებს, ხოლო ასურეთში გადასახლებულ იუდეველებს საკუთარი სამშობლოს მსგავს პირობებს შეუქმნის. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რადგან აქამდე მრავალი სახელმწიფო დაემხო ასურელთა წინაშე და ვერც ერთმა ‘ღმერთმა” ვერ შეაჩერა ისინი. იგივე ელის იერუსალიმსაც.

ხამათი და არფადი სირიული ქალაქებია. სეფარვაიმი, სავარაუდოდ, ხსენებულ ქალაქებთან ახლოს მდებარეობდა. სეფარვაიმისა და ხამათის მკვიდრები ასურელებმა ქრისტეშობამდე 722 წელს, ისრაელის სამეფოს მოსახლეობასთან ერთად გადაასახლეს[12]. რაბშაკე მსმენელს სწორედ ამ მარცხის თაობაზე შეახსენებს, რადგან ვერც ისრაელის ‘ღმერთებმა” შეაჩერეს უბედურება, თანაც სამარიისა და იერუსალიმის ღმერთი ხომ ერთი და იგივეა. საფიქრებელია, რომ ასურელი მაღალჩინოსნის უკანასკნელმა განცხადებამ მთელი იერუსალიმი შეაძრწუნა.

განმმარტებლები რაბშაკეს მიერ წარმოთქმულ სიტყვას, სადაც ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად იყო გათვლილი: მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორი, პოლიტიკური გზავნილები, დანაპირები სოციალური კეთილდღეობის შესახებ, ორატორული ხელოვნების უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნევენ.

მხ. 21-22. ალყაში მოქცეული იუდეველები დუმილს ინარჩუნებენ, რადგან ასეთია მეფის ბრძანება. მგლოვიარე მაღალჩინოსნები სამოსელშემოხეულები ბრუნდებიან ეზეკიასთან.

თავი 37

მხ. 1-4. მეფე ეზეკიამ გლოვისა და მწუხარების ნიშნად სამოსი თავადაც შემოიხია, ჯვალო შეიმოსა და ღვთის ტაძარს მიაშურა, იუდეველი იერარქები კი ესაიასთან გაგზავნა, რითიც აღიარა, რომ უფალი სწორედ ამ პიროვნების ბაგეებით გამოთქვამდა სათქმელს. წარგზავნილები უდიდესი გულისტკივილით მივიდნენ წინასწარმეტყველთან და ეს დღე უბედურების, დასჯისა და მწუხარების დღედ მოიხსენიეს, ასურელთა მხრიდან ცოცხალი ღმერთის წინააღმდეგ მიმართული გმობის გამო გულდამდუღრულნი მწუხარებდნენ და ესაიას ღვთისადმი ვედრებას ემუდარებოდნენ.

მხ. 5-7. მოკლე, მაგრამ ნუგეშით აღსავსე იყო წინასწარმეტყველის პასუხი: ნურც ასურელ მხედართმთავრს, ნურც მეფეს შეუშინდებიან იუდეველები, რადგან ღვთის განგებით ისეთი რამ მოხდება, რომ მრისხანე ხელისუფალი საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდება, სადაც აღსასრული მოეწევა.

მხ. 7-13. მიმდინარე მოვლენებისას სენნახირიმი ლაქიშიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 7 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიბნაში გაემართა. მეფისთვის მოლაპარაკების შედეგების გასაცნობად ხსნებულ ქალაქს რაბშაკეც ეწვია. სავრაუდოდ, სენნახირიმმა ლიბნაში გაიგო, რომ მის წინააღმდეგ ეზეკიას მოკავშირე ეთიოპიის მეფე ტირგაკი მოეშურებოდა. სენნახირიმმა მეორედ გააგზავნა ელჩები იუდეველთა მეფესთან და შეუთვალა, რომ არ ჰქონოდა მას საკუთარი ღმერთის იმედი. გოზანი, მდინარე გაბორის ნაპირზე მდებარე ქალაქი, ასურელებმა ასი წლით ადრე დაიმორჩილეს. ხარანი, მესოპოტამიის ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული ქალაქი, სადაც ოდესღაც მამამთავარი აბრაამი ცხოვრობდა, იმჟამად ასურული ციხე სიმაგრე იყო. რეცებფი ასევე ასი წლით ადრე დაპყრობილი სირიის ერთ-ერთი ქალაქია.

მხ. 14-20. ეზეკიამ მაცნეთა ხელით მოტანილი წერილი წაიკითხა, კვლავ ტაძარს მიაშურა და იქ უფლის წინაშე გრაგნილი გაშალა. მეფემ გულწფრფელი ლოცვა აღავლინა უფლის წინაშე (მხ. 15-20). ეზეკია აცნობიერებს, რომ სხვა სახელმწიფოებს არ ჰყავდათ შემწე იაჰვეს სახით და მხოლოდ ხელით ქმნულ ‘ღმერთებს” სასოებდნენ. ამიტომაც დამარცხდნენ ასურელთაგან, მაგრამ ებრაელთა ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს ნებისმიერი საფრთხის დაძლევა ძალუძს.

