ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ალექსანდრე მაკედონელი

კომენტარს: თემა 'რომელია ყველაზე ცბიერი ცხოველი?'
დედა ან ბებია ეყოლებოდათ ქართველი კახუჩა... :D  Kakha said:  სათაური გენიალურია წარმომავლება ბერძნულია აბა ალექსანდრე მაკედონელი და ის ფილოსოფოსები ქართველები არ იყვნენ D:D:P:P
დაამატა ლაშა to Earth / დედამიწა at 7:28pm on იანვარი 18, 2013
კომენტარს: თემა 'რომელია ყველაზე ცბიერი ცხოველი?'
ური გენიალურია წარმომავლება ბერძნულია აბა ალექსანდრე მაკედონელი და ის ფილოსოფოსები ქართველები არ იყვნენ D:D:P:P …
დაამატა ლაშა to Earth / დედამიწა at 8:12pm on იანვარი 18, 2013
პოსტი: ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან

                             ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან

                                                     ნაპოლეონ ბონაპარტეს…

დაამატა nika grani at 6:18pm on დეკემბერი 12, 2012
თემა: სერგეი ალხუტოვი მეფე და ძაღლი
შეიძლება ომში წასვლა, რაღაი გადახურებული თავი თავისი თვისებებით მთლიანად ჩაანაცვლებს - მძიმეა, ცხელი, წკარუნა და ცარიელი. ერთი სიტყვით, ბრინჯაო. თვალებიც კი ღალატობენ თავიანთ ჩვევას: უკან შეიკეცავენ თავიანთ თხელ, უხილავ საცეცეებს, რომელთა დახმარებით, როგორც ზოგიერთი ფილოსოფოსი ირწმუნება, ხდება დანახვა, და უშუალოდ აღიქვამენ მთელ პაპანაქებას თუ მზის მთელ სიმძიმეს. ო, ჰელიოს! მალე მთელი ქვეყანა ადუღდება - რა თქმა უნდა, თუკი იმისი ოთხი ელემენტიდან მთავარი წყალია. აბა რა, წყალი უნდა იყოს გადამწყვეტი! ზეთისხილის და ლეღვის ფოთლები ალაგ-ალაგ ყვითლდება - ხეებსაც არა ჰყოფნით მაცოცხლებელი ტენი. და თუკი მათ ნიავწანწალა შეეხება, ისე უცნაურად შარიშურობენ, რომ პლატონიც კი ვერ მოვა მათთან თავისი მსჯელობებით. ოღონდ პლატონს რომ შრიალი შესძლებოდა... ამბობენ, რომ ძალიან-ძალიან შორს, მზის ამოსვლის მხარეს (ო, როგორ ვარვარებს, სულ გამოგვაცხო!), არის თვალუწვდენელი ქვიშები, სადაც იზრდება ხეები... იქაურები „საქსაულს“ ეძახიან. ესეც სახელია რა, იგივეა, ხვლიკს რომ ჩხრიალა ბალახი დაუძახო. აი, სხვათაშორის, რას უნდა ჰგავდეს პლატონის სილოგისტიკა! თანაც, კიდევ იმასაც ამბობენ, რომ იქაურ ქვიშებში ზაფხულის დღეს კვერცხს უფრო მალე შეწვავ, ვიდრე ცეცხლზე. ესე იგი, აქ, ჩვენთან მაინც არც თუ ისე ცუდია. ხოლო აგორის განაკიდეზე, ჭკნობაშეპარული ლეღვის ხის რიბი-რაბო ჩრდილში დგას ძაღლი დიოგენი და ცხვება. კმაყოფილებას იმის პირისახეზე ექიდნურობაც შერევია, რომელიც სულაც არ უშლის ხელს, ნეტარებით წამოიწიოს ცერებზე. მგონი, უკვე მთელმა ათენმა მოისმინა მისი კომენტარი ამის თაობაზე: „ნეტავ, ეგრე ადვილად შეიძლებოდეს შიმშილის გაქრობაც, მუცელზე მოფერებით!“ ამბობენ, რომ გუშინ ამ უცნაურმა კაცმა თქვა, რომ ქარონის ნავი ამის სიმძიმეს ვერ გაუძლებსო და თავისი ჯამი გადააგდო. მახლობელი ხის ქვეშ ორი ბიჭი ერთობა. საიდანღაც მოუტანიათ ჩამღრძვალი ძაღლის კუდი. ერთი ლაწირაკი კუდს იმ ალაგთან იჭერს, სადაც დიოგენს, შესაბამისად, ფალოსი აქვს, და ვნებიანად იმეორებს დიოგენის ხელის მოძრაობებს ხან ბეწვის მხარეს, ხანაც მის საწინააღმდეგოდ. მეორე მის გარშემო დარბის ოთხზე, იყეფება, იღრინება და ხანდახან თავის ძმაკაცს კვერცხებზე ჰკბენს. დიოგენე სულაც არ ბრაზობს. გაუშვი, ეს სხვებმა ქნან, თუკი ძალიან უნდათ წყენის ტვირთი ატარონ სულში. არადა, ხომ დასაშვებია, რომ ქარონისთვის წყენა უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ჯამი და ფიალა ერთად აღებული. და, თუკი იმასაც არ წაიღებ სტიქსს გადაღმა, საერთოდ, რა ჩემ ფეხებად გინდა? რად გინდა ყველანაირი ნაგვის მოგროვება და თრევა? ღმერთების დედის ტაძრის საფეხურები დღის უმეტეს ნაწილში ცარიელია. აგორაც თითქმის უკაცრიელია, თუ არ ჩავთვლით დიოგენეს და ორ ბიჭს, დილიდან აქამდე ხუთიოდე ადამიანი თუ გამოჩნდა. ბაზრის დღე არ არის, არც სამუშაო, ხალხიანი. კერამიკის მცხოვრებნიც კი, ეტყობა, სახლებში შეიყუჟნენ და სამექოთნეო ციბრუტები იმათ ეზოებში ლანგრებზე დადებულ ნაჭამ ვაშლებს ჰგავს... ვინ იცის, ეგებ გარკვეული სიმაღლიდან მთელი ათენი ახლა ისე გამოიყურება, როგორც განხეთქილების დაბრაწული ვაშლი... თავისებურად კეთილი, კარგი დღეა. იმისთანა სიცხეა, რომ შეხლა-შემოხლები პრომაკედონურ პარტიასა და ატიკის პატრიოტებს შორის, ეტყობა, გამოშრა და დაიმანჭა - და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ დღეს დილას ათენში ალექსანდრე ჩამოვიდა.  *        ალექსანდრე მაკედონელს, არა მგონია, წარდგენა სჭირდებოდეს. მეფეა. ეს ყველამ იცის. თავადაც, და სარგებლობს ამ ცოდნით, ადამიანებზე მბრძანებლობს. თუმცა, არის მასში რაღაც ისეთიც, რაც, ეტყობა, ძალაუფლებას აძლევს და არა მხოლოდ ადამიანებზე. ამ მხრივ ნიშანდობლივია თავის ცხენთან, ბუცეფალთან გაცნობის ამბავი. ალექსანდრე ჯერ კიდევ ყრმა იყო, უფრო სწორად, ბიჭი, როცა მამამის ფილიპეს ცხენი მიუყვანეს საყიდლად. მეფესთან დაახლოებულებიდან კაციშვილი არ გაიკარა იმ ცხენმა, ფილიპე განრისხდა და ბრძანა, წაეყვანათ, და მაშინ ახალგაზრდა ალექსანდრემ ხმამაღლა თქვა, რომ ადამიანები მშიშრები არიან, რის გამოც ეგეთ საგანძურს კარგავენ კიდევაც. იმას რომ თავი დავანებოთ, თუ როგორ დაიმორჩილა ბუცეფალი, შეიძლება დავსვათ შეკითხვა: რატომ და რისთვის დასჭირდა ამის თქმა? ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, ამხანაგებთან საუბრისას, ალექსანდრემ თავადვე უპასუხა შეკითხვას, რომელიც საკუთარ თავს დავუსვით. „თუკი ყველაფერი მამაჩემმა დაიპყრო, მე რაღა დამრჩება“, - თქვა მან ფილიპეს მორიგი გამარჯვებისას. სულ ტყუილად სთვლიან ათენელი ობივატელები ალექსანდრეს პატივმოყვარედ. პატივი კი არა, პირადი ძალაუფლება აინტერესებდა. პირადი, ანუ ის კი არა, ტახტზე მჯდომარეს რომ ეკუთვნის, არამედ როგორც კუთვნილება იმ კაცისა, ვინც თავად აიღო იგი. და აინტერესებდა ძალაუფლება იმიტომ, რომ ყველაფერი დაუმორჩილებელი, დამოუკიდებელი და უმართავი მასში იწვევდა გრძნობას, რომელსაც უმეტესობა სიმამაცეს უწოდებს, ხოლო გამჭრიახი უმცირესობა კი - პირშებრუნებულ შიშს. ტყუილად ხომ არ ამბობენ: „თუ რისი ეშინია ადამიანს, მისივე სიმამაცე მიგახვედრებთ“ (ზუსტი ციტატა სტასნისლავ ეჟი ლეცის „დაუვარცხნელი აზრებიდან“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ტექსტის დაწერის დროს - იხილეთ წინათქმა). შიში არ იცის: კატამ - თაგვთან, მგელმა - კურდღელთან და კაცმა - შებოლილ თევზთან. მაგრამ საკმარისია წარმოიდგინო, თუ შენი პოტენციური სადილი როგორ გითვალიერებს სიცხისგან ამოტრიალებული თვალებით ადვილად მოწყვლად ალაგებს, მერე როგორ ამოხტება ჯამიდან და შემოგიტევს, და საბოლოო კბენისთვის დააფჩენს ხახას... აი, სწორედ აქ მჟღავნდება სიმამაცე, თავდადება და გმირობა. თუ კაცმა ბავშვობიდანვე არ იცის შიში, ვერასოდეს გახდება გმირი. ბუცეფალი ალექსანდრესთვის სწორედ ეგეთი პოტენციური სადილი იყო. მოგვიანებით იმისი მადა მთელ ელადაზე გავრცელდა, შემდეგ კი ბარბაროსთა ქვეყნებზე - ჩვენს მიერ აღსაწერი მომენტისათვის სპარსეთს დაადგა თვალი. დავუბრუნდეთ აღსაწერ მომენტს. მეფეებისთვის დამახასიათებელია სასახლეებში ცხოვრება. რამდენადაც ეს მოკრძალებული ფუფუნება ოიკუმენის ყველაზე დემოკრატიულ ქალაქში არ არის, ალექსანდრეს მოუწია თავისი სადგომი ალაგი ისერიგად შეერჩია, რომ სახლიცა და სახლის პატრონიც ღირსნი ყოფილიყვნენ ასეთი პატივისა. და თანაც, ამას გარდა, ეს უკანასკნელი (ამას მხოლოდ თავად მეფე ხვდებოდა) პოტენციური სადილი ყოფილიყო. პატივი ხელისუფლების ერთ-ერთი ბერკეტია რეპუტაციის გასაძლიერებლად. და მეფემ კრათეტეს სახლი აირჩია. კრათეტე, როგორც პოტენციური სადილი, იყო ფილოსოფოსი. ფილოსოფოსები, საერთოდ, ძნელად სამართავი ხალხია, ხოლო კინიკოსების სკოლა, რომელსაც კრათეტე მიეკუთვნებოდა, ამ მხრივ დაუმორჩილებლობის განსახიერება გახლდათ. ანუ, მარტო ის კი არა, რომ ისინი, როგორც პოტენციური სადილი, ჯამიდან ხტებოდნენ - იმათ, ეტყობა, ერთხელ და სამუდამოდ სცვითეს თავი ჯამიდან. კრათეტე კი, როგორც მეფის მიმღები კაცი, განეკუთვნებოდა თებეს ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ საგვარეულოს. ისე, რამდენიმე დღე იმასთან ცხოვრების მერე მეფემ აღმოაჩინა, რომ ის ალექსანდრეს საკვირველი, არისტოკრატისთვის არადამახასიათებელი უბრალოებით ექცევა. ამას სალდაფონობის სუნი არ უდიოდა, მაგრამ ალექსანდრემ მალევე იგრძნო, ვიდრე მიხვდა, რომ მაინც არის რაღაც, რაც ნებისმიერ ჯარისკაცთან ანათესავებს ბრძოლის ველზე: თითქოსდა კრათეტე პირადად იცნობდა სიკვდილს და იცოდა, რომ სიკვდილი ყველას ათანაბრებს. კრათეტესთან ყოფნის მესამე დღეს მეფე შეეკითხა: - შენ ხომ ფილოსოფოსი ხარ? - ვიყავი ფილოსოფოსი, - მიუგო იმან, თითზე იხვევდა მოშვებულ წვერის ბღუჯას. - და რატომ აღარა ხარ? - შეეკითხა ალექსანდრე და უნებურად ხელი გადაისვა გაპარსულ ლოყაზე. - ფილოსოფიას მანამდე უნდა მიჰყვე, ვიდრე არ მიხვდები, რომ არავითარი სხვაობა არ არსებობს მთავარსარდალსა და ვირების მდევნელს შორის, - კადნიერების გარეშე მიუგო ყოფილმა ფილოსოფოსმა და მშვიდად გაუღიმა. - მერე? - ალექსანდრეს ხელი რაღაც ჩაფიქრებულ-მიუხვედრელი დაბნეულობით გაიყინა ნიკაპზე. - დანარჩენი დიოგენეს ჰკითხე. - დიოგენეს? - ალექსანდრეს მზერა გვერდზე გადაქანდა, მერე ჭერზე აფრინდა, - ზევსად დაბადებული? (სახელი დიოგენე წარმოდგება სიტყვიდან ΔΙΟΣ (ნათესაობითი ბრუნვა ΖΕΥΣ) - ზევსი, ΓΕΝΟΣ - დაბადება, წარმოშობა, ნათესაობა). ვიცნობ. მამაჩემის ტყვე იყო. ორი-სამი წლის წინათ ვნახე, ჰერონესთნ ბრძოლის მერე. - მართალი ხარ, ნახე. მაგრამ შენ იმას არ იცნობ. - ჰოდა, მოიწვიე აქ და გამაცანი. - შენ დარწმუნებული ხარ, რომ ეს მართლა გინდა, მეფევ? - კრათეტემ სიტყვა „მეფეზე“ დასვა მახვილი. - როცა მე მინდა, ყოველთვის დარწმუნებული ვარ, - ალექსანდრეს ლოყები გაუწითლდა, - აქ მოიწვიე. მე კიდევ დაგაჯილდოებ: შენს მშობლიურ თებეს აღვადგენ. ტიპიური მეფური ჟესტი! ბეოტიის ყველაზე მსხვილი ქალაქი თავიდან უნდა ავაშენოთო? მაგრამ ეს ჟესტი ალექსანდრეს ტყუილად არ გაუკეთებია: სიტყვები „შენ იმას არ იცნობ“ იმისთვის მსოფლიოს დაუმორჩილებელ ნაწილზე მითითებას ნიშნავდა და შიგ გულში ხვდებოდა. კრათეტემ ახალი ბღუჯა გამოყო თავისი წვერიდან და იმასაც პირველივით დაუწყო დახვევა. - შენ დაანგრიე თებე და ნანგრევებს შორის ხელუხლებლად დატოვე პინდარეს სახლი. მაგრამ მითხარი, სად ცხოვრობს ახლა პინდარე? მეფე დუმდა. შესაძლოა, პირველად ჩახვდა იმას, რომ თებელი პოეტი ას წელზე მეტია ცოცხალი აღარ არის. - შენ შეგიძლია აღადგინო თებე, მაგრამ მითხარი, სად იცხოვრებენ მაშინ თებელები? ალექსანდრე დუმდა და კრათეტეს წვერის ჯადოსნურ გარდასახვას ისე უყურებდა, როგორც მიაშტერდებოდა ცეცხლს, ან მზის ჩასვლას, ან მტრის გვამებს, ანდა მერცხლების ფრენას. - თანაც გინდა აღადგინო, რომელიმე ახალი ალექსანდრე მაინც დაანგრევს. მართალი ვარ თუ ვერ გაიგე? ალექსანდრე აკვირდებოდა, როგორ ეხვეოდა მესამე ბღუჯა იმ ორივით სქელ ხვეულებად და ყოფილი ფილოსოფოსის მარცხენა ხელს მწიკვით ეჭირა ის ხვეული ბოლოთი. - მაშ, სულ თან გახლდეს ეგ სიმამაცე და შენზედ სიბრძნეც გარდმოსულიყოს. მე კი დიოგენთან წავალ და ვეცდები, აქ მოვიწვიო, - კრათეტემ ხვეული გაიშალა წვერზე, წამოდგა და გაშორდა.   *        დიოგენე ღმერთების დედის ტაძრის ჩრდილში იჯდა, თავისი თიხის კასრის მახლობლად და მიწაზე იყურებოდა. თვალები ღია ჰქონდა, ხოლო იმის ტუჩებზე კიდევ მშვიდ, სასიხარულო და გესლიან ნახევარ-ღიმილებს სასეირო თამაშობა გაემართათ. რომ მიუახლოვდა, კრათეტემ შენიშნა, რომ მასწავლებელი დაჰყურებს ორ ნიშანს, შეთხზულს კარგად ნაცნობი, პატარა თეთრი ქვებისგან. ერთი მათგანი ჯვარია, რომელიც შედგება ოთხი ასო „Г“-საგან (გამმა), მეორე კიდევ - ამ პირველის სარკული გამოსახულება არის. - ამ სიმბოლოებს შეხედე, მეგობარო, - წარმოთქვა დიოგენემ, თავი არ აუწევია, - ისინი ინდოეთში გაჩნდა, იქ ასე ეძახდნენ „სუ-ას-ტი“, ელინურად „საკეთილდღეო ყოფნა“. აი, ეს კიდევ, ოთხი „Г“-საგან გაკეთებული შეიძლება აახმოვანო, მაგალითად, ასე: „შეცნობა - სიჩუმის და სიცილის წყაროა“. - გაახმოვანო? აჰ, ჰო, ოთხი გამმა: ΓΝΩΣΙΣ - შეცნობა; ΓΕΝΕΣΙΣ - წყარო, დასაწყისი, წარმოშობა; ΓΑΛΗΝΗ - სიჩუმე, სიმშვიდე, შტილი; ΓΕΛΑΣΜΑ - სიცილი. ). და მეორე? - მეორე... შენ ხომ იცი, კრათეტე, რა დამართეს ამ ლათინებმა ჩვენს ასოებს. ჰოდა, ეს იმათთან, - დიოგენემ ხელისგულებით დაფარა ზედა და ორი გვერდითი შტო ნიშნისა „შებრუნებული სუ-ას-ტი“, - აი, ეს, რასაც ხედავ, - ასო ლამბდაა. და ლათინურად შეიძლება გავაჟღეროთ. მაგალითად: „Lectio Leti Libero ex Libidinum“, ელინურად „სიკვდილის მიღება სურვილებისგან გვათავისუფლებს“. დიოგენე ჩაფიქრდა. ჩაფიქრდა კრათეტეც. მაგრამ მასწავლებელმა გააწყვეტინა აზრთა მდინარება. - რა მოგივიდა, მთელი ეს სირობა მოისმინე, რაც მე ვილაპარაკე?! ... გარინდებიდან რომ გამოერკვა, კრათეტემ წვერის ჩეჩვას მიჰყო ხელი და ნეკაზე რომ დაიხვია ერთი ბღუჯა, შეეკითხა: - და რა არის სირობა? - ო, ეს სიტყვა მე კოსმოსმა მაჩუქა, და მიყვარს. ხომ იცი, სირი იგივე ჩიტია. ჰოდა „სირობა“ უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე „ჩიტობა“. - უკეთესად ჟღერს. და რას ნიშნავს? დიოგენემ კრათეტეს შეხედა, აფასებდა, მზად არის თუ არა, პასუხად იგავი მიიღოს. - ფინიკიის ნაპირებზე ბევრი ებრაელი ცხოვრობს. იმათი ლეგენდა ღაღადებს, რომ ღმერთისგან შექმნილმა პირველმა კაცმა და ქალმა ცნობადის ხისგან ვაშლი შეჭამეს. და მაშინ მიხვდნენ, რომ შიშვლები არიან და სასირცხო ალაგები ლეღვის ფოთლებით დაიფარეს. - და მერე რა? - „სირობა“ ნიშნავს რაღაც მნიშვნელოვანის და შენ რომ იცი, იმიტომ აკრძალულის დასამალად რამე წინ ასაფარებელს. არსით ნებისმიერი სიტყვა - ...... ორივ გაჩუმდა. რაღაც დროის შემდეგ კრათეტემ კიდევ ერთხელ გაიგო, რომ არავისთან არ სდუმს ისე კარგად, როგორც დიოგენესთან. და როცა თებელი მასწავლებლისგან წასვლას ეპირებოდა, უცებ გაახსენდა და გამოაცხადა: - ალექსანდრეს შენი გაცნობა უნდა და სტუმრად გეძახის. - გადაეცი, რომ შვრია ცხენთან არ მიდის, - უთხრა დიოგენემ და მშვიდად გაიღიმა. კრათეტე ახლა საჩვენებელ თითზე შეუდგა წვერის დახვევას, გეგონება სწრაფად იწერდა მეხსიერებაში იმას, რაც ძაღლმა უთხრა. - სირზე დაიხვიე და ისე იარე, - გესლიანად შესთავაზა დიოგენმა. კრათეტეს ხელი ჩაკვდა, თავადაც ერთი წამით გაშეშდა, მერე კი ორივემ, ძაღლმაც და თებელმაც ორი ულაყივით ჩაიხვიხვინეს და მაგრად გადაეხვივნენ ერთიმეორეს.   *        სიკვდილთან ნაცნობობა - ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ არ გეშინოდეს მისი. დიოგენე - ეტყობა, კრათეტეს მასწავლებელი ან უფროსი ამხანაგია. ესე იგი, იმასაც არ ეშინია სიკვდილის. ანუ, ძალით შენთან ვერ მოიყვან, თუკი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით, ყულფს ან ბადეს არ გადააცმევ. მაგრამ განა ეს ნაცნობობის ხერხია? დაახლოებით ამგვარი განსჯა სცადა ალექსანდრემ მას შემდეგ, რაც დიოგენეს უარით განრისხებულმა ცხელ გულზე ორი თავისი მცველი სიკვდილით დასაჯა და, ბოლოს, დამშვიდდა. სხვათაშორის, მისი დამშვიდება საკმაოდ ფარდობითი იყო. ჯერ ერთი, მაინც... მაინც... მაინც ვინ უნდა იყო, რომ მთლად იმას უთხრა უარი, მეფეს?! და მეორეც, რა არის ეს დამამცირებელი - მისი, მეფის შედარება ცხენთან?! მაგრამ! როგორი ფანტაზია აქვს! მომხიბვლელი თავხედი. მეფეს ძალიან უნდოდა თვალებში ჩაეხედა იმისთვის, ვინც ბედავს ასე გამომწვევად მოიქცეს და... გაუგებრადაც. დიოგენე გაუგებარი იყო ალექსანდრესთვის, და დიოგენე არ ემორჩილებოდა ალექსანდრეს. თუმცა, ეს ხომ ერთი და იგივეა? მაგისი დასჯა დამორჩილების ხერხად ვერ ივარგებსო, უთხრა საკუთარ თავს. მე თვითონ მომიწევს მისვლა, როგორც, სხვათაშორის, ცხენებთან, თავის დროზე მე მივედი ულაყ ბუცეფალთან, უთხრა საკუთარ თავს. იმასაც ვნახავთ, ვინ არის ჩვენ ორს შორის ცხენი? უთხრა საკუთარ თავს და უცებ წაიბორძიკა: ვაი, ის თუ ცხენია, მაშინ მე შვრია ვარ?! ესეც შეყელთებაა, ყვავ-ყორანსაც წაუღია ეგ ოხერ-ტიალი. კიდევ ბევრ რამეს ეუბნებოდა საკუთარ თავს, და ცხადი იყო, ფილოსოფოსმა წამოიკიდა მეფე. იმას ეჩვენებოდა, რომ თოკი, რომელიც შეაბეს (როგორც გამომხმარ თევზს), და რომლის მეორე ბოლო ღმერთების დედის ტაძარზე იყო ჩაბმული, დაიჭიმა. ალექსანდრემ ლამის გარშემო შემოუარა კიბელეს ტაძარს - აბა, სხვანაირად როგორ, როცა თოკი გიჭერს? - და დიოგენე უკანა ეზოში იპოვნა, პეპლის ფარფატით ტკბებოდა. დაცვას ანიშნა, რომ კუდში არ მიჰყოლოდა. - ფილოსოფოსო, - მიმართა მეფემ ძაღლს, - მე შენთან მოვედი. დიოგენემ პეპელას მოსწყვიტა მზერა, რომელიც იმწამს ყვავილზე დაჯდა - როგორც ყოველთვის, ახლაც არავითარი ჩრდილი არ დაუტოვებია. - შენ ვინა ხარ? - მე ალექსანდრე ვარ. - ჩემთვის ცნობილია შენი სახელი, თუმცა არ ვეთანხმები. რაც შენ თებეში ჩაიდინე, იმის გამო სახელი ალეტანდრედ (სიტყვების თამაშია. ალექსანდრე ბერძნულად ადამიანთა დამცველს ნიშნავს (სიტყვიდან ΑΛΕΞΙΣ - დამცველი და ΑΝΗΡ - ადამიანი, კაცი, ΑΝΔΡΟΣ-ს სახელობითი ბრუნვა), ალეტანდრე - ადამიანთა დამამდაბლებელი (სიტყვიდან ΑΛΕΤΗΣ - დამფქველი, დამაპატარავებელი).) უნდა გადაგიკეთოთ. მაგრამ შენ ხომ შენი სახელი არა ხარ, მაშინ ბგერებისგან და ასოებისგან იქნებოდი აგებული. მართალი ვარ თუ ვერ გაიგე? ამ ბოლო ხანებში მეფეს მეორედ აძლევდნენ ამ ბრიყვულ, პასუხგაუცემელ შეკითხვას, და მეორედაც ვერ უპასუხა. - მაშ, კარგი; მითხარი, რატომ მოხვედი, თუკი ჩემი გეშინია? იქნებ, სწორედ ამიტომ? - მე არავისი მეშინია, - მეფის სახემ კარგად გასარჩევი წითელი შეფერილობა მიიღო. - ტყუილია, სახალხოდ შექმნილი მითია. სიწითლით კი გაწითლდი, მაგრამ თვალები დამალე, ცდილობ საკუთარ გრძნობებში გაერკვიო. მართალი რომ იყოს, რომ არავისი გეშინია, დაცვა არ გეყოლებოდა. კარგი, კიდევ შეგეკითხები: რის გაკეთებას აპირებ უახლოეს ათ-ოც წელიწადში? - მთელ მსოფლიოს დავიპყრობ და დიადი ხელისუფალი გავხდები. - შენ ჯერ კიდევ გაზრდაზე ოცნებობ, მაკედონელთა მეფევ? (დედანში - „გახდე მაღალი“. სიტყვების თამაში. ΜΑΚΕΔΝΟΣ - მოსული, მაღალი. ΜΑΚΕΔΟΝΙΚΟΣ - მაკედონელი). შენ, ეტყობა, პატარაობისას გქონდა პრობლემები. მაგრამ ზევსის სახელს გაფიცებ, ნუთუ მართლა გგონია, მთელ მსოფლიოს რომ დაიპყრობ, აღარაფერი შეგაშინებს? ალექსანდრეს სულ უფრო და უფრო უჭარხლდებოდა სახე, ხელებიც ძალაუნებურად ემუშტებოდა. აცოფებდა ეს კაცი. დიოგენეს სახეზე კი მშვიდ ღიმილსა და უძირო თვალები ციმციმებდა. - მართლა საკვირველი არ არის? - ისევ ალაპარაკდა ფილოსოფოსი, - ერთ კაცს შეუძლია მეორე ადამიანის სხეული მართოს. მაშინ ადამიანებს შორის ზღვარი სადღაა? მე მოვინდომე, რომ სახე გაგწითლებოდა და ხელებიც მოგემუშტა. მე ამას მივაღწიე. მეც ხელისუფალი ვარ. ახლა ალექსანდრეს მარტო ეს კაცი არ აცოფებდა. ახლა ალექსანდრეს თავად ალექსანდრეც აცოფებდა. - შენ, ალბათ, შეამჩნიე, რომ მე „მეც“ ვთქვი. იმიტომ, რომ შენც ასე ხარ, - დიოგენე ჩურჩულზე გადავიდა და ალექსანდრე იძულებული შეიქნა, დახრილიყო, - შენ დიადი მბრძანებელი ხარ. მთელი მსოფლიოს მბრძანებელი. უფრო მეტიც - შენ ღმერთი ხარ. ალექსანდრე გაიმართა. - შენ კიდევ ფილოსოფოსი კი არა, თავგასული ცრუპენტელა ხარ, - ისე გამოდიოდა, რომ მეფემ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა ძაღლის მიმართ. - მე ცრუპენტელა არა ვარ, მე სიმართლეს ვამბობ, - ხმამაღლა და დარწმუნებით მიუგო დიოგენემ, - ოღონდ შენ ჯერ არ იცი ეს სიმართლე. შენ არ იცი, რომ უკვე მეფე ხარ. - როგორ თუ არ ვიცი? - კვლავ თავი წამოყო მეფის ინტერესმა დიოგენესადმი. - აი, ასე. არ იცი. შენ გგონია, რომ მაკედონიის მეფე ხარ? ტყუილია. მაკედონიის მეფე - ეს მხოლოდ ის ადგილია, რომელსაც დროებით იკავებ. - როგორ თუ დროებით? - შენ გადაწყვიტე, რომ შენი მეფური როლი უკვდავთა სიაში შეიტანო? მაშინ ისიც გაიხსენე, რომ ღმერთებიც კი ჩამოაგდებდნენ ხოლმე ტახტიდან ერთმანეთს. შენ მაკედონიის მეფე არა ხარ, შენ მხოლოდ დროებით გიკავია ეს ადგილი. - აბა, მაშ, ვინა ვარ? - დარწმუნებული ხარ, - გინდა თუ არა, რომ ეს იცოდე? - თუკი მე მინდა, მაშინ ყოველთვის... - ალექსანდრე შეფერხდა და იმის სახეზე ათამაშებული სიწითლე გაქრა. - „ყოველთვის“ - ძალიან მავნე სიტყვაა. როცა ნამდვილად მიხვდები, რომ აღარ გეშინია გაიგო, ვინა ხარ, - ჩემთან მოდი. დიოგენე შეტრიალდა, რითაც მიანიშნა, რომ აუდიენცია დამთავრდა და პეპელის ცქერა განაგრძო. „მართლა დარტყმულია, ტყუილად კი არ ამბობენ ამაზე ათენელები“, - გაიფიქრა ალექსანდრემ და დაცვას იმის ნიშანი მისცა, რომ უკან უნდა მიეცილებინათ, კრათეტეს სახლამდე. და მხოლოდ თავად მიხვდა იმას, რომ აზრი დიოგენეს შეშლილობაზე - ეს მხოლოდ მისი შინაგანი ცდა იყო, თავი დაეცვა პოტენციური ვახშმის ჯამიდან ამოხტომისგან.   *        ათენს ჩამავალი მზის სინათლე ეფინება - მეწამული, როგორც ალექსანდრეს სახე, როცა ის მრისხანებს, მაგრამ არავის აშინებს, პირიქით, ძალიან მშვიდობიანია. ბაზრის ხმები, მოფიქრალ ფილოსოფოსთა ხმები, ჩიტების, ხოჭოების და ბუზებისა, ურმებში შებმული ხარების და მოტრიალე ურმების ჭრიალი - ყველაფერი ერთვის ამ დამამშვიდებელ მეწამულს, და ზეცის უშველებელი ქიტონი მხარზე აბრწყინებული საღამოს პლანეტის ბალთით, და დიდი გაბრტყელებული მზე, სულ უფრო და უფრო რომ ბრტყელდება მოძლიერებული ღამის დაწოლით და ოკეანის ჰორიზონტზე რომ იძირება, და მთვარის ჩალისფერი სილუეტი, ჩალისფერი რომ ხდება მერწყულისკენ და დამტკბარი ან მიწიერი სიმშვიდით, ანდა საკუთარი თავით - ეს სამი და კიდევ ბევრი თითქოს უფრო შესამჩნევი და მნიშვნელოვანი ხდება, ხდება ერთადერთი, რაც კი მნიშვნელოვანია სამყაროში, და შეიძლება, საერთოდაც ერთადერთი? მთლიანი და განუყოფელი, იმიტომ რომ, როგორ შეიძლება სამყარო ამად და იმად დაჰყო, იქად და აქად, მაშინად და ახლად, შიშად და სიმამაცედ, სიკეთედ და ბოროტებად, ატომებად და სიცარიელედ. ყველაფერი ერთიანია. ყველაფერი სავსეა მშვიდობით და სიწყნარით, ყველაფერი მეწამულდება, მერე ბნელდება და წყნარდება, ყველაფერი ჩადის და ბრწყინავს ზეცის მხარზე, ყველაფერი ტკბება მიწიერი სიმშვიდით ანდა საკუთარი თავით. ყველაფერი დასაძინებლად ემზადება - აი, რა არის ბინდი. ხვალამდე! ხვალამდე, ჩემო ყველაფერო, ჩემო საყვარელო, აღმტაცო ყველაფერო! სადღაც, კერამიკის გარეუბანში ყველაფერი უმღერის წყნარ იავნანას თავის შვილს, და ეს ყველაფრის შვილი, მსოფლიოს მოქალაქე - ისიც ხომ ყველაფერია - თითის წუწვნით იძინებს, და უკვე ესიზმრება საკვირველი სიზმარი, რომელშიც მიფრინავს უცხო ქვეყნების, მთების, ზღვების თავზე, და სადღაც იქ, ზღვის სიღრმეში ან მთის მწვერვალზე იმალება მძლავრი, მაგრამ მშვიდი ყველაფერი, თავისი სამკაპა რომ გადაუხუხავს ანდა კამათელში წაუგია მთელი თავისი ჭექა-ქუხილები და ამიტომაც გაბრაზების ვეღარშემძლე, სამაგიეროდ გახარებული წყნარი სიხარულით და საშუალების მიმცემი მზისთვის, რომ დღისით ყველაფერში ჩაასხას თავისი სხივები და ღამით დაისვენოს, რადგან ყველაფერი ციკლურია, რაღაი ყველაფერი მოდის და მიდის; აგრეთვე მთვარესაც აძლევს საშუალებას ყველაფერი აავსოს უცხოდ ვერცხლისფერი შუქით, დღისით კი იშვიათად გამოაჩინოს თავისი ფერმკრთალი სახე განათებულ ცაზე, მაგრამ ახლა არც დღე არ არის და არც ღამე, დაე, სამყაროს ყმაწვილი მოქალაქე უკვე ხედავდეს მეორე თუ მესამე სიზმარს პოსეიდონზე და ზევსზე - ახლა არც ღამეა და არც დღე, ახლა ბინდბუნდია. ახლა სწორედ ის დროა, როცა საღამოს პლანეტა უფრო და უფრო ბრწყინავს ზეცის მხარზე, მზე კი უკვე მზადაა თავისი უკანასკნელი სხივის გასაგზავნად მეწამულ ცაზე - დღეისთვის უკანასკნელი, თორემ ისე მორიგი, დაუთვლელი დღეთა უთვალავ წრებრუნვაში, სწორედ ამ უთვალავობის შუაგულში რომ მდებარეობს. ბოლოს დარჩენილი ფილოსოფოსები, ბოლო ვაჭრები მიეხეტებიან სახლებში, მხოლოდ სადღაც მიწაზე ჰყეფს ძაღლი, უხილავი და მარტოხელა, და სადღაც ცაზე, ჰორიზონტის ხაზის ქვემოთ, მდუმარედ და წყვილად კიაფობენ დიდი და პატარა ძაღლები.   * - საით გაგიწევია, მეფევ? - შეეკითხა კრათეტე ალექსანდრეს, რაკი დაინახა, როგორ მიუმარჯვა იმან ფეხი მონას, რომლის მოვალეობაში შედიოდა პატრონისთვის სანდლების ჩაცმა. - რა შენი საქმეა, ყოფილო ფილოსოფოსო, - მკაცრად მიუგო მაკედონელმა, და ეგრევე მკაცრად გაუვარდისფრდა ლოყები. - შენი ნებაა, მაგრამ სწორედ იმიტომ გეკითხები, რომ ვიცი, სადაც მიდიხარ. - შენ კი ახლა ყვავ-ყორნებთან წახვალ, თუკი ასე ბევრი იცი, - კიდევ უფრო მკვახედ უპასუხა ალექსანდრემ და თმის ძირებამდე გაწითლდა, - რაც უფრო მეტ ხანს ვცხოვრობ შენთან, მით მეტად მექავება ხელები შენ დასასჯელად. - შენ სულსწრაფი ხარ, მეფეო. გპირდები, რომ აუცილებლად მოვკვდები. ოდესმე, - კრათეტეს ხელი წვერისკენ წავიდა. უცებ მისი ტუჩები დაიმანჭა, სწრაფი სიცილი მოსწყდა მათ, თებელმა შუათითი გამოსწია, დანარჩენები მოკეცა, და ზედ კულულის ჩვეული რაოდენობის დახვევას შეუდგა. - აი, რას ვაკეთებდი აქამდე ისე, რომ არც კი ვიცოდი, - მხიარულად თქვა მან და იქვე ჩაფიქრდა, - საინტერესოა, საიდან მაქვს ეს? - რაზე ამბობ? - შეეკითხა ალექსანდრე და მონას მეორე ფეხი მიუმარჯვა. - ჩემსაზე ვამბობ, ხოლო მე და შენსაზე კი ვჩუმდები. - ჰო? - ალექსანდრემ ვერაფერი ნახა დასამატებლად და ხელში მახვილის ტრიალსა და იმის აწონვას შეუდგა. მერე სარტყელზე დაიმაგრა - მაინც ძალაუფლების ატრიბუტია - და გავიდა. კვლავაც ძაღლისკენ გაემართა. რატომ? იმიტომ, რომ ძაღლი მართალი იყო. - აი, მაკედონიის მფლობელიც დაბრუნდა, - გესლიანი კომენტარი დაურთო მის მისვლას დიოგენემ თავისი კასრიდან გამოძრომისას, - მე კიდევ შენთვის ახალი ამბავი მაქვს. - რა ამბავი? - ჩემთვის კარგა ხანია ახალი აღარ არის. რამდენიმე წლის წინათ ორაკულმა მითხრა, რომ მაკედონიის მეფესთან ერთად ერთ დღეს მოვკვდები. ოღონდ ის აღარ უთქვამს, სახელდობრ რომელ დღეს. საინტერესოა, არა? ალექსანდრე მზად არ აღმოჩნდა, რომ ამ უცნაური კაცის უცნაური მხიარულებისთვის დაეჭირა მხარი და ესღა თქვა: - შენს მოსასმენად მოვედი. - გიცნობთ. ამასწინათ ჩემს სანახავად მოხვედი, ახლა - მოსასმენად, შემდეგ - ხელშესავლებად, მერე დასაყნოსად, ასალოკად და ეგეთები. მეფის სახეზე ნერვიულმა სიწითლემ დაიწყო თამაში. - განსაცვიფრებელია, - თქვა დიოგენმა, - ყოველთვის, როცა ჩვენი მაკედონელი გმირად გრძნობს თავს, სახე ამდგარი ფალოსის თავივით უწითლდება. ალექსანდრეს მუშტები შეიკრა, მაგრამ როცა შეკუმშვის ძალამ გადალახა რაღაც ზღვარი, თითები კრუნჩხვით გაშალა. რატომღაც არაფრით შეიძლებოდა ამ ჩამოძენძილთან მისულიყო და ცხვირ-პირი დაემტვრია. შეიძლება იმიტომ, რომ ძაღლი მართალი იყო. იმის ბაგეთაგან შიშზე და ბავშვურ პრობლემებზე რომ მოისმინა, მეფემ თავს ძალა დაატანა და საკუთარ თავს ის უთხრა, რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ადრე ეშინოდა ეთქვა. და რისი ეშინოდა? უცხოსი, უცნობისა, უმართავისა. როგორც კი აღიარებს ამას - ვიღაც მიხვდება, რომ ლაჩარი ხარ, ჭორები გავრცელდება ჯარში, არმია უმართავი გახდება, მერე კიდევ - მთელი ხალხი. და აბა, ისე როგორ გამამაცდა, რომ საკუთარ თავს შიშში გამოუტყდა? მაგრამ აღიარება უკვე მოხდა, ყველაფერი შეიცვალა, და ახალი ხერხი უნდა იპოვნოს საკუთარი თავის ხელში ასაყვანად. ეს დიოგენე კიდევ არაფერს ასწავლის, მარტო დასცინის, და ეს აცოფებს. სხვები საკუთარ ჯამში ვერ გრძნობენ თავს. ახლა ალექსანდრე თავს ისე გრძნობდა, როგორც უბრალოდ ჯამში. როგორც სადილი. - ის ანეგდოტი იცი, მუშტით მებრძოლზე? - თვალი ჩაუკრა ძაღლმა და უამბო ამბავი პატარა თავზე, ისეთ პატარაზე, რომ იმისი მორტყმა ძნელი იყო. მეტად ცოცხლად ასახიერებდა ხან შეკითხვების დამსმელ ბიჭს, ხანაც მოკრივეს, ფიქრს რომ ცდილობდა. - ჰოდა, მეც იქა ვარ! - მხიარულად დაამთავრა დიოგენმა და წამიერი დაფიქრების შემდეგ, ალექსანდრეს შესთავაზა: - ასე რომ, შეგიძლია, დამამახინჯო. არავის და არასდროს ასე არ დაუცინია მაკედონიის მეფისთვის, და იმასაც უილაჯობისგან ყმუილი მოუნდა. - შენ ხომ ჰერაკლეს შთამომავალი ხარ, - უცებ დასერიოზულდა ფილოსოფოსი, - და, რასაკვირველია, ყველაფერი იცი მის გმირობებზე. ალექსანდრე გაფაციცდა. ამ კაცისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. - ასევე, - განაგრძო დიოგენმა, - არისტოტელემ, ალბათ, გიამბო ოდისევსის, აქილევსის და სხვების გმირობებზე. - ისე, არისტოტელეზე რა აზრის ხარ? - ალექსანდრემ ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, სხვა რამეზე გადაეტანა ლაპარაკი. - ო, ამ ადამიანმა ბევრი რამე იცის ცხოვრებაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ იცის თავად ცხოვრება. - და პლატონი? - იგივე ამბავია. იმან ყველაფერი იცოდა ღმერთზე, მაგრამ ღმერთი არ იცოდა. - და... - საკმარისია, - ძაღლი ისეთი სერიოზული იყო, როგორც არასდროს, - აბა, მითხარი, რა იცი დიადი სამეფოს შემქმნელი დიადი მეფის ცხოვრებაზე? მე ვამბობ: „მეფის ცხოვრებაზე“, და არა „მეფის ცხოვრება“. - კიროსი? - რომელი კიროსი! იმას, ვისზეც მე ვამბობ, მთელი ეს კიროსები, კამბიზები და დარიოსები კოჭამდეც ვერ შესწვდებიან. - ვისზე ამბობ? რომელიმე სინაქერიბი? რამზესი? - როგორც ვატყობ, შენი ისტორიული ცოდნა ინდაზე შორს ვერ მიდის. დაჯექი და მომისმინე. სიდჰართა გაუტამაზე გიამბობ.   *        საერთოდ, სირვათასიდჰართა ერქვა. ელინურად ეს ნიშნავს დაახლოებით „ყველაფერში სრულყოფილს“ ანდა „სამძღვარს მიღწეულს“. სიდჰართა - ეს შემოკლებული სახელია, ხოლო გაუტამა - გვარის სახელი, საიდანაც წარმოსდგებოდა, უფრო სწორედ, წინაპრის სახელი - ბრძენი გაუტამასი. იმისი სამეფო დინასტია კი საქიების სახელს ატარებდა. იდჰართა გაუტამა დაიბადა 54-ე ოლიმპიადის მე-2 წელს, ანუ პითაგორას თანამედროვე იყო; ოთხი წლის რომ იყო, სოლონი მოკვდა, ხოლო ჩვიდმეტი წლისა რომ შეიქმნა, თალესი აღესრულა. მამამისი, მეფე სუდჰოდანა მართავდა მომცრო, მაგრამ ფეხზე კარგად მდგარ კაპილავასტუს სამეფოს, და მართავდა საკმაოდ ბრძნულად. მისი ქვეშევრდომი გლეხები იმ მარცვლეულის უხვ მოსავალს იღებდნენ, რომელსაც ბრინჯი ჰქვია, ვაჭრები - იმ მეტალის უხვ მოსავალს, რომელსაც ოქრო ჰქვია, ქურუმები - არსობის უხვ მოსავალს, რომელსაც სულიერი ძალაუფლება ჰქვია. მხოლოდ ერთი ფენა ჯერ-ჯერობით ვერ იღებდა თავის მოსავალს - ესენი იყვნენ მეომრები, და იმ სითხის მოსავალი, რასაც სისხლი ჰქვია, სიდჰართას დაბადებისთვის ჯერაც არ მომწიფებულიყო. და ეს კარგი იყო. კაპილავასტუს ქვეყანა მრავალი უხვწყლიანი მდინარით ირწყვებოდა, მაგნოლიების და ბალზამინების ჭალებით გრილდებოდა, და ამ ყველაფერზე, თავად მეფე სუდჰოდანას ჩათვლით, მეფობდნენ ჰიმალაის მთები, რომელთაგან ყველაზე პატარა ჩვენს ოლიმპოზე მაღალია. ქვეყანაში მრავალრიცხოვანი ბრძენები დაეხეტებოდნენ, და ერთი იმათგანი ასიტა დევალა სუდოჰანას სასახლესთან სწორედ იმ დღეს გამოჩნდა, როცა სიდჰართა დაიბადა. სიდჰართას დედა ისეთი იყო, რომ იმაზე ცალკე არის მოსაყოლი, და ეს იქნება საოცრად ლამაზი ზღაპარი. ამ ზღაპარს მაია ერქვა - სწორედ ისე, როგორც ჰერმესის დედას. იმ ღამეს, როცა ის სუდჰოდანასთან დაწვა და სიდჰართა ჩაესახა, ჯადოსნური სიზმარი ესიზმრა, რომ თითქოს იმის საშოში თეთრი სპილო შევიდა, რომელსაც შვიდი წყვილი ეშვი ჰქონდა. ეს სიზმარი მეფის ოჯახის მონაპოვრად იქცა, და იმ სიზმარს, რასაკვირველია, ასიტას მოუყვნენ. ეს მონათხრობი რომ მოისმინა, ბრძენმა ახალშობილის ნახვა ისურვა და იმის სხეულზედ რჩეულობის ნიშნები იპოვნა - 32 მთავარი და 80 მეორეხარისხოვანი. „შენს შვილს განსაკუთრებული ბედი ელის, - უთხრა ასიტამ მეფეს, - თუკი მიწიერ გზას აირჩევს, მაშინ ყველა მეფის მეფე გახდება, ჩაკრავარტინი, ხოლო თუ ზეციურ გზას აირჩევს, მაშინ დიადი წმინდანი გახდება, სანიასინი“. მეფე შეფიქრიანდა. რომელ ხელისუფალს მოეწონება, რომ იმისი შვილი შეიძლება მაწანწალა გახდეს, და თუნდაც წმინდანი? ის ხედავდა, რომ ბრძენი წასასვლელად ემზადება, და ესმოდა, რომ სწრაფად უნდა იფიქროს, მალევე უპასუხოს. მაგრამ როგორ უპასუხოს, ვინ უკარნახებს? და სუდჰოდანამ გამოავლინა ნიჭი სიბრძნისა - ის მოეშვა და ჭკუა იმ ყველაფრისგან გაითავისუფლა, რაც იმ კარნახის გამოჩენას უშლიდა ხელს. ლეგენდის თანახმად, კარნახი სასახლის მოურავისგან მოვიდა. რაღაც გაუთვალისწინებელი მოუხდა მონებთან დაკავშირებით - შესაძლოა, ტკბილეულის მომტანი მონა, ადგა და მოკვდა. და მოურავი მბრძანებელთან მივიდა შეკითხვით, იმ სიგრილით ხომ არ დაკმაყოფილდება, რომელიც ამჟამად არტყამს გარს. სუდჰოდანამ უცებ იგრძნო, რომ მართლა სასიამოვნო სიგრილე არტყამს გარს, და უთხრა კიდეც მოურავს ამის თაობაზე. იმან კიდევ დაუყოვნებლივ უბრძანა მარაოს მქნეველს, რომ თავი დაენებებინა თავის მარაოსთვის და გააგდო იგი - როგორც მერე გაირკვა, დამათრობელი სასმელისა და ხილისთვის. „აი, ისიც, - მიხვდა სუდჰოდანა, - სხვას არ უთხრა შენს გაჭირვებაზე და მწუხარე ფიქრებზე“. და ასიტას იმაზე ჰკითხა, რაც ყველაზე ნაკლებად უნდოდა მიეღო - ისე როგორ გაეკეთებინა, რომ მისი შვილი სანიასინი გამხდარიყო. „ყველაფერი მიეცი, დაე, გულს აზიდებდეს მიწიერ სიამეთაგან“, - მიუგო ასიტა დევალამ და მშვიდად გაიღიმა. ახლა სუდჰოდანამ ზუსტად იცოდა, რა არ უნდა გაეკეთებინა შვილისთვის; შესაძლოა, სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა გადამწყვეტი სიდჰართას ცხოვრებაში, შესაძლოა, სწორედ ეს სიტუაცია, სწორედ ეს მოურავი, სწორედ ეს გარდაცვლილი მონა... სუდჰოდანამ თავი გამოავლინა არა მხოლოდ როგორც ბრძენმა მმართველმა, არამედ როგორც ადამიანის სულის მესაიდუმლემ. იმან შვილს ყველა სიკეთე მაშინათვე კი არ წაართვა, არამედ სამი წლის განმავლობაში - ეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ბავშვის სულში მოესწრო აღბეჭდვა, რომ სიმდიდრე და ფუფუნება, სიამე და უსაქმურობა სამყაროში არსებობს და ხანდახან ხელმისაწვდომიც არის. ეს წლები მეფემ იმისთვის გამოიყენა, რომ შვილისთვის სათანადო აღმზრდელ-მამობილი მოეძებნა. მალემსრბოლელები კაპილავასტუს ქვეყნის ყველა მხარეს გაიგზავნენ, და ისინი სასახელოდ გაისარჯნენ.   * - აბა, მითხარი, კრათეტე, - ჩვეულებად ქცეული საუბარი წამოიწყო ალექსანდრემ და იმ მონას გაუწოდა ფეხი, რომლის მოვალეობაში პატრონისთვის სანდლების ჩაცმევა შედიოდა, - მითხარი, დიდი ხანია, დიოგენეს იცნობ? - რამდენი ხანია, რაც ძაღლს ვიცნობ? ამაზე არ შეიძლება თქვა „დიდი ხანია“ ანდა „ცოტა ხანია“. ის, რომ მე მასწავლებელს ვიცნობ, დროს არ ეკუთვნის, - პასუხობდა ყოფილი ფილოსოფოსი, რომლის გადაჯაჭვული ხელები მუცელზე განისვენებდნენ. - კარგი, კარგი. მაშინ მითხარი, ყოველთვის ესეთი უცნაურია? - უცნაური? - კრათეტეს თითები შეხტა, ერთმა მათგანმა კი წრიული მოძრაობები გააკეთა. - რაც დღეს უცნაურია, ხვალ ჩვეულებრივი იქნება. შეხედე ათენის მცხოვრებლებს: ახლა ყველანი კინიკოსებს ჰბაძავენ. ყოველ მეოცეს ლაბადაზე ნახვრეტი აქვს, როგორც განსვენებულ ანტისთენეს, ყოველ მეათეს ლაბადა ორად აქვს მოკეცილი, როგორც დიოგენეს. კიდევ ოცი წელი და ყოველ მეხუთეს ლაბადაზე ცხვრის ტყავი ეკერება, როგორც მე. ასე რომ, დიოგენეს ყველა უცნაურობა, ისევე როგორც ნებისმიერი უბრალო მოქალაქის ჩვეულებანი, სრული სირობაა. - სირობა? - დაბნეულად ჩაეკითხა ალექსანდრე და მსახურს მეორე ფეხი მიუშვირა. - ეს რა არის? კრათეტემ შუა თითი გამართა, დანარჩენები მომუჭა და მეფეს ეს კომბინაცია ხელის ზურგიდან დაანახა. - ამას ხედავ? ალექსანდრე თმის ძირებამდე გაწითლდა, მერე, ეტყობა, თავი ხელში აიყვანა - სახის წითელი ფერი ჯერ ალისფერი შეიქმნა, შემდეგ გავარდისფრდა, ბოლოს ეს სივარდისფრე მთლად გაქრა სახის უმეტესი ნაწილიდან, ღაწვებზე თუღა შემორჩა. - მერედა ამით რა, თუ ვხედავ? - შეეკითხა დაყოვნებით. - ყველაფერი, რაც შენგან საზღვრავს ამ კოსმიურ ნიშანს, სწორედ რომ სირობა არის. - სირობაო, გაიძახი? - ალექსანდრემ მეტი ვერაფერი მიამატა ნათქვამს და ხელში ხმალი შეათამაშა. მერე ხმალი სარტყელზე დაიკიდა - მაინც ძალაუფლების ატრიბუტია - და გავიდა. კვლავაც ძაღლისკენ მიდიოდა. ვინაიდან ძაღლის გარდა ვინ მოუთხრობდა მეფე სიდჰართა გაუტამას საოცარ ისტორიას, რომელშიც, შესაძლოა, იმ შეკითხვების პასუხებია, ალექსანდრეს რომ აწუხებდა? ბოლოს და ბოლოს, იმან შეიტანა ალექსანდრეს აწყობილ სამყაროში არეულობა, ის შემოძვრა თავისი ბრიყვული შიშებით, რომლებზეც შეიძლებოდა ხმა არ ამოეღო მთელი ცხოვრება, - ჰოდა, იმანვე დაამყაროს თუნდაც რამენაირი წესრიგი. ფილოსოფოსი ვერ იპოვნა ვერც იმის თიხის კასრთან, ვერც კიბელეს ტაძრის ახლო-მახლო და ალექსანდრემ შემხვედრი მოქალაქეების გამოკითხვას მიჰყო ხელი, ჰოდა, მცოდნეები საითკენღაც იშვერდნენ ხელებს - ან თებეს მხარეს, ან მაკედონიისა, თითქოს ოლიმპისა, ანდა სულაც პოლარული ვარსკვლავისკენ. სიმართლე უფრორე იოლი გამოდგა. აგორიდან ნაჩვენები მიმართულებით რომ დაეშვა, კერამიკის უბანი გაიარა და ქალაქის კედლებს გასცდა, მეფემ მდინარე კეფისის ნაპირზე ჩამომჯდარი ძაღლი იპოვნა. დიოგენეს თვალები დახუჭული ჰქონდა, სხეული - მოდუნებული, ხელები მუხლებზე ეწყო - ხელისგულებით ზემოთ. - დიოგენე, - დაუძახა ალექსანდრემ. - გაჩუმდი, ყბედო მაკედონელო, - ჩუმად გააწყვეტინა ფილოსოფოსმა, - გვერდით დამიჯექი და მდინარის ხმას მოუსმინე. - მაგისი დრო არა მაქვს, - მეფის ხმამ პოლემიკური ნოტა კი შეიძინა, მაგრამ დადაბლდა, - მე ბევრი რამე მაქვს სასწავლი შენგან, მე ხომ მალე მომიწევს ათენიდან წასვლა ოიკუმენის დასაპყრობად. - შენც კაი სულელი ხარ რა. რაში გჭირდება ეს ამბავი? - მე მსოფლიოს დავიპყრობ, მერე კი სავანეებში ვინეტარებ, რომ მძიმე შრომისგან დავისვენო. - ტყუი. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. აი, მე უკვე ვისვენებ. თუ გინდა, ცოტა მაინც ისწავლო, დაჯექი და კეფისის ხმას მოუსმინე. ამას რომ ამბობდა, ძაღლი არ შემობრუნებულა ალექსანდრესკენ, თვალები არ გაუხელია, პოზა არ შეუცვლია, არ დაძაბულა. მდინარის მოსმენას განაგრძობდა; უბრალოდ ამ ხმაურში ახალი მელოდია გამოიკვეთა, რომელსაც ძალიან უნდოდა მოესმინათ მისთვისაც და დაჟინებით ითხოვდა პასუხს. მაგრამ ახლა ეს მეფის მელოდია მიჩუმდა. რა უნდა ექნა მეფეს? დიოგენეს გვერდით ჩამოჯდა, თვალები დახუჭა, და რაც მთავარია - პირი მოკუმა. „აჰა, დიოგენეს გვერდით ვზივარ“, - თქვა თავისთვის ალექსანდრემ და უცებ გარკვევით გაიგონა საკუთარი თავის მარცხენა მხრიდან მომავალი წყნარი და საკმაოდ მჟღერი ხმა. „შენც კაი სულელი ხარ რა“, - თქვა ხმამ სუფთა მაკედონურ დიალექტზე. „შენ თვითონა ხარ სულელი“, - მიუგი ალექსანდრემ თავისთვის მაკედონურად, და უცებ მიხვდა, რომ თავის სიცოცხლეში პირველად აი, ეგრე ელაპარაკება საკუთარ თავს. - რაო, შინაგანი ხმაა? - მოულოდნელად ჰკითხა დიოგენემ. ალექსანდრე გაწითლდა და მუშტები შეკრა, მაგრამ მისი თავი სულ უფრო და უფრო დაბლა იხრებოდა. - მითხარი, ფილოსოფოსო, ჭკუიდან გადავდივარ? რა ვუყო ამას? - შეეკითხა ძლივს გასაგონად. - ჯერ თქვი „ჰო“. - კარგი... ჰო. - „კარგი, ჰო“ კი არა, „ჰო“. - ჰო. - ხმამაღლა! მტკიცედ! - ჰო! შინაგანი ხმაა! - მითხარი, მეფეო, როცა შიკრიკი მოგივა, იმას რას უშვრები? - ვუბრძანებ, შემოუშვან და ვღებულობ. - ჰოდა, იგივე ჰქენი შენ შინაგან ხმასთან. ის ხომ შენთვის უცნობი მოკავშირის შიკრიკია. როცა გაიგებ, რა უნდა, მოდი ჩემთან, მე მზად ვარ, შენი მრჩეველი ვიყო ამ საქმეში. ახლა კი - მდინარის სმენაში ნუ მიშლი ხელს. დიოგენეს ხმა მიწყდა, ალექსანდრეს კი ისღა დარჩენოდა, რომ წამომდგარიყო და წამოსულიყო, თან იმაზე ეფიქრა, კიდევ როგორ დაეჭირა ეს შინაგანი ხმა.   *        სახელმწიფო კაპილავასტუს ოთხივ კუთხივ მაცნეები დაიგზავნენ და ისინი ამაოდ არ გარჯილან. სიდჰართას მამინაცვალი შეურჩიეს - უოჯახო მონადირე, მართალია სხვა კასტიდან, მაგრამ უზადო. აი, აქ კი დროული იქნება მოვყვეთ, თუ რა არის კასტები. ჩვენ შეგვიძლია შევიკრიბოთ არეოპაგში და ხმათა უმრავლესობით სტრატეგად დავნიშნოთ წარმატებული ვაჭარი. ვაჭარი შეიძლება გახდეს ნებისმიერი, კითარედიც კი (თუმცა ყველა ისინი რეგვნები არიან), კითარედობა კიდევ შეიძლება ნებისმიერ მწყემსსა და მეთუნეს ასწავლო. ჩვენს შორის სათნო ადამიანები თავის მონებს თავისუფლებას აძლევენ, ხოლო ყველაზე სათნონი მზად არიან სხვისი მონაც კი გამოისყიდონ, თუკი ის - კარგი ადამიანია. ინდოელებს კი, რომელთაც მიეკუთვნებოდა სახელმწიფო კაპილავასტუს ხალხი, სულ სხვანაირად აქვთ. იმათი მითი ღაღადებს, რომ ღმერთებმა ადამიანები არათანასწორად შექმნეს; პირველი ადამიანის, პურუშის სხეულის სხვადასხვა ნაწილებისგან ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფები შექმნეს. სწორედ აი, ეს ჯგუფები არის კასტები. ადამიანი ისე იბადება, ცოცხლობს და კვდება, რომ არის რომელიმე კასტის წევრი. თუკი, დავუშვათ, შენი წინაპრები მოდიან პურუშიც ფეხებიდან, შენ ამას ვერსად გაქცევი - შენ შუდრა ხარ, მონა. სუდჰოდანა და მისი შვილი სიდჰართა მეფეები იყვნენ წარმოშობით, ესე იგი, მეომრების კასტას განეკუთვნებოდნენ. მონადირე კი ეკუთვნოდა ვაჭრების და ხელოსნების უფრო დაბალ კასტას - იმათ ვაიშიები ერქვათ - და, შესაბამისად, შეეძლო მეომრებთან, ქშატრიებთან მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ურთიერთობა დაემყარებინა, თუ არადა სერიოზულად უნდა დაესაჯათ, მეფე კი მთელი ცხოვრება უნდა განბანილიყო ხოლმე. მაგრამ სუდჰოდანა არა მარტო ბრძენი მმართველი იყო, არამედ - მოწინავე ადამიანიც, ცრურწმენების გარეშე, და შვილის კეთილდღეობისთვის საკუთარ თავსაც კი გადაუვლიდა, არათუ კასტებისს მთელ სისტემას. ბოლოს და ბოლოს, ბევრი ხომ არ უნდოდა? მხოლოდ ის, რომ სიდჰართა თავისი კასტის ღირსეული წარმომადგენელი გამხდარიყო. და მერე როგორი აუცილებელია - იყო ღირსეული... ჰოდა, სამი წლის სიდჰართა აღსაზრდელად მიაბარეს მარტოხელა მონადირეს, სახელად ვაჩიაჰანტარას. მონადირე კიდევ სანადირო სიბრძნეებში ამეცადინებდა - როგორ დაეგო კაკანათები ფრინველებისთვის, მახეები - ცხოველებისთვის, ზუსტად ესროლა მშვილდიდან, გაერჩია მხეცთა ნაკვალევი, ეპოვნა ბილიკები და ტყეში ცეცხლიც დაენთო. სიდჰართა ყველაფერს სწრაფად და სიამოვნებით ითვისებდა და რვა წლისას ეჩვენებოდა, რომ არც ერთ მონადირეს ტოლს არ დაუდებდა, მით უმეტეს, რომ ინდოეთში მონადირეები არც ისე ბევრია - მონადირის ხელობა აგდებულია და არავისთვის საჭირო არ არის, რადგან ინდოელებიდან ძალიან ცოტა თუ ჭამს ხორცს. უფლისწულის მამობილი საკუთარ თავს ინახავდა და თითქმის არავისთან ჰქონდა ურთიერთობა; მხოლოდ ხანდისხან იმ მხარეში იშვიათი სოფლებიდან ერთი საწყაული ბრინჯის სანაცვლოდ რომელიმე გაცოფებული ვეფხვის მოკვლას სთხოვდნენ, რომელსაც გლეხების დახოცა იზიდავდა. სიდჰართა რომ მეცხრე წელიწადში გადადგა, ერთი ამისთანა შემთხვევისას ვაჩიაჰანტარა სასიკვდილოდ დაკოდა გააფთრებულმა ვეფხვმა. მზე დასაბინდებლად გადახრილიყო, - იმ მხარეში კიდევ ძალიან, ძალიან სწრაფი ბინდი იცის, - მშობლიურ სახლად ქცეულ ქოხთან თავისი პატარა მშვილდიდან ისრის სროლაში ვარჯიშობდა სიდჰართა და ამ დროს ტყიდან სახლის კუთხემდე გამომავალ ბილიკზე ის გამოჩნდა, ვისაც უფლისწული მამად იცნობდა, თუმცა ზოგჯერ ეჭვობდა, რომ იმისი შვილი არ არის. მონადირე ფეხებს ვეღარ მართავდა, ერთი ხელით შუბის მონატეხს ეყრდნობოდა, მეორეთი რაღაც ისეთი ეჭირა, რომ თუ იმისი სისხლის ნაკადებსა და ტანსაცმლის ნაგლეჯებში კარგად გაარჩევდი, მუცლიდან გადმოყროდა. ბიჭს შეეშინდა და არ იცოდა, რა ექნა, მშვილდიც გადააგდო, ისრებიც და ადგილზე მიჯაჭვულივით იდგა. „ნახე, - წყნარად და დიდი წვალებით თქვა მონადირემ, - მე ვეფხვმა მომკლა. იცოდე, რომ შენ ჩემი შვილი არა ხარ; შენ ქშატრიას შვილი ხარ. როცა მოვკვდები...“ ძალა აღარ ჰქონდა, მიწაზე დაეცა და შუბის ნატეხიც იმის გვერდით დავარდა. სიდჰართა მიუახლოვდა და იქვე გაჩერდა. „ცეცხლი, ცეცხლი“, - ამოიგმინა მარტოხელა მონადირემ. ბიჭი ქოხში შევარდა, კერიიდან მუგუზალი რომ გამოეღო. მაგრამ როცა უკან მიბრუნდა იმ მუგუზლიანად, მისი მამობილი მკვდარი იყო. სიდჰართამ არ იცოდა, რა უნდა ექნა მკვდარი კაცისთვის და წარმოდგენა არა ჰქონდა, რაში უნდა დასჭირვებოდა მომაკვდავს ცეცხლი. აი, ჩვენ კი ვუწყით, რომ ინდოელები, ჩვენი წინაპრების მსგავსად, მიცვალებულებს სწვავენ, ფერფლს კი მდინარეზე მოაბნევენ, მაგრამ სიდჰართა ჯერ კიდევ პატარა იყო და მთელი თავისი ხანმოკლე ცხოვრება ტყეში გაეტარებინა, განმარტოებით. ვაჩიაჰანტარას სხეული შინ შეათრია, საწოლზე დაასვენა, რადგან არ უნდოდა მხეცების შესაჭმელად მიეგდო, თავად კი პატარა მშვილდით ხელში სახლის ზღურბლთან გაათენა ღამე. ეგრე გაიარა რამდენიმე ღამემ, დღისით კი ბიჭი ცდილობდა საჭმლის მოპოვებას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფრის შესწავლა ვერ მოასწრო: მისი ხელები გრძნობდნენ, სწორად როგორ გაეკეთებინა მახე, მაგრამ თვალები ვერ პოულობდნენ, სად უნდა დაეყენებინა ის მახე, შეეძლო ფეხებით ეგრძნო ბილიკი, მაგრამ არ შეეძლო გაერჩია, იმ ბილიკს წყლის დასალევად მიჰყავდა თუ მხეცებზე სანადირო ალაგისკენ, ან სამწყემსურისკენ, ან ბუნაგისკენ, შეეძლო კოცონის დანთება, მაგრამ იმისი მოვლა და კარგი შეშის პოვნა აღარ იცოდა, და ტყიდან შინისკენ მიმავალ გზას ბიჭი ძნელად პოულობდა - რამდენჯერმე კინაღამ დაიკარგა. ეჩვენებოდა, რომ მის სხეულს ბევრი რამე შეუძლია, მაგრამ გამოცდილი თვალი აკლდა. სიდჰართას თვალებს მარტო ერთი რამის კარგად გაკეთება შეეძლოთ - მიზანი ეპოვათ სასროლად. ჰო, ჩინებულად ისროდა მშვილდიდან. ოღონდ მშვილდი კი პატარა ჰქონდა; ისეთიდან მხოლოდ პატარა ჩიტის ან თაგვის მოკვლა შეიძლებოდა. გადიოდა დღეები, ბიჭი თაგვებითა და ჭრელბუმბულა ჩიტებით იკვებებოდა, ღამ-ღამობით მკვდარს იცავდა ხელში სასროლად გამზადებული საბავშვო მშვილდით, და გონებიდან არ ამოუდიოდა აზრი, რომ ის საძაგელი ვეფხვი უნდა მომკვდარიყო. ცოტა თუ დიდი ხნის მერე ბავშვი მიხვდა, რომ ნელ-ნელა ხდებოდა - შეეძლო არა მარტო ხელი შეეხო, არამედ დაენახა კიდეც ნეკნები კანის ქვეშ. და არც ისრები მიფრინავდნენ მისი მშვილდიდან ადრინდელივით შორს, თუმცა ადრეც მისი საბავშვო მშვილდი სულ ახლოს ჰქონდა. სიდჰართა მიხვდა, რომ მარტო ვერ გამოიკვებებოდა და, მით უმეტეს, ვეფხვს ვერ მოკლავდა, და გადაწყვიტა ადამიანებთან მისულიყო. ქოხში რომ შევიდა მონადირესთან გამოსამშვიდობებლად, დაბარბაცდა, ისეთი სიმყრალე იდგა შიგნით. მსუქანი ბუზები ხმამაღალი ბზუილით დაფრინავდნენ, ხოლო მარტოხელა მონადირის მთელ სხეულზე საზიზღარი ჭია-ღუები ფუთფუთებდნენ. „ჰო, მხეცებისაგან ვერ დაგიცავი, დიდმა მოგკლა, ახლა კი ყველაზე პატარები გჭამენ“, - სულის შემხუთველი სევდით გაიფიქრა სიდჰართამ და გამოვიდა იმ ქოხიდან, მისი სახლი რომ იყო ექვსი წელიწადი. სოფლისკენ მიდიოდა.   *         ალექსანდრემ მდუმარედ მიუმარჯვა ფეხი მონას, რომლის მოვალეობა პატრონისთვის სანდლის ჩაცმა იყო. პირქუში იყო, სოფოკლეს ტრაგედიებზე უფრო პირქუში და სულაც არ იყო განწყობილი კრათეტესთან ჩვეულებისამებრ სასაუბროდ. გუშინღა მოახერხა დიალოგში შესულიყო თავის შინაგან ხმასთან, რომელზეც ძაღლთან ბოლო შეხვედრისას გაიგო პირველად. მრავალი დღე და ღამე მეფე სიჩუმეს და სიწყნარეს ეძიებდა, ცდილობდა გონება მოეკრიბა, მოდუნებულიყო, საკუთარ თავში ჩაღრმავებულიყო. და რა გამოვიდა? ხმამ უთხრა, რომ დიოგენესთან შეხვედრებისთვის თავი უნდა დაენებებინა და ლაშქრობაში წასულიყო, ხოლო როცა ალექსანდრე ფილოსოფოსებთან ურთიერთობით ნასწავლ, ყველაფრის ეჭვქვეშ დაყენების სტილში ხმას დაეკითხა, რაში სჭირდება ეს იმას, ხმას, იმან მიუგო: „მე შენი სიკვდილი მინდა“. სიკვდილისა ალექსანდრეს აქამდე არ შეშინებია, თუმცა, შესაძლოა, მხოლოდ ასე ფიქრობდა, სხვათაშორის, უფრო ახშობდა თავის აზრებს იმაზე, რომ სიკვდილისა ეშინოდა. იმას ვერ დაიპყრობ, ვერც დაიმორჩილებ. სიკვდილი არასოდეს იქნება პოტენციური სადილი. სამაგიეროდ იმისი პოტენციური სადილი შენ ყოველთვის ხარ. და ჯერაც ვერავინ შეძლო ამ ჯამიდან ამოხტომა. მაგრამ როცა შენი მოკვლა უნდა შენში მყოფ ვიღაცას... აფორიაქებულმა დაუდგა მონას მეორე ფეხი, მერე კი დაბნეულად ხმლის ხელში აწონ-დაწონვას და ტრიალს შეუდგა. ბოლოს ხმალი მექანიკურად ჩამოიკიდა სარტყელზე და გამოვიდა. ძაღლისკენ მიდიოდა და დღეს ზუსტად იცოდა, ეს რაში სჭირდებოდა. ტაძრის უკანა ეზოში რომ იპოვნა ფილოსოფოსი, ალექსანდრე გაქვავდა: ტიტველი დიოგენე თავის ლაბადაზე იჯდა, ხოლო იმის თეძოებზე გაშიშვლებული დიაცი ამხედრებულიყო, მამრის ტანისთვის ფეხები შემოერტყა, და იმის დუნდულებზე ხელებჩაჭიდებული კაცი რიტმულად ამოძრავებდა მდედრის გრაციოზულ სხეულს წინ და უკან. - რას უდგახარ? - გამარჯობის მაგივრად შეუძახა ძაღლმა, სიტყვებს მძლავრ შესუნთქვა-ამოსუნთქვებს უნაცვლებდა. - შემოგვიერთდი. პირში მიეცი, სწორედ ეს უნდა. ხო მართალია, ქრისიპა? ქრისიპამ ვნებიანად დაუქნია თავი და გარინდებიდან გამორკვეულმა ალექსანდრემ ყოყმანით გაიძრო ლაბადა და ქიტონი. დიოგენემ მჟღერი სილა დაჰკრა მდედრს დუნდულზე, ქალი მისი თეძოებიდან ჩამოვიდა, ოთხზე დადგა და სანეტაროდ გაიღუნა წელში. ალბათ, ალექსანდრე ვერ აცნობიერებდა, რა მოსდიოდა ამ დამატყვევებელი ლამაზმანის მეოხებით, რომლის სახის წინ ის მუხლებზე დადგა (ჰო, სახის წინ, იმიტომ რომ, მეორე მხრიდან, ეტყობა, დიოგენე იმყოფებოდა). მაკედონელის მთელი ყურადღება სხეულში წარმოშობილი დამათრობელი გრძნობისკენ იყო მიპყრობილი, და მხოლოდ იმ ყურადღების განაკიდეზე გამუდმებით იყო ქალის ტუჩები - ისინი მაშინვე ჩაებეჭდა მეხსიერებაში, როცა იმათ ჯერ კიდევ არა ჰფარავდა საკუთარი სხეული. ტუჩების კუთხეები სანეტარო აღტკინებით ოდნავ დაშვებულიყვნენ ქვემოთ, თითქოს გამოხატავდნენ მსუბუქ სევდას, რომელიც მიწიერი ცხოვრების არსიდან მომდინარეობდა. ო, რეებს სჩადიოდა ეს ქალი ალექსანდრესთან! ეს ხან საბრძოლო საყვირთან თამაშს ჰგავდა, მეომრებს რომ მოუხმობდა, ხან განზავებული ღვინის წრუპვას ლერწმის მილიდან, ხანაც მშიერი ძაღლის დაუმცხრალ მადას, ჯამს რომ ლოკავდა. ჰო, ჯამს. - შევიცვალეთ! - უცებ გამოაცხადა დიოგენემ. უცნობია, როგორ შეაღწიეს ამ სიტყვებმა ალექსანდრეს ყურადღებაში, მაგრამ ორივემ ადგილები გაცვალა. და დაიწყო და რა დაიწყო!.. როგორ გრძელდებოდა ეს!.. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ცხელმა ტალღებმა, რომლებმაც, ეტყობა, რომელიღაც მომენტში ქალის მთელი სხეული გაირბინეს. დიოგენემ (უვნებო ძაღლმა) ფხიზელი ხმით თქვა: „ყოჩაღ! ეს სწორედ ის არის“. მაგრამ ალექსანდრეს ფეხებზე ეკიდა იმისი სიტყვები, იმიტომ რომ, უცებ გაათავა. ერთი წუთის შემდეგ სამყარო უინტერესო გახდა. ეგრეა, როგორც ლათინები ამბობენ, ყოველი ცხოველი მიდგომის მერე ნაღვლიანია. ალექსანდრემ ქრისიპადან ასო გამოიღო და ზარმაცად დაეშვა დიოგენეს გაშლილი ლაბადის გვერდით. ქალიც იქვე დაწვა, მიმნდობად დაადო თავი მუცელზე, და მაკედონელი უცებ მიხვდა, თუ რა ტალღებმა გადაირბინეს ქალის სხეული. ადრე არასოდეს სმენოდა ქალურ ორგაზმზე. ლაბადის მოპირდაპირე მხარეს დიოგენე წამოწვა. - მართალია, რომ, - შენიშნა მან, თითქოს ხმამაღლა ფიქრობსო, - დასასრული ისე საინტერესო არ არის, როგორც თვითონ პროცესი (დედანში სიტყვების თამაშია: ΠΕΙΡΑΡ - დასასრული, ამოწურვა; ΠΕΙΡΑ - ცდა, წარმოება, გამოცდილება)? ალექსანდრემ და ქრისიპამ ზანტად, მაგრამ ერთხმად წაიბურტყუნეს პასუხად რაღაც „ჰო“-ს მსგავსი. - მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ნებისმიერი პროცესი არის გზა თავისივე დასასრულისკენ? - განაგრძო ფილოსოფოსმა. ორივემ დაიზმუვლეს თანხმობის ნიშნად. კარგი იყო ცაში ცქერა და კარგი იყო თანხმობითი პასუხები დიოგენეს შეკითხვებზე, თუმცა მთლად ეგრეც არა - ო, ეგრე არა! - კარგი, როგორც სასიყვარულო მოქმედება. - და მართალი ხომ არ არის, რომ რასაც არა აქვს დასასრული, ანუ უსაზღვროება, ის არის ჩვენი ძიების მიზანი? - განაგრძო მან. კვლავაც დაეთანხმნენ ორივენი. - და მართალი ხომ არ არის ისიც, რომ თუკი ყველა პროცესს აქვს თავისი დასასრული, მაშინ უსაზღვროება შეიძლება ვიპოვნოთ მხოლოდ იქ, სადაც არ არის არავითარი პროცესი? - განაგრძო დიოგენემ. და ორივენი ისევ და ისევ ეთანხმებოდნენ, რადგან სიყვარული - ეს სრული მიღებაა, მთლიანი „ჰო“. და დიოგენე გარკვეული ხანი ჩუმად იყო, ხოლო ისინი კიდევ მდუმარედ ეთანხმებოდნენ იმას თავის უსიტყვობაში. დასვენებული ქრისიპა ლაბადაზე წამოჯდა და დიოგენეს მიმართა: - საყვარელო, კიდევ როდის მომანიჭებ ასეთ ნეტარებას? - რაო, მშვენიერო, გინდა, დაეჩვიო? ჩვევებზე უფრო დამღუპველი არაფერია, ისინი სიყვარულსაც ჰკლავენ და თავად ცხოვრებასაც. სჯობია, სხვა კაცებს ის ასწავლო, რაც მე გასწავლე. წადი, ჩემო სიხარულო. შენ კიდევ, მაკედონელო, მომიყევი, რით აგაფორიაქა შინაგანმა ხმამ. - მითხრა, რომ ჩემი სიკვდილი უნდა, - ზანტად მიუგო ალექსანდრემ - სად გაქრა მისი ტრაგიკული პირქუშობა! - რას ვიზამთ, ჩვენ ყველა მოკვდავები ვართ და ყველანი ვუსურვებთ სიკვდილს ვინმეს, - დაეთანხმა ძაღლი, - აი, მაგალითად, შენ, მეფევ, ვის სიკვდილს ისურვებდი? - მეფე? - შეეკითხა გაოცებული ქრისიპა, იცმევდა, მაგრამ მისი წყნარი გაკვირვება მამაკაცებმა ვერ გაიგეს. - სიამოვნებით მოვკლავდი დარიოსს, საკუთარი ხელებით, - ზარმაცად წამოწოლილი მეფის სახეზე წითელმა გაითამაშა. - რაო, მოგწყინდა გაგრძელებული კალლიის ზავი? (კალლიის ზავი დაიდო სუზაში ათენის ელჩ კალლისა და სპარსეთის მეფე არტაქსერქსეს შორის 449 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, 114 წლით ადრე აღწერილი მოვლენებიდან. ამ ზავის თანახმად სპარსეთი აღიარებდა ყველა ბერძნული კოლონიის დამოუკიდებლობას, ეგეოსის ზღვა ცხადდებოდა ელადის აკვატორიად - ავტორის შენიშვნა). სხვათაშორის, ეს არაფერ შუაშია, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ კარგი, კეთილი და მნიშვნელოვანი რაღაც დგას შენი სურვილის უკან, მოკლა დარიოსი, მართალია? - ვიცი, - ცოტა ფიქრის შემდეგ მიუგო ალექსანდრემ. - მაშინ ისღა დაგრჩა საკითხავი, კარგი, კეთილი და მნიშვნელოვანი რამ თუ იდგა შინაგანი ხმის იმ სურვილის უკან, რასაც ის გეუბნეოდა? - საინტერესო ლაპარაკი გაქვთ, კაცებო, - ხმამაღლა ჩაერთო ქრისიპა, რომელიც დიდი ხანია იდგა ჩაცმული და ამათ საუბარს უსმენდა, - ოღონდ ჩემი წასვლის დრო მოვიდა. ტუჩებში აკოცა ჯერ დიოგენეს, მერე ალექსანდრეს. - კარგად, მშვენიერო, - უპასუხა ფილოსოფოსმა, - ისე მეჩვენება, რომ მეფურ საჩუქარს უნდა დაელოდო აი, ამ ახალგაზრდა ქმრისგან. - მეფურს? მართლა მეფურს? - აბა, რა, - წამოდგა ალექსანდრე, - იცოდე, ქალო, მე მაკედონიის მეფე ვარ. ქრისიპამ პატივისცემით დაუხარა თავი მეფეს და უცებ ჩაიკისკისა. - რა იყო, ქალო? - დაინტერესდა ალექსანდრე. - ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ მონარქს, თან ესეთ ახალგაზრდას და ესეთ მეომარს, შეუძლია ამდენი სიამოვნება მოგანიჭოს სიყვარულში, - უპასუხა ლამაზმანმა, მხიარული ღიმილი არ შეუკავებია, და მსუბუქად, თითქოს უწონომ, სწრაფად, თითქოს ქარისგან წაღებულმა გასწია, ხელით მიჰქონდა სანდლები. - დააკვირდი, - უთხრა დიოგენემ მაკედონელს, - ქალწულობა დაკარგა და სირცხვილი მოიშორა, მაგრამ მთავარს იცავს - სიბრძნეს. მხოლოდ ბრძენ ადამიანს შეუძლია ეგრე ბავშვურად გაიხაროს მეფის წინაშე. მოკლედ, ვუბრუნდები ჩვენს სირობას, შენ ყველაფერი გაიგე, მაკედონელო? წადი და შინაგანი ხმის პასუხის გარეშე აქ არ დაგინახო.   *        ქალაქი სიბნელეში ჩაძირულა. სადღაც ძაღლი იყეფება, უხილავი და ეული, ქალაქის ხაზს იქით, საღამოს მზიდან რამდენიმე ათეული სტადიუმის მანძილზე აენთო და თანაბრად ციმციმებენ მეთევზეთა კოცონები. ზეცაზე კი საკუთარ თავზე შეყვარებული ღამის მანათობელი ანთია - ტყუილად ამბობენ, რომ მისი შუქი ვერცხლისფერია, აქ ოქროს მინარევის ხსენებას ვერ გადავურჩებით, და მხოლოდ ფერით არა. ამბობენ, ვერცხლი მუქდება ვულკანების ამოფრქვევების დროს (შეცდომა. ვერცხლი მუქდება გოგირდწყალბადთან კონტაქტისას, ხოლო ვულკანების ამოფრქვევისას გამოიყოფა გოგირდიანი გაზი), და რამდენი იყო ატლანტიდის დაღუპვის დროიდან - ვერ მოითვლი; საოცარი მთებიდან ამომავალი ალმური ცამდე ადიოდა და რა მოუვიდა მთვარეს? ანათებს, როგორც ანათებდა ოდისევსის დროს. ჰო, მართლები არიან, ვინც ანაქსაგორასავით თვლის, თითქოს მზეცა და მთვარეც - ქვის დიდი ფილებია, პელოპონესზე დიდი ზომისა, მზე - გამდნარია, ხოლო მთვარე - ცივი, და ძალიან შორს არიან ორივენი. არადა, რამდენი რამე იყო, რამაც ცაზე გაიარა - წვიმებიც, ღრუბლებიც, ქუხილიც, თოვლიც კი და არც მზეს მოსვლია რამე და არც მთვარეს. აი, ახლაც ათენის თავზე ანათებს თავისი ვერცხლისფერი, ოქროს სუსტი მინარევით, თუმცა ანათებს მხოლოდ ხის კენწეროებს და ტაძრების სახურავებს. არადა, ესეც, სრული სიბნელის საპირისპიროდ, რომლითაც სავსეა ქუჩები და ეზოები, გეჩვენება, რომ ტაძრების სახურავებზე სინათლეა, სცადე აბა, აძვერი სახურავზე, წაიკითხე მთვარის შუქზე, რამის დაწერა სცადე, დაინახე სად იწყება მარმარილოს ერთი ფილა და იწურება მეორე - გამოგივა რამე? ღამე - არის კიდევაც ღამე. ამ დროს საუკეთესო ხედი ცისაა. დაწექი სახურავზე, სადაც ყველანაირი ქარი უბერავს და უყურე, მერწყულთან პირისპირ მდგომი პეგასი როგორ სვლეპავს წყალს იმისი ვარსკვლავიერი ჯამიდან; გმირი პერსევსი, გორგონას თავს იქნევს, ქუსლით თხის რქას ეყრდნობა; ხოლო მშვენიერი კასიოპეა, მსგავსად გადაბრუნებული ასო „მიუ“ -სი, უკანალს უთამაშებს თავის ზეციურ მეუღლეს. ვარსკვლავები გამოუცნობად ციმციმებენ, თუმცა რაღა გამოუცნობად, - სწორედ ასევე ციმციმებენ მეთევზეების კოცონები ზღვის ნაპირზე; სწორედ ასევე ციმციმებს მაშხალა, რომელიც ქუჩაში გამოაქვთ; სწორედ ასევე ციმციმებს ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით თუ ვარსკვლავური სიმაღლიდან და ვარსკვლავური სიმშვიდით დავხედავთ. ყველაფერი ციკლურია. აი, ეს ვარსკვლავი, ჰორიზონტთან რომ დგას, ანტარესია, ომის ღმერთს ეძღვნება, - ახლახანს უფრო ჩამქრალი იყო, ვიდრე ახლა; აი, ახლა ისევ ქრება, არა, ისევ ნათელია... ამას უსასრულოდ შეიძლება უყურო. ეგებ ეს არის სწორედ ის უსასრულობა, რომელსაც ვეძებთ, ოღონდ მერე, სახურავიდან რომ ჩამოხვალ, სიცივისგან მოიბუზები და ფეხისწვერებზე შეხვალ შინ, გააცნობიერებ, რომ ის მომენტი, როცა შენ სახურავზე იწექი და ანტარესს უყურებდი, იყო კიდევაც მარადისობა, მაგრამ უკვე ნაპოვნი მარადისობა, როცა უკვე აღარაფერია მოსაძებნი, როცა აღარაფერია გასაკეთებელი. და საღამოს, მზის ჩასვლისას, - გახსოვს? - შენ უკვე წინდაწინ გრძნობდი, რომ ახვალ სახურავზე, თან გაიყოლებ წყვილ ლაბადას, რომ არ გაიყინო, ფეხებს კი ქიტონით დაიფარავ და ეგრე უყურებ; და იცოდი, რომ ეს იქნებოდა მარადისობა? რომელიც შენ მოგევლინა და რომლადაც შენ გადაიქცევი, და სახურავიდან რომ ჩამოხვალ, გაიხსენებ, როგორ იყავი მარადისობა და მარადისობაშიც როგორ იყავი, და გაიხსენებ, შესაძლოა, მზის ჩასვლას, წითელს, როგორც ალექსანდრეს სახეს, ხოლო დილით, ეგებ გაიხსენო, როგორ ჩამოხვედი სახურავიდან, მოიბუზე სიცივისგან და ფეხისწვერებზე შეხვედი შინ, მაგრამ ახლა წევხარ და უკვე გადაანაცვლე შენი მზერა წითელი ანტარესიდან ცისფერ ვეგაზე, რომელიც აი, ახლა ოდნავ ჩამქრალია, ვიდრე ახლახანს, არა, ისევ ნათელია... აი, აქვე გაურკვეველი ფერის ვარსკვლავი, სახელად „დენები“ და ისიც ასევე ციმციმებს, და აი, ახლა... ვაი! მომწყდარი ვარსკვლავი! რამხელა ბედნიერებაა! როგორ ელვარებს ცაზე, - უკვე დაიკარგა. საწყენია, სურვილი უნდა ჩამეთქვა. და ეს იქნება, ჩაფიქრდები, რა სურვილი უნდა ჩაგეთქვა და როგორ გმირულად უნდა გებრძოლა მის განსახორციელებლად, ადრევე რომ გცოდნოდა, როდის და საიდან ჩამოვარდება ვარსკვლავი, სულ თავს ანებებ ვარსკვლავების წყნარი, ცივი შუქის მოსმენას, ხოლო როცა უცებ გამოფხიზლდები ოცნებებიდან - პირველად ყურადღებას აქცევ იმას, თუ რა ლამაზად მღერიან ჭრიჭინები. მათი მრავალხმიანი ქორო თითქოს მთელ სივრცეს ავსებს, მაგრამ აი, ზეთისხილის ჭალაში გახმიანდება ბულბული, აი, ძაღლიც ყეფს, უხილავი და მარტოხელა, და ამას რომ გაიგებ, ხვდები, რომ სივრცეში ადგილი ყველასთვის არის, და რომ სივრცე, ზოგადად რომ ვთქვათ, ჩაკეტილიც რომ იყოს, უსასრულოა უსასრულო გადაკვეთებისა და ურთიერთშეღწევით ერთისა მეორეში, მეორისა მესამეში... თუ ძალიან ყურადღებიანი იქნები, შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჭრიჭინს აი, იმ ჭრიჭინისა, მარცხნივ და უკან რომ ზის და სხვებზე ოდნავ ხმამაღლა რომ მღერის, შენ აღიქვამ არა მხოლოდ ყურებით, არამედ კანითაც... რატომღაც ხელისგულების მეორე მხრის კანით. რატომ? არ ვიცი. ეგრეა მოწყობილი ეს სამყარო. ბგერები გადადიან შერძნებებში, შეგრძნებები ბადებენ შუქს, შუქის თამაში იწვევს მუსიკას, ხოლო აქ განსჯა რაღაც არ გინდება. მუსიკა... აი, მუცელში დაირუყრუყა - ეს შეიძლება იგრძნო კიდეც და მოისმინო კიდეც. და აქაც განსასჯელი არაფერია - უნდა ჩამოხვიდე და შინ წახვიდე, როგორც ჩანს, საღამოს ტრაპეზის მერე ერთი-ორი ღვეზელი, ყურძნის კუმპალები და ცხვრის ბეჭი დარჩა. *გაგრძელება* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:16am on ივლისი 31, 2014
