თავი 8

წინამდებარე თავში კვლავ გრძელდება თხრობა იუდეის სამეფოს მომხვდურთაგან დაცვის შესახებ. აქაზთან ესაიას შეხვედრის შემდეგ გადის მცირე დრო და უფალი წინასწარმეტყველს ახალი მოვლენის შესახებ აუწყებს, რითიც დავითის სახლის თაობაზე ადრე ნაუწყები ჭეშმარიტება დადასტურდება.

მხ. 1. ‘მითხრა უფალმა: აიღე დიდი დაფა და ზედ გარკვევით დაწერე: მაჰერ შალალ ხაშ ბაზ”.

მსმენელთა შემეცნებაზე წინასწარმეტყველება მტკიცედ რომ ასახულიყო, ესაიას მისი ხილული დამოწმება უნდა მოეხდინა: დიდ დაფაზე[1] ყველასთვის გასაგები ენით მომავალი შვილის სახელი \ მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი იწერება. აღნიშნული ქმედება ესაიას მეორე შვილის დედის წიაღში ჩასახვამდე ხდება. ბიბლიაში დაფიქსირებულ საკუთარ სახელთა შორის მაჰერ-შალალ-ხაშ-ბაზი ყველაზე გრძელია. იგი ნიშნავს ისწრაფე ალაფობა, დააჩქარე ძარცვა. სავარაუდოდ, ამგვარი შეძახილებით ბრძოლაში გამარჯვებასთან ახლოს მყოფი იუდეველი მეომრები ერთმანეთს ამხნევებდნენ.

მხ. 2. ‘ავიყვანე სანდო მოწმეები - ურია მღვდელი და ზაქარია ბარაქიას ძე”.

წინასწარმეტყველების წარმოთქმისას ესაიას ორი მოწმე სჭირდებოდა. ურია მღვდელი მეფეთა წიგნებში არცთუ სახარბიელო კონტექსტში იხსენიება: სირია-ისარელის სამხედრო კავშირის დარღვევის შემდეგ აქაზის სურვილებს აყოლილმა ურიამ რჯულის თანახმად აგებული იერუსალიმის ტაძარის სამსხვერპლი გვერდზე გადადგა და მის ადგილზე დამასკოში ნანახი წარმართული სამსხვერპლოს ანალოგი განათავსა, სადაც შემდგომ მსხვერპლშეწირვებს აღასრულებდა[2]. რაც შეეხება ზაქარიას, ამ ადამიანის შესახებ არაფერია ცნობილი.

ურია მღვდელი ზაქარიასთან ერთად მოწმედ არის წარმოდგენილი. მათი მოწმობის მთავარი არსი ისაა, რომ ესაიას მიერ გრაგნილზე სიტყვების დაწერის პროცესში იქვე ყოფილიყვნენ და ეს მოვლენა მეფისა და ხალხის წინაშე დაემოწმებინათ. ურია მღვდელი იმ დროისთვის ყველასათვის კარგად ნაცნობი პირი იყო. ეს ცნობები მეფეთა წიგნშიცაა დაფიქსირებული. ურიას მოწმობა მეფისა და ხალხის წინაშე უეჭველი ჭეშმარიტების მადასტურებელი იქნებოდა, რადგან ესაიასა და ურიას შორის არ იყო კარგი ურთიერთობა. ურია არ ეთანხმებოდა წინასწარემტყველის შეხედულებებს და, შესაბამისად, ასეთი ადამიანის მოწმობა გაცილებით სანდო აღმოჩნდებოდა.

ნეტარი იერონიმე: ესაია ორი მოწმის თანხლებით ასრულებს ღვთისაგან დავალებულ საქმეს, ერთი ურია მღვდელია, რადგან მალაქიას სიტყვისებრ: ‘მღვდლის ბაგეები უნდა იმარხავდეს ცოდნას და მისი პირიდან უნდა მოელოდნენ რჯულს, რადგან ცაბაოთ უფლის მოციქულია იგი”[3], ხოლო ზაქარია, ეჭვგარეშეა წინასწარმეტყველი იყო).

მხ. 3. `და დავუახლოვდი წინასწარმეტყველ ქალს და დაორსულდა და შვა ძე და მითხრა უფალმა: @უწოდე მას სახელად მაჰერ შალალ ხაშ ბაზ. რადგან, ვიდრე ყმაწვილი ისწავლიდეს დაძახებას: მამი და დედი, დამასკოს დოვლათს და სამარიის ნადავლს აშურის მეფეს მიუტანენ^~.

ესაიას მეუღლე წინასწარმეტყველად შესაძლოა, ორი მიზეზით სახელდებოდეს: 1. როგორც წინასწარმეტყველის ცოლი; 2. როგორც ღვთისგან მომავლის გაცხადების უნარით დაჯილდოებული ადამიანი. ყრმის დაბადებამდე ორსულობის ცხრა თვისა და დაახლოებით, კიდევ ერთი წლის გათვალისწინებით, სანამ ბავშვი დედისა და მამის წარმოთქმას ისწავლიდეს, ესაიას სიტყვის თანახმად, სირიისა და ისრაელის სამხედრო კავშირი დაირღვევა, ხოლო დამასკოსა და სამარიის სიმდიდრე ასურთა მეფის მონაპოვარი გახდება. სწორედ ასურეთი იქნება ის სახელმწიფო, რომელიც საალაფოდ ისწრაფებს და ძარცვას დააჩქარებს. აღნიშნული მოვლენები 732 წელს აღსრულდა, ე. ი. წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან ორი წლის შემდეგ. მას მერე, რაც ესაიას სიტყვის პირველი ნაწილი გამართლდა (ანუ ესაიას შვილი შეეძინა და სახელად გრაგნილზე დაწერილი სიტყვები ეწოდა), უეჭველი იყო მისი მეორე ნაწილის გარდაუვალობა (ანუ სირია-ისარაელის განადგურება). წინასწარმეტყველი ცდილობდა, იუდეველ მეფეში სარწმუნოებრივი მუხტი გაემძაფრებინა და სწორი სულიერი ორიენტირი დაესახა, თუმცა აქაზმა დახმარებისთვის უზენაესის ნაცვლად ასურელებს მიმართა. ხალხის უდიდესი ნაწილი, თავად ურია მღვდელიც კი, მეფის შეხედულებებს იზიარებდა და ღვთისმსახურების წარმართული წეს-ჩვეულებანი შეეთვისებინა, რისთვისაც სამართლიანად მოუწევდა პასუხისგება ზეციური სამსჯავროს წინაშე.

ნეტარი იერონიმე: შემდეგ ესაია ამბობს, რომ დაუახლოვდა წინასწარმეტყველ ქალს, ვისშიც სულიწმინდა მოიაზრება. ებრაულ ენაში ტერმინი სულიწმინდა მდედრობითი სქესის სიტყვით რუა გადოიცემა. ზოგიერთების აზრით, ქალში ვისაც დაუახლოვდა ესაია, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოიაზრება, რომელსაც თამამად ძალგვიძს ასევე ვუწოდოთ წინასწარმეტყველი).

მე-4 მუხლში გაცხადებულია, რომ მითითებული მოვლენები მოხდება მანამ, სანამ ყმაწვილი (ესაიას მეორე შვილი) შეძლებს თქვას დედა და მამა.

დარჩენილ მუხლებში ესაია თანამემამულეებს კიდევ ერთხელ მიმართავს და ეუბნება, რომ იუდეის სამეფოს მიერ მოკავშირედ არჩეული ასურეთი, რომ არა უზენაესის თანადგომა და შემწეობა, არც მათ დაინდობდა და მძიმე დღეს აწევდა.

თავი 9

ესაია წინამდებარე თავის პირველ შვიდ მუხლში რიგით მეორე მესიანურ წინასწარმეტყველებას გადმოგვცემს, სადაც იუდეის სამეფოს თანამედროვე მძიმე ცხოვრებიდან მზერას მომავალ, ნათელ დღეებს მიაპყრობს, როდესაც ქვეყანას მესია მოევლინება.

მხ. 1. ‘მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას”.

დადგება ჟამი, როდესაც წყვდიადი და სიბნელე წარსულს ჩაბარდება. ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთით განლაგებულ დამცირებულ მდგომარეობაში მყოფი რეგიონების დასახელებისას ესია მთელს იუდეველ ერს მოიაზრებს. დამცირებულს უწოდებს, რადგან 732 წელს, თეგლათ-ფალასარის დროს, ისრაელის სამეფოს აღნიშნული ნაწილი ასურულ პროვინციად გადაიქცა. გაივლის რამდენიმე საუკუნე და განკაცეული მესიის ყრმობის წლები და ქვეყნიური მსახურების დსაწყისი სწორედ ხსენებულ ზღვისპირა კუთხეს დაუკავშირდება[4]. წარმართთა გალილეა ნეფთალემის კუთვნილი მიწების იმ ნაწილს ეწოდება, საიდანაც ასურელებმა წარმართების ჩასახლების მიზეზით იუდეველები გაასახლეს[5]. ცნობილია, რომ ჩრდილოეთის სამეფოდან გადასახლება რამდენიმეგზის განხორციელდა. მკვლევართა ნაწილი ვარაუდობს, რომ სახელწოდება წარმართთა გალილეა სოლომონის მეფობას უკავშირდება, როდესაც მან ერთიანი იუდაური სამეფოს ჩრდილოეთით განთავსებული მიწების ნაწილი ტვიროსის მეფეს უბოძა. სწორედ ამიტომ უწოდებდნენ მას წარმართთა გალილეას.

მხ. 2. ‘ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა”.

ესაია წინამდებარე მუხლში გადმოცემულ მოვლენას, რომელიც საუკუნეების შემდეგ უნდა აღსრულებულიყო, უკვე მომხდარი ამბის სახით ჰყვება. მსგავსი ხასიათის თხრობას წინასწარმეტყველებთან საკმაოდ ხშირად ვხვდებით, რადგან ისინი მომავლს რიგ შემთხვევაში როგორც აწყმოს, ხოლო ზოგჯერ ვითარცა წარსულს განჭვრეტენ.

მხ. 3-5. ესაია მსმენელს სიხარულისკენ მოუწოდებს.

მხ. 6-7. `რადგან ვაჟი შეგვეძინა ჩვენ, ძე მოგვეცა; და იქნება მთავრობა მის მხრებზე; და უწოდებენ მას სახელად საკვირველ მრჩეველს, ძლიერ ღმერთს, საუკუნო მამას, მთავარს მშვიდობისა. რათა იზარდოს მთავრობამ და მშვიდობამ დაუსრულებლად, დავითის ტახტზე და მის სამეფოზე, რათა გაამყაროს და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან და უკუნისამდე. უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას~.

ესაია მესიის შესახებ ხუთ მინიშნებას გამოთქვამს:

1. ყრმა გვეყოლება ‘ჩვენ”, ანუ ის, ვისზეც წინასწარმეტყუველი საუბრობს იუდეველი ერის წიაღში იშვება.

2. იგი დამწყემსავს ღვთის რჩეულ ერს და მთელ სამყაროს. მხრებზე მთავრობის ტვირთვა მესიის სამეფო პატივს წარმოაჩენს.

3. იმას, ვინც მომავალში უნდა იშვას, ოთხი სახელი ექნება: ა). საკვირველი მრჩეველი, რადგან მას ხალხი სიხარულით მოუსმენს[6]. ბ). ძლიერი ღმერთი \ ბიბლიის ებრაულ ტექსტში ღმერთის აღმნიშვნელად გვხვდება ტერმინი ელი. წმინდა წერილის არც ერთ წიგნში ყველაზე მართალი ადამიანიც კი აღნიშნული ტერმინით არ იხსენიება და ის საკუთრივ ღმერთს განეკუთვნება. გ). საუკუნო მამა \ განმმრეტებლთა ნაწილში მესიისთვის განკუთვნილი სახელი გაუგებრობას იწვევდა. ისინი ამბობდნენ, რომ განკაცების საიდუმლო ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასს, ძე ღმერთს უკავშირდება და, შესაბამისად, როგორ შეიძლება იგი მამას, პირველ ჰიპოსტასს უიგივდებოდეს? მოცემულ შემთხვევაში საუბარია მესიის დროსთან და არა სამების ჰიპოსტასებთან მიმართების შესახებ, რომ ისიც ისეთივე მარადიულია, როგორც მამა. დ). მთავარი მშვიდობისა.

4. მესიის მეუფებასა და წუთისოფლად მოტანილ მშვიდობას არასოდეს ექნება დასასრული. მისი სამეფო მშვიდობის სამეუფო გახდება.

5. ყოველივე ეს აღსრულდება, რადგან ასეთია ნება ღვთისა.

მხ. 9-21. ნათელი მომავლის თაობაზე უწყების შემდეგ ესაია აწმყოს უბრუნდება კვლავ, რომ თანამედროვე ადამიანები მკაცრად ამხილოს და ხსნის გზა დაუსახოს.

თავი 10

წინამდებარე თავის მთავარი თემაა უწყება ასურეთის იმპერიის შესახებ. ასური სემის ერთ-ერთი ძის სახელია[7]. იგი შემდეგში მისგან წარმომდგარ ხალხს ეწოდა. ასურის ჩამომავლები მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მესოპოტამიში, დასახლდნენ. მათი სამკვიდრებელი იმგვარად იყო გამაგრებული, რომ მტერი ვერ ახერხებდა ახალგაზრდა ერის მოხელთებას, რითიც ასურული ეთნოსის ჩამოყალიბების პროცესი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობდა. ირგვლივ საკმაოდ მტრულად განწყობილი მოსახლეობა მკვიდრობდა, რაც ხშირ დაპირისპირებას იწვევდა. ომების შედეგად ასურელები გამოცდილებას ღებულობდნენ. მოგვიანებით მათმა სამეფომ ისეთ ძლევამოსილებას მიაღწია, რომ საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. ასურის ჯარები არაერთგზის თვით ეგვიპტეშიც კი შეჭრილან და მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო დაუმორჩილებიათ.

მხ. 5. ‘ოი, ასურო, კვერხთო ჩემი წყრომისა! არგანი მათ ხელში ჩემი მრისხანებაა!~

ასურის წარმატება უზენაესისგან იყო. უფალი მას როგორც დასჯის იარაღს იყენებდა ურჩი ერების წინააღმდეგ, თუმცა, ესაიას უწყებით, მან ძლიერება საკუთარ თავს განუკუთვნა და გაამპარტავანდა. ამიტომაც დაისჯება და ეს სასჯელი საკმაოდ მძიმე იქნება. წინასწარმეტყველის უწყება ძვ. წლ. აღ-ის 539 წელს აღესრულა: მიდიისა და ბაბილონის გაერთიანებულმა ძალებმა დაიპყრეს ქ. ნინევი, ასური კი მიდიის პროვინციად გადაიქცა.

თავი 11

ბიბლიის მკვლევართა დიდი ნაწილი თანხმდება, რომ წინარე თავში გადმოცემული მესიანური სწავლება ესაიას ცხოვრების ბოლო პერიოდს უკავშირდება და ამ მონაკვეთს წინასწარმეტყველის მიერ გამოთქმულ გედის სიმღერას უწოდებენ.

მხ. 1-2. ‘ამოვა ყლორტი იესეს კუნძიდან და ნორჩი ნერგი მისი ფესვებიდან ნაყოფს გამოიღებს. დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს”.

ესაია პირველივე ქადაგებაში იუწყებოდა, რომ მოიკვეთებოდა ისრაელის მძლავრი ხე და მისგან მხოლოდ ფესვი დარჩებოდა[8]. ცხოვრების დასასრულს კი წინასწარმეტყველი კვლავ იმავე მოკვეთილ ხეს განჭვრეტს, რომლის ფესვებშიც სიცოცხლის ძალა იხილვება. და აი, იესეს ფესვიდან ახალი ნერგი აღმოცენდება, რაც ასურეთის იმპერიის დაცემის შემდეგ მოხდება. უფრო ზუსტ განსაზღვრებას დროის შესახებ ესაია არ იძლევა. მაშ ასე, დიდად დამდაბლდება დავითის სახლი და მრავალი შეჭირვება ექნება მას, მაგრამ განსაცდელების შემდეგ კვლავ აღორძინდება. იაკობ მამამთავარი საკუთარი ძეების კურთხევისას იუდას განსაკუთრებულად ლოცავდა, რითიც მის შთამომავლთა შორის მესიის მოვლენის თაობაზე იუწყებოდა. გაივლის დაახლოებით ცხრა საუკუნე. ამჯერად ესაია იაკობის კურთხევას აკონკრეტებს და მიუთითებს, რომ მესია, ვისზეც მამამთავარი საუბრობდა, იუდას მრავალრიცხოვან ჩამომავლობაში, საკუთრივ იესეს ძირიდან აღმოცენდება.

როგორი იქნება მესია, ახალი ნერგი იესეს ფესვიდან? განა ქვეყნიური ძალა-უფლებითა და ხელმწიფებით განმტკიცებული მრისხანე მეფე და მხედარმთავარი? ასეთი მეფის შესახებ ესია არსად საუბრობს. პირიქით, წინასწარმეტყველი სრულიად საპირისპირო რამეს განჭვრეტს: მასზე, ვისაც იაჰვე მოავლენს, დაივანებს ’უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და სიმხნევისა, სული შეგნებისა და უფლის შიშისა. ის უფლის შიშით ისულდგმულებს”. აღსანიშნავია, რომ ესაია ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა შორის ყველაზე ხშირად საუბრობს სულიწმინდაზე.

მხ. 3-5. ‘დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას. სიმართლით განსჯის ღარიბ-ღატაკთ, სისწორით განიკითხავს ქვეყნის ბედშავთ, დაჰკრავს მიწას თავის ბაგეთა კვერთხს და თავისი ბაგეთა სუნთქვით მოკლავს უკეთურს. სიმართლე იქნება სარტყლად მის წელზე და სიწრფელე სარტყლად მის ფერდებზე”.

ძველ დროს აღმოსავლეთში სასამართლო დავები გარკვეული საფასურის გადახდის შესაბამისად წყდებოდა და ღარიბი ადამიანი შეძლებულის წინააღდეგ იმთვითვე განწირული იყო მარცხისთვის. ესაია უთითებს, რომ იესეს ფესვიდან ამოზრდილი ყლორტი ამგვარი მსაჯული როდი იქნება, არამედ მასთან მხოლოდ სიმართლე იზეიმებს.

`და თავისი ბაგეთა სუნთქვით მოკლავს უკეთურს” (მხ. 4). მითითებული ადგილი პავლე მოციქულმა თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეში წარმოადგინა როგორც უწყება ქრისტეს მიერ ანტიქრისტეს ძლევის შესახებ[9].

მხ. 6. `მგელი კრავთან ერთად იცხოვრებს, და ვეფხვი თიკნის გვერდით წამოწვება, ხბო, ლომის ბოკვერები და ხარი ერთად იქნებიან...~

ეკლესიის მამები განსხვავებულ განმარტებას გვთავაზობენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მეორედ მოსვლის შემდგომ მდგომარეობაზეა საუბარი, როდესაც ცხოველები და ადამიანები ჰარმონიულად იცხოვრებენ. სხვების აზრით, მხეცებში წარმართი ხალხები მოიაზრებიან, რომლებიც ძვ. აღთქმის რჩეულ ერს ისე ექცეოდნენ, როგორც მტაცებელი მხეცები - თიკანსა და ხბოს და მათ მოძღვრებას ღმერთის თაობაზე არაფრად მიიჩნევდნენ, მაგრმა დადგება ჟამი, როდესაც სულიერად გაველურებული ხალხები ღვთის ხმას მოისმენენ და საპირისპირო თვისებებით აღივსებიან.

თავი 12

მითითებული თავი 6 მუხლისგან შედგება.

მხ. 1-2. ‘შენ იტყვი იმ დღეს: გმადლობ, უფალო, რომ განმირისხდი; რომ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე. აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი”.

უფალი ესაიას პირით ამცნობს იუდას, რომ დადგება ჟამი, როდესაც ისინი კვლავ უკან მობრუნდებიან ტყვეობიდან. წინასაწარმეტყველი სამადლობელ ჰიმნს გამოთქვამს, რითაც ნაწყალობებმა იუდეველებმა მადლობა უნდა აღუვლინონ შემოქმედს მსგავსად მოსესი და მარიამისა, რომელთაც მეწამული ზღვის გადალახვის შემდეგ დიდება უძღვნეს უზენაესს მათთვის მინიჭებული შეწევნისთვის.

მხ. 3. `და თქვენ სიხარულით ამოხაპავთ წყალს ხსნის წყაროებიდან~.

ესაია მომავალი სიხარულის გადმოსაცემად თანატომელებისთვის კარგად გასაგებ მაგალითს იშველიებს. აღთქმულ მიწაზე წყალი დიდად ფასობდა, რადგან განსაკუთრებით ზაფხულში ძლიერი გვალვისას წყაროები და მდინარეები შრებოდა. წინასწარმეტყველის თქმით, განსხვავებით პალესტინური მდინარეებისგან, მის მიერ ხსენებული წყაროები ამოუწურავი იქნება[10].

მე-12 თავის 3-6 მუხლი ნათლისღების დღესასწაულის მსახურებაზე წარდგომის სახით იკითხება. შესაბამისად, ეკლესიის მამები ხსნის წყაროებში ხედავენ უწყებას ნათლისღების საიდუმლოს თაობაზე.

თავი 13

ესაიას წიგნის 13\23 თავები ეძღვნება წინასწარმეტყველებებს წარმართული ერებისა და სახელმწიფოებების შესახებ.

მხ. 1. ‘განაჩენი ბაბილონისა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ" .

ესაია წარმართი ერების მომავლის გაცხადებას ბაბილონით იწყებს. აღნიშნული იმპერიის დედაქალაქიც იმავე სახელწოდების ბაბილონი იყო, სადაც დასაბამიდანვე ღვთის წინააღმდგომი სული მკვიდრობდა[11] და შემდგომი საუკუნეების მანძილზე, მრავალი მმართველი დინასტიის ცვლილების მიუხედავად, უკეთურება მუდმივად პროგრესირებდა. საუკუნეების მანძილზე ბაბილონი ისრაელის ღმერთთან დაპირისპირებული ძალების ეპიცენტრად მიიჩნეოდა. იგივე სიმბოლიკა გვხვდება გამოცხადების წიგნშიც, სადაც დიდი მწუხარების ჟამია აღწერილი[12].

მხ. 4. 'მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს".

წინასწარმეტყველი მთებში გაჟღერებული ხმის შესახებ გვამცნობს. მითითებულ მთებში ბაბილონისა და მიდია-სპარსეთის სახელმწიფოების გამყოფი მთები მოიაზრება. ბრბოს ხმაში ბაბილონის წინააღმდეგ გაერთიანებული სახელმწიფოები და მათ მიმხრობილი ხალხები იგულისხმებიან.

მხ. 17. 'აჰა, აღვძრავ მათზე მიდიელებს, რომლებიც ვერცხლს არად აგდებენ და ოქრო არ ახარებთ".

წინასწარმეტყველი მიდიის შესახებ საუბრობს. მიდიელებმა ესაიას პერიოდში არა ერთი ზიანი მიაყენეს ასურეთის სამეფოს. თიგლათფალასარი და სარგონი მათ დამორჩილებას ცდილობდნენ. სარგონმა მიდიელთა დიდი ნაწილი ემათსა და კელესირიაში გადაასახლა. თუმცა რაც უფრო სუსტდებოდა ასურეთის სამეფო, მით მეტად ძლიერდებოდნენ მიდიელნი. ესაია არ ახსენებს სპარსელებს და ამის მიზეზი ისაა, რომ წინასწარმეტყველის პერიოდის იუდეველთათვის სპარსელები უცნობი მოდგმის ხალხი იყო.

'მიდიელნი ვერცხლს არ აფასებენ და ოქრო არ სურთ". ამით ნაჩვენებია, რომ ისინი არა თუ სიმდიდრის მოპოვების მიზნით დაესხმიან ბაბილონს, არამედ ღვთის ნებას აღასრულებენ.

მხ. 19. 'ბაბილონი - სამეფოთა მშვენება, ქალდეველთა დიდების სამკაული, დაემსგავსება უფლისგან დაქცეულ სოდომს და გომორას".

ბაბილონი რამდენიმე საუკუნის მანძილზე სამყაროს უძლიერესი იმპერი იყო. მსოფლიო ცივილიზაციის აკვანი სწორედ ამ სახელმწიფოში დაირწა. მათემატიკისა და ასტროლოგიის ფესვები უძველეს ბაბილონს უკავშირდება. ხსენებული ტერიტორიის პირველმემკვიდრენი ქამის ჩამომავლები - ქუშიტები იყვნენ. მათ ებრაელები კასდიმებად იხსენიებდნენ, ხოლო უძველეს წარწერებში გვხვდება სახელწოდება კალდაი, საიდანაც მომდინარეობს ცნობილი სახელწოდება ქალდეა. ქალდეველები ორ ტომად იყოფოდნენ - სუმირები და აკადები. მოგვიანებით ბაბილონში ჩასახლდნენ სემიტური ტომები, რომლებიც ადგილობრივი ქალდეური კულტურის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ და ყველაფრით შეერწყნენ აბორიგენ მოსახლეობას, გარდა ენისა. სწორედ ამ შეერთების გზით წარმოიქმნა უმძლავრესი სემიტური-ქუშიტური გენი, რომელმაც შექმნა ბაბილონისა და ასურეთის იმპერიები. ბაბილონის იმპერიამ დიდების მწვერვალს მეფე ნაბუქოდონოსორის დროს მიაღწია. ხსენებული იმპერია ყველანაირი სიმდიდრისა და ძალაუფლების მფლობელი გახდა. სამეფოს დედაქალაქი ბაბილონი მთელს იმდროინდელ მსოფლიოში გამორჩეული პოლისი იყო.

მხ.20-22. 'არასოდეს დასახლდება იგი და არ გაშენდება უკუნისამდე. არაბი არ დაიკარვებს იქ და არც მწყემსები დაიბინავებენ. უდაბნოს მხეცები გაიჩენენ იქ ბუნაგს და მიკიოტებით აივსება მათი სახლები, სირაქლემები დასახლდებიან იქ და ალქაჯები გათელავენ იქაურობას, აფთარნი იჩხავლებენ მის სასახლეებში და ტურები სალხინო პალატებში“.

წინამდებარე უწყება ბაბილონის დაცემის თაობაზე განმმარტებლებს განსხვავებულად ესმოდათ. ნაწილი მიიჩნევდა, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია ძვ. წ. აღ-ის 539 წელს განვითერებული მოვლენების შესახებ, როდესაც საპარსულ-მიდიურმა ჯარმა ქალდეველთა დედაქალაქი დაიპყრო და ბაბილონის იმპერიის არსებობას წერტილი დაუსვა. მაგრამ საქმე ისაა, რომ ესაიას ცნობისგან განსხვავებით, სადაც ბაბილონის სრულ განადგურებაზეა საუბარი, სპარსთა მეფე კიროსს დამორჩილებულ ქალაქში არაფრისთვის უხლია ხელი და მეგაპოლისმა, ყოველგვარი დარბევის გარეშე, საკუთარი სახე სრულად შეინარჩუნა. შესაბამისად, განმმარტებელთა მეორე ნაწილის თქმით, წინასწარმეტყველი საუბრობს არა სპარსულ-მიდიური არმიის წარმატებაზე, არამედ აღნიშნული მოვლენის უწინარეს ასურელთაგან ბაბილონის არაერთგზის შევიწროების თაობაზე. ისტორიკოსთა ცნობით, ასურელებმა ბაბილონში რამდენჯერმე ილაშქრეს: ძვ. წ. აღ-ის 700 წ., 689 წ., რასაც დაპყრობილი ქალაქის ნგრევა მოჰყვა, თუმცა მოგვიანებით დედაქალაქი კვლავ აღადგინეს. სწორედ ამას გულისხმობს ესაია. რაც შეეხება სიტყვებს: ‘არასოდეს დასახლდება იგი და არ გაშენდება უკუნისამდე” – მოცემულ შემთხვევაში ბაბილონის საბოლოო განაჩენია ნაუწყები. კიროსის შემდეგ მისი მემკვიდრენი, სპარსი მეფეები, დარიოსი და ქსერქსე, მიზანმიმართულად ანადგურებდნენ ბაბილონს. მოსახლეობა თანდათანობით ტოვებდა დქალაქს და გარკვეული დროის შემდეგ ბაბილონის ადგილმდებარეობაც კი დავიწყებას მიეცა. ესაია სწორედ მრავალი საუკუნის მანძილზე მიმდინარე მოვლენებს აერთიანებს და ასევე გვთავაზობს მის აღწერილობას.