მხ. 21-35. ესიასგან მეფე გებულობს, რომ ლოცვა შესმენილია: ასურელ მეფეს სირცხვილი და მარცხი ელის. შენნახირიმი მოპოვებულ გამარჯვებებს მისი ძლევამოსილი ჯარის დამსახურებად თვლიდა, წინასწარმეტყველის ცნობით კი, სინამდვილეში ყოველივე საღვთო განგებით წინდაწინ განისაზღვრა და დგება ჟამი, როდესაც ღვთისმგმობი იმპერია უნდა დაისაჯოს.

მხ. 36-38. იერუსალიმის მახლობლად დაბანეკებული ასურული ჯარი 185 000 მეომარს კარგავს ერთ ღამეში. უნდა აღინიშნოს, რომ ებრაულ ტექსტში გადმოცემულ რაოდენობით რიცხვით სახელს განმმარტებელთა ნაწილი კითხულობს როგორც 5 180. ყველა შემთხვევაში ასურელთათვის მარცხი აშკარად სასწაულებრივი იყო. ადამიანთა გარდაცვალების მიზეზად ბიბლია უფლის წარგზავნილ ანგელოზს ასახელებს. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ჯარისკაცებს ეპიდემია შეეყარა, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ჰეროდოტეს თანახმად, ასურულებს ეგვიპტეზე ლაშქრობისას თაგვების დიდი რაოდენობა შეესია, რომლებმაც იარაღის სამაგრები გადაღრღნეს. შედეგად, სენნახირიმმა მსვლელობა ვეღარ განაგრძო და სამშობლოში დაბრუნდა.

ნინევში მიბრუნებული იერარქი რამდენიმე წლის შემდეგ, ქრისტეშობამდე 681 წელს, საკუთარმა შვილებმა მოკლეს. ძლევამოსილი მეფის მიზნები განუხორციელებელი დარჩა. ნეტარი თეოდორიტე: სენნახირიმი იერუსალიმის კედლებთან სიკვდილს იმიტო გადაურჩა, რომ ღვთის საკვირველებანი თავად მოეთხრო ყველასთვეს).

თავი 38

მხ. 1. ‘იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო”.

ესაიას წიგნის კომენტირებისას განმმარტებელთა დიდი ნაწილი შენიშნავს, რომ 36-39 თავებში გადმოცემული ისტორიული მოვლენების ქრონოლოგია არათამიმდევრულია. მათი თქმით, წინამდებარე და შემდეგ, 39-ე თავში გადმოცემული ამბები წინ უსწრებდა 36-37 თავებში ნაუწყებ საკითხებს, რაც მე-6 მუხლიდან ჩანს, რომ ეზეკიას ავადმყოფობა სენნახირიმის ჯარის სასწაულებრივი მარცხის უწინარესი მოვლენაა (შდრ. ‘გიხსნით შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან”), ანუ ასურელთა თავდასხმა სწორედ ეზეკიას დასნეულებისა და გამოჯამრთელების შემდგომი მოვლენაა. ამავე მოსაზრებას ადასტურებს მორიგ, 39-ე თავში, ნახსენები ბაბილონელი მეფის შესახებ არსებული ისტორიული ცნობები: მეროდან-ბალადანი 721–710 წლებში მართავდა ბაბილონს, შემდეგ იგი ტახტიდან გადააყენეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაიბრუნა ხელისუფლება და 703–702 წლებში ცხრა თვის მანძილზე, სენნახირიმის იუდეაში შეჭრამდე (701 წ.), ბაბილონში მეფობდა.

თავების ამგვარი განლაგების მიზეზი ესაიას ბაბილონური ტყვეობის შესახებ წარმოთქმული შემაჯამებელი წინასწარმეტყველებაა, რომლის შემდეგაც წიგნის დარჩენილი ნაწილი სწორედ ტყვეობიდან დაბრუნების საკითხს ეხება.

მხ. 2-3. ‘კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს: უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ”.

იოსებ ფლავიუსის თქმით, ეზეკიას, გარდა სიკვდილის მოახლოებისა, სხვა სატკივარიც გააჩნდა: იგი იმ დროისთვის უშვილო იყო. შესაბამისად, გარდაცვალება დავითის ხაზით მეფობის გაუქმებას ნიშნავდა, რასაც მეფე დიდი გულისტკივილით განიცდიდა. მართალია, კონკრეტული თხოვნა წინამდებარე მუხლებში არ გადმოცემულა, მაგრამ იგი სტრიქონებს შორის იკითხება. ეზეკია ლოცვისას კედლისკენ ტრიალდება, რადგან, სავრაუდოდ, სწორე იმ მიმართულებით მდებრეობდა იერუსალიმის ტაძარი.

მხ. 4-5. ‘იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი: წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს”.

პასუხმა არ დააყოვნა. ესაია ჯერ სამეფო სასახლიდან არ გასულიყო, რომ უფლისგან ახალი უწყება მიიღო: მეფეს თხუთმეტი წლის სიცოცხლე მიემადლა.

