ერიხ ფრომი (Fromm, Erich) (1900–1980) ფსიქოანალიტიკოსი და ფილოსოფოსი. დაიბადა ფრანკფურტში 1900 წლის 23 მარტს. სწავლობდა სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიას, 1922 წელს ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. სწავლობდა მიუნჰენისა და ბერლინის ფსიქოანალიტიკურ ინსტიტუტში. 1934 წელს ფრომი გაემგზავრა აშშ-ი და ასწავლიდა კოლუმბიის, იელის და მიჩიგანის უნივერსიტეტებში. ასევე უილიამ ალანსონ უაიტის ფსიქიატრიის ინსტიტუტში. მისი ინტერესის მთავარ თემას წარმოადგენდა ფსიქოანალიტიკური თეორია და კულტურისა და საზოგადოების პრობლემები.

     ფრომი, ფროიდის საპირისპიროდ, ამტკიცებდა, რომ ადამიანი კულტურის პროდუქტია. თავის ნაშრომში გაქცევა თავისუფლებისაგან (Escape from Freedom, 1941) იკვლევდა რთულ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა დასავლეთის კულტურა. მისი აზრით, ამ კულტურის წიაღში ინდივიდუალობისადმი გადამეტებული სწრაფვა საბოლოოდ მარტოობას უქადის ადამიანს. ბადებს პიროვნების თავისთავად არაფასეულობის განცდას და ცხოვრების საზრისის არსებობაში დაეჭვებას. ეს თეზისები ფრომმა განავრცო ისეთ ნაშრომებში, როგორიცაა ადამიანი თავისთვის (Man for Himself, 1947), ფსიქოანალიზი და რელიგია (Psychoanalysis and Religion, 1950), გონიერი საზოგადოება (The Sane Society, 1955), სიყვარულის ხელოვნება (The Art of Loving, 1956)ადამიანი უპირველეს ყოვლისა(May Man Prevail, 1961), ადამიანური დესტრუქციულობის ანატომია (The Anatomy of Human Destructiveness, 1973). ფრომის წიგნი „დავიწყებული ენა“ (The Forgotten Language, 1951) ეძღვნება სიზმრების, მითებისა და ზღაპრების ანალიზს. მანვე გამოსცა ფროიდისა და მარქსის კონცეფციების კრიტიკული გამოკვლევები.

     ფრომი 1980 წლის 17 მარტს მურალტოში (შვეიცარია) გარდაიცვალა.

სიყვარულის ხელოვნება

(ამონარიდები)

     ეს წიგნი იმედს გაუცრუებს იმას, ვინც სიყვარულის ხელოვნების სახელდახელო ინსტრუქციის ამოკითხვას მოელის. ნაშრომი, მიზნად ისახავს აჩვენოს-სიყვარული უბრალოდ სენტიმენტალური გრძნობა კი არ არის, რომლის განცდაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიუხედავად მის მიერ მიღწეული სიმწიფისა, არამედ მას სურს დაარწმუნოს მკითხველი, რომ სიყვარულის ყველა მცდელობა წარუმატებლობისათვისაა განწირული თუკი, ადამიანი არ ეცდება უფრო აქტიურად განავითაროს თავისი პიროვნება, რათა მიაღწიოს პროდუქტიულ ორიენტაციას. ინდივიდუალურ სიყვარულში წარმატების მიღწევა შეუძლებელია მოყვასის სიყვარულის უნარის, ნიჭის, ჭეშმარიტი ადამიანობის, თავდადების, რწმენის და დისციპლინის გარეშე. კულტურებში, სადაც ეს თვისებები განუვითარებელია, სიყვარულის ნიჭის შეძენა დიდ იშვიათობას წარმოადგენს. აბა ყოველმა ჩვენგანმა ჰკითხოს თავის თავს, რამდენი ჭეშმარიტად მოყვარული ადამიანი შეხვედრია ცხოვრების მანძილზე.

     საქმე სულაც არ არის ისე, თითქოს ადამიანები სიყვარულს უმნიშვნელო საქმედ მიიჩნევდნენ, პირიქით. მათ სურთ ის. მრავალ ფილმს უყურებენ ბედნიერი და უბედური სიყვარულის ისტორიაზე, ასობით ბრიყვულ სიმღერას უსმენენ სიყვარულზე, მაგრამ არც ერთი მათგანი, სავარაუდოდ, არ ფიქრობს რომ არსებობს აუცილებლობა ვისწავლოთ სიყვარული. ამგვარი მიმართება რამდენიმე ასპექტითაა განპირობებული, რომლებიც ცალცალკე და ერთობლიობაში ხელს უწყობს ამ შეხედულების შენარჩუნებას.

     ადამიანების უმრავლესობისათვის სიყვარულის პრობლემა ისაა, რომ თვითონ იყვნენ სიყვარულის ობიექტნი, სხვებში აღძრავდნენ სიყვარულს და არა ის, რომ მათ უყვარდეთ, თავად შესწევდეთ სიყვარულის უნარი და ნიჭი.

     იმისათვის, რომ ისინი შეიყვარონ, ადამიანები სხვადასხვა საშუალებას იყენებენ. პირველი, რითაც უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცები სარგებლობენ, არის წარმატების სურვილი, სიმდიდრისა და ძალაუფლების ძიება. მეორე გზა უფრო ხშირად ქალის მიერ გამოიყენება და იგი იმაში მდგომარეობს, რომ საკუთარი თავი აქციოს მიმზიდველ პიროვნებებად. ზედმიწევნით მოუარონ სხეულს, სამოსს და ა.შ. საკუთარი მომხიბვლელობის მოხვეჭის სხვა გზები კი, რომლებიც მამაკაცების და ქალების მიერ ერთნაირად გამოიყენება, იმაში მდგომარეობს, რომ გამოიმუშავონ კარგი მანერები, საინტერესოდ წარმართონ საუბარი, მზად იყვნენ შეეწიონ გაჭირვებაში მყოფთ, იყვნენ თავმდაბალნი, არა მომთხოვნი. აშკარაა, რომ ჩვენი კულტურის ადამიანთა უმრავლესობისათვის სიყვარულის აღძვრა არსებითად დაკავშირებულია სიმპათიურობასა და სექსუალურ მიმზიდველობასთან.

     მეორე წანამძღვარი, რომელიც სიყვარულს განიხილავს როგორც რაღაც ისეთს, რაც არ მოითხოვს სწავლას, ისაა, რომ სიყვარულის პრობლემა ეს თითქოს ობიექტის პოვნის პრობლემაა და არა ამ უნარის შეძენისა. ადამიანები ფიქრობენ, რომ სიყვარული ადვილი საქმეა, ხოლო სიყვარულის ობიექტის პოვნა, ან თავად ამ სიყვარულის ობიექტად ქცევა -- ძნელი. სიყვარულისადმი ასეთ დამოკიდებულებას რამდენიმე მიზეზი აქვს და ისინი თანამედროვე საზოგადოების განვითარების საფუძვლებში უნდა ვეძებოთ. ერთი მიზეზი არის ის დიდი ცვლილება, რომელიც მოხდა მეოცე საუკუნეში „სიყვარულის ობიექტის“ შერჩევის გაგებით. ვიქტორიანულ ეპოქაში, ისევე როგორც ბევრ ტრადიციულ კულტურაში, სიყვარული ხშირ შემთხვევაში არ იყო რაღაც სპონტანური, პირადი განცდა, რომელსაც შედეგად ცოლქმრობა მოჰყვებოდა. პირიქით, ოჯახი იქმნებოდა შეთანხმებით, ან ოჯახების, ან შუამავლების ან სულაც მათი მონაწილეობის გარეშე, სოციალური პირობების გათვალისწინებით, ხოლო სიყვარული ოჯახის შექმნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. დასავლეთში ბოლო დროს საყოველთაო გახდა რომანტიკული სიყვარულის ცნება. ამერიკაში მართალია გარიგებითი ქორწინების სახე ჯერ სრულიად არ დაკარგულა, მაგრამ ადამიანების უმრავლესობა მაინც ეძებს რომანტიკულ სიყვარულს, სიყვარულის პირადულ განცდას, რომელიც შემდეგ ქორწინებაში უნდა გადაიზარდოს. გასაკვირი არ არის, რომ სიყვარულის თავისუფლების ამ ახალ გაგებას დიდწილად უნდა აემაღლებინა სიყვარულის ობიექტის მნიშვნელობა მისი ფუნქციის ხარჯზე.

     ამ ფაქტორთან მჭიდროდაა დაკავშირებული თანამედროვე კულტურის ერთი დამახასიათებელი თავისებურებაც. მთელი ჩვენი კულტურა დამყარებულია შეძენის, ყიდვის დაუოკებელ სურვილზე, ურთიერთმომგებიანი გაცვლის იდეაზე. თანამედროვე ადამიანის ბედნიერება იმ ამაღელვებელ სიხარულში გამოიხატება, რომელიც გულისხმობს შესაძლებლობას შეიძინოს ყველაფერი რასაც მაღაზიის ვიტრინებში ხედავს და რისი ყიდვაც შეუძლია ნაღდი ან საკრედიტო ანგარიშსწორებით. ქალი ან მამაკაცი ამდაგვარადვე შეჰყურებს თავის საპირისპირო სქესის ადამიანსაც. მამაკაცისათვის მომხიბვლელი ქალი, ან ქალისათვის მიმზიდველი მამაკაცი განიხილება მოსაპოვებელ ნადავლად. მომხიბვლელობა ზოგადად ნიშნავს ლამაზ შეფუთვას, რომელიც პოპულარული და მოთხოვნადია პიროვნულ ბაზარზე. რა ანიჭებს ადამიანს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ეს დამოკიდებულია მოცემული დროის როგორც ფიზიკური, ისე „სულიერი“ ფასეულობების მოდაზე. ოციან წლებში მოსაწონად ითვლებოდა ალკოჰოლისა და თამბაქოს მწეველი, თამამი, სექსუალური ქალი, დღეს კი მოდა ითხოვს მეტ მოკრძალებულობას, კლასიკურობასა და მეოჯახეობას. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცეს დასაწყისში, იმისათვის რომ მამაკაცი განგვეხილა სასურველ „პროდუქტად,“ იგი უნდა ყოფილიყო აგრესიული და პატივმოყვარე, დღეს კი მას მოეთხოვება მეტი კომუნიკაბელურობა და მოთმინება. ამასთანავე გასაკვირია, რომ შეყვარებულობის გრძნობა ჩნდება მხოლოდ ისეთი ადამიანური „პროდუქტის“ მიმართ, რომელიც პირადი არჩევანის ხელმისაწვდომობის ფარგლებშია...

     მე ვეძებ სარგებელს: ობიექტი სასურველი უნდა იყოს სოციალური მხრით და ამავე დროს მისთვისაც უნდა ვიყო სასურველი იმ ფარული თუ აშკარა ღირსებებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომლებიც მე გამაჩნია. ორი ადამიანი იყვარებს ერთმანეთს მაშინ, როდესაც გრძნობს, რომ იპოვა საუკეთესო ობიექტი, რომელიც არის ბაზარზე, რა თქმაუნდა საკუთარი გაცვლითი ფონდის გათვალისწინებით. ხშირად, ისევე როგორც უძრავი ქონების შეძენისას, ამ გარიგების შემთხვევაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფარული შესაძლებლობები, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება განვითარდეს, გამომჟღავნდეს. რა გასაკვირია, რომ კულტურაში, სადაც ასე დომინირებს საბაზრო ორიენტაცია და სადაც მატერიალური წარმატება წარმოდგენილია უდიდეს ღირებულებად, ადამიანთა სასიყვარულო ურთიერთობებიც იმავე პრინციპებს მისდევს, რომლითაც მუშაობს ბაზარი.

     მესამე სახის შეცდომა, რომელსაც მივყავართ იმის რწმენამდე, რომ სიყვარულისთვის არაფრის სწავლა არ არის საჭირო, მდგომარეობს, შეყვარებულობისა და მუდმივად სიყვარულის მდგომარეობის ერთმანეთთან გაიგივებაში. ჩვენ ყველანი ერთმანეთისათვის უცხონი ვართ და როცა ჩვენ შორის არსებული გამყოფი კედელი ირღვევა, ადამიანის ცხოვრებაში ეს ერთობის განცდა გადაიქცევა ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ მომენტად. ისინი, ვინც მანამდე გათიშულნი, ერთმანეთისაგან იზოლირებულნი, სიყვარულს მოკლებულნი იყვნენ, ახლა ამ გრძნობაში პოულობენ ყველაზე მშვენიერ და მომაჯადოებელ განცდას. ეს სიახლოვე ხშირად უფრო ადვილად მყარდება, თუკი იგი ფიზიკური ლტოლვითა და მისი დაკმაყოფილებით იწყება. უნდა ითქვას, რომ ასეთი სახის სიყვარული თავისი არსით არამყარია. ორი ადამიანი სულ უფრო უკეთ ეცნობა ერთმანეთს, მათი სიახლოვე სულ უფრო და უფრო კარგავს ჯადოსნურობის ელფერს, მანამ, სანამ მათი ანტაგონიზმი, იმედგაცრუება, ერთმანეთით ავსება არ მოკლავს იმას, რაც დარჩა იმ პირვანდელი მღელვარებიდან. დასაწყისში მათ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ, ისინი ნამდვილად შეპყრობილნი იყვნენ ბრმა ურთიერთლტოლვით. ერთმანეთზე ასეთი „გაგიჟება“ მათი სიყვარულის ძალის მაჩვენებელია, თუმცა ამასთან ერთად იგი იმაზეც მიანიშნებს, თუ რაოდენ მარტოსულად გრძნობდნენ ისინი თავს.

     მაინც ყველაზე მეტად ის აზრია გავრცელებული, რომ არაფერია იმაზე ადვილი ვიდრე გიყვარდეს, მიუხედავად საპირისპირო გამოცდილებისა. ძნელად თუ მოიძებნება რაიმე სახის საქმიანობა, რაიმე გამოცდილება, რომელიც იწყება ასეთი დიდი იმედით და მოლოდინით, როგორც სიყვარული და ასე უცვლელად, ჯიუტად განიცდის მარცხს. ეს რომ რაიმე სხვა სახის საქმიანობას ეხებოდეს, ადამიანები ყველაფერს იღონებდნენ იმისათვის, რომ გამოერკვიათ ამ მარცხის მიზეზები და ამ კონკრეტული საკითხისათვის საუკეთესო ცოდნა შეემატებინათ, ან სულაც უარი ეთქვათ ამ საქმიანობაზე. რადგან ადამიანებისათვის სიყვარულზე უარის თქმა გამორიცხულია, მაშინ სიყვარულში წარუმატებლობისაგან თავის დაღწევის ერთადერთ ადეკვატურ საშუალებად რჩება გაარკვიო ამ მარცხის მიზეზები და გადახვიდე სიყვარულის არსის შესწავლაზე.

     პირველი აუცილებელი ნაბიჯი იმის გაცნობიერებაა, რომ სიყვარული-ხელოვნებაა, ისეთივე, როგორც ცხოვრების ხელოვნება. თუ ჩვენ გვსურს ვისწავლოთ სიყვარული, ჩვენ ზუსტად ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც მოვიქცეოდით ნებისმიერი სხვა ხელოვნების სფეროს, მუსიკის, ფერწერის, საექიმო ან საინჟინრო საქმის შესწავლისას.

     რა ნაბიჯებია საჭირო სიყვარულის ხელოვნების შესწავლის საქმეში?

     ხელოვნების რომელიმე სფეროში დაოსტატების პროცესი შეიძლება დაიყოს ორ ეტაპად. პირველ-თეორიის დაუფლება; მეორე ეტაპი კი პრაქტიკა. თუ მინდა მე სამედიცინო მეცნიერებას დავეუფლო და მასში დავოსტატდე თავდაპირველად ადამიანის ანატომია და დაავადებებთან დაკავშირებული ფაქტები უნდა შევისწავლო. მაგრამ, მაშინაც, კი როდესაც სრულად დავეუფლები თეორიულ ცოდნას ჯერ კიდევ ვერ ჩავითვლები დახელოვნებულ ექიმად. მე ამ საქმეში ოსტატობას მივაღწევ მხოლოდ გარკვეული პრაქტიკის მიღების შემდეგ, მაშინ, როდესაც ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის რეზულტატი ჩემს ინტუიციად გადაიქცევა, რაც არის კიდეც პროფესიონალიზმის საზომი, მაგრამ ასევე თეორიასა და პრაქტიკასთან ერთად არის მესამე ფაქტორი, კერძოდ ის, რომ ეს საქმე უნდა გახდეს ჩემი ყურადღების ყველაზე მნიშვნელოვანი საგანი; ქვეყნად არაფერი უნდა არსებობდეს ამ საქმეზე მნიშვნელოვანი. ასე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მუსიკის, მედიცინის, არქიტექტურის და ასევე სიყვარულის შესწავლაზეც. იქნებ სწორედ აქ იმალება პასუხი კითხვაზე: რატომ არ სწავლობს ჩვენი კულტურის ადამიანი სიყვარულის ხელოვნებას, მაშინ როდესაც ამ საქმეში ასეთი აშკარა წარუმატებლობა აქვს. ყველას სწყურია სიყვარული, მაგრამ სხვა ყველაფერი გაცილებით უფრო მნიშვნელოვნად არის მიჩნეული, იქნება ეს კარიერული წინსვლა, პრესტიჟი, ფული, ქონება, ძალაუფლება. მთელი ჩვენი ენერგია მიემართება ამ მიზნების მიღწევისაკენ და თითქმის არაფერი სიყვარულის ხელოვნების შესასწავლად.

     თუკი შენ ისე გიყვარს, რომ ვერ იწვევ საპასუხო სიყვარულს, თუ შენი სიყვარული სხვაში ვერ ბადებს იმავე გრძნობას, თუკი ვერ ახერხებ, რომ შენც შეგიყვარონ, მაშინ შენი სიყვარული უძლურია და იგი ტრაგედიად გადაიქცევა.

     სიყვარული აქტიური დაინტერესებაა იმ ადამიანის სიცოცხლისა და განვითარების მიმართ ვინც ჩვენ გვიყვარს.

     სიყვარული ეს არის მოქმედი ძალა, რომელიც ადამიანთა შორის გაუცხოების კედლებს არღვევს. სიყვარული ეხმარება ადამიანს გადალახოს იზოლირებულობისა და მარტოობის განცდა და ამასთანავე საშუალებას აძლევს არ დაკარგოს საკუთარი თავი, შეინარჩუნოს თავისი მთლიანობა. სიყვარულში თავს იჩენს პარადოქსი: ორი ადამიანი ხდება ერთი მთლიანობა და ამასთანავე ნარჩუნდება ორობა.

     სიყვარული ეს აქტიურობაა და არა პასიური აფექტი, ეს დახმარებაა და არა გატაცება. ზოგადი სახით სიყვარულზე შეიძლება ვთქვათ, რომ ეს უფრო გაცემაა ვიდრე მიღება.

     ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ გაცემა რაღაცაზე უარის თქმაა, რაღაცის დაკარგვა, რაღაცის შეწირვაა. ასე აღიქმება მიცემის აქტი ადამიანების იმ კატეგორიისათვის, ვინც ვერ გადალახა რეცეპტორული, ექსპლუატაციისა და მოხვეჭის ორიენტაცია. ვაჭრული ხასიათი და მიმართება მზადაა გასცეს მხოლოდ რაიმეს სანაცვლოდ. გაცემა არაფრის მიღების გარეშე მათთვის, წაგება და მოტყუებულად დარჩენას უდრის. ადამიანები, რომელთა მთავარი ორიენტაცია არაპროდუქტიულია, მიცემას განიხილავენ, როგორც გაღარიბებას. ამიტომ ამ ტიპის ინდივიდთა უმრავლესობა უარს ამბობს გაცემაზე. ზოგიერთი გაცემისაგან შეწირვის, მსხვერპლად გაღების „სათნოებას“ ქმნის. ისინი თვლიან რომ რადგან გაცემა ძნელია, ამიტომ ადამიანი უნდა გასცემდეს. მათთვის გაცემის „სათნოება“ მსხვერპლშეწირვის აქტში გამოიხატება.

     გაცემის პროდუქტიული ხასიათისათვის კი ამ აქტს სულ სხვა მნიშვნელობა აქვს. გაცემა ძალის უმაღლესი გამოვლინებაა. გაცემის ყოველ აქტში მე ჩემს ძალას, სიმდიდრეს, ძალაუფლებას ვავლენ. სიცოცხლისუნარიანობისა და ძალის ასეთი გამოვლინება სიხარულით მავსებს.

     ადამიანების უმრავლესობა მაინც დარწმუნებულია, რომ სიყვარული დამოკიდებულია ობიექტზე და არა ცოდნაზე ან ნიჭზე. ასეთები იმასაც კი ფიქრობენ, რომ ეს მათი სიყვარულის ძალის დადასტურებაა, რადგან არავინ უყვართ, გარდა თავისი „შეყვარებულისა“. აქ იმავე სახის შეცდომასთან გვაქვს საქმე, რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით. რადგან მათ არ ესმით, რომ სიყვარული ეს აქტიურობაა, სულის ძალაა. მათ ჰგონიათ, რომ მთავარია, იპოვონ შესაფერისი ობიექტი, ხოლო მერე ყველაფერი თავისთავად განვითარდება. ასეთი მიდგომა ჰგავს ისეთი ადამიანის პოზიციას, რომელსაც სურს ხატვა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ფერწერას დაეუფლოს, გამუდმებით იმეორებს, რომ მან უბრალოდ უნდა იპოვოს შესაბამისი პეიზაჟი და ამის შემდეგ შეძლებს შექმნას შედევრი.

     თუკი მე მართლაც მიყვარს ერთი ადამიანი, მაშასადამე მე მყვარებია ყველა, მე მყვარებია სამყარო, სიცოცხლე. თუ მე შემიძლია ვინმეს ვუთხრა „მე შენ მიყვარხარ“, მაშინ მე უნდა შემეძლოს იმის თქმაც, რომ „მე შენში ყველაფერი მიყვარს“, „მე შენი მეშვეობით მთელი სამყარო მიყვარს, მე შენში საკუთარი თავი მიყვარს“.

     ფართოდ არის გავრცელებული აზრი, რომ სხვისი სიყვარული სათნოებაა, საკუთარი თავისა კი ცოდვა. ითვლება, რომ რამდენადაც ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, იმდენად არ უყვარს სხვა, ითვლება, რომ საკუთარი თავის სიყვარული იგივეა რაც ეგოიზმი. კალვინი იმასაც კი ამბობდა, რომ საკუთარი თავის სიყვარული „კეთროვანებაა“.

     ახლა ჩვენ მთავარ ფსიქოლოგიურ წანამძღვრებამდე მივედით, მათზეა დამყარებული ჩვენი მსჯელობის დასკვნები. ძირითადად ეს მოსაზრებები ასეთია: არა მარტო სხვები, არამედ ჩვენ თვითონაც ვართ ჩვენი გრძნობებისა და განწყობა-მიმართების ობიექტები. განწყობა-მიმართებები საკუთარი თავისა და სხვებისადმი არა თუ განსხვავდებიან, არამედ საფუძველშივე ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთთან. განსახილველ პრობლემასთან დაკავშირებით ეს იმას ნიშნავს, რომ სხვისი და საკუთარი თავის სიყვარული არ წარმოადგენს ერთმანეთის ალტერნატივას. პირიქით, საკუთარი თავისადმი სიყვარული გამოვლენილი იქნება ყველა იმ ადამიანში, ვისაც სხვისი სიყვარული შეუძლია. პრინციპში სიყვარული არ არის დაყოფილი ობიექტების ნიშნით. ჭეშმარიტი სიყვარული შემოქმედებითობის გამოვლინებაა და ის მზრუნველობას, პატივისცემას და ცოდნას გულისხმობს. ეს არ არის აფექტი, ვიღაცის ზემოქმედების მნიშვნელობით, არამედ აქტიური ბრძოლაა საყვარელი ადამიანის განვითარებისა და ბედნიერებისათვის, რომელიც თავად სიყვარულის თვისებიდან, მისი ფენომენიდან გამომდინარეობს.

     სიყვარული სიყვარულის შესაძლებლობის გამოვლენის განხორციელებაა და ძალისხმევის აქეთკენ მიმართვა. სიყვარულში არსებული ძირითადი მუხტი მიმართულია საყვარელი ადამიანისაკენ, როგორც უძირითადესი ადამიანური თვისებების განსახიერებისაკენ. ერთი ადამიანისადმი სიყვარული გულისხმობს ზოგად ადამიანის სიყვარულს. როგორც ვილიამ ჯეიმსი ამბობდა: „შრომის დანაწილება, რომლის დროსაც ადამიანს უყვარს თავისი ოჯახი, მაგრამ არავითარ თანაგრძნობას არ განიცდის „სხვების“ მიმართ, პრინციპულად გამორიცხავს სიყვარულის შესაძლებლობას.

     ეგოისტ ადამიანს საკუთარი თავი ძლიერად კი არ უყვარს, არამედ პირიქით, არასაკმარისად. სინამდვილეში მას სძულს თავი. ეგოიზმის გაგება ადვილია, თუ მას შევადარებთ მაგალითად ზედმეტად მზრუნველ (ჰიპერმზრუნველ) დედას. ის თუმცა კი დარწმუნებულია, რომ ძალიან ნაზია თავისი შვილის მიმართ, სინამდვილეში კი მტრულადაა განწყობილი მისდამი. მისი ინტერესი აღმატებულია არა იმიტომ, რომ მას ძალიან უყვარს შვილი, არამედ იმიტომ რომ იძულებულია ზოგადად სიყვარულის ნიჭის და უნარის არქონის კომპენსირება მოახდინოს.

მღვდელი გიორგი წეროძე:

თბილისის სახ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტი

     "ჩემი სურვილია ქართულ ენაზე სრულად ითარგმნოს ერიხ ფრომის ეს წიგნი.

     ამ ავტორის პოვნაში მე პატრიარქის ქადაგებები დამეხმარა. „ყოფნა თუ ქონა“ (Haben oder Sein) ერიხ ფრომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომია, სწორედ მასზე საუბრობდა პატრიარქი თავის ქადაგებებში. თუმცა ჩემი ყურადღება და მოწონება სიყვარულის ხელოვნებამაც მიიპყრო. სწორედ მოწონებული ადგილები ვთარგმნე ჩემი ძალებით (რუსულიდან, რაც სრულფასოვან ნათარგმნად ვერ ჩაითვლება, რადგან ლიტერატურული ნიმუში ორიგინალის ენიდან უნდა ითარგმნებოდეს). მინდა შევძლოთ ადამიანებში საინტერესო, „სასარგებლო“ წიგნების კითხვის სურვილი გავაღვიძოთ. ფრომის მიერ გამოთქმული აზრები სიყვარულის, როგორც ცხოვრების წესის და შესაბამისად მისი ცოდნისა და განვითარების შესახებ, დიდწილად მისაღებია ქრისტიანული სწავლებისთვის. მჯერა, რომ მის მიერ ჩატარებული მეცნიერული ანალიზი და დასკვნები კიდევ უფრო გაგვიადვილეს ცხოვრებას ამ ტყუილით სავსე წუთისოფელში. იქნებ უფრო მეტი ბედნიერი და სიხარულით სავსე ოჯახი გაჩნდეს ჩვენ გარშემო და „ვიხაროთ ორთავე სოფელსა შინა“.

ნახვა: 1440

ტეგები: art, love, ლიტერატურა, სიყვარული, ფრომი, ფსიქოანალიზი

კოტე ჩაჩიბაია: ივლისი 5, 2012||5:07pm

gadmoiweret da naxet siyvarulzea

ლაშა: ივლისი 9, 2012||8:53pm

მაგარი რამეა კოტე...

თან მამა გიორგი წეროძეც უკვე ამ საიტის წევრია და ალბათ ის კიდევ უფრო კარგ კომენტარს გაუკეთებს... :)

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სამგანზომილებიანი ქარგვა

გამოაქვეყნა Tamila Moshiashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2018.
საათი: 10:57pm 0 კომენტარი

      ხელსაქმის გაკვეთილები დიდი ხნის წინ შეამცირეს სასწავლო პროგრამიდან, მაგრამ მაინც მახსოვს - სწორედ ამ გაკვეთილებზე მქონდა ქარგვის საშუალება და მერე, დროდადრო, სახლშიც ვაგრძელებდი ამ საქმიანობას,…

გაგრძელება

ინაუგურაციის რეპეტიცია, რობაქიძის საქმის ბოლო, არჩევნების განსხვავებულობა და მოშიმშილე გამსახურდიები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 14, 2018.
საათი: 11:14pm 0 კომენტარი

      ხვალ უქმეები იწყება და ამ უქმეების ბოლოს ინაუგურაციაა და ახალი ქალი პრეზიდენტი გვეყოლება. იქამდე, დღეს გენერალური რეცეპტიცია გაიამრთა კახეთში. აასთანავე, დღესვე რობაქიძს საქმის დასკვნითი…

გაგრძელება

დამტკიცებული ბიუჯეტი, პრეზიდენტის კუდი, კარასინის სიჯიუტე, პენსიის დაგროვება და ბახალას განაჩენები

გამოაქვეყნა Giorgi_მ.
თარიღი: დეკემბერი 13, 2018.
საათი: 10:30pm 2 კომენტარი

      ქართული ამბები განსაკუთრებულად რეიტინგულ ამბებს არ მოიცავდა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 2019 წლის ბიუჯეტიც დამტკიცებული გვაქვს, ავად თუ კარგად ფული იქნება 2019-ში. დღეს პრეზიდენტი იყო აქტიური და…

გაგრძელება

სოციალური ფობიები

გამოაქვეყნა cisia_მ.
თარიღი: დეკემბერი 12, 2018.
საათი: 10:30pm 0 კომენტარი

გამარჯობა, თუ აქ ხართ ადამიანები, ვისაც პირადი გამოცდილება ან პროფესიული გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან მინდა თქვენთან საუბარი.

Qwelly World

free counters