თავი 41

მხ. 2. ‘ვინ გამოაღვიძა აღმოსავლეთიდან, ვინც თავის ფეხად მოუხმო სიმართლეს, მისცა მის წინაშე ხალხები და დაიმორჩილა მეფენი?”

წინამდებარე თავის დასაწყისი ნაწილი სპარსთა მეფე კიროსის შესახებ გვაუწყებს. აღმოსავლეთიდან გამოღვიძებულში განმმარტებლები სწორედ მას მოიაზრებენ. ესაია ასურეთის იმპერიას ურჩი ერების დასასჯელ უზენაესის კვერთხს უწოდებდა[1]. ამგვარადვე გამოირჩევს უფალი კიროსს, რომელსაც ყველანაირ ძლიერებას მიჰმადლებს და მსოფლიოს უძლიერეს მბრძანებლად აქცევს. ცნობილი ფაქტია, იგი დიდი ჰუმანურობით გამოირჩეოდა, კრძალავდა ტყვეების სიკვდილით დასჯას, მაქსიმალურ შემწყნარებლობას იჩენდა დაპყრობილი სახელმწიფოების რელიგიების მიმართ. თავად, მართალია, წარმართულ მრწამს აღიარებდა, ზარატუსტრას თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ მისი რელიგია ყველაზე მეტად უახლოვდებოდა იუდაიზმს, რომელსაც მეფე ძალიან კარგად იცნობდა და დიდი სიმპატიები გააჩნდა.

მხ. 5-7. ირონიით საუბრობს ესაია ყველა იმ ხალხის შესახებ, ვინც ერთობლივი ძალით შეეცდება, წინააღმდეგობა გაუწიოს კიროს. ფუჭი მცდელობაა, რადაგან ამგვარი ქმედება ღვთის ნებასთან დაპირისპირებას ნიშნავს, რაც, რა თქმა უნდა, წარუამტებელი იქნება.

მხ. 8-10. წარმართი ხალხებისკენ მიმართული უფლის მრისხანე ხმა ამჯერად ისრაელისადმი გამოხატული ნუგეშითა და სითბოთი იცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ აქ პირველად ჩნდება ტერმინი ღვთის მორჩილი, რომელსაც ესაის წიგნის მეორე ნაწილში (40-66 თავები) განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია: ეს სახელი ებრაული წიაღიდან გამოსულ მესიას ეწოდება. მართალია, წინასწარმეტყველი მოცემულ შემთხვევაში მითითებულ ტერმინს მთელს ისრაელს განუკუთვნებს, მაგრამ ბაბილონურ ტყვეობაში დამაშვრალი იუეველი ერი სიმბოლურად სწორედ მესიის წინასახეა.

ებრაელებს მრავალი მიზეზი ჰქონდათ, რომ ეფიქრათ, თითქოს შესაძლოა, ღმერთმა უარყოს ძველი აღთქმის რჩეული ერი, რადგან ისინი წინაპრებთან დადებულ მცნებებს მუდმივად არღვევდნენ. მაგრამ პატრიარქებისთვის მიცემული აღთქმა შეუცვლელია: ‘მე ამოგირჩიე შენ და არ უკუგაგდებ… ნუ გეშინია… მე შენთან ვარ… გაგამაგრებ და შეგეწევი”. ბაბილონში აღმოჩენილ ტყვეებს ეს სიტყვები აუცილებლად უნდა სცოდნოდათ.

თავი 42

მხ. 1-3. ‘აჰა ჩემი მორჩილი, რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს. ის არ იყვირებს და არ აუწევს ხმას, არავის გააგონებს თავის ხმას ქუჩაში. გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს”.