ეზეკიას ლოცვაზე დაყრდნობით შედგენილი ანამნეზის თანახმად მედიკოსები ასკვნიან[13], რომ მეფის სასიკვდილო დაავადებაში კარბუნკული და ნუშუსებრი ჯირკვლის ანთება იგულისხმება.

'ცარბუნცულუს - კარბუნკული არის რამდენიმე თმის ბოლქვისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთება, რომელსაც ახასიათებს ინფილტრატის გაჩენა და კანისა და კანქვეშა უჯრედების გავრცობილი ნეკროზი. კარბუნკული ყველაზე ხშირად ჩნდება უსუფთაობის პირობებში, კანის ტანსაცმელთან ხახუნის ადგილას ჩირქმბადი მიკრობების, სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების, შეჭრის შედეგად. კარბუნკულის გაჩენას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლა, ავიტამინოზი. კარბუნკული იწყება ისე, როგორც ფურუნკული, მაგრამ სტაფილოკოკი თმის ბოლქვიდან სწრაფად იჭრება ლიმფურ ძარღვებში და აღწევს კანის ღრმა შრეებსა და კანქვეშა უჯრედებში. შედეგად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი განივრცობა და ინფილტრატი მკვეთრად იზრდება.

კლინიკურად კარბუნკული წარმოადგენს რამდენიმე შერწყმულ ფურუნკულს, რომლებსაც აქვთ საერთო, მკვეთრად შეშუპებული საფუძველი. კარბუნკული ხშირად ჩნდება კისრის უკანა ნაწილზე, ბეჭებზე და ბეჭებს შუა არსებულ არეში, წელზე, დუნდულებზე, იშვიათად - კიდურებზე. თავდაპირველად წარმოიქმნება პატარა ანთებადი ინფილტრატი თავზე პუსტულით, რომელიც სწრაფად იზრდება. შეხებისას მტკივნეულია, თუმცა ტკივილი შეხების გარეშეც შეიგრძნობა. ინფილტრატის არეში კანი იღებს მოვარდისფრო ელფერს, დაჭიმული და შეშუპებულია. ნეკროზული კერის ზემოთ ეპიდერმისი რამდენიმე ადგილას იგლიჯება და ჩნდება რამდენიმე ხვრელი, საიდანაც გამოდის მომწვანო-მორუხო ფერის სქელი ჩირქი. ხვრელებში ჩანს ნეკროზული ქსოვილი. ზოგი ხვრელი ერთდება და წარმოიქმნება კანის დიდი დეფექტი, საიდანაც მოედინება ჩირქი, და ძვრება ნეკროზული ქსოვილი. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. აღინიშნება ძლიერი ინტოქსიკაცია (გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, უძილობა, იშვიათად - ბოდვა და უგონო მდგომარეობა). სახეზე ლოკალიზებული და დიდი ზომის კარბუნკულების დროს ზოგადი სიმპტომები კიდევ უფრო მკვეთრია, მაგრამ როგორც კი დაიწყება ჩირქის დენა და ნეკროზული ქსოვილების მოძრაობა, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. ჩირქის ამოსვლის შემდეგ ჭრილობა ივსება გრანულებით და ხორცდება. გართულებათაგან მოსალოდნელია ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი, სეფსისი, ჩირქოვანი მენინგიტი. სეფსისი, მენინგიტი და თრომბოფლებიტი შედარებით ხშირია სახის კარბუნკულის დროს.

გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ჩირქოვან განყოფილებაში. კარბუნკულის განვითარების საწყის (ანთებადი ინფილტრატის) ეტაპზე მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას - პათოლოგიურ კერაში შეჰყავთ ანტიბიოტიკი, კეთდება კუნთშიგა ინექცია, ინიშნება სულფანილამიდები. რეკომენდებულია სისხლის გადასხმა და ადგილობრივი დასხივება ულტრამაღალი სიხშირის სხივებით. კარბუნკულს ადებენ მშრალ ასეპტიკურ ნახვევს ან სინტომიცინის ან სტრეპტომიცინის ემულსიის ნახვევს. თუ ავადმყოფს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია ინსულინოთერაპიის ჩატარება, რათა ინფილტრატისა და ნეკროზის განვითარების პროცესი შეფერხდეს. ავადმყოფს სჭირდება დასვენება (წოლითი რეჟიმი, იმობილიზაცია). სახის კარბუნკულის დროს იკრძალება ლაპარაკი და ინიშნება თხიერი საკვები. საჭიროებისამებრ, დასაშვებია ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების მიღება, აუცილებელია კარგი კვება, რძის ნაწარმისა და მცენარეული პროდუქტების დიეტა.

თუ ერთ-ორდღიანი კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა და ინტოქსიკაციის ნიშნები პროგრესირებს, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მოვლას. დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა"[14].

მხ. 7-8. ‘ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა: აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია აქაზის საფეხურებზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა”.

საკუთარ პირობას უფალი ეზეკიას სასწულით უდასტურებს. სავარაუდოდ, იერუსალიმში ერთგვარი სპეციფიური კიბე იყო აგებული, რომელსაც ეზკიას მამის – აქაზის სახელი ეწოდა (შდრ. აქაზის საფეხურები). მას მზის საათის მსგავსი ფუნქცია ჰქონდა. მზის დასავლეთით გადახრისას ჩრდილი საფეხურებზე მაღლდებოდა, რითიც ადამიანები დროს განსაზღვრავდნენ. მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო რამ: ჩრდილი ათი საფეხურით დაბლა დაეშვა. განმმარტებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მოცემულ შემთხვევაში დედამიწამ საღვთო განგებით პირუკუ დაიწყო ბრუნვა.

მას შემდეგ, რაც იუდას სამეფოს წინააღმდეგ წამოწყებული სირიისა და ისრაელის სამეფოების იერიში ასურელთა ჩარევის შედეგად განეიტრალდა (ასურეთის მეფე სირიის დედაქალაქ დამასკოში შეიჭრა და მოკლა ადგილობრივი მეფე რეცინი, რამაც იუდას წინააღმდეგ მიმართული ორი სახელწიფოს შეთქმულება საბოლოოდ ჩაშალა), აქაზმა მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, რომ ძლევამოსილ ასურელ მბრძანებელს თავად ხლებოდა და მადლობა გადაეხადა. იუდეველი მეფე ქ. დამასკოში ჩადის. მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ სწორედ იქ იხილა იუდეველთა ხელმწიფემ მზის საათი, რომელიც შემდეგ საკუთარ სამშობლოშიც გააკეთებინა და აქაზის საფეხურების სახელითაა ცნობილი. გარდა ამისა მეფეს დამასკოს ერთ-ერთ წარმართულ ბომონში ნანახმა საკურთხეველმა მოსჭრა თვალი და გადაწყვიტა, მსგავსი ნაგებობა საკუთარ სამშობლოშიც აეგო. ურია მღვდელი ნახაზებით იერუსალიმში ბრუნდება და ნაცვლად საღვთო უწყებით აგებული სოლომონისეული სამსხვერპლოსი, დამასკოში აქაზის მიერ მოხილული სამსხვერპლოს ანალოგს აკეთებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქაზი საკუთარი ხელით აღასრულებს მსხვერპლშეწირვას. მეფეს ძველი აღთქმის რჯულად დადგენილი მსახურება არ გაუუქმებია. ის მსახურების ძველ ფორმას ტოვებს, მაგრამ სამსხვერპლოს მთლიანად განაახლებს. სოლომონისეული სამსხვერპლო ტაძრის ჩრდილოეთით განთავსდა, ხოლო მისი ადგილი ზომებში გაცილებით დიდმა ნაგებობამ დაიკავა. გატარებული რეფორმებით, რასაც შედეგად რელიგიური სინკრეტიზმი და ღვთივგაცხადებული სარწმუნოების წარმართულ კულტმსახურებასთან აღრევა მოჰყვა, აქაზი იუდეის სამეფოს სულიერი ცხოვრების სრულიად ახალი რეალობის წინაშე აყენებს. ეს არის დრო, როდესაც იუდაში ჭეშმარიტი ღვთისმსახურება ასირიულ-ბაბილონურ-იუდაური რელიგიებიდან მიღებული სინკრეტიზმით იცვლება, ამავდროულად იუდეა ასურეთის ვასალი სახელმწიფო ხდება, რაც სულიერ დაცემასთან ერთად ამავე სახელმწიფოს პოლიტიკური უსუსურობის დასტურია.

მხ. 9-15. მითითებულ მუხლებში ეზეკიას სამადლობელი ლოცვაა წარმოდგენილი. მეფე ფიქრობდა, რომ ყველაფერი დასრულდა, მოვიდა დრო, როდესაც ადამიანი ახლობლებს, მეგობრებს საუკუნოდ განშორდება, სული სხეულს ეყრება. მეფე დღედაღამ შემაწუხებელი საშინელი ტკივილების შესახებ ყვება.

მხ. 16-20. მეფე აღიარებს, რომ განცდილი უდიდესი მწუხარება სასრგებლო აღმოჩნდა მისი სულისთვის. ეზეკია სიკვდილისაგან გამოხსნას ცოდვათა მიტევების ნიშნად აღიქვამს და უფალს ტაძარში განდიდებას აღუთქვამს.

მხ. 21-22. მეფეს განკურნების მიზნით სხეულზე ლეღვის ტყლაპს ადებენ. სავარაუდოდ, ტყლაპი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენებოდა.

თავი 39

მხ. 1. ‘ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა”.

ბაბილონის მეფემ მეროდან-ბალადანმა ელჩების ხელით წერილი და ძღვენი გაუგზავნა ეზეკიას, ერთი შეხედვით, თითქოს იუდეველი მეფის გამოჯამრთელების მისალოცად, მაგრამ ჩამოსული სტუმრების მთავარი მიზანი, როგორც იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, ასურთა იმპერიის წინააღმდეგ საიდუმლო კავშირის დამყარება იყო. მეროდან-ბალადანი ორგზის შეეცადა, ასურეთს გამოჰყოფოდა. 703-702 წლებში იგი ქალაქ ბაბილონს დაეუფლა და 9 თვე მართავდა, თუმცა სენნახირიმის მიერ საბოლოოდ გამანადგურებელი მარცხი იწვნია და ელამში გაიქცა.

წინამდებარე თავში აღწერილი ბაბილონელი ელჩების ვიზიტი ასურელთა იუდეაზე თავდასხმის წინ, იერუსალიმის ალყაში მოქცევამდე ხდება. მიუხედავად კონსპირაციისა, შეხვედრა აშკარად ანტიასურული კამპანიის ელფერს ატარებს. ესაის მრავალგზის ჰყავდა გაფრთხილებული ეზეკია, რომ ასურეთი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების დამსჯელი მათრახია ღვთის ხელში. ამიტომაც შეუსაბამოა წინასწარმეტყველის სიტყვასთან იუდეველი მეფის საქციელი.

ფრიდრიხ რუჟემონტი: ბაბილონელი მეფეების შესახებ ცობები ბიბლიურ ისტორიაში პირველად სწორედ წინამდებარე მუხლში გვხვდება. უწინარეს ეპოქაში ისინი ასურეთის მორჩილებაში იმყოფებოდნენ და ამიტომაც ბევრი არაფერი ვუწყით მათი წარსულის შესახებ. როგორც ჩანს, სწორედ მეროდან-ბალადანის დროს ასურეთიდან სამხრეთით, ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ბაბილონმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამიერიდან მისი ძლიერება ასურეთის დაცემის პარალელურად იზრდებოდა).

მხ. 2. ‘გაიხარა ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე - ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მის საგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს”.

ბაბილონელი სტუმრების წინაშე იუდეველთა საუნჯის წარმომჩენი მეფე, სავარაუდოდ, ელჩებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, თუმცა ჩამოსულებიც უპირველეს ყოვლისა იმას განიზრახავდნენ, როგორ გამოეყენებინათ ებრაელთა განძი სენნახირმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნეტარი თეოდორიტე: მეფეს სტუმრები ოქრო-ვერცხლით კი არ უნდა მოეხიბლა, არამედ მისი მაკურნებელი ღმერთი ექადაგა).

მხ. 3-7. ესაიას პასუხმა, რომელსაც მეფემ ქალდეველთა ვიზიტთან დაკავშირებული ყველა მოვლენა უამბო, შეაძრწუნა ეზეკია, რადგან ბაბილონის მხრიდან საფრთხის შესახებ მას არასოდეს ეფიქრა, ერთადერთი, ვინც იმ დღეებში რჩეულ ერს საფრთხეს უქმნიდა, ასურეთი იყო. წინასწამრტყველის სიტყვების აღსრულება, რომ მეფეთა შვილებს ბაბილონში წაასხამენ, ძვ. წ. აღ-ის 605 წლიდან იწყება.

ნეტარი იერონიმე: წინამდებარე თავში ბაბილონელი მეფის – მეროდან ბალადანის მიერ იუდაში ელჩების გამოგზავნის თაობაზეა ნაუწყები. რამდენადაც ბაბილონელთა შორის ციური სხეულებისთვის თვალყურის დევნება ჩვეული მოვლენა იყო, რაც მაცხოვრის შობის დროს მოგვების ჩამოსვლამაც დაადასტურა, ამჯერად ნანახი სასწაული, მზის უკუქცევა, იმ ღმერთს ემსახურება, რომელიც ყოველთა მეუფეა. და როდესაც მათ მომხდარის გამოკვლევა დაიწყეს, გაიგეს, რომ იუდეველი მეფის გამოჯამრთელებას მანათობელთა შორის ყველაზე აღმატებული ქმნილების მოძრაობის ცვლილება მოჰყოლოდა…

ელჩების წასვლის შემდეგ ეზეკიასთან წინასწარმეტყველი ესაია მივიდა და ორი კითხვა დაუსვა: რას ამბობდა ეს ხალხი? საიდან იყვნენ ისინი მოსულნი? მეფე მხოლოდ ერთ კითხვას სცემს პასუხს და ამ პასუხში დიდი ამპარტავნება ჩანს: ‘შორეული ქვეყნიდან მოვიდნენ ისინი ჩემთან, ბაბილონიდან”, რადგან რაც უფრო შორიდან მოდიან ადამიანები ვინმეს სანახავად, მით მეტად ამაღლებულია ის, ვისაც ნახულობენ. და მეფე ამბობს, რომ მოვიდნენ ჩემს სანახავად, მაშინ როდესაც უნდა ეთქვა: გვეახლნენ, რათა ღმერთი განედიდებინათ მომხდარი სასწაულის მიზეზით. ესაია კვლავ კითხულობსს: რა იხილეს მათ შენს სახლში? მეფე პასუხობს, რომ ყველაფერი, რაც მას გააჩნდა, სტუმრებმა საკუთარი თვალებით მოიხილეს. თუმცა ეზეკიამ თავი შეიკავა და ტაძრის სიმდიდრეების ჩვენების შესახებ ესაიას არაფერი უთხრა. წინასწარმეტყველი ამის საპასუხოდ ასე მიმართავს იერარქს: მოვა დრო, როდესაც მთელს სიმდიდრეს, სტუმართაგან განჭვრეტილს, ბაბილონში წაიღებენ).

წმ. კირილე ალექსანდრიელი: მეროდან ბალადანი ელჩებს აგზავნის იუდაში, რომ მომხდარი მოვლენები გამოიკვლიოს, თუმცა არა მხოლოდ ეზეკიას ავადმყოფობამ და უეცარმა გამოჯამრთელებამ გააოცა ბაბილონელი იერარქი, არამედ კიდევ უფრო მეტად განცვიფრდა იგი, როდესაც მზემ საღვთო განგებით უკან დაიწყო სრბოლა და დაუბრუნდა ადგილს, რომელიც უკვე გავლილი ჰქონდა. შედეგად კი აქაზის საფეხურებზე ჩრდილი ათი საფეხურით ამაღლდა. ბაბილონელთა და ქალდეველთა შორის ბრძენებად წოდებული ადამიანებს, რომლებიც მზის მოძრაობას, ვარსკვლავთა ადგილსამყოფელს იმეცნებდნენ, შეუძლებელია მზის უკუქცევა და იმ კონკრეტული დღის არნახული სიდიდე შეუმჩნევლად დარჩენოდათ. სავსებით ლოგიკურია, რომ მომხდარი უცნაური მოვლენის შესახებ მთელს ქვეყნიერებაზე ბჭობა მიმდინარეობდა. მეროდანს იუდეველთა თავსგადამხდარი უწინდელი მოვლენებიც სმენოდა, როდესაც ღმერთს მრავალგზის დაუხსნია რჩეული ერი ზეგარდამო შემწეობით. შესაბამისად, ბაბილონელ მეფეს, მომხდარის გათვალისწინებით, კრძალვა და პატივისცემა გაუჩნდა ეზეკიასადმი.

იუდეველ მეფეს ჩამოსული სტუმრებისთვის საღვთო შემწეობის შესახებ უნდა მოეთხრო, რომ ეს ადამიანები ბაბილონში ჭეშმარიტი ღმერთის ცოდნით განმსჭვალულნი დაბრუნებულიყვნენ და სხვებისთვისაც სარგებელი შეეძინათ. მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა: ეზეკია ადამიანურ ვნებას დაემორჩილა და ქება-დიდების მიღება ისურვა. ესაია მეფესთან შესახვედრად უფლის მიერ იგზავნება, თუმცა თავდაპირველად ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს საკუთარი სახელით ელაპარაკება მას და კითხულობს: რას ამბობდნენ ეს ადამიანები? მეფე პასუხად მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ეს ხალხი შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან, ჩამოვიდა. შესაძლოა, მეფეს ამით იმის თქმა სურდა, რომ აი, მასთან შორეული მიწიდან თავად დიდებული ბაბილონის მკვიდრნი ჩამოვიდნენ, რათა მეგობრობა ეთხოვათ).

წმ. იოანე ოქროპირი: ზოგიერთები ამბობენ, რომ ელჩები მეფის განკურნების დღეს მომხდარი სასწაულის მიზეზით ჩამოვიდნენ ბაბილონიდან, რადგან ის დღე ჩვეულებრივზე გაცილებით ხანგრძლივი აღმოჩნდა, მეათე საათი იყო და მზე კვლავ ათი საათით უკუიქცა. შესაბამისად დღის ჟამი საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ მომხდარის გამოსარკვევად ესტუმრნენ ბაბილონელები იერუსალიმს, ვინაიდან ერთ დღეში მზემ ოცდათორმეტ საათიანი სრბოლა აღასრულა)[15].

წმ. ეფრემ ასური: ბაბილონელმა იერარქმა ელჩები გააგზავნა ეზეკიასთან, რადგან მისი სასწაულებრივი კურნება გაიგო. მეროდანს მანათობელი დისკოს უკუქცევის მიზეზი აინტერესებდა. თავად მეფე დღეში ოთხგზის ეთაყვანებოდა მზეს. როდესაც დილის პატივმიგება აღასრულა, შემდეგ მეექვსე და მეცხრე ჟამზეც იგივე მოიმოქმედა. ამჯერად საღამოს ელოდებოდა, რომ მეოთხე, ბოლო თაყვანისცემაც მიეძღვნა და იხილა, რომ მზე კვლავაც ცაშია. ნანახით გაკვირვებული ბალადანი მომხდარის მიზეზის გამოძიებისას ბაბილონში მყოფი იუდეველებისგან გებულობს, რომ მომხდარი სასწაული მეფე ეზეკიას უკავშირდება და ელჩებს აგზავნის იერუსალიმში).

