წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289)
25 მარტი

წმიდა მეფე დემეტრე თავდადებული (+1289) წმიდა კეთილმსახური მეფე თამარის (ხს. 1 მაისს და მენელსაცხებლე დედათა კვირიაკეს) შვილთაშვილი იყო.

სიყრმიდანვე განსაცდელებით წვრთნიდა უფალი მომავალ მეფესა და მოწამეს. ჩვილი იყო, როცა მონღოლებმა დედა - უსათნოესი გვანცა დედოფალი, მოუკლეს. გადმოცემით, სიკვდილის წინ დედოფალს პატარა დემეტრე ნოინის ცოლისათვის ჩაუბარებია. წარმართ დედაკაცს უშვილებია უფლისწული და ასეთი მორჩილებისთვის ღვთისაგან სასწაულებრივი კურნება მიუღია - უშვილო ქალს მალე ვაჟი შესძენია.

ათი წლისას მოუკვდა მამა - დავით ულუ. 11-12 წლის ყრმა დემეტრე ქართველმა დიდებულებმა აბაღა ყაენს მიჰგვარეს ურდოში და სთხოვეს, საქართველოს მეფეთ-მეფედ დაემტკიცებინა. ყაენმა შეისმინა ქართველთა თხოვნა, მოეწონა ქართველი უფლისწული, „რამეთუ იყო ქმნულ-კეთილ, და შუენიერი ხილვად“, მეფობის დასტური უბოძა დემეტრეს, სამაგიეროდ, თავისი უფლებების განსამტკიცებლად, „წარმოატანა თანა სადუნი, რომელსაც უბოძა მეფემან დემეტრე ათაბაგობა“. სადუნ მანკაბერდელი ყაენის კარზე დაახლოებული, მისი ნების აღმასრულებელი, თბილისში გაზრდილი გასომხებული ქურთი იყო.

თბილისში ჩამობრძანებული მეფე დაჯდა დავითიან-თამარიან ტახტზე. „აღასრულეს წესი კურთხევისა კათალიკოზმან და ეპისკოპოზთა და ყოველთა მთავართა საქართველოსა ერეთით, კახეთით, სომხეთით, ქართლით და ჯავახეთით და ტაოთ, რომელნი შეკრებულ იყუნეს“.

სულიერი სათნოებებით აღსავსე მეფე გონივრულად და გულმოწყალებით განაგებდა ქვეყანას. „აქუნდა ჩვეულება, აღიღოს საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის, და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლორცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა“.

15 წლის მეფეს, პოლიტიკური მოსაზრებით, ცოლად შერთეს ტრაპიზონის კეისრის ასული.

შედარებით მშვიდი პერიოდი დემეტრე მეფემ საქართველოს კეთილდღეობისთვის გამოიყენა, ააშენა და განაახლა ეკლესია-მონასტრები, გაამაგრა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე. „ააგო პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირა სოფელნი და ზვარნი და განუჩინნა მონაზონთა საზრდელი და განაგო კეთილითა“...

მეტი არ დასცალდა დემეტრე მეფეს - ყაენმა ეგვიპტეზე სალაშქროდ იხმო. გაჰყვა მეფე ყაენს დიდძალი ლაშქრით, გმირულად იბრძოლა, გააოცა მონღოლნი და ეგვიპტელნი, მაგრამ უკან განახევრებული სპით დაბრუნდა.

1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს და იქაც ყველა გააკვირვა გასაოცარი სიმამაცითა და ვაჟკაცობით. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულთანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. შემდგომ, ქალაქ ამასიასთან 1281 წელს 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაშიც საარაკო გმირობა გამოიჩინა ქართველთა ლაშქარმა, მაგრამ ამ გმირობას უამრავი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეეწირა. ამდენი ლაშქრობებისაგან ქვეყანა გაღატაკდა, გავერანდა. დემეტრეც იძლია ბოროტისაგან, წარმართებს აღერია, მოკვდავთ მიენდო. ქვეყნის ინტერესებმა კვლავ მსხვერპლი მოითხოვა მეფისაგან, ამჟამად მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შეირთო ცოლად.

სხვის ომში სისხლისგან დაცლილი საქართველო ახალი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა: დაიწყო შინაბრძოლები. ქართველები ისე დაეცნენ, რომ ეკლესიებსაც კი სტაცებდნენ მიწას და სოფლებს იმის მაგიერ, რომ მეგობრის სახით შემოპარული საერთო მტრის განადგურებაზე ეზრუნა, ერი უცებ დაექანა დაღმავალი გზით, უცებ აღმართა ხელი მოყვარეზე, დაივიწყა ღმერთიცა და ხატიც.

ამაოდ ამხელდა სამწყსოს ზნესრული და უსათნოესი კათოლიკოსი ქართლისა ნიკოლოზი, ამაოდ მოძღვრავდა ბოროტის მიერ მიტაცებულ ქრისტიანებს ნიკოლოზ მაწყვერელი - არავინ უგდებდა ყურს მათ სიტყვებს, თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამპარტავნებაში, ანგარებაში, უწესობაში.