ესაიას წინამდებარე წინასწარმეტყველება მათე მახარებელმა სახარებაში გაიმეორა, რითიც წარმოაჩინა, რომ სწავლება მომავალ მესიას უკავშირდება[2]. მითითებული ადგილი ეკლესიის მამათა განმარტებით, ორგვარად შეიძლება იქნეს გაგებული: კერძოობითი გაგებით უფლის მსახურში იუდეველი ერი იგულისხმება, რადგან ებრაელი ერის ცხოვრებაში განვითარებული ესა თუ ის მოვლენა ქრისტეს ცხოვრების წინასახეა. მაგ.: იაკობ მამამთავარი მთელი ოჯახით ეგვიპტეში ჩადის. ბიბლიური ცნობების მიხედვით, ამის მიზეზი ქვეყანაზე ჩამომდგარი ძლიერი შიმშილი იყო, თუმცა განმარტებების თანახმად, შორეულ ეგვიპტეში გადასახლება ებრაელი ერის ქანაანური კერპმსახურების დამღუპველი გავლენისგან დაცვამ განაპირობა, რომ ერად ჩამოყალიბების პროცესში სულის მომაკვდინებელი წარმართული იდეოლოგია, მრწამსი მაქსიმალურად ყოფილიყო შეზღუდული (პარალელი): ასევე ჩვლი მაცხოვარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან და მართალ იოსებთან ერთად ეგვიპტეში მიემართება, რათა ჰეროდე დიდის საშინელ რისხვას აარიდოს თავი. იუდეველები ეგვიპტეს ტოვებენ და აღთქმული ქვეყნისკენ მხოლოდ მაშინ მიემართებიან, როდესაც უფალი მათთვის ყველაზე დიდი სულიერი საფრთხის შემცველ, უკეთურებებით გამორჩეულ ქანაანის ერთ-ერთ ტომს - ამორეველებს აღთქმული მიწიდან აღმოფხვრის (პარალელი): ასევე ჩვილი მაცხოვარი ეგვიპტიდან პალესტინაში ჰეროდე დიდის გარდაცვალების შემდეგ ბრუნდება. ყრმობის ასაკში იყო იუდეველი ერი ეგვიპტიდან გამოსვლისას (პარალელი): იგივე ხდება მაცხოვრის შემთხვევაშიც, უფალი ჩვილობის ასაკში ტოვებს ეგვიპტეს და პალესტინაში (ქანაანში) მკვიდრდება.

მხ. 18-20. ‘ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ! ვინ არის ჩემი მორჩილივით ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით? ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის”.

მოგვიანებით, როდესაც ბაბილონურ ტყვეობაში აღმოჩენილი ებრაელები ესაიას წიგნის წინამდებარე ნაწილს წაიკითხავდნენ, უეჭველად დაფიქრდებოდნენ თავსგადამხდარ უმძიმეს განსაცდელთა მიზეზებზე. წინასწარმეტყველი პირდაპირ მიუთითებს, რომ ისინი სულიერი სიბრმავისა და სიყრუვის მიზეზით დაისჯებიან. ისრაელი ღვთის მორჩილი იყო, რომელიც მახარებლად წარუგზავნა უზენაესმა კაცობრიობას, თუმცა რჩეულმა ხალხმა გულქვაობის მიზეზით დაკისრებული მისია არ აღასრულა.

თავი 43

მხ. 5-6. 'ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ. ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან".

წარმოდგენილი ტერმინები (აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი) არა რომელიმე გეოგრაფიულ არეალს განმსაზღვრავს, არამედ საყოველთაო გამოხსნის მანიშნებელია. იმავე შინაარსის უწყება გვხვდება ფსალმუნშიც: 'აღმოსავალით და დასავალით, ჩრდილოთ და ზღჳთ"[3]. ესაიას წარმოდგენილი სიტყვები ფაქტობრივად თანხვდება მაცხოვრის ნათქვამს: 'მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში; ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი" [4].

'მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები - ქვეყნის კიდიდან". ძველი აღთქმის წიგნებში დედაკაცთა შესახებ თხრობა იშვიათი მოვლენაა. ფაქტია, წმინდა წერილის ავტორები მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობისას მიმართავდნენ ამგვარ ხერხს. ბიბლიურ თხრობაში კი წინა პლანზე მამაკაცები არიან წარმოდგენილი. მაგალითად, იაკობ მამამთავრის ისტორიაში განსაკუთრებული ყურადღება მის ძეებზე მახვილდება, მხოლოდ სიქემში განვითარებული მოვლენების შედეგად გებულობს ბიბლიის მკითხველი იაკობის ასულის დინას თაობაზე გარკვეულ ცნობებს. ადამის შემთხვევაშიც წმინდა წერილი ოდენ ვაჟიშვილების შესახებ მოგვითხრობს. განმმარტებელთა თქმით, ესაიას უწყება ახალი აღთქმის სულითაა განმსჭვალული, სადაც მოციქულის სიტყვისამებრ: 'არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ"[5].

მხ. 14. 'ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ".

შემდგომ მუხლებში ესაია იუწყება, რომ იუდეველათა ტყვეობიდან დახსნის მიზნით ბაბილონზე უცხო ხალხები აღზევდებიან. როგორც თავის დროზე, ფარაონის მცდელობის მიუხედავად, იუდეველებმა უდიდესი სასწაულების გზით ეგვიპტე დატოვეს, მეწამულ ზღვაში გავლით მტერი დათრგუნეს და ქანაანს მიაშურეს, ასევე მოხდება სამშობლოში დაბრუნება ბაბილონიდან.

მხ. 18. 'ადრინდელი არ გახსოვთ და გარდასულზე არ ფიქრობთ".

ესაია მსმენელებს საყვედურობს და ამბობს, რომ გარდასული სასწაულები არა მარტო წინა თაობებისთვის იყო მაგალითი, არამედ სამარადისო ნიშად უნდა დარჩენილიყო შთამომავლობას. თუმცა, წინასწარმეტყველის თქმით, თანამედროვენი არც კი ინტერესდებიან მსგავსი საკითხებით.

მხ. 22-24. 'შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ, ისრაელ! არ მოგიყვანია ჩემთვის ცხვარი აღსავლენად და საკლავით არ გიცია პატივი; არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის კმევით. არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი და არ გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით".

ესაია თანამემამულეებს ორი სახელით მიმართავს, იაკობი და ისრაელი, და უზენაესისადმი მსხვერპლშეუწირველობაში ადანაშაულებს. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ აღიქმება, რადგან ურიგო იქნებოდა ამგვარი საყვედური. პირიქით, მსხვერპლი ხშირ შემთვევაში მოჭარბებულადაც იწირებოდა. მაგრამ საქმე ისაა, რომ შენაწირთა სიმრავლის მიუხედავად მსახურებაში მონაწილე ადამიანები გაუცნობიერებლად მოქმედებდნენ.

თავი 44

მხ. 1-2. 'ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მორჩილო, და ისრაელ, ჩემო რჩეულო! ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ: ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, და იეშურუნ, ჩემო რჩეულო".

წარმოდგენილი მიმართვა არ განეკუთვნება მთელს ერს, არამედ იმ ადამიანებს, რომელთაც დაიმარხეს აბრაამის სარწმუნოება, მოსეს გულმოდგინება, წინასწარმეტყველთა გამოცხადების ჭეშმარიტება და ქვეყნადმოსული, განკაცებული ღმერთი შეიწყნარეს. მორიგ მუხლებში ესაია ამბობს, რომ გადმოიღვრება წყალი გვალვიანზე და ნაკადულები ხმელ მიწაზე...

მხ. 6-20. ესაია ერთგვარი ირონიითა და სატირით ღმერთსა და ყოვლადუსარგებლო კერპებს ურთიერთს ადარბეს: განა უგუნურება არაა, გასათბობად, პურის გამოსაცხობად… გამოყენებული შეშისგან ადამიანი ‘ღმერთს ამზადებდეს” და მას ეთაყვანებოდეს.

მხ. 24. 'ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა".

აღნიშნული მუხლი გადმოგვცემს ბიბლიურ მოძღვრებას სამყაროს შექმნის თაობაზე, რომ ღმერთია ყველაფრის არარსებობიადნ არსებობაში შემომყვანი. წარმოდგენილი სწავლება შემოქმედის მხოლოობის შესახებ არა ღვთის ჰიპოსტასთა სიმრავლეს, არამედ წარმართულ მითოლოგიურ შეხედულებებს უპირისპირდება, რომლის თანახმადაც, სამყაროს შემოქმედი მეორეხარისხოვანი, დაბლა მდგომი ღმერთი-დემიურგია (ბერძ. დჰმიოურგო`ჯ), ვინც სამყაროს არსებული ნივთიერების გარდასახვით ქმნიდა, თუმცა ეს პროცესიც არ იყო დამოუკიდებელი შემოქმედება, რადგან ამ მოქმედებაში დემიურგს ზემდგომი ღმერთები ხელმძღვანელობდნენ. ამავდროულად მას შემწედ სხვა, დაბლა მდგომი ‘ღმერთები” ჰყავდა. წარმართული ზღაპრობების წინააღმდეგ უზენაესი ესაიას ბაგეებით გამოთქვამს სწავლებას: ყოველი დაბადებულის ერთადერთი მიზეზი სწორედ იუდეველთა ღმერთია, ვისაც არ ჰყოლია შესაქმეში დამხმარე და მრჩეველი.

მხ. 25-28. ესაისა წიგნის 44.25 – 45.8 გასაოცარ წინასწარმეტყველებას გვთავაზობს დაახლოებით 150 წლის შემდეგ მეფე კიროსის ასპარეზზე გამოჩენის თაობაზე. ბაბილონის აღსასრულზე განვლილ თავებშიც მრავალგზის ყოფილა საუბარი[6], მაგრამ არსად გამოთქმულა ასე ცხადად და გასაგებად ცნობები სპარსი იერარქის შესახებ. იუდეველი ერის მიმართ გამოჩენილი მზრუნველობის გამო კიროსი არა მეფედ, არამედ მწყემსად სახელდება[7]. ამგვარი ზუსტი წინასწარმეტყველების უნიკალურობამ მკვლევართა შორის დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ საქმე გვიანდელ, იუდეველთა ბაბილონური ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ესიაის წიგნში განხორციელებულ ჩამატებასთან გვაქვს[8]. საპირისპირო მოსაზრების მქონეთა თქმით, ღვთის სული, კერპებისგან განსხვავებით, ზედმიწევნითი სიზუსტით განჭვრეტს მომავალს და რიგ შემთხვევაში წმინდა ადამიანებსაც განუცხადებს მას. რაც შეეხება სპარსი მეფის სახელით მოხსენიებას, ძველ აღთქმაში, გარდა ესაიასი, მსგავსი რამ სხვაგანაც, მაგრამ მხოლოდ ერთხელ ფიქსირდება[9]. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირბით ფლავიოსის ცნობაც ნიშანდობლივია, რომ მეფე კიროსმა იუდეველთა გათავისუფლება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ესაიას წიგნის შესაბამის ადგილზე საკუთარი სახელი ამოიკითხვა.

ძვ. წ. აღ-ის 536 წელს ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორა, ტყვეების უდიდესი ნაწილი ბაბილონში გადაასახლა. სპარსული სახელმწიფოს დამაარსებელი კიროსი თავიდან სამხრეთ ელამში ანშანას განაგებდა (559 წ.). ათი წლის შემდეგ მან მიდია დაიმორჩილა და გაერთიანებული მიდო-სპარსული სახელმწიფოს მეთაური გახდა. 539 წელს კიროსმა ბაბილონი დაიპყრო, შემდეგ წელს კი იუდეველთა სამშობლოში დაბრუნებისა და ტაძრის აღდგენის შესახებ ბრძანება გამოსცა. რჩეულ ერთან მიმართებით ამგვარად მოქმედი მეფე ღვთის განაზრახს აღასრულებდა, რისთვისაც ღვთის მწყემსი ეწოდა.

ფრიდრიხ რუჟემონტი: კიროსი აღნიშნული სახელის ლათინური ფორმაა, ბიბლიურ ენაზე კი იგი ასე იწოდება: კორეშ).

თავი 45

მხ. 1. 'ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს".

უზენაესის წარმოდგენილი მიმართვა ანალოგს ვერ პოულობს წმინდა წერილში და ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ღმერთი წარმართ მეფეს თავის ცხებულად მოიხსენიებს. აღნიშნული ტერმინი იუდეველთა პირველი ორი მეფის, საულისა და დავითის, ზედწოდება იყო, რითიც მათი უფალთან განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ნაჩვენები. სავარაუდოდ, ცხებულებაში იგულისხმება, რომ კიროსი უნდა ყოფილიყო პიროვნება, ვინც დატყვევებულ ისრაელს საკუთარი მეფის არარსებობის პირობებში მფარველობას გაუწევდა. ამავდროულად იგი, ვითარცა ცხებული, მესიის წინასახეა, რადგან მსგავსად მესიისა ორი მოვლენის აღსასრულებლადაა მოწოდებული: რჩეული ერის გათავისუფლება და უღმერთო ხალხების მისამართით ღვთის მსჯავრის აღსრულება. კიროსის რჩეულობა მაღალზნეობრივმა ღირსებებმა განაპირობეს, რასაც არა ერთი წყარო ადასტურებს. რუსი მეცნიერი, ვლასტოვი, მის შესახებ ამბობდა: ‘სპარსი მეფის ზნეობრივ ღირსებებს ჩვენამდე მოღწეული ყველა ისტორიული მოვლენა ადასტურებს. მისი ხსოვნა ისეთი განსაკუთრებული ბრწყინვალებითაა გარშემოზღუდული, როგორსაც ანტიკური სამყაროს სხვა ვერც ერთ გამოჩენილ პიროვნებას ვერ განვუკუთვნებთ”. ძველი გადმოცემების უბადლო მცოდნე ესქილე „სპარსელებში“ კიროსს კეთილი სულის, უდიდესი გონიერების მქონე პიროვნებად მოიხსენიებს. ჰეროდოტეს ცნობით, სპარსელები თავიანთ მეფეს გულისხმიერების გამო მამას უწოდებდნენ. დიოდორე სიცილიელის უწყებით, კიროსი თანამედროვეთა შორის სიბრძნით, სიმამაცითა და მრავალი სხვა კეთილი თვისებით ყველას აღემატებოდა. განსაკუთრებით მეფეს სახიერება გამოარჩევდა, რისთვისაც მას სპარსელები მამას ეძახდნენ. დაბოლოს, ქსენოფონტემ თხზულებაში „კიროპედია“ იდეალური მეფისა და ადამიანის სიმბოლოდ სწორედ კიროსი წარმოადგინა.

სპარსი მეფე, როგორც ისტორიული პიროვნება, იესო ქრისტეს წინასახეა. კერძოდ, ესაიას ბაგეებით უფალი კიროსს საკუთარ ცხებულად აცხადებს, ამავდროულად უფლის ცხებულია ქრისტე, თუმცა ძე ღმერთი მამის ცხებულებას ბუნებითად ფლობს, ხოლო ადამიანი უზენაესისაგან მადლით ცხებულებას ღებულობს. კიროსი იუდეველ ერს ბაბილონის ტყვეობიდან ათავისუფლებს, რაც სიმბოლურად ჯოჯოხეთს განასახიერებს, განკაცებულმა ღმერთმა კი კაცობრიობა მარადიული სიკვდილისგან გამოიხსნა.