მხ. 8. ‘უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოთქვი. დასძინა: რადგან ჩემს დროში მაინც იქნება მშვიდობა და სიმტკიცე”.

განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეფის სიტყვები პირად კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანის პოზიციაა, ხოლო სხვათა აზრით, თანატომელთა სიყვარულით განმსჭვალულმა ეზეკიამ, რომელმაც იცის საღვთო დაშვების გარდაუვალობა, მადლობა მიუძღვნა უფალს, რადგან საკუთარი თვალით არ იხილვს სამშობლოს უდიდეს უბედურებას.

ფრიდრიხ რუჟემონტი: მტრული ძალა, რომელიც იუდეველებს მოგვიანებით მიუახლოვდება და კარგს არაფერს უქადის, ქალდეველთა სახით არის წარმოდგენილი. მან განსაკუთრებული ძალმოსილების მოპოვება ნაბოპალასარის მმართველობისას დაიწყო და უმაღლეს მწვერვალს ნაბუქოდონოსორის მეფობისას მიაღწია, ხოლო შემდგომ დაღმასვლის გზას დაადგა. დედაქალაქის მიხედვით ბაბილონად წოდებული სახელმწიფო, ასევე ხალხის ეთნიკურ სახელწოდებას – ქალდეასაც ატარებდა (ტერმინიდან ქალდეველი). მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალდეველები ბაბილონელთაგან სრულიად განსხვავებული ხალხია. მათი თქმით, ისინი ძვ. წ. აღ.-ის დაახლოებით 647 წელს ან დაქირავებული ჯარის, ანთუ დამპყრობელი ძალის სახით ჩრდილოეთიდან ბაბილონურ მიწებზე შეიჭრნენ და სწორედ ამ დროს იწყება ნაბოპალასარის ახალი ერა. ქალდეველებმა 625 წელს საბოლოოდ მოახერხეს, საკუთარი ხელისუფლება განემტკიცებინათ ბაბილონში და დამპყრობელ დინასტიას დაუდეს დასაბამი, რომელიც ნაბუქოდონოსორის მმართველობისას შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. მეცნიერთა მეორე ნაწილი ქალდეველებში ბაბილონის უძველეს მოსახლეობას ხედავს და არა უცხოტომელებს, რომლებიც თითქოსდა სხვის სახელმწიფოში შეიჭრნენ).

თავი 40

საუკუნეზე მეტი დრო გაივლის, სანამ ესაიას წიგნის მეორე ნაწილში (40-66 თავები) იუდას სახელმწიფოს აღდგენის შესახებ გადმოცემული წინსწარმეტყველება აღსრულდება. 70-წლიანი ბაბილონური ტყვეობის სულიერი თვალით განმჭვრეტი ესაია განსაცდელში აღმოჩენილ იუდეველებს ამხნევებს, მოთმინებას, მხნეობას შთააგონებს და მიუხედავად გარდაუვალი შეჭირვებებისა, მართალი ცხოვრების წესისკენ აწვევს შემდეგ თაობებს.

წინამდებარე თავში წინასწამრტყველი თითქოს იმჟამად უკვე ბაბილონში მცხოვრებ იუდეველებს მიმართავს, ხოლო იერუსალიმი მისი მზერის წინაშე ნანგრევების გროვად ქცეული ქალაქია.

მხ. 1-2. ‘ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვების წილ”.

მომავლის თაობაზე აწმყო ან წარსულ დროში საუბარი საწინასწარმეტყველო სიტყვის წარმოთქმისას ჩვეული ხერხია, რითიც მითითებული მოვლენა მეტ დამაჯერებლობას იძენს.

იერუსალიმის გულსა და ცოდვების წილ გამოსყიდვაში განმმარტებელთა ნაწილი ებრაელი ერი ბაბილონის ტყვეობიდან მობრუნების შესახებ უწყებას ხედავს, ხოლო მეორენი თვლიან, რომ წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის დასრულების, სიკვდილის მეუფებისგან გათავისუფლებისა და ახალი სულიერი ცხოვრების დაწყების შესახებ იუწყება.

ცოდვათა წილ ზღვევაში უაღმატებულესი გოლგოთის მსხვერპლი იგულისხმება, რაზეც პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში ამბობს: „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში“[16].

მხ. 3-4. ‘ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი \ დაბლობად”.

მითითებული ადგილი რომ ნათლისმცემლის შესახებ გვაუწყებს, ამას თავად წმ. იოანე ამოწმებს, როდესაც მასთან მისულ ფარისევლებს პასუხობს: ‘მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა”[17]. ტექსტში ნახსენები უდაბნო ეკლესიის მამათა მიერ განსხვავებულად განიმარტება:

1). უდაბნოში მდინარე იორდანის აღმოსავლეთ სანაპირო, მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მოიაზრება, სადაც ცხოვრობდა და ქადაგებდა ნათლისმცემელი.