თავი 14

მხ. 1. „მალე დადგება მისი ჟამი და მისი დღეები არ გაგრძელდება…“

წარმოდგენილი წინადადება ბერძნულ ბიბლიაში მე-13 თავის ბოლო ნაწილს განეკუთვნება. იმაში, ვისი ჟამიც მალე დადგება, ბაბილონი იგულისხმება. წინასწარმეტყველის სიტყვით, ბაბილონის იმპერია უნდა განადგურდეს, რადგან სხვაგვარად იუდეველების სამშობლოში დაბრუნება ვერ მოხერხდება, რადგან, როგორც მე-17 მუხლშია აღნიშნული: ბაბილონის მეფემ ქვეყნიერება უდაბნოდ აქცია, ხოლო პატიმრებს არ აძლევდა სახლში დაბრუნების ნებას (შდრ. ‘ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?”). შესაბამისად, პატიმრადაა მოაზრებული ებრაელი ერიც. წინასწარმეტყველი ზემოთ წარმოდგენილი უწყებით იმპერიის დაცემის მიზეზს გადმოგვცემს.

მხ. 3-4. ‘იმ დღეს, როცა ამოგასუნთქებს უფალი ჭირ-ვარამისგან და შფოთისაგან, და მძიმე სატანჯველისგან, რომლითაც იტანჯები. წარმოთქვამ ამ იგავს ბაბილონის მეფეზე და იტყვი: როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას!”

წინამდებარე თავის 3-21 მუხლები გამრჯვების ჰიმნია, რომელიც იუდეველმა ხალხმა ბაბილონელი მეფის დამარცხებისას და საკუთარი მონობის დასასრულს უნდა იგალობოს. განმმარტებელთა შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. ისინი სვამდნენ კითხვას: ვის გულისხმობს ესაია მოცემულ შემთხვევაში? ნაწილს მიაჩნდა, რომ წინასწარმეტყველი დემონზე საუბრობდა. ამგვარი მოსაზრება პირველად ტერტულიანემ გამოთქვა, რასაც წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველიც იზიარებდა. სხვათა აზრით, მეფე-ტირანში კრებსითად ყველა უკეთური ბაბილონელი ხელმწიფე იგულისხმება. მესამე მოსაზრების თანახმად, მტარვალში სენნახირიმი მოიაზრება. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ხსენებული პირი ასურეთის მეფე იყო და არა ბაბილონისა. საქმე ისაა, რომ ბაბილონი ძვ. წ. აღ-ის მე-10 საუკუნეში ასურეთის ვასალი გახდა. ასურეთის მმართველის თიგალათფალასარ III-ის[13] ტიტულატურას ქრისტეშობმადე 728 წელს ახალი სახელი ემატება - მეფე ბაბილონისა. ასურეთის დედაქალაქი ნინევი იყო, მაგრმა იმპერიის კულტურულ ცენტრს ბაბილონი წარმოადგენდა. ორი სახელმწიფოს დაახლოების შედეგად მძლავრად მიმდინარეობდა ასიმილაცია და შემდგომში მოხდა ისე, რომ ასურელთა შორის ბაბილონურმა ‘ღვთაებამ” მარდუქმა მოიკიდა ფეხი. ასურეთის მეფეები სარგონ II[14] და სენნახირიმი[15] საკუთარ თავს ბაბილონელ ხელმწიფეებს უწოდებდნენ. სარგონის გარდაცვალების შემდეგ მთელს ასურეთში ამბოხის ტალღამ იმძლავრა. ელამიტელებმა ბაბილონის საყდარზე მუშაზიბ-მარდუქი განამწესეს. იგი სამი წელი მეფობდა[16]. სწორედ ხსენებული ამბოხის დაცხრომის მიზნით სენნახირიმმა დამსჯელი ღონისძიება აწარმოა, რასაც ბაბილონის განადგურება მოჰყვა (689 წ.), თუმცა სენნახირიმის ვაჟის ასარგადონის დროს დანგრეული ქალაქი კვლავ აღადგინეს.

მხ. 13-14. 'გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!"

წინამდებარე მუხლში გადმოცემული ცნობების მსგავსი გვხვდება წინასწარმეტყველ აბდიასთანაც: „არწივივით მაღლაც რომ აიჭრა, ვარსკვლავთა შორისაც რომ დაიბუდო, იქიდანაც ჩამოგაგდებ"[17]. საქმე ისაა, რომ ძველი ხალხების წარმოდგენით, ცა ქვეყნიერების სივრცის დასასრულს წარმოადგენდა, ხოლო მის შიგნითა ზედაპირზე ვარსკვლავები მდებარეობდნენ, ხილული სივრცის ზემოთ, ზედა მხრიდან კი (ანუ ზეცის მეორე მხარეს), უმაღლეს სფეროებში უზენაესის ტახტი ბრძანდებოდა. სწორედ იქით, ადამიანის მზერისთვის თვალუწვდენელი სიმაღლისკენ, მიილტვოდნენ ბაბილონელი მეფეები. ძველ ხალხთა ცნობიერებაში უზენაესი ძალის სამკვიდრებელი სიმაღლეებთან იყო დაკავშირებული. მაგ., ბერძნები და რომაელები ოლიმპოს მთას და მასზე განლაგებულ პანთეონს მიაპყრობდნენ იმედის თვალს.

მხ. 18-19. 'ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში. შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი".

გარდაცვლილი ადამიანისათვის საფლავის გამზადება და მასში დაკრძალვა უდიდეს პატივად მიიჩნეოდა. ეგვიპტელები და სპარსელები თავიანთ გარდაცვლილებს სახლზე უფრო ძვირფას და მყარ საფლავებს უმზადებდნენ. განსაკუთრებულ შეურაცხყოფად აღიქმებოდა, როდესაც მეფე სამეფო დაკრძალვის წესის აღსრულების გარეშე რჩებოდა. მითითებული მუხლების გათვალისწინებით, დაუკრძალავად დარჩენილ მეფეში ბაბილონის სამეფო მოიაზრება და ესაია მსოფლიოს მშვენებას, დედაქალაქ ბაბილონს, კვლავაც სასირცხვილო აღსასრულს უწინასწარმეტყველებს.

მხ. 28-34. ‘ასეთი განაჩენი იყო მეფე აქაზის სიკვდილის წელს. ნუ გიხარია, ფილისტიმის ქვეყანავ, რომ დაილეწა შენი მგვემელის კვერთხი, რადგან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება…”

წინამდებარე წინასწარმეტყველების წარმოთქმის დრო მეფე აქაზის გარდაცვალებით თარიღდება - ქრისტეშობამდე 727 წელი. იგი ფილისტიმელებს მიემართება. მეფე ოზიამ, აქაზის ბაბუამ, რომელმაც იუდეა წინააზიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ აქცია, სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად ფილისტიმელებიც დაიმორჩილა. ვასალური დამოკიდებულება იუდეის შემდეგი მეფეების დროსაც გაგრძელდა, მაგრამ სამხრეთის სამეფოს წინააღმდეგ მიმართული სირია-ისრაელის სამხედრო კავშირისას მეფე აქაზის გავლენა დამორჩილებულ რეგიონზე იქამდე შესუსტდა, რომ ფილისტიმელებმა იუდეის კუთვნილი რამდენიმე ქალაქი დაიპყრეს[18], თუმცა მოგვიანებით თეგლათ-ფალასარისგან მძიმე მარცხი იწვნიეს. ასურელი მეფე აქაზის გარდაცვალების წელს აღესრულა (727 წელი). როგორც ჩანს, ფილისტიმელები დიდად ხარობდნენ, რადგან დაილეწა მათი დამსჯელი კვერთხი. მიუხედავად ამისა, ესაია ფილისტიმელებს ამცნობს, რომ სიხარული არ იქნება ხანგრძლივი, ვინაიდან გველის ფესვიდან გამოვა უნასი და მისი ნაშიერი მფრინავი გველეშაპი იქნება. წინასწარმეტყველი ალეგორიას მიმართავს, გველმა (თეგლათ-ფალასარ III) შვა უნასი (სარგონი), ხოლო ამ უკანასკნელმა - მფრინავი გველეშაპი (სენნახირიმი). ესაიას მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან გარკვეული დროის შემდეგ ყველა ხსენებული ასურელი მეფე ფილისტიმელებს მართლაც უდიდეს ზიანს მიაყენებს.

თავი 15

ესაიას მორიგი წინასწარმეტყველების ობიექტი - სახელმწიფო მოაბი. იუდეველებსა და მოაბელებს ერთურთთან სისხლისმიერი ნათესაობა ჰქონდათ[19], თუმცა საუკუნეების მანძილზე უპირისპირდებოდნენ ურთიერთს. ქვეყნის სახელი მათ მამამთავრს უკავშირდება: ლოთის უფროს ასულს საკუთარ მამასთან ცოდვით დაცემის შედეგად შეეძინება ძე, რომელსაც მოაბს უწოდებენ. იუდეველებთან შუღლის მიზეზი სადავო ტერიტორიები იყო: მკვდარი ზღვის აღმოსავლეთით მცხოვრები მოაბელები ჩრდილოეთით გადის ტომის კუთვნილ მიწებს ესაზღვრებოდნენ. რჩეული ერის მხრიდან აღთქმული მიწის განაწილებისას მოაბელებმა არა მარტო სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნეს, არამედ რიგ შემთხვაში პირიქით, თავს ესხმოდნენ და ჯაბნიდნენ ებრაელებს. მსაჯულთა წიგნებში აღნიშნულია, რომ თვრამეტი წლის მანძილზე იუდეველები მოაბს ემორჩილებოდნენ[20], საული საომარ მოქმედებებს აწარმოებდა მათ წინააღმდეგ. მხოლოდ მეფე დავითმა შესძლო შეუპოვარი მეზობლის დამორჩილება[21]. მოაბელთა მეფე მეშა ძვ. წ. აღ.-ის 900 წ. კვლავ იბრუნებს დამოუკიდებლობას და პირიქით, ებრაელთა ტერიტორიის ნაწილს, გადის ტომის კუთვნილ მიწებს, ეუფლება. ესია მე-15, მე-16 თავებში მეზობელი სახელმწიფოს განადგურების შესახებ იუწყება და ამ განაჩენის აღმსრულებელი ასურეთი იქნება.

მხ. 1-4. ‘მოაბის განაჩენი. იმ ღამით, როცა გაძარცვეს ყარი, გაცამტვერდა მოაბი, რადგან იმ ღამით გაძარცვეს კირი, გაცამტვერდა მოაბი. ავიდა ტაძრად და დიბონში, გორაკებზე სატირლად; ნებოზე და მედებაზე გოდებს მოაბი; ყველას თავი გადაპარსული აქვს, წვერები ყველას მოკვეცილი აქვს…”

მოაბელებს თეგლათ-ფალასარისა და სარგონის მიერ ისრაელის სამეფოს წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დიდად ახარებდათ. ესაია კი მოცემულ შემთხვევაში იუწყება, რომ მსგავსი სახის განსაცდელი იმავე ასურელთაგან მათაც მოელით. ტექსტში ნახსენები არ-მოაბი დედაქალაქია. არ მოაბურ ენაზე ქალაქს ნიშნავს[22]. კირ-მოაბი მაღალ, ციცაბი კლდე კერაკზე გაშენებული სამხრეთის ყველაზე ძლიერი და მიუდგომელი მოაბური ციხე-სიმაგრე იყო[23]. ესაიას სიტყვის თანახმად, თავდასხმა ღამე მოულოდნელად მოხდება, როდესაც ადამიანებს ღრმად ეძინებათ. ციხე-სიმაგრეების სიმტკიცის მიუხედავად ასურელები მიზანს მიაღწევენ და მოაბს დაიმორჩილებენ.

თავი 16

მხ. 1-12. წინასწარმეტყველი სულიერი თვალით განჭვრეტს, თუ როგორ მოემართებიან შევიწროებული მოაბიდან ელჩები შემწეობისა და დახმარების სათხოვნელად იუდეის სამეფოში. ჩამოსულ ელჩებს იუდეის მეფე უარით გაისტუმრებს, რადგან, წინასწარმეტყველის სიტყვებით, მოაბელნი ამპარტავანი, მზვაობარი ხალხია და მათი მინდობა არ შეიძლება. ამიტომაც მარტო მოუწევთ მოსალოდნელ განსაცდელებთან ჭიდილი. მოაბელებს ერთი რამ დარჩენიათ – ცხარე ცრემლებით დაიტირონ ერთურთი მოსალოდნელი განსაცდელების წინ.

მხ. 13-14. „სამი წლის შემდეგ, ქირავნობის წლების მიხედვით, შერცხვენილი იქნება მოაბის პატივი...“

მოაბის დაქცევის შესახებ უწინარესაც არსებობდა წინასწარმეტყველება[24]. ყურადღებას იქცევს ტერმინი ქირავნობის წლები. ესაა დროის ყველაზე ზუსტი და კონკრეტული ათვლა-აღრიცხვა: ქირავნობის მიხედვით შეთანხმება გულისხმობდა მკაცრად განსაზღვრულ დროის მონაკვეთს. მაგალითად, როდესაც ერთი იუდეველი მეორეს დაიქირავებდა, ხელშეკრულება ქირავნობის დროის გათვალისწინებით იდებოდა, რაც ნიშნავდა იმას, რომ დაქირავებული მუშა დამქირავებელთან დათქმული ვადის ამოწურვისთანავე წყვეტდა შრომას და ერთი დღით მეტსაც აღარ დარჩებოდა. ასევე დამქირავებელიც, იმავე ქირავნობის შეთანხმების თანახმად, არ გაათავისუფლებდა დაქირავებულს შეთანხმებული დროის გასვლამდე[25]. ამით მითითებულია, რომ ზუსტად სამ წელის შემდეგ, არც მეტი არც ნაკლები, მოაბზე ესაიას ნათქვამი სიტყვები აღსრულდება. როდის და რა პირობებში ახდა წინასწარმეტყველება უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ ისტორიული წყაროების თანახმად, ესაიას თანამედროვე ასურელი მეფე სენნახირიმი მოაბის მეფე კამოს-ნადობს იმ მმართველთა შორის მოიხსენიებს, რომლებიც ასურთა დიდი მბრძანებლის ფეხებს ეამბორებოდნენ.

თავი 17

ამ თავში ესაია დამასკოს შესახებ წინასწარმეტყველებს.

მხ.1-3. „წარმონათქვამი დამასკოზე: @ნახეთ, დამასკო აღარ იქნება ქალაქი, არამედ მხოლოდ ნანგრევთა გორა…^“

ესაია სირიის დედაქალაქის - დამასკოს დაცემის შესახებ საუბრობს. როდის უნდა წარმოთქმულიყო აღნიშნული უწყება? განმმარტებელთა ვარაუდით, იგი ესაიას ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ წინასწარმეტყველებას მიეკუთვნება. ბიბლიური და ისტორიული ცნობებით, ასურელემბა დამასკო ძვ. წ. აღ-ის 732 წელს დაიპყრეს და ადგილობრივი მეფის ნაცვლად ქვეყნის მმართველად ასურელი გუბერნატორი დანიშნეს. შესაბამისად, წინასწარმეტყველება 732 წლამდე უნდა თქმულიყო. დამასკოში მთელი სირია მოიაზრება. წინასწარმეტყველების აღსრულების თაობაზე თიგლათფალას III-ის სახელით შემორჩენილი ერთ-ერთი წარწერა მიუთითებს, სადაც იკითხება: ‘ვბრძანე, სირიელთა უდიდესი რაოდენობისთვის თავები მოეკვეათათ. ადარას, რაცინის მამის სასახლე, რომელიც მიუვალ კლდეზე იყო აგებული, ალყაში მოვაქციე და დავიპყარი. რვა ათასი ადამიანი ტყვედ წავასხი. დამასკოს ქვეყნის 500 ქალაქი ნაგვის გროვად ვაქციე”. თუმცა თიგლათფალასარის დარბევის შემდეგ დამასკო მალევე აღადგინეს, რაც იერემიასა და ეზეკიელის წიგნებითაც დასტურდება.

მხ.4. 'იმ დღეს დაილევა იაკობის დიდება და მისი მსუქანი ხორცი დამჭლევდება".

ესაია ისრაელის სამეფოს შესახებ საუბრობს. იუდასთან შედარებით იგი საკმაოდ მძლავრი და ვრცელი ტერიტორიის მომცველი სახელმწიფო იყო. მანასესა და ეფრემის მრავალრიცხოვანმა და ძლიერმა ტომებმა ისრაელის დანარჩენი გვარები საკუთარი თავის გარშემო შემოიკრიბეს, სამეფოში წამყვან მდგომარეობას კი თავად ფლობდნენ. ჯერ კიდევ ერთიანი სახელმწიფოს გაყოფამდე ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებული 10 ტომი ეჭვის თვალით უმზერდა იუდას შთამომავლებს, რადგან ისტორიულ წარსულში მოპოვებული ყველა წარმეტება იოსეფის გენეტიკური მემკვიდრეების, იოსეფიტების, ხელმძღვანელობით იყო მიღწეული. სწორედ მათ ეკავათ დაწინაურებული ადგილი სამუელის ეპოქამდე[26]. იუდას სამეფო ხშირად ვასალურ დამოკიდებულებაში იყო ისრაელთან, რადგან ეს უკანასკნელი თავისი ძლიერების გამო იძულებულს ხდიდა იუდას მეფეებს, ანგარიში გაეწიათ ჩრდილოეთის სახელმწიფოსთვის. ხორცის დამჭლევებაში ისრელზე მოწევნადი უბედურებები იგულისხმება.

მომდევნო მუხლებში წინასწარმეტყველი ისრაელის დასჯის მიზეზებზე საუბრობს: ერთი მხრივ, ეს ჭეშმარიტი ღმერთის დავიწყების შედეგია, ხოლო, მეორე მხრივ, - ისრაელის სამეფოში გამეფებული კერპთაყვანისმცემლობის.

თავი 18

მხ. 1. ‘ვაი, ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას, ქუშის მდინარეთა გაღმა რომ არის!”

წინასწარმეტყველი ეთიოპიის შესახებ საუბრობს. ესაა თანამედროვე სამხრეთ ეგვიპტე, სუდანი და დღევანდელი ეთიოპიის ჩრდილოეთ ნაწილი. ძველ ეთიოპიაში დიდი რაოდენობით ბუზი ბინადრობდა. ამიტომაც უწოდებდნენ მას ფრთებით დაჩრდილულ ქვეყანას. იგი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფო იყო. ესაიას პერიოდისთვის ეთიოპიელებმა ზედა ეგვიპტე დაიპყრეს და საკუთარი მმართველობა დაამყარეს.

მხ. 2. ‘ზღვით რომ აგზავნით მალემსრბოლებს წყალზე მოცურავე ლერწმის - ნავებით! გასწით, მკვირცხლთ მოციქულნო, მოჭიმულ და ალესილ ხალხთან, საშიშარ ერთან დასაბამიდან დღესამომდე, ხალხთა დამთრგუნველთან და გამთელავთან, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ!”

ისტორიული წყაროების თანახმად, ეთიოპიელი მეფე ტირგაკა ფილისტიმელებსა და იუდეველებს ასურელი მეფის სენნახირიმის წინააღმდეგ სამხედრო კავშირს სთავაზობდა. მისი ელჩები ეგვიპტური ლერწმებისგან დამზადებული სწრაფმავალი ნავებით მდინარე ნილოსს მოუყვებოდნენ, რომელსაც ზღავას უწოდებდნენ. ესაია ჩამოსულ სტუმრებს სამშობლოში, უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებს, რადგან წინასწარმეტყველმა იცის, რომ ღვთისაგან დაცული იუდეა არ საჭიროებს სამხედრო კავშირს ასურეთის წინააღმდეგ, თუნდაც ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან, როგორიც ეთიოპიაა.

მხ. 7. ‘იმ დღეს ძღვენს მიართმევს ცაბაოთ უფალს ცაბაოთ უფლის სახელის ადგილზე, სიონის მთაზე, მოჭიმული და ალესილი ერი, დასაბამიდან დღესამომდე საშიშარი ერი, ხალხი დამთრგუნველი და გამთელავი, რომლის ქვეყანას ხევები სერავენ”.

ესაია წინასწარმეტყველებს, რომ ასურელთაგან განცდილი გამანადგურებელი მარცხის შედეგად ეთიოპიელები ცაბაოთ უფლის ძლიერებას აღიარებენ და ძღევნს მიართმევენ მას სიონის მთაზე. უცნობია, მოხდა თუ არა ასე, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა, შორეული მომავალი იგულისხმებოდეს, როდესაც სამყაროს ყველა ხალხი, მათ შორის ეთიოპიელნიც, განკაცებულ ღმერთს მიაგებენ თაყვანს.

თავი 19

მხ. 1-15. ‘ეგვიპტის განაჩენი. აჰა, ამხედრებულია უფალი მსუბუქ ღრუბელზე და მიდის ეგვიპტეში. შეირყევიან მის წინაშე ეგვიპტის კერპები და დაუდნებათ მკერდში ეგვიპტელებს გულები…”

სახელწოდება ეგვიპტე ფინიკიური წარმომავლობისაა და დახრილ, დაკლაკნილ ზღვის სანაპიროს ნიშნავს. მის შემადგენლობაში ნილოსის სანაპიროებზე განლაგებულ უნაყოფიერეს მიწებთან ერთად საკმოდ მრავალრიცხოვანი უდაბური ადგილებიც შედიოდა, სადაც არაფერი ხარობდა. ქვეყნის ის ნაწილი, რომელიც მდინარის სიშორის გამო მოურწყველი რჩებოდა, ნილოსს სახელდახელო არხებით უკავშირდებოდა. ეგვიპტის განსაკუთრებული მოსავლიანობა ნილოსის სამთვიან ადიდებასა და მიმდებარე მიწების წყლებით დაფარვას უკავშირდებოდა. წყლის რაოდენობა გვიან გაზაფხულზე იმატებდა და ზაფხულის ბოლომდე არ იკლებდა, რაც მდინარის სათავეში ტროპიკული წვიმებითა და თოვლის მასების ლღობის შედეგად იყო გამოწვეული. ძველი ეგვიპტე ორ ნაწილად იყოფოდა - ზედა და ქვედა ეგვიპტე. ზედა ეგვიპტის მთავარი ქალაქი იყო თებე, ხოლო ქვედასი - მემფისი. ქვეყანაში ქამის ჩამომავლები ცხოვრობდნენ. ეგვიპტის პირველ მეფედ ისტორიული წყაროები მენესს ასახელებენ (ძვ. წ. აღ-ის 3 892 წ.). ეგვიპტის ხელისუფლებაში წინარე საგვარეულოს დამხობის გზით ოცდაათი დინასტია შეიცვალა.

ესიას თანამედროვე იუდეველთა ნაწილი ასურელთაგან თავდაცვის შესაძლებლობად სამხრეთის შორეულ მეზობელთან კავშირს მიიჩნევდა, მაგრამ წინასწარმეტყველი ხედავდა, რომ ამგვარი შემწეობის ძიებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ღვთის მსჯავრი ახლო მომავალში თავად ეგვიპტესაც მოელოდა. წინასწარმეტყველება ზუსტად აღსრულდა, ეგვიპტე ნელნელა სუსტდებოდა, ოდესღაც ძლევამოსილი სახელმწიფო საბოლოოდ ძვ. წ. აღ-ის მე-6 საუკუნის დასასრულს სპარსეთის პროვინციად გადაიქცა, მე-4 საუკუნეში იგი ალექსანდრე მაკედონელმა დაიმორჩილა, მოგვიანებით კი რომის იმპერიის იურისდიქციაში მოექცა. პირველ საუკუნეში, ქრისტეშობისას, ეგვიპტე მხოლოდ სოფლის მეურნეობის ექსპორტით გამოირჩეოდა, რასაც ისტორიკოსები წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს დეგრადაციის მანიშნებლდა მიიჩნევენ.

მხ. 19-20. ‘იმ დღეს იქნება უფლის სამსხვერპლო ეგვიპტის ქვეყნის შუაგულში და უფლის სვეტი მის საზღვართან. იქნება ეს ცაბაოთ უფლის ნიშად და სასწაულად ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან შეღაღადეს უფალს დამთრგუნველთა გამო და მოუვლენს უფალი მაცხოვარს და პატრონს და იხსნის მათ”.

უფლის სამსხვერპლოში განმმარტებლები ახალი აღთქმის ეკლესიის შესახებ სწავლებას ხედავენ. მიუხედავად კერპთა სიმრავლისა, ეგვიპტე ის სახელმწიფო აღმოჩნდა, რომელმაც დაუბრკოლებლად მიიღო ღვთის სიტყვა და ხუთ უძველეს მსოფლიო საპატრიარქოთა შემადგენლობაში შედიოდა.

თავი 20

დეკან. ალექსანდრე მენი[27]: ძვ. წ. აღ-ის 727 წელს, ასურელი იერარქის, თეგლათ-ფალასარის გარდაცვალებისას სახელმწიფოს მართვის სადავეები სალმანასარს გადაეცა. ისრაელის მეფე ჰოშეაყმა (სამხრეთის სამეფოს რიგით ბოლო მეფე), ისარგებლა რა იმპერიაში არსებული დროებითი გაურკვევლობით, ეგვიპტესთან დაიწყო მოლაპარაკებები და ნინევს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. იუდეველი მეფე ასურელებმა დააპატიმრეს და საპყრობილეში ჩასვეს, თუმცა ეფრემელები დანებებას არ აპირებდნენ. მტერმა ისრაელის დედაქალაქი 725 წელს ალყაში მოაქცია. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, სამარიის კედლები, მსგავსად გადაულახავი კლდეებისა, აღიმართა მომხდურთა წინაშე. ხსენებული მოვლენების შესახებ ბიბლია საკმაოდ მწირ ცნობებს გვაწვდის. ასურელთა შეტევა სამი წელი მიმდინარეობდა. მთელი ამ დროის მანძილზე გალავანს შიგნით მყოფი სამარიის მოსახლეობა ქალაქის მისადგომებთან ერთსა და იმავე სურათს უმზერდა: კარავთა განუზომელი რაოდენობა, მრავალ ადგილას დანთებული ცეცხლი, საალყო მანქანების სილუეტები… იუდეველებს დიდი იმედი ჰქონდათ, რადგან მცირეოდენი დროით უწინ იმავე სალმანასარმა ვერაფერი გააწყო ტვიროსის წინააღმდეგ. ისრაელის სამეფოს მკვიდრებს ეიმედებოდათ, რომ იგივე გამეორდებოდა რჩეული ერის შემთხვევაშიც.

ერთხელაც, უმძიმესი ალყის მესამე წელს, სამარიელები მტრის ბანაკის გასაოცარი გამოცოცხლების მომსწრენი შეიქმნენ. მთელს პერიმეტრზე ჯარისკაცთა ქუხილისებრი შეძახილების თანხლებით ერთი, დაცვით გარშემოზღუდული სამხედრო ეტლი მოემართებოდა. ეტლში თეთრებში შემოსილი, მხარბეჭიანი ადამიანი იდგა. ამიერიდან სალმანასარი, რომელმაც დაიწყო სამარიის ალყა, აღარ იყო ასურეთის მმართველი, რადგან იერარქების ამბოხების შედეგად ხელისუფლებაში ახალი მეფე აღზევდა, სახელად სარგონი[28]. აღნიშნული გადატრიალება ისრაელის დედაქალაქის გარშემო შეკრებილი ჯარისკაცებისთვის იმედისმომცემი შეიქმნა. წინარე ასურელი მეფების მიერ წარმოებულმა აურაცხელი რაოდენობის ომებმა და, შესაბამისად, მუდმივმა სამხედრო მზადყოფნამ მეომრები ძლიერ დაქანცა. იმედოვნებდნენ ისინი, რომ ახალი ხელისუფალი, რომელიც წინარეთაგან განსხვავებით მშვიდობიან მოლაპარაკებებს ანიჭებდა უპირატესობას, შეწყვეტდა საომარ მოქმედებებს და გადაღლილ ჯარისკაცებს სახლებში დააბრუნებდა, თუმცა მოლოდინები მალევე გაცუდდა. მხოლოდ ერთ საკითხში გამოვლინდა მცირეოდენი ნუგეში: გავრცელებული ხმების თანახმად, სარგონი, მსგავსად უწინდელი იერარქებისა, არ იყო დესპოტი და დაუნდობელი მმართველი. შესაძლოა, სწორედ აღნიშნულმა ხმებმა და სარგონის დაპირებებმა დააჩქარა სამარიელთა კაპიტულაცია. ყოველ შემთხვევაში ცნობილი ფაქტია, ისრაელის დედაქალაქში აღმოჩენილ ასურელებს სამარია არ დაუქცევიათ, როგორც ეს სხვა დროს მომხდარა ქალაქების დაპყრობისას. შედეგად 27 000 ადამიანი იმპერიის სხვადასხვა კუთხეში გადაასახლეს. ძვ. წ. აღ-ის 722 წელს იუდეველთა ჩრდილოეთის სამეფომ არსებობა შეწყვიტა.

ეფრემი ნელნელა ცარიელდებოდა. უცხო სახელმწიფოში წაყვანილთა ადგილს ასურეთიდან ჩამოსახლებული ‘მეფის მორჩილი” მოსახლეობა იკავებდა. ბრძოლების შედეგად დაუძლურებულ ქვეყანაში ძლიერი შიმშილობა დაიწყო. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მშიერი ლომების ჯგუფი სამარიაში შეიჭრა, მოულოდნელად თავს დაესხა მოქალაქეებს და ცოცხალი ადამიანები გაიტაცა. ახალჩამოსახლებულმა უცხოტომელებმა იფიქრეს, რომ უბედურების მიზეზი ისრაიტელთა ღვთაებისგან თავსდატეხილი რისხვაა და გუბერნატორს ადგილობრივი ღვთისმსახურის დაბრუნების თხოვნით მიმართეს. სარგონის თანხმობის შედეგად ბეთილში ერთ-ერთი მღვდელი გამოაგზევნეს, რომელმაც ძველი კულტი კვლავ აღადგინა[29].

ისრაელის სამეფოს დაცემის მიუხედავად იუდეამ, როგორც ბიბლიური ისტორიიდანაა ცნობილი, თვითმყოფადობა გარკვეული დროის მანძილზე შეინარჩუნა და მხოლოდ ძვ. წ. აღ-ის 586 წელს ბაბილონელთა მიერ იქნა დაპყრობილი.

715 წელს გარდაიცვალა იუდეის მეფე აქაზი. ხელისუფლებაში მისი ძე, ეზეკია, მოვიდა. იგი გამეფებისას დაახლოებით ოცდახუთი წლის იყო. ძვ. წ. აღ-ის მე-8 საუკუნის იუდას მმართველებს წმინდა წერილი უარყოფით შეფასებას განუკუთვნებს, ვრცელ ჩამონათვალში ერთადერთ გამონაკლისს სწორედ ხსენებული მეფე წარმოადგენს. მართალია, ბიბლია ეზეკიას მოღვაწეობის შესახებ მწირ ცნობებს გვაწვდის, თუმცა ამ ცნობებითაც ცხადია, საქმე გვაქვს უდაოდ ღირსეულ პიროვნებასთან, რომელმაც იუდაში ერთღმერთიანობა ააღორძინა. აღნიშნულ ეპოქას დავითის, იოშაფატისა და იოშიას მმართველობას ადარებენ. არსებობს სამართლიანი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ესაია ახალ მეფეს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაუმეგობრდა და რელიგიური რეფორმების გატარების აუცილებლობა შთააგონა მას. ამ პერიოდის ესაიას მოღვაწეობა წიგნში არ ასახულა, რადგან იუდასთვის ეს წარმატებისა და მშვიდობის ჟამია.

ბიბლიის თანახმად, ეზეკიამ საკუთარი მმართველობის პირველივე წელს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ პასექის დღესასწაული ყველა იუდეველს ერთად უნდა ეზეიმა დავითის ქალაქში. აქამდე ხსენებული დღესასწაული არ იყო დაკავშირებული დედაქალაქთან, რადგან იუდეის სამეფოში მცხოვრები ოჯახები პასექის დადგომისას თავიანთ ქალაქებში, სოფლებში, დაბებში აღასრულებდნენ მსახურებას.

ეზეკიამ პასექის დღესასწაულის წინ ელჩები ყოფილი ისრაელის სამეფოს ტერიტორიაზეც მიავლინა. მათ მეფის გზავნილი მიჰქონდათ იმ იუდეველებთან, რომლებიც ასურელთა ძალ-მომრეობას გადარჩენოდნენ და ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობდნენ, რომ ისინიც ყოფილიყვნენ საყოველთაო იუდაური ზეიმის მონაწილენი. ამგავარი ქმედება საკმაოდ თამამი ნაბიჯი იყო, რადგან სამარიის ახალ გამგებელს აღნიშნული ვითარება შესაძლოა ასურეთის წინააღმდეგ მიმართულ ამბოხად მიეჩნია, რადგან იუდეველი მეფე მოცემულ შემთხვევაში საკუთარი სახელმწიფოს ოფიციალური საზღვრების მიღმა მოქმედებდა. ტაძარი წინარე მეფეებისგან მომოქმედებული ყველანაირი უკეთურებისგან გაიწმინდა. ეზეკიამ ბრძანება გასცა, რომ თავად ნეხუშტანიც (სპილენძის გველი) არ დაენდოთ და გაენადგურებინათ, რადგან ყოველივე, რაც მოსახლეობის ცნობიერებაში კერპების ასოციაციას იწვევდა, ერთიანად უნდა აღმოფხვრილიყო. ჭეშმარიტად შედგა დღესასწაული, ხალხის გაოცებასა და ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, რომლებიც კითხოლობდნენ, დავითისა და სოლომონის დროება ხომ არ დაგვიდგაო.

ყოველივეს მხილველი ესაია ერთი შეხედვით ბედნიერი უნდა ყოფილიყო, რადგან იერუსალიმმა შეინანა და ჭეშმარიტების გზას დაადგა, თუმცა აღნიშნული განწყობა საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა. დაახლოებით ორი წლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა: სამეფო სასახლეში გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სათავეში შებნა მწერალი ჩაუდგა. ხსენებული დაჯგუფება მეფის რეფორმას არ თანაუგრძნობდა. საკუთარი შეხედულებების გასატარებლად შებნამ ეზეკიაზე გავლენის მოპოვება განიზრახა, რამაც ბუნებრივად გადაკვეთა სამეფო კარზე ახლადაღზევებული თანამდებობის პირისა და ესაიას გზები. შებნა და მისი მომხრენი სამხედრო პროექტებს გეგმავდნენ, ხოლო მეფეს რომ ახალი იდეების სისწორე ეღიარებინა, აუცილებელი იყო წინასწარმეტყველის ჩამოშორება, რადგან ესაია საკუთარი ავტორიტეტით ხელს უშლიდა მსგავს ქმედებებს. დასახულ მიზანს ახალმა პარტიამ მალე მიაღწია: ეზეკიას განწყობა ესაიასადმი აღარ იყო ძველებური, იერუსალიმელი წინასწარმეტყველი ჩრდილში მოექცა, რაც მისთვის არასოდეს ყოფილა პირადი ტარაგედია. საქმე ისაა, რომ მსგავსი მდგომარეობა, სახელმწიფოს უქადდა სერიოზულ საშიშროებას და სწორედ ეს განაპირობებდა ღვთსიკაცის გულისტკივილს.

ათ წელზე მეტი დრო გასულიყო, რაც ასურელებს პალესტინაში მცხოვრებნი არ შეუწუხებიათ. იუდას მეზობელ სახელმწიფოებს – ფილისტიმელებს, მოაბელებს, იდუმიელებს სარგონი არაქმედით, არასახიფათო მმართველად მიაჩნდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ რადგან ასურელები დიდი დროის მანძილზე მათ სახელმწიფოებრივ საქმიანობაში აღარ ჩარეულან, ვერც შემგომში შეძლებდნენ რაიმეს მომოქმედებას. შესაბამისად, მომწიფდა აზრი, უარი ეთქვათ ხარკის გადახდაზე ნინევის სასარგებლოდ, რასაც თითქოს ვერავინ გააპროტესდებდა. 713 წელს შებნა და მისი მომხრენი აქტიურ ქმედებაზე გადადიან.

აზოტის მეფე აზური ეთიოპიელ იერარქ შაბაკას დაუახლოვდა, რომელიც ფილისტიმელებს ყველანაირ დახმარებას დაჰპირდა, თუკი ეს უკანასკნელნი ასურს აუჯანყდებოდნენ. აზური ეზეკიას უკავშირდება და ერთობლივ მოქმედებას სთავაზობს. შებნა დიდი მონდომებით არწმუნებდა მეფეს, რომ შემოთავაზებული წინადადება მიეღო. საკუთარი მაღალჩინოსნის რჩევას მინდობილმა ეზეკიამ მოლაპარაკებები დაიწყო აზოტის მმართველთან. ესაია მიხვდა, რომ იუდას საქმე საკმაოდ ცუდადაა. ამასობაში ფილისტიმელთა მიწა-წყალი ასურული ჯარებით აივსო. სარგონის უმაღლესი მთავარსარდალი თართანი აზოტის ალყას შეუდგა, თუმცა შებნა მწერლის მოთვინიერება ვერც ამ მოვლენამ მოახდინა, იგი ეზეკიას შეაგონებდა, რომ ეთიოპია და ეგვიპტე არასოდეს დაუშვებდა მოკავშირეთა მარცხს.

ესაია მიმდინარე მოვლენებს გულხელდაკრეფილი მეტად ვეღარ დაელოდებოდა. ნებისმიერი ხერხის გამოყენება იყო საჭირო, რომ იუდეა ომში არ ჩაბმულიყო. სწორედ ამ დროს სიბრძნით განთქმული ესაია საზოგადოების წინაშე გაშიშვლებული გამოდის, რითიც დატყვევებულ მონას განასახირებს და მომავალს იუწყება: სწორედ ასე წაასხამენ ასურში ეგვიპტისა და ეთიოპიის დატყვევებულ მოსახლეობას).

მხ. 1. ‘იმ წელს მოადგა აშდოდს აშურის მეფის, სარგონის გამოგზავნილი თართანი, ბრძოლა გაუმართა აშდოდს და აიღო იგი”.

ასურელ ჯარში თართანი უმაღელესი სამხედრო ტიტული იყო, რაც მთავარსარდალს ნიშნავდა. სარგონ II-მ ხარკის გადაუხდელობისა და ეგვიპტესთან სამხედრო კავშირის დამყარების მიზეზით ფილისტიმელთა ქალაქ აზოტს შეუტია და ქრისტეშობამდე 711 წელს დაიმორჩილა.

მხ. 2. ‘მაშინ გამოუცხადა უფალმა სიტყვა ესაიას, ამოცის ძეს, და უთხრა: წადი, შეიხსენი ჯვალო წელიდან და ხამლები გაიძვრე ფეხზე. ასეც მოიქცა: ტანშიშველმა და ფეხშიშველმა დაიწყო სიარული”.

უფალი ესაის ეზეკიას გაფრთხილებას ავალებს, რომ მეფემ დაახლოებულ პირთა რჩევა არ გაითვალისწინოს და საკუთარ სახელმწიფოს უმძიმესი ზიანი აარიდოს. ამისთვის უზენაესი წინასწარმეტყველს კონკრეტულ სიმბოლურ მოქმედებას განუწესებს: ესაიამ სამოსი და ფეხსაცმელი უნდა განიმოსოს და სამი წლის მანძილზე იუდეის სამეფოში შიშველმა იაროს.

წმ. იოანე ოქროპირი: იუდეველთა შორის გაშიშვლებული სიარული უდიდეს სირცხვილად მიიჩნეოდა, რადგან რჯულის თანახმად, ერთმანეთის სიშიშვლე რომ არ ეხილათ, მამა-შვილსაც კი ეკრძალებოდა აბანოში ერთად შესვლა).

მხ. 3-4. ‘თქვა უფალმა: როგორც ჩემი მორჩილი ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი სამ წელიწადს, ასე იქნება ნიშად და სასწაულად ეგვიპტისთვის და ქუშისთვის. ასე წაასხამს აშურის მეფე ეგვიპტის ტყვეებს და ქუშის ლტოლვილებს - ჭაბუკებს და მოხუცებულთ, ტანშიშველთ და ფეხშიშველთ, უკანალგატიტვლებულთ ეგვიპტის შესარცხვენად”.

სიმბოლური მოქმედების მნიშვნელობა მხოლოდ მესამე წლის ბოლოს გაცხადდა: როგორც ესაია დადიოდა ტანშიშველი და ფეხშიშველი, ასევე გააშიშვლებს ასურელი მეფე ეგვიპტელებსა და ეთიოპიელებს და ტყვედ წაასხამს მათ. ესაიას ქმედებით იუდეველებს უნდა შეემეცნებინათ, რომ არ შეიძლება ეგვიპტისადმი მინდობა, რადგან მტრები თავად ამ სახელმწიფოს დაიმორჩილებენ. წინასწარმეტყველის სიტყვები ასურეთის მეფის ასარ-გადონის დროს აღესრულა[30]. ხსენებულმა მეფემ დაიპყრო ეგვიპტე, უამრავი ადამიანი ტყვედ წაასხა საკუთარ თავს კი ეგვიპტის მეფეთ მეფე უწოდა.

დეკან. ალექსანდრე მენი: მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ არაფერია ცნობილი. სარგონის წარწერებიდან ვგებულობთ, რომ ამბოხში არა მხოლოდ აზოტი, მოაბი და ედომი, არამედ იუდაც მონაწილეობდა. ქალაქი აზოტი 711 წელს განადგურდა, თუმცა განსაცდელი იუდას ამჯერდაც აერიდა. როგორც ჩანს, ზემოაღწერილი ვითარებისას ესაიამ სძლია შებნას პარტიას: მეფე ეზეკიამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე უკანასკნელ წამს განაცხადა უარი. თუმცა შებნა თავს დამარცხებულად არ მიიჩნევდა და შესაფერის დროს მოელოდა).

← წინა ნაწილი                                         გაგრძელება →



[1] ებრ. გილაიონ \ თეთრი ფერის მოზრდილ დაფას ნიშნავს.

[2] შდრ. 4 მეფ. 16. 10-18.

[3] მალაქ. 2.7.

[4] შდრ. მთ. 4. 13-16.

[5] შდრ. 4 მეფ. 15.29.

[6] შდრ. ო[ტი პაიდი>ონ ეჯგენნჰ>ქჰ ჰჟმი~ნ, უიჟო<ვ კაი< ეჯდო>ქჰ ჰჟმი~ნ, ოუ= ჰჟ აჯრცჰ< ეჯგენჰ>ქჰ ეჯპი< ტოუ~ წ]მოუ აუჯტოუ~, კაი< კალეი~ტაი ტო< ო]ნომა აუჯტოუ~ Mეგა>ლჰვ ბოულჰ~ვ ა]გგელოვ. ებრაული ბიბლიის თანამედროვე ქართული თარგმანი სეპტანტის ხაზგასმულ ადგილს განსხვავებულად წარმოგვიდგენს \ ‘საკვირველი მრჩეველი”, ხოლო ბერძნულ ტექსტში ვკითხულობთ: ‘დიდი ზრახვის ანგელოზი” (შდრ. ძვ. ქართ. ‘დიდისა განზრახვისა ანგელოზი”).

[7] ‘სემის ძენი: ელამი, ასური, არფაქსადი, ლუდი და არამი” (დაბ. 10.22).

[8] შდრ. ‘როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი” (ეს. 6.13).

[9] შდრ. 2 თესალ. 2.8.

[10]შდრ. ‘ვისაც სწამს ჩემი, როგორც ამბობს წერილი, მისი მუცლიდან წარმოდინდებიან ცოცხალი წყლის მდინარეები” (ინ. 8.38).

[11] შდრ. დაბ. 11. 1-9.

[12]შდრ. გამოცხ. 17; 18.

[13] თიგალათფალასარ II \ 745 - 725 წწ.

[14] სარგონ II \ 722 - 705 წწ.

[15] შენნახირიმი \ 705 - 681 წწ.

[16] მუშაზიბ-მარდუქი \ 692 - 689 წწ.

[17] აბდ. 1.4.

[18] 2 ნეშტ. 28.18…

[19] შდრ. დაბ. 19. 30-38.

[20] შდრ. მსაჯ. 3. 12-14.

[21] შდრ. 2 მეფ. 8.2; 12.

[22] არ-მოაბი ანუ ქალაქი მოაბი.

[23] ებრაული სიტყვა კირ კედელს ნიშნავს.

[24]შდრ. რიცხვ. 21. 28-30; ამოს. 2. 1-3.

[25]აღნიშნული ტერმინი თანამედროვე იურისპუდენციაშიც გამოიყენება და ნიშნავს შემდეგს: ‘ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა”.

[26] სამუელმა ღვთის შთაგონებით რჩეულ ერს პირველ მეფედ ბენიამენის ტომის წარმომადგენელი საული გამოურჩია, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იუდეველთა ნაწილში.

[27] წინამდებარე თავში ესაის მიერ აღსრულებული სიმბოლური მოქმედებაა გამდოცემული, რისი გაგებაც მკითხველს ისტორიული კონტექსტის გარეშე ერთობ გაუჭირდება. ამიტომაც ვითარების უკეთ აღქმის მიზადასახულობით ბიბლიურ ტექსტს გარკვეულ ცნობებს წავუმძღვარებთ.

[28] სახელი სარგონი განიმარტება როგორც ‘ჭეშმარიტი მეფე”.

[29] ბეთილის შესახებ უარყოფითი ხასიათის ცნობები ხშირად გვხვდება ამოსისა და ოსიას წიგნებში. ხსენებული ქალაქი დანთან ერთან ისრაელის სამეფოს რელიგიური ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა, რადგან ისრაელის პირველმა მეფემ, იერობოამ I-მა სწორედ დანსა და ბეთილში განათავსა ორი ოქროს ხბოს კერპი, სადაც თავს იყრიდა ადგილობრივი მოსახლეობა და აქტიურად მონაწილეობდა ე. წ. ღვთისმსახურებაში.

[30] ასარგადონი \ ძვ. წ. აღ-ის 681 - 668 წწ.

ტეგები: Bible, Esaia, Holy, Prophet, Qwelly, ბიბლია, განმარტება, ეგზეგეტიკა, ესაია, წინასწარმეტყველი

ნახვა: 816

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

he game's narrative weaves

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 19, 2024.
საათი: 6:00am 0 კომენტარი

A Seamless Living World: Throne and Liberty boasts a seamless and dynamic world, where environments and even dungeons adapt and change based on weather conditions and surrounding surroundings. This dynamic environment adds a layer of immersion and unpredictability to exploration and gameplay, constantly keeping players on their toes.

Immersive Narrative: The game's narrative weaves an intricate tapestry connecting the past, present, and future. While details remain scarce, this unique…

გაგრძელება

Important Notes

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 18, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Spotting Extraction Points: Extraction points are marked by Blue Headstones that emerge from the ground. Listen for the telltale sound of rumbling rocks, signaling the  proximity of an extraction point.

Activating the Portal: Approach the Blue Headstone and interact with it by pressing the "F" key on your keyboard. This will open a blue portal, your ticket to safety.

Entering the Portal: Once the portal is active, step into it to initiate the extraction process. Keep an eye out…

გაგრძელება

A Deep Dive into purchase Night Crows Diamonds

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2024.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

In the realm of gaming, the allure of microtransactions often beckons players of  promises of rare loot, powerful weapons, and legendary mounts. But are these investments truly worth the cost? Today, we embark on a journey into the world of Night Crows, a popular online game, to unravel the mysteries behind its microtransaction system.

Meet Nathan Pay, a seasoned gamer and host of the Blan Crypto channel. With a passion for exploring the depths of virtual economies, Nathan dives…

გაგრძელება

purchase an instrument

გამოაქვეყნა millan Myra_მ.
თარიღი: აპრილი 10, 2024.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In the blink of an eye, the procedure changed into the following: mine ores make smelt of ore to forge bronze daggers chicken execution, then sell the rest to the greedy clerk at the shop, and use the cash to buy tools. And on and so forth it goes on. As of now I've consumed all the energy drinks available I have available . I've never had to fight this intensely in my entire life to get rid of chickens. I took another bottle of red bull, knowing it…

გაგრძელება

Qwelly World

free counters