მხ. 3. 'მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს, რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი".

კიროსი, ესაიას თანახმად, საკუთარი ძლევამოსილების მიზეზზე უნდა დაფიქრებულიყო და მიმხვდარიყო, რომ უდიდეს წარმატებებში მას უზენაესი შეეწეოდა. ეს რომ სწორედ ასე მოხდა, ამას ცხადყოფს იოსებ ფლავიუსის მიერ მოხმობილი მეფის გამოცემული ბრძანების დასაწყისი ნაწილი: მას შემდეგ, რაც დიდებულმა ღმერთმა მეფობა მომიბოძა, ვრწმუნდები, რომ ეს ის ღმერთია, რომელსაც იუდეველნი სცემენ თაყვანს. სწორედ მან განაცხადა წინასწარმეტყველთა მიერ ჩემი სახელი და წინდაწინ გამოთქვა, რომ განვაახლებდი მის ტაძარს იერუსალიმში, იუდეველთა ქვეყანაში.

დარჩენილ მუხლებში წინასწარმეტყველი წარმართებს მიმართავს და ჭეშმარიტი ღმერთის აღიარებისკენ მოუხმობს.

თავი 46

მხ. 1-2 'ჩაიღუნა ბელი, მოიხარა ნებო; მათი კერპები მხეცებს და პირუტყვებს აჰკიდეს. მძიმეა თქვენი სატარებელი, როგორც დაქანცული ცხოველის ტვირთი!"

ბელი და ნებო ბაბილონის მთავარი ორი ‘ღვთაება” იყო. ბელი თაყვანისიცემობოდა როგორც მზის ‘ღმერთი”. ასურელებიც სწორედ ამგვარადვე აღიქმვამდნენ მას და საკუთარ ძირითად ‘ღვთაებას” - მარდუქს უიგივებდნენ. ბელ-მარდუქის საპატივცემლოდ ბაბილონში, სავარაუდოდ, 200 მეტრამდე სიმაღლის პირამიდის მსგავსი ტაძარი აეგოთ, რომელსაც სტრაბონი ბელის სამარხს უწოდებს. ნებო ბაბილონური თეოგონიის თანახმად, ბელ-მეროდხის შვილია. იგი ღვთის ნების გამცხადებლად მიიჩნეოდა.

ესაიას ცნობები კერპთა შემუსვრის თაობაზე ისტორიული წყაროს მონაცემებს არ ეთანხმება. ცნობილია, რომ მეფე კიროსი ბაბილონში ომისა და სისხლისღვრის გარეშე შევიდა და წარმართული ბომონისთვის ხელი არ უხლია. არც მისი მემკვიდრე კამბიზი შეხებია ცნობილ ბელ-მეროდაქის ოქროს გამოსახულებას. შესაბამისად, ესაიას სიტყვები კერპების ჩამუხვლვისა და განადგურების თაობაზე სიმბოლურად ბაბილონის იმპერიის დაცემას განასახიერებს.

მხ. 3-4. 'მისმინე, იაკობის სახლო და ისრაელის სახლის მთელო ნარჩენო, აყვანილო მუცლიდანვე, საშოდანვე ჩემო ნატარებო, შენს სიბერემდე მე იგივე ვარ და მოხუცობამდე მე გატარებ, მე შეგქმენი და მე აგიყვან, მე გატარებ და მე გადაგარჩენ".

წინასწარმეტყველი ზემოთწარმთქმული სიტყვების შემდეგ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ესაუბრება მსმენელებს: ესაიას ღმერთი ისეთი როდია, ვისაც ადგილის გადანაცვლებისთვის სხვისი ხელის შეშველება ესაჭიროება, არამედ პირიქით - თავად შეეწევა ყველა სხვას და სიცოცხლეს ანიჭებს ამ სამყაროს.

მხ. 7. 'მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე ჩამოდგამენ თავის ადგილზე. დგას და ადგილიდან არ იძვრის, შესძახიან და პასუხს არა სცემს, გასაჭირში ვერ ეშველება".

წინასწარმეტყველი აგრძელებს საუბარს კერპებზე და მათზე მინდობილი ადამიანის უგუნურებას წარმოაჩენს.

მხ. 11. 'გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან მტაცებელ ფრინველს, შორი ქვეყნიდან - ჩემი განზრახულის აღმსრულებელს; ვთქვი და დიახაც მოვახდენ; დავსახე და დიახაც გავაკეთებ".

ბოლოს წინასწარმეტყველი კიდევ ერთხელ ახსენებს მეფე კიროსს და ამჯერად მას აღმოსავლეთიდან მოხმობილ მტაცებელ ფრინველს უწოდებს. სეპტანტაში მითითებულ ადგილაზე გვხვდება ფრინველის კონკრეტული სახეობა - არწივი.

თავი 47

ზემოთ განხილულ მუხლებში ბაბილონური კერპების დამხობის შესახებ იყო მოთხრობილი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში წინასწარმეტყველი ქალაქ ბაბილონის დაცემის თაობაზე საუბრობს.

მხ. 1. 'ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი".

ქალაქი ბაბილონი ბიბლიაში რიგ შემთვევებში ქალის სახით არის წარმოდგენილი (შდრ. ბაბილონის ასულო). წარმოდგენილი მუხლი ნათლად გამოხატავს ბაბილონის მომავალ უბედურებას: ის, ვინც ცის სიმაღლეებისკენ მიილტვოდა და უზენაესის ტახტს ესწრაფვოდა, მალე ძირს დაენარცხება.

მხ. 5. 'იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი".

ბიბლიურ ენაზე სიბნელეში ჯდომა უბედურების მაუწყებელი მოვლენაა. ესაისას უწყვებით, ბაბილონელი მეფეები, რომლებიც მეფეთმეფის ტიტულს ატარებდნენ და ყველა სხვა მბრძანებელზე მაღლა ეჭირათ თავი, დატყვევებული მონის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

მხ. 6-7. 'განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე ჩემი წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი; არ მოეპყარი მათ სიბრალულით, მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი. შენ კი თქვი: საუკუნოდ ვარო ქალბატონი! გულთან არ გაგიკარებია ეს ამბები, არ გიფიქრია მათ აღსასრულზე".

ბაბილონის იმპერია ორი მიზეზის გამო დაეცემა:

1). ღვთის რჩეული ერისადმი ბაბილონელთა სასტიკი მოპყრობა.

2). ბაბილონელთა განუზომელი ამპარტავნება, თვისება, რომელიც წინაპრებისგან, ბაბილონის გოდოლის მაშენებლებისგან, იმემკვიდრეს.

მხ. 9-10. 'მოვა შენზე წამისყოფით ერთ დღეს ეს ორივე, შვილმკვდარობა და ქვრივობა. სრულად გეწევა შენ ეს, არ გიშველის შენი ურიცხვი გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები. შენი სიავის იმედი გქონდა, ამბობდი: არავინ არის ჩემი დამნახავიო. შენი სიბრძნე და ცოდნა გაცთუნებდა და ამბობდი გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო".

აღმოსავლეთის ძველ სახემწიფოებს შორის მაგიითა და ჯადოქრობით განსაკუთრებით ბაბილონი და ქალდეა გამოირჩეოდა. დიოდორე სიცილიელისა და ჰეროდოტეს ცნობით, ხსენებულ ადგილებში გრძნეულების 3 ძირითადი მიმართულება არსებობდა:

1). ამზადებდნენ სპეციფიური ამულეტებსა და გულსაკიდებს, რომლებზეც მაგიური სიტყვბი იყო ამოტვიფრული.

2). ავი სულების განდევნის მიზნით იკითხებოდა შესალოცი შინაარსის სიმღერები.

3). მზდდებოდა ჰოროსკოპები, რომლის მიხედვითაც ქურუმი მათი მფობელების ბედს განაცხადებდა.

მხ. 11. 'გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ".

მჩხიბაობას მინდობილი ბაბილონელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ჰოროსკოპების წყალობით მოულოდნელობის წინაშე არასოდეს აღმოჩნდებოდნენ და განსაცდელისას მაგიური ხელოვნების გამოყენებით ნებისმიერი საფრთხის დაძლევას შეძლებდნენ. ესაია იუწყება, რომ მათი მომავალი დაცემა გარდაუვალი რეალობაა.

თავი 48

მხ. 9. 'ჩემი სახელის გულისათვის ვაყოვნებ რისხვას და ჩემი დიდებისათვის გარიდებ მას, რომ არ მოგსპო".

რამდენგზის უღალატია ისრაელს თავისი შემოქმედისთვის და რამდენჯერ სრული განადგურების წინაშე აღმოჩენილა, მაგრამ ყოველ ჯერზე უზენაესი მიუტევებდა და ახალ შესაძლებლობას სთავაზობდა თავის რჩეულს. შემოქმედი ამას იქმოდა არა იმდენად ისრაელის გამო, რადგან წინდაწინ იცოდა მისი უკეთურებაში გაკერპება, არამედ საკუთარი დიდების წარმოსაჩენად. ესაია წარმოდგენილ მსჯელობას თანამედროვეობაში არსებული აზროვნების საპირისპიროდ გამოთქვამს: წარმართთა წარმოდგენით, ყოველ ეთნოსს მფარველი ღვთაება ჰყავდა, რომელიც თავად ირჩევდა ამა თუ იმ ერს. იუდეველებისთვის ასეთი ღმერთი იაჰვე იყო. თუ იუდეველთა უფალი ისრელს მიატოვებდა და ამით, უეჭველია, ეს უკანასკნელი დაიღუპებოდა, ის წარმართული კაცობრიობის თვალში უძლურად გამოჩნდებოდა, რადგან ამით ერთი რამ გახდებოდა საცნაური: იაჰვე არჩევანში შემცდარა ან ძალები არ ჰქონია, საკუთარი რჩეული დაეცვა.

თავი 49

წინასწარმეტყველი წყვეტს საუბარს ბაბილონის ტყვეობისა და კიროსის შესახებ და მზერას შორეულ მომავალს მიაპყრობს, სადაც კაცობრიობის გამოხსნა და ახალი ერის დასაწყისი იხილვება. მართალია, ესაიას ამ მოვლენაზე ადრეც უსაუბრია, მაგრამ ფრაგმენტულად, ეპიზოდურად და რიგ შემთხვევებში ალეგორიული სახე-სიმბოლოებით. 49-ე თავიდან ღვთის რჩეული ერის ისტორია უკანა პლანზე გადადის, ხოლო მის ადგილს მთელი კაცობრიობის გამოხსნის სათღვთო განგებულების საიდუმლოს შესახებ სწავლება ენაცველბა.

მხ. 1. 'მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი".

ესაია მსმენელებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ მოუხმობს, რომელთა შორისაც არა მარტო იუდეველნი იგულისხმებიან, არამედ ყოველი შორეული ხალხები.

'უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი". წარმოდგენილი სიტყვები არ მიემართება ესაიას, რადაგნ იგი ზრდასრულ ასაკში იქნა მოხმობილი საუფლო მსახურებისთვის. შესაბამისად, განმმარტებელთა თანახმად, საუბარი ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასს შეეხება.

მხ. 4. 'მე კი ვამბობდი: ამაოდ დავშვერი, ფუჭად და ტყუილად დავხარჯე ჩემი ძალა. ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან - ჩემი საზღაური!"

კომენტატორებს მიაჩნიათ, რომ წინამდებარე მუხლში გადმოცემული სწავლება მეორე ჰიპოსტასს ეკუთვნის: ძე ღმერთი თითქოს ეჭვს გამოთქვამს გამომხსნელობითი მისიის შესახებ. მეტიც, მის უსარგებლობაზე და ამაოებაზე ამახვილებს ყურადღებას. წარმოდგენილი სიტყვები მხოლოდ იუდეველ ერს უკავშირდევა, რაც ისტორიული ჭეშმარიტებითაც დადასტურდა: მესიის უპირველესი განაზრახი - ისრაელის გაბნეული ცხვრების შეკრება - ამ უკანასკნელთა გულქვაობის მიზეზით არ განხორციელდა. სწორედ ამგვარი ბოლომდე განუხორციელებელი გამოსყიდვის გამო[10] იხილვება ის უდიდესი მწუხარება, რაც იესო ქრისტემ გეთსიმანიაში სასმისის არიდების მიზნით აღმოთქმულ ლოცვაში განაცხადა და ჯვარზე სიკვდილის წინ წარმოთქვა[11].

'ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან - ჩემი საზღაური!" მიუხედავად იმისა, რომ უზენაესის მიერ გაღებული გამოუთქმელი მსხვერპლი იუდეველთა დიდი ნაწილისთვის უშედეგო გამოდგა, იგი არაფრით დამცრობილა და მიზეზი ამგვარი მესიანური მოღვაწეობის წარუმატებლობისა არა თავად მესიაშია, არამედ იმაში, ვინც საკუთარი გული გაისასტიკა და არ ინდომა ჭეშმარიტებასთან წილნაყარობა.

მხ. 14. 'თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყა".

სიონი ებრაელი ერის სიმბოლოა. საკუთარი სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის ფაქტის მრავალგზის მომსწრე იუდეველები, რომლებიც წინასწარმეტყველთა მკაცრ მამხილებელ სიტყვებს მუდმივად ისმენდნენ, ხოლო ცრუ მესიანური მოლოდინები არ მართლდებოდა, დრტვინავდნენ და ღმერთს მიტოვებულობაში ადანაშაულებდნენ. მომდევნო მუხლებში ესაია ამგვარ გაუკუღმართებულ შეხედულებებს განაქიქებს და საუბრობს ახალი სულიერი სიონის შესახებ, რაშიც ქრისტეს ეკლესია მოიაზრება.

თავი 50

მხ. 6. 'ჩემი ზურგი მივეცი ჩემს მცემელთ და ჩემი ლოყები – თმის მგლეჯელთ. ჩემს სახეს არ ვიფარავდი გინებისა და ფურთხებისგან".

თუკი წიგნის განვლილ ნაწილში მესიის ჯვარცმის შესახებ ცნობები შეფარვით იყო გადმოცემული, წარმოდგენილი მუხლი იმავე მოვლენას სახარებისეული სიცხადით გადმოგვცემს. მეტიც, ახალ აღთქმაში არსადაა ნათქვამი იმის შესახებ, რომ მაცხოვარს თმებს გლეჯდნენ, ესაიასთან კი მესიის ტანჯვის შესახებ თხრობაში ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად სწორედ ეს მოვლენა სახელდება.

მხ. 7-9. წინამდებარე მუხლებში მესიის დამცირების მიზეზებზეა საუბარი, რადგან იუდეველთა თვალში მისი ესოდენი დამდაბლება შესაძლოა, დაბრკოლების მიზეზი გამხდარიყო და სწორედ ამის გამო არ ეღიარებინათ იგი. ესაიას ბაგეებით კვლავ ძე ღმერთი ღაღადებს. იგი ამბობს, რომ მიუხედავად უდიდესი შეურაცხყოფისა, ის მაინც არაა მიტოვებული. მან თავად აირჩია ეს გზა და ვერავინ დადებს მას ბრალს ცოდვაში.

მხ. 7. 'მაგრამ უფალი ღმერთი შემეწეოდა მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ; ამიტომაც კაჟად ვაქციე ჩემი პირისახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები".

მესია უცოდველი იქნება. შესაბამისად, მისი ტანჯვა და შეურაცხყოფა დაუმსახურებელი განაჩენია.

მხ. 11. 'აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, კოცონთა გამჩაღებლებო, ყველანი შემოდით თქვენი ცეცხლის ალში და თქვენს გაჩაღებულ კოცონებში. ეს დაგემართებათ ჩემი ხელით: კერპებისთვის შეიწირებით".

ესაია მესიასთან დაპირისპირებული ადამიანების ბედს გვამცნობს. მოხმობილი წინასწარმეტყველების ისტორიული სინამდვილე იერუსალიმის ბოლო დღეების ტრაგიკულ აღსრულთანაა მჭიდრო კავშირში.

 ← წინა ნაწილი                                         გაგრძელება →



[1] შდრ. `ოი, ასურო, კვერხთო ჩემი წყრომისა! არგანი მათ ხელში ჩემი მრისხანებაა!~ ეს. 10.5.

[2] შდრ. მთ. 12. 18-21.

[3] ფს. 106.3.

[4] მთ. 8. 11-12.

[5] გალ. 3.28.

[6] შდრ. ეს. 13; 21.

[7] შდრ. ’რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!" ეს. 44.28.

[8] იგულისხმება თეორია დევტეროესაიას შესახებ (იხ. შესავ. ნაწილი).

[9] შდრ. ‘აჰა, მოვიდა ღვთისკაცი იუდადან ბეთელს უფლის შეგონებით, როცა იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა საკმევლის საკმევად. დასძახა სამსხვერპლოს უფლის სახელით და თქვა: სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ! ასე ამბობს უფალი: აჰა, დაებადება ძე დავითის სახლს და იოშია იქნება მისი სახელი. ზედ დაგაკლავს იგი გორაკთა მღვდლებს, რომლებიც საკმეველს გიკმევენ, და შენს თავზე დაწვავენ ადამიანთა ძვლებს. ნიშანიც გაუცხადა იმავე დღეს, თქვა: აჰა, იმის ნიშანი, რომ უფლის ნაბრძანებია ეს სიტყვა: აჰა, დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ნაცარი, ზედ რომ ყრია” (3 მეფ. 13. 1-3).

[10]ბოლომდე განუხორციელებელ გამოსყიდვაში არ იგულისხმება ღვთაებრივი მსხვერპლის ნაკლულევანება, ძე ღმერთმა განკაცებით, სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით მთელს კაცობრიობას მიანიჭა გამოხსნა. ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობა ზნეობრივი კუთხით მიმოიხილავს უშუალოდ იუდეველ ერთან დაკავშირებულ გულქვაობას და სწორედ ამაზე საუბრობს წინასწარმეტყველი.

[11] შდრ. 'და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? (მთ. 27.46).

ტეგები: Bible, Esaia, Holy, Prophet, Qwelly, ბიბლია, განმარტება, ეგზეგეტიკა, ესაია, წინასწარმეტყველი

ნახვა: 706

ბლოგ პოსტები

The coursing to angel ancient

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 25, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

Now that Amirdrassil has been ascetic on Mythic difficulty, Angel of Warcraft admirers accepting absolutely candid the stats for Fyr’alath, the Dream Render–the Emblematic weapon abandoned by Fyrakk. One emphasis at this afire new Angel of Warcraft weapon proves it is one of the best able items in the adventuresome acclimatized now.When Angel of Warcraft ancient adverse Apparatus 10.2, Guardians of the Dream, it teased Fyr’alath, the Dream Render–a new two-handed Emblematic axe abandoned by…

გაგრძელება

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

Qwelly World

free counters