თემა: ოჯახიშვილობა
ლებოდა სამხედრო დამსახურების გამოც მიეღოთ, მაგრამ მხოლოდ გამონაკლისის წესით. დასავლეთევროპულ კურტუაზულ ლიტერატურაში რაინდებს შესანიშნავი გენეოლოგია ჰქონდათ. თუ სარაინდო ლიტერატურის საფუძვლად მდებარე ეპოსური მასალა არაფერს ამბობდა რაინდის გენეოლოგიაზე, პოეტი არაფერ ცუდს არ ხედავდა იმაში , თუ თავის გმირს მეფურ გენეოლოგიას შეუქმნიდა. მაგალითისათვის დასავლური შუასაუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გმირი პარციფალი შეგვიძლია ავიღოთ (არტურის ციკლის სერ პერსივალს ჩვენ ყველგან გერმანული ტრანსკრიფციით მოვიხსენიებთ). ამ უკვდავი პოემის ავტორმა, საკმაოდ ღატაკმა რაინდმა ვოლფგანგ ფონ ეშენბახმა, თავისი გმირი იმისთანა გენეოლოგიით აღჭურვა, რომ ნებისმიერ თანამეროვე მონარქს შეშურდბოდა. ვოლფგანგის მტკიცებით პარციფალის მამა, სწორუპოვარი გამურეტი, ანჟუს მეფეთა სახელოვანი შთამომავალი იყო, რომელიც რომანულ-გერმანული სამართლის არასრულყოფილების მსხვერპლი გახდა. ეს სამართალი (ყოველ შეთხვევაში ეშენბახის ვერსიით) მამის მთელ ქონებას უფროს შვილს უტოვებს, უმცროსებს კი სიღარიბისა და ხეტიალისათვის წირავს. გამურეტი სწორედ უმცროსი შვილი იყო, რომელიც დასახელებული სიმართლის ნორმების თანახმად მოხეტიალე რაინდის ცხოვრებისათვის იყო განწირული. უნდა თქვას, რომ გამურეტს საქმეში თავი არ შეურცხვენია. ჯერ იყო და ბაღდადის ხალიფა ბარუკს დაეხმარა ორი ბაბილონელი "ბუნტავშჩიკის" წინააღმდეგ ბრძოლაში (რომლებსაც, რატომღაც, წმინდა ევროპული სახელები პომპეუსი და იპომიდონი ჰქვიათ), ხოლო შემდეგ ზაზამანკის სახელოვან მოქალაქეთ დაეხმარა თავხედ მეფე რაცილიგთან ბრძოლაში. ზაზამანკის ზანგი დედოფალი ბელაკანა შეიტყობს რა მის დასახმარებლად ჩამოსული უცხო რაინდის შესახებ, პირველ რიგში კითხულობს, გვარიშვილი თუაო, რაზეც მისი ვაზირი სიამო ვნებით პასუხობს: "ამ რაინდს თავად ბარუკმა მიანიჭა პატივი და წოდებანიო". იმავეს კითხულობს გამურეტის მოწინააღმდეგე რაინდი ჰიუტიგერი, და რა შეიტყობს, რომ მისი დამმარცხებელი ანჟუს უფლისწულია, სასწრაფოდ აცხადებს უსიტყვო კაპიტულაციას.      ახლა აღმოსავლეთის რაინდთა გვარტომობას მივხედოთ და გავარკვიოთ მათი ოჯახიშვილობის ამბავი. შორს რომ არ წავიდეთ აქვე განჯაში მოღვაწე სახელოვან პოეტ ნიზამის მივმართოთ, უფრო სწორად მას უბადლო "ლეილისა და მაჯნუნის". ამ პოემის გმირი ოჯახიშვილობით არაფრით არ დაუდებდა ტოლს პარციფალს. მაჯნუნის ოჯახიშვილობაზე ნიზამისაგან შემდეგს შევიტყობთ:      ერთს დიდგვაროვანს არაბეთს, ძველთაგან მონაყოლია,      უთქმელი განძი ჰქონია, უთვლელი მონა ჰყოლია...      ყოფილა ქველი, მძლეთამძლე, მოდგამდა რაიც ეწადა,      დიდი სახელი დიაღაც აღზევდებოდა ზეცადაც.      რითი არ იყო სულთანი, კაცი ქცეული ნებადა!      ხელმწიფის ტოლი კი იყო...      ცხადია, ამისთანა მამის შვილი გამორჩეული პირი იქნებოდა, არანაკლები ვიდრე ნიზამის სხვა პოემების ისტორიული პირები არიან (ვთქვათ ისკანდერად წოდებული ალექსანდრე მაკედონელი).      ახლა მშობლიურ ნიადაგს დავუბრუნდეთ და რუსთაველის პერსონაჟების ოჯახიშვილობა ვიკითხოთ. ავთანდილი, მართალია, მთლად სამეფო წამოშობით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ: "ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა..." რაც შეეხება ტარიელს, მისი სამეფო წარმომავლობა ეჭვს არ იწვევს. როგორც თავად ტარიელი მოუთხრობს ავთანდილს, მამამისი ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს ხელმწიფე იყო:      მამაჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი,      სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სვრად დაუფარავი,      ვერვინ ჰკადრებდა წყენასა, ვერც ცხადი ვერცა მპარავი,      ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი. რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია      სარაინდო კოდექსის რაინდისათვის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო თვისებად სიძუნწეს მიიჩნევდა. წუწურაქი რაინდი არ იყო რაინდი ამ სიტყვის ზუსტი გაგებით. რაინდისათვის უმჯობესი იყო გაკოტრებულიყო, ვიდრე ძუნწად ჩაეთვალათ. მას აუცილბლად უნდა გაეჩუქებინა ის, რასაც სთხოვდნენ ზაზამანკასთან გამარჯვებულმა გამურატმა ოქროთი აავსო მტერიც და მოყვარეც. "ვეფხისტყაოსნის" გმირების ხელგაშლილობას ხომ საზღვარი არა აქვს. ახლადგამეფებულმა თინათინმა:      მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაერთგულევი:      უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი,      მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი".      მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.      თინათინის ამ მოქმედების შედეგად: "ლარსა (ცხადია აქ არ იგულისხმება თანამედრნოვე საქართველოს ეროვნული ვალუტა. კ.კ.) ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია".      რასაკვირველია, ამ გვარმოქმედებას არ შეეძლო უარყოფითი გავლენა მოეხდინა სახელმწიფო ფინანსებზე, მაგრამ როსტევანს ისევე აწუხებდა გაკოტრდებოდა თუ არა სახელმწიფო ხაზინა, როგოც ჩვენი ერონული ბანკის იმ მოღვაწეებს, ლიბერალურად წოდებულ საბანკო პოლიტიკას რომ ახოცილებდნენ. მაგრამ ნურვის ეგონება, რომ როსტევანი (ანდა შუა საუკუნეების სხვა მისებრ ღირსეული ხელმწიფე) ამას იმიტომ სჩადიოდა, რომ ეს ქონება ქვეშევრდომთა ყვლეფა-ექპლუატაციით ჰქონდა შექმნილი და სხვისი არა ენაღვლებოდა. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მარქსისტულ დოგმატიკაზე დამყარებულ თვალსზრისს, როტევანს, უბრალოდ, არ უნდოდა სარაინდო კოდექსის იმ მუხლის დამრღვევი ყოფილიყო, რომელიც წუწურაქობას კრძალავდა (თუმცა ზუსტად არ განსაზღვრავდა ხელგაშლილობის რიცხობრივ გამოხატულებას) და თავი შეერცხინა უცხოელი დიპლომატების წინაშე, რომლებიც აუცილებლად დაესწრებოდნენ თინათინის ინაუგურაციას. საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა      რაინდის იმიჯის აუცილებელ თვისებას მისი სილამაზეც წარმოადგენდა. დიახ, სილამაზე, რომელსაც დღეს მხოლოდ კაცობრიობის მეორე და საუკეთესო ნახევარში ვეძებთ ხოლმე. რაინდი ლამაზი და მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, რასაც ადასტურებდა მისი სიყვარული ოქროსა და ძვირფასი ქვებისადმი.      ეს ვითარება თანამედროვე მკითხველს ზოგჯერ სასაცილო მდგომარეობაშიც კი აყენებს. მაგალითად, წაიკითხავს რა შემდეგ სტროფებს: "ქერა დალალნი აყრიან მხრებზედ, ტუჩნი ლალისფრად უელვარებენ", გადაწყვეტს, რომ საქმე მომხიბლავ ქალბატონთან აქვს და... მწარედ შეცდება... აღწერილი სტროფები სწორუპოვარ რაინდ გამურეტს ეხება.      რაინდ გამურეტს არც "ვეფხისტყაოსნის გმირები ჩამორჩებიან. ავთანდილის სილამაზის შესახებ უკვე პოემის დასაწყისშივე შევიტყობთ: "საროსა მჯობი ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა". როსტევანთან სანადიროდ წასასვლელად მისული ავთანდილი ასეა დახასიათებული: "დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ-ბალახშოსანი", ტარიელის პირველად დანახვისას ავთანდილი ისეთ მეტაფორებს ხმარობს, როგორც წესი, მანდილოსნის სილამაზის აღსაწერად რომ იყენებენ თუ რასაკვირველია ტარიელის წვერს არ მივიღებთ მხედველობაში, რომელიც რატომღაც ჩვენი ილუსტრატორების სათანადო ყურადღებას არ იმსახურებს. "ავთანდილ ახლოს კვლა ნახა, სახე მისივე, კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ-გამო, "ნუთუ მზეაო, თქვა, ცისა?" ტარიელი მოჩვენებითი თავმდაბლობის გარეშე ამტკიცებს თავის მსგავსებას მზესთან და აცხადებს: "მოვიწიფე, დავემსგავსე მზესა თვალად, ლომსა ნაკვთად". რაც შეეხება "ვეფხისტყაოსნის" გმირების სიყვარულს სამკაულებისა და ძვირფასი თვლებისადმი, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ტარიელს: "...ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა...". ასე რომ ამ მიმართებით "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების "იმიჯი" სრულ შესაბამისობაში იმყოფება იმ მოთხოვნებთან, რომელთაც შუა საუკუნეების დასავლეთევროპული კულტურა აყენებდა საკუთარი რაინდების წინაშე.      შუა საუკუნეების დაკნინების და იმ ურთიერთობების დამყარების შემდეგ, რომელსაც ბურჟუაზიულს უწოდებენ, შეხედულება მამაკაცის სილამაზეზე იცვლება. მამაკაცს ახლა მოეთხოვება არა სილამაზე, არამედ პრეზენტაბელურობა და რესპექტაბელურობა. რაც შეეხება სამკაულების სიყვარულს, იგი კაცობრიობის მეორე და მშვენიერი ნახევრის განსაკუთრებულ კომპეტენციაში გადადის.      სილამაზე სამკაულები თუ ცხენი გარეგნული მოვლენებია და ისინი სწრაფად შეიძლება ჩანაცვლებულ იქნენ გარეგნული მახასიათებლების სხვა სისტემით. ისე რომ ფუნქციონალური მთლიანობა შენარჩუნდეს. ეს ფუნქციონალური ტრანსფორმაცია იმაში გამოიხატება, რომ ყოველი გარეგნული გამოვლინება შესაბამისობაში უნდა მოვიდეს სხვა გარეგნულ გამოვლინებასთან. მაგალითად, ჩემს ახალგაზრდობაში ღიპიანი ბიძა ისეთსავე ბუნებრივ ფუნქციონალურ კავშირში იმყოფებოდა შავი ოცდაოთხის საჭეზე ამხედრებასთან, როგორც ტარიელი თავის შავ მერანთან. იგივე ითქმოდა ნოლ სამზე ან ნოლ ხუთზე ამხედრებბულ ცხვირმოუხოცავ ყმაწვილზე, მაშინ როდესაც ზემოხსენებული ბიძა ფიატის საჭესთან აღიქმებოდა როგორც ფუნქციონალური დისონანსი. ერთი სიტყვით, განსხვავებით წინა ორი სარაინდო სტერეოტიპისაგან, „ საროსა მჯობნის" სტერეოტიპი ჩვენმა კულტურამ ჰეგელისებური მოხსნა-შენახვის სახით შემოინახა. რასაც შედეგად მოჰყვა ის, რომ ერთი გარეგნული მახასიათებელი მეორით შეიცვალა. შინაგანი კი... არც არავის აინტერესებდა და არც არავის აინტერესებს. კახა კაციტაძე საზოგადოება და პოლიტიკა N2 (1999) გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 4:55pm on ივნისი 10, 2015
თემა: იუდას მეფეები
ბოამმა, ისრაელიანთა ტომები შექემში შეკრიბა. ჩრდილოურმა ტომებმა სარდალი იერობოამი მიაგზავნეს ახალგაზრდა მეფესთან იმის სათქმელად, რომ სოლომონის მიერ დაწესებულ დიდ გადასახადებს აღარ გადაიხდიდნენ. „ხომ დაგადგათ მამაჩემმა მძიმე უღელი, მე კიდევ უფრო დაგიმძიმებთ უღელს! ხომ გსჯიდათ შოლტებით მამაჩემი, მე მორიელებით დაგსჯით!“ - მკვახედ უპასუხა საჩივარს რობოამმა. ათი ჩრდილოური ტომი მის წინააღმდეგ აჯანყდა და ისრაელის ახალი სეპარატისტული სამეფოს მეფედ იერობოამი აირჩიეს. რობოამი იუდას მიწის მეფედ დარჩა; ის დავითის შვილიშვილი იყო და იერუსალიმის ტაძარს, იაჰვეს სახლს, ფლობდა. მაგრამ მასზე გამოცდილი იერობოამი, რომელმაც ტახტი შექემში დაიდგა, ამით უკმაყოფილო იყო: „თუ ამ ხალხმა მსხვერპლის შესაწირად უფლის სახლში, იერუსალიმში, დაიწყო სიარული, გული მოუბრუნდება ამ ხალხს თავისი ბატონის, რობოამისკენ, იუდას მეფისკენ და მე მომკლავენ“. ამიტომაც ააგო მან ბეთელსა და დანში ორი პატარა ტაძარი, ტრადიციული ქანაანური სალოცავების მსგავსი. იერობოამი ხანგრძლივად და წარმატებულად მეფობდა, მაგრამ მისი ქალაქი რობოამის იერუსალიმს მაინც ვერ შეედრებოდა. ისრაელიანთა ორი სამეფო ხან ერთმანეთს ეომებოდა, ხან ერთმანეთის მოკავშირე იყო. ძვ. წ. დაახლოებით 900 წლიდან მოყოლებული ოთხი საუკუნის განმავლობაში, იუდას, სამეფო ტაძრის ქალაქ იერუსალიმის გარშემო მდებარე მცირე მიწას, დავითის დინასტია მართავდა, ხოლო ისრაელის უფრო მდიდარი და ვრცელი მიწები ჩრდილოეთში დომინანტ სამხედრო ძალად იქცა და მის სათავეში ხელისუფლებაში გადატრიალებების გზით მოსული სისხლიანი მხედართმთავრები იდგნენ. ერთ-ერთმა ასეთმა უზურპატორმა იმდენი სამეფო გვარის წარმომადგენელი მოკლა, რომ „არავინ დაუტოვებია კედელთან მშარდავი“. „მეფეთა“ და „ნეშტთა წიგნების“ ავტორები, ორი საუკუნის შემდეგ, სულაც არ იყვნენ პირადი დეტალებით ან ზუსტი ქრონოლოგიით დაინტერესებულები, ისინი მეფეებსა და მმართველებს ისრაელის ღმერთის მიმართ ერთგულებით აფასებდნენ. საბედნიეროდ, ამასობაში ისტორიის ბნელი ხანა დასრულდა: ეგვიპტური და ერაყული იმპერიების წარწერები ნათელს ჰფენს - და ხშირად ადასტურებს - მკაცრად სამართლიან ბიბლიურ მოსაზრებებს. სოლომონის სიკვდილიდან ცხრა წელიწადში იერუსალიმში ეგვიპტე და ისტორია დაბრუნდა. ფარაონმა შეშონქმა, რომელმაც ისრაელის სამეფოს ორად გახლეჩას ხელი შეუწყო, ზღვის სანაპირო ზოლი დალაშქრა და იერუსალიმისკენ გადაუხვია. იერუსალიმის მდიდარი ტაძარი ხომ მაცდური საკბილო იყო. მეფე რობოამმა შეშონქის მოქრთამვა ტაძრის განძით, სოლომონის ოქროთი, შეძლო. ფარაონმა ისრაელიანთა ორივე სამეფო დალაშქრა და ქალაქი მეგიდო მიწასთან გაასწორა. იქვე აღმართა სტელა, რომელზეც თავისი წარმატებული ლაშქრობით ტრაბახობს. მცირე ფრაგმენტი დღემდე შემორჩენილია. შინ დაბრუნებულმა ფარაონმა კარნაკში ამონის ტაძარში ღმერთებს მადლობა გადაუხადა. ფარაონის სატახტო ქალაქ ბუბასტისის იეროგლიფური ტექსტით ირკვევა, რომ მალე შეშონქის მემკვიდრე ოსორკონმა 383 ტონა ოქრო, სავარაუდოდ, იერუსალიმური ალაფი, შესწირა ეგვიპტურ ტაძრებს. შეშონქის ლაშქრობა პირველი ბიბლიური ამბავია, რომელიც არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. ორმოცდაათწლიანი უთანხმოების შემდეგ ისრაელიანთა ორმა სამეფომ ზავი დადო. ისრაელის მეფე ახაბმა იქორწინა ფინიკიელ მეფის ასულზე, რომელიც ბიბლიაში ურჩხულად, მექრთამე ტირანად და ბაალისა და სხვა კერპების თაყვანისმცემლად გვევლინება. მეფის ასულს იზებელი ერქვა და მისი გვარის მმართველობამ ისრაელის სამეფოსა და ქალაქ იერუსალიმს სისხლი და უბედურება მოუტანა. იზებელი და მისი ქალიშვილი, იერუსალიმის დედოფალი იზებელსა და ახაბს ქალიშვილი ჰყავდათ, სახელად ათალია (მართლმადიდებლურ თარგმანში, ღოთოლია), რომელიც იუდას მეფე იეჰორამს (მართლმადიდებლურ თარგმანში იორამი) მიათხოვეს. ათალია აყვავებულ იერუსალიმში ჩავიდა: ქალაქის სირიულ უბნებში სირიელი ვაჭრები ბაზრობებს მართავდნენ, იუდაელთა ფლოტი წითელ ზღვაში დაცურავდა, ხოლო სოლომონის ტაძარი ქანაანური კერპებისგან გაეწმინდათ. იზებელის ასულმა ქალაქში მხოლოდ უბედობა და უიღბლობა ჩაიტანა. ისრაელიანები მაშინ გაძლიერდნენ, როცა იმპერიული გარე ძალები დროებით დასუსტებული იყო. მაგრამ ძვ. წ. 854 წელს, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, ნინევიის ნანგრევებზე ასურეთი აღმოცენდა. როცა ასურეთის მეფე სალმანასარ III-მ სირიული სამეფოების დაპყრობა დაიწყო, იუდა, ისრაელი და სირია მის წინააღმდეგ შეიკრნენ. კარკარის ბრძოლაში მეფე ახაბმა 2000 ეტლი და 10 000 ქვეითი ჯარისკაცი გამოიყვანა, მას იუდაელები და სირიელებიც ამოუდგნენ მხარში და ასურელთა წინსვლა შეაჩერეს. მაგრამ მალე კავშირი დაირღვა. იუდაელები და ისრაელიანები სირიელებს დაუპირისპირდნენ; მათი მოხარკე სამეფოები აჯანყდნენ. ისრაელის მეფე ახაბი ისრით მოკლეს და „მის სისხლს ძაღლები ლოკავდნენ“. ისრაელში სარდალი იეჰუ აჯანყდა, მთელი სამეფო ოჯახი ამოწყვიტა - ახაბის სამოცდაათი ვაჟის მოკვეთილი თავი სამარიის კარიბჭესთან დაახვავა და არა მხოლოდ ისრაელის ახალი მეფე, არამედ სტუმრად მყოფი იუდას მეფეც მოაკვლევინა. ხოლო დედოფალი იზებელი ფანჯრიდან გადააგდო და მისი გვამი ეტლებით გადათელეს.[16] იზებელის გვამი ძაღლებს მიუგდეს საჭმელად ისრაელში, მაგრამ ძვ. წ. 841 წელს, იზებელის ასულმა, ათალიამ, იერუსალიმში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო და დავითის გვარის ყველა უფლისწული (მათ შორის, საკუთარი შვილიშვილები) დახოცა, ვინც კი იპოვა. მხოლოდ ერთი უფლისწული, ჩვილი იეჰოაში (მართლმადიდებლურ თარგმანში იოაში), გადაურჩა სიკვდილს. „მეფეთა მეორე წიგნი“ (მართლმადიდებლურ თარგმანში „მეფეთა მეოთხე წიგნი“) და უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები იერუსალიმის იმდროინდელ ყოფაზე პირველ ცნობებს გვაწვდის. ყრმა უფლისწულს უფლის ტაძარში მალავდნენ, ხოლო იზებელის ნახევრად ფინიკიელმა, ნახევრად ისრაელიანმა ქალიშვილმა მთაზე გაშენებული თავისი პატარა სატახტო ქალაქი ვაჭრობისა და ბაალის თაყვანისცემის ადგილად აქცია. სპილოს ძვლისგან დამზადებული ორსანტიმეტრიანი ლამაზი ორნამენტი - ბროწეულზე შემომჯდარი მტრედი, რომელიც იერუსალიმში აღმოაჩინეს, ალბათ იერუსალიმის მდიდრულ სასახლეში რომელიმე ავეჯს ამშვენებდა. ფინიკიური თიხის ბეჭდები, ანუ „ბულაები“, იმდროინდელი საფოსტო ქაღალდები ზედ გამოსახული ფინიკიური ხომალდებით, ტახტს ზემოთ გაბრწყინებული მზის ფორმის წმინდა ტოტემები და სავარაუდოდ, იმავე ნაოსნების მიერ ხმელთაშუა ზღვიდან იმპორტირებული ათი ათასი თევზის ფხა, დავითის ქალაქის ქვემოთ, აუზთან ახლოს იპოვეს. თუმცა, ათალია მალე იზებელივით შეიძულეს. მისმა კერპთაყვანისმცემელმა ქურუმებმა ბაალისა და სხვა ღმერთების კერპები აღმართეს იერუსალიმის ტაძარში. ექვსი წლის შემდეგ ტაძრის მღვდელმსახურმა საიდუმლოდ შეკრიბა იერუსალიმელი დიდებულები და პატარა უფლისწულის, იეჰოაშის არსებობა გაუმხილა. დიდებულებმა მაშინვე ერთგულება შეჰფიცეს იეჰოაშს. მღვდელმა დავითის დროინდელი შუბები და ფარები, ჯერაც ტაძარში რომ ინახებოდა, ასისთავებს დაურიგა და უფლისწულს საჯაროდ მირონი სცხო ტაშისკვრითა და ძახილით: „ღმერთო, შენ დაიფარე მეფე!“ დედოფალმა გაიგონა ხალხის ჩოჩქოლი და სასახლიდან იქვე ახლოს მდგარ ტაძარში შეირბინა. ტაძარი ხალხით ავსებულიყო. „ღალატია! ღალატია!“ - აყვირდა ათალია, მაგრამ ასისთავებმა შეიპყრეს, წმინდა მთიდან ჩაათრიეს და კარიბჭესთან მოკლეს. ბაალის ქურუმები დახოცეს, ხოლო კერპები დალეწეს. მეფე იეჰოაში ორმოცი წელი მეფობდა, სანამ ძვ. წ. 801 წელს სირიის მეფე მას დაამარცხებდა, იერუსალიმის წინააღმდეგ გალაშქრებას განიზრახავდა და „მთელი ოქროულობის, რაც კი მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა“, გადახდას არ აიძულებდა. იეჰოაში მოკლეს. ოცდაათი წლის შემდეგ ისრაელის მეფემ იერუსალიმი დაარბია და ტაძარი გაძარცვა. ამ დროიდან მოყოლებული ტაძრის მუდმივად მზარდი სიმდიდრე ყველასთვის მაცდური ჯილდო გახდა.თუმცა, იერუსალიმის სიმდიდრე ახალი მეფის მმართველობით გამოცოცხლებული ასურეთისას ვერ შეედრებოდა: ეს მტაცებელი იმპერია ისევ ამოქმედდა. ისრაელისა და სირიის მეფეებმა კოალიციის შექმნა სცადეს, მაგრამ როცა იუდას მეფე ახაზმა მათთან შეკვრაზე უარი განაცხადა, ისრაელიანებმა და სირიელებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. მომხვდურებმა ახლად შეკეთებული კედლები ვერ გაარღვიეს, თუმცა მეფე ახაზმა ტაძრის საგანძურიდან მათ მაინც გადაუხადა ოქრო და ასურეთის მეფე ტიგლათფალასარ III-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა. ძვ. წ. 732 წელს ასურელებმა სირია დაიპყრეს და ისრაელი ააოხრეს. იერუსალიმში შეშინებული მეფე ახაზი ორჭოფობდა, ასურეთს შებრძოლებოდა თუ დანებებოდა. ესაია: იერუსალიმი - მზეთუნახავი და მეძავი მეფეს მოცდას ურჩევდა ესაია - მთავარი, მღვდელი და პოლიტიკური მრჩეველი - და აიმედებდა, იერუსალიმს იაჰვე დაიფარავსო. ესაია ამბობდა, მეფეს შვილი შეეძინებაო, იმანუელი, რაც ნიშნავს „ ჩვენთან არს ღმერთი“. „რადგან შეგვეძინა შვილი, რომელიც იქნება... ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა და მშვიდობის მთავარი.“ შვილი, რომელიც მარადიულ მშვიდობას მოიტანდა. „ესაიას წიგნს“, სულ ცოტა, ორი ავტორი მაინც ჰყავდა - ერთ-ერთი მათგანი ორასი წლის შემდეგ ცხოვრობდა - მაგრამ ეს პირველი ესაია არა მხოლოდ წინასწარმეტყველი, არამედ დიდი წარმოსახვის მქონე პოეტიც იყო, რომელმაც საძულველი ასურული აგრესიის ხანაში პირველად წარმოიდგინა სიცოცხლე ტაძარდანგრეულ, მისტიკურ იერუსალიმში. „ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეაღმართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს... და კვამლით აივსო სახლი“. ესაიას უყვარდა „წმინდა მთა“ და მზეთუნახავს უწოდებდა ზოგჯერ სამართლიანი და ზოგჯერ მეძავი „სიონის ასულის მთას, იერუსალიმის ბორცვს“. იერუსალიმის ფლობა არაფრად ღირდა ღვთისმოსაობისა და მოწიწების გარეშე. მაგრამ თუ იერუსალიმი დაინგრეოდა, ყველასთვის ახალი, მისტიკური იერუსალიმი გაჩნდებოდა „ყოველ ადგილზე“ და სიყვარულსა და სიკეთეზე იქადაგებდა: „სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ“. ესაიამ წინასწარ იხილა უჩვეულო ფენომენი: „უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება... და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას“. რჯული, ღირებულებები და ისტორია ამ შორეული და შესაძლოა, დაქცეული მთის ქალაქისა ისევ აღორძინდება: „დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლის თავის გზებს... რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან. სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის.“ ესაიამ მისტიკური განკითხვის დღის დადგომა იწინასწარმეტყველა, როცა ცხებული მეფე, მესია მოვა: „მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს... აღარავინ ისწავლის ომს“. მკვდრები აღდგებიან. „დადგება მგელი ცხვართან ერთად და ჯიქი დაბინავდება ციკანთან ერთად“. ამ მგზნებარე ლექსებში პირველად გაიჟღერა აპოკალიფსურმა ნაღველმა, რომელიც იერუსალიმის ისტორიას დღემდე თან სდევს. ესაიამ შესძინა ფორმა არა მხოლოდ იუდაიზმს, არამედ - ქრისტიანობასაც. იესო ქრისტემ ესაია კარგად შეისწავლა. ქრისტეს ქადაგებები - დაწყებული ტაძრის დანგრევით და დამთავრებული მისი იდეით უნივერსალური, სულიერი იერუსალიმის შექმნით სუსტთა და უპოვართა ასამაღლებლად - სწორედ ესაიას პოეტურ ხედვებზე დაყრდნობით შეიქმნა. ბევრისთვის კი იესო სწორედ ესაიას ნაწინასწარმეტყველები იმანუელია. მეფე ახაზი დამასკოში ტიგლათფალასარს ეახლა და მორჩილების ფიცი დადო, უკან კი ტაძარში დასადგმელი, ასურული სტილის სამსხვერპლოთი დაბრუნდა. როცა ასურელი დამპყრობელი მოკვდა ძვ. წ. 727 წელს, ისრაელი აჯანყდა, მაგრამ ასურეთის ახალმა მეფემ ისრაელის სამეფოს დედაქალაქ სამარიას ალყა შემოარტყა და სამ წელიწადში ისრაელის სამეფო მთლიანად შთანთქა. 27 000 მცხოვრები ასურეთში გადაასახლეს. ისრაელის თორმეტი ტომიდან ათი თითქმის მთლიანად გაქრა ისტორიიდან. თანამედროვე ებრაელები იმ ორი ტომის შთამომავლები არიან, რომლებიც, იუდას სამეფოსთან ერთად, ნგრევასა და უბედურებას გადაურჩა. ჩვილი, რომელსაც ესაია იმანუელად იხმობდა, იყო მეფე ხიზკია. ის მესია ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ ყველაზე საჭირო პოლიტიკურ უნარს - იღბალს - ფლობდა. მისი იერუსალიმის კვალი დღემდე შემორჩენილია. სინაქერიბი: ცხვრებში გარეული მგელი ხიზკია ოცი წელი ელოდა ასურეთის წინააღმდეგ ასაჯანყებლად ხელსაყრელ დროს: მან ჯერ კერპები გაანადგურა, ტაძარში მდგარი ბრინჯაოს გველი დაამსხვრია, შემდეგ პასექის (ან მისი მაშინდელი ვერსიის) საზეიმოდ ხალხი შეკრიბა იერუსალიმში, რომელიც კიდევ უფრო გაფართოებულიყო და უკვე დასავლეთ ბორცვამდე გადაჭიმულიყო. ქალაქი სავსე იყო დაცემული ჩრდილოეთ სამეფოდან დევნილებით და მათ ალბათ ძველი ისრაელის სამეფოს ფილებზე ჩაწერილი მრავალი ლეგენდა და ისტორია მოიტანეს თან. იერუსალიმელმა სწავლულებმა იუდაური და ჩრდილოური ტრადიციების აღრევა დაიწყეს: დროთა განმავლობაში ზუსტად ბერძენი ჰომეროსის „ილიადას“ სტილში დაწერილი ეს ხელნაწერები ბიბლიას დაედო საფუძვლად. როცა სარგონ II ძვ. წ. 705 წელს ბრძოლაში მოკლეს, იერუსალიმელებს და თვით ესაიას იმედი მიეცათ, რომ ასურელთა ბოროტების იმპერია დაემხობოდა. ეგვიპტე იერუსალიმს მხარდაჭერას ჰპირდებოდა; ქალაქი ბაბილონი აჯანყდა და ელჩები გამოუგზავნა ხიზკიას, რომელმაც ხელსაყრელი დროის დადგომა იგრძნო: ის ასურეთის წინააღმდეგ შექმნილ ახალ კოალიციას შეუერთდა და ომისთვის მოემზადა. მაგრამ, იუდაელთა სამწუხაროდ, ასურეთის ახალი დიდი მეფე ენერგიული და თავდაჯერებული მხედართმთავარი აღმოჩნდა. მას სინაქერიბი ერქვა. სინაქერიბი თავს „სამყაროს მეფეს, ასურეთის მეფეს“ უწოდებდა და იმ დროს ეს ორი ტიტული სინონიმი იყო. ასურეთი სპარსეთის ყურიდან კვიპროსამდე მბრძანებლობდა. იმპერიის შუაგული დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან მთებით, ხოლო დასავლეთიდან ევფრატით იყო დაცული და მხოლოდ სამხრეთით და აღმოსავლეთით იყო გახსნილი. ასურეთი მოგაგონებდათ ზვიგენს, რომელსაც მხოლოდ მუდმივი მტაცებლობით შეუძლია არსებობა. ასურელებისთვის დაპყრობები რელიგიური მოვალეობა იყო. ტახტზე ასვლისას ყოველი მეფე ფიცს დებდა, რომ გააფართოვებდა, როგორც თავად უწოდებდნენ, „აშურის მიწას“ - ქვეყანას, რომელსაც მისი მფარველი ღმერთის სახელი ერქვა. მეფეები ერთდროულად უმაღლესი ქურუმებიც იყვნენ და მთავარსარდლებიც, რომლებიც 200 000-იან ძლიერ ლაშქარს პირადად მიუძღვებოდნენ; და თანამედროვე ტირანებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ ტერორით იმორჩილებდნენ ქვეშევრდომებს, არამედ ხალხის დიდი ჯგუფის იმპერიის ერთი ბოლოდან მეორეში გადასახლებით.სინაქერიბის მამის ცხედარი ბრძოლის ველზე ვერ იპოვეს, რაც ღმერთების არაკეთილგანწყობის საზარელი ნიშანი იყო და იმპერიამ რღვევა დაიწყო. მაგრამ სინაქერიბმა ყველა აჯანყება ჩაახშო და, როცა ბაბილონი აიღო, მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა. წესრიგის აღდგენისთანავე, მეფემ ქვეყნის კონსოლიდაცია ნინევიის, ომისა და ვნების ქალღმერთ იშთარის სახელობის ქალაქის, შეკეთებითა და მდიდრულად მორთვით სცადა. ვერაფერი შეედრებოდა წყალუხვი არხებით დაღარულ ნინევიურ წალკოტებსა და მის დიდ სასახლეს. ასურელი მეფეები ნამდვილი პროპაგანდისტები იყვნენ - მათი სასახლეების კედლების ტრიუმფალური დეკორაციები ასურელთა გამარჯვებებსა და მისი მტრების საზარელ სიკვდილზე - მასობრივ ხოცვა-ჟლეტაზე, ცოცხლად გატყავებასა და თავების მოჭრაზე - იუწყებოდა. დაპყრობილი ქალაქების დიდებულებს მათი მეფეების მოკვეთილ თავებს მკერდზე ჩამოკიდებულს დაატარებინებდნენ ნინევიის ქუჩებში. თუმცა ასეთი საშინელი ნადავლით მხოლოდ ასურელებს არ უყვარდათ თავის მოწონება. მაგალითად, ეგვიპტელები თავიანთი მტრების მოჭრილ ხელებსა და პენისებს აგროვებდნენ. ბედის ირონიით, ასურეთის სისასტიკის ხანას უკვე ჩაევლო. თუკი შესაძლებელი იყო, სინაქერიბი უპირველესად მოლაპარაკებებს მართავდა ხოლმე. სინაქერიბმა ჩანაწერები თავის მიღწევათა შესახებ სასახლეების საძირკველში ჩამარხა. ერაყში არქეოლოგებმა ნინევიის ნანგრევები აღმოაჩინეს და დღის სინათლე მოჰფინეს განვითარების უმაღლეს მწვერვალზე მდგარ, დაპყრობებითა და სოფლის მეურნეობით გამდიდრებულ ასურეთს, რომელსაც ადმინისტრირებას მრავალი მწერალი-მდივანი უწევდა. მათი ხელნაწერები სამეფო არქივებშია დაცული. ბიბლიოთეკებში ინახებოდა სამეფო გადაწყვეტილებების მისაღებად მოსაშველიებელი ომენებისა და ღმერთების გულის მოსაგები შელოცვების, რიტუალებისა და ჰიმნების კოლექცია, აგრეთვე ლიტერატურული კლასიკის თიხის ფირფიტები - „გილგამეშის ეპოსი“. გარდა იმისა, რომ მრავალ ღმერთს სწირავდნენ მსხვერპლს, თაყვანს სცემდნენ მაგიურ ქანდაკებებს, სულებსა და ღვთიურ ძალებს იძახებდნენ, ასურელები მედიცინასაც სწავლობდნენ: თიხის ფირფიტებზე ჩხაპნიდნენ: „თუ ადამიანს ესა და ეს აწუხებს, მაშინ... მიიღოს ესა და ეს წამლები...“ ისრაელიანი ტყვეები, რომლებიც სამშობლოსგან შორს ასურეთის ზიქურათებიან, შეღებილსასახლეებიან კაშკაშა, ბრჭყვიალა ქალაქებში მონურ შრომას ეწეოდნენ, იქაურობას „სისხლიან ქალაქს... სიცრუით გატენილს, ძალადობით სავსეს და მტაცებელს“ უწოდებდნენ. წინასწარმეტყველმა ნაუმმა აღწერა „შოლტის ხმა და ბორბლების გრიალი, ცხენების ჭიხვინი და ეტლების დგანდგარი“. ამ რვაწვეტიანი ეტლებით უზარმაზარი ლაშქარი სინაქერიბის მეთაურობით ახლა იერუსალიმისკენ მიემართებოდა, მიქროდა „არწივივით, მსხვერპლს რომ უნდა დააცხრეს“. ხიზკიას გვირაბი ხიზკიამ იცოდა, რა საშინელი ბედი ეწია ბაბილონს; მან საჩქაროდ გაამაგრებინა იერუსალიმის ახალი უბნები. დღეს დაახლოებით რვა მეტრი სისქის „მისი განიერი კედლის“ მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია შემორჩენილი; ყველაზე შთამბეჭდავი ებრაულ კვარტალშია. ხიზკია ალყისთვის ემზადებოდა, ამიტომ ხელოსანთა ორ ჯგუფს ქალაქგარეთ კლდეში 500 მეტრის სიგრძის გვირაბის გაყვანა დაავალა, რათა გიხონის წყარო დაეკავშირებინათ დავითის ქალაქის ქვემოთ, ტაძრის მთის სამხრეთით მდებარე სილოამის აუზთან, რომელიც ახალი კედლების აგების შემდეგ, დღეს გალავნის შიგნითაა მოქცეული. როცა ხელოსანთა ორი ჯგუფი კლდის შუაგულში შეხვდა ერთმანეთს, თავიანთი მიღწევის აღსანიშნავად კლდეზე წარწერა ამოკვეთეს: „[როცა გვირაბი] გაიყვანეს. ის ამ გზით გაჰყავდათ. როცა [ისინი] ჯერ კიდევ წერაქვებით [თხრიდნენ], ყოველი კაცი მეორისკენ მიდიოდა და სანამ კიდევ სამი წყრთა რჩებოდა გასაკვეთი, [მათ გაიგონეს] როგორ ეძახდა კაცი თავის ამხანაგებს, რადგან კლდეში მარჯვენა მხარეს [და მარცხენა მხარეს] ნაპრალი იყო. და როცა გვირაბი გაიყვანეს, ქვისმჭრელებმა გაჭრეს [კლდე], ყოველმა კაცმა მეორე კაცამდე; წერაქვს იქნევდნენ ორივე მხრიდან; და წყაროდან წყალი წამოვიდა წყალსატევისკენ, 1200 წყრთა იყო გვირაბის სიგრძე, ხოლო კლდის სიმაღლე ქვისმჭრელების თავზემოთ იყო 100 წყრთა“. ტაძრის მთის ჩრდილოეთით ხიზკიამ ხეობა გადახერგა, რათა ბეთეზდის აუზში წყალი დაეგუბებინა და ქალაქისთვის წყლის საკმარისი მარაგი ჰქონოდა. როგორც ჩანს, ხიზკიამ მოიმარაგა საკვებიც - ზეთი, ღვინო, ხორბალი - თავისი ჯარისკაცებისთვის, რათა ომისა და ალყისთვის მზად ყოფილიყვნენ. იუდას მიწაზე მრავალ ადგილას აღმოაჩინეს ქოთნის ყურები, რომლებსაც „ლმლკ“ - „მეფისათვის განკუთვნილი“ - დამღა აზის და მეფისვე ემბლემით, ოთხფრთიანი ხოჭოთია დაბეჭდილი. „ასურელთა მეფე ისრაელის ძეებს, როგორც მგელი ცხვრებს, ისე გამოერიაო“, - წერს ბაირონი. სინაქერიბი და მისი უზარმაზარი ლაშქარი იერუსალიმთან უკვე ახლოს იყო. როგორც სხვა ასურელი მეფეები, სინაქერიბიც ალბათ მგზავრობდა ეტლით, რომელშიც ბრწყინვალედ შეკაზმული, ციმციმა ქოჩრით შემკული სამი ბუმბერაზი ცხენი იყო შებმული. ასურელ მეფეს ალბათ გრძელი მანტია ესხა, ბრტყელი, წვეტიანი ქუდი ეხურა, ოთხკუთხად შეკრეჭილი, გრძელი, დაწნული წვერი ჰქონდა, ეკეთა ვარდისორნამენტიანი სამაჯური, ხელთ ეპყრა მშვილდი და ლომებით მორთულ ქარქაშში ხმალი ჰქონდა ჩაგებული. სინაქერიბი თავს ლომად უფრო მიიჩნევდა, ვიდრე ბიბლიურ არწივად ან ბაირონისეულ მგლად. ასურელი მეფეები იშთარის ტაძარში გამართულ გამარჯვებისადმი მიძღვნილ ზეიმებში ლომის ტყავს იცვამდნენ, სასახლეებს ლომ-სფინქსებით რთავდნენ და დაუნდობლად ნადირობდნენ ლომებზე, რადგან ეს დიდ მეფეთა შესაფერის გასართობად მიაჩნდათ. სინაქერიბმა იერუსალიმს გვერდით ჩაუარა და ხიზკიას მეორე ციხე-ქალაქს, სამხრეთით მდებარე ლაქიშს შემოარტყა ალყა. ასურეთის მეფის ნინევიური სასახლის ბარელიეფიდან ვიცით, როგორ გამოიყურებოდა მისი (და იუდაელთა) ლაშქარი: ასურელებს, იმპერიის პოლიგლოტ ჯარისკაცებს, თმა დაწნული ჰქონდათ, ტუნიკები და ჯაჭვის პერანგები ეცვათ, წვეტიანი ჩაჩქანები ეხურათ, მეეტლეებად, შუბოსნებად, მშვილდოსნებად და მეშურდულეებად იყვნენ დაყოფილები. მათ საალყე მიწაყრილები ააგეს, მესანგრეებმა კედლებს ძირი გამოუთხარეს, საზარელი საალყე მანქანებით მტკიცე სიმაგრეები დაანგრიეს. მშვილდოსნები და მეშურდულეები ქალაქს მწველ ხანძარში ხვევდნენ, ლაშქრის ქვეითები კი კიბეებით ქალაქის გალავანზე გადადიოდნენ. არქეოლოგებმა 1500 დახოცილი და გატყავებული კაცის, ქალისა და ბავშვის საერთო საფლავი ამოთხარეს. ზუსტად იგივე სცენაა გამოსახული ნინევიის სასახლის ბარელიეფზე. ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი ხოცვა-ჟლეტას გაექცა. იერუსალიმმა შეიტყო, წინ რა ელოდა. სინაქერიბმა მალე დაამარცხა ხიზკიას დასახმარებლად მოსული ეგვიპტური არმია, იუდა ააოხრა და იერუსალიმს ჩრდილოეთიდან შემოერტყა. ასურეთის მეფე ზუსტად იმ ადგილას დაბანაკდა, სადაც ტიტუსი - ხუთასი წლის შემდეგ. ხიზკიამ იერუსალიმს გარეთ ყველა წყარო მოაწამვლინა. ქალაქის ახალ გალავანზე გამაგრებულ მის ჯარისკაცებს თავზე გრძელ ყურსაცმიანი დოლბანდები ჰქონდათ წაკრული, საბარკულები ეკეთათ, მოკლე კილტები და ჩექმები ეცვათ. ქალაქში ალბათ პანიკა ატყდა, როცა მტერი გამოჩნდა. სინაქერიბმა თავისი სარდლები გაგზავნა მოსალაპარაკებლად, ასე შეუთვალა იერუსალიმს, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვსო. წინასწარმეტყველმა მიქამ სიონის განადგურება განჭვრიტა. თუმცა, მოხუცმა ესაიამ მოთმინების გამოჩენა ურჩია მეფეს, იაჰვე დაგვეხმარებაო. ხიზკიამ ტაძარში ილოცა. სინაქერიბი ტრაბახობდა, იერუსალიმი ჩიტივით გალიაში გამოვამწყვდიეო. მაგრამ ესაია მართალი გამოდგა: ღმერთი ჩაერია. მენაშე: ჯოჯოხეთის ველზე შეწირული ბავშვი „გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო ას ოთხმოცდახუთი ათას კაცს ასურელთა ბანაკში... ადგა ხალხი დილით ადრე და აჰა, მკვდარი იყო ყველა“. ასურელთა ბანაკი უეცრად დაიშალა. სავარაუდოდ, ისინი აღმოსავლეთში ატეხილი აჯანყების ჩასახშობად გაეშურნენ. „ასე აიყარა სინაქერიბი, ასურეთის მეფე“. იაჰვემ უთხრა სინაქერიბს: „შენ უკან თავს აქნევს იერუსალიმის ასული“ - ასეთია ამ ამბის იერუსალიმური ვერსია. მაგრამ სინაქერიბის მემატიანეები ხიზკიას შთამბეჭდავ ხარკს ახსენებენ, რომელიც 30 ტალანტი ოქროსა და 800 ტალანტი ვერცხლისგან შედგებოდა. როგორც ჩანს, ხიზკიამ ასურელები მოქრთამა, რათა წასულიყვნენ. თუმცა, სინაქერიბმა იუდას სამეფო იმდენად შეამცირა, რომ მისგან ლამის მხოლოდ იერუსალიმი დარჩა. ასურეთის მეფე იმასაც ტრაბახობს, 200150 ადამიანი გადავასახლეო. ალყის მოხსნიდან მალევე ხიზკია გარდაიცვალა და მისი ვაჟი მენაშე ასურეთის ერთგულ ვასალად იქცა. მან უმოწყალოდ გაანადგურა ყველა მისი მოწინააღმდეგე იერუსალიმში, არაბ მეფის ასულზე დაქორწინდა, მამამისის მიერ გატარებულ რეფორმებზე უარი თქვა, ტაძარში წმინდა რიტუალებისთვის მამაკაცი მეძავები შეუშვა და ბაალისა და აშერას კერპები აღმართა. რაც ყველაზე საშინელია, მან ჰინომის ველზე, თოფეთზე, ბავშვების დასაწვავ მსხვერპლად შეწირვის რიტუალი აღადგინა და მის ხშირად ჩატარებას ხელს უწყობდა. მან თავისი ვაჟიც არ დაინდო და „გაატარა ცეცხლში“... როგორც ამბობენ, მღვდლებს დოლების ბრაგაბრუგის თანხლებით მიჰყავდათ მსხვერპლი იქამდე, რათა მშობლებს საკუთარი შვილების კივილი არ გაეგონათ. მენაშეს წყალობით, ჰინომის ველი არა მხოლოდ სიკვდილის ველად იქცა, არამედ, გეენად, „ჯოჯოხეთად“ ებრაელებისთვის, მოგვიანებით კი ქრისტიანებისა და მუსლიმებისთვისაც. თუკი ტაძრის მთა იერუსალიმის პირადი სამოთხეა, გეენა მის ჰადესად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ძვ. წ. 626 წელს ნაბოპოლასარმა, ქალდეველმა სარდალმა, ბაბილონში ძალაუფლება იგდო ხელთ და ასურეთის იმპერიის ნგრევა დაიწყო, ხოლო თავისი გმირობები ბაბილონურ ქრონიკებში აღწერა. ძვ. წ. 612 წელს ბაბილონელთა და მიდიელთა ალიანსმა ნინევია აიღო. ხოლო ძვ. წ. 609 წელს მენაშეს მემკვიდრე, ჯერ კიდევ რვა წლის ასაკში მენაშესთან ერთად გამეფებული იოშია, მესიის მმართველობის ოქროს ხანის მაცნედ იქცა. 5. ბაბილონელი მეძავი ძვ. წ. 586-539 იოშია: რევოლუციონერი მხსნელი ნამდვილი სასწაული მოხდა: ასურეთის ბოროტების იმპერია დაიშალა და იუდას სამეფო გათავისუფლდა. იოშიამ თავისი სამეფოს საზღვრები ჩრდილოეთით ისრაელის ყოფილ მიწებამდე გააფართოვა, სამხრეთით - წითელ ზღვამდე, ხოლო აღმოსავლეთით - ხმელთაშუა ზღვამდე. მისი მეფობის მეთვრამეტე წელს მღვდელმთავარმა ხილკიამ ტაძრის პალატებში დავიწყებული ხელნაწერები იპოვა. იოშიამ სათანადოდ შეაფასა ამ დოკუმენტის ძალა: „რჯულის წიგნის“ ეს ადრეული ვერსია, ალბათ, ისრაელის სამეფოს დაცემის შემდეგ დევნილმა ებრაელებმა ჩაიტანეს იერუსალიმში და წარმართ მენაშეს ტაძარში გადაუმალეს. იოშიამ იუდაელები უფლის სახლში შეკრიბა, თვითონ ტოტემურ სიმბოლოსთან, სამეფო სვეტთან დადგა და აღთქმა დადო იაჰვესთან, რომ მის რჯულს დაიცავდა. მეფემ სწავლულებს უბრძანა, უძველეს იუდაელთა ისტორია ჩაეწერათ და მითიური პატრიარქების, წმინდა მეფეების - დავითისა და სოლომონის და იერუსალიმის ამბები ერთმანეთთან დაეკავშირებინათ, რათა ამით აწმყოსთვის ნათელი მოეფინათ. ეს ბიბლიის შექმნისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი იყო. ხშირად „რჯულის წიგნს“ შეცდომით ათარიღებენ და მის ავტორად მოსეს მიიჩნევენ, მაგრამ სოლომონის ტაძრის ბიბლიური აღწერილობა აშკარად ირეკლავს ნამდვილ, მაგრამ გაცილებით გვიანდელ, იოშიას - ახალი დავითის - დროინდელ იერუსალიმს. ამგვარად, წმინდა მთა არც მეტი, არც ნაკლები, „ჰა-მაკომად“ - „ადგილად“ იქცა. მეფემ კედრონის ხევში კერპები დაამსხვრევინა და ტაძრიდან მამაკაცი მეძავები გააყრევინა. ჯოჯოხეთის ველზე ბავშვთა შესაწირავები გაანადგურა, ხოლო კერპთაყვანისმცემელი ქურუმები დახოცა და მათი მტვრად ქცეული ძვლები მათსავე სამსხვერპლოებზე მიმოყარა. ერთი შეხედვით, იოშიას რეფორმები სასტიკი, მკაცრი და პურიტანული მოგეჩვენებათ. მან პასექის დღესასწაულიც იზეიმა. „არ ყოფილა მანამდე მისი მსგავსი მეფე“. თუმცა იოშია სახიფათო თამაშს თამაშობდა. როცა ნექო, ეგვიპტის ფარაონი, საბრძოლველად გამოვიდა, იოშიამ, რომელსაც არ სურდა, ასურეთი ეგვიპტის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო, მისი შეჩერება სცადა. ძვ. წ. 609 წელს ფარაონმა იუდაელთა ლაშქარი გაანადგურა და მეგიდოში იოშიაც მოკლა. იოშია დამარცხდა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ დავითიდან იესომდე ისრაელიანებს ასეთი ოპტიმისტი და რეფორმატორი მმართველი არ ჰყოლიათ. დამოუკიდებლობის მოპოვების იმედი მეგიდოში გადაიწურა. ხოლო სახელი „მეგიდო“ კატასტროფის სინონიმად, „არმაგედონად“ იქცა. ფარაონი იერუსალიმისკენ გაემართა და იუდას ტახტზე იოშიას ძმა, იეჰოიაკიმი აიყვანა. მაგრამ ეგვიპტემ ახალი ახლოაღმოსავლური იმპერიის შექმნას ხელი ვერ შეუშალა. ძვ. წ. 605 წელს ბაბილონის მეფის ძემ, ნაბუქოდონოსორმა, ეგვიპტელები ქარხემიშის ბრძოლაში შემუსრა. ასურეთმა არსებობა შეწყვიტა და იუდას მიწა ბაბილონს ერგო მემკვიდრეობით. ძვ. წ. 597 წელს იეჰოიაკიმმა იმ არასტაბილურ ვითარებაში იუდას სამეფოს უცხოური უღლიდან გათავისუფლება მოინდომა და ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საყოველთაო მარხვა გამოაცხადა. მრჩეველმა და წინასწარმეტყველმა იერემიამ თავისი პირველი იერემიადით გააფრთხილა მეფე, უფალი იერუსალიმს გაანადგურებსო; მაგრამ მეფე იეჰოაკიმმა საჯაროდ დაწვა იერემიას ხელნაწერები. მან ეგვიპტესთან დადო სამხედრო კავშირი, მაგრამ როცა იერუსალიმისკენ ახალი დამპყრობელი დაიძრა, ეგვიპტელები დასახმარებლად არ მოსულან. ნაბუქოდონოსორი „ქისლევის მეშვიდე თვეს, - წერს ნაბუქოდონოსორის მემატიანე დღემდე შემონახულ თიხის ფირფიტაზე, - ბაბილონის მეფემ ხატების [სირიის] მიწაზე გაილაშქრა, იუდას ქალაქს [იერუსალიმს] ალყა შემოარტყა, ადარის თვის მეორე დღეს [ძვ. წ. 697 წლის 16 მარტს] ქალაქი აიღო და მეფე შეიპყრო“. ნაბუქოდონოსორმა ტაძარი გაძარცვა და მეფე, 10 000 დიდებული, ხელოსანი და ახალგაზრდა ბაბილონში გადაასახლა. იქ იეჰოიაკიმი დამპყრობლის სასახლის კარზე ცხოვრობდა. ნაბუქოდონოსორი უზურპატორის შვილი იყო, მაგრამ იმპერიის ეს ენერგიული მშენებელი თავს დედამიწაზე ბაბილონის მფარველი ღმერთის ბელ-მარდუქის მოადგილედ მიიჩნევდა. მან ასურელებისგან სასტიკი რეპრესიების სტილი შეითვისა, იმავდროულად, თავს ღვთისმოსავ და სათნო პიროვნებად წარმოაჩენდა. შინ „ძლიერი სუსტს ჩაგრავდა და ძარცვავდა“, მაგრამ ნაბუქოდონოსორი „დღე და ღამეს ასწორებდა და ბევრს ფიქრობდა“, რომ ყველასთვის სამართლიანი განაჩენი გამოეტანა. თუმცა, იუდაელი ტყვეებისთვის ის ალბათ სულაც არ ყოფილა ეგრეთ წოდებული „სამართლიანი მეფე“. სამშობლოდან გადასახლებული იუდაელები აღმოჩნდნენ ქალაქში, რომელთან შედარებითაც სიონი პატარა სოფლად მოგეჩვენებოდათ. იერუსალიმში სულ რამდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო ბაბილონი მეოთხედი მილიონი მაცხოვრებლით იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს და უმდიდრეს მეტროპოლისად ითვლებოდა; როგორც ამბობდნენ, მის ქუჩებში სიყვარულისა და ომის ქალღმერთი იშთარი ფეხაკრეფით დაიპარებოდა და ფუნდუკებსა და ხეივნებში კოცნიდა თავის საყვარლებს. ნაბუქუდონოსორმა ბაბილონი საკუთარი გემოვნებით მოაწყო: გრანდიოზული, ცისფრად შეღებილი (ცისფერი მეფის საყვარელი ფერი იყო) ნაგებობები ირეკლებოდა კიდეგანიერი ევფრატის არხებში; იშთარის კარიბჭის ოთხი კოშკი ლურჯად მოჭიქული აგურებით იყო ნაგები და ყვითელი დრაკონებითა და ხარებით მოხატული. კარიბჭე შედიოდა ქალაქის ტრიუმფალურ ბულვარზე - საპროცესიო გზაზე. ხოლო სასახლე, მეფისვე სიტყვებით „სანახავად მოსაწონი, ბრწყინვალე ტაძარი და სამეფო სამყოფელი“, ბუმბერაზი ლომებით იყო მორთული. დაკიდებული ბაღები მეფის საზაფხულო რეზიდენციას ამშვენებდა. ბაბილონის მფარველი ღმერთის, მარდუქის პატივსაცემად ნაბუქოდონოსორმა ზიქურათი - შვიდიარუსიანი, ბრტყელთავიანი პირამიდა - აღმართა. სწორედ ეს „ცისა და მიწის საძირკველი“ იყო ალბათ ბაბილონის გოდოლი; და არც მრავალენოვნება იყო ახლო აღმოსავლეთის ყველაზე კოსმოპოლიტური ქალაქისთვის უცხო. იერუსალიმში ნაბუქოდონოსორმა გადასახლებული მეფის ბიძა, ციდკია გაამეფა. ძვ. წ. 594 წელს ციდკია ბაბილონს ეწვია, რათა ნაბუქოდონოსორისთვის მორჩილების ფიცი მიეცა, მაგრამ უკან დაბრუნებულმა ციდკიამ, წინასწარმეტყველ იერემიას სიტყვებს - ბაბილონელები ქალაქს გაანადგურებენო, - ყური არ უგდო და აჯანყება დაიწყო. ნაბუქოდონოსორი აჯანყების ჩასახშობად სამხრეთში გაემართა. ციდკიამ ეგვიპტელებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ მიერ გამოგზავნილი მცირერიცხოვანი ჯარი ბაბილონელებმა სწრაფად დაამარცხეს. იერემიამ იერუსალიმში გამეფებულ პარანოიას გარიდება სცადა, მაგრამ კარიბჭესთან დააპატიმრეს. მეფემ, რომელსაც თან რჩევები სჭირდებოდა, მაგრამ ღალატსაც ვერ ჰპატიობდა იერემიას, ის სამეფო სასახლის ქვეშ, დილეგში ჩააგდებინა. ნაბუქოდონოსორი თვრამეტი თვის განმავლობაში ძარცვავდა და აოხრებდა იუდას მიწას, ხოლო იერუსალიმი ბოლოსთვის მოიტოვა. ძვ. წ. 587 წელს ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმი მიწაყრილებისა და გალავნის ალყაში მოაქცია. „შიმშილი გაძლიერდა ქალაქში“, - წერს იერემია. ბავშვებს „გული წაუვიდათ, ყოველი ქუჩის თავში ყრიან“. როგორც ჩანს, ქალაქს კანიბალიზმიც მოედო: „ჩემი ერის ასული გულქვა ხდება... საცოდავი ქალები საკუთარი ხელით ხარშავდნენ თავიანთ შვილებს: საზრდოდ რომ ჰქონოდათ ჩემი ერის ასულის დაღუპვის ჟამს“. მალე მდიდრებიც კი სასოწარკვეთილებაში ჩაცვივდნენო, წერს „მოთქმა-გოდების“ ავტორი: „ძოწეულში ნახვევნი ნაკელში ყრიან“. არქეოლოგებმა ალყის დროინდელი საკანალიზაციო მილი იპოვეს: იუდაელები ძირითადად ოსპით, ხორბლითა და ქერით საზრდოობდნენ, მაგრამ ამ მილის გამოკვლევით დადგინდა, რომ ალყის დროს ქალაქელები მხოლოდ ბალახეულით იკვებებოდნენ და კუჭ-ნაწლავის დაავადებებით გარდაცვლილან. ებრაული აბის თვის მეცხრე დღეს, ძვ. წ. 586 წლის აგვისტოში, თვრამეტთვიანი იერიშების შემდეგ, ნაბუქოდონოსორი ცეცხლმოკიდებულ ქალაქში შეიჭრა. ეტყობა, ხანძარი აალებულმა ჩირაღდნებმა და ისრებმა გამოიწვია (დღევანდელ ებრაულ კვარტალში ნაცრისა და ნახშირის ფენაში ისრის ბუნიკები აღმოაჩინეს). ცეცხლმა, რომელმაც ქალაქში სახლები გადაწვა, ისე ძლიერ გაამაგრა ბიუროკრატიული ბეჭდები - „ბულაები“, რომ ისინი დამწვარ სახლებს შორის ჩვენს დრომდე შემოინახა. დამპყრობლებმა როგორც სხვა დაცემული ქალაქები, იერუსალიმიც პირწმინდად გაძარცვეს. დახოცილებს უფრო გაუმართლათ, რადგან შიმშილობას გადარჩნენ: „თონესავით გვიხურს კანი შიმშილისგან. ქალებს ნამუსს ხდიან სიონში; ხელებით კიდებენ მთავრებს“. სამხრეთიდან ედომელები შემოიჭრნენ ქალაქში ძარცვა-გლეჯაში მონაწილეობის მისაღებად. „იხარე და იმხიარულე, ედომის ასულო... შენთანაც ჩამოივლის თასი: დათვრები და გაშიშვლდები!“ ედომელები, 137-ე ფსალმუნის მიხედვით, ბაბილონელებს აქეზებდნენ: „დაანგრიეთ, დაანგრიეთ ძირისძირამდე. ნეტარია, რომელმაც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს“. სანამ ბაბილონელები იერუსალიმს აპარტახებდნენ, იერემია დილეგში იყო გამომწყვდეული. ნაბუქოდონოსორი: განადგურებული ქალაქი ციდკია სილოამის აუზთან გამოიჭრა კედლიდან და იერიქონისკენ გაქცევა სცადა, მაგრამ ბაბილონელებმა მეფე შეიპყრეს და ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს, „რათა მას განაჩენი გამოეტანა მისთვის... თვალწინ დაუხოცეს ვაჟები ციდკიას. ციდკია დააბრმავეს, სპილენძის ბორკილები დაადეს და ბაბილონში წაიყვანეს“. როგორც ჩანს, ბაბილონელებმა სასახლის დილეგში იერემია იპოვეს და მიჰგვარეს ნაბუქოდონოსორს, რომელმაც ჯერ დაჰკითხა ის და ბოლოს იერუსალმის გამგებლად დატოვებულ მცველთა უფროსს, ნებუზარადინს გადასცა. ნაბუქოდონოსორმა 20 000 იუდაელი გადაასახლა ბაბილონში, თუმცა, იერემიას თქმით, მდაბიონი და ღატაკნი იუდას მიწაზე დატოვა. ერთი თვის შემდეგ ნაბუქოდონოსორმა თავის სარდალს უბრძანა, ქალაქი მიწასთან გაესწორებინა. ნებუზარადინმა „გადაწვა უფლის სახლი, მეფის სასახლე და ყველა სახლი იერუსალიმში“, აგრეთვე „დაანგრია იერუსალიმის მთელი გალავანი“. ტაძარი განადგურდა, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭელი გაზიდეს, ხოლო აღთქმის კიდობანი სამუდამოდ დაიკარგა. „შენი საწმინდარი ცეცხლს მისცეს“, ღაღადებს 74-ე ფსალმუნი. ნაბუქოდონოსორის წინაშე მღვდლებიც დახოცეს. როგორც ტიტუსის დროს, ახ. წ. 70 წელს, ტაძრისა და სასახლის ნანგრევები ალბათ ქვემოთ, ხეობაში ჩაიშალა. „როგორ კარგავს ბზინვარებას მბზინავი ოქრო, ხალასი ოქრო! როგორ მიმოიფანტა ყოველი ქუჩის თავში ტაძრის წმინდა ქვები!“ ქუჩები დაცარიელდა: „ო, როგორ მარტოდმარტო ზის ერთ დროს ხალხით სავსე ქალაქი!“ შეძლებულები გაღარიბდნენ: „ნუგბარის მჭამელები ქუჩაში ეყარნენ“. გაპარტახებულ სიონის მთაზე მელიები დაძრწოდნენ. იუდაელები თავიანთ იერუსალიმს მოტირალ ქალს ადარებდნენ: „გულამოსკვნილი ტირის ღამით და ცრემლები ჩამოდის ლოყებზე. არავინ ჰყავს მანუგეშებელი თავის მოყვარულთაგან“. ტაძრის განადგურება არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ერის სიკვდილს მოასწავებდა. „გლოვობენ სიონის გზები, რადგან არავინ მიდის დღესასწაულებზე. განადგურდა ყველა მისი კარიბჭე: ოხრავენ მისი მღვდლები... ტოვებს სიონის ასულს მთელი მისი ბრწყინვალება. გვირგვინი ჩამოგვივარდა თავიდან“. იუდაელთათვის თითქოს სამყაროს აღსასრული დადგა, ანუ, როგორც „დანიელის წიგნი“ უწოდებს -„გატიალების სიბილწე“. წესით, იუდაელებიც უნდა გადაშენებულიყვნენ, როგორც მფარველი ღმერთისგან მიტოვებული სხვა ერები გადაშენდნენ, მაგრამ ებრაელებმა როგორღაც მოახერხეს ამ კატასტროფის ჭკუის სასწავლებელ გამოცდილებად გარდაქმნა, ამით კიდევ უფრო გაძლიერდა იერუსალიმის სიწმინდის ცნება და შეიქმნა განკითხვის დღის პროტოტიპი. ამ ჯოჯოხეთურმა ნგრევამ იერუსალიმი სამივე რელიგიისთვის ბოლო ჟამისა და ცათა სასუფევლის დამყარების ადგილად აქცია. ეს იყო აპოკალიფსი, ანუ „გამოცხადება“ ბერძნულად. სწორედ ასეთ საზარელ დღეებს წინასწარმეტყველებდა იესო ქრისტე. ამ ნგრევამ განსაზღვრა ქრისტიანობის არსი და მარადიული არსებობის იმედი, ხოლო მუჰამადმა ნაბუქოდონოსორის სისასტიკეში ღვთის მიერ ებრაელებისთვის ღვთიური მადლის წართმევა და მუსლიმებისთვის გზის გახსნა დაინახა. ბაბილონურ გადასახლებაში მყოფი იუდაელების ნაწილი თავის ღმერთსა და სიონს მაინც ერთგულებდა. იმ დროს, როცა ჰომეროსის პოემები ბერძნების ეროვნულ ეპოსად იქცა, იუდაელებმა ბიბლიური ტექსტების შეთხზვითა და მშობლიურ ქალაქზე დარდით საკუთარი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბება დაიწყეს: „ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო. ძეწნათა შორის ჩამოვკიდეთ ჩვენი ქნარები“. როგორც 137-ე ფსალმუნიდან ჩანს, თვით ბაბილონელებსაც კი მოსწონდათ იუდაელთა სიმღერები: „ჩვენი დამატყვევებლები სიმღერას გვთხოვდნენ და ჩვენი მჩაგვრელები - მხიარულებას: გვიმღერეთო სიონის რომელიმე სიმღერა. როგორ ვიმღეროთ უფლის სიმღერა უცხო მიწაზე?“ მაგრამ სწორედ ბაბილონში დაიწყო ბიბლიის შექმნა. სანამ დანიელის მსგავსი ახალგაზრდა იერუსალიმელები ბაბილონის სამეფო კარზე განათლებას იღებდნენ, ხოლო პრაგმატული ებრაელები ბაბილონელებად იქცნენ, იუდაელებმა „ახალი რჯული“ შექმნეს იმის ხაზგასასმელად, რომ ისინი შორეული და განსაკუთრებული ერის შვილები იყვნენ. ისინი იცავდნენ შაბათის წესს, შვილებს წინადაცვეთდნენ, მარხულობდნენ და ბავშვებს ებრაულ სახელებს არქმევდნენ, რადგან იერუსალიმის დანგრევამ ყველას უჩვენა, რა მოჰყვებოდა ღვთის რჯულის დარღვევას. იუდას მიწიდან გადასახლებული იუდაელები იუდეველებად, ებრაელებად იქცნენ.[26] გადასახლებულებმა ბაბილონი უკვდავყვეს წოდებით „მშობელი მეძავთა და დედამიწის სისაძაგლეთა“. თუმცა, ბაბილონის იმპერია ყვაოდა, ნაბუქოდონოსორის მეფობა ორმოც წელზე მეტხანს გაგრძელდა. წინასწარმეტყველი დანიელი ამტკიცებს, ბოლოს მეფე ჭკუიდან შეიშალაო: „გააძევეს ადამიანებისგან. ხარივით ჭამდა ბალახს... მისი ფრჩხილები დაემსგავსა ფრინველის კლანჭებს“ - შესაფერისი სასჯელია მისი დანაშაულებისთვის (და შთაგონების წყარო უილიამ ბლეიკის ნახატებისთვის). გადასახლებულ იუდაელთა გასაკვირად და გასახარად, ამ სასჯელს ისიც დაემატა, რომ ნაბუქოდონოსორის ვაჟი, ამელ-მარდუქი, იმდენად უვარგისი აღმოჩნდა, რომ მასზე იმედგაცრუებულმა მამამ დილეგში ჩააგდებინა. პატიმრობაში ამელ-მარდუქი იუდას მეფეს, იეჰოიაქინს დაუმეგობრდა. ბელშაცარის ნადიმი ბაბილონის სამეფო ტახტზე ასვლის შემდეგ ამელ-მარდუქმა სამეფო სისხლის იუდაელი მეგობარი გაათავისუფლა. მაგრამ ძვ. წ. 556 წელს ამელ-მარდუქის დინასტია დაამხეს. ახალმა მეფემ, ნაბონიდუსმა, ბაბილონის მფარველი ღმერთი ბელ-მარდუქი უარყო, მთვარის ღმერთს, სინს სცა თაყვანი და შორს, არაბეთის უდაბნოში, თემაში გადასახლდა. მალე ნაბონიდუსს უცხო სნეულება შეეყარა, შეიშალა და სწორედ მას (და არა, ნაბუქოდონოსორს, როგორც დანიელი ამტკიცებდა) „აჭმევდნენ ბალახს, როგორც ხარს“. ბიბლიის მიხედვით, მეფის არყოფნაში მისმა ძემ, რეგენტმა ბელშაცარმა დიდი ლხინი გამართა, რომელზეც იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებულ ოქრო-ვერცხლის ჭურჭელს იყენებდნენ. და უცებ კედელზე ღვთის სიტყვები დაიწერა: „მენე, მენე, თეკელ უფარსინ“. წარწერა გაშიფრეს და ის გამაფრთხილებელი სიტყვები აღმოჩნდა. ბელშაცარს შიშით გააცახცახა. იმპერიის დღეები დათვლილი იყო. ბაბილონელი მეძავის ბედი გადაწყდა. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი სპარსელებმა აიღეს. ებრაელები ბევრჯერ სასწაულებრივად გადარჩენილან განადგურებას, მაგრამ ეს ყველაზე დრამატული შემთხვევა იყო მათ ისტორიაში. ბაბილონის მდინარეების ნაპირებთან გატარებული ორმოცდაშვიდი წლის შემდეგ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებამ ისეთივე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სიონის აღდგენაში, როგორიც დავითისამ. 6. სპარსელები ძვ. წ. 539-336 კიროს დიდი ასტიაგეს, მიდიელ მეფეს, რომელიც დასავლეთ სპარსეთში ზეობდა, ესიზმრა, რომ მისი ქალიშვილი ოქროს მდინარეს შარდავდა და შარდი მთელ სამეფოს ესხმებოდა. მაგებმა (მოგვებმა), სპარსელმა ქურუმებმა, მეფეს სიზმარი ასე აუხსნეს: რომელიმე შენი შვილიშვილი მმართველობაში შეგეცილებაო. ასტიაგემ ქალიშვილი სუსტსა და უსაფრთხო მეზობელს, ანშანის მეფეს მიათხოვა. ამ ქორწინებისგან იშვა კუროშ, ანუ კიროს დიდი. მალე ასტიაგეს ისიც ესიზმრა, რომ მისი ქალიშვილის საშოდან ვაზი იზრდებოდა და თვითონ მის ჩრდილში ექცეოდა - ეს „ჯეკისა და ლობიოს ღეროს“ სექსუალურ-პოლიტიკური ვერსიაა. ასტიაგემ თავის სარდალს, ჰარპაგოსს, პატარა კიროსის მოკვლა უბრძანა, მაგრამ ბიჭი მწყემსმა გადამალა. როცა ასტიაგემ შეიტყო, რომ კიროსი გადარჩა, ჰარპაგოსის ძე დააკვლევინა და მისი შემწვარი ხორცი მამამისს შეაჭმევინა. ჰარპაგოსს ეს სადილი არ დავიწყებია და არც უპატიებია. ძვ. წ. 559 წელს, მამის სიკვდილის შემდეგ, კიროსი დაბრუნდა და თავისი სამეფო დაიპყრო. ასტიაგეს, რომელსაც, როგორც ბერძენი ისტორიკოსი, ჰეროდოტე ამბობს, სწამდა, რომ სპარსეთში ყოველი საქმის გადასაწყვეტად სქესობრივი თუ შარდით მკითხაობა იყო საჭირო, საშინელი სიზმრები აუხდა. კიროსმა ჰარპაგოსის დახმარებით ჯერ პაპამისი დაამარცხა და შემდეგ მიდიელები და სპარსელები გააერთიანა. სანამ კიროსი სამხრეთში ბელშაცარის ბაბილონს დაესხმოდა თავს, დასავლეთ თურქეთში ლიდიის მდიდარ მეფეს, კრესოსს დაუპირისპირდა. კიროსმა აქლემების კავალერიით გააკვირვა კრესოსი მისსავე დედაქალაქში. ლიდიური ცხენები მაშინვე დაფრთხნენ, როგორც კი აქლემების სუნი ეცათ. ამ გამარჯვების შემდეგ კიროსი ბაბილონისკენ შეტრიალდა. ნაბუქოდონოსორის ცისფრად შეღებილმა მეტროპოლისმა ფართოდ გაუღო კარები კიროსს, რომელმაც დიდი სიბრძნე გამოიჩინა და თაყვანი სცა ბელ-მარდუქს, ბაბილონის უარყოფილ მფარველ ღმერთს. ბაბილონის დაცემამ გადასახლებული ებრაელები ძალიან გაახარა: „უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ... სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყეო და ყოველო ხეო, რომელიც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა“. კიროსმა ბაბილონი დაიპყრო და შესაბამისად, იერუსალიმიც მისი სამფლობელო გახდა: „დედამიწის ყოველმა მეფემ, - ამბობს კიროსი, - დიდძალი ხარკი მომართვა და ფეხები დამიკოცნა, როცა ბაბილონის ტახტზე ვიჯექი“. კიროსს იმპერიის მომავალზე განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. განსხვავებით ასურელებისა და ბაბილონელებისგან, რომელთა იმპერიებიც ხოცვა-ჟლეტასა და გადასახლებებზე იყო დაფუძნებული, კიროსი რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდა „ხალხის ერთ იმპერიაში გასაერთიანებლად“ საჭირო პოლიტიკური ძალაუფლებისთვის. მალე სპარსეთის მეფემ გამოსცა ბრძანებულება, რომელმაც ებრაელები ძლიერ გააოცა: „ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა ღმერთმა და მანვე მიბრძანა, ავუშენო მას სახლი იერუსალიმში. ვინ არის თქვენ შორის ამ ხალხიდან? წავიდეს იერუსალიმში და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს!“ კიროსი იუდაელებს არა მხოლოდ სახლში აბრუნებდა და მათი უფლებებისა და რჯულის დაცვის გარანტადაც გამოდიოდა (რაც მანამდე არც ერთ უცხოელ მეფესა თუ მმართველს არ გაეკეთებინა), არამედ იერუსალიმის მათ მფლობელობაში დაბრუნებას და ტაძრის აღდგენასაც ჰპირდებოდა. კიროსმა იერუსალიმის მმართველად იუდას ბოლო მეფის ძე, შეშბაცარი დანიშნა და ტაძრის ჭურჭელიც დაუბრუნა. რა გასაკვირია, რომ იუდეველმა წინასწარმეტყველმა კიროსი მესიად შერაცხა. „ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!“ შეშბაცარი 42 360 გადასახლებულს იერუსალიმში შეუძღვა, იეჰუდას ანუ იუდას პროვინციაში. ბრწყინვალე ბაბილონთან შედარებით, იერუსალიმი ნამდვილ უდაბნოს ჰგავდა; ესაია წერს: „გაიღვიძე, გაიღვიძე, შეიმოსე ძალი შენი, სიონო! შეიმოსე შენი დიდების სამოსელი, იერუსალიმო, წმინდა ქალაქო... ჩამოიფერთხე მტვერი, აღდექ... დატყვევებულო სიონის ასულო!“ თუმცა, მეფე კიროსსა და გადასახლებიდან დაბრუნებულებს გეგმები იუდეაში დარჩენილებმა, კერძოდ, სამარიელებმა, აურდაურიეს. გადასახლებიდან დაბრუნებიდან ცხრა წელიწადში დიდების მწვერვალზე მყოფი კიროსი ცენტრალურ აზიაში ბრძოლისას დაიღუპა. როგორც ამბობდნენ, გამარჯვებულმა მეტოქემ მოკლული მეფის თავი სისხლით სავსე ღვინის ტიკში ჩააგდო, რათა სხვათა მიწებისადმი მისი დაუოკებელი წყურვილი ასე დაეცხრო. კიროსის მემკვიდრემ მამის ცხედარი დაიბრუნა და ფასარგადში (სამხრეთ ირანში), ოქროს სარკოფაგში ჩაასვენა. კიროსის აკლდამა დღესაც არსებობს. „ის ყველა მონარქს აღემატებოდა, წინამორბედებსაც და მის შემდგომებსაც“, - წერს ბერძენი ჯარისკაცი ქსენოფონტი. იერუსალიმმა მფარველი დაკარგა. დარიოსი და ზერუბაბელი: ახალი ტაძარი მანამდე არსებულთაგან ყველა იმპერიაზე უდიდესის, კიროსის იმპერიის ბედი იერუსალიმთან ახლოს გადაწყდა. კიროსის ძე, კამბის II - იგივე კამბუჯია - ტახტზე ავიდა და ძვ. წ. 525 წელს ღაზა დალაშქრა, საიდანაც, სინაის გავლით, ეგვიპტეში შეიჭრა. მაგრამ ამასობაში სპარსეთში საკუთარი ძმა აუჯანყდა. აჯანყების ჩასახშობად და ტახტის შესანარჩუნებლად უკან დაბრუნებული კამბის II ღაზასთან იდუმალ ვითარებაში დაიღუპა. იქვე შვიდმა დიდებულმა პირი შეკრა და იმპერიის ხელში ჩასაგდებად საიდუმლოდ შეხვდა ერთმანეთს; ვინაიდან სამეფო ტახტზე ასაყვანი კანდიდატურა ვერ შეარჩიეს, ასე შეთანხმდნენ, პირველად ვისი ცხენიც შეეგებება განთიადს ჭიხვინით, ტახტიც მისი იყოსო. პირველად დარიოსის ცხენმა დაიჭიხვინა. დარიოსი დიდებულთა გვარის ახალგაზრდა წარმომადგენელი, კამბისის ლაშქრის შუბოსანი იყო. ჰეროდოტე ამტკიცებს, დარიოსმა ითაღლითა, თავის მეჯინიბეს უბრძანა, ფაშატის საშოში თითები შეეყოო. მეჯინიბე ასეც მოქცეულა და გადამწყვეტ მომენტში ცხენისთვის ყურშიც ჩაუბერავს. ამგვარად, ჰეროდოტე აღმოსავლელი დესპოტის აღზევებას დამცინავად მიაწერს ვენერიულ ოინს. ექვს თანამზრახველთან ერთად დარიოსმა აღმოსავლეთისკენ გააჭენა ცხენი, ყოველ პროვინციაში ჩაახშო ამბოხი და სპარსეთის იმპერია ისევ გააერთიანა. თუმცა, სამოქალაქო ომის გამო „შეწყვეტილი იყო ღვთის სახლის შენება იერუსალიმში სპარსეთის მეფის, დარიოსის მეფობის მეორე წლამდე“. ძვ. წ. დაახლოებით 520 წელს იუდას ბოლო მეფის შვილიშვილმა - უფლისწულმა ზერუბაბელმა და მისმა მღვდელმა იეშუამ, ძველი ტაძრის ბოლო მღვდელმთავრის ვაჟმა, ბაბილონი დატოვეს და იერუსალიმის გადასარჩენად წავიდნენ. ზერუბაბელმა ტაძრის მთაზე საზეიმოდ ააგო ახალი სამსხვერპლო, ხელოსნები დაიქირავა და ფინიკიური კედრის ხის მასალა შეიძინა. ამ მშენებლობისა და სპარსეთის იმპერიაში ქაოსის შემხედვარე გახარებულმა ებრაელებმა ახალ სამეფოზე მესიანური ოცნება დაიწყეს. „იმ დღეს, ამბობს ლაშქართა უფალი, წაგიყვან ზერუბაბელ, ჩემო მსახურო... ჩემს ბეჭდად გაქცევ“, - წერს წინასწარმეტყველი ანგია და ზერუბაბელის პაპის დაკარგულ დავითის ბეჭედზე ამოწმებს. ებრაელი წინამძღოლები ბაბილონიდან ოქრო-ვერცხლით ჩამოვიდნენ და ზერუბაბელს (რაც „ბაბილონის თესლს“ ნიშნავს) უწოდეს „ყლორტი“, რომელიც „დაჯდება თავის ტახტზე და იხელმწიფებს“. ქალაქის ირგვლივ მცხოვრებლებმა და სამარიელებმა ამ წმინდა საქმეში მონაწილეობა მოინდომეს და ზერუბაბელს დახმარება შესთავაზეს, მაგრამ გადასახლებიდან დაბრუნებულები ახლებურ იუდაიზმს ქადაგებდნენ. მათ ადგილობრივები ნახევრად წარმართებად მიაჩნდათ და ზიზღით „ამ ჰაარეცს“ უწოდებდნენ, რაც სიტყვასიტყვით „ამ მიწის ხალხს“ ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი - „მდაბიოს“. დაპირისპირების სისხლისღვრაში გადაზრდის შიშით, თუ ადგილობრივთა ქრთამის წყალობით, სპარსმა გამგებელმა მშენებლობის შეწყვეტის ბრძანება გასცა. სამ წელში დარიოსმა ყველა წინააღმდეგობა დაძლია და ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მმართველად იქცა. მისი ტოლერანტული იმპერია იყო პირველი, რომელიც თრაკიიდან ეგვიპტემდე და ეგვიპტიდან ჰინდუქუშამდე, სამ კონტინენტზე გადაიჭიმა. ახალი მეფე დამპყრობლისა და ადმინისტრატორის იშვიათი ნაზავი აღმოჩნდა. გამარჯვების უკვდავსაყოფად ქვაზე ამოკვეთილი მისი გამოსახულება დარიოსს (დარაიავაუშს) წარმოგვიდგენს 1,8 მ სიმაღლის კლასიკურ არიელად, რომელსაც მაღალი შუბლი და სწორი ცხვირი აქვს, ოვალური თვლებით მოოჭვილი ოქროს საომარი გვირგვინითაა თავდამშვენებული, გვირგვინს ქვემოდან კულულები ჩამოუშვია, ულვაშები დაუგრეხია და ოთხკუთხა წვერი ოთხ ზოლად დაუწნავს. თავის სიძლიერის ჟამს დარიოსს შარვალსა და ფეხსაცმლებზე მანტია ჰქონდა შემოსხმული, ხელთ კი იხვისთავიანი მშვილდი ეპყრა. ამ დიდებულ მმართველს მიმართა ზერუბაბელმა და კიროსის ბრძანებულება გაახსენა. დარიოსმა სამეფო ნაწერები შეამოწმებინა, კიროსის ბრძანებულება იპოვა და ბრძანა: „ააშენოს იუდას გამგებელმა ღვთის სახლი. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!