2) უდაბნოში იუდეველი ერი იგულისხმება, რომელიც სულიერ უნაყოფობაში იმყოფებოდა. ზოგადი მნიშვნელობით, უდაბნო მთელი ძველაღთქმისეული კაცობრიობის სახეა. მღაღადებელი უფალია, ხოლო მისი ხმა, მის მიერ წარგზავნილი ნათლისმცემელი.

‘ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი \ დაბლობად”. ძველ აღმოსავლეთში არსებობდა ტრადიცია, მეფის გამგზავრების წინ ამორჩეულ მარშრუტზე მონების დიდი ჯგუფი იგზავნებოდა, რომლებიც გზების მოსწორებაზე ზრუნავდნენ. ნეტარი იერონიმეს განმარტებით, ხსენებულ გზებში ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა მოიაზრება და ყოველმა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს მის განმართვაზე.

მხ. 5. „გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს“.

წინამდებარე მუხლში შესაძლოა, სამი მოვლენა იგულისხმებოდეს: უახლოესი, როდესაც უფალი ბაბილონური ტყვეობიდან გამოიხსნის ებრაელებს და ამის შესახებ აღმოსავლეთის ყველა ხალხი შეიტყობს. მეორე: განკაცებული ღმერთი მოევლინება სამყაროს. მესამე: მესია მეორედ მოვა წუთისოფელში.

წმ. იოანე ოქროპირი: უფლის დიდება მარადის ცხადდებოდა, რისი ნათელი დასტურია ძველი აღთქმის მართალთა ცხოვრებაში მომხდარი ბევრი მოვლენა, თუმცა უაღმატებულესი გამოცხადება ღვთის სიტყვის განკაცება და წუთისოფლად მოსვლა იყო).

← წინა ნაწილი                                         გაგრძელება →


[1] შდრ. ეს. 36-37 თავები.

[2] კუძულებში კვიპროსი და კრეტა იგულისხმება.

[3] ოს. 13.14.

[4] უგარიტი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული უძველესი ქალაქი-სახელმწიფო იყო. ძვ. წ. აღ-ის XII საუკუნეში ზღვისპირა ხალხების შემოსევისა და მიწისძვრების შედეგად ქალაქი საბოლოოდ განადგურდა.

[5] შდრ. საქ. მოც. 4.11; 1 პეტრ. 2. 6-7; ეფეს. 2.20.

[6] შდრ. ეს. 22.15.

[7] შდრ. II რჯულ. 17.16.

[8] შდრ. 2 ნეშტ. 32.1-23; 4 მეფ. 18.13-20.19.

[9] სენნახირიმის მეფობის წლები ძვ. წ. აღ-ის 705 – 681 წლები.

[10] შდრ. 4 მეფ. 18. 14-16.

[11] აღმოსავლელი იერარქები მსგავს ცბიერებას ხშირად მიმართავდნენ და საკუთარ თავს სხვებზე დაბლა აყენებდნენ (შდრ. ‘აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?” ეს. 36.9).

[12] შდრ. 4 მეფ. 17.24.

[13] შდრ. ეს. 38. 9-20.

[14] იხ. ინტერ. საიტი ლეხიცონ.პსპ.გე/?ლანგ=გეო&წორდ=4920&ნამე=კარბუნკული.

[15] წმინდა იოანე ოქროპირი იყენებს ტერმინს ‘ჟამი”, რასაც ჩვენ ტექსტში გადმოცემული შინაარსის გასაგებად ‘საათად” ვთარგმნით და ამით წარმოდგენილ მოძღვრებას ზედმიწევნით თანვხვდებით. წმინდანის მსჯელობის თანახმად, დღე-ღამე ოცდაოთხ ჟამად იყოფა. აქედან თორმეტი დღეს ეკუთვნის, დარჩენილი თორმეტი – ღამეს. მზის ოცდათორმეტ ჟამიან მიმოქცევაში იგულისხმება, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მანათობელმა დისკომ ათი საათი ისრბოლა. შესაბამისად, ორ საათში დღის მონაკვეთი უნდა დასრულებულიყო და ოცდაოთხ საათიანი დროის მეორე ნახევარი, ღამე, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ: მზე ათი საათით უკუიქცა და აღმოსავლეთის იმ წერტილს დაუბრუნდა, საიდანაც დილით დაიწყო მოძრაობა დასავლეთისკენ, ანუ დღის მოცულობამ აღნიშნული მონაცემებით ოცი საათი შეადგინა. შემდეგ კვლავ გაიარა ათ საათიანი მანძილი და იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც ათი საათით ადრე მისი უკუქცევა მოხდა. დროის შეჯამება ამჯერად ოცდაათ საათს გვაძლევს. ამის შემდეგ ორი საათიც ისრბოლა და ამით დღედ წოდებულმა ჟამმა ადგილი ღამის თორმეტ საათიან მონაკვეთს დაუთმო. ჯამში ოცდათორმეტი საათი გამოვიდა.

[16] 2 კორ. 5.21.

[17] ინ. 1.23.

ტეგები: Bible, Esaia, Qwelly, prophet, ბიბლია, განმარტება, ესაია, წინასწარმეტყველი

ნახვა: 1260

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters