საღამო ხანს ძველმა მოუშუშებელმა და თითქმის დროსთან ერთად ჩავლილმა იარებმა თავი შემახსენეს. ნათურას ჩავუწიე დამზრალი ხელები მოვისრისე და მინავლებულ ბუხარს ჩავხედე... მერე უიმედოდ ავაყოლე თვალი ნაწერების გროვას და ისევ ჩამესმა პაპაჩემის ცივი ხრიწიანი ხმა მარტო დარჩები ბაბა შენ მარტო... უნებურად როგორც ოდესღაც გამაჟრჟოლა, მაშინ მახსოვს თითისტოლამ როგორ მოვუღერე უზარმაზარ მოხუცს მუშტი და ფეხები დავაბაკუნე გამწარებულმა. თან უჩუმრად ცრემლების ყელში გაჩხერილი გორგალი გადავყლაპე და უკანმოუხედავად გავიქეცი... მას აქეთ ასე მგონია სულ გავრბივარ– ისე შემაშინა ცხონებულმა. დღემდე მიკვირს ხუთი წლის ბავშვს როგორ მითხრა მეთქი ასეთი რამე, მაგრამ თუ მის ხასიათს გავითვალისწინებთ უცნაური არაფერი იყო.
წარმოიდგინეთ სოფლის განაპირას დიდ ძველებურ სახლში მცხოვრები მაღალი ხმელ–ხმელი კაცი, დიდი შუბლით მუქი ზურმუხტისფერი ციმციმა თვალებით, გრძელი უკან გადავარცხნილი თმით და ცხვირზე უზარმაზარი სათვალეებით რომელსაც დაძინების წინაც არ იხსნიდა ხოლმე. სამოსშიც უცნაურობა ეტყობოდა ერთთავად შილიფად იცვამდა და ცხონებულ ბებიაჩემს უთვალავ ჯიბეებს აკერებიებდა ხოლმე, აქაოდა ეს თამბაქოსთვისო, ეს ჩიბუხის, ის ასანთის, ჯიბის ფარნის და კიდევ ათასი სხვა რამისთვის, ერთხელ ლურსმნები და ჩაქუჩიც აღმოაჩნდა ჯიბეში როცა მოიძიეს და ვერსად ნახეს. მისთვის ყველა გაზეთი ან ჟურნალი უწმინდური მაკულატურა იყო ხალხი სულელი ნახირი, ცხოვრება ჯოჯოხეთი და სიკეთე დაჭიავებული გულის ცრუ მალამო. არაფრის სწამდა და წირვაზე და ზიარებაზეც ფეხი ჰქონდა ამოკვეთილი აქაოდა ღმერთი თქვენი ცოდვიანი სინდისის დასამშვიდებლად მოიგონეთო. გამწარებული დილიდან დაღამებამდე ერკინებოდა უჯიათ, ეწერ მიწას და ბომბიც რომ დასცემოდა თავზე მაინც არ შეწყვეტდა ერთხელ დაწყებულს.
არასოდეს მინახავს რამე წაეკითხოს არადა ლეგენდა დადიოდა სოფელში დიდი ოთახი მიწიდან ჭერამდე სავსე აქვს წიგნებითო. არ ვიცი მართლა ასე იყო მგონი რადგან სახლში ერთი ოთახი იყო რომლისგასაღებს მუდამ თვითონ ატარებდა. ერთხელ ჩუმად გავყევი იმ ოთახში რომ შედიოდა, ღმერთმანი კარგ ქალაქის ბიბლიოთეკას შეშურდებოდა იმდენი წიგნი იდო თაროებზე, ერთხელ ბებიასაც ვკითხე თუ არ უნდოდა ან რად იყიდა ან რატომ ვინმეს არ აძლევს, მტვერს რად ადებს ამხელა განძს. ვინმე წაიკითხავს მადლია მეთქი. საერთოდ უსიტყვო ბებიაჩემმა სევდიანად გამიღიმა ამიტომაც არ გაძლევთ შვილოო. გამიკვირდა, კითხვაც დავაპირე მაგრამ ბებიამ ისე ღრმად ჩარგო თავი ხელსაქმეში ვიცოდი არ მიპასუხებდა.
საერთოდ გოროზ მოხუცს ყველანი გავურბოდით და სოფელში ჩასვლას მშობლებიც ერიდებოდნენ ხოლმე, თუ ჩადიოდნენ პაპას ხასიათის გადამკიდე ისეთ აწეწილ გუნებაზე ბრუნდებოდნენ შიშით ჩვენს ოთახებში ვიმალებოდით ხოლმე მე და ჩემი ძმები. არა ყველაფერს შეუძლია წუნი მოუძებნოს, ეკონომისტი თუ ხარ რაო წრუწუნა გამოგაძევეს შენი ელექტრო სათაგურიდანო? ან როგორ გყავთ გენერალური ვირთხა რამდენი ათასი მოიპარე უკვე კარგად ხომ კარგად ჩაინიშნეო, ჩასვლისთანავე მოგახლის, დედაჩემმა დასძინა ცრემლებჩამდგარმა, ექიმი თუ ხარ რამდენს გამოუწერე საიქიოს ბილეთიო, თან ჩაიცინებს არა რა ეშმაკთანაც არ მიგიშვებენ უფულოდო, მამიდამ ამოიკვნესა მე ხომ შემიკლა და მომინელა აჰა მამის ვარდო იურისტო გგონია შენი ტყულებით მეც გამაბრუებ, ან რაო ციხის გმირებმა მოგვწყინდა ციხეში ყურყუტი და გაგვიყვანეო? ხან იმასაც იტყვის ეს რა გაგვიზრდია ნეტა რამდენი ღირს ამის მოსყიდვა, დარწმუნებული ვარ იაფია რაკი არაფერი აბადია ამის ვირისყურება ქმარსო. არა რა, დედაჩემი რომ არა იმ სახლში ფეხის დამდგმელი არ ვარო. ასეთ დღეში ჰყავდა არა მარტო ოჯახი, მთელი სოფელიც და რომ არა ომში შეტანილი წვლილი და უზარმაზარი გმირობა ალბათ ექსორიასაც კარგა ხანია მოუწყობდნენ.
ეგ კია თუ რამე ან ვინმე ეცოდებოდა ეს ცხოველები და ბავშვები იყვნენ. როცა საქონელს დაკლავდნენ ამ გულქვა კაცს ლამის ცრემლები ჩაუდგებოდა თვალებში, ჩაიბუტბუტებდა ხოლმე რაო ერთმანეთს რომ კლავთ და ჭამთ ეგ არ გყოფნით და ამ ცხოველებსაც თქვენი აუვსებელი კუჭის ამოსაყორავად იყენებთ არა? მიწაზე ცასა და წყალში ყველაფერი გადაჩხრიკ–გაანიავეთ კოსმოსსაც შეესიეთ კმაყოფილები ხართ ვითომ? რა თქმა უნდა არა. რაც მეტი აქვს მეტი უნდა ადამიანს, ღორის დაძახება კაცისთვის ამ კეთილშობილი პირუტყვის შეურაცყოფა იქნებოდა სწორედ. ბავშვები კი სისხლის წოვა აქვთ ჯერაც სასწავლი და თუ კარგად ვერ შეიგნეს ვის როდის და როგორ რა დასტყუონ ან საგიჟეთში მოხვდებიან ან მარტოსულ მოხუც ჩაჩანაკებად მერე ხელს ჩაიქნევდა ხოლმე ვის ვუყვები და რატომო, გაიდებდა თოხს მხარზე და ჯავრს მიწაზე იყრიდა. ისე ძალუმად სცემდა მიწას გეგონებოდა მის გულამდე ჩააღწევსო...
პირველად, ხუთი წლის რომ გავხდი იმ ზაფხულს ჩამიყვანეს სოფელში. მშობლები საზაფხულო მივლინებით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ, მე კი მიუხედავად იმისა, რომ გული სწყდებოდათ, სოფელში გამაგგზავნეს. მამა კარგა ხანს ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს როცა დედამ უთხრა, ქალაქელ პიჟონად ხომ არ გინდა შვილის გაზრდაო, მოლბა. ასე და ამგვარად სასაკლაოზე წასაყვანი გოჭივით აჭყავლებული, ცრემლებით და ცხვირსახოცების ნაკრებით ბებია-ბაბუასთან გამგზავნეს.
თეთრთავსაფრიანი ბებია კარებში შეგვეგება, თავზე ხელი გადამისვა და მორცხვად გამიღიმა... ბაბუა არავის უხსენებია. იმ ღამეს ბებიამ ძილის წინა ლოცვები წამიკითხა, ისეთი მელოდიური, კეთილი ხმა ჰქონდა სულკურთხეულს, უმალ ჩამეძინა. არც ის მიგრძვნია როგორ შემოვიდა სამზადისში ოფლში გახვითქული ბაბუა, და როგორ ფრთხილად შეატყობინა ჩემი იქ ყოფნის ამბავი ბებიამ (წინასწარ რომ ეთქვათ არაფრით დათანხმდებოდა, აქაოდა ძიძა ხომ არა ვარო)...
ბაბუა დილით ადრე გადიოდა, საღამოს გვიან ბრუნდებოდა, ამიტომ ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით... საერთოდ, ძალიან უცნაური ბავშვი ვიყავი, ყველგან დავეხეტებოდი ყველგან დავძვრებოდი და იმდენად ცნობისმოყვარე გახლდით, რომ რასაც ამიკრძალავდნენ ჯიბრზე სწორედ იმას ამოვიჩემებდი. ერთი კვირა არ იყო გასული, რომ ბებიას სად რა ჰქონდა შენახული თვალდახუჭულმაც ვიცოდი, მთელი სამეზობლო მქონდა მოვლილი და ყველა მეზობლის ბავშვი შეამხანაგებული. აი, სახლში კი კარგად ვერ მქონდა საქმე. ბაბუას დაკეტილი ოთახი, სადაც როგორც ბავშვებმა მითხრეს მოჩვენებები ცხოვრობდნენ და ბაბუა ვირის ქონს ადუღებდა საჯადოქროდ, ცნობისმოყვარეობას მიასკეცებდნენ, იმიტომაც იყო რომ მოხუცს ერთხელაც უჩუმრად ავედევნე. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, არანაირი მოჩვენება მხოლოდ დარაბებიდან შემოპარულ შუქზე აელვარებული ოქროსფერი მტვერი და მკრთალად ასახული გაბურძგნულწვერიანი ეშმაკის შავი თავი. შევკივლე და გულთ შემომეყარა, ბუნდოვნად ვიგრძენი როგორ ამიტაცეს ცივმა რკინის ხელებმა... თავს შეშფოთებული ბებიაჩემი მადგა, ეშმაკის თავს რატომღაც სათვალე დაეკოსებინა და შეშას აწყობდა. ასეთი საინტერესო რამ ჯერ არ მენახა, ამიტომ შიშს ვძლიე, მივუახლოვდი, წვერზე მოვქაჩე და სასწრაფოდ ვთხოვე აეხსნა ჩვენს სახლში რა უნდოდა, ახლაც მახსოვს ბაბუამ როგორ შემომხედა, თითქმის გაოცებულმა რაღაცნაირი ამრეზით, მე დაკითხვას განვაგრძობდი რაში სჭირდება ეშმაკს სათვალე? ჯობია ექიმს მიმართოს და თუ ძალიან მთხოვს და მასთან სურათს გადამაღებინებს, დედაჩემი ექიმია და მასთან მივიყვან, მერე უცებ მივხვდი რომ ტანიც ჰქონდა, მაგიდაზე ბაბუას სურათიც შევნიშნე, გამწარებულმა ბებიას ცოცხს დავავლე ხელი და სასწრაფოდ ვთხოვე ბაბუას სხეულიდან გამომძვრალიყო, თან გავაფრთხილე ბაბუა ბოროტი კაცია, ვირის ტვინებს ხარშავს და თუ ფრთხილად არ იქნები შენც მოგხარშავს მეთქი. ახლაც მახსოვს როგორ ხარხარებდა ბაბუა, მერე ბებიას კალთას ამოფარებულს გადმომხედა, ჩემდა გასაოცრად ცრემლებით დაენამა დიდრონი ზურმუხტისფერი თვალები და ნათღვლიანად მითხრა: ასე თუ გააგრძელე, მარტო დარჩები ბაბა შენ, სულ მარტო... ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა... ამის შემდგომ ბაბუა გახდა ჩემი სამიზნე, ბაბუას კითხვის სურვილი უნდოდა ჩაეკლა, მე კი წიგნებს დახარბებული ვაცხრებოდი, ბაბუას, გავიგე ყველაზე მეტად მწერლები ეჯავრებაო და აქ ვცადე ბედი, როგორც აღმოჩნდა ცოტაოდენი ამ საქმის ნიჭი მქონია...
ერთხელ, ბებიამ საღამო ხანს ჩვეულებრივზე სევდიანად გაიღიმა, ბაბუას გადახედა და ჩუმად ჩაილაპარაკა: "შავ პეპლებს ვხედავ მგონია ბიჭო", ბაბუა უხმოდ გავიდა. ამასღა მოვკარი თვალი ვეება აჩონჩხილი მხრები როგორ აუცახცახდა... ერთ კვირაში ბებია გავასვენეთ, ბაბუას არ უტირია, სამუშაოდ გავიდა, ეგ კია წყალშემდგარ ხეს ჰგავდა როცა გავიდა, თუმცა ეს არავის შეუმჩნევია, ისევ ისეთი უტეხი სახე და თვალები და წავიდა. მერე რა. დამარხეთ სადაც საჭიროა და ალიაქოთი და ცრუ ცრემლები არ დააყაროთო დაგვიბარა... ამ ერთხელ და ბოლოჯერ შემეცოდა მაშინ ბაბუა, ვიღაცამ ხომ ზურგში მიაყოლა ამ სათნო ქალის მაგივრად შენ რო ჩაძაღლებულიყავ მადლი იქნებოდაო.
ყველას გვიკვირდა, ეს უდავოდ ლამაზი, დახვეწილი და სათნო ქალი ბაბუასთანა ახირებულ ადამიანთან რამ დააკავშირა, როგორ მოხდა, რომ ეს ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი ერთ უღელს ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ეწეოდა? რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს არც ერთ შვილს არ ახსოვდა, რომ მშობლები ოდესმე წაკინკლავებულიყვნენ მაინც, ჩხუბზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ერთხელ გამწარებულმა მამიდამ ბებიას შესჩივლა, ამ ახირებულ კაცს რომ გაჰყევი ვინმე ნორმალური ვერ მოძებნეო? რაზეც ჩუმი სევდიანი ღიმილი მიიღო პასუხად, მამიდა მიხვდა რომ ეგ არ უნდა ეკითხა, მიხვდა რომ დედას სადღაც გულის სიღრმეში ეტკინა შვილმა არჩევანი რომ დაუწუნა... მე თუ მკითხავთ მხოლოდ ბებიას ესმოდა ბაბუასი და ღრმად იყო დარწმუნებული რომ ყველანი ძალიან ვუყვარდით, რომ ეს მისი უცნაურობაც ჭარბი სიყვარულის შედეგი იყო, ვინ იცის, ახლა რომ ვიხსენებ იქნებ ასეც იყო, იქნებ ბაბუა ყველაზე მართალი იყო ჩვენს შორის...
კიდევ ერთი შემთხვევა მაგონდება. სკოლაში მერვე თუ მეცხრე კლასში ვიქნებოდი დავალება რომ მოგვცეს "ინტერვიუ ბაბუასთან", მაშინვე გავაპროტესტე ბაბუა ერთი უბირი, უცნაური კაცია და მასთან ლაპარაკისაც გვეშინია ყველას მეთქი, ეს სახლშიც გავიმეორე და ბოლოს დავალების გარეშეც წავედი რა თქმა უნდა... იმ წელს თითქოს ჩემთან გაჯიბრება უნდოდაო წლის შემაჯამებელ კრებაზე მშობლების მაგივრად სმოკინგში გამოწყობილი ბაბუა გამომეცხადა, საძაგელ ხასიათზე დავდექი რაღა თქმა უნდა. ჯერ კრება თავისთავად ჯოჯოხეთი, ზედ დამატებული ბაბუა რომელიც აუცილებლად შემარცხვენს, კარებში ტყვიასავით გავვარდი... კრებამ ჩემს სიცოცხლეში ყველაზე მტანჯველ და გრძელ ორ საათს გასტანა, აკანკალებულმა შევაღე კარები და გავშრი, სანახაობა ყოველგვარ საზღვარს აღემატებოდა: ძველბერძენი ნესტორივით გამოჭიმული ბაბუაჩემი, რომელსაც პატარა ბალღებივით შემოუსხამს გარშემო ჩემი მასწავლებელ-მშობლები, თვალს არ აფახულებენ ისე უსმენენ... არც კი მახსოვს რას ჰყვებოდა და როგორ, მაგრამ კრების შემდგომ ჩემი ხეპრე ბაბუა წლის სენსაცია, არაორდინალურ ინტელიგენტად შეფასდა, უზომოდ მესიამოვნ,ა ლამის ცხოვრებაში პირველად სურვილი გამიჩნდა მოვხვეოდი, როცა უნდა ხომ შესძლებია მეთქი გავიფიქრე, მაგრამ ბაბუამ ცივი გადამასხა, ბაბა რას გასწავლიან სკოლაში მკითხა აქეთობისას, სხაპა-სხუპით ჩამოვუთვალე რვავე საგანი, - მერე როგორ სწავლობ? ათებზე მივუგე სიამაყით და გახარებულმა ჩავიცინე, ბაბუა მოღუშული სახის შემხედვარე, ის კი თითქოს თავისთავს ელაპარაკებოდა: წლები გადის და მაიც არაფერი იცველება, მუდმივად ერთი და იგივე გაცვეთილი იდეალები, ისევ მშრალი ცოდნა, რომელსაც სადღაც გონების ბაკანში მიაგდებენ ხოლმე, ისევ ისეთი ვიწრო ხედვა, დიდი ამბიციები და უთვალავი ნიღაბი... აი, დეგრადაციის უცვლელი ფენომენი... ნეტა სარკეში არასოდეს იხედებიან? იქნებ, რომ ჩაეხედათ თავიანთ სიმახინჯეს ნახავდნენ, ამიტომაც შემობრუნებული გამოსახულება მოიფიქრეს, ყველაფერში თავის მართლება გვიყვარს და ალბათ იმიტომ. მერე უცებ ხელი ჩაიქნია, რა აზრი აქვს ამ ყველაფერსო და ჩქარი ნაბიჯით გასასვლელისკენ გაემართა...
ეს იყო და ეს, ამის შემდგომ მე მოხუცი ცოცხალი არ მინახავს, მაგრამ ეს კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ რაღაც უცნაური ხალისიანი გამომეტყველება ჰქონდა მკვდარს, მაშინ როცა გაღიმებულიც კი ცოტას თუ ახსოვდა...
მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, ბევრჯერ მაბურთავა ცხოვრებამ, დიდება, პატივი, ლანძღვაც და გინებაც გამოვცადე, ბევრჯერ დავრწმუნდი რომ a+b ყოველთვის როდი უდრის b+a_ს, მაგრამ ერთი რამ კი მუდამ გასდევდა ფონად ჩემს არსებობას, სულ ველტვოდი და ამავდროულად მეშინოდა მარტოობის... ვცდილობდი ყველა ადამიანი ისეთებად მიმეღო როგორებიც იყვნენ, ამით იქნებ დამეძლია სევდა და ჩემი თავი მეპოვნა... დრო გადიოდა, ბაბუას ნათქვამი სულ უფრო მჭიდროდ იდგამდა ფესვებს, მაგრამ ახლაც, თითქოს მის ჯიბრზე, ყოველთვის ვიღიმებოდი და მტკიცედ მწამდა ამ ქვეყნად ყველა ადამს ჰყავს თავისი ევა და ყველა ევა უზენაესი სიყვარულისთვისა შექმნილი, ადამი და ევა ერთ არსს ჰქმნიან ამიტომაც სულ ერთმანეთს დაეძებენ, თუ ერთმანეთს შეხვდებიან სასწაული ხდება, მაგრამ თუ ერთმანეთი შეეშლებათ მარტონი რჩებიან, სულ მარტონი...
ბაბუამ თავისი ევა იპოვა და ცხოვრებით დაღლილი თავი მხოლოდ მას, ერთს ანდო ამ სამყაროში...
გამჭოლმა სიცივემ ტვინის უმცირეს ხვეულებში შეაღწია, მომეჩვენა თითქოს არც ვარსებობდი, არაფერი შექმნილი არა რაისგან არაფრად იქცევა წამომცდა უნებლიედ, შავმა პეპლებმა ტანგოს ცეკვა დაიწყეს, ყურს მოცარტის რექვიემის უსაყვარლესი აკორდები მოსწვნენ, ფეხშიშველა სინდიოფალა ცვრიან ბალახზე წამოიმართა, კაბის კალთები ფრთხილად აიკეცა, მიწის გამაბრუებელი სუნი დაჰკრავდა მის ელვარე თმას, ლაჟვარდოვან თვალებში კი ღიმი ჩასდგომოდა, უცებ მომინდა ვარსებულიყავ, სიცოცხლე მომინდა და პირველად მომწყურდა ა დ ა მ ი ა ნ ო ბ ა...
არა არა ვარ სულ მარტო, სანამ სინდიოფალას ვხედავ, სანამ სიცოცხლის მწამს არა ვარ მარტო...
ნახვა: 978
ტეგები: Qwelly, qwellyblog, qwellypost, ადამიანობა, ბაბუა, ბებია, ბლოგი, მარიამ_გვარამია, მარტოობა, სოფელი
უჟმური მოხუცი. მაგნაირებთან ჯაბაასი ყოველთვის სასიამოვნოა. არ უნდა მოეშვა და ისეთი მარგალიტები წამოსცდებათ ხოლმე ცხოვრების ბოლომდე რომ გაჰყვება კაცს. სასიამოვნოდ საკითხავი ისტორიაა :))
ბაბუამ თავისი ევა იპოვა და ცხოვრებით დაღლილი თავი მხოლოდ მას, ერთს ანდო ამ სამყაროში...
მე დავინახე ბაბუა_შენი.. :) კარგი იყო
ყველას დიდი მადლობა თბილი კომენტარებისთვის,სამწუხაროდ რეალურად ბაბუა რომ ვინმესთვის დამეძახა ამის პატივი არასოდეს მქონია:)ამიტომ ამ ნოველის ბაბუა ყველას ბაბუაა,მე მხოლოდ მას ჩემი წარმოსახვით სახე მივეცი:)
ჰმ, მე კი მჯეროდა ნამდვილი ისტორიებიათქო. :))
სამწუხაროდ არა:) მაგრამ რას არ მივცემდი ნამდვილი რომ ყოფილიყო :)
კომენტარი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 10, 2024.
საათი: 9:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the globe dominated by mass production, there’s some thing deeply fulfilling about possessing a handcrafted merchandise. Irrespective of whether it’s a bit of home furniture, a leather-based wallet, or maybe a ceramic mug, substantial-high-quality handcrafted merchandise keep a Specific put inside our lives. They tell a Tale of care, creative imagination, and custom — a considerably cry from the uniform, equipment-produced products which flood today’s…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 5, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A Deep Dive into the Upcoming Aeternum
As New World: Aeternum approaches its highly anticipated October launch, Amazon Games has ramped up efforts to prepare both new and returning players for the latest iteration of their popular MMORPG. In a move that underscores their commitment to player engagement and education, Amazon Games has relaunched its previous video series, Touring Aeternum, under the new banner Discovering Aeternum. This expansive 34-episode YouTube video…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 12:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In today's Electrical power-driven earth, having a dependable, successful, and long-lasting electric power resource is essential for several purposes. 36V LiFePO4 batteries, constructed with reducing-edge Lithium Iron Phosphate technology, are swiftly starting to be a top choice for gadgets and programs necessitating a secure and strong energy provide. From electrical autos and golfing carts to solar units and industrial equipment, these batteries deliver exceptional…
გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: დეკემბერი 4, 2024.
საათი: 4:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Unveiling Path of Exile: Affliction - A Journey into the Viridian Wildwood
Path of Exile, the beloved ARPG by Grinding Gear Games, continues its tradition of expansion and innovation with the highly anticipated release of Path of Exile: Affliction. Scheduled to launch on December 8, 2023, this expansion promises to deepen the game's immersive experience and provide players with exciting new challenges and opportunities. As we eagerly await the arrival of Affliction, let's delve into…
გაგრძელება© 2024 George. •
თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!
Qwelly_ზე რეგისტრაცია