“ ძვ. წ. 518 წელს დარიოსმა ეგვიპტეში წესრიგის დასამყარებლად დასავლეთში გაილაშქრა. როგორც ჩანს, ზედმეტად აღტაცებული იერუსალიმელი ებრაელების დასაშოშმინებლად გზად იუდეაშიც გაიარა და ალბათ ზერუბაბელიც სიკვდილით დასაჯა, რადგან დავითის გვარის ეს უკანასკნელი წარმომადგენელი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქრება ისტორიის ასპარეზიდან. ძვ. წ. 515 წლის მარტში სიხარულით აღნიშნეს მღვდლების მიერ მეორე ტაძრის სატფურება (კურთხევა) და მსხვერპლად შესწირეს 100 ხარი, 200 ვერძი, 400 კრავი და 12 თხა (ისრაელის თორმეტი ტომის ცოდვათა გამოსასყიდად). ასე იზეიმეს გადასახლებიდან დაბრუნებულმა იუდაელებმა პირველი პასექი. მაგრამ მოხუცებს, რომლებსაც ძველი ტაძარი ახსოვდათ, ცრემლები სდიოდათ, რადგან ახლა ქალაქი პატარა და ნახევრად ცარიელი იყო. თითქმის ორმოცდაათი წლის შემდეგ დარიოსის შვილიშვილის, მეფე ართაქსერქსე I-ის მერიქიფე იყო ებრაელი, სახელად ნეემია. მას იერუსალიმელებმა დახმარება სთხოვეს: „იქ დარჩენილნი დიდ უბედურებასა და დამცირებაში არიან. დანგრეულია იერუსალიმის კედელი“. ნეემიას გული დასწყდა. „დავჯექი, ავტირდი და ვგლოვობდი“. როცა შუშანში (სუსაში), სპარსეთის დედაქალაქში, ართაქსერქსეს ემსახურებოდა, მეფემ ნეემიას ჰკითხა: „რად გაქვს მწუხარე სახე?“ მერიქიფემ უპასუხა: „საუკუნოდ იცოცხლე, მეფევ! აბა, როგორ არ მექნება მწუხარე სახე, როცა ის ქალაქი, სადაც ჩემი მამა-პაპის საფლავები მეგულება, დაქცეულია? ...თუ ინებებს მეფე... გამიშვი იუდაში... და ავაშენებ მას.“ ნეემია შიშით ელოდა მეფის პასუხს. ნეემია: სპარსელთა დაღმასვლა დიდმა მეფემ ნეემია გამგებლად დანიშნა, ჯარისკაცთა რაზმიც გააყოლა და ფინანსურადაც გაუმართა ხელი. მაგრამ იერუსალიმის ჩრდილოეთით მცხოვრებ სამარიელებს საკუთარი მთავარი ჰყავდათ, სანბალატი, რომელსაც შორეული შუშანიდან (სუსადან) მოსული ეს ჩუმჩუმელა კარისკაცი და გადასახლებიდან დაბრუნებული იუდეველების გეგმები არ მოსწონდა. ნეემიამ იმის შიშით, მკვლელები არ დამადევნონო, ღამით დაათვალიერა იერუსალიმის დანგრეული გალავანი და დამწვარი კარიბჭე. მისი მოგონებები, ერთადერთი პოლიტიკური ავტობიოგრაფია ბიბლიაში, გვიამბობს, როგორ დასცინა სანბალატმა, ნეემიამ მას გალავნის აღდგენის გეგმა რომ გაუმხილა. თუმცა სანბალატს გუნება უმალ წაუხდა, როცა შეიტყო, რომ ნეემია გამგებლად დაენიშნათ. მიწათმფლობელებსა და მღვდლებს გალავნის სხვადასხვა მონაკვეთის აღდგენა დაევალათ. როცა მშენებლებს სანბალატმა და მისმა ავაზაკებმა შეუტიეს, ნეემიამ მცველები დააყენა და „ორმოცდათორმეტ დღეში დასრულდა კედელი“ დავითის ქალაქისა და ტაძრის მთის გარშემო; ხოლო ტაძრიდან ჩრდილოეთით დაბალი ციხე ააშენეს. ნეემიას თქმით, იერუსალიმი უკვე „დიდი და ფართო იყო, მაგრამ ხალხი ცოტა იყო მასში“. ნეემიამ იერუსალიმს გარეთ მცხოვრები ებრაელები დაარწმუნა, კენჭი ეყარათ და ყოველი მეათე იერუსალიმში დაასახლა. თორმეტი წლის შემდეგ ნეემია სპარსეთში მეფეს ეახლა. იქიდან კვლავ შინ დაბრუნებულმა აღმოაჩინა, რომ სანბალატის დამქაშებს ტაძრის მართვა სარფიან საქმედ ექციათ, ხოლო ებრაელები უცხოტომელ ქალებზე ქორწინდებოდნენ. ნეემიამ ვაჭრები ქალაქიდან გააყრევინა, შერეული ქორწინებები აკრძალა და ახალი, წმინდა იუდაიზმის გავრცელება დაიწყო. თანდათან სპარსეთმა თავის პროვინციებზე კონტროლი დაკარგა და ებრაელებმა თავიანთი, ნახევრად დამოუკიდებელი იეჰუდის მინისახელმწიფო შექმნეს. ტაძრის გარშემო დაფუძნებული იეჰუდის ძირითად შემოსავალს პილიგრიმების (რომელთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდებოდა) შეწირულობა წარმოადგენდა, ხოლო სამეფოს თორას მეშვეობით მართავდნენ მღვდელმთავრები, სავარაუდოდ, მეფე დავითის მღვდლის, ცადოკის, შთამომავლები. ტაძრის განძი კიდევ ერთხელ იქცა სანუკვარ ჯილდოდ. ერთ-ერთი მღვდელმთავარი ტაძარში მისმავე ხარბმა ძმამ, იესომ (იეშუამ) მოკლა; ეს მკრეხელობა იყო, რაც სპარსელმა გამგებელმა იერუსალიმზე თავდასხმისა და ტაძრის გაძარცვის საბაბად გამოიყენა. სანამ სპარსეთის სამეფოს კარისკაცები სასიკვდილო შიდა ინტრიგებით იყვნენ გართულები, მეფე ფილიპე II მაკედონელმა ძლიერი ლაშქარი გაწვრთნა, ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები დაიპყრო და სპარსეთის წინააღმდეგ წმინდა ომისთვის მზადება დაიწყო, რათა დარიოსისა და ქსერქსეს შემოსევებისთვის შური ეძია. თუმცა ფილიპე მალე მოკლეს და ტახტს მისი ოცდაერთი წლის ვაჟი, ალექსანდრე დაეპატრონა. სწორედ მან შეუტია სპარსეთს და ასე მოხვდნენ ბერძნები იერუსალიმში. 7. მაკედონელები ძვ. წ. 336-166 ალექსანდრე დიდი ძვ. წ. 336 წელს, მამის მკვლელობიდან სამ წელიწადში, ალექსანდრემ ორჯერ დაამარცხა სპარსეთის მეფე დარიოს III, რომელმაც აღმოსავლეთისკენ დაიხია. ალექსანდრე პირდაპირ არ დასდევნებია მას, ჯერ სანაპიროს დაუყვა ეგვიპტემდე და იერუსალიმს მისი ლაშქრისთვის საგზლის გამზადება დაავალა. იერუსალიმის მღვდელმთავარმა თავიდან უარი უთხრა ალექსანდრეს, მაგრამ მალევე შედრკა: ტვიროსს, რომელმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადა, ალექსანდრემ ალყა შემოარტყა, აიღო და დაცემული ქალაქის მაცხოვრებლები ჯვარს აცვა. როგორც რამდენიმე ასეული წლის შემდეგ ებრაელმა ისტორიკოსმა, იოსებ ფლავიუსმა დაწერა, ალექსანდრე „საჩქაროდ იერუსალიმისკენ გაემართა“, სადაც მეწამულ მოსასხამში გახვეული მღვდელმთავარი და თეთრ სამოსში გამოწყობილი იერუსალიმელები კარიბჭესთან შეეგებნენ. ისინი ალექსანდრეს ტაძარში შეუძღვნენ და ებრაელთა ღმერთისთვის მსხვერპლი შეაწირვინეს. ეს ისტორია სასურველის რეალობად გასაღებას ჰგავს. სავარაუდოდ კი, მღვდელმთავრები და ნახევრად ებრაელი სამარიელების წინამძღოლები ალექსანდრეს როშ-ჰა-აინში, მდინარის პირას შეხვდნენ. ალექსანდრემ კიროსს მიჰბაძა და ებრაელებს თავიანთი რჯულის მიხედვით ცხოვრების უფლება მისცა. შემდეგ ალექსანდრემ ეგვიპტე დაიპყრო, იქ ქალაქი ალექსანდრია დააარსა და შორეული აღმოსავლეთისკენ გაემართა, საიდანაც სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. სპარსეთის იმპერიის საბოლოოდ განადგურებისა და თავისი ჰეგემონიის პაკისტანამდე გავრცელების შემდეგ ალექსანდრემ უდიდესი პროექტი წამოიწყო: სპარსელებისა და მაკედონელების ერთ ელიტად შერწყმა, რომელსაც მისი იმპერია უნდა ემართა. ვერ ვიტყვით, რომ ალექსანდრემ დაწყებულის ბოლომდე წარმატებით მიყვანა შეძლო, მაგრამ ისტორიას არ ახსოვს სხვა დამპყრობელი, რომელმაც მსოფლიო ასე შეცვალა ელინიზაციის - ბერძნული კულტურის, ენის, პოეზიის, რელიგიის, სპორტისა და ჰომეროსისეული მმართველობის სტილის გავრცელებით ლიბიის უდაბნოებიდან ავღანეთის მთებამდე. ბერძნული ცხოვრების სტილი ისეთსავე უნივერსალურად იქცა, როგორც ბრიტანული ცხოვრების წესი იყო მეცხრამეტე საუკუნეში, ან ამერიკულია ჩვენს დროში. მისი დროიდან მოყოლებული ბერძნული ფილოსოფიური და პოლითეისტური კულტურის მონოთეისტი ებრაელი მტრებიც კი ელინიზმის ჭრილიდან აფასებდნენ სამყაროს. ძვ. წ. 323 წლის 13 ივნისს, იმ დროისთვის ცნობილი მსოფლიოს დაპყრობიდან რვა წლის შემდეგ, ციებ-ცხელებით შეპყრობილი თუ მოწამლული ალექსანდრე ბაბილონში ოცდათორმეტი წლის ასაკში მომაკვდავი იწვა სარეცელზე. საწოლთან შეგროვილ მის ერთგულ ჯარისკაცებს ცრემლები ღაპაღუპით სდიოდათ. როცა ალექსანდრეს ჰკითხეს, სამეფოს ვის უტოვებო, მან უპასუხა: „უძლიერესს!“ პტოლემაიოსი: შაბათის ძარცვა-გლეჯა უძლიერესის გამოსავლენად ალექსანდრეს მთავარსარდლებს შორის ოცდაერთწლიანი ომი მიმდინარეობდა. იერუსალიმი „ქვეყანაზე ავის გამამრავლებელი“ მაკედონელი სარდლების ხელიდან ხელში გადადიოდა. ორი უმთავრესი პრეტენდენტის დუელი დიდხანს გაგრძელდა და იერუსალიმმა ექვსჯერ გამოიცვალა მმართველი. თხუთმეტი წლის განმავლობაში ქალაქს ცალთვალა ანტიგონე მართავდა, სანამ ძვ. წ. 301 წელს ის ბრძოლაში არ მოკლეს და იერუსალიმს გამარჯვებული - პტოლემაიოსი - არ მოადგა დასაპატრონებლად. პტოლემაიოსი ალექსანდრეს ნათესავი იყო, გამოცდილი მხედართმთავარი, რომელიც საბერძნეთიდან პაკისტანამდე სარდლობდა ლაშქარს და მდინარე ინდიზე მაკედონურ ფლოტსაც წინამძღოლობდა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მას ეგვიპტე ერგო. როცა პტოლემაიოსმა შეიტყო, რომ ალექსანდრეს ამალა საბერძნეთში ბრუნდებოდა, პალესტინაში წამოეწია მას და დედაქალაქ ალექსანდრიისკენ შეაბრუნა, უდიდესი ბერძნული თილისმის, ალექსანდრეს ცხედრის, მცველი და მისი ცეცხლოვანი სულის პატრონიც გახდა. პტოლემაიოსი მხოლოდ მთავარსარდალი არ იყო: მონეტებზე გამოსახული ჯარისკაცის გამოკვეთილი ყბა და მსხვილი ცხვირი მცდარ წარმოდგენას შეგიქმნით მის ცბიერებასა და გონებამახვილობაზე. პტოლემაიოსმა იერუსალიმელებს განუცხადა, შაბათს ქალაქში შემოსვლა მინდა, რათა ებრაელთა ღმერთს მსხვერპლი შევწიროო. ებრაელები მოტყუვდნენ: უქმე დღეს პტოლემაიოსმა ქალაქი აიღო, ხოლო ებრაელებმა თავიანთი უმოქმედობით კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ფანატიკური მორჩილება რჯულისადმი. თუმცა, როგორც კი შაბათს მზე ჩავიდა, იერუსალიმელებმა წინააღმდეგობის გაწევა სცადეს. მაშინ პტოლემაიოსის ლაშქარი იერუსალიმს შეესია. „სახლები გაძარცვეს, ქალებს აუპატიურებდნენ; ნახევარი ქალაქი ტყვედ აიყვანეს“. სავარაუდოდ, პტოლემაიოსმა ნეემიას მიერ ტაძრის ჩრდილოეთით აგებულ ბარისის ციხესიმაგრეში ჩააყენა გარნიზონი, ხოლო ათასობით ებრაელი ეგვიპტეში გადაასახლა. სწორედ მათ შექმნეს ბერძნულენოვანი ებრაელების თემი პტოლემაიოსის ბრწყინვალე დედაქალაქ ალექსანდრიაში. ეგვიპტეში პტოლემაიოსი და მისი მემკვიდრეები ფარაონებად იქცნენ; ალექსანდრიასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში კი ისინი ბერძენი მეფეები იყვნენ. პტოლემაიოს სოტერი - „მხსნელი“, როგორც მას ეგვიპტეში უწოდებდნენ, - ადგილობრივ ღმერთებს, ისისსა (ისიდას) და ოსირისს სცემდა თაყვანს, მმართველობის ეგვიპტური ტრადიციები შეითვისა და თავისი დინასტია ერთდროულად ეგვიპტელ მეფე-ღმერთებად და ნახევრად ღვთაებრივი წარმოშობის ბერძენ მონარქებად გამოაცხადა. მან და მისმა მემკვიდრეებმა ჯერ კვიპროსი და კირენაიკა, მოგვიანებით კი ანატოლიის ველები და ბერძნული კუნძულებიც დაიპყრეს. პტოლემაიოსი ხვდებოდა, რომ მას სიდიადესა და ლეგიტიმურობას არა მხოლოდ საომარი გამარჯვებები, არამედ კულტურაც მიანიჭებდა. სწორედ მან აქცია ალექსანდრია ყველაზე განვითარებულ და მდიდარ ბერძნულ ქალაქად, დააარსა მუზეუმი და ბიბლიოთეკა, მოიწვია ბერძენი სწავლულები და ააშენა მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება, ალექსანდრიის შუქურა. მისმა იმპერიამ სამი საუკუნე გვარის უკანასკნელ წარმომადგენლამდე - კლეოპატრამდე - იარსება. პტოლემაიოსმა ოთხმოც წელზე მეტი იცოცხლა და ალექსანდრე დიდის ისტორია დაწერა. პტოლემაიოს II ფილადელფოსი ებრაელებისადმი კეთილგანწყობილი იყო; მან 120 000 ებრაელი მონობიდან გაათავისუფლა და მათი ტაძრის შესამკობად ოქროც გაგზავნა. ის სილამაზისა და სანახაობის ძალას აღიარებდა. ძვ. წ. 275 წელს განსაკუთრებული სტუმრების მცირერიცხოვანი ჯგუფისთვის სიუხვისა და ღვინის ღმერთის, დიონისეს სახელზე აღლუმი მოაწყო, რომელზეც ჯიქის ტყავისგან შეკერილი უშველებელი ტიკით 200 000 გალონი ღვინო და 55 მეტრი სიგრძისა და 3 მეტრი სისქის ფალოსი გამოიტანეს, სპილოები და იმპერიის ყველა კუთხიდან ჩასული ქვეშევრდომები ჩაატარეს. პტოლემაიოს II წიგნების კოლექციონერიც იყო. როცა იერუსალიმის მღვდელმთავარმა ებრაული თანახის ოცამდე წიგნი ალექსანდრიაში გაგზავნა, პტოლემაიოსმა ტექსტის დაუყოვნებლივ ბერძნულად თარგმნის განკარგულება გასცა. ის პატივს სცემდა ალექსანდრიაში მცხოვრებ ებრაელ სწავლულებს და თარგმანის შესაფასებლად ხშირად იწვევდა მათ: „თქვენებური წესის მიხედვით ვისადილებთ, - ჰპირდებოდა მათ მეფე, - ჩემთვის ცალკე მოამზადებენ სადილს“. როგორც ამბობენ, სამოცდაათ დღეში სამოცდაათმა მთარგმნელმა სამოცდაათი იდენტური თარგმანი წარუდგინა პტოლემაიოსს. სეპტუაგინტამ იერუსალიმის ისტორია შეცვალა და მოგვიანებით ქრისტიანობის გავრცელებასაც შეუწყო ხელი. ალექსანდრე დიდის წყალობით, ბერძნული საერთაშორისო ენად იყო ქცეული. პირველად ისტორიის მანძილზე ბიბლიის წაკითხვა თითქმის ყველასთვის შესაძლებელი გახდა. იოსებ ტობიანი პტოლემაიოსის იმპერიის შემადგენლობაში იერუსალიმი ნახევრად დამოუკიდებელი მინისახელმწიფოს სტატუსით შედიოდა. იუდა საკუთარ მონეტებს ჭრიდა, რომელზეც „იეჰუდი“ ეწერა. იერუსალიმი მხოლოდ პოლიტიკური ერთეული კი არ იყო, არამედ - ღვთის კუთვნილი ქალაქი, რომელსაც მღვდელმთავრები მართავდნენ. ონიანების ამ შტოს, რომელიც ბიბლიური მღვდლის, ცადოკის შთამომავლობას იჩემებდა, პტოლემეინებისთვის გადასახდელ ხარკს კრებდა და დიდძალი სიმდიდრე და ძალაუფლება მოეხვეჭა. ძვ. წ. 240 წელს მღვდელმთავარმა ონია II-მ პტოლემაიოს III ევერგეტესს 20 ტალანტი ვერცხლის ვალი არ დაუბრუნა. ამან შესაძლებლობა მისცა საჭირო კავშირების მქონე ერთ ახალგაზრდა ებრაელს, მღვდელმთავარ ონია II-ს, არა მხოლოდ იერუსალიმის, არამედ მთელი მიწის მმართველობაში შესცილებოდა. ეს ავანტიურისტი იყო თავად მღვდელმთავრის დისწული იოსები, რომელიც ალექსანდრიაში წავიდა, სადაც მეფე აუქციონს მართავდა: მონაწილეები დიდძალ ხარკს სთავაზობდნენ პტოლემაიოს III-ს თავიანთი მიწების მართვისა და იქ გადასახადების აკრეფის უფლების სანაცვლოდ. სირიელმა დიდებულებმა დასცინეს ახალგაზრდა იოსებს, მაგრამ მან ყველას ჭკუით აჯობა. იოსებმა მეფესთან შეხვედრა პირველმა მოახერხა და მას თავი მოაწონა. როცა პტოლემაიოს III-მ აუქციონი დაიწყო, თავდაჯერებულმა იოსებმა მეტოქეებს ერთბაშად კოილეს-სირიის, ფინიკიის, იუდასა და სამარიის მმართველობის უფლება წაართვა. მეფემ იოსებს მძევლის დატოვება მოსთხოვა, რათა ხარკის გადახდის გარანტია ჰქონოდა. „ვერავის დაგიტოვებთ, მეფეო, - უპასუხა ცბიერმა იერუსალიმელმა, - გარდა თქვენი თავისა და ცოლისა“. ამ კადნიერებისთვის იოსები შეიძლებოდა დაესაჯათ კიდეც, მაგრამ პტოლემაიოსმა მხოლოდ გაიცინა და თანხმობა განაცხადა. იოსები იერუსალიმში 2000 ეგვიპტელი ჯარისკაცის თანხლებით დაბრუნდა. დასამტკიცებელი მას ბევრი ჰქონდა. როცა აშკელონმა გადასახადების გადახდაზე უარი თქვა, იოსებმა მისი 20 რჩეული მოქალაქე სიკვდილით დაასჯევინა. აშკელონმა გადაიხადა. იოსებმა, როგორც მისმა სეხნიამ „დაბადების წიგნიდან“, ეგვიპტეში უმაღლეს დონეზე ითამაშა და გაიმარჯვა. ალექსანდრიაში მეფის ნადიმზე იოსებს ერთი მსახიობი მოეწონა და მისი ცდუნება მოინდომა, მაგრამ საკუთარმა ძმამ ის მსახიობი საკუთარი ქალიშვილით შეუცვალა. მთვრალმა იოსებმა ღამით ვერაფერი შეამჩნია, ხოლო გამოფხიზლებულს საკუთარი ძმისწული შეუყვარდა. მათმა ქორწილმა გვარის სიძლიერე უფრო განამტკიცა. მათი ვაჟი, ჰირკანი, იოსებივით გაიძვერა გაიზარდა. იოსები ფუფუნებაში ცხოვრობდა, მკაცრი მმართველი იყო და მაღალი გადასახადები დააწესა, მაგრამ იოსებ ფლავიუსის თქმით, „სულგრძელი ადამიანი იყო, მას პატივს სცემდნენ მისი სიდარბაისლისთვის, სიბრძნისა და სამართლიანობისთვის. მან ებრაელები სიღარიბიდან გამოიყვანა და გააკეთილშობილა“. იოსებ ტობიანი ეგვიპტის მეფეებისთვის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო, რადგან ისინი ახლო აღმოსავლეთზე კონტროლის დასამყარებლად სელევკიდების მტრულ მაკედონურ დინასტიასთან განუწყვეტელ ომში იყვნენ ჩაბმულნი. ძვ. წ. დაახლოებით 241 წელს, მტრებზე გამარჯვების შემდეგ, პტოლემაიოს III მადლობის ნიშნად იერუსალიმს ეწვია და ტაძარში მსხვერპლი შესწირა. რასაკვირველია, იქ იოსებმა უმასპინძლა. როცა პტოლემაიოს III მოკვდა, ეგვიპტელები უსაზღვრო ამბიციის მქონე ახალგაზრდა სელევკიდი მეფის პირისპირ აღმოჩნდნენ. ანტიოქე დიდი: სპილოების ბრძოლა ეს ახალგაზრდა მეფე იყო აზიის მაკედონელი მეფე ანტიოქე III. ძვ. წ. 223 წელს ამ პერიპატეტიკოსმა თვრამეტი წლის ბიჭმა მემკვიდრეობით გრანდიოზული ტიტული და დაშლის პირას მყოფი იმპერია მიიღო. თუმცა, ანტიოქე საკმარისად ნიჭიერი გამოდგა და იმპერია სიკვდილისგან იხსნა. ანტიოქე თავს ალექსანდრეს მემკვიდრედ მიიჩნევდა და სხვა ბერძენი მეფეების მსგავსად აპოლონს, ჰერაკლეს, აქილევსსა და, რაც მთავარია, ზევსს, ედრებოდა. თავბრუდამხვევი საომარი კამპანიების შედეგად ანტიოქემ ალექსანდრეს აღმოსავლეთ იმპერიის ყველა სამფლობელო დაიბრუნა ინდოეთამდე და ტიტული „დიდი“ მოიხვეჭა. ის გამუდმებით ესხმოდა თავს პალესტინას, მაგრამ პტოლემეიანები მის მოგერიებას ახერხებდნენ და მოხუცი იოსებ ტობიანი იერუსალიმის გამგებლობას აგრძელებდა. მაგრამ მას ვაჟიშვილმა ჰირკანმა უღალატა და ქალაქს შეუტია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იოსებმა დაამარცხა ვაჟიშვილი, რომელიც გაიქცა და დღევანდელი იორდანიის ტერიტორიაზე საკუთარი სამთავრო დააარსა. ძვ. წ. 201 წელს უკვე ორმოცს გადაცილებული ანტიოქე აღმოსავლეთის დიდი ლაშქრობებიდან ტრიუმფით დაბრუნდა. იერუსალიმი „ორპირ ქარში მოქცეული გემივით ირყეოდა“. ანტიოქემ ეგვიპტის დამარცხება ბოლოს მაინც შეძლო და იერუსალიმიც ახალ ბატონს მიესალმა. „როცა ქალაქში შევედით, ებრაელებმა ბრწყინვალე დახვედრა მოგვიწყვეს, მათი საბჭოც შეგვხვდა, - აცხადებს ანტიოქე, - და ეგვიპტური გარნიზონის გაყრაშიც დაგვეხმარნენ“. სელევკიდი მეფე და მისი არმია შთამბეჭდავი სანახავი იყო. ანტიოქეს ალბათ თავზე სამეფო დიადემა ედგა, ოქროთი მოქარგული თასმებიანი წითელი წაღები ეცვა, ფართოფარფლიანი ქუდი ეხურა, ოქროსფერი ვარსკვლავებით მოწინწკლული და წითელი საკინძით ყელთან შეკრული მუქი ლურჯი მოსასხამი ჰქონდა შემოსხმული. იერუსალიმელებმა საგზალი მოუმარაგეს ანტიოქეს მრავალეროვან არმიას, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სარისებით შეიარაღებული მაკედონური ფალანგები, კრეტელი მთის მებრძოლები, კილიკიელი ქვეითები, თრაკიელი მეშურდულეები, მიდიელი მშვილდოსნები, ლიდიელი ხელშუბოსნები, სპარსი მშვილდოსნები, ქურთი ქვეითები, საომარ ცხენებზე ამხედრებული მძიმედ აღჭურვილი ირანელი კატაფრაქტები და რაც ყველაზე პრესტიჟული იყო, სპილოები - სავარაუდოდ, ეს ცხოველები იერუსალიმში მაშინ პირველად იხილეს.[35] ანტიოქემ ებრაელებს აღუთქვა, რომ ტაძარსა და ქალაქის კედლებს აღადგენდა და ქალაქს დაასახლებდა. მან ებრაელებს უფლება მისცა, „მამა-პაპათა რჯულის მიხედვით ეცხოვრათ“. მეფემ აგრეთვე აკრძალა ტაძარში უცხოელების შესვლა და „ქალაქში ცხენის, ჯორის, გარეული თუ შინაური ვირის, ჯიქის, მელიისა და კურდღლის ხორცის შეტანა“. მღვდელმთავარმა სიმონმა, რასაკვირველია, მხარი დაუჭირა ანტიოქეს - იერუსალიმს ხომ მანამდე არასდროს ჰყოლოდა ასეთი გულუხვი დამპყრობელი. იერუსალიმელები ამ პერიოდს ოქროს ხანად მიიჩნევენ: ქალაქს იდეალური მღვდელმთავარი მართავდა, რომელსაც „ღრუბლებს შორის გამონათებულ ცისკრის ვარსკვლავს“ უწოდებდნენ. სიმონ მართალი: ცისკრის ვარსკვლავი როცა გამოსყიდვის დღეს წმიდათა წმიდადან გამოვიდა, მღვდელმთავარი სიმონი[36] „დიდებით იყო შემოსილი; ასე ავიდა წმინდა სამსხვერპლომდე“. სიმონი იყო ნიმუში სრულყოფილი მღვდელმთავრისა, რომელიც იუდას მირონცხებული მთავარივით მართავდა; ის მონარქის, პაპისა და აიათოლას ნაზავი იყო: მოოქრული მანტია ემოსა, ბზინვარე სამკერდული ეკეთა, გვირგვინის ფორმის ჩალმა ეხურა, რომელიც იუდას მეფეების თავსაბურავის რელიკვიით, სიცოცხლისა და ხსნის სიმბოლოთი, ოქროს ყვავილით, ნეცერით, ჰქონდა მორთული. იესო ბენ სირა, „ეკლესიასტეს“ ავტორი და პირველი მწერალი, რომელიც აყვავებული ქალაქის წმინდა დრამას აღწერს, სიმონს „ცას მიწვდენილ კვიპაროსის ხეს“ უწოდებს. იერუსალიმში თეოკრატიული მმართველობა დამყარდა. სიტყვა „თეოკრატია“ იოსებ ფლავიუსმა გამოიგონა „მთლიანად ღმერთს მიბარებული და მისი მორჩილი“ მინისახელმწიფოს შესაფასებლად. ყოველი ცხოვრებისეული დეტალი მკაცრი წესებით რეგულირდებოდა, რადგან პოლიტიკა და რელიგია ერთმანეთისგან გამოყოფილი არ იყო. იერუსალიმში ქანდაკებებს ან ქვაზე ამოტვიფრულ გამოსახულებებს ვერსად ნახავდით. შაბათის წესს მანიაკალურად იცავდნენ. რელიგიური დანაშაული სიკვდილით ისჯებოდა. არსებობდა სიკვდილით დასჯის ოთხი გზა: ქვებით ჩაქოლვა, კოცონზე დაწვა, თავის მოკვეთა და ჩამოხრჩობა. მრუშებს ქვებით ქოლავდნენ. ჩაქოლვაში ყველა მონაწილეობდა (თუმცა, დამნაშავეს ჯერ კლდიდან ძირს გადააგდებდნენ ხოლმე, ამიტომ სასჯელის აღსრულებისას უმეტესად ყოველთვის უგონოდ იყო). მამაზე ხელის ამწევ ვაჟს ახრჩობდნენ. კაცს, რომელიც ქალთან და მის ქალიშვილთან იმრუშებდა, კოცონზე წვავდნენ. ებრაული ცხოვრების ცენტრი ტაძარი იყო: მღვდელმთავარი და მისი საბჭო, სინედრიონი, იქ იკრიბებოდა. ყოველ დილით საყვირების ხმის თანხლებით პირველი ლოცვის დაწყებას აცხადებდნენ, როგორც ამას მუსლიმი მუეძინი აკეთებს. დღეში ოთხჯერ შვიდი ვერცხლის საყვირის ახმიანებით ამცნობდნენ მლოცველებს, ტაძარში მიწაზე გართხმულიყვნენ. დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ჯანმრთელი ვერძის, ძროხისა და მტრედის შეწირვა ტაძრის სამსხვერპლოსაე და საკურთხეველზე გუნდრუკის კმევა ებრაული თაყვანისცემის უმთავრესი რიტუალი იყო. სიტყვა „ჰოლოკოსტი“ ებრაული „ოლაჰ“ -იდანაა (რაც „ზემოთ ასვლას“ ნიშნავს) წარმოშობილი და ასე უწოდებდნენ დასაწვავ სამსხვერპლოზე შეწირულ ცხოველს, რომლის კვამლიც „მაღლა,“ ღმერთთან „ადიოდა“. ქალაქი ალბათ ტაძრის სამსხვერპლოს სუნით იყო გაჟღენთილი: დარიჩინისა და კასიის საკმევლების სურნელი შემწვარი ხორცის კვამლს ერწყმოდა. რა გასაკვირია, რომ იერუსალიმელები მურს, ბალზამსა და ნარდს იყენებდნენ სუნამოებად. დღესასწაულებზე იერუსალიმში პილიგრიმები ჩამოდიოდნენ. ტაძრიდან ჩრდილოეთით, ცხვრის ჭიშკართან, ცხვრებსა და ნახირს უვლიდნენ და შესაწირად ამზადებდნენ. პასექზე 200 000 კრავს კლავდნენ. თუმცა, ყველაზე წმინდა და უხვი კვირა იერუსალიმში „კარვების დღესასწაული“ იყო, როცა თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი კაცები და გოგონები ტაძრის ეზოში ცეკვავდნენ, მღეროდნენ, ანთებულ ჩირაღდნებს იქნევდნენ და ნადიმობდნენ; პალმისა და სხვა ხის ტოტებით თავიანთი სახლების სახურავებზე და ტაძრის ეზოში ქოხებს აგებდნენ.[37] თუმცა, თვით სამართლიანი სიმონის მმართველობის დროსაც კი მოიძებნებოდნენ მოხერხებული და გამოცდილი ებრაელები, რომლებიც მდიდარ ბერძნებს ჰგავდნენ, ბორცვის დასავლეთ კალთაზე, ზედა ქალაქის ბერძნულ სასახლეებში ცხოვრობდნენ. ის, რასაც ფანატიკოსი ებრაელი კონსერვატორები „წარმართულ სიბინძურეს“ უწოდებდნენ, ამათთვის ცივილიზაცია იყო. ასე დაიწყო იერუსალიმში დაყოფა: რაც უფრო წმინდა ხდებოდა ქალაქი, მით უფრო უცხოვდებოდა ხალხი ერთმანეთისგან. ერთმანეთის მეზობლად სასიკვდილოდ გადამტერებული, განსხვავებული ცხოვრების წესის მიმდევარი ოჯახები ცხოვრობდნენ. მალე ქალაქის და თვით ებრაელების არსებობას ნაბუქოდონოსორის შემდეგ ყველაზე უსინდისო ურჩხული დაემუქრა. ანტიოქე ეპიფანე: შეშლილი ღმერთი იერუსალიმის მფარველი ანტიოქე დიდი ვერ ისვენებდა: მცირე აზიისა და საბერძნეთის დაპყრობა მოინდომა. მაგრამ აზიის თავდაჯერებულმა მეფემ სათანადოდ ვერ შეაფასა ძალა აღმავლობის გზაზე მყოფი რომის რესპუბლიკისა, რომელსაც ჰანიბალი და კართაგენი დაემარცხებინა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გასაბატონებლად გამართულ ომებში. რომმა ანტიოქეს საბერძნეთზე თავდასხმა მოიგერია და აზიის მეფე აიძულა, ფლოტი და საომარი სპილოები დაეთმო, ხოლო ვაჟიშვილი მძევლად დაეტოვებინა რომში. ანტიოქე აღმოსავლეთში გაემართა ხაზინის შესავსებად, მაგრამ სპარსული ტაძრის ძარცვისას იგი მოკლეს. იერუსალიმის ტაძარს უკვე ბაბილონიდან ალექსანდრიამდე მცხოვრები ყოველი ებრაელი უხდიდა გადასახადს. იქ დაგროვილი სიმდიდრე სულ უფრო ხშირად ხდებოდა ებრაელ წინამძღოლებს შორის კამათის საგანი და მალე ფულნაკლული მაკედონელი მეფეების ყურადღებაც მიიპყრო. მამამისივით ანტიოქედ წოდებული აზიის ახალი მეფე სასწრაფოდ დედაქალაქ ანტიოქიაში გაეშურა და ტახტის სხვა პრეტენდენტი ნათესავები დახოცა. რომსა და ათენში აღზრდილ ანტიოქე IV-ს მამისგან შეუდარებელი გონიერება და ნიჭი გამოჰყვა, მაგრამ ავხორცული ყოყლოჩინობითა და მანიაკალური თავმომწონეობით შეშლილ ეგზიბიციონისტ ნერონსა და კალიგულას უფრო ჰგავდა. დამცირებული აზიის მეფის ძეს ბევრი რამ უნდა დაემტკიცებინა. თავაშვებულ, ლამაზ ანტიოქეს მოსწონდა სასახლის კარის რიტუალები, მაგრამ აწუხებდა იქაური შეზღუდვები და მიაჩნდა, რომ ყველასთვის მოულოდნელი რამეების ჩადენის სრული უფლება ჰქონდა. ანტიოქიაში ახალგაზრდა მეფე მთავარ მოედანზე დათვრა, იბანავა და ძვირფასი საცხებით საჯაროდ დაიზილა ტანი, ხოლო აბანოში კარისკაცებსა და მსახურებს დაუამხანაგდა. როცა ამ სეირის ერთ-ერთმა მაყურებელმა დაიწუწუნა, ძვირფას მურს დაუნანებლად როგორ ხარჯავსო, ანტიოქემ ბრძანება გასცა, ქოთანი იმ კაცის თავზე გადაემტვრიათ. ატყდა ერთი აურზაური, რადგან ბრბომ ძვირფასი ლოსიონის გადარჩენა სცადა, ხოლო მეფე ყველაფერს ისტერიკული სიცილით უყურებდა. ანტიოქეს, კოხტად ჩაცმულს, ოქრომკედით მოქარგული მოსასხამითა და ვარდის გვირგვინით თავდამშვენებულს მოსწონდა ქუჩაში გავლა, მაგრამ თუკი რომელიმე გამვლელი მიაშტერდებოდა, ქვებს დაუშენდა ხოლმე. ღამღამობით ანტიოქიის ჩიხებისა და გარეუბნების საროსკიპოებში გადაცმული დაიპარებოდა. უცნობებს ადვილად უმეგობრდებოდა, მაგრამ მისი ალერსი ჯიქისას ჰგავდა, რადგან ამ იმპულსურ პიროვნებას უეცრად შეეძლო საძაგელ და სასტიკ არსებად ქცევა. ელინური ხანის მონარქები, როგორც წესი, ჰერაკლეს ან სხვა ღმერთების შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს, მაგრამ ანტიოქე უფრო წინ წავიდა. მან საკუთარ თავს ეპიფანე - „განკაცებული ღმერთი“ - უწოდა, მაგრამ ქვეშევრდომებმა ეს სახელი ეპიმანედ - „შეშლილად“ გადააკეთეს. თუმცა ამ თავისი სიგიჟით ანტიოქეს იმპერიის ერთი მეფისა და რელიგიის გარშემო თანდათანობით გაერთიანების იმედი ჰქონდა. ის თავისი ქვეშევრდომებისგან მოითხოვდა, ადგილობრივი ღმერთები ბერძნულ პანთეონთან შეერწყათ და მისთვისაც ღმერთივით თაყვანი ეცათ. მაგრამ ებრაელებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ ბერძნული კულტურისადმი: თან ეზიზღებოდათ, თან მოსწონდათ იგი. ისინი აღიარებდნენ ბერძნული ცივილიზაციის აღმატებულებას, მაგრამ აღაშფოთებდათ მისი დომინანტობა. იოსებ ფლავიუსის თქმით, ებრაელები ბერძნებს უსარგებლო, უწესო, დროსაყოლოლ ქარაფშუტებად მიიჩნევდნენ. თუმცა, მრავალი ებრაელი უარს არ ამბობდა მდიდრული ცხოვრების წესზე და ებრაულთან ერთად, ბერძნულ სახელებსაც ირქმევდა იმის საჩვენებლად, რომ შეეძლოთ, ბერძნებისნაირიც ყოფილიყო. აი, კონსერვატორ ებრაელებს კი ბერძნები ეზიზღებოდათ: მათთვის ბერძნები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, სძულდათ მათი შიშველი ათლეტიზმიც. თავიდან ებრაელი დიდებულები ანტიოქიაში ჩასვლას ერთმანეთს ასწრებდნენ, რათა იერუსალიმის მართვის უფლება მიეღოთ. კრიზისი ოჯახებს შორის ფულისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად ატეხილმა დაპირისპირებამ გამოიწვია. მღვდელმთავარ ონია III-ის ძმამ, იასონმა ,ანტიოქე დამატებით ოთხმოცი ტალანტი ვერცხლის შეთავაზებით მოქრთამა. იასონი უკან მღვდელმთავრის ტიტულითა და იერუსალიმის ბერძნულ „პოლისად“ გადაქცევის პროგრამით დაბრუნდა: მეფის პატივსაცემად ქალაქს ანტიოქ-ჰიერუსალიმა („ანტიოქია იერუსალიმში“) უწოდა, თორას სწავლებები დააკნინა და, სავარაუდოდ, ბორცვის დასავლეთ კალთაზე ტაძრისკენ მიმართული ბერძნული გიმნასიონი ააშენა. იასონის რეფორმებმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა. ახალგაზრდა ებრაელები გიმნასიონში მოდურად ჩაცმულები დადიოდნენ და იქ შიშვლები ვარჯიშობდნენ, თავზე მხოლოდ ბერძნული ქუდი ეხურათ. როგორღაც იმასაც ახერხებდნენ, რომ წინადაცვეთილ ასოს, ღმერთთან დადებული აღთქმის ნიშანს, ფარავდნენ. აშკარად ჩანს, რომ მოდურობის გამო კომფორტზეც უარს ამბობდნენ. თუმცა, თავად იასონიც გააცურეს. მან თავისი მომხრე მენელაოსი გაგზავნა ანტიოქიაში ხარკის გადასახდელად, მაგრამ ვერაგმა მენელაოსმა ტაძრის სიმდიდრე მიითვისა, იერუსალიმის მართვის უფლება იასონს ჩამოართვა და მღვდლობის უფლებაც იყიდა, მიუხედავად იმისა, რომ ცადოკის გვარისა არ იყო. მენელაოსმა იერუსალიმი აიღო. როცა იერუსალიმელებმა პროტესტის ნიშნად მეფესთან ელჩები გაგზავნეს, ანტიოქემ ისინი სიკვდილით დაასჯევინა და მენელაოსს იმის უფლებაც კი მისცა, რომ ყოფილი მღვდელმთავარი, ონია მოეკლა. ანტიოქე თავისი იმპერიის აღსადგენი ბრძოლებისთვის ფულადი სახსრების მოძიებას ცდილობდა. იგი წარმოუდგენელ გადატრიალებას გეგმავდა: პტოლემეიანებისა და სელევკიდების დინასტიები უნდა გაეერთიანებინა. ძვ. წ. 170 წელს ანტიოქემ ეგვიპტე დაიპყრო, მაგრამ იერუსალიმელებმა გამარჯვება ჩაუშხამეს: განდევნილი იასონი დაბრუნდა და ქალაქი ააჯანყა. „შეშლილი“ ანტიოქე სინას ნახევარკუნძულის გავლით იერუსალიმში შეიჭრა, ქალაქი დაარბია და 10 000 ებრაელი გადაასახლა.[38] მენელაოსის თანხლებით ანტიოქე წმიდათა წმიდაში შევიდა, მიუტევებელი მკრეხელობა ჩაიდინა და ფასდაუდებელი არტეფაქტები - ოქროს სამსხვერპლო, შანდალი და საკურთხი პურის ტაბლა მოიპარა. უფრო უარესი, ანტიოქემ ებრაელებს მოსთხოვა, მისთვის ეცათ თაყვანი, როგორც „განკაცებული ღმერთისთვის“. მას სურდა გამოეცადა, რამდენად ერთგულნი იყვნენ ებრაელები მისი და ბერძნული კულტურის მიმართ. იერუსალიმში აჯანყების ჩახშობის შემდეგ მან ტაძრიდან ოქრო გაზიდა და ეგვიპტეში დაბრუნდა იქაურთა წინააღმდეგობის გასატეხად. ანტიოქეს რომაელების მიბაძვა უყვარდა. ტოგაშემოსხმული დადიოდა და ანტიოქიაში მოჩვენებით არჩევნებსაც ატარებდა, უჩუმრად კი აკრძალულ ფლოტს აშენებდა და საომარი სპილოების რაზმს ქმნიდა. თუმცა, რომაელებს უკვე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე გაბატონებაც განეზრახათ და ანტიოქეს მიერ იმპერიის აღდგენას ვერ მოითმენდნენ. როცა რომაელი დესპანი, პოპილიუს ლაენასი, ანტიოქეს ალექსანდრიაში შეხვდა, მის გარშემო, ქვიშაზე რკალი შემოხაზა და მოითხოვა, სანამ რკალს გადმოაბიჯებ, ეგვიპტიდან გასვლაზე თანხმობა უნდა განაცხადოო. სწორედ აქედან მოდის გამონათქვამი: „ზღვარის გავლება“. ანტიოქემ მწუხარებით ამოიოხრა და რომის ძლევამოსილების წინაშე თავი ჩაქინდრა. ამასობაში ებრაელები ანტიოქეს ღმერთად აღიარებასა და მის თაყვანისცემაზე უარს ამბობდნენ. სანამ იერუსალიმი მესამედ აჯანყდებოდა, „შეშლილმა“ ანტიოქემ გადაწყვიტა, ებრაული რელიგია საერთოდ ამოეძირკვა. ანტიოქე ეპიფანე: კიდევ ერთი „გატიალების სიბილწე“ ძვ. წ. 167 წელს ანტიოქემ ვერაგულად, შაბათ დღეს აიღო იერუსალიმი, ათასობით ადამიანი დახოცა, ქალაქის კედლები დაანგრია და ახალი ციტადელი, აკრა, ააშენა. მან ქალაქის მმართველობა ბერძენ გამგებელსა და კოლაბორაციონისტს, მენელაოსს გადასცა. შემდეგ ანტიოქემ ტაძარში მსხვერპლშეწირვა და მღვდელმსახურება აკრძალა, ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ ყველა, ვინც შაბათის წმინდა დღეს აღნიშნავდა, მოსეს რჯულს დაიცავდა და წინადაიცვეთდა, ხოლო ტაძარში ღორის ხორცი დააყრევინა. 6 დეკემბერს ტაძარს სამეფოს მთავარი ღმერთის, ოლიმპიელი ზევსის სახელი უწოდეს, რაც „გატიალების სიბილწის“ ტოლფასი იყო. მეფე-ღმერთ ანტიოქეს (სავარაუდოდ, მისი თანდასწრებით), წმიდათა წმიდის გარეთ, სამსხვერპლოზე მსხვერპლი შესწირეს. „აღივსო ტაძარი აღვირახსნილობითა და წარმართთა უზნეობით, რომლებიც უზრუნველად ატარებდნენ დროს მეძავებთან, ტაძრის უწმინდეს ადგილებში მრუშობდნენ ქალებთან“. მენელაოსი თანახმა იყო, ტაძარში შეეშვა მლოცველები, ოღონდ სუროს გვირგვინებით თავდამშვენებულები უნდა ყოფილიყვნენ. ლოცვის შემდეგ მღვდლებიც კი გიმნასიონში მიდიოდნენ შიშველი ათლეტების შეჯიბრებების საყურებლად. შაბათის დღის აღმნიშვნელებს კოცონზე წვავდნენ ან საზარელი ბერძნული წესით, ჯვარცმით, სჯიდნენ. ერთმა მოხუცმა ებრაელმა ღორის ხორცის შეჭმას სიკვდილი არჩია. ქალები, რომლებმაც შვილები წინადაცვითეს, შვილებთან ერთად იერუსალიმის კედლებიდან გადაჩეხეს. თორას ფლეთდნენ და საჯაროდ წვავდნენ. ვისაც ხელნაწერების ასლს უპოვიდნენ, სიკვდილით სჯიდნენ. თუმცა, ტაძრის მსგავსად, თორაც სიცოცხლეზე ძვირფასი იყო. ამ ხოცვა-ჟლეტამ წამებულთა კულტი და აპოკალიფსის დიდი მოლოდინი გააჩინა. „მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს... საუკუნო სიცოცხლისთვის“ იერუსალიმში; ხალხს სჯეროდა, რომ ბოროტება დამარცხდებოდა და სიკეთე გაიმარჯვებდა მესიის, მარადიული დიდებით შემოსილი ძე კაცის გამოჩენისას.[39] ანტიოქე ანტიოქიაში დაბრუნდა და იქ თავისი მარცხნარევი გამარჯვებები იზეიმა. ოქროსსაჭურვლიანი სკვითი მხედრები, ინდური სპილოები, გლადიატორები და ოქროსაღვირიანი ნისაეური ცხენები დედაქალაქის ქუჩებში ჩაატარეს; მათ უკან მოჰყვებოდნენ მოოქრული გვირგვინებით თავდამშვენებული ახალგაზრდა ათლეტები, ათასი მსხვერპლად შესაწირი ხარი, ფორნები, რომლებზეც ქანდაკებები იდგა და ქალები, რომლებიც მაყურებლებს სუნამოებს აპკურებდნენ. ცირკის არენებზე გლადიატორები იბრძოდნენ, წითელი ღვინის მდინარეები მოედინებოდა, ხოლო მეფე თავის სასახლეში ართობდა სტუმრებს. ყველაფერს „შეშლილი“ ხელმძღვანელობდა, აქეთ-იქით დადიოდა, სტუმრებს ეგებებოდა, მასხარებს ეხუმრებოდა. ბანკეტის ბოლოს მასხარებმა ქსოვილში გახვეული ფიგურა შემოიყვანეს და მიწაზე დასვეს. მუსიკის პირველივე ნოტის გაჟღერებაზე მან ქსოვილი შემოიხია და ხალხის წინ ცეკვა-ცეკვით შიშველი მეფე გამოხტა. ამ გიჟური დებოშისგან სამხრეთით ანტიოქეს გენერლები სადამსჯელო საქმიანობებს ხელმძღვანელობდნენ. იერუსალიმთან ახლოს სოფელ მოდინში მოხუც მღვდელ მატათიას, ხუთი ვაჟის მამას, უბრძანეს ანტიოქეს სახელზე მსხვერპლი შეეწირა, რათა დაემტკიცებინა, რომ ებრაელი აღარ იყო. მაგრამ მატათიამ მეფის წარგზავნილებს ასეთი პასუხი გასცა: „მეფის სამეფო სახლის ყველა ხალხიც რომ დაემორჩილოს მას, მე მაინც დავრჩები მამა-პაპის აღთქმაში ჩემს ვაჟებთან ერთად“. როცა ერთი ებრაელი წინ გამოვიდა მსხვერპლის შესაწირად, მატათია „შურით აღინთო და გული აემღვრა“. მან ხმალი იშიშვლა და ჯერ მოღალატე მოკლა, მერე - ანტიოქეს გენერალი. შემდეგ სამსხვერპლოდან ჩამოვიდა და ხალხს მოუწოდა: „რჯულისა და მცნებებისთვის ყველა მოშურნე გამომყვეს მე“. ბერიკაცი და მისი ხუთი ვაჟი მთებში გაიქცნენ. მათ ხასიდების, „სამართლისა და რჯულის მოშურნეთა“ სახელით ცნობილი მრავალი ღვთისმოშიში ებრაელი გაჰყვა. ისინი იმდენად ღვთისმოშიშები იყვნენ, რომ შაბათ დღეს ბრძოლაზეც უარს ამბობდნენ, ამიტომ ბერძნები ბრძოლის გამართვას ყოველთვის შაბათობით ცდილობდნენ. მატათია ამ შემთხვევიდან მალევე მოკვდა, მაგრამ მისი მესამე ვაჟი, იუდა, იერუსალიმის შემოგარენში გახიზნულ ებრაელებს სათავეში ჩაუდგა და ზედიზედ სამი სირიული ლაშქრის დამარცხება შეძლო. ანტიოქეს ებრაელთა ამბოხი სერიოზულად არ მიუღია. თვითონ ერაყისა და სპარსეთის დასაპყრობად გაემართა, ხოლო ამბოხის ჩახშობა მეფისნაცვალ ლისიას დაავალა. იუდამ ლისიაც დაამარცხა. სპარსეთის ლაშქრობაში მყოფი ანტიოქეც კი მიხვდა, რომ იუდას გამარჯვებები იმპერიას რღვევით ემუქრებოდა, ამიტომ რელიგიური ტერორი შეწყვიტა. სინედრიონის პრობერძნულ წევრებს მისწერა, ებრაელებს შეუძლიათ, საკუთარი რჯულისამებრ იცხოვრონ და იკვებონო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. მალე ანტიოქე ეპიფანეს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ეტლიდან მკვდარი გადმოვარდა. იუდას კი უკვე მოეხვეჭა გმირული მეტსახელი, რომელიც მისი დინასტიის სახელად იქცა - „ჩაქუჩი“. 8. მაკაბელები ძვ. წ. 164-66 იუდა „ჩაქუჩი“ ძვ. წ. 164 წლის ზამთარში იუდა „ჩაქუჩმა“ მთელი იუდეა დაიპყრო, გარდა ანტიოქეს მიერ ახლად აშენებული აკრას ციხესიმაგრისა. როცა იუდამ მიტოვებული და მოუვლელი ტაძარი დაინახა, მოთქმა დაიწყო. მან საკმეველი აკმია, წმიდათა წმიდა აკურთხა და მსხვერპლშეწირვა განაახლა. გაძარცულ ქალაქში საკმარისი ზეთი არ იყო, მაგრამ რაღაც სასწაულით ტაძარში ანთებული სანთლები არ ქრებოდა. ტაძრის გათავისუფლებას და ხელახლა კურთხევას დღესაც აღნიშნავენ ებრაელები ხანუქას, ანუ „სატფურების“ დღესასწაულზე. იუდა „ჩაქუჩმა“ - არამეულად მაქაბამ[40] - იორდანია დალაშქრა, ხოლო გალილეველი ებრაელების გასათავისუფლებლად თავისი ძმა, სიმონი გაგზავნა. იუდას გარეშე ებრაელები დამარცხდნენ. მაკაბელებმა საპასუხოდ შეუტიეს, ხებრონი და ედომი აიღეს და, სანამ იერუსალიმში აკრას ციხესიმაგრეს ალყას შემოარტყამდნენ, აშდოდში წარმართული სამლოცველო დაანგრიეს. სელევკიდმა რეგენტმა ბეთლემის სამხრეთით, ბეთ-ზაქარიაში მაკაბელები დაამარცხა და იერუსალიმი ალყაში მოაქცია, მაგრამ მალე ალყის მოხსნა მოუწია, რადგან ანტიოქიაში ამბოხი დაიწყო. მან ებრაელებს ნება დართო, თავიანთი რჯულის მიხედვით ეცხოვრათ და ტაძარში მსხვერპლი შეეწირათ. ნაბუქოდონოსორის დროიდან ოთხი საუკუნის შემდეგ ებრაელთა დამოუკიდებლობა აღდგა. მაგრამ ებრაელები კვლავაც საფრთხეში იყვნენ. სამოქალაქო ომებით დასუსტებულ, შემცირებულ, მაგრამ ჯერაც საკმაო ძალის მქონე სელევკიდების დინასტიას ებრაელების მთლიანად გაჟლეტა და პალესტინის შენარჩუნება ჰქონდა განზრახული. ყველაფრის დეტალურად მოყოლა შორს წაგვიყვანს და სელევკიდი ტახტის მემკვიდრეების ერთი და იგივე სახელები დაგვაბნევს, მაგრამ მოკლედ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ამ ბრძოლების პერიოდში რამდენჯერმე დადგა მომენტი, როცა მაკაბელები განადგურების წინაშე აღმოჩნდნენ. თუმცა, ეს დაუღალავი, მრავალრიცხოვანი და გონიერი ოჯახი გადარჩენასა და საპასუხო დარტყმის განხორციელებას ყოველთვის ახერხებდა. აკრას ციხესიმაგრე, რომელიც ტაძარს გადაჰყურებდა, იერუსალიმს ორად ყოფდა და ტანჯავდა. როცა საყვირების ხმაზე მღვდლები მსხვერპლშეწირისთვის გაემზადებოდნენ, აკრას ციხესიმაგრეში გამაგრებული წარმართი მეომრები და რენეგატი ებრაელები „მოულოდნელად გამოცვივდებოდნენ, - წერს იოსებ ფლავიუსი, - და ტაძრისკენ მიმავლებს ხოცავდნენ“. ებრაელებმა მღვდელმთავარი მენელაოსი, „მიზეზი ყოველ სიავეთა“, სიკვდილით დასაჯეს და მის ნაცვლად სხვა აირჩიეს.[41] მაგრამ სელევკიდები ისევ გაერთიანდნენ. მათმა სარდალმა, ნიკანორმა, იერუსალიმი დაიპყრო. ბერძენმა სარდალმა სამსხვერპლოსკენ მიუთითა და დაიმუქრა: „თუკი ახლავე არ ჩამაბარებთ იუდას და მის ლაშქარს, გადავწვავ ამ სახლს.“ თავის გადასარჩენად მებრძოლმა იუდამ ბერძნული სამეფოების უპირველეს მტერს, რომს თხოვნით მიმართა და რომმაც ებრაელთა სუვერენიტეტი აღიარა. ძვ. წ. 161 წელს იუდა მაკაბელმა ნიკანორი დაამარცხა და მისი მოკვეთილი თავი და ხელი იერუსალიმში მიიტანა. ეს სისხლიანი ალაფი - მარჯვენა ხელი და ამოგლეჯილი ენა, რომელიც ტაძრის დანგრევით დაიმუქრა - ფრინველების საჯიჯგნად გამოკიდეს, ხოლო თავი ციხესიმაგრის გალავანზე სარზე წამოაგეს. ებრაელებმა ამ დღეს ნიკანორის დღე უწოდეს და გათავისუფლებას ყოველ წელს ზეიმობდნენ. შემდეგ სელევკიდებმა თავად იუდა მაკაბელი მოკლეს; იერუსალიმი კვლავ დაეცა. იუდა მოდინში დამარხეს. თითქოს მარცხი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ იუდას ძმები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ. სიმონ დიდი: მაკაბელების ტრიუმფი ორწლიანი მალვის შემდეგ იუდას ძმა, იონათანი, უდაბნოდან გამოიჭრა და სელევკიდებს შეუტია. ის მიხმასში დაბანაკდა, ბერძნების მფლობელობაში მყოფი იერუსალიმიდან ჩრდილოეთით. იონათანი დიპლომატიურობით გამოირჩეოდა და, იერუსალიმზე კონტროლის დასამყარებლად, სირიის და ეგვიპტის მეფეებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა. მან იერუსალიმის კედლები აღადგინა, ტაძარი აკურთხა და იმდენი მოახერხა, რომ ძვ. წ. 153 წელს სელევკიდ მეფეს ოქროს გვირგვინი და „მეფის მეგობრის“ წოდება გამოსტყუა. ის მღვდელმთავრად დანიშნეს. იონათან მაკაბელს მირონი სცხეს, სამეფო ყვავილით დაამშვენეს და მღვდლის შესამოსელით შემოსეს ყველაზე ხმაურიან, კარვების დღესასწაულზე. მაგრამ იონათანი პროვინციელი მღვდლის შთამომავალი იყო და ცადოკის გვართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, ამიტომ, მიუხედავად მისი მიღწევებისა, ერთ-ერთმა ებრაულმა სექტამ ის „უკეთურ მღვდლად“ შერაცხა. თავიდან იონათანს მხარს ეგვიპტის მეფე პტოლემაიოს VI ფილომეტერი უჭერდა. მეფე იაფოში (უახლოესი პორტი იერუსალიმთან, იგივე იაფა) დაბანაკდა და იონათანი თავისთან იხმო. ფარაონისა და მღვდელმთავრის დიდებით შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. პტოლემაისში (დღევანდელ აკოში) პტოლემაიოსმა ალექსანდრე მაკედონელის შემდეგ ყოველი ბერძენი მეფის ოცნება აისრულა: ის აზიისა და ეგვიპტის მეფედ აკურთხეს, მაგრამ ამ ტრიუმფის ჟამს მისი ცხენი სელევკიდების სპილოს დანახვაზე დაფრთხა, მეფე ძირს გადმოვარდა და მოკვდა.[42] სანამ სელევკიდები ტახტისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ, დიპლომატი იონათანი გამუდმებით იცვლიდა მხარეებს. ტახტის ერთ-ერთმა სელევკიდმა პრეტენდენტმა, რომელიც ანტიოქიაში ალყაში მოაქციეს, იონათანს მიშველების სანაცვლოდ ებრაელთათვის სრული დამოუკიდებლობის მინიჭების პირობა მისცა. იონათანმა 2000 მეომრით გაიარა დღევანდელი ისრაელის, ლიბანისა და სირიის ტერიტორია და ანტიოქიაში მივიდა. ებრაელმა ჯარისკაცებმა, რომლებიც სასახლიდან ცეცხლმოკიდებულ ისრებს ისროდნენ და სახურავიდან სახურავზე ხტებოდნენ, მეფე გადაარჩინეს და ისევ ტახტზე აიყვანეს. იუდეაში (აქ იუდას მიწა უკვე იუდეად მოიხსენიება, როგორც ბიბლიურ ტექსტებში - მთარგმ. შენ.) დაბრუნებულმა იონათანმა აშკელონი, ღაზა და ბეთ-ცური დაიპყრო და იერუსალიმში აკრას ციხესიმაგრეს ალყა შემოარტყა, მაგრამ იონათანი პტოლემაისში პირადი მცველების გარეშე გაიტყუეს, სადაც ბერძენმა მოკავშირემ ღალატით შეიპყრო და იერუსალიმს თავად შეუტია. მაკაბელთა გვარს ძალა ჯერ არ გამოლეოდა. კიდევ ერთი ძმა იყო დარჩენილი: სიმონი. მან იერუსალიმი გაამაგრა და ლაშქარი შეკრიბა. უეცრად მოსულმა დიდმა თოვლმა ბერძნები უფრო მეტად დააფრთხო და უკან დაიხიეს, თუმცა მოღალატე ბერძენმა შური მაინც იძია და სიმონის ძმა იონათანი სიკვდილით დასაჯა. ძვ. წ. 141 წელს სიმონმა აკრა დაანგრია[43] და მთის კალთაც, რომელზეც ის იდგა, მიწასთან გაასწორა. იერუსალიმში ეს დღე „ქება-დიდებით, პალმის ტოტებით, ქნარებით, წინწილებით, საგალობლებითა და სადიდებლებით“ აღნიშნეს. „წარმართის უღელი მოეხსნა ისრაელს“. დიდმა კრებამ სიმონი კანონიერ მმართველად გამოაცხადა, ოქროს ბალთა გაუკეთა და სამეფო ძოწეულით შემოსა. გვარით არა, მაგრამ სხვა ყველაფრით, სიმონი ნამდვილი მეფე გახდა. „ხალხმა ასე დაიწყო წერა სიგელებსა და ხელშეკრულებებში: სიმონის, დიდი მღვდელმთავრის, მთავარსარდლისა და ებრაელთა წინამძღოლის პირველ წელსო“. იოანე ჰირკანი: იმპერიის მშენებელი სიმონ დიდი პოპულარობის ზენიტში იყო, როცა ძვ. წ. 134 წელს სიძემ სადილად მიიწვია. იქ მაკაბელთა გვარის კიდევ ერთი წარმომადგენელი მოკლეს. სიძემ სიმონის ცოლი და მისი ორი ვაჟიშვილი დაატყვევა. მკვლელებმა სიმონის კიდევ ერთი ვაჟის, იოანეს (ებრაულად იეჰოანანის) შეპყრობაც სცადეს, მაგრამ ის გაიქცა და იერუსალიმში გამაგრდა. იოანეს ყოველი მხრიდან უბედურება დაატყდა თავს. მან შეთქმულებს მათსავე ციხესიმაგრეში შეუტია, მაგრამ დედამისი და ძმები მის თვალწინ შუაზე გაგლიჯეს. იოანე სიმონის მესამე ძე იყო და მის გამეფებას არავინ ელოდა, მაგრამ მას გვარისთვის დამახასიათებელი ყველა უნარი გააჩნდა იმისთვის, რომ„ქარიზმატული, მესიანური თვისებებით“ იდეალური ებრაელი მმართველი გამხდარიყო. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, ღმერთმა იოანე „სამი უდიდესი პრივილეგიით დააჯილდოვა: ერისმთავრობით, მღვდელმთავრობითა და წინასწარმეტყველების ნიჭით“. სელევკიდმა მეფე ანტიოქე VII სიდეტმა ებრაელთა სამოქალაქო ომი პალესტინის დასაბრუნებლად და იერუსალიმისთვის ალყის შემოსარტყმელად გამოიყენა. იერუსალიმელები შიმშილის ზღვარზე იყვნენ, როცა სიდეტმა კეთილი ნება გამოიჩინა და კარვების დღესასწაულზე მოოქრულრქებიანი შესაწირი ხარების გაგზავნით მოლაპარაკების სურვილი გამოთქვა. იოანე მას დაუზავდა, იუდეის საზღვრებს გარეთ მაკაბელთა მიერ დაპყრობილი ყველა მიწა დათმო და 500 ტალანტი ვერცხლის გადახდისა და იერუსალიმის კედლების დანგრევის პირობა დადო. იოანე ასევე უნდა დახმარებოდა ახალ ბატონს ირანსა და ერაყში წარმოშობილი ახალი ძალის, პართიელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ლაშქრობა ბერძენთათვის კატასტროფული აღმოჩნდა. შესაძლოა, იოანე წინასწარ საიდუმლოდ მოელაპარაკა პართიელთა მეფეს, რომელსაც მრავალი ებრაელი ქვეშევრდომი ჰყავდა. ბერძენი მეფე მოკლეს, ხოლო იოანე როგორღაც მშრალად ამოძვრა ამ ჭაობიდან და სამეფოს დამოუკიდებლობა მოუპოვა.[44] გარეშე იმპერიული ძალები შიდა ინტრიგებით იყვნენ გართულები, ამიტომ იოანემ მეფე დავითის დროიდან პირველად მასშტაბური დაპყრობები დაიწყო. ბედის ირონიით, ამისთვის ფინანსური სახსრები იოანემ სწორედ დავითის აკლდამის გაძარცვით იშოვა. სავარაუდოდ, აკლდამა დავითის ძველ ქალაქში იყო. იოანემ მდინარე იორდანეს გადაღმა მადაბა დაიპყრო, სამხრეთში ედომელები (რომლებსაც მას შემდეგ იდუმეველებად იხსენიებდნენ) იძულებით მოაქცია იუდაიზმზე და სანამ გალილეას აიღებდა, სამარიელები დაამარცხა. გაფართოებულ იერუსალიმში[45] იოანემ ე. წ. პირველი კედელი ააშენა. მისი სამეფო რეგიონში მთავარ ძალად იქცა, ხოლო იერუსალიმის ტაძარი ებრაელთა ცხოვრების ცენტრი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში მზარდი ებრაული სათვისტომოები ადგილობრივ სინაგოგებში აღავლენდნენ ყოველდღიურ ლოცვებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სტაბილურ ხანაში შესწორდა და შეთანხმდა ოცდაოთხი წმინდა წიგნის ტექსტი და ებრაულმა ძველმა აღთქმამ ჩამოყალიბებული სახე მიიღო. იოანეს სიკვდილის შემდეგ მისმა ძემ, არისტობულოსმა, თავი იუდეის მეფედ გამოაცხადა და იერუსალიმი მონარქის სატახტო ქალაქად 586 წლის შემდეგ პირველად იქცა. არისტობულოსმა დღევანდელი ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე იტურეა და სამხრეთ ლიბანი დაიპყრო. თუმცა, მაკაბელები თავიანთი მტრების მსგავსად, თვითონაც ბერძნებს დაემსგავსნენ: ებრაულთან ერთად ბერძნულ სახელებს ირქმევდნენ, ბერძენი ტირანებივით სასტიკი მმართველები გახდნენ. არისტობულოსმა დედამისი დაატყვევა, ხოლო თავისზე პოპულარული ძმა მოკლა. საბოლოოდ, დანაშაულის გრძნობამ ჭკუიდან შეშალა. სიკვდილის პირას მყოფი არისტობულოსი სისხლს აღებინებდა და შიშობდა, რომ მისი მეორე, ქედმაღალი ძმა, ალექსანდრე იანაი, ნამდვილი ურჩხული იყო, რომელიც მაკაბელების დინასტიას ბოლოს მოუღებდა. ალექსანდრე თრაკიელი: მრისხანე ახალგაზრდა ლომი როგორც კი მეფე ალექსანდრემ (იანაი ებრაული იეჰონათანის (იონათანის) ბერძნული ვარიანტია) იერუსალიმში პოზიციები გაიმაგრა, თავისი ძმის ქვრივზე იქორწინა და ებრაული იმპერიის გასაფართოებლად დაპყრობები დაიწყო. ალექსანდრე უსინდისო და უსულგულო იყო, ებრაელებმა მალე შეიზიზღეს ეს გარყვნილი სადისტი, რომელიც სიხარულით აჩაღებდა ომს მეზობლებთან. დასუსტებული ბერძნული სამეფოები მაშინ ნგრევის პირას იმყოფებოდა, ხოლო რომაელები ჯერ კიდევ არ გამოჩენილიყვნენ. ალექსანდრე ხშირად დამარცხებულა, მაგრამ მუდამ ბედი სწყალობდა[46] და მეტოქეს სასტიკად უსწორდებოდა: ებრაელებმა მას „თრაკიელი“ უწოდეს მისი ბარბაროსული ქცევისა და ლაშქარში ბერძენი ჯარისკაცების ყოლის გამო. ალექსანდრემ ეგვიპტის საზღვრებთან ღაზა და რაფაჰი, ხოლო ჩრდილოეთში გოლანი დაიპყრო. მოაბში მას ნაბატეველი არაბები ჩაუსაფრდნენ და ალექსანდრეს იერუსალიმში გაქცევა მოუწია. კარვების დღესასწაულზე მღვდელმთავრის მოვალეობის შესრულებისას ბრბომ მას ხილი დაუშინა. ფარისეველთა სექტის მიერ (რომლებიც ზეპირსიტყვიერი ტრადიციების დამცველებიც იყვნენ და თორასიც) შეგულიანებულმა ბრბომ მეფეს დასცინა, რახან დედაშენი დატყვევებული იყო, მღვდელმთავრობის უფლება არ გაქვსო. პასუხად ალექსანდრემ ბრბოს ბერძენი ჯარისკაცები მიუსია და ქუჩებში 6000 ადამიანი დაახოცვინა. სელევკიდებმა ეს ამბოხი იუდეაზე თავდასხმის საბაბად გამოიყენეს. ალექსანდრე მთებში გაიქცა. და იქ იცდიდა, სანამ შურის საძიებლად ხელსაყრელ შემთხვევას გამონახავდა. როცა მეფე იერუსალიმში ხელახლა შევიდა, 50 000 ქვეშევრდომი გაჟლიტა. ალექსანდრემ გამარჯვება დიდი ნადიმით აღნიშნა, ხარჭებთან ერთად ხტუნავდა და ცეკვავდა, თან თვალს ადევნებდა, როგორ აცვეს 800 ამბოხებული ჯვარს, ჯვარცმულების თვალწინ კი მათ ცოლებსა და შვილებს გამოსჭრეს ყელი. „მრისხანე ახალგაზრდა ლომი“, როგორც მას მტრები უწოდებდნენ, ლოთობამ იმსხვერპლა და ცოლს, სალომე ალექსანდრას დაუტოვა ებრაული იმპერია, რომელიც დღევანდელი ისრაელის, პალესტინის, იორდანიის, სირიისა და ლიბანის ნაწილს მოიცავდა. სიკვდილის წინ მეფემ ცოლს დაუბარა, მისი სიკვდილის შესახებ ჯარისკაცებისთვის მხოლოდ მაშინ გაემხილა, როცა იერუსალიმში პოზიციებს გაიმყარებდა და შემდეგ ფარისეველთა დახმარებით ემართა ქალაქი. ახალი დედოფალი იზებელის ასულის შემდეგ იერუსალიმის პირველი ქალი მმართველი იყო. მაგრამ მაკაბელთა დინასტია უკვე გამოფიტულიყო. ორი მეფის ქვრივი, სალომე ალექსანდრა (სალომე ბერძნული ვარიანტია შალომსიონისა - „მშვიდობიანი სიონისა“), პატარა იმპერიას ფარისევლების დახმარებით სამოც წლამდე მართავდა, მაგრამ თავისი ორი ძის კონტროლი ძალიან უჭირდა. უფროსი ძმა, მღვდელმთავარი იოანე ჰირკან II არასაკმარისად ენერგიული იყო, ხოლო უმცროსი ძმა არისტობულოსი - ზედმეტად ენერგიული. ჩრდილოეთში რომი ხმელთაშუაზღვისპირეთს თანდათან იპყრობდა. რომმა ჯერ საბერძნეთი ჩაყლაპა, შემდეგ კი ბერძენი მეფე მითრიდატეს (მითრიდატე VI ევპატორის) წინააღმდეგობა დაძლია და დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული პონტოს სამეფო დაიპყრო. ძვ. წ. 66 წელს, მითრიდატეს დამარცხების შემდეგ, რომაელი გენერალი პომპეუსი ვაკუუმის შესავსებად სამხრეთისკენ დაიძრა. რომი იერუსალიმს უახლოვდებოდა. 9. რომაელების გამოჩენა ძვ. წ. 66-40 პომპეუსი წმიდათა წმიდაში სალომე დედოფლის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჰირკან II იერიქონში არისტობულოს II-მ დაამარცხა. ძმები დაზავდნენ და იერუსალიმის ტაძარში ხალხის წინ ერთმანეთს გადაეხვივნენ. არისტობულოსი მეფე გახდა. ჰირკანი გადადგა, მაგრამ მას მრჩევლად ჰყავდა ცბიერი უცხოელი, ანტიპატრი, რომელიც მასზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. ეს იდუმეველი დიდებული იუდეის მომავალი იყო. მისი ძე, ჰეროდე, მეფე გახდა. ეს ნიჭიერი, მაგრამ გარყვნილი ოჯახი იერუსალიმის ბედს მომდევნო საუკუნის განმავლობაში განსაზღვრავდა; სწორედ მათ მისცეს ტაძრის მთას და დასავლეთ კედელს დღევანდელი ფორმა. ანტიპატრმა ჰირკანი ნაბატეველი არაბების დედაქალაქში, „დროსავით ძველსა და ვარდისფერ“ პეტრაში გააქცია. ინდური სუნელებით ვაჭრობით ზღაპრულად გამდიდრებული ანტიპატრის არაბი ცოლის ნათესავი, მეფე არეტა (არაბულად ჰარიტი) მათ მეფე არისტობულოსის დამარცხებაში დაეხმარა. არისტობულოსი იერუსალიმში გაიქცა, არაბი მეფე უკან დაედევნა და ტაძრის მთაში გამაგრებულ არისტობულოსს ალყა შემოარტყა. თუმცა, ეს ხმაური და მძვინვარება სულ ამაო იყო, რადგან ჩრდილოეთით, დამასკოში, პომპეუსი დაბანაკდა. რომის ყველაზე გავლენიანი ადამიანი გნეუს პომპეუსი დამოუკიდებელი სარდალი იყო, რომელმაც პირადი ლაშქრით რომის სამოქალაქო ომებში იტალიაში, სიცილიაზე და აფრიკაში გამარჯვებები მოიპოვა. მას უკვე ორი ტრიუმფი ეზეიმა და დიდძალი ქონება დაეგროვებინა. ამ ფრთხილ გენერალს ანგელოზური სახე ჰქონდა - „პომპეუსის ლოყებზე ულამაზესს ვერაფერს ნახავდით“ - მაგრამ სწორედ ეს ატყუებდა ბევრს: ისტორიკოს სალუსტიუსის თქმით, პომპეუსი „სახით მშვენიერი, გულით კი უსირცხვილო“ იყო. სამოქალაქო ომებში გამოვლენილმა სადიზმმა და სიხარბემ მას მეტსახელი „ახალგაზრდა ყასაბი“ მოუხვეჭა. ბრძოლების შემდეგ ის რომში დასახლდა, მაგრამ დაფნის გვირგვინოსნებს გავლენის შესანარჩუნებლად მუდმივი წარმატებები სჭირდებოდათ. მისი მეორე მეტსახელი მაგნუსი - „დიდი“ - ნახევრად სარკასტული იყო. ბავშვობაში პომპეუსი აღმერთებდა ალექსანდრე დიდს და მისი ჰომეროსისეული, გმირული ლაშქრობებით შექმნილი სამეფოს ფლობა აღმოსავლეთის სხვა დაუპყრობელ პროვინციებთან ერთად, ყოველი რომაელი ოლიგარქისთვის სანუკვარი ოცნება იყო. ძვ. წ. 64 წელს პომპეუსმა სელევკიდების სამეფო გაანადგურა, სირია დაიპყრო და სიამოვნებით დათანხმდა, დაპირისპირებულ ებრაელებს შორის შუამავალი გამხდარიყო. პომპეუსს იერუსალიმიდან არა მხოლოდ ერთმანეთს გადამტერებული ძმების, არამედ ფარისევლების დელეგაციაც ეწვია. ფარისევლები მას მაკაბელების თავიდან მოშორებას სთხოვდნენ. პომპეუსმა ორივე ძმას ურჩია, დაეცადათ, სანამ სამართლიან განაჩენს გამოიტანდა. მაგრამ არისტობულოსმა, რომელიც რომის სიძლიერეს ჯეროვნად ვერ აფასებდა, ვერ მოითმინა და პომპეუსი მოატყუა. პომპეუსი იერუსალიმში შეიჭრა, მაგრამ მაკაბელები ტაძრის მთაში გამაგრდნენ და ზედა ქალაქთან დამაკავშირებელი ხიდი დაანგრიეს. პომპეუსი ბეთეზდას აუზის ჩრდილოეთით დაბანაკდა და სამი თვის განმავლობაში კატაპულტებით ბომბავდა ალყაშემორტყმულ ტაძარს. ებრაელების ღვთისმოშიშობით რომაელებმაც ისარგებლეს - შაბათის უქმე დღეს ჩრდილოეთიდან შეიჭრნენ ტაძარში და სამსხვერპლოს მცველ მღვდლებს ყელი გამოსჭრეს. ებრაელებმა საკუთარ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს, ზოგი გალავნიდან გადახტა და თავი მოიკლა. სულ ოცი ათასი ადამიანი დაიღუპა. პომპეუსმა დამცავი კედლები დაანგრია, მონარქია გააუქმა, მაკაბელთა სამეფოს უდიდესი ნაწილი ჩამოაჭრა და იუდეის მღვდელმთავრად ჰირკანი დანიშნა, ჰირკანის მრჩეველ მინისტრად კი - ანტიპატრი. პომპეუსმა წმიდათა წმიდის ხილვის ცდუნებას ვერ გაუძლო. რომაელებს ძალიან აინტერესებდათ აღმოსავლური წეს-ჩვეულებები, მაგრამ საკუთარი მრავალღმერთიანობით ამაყობდნენ და ებრაელი მონოთეისტების ცრუმორწმუნოებრივი პრიმიტივიზმი აღიზიანებდათ. ბერძნები ღვარძლიანად დასცინოდნენ ებრაელებს, საიდუმლოდ ვირის თავს სცემენ თაყვანს, მსხვერპლად შესაწირად კი სპეციალურად ასუქებენ ადამიანებს და მერე მათ ხორცს ჭამენო. პომპეუსი და მისი ამალა წმიდათა წმიდაში შევიდა; მან მიუტევებელი მკრეხელობა ჩაიდინა, რადგან თვით მღვდელმთავარიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიოდა იქ. რომაელი გენერალი, სავარაუდოდ, მეორე წარმართი იყო ანტიოქე IV-ის შემდეგ, რომელიც წმინდა ოთახში შევიდა. პომპეუსმა მოწიწებით დაათვალიერა იქაურობა, დარწმუნდა, რომ იქ მხოლოდ სიწმინდე სუფევდა და ოქროს მაგიდისა და წმინდა სასანთლის გარდა არაფერი, არანაირი ღმერთის ოქროს თავი არ იდგა. მას არაფერი მოუპარავს. პომპეუსი რომში დაბრუნდა, აზიური გამარჯვებები ტრიუმფით რომ აღენიშნა. ჰირკანს მეამბოხე არისტობულოსი და მისი ძეები არ ასვენებდნენ, მაგრამ რეალურმა მმართველმა ანტიპატრმა იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ძალად ქცეულ რომში მხარდაჭერის მოპოვება მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ რომაული პოლიტიკის უეცარი ცვლილებები თვით ყველაზე ცბიერ პოლიტიკოსებსაც კი რთულ ვითარებაში აგდებდა. პომპეუსს ძალაუფლების სხვა ორ გენერალთან გაყოფა მოუწია. ეს გენერლები იყვნენ ტრიუმვირატის წევრები - კრასუსი და კეისარი. მალე კეისარმა გალიის დაპყრობით სახელი დიდად გაითქვა. ხოლო ძვ. წ. 55 წელს აღმოსავლეთში დიდების მაძიებელი კიდევ ერთი რომაელი ოლიგარქი სირიაში გამოჩნდა, რათა მეტოქეთა თანასწორი გამარჯვებები მოეპოვებინა. კლეოპატრამ რომის მბრძანებელთან საიდუმლო შეხვედრა მოითხოვა. სექსუალურ-პოლიტიკური პანტომიმის ეს გამოცდილი იმპრესარიო კეისრის ოთახში თეთრეულის კალათში ჩამალული შეიყვანეს (და არა ხალიჩაში გახვეული); შესაძლოა, კლეოპატრა წინასწარ მიხვდა, რომ კეისარს ასეთი თეატრალური დადგმა მოხიბლავდა. ბრძოლებით გადაქანცული, გაჭაღარავებული და ნახევრად გამელოტებული, ორმოცდათორმეტი წლის გაიუს იულიუს კეისარი კვლავაც ინარჩუნებდა გასაოცარ ახალგაზრდულ ძალას, ბრძოლის, წერისა და პოლიტიკური ინტრიგების ხლართვის ნიჭს. გარდა ამისა, ის სექსუალური ავანტიურისტიც იყო, რომელიც კრასუსის და პომპეუსის ცოლებთანაც წოლილა. კლეოპატრა მასთან შეხვედრისას ოცდაერთი წლის იყო. ვერ იტყოდით, რომ შეუდარებლად ლამაზი იყო, მაგრამ მისი მიმზიდველობა, შარმი და ხიბლი, რომელსაც გარშემო ასხივებდა, ყველას ნუსხავდა; თუმცა კი, როგორც მონეტებიდან და ქანდაკებებიდან ჩანს, კლეოპატრას წინაპრების კეხიანი ცხვირი და გამოშვერილი ნიკაპი ჰქონდა. კლეოპატრას სამეფოს დაბრუნება და თავისი შეუდარებელი საგვარეულოს სიდიადის დამტკიცება სურდა. კეისარიც და კლეოპატრაც ავანტიურისტული პოლიტიკის მიმდევრები იყვნენ. ისინი საყვარლები გახდნენ. კლეოპატრამ კეისარს ვაჟი გაუჩინა, კესარიონი. რაც მთავარია, კეისარი მისი მხარდამჭერი და ერთგული გახდა. მალე კლეოპატრასა და მისი რომაელი მფარველის წინააღმდეგ აჯანყებულმა ეგვიპტელებმა კეისარი ალექსანდრიაში ალყაში მოიქციეს. იერუსალიმში პომპეუსის მომხრე ანტიპატრმა იფიქრა, რომ კეისრის წინაშე ცოდვების გამოსყიდვისთვის ხელსაყრელი დრო დადგა. ის 3000 ებრაელი ჯარისკაცით ეგვიპტეში ჩავიდა, ეგვიპტელი ებრაელები მიიმხრო და კეისრის მოწინააღმდეგეებს შეუტია. კეისარმა გაიმარჯვა და კლეოპატრა ხელისუფლების სათავეში დააბრუნა. რომში დაბრუნებამდე მადლიერმა კეისარმა ჰირკანი ისევ დააბრუნა მღვდელმთავრისა და ეთნარქის, ანუ ერისმთავრის, თანამდებობაზე და იერუსალიმის კედლების აღდგენის ნებაც დართო. მაგრამ მთელი ძალაუფლება მან ანტიპატრს ჩააბარა, როგორც იუდეის პროკურატორს, ხოლო მისი ძეები ადგილობრივ ტეტრარქებად დანიშნა. უფროსი ძე, ფასაელი, იერუსალიმს მართავდა, უმცროსი ჰეროდე კი - გალილეას. თხუთმეტი წლის ჰეროდემ ხასიათის სიმტკიცე მაშინ გამოაჩინა, როცა რელიგიური ფანატიკოსი ებრაელების დაჯგუფება გაანადგურა. იერუსალიმში სინედრიონი ჰეროდეს არასანქცირებულმა ხოცვა-ჟლეტამ გაანაწყენა და ის სასამართლოში დაიბარეს. თუმცა, რომაელებს ანტიპატრი და მისი ვაჟები მოსწონდათ და ამ მოუსვენარი ხალხის გამგებლებად ისინი შეეგულებინათ. სირიის რომაელმა გუბერნატორმა ჰეროდეს გამართლება მოითხოვა და მას უფრო მეტი ძალაუფლება მიანიჭა. ჰეროდე უკვე გამოირჩეოდა. იოსებ ფლავიუსის თქმით, ის „გონებრივი, გარეგნული და ფიზიკური სილამაზით დაჯილდოებული“ იყო. გმირული სულის გარდა, განსწავლულობითაც გამოირჩეოდა და ეპოქის სახელოვან რომაელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. დაუოკებელი სექსუალური მადა ჰქონდა (იოსებ ფლავიუსი „ვნებათა ტყვეს“ უწოდებდა), მაგრამ უხეში არ ყოფილა. არქიტექტურაში ერკვეოდა, ბერძნულ, ლათინურ და ებრაულ კულტურას კარგად იცნობდა და, როცა პოლიტიკური საქმეებისგან გათავისუფლდებოდა და გართობაც მობეზრდებოდა, ისტორიულ და ფილოსოფიურ საკითხებზე კამათი უყვარდა. თუმცა, ძალაუფლება ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო მის ცხოვრებაში და ეს პირად ურთიერთობებს უწამლავდა. მეორე თაობის იუდაიზმზე მოქცეული იდუმევლისა და არაბი ქალის (ამიტომ ერქვა მის უფროს ძმას ფასაელი, ანუ ფაისალი) შვილი, ჰეროდე, ნამდვილი კოსმოპოლიტი იყო, რომელსაც შეეძლო, ებრაელადაც მოეჩვენებინა თავი, ბერძენადაც და რომაელადაც. მაგრამ ებრაელებმა ბოლომდე მაინც არ აპატიეს მას შერეულსისხლიანობა. მდიდარ, მაგრამ ფხიზელ და სასტიკ ოჯახში გაზრდილ ჰეროდეს არაერთხელ უნახავს უახლოესი ნათესავების განადგურება და დარწმუნდა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად უპირველესად ტერორი იყო საჭირო. ის სიკვდილს პოლიტიკურ იარაღად იყენებდა: ეს პარანოიკი და ზედმეტად ემოციური, ულმობელი, მაგრამ იმავდროულად მგრძნობიარე ყმაწვილი ნებისმიერ ფასად ცდილობდა გადარჩენასა და სხვებზე გაბატონებას. ძვ. წ. 44 წელს კეისარი მოკლეს და მისი ერთ-ერთი მკვლელი, კასიუსი, სირიის სამართავად ჩამოვიდა. ჰეროდეს მამა, ანტიპატრი ახლა კასიუსის მხარეს გადავიდა, მაგრამ საბოლოოდ თავისსავე გაბმულ ინტრიგებში გაიხლართა. ერთ-ერთმა მეტოქემ ანტიპატრი მოწამლა და იერუსალიმიც დაიკავა. ჰეროდემ მამის მკვლელი მოაკვლევინა. მალე კასიუსი და მისი ამხანაგი, ბრუტუსი ფილიპისთან, მაკედონიაში დაამარცხეს. გამარჯვებულები იყვნენ კეისრის დისწული, კეისრის შვილობილი - ოქტავიანე და ჩხუბისთავი გენერალი მარკუს ანტონიუსი. სამეულმა იმპერია გაიყო. ანტონიუსმა აღმოსავლეთი მიიღო. სირიაში ჩასულ ანტონიუსთან შესახვედრად ორი რადიკალურად განსხვავებული ინტერესის მქონე მმართველი მიიჩქაროდა: ერთ-ერთს ებრაული სამეფოს დამოუკიდებლობის აღდგენა სურდა, მეორეს - თავისი წინაპრების იმპერიის. ანტონიუსი და კლეოპატრა კლეოპატრა ანტონიუსთან ქარიზმატულ დედოფლად, იმდროინდელი მსოფლიოს ყველაზე სახელგანთქმული დინასტიის, პტოლემეიანთა, შთამომავლად წარდგა, როგორც ისიდა-აფროდიტე მივიდა თავის დიონისესთან, რათა ამ უკანასკნელს მისთვის წინაპართა მიწები ებოძებინა. შეხვედრა ორივესთვის საბედისწერო გამოდგა. ანტონიუსი კლეოპატრაზე თოთხმეტი წლით უფროსი, მაგრამ ძალების გაფურჩქვნის ასაკში იყო: სქელკისერა, ყბაგამოშვერილ და მხარბეჭიან, დაკუნთულფეხებიან, ამაყ ანტონიუსს ბევრი სმა უყვარდა. მას კლეოპატრამ თავბრუ დაახვია და რომაელი გენერალი მაშინვე ბერძნული კულტურისა და აღმოსავლური ფუფუნების მოტრფიალე გახდა - თავი ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრედ და ჰერაკლეს (და, რასაკვირველია, დიონისეს) შთამომავლად წარმოიდგინა. თუმცა, ანტონიუსმა ეგვიპტელებისგან პართიული ლაშქრობისთვის ფული და საგზალი მაინც მოითხოვა. ერთი სიტყვით, კლეოპატრასა და ანტონიუსს ერთმანეთი სჭირდებოდათ, ხოლო საჭიროება ხშირად სიყვარულის მშობელია. ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავიანთი საქმიანი და სასიყვარულო კავშირი კლეოპატრას დის მკვლელობით აღნიშნეს (კლეოპატრას უკვე მოეკლა თავისი ძმა). ანტონიუსს ჰეროდეც საჩქაროდ ეწვია. გენერალი ანტონიუსი ახალგაზრდობაში ეგვიპტეში მხედარმთავრად მსახურობისას ჰეროდეს მამას გამოეწრთო, ამიტომ ანტონიუსმა ჰეროდე და მისი ძმები იუდეის მმართველებად გაამწესა, მღვდელმთავარ ჰირკანს კი რეალური ძალაუფლება არ გააჩნდა. ჰეროდემ იერარქიული აღმასვლა სამეფო ნიშნობით აღნიშნა. მისი საცოლე მარიამი, მაკაბელი მეფის ასული, ერთდროულად ორი მეფის შვილიშვილი იყო. როგორც იოსებ ფლავიუსი წერს, მარიამის სხეული მის სახესავით მშვენიერი იყო. როგორც მომავალში გამოჩნდა, ეს ვნებიანი ურთიერთობა მათთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ანტონიუსი მის ტყუპებზე ფეხმძიმედ მყოფ კლეოპატრას ეგვიპტის დედაქალაქ ალექსანდრიაში გაჰყვა. როგორც კი ჰეროდემ კარიერული აღმასვლა დაიწყო, პართიელები სირიაში შეიჭრნენ. ჰირკანის ძმისწული ანტიგონე, მაკაბელი უფლისწული, პართიელებს 1000 ტალანტს და ხუთასგოგოიან ჰარამხანას შეჰპირდა იერუსალიმის სანაცვლოდ. პაკორი: პართიელი ჩუბინი ებრაული ქალაქი რომაელთა მარიონეტ ჰეროდეს და მის ძმას, ფასაელს აუჯანყდა. ტაძრის პირდაპირ მდგარ სასახლეში გამაგრებულმა ძმებმა აჯანყების ჩახშობა მოახერხეს, მაგრამ პართიელების დამარცხება სულ სხვა საქმე იყო. იერუსალიმი მაშინ პილიგრიმებით იყო სავსე - კვირეულის ზეიმი იმართებოდა - როცა მაკაბელთა მომხრეებმა ქალაქის კარიბჭე გააღეს და შემოუშვეს პართიელი უფლისწული პაკორი[48] და მისი პროტეჟე ანტიგონე. იერუსალიმი მაკაბელთა დაბრუნებას სიხარულით შეხვდა. პართიელებმა თავი ისე მოაჩვენეს, თითქოს ჰეროდესა და ანტიგონეს შორის პატიოსან შუამავლობას აპირებდნენ. ამის ნაცვლად, მათ ფასაელი მახეში გააბეს. ჰეროდეს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა; პართიელებმა იერუსალიმი გაძარცვეს და ანტიგონე იუდეის მეფედ და მღვდელმთავრად დანიშნეს.[49] ანტიგონემ ბიძამისი ჰირკანი დაასახიჩრა, ყურები დააჭრა და მღვდელმთავრის თანამდებობიდან ჩამოაქვეითა, ხოლო ფასაელი ან მოკლეს, ან თავი მოიკლა. ჰეროდემ იერუსალიმი და ძმა დაკარგა. ის რომაელებს ემხრობოდა, მაგრამ ახლო აღმოსავლეთი პართიელებმა დაიპყრეს. ჰეროდე მერყევი და ხანდახან დეპრესიულიც კი იყო, მაგრამ მისი ძალაუფლებისადმი ლტოლვა, მახვილი გონება, სიცოცხლის წყურვილი და თვითგადარჩენის ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. მან მაინც შეძლო თავის ხელში აყვანა და ემოციების მოთოკვა, შემდეგ ამალა შეკრიბა, რათა ღამით გაქცეულიყო და დახმარება ეთხოვა. ჰეროდე: კლეოპატრასთან გაქცევა ჰეროდე და მისი ამალა - ხუთასი ხარჭა, დედამისი, და და, რაც მთავარია, მაკაბელი საცოლე მარიამი - იერუსალიმიდან ცხენებზე ამხედრებული გაიჭრნენ და იუდეის მთა-გორაკებს შეაფარეს თავი. მეფე ანტიგონე ძალიან გააბრაზა ჰეროდეს გაქცევამ (როგორც ჩანს, მის ჰარამხანას პართიელებს იყო შეპირებული) და უკან ცხენოსნები დაადევნა. მთებში ჰეროდეს კიდევ ერთხელ სძლია სისუსტემ და კინაღამ თავი მოიკლა, მაგრამ მცველებმა დროზე წაჰგლიჯეს ხმალი, რომელსაც უნდა დაჰგებოდა. მალე ანტიგონეს ცხენოსნები მის ქარავანს დაეწივნენ, მაგრამ ჰეროდემ მხნეობა მოიკრიბა და ისინი დაამარცხა. შემდეგ თავისი მხლებლები მასადის აუღებელ მთის ციხესიმაგრეში დააბინავა, თვითონ კი ეგვიპტეში გაიქცა. ანტონიუსი უკვე რომში წასულიყო, მაგრამ ჰეროდე კლეოპატრამ მიიღო. დედოფალმა ჰეროდეს ალექსანდრიაში დასატოვებლად სამსახური შესთავაზა, მაგრამ ჰეროდემ რომისკენ გაცურა. თან თავისი საცოლის უმცროსი ძმა, იონათანი მიჰყავდა, რომელსაც იუდეის ტახტზე ასაყვანად ამზადებდა. ანტონიუსი, რომელიც თავად პართიელთა წინააღმდეგ ომისთვის ემზადებოდა, მიხვდა, რომ პატარა ბიჭი ამ საქმისთვის ვერ ივარგებდა; მას ჰეროდეს სისასტიკე და გამოცდილება სჭირდებოდა. სარჩევი ← …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 10:39am on ივნისი 5, 2015
თემა: ისტორიული ქრონოლოგია
მოძრაობაზე დაკვირვებით ადგენს ზუსტ ასტრონომიულ დროს. ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ის იყენებს მათემატიკური ქრონოლოგიის მონაცემებს და ადგენს წარსული მოვლენების თანმიმდევრობას.       კონკრეტულ დროს, როდესაც მოხდა ესა თუ ის მოვლენა, თარიღი ეწოდება. ისტორიული ქრონოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ზუსტი თარიღების დადგენაა, რაც ხშირად ფრიად რთულია. რატომ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ძველად სხვადასხვა ხალხებს დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემა ჰქონდათ და, თუ არ გავითვალისწინეთ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ეს სისტემები, თარიღის დადგენა შეუძლებელი გახდება. ისტორიული ქრონოლოგია სწავლობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემები, როგორ აღნიშნავდნენ ისინი თარიღებს, როგორ ჩამოყალიბდა დროის ათვლის თანამედროვე სისტემა და როგორ ხდება ძველი სისტემებით მოცემული თარიღის დროის აღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანა. დრო და დროის საზომი ერთეულები.       ადამიანს სამყაროს შემეცნებისათვის ისეთი განზომილებების შემოტანა სჭირდება, როგორიცაა: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და დრო. მართლაც, სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ჩვენ სივრცეს ვზომავთ, რაც აუცილებელი და საწყისი პირობაა მის შესასწავლად. დრო კი ისეთი განზომილებაა, რომლითაც ჩვენ სივრცის არსებობის ხანგრძლივობას და სივრცეში მოვლენათა თანმიმდევრობას აღვნუსხავთ. დროს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ამ საზომით ვზომავთ ჩვენ არათუ ადამიანის სიცოცხლის, არამედ მთელი სამყაროს ხანგრძლივობას. ადამიანის ცხოვრების მთელი ციკლი დროზეა აგებული. ქართული ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ: "დრონი მეფობენ და არა მეფენი".       განსაკუთრებული მნიშვნელობა დრომ თანამედროვე ცხოვრებაში შეიძინა. ამას კარგად გამოხატავს მთელს მსოფლიოში გავრცელებული გამოთქმა "დრო — ფულია".       ადამიანის ცხოვრებაში დროის ასეთი მნიშვნელობის გამო უძველესმა ადამიანებმა დროის გაღმერთება დაიწყეს. ამის საუკეთესო მაგალითია ძველი ბერძნული წარმართული სარწმუნოება, სადაც ქრონოსი დროისა და ჟამის აღმნიშვნელი სიტყვა, იმავდროულად, ბერძნულ წარმართულ რელიგიაში დრო და ჟამის ღვთაების სახელი იყო.       ვინაიდან დრო განზომილებაა, ბუნებრივია, მას თავისი საზომი ერთეულებიც ესაჭიროება. ასეთი ერთეულებია: წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული.       ადამიანს დროის საზომი ერთეულები აქ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით სულაც არ აღმოუჩენია. თავდაპირველად უძველესმა ადამიანმა დროის მხოლოდ ერთადერთი საზომი ერთეული — დღე-ღამე იცოდა. ეს დროის ის მონაკვეთია, რომელსაც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ერთხელ შემობრუნებას უნდება.       შემდეგ შუმერებმა დაახლ. 6 ათასი წლის წინ დღეღამე, ანუ დრო მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, ორ თანაბარ, თორმეტ-თორმეტ ნაწილიან მონაკვეთად დაყვეს. დაყოფის საფუძვლად თორმეტი იმიტომ აიღეს, რომ შუმერების რიცხვითი სისტემა სამოცეულებზე იყო აგებული, რომლის ერთ მეხუთედს თორმეტი წარმოადგენს.       ძველმა ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ დღისა და ღამის ხანგრძლივობა ყოველდღიურად იცვლებოდა, იმ დროს, როდესაც დღე-ღამის საერთო ხანგრძლივობა, ანუ დრო მზის ამოსვლიდან მზის მეორე ამოსვლამდე, უცვლელი რჩებოდა. ამიტომ შუმერებმა მთელი დღე-ღამე, 12+12, ანუ ოცდაოთხ თანაბარ ნაწილად დაყვეს. ამგვარად მათ დროის შედარებით მცირე საზომი ერთეული საათი შექმნეს, რომელიც დღე-ღამის ერთი ოცდამეოთხედია. მათვე საათი, როგორც დროის საზომი ერთეული, სამოც უფრო მცირე ერთეულად წუთად, ხოლო წუთი კი ასევე 60 კიდევ უფრო მცირე ერთეულად წამად და ა. შ. დაყვეს.       დროის უფრო მცირე ერთეულებად — წუთებად, წამებად და ა.შ. დაყოფა საუკუნეთა განმავლობაში ძირითადად, უფრო თეორიული გამოთვლებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ადამიანს დროის ათვლის ზუსტი ხელსაწყო ანუ საათი, რომელიც დროის ამ მცირე ერთეულების ზუსტად ათვლას შეძლებდა, არ გააჩნდა.       უძველესი საათი მზის საათი იყო, რომელიც დროს მზის ჩრდილის მოძრაობის მიხედვით აითვლიდა. მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ ასეთი საათით დროის ათვლა მხოლოდ მზიან ამინდში შეიძლებოდა. დაახლოებით 3500 წლის წინ ადამიანმა წყლის საათი გამოიგონა, სადაც დროის ათვლა ერთი ჭურჭლიდან მის ქვემოთ მდებარე ჭურჭელში გადასული წყლის რაოდენობის მიხედვით ხდებოდა. იმავდროულად ამავე პრინციპზე მომუშავე ქვიშის საათიც შექმნეს. ასეთ საათში წყალს ქვიშა ცვლიდა. პირველი მექანიკური, ქანქარიანი საათი მხოლოდ X ს-ის მიწურულს გაჩნდა.       ადამიანმა ძალზე ადრე შეამჩნია, რომ ყოველი ახალი მთვარიდან შემდგომ ახალ მთვარემდე ყოველთვის ერთი და იგივე დრო გადიოდა. ასე აღმოაჩინა მან დროის ახალი ერთეული თვე. თავდაპირველად თვე მთვარის იყო. სწორედ ამან განაპირობა, რომ თვის სახელწოდება მრავალ ენაში მთვარის სახელთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ბერძნულში მენე მთვარეს ნიშნავს, მენ — თვეს; ინგლისურში moon — მთვარეა, month — თვე; გერმანულში mond მთვარეა, monat — თვე; რუსულში месяц — მთვარესაც ნიშნავს და თვესაც; ქართულ სიტყვებს თვე/თუე-ს და მ-თუ-არ-ე-საც ერთი ძირი აქვთ. მთვარის თვის ხანგრძლივობა დროის იმ მონაკვეთის ტოლია, რომლის განმავლობაში მთვარე დედამიწის ირგვლივ ერთ შემობრუნებას უნდება. ეს დრო ადამიანის თავდაპირველი უხეში გამოანგარიშებით 30 დღეს უდრიდა.       მოგვიანებით, ჯერ კიდევ შუმერმა ასტრონომებმა მთვარის ასტრონომიული, ანუ სინოდალური თვე ზუსტად დაადგინეს (29 დღე, 12 სთ., 44 წთ., 2,6 წამი) და ის 29.5 დღით განისაზღვრა.       მიუხედავად ამისა, შუმერების აღმოჩენა იმჟამინდელ მსოფლიოში მყისიერად როდი გავრცელდა. ახალი ცოდნის ათვისებამდე ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში მთვარის თვე ერთ ხანს კვლავაც ოცდაათდღიანი რჩებოდა. ადამიანი დედამიწის ირგვლივ მბრუნავ მთვარეს სხვადასხვა სისრულით ხედავს: ვიწრო ნამგლისებური, ნახევარი, არასრული და სრული მთვარე. ამას მთვარის ფაზები ეწოდება. მთვარის ეს ფაზები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საფუძვლად დაედო ძველი ადამიანის მიერ თვის უფრო მომცრო ნაწილებად — კვირებად დაყოფას.       სეზონური ცვლილებებისადმი თვალისდევნება უძველესი ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ის სოფლის მეურნეობის ციკლს უკავშირდებოდა: ხვნა-თესვა, მკა, თიბვა, რთველი და სხვ. ბუნებრივია, ადამიანებმა ადრევე შეამჩნიეს, რომ გარკვეული თვეების განმავლობაში თბილი სეზონი ცხელი სეზონით იცვლება, ცხელი — გრილით, გრილი — ცივით და, რომ სეზონთა ასეთი ცვლა დაახლოებით თორმეტი მთვარის თვის გასვლის შემდეგ კვლავ მეორდებოდა. ასე აღმოაჩინა ადამიანმა დროის კიდევ ერთი საზომი ერთეული — მთვარის წელიწადი.       მთვარის წელიწადი, შუმერებმა ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ თორმეტ თვედ დაყვეს და მთვარის ასტრონომიული თვის მიხედვით წელიწადის ხანგრძლივობა 354/55 დღით განსაზღვრეს.       სხვა ხალხებში კი მაგალითად, ძველ ეგვიპტელებში წელიწადის ხანგრძლივობა ოცდაათდღიან მთვარის თვეზე დაყრდნობით კარგა დიდხანს კვლავ 360-დღიანი დარჩა.       თანდათანობით ადამიანები მიხვდნენ, რომ მთვარის წელიწადი არ იყო დროის იდეალური საზომი სასოფლო სამუშაოების წარმოებისათვის, ვინაიდან ყოველწლიურად ამ სამუშაოების დაწყების დრო წინა წელთან შედარებით დაახლოებით ათი დღით ინაცვლებდა. ამის მიზეზი ის არის, რომ სეზონების რეალურ ცვალებადობას, რომელიც მზის ციკლს და მზის, ანუ ასტრონომიულ წელიწადს შეესაბამება, მთვარის წელიწადი 10/11 დღით ჩამორჩება.       მზის ანუ ასტრონომიული წელიწადი ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელმა და ბაბილონელმა ასტრონომებმა — 365 დღით განსაზღვრეს, მაგრამ მათ მიერ გამოთვლილი მზის წელიწადი რეალურ ასტრონომიულ წელიწადს 5 სთ-ით, 48 წთ-ითა და 46 წამით ჩამორჩებოდა. ეს ცდომილება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ძველეგვიპტელ სწავლულთა გამოთვლების საფუძველზე შედგენილ რომაულ-იულიუსის კალენდარმა მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა. კვირა და კვირის დღეები.       უძველესი დროიდან ადამიანმა თვეების უფრო მცირე მონაკვეთებად, ანუ კვირებად დაყოფა დაიწყო. თავდაპირველად სხვადასხვა ხალხებში კვირა დღეების განსხვავებულ ოდენობას მოიცავდა. შვიდდღიანი კვირა პირველად შუმერებმა დაამკვიდრეს და მათგან ბაბილონელებმა გადაიღეს. ამას საფუძვლად მთვარის ოთხი ფაზის მონაცვლეობა დაედო. შვიდდღიანი კვირის ცალკეულ დღეებს ბაბილონელებმა და მათი გავლენით, საერთოდ, მსოფლიოს მრავალმა ხალხმა შვიდი მნათობი ღვთაების სახელი შეარქვა. ამ შვიდ მნათობღვთაებაში მხოლოდ იმჟამად ცნობილი ხუთი პლანეტა, მზე და მთვარეც მოიაზრებოდა, რომლებსაც ძველი ასტრონომები შეცდომით, პლანეტებად მიიჩნევდნენ.       სიტყვა პლანეტა — მოხეტიალეს ნიშნავს. ადამიანმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ პლანეტების ცაზე მოძრაობა ვარსკვლავების მოძრაობისგან განსხვავდებოდა, ამიტომ მათ "მოხეტიალე" უწოდა. პლანეტების აღმნიშვნელი ძველქართული სიტყვა "ცთომილია", რაც აგრეთვე, მათ "მცდარ მოძრაობას" უკავშირდება.       ანტიკურ ხანაში ადამიანი მისთვის პლანეტებად მიჩნეულ შვიდ ციურ სხეულს (მზე, მთვარე და პლანეტები: მერკური, მარსი, ვენერა, იუპიტერი, სატურნი) აღმერთებდა. სხვა პლანეტებს ადამიანი XVI ს-მდე არ იცნობდა, რადგან მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.       ძველი ებრაელებიც, მეზობელი უძველესი შუამდინარეთის ხალხების შუმერებისა და ბაბილონელების გავლენით, იმთავითვე, თვეს შვიდდღიან მონაკვეთებად ყოფდნენ. ამას, უპირველეს ყოვლისა, "ძველი აღთქმა" მოწმობს, რომლის მიხედვით ღმერთმა სამყარო ექვსი დღის განმავლობაში შექმნა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ვინაიდან ებრაელებს მხოლოდ ერთი ღმერთი სწამდათ, ბუნებრივია, კვირის დღეებს ღვთაება-მნათობების სახელებს ვერ დაარქმევდნენ. ამიტომაც, სახელები დღეებს თავიანთი რელიგიური წესების შესაბამისად შეარქვეს: ძველ ებრაულად დასვენებას "შაბბათ" ეწოდება; ამიტომ იმ დღეს, როდესაც სამყაროს შექმნის (რომელიც 6 დღე გრძელდებოდა) შემდეგ, ღმერთმა დაისვენა, ებრაელებმა "შაბათი", ანუ დასვენების დღე უწოდეს და კვირის დანარჩენი ექვსი დღე შაბათიდან აითვალეს: შაბათის შემდეგ პირველი დღე, მეორე დღე, მესამე დღე და ა.შ.       კვირის დღეების ასეთი დასახელება ებრაელებიდან ძველმა სპარსელებმა გადაიღეს. სავარაუდოდ, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც აქემენიანთა სპარსეთის პირველმა მბრძანებელმა კიროსმა (ძვ. წ. VI ს.) ბაბილონი აიღო და ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ დატყვევებული ებრაელები გაათავისუფლა.       ებრაელებისაგან განსხვავებით სპარსელებმა შაბათის, მათი გამოთქმით "შამბეჰის" შემდგომ დღეებს იექ(ერთი)შამბეჰი, დუ(ორი)-შამბეჰი, სე(სამი)-შამბეჰი და ა. შ. უწოდეს.       კვირის დღეების სახელების ეს სპარსული ვერსია შეითვისეს ჩვენმა წინაპრებმაც. ამიტომაც კვირის დღეების ერთ ნაწილს ქართულად დღესაც: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი ეწოდება.       შვიდდღიანი კვირა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში ძვ. წ. I საუკუნისათვის უკვე საყოველთაოდ გავრცელდა. ებრაული წარმოშობის რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამის თაობაზე აღნიშნავს, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში არცერთი ქალაქი და არცერთი ხალხი არ დარჩა, რომელიც მისი მშობლიური ხალხის (ანუ ებრაელების) მსგავსად, ყოველ მეშვიდე დღეს არ ისვენებდეს.       ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ რომაულ კალენდარში კვირის მეშვიდე, დასვენების დღეს, წარმართული პლანეტა-ღვთაება სატურნის სახელის ნაცვლად "საბბატუსი" ეწოდა, ვინაიდან რომაელები შაბათს "საბბატუს"-ად გამოთქვამდნენ. დანარჩენ დღეებს კი კვლავ ძველი მნათობი-ღვთაებების სახელები დარჩათ. რომის იმპერიის ბერძნულენოვან მოსახლეობაში კი, რომაელებისაგან განსხვავებით, კვირის დღეების წარმართული, ბერძნულ-რომაული მნათობ-ღვთაებების სახელები მთლიანად ებრაულის მსგავსად შეიცვალა, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ბერძნებმა შაბათის, ანუ ებრაული მეშვიდე დასვენების, იმავე "უფლის დღის" წინა, მეექვსე დღეს, პარასკევი შეარქვეს, რაც ბერძნული ზმნიდან "პარასეკო" მოდის და სიტყვასიტყვით "მომზადებას", ანუ "საუფლო დღისათვის" — შაბათისათვის მომზადებას ნიშნავს.       პარასკევის ეს სახელწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ცნობილ ფაქტს, რომ თავდაპირველად ქრისტიანები, ებრაელების მსგავსად, "უფლის", ანუ დასვენების დღედ სწორედ შაბათს მიიჩნევდნენ.       325 წ-ის ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაისვა საკითხი, კვირის რომელი დღე ექციათ ქრისტიანებს დასვენების, ანუ უფლის დღედ. გადაწყდა, რომ ასეთად მზის დღე მიეჩნიათ, რომელიც, ბერძნულრომაულ წარმართულ კალენდარში, როგორც ვიცით, შაბათის შემდეგ პირველი დღე იყო. შესაბამისად, მზის დღეს ლათინურად "დომინიკუს", ბერძნულად კი კვირიაკე ეწოდა, რაც ამ ენებზე "ღვთის, უფლის დღეს" ნიშნავს. ამგვარად, ქრისტიანობის გავლენით რომაულ კალენდარში სახელები გადაერქვათ მხოლოდ კვირის მეშვიდე დღეს, რომელსაც შაბათი ეწოდა და პირველ, მზის დღეს, რომელსაც "დომინიკუს", ანუ უფლის დღე ეწოდა. ამიტომ რომაულის ანუ ლათინურისგან მომდინარე ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ და ა.შ. ენებში საბატუსის და დომინიკუსის გარდა კვირის სხვა დღეებს კვლავაც ძველი წარმართული სახელები დარჩათ.       გერმანულენოვან ხალხებში, ანუ იმ ენებში, რომლებიც ძველი გერმანული ენიდან განვითარდნენ (საკუთრივ გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური და ა.შ.) ებრაული "შაბათი" არ შესულა, ამიტომ ამ ენებში კვირის დღეებს ახლაც ნაწილობრივ ძველგერმანულ, ნაწილობრივ კი რომაულ წარმართ მნათობ-ღვთაებათა სახელები ეწოდებათ. საუკუნე და ათასწლეული.       დროთა განმავლობაში ადამიანმა დროის კიდევ ერთი დიდი საზომი ერთეული — საუკუნე შემოიღო. თავდაპირველად ამ ტერმინით იმ დროს აღნიშნავდნენ, რომელიც ერთი თაობის მეორე თაობით შეცვლას სჭირდება. ამიტომ, საუკუნე ძველ ებრაელებთან ორმოც წელს, ხოლო ძველ რომაელებთან ოცდათხუთმეტ წელს უდრიდა. შემდეგ რომაელები საუკუნედ უკვე 110 წელს ანგარიშობდნენ. ჯერ კიდევ დაახლოებით სამასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები სიტყვა საუკუნეს ათასწლეულის აღსანიშნავად ხმარობდნენ. საუკუნე ასი წლის მნიშვნელობით შედარებით გვიან დამკვიდრდა. რაც შეეხება დროის კიდევ ერთ საზომ ერთეულს ათასწლეულს, ის 10 საუკუნეს, ანუ 1000 წელს ნიშნავს. კალენდარი.       დროის დღე-ღამეებად, კვირებად, თვეებად, წელიწადებად აღრიცხვის სისტემას კალენდარი ეწოდება.       უძველესი დროიდან რელიგიური დღესასწაულები მთვარის ფაზების მიხედვით იყო აგებული. ამიტომ, პირველი კალენდარი, რომელიც ადამიანმა შექმნა, მთვარის კალენდარი იყო.       მთვარის კალენდარი რელიგიური დღესასწაულების გამოთვლებისათვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც გვახსოვს, მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე 10/11 დღით ნაკლებია, ეს კი ახალ წელს, რელიგიურ დღესასწაულებსა და სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას დროში ანაცვლებდა.       ამის თავიდან ასაცილებლად ძველმა ასტრონომებმა მთვარის კალენდრის მზის წელიწადთან მისადაგება დაიწყეს და მთვარე-მზის კალენდარზე გადავიდნენ.       იმისთვის, რომ მთვარე-მზის კალენდარი მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო კალენდარს მე-13 თვეს უმატებდნენ, რომელსაც ძველი ბერძნები "ემბოლისმურ", ანუ "ჩამატებულ თვეს" უწოდებდნენ.       ბაბილონური, იგივე ხამურაბის კალენდარი. შუმერები პირველები იყვნენ, რომლებმაც მთვარის კალენდარი მთვარე-მზის კალენდრით შეცვალეს. შუმერებისაგან მთვარე-მზის კალენდარი ბაბილონის ძველმა სამეფომ გადაიღო, რომლის პირველმა მეფემ — ხამურაბმა ის თავის სამეფოში სავალდებულოდ გამოაცხადა.       ებრაული კალენდარი. წარსულში მთვარე-მზის კალენდარს მრავალი ხალხი იყენებდა. დღეს ასეთ კალენდარს ოფიციალურად მხოლოდ ებრაელთა სახელმწიფოში, ისრაელში, ხმარობენ. ამ კალენდარს გარკვეული პერიოდულობით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი მეცამეტე — "ემბოლისმური თვე" ემატება.       რომაული და ეგვიპტური კალენდრიდან თანამედროვე კალენდრამდე. ძველი რომაული კალენდარი. თავდაპირველად ძვ. წ. VIII ს-ში. რომაელებს ათთვიანი კალენდარი ჰქონდათ, რომელიც წელიწადს მხოლოდ გაზაფხულიდან ზამთრის დაწყებამდე მოიცავდა. ასეთი წელიწადი 304 დღისაგან შედგებოდა. წელიწადის დარჩენილ ზამთრის დღეებს რომაელები თვეებად არ ყოფდნენ და არც კალენდარში შეჰქონდათ. ისინი უბრალოდ ახალი გაზაფხულის დაწყებას ელოდებოდნენ, რომ წელიწადის თვეების ახალი ათვლა დაეწყოთ. დღეისათვის საყოველთაოდ გავრცელებული ზოგიერთი თვის სახელწოდება იმ შორეული წარსულიდან მოდის. რომაელთა უძველესი კალენდრით წელიწადი გაზაფხულზე იწყებოდა. მის პირველ თვეს, რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად, მარტიუსი (მარტი) ეწოდებოდა. შემდგომი თვე იყო აპრილისი (აპრილი), რომელიც ლათინურად, ანუ რომაულად კვირტის გამოსვლას, გაფურჩქვნას ნიშნავს. ეს თვე სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთის — ვენერას თვედ მოიაზრებოდა.       აპრილის შემდგომ თვეს ნაყოფიერი მიწის ქალღმერთის მაიუსის (მაისი), ხოლო მის მომდევნოს, რომაელთა უმაღლესი ღვთაების იუპიტერის მეუღლის, გამარჯვების ქალღმერთ — იუნონას პატივსაცემად იუნიუსი (ივნისი) ეწოდებოდა. კალენდრის შემდგომ თვეებს სახელად რიცხვითი სახელები ჰქონდათ: კვინტილისი — მეხუთე, სექტილისი — მეექვსე, სეპტემბერი — მეშვიდე, ოქტობერი — მერვე, ნოვემბერი — მეცხრე, დეცემბერი — მეათე.       ძვ. წ. VII ს-ში რომაელებმა კალენდარს ორი თვე — იანუარიუსი (იანვარი) და ფებრუარიუსი (თებერვალი) დაუმატეს. პირველი სახელწოდება ორსახოვანი ღმერთის — იანუსის სახელიდან მოდის. შემდეგ თვეს კი ფებრიუსი რომაელებმა ქვესკნელის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. რომაელებს ლუწი რიცხვები არ უყვარდათ, რადგან ამ რიცხვებს, მათი აზრით, უბედურება მოჰქონდა. ამიტომ, ახალ კალენდარში ოთხი თვე 31 და შვიდი თვე 29 დღისაგან შედგებოდა. ერთადერთი თებერვალი იყო, რომელიც ლუწ, 28 დღეს ითვლიდა.       ამგვარად რომაელებმა სრული მთვარის, ანუ 355დღიანი კალენდარი მიიღეს, რომელსაც იმისათვის, რომ მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო მე-13, ემბოლისმურ თვეს უმატებდნენ.       მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე, როგორც ვიცით, ნაკლებია. ამიტომ, პონტიფიკებმა, იგივე უმაღლესმა ქურუმებმა, რომლებიც რომში კალენდარს განაგებდნენ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის ბოლოს მასში ემბოლისმური თვის შეტანა დაიწყეს. ამ დამატებითი თვის დღეების ოდენობასაც პონტიფიკები თვითონ ადგენდნენ. შესაბამისად, მათ ნებაზე იყო დამოკიდებული მომავალი ახალი წლის პირველი დღის გამოცხადებაც. ვინაიდან რომში უმაღლესი ხელისუფლება ყოველწლიურად იცვლებოდა, იმთავითვე რომის კალენდარი პოლიტიკური ინტრიგებისა და კორუფციის წყაროდ იქცა. ქურუმები, როდესაც რომის არჩევითი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები მათ ახლობლებს ეკავათ, წელიწადის ხანგრძლივობას დამატებითი დღეების შეტანით აგრძელებდნენ და პირიქით. წლის გახანგრძლივებას და ახალი წლის დაწყების დაგვიანებას სხვა, წმინდა ფინანსური ინტერესებიც განაპირობებდა. საქმე ის არის, რომ გადასახადებისა და ვალების გადახდა რომში ახალი წლის დასაწყისში ხდებოდა. ამიტომ, რომის მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს ახალი წლის მოსვლა სულაც არ ეჩქარებოდა. ესეც კალენდრით მანიპულაციის დამატებითი მიზეზი ხდებოდა.       ამიტომაც, რომაული წელიწადი ასტრონომიულ წელიწადზე ხან ნაკლული იყო და ხანაც მას აჭარბებდა. შესაბამისად, პონტიფიკებიც კალენდარს ხან დაგროვილ ნამატ დღეებს აკლებდნენ, ხან კი ნაკლულს უმატებდნენ.       ყოველივე ამის წყალობით ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში რომაული კალენდარი რეალური დროისაგან ისე განსხვავდებოდა, რომ მოსავლის აღების ზეიმი ზამთარზე მოდიოდა.       იმ პერიოდის რომაული კალენდრის პარადოქსებზე XVIII ს-ის ფრანგი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე ვოლტერი იუმორით აღნიშნავდა: "ძველი რომაელი მხედართმთავრები ყოველთვის იმარჯვებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, კალენდრის რომელ დღეზე მოდიოდა მათი გამარჯვება".       ძველეგვიპტური კალენდარი.       თავდაპირველად ძველი ეგვიპტელები ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხი, 360-დღიან, ანუ დამრგვალებულ მთვარის კალენდარს იყენებდნენ. ძველი ეგვიპტელები თვეების უმეტესობას თავიანთი ღმერთების სახელებს უწოდებდნენ. ისინი წელიწადს სამ: დატბორვის, ანუ ხვნა-თესვის, გამოჩენის, ანუ მოსავლის აღების და გვალვის ოთხ-ოთხ თვიან სეზონებად ყოფდნენ.       მთვარის კალენდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი მიწათმოქმედი ხალხისათვის, როგორიც ძველი ეგვიპტელები იყვნენ, ძალზე მოუხერხებელი იყო იმიტომ, რომ ის სეზონურ ცვალებადობას, რომელზედაც ნილოსის წყალდიდობა იყო დამოკიდებული, ვერ ასახავდა.       ეგვიპტელმა ქურუმებმა თანდათან შეამჩნიეს, რომ ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — სირიუსის გამოჩენა, რომელსაც ისინი "სოტის" ეძახდნენ, ყოველთვის ზაფხულის მზებუდობას — 19 ივლისს და ეგვიპტეში ნილოსის ადიდების დაწყებას ემთხვეოდა. ნილოსის ყოველწლიური ადიდების დასაწყისი ეგვიპტეში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან ამ დღიდან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყებოდა. ამიტომ, ქურუმები სირიუსის ცაზე გამოჩენას ხალხს საზეიმოდ ამცნობდნენ.       თანდათანობით, ცაზე დაკვირვების შედეგად, ეგვიპტელებმა სირიუსის პირველად გამოჩენის და ზაფხულის მზებუდობის დღის გამოთვლა შეძლეს. ამან ეგვიპტელებს მზის კალენდრის შემუშავების საშუალება მისცა.       ამგვარად, შუმერების კვალდაკვალ ძველი ეგვიპტელი ასტრონომებიც მივიდნენ იმის ცოდნამდე, რომ მთვარის ასტრონომიული წელიწადი 354/355, მზის ასტრონომიული წელი კი 365 დღისაგან შედგებოდა. როგორც ვიცით, მზის ასტრონომიული წელი იმხანად აბსოლუტური სიზუსტით ვერ იყო გამოთვლილი. მიუხედავად ამისა, მზის კალენდარი ბევრად მოხერხებული იყო. ამან ეგვიპტელ ქურუმებს კალენდრის რეფორმა და მზის კალენდარზე გადასვლა აფიქრებინა.       მიუხედავად ამისა, ძველი ეგვიპტელების შეგნებაში 360-დღიანი მთვარის კალენდარი იმდენად მყარად იყო გამჯდარი, რომ ქურუმებს ღმერთების ავტორიტეტის მოშველიება და ლამაზი მითის შექმნა დასჭირდათ, რათა კალენდარში ხუთი დღის დამატება გაემართლებინათ.       ეგვიპტური მითის თანახმად, დედამიწის ღმერთის გების მეუღლე, ცის ქალღმერთი — ნუტი ღამღამობით შვილებს — ცის ვარსკვლავებს — აჩენდა, რომელთაც ყოველ დილას თავადვე ყლაპავდა. მაშინ გაბრაზებულმა მზის ღმერთმა რამ ქალღმერთს წელიწადის ყველა დღეს ახალი შვილების გაჩენა აუკრძალა. მაშინ ნუტიმ დახმარებისათვის სიბრძნისა და მეცნიერების ღმერთს თოთის მიმართა. თოთიმ ქალღმერთი ნუტისათვის რომ ეშველა, კოჭის თამაშში მთვარის ქალღმერთს წელიწადის 1/75, ანუ ხუთი დღე მოუგო. ამან ქალღმერთ ნუტის ხუთი შვილის შობის საშუალება მისცა. მათი დაბადების დღეები მთვარის ქალღმერთიდან მზის ღმერთ რას გადაეცა. ამით მზის წელიწადი ხუთი დღით დაგრძელდა, ხოლო მთვარის წელიწადი ხუთი დღით შემცირდა. მზის კალენდრისათვის დამატებულ დღეებს ძველი ეგვიპტელები ქალღმერთ ნუტის ამ ხუთი შვილის სახელს ეძახდნენ, რომლებიც, ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, სიკვდილის შემდეგ ღმერთებად იქცნენ.       ეგვიპტელებს არც მთვარის კალენდარი დავიწყებიათ. ხუთი დღით, ანუ 355 დღემდე შემცირებულ მთვარის კალენდარს ისინი რელიგიური რიტუალებისათვის ქრისტიანობის მიღებამდე იყენებდნენ.       როგორც ვიცით, მზის წელიწადი 365 დღეს აღემატება. ასე რომ, ძველი ეგვიპტური კალენდარი ასტრონომიულ დროს წელიწადში სულ ცოტა 1/4 დღით ჩამორჩებოდა, რაც თანდათანობით დიდი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა, ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის დღესასწაულები მნიშვნელოვნად ინაცვლებდნენ.       ძვ. წ. III ს-ში, ფარაონ ევერგეტის ხანაში, ეგვიპტელთა კალენდარი კიდევ ერთხელ გასწორდა და მას ერთი დღე დაემატა. ეს დღე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ კალენდარს ბოლო თვის გასვლის შემდეგ ემატებოდა და მიცვალებულთა ხსოვნასა და ცოდვათა მონანიებას ეთმობოდა.       ფარაონის ბრძანებულების მიუხედავად ეგვიპტელებმა ახალი კალენდარი არ მიიღეს და თითქმის ორ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრებას კვლავ ძველი კალენდრით განაგრძობდნენ.       მხოლოდ ახალი და ძველი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, რომის კეისრის ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით, რომელმაც მანამდე ეგვიპტე საბოლოოდ დაიქვემდებარა, ეგვიპტელები ახალ კალენდარზე გადავიდნენ, რომელსაც საფუძვლად რომაული, იგივე იულიუსის კალენდარი დაედო.       იულიუსის კალენდრის ამ ეგვიპტურ ვარიანტს ალექსანდრიული კალენდარი ეწოდა. მას ქრისტიანი ეთიოპელები და კოპტები დღესაც იყენებენ.       იულიუსის კალენდარი. პარადოქსი ისაა, რომ ეს ახალი რომაული, ანუ იულიუსის კალენდარი, რომელიც ოქტავიანე ავგუსტუსმა ეგვიპტეში დანერგა, ძველეგვიპტელების მიერ ორი საუკუნის წინ დაწუნებულ ევერგეტის კალენდარს ეფუძნებოდა.       ამ კალენდარს რომის სახელგანთქმული უმაღლესი ხელისუფალი იულიუს კეისარი ეგვიპტეში ყოფნის დროს გაეცნო. მან, როგორც ირკვევა, კალენდართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც რამდენიმე ნაშრომად გამოაქვეყნა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ იულიუს კეისარმა რომის ახალი კალენდრის შედგენა ალექსანდრიელ ეგვიპტელ სწავლულს, სოზიგენეს დაავალა.       სოზიგენეს მიერ ძვ. წ. 46 წელს შემუშავებული კალენდარი საფუძვლად უდევს თანამედროვე კალენდარს. მას იულიუს კეისრის სახელის მიხედვით, იულიუსის კალენდარი ეწოდება.       იულიუსის კალენდრით წელიწადის ხანგძლივობა 365, 25 დღით განისაზღვრა. ამიტომ 365-დღიან კალენდარს ყოველ მეოთხე წელს ერთი დღე ემატებოდა. კალენდარი 12 თვისაგან შედგებოდა, სადაც კენტი თვეები 31, ლუწი თვეები კი — 30 დღეს მოითვლიდა. მხოლოდ თებერვალი, მათგან განსხვავებით, ჩვეულებრივ 29, ხოლო ნაკიან წელს 30 დღეს მოიცავდა. წელიწადის თვეებს კვლავ ძველი რომაული სახელები დარჩათ.       ახალი კალენდარი ძალაში ძვ. წ. 45 წელს შევიდა. იმ წელს ახლად არჩეულმა რომის უმაღლესმა სახელმწიფო მოხელეებმა — კონსულებმა თავიანთი თანამდებობის აღსრულება 1 იანვარს დაიწყეს, ამიტომ ეს დღე, იულიუსის კალენდრით, ახალი წლის დასაწყისად გამოცხადდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალი წლის 1 იანვრიდან დაწყების ტრადიციას.       რომის სენატმა ახალი კალენდრის დამკვიდრების საქმეში და, საერთოდ, რომაელი ხალხის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, კალენდრის მე-7 თვედ ქცეულ ძველ მეხუთე, კვინტილიუსის თვეს იულიუს კეისრის სახელი იულიუსი (ივლისი) უწოდა.       იულიუს კეისრის შეთქმულთა ხელით სიკვდილის შემდეგ, პონტიფიკებმა, რომელთაც რომში, კალენდარზე თვალყურის დევნება ევალებოდათ, ახლად მიღებულ კალენდარში ნაკიან წელიწადად ყოველი მეოთხე წლის ნაცვლად, ყოველი მესამე წელიწადი გამოაცხადეს, რაც კალენდრის ასტრონომიულ საფუძველს ეწინააღმდეგებოდა.       ქურუმების ეს შეცდომა იულიუს კეისრის მემკვიდრემ, რომის იმპერატორმა, ოქტავიანე ავგუსტუსმა, ანუ ღვთაებრივმა გამოასწორა. მისი ბრძანებით, 16 წლის განმავლობაში ძვ. წ. 9 წლიდან ახ. წ. 7 წლის ჩათვლით, ნაკიანი წლები აღარ აღინიშნებოდა. იულიუსის კალენდარი სრული სახით მხოლოდ ახ. წ. 8 წელს აღდგა.       რომის სენატმა ოქტავიანე ავგუსტუსის კალენდრის წინაშე ეს ამაგი და, ზოგადად, რომაელი ხალხის წინაშე დამსახურება იმით უკვდავყო, რომ ივლისის მომდევნო, კალენდრის მე-8 თვეს მისი ტიტული — ავგუსტუსი (აგვისტო) უწოდა. თანაც ამ 30-დღიან თვეს 31-ე დღე დაუმატა, რომელიც წელიწადის მეორე თვეს, ფებრიარუსს (თებერვალი) ჩამოაკლო. კალენდრის ცვლილება ამაზე არ შეჩერებულა. სამი თვე: ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ზედიზედ 31-დღიანი რომ არ ყოფილიყო, სექტემბერს 31-ე დღე ჩამოართვეს და ოქტომბერს დაუმატეს. ამის შემდეგ ცვლილება იულიუსის კალენდარში აღარ შესულა.       325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი ქრისტიანებისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა. ამ დროისათვის გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე მოდიოდა. ეს ქრისტიანულ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას უადვილებდა. ნიკეის კრების დადგენილების მიუხედავად, იულიუსის კალენდარი სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში სულ სხვადასხვა დროს დამკვიდრდა.       ერთ-ერთი პირველები ქრისტიან ხალხებს შორის, რომლებმაც იულიუსის კალენდარი მიიღო, ქართველები იყვნენ, მათ ახალი კალენდრით, მანამდე საქართველოში გავრცელებული, ძველი სპარსული კალენდარი ჩაანაცვლეს.       გრიგორიანული კალენდარი.       იულიუსის კალენდრის წელიწადი ასტრონომიულზე 11 წუთითა და 14 წამით ნაკლები აღმოჩნდა, რაც ყოველ 128 წელიწადში ერთი დღეღამის განსხვავებას იძლეოდა. ამის გამო, გაზაფხულის ბუნიობა კალენდრის მიხედვით სულ უფრო და უფრო უკან ინაცვლებდა. ეს დღე XVI ს-ში 21 მარტის ნაცვლად 11 მარტზე მოდიოდა. იულიუსის კალენდრის უზუსტობა განსაკუთრებით თვალში საცემი XIV ს-დან გახდა.       კალენდარში არსებული უზუსტობის შესახებ პირველად აზრი XIV ს-ის დასაწყისში ბიზანტიელმა სწავლულებმა გამოთქვეს, რომლებმაც ბიზანტიის კეისარს კალენდრის რეფორმა შესთავაზეს.       მათ კეისარს ყურადღება იმ ფაქტზე მიაქცევინეს, რომ გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე უკვე აღარ მოდიოდა და, შესაბამისად, აღდგომის დღეც იგვიანებდა, მაგრამ ამას კეისრის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.       კალენდრის რეფორმის აუცილებლობას კათოლიკური ეკლესიაც ხედავდა. XV ს-ის 70-იან წლებში ამ მიმართულებით რომის პაპის მცდელობა მარცხით დამთავრდა, ვინაიდან რეფორმის გატარების მიზნით რომში სპეციალურად მიწვეული გამოჩენილი ასტრონომი და მათემატიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც კალენდრის რეფორმა ას წელზე მეტი ხნით გადადო.       1582 წელს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდრის რეფორმის გასატარებლად პროექტების განხილვა სპეციალურ კომისიას დაავალა. კალენდრის რეფორმის პროექტების განმხილველ კომისიაში იმ ხანის გამოჩენილი მეცნიერები შედიოდნენ. კომისიამ შეთავაზებული პროექტები განიხილა და გამარჯვებულად ცნობილი იტალიელი ექიმი და მათემატიკოსი ლუიჯი ლილიო აღიარა. თვით ალიოზი იმ ხანად გარდაცვლილი იყო და პროექტი კომისიას მისმა ძმამ წარუდგინა.       ლუიჯის პროექტზე დაყრდნობით, იმავე 1582 წლის 24 თებერვალს გრიგოლ XIII-მ სპეციალური დადგენილებით კალენდარში ცვლილებები შეიტანა. იმ ხანად იულიუსის კალენდრის ცდომილება ათ დღეს შეადგენდა. ამიტომ რომის პაპის ბრძანებით, 1582 წლის 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოცხადდა. ამით საგაზაფხულო ბუნიობა კვლავ 21 მარტზე მოვიდა.       მიუხედავად იმისა, რომ ლუიჯი ლილიო იყო ახალი კალენდრის შემქმნელი, მას რეფორმის ორგანიზატორის და სულის ჩამდგმელის რომის პაპის გრიგოლ XIII-ის სახელის მიხედვით გრიგორიანული კალენდარი ეწოდა.       გრიგორიანული კალენდრის შემოღების შემდეგ იულიუსის კალენდრით დროის აღნიშვნას ძველი სტილი, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშვნას ახალი სტილი ეწოდა.       ახალი კალენდარი, თავდაპირველად, მხოლოდ კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელდა. სხვაგან კი ამ კალენდრის შემოღებას ათეულობით, ზოგან კი ასეულობით წელი დასჭირდა.       ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ამ დროისათვის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულმა ახალმა ქრისტიანულმა მიმდინარეობამ — პროტესტანტიზმმა მოსახლეობის უმრავლესობა მოიცვა, ერთ ხანს ასეთი ლოზუნგიც კი გაისმოდა: "უმჯობესია მზეს დავშორდეთ, ვიდრე რომის პაპს შევუერთდეთ". უფრო მეტიც, ზოგ პროტესტანტულ ქვეყანაში ახალი კალენდრის შემოღებას სახალხო მღელვარებები და აჯანყებებიც კი მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ლატვია იყო, სადაც რეჩპოსპოლიტას მეფის ბრძანებულებას, ახალი კალენდრის შემოღების შესახებ, დიდი მღელვარება მოჰყვა. მღელვარება მალე აჯანყებაში გადაიზარდა, რაც აჯანყების მეთაურების სიკვდილით დასჯით დასრულდა.       პროტესტანტულ ინგლისში ახალი კალენდარი ძალაში მხოლოდ 1752 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მანამდე ამ ქვეყანაში ახალი წელი 25 მარტიდან იწყებოდა. ახალი კალენდრის შემოღების მიზნით ახალი წლის დასაწყისი ინგლისში 25 მარტიდან 1 იანვარს გადაიტანეს. ასე რომ, 1751 წელი მხოლოდ 282-დღიანი აღმოჩნდა.       ახალი კალენდრის შემოღებით უკმაყოფილო ინგლისელები ამ რეფორმის გამტარებელ დიდმოხელეს ერთ ხანს ყვირილით: "დაგვიბრუნე ჩვენი სამი თვე" — ხვდებოდნენ.       ახალ სტილზე საქართველო 1918 წლის 18 აპრილიდან გადავიდა. ამ დროს განსხვავება ძველ და ახალ სტილს შორის უკვე 13 დღეს შეადგენდა. ამიტომ 18 აპრილი 1 მაისად გამოცხადდა.       თანდათანობით გრიგორიანული კალენდარი მართლმადიდებლური საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბული) საპატრიარქოებმაც მიიღეს და ახალ სტილზე გადავიდნენ.       ძველ სტილზე მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს: საქართველოს, რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის და აგრეთვე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები დარჩა, რის გამოც ეს ქვეყნები შობას ძველი სტილით — 7 იანვარს, ახალ წელს კი—14 იანვარს აღნიშნავენ.       ძველი სპარსული კალენდარი.       სპარსეთის კალენდარი აქემენიანების ხანაში ძირითადად ბაბილონის კალენდარს ეყრდნობოდა. ის 360 დღისა და 12 თვისაგან შედგებოდა, რომელშიც დროდადრო დამატებითი XIII თვე შეჰქონდათ. ეგვიპტური ტრადიციის გავლენით თვეებს ღმერთების სახელები ეწოდებოდათ. სასანიანთა მმართველობის დასაწყისშივე შაჰმა არდაშირმა 365-დღიანი კალენდარი შემოიღო, რომელიც ძველი ეგვიპტური კალენდრის უფრო დიდ გავლენას განიცდიდა. ეს კალენდარი ძველი ეგვიპტურის მსგავსად, 30-დღიანი 12 თვისაგან შედგებოდა, რომელსაც კიდევ 5 დღე ემატებოდა. ახალი კალენდარი დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რადგან მთელი რიგი ზოროასტრული დღესასწაულების აღნიშვნაში უხერხულობას იწვევდა. მაგალითად, ზოგიერთი დღესასწაული წელიწადში ორჯერაც კი მოდიოდა. ამიტომ შაჰი არდაშირის შვილიშვილმა ჰორმიზდ I-მა კალენდრის ახალი რეფორმა გაატარა. ამ კალენდრითაც წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა; ამიტომ, ყოველი 120 წლის შემდეგ მასში დამატებითი ერთი თვე უნდა შეეტანათ.       მუსლიმური კალენდარი.       მუსლიმური კალენდარი არაბების გამუსლიმებასთან ერთად შეიქმნა, შემდეგ კი, მუსლიმური რელიგიის მსოფლიოში გავრცელების კვალდაკვალ, მთელი მუსლიმური სამყარო მოიცვა.       არაბებს მუჰამედის ეპოქამდე მთვარე-მზის კალენდარი ჰქონდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ებრაელებისაგან გადაიღეს. მზე-მთვარის კალენდარი დროდადრო, როგორც გვახსოვს, თვეების დამატებას ითხოვდა. მუსლიმური რელიგიის ფუძემდებელი მუჰამედი კალენდარში თვეების დამატების წინააღმდეგ გამოვიდა, რაც ყურანის მეცხრე სურის 36-37 "აიიებში" — მუხლებში აისახა. ასე რომ, თვეების დამატების აკრძალვის შემდეგ, არაბთა მთვარე-მზის კალენდარი მხოლოდ მთვარის კალენდრად იქცა.       ოფიციალურად მუსლიმური მთვარის კალენდარი არაბთა სახალიფოში 638 წელს რიგით მეორე ხალიფამ — ომარმა შეიტანა. ჯერ კიდევ VII საუკუნეში, მუჰამედის ერთერთი მიმდევარი მთვარის 354 დღიანი კალენდრის ჭეშმარიტებას შემდეგნაირად ასაბუთებდა: "ალაჰმა 360-დღიანი წელი შექმნა, შემდეგ კი ამ წელიწადიდან ის ექვსი დღე გამორიცხა, რომელიც მან ცისა და დედამიწის შექმნას მოანდომა. ამიტომ, ეს დღეები წელიწადში აღარ შედიან".       მთვარის კალენდარი მზის კალენდარზე, როგორც ვიცით, 10/11 დღით ნაკლებია; ამიტომ მუსლიმებთან ახალი წელი წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. ამავე მიზეზით, რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც ადრე ზამთარზე მოდიოდა, შემდეგ ზაფხულში ინაცვლებს და — პირიქით. მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი.       XI საუკუნის 80-იან წლებში სპარსეთის სელჩუკი სულთნის — მალიქ შაჰის ბრძანებით ცნობილი მათემატიკოსის, ასტრონომისა და პოეტის ომარ ხაიამის მეთაურობით საგანგებო კომისია შედგა, რომელმაც სპარსეთისა და, ზოგადად, სელჩუკთა იმპერიისათვის ახალი კალენდარი შექმნა.       ეს კალენდარი 1079 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა. ვინაიდან კალენდარი მალიქ შაჰის დავალებით შეიქმნა, მალიქ შაჰის საპატიო სახელის ჯალალ-ად-დინის მიხედვით ჯალალ-ად-დინის კალენდარი ეწოდა. ამ კალენდარში წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა, რომელსაც ყოველ 33 წლიან მონაკვეთში რვა ნაკიანი წელი (366 დღე) ჰქონდა.       ჯალალ-ად-დინის კალენდარი ჩვენს თანამედროვე, გრიგორიანულ კალენდარზე უფრო ზუსტია, ვინაიდან, თუ თანამედროვე კალენდარი ერთი დღე-ღამის ცდომილებას ყოველ 3500 წელში იძლევა, ომარ ხაიამის კალენდარი ასეთ ცდომილებას მხოლოდ 5500 წლის გასვლის შემდეგ გვაძლევს.       მიუხედავად ასეთი სიზუსტისა, ომარ ხაიამის კალენდარი თავის დროზე სპარსეთის გარეთ ფართოდ ვერ გავრცელდა. მაინც საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ კალენდრის მეცნიერულ-ასტრონომიული მონაპოვარი კაცობრიობისათვის სრულიად გამოუყენებელი როდი დარჩა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სპარსეთში XI საუკუნეში შექმნილ და შემდგომში მივიწყებულ კალენდარს, ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მიმდევრები საფრანგეთში გამოუჩდნენ!       საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანაში, როდესაც რევოლუციურმა ხელისუფლებამ წარსულთან სრული გამიჯვნა და ახალი, რევოლუციური კალენდრის შექმნა გადაწყვიტა, მას საფუძვლად სწორედ ომარ ხაიამის კალენდარი დაუდო. ერა ანუ წელთაღრიცხვა.       ისტორიული დროის აღრიცხვას — წელთა აღრიცხვას საწყისი დრო, ათვლის წერტილი, ანუ ერა ესაჭიროება. ერა არის მოვლენა, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა. ასეთი ათვლის წერტილის გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებდით თუ როდის მოხდა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა და რამდენი წელი აშორებს მას ჩვენს დრომდე.       თავდაპირველად სხვადასხვა ხალხები დროის ათვლის საწყის წერტილად, თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად, ანუ ერად სულ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას იღებდნენ.       1. ერად მეფეების ან დინასტიების მმართველობის საწყისი წლის გამოყენება.       ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, შუმერებთან, ძველი ბაბილონის სამეფოში, ხეთების სამეფოში, ეგვიპტეში, ჩინეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოვლენების დათარიღება მეფეთა მართვა-გამგებლობის ანუ ზეობის წლების მიხედვით. ახალი მეფის ტახტზე ასვლა წელთაღრიცხვის დასაწყისად მიიჩნეოდა, რომელიც მისი გარდაცვალებისთანავე წყდებოდა. ასეთი ერა, ბუნებრივია, შედარებით ხანმოკლე პერიოდისათვის გამოიყენებოდა.       ძველი ეგვიპტელები თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად გაერთიანებული ეგვიპტის სამეფოს პირველი ფარაონის — მენესის აღზევების წელს მიიჩნევდნენ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 5000 წლის წინათ ცხოვრობდა. მენესიდან მოყოლებული ისტორიულ დროს დინასტიებისა და ფარაონების ზეობის წლებით ანგარიშობდნენ.       ჩინეთშიც უძველესი დროიდან არცთუ შორეულ წარსულამდე ფართოდ იყო გავრცელებული ისტორიული მოვლენების სამეფო დინასტიებითა და იმპერატორების ზეობის წლებით დათარიღება. ტრადიციული ჩინური ერა ლეგენდარული იმპერატორის იაოს ტახტზე ასვლის წლიდან იღებს სათავეს.       ძველი ბერძნები მრავალრიცხოვან ქალაქ-სახელმწიფოებში, პოლისებში, ცხოვრობდნენ. ამიტომ დროის ათვლას სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფო სხვადასხვანაირად აწარმოებდა. მაგალითად, ათენში წლების ათვლა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის — არქონტების სახელების მიხედვით ხდებოდა. არქონტები კალენდარზეც იყვნენ პასუხისმგებელნი.       რომაელები რესპუბლიკის ხანაში წლებს რომის უმაღლესი მოხელეების — კონსულების მიხედვით ითვლიდნენ, რომლებიც ყოველწლიურად ირჩეოდნენ. დროის ათვლის ამ წესს თავისი მნიშვნელობა არც რომის იმპერიის ხანაში დაუკარგავს.       ასურელები, რომაელებისა და ძველი ბერძნებისაგან განსხვავებით, ყოველ წელს საკუთარ სახელს უწოდებდნენ. წლისათვის სახელების შერქმევა იმ საგანგებო მოხელის — "ლიმუ"-ს მიხედვით ხდებოდა, რომელიც ყოველწლიურად იცვლებოდა.       2. ერად საზოგადოების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენის მიჩნევა.       ძველ ხალხებში გავრცელებული იყო ერად ქალაქის, ან სახელმწიფოს დაარსების, მნიშვნელოვანი გამარჯვების, სპორტული შეჯიბრებების გამართვის თარიღის ან საზოგადოებისათვის სხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამოყენება.       ბაბილონის ტყვეობით დათარიღება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ერა ძველ ებრაელებს ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულიდან ჰქონდათ და ის ებრაელთა ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდებოდა, როგორიც ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ ებრაელთა დატყვევება და მათი თავის დედაქალაქ ბაბილონში გადასახლება იყო. ებრაელთა ძველი ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც "ბაბილონის ტყვეობის" სახელითაა ცნობილი, ზოგიერთ ძველ ებრაელ და ბერძენ მწერალთან და ისტორიკოსთან ტყვეობის შემდეგ მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება.       ოლიმპიადებით დათარიღება. ძვ. წ. IV ს-ში მთელ ბერძნულ სამყაროში გავრცელდა ერთიანი წელთაღრიცხვა, რომლის ერა ოლიმპიური თამაშები იყო. ეს თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მთელ ბერძნულ სამყაროში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ძველი ბერძნები ყოველ ოლიმპიადას თანამიმდევრობით ზუსტად აღნუსხავდნენ. ოლიმპიური ერა დროის ათვლას I ოლიმპიადის გამართვის დღითა და თარიღით იწყებს, რომელიც თანამედროვე ქრონოლოგიით ძვ. წ. 776 წლის 1 ივლისს შეესაბამება.       ქრისტიანობის მიღების შემდეგ რომის იმპერატორებმა ოლიმპიური თამაშების გამართვა აკრძალეს. მიუხედავად ამისა, ის ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროში წელთაღრიცხვისათვის კიდევ რამდენიმე საუკუნე გამოიყენებოდა.       ქალაქ რომის დაარსების წელი, როგორც ერა. კონსულების რიგის მიხედვით წლების დათარიღების პარალელურად, ძვ. წ. I საუკუნეში რომში ერად ქალაქ რომის დაარსების წელი განისაზღვრა. ეს ერა ძველ ბერძნულ ოლიმპიურ ერას დაეფუძნა. რომაელ სწავლულებს შორის აზრთა სხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ IV ოლიმპიადის რომელი წელი ჩაეთვალათ რომის დაარსების თარიღად, ანუ რომის დაარსებიდან ერის დასაწყისად. მარკუს კატონი მიიჩნევდა, რომ რომი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე გადაყვანით ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს დაარსდა, ხოლო ვარონის მიხედვით ამ ქალაქის დაარსების და შესაბამისი ერის დაწყების თარიღად ძვ. წ. 754 წლის 21 აპრილი უნდა მიეჩნიათ. თავდაპირველად, რომაელები მხარს კატონის მოსაზრებას უჭერდნენ. ამიტომაც რომის 800 წელი ახ. წ. 47 წელს დიდი ზეიმით გადაიხადეს. შემდგომში უპირატესობა ვარონის თვალსაზრისს მიენიჭა და რომის 1000 წლის იუბილე უკვე ახ. წ. 248 წელს იზეიმეს.       3. ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.       ყველაზე უფრო მყარი აღმოჩნდა ისეთი ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.       ნირვანას ერა. მსოფლიო რელიგიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ერა ინდოეთში ბუდიზმის წიაღში წარმოიშვა. მას ნირვანას ერა ეწოდება. ერად ბუდის გარდაცვალება — ძვ. წ. 543 წ. მიიჩნევა.       დასაბამითგან წელთაღრიცხვა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ევრაზიის დიდი ნაწილი ერთ გეოპოლიტიკურ სივრცეში გაერთიანდა, რამაც იმჟამინდელი სწავლულების წინაშე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროს მომხდარი და, შესაბამისად, სხვადასხვა ქრონოლოგიით დათარიღებული მოვლენების სინქრონიზაციის, ანუ ურთიერთშესაბამისობაში მოყვანისა და ერთიან ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის ამოცანა დააყენა. ანტიკურ სწავლულთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ურთულეს ამოცანას თავი საკმაოდ წარმატებულად გაართვეს.       ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტეში დაარსებულ ქალაქ ალექსანდრიაში, რომელიც იმხანად მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად იქცა, ამ მიმართულებით დიდი მუშაობა გაჩაღდა. მეცნიერებს თავიანთ ტიტანურ შრომაში ხელს ახლადშექმნილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უწყობდა, რომელიც მილიონობით ხელნაწერ წიგნსა და გრაგნილს ითვლიდა; აგრეთვე, ალექსანდრიის მუზეუმი, სადაც აგრეთვე მრავალი ხელნაწერი წიგნი ინახებოდა. სწავლულთა შორის განსაკუთრებით ერატოსთენე გამოირჩევა, რომელიც ქრონოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, წარმოქმნა განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო, ამ დარგის ფუძემდებლადაა აღიარებული. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდგომი ხანის ანტიკურ სწავლულთა მუშაობის შედეგად, ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების მნიშვნელოვან დარგად იქცა.       მაინც რა მეთოდი შეიმუშავეს ძველმა სწავლულებმა?       ბუნებრივია, სხვადასხვა ხალხების სხვადასხვა წელთაღრიცხვები მსოფლიო ისტორიის ერთიან ქრონოლოგიურ სისტემაში მოქცევის საშუალებას ვერ იძლეოდა. აუცილებელი იყო დროის ათვლის უნივერსალურ დასაწყისად, უფრო ზუსტად, უნივერსალურ ერად ისეთი მოვლენის აღება, რომელთან მიმართებაშიც იმდროინდელი მსოფლიოს ყველა ისტორიული ფაქტი დათარიღდებოდა.       თავდაპირველად, როგორც გვახსოვს, დროის ათვლის ასეთ უნივერსალურ ერად ბერძნული ოლიმპიური თამაშები იქნა მიჩნეული. პირველი ქრონოლოგიური შრომები, სწორედ მანამდე არსებული უძველესი ქრონიკების, მეფეთა სიების და სხვ. ამ ოლიმპიურ თამაშებთან ქრონოლოგიური მიმართების წარმოჩენას, ანუ სინქრონიზაციას მიეძღვნა. ასეთი სინქრონიზაციის შედეგად, თვით ქალაქ რომის დაარსების თარიღიც, როგორც უკვე ვიცით, VI-VII ოლიმპიადებს შორის შუალედში განისაზღვრა.       ქრისტიანობის გავრცელებამ და ებრაელთა და ქრისტიანთა წმინდა წიგნის, ბიბლიის, გაცნობამ, ამ ქრონოლოგიურ კვლევებს ახალი საფუძველი მისცა. ბიბლიას დაეყრდნო ქრონოლოგიური სისტემა, რომელიც სამყაროს გაჩენიდან, ანუ "დასაბამითგან" აითვლებოდა. მოკლე ხანში ეს სისტემა მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა.       ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის თითოეული დღე სინამდვილეში ათას წელს შეესაბამება. მათი აზრით, ამას მოწმობს როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის შემდეგი ადგილები: ძველ აღთქმაში, ფსალმუნებში ვკითხულობთ: "...ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე".       ეს აზრი ახალ აღთქმაში უფრო გამოკვეთილად არის გადმოცემული: "არც ეს უნდა იყოს დაფარული თქვენთვის, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის, როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე".       როგორც გვახსოვს, ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნას ხუთნახევარი დღე მოანდომა და ებრაელთა კვირის მეშვიდე დღეს, ანუ შაბათს დაისვენა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ, თუ ხუთნახევარ დღეს, ამ პრინციპით, წლებზე გადავიყვანთ დაახლოებით 5500 წელს მივიღებთ.       იმავდროულად, სახარების მიხედვით, ქრისტემ თავისი ცხოვრება დედამიწაზე, ჯვარზე გაკრულმა, კვირის მეექვსე დღეს, რომელიც დღევანდელ პარასკევს შეესაბამება, ნაშუადღევს დაასრულა. ქრისტიანებმა ღმერთის მიერ ადამიანის შექმნასა და ქრისტეს მოწამეობრივ სიკვდილს შორის სიმბოლური კავშირი დაინახეს — ორივე შემთხვევაში საქმე მეექვსე დღის ნაშუადღევთან გვქონდა. ამგვარად, ქრისტიანმა სწავლულებმა ღმერთის მიერ პირველი ადამიანის — ადამის შექმნიდან ქრისტეს ჯვარცვამდე დაახლოებით 5500 წელი გამოთვალეს. ეს გამოთვლა ადამიდან ქრისტემდე ბიბლიაში არსებულ ქრონოლოგიას ეფუძნებოდა (ადამის ცხოვრების წლებს მიმატებული კაენის ცხოვრების წლები... ნოეს ცხოვრების წლები, ნოეს შვილების ცხოვრების წლები და აშშ.). მიუხედავად ამისა, ქრისტიან სწავლულთა სრული შეთანხმება ამ საკითხში მაინც ვერ მოხერხდა და სამყაროს გაჩენიდან ქრისტეს ჯვარცმამდე მათ მიერ გამოანგარიშებული წლების რაოდენობა ერთმანეთისაგან რამდენიმე ათეული და, ხანდახან, რამდენიმე ასეული წლითაც განსხვავდება. ასეთი განსხვავების გამო, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ "დასაბამითგანს" იყენებს ძველი ავტორი, ფრიად მნიშვნელოვან შეცდომას დავუშვებთ.       ბიზანტიური, იგივე ბერძნული "დასაბამითგან".       "დასაბამითგან" წელთაღრიცხვების განსხვავებულობის გამო იმთავითვე რომის იმპერიაში მათი უნიფიცირების საჭიროება გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ერთიანი "დასაბამითგანის" შემოღება გართულდა. ეს უკვე აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ბიზანტიაში X ს-ის მიწურულს, ბასილი II-ს ტახტზე ასვლიდან (976 წ.) განხორციელდა, რომელმაც მთელი იმპერიისთვის სავალდებულო წელთაღრიცხვად 5508 წლიანი "დასაბამითგან" აღიარა. ეს "დასაბამითგან" ბიზანტიის იმპერიის ერთადერთ წელთაღრიცხვად 1453 წლამდე — ბიზანტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ არსებობის შეწყვეტამდე, დარჩა. ამიტომ მას "ბიზანტიური", ქართულ წყაროებში კი — "ბერძნული" ეწოდება.       ქართული "დასაბამითგან”.       ქართველები უძველეს ქრისტიან ხალხთა იმ ფრიად მცირერიცხოვან ნაწილს მიეკუთვნებიან, რომლებმაც "დასაბამითგან” წელთაღრიცხვის თავის სრულიად ორიგინალური ვერსია შექმნეს. ამ ვერსიის თანახმად, სამყაროს შექმნიდან ქრისტეს ჯვარცმამდე 5604 წელი გავიდა. მიუხედავად საკუთარი წელთაღრიცხვისა, X-XI სს-ის მიჯნაზე, ბიზანტიის გავლენის შედეგად, საქართველოში ბიზანტიური "დასაბამითგანიც" გავრცელდა.       როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ წლები "დასაბამითგან" წელთაღრიცხვით?       1. თუ ძველ საისტორიო წყაროებში დასაბამითგან დათარიღება შეგხვდებათ და: 1. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე, ანუ, მაგალითად, 5508 ან ქართულ 5604 წელზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ის ქრისტეს შობამდე მომხდარ ამბებს ეხება. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად 5508, ან ქართულ 5604 წელს, ეს თარიღი უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ძველ ბერძნულ ისტორიულ თხზულებაში გვხვდება: "ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა დასაბამითგან 5185 წ.", ან ქართული წყარო იგივე ალექსანდრეს გარდაცვალების თარიღად დასაბამითგან 5281 წ. ასახელებს. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემით ალექსანდრე გარდაცვლილა: ბერძნული წყაროს შემთხვევაში 5508-5185 = ძვ. წ. 323 წ.; ქართული წყაროს შემთხვევაში — 5604-5281 = ძვ. წ. 323 წ.       2. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ მოვლენა ახ. წ-ით, ანუ ქრისტეს შობის შემდეგ მოხდა. მაგალითად, ავიღოთ 632 წ. ამ თარიღს წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად, მას "დასაბამითგან" თარიღი, მაგალითად, 5508 ან ქართული 5604 უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ქართული წყარო გვეუბნება, რომ: "მუჰამედი დასაბამითგან 6236 წ. გარდაიცვალა". შესაბამისად, 6236-5604=632 წ.       ისმის კითხვა: რა მასალის, თუ ისტორიული წყაროს საფუძველზე მოხდა ადამის გაჩენიდან ქრისტეს შობამდე ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური დალაგება?       ძველ აღთქმაში ქრონოლოგია, თანამედროვე გაგებით, არ გვხვდება. სამაგიეროდ, აქ ეთნარქების თუ მეფეების ცხოვრების წლებია მოცემული — ადამიდან ნოემდე და წარღვნამდე, ხოლო შემდეგ წარღვნიდან და ნოედან აბრაამამდე და აბრაამიდან ებრაელთა პირველ მეფემდე და ა. შ.       5500 წლიანი დროის მონაკვეთის შიგნით, რომელიც ადამიდან ქრისტეს ჯვარცმამდე გავიდა, ბიბლიაში გადმოცემული ამბების თარიღების დადგენა იმის მიხედვით ხდება, თუ ბიბლიის რომელ პერსონაჟზე: ეთნარქები, მსაჯულები, მეფეები და ა.შ., მოდის ესა თუ ის მოვლენა. თვით ამ პერსონაჟების ცხოვრების ხანა მათი წინაპრების ცხოვრების წლების დაჯამებით იქნა გამოთვლილი. ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით მოხდა, აგრეთვე, რომის იმპერიასა და მის მეზობლად მცხოვრები ხალხების ქრონიკებში მოცემული ამბების დათარიღებაც.       რა მეთოდს იყენებდნენ რომაელი სწავლულები თავისი ქრონოლოგიური ძიებების დროს?       მათ აიღეს მანამდე არსებული შუამდინარული, ეგვიპტური, ბერძნული, სპარსული და ა.შ. ქრონიკები, მეფეთა თუ სხვა მოხელეთა სიები, რომლებშიც ამ მოხელეებისა და მეფეების თანმიმდევრობა და მათი მმართველობის წლების რაოდენობა იყო მოცემული და ისინი ბიბლიის ქრონოლოგიას დაუკავშირეს. მაგალითად, თუ ბიბლიაში მოხსენიებული იყო ბაბილონის რომელიმე მეფე, მისი დათარიღება ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით ხდებოდა. შემდეგ თვით ეს დათარიღებული მეფე ათარიღებდა მის უკან და მის წინ ბაბილონურ მეფეთა ნუსხაში ჩამოთვლილ მეფეებს. ამის შემდეგ, თუ რომელიმე ძველ ბერძნულ თხზულებაში გვხვდებოდა ერთერთი ბაბილონის უკვე დათარიღებული მეფე, ის, თავის მხრივ, ათარიღებდა იმ თხზულებაში გადმოცემულ ამბებს და პერსონაჟებს და ა.შ. ამას დათარიღების სინქრონული მეთოდი ეწოდება. ეს მეთოდი დღესაც წარმატებით გამოიყენება ისტორიკოსების მიერ.       ისტორიული მოვლენების დათარიღება.       ვინაიდან, როგორც დავრწმუნდით, "დასაბამითგან" წლების გამოთვლა არც ისე იოლი იყო და არითმეტიკის გარკვეულ ცოდნას მოითხოვდა. ამიტომაც ძველი ისტორიკოსები ამას თავს არიდებდნენ. მართლაც, ძველი ბერძენი თუ რომაელი ისტორიკოსების თხზულებებში ვერცერთ თარიღს ვერ შეხვდებით. ბიზანტიელი ისტორიკოსებიც კი XII-XIII სს-მდე თავიანთ საისტორიო თხზულებებში წლების მითითებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ამას აუცილებლად არ მიიჩნევდნენ.       ისტორიკოსებისაგან ცალკე არსებობდნენ ქრონოგრაფები, ქართულად წელთმრიცხველები ანუ ჟამთააღმწერლები, რომელთა ნაშრომები მხოლოდ მოვლენათა დათარიღებას და მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიურ გამართვას ეძღვნებოდა.       მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის ფუძემდებლებად გვევლინებიან რომაელი ისტორიკოსები იულიუს აფრიკანელი და ევსევი კესარიელი.       იულიუს სექსტ აფრიკანელი ახ. წ. II-III სს-ში მოღვაწეობდა. იულიუსმა ტიტანური მეცნიერული შრომა გასწია. უპირველეს ყოვლისა, მას ეკუთვნის საკუთრივ "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის შემოღება — 5500 წელი.       იულიუსმა აიღო ბიბლიის გენეალოგიური ნუსხა, ბაბილონის, ძველი ბერძნული ქალაქების (ათენის, სპარტას და სხვ.), ეგვიპტის, სპარსეთის მეფეთა და დინასტიათა თანმიმდევრული ნუსხები, ბერძნული ოლიმპიადების, ათენის არქონტების, რომის კონსულების ნუსხები და "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის გამოყენებით შექმნა მსოფლიო ისტორიის პირველი სინქრონული ქრონოლოგიური ბადე.       მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის დადგენის მიზნით დიდი შრომა გასწია III-IV სს-ის ბერძნული წარმოშობის რომაელმა ქრონოგრაფმა, ისტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ ევსევი კესარიელმაც, რომელმაც "დასაბამითგანის" თავისი, იულიუს აფრიკანელისგან განსხვავებული, ვერსია შემოგვთავაზა. ამ ორი დიდი მეცნიერის ნაშრომების წყალობით შეიქმნა მსოფლიო ისტორიის ერთიანი ქრონოლოგიური საძირკველი, რომელსაც, როგორც მათი შემდგომი ანტიკური ხანის, ისე შუა საუკუნეების ქრონოგრაფოსთა თუ ისტორიკოსთა ნაშრომები დაეფუძნა.       ადრეშუასაუკუნეების დიდ ქრონოგრაფად, VIII-IX სს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი და ქრონოგრაფი, ქართულად ჟამთააღმწერელი, თეოფანე მიიჩნევა, რომელმაც მსოფლიო ისტორიის სინქრონული ქრონოლოგიური ბადე უკვე IX ს-მდე მიიყვანა.       ქორონიკონით წელთაღრიცხვა. ძველ სწავლულებს ქრონოლოგიის დასადგენად "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ფრიად დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლება უწევდათ, რაც თავისთავად ხდებოდა შეცდომების წყარო. ამ მხრივ, "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა ბევრად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომელიც, აგრეთვე, ბიზანტიაში შემუშავდა.       რა არის "ქორონიკონი" და როგორ წარმოიშვა წელთაღრიცხვის ეს სისტემა?       "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა შემდეგში მდგომარეობდა. "დასაბამითგან" მოყოლებული ისტორიული დრო დაიყო 532-წლიან ციკლებად — "ქორონიკონებად", ანუ "მოქცევებად".       ქორონიკონი — კლასიკური ციკლური წელთაღრიცხვაა, როდესაც ანგარიში ხუთას ოცდათორმეტწლიანი ციკლების შიგნით ხდება. ამიტომ ამ წელთაღრიცხვას XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსები ხუთასიანს უწოდებდნენ.       ქორონიკონით წელთაღრიცხვა დასაბამითგან წელთაღრიცხვას ეფუძნება. შესაბამისად, რომელ დასაბამითგანსაც იყენებს ავტორი, ქორონიკონსაც იმავე სისტემით აითვლის.       საქართველოში ქორონიკონით, ანუ 532-წლიანი ციკლებით ანგარიშისას, ათვლის წერტილად, ბიზანტიურ დასაბამითგანზე გადასვლის შემდგომაც, კვლავაც ქართულ დასაბამითგანს (5604 წ.) იყენებდნენ. საქართველოში ქორონიკონით წელთაღრიცხვა XIX ს-ის I ნახევრის ჩათვლით ფრიად ფართოდ გამოიყენებოდა და დასაბამითგან წელთაღრიცხვაზე ბევრად მეტი პოპულარულობით სარგებლობდა, ამიტომ ქორონიკონით დროის ათვლას ვახუშტი ბაგრატიონი ქართულსაც კი უწოდებს.       ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ საიდან გაჩნდა ეს 532-წლიანი ციკლი? ქრისტიანული კალენდარი. თავდაპირველად ქრისტიანების უმთავრესი საეკლესიო დღესასწაული აღდგომა ებრაულ პასექს ემთხვეოდა. მხოლოდ 325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, რომ ქრისტიანებს საკუთარი საეკლესიო კალენდარი შეექმნათ. ქრისტიანული კალენდარი, ე. წ. მოძრავი და უძრავი დღეებისაგან შედგება. მოძრავი ის საეკლესიო დღეებია, რომელიც ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის აღდგომის მიხედვით აითვლება. საეკლესიო კალენდრით აღდგომის დღის მოძრაობა 4 აპრილიდან — 8 მაისამდე შუალედში ხდება. ამ გადანაცვლების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ კიდევ ნიკეის I საეკლესიო კრების დადგენილებით, აღდგომა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო პირველი სავსე მთვარის შემდეგ, პირველ კვირა დღეს აღინიშნება. მთვარის წელიწადი კი ასტრონომიული მზის წელიწადთან შედარებით ნაკლულია და მთვარის ფაზებიც მზის კალენდართან შედარებით გადაადგილდება. შესაბამისად, აღდგომის მთვარის სავსე ფაზასთან მიბმა მის გადანაცვლებას განაპირობებს.       ვინაიდან იმავე ნიკეის საეკლესიო კრებამ, როგორც გვახსოვს, რომის იმპერიაში მზის იულიუსის კალენდარი სავალდებულო გახადა. ასეთ ვითარებაში აღდგომის გამოანგარიშება იულიუსის კალენდართან მიმართებაში მთვარის სავსე ფაზების მოძრაობის გათვალისწინებას მოითხოვდა. ამან ქრისტიან ხალხებს იმთავითვე აღდგომის დღესასწაულის წინასწარი გამოანგარიშებისკენ, ანუ მომავალი აღდგომების, ანუ პასკალური ცხრილების შედგენისაკენ უბიძგა. ამ ცხრილებს საფუძვლად, ჯერ კიდევ ძველი ბერძნების მიერ გამოანგარიშებული, ცხრამეტწლიანი მთვარის ციკლი დაედო. ეს გამოანგარიშება იმის აღმოჩენას ეფუძნებოდა, რომ მზის კალენდრით ცხრამეტ წელიწადში დღეების ერთობლივი ოდენობა მთვარის კალენდრით 235 თვის დღეთა ოდენობას შეესაბამება, ანუ ცხრამეტი მზის წელიწადის ხანგრძლივობა 235 მთვარის თვის ხანგრძლივობას უდრის. ამის მიგნებას აღდგომის დღის გამოანგარიშება თითქოსდა უნდა გაეიოლებინა, მაგრამ გამოთვლების ერთიანი საფუძვლისდა მიუხედავად, ახლად შედგენილი პასკალური ცხრილები ერთმანეთისაგან განსხვავებული აღმოჩნდა, რაც ქრისტიანულ ხალხებში ქრისტიანული დღესასწაულების არასინქრონულობას იწვევდა. სომხური წელთაღრიცხვა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სომხური ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც სხვა ქრისტიანი ხალხებისაგან განსხვავებით იულიუსის კალენდარზე არ გადასულა და კვლავინდებურად, ჩვენთვის უკვე ცნობილ, 360-დღიან ძველ სპარსულ კალენდარს იყენებდა, რომელსაც, ეგვიპტური კალენდრის მსგავსად, ხუთი დღე წლის ბოლოს ემატებოდა. ეს კალენდარი, როგორც გვახსოვს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იულიუსის კალენდართან შედარებით ერთი დღით უკან ინაცვლებდა და სომხურ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას ურთულებდა. ასეთ ვითარებაში სომხებმა ბიზანტიელ ეგვიპტელ სწავლულს ანდრია ალექსანდრიელს მიმართეს, რომელმაც მათ ეგვიპტური კალენდრის საფუძველზე 200-წლიანი (353—552) პასკალური ცხრილი შეუდგინა.       200 წლის გასვლის შემდეგ (552 წ.) პრობლემამ თავი ისევ იჩინა, რამაც სომხური ეკლესია საგონებელში ჩააგდო. 552 წელს სომეხთა კათალიკოსმა ქალაქ დვინში ქრისტიანული სამყაროდან, ძირითადად ეგვიპტიდან, პასკალური ცხრილების სპეციალისტებს მოუხმო. სპეციალისტთა თავყრილობა სომხური წელთაღრიცხვის, ანუ ერის შემოღებისათვის ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა და იულიუსის კალენდრით 552 წლის 10 ივლისი, იგივე სომხურ-სპარსული კალენდრის 1 ნავასარდი (სპარსულად ნავ — ახალი, სარდ — წელი) სომხური წელთაღრიცხვის საწყის წერტილად, ანუ ერად გამოაცხადა.       სწავლულთა კრებამ სომხებს პასკალური ცხრილების შემუშავებაში დიდი დახმარება ვერ გაუწია და აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის პრობლემა მხოლოდ ფრიად მცირე ხნით — 9 წლით გადაუჭრა. ამ დროის გასვლის შემდეგ — 562 წლიდან სომხური ეკლესია კვლავაც ეგვიპტურს დაუკავშირდა და აღდგომასა და სხვა მოძრავ საეკლესიო დღეებს ალექსანდრიის ეკლესიის პასკალური ცხრილებით ადგენდა.       სომხური ეკლესია შუა საუკუნეების განმავლობაში იულიუსის კალენდარზე გადასვლას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრადიციონალისტთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. იულიუსის კალენდარი სომხურ ეკლესიაში საბოლოოდ მხოლოდ XVII-XVIII სს-ში დამკვიდრდა. 532-წლიანი ციკლი, ანუ ქორონიკონი.       სომხებისაგან განსხვავებით, რომლებმაც, როგორც ვნახეთ, აღდგომის გამოთვლები ეგვიპტის ალექსანდრიის ეკლესიას დაუკავშირეს, დანარჩენმა ქრისტიანმა ხალხებმა, მათ შორის ქართველებმა, აღდგომის გამოთვლის გაადვილების სხვა გზა მონახეს. VI ს-ის შუა წლებში ბიზანტიელმა სწავლულებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ მზის კალენდრის მიხედვით, ყოველ 28 წელიწადში ერთი და იმავე თვის ერთი და იგივე რიცხვი კვირის ერთსა და იმავე დღეს შეესაბამება, თანაც მზე თავისი მოძრაობის ერთ ციკლს ასრულებს. იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველ 19 წელიწადში. ამიტომ მათ 19 და 28 გადაამრავლეს და 532 წელი მიიღეს. ეს ის უნივერსალური დროის შუალედია, როდესაც, როგორც მზის, ისე მთვარის ციკლები მეორდება და თანაც კალენდრით არსებული თვეების რიცხვები და დღეების სახელები 532 წლის წინ ან შემდეგ არსებულს შეესაბამება. ამ 532-წლიანი ციკლების მიხედვით აღდგომის დღესასწაულის ციკლური თანმიმდევრობა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდა.       ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა ქართულ მონასტრებში მოღვაწე ქართველმა ბერებმა ეს სიახლე მალევე გაითავისეს და 532-წლიანი ციკლები უკვე ქართულ "დასაბამითგანიდან", ანუ 5604 წლიდან აითვალეს.       თანდათანობით ქორონიკონით წელთაღრიცხვის "სიკეთეც" აშკარა გახდა. მართლაც, ციკლების შიგნით არა მარტო აღდგომების გამოთვლა, არამედ ისტორიული "წელთ-მრიცხველობაც, ანუ ქრონოლოგიური გამოთვლების გამოანგარიშებაც ფრიად მოსახერხებელი იყო. ამიტომ ქორონიკონით წელთაღრიცხვა მთელ ბიზანტიაში ფართოდ გავრცელდა.       ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩვენამდე მოღწეული ქორონიკონით წელთაღრიცხვის გამოყენების პირველი ნიმუში მხოლოდ ქართული დასაბამითგანის მე-12 მოქცევის დასასრულს და იმავდროულად 13-ე მოქცევის დასაწყისს — 780 წ-ს უკავშირდება (532×12=6384; 6384-780=5604). მაგალითად, ქართველი ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე შემდეგნაირად გადმოგვცემს ქართლის ერისმთავრის აშოტ კურაპალატის გარდაცვალებას: "მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელსა ხვლ (6430; 6430-5604=826), ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მვ [(46) 780+46=826], თუესა იანვარსა ოცდაცხრასა".       შემდგომი მე-14 მოქცევა ქართული დასაბამითგანით 1312 წ-დან დაიწყო (532×13=6916-5604=1312) და 1312+532=1844 წ-ს დამთავრდა.       1844 წლის შემდეგ წელთაღრიცხვის ეს სისტემა საქართველოში აღარ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ 2010 წ. ქორონიკონით მე-15 მოქცევის, რომელიც 1844 წელს დაიწყო და 2376 წელს დასრულდება, — 166 წელია.       როგორ გამოიანგარიშება თარიღი ქორონიკონით წელთაღრიცხვის შემთხვევაში?       მაგალითად, ატენის ტაძრის კედლის წარწერა თურქული წარმოშობის არაბი სარდლის — ბუღა თურ-ქის საქართველოში შემოჭრასა და თბილისის აღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: ქორონიკონი იყო 73. ეს თარიღი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე რომ გადმოვიყვანოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რომელ მოქცევას გულისხმობს ავტორი. არაბთა შემოსევებს საქართველოში მხოლოდ 13-ე მოქცევაში (780 წ.-დან 1312 წ-მდე), ანუ 780+532 წელი=1312 წ. შუალედში შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი და არა 1312 წლის შემდეგ, ანუ 14-ე მოქცევიდან, ამიტომ 780 წ-ს უნდა მივუმატოთ აღნიშნული 73 წელი და 853 წელს მივიღებთ, რაც არის კიდეც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღების თარიღი.       ქრისტიანული ერა. დღეისათვის მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, წელთაღრიცხვის, ანუ ერის დასაწყისად ქრისტეს დაბადების წელი მიიჩნევა. მას ქრისტიანული ერა, ჩვენი ერა, ახალი წელთაღრიცხვა ან მარტივად — ქრისტესით ეწოდება. ქრისტეს შობიდან დროის ათვლა VI ს-ში სკვითური წარმოშობის რომაელმა ბერმა დიონისე მცირემ შემოიტანა, თუმცა მის საყოველთაოდ აღიარებას საუკუნეები დასჭირდა.       ევროპაში ქრისტესით პირველი დათარიღება მხოლოდ VIII ს-ის შუა წლებიდან გვხვდება. რომის პაპების კანცელარიაში ასეთი დათარიღება X ს-დან ჩვეულებრივი, თუმცა არასავალდებულო, გახდა. მხოლოდ XV ს-ის მეორე ნახევრიდან პაპების სახელით გაცემულ ყველა დოკუმენტს დათარიღება ქრისტეს შობიდან აქვს. თანდათანობით "ქრისტიანული ერა" ჯერ ქრისტიანულ ქვეყნებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.       საქართველოში ახალი ერა, ანუ ქრისტესით ძალზე ადრე, VII—VIII სს-ის მიჯნაზე შემოვიდა.       ამ წელთაღრიცხვას უძველეს ქართულ თხზულებებში ქრისტეს ამაღლებიდან, ჯვარცმიდან ან კიდევ ვნებიდან ეწოდება.       ერთ-ერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქრისტესით საკმაოდ გვიან (1700 წ.) დამკვიდრდა რუსეთი იყო. ის რუსეთის გამოჩენილმა მეფე-რეფორმატორმა პეტრე I-მა დააკანონა.       ქრისტესით ერის ყველაზე დიდი ნაკლი მისი შედარებით გვიანდელი წარმოშობა იყო. ამიტომ, თუ ქრისტეს დაბადების შემდგომი მოვლენების დასათარიღებლად მისი გამოყენება არანაირ სირთულეს არ ქმნიდა, ქრისტეს დაბადებამდე მოვლენების დასათარიღებლად ის არ გამოიყენებოდა, რის გამოც ძველი პერიოდის დასათარიღებლად კვლავაც "დასაბამითგან" წელთაღრიცხვას იყენებდნენ.       ქრისტეს შობამდე მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება აბრივიატურა B.C. (Before Christ), ხოლო ქრისტეს შობიდან მომხდარი მოვლენების — A.D, რაც ლათინურად ჟღერდა, როგორც Anno Domini, (In the Year of Our Lord).       ასეთ დათარიღებას ქართულად: ჩვენ ერამდე, ქრისტეს შობამდე, (ქრ. შ-მდე), ან კიდევ ძველი წელთაღრიცხვით (ძვ. წ.) ეწოდება.       დროის ათვლის ეს მეთოდი დამკვიდრდა ისტორიულ მეცნიერებაში და მას ისტორიული ან კიდევ ქრონოლოგიური ათვლა ჰქვია.       ძველი წელთაღრიცხვით, ანუ ჩვენს ერამდე დროის ათვლა დიდი რიცხვიდან მცირე რიცხვისაკენ ხდება. რაც უფრო ახლოა ესა თუ ის მოვლენა ქრისტეს შობასთან, მისი თარიღი ნაკლებია და პირიქით. ამ შემთხვევაში ანალოგად შეიძლება რიცხვითი ღერძი გამოდგეს, სადაც ქრისტეს დაბადება ნულოვან წერტილს შეესაბამება, ახალი ერა დადებით რიცხვებს და ძველი ერა კი უარყოფით რიცხვებს.       წლების ისტორიული, იგივე ქრონოლოგიური ათვლა, წლების ასტრონომიულ ათვლასთან შედარებით, ერთწლიან ცთომილებას იძლევა, რაც მრავალი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა. ფრანგმა ასტრონომმა ჟაკ კასინიმ თავის ნაშრომებში მეცნიერებს შესთავაზა ახ. წ. პირველ (1) წელსა და ძვ. წ. პირველ (-1) წელს შორის ჩაესვათ ნულოვანი წელი. დროის ასეთმა ათვლამ, ისტორიულისაგან განსხვავებით, ასტრონომიულის სახელწოდება მიიღო.       არაბული, ანუ მუსლიმური წელთაღრიცხვა. არაბული წელთაღრიცხვით, ანუ "ჰიჯრით" ათვლა 622 წლის 16 ივლისიდან იწყება. ამ დღეს მუსლიმთა განმანათლებელი და წინასწარმეტყველი მუჰამედი იძულებული გახდა, თავის მშობლიურ ქალაქ მექადან, რომლის მცხოვრებლებმაც თავდაპირველად მისი მოძღვრება არ მიიღეს, მეორე არაბულ ქალაქ მედინაში გაქცეულიყო. თვით წელთაღრიცხვის სახელიც ჰიჯრა არაბული ზმნა "გაქცევიდან" წარმოსდგება. მუსლიმური წელთაღრიცხვა, 638 წელს, მუსლიმურ კალენდართან ერთად, არაბთა ხალიფა ომარმა შემოიღო. წელთაღრიცხვის ეს სისტემა მუსლიმურ ქვეყნებში ერთადერთი იყო შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის ხანაში. ის დღესაც გამოიყენება ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში. წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში წიგნი I თბილისი 2013…
დაამატა ლაშა to მსოფლიო ისტორია at 6:46pm on სექტემბერი 27, 2016
თემა: პალეოგრაფია, ეპიგრაფიკა, დიპლომატიკა, წყაროთმცოდნეობა
მოვიდა და დღესაც, როდესაც გვინდა ვინმეს წარსულის შესახებ მოვუთხროთ, ვამბობთ: "გინდა მოგიყვე ამ ოჯახის, ადამიანის, ორგანიზაციის, შენობის და ა.შ. ისტორია?" ჰეროდოტე ძვ. წ. 484-425 ჰეროდოტე იყო ბერძნულ ქალაქ- სახელმწიფო ჰალიკარნასიდან, ამიტომ მას ჰეროდოტე ჰალიკარ- ნასელსაც ეძახდნენ. ბერძენ- სპარსელთა ომები ძვ. წ. 500-449. მიმდინარეობდა. ჰეროდოტემ ამ ომების მხოლოდ ძვ.წ. 500-478 წლების ისტორია დაწერა. "ქართველთა ცხოვრებაში" საქართველოს ისტორია გადმოცემულია უძველესი დროიდან XVII ს-ის ჩათვლით.       ძვ. წ. V ს-ის ბერძენმა სწავლულმა ჰეროდოტემ "ისტორია" თავის თხზულებას უწოდა, რომელშიც ბერძენთა და სპარსელთა გარდასული ომები აღწერა. ამგვარად, ისტორიულ თხზულებას პირველად ეწოდა "ისტორია". ეს სახელი მეცნიერების ამ დარგის აღსანიშნავად მალევე დამკვიდრდა. ამიტომ, ჰეროდოტე სამართლიანად მიიჩნევა ისტორიის მეცნიერების მამად და პირველ ისტორიკოსად.       აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი ქართველი ისტორიკოსები თავიანთ ქმნილებებს "ისტორიას" ნაკლებად არქმევდნენ და მათ ქართულად "ამბავს", "ცხოვრებას" ან "მატიანეს" უწოდებდნენ. ამიტომაც ჰქვია ადრე შუა საუკუნეებში შექმნილ და შემდგომში (XI-XVIII სს-ში) განვრცობილ საქართველოს ისტორიის ამსახველ თხზულებას "ქართველთა ცხოვრება".       თუ ჩვენ ისტორიას, როგორც მეცნიერების დარგს განვიხილავთ, ვნახავთ, რომ მისი კვლევის საგანი შეიძლება დავიწროვდეს ან გაფართოვდეს. ჩვენ შეიძლება შესწავლის საგნად დავისახოთ მთელი კაცობრიობის წარსული, ამას მსოფლიო ისტორია სწავლობს; ან რომელიმე კონტინენტი, თუ რეგიონი, მაგალითად, ევროპის, ან მახლობელი აღმოსავლეთის ისტორია, რაც, ბუნებრივია, დასახელებული რეგიონის ქვეყნების და იქ მცხოვრები ხალხების წარსულის შესწავლას გულისხმობს. ამას რეგიონალური ისტორია ეწოდება. ისტორიის ობიექტი ცალკეული ქვეყნის წარსულიცაა, მაგალითად, საქართველოს ისტორია, თურქეთის ისტორია, საფრანგეთის ისტორია და ა.შ. ზოგჯერ ისტორიკოსის კვლევის საგანს კონკრეტული ქვეყნის რომელიმე პროვინციის, ქალაქის, სოფლის, ციხე-სიმაგრის წარსული ან საზოგადოების ცალკეული ფენის, სამეფო დინასტიის, ცნობილი, თუ ნაკლებად ცნობილი საგვარეულოს წარსული წარმოადგენს.       რას ნიშნავს კაცობრიობის წარსული ცხოვრების შესწავლა? პოლიბიოსი ძვ. წ. 200-118       წარსულის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, მის რეკონსტრუქციას აღდგენას გულისხმობს. ისტორიკოსმა უნდა წარმოაჩინოს, თუ როგორ და რას აწარმოებდა საზოგადოება მისი წარსული ცხოვრების სხვადასხვა პერიოდებში: როგორი შრომის იარაღები ჰქონდა; მეურნეობის რა დარგებს მისდევდა; რითი იკვებებოდა; როგორი საცხოვრებელი ჰქონდათ ადამიანებს; რითი იმოსებოდნენ; როგორი სახელმწიფო კანონები; ადათ-ჩვევები და რწმენა-წარმოდგენები წარმართავდა მათ ცხოვრებას; როგორი იყო სხვადასხვა ეპოქებში მეცნიერების განვითარების დონე: როგორ ხსნიდნენ სხვადასხვა ფიზიკურ მოვლენებს, როგორ აღიქვამდნენ სამყაროს; როგორი იყო ადამიანების გემოვნება როგორი ხელოვნების ნიმუშები, რა ტიპის ლიტერატურული ნაწარმოებები იქმნებოდა; რა ურთიერთობები ჰქონდათ ადამიანებს მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთან: როგორ ვაჭრობდნენ, რა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები იწვევდა ომებს თუ ამყარებდა მშვიდობას.       ისმის კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანებისათვის ისტორიის, ანუ წარსულში მომხდარი ამბებისა და პროცესების ცოდნა?       ისტორიის შესწავლას ადამიანები ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ვინაიდან ისტორიის ცოდნა ადამიანთა საზოგადოებისათვის მეხსიერების ქონის ტოლფასია საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა გააანალიზოს შორეულ თუ ახლო წარსულში ჩადენილი შეცდომები, ან მიღწეული წარმატებები, ამის გარეშე კი შეუძლებელია საზოგადოების წინსვლა. წარსულის შემეცნებას, სხვა ყველა ცოდნაზე უფრო მეტად, შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს "ჩვენთვის აუცილებელია ყველას მივმართოთ დარიგებით, შეისწავლონ და შეითვისონ ასეთი ხასიათის (იგულისხმება ისტორიული, რედ.) თხზულებები. რადგან წარსულის შემეცნებას, სხვა ყველა ცოდნაზე უფრო მეტად შეუძლია სარგებლობა მოუტანოს ადამიანებს. ... არა მარტო ესა თუ ის ისტორიკოსი ... არამედ, შეიძლება ითქვას, ყველანი იმ რწმენით იწყებენ და ასრულებენ, რომ ისტორიიდან ამოღებულ გაკვეთილებს ყველაზე უფრო მეტად მივყავართ განათლებისაკენ და გვამზადებენ საზოგადოებრივი საქმეების დაწყებისათვის. სხვა ადამიანების განცდილი არის დამაჯერებელი და ერთადერთი დარიგება, რომელიც გვასწავლის ვაჟკაცურად გადავიტანოთ ბედის ცვალებადობა. ამიტომ არავისათვის არ არის საჭირო, ყველაზე ნაკლებად კი ჩვენთვის, გავიმეოროთ ყოველივე ის, რაც სხვებმა უკვე კარგად თქვეს, იმიტომ, რომ ის გამორჩეული ამბები, რომლებზედაც ჩვენ საუბარს ვაპირებთ, თავისთავად მიიზიდავს ყველას - მოხუცია ის თუ ახალგაზრდა, ჩვენი თხრობის ყურადღებით წასაკითხად. სინამდვილეში, განა შეიძლება მოინახოს ისეთი ადამიანი, რომელიც არ ისურვებს გაიგოს, როგორ და რა საზოგადოებრივ დაწესებულებათა დროს თითქმის მთლიანად მოექცა ჩვენი ქვეყანა (იგულისხმება საბერძნეთი, რედ.) ერთიანი რომის ხელისუფლების ქვეშ? არასოდეს ადრე არ ყოფილა ამის მსგავსი და ნუთუ შეიძლება ვინმე, იმდენად გატაცებული იყოს სხვა სანახაობებით, ან კიდევ მეცნიერების სხვა დარგებით, რომ არ დაინტერესდეს შეთავაზებული ცნობებით? პოლიბიოსი, მსოფლიო ისტორია       რის საფუძველზე შევისწავლით და როგორ აღვადგენთ საზოგადოების წარსულში განვლილ გზას, ანუ ისტორიას? ილია ჭავჭავაძე (1937 -1907) ქართველი პოეტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე       ისტორიის წყარო. ისტორიას მეცნიერები გარკვეული მასალების საფუძველზე აღადგენენ. ასეთ მასალას ისტორიის წყარო ეწოდება. წყაროდ წარსულის ნაშთი თავისთავად არ ხდება. მას ისტორიულ წყაროდ აქცევს ადამიანი, რომელიც წარსულში მომხდარი ამბების აღდგენის, შემეცნების, თუ უკეთ გაგების მიზნით მის შესწავლა-გამოყენებას იწყებს. ისტორიული წყაროა ყველაფერი ის, რაც ადამიანის, ან ადამიანთა საზოგადოების წარსული ცხოვრებიდან შემოგვრჩა და, რასაც ისტორიის რომელიმე დარგის სპეციალისტი, გარდასული ამბების შესასწავლად იყენებს. სხვაგვარად ყოველივე ამას სულიერი და მატერიალური კულტურის ნაშთებს ან ძეგლებსაც ვუწოდებთ.       საზოგადოების წარსულის შესწავლისას ისტორიის წყაროდ იქცევა მიწისქვეშ თუ მიწის ზემოთ არსებული ძველი შენობების, გზების, ხიდების და ა. შ. ნაშთები, მონეტები, საყოფაცხოვრებო ნივთები. მათ შორის სამკაული, შრომის და ბრძოლის იარაღი, ხელოვნების ნიმუშები, საკრავი ინსტრუმენტები, საწერი საშუალებები და წერილობითი ძეგლები: სხვადასხვა შინაარსის ხელნაწერი, თუ ნაბეჭდი წიგნები. მაგალითად, კანონთა კრებულები, ისტორიული, რელიგიური თუ ლიტერატურული თხზულებები; დოკუმენტები: მეფეთა თუ სხვა თანამდებობის პირთა ბრძანებები, გარიგებები, ყიდვა-გაყიდვის აქტები, დაბადებისა და გარდაცვალების, ქორწინებისა და განქორწინების რეგისტრაციის აქტები, სხვადასხვა ხასიათის დავთრები; დღიურები, მემუარები (მოგონებები), ჟურნალ-გაზეთები; ხალხური ზეპირსიტყვიერება: ლექსები, ზღაპრები, თქმულებები, ანდაზები, იგავ-არაკები და ა. შ. ამა თუ იმ ენის სიტყვიერი მასალა, ანუ ლექსიკა. უახლესი ისტორიის შესწავლისას წინ იწევს ისეთი წყაროები, როგორიცაა დოკუმენტური თუ მხატვრული ფილმები, ტელეარქივები, სხვადასხვა სახის ვიდეო და აუდიო მასალა, მასმედია. ისტორია დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიანს სულსა ერისას ერის პირქვე დამხობა, გათახსირება, გაწყალება იქიდამ დაიწყება, როცა იგი თავისს ისტორიას ივიწყებს, როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა, თავისი ყოფილის ცხოვრებისა. დავიწყება ისტორიისა, თავისი წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა, დარღვევისა და მთლად წაწყმედისაც. წარსული - მკვიდრი საძირკველია აწყმოსი, როგორც აწყმო - მომავლისა. ... ამიტომაც არის ნათქვამი ერთის ბრძენისაგან, რომ: "აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მერმისისა"-ო. ეს სამთა ჟამთა ერთმანეთზედ დამოკიდებულება კანონია ისეთივე შეურყეველი და გარდაუვალი, როგორც ყოველივე ბუნებრივი კანონი. რომელია სიმაგრე ჩვენის ცხოვრებისა და რომელი სიფუყე და სისუსტე, ამას ახსნის და გვითარგმნის ხოლმე მარტო ისტორია და, თუ იგი დავივიწყეთ, მაშ დაგვივიწყნია ჩვენის ცხოვრების სათავეც, ჩვენის ცხოვრების ფესვი, ჩვენის ცხოვრების საძირკველი და თუ ესეა - რაღაზედ უნდა დავამყაროთ ჩვენი აწმყო, ჩვენი მერმისი? ... ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიანს სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზედ წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ... თავის დიდ ბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოვანდება და თავმოწონებულია ყველგან - ჭირია თუ ლხინია. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსეულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხელად იბრძვის, იღწვის, გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითით და ანდერძითა და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში. დიდბუნებოვან კაცთა და სახელოვან გმირთა მაგალითებით ისტორია სწურთნის ერსა, ზრდის და დიდებულნი საქმენი კიდევ გულს უკეთებენ მოქმედებისათვის, აქებენ, ამხნევებენ, ... ერი თავის გმირების ცხოვრებითა და მაგალითებით უნდა ჰსულდგმულობდეს, თუ მართლა ერობა ჰსურს. ილია ჭავჭავაძე, ერი და ისტორია       სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას ისტორიული წყაროს მრავალფეროვნებაზე, მოვიყვანთ ერთ მაგალითს: იმისათვის, რომ გაეგოთ, რითი იკვებებოდნენ ძველი რომაელი ლეგიონერები (ჯარისკაცები), მეცნიერებმა გათხარეს მათი ბანაკები და იქ საპირფარეშოების ადგილას დაცული მიწადქცეული ნაშთის ბიო-ქიმიური ანალიზით, დაასკვნეს, რომ ბრძოლაში გამოწრთობილი ამ პროფესიონალი მეომრების ძირითადი საკვები ყოფილა არა ხორცეული, როგორც ეს შესაძლოა წარმოგვედგინა, არამედ ხორბლეულის ფაფა.       ასეთი მრავალფეროვნების მიუხედავად, ისტორიის წყაროს, კლასიფიკაციის თვალსაზრისით, ორ დიდ კატეგორიად ჰყოფენ: წერილობითი წყაროები და ადამიანის მიერ შექმნილი დანარჩენი მატერიალური თუ სულიერი კულტურის ძეგლები. ეს კატეგორიები შეიძლება შემდეგნაირად განვსაზღვროთ: წერილობითი წყარო ისტორიის ისეთი წყაროა, რომლის მეშვეობით ადამიანი თვითონ უშუალოდ გვატყობინებს ან მოგვითხრობს თავის თავზე, ან იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ის ცხოვრობს. ამავე რიგის ძეგლებს უნდა მივაკუთვნოთ დოკუმენტური ფილმები, ტელეარქივები და ვიდეო, თუ აუდიო მასალა. მატერიალური, თუ სულიერი კულტურის ძეგლები ადამიანის მიერ შექმნილი ფასეულობებია, რომლებიც მოგვითხრობენ მათ შემქმნელზე და იმ საზოგადოებაზე, რომელშიც ისინი შეიქმნენ.       კაცობრიობამ დღემდე რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების გზა განვლო. წარსულში საზოგადოების ცხოვრების სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია მისი მხოლოდ ერთი ან რამდენიმე მხარის შესწავლით. ამიტომაა, რომ საზოგადოების წარსულს ისტორიის არაერთი დარგი სწავლობს, რომელთა შესწავლის ობიექტი წარსულიდან შემორჩენილი სხვადასხვა სახის წყაროა. ისტორიის დარგებს, ტრადიციულად, ძირითად, ანუ მთავარ და დამხმარე დარგებად ჰყოფენ.       აქედან: არქეოლოგია, ეთნოგრაფია/ეთნოლოგია, ანთროპოლოგია, ისტორიული გეოგრაფია, ცივილიზაციის ისტორია, ეკონომიკის ისტორია, რელიგიის ისტორია, სახელმწიფოსა და სამართლის ისტორია, ისტორიის ფილოსოფია მთავარ, წყაროთმცოდნეობა, პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, ჰერალდიკა, გენეალოგია, ნუმიზმატიკა, ისტორიული მეტროლოგია, ისტორიული ქრონოლოგია კი ისტორიის დამხმარე დარგებადაა მიჩნეული. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი დაყოფა ფრიად პირობითია. მეცნიერთა შორის ერთი აზრი ამ საკითხის ირგვლივ სულაც არ არსებობს. ის, რასაც ისტორიკოსთა ერთი ნაწილი დამხმარე დარგად მიიჩნევს (მაგალითად, წყაროთმცოდნეობა), სხვათა აზრით, დამხმარეს კნინობით სახელს სულაც არ იმსახურებს და ა. შ.       ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქვემოთ ისტორიის ამ დარგების დახასიათება-განხილვისას, მათ ყოველგვარი ეპითეტის გარეშე, უბრალოდ, "ისტორიის დარგებად მოვიხსენიებთ. §2. პალეოგრაფია, დიპლომატიკა, სფრაგისტიკა, ეპიგრაფიკა       დამწერლობის სისტემები. ცოდნის დაგროვების გარკვეული ეტაპიდან ადამიანს გაუჩნდა საჭიროება თავისი გამოცდილება უფრო საიმედო გზით გადაეცა, ვიდრე ამის საშუალებას ზეპირსიტყვიერება იძლეოდა. ამან დამწერლობის წარმოშობა განაპირობა. ჟან ფრანსუა შამპოლიონი 1790-1832 ჰენრი როულინსონი (1810 – 1895) ბრიტანელი არქეოლოგი და ლინგვისტი.       თავდაპირველად ადამიანმა უმარტივესი ხატოვანი დამწერლობა, ანუ პიქტოგრაფია შექმნა. ხატოვანი დამწერლობის განვითარებამ იეროგლიფური დამწერლობა წარმოქმნა, სადაც გარკვეული ხატოვანი გამოსახულება ერთ სიტყვას (ცნებას) შეესაბამება. იეროგლიფური დამწერლობა ძვ. წ. IV-III ათასწლეულში წარმოიშვა. მას იყენებდნენ ისეთი უძველესი ხალხები, როგორებიც იყვნენ, ძველი ეგვიპტელები, ჩინელები და სხვ. ჩინეთსა და იაპონიაში იეროგლიფური დამწერლობა დღემდე შემორჩა. ძველი ეგვიპტელები იეროგლიფებით წერდნენ როგორც ქვაზე, ისე პაპირუსზე. ეს დამწერლობა XIX ს-ის I ნახევარში დიდმა ფრანგმა მეცნიერმა ფრანსუა შამპოლიონმა გაშიფრა, რაც იმ დროს მეცნიერების უდიდეს მიღწევად იქნა მიჩნეული.       დამწერლობის განვითარების შემდგომ საფეხურს ლურსმული დამწერლობა წარმოადგენს. ასეთ დამწერლობას იყენებდნენ წინა აზიის ხალხები - ძველი შუმერები, ასურელები, ხეთები; ჩვენი წინაპრების სამხრეთელი მეზობლები ურარტუელები. ეს დამწერლობებიც ძირითადად XIX ს-ში გაიშიფრა. ლურსმული დამწერლობის წაკითხვაში განსაკუთრებული დამსახურება ინგლისელ ჰენრი როულინსონს (არქეოლოგი და ლინგვისტი) მიუძღვის. ლურსმულ დამწერლობაში ცალკეული ნიშნით უკვე მარცვალია გადმოცემული. ლურსმულით წერდნენ როგორც ქვაზე, ისე თიხის ფირფიტებზე. დღეს ასეთი თიხის ფირფიტების მთელი ბიბლიოთეკებია აღმოჩენილი.       ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღევანდელი ისრაელის ჩრდილოეთით ძვ. წ. II-I ათასწლეულებში ფინიკიელები სახლობდნენ. ფინიკიელები მსოფლიო ისტორიაში ცნობილი პირველი ხალხი იყო, რომელმაც დიდი საზღვაო სავაჭრო კოლონიები შექმნა.       თავიანთი სავაჭრო-საფინანსო ჩანაწერებისათვის მათ უფრო მარტივი და მოსახერხებელი დამწერლობა ესაჭიროებოდათ, ვიდრე ეს ლურსმული მარცვლოვანი დამწერლობა იყო. ამიტომ, ძველმა ფინიკიელებმა ლურსმული დამწერლობიდან ანბანური დამწერლობა შექმნეს, სადაც თითოეულ ბგერას თითო ასო-ნიშანი შეესაბამება. ფინიკიური დამწერლობის პირველი ნიმუშები ძვ. წ. XII-XI სს.-დან შემოგვრჩა.       ფინიკიელებმა ასეთი ასო-ნიშნები მხოლოდ თანხმოვნებს მიუსადაგეს. დასრულებული სახე ანბანურ დამწერლობას ძველი მსოფლიოს კიდევ ერთმა, მეზღვაურობითა და ვაჭრობით განთქმულმა ხალხმა ძველმა ბერძნებმა მისცეს, რომლებმაც ფინიკიურ ანბანს ხმოვნების აღმნიშვნელი ასო-ნიშნებიც დაუმატეს. ძველი ბერძნული დამწერლობის პირველი ნიმუშები ძვ. წ. IX-VIII სს-დან შემოგვრჩა. თავდაპირველად ძველი ბერძნები, ფინიკიელების მსგავსად, მარჯვნიდან მარცხნივ წერდნენ შემდგომ კი მარცხნიდან მარჯვნივ წერაზე გადავიდნენ.       დღეისათვის მსოფლიოში 14 ძირითადი დამწერლობაა. 11 ამათგან ანბანურია: ქართული, ბერძნული, ლათინური, სლავური (კირილიცა), სომხური, არაბული, ებრაული, სირიული, ეთიოპური, ინდური, ძველი მონღოლური (იუგურული); სამი დამწერლობა კი იეროგლიფურია: ჩინური, იაპონური და კორეული.       ბერძნულიდან ანბანი ბევრმა ძველმა ხალხმა გადაიღო, მათ შორის ლათინებმა (რომაელებმა). ლათინური ანბანი საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლეთ ევროპული ქვეყნების ანბანებს. ბერძნულიდან მოდის IV სში შექმნილი ძველი ქართული და სომხური ანბანები, IX სში ბერძნულის საფუძველზე შეიქმნა ძველი სლავური ანბანი. მისი განვითარებაა დღევანდელი რუსული ანბანი.       ფინიკიურმა ანბანმა საფუძველი დაუდო ძველად მთელ წინა აზიაში გავრცელებულ არამეულ დამწერლობას, რომელიც ფინიკიურის მსგავსად არ შეიცავდა ხმოვან ასონიშნებს და მარჯვნიდან მარცხნივ იწერებოდა. არამეულით შესრულებული პირველი წერილობითი ძეგლები ძვ. წ. IX ს-დანაა შემორჩენილი.       არამეულიდან განვითარდა არაბული დამწერლობა, რომელსაც არამეულის ეს ორივე ნიშანი ახასიათებს. არაბული დამწერლობა ძველად ყველა მუსლიმურ ქვეყანაში იყო გავრცელებული. ამჟამად არაბულ ანბანს, ძირითადად, საკუთრივ არაბული ქვეყნები და ირანი იყენებს.       ანბანის გაჩენისთანავე ადამიანებმა მნიშვნელოვანი მოვლენების ჩაწერა დაიწყეს, ასე გაჩნდა პირველი ისტორიული თხზულებები, სხვადასხვა დოკუმენტები, მათ შორის ყიდვა-გაყიდვის აქტები, საგადასახადო თუ ქონების აღნუსხვის დავთრები და სხვ.       ისტორიკოსი, როდესაც საზოგადოების წარსული ცხოვრების აღდგენა-რეკონსტრუქციას ცდილობს, ბუნებრივია, მეცნიერების ყველა ზემოთჩამოთვლილი დარგის მონაცემებს ითვალისწინებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესი მისთვის მაინც წერილობითი წყაროების მონაცემებია. ჩვენს კომპიუტერულ ეპოქაში ძნელი წარმოსადგენია თუ რა სიძნელეებთანაა დაკავშირებული ძველი ხელნაწერებისა და წარწერების წაკითხვა. ამ საქმეში მას პირველ რიგში ისტორიის დამხმარე დარგი პალეოგრაფია ეხმარება. პალეოგრაფია ორი ბერძნული სიტყვის "პალეოს" (ძველი) და "გრაფოს" (წერა) შეერთებითაა მიღებული და შეისწავლის წერილობითი წყაროების გარეგან მხარეს. ჩინური იეროგლიფები ბერძნული ანბანი არაბული ანბანი ლათინური ანბანი სლავური ანბანი (კირილიცა)       პალეოგრაფიის მკვლევარები სწავლობენ სხვადასხვა ეპოქებში რითი წერდნენ და რას იყენებდნენ საწერ მასალად ადამიანები, როგორი იყო ამა თუ იმ ისტორიულ პერიოდში ასოთა მოყვანილობა.       მართლაც, ადამიანი თავდაპირველად საწერად სხვადასხვა მაგარ მასალას იყენებდა. ძირითადად ეს იყო ქვა, ხე, თიხის ფირფიტები. ეგვიპტეში ბუნებრივად იზრდებოდა პაპირუსი, ამიტომ საწერად ჩვეულებრივ ქვასთან ერთად პაპირუსიდან დამზადებულ მასალას იყენებდნენ. ქართულად მას ჭილი ეწოდება. ბევრად უფრო გვიან გაჩნდა საქონლის ტყავის საწერ მასალად დამუშავების ტექნოლოგია. ევროპაში ასეთ მასალას პერგამენტი, საქართველოში ეტრატი ერქვა. V ს-ში ჩინეთში ქაღალდის დამზადების ტექნოლოგიაც აითვისეს. ამ ტექნოლოგიას უკვე VII-VIII სს-ში არაბები ინდოეთში ეზიარნენ. ევროპაში ქაღალდი ცნობილი XI-XII სს-ში გახდა, თუმცა მან საბოლოოდ ეტრატი საკმაოდ გვიან, XV-XVI სს-ში გამოდევნა.       არანაკლებ საინტერესოა კალმის ისტორია. ლითონის კალმებამდე ადამიანები საწერად ბრინჯაოს წამახულ ჩხირებს (სტილოსებს) იყენებდნენ, რომლითაც თიხის სველ ფირფიტებსა და ცვილით დაფარულ დაფებზე წერდნენ. მელანი და ლითონის კალამი ანტიკური ხანიდან შემოვიდა, თუმცა ლითონის სიძვირის გამო თითქმის XVI-XVII საუკუნეებამდე საწერად უმთავრესად ბატის ფრთას იყენებ-დნენ.       სხვადასხვა მასალაზე და სხვადასხვა კალმებით წერა ასოთა მოხაზულობასაც თავის დაღს ასვამდა. მოხაზულობა იცვლებოდა საუკუნეების, ხანდახან ერთი და იგივე საუკუნის სხვადასხვა პერიოდებშიც კი. მის ცვლილებაზე დიდ გავლენას ახდენდა ამა თუ იმ ხანის საზოგადოების გემოვნებაც, წერის იმ ხანად გავრცელებული მანერა, ტრადიციები და სხვ. ხანდახან რეგიონი, ქალაქი, მონასტერიც კი ასოთა მოხაზულობის თავისებურ სტილს შეიმუშავებდა ხოლმე. იყვნენ ცნობილი კალიგრაფები, რომლებიც მათ მოწაფეებთან ერთად ასოთა მოხაზულობის მათთვის დამახასიათებელ სტილს ნერგავდნენ. ქააგმა არის პირობითი ნიშანი, რომელიც ძველ ტექსტებსა და ნაწერებში შემოკლებით დაწერილ სიტყვებს თავზე ესმის. დაქარაგმებული კავშირები: რ˜ (რამეთუ), ხ˜ (ხოლო), ა˜დ (არამედ), ვ˜ი ვიდრე); ნაცვალსახელები: რ˜ლი, რლ˜ნ (რომელმან), ყ˜ლი (ყოველი). ჭვირნიშანი - საგანგებო ნიშანი, გამჭვირვალე გამოსახულება ქაღალდზე, რომელიც მხოლოდ სინათლეზე გახედვისას ჩანს. ჭვირნიშანი პირველად XIII საუკუნეში იტალიაში დამზადებულ ქაღალდზე გვხვდება.       გაკრული ხელით დაწერილი ტექსტების გარჩევა და ამოკითხვა სპეციალურ უნარ-ჩვევებს მოითხოვს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძველად საწერი მასალა: ჭილი, ეტრატი, ქაღალდი ძვირი ჯდებოდა და საზოგადოება მას ფრიად შეზღუდული ოდენობით აწარმოებდა. ასეთ ვითარებაში ადამიანები ცდილობდნენ მაქსიმალურად ეკონომიურად გამოეყენებინათ საწერი ფართობი, რისთვისაც სიტყვებს აქარაგმებდნენ. დაქარაგმება სიტყვის ნაწილის გამოტოვებას გულისხმობს. ბუნებრივია, აქარაგმებდნენ იმ ეპოქისათვის კარგად ცნობილ სიტყვებს, ხშირად საკუთარ სახელებს, წოდებებს, თანამდებობის აღმნიშვნელ ტერმინებს. მაგრამ ის რაც რომელიღაც ეპოქაში კარგად ცნობილი და გასაგები იყო, სულაც არაა ასეთივე იოლად გასაგები დღეს და, ბუნებრივია, პალეოგრაფს დამატებით სირთულეს უქმნის. მაგალითად, ძველ ქართულ ტექსტებში ხშირად იხმარება ქარაგმები: "ოო", რაც "უფალო"-ს ნიშნავს (ძველ ქართულში "უ" ასონიშანი არ არსებობდა. და მას "ოჳ" აღნიშნავდა, ანუ იწერებოდა "ოჳფალო"), ან კიდევ "იი" იყავნ, იყავნ; "იო" იესო, "ქე" ქრისტე და ა. შ. ამა თუ იმ ეპოქაში გავრცელებული ასოთა მოხაზულობის, ქაღალდის ხარისხის, ან ჭვირნიშნის მიხედვით პალეოგრაფები დაუთარიღებელი ტექსტების დათარიღებას ახერხებენ. ურარტუს მეფის მენუას კლდეზე ამოკვეთიი წარწერა (ძვ. წ. IX ს. დასასრული და VIII ს. დასაწყისი) "ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ თავისი იარაღით დიაუეხის ძლიერი ქვეყნის წინააღმდეგ. ღვთაება ხალდის ძლიერებით გაემართა სალაშქროდ მენუა იშუინის ძე; წინ უძღოდა მას ღვთაება ხალდი. მენუა ამბობს: დავიპყარი დიაუხის ქვეყანა, ქალაქი შაშილუ, სამეფო ქალაქი ბრძოლით დავიპყარი/ ქვეყანა გადავწვი, ციხე-სიმაგრეები დავანგრიე. მივედი შეშეთის ქვეყანამდე, ქალაქ ზუამდე. ქალაქი უტუხაი ... მენუა ამბობს: უტუფურში, მეფე დიაუხისა მოვიდა ჩემს წინაშე, მომეხვია ფეხებზე, პირქვე დაემხო; მე მას მოწყალედ მოვექეცი - შევიწყალე იგი ხარკის გადახდის პირობით. მომცა მან ოქრო და ვერცხლი, მომცა ხარკი. ის ტყვეები, რომლებიც იყვნენ მასთან, დამიბრუნა მან მთლიანად. რა მხარეში ცხოვრობდა მანუა? ურარტუს მეფის მენუას ამ ლაშქრობას ადგილი ჰქონდა ისტორიული საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში. ამას მის მიერ დაპყრობილი რეგიონები მოწმობენ: დიაუხის ქვეყანა - ქართული ისტორიული ქვეყანა ტაო შეშეთის ქვეყანა - ქართული ისტორიული ქვეყანა შავშეთი მენუა ამბობს: მეფეები მე იქიდან მოვაცილე - ბალთულხის ქვეყნის მეფე და ქალაქ ხალდირიულხის ქვეყნის მეფე. გამაგრებული ციხეები, რომლებიც კი იყო იმ ქვეყანაში, მე იქიდან მოვგლიჯე. მენუა ამბობს: ვიმც ამ წარწერას მოსპობს, ვინც მას გასტეხს, ვინც ვინმეს ამას გააკეთებინებს, სხვა ვინც იტყვის: "მე გავაკეთე ყველაფერი ეს", დაე, მოსპონ ღვთება ხალდიმ, ღვთაება შივინიმ, ყველა ღვთაებამ ამ მზის ქვეშ". ეპიგრაფიკა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს წარწერას. ინგლისის მეფის ედუარდ აღმსარებლის (1042-1066) სამეფო ბეჭედი კონსტანტინეს ნაბოძვარი რომის იმპერატორ კონსტანტინე I დიდის (306-337) სახელით VIIIIX ს.-ში შედგენილი ყალბი სამეფო სიგელი, რომლის მიხედვით ბიზანტიის იმპერატორმა რომის პაპს სილვესტრ I-ს (314-335.) უბოძა სასახლე, ქალაქი რომი და "დასავლეთის ქვეყნები". ამ სიგელით კათოლიკური ეკლესია დასავლეთ ევროპის საერო ხელისუფლებაზე რომის პაპის უზენაესობას ამტკიცებდა.       ეპიგრაფიკა. პალეოგრაფიის შემადგენელი ნაწილია, ეპიგრაფიკა, რომელიც მყარ მასალაზე - ქვა, ლითონი, მინა, კერამიკა - შესრულებულ ძველ წარწერებს იკვლევს. ასეთ წარწერებს ლაპიდარულსაც უწოდებენ.       ანტიკური ისტორიიდან უამრავი ეპიგრაფიკული ძეგლი შემოგვრჩა. არის მთელი ქვეყნები და რეგიონები რომელთა შესახებ წერილობითი ინფორმაცია მხოლოდ ამ ტიპის წერილობითმა ძეგლებმა შემოგვინახა. ეპიგრაფიკული მასალა ძნელად რომ ჩვენამდე დაუზიანებლად იყოს მოღწეული. ქვა ცვდება, თიხაზეც წარწერების სიმკვეთრე კლებულობს და ა. შ. ხშირად ეპიგრაფიკული ძეგლი მიუვალ კლდეებზეა ამოკვეთილი, რაც მკვლევარებს დამატებით სირთულეებს უქმნით. ასე რომ ეპიგრაფიკული მასალის წაკითხვა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული და სპეციალურ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს.       დიპლომატიკა. პალეოგრაფიის შემადგენელი ნაწილია აგრეთვე დიპლომატიკა, ანუ სიგელთმცოდნეობა, რომელიც საგანგებოდ იკვლევს ძველ ისტორიულ დოკუმენტებს.       სფრაგისტიკაც ისტორილი დისციპლინაა, რომელიც სწავლობს ძველ დოკუმენტებზე დასმულ ბეჭდებსა და მათ გამოსახულებებს.       დიპლომატიკას და სფრაგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ძველი დოკუმენტების უტყუარობის დადგენაში. საბუთების გაყალბება ხომ ადამიანებმა ასეთი დოკუმენტების დამზადებისთანავე დაიწყეს. დოკუმენტების გაყალბება იმდენად ოსტატურად ხდებოდა, რომ მკვლევარები დღესაც კამათობენ მრავალი ძველი დოკუმენტის უტყუარობის შესახებ. ზოგიერთი საბუთის გაყალბება ამა თუ იმ საგვარეულოს დაძველებას ან განდიდებას ემსახურებოდა. ძირითადად, ბუნებრივია, ისეთ ყალბ დოკუმენტებს ქმნიდნენ, რომელიც უძრავი ქონების (მიწა, სახლი), მათ შორის სოფლის, სოფლების, ან მთელი მხარის, მონასტრის, ციხე-ქალაქის ყიდვა-გაყიდვას, მემკვიდრეობით გადაცემას, მზითვში გაცემას, ან ჩუქებას შეეხებოდა. ასეთი ყალბი დოკუმენტის შექმნის კლასიკური მაგალითი ცნობილი ე.წ. კონსტანტინეს ნაბოძვარია. §3. წყაროთმცოდნეობა       ძველი წერილობითი წყაროების დიდი ნაწილი ნარატიული, ანუ თხრობითი წყაროებია. ნარატიულ წყაროებს წყაროთმცოდნეობა შეისწავლის. ეს მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. უმრავლეს შემთხვევაში ჭირს ამ თხზულებათა ავტორების და მათი მოღვაწეობის პერიოდის დადგენა. იოლი არაა ამ თხზულებებში დაცული ინფორმაციების წარმომავლობისა და მათი სანდოობის გარკვევა. ნარატიული წყარო "ნარატიული" ლათინური სიტყვა "ნარაციოდან" მოდის, რაც თხრობას ნიშნავს. ამ სახელით მოიხსენიებენ მეტ- ნაკლებად ვრცელ თხზულებებს, სადაც წარსულში მომხდარი ამბები თხრობის ფორმითაა გადმოცემული.       ყოველი ძველი საისტორიო თხზულების გამოყენებისას, უპირველეს ყოვლისა, დგება ამ თხზულებებში დაცული ცნობების სანდოობის საკითხი. ამისათვის მკვლევარებს, პირველ რიგში, თხზულების დაწერის დროისა და ავტორის ვინაობის დადგენა უხდებათ, თუ ამის შესახებ საკუთრივ თხზულებაში არ მოიპოვება შესაბამისი ინფორმაცია, ან ეს სხვა წყაროებიდან არაა ცნობილი.       ჩნდება კითხვა: განა ასოების მოყვანილობა და ამა თუ იმ ეპოქაში გავრცელებული კალიგრაფიული სტილი არ შეიძლება დაგვეხმაროს უთარიღო ხელნაწერის შექმნის დროის დადგენაში?       რა თქმა უნდა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს სავსებით შესაძლებელია. მით უფრო, ისტორიის იმ პერიოდისათვის, როდესაც, კაცობრიობამ ჯერ წიგნების ბეჭდვა არ იცოდა და ხელნაწერი ტექსტები გადაწერის მეშვეობით ვრცელდებოდა. მაგრამ, როგორც წესი, ჩვენამდე მოღწეული საისტორიო თხზულებების ხელნაწერები ბევრად უფრო გვიანდელია, ვიდრე თვითონ თხზულებები. ამიტომ, თუმცა ხშირად ამ ხელნაწერების გადაწერის პერიოდის და ხანდახან ადგილის დადგენაც კი შეგვიძლია, მაგრამ ეს დიდს ვერაფერს გვეუბნება თვით თხზულების შექმნის დროისა და მისი შემქმნელის შესახებ.       ნარატიული თხზულების დაწერის პერიოდზე ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში, ისტორიკოსი იძულებულია, მის დასადგენად არაპირდაპირი მონაცემებით იხელმძღვანელოს, როგორიცაა: თხზულებაში გადმოცემული ისტორიული ამბები, თხზულების ენა და ლექსიკა, ნაშრომის გეოგრაფიული, ეკონომიკური და ეთნიკური ტერმინოლოგია, რელიგიურ-კულტურული სიმბოლიკა და სხვ.       ამ შემთხვევაშიც არა ერთ სირთულეს ვაწყდებით. მასალა, რომელზედაც ხელნაწერი იყო შესრულებული (ტყავი, პაპირუსი, ქაღალდი) დროთა განმავლობაში ცვდებოდა და ტექსტის გადარჩენა მის გადაწერას მოითხოვდა. გარდა ამისა, გადაწერა ერთადერთი საშუალება იყო წიგნის გამრავლების. რაც უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი იყო ნაშრომი, მით უფრო ხშირად ხდებოდა მისი გადაწერა. გადამწერები კი, მათი დიდი გამოცდილებისა და მონდომების მიუხედავად, ბუნებრივია, შეცდომებისაგან დაზღვეულები სულაც არ იყვნენ. განსაკუთრებით მახინჯდებოდა, ან სულაც იცვლებოდა საკუთარი, ეთნიკური და გეოგრაფიული სახელები, ანუ ის, რაც საუკუნეების განმავლობაში ცვლილებას განიცდიდა. მართლაც, მაგალითად VIII ს-ის გადამწერისათვის შეიძლება გაუგებარი გამხდარიყო IV, ან თუნდაც VI ს-ში შექმნილ ტექსტში დასახელებული ხალხების, ქალაქების, მდინარეების და ა.შ. სახელები, რომლებიც მის ეპოქაში, ან უკვე დიდი ხანია აღარ არსებობდნენ, ან შეცვლილი სახელებით იყვნენ ცნობილნი. ამიტომ გადამწერს, რომელიც ხშირად დაზიანებულ ტექსტს უკირკიტებდა, უჭირდა მისთვის უცნობი სახელების სწორედ ამოკითხვა. თომას მანი (1875-1955) გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში (1929).       სწორად ამოკითხვის შემთხვევაშიც, გადამწერი ცდუნების წინაშე დგებოდა: ან უცვლელად დაეტოვებინა ტექსტში მისი ეპოქის მკითხველისათვის გაუგებარი სახელები თუ ტერმინები, ან ისინი იმავე ტერიტორიაზე უკვე მის ეპოქაში მცხოვრები და, შესაბამისად, მისი ეპოქის მკითხველისათვის უფრო ცნობილი ხალხების სახელებით ჩაენაცვლებინა.       გადამწერის მიერ ამ ბოლო არჩევანის გაკეთების შემთხვევაში, ძველი ტექსტის ტერმინოლოგიური განახლება ხდებოდა, რაც გამოუცდელი მკვლევარისათვის, შესაძლოა, ტექსტის არასწორად დათარიღების მიზეზი გახდეს. მაგალითდ, ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ შემთხვევაში IV, ან VI ს-ში შექმნილი ტექსტი, მისი VIII ს-ში ტერმინოლოგიური განახლების გამო, VIII ს-ით დაათარიღოს.       ნაშრომის ავტორისა და თარიღის იმთავითვე ცოდნის ან დადგენის შემთხვევაშიც კი ისმის არაერთი კითხვა:       იყო თუ არა ავტორი მის მიერ გადმოცემული ამბების თვითმხილველი?       ცნობილია, რომ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ანტიკურ ხანაში 25, ხოლო შუა საუკუნეებში 30-40 წელს არ აღემატებოდა, აქედან 16 წელი მის ბავშვობასა და აღზრდაზე მოდიოდა, შესაბამისად, თხზულების ავტორს აქტიური ცხოვრებისათვის, ანუ მის მიერ აღწერილ ამბებში მონაწილეობისათვის, საუკეთესო შემთხვევაში, 14-24 წელი რჩებოდა. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძველ ისტორიკოსთა თხზულებებში მოთხრობილ ამბავთა ქრონოლოგია მათი ცხოვრების წლებს, როგორც წესი, ბევრად აღემატება, მივხვდებით, თუ რამდენად პირობითია ამა თუ იმ თხზულების ავტორის თვითმხილველობის ცნება. ცხადია, რომ იმ ეპოქამდე მომხდარი ამბების აღსაწერად, რომელშიც ავტორი უშუალოდ არ მონაწილეობდა მას წყაროების, ანუ წინარე ავტორების გამოყენება უხდება. ასეთ შემთხვევაში უკვე მისი პირველწყაროების სანდოობის საკითხი დგება. წარსული ამოუცნობი სიღრმის ორმოა. უკეთესი ხომ არ იქნება, თუ მას უძირო ორმოს ვუწოდებთ? უნდა ვაღიაროთ, რომ სიტყვა "პირველწყაროს", პირველი, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ნაწილი შერჩეულია არც თუ ისე ზუსტად, ვინაიდან ეს დაზიანებული ფირფიტები წარმოადგენენ ასლებს, რომლებიც სულ რაღაც ექვსასი წლის წინ ჩვენს ერამდე აშურბანიფალის (ძვ. წ. 668-627, რედ.)... ბრძანებით დაამზადეს სწავლულმა მონებმა, ხოლო დედანი კი იყო მთელი ათასი წლით უფრო ხნიერი ... რის გამოც მისი წაკითხვა და გაგება აშურბანიპალის გადამწერთათვის დაახლოებით ისევე იოლი იყო, უფრო სწორად ისევე რთული, როგორც ჩვენთვის კარლოს დიდის ეპოქის ხელნაწერის გარჩევა. ამ ... სიგელ-გუჯრის გაუმართავი, დიდი ხნის წინ მოძველებული ასოთა მოყვანილობა, რა თქმა უნდა, ძნელი გასარჩევი იყო უკვე იმ ჟამად და, რომ მასში დაცული აზრი ზედმიწევნით ზუსტად იქნა გადმოცემული, თავდებად დადგომა ძნელია. თუმცა ეს დედანიც არ იყო დედანი, უფრო სწორად ნამდვილი დედანი, ... ისიც გადმოეწერათ ღმერთმა უწყის რა სიძველის გუჯრიდან& აი, ამისთვის კი ბოლოს და ბოლოს შეიძლებოდა დაგვერქვა დედანი, ის რომ არ ყოფილიყო აჭრელებული ვიღაც გადამწერის ხელით მიწერილი შენიშვნებით და განმარტებებით, რაც ტექსტის უკეთ გაგების მიზნით იყო გაკეთებული, სინამდვილეში კი, როგორც ჩანს, პირიქით, ძველი ხელნაწერის სიბრძნის დამახინჯებულ განახლებას ემსახურებოდა. შეგვეძლო უსასრულოდ გაგვეგრძელებინა ეს ჯაჭვი, იმედი რომ არ გვქონდეს იმისა, რომ ჩვენი მსმენელებისათვის უკვე ისედაც ნათელია, თუ რას ვგულისხმობთ, როცა ორმოს უძირობაზე ვსაუბრობთ." თომას მანი და მისი ძმები პირველწყარო ესაა წყარო, საიდანაც ისტორიკოსი იღებს ინფორმაციას. ასეთი შეიძლება იყოს ბიბლია, აღნიშნული ავტორის ხანაში საზოგადოებაში გავრცელებული ლეგენდა, ან ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუში, რომელსაც ის თავის თხზულებაში იმოწმებს, ამ ავტორის ხანაზე უფრო ადრე, სხვა ავტორის მიერ შექმნილი ლიტერატურულითუ ისტორიული თხზულება, საკუთრივ ავტორის მიერ ნანახი დოკუმენტი, ხელოვნების ნიმუში (ნახატები, სურათები, ფილმები და ა.შ.), ლიტერატურული ნაწარმოებები (მხატვრული, ისტორიული, რელიგიური და ა.შ.), ან ეპიგრაფიკული წარწერა, რომელიც მან შემდგომ თავისებურად გაიაზრა და გადმოსცა.       ისტორიის იმ მონაკვეთშიც, რომელშიც ავტორი უშუალოდ ცხოვრობდა, არ შეიძლება მისი უპირობო ნდობა. გასარკვევია, ავტორი თვითონ მონაწილეობდა მის მიერ გადმოცემულ თანადროულ ამბებში, თუ მათ შესახებ სხვა პირთა მონათხრობებით გვიყვება?       იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტორი მოვლენათა უშუალო მონაწილეა, არაერთი კითხვა იბადება: ჰქონდა თუ არა მას ისტორიული მოვლენების სწორად გაგებისა და გადმოცემისათვის შესაბამისი ცოდნა და განათლება, რამდენად ობიექტური თუ მიკერძოებული იყო ის თხრობისას?       ისტორიკოსებს ძველთაგანვე მიაჩნდათ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მოვლენების ჭეშმარიტი და პირუთვნელი გადმოცემაა.       "ჟამთააღმწერლობა (ისტორიკოსობა) ჭეშმარიტების მეტყუელება არს, და არა თუალ-ასხმა (მოტყუება) ვისთვისმე" წერს XIV ს-ის უცნობი ქართველი მემატიანე.       ისტორიკოსის მიერ ამ პრინციპის დაცვის შემთხვევაშიც კი ჩნდება ახალი კითხვები:       რა არის ისტორიული ჭეშმარიტება? შეუძლია თუ არა, საერთოდ, ადამიანს ცალკეული ისტორიული მოვლენის ობიექტური, პირუთვნელი შეფასება და სრულყოფილად თხრობა?       ყველას შეგვიმჩნევია, რომ ერთსა და იმავე ამბავსაც კი თვითმხილველები სხვადასხვანაირად ყვებიან: ზოგს მომხდარის ერთი მხარე რჩება მეხსიერებაში, სხვას კი - მეორე. ჩვენი მეხსიერებაც არ არის უნაკლო და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი დეტალი მიეცემა დავიწყებას. მეტწილად, ეს დამოკიდებულია ადამიანების განათლების დონეზე, ინტერესთა სფეროზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც კი. ასე რომ, თვითმხილველის მიერ აღწერილი ამბავიც არ შეიძლება აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მივიჩნიოთ. მით უფრო, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს, მაქსიმალური ობიექტურობის გამოჩენის სურვილის მიუხედავად, მაინც გვაქვს სუბიექტური ხედვა, ვინაიდან ჩვენზე, ბუნებრივია, მოქმედებს ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ნათესაურ-მეგობრული კავშირები, ჩვენი ასაკი და განათლების დონე, ეროვნულ-კულტურული ტრადიციები, პოლიტიკური სიმპათიები თუ ანტიპათიები.       არადემოკრატიულ, მონარქიულ და დესპოტურ სახელმწიფოებში ისტორიკოსს ხშირად შიშიც აიძულებს იყოს არაგულწრფელი და შეალამაზოს ქმედებები ძლიერთა ამა ქვეყნისა. ისტორიის ასეთი შეგნებული გაყალბების კლასიკური მაგალითი VI ს-ის ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოპი კესარიელია. პროკოფი კესარიელი ბიზანტიელი ისტორიკოსი VI ს. იუსტინიანე I ბიზანტიის კეისარი 527-565 "ანეგდოტა" პროკოპი კესარიელის "საიდუმლო ისტორიას" ლათინურად "ანეგ- დოტა" (Anecdota- გამოუქ- ვეყნებელი ნაწერი) ეწოდება.       პროკოპი კესარიელმა, ცნობილ თხზულებაში "პოლემიკა" ბიზანტიის იმპერიის ის ომები აღწერა, რომელსაც იმპერატორი იუსტინიანე I აწარმოებდა. პროკოპი კესარიელი ამ ომებში ძირითადად უშუალოდ მონაწილეობდა და მოვლენებს ოფიციალური ისტორიკოსის რანგში აღწერდა. ამიტომ ის იმპერატორ იუსტინიანეს საგანგებოდ აქებს და ყოველთვის ყველგან მის მიერ გატარებულ პოლიტიკას ამართლებს. როგორც გაირკვა, პროკოპი კესარიელი სინამდვილეში იუსტინიანე I-ის მოწინააღმდეგე იყო, იმპერატორი და მისი გარემოცვა ეჯავრებოდა. თავისი ნამდვილი შეხედულებები იუსტინიანეზე და მის მმართველობაზე მან თავის "საიდუმლო ისტორიაში" გადმოგვცა, რომელიც ფარულად შეადგინა, თუმცა გამომზეურება ვერ გაბედა, რადგან მას, როგორც თვითონ აღნიშნავს, მოსალოდნელი რეპრესიების ეშინოდა. მისი ამ თხზულების არსებობის შესახებ, შემდგომი თაობების ბიზანტიელი ისტორიკოსებისათვის ცნობილი იყო, მაგრამ "საიდუმლო ისტორიის" ხელნაწერი მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის დაცემიდან (1453) ას სამოცდაათი წლის შემდეგ (1623) ვატიკანის არქივში აღმოჩნდა.       ობიექტურად აფასებდა კი პროკოპი კესარიელი იმპერატორ იუსტინიანეს თავის "საიდუმლო ისტორიაში"? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიული მოვლენის თუ ისტორიული პიროვნების შეფასებას დრო სჭირდება, ამიტომ სრულებითაც არაა გასაკვირი, რომ ხშირად ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენას თუ პიროვნებას ათეულობით წლების და, ხანდახან საუკუნეების გასვლის შემდეგ უფრო ობიექტურად აფასებენ, ვიდრე აფასებდნენ მისი თანამედროვეები. იმავდროულად, დროში დაშორებას დიდი უარყოფითი მხარეც აქვს: რაც უფრო შორს ვართ აღსაწერი ეპოქიდან, მით უფრო გვიჭირს იმ ხანის ადამიანების აზროვნების, ფასეულობების, ურთიერთობების და, ზოგადად, სულისკვეთების გაგება-აღდგენა. პროკოფი კესარიელი იუსტინიანე კეისარსა და მის მმართველობაზე: ჩემთვის არ იყო შესაძლებებლი აღმეწერა ამბები, როგორც წესი და რიგია, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ამ საქმეების ჩამდენნი. ვერც გამოვაპარებდი რამეს ჯაშუშების სიმრავლეს, და მათ მიერ გამჟღავნებული საცოდავი სიკვდილით დავიღუპებოდი, უახლოეს ნათესავებსაც კი ვერ ვენდობოდი. წინანდელ ნაწერებშიც ბევრი რამ ისეთი ვთქვი რისი მიზეზებიც იძულებული ვიყავი დამემალა. აქამდე უთქმელად დარჩენილ და წინანდელ მოთხრობებში გამოტოვებული მიზეზებიც უნდა ავხსნა. მაგრამ ამ ახალ ბნელსა და დაუძლეველ საქმეზე, რომ გადავდივარ, იუსტინიანესა და თეოდორას ცხოვრების აღწერაზე, კანკალს მაწყებინებს და უკან ვიხევ და ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე , რომ ვაი თუ, რასაც მე ახლა დავწერ არც სანდოდ და არც შესაფერისად მოეჩვენოთ იმათ, ვინც შემდგომ იქნებიან... თუ რაის ბატონები ბრძანდებოდნენ იუსტინიანე და თეოდორა და თუ როგორ დაამხეს მათ რომაელთა საქმეები ახლავე ვიტყვი... იუსტინიანე ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, რომ მთელი ძალაუფლება ჩაიგდო და რომაელებისათვის (იგულისხმება ბიზანტიელები, რედ) ისეთ და იმდენ უბედურებათა მიზეზი გახდა, რომლებიც მოსმენითაც კი არავის გაუგონია მთელი წინა საუკუნეების მანძილზე... იუსტინიანემ იმდენი რამე ჩაიდინა, რომ მთელი საუკუნეც არ იქნება საკმარისი, რომ მასზე გიამბოთ". "ანეგდოტა"       მაინც, რა სახის შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად ანტიკური ხანისა თუ შუა საუკუნეების ისტორიკოსები? ანტიკური ხანა - ისტორიის ძველი პერიოდი. დღესდღეობით იტორიის ყველაზე უფრო გავრცელებული პერიოდიზაციით ასე ეწოდება ისტორიის პერიოდს უძველესი დროიდან 476 წლამდე. შუა საუკუნეები - ასე ეწოდება ისტორიის პერიოდს 476 წლიდან 1517 წლამდე (იხ. ისტორიის პერიოდიზაცია გვ. 76) . მოვსეს ხორენაცის სომხეთის ისტორია მოგვითხრობს ამბებს უძველესი დროიდან-სომეხთა ლეგენდარული წინაპრის ჰაიკისა და მისი ვაჟი არმენიდან მოყოლებული V ს-ის ჩათვლით. რაც შეეხება მოვსეს ხორენაცის მოღვაწეობის ხანის დათარიღებას, ის V-X სს-ებს შორის მერყეობს, ვინაიდან თხზულება V ს-ის ამბების თხრობით თავდება, მკვლევართა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ავტორიც ამავე საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს, თუმცა თხზულებაში მოცემული ეთნო-გეოგრაფიული ტერმინოლოგია სხვა მკვლევარებს ერთ შემთხვევაში მის VII ს-ში, მეორე შემთხვევაში კი X ს-ში მოღვაწეობას აფიქრებინებს.      უპირველეს ყოვლისა, ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში (ყოველ შემთხვევაში, შუა საუკუნეების უდიდეს ნაწილში) სერიოზული პრობლემა ქრონოლოგიის საკითხი გახლდათ.       მაგალითად, ადრე შუა საუკუნეების დიდი სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი, თავის სომხეთის ისტორიაში, სადაც სომხეთის ისტორიის უძველესი პერიოდი მსოფლიო ისტორიის ფონზე აქვს გაშლილი, მეორე წიგნის XII ნაკვეთს შემდეგნაირად ასათაურებს: "არტაშესის დაძვრა დასავლეთისაკენ, კრიუსოსის შეპყრობა, კერპების ხელში ჩაგდება და სომეხთათვის გადაცემა". ვინ არის არტაშეს პირველი, როგორც მას თვით ავტორი უწოდებს? ესაა სომხეთის ცნობილი მეფე არტაშეს I, იგივე ბერძნული წყაროების არტაქსია, რომელიც სომხეთს ძვ. წ. 189-160 მართავდა, და ვინ არის კრიუსოსი? ეს მსოფლიო ისტორიიდან კარგად ცნობილი ლიდიის მეფე კროისოსია, რომელიც ლიდიას ძვ. წ. 550-546 განაგებდა. როგორც ვხედავთ, ეს, დაახლოებით ოთხი საუკუნით ერთმანეთს დაშორებული მეფეები მოვსეს ხორენაციმ თანამედროვეებად გამოიყვანა. სამწუხაროდ, ძველ ავტორებს შეცდომები მარტო ქრონოლოგიაში როდი მოსდიოდათ.       მაგალითად, ცნობილია, რომ აქემენიანთა სპარსეთის პირველი მეფე კიროსი სკვითებთან ბრძოლაში დაიღუპა. ამ ამბავს არაერთი ანტიკური წყარო მოგვითხრობს. მაგრამ წყაროებს შორის თანხმობა ამით თავდება.       რომელ სკვითურ ტომებთან ბრძოლაში დაიღუპა კიროსი?       ჰეროდოტე მოგვითხრობს, რომ ის მასაგეტების სკვითურ ტომთან ბრძოლაში დაიღუპა, მაშინ როცა სტრაბონი საკების სკვითურ ტომს ასახელებს.       კიდევ უფრო მეტ დავას იწვევს კიროსის დაღუპვის ადგილი. ჰეროდოტეც და სტრაბონიც მდ. არაქსს ასახელებენ. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსები მაინც ვერ შეთანხმებულან ამის თაობაზე, რატომ? იმიტომ რომ ბერძნულ წყაროებში არც თუ იშვიათია ერთი და იგივე სახელწოდებით რამდენიმე სხვადასხვა მდინარის მოხსენიება. პროკოფი კესარიელი იუსტინიანე კეისარსა და მის მმართველობაზე: "ჩვენს დროში გამოჩნდა იუსტინიანე მეფე, რომელმაც მიიღო სახელმწიფო უაღრესად შერყეული და სიდიდითაც უფრო გაზარდა იგი და ბევრად უფრო ბრწყინვალე გახადა, მას შემდეგ რაც იქიდან გააძევა ბარბაროსები, რომლებიც ძველითგანვე მძლავრობდნენ მას, როგორც ეს ჩემ მიერ დაწვრილებით არის ნათელყოფილი წიგნში "ომების შესახებ"... (იუსტინიანემ თავისი მოღვაწეობით, რედ.) იმას მიაღწია , რომ სახელმწიფოში დაამკვიდრა ნეტარი ცხოვრება". "ამბობენ, რომ სპარსელი კიროსი საუკეთესო მეფე იყო და მათ შორის, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ, თავისი თანამეტომეებისათვის იყო უდიდესი მიზეზი სამეფოს ძლიერებისა... თუ ვინმე ზედმიწევნით გაეცნობა ჩვენი მეფის იუსტინიანეს მმართველობას, ის მივა იმ დასკვნამდე, რომ კიროსის სამეფო (იუსტინიანესთან შედარებით, რედ.) სათამაშოს ჰგავს". "პოლემიკა"       საზოგადოდ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, გეოგრაფიული და ეთნიკური სახელები ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის კიდევ ერთი სისუსტე იყო.       მოვიყვანთ გეოგრაფიულ და ეთნიკურ სახელთა არასწორად გაგების ერთ კლასიკურ მაგალითს ქართული შუა საუკუნოვანი მატიანეებიდან: რომლებიც, სხვადასხვა ისტორიულ ინფორმაციებთან ერთად, ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორისა და მიდიის (უძველესი პერიოდის სპარსეთი) მეფის მართველობის ხანაში სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე მათ მიერ გამოდევნილი მომთაბარე ირანული მოდგმის ტომების სკვითების მოსვლა დასახლების ამბავს მოგვითხრობენ.       თავდაპირველ ტექსტში ეწერა: "მაშინ მოვიდეს ნათესავნი მბრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქუეყანა ხარკითა და დასხდეს იგინი ზანავს. და ეპყრა იგი, რომელ ხარკითა აქუნდა, ჰრქვიან მას ხერკი". მოგვიანებით, ტექსტის ერთ-ერთმა გადამწერრედაქტორმა ტექსტში დასახელებული ეთნიკურ-გეოგრაფიული სახელები ვერ გაიგო და ისინი თავისებურად "შეასწორა". შესწორების შემდეგ ტექსტმა შემდეგი სახე მიიღო: ნაბუქოდონოსორი ბაბილონის მეფე (ძვ.წ. 605-552) ნაბუქოდონოსორის გამოსახულება კამეაზე       "მაშინ ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალემი და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს და მოითხოვეს მცხეთელთა მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა.       მისცა და დასხნა არაგუსა ზედა. წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი. და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ, ხარკისა მისთჳს".       საიდან გაჩნდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, ან კიდევ ურიები, როდესაც პირველ ტექსტში ქალდეველები და ჰონები არიან მოხსენიებულნი? საქმეც იმაშია, რომ უფრო გვიანი ხანის რედაქტორ-გადამწერმა ქალდეველები სრულიად სამართლიანად შუამდინარელებად და ბაბილონელებად გაიაზრა, მით უფრო, რომ ეთნიკური სახელი ჰონი, ჰურიანის, ანუ ებრაელის ქარაგმად მიიჩნია. თუ შუამდინარეთიდან, ანუ ბაბილონიდან დევნილ და გადმოსახლებულ ებრაელებთან გვაქვს საქმე, რომელი მეფე იქნებოდა ამის ჩამდენი, თუ არა ნაბუქოდონოსორი, რომელმაც, როგორც ბიბლიიდანაა ცნობილი, იერუსალიმი აიღო და ებრაელები ბაბილონში გადაასახლა. განა უპრიანი არ იქნება, რომ ებრაელების ქართლში მოსვლა, ნაბუქოდონოსორის მიერ სამშობლოდან მათ იძულებით გამოსახლებას დავუკავშიროთ? რა არის ისტორია? "...ისტორიის ეს გადმოცემა მიზნად ისახავს იმას, რომ დროთა ვითარებაში არ იქნეს დავიწყებული ადამიანთა საქებარი საქმიანობა, არც ის დიდი და საოცარი საქმეები უნდა დარჩეს განუდიდებელი, რომლებიც აღასრულეს როგორც ელინებმა, ისე ბარბაროსებმა, არ უნდა იქნეს დავიწყებული ყველა სხვა და განსაკუთრებით კი ის მიზეზი, რისი გულისათვისაც ებრძოდნენ ელინები და ბარბაროსები ერთმანეთს". ჰეროდოტე, "ისტორია"       ტექსტის გადამწერ-რედაქტორმა არ იცოდა, და ჩვენ კი დღეს ვიცით, რომ აღნიშნული ინფორმაცია სულაც არ ეხებოდა ებრაელებს, არც ბაბილონი და შუამდინარეთია მაინცადამაინც შუაში. საქმე ისაა, რომ უძველეს ქართულ ტექსტებში ეთნონიმი ქალდეველი შუამდინარეთის მცხოვრებს კი არა, სპარსელს აღნიშნავს. რაც შეეხება ეთნონიმ ჰონს, ჰონები თურქული მოდგმის მომთაბარე ტომებია (და არა ჰურიის, ანუ ებრაელის ქარაგმა), რომლებიც სწორედაც ამ სახელწოდებით არიან ცნობილი მსოფლიო ისტორიაში. ძველ ქართულ წყაროებში ეთნონიმები ჰონი, თურქი და ხაზარი, ხშირად ამ სახელით ცნობილ კონკრეტულ თურქულ ტომს სულაც არ აღნიშნავს. ვინაიდან ეს ტომები მომთაბარეები იყვნენ, მათი ეთნიკური სახელი ძველ ქართულ საისტორიო მწერლობაში ზოგადად მომთაბარის სინონიმად იქცა. ასე რომ, ეს ისტორიული ინფორმაცია სპარსელების მიერ (უფრო ზუსტად, მათი მეფე ყიაღსარის მიერ) გამოდევნილი მომთაბარეების, კერძოდ, სკვითების, ქართლში მოსვლის ამბავს მოგვითხრობს.       ჩრდილო კავკასიის ველებზე III ს-დან მომთაბარე ჰონები V საუკუნის შუა წლებში ევროპისაკენ დაიძრნენ. VII საუკუნიდან კავკასიაში მათ ასევე თურქული მოდგმის ხაზარები ჩაენაცვლნენ. ვინაიდან იმ ხანისათვის (VII ს.) ჰონები საქართველოში აღარ ახსოვდათ, ჰურიები, ანუ ებრაელები კი მცხეთასა და მის ირგვლივ მრავლად ცხოვრობდნენ, ძველმა ქართველმა რედაქტორ-გადამწერმაც მისთვის გაუგებარი ჰონი ქარაგმად მიიჩნია და ეს ვითომდა ქარაგმა სრულიად ბუნებრივად გახსნა მისი დროისათვის გასაგები ჰურიანით (ებრაელით).       როგორც ვიცით, XV ს-მდე წიგნის სტამბური ბეჭდვა არ არსებობდა. ხელნაწერი წიგნები ცალობით იქმნებოდა. ამგვარად, გადამწერ-რედაქტორმა თავის ნუსხაში კი შეიტანა შესწორება, რომელიც ამ ნუსხიდან გადაწერილ ეგზემპლარებში გავრცელდა, მაგრამ ტექსტის ძველი ვერსიაც სადღაც დარჩა. გარკვეული დროის შემდეგ ორივე ვერსია ახლა სხვა გადამწერ-რედაქტორს ჩაუვარდა ხელში. ერთ ნუსხაში მას ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი ებრაელების ქართლში მოსვლისა და ხერკში და ზანავში დასახლების ამბავი დახვდა, მეორეში კი - ასევე ხერკსა და ზანავში ქალდეველებისაგან დევნილი ჰონების მოსვლადასახლების ამბავი. ასეთ ვითარებაში თავის გადაწერილ ვერსიაში მან უცვლელად შეიტანა ერთი ნუსხიდან ამოღებული ინფორმაცია ებრაელების შესახებ, მეორე ნუსხიდან კი დატოვა ის, რაც განსხვავებული იყო და პირველ ნუსხაში არ ეძლეოდა. ასე გაჩნდა ამ ამბის კიდევ ერთი ჩანაწერი: "კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი და დაეშენეს იგინიცა ქართლს".       იმავე ხანებში, ან უფრო ადრე, კიდევ ერთმა გადამწერრედაქტორმა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია პირველ გადამკეთებელზე უკეთესად გაიგო, გადაწყვიტა ძველი და ფართო მკითხველისათვის უკვე გაუგებარი ეთნიკური ტერმინების შეცვლა მის დროში მიღებული შესატყვისებით. ამიტომ ქალდეველები შეცვალა სპარსელებით, უფრო ზუსტად, მათი ცნობილი მეფე ქაიხოსროთი (ყიაღსარი), ჰონი კი, როგორც მომთაბარის აღმნიშვნელი ტერმინი, ამავე მნიშვნელობით მის დროში უფრო გავრცელებული ტერმინით თურქი. ამის შემდეგ მან მოინდომა, რომ მკითხველისათვის განემარტა ამ თურქების ქართლში მოსვლის მარშრუტი და, ვინაიდან მის ხანაში თურქი ტომები ძირითადად ცენტრალურ აზიაში მომთაბარეობდნენ, ისინი საქართველოში გურგენის, ანუ კასპიის ზღვის გავლით მოიყვანა. შედეგად, მივიღეთ იგივე ამბის უკვე რიგით მეოთხე ვერსია:       "მასვე ჟამსა მოვიდეს თურქნი ოტებულნი მისვე ქაიხოსროსაგან, გამოვლეს ზღუა გურგენისი, აღმოჰყვეს მტკუარსა და მოვიდეს მცხეთას - სახლი ოცდა რვა. და ეზრახნეს მამასახლისსა მცხეთისასა... და მოითხოვეს ადგილი ერთი იგი მცხეთელთა მამასახლისითგან. მისცა და აღაშენეს იგი, მოზღუდეს მტკიცედ"...       კიდევ ერთმა გადამწერ-რედაქტორმა ყველა ამ ვერსიას მოუყარა თავი და, ვინაიდან ისინი სხვადასხვა ამბად ფაიაზრა, "ქართველთა ცხოვრების" მის მიერ გადაწერილ ეგზემპლიარში ქრონოლოგიურად ერთმანეთის მიყოლებით განალაგა, როგორც სხვადასხვა ამბები. ასეთნაირად მივიღეთ, რომ სპარსელების, კერძოდ, მეფე ყიაღსარის მიერ გამოდევნილი სკვითების საქართველოში მოსვლის ამბავს "ქართველთა ცხოვრება" ხან ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილი ებრაელების, ან სულაც საკუთრივ ქალდეველების, ან კიდევ ყიაღსარის (ქაიხოსრო) მიერ გამოდევნილი თურქების ქართლში მოსვლა-დასახლების თითქოს სხვადასხვა დროს მომხდარ განსხვავებულ ამბებად გვიყვება.       შეცდომების დაშვება ჩვეულებრივ ხდებოდა მეფეთა, თუ, ზოგადად, სხვადასხვა სახის გენეალოგიური ნუსხების გადაწერის დროს, გადამწერის მიერ ერთი სახელის გამოტოვება, ან პირიქით, გამეორება შეცდომების მთელ წყებას იწვევდა. ამგვარი შეცდომის საილუსტრაციოდ მოგვყავს ბიბლიურ ეთნარქთა ყველასათვის ცნობილი გენეალოგია.       აქ კაენისა და შეთის შთამომავლების ნუსხას თუ დავაკვირდებით და, იმავდროულად, ამ ორ გენეალოგიურ ბოძს შორის შეთის შთამომავლების ჩვენს მიერ შუაში შემოთავაზებულ და თანმიმდევრობა შენაცვლებულ, ანუ გასწორებულ რიგს თუ შევადარებთ, იოლად დავრწმუნდებით, რომ ისინი ერთი ნუსხის ოდნავ განსხვავებული ვერსიებია. მაგრამ ბიბლიის შემდგენლები ამას ვერ მიხვდნენ და ეს ორი იდენტური, თუმცა ერთმანეთის მიმართ გარკვეული ხარვეზებისა და განსხვავების შემცველი ნუსხები სხვადასხვა შვილების შთმომავლების ორ განსხვავებულ გენეალოგიურ ნუსხად გაიაზრეს.       ასეთი და მსგავსი შეცდომებითა და კურიოზებით სავსეა ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების, განსაკუთრებით ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების ისტორიკოსთა, მათ შორის სრულიად გამორჩეულ ისტორიკოსთა ნაშრომები.       ნდობა და კრიტიკა. ნარატიული თხზულებები, ზემოთ ჩვენს მიერ აღნიშნული ხარვეზების მიუხედავად, ბუნებრივია, უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენენ ისტორიკოსებისათვის წარსულის რეკონსტრუქციისას. ვინაიდან ყველა სხვა წერილობითი წყარო: სხვადასხვა სახის დოკუმენტები სიგელ-გუჯრები, მოსახლეობის, თუ გადასახადების აღწერის დავთრები, ეპიგრაფიკული წარწერები და ა.შ. ისეთ მრავალმხრივ და ვრცელ ინფორმაციას არ გვაძლევენ ამა თუ იმ ისტორიულ ეპოქაზე, როგორც ძველ ისტორიკოსთა "ისტორიული თხზულებები".       მიუხედავად, ნარატიული თხზულებების ასეთი მნიშვნელობისა, დამოკიდებულება მათ მიმართ, უფრო სწორედ, ნდობა ამ თხზულებებში დაცული ინფორმაციებისადმი ეპოქების მიხედვით ფრიად განსხვავდება: ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში ადამიანები ძველ მწერალთა მონათხრობს ბევრად მეტი ნდობით ეკიდებოდნენ და, შეიძლება ითქვას, უკრიტიკოდ იღებდნენ. მიუხედავად ამისა, იმ ხანაშიც არსებობდნენ ისტორიკოსები, რომლებიც მათ წინამორბედ მკვლევართა თხზულებებში მოთხრობილ ნაკლებად სარწმუნო ამბებს არ იჯერებდნენ და ფანტასტიკური ამბების თხრობით გატაცებულ ავტორებს აკრიტიკებდნენ. ისიკოსის უბე - მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე ხმელთაშუა ზღვის უკიდურესი ჩრდილო- აღმოავლეთი უბე. ჩვენი ზღვა - იგულისხმება ბერძნების ზღვა, იგივე ხმელთაშუა ზღვა. დიოსკურიადა - ქალაქი სოხუმი სტადიონი - მანძილის საზომი ერთეული ძველ ხალხებში. ერთი სტადიონი ძველ ბერძნებში უდრიდა 178 მეტრს. ადრიასი - ადრიატიკის ზღვა ჰერაკლეს სვეტები - ჰიბრალტარის სრუტე ევქსინი - შავი ზღვა ლიბია - აფრიკა კილიკია - ისტორიული ქვეყანა დღევანდელი თურქეთის სამხრეთში       ამ მხრივ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს თვალი გავადევნოთ, თუ როგორ აკრიტიკებს ანტიკურობის ერთერთი დიდი სწავლული, ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ.64 - ახ.წ.24), რამდენიმე საუკუნით უფრო ადრე მოღვაწე ძველი საბერძნეთის ასევე სრულიად გამორჩეულ სწავლულს (გეოგრაფსა და ფიზიკოსს) ერატოსთენეს (ძვ. წ. 276-195). სტარაბონის თხზულებიდან მოყვანილი ამონარიდი (იხ. ამავე გვერდზე).       უნდა აღვნიშნოთ, რომ სიმართლე ერატოსთენეს მხარეზეა: არც დიოსკურიაა (ქალაქი სოხუმი) ისიკოსის უბეზე აღმოსავლეთით და ძველი ბერძენი მეზღვაურებიც ჯერ კიდევ აქეური საბერძნეთის ხანაში, სანამ გაშლილ ზღვაში ცურვას გაეჩვეოდნენ, სწორედაც ნაპირ-ნაპირ დაცურავდნენ. მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ სტრაბონი უპირობოდ კი არ იმეორებს ერატოსთენეს ნათქვამს, როგორც ძირიადად იქცეოდნენ ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ისტორიკოსები, არამედ, როგორც ჭეშმარიტი მეცნიერი ცდილობს მისი წინამორბედის გადამოწმებას და მისთვის მიუღებელი თეზების დასაბუთებულ უარყოფას.       ქართველი მკითხველისათვის საინტერესო უნდა იყოს იმ ბერძენი ისტორიკოსების სტრაბონისეული კრიტიკა, რომელთა თხზულებებში ინდოეთის ჰინდუქუშის მთებს "კავკასიონი" ეწოდება. ერატოსთენე გვირჩევს, რომ ადვილად არ ვენდოთ შემთხვევით ამბებს ერატოსთენე გვირჩევს, რომ ადვილად არ ვენდოთ შემთხვევით ამბებს... ხოლო თვით კი უჯერებს შემთხვევით ამბებს. მაგალითად ის ამბობს, რომ ისიკოსის უბე არის უკიდურესი აღმოსავლეთი ადგილი ჩვენი ზღვისა, მაშინ როდესაც დიოსკურიადა, რომელიც მდებარეობს პონტოს უკიდურეს ყურეში, 3. 000 სტადიონით (მანძილის საზომი ერთეული ძველ ბერძნებში) უფრო აღმოსავლეთიდაა მასზე, მისი (ერატოსთენეს, რედ.) გაზომვის მიხედვითაც კი იმ სტადიონებით რომელსაც ის იყენებს. ხოლო როდესაც აგვიღწერს ადრიასის ჩრდილოეთისა და უკიდურეს ქვეყნებს, არ უშვებს არც ერთ მითს, რომ არ მოჰყვეს. მას სჯერა ჰერაკლეს სვეტებს გარეთ მდებარე ქვეყნების შესახებ უამრავი მითიც... ... ის ამბობს, რომ ძველი ხალხები ცურავდნენ ყაჩაღობისა და ვაჭრობისათვის, რომ ისინი შუა ზღვაში კი არ ცურავდნენ, არამედ ნაპირ-ნაპირ, როგორც იაზონი, რომელმაც დატოვა ხომალდი, როდესაც კოლხებიდან ბრუნდებოდა და არმენიასა და მიდიამდე ხმელეთით ილაშქრა. შემდეგ კი ამბობს, რომ ძველად ვერც ევქსინზე ბედავდა ვინმე ცურვას, ვერც ლიბიის, სირიის და კილიკიის გასწვრივ. თუ ძველებს ის მათ უწოდებს, ვინც ჩვენს ხსოვნამდე იყო, მაშინ არ მიმაჩნია საჭიროდ მათზე ლაპარაკი, ცურავდნენ ისინი საერთოდ, თუ არა, ხოლო თუ ის საუბრობს მათ შესახებ ვინც გვახსოვდა, ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ძველები უფრო დიდ გზებს არ გადიოდნენ. სტრაბონი, გეოგრაფია       ძველი ბერძენი სწავლული ასეთი აღრევის მიზეზს ალექსანდრე მაკედონელის ეპოქის ისტორიკოსების ალექსანდრესადმი მაამებლობის სურვილით ხსნის. მართლაც, ანტიკურ სამყაროში ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ისტორიკოსთა ნაწერებში ორი კავკასიონი გაჩნდა: ერთი მანამდეც ცნობილი, პონტოს, ანუ შავიზღვისპირა კავკასიონი და მეორე ინდოეთში, ჰინდი-ქუშის მთები, რომლებსაც აგრეთვე "კავკასიონი" ეწოდა. ეს აღრევა, ალექსანდრე მაკედონელის მოლაშქრეების გეოგრაფიული უცოდინრობისა და მათგან ინფორმირებული ისტორიკოსების უნებლიე შეცდომის შედეგი უფრო იყო, ვიდრე მლიქვნელობისა და მაამებლობის. მიუხედავად ამისა, საკითხის კვლევისადმი სტრაბონის მიდგომა დღევანდელი ისტორიკოსისთვისაც კი მისაბაძი შეიძლება იყოს.       თუ ანტიკური ხანის ისტორიოგრაფიის საუკეთესო წარმომადგენლები წინარე მწერალთა ნარატიული თხზულებების გამოყენებისას კრიტიკული ანალიზის მეთოდს ხმარობდნენ, ამ მხრივ ბევრად უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია. მათ შორის ბიზანტიურიც კი, რომელსაც შუა საუკუნეების ისტორიულ თხზულებებზე საუბრისას, უპირობოდ, პირველობა უნდა მივაკუთვნოთ. პრომეთევსი - ბერძნული მითოლოგიის გმირი ზევსის მიერ კავკასიონზე ბორკილებით მიჯაჭვული. ჰერაკლე - ძველი ბერძნული მითოლოგიის გმირი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. შემთხზველები მლიქვნელობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ჭეშმარიტებაზე "ისტორიკოსთა მიერ განსადიდებლად გადმოცემული მოთხრობები თუ ერთსა და იმავეს გადმოგვცემენ, ეს იმიტომ, რომ მათი შემთხზველები მლიქვნელობაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე ჭეშმარიტებაზე. ასეთია მაგალითად კავკასიონის გადატანა კოლხიდისა და ევქსინის ზემოთ მდებარე მთებიდან აღმოსავლეთისაკენ ინდოეთის მთებთან და მათ მახლობლად მდებარე ზღვასთან. ამ მთებს (საუბარია შავი ზღვის კავკასიონზე, რედ.) უწოდებდნენ ელინები კავკასიონს და ისინი დაშორებულნი არიან ინდოეთს უფრო მეტით, ვიდრე 30. 000 სტადიონია; ამასვე (შავი ზღვის კავკასიონს, რედ.) ასახელებს მითი, რომელიც ეხება პრომეთევსსა და მის ბორკილებს. ეს იმიტომ, რომ ეს მთები (შავი ზღვის კავკასიონი, რედ.) იცოდნენ მაშინდელებმა უკიდურეს აღმოსავლეთად. ხოლო დიონისესა და ჰერაკლეს ლაშქრობა ინდოელებზე ამჟღავნებს ამ მითის გვიანდელ წარმოშობას... უფრო სასახელო იყო ალექსანდრესათვის (იგულისხმება მაკედონელი) აზიის ინდოეთის მთებამდე დაპყრობა, ვიდრე ევქსინისა და კავკასიონის კუთხემდე. მაგრამ დიდება მთისა, მისი სახელი და ის ამბავი, რომ იაზონისა და მისი მახლობლების შესახებ ფიქრობენ, რომ მათ უშორესი ლაშქრობა შეასრულეს კავკასიის სანახებამდე და ის, რომ პრომეთევსი გადაცემული იყო მისაჯაჭვად ქვეყნის კიდეზე - კავკასიონზე, ამ ამბების გამო უნდოდათ როგორმე ესიამოვნებინათ მეფისათვის და გადაიტანეს მთის სახელი ინდოეთში. სტრაბონი, გეოგრაფია       შუა საუკუნეების ისტორიკოსები სრულიად უკრიტიკოდ, ხშირად სიტყვა-სიტყვითაც კი გადაწერდნენ წინამორბედის თხზულებას და მას თავისი ეპოქის ისტორიას მიუმატებდნენ. რუფინუსი 345-410 რომაელი ისტორიკოსი რუფინუსი ხანგრძლივად ცხოვრობდა პალესტინასა და იერუსალიმში. აქვე, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, გაეცნო ის გელასი კესარიელის "საეკლესიო ისტორიას". სატრაპი - მსხვილი რეგიონის მმართველი აქემენიანთა სპარსეთში. აქ იხმარება სარდლის, მხედართმთავრის მნიშვნელობით. დომესტიკოსი - ჯარების უფროსი მხედართმთავარი ბიზანტიაში.       ასეთ დროს ისტორიკოსი ხშირად წინამორბედი ავტორის დასახელებას საჭიროდ არც კი მიიჩნევდა. ამიტომ თანამედროვე მკვლევარებს დიდი გულისხმევა სჭირდებათ, რომ შუა საუკუნეების ავტორის თხზულებაში მისი წინამორბედების თხზულებები გამოაცალკევონ.       ამ მხრივ კარგი მაგალითია რომაელი ისტორიკოსის რუფინუსის თხზულება "საეკლესიო ისტორია", რომელმაც, როგორც წყაროთმცოდნეებმა დაადგინეს, თავისი ნაშრომის წერისას მისი წინამორბედის გელასი კესარიელის ამავე სახელწოდების ნაწარმოები გამოიყენა.       გელასი კესარიელი თავის "საეკლესიო ისტორიაში" მოგვითხრობს იბერიელთა გაქრისტიანების შესახებაც. შესაბამისად, რუფინუსმაც ეს ნაწილი მისგან გადმოიღო. ოღონდ გელასი კესარიელის თხრობა იმის თაობაზე, რომ მან იბერიელთა გაქრისტიანების შესახებ ინფორმაცია მიიღო იბერიელი ბაკურისაგან, უცვლელად დატოვა. ამგვარად, რუფინუსის კითხვისას, მკითხველს შთაბეჭდილება ექმნება, თითქოს იბერიელი ბაკურისაგან საკუთრივ რუფინუსს მიეღოს ინფორმაცია.       ყველაზე საინტერესოა ის, რომ ორივე ავტორთან მათ ნაცნობად და უშუალო ინფორმატორად დასახელებული ბაკური, იყო ქართლის პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის უმცროსი ვაჟი, რომელიც მირიანის მიერ ქრისტიანობის მიღებამდე, ანუ დაახლ. 325 წლამდე, რომში მძევლად იმყოფებოდა. ნაკლებად სავარაუდოა, მას დაახლოებით იმავე. ხანებში ახლად დაბადებული გელასი კესარიელი სცნობოდა, ან მით უფრო მისთვის რაიმე მოეყოლა. ასე რომ, გელასისაც, რუფინუსის არ იყოს, ეს ამბავი, როგორც ჩანს, სხვა, ჩვენთვის დღეს უცნობი, მისი წინამორბედი ავტორისაგან ჰქონდა უცვლელად გადმოწერილი. იბერთა მოქცევა ეს ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო ბაკურიმ, კაცმა ფრიად ღვთისმოშიშმა, მეფის შთამომავალმა და იბერთა შორის სახელოვანმა, რომელიც გახდა რომაელთა სატრაპი და აწარმოა ომი ბარბაროს სარკინოზთა წინააღმდეგ პალესტინის მწვერვალებზე და მათზე ბრწყინვალედ გაიმარჯვა. გელასი კესარიელი, ეკლესიის ისტორია იბერთა ტომის მოქცევა ტყვე ქალის მეშვეობით რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო, კაცმა, ბაკურიმ თვით ამ ხალხის მეფემ, რომელიც ჩვენში იყო დომესტიკოსი. იგი უაღრესად ზრუნავდა როგორც მორწმუნეობაზე, ისე ჭეშმარიტებაზე როდესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა ... იერუსალიმში. მაშინ ის იყო პალესტინის საზღვრების სარდალი. რუფინუსი, საეკლესიო ისტორია გელასი კესარიელი დაახლ. 325-395 რომაელი ისტორიკოსი და პალესტინის ქალაქ კესარიის ეპისკოპოსი. მონაწილეობდა 381 წლის კონსტანტინეპოლის II მსოფლიო და 394 წ-ის ადგილობრივი კრებების მუშაობაში. მას ,ეკუთვნის თხზულება "ეკლესიის ისტორია". შრომა არ არის მოღწეული, მაგრამ ძველი წყაროები ადასტურებენ, რომ მას დაუწერია ევსები კესარიელის "ეკლესიის ისტორიის" გაგრძელება.       იმავდროულად შუა საუკუნეების ისტორიკოსები თავისი ინფორმაციებისადმი მკითხველის ნდობის ხარისხის უფრო ასამაღლებლად, ცდილობდნენ მათ მიერ გამოყენებული წყაროების განსაკუთრებულ პირუთვნელობაში დაერწმუნებინათ მკითხველი, რისთვისაც ძველი მსოფლიოს ყველასთვის ცნობილ და გამოჩენილ პირებს იმოწმებდნენ, რომლებსაც ვითომდა მონაწილეობა მიეღოთ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციების შექმნა-გადაწერა-გამრავლებაში. ამ თვალსაზრისით საინტერესოა ადრე შუასაუკუნეების სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის "ისტორიის" შესავალი (იხ. ქვემოთ), სადაც ის ირწმუნება, რომ მისი ინფორმაციები მომდინარეობენ მატიანიდან, რომელიც უშუალოდ ალექსანდრე მაკედონელის ბრძანებით ითარგმნა.       შუა საუკუნეების ისტორიული აზროვნების დაძლევა და წარსულის ისტორიული მემკვიდრეობისადმი კრიტიკული მიდგომა ახალი ისტორიის მონაპოვარია (XV-XVI სს). შემდგომ საუკუნებში მეცნიერებმა ნარატიული ისტორიული თხზულებების საფუძვლიანი შესწავლა დაიწყეს. დადგინდა არა ერთი ძველი ისტორიული თხზულების შექმნის დრო და ავტორები, ამ ავტორთა მიერ გამოყენებული წყაროები და სხვ.       იმავდროულად, XIX-XX სს-ში წარსულის სიღრმიდან მოღწეულ ისტორიულ თხზულებებში აღმოჩენილმა, ჩვენს მიერ უკვე ზემოთ ნაჩვენების მსგავსმა ქრონოლოგიურმა აღრევებმა და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანმა შეცდომებმა, მკვლევრთა ერთ ნაწილს ნარატიული წყაროების მიმართ უნდობლობა და ჰიპერკრიტიკული დამოკიდებულება განუვითარა. რამაც ზოგი მკვლევარი ამ თხზულებებში დაცული, საუკუნეების სიღრმიდან მომდინარე უძველესი ინფორმაციების ლამის სრულ უარყოფამდეც კი მიიყვანა. ეს მატიანე შეიცავს ძველების - წინაპრების შესახებ უტყუარ ცნობებს ეს მატიანე ალექსანდრეს ბრძანებით (იგულისხმება ალექსანდრე მაკედონელი, რედ.) ქალდეველთა ენიდან (აქ იგულისხმება სპარსული, რედ.) თარგმნილია ბერძნულად და შეიცავს ძველების, წინაპრების შესახებ უტყუარ ცნობებს. მატიანის დასაწყისი ... ეხება ზრუანს, ტიტანს და იაპეტოსთეს, თავ-თავის ადგილზე, თანმიმდევრობით, ვრცლად გადმოცემულია ამ სამი მამამთავრის შთამომავლებიდან ყველა სახელოვანი კაცის ამბავი. ამ მატიანიდან მარ აბასკატინამ ჩვენი ერის შესახებ მხოლოდ სარწმუნო მოთხრობები ამოიღო, რომელიც წარუდგინა მეფე ვალარშაკს ნიზიბინში ბერძნული და ასურული მწიგნობრობით. ქმნულკეთილმა და მამაცმა მოისარმა, მჭევრმეტყველმა და ბრძენმა ვაჟკაცმა ვალარშაკმა აიღო ის და თავის უპირველეს განძად მიიჩნია, დიდი სიფრთხილით შეინახა თავის საცავში, ბრძანა მისი ერთი ნაწილი ქვაზეც ამოეკვეთათ. ჩვენ იქედან ამოვიღეთ სარწმუნო ამბები, ისე რომ თხრობის თანმიმდევრობას ვიცავთ. მოვსეს ხორენაცი, "სომხეთის ისტორია"       მსგავსი დამოკიდებულების კლასიკურ მაგალითად "ქართველთა ცხოვრება" შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც ქართველ ისტორიკოსთა, ერთმა, თუმცა სამწუხაროდ, ყველაზე გავლენიანმა ნაწილმა, ამ უნიკალური, შუა საუკუნოვანი ძეგლის IX საუკუნემდელი ინფორმაციების შემცველი მონაკვეთი ერთი ხელის მოსმით "სრულიად გამოუსადეგარად" გამოაცხადა.       XX ს-ის შუა წლებისა და II ნახევრის არქეოლოგიურმა აღმოჩენებმა, მათ შორის ამ არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილმა ეპიგრაფიკულმა წარწერებმა, "ქართველთა ცხოვრების" მრავალი ინფორმაცია დაადასტურა, რამაც ისტორიკოსებს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ის, რაც ერთი თვალის შევლებით არ გვესმის, ან ვერ ვიჯერებთ, იმიტომ, რომ მისი სხვა წყაროებით გადამოწმება არ შეგვიძლია, სულაც არ ნიშნავს, რომ სიცრუეა.       ძველი ისტორიკოსები როდესაც ცდებიან, რაიმე ფაქტს ამახინჯებენ, ან მომხდარი მოვლენების ქრონოლოგიას ურევენ, იმასაც თავისი მიზეზი აქვს და ამ შეცდომების მიზეზების პოვნას ხშირად საკუთრივ შეცდომების გასწორებაზე არა ნაკლები მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.       ამ თავში შევეცადეთ მოკლედ მიმოგვეხილა ის საკითხები, რომლებსაც ისტორიკოსი-წყაროთმცოდნე იკვლევს და გვეჩვენებინა ის სირთულეები, რომლებსაც ის კვლევისას აწყდება. ისმის კითხვა: როგორღა ახერხებენ ისტორიკოსები წარსულის მეტ-ნაკლებად ობიექტური სურათის წარმოჩენას და ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენებში ისტორიული კანონზომიერების დადგენას, ანუ იმას, რაც ისტორიას მეცნიერებად აქცევს?       ისტორიკოსის კვლევა ყველაზე მეტად გამომძიებლის მუშაობას წააგავს. ის, როგორც გამომძიებელი, ანალიზს უკეთებს სხვადასხვა პირველად და მეორად წყაროთა მონაცემებს, მრავალმხრივ ამოწმებს მათ, ზოგ შემთხვევაში ურთიერთ გამომრიცხავ ჩვენებებსაც კი და გამოწვლილვითი კვლევაძიების საფუძველზე ადგენს ჭეშმარიტებას. ისტორიკოსი, გამომძიებლის მსგავსად, ზოგჯერ ცდება, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ გამომძიებლის შეცდომა შესაძლოა უდანაშაულო ბრალდებულისათვის საბედისწერო აღმოჩნდეს, მაშინ, როდესაც ისტორიკოსთა შეცდომა თითქოს ნაკლები ზიანის მომტანია, მით უფრო, რომ მას შემდგომი თაობის მკვლევარები თანდათან მაინც გაასწორებენ.       თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, ერთი შეხედვით, ისტორიკოსთა ვითომდა უვნებელი და უნებლიე შეცდომები, ან შეგნებული გაყალბებები, კაცობრიობას არანაკლებ ძვირად უჯდება, ვინაიდან ხალხებს და სახელმწიფოებს დაპირისპირებისა და ომებისკენაც კი უბიძგებს. წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში წიგნი I თბილისი 2013…
დაამატა ლაშა to მსოფლიო ისტორია at 4:19pm on სექტემბერი 20, 2016
თემა: დანიელის წინასწარმეტყველება (განმარტება)
ხლებში გვამცნობს, რომ მისი დატყვევება და ბაბილონში გადასახლება ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის პერიოდს უკავშირდება, იოაკიმეს მეფობის მესამე წელს . წიგნის თანახმად, იუდეიდან პირველი გადასახლება 605 წელს მომხდარა, რადგან იოაკიმეს მეფობის მე-3 წელი სწორედ წარმოდგენილ თარიღს თანხვდება). 605 წელს ბაბილონური არმიის წინამძღოლი ნაბუქოდონოსორი კართამისთან ეგვიპტურ ჯარს პირწმინდად ანადგურებს და განიზრახავს, რომ ორ სახელმწიფოს (ბაბილონსა და ეგვიპტეს) შორის არსებულ დაპირისპირებას წერტილი დაუსვას. ამ მიზნით იგი იგვიპტეზე შეტევას და მის შუაგულში შეჭრას გადაწყვეტს და საკუთარ არმიას სამხრეთისკენ წაუძღვება, მაგრამ ნაბუქოდონოსორი გზაში მამის გარდაცვალების შესახებ გებულობს. ძლევამოსილი სარდალი დაგეგმილ საომარ მოქმედებას წყვეტს, რადგან ამჯერად მისი მთავარი მიზანია, ჩააღწიოს იმპერიის დედაქალქში და მეფის ტიტული საკუთარ თავს განუკუთვნოს. განმმარტებელთა ვარაუდით, მეფობის მიღების შემდეგ ახალი ქალდეველი ხელმწიფე კვლავ ბრუნდება წინა აზიაში და სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება დანიელის ცნობა იოაკიმეს მეფობის მესამე წლის შესახებ.         კართამისთან მომხდარ შეტაკებამდე წინააზიური სახელმწიფოები ეგვიპტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ მითითებულ ბრძოლაში გამარჯვებამ არსებული რეალობა შეცვალა და ამიერიდან მცირე აზიაში ბაბილონელი მმართველი ხდება სუვერენი. ნაბუქოდონოსორმა გადაწყვიტა, რომ ხსენებულ წინააზიურ სახელმწიფოთა დედაქალაქებს ხანმოკლედ სტუმრებოდა და მათთვის თვალსაჩინო გაეხადა, თუ ვინაა ამიერიდან რეგიონში წამყვანი ძალა. სწორედ ამ მიზნით მიდის იგი იერუსალიმში. სავარაუდოდ, მას არავინ შებრძოლებია, რადგან ამას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. დანიელისა და სხვა ახალგაზრდების ბაბილონში გადასახლებაც ზემოთმითითებული მოვლენების შედეგია. ისინი ბაბილონში მძევლებად წაიყვანეს.        მხ. 2. „ხელში ჩაუგდო მას უფალმა იოაკიმე, იუდას მეფე, და ღვთის სახლის ჭურჭლის ნაწილი, და გაგზავნა შინაყრის ქვეყანაში, თავისი ღმერთის სახლში, და თავისი ღმერთის საგანძურში შეიტანა ჭურჭელი". ძველი ხალხების შეხედულებით, ამა თუ იმ ერის ძლიერება საკუთარი ღვთაების ძლევამოსილების შესაბამისი იყო. მეტოქის დამარცხება მათ ღმერთსაც განეკუთვნებოდა, ხოლო გამარჯვებულის ღვთაება ამ ორთაბრძოლაში ასევე ძლევამოსილად ცხადდებოდა. გამარჯვების აღსანიშნავად ასურელ-ბაბილონელ დამპყრობლებს სამხედრო ნადავლთან ერთად დაპყრობილი ქვეყნის ღვთაებათა გამოსახულებებიც თავიანთ სამშობლოში მიჰქონდათ და საკუთარ ღვთაებებს უძღვნიდნენ. ამავე მოსაზრებით ხელმძღვანელობდა ნაბუქოდონოსორი მოცემულ შემთხვევაში, მაგრამ იუდეველთა ტაძარში არ არსებობდა რა გამოსახულება და ქანდაკება, მიაქვთ ის, რაც ხელთ ხვდებათ .         მხ. 3-4. „უთხრა მეფემ ასფენაზს, საჭურისთა მთავრს, მიეგვარა მისთვის ისრაელის ძეთაგან, სამეფო მოდგმიდან და დიდებულთაგან უნაკლო, შესახედავად მშვენიერი, ყველა სიბრძნეში დახელოვნებული, ნიჭიერი და სწავლული უნარიანი ყმაწვილები". დანიელის მიერ მითითებული მოვლენა ასურულ-ბაბილონური იმპერიის ისტორიაში ჩვეული მოვლენა იყო. სახელმწოფოს დაპყრობისას წარჩინებული მოქალაქეების შვილები, ჭაბუკები, ტყვედ მიჰყავდათ; მათ საუკეთესო განათლებას აძლევდნენ და იმპერიის კეთიდღეობისთვის სამსახურ ავალდებულებდნენ. ასეთი ახალგაზრდობის განსწავლის მიზნით ასურელი და ბაბილონელი მეფეების კარზე განსაკუთრებული სკოლები არსებობდა. ყრმების აღზრდა ასფენაზს მიენდო. მას სამეფო კარზე მყოფი აღსაზრდელების თვალყური ევალებოდა.         მხ. 5. „განუწესა მათ მეფემ ყოველდღიური ულუფა მეფის სუფრიდან და იმ ღვინიდან, თავად, რომ სვამდა. სამ წელიწადში უნდა გაწვრთლიყვნენ ისინი და ბოლოს მეფის სამსახურში ჩამდგარიყვნენ". აღმოსავლური წესების მიხედვით სამეფო კარზე მყოფი ადამიანები მეფის სუფრიდან იკვებებოდნენ.         მხ. 6. „მათ შორის იუდას ძეთაგან იყვნენ: დანიელი, ანანია, მისაელი და აზარია".  ამ მუხლიდან ირკვევა, რომ დანიელი იუდას ტომს მიეკუთვნებოდა. იგი ან სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, ან წარჩინებული დიდებულების ოჯახის წევრი. ქრისტიან ღვთისმეტყველთა შორის ნაწილი დანიელს დავით მეფის ჩამომავლად მიიჩნევს , სხვანი იუდეველ წარჩინებულთა შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გვარის წარმომადგენლად თვლიან . მხ. 7. „სახელები შეუცვალა მათ საჭურისთა მთავარმა: დანიელს ვალტაასრი უწოდა, ანანიას - სედრაქი, მისაელს - მისაქი, აზარიას - აბდენაგო". დანიელმა და მისმა მეგობრებმა მომავალში ბაბილონის იმპერიაში გარკვეული თანამდებობები უნდა ჩაიბარონ და ამიტომაც იცვლება მათი ძველი სახელები: მომავალ იარარქებს უცნაური იქნებოდა, იგივე ძველი იუდაური სახელები რქმეოდათ, ამიტომაც ებრაული სახელი ბაბილონურით იცვლება. სახელი ვალტაასარი მომდინარეობს ბაბილონელთა ერთ-ერთი ღვთაების - ბელისგან; აბდენაგო - ნებოდან... მხ. 8. „დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით. და სთხოვა იგი საჭურისთა მთავარს, რომ არ გაუწმინდურებულიყო".        დანიელი საკვებზე უარს გაუწმინდურების შიშით ამბობს, რადგან მოსეს რჯულში ზუსტად იყო განსაზღვრული, რომელი საკვები მიიჩნეოდა უწმინდურად. შესაძლოა, ბაბილონში დამზადებული კერძები, რითიც იუდეველი ყმაწვილები უნდა გამოკვებილიყვნენ, არაწმინდა ჩამონათვალში შემავალი არსებებისგან მზადდებოდა, ან მათ (საკვებს) მსხვერპლშეწირვის დროს დაღვრილ სისხლს ასხურებდნენ; ამასთანავე საკვების მიღების წინ, ბაბილონური ტრადიციით, კერპებს უხმობდნენ, ტრაპეზისას ჰიმნებს აღავლენდნენ ღვთაებათა მისამართით. ყოველივე ამის გათვალისწინებით, დანიელი უარს ამბობს საყოველთაო საკვებზე. მხ. 9-10. „მისცა ღმერთმა დანიელს მადლი და წყალობა საჭურისთა მთავრის წინაშე." მხ. 17-20. „მოჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ცოდნა და გონიერება ყველა წიგნისა..."  დანიელის მიერ წარმართთა გაუწმინდურებულ საკვებზე უარის თქმით უზენაესისადმი მისი გულწრფელი, კეთილკრძალული დამოკიდებულება დასტურდება, რისთვისაც შემოქმედი მას უმაღლესი ადამიანური გონიერებით აჯილდოებს, რაც ქალდეურ მეცნიერებაში ზედმიწევნითი განსწავლითა და სიზმრებისა და ხილვების გამოთარგმანების საოცარ ნიჭში გამოვლინდა . თავი 2        მხ. 1. „ნაბუქოდონოსორის მეფობის მეორე წელს ნაბუქოდონოსორს სიზმრები დაესიზმრა. აუფორიაქდა სული და ძილი გაუკრთდა". დანიელის მიერ ნაბუქოდონოსორისათვის სიზმრის ახსნა სამწლიანი წვრთნის შემდეგ ხდება, მაგრამ ტექსტში მითითებულია, რომ მას ადგილი ჰქონდა ნაბუქოდონოსორის მეფობის მე-2 წელს. ამ საკითხის გადაწყვეტის მიზნით განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეორე წელში არა პირდაპირი გაგებით მეფობის მე-2 წელი იგულისხმება, არამედ დანიელის 3 წლიანი აღზრდის შემდგომი ორი წელი. სხვები თვლინ, რომ ამ ადგილზე ტექსტის პირველადი მონაცემი შეცვლილია და თავიდან 12 ან 20 წელი იყო მითითებული. მხ. 2-3. ნაბუქოდონოსორის აზრით, სიზმარი ერთ-ერთი საშუალებაა, რომლითაც უზენაესი საკუთარ ნებას უცხადებს ადამიანს. ქალდეველი ძლევამოსილი მეუფე დავიწყებული სიზმრის გახსენების მიზნით ბაბილონელ ბრძენებს მიმართავს, რომლებიც ხუთ კლასად იყოფოდნენ: 1. საიდუმლოთმცოდნენი - ქალდეური 'წმინდა&ქუოტ; ნაწერთა მეცნიერნი, რომელნიც ამ ჩანაწერთა საშუალებით განმარტავდნენ სიზმრებს; 2. მკითხავები (მაგოი; გრძეულნი); 3. მეკასფიმები - ჯადოქრები; 4. კასდიმები - ვარსკვლავთმრიცხველები; 5. გაზრიმები - ასტრონომები და ცხოველთა შიგნეულობაზე მკითხავნი. მხ. 4. „ქალდეველებმა მეფეს მიუგეს არამეულად: მეფევ, იცოცხლე უკუნისამდე! უამბე შენი სიზმარი შენს მსახურთ და აგიხსნით მის აზრს!" მეფის წინაშე თავმოყრილი ბრძენნი, რომელნიც აღმოსავლეთში არსებული მისალმების ფორმას იყენებენ, დარწმუნებულნი არიან, რომ მეფისთვის კარგად ნაცობი სიზმრის შინაარსს მოისმენენ და მის განმარტებას შეუდგებაინ.        მხ. 5-6. მათი მოლოდინის საპრისპიროდ ნაბუქოდონოსორი ამბობს, რომ მას შინაარსი სიზმრისა აღარ ახსოვს („გამშორდა სიტყვა") და მის აღდგენას მოსულთაგან ითხოვს. ქალდეველი მეუფე ამ საქმეს არ მიიჩნევდა დაუძლეველ სირთულედ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბაბილონელ სწავლულთა ბედი ტრაგიკულად დასრულდება. მხ. 7-9. 'მათ კვლავ მიუგეს და უთხრეს: უთხრას მეფემ თავის მორჩილთ თავისი სიზმარი და ჩვენც აგიხსნით მას. მიუგო მეფემ და თქვა: ნამდვილად ვიცი, დროის მოგება გინდათ, რაკი ხედავთ, რომ სიტყვა დამეკარგა. რაკი სიზმრის გაგებინება არ გინდათ ჩემთვის, ერთი ზრახვა გქონიათ: გინდათ ცრუ და საზიანო სიტყვა მითხრათ დროის გასაყვანად. ამიტომ მომიყევით სიზმარი და მეც დავიჯერებ, რომ მისი ახსნა შეგიძლიათ&ქუოტ;. ბრძენთა მიერ გაცემული პასუხით ნაბუქოდონოსორი მიხვდა, რომ ისინი არ ფლობენ უმაღლეს სიბრძნეს და ცდილობენ, ამ მდგომარეობიდან თავი დაიძვრინონ. მხ. 10-12. 'მიუგეს ქალდეველებმა მას და უთხრეს: ამქვეყნად არ მოიძებნება ისეთი კაცი, მეფისთვის ამ ბრძანების შესრულება შეეძლოს. რადგან არცერთ მეფეს, დიდებულსა თუ განმგებელს, მსგავსი არაფერი მოუთხოვია რომელიმე შემლოცველისგან, მოგვისგან თუ ქალდეველისგან...  გაოგნებული მოგვები ამბობენ, რომ არ არსებობს დედამიწის ზურგზე ადამიანი, ვინც ამ დავალებას თავს გაართმევდა. ამგვარი რამ მხოლოდ ღმერთს შეუძლია. ნაბუქოდონოსორი გასცემს ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ბაბილონში მყოფი ყველა ბრძენი უნდა დაიხოცოს. მხ. 14-16. დანიელი მეფის მხედართმთავარს ჰპირდება, რომ უზენაესის დახმარებით სიზმარი განცხადდება.  მხ. 31-36. ნაბუქოდონოსორის მოთხოვნისამებრ დანიელი ჯერ სიზმრის შინაარს გააცხადებს, რასაც მის შესახებ განმარტებასაც მოაყოლებს. მხ. 37-38. სიზმარში ნანახი კერპის ოქროს თავი ნაბუქოდონოსორს და ზოგადად, ბაბილონის სამეფოს უკავშირდება. „შენ შემდეგ სხვა სამეფო აღდგება". ისტორიული ცნობების მიხედვით, 'სხვა სამეფო&ქუოტ; არა უშუალოდ ნაბუქოდონოსორის გარდაცვალებისას, არამედ მისი ყველა მემკვიდრის სამოღვაწეა ასპარეზის განსრულების შემდეგ ჩამოყალიბდა და მასში სპარსეთის სახელმწიფო იგულისხმება. ის ძლიერებითა და ძლევამოსილობით ვერ შეედრება ბაბილონს, ამიტომაც ამ უკანასკნელზე უმდარესადაა მოხსენებული (თავისგან განსხვავებით ხელები და მკერდი ვერცხლისგან იყო დამზადებული). მესამე ადგილი განკუთვნილია ბერძენთა იმპერიისთვის, რომლის დამაარსებლად ალექსანდრე მაკედონელი მიიჩნევა (სპილენძის მუცელი და თეძოები). მხ. 40-43. მეოთხე სამეფო (წვივები - რკინის; ფეხის ტერფები - ნაწილობრივ რკინის, ნაწილობრივ თიხის) მიუხედავად რკინისებრი სიმტკიცისა ამავდროულად თიხასავით სუსტიც აღმოჩნდება. რომის იმპერიამ საკუთარი არსებობის პირველ ეტაპზე ძლევამოსილებითა და სამხედრო წარმატებებით წინარე ყველა სახელმწოფოს გაუსწრო, მაგრამ მოგვიანებით ლითონივით შეკრული იმპერია თიხის მყიფე ჭურჭელივით დანაწილდა და დაიყო. მხ. 44-45. სწორედ მეოთხე მონარქიის არსებობას („ლოდი დაეცა კერპს... და შემუსრა იგი") უკავშირდება ახალი სამეფოს გაჩენა, რომელიც მთიდან ჩამოგორებული ლოდის სახიათაა წარმოდგენილი. მითითებული ცნობები მესიის შესახებ გვამცნობენ. იგი რომის იმპერიის ძლევამოსილების პერიოდში მოევლინა წუთისოფელს და თავისი ყოვლისშემძლე ძალით შემუსრა და გარდაქმნა წარმართულ სამყაროში გაბატონებული ბოროტება. განმმარტებელთა ნაწილი მთას, საიდანაც ლოდი ჩამოგორდა, ძვ. აღთქმის ეკლესიად მიიჩნევს და თავად ლოდს ძვ. აღთქმის წიაღიდან აღმოცენებულ ახალი აღთქმის ეკლესიად სახელდებს. სხვები თვლიან, რომ ლოდში მაცხოვარი მოიაზრება, ხოლო მთა სიმბოლოა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. მხ. 46-47. 'მაშინ პირქვე დაემხო მეფე ნაბუქოდონოსორი, თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრებისა და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა. მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა და საიდუმლოთა გამცხადებელი. ამიტომაც შეძლო მან ამ საიდუმლოს გაცხადება.        ქალდეველმა ხელმწიფემ ამ ყოველივეს შემდეგ დანიელი არაჩვეულებრივ პიროვნებად მიიჩნია, ვინც საკუთარი სიბრძნით ნებისმიერს აღემატება და მას ღვთაებრივი პატივი მიაგო („თაყვანი სცა დანიელს და ბრძანა მისთვის საჩუქრების და ამოდსაყნოსელი საკმევლის მოტანა"). ებრაულ ტექსტში გამოყენებული ზმნა საგად (თაყვანი სცა) თავის მოხრას ნიშნავს, რაც ბაბილონელი იმპერატორის უდიდეს პატივისცემას ადასტურებს. ნეტარი იორონემესა და იოსებ ფლავიუსის ცნობით, ნაბუქოდონოსორმა დანიელის თაყვანისცემით წინასწარმეტყველის მიერ აღიარებულ ღმერთს მიაგო თაყვანი. მხ. 48. 'მაშინ განადიდა მეფემ დანიელი, ძვირფასი საჩუქრები უბოძა და მთელი ბაბილონის ქვეყნის განმგებლად და ბაბილონის ყველა ბრძენის მთავრად დაადგინა. განმარტებელთა აზრით, ბაბილონის ქვეყნის ყველა ბრძენზე უპირატესად დანიელის დადგენა მხოლოდ საპატიო ტიტული უნდა იყოს, რადგან მორიგ თავებში გადმოცემულ თხრობაში იგი ყველგან ბაბილონელ მოგვთაგან განცალკევებულადაა წარმოდგენილი და მისი იერარქიული უპირატესობა არ დასტურდება. ქალდეველთა უმაღლესი კასტისადმი დანიელის მიკუთვნება მხოლოდ ნომინალური მოვლენაა, რადგან ეს საზოგადოება მკაცრად იყო დახშული ნებისმიერი უცხოტომელისთვის. თავი 3         მხ. 1. „გააკეთა მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი სამოცი წყრთა სიმაღლით და ექვსი წყრთა სიგანით. და ბაბილონის ქვეყანაში დადგა იგი, დურას ველზე". სეპტუაგინტისა და თეოდოტიანეს ბიბლიის მიხედვით, მითითებულ ქმედებას ადგილი ჰქონდა ნაბუქოდონოსორის მმართველობის მე-18 წელს. ესაა იერუსალიმის დაცემის წელი (586 წ.). იუდეის დედაქალაქზე მიტანილი შეტევა დროში საკმაოდ გაჭიანურდა. ბაბილონელი ჯარისკაცები მიუხედავად სიმრავლისა წელიწად ნახევრის მანძილზე ვერ ახერხებდნენ იერუსალიმში შეჭრას, რამაც ქალდეველი ხელმწიფე საგონებელში ჩააგდო. სწრაფი წარმატების მოლოდინი ხანგრძლივი ნერვიულობითა და წარუმატებლობით შეიცვალა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გამარჯვებული ნაბუქოდონოსორი ღმერთებისთვის მადლობის გადახდის მიზნით რიტუალურ მსახურებას აღასრულებს და ამავდროულად სხვებსაც ავალდებულებს მასში მონაწილეობის მიღებას. ამ მოსაზრებას წმინდა იოანე ოქროპირიც ეთანხმება. ამასთანავე ის შენიშნვას, რომ ზოგიერთის თქმით, ნაბუქოდონოსორმა სიზმარში ნანახი კერპი ცხადად გამოსახა და სწორედ იგი განათავსა დურას (ძვ. ქართ. დეირის) ველზე. კერპი ადამიანის გარეგნობის იყო. წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი იერონიმე, სიმეონ მეტაფრასტი თვლიან, რომ მითითებულ კერპს ნაბუქოდონოსორის გამოსახულება ჰქონდა. მხ. 2. მეფის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით ქვეყნის ყველა კუთხეში იგზავნება მოწვევა, რათა მთელს ბაბილონში მოღვაწე ყველა იერარქი, თანამდებობის პირი მითითებულ დურას ველზე შეკრებილიყო. მხ. 4-5. მსახურება იწყება საკრავ ინსტრუმენტზე აღვლენილი მუსიკალური ჰანგების თანხლებით. მხ. 6. კერპისთვის პატივის მიგება ამავე დროს აღიარება იყო იმ ღმერთებისა, რომლებმაც ნაბუქოდონოსორს მტრებზე ძლევამოსილება მიანიჭეს. ვინც უარს იტყოდა წამოყენებულ მოთხოვნაზე, ასეთი ქალდეველთა ღმერთებს უპირისპირდებოდა, რისთვისაც ასურულ-ბაბილონური ტრადიციის მიხედვით დამნაშავეს გახურებულ ღუმელში აგდებდნენ. მხ. 8-13. დანიელი ამ მოვლენებში არ მონაწილეობს. წმ. იოანე ოქროპირი: 'რატომ არ ჩანს აქ დანიელი? მე ვფიქრობ, რომ დამსმენებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მეფესთან მისი სახელის ხსენება, ან თავდ მეფემ მისდამი უდიდესი პატივისცემით განმსჭვალულმა არ აიძულა დანიელი, რომ ამ მოვლენებში მიეღო მონაწილეობა. ანანია, აზარია, მისაელი მოსეს რჯულის ერთგულნი რჩებიან და უარს ამბობენ კერპის თაყვანისცემაზე. ნაბუქოდონოსორთან მაშინვე მიაქვთ ცნობები სამი იუდეველის ურჩობის შესახებ. მხ. 14-15. იერარქი, მიუხედავად მრისხანებისა, თავდაპირველად გარკვეულ თავშეკავებას ავლენს. ის ვერ იჯერებს, რომ ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც ქალდეველმა მეფემ დიდება და პატივი უხვად უბოძა, მას უპირისპირდებინ და გამოეძიებს, თუ რატომ არ აღასრულეს მათ გაცემული ბრძანება. მხ. 16-18. ახალგაზრდები პასუხობენ, თუ რა არის მიზეზი მათი ამგვარი მოქმედებისა. მხ. 21. ქალდეველი ხელმწიფე მაშინვე გასცემს ბრძანებას მათი ცეცხლში ჩაგდების შესახებ.        მხ. 24-90. თანამედროვე ებრაულ ტექსტში აღნიშნული მუხლები არაა წარმოდგენილი. დანიელის წიგნის მითითებული ნაწილი ბერძნული სეპტუაგინტისა და თეოდოტიანეს რედაქციებითაა ჩვენამდე მოღწეული; მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ 24-90 მუხლები მხოლოდ ბერძნულ რედაქციებშია შეტანილი ჩანამატის სახით და ებრაულ ბიბლიაში იგი არასოდეს არსებობდა, მაგარმ ამ მოსაზრების საპირისპიროდ უნდა აღნიშნოს, რომ თეოდოტიანე ბერძნულ ენაზე ბიბლიის თარგმნისას ებრაული ტექსტით ხელმძღვანელობდა; შესაბამისად, მისი სახელით ცნობილ ბიბლიურ რედაქციაში ამ მუხლების არსებობა ადასტურებს მათ არსებობას ებრაულ ბიბლიაშიც. მხ. 24-45. გადმოცემულია აზარიას ლოცვა. მხ. 51-90. გახურებულ ღუმელში უვნებლად დარჩენილი სამი ყრმა ღვთის უდიდესი მოწყალების გამო უზენაესს სამადლობელ გალობას უძღვნის. მხ. 91-92. ცეცხლში მოარული ყრმების ხილვამ და მათი გალობის მოსმენამ ნაბუქოდონოსორი ძლიერ გააოცა. ეს გრძნობა კიდევ მეტად გაუმძაფრდა ქალდეველ მეუფეს, როდესაც მან მეოთხე გამოსახულებაც იხილა, რომელიც არ ჰგავდა ადამიანს და „ღვითის ძის" შეხედულება ჰქონდა. მხ. 93. ნაბუქოდონოსორი, სურს რა დარწმუნდეს ნანახის ჭეშმარიტებაში, ახლოს მიდის და სთხოვს სამ ყრმას ღუმელიდან გამოსვლას. მეფის სურვილი სრულდება და ანანია, აზარია და მისაელი ცეცხლიდან უვნებლად გადმოდიან. მხ. 95-96. ქალდეველი ხელმწიფე მეორედ დარწმუნდა იუდეველთა ღმერთის ძლევამოსილებასა და ყოვლისშემძლეობაში და მეორედ აღიარა მისი ძლიერება, მაგრამ ქალდეველი მეუფე ამ აღიარებაში არა მონოთეისტური შეხედულებებით ხელმძღვანელობს, არამედ მას მიაჩნია, რომ იუდეველთა ღმერთი ყველა სხვა ღმერთზე აღმატებულია. თავი 4          მხ. 4-5. „მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში და ვყვაოდი ჩემს სასახლეში. ვნახე სიზმარი, რომელმაც თავზარი დამცა. ფიქრებმა და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს ჩემს სარეცელზე". ნაბუქოდონოსორის მიერ სიზმრის ხილვა მისი მეფობის მშვიდობიან პერიოდს ემთხვევა, რაც ქალდეველთა ეგვიპტეზე თავდასხმის შემდეგ ჩამოდგა ბაბილონში ძლევამოსილი ხელმწიფის მეფობის 37-ე წელს (567წ.). ადრეული გამოცდილებით ბაბილონელმა იერარქმა იცოდა, რომ ნანახი სიზმარი მოსალოდნელ საფრთხეს მოასწავებდა და სწორედ ამიტომ შეძრწუნდა. დანიელის წიგნის ამ ნაწილში ნაბუქოდონოსორი პირველ პირში საუბრობს („მე, ნაბუქოდონოსორი, მშვიდად ვიყავი ჩემს სახლში...). წმ. იოანე ოქროპირი: რატომ აღწერა წინასწარმეტყველმა მეფის სიტყვები ამგვარად და არა მესამე პირში? მე ვფიქრობ, რომ ეს სიტყვები თავად ნაბუქოდონოსორს ეკუთვნის და შესაძლოა, განკურნების შემდეგ ქალდეველმა მეფემ თავს გადამხდარი ამბები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა. 3. ბაბილონელი ბრძენები მიუხედავად თავდაუზოგავი მცდელობისა, ვერაფერს გებულობენ. მხ. 4-6. „მაშინ მოვიდნენ ჯადოქრები. შემლოცველნი, ქალდეველნი და გრძნეულები. მოვუყევი სიზმრაი, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ახსნა. ბოლოს მოვიდა დანიელი..." ბრძენთა წარუმატებლობა ნაბუქოდონოსორს დანიელს მოაგონებს. როგორც ჩანს, ქალდეველ ხელმწიფეს ჰქონდა იმედი, რომ დანიელის გარეშე ამ საქმეში განსაწვლული ადამიანები შეძლებდნენ ნანახის განმარტებას, ამავდროულად პირველი სიზმრის ნახვისა და მისი განმარტების შემდეგ გასული 35 წელი საკმაოდ დიდი დროა და გარდასული მოვლენები ერთგვარად დავიწყებას მიეცა. მხ. 7-14. „...ვხედავ, აჰა, დედამიწის შუაში ხე დგას, დიდი სიმაღლისა. გაიზარდა ეს ხე და გამაგრდა. მისი კენწერო ცას მისწვდა და დედამიწის ყველა კუთხიდან მოჩანდა. ფოთლები მშვენიერი ქონდა და ნაყოფი - უხვი. მასზე ყველასათვის იყო საზრდელი, მინდვრის მხეცები მის ძირას პოულობდნენ ჩრდილს..." ნაბუქოდონოსორის მიერ ნანახი სიზმარი მისი თანამედროვეობის სულითაა განმსჭვალული. ძველ ხალხთა შეგნებაში ხე ადამიანის ცხოვრების სიმბოლორ გამოხატულებას წარმოადგენდა. ხე მაღალი, განიერი ტოტებით შემკული ძლევამოსილი, წარმატებული ადამიანის სიმბოლო იყო, მაგრამ ხმელი, უნაყოფო ხე განასახიერებდა ადამიანს, რომლის დიდებაცა და პატივიც წარსულ დროებას მიებარა, ხოლო აწმყო სწორედ ისეთივე უნაყოფო და უსარგებლოა, როგორც ხმელი, არადსარგები ხე. ეს რომ ასეა (ანუ ის, რომ ხე ადამიანს განასახიერებს) თავად სიზმარიდანაც ცხადდება („კაცის გული გამოეცვალა და მხეცის გული მიეცა" მხ.16), რაც ადამიანურ გრძნობათა დატევებასა და უგუნური, უსულო პირუტყვის ზნეთა შეთვისებაში გამოიხატება. ამავე დროს ამ მოვლენას თავად დანიელიც ნაბუქოდონოსორს უკავშირებს. დიოდორე სიცილიელის მიერ შემოკრებილი ბაბილონური მოძღვრება ცხადყოფს, რომ მათ ცნობიერებაში ღვთაებათა სამყარო აღმატებული და მეორეხარისხოვანი ღმერთებით იყო წარმოდგენილი. მეორეხარისხოვანი ღმერთების (ქეოი ბოულაიოი) ნაწილი მიწისქვეშეთის სამყაროში მიმდინერე მოვლენებს განაგებდა, ხოლო მეორენი დედამიწასა და ზეცაზე ხელმწიფებდნენ. ნაბუქოდონოსორის მიერ დასახელებულ „მღვიძარეებში" ეს უკანასკნელნი მიიჩნევიან, სწორედ მათ გამოაქვთ განაჩენი ბაბილონელი ხელმწიფისთვის.        მხ. 24. დანიელი მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორზე მომავალი სასჯელის მიზეზად მის ამპარტავნებას ასახელებს, მეფეს საღვთო ნების მორჩილებისკენ მოუწოდებს და ურჩევს მას სიკეთე აკეთოს შემდგომი განსაცდელების თავიდან ასარიდებლად. მხ. 26-27. „თორმეტი თავის შემდეგ ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობისას, ალაპარაკდა მეფე და თქვა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად. მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო". მღვიძარის მიერ ('მეფემ რომ მღვიძარი და წმიდა იხილა, რომელიც ზეციდან ჩამოეშვა და თქვა: მოკვეთეთ და აჩეხეთ... მხ. 20) ნაბუქოდონოსორისთვის განცხადებული ცნობებებით და დანიელის განმარტებით, სასჯელმა მეფე უნდა დაარწმუნოს, რომ უზენაესია მთელი სამყაროს მპყრობელი და განმგებელი. საღვთო განგებულება მეფეზე მაშინ აღესრულა, როდესაც ის ამპარტავნულად დარწმუნდა საკუთარ ძალებში და ყოველი დიდება თავის თავს განუკუთვნა. ეს რომ ასეა ზემოთ წარმოდგენილი სიტყვებითაც დასტურდება: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებად" (მხ. 27). ბაბილონი რომ მისი შემოქმედებაა, ეს მეფის მიერ დატოვებული არაერთი წარწერითაც დასტურდება: „ბაბილონი და ბორზიპა, - ამბობს ნაბუქოდონოსორი ერთ-ერთ წარწერაში, - ჩემი სამეფოს უდიდებულესი ქალაქებია, ჩემ მიერ დასრულებული." ისტორიული მასალები ადასტურებენ, რომ ქალდეველმა ხელმწიფემ საკუთარი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ბაბილონის კეთილმოწყობისა და გამშვენების საქმეს შეალია. ნაბუქოდონოსორმა დედაქალაქს ახალი უზარმაზარი ზომის კედელი გარშემოავლო, ქალაქში მსოფლიოს საოცრებად აღიარებული დაკიდებული ბაღები გააშენა, რომლებიც მის სამეფო სასახლის მიმდებარე გარემოს ამშვენებდნენ (სასახლე მდინარე ევფრატის დასავლეთ ნაპირზე იყო გაშენებული). ისინი 50 მეტრის სიმაღლემდე აღწევდნენ. ბაღისთვის სპეციალური ლითონის კონსტრუქცია გამოიყენებოდა, რომელიც თავის მხრივ უზარმაზარი ქვის საყრდენებით მაგრდებოდა, ლითონის ფირფიტებზე მიწა მოეთავსებინათ, ისე რომ, მასზე მაღალ ხეებსაც შეეძლო გაზრდა. ბაღის შიგნით ტუმბოები ეყენა, რომლებიც ევფრატიდან ამოტუმბულ წყალს ტერასის უმაღლეს მონაკვეთამდეც აზიდავდა.        მხ. 28-30. 'მეფეს ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ ზეციდან ხმა გაისმა: შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, ხელიდან გეცლება სამეფო. მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გადაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს მალევე აღსრულდა ნაბუქოდრნოსორზე ეს განაჩენი. მოკვეთეს იგი კაცთაგან; ხარების მსგავსად ბალახის ჭამა დაიწყო; მისი სხეული ზეცის ცვარ-ნამით სველდებოდა, ისე რომ თმები არწივის ბუმბულივით გაუხდა, ფრჩხილები კი - ფრინველის კლანჭებივით. ნაბუქოდონოსორს სულიერ დაავადებათა შორის ერთ-ერთი უმძიმესი ფორმის სენი - ლიკანტროპია შეეყარა. მეფეს წაერთვა გონება და იგი ცხოველს მიემსგავსა. ბაბილონელი ხელმწიფე ბალახით იკვებებოდა და გარეგნობაც შესაბამისი ჰქონდა. ხსენებული დაავადება არ იყო გაუგონარი და უცხო, რადგან მსგავსი სახის უძლურება უძველესი დროიდან მოყოლებული არაერთხელ დაფიქსირებულა. ჰეროდოტე საეკლესიო ისტორიაში ყვება ადამიანებზე, რომლებიც მგლებად გადაიქცნენ და სწორედ ლიკანტროპიით შეპყობილებს გულისხმობს. XIV-XVI სს. ისტორიული წყაროები იგივე დაავადების ევროპაში გავრცელების შესახებ მოგვითხრობენ. შესაბამისად, ქალდეველ ხელმწიფესთან დაკავშირებული მოვლენები სრული ჭეშმარიტებაა, რაც წარმოდგენილი ფაქტებითაც დასტურდება. იგივეს ამოწმებს ნაბუქოდონოსორის სახელით შემორჩენილი ერთ-ერთი წარწერა, რომელშიც მეფე თავისი ცხოვრების ოთხი წლის შესახებ ყვება: „სამეფო ტახტის ფლობის მიუხედავად ოთხი წლის მანძილზე ჩემი გული არანაირ სიხარულს არ განიცდიდა, არ მიმღერია სადიდებელი ჰიმნები მეროდახის საპატივცემლოდ, არც რაიმე ნაგებობა შემიმატებია..." განმმარტებლებს აქ მითითებული დროის მონაკვეთი მეფის უძლურების ჟამად მიაჩნიათ. ამავდროულად ერთ-ერთ წარწერაში ნახსენებია ვინმე ბილუსუმისკუნი, რომელიც საკუთარ თავს ბაბილონის ხემწიფეს უწოდებს, მაგრამ ქალდეველი მეფეების ჩამონათვალში მსგავსი სახელი არსადაა ნახსენები. მიიჩნევა, რომ ბილუსუმისკუნი ნაბუქოდონოსორის უძლურებისას სახელმწიფოს რეგენტის ფუნქციებს ასრულებდა. დაავადების ხანგრძლივობა „შვიდი ჟამს" გაგრძელდება. მხ. 31-34. სამედიცინო თვალსაზრისით, ლიკანტროპია რიგ შემთხვევაში კურნებადი დაავადება. სხვა გონებრივი აშლილობის მსგავსად, ისიც განიცდის ცვალებადობას და ავადმყოფს კვლავ უბრუნდება აზროვნება. სწორედ ამგვარი რამ შეემთხვა ნაბუქოდონორსაც, მას ადრინდელი ცნობიერება დაუბრუნდა, რის შემდეგაც ბაბილონელმა მეფემ ღმერთი განადიდა და უზენაესის წინაშე ადამიანური უძლურება აღიარა. თავი 5        მხ.1. 'მეფე ვალტასარმა დიდებული ლხინი გაუმართა თავის ათას დიდებულს და იმ ათასის თვალწინ სვამდა ღვინოს". დანიელის წიგნის მიხედვით ირკვევა, რომ ბაბილონის უკანასკვნელი მეფე იყო ვალტასარი (ბელშაცარი), ნაბუქოდონოსორის ძე, რომელმაც ორ წელზე ოდნავ მეტი იმეფა და მოკლულ იქნა იმ ღამეს, როდესაც დაეცა ქალაქი ბაბილონი; მაგრამ საქმე ისაა, რომ ნაბუქოდონოსორის მემკვიდრეთა ჩამონათვალში, რომელიც ქალდეური ეპოქის მკვლევარ ისტორიკოს ბეროზთანაა წარმოდგენილი, მსგავსი სახელის მქონე ბაბელონელი ხელმწიფე (ვალტასარი) არ სახელდება. ნაბუქოდონოსორის მემკვიდრედ ხსენებული ისტორიკოსი ებილმეროდაქს წარმოგვიდგენს, ხოლო ბაბილონის დაცემის თარიღად დანიელისთვის უცნობი ქალდეველი მეფის - ნაბონიდის მე-17 წელს ასახელებს. ძვ. წ. აღ. მე-5 საუკუნის ისტორიკოსი ჰეროდოტე მიუთითებს, რომ უკანასკნელი ქალდეველი მეფე იყო არა ვალტასარი, არამედ ვინმე ლაბინეტი. ბიბლიური და ისტორიული ცნობების ამგვარი შეუსაბამობა მრავალი მოსაზრების გამოთქმის საფუძველი გახდა. იოსებ ფლავიუსი შენიშნავს, რომ ბაბილონის უკანასკვნელი მეფე იყო ვალტასარი, რომელსაც ბაბილონელნი ნაბონიდს უწოდებდნენ. მსგავსი სახის მოსაზრება მოგვიანებით არაერთმა ცნობილმა ისტორიკოსმა გამოთქვა. მათ მიაჩნდათ, რომ ვალტასარი ნაბონიდისთვის მინიჭებული საპატიო ტიტული იყო. ისტორიკოსების მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ ვალტასარი ნაბუქოდონოსორის შვილი ებილმეროდაქია, რომელმაც ორი წელი იმეფა, მესამენი მას ვალტასარ ლაბოსოარდაქთან აიგივებდნენ. ზემოთ წარმოდგენილი მსჯელობის შემდეგ უნდა შევნიშნოთ, რომ ყველა ისტორიული მონაცემის შეჯერების შედეგად მითითებული დასკვნების ჭეშმარიტება ეჭვქვეშ დგება. კერძოდ, არც ებილმეროდაქი და არც ლაბოსარდაქი, დანიელის წიგნის თანახმად, არ ყოფილან ბაბილონის ბოლო მეფენი. ვერ დავაკავშირებთ ვალტასარს ნაბონიდთანაც, ამ სახელებით ცნობილი ადამიანების ბედი დანიელის და ბეროზის ისტორიული ცნობების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ ვალტასარი, დანიელის წიგნის მიხედვით, ბაბილონის დაპყრობის ღამეს მოკლეს, ხოლო ნაბონიდი, ბეროზის ცნობით, დააპატიმრეს, სხვა ქვეყანაში გადაასახლეს და უცხოობაში მყოფი მეფე გარდაიცვალა. წარმოდგენილი მსჯელობის პარალელურად თანამედროვე კვლევებში მითითებულია, რომ ვალტასარი ნაბონიდის ძე იყო. ასეთი დასკვნების შესაძლებლობას ლურსმნული წარწერები იძლევა. ინგლისელი მკვლევარის ლოფტუსის მიერ აღმოჩენილ ერთ-ერთ ასეთ წარწერაში ვკითხულობთ (მიმართვა ღმერთებისკენაა აღვლენილი): ’მე, ბაბილონელი მეფე ნაბონიდი, დამიფარე შენი სიწმინდის საპირისპირო რაიმე განაზრახისგან და მომმადლე დაღეგრძელობა, ხოლო ვალტასარის, ჩემი პირმშო ძისა და მემკვიდრის გული იმგვარად წარმართე, რომ მან შენს წმინდა ღვთაებრიობას თაყვანი სცეს, არ შეუდგეს გზას ცოდვისას და დატკბეს ცხოვრების მშვენიერებით&ქუოტ;. მსგავსი შინაარსისაა სხვა წარწერებიც, რომლებშიც ნაბონიდი ვალტასარს საკუთარ ძედ იხსენიებს. ისტორიკოსი რაულინსონი მიიჩნევს, რომ წარწერებში ნახსენები ვალტასარი დანიელის მიერ წარმოდგენილი იმავე სახელის მქონე ადამიანია: 'ნაბონიდის უფროსი ძე, ამბობს რაულინსონი, ბელშარ-ეტზარადად სახელდება, ხოლო ეს სახელი დანიელის წიგნში შემოკლებულად - ბელშაცარის (ვალტასარის) სახითაა წარმოდგენილი". ბალტასარი არ იყო ბაბილონის უმაღლესი მეფე, პირველი იერარქი. ეს მე-16 მხ. დასტურდება, რომლის მიხედვითაც, ის დანიელს წარწერების განმარტებისთვის სამეფოში მესამე ადგილს ჰპირდება. განმარტებლები ამ მუხლზე მითითებით აცხადებენ, რომ ვალტასარი მამის - ნაბონიდის თანამმართველი იყო (შესაბამისად, სახელმწიფოში მეორე იერარქის ტიტულს ფლობდა და ამიტომაც დანიელს მესამე ადგილს ჰპირდებოდა).         ბალტასარის მიერ მოწყობილი ლხინი მიდიელ-სპარსთა თავდასხმას ემთხვევა. ჰეროდოტე დანიელის წარმოდგენილ ცნობებს ადასტურებს და ამბობს, რომ მეფე კიროსის მიერ ქალდველთა დედაქალაქის დაპყრობისას ბაბილონელნი მხიარულად ილხენდნენ, ქალაქის მოსახლეობა ცეკვასა და თამაშში ატარებდა დროს. ყველაზე მძიმე წუთებში მეფის (ბალტასარის) ამგვარი უზრუნველობა ერთგვარ ახსნას იმით პოვებს, რომ ბაბილონის გარშემო აგებული უზარმაზარი კედელი ფაქტობრივად დაუძლეველ ზღუდეს წარმოადგენდა. ეს გალავანი არა მარტო მათ შიგნით მყოფებს წარმოედგინათ გადაულახავ წინაღობად, არამედ თავად სპარსთა მეფე კიროსსაც, რომელსაც, ჰერდოტეს ცნობით, არ ეიმედებოდა ქალდეველთა დედაქალაქის დაპყრობა და ფიქრობდა, რაიმე ხერხი და ეშმაკობა გამოეყენებინა. ამავდროულად ბალტასარის უზრუნველობაში მისი ასაკიც თამაშობდა გარკვეულ როლს. ისტორიკოსთა ვარაუდით, ის ამ ჟამისთვის დაახლოებით 16 წლის იქნებოდა.        მხ. 2-4. 'ღვინით გალეშილმა ვალტასარმა ბრძანა, რომ მოერთმიათ მისთვის ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, რომელიც ნაბუქოდონოსორს, მამამისს, გამოტანილი ჰქონდა იერუსალიმის ტაძრიდან". ვალტასარი განსხვავებით ნაბუქოდონოსორისგან, რომელმაც იერუსალიმის ტაძრის ჭურჭელი საკერპოში განათავსა და იუდეველთა ტაძრის სიწმინდეებს პირადი საჭიროებისთვის არასოდეს შეხებია, თასებს ჩვეულებრივი ნივთების დარად მოატანინებს და მათი საშუალებით აგრძელებს საკუთარ დიდებულებთან ერთად ღვინის სმას. მხ. 5-6. 'სწორედ ამ დროს კაცის ხელის თითები გამოჩნდა და სანთლის წინ, მეფის სასახლის კედლის ბათქაშზე წერა დაიწყეს. მეფე ხედავდა ხელის მტევანს, რომელიც წერდა მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრებმა შეაშფოთეს..." მეფის თავხედობა შიშითა და ძრწოლით შეიცვალა. მხ. 7-8. 'ხმამაღლა იყვირა მეფემ... მაშინ მოვიდა მეფის ყველა ბრძენკაცი, წარწერის წაკითხვა და მეფისთვის მისი მნიშვნელობის ახსნა ვერ შეძლეს". იუდეველი განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ კედელის წარწერა იუდაური ღვთისმეტყველების ერთერთი მიმართულებით - კაბალისტიკით უნდა ახსნილიყო, რისი ცოდნაც ბაბილონელ მოგვებს არ გააჩნდათ. სხვების აზრით, ბგერები უკანა რიგით იწერებოდა. ნაწილს მიაჩნია, რომ ყოველი სიტყვიდან მხოლოდ პირველი ან პირველი ორი ბგერა დაიწერა, რისი ამოკითხვაც ქალდეველ ბრძენთათვის შეუძლებელი აღმოჩნდა. მხ. 10-12. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ვალტასარი რჩევას დედოფლისგან ღებულობს: დანიელი არის ის, ვინც შეძლებს ეს საიდუმლო ამოხსნას. აღმოსავლელ მმართველთა შორის არსებული წესების თანახმად, ქალს ეკრძალებოდა დაუკითხავად თავშეყრის ადგილზე გამოჩენა და მითუმეტეს ხელმწიფისთვის ხმამაღლა რაიმე სახის მითითების მიცემა. ვარაუდობენ, რომ ტექსტში წარმოდგენილი დედოფალი ვალტასარის დედა და ნაბონიდის მეუღლეა. დედოფლის მხრიდან ნაბუქოდონოსორის ვალტასარის მამად სახელდება გადატანითი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. მხ. 13-16. ვალტასარი არ იცნობს დანიელს და მისი სიბრძნის შესახებაც, როგორც ტექსტიდან ირკვევა, პირველად ისმენს. ამის მიზეზი ნაბუქოდონოსორის გარდაცვალებისთანავე სამეფო კარზე მომხდარი დაპირისპირებები უდნა ყოფლიყო: მამის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის ებილმეროდაქი ნაბუქოდონოსორის ძე (561-559 წწ.). ორი წლის შემდეგ იგი საკუთარი დის ქმარმა - ნერიგლისორმა მოკლა. ამ უკანასკნელმა 4 წელი იმეფა და სპარსელებთან ომში დაიღუპა. მისი ძე და მემკვიდრე ლაბოსოარდაქი მხოლოდ 9 თვე იმეფებს და შეთქმულთა მსხვერპლი ხდება, რომელთა შორის იმყოფებოდა ნაბონიდი, ვალტასარის მამა. სამეფო ტახტისთვის გამართული დაპირისპირებებისას წინასწარმეტყველმა დატოვა დედაქალაქი ბაბილონი და სამკვიდროდ სხვა ადგილი არჩია. შესაბამისად, ვალტასარს მის შესახებ არაფერი სმენია.        მხ. 17. დანიელმა საჩუქრებზე უარის თქმით საკუთარი თავი ღვთის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად წარმოაჩინა. ის თხოვნას არა ანგარებისთვის, არამედ საღვთოვ ნების გასაცხადებლად ასრულებს. მხ. 18-28. ნაბუქოდონოსორის მაგალითი ბალტასარისთვის ყურადსაღები უნდა ყოფილიყო, მაგრამ მან უდიდესი თავხედობა გამოიჩინა და უზენაესი შეურაცხჰყო. თავი 6        მე-5 თავის 30-ე და 31 მუხლები გვამცნობენ, რომ ბალტასარი იმავე ღამეს იქნა მოკლული, ხოლო მის ნაცვლად ტახტზე დარიოს მიდიელი ავიდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისტორიული წყაროების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის დარიოსის შესახებ. ჰეროდოტესა და ქსენოფონტეს მითითებით, ბალტასარის სიკვდილის შემდეგ ბაბილონის მმართველი კიროსი ხდება. იგივეს გვატყობინებს ალექსანდრე პოლიგისტორი და პტოლომეის კანონო. ბაბილონის დაცემის შემდეგ ისინი მხოლოდ კიროსის ხელმწიფების შესახებ გვამცნობენ. დანიელის წიგნში მითითებული ცნობა ბევრ ისტორიულ წყაროსთან დაპირისპირებაში მოდის. ახლადაღმოჩენილ ბაბილონურ წარწერებში კიროსი ბაბილონის მეფედ იმპერიის დაცემიდან მხოლოდ სამი წლის შემდეგ იხსენიება. ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ პირველი ორი წლის მანძილზე ბაბილონში ვიღაც სხვა მეფობდა და სწორედედ ეს სხვა უნდა იყოს დანიელის მიერ ნახსენები დარიოსი. განმმარმტებელნი მიიჩნევენ, დარიოსი კიროსის დამხმარე სახელმწიფოს (მიდიის) მაღალი იერარქი უნდა ყოფილიყო. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე აღნიშნავს, რომ კიროსს ბაბილონის წინააღმდეგ კიაკსარ II, მიდიელი მეფის ასტიაგას ძე ეხმარებოდა. ამ არგუმენტის სასარგებლოდ კიაკსარისა და დარიოსის სახელთა მნიშვნელობაც მიუთითებს. ორივე მათგანი ითარგმნება როგორც თვითმპყრობელი (სპარსულად დარიოსი და მიდიურად კიაკსარი ერთი და იმავე მნიშვნელობისაა).        მხ. 2-3. დარიოსი ბაბილონს 120 სატრაპად (ადმინისტრაციულ ერთეულად) ყოფს, ამავე რაოდენობის სატრაპებს სათავეში უყენებს და მათ განმგებლობას 3 არქონტს აბარებს, რომელთა შორის ერთერთი დანიელია. ეგზომ დიდი თანამდებობის მოპოვება დანიელის სიბრძნის შედეგია, რის შესახებაც დარიოსიც გებულობს, განსაკუთრებით ემპერიის დაცემის ბოლო ღამეს მომხდარი მოვლენები დიდ ზეგავლენას იქონიებდა ნებისმიერ დამპყრობელზე. დანიელის გულმოდგინება და გულწრფელობა არ რჩება მეფისთვის დაფარული და ის წინასწარმეტყველს კიდევ მეტად აამაღლებს და სახელმწიფოში მეორე იერარქის ხარისხს მიუბოძებს. მხ. 4-5. დარიოსის ზრახვა ბაბილონელ ხელისუფალთათვის შურისა და უკმაყოფილების საბაბი გახდა, მაგრამ მიუხედავად მცდელობისა მათ დანიელის ქმედებაში ვერაფერი აღმოაჩინეს უარყოფითი და ბრალეული. დანიელი ყოველივეს გულმოდგინედ და ერთგულად აღასრულებდა. შესაბამისად, მისმა მტრებმა ფარული იერიშის მისატანად წინასწარმეტყველის რელიგიური მრწამსი გამოიყენეს და მასზე ააგეს თავიანთი მზაკვრული გეგმა.         მხ. 6-7. მთავრებმა და სატრაპებმა, რომელნიც შესანიშნავად იცნობდნენ დანიელს, უეჭველად უწყოდნენ, რომ წინასწარმეტყველი საკუთარ რელიგიურ შეხედულებებში არაფერს დათმობდა. მათი შემუშავებული გეგმის მთავარი არსი სწორედ დანიელის გადაცდენაში მდგომარეობდა, ხოლო იცოდნენ რა, რომ ის ამას არასოდეს დაუშვებდა, სასჯელიც არ დააყოვნებდა. სატრაპთა მიერ მოფიქრებული ხერხი მეფეს ღვთაების ტოლ პატივს ანიჭებს: ბაბილონის იმპერიის საზღვრებში მცხოვრებ ყველა ადამიანს 30 დღის მანძილზე საკუთარი ღმერთებისადმი ლოცვა, ვედრება და თაყვანისცემა უნდა შეეწყვიტა და ვითარცა ღვთაება მხოლოდ დარიოსი განედიდებინა. სამეფო ბრძანების დამრღვევი ასურეთ-ბაბილონში არსებული სასჯელის ერთერთი ფორმით, დამნაშავის ლომების ხაროში ჩაგდებით ისჯებოდა.        მხ. 8-9. მეფის ბრძანებით კანონმა საყოველთაო აუცილებლობის ფორმა მიიღო. ასეთი რამ ხდებოდა მეფის მიერ ნებისმიერი განკარგულების გაცემისას. მხ. 10. დანიელის მტრების მოფიქრებულმა ხერხმა გაამართლა. ბრძანების შინაარსის გაცნობის მიუხედავად დანიელმა არ შეწყვიტა დღეში სამგზის (შესაძლოა დილით, შუადღეს და საღამოს) პირით იერუსალიმის მიმართულებით ლოცვების აღვლენა. მხ. 13-16. დარიოსი, რომელიც ხვდება, თუ რისთვის იყო გამიზნული მთელი ეს ქმედება, ძლიერ უკმაყოფილებას განიცდის, მაგრამ გამოცემული კანონის შეცვლა მას არ ხელეწიფება. ერთადერთი მეფეს დანიელის ღმერთისა ეიმედება - იქნებ მან დაიცვას თავისი რჩეული. მხ. 17. დანიელი ორმოში ჩააგდეს, ხოლო ზედ დიდი ლოდი დააფარეს, რომელიც სამეფო ბეჭდით დაიბეჭდა. მხ. 18-20. მეფე დიდი მწუხარების მიუხედავად მაინც დაიმედებულია: იქნებ დანიელი სასწაულის წყალობით მხეცებს გადაურჩეს და ამ განზრახვით დარიოსი დილით ადრე ხაროსკენ მიემართება, რომ თავად დარწმუნდეს ყოველივეში.        მხ. 21-23. დანიელის სასწაულებრივი გადარჩენა უზენაესის ყოვლისშემძლეობის შედეგია. წინასწარმეტყველთან მივლენილმა ანგელოზმა ლომებს პირი დაუყო, რათა ისინი წინასწარმეტველს არ შეხებოდნენ. მხ. 24. დანიელის მტრები სპარსული კანონმდებლობით განისაჯნენ. მისი მიხედვით, ცილისწამებელი და მატყუარა იმავე სასჯელით ისჯებოდა, რითიც მათი მსხვერპლი განიკითხა. ხაროში არა მარტო დიდებულები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც ჩაყარეს. ჰეროდოტეს ცნობით, სპარსული კანონების შესაბამისად ისჯებოდნენ როგორც ბრალდებულნი, ასევე მათი ცოლები, შვილები და უახლოესი ნათესავებიც კი. თავი 7        მეშვიდე თავში დანიელის ერთერთი ხილვაა გადმოცემული. აღნიშნული ხილვა ოთხი სამეფოს შესახებ გვატყობინებს. მხ. 4. 'პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა..." დანიელის ეპოქაში მოღვაწე წინასწარმეტყველნი ლომითა და არწივით ბაბილონის იმპერიას მოიხსენიებდნენ (იერ. ეზეკ.). შესაბამისად, არწივის ფრთების მქონე ლომში იგივე მონარქია მოიაზრება. თავდაპირველად უდიდესი ძალის მქონე ბაბილონი ჟამთა გარდასვლისას ნელ-ნელა შესუსტდა. ლომს ჩამოაშორეს არწივის ფრთები, ადამიანის გული მისცეს, რაც სამეფოს დასუსტების სიმბოლოა.        მხ. 5. მეორე სამეფოს სიმბოლოდ დათვია წარმოდგენილი. მასში მიდიელ-სპარსთა სამეფო იგულისხმება. 'ადექი, ჭამე ბევრი ხორცი". ხსენებული მონარქია გაუთავებელ ომებს აწარმოებდა და შეუჩერებლად ითვისებდა დაპყრობილ ხალხთა სიმდიდრეს. დათვის კბილებში გაჩრილი სამი ნეკნი ბაბილონის, მიდიისა და სპარსეთის გაერთიანებული სახელმწიფოების სიმბოლოა, მითითებული ქვეყნები კიროსის ძალაუფლების ქვეშ შემოიკრიბნენ.        მხ. 6. მესამე სიმბოლო ავაზის სახითაა წარმოდგენილი, რომელსაც ოთხი ფრთა და ოთხი თავი გააჩნია. ამ ცხოველისთვის ნადირის შეპყრობისას დამახასიათებელი სისწრაფე და მძვინვარება ბერძნულ-მაკედონურ იმპერიის დაუნდობელ ქმედებებთანაა გაიგივებული. ოთხი ფრთა სიმბოლოა მაკედონელის მიერ ჩატარებული საომარი მოქმედებების შედეგად მსოფლიო იმპერიის შექმნისა, ხოლო ოთხი თავი ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ერთიანი იმპერიის ოთხ - თრაკიის, მაკედონიის, სირიისა და ეგვიპტის სახელმწიფოებად დაყოფის სიმბოლოა. მხ. 7. დანიელთან მოსაუბრე ზეციური თანამზრახველი მეოთხე მხეცს ადარებს სამეფოს, რომელიც სხვაობს ყველა დანარჩენისგან. მისი თავისებურებები ვლინდება ყოვლისდამამხობელ ძლიერებაში, რაც სიმბოლურად უზარმაზარ რკინის ეშვებშია გამოხატული. მითითებულ სამეფოში რომის იმპერია მოიაზრება, მხეცის თავზე არსებული ათი რქა ათ მეფეს განასახიერებს.        მხ. 8. მსგავსად ათი რქისა ახალი რქაც, რომელიც მეოთხე ცხოველის თავზე ამოიზარდა ასევე მეფეს განასახიერებს, თუმცა ეს უკანასკნელი წინარე ათისგან განსხვავდება. ამპარტავნულად მოლაპარაკე პირი მიუთითებს, რომ ის (მეთერტმეტე რქა) საკუთარ ძალისხმევას ღვთის ერთგული ადამიანების წინააღმდეგ მიმართავს. მხ. 9-10. მეთერტმეტე რქის მოღვაწეობა მასზე მოწეული სამსჯავროთი სრულდება. მსაჯულის დიდებული გარეგნობა მის კეთილკრძაულებაზე მიუთითებს; სპეტაკი სამოსი და თეთრი თმები სიმბოლოა მისი მფლობელის სიწმინდისა.        მხ. 11-12. სამსჯავროს შედეგად ღვთისმრძოლი ძალის სრული განადგურება მოჰყვა. მეოთხე ცხოველი მოიკლა, ხოლო სხეული დასაწვავად გამზადდა. მხ. 13-14. დანიელის მიერ ნანახ მეოთხე ცხოველზე მოწეული სამსჯავრო ზეციური სამეფოს განცხადებით სრულდება, სამეფოსი რომლის თავში 'ძე კაცისა" დგას. ღვთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება მეთერტმეტე რქისა ეკლესიის მამათა განმარტებით, სახე და სიმბოლოა ქრისტიანთა უდიდესი მოძულის – ანტიქრისტესი. სწორედ მას აქვს ამპარტავნულად მოსაუბრე ბაგეები. მეთერტმეტე რქის განადგურების შემდეგ კაცის ძის გამოჩენა ქრისტეს მარადიული მეუფებას განასახიერებს, რაც მეორედ მოსვლის შემდეგ დამყარდება. თავი 8        მხ. 1. წინამდებარე თავში დანიელის ახალი ხილვის შესახებაა მოთხრობილი. მისი მნიშვნელობა გვაუწყებს, თუ რაგვარად შეიცვლებოდა მიდიელ-სპარსული ჰეგემონია ბერძნულ-მაკედონიურით და ამავედროულად, როგორი იქნებოდა ამ უკანასკნელის დამოკიდებულება ღვთის რჩეული ერისადმი. მხ. 2. დანიელი გამოცხადებას ქალაქ შუშანში ღებულობს მდინარე ულაის ნაპირზე. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ წინასწარმეტყველმა ნაბონიდისა და ვალტასარის მეფობისას დატოვა ბაბილონი და მითითებულ ქალაქში გადასახლდა. მეორენი თვლიან, რომ დანიელი სინამდვილეში ბაბილონშია და ხედავს, თითქოს ქ. შუშანში იმყოფება. ქ. შუშანი ელამის დედაქალაქი იყო. ელამი თავდაპირველად ასურელმა მეფემ ასურბანიპალმა დაიმორჩილა, ხოლო მოგვიანებით ნაბუქოდონოსორის რისხვაც იწვნია და ბაბილონის იმპერიას შეუერთდა. ელამის მთავარი ქალაქის შუშანის დამაარსებლად სტრაბონი ტროის ალყის ერთერძთი მონაწილის - მემნონის მამას ასახელებს (ძვ. წ. აღ. XIII ს.). კიროსის ზეობისას ელამის დედაქალაქი სპარსი ხელმწიფების საშემოდგომო რეზიდენცია იყო, ხოლო დარიოს გისტასპეს დროს იგი დედაქალაქად გამოცხადდა. ქალაქი მდინარე ულაის ნაპირზე მდებარეობდა (ბერძენთათვის ევლეას სახელით ცნობილ მდინარის სანაპიროზე). მხ. 3. დანიელი ორრქიან ერკემალს ხედავს. გაბრიელ მთავარანგელოზის განმარტებით, მითითებული ცხოველი მიდიურ-სპარსული სახელმწიფოს სიმბოლოა (მხ.20). დანიელი ხედავს, რომ 'ერთი რქა მეორეზე გრძელია, და ის გრძელი უფრო გვიან ამოვიდა". მიდიელ-სპარსთა სამეფომ თავისი არსებობა როგორც მიდიურმა სახელმწიფომ დაიწყო. კიაკსარის მეფობისას სპარსელნი მიდიელებს ემორჩილებოდნენ, მაგრამ კიროსის გამეფებისთანავე დამოკიდებულება შეიცვალა და ძალაუფლების სასწორი სპარსთა სასარგებლოდ გადაიხარა, რომლებმაც მსოფლიო მონარქია შექმნეს. სწორედ ეს პროცესია მითითებული დანიელის ხილვაში, სადაც აღწერილია, რომ გრძელი რქა უფრო გვიან ამოვიდა. რაც შეეხება მიდიელ-სპარსთა სამეფოს სიმბოლოს – ერკემალს, ამონიოს მარცელინის ცნობებით, ჯარის სათავეში მდგომი სპარსელი ხელმწიფე ნაცვლად დიადემისა ერკემალის თავის ფორმის თავსაბურავს ატარებდა. მხ. 4. 'გრძელი რქის" გამოჩენისთანავე ერკემალმა საკუთარი ძლიერება გამოავლინა: ის იქრქინება და ვერც ერთი მხეცი ვერ ეღობება წინ; კიროსის გამეფებისთანავე მიდიურ-სპარსულმა სახელმწიფომ უამრავი დაპყრობითი ომები აწარმოა (დასავლეთით - მცირეაზიური ქალაქები, სირია, ბაბილონი; ჩრდილოეთით - პონტო და სკვითეთი; სამხრეთით - ეგვიპტე). მხ. 5-7. დასავლეთმა, ჩრდილოეთმა და სამხრეთმა საკუთარ თავზე გამოსცადა ახალი სახელმწიფოს დამანგრეველი ძალა, ხელშეუხებელი დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთი. ცნობილია, რომ ქსერქსეს ლაშქრობა საბერძნეთში მარცხით დასრულდა (სპარსეთი საბერძნეთთან მიმართებით დასავლეთით იყო განლაგებული, ამიტომაც ერკემალი დასავლეთიდან მიემართება), სწორედ აქედან (საბერძნეთიდან) ბერძენთა პირველი მეფის სახით უდიდესი რისხვა დაატყდა თავს. ალექსანდრე მაკედონელის ელვისებური გალაშქრება (რაც დანიელის წიგნის მითითთებულ მუხლებში ვაცის მიერ ერკემალისთვის რქების მოტეხვაშია ნაწინასწარმეტყველები) აზიაში წარმატებით დაგვირგვინდა. სპარსულ-მიდიური სამეფოს მმართველი დარიოს კომოდანი გარნიკთან გამართულ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. ამის შემდეგ ბერძნთა კიდევ რამდენიმე წარმატება და მიდიელ-სპარსთა სამეფო წყვეტს არსებობას. მხ. 8. ბერძნულ-მაკედონიურმა მონარქიამ უდიდესი წარმატების, აურაცხელი რაოდენობის ომების მოგებისა და საკუთარი საზღვრების უკიდეგანოდ გავრცობის შემდეგ, ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე, დაკარგა ძველი დიდება 'მაშინ მოტყდა მას დიდი რქა" (დიდი რქში ალექსანდრე მოიაზრება). ალექსანდრეს ანდერძის თანახმად, იმპერია ოთხ ნაწილად დაიყო (ოთხი რქა - ოთხი სამეფოა. მხ.22): უმცირესი – მაკედონიის (მაკედონია-საბერძნეთი), სირიის (სირია, ბაბილონი და სპარსეთი), თრაკიის (თრაკია, ბითვინია, აზიური სამფლობელოები ჰელესპონტისა და ბოსფორის გასწვრივ) და ეგვიპტის სამეფოები (ეგვიპტე, ლიბია, არაბეთი და პალესტინა). მხ. 9. ერთერთი მათგანიდან ამოზრდილ მცირე ზომის რქაში განმმარტებლები ანტიოქ IV ეპიფანეს მოიაზრებენ. სირიის მეფე ანტიოქ ეპიფანე თავიდან წარმატებულ საომარ მოქმედებებს აწყობს სამხრეთის მიმათულებით (ეგვიპტე; 1 მაკ. 1. 16-18), აღმოსავლეთით (სპარსეთი; 1. მაკ. 3. 31-37; 4. 1-4); ბაბილონისკენ (1 მაკ. 4). მხ. 10. ახლადამოზრდილი რქის მიერ გაქელილში იუდეველები იგილისხმებიან, ძვ. აღთქმის რჩეული ერი. (1 მაკ. 1). მხ. 11. არ იკმარა რა განხორციელებული საქმენი, იგი მის მიერ დაჩაგრული ხალხის (იუდეველების) მეუფესაც შეერკინა, რაც ყოველდღიური მსხვერპლის გაუქმებასა და წმინდა ადგილის შეურაცყოფაში გამოვლინდა. მან მოისურვა, რომ ყველა ქვეშევრდომი ერთ ხალხად ქცეულიყო და თავიანთი ძველი რელიგიური კანონები დაეტევებინათ. ანტიოქმა იუდეველებსაც მოსთხოვა სარწმუნოების უარყოფა (1 მაკ. 1.45), აიძულებდა მათ, კერპებისათვის ეცათ თაყვანი.         ანტიოქე ეპიფანე სამეფო ხელისუფლებაში ძვ. წ. აღ.-ის 175 წელს აღზევდა საკუთარი ძმის მოკვდინების შემდეგ. 170 წელს ეგვიპტელი მმართველი ფტოლომეოს IV შეეცადა ანტიოქიის იურისდიქციის ქვეშ მყოფი მიწები დაებრუნებინა. შედეგად ანტიოქი უდიდესი არმიით ეგვიპტეში შეიჭრა, დაამარცხა ფტოლომეოსი და საკუთარი თავი ეგვიპტის მმართველად გამოაცხადა. უკანა გზაზე იგი იუდეაში, იერუსალიმში შეიჭრა, წაბილწა ტაძარი, ხოლო მისი ძვირფასი ჭურჭელი გაიტაცა. ანტიოქ ეპიფანე 168 წელს კვლავ გაეშურა ეგვიპტისკენ, თუმცა ამჯერად საზღვართან მას რომაელი სარდალი გადაეღობა და რომის იმპერიისადმი კეთილგანწყობილი ეგვიპტიდან უკან დაბრუნება მოსთხოვა. განრისხებული ანტიოქე იერუსალიმში აგზავნის საკუთარ ჯარს და გულისვარამს იუდეველებზე ამოიყრის: ქალაქი იერუსალიმი გადაიწვება, ტაძრის სამსხვერპლოს ადგილზე ზევსის სამსხვერპლო დაიდგმევა, სადაც სირიელი ჯარისკაცები თავიანთ ‘ღვთაებას" ღორს შესწირავენ. ანტიოქეს ბრძანებით ყველა იუდეველს აეკრძალება იუდაური რჯულის მიხედვით დღესასწაულების აღნიშვნა და ყოველი თვის 25 რიცხვში სირიელი მეფის საპატივსაცემოდ ზევსის სამსხვერპლოზე ღორის შეწირვა დაევალება. მხ. 13-14. ანტიოქე ეპიფანესთვის მიცემული ხელმწიფება იუდეველი ხალხისა და სიწმინდის შეურაცხყოფაში გამოვლინდა; ანგელოზის თქმით, ეს მოვლენა 2300 დღის მანძილზე გაგრძელდებოდა. განმმარტებელთა ვარაუდით აქ ყოველდღიური დილისა და საღამოს მსხვერპლი იგულისხმება. შესაბამისად, 2300 დღე ორზე უნდა გაიყოს. მიღებული 1150 დღეა სამ წელს მცირედით აღემატება. საბოლოო დასასრული ამ განსაცდელისა იქნება 'სიწმინდის აღდგენა" ანუ ჭეშმარიტი ღვთისმსახურების განახლება. იერუსალიმის ტაძარში ზევსის სამსხვერპლოს აღმართვა 167 წელს ხდება. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ წარმოდეგენილი დროის მონაკვეთის ათვლა, რაც 164 წელს იუდა მაკაბელის მიერ ტაძრის განწმენდითა და მოსეს რჯულით გათვალისწინებული მსხვერპლშეწირვის აღსრულებით დასრულდა. სწორედ ამ დროს მოხდა 'სიწმინდის აღდგენა". მხ. 15-18. ადამიანის მსგავსების მქონე არსების მყისიერი გამოჩენა მის არამიწიერ წარმომავლობაზე მიუთითებს. იგი, როგორც წიგნიდან ირკვევა, გაბრიელ მთავარანგელოზია, რომელიც წინასწარმეტყველს ნანახი ხილვის შინაარს განუმარტავს. თავი 9        მხ. 1-2. 'პირველ წელს, დაროის ქსერქსეს ძისა, მოდგმით მიდიელისა... მე, დანიელმა, წიგნებით გავიგე იმ წლების რიცხვი, რომლის შესახებ იყო უფლის სიტყვა იერემია წინასწარმეტყველის მიმართ, რომ სამოცდაათი წელიწადი შეუსრულდე-ბოდა იერუსალიმის ნანგრევებს". დარიოს მიდიელის მმართველობის პირველი წელი (539 წ.) ამავდროულად ბაბილონის იმპერიის დაცემის თარიღია. შწორედ ამ მოვლენას ასახელებს იერემია 70 წლიანი ტყვეობის დასასრულად (იერ. 25). ბაბილონი დაეცა, 70 წელი მიიწურა, მაგრამ იუდეველი ერი ჯერ კიდევ მონობაშია. დანიელი საკუთარ თავს უსვამს კითხვას, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს? დანიელი იმის თაობაზე ეჭვობს, რომ შესაძლოა, უზენაესმა ხალხის ცოდვების გამო იერემიას ბაგეებით გამოთქმული სასჯელი გაახანგლძლივა, იერემიას წინასწარმეტყველებებზე ფიქრმა დანიელს მისცა საბაბი ერის შეწყალების მიზნით უზენაესისთვის მიემართა.        მხ. 3-14. დანიელის ვედრება. წარმოდგენილ ლოცვაში დანიელი იუდეველ ხალხსა და უზენაესს შორის შუამდგომელის სახით წარმოჩინდება. ისრაელის ცოდვათა აღსარებასთან ერთად დანიელი აღიარებს, რომ ყველა სასჯელი, იუდეველ ხლხზე მოწევნილი უდიდესი განსაცდელი სამართლიანია (იგი არ უპირისპირდება საღვთო ნებას). მიუხედავათ უზენაესის არაერთი მცდელობისა რჩეული ერი ჯიუტად აგრძელებს ძველ გზას, რისთვისაც სამართლიანად ისჯება. მხ. 15-19. ცოდვათა აღსარების შემდეგ დანიელი ისრაელის შეწყალებისთვის და მისი შინ დაბრუნებისთვის განაგრძობს ვედრებას. მხ. 20-21. დანიელის გულმოდგინე ვედრება უზენაესამდე ამაღლდა და მან საკუთარი ანგელოზი გარდამოავლინა წინასწარმეტყველის სანუგეშებლად, წინასწარმეტყველისა, რომელიც საკუთარი ქვეყნის უბედურებითა და თვისტომთა ტანჯვით უდიდეს სულიერ ტკივილებს განიცდიდა. დანიელისთვის საღვთო ნების განმაცხადებელი ანგელოზი გაბრიელი ადრინდელი მოვლენებიდან იყო ცნობილი (დან. 8.16). მხ. 22-23. დანიელის ლოცვას შედეგად მოჰყვა უზენაესის მხრიდან საღვთო ნების განცხადება, რადგან სწორედ დანიელი აღმოჩნდა 'რჩეული ადამიანი" და უფალი თავისი ნების მორჩილს უცხადებს დაფარულ საიდუმლოებებს. მხ. 24. დანიელი უზენაესისგან გებულობს, რომ მისია ერისთვის და მისი წმინდა ქალაქისათვის 'სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი, რათა აღიკვეთოს დანაშა- ული, რათა ბოლო მოეღოს ცოდვებს, რათა შენდობილ იქნას უკეთურება, რათა დამყარდეს საუკუნო სამართლიანობა, რათა დაიბეჭდოს ხილვა და წინასწარმეტყველება და რათა ცხებულ იქნეს წმიდათა წმიდა". ებრაულ ტექსტში შვიდეულის ადგილას (სამოცდაათი შვიდეული) გამოყენებულია ტერმინი 'შაბუიმ". იგი ზედმიწევნით თარგმანში დროის შვიდეულს ნიშნავს ანუ დროს, რომელიც შვიდი ნაწილისგან შედგება განურჩევლად იმისა, თუ დროის რა მონაკვეთ მოიაზრება თითოეულ ნაწილში. წმ. წერილში ამავე ტერმინს რიგ სხვა წიგნებშიც ვხვდებით და მას კვირის მნიშვნეობა აქვს. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში იმავე ტერმინში ერთ კვირას ვერ მოვიაზრებთ, რადგან 24-ე მუხლში გადმოცემული ამბები შეუძლებელია 490 დღის მანძილზე მომხდარიყო (70 შვიდეული ანუ 70 გამრავლებული 7 =490 დღეს); არც ერთი თვე უნდა მოიაზრებოდეს მასში, რადგან ამ შემთხვევაში 490 თვე უდრის 41 წელს, რაც ასევე საკმაოდ მცირე დროის მონკვეთია გადმოცემული ამბების მოსახდენად. ეკლესიის მამები შვიდეულში შვიდ წელს გულისხმობენ (კლიმენტი ალექსანდრიელი, წმ. იპოლიტე რომაელი, წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. იოანე ოქროპირი). ამრიგად, სამოცდაათი შვიდეული უდრის 490 წელს. განმმარტებელთა ერთი ნაწილი სამოცდაათ შვიდეულს ტექსტის შესაბამისად სამ ნაწილად ყოფს: 1. პირველი შვიდეული იერუსალიმის აღდგენის შესახებ გამოცემული ბრძანებით იწყება და შვიდი შვიდეულის მანძილზე ანუ 49 წელი გრძელდება; 2. ამას მოსდევს მეორე პერიოდი, რაც სამოცდაორ შვიდეულს ანუ 434 წელს გასტანს; 3. რაც შეეხება მესამე შვიდეულს, სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ დროის ათვლა დროებით წყდება და ანტიქრისტეს მმართველობის პერიოდში განახლდება (წარმოდგენილი განმარტების თანახმად, ბოლო შვიდეული სწორედ ის დროა, როდესაც წუთისოფელს ქრისტეს ცრუ ნაცვალი უწინამძღვრებს).        დანიელის წიგნის მოცემული მუხლი იუწყება, რომ მითითებული დროის ბოლოს შეწყდება ცოდვა, მისი ხელწიფება, მეუფება ადამიანზე. აქედან გამომდინარე მოცემულ დროში მოიაზრება ჟამი, როდესაც ქვეყანაზე განკაცებული ღმერთი მოვა, რომელიც აღხოცავს პირველქმნილ ცოდვას, უკეთურებას და კაცობრიობას ღმერთთან შეარიგებს. 'რათა ცხებულ იქნას წმინდათა წმინდა&ქუოტ;. ეკლესიის მამები მოცემულ წინადადებაში ხედავენ წინასწარმეთყველებას მაცხოვრის ადამიანური ბუნების შესახებ, რომელმაც ცხება ღვთაებრივი ბუნებისგან მიიღო. მხ. 25. დანიელს განემარტება, რომ დროის ათვლა იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლიდან დაიწყება. იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემის წელი დასაწყისია სამოცდაათი შვიდეულისა. განმარტების მიხედვით დროის ორად დაყოფილი მონაკვეთიდან პირველი შვიდი შვიდეული ქ. იერუსალიმის აღდგენას უკავშირდება ანუ იერუსალიმის აღდგენა 49 წლის მანძილზე უნდა მომხდარიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავის დროზე რამდენიმე ბრძანება გამოიცა: 1. მეფე კიროსი; 538 წელი - ტაძრის აღდგენის განკარგულება; 2. მეფე დარიოსი; 512 წელი - კიროსის გადაწყვეტილება ხელახალი ბრძანებით დამოწმდა; 3. მეფე არტაქსერქსე ლონგიმანი; 452 წელი - ტაძარში მიმდინარე მსხვერპლშეწირვის ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ განკარგულება. 4. იგივე არტაქსერქსე; 444 წელი - ხელახალი ბრძანება: იუდეველებს ნება ეძლევათ, იერუსალიმის გალავანი აღადგინონ და ქალაქი გაამაგრონ. სწორედ ეს ბოლო განჩინება უნდა ჩაითვალოს შვიდეულის დასაწყისად. სამოცდაათი შვიდეულის დროის ათვლა იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემით დაიწყო, ხოლო აღნიშნული ბრძანება არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელს (444 წ.) გამოქვეყნდა (უწინარესი სამი ბრძანება საკუთრივ ტაძარს უკავშირდებოდა და იერუსალიმის კედლების გამაგრებაზე მათში არაფერი თქმულა). წარმოდგენილი განმარტების თანახმად, შვიდი და სამოცდაორი შვიდეული ჯამში 483 წელია (49+434=483); ტექსტში ნათქვამია, რომ სამოცხდაცხრა შვიდეულის გასვლისას (იერუსალიმის აღდგენის ბრძანების გამოცემიდან 483 წლის შემდეგ) მოიკვეთება ცხებული, რაც მაცხოვრის ჯვარცმას გულისხმობს, მაგრამ წარმოდგენილი გამოთვლის მიხედვით მითითებული დროის სასრულად საკმაოდ გვიანდელი თარიღი მივიღეთ - ახ. წ. აღ. 39 წელი (444-483=39). საქმე ისაა, რომ იუდაური კალენდარი განსხვავებით გრიგორიანულისგან 360 დღეს ითვლის; შესაბამისად, 444-დან ახ. წ. აღ. 33 წლამდე სწორედაც რომ 483 წელი გადის, რაც გრიგორიანული კალენდრის თანახმად 477 წლის ტოლია; მოცემულ შემთხვევაში მოხმობილი განმარტება ისტორიულ ფაქტებს ზედმიწევნით თანხვდება.        რაც შეეხება მესამე შვიდეულს, იგი გაცილებით გვიან მხ. 26. შვიდეულის დროის მეორე ნაწილის დასასრულს 'მოიკვეთება ცხებული". მოცემულ მუხლში ქრისტეს (ხრისტოჯ - ცხებული) სიკვდილის შესახებაა წინასწარმეტყველება. აქვეა მითითებული, თუ რა დაემართებათ იმათ, ვინც ამ საშინელ მკვლელობას გეგმავს და განახორციელებს. 'ქალაქს და საწმინდარს დაანგრევს მომავალი წინამძღვრის ხალხი..." მოცემულ მუხლში - წინამძღვარში, რომელიც გამიჯნულია თავისი ხალხისგან, განმარტებლები ტიტეს მოიაზრებენ, რომელმაც 70 წელს ქ. იერუსალიმი დაიპყრო. ისტორიიდან ცნობილია, რომ მას არ სურდა ტაძრის აოხრება და შესაბამისი ბრძანებაც გასცა, მაგრამ ერთერთი რომაელი ჯარისკაცის მიერ ტაძარში დაგდებულმა ცეცხლმოკიდებულმა მაშხალამ იუდეველთა ეკლესია მთლიანად გაანადგურა. მიუხედავად დიდი მცდელობისა, ხანძარი ვერ დაიძლია და ძვ. აღთქმის ტაძარი პირწმინდად განადგურდა. მხ. 27 უკანასკნელი სამოცდამეათე შვიდეულისას 'იგი განამტკიცებს აღთქმას..." მოცემულ აღთქმაში ახალი, ძველისგან განსხვავებული, აღთქმა მოიაზრება, რომელიც არა კონკრეტულად რომელიმე ერთ ხალხთან იქნა დადებული, არამედ მთელს კაცობრიობასთან. 'სიბილწეთა ტაძრის ფრთაზე იქნება გატიალების სიბილწე, ვიდრე აღსასრულამდე..." მოცემულ წინადადებაში ყურადღებას იქცევს ტერმინი 'გატიალების სიბილწე" (ძვ. ქართ. 'საძაგელი იგი მოოხრებისაA"). ნეტარი თეოდორიტე და ევსევი კესარიელი მიიჩნევენ, რომ მასში კეისრის გამოსახულება მოიაზრება, რომელიც რომაელმა პროკურატორმა პილატემ ტაძარში განათავსა. წმინდა იოანე ოქროპირი ადრიანე იმპერატორის მიერ დადგმულ გამოსახულებაზე მიუთითებს. წარმოდგენილი ცნობების სიმრავლის მიუხედევათ რომელიმე მათგანის შესახებ მსჯელობა რთულია, რადგან არცერთი ისტორიული წყარო არ იუწყება იერუსალიმში (ტაძარში) კერპის არსებობის შესახებ. ორიგენემ გამოთქვა მოსაზრება, რომ გატიალების სიბილწეში რომაული ჯარი მოიაზრება. ევსები კესარიელი სხვაგან მიუთითებს, რომ 'საძაგელი იგი მოოხრებისა" თავად ტაძარს ეწოდება, რადგან ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიპო (მაცხოვრის ჯვარცმისას) და ეს ადგილი გატიალების სიბილწედ გადაიქცა. თავი 10        მხ. 1. 'კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას&ქუოტ;. მოცემულ თავში კვლავ გამოცხადებათა შესახებაა მოთხრობილი. პირველ მუხლში მითითებულია, თუ როდოს მოხდა ეს მოვლენა.მხ. 2. გამოცხადების მიზეზი დანიელის უდიდესი მწუხარებაა, რაც მან უმძიმესი მარხვით გამოხატა: 'გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია...&ქუოტ; ასე გაატარა მან პირველი თვის, ნისანის (მარტის), სამი კვირა. დანიელის მწუხარების მიზეზი მისი ხალხის უმძიმესი მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები ამ დროისთვის ორი წლის დაბრუნებულნი იყვნენ სამშობლოში, მაგრამ ხედავდნენ რა მიწასთან გასწორებულ დედაქალაქსა და ტაძარს, მათ მწუხარებას არ ჰქონდა საზღვარი. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი ერთობლივი ძალისხმევით ნელ-ნელა კვლავ ახლდებოდა, ასაკოვანი ხალხი, რომლეთაც სოლომონისეული ტაძრის დიდებულება ახსოვდათ (რადგან ისინი 586 წელს ახალგაზრდა ასაკში გადაასახლეს ბაბილონში და 70 წლის შემდეგ მათმა ცოცხლად დარჩენილმა ნაწილმა კვლავ შეძლო საკუთარ ქვეყანას დაბრუნებოდა), მწუხარების ნიშნად მძიმედ ხმამაღლა მოსთქვამდნენ (1 ეზდრ. 3.12-13). ამას სამარიელთა მხრიდან მომდინარე დაპირისპირებაც დაემატა. ისინი (სამარიტელნი) მთელი ძალით ცდილობდნენ სპარსეთის ხელისუფლებასთან ცრუ დასმენის გზით იუდეველთა მიერ წამოწყებული მშენებლობა შეეჩერებინათ (1 ეზდრ. 4.1-5). მიზანი გამართლდა და იუდეველებმა სამშობლოში ჩასვლიდან ორი წლის შემდეგ ვეღარ მოახერხეს პასექის დღესასწაული რჯულის დაცვით აღესრულებინათ. სწორედ ამ მოვლენათა ერთიანობამ უდიდესი განცდა გამოიწვია წინასწარმეტყველში: იგი შორეულ ქვეყანაში მყოფი თანაეზიარება და უმძიმესი სულიერი ტკივილით განიცდის საკუთარი ხალხის მძიმე ყოფისა.მხ.        5-6. 'თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული. მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი&ქუოტ;. დანიელის წინაშე წარმდგარი 'კაცი განმმარტებელთა ნაწილს აპოკალიფსთან შედარების შედეგად (აპოკ. 1.13-15.) ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასად მიაჩნია, ხოლო სხვანი მის მიერ გამოთქმული სიტყვებიდან გამომდინარე, ხილვაში ნანახ ზეციურ არსებას გაბრიელ მთავარანგელოზად მიიჩნევენ. წინა გამოცხადებები ძლიერ ჰგავს ამ შემთხვევას და მიზეზი ამგვარი განსჯისა სწორედ ესაა. მხ. 7. 'მხოლოდ მე, დანიელმა, დავინახე ეს სანახავი, ხოლო იმ კაცებმა, ჩემთან რომ იყვნენ, ვერ დაინახეს ეს სანახავი; თუმცა დიდი შიში დაეცათ და დასამალად გაიქცნენ&ქუოტ;.დანიელის თანამგზავრები ამ ხილვას ვერ ხედავენ, მაგრამ სმენით ისმენენ და ესაა მიზეზი იმისა, რომ ისინი შეძრწუნებულნი გაიქცევიან. მხ. 8-10. თავად დანიელი ზეციური ჩვენების მხილველი გაოგნებულია, ვერაფერს ახერხებს. მხოლოდ ზეციური არსების ხელის შეხებით მოეგო გონს და შეძლო, ფეხზე წამომდგარიყო (შდრ. ეზეკ. 2.1-2). მხ. 12-13. 'სპარსეთის სამეფოს მთავარი ოცდაერთი დღე მეწინააღმდეგებოდა...&ქუოტ; სპარსეთის სამეფოს მთავარში განმმარტებლები ანგელოზს მოიაზრებენ, რომელსაც ამ სახელმწიფოს მფარველობა ჰქონდა მიმადლებული. ამავე მუხლებიდან ირკვევა, რომ იუდეველთა ერის გამო მლოცველი დანიელის ვედრებას მიქაელ მთავარანგელოზიც უერთდება და მზრუნველობას იჩენს ამ ხალხის კეთილი მომავლისთვის. მხ. 14. მომდევნო მუხლებში დანიელი კვლავ საიდუმლოებით მოცული ხილვის მოვლენების შესახებ განაგრძობს თხრობას. თავი 11        მხ. 1-2. 'დარიოს მიდიელის პირველ წელს მე შემწედ და ნფარველად დავუდექი მას. ახლა ჭეშმარიტებას გეტყვი: აჰა, სპარსეთში კიდევ სამი მეფე დადგება. მეოთხე კი ყველას გადააჭარბებს დიდძალი სიმდიდრით. ტექსტში ნახსენები სამი ხელმწიფეში კიროსის მემკვიდრეები: კამბიზი (529-522 წწ.); ლჟესმერდიზი (522-521 წწ.) და დარიოს გისტასი (521-486 წწ.) მოიაზრება, ხოლო მეოთხე მეფე, ყველაზე აღმატებული, სპარსთა ლეგენდარული ხელმწიფე ქსერქსეა (486-465წწ.), რომელიც გამორჩეული იყო ყველა მბრძანებელს შორის თავისი სიმდიდრით და ამავდროულად უდიდესი წარუმატებლობა იწვნია ბერძენთა წინააღმდეგ ლაშქრობისას. მხ. 3-4. 'დადგება იქ ძლიერი მეფე, დიდ ხელმწიფებას მოიხვეჭს და, რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს. მისი დადგომისთანავე შეიმუსრება მისი სამეფო და ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით გაიყოფა; არც მის მემკვიდრეზე გადავა ხელმწიფება და არც ისეთი ძლიერი იქნება, როგორც იყო, რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო და, ამას გარდა, სხვათა ხელში გადავა. სალამინთან მომხდარი ბრძოლის შემდეგ (სპარსელებსა და ბერძნებს შორის) სპარსთა სამეფო დაცემის გზას დაადგა, ხოლო მას ახალი, ბერძნული სახელმწიფო ჩაენაცვლა. დანიელს მიღებული ხილვის ამ ნაწილში სწორედ შემდგომი მონარქიის შესახებ ეუწყება. აქვეა წინასწარმეტყველება ალექსანდრე მაკედონელის შესახებ. მაკედონელის თაობაზე მსგავსი სახის ცნობები, დანიელს აქამდეც განეცხადა (7.6; 8.5-8; 21-22.). მოცემულ შემთხვევაში სიახლე ისაა, რომ ზეციური ხილვა მაკედონელის მემკვიდრეთა შესახებ იუწყება, რომ ისინი არ იქნებიან დიდი მეფის გენეტიკური მემკვიდრეები. ისტორიიდან ცნობილია, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ რჩება მისი გონებანანკლული ძმა - არრიდი და ორი მცირეწლოვანი შვილი. მათგან არცერთს შესწევდა უნარი, მსოფლიო იმპერია ემართა. მხ. 5-6. 'გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მაგრამ იმძლავრებს მასზე ერთ-ერთი მისი მთავართაგანი, გაბატონდება და დიდი იქნება მისი ხელმწიფება. წლების მერე ისინი შეერთდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ ვერც ეს ასული შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას და ვერც ის მეფე და მისი მოდგმა ვერ გაძლებს. იმ ხანებში გაიცემა ეს ასული თავის ამალით, თავისი შვილითა და თავისი შემწითურთ. ალექსანდრეს იმპერიის მემკვიდრე ოთხ სამეფოთაგან გარკვეული დროის შემდეგ დიდად გაძლიერდნენ ჩრდილოეთისა (სირიის) და სამხრეთის (ეგვიპტის) სახელმწიფოები, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად უპირისპირდებოდნენ. მათ შორის მდებარე პალესტინა ამ ორთაჭიდილში ერთი ხელიდან მეორეში გადადიოდა. გამოცხადება მხოლოდ ორი სამეფოს შესახებ გვამცნობს, რადგან ღვთის რჩეულ ერთან უშუალო შეხებაში სწორედ ისინი იყვნენ. რაც შეეხება დანარჩენ ორ - თრაკიისა და მაკედონიის - სამეფოებს მათზე მოცემულ შემთხვევაში არაფერია ნათქვამი. დანიელის წიგნის წინამდებარე თავში გადმოცემულია წინასწარმეტყველება, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები ეგვიპტისა და სირიის სახელმწიფოებში და შესაბამისად, მათი ბედი, მათში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ კავშირში იყო იუდეველებთან.        ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის მმართველი ხდება პტოლომეოს I (323-285 წწ.), ხოლო სირიაში სელევკოს ნიკანორი. მათ შორის გამუდმებული ომები მიმდინარეობდა. ორი მხარის დასაშოშმინებლად გარკვეული ნაბიჯები ეგვიპტის მეფის პტოლომეოს I მემკვიდრის - პტოლომეოს II ფილადელფოსისა და სელევკოსის (სირიის მეფის) მემკვიდრის - ანტიოქე თეოსის მოღვაწეობისას გადაიდგა. ყოველგვარი უკმაყოფილების დასასრულებლად პტოლომეოს ფილადელფმა ანტიოქეს საკუთარი შვილი - ვერონიკა მიათხოვა ცოლად და მზითევად ჩრდილოელ მეფეს პალესტინაც უბოძა. მაგრამ ანტიოქე ამ დროისთვის უკვე დაქორწინებული იყო ლაოდიკიაზე და ორი შვილი ჰყავდა - სელევკი კალინიკე და ანტოიქი. პტოლომეის გარდაცვალების შემდეგ ლაოდოკიამ მოწამლა საკუთარი ქმარი - სირიის მეფე ანტიოქე, დაახოცინა ვერონიკა და მისი ვაჟიშვილები და ტახტზე საკუთარი ძე სელევკი კალინიკე აიყვანა. სამეფოთა მორიგების მცდელობა წარუმატებლობით დასრულდა.მხ. 7-9. ვერონიკას სიკვდილისათვის შური მისმა ძმამ და პტოლომეოს ფილადელფის შვილმა - პტოლომეი ევერგეტმა იძია. მან მოკლა ლაოდიკია და სირიის კუთვნილ მიწებს დაეუფლა (კილიკიას, პამფილიას, იონიას, პალესტინას). ძლევამოსილი მეფის ჩრდილოური გამანადგურებელი ლაშქრობები ეგვიპტეში მომხდარი ამბოხების წყალობით შეწყდა. სანამ პტოლომეოსი ეგვიპტეში სიმშვიდეს ამყარებდა სელევკმა კვლავ დაიბრუნა წინააზიური სახელმწიფოები.        მხ. 10-13. დანიელის წიგნის მოცემულ თავში, როგორც ადრეც შევნიშვავდით, მომავალში მოსახდენი მოვლენების დეტალური წინასწარმეტყველებებია გადმოცემული. თავი 12        მხ. 1-3. 'იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება... იუდეველი ერის მფარველი ანტიოქოს ეპიფანეს მიერ მოწეული განსაცდელისას მთავარანგელოზი მიქაელი იქნება მფარველი და მცველი ებრაელი ერისა. სწორედ მისი მეოხებით გადაურჩებიან იუდეველები განადგურებას. ანტიოქე მოცემულ შემთხვევაში სახეა მომავალი ანტიქრისტესი. იუდეველი ერის მიერ მისი ხელმწიფებისას განცდილი შევიწროება სიმბოლოა უკანასკნელ ჟამს ღვთის რჩეული საკრებულოს უმძიმესი ხვედრისა. მხ. 4. 'შენ კი, დანიელ, დაიფარე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ ჟამამდე. მრავალი დაიწყებს ძიებას და იმატებს ცოდნა&ქუოტ;. დანიელს მიღებული გამოცხადების გაფრთხილება და მისი დაცვა დაევალა. ამასთანავე ეს იყო წინასწარმეტყველის მიერ ნანახი უკანასკნელი საიდუმლო უწყება.        მხ. 5-7. დანიელი მოცემულ მუხლებში გვიყვება, თუ როგორ იხილა ორი უცხო - ერთი მდინარის გაღმა და მეორე გამოღმა მდგომი ადამიანები. დანიელის მიერ ნანახი ერთი ადამიანი მეორეს ეკითხება: 'უთხრა მან სელით შემოსილ კაცს, მდინარის წყლებზე რომ იდგა: როდის იქნება ამ საკვირველი ამბების ბოლო? სელით შემოსილმა კაცმა, მდინარის წყლებზე რომ იდგა, ზეცისკენ აღაპყრო მარჯვენა და მარცხენა მკლავი და მე გავიგონე, როგორ დაიფიცა მან მარადცოცხალი, რომ წელიწადში, წელიწადებში და ნახევარში, როდესაც შეწყდება წმიდა ერის ძალის გაფანტვა, ყოველივე ეს მაშინ ასრულდებაო. მოცემულ პასუხში, სავარაუდოდ, მიცვალებულთა აღდგომის შესახებაა წინასწარმეტყველება. ამ შემთხვევაში პასუხის პერიფრაზი ამგვარი იქნება: მიცვალებულთა აღდგომა უშუალოდ ანტიქრისტეს დროების შემდეგ მოხდება. მხ. 8. დანიელმა მოსმენილი პასუხი ვერ გაიგო, რისთვისაც კითხვა მიაგება: 'უფალო ღმერთო ჩემო, რა იქნება ამის შემდეგ. მაგრამ ის უნდა დაკმაყოფილდეს იმით, რაც შეიტყო და გულისხმაჰყოს, ხოლო ამ შეუცნობადი მოძღვრების შემეცნება მომავალ დროებას გადაეცა და სწორედ მომავალ ჟამამდე მიღებული განცხადება გულმოდგინედ უნდა შეინახონ.        მხ. 9-12. 'მითხრა: წადი, დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე... წინასწარმეტყველის სულიერი თვალი მომავალი ახალი აღთქმის ეკლესიის სიღრმეებს სრულად ვერ იმეცნებს. ამ 'დანაკლისის&ქუოტ; აღმოსავსებად დანიელს მისი ხალხის ტანჯვის დროის რაოდენობა ეუწყება. 10-11 მეხლებში გადმოცემული ცნობა ანტიოქ ეპიფანეს დროს უკავშირდება. სწორედ ამ მეფის მიერ იუდეველებზე აღძრულ ჟამთა ათვლას გვთავაზობს 11-12 მუხლებში ნაუწყები რადენობა დღეებისა: 1290 და 1335. თავი 13 თანამედროვე ებრაულ ბიბლიაში დანიელის წიგნის მე-13 და მე-14 თავები არა წარმოდგენილი ისევე, როგორც ვერ ვხდებით მათ ორიგენესა და იერონიმესთან. ებრაულისაგან განსხვავებით, მითითებული წიგნის მითითებული ნაწილი გადმოცემულია სეპტანტაში, თეოდოტიონეს თარგმანში, კოპტურში, არაბულში, სირიულში, ვულგატაში, სომხურსა და რიგ სხვა ენაზე თარგმნილ ბიბლიებში. ჩამოთვლილ თარგმანთა შორის დანიელის წინასწარმეტყველების ამ ნაწილს ზოგან წიგნის სათავეში, პირველი თავის წინ, ხოლო ზოგან წიგნის ბოლოში ვხვდებით. იულიანე აფრიკანელი შენიშნავდა, რომ პირველად ებრაულ-არამეულ ბიბლიის ტექსტში ხსენებული ნაწილი არ უნდა ყოფილიყო და იგი მოგვიანებით ჩნდება სეპტანტასა და თეოდოტიანეს თარგმანში. თავი 14 წინამდებარე თავში ნახსენები ადამიანების სამოღვაწეო ეპოქა ისტორიული წყაროებით დადგენილი თარიღების ფონზე არ ემთხვევა დანიელ წინასწარმეტყველის დროს, რაც საკმაოდ ართულებს მასში გადმოცემული მოვლენების კომენტირებას. ეკლესიის მიერ არაკანონიკურ წიგნთა შემადგენლობაში დანიელის წინასწარმეტყველების ამ ნაწილის (მე-13;14 თავები) განთავსების ერთერთი მიზეზიც სწორედ ესაა. …
დაამატა Kakha to წმინდა წერილი at 3:21pm on იანვარი 14, 2015
თემა: ადამიანთა სევდა (ნაწილი I)
წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ, ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები, დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი დავწერე.       აქამდე მეგონა, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობაა მეთქი.. არა, არა! ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო, იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი. არ ვიცი, რას მივაწერო, თავდაპირველად მარტო გუდამაყრელები მეჩვენებოდნენ მოთხრობებად, ახლა, ვინც უნდა იყოს, და რა ეროვნებისაც უნდა იყოს, მოთხრობა მგონია. თუ აქამდე მარტო გუდამაყრის ხეობა იყო უცნაური მოთხრობებით სავსე წიგნი, ახლა მგონია, რომ დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის. ოო, იცი, რა დიდებულია ეს წიგნი! თვითონ მოთხრობები უდგამენ კარგ მოთხრობებს ძეგლებს, უხილავი შემოქმედის ხელით იწერება და იშლება ეს წიგნი და, ნეტა ვიცოდე, რა მემართება - ახლა წარმომიდგა, რომ დედამიწა იმ დიდი წიგნის ფურცელია, რომელსაც სამყარო ჰქვია, ნეტა მაცოდინა, სად არის დალოცვილი მწერალი, რომლის ხელითაც იწერება ეს დიდი წიგნი. ან დასაწყისი სადა აქვს ამ წიგნს, ან დასასრული. ან იქნებ არ ერთი აქვს და არც მეორე.. დედამიწა მისი ერი ფურცელია, გუდამაყრის ხეობა კი ალბათ სხვა, უამრავი მოთხრობების ქვესათაური. - მე?       მე ვინღა ვარ? - ალბათ მეც მოთხრობა ვარ.       მერედა, რა ხელი მაქვს ჩემს გარშემო მყოფ მოთხრობებთან?       იცი, რა მინდა? - რა? - რომ გითხარი, გუდამაყარზე რომანის დაწერა მინდა მეთქი, მოდი, მართლა დავწერ.       ალბათ ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიტანჯები: რომ არ დავწერო, არ შემიძლია, არადა, რა დავწერო, როგორ დავწერო.. ერთი კია, როგორც არის, ისე ვწერ, არაფერს გამოვტოვებ, მაგრმ დაწყება მიჭირს. ალბათ შემოქმედსაც ძალიან უჭირდა დაწყება, როცა სამყაროს წიგნის წერა დაიწყო. როგორ მინდა, ზუსტად ისევე დავიწყო და არ დავამთავრო.. ყველაფერზე მინდა ისე ვილაპარაკო, როგორც ვხედავ და როგორც განვიცდი. თანმიმდევრობა ხომ ჩემი საქმე არ არის, მოთხრობებზეა დამოკიდებული, იმათ კი ასეთი უცნაური ზნე ჭირთ, სულ არ მეკითხებიან არაფერს.       თავი მოგაბეზრე, არა?       რას იზამ, დასაწყისი ვერ ვიპოვე, არ ვიცი, რით დავიწყო, როგორ მოვუყარო ამდენ მოთხრობას ერთად თავი. აგერ ახლა ფანჯრიდან ვხედავ სამი მთვრალი მოთხრობა მოდის გზაზე სიმღერით. ერთმანეთისათვის ხელები გადაუხვევიათ და მობარბაცებენ. მოდი, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ, თორემ ეგენი არ მოგვასვენებენ, იმ სოფლიდან არიან სადაც სულ გიჟი მოთხრობები ცხოვრობენ. ამას წინათ მაგათ სოფელზე დავწერე და იმის მერე მოსვენება მაქვს დაკარგული.. აგე, ჩემი სახლისაკენ ჩამოუხვიეს. წინასწარ ვიცი, ჩემთან ჩხუბი სწადიათ. საეროდ, შეჩვეული ვარ მაგათთან ჩხუბს. მარტო ეგენი კი არა, ყველა ჩემი მოთხრობა მეჩხუბება. - რაზე? - ბოლოს რატო გვკლავო. იმიტომ ვკლავ, რომ მიყვარან. ეგენი კი არ მიჯერებენ, ვერ იტანენ სიკვდილს. - სიკვდილს ვერავინ იტანს. - მე ვიტან, მიყვარს, როცა მოთხრობებს სიკვდილით ვამთავრებ, სიკვდილი ისევე ალამაზებს მოთხრობების სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს. - მერედა, სიკვდილისთვის არ გენანებიან შენი მოთხრობები? - მენანებიან, მაგრამ წესი მაქვს ეგეთი. ისე არაფერზე ვწერ, თუ არ მიყვარს, ხოლო რაც მიყვარს, იმას სიკვდილის მომენტში წარმოვიდგენ ხოლმე და მერე ვნანობ, რომ მოვკალი, ჰოდა, ეს სინანული მაიძულებს სიცოცხლეზე ფიქრს. გუდამაყრელები კი მოდიან და მეჩხუბებიან. - რაო? - ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და რად დაგვხოცეო?       ვეუბნები ტყულია - მეთქი.. - რა არის ტყული? - ის, რასაც ადამიანი ხედავს და განიცდის, ყველაფერი მოგონილია და სიკვდილიც იმიტოა საჭირო, რომ ამ მოჩვენებას მოუღოს ბოლო, თუმცა, რატომ ვატყუებ, არაფერი არ არის მოჩვენებითი, ყველაფერი მართალია და სიცოცხლე ძალიან ლამაზია, მე კი ნაადრევად ვკლავ გუდამაყრელებს, ეწყინებათ, მა რა იქნება ყველამ რომ ერთ დღეს მოიკლას თავი, რა გამოვა.. იმ დღეს ერთ ჩემ მოთხრობას მიასვენებდნენ დანარჩენები. ცხელოდა, ზემოთ მთაზეა საფლავები, იქ მიჰქონდათ.       რატომღაც ყველანი მე მიყურებდნენ. ადრევე მოვკალი მე ეგ ქალი და მაშინ მეჩხუბა კიდეც: - რატომაო? - ახლა მართლა მოკვდა და დანარჩენები ისე მიყურებდნენ, თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს, მე განსვენებულს ვუყურებდი და რატომღაც გავიფიქრე: - რა მნიშვნელობა აქვს, ადრე მოკვდებოდა თუ გვიან, მე რომ მოვკალი, მაშინ იმდენი მეჩხუბა, განა რა არის, რა შეიცვალა მას მერე. - ალბათ, აქვს მნიშვნელობა, ალბათ შეიცვალა.       თუმცა ასე არ მინდოდა დამეწყო, სულ სამი მთვრალის ბრალია, ჩამოვიდნენ, მეჩხუბნენ და წავიდნენ. ისე საცოდავად მიბარბაცებდნენ, მე კი იმაზე მეჩხუბებოდნენ - რატო წერ ჩვენზეო. ჩვენ არ დავიხოცებითო.. მაგრამ ეს რა საინტერესოა, მოდი, ვცდი და, ისევ სხვა რამეთი დავიწყებ:       დასაწყისი       მზემ ჩაბრძანება დააპირა და საოცრად მომინდა წერა. ოთახში არ ბნელოდა, მაგრამ დაწყების წინ გადავწყვიტე, საწერ მაგიდაზე სანთელი ამენთო.       ცეცხლი ავანთე და სანთელი მივუფიცხე. დანით თხლად ვათლიდი გვერდებს და ხელისგულზე ვზელდი, რომ უფრო კარგად დარბილებულიყო. მერე გამახსენდა, რომ ჩამოსახვევად ბამბის ძაფი იყო საჭირო, ვეძებე და, რომ ვერ ვიპოვე, შალის ძაფზე ჩამოვახვიე. მივედი, საწერ მაგიდასთან დავდექი და სანთლის ანთება დავიწყე.. რამდენჯერაც მოვუკიდე, იმდენჯერ ჩაქრა. შალის ძაფს ცეცხლი არაფრით არ მოეკიდა. მერე ბამბის ძებნას შევუდექი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. გარედან ვიღაცამ დაიძახა. გავედი, თბილისიდან ჩამოსულიყო ერთი გუდამაყრელი მოთხრობა და ჩემ სანახავად მოვიდა. დავსხედით. მაშინვე მისი სათაურის შერჩევა დავიწყე. ის წასვლას არ აპირებდა, ბოლოს, ეტყობა, აღარ ვუსმენდი და ვერ გავიგე, როდის წავიდა. ისევ შინ შევედი და სანთლის გულის ძებნა განვაგრძე. ერთ სკივრში კარგა სქლად შეკრული ქაღალდების დასტა ვიპოვე, ზედ გასანთლული ბამბის ძაფი ჰქონდა შემოხვეული. ქაღალდებისთვის ყურადღება არც კი მიმიქცევია, იმ ძაფზე მაშინვე სანთელი ჩამოვახვიე, ავანთე, ისევ საწერ მაგიდასთან დავდექი და დავიწყე ლოცვა: - ღმერთო, სამყაროს დიდო მწერალო, სადაც ხარ და როგორცა ხარ, იდიდე და იძლიერე. ვიცი, რომ გაჭირდა დაწყება, სხვანაირად არ შეიძლებოდა, გაუჭირვებლად არაფერი მოდის. ოო, ალბათ რა დიდებულად დაიწყე. მაგრამ შენს წიგნში ყველაფერს იმდენი მადლი დაახარჯე, ძნელია, კაცმა გაიგოს, სად არის დასაწყისი. თითქოს აქაც არის, მაგრამ ამავე დროს იქაც არის, ჩემშიც არის და აგე, სამი მთვრალი მოთხრობა, რომ ჩამოდიოდა გზაზე ბარბაცით, იმათშიც არის. ძაღლშიც არის, ძროხაშიც, წყალშიც. ჰაერშიც, მიწაშიც. შენ ისე დიდებულად წერ, იმდენ რამეზე და ისე       თავისუფლად წერ.. სურვილი მაქვს, მეც თავისუფლად ვწერო, ერთი ამბიდან მეორეზე ისე გადავიდე, ვითომც არაფერი. შენ ახერხებ, ყოველნაირ გადახვევა გადმოხვევაში დიდი კანონზომიერება დაიცვა. აი, სანთელი რომ შალის ძაფზე ჩამოვახვიე, არ აენთო, იმიტომ რომ შენ წიგნში სხვანაირად წერია - სანთელი შალის გულზე არ აინთება და კაცი კიდევ ძაღლის გულით ვერ იკაცებსო..       ამასობაში სანთელი ჩაიწვა და ხელმეორედ მივედი სკივრთან, რომ კიდევ ამეღო ბამბის ძაფი. ერთი წყება კიდევაც შემოვხსენი და რატომღაც იმ ქაღალდებით დავინტერესდი.       რამდენიმე გვერდი წავიკითხე და ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ აქ სწორედ იმ საოცარ ლაშქრობაზე იყო მოთხრობილი, რომელიც სოფელ ჩოხის მცხოვრებლებმა მოაწყვეს გუდამაყარში. ამ საუცხოო ლაშქრობაში პირადად ბებიაჩემიც იღებდა მონაწილეობას და რადგან საიდუმლოს შენახვით განთქმული ქალი იყო, ეტყობა, ეს ქაღალდები იმიტომაც ჩაუბარებიათ. დედაჩემს ამ ლაშქრობაში არ მიუღია მონაწილეობა, იმ ზამთარს ავად იყო, ხოლო მე და ჩემი და, რადგან ჩვენთან სკოლა არ იყო, სხვაგან ვიყავით გაბარებულნი. ასე, რომ ყოველთვის გული მწყდება, როცა ჩემი ტოლები ამ ლაშქრობაზე მიყვებიან..       აი, ახლა სწორედ იქ მიმიყვანა ბედმა, საიდანაც უნდა დამეწყო და, რადგან ჩანაწერები არეულია, შევეცდები, ოდნავ მაინც დავალაგო და ისე წარმოვიდგინოთ.       ჩანაწერებს გარედან სქელი ყდა ავქს შემოკრული და მსხვილი ასოებით აწერია:       ლაშქრობა გუდამაყარში       პირველ გვერდზე მოყვანილია ამ სახელოვან ლაშქრობაში მონაწილეთა სია:       1. ვაჟი გოგი - მთავარსარდალი.       2. ბიბღაი - დეკანოზი (ანუ მედროშე).       3. სებაი - ზარის მრეკველი.       4. სამხარაული - მოლაშქრეთა ისტორიკოსი გეოგრაფი (მემატიანე).       5. ქიმბარი - ფილოსოფოსი.       6. ჩაღი - მოლაშქრეთა მწერალი.       7 ზინაი - ექიმი.       8. გამიხარდაი - დარდების შემგროვებელი.       9. სალომე - მესაიდუმლე (ევალება საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების გადამალვა).       10. შეთე - სასიძო.       11. ელენაი - დიასახლისი (პურის გამოცხობა, კერძის დამზადება და სხვა).       12. ტატიაი - მზვერავი.       13. ტაშკენტაი - მზვერავი.       14. გარახტინაი – მზვერავი.       (ამათ საჭიროების შემთხვევაში უნდა დაიხმარონ ელენაი და სალომე).       15. სოფიაი – მყვირალი.       16. კატუშაი – მყვირალი.       17. მართაი - მყვირალი.       (ამათ მტრის ჯარში პანიკა და არეულ-დარეულობა უნდა შეიტანონ ყვირილით, კარგი ყვირილი იციან).       18. ქეთუაი – უბრალო მოლაშქრე.       19. ნინუაი – უბრალო მოლაშქრე.       20. სიდუაი - უბრალო მოლაშქრე.       21. ტასაი – უბრალო მოლაშქრე.       22. კოტორაანთ ქალი – საიდუმლო ნაწილი.       23. შარვანიანთ ქალი - საიდუმლო ნაწილი.       24. შიჯანათ ქალი – საიდუმლო ნაწილი.       25. ქალთამზე - საზღვაო ნაწილი (რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ამათ ევალებათ არაგვთან კავშირი, სანამ ლაშქრობა არ დამთავრდება, მანამდე სულ არაგვ-არაგვ უნდა იარონ).       26. თებრუაი,       27. დარიკო,       28. ლელაი,       29. თამარაი,       30. გალილეი,       (ესენი უნდა დარჩნენ ჩოხში და სოფელს მიხედონ, საქონელს აჭამონ, ფრინველებს და ლოგინად ჩავარდნილ ბებრებს მოუარონ).       აი, დაახლოებით სრული სია იმ სახელოვან მოლაშქრეთა და მამაც მებრძოლთა, რომელთა უმრავლესობა ქალებია, იმიტომ რომ ზამთრობით კაცები ცხვარში მიდინ, ახალგაზრდები - ქალაქში და გუდამაყარი ქალებსა და ბავშვებსღა რჩებათ.       ავტორისაგან       მანამ დანარჩენ ჩანაწერებს წარმოგიდგენდეთ, მინდა ზემოხსენებულ სიში მყოფი რამდენიმე მოლაშქრე გაგაცნოთ. 1. ვაჟი გოგი (მთავარსარდალი)       ზამთარია. გუდამაყრის ხეობა თოვლით არის გალესილი. თბილა.       აღმოსავლეთ მთის ფერდზე სოფელი ჩოხია შეფენილი. აქა იქ სახლებიდან ზლაზვნით ამოდის ბოლი. მზე ნება ნება ამოიწია და სხივები სოფელს მოეფინა. სოფელში ჯერ სიმყუდროვეა. ძაღლის ყეფაც კი არსაიდან ისმის. მერე თანდათან გამოვიდნენ სახლებიდან აქ შემორჩენილი მოხუცები. გამორეკეს საქონელი, წყაროზე დაარწყულეს და მზის გულზე დააყენეს. ძროხებმა სიამოვნებით მიუფიცხეს მზეს შემცივნებული ზურგები.       გამოვიდა სახლიდან ვაჟი გოგი, კალობანზე დათვის ტყავი მიიფინა და მზეს მიეფიცხა.       ნებ ნება, თითო-ოროლაობით მოიყარა ვაჟი გოგის ბანზე სოფელმა თავი. რამდენიც ახლად მოვიდა, იმდენმა ჩაახველა და ჩუმად დაჯდა.       სიჩუმეა ირგვლივ.       ჩუმად ზის ვაჟი გოგიც და გონებაში ახალ ტყუილს იგონებს.       თითქმის ყოველდღე ასეა, მოვლენ ეს მოხუცები, რა ვიცი, ზოგს მოხუცობა არც ეთქმის, შუახნისები არიან, თუმცა უმეტესობა უკვე ხანშია შესული და იმიტომ ვამბობ, მოხუცები მეთქი. ისინი ცალკე თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების უნახაობით არიან მოწყენლნი, ცალკე ზამთრის გრძელი ღამეებითა და სიწყნარით გულგამოკლულნი. ერთადერთი ვაჟი გოგიღა არის მაგათი გამამხიარულებელი.       ვაჟი გოგი ორ ომშია ნამყოფი და ამით ძალიან მოაქვს თავი. მკერდზე განუშორებლად რამდენიმე მედალი ჰკიდია და, როცა მზე ადგათ, ისე ბრწყინავენ, მათი შემხედვარე ჩოხელები ძალაუნებურად იჯერებენ ვაჟი გოგის ტყუილებს. რა ვიცი, შეიძლება ტყუილებიც არ არის, მაგრამ ისეთ რაღაცეებს ჰყვება, რამდენჯერაც მოვუსმინე, მგონი ტყუილი უფროა, ვიდრე მართალი. - ეეჰ, ხანდახან არ დაგიფასებენ კაცს შრომას.. - დაიწყო გულნატკენი კილოთი ვაჟი გოგიმ.       ხალხმა ყური მიუგდო და გაინაბა. - მეტი რაღა დაფასება გინდა, მედლებით გაქვს აყვავებული მკერდი, - წამოიძახა ბიბღამ. - ეე, ეს რა არის, მე რო შრომა დამფასებიყო, ეხლა განა აქ, თქვენთან უნდა ვმჯდარიყავ?.. - მაშ სად უნდა იჯდე? - იქა, მაშ! - რა ყო, სად იქა? - რა და, თორმეტი წელი წყალქვეშა გემის კაპიტანი ვიყავ. თორმეტი წელი წყლიდან არ ამოვსულვარ. დღეს რომ ამ წყლის ძირ ვიყავ, ხვალ კიდევ იქ ვიყავი, ეე! რა ქალაქები და ქვეყნებია წყლის ქვეშ, რო იცოდეთ, ერთი არ გასჩერდებოდით აქა, დღესვე წყალში ჩასცვიოდით, მაგრამ, რა გამოგივათ? არაფერი, თქვენ იმათი ენა არ იცით და იმათ თქვენი.. ვერ შეეწყობით7 ისევ აქ გირჩევნიათ ყოფნა. - გინდა ენაც ვიცოდეთ, ზღვა სადა ვნახოთ. - აი, ზემოთ ნარიანაის მთაზე რო ტბა არის, იქ შეგიძლიათ ჩასცვივდეთ, ეგ ტბა ისეთი ძირის პატრონია, პირდაპირ ზღვასთანა აქვს კავშირი. - მართლა იძახი?! -– დაეჭვდა ბიბღაი. - მართლა, მაშა, განა ერთხელ შამამიცურნია მაგ ტბაშია და ორჯერა, მაგრამ თავის ამოყოფა არ შეიძლებოდა, საიდუმლოდ დავცურავდი. ზოგჯერ მწყემსების ლაპარაკი გამიგონია ტბის ნაპირიდან, მაგრამ თავს ხო არ ამოვყოფდი. ერთი ქალაქი მაგ ტბის ძირშიაც არის. - ისენიც სხვა ენაზე ლაპარაკობენ? - ისენიც, იქ არავინ ჩავარდეთ, თორო, სუ ერთია, იმათ ლაპარაკს ვერ გაიგებთ და შეიძლება ვეღარც ამოხვიდეთ. - მაინც როგორი ენა აქვთ, როგორ ლაპარაკობენ? - აისერიო მისერიო მისერ, - თქვა ვაჟი გოგიმ. - ეგ რას ნიშნავს? - კაცს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენო, - მართალიც არის. ეხლა მე აქ უნდა ვიჯდე?! მაგრამ რა გინდა, თორმეტი წლის განმავლობაში ერთხელ ამოვყავ წყლიდან თავი და მაშინაც სამშობლოს ღალატი დამწამეს. - რატომ? - არ უნდა ამოგეყო. - რაღა უთხარი. - ანდე თქვენა და ანდე თქვენი გემი მეთქი. - მერე? - ორი წელი ჩამსვეს ციხეში. იქიდან რომ გამომიშვეს, რეაქტიულ თვითმფრინავზე დავიწყე მუშაობა. ისეთი სწრაფი იყო, თოლს ვერ მოჰკრავდი. - არც იქიდან უნდა გამოგეყო თავი? - არა. როგორი გაძლება გინდა.. გადავუვლიდი ამ ჩვენს სოფელს და გადმოხედვის უფლება კი არ მქონდა. მივდიოდი, რომელიმე ქვე-ყანას დავბომბავდი და მოვდიოდი ისევ უკან, გადმოვივლიდი ამ ჩვენი სოფლის თავზე, ჩემთვის კი გავიფიქრებდი, მოდი, გადავიხედავ, იქნებ ხატობა აქვთ მეთქი, მაგრამ ჯერ მაშინ შევცდი, წყლიდან რომ ამოვყავ თავი. - შენ ადგილზე რომ ვყოფილიყავ, მე თვითმფრინავიდანაც გადმოვიხედავდი, - თქვა ტატიამ. - ჰოდა, რომ გადმოვიხედე, იმიტომაც ვზივარ თქვენთან, - თქვა ამოოხვრით ვაჟი გოგიმ და გაჩუმდა.       სხვებიც ჩუმად ისხდნენ.       მერე ეს სიჩუმე ოზანოს მთიდან გამოქანებულმა ზვავის გრიალმა გააყრუა. კარგა ხანს აძლევდა გუდამაყრის ხეობა ზვავის ხმას ბანს, მერე ისევ დადუმდა ყველაფერი.       ახლა ყველანი ჩუმად გაჰყურებდნენ გალილეის, რომელიც თოვლის კაცებს აკეთებდა თავისი სახლის ბანზე. გალილეიც ომშია ნამყოფი და, რაც იქიდან       მობრუნდა, სულ ომობანას თამაშობს. ისე ჰყვანან ქათმები მიჩვეული, აღარ სცილდებიან, ახლაც გარს ახვევია მთელი სოფლის ქათმები. ის კი ჯერ მათ ყურს არ უგდებს, თოვლის კაცებს აკეთებს, იქვე ახლოს ქათმებისთვის არაყში აზელილი პური უდგას ქვაბით. კაკანებენ ქათმები. გალილეი არყიან პურს უყრის და ისინი ჯერ ჩიჩახვებს დაიბერავენ. მერე, საკმაოდ შემთვრალები, ერთმანეთს დაერევიან საჩხუბრად. გალილეი მთავარსარდალია. როგორც უნდა, ისე მიჰყავს ომის მსვლელობა, ხან წითელ ქათმებს ეხმარება, ხან თეთრებს. ხელში ყოველთვის ხმალი უჭირავს, ჰაერში იქნევს და ქათმებს დაჰკივის: - ტატიაანთ ქათამო, მარცხენა მხრიდან შეუტევ მოწინააღმდეგეს და რაც შეიძლება ცოცხლად! ღალატია, ღალატი!!! აეგრე!       ყვირის გალილეი და მთვრალი ქათმებიც აღარ ინდობენ ერთმანეთს. ბრძოლა იმდენ ხანს მიმდინარეობს, ვიდრე ქათმების ჯარს ბრძოლის ველზე არ ჩაეძინება. - რომლებმა გაიმარჯვეს გალილეი? - ეძახის ვაჟი გოგი ხმალშემართულ გალილეის. - ჭრელებმა! - პასუხობს გალილეი და ბანის პირზე ბარბაცით მიმავალ ჭრელ მამალზე უჩვენებს ხმლით. მამალი ნება-ნება მიდის, გამარჯვებულის ნაბიჯებით. - ეგენი ვინ არიან? - თოვლის კაცებზე ანიშნებს ვაჟი გოგი. - ეს ნაპოლეონია, - აჩვენებს გალილეი, - ეს ალექსანდრე მაკედონელი, ეს ჰიტლერი, ეს აქილევსი, ეს შაჰაბასი, ეს კიდევ თემურ ლენგი.. ყველანი ჩემს წინაამდეგ არიან ამხედრებულნი. მაგრამ ვერაფერს გააწყობენ.       გალილეიმ მწყობრი ნაბიჯით ჩამოუარა თოვლის კაცებს. მერე განზე გადგა და შესძახა: - წაგასლეკთ თავებს! - ხმალი ჰაერში დაატრიალა და დაერია. ჯერ თავები დააჭრა, მერე მიადგა და სულ ერთმანეთში არივ დარია. ცოტა ხანს დაისვენა და ახლა მძინარე ქათმებს დასჭყივლა: - პადიომ, ადექით! ადექით მე თქვენი! - და რამდენიმე ქათამს წიხლი ამოარტყა, ქათმებმა გამოიფხიზლეს და წამოფარფატდნენ. - სწორდით! - შესძახა გალილეიმ და ერთი ბღუჯა საკენკი დაუყარა. ქათმებმა უცებ შეკენკეს და გალილეის მიაჩერდნენ. - ეხლა გაღმა სოფელში მივდივართ სალაშქროდ, იქაურ ქათმებს მუსრი უნდა გავავლოთ. ვაი თქვენი ბრალი, თუ დამარცხდით! - თქვა ბოლოს გალილეიმ და ქათმებს გაუძღვა. ისინიც უკან მიყვნენ.       დედაკაცები წიოკით გამოედევნენ გალილეის. - სად მიგიდის ქათმები, შე გიჟო, შენა! - მამშორდით! - იყვირა გალილეიმ და ქათმებს ანიშნა, მამყევითო. - ნუ გადაგვირიე ე ქათმები, შე ცეტო, შენა! - წაგასლეკთ თავებს! - დაიძახა გალილეიმ და ხმლით გამოუდგა დედაკაცებს.       ვაჟი გოგიმ გალილეი დაიჭირა, ხმალი წაართვა და საბლით ბოძზე მიაბა. - წაგასლეკთ თავებს! - ყვიროდა გალილეი.       დედაკაცები ისევ ვაჟი გოგის მიუსხდნენ და ვაჟი გოგიც მორიგი ტყუილის სათქმელად მოემზადა.       თანდათან დათბა და გაღმა მთაზე ისევ წამოვიდა ზვავი გრუხუნით.       მერე კვლავ ჩაწყნარდა მიდამო. მარტო ბოძზე მიბმული გალილეი არღვევდა სიჩუმეს: - წაგასლეკთ თავებს! - ემუქრებოდა დედაკაცებს. ქათმები გარს ეხვეოდნენ და კრიახ კრიახით რაღაცას ელაპარაკებოდნენ თავიანთ მთავარსარდალს, თავიანთ ენაზე. - სადა ხართ, ხალხო! - დაიძახა ვიღაცამ გალილეის ბანიდან. - მიშველეთ! - იყვირა გალილეიმ, როგორც კი ამ ხმას ყური მოჰკრა. - გამიხარდაი, - თქვა ვაჟი გოგიმ. - აქა ვარ, აქა! - ყვიროდა გალილეი.       გამიხარდაი მოვიდა და შორიდანვე დაიწყო: - ვის რა გიჭირთ, მეზობლებო, ვის რა გადარდიათ, - თან გუდას იხსნიდა ზურგიდან და იქიდან სქელტანიან რვეულს იღებდა. - ჯერ მე, ჯერ მე! - იყვირა გალილეიმ. გამიხარდაი მასთან მივიდა, რვეული გადაშალა და დაწერა: დარდი №1671 ჩოხელი გალილეი - რა გადარდებს? - ის, რომ ხელში ხმალი არა მაქვს და დატყვევებული ვარ. - მეტი არაფერი? - ამხსენი ეხლავე. - ეგ ჩემი საქმე არ არის, - თქვა გამიხარდაიმ. - ამხსენ, თორემ წაგასლეკ თავს! - ჩემი საქმე არ არის.. - მაშ რა არის შენი საქმე? - მე დარდებს ვაგროვებ, ხალხის დარდს ვაგროვებ, ვის რა უჭირს, ვის რა ადარდია, - თქვა გამიხარდაიმ და გალილეის მოშორდა. - უჰ შენი! - ჩაილაპარაკა გალილეიმ. - აბა, მეზობლებო, ახალი დარდები თუ გაქვთ, - დედაკაცებთან მივიდა გამიხარდაი და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა: დარდი №167 ჩოხელი ვაჟი გოგი - რა გადარდებს? - ისევ ისა. - ისა? - ჰო, ისა. - მაინც ჩავწეროთ.. - წყლიდან რომ თავი ამოვყავ, ის მადარდებს. - მეტი არაფერი? - თვითმფრინავიდან რომ გადმოიხედე? - იკითხა ტატიამ. - ჰო, ეგაც მადარდებს. - მე კი არ ვიდარდებდი მაგასა, - თქვა ტატიამ. - მეტი რაფერი გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ. - მეტი არაფერი, - უთხრა ვაჟი გოგიმ, ჰო, თუმცა: აისერიო, მისერიო, მისერ. - რა? ეგ რა არის? - დარდია. - ვისი დარდია? - წყალქვეშა ვინც ცხოვრობენ, იმათი. - რა დარდია ეგეთი? - ის, რომ ხშირად ადამიანს ისე არ აფასებენ, როგორც უნდა აფასებდნენ. - ეგ ხომ წყალზემოთ მყოფების დარდიც არის. - კი, ჩვენი დარდიც ეგ არის. - მადლობთ, ძალიან საინტერესო დარდი ჩამაწერინეთ, - თქვა გამიხარდაიმ და მორიგი დარდის ჩასაწერად ნომერი აღნიშნა. დარდი № 167 ბიბღაი (სოფლის დეკანოზი) - რა გადარდებს? - ხომ იცი, რაც მადარდებს. - ადრე რაც გადარდებდა, ვიცი, მაგრამ ხომ შეიძლება, დღეს სხვა რამე გადარდებდეს? - მე მაინც ავაშენებ იმ სახლს, მაგრამ ამისათვის საჭიროა..       ბიბღაი ცოტა ხნით გაჩუმდა და მერე, ვინ იცის, მერამდენედ დაიწყო უკვე გაზეპირებული ამბავი: - ჩემო მეზობლებო, ხომ იცი, ტყუილი არ ვიცი, პროექტი უკვე დიდი ხანია შედგენილი მაქვს, ეს თქვენც კარგად მოგეხსენებათ და გამიხარდაისაც. ამ სახლის       ასაშენებლად სოფლის მოედანი უნდა დამითმოთ და აშენებაში თქვენც მომეხმაროთ. მარტო ჩემთვის კი არ მინდა იმხელა სახლი. - რამდენი ოთახი იქნება? - ჰკითხა სებამ. - მე ხუთასი ოთახი მაქვს გადაწყვეტილი. - ხუთასი? მერედა, რად გვინდა მაგდენი, ან მასალა საიდან მოვიტანოთ? - მასალას ვიშოვით, რაც სახლები გვაქვს, სულ დავშალოთ და ერთი დიდი სახლი ავაშენოთ, შევიდეთ და ვიცხოვროთ ტკბილად, სულ ერთი არ არის? მაინც ერთად გვინდა ყოფნა. ყველაფერი შიგ იქნება იმ სახლში. ჯერ მარტო ოცოთახიანი სასადილო აიგება. - რა საჭიროა მაგდენი ოთახი? - თქვა ტატიამ. - როგორ თუ რა საჭიროა, თუ ჭამა არის, ჭამა უნდა იყოს.. - მაინც, მაგდენი ოთახი.. - პირველ ოთხში ფეხებზე დაიხდი, მეორეში - პალტოს, მესამეში ქუდს მოიხდი და ჩამოჰკიდებ, მეოთხეში სარტყელს მოიხსნი.. - ქალებმაც უნდა გავიხადოთ? - იკითხა სალომემ. - არა, ქალებმა ისე რა, შიგადაშიგ. - როგორ თუ შიგადაშიგ? - ვისაც უნდა გაიხდის, ვისაც უნდა, არა. - მეხუთეში რა იქნება? - მეხუთე კოვზების ოთახია, აიღებ კოვზს და გახოლ მეექვსეში, იქ თეფშები აწყვია, ეგე გაჰყვები.. ყველა ოთახში სისუფთავეა, მეათე ოთახში რომ მიხვალ, იქ ბორშიანი ქვაბი დაგხვდება, დაისხამ ბორშსა და გახოლ მეთერთმეტეში. - მეთერთმეტეში რაღა არის? - მეთერთმეტე ბლის ოთახია, მაგრამ.. - რაღა მაგრამ, კარგია. - კარგი კია, მაგრამ შეიძლება გავაუქმოთ. - რატომ? - ზამთარში სად ვიშოვოთ ბალი? - როცა ბალი არ იქნება, სხვა რამე შევინახოთ მეთერთმეტეში. - ხო, ეგაც შეიძლებ, თუმცა მაინც მადარდებს ეგ საკითხი. - ძალიან გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ და საწერი მოიმარჯვა. - ძალიან, - თქვა ბიბღამ. - მეტი არაფერი გადარდებს? - მეთხუთმეტე ოთახი მადარდებს კიდე. - მეთხუთმეტეში რაღა არის? - მეთხუთმეტეში მარწყვია და ზამთარში.. - კიდე რომელი ოთახი გადარდებს? - დანარჩენებში კარგად არის საქმე, მეთექვსმეტეში ხინკალია, მეჩვიდმეტეში - მწვანილი, მეთვრამეტეში - ვაშლი, მეცხრამეტეში მაგიდები დგას, დასჯდები, საჭმელებს დააწყობ, ერთი ლამაზ გაიჯორები, გამოხვალ მეოცეში, აქ გაშლილი ლოგინებია, მისწვები და მიიძინებ.       ბიბღამ სასადილოს აღწერა რომ მოათავა, ამაყად გადახედა მეზობლებს და ჰკითხა: - ჰა, როგორია? - კარგია, მაგრამ.. - რაღა მაგრამ? - აუცილებლად ძველი სახლები უნდა დავშალოთ, რომ ეგ სახლი ავაშენოთ? - კი, კი, ძველები, ჯერ ერთი, აღარაფერში აღარ ვარგანან, მეორეც, რაღა ცალ-ცალკე ვიცხოვროთ, სუ ერთად ყოფნა არა სჯობია, ძველ სახლს რომელსა აქვს ეგეთი სასადილო? მესამეც ისა, რომ მასალა არის საჭირო. - მასალის თაობაზე ხომ არაფერი გადარდებს? - იკითხა გამიხარდაიმ. - ჯერჯერობით არა. - ზემოდან რა უნდა გადავახუროთ იმ სახლს? - ჰკითხა ვაჟი გოგიმ. - თუნუქით დავხუროთ, რომ ბრჭყვიალი დაიწყოს და ჩვენ მტრებს თვალები დააჭრას, დაუბრმაოს, - თქვა ბიბღამ და მეზობლებს გადახედა. - გამიშვით თორო, სუ ქვებით დაგიხვრეტთ იმ თუნუქის სახურავს! - იყვირა გალილეიმ, რომელიც აქამდე ჩუმად ისმენდა სასადილოს ამბავს. - ვინც ამ სახლს რამეს დაუშავებს, ვერც იმის სასადილოში შევა, - თქვა ბიბღამ. - წაგასლეკთ თავებს! მე მარტო ბლის ოთახში შევალ! - ყვიროდა გალილეი. - გირჩევნია, ჭკვიანად იყვე. - ქათმების ოთახი ექნება თქვენ სახლსა? - იკითხა წყნარად გალილეიმ. - ქათმებისიც ექნება და ვირებისიც. - იცი, რას გიზამთ? - რას გვიზამ. - ჭამას რო მორჩებით მეცხრამეტეში, მეოცეში ხო დაიძინებთ.. - დავიძინებთ. - ჰო, მაგრა დაიძინებთ.. - მაგრა დავიძინებთ. - ჰოდა, შემოვალ და მძინარეებს წაგასლეკთ თავებს! - თქვა გალილეიმ და ნასიამოვნებმა გადაიხარხარა. დარდი № 1674 სებაი - რა გადარდებს? - არაფერიც არ მადარდებს! დარდი №1675 სამხარაული - რა გადარდებს? - ძალიან მადარდებს გუდამაყრის მივარდნილობა. - როგორ თუ მივარდნილობა? - ისა რომა, ისტორიულად და გეოგრაფიულად მივიწყებული და მოუხვედრელი ადგილია. ხევსურებს იცნობენ, ფშავლებს იცნობენ, თუშებს იცნობენ, მთიულებს იცნობენ, მოხევეებს იცნობენ და რომ სთქვა, გუდამაყრელი ვარო, ყველა სიცილით მოკვდება. - რატომ? - აბა, რა ვიცი, რა არის გუდამაყარიო. იშვიათად თუ ვინმემ იცის, რომ მსოფლიოში, საქართველოში არსებობს ხეობა, რომელზეც შავი არაგვი მოდის და ხეობას ჰქვია გუდამაყარი, სადაც გუდამაყრელები ცხოვრობენ. რომ გუდამაყრელები ძველთაძველი და მეომარი ხალხია, რომ იმ სამასი არაგველიდან, კრწანისის ველზე რომ დაეცნენ, უმეტესობა გუდამაყრელები იყვნენ. რომ იმათ სარდლობდა ათნოხელი ნინია აფციაური და რომ პირიმზის ხატში დაიფიცეს სათემო ხატზე და აქედან წაიღეს საბრძოლო დროშები. არავინ დღემდე არ იცის, რომ ჩოხის ზემოთ, მთის წვერზე, ბერების ნასაყდრალებია და ამ მთას ბერების მთას ეძახიან, რომ პირიმზე ახალციხიდან მოუბრძანებიათ ერთ ერთი ბრძოლის დროს.. გუდამაყარიიი..დროა, ბოლოს და ბოლოს, მსოფლიომ გაიგოს, რომ არსებობს ხეობა, რომელსაც გუდამაყარი ჰქვია.. - ეე, შენ, როგორც გეტყობა, ბევრი რამ გადარდებს, აი! - შეაწყვეტინა გამიხარდაიმ სამხარაულს, რომელიც ისე სწრაფად ჰყვებოდა თავის დარდებს, გამიხარდამ ორი სიტყვის ჩაწერაც ვერ მოასწრო.       სამხარაული გაჩუმდა. დარდი № 167.6 ქიმბარი - რა გადარდებს? - დასაწყისი სად არის, ის არ ვიცი. - რისი დასაწყისი? - აი, ყველაფერი იმისა, რასაც ვხედავთ და არ ვხედავთ. - ეე, შენც მოიგონე დარდი, რაღა! - რა, არ მოგწონს? - არა, ისე საინტერესო დარდია, მაგრამ რა ჩვენი საქმეა, სად არის დასაწყისი.. - მაშ თუ იცი, დასასრული სად არის? - დასასრული სიკვდილია. - სცდები, ტყუილია. - რატოა ტყუილი. - სიკვდილიც დასაწყისია, მაგრამ მთავარი არა, მთავარი დასაწყისი სხვა რამეა. - ღმერთი? - შეიძლება ღმერთი, მგრამ, სად არის? - ეგ გადარდებს? - ჰო, ვიცი, რომ დასასრული და დასაწყისი ერთად არიან, რომ დასასრულში დგას დასაწყისი, მაგრამ როგორ, რანაირად, სად არიან? - მეტი არაფერი გადარდებს? - მეტი რაღა უნდა მადარდებდეს.. - გალილეი რომ ბოძზეა მიბმული, არ გადარდებს? - არა. - რატომ? - რა ჩემი საქმეა, გალილეიმ დაიმსახურა და მიაბეს, შენ რატომ არ ახსენი? - არც ჩემი საქმეა. - ამხსენით, თორემ დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! - იყვირა გალილეიმ, მაგრამ კაციშვილმა ყური არ უგდო, მარტო ქათმებმა ატეხეს წიოკი. დარდი № 1677 ჩაღი - რა გადარდებს?       ჩაღი ახალგაზრდა ბიჭია. აქამდე ჩუმად იჯდა და ყურს უგდებდა მოხუცებს. ათი დღე იქნება, რაც ქალაქიდან ამოვიდა. უკვე მიეჩვია ამ მოწყენილ და თითქმის ერთფეროვან დღეებს. აქამდე ერიდებოდა დარდების შემგროვებელი გამიხრდაი მასთან საუბარს, ახლა დარდის ნომერი ჩაიწერა და ხელმეორედ ჰკითხა: - რა გადარდებს? - მე, არაფერი.. - სულ არაფერი?! - არა. - მაშ რატომა ხარ ეგე მოწყენილი? - რა ვიცი, ისე, ქალაქი მომენატრა. - შეყვარებული ხომ არა ხარ? - არა, არა.. - მაშ რა გადარდებს? - სადიპლომო თემა მაქვს დასაწერი. - რაზე უნდა დაწერო? - რა ვიცი, გუდამაყარზე უნდა დავწერო ნარკვევი, მაგრამ რა უნდა დავწერო. - ესე იგი, გადარდებს. - ჰო, მადარდებს.. - შეყვარებული მართლა არა ხარ? - არა, მაგრამ, გინდაც ვიყვე, სიყვარული რა დარდია. - როგორ არა, სიყვარული ყველაზე დიდი დარდია. - შენ შეყვარებული ხარ? - ვიყავი. - მერე? - გზაზე ყაჩაღები დახვდნენ და გააუბედურეს. იმან ჯერ არაფერი თქვა, ერთი დღე იჯდა და უხმოდ მიყურებდა. ვკითხე, რა დაგემართა - მეთქი. არაფერი არ მითხრა. მერე მოვიდა და მუხლებზე მაკოცა. მე იქვე ჩავიხვიე. ხელიდან გამისხლტა და წავიდა. წავიდა და ეგ იყო.. წავიდა.. ადევებულ არაგვში ჩაეხრჩო თავი. იმის მერე დარდებს ვაგროვებ. რაც რამ ქვეყანაზე დარდია, უნდა შევაგროვო და ღმერთთან წავიდე. - რა ერქვა? - ჰკითხა ჩაღიმ. - ნინო. - რომელი სოფლიდნ იყო? - დიდებათიდან. საფლავებიდან ცოტა მოშორებით დამარხეს. - რატომ? - რახან თავისი ნებით მოიკლა თავი. ეგეთი რა გაუჭირდაო, ბრაზობდა ხალხი, ჯერ არავინ იცოდა, რაში იყო საქმე. მერე ისევ იმ ყაჩაღებს დაეკვეხნათ.. - გამიხარდაის წყვილი ცრემლი მოადგა თვალებზე და ჩაღის რომ არაფერი შეემჩნია, შებრუნდა, სალომესთან მივიდა და რვეულში დარდის ნომერი ჩაწერა. დარდი №1678 სალომე - რა გადარდებს? - ხმა არ მინდა გავიდეს სხოგან. - რა ხმა? - ის, რომ საერთო სახლს ვაშენებთ. - გაიგონ, მერე რა. - ხელს შეგვიშლიან. - სხვა რა გადარდებს? - ისეთი პირი უჩანს ამინდს, შეიძლება დიდი თოვლი მოვიდეს. - მოვიდეს, მერე რა. - დიდი ზვავები წამოვა. - მეტი არაფერი გადარდებს? - ჩემი რძალია ავად და ბალღების ამბავიც არა ვიცი რა. - სხვა? - ჯერჯერობით მეტი არაფერი.. დარდი № 1679       ის იყო დარდის ნომერი ჩაიწერა გამიხარდაიმ, რომ ბანზე წიოკით ამოვარდა გარახტინაი, უკან ტაშკენტაი მოსდევდა წყევლით. - რა იყო, რა მოხდა? - ფეხზე წამოდგა ვაჟი გოგი. - ისა, რომ აღარაფრად გვაგდებენ ჩოხელებს. - როგორ თუ აღარაფრად გვაგდებენ, ეგ საიდან მოიტანე? - აი, ტაშკენტაი დამემოწმება, რომ მართალი ვარ, თქვა გარახტინამ და ტაშკენტას გადახედა. - დაგემოწმები კი არა რო, მეტსაც ვიზამ, - თქვა ტაშკენტამ. - ბალღო, მოდი აქა! - დაუძახა გარახტინამ თავის ბეჩავ ბალღს შეთეს, რომელიც საცოდავად მობუზულიყო ბანის კუთხეში. - აი. ამ ბალღს ხომ ხედავთ. - ვხედავთ, - თქვა სებამ. - ვხედავთ, - კვერი დაუკრა ვაჟი გოგიმ. - ჰო, სუყველანი ხედავთ, ხალხნო! - ხმამაღლა დაიძახა გარახტინამ. - წაგასლეკთ თავებს! - ხმა მისცა გალილეიმ. - გაჩუმდი, შენი! - დაუტია ვაჟი გოგიმ. - დედას გიტირებთ მეოცე ოთახში! - დაემუქრა გალილეი. - ხომ ხედავთ? - ყვიროდა გარახტინაი. - ვხედავთ! - ეუბნებოდა ხალხი. - ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავსაც ხომ ხედავთ. - ვხედავთ, შეგვეწიოს იმის მადლი! - მერედა, ხომ ისე იყო გუდამაყარში დაკანონებული, რომ ჩოხის წმინდა გორგის ყმა, კოჭლი იქნება თუ ბრმა, ვის კარზედაც უნდა მივიდეს ქალის სათხოვნელად, უარი არ უნდა უთხრან. - ეგეა! ეგე! - ფეხზე წამოდგა დეკანოზი. - მერე? - რა მერე? - მერე ისა, რომ ეგე აღარ არის. - როგორ თუ აღარ არის?! - აი, იმ ჩემ ბალღს ხომ ხედავთ, მოდი, შვილო, აქა, - თავისკენ მიითრია გარახტინამ საცოდავად მობუზული შეთე და მერე ჰკითხა: - ცოლი გინდა? - მინდა, - თქვა შეთემ. - ხომ გესმით, უნდა.. - მერე? - მერე ისა, რომ არ მოგვცეს. - ვინ არ მოგცათ ქალი! ვინ გითხრათ უარი?! - ვინა და, დიდებათ მწარიამ. - რაო? - ვერ მოგცემთო, ეხლა განა ისევ ის დროაო, ყურები გამოიჩიჩქნეთო, ეე, ბნელებოო. - ბნელებოო? - მართლა ეგრე თქვა? - ჰო, და, თანაც არ მოგცემთო, დაკანონებული იყოო, ეხლა აღარ არიო. - გულით გინდა, შვილო, ის ქალი? - ჰკითხა დეკანოზმა შეთეს. - ჰო, მინდა. - წამო, შეეხვეწე სალოცავს, - ხატისკენ წაიყვანა შეთე დეკანოზმა და დანარჩენებიც თან გაჰყვნენ, აღშფოთებულები, გამწარებულები. - ამხსენით, მე თქვენი! - ღრიალებდა გალილეი, მაგრამ იმას ყურს აღარავინ უგდებდა. ყველანი ხატის ქვემოთ, სამანთან იყვნენ დაჩოქილები.       გამიხარდაი გარახტინასთან მივიდა და დარდი ჩაიწერა. - რა გადარდებს? - მამწყდი თავიდან, ჩემო გამიხარდავ! - მითხარი რა გადარდებს. - ლამის არის, გულმა გამიტანოს დედაკაცი და ეს კიდევ.. - შენ მაინც მითხარი, - ახლა ტაშკენტას მიუბრუნდა გამიხარდაი. - ის მადარდებს, რომ ჩოხლებს დღეის მერე უპირატესობა გვეკარგება გუდამაყრის ხეობაში. დღეს დიდებათ გვითხრეს უარი, ხვალ გამსივლები გვეტყვიან, ზეგ ჩობოლაურნი. - სწორია ტაშკენტაი! - წამოიძახეს აქეთ იქითიდან. - სათემო ხატი უნდა გამოვაბრძანოთ და იმით შემოვიაროთ სოფლები, რომ მეორედ ვეღარავინ გაბედოს წინააღმდეგობა, - თქვა ვაჟი გოგიმ.       ეს აზრი, ეტყობა ჭკუაში დაუჯდა ხალხს, დეკანოზს ასძახეს ზემოთ (თვითონ სამანს ქვემოთ იდგნენ, იქით არ შეეძლოთ წასვლა): - სათემო ხატი გამააბრძანე, ბიბღაო! - იმის გამობრძანება არ იქნება, ჩამოსძახა ბიბღამ.       მაშინ ვაჟი გოგი, სებაი, და სამხარაული ზემოთ ავიდნენ და დეკანოზს მოეთათბირნენ, სწორედ ის დროა, სათემო ხატით დავაშინოთ გუდამაყრელები, რომ ძველი უფლებები აღვიდგინოთ სხვა სოფლებზეო.       სათემო ხატი       გუდამაყრის ხეობაში პირველად ჩოხლები დასახლდნენ და თავიანთ სოფელს ჩოხი დაარქვეს. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ქრისტიანობა და ჩოხელებიც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ, ხოლო როცა ქრისტიანობა მიიღეს, თავიანთ მთავარ სალოცავად მთვარის ღვთაება - წმინდა გიორგი იწამეს.       გუდამაყრის ხეობაში თანდათან ახალ ახალი სოფლები გაჩნდა. ხევსურეთიდან მოსისხლეებს გამოქცეულნი იმ მიუვალ ხეობას აფარებდნენ თავს და აქვე სახლდებოდნენ. იმათ თავ თავიანთი სალოცავები აიშენეს.       წმინდა გიორგი სამას სამოცდასამ ნაწილად დაშლილა და ჩოხლების წმინდა გიორგი - ენა არის. ამის გამო ადრიდანვე ერიდებოდნენ გუდამაყრელები ჩოხელების «ენა-ყბაში ჩავარდნას».       ჩოხლებმა ოქრომჭედელს ხატი გამოაჭედვინეს და გუდამაყრის ხეობაში ახლად გაშენებულ სოფლებში ჩამოატარეს.       რომელ სოფელშიც შევიდოდნენ, ჯერ ზარებს დარეკავდნენ, მერე იმ სოფლის ხალხს ხატზე დააფიცებდნენ, რომ ჩოხლებს უნდა დამორჩილებოდნენ. ამ მორჩილების შინაარსი ძირითადად ის იყო, რომ დანარჩენი გვარები ცნობდნენ ჩოხლების გვარის უპირატესობას და თუ ჩოხელი მათთან ქალის სათხოვნელად მივიდოდა, უარი არ უნდა ეთქვათ, თუნდაც სანეფო კოჭლი ან ბრმა ყოფილიყო.       იმ დღიდან მოყოლებული დღემდე მოდიოდა ეს წესი, დღეს კი პირველად დაირღვა საუკუნეების მანძილზე და ამან ისე შეაშფოთა ჩოხელები, დედაკაცებიც კი აღშფოთებას ვეღარ მალავდნენ, სათემო ხატის გამობრძანებას მოითხოვდნენ.       ხატს სხვა მისიაც ეკისრებოდა. თუ მტერი მოადგებოდა საქართველოს, მაშინ ამ ხატს ჩამოატარებდნენ გუდამაყარში და ვისაც კი შეეძლო, უკან უნდა გაჰყოლოდა ხატიონს, უკანასკნელად კრწანისისაკენ მიმავალი სამასი არაგველი ეამბორა მას. - გამოაბრძანეთ, ჩვენც დავიფიცავთ, რომ ან აღვადგენთ ჩვენ უფლებებს, ან არც ერთი აღარ მოვალთ უკან! - შეჰკიოდნენ დედაკაცები დეკანოზს. რომელმაც მართლა გამოაბრძანა ხატი და ზარ ბაურაყი შეაჟღრიალა.       იმ ღამეს ვაჟი გოგის სასტუმრო დარბაზში თავყრილობა ჰქონდათ ჩოხელებს. უმრავლესობას დედაკაცები შეადგენდნენ და ისეთი ჟრიამული გაუდიოდათ, ყურთასმენა აღრ იყო.       გადაწყვიტეს, მეორე დღიდანვე მოეწყოთ ლაშქრობა გუდამაყარში. ჩამოწერეს მოლაშქრეთა სია და წესისა და რიგის მიხედვით დაანაწილეს.       შეკრებილთ ერხმად აირჩიეს ვაჟი გოგი მთავარსარდლად და მასვე მიანდეს ჯარის შედგენა. - ყველაფერი იმთავითვე ისე უნდა მავაწყოთ, რომ მერე აღარაფერმა შეგვაფერხოს, - თქვა ვაჟი გოგიმ და დედაკაცებს განუმარტა, რასაც გულისხმობდა: - არც ერი სახელოვანი ლაშქრობა ბრმად და უწესრიგოდ არ ჩატარებულა, - ამბობდა ვაჟი გოგი, - ყველა დიდ მთავარსარდალს როცა სხვა ქვეყნის დასალაშქრავად მიდიოდა, თან მიჰყავდა ხოლმე მწერლები, ფილოსოფოსები, ისტორიკოსები და გეოგრაფები. ეს, პირველ რიგში, მათ კულტურულობას უსვმდა ხაზს და ჩვენც ხომ არა ვართ მთლად შეუგნებლები. ეს ხალხი კიდევ იმიტომაა საჭი-რო, რომ ჯერ ერთი, მოწინააღმდეგე დაინახავს, რა განათლებულ გვართან აქვს საქმე, მეორეც, ჩვენთვისვეა სასარგებლო. ჩვენი ფილოსოფოსები და მწერალ ისტორიკოსები ბევრ რამეს ჩაიწერენ იმათგან, ვისაც სათემო ხატზე დავაფიცებთ. ეს ჩანაწერები შემდეგში ჩვენ შვილებსა და შვილთაშვილებს, ვინ იცის, რაში გამოადგებათ. თუ არ გამოადგებათ, ხომ არაფერს დაუშავებს? თანაც რაღაც რაღაცებს რომ ჩავიწერთ, ამით უფრო დავაბნევთ და დავიმორჩილებთ მოწინააღმდეგეს. პირველ რიგში საჭიროა, ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფი, ეს აუცილებელია. ისტორიკოსი ისევე აუცილებელია ამ ლაშქრობისათვის, როგორც მთავარსარდალი, თუ არა ვცდები, სამხარაული უნდა ავირჩიოთ ისტორიკოს გეოგრაფ მემატიანედ. ადგეს ფეხზე სამხარაული.       სამხარაული ფეხზე წამოდგა. - ხართ მომხრე? - ვართ, - დაიძახეს აქეთ იქედან. - მე მგონი, ლაშქრის მწერლად ჩაღი უნდა წავიყვანოთ, - თქვა დარდების შემგროვებელმა.       ჩაღი ჯერ უარზე იდგა და, საერთოდ, წინააღმდეგი იყო ამ ლაშქრობისა. როგორ არ ეცადა, დაერწმუნებინა დედაკაცები, რომ სისულელეს სჩადიოდნენ, რომ დიდებათ მწარიაი მართალი იყო. - როგორ თუ მართალი?! - ისე რომ, გოგო იმისია, ვიზეც უნდა იმაზე გაათხოვებს და რატომ ცდილობთ, ვიღაცა დაიმონოთ და დაიმორჩილოთ? - როგორ თუ იმისია, რატო უნდა გვითხრას უარი? როდის ყოფილა, ჩოხლებისთვის უარი უთქვამთ.. - მინდა ცოლი და რატო მეუბნებიან უარს? - წამოიძახა კუთხეში მობუზულმა შეთემ. - ამხსენით ხალხოო, შემცივდა, - მოისმა გარედან გალილეის ყვირილი და ჩაღი გარეთ გავიდა. რამდენიმე წუთში შემობრუნდა. უკან გალილეი მოჰყვებოდა და გაიძახოდა: - დედას გიტირებთ მეოცე ოთახში წაგასლეკთ თავებს! - მაიცა, გალილეი, ჩვენ ხომ მოვილაპარაკეთ, - დააწყნარა ჩაღიმ და გალილეიც დაწყნარდა. - იქნები თუ არა ლაშქრის მწერალი? - ჰკითხა მთავარსარდალმა ჩაღის. - ჰო მაინც ნარკვევი უნდა დასწერო გუდამაყარზე, ჩაუჩურჩულა დარდების შემგროვებელმა. - ვიქნები, - დათანხმდა ჩაღი. - შენ გევალება ჩაიწერო მომხდარი ამბები, ფილოსოფიურ ამბებს მე ჩავიწერ და თან გამოკითხვებსაც ვაწარმოებ, - თქვა ქიმბარმა.       გადაწყდა.       იმავე ღამეს შედგა მოლაშქრეთა სია და მთავარსარდალმა ყველას თავისი ადგილი მიუჩინა ამ სიაში. ჯარი განაწილდა საჭიროებისა და საომარი წესის მიხედვით. გამოყვეს ქვეითი მოლაშქრენი, მყვირალები, მზვერავები, საიდუმლო ნაწილი, საზღვაო ნაწილი სამი ქალის შემადგენლობით, რადგან გუდამაყარში ზღვა არ არის, ლაშქრობის ადათ წესებს მაინც სცეს პატივი და «საზღვაო ნაწილს» დაავალეს, რომ არაგვ არაგვ იარონ, მანამ ლაშქრობა არ დამთვრდება, რამდენიმე ქალი და გალილეი თავიანთ სოფელში დასატოვებლად გაანაწილეს. - რაო? მე არ მიგყავართ ჯარში! - იწყინა გალილეიმ. - შენ აქ დარჩი, აქაც ბევრი საქმეა. - რომელი ხართ ჩემზე კარგი მეომარი, ვერ დაინახა თქვენმა დასათხრელმა თოლებმა წეღან, რამდენ სახელოვან მეომარს წავასლიკე თავი? - ჯალალედინი, მაკედონელი, აქილევსი, ჰიტლერი, ვერ დაინახეთ? - დავინახეთ. - მერე? რატო მირიდებთ. - ხო იცი, რო მტერი შეიძლება ჩვენ სოფელს დაესხას, აქ რომ არ ვიქნებით, ვინ უნდა გაუმაგრდეს? - აქა გყავართ! ვრჩები აქ! - დაიძახა გალილეიმ. - არის კიდევ ერთი რთული ამბავი, - თქვა მთავარსარდალმა და ჯარს გადახედა. - რაო? - ექიმი ხომ გვინდა. - გვინდა. - ჰოდა, ზინაი როგორმე უნდა წავიყვანოთ.       იმავე ღამეს გალილეი აფრინეს კიტოხში ცხენით და გუდამაყრის საერთო ექიმი მოაყვანინეს. გალილეიმ მოატყუა ექიმი, ვაჟი გოგი ავად არის, კვდებაო. აქ თავის გეგმა გააცნეს და ზინაი ჯერ უარზე დადგა, მერე დააშინეს: თუ არ წამოგვყვები, მოგკლავთო. - ჰო, წაგასლეკთ თავს, მაშ! - დაამატა გალილეიმ და ზინაიც დაითანხმეს ამ ლაშქრობაზე.       იმავე ღამეს გადაწყდა, რომ მზვერავებს მეორე დღიდან ზვავები უნდა ჩამოექანებინათ გუდამაყრის ხეობის შესასვლელში. რომ მანამ ლაშქრობა არ დამთავრდებოდა, ხეობაში არავინ შემოსულიყო. - მე ფეხით სიარული გამიჭირდება, ცხენი უნდა შემიბათ მარხილში, - თქვა ზინამ. - მართლა ვერ ივლის ეს, - დაემოწმა ტატია. - კარგი, სურსათი რომელ მარხილზეც გვექნება, იმ მარხილზე დაჯდები, - ნება დართო მთავარსარდალმა ექიმს.       იმ ღამეს თვალი არავის მოუხუჭავს. შეადგინეს საბრძოლო გეგმა. გადაწყდა, რომ იმ სოფელს, საიდანაც ქალი უნდა წამოეყვანათ, ბოლოს დასხმოდნენ. - ჰო, ეგრე სჯობს, ჯერ სხვები დავაფიცოთ, რომ მერე პირდაპირ ქორწილზე გადავიდეთ, - მოიწონა გარახტინამ სარდლის გეგმა.       შეაგროვეს სურსათი და, ვისაც როგორ შეეძლო, ისე შეიარაღდა. ყველაზე კარგი თოფები მზვერავებს მისცეს. თეთრი კაბები შეიკერეს მიტკლისაგან მზვერავებმა, რომ თოვლში შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ.       გათენებისას ერთი-ორი საათით წაიძინეს და კარგად რომ გათენდა ატყდა ზარების რეკვა.       ლაშქარმა გაიღვიძა და ხატის ქვემოთ, პატარა მინდორზე მოგროვდა. ყველა საბრძოლოდ იყო მზად. - სიმაღლის მიხედვით მოეწყვეთ! - ბრძანა მთავარსარდალმა და დედაკაცები ერთიმეორის მიყოლებით ჩამწკრივდნენ. ზოგს თოფი ეკიდა, ზოგს - ხმალი.       სებამ ზარები შეაჟღრიალა. დეკანოზმა სათემო ხატი გამოაბრძანა. გორზე გადმოდგა და დაიძახა: - ხატი გაუწყრეს, ვინც ლაშქარს უღალატებს! - ამინ! - დაიგუგუნეს დედაკაცებმა. - დაიფიცეთ, რომ ძველ წესს აღადგენთ! - ვფიცავთ! - გწყალობდეთ! - ამინ!       ამის მერე მთავარსარდალმა წასვლის ბრძანება გასცა და ლაშქარიც დაიძრა.       ისევ ავტორისაგან       ეს ყველაფერი გადმოცემით ვიცოდი და შეიძლება ბევრი რამ დავაკელი კიდეც, რაც შეეხება ჩანაწერებს, რომელთაც გარეთა ყდაზე აწერია: «ლაშქრობა გუდამაყარში», შევეცდები ასე წარმოგიდგინოთ, რომ ამ სასახელო ლაშქრობის თანმიმდევრობა არ დავარღვიო. ჩანაწერები სულ ხუთი საერთო რვეულისაგან შედგება.       ¹. ისტორიკოს გეოგრაფის რვეული. რომელსაც ყდაზე მსხვილი ასოებით აწერია - «მემატიანე».       /. ფილოსოფოსის რვეული, რომელსაც ასევე მსხვილი ასოებით აწერია - «გუდამაყრელთა ფილოსოფია».       ". მწერლის რვეული, რომელსაც აწერია - «ადამიანთა სევდა». ეს სათაური ძალიან მომეწონა და ჩემს რომანსაც იმიტომ ვუწოდე «ადამიანთა სევდა».       ". დარდების შემგროვებლის რვეული, რომელსაც გარედან აწერია «გუდამაყრის დარდები».       :. საიდუმლო ნაწილის რვეული. გარედან აწერია «საიდუმლო დავალებანი».       აი, ამ ხუთ რვეულში თითქმის ყველაფერია იმ ლაშქრობის შესახებ, არა მგონია, ყველაფრის აქ მოყვანა საჭირო იყოს. შევეცდები, რაც შეიძლება საინტერესო ამბები ამოვარჩიო.       კინაღამ გამომრჩა; ამავე რვეულებთან არის წერილები, რომელთაც მოლაშქრენი უგზავნიდნენ სოფელში მყოფთ და რამდენიმე ბრძნული ჩანაწერი, მთავარსარდალი გზადაგზა რომ იწერდა.       პირობა დაირღვა!       (მემატიანის რვეულიდან)       პირობა დაირღვა!       ამ ცნობამ ელვასავით დაუარა მთელ გუდამაყარს და ჩოხლები იძულებულნი შეიქმნენ გამოებრძანებინათ სათემო ხატი. უნდა დაილაშქროს მთელი ხეობა და მოსახლეობამ ხელახლა დაიფიცოს, რომ კვლავაც შეასრულებენ ჩოხლების მოთხოვნებს.       ლაშქარს სათავეში უდგას გამოცდილი ჩოხელი, მრავალ ომში ნაცადი, თორმეტ წელიწადს წყალქვეშ ნამყოფი, სახელოვანი მთავარსარდალი - ვაჟი გოგი.       დღეს, ამა წლის I თებერვალს, ჩოხლების ლაშქარი აღმოსავლეთისკენ დაიძრა. წინ დეკანოზი მიდის სათემო ხატით ხელში, უკან მთავარსარდალი მიჰყვება, შემდეგ მეზარე და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენ, ისტორიკოს ფილოსოფოსნი და მოლაშქრენი.       ბრძოლის გეგმა ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       მთავარსარდლობამ თვალი გადაავლო გუდამაყრის ხეობას და გადაწყდა შემდეგ სოფლებზე თავდასხმა:       1. ჩობოლაური, 1 კოტორიანი,       2. ლიდა, 11. ნისლაურნი,       3. ხოზა, 12. ლაგაზიანი,       4. ცუცქუნაურნი, 13.თორელაანი,       5. ფახვიჯი, 14. ბახანი,       6. საჩალის ჭალა, 15. წინამხარი,       7. ქიჭოხი, 16. მაქართა,       8. ლუთხუბი, 17. კიტოხი.       9. დიხჩო,       კიტოხის შემდეგ არის სოფელი დიდებანი. მთავარსარდლობამ გადაწყვიტა, კიტოხის აღების შემდეგ არ შევიდეს ამ სოფელში. აქ შევალთ ბოლოს, როცა ყველა სოფელს დავაფიცებთ ხატზე და ამათაც სხვა გამოსავალი აღარ ექნებათ. ამ სოფელს ჩუმად ავუვლით გვერდს და შემდეგი თანმიმდევრობით ვიღებთ დანარჩენ სოფლებს:       18. გამსი, 23. საქორე,       19. ჭალიველნი, 24. ქაქეენი,       2 . ათნოხი, 25. ბუსარჭილი,       21. ბოსელი, 26. სალაღო.       22. დუმაცხო,       ამის შემდეგ მთავარი ძალებით შევუტევთ სოფელ დიდებათ.       დღესვე ხეობის შემოსასვლელში გაიგზავნენ მზვერავები, რათა შემოსასვლელი ზვავებით ჩაჰკეტონ. საზღვაო ნაწილი გაგზავნილია არაგვზე.       ჩობალაურნი (მემატიანის რვეულიდან)       სოფელი ჩობოლაურნი ჩოხის აღმოსავლეთით ორიოდ კილომეტრზე მდებარეობს. სოფელს იქით და აქეთ კლდიანი ხევები ჩამოუდის. სოფელში შესვლა თოვლის გამო გაძნელებულია, ჭირს მარხილებით გავლა საცალფეხო ბილიკზე, მაგრამ მთავარსარდლის ბრძანება ურყევია: «პირველი დარტყმა ელვისებური უნდა იყოს და ამისათვის ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ. პირველმა გამარჯვებამ უნდა აღაფრთოვანოს მებრძოლები და მომავალი გამარჯვებისკენ გაუკვლიოს გზა». - ეს მთავარსარდლის სიტყვებია.       ჯარი წინ მიიწევს. ირგვლივ თოვლი და სიწყნარეა. სოფელი გამოჩნდა. მთავარსარდალმა მოლაშქრენი შეაყენა და რაკი მზვერავები ჯერ არ დაბრუნებულან ხეობის დასაწყისიდან, ელენაი და სალომე გაგზავნა ჩობოლაურთას. ქალები თხუთმეტ წუთში მობრუნდნენ. - რა ამბავია? - ჰკითხა მთავარსარდალმა. - დედაკაცები ბანზე სხედან და წინდებს ჰქსოვენ, - თქვეს მზვერავებმა.       ჩვენი ლაშქრობა იმითაც არის გონივრული, რომ ზამთარში მამაკაცები ცხვარში არიან წასულნი. თუმცა ჩვენი ლაშქარიც დედაკაცებისაგან შედგება, მაგრამ ჩვენი დედაკაცებიი!..       მთავარსარდალმა შეტევის ნიშანი მისცა და საშინელი ყვირილით შეცვივდნენ სოფელში მყვირალები. მეზარემ ზარი აახმიანა. მეთოფეებმა თოფები დააქუხეს. სოფელი ალყაშია მოქცეული. საშინელი წივილ კივილია. მგონი მტერი გვნებდება, მაღალ ბანზე ჩვენი დროშა არის გამოკიდებული. აი, შეტევაც ამას ჰქვია!       პირველი გამარჯვება (ისევ მემატიანის რვეულიდან)       პირველი შეტევა პირველი გამარჯვებით დამთავრდა. ჯარი სოფელში შევიდა. მაღალ ბანზე ჩვენი დროშა ფრიალებს.       მთავარსარდალი და დეკანოზი ტახტზე სხედან. ჩვენებს მოწინააღმდეგენი ბანზე დაუჩოქებიათ და მორიგეობით აფიცებენ ხატზე, რომ კვლავაც სცნობენ ჩოხლების უპირატესობას, უმეტესად ქალის საკითხში. რა შეედრება ამ წუთს. ხატზე დაფიცება დამთავრდა და ახლა ფილოსოფოსებისა და მწერლების ჯერი დადგა. მოწინააღმდეგე ფილოსოფიით უნდა დააბნიო, რომ შემდეგში ადვილად ვეღარ გაგიწიოს წინააღმდეგობა. ცალკე მწერალი იწერს ამბებს, ცალკე ფილოსოფოსი, ცალკე ჯარისკაცები სწერენ სახლში გასაგზავნ წერილებს. მოწინააღმდეგე გაოგნებულია..       კითხვები (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი. - წიკლაური სოლომონი. - რამდენი წლისა ხარ? - მეოთხმოცეში ვდგავარ. - შენი აზრით, რა არის სიცოცხლე ან საიდან მოვიდა. - ვითომ სიცოცხლე ღვთისგან არის, მე ეგე ვიცი. - კაცი რო დაიბადება, თავისა და მთორის სავალსა, მაშინ დაუწერს მწერალი, თავის თავგადასავალსა. თავში აწერიაო. - რა აწერიაო? - ბედი. ადამიანს თავის ბედი თავში აწერიაო. ერთი დედაკაცი ყოფილა მშობიარედ და ბიჭი ჰყოლებია. იმ ღამეს მისულა სამი მწერალი. ეს დედაკაცი ისმენს იმათ ლაპარაკს, ისენი ბედს უწერენ.. ერთს უთქომს რო: ემ ბალღმა იმდენ ხანს იცოცხლოს, სანამ ხეზე ახდომა შეეძლებაო, ჩამოვარდეს და მერე მოკვდესო. მეორემ - არაო: წყალმა წაიღოსო. მესამემ - ვიდრე აეს ნიგზურაი არ ჩაიწვებაო, - კერაზე ნიგზურაი ენთო, იმაზე თქო. ი, ბიჭის დედამ აიღო ნიგზურაი, ჩააქრო და შაინახა. - მერე? - გაიზარდა ის ბალღი, მაიყვანა ცოლი, იმ ნიგზურაის ამბავიც უთხრა თავის დედამ. - მერე? - ერთ მთვარიან ღამეს ცხვრიდან მოდიოდა სახლში. ყანებში თავის ცოლს წააწყდა მეზობელთან მწოლარეს. ისენი იქვე დახოცა, თვითონ ავიდა და ის ნიგზურაი ცეცხლში დაწო. იმავე ღამეს მოკლეს თოფით მოკლულის ძმებმა. - შენ რომ გქონდეს ეგეთი ნიგზურაი შენახული, რას უზამდი, როდისმე დასწვავდი? - ზოგჯერ ისე ჯავრი მამივაკე ჩემ თავზე, მეც დავწოვდი. - სიკვდილი რა არის? - ეგეც ღვთისგან არის. ღმერთს უთქომს: ორი ბიჭი ჰყავდეს ადამიანს და ერთი ქალიო. მერე ეშმაკმა უთხრა: შენ ვინღა გახსენებს, ადამიანები რომ არ მოკვდნენ და სუ ცოცხლები იყვნენო. მერე ისე გამიგონია, რომ მოიგონა ღმერთმა სიკვდილი. - ადამიანი რომ კვდება, სად მიდის? - იცვლებაო ადამიანი, ასე გამიგონია. - რა აზრი აქვს კაცის ხანგრძლივ სიცოცხლეს? - სიცოცხლე გვიყვარს, მეტი არაფერი. - ღმერთმა რომ გითხრას, რამდენი ხანიც გინდა, იმდენი წელი მთხოვეო. რამდენი წლის სიცოცხლეს სთხოვდი? - ოთხმოცდაათსა. - რო ეთქვა, არა, ორასს მოგცემო? - ვერ შავძლებდი, ვერ გადავიტანდი. - რატო ვერ შასძლებდი? - სიბერის გამო. დავვუძლურდებოდი. - როგორ გგონია, ეს დედამიწა სულ მუდამ იარსებებს? - რა თქმა უნდა, მე ეგე ვფიქრობ. მაშ რამ უნდა შაჭამოს, რომ ვთქოთ? - ომი რომ მოხდეს? - ომი არ არის, თქვენ რომ დაგვესხით, მა რა არის? - დიდი ომი რომ მოხდეს? - ომი მიწის ზევიდან იქნება, დაბლიდან ხო არა. დედამიწა რატო ჰქვია - ომსაც შაიშრობს და სისხლსაცა. - რო მოსწყდეს მოულოდნელადა? სად წავა? - თუ აორთქლდება, თორო სხოგან სად უნდა წავიდეს, აღარ ვიცი. წყალი წაიღებს, სად წაიღებს?! - აორთქლდება?! - ჰო, აორთქლდება. - ქვებსა და ხეებს ეყურება თუ არა? - ეყურება თავის ენაზე, მაგრამ მე, აბა, რა გავაგონო. ეგენიც თავის ენაზე ლაპარაკობენ. კლდისა კი რა გითხრა. - როგორ გგონია, ღმერთი სად არის? - აბა, მე ვინ მანახვებს. - სიზმარი რა არის? - სულ დადის და დახეტიალობს აქა იქ, ხან საიქიოს, ხან - საქააოს. - როგორ გგონია, ვარსკვლავებზე არიან ადამიანები თუ არა. - ზევითაც ხალხია და ქვევითაც, ჩვენ შუაზე ვართ და სარტყლები იმიტომ გვარტყია წელზედა. - აბა, მაშ ვინც ზევით ცხოვრობენ, იმათ თავზე ერტყმის? - რა თქმა უნდა. - ვინც ქვევით არიან? - იმათ ფეხები ექნებათ გაბმული და რანაირ დაიწყებენ სიარულს, არ ვიცი. - მკვდარს რატო გაუბამენკე ფეხებს. - არ ვიცი, რომ მარხავენ, მერე გაუხსნიანკე. არც ქუდს ახურებენ, გვერდზე უდებენ, - მარჯვენა გვერდზე. ერთისთვის დავიწყნიყოთ ფეხების გახსნა, ისე დაემარხათ, იმის დედა თურმე ყოველღამე სიზმარში ხედავს - მივა იმისი შვილი და ეხვეწება დედი, ფეხები მაქვს გაბმულიო. ამოეთხარა იმ დედაკაცს და მართლა გაბმული ჰქონიყო. - ქუდს არ ახურავენ? - არა, არ ახურავენ. - სიცოცხლე ხომ გიყვარს. - სიცოცხლე ყველაზე მეტად მიყვარს. რაც უფრო ვბერდები, მით უფრო მიტკბება სული.       მცირე გადახვევა ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       სანამ მწერლის რვეულიდან მოვიყვანდე ჩობოლაურებში ჩაწერილ მოთხრობას, მანამდე მინდა ერთი პატარა ცნობა მოვიტანო. «საიდუმლო რვეულში» წერია:       «ხეობის დასაწყისში გაგზავნილი მზვერავები მშვიდობით დაბრუნდნენ. ხეობა ზვავებით ჩაუკეტიათ. მოქმედება თამამად შეიძლება».       და ერთი წერილი მინდა რომ გაგაცნოთ. როგორც კი შეტევა წარმატებით დაამთვრეს, ჩოხლებმა თავიანთ სოფელში წერილები აფრინეს. წერილების მიტან მოტანა ევალებოდა საიდუმლო ნაწილს: კოტორიანთ ქალს, შარვანიანთ ქალს და ტასიას.       ჩვენ გავიმარჯვებთ (წერილებიდან)       «გამარჯვებათ, ძვირფასო დებო და ძმებო!       მოგიკითხავთ ყველას სულერთიანად. მოკითხვას გითვლიანთ ჩვენები, დიდის მოწყენითა და პირზე კოცნითა. მინდა გახაროთ, რომ საქმე კარგად დაიწყო. დღეს პირველი შეტევა გვქონდა. ჩობოლაურები აღებულია. ვაწარმოებთ ფილოსოფიურ მეცნიერულ გამოკვლევებს. ყველანი ისევ ჩვენი მორჩილები იქნებიან ამის მერე.       ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!       ქვეითი მოლაშქრეები.       6.II– 68 წ.       დიადი სიტყვა (მემატიანის რვეულიდან)       როდესაც ფილოსოფიურ- მეცნიერული გამოკითხვა დამთავრდა, სებამ ზარები დარეკა და დეკანოზებმა სიტყვით მიმართა ჩობოლაურებს:       «ჩვენ და თქვენ ერთი ხეობის ხალხნი ვართ. ერთი ცა გვხურავს მაღლიდან და ერთი არაგვი ჩამოგვიდის ჭალაზე. დღეის მერე ერთმანეთთან მეგობრულად უნდა ვიყვნეთ. თუ ვინმემ რამეზე შეგაწუხოთ სხვა სოფლებიდან, იმწუთში შეგვატყობინეთ და მოგეხმარებით. ჩვენ რა გვაქს გასაყოფი? არაფერი. ნურც ნურაფერს დავუმალავთ       ერთიმეორეს. ჩვენ, ჩოხელებს, გადაწყვეტილი გვაქვს, ავაშენოთ ხუთასოთახიანი საერთო სახლი. ამისათვის გვჭირდება მასალა. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. აი, ეს კაკლები რომ გიდგათ, ამათაგან ძალიან კარგი მასალა გამოვა. რაც შეეხება ქალების გათხოვებას, ვინც ჩვენ არ გვინდა, ისინი ვიზეც გინდათ, იმათზე შეგიძლიათ გაათხოვოთ. თქვენ დღეს სათემო ხატზე დაიფიცეთ, ფიცის გამტეხს რისხავდეს სათემო ხატი!» - ამინ! - დაიძახეს ჩოხელებმა. - ამინ! - ხმა მისცეს ჩობოლაურთ       ამის შემდეგ მთავარსარდალმა მოლაშქრენი მოაწყო და გზას გავუდექით მეზობელი სოფლისკენ, რომელსაც ლიდა ჰქვია.       მღვდელი (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       გუდამაყარში ერთმანეთშია არეული კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანობა. ახლაც აცხობენ პურისაგან მგლებს, რომელთაც აგურის კბილებს უკეთებენ. პურის მგელი საქონლის ბაგაზე მიაქვთ. ჯერ წნელით შეუკრავენ პირს და ულოცავენ.       «აესრემც შაუკვრის პირი იმ მგელს, რომელმაც ჩემაი ძროხიაის შაჭმა მაინდომოს».       მერე წნელს ახსნიან და მგელს აგურის კბილებს საქონლის ბაგაზე უმტვრევენ:       «აესრემც დაგენაყება, მგელო, კბილები!»       «აესრემც დაგემტვრევა მუხლები!» - ამტვრევენ მუხლებსა და ლუკმა ლუკმა ჩაციცქნილ მგლის კვერს საქონელს აჭმევენ.       ქრისტიანობა უცნაურად შემოდიოდა აქ. ჯერ ვერ ურიგდებოდნენ ახალ სარწმუნოებას. მერე თანდათან იწამეს.       რამდენიმე გუდამაყრელი მცხეთაში დაიბარა კათალიკოსმა და საყვედური გამოუცხდა იმის თაობაზე, გუდამაყრელები უმღვდელოდ რატომ იმარხებითო.       მღვდელი არა გვყავსო, - თავი გაიმართლეს ამათ.       მაშინ გუდამაყრელებს მღვდელი გააყოლეს და თან გააფრთხილეს, უმღვდელოდ დღეის შემდეგ მკვდარი აღარ დამარხოთო.       ათნოხში თორმეტი ქისტის მამკლავი, აკაი თამნიაური კვდებოდა. მიუყვანეს მღვდელი.       მოკვდა აკაი.       შემოდგომის გაყინული მიწა ძლივს ამოთხარეს წერაქვებით. ერთი ყარაული საფლავთან დააყენეს, რომ სამარეს ავი სულები არ დაჰპატრონებოდნენ, დანარჩენებმა ხვნეშით მოასვენეს მიცვალებული, სანამ ჩაასვენებდნენ, კიდევ რაღაც ლოცვები თქვა მღვდელმა: და, როცა მისი თანხმობა მიიღეს, მძიმედ ჩაუშვეს გაყინულ მიწაში კუბო. მერე უცებ მღვდელს სწვდნენ და თან ჩააყოლეს. ყვიროდა მღვდელი და ამოსვლას ცდილობდა. მაგრამ რამდენიმე გაყინული ბელტი ისე       მძლავრად მოხვდა თავში, უღონოდ გადააწვა კუბოს. გუდამაყრელები გულდაგულ ავსებდნენ სამარეს მიწით და თან ბუტბუტებდნენ. - მიწა ხარ და მიწად იქეც! - მიწა ხარ და მიწად იქეც!..       ამ საქმესაც მორჩნენ და კვირის თავზე ახალი სადარდებელი გაუხდათ, - დუმაცხოში ხუთი ქისტის მამკლავი გაგილაი გარდაიცვალა. გუდამაყრელები მცხეთაში ჩავიდნენ და კათალიკოსს მოახსენეს: - კაცი მოგვიკვდა და უმღდელოდ ვერა ვმარხავთ.. - ხომ გაგაყოლეთ მღვდელი! - გაიკვირვა კათალიკოსმა ამათი «მოქცევა». - ის მღვდელი სხვა მკვდარს ჩავაყოლეთ, ხო თქვით, უმღვდლოდ არავინ დამარხოთო, ეს კიდევ სხვა მკვდარია.       კათალიკოსმა რა უთხრა, არ ვიცი. ქრისტიანობამ კი ფეხი მოიკიდა გუდამაყარში. თუმცა კათალიკოსი იმის მეტს რას იტყოდა: - «არ ცოდნა, არ ცოდვა არისო». - მე მგონი, მეტს არაფერს იტყოდა.       ლიდა (მემატიანის რვეულიდან)       ლიდა ჩობოლაურის აღმოსავლეთით ერთი კილომეტრის დაშორებით არის. ამ სოფელსაც ორივე მხრიდან კლდიანი ხევები ჩამოუდის, გზაც უფრო მოსახერხებელია და რაც შეიძლება სწრაფად მივდივართ. წინა შეტევამ გვიჩვენა, რომ სწრაფად მოქმედება გამარჯვების ნახევარს უდრის. მზვერავები ეს ეს არის მობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს, რომ სოფელი თითქმის მთლიანად დაცლილია, მარტო უშვილო ცოლ ქმარიღა არისო დარჩენილი.. ქალი ავად ყოფილა, ლოგინად ჩავარდნილი. მთავარსარდალი ფრთხილობს: შეიძლება მტერი ჩასაფრებულია სადმე, რომელიღაც სახლში, საჭიროა ალყა შემოვარტყათ.       სოფელს გარს შემოვერტყით და დაიწყო სახლების ჩხრეკა. მართლა ცარიელი აღმოჩნდა სოფელი, ქალაქში გახიზნულან საზამთროდ. მთავარი იერიში ცოლ ქმარზე მივიტანეთ და ისინიც უცებ დაგვნებდნენ. სოფელ ლიდის თავზე ჩვენი დროშა ფრიალებს. დეკანოზი ცოლ ქმარს ხატზე აფიცებს და მთავარსარდლის ბრძანებით, ექიმი წამლებს აძლევს ავადმყოფ ქალს. სებაი ზარებსა რეკავს და ამით გუდამაყარს ამცნობს, რომ ლიდაც კვლავ ჩოხლების სურვილების აღმსრულებელია, უპირველეს ყოვლისა, ქალების საკიხში. შემდეგ იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.       სული და სიკვდილი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - სახელი და გვარი. - ბათილა ლიდიაური. - რამდენი წლისა ხარ? - ოთხმოცის. - შვილები გყავს? - არა უშვილო ვარ. - როგორ გგონია, სად მიდის სული სიკვდილის შემდეგ? - სული? სული არ დაიკარგება. ხორცს გაეყრება და სიზმარივით იქნება. სულ სიზმარივით იქნება. ცხონებული ვინც არის, ის სულ ნათელში იქნება, ბოროტებს სხო ადგილი ექნებათ. - შენ როგორ გგონია, როგორ ადგილზე მოხვდები? - მე.. უშვილოები, თურმე, პირქვე წვანან. ოღონდ მაგას ნუ დაწერ. - რატომ ნუ დავწერ? - უშვილო ვინმე წაიკითხავს და გულს შამააკლდება. - სიკვდილზე რას იტყვი. ქვებსა და ხეებს თუ აქვთ სიკვდილის განცდა? - სიკვდილი რომ გამაიგონა ღმერთმა, იფიქრა, მოდი გამოვცდიო და ჯერ ქვას მიარგინა იმის განცდა. ქვებმა ისე განიცადეს, იმდენი იდარდეს, დარდისაგან სუ იფშვნებოდნენ, აღარ ივიწყებდნენ თანამოძმის სიკვდილს და ყველანი იფშვნებოდნენ. ღმერთმა იფიქრა, ამათთვის ეს განცდა არ შეიძლება, ამისათვის სუსტებიაო, აარიდა ქვებს სიკვდილი და ახლა ხეს მიარგინა, იმათაც ძალიან განიცადეს, მთელმა ტყეებმა ტოტები ჩამაილეწეს და აღარ ივიწყებდნენ. ხეებსაც აარიდა და ახლა წყალს მიარგინა. ვერც წყალმა გაუძლო, დაშრობა დაიწყო. ადგა ღმერთი და ადამიანებს მიარგინა სიკვდილი. ადამიანმა იტირა, იტირა.. მერე დამარხა მკვდარი და ტირილით გადაიმგლოვა კიდეც. ჰოო, ამის მერე ღმერთმა ადამიანს მიაკუთვნა სიკვდილის განცდა.       მცირე საიდუმლო ("საიდუმლო დავალებათა" რვეულიდან)       მზვერავებმა ლიდაში ყოფნის დროს საზღვაო ნაწილის ცნობა მოიტანეს. შიჯანათ ქალი და ქალთამზე იტყობინებიან, რომ არაგვი რამდენიმე ადგილზე გაყინულია და საჭიროა ჩამტვრევა, რომ არაგვის გაღმა მყოფმა სოფლებმა გამოღმა კავშირი ვერ დაამყარონ. ზომები მიღებულია. დარდი № 1680 (დარდების შემგროვებლის რვეულიდან) - სახელი და გვარი? - ბათილა ლიდიაური. - რა გადარდებს? - ის რომ უწილ უკერძომ უნდ გადავიარო. - მეტი არაფერი? - ამაზე მეტი დარდი რაღა გინდა, ცოცხალი იყო და შენი არსებობის გამგრძელებლად შვილს ვერა ხედავდე. რა დავუშავეთ იმ დალოცვილ ღმერთს, რომ აქ შვილი არ გვაღირსა, იქ კიდევ პირქვე უნდა იწვნენ უშვილოები. - ჰოო, მართლა დიდი დარდია. ღმერთთან რომ წავალ ამ ჩემი დარდებით, პირველს თუ არა, მეორეს ვეტყვი უშვილოების დარდს.       სალომე ლიდიაური (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ-კარია. ამ სახლში ათიოდე წლის წინათ მშობლებმა გამსიველ ბათირაზე დანიშნეს სალომე.       ჩალისფერი თმა კოჭებამდე სწვდებოდა სალომეს. ყანაში რომ მიდიოდა ყანისაგან ვერ გამოარჩევდით, ღელავდა ყანა და ღელავდა ქალიშვილი.       უცნაურად უყვარდათ სალომესა და ბათირას ერთმანეთი. ხანდახან თვეობით არც კი ნახავდნენ ერთიმეორეს, სიახლოვისა ეშინოდათ.       იმ გაზაფხულზე ბათირაის უფროსი ძმა სალომეს მშობლებს კალობანს უშენებდა. ბათირაის ძმას საღირაი ჰქვია. ეხლაც ცოცხალია საღირაი. ჩუმი კაცია, უთქმელი. მთელი დღე, რომ მასთან იყვე, ერთ ორ სიტყვას ძლივს ათქმევინებ.       მაშინ ბათირაი სალომეზე ჯერ არ იყო დანიშნული, ქალ ვაჟი ერთიმეორეს წყაროზე ხვდებოდნენ ხოლმე მთვარიან ღამეში. მივიდოდა სალომე, კოკას აავსებდა, მერე მხოლოდ ერთხელ შეხედავდა ბათირას და წამოვიდოდა სახლში.       ერთ ღამეს ყანებში საღირაი დახვდა სახლში მიმავალ სალომეს და მკლავში წაავლო ხელი. - ხომ ვიცი, ვისთანაც იყავი, - უთხრა საღირამ. - მერე რა გინდა! - ის რომ, მე მიყვარხარ. - მე არ მიყვარხარ.. - შეგიყვარდები, როცა ჩემი გახდები, შეგიყვარდები. - ეგ არასოდეს არ მოხდება. - მოხდება. თუ არადა, არც ერთს არ გაგახარებთ.       იმ ღამეს არ დასძინებია სალომეს. მეორე დღესაც შეხვდა ბათირას, მაგრამ საღირაის შესახებ ხმა არ ამოუღია.       საღირამ მშენებლობა მოათავა და სახლში წავიდა.       შემოდგომაზე ბათირამ მარჯეკლები მიაგზავნა და მშობლებმა სალომე ბათირაზე დანიშნეს. სალომეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.       გაჯავრებულმა საღირამ ძმას უთხრა: - არ გინდა, ნუ მოიყვან სალომეს ცოლად. - რატომ? - იმად, რომ მე რომ მაგათას ვმუშაობდი, ყოველღამე მალვით მოდიოდა და ჩემთან წვებოდა.       იმ დღის მერე აღარც წყაროზე მისულა სალომეს სანახავად ბათირაი და არც ქორწილზე დაუწყია იმის მშობლებთან მოლაპარაკება.       სალომემ აღარ იცოდა, რა ექნა, მერე ამხანაგი გოგოს პირით ჰკითხა ბათირას მიზეზი, ბათირამ, რა თქმა უნდა, დაუბარა, ჩემი ძმის ნათრევს ცოლად ვერ მოგიყვანო.       სალომე ჯერ ხატში ასულა და დაუფიცნია, რომ მართალი იყო. მერე თურმე სულ ყარაულობდნენ მშობლები. თავს არაფერი მოუწიოსო.       გუდამაყრის არაგვი ხომ სუ შავი მოდის, გაღმა სოფლელებს დაუნახავთ, ჩამოვიდა სალომე არაგვზე, მოიხსნა თავშალი, იხვია თვალებზე და შედგა ხიდზე. ისე შეშინებულან, ვინც ხედავდა, ისიც კი ვეღარ მოუფიქრებიათ, რომ მიშველებოდნენ. ბათირასაც დაუნახია. ჯერ კი არც ის გაქცეულა.       გასულა თვალახვეული სალომე ხიდზე. მერე ისევ გამოსულა. მერე ისევ გასასვლელად მიბრუნებულა და ამ დროს იმისი მეგობარი ქალები გამოჩენილან წიოკით. შუამდე ვეღარც კი მისულა ხიდზე, გადაშვებულა წყალში. თურმე მისდევს ხალხი არაგვს და ვერავინ ბედავს შიგ შესვლას. ადევებული წყალი ყოფილა.       გამოქცეულა ბათირაი და შევარდნილა წყალში.       არაგვი ხომ შავია. თურმე მოჰქონდა წყალდაწყალ ბათირას სალომე, იმის თმაი ეგრე ლივლივებდა მდინარის ტალღებზე, როგორც მოსამკალი პურის ყანა ქარში..       სოფელ ლიდის ზემოთავში ჩამონგრეული სახლ კარია..       ხოზა (მემატიანის რვეულიდან)       მართალია, ლიდაში ხალხმრავლობა არ იყო, მაგრამ დეკანოზმა მაინც სცა იქ მყოფთ პატივი და წამოსვლისას გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა:       «ჩვენ, დღევანდელი ჩოხლები, ვაგრძელებთ და კვლავაც გავაგ-რძელებთ ჩვენი წინაპრების ადათ წესებს.       ჩვენ ლიდის მცხოვრებლებთან ადრიდანვე მეგობრული ურთიერთობა გვქონდა დამყარებული. ისინი უარით ვერ გამოგვისტუმრებდნენ ქალის სათხოვნელად მისულებს. არაერთხელ და ორჯერ გაგვიწევია ერთიმეორესთვის დახმარება, ჩვენ კვლავაც უნდა დავეხმაროთ ერთიმეორეს, საშენი მასალითაც და ყველაფრით. მაგალითად, აი, ეს კაკლის ხეები ძალიან კარგ საშენ მასალას მოგვცემს და, რა თქმა უნდა, ამ დახმარებაზე უარს არ ვიტყვით, მით უმეტეს, მაშინ, როცა ასეთი გრანდიოზული შენობის წამოწყებას ვაპირებთ. პროექტი უკვე შედგენილია, საჭიროა მარტო მასალა.       თქვენ დღეს ხატზე დაიფიცეთ და მორჩილება გამოთქვით. სათემო ხატი რისხავდეს, ვინც ეს ფიცი გატეხოს!» - ამინ! - დაიძახეს ჩოხლებმა. - ამინ! - თქვა ბათილამ. - თქვენც თქვით, ქალბატონო, - ძალა დაატანეს ავადმყოფს. - ამინ! - ამოიკნავლა იმანაც.       სებამ ზარები დარეკა. ბანიდან დროშა ჩამოვხსენით და ხოზისაკენ გავუდექით გზას. ხოზამდე იგივე მანძილია, რაც ჩობოლაურიდან ლიდამდე.       სოფელს ზემო მხარეს ტყე აკრავს, ხოლო წინ დიდი მინდორია გაშლილი.       მთავარსარდალმა მზვერავები გაგზავნა და იმათ ამბავი მოიტანეს, ერთი მოხუცი ქალი სულს ებრძვის და წუთიწუთზე სიკვდილს ელოდება ხოზაშიო. - როგორ თუ ელოდება! - გაბრაზდა სარდალი, - სასწრაფოდ შეტევაზე და, რაც შეიძლება, ვიჩქაროთ, რომ ამ კაცმა საქმე არ ჩაგვიშალოს.       სოფლისათვის ალყა აღარ შემოგვირტყამს და სულ რაღაც ხუთ წუთში ჩვენი დროშა აფრიალდა ხოზის მაღალ ბანზე. - სად არის მომაკვდავი? - უყვირა ხოზელებს მთავარსარდალმა. - აქ არის, - აჩვენეს იმათ. - აბა, ექიმო, ჩვენ აქ ყოფნამდე არაფერი მოუვიდეს ამას, თორემ.. - გააფრთხილა ზინაი ვაჟი გოგიმ. - დაიჩოქეთ! - ბრძანა დეკანოზმა და მოლაშქრეებმა თოფები შეაყენეს. იმათაც დაიჩოქეს და დეკანოზმა მორჩილებაზე დააფიცა. სულ პირველად მომაკვდავი დააფიცეს, ის უფრო სასწრაფო იყო. ექიმმა გონზე მოიყვანა მომაკვდავი და დაიწყეს მისი ფილოსოფიური დაკითხვა.       სული და ხორცი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - სახელი და გვარი. - თამარ ხოზელი (მომაკვდავი). - რამდენი წელი გინდა სიცოცხლე? - რამდენსაც შევძლებდი. ადამიანმა იქამდე უნდა იცოცხლოს, მანამდე თავის ზიდვა შეუძლია. კაცმა სხო არ უნდა დააღონოს თავის სიცოცხლით. - მეორედ მოვლენ თუ არა მკვდრები? - შენი მტერი მოვიდეს, როგორც ესენი მოვლენ. მოგონილია, მოგონილია ისაცა, ვითომა სულნი არიანო, როგორც სიზმარშიო. სუ ტყუილია, მოკვდა კაცი და იქცევა მიწად. აღარც სული იარსებებს. - სულიც მიწაში წაჰყვება ხორცს? - არა, როგორც კი ტიკი გაჰბერო და მერე გამოუშვა, აეგე ამუვა სული კაცს და ჰაერში წავა. - ჰაერში ვერ იარსებებს? - აბა რას იარსებებს. წავა და ჰაერად იქცევა. - ღმერთი არსებობს? - არ ვიცი. ვერც იმას ვიტყვი, ვერც ამას. - რა აიძულებს კაცს თვითმკვლელობას? - ერთი ის, რო აღარ შეუძლია, საქმე აწუხებს, მეორე, - მწარე სიცოცხლე, ზოგს კიდევ ეშმაკი დაადგება თავზე და ის აბედვინებს თავის მოკვლას. მერე იმის სული ეშმაკთ რჩება, ეშმაკად იქცევა იმის სული. - ეშმაკები სად არიან? - კლდეში. მე ვიხილე, ანთებენ ღამე ცეცხლსა. ეხლა ხალხი იქცა ეშმაკადა. - ინატრებ რამეს? - არა. - რატომ? - დამაცა, ამოვისუნთქო..       ქალმა ამოისუნთქა და გათავდა.       მეშვიდე თაობა (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       ის ქალი, რომელიც ეს ეს არის მიიცვალა, ასპანიანთ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. რატომ ჰქონდათ ქართველებს წყევლაში, შვიდი თაობის მერე გაწყდიო, არ ვიცი, ყოველთვის კი ასე იყო. იშვიათად შესწყევლიდნენ გვარს, გაწყდიო და თუ შესწყევლიდნენ, ყოველთვის ასე: - მეშვიდე თაობაზედამც გაწყდება შენი გვარი. ასეა თუ ისე, შვიდი შემთხვევითი რიცხვი არ არის.       სწორედ ამ ქალის წინაპარი, შვიდი თაობის იქით, გუდამაყარში საქვეყნოდ განთქმული და მტრიანი ვაჟკაცის, კვირია ხარხელაურის ძმადნაფიცი იყო. კვირია       არავის ენდობოდა, გარდა ასპანიანთ ბუთულაისა, იმას აპარსვინებდა ხოლმე წვერს ხმლით. არასოდეს იარაღს არ იხსნიდა კვირიაი.       იმისმა მტრებმა ბუთულაი მოისყიდეს და ერთხელაც, როცა კვირიას პირს პარსავდა, გამოუსვა ყელში ხმალი და გააგდებინა თავი. მიგორავდა ნახევრად წვერმოპარსული კვირიაის თავი დედამიწაზე და ეძახდა ბუთულას: - შვიდი თაობას ქალებზე ჩამაილიოს შენი გვარი და მერე გასწყდითო.       სიტყვა, რომელიც დეკანოზმა წარმოთქვა (მემატიანის რვეულიდან) - ღრმა მწუხარებას განვიცდით, ასეთ გაჭირვებაში რომ გხედავთ. ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას, მით უმეტეს, ეხლა უფრო, როცა ერთხელ კიდევ დაგვიფიცეთ მორჩილებაზე. მოკვდა - ასე იტყვიან მაგათ გვარზე. ჩვენ კი ვაგრძელებთ გვარებს და რაც შეიძლება მეტი სიახლოვე და მხარდაჭერა გვმართებს. თუ რამე გაგიჭირდეთ, ჩვენ გვითხარით. განსვენებულს კაკლის კუბო გაუკეთეთ. კაკლები, საერთოდ, მარტო სამასალედ არის კარგი.       სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს! - ამინ! - დაიგუგუნეს ჩოხლებმა. - ამინ! - თქვეს ხოზლებმა. - ჩამოხსენით დროშა! - ბრძანა დეკანოზმა და მეზარემ ზარები აახმიანა.       მთავარსარდალმა წასვლის ნიშანი მოგვცა, ჩვენ უხმოდ გავედით სოფლიდან. ამით პატივი ვეცით მათ. ხომ უნდა იცოდნენ, რომ კულტურული და შეგნებული თემი ვართ. მცირე საიდუმლო (საიდუმლო დავალებათა რვეულიდან)       დღეს მზვერავებმა ამბავი მოიტანეს. საზღვაო ნაწილს ერთ ადგილზე დატბორილი არაგვი უნახავს, ტბორი, თურმე, კალმახით არის სავსე. დღესვე საიდუმლოდ გაიცა განკარგულება, რომ შენიღბონ თოვლით ის ადგილი და დროდადრო ლაშქარი იმ კალმახით მომარაგდეს.       ცუცქუნაურნი (მემატიანის რვეულიდან)       ხევი გავიარეთ და მთავარსარდალმა ლაშქარს შეჩერება უბრძანა. უკვე შუადღეა. საქმე კარგად მიდის. ელენამ სუფრა გაშალა. ცეცხლი დავანთეთ და მზვერავების მიერ მოტანილი კალმახი შევწვით. აქედან ცუცქუნაურამდე ერთი კილომეტრია. თივის ზვინები ჩანს. აქა იქ კვამლი ამოდის. მზვერავები დასაზვერად წავიდნენ.       მზვერავები მობრუნდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, რომ სოფელი დედაკაცებით არის სავსე. მთავარსარდალმა მადლობა გადაუხადა და მწერალს უბრძანა, დაეწერა ბრძანება მზვერავების დაჯილდოების შესახებ.       სუფრა ავალაგეთ და საბრძოლოდ დავიძარით. სოფელს სწრაფად მივუახლოვდით და სულ მალე ალყაში მოვიმწყვდიეთ. ჯერ მყვირალები შეცვივდნენ საშინელი კივილ ჭყივილით, მერე ქვეითები მიჰყვნენ, თოფოსნებმა თოფები დაცალეს. ფილოსოფოს ისტორიკოს მწერლებიც მივყევით მთავარსარდალს. მოვიარეთ მთელი სოფელი, მაგრამ კაციშვილს ვერ წავაწყდით.       მთავარსარდალმა მზვერავებს უხმო: - აკი სოფელი დედაკაცებით სავსეაო? - სათემო ხატსა ვფიცავთ! - მერე, მერე და, სად არიან თუ იყვნენ?! - იყვნენ და.. - დაგინახათ ვინმემ? - მგონი, არა. - სუსტად მუშაობთ. გააუქმე ბრძანება ამათი დაჯილდოების შესახებ! - უბრძანა მთავარსარდალმა მწერალს. - არის! - თქვა მწერალმა და ბრძანება გადახია. - ეტყობა, ამათი დაზვერვა კარგად მუშაობს, - თავი გააძეძა მთავარსარდალმა. - დროშა გამოვკიდოთ? - ჰკითხეს ვაჟი გოგის. - არა. ჯერ არა, სირცხვილი არ ვჭამოთ, ჯერ ხომ არ ვიცით, რას გვიპირებენ. გაამაგრეთ ალყა. - გირჩევნიათ, გამოჩნდეთ, თორემ დამალვისთვის ცეცხლს მივცემთ თქვენს სოფელს! - ოთხივე მხარეზე გასძახეს მყვირალებმა. - ხუთამდე გაძლევთ ვადას, - დაიძახა სარდალმა, ჯოხის ერთ ბოლოს თივა გამოაბა, ცეცხლი მოუკიდა, თივის ზვინთან დადგა და დაიწყო დათვლა: - ერთი.. ორი.. სამი.. ოთხი..       რას სჩადით, მართლა არ დაგვღუპოთ!       დაიძახა ვიღაც დედაკაცმა და თივის ზვინიდან გამოძვრა. თან ოცამდე დედაკაცი გამოჰყვა იქიდანვე. - ხედავ?! აი სტრატეგია! - გაიკვირვა მთავარსრდალმა და თივის ზვინში შეიხედა. - ხელები მაღლა! - დაიყვირეს თოფოსნებმა და ჩახმახი შეაყენეს.       დედაკაცებმა ხელები ასწიეს. - დაიჩოქეთ!       იმათ დაიჩოქეს. - დაიფიცეთ ამ სათემო ხატზე, რომ დღეის მერე არც დაგვემალებით, ქალებსაც მოგვათხოვებთ საქმის გაუჭიანურებლად და კიდევ სხვა რამესაც შეგვისრულებთ! - უბრძანა დეკანოზმა და მორიგეობით დააფიცა ხატზე.       მაღალ ბანზე ჩვენი დროშა აფრიალდა.       დაიწყო ფილოსოფიური დაკითხვა.       წერამწერალი (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი და სახელი. - ცუცქუნაური ელისო მიხას ასული. - რამდენი წლისა ხარ? - მესამოცეში ვდგავარ. - შენი აზრით, რა არის სიცოცხლე? - მე არაფერი არ ვიცი რა, კაცო, გამანებე თავი! - მაინც რატომა ვართ? - ღმერთს დაუწერია, როგორ რატო. ღმერთმა ჩაგვიბერა სული და ღმერთი ამოგვაძრობს ისევ სულსა. - რა მიზნით? რა აზრი ავქს ან ჩაბერვას, ან ამობერვას თუ ამოძრობას? - ღმერთია სუყველაში. - ყველაზე კარგი დღე, შენი გავლილი დღეებიდან. - ვერა, ვერ მოვიგონებ. - თუ შეშინებულხარ სადმე, ისე რომ დღესაც გახსოვს? - ბუსარჭილიდან მოვდიოდი ღამე და წკნავილით რამ დამყვა. მე და ძალუაი ვიყავით როგორც კატაო ისე მოგვწკნაოდა. ეგ არ დამავიწყდება, სანამ ცოცხალი ვარ. - რა თქვეს, რა იყოო. - ეშმაკიო. - რატო არ გეჩვენა? - არ მეჩვენა, რავი, შეიძლება მჩვენებოდა, მაგრამ ესე მითხრა ძალუამ, უკან არ მიიხედო, ხუმრობა საქმე არ არიო. - სხვებსაც უნახავს? - რო მიიხედავს, ზოგს ეჩვენება. - სიკვდილისა გეშინია? - რატო მეშინია?! - რატომ არა? - იმიტომა რომა, სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი. - რო მაიხდი, მერე სად წახვალ. - შავეთში, აბა სად წავალ, ჩემ წილ სამარეს ამოვავსებ.       მამამთილის სამართალი (მოთხრობა მწერლის რვეულიდან)       მართაი ცუცქუნაური სოფელ კიტოხში იყო გათხოვილი. ზაფხულში იქორწინა მართამ და შემოდგომაზე ცხვარში წავიდა იმისი ქმარი. სხვა მეცხვარეებიც ცხვარში წავიდნენ. სოფელში მარტო ხეიბარი კაცები, მოხუცები და ქალ ბალღებიღა დარჩნენ.       ზამთარია. თოვს. მართაის მამამთილი ფანჯრიდან გაჰყურებს თოვას. ოთხმოცდამეათე თოვლის მოსვლას შეესწრო წელს. ერთი კვირის წინ იმათმა ძროხამ პირველი ხბო მოიგო. - ადრე ბალღებს კლავდნენ, - თქვა მოხუცმა. - ჩუმად, ბალღებმა არ გაიგონონ, - აფრთხილებს რძალი და მეზობლის ბალღებზე ანიშნებს. ისინი ყურადღებით შესცქერიან მოხუცს. - გაიგონონ, მერე რა, განა ეხლაც ხო არ ვკლავთ ბალღებს. - ვინა კლავდა, პაპავ? - თავის პატრონები. - რატო კლავდნენ? - პირველად რომ ბალღი გაჩნდებოდა, ის ხატში უნდა დაეკლათ. - ეხლა? - ეხლა აღარა კლავენ. პირველგაჩენილ ბოჩოლებსა კლავენ იმათ მაგიერ. - ჩვენ როდის დავკლათ? ჰკითხა რძალმა. - თორმეტი დღისა რომ გახდება მერე, მანამდე არ შეიძლება. - ხვალ გახდება. - გადადი ნინიასთან და სთხოვე თავი მოგიჭრას, დიდი თოვლია, მე ვერ ამოვალ იქამდე.       მართაი ნინიასთან გადავიდა. ნინიამ პირობა მისცა, წაიყვანე ბოჩოლაი ხვალ ხატში და ამოვალო. ხატი სოფლის მაღლა არის, მთის წვერზე.       მეორე დილა გათენდა. თოვს. თეთრია ყველაფერი. მართას ძლივს მიჰყავს აღმართზე ხბო. ხანდახან ფეხი უსხლტება და ორივენი ეცემიან. მერე ხბოს ეტყობა, აღარ შეეძლო მეტი, წინა ფეხები ჩაიკეცა და ენის წვერით ფეხი აულოკა ქალს. იმან ზურგზე მოიკიდა და ისე ატარა მთის წვერამდე.       მთის წვერზე სალოცავი ნიშია აშენებული.       მართამ ხბო დაბლა დასვა და რატომღაც გააჟრჟოლა. «კიდევ კარგი, ხბო ამოვიყვანე დასაკლავად და ბალღი არაო», - გაიფიქრა.       ისევ თოვს.       თოვს.       ხბო საცოდავად მოიბუზა.       გავიდა კარგა ხანი, ნინიაი არ გამოჩნდა.       ხბოს ეტყობა, მოშივდა, დაიბღავლა. მერე ქალს ხელები აულოკა პატარა ენით.       დიდხანს იცდიდა ქალი. ნინიაი მაინც არ გამოჩნდა.       ქალმა იცოდა, რომ ხატში მიყვანილი ხბო უკან არაფრით არ უნდა წაეყვანა და იცდიდა.       თანდათან შემობინდდა.       გაღმა გორზე მგელმა დაიყმუვლა. ჯერ ერთმა, მერე გამოღმიდანაც მისცა რამდენიმემ ხმა. ქალმა იცოდა, რომ არ უნდა წაეყვანა ხბო უკან და თან არც ნინიაი ჩანდა.       უფრო ჩამოიბურა. მგლებმაც მოუხშირეს ყმუილს.       ქალმა სანთელი აანთო, დაილოცა, ხბოს შუბლი შეუტრუსა და სანთლები სალოცავის კედელზე მიაკრა.       დანა არ ჰქონდა. კედლიდან თოვლი გადახვეტა და ბასრპირიანი სიპი ქვა ამოარჩია.       წამოაქცია ხბო და გამოუსვა ყელში სიპი.       ხბომ დაიბღავლა.       თეთრ თოვლში თბილად ჩხრიალებდა სისხლი.       მოჭრილი თავი იქვე დატოვა, დანარჩენი მოიკიდა და სირბილით დაეშვა სოფლისაკენ.       უკან მგლების ყმუილი მისდევდა და ზურგს უხვრეტდა. - სადა ხარ აქამდე? - ჰკითხა მამამთილმა ეჭვით. - არ ამოვიდა.. - მაშ თავი ვინ მოგიჭრა? - მე. - სანთელიც შენ აანთე? - ჰო. - თავი რით მოსჭერი? - სიპით. - წადი! - სად? - ჩემ სახლში არ დავინახო შენი ფეხი.       მგლები ურო ხმამაღლა აყმუვლდნენ. - მაშ უკან ხომ არ წმოვიყვანდი, დაკანონებული ეგეა და.. - დაკანონებული ისიც იყო, ბალღებს რომ თავებს აჭრიდნენ. წადი, ჯერ ბოჩოლაის თავი ჩამაიტანე, ხატი არ შელახოს შენმა მოჭრილმა, მერე სახლში წადი. - პირდაპირ სახლში წავალ. - ჯერ თავი ჩამაიტანე. - იქ მგლები არიან. - ნუ გეშინია, მგლები შენ ვერას გიზამენ. - მეშინია. - მე გეუბნები!       მართაი ადგა და ხატისაკენ წავიდა. უკვე საკმაოდ ჩამობნელდა. ძლივს მიაგნო სალოცავს. მგლები აღარ ყმუოდნენ. სანთლებიც ჩამწვარიყო. ხელების ფათურით თავს დაუწყო ძებნა. რამდენიმე ძვალიღა შერჩა ხელში. ადგილზე გაიყინა. ასე ეგონა, სისხლი გაუჩერდა და ყინულად ექცა. მერე რაღაც მძიმე და თბილი დაეცა ზურგზე და რატომღაც წეღანდელმა სურათმა გაუელვა თვალებში ხბოს სისხლი თბილად ჩხრიალებდა თეთრ თოვლში.. ბოლოს ისღა იგრძნო, რომ რაღაც არსებები მის სხეულს ერთმანეთს ეცილებოდნენ..       მართაი ცუცქუნაურთიდან იყო.. სხეულები კი საერთოდ ეცილებიან ერთიმეორეს არსებობაში.       დეკანოზის სიტყვა (მემატიანის რვეულიდან)       მზე ჩასასვლელად გადაიხარა და ცუცქუნაურთიდან კოტორიანთ მიმართულებით დავიძარით. ჯერჯერობით ყველა მოლაშქრე ადგილზეა. საზღვაო ნაწილიდანაც კარგი ამბები ისმის. ჰაერიდან არაფრის გვეშინია, ჩვენმა მთავარსარდალმა ჰაერში ბრძოლა და იქაური ამბები ზეპირად იცის. კოტორიანთამდე ორი ვერსია. ვჩქარობთ, მაგრამ ეს რა ხდება? დეკანოზმა ჯარი შეაჩერებინა მთავარსარდალს. - რა მოხდა? - სიტყვა დამავიწყდა, - თქვა დეკანოზმა, - მოაბრუნეთ ჯარი! - გვაგვიანდება, დაღამებამდე როგორმე კოტორიანთი უნდა ავიღოთ. - არ შეიძლება, მოკლედ მოვუჭრი და წამოვალთ, - გაჯიუტდა დეკანოზი.       ვაჟი გოგიმ მზვერავები გაგზავნა კოტორიანთას და ჯარი ისევ ცუცქუნაურისაკენ შემოაბრუნა.       ცუცქუნაურთ დედაკაცები ისევ სამალავში შეიმალნენ. - გამოვრეკო? - ჰკითხა დეკანოზს სარდალმა. - არა, ნუ შეწუხდები, იქაც გაიგონებენ. - ჩვენი ხმა გესმით? - შესძახა ვაჟი გოგიმ დედაკაცებს. - გვესმის! გვესმის! - გამოსძახეს იმათ. - აბა, სიწყნარე იყოს!       დეკანოზმა სიტყვა თქვა:       «ქალებო და დედაკაცებო! ცუცქუნაურებო! არ იფიქროთ, რომ თავს დაგესხით, ეს ისე, მეგობრობა გვწადია თქვენთან. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ. იმას რა სჯობია,       მთელი გუდამაყრის ხეობა ერთად რომ ვიყვეთ. ავაშენოთ ერი დიდი სახლი და ვიცხოვროთ შიგ. პროექტი უკვე შედგენილი გვაქვს. რო იოდეთ, როგორი სასადილო გვექნება, დღესვე დაჭრიდით ამ თქვენ თხილ კაკლებს. მასალა არის აშენბისთვის საჭირო, მასალა! თქვენიც არის ის სახლი, განა მარტო ჩვენია. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, ჰოდა, უნდა დაგვიჯეროთ კიდეც, ქალი უნდა მოგვცეთ და კაკალიც, სხვანაირად გარეშე მტერს ვერ გავუმკლავდებით. დაგვიჯერებთ? - დაგიჯერებთ! დაგიჯერებთ! - გამოსძახეს დედაკაცებმა. - უჩვენოდ არაფერი გადასწყვიტოთ მანდ! - არა, არა! - აბა, მეგობრებო, ნახვამდის! სათემო ხატი გაუწყრეს, ვინც ფიცი გატეხოს. - ამინ! - დაიგუგუნა ჯარმა. - ამინ! - გამოსძახეს დედაკაცებმა თივის გულიდან.       ჩვენ ისევ კოტორიანთაკენ ავიღეთ გეზი. გზაში მზვერავები შეგვხვდნენ და მთავარსარდალს მოახსენეს, კოტორიანთას ერთი მოხუცი კაცია და ხუთიც დედაკაციო. - დამალული რაზმი ხომ არსადა ჰყავთ? - არა, გულდაგულ გადავათვალიერეთ. - არა სცდებით? - არა, - სთქვეს მზვერავებმა. - დაწერე ბრძანება ამათ დაჯილდოების შესახებ, - მიუბრუნდა ვაჟი გოგი მწერალს. - არის! - თქვა მწერალმა. - ჩვენ ელვის სისწრაფით წავედით წინ. მზის ჩასვლამდე როგორმე უნდა მოვასწროთ კოტორიანთ აღება და სრული დამორჩილება. დამორჩილებაში ვგულისხმობ ფილოსოფიურ გამოკითხვებსაც. თუ ეს მეხუთე სოფელიც ავიღეთ, მაშინ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავარსარდალი უდავოდ დიდი ნიჭით არის დაჯილდოებული. დღემდე მსოფლიოს არ ახსოვს არც ერთი სარდალი, ერთ დღეში ხუთი ქვეყანა რომ აეღოს. მართალია, ჩვენ სოფლები ავიღეთ ქვეყნების მაგიერ, მაგრამ, რიცხობრივად თუ შევადარებთ ჩვენი ჯარის და დანარჩენი სარდლობის რაოდენობას, გამოდის, რომ ჩვენც ქვეყანა აგვიღია, მერე როგორ, ჯერ წვეთი სისხლი არ დაგვიღვრია და ყველა ქედს იხრის ჩვენს წინაშე, ყველა მონურ მორჩილებას გვპირდება. რა კარგა მოვიგონეთ ეს სათემო ხატი და ფილოსოფიური გამოკითხვები! სათემო ხატით ვაზავებთ და ვზარავთ, ფილოსოფიით ვაბნევთ.       ხუთი ქვეყანა ერთ დღეში.. თუმცა ჯერ მეხუთე არ აგვიღია და აი, მოვსულვართ კიდეც. ჯარისკაცები სოფელს ალყას არტყამენ, მყვირალები სოფელში შერბიან არევ დარევის შესატანად. მედროშე მაღალ ბანზე გარბის. ჩქარა! ჩქარა, თორემ მზე ჩადის და მერე აღარ გამოჩნდება დროშის ბრჭყვიალება. მზის ჩასვლის შემდეგ გამარჯვებას რა ფასი აქვს.       მეთოფეებმა თოფები დაცალეს. ქვეითები სოფელში შედიან. ყველაფერი რიგზეა. სახლებიდნ გამოჰყავთ დამარცხებულები და სათემო ხატთან იჩოქებენ. ისინი მორიგეობით გვპირდებიან მორჩილებას.       მზე სადაცაა ჩავა.       ასეთი მთავარსარდალი, მართლა არ ახსოვს მსოფლიოს. დროა, დრო! იწყება ფილოსოფიური დაკითხვა.       სიყვარული და სიცოცხლე (ფილოსოფოსის რვეულიდან) - გვარი და სახელი. - ვასილი კოტორაშვილი. - რამდენი წლისა ხარ? - სამოცდამეთექვსმეტეში ვდგავარ. - რა ურო ძლიერია, სიყვარული თუ სიცოცხლე? - სიცოცხლე დიაღაცა. თუ ცოცხალია კაცი, ჯერ სიცოცხლეა კარგი და მერე სიყვარული. - რა არის სიცოცხლე? - სიცოცხლე ის არის რომ, თოლებს ვახილებთ და ვხილულობთ მზეს, მთორეს. - სიბერისა გეშინია? - მე არ მეშინია, მაგრამ მუხლებს ეშინია. მე ის მგონია, გუშინ თუ გავჩნდი მეთქი. - სიკვდილისა? - არ მეშინია. - რატო? - არ ვიცი, ალბათ ისეთი გული მამცა რამანმე, რომ არ მეშინია. კაცი რო ავად არის და უნდა მოკვდეს, ისევ ის ჰგონია, არ მოვკვდებიო. - რისა უფრო გეშინია? - არაფრისა არ მეშინია, გაჯინთული ვარ. არ ვიცი, როდის მოვკვდები და, აბა, რა მაშინებს. - მიწა უფრო გიყვარს, თუ ჰაერი? - ჰაერი, ჰაერი რო არ იყვეს, მაშინ კაცი არც იცოცხლებდა, მიწა რაღას უშველიდა.       მიწა რო არ იყვეს, მაშინ ჰაერი რაღას უშველიდა? - ეგ სწორია, მაშინ სუ დავიღუპებოდით. - როგორ გგონია, სულ იქნება ეს დედამიწა? - მაშ სად წავა, იქნება და იქნება.. - დიდი ომი რომ მოხდეს? - მაინც დარჩება და მაინცა. ზღვა რომ გადმოვარდნილა, მაშინ წყალმა სამჯერ მოუსვა ცას ქაფიო, მაინც არის დღეს დედამიწა. - ღმერთი ადამიანშია თუ გარეთ? - აბა რა ვიცი, არის რამ კიდო თორე, რამ გააჩინა ეს ქოყნიერობა. ეს მზე თორე და აი, ეს ხალხი. იქნებ ჩვენა ვართ ღმერთები? - რას ამბობ? ეგ რამ გათქმევინა?! - ადმიანს როცა ეყრება სული, სად მიდის? - არსად. კაცი როცა მოკვდება, დაიკარგება. - მაშ უაზრობა ყოფილა აქ ყოფნა. რაში დასჭირდა ეს ღმერთს? - ვლოცულობთ და იმად. - მარტო მაგიტომ? - აბა მაშ? - მაგით რა ერგება ღმერთსა? - არაფერი. იმან მე უნდა მიშველოს, ჩემი შველა რად უნდა იმასა. - ჩვენ რაღა შველა გვინდა, თუ სიცოცხლის მერე აღარ ვიარსებებთ. - მანამ ცოცხლები ვართ, ხომ გვინდა კარგად ვიყვნეთ. - აი იმ კარგა ყონას რა თავშიღა ვიხლით, თუ მერე აღარცა ვიარსებებთ. - აბა, რა ვიცი, სულ ხომ არ ვიქნებით, არა? - მაშინ რაღა აზრი აქვს, ერთი წელი ვიქნებით თუ ასი. - სად ერთი წელი და სად ასი.. - ასი წელი იცოცხლე და მერე სულ დაიკარგე, ეგ რაღა არის? - მართლა მაინც ცოცხლობდეს სული. არა, არა, მე მგონი, იქნება რამე იქ. სიზმარი აკი არის? აქა ვარ და იქა ვარ.. სული არ წავიდა, მა რა არის?! - ბოროტება უნდა იყვეს თუ არა? - მაშ, აბა, როგორ, სიკეთეს უიმისოდ ფასი აღარ ექნებოდა. - ყველაზე კარგს რას ეძახი ადამიანის ცხოვრებაში? - ჯეელი რომ ხარ და ვიღაც გიყვარს. მერე თუ იმასთან კარგ დღესა და კარგ წუთისოფელს ჩამოლევ, ის არის ყველაზე კარგი. - ძალიან მაგრა რომ გაგჭირვებიყო, თავს მოიკლავდი? - არა! არ მოვიკლავდი თავსა, რას ამბობ?! გოდერძი ჩოხელი გაგრძელება ⟩…
დაამატა pino გიო to ლიტერატურა at 2:06pm on ივნისი 7, 2013
  • 1
  • 2

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი 1 Like

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი 9 მოწონება

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!