დემეტრეც ახალი საცდურის წინაშე აღმოჩნდა: გულისთქმას ვეღარ გაუძლო ახალგაზრდა მეფემ - სიყვარული დაეუფლა მის გულს, გადაწყვიტა, ერთხელ მაინც ყოფილიყო ბედნიერი პირად ცხოვრებაში და მოიტაცა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. მისგან დემეტრე მეფეს შეეძინა „უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ჴელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა“ - გიორგი V, ერისგან ბრწყინვალედ წოდებული.

უფალმა სასჯელი მოუვლინა „საზეპურო ერს“ ცოდვთა გამო: ვნების ოთხშაბათსა და ხუთშაბათს მიწა იძრა „სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათჳს“. აღდგომის სიხარულად განმზადებულ ერს ყურადღება არ მიუქცევია მისთვის. პარასკევს კვლავ იძრა მიწა, შაბათს კი საფუძვლიანად შეარყია და შეაძრწუნა ქვეყანა: ეკლესია-მონასტრები, მთა და ბორცვი დაინგრა, მიწა გაიპო და იქიდან შავი კუპრისმაგვარი წყალი ამოიჭრა, ხეები ამოიძირკვა. აწყურის ეკლესია ჩამოინგრა და უფალმა სასწაულებრივ იხსნა ლიტანიობით შესვენებული ღვთისმშობლის ხატი - გუმბათი ჩამოვარდა და ქუდივით დაემხო ტაძრის შუაში დასვენებულ ხატს. დაინგრა მცხეთა, მთელი სამცხე. ურიცხვი ადამიანი დაიღუპა. გლოვამ და ტირილმა მოიცვა სრულიად საქართველო.

ერის დაცემით შეძრწუნებულმა კათოლიკოსმა ნიკოლოზმა ვერ შეძლო აზვირთებული უზნეობის შეჩერება და მოთოკვა. მრავალჯერ ამხილა და დამოძღვრა მან მეფე, და რაკი ვერ არწმუნა, დაუტევა კათალიკოსობა, „წარვიდა მამულად თჳსად“ და უბრალო ბერული მოღვაწეობით ჩააბარა სული უფალს.

მეფის სამხილებლად ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი მონაზონი (ხს. 18 აპრილს), ევფემიოს (ექვთიმე III) კათოლიკოსის ბიძა, „საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა გაბრწყინვებული“, ღვთისმშობლის გამოცხადებით მოიწია წინაშე დემეტრე მეფისა, ამხილა იგი უწესო ქორწინებისათვის და უთხრა: „უკეთუ დაუტევენ უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“. მეფემ და მთავრებმა უგულებელყვეს წმიდა ბერის ნათქვამი. მაშინ ბასილი მონაზომა მომავალი უწინასწარმეტყველა: „ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა და შვილნი შენნი მიმოდაიბნინეს და სხვამან დაიპყრას მეფობა შენი და იავარჰყოს სიმდიდრე შენი. და აჰა, ესერა, შენ და მთავართა გეტყჳ და ვესავ ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელი სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკუეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“.

გაკვირვებულმა მეფემ პასუხი არ გასცა ღვთივგანბრძნობილ ბერს, რადგან წმიდა კაცთა პატივისმცემელი იყო.

მეფეს ამხელდა აგრეთვე ლეკთა განმანათლებელი ღირსი პიმენ სალოსი და მისი თანამოსაგრე ანტონი (ხს. 16 მარტს).

მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამ-ღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთა მოწყალებას.

აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.

ყაენის კარზე დაიბარეს მეფე დემეტრე. მეფე მიხვდა, რასაც ნიშნავდა ყაენისგან ხმობა, მოიწვია კათოლიკოსი, ეპისკოპოსნი, მონასტრებისა და გარეჯის უდაბნოს მამები, შეკრიბა დარბაზის ერი და განუცხადა: „ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა და თანადგომითა თქუენითა წარვმართე მეფობა და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი... და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა და დავიცვა თავი ჩემი და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მოოჴრდებიან, კაცნი და ჯუარნი დაიმუსრვიან... რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე თჳთ მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ, რომე ქუეყანა უვნებლად დარჩეს“.

დარბაზი გაკვირვებული მისჩერებოდა სიცოცხლით სავსე, „შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ“ მეფეს, რომელიც ერის გადასარჩენად აშკარა სიკვდილზე მიდიოდა. ყველამ ერთხმად სთხოვა მეფეს, შეეფარებინა თავი მთიულეთისთვის, მაგრამ მეფემ მშვიდად ბრძანა: „მეწნო არიან და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა და არა დავიშლი ურდოს წასვლას“.

„არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს, ჩუენ ყოველნი, ეპისკოპოსნი, ვიტჳრთვთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუასისათჳს. და უკეთუ ერთისა მოყუსისათჳს სულის დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულითა ცხოვნება ეგოდენ სარგებელ არს“, - ბრძანა აბრაჰამ კათოლიკოსმა.

ამის გამგონე მეფე სიხარულით განემზადა უდაბნოში წასასვლელად, თან იახლა აბრაჰამ კათოლიკოსი, მოსე მღვდელი, ძე თვისი, დავით და რჩეული ერისთავები. ყაენის გამოგზავნილი სიუქოლ ნოინი შემოხვდა დემეტრეს, რაც ჰქონდა, ყველაფერი ჩამოართვა, ხელები გაუკრა და ყაენს მიჰგვარა, ვითარცა ერთი უპატიოთაგანი.

ვერანაირი დანაშაული ვერ აღმოუჩინეს ქართველთა ახალგაზრდა მეფეს. დაფიქრდა ყაენი. იცოდა, „უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა“, არც დაუსჯელობა ივარგებდა, რადგან დემეტრე „მიმდგომი და მზრახავი იყო ბუღასი“. მაშინ წინ წარდგა ხუტლუ-ბუღა მანკაბერდელი, ძე სადუნისა, მოღოლთა მოენე და დამსმენი და ყაენს უთხრა: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითისი (ნარინის), სახელით ვახტანგი, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს“. მოღალატე ამირსპასალარის სიტყვებმა ყველაფერი გადაწყვიტა. დემეტრეს უბრძანეს, აღეწერა ყოველი სიმდიდრე მისი, შემდეგ ხელები შეუკრეს, არგნებით სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. ქართველმა დიდებულებმა მოახერხეს დილეგში მყოფი მეფის მონახულება და გაქცევა შესთავაზეს. ქვეშევრდომების ერთგულებით გახარებულმა მეფემ კვლავ მშვიდად მიუგო: „პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისთჳს ჩემისა. ხოლო აწ თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წარვიწყმიდო“.

მონღოლებმა დემეტრე დივანხანად წოდებულ სამსჯავრო სახლში წაიყვანეს დასაკითხად და, თუმცა ბრალი ვერ უპოვეს, ყაენმა სიკვდილი გადაუწყვიტა ქართველთა მეფეს.

წმიდა მეფემ სიხარულით მიიღო სიკვდილის განაჩენი, მხიარულად მოიკითხა ნუგეშინისცემად მისული ქართველი დიდებულები, მერე სწორედ მოღალატე ხუტლუ-ბუღას ჩააბარა თავისი პირმშო: „ძე ჩემი მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან“. ღვთისგან ცხებული მეფის მიერ გამომჟღავნებულმა სიყვარულმა და შენდობამ გული შეუძრა ორგულ ხუტლუ-ბუღას და ტირილი წასკდა.

სიკვდილის წინ ილოცა მეფე, მიიღო წმიდა ზიარება და სული უფალს შეავედრა.

მოულოდნელად ღვთითმოვლენილმა სასწაულმა შეძრა ყოველი. მზე დაბნელდა და საშინელი სიბნელე ჩამოწვა. ამ სასწაულმა ისე შეაშინა წარმართები, რომ ხელი აიღეს უფლისწულის მოკვლაზე.

დემეტრეს წმიდა გვამს ყაენის ბრძანებით დარაჯები იცავდნენ. კათოლიკოსმა და მოსე მღვდელმა ფარულად გამოიხსნეს ცხედარი და თბილისელი მეთევზეების დახმარებით საქართველოში ჩამოასვენეს.

წმიდა მეფე დემეტრე დამარხეს მცხეთას, სვეტიცხოველში, „სამარხოსა მამათა მათთასა“.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ

ნახვა: 188

კომენტარი

თქვენ უნდა გახდეთ Qwelly_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!

Qwelly_ზე რეგისტრაცია

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

In phrases of what adventuresome

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 28, 2024.
საათი: 5:30am 0 კომენტარი

In phrases of what adventuresome enthusiasts can apprehend aural the affiliated term, the dev acclimatize appear to be afire on statistics, about did accept that a new weapon, the Blunderbuss, is axial the works. Added facts advanced the achievability of mutated expeditions advancing to decrease-degree expeditions. The accession additionally casting the absorption of added small-scale PvP like matchmade arenas or greater adventitious versions of New World Gold sports like Invasions or War,…

გაგრძელება

6 Advantages Of Great deal

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 27, 2024.
საათი: 7:30am 0 კომენტარი





Are you a funds-mindful enterprise proprietor hunting To maximise the opportunity within your home? You then’ve come to the ideal place! We know the way important it is to get swift and successful residence progress at Darryl’s Tree Company in Waukesha. Our professional experts are equipped with up-to-day devices and know-how to get ready your land swiftly. Specializing in industrial great deal clearing, we have the expertise to take care of tasks of all measurements.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters