ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ძებნა qwelly

თემა: სიცოცხლის სიყვარული
ვოდათ, ხანგრძლივმა გაჭირვებამ რომ იცის. ზურგზე თასმებით შემოეკრათ დიდი ფუთები, ფუთებს შუბლზე მოჭერილი ღვედებითაც იმაგრებდნენ. ხელში თითო თოფი ეჭირათ. წელში მოხრილები მიდიოდნენ, მხრები ჩამოეყარათ, თავი წინ წაეგდოთ და მიწას ჩასჩერებოდნენ.       - ნეტავ ორი ამდენი ვაზნა კიდევ წამოგვეღო იმ მარაგიდან, - თქვა მეორემ. მის გაბზარულ ხმას შნო და ლაზათი დაჰკარგოდა. ისე უსიცოცხლოდ ლაპარაკობდა, რომ ლოდებს შორის ქაფმოკიდებულ რძისფერ წყალში ჩამდგარმა თანამგზავრმა პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა. მეორე კვალდაკვალ მიჰყვებოდა. ფეხსაცმელს არც ერთი არ იხდიდა, წყალი ყინულივით ცივი იყო - ისეთი ცივი, რომ ფეხები სტკიოდათ და თითები უშეშდებოდათ. ალაგ-ალაგ, სადაც წყალი მუხლზე სცემდათ, ფეხი უცდებოდათ და ბარბაცებდნენ. უკანას სიპ ქვაზე ფეხი დაუცურდა, ის იყო უნდა დაცემულიყო, რომ დიდის გაჭირვებით თავი შეიკავა და ტკივილისაგან მწარედ ამოიგმინა. კინაღამ გული შეუღონდა, თავბრუ დაესხა. წაფორხილებულმა ხელი ისე მოიქნია, თითქოს ჰაერს წაეპოტინაო. ბოლოს გასწორდა და ის იყო ფეხი წინ გადადგა, რომ ისევ წაიფორხილა და, ცოტას გასცდა, არ დაეცა. ერთ ხანს ასე იდგა და ამხანაგისაკენ იყურებოდა, ამხანაგს თავი ერთხელაც არ მოუბრუნებია. ერთი წუთი მაინც იდგა უხმოდ, თითქოს თავს ებრძვისო. მერე უცბად წამოიყვირა: - გამიგონე, ბილ. ფეხი ვიღრძე. ბილი რძისფერ წყალში მიბარბაცებდა. უკან არ მოუხედავს. მეორე ისევ უყურებდა; თუმცა სახე უმეტყველო ჰქონდა, თვალები დაჭრილი ირმის თვალებს მიუგავდა.       ბილმა კოჭლობით გაიარა ნაპირი და უკანმოუხედავად განაგრძო გზა. მეორე ისევ წყალში იდგა და ამხანაგს გაჰყურებდა. ტუჩები ისე აუთრთოლდა, ხეხეში წაბლისფერი ულვაშიც კი შეირხა ზედ, ენა გამოჰყო და გამშრალ ტუჩებზე მოისვა. - ბილ! - შეჰყვირა მან.       ეს იყო გასაჭირში ჩავარდნილი ძლიერი მამაკაცის მავედრებელი ძახილი, მაგრამ ბილი მაინც არ მობრუნებულა. სასაცილოდ მიათრევდა ფეხებს და წინწახრილი დაბალი ბორცვების წვეროებისაკენ ავარდნილ აღმართს არეული ნაბიჯით მიუყვებოდა. მეორეს თვალი არ მოუცილებია, სანამ მისი ამხანაგი ქედს არ გადასცდა და არ მიიკარგა. შემდეგ მიმოიხედა და თვალი მოავლო იმ ქვეყანას, რომელიც ბილის წასვლის შემდეგ დარჩა.       ჰორიზონტთან უფორმო ბურუსითა და ნისლით შებურული მიმქრალი მზე ცხრებოდა და უწახნაგო და უკიდეგანო მასის შთაბეჭდილებას სტოვებდა. კაცმა მთელი სიმძიმე ცალ ფეხზე გადაიტანა და საათი ამოიღო. ოთხი იყო და რაკი ივლისის უკანასკნელი დღეები თუ აგვისტოს დასაწყისი იდგა (დრო ორი კვირით ეშლებოდა), იცოდა, რომ მზე დაახლოებით ჩრდილო-დასავლეთით უნდა მდგარიყო. სამხრეთისაკენ გაიხედა. მისი ვარაუდით, სადღაც იმ ცივი მთების გადაღმა „დათვის ტბა“ იყო. ისიც იცოდა, რომ იმავე მხარეს არქტიკის წრის საშინელ ხაზს კანადის ყამირები ჰკვეთდა. წყალი, რომელშიც ახლა იდგა, მდინარე კოპერმაინის შენაკადი იყო. იგი ჩრდილოეთისაკენ მიედინებოდა და კოპერმაინის ყურით ჩრდილოეთის ოკეანეში იცლებოდა. თვითონ არასოდეს ყოფილა იქ, მხოლოდ ჰუძონის ყურის კომპანიის რუკაზე ენახა ერთხელ.       ისევ მოავლო თვალი ქვეყანას. ეს არ იყო შვებისმომგვრელი სანახაობა, მქრალი ჰორიზონტი მოჩანდა მხოლოდ. გარშემო დაბალი გორაკები იყო. არსად ხე, არსად ბუჩქი და ბალახი. მხოლოდ გაუთავებელი და საშინელი უდაბურება.       კაცს შიში შეეპარა. - ბილ, - წაიჩურჩულა მან ერთხელ და ისევ გაიმეორა, - ბილ!       ქაფმომდგარ წყალში უსუსურობა იგრძნო. უსასრულო სივრცე უძლეველი ძალით სრესდა, თითქოს ახრჩობდა თავისი დაუნდობლობით. კაცი ხურვებაშეყრილივით აცახცახდა, თოფი ხელიდან გაუვარდა და წყალში ტყლაშანი მოადინა. ხმაურზე გამოერკვა, ადგილიდან დაიძრა. მალე შიში დათრგუნა, ღონე მოიკრიბა, წყალში ხელი მოაფათურა და იარაღი ამოიღო. ფუთა მარცხენა მხარისკენ გადაიგდო, რათა დაშავებულ კოჭს სიმძიმე შემსუბუქებოდა და ფრთხილად, აუჩქარებლად გაემართა ნაპირისკენ. ტკივილისაგან სახე ეღმიჭებოდა. არ შეჩერებულა. გაშმაგებული თავგანწირულებით აიარა პატარა აღმართი იმ ქედამდე, სადაც მისი ამხანაგი მიიკარგა. თვითონ უფრო გროტესკული და კომიკური იყო, ვიდრე ბილი, კოჭლობით რომ მიბანცალებდა. ტკივილებს ვეღარ გრძნობდა, ქედიდან ტრიალი მინდორი დაინახა, მინდორს სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა. ისევ შეებრძოლა მოძალებულ შიშს და დათრგუნა. ფუთა უფრო მარჯვედ მოიგდო მარცხენა მხარზე და დაღმართს კოჭლობით დაუყვა.       მინდორი წყლით იყო დამბალი, სინოტივეს ნეჭასავით ზედ დაკრული ხავსი ინახავდა. წყალს ჭყაპაჭყუპი გაჰქონდა და ზევით ასხამდა ფეხის ყოველ გადაბიჯებაზე. გზას ჭყანტებსა და ჭანჭრობში მიიკვლევდა და ამხანაგის კვალს მიჰყვებოდა, ნაფეხურები ჩაბუჟბუჟებული ხავსის ზღვაში პატარა კუნძულებივით ჩარჩენილიყვნენ. თუმცა მარტო დარჩა, დაკარგული მაინც არ იყო. კარგად იცოდა, რომ იმ ადგილას მივიდოდა, სადაც დაგვალული და დაჩიავებული ფიჭვი და ნაძვი პატარა ტბის ნაპირებს გასდევდა. ამ ადგილს მკვიდრნი ტიჩინნიჩილის ანუ „წვრილი ჯოხების მიწას“ ეძახდნენ. ტბა კამკამა იყო და შიგ პატარა მდინარე ჩადიოდა. წყალზე ავარდნილი ბალახი იყო - ეს კარგად ახსოვდა. მაგრამ ერთ ხესაც ვერსად იპოვიდი. ჰოდა, მანამდე გაჰყვებოდა ამ მდინარეს, სანამ წყალგამყოფთან მისი პირველი ნაკადი არ მიიკარგებოდა. წყალგამყოფს გაივლიდა და მეორე მდინარის სათავეს მიადგებოდა, იგი დასავლეთისაკენ მიედინებოდა და მდინარე დიიზს უერთდებოდა. აქ, ქვა-ღორღით დაფარული გადაბრუნებული კანოეს ქვეშ სამალავი ჰქონდა. ამ სამალავში ვაზნებიც ეგულებოდა თავისი ცარიელი თოფისათვის, ანკესებიც, ბაწრებიცა და პატარა ბადეც - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი საკვების მოსაპოვებლადაა საჭირო. ცოტაოდენი ფქვილი, ლორის ნაჭერი და ლობიოც ჰქონდა გადამალული. ბილიც იქვე დახვდებოდა, მერე ორივენი სამხრეთით დაუყვებოდნენ დიიზს და „დიდი დათვის“ ტბისაკენ გასწევდნენ. სამხრეთისაკენ აიღებდნენ გეზს და ტბას გადასცურავდნენ, მერე ისევ და ისევ სამხრეთისაკენ ივლიდნენ. თანდათანობით უკან ჩამოიტოვებდნენ მისუსტებულ ზამთარს, ყინულად ქცეულ მორევებსა და ცივ, მოსარკულ დღეებს და სამხრეთში მივიდოდნენ, სადაც თბილი ჰუძონის ყურის კომპანიის მაღალი და დიდებული ხეები ხარობდნენ და საჭმელიც ყელამდე იყო.       ასე ფიქრობდა კაცი და მიდიოდა. ებრძოდა დამძიმებულ სხეულს და არანაკლები ძალით ეჭიდებოდა დამძიმებულ სულს. ცდილობდა დაერწმუნებინა თავი, რომ ბილი არ მიატოვებდა და აუცილებლად დაელოდებოდა. იძულებულიც იყო ასე ეფიქრა, სხვანაირად რაღა აზრი ჰქონდა სიარულს, უნდა დაცემულიყო და მომკვდარიყო. და როცა მზის ალმურმოდებული დისკო ნელა გადაიხარა ჩრდილოეთისაკენ, გონებით უკვე რამდენჯერმე ნაბიჯ-ნაბიჯ დაფარა ის გზა, რომელიც მასა და ბილის უნდა გაევლოთ, რათა კარს მომდგარ ზამთარს გაქცეოდნენ. ორი დღის უჭმელი იყო, რამდენი ხანია ის აღარ ეგემა, რაც ენატრებოდა. დაიხრებოდა და ჭაობის გაყვითლებულ ნაყოფს კრეფდა, პირში ჩაიდებდა, გაღეჭავდა და გადაყლაპავდა. ჭაობის წყლიანი წვრილი კენკრა პირში დნებოდა და მხოლოდ მწკლარტე გემოს უტოვებდა. კაცმა კარგად იცოდა, რომ თესლი ყუათი არა ჰქონდა, მაგრამ მაინც მოთმინებით ღეჭავდა, უფრო მეტი იმედი ასულდგმულებდა, ვიდრე ცოდნა თუ შეუწყნარებელი გამოცდილება. ცხრა საათზე კბოდეს ფეხი წამოჰკრა, დაუძლურებული და დასუსტებული დაბარბაცდა და დაეცა. კარგა ხანს უძრავად ეგდო გვერდზე. მერე ფუთის ღვედებიდან გამოძვრა, ტანი აითრია და წამოჯდა. ჯერ კიდევ არ ჩამობნელებულიყო, ხელი მოაფათურა, ქვა-ღორღში მშრალი ხავსი მოძებნა. კარგა ბლომად შეაგროვა და ცეცხლი დაანთო, მიბჟუტულ და ახრჩოლებულ ცეცხლზე თუნუქის ციცხვი შემოდგა.       მერე ფუთას თავი მოხსნა, უწინარეს ასანთის ღერები გადათვალა. სამოცდაშვიდი ღერიღა დარჩენილიყო. დასარწმუნებლად კიდევ სამჯერ დათვალა, მერე რამდენიმე ნაწილად გაჰყო და გასანთლულ ქაღალდში გაახვია. ერთი ნაწილი თამბაქოს ცარიელ ქისაში ჩადო. მეორე თავისი დაჭმუჭნული ქუდის შიგა ქობას ჩაატანა, ხოლო მესამე ხალათის ქვეშ გულზე გამოინასკვა. ამას რომ მორჩა, ეჭვმა გაჰკრა, სიმშვიდე დაჰკარგა, სამივე შეკვრა გამოიღო, დახსნა და ხელახლა გადათვალა. ისევ სამოცდაშვიდი იყო. გალუმპული წინდები ცეცხლთან გააშრო. მოკასინებისაგან წყლით გაჟღენთილი ტყავის ნაგლეჯებიღა დარჩენილიყო. მატყლის წინდები რამდენიმე ადგილას გამოგლეჯოდა. გადატყავებული ფეხებიდან სისხლი სდიოდა. კოჭი უფეთქავდა და ისე შესიებოდა, მუხლის თავს უფრო მიუგავდა. შალის საბანს გრძელი ნაჭერი ჩამოახია და კოჭი მაგრად შეიხვია. მერე კიდევ მოაფხრიწა რამდენიმე ნაჭერი ფეხებზე ისე შემოიჭირა, რომ მოკასინებად და წინდებად გამოსდიოდა. ცხელი წყალი შესვა, საათი მომართა და შალის საბანში გაეხვია. მკვდარივით ეძინა. შუაღამისას ხანმოკლე წყვდიადი ჩამოდგა და უცბად გაილია. ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მზე ამოცურდა, ან უკეთ დღემ იმ მხრიდან გამოჟონა, რადგან მზე ნაცრისფერი ღრუბლებით იყო დაბურული.       ექვს საათზე გამოეღვიძა. გულაღმა იწვა მშვიდად. შიმშილი იგრძნო. როცა ნიდაყვზე გადმოტრიალდა, ხმამაღლა ფრუტუნმა შეაკრთო - ირემი იყო, ელდანაცემი პირუტყვი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა. ირემი ოცდაათიოდე ფუტის მოშორებით თუ იქნებოდა მისგან და წამსვე ადამიანს ცეცხლზე აშიშხინებული ირმის ხორცი წარმოუდგა. უნებურად ცარიელ თოფს დასწვდა, დაუმიზნა და ჩახმახს გამოჰკრა. ირემმა დაიფრუტუნა, გახტა და სიპ ქვებზე ბაკუნით მოკურცხლა. კაცმა შეიგინა და ცარიელი თოფი გადააგდო. თან ხმამაღალი კვნესა აღმოხდა, წამოდგომა დააპირა, გაუჭირდა, ტანი არ აჰყვა, ძლივს აითრია. სახსრები ჩაჟანგულ ხიმინჯებს მიუგავდა. მყესები გახევებოდა. თითოეული მოხრა და მოღუნვა ნებისყოფის დიდ დაძაბვას მოითხოვდა. და ბოლოს, როცა, როგორც იქნა, ფეხზე წამოდგა, მთელი ერთი წუთი მათ გამართვას მოანდომა, რათა წესიერად დამდგარიყო. როგორც იქნა პატარა ბექობთან მიბობღდა და გარემოს თვალი მოავლო. არც ხე ჩანდა, არც ბუჩქი. ირგვლივ ნაცრისფერი ხავსის ზღვა იყო მხოლოდ, აქა-იქ მოჩანდა ნაცრისფერი სიპები, ნაცრისფერი ტბორები და ნაცრისფერი ნაკადულები. ცაც ნაცრისფერი იყო, მზე არ ანათებდა, მისი ნასახიც კი არსად ჩანდა ცაზე. ვეღარ გაეგო, საით იყო ჩრდილოეთი და ის გზაც დაავიწყდა, საიდანაც წუხელ მოვიდა. კარგად იცოდა, რომ დაკარგული მაინც არ იყო. მალე „პატარა ჯოხები მიწაზე“ გავიდოდა. გრძნობდა, რომ სადღაც მის ხელმარცხნივ უნდა ყოფილიყო ეს ადგილი. და არცთუ ისე შორს, იქნებ იმ მეორე პატარა ბორცვის იქითაც. უკან დაბრუნდა, ფუთა შეკრა სამგზავროდ. გულის დასაიმედებლად ასანთის ღერების სამივე შეკვრას ხელი მოუსვა, დათვლით ამჯერად აღარ გადაუთვლია. მაგრამ რაღაც აყოვნებდა, იდგა დაფიქრებული და ირმის ტყავის ტომსიკას მისჩერებოდა. ტომსიკა დიდი არ იყო. ხელებშიც დამალავდა. იცოდა, რომ თხუთმეტ გირვანქას იწონიდა - თითქმის იმდენივეს, რასაც დანარჩენი ტვირთი ერთად აღებული, და ეს აწუხებდა. ტომსიკა გვერდზე გადადო და ფუთა შეკრა. მერე ისევ ტომსიკას შეხედა. საჩქაროდ აიღო, ისე ფრთხილად მიმოიხედა, თითქოს მთელი უდაბნო ცდილობდა ტომსიკა როგორმე წაერთმია მისთვის. როცა ფეხზე წამოდგა, რომ ბარბაცით გადგომოდა გზას, ტომსიკა უკვე ზურგზე მოგდებულ ფუთაში ჰქონდა გამოკრული. მთელი სიმძიმე მარცხენა ფეხზე გადაიტანა. ხანდახან თუ შედგებოდა ჭაობის კენკრის მოსაკრეფად. კოჭი კიდევ უფრო სტკიოდა და მომეტებულად კოჭლობდა. მაგრამ ფეხის ტკივილი არაფერი იყო, კუჭი ისევ ეწვოდა. შიმშილი უფრო აწვალებდა, თანდათანობით ღრღნიდა. კაცმა მტკიცედ გადაწყვიტა, აუცილებლად მიეღწია „პატარა ჯოხების მიწამდე“. ჭაობის კენკრა შიმშილის ტკივილს ვერ უყუჩებდა, ენასა და სასას გამაღიზიანებლად ჩხვლეტდა და ტკენდა.       ერთ მინდორს მიადგა. კლდის თეთრი გნოლები ფრთების შხუილით წამოფრინდნენ სიპებიდან და კენკროვანიდან. „კრ-კრ... კრ“... ჟივჟივებდნენ ისინი. კაცმა ქვა ესროლა, მაგრამ ვერ მოახვედრა. ფუთა მიწაზე ჩამოიღო და ისე გაინაბა, როგორც კატამ იცის ხოლმე ტოროლას დანახვაზე. წვეტიანი ქვები შარვალს უხევდა და კანჭებს უკაწრავდა. მუხლებიდან სისხლი სდიოდა, მაგრამ ყველა ტკივილი შიმშილის სიმწარეში ერთიანად ქრებოდა. დაკრუნჩხული მიფოფხავდა სველ ხავსში, ტანისამოსი გაელუმპა და ტანი უბჟუოდა, მაგრამ ვერაფერს გრძნობდა, ისე შეეპყრო შიმშილის ციებ-ცხელებას. გნოლები ცხვირწინ უფრინდებოდნენ ფრთების შხუილით. მათი „კრ... კრ... კრა“ - მისთვის დაცინვად იქცა. ერთი შეუკურთხა გნოლებსა და გნოლივით დაიკრუილა. უცებ მძინარე გნოლს გადააწყდა, მაგრამ მანამდე ვერ შეამჩნია, სანამ ფრინველი არ შეფრთხიალდა და სახეში არ შეაფრინდა. კაცმა ხელი მოუქნია, სანამ ჩიტი აფრენას მოასწრებდა, მაგრამ სამი ფრთა შერჩა მხოლოდ ხელში. გნოლს თვალი გააყოლა და ისეთი სიძულვილი იგრძნო მისდამი, თითქოს დიდი ბოროტება ჩაედინოს ფრინველს. მერე გამობრუნდა და ფუთა მხარზე მოიგდო. მზე რომ გადავიდა, ჭანჭრობებს მიადგა. აქ მეტი ფრინველი იყო. კარიბუს ჯოგმა თოფის სასროლზე ჩაუარა. ოცი თუ ოცდაერთი ირემი იქნებოდა. ველურმა აღტყინებამ აიტანა, უკან დადევნებოდა. დარწმუნებული იყო, დაეწეოდა. წინ შავმა მელამ გადაურბინა, პირში გნოლი ჰქონდა გამოჩრილი. უყვირა კაცმა. შემზარავად დაუყვირა, მაგრამ მელა მხოლოდ გაფრთხა და გნოლი მაინც არ გააგდო პირიდან.       გვიან ნაშუადღევს ერთ ნაკადულს დაუყვა. წყალი კირისაგან რძესავით გამოთეთრებულიყო და მეჩხერი ლელიანიდან ავარდნილ ბალახში გარბოდა. ბალახს ძირში ხელი მოავლო, მოსწია და რაღაც ნორჩი ხახვის ყლორტის მსგავსი ამოიღო. ყლორტი სიდიდით სახურავის ლურსმანზე დიდი არ იქნებოდა. ნედლი იყო და კბილებში ისე ახრაშუნდა, თითქოს გემრიელი საჭმელი ყოფილიყოს. მაგრამ ბალახს ხეხეში ძარღვები ჰქონდა. ბოჭკოვანი ძაფები წყლით იყო გარბილებული, და არც სინოყივრე გააჩნდა. ფუთა განზე ისროლა, ბალახებში შეფორთხდა და მცოხნავი საქონელივით ბალახს ხრაშახრუში აუტეხა. გადაქანცული დასვენებას ნატრობდა - უნდოდა სადმე მიგდებულიყო და დაეძინა. წინ იმის სურვილი კი აღარ ეწეოდა, რომ „პატარა ჯოხების მიწაზე“ გასულიყო, უფრო - შიმშილი კლავდა. პატარა გუბეებს დაუყვა. ბაყაყებისა და ჭიაყელების ძებნაში მიწა ფრჩხილებით გადათხარა, თუმცა ისიც კარგად იცოდა, რომ ასე ჩრდილოეთით ვერც ბაყაყი გაძლებდა, ვერც ჭიაყელა.       ამაოდ იჩიჩქნებოდა ტბორებში, სანამ მიმწუხრზე ერთ უთვისტომო ჭიჭყინას არ გადააწყდა. მკლავი მხრამდე ჩაყო წყალში, მაგრამ თევზი მაინც გაექცა. მერე ორივე ხელი მოიშველია, ფსკერზე დალექილი კირი აამღვრია. აღელვებულმა ვეღარ მოზომა, თვითონაც შიგ ჩავარდა და წელამდე ამოილუმპა. წყალიც ისე გათეთრდა, რომ არაფრის დანახვა აღარ შეიძლებოდა და იძულებული გახდა ნალექის დაწდომას დალოდებოდა.       მერე ისევ დაიწყო ძებნა, სანამ ისევ არ აიმღვრა წყალი. მაგრამ ახლა დაწდომას ვეღარ დაუცადა. თუნუქის ციცხვი მოიხსნა და წყლის ამოხაპვას შეუდგა. გიჟივით იქნევდა ხელებს, თვითონაც იწუწებოდა და წყალს ისე ახლოს ასხამდა, რომ ისევ ტბორში ჩადიოდა. მერე უფრო ფრთხილად მოიქნია ხელი. შეეცადა დამშვიდებულიყო, თუმცა ყელში რაღაც ებჯინებოდა და ხელები უკანკალებდა. ნახევარ საათში ტბორი თითქმის დაცარიელდა. შიგ პეშვი წყალიც კი აღარ დარჩა. თევზი მაინც არ ჩანდა. უცბად ღორღებში ხვრელს მოჰკრა თვალი, ხვრელი მეორე უფრო მოზრდილ ტბორში გადიოდა, მის ამოხაპვას ერთი დღე-ღამე მოუნდებოდა. ცოდნოდა, ხვრელს თავიდანვე სიპით დაგმანავდა და თევზიც მისი იქნებოდა.       ასე გაიფიქრა და სველ მიწაზე ჩაჯდა. ჯერ ჩუმად ატირდა, მერე ხმამაღლა შებღავლა ულმობელ უდაბურებას, გარს რომ ერტყა ყოველი მხრიდან. ბოლოს კი გულამოსკვნილი დიდხანს უცრემლოდ ქვითინებდა და ტოტივით თრთოდა. ცეცხლი დაანთო და ცხელი წყლით გაითბო გულ-მუცელი. კლდის შვერილზე ისეთივე საწოლი მოიწყო, როგორიც წინა ღამით ჰქონდა. დაწოლის წინ ისევ შეამოწმა ასანთის ღერები და საათი მომართა. საბნები სველი იყო და ცივი. კოჭი ტკივილისაგან უფეთქავდა. მაგრამ შიმშილის მეტი არაფერი ახსოვდა, ძილში სულ ღრეობა და ნადიმები ესიზმრებოდა, გაშლილი სუფრები ავსებული იყო ხორაგეულით, რა გინდა სულო და გულო, იქ არ იყო. გათოშილს გამოეღვიძა, ავად იყო. მზე არ ჩანდა. ნაცრისფერი ცა და მიწა კიდევ უფრო განაცრისფერებულიყო. ნოტიო ქარი ქროდა და პირველმა თოვლმა მთის წვერები შევერცხლა. ირგვლივ ჰაერი შესქელდა და რძისფერი გახდა. კაცმა ცეცხლი დაანთო და უფრო მეტი წყალი აადუღა. სველი თოვლი მოდიოდა, თითქოს წვიმდა კიდეც, დიდი ფანტელები ცვიოდა. მიწას შეეხებოდნენ თუ არა, ლღვებოდნენ. მერე თოვლმა იმატა, მიწა გადაფარა, ცეცხლი გამოფშუკა და მშრალი ხახვის მარაგი დაასველა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ კაცს ფუთა ზურგზე უნდა მოეგდო და სადღაც წაბანცალებულიყო. უკვე აღარ ადარდებდა არც „პატარა ჯოხების მიწა“, არც ბილი და აღარც სამალავი გადმობრუნებულ კანოესთან მდინარე დიიზზე. მხოლოდ ერთჯერადი ზმნა აწუხებდა - „ჭამა“. შიმშილისაგან იყო გახელებული. აღარ დაეძებდა, საით მიდიოდა. გზამ ჭანჭრობის ფსკერზე მიიყვანა. გულმა უგრძნო, რომ ამ სველ თოვლქვეშ ჭაობის კენკრაც იქნებოდა. მიდიოდა და ბალახს ძირიანად თხრიდა. მაგრამ ბალახს აღარაფრის გემო აღარ ჰქონდა, ვერ აკმაყოფილებდა. მერე რაღაც სარეველა ნახა, მჟავე გემო ჰქონდა, რაც კი ნახა სულ შეჭამა, მაგრამ მაინც გულს აკლდა. მხვიარა მცენარე რამდენიმე დუიმის სისქე თოვლის ქვეშ ადვილი საპოვი არ იყო. იმ ღამეს ცეცხლი ვერ დაანთო. ვერც ცხელი წყალი დალია. საბანში გაეხვია და ჩაიძინა. შიმშილით გაწამებული შფოთავდა ძილში. თოვლი ცივ წვიმად იქცა. პირდაპირ სახეში სცემდა და ხშირ-ხშირად ეღვიძებოდა. გათენდა დღე, - უმზეო, ნაცრისფერი დღე. წვიმამ გადაიღო. ვეღარ გრძნობდა შიმშილის სიმწვავეს, მხოლოდღა კუჭი ეწვოდა, მაგრამ ეს არც ისე აწუხებდა. გონება უფრო დაეწმინდა და კვლავ დაიწყო ფიქრი „პატარა ჯოხების მიწასა“ და სამალავზე მდინარე დიიზთან.       ერთი საბნის ნარჩენი ნაჭრებად აქცია და დასისხლიანებული ფეხები შეიხვია. დაწყლულებული კოჭიც დაიამა და გასამგზავრებლად მზადებას შეუდგა. სანამ ფუთას მხარზე მოიგდებდა, ერთ ხანს კიდევ იყოყმანა, როცა ირმის ტყავის ტომსიკას თვალი მოჰკრა. მერე იმასაც დაავლო ხელი და თან წაიღო. წვიმაში თოვლი გალღვა. მხოლოდღა მთის მწვერვალები მოჩანდა თეთრად. მზე გამოვიდა, გზის გაგნება შეეძლო, თუმცა გრძნობდა, რომ ახლა მართლა დაკარგული იყო. რაკი დღემდე სულ მარცხნივ ეჭირა გეზი, ახლა მარჯვენა მხარე დაიჭირა, რათა სწორ გზაზე გასულიყო.       შიმშილი დაუცხრა, მაგრამ დაუძლურდა და დასუსტდა. ხშირად ჩერდებოდა, ჭაობის კენკრას აგროვებდა. ენა გაუსივდა, პირში სიმწარეს გრძნობდა. ყველაზე მეტად მაინც გული აწუხებდა. რამდენიმე ნაბიჯს გადაადგამდა და უკვე ბაგაბუგი გაჰქონდა, მერე შეიფრთხიალებდა და ისე აცახცახდებოდა, კაცს სული ეხუთებოდა, თავბრუ ესხმოდა, ცოტაც და უგრძნობლად დაეცემოდა.       შუადღე იქნებოდა, გუბეში ორი ჭიჭყინა დაინახა, წყლის ამოხაპვა არ შეეძლო, მაგრამ რაკი ახლა უფრო დამშვიდებული იყო, იმარჯვა და თევზები თუნუქის ციცხვით დაიჭირა. ნეკა თითს არცერთი არ აღემატებოდა, მაგრამ კაცს ისე აღარ შიოდა. კუჭის ტკივილი თანდათან მიუყუჩდა და გაუნელდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს კუჭი ბურანში გახვეულიყო და თვლემდა. თევზები უმად, ტკივილისმომგვრელი გულმოდგინებით დაღეჭა და შეჭამა, რადგან იგი ახლა გონების კარნახს უგდებდა ყურს. ჭამის სურვილიც არა ჰქონდა, მაგრამ იცოდა, არსებობისთვის უნდა ეჭამა. შებინდებულზე კიდევ სამი ჭიჭყინა დაიჭირა, ორი შეჭამა, მესამე კი საუზმისათვის შეინახა. მზემ ხავსი გამოაშრო, კაცმა ცხელი წყალი აიდუღა და გათბა. იმ დღეს ათ მილზე მეტი ვერ გაიარა, ხოლო მეორე დღეს, როგორც გულმა მისცა ნება, ხუთიოდე მილი გაიარა მხოლოდ. კუჭი ოდნავადაც არ აწუხებდა. კუჭს ღრმად ჩასძინებოდა. თითქოს უცნაურ მხარეში მოხვდა კაცი. სულ უფრო და უფრო ხშირად ხედავდა ირმებს, მგლებს. მათი ყმუილი შორიდან მოესმოდა და ერთხელ ზედ ბილიკზე გადაურბინა სამმა მგელმა. ერთი ღამეც გაითენა. დილით უფრო საღად ადგა, ტყავის თასმით გაკრულ მრგვალ ტომსიკას თავი მოხსნა, იქიდან ოქროს ზოდებისა და ქვიშის ყვითელი ნაკადი გადმოიღვარა. კაცმა ოქრო ორად გაანაწილა, ერთი ნახევარი კლდის კიდეზე შემოსდო, მეორე საბნის ნაჭერში გაახვია და ტომსიკაში ჩააბრუნა. თოფი მაინც არ გააგდო ხელიდან; მდინარე დიიზზე სამალავში ვაზნები ეგულებოდა.       ბურუსიანი დღე იყო. შიმშილმა ისევ შეახსენა თავი. სისუსტისაგან თავბრუ ესხმოდა. ჟამიჟამ თვალთ დაუბნელდებოდა, დაბარბაცდებოდა და დაეცემოდა ძირს. ერთხელ ზედ გნოლის ბუდეს გადაემხო. შიგ ოთხი ახლად გამოჩეკილი ბარტყი იყო - ერთი დღის სიცოცხლის მფეთქავი ნაჭრები. თითო-თითო ლუკმის ოდენა თუ იქნებოდა. მგელივით ეცა, პირში ცოცხლად ჩაიტენა და კვერცხის ნაჭუჭივით ააკნატუნა. გააფთრებული დედა გნოლი ფრთებს სახეში სცემდა, კაცმა თოფი ხელკეტივით მოიქნია, ჩიტი მაინც დაუძვრა, მერე ქვებს წამოავლო ხელი, ესროლა და ფრთა მოტეხა. ჩიტი მიფრთხიალებდა და მოტეხილ ფრთას მიითრევდა. უკან კაცი მისდევდა. პატარა ბარტყებმა მადა გაუღვიძა მხოლოდ. კაცი კოჭლობით მიხტოდა, დროდადრო დიდის წამებით ჩაიმუხლებდა, ქვებს ესროდა და ხრინწიანი ხმით ჰკიოდა, დაეცემოდა, დაუზოგავად, ჯიუტად აითრევდა ტანს, თვალებს იფშვნეტდა, რომ გამოფხიზლებულიყო და თავბრუ არ დასხმოდა. ამ დევნა-დევნაში ველის ბოლოს ჭანჭრობიან მღვიმეში ამოჰყო თავი. გაბიჟვინებულ ხავსზე ნაფეხურებს მოჰკრა თვალი. მისი რომ არ იყო, მიხვდა. ბილისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ შეჩერებულა, დედა გნოლი ხომ ისევ გარბოდა. ჯერ ჩიტს დაიჭერს, მერე დაბრუნდება და ნაფეხურებსაც შეამოწმებს.       კაცმა დედა გნოლი მოქანცა, მაგრამ თვითონაც დაიღალა. ჩიტი გვერდზე ეგდო და ძლივს ფეთქავდა. თავად თორმეტიოდე ფუტის მოშორებით იწვა და ქოშინობდა, ძალა აღარ ჰქონდა გნოლთან მიფორთხებულიყო. როცა ღონე მოიკრიბა, ჩიტიც მოსულიერდა და ფარფატით გაფრთხიალდა. ისევ განახლდა დევნა. მალე ჩამოღამდა კიდეც და ჩიტმა თავს უშველა. კაცმა სისუსტისაგან ბანდალი დაიწყო, პირქვე დაეცა და ლოყა გაიჭრა. დიდხანს არ განძრეულა. ფუთა ზურგზე ეკიდა, მეორე გვერდზე გადაბრუნდა, საათი მომართა და დილამდე იქვე დარჩა.       მეორე დღეც ბურუსიანი იყო. საბნის ნახევარი ფეხსახვევებს მოუნდა. ბილის კვალს ვეღარ მიაგნო. მაინცდამაინც არაფრად ჩაუგდია. შიმშილი მომეტებულად აწუხებდა. ვაითუ ბილიც დაიკარგაო, ფიქრობდა. შუადღემდე გაუძლო, მერე კი ფუთის სიმძიმე აუტანელი გახდა. ისევ გაჰყო ოქრო, თითქმის ნახევარი მიწაზე მოაბნია. ნაშუაღამევს კი დარჩენილი ოქროც განზე მოისროლა. ხელში მხოლოდ ნახევარი საბანი, თუნუქის ციცხვი და თოფიღა დარჩა. ჰალუცინაციები აეკვიატა და წვალება დაუწყო. მოეჩვენა, რომ ერთი ვაზნა ჰქონდა სავაზნეში. არადა ისიც კარგად იცოდა, რომ სავაზნე დიდი ხანია ცარიელი იყო. მაგრამ ჰალუცინაცია არ ასვენებდა. რამდენიმე საათი ებრძოდა ცდუნებას. მერე თოფის საკეტი გადმოსწია, ცარიელი დახვდა, ისე ემწარა იმედის გაცრუება, თითქოსდა მართლა ელოდა შიგ ვაზნას. ნახევარი საათი მშვიდად მილასლასებდა, მერე ისევ აეკვიატა ჰალუცინაცია, კაცი ისევ შეებრძოლა და ჰალუცინაციაც ისევ გაჯიუტდა, სანამ კვლავ არ გახსნა კაცმა თოფი, მხოლოდ იმიტომ, რომ შვება ეგრძნო. ხანდახან გონება ერეოდა და სადღაც შორეთში ეხეტებოდა. თვითონ კი უაზროდ მიაბიჯებდა და უცნაური ფიქრები და წარმოდგენები ჭიასავით უღრღნიდა ტვინს. მაგრამ ისევ მალე მოეგებოდა ხოლმე გონს, შიმშილის ტკივილები ისევ და ისევ უბრუნებდა სინამდვილეს. ერთმა გარემოებამ ისე გამოაფხიზლა, რომ გული კინაღამ შეუღონდა. მთვრალივით შეირხა და დაბარბაცდა, თავი ძლივს შეიკავა. მის წინ ცხენი იდგა. თვალებს არ უჯერებდა. სინათლის შხეფებით დაწინწკლული სქელი ბინდი ჩამოაწვა, თვალები უმალ მოიფშვნიტა, რომ ნათლად დაენახა, ცხენი კი არა და დიდი მურა დათვი დალანდა. მხეცი მტრული ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა.       კაცმა ანგარიშმიუცემლად ასწია თოფი, მერე დაბლა დაუშვა და წელზე შემორტყმული ქარქაშიდან სანადირო დანა დააძრო. მის წინ ხორცი და სიცოცხლე იდგა. დანის პირს ცერი გადაუსვა - ბასრი იყო და წვერიც წამახული ჰქონდა. ზედ გადააწვება დათვს და მოკლავს. მაგრამ გულმა გამაფრთხილებელი ბაგაბუგი დაუწყო. მერე აუფართხალდა და ლამის საგულედან ამოვარდა. თითქოს შუბლზე რკინის სალტე შემოაჭდესო - თავბრუ დაეხვა. განწირულის გამბედაობა შიშის ტალღამ განდევნა. ვაითუ თვითონ დათვმა შეუტიოს დაძაბუნებულ მეტოქეს? კაცი დაიძაბა და რიხიანად შეიმართა, დანა ჩაბღუჯა და მხეცს შეაშტერდა. დათვმა ორიოდე ნაბიჯზე გადმოაბოტა, უკანა თათებზე შეტორტმანდა და ჭაშნიკად ღრიალი ამოუშვა. კაცი თუ გაქცევას იკადრებდა, მაშინ, რა თქმა უნდა, უკან გამოუდგებოდა, მაგრამ კაცი არ განძრეულა, დიდმა შიშმა აღაგზნო, შემაძრწუნებლად დაიბღავლა. მის ხმაშიც ის შიში ერია, სიცოცხლეს რომ ყოველთვის თან ახლავს და მის უკიდურეს ფესვებშია განკვართული.       დათვი ცალ ტორზე გადაიხარა, მუქარით დაიბუხუნა, თუმცა, ცოტა არ იყოს, შეაშინა კიდეც ამ უცნაურმა არსებამ, მოულოდნელად რომ გამოეცხადა და მის წინ უტეხად დადგა. მაგრამ კაცი ადგილიდან არ იძვროდა. ქანდაკივით იდგა, სანამ საფრთხემ არ ჩაიარა. მერე გონს მოეგო, აკანკალდა და გაბიჟვინებულ ხავსზე დაეშვა. ბოლოს ძალა მოიკრიბა და გზა განაგრძო. ახალ ხიფათს ელოდა. ეს არ იყო შიმშილით სიკვდილი. ეს იყო ძრწოლვა, რომ რაღაც მასზე ძლიერი მანამდე შემუსრავდა, ვიდრე შიმშილი ძალისა და ღონის ამ უკანასკნელ ნაპერწკალს ჩაუქრობდა, რითაც კაცი თავის სიცოცხლის გახანგძლივებას ცდილობდა. მგელიც მრავალი იყო. ამ უდაბნოში მათი ყმუილი ყოველი მხრიდან მოისმოდა. გარემომცველი ჰაერი ერთიანად აევსო ამ თავზარდამცემ ყმუილს. ეს საშინელება რომ უკუეგდო, კაცმა უნებურად ისე აღმართა ხელები, თითქოს ქარით გაბერილ კარვის კალთებს იცილებს თავიდანო. ჟამიდან ჟამ ორი, ხანაც სამი მგელი ბილიკზე გადაურბენდა, მაგრამ პირისპირ შეხვედრას მაინც ერიდებოდა. მაინცდამაინც ბევრნი არ იყვნენ, და გარდა ამისა, ისინი უფრო მეტად ირემს ეტანებოდნენ, ირმებს ბრძოლა არ შეეძლოთ, ხოლო ამ უცნაურ ორფეხა არსებას ალბათ დაკაწვრაც შეეძლო მათი და კბენაც.       გვიან ნაშუადღევს მიმოფანტულ ძვლებს წააწყდა. მგლების მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. ირმის ბიჟიკი იყო, ვინ იცის, ერთი საათის წინ სიცოცხლით გალაღებული დარბოდა და დაკუნტრუშობდა, კაცი ძვლებმა დააფიქრა, დაღრღნილმა და გალოკილმა ძვლებმა. ჯერ კიდევ სიცოცხლე შერჩენილი უჯრედებისგან ვარდისფერი რომ დაჰკრავდა. ხომ შეიძლება თვითონაც ძვლებად იქცეს დაღამებამდე. ეჰ, ასეთია სიცოცხლე! ამაო და წარმავალი. მხოლოდ სიცოცხლემ იცის ტკივილები. სიკვდილმა წუხილი არ იცის, სიკვდილი დაძინებას ჰგავს. დაიძინებს და დაისვენებს. მაშ, რატომ არ უნდა სიკვდილი? მაგრამ დიდხანს აღარ უფიქრია. ხავსში ჩაცუცქდა, ძვალი პირში ჩაიდო და იმ ადგილებს დაუწყო წუწნა, სადაც ვარდისფერი დაჰკრავდა. ხორცის სასიამოვნო გემომ, მოგონებასავით სუსტმა და მქრალმა, გაახელა. ძვალს კბილი დააჭირა და ჩაკვნიტა. ხან ძვალი ტყდებოდა, ხან მისი კბილი. მერე ძვალი ქვებით დაამტვრია, დანაყა და პირში ჩაიყარა. სიჩქარეში თითებიც ზედ მიანაყა, თან უკვირდა, რომ თითები მაინცდამაინც არცა სტკიოდა, როცა ქვა ხვდებოდა. საშინელი თოვლიანი და წვიმიანი დღეები დადგა, აღარ იცოდა, როდის წვებოდა ან როდის დგებოდა. მიდიოდა და მიდიოდა, დღე და ღამე გაერთიანებული ჰქონდა. სადაც დაეცემოდა, იქვე ისვენებდა, და მიფორთხავდა, როცა მიბჟუტულ სიცოცხლეს ცეცხლი მიემატებოდა და უკვამლოდ დაიწყებდა კიაფს. როდიღა იბრძოდა ცოცხალი ადამიანივით. თავად სიცოცხლე ეწეოდა წინ, სიცოცხლეს არ სურდა დანებებოდა სიკვდილს. აღარ იტანჯებოდა, ნერვები მოუდუნდა და დაუჩლუნგდა, გონება კი უცნაური ჩვენებითა და საუცხოო წარმოსახვებით აევსო. გზადაგზა ირმის ბიჟიკის დამტვრეულ ძვლებს წუწნიდა და ხრავდა, ერთი პატარა ნატეხიც არ დაუტოვებია მაშინ, ერთიანად შეაგროვა და თან წამოიღო. მას შემდეგ არც მთებზე ასულა, არც უღელტეხილები გადაულახავს - შეუცნობლად მიჰყვებოდა ერთ განიერ დინებას, რომელიც ვრცელ დაბლობზე მიემართებოდა. მოჩვენებათა მეტს ვერაფერს ხედავდა ირგვლივ. სული და სხეული მხარდამხარ მიაბიჯებდა ან მიფორთხავდა და მაინც ცალ-ცალკე იყვნენ, ისეთი წვრილი იყო ის ძაფი, რომელიც მათ აერთებდა. კლდის შვერილზე პირაღმა მწოლს საღ გონებაზე გამოეღვიძა. თბილი და კაშკაშა მზე ანათებდა. შორიდან ირმის ბიჟიკების ბღავილი მოისმა. ბუნდოვნად მოაგონდა წვიმა და თოვლი, ის კი აღარ იცოდა, რამდენ ხანს იწვალა ამ ავდარში - ორი დღე თუ ორი კვირა.       ერთ ხანს უძრავად იყო. კეთილი ცხოველმყოფელი მზე მის საცოდავ სხეულს თბილად ელამუნებოდა. კარგი დღეა, - გაიფიქრა მან. იქნებ შესძლოს და წამოჯდეს. წვალებით გადაბრუნდა გვერდზე. დაბლა განიერი ატალახებული მდინარე მიედინებოდა. ეუცხოვა და გაუკვირდა. ნელა გააყოლა თვალი. ფართო ჭორომებიანი მდინარე ცივ და შიშველ მთებში მიიკლაკნებოდა. მთები იქით და იქით კიდევ უფრო ცივდებოდნენ, შიშვლდებოდნენ და თანდათან დაბლდებოდნენ. მანამდე ასეთი არაფერი ენახა. დინჯად, აუღელვებლად, უფრო კი უინტერესოდ გაჰყურებდა იგი ცასთან შეერთებულ ამ უცნაურ დინებას და ხედავდა, როგორ იცლებოდა იგი მოელვარე ზღვაში.       ვერც ამან ააღელვა. „არაჩვეულებრივი მოჩვენებაა თუ მირაჟია, - გაიფიქრა მან, - უფრო მოჩვენება უნდა იყოს, ჩემი აფორიაქებული სულის ხილვაა“. ამის დასტურად მან ღუზაჩაგდებული გემიც შენიშნა მოელვარე ზღვაში. წამით თვალები მოხუჭა და გაახილა. რა უცნაურია, რომ ხილვა არ წაიშალა! ან კი რა იყო უცნაური, კარგად იცოდა, რომ ამ დაბერწებული მიწის გულში არც ზღვები იყო, არც გემები, როგორც არც ერთი ვაზნა არ იყო მის ცარიელ თოფში. უკან ქსუტუნი შემოესმა, - გაგუდული ოხვრა იყო თუ ხველება, ვერ გაიგო. ძალიან ნელა, რამდენადაც დასუსტებული და გამოფიტული სხეული ამის უფლებას აძლევდა, მეორე მხარზე გადაბრუნდა. ვერაფერი დაინახა, მოთმინებით დაელოდა. ისევ ქსუტუნი და ხველა გაისმა და ოციოდე ფუტის მოშორებით დაკბილულ კლდეებს შუა რუხი მგლის თავი გაარჩია. ყურები ისე არ ჰქონდა აცქვეტილი, როგორც სხვა მგლებზე უნახავს. თვალები ამღვრეოდა და ჩასისხლიანებოდა. თავი საწყლად ჩამოეგდო. მხეცი მზის სინათლეს თვალს ვერ უსწორებდა. ჩანდა, სნეული იყო. წამდაუწუმ ქსუტუნებდა და ახველებდა. „ეს მაინც არის სინამდვილე“, - გაიფიქრა მან და გვერდზე გადაბრუნდა, ისე, რომ ბოლოს მაინც იხილა ნამდვილი სამყარო, რომელსაც აქამდე მოჩვენებების ფარდა ჰფარავდა. მაგრამ შორს ისევ ელვარებდა ზღვა. და გემიც მკაფიოდ მოჩანდა. ნუთუ ესეც სინამდვილეა? თვალები ისევ მოხუჭა და დაფიქრდა, მერე მიხვდა: ჩრდილო-აღმოსავლეთით წამოსულა, დიიზის ხეობას დაშორებია და კოპერმაინის ველზე მოხვედრილა. ეს განიერი და ატალახებული მდინარე თვითონ კოპერმანი იყო. ხოლო ის მოელვარე ზღვა - არქტიკის ოკეანე. ეს გემი ვეშაპმჭერი იქნებოდა, შორს აღმოსავლეთიდან მაკენზის უბით წამოსვლა და კორონციის ყურეში ჩაუგდია ღუზა. ჰუძონის ყურის კომპანიის რუკაც გაახსენდა, დიდი ხნის წინათ რომ ენახა, და ყველაფერი ცხადი და გასაგები გახდა მისთვის.       იგი წამოჯდა. ყურადღება თავის საქმეებზე გადაიტანა. საბნის ნახევები მთლიანად შემოძარცვოდა. ფეხები ატყავებული ხორცის უფორმო ნაჭრებს მიუგავდა. საბნის უკანასკნელი ნაგლეჯიც გამქრალიყო. აღარც დანა და თოფი შერჩენოდა. ქუდიც სადღაც დაჰკარგოდა ასანთის ღერებიანად, მაგრამ ხალათის გულთან გამონასკვული, გასანთლულ ქაღალდში შეხვეული ღერები ისევ მშრალი იყო. საათს დახედა. თერთმეტს უჩვენებდა და ისევ მუშაობდა. ცხადი იყო, მომართვა არ ავიწყდებოდა.       თავს მშვიდად გრძნობდა და საღ გონებაზე იყო. თუმცა ძალიან იყო დასუსტებული, ტკივილები მაინც არ აწუხებდა, არც შიოდა. საჭმლის გახსენებაც კი არ სიამოვნებდა, და მხოლოდ გონების კარნახს მიჰყვებოდა. შარვლის ტოტები მუხლებამდე ჩამოხია და ფეხები შეიხვია. რაღაც ძალით თუნუქის ციცხვი შემორჩენოდა. ცოტაოდენი ცხელი წყალი უნდა დაელია, სანამ გემისაკენ თავის საშინელ გზას შეუდგებოდა.       ნელა მოძრაობდა. დამბლადაცემულივით ცახცახებდა. როცა მშრალი ხავსის მოსაგროვებლად დაიხარა, მიხვდა რომ ფეხზე დადგომა არ შეეძლო. ისევ დაიძაბა და მუხლებზე გაფორთხდა. ერთხელ ავადმყოფ მგელთანაც კი მიბობღდა. მხეცი უხალისოდ ჩამოეცალა გზიდან და დრუნჩი გაშეშებული ენით გაილოკა. ადამიანმა შენიშნა პირუტყვის უჩვეულო ავადმყოფური ენა. მოყვითალო-ყავისფერი დაჰკრავდა და სქელი მშრალი ლორწოთი იყო გაგლესილი. ცხელი წყალი რომ დალია, ადამიანმა ფეხზე დადგომაც შეძლო, მომაკვდავი კაცივით ნაბიჯებიც გადადგა. იძულებული იყო ყოველ წუთში დაესვენა. მოკვეთილ ფეხებს გაუბედავად ადგამდა. მგელიც ასეთივე ნაბიჯებით მისდევდა კვალდაკვალ. და იმ დღეს, როცა მოელვარე ზღვა მრუმეში დაინთქა, ადამიანმა იგრძნო, რომ ნაპირს მხოლოდ ოთხიოდე მილით მიუახლოვდა. ღამეში ავადმყოფი მგლის ხველება მოესმოდა, ჟამიჟამ ირმის ბიჟიკები ბღაოდნენ. ირგვლივ სიცოცხლე ჰყვაოდა. მაგრამ ეს მძლავრი სიცოცხლე იყო, მჩქეფარე, ხალისიანი და საღი, და კარგად იცოდა, ავადმყოფი მგელი მის კვალს იმ იმედით არ მოშორდებოდა, რომ ადამიანი პირველი უნდა მომკვდარიყო. დილით, თვალი გაახილა თუ არა, მგელს მოჰკრა თვალი, ნაღვლიანი და მშიერი თვალებით შესცქეროდა. საცოდავს ნაცემი ძაღლივით ამოეჩარა კუდი ფეხებში. დილის ცივ ნიავს აეტანა და ცახცახებდა. მგელმა უხალისოდ დაკრიჭა კბილები, როცა ხმაჩახლეჩილი ადამიანი ჩურჩულით გამოელაპარაკა.       მზე ამობრწყინდა. ადამიანი მთელი დილა მიბარბაცებდა გემისაკენ. დიდებული ამინდი იყო. ნაგვიანევი ზაფხული იდგა. მაგრამ ერთ კვირას თუ გასტანდა. შეიძლებოდა ხვალვე ან ზეგ შეცვლილიყო ამინდი.       ნაშუადღევს ადამიანის ნაფეხურებს წააწყდა. კაცისა უნდა ყოფილიყო, ეტყობოდა, მასავით ოთხზე მიფოფხავდა ისიც. ბილის კვალი თუაო, - გაიფიქრა კაცმა. მაგრამ ფიქრი მხოლოდ გულგრილად, სხვათა შორის გაივლო გულში. მისთვის ახლა სულ ერთი იყო ყველაფერი. აღარაფერს გრძნობდა და აღარაფერი აღელვებდა. აღარც ტკივილები აწუხებდა, კუჭსა და ნერვებს ღრმად ჩასძინებოდათ. ხოლო სიცოცხლე ეწეოდა წინ. ქანცგაცლილი იყო, მაგრამ სიცოცხლეს სიკვდილი არ სურდა. სწორედ ამიტომ ჭამდა კიდეც ჭაობის კენკრასა და ჭიჭყინას, სვამდა ცხელ წყალს და მოუშორებლად ეჭირა თვალი სნეულ მგელზე. მერე იმ მფორთხავი კაცის კვალს გაჰყვა და მალე გზის დასასრულს მიადგა. ატალახებულ ხავსზე მიმოფანტული იყო ახლად გამოხრული ძვლები, ირგვლივ უამრავი მგლის ნაფეხური აჩნდა ხავსს. გამობერილ, ირმის ტყავიდან გამოკერილი ტომსიკას მოჰკრა თვალი, სწორედ ისეთს, როგორიც მას ჰქონდა. ტომსიკა ბასრ კბილებს დაეგლიჯა. კაცმა ხელში აიღო ტომსიკა, თუმცა ასეთი ტვირთის აწევა უჭირდათ მის დასუსტებულ თითებს. ბილს ბოლომდე უტარებია იგი. ჰა-ჰა! - დასცინა ბილს, იგი თან წაიღებს ამ ტომსიკას, მოელვარე ზღვაში გემთან მიიტანს. მისი სიცილი ყვავის ჩხავილივით უხამსი და შემაძრწუნებელი იყო. სნეული მგელი აჰყვა და საწყალობლად შეჰყმუვლა. კაცი უცბად გამოერკვა. რატომ დასცინის ბილს? თუკი ეს მართლა ბილი იყო. თუკი ეს მოვარდისფრო თეთრი, კრიალა ძვლები მართლაც ბილის ძვლები იყო?       იქაურობას გასცილდა. ჰმ, ბილმა მიატოვა იგი. არა, არც მის ოქროს წაიღებს და არც ბილის ძვლებს დაუწყებს წუწნას. თვითონ ბილი კი ალბათ ასე მოიქცეოდა, პირიქით რომ ყოფილიყო. ფიქრობდა კაცი და მიბანცალებდა.       გუბურას მიადგა. როცა ჭიჭყინას მოსაძებნად დაიხარა, თავი უკან გადააგდო, თითქოს რაღაცამ უკბინაო. წყალში არეკლილ სახეს მოჰკრა თვალი. ეს ისეთი საშინელება იყო, რომ ამდენი ხნის დაყრუებული გრძნობებიც კი აუშალა. სამი ჭიჭყინა დაცურავდა გუბურაში. წყალი ბევრი იყო, ამოხაპვას ვერ შეძლებდა. ერთ ხანს ცდილობდა თუნუქის ციცხვით დაეჭირა თევზები, მერე კი თავი მიანება. შეეშინდა ქანცგაცლილი შიგ არ ჩავარდნილიყო და არ დამხრჩვალიყო. სწორედ ამიტომ ვერც მდინარეში შესვლა გაბედა, რომ მორს მოსჭიდებოდა და წყალს დაჰყოლოდა, მორები კი ბლომად იყო მდინარის ქვიშოვან თავთხელებში.       იმ დღეს გემამდე მანძილი სამი მილით შემცირდა, მეორე დღეს მხოლოდ ორი მილით, რადგან ისიც ბილივით ფორთხვაზე გადავიდა. მეხუთე დღის ბოლოს შვიდიოდე მილიღა დარჩა, მაგრამ უკვე ერთი მილის გავლაც აღარ შეეძლო დღეში. ბებრის ყვავილობა კიდევ გრძელდებოდა და ისიც მიფორთხავდა. სნეული მგელიც მის კვალში იდგა და ქსუტუნებდა. ადამიანს მუხლისთავები ტერფებივით გადაუტყავდა და თუმცა მათ ხალათზე მოხეული ნაჭრებით იხვევდა, ქვებსა და ხავსზე მაინც წითელ კვალს სტოვებდა. უკან მოიხედა, მგელი ხარბად ლოკავდა მის სისხლიან კვალს, და ცხადლივ წარმოიდგინა საკუთარი აღსასრული, თუკი მგელს თავიდან ვერ მოიცილებდა. და დაიწყო არსებობისათვის ბრძოლის ჯერ არნახული საშინელი ტრაგედია, სნეული მფორთხავი ადამიანი და სნეული კოჭლი მგელი: ორი არსება მიათრევს მომაკვდავ სხეულს უდაბურებაში და ერთიმეორის სიცოცხლეზე ნადირობს.       მგელი რომ ჩვეულებრივი ჯანსაღი მგელი ყოფილიყო, ადამიანს აქამდეც არ აცლიდა. ხოლო ადამიანს ზიზღს გვრიდა იმის წარმოდგენა, რომ ამ თითქმის ამძორებული პირუტყვის ლუკმად იქცეოდა. ისევ აემღვრა კაცს გონება, ჰალუცინაციები აეჭრა, ხოლო გონება უფრო იშვიათად ეწმინდებოდა და უფრო ხანმოკლე იყო ასეთი წუთები.       გულწასული ერთხელ ზედ ყურთან ქსუტუნმა გამოარკვია. მგელმა კოჭლობით დაიხია უკან, ფეხი აერია და სისუსტისგან დაეცა. სასაცილო იყო, მაგრამ კაცს სიცილის თავი აღარ ჰქონდა. არც შეშინებია. შიშიც სადღაც შორს დარჩა. მაგრამ გონება წამით გაუნათდა, ზურგზე გადაწვა და ჩაფიქრდა, გემი უკვე ოთხი მილით იყო დაშორებული მისგან. მკაფიოდ ხედავდა მას, როცა დაბინდულ თვალებს მოიფშვნიტავდა. ელვარე ზღვაზე მომავალ თეთრ იალქნიან პატარა ნავსაც ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ იმ ოთხი მილის გავლა აღარ შეეძლო. და მაინც სიცოცხლე სწყუროდა. უაზრობა იყო ამდენი ტანჯვის მერე სიკვდილი. ბედი მეტისმეტად ბევრს მოითხოვდა მისგან. და მომაკვდავმა სიკვდილი არ ინდომა. იქნებ ეს სიგიჟეც იყო, მაგრამ სიკვდილის კლანჭებში ჩავარდნილი მაინც არ დაემორჩილა სიკვდილს და სიკვდილზე უარი განაცხადა. თვალები დახუჭა და უსაზღვროდ ფრთხილად მოიკრიბა ძალა. დაიძაბა, რომ ეს გამგუდავი მოქანცულობა დაეძლია, რომელიც მოვარდნილი წყალივით მისი არსების ყველა ჯურღმულში შეტბორებულიყო. სწორედ ზღვას გავდა ეს მომაკვდინებელი მოქანცულობა, რომელიც ისევ და ისევ იზრდებოდა ყოველ ნაბიჯზე და ახრჩობდა მის ცნობიერებას. ზოგჯერ კაცი დაჰყვებოდა ამ დინებას, და მის აზავთებულ ზვირთებში დაცურავდა. და მაინც სულის უცნაური ალქიმიის წყალობით ისევ პოულობდა ნებისყოფის ნაგლეჯს და ფეხებს უფრო მძლავრად ადგამდა.       გულაღმა იწვა უძრავად და ესმოდა, როგორ უახლოვდებოდა ნელი-ნელ ავადმყოფი მგლის შეგუბებული სუნთქვა. აი, კიდევ უფრო მოახლოვდა, კიდევ უფრო, დრო უსასრულოდ გაიჭიმა. ლოყაზე გამხმარი ენა ხოროში ქაღალდივით გაეხახუნა. ადამიანმა უმალ გამართა მკლავები, ყოველ შემთხვევაში უნდოდა გაემართა მკლავები, - თითები ბრჭყალებივით შეიკრა, მაგრამ შიგ მხოლოდ ჰაერი შერჩა. სისწრაფესა და შემართებას ძალა ესაჭიროებოდა, ადამიანს კი ძალა არ გააჩნდა. საშინელი იყო მგლის მოთმინება. არც ადამიანის მოთმინება იყო ნაკლებად საშიში. ნახევარი დღე უძრავად იწვა. არეულ გონებას ებრძოდა. ელოდა იმას, ვისაც უნდა შეეჭამა. და ვისი შეჭმაც თავად სურდა. ზოგჯერ ის გაბლანტებული ზღვა გადაეფარებოდა თვალებზე და კაცი მაშინ ზმანებებში იძირებოდა. მაგრამ ყოველ წამს სიზმრებში იყო, თუ ფხიზლობდა, იმ უჩვეულო სუნთქვასა და იმ ენის საშინელ მოალერსებას ელოდა.       სუნთქვა აღარ გაუგონია. ზმანებიდან მაშინ გამოერკვია, როცა ენა უკვე ხელზე გაეხახუნა, ადამიანი გაინაბა ეშვები ჯერ ნაზად შეეხო, მერე თანდათან მოუჭირა, მგელი უკანასკნელ ძალებს იმეტებდა, რომ კბილები იმ ნადავლში ჩაესო, რასაც ამდენი ხანია უცდიდა. მაგრამ ადამიანიც დიდხანს ელოდა მას და დაწყლულებული ხელი ყბაზე მოეჭდო მგელს. ნელი-ნელ დაიძაბა, მეორე ხელიც გამოცურდა ჩასაბღუჯად. ხუთი წუთის შემდეგ ადამიანის მთელი სხეული გადააწვა მგელს. ხელებს არ ყოფნიდათ ძალა დაეხრჩოთ მგელი, ადამიანის სახე მიეკრა მგლის კისერს, პირი ბალნით აევსო. ნახევარი საათის შემდეგ კაცს თბილი ნაკადი ჩაეღვარა. ემწარა, თითქოს კუჭში გამდნარი ტყვია ჩაასხესო. ნებისყოფის დიდი დაძაბვა დასჭირდა, მერე ადამიანი გადმობრუნდა და ჩაეძინა.       ვეშაპმჭერ „ბედფორდზე“ მეცნიერული ექსპედიციის სულ რამდენიმე წევრი იყო. გემბანიდან ნაპირზე რაღაც უცნაურ საგანს მოჰკრეს თვალი, წყლისკენ მოღოღავდა; ვერ გაარკვიეს, რა იყო. როგორც მეცნიერებს შეჰფერით, ჩასხდნენ ნავში და ნაპირისაკენ გამოსწიეს. ცოცხალი არსება ნახეს, მაგრამ ძნელად იტყოდით, ადამიანიაო. დაბრმავებულს გონება დაეკარგა. ქვიშაზე ვეებერთელა ჭიაყელასავით იგრიხებოდა. მეტწილად მისი ცდა ამაო იყო, წვალობდა, იკრუნჩხებოდა, საათში ოციოდე ნაბიჯს თუ გადიოდა.       სამი კვირის შემდეგ ადამიანი ვეშაპმჭერ „ბედფორდის“ საწოლზე იწვა და ცრემლების ფრქვევით ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლუღლუღებდა, ვინ იყო და რა გადახდა. ყვებოდა დედაზე, მზიან სამხრეთ კალიფორნიაზე და ფორთოხლებისა და ყვავილების ჭალაში ჩადგმულ სახლსაც ახსენებდა.       ბევრ დროს არ გაუვლია, რომ მეცნიერებთან და გემის ოფიცრებთან ერთად ისიც სუფრას მიუჯდა. არაჩვეულებრივად ბევრს ჭამდა, აღგზნებულ თვალებს არ აშორებდა იმ საჭმელს, რომელსაც სხვები შეექცეოდნენ. ყოველი ლუკმის გაქრობაზე თვალებში ღრმა სინანული ეხატებოდა. საღ გონებაზე იყო და მაინც სძულდა ეს ადამიანები ჭამის დროს. სულ იმის შიში ჰქონდა, რომ საკვები არ ეყოფოდათ. მზარეულს, გემის ბიჭსა და კაპიტანს წამდაუწუმ საკვების მარაგზე ეკითხებოდა. მრავალჯერ დაარწმუნეს და დაამშვიდეს, მაინც არ იჯერებდა. საკუჭნაოში შეიპარებოდა ხოლმე, რომ მარაგი საკუთარი თვალით ენახა. ისიც შენიშნეს, რომ კაცი სუქდებოდა, ყოველდღე სუქდებოდა. მეცნიერები თავს აქნევდნენ და ათასგვარ თეორიებს აყენებდნენ. საჭმელს ნორმით აძლევდნენ, მაგრამ მუცელი კაცს საოცრად ეზრდებოდა და ხალათი ებერებოდა.       მეზღვაურები იღრიჭებოდნენ. იცოდნენ, რაც იყო მიზეზი და როცა მეცნიერებმაც თვალთვალი დაუწყეს - ისინიც მიხვდენ; საუზმის შემდეგ კაცი გაძვრებ-გამოძვრებოდა, რომელიმე მეზღვაურს მიადგებოდა და მათხოვარივით გაუწვდიდა ხელს. ისიც ჩაიცინებდა და მეზღვაურული ბისკვიტის ნატეხს გაუწვდიდა. კაცი დასტაცებდა ხელს, ხარბად დააცქერდებოდა, როგორც ძუნწი ოქროს და ხალათის უბისაკენ გააქანებდა. იღიმებოდნენ და ასე იქცეოდნენ სხვა მეზღვაურებიც.       მეცნიერები გონივრულად მოიქცნენ და კაცი ნებაზე მიუშვეს. მისი საწოლი ჩუმად შეამოწმეს. საწოლი ორცხობილით იყო სავსე, ორცხობილით იყო გამოტენილი ლეიბი, ორცხობილით იყო გაჩურჩული ყველა კუთხე და ხვრელი. თვითონ საღ გონებაზე იყო. მომავალი შიმშილობისთვის საჭმელს იმარაგებდა მხოლოდ - ეს იყო და ეს. ამისაგან განიკურნებაო, თქვეს მეცნიერებმა, და ასეც მოხდა, სანამ „ბედფორდის“ ღუზა სან-ფრანცისკოს ყურეში ჩაგრუხუნდებოდა. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 11:55am on იანვარი 5, 2015
თემა: კვლევა ინტერნეტში: ექსპერიმენტები, ინტერვიუები, მასალების ძიება და სიმულაციები
მოყენებით ექსპერიმენტების ოთხ ძირითად ტიპს გამოყოფენ: ექსპერიმენტები, რომლებიც სტატიკურ ბეჭდვით მასალებს იყენებენ (მაგალითად, დაბეჭდილი ტექსტი ან გრაფიკული გამოსახულებები); მეორეა ისინი, რომლებიც არაბეჭდვით მასალებს იყენებენ (მაგალითად, ვიდეო-აუდიო); მესამეა რეაქციის დროის ექსპერიმენტები; და ბოლოს, მეოთხეა ექსპერიმენტები, რომლებიც გარკვეული ფორმის პიროვნებათშორის ურთიერთქმედებას მოიცავენ. (Hewson et al. 2003: 48)       პირველი ტიპის ექსპერიმენტი გამოკითხვას იმით ჰგავს, რომ რესპონდენტებს ელექტრონული ფოსტით ან ვებგვერდის მეშვეობით ეგზავნებათ მზა მასალები (მაგალითად, გრაფიკულად წარმოდგენილი მასალები) და ექსპერიმენტული ზემოქმედება, ანუ, ჩარევა სხვადასხვა ჯგუფებისთვის სხვადასხგვარი მასალის გაგზავნა იქნება. აქაც ძალაში რჩება ყველა ის გაფრთხილება და კომენტარი, რომელიც გამოკითხვაზე საუბრისას ითქვა, განსაკუთრებით, ჩამოტვირთვის დროსთან, განსხვავებულ ვებ ნავიგატორებთან და პლატფორმებთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, ჩამოტვირთვის საკითხი მეორე ტიპის ინტერნეტ-ექსპერიმენტს უფრო ეხება, რომელშიც ვიდეო და აუდიო მასალები გამოიყენება და პროგრამული უზრუნველყოფის ზოგი პაკეტი ჩვენების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, ზოგი კი - გაცილებით დაბალს, იმისდა მიუხედავად, რომ ორიგინალი “ფაილი” ყველასთვის ერთი და იგივეა. ამ საკითხის მოგვარება შეიძლება ან ისეთი მასალების მიწოდებით, რომელთა ოპტიმალურად გაშვება ყველაზე ნელ კომპიუტერზეც კი შესაძლებელია (Hewson et al. 2003: 49), ან ექსპერიმენტის წარმატებით წარმოებისთვის აუცილებელი მინიმალური აპარატურული მოთხოვნების დაწესებით.       რეაქციის დროის ექსპერიმენტები, რომლებიც დროის ძალიან ზუსტად გაზომვას (მაგალითად, მილიწამებით) საჭიროებენ, ძნელი ჩასატარებელია მანძილზე, ვინაიდან განსხვავებული პლატფორმები და პიკის საათებში მომხმარებლებით გადატვირთული ინტერნეტ-ხაზები პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიან სტანდარტიზაციას. აქედან ერთ-ერთი გამოსავალია, ექსპერიმენტი ჯერ ჩამოიტვირთოს, შესრულდეს, შემდეგ უკან აიტვირთოს და გაიგზავნოს.       მეოთხე ტიპის ინტერნეტ-ექსპერიმენტები ურთიერთქმედებას მოიცავს და ინტერნეტ-ინტერვიუირებას (მოგვიანებით განვიხილავთ) ჰგავს, რომელიც “ჩატის” მეშვეობით ხორციელდება. თუმცა, ეს მხოლოდ წერილობითი ურთიერთობაა და ამიტომ, ამ ურთიერთობაში გამორიცხულია ინტონაციები, ხმის მოდულაცია, მერყეობა, არავერბალური მანიშნებლები, დამატებითი ლინგვისტური და პარალინგვისტური ფაქტორები. გარკვეული აზრით, ეს არასრული, არასაკმარისი პროცესია, თუმცა, ამას მზარდი ხელმისაწვდომობა და მარტივი ვებკამერების გამოყენება ამსუბუქებს. ფაქტობრივად, ინტერნეტის ეპოქაში ბოლოდროინდელი ტექნოლოგიური წინსვლა აფართოებს დაკვირვების გამოყენებით კვლევების ჩატარების შესაძლებლობას.       რეიპსი (2002a) აღნიშნავს, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებთან შედარებით, ინტერნეტ-ექსპერიმენტებში უფრო მწვავედ იდგა კვლევიდან გამოთიშვის პრობლემა და გამოთიშვების სიხშირის მკვეთრი ცვალებადობა (1- დან 87 პროცენტამდე). გამოთიშვების რაოდენობა შეამცირა წამახალისებლების შეთავაზებამ, მაგალითად, ფულადმა ანაზღაურებამ ან ლატარიის ბილეთების გადაცემამ, შედეგად, კვლევის მიტოვებაში განსხავებამ 31 პროცენტი შეადგინა. ინტერნეტ-კვლევიდან გამოთიშვა მთელ რიგ ისეთ ფაქტორებს უკავშირდება, როგორიცაა, მაგალითად, მოტივაცია; რამდენად საინტერესო იყო ექსპერიმენტი; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერიმენტის ნებაყოფლობითი ხასიათი (ამის საწინააღმდეგო მაგალითად შეიძლევა დასახელდეს სავალდებულო ექსპერიმენტები, რომელში მონაწილეობაც სტუდენტების სასწავლო პროგრამის ნაწილს შეადგენს). ზემოთ განხილული „მაღალი ბარიერის“ ტექნიკა აქაც გამოსადეგია. რეიპსი (2002b: 245 –6) იმასაც აღნიშნავს, რომ, ტექნიკური საკითხების გამო (მაგალითად, ინტერნეტ-კავშირის სიჩქარე, კომპიუტერის მუშაობის სიჩქარე, ერთდროულად გაშვებული რამდენიმე პროგრამა), შედეგების მეტი დისპერსია ინტერნეტ ექსპერიმენტებში უფრო მოსალოდნელია, ვიდრე - ტრადიციულ ექსპერიმენტებში.       მეორე მხრივ, რეიპსი (2002b: 247) ამბობს, რომ ინტერნეტ ექსპერიმენტები უფრო მიმზიდველია, ვიდრე ლაბორატორიული და ტრადიციული ექსპერიმენტები, ვინაიდან: უფრო ფართო შერჩევის გამო, მეტად განზოგადებადია; მეტი ეკოოგიური ვალიდობა აქვთ, რადგან, ჩვეულებისამებრ, მონაწილეებისთვის ნაცნობ გარემოში და მათთვის მოსახერხებელ დროს ტარდება („ექსპერიმენტი მიდის მონაწილესთან და არა პირიქით“), თუმცა, ამას მეორე მხარეც აქვს: ექსპერიმენტატორი ვერ აკონტროლებს ექსპერიმენტულ გარემოს (ღეიპს 2002b: 250); ვინაიდან მეტია ნებაყოფლობითი მონაწილეობა, მეტად აუთენტური ქცევების დაკვირვებაა შესაძლებელი.       ამ მტკიცებების მართებულობა ემპირიული საკითხია. მაგალითად, რთული და დახვეწილი პროგრამული პაკეტების (მაგალითად, ჟავა) გამოყენებამ შეიძლება შეამციროს ექსპერიმენტატორის კონტროლი, რადგან ამ პაკეტებს პროგრამირების სხვა ენებთანაც შეუძლიათ ურთიერთქმედება. შვარცი და რეიპსი (2001) აცხადებენ, რომ ექსპერიმენტში ჟავასცრიპტ-ის გამოყენებას 13 პროცენტით მეტი გამოთიშვის სიხშირე მოჰყვა, ვიდრე ეს გამოუყენებლობის პირობებში აღინიშნებოდა. გარდა ამისა, ერთი და იგივე მონაწილის კვლევაში რამდენჯერმე დაბრუნებას სანდოობის დაზარალება შეუძლია (ეს საკითხი ზემოთ განვიხილეთ, გამოკითხვის მეთოდებზე საუბრისას.       რეიპსი (2002a, 2002b) ინტერნეტ-ექსპერიმენტის ზოგიერთი „გააკეთე“-ს და „არ გააკეთო“-ს ჩამონათვალს გვთავაზობს. „გააკეთე“-ს რეიპსისეულ ნუსხაში ხუთი პუნქტი ხვდება: კვლევიდან გამოთიშვა დამოუკიდებელ ცვლადად აიღეთ; კვლევიდან გამოთიშვა მოტივაციური მდგენელების დასადგენად გამოიყენეთ (ანუ, დაადგინეთ ექსპერიმენტში მობეზრებისა და მოტივაციის დონეები); პირადი ინფორმაციის შესახებ კითხვები ინტერნეტ კვლევის დასაწყისში განათავსეთ. რეიპსი (2002b) გვეუბნება, რომ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა შეიძლება მონაწილეების ექსპერიმენტში დატოვებაში დაგვეხმაროს და ეს „მაღალი ბარიერის“ ტექნიკის ნაწილია, სადაც მონაწილეები თავად ირჩევენ კვლევის დატოვებას დასაწყისშივე და არა - ექსპერიმენტის მსვლელობისას; გამოიყენეთ ტექნიკები, რომლებიც ინტერნეტით მოპოვებული მონაცემების ხარისხის უზრუნველყოფაში დაგეხმარებათ (მაგალითად, ზემოთ განხილული „მაღალი ბარიერის“ და „გახურების“ ტექნიკები, ქვეშერჩევების გამოყოფა მონაცემების თანმიმდევრულობის დასადგენად და უზრუნველსაყოფად, მონაცემების ერთიანობის უზრუნველსაყოფად ერთი პაროლის გამოყენება, საკონტაქტო ინფორმაციის მიწოდება, კვლევიდან გამოთშვის სიხშირის შემცირება); კვლევის ასაწყობად და მის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენეთ ინტერნეტ-საშუალებები და სერვისები (გამოიყენეთ კომერციულად წარმოებული პროგრამული პაკეტები, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ დაძლეულია ტექნიკური და ვიზუალური ხასიათის პრობლემები). არსებობს ვებგვერდები (მაგალითად, ამერიკის ფსიქოლოგიური საზოგადოება), რომლებიც აცხადებენ ექსპერიმენტების შესახებ.       რეიპსის „არ გააკეთო“-ს ჩამონათვალშიც ხუთი პუნქტი შედის: არ მისცეთ გარეშე პირებს დაუცველ დირექტორიებზე მიწვდომის უფლება. ამით შეიძლება ეთიკური და სამართლებლივი მოთხოვნები დაირღვეს, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციაზეა საუბარი. გარდა ამისა, ამით ექსპერიმენტის სტრუქტურაზე მონაწილეებსაც შეიძლება მიუწვდეთ ხელი, რაც „გაჭუჭყიანებს“ მას; მონაწილეების კონფიდენციალური მონაცემები URL-ების მეშვეობით (Uნიფორმ რესოურცე ლოცატორს; პრობლემა იქმნება იმ შემთხვევაში, თუ რესპონდენტი GEთ ოპერატორს გამოიყენებს, რომელიც ჰტმლ გვერდის მოთხოვნის საშუალებაა, იმისდა მიუხედავად, იყენებს მოთხოვნის პარამეტრებს თუ არა) საჯარო არ გახადოთ. ეს ისევ და ისევ არღვევს ეთიკის ნორმებს; შემთხვევით არ გაამჟღავნოთ ექსპერიმენტის სტრუქტურა (რადგან ამან მონაწილის ქცევაზე შეიძლება იმოქმედოს). ეს შეიძლება ასოცირებულ ფაილში ექსპერიმენტის დეტალების ჩართვით ან იმავე დირექტორიაში ექსპერიმენტის დეტალების შემცველი ფაილის ჩაწერით მოხდეს; არ უგულებელყოთ ინტერნეტისთვის დამახასიათებელი ტექნიკური ცვალებადობა (როგორც ზემოთ ითქვა, ყველაფერმა შეიძლება დააზიანოს ექსპერიმენტი: კონფიგურაციის დეტალებმა, ვებ ნავიგატორებმა, პლატფორმებმა, გადაცემის სიხშირეებმა და პროგრამულმა პაკეტებმა); ნუ შეიტანთ მიკერძოებულობას მონაცემებში ფორმის ელემენტების არასათანადოდ გამოყენებით, როგორიცაა გაზომვის შეცდომები, სადაც გამოტოვებულმა გარკვეულმა კატეგორიებმა (მაგალითად, „ნეიტრალური“, „არ მსურს პასუხის გაცემა“, „არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები“) შეიძლება დაამახინჯოს შედეგები;       ფაქტობრივად, ინტერნეტ-გამოკითხვებსა და კითხვარებზე საუბრისას გამოთქმული მოსაზრებები ძალაშია ინტერნეტ-ექსპერიმენტების შემთხვევაშიც. ამიტომ, მკითხველს მათ გადახედვას ვურჩევთ.       რეიპსი (2002b) მიუთითებს, რომ არასწორია ინტერნეტ-ექსპერიმენტის ლაბორატორიული ექსპერიმენტის ეკვივალენტად განხილვა, ვინაიდან: ინტერნეტ-მონაწილეები თავად ირჩევენ როდის დატოვონ ექსპერიმენტი და მათ ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შეუძლიათ; მათ შეუძლიათ ექსპერიმენტის ნებისმიერ დროს და თავიანთ საკუთარ გარემოში წარმოება; ისინი ხშირად უფრო დიდ შერჩევებზე ტარდება, ვიდრე - ტრადიციული ექსპერიმენტები; ისინი დამოკიდებული არიან ტექნიკურ პირობებზე, ქსელის კავშირებსა და მონაწილეების კომპიუტერთან მუშაობის უნარზე; ისინი უფრო საჯაროა, ვიდრე - ტრადიციული ექსპერიმენტების უმეტესობა.       მეორე მხრივ, ის იმასაც გვაფრთხილებს, რომ ინტერნეტ-ექსპერიმენტები ლაბორატორიული ექსპერიმენტებისგან სრულიად განსხვავებულადაც არ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან: ბევრი ლაბორატორიული ექსპერიმენტი, ასევე, დამოკიდებულია კომპიუტერებზე; ლაბორატორიულ და ინტერნეტის ქსელში კვლევას ერთი და იგივე ფუნდამენტური იდეები აქვთ; ორივეს საშუალებით მსგავსი შედეგები მიიღება.       რეიპსი (2000ბ) ინტერნეტ-ექსპერიმენტების წარმოებისთვის შემდეგ რჩევებს გვთავაზობს: განიხილეთ ვებპროგრამები ექსპერიმენტული მასალების შემუშავებისთვის; სხვადასხვა პლატფორმაზე სცადეთ პილოტური ექსპერიმენტი, რათა საბოლოოდ ნათელი ინსტრუქციები გქონდეთ და თქვენი ექსპერიმენტი ხელმისაწვდომი იყოს სხვადასხვა პლატფორმაზე; გადაწყვიტეთ, იყენებთ თუ არა HTML-ს და თუ იყენებთ - განსაზღვრეთ მისი სირთულის დონე; გადაამოწმეთ ექსპერიმენტები კონფიგურაციის შეცდომებისა და სხვადასხვა კომპიუტერებს შორის განსხვავებების თვალსაზრისით; ექსპერიმენტი რამდენიმე ვებგვერდსა და სერვერზე განათავსეთ; შედარებისათვის ექსპერიმენტი ინტერნეტ-კავშირის (ონლინე) და კავშირის გარეშე (ოფფლინე) რეჟიმებში აწარმოეთ; გამოიყენეთ „გახურების“ და „მაღალი ბარიერის“ ტექნიკები, დასვით გამფილტრავი კითხვები (მაგალითად, მონაწილის სერიოზულობის, მათი წარსულისა და გამოცდილების, მეტყველების უნარების შესახებ); კვლევიდან გამოთიშვის ფაქტების გაანალიზებამ, შესაძლოა, მოტივაციის როლი გამოავლინოს; გადაამოწმეთ ფაილების დასახელებები და მიწვდომის პირობები (რათა ფაილები არ მოხვდეს მათ ხელში, ვისთანაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ); განიხილეთ პაროლებისა და სხვა პროცედურების გამოყენება (მაგალითად, თანმიმდევრულობის გადამოწმება) ერთი და იმავე კითხვარის რამდენჯერმე გაგზავნის შესაძლებლობის შესამცირებლად; აწარმოეთ ექსპერიმენტის ჩანაწერები მონაცემების ნებისმიერი სახის შემდგომი ანალიზისა და ვერიფიკაციისათვის; გააანალიზეთ და საბოლოო ანგარიშში შეიტანეთ კვლევიდან გამოთიშვის თემა; ექსპერიმენტზე დადებითი შთაბეჭდილების შესაქმნელად, მისი დეტალები ინტერნეტში განათავსეთ.       ამ წიგნის წერის მომენტისთვის, ინტერნეტით წარმოებული ექსპერიმენტები ბავშვის ფსიქოლოგიის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე - განათლებას. თუმცა, განათლების სფეროში ემპირიულ მონაცემებზე დაფუძნებული პრაქტიკის შემოტანისა და რანდომიზებული, გაკონტროლებული ცდების მომხრეთა მატების პირობებში, განათლების სფეროში ექსპერიმენტირების ამ ფორმის გამოყენებას უფრო ფართო პერსპექტივები აქვს. ინტერნეტ-ინტერვიუები       ინტერნეტ-ინტერვიუ რესპონდენტების ინტერვიუირების განუზომელ შესაძლებლობებს იძლევა. მაგალითად, “ონლაინ” ინტერვიუები, რომლებიც მთლიანად რეალურ დროში მიმდინარეობს და “ჩატით” სინქრონიზდება, შეიძლება ორივე მხარისთვის ანონიმური იყოს, თუ მათ ეს ასე სურთ და მეტია შესაძლებლობა იმისა, რომ რესპონდენტებთან კონტაქტი ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს შედგეს. მაგალითად, ამ წიგნის წერის მომენტისთვის სკაიპით კონტაქტი რეალურ დროში და პრაქტიკულად უფასოდ უშუალო კონტაქტის უახლესი საშუალებაა. ინტერნეტის ამ და სხვა მახასიათებლების გამო, მკვლევრებს შესაძლებლობა აქვთ ძნელად მისაწვდომ ჯგუფებს და ინდივიდებს დაუკავშირდნენ (მაგალითად, სენსიტიური საკითხების კვლევისას). მეორე მხრივ, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ინფორმაციის წმინდად წერილობით ურთიერთგაცვლაზე დაყვანამ, როგორც მეთექვსმეტე თავში ვნახავთ, შეიძლება გააფერმკრთალოს ინტერვიუს ზოგიერთი არსებითი ნიშანი. საჭიროა ინტერვიუ სრულ სოციალურ ურთიერთქმედებად მივიჩნიოთ.       “ჩატი” ეკრანის გაყოფისა და გაზიარების და ამით მონაწილეებს შორის მიმდინარე დიალოგის დანახვის საშუალებას იძლევა. თუ “ჩატი” არ გამოიყენება, მაშინ მისი ალტერნატივა შეიძლება ელექტრონული ფოსტა იყოს, რომელიც, ასევე, იძლევა მიმდინარე დიალოგის წარმართვის საშუალებას, რაც კავშირის სიჩქარეზეა (ჩვეულებრივ, მაღალ სიჩქარეზე) დამოკიდებული. ამ მიდგომებს შეიძლება აკლდეს ტრადიციული ინტერვიუს სპონტანურობა და მრავალფეროვნება, მაგრამ, მათ მიმზიდველობას ანონიმურობა და პირისპირ შეხვედრის არარსებობა ქმნის (თუმცა ინტერვიუს მსვლელობისას ვებკამერების გამოყენებაც შეიძლება). გამოსახულების ხარისხი შეიძლება დაბალი იყოს და აკლდეს ტექსტთან სინქრონიზაცია - ხშირად გამოსახულება ოდნავ იგვიანებს და კადრების თანმიმდევრობა უფროა, ვიდრე ერთი უწყვეტი მოძრავი გამოსახულება. ინტერნეტ-ინტერვიუ შეიძლება რეალურ დროში კავშირის გარეშეც მიმდინარეობდეს: რესპონდენტები წერდნენ თავიანთ პასუხებს და სხვადასხვა დროს გზავნიდნენ, თუმცა ეს ინტერვიუს, გარკვეულწილად, კითხვართან აახლოებს და ერთადერთი დარჩენილი განსხვავება, ალბათ, ისაა, რომ ინტერნეტ-ინტერვიუში რესპონდენტი უფრო თავისუფალია კითხვების (შინაარსის, ხასიათის, წამოჭრილი საკითხების და შემდგომი შეხსენების) თვალსაზრისით, ვიდრე კითხვარების შემთხვევაში. ინერნეტ-ინტერვიუს უბრალოდ სჭირდება, რომ ორივე მხარე შეთანხმდეს დროზე, რომ ერთდროულად იყოს ხაზზე და თუ საჭიროა ან შესაძლებელი, ჩართონ ვებკამერა. კვლევის მასალების ინტერნეტში ძიება       ინტერნეტში კვლევის მონაცემების შენახვა და მოძიება მნიშვნელოვანია არამარტო მკვლევრებისთვის, რომ არ ჩამორჩნენ მიმდინარე პროცესებს/განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არამედ იმიტომ, რომ ხელმისაწვდომი ხდება მონაცემები, რომელიც მკვლევარს ლიტერატურის მოძიებისა და მიმოხილვის საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს საკუთარ კვლევაში კონსტრუქტის და შინაარსობრივი ვალიდობა უზრუნველყოს. ზოგიერთი კვლევა რეალურად დიდი მოცულობის ლიტერატურას ქმნის (მაგალითად, ჟურნალში Review of Educational Research გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომები). ელექტრონული ჟურნალები, ამონარიდები და სათაურები მკვლევარს მიმდინარე თანამედროვე კვლევებთან გაცნობის და მისთვის საინტერესო თემის შესატყვისი მასალების მოძიების საშუალებას აძლევს. ვებგვერდები და ელექტრონული ფოსტა ქსელებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. მაგალითად, თუ მკვლევრებს სურთ, რომ გლობალური უწყვეტი მიწვდომა ჰქოდეთ კვლევით ლიტერატურასა და კვლევაში უახლეს მიღწევებზე, ავსტრალიაში, აღმოსავლეთ აზიაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ ასოციაციებთან დაკავშირება მხოლოდ რამდენიმე წამის საქმეა ისეთი ვებ გვერდების საშუალებით, როგორიცაა, მაგალითად: ამერიკის განათლების კვლევის ასოციაცია (American Educational Research Association); ავსტრალიის განათლების კვლევის საბჭო (Australian Council for Educational Research); ბრიტანეთის განათლების კვლევის ასოციაცია (British Educational Research Association); ჩინურ-ამერიკური განათლების კვლევის ასოციაცია (Chinese American Educational Research Association); კურიკულუმის, შეფასებისა და მართვის ცენტრი (Curriculum, Evaluation and Management Centre) (დიდი ბრიტანეთი: მსოფლიოში ამ ტიპის მონიტორინგის ერთ-ერთი მსხვილი ცენტრი); ეკონომიკური და სოციალური კვლევის საბჭო (Economic an Social Research Council) (დიდი ბრიტანეთი);; Educators’ Reference Desk (the sourse of ERIC in the United States, publications of the American Educational Research Association); ევროპის განათლების კვლევის ასოციაცია (European Educational Research Association); ჰონგ-კონგის განათლების კვლევის ასოციაცია (Hong Kong Educational Research Association); ცენტრალური სამხრეთის განათლების კვლევის ასოციაცია (Mid-South Educational Research Association) (ძალიან მსხვილი რეგიონული ასოციაცია აშშ-ში); განათლების კვლევის ეროვნული ფონდი (დიდი ბრიტანეთი) (National FOundation for Educational Research); განათლებაში კვლევის შოტლანდიური ცენტრი (Scottish Council for Research in Education); ვაშინგტონის განათლების კვლევის ასოციაცია (აშშ) (Washington Educational Research Association).       ჟურნალების უმეტესობას სტატიების აბსტრაქტებზე უფასო “ონლაინ” წვდომა აქვს, თუმცა მთლიანი სტატიის ნახვა მხოლოდ გამოწერით არის შესაძლებელი.       სამაგისტრო ნაშრომებისთვის გამოდგება Aslib Index to Theses და Networked Digital Library of Theses, ხოლო დისერტაციების მოძიება შეიძლება theses.org-ზე. ზოგიერთი ძირითადი სამთავრობო ვებგვერდიც გვთავაზობს უფასო საინფორმაციო მომსახურებას (მაგალითად, Ofted).       მკვლევრებისთვის, რომლებმაც არ იციან ვებგვერდების მისამართები, ხელმისაწვდომია სხვადასხვა საძიებო სისტემა. ამ სისტემებით მათ კონკრეტული ვებგვერდების მოძიება შეუძლიათ. დღეისათვის ყველაზე ფართო გამოიყენება შემდეგი საძიებო სისტემები: Google; MsN Search; AOL Search; Netscape Navigator; Fast Search; Internet Explorer; Alta Vista; Direct Hit; Excite; Ask Jeeves; Lycos; Go To; Yahoo; Hotbot; Northern Light; Metacrawler;       კიდევ ბევრი სხვა ასეთი ვებგვერდი არსებობს. ყველა ამ საძიებო სისტემაში მკვლევარს “სიტყვა-გასაღებებით” შეუძლია ძებნა. ზოგიერთი მათგანი პარალელური საძიებო სისტემაა (რომელიც სხვა საძიებო სისტემებს ეძებს), ზოგიერთი კი - “ფაილების” საძიებელია (რომელიც მთელ მსოფლიოში ეძებს “ფაილებს”).       კვლევის შესახებ ინფორმაციის პოვნა, იქნება ეს მონაცემთა ბაზებიდან თუ დისკებზე მოცემული ინდექსებიდან, ერთი ან რამდენიმე “სიტყვა-გასაღების” კომბინაციის (ორმაგ ფრჩხილებში ჩასმული სიტყვების) გამოყენებით, ხშირად, ინტერნეტით ცდისა და შეცდომის მეთოდით ხდება. ვებგვერდების „ჩანიშვნის“ (“bookmarking”) სისტემა მომავალში ამ გვერდების სწრაფად მიწვდომის საშუალებას იძლევა. ეს, ალბათ, მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთი ინტერნეტკავშირი ნელია, ხოლო ვებგვერდებზე განთავზებული მასალის დიდი ნაწილი, საუკეთესო შემთხვევაში - უსარგებლოა! ვებგვერდების შეფასება       იმისათვის, რომ განათლების სფეროში კვლევისთვის ინტერნეტი გამოვიყენოთ, საჭიროა ვიცოდეთ ვებგვერდების შეფასება. ინტერნეტი არაორგანიზებული და, ძირითადად, გადაუმოწმებელი მასალის უზარმაზარი საწყობია და მკვლევრებს საკმაოდ სწრაფად უნდა შეეძლოთ იმის დადგენა, თუ რამდენად გამოსადეგია ვებგვერდიდან აღებული მასალა. ვებგვერდების შეფასების რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს, მათ შორის (მაგალითად, Tweddle et al. 1998; Rodrigues and Rodrigues, 2000): ვებგვერდის მიზანი, რაც მომხმარებელს მისი რელევანტურობისა და შესატყვისობის დადგენის საშუალებას მისცემს; მასალის ოფიციალურობა და აუთენტურობა, რაც ნიშნავს, რომ ოფიციალური უნდა იყოს და უნდა სახელდებოდეს წყარო, საიდანაც მიღებულია ეს მასალა; მასალის შინაარსი - სიახლე, შესატყვისობა და დაფარვის სფერო; მასალის დამაჯერებლობა, სანდოობა და ლეგიტიმურობა (მაგალითად, აღიარებული წყაროდან ან ინსტიტუტიდან არის თუ არა); მასალის სისწორე, სიზუსტე, სისრულე და კეთილსინდისიერება; წარმოდგენილი და/ან განხილული მასალის ობიექტურობა და სიზუსტე.       განათლების სფეროში კვლევის ვებგვერდზე წარმოდგენილი მასალების შეფასებისას მკვლევრებსა და მასწავლებლებს რამდენიმე კითხვის დასმა შეუძლიათ (Hartley et al. 1997): დასახელებულია თუ არა ავტორი? ამბობს თუ არა ავტორი რაიმეს მოცემულ სფეროში თავისი გამოცდილების/პროფესიონალიზმის შესახებ და ნათელია თუ არა მისი ინსტიტუციური სტატუსი? ავტორიტეტულია თუ არა დასახელებული ორგანიზაცია? არის თუ არა მასალებში მითითებული გამოყენებული ლიტერატურა. ამბობს თუ არა ავტორი, როგორ მოაგროვა მასალა? რა მიზნით შეიქმნა ეს ვებგვერდი? რას აკეთებს (მაგალითად, ინფორმაციის მიწოდება, დარწმუნება)? ახალია თუ არა მასალა? რამდენად თავისუფალია მოცემული მასალა ტენდენციურობისგან, პირადი მოსაზრებებისგან და შეურაცხყოფებისგან? საიდან ვიცით, რომ ავტორი აუთენტურია ამ ვებ გვერდზე?       მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა შეინახოს ვებგვერდებიდან აღებული მასალების სრული ბიბლიოგრაფია, მასალის აღების თარიღისა და ვებგვერდის მისამართის ჩათვლით. კომპიუტერული სიმულაციები       კომპიუტერულ სიმულაციებსა და ვირტუალურ ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს განათლების სფეროში კვლევის წარმოებაში. სიმულაციებს ორი მთავარი კომპონენტი აქვს: სისტემა, რომელიც აინტერესებს მკვლევარს და მოდელირებასა და სიმულაციას ექვემდებარება; და ამ სისტემის მოდელი (ჭილცოხ 1997). სისტემა აერთიანებს ნებისმიერ ურთიერთდაკავშირებულ მახასიათებელს, ხოლო მოდელი, ანუ, სისტემის ანალოგი - ხშირად მათემატიკურია       უილოქსი (1997) სიმულაციის ორ ფორმას გამოჰყოფს: დეტერმინისტულ სიმულაციებში სისტემის კომპონენტებს შორის არსებული ყველა მათემატიკური და ლოგიკური მიმართება ცნობილი და ფიქსირებულია. სტოქასტურ სიმულაციებში, რომლის ძირითადი ტიპები, როგროც წესი, განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში გამოიყენება, სულ მცირე, ერთი ცვლადი მაინც არის თავისუფალი. სიმულაცია რეალური სამყაროს მოდელია, რომელშიც შესაძლებელია კვლევაში მონაწილის შეყვანა და მანიპულირება. მოდელით შესაძლებელია თეორიის ოპერაციონალიზაცია, მისი კომპიუტერულ პროგრამად გარდაქმნა (იხილეთ Gilbert and Troitzsch 2005: 3) და ამით მისი დაშვებების ნათლად წარმოჩენა.       გილბერტს და ტროიცს (2005: 6) მიაჩნიათ, რომ კომპიუტერული სიმულაციების უპირველენი მიზანი აღმოჩენა, დასაბუთება და ექსპერიმენტია. უბრალოდ წინასწარმეტყველების გარდა, კომპიუტერული სიმულაციები იმის გაგებისა და ახსნის საშუალებასაც იძლევა, თუ როგორ მიმდინარეობს პროცესები, როგორ იშლება ისინი დროში და რა შედეგები მოჰყვება ამას. ეს აუფასურებს წინასწარმეტყველებას, როგორც თეორიის შემოწმების საშუალების ღირებულებას. ის ამტკიცებს, რომ თეორიის შემოწმება მისი ახსნითი და ჰერმენევტული სიმძლავრით უნდა მოხდეს და არა - მისი პრედიქტული ღირებულებით. სინამდვილეში, კომპიუტერული სიმულაციები თეორიების განვითარებისთვის უფრო შეიძლება გამოგვადგეს, ვიდრე - მათ შესამოწმებლად. კომპიუტერული სიმულაციები მკვლევარს ცვლადებისა და კომპონენტების კონტროლისა და მანიპულირების საშუალებას აძლევს და „თუ მაშინ“ ტიპის კითხვებზე პასუხების გასაცემად გამოდგება, მაგალითად, „რა მოხდება, თუ შევცვლი ამა თუ იმ პარამეტრს?“; „რა მოხდება, თუ შევცვლი გარემოს ასეთსა და ასეთ მახასიათებელს?“; სიმულაციაში ერთვება რელევანტური ელემენტები და შემდეგ, ამ ელემენტებით მანიპულირებენ - ცვლიან პარამეტრებს და ნახულობენ, რა მოხდება და შედეგად რა მიიღება.       კომპიუტერით ისეთი მოცულობის მონაცემებთან შეიძლება ძალიან სწრაფად გამკლავება, რომელთა დასამუშავებლადაც ადამიანს კომპიუტერის გარეშე წლები დასჭირდებოდა. მათემატიკურ მოდელირებაზე აგებული სიმულაციები (მაგალითად, ერთი და იგივე ფორმულის მრავალჯერ გამეორებას) მკვლევარს ქცევებისა და სისტემების იმიტირების საშუალებას აძლევს, ასევე, ეხმარება გაარკვიოს, რა მოხდება, თუ სისტემა გარკვეული დროის განმავლობაში იმუშავებს, ან ერთი და იგივე მათემატიკური გამოთვლები კიდევ და კიდევ მეორდება, როდესაც წინა გამოთვლით მიღებული მონაცემები იგივე ფორმულაში ბრუნდება და შემდეგი გამოთვლის საფუძველი ხდება. ჰოპკინსი და მისი კოლეგები (1996: 159 – 62) ასეთი შემთხვევის მაგალითად ცენტრალურ ზღვარით თეორემას (განხილულია მეოთხე თავში) ასახელებენ. აქ გამოთვლის ფორმულა 10,000-ჯერ მეორდება. ასეთი მოდელირება ქაოსისა და სირთულის თეორიებში იღებს სათავეს.       ლაპლასისთვის და ნიუტონისთვის სამყარო რაციონალური, დეტერმინისტული და საათივით აწყობილი იყო; ეფექტები მიზეზების ფუნქციას წარმოადგენდა, მცირე მიზეზები (მინიმალური საწყისი პირობები) მცირე (მინიმალურ და პროგნოზირებად) ეფექტებს ქმნიდა, ხოლო დიდი მიზეზები (მრავალმდგენელიანი საწყისი პირობები) - დიდ (მრავალმდგენელიან) ეფექტებს. პროგნოზირებადობა, მიზეზ-შედეგობრიობა, სქემატურობა, უნივერსალობა და „დიდი“ ყოვლისმომცველი თეორიები, სწორხაზოვნება, უწყვეტობა, სტაბილურობა, ობიექტურობა - ეს ყველაფერი სამყაროს, როგორც მოწესრიგებული და შინაგანად ჰარმონიული, თუმცა, რთული წონასწორობის მქონე მექანიზმის ხედვის მდგენელებს წარმოადგენს, რომელიც რაციონალური, დახურული და დეტერმინისტულია, ამავე დროს, მგრძნობიარეა შედარებით მარტივი მეცნიერული აღმოჩენებისა და კანონებისადმი. 1960-იანი წლებიდან ეს მოსაზრება სწრაფად დადგა ეჭვქვეშ, რამაც საფუძველი დაუდო ქაოსისა და სირთულის თეორიების წარმოქმნას. ამ თეორიებს რამდენიმე ძირითადი პრინციპი (მაგალითად, Gleick 1987; Morrison 1998; 2002a) ქვემოთ არის მოცემული: საწყისი პირობების მცირე ცვლილებებმა შედეგების მასობრივი და არაპროგნოზირებადი ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს (მაგალითად, კარიბის ზღვაში პეპლის ფრთის ფრთხიალმა ამერიკაში ქარიშხალი შეიძლება გამოიწვიოს); ძალიან მსგავს პირობებს ძალიან განსხვავებული შედეგების გამოწვევა შეუძლია (მაგალითად, მარტივი მათემატიკური ტოლობების გამოყენება: Stewart 1990); ელემენტებს შორის რეგულარობა, შეთანხმებულობა და წრფივი დამოკიდებულება მათ შორის არარეგულარობით, მრავალფეროვნებითა და არასწორხაზოვნებით ირღვევა; მაშინაც კი, თუ დიფერენციალური განტოლებები ძალიან მარტივია, სისტემის ქცევა, რომლის მოდელირებასაც ისინი ახდენენ, შეიძლება არ იყოს მარტივი; ეფექტები მიზეზების წრფივი, უწყვეტი ფუნქცია არაა; სამყარო მეტწილად არაპროგნოზირებადია; თუ რაღაც ერთხელ გამოვიდა, ეს არ იძლევა გარანტიას, რომ ეს რაღაც მეორე ჯერზეც ზუსტად ისე გამოვა; დეტერმინიზმს არადეტერმინიზმი ანაცვლებს. დეტერმინისტული, წრფივი და სტაბილური სისტემები ჩანაცვლებულია „დინამიკური“, ცვალებადი, განვითარებადი სისტემებით და ფენომენების არასწორხაზოვანი ახსნებით; უწყვეტობა ჩანაცვლებულია დისკრეტულობით, ტურბულენტობითა და შეუქცევადი ტრანსფორმაციით; დიდი, ზოგადი და ყოველისმომცველი თეორიები და ფართომასშტაბიანი ახსნები სათანადოდ ვერ ხსნიან ლოკალურ და კონკრეტულ ფენომენებს; შეუძლებელია გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება.       ქაოსის უფრო გვიანდელი თეორიები სირთულის თეორიამდე განივრცო (Waldrop 1992; Lewin 1993) ისეთი სისტემების ანალიზისას, რომლებშიც ერთი დონის მდგენელები მეორე დონის მდგენელების საშენ მასალას წარმოადგენენ. რთული სისტემა მოიცავს დამოუკიდებელ ელემენტებს, რომლებიც, თავის მხრივ, რთული სისტემებისგან შეიძლება შედგებოდეს. ეს ურთიერთქმედებს და სისტემაში, როგორც ერთ მთლიანში, მრავალფეროვან ქცევას წარმოქმნის. წესრიგი არ არის სრულიად წინასწარ განსაზღვრული და ფიქსირებული; სამყარო (ნებისმიერად განსაზღვრული) შემოქმედებითი, ფორმირებადი (გამეორებით, სწავლით, უკუკავშირით, რეკურსიულობითა და თვითორგანიზებით), განვითრებადი და ცვალებადი, ტრანსფორმირებადი და ტურბულენტურია. წესრიგი წარმოიქმნება რთულ სისტემებში, რომლებიც ურთიერთმოქმედი ორგანიზმებისთვის მარტივ წესებზეა (სავარაუდოდ, ფორმულებით) აგებული (Kauffman 1995: 24).       უკუკავშირის, ციკლური გამეორების, მღელვარების, თვითკატალიზის, დაკავშირებულობისა და თვითორგანიზაციის მეშვეობით, ხდება სირთულის უფრო მაღალი და რთული დონეების გამოდიფერენცირება. ნაკლებად რთული და არსებული დონეებიდან ახალი ფორმები წარმოიქმნება. ეს რთული ფორმები, ხშირად, შედარებით მარტივი წესებიდან მომდინარეობს - კერძო წესები და ქცევები უფრო რთულ გლობარულ წესრიგსა და მრავალფეროვნებას ქმნიან (Waldrop 1992: 16 – 17; Lewin 1993: 38). დინამიკური სისტემები (Peak and Frame 1994: 122) საწყისი პირობების და, ხშირად, მარტივი წესების ცვლილების პროდუქტია. არსებობს წარმოქმნის რიგის კანონები და არ არის აუცილებელი, რომ რთულ ქცევებსა და სისტემებს რთული საფუძვლები ჰქონდეთ (Waldrop 1992: 270). მნიშვნელოვანია, რომ ამ მარტივი წესებით შესაძლებელი იყოს ქცევისა და სისტემების კომპიუტერულ სიმულაციებში მოდელირება.       მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ კომპიუტერული სიმულაციების საფუძველი სირთულის თეორიაში დევს. ეს პასუხობს მათდამი წაყენებულ ბრალდებას, რომ ისინი ზედმეტად ამარტივებენ რეალურ სამყაროს. სირთულის თეორია ამტკიცებს, რომ მრავალი თვალსაზრისით, რეალური სამყარო მართალია რთულია, მაგრამ შედარებით მარტივ წესებზეა აგებული, რომელიც ქმნის ასეთ სირთულეს (ასევე იხილეთ Gillbert and Troitzsch 2005: 10).       სიმულაციები ათწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ეკონომიკაში წინასწარმეტყველებისთვის. მაგალითად, ლევინი (1993) და ვალდროპი (1992) სახეობებისა და მათი ქცევის აღმასვლებისა და დაცემების კვლევაში აჩვენებენ, თუ როგორ უდებს სათავეს უსაზღვროდ მრავალფეროვან შედეგებს (მაგალითად, სახეობებს, ქცევას) მარტივი ფორმულების უწყვეტი გამეორება - განმეორებადი გამოთვლები, რომელიც შეზღუდული რაოდენობის ცვლადების (საწყისი პირობების) გამეორებას ასახავს, სადაც გამოთვლების ერთი ციკლის შედეგები იგივე ფორმულით მეორე ციკლის გამოთვლებში გამოიყენება და ა. შ. (ანუ, უწყვეტ უკუკავშირზე აიგება); და ეს არ ექვემდებარება მარტივ წინასწარმეტყველებას ან მარტივ მიზეზ-შედეგობრივ მიმართებას. ვალდროპს (1992: 241 – 2) ამისი საინტერესო მაგალითი მოაქვს ადრეული კომპიუტერული სიმულაციის პროგრამა Boids-დან: მის მათემატიკურ ფორმულაში მხოლოდ სამი საწყისი პირობაა ჩადებული, რომელიც ფრინველთა გუნდის ფრენის სურათის სრული რეალური მრავალფეროვნების დაჭერას ახერხებს. ეს პირობებია: პირველი - ფრინველები ცდილობენ, რომ სხვა ობიექტებთან (სხვა ფრინველების ჩათვლით) მინიმალური მანძილი შეინარჩუნონ; მეორე - ფრინველები ცდილობენ, რომ იგივე სიჩქარით იფრინონ, რომლითაც სხვები მიფრინავენ; მესამე - თითოეული ფრინველი ცდილობს, გუნდის ცენტრისკენ გადაინაცვლოს.       სიმულაციების ზოგიერთი ძირითადი მახასიათებელი ქვემოთ არის მოცემული: კომპიუტერით შესაძლებელია სისტემის ქცევისა და მისი ძირითადი ნიშნების მოდელირება და იმიტირება; კომპიუტერის გამოყენება შეიძლება დაგვეხმაროს სხვადასხვა სიმულირებულ, იმიტირებულ გარემო პირობებში სიმულაციის შემოწმების გზით (მაგალითად, მკვლევარს საშუალება აქვს, ნახოს „რა მოხდება, თუ...“ სისტემას შეეძლება თუ არა მოვლენის მსვლელობის გათამაშება ან თუ ცვლადებით მანიპულირებენ, ანუ, შესაძლებელია წინასწარმეტყველება) იმ სისტემაში გავერკვეთ, რომლის იმიტირებასაც ვახდენთ; რეალობის ძირითადი მახასიათებლების მოდელირება და ინტერპრეტირება - გამოსახვა და გადამუშავება მათემატიკური ფორმულით ხდება და არა - რეალობის წვრილი ელემენტების ჩაჭერითა და მანიპულირებით; დაშვებულია, რომ მათემატიკური მიმართებები დეტერმინისტულად მეორდება გაკონტროლებულ, შეზღუდულ და მკაფიოდ განსაზღვრულ სიტუაციებში და ზოგ შემთხვევაში დასაბამს აძლევს, წინსწარ განუჭვრეტელ, ფორმირებად და მოულოდნელ, ფართომასშტაბიან შედეგებს (Tymms 1996: 124); უკუკავშირი და უწყეტი გამეორება ფენომენებისა და ქცევების წარმოქმნის გასაგებად მისაღები პროცედურებია; რთული და დიდმასშტაბიანი ფენომენები და ქცევები საწყისი პირობების/ცვლადების განმეორებადი ურთიერთქმედებიდან მომდინარეობს; დეტერმინისტულ კანონებს (ფორმულის განმეორებად გამოთვლას) არაპროგნოზირებად შედეგებამდე მივყავართ.       ამ მიდგომას განათლების სფეროს შეუძლია შესთავაზოს ის, რომ სკოლები და კლასები - რთული, არასწორხაზოვანი და დინამიკური სისტემები - მარტივი მათემატიკური მოდელირებით შეიძლება გავიგოთ. ეს მხოლოდ ანალოგიის დონეზე შეიძლება იყოს (იხილეთ Morrison 2002a), მაგრამ, როგორც ტიმსი (1996: 130) შენიშნავს, თუ ანალოგია რეალობას ერგება, მაშინ მკვლევრებს ასეთი სირთული გაგების მძლავრი იარაღი აქვთ ძირითადი ცვლადების ან საწყისი პირობების და მარტივი წესების ნაკრების ურთიერთქმედების სახით. გარდა ამისა, თუ შესაძლებელია ასეთი საწყისი პირობების ან ძირითადი ცვლადების კონსტრუქტული ვალიდობის ჩვენება, მაშინ მკვლევრებმა იმის წინასწარმეტყველებაც შეიძლება მოახერხონ, რაც დროთა განმავლობაში მოხდება.       სიმულაციების სამი უახლესი გამოყენება საგანმანათლებლო ცვლილების სფეროს (Ridgway 1998), სკოლის ეფექტურობასა (Tymms 1996) და განათლების სისტემების გაგებას განეკუთვნება. პირველ შემთხვევაში რიჯვეი (1998) ამტკიცებს, რომ ცვლილების პროცესის სირთულე საუკეთესოდ შეიძლება იქნას გაგებული, როგორც რთული, წარმოშობადი სისტემა (ასევე იხილეთ Fullan 1999).       მეორე შემთხვევაში ტიმსი (1996) წრფივი (შესავალი და გასავალი) ან მრავალდონიანი მოდელირების შეზღუდვებზე მიუთითებს, როდესაც საქმე იმის გაგებასა და ახსნას შეეხება, თუ რატომ არის სკოლები ეფექტური, ან რატომაა ასეთი დიდი ცვალებადობა სკოლებში და სკოლებს შორის. ასეთი მრავალფეროვნებისა და ცვლადებადობის ახსნისას, ის უპირატესობას მათემატიკურ მოდელირებაზე აგებულ სიმულაციებს ანიჭებს. როგორც ამტკიცებს თავის პროვოკაციულ განცხადებაში: „სამყარო იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია მისი სიტყვებით გადმოცემა“ (Tymms 1996: 131) (ანალოგიურად, თვისებრივი მკვლევრებისთვის სამყარო შეიძლება იმდენად რთული იყოს, რომ შეუძლებელი იყოს მისი რიცხვებით გადმოცემა!). ტიმსი სკოლის ეფექტურობის კვლევის შეზღუდვებზე მიუთითებს, რომელიც წრფივ, მაგრამ დახვეწილ, წანამძღვრებს ეფუძნება. იგი სკოლის ეფექტურობის კვლევების დიდ ნაწილს ცივ წყალს ახსამს და ამტკიცებს, რომ: სიმულაციის მოდელების მიხედვით, შესაძლებელი რომც ყოფილიყო, რომ ზუსტად ერთსა და იმავე კლასს ორი წლის მანძილზე, ერთი და იმავე საკლასო ოთახში იგივე მასწავლებელი ჰყოლოდა, და ის ორი წელი კიდევ მეორეჯერ ეცხოვრათ, შედეგები მაინც ვერ იქნებოდა იგივე. (Tymms 1996: 132 – 3)       მას თითქმის არ უკვირს, რომ სკოლის ეფექტურობის კვლევამ ვერ ახსნა სკოლებს შორის ცვალებადობა, ვინაიდან ასეთი კვლევა მცდარ პრინციპებს ემყარება. იგი ამტკიცებს, რომ ასეთი განსვლა ძირითადი - საერთო - ცვლადების ურთიერთქმედების ბუნებრივი შედეგია.       მესამე მაგალითში გილბერტი და ტროიცი (2005: 117 – 23) გერმანიის სკოლებში და სკოლის მასწავლებლებში ომისშემდგომი გენდერული დესეგრეგაციის კვლევას განიხილავენ. მოდელში, რომელიც იყენებს პროგრამას MIMOSE, სამი ტიპის 150 სკოლის 4,500 მასწავლებელი გამოიყენეს. მასში კომპიუტერული მოდელი ახლოს იყო რეალური ცხოვრების სიტუაციასთან - მოხდა სიმულაციის ვალიდაცია. ეს მოდული მხოლოდ სამ დაშვებაზეა აგებული: პირველი - ყველა მასწავლებელს, რომელიც ტოვებს სამსახურს, ერთნაირი ალბათობით/შესაძლებლობით შეიძლება ჩაანაცვლონ მამაკაცებმა და ქალებმა (გვ.117); მეორე - მამაკაცები ერთ სამუშაო ადგილზე ორჯერ უფრო დიდხანს რჩებიან, ვიდრე ქალები; მესამე - ახალი ქალი მასწავლებლები ცალკეულ სკოლაში იმ მოცემული ალბათობით იკავებენ თანამდებობას, რომელიც ამ სკოლაში ქალი მასწავლებლების წილის მიხედვით იცვლება.       ამ თავში არ განვიხილავთ კომპიუტერული სიმულაციების შექმნის ეტაპებს (მაგალითად, კითხვის იდენტიფიცირება, მოდელირების სამიზნის დადგენა, პარამეტრებისა და ძირითადი ნიშნების დასადგენად წინასწარი დაკვირვებების წარმოება, სიმულაციის საყრდენად ასაღები დაშვებების ფორმულირება, სიმულაციის მუშაობის შემოწმება, სიმულაციის ვალიდაცია (რამდენად თანხვდება ის რეალური სამყაროს იმ სიტუაციას, რომლის მოდელირებასაც ახდენს) და იმის ანალიზი, თუ რამდენად მგრძნობიარედ რეაგირებს სიმულაცია საწყისი პირობებისა და პარამეტრების ცვლილებაზე (Gillbert and Troitzsch 2005: 18 – 19). არც სხვადასხვა სახის სიმულაციებს განვიხილავთ (მაგალითად, სისტემის დინამიკა, მიკროსიმულაცია, მოდელების მიმდევრობა, მრავალდონიანი მოდელები, უჯრედული ავტომატები, მრავალ-აგენტიანი მოდელები, სწავლის მოდელები). კომპიუტერული სიმულაციებისა და მათი სხვადასხვა ტიპების შესახებ უფრო სრული განხილვისთვის მიმართეთ Gillbert and Troitzsch (2005). კომპიუტერული სიმულაციების დადებითი და უარყოფითი მხარეები       ბეილი (1994: 322 – 4) სიმულაციების შემდეგ დადებითი მხარეებზე მიგვითითებს: ეკონომია: უფრო იაფია, ვიდრე რეალური ცხოვრების სიტუაციები; თვალსაჩინოება: მათ შეუძლიათ ფენომენი უფრო გასაგები გახადონ მკვლევრისათვის; კონტროლი: მკვლევარი სიმულაციას უფრო მეტად აკონტროლებს, ვიდრე რეალური ცხოვრების სიტუაციას; უსაფრთხოება: მკვლევრებს შეუძლიათ ისეთ სიტუაციებთან მუშაობა, რომლებიც ძალზე სახიფათო, მგრძნობიარე, ეთიკურად საჭოჭმანო ან რთული იქნებოდა რეალური ცხოვრების ბუნებრივ სიტუაციებში.       კომპიუტერული სიმულაციების კიდევ ერთი მძლავრი მახასიათებელი ისაა, რომ მკვლევრებს მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას აძლევს (მაგალითად, ეკონომიკურ პროგნოზებში); ამასთან ის ფენომენის გაგებისა და შესწავლის შესაძლებლობასაც ქმნის. სიმულაციებით შეიძლება ჩანაცვლდეს ადამიანების გამოცდილება, ექსპერტული ცოდნა და ხანდახან არაპროფესიონალებსაც შეუძლიათ ისეთი კვლევის ჩატარება, რომელიც კომპიუტერების კველვაში შემოტანამდე მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტების საქმე იქნებოდა: გილბერტსა და ტროიცს (2005: 5) გეოლოგების, ქიმიკოსებისა და ექიმების მაგალითები მოაქვთ. ავტორები იმასაც ამბობენ, რომ კომპიუტერული სიმულაციები წვრთნის (მაგალითად, პილოტების) და, ფაქტიურად, გართობის მიზნებისთვისაც გამოდგება. თუმცა ისინი (2005: 5) ხაზგასმით აღნიშნავენ კომპიუტერული სიმულაციების უპირველეს მნიშვნელობას თეორიის აღმოჩენისა და ფორმალიზებისთვის (თეორიის ნათლად მოცემულობა, თანმიმდევრულობა, ოპერაციონალიზაცია, ელემენტების ჩართულობა და კომპეტენტურობა).       მეორე მხრივ, ბეილი (1994: 324 – 5) კომპიუტერული სიმულაციების მიმართ რამდენიმე შენიშვნას გამოთქვამს: ხელოვნურობა: ის ბაძავს ცხოვრებას და არ არის რეალური ცხოვრება; ღირებულება: მაგალითად, კომპიუტერული სიმულაციების შეძენა; მონაწილეების ტრენინგი: ბევრი კომპიუტერული სიმულაცია მნიშვნელოვან ტრენინგს საჭიროებს; რაოდენობრივი პრობლემები: პროგრამული უზრუნველყოფა და არა მხოლოდ თავად კომპიუტერული სიმულაცია შეიძლება პროგრამირების სპეციალისტს საჭიროებდეს.       კომპიუტერული სიმულაციების შესახებ რამდენიმე პრობლემური მომენტი და კრიტიკა არსებობს. იმ ბრალდების საპასუხოდ, რომ ისინი სამყაროს ხელოვნური რეპრეზენტაცია და აბსურდამდე დაყვანაა, შეიძლება ითქვას, რომ მკვლევრები, თეორეტიკოსების მსგავსად, რეალობის საუკეთესო ასლის აგებას ცდილობენ, რათა უფრო ამომწურავად ახსნან ის და რაც უფრო მეტად უახლოვდება ანალოგია - სიმულაცია - რეალურ სამყაროს, მით უკეთესი (Tymms 1996: 130). ეს კამათი სიმულაციის დახვეწას შეეხება და არა - მის უარყოფას. აბსტაქციის ასაგებად მხოლოდ ძირითადი ელემენტების ცოდნა გვესაჭიროება; ჩვენ არ გვჭირდება ყველა დაწვრილმანებული დეტალი.       ბრალდებებს, რომ კომპიუტერული სიმულაცია არაფრით სჯობია იმ დაშვებებს, რომელზეც ის აიგება და კომპიუტერი მხოლოდ იმას გააკეთებს, რის გასაკეთებლადაც დააპროგრამებენ (ადამიანის მოქმედებისა და თავისუფლების წილი უმნიშვნელოა), შეგვიძლია ასე ვუპასუხოთ: სიმულაციებს ისეთი ქცევების გამოვლენა შეუძლია, რომლებიც სოციალური აქტორების „ზურგს უკან ხორციელდება“ - ესაა სოციალური ფაქტები (Durkheim 1956) და პატერნები; სიმულაციებს შეუძლია, გვითხრან ის, რაც არ ვიცით (Simon 1996) - ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ წანამძღვრები და საწყისი პირობები, მაგრამ არ ვიცოდეთ საით შეიძლება მივყავდეთ მათ და რას მოიაზრებენ; ჩვენ არ გვჭირდება სისტემის მუშაობის ყველა ნიუანსის ცოდნა, საკმარისია მხოლოდ იმ ნაწილებისა, რომლებსაც მოდელისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვთ.       სიმულაციების შესახებ სხვა შენიშვნებიც შეიძლება გამოითქვას, მაგალითად: სირთულის და ქაოსის თეორია, რომელიც საფუძვლად უდევს ბევრ მათემატიკურ სიმულაციას, შეიძლება ხსნიდეს მრავალფეროვან, ცვალებად შედეგებს (როგორც ეს სკოლის ეფექტურობის კვლევაში ვნახეთ), მაგრამ რა სახის ჩარევებს სთავაზობენ პრაქტიკოსებს, თუნდაც, სკოლებში გაუმჯობესების მისაღწევად - აქ ახსნა რეტროსპექციულია და არა - პროსპექტული (Morrison 2002a). ეს კრიტიკული შენიშვნა იმთავითვე მოიხსნება, თუ მკვლევარი ახერხებს ცვლადების პარამეტრების მანიპულირებას და იმის დანახვას, თუ რა მოხდება ამის შედეგად; როგორ ადგენს მკვლევარი სიმულაციის ასაგებად საჭირო ძირითად საწყის პარამეტრებს (კონსტრუქტის ვალიდობა) და აქედან დაწყებულ სიმულაციებს როგორ მივყავართ პრაქტიკულ რეკომენდაციებამდე? რამდენად მისაღებია, რომ სისტემა ერთი და იგივე ფორმულის/მოდელის მრავალჯერად გამეორებად აღიქმება? ქაოტური სირთულის (მეცნიერული გაგებით) შესწავლისას, როგორ ახერხებს მკვლევარი უკუპროცესით იმუშაოს და იმ პირველ პრინციპებს, ელემენტებს ან საწყის პირობებს მიაგნოს, რომლებიც მნიშვნელოვანია - რთული შედეგი შეიძლება სრულიად განსხვავებული, სულ სხვა საწყისი პირობების ურთიერთქმედების შედეგი იყოს. ეს სკინერის ბიჰევიორიზმის ჩომსკისეულ (1959) გამანადგურებელ კრიტიკას ჰგავს - ქცევაზე დაკვირვებაზე დაყრდნობით შეუძლებელია კონკრეტული სტიმულის შესახებ დასკვნის გაკეთება, ჩვენ არ შეგვიძლია დაკვირვებიდან ან ნავარაუდევი ეფექტიდან მიზეზზე დასკვნის გაკეთება; სიმულაციები მხოლოდ საწყისი პირობების ურთიერთქმედებას ამუშავებენ და უშვებენ და ამით უგულებელყოფენ „გზაზე“ დამატებითი ფაქტორების გამოჩენას, ანუ, პროცესი ძალზე დეტერმინისტულია (და მაინც, არსებობს კომპიუტერული სიმულაციები, რომლებშიც კომპიუტერი „სწავლობს“ სიმულაციის პროცესში); ყოველივე ზემოთქმულიდან მხოლოდ ის ითქვა საღი აზრის დონეზე, რომ ადამიანების ურთიერთქმედება არაპროგნოზირებულ და არაპროგნოზირებად ქცევას წარმოქმნის. მას ძალზე მიმზიდველს ისიც ხდის, რომ ის მოქმედების აპოლოგეტია; დაგეგმილმა ჩარევებმა თავიდან შეიძლება იმუშაოს, მაგრამ საბოლოო ჯამში - არა (სავარაუდოდ, ჰოთორნის ეფექტის გამეორება); ჩვენ მხოლოდ იმის წინასწარმეტყველება შეგვიძლია, რომ არ შეგვიძლია წინასწარმეტყველება; ადამიანური ცვლადებით მანიპულირება ტექნიკის საქმეა; ქცევა უფრო მეტია, ვიდრე ერთი და იგივე მათემატიკური მოდელის მრავალჯერადი გამეორება; ყოველთვის უზარმაზარი განსხვავება იქნება რეალურ და სიმულაციით მიღებულ სამყაროებს შორის, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ისინი არაფრისმომცემ მარტივ დონეზე განიხილებიან; ადამიანების, როგორც აგენტების მორალური და გააზრებული ქცევა არ არის ისეთი მარტივი, როგორც სიცოცხლის სხვა ფორმების ინსტინქტური ქცევა, უსულო ფენომენები, რასაც კომპიუტერულ სიმულაციებში სწავლობენ (მაგალითად, შესაბამისად, ფრინველები და მწერები, ქვიშის გროვები); სხვა რაოდენობრივი მიდგომების მსგავსად, სიმულაციებში შეიძლება კომბინირებული იყოს პროცესის დახვეწა და დაუმუშავებელი ცნებები (Ruddock 1981: 49); თუ რეალობა მოთამაშეთა „ზურგს უკან მუშაობს“, მაშინ სად ძევს ქმედებებზე პასუხისმგებლობა? როგორ მოქმედებს თავისუფალი ნება კომპიუტერულ სიმულაციებში? თუ კომპიუტერულ სიმულაციაში შესაძლებელია შემთხვევითი ელემენტის შეტანა, ეს ნიშნავს, რომ სიმულაცია რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, რათა სხვადასხვა მნიშვნელობის პირობებში დადგინდეს სიმულაციის სიმყარე და ცვლილებისადმი მგრძნობელობა; სამყაროს რიცხვებზე დაყვანა, როგორი დახვეწილი და დამუშავებულიც არ უნდა იყოს, უბრალოდ მცდარია; სამყარო ძალიან რთულია რიცხვებისთვის.       ეს სერიოზული კრიტიკაა და იმაზე მიუთითებს, რომ კვლევის ამ სფეროში ბევრია გასაკეთებელი ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად. აგენტობის საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ამტკიცონ, რომ კომპიუტერულ სიმულაციებში ის უფრო სუსტია, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში; თუმცა ვულდრიჯი და ჯენინგსი (ჭოოლდრიდგე ანდ ჟენნონგს 1995), მართალია, აღიარებენ ამას, მაგრამ თვლიან, რომ კომპიუტერულ სისტემაში მოქმედ აგენტებს ისეთი თანდაყოლილი მახასიათებლები აქვთ, როგორიცაა დამოუკიდებლობა, პროაქტიულობა, რეაქტიულობა და სოციალური უნარი.       კრიტიკა არ უარყოფს კომპიუტერულ სიმულაციებს. პირიქით, მის განვითარებისა და წინსვლისკენ ისწრაფვის. კონცეპტუალურ და პრაქტიკულ დონეებზე გამოთქმული ეს შენიშნვნები სიმულაციების საწინააღმდეგოდ კი არ არის მიმართული, არამედ - მათი განვითარებისა და დახვეწისკენ. მათგან ბევრს უნდა ველოდოთ და, განათლებისგან განსხვავებით, მეცნიერების სხვა სფეროებში უკვე საკმაო ღირებულებით სარგებლობენ. სირთულის თეორიისა და სიმულაციების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ ვებგვერდებს: santafe.edu (სანტა ფე ინსტიტუტის (Santa Fe Institute) ვებგვერდი - სირთულის თეორიის შემსწავლელი მთავრი ინსტიტუტი); brint.com (ვებგვერდი, რომელზეც მოცემულია სირთულის თეორიის შესახებ მასალების ინდექსი); complexity-society.com (დიდი ბრიტანეთის სირთულის თეორიის საზოგადოება); emergence.org (ჟურნალის Emergence: Complexity and Organization ვებგვერდი); jornal-ci.csse.monash.edu.au (ჟურნალის Complexity International ვეგ გვერდი); udel.edu (სირთულის თეორიის შესახებ ვებგვერდების ბმულები); answers.com (სირთულის თეორიის შესახებ ვებგვერდების ბმულები). დასკვნა       სიმულაციის მეთოდები მთელი რიგი ისეთი პრობლემების აღმოფხვრის საშუალებებს იძლევა, რომლებიც ლაბორატორიული ექსპერიმენების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ამასთანავე, ისინი ინარჩუნებენ მათ ზოგიერთ ღირსებას. როგორც პელისი (Pალყს 1978) შენიშნავს, სიმულაციებისა და ექსპერიმენტების საერთო მახასიათებელია, რომ ექსპერიმენტატორი სრულად აკონტროლებს მთლიანი სიტუაციის ყველა ასპექტს და მანიპულირებს. ამასთანავე, ცდის პირების ადამიანური ბუნება ხელუხლებელი რჩება იმ მხრივ, რომ ისინი რეალურ სიტუაციაში თავსდებიან, სადაც ისე იქცევიან, როგორც საჭიროდ თვლიან. დროის განზომილების ჩართვა სიმულაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენაძენია, რაც ცდის პირს გარემოსთან ურთიერთქმედებაში აქტიური როლის შესრულების საშუალებას აძლევს, ხოლო ექსპერიმენტატორს - სოციალური სისტემის მოქმედებაში დაკვირვების შესაძლებლობას, მისი უკუკავშირის ჯაჭვით, მრავალმიმართულებიანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებითა და ა.შ. და ბოლოს, აღნიშნავს პელისი - ჩართულობის მაღალი ხარისხი, რაც, ჩვეულებრივ, სიმულაციებში მონაწილეობას უკავშირდება, აჩვენებს, რომ ლაბორატორიულ ექსპერიმენტთან ასოცირებული თვითცნობიერება გაცილებით იოლად იფლანგება. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები       მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ბოლომდე სიმულაცია, კომპიუტერულ გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემებს უფრო და უფრო მეტად იყენებენ განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში, მაგალითად, მოსწავლეების მოზიდვასა და სკოლის არჩევის პატერნების განხილვისას. განათლების პოლიტიკას ხშირად გეოგრაფიული მდგენელი და განზომილება აქვს, მაგალითად, დაფარვის არეალი, სკოლების დახურვა, თავისუფალი მიღება და სკოლის არჩევა, რესურსებისა და ფინანსური ხარჯების განაწილება, შეფასების ქულებისა და გამოცდების შედეგების განაწილება. გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები კომპიუტერის ბაზაზე შექმნილი სისტემაა, რომელიც სივრცობრივი მონაცემების დაფიქსირებისთვის, შენახვისთვის, შემოწმებისთვის, ანალიზისა და წარმოდგენისთვის არის მოწოდებული; მასში გაერთიანებულია როგორც დიდი მოცულობის, ისე - მცირე ზომის და სხვადასხვა წყაროდან მიღებული სხვადასხვა ტიპის მონაცემები (Worrall 1990; Parsons et al. 1996; Gorard et al. 2002). ეს პოლიტიკური ინიციატივების მნიშვნელობისა და შედეგების გამოსავლენად გამოდგება, მაგალითად: „რა შედეგი მოიტანა მშობლების მიერ სკოლის დაფარვის არეალის თაობაზე გაკეთებულმა არჩევანმა?“; „როგორ ნაწილდება გამოცდის ქულები კონკრეტულ რეგიონში?“; „რამდენად ეფექტურია საშუალო სკოლების მომარაგება მოცემული პოპულაციისთვის?“; „როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ტრანსპორტის მომსახურება, რომელსაც მოსწალეები სახლიდან სკოლაში და უკან დაჰყავს?“; „რა მიუთითებს კონკრეტულ ქალაქში ‚მიმზიდველი‘ და ‚წყალწაღებული‘ სკოლების წარმოქმნაზე?“; ამ მაგალითების მონაცემები წარმოდგენილია 10. 2 და 10. 3. ჩანართებში       ცხადია, რომ ასეთი მონაცემების პოლიტიკური სენსიტიურობა და მნიშვნელოვნება განუზომელია და გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება კვლევა უშუალოდ ჩაერთოს პოლიტიკასა და მის ეფექტებში. პარსონსი და მისი კოლეგები (1996) განათლების სფეროში კვლევის ამ მიმართულების მარტივ და სრულად რეფერირებულ შესავალს გვთავაზობენ. ისინი გვირჩევენ ისეთი შემთხვევების შესწავლას, როგორიცაა სკოლის დაფარვის არეალები და გამოცდაზე ნაჩენები შედეგები, სკოლის დაფარვის არეალების ხელახალი გადანაწილება და დაფარვაში გადაადგილებების პატერნები.       გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლიათ რამდენიმე ვებგვერდს გაეცნოთ, თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ - „განათლების სფეროში კვლევა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები“ ან ქვემოთ ჩამოთვლილ ვებგვერდებს შემდეგ მისამართებზე ეწვიოთ: ჩანართი 10.2 გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები საშუალო სკოლებში ჩანართი 10.3 სახლის საფოსტო კოდების განსაზღვრა გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების გამოყენებით წყარო: LParsons et al. 1996 geo.ed.ac.uk (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) World Wide Web რესურსების ჩამონათვალი); tec.army.mil (განათლებასთან დაკავშირებულ ბმულებსაც მოიცავს); census.gov (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ რესურსები აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროდან); geo.uni.bonn.de (ევროპული ბმულების სერვერი); unr.edu (გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების შესახებ რესურსები ინტერნეტში). ◄ წინა ნაწილი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:09pm on მაისი 17, 2017
თემა: მეტაფიზიკა (წიგნი მეოთხე)
რადგან არც ერთი მათგანი არ სწავლობს ზოგადად არსებულს, როგორც არსებულს, არამედ გამოჰყოფს მის რომელიმე ნაწილს და იკვლევს მის შემთხვევით ნიშნებს, როგორც, მაგალითად, მათემატიკური მეცნიერებანი. რადგან საწყისებსა და უკანასკნელ მიზეზებს ვეძებთ, ცხადია, რომ ისინი რაღაც თავისთავად ბუნებას უნდა წარმოადგენდნენ. ამრიგად, ვინც არსებულთა ელემენტებს ეძებს, ის აუცილებლად ისეთ საწყისებს ეძებს, რაც არაა შემთხვევით, არამედ ჭეშმარიტად არსებული საგნების ელემენტებია. ასევე ვეძებთ ჩვენც არსებულის, როგორც არსებულის, პირველ მიზეზებს. თავი 2       არსებულს მრავალი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ერთსა და იმავე ბუნებას ნიშნავს და არა ჰომონიმებს, როგორც მაგალითად, ყოველი მსჯელობა ჯანმრთელობაზე ეხება ჯანმრთელობას თავისთავად: ან ჯანმრთელობის დაცვას, ან მის აღდგენას, ან მის გამოვლენასა და ადამიანის გამოჯანმრთელების უნარს. ასეთსავე მიმართებაშია მსჯელობა მკურნალობის შესახებ მკურნალობის ხელოვნებასთან. ერთ შემთხვევაში ის ეხება მკურნალობის ხელოვნებას, როგორც ასეთს, მეორე შემთხვევაში მისადმი მიდრეკილებას, მესამე შემთხვევაში ამ ხელოვნების შედეგებს. ასევე ყველა სხვა ამგვარ შემთხვევაში.       არსებულზე მრავალი მნიშვნელობით შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ყოველთვის ერთი საწყისი გვაქვს მხედველობაში. ის შეიძლება ნიშნავდეს სუბსტანციას, მის მდგომარეობას, მისკენ მისასვლელს, მის მოსპობას, მის რაიმე ნაკლს, თვით სუბსტანციის შემქმნელს და წარმომშობს, მასთან დამოკიდებულებაში მყოფს, სუბსტანციის რაიმე თვისების ან თვით სუბსტანციის უარყოფას. ასევე არარსებულის შესახებ ვამბობთ, რომ ის არსებობს, როგორც არარსებული. ისე როგორც ყოველივე, რაც ჯანმრთელობას შეეხება, ერთი მეცნიერების საგანია, ასევეა ყველა სხვა შემთხვევაშიაც. რაგან ერთი მეცნიერების შესწავლის ობიექტია არა მხოლოდ თავისთავად ერთი, არამედ ისიც, რაც ამ ერთის ბუნებას ეხება და ყოველივე ზემოთქმულიც ხომ როგორღაც ერთს ეხებოდა. ცხადია, რომ არსებული როგორც არსებული, ერთი მეცნიერების საგანია. მეცნიერება კი ყოველთვის პირველს ეხება, უმთავრესად იმას, საიდანაც გამომდინარეობს ყოველივე სხვა და რომელზედაც ითქმიან ისინი. და თუ ეს სუბსტანციაა, მაშინ ფილოსოფოსმა უნდა იცოდეს სუბსტანციათა საწყისები და მიზეზები.       ერთი გვარის ყველა მოვლენას ეხება ერთი შეგრძნების ორგანო და ერთი მეცნიერება. მაგალითად, გრამატიკა ერთია, მაგრამ ყველა ბგერას სწავლობს. ამიტომ ასრსებულის, როგორც არსებულის, სახეებს ერთი მეცნიერება უნდა სწავლობდეს, არსებულის სახეებს კი ამ მეცნიერების - სახეები. არსებული და ერთი ერთი და იმავე ბუნებისა არიან, რადგან ერთიმეორეს მისდევენ, როგრც საწყისი და მიზეზი და არა როგორც მხოლოდ ერთი და იმავე სახელწოდების მქონენი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ ჩვენ მათ ასეთად არ ჩავთვლით. პირიქით, ეს ჩვენთვის უფრო მეტად ხელსაყრელია, რადგან სულ ერთია, ვიტყვით ჩვენ „ერთ ადამიანს“ და „ადამიანს“, თუ „არსებულ ადამანს“ და „ადამიანს“. ასევე „ერთი ადამიანის“ გაორმაგებული გამოთქმა „ერთი არსებული ადამიანი“ სხვას არას ნიშნავს, თუ არა იმასვე. ცხადია, იგივე უნდა ითქვას არსებულის წარმოშობისა და დაღუპვის შემთხვევაში და „ერთის“ მიმართაც. ამრიგად, ცხადია, ასეთ შემთხვევებში სიტყვა „არსებულის“ მიმატება მნიშვნელობას არ სცვლის და „ერთი“, „არსებულის“ გარდა, სხვა არა არის რა. ასევე თითოეული სუბსტანცია შემთხვევით არაა არც „ერთი“ და არც „არსებული“. ასე რომ, რამდენი გვარიცა აქვს ერთს, იმდენივე არსებულს. არსებულის გვარებს კი მაგალითად, იგივეობას, მსგავსებას და სხვა ამდაგვარს ერთი მეცნიერება სწავლობს, თითქმის ყველა სახის წინააღმდეგობაც იმავე საწყისებზე დაიყვანება - ეს მე დადგენილი მაქვს ჩემს „წინააღმდეგობათა მიმოხილვაში“ და ფილოსოფიასაც იმდენივე ნაწილები აქვს, რამდენიც სუბსტანციებია. ასე რომ, მათ აუცილებლად უნდა ჰქონდეთ რაღაც პირველი და მომდევნო. რადგან არსებული და ერთი იყოფიან გვარებად, ამიტომ არსებობენ მათი შესატყვისი მეცნიერებანიც. ფილოსოფიაზე იგივე ითქმის, რაც მათემატიკაზე, მათემატიკასაც აქვს ნაწილები: პირველი, მეორე და ასე შემდეგ.       რადგან ერთი და იგივე მეცნიერება სწავლობს მოპირდაპირე მოვლენებს, ერთს კი სიმრავლე უპირისპირდება, ამიტომ როგორც უარყოფას, ისე ნაკლს ერთი მეცნიერება ეხება, რადგან ორივე შემთხვევაში განსახილველია ერთი, რომელსაც ეხება უარყოფაცა და ნაკლიც. ჩვენ ან მარტივად ვამბობთ, რომ არ არსებობს ის, ან რომელიმე გვარის მიხედვით, სადაც ერთს ახასიათებს რაიმე სახესხვაობა. ეს მას უარყოფასთან ერთად აქვს. არქონება ხომ უარყოფაა. ხოლო თვისების დაკარგვისას კი რჩება რაღაც სუბსტრატი - ბუნება, რომელზეც ვამბობთ, რომ თვისება დაკარგა. ერთს კი ბევრი რამ უპირისპირდება. ამრიგად, ზემოთქმულის საწინააღმდეგო ცნებებიც: სხვა, არამსგავსი, არატოლი და ყოველივე სხვა, რაც ან ამავე საწყისებს, ან ერთსა და მრავალს ეხება, არის ზემოდასახელებული მეცნიერების საგანი. იგულისხმება აგრეთვე დაპირისპირება. დაპირისპირება კი რაღაც განსხვავებაა. განსხვავება კი სხვად ყოფნას ნიშნავს. ამრიგად, როდესაც ვამბობთ, რომ ერთს მრავალი მნიშვნელობა აქვს, ის მრავალნაირადაც გამოითქმის. მაგრამ ყველაფერს ამას ერთი მეცნიერება სწავლობს. ის მაშინ კი არ არის მრავალი მეცნიერების ობიექტი, როდესაც მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, არამედ მაშინ, როდესაც მსჯელობა არ ეხება „ერთს“ ან „ერთზე“ არ დაიყვანება. მაგრამ რადგანაც ყოველივე პირველზე დაიყვანება, მაგალითად, რაც ერთზე ითქმის, დაიყვანება პირველ ერთზე, ამიტომ იგივე უნდა ვთქვათ ერთსა და იმავეზე, სხვაზე და საწინააღმდეგოზე. ამრიგად, განვიხილავთ რა, თუ რამდენი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ამათგანს, უნდა განვსაზღვროთ, თუ რა დამოკიდებულებაშია ერთი თითოეულ ამ კატეგორიასთან და რა მნიშვნელობით იხმარებიან ისინი მასზე. ისინი გამოხატავენ ან მის ქონებას, ან მოქმედებას, ასევე სხვა შემთხვევაშიც.       ცხადია, როგორც ეს უკვე ნათქვამი იყო „პრობლემებში“, რომ როგორც ამას, ისევე სუბსტანციებსაც ერთი მეცნიერება სწავლობს. ეს განხილულია „პრობლემებში“. ყოველივე ამის შესწავლის უნარი უნდა ჰქონდეს ფილოსოფოსს. მაგრამ თუ ეს ფილოსოფოსის საქმე არაა, მაშინ ვინ უნდა იკვლიოს, რომ „მჯდარი სოკრატე“ და „სოკრატე“ ერთი და იგივეა, თუ ერთმანეთისადმი დაპირისპირებული? ან ის, თუ რაა დაპირისპირება და რამდენი მნიშვნელობა აქვს მას? ასევე ყველა სხვა ამდაგვარი მოვლენები. თუ ყველა ისინი არიან თვისებები თავისთავად ერთისა და არსებულის, როგორც ასეთის და არა რამდენადაც ის ან რიცხვებია, ან ხაზებია, ან ცეცხლი, ცხადია, რომ ზემოთქმულ მეცნიერებას ეხება როგორც არსების, ისე მისი თვისებების შესწავლა. ისინი, ვინც ამას იკვლევდნენ, იმაში კი არ სცდებოდნენ, რომ ისინი მათ არ იკვლევდნენ, როგორც ფილოსოფოსნი, არამედ იმაში, რომ პირველ სუბსტანციას არ აქცევდნენ ყურადღებას, მაშინ როდესაც რიცხვს, როგორც რიცხვს, აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები: სიკენტე - სილუწე, ფარდობითობა, ტოლობა-მეტ-ნაკლებობა. ეს თვისებები ახასიათებთ რიცხვებს, როგორც თავისთავად, ისე ერთმანეთთან მიმართებაში. ასევე სხეულს, როგორც უძრავს, ისე მოძრავს, როგორც უწონადს, ისე წონის მქონეს სხვა თავისებურებებიც აქვს. არსებულსაც, როგორც არსებულს, აქვს რაღაც თავისებურებები და სწორედ ესაა ის, რის შესახებაც უნდა დაადგინოს ჭეშმარიტება ფილოსოფოსმა. ამას ამტკიცებს ის, რომ როგორც დიალექტიკოსები, ისე სოფისტები ფილოსოფოსის ნიღაბს ატარებენ, მაგრამ სოფისტიკა მხოლოდ მოჩვენებითი სიბრძნეა, დიალექტიკოსები კი ყველაფერზე მსჯელობენ, ყველაფრისათვის კი საერთოა არესბობა და მასზე იმიტომ მსჯელობენ, რომ ეს ფილოსოფიისათვის სპეციფიკური ობიექტია. დიალექტიკა და სოფისტიკა იმავე სფეროს ეხებიან, რასაც ფილოსოფია, მაგრამ ფილოსოფია განსხვავდება დიალექტიკისაგან კვლევის მეთოდით, სოფისტიკისაგან ცხოვრების პრინციპების შერჩევით. დიალექტიკა ცდებს აკეთებს იმ ობიექტებზე, რასაც ფილოსოფია შეიცნობს, სოფისტიკა კი მოჩვენებითი და არა ნამდვილი მეცნიერებაა.       შემდეგ, ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ წყვილთა ერთ-ერთი მხარეა „ნაკლი“, მაგრამ ყველა ისინი დაიყვანებიან არსებულსა და არარსებულზე, ერთსა და მრავალზე; მაგალითად, უძრაობა - ერთზე, მოძრაობა - მრავალზე. ყველა დაახლოებით ერთი აზრისაა იმის შესახებ, რომ არსებული და არსება ყოველთვის დაპირისპირებულ ელემენტთაგან შესდგება. ყოველ შემთხვევაში, ყველა აღიარებს ასეთ დაპირისპირებულ საწყისებს: ზოგი - კენტსა და ლუწს, ზოგი - თბილსა და ცივს, ზოგი - საზღვარსა და უსაზღვროს, ზოგი - მეგობარსა და მტრობას. ყველა სხვა საწყისებიც, როგორც ჩანს, ერთსა და მრავალზე დაიყვანებიან. მე მხედველობაში მაქვს ჩემს მიერ მიკვლეული დაყვანა. ის საწყისებიც, რომლებიც სხვებმა დაუშვეს, მთლიანად ამ გვარში ექცევა. აქედან ცხადია, რომ არსებულს, როგორც არსებულს, ერთი მეცნიერება სწავლობს, რადგან ყველაფერი არის ან წინააღმდეგობა, ან წინააღმდეგობისაგან შესდგება. წინააღმდეგობის საწყისები კი ერთი და სიმრავლეა, რაც ერთი მეცნიერების ობიექტია, სულ ერთია, აქვს მას ერთი მნიშვნელობა, თუ არა, რასაც სინამდვილეშიც აქვს ადგილი. მაგრამ თუ ერთს მრავალი მნიშვნელობა აქვს, ყოველივე, თვით ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებიც კი ითქმის მასზე, როგორც პირველზე. ამიტომ, თუ არ არსებობს ზოგადი და ერთი, მოცემული საგნებში ან მათგან დამოუკიდებლად, მაშინაც ზოგი რამ მაინც ერთს ეხება, ზოგი კი მისგან გამომდინარეობს. ამიტომაც გეომეტრი არ იკვლევს იმას, თუ რა არის დაპირისიპრება, დასრულებული ერთი არსებული, იგივეობრივი და განსხვავებული და თუ განიხილავს, განიხილავს პირობითად.       ამრიგად, ერთი მეცნიერების საქმეა არსებულის, როგორც არსებულის და მისი, როგორც არსებულის, თვისებების შესწავლა. ისიც ცხადია, რომ ის არა მხოლოდ სუბსტანციებს სწავლობს, არამედ მის თვისებებსაც. როგორც ზემოთქმულთ, ისე წინამორბედთა და მომდევნოთ, გვარებსა და სახეებს, მთელსა და ნაწილებს და ყოველივე სხვა ამდაგვარს. თავი 3       ახლა უნდა შევეხოთ საკითხს იმის შესახებ, რომ ერთი და იგივე, თუ სხვადასხვა მეცნიერების საგანია ე.წ. მათემატიკური აქსიომები და მათემატიკური ხასიათის მოვლენები. ცხადია, რომ მათი განხილვა არის ერთი მეცნიერების საგანი, კერძოდ, იმ მეცნიერებისა, რომელიც ფილოსოფოსს ეკუთვნის და სწორედ ამის განხილვაა საჭირო. ეს აქსიომები ახასიათებს ყველა სახის სუბსტანციას და არა სხვებისაგან დამოუკიდებლად არსებულ რაღაც განსაკუთრებულ გვარს. ყველა იყენებს მათ, რადგან ისინი ახასიათებენ არსებულს, როგორც არსებულს. ყოველი გვარი კი არსებულია, და იყენებენ მათ იმდენად, რამდენადაც ეს საკმარისია მათთვის იმ გვარის ფარგლებში, სადაც მტკიცებას მიმართავენ. ამრიგად, ცხადია, რომ რადგან არსებობა ყველას ახასიათებს, ამიტომ ის ყველასათვის საერთო უნდა იყოს და ამიტომ ვინც სწავლობს არსებულს, როგორც არსებულს, მან ეს აქსიომებიც უნდა შეისწავლოს. ამიტომაც არც ერთი სპეციალური მეცნიერების წარმომადგენელი, ვერც გეომეტრი, ვერც მათემატიკოსი, გარდა ზოგიერთი ფიზიკოსისა, ვერ ბედავს იმის თქმას, ჭეშმარიტნი არიან თუ არა ისინი. და ეს სრულიად მართებულია, რადგან მათ ეგონათ რომ დაკვირვებას აწარმოებდნენ მთელს ბუნებასა და არსებულზე. მაგრამ არსებობს ფიზიკაზე მაღლა მდგომი რაღაც მეცნიერება (რადგან ბუნება არსებულის ერთ-ერთი სახეა), ზოგადი და პირველი სუბსტანციის შემსწავლელი, რომელიც აქსიომებსაც იკვლევს. ფიზიკა კი, თუმცა რაღაც სიბრძნეა, მაგრამ არა პირველი. ისინი კი, რომლებიც ცდილობდნენ დაედგინათ, თუ როგორ ვიღებთ ჭეშმარიტებას, არ ითვალისწინებდნენ „ანალიტიკებს“. საჭირო კია, რომ მათ ხელი მოჰკიდონ ამას „ანალიტიკების“ წინასწარი შესწავლის შემდეგ და არ აწარმოებდნენ კვლევას მხოლოდ მის შესახებ განაგონით. რომ ფილოსოფოსის საქმეა, როგორც ყოველგვარი სუბსტანციის ბუნების შესწავლა, ისე სილოგიზმის საფუძვლების კვლევა, ეს ცხადია, რადგან ყველაზე უკეთ მცოდნეს შეჰფერის, როგორც ყველა სხვა გვარის, ისე არსებულის, როგორც არსებულის, ყველაზე მყარი საწყისების კვლევა. ასეთი კი ფილოსოფოსია. ყოველივეს ურყევი საწყისები კი ისინია, რომელთა შესახებ შეცდომა შეუძლებელია. ისინი ყველაზე უკეთ შეცნობადნი (რადგან ყველა სცდება იმაში, რასაც ვერ შეიცნობს) და უპირობო არიან. რომ ამ საწყისების ცოდნა აუცილებელია იმისათვის, ვისაც ნებისმიერი არსებულის შეცნობა სურს, ჰიპოთეზა არაა. მაგრამ, თუ რის ცოდნაა საჭირო მისთვის, ვინც რაიმეს სწავლობს, ეს მას თავიდანვე უნდა ჰქონდეს აუცილებლად გარკვეული რომ ყველაფრის საწყისი ყველაზე უფრო მეტად მყარია, ეს ნათელია. მაგრამ, თუ რას წარმოადგენს ის, ამის შესახებ ახლა ვიმსჯელებთ.       ერთი და იგივე ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე მიმართებაში ერთსა და იმავე საგანს არ შეიძლება ახასიათებდეს და არც ახასიათებდეს. რა განსაზღვრებებიც უნდა დამატებოდა ამ დებულებას ლოგიკური სიძნელეების თავიდან აცილების მიზნით, წინასწარ უკვე დავუმატეთ, ის ყველაზე ურყევი საფუძველია, რადგან ზემომოტანილი განსაზღვრება მას უდგება. მართლაც, რომელი საგანიც არ უნდა ავიღოთ, შეუძლებელია რომ ის არსებობდეს და არც არსებობდეს, როგორც ზოგიერთის აზრით, ამტკიცებენ ჰერაკლიტეს მიმდევრები. არაა აუცილებელი, რომ დავიჯეროთ ყველაფერი, ვინც კი რამეს იტყვის, რადგან შეუძლებელია, რომ ერთსა და იმავე მოვლენას საწინააღმდეგო თვისებები ახასიათებდეს. ამით ერთხელ კიდევ მტკიცდება ის, რაც ჩვენ წინასწარ ვარაუდით უკვე დავუშვით. მართალია, წინააღმდეგობის ერთი მხარე მეორეს უპირისპირდება, მაგრამ, ცხადია, შეუძლებელია დავუშვათ, რომ ერთი და იგივე არსებობს და არც არსებობს ერთსა და იმავე დროს, რადგან ვინც სცდება, მას ერთდროულად ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრი აქვს. ამიტომ ყველა, ვინც რაიმეს ამტკიცებს, ამ უკიდურეს დებულებას ემყარება, რომელიც ბუნებრივად ყველა სხვა აქსიომების საფუძველია. თავი 4       არსებობენ ისეთი მოაზროვნენიც, რომლებიც როგორცა ვთქვით, ამბობენ, რომ ერთი და იგივე არის და არც არის და სჯერათ კიდევაც ეს[1]. ამ შეხედულებას ბევრი ბუნებისმეტყველიც იზიარებს. ჩვენ კი ახლახანს მივიღეთ, რომ არ შეიძლება არსებული ერთდროულად იყოს და არც იყოს, და ამიტომაც ეს დებულება საწყისთა შორის ყველაზე ურყევად მივიჩნიეთ. ზოგი კი უცოდინარობის გამო მოითხოვს ამ დებულების მტკიცებასაც. მართლაც, უვიცობაა არცოდნა იმისა, თუ რის მტკიცებაა საჭირო და რის არა. საერთოდ, ყველაფრის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ეს უსასრულობაში წაგვიყვანდა[2] და დასაბუთება მაინც არ გვექნებოდა. მაგრამ თუ ზოგი რამის მტკიცება არაა საჭირო, ისინი ვერ გვეტყვიან, რომელია ყველაზე უფრო მეტად ასეთი საწყისი. მოკამათის ნათქვამში, თუ მას რაიმე გარკვეული აზრი აქვს, იმის მხილება, რომ ეს შეუძლებელია, არის არაპირდაპირი დასაბუთება. მაგრამ თუ ის არაფერს ამბობს, სასაცილოა აზრი ვეძებოთ იმაში, რაშიც, როგორც ასეთში, არავითარი აზრი არაა. ასეთი ადამიანი მცენარეს ჰგავს. არაპირდაპირსა და ჩვეულებრივ დასაბუთებას შორის ის განსხვავებაა, რომ ვინც ამ უკანასკნელს მიმართავს, როგორც ჩანს, დასაწყისიდანვე მტკიცებას იყენებს. პირველი კი ამავე მდგომარეობაში მიმართავს არა მტკიცებას, არამეც მხილებას[3]. ყველა ასეთ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ არა იმის მოთხოვნით, რომ მოწინააღმდეგემ თქვას რაიმეზე, რომ ის არსებობს, ან არ არსებობს (ეს თავიდანვე იმის მიღება იქნებოდა, რასაც დასაბუთება სჭირდება), არამედ იმის მოთხოვნით, რომ ის როგორც თავისთვის, ისე სხვისთვის რაღაც გარკვეულზე მსჯელობდეს. ეს კი აუცილებელია, თუ მას რაიმეს თქმა სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერც თავისთვის და ვერც სხვისთვის ვერაფერს გარკვევით ვერ იტყვის. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა მტკიცებაც, რადგან მას რაღაც განსაზღვრული ექნებოდა მხედველობაში. მიზეზი ამისა ის კი არაა, ვინც ამტკიცებს, არამედ მოწინააღმდეგე, რომელიც იმ დებულებას იყენებს, რომელსაც უარყოფს. გარდა ამისა, ვინც ამას უშვებს, იმასაც უშვებს, რომ არსებობს რაღაც ჭეშმარიტება დასაბუთების გარეშე. მაგალითად, დებულება იმის შესახებ, რომ შეუძლებელია ყოველივე ასე იყოს და არც იყოს[4].       უპირველესად ყოვლისა, ცხადია, ჭეშმარიტია ის, რომ გამოთქმა „არსებობს“ ან „არ არსებობს“ რაღაცას ნიშნავს და არ შეიძლება, რომ ყოველივე ასე იყოს და არც იყოს. შემდეგ, თუ „ადამიანს“ ერთი მნიშვნელობა აქვს, ის შესაძლებელია, „ორფეხა ცხოველს“ ნიშნავდეს. ერთ მნიშვნელობაში შემდეგს ვგულისხმობ: თუ ის ნიშნავს „ადამიანს“, როგორც ადამიანს, ამ შემთხვევაში ეს „ადამიანად ყოფნა“ იქნება. მდგომარეობას არ სცვლის ის, თუ მას ბევრი მნიშვნელობა აღმოაჩნდება, მთავარია, რომ ამ მნიშვნელობათა რიცხვი განსაზღვრული იყოს, რადგან ყოველ მნიშვნელობას განსხვავებულ სახელს დავარქმევდით. მე იმის თქმა მინდა, რომ თუ ვინმე ამბობს, რომ „ადამიანს“ აქვს არა ერთი, არამედ მრავალი მნიშვნელობა, რომელთაგან ერთი „ორფეხა ცხოველია“ და ამას გარდა, კიდევ სხვა მრავალი მნიშვნელობები, ოღონდ რიცხვით განსაზღვრული, მაშინ საჭირო იქნებოდა თითოეული მნიშვნელობისათვის ცალკე სახელწოდების გამონახვა. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, არამედ დაგვეშვა, რომ ცნებებს განუსაზღვრელი მნიშვნელობა აქვთ, ცხადია, რომ ურთიერთგაგება შეუძლებელი იქნებიდა. რადგან ერთი მნიშვნელობის არქონება არც ერთი მნიშვნელობის არქონებას ნიშნავს. ხოლო თუ სიტყვებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვთ, ისპობა ერთმანეთის და კიდევ მეტი, თავის თავის ჭეშმარიტი გაგების შესაძლებლობაც კი, რადგან აზროვნება შეუძლებელია რაღაც იგივეობრივის მოაზრების გარეშე. და თუ ეს ასეა, მაშინ ყოველ ცალკე აღებულ საგანს ცალკე სახელიც უნდა დაერქვას.       ამრიგად, როგორც თავიდანვე ვთქვით, თუ სიტყვას რაიმე მნიშვნელობა აქვს, ეს მნიშვნელობა ერთია და შეუძლებელია, რომ „ადამიანის არსებობა“ „ადამიანის არარსებობას“ ნიშნავდეს, თუ „ადამიანი“ არა მხოლოდ ერთთან მიმართებას გამოხატავს, არამედ ერთ აზრსაც. მაგრამ ერთი არაა იგივე, რაც ერთთან მიმართებაში ყოფნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც „განათლებულს“, ისე „თეთრსა“ და „ადამიანს“ ერთი და იგივე მნიშვნელობა ექნებოდათ. და ამრიგად, ყველაფერი ერთი იქნებოდა, როგორც სინონიმები. არსებობა და არარსებობა, ერთი და იგივე არაა, არამედ ისინი მხოლოდ ომონიმები შეიძლება იყვნენ. მაგალითად, იმისთვის, რასაც ჩვენ „ადამიანს“ ვუწოდებთ, სხვებს შეიძლება „არაადამიანი“ ეწოდებინათ. მაგრამ სადაო ეს კი არაა, რომ ერთსა და იმავე მოვლენას შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ერთი და იგივე სახელი ადამიანისა, არამედ საგანი თვითონ. მაგრამ თუ „ადამიანს“ და „არაადამიანს“ სხვადასხვა მნიშვნელობა არა აქვთ, ცხადია, სხვადასხვა არ იქნებოდა „ადამიანად ყოფნა“ და „ადამიანად არყოფნა“. ასე რომ, „ადამიანად ყოფნა“ იგივე იქნებოდა, რაც „არყოფნა ადამიანად“, რადგან ობიექტი ერთი იქნებოდა. ერთად ყოფნა კი იმასვე ნიშნავს, რასაც ტანისამოსი და ქსოვილი, თუ ცნება ერთია. თუ ეს ერთი და იგივეა, მაშინ ერთი და იგივე მნიშვნელობა ექნებათ „ადამიანად ყოფნას“ და „არყოფნას ადამიანად“. მაგრამ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს სხვადასხვას ნიშნავს. თუმცა თუ გამოთქმა „ის ადამიანია“ ჭეშმარიტია, აუცილებელია „ის“ „ორფეხა ცხოველიც იყოს“. რადგან ეს „ადამიანის“ მნიშვნელობაში შედის. მაგრამ თუ ეს აუცილებელია, შეუძლებელია, რომ ადამიანი ამავე დროს „ორფეხა ცხოველიც“ არ იყოს. „აუცილებლად ყოფნა“ „ადამიანად არყოფნის“ შეუძლებლობას ნიშნავს. ამრიგად, შეუძლებელია, რომ ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს იმის თქმა, რომ ერთი და იგივე „არის ადამიანი“ და „არც არის ადამიანი“. იგივე უნდა ითქვას „ადამიანად არყოფნაზე“. რადგან „ადამიანად ყოფნა“ და „არყოფნა ადამიანად“ სხვადასხა აზრს გამოხატავენ ისევე, როგორც სხვადასხვაა „თეთრად ყოფნა“ და „ადამიანად ყოფნა“, ოღონდ პირველ შემთხვევაში საგნები ერთიმეორეს უფრო მეტად უპირისპირდებიან ისე, რომ სხვადასხვას ნიშნავენ. მაგრამ თუ „თეთრი“ და „ადამიანი“ ერთსა და იმავე აზრს ატარებს, მაშინ იგივე შეიძლება ვთქვათ, რაც ადრევე იყო ნათქვამი, რომ ყოველივე ერთი იქნებოდა და არა მარტო დაპირისპირებული. და თუ ეს შეუძლებელია, მაშინ იმავე შედეგს მივიღებთ, რაც უკვე ვთქვით, თუ მოწინააღმდეგე მხოლოდ იმაზე პასუხობს, რასაც ეკითხებიან. მაგრამ თუ ის პასუხს კიდევ სხვა რამეს უმატებს, ის შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს არ იძლევა. და არაფერი არ უშლის ხელს იმას, რომ ერთი და იგივე იყოს, როგორც „ადამიანი“, ისე „თეთრი“ და სხვა ათასი რამ. მაგრამ მიუხედავად ამისა, კითხვაზე - „რომელია სწორი, რომ ის ადამიანია, თუ არა?“ ვპასუხობთ რაღაც ერთს და არ ვუმატებთ, რომ ის თეთრიცაა და დიდიც, რადგან შეუძლებელიცაა დაუსრულებელი რაოდენობის შემთხვევითი ნიშნების ჩამოთვლა, არამედ საჭიროა ან ყველა ნიშნის ჩამოთვლა, ან არც ერთისა. ასევე ერთი და იგივე თუნდა ათასჯერაც იყოს და არ იყოს ადამიანი, მოპასუხე კითხვაზე იმის შესახებ, არის ეს ადამიანი? - არ უმატებს, რომ ის ამავე დროს ადამიანი არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მან უნდა ჩამოთვალოს ყველა სხვა შემთხვევითი ნიშანი, რაც აქვს, თუ არა აქვს ადამიანს. და თუ ის ასე არ მოიქცევა, შეუძლებელს გახდის საუბარს.       საერთოდ, ვინც ასე მსჯელობს, სპობს, როგორც სუბსტანციას, ისე მის არსებას. რადგან ყველაფერს თვისებად აცხადებს და უარყოფს თვით „ადამიანად ყოფნას“ ან „ცხოველად ყოფნას“ [5]. მაგრამ თუ არსებობს რაიმე, რაც „ადამიანად ყოფნას“ ნიშნავს, მაშინ ის არ იქნება იმავე მნიშვნელობისა, რაც „არაადამიანად ყოფნა“, ანდა „არყოფნა ადამიანად“, რადგან ესენი პირველის უარყოფაა. ამრიგად, ამ გამოთქმას ერთი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს და რაიმეს არსებას უნდა გამოხატავდეს. არსება კი იმას ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება სხვა რამ იყოს. მაგრამ თუ ერთი და იგივეა, როგორც „ადამიანად ყოფნა“, ისე „არაადამიანად ყოფნა“ და სხვა, მაშინ აუცილებელია ითქვას, რომ არც ერთი მათგანი არ გამოხატავს ცნებას, არამედ შემთხვევით ნიშნებს. არსება და შემთხვევითი ნიშნები შემდეგნაირად განსხვავდებიან: „თეთრი“ არის „ადამიანის“ შემთხვევითი ნიშანი, რადგან „ადამიანი“ თეთრია მხოლოდ თავისი ნიშნით და არა თავისი არსებით. მაგრამ, თუ ყოველივეზე ვილაპარაკეთ, როგორც შემთხვევითზე, მაშინ თავისთავად პირველი არაფერი არ იქნება, რომელზეც ითქმის ყველაფერი. შემთხვევითი ნიშანი ხომ ყოველთვის რაღაც სუბსტრატზე ითქმის. ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება სვლა უსასრულობაში, რაც შეუძლებელია, რადგან ორზე მეტი შემთხვევითი ნიშანი არ უკავშირდება ერთმანეთს. შემთხვევითი ნიშანი არ შეიძლება შემთხვევითის შემთხვევითი ნიშანი იყოს, თუ ორივე რაღაც მესამის შემთხვევითი ნიშნები არ არიან. მაგრალითად, „განათლებული თეთრიც“ „თეთრია“, „თეთრი“ კი „განათლებული“, რადგან ორივე „ადამიანის“ შემთხვევითი ნიშნებია. „სოკრატე განათლებულია“ იმას კი არ ნიშნავს, რომ ორივე ეს რაღაც სხვის შემთხვევითი ნიშანი იყოს. შემთხვევითი ნიშნები არ შეიძლება ვიხმაროთ, როგორც ამ, ისე იმ აზრით, როგორც ვმსჯელობდით „სოკრატეს სითეთრის“ შესახებ, მაგრამ შეუძლებელია უსაზღვროთ ზევით სვლა ისე, რომ „სოკრატეს სითეთრეს“ სხვა შემთხვევითი ნიშანი აღმოაჩნდეს. რადგან ყველა ამათგან რაღაც ერთიანი არ მიიღება. და არც „თეთრს“ შეიძლება რაიმე სხვა შემთხვევითი ნიშანი ჰქონდეს, მაგალითად, „განათლებული“. ეს უკანასკნელი არ შეიძლება იყოს უფრო მეტად იმის შემთხვევითი ნიშანი, ან ის ამისა. ამავე დროს დავადგინეთ, რომ ზოგჯერ ასეთი ხასიათის შემთხვევითი ნიშნები გვაქვს, ზოგჯერ კი ისეთი, როგორც „სოკრატე განათლებულია“. თუ ეს ასეა, შემთხვევითი ნიშანი შემთხვევითი ნიშნის შემთხვევითი ნიშანი ვერ იქნება და მაშასადამე, როგორც ვთქვით, არ შეიძლება ყოველივეზე მსჯელობა როგორც შემთხვევითზე, არამედ, უნდა არსებობდეს რაღაც, რაც არსებას ნიშნავს. და თუ ეს ასეა, მაშინ დამტკიცდა, რომ შეუძლებელია ერთდროულად ორი ერთმანეთის საწინააღმდეგო დებულებათა გამოთქმა.       გარდა ამისა, თუ ერთი და იგივე მოვლენის შესახებ ერთსა და იმავე მიმართებაში ყველა საწინააღმდეგო მსჯელობა ჭეშმარიტია, ცხადია, რომ მაშინ ყველაფერი ერთი იქნებოდა: ტრიერაც[6], კედელიც და ადამიანიც. ე.ი. იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ყოველივეზე ყველაფრის მტკიცებაც და უარყოფაც, რაც აუცილებელია პროტაგორას მოძღვრების მიმდევართა აზრით. თუ საწინააღმდეგო მსჯელობები ჭეშმარიტია, მაშინ მისთვის, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანი არ არის ტრიერა, ცხადია, რომ ის არის და არც არის ტრიერა. მაშინ შედეგად მივღებთ იმას, რასაც ანაქასაგორა ასწავლიდა, რომ ყველა საგანი ერთია. ასე რომ, ჭეშმარიტად არაფერი აღარ იარსებებდა.       როგორც ჩანს, განუსაზღვრელს უნდა გულისხმობდნენ ისინი, რომლებიც არარსებულზე მსჯელობისას ფიქრობენ, რომ არსებულზე მსჯელობენ, რადგან შესაძლებლობაში და არა სინამდვილეშია არსებული განუსაზღვრელი. მათი აზრით, ყველაფრის შესახებ შეიძლება ყველაფრის მტკიცება და უარყოფა. მაგრამ შეუსაბამობაა, რომ რასაც უარვყოფთ საგნის შესახებ, ის არსებობდეს და რასაც მივაწერთ, ის არ არსებობდეს. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ თუ ჭეშმარიტია ადამიანზე ვთქვათ, რომ „არაა ადამიანი“, ცხადია, რომ ასევე შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ის „არის“ ან „არ არის ტრიერა“. და თუ მის მიმართ შესაძლებელია მტკიცება, მაშინ მისი უარყოფა უფრო მეტად იქნებოდა შესაძლებელი, ვიდრე თვით საგნისა. და თუ მისი უარყოფა შესაძლებელია, შესაძლებელი იქნება ტრიერის უარყოფაც. და თუ ეს შესაძლებელია, შესაძლებელი იქნებოდა მტკიცებაც.       ამ შედეგებამდე მიდიან ამ მოძღვრების მომხრენი და აგრეთვე ისინი, რომლებიც არ თვლიან აუცილებლად ან მხოლოდ მტკიცებას, ან მხოლოდ უარყოფას. რადგან, თუ შეშმარიტია, რომ ერთი და იგივე „არის“ და „არც არის ადამიანი“, ცხადია, რომ ის არც „ადამიანი“ იქნებოდა და არც „არაადამიანი“. რადგან ორ მტკიცებას ორი უარყოფა უპირისპირდება.       შემდეგ, ან ყოველივეს შესახებ შეიძლება ითქვას, რომ „თეთრია“ და „არაცაა თეთრი“, „არსებობს“ და „არც არსებობს“ და ასევე ყველა სხვა მტკიცებისა და უარყოფის შემთხვევაში, ან ზოგიერთის მიმართ ეს ასეა, ზოგიერთის მიმართ კი არა. რომ ეს ყველგან შეუძლებელია, ჩვენ ამას დავეთანხმებით, მაგრამ თუ ეს ყველგან შესაძლებელია, მაშინ ის, რაც მტკიცდება, შეიძლება უარყოფილ იქნას კიდეც და პირიქით, რაც უარიყოფა, დამტკიცდეს, და სადაც მტკიცებაა, ის შეიძლება უარყოფილ იქნას კიდეც. მაგრამ სინამდვილეში სადაც მტკიცებაა, იქ ყველგან უარყოფა არაა. თუ ეს ასე არაა, მაშინ არ იარსებებდა რაიმე მყარი, მყარი შეხედულებაც კი და თუ არ არსებობს რაიმე მყარი და გასაგები, მაშინ ყველაზე მეტად გასაგები იქნებოდა ამის საწინააღმდეგო დებულება. ასევე ისინი, რომლებიც შესაძლებლად თვლიდნენ ყოველი მტკიცების უარყოფას, ან ჭეშმარიტებას ამბობდნენ[7], როცა ამტკიცებდნენ, რომ ეს საგანი „თეთრია“ და „არცაა თეთრი“, ანდა არ ამბობდნენ შეჭმარიტებას. მაგრამ თუ ჭეშმარიტებას არ ამბობენ ისინი, ვინც ერთმანეთს აშორებს მტკიცებას და უარყოფას, მაშინ ის ვერც ამას იტყოდა და არც არაფერი იარსებებდა. არარსებული კი როგორ ილაპარაკებდა, ან როგორც ივლიდა; მაშინ, როგორც ზემოთაც ვთქვით, ყველაფერი ერთი იქნებოდა, ადამიანიც, ღმერთიც, ტრიერაც და მათი საწინააღმდეგოც. თუ ესა ასე იქნებოდა ყველგან, მაშინ საგნები ერთმანეთისაგან არაფრით არ იქნებოდნენ განსხვავებულნი და თუ განსხვავდებოდნენ, მაშინ ეს იქნებოდა, როგორც ჭეშმარიტი, ისე საგნისათვის დამახასიათებელი. ამრიგად, თუ საწინააღმდეგო დებულებათა ერთს მიმართებაში გამოთქმა დასაშვებია, აქედან გამომდინარეობს ის, რაც ითქვა, რომ ყველანი ან ჭეშმატირებას ამბობენ ან სცდებიან. ასევე ასეთ ადამიანს საკუთარი მსჯელობა შეცდომად უნდა გამოეცხადებინა. ამავე დროს, ცხადია, რომ ასეთ ადამიანთან არაფრის შესახებ არ შეიძლებოდა კამათი, რადგან ის ვერაფერს ვერ იტყოდა[8], ვერც იმას, რომ ეს ასეა და ვერც იმას, რომ ეს ასე არ არის, არამედ იტყოდა, რომ ასეცაა და არცაა ასე და ამავე დროს ორთავეს უარყოფდა, რომ ეს არც ასეა და არც არაა ასე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის რაღაც განსაზღვრულს დაუშვებდა.       ამას გარდა, როდესაც მტკიცება ჭეშმარიტია, უარყოფა მცდარი, ანდა თუ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტია, მტკიცება - მცდარი; მტკიცებაცა და უარყოფაც ერთდროულად ჭეშმარიტი ვერ იქნება. ეს კი ის დებულებაა, რომელიც ჩვენ თავდაპირველად წამოვაყენებთ.       შემდეგ, განა ის სცდება, ვინც ან მხოლოდ ამტკიცებს, ან მხოლოდ უარყოფს, ხოლო ვინც წინააღმდეგობის ორივე მხარეს იღებს, ის ჭეშმარიტებას ამბობს? თუ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტებას ამბობს, რა აზრი ექნებოდა ნათქვამს, რომ ასეთია არსებულ საგანთა ბუნება? და თუ არ ამბობს ჭეშმარიტებას, მაგრამ მაინც უფრო მეტ ჭეშმარიტებას, ვიდრე პირველი, მაშინ არსებულ საგნებს გარკვეული თვისებები ექნებოდათ, მისი ნათქვამი კი ჭეშმარიტიც იქნებოდა და არც იქნებოდა ჭეშმარიტი. მაგრამ თუ ყველანი ერთნაირად სცდებიან და ჭეშმარიტებას ამბობენ, ვერც ბგერას გაიღებენ და ვერ იტყვიან რაიმეზე, რომ ის არსებობს, რადგან ისინი ერთდროულად ამბობენ რამეს და არც ამბობენ. მაგრამ თუ ისინი არაფერს არ ამტკიცებენ, არამედ ასეც ჰგონიათ და არცა ჰგონიათ, რით იქნებიან ისინი მცენარეებისაგან განსხვავებული? აქედან ყველაზე მეტად ცხადია ის, რომ ამ მდგომარეობაში არავინ არ ყოფილა, არც სხვა ვინმე და არც ამ მოძღვრების მიმდევარი.       რატომ ხდება, მეგარაში მიდის და არ ისვენებს ის, ვინც ფიქრობს, რომ წასვლა საჭიროა? ან დილითვე არ ვარდება, სადაც მოხვდება, ან ჭაში, ან ხრამში, არამედ როგორც ჩანს, ფრთხილობს, ფიქრობს რა, რომ არ უნდა იყოს ერთნაირად კარგი, ან ცუდი იქ ჩავარდნა. ცხადია, რომ ის ერთს კარგად თვლის, მეორეს კი არა. თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია, რომ ერთი მიაჩნდეს ადამიანად, მეორე არა, ერთი - ტკბილად, მეორე - არა. მართლაც, ის ყოველივეს ერთნაირად არ ეძებს და არ იღებს. მაგალითად, როდესაც ფიქრობს, რომ უკეთესია წყლის დალევა, ანდა ადამიანის ნახვა და შემდეგ ეძებს მათ. მაგრამ ის ერთნაირად უნდა მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ერთი და იგივე იქნებოდა, ადამიანიც და არაადამიანიც. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, არავინ არაა ისეთი, რომელიც ერთს უფრთხოდეს და მეორეს არა. ასე რომ, როგორც ჩანს, ყველას ერთი მარტივი შეხედულება აქვს, თუ ყველაფერზე არა, უკეთესსა და უარესზე მაინც. და თუ ეს არის არა მათი ცოდნა, არამედ წარმოდგენა, მით უფრო მეტად საჭიროა ფიქრი ჭეშმარიტებაზე, როგორც ავადმყოფი, უფრო მეტად უნდა ზრუნავდეს ჯანმრთელობაზე, ვიდრე ჯანმრთელი. ასევე წარმოდგენის მქონე არაა ისეთსავე დამოკიდებულებაში ჭეშმარიტებასთან, როგორც მცოდნე. ამას გარდა, დაე ყველაფერი იყოს და არც იყოს ასე, მაგრამ არსებულის ბუნებას მეტ-ნაკლებობა ახასიათებს, რადგან არ შეიძლება ერთნაირად ვუწოდოთ ლუწი ორსა და სამს. ასევე ერთნაირად არ სცდებიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ ოთხი არის ხუთი, და ვისაც ის ათასი ჰგონია. და თუ ერთნაირად არ სცდებიან, ცხადია, რომ ერთი ნაკლებ სცდება და უფრო მეტ ჭეშმარიტებას ამბობს. თუ არსებობს ჭეშმარიტებასთან უფრო მეტად ახლოს მყოფი საგნები, მაშინ უნდა იყოს რაიმე ჭეშმარიტიც, რომელთან ახლო მყოფი უფრო მეტად ჭეშმარიტი იქნება. და თუ ის არ არსებობს, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო მეტად ურყევი და უფრო მეტად ჭეშმარიტი, მაშინ განვთავისუფლდებოდით იმ უკიდურესი მოძღვრებიდან, რომელიც ხელს უშლის აზროვნებას რაიმეს დადგენაში. თავი 5       ამავე შეხედულებიდან[9] გამომდინარეობს აგრეთვე პროტაგორას მოძღვრება და აუცილებელია, რომ ან ორივე მიღებულ იქნას, ან არც ერთი მათგანი. თუ ჭეშმარიტია ყველა შეხედულება და მოვლენა, აუცილებელია რომ ყველაფერი ერთსა და იმავე დროს იყოს, როგორც ჭეშმარიტი, ისე მცდარი. რადგან ბევრს ერთიმეორის საწინააღმდეგო შეხედულება აქვს, რომელთაგან ერთი მხარე ფიქრობს, რომ სცდება მეორე, რომელიც მის შეხედულებას არ იზიარებს. ასე რომ, აუცილებელია, ერთი და იგივე იყოს და არც იყოს. და თუ ეს ასეა, მაშინ აუცილებელია, რომ ყველა შეხედულება ჭეშმარიტი იყოს, რადგან ერთიმეორის საწინააღმდეგო შეხედულება აქვთ იმათ, რომელთაგან ერთნი სცდებიან და მეორენი კი ჭეშმარიტებას ამბობენ. და თუ სინამდვილეშიც ასეა, მაშინ ყველას ჭეშმარიტება უთქვამს. რომ ორივე თვალსაზრისი ერთი და იმავე შეხედულებიდან გამომდინარეობს, ეს ცხადია, მაგრამ ყველას მიმართ მიდგომის მეთოდი ერთი და იგივე არ შეიძლება იყოს, რადგან ზოგს დარწმუნება სჭირდება, ზოგს იძულება[10]. უცოდინარობა იმათი, რომლებიც კვლევა-ძიებამ მიიყვანა აქამდე, ადვილი სამკურნალოა, რადგან აქ საქმე ეხება მათს მოძღვრებას და არა მხოლოდ სიტყვიერ მსჯელობას. იმათი მამხილებელი საშუალება კი, რომლებიც ლაპარაკობენ ლაპარაკის გულისათვის, არის სიტყვიერი ურთიერთობა და ცნებების დაზუსტება. მკვლევარებს შეხედულება საწინააღმდეგო აზრთა და საგანთა ერთდროული არსებობის შესახებ გაუჩნდათ შეგრძნებებიდან, სადაც საწინააღმდეგო შეხედულებანი და დაპირისპირებანი ერთდროულად არსებობენ და ერთი და იმავედან წარმოიშობიან. არარსებული არ შეიძლება წარმოიშვას. მაშინ საგანს წინასწარ უნდა ეარსება ორივე სახით, როგორც ამტკიცებს კიდეც ანაქსაგორა, რომ ყოველივე ყოველივეში იყო შერეულიო. და როგორც ასწავლის დემოკრიტე: ცარიელიცა და სავსეც, რომელთაც სამყაროს ნებისმიერ ადგილებში ვხვდებით, ერთნაირად არსებობენ, ეს უკანასკნელნი, როგორც არსებული და პირველი როგორც არარსებული.       ამ შეხედულებების მომხრეთ უნდა ვუპასუხოთ, რომ ისინი ნაწილობრივ სწორად მსჯელობენ, ნაწილობრივ კი სცდებიან, რადგან არსებულზე ორი აზრით შეიძლება მსჯელობა: ერთი მხრივ, მისი წარმოშობა როგორღაც შესაძლებელია არარსებულიდან, მეორე მხრივ, ეს შეუძლებელია. ერთი და იგივე არის არსებულიცა და არარსებულიც, ოღონდ არა ერთსა და იმავე მიმართებაში. შესაძლებლობაში ერთი და იგივე შეიძლება დაპირისპირებულ მოვლენებს წარმოადგენდეს, სინამდვილეში კი არა. გარდა ამისა, საჭიროა მათ დაუშვან არსებულთა რაღაც არსება, რომელსაც არ ექნება სრულებით არც მოძრაობის, არც დაღუპვის და არც წარმოშობის თვისება[11].       ასევე ზოგს შეხედულება მოვლენების[12] ჭეშმარიტების შესახებ შეგრძნებადი საგნებიდან გამოუმუშავდებათ. მათი აზრით, ჭეშმარიტება ვერ დადგინდება შეგრძნებათა სიმრავლეზე ან სიმცირეზე დაყრდნობით[13], რადგან ერთი და იგივე ზოგს ტკბილად ეჩვენება, ზოგს კი მწარედ. ამიტომ ყველა რომ ავად გამხდარიყო ან ჭკუაზე შეშლილიყო და ორი-სამი კაციღა დარჩენილიყო ჯანმრთელი და ჭკუამყოფელი, მაშინ ამათ ჩათვლიდნენ ავადმყოფებად და გიჟებად და არა სხვებს. ამას გარდა მრავალ ცხოველსა და ჩვენ ერთი და იგივე საწინააღმდეგოდ ეჩვენება. და ერთსა და იმავე ადამიანსაც ერთი და იგივე საგანი შეგრძნებებში ერთნაირად არ ეჩვენება. რომელი მათგანია მცდარი ან ჭეშმარიტი, არაა ნათელი. იმიტომ, რომ ერთი მათგანი უფრო ჭეშმარიტი არაა, ვიდრე მეორე, არამედ ორივე ერთნაირად ჭეშმარიტნი არიან. ამიტომ ამბობდა დემოკრიტე, რომ ჭეშმარიტი არაფერია, ან ჩვენთვის დაფარულიაო[14]. გამომდინარენი, ერთი მხრივ, აზრისა და შეგრძნებების იგივეობიდან და მეორე მხრივ, ორივეს ცვალებადობასთან იგივეობის დებულებიდან, ამტკიცებდნენ, რომ რაც შეგრძნებებში გვევლინება, აუცილებლად ჭეშმარიტიაო[15]. გადმოცემის მიხედვით, ემპედოკლე, დემოკრიტე და სხვები, ამ შეხედულებას იზიარებდნენ. კერძოდ, ემპედოკლეს უმტკიცებია, რომ ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის ცვალებადობა აზროვნების ცვალებადობის მომასწავებელიაო, რადგან „ფიზიკური მდგომარეობის შეცვლასთან ერთად ძლიერდება მისი აზროვნების უნარიო“. მეორე ადგილას კი ამბობს, რომ „რამდენადაც იცვლება ადამიანის ბუნება, იმენად იცვლება მისი აზროვნებაც“. ასევე აცხადებს პარმენიდეც: „როგორ ნაერთსაც წარმოადგენს ადამიანის სხეულის მოქნილი ნაწილები, ისეთივეა მისი აზროვნებაც. აზროვნების ორგანოს და სხეულის ნაწილების ბუნება ყველგან და ყველასათვის იგივეობრივია და რაც ჭარბობს, ის არის აზრი“.       ანაქსაგორას შეხედულებების მიხედვით, რომელიც მისმა რომელიღაც მიმდევრებმა შემოგვინახეს, ადამიანებისათვის საგნები ისეთია, როგორც აღიქვამენ. როგორც ამბობენ, ჩანს, რომ ამ აზრისა იყო ჰომეროსიც, როდესაც ჰექტორის შესახებ ამბობდა, რომ „მან დარტყმისაგან გონება დაკარგა და იწვა შეცვლილი აზრებით“. გულისმობს რა, რომ ჭკუას გადასულნიც აზროვნებენ, ოღონდ არა ისე, როგორც ჭკუათმყოფელნი. ცხადია, რომ თუ ორივე აზროვნებაა, რომელიც შეიძლება იყოს და არც იყოს ასეთი, აქედან უაღრესად ცუდი შედეგები გამომდინარეობს, რომ ყველაზე უკეთ ჭშმარიტების განჭვრეტა იმათ შეუძლიათ, რომლებიც ყველაზე მეტად ეძებენ მას, და ყველაზე უფრო უყვართ ის. თუ მათ ასეთი შეხედულებები აქვთ და ასე მსჯელობენ ჭეშმარიტებაზე, მაშინ რატომ არ კარგავენ ფილოსოფიისადმი რწმენას ისინი, ვინც ფილოსოფიაში მუშაობას აპირებენ, რადგან ამ შემთხვევაში ჭეშმარიტების ძებნა წყლის ნაყვა იქნებოდა[16].       ასეთი შეხედულებები გამოიწვია იმან, რომ იკვლევდნენ რა ჭშმარიტებას არსებულის შესახებ, არსებულად მხოლოდ შეგრძნებები მიაჩნდათ, შეგრძნებებს კი უაღრესად განუსაზღვრელი ბუნება აქვთ და ისე არსებობენ, როგორც ჩვენ ვთქვით. ეს მოაზროვნენი გონივრულად მსჯელობენ, მაგრამ მათი მსჯელობა არაა ჭეშმარიტი[17]. თუმცა ასეთი მსჯელობა უფრო შესაფერია, ვიდრე ქსენოფენეს წინააღმდეგ მიმართული მსჯელობა ეპიხარმესი. შემდეგ, ხედავდნენ რა, რომ მთელი ბუნება მოძრაობაშია და რომ ცვალებად მოვლენებში არაფერია ჭეშმარიტი, დაასკვნეს, რომ ყოველმხრივ ცვალებადის მიგნება შეუძლებელიაო. ასეთი წარმოდგენიდან გამომდინარეობდა უკვე გამოთქმულ შეხედულებათა შორის ყველაზე უკიდურესი შეხედულება ჰერაკლიტეს მიმდევრებისა, და კრატილოსისა, რომელიც გადაჭრით არაფერს არ ამბობდა, არამედ მხოლოდ თითს ამოძრავებდა და ჰკიცხავდა ჰერაკლიტეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეუძლებელია ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ჩასვლაო. თვითონ კი ფიქრობდა, რომ ეს შეუძლებელია ერთხელაც კი. ამ მოძღვრების მიმდევრების აზრით, ცვალებადი საგანი, სანამ ის ცვალებადობაშია, არ არსებობს. მაგრამ ეს სადავოა, რადგან საგანი, რომელიც რაიმე თვისებას კარგავს, აქედან რაღაც ნაწილს ინარჩუნებს და იქიდანაც, რასაც იძენს, ნაწილი აუცილებლად უნდა ჰქონდეს წინასწარ. საერთოდ, როდესაც რაიმე ისპობა, მისი რაღაც ნაწილი რჩება და როდესაც რაიმე იბადება, აუცილებლად არსებობს წინასწარ ის, რისგანაც და რის საშუალებითაც წარმოიშობა. თუმცა ეს პროცესი არ შეიძლება უსასრულო იყოს.       მაგრამ დავანებოთ ამას თავი და შევეხოთ იმ თვალსაზრისს, რომლის მიხედვით რაოდენობრივი ცვალებადობა იგივე არაა, რაც თვისობრივი, რომ რაოდენობის მიხედვით უცვლელი არაფერი არ არის, ამიტომ ყველაფერს ფორმით შევიცნობთ. ამ შეხედულების მომხრენი გაკიცხვის ღირსნი არიან, რადგან ისინი აწარმოებენ დაკვირვებას შეგრძნებადი მოვლენების მცირე რაოდენობაზე და მათი ანალოგიით მსჯელობენ მთელ სამყაროზე. მხოლოდ ჩვენს გარემოში არსებული შეგრძნებადი სამყარო განუწყვეტლივ ისპობა და იშობა, რაც მთელი კოსმოსის უმცირესი ნაწილია. ასე რომ, უფრო სამართლიანი იქნებოდა ამათი[18] საშუალებით ისინი[19] გაგვემართლებინა, ვიდრე მათი საშუალებით ესენი დაგვედანაშაულებინა.       შემდეგ, ცხადია, რომ ჩვენ მათ მიმართ უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ადრე ვთქვით; საჭიროა დავუმტკიცოთ მათ და დავარწმუნოთ იმაში, რომ არსებობს რაღაც უძრავი ბუნება. იმათი სიტყვებიდანაც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ერთი და იგივე საგანი ერთსა და იმავე მიმართებაში არსებობს და არც არსებობს, გამომდინარეობს, რომ ყველაფერი არ იმყოფება უფრო მეტად უძრავ მდგომარეობაში, ვიდრე მოძრავში. და არ არსებობს რა ის, რაშიც ცვალებადობა ხდება, ამიტომაც ყველას ყველა თვისება ახასიათებს.       ხოლო, რაც შეეხება იმ ჭეშმარიტებას, რომ ყველა შეგრძნება ჭეშმარიტი არაა, უნდა ითქვას: პირველი, ყოველი ინდივიდუალური შეგრძნება მცდარი არ არის და მეორე, ფანტაზია და შეგრძნება იგივე არაა. შემდეგ, გაკვირვებას იწვევს დავა იმის შესახებ, რომ სიდიდე და ფერი ისეთია, როგორც შორიდან ჩანს, თუ როგორც ახლო მანძილიდან? როგორც ჯანმრთელებს ეჩვენებათ, თუ როგორც ავადმყოფებს? სიმძიმე ისეთია, როგორც სუსტებს ეჩვენებათ, თუ როგორც ძლიერებს? და ჭეშმარიტება ისეთია, როგორც მძინარეთ ეჩვენებათ, თუ როგორც ფხიზელთ? რომ ისინი ამ საკითხებზე არ ფიქრობენ, ეს ცხადია, რადგან არც ერთი ლიბიაში მყოფი, რომელსაც დაესიზმრა, რომ ათენში იმყოფება, არ წასულა ოდეონში[20]. როგორც პლატონი ამბობს, ერთნაირი ძალა არა აქვს ექიმისა და უვიცის შეხედულებას იმის შესახებ, გამოჯანმრთელდება, თუ არა ეს ადამიანი. ისევე, როგორც ერთნაირი ძალა არა აქვს სხვისა და საკუთარ შეგრძნებებს, რომლებიც მიღებული არიან სპეციალურად ამ ობიექტისათვის განკუთვნილი გრძნობის ორგანოთი, ან ამ ორგანოს მონათესავით. ფერებისათვის განკუთვნილია მხედველობის ორგანო და არა გემოვნებისა, გემოვნებისათვის გემოვნების ორგანო და არა მხედველობისა. ამათგან არც ერთი შეგრძნება არ გვიჩვენებს ერთსა და იმავე საგანს ერთსა და იმავე დროს ასეთად და არც ასეთად. არც სხვადასხა დროს არის სადავო საგნის თვისება, არამედ ის, რასაც ეს თვისება თან სდევს. მაგალითად, ღვინო შეიძლება მოგვეჩვენოს ხან ტკბილად, ხან კი არა, იმის გამო, რომ ან თვით ღვინო შეიცვალა ან იმიტომ, რომ შეიცვალა შემგრძნები სხეული. მაგრამ თვით სიტკბოება, სანამ არსებობს, არ იცვლება, არამედ ისეთივე რჩება, როგორიც არის და ასეთვიე იქნება მომავალშიც. მის შესახებ შეგრძნებაც ყოველთვის ჭეშმარიტია. მაგრამ ყოველივე ამას ეწინააღმდეგება ის მოძღვრება, რომელიც უარყოფს ურყევ არსებას და ყოველგვარ აუცილებლობას. აუცილებლობა კი არ შეიძლება სხვადასხვანაირად არსებოდეს, რადგან რაც აუცილებლად არსებობს, ის არ შეიძლება ასეთი იყოს და არც იყოს ასეთი[21].       საერთოდ, თუ მხოლოდ შეგრძნებადი საგნები იქნებოდნენ და არ იარსებებდა არავითარი სულიერი არსება, მაშინ არც შეგრძნებას ექნებოდა ადგილი. მაშინ ჭშმარიტი იქნებოდა აზრი იმის შესახებ, რომ არ იქნებოდა არც შეგრნებადი საგნები და არც შეგრძნებები, რადგან შეგრძნებები შემგრძნების მდგომარეობას წარმოადგენენ. მაგრამ არ შეიძლება, რომ არ არსებობდეს სუბსტრატი, რომელიც შეგრძნებებს იწვევს და რომ მას შეგრძნებები არ ჰქონდეს, რადგან შეგრძნება თავის თავის შეგრძნება კი არაა, არამედ შეგრძნებების გარდა არსებობს რაღაც სხვა, რაც აუცილებლად წინ უსწრებს შეგრძნებებს[22]. ისევე, როგორც მამოძრავებელი თავისი ბუნებით წინ უსწრებს მოძრავს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ერთიმეორეზე დამოკიდებულნი არიან. თავი 6       სიძნელეებს აწყდებიან, როგორც ის მოაზროვნენი, რომლებსაც სწამთ ყოველივე ეს, ისე ისინი, რომლებიც მხოლოდ გამოსთქვამენ ამ თვალსაზრისს. ისინი ეძებენ ვინმეს, ვისაც შეუძლია განსაჯოს, თუ რაა ჯანმრთელობა და საერთოდ, ვისაც აქვს ყოველივეს სწორი განსჯის უნარი. ეს ჰგავს კითხვას იმის შესახებ, გვძინავს ჩვენ ახლა, თუ ვფხიზლობთ, რადგან ყველა ამ კითხვებს ერთნაირი ძალა აქვთ. ამ შეხედულების მომხრენი ეძებენ საწყისს და ის მიაჩნიათ დასაბუთებად. მაგრამ რომ ისინი არ არიან დარწმუნებული ამაში, ეს საქმიდან ჩანს. როგორც აღვნიშნეთ, ამ მოაზროვნეთა თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ისინი ეძებენ იმ საფუძველს, რასაც საფუძველი არა აქვს. რადგან დასაბუთების საფუძველი არ შეიძლება დასაბუთდეს. მათი დარწმუნება ამაში ადვილია, რადგან ამის გაგება ძნელი არაა. ისინი კი, რომლებიც იძულებას მხოლოდ მსჯელობაში ეძებენ, ეძებენ შეუძლებელს: დასაშვებად მიაჩნიათ რა ერთმანეთის საწინააღმდეგო შეხედულებების გამოთქმა, თვითაც გამოთქვამდნენ მათ. მაგრამ თუ ყოველივე მიმართება არაა, არამედ არის ზოგი რამ თავისთავადიც, მაშინ ყველა მოვლენა ჭეშმარიტი არ იქნება. მოვლენა კი ყოველთვის ვიღაცას ევლინება. ამრიგად, ვინც ამბობს, რომ ყველა მოვლენა ჭეშმარიტია, ყოველ არსებულ საგანს მიმართებად აქცევს.       ყურადღება უნდა მივაქციოთ იმათაც, რომლებიც მსჯელობაში იძულებას ეძებენ და ამავე დროს საჭიროდ თვლიან დაიცვან დებულება იმის შესახებ, რომ არსებობს არა მოვლენა საერთოდ, არამედ მოვლენა, რომელიც გარკვეულ დროს, გარკვეული სახით და გარკვეულ პირობებში ვიღაცას ევლინება. თუ ისინი იცავენ ამ შეხედულებას, მაგრამ არა ამგვარად, მაშინ ისინი წინააღმდეგობაში მოექცევიან თავისსავე თავთან. ერთი და იგივე საგანი შესაძლებელია ადამიანმა მხედველობით თაფლად ჩათვალოს, გემოვნებით კი არა. ხოლო ვისაც განსხვავებული მხედველობის მქონე თვალები აქვს, საგანი სხვადასხვა თვალში სხვადასხვანაირად მოეჩვენება. ზემოდასახელებული მიზეზის გამო მათ ყველა მოვლენები ჭეშმარიტად მიაჩნიათ და ამიტომ ყველა შეხედულება - ერთნაირად მცდარად და ჭეშმარიტად. მაგრამ არც ყველას და არც ერთსა და იმავეს ყოველთვის ერთი და იგივე არ ეჩვენება, არამედ ხშირად ერთსა და იმავე დროს ერთი და იგივე ხშირად საწინააღმდეგოდაც კი ეჩვენებათ. მაგალითად, შეხების შეგრძნებას ორი გადაჯვარედინებული თითით საგანი ორად ეჩვენება, მხედველობას კი ერთად. ასე რომ, ჭეშმარიტი იქნება დებულება იმის შესახებ, რომ შეუძლებელია საგანი ერთი და იმავე შეგრძნებით ერთსა და იმავე პირობებსა და დროში ერთსა და იმავედ ეჩვენოს ადამიანს. ამიტომაც: ასევე აუცილებელია უთხრათ იმათ, რომლებსაც ალაპარაკებთ არა სიძნელეების დაძლევის, არამედ ლაპარაკისავე მიზანი, რომ ეს დებულება მხოლოდ მათთვის არის ჭეშმარიტი და არა საერთოდ. და როგორც ზევითაც იყო თქმული, მათთის აუცილებელია ყოველივეს მიმართებად ქცევა და შეხედულებებსა და შეგრძნებებზე დაყვანა. ასე რომ, მათი აზრით, არაფერი არც წარმოიშობა და არც იარსებებს ისე, თუ ის ვინმემ წინასწარ არ წარმოიდგინა. მაგრამ თუ რაიმე წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას, მაშინ ცხადია, რომ ყველაფერი შეხედულებაზე არ ყოფილა დამოკიდებული. თუ არსებობს რაიმე ერთი, ის დამოკიდებულებაშია ერთთანვე, ანდა ერთთა განსაზღვრულ რიცხვთან. და თუ ერთი და იგივეა „ნახევარი“ და „ტოლი“, ის ორმაგის ტოლი ყოველ შემთხვევაში არ იქნება. თუ აღმქმელისათვის „ადამიანი“ და „წარმოდგენის ობიექტი“ ერთი და იგივეა, მაშინ მისთვის „ადამიანი“ იქნება არა ის, რომელიც წარმოიდგენს, არამედ რომელსაც „წარმოიდგენენ“. და თუ ყოველივე დამოკიდებულია აღმქმელისაგან, მაშინ აღმქმელი უსაზღვრო სახის საგნებთან იქნება მიმართებაში.       აი, ყველაფერი ის, რაც შეიძლება ითქვას იმ ყველაზე უფრო ურყევი დებულების შესახებ, რომ არ შეიძლება ერთმანეთის საწინააღმდეგო ორი მტკიცება ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს. აგრეთვე აქედან გამომდინარე შედეგებისა და იმის შესახებ, თუ რატომ ამტკიცებენ ისინი ამას. თუ შეუძლებელია ერთი და იმავეს შესახებ ერთდროულად გამოთქმული საწინააღმდეგო შეხედულებები ჭეშმარიტი იყოს, ცხადია, რომ ერთსა და იმავე ვითარებაში არ შეიძლება ორი დაპირისპირებული თვისება ახასიათებდეს ერთსა და იმავეს. რადგან დაპირისპირების ერთ-ერთი მხარე ნაკლია, რომელიც არსებულზე არა ნაკლებ არსებობს, რადგანაც არსებაა. ხოლო „ნაკლი“ რაღაც განსაზღვრული გვარის უარყოფაა: თუ შეუძლებელია ერთდროულად მტკიცებაცა და უარყოფაც ჭეშმარიტი იყოს, შეუძლებელია აგრეთვე ერთდროულად საწინააღმდეგო მოვლენების არსებობაც. ამიტომ ან ორივე განსაზღვრულ პირობებში უნდა არსებობდნენ, ან ერთ-ერთი მათგანი განსაზღვრულ პირობებში, მეორე კი - განუსაზღვრელში. თავი 7       ორ მოპირდაპირე მსჯელობას შორის შეუძლებელია რაიმე საშუალოს არსებობა, არამედ თითოეულ მათგანზე ცალკე აუცილებლად რამე ან მტკიცდება, ან უარიყოფა. ეს თავიდანვე ნათელი გახდება ჭეშმარიტებისა და სიცრუის ცნების განსაზღვრებისას. თქმა იმისა, რომ არსებული არ არსებობს და არარსებული კი არსებობს, სიცრუეა. ხოლო რომ არსებული არსებობს და არარსებული კი არ არსებობს - ჭეშმარიტია. ასე რომ, ვინც ამბობს, რომ რაიმე არსებობს ან არ არსებობს, ან ჭეშმარიტებას ამბობს, ან სცდება. მაგრამ არც არსებულზე შეიძლება ითქვას, რომ ის არ არსებობს და არ არსებობს და არც არარსებულზე. ამას გარდა, მოპირისპირე მსჯელობებს შორის ან არის რაღაც შუა, როგორც ნაცრისფერი შავსა და თეთრს შორის, ანდა არაფერი, როგორც ადამიანსა და ცხენს შორის. მაგრამ ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ ცვალებადობა არ იქნებოდა, რადგან ცვლილება ხდება არაკეთილიდან კეთილისკენ, ანდა პირიქით. ჩვენ კი ყოველთვის ვამჩნევთ, რომ ცვლილება მოპირისპირე მხარეებს შორის ისე არ შეიძლება იყოს, თუ არა შუალედი საფეხურების გავლით. თუ დავუშვებთ შუალედ საფეხურებს, ამ შემთხვევაში ცვლილება მოხდებოდა თეთრიდან და არა არათეთრიდან, რაც არსად არ შეინიშნება. შემდეგ, ყოველივე ის, რასაც აზროვნება მოიაზრებს ან განსჯის, ის ან ამტკიცებს, ან უარყოფს, როგორც ჭეშმარიტების, ისე შეცდომის შემთხვევაში. რაც ნათელი გახდა ზემომოტანილი განსაზღვრებებიდან: როდესაც ის ასე აკავშირებს, სულ ერთია, ამტკიცებს თუ უარყოფს, ამბობს ჭეშმარიტებას, თუ არა და სცდება.       გარდა ამისა, ყველა დაპირისპირებულს შორის უნდა არსებობდეს შუა საფეხური, თუ მსჯელობა არ წარმოებს მსჯელობისავე გულისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანი ვერ იტყოდა ჭეშმარიტებას და ვერც არაჭეშმარიტებას. ამრიგად, არსებულსა და არარსებულს შორის კიდევ რაღაც, როგორც წარმოშობადსა და დაღუპვადს შორის - რაღაც ცვალებადობა. შემდეგ, სადაც უარყოფა საწინააღმდეგო მოვლენას იწვევს, შუალედი საფეხური აქაც იარსებებდა, როგორც რიცხვებში უნდა არსებობდეს რიცხვი, რომელიც არც კენტია და არც არაკენტი. მაგრამ ეს შეუძლებელია, რაც ნათელია ცნებათა განსაზღვრებიდან. ამ შემთხვევაში პროცესი განუსაზღვრელი იქნებოდა და არსებულის რიცხვი გაიზრდებოდა არა მხოლოდ ერთ ნახევარჯერ, არამედ მეტჯერაც.       შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა უარყოფა, როგორც მტკიცებისა, ისე უარყოფის. ესეც ხომ რაღაც არსებული იქნებოდა, რადგან მას რაღაც სხვა არსება ექნებოდა. შემდეგ, როდესაც მოპასუხე უარყოფს თეთრის არსებობას, ის სხვას არაფერს არ უარყოფს, გარდა არსებობისა, რადგან უარყოფა არსებობას გულისხმობს … ზოგი ამ, და ზოგი სხვა პარადოქსებამდე მივიდნენ ერთი და იმავე გზით. ისინი, როდესაც ვერ სწყვეტდნენ სადაო საკითხებს, თავს ანებებდნენ მას და ჭეშმარიტად მიიჩნევდნენ იმას, რასაც სილოგიზმით იღებდნენ. ზოგი ამ მიზეზით მსჯელობდა, ზოგი კი იმიტომ, რომ ყოველივეს დასაბუთებას ეძებდა. ყველა ამ წამოწყებათა წინააღმდეგ ცნებათა განსაზღვრებით უნდა დავიწყოთ. განსაზღვრება კი მიიღება აუცილებლის აღნიშვნით. ის სიტყვებში გამოხატული ცნებაა. როგორც ჩანს, ჰერაკლიტეს დებულება იმის შესახებ, რომ ყოველივე არსებობს და არც არსებობს, ყველაფერს ჭეშმარიტებად აქცევდა. ანაქსაგორასი კი, რომელიც უშვებდა საწინააღმდეგო მსჯელობათა შორის რაღაც შუალედს, ყოველივეს შეცდომად აქცევდა, რადგან მისი აზრით, როდესაც ყოველივე შერეული იყო, ნარევი არ წარმოადგენდა არც სიკეთეს, არ არასიკეთეს. ასე რომ, ვერავინ ვერ იტყოდა ჭეშმარიტებას. თავი 8       დავადგინეთ რა ეს, ცხადი გახდა, რომ შეუძლებელია, როგორც ერთ ცალკეულ შემთხვევაში, ისე საერთოდ, სწორი იყოს ზოგიერთის შეხედულება იმის შესახებ, რომ არაფერი არაა ჭეშმარიტი (მათი აზრით, არაფერი არ უშლის ხელს, ყველგან ისეთი მდგომარეობა იყოს, როგორც კვადრატის გვერდებისა და დიაგონალის თანაფარდობის შემთხვევაში), ან შეხედულება იმის შესახებ, რომ ყოველივე ჭეშმარიტია, ეს შეხედულებები უახლოვდება ჰერაკლიტეს თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ ყოველივე ჭეშმარიტიცაა და მცდარიც. ის თითოეულ ამ დებულებას ცალ-ცალკე ამტკიცებდა. ასე რომ, თუ პირველი შეუძლებელია, მაშინ მეორეც შეუძლებელი იქნებოდა. გარდა ამისა, საწინააღმდეგო დებულებები არ შეიძლება ერთდროულად ჭეშმარიტიც იყვნენ და მცდარიც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზემომოტანილი შეხედულებებიდან გამომდინარეობს, რომ თითქოს ეს შესაძლებელია. ყველა ამ შეხედულებების მომხრეებს უნდა მოვთხოვოთ რაც ზემოთაც უკვე აღვნიშნეთ, რომ არ შეიძლება რაიმე არსებობდეს და არც არსებობდეს, არამედ ყოველივეს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. ამიტომ მსჯელობა უნდა დავიწყოთ იმის განსაზღვრებით, თუ რას ნიშნავს ჭეშმარიტება და შეცდომა. თუ ჭეშმარიტება სხვა არა არის რა, გარდა შეცდომის უარყოფისა, შეუძლებელია ყოველივე შეცდომა იყოს და აუცილებელია დაპირისპირებულთაგან ერთ-ერთი მხარის ჭეშმარიტება. გარდა ამისა, თუ აუცილებელია ყოველივეს მტკიცება ან უარყოფა, არ შეიძლება ორივე მხარე შეცდომა იყოს. რადგან წინააღმდეგობის მხოლოდ ერთ-ერთი მხარეა ყოველთვის მცდარი.       ყველა ამგვარი შეხედულებებიდან გამომდინარეობს ერთი შედეგი: ისინი თავის თავს უარყოფენ. რადგან ის, ვინც ყოველივეს ჭეშმარიტებას ამტკიცებს, ჭეშმარიტად აცხადებს ამის საწინააღმდეგო დებულებასაც. ასე რომ, ამავე დროს თავისი დებულების არაჭეშმარიტებასაც ამტკიცებს. რადგან საწინააღმდეგო დებულება მის დებულებას არ ამართლებს. ხოლო ვინც ყოველივეს შეცდომად აცხადებს, ის ამტკიცებს როგორც საკუთარი დებულების არაჭეშმარიტებას, ისე იმ შეხედულებათა, რომლებიც მხოლოდ საწინააღმდეგო დებულების არაჭეშმარიტებას და საკუთარის ჭეშმარიტებას ამტკიცებენ. მას დაუსრულებლად ბევრი ჭეშმარიტი და მცდარი დებულებების დაშვება დასჭირდება, რადგან ჭეშმარიტია ჭეშმარიტი დებულების შესახებ ნათქვამი, რომ ის ჭეშმარიტია, რაც უსასრულობაში მიდის.       ცხადია, აგრეთვე, რომ ჭეშმარიტებას არ ამბობენ არც ისინი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყოველივე უძრავიაო და არც ისინი, რომლებიც ყოველივეს მოძრავად აცხადებენ. თუ ყოველივე უძრავ მდგომარეობაშია, ყოველთვის ერთი და იგივე იქნება ჭეშმარიტიცა და მცდარიც. მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც იცვლება, რადგან მოლაპარაკე ოდესღაც არ იყო და არც მომავალში იქნება. და თუ ყოველივე მოძრაობს, ჭეშმარიტი არაფერი არ იქნება, არამედ ყველაფერი შეცდომა იქნება. მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს შეუძლებელია. ამას გადა, აუცილებელია, რომ არსებული იცვლებოდეს. ცვალებადობა კი წარმოებს რაიმედან რაიმეში და არ შეიძლება, რომ ოდესმე ყველაფერი ან მხოლოდ უძრავი იყოს ან მხოლოდ მოძრავი და არც მუდმივია რაიმე, რადგან არსებობს რაღაც, რაც მოძრავს მუდმივად ამოძრავებს და თვით კი, როგორც პირველი მამოძრავებელი, უძრავია. « წიგნი მესამე წიგნი მეხუთე » ---------------------------------- შენიშვნები: [1] აქ არისტოტელე კვლავ ჰერაკლიტეს მიმდევრებსა და სოფისტებს გულისხმობს. [2] არისტოტელესათვის მიუღებელია მტკიცების უსასრულობა და მისთვის საზღვრის დადებას მოითხოვს. [3] აქ არისტოტელე ერთმანეთისაგან ასხვავებს ჩვეულებრივ დასაბუთებას არაპირდაპირისაგან. არაპირდაპირი დასაბუთებისას საჭიროა მოწინააღმდეგის დებულების უარყოფა მისგან გამომდინარე შეუსაბამო შედეგების ჩვენებით. [4] არისტოტელე მოითხოვს როგორც ცნებათა შინაარსის, ისე საერთოდ, მსჯელოის შინაარსის გარკვეულობას. [5] ἀ ν θ ρ ώ π ῳ ε ἶ ν α ι, ζ ῴῳ ε ἶ ν α ι ნიშნავს, როგორც საგნის არსებას, ისე მის ცნებას, ე.ი. არ ნიშნავს მხოლოდ ცნებას, როგორც თარგმნის ხოლმე, ჩვეულებრივად, ანალოგიურ გამოთქმებს გოლკე. [6] ძველ საბერძნეთში ნიშნავდა გემს სამ იარუსიანი იალქნებით. [7] ἀ λ η θ ὲ ς λ έ γ ε ι ν უნდა ითარგმნოს, „ამბობენ ჭეშმარიტებას“ და არა „მსჯელობენ სწორად“, როგორც თარგმნიან გოკლე და კუბიცკი, რადგან არისტოტელე კარგად არჩევს ერთმანეთისაგან მსჯელობის სისწორესა და ჭეშმარიტებას. [8] მთელი ეს მსჯელობა მიმართულია სოფისტების წინააღმდეგ, რომლებიც ამტკიცებენ ერთს მიმართბაში საწინააღმდეგო დებულებათა გამოთქმის შესაძლებლობას, და აყალიბებს ლოგიკისათვის უაღრესად მნიშვნელოვან იგივეობის თეზას. [9] იგულისხმება ჰერაკლიტელთა მოძღვრება. [10] β ί α ς იძულება. არისტოტელესთან არაა დაზუსტებული, თუ რომელი იძულებაა ნაგულისხმევი. კუბიცკი კი აზუსტებს მას „ლოგიკურ იძულებად“. [11] განხილული მოძღვრების წინააღმდეგ არისტოტელე აყენებს შემდეგ მოსაზრებებს: 1. წინააღმდეგობა შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა მიმართებაში, 2. შესაძლებლობაში, 3. ყოველგვარ ცვალებადობისა და მოძრაობის იქით უნდა დაშვებულ იქნას უცვლელი სუბსტარატი. [12] τ ὰ ϕ α ι ν ό μ ε ν α მოვლენები, კუბიცკის თარგმნილი აქვს წარმოდგენად (что представляется), მაგრამ ეს ტერმინი არ ნიშნავს მხოლოდ წარმოდგენაში მოცემულს. ის უფრო ფართო ცნებაა და გულისხმობს ყოველივეს, რაც გრძნობებში გვეძლევა გარესამყაროს ზემოქმედების შედეგად. [13] არისტოტელეს აზრით, ცდის კოლექტიურობა არ გამოდგება ჭეშმარიტების კრიტერიუმად. თუმცა არისტოტელე არ შეჩერებულა ამაზე და მაინც მივიდა ჭეშმარიტების კრიტერიუმად ჩვენი შეხედულებების სინამდვილესთან შედარების აუცილებლობის აღიარებამდე. [14] ἄ δ η λ ο ν კუბიცკისთან და გლკესთან თარგმნილია როგორც „უცნობი“. ამ ტერმინს, ჩვენი აზრით, უფრო ზუსტად გადმოსცემს „დაფარული“. [15] აქ არისტოტელე აკრიტიკებს ჰერაკლიტეს მიმდევრების და სოფისტების თვალსაზრისს შეგრძნებებისა და აზროვნების იგივეობის და ყოველი შეგრძნების ჭეშმარიტების შესახებ, რაც, მისი აზრით, შემდეგში დემოკრიტემ და ემპედოკლემ გაიზიარეს. [16] τ ὰ π ε τ ό μ ε ν α δ ι ώ κ ε ι ν სიტყვა-სიტყვით ნიშნავს იმის დევნას, რის დაჭერა შეუძლებელია. [17] ο ὐ κ ἀ λ η θ ῆ δ ὲ λ έ γ ο υ σ ι ν კუბიცკისთან გადმოცემულია კვლავ, როგორც „არასწორი მსჯელობა“, დედანში კი ისევ მსჯელობის არაჭეშმარიტებაა ნაგულისხმევი. [18] მიწიერი მოვლენები. [19] კოსმიური მოვლენები. [20] τ ὸ ᾠ δ ε ῖ ο ν ოდეონი, პერიკლეს დროს ათენში აგებული შენობა მუსკალური შეჯიბრებებისათვის, შემდეგში კი მას სხვა მიზნებისათვის იყენებდნენ. [21] იგულისხმება, რომ ეს შეუძლებელია ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე მიმართებაში. [22] არისტოტელე აქ გადმოგვცემს თავის მატერიალისტურ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ შეგრძნებებს წინ უსწრებენ და მათგან დამოუკიდებლად არსებობენ მათი გამომწვევი საგნები.…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 5:26pm on აპრილი 6, 2020
თემა: სასწაული - ჯემალ ქარჩხაძე
და მოსალოდნელ განსაცდელს მხნედ შეხვედროდა. მოსალოდნელი განსაცდელის სათავე კი, დაჭმუჭნილ შარვალ-ხალათში გამოწყობილი ბერიკაცი, სკამზე ნებივრად გადაწოლილიყო, ფეხი ფეხზე შემოედო და ფეხსაცმლის წვერს ნერვებისმომშლელად აქნევდა. იდაყვში მოხრილი მარცხენა ხელი სკამის ზურგისათვის ჩამოეყრდნო, ხოლო მარჯვენაში თავისი სახელგანთქმული უბის წიგნაკი ეჭირა და მაგიდაზე აკაკუნებდა. მაშ ასე, მოწინააღმდეგეთა სახეები თვალნათლივ მოწმობდა, რომ ბრძოლა უთანასწორო იყო. ამ უთანასწორობას ყველაზე უკეთ თვითონ გია ბარბაქაძე გრძნობდა და დიდრონ, თაფლისფერ თვალებში შესაფერისი შიშიც ეხატებოდა, მაგრამ მისი ასაკისათვის დამახასიათებელი სიჯიუტის გამო საკუთარ თავსაც არ უმხელდა სიმართლეს. იგი ცამეტი წლის ბიჭი იყო და ცამეტი წლის განმავლობაში უქმად კი არ დაეხეტებოდა ამ ცოდვილ მიწაზე! ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა და დიახაც მტკიცედ ჰქონდა შეთვისებული ფასდაუდებელი მცნება, რომ, როდესაც ყველა გზა მოჭრილია, როდესაც უბედურების აცილება სრულიად უიმედო საქმეა, უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და გულგრილობა და მორალურად მაინც გაიმარჯვო მოწინააღმდეგეზე. ასეთ ფიქრებს მისცემოდა უსამართლობის საბრალო მსხვერპლი, და ეს ფიქრები, უნდა ითქვას, მთლად თავისუფალი არ ყოფილა მოჭარბებული პათეტიკისაგან. ორთაბრძოლა მიმდინარეობდა რაჟდენ კაპანაძის ბინაზე, პატარა ოთახში. მხარმაცხნივ რკინის საწოლი იდგა, პირდაპირ - პატარა კარადა, კარადის მახლობლად - ტელეფონი, მხარმარჯვნივ კი შავი ქაღალდი იყო გაკრული, რომელიც მარტო თავისი ფერით კი არ ამძიმებდა ატმოსფეროს, არამედ იმითაც, რომ დაფის მოვალეობას ასრულებდა და ამ იმპროვიზებულ დაფაზე მალე სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა უნდა გამართულიყო გია ბარბაქაძესა და გეომეტრიულ ამოცანებს შორის. გარდა ამ ნაკლებ საინტერესო საგნებისა, საწოლის თავზე იყო კიდევ ერთი, შედარებით მნიშვნელოვანი რამ, კერძოდ, ფანჯარა, საიდანაც დაკარგული თავისუფლება მოჩანდა. ფანჯრის იქით ათი იმათგანი, ვინც თავის ტანჯულ სიცოცხლეს მესამე სკოლის მერხებზე აღამებდა, მალე ჩაიცვამდა ცისფერ მაისურებს (ზედ რომ ოქროსმარჯვენიანი, მაგრამ მაინც მეტიჩარა გოგოს, ნათია გოგიაშვილის ხელით ლამაზად იყო ამოქარგული ნომრები), ხოლო მეთერთმეტე, ცენტრალური თავდამსხმელი, მთავარი ბომბარდირი და გუნდის კაპიტანი ამ მძიმე ჟამს, როდესაც პირველობის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, უსახელოდ იღუპებოდა გეომეტრიის ბასრ მარწუხებში. გუშინ, გაკვეთილების დამთავრებისას, მან შეიტყო თავისი მძიმე ხვედრი, შეიტყო, რომ დღევანდელი დღე, ერთადერთი თავისუფალი დღე კვირაში, დაკარგული ჰქონდა და, როგორც სასიკვდილოდ დაჭრილ მთავარსარდალს შეეფერება, თანამებრძოლებს უკანასკნელი დარიგება მისცა: კაპიტნის მაგივრად ენუქიძე გამოვიდოდა მოედანზე და მარჯვენა ფრთაზე ითამაშებდა, ხოლო მამალაძე ცენტრში გადაინაცვლებდა. ამასობაში იქნებ თვითონაც მიესწრო. ასეთი იყო საბოლოო დარიგება, თუმცა ეს უკანასკნელი ფრაზა, ცოტა არ იყოს, ცალყბად მიაყოლა მიმავალ მეგობრებს, რადგან კარგად იცოდა, რომ მას განხორციელება არ ეწერა. როგორც ზემოთაც ვთქვით, მისთვის უქმად არ ჩაუვლია ცამეტ წელს: ცხოვრებამ დიდი გამოცდილება შესძინა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ სასწაულები არც ისე ხშირად ხდება, როგორც ზღაპრებში წერია, უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, სულაც არ ხდება. პატარაობისას ასე არ ფიქრობდა, პატარაობისას ყოველდღე სასწაულს ელოდა და ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ დღეს-ხვალ ყველაფერი შეიცვლებოდა: ან გადაბრუნდებოდა ქვეყანა, ან გადმობრუნდებოდა, ან სხვა რამე მოხდებოდა არანაკლებ მნიშვნელოვანი. სინამდვილეში კი ყოველი პირველი დღე გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა მეორეს. რაჟდენ კაპანაძე არ იქნებოდა, პარმენ კვინიკაძე იყო. შუა გაკვეთილამდე ყველა ძველ მასალას კითხულობდა, შუა გაკვეთილის შემდეგ ყველა ახალ მასალას ხსნიდა. ყველას ეჭირა უბის წიგნაკი ხელში და ყველამ იცოდა ორიანების წერა. მართალია, რაჟდენ კაპანაძის უბის წიგნაკი გაცილებით უფრო სქელი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენისა ერთად, მაგრამ, სამაგიეროდ, რაჟდენ კაპანაძეს ამ ერთი უბის წიგნაკში ჰქონდა მოქცეული ყველა ორიანი, რაც კი თავის სიცოცხლეში დაეწერა. ასე მიღოღავდა დღეები. არავითარი ცვლილება, არავითარი მრავალფეროვნება. დირექტორი რა არის, დირექტორიც კი არ შეცვლილა, რაც გია ბარბაქაძე მესამე სკოლაში სწავლობდა. ცხადია, ყოველივე ამან მალე დაარწმუნა ჩვენი გმირი, რომ თუ ცხოვრებაში, საერთოდ, ხდება სასწაული, ხდება ძალიან იშვიათად, საუკუნეში ერთხელ. ახლა წინ მხოლოდ გეომეტრია იყო, მრავალკუთხედები, პარალელეპიპედები, სამკუთხედები თავისი ბისექტრისებით, მახვილი და ბლაგვი კუთხეებით და ღმერთმა იცის, კიდევ რით, - ამდენი რომ სცოდნოდა, ახლა აქ არ იქნებოდა გია ბარბაქაძე, ცისფერი მაისურა ეცმებოდა, ზედ რომ იმ მეტიჩარა ნათიამ ლამაზად ამოქარგა ცხრიანი, და, რა ღმერთი გაუწყრებოდა, მეშვიდეკლასელების კარში ერთი ბურთი არ გაეტანა. გია ბარბაქაძე ერთბაშად გამოერკვა ფიქრებიდან და მთელი ყურადღება მასწავლებლის მარჯვენა ხელზე გადაიტანა. საქმე ისაა, რომ რაჟდენ კაპანაძემ თავისი უბის წიგნაკი უფრო მაღლა ასწია მაგიდიდან, ვიდრე დაკაკუნებისათვის იყო საჭირო. მაგრამ შიში ნაადრევი გამოდგა: მასწავლებელმა უბის წიგნაკი მარცხენა ხელში გადაინაცვლა. მარჯვენათი ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე ოფლი მოიწმინდა. მერე ცხვირსახოცი თავის ადგილას ჩადო, უბის წიგნაკი კვლავ მარჯვენა ხელში ჩაბღუჯა და ნერვებმომშლელი კაკუნი განაგრძო: ამ გადანაცვლება-გადმონაცვლებაში გია ბარბაქაძემ იდროვა და საათს შეხედა. ორი საათი იყო: მაშასადამე, პირველი სკოლის მოედანზე მალე გაჩაღდებოდა ცხარე ბრძოლა. გია ბარბაქაძე კი... ამ დროს მასწავლებელმა კვლავ აღმართა მსახვრალი მარჯვენა, ფეხის ქნევა შეწყვიტა და ცოდვებით დამძიმებული უბის წიგნაკი იმ ადგილას გადაშალა, სადაც უკანასკნელი ორიანი ეწერა. მერე თეთრი, დაფანჩული წარბები ასწია, თვალები მოჭუტა და გია ბარბაქაძეს ქვემოდან ახედა.  - მდაა... აბა, გიორგი ნიკიფოროვიჩ!       გია ბარბაქაძეს იმის გამო კი არ სძულდა ეს კაცი, რომ უზომოდ სქელი უბის წიგნაკი ჰქონდა და ორიანების წერისადმი განსაკუთრებულ მიდრეკილებას იჩენდა. არა, ღმერთმანი. ორიანების წერა ვის ეზარება! ასეთი მასწავლებელი, ალბათ, არც არსებობს და თუ არსებობს, საუკუნეში ერთხელ იბადება. ორიანების წერისათვის როგორ შეიძლება კაცის შეძულება! რაჟდენ კაპანაძე სწორედ ამ "გიორგი ნიკიფოროვიჩით" იმსახურებდა სიძულვილს. როდესაც მეექვსეკლასელებმა გაიგეს, გეომეტრიის მასწავლებლად რაჟდენ კაპანაძეს გვინიშნავენო, აუწერელი ჟრიამული შეექნათ: ყველას აინტერესებდა ახალი მასწავლებლის ნახვა. და აი, დირექტორმა შემოიყვანა იგი, დაჭმუჭნილ შარვალ-ხალათში გამოწყობილი ჩია მოხუცი, გამოაცხადა, დღეის ამას იქით გეომეტრიას პატივცემული რაჟდენი გასწავლითო და შეატოვა ხელში ცნობისმოყვარეობით ანთებულ ბავშვებს. ახალმა მასწავლებელმა ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, ოფლი მოიწმინდა და ხელახლა წარუდგა თავის მომავალ სამწყსოს, რადგან, როგორც ეტყობა, დირექტორის წარდგენა საკმარისად არ ჩათვალა. მე გახლავართ რაჟდენ კაპანაძეო - ისეთი ხმით გამოაცხადა, თითქოს ეს "რაჟდენ კაპანაძე" სულ ცოტა, ნაპოლეონ ბონაპარტეს მაინც ნიშნავდა. მაშინ მესამე მწკრივის ბოლოსწინა მერხიდან წამოდგა გია ბარბაქაძე, მძიმედ დაუკრა თავი მასწავლებელს და მშვიდად და მკაფიოდ ჩაუმარცვლა: "გიორგი ნიკიფოროვიჩი, პატ მასწ." - მერე დიდი ღირსებით დაჯდა თავის ადგილას.  - გიორგი ნიკიფოროვიჩ, - აუღელვებლად უთხრა მასწავლებელმა, - თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, გთხოვთ კუთხეში დადგეთ და ფეხი არ მოიცვალოთ იქიდან გაკვეთილის დამთავრებამდე. ახალ მასწავლებელს ლაპარაკის დროს ტუჩის კუთხეები ქვემოთ ეწეოდა, სიტყვებს რაღაც უცნაურად, ჭადივით აბრტყელებდა და პირიდან ნაწილ-ნაწილ ამოჰქონდა, როგორც ილუზიონისტს ამოაქვს ხოლმე ფერადი ლენტი. "გიორგი ნიკიფოროვიჩ, ლოგინი ხომ არ გაგიშალოთ?" - ჰკითხა მასწავლებელმა ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც კუთხეში ატუზულ ბიჭს საბოლოოდ მობეზრდა მარტო ყოფნა და ერთი ლაზათიანად დაამთქნარა. მაშინ ეს "გიორგი ნიკიფოროვიჩი" მოსწავლეებმა ოხუნჯობად მიიღეს, მაგრამ რვა თვე რომ გავიდა და რაჟდენ კაპანაძე კი დაუღალავად იმეორებდა - "გიორგი ნიკიფოროვიჩ" და "გიორგი ნიკიფოროვიჩო", ყველა მიხვდა, რომ გეომეტრიის მასწავლებელი არავითარ ზომას და საზღვარს არ ცნობდა. თან მხედველობაში იქონიეთ - თვითონ მუდამ ნებივრადაა გადაწოლილი სკამზე, ფეხი ფეხზე შემოუდვია, ნერვებისმომშლელად აქნევს ფეხსაცმლის წვერს, ხელში თავისი ურჩხული-უბის წიგნაკი უჭირავს და, ძებნა რომ არ დასჭირდეს, საჩვენებელი თითი იმ ადგილას აქვს ჩადებული, სადაც უკანასკნელი ორიანი წერია. თუ ბიჭი ხარ, შეიყვარე ასეთი მასწავლებელი! გია ბარბაქაძემ ერთი პირობა გადაწყვიტა, გენერალური ბრძოლა გაემართა ბოროტ ძალასთან და პრინციპულად არ ესწავლა გეომეტრია, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა, გარდა იმისა, რომ უბის წიგნაკში კატასტროფულად მომრავლდა ორიანები. რას იზამ, ბრძოლა თავიდანვე უთანასწორო იყო. მაშინ პატარა ოპოზიციონერი წვრილ-წვრილ კენწლაობაზე და პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდა. მან წინასწარვე იცოდა, რომ დამარცხება არ ასცდებოდა და ცდილობდა, ამ დამარცხების საფასურად, რაც შეიძლება მეტი უსიამოვნება მიეყენებინა უფლებამოსილი მოწინააღმდეგისათვის, ენამახვილობაზე ერთობ თავისებური წარმოდგენა რომ ჰქონდა. მაგალითად, ერთ დღეს (მაშინ მასწავლებელი ახალი დანიშნული იყო და თავის სამწყსოს ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა) ასეთი ამბავი მოხდა: რაჟდენ კაპანაძე სიას კითხულობდა. როდესაც მისი გვარი დაასახელა, გია წამოდგა, მასწავლებელს უწყინარი თვალებით შეხედა და სრულიად მშვიდად, ისე რომ სახეზე ერთი ძარღვიც არ შეტოკებია, უთხრა: "არ არის, მასწ." მასწავლებელი შეცბა, ფერმაც გადაჰკრა, ეტყობა, რაღაცას მიხვდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მეორე დღეს კი, როდესაც თავისი ეჭვების სიმართლეში დარწმუნდა, გიას კლასში შემოსვლისთანავე დაეტაკა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ავისმომასწავებლად გაბრტყელებული ხმით ჰკითხა: "გია ბარბაქაძე, რა გვარი ხარ?" როგორც ჩანს მასწავლებელი ძალიან გაბრაზებული იყო, რაკი ჩვეულ აბლანდულ-ჩაბლანდულ სტილს უღალატა. "ბარბაქაძე ვარ, მასწ." - მშვიდად უპასუხა გიამ. "გუშინ რა გვარი იყავი?", "გუშინაც ბარბაქაძე ვიყავი", - მოწაფემ ხმაში ოდნავ გამომწვევი კილო შეაპარა. "აბა, თუ გუშინაც ბარბაქაძე იყავი, ხვალ მშობელი მოიყვანე და ისე მოდი. უტყუარი საბუთებით მინდა დავრწმუნდე, მართლა ბარბაქაძე ხარ თუ არა". მაშინ გია ბარბაქაძემ თავი ჩაქინდრა და ხმადაბლა, დანაშაულში დაჭერილი კაცივით წაიბუტბუტა: "მშობლები არა მყავს, მასწ." მასწავლებელს ღიმილი სახეზე შეაცივდა. ერთხანს არ განძრეულა და არც ხმა ამოუღია, ოღონდ ეს იყო, რომ ოდნავ შესამჩნევად თვითონაც ჩაქინდრა თავი. მერე რამდენჯერმე უხერხულად ჩაახველა, ნელა მიადგა ფანჯარას და კლასის სრულ დუმილში ხუთიოდე წუთი დაჰყო იქ. ბოლოს გია ბარბაქაძეს ხელით ანიშნა, დაჯექიო, ისე რომ მისკენ არ მიუხედავს, და ძლივძლიობით განაგრძო გაკვეთილი. ცოტა ხნის შემდეგ გიას გვერდით მჯდომი ბიჭი გამოიძახა დაფასთან, თვითონ კი მის ადგილას ჩამოჯდა და აკანკალებული ხელი კარგა ხანს ედო ობოლი ბიჭის თავზე. თქმით არაფერი უთქვამს. იმ გაკვეთილზე, საერთოდ, ძალიან ცოტა ილაპარაკა და არც ერთი ორიანი არ დაუწერია.       სამაგიეროდ მისი ცოფების ყრას საზღვარი არა ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ "ამ თითის სიგრძე ღლაპმა" ასეთი ოინი უყო. ღმერთმა იცის, რა უფრო აწიწმატებდა - რომ გააცურეს, თუ ამდენი სენტიმენტალობა რომ წყალში ჩაეყარა. ასე იყო თუ ისე, ამ კომედიას უშუალოდ მოჰყვა ორიანი პირველ მეოთხედში და ძალიან აღელვებული საუბარი გია ბარბაქაძის მამასთან (ამ საუბარს გია თვითონაც ესწრებოდა და, უნდა ითქვას, არც ერთი სულიერი მის ადგილას ყოფნას არ ინატრებდა მაშინ). სამწუხაროდ, ასეთი ოინები ერთობ ძვირი ჯდებოდა. გიას მამას რომ არაჩვეულებრივად მწარე ხელი ჰქონდა, ვინ არ იცის, მაგრამ ამას როგორმე აიტანდა კაცი. ბოლოს და ბოლოს ერთს მიგტყეპავდა და ამით ყოველგვარ ანგარიშს გაასწორებდა, ისე რომ გულში არავითარი ხინჯი აღარ რჩებოდა. მეორე წუთს უკვე დამშვიდებული სინდისით შეგეძლო მისულიყავი და კინოს ფული გეთხოვა. სულ სხვა იყო დედის ლექციები მორალის საკითხებზე. ნერვების მოშლის თვალსაზრისით ეს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა რაჟდენ კაპანაძის ოხუნჯობას. მერე განა დამშვიდდებოდა, ერთხელ რომ იყრიდა ჯავრს და გულს მოიოხებდა? თქვენც არ მომიკვდეთ! პაწაწკინტელა ცოდვას მთელი თვისათვის ანაწილებდა და წამალივით აძლევდა საწყალ ბიჭს დღეში თითო ლექციას. ხანდახან საქმე იქამდე მიდიოდა, სინდისს გეფიცებით, გია ბარბაქაძე თავს მოიკლავდა, ცხოვრება რომ მხოლოდ გეომეტრიის გაკვეთილისა და მორალისაგან ყოფილიყო შედგენილი. კიდევ კარგი, გამოჩნდნენ ღვთისნიერი ინგლისელები და ფეხბურთი მოიგონეს. უბედურება ისაა, ხანდახან ფეხბურთის თამაშსაც არ გაცლიან. მაგალითად, სადმე პირველი სკოლის მოედანზე ჩემპიონობის საკითხი წყდება, ამ დროს კი ერთ-ერთი გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი, რომელსაც ისე რა ღმერთი გაუწყრებოდა, ერთი-ორი ბურთი არ გაეტანა მოწინააღმდეგის კარში, დგას აბუზული ვიღაც გადაყრუებული ბერიკაცის წინ და არ იცის, გადარჩება თუ არა საშემოდგომო გამოცდას. ვინც ეს ცხოვრება ასე მოაწყო, გემოვნების ნასახი არ ჰქონია, ფეხბურთის ცოდნაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ჩვენ შევეცადეთ შეძლებისდაგვარად დაგველაგებინა გია ბარბაქაძის აბურდული ფიქრები. ამასობაში კი რაჟდენ კაპანაძემ ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ისე მოიმარჯვა, თითქოს წინასწარ აპირებს ორიანის დაწერასო, და თქვა: - მაშ ასე, იმედია, თავს არ ვიტყუებ, როდესაც მჯერა, რომ გიორგი ნიკიფოროვიჩს სხვა უამრავ ღირსებებთან ერთად სახაზავისა და ცარცის ხმარებაც ეხერხება. გია ბარბაქაძეს ხელის გულები საშინლად გაუოფლიანდა. ეჭვიც კი არ ეპარებოდა, რომ მასწავლებელი გუნებაში უკვე ხატავდა ლამაზ ორიანს და იმაზეღა ფიქრობდა - სადა კუდი გაეკეთებინა თუ მოკვარახჭინებული.  - რაღას უდგახარ, აიღე სახაზავი, დაიჭირე თოფივით, ცარცი ხელყუმბარასავით მოიმარჯვე და მტკიცე ნაბიჯით გასწი დაფისკენ. აბა, ე რ თ, ო რ, ს ა მ! საკუთარი ენამახვილობით მოხიბლულ მასწავლებელს სახეზე ბედნიერების ღიმილი ეფინა. მოსწონდა თუ არა სხვასაც მისი ოხუნჯობა, ეს ნაკლებად აწუხებდა. გიამ აიღო ცარცი და სახაზავი და ფეხაკრეფით მიუახლოვდა დაფას.  - რაკი ეს ოპერაცია ასე თუ ისე წარმატებით დამთავრდა, ახლა შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ: გავავლოთ ორი ერთმანეთის პარალელური ხაზი. გიამ სახაზავი დაფას მიადო და აკანკალებული ხელით ჯერ ერთი ხაზი გაავლო, მერე მეორე. ხაზები მაინცდამაინც ვერ დაიტრაბახებდნენ პარალელობას, მაგრამ შეშინებული ბიჭი ვეღარც იმას ბედავდა, რომ ერთი მათგანი წაეშალა და ახალი გაევლო.  - მოვიშველიოთ ფანტაზია და წარმოვიდგინოთ, ვითომ ეს ხაზები პარალელურია. ახლა გაავლე მეორე ხაზის პარალელური. გიამ მორჩილად გაავლო ქვემოთ კიდევ ერთი ხაზი, ამჯერად ცოტა უკეთესი.  - დიდებულია! პირველი ორი ხაზის ფონზე პირდაპირ ფანტასტიკურია! მოდი ახლა, რაკი საქმე მაინც არაფერი გვაქვს, ასეთი თეორემა დავამტკიცოთ: თუ ორი სხვადასხვა ხაზი მესამის პარალელურია, მაშინ ისინი ერთმანეთის პარალელურიც იქნებიან. მე მგონია, არ გაგვიჭირდება. აი, შენი სამი ხაზი. პირველი და მეორე ურთიერთპარალელურია. ურთიერთპარალელურია მეორე და მესამეც. დავამტკიცოთ, რომ პირველი და მესამეც ურთიერთპარალელურები იქნებიან. აბა, დაიწყე. საკანკალო აქ არაფერია. კალმისტარი მზადა მაქვს ხუთიანის დასაწერად. გიამ კარგად იცოდა, რის დასაწერად ჰქონდა მზად კალმისტარი რაჟდენ კაპანაძეს, მაგრამ რა ექნა. ცხადია, დღევანდელი ფეხბურთი უიმისოდ უნდა ჩატარებულიყო (მერედა, ვინ იცის, როგორ სჭირდებოდათ ბიჭებს ერთი გოლი). სამაგიეროდ, ჯერ კიდევ ჰქონდა პატარა შანსი, რომ საშემოდგომო გამოცდას გადაურჩებოდა და ამიტომ მთელი თავისი ვაჟკაცობა და მოხერხებულობა ახლა უნდა გამოეჩინა. თუმცა ვაჟკაცობა და მოხერხებულობა ფრიად საეჭვო მშველელია თეორემების მტკიცების დროს. მხოლოდ უნარი და ცოდნა! მაგრამ, ღმერთო, სად იყო ან ერთი ან მეორე?.. სამი ხაზი გვაქვს. პირველი მეორის პარალელურია, მეორე მესამის, მაშინ... უეცრად გია ბარბაქაძეს საშინელმა ეჭვმა გაჰკრა გულში. ვაითუ მასხრად იგდებს... აბა, ეს რა თეორემაა და რა დამტკიცება უნდა! თუ ერთი მეორის პარალელურია და მეორე კიდევ მესამის, მაგას რაღა ლაპარაკი უნდა, რომ პირველი და მესამეც ერთმანეთის პარალელურები იქნებიან. კაი კვანტის გამოდება კი იქნება... ამტვრევინებს თავს, ამტვრევინებს, მერე ეტყვის, უბრალო აქსიომა არ გცოდნიაო და მიაკრავს შუბლში "ჯვრის ორიანს", როგორც თვითონ იტყვის ხოლმე. გია ბარბაქაძე გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა. არადა არც ბევრი დაყოვნება ვარგოდა, რადგან, თუ ამოცანა მართლა ძალიან მარტივი იყო, ბევრი ფიქრი უკვე თავის გაცემას ნიშნავდა. არა, ამას დამტკიცება მართლა არ უნდა სჭირდებოდეს. კაი, დავანებოთ თავი ხაზებს, სხვა რამე ავიღოთ. მეექვსეკლასელების გუნდში, იმდენი სათადარიგო მოთამაშეა, რამდენიც მე-71 კლასელების გუნდში, ხოლო მე-71 კლასელების გუნდში იმდენი, რამდენიც მე-72 კლასის გუნდში. რა დიდი ფილოსოფია უნდა იმას, რომ მეექვსეკლასელებსა და მე-72კლასელებს თანაბარი რაოდენობით ეყოლებათ სათადარიგო მოთამაშეები! ასე ღრმააზროვნად მსჯელობდა გია. მაგრამ, სამწუხაროდ, მეტისმეტად შეზღუდული რეგლამენტი ჰქონდა: დროზე უნდა ეთქვა რაღაცა, ან აქეთ, ან იქით, თორემ მერე შეიძლება გვიანღა ყოფილიყო. თანაც რამოდენა გამბედაობა გინდოდა. ერთიც ვნახოთ და სრულიად ჩვეულებრივი თეორემა გამომდგარიყო, დამტკიცება რომ ესაჭიროება და ამ თვისების გამო, ვინ იცის, არა ერთი და ორი გიასთანა ბიჭისათვის გაუმწარებია სიცოცხლე! საბოლოოდ გიამ მაინც გადაწყვიტა ეცადა ბედი.  - თუ ორი ხაზი ცალ-ცალკე მესამის პარალელურია, მაშინ ცხადია, ერთმანეთის პარალელურიც იქნებიან.  - სრული ჭეშმარიტებაა, - უთხრა მასწავლებელმა, - მაგრამ დავუშვათ, ჩემი გონება ვერ წვდება მაგ ჭეშმარიტებას და საჭირო ხდება დასაბუთება. მაშინ რაღა ვქნათ? ამგვარად, აქსიომის ჰიპოთეზა ერთი დაკვრით გაცამტვერდა. გია ბარბაქაძემ საშემოდგომო გამოცდის სუნი იკრა და გადაწყვიტა, ხავსს მოჭიდებოდა.  - თუკი ეს ხაზი ამის პარალელურია და ეს ხაზი კიდევ ამის, მაშინ ესენიც პარალელური იქნებიან. აბა, რა იქნებიან!  - არ გედავები, წეღანაც მოგახსენე, არ გედავები, და საერთოდ, ძალიან ვწუხვარ, რომ მიუხედავად ასეთი თვალნათლივობისა, თეორემას მაინც დამტკიცება უნდა.  - აი, მასწ., მაგალითად, თუ ორი უბის წიგნაკი ცალ-ცალკე იმავე გვერდზეა გადაშლილი, რომელზედაც მესამე, ცხადია, ისინი ერთსა და იმავე გვერდებზე იქნებიან გადაშლილი.  - ეს იმას მოწმობს, რომ ფიქრი გეხერხება და, თუ მოინდომებ, შეიძლება არც ისე წყალწაღებული ბიჭი იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანხარ. - მასწავლებელმა კალმისტარი მაგიდაზე დადო, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტ თავზე ოფლი მოიწმინდა (ბიჭიც გაოფლიანებული იყო, მაგრამ ცხვირსახოცის ამოღებას ვერ ბედავდა), მერე კალმისტარი მოიმარჯვა და განაგრძო. - თუმცა, შენი უბის წიგნაკის მაგივრად, მოდი, სხვა მაგალითი ავიღოთ: აბა, გაავლე ორი ხაზი, რომლებიც ცალ-ცალკე მესამის პერპენდიკულარული არიან, და ნახე, ერთმანეთის პერპენდიკულარული აღმოჩნდებიან თუ არა. გია უძრავად იდგა, რადგან არ იცოდა, ეს ისე, სიტყვას მოჰყვა, თუ მართლა უნდა გაევლო ასეთი ხაზები.  - გაავლე, გაავლე! - წააქეზა მასწავლებელმა. გიამ გაავლო ერთი და იმავე ხაზის პერპენდიკულარული ორი ხაზი და თავისდა გასაოცრად და სამარცხვინოდ დაინახა, რომ ეს ორი ხაზი ერთმანეთის პარალელური აღმოჩნდა. რაღა თქმა უნდა, ახლა უკვე ყველაფერი გათავებული იყო: ჩემპიონობაც იკარგებოდა და საშემოდგომო გამოცდაც თითქმის ჯიბეში ედო. ან კი რამ აფიქრებინა, გადავრჩები და იმ ენაჭარტალა ნათიას ყბაში არ ჩავვადებიო. გატრიალდეს მაინც და წავიდეს, სანამ გვიან არ არის! პირველი სკოლა ხომ აქვეა, ორ ნაბიჯზე. მაგრამ ვაი, რომ არც ამდენი გამბედაობა ჰქონდა. ასეა: კაცი ან მართლა ზოგიერთებივით უნდა სწავლობდე, თითები რომ მუდან ანტენებივით აქვთ აშვერილი და ყოველი გაკვეთილი ზეპირად იციან, ან არადა, ცოტა მეტი ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინო. აბა, ეს რას ჰგავს: არც აქეთ ხარ და არც იქით, ნახევარი სწავლა და ნახევარი გამბედაობა, თანაც ისე, რომ სამიანი არც ერთში გეკუთვნის და არც მეორეში. მაგრამ საკუთარი ბუნების გარდაქმნა და ისიც ასე ერთბაშად, არავის ძალუძს. ამიტომ გია ბარბაქაძე დაფასთან უძრავად ატუზულიყო და შუბლი დილის ბალახივით ჰქონდა დაცვარული. მასწავლებელი შეინძრა. გიამ შიშით გამოიხედა. არა, არაფერი, რაჟდენ კაპანაძემ ახლა მარცხენა ფეხი გადაადო მარჯვენას და აუღელვებლად გააქან-გამოაქანა.  - მაშინ ასე ვქნათ, თუ ნებას მომცემ, - თქვა მან, - გაავლე ხაზი. ახლა ეს ხაზი ირიბი ხაზით გადაკვეთე. ჩინებულია. ზედა მარცხენა კუთხე უდრის 120 გრადუსს, გამოვიანგარიშოთ დანარჩენი კუთხეები. გია ბარბაქაძე კარგა ხანს ხვნეშოდა დაფასთან და საბოლოოდ მისმა ნახაზმა ასეთი სახე მიიღო: როდესაც 120o დაწერა, უეცრად (ალბათ, ციფრების ასოციაციით) საათი გაახსენდა და ცალი თვალით მალულად გახედა მასწავლებლის მარცხენა მაჯას, მაგრამ იქ მხოლოდ ვეებერთელა უბის წიგნაკი დაინახა. გიამ იმ შემზარავ სანახაობას სწრაფად აარიდა თვალი და ისევ ნახაზს მიუბრუნდა. მაშასადამე, < AOC = 120o და ღმერთმა იცის, რას უდრის დანარჩენი კუთხეები. გიამ გადაწყვიტა, ფეხბურთი თავიდან ამოეგდო და ღრმად ჩაფიქრებულიყო. აკი ერთი წუთის წინ მასწავლებელმა უთხრა, ფიქრი გეხერხებაო. "გვაქვს < AOC, რომელიც 120 გრადუსს უდრის. მის გაყოლებაზე არის მეორე კუთხე COB, ეს კუთხე უნდა უდრიდეს... AOB რომ კუთხე იყოს, მაშინ COB იქნებოდა - AO... ბიჭო! დაიცა, რა ჯანდაბა ჰქვია?.. ჰო, გაშლილი კუთხე, გაშლილი კუთხე ვაშაა! გაუმარჯოს გაშლილ კუთხეს!" გიამ სიხარულისაგან კინაღამ კუნტრუში დაიწყო. AOB-ს რომ გაშლილი კუთხე ერქვა, ეს უდიდესი აღმოჩენა იყო. ასეთი აღმოჩენა კოლუმბსაც კი დაამშვენებდა. მართალია, ბიჭის სიხარულში პატარა შხამიც ერია, რადგან ეს ჭეშმარიტება მეტიჩარა ნათიასგან ჰქონდა გაგონილი, მაგრამ ახლა ისეთ დღეში იყო, როდესაც გაჭირვება კაცს თავმოყვარეობის გრძნობას უჩლუნგებს. მაშინ ნათიამ გაშლილი კუთხის სახელთან ერთად ისიც უთხრა, თუ რას უდრის გაშლილი კუთხე. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, გიამ რომ ვაჟკაცისათვის შეუფერებელი სისუსტე გამოიჩინა, მასწავლებელს დაუჯერა და ნათიასთან იმეცადინა. ეს ამბავი შავ ლაქად დარჩა მის ცხოვრებაში. მაგრამ ახლა ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ კი გაეხსენებინა ეს გაშლილი კუთხე. არადა, მის აღმოჩენას ისეთივე ფასი ექნებოდა, როგორც კოლუმბის აღმოჩენას, ამერიკა რომ ისევ დაკარგულიყო. აბურდულ ფიქრებში შორეული ნათურებივით ციმციმებდა ორი ციფრი: 180 და 360. ეს იყო ორი ცნობილი ციფრი, რომლებსაც მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ გეომეტრიასთან. ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ გია საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ გაშლილი კუთხის სიდიდეს აღნიშნავდა. მაგრამ რომელი? თავისი სულელური მარჩიელობით ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა საშემოდგომო გამოცდისაკენ. მეორე ნაბიჯი საბოლოო ნაბიჯიც იქნებოდა, მერე კი... მერე ყველაფერი ნათელი იყო: მამის დაკოჟრილი ხელი, დედის ლექციები, მოშხამული არდადეგები...       მაშ, რა ვქნათ?.. გაშლილი კუთხე ან 180-ს უდრიდა, ან 360-ს.       "მაგრამ რომელს? - ფიქრობდა გია. - რომელი ვთქვა? რომელიც პირველად მომადგება ენაზე? ორივე რომ ერთად მადგას! გამოვითვალო?! მოდი, მართლა გამოვითვლი, რომელიც მეათე იქნება, ის იყოს გაშლილი კუთხე. სულ ერთია, თუ არაფერი ვთქვი, საშემოდგომოს მაინც ვერ გადავურჩები, რაც არის, არის. 360 ერთი, 180 ორი, 360 სამი, 180 ოთხი, 360 ხუთი, 180 ექვსი, 360 შვიდი, 180 რვა, 360 ცხრა, 180 ათი". - < COB = 180o - 120o = 60o გიას ერთბაშად სისხლი სახეზე მოაწვა და ისე გაწითლდა, თითქოს ამაზე უფრო სამარცხვინო თავის დღეში არაფერი ეთქვას. მისი ბედი ბეწვზე ეკიდა. რაჟდენ კაპანაძემ კვლავ შეცვალა ფეხები, კალმისტარი მაგიდაზე დადო, ცხვირსახოცი ამოიღო და მელოტი თავი მოიწმინდა. მერე ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიდო, კალმისტარი მოიმარჯვა და ღიმილით უთხრა წმიდა მოწამეს: - მე ყოველთვის ვამბობდი, ერთხელაც იქნება, გიორგი ნიკიფოროვიჩი ქვეყანას განაცვიფრებს-მეთქი. და აი, ეს დღეც დადგა. სწორია. ყოჩაღ, ვაშა! გიას გულზე მოეშვა. ახლაღა იგრძნო მთელი სისრულით, რომ ეს 180o ას ოთხმოცი ფუთივით აწვა გამხდარ მხრებზე.  - ყოჩაღ, ყოჩაღ და კიდევ ერთხელ ყოჩაღ! - თქვა მასწავლებელმა, - მაშ, გადავიდეთ შემდეგ კუთხეზე. დიახ, სამწუხაროდ, საჭირო იყო შემდეგ კუთხეზე გადასვლა. გიამ დიდი მოაზროვნის სახე მიიღო და ნახაზს დააკვირდა. აქ უკვე თავდებოდა ნათიას მიწოდებული ინფორმაცია, საკუთარ თავზე დაყრდნობა კი, რასაკვირველია, წყლის ნაყვა იყო. "მაშ, 360o-ს თურმე ორი გაშლილი კუთხე უდრის. გამოსარკვევი დაგვრჩა AOD და BOD კუთხეები. აქედან AOD უდრის 180o - BOD, მაგრამ BOD რას უდრის? ორივე ერთად 180o-ია. ერთი უნდა იყოს 180-ის რაღაც ნაწილი, მეორე 180-ის... არა, ასე არაფერი გამოვა". ამაოდ ხვნეშოდა გია, ამაოდ წვალობდა: AOD და BOD კუთხეები საიდუმლოებით იყო მოცული. მაშინ იფიქრა, ბოლოს და ბოლოს ერთი საშემოდგომო გამოცდა ამდენ წვალებად არც ღირს და მთავარია არა ეს, არამედ ჩემპიონობაო. და გადაწყვიტა, სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად თავი ამ ჭეშმარიტებისათვის შეეფარებინა. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, ცდამ უნაყოფოდ ჩაუარა. აშკარად ჩანდა, გია არ იყო იმდენად ვაჟკაცი, რომ გეომეტრიაზე გადაჭრით ეთქვა უარი და ანგარიში არ გაეწია მამის დაკოჟრილი ხელისათვის, დედის ლექციებისათვის და მოშხამული არდადეგებისათვის, რომლის განმავლობაში, გინდა თუ არა, თავში მაინც საშემოდგომო გამოცდა უნდა გიტრიალებდეს. ჩიხში მომწყვეული ბიჭი AOD და BOD კუთხეებზე უკვე აღარ ფიქრობდა, რადგან დარწმუნდა, რომ ეს სრულიად უნაყოფო შრომა იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნახაზის წინ მაინც ღრმააზროვანი სახით იდგა და დროს შეუგნებლად აჭიანურებდა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ სულ მალე მეხი გავარდებოდა.       მეხი მართლაც გავარდა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ხოლო მანამ, სანამ მეხი გავარდებოდა, რაჟდენ კაპანაძე მძიმედ წამოდგა და თავისი მსხვერპლისაკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. დაფასთან შეჩერდა, უბის წიგნაკი კალმისტართან ერთად მარჯვენა ხელში გადაინაცვლა. მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითი რკალად მოხარა და ნახაზს დაადო ისე, რომ საჩვენებელი თითი AOC კუთხეში აღმოჩნდა, იქ სადაც 120o ეწერა, ცერი კი - BOD კუთხეში.  - თუ გქონია როდისმე რაიმე ურთიერთობა ჯვარედინ კუთხეებთან?       გია ბარბაქაძე თავჩაღუნული იდგა და დუმდა. არა, ჯვარედინ კუთხეებთან მას არავითარი ურთიერთობა არა ჰქონია. ამიტომ ყველაფერი გათავებული იყო: ჯვარედინ კუთხეებსაც, მთელ გეომეტრიასაც და მთელ არდაგეგებსაც ჯვარი ჰქონდა დასმული.  - სამწუხაროდ, არავითარი, - დაასკვნა მასწავლებელმა და უცებ გაშმაგებით დაიწყო ბოლთის ცემა. მართალია, ხმა არ აუმაღლებია, მართალია, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ძველებურად ნაწილ-ნაწილ ისროდა, მაგრამ კალაპოტიდან მაინც ამოვარდნილი იყო, რასაც თუნდაც ის ფაქტიც მოწმობდა, რომ სრულიად დაავიწყდა, უბის წიგნაკი ისევ მარცხენა ხელში დაეჭირა.  - ჯვარედინი კუთხეები, ჩემო კარგო, - თქვა მან, - როცა სირბილით გული იჯერა, - ტოლია. შენთვის ახლა ჯვრის ორიანი სრულიად დამსახურებული ჯილდო იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგცემ გადარჩენის საშუალებას. გიამ კარგად იცოდა, რა "გადარჩენის საშუალებაც" აუტყდა რაჟდენ კაპანაძეს. მას გიას წამება უნდოდა და არა გადარჩენა. გადარჩენის საშუალებას მისცემს! გადარჩენა თუ უნდოდა, მისი ნება არ იყო? დაეწერა სამიანი, არც თვითონ გაიღვრებოდა ოფლად და არც საწყალ ბიჭს ამოხდიდა სულს. რა ბიჭია, გადარჩენის საშუალება მისცეს! გია ბარბაქაძე მეტისმეტად აღელვებული იყო და საკუთარი უბედურების მეტს ვერაფერს ამჩნევდა. ამ დროს კი მასწავლებლის დანაოჭებულ სახეზე ფრიად უცნაური და ამიტომ ფრიად საინტერესო ცვლილებები მიმდინარეობდა. ჯერ იყო და ეს სახე ოდნავ გათეთრდა, მერე სიყვითლე შეეპარა, ბოლოს კი აშკარად გამწვანდა. მასწავლებელმა მხოლოდ მაშინ მიიქცია გაწამებული შეგირდის ყურადღება, როცა უეცრად, მკვეთრი მოძრაობით, უბის წიგნაკი და კალმისტარი გულში ჩაიხუტა და სკამზე მოწყვეტით დაეშვა. გია ბარბაქაძე შეკრთა, შეშინებულმა მოიხედა და თვალწინ ისეთი შემზარავი სანახაობა წარმოუდგა, რომ ადგილზე გაშეშდა. მასწავლებელი შეკუმშულიყო, თითქოს ნახტომისათვის ემზადებაო, ბეჭებში მოხრილიყო, უბის წიგნაკი და კალმისტარი გულში მაგრად ჩაეკრა და მძიმედ სუნთქავდა. სახე ისეთი ჰქონდა, როგორც ხასხასა მოლი აპრილის თვეში. ასე გავარდა მეხი. და გია ბარბაქაძე იდგა კიდეც მეხდაცემულივით. სახეზე დიდი შიში და გაკვირვება აღბეჭდვოდა. მასწავლებელს თვალებდაჭყეტილი მისჩერებოდა. მან პირველად ახლა იგრძნო თვალნათლივ, რომ მასწავლებელი არაფერი ყოვლისშემძლე არსება არ ყოფილა და რომ მასაც ჰყოლია მისი სულთამხუთავი. ეს აღმოჩენა იყო. გიას შეგნებული ჰქონდა, რომ ხდებოდა რაღაც ფრიად უჩვეულო, რაც არაფერს არ უწევს ანგარიშს, - არც გეომეტრიას, არც საშემოდგომო გამოცდას, არც ფეხბურთს. სრულიად არაფერს. გია მასწავლებელს მისჩერებოდა და ვერ მიმხვდარიყო, რას მოითხოვდა მისგან შექმნილი ვითარება: განეგრძო თავის მოკატუნება და თეორემაში ჩაფლული მოსწავლის როლი, თუ გაშლილი კუთხის პრობლემა მოხსნილი იყო დღის წესრიგიდან და აღარ ღირდა მისთვის ყურადღების მიქცევა? იქნებ რამე უნდა ეთქვა? მაგრამ მან არ იცოდა, ამბობენ თუ არა რამეს ასეთ დროს. ერთ ხანს გრძელდებოდა უცნაური მდგომარეობა. მოსწავლეს ზურგი შეექცია გაშლილი კუთხისათვის და მასწავლებელს გაფართოებული თვალებით შესცქეროდა. რაჟდენ კაპანაძე ქშინავდა და საშიში ღიმილით იღიმებოდა. ბოლოს ისევ მასწავლებელმა ამოიღო ხმა: - ეს არის გენერალური შეტევა, თუ ნებას მომცემთ აგიხსნათ, ახლა დაიწყება ცრემლის ღვრა, - თქვა მან და ისეთი უცნაური ქშენა დაიწყო, რომ მის გვერდით გაჩერება უკვე გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. გიამ ვერ გაიგო მასწავლებლის ნათქვამი. სამაგიეროდ უეცრად სულ სხვა რამ გაიგო. უეცრად გაერკვა შექმნილ სიტუაციაში და დაინახა, რომ, რაც მის ირგვლივ ხდებოდა, იყო სასწაული. მართალია ქვეყანა არ გადაბრუნებულა, არც გადმობრუნებულა, არც სწავლის გაუქმება იყო მოსალოდნელი, მაგრამ ეს მაინც სასწაული იყო და ეს სასწაული თავისი მასშტაბით დირექტორის გამოცვლას არ ჩამოუვარდებოდა. სამწუხაროდ, ამ აღმოჩენას იქვე მოჰყვა მეორე, არასასიამოვნო აღმოჩენა: სასწაულთან პირისპირ შეხვედრა არც ისე სასიამოვნო ყოფილა, როგორც ადრე ეგონა გიას. გაგონილი სასწაული, თურმე, ათასწილად ჯობია საკუთარი თვალით ნანახ სასწაულს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ აშკარაა: გია თანახმა იყო შემოდგომაზე ჩაებარებინა გეომეტრია, ოღონდ ახლა ამ სანახაობას გარიდებოდა.  - რამდენი წლისა ხარ?  - ცამეტის, მასწ... - ჩაილაპარაკა გიამ.  - მთელი სიცოცხლით უფროსი ვარ შენზე. აბა, ახლო მოდი!       რაჟდენ კაპანაძემ პირი გააღო, რამდენჯერმე მძიმედ ამოისუნთქა და სახეზე შეეტყო, რომ ცოტა შვება იგრძნო: ერთ-ორი ნაოჭი გაშალა და კბილებში მოქცეული ქვედა ტუჩი გაითავისუფლა. გიამ წინ ორი ნაბიჯი გადადგა და შეჩერდა. უფრო ახლო მისვლა ვერ გაბედა. ეგონა, მასწავლებელი კვდებაო. ასეთი ჰიპოთეზის საბუთს, მისი აზრით, იძლეოდა არა ნაოჭები და მწვანე ფერი, არამედ საქციელი.  - კარგი, კარგი, ნუ მოხვალ, - ხმადაბლა თქვა მასწავლებელმა და მცირე დუმილის შემდეგ რაღაცნაირი ნაღვლიანი კილოთი, გია ბარბაქაძისათვის სრულიად გაუგებარი კილოთი დაუმატა, - მინდოდა თავზე დამედო ხელი. არ ვიცით, რა მოხდა, მაგრამ გიას სრულიად მოულოდნელად გულში სიამაყემ გაჰკრა: რაჟდენ კაპანაძე თავზე ხელის დადებას უპირებდა. ღმერთმა იცის, რამდენად საამაყო ამბავია. თუმცა, ამასთან ერთად, ცოტა არ იყოს, სინდისმაც შეაწუხა, გაახსენდა, ერთხელ რომ მასწავლებელმა რეზო დაფასთან გამოიძახა, თვითონ მის ადგილას დაჯდა გიას გვერდით და საბრალო "ობოლს" უხერხულად დაადო თავზე ხელი. იმ გაკვეთილის შემდეგ გია ყოველ შემხვდურს აჩერებდა და ეუბნებოდა, პირდაპირ ვიგუდებოდი, სიცილს ძლივს ვიკავებდიო. სინამდვილეში კი მთლად ასე არ ყოფილა საქმე. იმ მომენტამდე, სანამ მასწავლებელი ხელს დაადებდა, გია თავისი ოინით აღფრთოვანებული იყო. მაგრამ, როდესაც რაჟდენ კაპანაძეს გული აუჩუყდა, პატარა მატყუარას რაღაც ძალიან უცნაური და ძალიან უსიამოვნო გრძნობა გაუჩნდა. და ახლა, როდესაც მასწავლებელს კიდევ მოუნდა მისთვის თავზე ხელი დაედო, გია ბარბაქაძეს სინდისმა ქენჯნა დაუწყო. მერე გაბედულად გადადგა კიდევ ორი ნაბიჯი და ქერა თმა მორჩილად მიუშვირა რაჟდენ კაპანაძეს. მასწავლებელმა უბის წიგნაკი და კალმისტარი მარცხენა ხელში გადაინაცვლა, მარჯვენა კი გიას დაადო თავზე. ბიჭი დამნაშავესავით იდგა გაყუჩებული და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელი მასწავლებელს.       გამოცდამ ერთობ უცნაური სახე მიიღო.  - გეჯავრება? - ჰკითხა მასწავლებელმა და თვალით უბის წიგნაკი უჩვენა.       გიამ ახლაღა იგრძნო, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უბის წიგნაკს მისჩერებოდა. ასე ახლო არასოდეს ენახა ეს შემაძრწუნებელი ნივთი, მაგრამ საოცარია, ძველებურად აღარ ეშინოდა მისი. იქნებ იმიტომ, რომ გამოცდამ უცნაური სახე მიიღო? ძლივს ეტეოდა მასწავლებლის ხელში სქელი, ორიანებით სავსე უბის წიგნაკი. ვერ ვიტყვით, რომ რაჟდენ კაპანაძე კარგ ნიშნებს (და მათ შორის ხუთიანებსაც კი) არ წერდა. წერდა, როგორ არა, მაგრამ უბის წიგნაკში იშვიათად შეჰქონდა. სამაგიეროდ, ორიანს, არასოდეს გამოტოვებდა: აღნიშნავდა საკლასო ჟურნალში და იმწამსვე უბის წიგნაკში ფაქიზად ჩაწერდა ხოლმე. ამიტომ სძულდათ, ალბათ, ასე მოსწავლეებს იგი, თუმცა ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ ოთხოსნები და ხუთოსნები ამ სიძულვილს "ჩამორჩენილების" ხათრით იზიარებდნენ, თორემ თვითონ არავითარი საბაბი არა ჰქონდათ: მათი ნიშნები მხოლოდ ჟურნალში იწერებოდა (ამაზე ბიჭები ხუმრობდნენ, რაჟდენ კაპანაძე უბის წიგნაკის წაბილწვას ერიდება და იმიტომ არ შეაქვს კარგი ნიშნებიო). გია ვერ მიხვდა, მასწავლებელს რაში დასჭირდა უბის წიგნაკის ხსენება და ისიც აუგად. იდგა თავჩაქინდრული და გრძნობდა, როგორ უკანკალებდა ხელი რაჟდენ კაპანაძეს.  - ძალიან გეჯავრება? - გაუმეორა მასწავლებელმა და თავს ძალა დაატანა, რომ გაეღიმა.  - არა, მასწ... - უპასუხა გიამ და კიდევ რაღაც წაილუღლუღა, მაგრამ ამას მასწავლებელი, ალბათ, ვერ გაიგონებდა. გიას უნდოდა ეთქვა, არ მეჯავრება თქვენი უბის წიგნაკიო, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, არც ისე უსინდისო ბიჭი იყო, რომ ასეთ დროს ენა არ დაბმოდა.  - ნუ ცრუობ, ახლა არაა ეგ საჭირო.       ადვილი სათქმელია, "ნუ ცრუობ!" აბა, ერთი თვითონ ყოფილიყო გიას ადგილას, მაგასაც ვნახავდით, როგორ ეტყოდა პირში მრისხანე მასწავლებელს: დიახ, მასწ., ყველაზე უფრო თქვენი უბის წიგნაკი მეჯავრებაო.  - თუ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, წამოვწვები, - უთხრა რაჟდენ კაპანაძემ,- ისე გამიცვითა წლებმა ორგანიზმი, რომ აღარაფრის აღარ რცხვენია, სტუმრის თანდასწრებითაც კი უტიფრად მოითხოვს დასვენებას. ეს "სტუმარი" პირდაპირ მალამოდ მოეცხო გიას გაწამებულ გულს და რაკი იგი, საწყალი "ჩამორჩენილი" ერთბაშად სტუმარი გახდა, გათამამებულმა ესეც კი გაიფიქრა: "რას ავბუზულვარ გაწუმპულ წიწილასავით. ბოლოს და ბოლოს, მეც ადამიანი ვარ".  - გიორგი ნიკიფოროვიჩ, - უთხრა მასწავლებელმა ისე, რომ თვალი არ გაუხელია, - როგორც ჩანს, მაშველი ძალა დამჭირდება. აბა ერთი, ტელეფონის ყურმილი აიღე!       გიამ აიღო ყურმილი და ახალი დავალების მოლოდინში მასწავლებელს შეხედა.  - აკრიფე, 1-58-69, -სვენებ-სვენებით განაგრძო მასწავლებელმა, - იკითხე არჩილ ფერაძე და, თუ შინაა, უთხარი, რაჟდენ კაპანაძესთან მოდი ცოტა ხნით-თქო. უქეიფოდაა-თქო, უთხარი.       გიამ ნომერი აკრიფა. ტელეფონში მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა: - გისმენთ!  - არჩილ ფერაძეს სთხოვეთ, თუ შეიძლება.  - მე ვარ!       გია შებორძიკდა. აქამდე არასოდეს დასჭირვებია მასწავლებლის თანდასწრებით მისივე სახელი და გვარი ეხსენებინა. ახლა დაინახა, რომ ეს არცთუ ისე ადვილი ყოფილა.  - ისა... მასწ... რაჟდენ მასწავლებელთან მობრძანდით, თუ შეიძლება; ცოტა უქეიფოდაა.  - ახლავე მოვალ! - თქვა მამაკაცმა ბოხი ხმით და დაკიდა ყურმილი.  - ახლავე მოვალო, მასწ.       მასწავლებელმა გაიღიმა.  - უღრმესი მადლობა, მაგრამ ეგ რომ არჩილ ფერაძე არ ყოფილიყო, ძალიან კი მიხვდებოდა, ვინ არის შენი რაჟდენ მასწავლებელი!       მასწავლებელი გაჩუმდა და გია ბარბაქაძის ცხოვრებაში ისეთი ჟამი დადგა, რომ უარესი თუ იყო, თორემ არაფრით ჩამოუვარდებოდა გეომეტრიის გამოცდას: დუმილი და ლოდინი. თანაც გაურკვეველი მდგომარეობა. ის მაინც რომ სცოდნოდა დანამდვილებით, დამთავრდა თუ არა პარალელური ხაზებისა და გაშლილი კუთხეების ეპოქა, შედარებით დამშვიდდებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ იცოდა და ერთხანს ვერც გაიგებდა. მასწავლებელი თვალდახუჭული იწვა და მალე, ალბათ, ხვრინვასაც ამოუშვებდა. ერთი საუკუნის შემდეგ გამოჩნდებოდა ვიღაც არანაკლებ ბებერი კაცი და თან მოიტანდა ფონოსკოპს. ერთ საათს გასინჯვას მოუნდებოდა, მერე იმუსაიფებდნენ, ცხადია, ძველ დროს მოიგონებდნენ, წაიტრაბახებდნენ თავიანთი წარსულით და ამასობაში გიას შემოაღამდებოდა კიდეც. ფეხბურთიც გვერდზე დარჩებოდა და ყველაფერი. იმისთვისაც მადლობა უნდა ეთქვა, თუ ყოველივე ამის შემდეგ კიდევ გამოცდა არ გაგრძელდებოდა. ერთი პირობა გადაწყვიტა გაპარულიყო: ამ ოხერ ლოდინსაც გადარჩებოდა, გამოცდის გაგრძელებასაც და ერთ-ორ გოლსაც შეაწევდა თავის გუნდს. მაგრამ შეეშინდა: წინასწარ რას მიხვდები, რაოდენ სასტიკი იქნება რაჟდენ კაპანაძის შურისძიება. გარდა ამისა, ცოტა ლაჩრობაც იყო ავადმყოფი კაცის მიტოვება. ღმერთმა ნუ ქნას და, ვინიცობაა, რამე დამართოდა, რას იტყოდა ქვეყანა! ხომ იტყოდნენ, განზრახ გააკეთა, სამაგიერო უნდოდა გადაეხადაო. კაცმა რომ თქვას, მართალიც იქნებოდა. აბა, რაჟდენ კაპანაძის ადგილას ვინმე ამხაგანი ყოფილიყო! - წასვლას გულშიაც არ გაივლებდა. ასეთ მსჯელობას თავისი ბუნებრივი შედეგი მოჰყვა: გია ბარბაქაძე იდგა (დაჯდომასაც ვერ ახერხებდა) და თავით ფეხებამდე ოფლში იწურებოდა (რადგან ლოდინმა ოფლიც იცის). მართალია, ცდილობდა დროის მოსაკლავად რამე დაეთვალიერებინა, თავი რამეთი შეექცია, მაგრამ ამ ოთახში დასათვალიერებელი და მით უმეტეს, თავშესაქცევი არაფერი იყო. ბოლოს, როგორც იქნა, დაადგა საშველი და მოვიდა ის კაცი, რომელსაც ამ ერთი საუკუნის წინ ტელეფონით ელაპარაკა გია ბარბაქაძე. ოღონდ მოხუცი არ იყო. ორმოციოდე წლის იქნებოდა. მაღალი, წარმოსადეგი, ოდნავ ჭაღარაშერთული. მკვირცხლი მოძრაობა და ცოცხალი, მხიარული თვალები ჰქონდა. მოგრძო სახეზე გულკეთილი ღიმილი დასთამაშებდა.  - გამარჯობათ, გამარჯობათ! - მიესალმა იგი დამხვდურთ ისე, რომ ერთი გამარჯობა მასწავლებელს არგუნა, მეორე - მოსწავლეს, რითაც გია ბარბაქაძე დიდად ასიამოვნა. მართალია, ცოტა ხნის წინ იგი "სტუმარი" გახდა, მაგრამ ეს მაინც მოჩვენებითი წარმატება იყო და ამ წარმატებას განმტკიცება ესაჭიროებოდა.  - აბა, რაშია საქმე, ბატონო რაჟდენ? ისევ გული, არა? ახლავე შეგილოცავთ და დავუფრთხობ ანგელოზებს ყოველგვარ ავადმყოფობას. მართალს არ ვამბობ? - მიუბრუნდა იგი გიას. გიამ გაიღიმა და გაწითლდა. ახლა თავისუფლად გაძლებდა აქ კიდევ ცოტა ხანს. ასეთი კაცის გვერდით გეომეტრიაც კი არაა საშიში.  - მე მგონია, ეგრერიგად აღარ დაფრთხება, სახიფათოდ მოიცა გული, - უპასუხა რაჟდენ კაპანაძემ.  - მედიცინა ფრიად ოპტიმისტური მეცნიერებაა, - მხიარულად თქვა ექიმმა, - და, ვფიქრობ, არც მათემატიკოსებს გადაუწურავთ იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ზუსტად განსაზღვრავენ წრეხაზის სიგრძეს. გიას არ ესიამოვნა მათემატიკისა და წრეხაზის ხსენება. უფრო კი ის მოხვდა გულში, რომ მხიარულმა ექიმმა გეომეტრიის ცოდნა გამოამჟღავნა. გიას გასაოცრად, ექიმს არც ფონოსკოპი მოუტანია. რაღაც ძალიან ზერელედ გასინჯა ავადმყოფი. ხან აქ ჰკრა წკიპურტი, ხან იქ, გადააბრუნ-გადმოაბრუნა, ერთი-ორჯერ ყური დაადო მკერდსა და ბეჭებზე, მაჯისცემა გაუზომა და ამით დამთავრდა ყველაფერი.  - კიდევ გგონია, მიაგნებენ მათემატიკოსები წრეხაზის სიგრძეს? - სუსტი ღიმილით ჰკითხა რაჟდენ კაპანაძემ, როცა ექიმი კაკუნსა და გადაბრუნ-გადმობრუნებას მორჩა.  - წრეხაზი რა არის! დადგება დრო, ოთხგანზომილებიან სამყაროს დახაზავენ. შენ რას იტყვი? - გიას მიუბრუნდა ექიმი. გიამ კვლავ მორცხვად გაიღიმა და გაწითლდა. ოღონდ ამჯერად ამ ღიმილში, ცოტა არ იყოს, შიშიც ერია, რადგან, თუ გუმანი არ ატყუებდა, საქმე ისევ გეომეტრიას ეხებოდა. შემკრთალმა ბიჭმა მასწავლებლისკენ გააპარა თვალი, შეეშინდა, არ გამთქვასო. ამიტომ გასაგებია მისი სიხარული, როცა ექიმმა ლაპარაკი განაგრძო: - მთავარია სიმშვიდე.  - მართლა? - იკითხა მასწავლებელმა, - მე კი შემეშინდა. ხომ იცი, ბებრებს როგორ გვიყვარს სიცოცხლე. ვიფიქრე, ეს უკანასკნელი შეტევა ციხესიმაგრის აღებით დაგვირგვინდება-მეთქი. და, ცოტა არ იყოს, ავღელდი. თუმცა ეს ჩემი აღელვება გიორგი ნიკიფოროვიჩს ალბათ სიცილადაც არ ეყო. არა, გიორგი ნიკიფოროვიჩ? გიორგი ნიკიფოროვიჩს კვლავ სიწითლემ გადაჰკრა სახეზე, მაგრამ მასწავლებელი, როგორც ჩანს, პასუხს არ მოითხოვდა. იგი ექიმს მიუბრუნდა: - მაშ, ჯერჯერობით საშიში არ არის?  - არა, საშიში არ არის. მაგრამ სიმშვიდე გესაჭიროებათ, სრული სიმშვიდე.  - ამის ხელში? - ჰკითხა რაჟდენ კაპანაძემ და რაღაც ეშმაკურ-დამცინავი თვალით გადმოხედა გიას.       ექიმმაც მოიხედა.  - არა, უამისოდ. გია პირდაღებული იდგა და არ იცოდა, შიშის მიზეზს უფრო იძლეოდა ეს საუბარი თუ სირცხვილის მიზეზს.  - როგორ! - ხმას აუმაღლა რაჟდენ კაპანაძემ.       ექიმმა გაიღიმა.  - სწორედ ასე, - უთხრა მან, - დღეიდანვე.  - იქნებ მოწყალება მოიღოთ და ნება დამრთოთ გკითხოთ, - ისეთი კილოთი დაიწყო რაჟდენ კაპანაძემ, როგორითაც ოროსნებთან იცოდა ხოლმე ლაპარაკი, - ამას თქვენ სიმშვიდეს ეძახით?       ექიმმა კიდევ უფრო გულკეთილად გაიღიმა.  - თქვენი უკმაყოფილო კილო და მიმართვის ფორმა იოტისოდენადაც არ შეცვლილა ამ ოცდაათ წელიწადში.       გიამ ვერაფერი გაიგო, მაგრამ მიხვდა, რომ ეს რაღაც მოფერებისმაგვარი იყო. და რაც ყველაზე უფრო საოცარია, მოეჩვენა, თითქოს მასწავლებელი მართლაც ღირსი იყო ამ მოფერების.  - მე მაინც მირჩევნია, პატივი მცეთ და შეკითხვაზე მიპასუხოთ.  - რასაკვირველია, სიმშვიდეს ვეძახი. მართალია, პირველ ხანებში გაგიჭირდებათ, მაგრამ მერე მიეჩვევით. ექიმი გაჩუმდა. არც მასწავლებელი იღებდა ხმას, მაგრამ მისი დუმილის უკან რაღაც ხიფათი იმალებოდა. თვალი გაახილა და ექიმს მკაცრად შეხედა. მერე დახუჭა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაახილა და ისევ შეხედა, თუმცა ახლა მის სახეზე სიმკაცრე რაღაც უმწეო და შესაბრალისი გამომეტყველებით შეცვლილიყო. ექიმმა მშვიდი, გულკეთილი ღიმილით გაუსწორა თვალი. ერთ ხანს ასე იყვნენ. მერე, უეცრად, მასწავლებელმა მზერა გიაზე გადაიტანა და ოროსანი მოსწავლე კინაღამ შეხტა შიშისა და გაკვირვებისაგან: მეექვსეკლასელების რისხვა, რომელსაც ორიანებით გატენილი ვეება უბის წიგნაკი ჰქონდა, საცოდავად ატუზულ შეგირდს გამოსარჩლებას სთხოვდა. ეს უკვე საკმაოდ დიდი მასშტაბის სასწაული იყო. ამხანაგები, ალბათ, არ დაიჯერებდნენ. არც გია დაიჯერებდა, ვინმეს რომ ეთქვა, რაჟდენ კაპანაძემ, შესაბრალისი თვალებით გადმომხედა, მაგრამ რა მექნა, მე რა შემეძლოო. გიას რა შეეძლო! რაც შეეძლო კიდეც გააკეთა: სასწრაფოდ აარიდა თვალი მასწავლებელს და მის მაგივრად თვითონ გაწითლდა. მასწავლებელი, რაკი დახმარების ხელი არავინ გამოუწოდა, გულაღმა გადაბრუნდა და ჭერს მიაჩერდა. კარგა ხანს იყო ასე გარინდებული. ბოლოს ექიმისკენ მკვეთრი მოძრაობით გადმობრუნდა და თითქმის ყვირილით უთხრა (თუმცა ამ ყვირილს აშკარად აკლდა უფლებამოსილება).  - ასი მაინც არ შევასრულო?!  - ეს მერამდენეა? - ღიმილით ჰკითხა ექიმმა და ბეჭზე მოუთათუნა ხელი გიას. გია ვერ მიხვდა, რაზე იყო ლაპარაკი. მართალია, გულმა რაღაც ცუდი უგრძნო, მაგრამ ექიმის მეგობრულმა ჟესტმა დაამშვიდა.  - ეგაა მეასე!  - მართლა? - თითქოს გაუხარდა ექიმს და მთელი ტანით შემობრუნდა გიასაკენ. გიას კვლავ ოფლმა დაასხა, რაკი რაღაც მნიშვნელოვანი საუბრის თემად იქცა. თუმცა შიშით მაინცდამაინც აღარ ეშინოდა, სანამ ექიმი აქ ეგულებოდა. კაცმა რომ თქვას, ექიმი არაფერ შუაში არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გია სხვანაირად ფიქრობდა. კი არ ფიქრობდა, გრძნობდა. რაღაც უცნაურ სიახლოვესა და სიმპათიას გრძნობდა. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ეს მხიარული, წარმოსადეგი ექიმი ცხოვრების იდეალად ექცა. გია ბარბაქაძე, ალბათ, იმან მოხიბლა, რომ ექიმს რაჟდენ კაპანაძესთან ისე ეჭირა თავი, როგორც ტოლს ტოლთან. შეშინებული ოროსანი ადვილად გააღმერთებდა კაცს მარტო ამ ღირსებისათვის. ასეა თუ ისე, ამჟამად გიას ექიმზე უფრო დიდი კაცი დედამიწის ზურგზე არ ეგულებოდა. მას უცებ საშინლად მოუნდა ექიმი გამოსულიყო და რაჟდენ კაპანაძის სამკურნალოდ მიეწვიათ. ჰო, რას იყრიდა ძველ ჯავრს!.. თუმცა არა, ჯავრს არ იყრიდა, ხომ იცი... პირიქით, ღამეებს გაუთევდა, რამე ახალ წამალსაც გამოიგონებდა საგანგებოდ მისთვის და სიკვდილს ხელიდან გამოგლეჯდა. ყოფილ მასწავლებელს არ ეცოდინებოდა მისი ვინაობა და ბოლოს, როცა გონს მოვიდოდა და იკითხავდა, მაჩვენეთ ერთი, ვინ არის ჩემი მხსნელიო, გია მშვიდად მიუახლოვდებოდა და უბრალოდ ეტყოდა, მე გია ბარბაქაძე ვარო. აი, მაშინ გაახსენდებოდა, რამდენჯერ გაუწამებია გია, გაახსენდებოდა საშემოდგომო გამოცდის ამბავი და შერცხვებოდა. მაგრამ გია დიდსულოვნად აპატიებდა.  - მაშ, ეს არის მეასე და ბოლო? - ღიმილით იკითხა ექიმმა და გია მკრეხელური ოცნებისაგან გამოაფხიზლა. - ძალიან ჯიუტობს?  - უსაშველოდ, - მიუგო მასწავლებელმა, - საქმე ისაა, რომ პრინციპულად არ ცნობს გეომეტრიას შესწავლის ღირსად. თანაც ჩემი პირადი მტერია, ეგრე კი ნუ გგონია საქმე. გია ოფლში ცურავდა. ასეთ დღეში ჩავარდნას ათასწილად ერჩივნა სულაც არ გაჩენილიყო ამ ცოდვილ ქვეყანაზე. ამ კაცთან შერცხვენას სიკვდილი ჯობდა. პირადი მტერიაო, მაინც რამ ათქმევინა! ღმერთმანი, თავის დღეში არ უფიქრია გია ბარბაქაძეს მისი მტრობა. პირიქით, ოღონდ კი ამ ავადმყოფობას გადარჩენოდა და საშემოდგომო გამოცდასაც ჩააბარებდა და არც ჩემპიონობის დაკარგვას ინაღვლებდა მაინცდამაინც. და ასეთ გულკეთილ კაცს პირად მტერს ეძახის.  - საერთოდ, კარგი ბიჭია... - განაგრძო მასწავლებელმა.  - ეგ ხომ თქვენი ურყევი რწმენაა, ბატონო რაჟდენ, - სიტყვა ჩამოართვა ექიმმა, - საერთოდ, ყველა ბიჭი და ყველა გოგო კარგია. ყველა კეთილი და საყვარელია. მთავარია, ეს სიკეთე განვუვითაროთ, რომ ცხოვრების მთელ გზაზე გაჰყვეთ. სწორად მახსოვს?  - სწორად გახსოვს. თუმცა ამჯერად ეგ არ მქონდა მხედველობაში. იმის თქმა მინდოდა, ნიჭიერი ბიჭია-მეთქი. მაგრამ ჰო-ჰო-ჰო!.. ერთხელ ისეთი საქმე მიყო, პირდაპირ აღარ ვიცოდი, რა მექნა. ეშმაკის ფეხია და მშობელი მოიყვანე-მეთქი, ვუთხარი, მინდოდა მოვლაპარაკებოდი. უცებ ჩაქინდრა თავი და გულსაკლავად მითხრა: - "მშობლები არა მყავს, მასწ." - ისეთი ხმა ჰქონდა, გეგონებოდა, ცრემლები ახრჩობს ბავშვს და თავს ძლივს იკავებსო. წარმოგიდგენია, ალბათ, რა დამემართებოდა. ადგილზე გავშეშდი. რაღა არ გავაკეთე მერე, იქნება როგორმე აშლილი დარდი შევუმსუბუქო-მეთქი. აი, შე არამზადა შენა! - მიუბრუნდა უცებ მასწავლებელი გიას და ღიმილიც ერთბაშად რისხვით შეცვალა.       ექიმი ახარხარდა. გია მოიკუნტა და აღარ იცოდა, სად გაპარულიყო.  - იმედი თუ გაქვთ? - ხარხარით იკითხა ექიმმა. თან ცრემლს იწმენდდა.  - იმედი როგორ არა მაქვს! ოთხმოცდაცხრამეტმა გამოიარა ჩემს ხელში და წყალგადაწურული არც ერთი არ ყოფილა. ეგ რა, ციდან კი არ ჩამოფრენილა.  - უთქვენოდ?  - უჩემოდ? რა ვიცი. გააჩნია, ვინ შემცვლის.  - გინდ ასე თქვით, გინდ ისე, საკითხი გადაწყვეტილია. თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობა დამთავრდა. მეასეს ვინმე მოუვლის. ბოლოს და ბოლოს, ყველა მოსწავლემ თქვენს ხელში ხომ არ უნდა გამოიაროს.  - ჩემი დაწყებული მევე დამემთავრებინა! - თქვა მასწავლებელმა და ისე გაიბუტა, როგორც ნათია გოგიაშვილმა იცოდა ხოლმე. "მეასე" თავჩაქინდრული იდგა და ოფლში იწურებოდა. საუბრის დინებისდა მიხედვით, ხან იმედი მიეცემოდა, რომ ამ კაცივით მხიარული და წარმოსადეგი, საუკეთესო ექიმი გამოვიდოდა, ხანაც ყოველგვარი იმედი გადაუწყდებოდა და თავისი ოცნება უდიდეს თავხედობად მიაჩნდა.  - ისე, პატარას თუ მოინდომებს, მეტი კი არაფერი უნდა, - განაგრძო მასწავლებელმა, - ვინმესთან რომ იმეცადინოს... აი, მაგალითად, ერთი მეგობარი ჰყავს, ნათია გოგიაშვილი, იმასთან... გია ჭარხალივით გაწითლდა. ეს მართლაც მეტისმეტი იყო! ნეტა მიწა გახეთქოდა და თან ჩაეტანა! მეტიჩარა ნათიას მეგობრადაც კი მონათლეს და ისიც ასეთი კაცის თანდასწრებით. სადამდე შეიძლება ადამიანის დამცირება! ნათიას მეგობარი! მეტი კი არ უნდათ ბიჭებს. მართალია, ნათია არავის ხელწამოსაკრავი არაა, ეგ კი არადა, ბევრ ბიჭსაც ჯობია, მაგრამ რა გინდა ქნა, - მაინც გოგოა და მისი მეგობრობა თავმოყვარე კაცისათვის შეურაცხყოფაა. გია ბარბაქაძეს სირცხვილად ისიც ეყოფა, რომ ხანდახან ყოყმანობს, ფეხბურთის სათამაშოდ წავიდეს თუ ნათიასთან გაატაროს კვირადღე. ანდა ექსკურსიის დროს, როცა ბიჭები, ჩვეულებრივ, ცალკე გუნდად მიდიან და მეტიჩრებს ახლო არ იკარებენ, რაღაც სულელური აზრი შეუჩნდება და ძლივს იკავებს თავს, რომ ციცაბო აღმართზე ასვლაში არ მიეხმაროს. მაგრამ ასეთ ცოდვებს თავის გულში, თავის ფიქრებში სჩადის და თავის გულშივე ინანიებს. ეს კი საქვეყნოდ გაიძახის, - მეგობარიო.  - რა საეჭვოდ გაწითლდი! - გაუღიმა ექიმმა და კვლავ მოუთათუნა მხარზე ხელი.       ამ სიტყვებმა საბოლოოდ დაასამარა გია ბარბაქაძის სიამაყე და თავმოყვარეობა.  - მაშ, მოდი ასე ვქნათ, - თქვა მასწავლებელმა, - რახან პედაგოგიური მოღვაწეობა დავასრულე, ამით დასრულდა ჩემი სახელგანთქმული უბის წიგნაკის მისიაც. მე მინდა ეს უბის წიგნაკი აქვე, შენი თანდასწრებით, ჩემო არჩილ, გადავცე გამოუსწორებელ მეასეს. თუმცა შეიძლება უარი თქვას, ისე სძულს. გინდა გაჩუქო ჩემი უბის წიგნაკი, გიორგი ნიკიფოროვიჩ? იმიტომ კი არა, თითქოს ვინმეს სჯობიხარ, არა. მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი უკანასკნელი მოსწავლე ხარ და კიდევ იმიტომ, რომ გამოუსწორებელს გტოვებ. რას იტყვი, არჩილ?  - კარგი იქნება. დაე, გადაშალოს და, რასაც იქ ნახავს, სახელმძღვანელოდ გამოიყენოს. გიას ჯერ ეგონა, დამცინიანო, მაგრამ მხიარული ექიმი ამჯერად ისეთი სერიოზული კილოთი ლაპარაკობდა, რომ ამ მოსაზრებაზე მაშინვე აიღო ხელი. არადა, რა გამოადგება სახელმძღვანელოდ, რას ნახავს ასეთს ამ უბის წიგნაკში? ორიანები გამოადგება სახელმძღვანელოდ? ამასობაში მასწავლებელმა უბის წიგნაკი აიღო და წამოწევაც კი დააპირა, მაგრამ ექიმმა არ დაანება. სამაგიეროდ გია მოიხმო: - მოდი ახლოს! გია საწოლს გაუბედავი ნაბიჯით მიუახლოვდა.  - გია ბარბაქაძე, - საზეიმო კილოთი დაიწყო მასწავლებელმა. - აი, უბის წიგნაკი. იცოდე: ეს არის მთელი ჩემი სინდისი (გიას გააჟრჟოლა) და ოცდაათი წლის ნამოღვაწარი. ვინძლო, გაუფრთხილდე. როცა გაიზრდები და დაკვირვებული თვალითY ჩაიხედავ ამაში, დაინახავ, რომ რაჟდენ კაპანაძეს მოსწავლეების გასაწამებლად არ შეუძენია ესოდენ სქელი უბის წიგნაკი. აბა, აწი შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ! ამ სიტყვებით მან ბიჭს უბის წიგნაკი გაუწოდა. გია ბარბაქაძე აკანკალებული ხელით შეეხო ნივთს, ამდენი ხნის განმავლობაში რომ შიშის ზარს სცემდა მოსწავლეებს.  - ახლა კი გაიქეცი, - უთხრა მასწავლებელმა, - სამი საათი ხდება. სადაცაა, დაიწყება შენი ფეხბურთი. - მერე ექიმს მიუბრუნდა, - დღეს გამოცდის გარდა ფეხბურთიც ჰქონდა და სულ იმის ფიქრში იყო, მიუსწრებდა თუ არა. გაიქეცი, რაღას უდგახარ. საშემოდგომო გამოცდა მიპატიებია. ბებერ კაცს არ დაეძრახება ეს ერთი სისუსტე. გია იდგა და ყოყმანობდა. თან იმაზე ფიქრობდა, საიდან იცის გეომეტრიის მასწავლებელმა, დღეს რომ ფეხბურთი მაქვსო. ბოლოს ნელა დაიძრა კარისკენ. მაგრამ შუა გზაზე შემობრუნდა და აღელვებული ხმით წაიბუტბუტა: - მასწ., კარგად ბრძანდებოდეთ!       მასწავლებელს და ექიმს გაეცინათ.  - რა ამბით მემშვიდობები, ბიჭო, კი არ ვკვდები! თუ, რახან მასწავლებლობას თავს ვანებებ, შენ და შენი ამხანაგები მოვალედ აღარ თვლით თავს, შემოიაროთ და მინახულოთ? ჰა, რას გაჩუმებულხარ?!  - შემოვივლით, მასწ... - წაიბუტბუტა გიამ და გამოსცდა კარს. გამოვიდა თუ არა, მაშინვე უბის წიგნაკს დახედა, მთელი ამ ხნის განმავლობაში შანთივით რომ წვავდა ხელს. ახლოდან არც ისე საშიში ჩანდა. კანი, განსაკუთრებით ნაპირებთან, სულ ერთიანად გასცრეცოდა. გიას მოეჩვენა, რომ ეს ბებერი წიგნაკი რაღაცით ძალიან ჰგავდა თავის ბებერ პატრონს. თუმცა იგი აღარ იყო პატრონი. გიამ ქურდივით მიიხედ-მოიხედა და მაგრად ჩაბღუჯა იშვიათი ნადავლი. ამ ნივთის ხელში ჩაგდება მეექვსეკლასელთა აუხდენელი ოცნება იყო. ბიჭმა აკანკალებული ხელით გადასწია გარეკანი. პირველი ფურცელი ჭუჭყიანი და ყვითელი იყო. გიას ძველი გაზეთები უნახავს ასეთი ყვითელი და ჭუჭყიანი. პირველ გვერდზე, შუა ადგილას, უცნაურად დაგრეხილი ასოებით ეწერა: "რაჟდენ იასონის ძე კაპანაძე", ხოლო ქვემოთ, იმ ადგილას, სადაც წიგნებს "თბილისი, 19... " რაღაც წელი აწერია ხოლმე, იმავე ხელით ეწერა: "თბილისი, 1922 წელი". გია პირდაღებული დასცქეროდა ამ "1922 წელს". ეს მის წარმოდგენაში უხსოვარ დროდ ითვლებოდა და უფრო მეტი პატივისცემა იგრძნო იმ კაცისადმი, რომელმაც, ეჰეი, როდის - 1922 წელს უბის წიგნაკში საკუთარი ხელით ჩაწერა: "1922 წელი". მერე სატიტულო ფურცელიც გადაშალა. გია მოელოდა, რომ ცალ მხარეს გვარები იქნებოდა ჩამოწერილი და მეორე მხარეს ორიანები, მაგრამ შეცდა. უბის წიგნაკში თითო გვერდზე ორ-ორი გვარი ეწერა, თავში და შუაში, გვარების შემდეგ მოდიოდა ორიანები და, საერთოდ, ნიშნები, რომლებიც, მეორე, მესამე და ხშირად მეოთხე ხაზზეც გადადიოდა. მაგრამ თუ გგონიათ, ამის გამო იდგა გია ასე თვალებდაჭყეტილი, გაფითრებული და პირდაღებული, სასტიკად ცდებით. არა, აქ მთავარი სხვა რამე იყო, და აი, რა: პირველ გვერდზე პირველი სახელი და გვარი ეწერა - "არჩილ ფერაძე". ამიტომ იდგა გია ასე თვალებდაჭყეტილი, გაფითრებული და პირდაღებული. "არჩილ ფერაძის" გასწვრივ პირველ ხაზზე სულ ორიანები ეწერა, ორიანები ეწერა აგრეთვე მეორე ხაზზე და მესამე ხაზის შუამდე. მესამე ხაზის შუიდან მეოთხე ხაზის შუამდე სამიანები ეწერა, ხოლო აქედან უკვე ოთხიანები და მეოთხე ხაზის დასასრულს - ერთი, ერთადერთი, ობოლი ხუთიანი. ქვემოთ უკვე ახალი გვარი იყო. და რა თავისუფლად ლაპარაკობდა მასწავლებელთან! თითქოს ტოლი ყოფილოს! გიას არ გახარებია ეს ამბავი. არც თავისუფლად ამოუსუნთქავს იმის გამო, რომ სახელგანთქმული კაცი ამხანაგად ერგებოდა. პირიქით, ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს ეს უცხო ორიანები საკუთარ ცოდვასთან ერთად დააწვა და ორმაგად დაამძიმა. ისე გია, მასწავლებლისა არ იყოს, პატარას თუ მოინდომებდა... კაცმა რომ თქვას ნათია გოგიაშვილი გოგო თუა, იმიტომ ვერ ჯობია ბარე ორ ბიჭს! ბოლოს და ბოლოს, ის ერთადერთი სწორი პასუხი, გიაც და გეომეტრიის მასწავლებელიც რომ ასე გაახარა, ნათიას წყალობა არ იყო? დაიქცა ქვეყანა, თუ ღამით ტყეში წასვლის ეშინია! ადრე არც ცურვა იცოდა, მაგრამ ბოლოს ისწავლა და ახლა ბიჭებსაც კი არ ჩამორჩება... ნუგზარ მამალაძეც, ჩვენში დარჩეს და, მშვენიერი ცენტრალური თავდამსხმელია, ისე რა ღმერთი გაუწყრება, ერთი-ორი ბურთი არ გაიტანოს მეშვიდეკლასელების კარში. ასე ფიქრობდა გია ბარბაქაძე, პატარა ბიჭი, ცამეტი წელი სასწაულს რომ ელოდა და ბოლოს მართლა გადაურჩა საშემოდგომო გამოცდას. ასე ფიქრობდა... ან კი რა ექნა: ცამეტი წლის ბიჭი იქით უნდა წავიდეს, საითაც გული მიუწევს. გული კი ნათია გოგიაშვილისაკენ მიუწევდა, მეტიჩარა გოგოსკენ, რომელსაც თვალები გაუბრწყინდებოდა ხოლმე, გია რომ მასთან მივიდოდა. გიამ ამ დღეს მრავალი რამ გამოსცადა: სიმწარეც და სიტკბოც. და ყოველივე ამას მხოლოდ ნათიას თუ ეტყოდა, რადგან სხვები ამ ამბის ვერც სიმწარეს დაინახავდნენ და ვერც სიტკბოს. ასე იყო საქმე. და გია ბარბაქაძე, თავის გუნებაში რომ ცამდე მართალ ბიჭებს ედავებოდა, საკუთარი ბიჭობისდა სამარცხვინოდ, პირდაპირ მეტიჩარა ნათიას სახლისაკენ მიაბიჯებდა, თუმცა პირველი სკოლის ეზო გაცილებით უფრო ახლოს* იყო. *ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი* *ჯემალ ქარჩხაძე - განზომილება* *ჯემალ ქარჩხაძე - შემოქმედების კანონი* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 10:44pm on აპრილი 6, 2014
თემა: თვისებრივი მონაცემების ანალიზის მიდგომები
აღწერენ სიტუაციას, მოიხსენიებენ ტენდენციებს, თემებს, კატეგორიებსა და წესებს. წინამდებარე თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზის რამდენიმე ფორმას განვიხილავთ, ხოლო 23-ე თავი უფრო კონკრეტულად კონტენტ ანალიზსა და დაფუძნებულ თეორიას ეთმობა. ამ თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზისადმი რამდენიმე განსხვავებულ მიდგომას გაგაცნობთ.       არ არსებობს თვისებრივი მონაცემების ანალიზისა და წარდგენის ერთადერთი სწორი გზა და თუ როგორ გაართმევს თავს ამ საკითხს მკვლევარი, მიზნისადმი შესატყვისობაზეა დამოკიდებული. ამასთან, როგორც ვნახავთ, ხშირად საკმაოდ ძნელია თვისებრივი მონაცემების ინტერპრეტაცია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ხშირად თვისებრივი მონაცემების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციაც შესაძლებელია, რაც მათი ღირსებაა, ხოლო მკვლევრისთვის თავის ტკივილი! მიზნისთვის შესატყვისობის პრინციპის დაცვისას, მკვლევარმა ზუსტად უნდა იცოდეს, რისი მიღება სურს მონაცემების ანალიზით, ვინაიდან ეს განსაზღვრავს ანალიზის კონკრეტული სახის არჩევას. მკვლევარს, მაგალითად, შეიძლება უნდოდეს: აღწერა; წარმოდგენა; შეჯამება; ინტერპრეტაცია; ტენდენციების გამოვლენა; თემების გენერირება/ჩამოყალიბება; ინდივიდებისა და იდეოგრაფიული მახასიათებლების გამოვლენა; ჯგუფებისა და ნომოთეტური მახასიათებლების გაგება (მაგალითად, სიხშირეების, ნორმების, პატერნების, „კანონების“); საკითხების დასმა; დასაბუთება და ახსნა; მიზეზ-შედეგობრიობის ახსნა და ძიება; გამოკვლევა; შემოწმება მსგავსებების, განსხვავებების და საერთო მახასიათებლების გამოვლენა; ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა სიტუაციაში შემოწმებისა და გამოყენების შესწავლა.       მიზნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მასზეა დამოკიდებული, თუ მონაცემების დამუშავების რომელ ფორმას ავირჩევთ. ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს ანალიზის წერილობით გაფორმებაზე. მონაცემების ანალიზზე განხორციელებული თვისებრივი კვლევის სახეობაც მოახდენს გავლენას. მაგალითად, ბიოგრაფიისა და შემთხვევის შესწავლის წერილობითი სახით გაფორმება აღწერითი, ხშირად ქრონოლოგიურად დალაგებული, ნარატივის სახით იქნება ყველაზე მართებული, რომელშიც საკითხის დასმა თანდათანობით ხდება. ეთნოგრაფია შეიძლება ნარატივის, ანუ, მონათხრობის სახით დაიწეროს, სადაც საკითხები კი იქნება დასმული, თუმცა არაა აუცილებელი, რომ მოვლენები ქრონოლოგიურად იყოს დალაგებული. ასეთი ანგარიში ჯგუფის ან კულტურის არსებითი მახასიათებლების აღწერას, ანალიზს, ინტერპრეტაციასა და ახსნას მოიცავს. დაფუძნეული თეორია და კონტენტ ანალიზი მონაცემების სისტემატური მიდგომით დამუშავდებაა, რომელიც კოდირებას, და კატეგორიზებას მოიცავს; ეს გრძელდება მანამ, სანამ ის თეორია არ ჩამოყალიბდება, რომელიც საკვლევ ფენომენებს ხსნის, ან მიზნების წინასწარმეტყველებისთ შესაძლებლობას მოგვცემს.       ანალიზზე მონაცემების რაოდენობაც იმოქმედებს. თვისებრივი მონაცემები ხშირად უფრო მცირე რაოდენობის ადამიანებზე გროვდება, ვიდრე - რაოდენობრივი მონაცემები, თუმცა, მონაცემები მაინც დეტალიზებული და მრავალფეროვანია. მკვლევრებმა უნდა გადაწყვიტონ, მაგალითად, მონაცემები ცალკეული ინდივიდების მიხედვით დაამუშავონ და შემდეგ, თუ საჭირო იქნება, გააერთიანონ მათთვის საერთო საკითხები, თუ საკითხების წინასწარ განსაზღვრული ანალიტიკური ჩარჩოს ფარგლებში იმუშაონ, რომლებიც საკვლევ ინდივიდებს ერთმანეთთან აკავშირებს. ზოგიერთი თვისებრივი კვლევა (მაგალითად, Bალლ 1990; 1994ა; Bოწე et al. 1992) მიზანმიმართულად ფოკუსირდება ინდივიდებსა და კონკრეტულ სცენარში მონაწილეების რეაქციებზე და საბოლოო ანგარიშში ხშირად მოჰყავთ ციტატები მათი გამონათქვამებიდან. ზოგ კვლევაში შეჯამებულ საკითხებს წარმოადგენენ და არ ასახელებენ, კონკრეტული მონაცემები კონკრეტულად რომელი მონაწილისგან მიიღეს. მოგვიანებით განვიხილავთ მეთოდებს, რომლებიც როგორც ინდივიდების, ისე საკითხების მიმართ გამოიყენება.       ზოგ კვლევაში ბევრი სიტყვა-სიტყვით გადმოცემული საუბარია გამოყენებული, ზოგ მათგანში - ნაკლები. ზოგ მკვლევარს მიაჩნია, რომ ორიგინალური მონაცემების „სურნელის“ შენარჩუნება მნიშვნელოვანია, ამიტომ, პირდაპირ მოაქვთ ფრაზები და წინადადებები და არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ხშირად უკეთ წარმოაჩნენ საკითხს, ვიდრე მკვლევრის სიტყვები, არამედ იმიტომაც, რომ თვლიან, რომ სამართლიანობა უნდა გამოიჩინონ მონაწილის გამონათქვამების მიმართ და ზუსტად გადმოსცენ ისინი. მართლაც, როგორც ქვემოთ განხილულ მაგალითში ვნახავთ, პირდაპირი საუბრები ძალიან მდიდარ მასალას და ბევრ დეტალს უნდა იძლეოდეს. ბელი (1990) და ბოუი და მისი კოლეგები (1992) ბევრ სიტყვა-სიტყვით გადმოცემულ ნათქვამს იყენებენ, ძირითადად, იმიტომ, რომ მათი კვლევის მონაწილეები ძალაუფლების მქონე ადამიანები იყვნენ და სამართლიანობა მოითხოვდა, რომ ზუსტად მათი სიტყვებით ყოფილიყო გადმოცემული მათი სათქმელი. ამის საპირისპიროდ, უილფორდი (2001: 92) „ტრანსკრიპტების გაფეტიშებაზე“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მას „იშვიათად გაუკეთებია ინტერვიუს სრული ტრანკრიპტი და ისიც მხოლოდ [მისი] რამდენიმე ინტერვიუს შემთხვევაში“ და ამის მიზეზებს შორის არც ისე უმნიშვნელო იყო დრო, რომელსაც ტრანსკრიპტის წერა მოითხოვს (უოლფორდი ასახელებს შეფარდებას ხუთი ერთთან, ანუ, ერთსაათიანი ინტერვიუს ტრანსკრიპტის გაკეთებას ხუთი საათი სჭირდება, თუმცა რეალურად ამ პროცესს უფრო მეტი დრო მიაქვს).       პრაქტიკულ დონეზე, თვისებრივ კვლევაში მონაცემები სწრაფად გროვდება და ადრეულ ეტაპებზე დაწყებული ანალიზი და მნიშვნელოვანი მახასიათებლების გამოყოფა ამცირებს მოზღვავებული მონაცემების პრობლემას. მაილსისა და ჰაბერმანის (1984) აზრით, მონაცემების სწორად და ზუსტად წარმოდგენა მათი შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პარლეტისა და ჰამილტონის (1976) მიხედვით, „პროგრესული ფოკუსირებისას“ მონაცემების მოგროვებას განსხვავებულად უდგებიან და შემდეგ მოგროვილი მონაცემების გაცხრილვით, დახარისხებით, გადათვალიერებითა და გააზრებით ხდება სიტუაციის არსებითი მახასიათებლების გამოკვეთა. ასე მიღებული მონაცემები შემდგომი ანალიზის დასაგეგმად გამოიყენება. ეს ზოგადიდან კერძოსკენ დავიწროვების პროცესს ჰგავს.       თეორიულ დონეზე, თვისებრივი კვლევის ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ ანალიზი ხშირად მონაცემების მოგროვების ეტაპზევე იწყება, რაც თეორიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა (LeCompte and Preissle 1993: 238). მკვლევრებმა საკვლევი ფენომენების ზოგადი მონახაზი უნდა გააკეთონ. შემდეგ უნდა სცადონ მონაცემების დაჯგუფება, ბლოკებად გაერთიანება და თანმიმდევრული მთლიანის შექმნა (მაგალითად, აღმოჩენილის შეჯამების დაწერით). ამის შემდეგ, მათ გულმოდგინედ უნდა დაანაწევრონ თავიანთი საველე ჩანაწერები და შეადარონ, დაუპირისპირონ, გააერთიანონ, შეუსატყვისონ ერთმანეთს და მოაწესრიგონ ისინი. ამ პროცესის მიზანი აღწერიდან ახსნისკენ და თეორიის ჩამოყალიბებისკენ გადანაცვლებაა (LeCompte and Preissle 1993: 237 – 53). მონაცემების წარმოდგენა ცხრილების სახით       წინამდებარე და შემდგომ თავებში მონაცემების ანალიზისა და წარდგენის რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ. პირველი ასეთი მაგალითი მარტივ შეჯამებას, მონაცემების გასაგებად, ცხრილის სახით წარმოდგენასა და კომენტარებს შეეხება. მოცემული მაგალითი სადოქტორო დისერტაციიდან არის აღებული. ჩინელი ბავშვები სწავლობენ ინგლისურს: ინტერვიუს მონაცემების ანალიზი და გაფორმება       ინტერვიუს მონაცამები კითხვების მიხედვითაა განხილული. ერთი ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების მსგავსი მონაცემები, ანუ, მათი პასუხები სტრიქონებშია დაჯგუფებული, ხოლო განსხვავებული პასუხები ცალ-ცალკეა მოცემული. თითოეული ცხრილის მარცხენა სვეტი რესპონდენტების რაოდენობას (1-12) და მათი სწავლების დონეს (მაგალითად, P1, F3 და ა. შ.) გვიჩვენებს. ასე მაგალითად, „1-3: P1“ ნიშნავს 1-3 რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც P1 კლასებს ასწავლიან. მარჯვენა სვეტში პასუხებია მოცემული. ბევრგან შეგვიძლია ვნახოთ, რომ ყველა რესპონდენტმა მსგავსი პასუხი გასცა დასახელებულ დებულებებსა და თემებს. ყოველ ცხრილს მოკლე შემაჯამებელი კომენტარი ახლავს თან.       ეს მონაცემები ამოღებულია სადოქტორო დისერტაციიდან, რომელიც ჩინეთში სასკოლო ასაკის ბავშვების ინგლისური ენის სწავლის პრობლემებს შეეხება. მონაცემები არასრულადაა წარმოდგენილი და მხოლოდ ილუსტრაციის მიზნით იქნა შერჩეული. ყურადღება მიაქციეთ, რომ მონაცემები არ არის სიტყვა-სიტყვით გადმოცემული, არამედ უკვე შეჯამებულია მკვლევრის მიერ, ანუ, ის, რაც აქაა წარმოდგენილი, არ არის მონაცემების ანალიზის პირველი ეტაპი, ვინაიდან პირველი ეტაპი ტრანსკრიპტის გაკეთება იქნებოდა.       გამოყენებულია შემდეგი კოდირება:       P1-P6 = დაწყებითი კლასები (1-6), P1 = სწავლების პირველი წელი, P2 = სწავლების მეორე წელი და ა.შ.       F1-F5 = საშუალო კლასები (1-5), F1 = პირველი კლასი (საშუალო სკოლის პირველი წელი), F2 = მეორე კლასი და ა.შ. (საშუალო სკოლის მეორე წელი და ა. შ.).       მარცხენა სვეტში ასოს წინ დაწერილი რიცხვები მასწავლებლისთვის მინიჭებულ კოდის შეესაბამება (ჩანართი 22.1). ინტერვიუში სულ 12 მასწავლებელი მონაწილეობდა, აქედან 6 - დაწყებითი კლასების, 6 - საშუალო კლასების. ------------------- ჩანართი 22. 1. ინგლისური ენის სწავლების ეფექტიანობა -------------------       სკოლაში ინგლისურის სწავლებამ და სწავლამ რეალურად ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს. მოსწავლეებს ცუდად ესმით წერილობითი ან ზეპირი ინგლისური, უჭირთ ლაპარაკი, კითხვა, მოსმენილის გაგება და წერა, რითიც იზღუდება მათი შესაძლებლობები, განურჩევლად იმისა, თუ რამდენ წელს სწავლობდნენ ისინი ენას. დაბალი დონის დამახსოვრების მოდელს ზედაპირულ ცოდნამდე მივყავართ. სწავლება და სწავლა უხარისხოა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალია მათი სტანდარტი, ისინი მაინც ახერხებენ უნივერსიტეტში მოხვედრას, ვინაიდან ძალიან ბევრი უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას. მათ არც სამსახურის შოვნისას სჭირდებათ ინგლისური ენის ცოდნა.       კომენტარი: დაწყებითი კლასების ინგლისური ენის მასწავლებლების მოსაზრებების დიაპაზონი უფრო ფართო იყო, ვიდრე - უფრო მაღალი კლასების მასწავლებლების. დაწყებითი კლასების მასწავლებლებში უფრო მეტი ერთსულოვნება შეინიშნებოდა, ვიდრე - უფროსი კლასების მასწავლებლებთან. საშუალო სკოლის მესამე კლასის ყველა მასწავლებელმა მსგავსი კომენტარები გააკეთა, ხოლო საშუალო სკოლის მეხუთე კლასის მასწავლებლებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ.       ჩანართი 22. 2. გვიჩვენებს, რომ ინგლისური ენის სწავლების ძლიერი მხარეები ის იყო, რომ მოსწავლეები ძალიან ადრეულ ასაკში იწყებდნენ ენის შესწავლას და სკოლებს სრულიად დამოუკიდებლად შეეძლოთ თავიათი სასწავლო პროგრამის შედგენა. ინგლისური ენის სწავლების სისუსტეები კი ის გახლდათ, რომ მასალის გაგებაზე არასაკმარისი აქცენტი კეთდებოდა. მოსწავლეები ძალიან პატარები იყვნენ ენის შესწავლისთვის ხოლო პროგრამები არ შეესაბამებოდა მათ მოთხოვნებს, პროგრამაში დიდი მოცულობის მასალა იყო შეტანილი, რაც მასწავლებლებისთვის კარგი წინაპირობა აღმოჩნდა „მოსწალეებისათვის დაღეჭილი მასალის პირში ჩასადებად“. ამასთან ერთად, მასწავლებლებსა და მათ მოსწავლეებზე მეტისმეტი ზეწოლა ხდებოდა, ვინაიდან პროგრამისა და ენის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ინგლისურ ენას სასწავლო პროგრამაში ადგილის დასაკავებლად სხვა ენებთან კონკურენცია უწევდა. სწორედ ამიტომ, არ იცოდნენ მოსწავლეებმა კარგად ენა, მიუხედავად იმისა, რომ მის შესწავლაზე წლებს ხარჯავდნენ. ------------------- ჩანართი 22. 2. ინგლისური ენის სწავლების ძლიერი და სუსტი მხარეები -------------------       კომენტარი: დაწყებითი სკოლის ერთი მასწავლებლის გარდა, დანარჩენმა (დაწყებითი და საშუალო სკოლების) 11 მასწავლებელმა ერთნაირი კომენტარები გააკეთა.       გასაგები იყო, რომ დიდი მოცულობის კლასი (30-50 მოსწავლე) და ინტენსიური პროგრამა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა სწავლების მეთოდებსა და საკლასო აქტივობების შეზღუდვაზე, რაც უშუალოდ უკავშირდებოდა კონტროლის საკითხსაც (ჩანართი 22. 3). ამ გავლენის შედეგად მასწავლებლები, ძირითადად, დიდაქტიკულ და გრამატიკა-თარგმანის მეთოდებს იყენებდნენ და მხოლოდ მცირე დროს უთმობდნენ - ენის პრაქტიკულ გამოყენებას ან ინგლისურად „აზროვნებას“. სწავლებისას გარკვეული ჯგუფური აქტივობებიც გამოიყენებოდა, მაგრამ ძალზე შეზღუდულად. მასწავლებელი ინგლისურის ასახსნელად ჩინურს იყენებდნენ. ------------------- ჩანართი 22. 3. სწავლების მეთოდები -------------------       კომენტარი: კომენტირებისას ყველა მასწავლებელი ერთსულოვანი იყო, რომელთა მოსაზრებები ორად დაჯგუფდა.       მოსწავლეებს მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდათ ინგლისური ენის წარმატებულ თუ წარუმატებელ შესწავლაში (ჩანართი 22. 4). ისინი მორცხვობდნენ, ეშინოდათ შეცდომების დაშვების და სახელის გატეხვის და, საერთოდ, ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები სწავლით, რადგან სხვა საგნებით იყვნენ გადატვირთულები. ვითარებას ისიც ამწვავებდა, რომ მოსწავლეები ვერ ახერხებდნენ დროის დაგეგმვას. ნეგატიურად უყურებდნენ ინგლისური ენის სახელმძღვანელოებით შესწავლას და თვლიდნენ, რომ ეს საგანი არანაირად არ შეესატყვისებოდა სხვა საგნებს. გარდა ამისა, ძალიან ბევრი სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი არსებობდა და ენის შესწავლის ძალზე მწირი უნარებით ხასიათდებოდნენ; ნაკლებად მოტივირებულები იყვნენ მასალის სწრაფად ათვისებისებით, რადგან იცოდნენ, რომ მათ იგივე კურსის განმეორებით გავლა შეეძლოთ, ინგლისური არ იყო პრიორიტეტული, ამ ენის სწავლისთვის მწირი საფუძველი და უმნიშვნელო მოტივაცია ან დადებითი დამოკიდებულება ჰქონდათ. მოსწავლეებს სწავლის პერიოდში ნაკლებად აძლევდნენ მითითებებს და წახალისებებს, ენის საფუძვლიანად შესწავლის მიმართულებით, რადგან უნივერსიტეტები მხოლოდ ინგლისურის დაბალ სტანდარტს ითხოვნდნენ. ------------------- ჩანართი 22. 4. მოსწავლეებთან დაკავშირებული ფაქტორები -------------------       კომენტარი: ამ შემთხვევაში ძალიან მრავალფეროვანმა კომენტარებმა იჩინა თავი. აქ გარკვეულწილად ეთანხმებოდნენ ერთმანეთს დაწყებითი სკოლის დაბალი კლასის მასწავლებლები. ასევე, თანხმობა იყო დაწყებითი სკოლის მაღალი კლასის მასწავლებლებს შორის. საშუალო სკოლის მაღალი კლასის მასწავლებლებს შორისაც მიღწეულ იქნა შეთანხმება. საშუალო სკოლის დაბალი კლასის მასწავლებლებმა ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს, თუმცა, მასწავლებლების ოთხი ჯგუფი (დაწყებითის დაბალი, დაწყებითის მაღალი, საშუალოს დაბალი და საშუალოს მაღალი კლასები) ერთმანეთისგან განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ. ინტერვიუს მონაცემების შეჯამება       ინტერვიუს მონაცემებირამდენიმე თვალსაზრისით იყო გასაოცარი. რესპონდენტები მონაცემებს ერთსულოვნად ეთანხმებოდნენ, მაგალითად: აბსოლუტური ერთსულოვნება იყო მე-9 და მე-12 კითხვებზე მიღებულ პასუხებში; საინტერესო და ძალიან საყურადღებო იყო ერთსულოვნება, თუმცა არა აბსოლუტური, მე-11 კითხვაზე; უკვე აღნიშნულთან ერთად, დამატებითი თანხმობა იყო მიღწეული დაწყებითი კლასების მასწავლებლებს შორის მე-11 კითხვაზე; უკვე აღნიშნულის გარდა, ერთსულოვანი, თუმცა არა აბსოლუტურად ერთსულოვანი, იყო დაწყებითი კლასების მასწავლებლების პასუხები მე-6 კითხვაზე.       ასეთი ერთსულოვნება მიღებულ შედეგებს მნიშვნელოვან წონას მატებს, თუმცა, გამოყენებული შერჩევიდან გამომდინარე, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ეს შედეგები ფართო პოპულაციის რეპრეზენტაციულია. მიუხედავად ამისა, თემასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების კომპეტენტურად მიმოხილვისთვის შეგნებულად შეირჩა გამოცდილი მასწავლებლები. უნდა შეგახსენოთ, რომ მართალია ერთსულოვნება სასარგებლოა, ინტერვიუს მონაცემების მთავარი მიზანი ძირიდი საკითხების გამოვლენა იყო, განურჩევლად იმისა, ყველა იზიარებდა მათ. ის, რომ რესპონდენტები მსგავს თემებზე საუბრობდნენ, შესაძლოა ამ თემების მნიშვნელოვნებაზე მიუთითებდნენ.       გარდა ამისა, თავად დასახელებული საკითხები უამრავ სხვადასხვა სფეროში შეიძლება შეგვხვდეს. ასე რომ, არ არსებობს პრობლემების ან გადაწყვეტილებების ერთი ან მარტივი ნაკრები. აქედან გამომდინარე, ერთსულოვნებას ემატება კონსენსუსი, რომელიც პრობლემების მასშტაბურობის განსაზღვრისას იქნა მიღწეული, თუმცა პრობლემების დიაპაზონი საკმაოდ ფართოა. ცალკე თუ ერთად, კომპლექსურია მაკაოზე (ნახევარკუნძული სამხრეთდასავლეთ ჩინეთში, სადაც კვლევა ჩატარდა) ინგლისური ენის სწავლების, სწავლისა და ამ მიმართულებით მიღწეული წარმატების საკითხები. მეხუთე კლასის მოსწავლეებთან და მათთვის ინგლისურის სწავლება-სწავლასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. პირველი, მოსწავლეები ინგლისურის ყველა ასპექტში ძალიან სუსტები არიან, იქნება, ეს კითხვა, წერა, ლაპარაკი თუ მოსმენა-გაგება, მაგრამ განსაკუთრებით სუსტები არიან ლაპარაკსა და წერაში. მეორე, ინგლისური ენის სწავლაზე ადგილობრივი კულტურული ფაქტორები ახდენენ გავლენას: მოსწავლეებს არ სურთ საზოგადოების წინაშე სახელის გატეხვა (ხოლო ჩინურ კულტურაში მკვეთრად აქცენტირებულია სახელის დამკვირვება და შენარჩუნება); მოსწავლეები მორცხვები არიან და შეცდომების დაშვების ეშინიათ; გამოცდაზე წარმატების მიღწევაზე ზეწოლა უნივერსალური და ძლიერია; ადგილობრივი კულტურა არ არის ინგლისური კულტურა. ის ჩინურია და, სხვა დანარჩენ თანაბარ პირობებში, პორტუგალიური უფროა, ვიდრე ინგლისური, თუმცა ეს უკანასკნელი ძალზე შეზღუდულია. ამჟამად,       ადამიანებს თითქმის არ უწევთ ინგლისურად ლაპარაკი ან მისი გამოყენება.       ზოგ წრეებში ინგლისური კულტურის ცოდნა ინგლისური ენის სწავლის მნიშვნელოვან ელემენტად მიიჩნევა, რაც ამ შერჩევის მასწავლებლებმა უარყვეს. მესამე მნიშვნელოვანი მიგნება ის არის, რომ ინგლისური ენა ინსტრუმენტურად განიხილება, თუმცა, ეს საკითხი შესაფასებელია, რადგან მოსწავლეები სამსახურსაც შოულობდნენ და უნივერსიტეტებშიც აბარებდნენ ინგლისურის ძალიან მწირი ცოდნით. ის ფაქტი, რომ ინგლისური საერთაშორისო ენაა, დიდად არ მოქმედებდა მოსწავლეების მოტივაციასა თუ მიღწევაზე.       და ბოლოს, უხარისხო სწავლება და სწავლა მოსწავლეების სუსტ შესრულებას განაპირობებს: ძირითადი აქცენტი უსასრულო მექანიკურ გამეორებაზე და დამახსოვრებაზე კეთდება; პასიური სწავლება დომინირებს და არა - აქტიური. სწავლება ფაქტების მიწოდებაა და არა - დასწავლისა და გაგების წახალისება და ხელშეწყობა; გამოიყენება ტრადიციული დიდაქტიკური მეთოდები; ეყრდნობიან სწავლებისა და სწავლის ძალიან შეზღუდულ სტილს; ინგლისური ენის მასწავლებლების მხრიდან საგნისა და პედაგოგიური მეთოდოლოგიების შეზღუდული ცოდნა, რასაც მასწავლებლებისთვის ადეკვატური პირველადი და შემდგომი განათლების არარსებობა ართულებს; ხშირად არ არსებობს ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის უკვე არსებულ საბაზისო ცოდნაზე დაფუძნების პრაქტიკა; მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილებზე იმდენად ხშირად იყნებენ ჩინურს, რომ მათ თითქმის არ აქვთ ინგლისურად აზროვნების შესაძლებლობა: ისინი თარგმნიან ინგლისურად აზროვნების ნაცვლად.       ინტერვიუს მონაცემებიდან შეგვიძლია ვნახოთ, რომ ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის წინაშე დიდი პრობლემები და საკამათო საკითხები დგას. ამ მაგალითში ცხრილები გულდასმითაა შედგენილი, რათა მსგავსი პასუხები ერთად ყოფილიყო დაჯგუფებული. ეს ცხრილები საშუალებას გაძლევთ, ერთი შეხედვით დაინახოთ, რითი ჰგავს და განსხვდება ერთმანეთისგან რესპონდენტთა ორი ჯგუფი. ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ ყოველი ცხირილის შემდეგ შეჯამებულია ძირითადი საკითხები, რომლებზეც მკლევარს მკითხველის ყურადღების მიპყრობა სურს და ეს შეჯამება მოიცავს როგორც კონკრეტული თემის შესახებ კომენტარებს, ისე - ზოგად შენიშნვებს (მაგალითად, მოცემულ მომენტში განსახილველი თემისა და რესპონდენტების ჯგუფებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების შესახებ). და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, რომ „ძირითადი შეტყობინებების“ საბოლოო შეჯამება ყველა ცხრილისა და კომენტარის შემდეგაა წარმოდგენილი. ეს ძალიან შემოკლებული მაგალითია და სრულად არაა წარმოდგენილი ორიგინალურ ნაშრომში მკვლევრის მიერ გამოყენებული მონაცემები. მიუხედავად ამისა, გასაგებად გადმოგეცით და გაჩვენეთ, რომ მონაცემების ცხრილების სახით შეჯამებითა და წარმოდგენით თვისებრივი კვლევის ორი ურთიერთდაკავშირებული საკითხი გადაწყდება: მონაცემების ზუსტად და გულდასმით წარმოდგენით მონაცემების შემცირება და კომენტირება. მონაცემების ანალიზის ორგანიზებისა და წარმოდგენის ხუთი მეთოდი       მონაცემების ანალიზისა და წარდგენის ხუთ მეთოდს გთავაზობთ. მათგან ორი მეთოდი მონაცემების ინდივიდების მიხედვით დალაგებაა, შემდეგი ორი - საკითხების, მეხუთე კი - ინსტრუმენტის მიხედვით.       მაკაოზე ინგლისური ენის სწავლების მაგალითში შეგვიძლია ვნახოთ, რომ მონაცემები, კონკრეტულ კითხვებზე პასუხების სახით, რესპონდენტების მიხედვით იყო დალაგებული და განხილული. ფაქტობრივად, როდესაც რესპონდენტები ერთი და იგივეს ამბობდნენ, მათი პასუხები რესპონდენტების ჯგუფების მიხედვით ორგანიზდებოდა. სტრატიფიცირებულ შერჩევაში რესპონდენტები სხვადასხვა სტრატასადმი მიკუთვნებულობის მიხედვითაც დააჯგუფეს: დაწყებითი სკოლის დაბალი კლასების, დაწყებითი სკოლის მაღალი კლასების, საშუალო სკოლის დაბალი კლასებისა და საშუალო სკოლის მაღალი კლასების მასწავლებლები. ეს თვისებრივი მონაცემების ანალიზის მხოლოდ ერთი გზა - ჯგუფების მიხედვით დალაგებაა. ამ მეთოდის უპირატესობა ისაა, რომ მონაცემები ავტომატურად ჯგუფდება და თემების, ტენდეციების და ა. შ. ერთი შეხედვით დანახვის საშუალებას იძლევა. მართალია, ასეთი მეთოდი მსგავსი პასუხების შეჯამების სასარგებლო მეთოდია, მაგრამ ცალკეული მონაწილის პასუხები სხვადასხვა კატეგორიებსა და ადამიანთა ჯგუფებში ერთიანდება და ასეთი შეჯამებისას იკარგება პასუხების მთლიანობა და თანმიმდევრულობა. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხშირად ერთი ინსტრუმენტით კვლევისას გამოიყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში უზარმაზარი მოცულობის იქნებოდა (მაგალითად, თვისებრივი კითხვარებით, ინტერვიუებითა და დაკვირვებით მიღებული მონაცემების გაერთიანება მძიმე შრომა იქნებოდა). ამიტომ, მკვლევრებს შეიძლება უფრო მეტად გამოადგეთ ამგვარად მონაცემების არა ჯგუფების, არამედ ინსტრუმენტების მიხედვით დალაგება. ეს იყო პირველი მეთოდი.        მონაცემების ანალიზის მეორე მეთოდი ინდივიდების მიხედვით ანალიზია. აქ მოცემული ჯერ ერთი რესპონდენტის პასუხები, შემდეგ მეორის და ა. შ. ამით დაცულია ინდივიდის პასუხების თანმიმდევრულობა და მთლიანობა და პიროვნების ერთიანი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მკვლევრისთვის. თუმცა ამ მიდგომას თავისი საფასური აქვს იმ თვალსაზრისით, რომ თუ მკვლევარს მხოლოდ ინდივიდუალური პასუხები არ აინტერესებს, მაშინ მას მოუწევს სხვადასხვა ინდივიდთან წამოჭრილი საკითხების გაერთიანება (ანალიზის მეორე დონე), რათა მოიძიოს ერთნაირი პასუხები, რეაქციების ტენდენციები, შეთანხმება და შეუთანხმებლობა, ერთმანეთს შეადაროს ინდივიდები და მათი პასუხები ანუ შეაჯამოს მონაცემები.       იმ მიდგომებისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ სამართლიანობა გამოიჩინონ კვლევაში ჩართული ადამიანების წინაშე და არ დაარღვიონ ინდივიდების ან ჯგუფების მონაცემების სისრულე, სხვა მიდგომებით ჩატარებული კვლევები, სადაც არ გამოიყენება შემთხვევის შესწავლა, როგორც წესი, მეორე რიგის ანალიზს საჭიროებენ. ეს მონაცემების ადამიანების მიერ წამოჭრილი საკითხების მიხედვით დალაგებას მოიაზრებს და ქვემოთ სწორედ ამ საკითხს განვიხილავთ.       მონაცემების ანალიზის მესამე მეთოდია კონკრეტული საკითხისთვის რელევანტური მონაცემის ერთად წარდგენა. სწორედ ეს მეთოდი გამოიყენეს ინგლისური ენის შესწავლის მაგალითში. მართალია ეს ეკონომიური მეთოდია და რესპონდენტების ურთიერთშედარების საშუალებას იძლევა (მონაცემების ზედმიწევნით და ზუსტად ჩვენებით მონაცემების შემცირების საკითხი, რომელიც ზემოთ განვიხილეთ), აქაც არის ცალკეული რესპონდენტის მთლიანობის, თანმიმდევრულობისა და ინტეგრირებულობის დაკარგვის რისკი.       შეგროვილი მონაცემებიდან საკითხის გამოკვეთას დაზუსტება სჭირდება. მაგალითად, შეიძლება ისე მოხდეს, რომ საკითხი წინასწარ, მონაცემების მოგროვების დაწყებამდე იყოს განსაზღვრული. ამ შემთხვევაში ამ საკითხისთვის შესატყვისი ყველა მონაცემი უბრალოდ ერთ კალათში - მოცემულ საკითხში - მოიყრის თავს. მონაცემების დამუშავების, შეჯამების და გაფორმების ასეთი მიდგომა ეკონომიურია, მაგრამ სამ ძირითად პრობლემას უკავშირდება: შეიძლება დაიკარგოს ინდივიდების ინტეგრირებულობა და მთლიანობა იმდენად, რომ თითქმის შეუძლებელი გახდეს ცალკეული ინდივიდების ერთმანეთთან შედარება. მონაცემები, შესაძლოა, კონტექსტიდან ამოვარდეს (დეკონტექსტუალიზაცია). ეს ორგვარად შეიძლება მოხდეს: პირველი, ამოვარდეს ინტერვიუს ან კითხვარის ბუნებრივი თანმიმდევრობიდან და შინაარსიდან (მაგალითად, ზოგიერთი მონაცემის გასაგებად შეიძლება საჭირო იყოს მისი წინმსწრები კონკრეტული კომენტარის ან კომენტარების ცოდნა) და, მეორე, ამოვარდეს ერთიანი სურათიდან და აღარ ჩანდეს მთლიან ვითარებასთან მისი კავშირი, რადგან ამ მიდგომაში მონაცემები შეიძლება დაიყოს და ამით, მათი ურთიერთკავშირი დაიკარგოს. ვინაიდან ინტერესის სფეროები და სამუშაო ჩარჩო წინასწარაა განსაზღვრული, ანალიზში შეიძლება ვერ გაითვალისწინონ დამატებითი ფაქტორები, რომლებიც მონაცემების საპასუხოდ შეიძლება წარმოიქმნას. ეს მონაცემებთან მაგნიტის მიტანას ჰგავს: მაგნიტი მოცემული საკითხისთვის რელევანტურ მონაცემებს მიიზიდავს, ხოლო დანარჩენს, რასაც არარელევანტურად მიიჩნევს, დაკარგვის საფრთხე ემუქრება. იმ საკითხების გამოკვეთის მიზნით, რომლებიც წინასწარი შერჩევისას გაუთვალისწინებელი დარჩა და მკვლევრისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა, გადარჩევის შემდეგ დარჩენილი მონაცემები უნდა გადასინჯოს.       ამრიგად, მკვლევარს არა მარტო წინასწარი კატეგორიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა ახსოვდეს (და, შედეგად, დაამატოს კატეგორიები), არამედ ისიც უნდა გადაწყვიტოს, არის თუ არა მნიშვნელოვანი ყველა მონაცების განხილვა, ანუ გადაწყვიტოს, თუ რის მიხედვით აანალიზებს იგი მონაცემებს: ადამიანების/რესპონდენტების თუ საკითხების მიხედვით.       ანალიზის მეოთხე მეთოდია კვლევის შეკითხვების მიხედვით დალაგება. ეს მონაცემების ორგანიზების ძალიან საჭირი მეთოდია, რადგან ის მკვლევრისთვის საინტერესო საკითხის შესახებ ყველა მონაცემს ერთად ალაგებს და მასალის თანმიმდევრულობას ინარჩუნებს. ის მკითხველს კვლევის წამყვან პრობლემებთან აბრუნებს და ამით კვლევის კითხვებთან „კრავს წრეს“, რომლებიც როგორც წესი, კვლევის დასაწყისში ისმება. ამ მიდგომაში მონაცემების სხვადასხვა წყაროდან მიღებული (ინტერვიუები, დაკვირვებები, კითხვარები და ა. შ.) მონაცემები ერთიანდება, რათა კვლევის კითხვას გაერთიანებული პასუხი გაეცეს. როგორც წესი, ეს პროცესი სისტემატიზაციის გარკვეული ხარისხით ხასიათდება, მაგალითად, კვლევის შეკითხვისთვის ჯერ მისთვის განკუთვნილი რიცხობრივი მონაცემები მიეთითება, შემდეგ მათ მოჰყვება თვისებრივი მონაცემები ან პირიქით. ეს სხვადასხვა ტიპის მონაცემებში მოდელების, ურთიერთმიმართებების, შედარებებისა და დასაბუთებების ზუსტად შესწავლის საშუალებას იძლევა.       მონაცემების ორგანიზების მეხუთე მეთოდი მონაცემების ინსტრუმენტის მიხედვით დალაგებაა. ეს მეთოდი, როგორც წესი, სხვა მიდგომასთან ერთად გამოიყენება, მაგალითად, საკითხების ან რესპონდენტების მიხედვით დალაგებასთან ერთად. ამ შემთხვევაში წარმოდგენილია თითოეული ინსტრუმენტით მიღებული შედეგები, მაგალითად, მოცემულია ინტერვიუთი მიღებული ყველა მონაცემი, შემდეგ განხილული არის კითხვარებით მოპოვებული მონაცემები, შემდეგ - დოკუმენტებიდან ამოღებული მონაცემები და საველე ჩანაწერები და ა. შ. მართალია ეს მიდგომა მკითხველს იმის ნათლად დანახვის საშუალებას აძლევს, თუ რომელი ინსტრუმენტით იქნა მიღებული ესა თუ ის მონაცემი, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ინსტრუმენტი ხშირად მხოლოდ მიზნის მიღწევის საშუალებაა და მონაცემების შემდგომი დამუშავება პასუხების შინაარსის (საკითხებისა და ადამიანების მიხედვით) ანალიზს საჭიროებს. მაშასადამე, თუ კონკრეტული მონაცემის მიღების ამა თუ იმ კონკრეტული ინსტრუმენტის ცოდნა მნიშვნელოვანია, მაშინ ეს ღირებული მეთოდია; თუმცა, თუ ეს უმნიშვნელოა, მაშინ ეს მონაცემებისთვის ანალიზის უსარგებლო დონის დამატება იქნება. ამასთან, თუ მონაცემები ინსტრუმენტების მიხედვითაა განხილული და არა - შეჯამებულად, მათ შორის შეიძლება კავშირი დაიკარგოს.       თვისებრივი მონაცემების ანალიზისას ძირითადი სირთულე ანალიზის კონტრასტული - ჰოლისტური და ატომისტური ( ფრაგმენტული) - მიდგომების გამოყენებას შეიძლება დაუკავშირდეს. მაკაუზე ინგლისური ენის სწავლება აშკარად ატომისტური ანალიზის მაგალითია, რომელშიც მასალა მცირე ზომის ერთეულებად ნაწევრდება. შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ამით ირღვევა რესპონდენტების მოსაზრებების მთლიანობა და ამაში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, თუმცა, ისიც უნდა ვიკითხოთ, პრობლემაა ეს თუ არა. სექციებად დაყოფისა და ფრაგმენტაციის შედეგად ანალიზი უფრო მარტივი წასაკითხი ხდება. მეორე მხრივ, თვისებრივი მონაცემების ჰოლისტური მიდგომებს ინდივიდებისა და ჯგუფების მთლიანობის ასახვა ენდომებათ, რამაც უფრო ნარატიული ფორმის, ანგარიშამდე შეიძლება მიგვიყვანოს, სადაც, ნარატივის მსგავსად, ძირითადი საკითხები თანდათანობით იკვეთება! არც ერთი მიდგომა არ არის მეორეზე უკეთესი. მკვლევრებმა თავიანთი მიზნებისა და სავარაუდო აუდიტორიის გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორ დაამუშაონ მონაცემები. მონაცემების ანალიზისადმი სისტემური მიდგომა       მონაცემების ანალიზი შეიძლება ძალიან სისტემატური იყოს. ბეკერი და გირი (Becker and Geer 1960) აღწერენ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ასეთი სისტემატურობა: სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან ერთდროულად და დროში შედარება; ინტერვიუში მოცემული პასუხების დაკვირვებად ქცევასთან შედარება; დევიაციური და ნეგატიური შემთხვევების ანალიზი; ხდომილობებისა და პასუხების სიხშირეების დათვლა; საკმარისი მონაცემების თავმოყრა და მიწოდება, რაც ერთმანეთისგან მიჯნავს ნედლ მონაცემებს და ანალიზს.       თვისებრივი მონაცემების ანალიზი აქ პრაქტიკულად გარდაუვლად ინტერპრეტაციულია, ამიტომ ის ზუსტი რეპრეზენტაცია კი არაა (როგორც რაოდენობრივ, პოზიტივისტურ ტრადიციაში), არამედ უფრო რეფლექსიური, რეაქტიული ინტერაქციაა მკვლევარსა და კონტექსტიდან მოწყვეტილ მონაცემების შორის, რომლებიც, თავისთავად, უკვე სოციალური ურთიერთობის ინტერპრეტაციებია. ფაქტობრივად, რეფლექსიურობა თვისებრივი მონაცემების ანალიზის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომელზეც ცალკე ვისაუბრეთ (თავი 7). აქ საქმე ისაა, რომ მკვლევარს მონაცემებში შეაქვს საკუთარი წინასწარი განწყობები, ინტერესები, მიკერძოებები, პრიორიტეტები, ბიოგრაფია, გამოცდილება და გეგმები. როგორც უოლფორდი (2001: 98) წერს: „ყველა კვლევა საკუთარი თავის კვლევაა“. პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ნიშნავს, რომ მკვლევარი შეიძლება სელექციური იყოს ფოკუსის არჩევისას, ან კვლევაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს მკვლევრის სუბიექტურმა მახასიათებლებმა. რობსონი (1993: 374 – 5) და ლინკოლნი და გუბა (1985: 354 - 5) მიუთითებენ, რომ ამაში შეიძლება შედიოდეს: მონაცემებით გადატვირთვა (ადამიანებმა შეიძლება ვერ შეძლონ დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავება); პირველი შთაბეჭდილებები (მონაცემების ადრეულმა ანალიზმა შეიძლება იმოქმედოს შემდგომში მონაცემების შეგროვებასა და ანალიზზე); ადამიანების ხელმისაწვდომობა (მაგალითად, რამდენად რეპრეზენტაციულები არიან ისინი და როგორ გავიგოთ, მნიშვნელოვანია თუ არა ის ადამიანები ან მონაცემები, რომლებიც გვაკლია); ინფორმაციის ხელმისაწვდომობა (იოლად ხელმისაწვდომ ინფორმაციას შეიძლება მეტი ყურადღება მიექცეს, ვიდრე - ძნელად მოსაპოვებელს); პოზიტიური მაგალითები (მკვლევარმა შეიძლება გადაჭარბებულად გამოკვეთოს დამადასტურებელი და დააკნინოს საპირისპირო მონაცემები); შინაგანი შეთანხმებულობა (უჩვეულო, მოულოდნელ ან ახალ მონაცემებს შეიძლება არასაკმარისი ყურადღება მიიქციონ); არათანაბარი სანდოობა (მკვლევარს შეიძლება მხედველობიდან გამორჩეს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი წყარო უფრო სანდოა, ვიდრე - სხვები); გამოტოვებული მონაცემები (საკითხები, რომელთათვისაც არ აქვთ სრული მონაცემები, შეიძლება უყურადღებოდ დარჩეს ან უარყოფილ იქნას); ჰიპოთეზების გადასინჯვა (მკვლევარმა შეიძლება ზედმეტი ან, პირიქით, არასაკმარისი ყურადღება გამოიჩინოს ახალი მონაცემების მიმართ); შეფასებებში დარწმუნებულობა (მკვლევრები შეიძლება უფრო მეტად იყვნენ დარწმუნებულები თავიანთ საბოლოო შეფასებებში, ვიდრე - გამართლებულია); მოვლენების ერთდროულად განხორციელებამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მკვლევარი და ეს მათ შორის ასოციაციად მიიჩნიოს; არაკონსისტენტობა (იგივე მონაცემების შემდგომმა ანალიზმა შეიძლება სხვა შედეგები მოგვცეს). ამის ნათელი მაგალითის ნახვა შეიძლება ბენეტთან (Bennett 1976) და აიტკინთან და მის კოლეგებთან (Aitkin et al. 1981).       აქ მნიშვნელოვანია, რომ მკვლევარმა დიდი სიფრთხილე და წინდახედულება შეიძლება გამოიჩინოს თვისებრივი მონაცემების ანალიზისას, ვინაიდან ანალიზი და მიღებული შედეგები მკვლევარზე უფრო მეტს ამბობდეს, ვიდრე მონაცემებზე. მაგალითად, მკვლევარი ადგენს კოდებსა და ანალიზის კატეგორიებს, იქნება ეს წინასწარ დაგეგმილი თუ რეაქციური კვლევა (ანუ, მკვლევარი კოდებსა და ანალიზის კატეგორიებს კვლევის დაწყებამდე განსაზღვრავს თუ მიღებული მონაცემების ანალიზის შედეგად). სწორედ მკვლევრის გეგმა მართავს კვლევას და მკვლევრი ირჩევს მეთოდოლოგიას.       მონაცემების ანალიზის პროცესში მკვლევარს მოუწევს მონაცემებთან დაკავშირებით ჰქოდეს იდეები, ახალი მიგნებები, კომენტარები და რეფლექსიები. ეს ყველაფერი შეიძლება ჩაიწეროს, მონიშვნა? და, ფაქტობრივად, რეფლექსიის პროცესში თავად იქცეს მონაცემებად (თუმცა, ეს მონაცემები უნდა გამიჯნოს მონაწილეებისგან მიღებული პირველადი მონაცემებისგან). გლასერისა (1978) და რობსონის (1993: 387) მტკიცებით, ასეთი ჩანიშვნები მონაცემები არ არის, მაგრამ მონაცემების ანალიზის პროცესში დამხმარე ფუნქციას ასრულებენ. ეს საკამათოა: თუ რეფლექსიურობა მონაცემთა ანალიზის პროცესის ნაწილია, მაშინ, მკვლევრის ჩანიშვნები მონაცემთა ანალიზის ან მიმოხილვის ლეგიტიმური მეორადი მონაცემები შეიძლება იყოს. თვისებრივი მონაცემების ანალიზისთვის (განხილულია ქვემოთ) განკუთვნილი ბევრი პროგრამული პაკეტი არა მარტო მკვლევრის მიერ ასეთი ჩანიშვნების გაკეთების, არამედ - ამ ჩანიშვნის კონკრეტულ მონაცემთან დაკავშირების საშუალებასაც იძლევა. მკვლევრის ჩანიშვნების ერთი უნივერსალური სწორი ფორმატი არ არსებობს. მასში შეიძლება შედიოდეს მონაცემების შესახებ სუბიექტური მოსაზრებები, იდეები, თეორიები, რეფლექსიები, კომენტარები, მოსაზრებები, პიროვნული რეაქციები, მოსაზრებები სამომავლო და ახალი მიმართულებით კვლევისთვის, მოგონებები, დაკვირვებები, შეფასებები, მსჯელობები, კრიტიკა, დასკვნები, ახსნები, განხილვები, შედეგები, სპეკულაციები, პროგნოზები, ვარაუდები, კავშირები, მიმართებები კოდებსა და კატეგორიებს შორის, ახალი მიგნებები და ა. შ. ასეთი ჩანიშვნებით წარსულის, აწმყოსა და მომავლის ასახავა შეიძლება და, აქედან გამომდინარე, შეიძლება მიზეზ-შედეგობრიობის გამოკვლევის დასაწყისი იყოს. არ არსებობს მოთხოვნილი მინიმალური ან მაქსიმალური სიგრძე, თუმცა სამახსოვროების დათარიღება აუცილებელია არა მარტო იმიტომ, რომ ადვილად მისათითებელი იყოს, არამედ იმიტომაც, რომ როგორც მკვლევრის, ისე - კვლევის დინამიკა აღინუსხოს და დაფიქსირდეს.       ჩანიშვნები მონაცემებზე რეფლექსიის მნიშვნელოვანი ნაწილია და მონაცემების მოგროვებისთვის, ანალიზისთვის და თეორეტიზირების პროცესებისთვის საკმაოდ მრავლისმთქმელი შეიძლება იყოს. ისინი მაშინ უნდა ჩაიწეროს, როდესაც მკვლევარი მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევს - ანალიზის დროს ან მისი დასრულების შემდეგ. მათი დაწერა ნებისმიერ დროს შეიძლება. ფაქტობრივად, ზოგ მკვლევარს შეგნებულად ყველგან დააქვს თან უბის წიგნაკი და კალამი და იდეების გაჩენის შემთხვევაში, მაშინვე შეუძლია ჩაიწეროს, სანამ დაავიწყდება.       მონაცემების ანალიზისას ძირითადი სირთულე თავს იჩენს მონაცემების - ტექსტის ჰოლისტურობის განცდის შენარჩუნებასა და ანალიზისთვის მონაცემების ატომიზაციისა და ფრაგმენტაციის - მათ შემადგენელ ელემენტებად დაშლის და ამით მთლიანის სინერგიის დაკარგვის - ტენდენციას შორის და ხშირად მთლიანი უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ელემენტების მექანიკური ჯამი. ანალიზში რამდენიმე ეტაპი გამოიყოფა, მაგალითად: მნიშვნელობის ბუნებრივი ერთეულების გენერირება; მნიშვნელობის ამ ერთეულების კლასიფიცირება, კატეგორიზება და მოწესრიგება; შინაარსის აღსაწერად მონათხრობების სტრუქტურირება; მონაცემების ინტერპრეტაცია.       ეს შედარებით გამსხვილებული ეტაპებია. მაილსი და ჰაბერმანი (1994) ტრანსკრიპტის მონაცემებიდან მნიშვნელობის ჩამოყალიბების თორმეტ ტაქტიკას გვთავაზობენ, ესენია: ხდომილობის სიხშირეების დათვლა (მაგალითად, იდეების, თემების, მონაცემთა ნაწილების, სიტყვების); ტენდენციების და თემების (გეშტალტების) აღმოჩენა, რომლებიც შეიძლება გამეორებული თემებიდან და მიზეზებიდან, ან ახსნებიდან მომდინარეობდეს; დამაჯერებლობის დანახვა: მონაცემებისთვის მართებული მნიშვნელობის მინიჭება, დასკვნის გამოსატანად ინფორმაციაზე დაფუძნებული ინტუიციის გამოყენება; კლასტერებად გაერთიანება: დებულებების კატეგორიებში, ტიპებში, ქცევებსა და კლასიფიკაციებში გაერთიანება; მეტაფორები: ფიგურალური და კონოტაციური მეტყველების გამოყენება და არა - პირდაპირი და დენოტაციურის, მონაცემებისთვის სიცოცხლის შთაბერვა და, ამგვარად, მონაცემების შემცირება, ტენდენციების გამოკვეთა და მონაცემების თეორიასთან დაკავშირება; იდეების დასამუშავებლად, ერთმანეთისგან გასამიჯნად და „გასახსნელად“ ცვლადების დანაწევრება, ესე იგი, მონაცემების ინტეგრაციისა და ერთმანეთში აღრევის საწინააღმდეგოდ ქმედება; კერძოს ზოგადისთვის დაქვემდებარება გლასერის „მუდმივი შედარების“ (1978) ცნების მსგავსად; (იხ. თავი 23) - ძირითადი ცნებების დაზუსტებაზე გადასვლა; ფაქტორების გამოყოფა: დიდი რაოდენობის ცვლადების უფრო მცირე რაოდენობის, (ხშირად) არადაკვირვებად ჰიპოთეტურ ცვლადებში გაერთიანება; ცვლადებს შორის მიმართებების გამოვლენა და აღნიშვნა; შუალედური ცვლადების აღმოჩენა: სხვა ცვლადების ძებნა, რომლებიც, როგორც ჩანს, „გზაზე ეღობებიან“, „ხელს უშლიან“ მკვლევრის მოლოდინით, ცვლადებს შორის არსებული კავშირის ახსნას; ემპირიული მტკიცებულების ლოგიკური ჯაჭვის აგება: მიზეზ-შედეგობრობის აღნიშვნა და დასკვნების გაკეთება; კონცეპტუალური (თეორიული) თანმიმდევრულობის უზრუნველოყოფდა: მეტაფორებიდან კონსტრუქტებზე, ფენომენების ამხსნელ თეორიებზე გადანაცვლება.       ამ პროცესს, მართალია, პოზიტივისტური ელფერი აქვს, მაგრამ მონაცემების ანალიზისას კერძოდან ზოგადზე გადასვლის ეფექტუერი გზაა. მაილსისა და ჰაბერმანის (1994) შემოთავაზებები მონაცემთა კოდირებას უკავშირდება, რაც (კოდირება) თავის მხრივ, ნაწილობრივ თვისებრივი მონაცემებისთვის დამახასიათებელი ჭარბი მონაცემების შემცირების საშუალებას წარმოადგენს. მაილსი და ჰაბერმანი (1994) თვლიან, რომ კოდირების მეშვეობით ანალიზი ორივეგან - სფეროს ფარგლებში და სფეროებს შორის - შეიძლება განხორციელდეს და შესაძლებელი გახადოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების, ქსელებისა და მატრიცების დადგენა. ავტორები ამ ყველაფერს იმ საკითხის გადაჭრად მიიჩნევენ, რასაც ჭარბი მონაცემების შემცირება წარმოადგენს.       კონტენტ ანალიზი კითხვასა და განსჯას მოიცავს. ბრენერი და მისი კოლეგები (1985) ღია კითხვებით შეგროვილი მონაცემების კონტენტ ანალიზის რამდენიმე ეტაპს გამოყოფენ: ბრიფინგი: პრობლემისა და მისი კონტექსტის დეტალურად გაგება-გააზრება; შერჩევა: ადამიანების შერჩევა, საჭირო შერჩევის ტიპის ჩათვლით (იხ. თავი 4); დაკავშირება: სხვა უკვე შესრულებულ კვლევასთან დაკავშირება; ჰიპოთეზის ჩამოყალიბება; ჰიპოთეზის შემოწმება; ჩაღრმავება: შეგროვილ მონაცემებში ჩაღრმავება ყველა მინიშნების მოსაკრებად: კატეგორიზირება: კატეგორიები და მათი დასახელებები კვლევის მიზნებს უნდა ასახავდნენ, ისინი ამომწურავი და ურთიერთგამომრიცხავი უნდა იყვნენ; ინკუბაცია: მაგალითად, მონაცემების გააზრება და ინტერპრეტაციებისა და მნიშვნელობების ჩამოყალიბება; სინთეზი: კოდირების ლოგიკური საფუძვლების მიმოხილვა და გამოკვეთილი ტენდენციებისა და თემების იდენტიფიცირება; დახარისხება: მონაცემების შემჭიდროვება, ამოკლება და ხელახალი ინტერპრეტაციაც კი ისე, რომ შესაძლებელი იყოს მათი ნათლად და გასაგებად დაწერა; ინტერპრეტაცია: მონაცემებისთვის აზრის მინიჭება; დაწერა: ხდომილობის ნათლად ახსნა; გრძნობების მიმართულებასა და ინტენციებზე მითითება; გაცნობიერება იმისა, თუ რა ითქვა და რა არა - დუმილის ეპიზოდები; დუმილის შემთხვევებზე მითითება (მკითხველებისთვის და რესპონდენტებისთვის). ხელახალი გააზრება.       კონტენტ ანალიზი 23-ე თავში უფრო სრულადაა განხილული. ბრენერისა და მისი კოლეგების (1985: 144) აზრით, ამ პროცესის დროს რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. ეს ფაქტორებია: კვლევის შეჯამების სრულად გააზრება; კვლევის პროექტთან შესატყვისობის შეფასება; მკვლევრის პირადი გამოცდილების კვლევის პრობლემასთან დაკავშირება, მანიშნებლების საკუთარ წარსულ გამოცდილებაში მოძიება; შემოწმებადი ჰიპოთეზების ფორმირება, რომელიც კონტენტ ანალიზის საფუძველს შექმნის (ბრენერი და მისი კოლეგები (1985) ამას „ცნებების რვეულს“ უწოდებენ); ჰიპოთეზების შემოწმება ინტერვიუს ჩატარებითა და ანალიზით; მთელი კვლევის განმავლობაში მონაცემების ფარგლებში დარჩენა; „ცნებების რვეულში“ მონაცემების კატეგორიზება, სახელწოდებებისა და კოდების შექმნა; მონაცემების გაფორმებამდე მონაცემების გააზრება; „ცნებების რვეულში“ მონაცემების სინთეზია და ცნებების მოძიება; მონაცემების შემჭიდროვება: სელექციურობა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველაფრის დაწერა მომხდარის შესახებ შეუძლებელია; მონაცემების ინტერპრეტაცია, მათი მნიშვნელობებისა და შედეგების იდენტიფიცირება; ანგარიშის დაწერა; ხელახალი გააზრება და დაწერა: მიღწეულია თუ არა კვლევის მიზნები?       ჰიჩნერი (1985) გვთავაზობს პროცედურას, რომელიც ინტერვიუს მონაცემების ფენომენოლოგიური ანალიზისას შეგვიძლია გამოვიყენოთ. პირველ თავში ვნახეთ, რომ ფენომენოლოგისტები უშუალო გამოცდილების შესწავლის მომხრენი არიან და ქცევას გამოცდილებით განპირობებულად მიიჩნევენ და არა - გარეგანი, ობიექტური და ფიზიკურად აღწერილი რეალობით. ჰიჩნერი (1985) მიუთითებს, რომ ფენომენოლოგისტებს ზედმეტი კონკრეტიკის ეშინიათ და ამიტომ, თავს არიდებენ კვლევის მეთოდის ეტაპებზე გადაჭარბებულ ფოკუსირებას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჰიჩნერი მონაცემების ანალიზის ისეთ ეტაპებს გვთავაზობს, რომელიც ამცირებს ამ შიშს. როგორც იგი თავად ხსნის, მისი მითითებები „ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ფენომენოლოგიური კვლევის სწავლების წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ემყარება და ცდილობს, ზუსტი იყოს ინტერვიუს მონაცემებთან და ამავდროულად კონკრეტულ მითითებებსაც იძლეოდეს“ (Hycner 1985). საბოლოო ჯამში, ჰიჩნერისეული მითითებები ასეთია: ტრანსკრიპტის მომზადება: ინტერვიუს ჩანაწერის ტრანსკრიპტის მომზადება; არა მარტო პირდაპირ, ღია ნათქვამებზე, არამედ, არავერბალურ და პარალინგვისტურ კომუნიკაციაზე რეაგირება. ფრჩხილებში ჩასმა და ფენომენოლოგიური შემცირება: ეს ნიშნავს „შეძლებისდაგვარად ბევრი მკვლევრისეული მნიშვნელობისა და ინტერპრეტაციის შეჩერებას (ფრჩხილებში ჩასმას) და უნიკალური რესპონდენტის სამყაროში შესვლას“ (Hycner 1985). ამგვარად, მკვლევარი თავად რესპონდენტის მიერ ნათქვამის გაგებას ცდილობს და არა იმის, რის თქმასაც იგი თავად მოელის ამ ადამიანისგან. ინტერვიუს მოსმენა მთლიანობის განცდის შესაქმნელად: აქ მთელი ჩანაწერის რამდენჯერმე მოსმენა და ტრანსკრიპტის რამდენჯერმე გადაკითხვა მოიაზრება, რაც შემდგომში, მნიშვნელობების კონკრეტული ერთეულებისა და თემების გამოვლენისთვის შექმნის კონტექსტს. ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების აღწერა: აქ მოიაზრება მონაწილის მიერ ნაგულისხმევი მნიშვნელობის გასაგებად ვერბალური და არავერბალური ჟესტების ზედმიწევნით შესწავლა. „ეს მონაწილის ნათქვამის კრისტალიზაცია და განხილვაა და ამ დროს ისევ, რაც შეიძლება, ბევრ სიტყვა-სიტყვით ნათქვამს ვიყენებთ“ (Hycner 1985). კვლევის კითხვის შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულების აღწერა: ზოგადი მნიშვნელობის ერთეულების გამოკვეთის შემდეგ, ხდება მათი დაყვანა კვლევის კითხვისთვის შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულებზე. შესატყვისი მნიშვნელობის ერთეულების შესამოწმებლად დამოუკიდებელი შემფასებლების გამოყენება: მიღებული შედეგები სხვა მკვლევრების გამოყენებით შეიძლება შემოწმდეს, რომლებიც ზემოთ აღწერილ პროცედურას განხორცილებენ. ამ ტიპის კვლევაში კარგად გავარჯიშებულ მაგისტრანტებთან მუშაობის ჰიჩნერის პირადი გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთ შედეგებს შორის იშვიათად არის ხოლმე მნიშვნელოვანი განსხვავება. ზედმეტი მასალის ამოკლება: ამ ეტაპზე მკვლევარი ამოწმებს შესატყვისი მნიშვნელობების ნუსხეას და ამოშლის იმ პუნქტებს, რომლებიც აშკარად ზედმეტია სხვების ნუსხებთან შედარებით. შესატყვისი მნიშვნელობების მქონე ერთეულების კლასტერებად დაჯგუფება: ამ ეტაპზე მკვლევარი ცდილობს განსაზღვროს, შესატყვისი მნიშვნელობის რომელიმე ერთეულები ბუნებრივად თუ ჯგუფდება ერთად. არის თუ არა ეს საერთო თემა, რომელიც შესატყვისი მნიშვნელობის რამდენიმე ერთეულს აერთიანებს. მნიშვნელობის კლასტერებიდან თემების დადგენა: მკვლევარი შეისწავლის მნიშვნელობის ყველა კლასტერს და ცდილობს, გაარკვიოს, არსებობს თუ არა ერთი (ან მეტი) ცენტრალური თემა (თემები), რომელიც ამ კლასტერების არსს ასახავს. ყოველი ინტერვიუს შეჯამების დაწერა: ჰიჩნერი თვლის, რომ ამ ეტაპზე სასარგებლოა ინტერვიუს ტრანსკრიპტთან მიბრუნება და ინტერვიუს შეჯამების დაწერა, რომელშიც მონაცემებიდან ამოღებული თემები იქნება ჩართული. განმეორებითი შეხვედრა მონაწილესთან, შეჯამებისა და თემების გაცნობა - მეორე ინტერვიუს ჩატარება: გადამოწმება იმისა, თუ რამდენად სწორად ჩაწვდა მკვლევარი პირველი ინტერვიუს არსს. თემებისა და შეჯამების მოდიფიცირება: მეორე ინტერვიუს დროს მიღებული ახალი მონაცემების გათვალისწინებით, მკვლევარი მთლიანობაში უყურებს მონაცემებს და, საჭიროების შემთხვევაში, ცვლის ან ამატებს თემებს. ყველა ინტერვიუსთვის ზოგადი და უნიკალური თემების იდენტიფიცირება: ახლა მკველვარი ყველა, ან თითქმის ყველა ინტერვიუსთვის საერთო თემებს და ინდივიდუალურ ვარიაციებს ეძებს. ამ პროცესში პირველი ნაბიჯია ყველა, ან თითქმის ყველა ინტერვიუსთვის საერთო თემების გამოვლენა. მეორე ნაბიჯია იმის ნახვა, თუ როდის ხვდება თემები მხოლოდ ერთ ინტერვიუში ან ინტერვიუების უმცირესობაში. თემების კონტექსტუალიზაცია: აქ სასარგებლოა თემების იმ ზოგად კონტექსტში და არეში დაბრუნება, საიდანაც წარმოიქმნა ისინი; ერთიანი შეჯამება: ჰიჩნერი (1985) სასარგებლოდ მიიჩნევს ყველა ინტერვიუს ერთიანი შეჯამების დაწერას, რომელშიც ზედმიწევნით იქნება გადმოცემული საკვლევი ფენომენის არსი. „ასეთი ერთიანი შეჯამება აღწერს ზოგადად „სამყაროს“ ისე, როგორც მას მონაწილეები ხედავენ. ასეთი შეჯამების დასასრულს მკვლევარმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინდივიდუალური განსხვავებების აღნიშვნაც მოისურვოს“ (Hycner 1985). თვისებრივი მონაცემების ანალიზის მეთოდოლოგიური ინსტრუმენტები       თვისებრივი მონაცემების ანალიზის რამდენიმე პროცედურული ინსტრუმენტი არსებობს. ლეკომტი და პრეისლი (1993: 253) ანალიტიკურ ინდუქციას, მუდმივ შედარებას, ტიპოლოგიურ ანალიზსა და დათვლას იმ ღირებულ ტექნიკებად მიიჩნევენ, რომლებიც თვისებრივმა მკვლევარმა მონაცემების ანალიზისა და თეორიის ჩამოყალიბებისათვის შეიძლება გამოიყენოს. ანალიტიკური ინდუქცია       ანალიტიკური ინდუქცია არის ტერმინი და პროცესი, რომელიც ზნანიეცკიმ (Znaniecki 1934) მონაცემების ანალიზის სტატისტიკური მეთოდების საწინაღმდეგოდ შექმნა. ლეკომტისა და პრეისლის (1993: 254) აზრით, ეს პროცესი ზემოთ წარმოდგენილ რამდენიმე ეტაპს წააგავს იმით, რომ მასშიც ხდება ფენომენების კატეგორიების შესაქმნელად მონაცემების ყურადღებით განხილვა, ამ კატეგორიებს შორის მიმართებების ძიება და ტიპოლოგიების შემუშავება. შეჯამება კი შესწავლილი მონაცემების საფუძველზე იწერება. მიღებული შედეგი შემდეგ იხვეწება შემთხვევებისა და ანალიზის დამატებით, მიზანმიმართულად ხდება უარყოფითი და განსხვავებული შემთხვევების მოძიება საწყისი მოსაზრების ან თეორიის შეცვლის, გაფართოების ან შეზღუდვის მიზნით. დენზინი (1970ბ: 192) ტერმინს „ანალიტიკური ინდუქცია“ დაკვირვების ფართო სტრატეგიის აღსაწერად იყენებს, რომელიც შემდეგნაირად წარმოებს: ასახსნელი ფენომენის ზოგადი შტრიხებით განსაზღვრა; ასახსნელი ფენომენის ჰიპოთეტური ახსნა; ჰიპოთეზის ჭრილში შეისწავლება ერთი შემთხვევა, რაც მიზნად ისახავს იმის განსაზღვრას, თუ რამდენად ერგება ჰიპოთეზა ამ შემთხვევაში მოცემულ ფაქტებს; თუ ჰიპოთეზა არ შეესაბამება ფაქტებს, მაშინ ან ჰიპოთეზის ხელახლა ფორმულირება ხდება, ან შესასწავლი ფენომენი ხელახლა განისაზღვრება ისე, რომ მათ შორის შეუსაბამობა გამოირიცხოს; პრაქტიკული დასაბუთება მცირე რაოდენობის შემთხვევების შესწავლითაა შესაძლებელი, თუმცა უარყოფითი შემთხვევების აღმოჩენა უარყოფს ახსნას და ისევ ხელახლა ფორმულირებას მოითხოვს; შემთხვევების შესწავლის, ფენომენის ხელახლა განსაზღვრის და ჰიპოთეზის ხელახლა ჩამოყალიბების ეს პროცესი მანამდე გრძელდება, ვიდრე უნივარსალური ურთიერთმიმართება არ დადგინდება. ასევე, საჭიროა თითოეული ნეგატიური შემთხვევის ხელახალა ფორმულირების ხელახლა განმარტება.       ბოგდანი და ბიკლენი (1992: 72) საწინაღმდეგო, განსხვავებული შემთხვევების უფრო მეტად მიზანმიმართულად ძიებას ემხრობიან და ანალიტიკური ინდუქციის ხუთ ძირითად ელემენტს გამოყოფენ: კვლევის ადრეულ ეტაპებზე კონკრეტული ფენომენის სქემატური განსაზღვრება და ახსნა; ეს განსაზღვრება და ახსნა კვლევის პროცესში მოგროვილი მონაცემების ჭრილშია შესწავლილი; საჭიროების შემთხვევაში, ახალი მონაცემების ფონზე (მაგალითად, თუ მონაცემები არ ერგება ახსნას ან განსაზღვრებას), ფორმულირებული განსაზღვრების და/ან ახსნის ცვლილება; ისეთი შემთხვევების შეგნებულად აღმოჩენა, რომლებიც შეიძლება ახსნას ან განსაზღვრებას არ შეესაბამებოდეს; ხელახალი განსაზღვრებისა და ხელახლა ფორმულირების პროცესის გამეორება, მანადმე, ვიდრე ისეთი ახსნა არ მიიღება, რომელიც ყველა მონაცემს მოიცავს და მანამდე, ვიდრე განზოგადებული ურთიერთიმიმართება არ დადგინდება, რომელიც ნეგატიურ შემთხვევებსაც მოიცავს. მუდმივი შედარება       მუდმივი შედარებისას მკვლევარი ახლად მიღებულ მონაცემებს უკვე არსებულ მონაცემებს და შექმნილ, განვითარებად კატეგორიებსა და თეორიებს ადარებს, რათა ისინი იდეალურად მოარგოს ერთმანეთს. ლოგიკურია, რომ ნეგატიურ შემთხვევებს ან მონაცემებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ არსებულ კატეგორიებსა და თეორიებს, მათი ცვლილება მოჰყვება და ეს მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველა მონაცემს სრულად არ მოიცავენ. ამ ტექნიკაზე უფრო სრულად 23-ე თავში ვისაუბრებთ, ვინაიდან ეს თვისებრივი ანალიზის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს. ტიპოლოგიური ანალიზი       ტიპოლოგიური ანალიზი, თავისი არსით, კლასიფიკაციის პროცესია (LeCompte and Preissle 1993: 257), როდესაც მონაცემები გარკვეული ზუსტი კრიტერიუმის საფუძველზე (მაგალითად, აქტები, ქცევა, მნიშვნელობები, მონაწილეობის ბუნება, ურთიერთობები, გარემოები, აქტივობები) ჯგუფებად, ქვესიმრავლეებად ან კატეგორიებად ერთიანდება. ეს მეორადი კოდირების პროცესია (Miles and Huberman 1984), როდესაც აღწერითი კოდები ქვესიმრავლეებში ერთიანდება. ტიპოლოგიები ფენომენების ერთობლიობაა, რომლებშიც უფრო ზოგადი ერთობლიობის ან კატეგორიის ქვეერთობლიობებია წარმოდგენილი (Lofland 1970). ლაზარფელდისა და ბარტონის (1951) მოსაზრებით, ტიპოლოგიის შექმნა შესაძლებელია ძირითადი განზომილების, ანუ, ძირითადი მახასიათებლის მიხედვით. ლოუფლენდი (1970) თვლის, რომ ტიპოლოგიების შექმნისას მკვლევარმა მიზანმიმართულად უნდა გააერთიანოს ყველა ის მონაცემი, რომელიც მონაწილის მიერ კონკრეტული საკითხის განხილვას ასახავს, ანუ, დააფიქსიროს რა სახის სტრატეგიებს იყენებს; ერთმანეთისგან გამოყოს და გამიჯნოს განსხვავებული სტრატეგიები; მოახდინოს მათი ერთობლიობებად და ქვეერთობლიობებად კლასიფიკაცია და მკითხველს მოწესრიგებული, სახელდებული და გადანომრილი სახით წარუდგინოს. დათვლა       დათვლის პროცესში ხდება კატეგორიებისა და კოდების სიხშირეების, ანალიზის ერთეულების, ტერმინების, სიტყვების ან იდეების დათვლა. ეს სიხშირეების სტატისტიკური ანალიზის საშუალებას იძლევა (მაგალითად, Monge and Contractor 2003). ამ მეთოდს ტრადიციულ კონტენტ ანალიზში იყენებენ და მას 23-ე თავში განვიხილავთ.       წინამდებარე თავში თვისებრივი მონაცემების ანალიზისა და გაფორმების რამდენიმე მიდგომა შემოგთავაზეთ. ეს თემები 23-ე თავში მოცემულ მასალასთან ერთად უნდა წაიკითხოთ, რადგან ეს ორი თავი ავსებს ერთმანეთს. ◄ წინა თავი მომდევნო თავი ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 3:41pm on ნოემბერი 22, 2017
თემა: სოლომონიანი
აღმოსავლეთით შემოდგომის გრილი მზე ამოდიოდა. სოლომონს არც ცუდი სიზმარი უნახავს და არც ავი წინათგრძნობა გასჩენია. და თუ დღეები თავიანთ იდუმალ განზრახვას მართლა ამჟღავნებენ რაიმე ნიშნის მიხედვით, ამ ნიშნების ამოცნობას ალბათ უფრო ნატიფი და მგრძნობიარე სული სჭირდება. ადგა, ხელ-პირი დაიბანა, ჩაი აიდუღა, ისაუზმა და, შინიდან რომ გავიდა, კარი ფრთხილად გაიხურა, რათა ოჯახის დანარჩენი წევრები, რომელთაც ჯერ ისევ ეძინათ, არ გაეღვიძებინა.    სოლომონი, რომელიც იმ წელიწადს სამოცდასამისა გახდა და სამოცდამეოთხეში გადადგა, კარგა მაღალი კაცი იყო, ძვალმსხვილი და ფერხორციანი. თავის დროზე ალბათ წარმოსადეგიც ეთქმოდა, მაგრამ, რაც ასაკში შევიდა, თანდათან ქონი მოიკიდა. იმგვარი ღიპი, ღვინის მსმელ ხალხს რომ ედება ხოლმე, არ დასდებია. უბრალოდ, წელის არეში გასქელდა, თანაბრად და ყოველ მხარეს, ხოლო რაკი მხრები იმთავითვე ცოტა ვიწრო და დამრეცი ჰქონდა, საბოლოოდ ისეთი ფორმის ტანი გაუხდა, რომელიც განსაკუთრებით გეცემათ თვალში, როდესაც კაცს მჭიდროდ შემოტმასნილი და ყველა ღილზე შეკრული ლაბადა აცვია. სოლომონს კი ადრე შემოდგომიდან გვიან გაზაფხულამდე სწორედ ასეთი ლაბადა ეცვა - მჭიდროდ შემოტმასნილი, ყველა ღილზე შეკრული, კრემისფერი, გაუგებარი სიგრძის ლაბადა, რომელიც ხან ზომაზე გრძელი გეჩვენებოდათ, ხან ზომაზე მოკლე, იმისდა მიხედვით, თუ რას მოითხოვდა მოდა, ხოლო თავად მოდას არასოდეს თანხვდებოდა. თავზე (უკან გადავარცხნილი, ჭაღარაშერთული თმა ჰქონდა) მუდამ რუხი ფერის შლაპა ეხურა. როდესაც ჩვენში შლაპა შემოვიდა, ეჭვი არაა, სათქმელიც შემოიტანა რაღაც, მაგრამ ეს სათქმელი ძალიან მალე ამოწურა და დეგრადაციის გზას დაადგა: ჯერ მოძველდა, მერე მოდიდან გამოვიდა, ერთი ხანობა ახირებად იქცა, მერე ანაქრონიზმად, საბოლოოდ კი პროვინციალობის მანიშნებელ მყარ სიმბოლოთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მთელი ეს რთული გზა შლაპამ სოლომონის თავზე გაიარა. თუმცა, უნდა ითქვას, სოლომონი ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. მოდა მისთვის უცხო რამ მეცნიერება იყო, როგორც ჩინური გრამატიკა ან ველის ზოგადი თეორია, რომელიც არსებობით არსებობდა, მაგრამ მასთან არაფერი ესაქმებოდა. ქორწილის დღესაც კი, როდესაც კაცი ცდილობ, ამქვეყნად ყველაზე ლამაზი იყო, რაც ხელთ მოხვდა, ის ჩაიცვა, ისე რომ არც იცოდა, კარგად ეცვა თუ ცუდად. თუ ყოველივე იმას, რაც უკვე ითქვა, დავუმატებთ წითურ, ხორცსავსე სახეს, ჭროღა თვალების უმისამართოდ გულკეთილ მზერას და ხშირ, გრძელბეწვიან, ქერა წარბებს, მივიღებთ ისეთ ტიპიურ გარეგნობას, რომელშიც ხშირად ზედმეტი სიცხადით ირეკლება წუთისოფლის წარმავლობა და ადამიანის გონებრივი ზღვარდადებულობა და ამის გამო, ადვილი შესაძლებელია, ავტობუსში ახალგაზრდა და მჭლე, მაგრამ თავდაჯერებულსა და აზროვნების ურთულეს ლაბირინთებში ოპტიმისტურად ჩაძირულ ინტელექტუალს მის დანახვაზე თვალი გაუშტერდეს, გულზე კოსმიური მელანქოლია შემოაწვეს და ანალიზის ძაფი გაუწყდეს. თუმცა პირადად სოლომონი ამგვარ ხიფათს იშვიათად ქმნიდა, რადგან ფეხით სიარული უყვარდა და ავტობუსში, როგორც წესი, არ ჯდებოდა. მით უმეტეს, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი აწყობილი და წინასწარ დაგეგმილი ჰქონდა და ამიტომ თითქმის არასოდეს ეჩქარებოდა. ხელებს, ჩვეულებისამებრ, ზურგსუკან დაიწყობდა, ტანსაც ოდნავ უკან გადაზნექდა, დადიოდა დინჯად, აუჩქარებლად, მძიმე-მძიმედ და, რაკი გარემოსთან შეგუების უნარი კარგად ჰქონდა განვითარებული და ისეთი ჯიშის ხალხს ეკუთვნოდა, რომლებიც ტყვიების ზუზუნს ყურადღებას არ აქცევენ და სანამ თვითონ არ მოხვდებათ, არც სჯერათ, რომ სროლას შეიძლება მსხვერპლი მოჰყვეს, ცხოვრება იმაზე უკეთესი ეგონა, ვიდრე სინამდვილეშია.    სწორედ ამ მძიმე-მძიმე სიარულის გამო შეარქვეს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში სოლომონ ბრძენი და, თუმცა სოლომონმა მშვენივრად იცოდა, რომ ეს სიტყვა სულაც არ ნიშნავდა ამ სიტყვას, ადამიანური სისუსტის წყალობით და ისეთი არაპირდაპირი, ბუნდოვანი მიზეზების გამო, როგორიცაა უეცარი გამოდარება, გემრიელი სადილი, მოულოდნელი განმარტოება, საკუთარი კეთილშობილური საქციელი და სხვა, ზოგჯერ ისე ჩაიხლართებოდა ყოველივე, ისე აირეოდა და აიჭრებოდა, წამით მოეჩვენებოდა, თითქოს ამ მეტსახელში ღრმად ჩამარხული, სხვათათვის უხილავი და თავად მეტსახელის შემრქმევთა მიერ გაუცნობიერებლად გამჟღავნებული სიმართლე იყო. საბედნიეროდ, ეს წამიერი სისუსტე, რომლისგანაც დაზღვეული არავინა ვართ და ამიტომ ღმერთიც იოლად გვპატიობს ხოლმე, მალევე ქრებოდა და მის ადგილს მყარი რეალობის ყოველდღიური და ნაცნობი გრძნობა იკავებდა. იმ დროს, როდესაც სოლომონს სოლომონ ბრძენი შეარქვეს, მის მძიმე, აუჩქარებელ სიარულს (და მძიმე, აუჩქარებელ ლაპარაკს) შესაძლებელია, ხელოვნურობის იერი დაჰკრავდა და ისეთი რამის ჩვენებას ლამობდა, რაც არ არსებობდა, მაგრამ მერე და მერე იგი ბუნებამ შეისისხლხორცა, საკუთარ ჩვევად აქცია და ისეთი ადგილი მიუჩინა თვისებათა ჭრელ ხალიჩაზე, ხელოვნური ახლა ის მოგეჩვენებოდათ, სოლომონი რომ უცებ აჩქარებული და ამჩატებული გენახათ. გარეგნულად ასაკი არ ემჩნეოდა. არა თავშენახულობის გამო, არამედ იმის გამო, რომ იმგვარ ფიზიკურ ტიპს ეკუთვნოდა, ვისშიაც დაბერების პროცესი ფარულად მიედინება და ზედაპირზე გვიან გამოვა ხოლმე, გვიან და ერთბაშად, როგორც მოულოდნელი დასკვნა. თუმცა, ვინც ფიზიკურ ტიპებში კარგად ერკვევა, ზოგიერთი არაპირდაპირი ნიშნის მიხედვით სოლომონის ასაკს მაინც იოლად გამოიცნობდა. პროფესიის გამოცნობა უფრო ძნელი იყო, რადგან ამგვარ გარეგნულ კონსტრუქციას ფართო დიაპაზონი აქვს და მრავალ განსხვავებულ ხასიათს, მრავალ ტიპოლოგიურ განშტოებასა და მრავალ პროფესიას ითავსებს. მაგალითად, ასეთი ბრგე, ფერხორციანი, ასაკის სიმსუქნეშეპარული, კრემისფერ ლაბადაში მჭიდროდ გამოკვართული, რუხშლაპიანი კაცი თავისუფლად შეიძლება იყოს ანტიკური ფილოლოგიის პროფესორიც, ვეტექიმიც, ხელმოცარული მუსიკოსიც, საფინანსო განყოფილების რევიზორ-ბუღალტერიც, ვეტერანი ფეხბურთელიც (უფრო ცენტრალური მცველი) და სხვა. სოლომონი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. ასე იყო ოფიციალურად და ასე იყო ფაქტიურად. სულიერი მიდრეკილებითა და ემოციური დამოკიდებულებით, შესაძლებელია, მხოლოდ ლიტერატურის მასწავლებელი იყო, ვინაიდან გრამატიკა მაინცდამაინც არ უყვარდა. თუმცა ეს სუბიექტური მიდრეკილება ხელს არ უშლიდა, რომ გრამატიკასაც ისეთივე პროფესიული კეთილსინდისიერებით მოჰკიდებოდა, როგორც ლიტერატურას ეკიდებოდა. სოლომონი ზურგზე ხელებდაწყობილი და ოდნავ უკან გადაზნექილი გამოვიდა შინიდან, გასცდა მაღალი სახლების ალყაში მოქცეულ ვიწრო ქუჩას, გადაჭრა მომცრო მრგვალი მოედანი, რომელიც დილის მზეს ისე თანაბრად ირეკლავდა, უძრავ ჰაერში გარინდებული კამკამა ტბა გეგონებოდათ, კიდევ ერთი, შედარებით ფართო ქუჩა გაიარა და პატარა ბაღს მიადგა. აქ გზიდან გადაუხვია და ბაღში შევიდა. არა იმიტომ, რომ გზა შეემოკლებინა, არამედ იმიტომ, რომ ეს ბაღი უყვარდა. იქნებ ბაღი კი არა, თავისი ჩვევა უყვარდა, არავინ იცის. ჩვენ ხომ საკუთარ გრძნობებში ცუდად ვერკვევით და ის, რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისათვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ და ამით იოლად ვიტყუებთ თავს, რადგან იგივე სიზარმაცე საშუალებას გვაძლევს ტვინი არ ვიჭყლიტოთ და სიმართლე არ ვეძიოთ. ასე იყო თუ ისე, სკოლაში რომ მიდიოდა და სკოლიდან რომ ბრუნდებოდა, სოლომონი ამ ბაღს თავისი დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით ყოველთვის თავით ბოლომდე გადაკვეთდა ხოლმე.    ბაღი ძალიან ძველი იყო (რაზედაც მეტყველებდა უზარმაზარი, საუკუნეს მიტანებული ხეები), მაგრამ სრულიად გაპარტახებული და ბედის ანაბარა მიტოვებული, ეტყობოდა, პატრონი არ ჰყავდა, ან თუ ჰყავდა, თავის მოვალეობას ცუდად ასრულებდა. თუმცაღა ბებერ ხეებს ალბათ არ სწყინდათ, პირიქით, უხაროდათ კიდეც, რომ ბაღს არავინ უვლიდა. მცენარეს ხომ, ისევე როგორც ცხოველს, ზრუნვა და დამცველი ზღუდე არც რგებს და არც სიამოვნებს, მას თავისუფლება უყვარს და ის ურჩევნია, თავისი წილი ჰაერი და საზრდო თვითონვე მოიპოვოს. ამიტომ დიდრონი ხეები მიტოვებულ ბაღში ლაღად იდგნენ, განიერი ტოტები ამაყად გადაეშალათ და, მიწიდან ამოზრდილები, ცისკენ მიისწრაფოდნენ. სამაგიეროდ, რასაც ადამიანის ხელი სჭირდებოდა, ყველაფერი სავალალო მდგომარეობაში იყო. უკვე უხსოვარი დროიდან აქაურობას არავინ გვიდა, რის გამოც ყველაფერი - დამპალი ნეშო, კონსერვის ცარიელი ქილები, დაჭმუჭნილი გაზეთები, სიგარეტის კოლოფები, სიგარეტის ნამწვი და სხვა - ერთმანეთში იყო არეული და მთელ ბაღში მიმოფანტული. ზოგიერთი ხის ძირას ჯერ კიდევ იდგა მორყეული, ნახევრად დამპალი მერხები, რომლებზედაც, თუ წინასწარ სიმაგრეს არ შეუმოწმებდით, დაჯდომა საშიში იყო და რომლებსაც, როგორც გაფცქვნილ თევზს ქერცლი, აქა-იქ შერჩენოდა საღებავის ნაშთი იმის ნიშნად, რომ ისინი ერთ დროს მწვანეები და, შესაძლოა, ლამაზებიც იყვნენ. შუაგულ ბაღში ერთი გაუქმებული აუზი იყო. ახლა ამ აუზის არსებობას მოწმობდა მხოლოდ ჩამოქცეული კედლები და ამ ჩამოქცეული კედლებიდან ამოშვერილი, ჟანგისაგან შეჭმული რკინის მილები, საიდანაც, ეჭვი არაა, ერთ დროს წყალი ამოჩქეფდა, თუმცა ახლა ალბათ ქალაქში ცოტაღა მოიძებნებოდა ისეთი კაცი, ეს რომ ხსომებოდა. აუზი ნაგვით იყო სავსე. აუზიდან ცოტა მოშორებით თაბაშირის ქანდაკება იდგა, რომელიც მოქანდაკეს ვიღაცის უკვდავსაყოფად აღემართა, რათა ამით საკუთარი უკვდავება უზრუნველეყო, მაგრამ ორივე მიზანი მიუღწეველი დარჩენოდა, რადგან დღეს აღარც იმის სახელი იყო ცნობილი, ვინც აღმართეს, და აღარც იმისი, ვინც აღმართა. ქანდაკება ერთ დროს თეთრი იყო, ახლა კი ისე გაეყვითლებინა ნესტში ღრმად ჩამკვდარ ჭუჭყს, რომ სიყვითლისა და ჭუჭყის გარდა სხვა შთაბეჭდილებას უკვე აღარ ტოვებდა. რომელიმე სუფთა და მოვლილი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად თანაბრად გაკრეჭილი სკვერი ასეთ ქანდაკებას იქნებ დაემახინჯებინა კიდეც, მაგრამ აქაურობას ვეღარაფერს აკლებდა, რადგან ბაღს იგი თავისი გაველურებული ბუნების ნაწილად ექცია და ჩიტებიც კი უკვე ისე ეპყრობოდნენ, როგორც დანარჩენ ხეებს. ბაღის სიღრმეში, სადაც ერთ დროს ღია ესტრადა იყო, ახლა მის მოსაგონებლად იდგა ქვის დაბალი სვეტები (რომლებსაც ცემენტი შემოცლოდა და ამიტომ თავიანთ საიდუმლოს, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ ისინი ერთიანი სვეტები კი არ იყვნენ, არამედ ერთიმეორეზე დაწყობილი ბრტყელი და უთანაბრო ქვები, დაუფარავად ამჟღავნებდნენ), რკინის ჩონჩხი (რომელსაც ადრე იატაკი ეყრდნობოდა და რომელიც ახლაც პატიოსნად შეასრულებდა თავის მოვალეობას, იატაკი რომ არ დამპალიყო და ნაწილ-ნაწილ არ ჩაშლილიყო) და ესტრადაზე ამავალი ოთხსაფეხურიანი კიბე (რომელიც რაღაც მანქანებით ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ მის დგომაში უკვე უაზრობის კომიზმი იყო, რადგან, რაკი ფიცარნაგი აღარ არსებობდა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს იგი ახლა არარაობაში მიდიოდა). აუზი, ქანდაკება და ესტრადა ისე იყვნენ განლაგებული, რომ ტოლგვერდა სამკუთხედს ქმნიდნენ.    სოლომონს რაღაც ძალა ეწეოდა ამ ბაღისაკენ. ზოგჯერ სახლიდან განაგებ ადრე წამოვიდოდა, აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შორის, დიდი ცაცხვის ძირას, ერთი, შედარებით მყარი მერხი ჰქონდა ამოჩემებული, ჩამოჯდებოდა ამ მერხზე და ფიქრებში ჩაიძირებოდა. ამ ხეებს რომ შესცქეროდა, რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ იდგნენ აქ, როცა ქალაქის დღევანდელ მცხოვრებთაგან დაბადებულიც კი არავინ იყო, ეჩვენებოდა, თითქოს ძველსა და შორეულ, სევდიან სურნელს გრძნობდა, ისეთ სურნელს, როგორსაც, მთელი ქვეყანა რომ შემოგევლოთ, ვეღარსად წააწყდებოდით. რაც შეეხება მერხებს, მათი ახალგაზრდობა და სიმწვანე კარგად ახსოვდა და ახლა, მათს გაქუცულსა და წასაქცევად გამზადებულ სიბერეს რომ უყურებდა, ზოგჯერ თავისი სიყმაწვილე აგონდებოდა, კერძოდ (ამის მიზეზს ვერ მიაკვლია, თუმცა რამდენჯერმე საგანგებოდ ჩაუღრმავდა), ის ხანა, მეზობლის გოგოებმა რომ პირველი კვირტები გამოიტანეს და ამის დანახვაზე ბიჭებს თავზე წინდაჩამოცმულებს ეძინათ, რათა ურჩი თმა მოერჯულებინათ და ისეთი მიმართულება მიეცათ, რომელიც, მათი აზრით, უფრო სოლიდურ შესახედაობას მიანიჭებდათ, ხოლო დილდილაობით, გაღვიძებისთანავე, კედელთან დგებოდნენ, სადაც მათი გუშინდელი სიმაღლის აღმნიშვნელი ხაზი იყო გავლებული, და გულის ფანცქალით ეზომებოდნენ იმ იმედით, რომ წუხელ ერთი-ორ სანტიმეტრს კიდევ მოიმატებდნენ. ხანდახან სოლომონს სულ სხვა პრობლემები გაიტაცებდა, უფრო ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, და თავის დანიშნულებაზე დაიწყებდა ფიქრს, არა თავის, როგორც სოლომონის, დანიშნულებაზე, არამედ სოლომონის, როგორც მთლიანი, განუყოფელი ადამიანის შემადგენელი ნაწილის დანიშნულებაზე. ასეთ დროს გაუვალ ლაბირინთებში იხლართებოდა, ძაფი უწყდებოდა, გზა ებნეოდა და გულში არარაობისა და მკვდარი სიცარიელის ტკივილი უჩნდებოდა, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ ქრებოდა, რაც, სკოლაში მისული, ყოველდღიურსა და გადაუდებელ საქმეებში ჩაეფლობოდა. ზოგჯერ ისე იჯდა ხოლმე, ტყუილად, და არაფერზე არ ფიქრობდა. უფრო სწორად, ალბათ ფიქრობდა, მაგრამ მერხიდან რომ წამოდგებოდა, უკვე აღარაფერი ახსოვდა, თითქოს ამ ხნის მანძილზე მის მაგივრად მერხზე სხვა ვიღაც იჯდა და სხვა ვიღაც ფიქრობდა. სკოლაში ყოველთვის მიუხაროდა. როდესაც ადამიანის მიდრეკილება და საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა, იტყვიან ხოლმე, სამსახური მისთვის მეორე ოჯახიაო. ასეთი კაცისაგან განსხვავებით, სკოლა სოლომონისათვის პირველი და, გარკვეული აზრით, ერთადერთი ოჯახი იყო. ამგვარმა განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლაში გულითადი მეგობრები ჰყავდა, რომელთა წრეში ტრიალი სულიერად ამდიდრებდა, მაგრამ ეს შთაბეჭდილება მცდარი იქნება. მასწავლებლების ურთიერთდამოკიდებულება, იშვიათი და დროებითი გამონაკლისების გარდა, საკმაოდ გულგრილი იყო და ფორმალური თავაზიანობის ზღვარს არ სცილდებოდა. და თუ სოლომონს მაინც მათთან ყოფნა ერჩივნა და კვირა დღე ჭირივით ეჯავრებოდა, ეს იმიტომ, რომ სამსახურსა და ოჯახს, ჩვეულებრივ, სხვადასხვაგვარ მოთხოვნებს ვუყენებთ და ზოგი წვრილმანი უსიამოვნება, რაზედაც სამსახურში იოლად ვხუჭავთ თვალს, ოჯახში გულსა გვტკენს და გუნებას გვიმღვრევს, თორემ, შინ რომ ჩხუბი და აყალ-მაყალი ჰქონოდა და მუდმივ დაძაბულობაში ეცხოვრა, როგორც არა ერთი და ორი ცხოვრობს, სოლომონს ეყოფოდა გამბედაობა (ყოველ შემთხვევაში, საიმისოდ მაინც ჰყოფნიდა, რომ ასე ეფიქრა) სულ მიეტოვებინა ოჯახი და სადმე გადახვეწილიყო. საბედნიეროდ, ასე არ ყოფილა საქმე. ეგ არის მხოლოდ, რომ შინ აღარაფერს ეკითხებოდნენ და ამის გამო თავს, ცოტა არ იყოს, ზედმეტ ბარგად გრძნობდა. შესაძლოა, აზვიადებდა კიდეც. მაგალითად, ხმამაღლა რომ ეთქვა, არაფრად მაგდებთო, იოლად დაუმტკიცებდნენ, რომ ცდებოდა. ზოგჯერ თვითონაც ეჩვენებოდა, რომ აზვიადებდა. უფრო მეტად მაშინ, როცა რაიმე საქმის გამო ქალაქიდან მოუხდებოდა გამგზავრება. საკმარისი იყო ორი დღით მოშორებოდა სახლს, გულზე მძიმე სევდა შემოაწვებოდა, თვალზე ლამის ცრემლი მორეოდა და ერთბაშად იგრძნობდა, თუ რა მწარედ ცდებოდა, როცა თავი ოჯახიდან გარიყული ეგონა. სახლ-კარს მოშორებული და მართლა მარტო დარჩენილი, შორიდან ნათლად ხედავდა, რომ იმ მოჩვენებითი მარტოობის უკან იდგა მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი, რომელიც თავგანწირულად იზიდავდა და სევდიანი, ცრემლმორევამდე სევდიანი ნატვრით უხმობდა, და მხოლოდ მაშინ, უკან რომ მობრუნდებოდა, შინ შევიდოდა, კედლებს შეხედავდა, ავეჯს შეხედავდა, ცოლ-შვილს შეხედავდა, ხვდებოდა, რომ თურმე ის „მყარი, მკვიდრი, მძლავრი ანდამატი“ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილა, ილუზია, მირაჟი, რომელიც გიზიდავს, მაგრამ არ არსებობს, და კვლავ გარიყულობის ნაცნობი გრძნობა ეუფლებოდა. ეს გაორებული დამოკიდებულება, თუმცა კი ხშირად გულზე უამურად უფხაჭუნებდა, ცხოვრების მთავარ კალაპოტს ვერ ამღვრევდა და ვერ აღელვებდა, გარიყულობისა და ზედმეტობის გრძნობაც ზედაპირზე დაცურავდა, გარედან, მხოლოდ კანზე ეხებოდა და, მართალია, ზოგჯერ მწვავე აფეთქებას იწვევდა, მაგრამ სულის ღრმა ფენებს, სადაც ჩვენი არსებობის ძირითადი ბირთვია მოთავსებული, ვერ წვდებოდა და ვერ აზიანებდა. ამის ერთი მიზეზი ის იყო, რომ სოლომონს მშვიდი ცხოვრება უყვარდა (ხოლო, ვისაც მშვიდი ცხოვრება უყვარს, ის ახერხებს კიდეც მშვიდად იცხოვროს), მეორე ის, რომ ოჯახის სადავეები ერთბაშად კი არ გამოსცლია ხელიდან, ნელ-ნელა დაკარგა, თანდათან, შეუმჩნევლად, ამიტომ ოპტიმიზმი არ დაუკარგავს. მეხის გავარდნა ხომ თავისი მოულოდნელობით გვაკრთობს, თორემ, ნელ-ნელა რომ მოდიოდეს და შეუმჩნევლად უმატებდეს ხმას, ისე გავარდებოდა, ვერც გავიგებდით, ან გავიგებდით, მაგრამ უკვე შეჩვეული ვიქნებოდით და ყურადღებას არ მივაქცევდით. და თუ სოლომონი თავის ცხოვრებას ბედნიერებას ვერ დაარქმევდა, ვერც უბედურებას დაარქმევდა, ეს კი რეალისტი კაცისთვის, ვისაც პატივმოყვარეობა არ ახრჩობს, სავსებით საკმარისია.    ცოლი ოცდახუთი წლისამ შეირთო. ნათესავებმა შეურჩიეს ქალი და ერთხელ, წვეულებაზე, შეახვედრეს. ქალი შესახედავად დიდი ვერაფერი შვილი იყო. სამაგიეროდ სოლომონს ძალიან მოეწონა ის, რომ ერთთავად მორცხვად თავდახრილი იჯდა და თვალებში შემოხედვას ვერ უბედავდა. გარდა ამისა, მოეწონა სახელი - ასმათი, რომელიც სიყრმიდანვე, როდესაც პირველად წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“, რჩეულ სახელთა ნუსხის თავში მოექცა. იმ დროს სოლომონი ახალბედა მასწავლებელი იყო, ხოლო ასმათი ქიმწმენდაში მუშაობდა ტექნოლოგად. რაც შემდეგ მოხდა, იმის გამო სოლომონს არც ერთი საყვედურის სიტყვა არ დასცდენია თავის შუამავალ ნათესავებთან, რადგან იმ ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, რომელთა მოწმეც მოგვიანებით შეიქნა და რომლებიც იქნებ იმთავითვე ეწერა შუბლზე ასმათს, სოლომონის უბირი ნათესავები, ცხადია, წინასწარ ვერ განჭვრეტდნენ. თავიდან ყველაფერი წესსა და რიგზე მიდიოდა. ასმათი მეოჯახე, მოსიყვარულე, ალერსიანი და ერთგული ქალი იყო და ცოლის ყველა მოვალეობას კარგად და გულმოდგინედ ასრულებდა. როდესაც საღამოობით სოლომონი თავის სასკოლო სიხარულსა და გულისტკივილს უზიარებდა ხოლმე, ასმათი ყურადღებით უსმენდა. მართალია, საკუთარ მოსაზრებებს იშვიათად გამოთქვამდა, მაგრამ ამაში ცუდი არაფერი იყო. კაცს მსმენელი გჭირდება და არა მოსაზრებები. განსაკუთრებით ტკბილად აგონდებოდა სოლომონს ღამეული საუბრები, რომლებიც ხმადაბლა, ნახევრად ჩურჩულით მიმდინარეობდა ლოგინში, ძილის წინ, როდესაც საერთო სარეცელი მთელი ცხოვრების მყარ, მტკიცე, უღალატო კალაპოტად იქცეოდა, რომელშიაც ცოლ-ქმრის სული და ხორცი ამ სარეცელივით ერთი და განუყოფელი იყო და რომელშიაც ცოტა ჭარბი გულახდილობა, ცოტა ჭარბი სიმხურვალე, ცოტა ჭარბი რომანტიზმი და ცოტა ჭარბი იდეალიზმი ისე უბრალოდ, ისე ბუნებრივად, ისე კარგად ისხდნენ თავთავიანთ ადგილას, თითქოს ცხოვრება სწორედ ასეთი ყოფილიყოს, ხოლო ის, რაც დღისით ეგონა ცხოვრება, ახლა მის მრუდე ანარეკლად ეჩვენებოდა.    ორი წლის შემდეგ ასმათი გაერთიანება „ოქროს საწმისში“ გადავიდა სამუშაოდ და მალე ცეცხლთან თამაში დაიწყო. „ოქროს საწმისი“ ჩვენი პატარა ქალაქის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო დაწესებულება იყო, რომელიც მოსახლეობას ამარაგებდა საკუთარ საამქროებში დამზადებული (მაგრამ უვარგისი) და გარედან შემოტანილი (მაგრამ ძნელად ხელმისაწვდომი) ისეთი აუცილებელი საქონლით, როგორიცაა კაფელის ფილები, აბაზანები, უნიტაზები, ონკანები, ნიჟარები და სხვა. ასმათი ძველ სამსახურშიც გამოირჩეოდა სიყოჩაღითა და ენერგიით, მაგრამ „ოქროს საწმისში“ ისეთი ფხა გამოიჩინა, არა მარტო ბრწყინვალე კარიერა გაიკეთა, არამედ გზადაგზა კიდევ ერთხელ, საკუთარ მაგალითზე, დაამტკიცა, თუ რაოდენ რთული მოვლენაა ადამიანი და რა სახიფათოა მისი დღევანდელი დღის მიხედვით მის ხვალინდელ დღეზე მსჯელობა. ჯერ წუნმდებელი იყო, მერე ეკონომისტი, მერე უფროსი ეკონომისტი, მერე განყოფილების გამგე, ბოლოს კი დირექტორის მოადგილე გახდა. სულ რამდენიმე წელი დასჭირდა იმისათვის, რომ მორცხვი, უთქმელი, უპრეტენზიო ქალი პატივსაცემ, საქმიან, მკაცრ დირექტორის მოადგილედ ქცეულიყო, რომელსაც მანქანაც კი ემსახურებოდა. მართალია, ეს იყო იმ ტიპის „მოსკვიჩი“, უკან რომ ოთხკუთხა, დახურული, კიდობნის მაგვარი ძარა ადგას, მაგრამ მაინც მანქანა იყო, მძღოლი ჰყავდა, ბორბლები ჰქონდა და, რაც მანქანას მოეთხოვება, ყველაფერს მშვენივრად აკეთებდა. და თუ შესახედაობას მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ მიაქცევდით, იმ სპეციფიკური დანიშნულებისათვის, რომელზედაც ქვემოთ გვექნება ლაპარაკი, შუშებით შემოღობილ, ღია, ყველა ცნობისმოყვარე თვალისთვის სააშკარაოზე მყოფ მანქანას ასეთი გაუმჭვირვალე კიდობანი სჯობდა.    ასმათი ჯერ მხოლოდ უფროსი ეკონომისტი იყო და თავისი კარიერის ბოლო პუნქტამდე კიდევ დიდი გზა ედო, როცა პირველად მოიტანა შინ რამდენიმე შეკვრა უცხოური კაფელი და ერთი უცხოური უნიტაზი. სოლომონს გაუკვირდა. საქმე ისაა, რომ არც კაფელი ჰქონდათ გამოსაცვლელი და არც უნიტაზი, ხოლო, რაკი მთელი მისი არსება მშობლიური ლიტერატურის სიყვარულში იყო გახსნილი და ამის გამო პრაქტიკული აზროვნება ცოტა მოჩლუნგებული ჰქონდა, ერთბაშად ვერ მიხვდა, რისთვის დასჭირდა ცოლს ამ ნივთების მოზიდვა. როცა გაიგო, გასაყიდად მოეტანა, აღელდა. ოღონდ აქ ისიც უნდა ითქვას, რასაც შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს: სოლომონმა ყრუ ტკივილით იგრძნო, რომ მის არსებაში ღელავდა არა მარტო ზნეობრივი აღშფოთება, არამედ (იქნებ უფრო დიდი დოზითაც) შიში, შიში იმისა, რომ ვიღაც პასუხს მოსთხოვდა. თუმცა, როცა თავის აღელვებას გზა მისცა და სიტყვებად ჩამოყალიბებას შეუდგა, აქცენტი, რაღა თქმა უნდა, აღშფოთებაზე გადაიტანა, შიში კი მხოლოდ გაკვრით ახსენა (რაზედაც ასმათმა დამცინავად გაიღიმა). საერთოდ, სოლომონი ისე ვერ ღელავდა და ისე ვერ შფოთავდა, როგორც საჭირო იყო და როგორც აღელდებოდა და აღშფოთდებოდა, კაფელი და უნიტაზი რომ ცხვირწინ არ ჰქონოდა და საკითხი მხოლოდ თეორიულ პლანში ყოფილიყო გადასაწყვეტი. ალბათ ამანაც იმოქმედა, რომ ცოლ-ქმრის შეხლა-შემოხლა დიდხანს არ გაგრძელებულა, მას შემდეგ, რაც ერთმანეთს რამდენიმე მოკლე ფრაზა სტყორცნეს, რომლებშიაც ემოცია მეტი იყო, ვიდრე აზრი, და რომლებიც უმთავრესად ერთიმეორის სუბიექტურ დახასიათებას წარმოადგენდა, ასმათმა დოინჯი მრისხანედ შემოიყარა და ამ მრისხანებასთან შეუთანხმებელი, წყნარი, ჩუმი, ლამის საწყალობელი ხმით თქვა: - ბატონი ბრძანდები. შენა ხარ ოჯახის უფროსი და, როგორც მეტ-ყვი, ისე ვიზამ. ახლა რაღა ეშველება, ამ ერთ ღამეს გაუძელი და ხვალ მოვკიდებ ხელს და, საიდანაც მოვიტანე, ისევ იქ წავიღებ. - დოინჯიც რომ არა, ასეთი დასკვნა ისედაც არ გამომდინარეობდა წინამავალი საუბრიდან, ამიტომ სოლომონი ცდუნებას არ აჰყოლია და თავისი გამარჯვება არ დაუჯერებია, მით უმეტეს, რომ გულის შორეულ სიღრმეში გრძნობდა, რომ გამარჯვების შანსი თითქმის არ ჰქონდა (რადგან კიდევ უფრო შორეულ სიღრმეში, ვინ იცის, ეგებ არც უნდოდა ჰქონოდა). მართლაც ასმათმა თავისი სიტყვი ასე დაასრულა, - სულ მივატოვებ ამ ოხერ სამსახურს, ბავშვებს მაინც მივხედავ (ამ დროს უკვე სამი შვილი ჰყავდათ). ქალი სახლში უნდა იჯდეს და შვილებს ზრდიდეს. ოჯახს კაცი უნდა არჩენდეს, - აქ წამით შეყოვნდა, თითქოს ვითარება აწონ-დაწონაო, მერე დაუმატა, - მე შენ გეტყვი, ვერ გვაცხოვრებ შენი ხელფასით! სოლომონს ეს სიტყვები ემწარა, მაგრამ არც ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, რადგან ახლა იმასაც მიხვდა, რომ შვიდი წლის მანძილზე, რაც ერთად ცხოვრობდნენ, ამ სიტყვებს წინ უამრავი სხვა სიტყვა უძღოდა, რომლებისთვისაც აქამდე ყურადღება არ მიუქცევია და რომლებიც, ამ უყურადღებობის წყალობით, კიდევ უფრო მუყაითად მუშაობდნენ და კიდევ უფრო ბეჯითად ამზადებდნენ საბოლოო სათქმელს. ამიტომ აღარც იმის განცდა გამოდგა ახლა ძალიან მწვავე, რომ სოლომონს თურმე რა ხანია უკვე ოჯახის უფროსობა ჩამორთმეული ჰქონდა, ეკონომიკის სადავეები ასმათს ეპყრა ხელთ და ახლა მხოლოდ იმაზეღა იყო ლაპარაკი, რომ იდეოლოგიური სადავეებიც აეღო, რაც ეკონომიურ ბატონობას ადრე თუ გვიან უეჭველად უნდა მოჰყოლოდა.    და სოლომონი გაჩუმდა. ხოლო, რაკი სოლომონი გაჩუმდა, მშვიდობიანობაც ჩამოვარდა და ცოტა ხნის შემდეგ ასმათმა უკვე ტკბილად, დაყვავებით და დამაჯერებლად აუხსნა ქმარს, რომ მის საქციელში საძრახისი არაფერი იყო: როგორც ცნობილია, ადგილობრივი პროდუქცია ძნელად საღდება. ეს ამბავი, რაღა თქმა უნდა, ზემოთაც კარგად იციან. ამიტომ გეგმის შესასრულებლად გაერთიანებას დროდადრო უცხოურ საქონელს აწვდიან. ამ საქონელს, რომლის ეგრეთწოდებული „თავისი ფასი“, დავუშვათ, ასი მანეთია (რეალური ფასები სოლომონის თავში მალე აირ-დაირია, ამიტომ მხოლოდ შეფარდებები დაიხსომა), რაღაც მანქანებით ხელთ იგდებს გადამყიდველი და ყიდის სამას მანეთად. საქონელზე მოთხოვნილება დიდია და მუშტარი, ოღონდაც იშოვოს და, სიამოვნებით იხდის ამ თანხას. ასეთ ვითარებაში ასმათი სრულიად კანონიერად და ოფიციალურად ყიდულობს ამ საქონელს თავისი გაერთიანების მაღაზიაში, იხდის ას მანეთს, მოაქვს შინ და რომელიმე თავის ახლობელს აძლევს ორას მანეთად. ამ უმტკივნეულო კომბინაციით არა მარტო ასმათი იგებს ას მანეთს, არამედ მუშტარიც, მას ხომ ორასი მანეთი დაუჯდა ის, რაშიც უყოყმანოდ გადაიხდიდა სამას მანეთს! განა ცუდია, ადამიანს, რომელსაც, ვინ იცის, როგორ უჭირს, ასი მანეთი გადაუნარჩუნო? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლაცაა, რამდენადაც შავ ბაზარზე ფასების დაცემას უწყობს ხელს. ერთი შეხედვით, თითქოს ამგვარ ოპერაციას არც ისე კარგი სუნი უდის, მაგრამ, დავუშვათ, ასმათმა არ წამოიღო ეს საქონელი და სარეალიზაციოდ გაუშვა. რა მოხდება? იმდენი რომ იყოს, მოთხოვნილებას აკმაყოფილებდეს, კაი დაგემართოს ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ ამდენი არ არის. ამიტომ იგი უეჭველად რომელიმე გადამყიდველს ჩაუვარდება ხელში და, ვისაც ასმათის წყალობით ორასი მანეთი დაუჯდებოდა, ახლა სამასი მანეთი დაუჯდება. ისიც, თუ იშოვა. ასეთი აღმოჩნდა საქმის ვითარება. და თუმცა სოლომონი გრძნობდა, რომ ამ უცნაური ლოგიკის უკან რაღაც შეუსაბამობა იმალებოდა, მაგრამ ფიქრის დრო აღარ დარჩა, ვინაიდან რვეულები ჰქონდა გასასწორებელი. იმ დღიდან მოყოლებული სოლომონის სახლში (ხოლო სამი წლის შემდეგ უკვე ასმათის სახლში, რადგან ძველი ბინა ჩააბარეს, ხოლო ახალი, რომელშიაც ამჟამად ცხოვრობდნენ, ასმათმა მიიღო) უნიტაზი ინტერიერის განუყოფელ ნაწილად იქცა. როდესაც ასმათმა ახლობლები და მეზობლები (ჯერ ძველ და მერე ახალ ბინაში) მოილია, იძულებული შეიქნა მოქმედების არე გაეფართოებინა. ამ მიზნით დაუკავშირდა ერთ მეზობელს, რომელიც ქვედა სართულზე ცხოვრობდა და სანეპიდსადგურში მუშაობდა მღრღნელებისა და ტარაკანისმაგვართა განყოფილებაში. შავი, პატარა ქალი იყო, გამხდარი, მოუსვენარი და მოძრავი. ერთთავად დარბოდა და დასუნსულებდა, თან სხეული ისე დაჰქონდა, გეგონებოდათ, ფართხალებსო. გაჩერებული რომ დაგენახათ, ვერც კი მოასწრებდით იმის შემჩნევას, რომ გაჩერებული იყო, თითქოს თქვენი გამოჩენის შეეშინდაო, ერთბაშად აკრეფდა სიჩქარეს და უეცრად გასუნსულდებოდა გაურკვეველი მიმართულებით. როცა მათსა ამოვიდოდა (ამოსვლით კი უკვე ხშირ-ხშირად ამოდიოდა), სოლომონს არაერთხელ წაუსწრია საკუთარი თავისთვის და გაკვირვებით გაუცნობიერებია, რომ თურმე სულ იმის მოლოდინში იყო, ან ახლა შეძვრება პლინთუსის ქვეშ და ან ახლაო. ეს ქალი ორი რამით იყო მეზობლებში ცნობილი: ერთი - სამსახურში საწამლავს იპარავდა და უბანში მცირე გასამრჯელოს ფასად კერძო ტარაკნებს სპობდა, და მეორე - დროდადრო უცხო ქალაქებშიც დასუნსულება, რაღაც-რაღაცეები ჩამოჰქონდა და ჰყიდდა. სახელად ლუბა ერქვა. ასმათის უნიტაზებისთვის ახალი სავაჭრო გზების გაჭრა სიამოვნებით იკისრა. იკისრა და, როგორც იტყვიან, შეასრულა კიდეც. ასმათს თავის, პირობითად რომ ვთქვათ, ას მანეთს მუდამ პატიოსნად აბარებდა, თავად რამდენს იგებდა, არავინ იცის, ყოველ შემთხვევაში, ენთუზიაზმის გამო, ცხადია, ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებდა.    ამის შემდეგ, როგორც ეს ხშირად ხდება, როცა ადამიანებს საერთო საიდუმლო დააკავშირებს, ლუბა, ეს პატარა მღრღნელი, ისე შეეჩვია და გაუშინაურდა ასმათისა და სოლომონის ოჯახს, რომ, უნიტაზისა არ იყოს, მალე ინტერიერის შემადგენელი ნაწილი გახდა. დროს იშოვიდა თუ არა, მაშინვე ამოსუნსულდებოდა. ხან მურაბის რეცეპტი ამოჰქონდა, ხან მწნილის რეცეპტი მიჰქონდა, ხან ისე, სამუსაიფოდ ამოვიდოდა. თავიდან სოლომონი ვარაუდობდა, რომ ლუბა ტარაკნისგან უნდა ყოფილიყო წარმოშობილი, მაგრამ მერე, როცა თავად ლუბამ მისცა პირველი ბიძგი მისი სამი მნიშვნელოვანი დაკვირვებიდან ერთ-ერთს, კერძოდ იმას, რომელიც დარვინის მოძღვრებას ეხებოდა, სოლომონი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საქმე პირიქით იყო - ტარაკანა წარმოიშვა ლუბასგან და არა ლუბა ტარაკნისგან. თვითონ სოლომონს რაც შეეხება, იმ საუბრის მერე, რომელმაც საბოლოოდ მოჰფინა ნათელი მისი ეკონომიური და, შესაბამისად, იდეოლოგიური დამოუკიდებლობის დაკარგვას, პროტესტს ხმამაღლა ვეღარ გამოთქვამდა, მაგრამ თავის გულში ასმათის საქმიანობას არასოდეს შერიგებია. ერთი ხანობა გადაწყვიტა ბავშვები მაინც გაეზარდა ისე, რომ ამ მაცდურ ქსელში არ მოყოლილიყვნენ, მაგრამ ვერ მოახერხა. არა იმიტომ, რომ ასმათი იყო ამის წინააღმდეგი. პირიქით, ასმათი მოხარული იქნებოდა, სოლომონი თუ თავის გადაწყვეტილებას შეასრულებდა, რადგან ადამიანმა, რა გზასაც არ უნდა ადგეს, მშვენივრად იცის, კარგი რა არის და ცუდი რა არის (სხვათა შორის, სწორედ ესაა მათი აქილევსის ქუსლი და არა შიში, როგორც მიამიტურად ვფიქრობთ), და ასმათმა გულის სიღრმეში (ხოლო ნათელ წუთებში გულის ზედაპირზეც) იცოდა თავისი საქმიანობის ფასი და ერჩივნა შვილები მისი გავლენის არეში არ მოქცეულიყვნენ, მაგრამ საქმე ის იყო, რომ, როდესაც სოლომონმა გადაწყვიტა ბავშვები ისე გაეზარდა, ცუდ გზას არ დადგომოდნენ, უბრალოდ, არ იცოდა, კონკრეტულად რა შინაარსი იდო ამ ზოგად და გვარიანად ბუნდოვან სიტყვაში „ისე“. ცხოვრება კი ამასობაში ასმათის ხაზს მიჰყვებოდა. და თუმცა ხაზის დასაწყისში არავითარი საამისო ნიშანი არ ჩანდა და, ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, სოლომონი დიდად გაკვირვებული დარჩებოდა, ფაქტი ის არის, რომ ამ ხაზმა ერთ მშვენიერ დღეს კონსპირაციამდე მიიყვანა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ლოგიკის მრუდი, კერძოდ, ფსიქოლოგიური ლოგიკის მრუდი, სწორედ აქეთკენ მიდიოდა. სოლომონს, როგორც უკვე ითქვა, მთელი ქართული ლიტერატურა დიდი სიყვარულით უყვარდა. თუმცა რჩეულებიც ჰყავდა. რჩეულთა შორის რჩეული კი ილია ჭავჭავაძე იყო, ვინც თავგანწირვით იბრძოდა ყველა ეროვნულ ფრონტზე, თანაც, სოლომონის აზრით, მრავალთაგან განსხვავებით, იმიტომ კი არ იბრძოდა, რომ ერის წინამძღოლი გამხდარიყო, არამედ იმიტომ გახდა ერის წინამძღოლი, რომ იბრძოდა. რა თქმა უნდა, სოლომონს იმის პრეტენზია არა ჰქონია, ილია ჭავჭავაძის სიმაღლეებს შეჰპოტინებოდა, ან მასთან სულიერი კავშირი ეპოვა (და, საერთოდ, სოლომონი უპრეტენზიო კაცი იყო), უბრალოდ, ცდილობდა მისი ცხოვრების მაგალითზე საკუთარი გადაწყვეტილებანი და ნამოქმედარი შეემოწმებინა, რადგან ეს ცხოვრება ვეება სულიერი ეკრანი იყო და ყველა გადაწყვეტილება და ყველა მოქმედება იქ ჭეშმარიტ სახესა და ჭეშმარიტ ღირებულებას იძენდა. ამ მხრივ სოლომონი ზოგჯერ ღრმადაც შეტოპავდა ხოლმე. მაგალითად, როცა სახლში სანტექნიკური ბუმი დაიწყო, გვარიანად მკრეხელური, თუმცაღა სავსებით ბუნებრივი კითხვა დაებადა: ილია ჭავჭავაძე რომ მის დღეში ჩავარდნილიყო, რას იზამდა? ამ კითხვაზე სოლომონმა პასუხი ვერ იპოვა, რადგან ასეთი ვითარების წარმოდგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეუძლებელი აღმოჩნდა არა იმიტომ, რომ ის ილია ჭავჭავაძე იყო, არამედ სხვა, გაცილებით უფრო დიდი და ღრმა მიზეზების გამო, რომლებსაც სოლომონი თუმცა კი გრძნობდა, მოხელთებასა და აზრად ჩამოსხმას ვერ უხერხებდა. ერთი სიტყვით, ილია ჭავჭავაძე რჩეულთა შორის რჩეული იყო. სოლომონს განსაკუთრებით მისი პუბლიცისტური წერილები უყვარდა. ბევრი მათგანი ზეპირად იცოდა. და ყველას, მათ შორის იმათაც, რომლებიც ზეპირად იცოდა, ჟამიდან ჟამზე, უფრო ისეთ დროს, როცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ამბოხის გუნებაზე დგებოდა, მიუბრუნდებოდა და ისე-თი ჯიბრიანი სიამოვნებით ჩაუღრმავდებოდა, თითქოს ვიღაცის ჯავრს იყრიდა ან ვიღაცას ნიშნს უგებდა. იმ დღეს სწორედ „ქუთაისის ბანკის საქმეს“ კითხულობდა, როცა ასმათის ფეხის ხმა მოესმა და ამ ხმის გაგონებაზე გადაშლილი რვეული, რომელიც იქვე ედო, გვერდით, სწრაფად დააფარა წიგნს, თან კალმისტარი მოიმარჯვა და ისეთი სახე მიიღო, თემების გასწორებისას რომ ჰქონდა ხოლმე. როგორც კი თავისი საქციელი გააცნობიერა, წამსვე მიხვდა, რომ რვეულიცა და კალმისტარიც წინდაწინ ჰქონდა მომზადებული და, საერთოდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, ასმათის გამოჩენაზე რომ წიგნს მალავდა. სოლომონს ეს ამბავი ცოტა გაუკვირდა. იქნებ უნდა შემცბარიყო კიდეც, მაგრამ არ შემცბარა, რადგან ეს იგივე შენელებული მეხი იყო, რომელსაც ყური ვეღარ აღიქვამს. გაკვირვებითაც მხოლოდ იმიტომ გაუკვირდა, რომ ასმათს არასოდეს მისთვის წიგნის კითხვა არ აუკრძალავს. როგორც ჩანს, სოლომონს თავად გამოუტანია დასკვნა, რომ, იმ დროს, როდესაც ცოლი ოჯახზეა გადაგებული და ყველაფერი ოჯახის სამსხვერპლოზე მიაქვს, ქმრის მხრივ, მეტი რომ არა ვთქვათ, უხერხულია ისეთი რამის კეთება, რასაც უშუალო მატერიალური სარგებლობა არ მოჰყვება.    გაცნობიერებას შედეგი არ მოუტანია. არც ავი, არც კარგი. და სოლომონმა არალეგალური მუშაობა განაგრძო, რისთვისაც წარმატებით იყენებდა მოსწავლეთა რვეულებს. რვეულების სწორების გამო, თუნდაც ამ საქმეში ღამეები ეტეხა, ვერავინ დაძრახავდა, დიდი-დიდი, ასმათს ცოტა კომიკური მოსჩვენებოდა შეფარდება შორმასა და ანაზღაურებას შორის და ამის თაობაზე რამე გესლიანი შენიშვნა გამოეთქვა.    საკვირველი კი იყო, მაგრამ ასმათი, რაც უფრო წინ მიიწევდა სამსახურებრივი კარიერის გზაზე, მით უფრო სანდომიანი ხდებოდა, თუმცა არავითარ პარფიუმერიასა და სხვა ხელოვნურ საშუალებებს არ იყენებდა. თითქოს უფრო მაღალი და ტანადიც კი გამოჩნდა. ამან სოლომონი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ თანამდებობა ადამიანს ალამაზებს. იქნებ ასეცაა (და, საერთოდ, ულამაზო ქალს ლამაზი ქალი ერჩივნა), მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ასმათის წინსვლისა და, შესაბამისად, გალამაზების კვალობაზე, რატომღაც თანდათან კნინდებოდა სოლომონის მამაკაცური გამბედაობა, რის გამოც ინიციატივამ ღამეულ საქმიანობაშიც ასმათის მხარეს გადაინაცვლა და სოლომონს ოდენ პასიური (ხანდახან გაბოროტებულად პასიური) მომლოდინის როლიღა შერჩა. ხოლო თქმა იმისა, რომ თავის სასკოლო სიხარულსა და გულისტკივილს ცოლს უკვე ვერც დღე და ვერც ღამე ვეღარ უზიარებდა, ალბათ ზედმეტიც კია. საბოლოოდ სოლომონი დაემსგავსა მდინარის ფსკერზე, თეთრი ლოდის ძირას ჩაგუბებულ პატარა მორევს, რომელიც ფორმალურადღაა მდინარის ნაწილი, რადგან, როდესაც მდინარე თავზე გადაუვლის და ხმაურით წავა, ამ დინებას არც აფერხებს და არც მიჰყვება, თავისთვისაა შეყუჟული ლოდქვეშ, თვალდახუჭულია, გატრუნული და, თუ ზაფხულის თბილი ნეტარება ვეღარ ახარებს, ვეღარც ზამთრის სუსხიანი ტკივილი აღონებს, თუ ერთ ადგილზე დგომით ობს მოიკიდებს, ისე ნელ-ნელა მოიკიდებს, ვერც კი მიხვდება, რომ ობი მოიკიდა, თუ ცოტ-ცოტაობით თეთრ ლოდს ძირს უთხრის, ამას თავისდაუნებურად სჩადის და ამიტომ არც ეძრახვის და არც მოეკითხება. ეს შედარება ეგებ ზედმეტად მძაფრია და, რახან სოციალურად შეზღუდულია, მაინცდამაინც ვერც სიზუსტეს დაიკვეხნის. სინამდვილეში, სანამ ცოცხალი ვართ, გვინდა თუ არა, ამ ფაქტს ანგარიში უნდა გავუწიოთ. ამიტომ, მას შემდეგ, რაც ოჯახის ძაფები დაუწყდა და შვილებისაკენ მიმავალი გზებიც დაკარგა, სოლომონმა მთავარი სასიცოცხლო აქცენტი სკოლაზე გადაიტანა.    როგორც უკვე ითქვა, სკოლაში (ცხადია, სკოლის გარეთაც) სოლო-მონს მეგობრები არა ჰყოლია. სამაგიეროდ, სკოლაში მოქმედებდა ერთგვარი დაუწერელი ეთიკური კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ მასწავლებლებს ერთიმეორის არსებობა ეღიარებინათ, ერთიმეორის რეპუტაციას მოფრთხილებოდნენ და ერთიმეორის მიმართ, რამდენადაც ამის საშუალებას ცხოვრება იძლეოდა, თავაზიანობის ნორმები დაეცვათ. მართალია, ეს კანონი, როგორც კანონის წესია, მხოლოდ ზედაპირს ეხებოდა და არა არსს, სოლომონს იგი მაინც სავსებით აკმაყოფილებდა. ცხოვრება ჭრელია და, რაღა თქმა უნდა, ეს სიჭრელე აქაც იჩენდა თავს, შეხლა-შემოხლაც იყო, ინტრიგებიც, აყალ-მაყალიც, მაგრამ მთავარი დოზაა, მაქსიმალისტური მოთხოვნები კი სოლომონს პრაქტიკული ცხოვრების მიმართ არასოდეს ჰქონია. სამასწავლებლოში ხშირად სულიერადაც ისვენებდა. აქ ხშირი იყო საუბარი საკაცობრიო საკითხებზე, მნიშვნელოვან თემებზე, სულზე, მაღალ მატერიებზე. ჭორაობაც კი აქ უფრო ნატიფი და სასიამოვნო მოსასმენი იყო. ამ მხრივ, ეჭვი არაა, სოლომონის კოლეგები გაცილებით სჯობდნენ „ოქროს საწმისის“ ხმაურიან და ტლუ თანამშრომლებს, რომლებსაც ასმათი ზოგჯერ წვეულებას გაუმართავდა ხოლმე და რომელთა ინტელექტუალური და სულიერი დონე სოლომონს ყოველთვის ნაღვლიან გუნებაზე აყენებდა. ლუბაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ლუბა ნაღვლიან გუნებაზე არ აყენებდა. ლუბა აღიზიანებდა. აღიზიანებდა არა იმიტომ, რომ ჩახლეჩილი, რაღაც უწმაწური ხმა ჰქონდა, და ამ ხმით ხშირად უწმაწურ აზრებსაც გამოთქვამდა, არამედ იმიტომ, რომ, საერთოდ, ლაპარაკობდა. სოლომონს რატომღაც მიაჩნდა, რომ ლუბას მეტყველების უნარი არ უნდა ჰქონოდა. დარწმუნებული იყო, მისგან რომ მხოლოდ ღმუილი და დაუნაწევრებელი ბგერები მოესმინა, ასე არ გაღიზიანდებოდა.   მოსწავლეებთან ურთიერთობა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა და უკვე რა ხანია საბოლოო, დასრულებული, ინერციული სახე მიიღო. პედაგოგის პირვანდელ თეორიულ მოდელში, რომელიც გაჟღენთილი იყო ახალგაზრდობისათვის (მაშინდელი ახალგაზრდობისათვის) დამახასიათებელი იდეალიზმით, ცხოვრებამ საჭირო ცვლილებები შეიტანა, ჭრელაჭრულა კვირტები მოაშორა, უნიადაგო იდეალიზმის მყიფე შრეები გამოაცალა, დაწნეხა და პრაქტიკული, გამოყენებითი სახე მისცა. ეს იყო ჩვეულებრივი და გავრცელებული, მაგრამ, ამავე დროს, თუკი შეეგუებოდი და რაღაც ისეთს არ მოინდომებდი, რაც კოორდინატებში არ ეტევა, მყარი, უტყუარი და უღალატო მოდელი. სოლომონი შეეგუა, რადგან უკიდურესობას არც ერთ მხარეს არ ესწრაფოდა. იგი არ მიეკუთვნებოდა ეგრეთ წოდებულ „საყვარელი მასწავლებლის“ კატეგორიას (თუკი ასეთი კატეგორია მართლა არსებობს და იგი პირველკლასელებს არ მოუგონიათ, რომელთაც დედა ენატრებათ და, ეს ნატვრა რომ ილუზიურად მაინც აიხდინონ, უნებურად ჩანაცვლების მეთოდს მიმართავენ), მაგრამ არც იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, სკოლაში რომ შემთხვევით აღმოჩნდება. სოლომონი ბუნებით პედაგოგი იყო. მშობლიური ლიტერატურა, გარდა იმისა, რომ ძალიან უყვარდა, კარგადაც იცოდა და ცდას არ აკლებდა, რომ მოსწავლეებისათვის თავისი ცოდნა გადაეცა და თავისი სიყვარული გადაედო. სიყვარულის გადადება, რაც დრო გადიოდა, უფრო და უფრო ძნელდებოდა. ბავშვები იცვლებოდნენ. თაობები სოლომონის თვალწინ მიაბიჯებდნენ და სოლომონი ნათლად ხედავდა ცვლილებებს, რომლებიც უმთავრესად ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური ხასიათისა იყო. ერთი მხრივ, გაცილებით უფრო გონიერი, უფრო ფხიზელი, უფრო მომწიფებული, უფრო ორიგინალური და ინდივიდუალური აზროვნების მქონე ბავშვები მოდიოდნენ, მეორე მხრივ (შესაძლებელია, სწორედ ამ მიზეზით), ძალიან ადრე იბერტყავდნენ რომანტიკულ ყვავილებს (რასაც ზოგჯერ რომანტიკულ ბურბუშელასაც ვუწოდებთ ხოლმე), უფრო რეალისტები ხდებოდნენ, უფრო სკეპტიკოსები, ავტორიტეტები ნაკლებად სწამდათ, მასწავლებლებს ბრმად აღარ ენდობოდნენ, ხშირად მათს ცოდნასა და გემოვნებას კრიტიკულად ეპყრობოდნენ და საკუთარი საზომებით ამოწმებდნენ. დროდადრო ეს პროცესი იმდენად მძაფრი იყო, რომ სოლომონი, რომელიც თავისი საგნის მიხედვით მსჯელობდა, აშკარად და გარდაუვალად მოელოდა ლიტერატურულ ღირებულებათა გადაფასებას და მერე, წლები რომ მაშინდელ მოსწავლეებს მოწიფულ ხალხად აქცევდა და მოსალოდნელი გადაფასება კი არსად ჩანდა, უკვირდა და გულში ფიქრობდა, ნეტა ის ბავშვები რა იქნენ, რომ ხმას აღარ იღებენო.    მოსწავლეები არც სოლომონის დიდ სიყვარულს იზიარებდნენ და ზოგჯერ ისეთ სუსტ ადგილებს გაიხსენებდნენ მასწავლებლის სათაყვანებელ მწერალთა ნაწარმოებებიდან, რომლებიც, ერთი მხრივ, შეგნებულ სკეპტიციზმზე მიუთითებდა, საკუთარი შეხედულების გამართლებას რომ ყოველგვარი საშუალებით ცდილობს, მეორე მხრივ კი, მიზნად ისახავდა მასწავლებლის გამოცდას და შეძლებისდაგვარად „ჩაჭრასაც“, და ამიტომ, იმ დროს, როცა გაკვეთილი არ იცოდნენ, ციტატები ყველაზე ნაკლებ ცნობილი ნაწარმოებებიდან მოჰქონდათ. მადლობა ღმერთს, სოლომონი ზოგ-ზოგებს არ ჰგავდა, სასკოლო პროგრამის ფარგლებში რომ არიან გამომწყვდეულები. სოლომონმა საგანი ვრცლად და ღრმად იცოდა და მისი „ჩაჭრა“ იოლი არ იყო, თუმცა ვერც იმას დაიკვეხნიდა, თითქოს მოწაფეების სკეპტიციზმს შერყევას უხერხებდა.    ფარ-ხმალს მაინც არ ყრიდა, მაინც ცდილობდა მშობლიური მწერლობის სიყვარული გაეღვივებინა ბავშვებში, რადგან ამ სიყვარულის მართებულობა მისთვის წმინდა და შეუვალი ჭეშმარიტება იყო. ზოგჯერ, დამატებითი ბიძგების ძებნაში, საქართველოს ისტორიაზეც დაიწყებდა ხოლმე საუბარს (რასაც ბავშვები კმაყოფილებით ხვდებოდნენ, რადგან ასეთ დროს სოლომონს ხშირად ახალი მასალის ასახსნელად დრო აღარ რჩებოდა), ერთხელ გაბედული ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელიც კრახით დასრულდა: სოლომონმა ერთი ლექსი იცოდა. ბავშვობაში გაიგონა თავისი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან და სამუდამოდ დაამახსოვრდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ლექსი სადა იყო, ნათელი, ადვილი დასაზეპირებელი და სათქმელს ცხადად და მიუკიბავ-მოუკიბავად ამბობდა, არამედ იმიტომაც (ამას გვიან მიხვდა), რომ, იმ დროს, როცა მასწავლებელმა სოლომონსა და მის თანაკლასელებს ეს ლექსი უთხრა, მისი პათეტიკა სავსებით ბუნებრივი იყო და მის ეროვნულობას კოპწიაობის არავითარი დაღი არ ესვა, რადგან მთქმელიცა და მსმენელებიც ერთსა და იმავე განზომილებაში იმყოფებოდნენ. სოლომონს მთელი თავისი მასწავლებლობის მანძილზე, თითქოს ტანში ეშმაკი უზისო, არ ასვენებდა იმის სურვილი, რომ ეს სცენა გაემეორებინა. გრძნობდა, სხვა დრო იყო, და გაბედვა უჭირდა. მაგრამ უთქმელობაც აწვალებდა, ამიტომ გამუდმებით ემზადებოდა და ხელსაყრელ დროს ეძებდა. გასულ წელს, ბოლოს და ბოლოს, გაბედა, მაგრამ ამდენ ჭოჭმანსა და რჩევა-რჩევაში, როგორც ჩანს, საამისოდ ყველაზე ნაკლებ ხელსაყრელი დრო აირჩია. იმ ღდეს მეცხრე კლასში ახალი ქართული სალიტერატურო ენის შესახებ ჰქონდა საუბარი. როდესაც ამ საქმეში ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის დამსახურებაზე ილაპარაკა, შეუმჩნევლად გასცდა საკითხის კონკრეტულ რკალს, ცოტა როლშიც შევიდა, შთაგონების მაგვარი რაღაც იგრძნო, უეცრად მიხვდა, რომ სწორედ ახლა იყო ის ხელსაყრელი დრო, რომელსაც თითქმის ორმოცი წელი ელოდა, აღელდა, გული აუძგერდა, თვალზე თხელი ბურუსი გადაეფარა (რის გამოც ფოკუსი აერია და კლასს ბუნდოვნადღა ხედავდა) და საუბარი ასე დაასრულა: - ...მათი ღვაწლი განუზომელია არა მარტო ახალი ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრებაში, არამედ, საზოგადოდ, ქართული კულტურის აღორძინებაში. ეს სახელები წმინდა სახელებია, ან, როგორც პოეტი იტყოდა: ილია და აკაკი, აკაკი და ილია, ამისთანა სახელები თაფლზე უფრო ტკბილია.    კლასში წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და სოლომონმა იგრძნო, რომ გულმაც ძგერა შეწყვიტა. ხოლო მეორე წამს ბოლო მერხიდან (მარცხენა რიგში), სადაც მსუქანი დათეშიძე იჯდა, მკაფიოდ, თითქმის დამარცვლით, გაისმა საპასუხო ლექსი: სოლომონ ბრძენი - სუპერმენი!    სოლომონი ორივე ხელით დაეყრდნო ჭიებისგან დაჭმულ, დაფუტუროებულ მერხს, მძიმედ წამოდგა, ხელები ზურგსუკან დაიწყო, ტანიც ოდნავ უკან გადაზნიქა და დინჯი, დარბაისლური ნაბიჯით გაუდგა გზას. არავითარი წინათგრძნობა არა ჰქონია. საერთოდ, წინათგრძნობა მისთვის უცხო ხილი იყო: თვალით არ ენახა, ყურით არ გაეგონა, გემოთი არ გაესინჯა და, როგორც სჩვევია ხალხს, ვინც ასეთ საკითხებში მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და საზომად მხოლოდ საკუთარ თავს იყენებს, არც სჯეროდა მისი არსებობა. ბაღს გასცდა, ქუჩა ჩაათავა და პატარა, ვიწრო ჩიხში შეუხვია, რომლის ბოლოშიაც სკოლა იდგა.    სკოლის დანახვაზე ისე აუჩქროლდებოდა ხოლმე გული, როგორც პაემანზე დაგვიანებულ ქალს შეიძლება აუჩქროლდეს შეყვარებულის დანახვაზე, რომელიც ნერვიულობს, ტუჩებს იკვნეტს, წამდაუწუმ საათზე იყურება, მაგრამ მაინც დგას და ელის. ამ ჩიხში რომ შემოუხვევია და ეს აგურით ნაგები, სამსართულიანი, კოხტა შენობა დაუნახავს, რამდენჯერ დარდი გადაჰყრია და ამღვრეული გუნება დასწმენდია. სკოლა სოლომონისათვის ეკლესია იყო, რომელიც სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად არსებობდა და ამიტომ ასმათს მასთან ხელი არ ჰქონდა. ოცდათვრამეტი წლის განმავლობაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ცოლი მის სასკოლო საქმეებში ჩაერია. ეს ამბავიც გასულ წელს მოხდა. ზამთრის პირი იყო. ასმათი სამსახურიდან უგუნებოდ დაბრუნდა. კარგა ხანს უმიზნოდ იწრიალა, როგორც გალიაში გამომწყვდეულმა ძუ ვეფხვმა, ბოლოს სოლომონს მიუახლოვდა და უთხრა, ერთი სათხოვარი მაქვს და უსიკვდილოდ უნდა შემისრულოო. სოლომონს გულმა რეჩხი უყო. „ოქროს საწმისის“ დირექტორის მოადგილე უმნიშვნელო საქმის გამო მის წინაშე თავს არ დაიმცირებდა და, საერთოდ, სოლომონს აღარც კი ახსოვდა, მას შემდეგ, რაც ბრძანების უფლება მოიპოვა, ასმათს მისთვის რამე ეთხოვოს. ასმათმა სოლომონს დამშვიდება აცალა, ამასობაში თვითონ, თავი მისკდებაო და, წამალი დალია და მერე სწრაფად, ერთბაშად, მოკვეთით უთხრა, შენს ერთ მოწაფეს ნიშანი უნდა აუწიოო. სოლომონმა შორს დაიჭირა, არც კი უკითხავს რომელ მოწაფეზე იყო ლაპარაკი. ასმათმა მაშინვე დაანება თავი, მაგრამ კვნესას უმატა. სოლომონი ვერ მიხვდა, კვნესა მეთოდი იყო თუ მართლა ასე აწუხებდა ტკივილი, ყოველ შემთხვევაში, არ დაუჯერებია, რომ იმას, რისთვისაც ქმრის წინაშე თავის დამცირება მოუხდა, ეგრე იოლად დათმობდა. ეჭვი სულ მალე გაუმართლდა. კვნესა მეთოდი გამოდგა, უფრო სწორად, შესავალსა და მეთოდს შორის გადებული ხიდი. თვით მეთოდი სწორხაზოვანი რისხვა იყო, რომელიც სოლომონს ირონიით შეზავებულ მეხად დაატყდა თავს (წმინდანი! მამა აბრამის ბატკანი! ქათქათა ხელები არ დაგილაქავდეს! მე ნემსის ყუნწში უნდა გავძვრე, ეკლებზე უნდა ვიარო და ათასი მამაძაღლობა ჩავიდინო, რომ ოჯახი შევინახო, არ მოგვშივდეს და არ მოგვწყურდეს, ეს კი ფეხიფეხშემოდებული უნდა იჯდეს, ხელში თავისი ქეციანი პატიოსნება ეჭიროს და მარაოსავით ინიავებდეს! მაგრად მოუჭირე ხელი, არავინ მოგტაცოს! შენ იმას როგორ იკადრებ, მოწაფეს ერთი ნიშანი აუწიო! აბა, მე კი არ მგავხარ! მე მიხარია ყოველ საღამოს ლუბასნაირ ვიგინდარებთან ჭუკჭუკი, უნიტაზების თრევა და სირცხვილის ოფლის წურვა! ან როგორ ჩერდები ასეთ ქალთან! მე რომ შენს ადგილას ვიყო, ჩემისთანა ცოლს ერთს გემოზე გავასილაქებდი, რომ ჭკუა ესწავლა და თავის ტყავში დატეულიყო. მაგრამ შენ ამას არ იზამ. ეს რომ ქნა, მერე პატიოსნებას ვიღასი ფულით იყიდი!..). - რა გვარია? - შეაწყვეტინა, სოლომონმა, რომელმაც იგრძნო, რომ ცხრაკლიტულის საგულდაგულოდ ჩაურდულებული კარი იღებოდა, და იმის წარმოდგენაზე, თუ რა სანახაობა ელოდა ხახადაღებული უფსკრულის ძირას, ტანში გააცია.    ყურაშვილი, - სწრაფად შეცვალა კილო ასმათმა, - ვარლამ ყურაშვილის გოგოა. მამამისი თავისი სარევიზიო ჯგუფით გუშინდლიდან „ოქროს საწმისში“ გვიზის და გვამოწმებს. შესამოწმებელი რა გვჭირს, ყველაფერი აჟურში გვაქვს, მაგრამ ადამიანები ვართ, გამწარებულმა კაცმა თუ მოინდომა, ყოველთვის გამოძებნის ხელმოსაკიდს. არადა, ფრჩხილის ტოლაც თუ იპოვა რამე, შეიძლება ზედ იმხელა მთა დადგას, მთელი გაერთიანება ქვეშ მოიყოლოს. ერთი ნიშანი ყველაფერს წაღმა შემოაბრუნებს.    ყურაშვილის ბავშვმა საგანი გამართულ სამიანზე იცოდა. გამართულ სამიანსა და დამადლებულ ოთხიანს შორის კი აბა რა ისეთი განსხვავებაა, ამდენ დავიდარაბად ღირებულიყო! ეგ კი არა, სოლომონი ზოგჯერ თავადაც ყოყმანობდა, ეგებ ჯობდეს ოთხიანი დავუწერო, წახალისდება და უფრო ბეჯითად იმეცადინებსო.    ოპერაციამ მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით, რომ ამით დირექტორმა ისარგებლა და ერთი ნიშანი გიგიაძისთვისაც წაამატებინა. დირექტორმა ყურაშვილი ისე ახსენა, გაკვრით, რათა სოლომონისთვის ეგრძნობინებინა, საქმის კურსში ვარო, მოტივად კი ის გამოიყენა, რომ სკოლა სარემონტო იყო და ამ საქმეს გიგიაძის მამის დაუხმარებლად თავი არ მოებმებოდა.    სკოლას ირგვლივ დიდი ეზო ერტყა. წინ ნაძვნარი იყო, რომელსაც ჭიშკრიდან შენობის შესასვლელამდე მოკირწყლული ბილიკი გასდევდა, მარჯვნივ - კალათბურთის მოედანი, სადაც ყოველთვის ფეხბურთს თამაშობდნენ, უკან და მარცხნივ - ეგრეთ წოდებული „დამხმარე მეურნეობა“. აქ უმთავრესად კარტოფილი და სიმინდი მოჰყავდათ. შენობა ეზოს შუაგულში იდგა. სოლომონმა ნელა შეაღო მუხის დიდი, მძიმე კარი. სამივე სართულს ზუსტად ერთნაირი განლაგება ჰქონდა. შესასვლელთან, კიბის ძირას, ორი დერეფანი ემიჯნებოდა ერთმანეთს. ერთი - უფრო მოკლე - პირდაპირ მიდიოდა, მეორე - გრძელი და უფრო ნათელი - ხელმარცხნივ. მოკლე დერეფნების ბოლოში პირველ სართულზე ფიზკულტურის დარბაზი იყო, მეორეზე სამასწავლებლო და დირექტორისა და მისი მოადგილეების კაბინეტები, მესამეზე კლუბი. გრძელი დერეფნების ორსავ მხარეს, კედლებზე, ისეთ სიმაღლეზე, რომ მოწაფეები ვერ მისწვდომოდნენ, ეკიდა გამოჩენილ მწერალთა, მეცნიერთა, ხელოვანთა, სპორტსმენთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა პორტრეტები. ზოგი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პორტრეტი, სამივე სართულზე მეორდებოდა. პირველი სართულიდან მეორე და მესამე სართულზე ქვის კიბე ადიოდა, დამრეცი, დაბალსაფეხურიანი და სასიარულოდ მოხერხებული.    სოლომონი ქვის კიბეს შეუყვა. რამდენიმე საფეხური რომ აიარა, ზემოდან ჩქარი ნაბიჯით მომავალი ნუკრი ვაჩეიშვილი შეეფეთა, ფიზკულტურის მასწავლებელი და მთელი სკოლის მოსწავლეთა კერპი. ნუკრი ვაჩეიშვილმა მისალმების ნიშნად დიდი ხელი მსუბუქად შემოჰკრა მკლავზე, ბეჭის ძირას, და თვალებგაბრწყინებულმა უთხრა: - ნახე, ვერნისაჟამ რა სახინკლე გახსნა? თუმცა შენ სად ნახავდი! ერთი თქვენი რესტორანიცა და თქვენი კარგებიცო, თქვა და მიასნიკოვის და წულუკიძის კუთხეში სახინკლე გახსნა. ხომ იცი მერე, რა ჩალიჩა კაცია! თუმცა შენ საიდან გეცოდინება! ხინკალს აკეთებს, იმის დედა ვატირე! მიმიქარავს ჯოკონდას ღიმილი! ლუდიც მაგარი აქვს! ორმოცდაათი ცალი შევუკვეთე თორმეტი საათისთვის. ხომ არ წამოხვალ? თუმცა შენ რას წამოხვალ! ეს ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით თქვა და ისევ ისეთი სწრაფი, ენერგიული ნაბიჯით განაგრძო გზა.    ნუკრი ვაჩეიშვილი თავის დროზე მძიმეწონოსანი მოკრივე იყო და იმ თორმეტ წელს, რომლებიც აქტიურ სპორტს შესწირა, ყოველთვის მწარე სინანულით იგონედა, რადგან, როგორც თვითონ ამბობდა, მაშინ, როცა ისა და სხვა მისი მსგავსი მძიმეწონოსნები ორთქლის აბანოში იხარშებოდნენ და ოფლში ცურავდნენ, რათა ზედმეტი გრამები დაეკლოთ და მერე, რინგზე, უმიზეზოდ და უსასყიდლოდ თავ-პირს ამტვრევდნენ ერთმანეთს, დანარჩენი საზოგადოება არხეინად შეექცეოდა ხინკალს და ზედ ცივ ლუდს აყოლებდა. ამიტომ, ვეტერანებში გადაინაცვლა თუ არა, მტკიცედ გადაწყვიტა, ის გაცდენილი თორმეტი წელი აენაზღაურებინა და წინ წასულებს დასწეოდა, რისთვისაც ყოველ თავისუფალ წუთს სახინკლეში ატარებდა. მართლაც, არათუ დაეწია, მალე ყველა უკან მოიტოვა. ოღონდ იმის შიშით, რომ ამდენ ლუდსა და ხინკალს სპორტული აღნაგობისთვის არა ევნო რა, თითო კათხა ლუდში თითო ჭიქა არაყს ისხამდა ხოლმე. არავინ იცის, მართლა არაყი შველოდა თუ სხვა რამე საიდუმლო ჰქონდა, რომელსაც არ ამხელდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ქონის ნასახი არ დასტყობოდა, ძველებურად ხმელი იყო, გამართული და სპორტული. ბავშვებს ისე უყვარდათ, სულში იძვრენდნენ. ზოგჯერ ისტორიიდან ან მათემატიკიდან გამოპარულები, იმის მაგივრად, რომ კინოში წასულიყვნენ, მის გაკვეთილს ესწრებოდნენ. ასეთ სიყვარულს სერიოზული მიზეზები ჰქონდა: ჯერ ერთი, ნუკრი ვაჩეიშვილი ძველებურად ფლობდა კრივის ილეთებს და საიმოვნებითაც ასწავლიდა ბავშვებს, მეორე, თავისი სპორტული წარსულიდან ხალისით ყვებოდა ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც რინგს გარეთ, კულისებში, უფრო ზუსტად, სასტუმროს ნომრებში ან მივლინებაში მყოფი ქმრების სახლებში ხდებოდა, და მესამეც, მეტყველებაში არავითარ პირობითობას არა ცნობდა, თანამოსაუბრეებს არასოდეს ახარისხებდა სქესისა და ასაკის მიხედვით და ისეთ სიტყვებს ხმარობდა მეორე-მესამე კლასის მოსწავლეებთან, რომ ზოგი მათგანის მნიშვნელობის დადგენა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონშიც კი ჭირდა. სოლომონმა, კიბე რომ აათავა და მეორე სართულზე ავიდა, მარცხნივ, დერეფანში, ნატალია დავიდოვნას მოჰკრა თვალი და წამით შეჩერდა, მაგრამ მაშინვე ისევ განაგრძო გზა, რადგან ნატალია დავიდოვნამ, უფრო სწორად, ნატალია დავიდოვნას პიჯაკმა და ქვედა კაბამ, ერთი გაიელვა დერეფნის ბოლოში და მარჯვნივ გაუხვია.    იმ დღეს სოლომონს დილის ორი გაკვეთილი ჰქონდა, ერთი მეცხრე კლასში და ერთიც მეათეში, ამიტომ თერთმეტის ნახევარზე უკვე გათავისუფლდა და, რაკი ოთხ საათამდე თავისუფალი იყო, შინ წავიდა. არავითარი წინათგრძნობა არ გასჩენია. თუმცა, სანამ წავიდოდა, ერთი ისეთი ეპიზოდი მოხდა, რომ უფრო ფხიზელი და სკეპტიკური გონების კაცი იქნებ დაეჭვებულიყო კიდეც. სწორედ იმ დროს, როდესაც ლაბადის ღილების შეკვრა მოათავა და სამასწავლებლოდან გასვლა დააპირა, დირექტორმა თავისი კაბინეტიდან გამოსძახა: - სოლომონ!    სოლომონი შეჩერდა და სანახევროდ მიტრიალდა. დირექტორი მას ხან სოლომონს ეძახდა, ხან სოლომონ ბატონს. ისე კი მუდამ შენობით ელაპარაკებოდა. - არ დაიგვიანო, - უთხრა დირექტორმა, - ხომ იცი, განათლებიდან გვესწრებიან.     სოლომონმა უხმოდ დაუქნია თავი და სამასწავლებლოდენ გამოვიდა. ეს დამატებითი გაფრთხილება სრულიად ზედმეტი იყო, რადგან სოლომონს თუ რამე სწამდა, პირველ რიგში მოვალეობა სწამდა და, საცა კი ოდესმე გამოსაცხადებელი ყოფილა, ყველგან ყოველთვის დაუგვიანებლად გამოცხადებულა, მაგრამ მიუხედავად ამისა, დირექტორის ნათქვამს მაინც არ დაუეჭვებია. პედაგოგიური საბჭოს სხდომა ოთხი საათისთვის იყო დანიშნული. რა საკითხი უნდა განეხილათ, სოლომონმა არ იცოდა, რადგან დირექტორს დღის წესრიგი წინასწარ არ გამოუცხადებია. საკვირველი და დასაეჭვებელი არც ამაში ყოფილა რამე. თავისი ხანგრძლივი მასწავლებლობის მანძილზე სოლომონს ნაირ-ნაირი გარეგნობის, ნაირ-ნაირი ჭკუის, ნაირ-ნაირი ხასიათის დირექტორები ჰყავდა გამოცვლილი, მაგრამ, რაოდენ განსხვავებულიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ყველა მათგანს ჰქონდა რამდენიმე საერთო ნიშანი, რომლებიც, სოლომონის ვარაუდით, ცნება „დირექტორს“ ფორმას აძლევდა და კონკრეტულ სახეს ანიჭებდა. ერთი ამ ნიშანთაგანი იყო ერთგვარი არითმიის კანონი, რომელიც მოითხოვდა, რომ თანამშრომლები ზედმეტად არ შეჩვეოდნენ დირექტორს, როგორც მდინარის პირას დასახლებული კაცი ეჩვევა წყლის მონოტონურ დუდუნს და ვეღარც კი ამჩნევს, მდინარის პირას თუ ცხოვრობს. მდინარეს შეუძლია ფუფუნების ნება მისცეს თავს, დირექტორს კი ამის უფლება არა აქვს, ვინაიდან მისი ძალა, მდინარისაგან განსხვავებით, სწრაფწარმავალია და საყრდენი უმთავრესად გარეთა აქვს. ამიტომ იგი ხან აცხადებს წინასწარ პედსაბჭოს დღის წესრიგს და ხან არა. ახალბედა თანამშრომელს ხშირად აღიზიანებს დირექტორის ამგვარი ჩვევა, მასში უსამართლობას ხედავს და გულში ბუნტარული განწყობილებაც კი უჩნდება (რაც, როგორც წესი, გულის ფარგლებს არ სცილდება), მაგრამ მერე, კანონის ლოგიკას რომ იგრძნობს და მიზეზს დაინახავს, წყნარდება, რადგან ხელქვეითის გულისწყრომას იწვევს არა იმდენად უსამართლობა, რამდენადაც მოტივის უცოდინარობა. სოლომონის ამჟამინდელ დირექტორს, თუ მაინცდამაინც სასწორზე შეაგდებდით, კარგი უფრო ეთქმოდა, ვიდრე ცუდი. შესახედავად კარგი კი არა, მშვენიერი იყო: ახალგაზრდა, ლამაზი, ელეგანტური, მუდამ გამოწკეპილი, სუფთად გაპარსული და სუფთად დავარცხნილი, ლაღი, თამამი, დარდიმანდი. ისე შეგაყვარებდათ თავს, ვერც კი გაიგებდით, განათლების განყოფილებაშიც შინაურ კაცად ითვლებოდა. რაღაც ჭორები კი დადიოდა ვითომც მედლებითა და ატესტატებით ვაჭრობის თაობაზე, მაგრამ ასეთი ჭორები ვისზე აღარ დადის! ხალხის ლაპარაკს რომ ყური უგდო, შეიძლება ადამიანის სახსენებელი შეგძულდეს. სოლომონი აფასებდა დირექტორს და ზომიერების ფარგლებში პატივსაც სცემდა, თუმცა ერთხელ კინაღამ ჩხუბი მოუვიდათ. ეს ამბავი შარშანწინ მოხდა. დირექტორმა სულ სხვა საქმეზე დაიბარა და მერე, იმ საქმეს რომ მორჩა, სასხვათაშორისოდ პენსიაზე ჩამოუგდო სიტყვა. პენსიის ხსენებაზე სოლომონი ის იყო უნდა აფეთქებულიყო, მაგრამ დირექტორმა სწრაფად და სიცილ-სიცილით უკან წაიღო თავისი ნათქვამი, საიდანაც სოლომონმა ის დასკვნა გამოიტანა, რომ დირექტორი ან მართლა შემთხვევით შეეხო ამ საკითხს, ან, თუ გამიზნულად წამოიწყო, მაშინ დამარცხდა და აღიარა კიდეც თავისი დამარცხება. ძველ ბაღში სოლომონი კვლავ შეჩერდა, კვლავ ჩამოჯდა თავის ამოჩემებულ მერხზე აუზს, ქანდაკებასა და ესტრადას შუა და კვლავ მიაჩერდა ბებერ ხეებს, რომელთაც სიბერე დარბაისლურ სილამაზეს ანიჭებდა და რომლებიც გვიანი შემოდგომის ამ მოყვითალო დღეს უკანასკნელ ფოთლებს ეთხოვებოდნენ, მაგრამ ამის გამო ემსგავსებოდნენ არა გაძარცულებს, არამედ განწმენდილებს, ამიტომ ძველებურად ამაყად და მხნედ იდგნენ და მშვიდად, უდრტვინველად, დაჯერებულად უსწორებდნენ თვალს ზეცას. ეჭვი არ იყო, რომ ორი ათასი წლის დასასრულსაც ასე მხნედ შეხვდებოდნენ. სოლომონს თვითონაც უნდოდა ამ საოცარ წამს მოსწრებოდა. საერთოდ, სიცოცხლე უყვარდა და, რაც უფრო დიდხანს იცოცხლებდა, ის ერჩივნა, მაგრამ ახალი ათასწლეულის საკუთარი თვალით ნახვა განსაკუთრებული ნატვრა იყო, რომელსაც ვერავის უზიარებდა (რადგან არ იცოდა, რომ ამ დღეს ასეთივე გულისფანცქალით და თუმცა არაერთგვაროვანი, მაგრამ რაღაცის ერთნაირად გაურკვეველი, იდუმალი მოლოდინით მოელის ყველა - ურწმუნოც, მორწმუნეც და ცრუმორწმუნეც). სოლომონს იმედი ჰქონდა, რომ რაღაც მოხდებოდა. რა, არ იცოდა, ისე კი ხან გლობალურ წარღვნას წარმოიდგენდა, ხან გლობალურ განახლებას (რაც, შესაძლებელია, სულაც ერთი და იგივეა). როდესაც ამაზე ფიქრობდა, სოლომონი გონების თვალით ხედავდა ბუნდოვან კოსმიურ ძალას, რომელიც ცხოვრების მდინარეს კვლავ სათავეში აბრუნებდა და იმ მოუხელთებელ წამს, როცა ორი ათასი წელი უკვე დასრულდებოდა, ხოლო ორი ათას ერთი ჯერ კიდევ არ იქნებოდა დამდგარი, სამყარო ემგვანებოდა პირველი ხელმოცარვის შემდეგ ხელახლა მოზიდულ და გასატყორცნად გამზადებულ ისარს. ამ დროს სოლომონი აღარ იქნებოდა თავისი ოჯახის მამა, რომელსაც ოჯახში აღარაფერს ეკითხებიან, და თავისი მოსწავლეების მასწავლებელი, რომლის სიყვარულს არავინ იზიარებს. ეს იქნებოდა წამი, როცა ყველაფერი თავიდან იწყება, შეგიძლია შენი ცხოვრების გეზი ახალგაზრდობაშივე შეცვალო. მაგალითად, უარით გაისტუმრო შუამავალი ნათესავები და... ნატალია დავიდოვნა სოლომონის პატარა საიდუმლო იყო, საიდუმლო, რომლის არსებობა სოლომონის გარდა ქვეყნად არავინ იცოდა, მათ შორის არც ნატალია დავიდოვნამ. ეს ამბავი ოთხიოდე წლის წინ მოხდა. შუა აპრილი იდგა. ახლადგაღვიძებული ბუნება განახლების მწვანე სისხლად ჩაგუბებულიყო ხეთა ფოთლებსა და კვირტებში, იქიდან დამათრობელ სურნელად ჟონავდა და ქალაქს სიმსუბუქისა და სტიქიური აღორძინების მაცდურ ქსელში ხვევდა, რომელიც მიზიდულობის ძალას ფეხისგულებში უღიტინებდა და საამოდ აფორიაქებდა. ნათელი დილა იდგა. მზე ახალი ამოსული იყო და აპრილის ხასხასა ფერებში გახვეული მისი სხივები ჰაერში ნეტარებით ცახცახებდნენ. სოლომონს, ჩვეულებისამებრ, ხელები ზურგსუკან დაეწყო და გაზაფხულის მძაფრი სუნთქვით ოდნავ გაბრუებული და ოდნავ მოთენთილი, დინჯად მიიკვლევდა გზას იასამნის სურნელოვან ბურუსში. იმ ქუჩაზე რომ გადაუხვია, რომელიც ბოლოში სკოლის ჩიხს უერთდებოდა, უეცრად წინ მიმავალი ნატალია დავიდოვნა დაინახა. მიუხედავად ამისა, რომ ჯერ კიდევ გვარიანად გრილოდა, ნატალია დავიდოვნას თხელი, უმკლავებო კაბა ეცვა, ერთიანი და მწვანე ფოთლებით მოხატული. ეტყობა, სწორედ გაზაფხულის ბრალი იყო, რომ სოლომონს წამით თავბრუ დაეხვა და სამყარო უეცრად იქცა უსასრულო და ცარიელ სივრცედ. და ამ ცარიელ სივრცეში მხოლოდ ნატალია დავიდოვნა მოჩანდა, სავსე და მკვრივი, როგორც ბადრი მთვარე, მწვანეფოთლებიან კაბაში გამოწყობილი და არაამქვეყნიურად მშვენიერი. ნატალია დავიდოვნა თავად იღვრებოდა გაზაფხულის უცხო სილამაზედ, საკუთარი არსების ხატს, ნატალია დავიდოვნათა უსხეულო და უხილავ წყებას, სინათლის ტალღებად ასხივებდა ოთხსავ მხარეს, საკუთარი არსების წარმტაც სილამაზეში ახვევდა ყოველივეს და გაზაფხულის ნათელი და დამათრობელი ნეტარებაც სწორედ ეს იყო. საბედნიეროდ, ხილვა დიდხანს არ გაგრძელებულა და სოლომონი მალევე მოეგო გონს. ისა და ნატალია დავიდოვნა მხოლოდ სალმით იცნობდნენ ერთმანეთს. ზოგჯერ, ვთქვათ, ახალი სასწავლო წლის დადგომისას, როდესაც მასწავლებლებს დიდი ხანია ერთმანეთი არ ენახათ, თანახმად ურთიერთობათა კოდექსის მოთხოვნისა, სალამს თავაზიანი „როგორ ბრძანდებით - გმადლობთ, კარგად - თქვენ როგორ“ მოჰყვებოდა, ამაზე შორს კი საქმე არასოდეს წასულა. ამიტომ, როგორც კი სოლომონი გონს მოეგო, შიში და შვება თითქმის ერთდროულად იგრძნო. შიში იმისა, რომ შეიძლებოდა ასე შორიდან კი არ დაენახა, არამედ შეჰფეთებოდა, და შვება იმისა, რომ, მადლობა ღმერთს, არ შეჰფეთებია. რომ შეჰფეთებოდა, კარგა მოზრდილი მონაკვეთი მასთან ერთად უნდა გაევლო, სოლომონმა კი არ იცოდა, რაზე ელაპარაკა, რადგან ნაცნობობის ფორმათა შორის ყველაზე მძიმე ის არის, როდესაც ადამიანს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოველდღე ხვდები, მაგრამ ეს შეხვედრები არასოდეს ოფიციალური მისალმების ჩარჩოს არ გასცდენია და მუდამ ერთი და იმავე სარიტუალო ფორმულის გამეორებას წარმოადგენს. ეს კი ურთიერთობას არათუ აღარ აღრმავებს და ავითარებს, სიცოცხლის იმ პატარა ნიშანსაც აცლის, რაც თავიდან ჰქონდა, და უაზრო ჩვევად აქცევს, გახევებულ წესად, ერთგვარ მაგნიტურ კარად, რომელიც ჩვენი მიახლოებისას ავტომატურად იღება და, როგორც კი გავივლით, ასევე ავტომატურად იხურება. ასეთი ნაცნობობა ფრიად სახიფათო რამ არის, რადგან ყოველ წუთასაა მოსალოდნელი, რომ ცხოვრების ჭირვეულმა ხლართებმა ისეთ დროს შეგვყაროს მარტო, როცა თავის დაკვრის მშრალი რიტუალი საკმარისი არ იქნება და ვითარება საუბრის გაბმას მოგვთხოვს, საუბრის გაბმა კი მით უფრო ძნელია, რაც უფრო ხანგრძლივი იყო ურთიერთობა მკვდარი ფორმულის გაქვავებულ ფარგლებში. ამიტომ სოლომონი, თუმცა ეს განწყობილების ქაოტური ბრუნვა იყო და არა გამოკვეთილი აზრი, გულში მადლობას სწირავდა უფალს, რომ მასა და ნატალია დავიდოვნას შორის საპატიო მანძილი იდო და ეს მანძილი, მათი სიარულის ტემპის სხვადასხვაობის გამო, კიდევ უფრო იზრდებოდა. სოლომონს გაცილებით ერჩივნა, ასე დინჯად მიჰყოლოდა შორიახლო და ასე დარბაისლურად ემზირა ნატალია დავიდოვნას სრული, მაგრამ ჯერ კიდევ მოქნილი და მოხდენილი სხეულისათვის, რადგან ეს საამოც იყო და არც არაფერს ავალდებულებდა. მაგრამ მოულოდნელად ნატალია დავიდოვნა შეჩერდა, ჩანთა, რომელიც აქამდე მარჯვენა ხელში ეჭირა, მარცხენაში გადაინაცვლა, გახსნა და შიგ რაღაცას დაუწყო ძებნა. სოლომონი შეკრთა, მაგრამ შეშფოთებით არ შეშფოთებულა: მანძილი დიდი იყო და იმედი ჰქონდა, რომ, სანამ ეს მანძილი იმ ზომამდე შემცირდებოდა, რომლის იქითაც უკვე ხიფათია მოსალოდნელი, ნატალია დავიდოვნა იპოვიდა, რასაც ეძებდა, და გზას განაგრძობდა. ეს იმედი (თუ მანძილს გავითვალისწინებთ, სავსებით საფუძვლიანი) ერთხანს მხნედ მიუძღოდა წინ, მაგრამ მალე დნობა დაიწყო, რადგან მანძილი თანდათან მოკლდებოდა, ნატალია დავიდოვნა კი ჯერ კიდევ საქმიანად ჩხრეკდა ჩანთას. სოლომონს მღელვარება მოეძალა, გულში შიშმა თვალი გაახილა, კანის ფორებში ოფლის წვეთები შეირხნენ და ასაგორებლად მოემზადნენ. თუ ნახევარ წუთში ნატალია დავიდოვნა ვერ იპოვიდა, რასაც ეძებდა (ასეთს რას ეძებდა?), ადვილი შესაძლებელია, მერე უკვე გვიანი ყოფილიყო. ნაბიჯის შემდგომი შენელება სოლომონს აღარ შეეძლო, ვინაიდან ეს უკვე მოძრაობის სრული შეწყვეტა იქნებოდა, ამას კი ვერ გაბედავდა: რომ გაჩერებულიყო, ისეთი სურათი წარმოიქმნებოდა, არ შეიძლებოდა გამვლელებს საეჭვოდ არ მოსჩვენებოდათ, და გარდა ამისა, ერთიც ვნახოთ და, ნატალია დავიდოვნას მოეხედა, ხომ მთლად სულელურ ვითარებაში უნდა აღმოჩენილიყო, რომელსაც ვეღარაფრით ვეღარ გაამართლებდა. და სოლომონმა გზა განაგრძო. როდესაც მანძილი სულ რამდენიმე ნაბიჯამდე შემცირდა, უეცრად ნატალია დავიდოვნას შიშველ მკლავებზე ხორკლი დაინახა. ამ სანახაობამ რაღაც უცხო, მაგრამ ტკბილი და გამაბრუებელი გრძნობა აამოძრავა და მღელვარებამ სხვა ძალით და სხვა მხრიდან შემოუტია. ეს თეთრი, მკვრივი და ალბათ გრილი მკლავი წამით თითქოს სოლომონის სულის სარკისებურ ზედაპირს შეეხო და თავისი ხორკლის შესაბამისად დაკეჭნა. სოლომონს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ამასობაში ის უკანასკნელი რამდენიმე ნაბიჯიც ამოიწურა და დადგა გარდაუვალი და გადამწყვეტი ჟამი, როცა სოლომონი მისალმების ფორმულის შემდეგ ჩვეულებისამებრ ვეღარ განაგრძობდა გზას, იძულებული გახდებოდა შეჩერებულიყო და ამით ერთგვარი შესავალი გაეკეთებინა იმ საუბრისათვის, რომლის გაბმასაც ვერ მოახერხებდა. მაგრამ ხსნა არსაით იყო და სოლომონი შეჩერდა. - დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა! - აა, ბატონო სოლომონ! - შემოსცინა ნატალია დავიდოვნამ, - დილა მშვიდობისა! - და (ეს საქციელი სოლომონისთვის გაუგებარი დარჩა) მაშინვე დაანება თავი იმის ძებნას, რასაც ეძებდა, ჩანთა დახურა და ისევ მარჯვენა ხელში დაიჭირა.    სოლომონმა ერთი პირობა დააპირა ეკითხა, ხომ არაფერი დაკარგეთო, მაგრამ წამსვე უარყო ეს განზრახვა, რადგან მოეჩვენა, რომ ეს სხვის პირად საქმეში უადგილო და უტაქტო ჩარევა იქნებოდა, და გარდა ამისა, რა იცი, რას ეძებდა.    ახლა ისინი ერთად, წყვილად მიარღვევდნენ იასამნის სურნელის მსუბუქ ბურუსს და დუმდნენ. ხორკლებიც რომ არ ჰქონოდა ნატალია დავიდოვნას გრილ მკლავებზე, სოლომონს მაინც გაუჭირდებოდა საუბ-რის გაბმა, მაგრამ ხორკლები (თუმცა ალბათ იმაზე მეტს აბრალებდა, ვიდრე იმსახურებდა) მართლა ძალიან უშლიდა.    რაკი ნატალია დავიდოვნას გახსნილი ჩანთა საუბრის ამოსავალ წერტილად არ გამოდგა, სოლომონმა სხვა თემებს დაუწყო ძებნა და ვერ იპოვა. უფრო სწორად, პოვნით კი იპოვა - სათქმელის მეტი რა იყო - მაგრამ ისეთი ვერ იპოვა, რომ თქმად ღირებულიყო. მაგალითად, განა სისულელე არ იქნებოდა, ეთქვა: „რა საამური დილაა არა, ნატალია დავიდოვნა?“ როცა ნატალია დავიდოვნა თავადაც მშვენივრად ხედავდა, რომ საამური დილა იყო. ან იმის კითხვას რა აზრი ჰქონდა, დღეს რომელ კლასში გაქვს პირველი გაკვეთილიო. სულ ერთი არ არის, რომელ კლასში აქვს ადამიანს პირველი გაკვეთილი? სოლომონმა ნატალია დავიდოვნას პირადი ბიოგრაფიიდანაც იცოდა ზოგი რამ, მაგალითად ის, რომ ნატალია დავიდოვნა ქვრივი იყო, რომ ქმარი დიდი ხნის წინ გარდაცვლოდა, რომ შვილი არ დარჩენოდა, რომ მოხუც დედასთან ერთად ცხოვრობდა სადღაც, აქვე, სკოლის მახლობლად. მაგრამ საუბრისთვის ეს ცნობები გამოუსადეგარი აღმოჩნდა. რაც იცოდა, იმას ხომ არ გამოიკითხავდა? და რაც არ იცოდა... „დედათქვენი რამდენი წლისაა, ნატალია დავიდოვნა?“ სულელური ცნობისმოყვარეობაა და მეტი არაფერი. ან დაქვრივების დროსა და გარემოებაზე ხომ ვერ ჩამოუგდებდა სიტყვას! ჯერ ერთი, რა შენი საქმეა, და მეორეც, ასეთ თემაზე ლაპარაკი ქალმა შეიძლება რაღაცის ქარაგმად მიიღოს და მთლად აირ-დაირიოს ყველაფერი. ახლა ისინი იასამნის სურნელის მსუბუქი ბურუსის გარდა სიჩუმის მძიმე ტალღებსაც მიარღვევდნენ.    უცებ სოლომონის თვალწინ (არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით თვალწინ, ზუსტად წარბების სიმაღლეზე, ერთი ხელის დადების მოშორებით, იმდენად ნათლად, რომ ალბათ გარეშესაც თავისუფლად შეეძლო დაენახა) გაჩნდა სიტყვები, წვრილი, იისფერი მელნით დაწერილი სტრიქონი: „ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას“. სოლომონი თავის თავს შემოსწყრა, რა დროს ფრანციააო, წარმოსახვის ძალით მარჯვენა ხელი ასწია, სტრიქონი ორი თითით აიღო და ტროტუარზე მოისროლა, მაგრამ სტრიქონი ჭიაყელასავით დაიკლაკნა, ასხმარტალდა, მერე რაღაც მანქანებით ჰაერში აიჭრა და ისევ ისე გამაღიზიანებლად და გამომწვევად გაიშალა წარბების სიმაღლეზე. ეს სტრიქონი მოსწავლეებს რატომღაც სასაცილო ეჩვენებოდათ, სოლომონი ამას საგნის უპატივცემულობად თვლიდა და ბრაზობდა, თან ცდილობდა, თვითონაც მოსწავლეების თვალით შეეხედა, რათა მიმხვდარიყო, მართლა იყო ამაში რამე სასაცილო თუ არა. სიჩუმე კი ამასობაში მძიმე ლოდად იქცა და, ვიდრე ამ ლოდის შესაკავებლად (ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას) კაპიტალურ ბოძებს დაამზადებდა, მანამ რომ დროებით საყრდენი მაინც შეედგა (ნაპოლეონმა გარდმოავლო თვალი ფრანციას), თქვა: - სხვა, როგორ ბრძანდებით, ნატალია დავიდოვნა? - გმადლობთ, არა მიშავს, - გაიღიმა (რაზე გაიღიმა?) ნატალია დავიდოვნამ, - თქვენ როგორ გიკითხოთ? - გახლავართ ასე, გვარიანად. ნატალია დავიოდვნა, გვარად ჯორჯაძე, დედითაც და მამითაც ქართველი იყო, მაგრამ ბავშვობა და ახალგაზრდობა რუსეთში გაატარა და თუმცა ქართული ჩინებულად იცოდა (ამით ცოტ-ცოტას ამაყობდა კიდეც), ოდნავი, ძლივშესამჩნევი აქცენტი მაინც დაჰკრავდა, რაც მოწაფეებს სავსებით ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ ათასი მაიმუნობა მოეგონებინათ, სოლომონს კი მიაჩნდა, რომ ეს ოდნავი აქცენტი, რომელიც თითქოს ნაზ, უცხო, ნახევრად გამჭვირვალე ქსოვილად ერტყა ირგვლივ (და ყოველდღიურობიდან გაქცევის სავსებით ადამიანურ ოცნებას რაღაც დამატებით საზრდოს აძლევდა), საყვარელი მიამიტობის გარდა, ძნელად განსასაზღვრ, მაგრამ ღრმა შინაგან მომხიბლაობას ანიჭებდა.    სოლომონი ერთბაშად მიხვდა, რომ საუბრის გაბმის საუკეთესო საშუალება გაუშვა ხელიდან. მართლაცდა, რა უნდა იყოს იმაზე ჩვეულებრივი და ბუნებრივი, ადამიანს ჰკითხო, ხომ არაფერი დაგიკარგავსო, როცა ხედავ, რომ ჩანთა გაუხსნია და შიგ რაღაცას ეძებს. ახლა ცხადზე უცხადესი იყო, რომ არავითარი უხერხულობა ამ შეკითხვას არ ახლდა, პირიქით, მოვალეც იყო ეკითხა. „დილა მშვიდობისა, ნატალია დავიდოვნა! რამე დაკარგეთ?“ „აა, დილა მშვიდობისა, ბატონო სოლომონ! დიახ... მგონი, გასაღები დამრჩა სახლში“. „ოჰ, რას ბრძანებთ! ეს როგორ დაგემართათ! მერედა, დედათქვენი შინ არ არის?“ „შინ არის, მაგრამ მამიდაჩემთან აპირებდა წასვლას და ვაითუ ჩემს იმედად იყოს და თავისი გასაღები თან არ წაიღოს“. „ეს ვერ იქნება კარგი საქმე... იცით რა? როგორც კი მივალთ სკოლაში, მაშინვე უნდა დაურეკოთ. გაქვთ ტელეფონი?“ „ეგ კარგი მითხარით. სწორედ ასე ვიზამ. ჩვენ არა გვაქვს, მაგრამ მეზობელთან შემიძლია დავრეკო“. „თუ დაირეკა (ირონიული ღიმილი)... ხომ მოგეხსენებათ ჩვენი ტელეფონების ამბავი... თუ არადა (მხნე კილო), შესვენებაზეც მოასწრებთ გადარბენას. მგონი, სადღაც ახლო ცხოვრობთ“. „დიახ, აქვე ვცხოვრობ, კუთხეში. თავისუფლად მოვასწრებ შესვენებაზე გადარბენას“. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ უკვე გვიანი იყო. ახლა რომ ეკითხა, წეღან რომ ჩანთაში რაღაცას ეძებდით, რას ეძებდით, ხომ არაფერი დაგიკარგავთო, ამ კითხვას უკვე დაინტერესების სუნი აუვიდოდა და ამიტომ საეჭვოც იქნებოდა და სულელურიც. და იმ დროს, როცა ბეჭებში ჭირის ოფლის მანქანა სრული ძალით ამუშავდა, ნაპოლეონმა უკანასკნელად გარდმოავლო თვალი ფრანციას და მისი ადგილი (საიდან სადაო!) ჯემს უატმა დაიჭირა, ოღონდ სოლომონმა ვერ მოიგონა, ჯემს უატი და პოლზუნოვი სხვადასხვა პიროვნება იყო თუ ერთი და იმავე პიროვნების სხვადასხვა გვარი, ნატალია დავიდოვნას კი ამას ვერ ჰკითხავდა, რადგან შეიძლება არ სცოდნოდა და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო, ხოლო საერთო ნაცნობი, რომელიც უეჭველად წაგადგება თავს, როცა არაფერში გჭირდება, როცა გულით ნატრობ, არასოდეს გამოჩნდება. იმ დღეს სოლომონი, საკუთარ თავზე ისე გაბრაზებული, როგორც სხვაზე გავბრაზდებით ხოლმე, მთელი დღე (განსაკუთრებით კი ღამე) გუნებამოშხამული იყო, მაგრამ მეორე დილით, როდესაც დერეფანში შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რომელმაც ის იყო გაკვეთილი დაამთავრა და, მოწაფეებთან ნაომარი, სახეაწითლებული გამოვიდა საკლასო ოთახიდან, უეცრად ნათლად იგრძნო, რომ, მიუხედავად სამარცხვინო დუმილისა, მიუხედავად ნაპოლეონისა და ჯემს უატისა, გუშინდელ შეხვედრასა და ათიოდე წუთის უბრად, მაგრამ გვერდიგვერდ სიარულს (მკლავებზე ნატალია დავიდოვნას სიგრილის ხორკლები ეყარა) მისალმების გახევებული და გამომშრალი ფორმულისათვის თითქოს სასიცოცხლო ნამი ეპკურებინა და ურთიერთობაში ახალი (თუმცაღა ჯერ კიდევ სუსტი) ძაფი გაება. მაგრამ სოლომონის საიდუმლო ეს არ ყოფილა.    სოლომონის საიდუმლო ის იყო, რომ ერთხელ ნატალია დავიდოვნას შინ ეწვია. ამ ამბის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, ცხოვრება კვლავ ძველ, პირობითობის ფორმალურ კალაპოტს დაუბრუნდა და ურთიერთობის დამატებითი ძაფი, რაკი საყრდენი ვერ იპოვა და გვერდით სხვა, ახალი ძაფები ვეღარ დაიგულა, ისევ გაწყდა.    მაგრამ ერთხელ, როდესაც სოლომონი, რომელსაც იმ დღეს თერთმეტის ნახევრიდან მოყოლებული ზედიზედ სამი გაკვეთილი ჰქონდა, სკოლაში მივიდა, აღმოჩნდა, რომ იმ სამი გაკვეთილიდან პირველი უცდებოდა, რადგან ქალაქში ვიღაც საპატიო სტუმრები ჩამოსულიყვნენ და განათლების განყოფილების განკარგულებით მთელი სკოლის ბავშვები დილაადრიან შესახვედრად წაელალათ. მომდევნო გაკვეთილამდე ერთი საათიღა იყო დარჩენილი და, რაკი შინ წასვლას აზრი არ ჰქონდა, სოლომონი ეზოში ჩავიდა, ნაძვნარში მერხზე დაჯდა, ფიქრებში ჩაიძირა და მალე თვლემაც წამოეპარა. სწორედ ამ დროს მოესმა ნატალია დავიდოვნას ხმა: - თქვენც გაგიცდათ გაკვეთილი, ბატონო სოლომონ?    ნატალია დავიდოვნას სირინოზის ხმა ჰქონდა (რაც ვარაუდი უფრო იყო, ვინაიდან სოლომონს სირინოზის ხმა არასოდეს გაეგონა). - დიახ, - გამოფხიზლდა სოლომონი და ზეზე წამოდგა, - მოვედი და არავინ დამხვდა, მეოთხე გაკვეთილისთვის დაბრუნდებიანო, დირექტორმა. - მესამისთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ, - თქვა ნატალია დავიდოვნამ, - მე ორი გაკვეთილი უკვე გამიცდა. მესამისთვის დაბრუნდებიანო, მითხრეს და მოვედი, მაგრამ არ დაბრუნებულან და ესეც მიცდება. - რას იზამთ, - უადგილოდ დაამშვიდა სოლომონმა. - მთელი საათი აქ უნდა ელოდოთ? - ჰკითხა ნატალია დავიდოვნამ და, როცა პასუხად სოლომონმა დინჯად და უხმოდ აიჩეჩა მხრები, დაუმატა, - იცით, ჩემთან წამობრძანდით, იქ უკეთ დაისვენებთ. თან დედაჩემი საუცხოო ჩაით გაგვიმასპინძლდება.    ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ, სანამ სოლომონი გაარკვევდა, თუ რატომ შედგებოდა ის ელდა, რომელმაც მთელი მისი არსება შეარყია, ერთმანეთში გადახლართული შიშისა და სიხარულისაგან, ალბათ, წუთზე მეტი გავიდა. შემდეგ, როდესაც ბურუსი გაიფანტა და ნაძვები, ეზო, სკოლა და ნატალია დავიდოვნა კვლავ თავთავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ, სოლომონის არსების რომელიღაც ნაწილმა, რომელიც ძალიან ფხიზელი და ძალიან გონიერი იყო, უარის თქმა დააპირა, რადგან, თუმცა დათანხმებაში არაფერი ისეთი არ იქნებოდა, რაც მორალური საზომით უნდა გაზომილიყო, რაღაც მოუხელთებელი კავშირით მაინც მორალს უკავშირდებოდა, მაგრამ სიხარულმა, უფრო სწორად, უცნაურმა გაბრუებამ, რომელიც, როცა დაიწმინდებოდა და საბოლოო სახეს მიიღებდა, არავინ იცის, სიხარული იქნებოდა თუ არა, იძალა, სიფხიზლე და გონიერება ბნელ ხაროში გამოამწყვდია და საბოლოოდ, მთელი ამ შინაგანი ბრძოლის შემდეგ, სოლომონმა ასეთი მერყევი გადაწყვეტილება მიიღო: - გმადლობთ, ნატალია დავიდოვნა, მაგრამ... უხერხულია... ვაითუ დედათქვენი შევაწუხო... - არა, რას ბრძანებთ! პირიქით, დედაჩემს ძალიან გაეხარდება. სტუმარი ჩვენთვის დღესასწაულია. ჩვენ ხომ აქ სულ მარტონი ვართ. არც ნათესავები გვყავს და არც ახლობლები.    სოლომონმა კინაღამ ჰკითხა, როგორ, მამიდაო? კიდევ კარგი, უკანასკნელ წამს გაახსენდა, რომ ეს მამიდა მისი შარშანდელი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაშინ ცოტა კიდევ, ამჯერად წმინდა ფორმალური თავაზიანობის გამო, იყოყმანა და, როცა ნატალია დავიდოვნამ ეს ყოყმანიც იოლად გაუფანტა, მორჩილად წაჰყვა. საუბრის გაბმასთან დაკავშირებული გაჭირვება ამჯერად აღარ დადგომია, მეტიც: ერთი-ორჯერ სავსებით ბუნებრივი და საჭირო ფრაზაც მოუვიდა თავში, მაგრამ რად გინდა - ნატალია დავიდოვნას სწრაფი და უპაუზო ლაპარაკის მდინარეში, რომელიც სახლამდე სულ ჩუხჩუხით, შეუწყვეტლად დიოდა, ადგილი ვერ მოძებნა, რომ ჩაემატებინა. ნატალია დავიდოვნა ლაპარაკობდა თავის თავზე, დედაზე, ჩაის დაყენების მრავალრიცხოვან მეთოდზე, რასაც დედამისი ჩინებულად ფლობდა, რუსეთზე, სადაც ჰავა შედარებით მშრალია და ამიტომ ზამთრის სიცივეც ნაკლებშემაწუხებელია, სამოვარზე, მოწაფეებზე, რომლებიც ძალიან ანცები არიან, მაგრამ, ანცები რომ არ იყვნენ, არც ასეთი საყვარლები იქნებოდნენ, და კიდევ ათას რამეზე.    ნატალია დავიდოვნას დედას სოლომონის სტუმრობა მართლა გაეხარდა. ამ სიხარულს ხშირ-ხშირად ამჟღავნებდა, ხან ქართულად და ხან რუსულად. დედა-შვილი ვიწროდ ცხოვრობდა, ერთ პატარა ოთახში. სამაგიეროდ ოთახი ვრცელ აივანზე გადიოდა, საიდანაც ლამაზი ხედი იშლებოდა. ჩაი სწორედ ამ აივანზე დალიეს და მართლა დიდებული რამ იყო. ნატალია დავიდოვნა სწრაფად, პატარა გოგასავით მიდი-მოდიოდა და სუფრა უცებ და ლამაზად გაშალა. დედამისი ჩინებული ქალი გამოდგა. მართალია, სოლომონს ერთთავად საოპერო მუსიკაზე ელაპარაკებოდა, რაც სოლომონის მრავალრიცხოვან აქილევსის ქუსლთა შორის შესაძლოა ყველაზე სუსტი ქუსლი იყო, მაგრამ ნატალია დავიდოვნას დედა როგორღაც ისე ახერხებდა ამ თემაზე საუბარს, რომ სოლომონს არც ერთხელ თავისი უვიცობა არ უგრძვნია და ჭირის ოფლის მოწმენდა არ დასჭირვებია. საბოლოოდ ისე მოიხიბლა, რომ, როდესაც წასვლის მწუხარე ჟამმა დაჰკრა (გულახდილად უნდა ითქვას, სოლომონს წასვლა უკვე აღარ უნდოდა), რაღაც უცხო და გაუგებარი ელექტრობიძგის წყალობით, გამოთხოვებისას ნატალია დავიდოვნას დედას (ნატალია დავიდოვნას არა) ხელზე აკოცა.    იმ დღეს სოლომონს ზეაწეული განწყობა არ მოშორებია და ამიტომ ერთთავად იმის ცდაში იყო, სადავე მუდამ მოზიდული ჰქონოდა და თავი ნებაზე არ მიეშვა, რათა ისე არ ამჩატებულიყო, რომ მისი ქცევა სასაცილო და საეჭვო გამოჩენილიყო. განსაკუთრებით სახლში ფრთხილობდა. შინ დაბრუნებულმა ასმათის დანახვაზე უეცრად იგრძნო, რომ მისი იდუმალი ვიზიტი იყო არა უწყინარი თვითნებობა, როგორც აქამდე ეგონა, არამედ ღალატი (მრისხანე სიტყვაა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ არც შემცდარა. ბოლოს და ბოლოს, ღალატი მარტო ის ხომ არ არის, რაც ღალატია! ალბათ ისიც ღალატია, სხვასთან რომ უკეთ გრძნობ კაცი თავს, ვიდრე საკუთარ ცოლთან!).    ამის შემდეგ, თუმცა სოლომონისა და ნატალია დავიდოვნას შეხვედრები კვლავ ოფიციალური და თავაზიანი მისალმების ჩვეულებრივ კალაპოტში ჩადგა, სოლომონს ყოველთვის ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს, მისალმებისას რომ ერთმანეთს გაუღიმებდნენ, მათი ღიმილის უკან რაღაც საიდუმლო იმალებოდა, სხვათათვის გაუგებარი და მხოლოდ მათთვის ცნობილი, შორეული, მაგრამ მთრთოლვარე და რომანტიკული საიდუმლო, და ძველ ბაღშიც სოლომონის ფიქრთა მჭიდრო ქარავანი დროდადრო გაიშლებოდა და თავისუფალ ადგილებში, რომლებიც ამ გაშლის შედეგად ჩნდებოდა, უხმაუროდ, ფრთხილად, შეკავებული მღელვარებით, როგორც იდუმალ და სახიფათო პაემანზე მიმავალი ქალი, შემოდიოდა ნატალია დავიდოვნა. შემოდიოდა და არა მხოლოდ ბუნებრივად და ლამაზად ეხამებოდა მისთვის ამ ახალ და უჩვევ ად-გილს, არამედ ქარავანის თავდაპირველ სიმძიმეში სიმსუბუქე, სიხალისე და უცხო სიცოცხლე შემოჰქონდა. ასეთ დროს სოლომონს ზოგჯერ ახალგაზრდობა მოაგონდებოდა და (სულო ცოდვილო!) წარმოიდგენდა, ვითომ მანამ, სანამ სულწასული ნათესავები ცოლს შერთავდნენ, შეხვდა ნატალია დავიდოვნას, რის გამოც ცხოვრება სულ სხვა გზით წავიდა და სამყარომ სულ სხვა სახე მიიღო. კერძოდ, რა გზით წავიდა და რა სახე მიიღო, ამას სოლომონის ფიქრები აღარ აზუსტებდნენ, რადგან ფიქრებს ბალღამივით უკან მიჰყვებოდა დანაშაულის გრძნობა, რომელიც წარმოდგენას ზედმეტად ფრთების გაშლის ნებას არ აძლევდა. შინიდან რომ წამოვიდა და კვლავ ბაღში შეუხვია (დღეს უკვე მესამედ), სოლომონი ამჯერად თავის საყვარელ მერხზე აღარ დამჯდარა, შეუჩერებლივ, ოღონდ ჩვეული დინჯი და დარბაისლური ნაბიჯით, ჩაუარა ძველ აუზს, ძველ ესტრადას, ძველ ქანდაკებას, ბაღს გასცდა და სკოლის გზას დაადგა. როდესაც სამასწავლებლოში შევიდა და ლაბადის გახდა დაიწყო, ოთხს ჯერ კიდევ ათი წუთი აკლდა.    სხდომაზე მოწვეულთაგან ნაწილი, უმთავრესად ისინი, ვისაც გვიანობამდე ჰქონდა გაკვეთილები და ამიტომ შინ წასვლა ვეღარ მოასწრეს, სამასწავლებლოში ტრიალებდა. ბესარიონ ჭედია კუთხეში თავის მაგიდას უჯდა და, როგორც ყოველთვის, გამალებული ფხაჭუნით წერდა რაღაცას. ბატონი დიმიტრი ფანჯარასთან იდგა, ხელები მკერდზე დაეკრიბა, სივრცეს გასცქეროდა და ფიქრებში წასულიყო. ალბათ შვილებზე ფიქრობდა. ბატონ დიმიტრის ორი სახელოვანი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. ერთი მწერალი იყო, მეორე - საზოგადო მოღვაწე, და ორივე მაღალ და თბილ თანამდებობაზე მუშაობდა, რაც მამას საშუალებას აძლევდა, თავი იოლად არავისთვის გაეყადრებინა, დირექტორის მოადგილეები არად ჩაეგდო და ზოგჯერ თვით დირექტორისთვისაც კი თამამად შეებრუნებინა სიტყვა, რისთვისაც მხოლოდ ათასში ერთხელ თუ დასჭირდებოდა იმის ხმამაღლა თქმა, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ მისი ვაჟები. კატო მასწავლებელი, ჭაღარა და სანდომიანი, მშვიდი, საყვარელი ქალი, რომელიც დაწყებით კლასებს ასწავლიდა, სხდომის მოლოდინში დროს არ აცდენდა და თავისი ციცქნა მოწაფეების რვეულებს ჩაჰკირკიტებდა. ერთი გამოსვლა ეთერ გვალია გამოვიდა თავისი კაბინეტიდან და დირექტორის კაბინეტისაკენ გაეშურა, მაგრამ შუა გზაზე შეჩერდა, ცოტა ხანს ადგილზე იწრიალა და უკანვე დაბრუნდა, ეტყობა, დირექტორთან შესასვლელად დამაჯერებელი მიზეზი ვერ მოძებნა.    მალე ისინიც მოგროვდნენ, ვისაც შინ წასვლა და დასვენება მოესწრო. მათ შორის პირველი მოვიდა ნესტან ვაჩეიშვილი, ნუკრი ვაჩეიშვილის ალალი ბიძაშვილი, ქიმიის მასწავლებელი და მთელ სკოლაში (ზოგიერთების აზრით, მთელ ქალაქშიც) ულამაზესი ქალი, მაღალი, თხელი, ქანდაკებასავით ჩამოსხმული. შავი, სწორი თმა, რომელიც ისე ჰქონდა დავარცხნილი, რომ სანახევროდ ლოყებსაც უფარავდა, მხრებზე სცემდა. თვალ-წარბიც შავი ჰქონდა, ცხვირი - თხელი და სწორი, სახის ოვალი - მკაფიო და ნატიფი, მაღალი ყელი, მაღალი მკერდი, მაღალი თეძოები და მაღალი ფეხები. ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზე ადრე საკუთარ თავს თვითონვე შეჰხაროდა, უფრო ლაღი იყო, უფრო უშუალო და მახლობელი, და ადიდებულ მდინარეს ჰგავდა, რომელსაც ჯებირები მოურღვევია, ნაპირები გადმოულახავს და, საცა კი გაივლის, ყველგან კვალს ტოვებს. ამ დროს რომ მის გვერდით აღმოჩენილიყავით, თითქოს მისი სილამაზე გადმოგედოთო, თქვენი თავიც ლამაზი და მომხიბლავი მოგეჩვენებოდათ. რაც ასაკში შევიდა (უკვე ორმოცს იყო გადაცილებული), ძველებური სილაღე და სიგიჟმაჟე დაკარგა. ამის მიზეზი, ასაკს გარდა, ალბათ ისიც იყო, რომ ახლა ამ სილამაზის შესანარჩუნებლად საჭირო შეიქნა საგანგებო მოვლა და ყოველდღიური ზრუნვა. ნესტან ვაჩეიშვილიც ზრუნავდა. ამბობდნენ, საათობით შიშველი ზის აბაზანაში და სახისა და სხეულის მასაჟს იკეთებსო. რაღაც სპეციალური ვარჯიშიც სცოდნია. სიცილის დროს პირის ბოლომდე გაღებას უკვე ერიდებოდა, რათა ზედმეტი ნაოჭები არ გასჩენოდა. ნელსაცხებლებსა და სუნამოს, როგორც ირწმუნებოდნენ, თვითონვე ამზადებდა. ეტყობა, კარგადაც ამზადებდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ოსტატურად ხმარობდა, რადგან, რამდენიც არ უნდა გეცქირათ, მის სახეზე ფერ-უმარილის კვალს ვერ შეამჩნევდით. ასეთი მოვლისა და ყურადღების შედეგად ახლაც წინანდებურად ლამაზი იყო. მართალია, ამ სილამაზეს ძველებური გადამდები ძალა დაკარგული ჰქონდა, ცივი გამხდარიყო, შორეული და ცოტა ამპარტავნულიც, სამაგიეროდ, უფრო დახვეწილი იყო, უფრო ჰარმონიული და უფრო მკაცრ ფორმაში მოქცეული. კოლეგები (ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ქალებზე) ზურგსუკან დასცინოდნენ და ზოგჯერ სოფლელი დედაკაცებივით ქოქოლასაც კი აყრიდნენ. ცხადია, მის უტყუარ სილამაზეში ეჭვს ვერ შეიტანდნენ. ეგ კი არა, თავის მოვლას რომ ამდენ დროს უთმობდა, ამაზეც ვერაფერს ამბობდნენ, რაკი შედეგი ასეთი განსაცვიფრებელი იყო. პირიქით, მისი გარეგნობის საქებრად იმაზე მეტსაც კი ლაპარაკობდნენ, ვიდრე გულში ფიქრობდნენ, რათა ამით უფრო გაესვათ ხაზი იმისთვის, რისკენაც მათი დაცინვის ისარი იყო მიმართული. ისარი კი მიმართული იყო ნესტან ვაჩეიშვილის სილამაზის უაზრობისაკენ. საქმე ის არის, რომ ნესტანი გაუთხოვარი იყო და არც არასოდეს ჰყოლია საყვარელი (რომ ჰყოლოდა, არ დაიმალებოდა). ამრიგად, მისი სილამაზე თითქმის უქმი, უსარგებლო და უაზრო იყო და ქალებმაც, რომელთაც კარგად ჰქონდათ შეგნებული თავიანთი შედარებითი შეუხედაობა, აქ იპოვეს ის სუსტი წერტილი, სადაც შეიძლებოდა შურისთვის დაცინვის სახე მიეცათ. სოლომონი, თუმცაღა ამ აზრს, ცხადია, ხმამაღლა არ გამოთქვამდა, ფიქრობდა, რომ ამ უაზრობაში შესაძლებელია ნამდვილი თავგანწირვა იმალებოდა. რაკი თავისი სილამაზე თვითონ არაფერს რგებდა, მაშასადამე, ნესტან ვაჩეიშვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვებისთვის ზრუნავდა და სხვებისთვის ხარჯავდა იმ ძვირფას დროს, რასაც თავის გარეგნობას ანდომებდა. ვინ იცის, რამდენი დარდიანი კაცი ხასიათზე მოსულა და რამდენ გუნებამოშხამულს გულზე მოჰფონებია, ქუჩაში რომ ასხლეტილი და ყელმოღერებული, ჯიშიანი ცხენივით მიმავალი ნესტან ვაჩეიშვილი დაუნახავს. და ნესტან ვაჩეიშვილიც ცდილობდა, რაც შეიძლება დიდხანს ყოფილიყო ლამაზი, რათა რაც შეიძლება დიდხანს გაეცა ეს სილამაზე და უსასყიდლოდ დაერიგებინა ნაცნობებისთვის და უცნობებისთვის, მეგობრებისა და ამხანაგებისთვის, გამვლელებისთვის და გამომვლელებისთვის.    ბოლოს (მაგრამ დაუგვიანებლად, ზუსტად ოთხ საათზე) გამოჩნდა განათლების განყოფილებაც, რომელიც ამჯერად ქალბატონი ცისანას სახით მოვიდა. ქალბატონი ცისანა სქელი და მოსული ქალი იყო, მაგრამ ასეთ ბრგე ტანის კვალობაზეც კი რაღაც უაზროდ დიდი გავა ჰქონდა, დიდი და ყველა ნიშნის მიხედვით (ეს ერთი თვალის შევლებითაც აშკარად ჩანდა), სატარებლად ძალიან მოუხერხებელი. გავა შორ მანძილზე იყო გაშვერილი და ვეება გორელიეფს ჰგავდა, ამიტომ სიმძიმის ცენტრს ტერფებიდან ქუსლებზე გადაენაცვლებინა და ქალბატონ ცისანას, სხეულის ფარული ძალები რომ გამოეთავისუფლებინა და დაკარგული სიმძიმის ცენტრი უკან დაებრუნებინა, მკლავები გან-გან დაჰქონდა, როგორც კულტურისტს, რომელმაც აღარ იცის კუნთები სად დასტიოს, და სიარულის დროს ბეჭებს ღონივრად იქნევდა. ეს მძიმე შრომა იყო. ამიტომ სახე დაძაბული ჰქონდა, გამომეტყველება კუშტი და კონცენტრირებული, რის გამოც მეომარს უფრო ჰგავდა, ვიდრე განათლების განყოფილების წარმომადგენელს, და ადვილი შესაძლებელია გაგჩენოდათ უნებური სურვილი, გონების თვალით წარმოგედგინათ (რათა მერე შეგბრალებოდათ) მისი ქმარი. ქალბატონმა ცისანამ უხმოდ დაუქნია თავი სამასწავლებლოში მყოფთ მისალმების ნიშნად და პირდაპირ დირექტორის კაბინეტში შევიდა. მალე დირექტორმა დანარჩენებიც იქ იხმო. ქალბატონი ცისანა დირექტორის კაბინეტში სრულიად შეცვლილი იყო. ჯერ ერთი, უკვე სათათბირო მაგიდას უჯდა და მხოლოდ წელზევით ჩანდა, რასაც თავისთავად საგრძნობი კორექტივი შეჰქონდა მის გარეგნობაში, გარდა ამისა, და სწორედ ამიტომ (არა იმიტომ, რომ მხოლოდ წელზევით ჩანდა, არამედ იმიტომ, რომ იჯდა), სახე დაამებოდა, დამშვიდებოდა, საომარი გამომეტყველება წაშლოდა. ახლა იგი ოჯახის დედას ჰგავდა, რომელსაც კარგად აღზრდილი შვილები ჰყავს, სანდომიანს, კეთილს, მზრუნველს, ქმრის ერთგულსა და ამ ერთგულებით ქმარზე მეტად კმაყოფილს. მრგვალი თავი ჰქონდა, თეთრი და სუფთა სახის კანი, ცისფერი თვალები, ძალიან ქერა თმა, ვიწრო, პატარა ტუჩები და იშვიათი სილამაზის მოკლე, ნატიფი ცხვირი, რომელიც იქნებ სხვა სახე-ზე უფრო მომგებიანი ყოფილიყო, მაგრამ ქალბატონი ცისანას სახესაც ძალიან შვენოდა. რაკი მჯდომარე ქალბატონი ცისანა ასე მკვეთრად განსხვავდებოდა მოსიარულე ქალბატონი ცისანასაგან, ახლა მთავარი როლი ხმას ეკისრებოდა, ხმა შეიძლებოდა გამომდგარიყო ის ოცდამეერთე კაცი, რომელზედაც გადასაჭრელი პრობლემის ბედი ჰკიდია, რადგან დანარჩენი ოციდან ათი მომხრე აღმოჩნდა და ათიც წინააღმდეგი. მაგრამ, სამწუხაროდ, სხდომა ისე დამთავრდა, ქალბატონ ცისანას ხმა არ ამოუღია. საქმე ისაა, რომ იგი აქ უფრო წონის გამო იყო, ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაში ევალებოდა, თუ უკიდურესი აუცილებლობა წარმოიშობოდა, უკიდურესი აუცილებლობა კი არ წარმოშობილა.    სხდომას სულ თორმეტი კაცი ესწრებოდა და საბოლოოდ, როცა თორმეტივემ თავთავისი ადგილი დაიკავა ვიწრო და მოგრძო სათათბირო მაგიდის ირგვლივ, რომელიც დირექტორის საწერი მაგიდიდან მოწყვეტილი იყო და ცალკე იდგა კაბინეტის შუაში, ასეთი სურათი წარმოიქმნა: თავში დირექტორი იჯდა, ბოლოში ნუკრი ვაჩეიშვილი, დანარჩენები მაგიდის გასწვრივ ისხდნენ, ხუთი - ერთ მხარეს და ხუთი - მეორე მხარეს. დირექტორის ხელმარცხნივ, მაგიდის დასაწყისში, მოადგილეები ისხდნენ, ჯერ პირველი, მერე მეორე. პირველი ალექსანდრე ღუდუშაური იყო, წყნარი, ბუნჩულა და უპრეტენზიო კაცი, რომელიც, თუ ძალით არ ჩარევდნენ, თავისი ნებით არაფერში ერეოდა. საერთოდ, როგორც ცნობილია, თანამედროვე იერარქია მოითხოვს, რომ კიბის პირველი საფეხურის შემდეგ, სადაც დირექტორი დგას, მომდევნო რამდენიმე საფეხური ცარიელი იყოს და მხოლოდ კარგა ქვემოთ, ისეთ ადგილას, საიდანაც რიგითი თანამშრომლები უფრო ახლო არიან, ვიდრე დირექტორი, სხედან მოადგილეები და სხედან ძირითადად უსაქმოდ, რადგან დირექტორი მათ ნაკლებად ენდობა და ამიტომ ყველაფერს თვითონ აკეთებს. ზოგ მოადგილეს ასეთი საეჭვო მდგომარეობა არაფრად ეჭაშნიკება, ალექსანდრე ღუდუშაურს კი იგი სავსებით აკმაყოფილებდა და ის ერჩივნა, რაც ნაკლები თავსამტვრევი ექნებოდა. საერთოდ, უკვე ისეთ ასაკში იყო, როცა ცხოვრების საუკეთესო ნაწილი დიდი ხანია უკან დარჩა, ახალგაზრდობის იმედები და ოცნებები ნაწილი ასრულდა და ნაწილიც აუსრულებლად დაჭკნა, ისე რომ მშვიდი ინერციის მეტი წინ აღარაფერი ედო. ინერციას კი ალექსანდრე ღუდუშაური დიაღაც რომ აფასებდა და, საერთოდ, მიაჩნდა, რომ ამ ფუნდამენტური ცნების მიმართ ადამიანების დამოკიდებულება სერიოზულ გადახედვას საჭიროებს. თუმცა ერთი ნატვრა მაინც შემორჩა, რომლის ასრულება, მისი აზრით, ჯერ კიდევ შეიძლებოდა: იგი ისტორიას ასწავლიდა და ძალიან უნდოდა მოსწავლეებს მისთვის ჰეროდოტე შეერქმიათ. ამ მიზნით ისტორიის მამას გაცილებით უფრო ხშირად (ზოგჯერ უადგილოდაც) ახსენებდა ხოლმე, ვიდრე მის შედარებით გვიანდელ კოლეგებს. მაგრამ მოსწავლეებმა, რომლებიც უტყუარი ალღოთი გრძნობდენ, რა ურჩევნია მასწავლებელს და რა არა, არ აუსრულეს ნატვრა და არ შეარქვეს ჰეროდოტე. სამაგიეროდ შეარქვეს ჰეროდე, რაც სრულიად გაუგებარი იყო, რადგან ძნელი დასაჯერებელია, ბავშვებს გაგონილი ჰქონოდათ შორეული, ბუნდოვანი და საეჭვო ლეგენდა სისხლის აღრევის თაობაზე, რაც თითქოსდა ალექსანდრე ღუდუშაურის ახალგაზრდობის წლებს ედო ლაქად. ალექსანდრე ღუდუშაურის გვერდით იჯდა ეთერ გვალია ანუ „შმაგი ეთერი“, როგორც ბავშვები ეძახდნენ, მეორე მოადგილე, რომლისაც მოწაფეებს ყველაზე მეტად, თვით დირექტორზე მეტადაც კი, ეშინოდათ. არა იმიტომ, რომ ქალი იყო, არამედ იმიტომ, რომ უიმედოდ შეყვარებული იყო და, ბუნებრივია, ჯავრს მოსწავლეებზე იყრიდა. სიყვარულით კი დირექტორი უყვარდა, რასაც, მართალია, სიტყვიერად არ ამხელდა, მაგრამ სხვა ყველა შესაძლებელი საშუალებით გამოხატავდა. თათბირებზე და სხდომებზე სევდიანად მიბნედილ თვალებს არ აშორებდა და ამ თვალებში არა მარტო დირექტორს, არამედ ყველას, ვისაც კი ამის სურვილი ჰქონდა, დაწვრილებით შეეძლო წაეკითხა, გულში რა ედო. დღე ერთი იყო და ათჯერ მაინც შეაკითხავდა კაბინეტში. თუ საქმე არაფერი ჰქონდა, რამეს მოიგონებდა. ორი საქმე თუ ჰქონდა, ორივეს ერთდროულად არ მოითავებდა, რათა ხელმეორედ შესვლისთვის საბაბი შემოენახა. მის ცალმხრივ სიყვარულს საუკეთესო წამები მაშინ უდგებოდა, როცა რაიმე ხელმოსაწერი ქაღალდი შეჰქონდა. ასეთ დროს წინიდან კი არ მივიდოდა მაგიდასთან, როგორც სხვები შვრებოდნენ და როგორც, საერთოდ, წესია, გვერდიდან მიადგებოდა, ხელმოსაწერ ქაღალდს წინ დაუდებდა, თვითონაც დაიხრეოდა, ისე რომ მისი სხეულის რომელიმე ნაწილი დირექტორის სხეულის რომელიმე ნაწილს შეჰხებოდა და თავის სხეულში დატრიალებული დენი დირექტორის სხეულისთვის გადაეცა, თან ამ დროს ჩქარ-ჩქარა და მძაფრად სუნთქავდა. დირექტორი, რომელსაც არავითარი სექსუალური გასაჭირი არ ადგა (ან კი რა სექსუალური გასაჭირი უნდა დადგომოდა მისი სილამაზისა და სითამამის პატრონს!), მოადგილის გრძნობებს არ იზიარებდა (თუმცა შეტყობით ატყობდა) და განუხრელად იცავდა დაუწერელ კანონს, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელი საკუთარ სამწყსოში სამიჯნურო ინტრიგებს უნდა ერიდოს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი ძმრად წამოსდინდეს. ასე რომ ეთერ გვალია, ვისაც ის კარი, რომლისკენაც დაუოკებლად მიილტვოდა, დაკეტილი დახვდა, ხოლო იმ კარისკენ, რომელიც ყურთამდე იყო ღია (რადგან შიგნით თვინიერი ქმარი ელოდებოდა), თავად აღარ მიუდიოდა გული, სულ მთლად მშრალზე დარჩა. ასეთ ვითარებაში კი არ შეიძლება არ დაგროვდეს ჭარბი მუხტები, რომლებიც ყველაზე იოლად მოსწავლეების თავზე ფეთქდება. ეთერ გვალიას შემდეგ მოდიოდნენ მათემატიკის მასწავლებელი, ჩუმი და უაღრესად თავაზიანი გურამ ხომერიკი, რომელიც ამავე დროს ქალაქის ჩემპიონიც იყო ასუჯრედიან შაშში, რითაც სკოლა ძლიერ ამაყობდა, ჩვენი სოლომონი და ნესტან ვაჩეიშვილი. მაგიდის მეორე მხარეს პირველი იჯდა ქალბატონი ცისანა, მერე ბატონი დიმიტრი, ბესარიონ ჭედია, ნატალია დავიდოვნა და კატო მასწავლებელი. ბოლოში, დირექტორის პირდაპირ, როგორც ითქვა, ნუკრი ვაჩეიშვილი იჯდა.    როდესაც მაგიდასთან ყველანი მოხერხებულად დასხდნენ და სკამების ხრიგინი მიწყდა, დირექტორმა მარჯვენა ხელით ჭრელი, ფოთლებიანი ჰალსტუხის სქელი ნასკვი შეისწორა, თუმცა ამის საჭიროება არ ყოფილა, რადგან ნასკვი მწვანედ მოელვარე პერანგის საყელოს ორივე წვეტიდან, რომლებზედაც უფუნქციო ღილები ისხდა, აბსოლუტურად თანაბარი მანძილით იყო დაშორებული (რის გამოც დირექტორის ჟესტსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა: ცერითა და შუა თითით მან ოდნავ მისწი-მოსწია ჰალსტუხის ნასკვი, მერე ოდნავ ასწი-დასწია და საბოლოოდ იმავე ადგილას დატოვა, სადაც პროცედურის დასაწყისში იყო), და თქვა: - ერთი საჭირბოროტო საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი და ამიტომ შეგკრიბეთ. იმდენად მძიმე საკითხია, რომ აგერ, ქალბატონი ცისანას შეწუხებაც კი მოგვიხდა, - დირექტორმა ხელი წაიღო და ქალბატონ ცისანას მაჯას, რომელიც მაგიდაზე იდო, ოდნავ შეეხო, რათა ამით განათლების განყოფილებაში თავისი პოზიციის სიმტკიცისათვის კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ქალბატონმა ცისანამ პასუხად თვალები დახუჭა და გაახილა; ისე დახუჭა და გაახილა, თითქოს ორი პატარა, ოვალური, ოდნავ ნაოჭდაყრილი თეატრალური ფარდა ორ სცენაზე ერთდროულად დაეშვა და აიწია, ხოლო ეთერ გვალიას, რომელიც მარჯვენა ხელისგულს ნიკაპით დაყრდნობოდა და დირექტორს თვალმოუშორებლივ შესცქეროდა, სახეზე ტკივილმა და რისხვამ გადაუარა. დირექტორმა კი განაგრძო, - მშობელთა კოლექტიური განცხადებაა შემოსული. ორი დღის წინ გადმოგვიგზავნა განათლების განყოფილებამ. კიდევ გიმეორებთ: საკითხი რთულია, მძიმე და მტკივნეული. ამიტომ გთხოვთ გულდასმით მოისმინოთ და ყველამ მიიღოთ მონაწილეობა განხილვაში. აბა, ბესარიონ, წაიკითხე.    დირექტორი ქალბატონი ცისანასკენ გადაიხარა. ქალბატონმა ცისანამ, ეს რომ შენიშნა, ყური მიუშვირა (პატარა და თხელი, თითქმის გამჭვირვალე ყურები ჰქონდა). დირექტორმა რაღაც ჩასჩურჩულა. ქალბატონმა ცისანამ თავი დაუქნია (მერეც, მთელი სხდომის განმავლობაში, დირექტორი დროდადრო გადაიხრებოდა და მოშვერილ ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, რაზედაც ქალბატონი ცისანა თავს უქნევდა).    ბესარიონ ჭედიამ პიჯაკის ჯიბიდან პატარა, მრგვალშუშებიანი სათვალე ამოიღო, ცხვირსახოცით კარგად გაწმინდა, გაიკეთა და საქაღალდე გაშალა. ბესარიონ ჭედია ყურცქვიტა კაცი იყო, ტანმორჩილი, გამხდარი და სულ მთლად ქაჩალი. სამაგიეროდ ულვაში ჰქონდა ძალიან გრძელი. ულვაში, ისევე როგორც ცხვირი, თითქმის ნიკაპამდე სწვდებოდა და სიარული იცოდა რაღაც უცნაური - ფიცხი და მუქარიანი. თქვენკენ მომავალს რომ დაინახავდით, განსაკუთრებით თუ ბინდი იყო და მაინცდამაინც არც სიმამაცით გამოირჩეოდით, გული შეგიქანდებოდათ და ადვილად შეიძლებოდა შეგქმნოდათ ცრუ შთაბეჭდილება, თითქოს ჯიბეში რევლოვერი ედო. სინამდვილეში უწყინარი კაცი იყო. წერა-კითხვა უყვარდა და ხმა ჰქონდა ისეთი ბოხი, მსუყე და სასიამოვნო, რომ დაგელაპარაკებოდათ, გეგონებოდათ, კი არ ლაპარაკობს, არამედ რაღაცას ძალიან გემრიელსა და სასარგებლოს ჭამსო. ამიტომ, თუკი სკოლაში რამე საჯარო წაკითხვას საჭიროებდა (საჩივრები, მადლობები, წინადადებები და სხვ.), ყველაფერს ის კითხულობდა. დაწერითაც ყველაფერს ის წერდა, მოყოლებული დირექტორის გამოსვლათა ტექსტებიდან და ნაირ-ნაირი საანგარიშო მოხსენებებიდან, დამთავრებული კოლეგების დახასიათებებით, შუამდგომლობებით, უბრალო განცხადებებით... ამაში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდა. მეტიც: მოცილე რომ გამოსჩენოდა, ალბათ იქით მისცემდა გასამრჯელოს, ოღონდაც თავიდან მოეშორებინა, ისე უყვარდა ეს საქმე. განსაკუთრებით წერა. უყვარდა და ემარჯვებოდა კიდეც. მართალია, შიგადაშიგ შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ ეს შეცდომები უმნიშვნელო იყო და, საერთოდ, შეუმცდარი ვინ არის ამქვეყნად! მშობელთა კოლექტიური განცხადებაც, ჩვეულებისამებრ, ნელა წაიკითხა, გემრიელად, გამოთქმით, სასვენ ნიშნებთან ხანგრძლივად ჩერდებოდა და მსმენელებს საშუალებას აძლევდა უკვე წაკითხული აუჩქარებლად და გულდინჯად გადაემუშავებინათ. ეს იყო მხოლოდ, ცოტას კეკლუცობდა, რათა კოლეგები შეცდომაში შეეყვანა და თავის მსახიობურ ნიჭზე, რომელიც სინამდვილეში ჩანასახის სტადიაში იმყოფებოდა, მათთვის არასწორი წარმოდგენა შეექმნა, გარდა ამისა, კილო ჰქონდა ყალბი, სიტუაციისთვის შეუფერებელი და ცოტა ორჭოფულად საზეიმო, როგორც მხცოვან ოფიცერს, რომელიც თვითმოქმედების საღამოზე საკუთარ ლექსს კითხულობს, მაგრამ დანამდვილებით ჯერ კიდევ არ იცის, კარგია ლექსების წერა თუ ცუდი. *გაგრძელება*…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 7:53pm on ოქტომბერი 17, 2016
თემა: მიგელ დე უნამუნო - ევროპეიზაციისთვის
მაინც რა ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარდასახვის იმ იდეებს საერთოდ და, კერძოდ, ჩვენთვის, სულ რომ ენაზე გვაკერია დიდსა თუ პატარას.       ორად ორი სიტყვით კი შეიძლება იმის გადმოცემა, რასაც ჩვენი ხალხისგან მოითხოვენ, რასაც ჩვენი ხალხი მოითხოვს და გააზრება იმისი, რაც მოვითხოვეთ; ეს ორი სიტყვა გახლავთ "ევროპელობა" და "თანამედროვეობა". "უნდა გავხდეთ ევროპელები!" "უნდა გავხდეთ თანამედროვეები!" "აუცილებელია ვიყოთ თანამედროვეები!" "აუცილებელია ფეხდაფეხ მივსდიოთ საუკუნეს!" "საჭიროა გაევროპელება!" ასეთია, ზოგადად, ეს მოთხოვნები.       ტერმინი "ევროპული" ცარიელი იდეაა, მეტისმეტად ცარიელი, უკიდურესად ცარიელი; მაგრამ ამაზე უფრო ცარიელია ტერმინი "თანამედროვეობა"; ხოლო თუ მათ შევაერთებთ, დავინახავთ, როგორ აკონკრეტებს და განმარტავს ეს ორი სიცარიელე ერთმანეთს და გამოთქმაც "თანამედროვე ევროპელი" კიდევ უფრო ნათელი გახდება, ვიდრე მისი ორი შემადგენელი ნაწილი ცალ-ცალკე, თუმცა, შესაძლოა, საფუძველშივე მათზე უფრო ცარიელი.       მოგეხსენებათ, მავანი და მავანი სულ იმას გვიკიჟინებს, ამგვარი თვითნებური მტკიცებები ძნელად დასასაბუთებელი და დასადასტურებელიაო, რაკიღა სრულიად უგულებელყოფილია თანამედროვე ევროპული ლოგიკა და მისი მეთოდები კი აბუჩად აგდებული.       ეგებ ასეცაა, მაგრამ მე გრძნობის მეტი მეთოდი არ ვიცი; და როცა გული ბოღმით მევსება, ეჭვები მღრღნის, ზიზღი მახრჩობს, მაშინ კი მივუშვებ ხოლმე გულს თავის ნებაზე, დაე, მან ილაპარაკოს, თქვას ყველაფერი, რაც პირზე მოადგება-მეთქი.       იტყვიან ხოლმე, თითქოს ჩვენ, ესპანელები ერთი თაღლითი, უქმად მოლაყბე ხალხი ვიყოთ და ლოგიკის სიცარიელეს რიტორიკით ვავსებდეთ, მახვილსიტყვაობით ვკაზმავდეთ და მაინც უქმად ვირჯებოდეთ, რადგან ამ სქოლასტიკური და კაზუისტური სულით დასკვნების გამოტანის უნარი არ შეგვწევდეს და ა.შ., ა.შ.       გამიგონია, ავგუსტინეც, ის დიდი აფრიკელიც, ამასვე ამბობდაო, როცა ეს მგზნებარე სულის ადამიანი რიტორიკის, ღვლარჭნილსიტყვაობის, ანტითეზების, პარადოქსებისა და მახვილგონიერების ტალღებს ააბორგებდაო. წმინდა ავგუსტინე, აი, ვინ იყო ნამდვილი გონგორისტიცა და კონსეპტისტიც მე თავად სწორედ მან დამარწმუნა, რომ კონსეპტიზმი და გონგორიზმი ვნებისა და გზნების ყველაზე უფრო ბუნებრივი გამოხატულებაა.       დიდი აფრიკელი, აფრიკელი ანტიკოსი! და აი, აკი მივიღეთ კიდეც გამოთქმა "აფრიკელი ანტიკოსი" და შეგვიძლია შევუპირისპიროთ "თანამედროვე ევროპელს", ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელობით შორს არაა; დიახ, აფრიკელი და ანტიკოსი გახლდათ წმინდა ავგუსტინე; ტერტულიანეც ხომ იგივე იყო; მაშინ რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ "საჭიროა ანტიკურობის გააფრიკულება", ანდა "აფრიკულის გაანტიკურება!"       მას შემდეგ, რაც ამ რამდენიმე წლის წინათ თანამედროვე ევროპის კულტურის კერები მოვინახულე და მერე ჩემსას მოვუბრუნდი, მარტო რომ დავრჩი საკუთარ ცნობიერებასთან, ვკითხე ჩემს თავს: "ვარ კი ევროპელი? ვარ კი თანამედროვე?" და ჩემმა ცნობიერებამ მიპასუხა: "არა, შენ არა ხარ ევროპელი, ანუ ის, ვისაც ევროპელს უწოდებენ! არა, შენ არა ხარ თანამედროვე, ანუ ის, ვისაც თანამედროვეს უწოდებენ!" და მე კვლავ მივმართავ ჩემს თავს: "და თუ შენ არც ევროპელად გრძნობ თავს და არც თანამედროვედ, მაშინ ვაითუ არც ესპანელად მიგაჩნია თავი!" მაგრამ ჩვენ, ესპანელები ხომ სულის სიღრმეში ესპანელებად ვრჩებით და ევროპულობისა და თანამედროვეობის შემადგენელ ნაწილებად არ ვიშლებით! მაშასადამე, რაკი ასეთები ვართ, აღარაფერი გვეშველება? მაშასადამე, თანამედროვეობისა და ევროპულობის გარდა სხვა ცხოვრება აღარ არსებობს? სხვა კულტურა, თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, აღარა არის რა?"       ამთავითვე უნდა გამოვტყდე, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო იზრდება ჩემი აღშფოთება იმათ მიმართ, ვინც ევროპულ სულზე, დღევანდელ ორთოდოქსულ მეცნიერებაზე პირველად წამოიწყეს ლაპარაკი, მათს მეთოდებსა თუ ტენდენციებზე მიგვანიშნეს.       დღესდღეობით ორი თემა გახდა განსჯის საგანი - მეცნიერება და ცხოვრება. არც ერთი და არც მეორე, მართალი გითხრათ, დიდად არ მეფონება გულს.       მე რომ მკითხოთ, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება მეცნიერებას, ანდა თუ გნებავთ, მეცნიერებას ფართო მნიშვნელობით, თუმცა კი ძალიან მოიკიდა ფეხი და დიდის მონდომებითაც იღვწის, როგორმე უფრო ღრმა აზრი და სიზუსტე მიანიჭოს უნივერსუმს. როდესაც მე, ასე თუ ისე, სპენსერიანელი გახლდით, მეგონა მეცნიერებაზე შეყვარებულიც ვიყავი, მერე კი მივხვდი, რომ ვცდებოდი და ისევე ვცდებოდი, როგორც ცდებიან ხოლმე ადამიანები, რომელთაც ეჩვენებათ ბედნიერები ვართო და სინამდვილეში არ არიან (თუმცა, მეორეს მხრივ, ვერც შეედავები, აკი ბედნიერებაც სწორედ ისაა, როცა გგონია ბედნიერი ვარო). არა, არასოდეს ვყოფილვარ მეცნიერებაზე გადარეული. მე რაღაც სხვას ვეძებდი, რაღაც სხვა მეგულებოდა მის მიღმა, მაგრამ როცა მის ავბედით რელატივიზმს შევეჯახე, მივედი კიდეც ignorabimus-მდე და ისიც კარგად გავაცნობიერე, რომ ყოველთვის მძულდა იგი. "მერედა რა შეიძლება მეცნიერებას დავუპირისპიროთ?" - ვამბობ ჩემთვის, - ეგებ უმეცრება! მაგრამ ზუსტი კია? მაშინ წინასწარმეტყველის, დავითის ძის, იერუსალიმის მეფის კვალად მეც უნდა გავიმეორო, მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს-მეთქი და მეცნიერსაც და უმეცარსაც ბოლო მაინც ერთი აქვს-მეთქი; მაგრამ სულ ასეც რომ არ არის! თუმცა რა საჭიროა ახალი სიტყვის ძებნა ან შეთხზვა, მეცნიერებას რომ დავუპირისპიროთ, როცა ასეთი სიტყვა არსებობს და ეს სიტყვა გახლავთ სიბრძნე; ფრანგულად -sagesse, ინგლისურად - wisdom, გერმანულად - wiesheit ან lugheit. მაგრამ უპირისპირდება კი იგი მეცნიერებას? - ვეკითხები ჩემს თავს და მივყვები მსჯელობის ჩემივე მეთოდს, ჩემი სულის გზნებით, ჩემი შინაგანი წინააღმდეგობრიობითა და შინაგანი ალღოთი წაქეზებული ვპასუხობ: "დიახ, უპირისპირდება; მეცნიერება ადამიანს განძარცვავს სიბრძნისაგან და გადააქცევს ცოდნით დამძიმებულ ლანდად".       მეორე თემა, რაზეც დღეს ყველა და ყველგან ლაპარაკობენ, გახლავთ სიცოცხლე და ამას კი ადვილად მოეძებნება საპირისპირო სიტყვა. სიცოცხლეს უპირისპირდება სიკვდილი.       ეს ახალი შეპირისპირება კი პირველის ნათელსაყოფად გამომადგება. სიბრძნე მეცნიერებისთვის იგივეა, რაც სიკვდილი სიცოცხლისთვის, ანდა, თუ გნებავთ, სიბრძნე სიკვდილისთვის იგივეა, რაც მეცნიერება სიცოცხლისთვის.       მეცნიერების საგანი გახლავთ სიცოცხლე, სიბრძნისა - სიკვდილი. მეცნიერება ღაღადებს: "უნდა ვიცხოვროთ!" - და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების, მისი გაუმჯობესების, გაიოლების გზებს, რომ ასატანი და საამური გაგვიხადოს ეს საწუთრო; სიბრძნე კი გვეუბნება: "მაინც მოვკვდებით!" - და ეძებს გზებს, რომ შეგვამზადოს სიკვდილთან უშფოთველი შეხვედრისათვის. "Homo liber de nulla re minus quam de morte cogitat et eius sapientia non mortis, sed vitae meditatio est". ამას ჩივის სპინოზაც თავისი "ეთიკის" IV თავში (LXVII). ესპანურად კი ასე ითარგმნება: "თავისუფალი ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს, გარდა სიკვდილისა, თუმცა მისი სიბრძნე არის მედიტაცია არა სიცოცხლეზე, არამედ სიკვდილზე".       ამ შემთხვევაში, ეს სიბრძნე, ეს sapientia, სიბრძნე კი აღარ არის, არამედ მეცნიერებაა. ალბათ მართებული იქნებოდა, ჯერ გაგვერკვია, რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანი, ადამიანი თავისუფალი უკიდურესი სევდისაგან, თავისუფალი გამუდმებული ძრწოლისაგან, თავისუფალი სფინქსის მზერისაგან, ანუ ადამიანი თანამედროვე ევროპის იდეალი რომ გახლავთ.       ახლა ვნახოთ მეორე კონცეფცია, რომელიც ჩემთვის არცთუ ნაკლებ უსიამოვნოა, ვიდრე ცხოვრება და მეცნიერება; ეს გახლავთ თავისუფლება. მაგრამ არ არსებობს სიკვდილზე უფრო ჭეშმარიტი თავისუფლება.       მერედა რა ძევს ყველაფერ ამის სიღრმეში? მაინც რას ეძებენ, რისთვის ილტვიან ისინი, ვინც ასერიგად ებღაუჭება მეცნიერებას, ცხოვრებასა თუ თავისუფლებას და ნებსით თუ უნებლიედ გვერდს უვლის სიბრძნესა და სიკვდილს? ისინი ეძებენ ბედნიერებას! აი, რას!       და მე მწამს, - თუმცა ეს ჩემი რწმენა შესაძლოა თვითნებობა თუ ახირებაც იყოს, - დიახ, მე მჯერა, რომ ჩვენ სწორედ ამ ძიების შუაგულში ვართ. ეგრეთ წოდებული თანამედროვე ევროპელი იმისთვისაა მოწოდებული, რომ ეძიოს ბედნიერება თავისთვისაც და სხვებისთვისაც; მეც ასევე ვფიქრობ, ადამიანი მუდმივად უნდა ილტვოდეს ბედნიერებისკენ, თუმცა მე თავად ეს არ ძალმიძს.       და ახლა, ჩემს ამ აღსარებაში ერთ ჩემს აკვიატებულ დილემაზე მინდა მოგახსენოთ, დილემაზე-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ლოგიკურად ამის დამტკიცებას ნამდვილად ვერ შევძლებ, რამეთუ იგი გულითა მაქვს ნაგრძნობი და არა გონებით განსჯილი; და აი, რა დილემაზე - ბედნიერება თუ სიყვარული. თუ გსურთ ერთი, მაშინ უარი უნდა თქვათ მეორეზე. სიყვარული კლავს ბედნიერებას, ხოლო ბედნიერება კლავს სიყვარულს.       ეს ყველაფერი კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ჩვენი დიდებული მისტიკოსები, ჩვენი უებრო, წმინდა სისხლის ფილოსოფოსები, ვინც იყვნენ ესპანური სიბრძნის შემოქმედნი და არა მეცნიერებისა, - საბედნიეროდ, ცნებები მეცნიერება და ესპანეთი სრულიად შეუთავსებელია, - სიყვარულზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ გრძნობდნენ მას და ამიტომაც უთქვამთ "ვკვდები, რომ არ მოვკვდე", ანდა "საამო ტკივილი" და კიდევ სხვა და სხვა, რაც სწორედ რომ გრძნობათა სიღრმეზე მეტყველებს.       *       კარგი და კეთილი, მაგრამ რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას ესპანეთის სულიერების პრობლემასთან? განა ეს წმინდა წყლის პოზიციაზე და მით უმეტეს, ინდივიდუალობასა თუ ნების თავისუფლებაზე მეტია? ანდა თავად მე, ყველაფერ ამას ისე განვიცდი, როგორც ესპანელი? ნუთუ ეს სწორედ ის ესპანური სულია, მე რომ შთამაგონებს?       იტყვიან ხოლმე, სულ კათოლიკე მეფეებისა და ეროვნული გაერთიანების წყალობითაა ჩვენი ისტორიის კურსი რომ შეტრიალდაო. ესეც არ იყოს, მას შემდეგ, ანუ ამერიკის აღმოჩენისა და ევროპის ქვეყნების საქმეებში ჩვენი გარევის შემდეგ მოხდა, რომ სხვა ხალხების ცხოვრების დინებას გავყევით და შემოიჭრა ესპანეთში რენესანსის მძლავრი ნაკადი, შემოიჭრა და წალეკა ჩვენი შუასაუკუნოებრივი სული. რენესანსი კი საფუძველშივე იყო მეცნიერება, უპირატესად ადამიანისა და ცხოვრების ფორმაში გამოხატული და მაშინ ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ სიკვდილზე; და ქრებოდა მისტიკური სიბრძნე.       ისიც არაერთხელ უთქვამთ, ესპანელი ყველაზე მეტს სიკვდილზე ფიქრობსო, ამასთან, ყველა ხერხითა და საშუალებით მიგვანიშნებდნენ, ზოგჯერ საკმაოდ მოურიდებლადაც კი, თითქოს სწორედ ეს, სიკვდილზე ამდენი ფიქრი იყოს მიზეზი, რომ ვერა და ვერ შევეთვისეთ ევროპულ თუ თანამედროვე ცხოვრების ყაიდას. სიკვდილიანობას, სალმობას და ჯანის სისუსტესაც კი ამ ყბადაღებული სიკვდილის კულტს აბრალებენ. მე კი, ჩემის მხრით, ვიტყოდი, პირიქით, ძალიან ცოტასაც კი ვფiქრობთ, უფრო სწორად, სანახევროდ თუ ვფიქრობთ-მეთქი.       ხოლო ამ სანახევროდ ფიქრისა და განსჯის მიზეზი კი ის არის, რომ მაინც იქით გვიჭირავს თვალი, ეგებ ევროპელები და თანამედროვეები გავხდეთ, მაგრამ არც ესპანელობაზე ავიღოთ ხელი; ეს კი არ ეგების. და აკი მივიღეთ კიდეც წმინდა სიბრძნისა და ეგზოტიკური მეცნიერების, სიკვდილის ღრმა განცდისა და იმავდროულად სიცოცხლეზე ზრუნვის სამარცხვინო ნარევი. მაგრამ არც პროგრესისთვის რომ აგვიქნევია ხელი, ჩუმჩუმად რომ მაინც შემოდიოდა ჩვენში!       "თავს ნუ მოიტყუებთ, - მითხრა ერთხელ ჩემმა ერთმა უცხოელმა მეგობარმა, რომელსაც რატომღაც თანამედროვედ და ევროპელად მივაჩნდი, - თავს ნუ მოიტყუებთ, თქვენს ესპანელებს სულ არ გააჩნიათ უნარი თანამედროვე ცივილიზაციას ეზიარონ, ის კი არადა, წინააღმდეგობასაც კი უწევენ მას". იგი გაოცებისაგან გაშეშდა, როცა ვუპასუხე: "რაო, განა ეს ცუდია?" - ისეთი თვალებით დამიწყო ყურება ანაზდად გაგიჟებულ კაცს რომ მიაშტერდებიან; ეტყობა, მოეჩვენა, რომელიღაც გეომეტრიულ თეორემაზე ვეკამათებოდი და ერთ ახსნა-განმარტებას მოჰყვა, მაგრამ მე აღარ ვაცალე: "არა, თავს ნუ შეიწუხებთ, ტყუილად ცდილობთ რაიმეში დამარწმუნოთ; ვგონებ, არც მე დამწამებთ ბაქიაობას და არც პირფერობაში ჩამომართმევთ და პირდაპირ გეტყვით, ეჭვი არ მეპარება, შეგიძლიათ უამრავი მაგალითიც მომიყვანოთ და კიდეც დამისაბუთოთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ არც ისე მარტივად გადასაწყვეტია, რამეთუ ეს გრძნობის საკითხია და არა გონებისა".       ახლა უკვე გრძნობებზე მოინდომა სჯა-ბაასი, მაგრამ აქაც ერთბაშად მოვუჭერი სიტყვა: "არა, ჩემო მეგობარო, არა, თქვენი იარაღია ლოგიკა, მე კი გრძნობებზე მოგახსენებთ, გრძნობებს ხომ ვნება წარმართავს და არა ეგ თქვენი ლოგიკა". - ასე დავშორდით ერთმანეთს და მე კვლავ მივუბრუნდი დიდი აფრიკელი ანტიკოსის "აღსარების" კითხვას.       განა მართლა ასე არ არის, განა ჩვენ ესპანელები სულიერად ვეპუებით ამ ეგრეთ წოდებულ თანამედროვე კულტურას? და თუ ნამდვილად ასეა, ამიტომ უნდა დაგვჯაბნონ? ამიტომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ და მოვკვდეთ, - მით უმეტეს, მოვკვდეთ, - ღირსეულად ამ ყბადაღებული კულტურის გარეშე?       ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მაინცდამაინც გულხელდაკრეფილები, უქმად უნდა ვისხდეთ-მეთქი, უბირები და რეგვენები დავრჩეთ-მეთქი; არა, იმისათვის რომ სულიერად ავმაღლდეთ, გავიზარდოთ, სიამაყე შევინარჩუნოთ, გავკეთილშობილდეთ და ზენაარის მადლს ვეზიაროთ, სხვა გზაც არსებობს და სულაც არ გვჭირდება მათი კულტურის დახმარება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიბრძნის დამკვიდრებას მათი მეცნიერების გარეშეც კარგად მოვახერხებთ, ეგ არის მარტო ერთი რაიმე საშუალებად თუ გამოვიყენებთ, ოღონდ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს, ჩვენს სულს არაფერი ვავნოთ. დიდი მტკიცება არ უნდა იმას, რომ სიკვდილის ჩვენეული აღქმა თუ სიყვარული რაც ჩვენი ჭეშმარიტი ცხოვრების სათავედ მიგვაჩნია, სულაც არ გულისხმობს სიცოცხლის ძალით მოსწრაფებას, ანუ თვითმკვლელობას, პირიქით, სიცოცხლე ჩვენთვის არის შემზადება სიკვდილისთვის და რაც უფრო კარგად შევემზადებით, მით უკეთესი; იგივეა სიბრძნისადმი ჩვენი სიყვარულიც; ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიყვარულმა მთლად აგვაღებინოს ხელი მეცნიერებაზე, ეს ხომ გონებრივი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა; პირიქით, მეცნიერება უნდა მივიღოთ, როგორც შემზადება და მხოლოდ შემზადება სიბრძნისათვის.       მე კვლავ ჩემსას ვიტყვი, თანამედროვე ევროპის კულტურის კერები ფეხდაფეხ რომ არ შემომევლო, მაშინ ხომ ასეთ სიამოვნებას ვერ მომანიჭებდა ვერც ჩვენი ანტიკოსი აფრიკელისა და ვერც ჩვენი ხალხის სიბრძნე, რაც ასერიგად აღიზიანებს ინტელექტუალიზმის ყველა იმ ფარისეველსა და სადუკეველს, იმ ინტელექტუალიზმისას, სულს რომ გვიწამლავს. როცა მესმის, რა ჰიმნებს უძღვნიან მეცნიერებასა და ცხოვრებას, საშინელი უნდობლობა და შიშიც კი ამიტანს ხოლმე და ამიტომ შევიყვარე მე სიბრძნე სიკვდილისა, შევიყვარე ის მედიტაცია, სპინოზა რომ იტყოდა, როცა თავისუფალი ადამიანი არ ფიქრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ბედნიერიაო.       *       ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ჩემი თანამოძმისა და მეგობრის, პიო ბაროხას სტატია, რომლის სათაურია "სევდიანი ქვეყანა!" და რომელშიც იგი წერს, ესპანეთი იმდენადვეა სევდიანი, რამდენადაც საფრანგეთი - მშვენიერიო; იგი საფრანგეთს, ამ მხიარულ, ნაყოფიერი მიწების, ველ-მინდვრების, წყალუხვი, ანკარა მდინარეების აყვავებულ ქვეყანას ადარებს ჩვენს ქვა-ღორღიან, ზაფხულში მზით გადაბუგულ, ზამთარში ყინვით დამზრალ ნახევარკუნძულს, მაგრამ ამავე დროს იმასაც შენიშნავს, საფრანგეთის სულიერი შემოქმედება ვერაფრით გაუტოლდება მისივე სასოფლო-სამეურნეო თუ სამრეწველო ნაწარმსო და რომ რასინის პიესები ისე ვერაა დამუშავებული, როგორც ბურდოს ღვინო და არც დელაკრუას სურათები ფასობს არკაშონის ხამანწკებზე მეტადო; თან დასძენს, სამაგიეროდ, ჩვენს დიდებულ ადამიანებს, როგორებიც გახლავთ სერვანტესი, ველასკესი, ელ გრეკო, გოია, მთელი დედამიწის ზურგზე ბადალი არ მოეძებნებათო, თუმცა ჩვენი საქმიანი ცხოვრება შესაძლოა ვერც მაროკოსა და ვერც პორტუგალიას ვერ გაეჯიბროსო.       მე კი ამას დავუმატებდი: "ნეტავი თუ უღირს საფრანგეთს ის თავისი საამური ცხოვრება დათმოს და სანაცვლოდ სერვანტესის, ველასკესის, გრეკოსა და გოიას სულით განიმსჭვალოს? განა მათი შედარება კი შეიძლება ბურდოს ღვინოსა და არკაშონის ხამანწკებთან?" ეგებ მე არცთუ დიდად მიუკერძოებელი შემფასებელი გახლდეთ და ისიც კარგად მესმოდეს, რომ ეს შედარებაც სრულიად უადგილოა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მირჩევნია, ჩემს კიხოტესთან დავრჩე, ჩემს ველასკესთან, ჩემს ელ გრეკოსთან და ჩემს გოიასთან, ვერც ბურდოს ღვინო მომხიბლავს და ვერც არკაშონის ხამანწკები, ვერც რასინი გადამიბირებს და ვერც დელაკრუა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვნებისა და სენსუალობის შედარების თაობაზეც, ვნება თავისუფალი ნებაა, სენსუალობა - ლოგიკა; ხოლო ლოგიკა თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა სენსუალობის ერთ-ერთი სახესხვაობა.       "მთელი ჩვენი მატერიალური თუ ინტელექტუალური ნაწარმი გამომშრალია, მწკლარტეა, უგემურია, - განაგრძობს ბაროხა, - ღვინო ბლანტია, ხორცი - უვარგისი, ჟურნალ-გაზეთები - მოსაწყენი, ლიტერატურა - უსიამო. ვერ გამიგია, რატომაა მაინც ასეთი უსიამო ჩვენი ლიტერატურა?"       აქ კი უნდა შევჩერდე. კარგად ვერ მივხვდი, რანაირად შეიძლება სევდიანისა და უსიამოს გაიგივება; ეგებ ზოგიერთმა მიამიტმა პარადოქსადაც კი ჩამომართვას, მაგრამ მაინც ვიტყვი, ჩემთვის უსიამო სწორედ ისაა, რაც მავანს სასიამოვნოდ მიაჩნია. აბა, რა დამავიწყებს იმ უსიამოზე უსიამო განცდას, იმ ზიზღის გრძნობას, პარიზის აჟრიამულებულ და საზეიმოდ გაჩახჩახებულ ბულვარში რომ დამეუფლა; მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ მომიშორებია ის დამთრგუნველი მოუსვენრობის გრძნობა. ახალგაზრდები, რომლებიც იცინოდნენ, ოხუნჯობდნენ, დროს ატარებდნენ, სვამდნენ და არშიყობდნენ, ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდნენ, თითქოს თოჯინები იყვნენ, თოკები ჰქონდათ გამობმული და ვიღაც სხვა დაატარებდათ; ასე მეგონა, გრძნობის ნატამალიც არ გააჩნდათ, ნამდვილი ლანდები იყვნენ. მე იქ, მათ შორის მარტოსული ვიყავი, თავს ნამდვილ ეულად ვგრძნობდი და ეს განცდა ტკივილს მგვრიდა; ვერაფრით დამეჯერებინა, რომ ცხოვრების ამ ორომტრიალში ჩაბმული ეს ადამიანები ჩემივ მსგავსნი იყვნენ, ჩემივ მოყვასნი და ცოცხალი არსებები, ანთუ ცნობიერება გააჩნდათ.       რა გაეწყობა, ასეა, ვისთვის სასიამოვნოა, ვისთვის უსიამოვნო, სამაგიეროდ, როცა ჩემს გატანჯულ ხალხთან ვარ, ზეცას რომ შეღაღადებენ და შესთხოვენ მოწყალება მოიღეო, როცა De Profundis-სა და Miserere-ს გალობენ, თავს ჩემიანებს შორის, ჩემს ძმებს შორის ვგრძნობ, მათთან მე სიყვარული მაკავშირებს. მერე ბაროხა წერს: "ჩემის აზრით, ყველაზე უფრო სავალალო ის არის, რომ ჩვენ, ესპანელებს უნარი არ შეგვწევს მსუბუქად და ლაღად ვიცხოვროთ..." აი, ჩემთვის კი, ერთი ყველაზე უფრო სავალალო რამ სწორედ ის იქნებოდა, ესპანელები მსუბუქები და ლაღები რომ ყოფილიყვნენ. მაშინ ხომ აღარც ესპანელები გვერქმეოდა და ვეღარც ევროპელებად ვივარგებდით; მაშინ კი მოგვიწევდა მთლად ხელი აგვეღო ჩვენს ჭეშმარიტ ნუგეშზე, ჩვენს ჭეშმარიტ ღირსებაზე, ესე იგი იმაზე, რასაც სიმსუბუქისა და სილაღის უუნარობად ნათლავენ. მაშინ ხომ ყველა ერთად და ერთბაშად უნდა შევდგომოდით მეცნიერების გამომათაყვანებელ, პოპულარული სახელმძღვანელოების ზუთხვას და სიბრძნესთან მიახლებასაც ვერ ვეღირსებოდით; სამაგიეროდ, შეიძლება უკეთესი ღვინოებიც გვქონოდა, ნაკლებად მძაღე ზეთიც და საუკეთესო ხამანწკებიც კი, მაგრამ იმის იმედი მოგვეშლებოდა, რომ კიდევ მოვესწრებოდით ახალ კიხოტეს, ახალ ველასკესს და ყველაზე უფრო ახალ სან ხუან დე ლა კრუსს, ანდა ფრაი დიეგო დე ესტელას, სანტა ტერესა დე ხესუსს, ინიგო დე ლოიოლას, ორთოდოქსებსა თუ იეზუიტებს, თუმცა, რას ვამბობ!       და ბოლოს, ბაროხა დაასკვნის: "სევდიანი ქვეყანა, სადაც ყოველ კუთხესა თუ სოფელში მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, ყველაფერზე ფიქრობენ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სიცოცხლეზე".       ასეთი თვითნებური განსჯა ისე მაშმაგებს, რომ ლამის ვყვირი: "უბედურები ისინი არიან, ევროპის ის ქვეყნები, სადაც მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, რომ სიცოცხლის მეტი საფიქრალი არა აქვთ რა, უბედურები არიან ის ხალხები, რომელთაც მუდმივად არ ახსოვთ სიკვდილი, და განა არის კი სხვა რამ ისეთი, რაც წარმართავს ჩვენს ფიქრსა და ცხოვრებას, თუ არა აზრი, რომ ერთ დღესაც ყველანი დავიხოცებით!"       *       აქ კიდევ ერთი წუთით უნდა შევჩერდე, თუკი შევძლებ და შევაჩერებ ჩემს ფიქრთა სრბოლას, გავაყუჩებ ჩემს აზავთებულ გონებას და ვეცდები როგორმე განვმარტო, თუ რას ნიშნავს თვითნებობა.       უცხოელები, უწინ ფრანგები მყავს მხედველობაში, ჩვენსას არაფერს იღებენ და თუ იღებენ, ისეთს გამოარჩევენ, რაც ყველაზე ნაკლებადაა ჩვენი, და სულიერებასთან ხომ ახლოსაც არაა, - ეს ბუნებრივიც კია! - მაინცდამაინც იმისთანა იდეებს გამოჩხრეკენ, რაც მათს ყოფას მიესადაგება და, რაღა თქმა უნდა, ზედაპირულია. ჩვენ კი, ბეჩავები, ამ დროს, ვერც ვუხვდებით თვალთმაქცობას, ტაშსაც ველოდებით გარედან, ანუ იმათგან, ვისაც ჩვენი არც ესმის და ვერც ვერას გაიგებს.       მე მაინც კარგად ვერ მივმხვდარვარ, რატომ იჩემებენ, თითქოს ჩვენსას იღებდნენ და ჩვენიც გაეგებოდეთ რამე, მე რომ მათ ადგილზე ვიყო, სწორედ იმას გამოვჩხრეკდი და იმას მივაწვდიდი ჩემს თანამოძმეებს, რაც ყველაზე მწარედ მოხვდებოდათ გულზე, გააოგნებდათ და შეაშფოთებდა მათს სულსა და რწმენას, რაც უცხო იქნებოდა მათთვის.       მაგრამ არც მათი საქციელია გასაკვირი, ხალხს აკი ის მოსწონს, რაც მათს ფიქრებსა და ცრურწმენას კვერს დაუკრავს, სწორედ ის აამებთ, როცა ატყუებენ, და რჩებიან კიდეც მოტყუებულები.       რა უნდა იღონო კაცმა, როცა ამისთანა ხალხთან გაქვს საქმე, რას გააწყობ მათი საქციელის შემხედვარე, გინდა ნებსითი იყოს და გინდა უნებლიე, მაგრამ ჩვენც რომ დავყვებით ხოლმე, დავყვებით და ნელ-ნელა ვკარგავთ, ვღალატობთ ჩვენს ბუნებას; ანდა როგორ გაუძლებ, როცა გამუდმებით გიჩიჩინებენ: "თუ გნებავთ ჩვენნაირები გახდეთ და გადარჩეთ, მაშინ ჩვენიც უნდა მიიღოთო".       ეგებ ჩვენ თვითონ ვცადოთ და გავაესპანუროთ ევროპა? ეს ერთადერთი გზაღა დაგვრჩენია, რომ გავევროპულდეთ. ერთი დავფიქრდეთ, რა გვაქვს მათგან მისაღები, რას მიიღებს ჩვენი სული ევროპული სულისგან? მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია!       *       ერთნი თვითნებობას დამაბრალებენ, მეორენი, პირიქით, ისე გაიგებენ ჩემს ნათქვამს, როგორც არის და ეგებ ასეცაა სინამდვილეში, მაგრამ მე რა ვიღონო?       - კმარა! - იტყოდა მავანი და მავანი ლოგიკურად მოაზროვნე, თანამედროვე ევროპელი მკითხველი, - ახლა კი გაები, შენ თვითონ აღიარებ, რომ შენს ამგვარ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია, უბრალოდ, ახირებაა, ვერაფრით დაასაბუთებ და საქმედ არ უნდა აქციო! მე კი ამ ბეჩავ, ლოგიკურ მკითხველს, ევროპულსა და თანამედროვეს და, რაღა თქმა უნდა, მეცნიერებასა და სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანს ასე ვუპასუხებდი, თუკი რაიმე აზრი ახირებად მიგაჩნიათ, გგონიათ, რომ მისი დამტკიცება-დასაბუთება ლოგიკური მსჯელობის გზით შეუძლებელია, მაშინ ვერც იმას დაამტკიცებთ, სიყალბეაო, მაგრამ რაც მთავარია, იმას მაინც ვერ უარყოფთ, ასეთი მტკიცებები სულს რომ ამხნევებს და ცხოველჰყოფს, შინაგან ცხოვრებას წააქეზებს, შინაგან ცხოვრებას, რაც სრულიად განსხვავდება ლოგიკასა და მეცნიერებაზე გადარეული მკითხველის ცხოვრებისგან.       *       ორიოდე დღეა ხელი აღარ დამიკარებია ჩემი ესეისთვის, ძაფი გამიწყდა და შემთხვევასღა ველოდი, რომ გამეგრძელებინა და აკი მომეცა კიდეც ასეთი შემთხვევა დღეს, 13 მაისს, როცა ერთ ფრაზას წავაწყდი, რამაც სრულიად შემაცვლევინა მსჯელობის გეზი. სწორედ იგივე ემართებათ ხოლმე მდინარეებსაც, როცა გზად კლდე გადაეღობებათ, ამოვარდებიან კალაპოტიდან და იქამდე მიექანებიან უგზო-უკვლოდ, სანამ ან სხვა მდინარეს, ან სულაც ზღვას არ შეერთვიან. საოცარია, მაგრამ აზრებსაც იგივე სჭირთ, განა იშვიათად მომხდარა, როცა თავში ათასნაირი აზრი ბორგავს და გზა ვერ უნახავს, წყვდიადში გაღივებაც უჭირთ, უთავბოლოდ დაბორიალობენ, ერთმანეთს ვერ ხვდებიან, ხვდებიან კი არადა, კიდეც გაურბიან, რადგან აზრებს ადამიანებზე უფრო ეშინიათ სიბნელისა; მაგრამ, აი, შემოიჭრება ახალი, ელვარე აზრი, გაანათებს ყველა კუთხე-კუნჭულს და აქამდე თავთავიანთთვის მიყუჟულები ერთბაშად წამოიშლებიან, გამოცოცხლდებიან, გაეცნობიან ერთმანეთს, გადაეჭდობიან, ლამის საძმოს შეკრავენ და ბოლოს მაინც ეწევიან ცხოვრების სისრულეს.       ერთი ასეთი კუნჭული მეცა მქონდა გულში და იქაც ასევე ბორიალობდნენ წყვდიადში გზააბნეული აზრები, სანამ ერთ დღეს, მადრიდის ყოველდღიურ გაზეთში "La Correspondencia de España" არ ამოვიკითხე ფრაზა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ჩემს გუშინდელ, 12 მაისის ფიქრებს.       სტატიაში, რომელსაც ხელს აწერდა ფაბიან ვიდალი და რომლის სათაური იყო "დღევანდელობა: კანოვასი", ავტორი ამბობს: "საგასტამ გაუგო ესპანელებს, მაგრამ ვერ გაუგო ესპანეთს! კანოვასმა ვერასოდეს ვერ ამოიცნო, მაინც რა მასალისგან იყვნენ შექმნილნი მათი თანამოძმეები".       წავიკითხე თუ არა ეს, მაშინვე ვიგრძენი, როგორ გამინათდა გონება და ერთბაშად დავინახე ის სხვაობაც, რაც ესპანეთის სულსა და ესპანელების სულს შორის არსებობს, ყველა ჩვენი ესპანელისა, ვინც დღეს ვართ ცოცხლები და მყისვე ისიც გამახსენდა, ბოლო კარლისტური ომის დროს, - მაშინ სულ ყმაწვილი გახლდით, - ერთმა კაცმა რომ თქვა: "მთელი ბილბაოც რომ გამხდარიყო კარლისტი, ბილბაო მაინც თავისუფალი დარჩებოდაო!" პარადოქსია, როგორც იტყვიან, მაგრამ სწორი ნათქვამი კია, ნამდვილი ვნების ჭეშმარიტებაა, გულის ჭეშმარიტებაა. მას შემდეგ სულ ეს მიტრიალებს თავში. "საგასტამ გაუგო ესპანელებს, მაგრამ ვერ გაუგო ესპანეთს!" - განა იგივე არ ითქმის ყველა იმ უხამს გამგებელზე, თავის გემოზე რომ ცხოვრობს და მშვენივრადაც სარგებლობს თავისი ძალა-უფლებით, ყველა იმ უხამს მწერალზე, საკუთარი წიგნების ტირაჟებს რომ ბეჭდავენ და ასაღებენ, ყველა იმ უხამს ხელოვნების მოღვაწეზე, მოაზროვნეზე! დიახ, ყველა კარგად უგებს თავის თანამოძმეებს, მაგრამ არა თავის სამშობლოს. ასეა ეს!       ესპანეთის სულში კი ცხოვრობენ და იღვწიან ჩვენ, ცოცხლებს გარდა, ჩვენზე ბევრად უკეთესნი, ჩვენი წინაპრები; დღესდღეობით ცოცხალთა სულები კი მათსავით ჯერ ვერ დავმკვიდრებულვართ, რამეთუ ჩვენი სული მანამდე არ შეერწყმის ჩვენს სამშობლოს, სანამ არ დატოვებს სხეულს, დროებით სამყოფელს, სანამ არ გარდავიცვლებით, არ გავეყრებით ამ საწუთროს.       ნეტავი, ასე რაისთვის ვირჯებით, რაისთვის ვისწრაფით მაინცდამაინც ეს თანამედროვე აზროვნება დავნერგოთ და თანაც იმ ენაზე, რომელიც არც ევროპულია და არც თანამედროვე? აბა, გასინჯეთ, როცა ჩვენ ერთი რამის თქმა გვინდა, ის სულ სხვას გვათქმევინებს და ვერც ვერასოდეს გამოვთქვამთ იმას, რასაც სინამდვილეში ვფიქრობთ და პირიქით, ჩვენდაუნებურად ვიმეორებთ იმას, რისი თქმაც აზრადაც არ გაგვივლია.       რატომღაც ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, ბევრს მაინც, საკუთარი სული გავიმრუდოთ გარეშეთა მიბაძვით, ქომაგი და მისაბაძი რომ გვგონია და ვცდილობთ, როგორმე მივემსგავსოთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის, ვერც იმათ ვემსგავსებით, ვისაც ვბაძავთ და ვერც თავისთავადნი ვრჩებით. აქედან კი იბადება შემზარავი სულის ნაჯვარი, თითქმის უნაყოფო ჰიბრიდი.       აქედანვე იწყება ყველაზე უცნაური და საკვირველი რამ და ამას ერთ მშვენიერ დღესაც ყველანი მივხვდებით, თუკი გამოჩნდება ვინმე და ხელს მოჰკიდებს XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენი ესპანეთის სულიერი მდგომარეობის კვლევას; მაგრამ კიდევ უფრო უცნაური და საკვირველია, რომ სწორედ ის ესპანელი ითვლება ნამდვილ ევროპელად, ვინც ესპანელია სისხლით, ჯიშით, მოდგმით, გამოირჩევა ეგზოტიკურობით და სულის სიღრმით და პირიქით, ისეთებიც არიან, რომელთაც ბევრი მიამიტადაც მიიჩნევს ეგზოტიკური სულის გამო, ვითომ გაინგლისელებულები, გაგერმანელებულები, გადაფრანგებულები თუ განორვეგიელებულები, მაგრამ ფესვებით კი დაკავშირებულნი არიან მათთან, ვინც გახლდათ ესპანური სულის ჭეშმარიტი შემოქმედნი, რამდენჯერ შემიმჩნევია, გინდა გრამატიკულად ვთქვათ და გინდა რიტორიკულად, მარტო გარედან რომ აკრავთ ქერქი, თორემ ფესვებით ერთიანად ამოძირკვულნი ყოფილან სამშობლოს სულიდან და პირიქითაც; ერთ გაბღენძილ რეგვენს ვიცნობდი, ლიტერატორი ბრძანდებოდა და ერთ დროს კარგი სახელითაც სარგებლობდა, ჩვენს მისტიკოსებს ჩაჰკირკიტებდა, ეგონა, მათგან ვისწავლი თუ ვისწავლი წმინდა კასტილიურსაც და კარგ წერასაცო, მაგრამ კი ვერაფერი გაუგო მათ მგზნებარე სულს, ჭეშმარიტად ესპანური მოდგმის სულს და ვერც ვერაფერი შეითვისა მათგან, მაგრამ ამავე დროს ისეთებსაც ვიცნობდი, რომელთაც არც არაფერი წაუკითხავთ რა, არც აზრად მოსვლიათ მათ ლიტერატურულ ტრადიციებსა თუ ორთოდოქსულ რელიგიას ზიარებოდნენ, მაგრამ თავიანთ სამშობლოს სულიერ ატმოსფეროში კი ტრიალებდნენ და სწორედ იმ მისტიკური ჰაერით სუნთქავდნენ, მათ რომ ასულდგმულებდათ.       ნეტავი რითი აიხსნება ასეთი დაბნეულობა, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ადამიანებს უწინ იმის დიდი სურვილი ამოძრავებთ, როგორმე თავი დიდ ბრძენკაცებად წარმოაჩინონ, ეგ არის, სიბრძნისა ცოტა რამ სცხიათ, და კიდევ ისიც, რომ მაინცდამაინც იმათგან მოითხოვენ ლოგიკას, ვინც ყველაზე უფრო ფიცხი და დაუყოლიებელია. "ხალხს, - მეტყვის ხოლმე ჩემი მეგობარი, როცა ასეთ თემაზე ჩამოვუგდებ სიტყვას, - ხალხს ისეთი რამ სჭირდება და ისეთ რამეს მოითხოვს, როგორც იტყვიან, ცხოვრებაში რომ გამოადგება, თუნდაც გარკვეული იდეები, სასარგებლო ცოდნა, მეცნიერული თუ სხვა ახალი ცნობები, გონივრული ახსნა-განმარტებები, ხოლო ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, გრძნობებისა და ოცნებებისგან არ მოდის". ამისთანა აზრებს რომ ვისმენ, მაშინვე თავში გამიელვებს: "ბეჩავი ხალხი!" მერე კი, ცოტას რომ დავფიქრდები, მაინც ვიტყვი: "ერთის მხრივ, ეგებ მართლებიც არიან; ძალიან კარგი, თუკი ამას მაინც მოითხოვენ, მაგრამ ნუღარც სხვას ჰკრავენ ხელს! და, რაც მთავარია, რატომ არ უნდა მოეთხოვოს ყველას, თვითონაც გასცენ, თუკი აქვთ გასაცემი?" ახლა ჩვენი ხალხისაც ვთქვათ, რატომ ვართ ასე მონდომებული, რომ გავიმრუდოთ ეს ჩვენი შინაგანი ბუნება და უარი ვთქვათ იმაზე, რაც ბუნებითვე გვაქვს მომადლებული, ჩვენ კი სხვა რაღაცას ვეპოტინებით? ჩვენი ხინჯი, - ანუ ის, რაც სხვებს მიაჩნიათ ჩვენს ხინჯად, - სწორედ რომ ჩვენი უპირატესობაა, ის რაშიც სხვები ჩვენს წუნს ხედავენ და კიდეც დაგვცინიან ამისთვის, სწორედ რომ ჩვენი ღირსების ფუძეა. როცა კაცმა თავისი სიძუნწის ამბავი იცის, ისიც კარგად ესმის, რას ნიშნავს სიძუნწის ეთიკა და კეთილშობილური ხელგაშლილობის ფასსაც ხვდება, მაგრამ, თუ თავის ამ ნაკლს ვერ სძლია, ისევ საკუთარ თავს ავნებს და ასეთი კაცისგან სიკეთეს არ უნდა ელოდე. იგივე ითქმის ხელგაშლილზეც; როცა მან იცის თავისი ხელგაშლილობის ამბავი, კეთილშობილური გულუხვობის ეთიკაც არ არის მისთვის უცხო, მაგრამ თუ ამ ეთიკას გადაუხვევს, კვლავ თავის საკუთარ თავს მოუტანს ზიანს და არც მისგან უნდა ელოდეს კაცი დიდ სიკეთეს. ხოლო რაც ხდება ეთიკის სფეროში, იგივე ხდება ესთეტიკის სფეროში, რაც ხდება ინდივიდში, იგივე ხდება ხალხშიც.       არ არსებობს უნივერსალური ესთეტიკა, ისეთი ესთეტიკა, რომელიც ყველა ხალხისთვის ერთნაირად გასაზიარებელი იქნებოდა; წმინდა ესთეტიკა! არც გამიგია, თუ ასეთი რამ არსებობს და ვგონებ, არც შეიძლება არსებობდეს; განა ეს სწორედ ის ესთეტიკა არ არის, ჩვენი კონსეპტიზმი და გონგორიზმი ასე რომ გაკილა და ჩვენი წმინდა, ბუნებრივი მაღალფარდოვნება უგემოვნობად გამოაცხადა? არ არსებობს უნივერსალური ესთეტიკა, ყველა ხალხისთვის ერთნაირად მისაღები რომ იყოს, ეს იმათი ესთეტიკა გახლავთ, სხვისი, უფრო სწორად, ფრანგებისა, ვინც თავისი კანონები ბევრს მოახვია თავს. ამ ხალხის ლიტერატურისა და ხელოვნების უპირველესი ნაკლი ის გახლავთ, რომ შემაძრწუნებლად ლოგიკურია და სასოწარკვეთამდე გეომეტრიული, კარტეზიანული და სინამდვილეში ძალზე დაშორებულია კონსეპტისტური და გონგორისტული ესთეტიკისგან, მაგრამ მაინც რომ მოახერხა ჩვენშიც შემოეღწია თავისი კარგითაც და ავითაც. განა იმაზე უარესი შეიძლება წარმოიდგინო კაცმა, როგორიც გადაფრანგებული ესპანური ლიტერატურაა, ანდა ისეთი ესპანელი მწერლები, მართლაც რომ ყალბი და ბედითი, რომელთაც ფრანგული ლიტერატურის მიმბაძველობით მოიკიდეს ფეხი!       მაღალფარდოვნება! და თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენთვის ბუნებრივია? თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენი ბუნების სტიქიური გამოვლინებაა? თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენი ვნების ისეთივე გამოვლინებაა, როგორიც მათი სენსუალობაა და ბუნებრივად და კეთილგონივრულად კი ნათლავენ ხოლმე! მე ერთი რამ ვიცი კარგად, როცა კაცი მართლა აღშფოთებულია ან აღფრთოვანებული, იგი არასოდეს არ გამოხატავს ამ გრძნობებს გონივრული, ნათელი, ლოგიკური, დალაგებული ფრაზებით, არამედ პირიქით, ან ერთბაშად, თავშეუკავებლად გადმოაფრქვევს, რაც კი ენაზე მოადგება, ანდა დითირამბების ბუქს დააყენებს. მეც ვიცი და ხალხსაც მშვენივრად მოეხსენება, რომ სამიჯნურო წერილები, - ნამდვილ სიყვარულს გულისხმობს, ტრაგიკულ სიყვარულს, რომელსაც ბედნიერება არ უწერია, - რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ზოგადი ფრაზების ცეცხლოვანი ნაკადია.       ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ გონგორიზმი და კონსეპტიზმი, გარკვეული აზრით, ვნების გამოხატულებაა-მეთქი, მით უმეტეს, კონსეპტიზმი და ამას კიდეც ვამტკიცებ, რაღა თქმა უნდა, კვლავ თვითნებურად. თითქმის ყველა მგზნებარე სულის ადამიანი, რომელსაც კი იცნობს კაცობრიობის ისტორია, თვით დიდი აფრიკელიც, ვისზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კონსეპტისტებიც იყვნენ და თავიანთ სევდასა და წუხილს ანტითეზებში, პარადოქსებში და ისეთ ფრაზებში აფრქვევდნენ, ერთი შეხედვით, გონებამახვილობადაც კი მოგეჩვენებოდათ. ეგებ ეს იქიდანაც გამომდინარეობდეს, რომ ვნება ლოგიკის დაუძინებელი მტერია, რომ მასში ხედავს ტირანს და ესეც არ იყოს, კონსეპტიზმი ძირშივე გახლავთ ძალადობა ლოგიკაზე ლოგიკისავე მიერ; ამიტომაა, ცნებებით რომ თამაშობს და თავდაყირა აყენებს იდეებს, რომელიც გასაქანს არ აძლევს ისე იმოქმედოს, როგორც თავისივე ვნება უკარნახებს.       მე მჭირდება ჩემი სულის, ჩემი საკუთარი სულის უკვდავება, ჩემი ინდივიდუალური შემეცნების შეუზღუდავი მარადიულობა; მე ეს მჭირდება და უამისოდ, ამ რწმენის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია; და ეს ეჭვი, ეს ურწმუნოება, რომ მე ეს არ ძალმიძს, საშინლად მტანჯავს. და რაკი ეს მჭირდება მე, ჩემი ვნებაც მაქეზებს ვამტკიცო ის, რასაც ვამტკიცებ და თანაც თვითნებურად, ამასთან ვცდილობ სხვებიც დავარწმუნო, მაგრამ სხვები რომ დავარწმუნო, ჯერ მე თვითონ უნდა დავრწმუნდე. მაგრამ, როცა მე ასე ვეურჩები ლოგიკას და სულ იმის ცდაში ვარ, პირაღმა დავცე იგი, ისეთ არგუმენტებს ვიშველიებ ხოლმე, რასაც სხვები გონებამახვილობად და პარადოქსებად ნათლავენ, ხოლო ეს ბეჩავი ხალხი, რომელთაც ვნების ნატამალიც არ გააჩნიათ, უდრტვინველად ეგუებიან აზრს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ყველაფერი დაიქცევა და დამთავრდება.       მგზნებარება, თავისუფალი ნება ამბოხის საუკეთესო გამოხატულებაა; - ისეთი გროტესკული შთაბეჭდილება ჩემზე არაფერს მოუხდენია, როგორიც გადაფრანგებულ სუბიექტებთან შეხვედრამ მოახდინა, რომელთაც, რატომღაც დაუჩემებიათ, ყოველგვარ ტირანიას თავი დავაღწიეთო, თავისუფალი ნებაც გაგვაჩნია, ძლიერი სულიც და ხანდახან ანარქისტებიც და ხშირად ათეისტებიც გახლავართო; მაგრამ ლოგიკის დიდი ერთგულებიც რომ ბრძანდებიან და კარგი გემოვნების კოდექსის თავდადებული დამცველებიც; მორატინსაც კითხულობენ და საღი აზრითაც თავი მოაქვთ! ღმერთმა ხელი მოუმართოთ! დიახ, მაღალფარდოვნება, ქედმაღლობა, კონსეპტიზმი, პარადოქსიზმია სწორედ ვნების ენა და ჩვენთვის, ესპანელებისთვის, ყოველ შემთხვევაში, არცთუ ნაკლებ ბუნებრივი, ვიდრე ფრანგების ეგრეთ წოდებული naturel, რასაც დიდი გარჯის, დახვეწის, გააზიზებისა და ხელოვნური დამუშავების წყალობით თუ მიაღწიეს.       არ მახსენდება რომელიმე ფრანგს ეთქვას, ფრანგული ლიტერატურა ის ლიტერატურაა, რომელიც მჭევრმეტყველურად გადმოსცემს ყველაზე უფრო გახუნებულ აზრებსო. ვეთანხმები და კიდეც დავძენ, რომ ეს სწორედ ის ლიტერატურა გახლავთ, რომელმაც ჩვენს ესპანეთს ამდენი ვნება მოუტანა და კიდევ არ ეხსნება; ან როგორ პოულობს ამდენი საშუალო გრძნობებისა და საშუალო იდეების შესაფერის ფორმებს და მაინც რომ ვერ ჩაუტევია ის თავისი იდეები და დაუოკებელი გრძნობები, ვერ ჩაუტევია იმიტომ, რომ იგი გახლავთ უპირატესად სენსუალური და ლოგიკური ლიტერატურა, ამდენად ბრჭყვიალა და მხიარული. ხოლო ჩვენ, ესპანელები უფრო მგზნებარე ხალხი ვართ, ვიდრე სენსუალურები, უფრო თვითნებურები, ვიდრე ლოგიკურები. ასეთები ვართ და ასეთებად დავრჩებით; მაშასადამე, ისევ ჩვენს ოდინდელს უნდა მივუბრუნდეთ, რამეთუ ვშიშობ, მთლად ისეთები აღარა ვართ, რანიც ვიყავით! აბა, დავფიქრდეთ, ფრანგულ სულს ხომ ერთი დიდი მისტიკოსიც არ შეუქმნია, არც ერთი ჭეშმარიტი, დიდი, წმინდა მისტიკოსი არ წარმოუჩენია. პასკალს, რა თქმა უნდა, თავისუფალი ნებაც ჰქონდა და მაღალი, მგზნებარე სულიც, მაგრამ გეომეტრიამ, რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც თავისი დაღი დაასვა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პასკალი გახლავთ სწორედ ფრანგული სულის ყველაზე შესაშური გამოვლინება, ვისაც უფრო შევეთვისებოდით, თუკი ვინმეს შევეთვისებოდით; ესოდენ წამებულმა სულმა სხვა ათას რამესთან ერთად ორი თვითნებური აზრი ჩაგვინერგა და გვასწავლა, ანუ ორი თავსატეხი გაგვიჩინა, ერთია - pari, ანუ სანაძლეო და მეორე - II faut s’abetir, ანუ "უნდა გავპირუტყვდეთ", ვირწმუნოთ ის, რასაც გვარწმუნებინებენ. მაგრამ დიდ მისტიკოსს, ჭეშმარიტად წმინდა მისტიკოს ფრანგს მე არ ვიცნობ. აქ მე სიამოვნებით ვიტყოდი ორიოდ სიტყვას ნეტარ, სათნო, სენსუალურ და ლოგიკურ სან ფრანსუა სალეზე, ამ საღი აზრითა და საშუალო სულიერებით დაჯილდოებულ ადამიანზე, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.       და აჰა, ესეც ამ ხალხის ესთეტიკა, რომელიც ასე განსხვავდება ჩვენი ესთეტიკისგან, მიუხედავად ლათინებთან ნათესაობის ამდენი მითქმა-მოთქმისა, თუმცა ისიც არ ვიცი, არიან კი ისინი ლათინები. ანდა ჩვენ თუ ვართ ლათინები. რაც პირადად მე შემეხება, დანამდვილებით ვიტყვი, რომ ლათინებისა არაფერი მცხია. მეტი რა შეიძლება ვთქვათ ამ ხალხის ესთეტიკის თაობაზე, რომელმაც ასე გადააგვარა ჩვენი არა ერთი სულიერი ქმნილება.       ლათინები! ლათინები? მერედა, ვითომ რატომ ბერბერები არა ვართ, რატომ არ ვგრძნობთ და არ ვაცხადებთ თავს ბერბერებად? განა ჩვენს სატკივარზე თუ სასოებაზე რომ ვმღერით, ბერბერების ესთეტიკაზე ვფიქრობთ?       ცოცხალი ურთიერთობის ერთადერთი გზა ისევ აგრესიის გზაა, ნამდვილი ძმობა და ურთიერთგაგება მხოლოდ აგრესიის საშუალებით მიიღწევა, ანუ როცა ერთი თავს მოადრეკინებს მეორეს, იქნება ეს ინდივიდი, თუ ხალხი. მაგრამ როცა მინდა ჩემმა სულმა ჩემი მოყვასის სულში შეაღწიოს, მაშინ ჩემი მოყვასის სულმაც უნდა შემოაღწიოს ჩემს სულში და მე უნდა მივიღო იგი. მოციქულის ლოცვა-კურთხევა მაშინაა ალალი, როცა მის მიერ დალოცვილთა სულები შეაღწევენ მის სულში და იგი მიიღებს მათ. ამას ჰქვია კეთილშობილური პროზელიტიზმი.       არა, არაფერი არ უნდა დაგრჩეს განსაცდელი და გასავლელი; არასოდეს არ უნდა აიჩეჩო მხრები სხვათა იდეებზე და მით უფრო გრძნობებზე, პირიქით, არ უნდა დაინდო და პირდაპირ მიახალო, ეს უფრო აფხიზლებს ადამიანს. რაც შემეხება მე, ერთს კიდევ ვიტყვი, თუკი ვინმესგან ვყოფილვარ დავალებული, ყველაზე უწინ იმათგან, ვისაც უარსაყოფი უარუყვია და არ მიუღია ჩემგან ის, რაც მისთვის მისაღები არ ყოფილა. ღრმად მორალური ცხოვრება ისევ აგრესული ცხოვრებაა და ურთიერთგაგებინებაა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რაც გვასწავლეს, ღმერთმა შექმნა კაცი სახედ თვისად და ხატად თვისადო! მაგრამ დასაგმობი კი არის ყველა, ვინც თავისთავს სხვისი მიბაძვით ძერწავს, ვინც უარს ამბობს საკუთარ თავზე, რომ გახდეს სხვა, ანუ ის, ვინც სანიმუშოდ და მისაბაძად მიაჩნია. მაგრამ, ვაი, რომ ასეთი კაცი აღარც თავისთავადი რჩება და ვეღარც ის გახდება, ვისაც ბაძავს.       სხვა, სხვებიო კი ვამბობთ, მაგრამ მაინც ბევრი რამ მოიძებნება ევროპის სულში ისეთი, რაც მისაღებია, ოღონდ ეგ არის, ჩვენს ხორცად უნდა გარდავქმნათ იგი, ისევე, როგორც გარდავქმნით ხოლმე ცხოველისა თუ ფრინველის ხორცს, რითიც ვიკვებებით. მაგალითად, ხარის ტვინი აღაგზნებს ჩემს ტვინს, ღორის სუკი გულის ძგერას მიმატებს, თევზი და ფრინველის ხორცი ჩემს ხორცს ასაზრდოებს და ძალას ჰმატებს ჩემს სულს, რომ შეაძლებინოს სიღრმეებში შთასვლა და იქ ცურვა, სიმაღლეებში აიჭრას და იქ იფრინოს. რატომ არ შეიძლება სწორედ ასე შევირგოთ ევროპის სული? დიახ, როცა ხარებს, ღორებს, თევზებსა თუ ფრინველებს ვხოცავთ, თან ხომ ჩვენი ძალის უპირატესობასაც ვუმტკიცებთ და თანაც გვინდა დავასწროთ, რომ მათ არ დაგვასწრონ და არ შეგვჭამონ.       ღრმად ვარ დარწმუნებული, რაგინდ თვითნებურიც არ უნდა ვიყო, - რაც უფრო ღრმაა, მით უფრო თვითნებურია, - დიახ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესპანეთის ჭეშმარიტი და ძირფესვიანი ევროპეიზაცია - ასე ვთქვათ, სანამ ევროპის მარგ ნაწილს არ შევირგებთ და ჩვენად არ გარდავქმნით, - მანამდე არ დაიწყება, სანამ ჩვენ თვითონ არ ვეცდებით და მათ არ გავაგებინებთ ჩვენს გემოს, სანამ არ ვეცდებით და არ გავაესპანურებთ ევროპას. დღეს კი სირცხვილი და გულისწყრომა მალაპარაკებს იმათზე, ვისაც აზრად მოსდის ევროპაში შესვლა სხვა გზით; თუნდაც ავიღოთ რომელიმე ჩვენი მწერალი, იქაურ ლიტერატორს თავის წიგნს რომ სთავაზობს სათარგმნელად და თან მარტო იმაზე ზრუნავს იმგვარად არ თარგმნონ ესპანურისა აღარაფერი დარჩესო; მთარგმნელსაც მეტი რაღა რჩება, მარტო სიტყვებს გადათარგმნის უცხოურ ენაზე და მორჩა; ასეთი მაგალითიც მახსოვს, ერთი ფრანგი მელაპარაკებოდა რომელიღაც ესპანური რომანის თარგმანზე და მიმტკიცებდა, ფრანგულად გაცილებით უკეთესი გამოვიდაო და ბოლოს, ესეც კი თქვა: "წიგნი თავის პირვანდელ ენას დაუბრუნდაო!"       ყოველ ადამიანს, რასაკვირველია, უფლება აქვს საკუთარი მეთოდიც ჰქონდეს, ესე იგი, საკუთარი შეხედულება და ქცევის საკუთარი წესიც გააჩნდეს; ის, რასაც ჩვენ ლოგიკას ვუწოდებთ, გონების მეთოდია, დასკვნების გამოტანის საშუალებაა და გონებასვე აკმაყოფილებს. ასე იქმნება მეცნიერება. მაგრამ როცა უკვე საქმე გონებასა და მის დაკმაყოფილებას აღარ ეხება, მაშინ აღარც ლოგიკა გვჭირდება. მე თავად იშვიათად თუ მივმართავ გონებას, ძალზე იშვიათად და თუკი ვინმე მისმენს და მკითხულობს, ის კითხულობს და უსმენს ჩემს მაგიერს.       ისიც ითქვა, თავისი ლოგიკა გულსაც გააჩნიაო, მაგრამ ცოტა არ იყოს, სახიფათოა, ლოგიკას გულის მეთოდი ვუწოდოთ, გულისმიერი, კიდევ არა უჭირს. მაგრამ არის კიდევ ვნების მეთოდიც და მას თვითნებობა ჰქვია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ახირებაში, თუმცა კი ხშირად ურევენ. ერთია ახირებულობა, მეორე და საკმაოდ განსხვავებული - თვითნებობა. თვითნებობა, ანუ ხელაღებით იმის მტკიცება - გინდა თუ არა ასეაო, ანდა მე ასე მინდა ან ასე მჭირდებაო, ჩვენი სასიცოცხლო სიმართლის ქმნა გახლავთ და სწორედ ვნების მეთოდიც ესაა. ვნება თავისას ამტკიცებს და მისი მტკიცებები მისივე მტკიცების ძალაშია. მე სხვა მტკიცება არცა მჭირდება. როცა ვინმე საბრალობელი ინტელექტუალი, რომელიმე თანამედროვე ევროპელი მოდის და თავისი გონებითა და არგუმენტებით ჩემს მტკიცებებს უპირისპირდება, ჩემთვისღა ვიტყვი ხოლმე: "გონება, გონება და გონების მეტი არც არაფერი!" "აქ, - ალბათ იტყვით, - არაფერი მტკიცდებაო!"       ამ უკვდავი სტრიქონების ავტორი ესპანელი არ გახლავთ, თუმცა კი ღირსი იყო ესპანელი ყოფილიყო, იგი ინგლისელი ბრძანდებოდა.       "For Nothing worthy Proving can be proven, Not yet disproven, where fore thou be wise, Cleaver ever to the sunnier side of doubt And cling to Faith beyond the form of Faith!"       ლორდ ტენისონზე მოგახსენებთ, ეს თქვა თავის "Ancient Sage" -ში და კასტილიურად, ანუ იმ ენაზე, რომელზედაც ასეთი რამ პირველად უნდა თქმულიყო, ასე ითარგმნება: "არ არსებობს ღირსეული რამ ისეთი, რის დამტკიცებას ან უარყოფას შეძლებდეს თუნდაც ბრძენთა ბრძენი, ეჭვს მუდამ სინათლის მხრიდან უნდა შეხედო და ყველაზე უწინ ჩაებღაუჭო რწმენას, თუნდ რწმენის მიღმაც!" მართლაც მშვენიერი სტრიქონები დაგვიტოვა ტენისონმა და გვითხრა, რომ ცოდნა - Knowledge ანუ მეცნიერება ტბის ნაპირზე მდგარ ტირიფს ჰგავსო; იგი ტბაში კი ირეკლება, მაგრამ ოდენ ზედაპირზე ლიცლიცებს, სიღრმეში კი არასოდეს ჩააღწევსო.       კეთილი და პატიოსანი, მეც აქ დავასრულებ და მოვემზადები საფიქრებლად, თუ როგორ შეიძლება გავაესპანუროთ ევროპა და რომ ღირსსაყოფს არც მტკიცება და არც უარყოფა არ ჰფერობს.       დეკემბერი, 1906 წ. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:42pm on მაისი 4, 2015
თემა: ერთ მთლიან საქართველოს (პოემა)
რი მხედარი, ოქროს აბჯარით აღჭურვილი მთლად,სახით პირ-ბადრი, მზისა სადარი.და ვითომც მეც ამ ლაშქარს ვერიე,ვიყავ ამ ლაშქრის მეომარი, ჩემს მარჯვენასაც ხმალი შვენოდა და წელზე მერტყა ოქროს ქამარი.ვითომც ჩვენს თავზე შავი ღრუბელიმზის სხივს გაეპო, გვედგა მეგზურად.წინამძღვრის თავზე გვირგვინსა ჰკრავდადა უნათებდა სამოსს მეფურად.ლაშქრის გუგუნს და ცხენთა ფეხთ თქარუნსშიში აღეძრა ყოველ შემხვედრში,დამფრთხალი სახით მუხლზე დგებოდნენდა მორჩილებით გვჭვრეტდნენ თვალებში.და როცა მცხეთას მივუახლოვდით,იქ, სადაც მტკვარსა ერთვის არაგვი,„სვეტიცხოველმა” და მცხეთის „ჯვარმა”ზარების რეკვით იწყეს ღაღადი,ვითომც სად იყო?! „გელათიც” გაჩნდადა წმინდა სახეც მეფე თამარის,გაბრწყინებული სახით ვიხილემეფე გიორგიც და ფარნავაზიც.- „ღმერთმა დაგლოცოთ!” - ქუხდნენ ზარები,- „უკუნისიდან აწ და მარადის,კურთხეულ იყოს თქვენი მარჯვენა, ჩამომშორებლად დარდთა ვარამის”.ზეციდან ვითომ ხმალი დაეშვა,ხმალი დავითის, აღმაშენებლის,თეთრი დროშებიც აფრიალდა ცად,სიმბოლოდ, ქვეყნის საზღვართ აღდგენის.იქვე გორგასლის რაშმაც ისკუპა,ჰაერში ფრენით შეკრა კამარადა მუზარადი გმირი პატრონისლაშქარს დაადგა ბრძოლისთვის მყარად."მამა:"-  კარგი სიზმარი გინახავს, შვილო,ცოტა არ იყოს, თუმც უცნაური...ქვეყნის ტკივილი გიხილავს წუხელ,იმედი, ოცნებებად ქცეული.მაგრამ, რაც ნახე, მე ვერ დავარქმევვერც სიზმარს და ვერც რაიმე ნაბოდვს,შენ საქართველო დაგსიზმრებია,მისი წარსული თითქოს გენახოს.მისი ტკივილიც სიზმრად გიხილავს,მისი იმედიც, მომავლის, ხვალის,რაც მრავალს წლობით ვერ დაუნახავს,შენ წუთში შეძელ შევლება თვალის."თორნიკე:"- ნეტავ, რა არის აქ საოცარი,განა რა ვნახე, მამავ, ისეთი?ან ეგრე შუბლი რატომ შეკარი,რამ დაგაფიქრა, მითხარი ერთი?!"მამა: "-  მაშ, ყური მიგდე, ჩემო ვაჟკაცო,მომავლის არის ჩვენი სამშობლო,და მინდა მიტომ მტკიცედ გახსოვდეს შენ აფხაზეთი და სამაჩაბლო!ის ჩვენი ქვეყნის არის ნაწილი,ჩვენი სამშობლოს მკვიდრი სახსრები,იქ განისვენებს დღეს ჩვენი გულიდა წინაპრების წმინდანი ძვლები."თორნიკე:"- მაშ, რაღა მოხდა, იქნებ ამიხსნა,რატომ დავკარგეთ დღეს ჩვენ ისინი?"მამა:                                                                                                                                    "- რადგან მტრის სიტყვას ყური დავუგდეთდა ჩავიბეჭდეთ მისი სისინი."  თორნიკე: "- იქნება, უფრო ნათლად ამიხსნა,მინდა ვიცოდე ყველა წვრილმანი,მინდა ღრმად ჩავწვდე სამშობლოს ტკივილს,მის გულის ძგერას, მამავ, ღმერთმანი!"მამა: " -  მადლობა უფალს, რომ ასე გითრევს,ჩემო თორნიკევ, ქვეყნის წარსული,ისეთი სახით იძლევი კითხვებს,თითქოსდა იყო უკვე ზრდასრული.მე კი გიამბობ, ყური მომაპყარ,საქართველოზე, მის დუხჭირ ბედზე,მრავალჯერ ნათრევ, სისხლში გავლებულ,დაცემულზე და კვლავ აღმდგარზე.თავი IIდაცემული საქართველომამა:"-  ერთი დრო იყო, ისე როგორც დღეს(იქნება მეტიც, თუ არ ვამეტებ)საქართველო მთლად დაკნინებული,(თუმც სასიკვდილოდ მე ვერ ვიმეტებ,მაგრამ) კვდებოდა, სულსა ღაფავდა,თურქთა თარეშით, თუ - სტიქიებით,ყველა გოდებდა, ყველა გლოვობდა,ჩუმი ოხვრით თუ დატირებით.მაშინ მეფობდა მეფე გიორგი,გიორგი მეორედ წოდებული,შვილი ბაგრატის, მამა - დავითის,აღმაშენებლად წოდებულის.მისი მეფობა არ იყო მტკიცე,თუმც მეომარი იყო უბადლო,მშვილდის მიშვერა ტახტზე ერჩივნა,ვიდრე ქვეყნისთვის ზრუნვა უნაკლო.სწორედ ამ დროში კახეთ-ჰერეთი,განკვეთილიყვნენ საქართველოდან,უდარდელ მეფეს კი ურჩევნია,ნადირი ზვეროს სათვალთვალოდან.თბილისს კი ისევ არაბნი ფლობდნენ,დროს ატარებდნენ ქართულ ალაფით,თბილისში ქრისტეს ტირილი იდგა, მოლა აღვიძებს ქალაქს "ალაჰით".თურქთ შემოტევაც მაშინ დაიწყოაჰმად ამირას მთავარსარდლობით,დარტყმისგან დასცა ჩვენი სამეფო,ჩვენივე თავის დაუდევრობით.მაგრამ მომდევნო შემოტევა კი,რომელიც მოხდა ერთი წლისთავზე,ათას ოთხმოცსაწელს აღინიშნამომაკვდინებლად საქართველოზე.თურქთა ლაშქარი კვლავ შემოიჭრა,ქვეყანა მოსრა, იყო გნიასი,დაუნდობელმა ცეცხლით გადაწვაარტანუჯი და ქუთათისი.ის შეიძლება ჩავთვალოთ ასე, ვით ტრაგედია, ვით გენოციდი,ქვეყანა, როგორც მკვდარი დაეცადა აღარა აქვს რამის იმედი.ამ პერიოდში ჩვენს სასიკეთოდ,მხოლოდ ორი რამ მოხდა ქვეყნისთვის,ერთი - დავითის დაბადება დამეორე - მეფედ კურთხევა მისი."თორნიკე:" - საინტერესოდ ჰყვები, მამიკო,მითხარი კიდევ, კიდევ, რა მოხდა?"მამა: "-  თითქოს ღვთის რისხვაც დაგვატყდა თავზე,დიდი მიწისძვრით კვნესა აღმოხდა."თორნიკე:" - მართლაც მძვინვარე დღეები მდგარა,თითქოს იმედი მართლაც არა ჩანს,მას შემდეგ როგორღა დადგა ფეხზე,როგორღა აღდგა, როგორ გადარჩა?"მამა:" - წეღან ვახსენე მეფე დავითი,გიორგის ვაჟი, რომელიც იშვა,მისმა მეფობამ გვიხსნა, თორნიკევ,ვერ შეაჩერა ის მტრების შიშმა."თორნიკე:" - ვაჰ, ბარაქალა მაგის მეფობას,გმირი ყოფილა მართლაც ეგ მეფე;გთხოვ, დაწვრილებით მიამბე მასზე,მიამბე, მამავ! გთხოვ, ვეღარ ვითმენ."                                      თავი IIIმეფე დავით IV"-  ათას ოთხმოცდაცხრა წელი,მისი გამეფების წელი,ქართველთ აღმავლობის წელი,აღშენების საძირკველი.* * *მამა:"-თექვსმეტი წლისა გამეფდა დავით,მაგრამ ბრძენ-კაცის ჰქონდა გონება,ტანით ბრგეს, ვაჟკაცს, ერის ნამდვილ შვილს,თვალს არ უბნელებს ფუჭი ქონება.გვირგვინის ნაცვლად მუზარადს ირჩევს,და ტახტის ნაცვლად მხედრულ უნაგირს,გუთანის ერქვანს მიწას უბიძგებს,ნიმუში ხდება ის მთელი ერის.შემოიკრიბა ნაღდი ქართველნი,ვისაც სიმართლით უძგერდა გული,ვისაც უყვარდა წრფელად სამშობლოდა ვინც არ იყო ქვეყნის ორგული.ააგუგუნეს სამჭედლოები,საჭურველისთვის, ფიცხელ ბრძოლისთვის,თვითონ დავითი იყო მჭედელად,უპირველესად სხვისი გულისთვის.თავადვე წვრთნიდა თავის მებრძოლებს,და იწვრთნებოდა მათთან თვითონაც,ნიმუშს აძლევდა ყველას გაწრთობის,არ მომხდარიყოს არა ვითომაც.ხმალში, ჯირითში, ისრის სროლაში,მუშტის ძგერაში, შუბის ტყორცნაში,ბადალი არ ჰყავს მეფეს არავინ,თუნდ სირბილში და თუ გინდ სროლაში,ვერც უძილობა აკლებდა რამეს,ვერც შიმშილობა და ვერც წყურვილი,სიცხე და ყინვაც ვერას ავნებდა,ვერ გაუნელა ბრძოლის სურვილი.და რა იხილეს ის ქართველებმა,რომ თავად მეფე იბრძოდა კაჟად,მეფეს ეახლნენ რაზმში მსახურადდა მცირე რაზმი გადიქცა ლაშქრად."თავი IV              ორი ერთგულიგანთიადია, დილის ცისკარი,მეფე ლოცვებად არის მიმწყდარი,უფალს ავედრებს ქვეყნის ჭირ-ვარამს,საქართველოსთვის ის გულდამწვარი.ტირის და მოსთქვამს ამაყი მეფე,სამშობლოსათვის მუხლზე დამდგარი;მეფე: " -  უფალო, ჩემს სამშობლოს გავედრებ,გთხოვ, არ გამიშვა შინ ნირწამხდარი.გთხოვ, შეისმინო ჩემი ლოცვებიდა ჩემს ქვეყანას უბოძო ძალა,შენი წყალობით მტრისაგან გვიხსნადა მტრის მახვილი არ დაგვრჩეს ვალად”.ამ ლოცვებშია, რომ მის მახვილ ყურსხმა შემოესმა, ხმა - შორინდელი,ბნელში თვალები დააკვესა და მან შეამჩნია იქ ჭყონდიდელი.მეფე: -  გიორგი, შენა?..გიორგი: - დიახ, მეფეო, შენი მონა ვარ, შენი გამზრდელი.მეფე: -  აქ რას აკეთებ?გიორგი: - ლოცვად ვარ შენთან, და ამ ლოცვებში თანამზრახველი,მეფე:  -  გმადლობ, გამზრდელო, რომ არსად მტოვებ,უყურადღებოდ გვერდს რომ არ მივლი...გიორგი:- ეგ რა თქმა არის, ჩემო ხელმწიფევ,ჩემი მეფეც ხარ, მამაც და შვილიც.მეფე: -  რა კარგად გესმის, ჩემო გიორგი,მჭმუნვარე კაცის ოხვრა ყოველი,მე მიხარია, რომ გვერდში მყავხარ,და შენგან მხოლოდ კეთილს მოველი.გიორგი:- „რა ბრძანებაა, მეფევ ბატონო?!მაშ, რად ვარგივარ მე ჭყონდიდელი,თუკი ჩემს მეფეს თან არ ვახლდები,ნუღარ ვყოფილვარ მაშინ ქართველი.მაგრამ გაგიმხელ ერთ საიდუმლოს,ჩემო მეფეო, ღვთით დადგენილო,ათასჯერ მეტად მიყვარხარ კიდევ,ასე რომ გიყვარს შენ საქართველო. ასე ბეჯითად რომ არ ზრუნავდეშენს სამშობლოზე, ჩვენს დუხჭირ ბედზე,მაშინ შენს ახლოს ვერ მიხილავდი,თვალს ვერ მომკრავდი სასახლის კარზე”.მეფე დავითი ფეხზე წამოდგა,მიუახლოვდა მდუმარედ აღმზრდელს,ერთხანს უყურა მას სიყვარულით,მხარზე ამბორით პატივს სცემს გამზრდელს.მეფე:" - მეც მიხარია, რომ ეგრე ფიქრობ,ჩემო გიორგი, ჩემო გამზრდელო,ჯერ სამშობლოა, შემდეგ კი მეფე,თანმიმდევრული გვაქვს სადღეგრძელო.გიორგი:- მაპატიე, თუ გული გატკინე,მაგრამ სიმართლეს ვერ გაექცევი;მეფე: -  არა, რას ბრძანებ, ვხარობ უზომოდ,რომ ჩვენს სამშობლოს არ ჰყავს წამქცევი.გიორგი: - რომ ვერ მიგიხვდი მაგ ქარაგმულ თქმასმითხარ, რას ნიშნავს, მეფევ, ეგ სიტყვა?მეფე: -  ეს ქარაგმები შენგან ვისწავლე,რაო, გამზრდელო, შენ დაგავიწყდა?ორი ერთგული თუ ჰყავს ქვეყანას,მას ვერ დასცემენ, ვერვინ გაწყვეტავს!გიორგი: - ახლა მიგიხვდი, ჩემო მეფეო, გთხოვ, მაპატიო უგუნურობა,ერის შვილი ხარ, ბრძენი ხელმწიფე,ღმერთს მოუცია შენთვის ეს გონება.მეფე: -  ახლა კი საქმეზე გადავიდეთ!გიორგი:- კანონი არის მეფის ბრძანება!მეფე: -  დღეს მოვუძახოთ სუყველა ვაზირს,რომ გაიმართოს დარბაზობა!გიორგი:- მესმის, მეფეო, სხვას რას ინებებ,იქნება კიდევ გაქვთ რამ წადილი?მეფე: -  თუ პატივს დაგვდებ მე და დედოფალს,გთხოვ, ვიზიაროთ ერთი სადილი.გიორგი: - მადლობის მეტი რა მეთქმის, მეფევ,იდიდოს შენმა სახელმა ლხენით,მტერი მოგესპოს, ქვეყანა გეხსნას,თავქუდმოგლეჯით გაბრუნდნენ, ღრენით...თავი V                ვაზირობა (მეფე მორჭმული, გამგებიანი)დარბაზობაა. შვიდივ ვაზირიგამოეცხადა უკლებლივ მეფეს,რადგან გაეგოთ მეფის წადილირომ გეგმიურად შებმოდნენ მათ მტერს,გამოეკვლიათ ქვეყნის წუხილი, ბოლოს რომ არა წყევლიდნენ თავ-ბედს დაბნელი ჟამი ნათლად გაევლოთ, შეწევნას სთხოვდნენ მაღალ მამაღმერთს.დაბრძანებულა მეფე მის ტახტზე,ძლიერი კვერთხით, ბასრი მახვილით.ლამაზ თავს მეფის გვირგვინი შვენისხმა კი გუგუნებს ლომის ძახილით.გვერდით კი გურანდუხტ-დედოფალიმოუსვამს მეფეს და იმშვენებს გვერდს,მზისა სადარი ყივჩაყთ ასულიმეფის გულს ერთვის და იყოფს მის ბედს.ვაზირნიც თანმიმდევრულად ზიან,რადგან წესია იგი სასახლის,პატივისცემის ნიშნის სიმბოლო,მორიდების და უფროსის კრძალვის.ჯერ მწიგნობართა უხუცესიაპირველ-ვაზირი, მეფის მარჯვენა,სავაზიროში სიტყვა არ წყდებადა მის გარეშე რამის დადგენა.შემდეგ კი მანდატურთუხუცესი;მას ევალება წესრიგი ქვეყნად,საპოლიციო სამსახური დასამშობლოს მტრების მსტოვრებით ძებნა.მას შემდეგ ამირსპასალარია -სამხედრო საქმის მცოდნე ვაზირთა,ჯარის სარდალი და წინამძღოლი,თავადი სრულად მეფის ლაშქართა.მას მოსდევს ფინანსთ გამგე ვაზირი,იმის ხელშია ქვეყნის  ბალანსი,მეფისა სალაროს განმგებელი,წოდებით - მეჭურჭლეთუხუცესი.შემდეგში მსახურთუხუცესია,მეფის სასახლის წესრიგის მცველი,შინამსახურთა განრიგის დამდედა თადარიგის განმწესებელი.მეექვსე ამილახვარი არის, ამირსპასალარის პირველი შემწე,იგივე მეჯინიბეთუხუცესი,სათათბირო ხმით: ვაზირი მცირე.ბოლოს ჩუხჩარხი, მეფის სპასპეტი,იგივე მეაბჯრეთუხუცესი,მეფის „მონა სპის” („გვარდიის”) "თავი,"სათათბირო ხმით: ვაზირ-უმცროსი.რა მოიკრიბა ვაზირნი მეფემ,წამოდგა თვითონ თათბირად სიტყვის,გურანდუხტ დედოფალს გადახედა,მისი თვალები მრავალსა იტყვის.შემდეგ მწიგნობართუხუცესისკენშემოიბრუნა თვალები ბრძენი,ცოტა ხანს ისე უხმოდ უყურა,შემდეგ კი ჰკითხა კითხვა არც გრძელი:მეფე:რას ფიქრობ მწიგნობართუხუცესო,კიდევ ვუხადოთ ოსმალოს ხარკი?მწიგნობართუხუცესი:დაფიქრებაა, მეფევ, საჭირო,იქნება, ვერც კი დაგვაკლოს არკი,მაგრამ გავთვალოთ, ავწონ-დავწონოთ,რომ არ შევიქმნათ კერპთა ზვარაკი.მეფე:მეც გეთანხმები, ახლა სხვებს ვკითხოთ,რასა ჰფიქრობენ დღეს ხარკის ხდაზე?აბა! მანდატურთუხუცესო,შენი სიტყვა თქვი, მოგვყევ განსჯაზე!მთხრობელი(მამა):ღრმად დაფიქრებულმა მანდატურმაჭკვიანი შუბლი თითით მოქექა,შემდეგ თვალები მიაპყრო მეფესდა წრფელი გულით ეს ამოხეთქა:მანდატურთუხუცესი:მიგიხვდით, მეფევ, რაცა გწადიან...ჩვენი ოცნებაც ეგ არის მუდამ,ხარკის შეწყვეტა განგიზრახავს შენ,მაგრამ ფიქრი და განჭვრეტა უნდა.რახან მე მკითხეთ, მეც გიპასუხებთ,დღეს ოსმალეთი არის სუსტადა,ჯვაროსნულ ომში ბევრი დაკარგა,იერუსალიმი მაქვს ხედვადა.შინა ქიშპობაც არის ცნობილი,არეულობის არის დასტური,ჩვენი მსტოვრები გვატყობინებენ,მათგან მოსული ჩვენი უსტარით.ამირსპასალარი:თუ დამრთავთ ნებას, მეც ვიტყვი სიტყვას,დიდო მეფეო თქვენთან თათბირში,დღეს ჩვენი ჯარი რომ ძლიერიავთვლი არ ჩამითვლით ამას ტრაბახში.ქართულ ლაშქარმა შენის წყალობით,მიიღო დიდი გამოცდილება,ვთვლი, რომ  მის ძალას, მტრისგან ზეწოლას უწინდებურად ვერ აღუდგება.თუ განგიზრახავ ხარკის შეწყვეტა,იმედი გქონდეს, მოვკვდები თქვენთვის,თავს არ დავზოგავთ სამშობლოსთვის დასწორუპოვარი ჩვენი მეფისთვის.მეჭურჭლეთუხუცესი:ოქროც, ასე თუ ისე, მოგვდგამს,ბრძოლაში გამცვლელ ჩვენი ლაშქრისთვის,შენის ბრძანებით რომ შევაგროვეთ,ნატვრად ქცეული სამშობლოს ხსნისთვის.მეფე:ხელს რაღა გვიშლის?.. მაშ, შევუთვალოთპირმურდალ სულთანს ხარკის შეწყვეტა.მანდატურთუხუცესი:მხოლოდ ერთი რამ, დიდო მეფეო,მოღალატეთა ფეხის აღკვეთა...მეფე:ისევ ღალატი?! წყეულიმც იყოს!ვფიცავ მაღალ ღმერთს, არვის დავინდობ!ამ ჩემ ხელებით ამოვთხრი თვალებსდა გამღვალ რკინას პირში ჩავადნობ!ათი დღის ვადას გაძლევთ სუყველას,შებოჭეთ, ჰგვემეთ ყველა გამცემი!ღალატისათვის დილეგში ჩასვით,ენა მოჰგლიჯეთ, ჰყავით ნაცემი!თუ შეგებრძოლონ, გაანადგურეთ!მათთვის დანდობას არ აქვს ადგილი!თუგინდ ძმა იყოს, ჩემი ძუძუმტე,ან გინდაც, უსაყვარლესი შვილი!თავი VIმეფე ბრძენი და ლომგულიმეფე:ასეთი იყო, შვილო, დავითი,მოსიყვარულეც, მკაცრიც და ბრძენიც,ერთგული ყმისთვის თანდაყოლილი,მოღალატისთვის კი - შხამის წვენი.არ შეუნდობდა არავის ღალატს,მკაცრი სასჯელით ჰკვეთდა ერიდან,ქვეყანა მეფის მსტოვრით აივსო,შიშით ვერ ძრავდნენ აუგს პირიდან.სამიდან ორი მსტოვარი იყო,თვითონ ჯაშუშნი ერთურთს ვერ ცნობდნენ,თუ ვინმეს ავი თქმა დასცდებოდა,მეფემ იცოდა, მას აცნობებდნენ.და ასე შიშით დათესა ხალხში,განსაკუთრებით მაღალ ფენებში,შიშმა შეიპყრო ფეოდალებიდა იჩოქებდნენ მეფის ფეხებში.ის არ არჩევდა ღარიბს და მდიდარს,გვერდში იკრებდა მხოლოდ ერთგულებს,ჭკვიან ღარიბებს ჩინებს აძლევდა,თავს ლაფს ასხამდა მდიდარ ორგულებს.თორნიკე:მერთლაც ძლიერი მეფე ყოფილა,და საოცარი ქვეყნის ხელმწიფე,მაგრამ ამ შიშით რას მიაღწია,ნუთუ მიიღო ნაყოფი მწიფე?მამა:ამ გზებით, შვილო, ორგული მოსპო,ღალატს მოუსპო საყრდენი მყიფე,ერის შვილები შემოიკრიბა,ქვეყნის ერთგულნი – ფოლადზე მტკიცე.როცა შეიგრძნო, რომ მყარად იდგამჭრელი მახვილი მიმართა მტრისკენ,ჩვენი სამშობლო რომ აღედგინა,მიზნად: ერთ მთლიან საქართველოსკენ!ასეც მოიქცა... ის ამოქმედდა,სურდა დაეხსნა კახეთ-ჰერეთი,ჯერ ერწუხს, შემდეგ სამშვილდოს დაჰკრა,და უკან დაბრუნდა სიმღერებით.კვლავაც მრავალჯერ გავიდა ბრძოლად;და დაიბრუნა რუსთავი, გიში,მრავალჯერ ატყდა დავითის ხმლის ქვეშაკნავებული მტრის ვაი-ვიში.დღითიდღე სახელს იხვეჭს დავითი,შიშის ზარსა სცემს თურქთა ურდოებს,მცირე ლაშქრით მრავალს ამარცხებს,მახვილით უპობს მომხვდურ მტერს გულებს.შემდეგ ყივჩაღნიც ჩამოისახლა,მის მუდმივ ლაშქრად მტერთან ბრძოლაში,გააძლიერა ქვეყნის ლაშქარი,ის არის საქართველოს ნუგეში.ხარკზე ხომ სიტყვაც კი ზედმეტია,გაფიქრებაც კი არ ღირს ამაზე,ქვეყანამ იწყო ფეხზე დადგომა,გაძლიერება დიდ მეფის გზაზე.ზღაპრებში ნათქვამ მზეჭაბუკს ჰგავდაეს საოცნებო მეფე-ბატონი,თითქოს განგებამ გამოგვიგზავნაამ დუხჭირ დროში მოგვცა პატრონი.შუძლებელი შეძლო ხელმწიფემ,ორთავა ურჩხულს მოჰკვეთა თავი,პირველი თავი შინამტერია,მეორე თავი კი - გარე არი.მაგრამ ორივე მოსპო დავითმადა მოაწონა მსოფლიოს თავი,გვირგვინი მყარად მოირგო თავზე,მტკიცედ გაშალა მეფური მკლავი.მაგრამ არ მინდა არ გავიხსენო, დიდგორის ბრძოლა - მართლაც ზღაპარი,ოთხასი ათას თურქს დააჩოქებსმეფის სამოცი ათასი ჯარი.* * *მაშ ასე, ვიწყებ, ყური დამიგდე:თურქეთის მხრიდან მოჰქრის ლაშქარი,მათი სიმძიმით მიწა ირყევა,შიში ცახცახებს ირგვლივ მთა-ბარი.ოთხასი ათასი მეომარიმოათქარუნებს ქართლისკენ ცხენებს,ერთხელ და სამუდამოდ წახდენაგადაუწყვეტიათ თურქთა ურდოებს.ქართველთ მსტოვარი სასახლის კარზედაუზოგავად მიაგდებს შავ ცხენს,ავი ამბავი მოაქვს მეფისთვის,ოფლად დაღვრილი კიბეს აირბენს.იმ ერთს მეორე მოჰყვა ფეხებში,ისიც რბენისგან ნაგვემი გზაში,რომ მეფეს მტრის გამოჩენა ამცნოს,შემდეგ კი თუნდაც დაბრმავდეს თვალში.* * *მეფემ იმწამსვე იხმო ლაშქარი,განაწყო ბრძოლად, მიმართა სიტყვით:  მეფე:- „ან სიკვდილი და ან გამარჯვება!მტერს შევეგებოთ ბასრი მახვილით!დღეს გადაწყდება ბედი ქვეყნისა,გახსოვდეთ, ძმებო, ვინა ვართ რჯულით!თუ თავგანწირვით მტერს ვეკვეთებით,თვითონ ეშმაკსაც ვაბღავლებთ გულით.მაშ, აღვავლინოთ ლოცვა ღმერთისა,ვილოცოთ ღვთისთვის და სამშობლოსთვის!ქრისტეს შეწევნით მტერს შევუტიოთ,სამშობლო ვიხსნათ უფალ ქრისტესთვის!შერცხვენილ იყოს, ვინაც მტერს ზურგი,თუ შეაქციოს უკუსაქცევად!არამი  იყოს მისთვის დედის რძე,ხმალს თუ არ დასცემს მტერს წასაქცევად!"მთხრობელი(მამა):ამის მომსმენმა ლაშქარმა მყისვეომახიანად შესძახა მეფეს:ჯარი:- „დიდება მეფეს, ჩვენდა ნუგეშად!ჩვენს დიდ ხელმწიფეს, მეფეთა მეფეს!"თავი VIIმეფეთა მეფე დავით აღმაშენებელიათას ას ოცდაერთი წლისზაფხულია, აგვისტოს თვე,თურქ-სელჩუკნი მანგლისს, დიდგორს,შემორტყმიან, როგორც სალტე.სწორედ აქედან სურს სულთანსშეაღწიოს შიდა ქართლში,„ცხვირიდან ძმარი ადინოს„ურჩ” ქართველებს მკაცრ ბრძოლაში.მაგრამ მეფე, გმირი--დავით,რის ბრძენია, რის სარდალი,თუ მტერი ვერ მოატყუადა თუ მისცა გასაქანი.დავით მეფე მის ლაშქარშიამოარჩევს ორას ვაჟკაცს,მტრის ბანაკში შეაგზავნის,ვით „გაქცეულთ”, „ქვეყნის ლაჩარს”,ლაშქარი კი ორად გაყო,ხეობაში ღრმად ჩამალა,ნაწილს თვითონ უწინამძღვრა,ნაწილს დემეტრე უსარდლა.„ორასნი” კი ვით „ჯაბანნი”,„მიეკედლნენ” მტრების ბანაკს.მტრის ჯარს გულში შეაღწიეს,სიამაყით გეტყვით არაკს;ორასივემ ბასრი ხმალი მტრის ორას კაცს ჩასცა გულში,მომხვდურს თავგზა აუბნიესთავგანწირვით სიყვარულში.აირია მტრის ბანაკი,ვეღარ ცნობენ ერთურთს თითქმის,ვიწრო ხეობას მიაწყდნენუთავბოლოდ, ასე თითქმის,იქ კი ქართველთა ლაშქარი,მათი მეფის, დავით დიდის,თაოსნობით თავს დაესხნენ,მტერი ამოჟუჟეს თითქმის.გაიმარჯვეს ქართველებმა,მეფე თავს ისწორებს გვირგვინს,ნაღდი მეფის ნაღდი კვერთხითსამშობლოს მტრებს მიჰგვრის ქვითინს.თვით დაჭრილმა თურქ სარდალმაძლივს გაასწრო მოსულ სიკვდილს,თუმცა ეს ჭრილობა იქცასიკვდილის მიზეზად მისთვის.* * *მეფის ძალით საქართველომ მოიშორა ყველა მტერი,მეფის გარჯით და ღვთის რწმენით,ფეხზე დადგა ჩვენი ერი.თექვსმეტი წლის ნორჩი მეფეიქცა მეფედ უძლევალთა,რაც მეფეა, ის ერია,სახელმწიფო მძლეთამძლეთა.სადაც ფეხს დგამს გმირი მეფე,იქ ია და ვარდი ჰყვავის,საქართველო ბაღად იქცა,თვითონ დაემსგავსა ყვავილს.ხალხი წელში გამართულიხოტბას ასხამს მეფეს ლხენით:- „შენ მეფე ხარ, მეფეთ მეფე!დავით აღმაშენებელი!”თავი VIII  ლოცვამამა:რატომ დაფიქრდი, ჩემო თორნიკევ,შუბლი ფიქრებმა რად გაგისერა?იქნებ მოგწყინდა ამ ამბის თხრობადა სურვილი გაქვს, რომ დაგესვენა?თორნიკე:პირიქით, მამავ, მეამა ძლიერაღმაშენებლის ამბის გაგება,მაგრამ?! დაფიქრდი, იქნება დღესაცკვლავ დაგვეხმაროს უფლის განგება?!დავით მეფის დროს ვით დავიბრუნეთქართლს განკვეთილი კახეთ-ჰერეთი,იქნება დღესაც ღმერთმა მოგვხედოს და დავიბრუნოთ ჩვენ აფხაზეთი.მამა:მათ დავიბრუნებთ, თუკი მუდამდღეგვემახსოვრება განკვეთილთა მზე,თუკი ვიბრძოლებთ მათ აღსადგენად,ვფიცავ მაღალ დღეს, დადგება ის დღე!გახსოვს, ჭყონდიდელს რა უთხრა მეფემ?მე მის სიტყვის წინ კრძალვით დავხრი თავს,- „ორი ერთგული თუ ჰყავს სამშობლოს,მას ვერ დასცემენ! ვერვინ გაწყვიტავს!თორნიკე:განა ერთგული ცოტაა ქვეყნად?განა სამშობლოს არ ჰყავს ერთგული?ნუთუ ქვეყანა ისე დაეცა,გული გაუხდა ყველას ორგული?მამა:ერთგული განა ის არის, შვილო,რომ ტრაბახით თქვას: „მე უფრო მიყვარს?!”ორი ერთგული ნიშნავს: ორ ერთ კაცს!ვისაც ქვეყანა ლხენისკენ მიჰყავს!ახლა კი დროა ადგე, ჩაიცვა,დედამ საუზმე უკვე გაგიწყო,უფალს მოუხმე, გულით ილოცე!და ეგ სიზმარიც არ დაივიწყო!წამოხტა ბიჭი, მყისვე ჩაიცვა,სახეზე წყალი შეისხა პეშვით,თანაც ფიქრებში ფრთები შესხმია,გულში ამაყობს ქართველთა მეფით.ლოცვაში ჩადგა, მოუხმო უფალს,ეტყვის:(თორნიკე:)„უფალო, იესო ქრისტევ!შენი მონა ვარ შენს წინ მოსული,გავედრებ ჩემს სამშობლოს და იხსენ!შენს ხელში არის მთელი სამყარო.შენ გაქვს მეფობა დასცე ბნელეთი,გთხოვ, მოგვცე ძალა, რომ დავიბრუნოთჩვენ სამაჩაბლო და აფხაზეთი.უფალო გვიხსენ! გთხოვ, შეგვიბრალე,გამოაჩინე ჩვენში ერთგულნი,წრფელი ცრემლებით შეგთხოვ ვედრებას,გვიხსენ მტრის ყბიდან, ცოდვად ბედკრულნი.შენ ბატონი ხარ და განმგებელი,მეფეთა-მეფე ყოველი მეფის!მამა ღმერთი ხარ მქმნელი ქვეყნისა!სულიწმიდაც და ძეც თვითონ ღმერთის!და ამ დიდებულ „სამებას” შეგთხოვ,ისმინო ჩემი ლოცვა, ვედრება,უფალო ჩემო, იესო ქრისტევ,გთხოვ, რომ გაიღო შენ მოწყალება!”ასეთი ლოცვით თხოვდა უფალ ღმერთს,რომ შემოესმა ჩუმი ჩურჩული,მიხედა... ნახა, მისი მამიკოცუფლის წინაშე დგას მუხლმოყრილი.ორი ერთგული ღმერთთან წარმდგარი,დგას ერთი თხოვნით, ვითარცა ერთი;და წრფელი ცრემლით სთხოვს დაგვიბრუნდესჩვენ სამაჩაბლო და აფხაზეთი. …
დაამატა პაატა ტეტუნაშვილი to პოეზია at 9:16am on დეკემბერი 21, 2013
თემა: გოლი თარაყი - სახლი ზეცაში
დაადგა. არც კი გაუაზრებია, წინ რა ელოდა. არც სურდა, წინდახედული და შორსმჭვრეტელი ყოფილიყო. არ სურდა, ვინმეს მოსთათბირებოდა. არც მათ, ვინც მასზე გამოცდილი იყო, არც მათ, ვინც ყოველგვარ ცვლილებას და გადაადგილებას უფრთხოდა და არც მათ, ვისთვისაც დარჩენა ზნეობრივ არჩევანს წარმოადგენდა, რადგანაც საკუთარ ფესვებს, მიწას და ადათ-წესებს იყვნენ მიჯაჭვულნი. მასუდ დ-ს ომი სძულდა და სიკვდილის ეშინოდა. ღამეული შფოთვა ძილს და მოსვენებას უკარგავდა და ალიონის მტანჯველი მღელვარება კიდევ მეტად აწამებდა. უნდა წასულიყო, გაქცეულიყო და მშვიდი ადგილისათვის შეეფარებინა თავი. ისეთი ადგილისათვის, სადაც არ იქნებოდა აურზაური, ყუმბარები და აფეთქება. სადაც არ იქნებოდა სიკვდილი, სიგიჟე და... თავისი საქმეები ერთბაშად, ელვასავით სწრაფად და ნიავივით ჩუმად მოიკეთა. ბინის მთელი მოწყობილობა აუქციონზე გაიტანა, სახლი კი ლამის მუქთად მიჰყიდა პირველსავე მუშტარს. მიიღო ვიზა, იყიდა ბილეთი, ბარგი-ბარხანა შეკრა და, ის იყო, წასვლას აპირებდა, რომ მისი არეული მზერა მოხუც დედაზე შეჩერდა... ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. როგორ მოიქცეს? ძლიერმა ტკივილმა მოუჭირა გულში და მუცლისკენ ჩაცურდა. წამიერად დაივიწყა ომი და სიკვდილი და დარჩენა გადაწყვიტა. მაჰინ ბანუ მთელი ამ დროის მანძილზე უხმოდ შესცქეროდა ყველაფერს, არც არაფერს ეკითხებოდა ვინმეს, არც პროტესტს უცხადებდა, არც საკუთარ არსებობას შეახსენებდა. ხედავდა, რომ მთელი მისი ავლა-დიდება გასაყიდად გაჰქონდათ და არაფერი უთქვამს. ხედავდა, რომ მის ოთახებში უცხო ადამიანები მიმოდიოდნენ და ბაგეც არ შესტოკებია. კედელთან ჩამჯდარიყო, კუთხეში, დიდ თავრიზულ ხალიჩაზე და ჩუმი სევდით ეალერსებოდა მის ხავერდოვან ყვავილებს, ოქროდ აფერადებულ ხვეულებს. წინაპართა ეს სახსოვარი გარდასულ დღეთა ნიშანი იყო, მისი თითები უკანასკნელად გრძნობდნენ ძველი მეგობრის სხეულს. ეჩვენებოდა, რომ ნახევრად გაციებულ ადამიანს ეხებოდა ხელით სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. მაგიდის გადასაფარებელს კიდეებში ჩაჰფრენოდა, თითქოს წამით მაინც ცდილობდა მის შეჩერებას. თვალი მიურბოდა ფაიფურის მოხატული თასებისაგან, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიოდა, მაღალი რუსული ლამპებისაკენ, გასაყიდად რომ მიჰქონდათ. უნდოდა ეთქვა, არა, ჩემს ქაშმირის შალს და ნიშნობის სარკეს არ გაგატანთო, უნდოდა, აეღო რაიმე და გადაემალა, მაგრამ არაფერი უთქვამს. იჯდა ერთ კუთხეში, ჩუმი და უჩინარი, უყურებდა, როგორ გაჰქონდათ სახლიდან კედლის საათი, მაგიდა და სკამები, ჩინური თეფშები, მოოქროვილი ჩარჩოები. იტანჯებოდა, როგორც დედა, რომლის შვილებიც შორეულ ქვეყანაში მიემგზავრებიან. ხვდებოდა, მწარე არსებობა ელოდა და შეჰგუებოდა ბედს. შვილზე არ იყო ნაწყენი. წლების წინ თვითონვე გადააფორმა სახლი მის სახელზე. მხოლოდ ეს ჰქონდათ პირობად, რომ მის სიცოცხლეში სახლს არ გაყიდდნენ. ეს პირობა კი მოძველდა. იგი მაშინ დადეს, როცა არც რევოლუცია იყო და არც ომი, არც შიში იყო და არც შვილების გაჭირვება. მაჰინ ბანუს კი თავისი ვაჟისა და ქალიშვილის (რომელსაც ინგლისელი ქმარი ჰყავდა და თეირანში არ იმყოფებოდა) ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარდა არაფერი უნდოდა. არც იმ ხალიჩას დაინანებდა, რომელზედაც ფეხი მოერთხა, სულსაც მისცემდა, რომელიც უკვე მილეულიყო და აღარავის სჭირდებოდა... შვილებსაც უყვარდათ. მასუდ დ. არასდროს გულში არ გაივლებდა, რომ მოხუცი დედა მიეტოვებინა და გაქცეულიყო, უქონელად ექცია, ღვთის ანაბარა მიეგდო და საკუთარი ტყავი გადაერჩინა. ეგ იყო, რომ ამ არეულობასა და განუკითხაობაში, ომსა და სიკვდილის მეუფებაში, თავგზა აჰბნეოდა და თავის გრძნობებსა და საქციელში ვერ გარკვეულიყო. ეს იცოდა მაჰინ ბანუმ და ბედსაც ამ დედობრივი გრძნობის გამო დამორჩილებოდა. რა თქმა უნდა, უტირია კიდეც, გულამოსკვნითაც უქვითინია, უჩუმრად, სხვებისაგან მალულად – ღამით, საბანში თავჩარგულს, დღისით, სააბაზანოში ჩაკეტილს, ან ბაღში, მაღალ ფიჭვებს ამოფარებულს. უყვარდა თავისი ძველი ნივთები – ხალიჩები და ქაშმირის შალები... მამის, ქმრის, სიყმაწვილის ბედნიერი დღეების სახსოვრად დარჩენილნი. ერთად დაბერებულიყვნენ და ძველი ახლობლობა ჰქონდათ. ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოგონებები ოთახებში ტრიალებდნენ, ეზოს ქვაფენილს და კედლებს მისი ბავშვობის ნაკვალევი შერჩენოდათ. ამ სახლის გარდა თავისად არც ერთი ადგილი არ ეგულებოდა ქვეყნად და ხედავდა, რომ აღარ იყო „აქაურობის“ პატრონი. არაფრის პატრონი აღარ იყო. ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და ცაში გამოეკიდა. უნდოდა, მომაკვდავ კატასავით თავჩაღუნული გასცლოდა აქაურობას, გამქრალიყო, მაგრამ იცოდა, ჯანსაღად იყო, ცოცხლობდა და არაფერი სჭირდა სასიკვდილო. სიბერე თითქოს სხვებს მოეხვიათ მისთვის თავს. ადამიანების უსამართლო შეხედულება და წარმოდგენა ადგამდა მხრებზე ასაკის ტვირთს და მის ლოყებზე წლების კვალს ტოვებდა. თავისი ახალგაზრდობის პორტრეტი ჰქონდა, ძველ სარკეებში არეკლილი სურათი, გარდასულ დღეთა მშვენიერ მოგონებებს შერჩენილი სახე. გული კვლავ უცემდა და თვალს ყველაფერი ახარებდა. მომავალს შესცქეროდა, გაზაფხულს და ზაფხულს ელოდა. ათასი იმედი და ოცნება ჰქონდა – თავისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. სამოცდათოთხმეტი თუ სამოცდათექვსმეტი? თუ კიდევ მეტი? ამ ანგარიშს სხვები აწარმოებდნენ, მისი დაბადების და ქორწინების თარიღებს ადგენდნენ. მაჰინ ბანუ კი ორმოც წელზე მეტის არ იყო. ამას მხოლოდ თვითონ გრძნობდა და ასე სჯეროდა. და ახლა, უსახლკაროდ დარჩენილს, ვერ გაერკვია, როდის ჩამორჩა დროის სვლას, ვინ არის, სად არის და რა ევალება? სრულიად ზედმეტად ქცეულა, გამოვარდნილა სამყაროს მწყობრიდან; ასე ვარსკვლავი მოწყდება ხოლმე, ზეცის შორეთში მარტოობისთვის განწირული. გულით უნდოდა, წასულიყო, მაგრამ... სიკვდილს მისთვის ჯერ არ ეცალა. ფეხები მიწას ითხოვდნენ. სხეული სინათლის და სითბოს წვეთებს ისრუტავდა და ფიქრები უხილავი ძაფებით ჩახლართვოდა სიცოცხლის ტკბილ კუთხე-კუნჭულებს. გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუს რამდენიმე კვირით (ან იქნებ, ორი-სამი თვითაც) დასთან დატოვებდნენ, სანამ მასუდ დ. პარიზში დამკვიდრდებოდა, ბინას და სამსახურს იშოვიდა, ცხოვრებას ააწყობდა და მერე, როგორც კი შემთხვევა მიეცემოდა, გულარხეინად გამოგზავნიდა ვინმეს დედის წასაყვანად. ქალიშვილიც წუხდა დედაზე და, თუმცა მცირე შემოსავალი ჰქონდა, რეგულარულად რეკავდა ლონდონიდან და დედას თავისთან ეპატიჟებოდა. ინგლისელი სიძეც კეთილი კაცი იყო და უარს არ ამბობდა სიდედრის მიღებაზე. ეგ იყო, რომ უნდა მოეთმინათ. ბოლოს ყველაფერი კარგად იქნებოდა, იქნებ, წინანდელზე უკეთესადაც. და მაჰინ ბანუც მომთმენი და გონიერი ქალი იყო. შვილებიც მისი შინაგანი ტაქტის მადლიერნი იყვნენ. პირველი ორი კვირა ცოტა გაუჭირდა. ადგილის ცვლა ადვილი არ იყო, მაჰინ ბანუ არ იყო ნაჩვევი სხვადასხვა ადგილას ძილს. თავის ოთახს, საწოლს და ბალიშს იყო მიჩვეული; ქუჩის ხმაურს და ყოფილი მეზობლების რია-რიას; ძველი სამზარეულოს არომატს და ზედა კიბეების ნოტიო სუნს; რა თქმა უნდა, ხვიარა ყვავილების სურნელს თავისი ფანჯრის წინ და მამამისის ხნის ოთხ მაღალ ოფის ხეს. მისი და ალერსიანი იყო და სტუმართმოყვარე, სიძე კი, დოქტორი იუნეს ხანი, არავის საქმეში არ ერეოდა. გაცრეცილი, მარტოსული კაცი გახლდათ, შორს მყოფ შვილებზე დარდობდა. რევოლუციის შემდეგ მისი ექვსივე შვილი წასულიყო ირანიდან. უფროსი ვაჟი ავსტრალიაში დასახლებულიყო, მასთან კავშირი შეუძლებელი იყო; ორი ქალიშვილი (ნებიერა ტყუპები) ამერიკაში წასულიყო. შუათანა ვაჟი სინგაპურს, ტაილანდსა და იაპონიას შორის მიდი-მოდიოდა, უმცროსი კი წარამარა იცვლიდა ადგილსამყოფელს. ერთ გოგონას (იუნეს ხანი დარწმუნებული არ იყო, რადგან მეხსიერება ღალატობდა), კანადის, ინდოეთის, თუ აფრიკის რომელიღაც ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო. დები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ამ მხრივ მასუდ დ. არ ღელავდა, სინდისი მშვიდად ჰქონდა. იცოდა, რომ დედამისი კარგად იყო. ეგ იყო მხოლოდ, რომ ღამეულ დაბომბვებს და სარაკეტო შეტევებს ბატონი იუნეს ხანის სულიერი წონასწორობა დიდად დაერღვიათ. უცნაური ფიქრები დასჩემდა და ყველას ეჭვის თვალით უმზერდა. კარს უკან მიიმალებოდა და სხვების ლაპარაკს ყურს უგდებდა. ცოლის ხელჩანთაში და ცოლისდის ჩემოდანში იქექებოდა, სრულიად უვარგის ხარახურას ინახავდა და აღარ ახსოვდა, სად რა დადო. ეგონა, რომ მაჰინ ბანუმ მისი სათვალე, ან სანთებელა აიღო და ამაში ცოლის დარწმუნებას ცდილობდა. ცოლი უარყოფდა და დიდი უსიამოვნება ჰქონდათ. კარს უკან მიყუჟული მაჰინ ბანუ სირცხვილისგან იტანჯებოდა და დღეებს ითვლიდა, ერთი სული ჰქონდა, ევროპის გზას დასდგომოდა და შვილებთან ეპოვა სიმშვიდე, დოქტორ იუნეს ხანის გამოც სტკიოდა გული. იცოდა, მისი საქციელი ცუდი ბუნებისაგან არ იყო. არც იმ დღეს უტირია და დაუჩივლია, როცა კარში თითი მოიყოლა და ფრჩხილი მოსძვრა და არც იმ ღამეს უთქვამს საყვედური, იუნეს ხანმა თავისი მიკარგული აყიყისთვლიანი ბეჭდის ძებნაში ცოლისდის ლოგინი და ჯიბეები რომ გადმოაქოთა. თავისთვის თქვა მხოლოდ, რომ ეს წუთები წარმავალია, მადლობა ღმერთს, რომ შვილები კარგად ჰყავს და თვითონაც, ამდენი დავიდარაბის მიუხედავად, ცოცხალია და სრულ ჭკუაზე. და აი, აღთქმული დღეც დადგა. მაჰინ ბანუ თითქოს სიზმარში იყო. სიხარულის ცრემლები ღვარად სდიოდა. მას ასე, სხვების დასანახად, არასდროს უტირია! მაგრამ რა ექნა... დაუსრულებლად კოცნიდა შვილიშვილებს. ძილი და დასვენება სადღა ახსოვდა, თუმცა მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს: აეროპორტი, საბაჟო, ბარგი... მერე ჩანთა დაკარგა, სათვალე და წამლების შეკვრაც სადღაც დარჩენოდა. ფეხის ტკივილის გარდა, უეცარი თავბრუსხვევაც იგრძნო, თვითმფრინავში კი ყველაფერ ამას საშინელი გულისრევა დაემატა. ამის მიუხედავად, რომ ეცლიათ, მთელი დღე ილაპარაკებდა, შვილიშვილებს, შვილსა და რძალს დაკოცნიდა, ივლიდა და ივლიდა მათ ბინაში, თაგვი რომ კუდს ვერ მოიქნევდა და, აგზნებულ-აფორიაქებული, აქეთურ-იქითურ ამბებს გამოიკითხავდა. მაჰინ ბანუ პირველ ორ ღამეს ძალისძალად დააწვინეს ბავშვების ოთახში. ბავშვებს სასტუმრო ოთახში დაუგეს ლეიბი და ყურში ჩასჩურჩულეს, რომ ბებია გზაში დაიღალა და ცოდოა. მოგვიანებით სხვაგან გადაიყვანენ და ოთახს ბავშვებს დაუბრუნებენ. მაჰინ ბანუმ ბავშვების მდუმარე უკმაყოფილება დაინახა და შეწუხდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა. აღარც ძალა ჰქონდა. სხეულს დაღლილობისაგან ვეღარ იმორჩილებდა. როგორც კი თავი ბალიშზე დადო, ძილმა წაიღო, ღრმად ჩაეძინა, მაგრამ გამთენიას უეცრად გამოეღვიძა. თითქოს ტყვიის ნაჭერი აწვებოდა მკერდზე. აქამდე უცნობი მტანჯველი გრძნობა, სირცხვილის, დანაშაულისა და დამცირების, მთელ სხეულს ტკივილივით უსერავდა. შვილიშვილების უკმაყოფილო სახეები გაახსენდა. უხერხულობა იგრძნო, რომ მათი ოთახი დაიკავა. თითქოს შამფურებს უყრიდნენ, ლეიბიდან და ბალიშიდან წვრილ-წვრილი ნემსები იჩხვლიტებოდნენ. ერჩია, კარს უკან, დერეფანში დაეძინა, ან სავარძელში მოკუნტულიყო, ოღონდ სხვისი ადგილი არ დაეკავებინა. მესამე დღეს ადგილი გამოუცვალეს და მაჰინ ბანუმ შვებით ამოისუნთქა. ერთი მსუბუქი ლეიბი გამოუყვეს, რომელსაც ღამით იატაკზე შლიდა, დილით დივანში ინახავდა. ჩემოდნები სამზარეულოს ერთ კუთხეში დააწყო. ხელჩანთა კი, სადაც წავიდოდა, თან დაჰქონდა. ტანსაცმლით გამოტენილი კარადები არ იკეტებოდა, ტახტებშიც ტევა არ იყო. ბინაში განძრევა არ შეიძლებოდა. მაჰინ ბანუს მთელი ცხოვრება დიდ სახლში, ნათელ ოთახებში ჰქონდა გატარებული. ფანჯრებიდან ცას და მზეს ხედავდა, გარშემო კი ბაღები ყვაოდა. მის სახლში კარადებიც იყო და საკუჭნაოებიც, სხვენშიც ასობით ჩემოდანი დაეტეოდა და სარდაფში საბარგო მანქანაც მოთავსდებოდა თავისი ტვირთით. ოჰ, ეს ყველაფერი ჩავლილი ზღაპრებია. ცხოვრებაში აღმართიც შეგხვდება და დაღმართიც. სასტუმრო ოთახში ძილსაც ჰქონდა თავისი ხიბლი. თუმცა ქუჩიდან ხმაური შემოდიოდა და იქვე ახლო მდებარე მეტროს ვაგონები ფანჯრებს აზანზარებდა, მაგრამ მაჰინ ბანუმ მაშინვე დაიმშვიდა თავი, რას იზამ, ევროპაში ცხოვრება ასეთია! საწუწუნო არაფერია. მადლობა ღმერთს, რომ შვილებთანაა და მშვიდად ცხოვრობს. შვილიშვილები თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ. სკოლა მოსწონდათ და არაბი და პორტუგალიელი მეგობრებიც გაეჩინათ. დროდადრო სტუმრები ჰყავდათ და მაჰინ ბანუ იძულებული ხდებოდა, ადგილი შეეცვალა. თავისი ლოგინით ხელში წყნარ კუთხეს დაეძებდა. სად უნდა ეპოვა? ორი საძინებელი ოთახი იყო, ერთი ვიწრო, გრძელი სამზარეულო და პაწაწინა სააბაზანო-საპირფარეშო. ცოლ-ქმრის ოთახში ხომ ვერ შევიდოდა. თუმცა, ვაჟი ეპატიჟებოდა და კეთილი რძალიც არ იყო წინააღმდეგი. ბავშვების ოთახში ადგილი არ იყო: ორი საწოლი ერთმანეთზე იყო მიდგმული, წიგნების დასტა, ჩოგბურთის რაკეტა და ფეხბურთის ბურთი იატაკზე ეყარა. სამზარეულო რჩებოდა, არც იყო წინააღმდეგი. ანდა, რა იმოდენა ადგილი სჭირდებოდა მაჰინ ბანუს? ბავშვისხელა იყო. თხელი, გამხდარი და სიფრიფანა. თაროზე ან ტახტის ქვეშაც შეეტეოდა. ერთი ღამე აბაზანაშიც გაათია და ეძინა კიდეც. თუმცა, ვაჟი წავიდა წინააღმდეგი და დედა ძალით დააწვინა თავის ლოგინში. რძლის გვერდით ყველაზე მწარე ღამე გაათენა მაჰინ ბანუმ. რცხვენოდა რძლის, საწოლის კიდეზე მიწვა, იმდენად ნაპირას, რომ, რომ განძრეულიყო, ჩამოვარდებოდა. თვალი არ მოუხუჭავს. საბანი ტანს სწვავდა, მთელი სხეული უხურდა. ისე მობუზულიყო, პატარა ბურთს დამგვანებოდა. ხელი რომ გაგეკრა, გაგორდებოდა. რძალმა რამდენიმე ღამე გაუძლო ამ ამბავს, მერე კი რბილად აგრძნობინა ქმარს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. მასუდ დ. თუმცა გონიერი და მშვიდი კაცი იყო, რატომღაც ერთბაშად აფეთქდა, აყვირდა და მისი ხმა ყველას ყურს მისწვდა. ბავშვები შეშინდნენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაეტაკა და ისე იჩხუბეს, არასდროს რომ არ უჩხუბიათ. მაჰინ ბანუ მოკვდა და გათავდა. თავს იწყევლიდა, რომ აქ ჩამოვიდა და ოჯახური სიმყუდროვე დაარღვია. გადაწყვიტა, აქედან წასულიყო. ჩემოდანი ჩაალაგა, ჩაიცვა, დერეფანში სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა. დაელოდა, რომ გული საგულეს ჩასდგომოდა და აზრებიც მოეკრიბა, მოეფიქრებინა, სად შეიძლებოდა წასულიყო. თეირანში დაბრუნდება, დასთან. ყველაფერს ასე აჯობებს... ისევ დოქტორ იუნეს ხანის უაზრო თავის შექცევა? არა, შეუძლებელია... დეიდაშვილთან წავა. გაახსენდა, რომ დეიდაშვილი, ორი თვეა, გარდაიცვალა. ისევ ატირდა. ბიძაშვილთან წავა, ძმისშვილებთან (ძმისშვილები ამერიკაში იყვნენ). სიკვდილში წავა, ჯანდაბაში, იმათხოვრებს, მოსამსახურედ დადგება. ბოლოს და ბოლოს, თავის ქვეყანაში იქნება. სულაც, მიწაზე მიდებს თავს და მოკვდება. აქ ვეღარ დარჩება, შეუძლებელია. საბედნიეროდ, მაჰინ ბანუს ქალიშვილმა მანიჟემ (რომელსაც ევროპაში მაგიდ იხსენიებდნენ) ლონდონიდან დარეკა და მოითხოვა, რომ დედამისი დღესვე, ამ წუთასვე ჩაესვათ თვითმფრინავში და მასთან გაეშვათ. მაშინვე, რა თქმა უნდა, არ მოხერხდა. ერთ კვირაში კი მაჰინ ბანუ აეროპორტში წაიყვანეს. მაჰინ ბანუმ, გალიიდან გამოშვებული ჩიტივით, ახალი სიცოცხლე შეიძინა. თვითმფრინავი სახლივით იყო, თბილი და საიმედო. თავისი სკამი ჰქონდა, საკუთარი სკამი. ეს ადგილი მას ეკუთვნოდა და ვერავინ წაართმევდა. მიწაზეც რომ მიეცათ მისთვის ერთი სკამი, ერთი მტკაველი ადგილი, მისი რომ იქნებოდა, იკმარებდა. უგემურად ისაუზმა და ნენე ხანუმი გაახსენდა, ლანგრით რომ მოართმევდა ხოლმე ვახშამს (ეს ის დრო იყო, როცა რაღაცას წარმოადგენდა და სხვასთანაც მიდიოდა და მასთანაც მოდიოდნენ). როგორ ეტკინა გული და რამდენი იტირა, როცა გაიგო, რომ ნენე ხანუმის შვილიშვილი ომში დაიღუპა, შვილი კი ფსიქიატრიულში წაიყვანეს. ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მასუდ დ. აპირებდა, რომ დედისთვის პატარა ბინა ექირავებინა და იგი ნენე ხანუმისთვის ჩაებარებინა. ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მისთვისაც და დედამისისთვისაც, მაგრამ ვინ იცის, რა მოგელის? ნენე ხანუმის შვილიშვილს ჭურვი მოხვდა თავში და წამში მოუღო ბოლო. საბზევარიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა. მეორედ მოსვლა იყო. კომიტეტიდან იყვნენ; შაჰიდთა ორგანიზაციიდან; მისალოცად და სამძიმარზე. ნენე ხანუმი სოფელში წაიყვანეს, ოთახი გამოუყვეს და პენსია დაუნიშნეს. გადაწყდა, რომ იქ იცხოვრებდა. ეს ყველაფერი იქამდე მოხდა, სანამ მაჰინ ბანუ დასთან გადავიდოდა საცხოვრებლად. მაგიმ (ყოფილმა მანიჟემ) დედა ჩაიხუტა და ისეთი სიყვარულით ჩაიკრა გულში, რომ მაჰინ ბანუმ ტკივილით და სიხარულით შეჰკივლა. სიძემაც აკოცა და ხელი ღონივრად ჩამოართვა. დევიდ ოუქლი კარგი კაცი იყო, ებრაული სისხლი ჰქონდა და ამიტომაც იყო თბილი ადამიანი. მაჰინ ბანუ სულაც არ იყო კმაყოფილი, ქალიშვილი რომ ინგლისელ ებრაელს გაჰყვა ცოლად, უნდოდა, ირანელი, მუსლიმი სიძე ჰყოლოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. შვილების საქმეში არ ერეოდა. თუმცა გული დამძიმებული ჰქონდა და მხოლოდ მაშინ ჩამოეხსნა სიმძიმე, როცა დევიდ ოუქლის ჯანსაღი სახე და გულღია, ალალი თვალები დაინახა. ხელი მის მამაკაცურ ხელში ჩამალა, გაიცინა და კვლავ შენიშნა, როგორ გამხდარა და დალეულა. სიძეს წელამდეც ვერ სწვდებოდა, წიწილას ჰგავდა, ორმოცი კილო თუ იქნებოდა. იქნებ, ნაკლებიც. ფუტურო ძვლებით, ასანთის ღერებივით ფეხებით. წვიმდა. ციოდა. დევიდ ოუქლი მანქანით იყო. ჩემოდნები საბარგულში ჩადო და ხელი მხიარულად დაჰკრა მაჰინ ბანუს სუსტ მხრებზე. მაგი გვერდით მიუჯდა დედას და თავით მიეყრდნო. ყურში ჩასჩურჩულა, რომ მეტად აღარსად გაუშვებდა მას, არც პარიზში და არც თეირანში. ასეთმა სიყვარულმა და სითბომ მაჰინ ბანუს გული აუჩუყა, თვალები დახუჭა და ისე დაეძინა, სიზმარიც არ უნახავს. მაგი და დევიდ ოუქლების ბინა მეოთხე სართულზე იყო, ლიფტი არ ჰქონდათ. მაჰინ ბანუს, დაღლილს და ძილმორეულს, თაბრუ ეხვეოდა. დევიდ ოუქლიმ ჩალის ღერივით მსუბუქად აიტაცა სიდედრი ხელში. მაჰინ ბანუმ შეჰკივლა, წელში გასწორდა და გაქვავდა, მაგიმ გაიცინა. დევიდ ოუქლიც კარგ გუნებაზე იყო, სიდედრი ხის თოჯინასავით ამოიდო იღლიაში და კიბეებს შეუყვა. მაჰინ ბანუს წამწამი არ შეტოკებია, არ იცოდა, ეცინა, ეყვირა თუ ეტირა. აქამდე თავს მსგავსი არაფერი გადახდენია. არავითარი რეაქცია, დადებითი თუ უარყოფითი, ამ შემთხვევისთვის მზად არ ჰქონდა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ თვითონ არ იყო, რაღაც საგნად ქცეულიყო, ცოცხად ან სკამად, რომელიც ბაზრიდან მოაქვთ. „ცოცხად ყოფნა“ ახალი მდგომარეობა იყო მისთვის. მაგის ბინა უფრო პატარა იყო, ვიდრე მისი ძმისა. მხოლოდ ერთი საძინებელი ოთახი ჰქონდათ. ბავშვები არ ჰყავდათ, ჰყავდათ ძაღლი, დიდი და ბანჯგვლიანი, მაჰინ ბანუს სიმაღლის. დევიდ ოუქლი რაციონალური და მიზანდასახული კაცი იყო და საქმეც ანგარიშიანი და მოწესრიგებული იცოდა. ემოციებს არ აჰყვებოდა, გონებით ცხოვრობდა. ზედმეტი ცერემონიები არ უყვარდა, გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუ სასტუმრო ოთახში, დივანზე დაიძინებდა, როცა ცოლ-ქმარს სტუმრები მოუვიდოდნენ, მათ ოთახში წამოწვებოდა. ძილ-ღვიძილში იქნებოდა. არც ეს იყო უპრობლემო გამოსავალი, მაგრამ რას იზამდნენ. მაჰინ ბანუს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, მას არასოდეს არაფერი არ ჰქონდა საწინააღმდეგო. რომ ჰქონოდა კიდეც, იცოდა, რომ არ იყო ამის დრო. ეს კი ყველას უადვილებდა ცხოვრებას. დევიდ ოუქლი მასწავლებელი იყო. ეკონომიკას ასწავლიდა და ოჯახის მთელ ხარჯებს დიდი დაკვირვებით ანგარიშობდა. საბედნიეროდ, მაჰინ ბანუ წიწილაზე დიდი არ იყო და იმასაც ცდილობდა, რომ წიწილაზე მეტი არ ეჭამა. მაგი უნივერსიტეტში დადიოდა, საბუღალტრო საქმეს სწავლობდა. ცოლიც და ქმარიც დილას მიდიოდნენ და საღამოს ბრუნდებოდნენ, ისეთი დაღლილები, რომ ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდათ. თუ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ცხოვრების სიძვირეზე. მაჰინ ბანუს ფული არ ჰქონდა. პირველივე დღეს თავისი ოქროს სამაჯური და ლალისთვლიანი საყურეები დიდი ხვეწნა-მუდარით მისცა ქალიშვილს გასაყიდად, მაგრამ მაგიმ უარი უთხრა, გამორიცხულიაო. მისმა ქმარმა, რა უშავსო?! მაგი ატირდა. არაო, თქვა, მაგრამ მერე დათანხმდა. რა თქმა უნდა, უგულოდ და ქმრის ჩარევით. მაჰინ ბანუს საკუთარ თავთან ლაპარაკი დასჩემდა. სიძის ენა არ იცოდა, მაგი კი იძულებული იყო, ქმართან ინგლისურად ელაპარაკა, ან სულ არ ელაპარაკა. უხმოდ ვახშმობდნენ. მაგი მეცადინეობდა და დევიდ ოუქლი გაზეთს კითხულობდა, პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე. შემდეგ სამივენი ტელევიზორს მიუსხდებოდნენ ხოლმე. სამეცნიერო ან კულტურული პროგრამა, საუბრები და დიალოგები... მაჰინ ბანუ უაზროდ იჯდა, ტელევიზორს მიშტერებული, ვერც ვერაფერს ხედავდა, არც არაფერი ესმოდა. მოგონებებში იძირებოდა, სხვა დროში და სხვა ადგილას გადადიოდა. დღისითაც მარტო იყო, სახლს ალაგებდა. ფანჯარაზე დადგმულ ორიოდე ქოთნის ყვავილს უვლიდა და საათობით გასცქეროდა გადაუღებელ წვიმასა და მოქუფრულ ცას. დევიდ ოუქლის ძაღლისაც ეშინოდა და შვილის მოსვლამდე უფრო ხშირად საძინებელ ოთახში რჩებოდა. თუ ამინდი საშუალებას იძლეოდა, დროდადრო სასეირნოდ გადიოდა, მოპირდაპირე პარკში ჩამოჯდებოდა და კანკალებდა ხოლმე. მკაცრი ზამთარი იყო, კიდეც გაცივდა. ჯერ ყელი ასტკივდა და მერე მკერდი გაუკავდა. როგორ ახველებდა! თითქოს მთელი შიგთავსი ამოვარდნას ლამობდა. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ხველის ხმა კედელს მიღმა მეზობელს უფრთხობდა ძილს და ისიც კედელზე მუშტს უბრახუნებდა. მაჰინ ბანუ ბალიშს თავზე იდებდა, ზეწრის კუთხეს პირში იტენიდა, სუნთქვას იკავებდა. გაზაფხულმა ყველაფერი შეცვალა. მზის ორიოდე სხივმა გამოანათა ღრუბლებიდან და გულებიც გაახალისა. დევიდ ოუქლიმ სამდღიანი შვებულება აიღო და ცოლი და სიდედრი სასეირნოდ წაიყვანა. შესანიშნავი დრო გაატარეს. მაგიმ დედას აბები და მიქსტურა უყიდა მოსამაგრებლად, მაჰინ ბანუმ ორი კილო მოიმატა და გულში ღმერთს მადლობა შესწირა. მადლობაც არ დაემთავრებინა, რომ ბედმა კვლავ უმუხთლა. ზაფხული იწყებოდა. დევიდ ოუქლი ორი თვით მამიდასთან მიდიოდა, მთაში. მაჰინ ბანუს წაყვანა არ შეიძლებოდა. ამ ორი თვით ბინის გაქირავებას აპირებდნენ, რომ ცოტა ოჯახის ბიუჯეტს შეშველებოდა. ეს გასაგებიც იყო. მით უფრო, რომ სიდედრის ხარჯებიც დამატებოდათ. ამას კი ანაზღაურება სჭირდებოდა. გადაწყდა, მაჰინ ბანუ პარიზში გაეგზავნათ მასუდ დ. -სთან. ეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ მიიღეს, მასუდ დ. -სთან შეუთანხმებლად. ჩასვეს თვითმფრინავში მაჰინ ბანუ და ვაჟიშვილს შეატყობინეს, რომ დედა უკვე გზაშია. ცუდი დრო იყო. მასუდ დ. თუმცა მოხარული იქნებოდა, დედა ენახა, მაგრამ ამ პერიოდში არ შეეძლო მისი შენახვა. სხვა დროს მისი თავი ენაცვალოს, ახლა არ შეუძლია. უნდა გაუგონ. ზაფხულია და ყველა საფრანგეთის სამხრეთშია წასული. სასტუმროს და კერძო სახლის ფული არა აქვთ და ზღვის პირას კარავს დგამენ. წყლის ნაპირას, უდაბნოში იძინებენ. არა, უდაბნოში კი არა, ტყეში, ან მინდვრად, რა მნიშვნელობა აქვს? მაჰინ ბანუს წაყვანა გამორიცხულია. და-ძმა შელაპარაკდა. დევიდ ოუქლის რამდენიმე სხვა გამოსავალიც ეგულებოდა. ითათბირეს და გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუ კვლავ ლონდონში დაებრუნებინათ და მისი ცხოვრება იქვე აეწყოთ. თუმცა ცდილობდნენ, რომ ეს საუბრები მაჰინ ბანუს ყურისთვის აერიდებინათ, მას მაინც ესმოდა და ერჩია მიწა გახეთქოდა და თან ჩაეტანა. ხედავდა, ნივთივით გადადიოდა ხელიდან ხელში. რეტდასხმული იყო. ფირუზე ხანუმი მაგის ახლო მეგობარი იყო. პატარა სამრეცხაო ჰქონდა, ამით ირჩენდა თავს. დახმარებისათვის მას მიმართეს. იგი ლამაზი და ხუმარა ქალი იყო. თქვა, რომ მისი ოთახი ძალიან პატარაა, სტუმარს ვერ დაიტევს, მაგრამ სამრეცხაოს უკან ცარიელი საკუჭნაოა. უფანჯროა, მაგრამ თბილია და მყუდრო. დევიდ ოუქლი დათანხმდა. მაგი უკმაყოფილო იყო, მაგრამ რა გზა ჰქონდა, აღარაფერი უთქვამს. მაჰინ ბანუც თანახმა იყო, ერთი სული ჰქონდა, ეს საქმე მალე დამთავრებულიყო. სამრეცხაოს უკანა ოთახი ნესტიანი იყო და ბნელი. მაჰინ ჰანუმ მთელი ღამე ტირილში გაატარა, ღმერთს ევედრებოდა, ეშველა მისთვის და მოეკლა. თავისთავს ეკითხებოდა, რა ძალას მიეჯაჭვა სიცოცხლეზე ასე ძლიერად? იგრძნო, რომ ეს ძალა შვილების სიყვარულია. ღმერთს შესთხოვდა, ამ სიყვარულისაგან გაეთავისუფლებინა იგი. ფირუზე ხანუმი კეკლუცი ქალი იყო. ბარე ათ კაცს აუვიდოდა. თეირანში ქმარიც ჰყავდა, ერთი თრიაქით გაბრუებული, მარადი სევდით მოცული კაცი. წელიწადში ერთხელ, ცოლის კმაყოფაზე, ევროპაში ჩამოდიოდა, წუწუნებდა, ჩიოდა ქვეყნისას და დროისას. ერთი უღიმღამო, საპყარი რამ იყო. ადრე კი თავი კაცი ეგონა, ნასწავლი, წიგნიერი. პირველივე დარტყმამ წააქცია, დააბნია და გაანადგურა. ფირუზე ხანუმი ძუ ლომი იყო, ვერ იტანდა ზედმეტ წუწუნს და ცრემლებს. შვილები ინგლისის გზას გაუყენა, თვითონაც ფეხზე დადგა, საქმე წამოიწყო. გულისხმიერიც იყო და, იმ ადამიანებს, ვინც იმსახურებდა, ძალიან ეხმარებოდა. როგორც კი თვალი მოჰკრა მაჰინ ბანუს საყვარელ სახეს, მის ნაღვლიან თვალებს, მაშინვე შეუყვარდა. საყიდლებზე ეგზავნებოდა, უვლიდა, სამრეცხაოში შემოჰყავდა, იქ დასვამდა, სპარსულ გაზეთებსა და წიგნებს მოუტანდა ხოლმე და ართობდა. მაჰინ ბანუს ძმა, ქარიმ ხანი, კანადაში ცხოვრობდა. სახლიც ჰქონდა, ფულიც და ბაღიც – ფრინველებითა და კურდღლებით. ერთი ნაცნობისგან შეიტყო დის აწეწილი ყოფის შესახებ (ამბავი გაბერეს, გაბუქეს) და ყვირილით ცა შეძრა. ისე აღაშფოთა ამ ამბავმა, დისშვილებს მაშინვე წერილი მისწერა, ლანძღავდა და ათახსირებდა (იქნებ, მეტიც მოუვიდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა). უბრძანა, მისი დის საქმეები მოეგვარებინათ. კანადის საელჩოში ნაცნობი ჰყავდა. მისი მეშვეობით მაჰინ ბანუს ვიზა უშოვა, თვითმფრინავის ბილეთი გაუგზავნა და, სანამ მაგი და მასუდ დ. გონს მოვიდოდნენ, დაურეკა კიდეც და ორივე გამოლანძღა. ოჯახის უფროსი იყო და არავინ შეჰკამათებია. ზამთრის პირი იყო, მაჰინ ბანუ რომ კანადაში წავიდა. უხაროდა, კვლავ ცასა და მიწას შორის იყო. თანაც, უფრო გრძელ გზაზე. როგორ ნეტარებდა! იჯდა ფანჯარასთან და თვალი მოელვარე სხივებისათვის მიეშტერებინა. რბილი და თბილი ადგილი ჰქონდა. მეტი რა უნდოდა?! სხვათათვის აკრძალული პატარა კუთხე. მზე ფანჯრის მინებს ეკვროდა. წამით ჩათვლემდა, თავი მკერდზე უვარდებოდა, მყისვე იღვიძებდა. თვალები მიელულა. მზერით ჰორიზონტს სწვდებოდა, უკიდეგანო სივრცეს, რომელსაც ბოლო არ ჰქონდა. ფეხქვეშ თეთრი ღრუბლების მინდორი ეგო – ანგელოზთა სიზმარივით ნათელი, მსუბუქი და შეურყვნელი. ვიღაცამ ყურში უთხრა რაღაც, სკამის მეზობელი იყო, ვერ გაიგონა. საჭმელი არ ინდომა და პირი იბრუნა. სახე შუშას მიადო, თვალებით მზის სხივი შეისრუტა. იგრძნო, მის ფიქრებში ათასი წვრილი ვარსკვლავი აკიაფდა, სულში სინათლე ჩაეღვარა. ცა ერთიანად ლურჯი იყო. არც ღრუბლის ფთიალა, არც ერთი ბეწო ხორკლი თუ ხინჯი, კიდით კიდემდე ლაჟვარდი ჩქეფდა. მაჰინ ბანუ თავის თავს ხედავს. თორმეტი წლისაა და დემავენდის ბაღში თამაშობს. თოვს. თითის წვერები გაუშეშდა ფიფქებთან თამაშში. თავაწეული შესცქერის ფანტელების ცვენას, ნაცრისფერ სივრცეს, და ეჩვენება, რომ მიწას სწყდება, ზევით მიფრინავს, ცისკენ... ძალიან უყვარდა ეს თამაში. დაბერდა და მაინც არ დაავიწყდა. ფანჯარას მიუჯდებოდა ხოლმე. ნენე ხანუმი ჩაის და შაქარყინულს მიუტანდა. ორივენი მონუსხულები მიშტერებოდნენ თეთრ საბურველში გახვეულ ქუჩას და თანდათან ძილი ერეოდათ. შუაღამისას ეღვიძებოდა. იცოდა, თოვდა და ყურს მიუგდებდა ხოლმე. ქალაქს ეძინა. თითქოს გაქვავებულიყო თეთრ სუდარაში. ასე ნივთებს სძინავთ ხოლმე თეთრი ზეწრის ქვეშ ადამიანებისგან მიტოვებულ სახლში. ჩქამი არ ისმოდა. იყო მხოლოდ ყოვლისმომცველი სიჩუმე, აღსავსე ღვთიური მდუმარებით. სიცხიანი იყო მაჰინ ბანუ და ოფლად იღვრებოდა, მაგრამ მთელი გზა სიამით ეკვროდა ფანჯარას. იმდენად იყო დაბანგულ-მონუსხული გარე სამყაროთი, რომ არც ახსოვდა, ვინ იყო, ან სად იყო. თვლემდა, სიზმრებს ხედავდა, იღვიძებდა, გარეთ იყურებოდა, მოგონებებში მიდიოდა და ისევ ეყვინთებოდა. ტრიალებდა. თოვლში იყო, ზეცაში ციგურებით დასრიალებდა, ქანაობდა. სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა. მრავალი მაჰინ ბანუ – მოხუცი, ბავშვი თუ ახალგაზრდა, ამ ცხოვრებაშიც და სადღაც სხვა დროშიც, ხან სივრცეში იფანტებოდა, ხანაც მწკრივში ჩამდგარი ჩაუვლიდა თვალწინ. უსაზღვროებად ქცეული, იგი მარადისობას უერთდებოდა. პირველად ხდებოდა, რომ შვილებზე და ამქვეყნიურ ადამიანებზე არ ფიქრობდა. თავისი დიდი თავრიზული ხალიჩა და ქიშმირის შალი, სახლი ფეჰლევის გამზირზე არ ახსენდებოდა. ღრუბლებს ზემოთ დააბიჯებდა, უსაზღვროება ნელ-ნელა შემოდიოდა მასში და სულში ილექებოდა. თითქოს შემოდგომის საამო სითბო, ნოტიო და მომთენთავი, მის გარშემო აბრეშუმის ძაფებით ქსოვდა საჩრდილობელს. სამყაროს წიაღში იყო, საიმედოდ შეფარებული. ქარიმ ხანი მოუთმენლად ელოდა დის ჩამოსვლას, გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისთან ჰყოლოდა. დისშვილების ნაცვლად რცხვენოდა. მაჰინ ბანუ რომ დაინახა, ატირდა, ისედაც დარდობდა, ყველა და ყველაფერი ენატრებოდა. გამუდმებით სამშობლოზე ფიქრობდა და იტანჯებოდა. მოხუცი, მოტეხილი, უმწეო დის დანახვამ იარები გაუხსნა. „ეშმაკმა დასწყევლოს ემიგრაცია“, – ჩაილაპარაკა და მოულოდნელად დაბრუნება გადაწყვიტა. ბაღიც ჰქონდა და სახლიც. დაბრუნდებოდა და მაჰინ ბანუსთან ერთად იცხოვრებდა. ახლობლები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ, ასაკითაც, თითქმის, ტოლები იყვნენ. მაჰინ ბანუ რომ დაინახა, შეეშინდა. როგორი გამხდარი, გაცრეცილი და განადგურებული იყო. იყურებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა. გონზე არ იყო თითქოს. ხელი რომ მოჰკიდა, შეკრთა: გავარვარებული ძვლების კონა შერჩა. ელაპარაკებოდა – არ ესმოდა, უაზროდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ პასუხობდა. ქარიმ ხანს სახე შეეცვალა, შეშფოთდა. და ჩაიხუტა და დაკოცნა. საკუთარი სიბერე დაინახა, გული შეეკუმშა. სახლში რომ მივიდნენ, მაჰინ ბანუ დიდ საწოლზე დააწვინა და ექიმი გამოიძახა. დისშვილებს დაურეკა და დედის ამბავი შეატყობინა. აუხსნა, დაიღალა, უძილოა და წნევა აქვს, სერიოზული არაფერიაო. დის მკურნალობას შეუდგა. აღტაცებული იყო, ფორიაქობდა. იმდენი რამ ჰქონდა სათქმელი და არ იცოდა, საიდან დაეწყო. იგონებდა წარსულს, ბავშვობის ხანას, ელაპარაკებოდა გუშინდელ ამბებზე, თავის თავზე, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე. იცინოდა. უხაროდა. არც კი სჯეროდა, რომ დაბრუნება გადაწყვიტა. ამ უეცარ სიხარულს დას უნდა უმადლოდეს. თვითონაც ვერ გაეგო, როგორ მოუვიდა აზრად ეს ფიქრი. იქნებ, დის მარტოსულმა და უძრავმა სახემ უბიძგა. უყურებდა მაჰინ ბანუს გაშტერებულ თვალებს, რომლებშიც აზრის ნაპერწკალიც არ კრთოდა და ეშინოდა. მასში ხედავდა ემიგრაციის სიმძიმეს და ძრწოლა იპყრობდა. ახლაღა გააცნობიერა, რა მარტოა... ფეხქვეშ მიწა ერყევა, მისი ცხოვრება დროებითია და წარმავალი. თავი ცივ და პირქუშ ბაქანზე მდგომ მიტოვებულ მგზავრად იგრძნო. მაჰინ ბანუს ხელი აიღო და აკოცა. უთხრა, რომ დამთავრდა წანწალი და უსახლკარობა, როგორც კი მორჩება, დაბრუნდებიან. მაჰინ ბანუმ თვალები დახუჭა. კვლავ თვითმფრინავის ფანჯარასთან იჯდა. ლურჯი სივრცე ეძახდა. დაიძინა და სიზმარიც ზეციური ნახა – ზღვასავით ლურჯ ცაში სინათლის ნაკადულები ჩქეფდა. არ იცოდა, რამდენი ეძინა. სწყუროდა. წამოდგა. მუხლები უკანკალებდა. ქარიმ ხანი წასულიყო. მიიხედ-მოიხედა. ვერ გაიხსენა, სად იყო. ფარდის არშიებში მზის სხივები ატანდა. ნაბიჯი წინ წადგა და სკამის საზურგეს ჩაეჭიდა. სული მოითქვა. ორი ნაბიჯი გადადგა. მოეჩვენა, რომ ამოგლეჯილი მთაა. ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. მოცახცახე ხელებით ფარდა გადასწია. თოვდა. ყური მიუგდო. ისევ ის, ძველი, მომნუსხავი მდუმარება... ნენე ხანუმმა ჩაი და შაქარყინული მოუტანა, კარებში დადგა და ატირდა, შვილიშვილი დაეღუპა, საბზევარში მიდიოდა. უთხრა: „მოიცადე, ნენე ხანუმ, გზის ფულს მოგცემ“. ხელი წაავლო კარის სახელურს... … დაღლა იგრძნო. დაჯდომა მოუნდა. ადგილის ძებნა დაიწყო. სტიუარდესამ მის ბილეთს დახედა. სახე სიცივემ აუწვა, გააჟრჟოლა. თოვდა. ლამბაქივით დიდი, მძიმე ფანტელები ცვიოდა. ისევ წინ წავიდა. ფეხი დაუსხლტა. ცივი თვითმფრინავი იყო. ადგილსაც ვერ აგნებდა. ისევ წინ წაიწია. თეთრი შარაგზა ედო წინ. თოვლი თვალებში ეყრებოდა. დემავენდის მთა, მაღალი, მძლავრი და შთამბეჭდავი, შორიდან შემოსცქეროდა. დემავენდი მამამისს ჰგავდა დიდებულებით. ასეთი იყო მამა, როცა ნამაზს იწყებდა და ქარი აბას უფრიალებდა. თითქოს თავი ზეცამდე აეზიდა, ფეხებს კი მიწაში გაედგა ფესვი. რა ბედნიერი ხანა იყო, როცა ამ ცად აწვდილი, გასაოცრად ბუმბერაზი მთის სიახლოვეს გრძნობდა, როცა ეს კაცი, შუადღის ლოცვისას აივნის ორ მარმარილოს სვეტს შორის ჩამდგარი, ჩრდილით უსაზღვროებას ერთვოდა. რა ნეტარება იყო, როცა მისი აბას ქვეშ შეიყუჟებოდა, ან მხრებზე მოახტებოდა. ეს ხომ ქვეყნიერების უმაღლესი მწვერვალი იყო. შორს რჩებოდა მიწა, პატარა თიხის სახლები და ადამიანები – ჭიანჭველები, პაწაწინები და სასაცილონი. თვითმფრინავის ფანჯრიდანაც იმავეს ხედავდა და ეგონა, ისევ მამამისის მხრებზე იჯდა. აქ ვერავინ მისწვდებოდა: ვერც დედა თავისი შენიშვნებით, ვერც მათემატიკის ანჩხლი მასწავლებელი დაუსრულებელი გამრავლება-გაყოფით; ვერც ქუჩაში მდგარი პოლიციელი აუწევდა ყურს, ვერც ქმარი შეუზღუდავდა თავისუფლებას, ვერც შვილები ჩამოეკიდებოდნენ და გამოსწოვდნენ სისხლს მადიანად. ვერც სხვა ვერავინ მოახვევდა თავს ზნეობრივ ნორმებსა თუ დამკვიდრებულ ფილოსოფიას, გამოუტენიდა თავს სიტყვების დამთრგუნველი ზომა-რიტმებით, მოკლე სახაზავით ვერ აუზომავდა თვალთახედვის არეს და აზროვნების წესს. ვიღაც ეძახდა. ალბათ, დემავენდის მთიდან. გაიქცა, წრე დაარტყა, მარცხნივ შეუხვია, ყველგან თოვლი იდო. დასცხა, ალმური ასდიოდა. პალტო გაიხადა, პერანგი გაიღეღა, სახე ცას მიუშვირა. ბავშვობისდროინდელი თამაში გაიხსენა და გაიცინა. ფანტელები პირში ჩაუცვივდა, ეგემრიელა. უყურა, უყურა ცას, გაშტერებით უმზერდა. თვალს არ ახამხამებდა. ნელა მოსწყდა მიწას, თოვლის ფიფქები აღარ იძვროდნენ, თავაწვდილი მიიწევდა მაღლა; უკვე ზეცაში იყო, ღრუბლებს ზემოთ, დემავენდს ხედავდა. მის წვერზე დიდი სავარძელი იდგა, კაკლის ხის, წითელ ხავერდგადაკრული. სწორედ ის, მამამისს რომ ედგა კაბინეტში. სტიუარდესამ ადგილი უჩვენა. მისი საკუთარი ადგილი. ბავშვისოდენა იყო, დიდ სკამში ჩაიკარგა. მამამისის აბაში გაეხვია და ფანჯრის მინას მიეკრო. ცა ერთიანად ლურჯი იყო, სინათლის ნაკადივით გამჭვირვალე. სივრცე შემოსცქეროდა, უხვი, მოწყალე და უნაპირო. ყური მიუგდო. ჩქამი არ ისმოდა. იყო მხოლოდ ფანტელთა ცვენა და სიკვდილის საამო მდუმარება. მასუდ დ. -მ მთელი დანაშაული დას დააკისრა, ის მიაჩნდა დამნაშავედ, მისი და ბიძია ქარიმს უჩიოდა. დევიდ ოუქლი ამბობდა, რომ ამგვარი რამ ხშირად ხდება. რამდენადაც უნივერსიტეტში ასწავლიდა, მიზეზ-შედეგობრიობაზეც ბევრი ილაპარაკა და ეკონომიკური და ისტორიული ცნებებიც მოიშველია. ფირუზე ხანუმს გული ეტკინა, მერე კი მიავიწყდა. სხვებიც ეცადნენ, მაჰინ ბანუ არ დაევიწყებინათ, მაგრამ დაივიწყეს. განა შეიძლებოდა, ამდენ უბედურებაში, ტანჯვა-წამებაში, ომსა და ემიგრაციაში ხსოვნის უნარი შერჩენოდათ? მაჰინ ბანუ მათ მშვენივრად გაუგებდა. ღვთის მადლით, გამგები ქალი იყო. შემირანის ავტობუსი      სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსი ჩვენს მისვლამდე იძვრის ადგილიდან და გვშორდება. ჩემი პატარა გოგონა ცოტა ხანს მისდევს და მოსახვევთან იმედგაცრუებული ჩერდება… სხვა ავტობუსს ველოდებით. თოვა იწყება და ჰაერში ბრჭყვიალა მტვერი ტრიალებს. ქალაქის ჩვეულ ხმაურს საამო სიჩუმე ცვლის, ყველაფერი თეთრია და მშვიდი. ამ რამდენიმე წლის მანძილზე, რაც პარიზში ვცხოვრობთ, პირველად თოვს ასე ხვავიანად. ყურში ბებიაჩემის ხმა ჩამესმის: „ანგელოზები სახლს ალაგებენ, ღრუბლებს მტვერს აცლიან და ხალიჩებს ბერტყავენ“. თეირანული მზიანი ზამთრები მახსენდება – ელბურსის მაღალი მწვერვალი ნათელი და კრიალა ცის ქვეშ; თოვლის გამწმენდი მანქანების რახრახი სახლების ბანზე; ოფის ხეები ბაღის სიღრმეში, ჭაღარა ტანმაღალ დედაბრებს რომ ემსგავსებოდნენ. ბავშვობაში, თოვას რომ დაიწყებდა, თითქოს უსასრულოდ თოვდა, ბოლო არ უჩანდა. შაბათი, კვირა, ორშაბათი, დღეებს ვითვლიდი. ათი სანტიმეტრი, ოცი სანტიმეტრი, ნახევარი მეტრი. სკოლა ერთი კვირით იკეტებოდა. ო, რა ბედნიერება იყო! წარმოუდგენელი ბედნიერება! მთელი ერთი კვირა დილაობით ლოგინში გორაობა! მთელი ერთი კვირა თამაში ათას ერთ ბიძაშვილთან და დეიდაშვილთან ერთად. მთელი ერთი კვირა არც ზედამხედველის შიში, არც მათემატიკის ანჩხლ მასწავლებელთან შეხვედრა, არც სჯულისკანონი, არც სავარჯიშოების წერა, მთელი ერთი კვირა გრძელი, უშინაარსო ლექსების და კალიგრაფიის გაკვეთილების გარეშე; სკოლისა და სწავლის გარეშე; თავისუფლებისა და დროსტარების შვიდი დღე! რა სიხარული იყო, თუ სტუმრები გვყავდა, თოვლი კი გზებს ჩაკეტავდა. ყველანი ჩვენთან რჩებოდნენ ორი-სამი დღით. აი, ვინ იყო ჩვენი მუდმივი სტუმარი: ჩემი სიფრიფანა, კეთილი ბებია, სულ რომ ლოცულობდა და ღმერთს ჩვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ევედრებოდა; ბიბიჯანი – დედაჩემის მოხუცი დეიდა, ყურში რომ არ ესმოდა და სხვა შეგრძნებებიც მოსჩლუნგებოდა, მე რომ ჩემს ძმაში ვეშლებოდი, ჩემი ძმა – ბიძაშვილში; ბიძაშვილი რომ მეზობელი ეგონა, მეზობელი კი – მე. ჩემი ალერსიანი დეიდა აზარი თავისი ონავარი ბავშვებით, რომლებიც პირდაპირ დერეფანში თამაშობდნენ გრძელ ვირს, გულისწამღები წივილ-კივილით, მაიმუნებივით მარჯვედ დაცოცავდნენ კედლებზე თუ ხეებზე და მოაჯირებზე აღმა-დაღმა დასრიალებდნენ; ჩემი ბიძია აჰმადხანი, ამქვეყნად ყველაზე კეთილი კბილის ექიმი, ვერავის რომ ვერ იმეტებდა კბილის ამოსაღებად. თუკი რომელიმე ჩვენგანი ატირდებოდა, მასაც მაშინვე თვალები მოუწყლიანდებოდა ხოლმე; უფროსი ბიძია, საარტილერიო ჯარების ოფიცერი, ცხენს რომ უფრთხოდა და თოფი და ზარბაზანი შიშის ზარს სცემდა. სამსახურის დაწყებისთანავე გაიხადა ოფიცრის ფორმა და მის ნაცვლად ქალის წინსაფარი აიფარა. უგემრიელეს მურაბებს ხარშავდა და შალის ჭრელ-ჭრელ სვიტერებს ქსოვდა. დაბოლოს, თუბა ხანუმი, მსუქანი და ზანტი, საოცარ და უცნაურ ამბებს რომ ყვებოდა, სულებსა და ჯინებს იცნობდა, ჯადოქრობა იცოდა და ფოკუსებს გვიჩვენებდა. ეს ადამიანები, ყველანი ჩვენთან რჩებოდნენ თოვლის დადნობამდე. ვგიჟდებოდი ხალხმრავალ ოთახებზე, ხალიჩაზე მიჯრით დალაგებულ ლოგინებზე, ხორაგით სავსე მაგიდებზე. რა არ ეწყო ხოლმე: შარბათის სურები, ბროწეულის მარცვლებით სავსე ჭიქები, ნაირ-ნაირი კანფეტები და გემრიელი ბაქლავა, დედა რომ აცხობდა. რა სიამოვნება იყო, ათასი თავბრუდამხვევი სუნი რომ დატრიალდებოდა ხოლმე სახლის დერეფნებში: აქ იყო ბებიაჩემის ყალიონის სურნელი, ბიბიჯანის ბალახების ნახარშის საამო ორთქლი, ცხელ ბრინჯზე მოყრილი ზაფრანის, ძირასა და დარიჩინის, ვარდის წყლის არომატი, მოხრაკული ხახვისა და გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე დაბრაწული მწვადის ოხშივარი. როგორ მიყვარდა გვერდით ოთახებში მყოფი უფროსების ჩურჩულსა და მოგუდულ სიცილში ჩაძინება… ვუსმენდი უმცროსი ბიძის თარის წყნარ ხმას, დეიდა აზარის ჩუმ ღიღინს, დედაჩემის ფოსტლების ტყაპატყუპს კიბეებზე და ძილს ვეძლეოდი. შუაღამისას მეღვიძებოდა. უფროსებს არ ეძინათ, სინათლე ენთო, სამზარეულოში ერთი ამბავი იყო, ქვაბები ჩხარუნებდა. ისევ ვიძინებდი. ჩემი სიზმრები ქაღალდის ფრანივით მსუბუქი და ლაღი იყო. თოვამ ამ საღამოს ისევე ამანთო და ამაფორიაქა, როგორც ბავშვობაში. ჩემი გოგონაც აგზნებულია. ადგილზე ტრიალებს, ცეკვავს, პატარა ხელებით თოვლს აგუნდავებს და ჰაერში ისვრის. ერთთავად ქუჩის შუაგულისკენ გარბის, მოუთმენლად ელის სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსს. მისი მოუსვენრობა ჩემს ბავშვობისდროინდელ შფოთვას მახსენებს, როცა ყოველ საღამოს, გაკვეთილების შემდეგ, ღელვით მივშტერებოდი ქუჩის მოსახვევს და ჩემი მეგობრის, აზიზ აყას, მოლოდინში წამებს ვითვლიდი… თავს ზევით ვწევ, პირს ვაღებ, რომ თოვლის ფანტელები ვიგრძნო ენაზე. რა გემრიელია, რა საოცარი სურნელი აქვს. თითქოს იასამნის ფურცლები ცვივა ზეციური ბაღებიდან… მეჩვენება, რომ მიწას ვწყდები, სივრცეში მივცურავ. მინის ბურთში ვზივარ და უხილავი სიო წარსულში მიმაქროლებს. …ათი წლის ვარ. სკოლის გზაჯვარედინთან შემირანის ავტობუსს ველოდები. ჩვენი ახალი სახლი ქვეყნის დასალიერში დგას, ბორცვებს იქით, შიშველ მიწაზე, გარშემო სულიერი არ ჭაჭანებს. ხანდახან, ღამღამობით, ტურები კივიან. დედას ეშინია, მზარეულსაც ეშინია, ჰასან აყას. ამიტომ ლოგინს პირდაპირ დერეფანში, მამას ოთახის კართან იშლის. მე მიყვარს უკაცრიელ ადგილას ჩადგმული ჩვენი სახლი. არ მეშინია არც წყალსაცავის, არც ბაყაყებით სავსე ჭაობის და არც ხეთა დაბურული ჩრდილების, ავსულებს რომ ჰგვანან. ბაღის სიღრმეში, ბზის ბუჩქებს უკან, ძველი ზეწრებისგან სახლი მოვიწყვე, ვერავინ მომაგნებს. საჭმელს აგურის ქვეშ ვინახავ. სუფთა წერის რვეულს, ნოლი რომელშიც მაქვს მიღებული, დედაჩემის შიშით მიწაში ვმარხავ. ოფის ხეები ჩემი მეგობრები არიან. ყველას თავისი სახელი აქვს, უფრო მაღლები ბიჭები არიან. სკოლიდან რომ ვბრუნდები, ჩანთას მოვისვრი და მათ სანახავად მივრბივარ. ყველაფერს ვუყვები, რაც მოხდა. ჩემს ნახატებსაც ვათვალიერებინებ და სპარსულის წიგნსაც ვუკითხავ ხმამაღლა. ზოგი ზარმაცია და ამთქნარებს, ზოგი უწესოა და არ მისმენს. ვინც კარგად იქცევა, ვკოცნი და ჩემს საღეჭ რეზინს ფოთლებზე ვაწებებ. იმათ კი, ვინც ჩემს ზურგს უკან ცუდს ლაპარაკობს, წავუთაქებ ხოლმე და ტოტებს თოკით ვუბამ ერთმანეთზე. ფირუზქუჰის სკოლამდე ავტობუსი ერთ საათზე მეტ დროს ანდომებს. ჩემი ძმა უფროსია და მარტოს უშვებენ. მე კი ვალდებული ვარ, ჰასან აყას ჩავჭიდო ხელი და მისი ნებართვის გარეშე ფეხი არ გადავდგა. ეს დედაჩემის განკარგულებაა. მაგრამ მე ისე ვიქცევი, როგორც მინდა. თუ ჰასან აყა კრინტს დაძრავს დედასთან, ტყავს გავაძრობ. რადგანაც ვიცი, რომ საკუჭნაოს ვითომდა დაკარგული გასაღები ჰასან აყას უდევს პიჯაკის სარჩულში. ვიცი, როცა დედა სახლში არ არის, ჰასან აყა პეშვებით იპარავს ლობიოს, ბრინჯის და ოსპის მარცვლებს და, ბაღის სიღრმეში რომ საპირფარეშოა, იმის უკან ინახავს, ყუთში. დასვენების დღეს კი ყველაფერი თან მიაქვს. ამიტომაა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვერჩით და ბარიბარში ვართ. ოთხ საათზე, როცა გაკვეთილები მთავრდება, ჰასან აყა მაკითხავს და გზაჯვარედინზე შემირანის ავტობუსს ველოდებით. დღეს თოვს, თეფშისოდენა ფიფქები ცვივა. ყველაფერი გადათეთრდა. ჰასან აყასი კონტურებიღა ჩანს კედლის ძირას. სახე ქათქათა ღრუბლის ფთილას მიუგავს. სწორედ ისეთს, ღამღამობით რომ ვხედავ ხოლმე ცაზე. ვიცი, ისინი ათასი წლის წინანდელი ადამიანები არიან. ზოგიერთს გვირგვინი ადგას, გრძელი წვერი აქვს და ცხენს მიაჭენებს. მთვარეზე, თუ კარგად დააკვირდები, პატარა ბავშვს დაინახავ, ხელები ფეხებისთვის შემოუხვევია, თავი დაუყრდნია და ტირის. ჩემი ბრიყვი ძმა, რამდენსაც არ ვცდილობ, დავანახვო, ვერ ხედავს. დედას სავსე მთვარის ეშინია და მთხოვს, რომ ცას არ ვუყურო. ხანდახან ცის სილურჯიდან გველეშაპი გამოცურდება ხოლმე და კვლავ მის სიღრმეში იძირება. ამას ჰასან აყას რომ ვეუბნები, ყვირის, თავზე ზეწარს იფარებს და ხმამაღლა ლოცულობს… შემირანის ავტობუსი არ ჩანს. მიხარია, შუა ქუჩაში დავსრიალებ. ხეებს ფეხს ვურტყამ, რომ თოვლი დამაცვივდეს თავზე. ჰასან აყას ჩემი ჩანთა და სადილის ქვაბი უჭირავს და კანკალებს. პირიდან ორთქლი ამოსდის. მამაჩემის ძველი ფეხსაცმელები აცვია. რამდენიმე ნომრით დიდი აქვს. ქუსლებთან ფეხსაცმელი ცარიელია და თოვლი ეყრება. ხელებიც პატარა აქვს და დედაჩემის ხელთათმანი წამოუცვამს. ცალ-ცალი ხელთათმანი, ერთი – ტყავის, უნაბისფერი, მერე კი – ნაქსოვი, შავი. მამა დღესასწაულებზე განკარგულებას იძლევა, რომ ყველას ახალი პიჯაკი, პერანგი, წინდა, საცვალი და ფეხსაცმელი უყიდონ. ჰასან აყა ახალ ტანსაცმელს არ იცვამს, ჩემოდანში ინახავს, რომ ზაფხულის მიწურულს, სოფელში რომ წავა, თან წაიღოს, ან ყველაფერს ყიდის და ფულს თავის ოთახში ინახავს, ღუმლის საკვამურში. მე ერთადერთი ვარ, ვინც იცის ეს ამბავი, მაგრამ ხელს არასდროს არ ვახლებ. გეფიცებით. შორიდან ავტობუსის ხმა ისმის. ჰასან აყა ადგილს სწყდება, მე სიხარულით და ფორიაქით შევცქერი თეთრ კაბინას, რწევით რომ მოიწევს ჩვენკენ. ჩემთვის ვამბობ: ფარს თუ აანთებს, ჩავჯდები, თუ არა და – შემდეგს დაველოდები. ჰასან აყა რომ გაიყინოს კიდეც, დედაჩემი მღელვარებით გაგიჟდეს და მე შიმშილით და დაღლილობით მოვკვდე, მაინც. ეს საიდუმლოა, რომელიც არავინ იცის, სრულიად არავინ. ჩემი და აზიზ აყას საიდუმლო, ჰასან აყამაც არაფერი იცის ამის შესახებ და ვერ გაუგია, ზოგჯერ რატომ არ ვჯდები შემირანის ავტობუსში (ფარს რომ არ ანთებს, ის ავტობუსი აზიზ აყასი არ არის) და რატომ გავრბივარ, რატომ არაფრად ვაგდებ მის ყვირილს და პროტესტს. რამდენჯერმე დამემუქრა, დედაშენს ვეტყვიო და მეც საკუჭნაოს გასაღები შევახსენე, სარჩულში რომ უდევს. ამიტომაც აღარ მერჩის, თავი დამანება. აზიზ აყასი ის ავტობუსია, შორიდან სამჯერ რომ აანთებს ფარს. ყოველ ღამე, ძილის წინ, დედამ რომ ლოცვა მასწავლა, იმის ნაცვლად სამჯერ ვიმეორებ: „აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ“. ეს პირობაა, რომელიც ჩვენ დავდეთ, საუკუნო პირობა. რა თქმა უნდა, უსიტყვო. მე ხომ ჩემს გოლიათ მეგობარს (რომელიც მამაჩემზე მაღალიც კია და რომლის შიშისმომგვრელ სახეს პოლიციელებიც კი უფრთხიან) ხმასაც ვერ ვცემ. ვერ ვბედავ! მოახლოებული ავტობუსის ფარები ინთება და ქრება, ინთება და ქრება და ჩემი გულიც ციბრუტივით ტრიალებს. ჩერდება. ავდივარ. ჰასან აყა წინ მისწრებს, აზიზ აყა მიყურებს და შეშუპებული, დაწითლებული თვალებით სალამზე მპასუხობს. გაპოხილი, ხუჭუჭი თმები აქვს. ჰასან აყა ამბობს, ექვსთვიანით აქვს დახვეულიო. შავი წარბები აქვს, ხშირი ულვაში კი მთელ პირს უფარავს. მე მის უკან ვჯდები. ჰასან აყა სიღრმისკენ მიდის, სადაც უფრო თბილა. დაჯდომას ვერ ასწრებს, ისე იძინებს. სულ რამდენიმე მგზავრია, ისინიც თვლემენ. სკოლიდან ჩემს სახლამდე მთელი მოგზაურობაა. მით უფრო ზამთარში, როცა თოვს. უჯაჭვო მანქანები სხლტიან, გზები იკეტება, ხანდახან აზიზ აყა დაღლილია, ამთქნარებს. პირიდან მძაფრი სუნი ამოსდის, უფრო მძაფრი, ვიდრე იოდის ხსნარს აქვს, დედა რომ მისვამს ხოლმე გადაყვლეფილ მუხლებზე. თავბრუ მეხვევა, მუცელი მიბუყბუყებს. სარკეში მიყურებს და მეჯღანება, ლოყებს ბერავს, ცხვირს ატრიალებს და თვალებს მარცხნივ ბრეცს, ხელებს პირზე ვიფარებ, მგზავრებმა რომ არ გაიგონონ ჩემი სიცილი. ჩემთვის ვბჟირდები. ჩემი მეგობარი დევს ჰგავს, პატარებს მისი ეშინიათ. ხელები და მკერდი მოსვირინგებული აქვს, ყურიდან კისრის ბოლომდე მსხვილი, იისფერი ზოლი გასდევს, თითქოს ვიღაცა თავის მოჭრას უპირებდა. დედა არასდროს არ მგზავრობს ავტობუსით. მძღოლი ჰყავს და საკუთარი მანქანა, მაგრამ იცის, რომ ამქვეყნად არსებობენ აზიზ აყას მსგავსი დევები და ჩემ გამო ღელავს. არ უნდა, რომ სკოლაში ავტობუსით ვიარო, მაგრამ ეს მამას სურვილია და მას ვერავინ გადავა. ჰასან აყას ფეხი მოურთხამს ავტობუსის სიღრმეში და ღრმად სძინავს. ჩატეხილი ფანჯრიდან სუსხი შემოდის და მგზავრებს თოშავს. აზიზ აყა ქურთუკს იხდის და ფეხებზე მახურავს. ქურთუკს მყრალი სუნი ასდის. მინდა, მგზავრებმა დამინახონ, ხელს ამაყად ვუსვამ გაქონილ საყელოს. ჩემს ხელს უცნაური სუნი მოჰყვება. ასეთი სუნი ჩვენს სახლში არ არის, არ არის არც ბიძების და მამიდების სახლში. ეს არც კატის და ძაღლის სუნია, არც ძროხის და ცხვრის. ეს ის სუნია, უცნობი ქვეყნის ჭუჭრუტანიდან რომ ჟონავს, იმ ცუდი საქმეების სუნია, რომელთა ჩადენაც არ შეიძლება, იმ რაღაცეების სუნია, რომელთა შესახებაც კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ უნდა ვიცოდე. დედას ყველაფრისგან განსხვავებული სუნი აქვს. ეს ის სურნელია, ფრანგულ სუნამოს და ფერუმარილს რომ ახლავს, კინომსახიობებს და მოდის ჟურნალებს, ლალეზარის გამზირს და საცეკვაო სალონებს მუნიციპალურ კაფეში. დედას მომავალი დღეების სუნი აქვს, ხვალინდელი დღის, ბევრი კარგი რამის, რაც შემდეგ მექნება. მუხლებზე ამ ქურთუკით სხვა ვიღაც ვხდები. ვიღაც, რომელიც არაა ვალდებული, ფაქიზად იაროს, ზრდილობიანად მოიქცეს, კარგად ისწავლოს და პირველი მოსწავლე იყოს; თმაზე დიდი ბაფთა გაიკეთოს და ყველასთან თავაზიანი იყოს. წვეულებაზე სრულიად უცხო ხალხს სკოლაში ნასწავლი ლექსი წაუკითხოს, ხეირიანად რომ არც იცის; მოყაყანე ნათესაობისთვის ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილი დაუკრას, რაც სხვა არაფერია, თუ არა „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი“; მონაწილეობა მიიღოს კონკურსში „ულამაზესი ბავშვი“ და ვერ გაიმარჯვოს. მუხლებზე აზიზ აყას ქურთუკით თვითონ აზიზ აყას ვემგვანები. მგონია, რომ მთელ ტანზე სვირინგები მაქვს და ნახევარი კბილები – ოქროსი. ვხედავ, როგორ დავეხეტები ქუჩებში მარტოდმარტო და მრეცხავი ფათემეს გოგოებივით როხროხით ვიცინი. უბნის ულამაზეს ბიჭს ვუზივარ საჭესთან და მასთან ერთად „ტარზანის“ სანახავად მივდივარ. აბშარის გაჩერებაზე აზიზ აყაც ჩერდება. მგზავრების დიდი ნაწილი ჩაიხანაში ჩაის დასალევად შედის. მე და ჰასან აყა ადგილიდან არ ვიძვრით. ჩასვლამდე აზიზ აყა ყუთიდან პატარა პაკეტს იღებს და კალთაში მიდებს. სარკეში მიყურებს და თვალს მიკრავს. სახე ისეთი ალერსიანი აქვს, ნაკვთები ისეთი რბილი, თითქოს ნაჭრის კაცუნა იყოს. ჩემი მეგობარი ყველაზე უკეთესი დევია ამქვეყნად. მის ხელ-ფეხს, მის უცნაურ სუნს, მის ჩაწითლებულ თვალებს, ძველ, გაქონილ ქურთუკს თითქოს მოციაგე ალმური ახლავს, რომელიც გარს მერტყმის. თოვლის ფიფქივით ვდნები ამ ჯადოსნურ სიმხურვალეში და უნაპირო ბედნიერებას ვგრძნობ. მინდა მრავალი, მრავალი წელი ასე დავრჩე, გაუნძრევლად, როგორც ქანდაკება, არ გავიზარდო, არ შევიცვალო. დღეს აზიზ აყას ჩემთვის ალუბლის კერკი უყიდია, ავტობუსის სიღრმიდან ჰასან აყა მეძახის, ჩემს ამბავს კითხულობს – არ ვპასუხობ. ალუბალს ვითვლი. მგზავრები ფეხზე მდგარნი სვამენ ჩაის. აზიზ აყა რამდენიმე ყლუპ არაყს სვამს პირდაპირ ბოთლიდან და მოსაშარდად ხეებს ეფარება. მე არ ვუყურებ. თავს ვხრი და ჩქარ-ჩქარა ვღეჭავ ალუბალს. მაგრამ მაინც ვხედავ მას და ყურები მიხურს. გზას ვაგრძელებთ, ვანაქის მოედნამდე ჭიანჭველებივით მივღოღავთ. დროდადრო უკან მივსრიალებთ. სხვა მანქანებიც ცურდებიან და ჩვენ წინ ჩერდებიან. დაღამდა, მაგრამ მთელი ქვეყანა ქათქათებს. ჰასან აყას ეშინია და წარამარა მეძახის. ვიცი, სადაცაა ატირდება. ტირილი, თითქოს, ცხვირზე ჰკიდია და დღეში რამდენჯერმე, სრულიად არაფრის გამო ღვრის ცრემლს. დედა ირწმუნება, ჰასან აყას ცრემლებს მიზეზი ისევე არ სჭირდება, როგორც ქათმის კაკანსო. მამა კი ამბობს, ჰასან აყა ნამდვილი ვირიაო. ჰასან აყა იცინის, ძალიან მოსწონს ვირობა. მხიარულად ალაგებს ჭურჭელს და მამას პირში მიშტერებია. ის კი კმაყოფილი ღეჭავს მწვადის ნაჭრებს. უყვარს ჰასან აყას ნახელავი. ჩემ გვერდით ფანჯარაა ჩატეხილი და ცალ მხარეს სიცივე მირტყამს. კისერი მიშეშდება, ზურგი მეყინება. აზიზ აყა შეშფოთებით მაკვირდება სარკეში. ავტობუსს აჩერებს, გაზეთის ნაგლეჯს და ძონძების გროვას ფანჯარაში ტენის და კვლავ საჭესთან ჯდება. მე მესმის მისი მუნჯური ენა. ვიცი, წუხს ჩემ გამო და ურჩევნია, რომ გადავჯდე. მისი თვალები, თითქოს, მეუბნებიან: „ადექი, შე ჯიუტო გოგო, გაცივდები, უკან გადაჯექი, იქ უფრო თბილა. მეშინია, ავად არ გახდე“. მეც თვალებითვე ვპასუხობ: „არსადაც არ გადავჯდები. ეს ჩემი ადგილია და ვერსად ვერ წავალ“. მომწონს, აზიზ აყა რომ ღელავს. მისი მშობლიური ზრუნვა მაგრძნობინებს, რომ ვუყვარვარ. თვალებს ვხუჭავ და შორეულ დროში, დიდებული ფადიშაჰების სახელმწიფოში მივემგზავრები, სადაც თავდადებული ფალავნები მბრძანებელთათვის მორჩილებისა და ერთგულების დასამტკიცებლად გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე ფეხშიშველი დააბიჯებდნენ და შვიდთავიან გველეშაპებს ეომებოდნენ. ავტობუსი აღარ იძვრის. გზა ჩაიკეტა. ყინვა დათარეშობს ყველგან. მთელი მარჯვენა მხარე გამიშეშდა. ხელის თითები დამიბუჟდა, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. თავი ქვასავით დამიმძიმდა, იბერება და იჩუტება, თითქოს გასაბერი იყოს. ერთიანად გავითოშე. დამძიმებული ქუთუთოებიდან თოვლში მოფარფატე ლანდებს ვხედავ. ცხვირში სისველეს ვგრძნობ, თვალები მეწვის. ერთიანად ალმური ამდის, მცხელა, მერე ჟრჟოლა მიპყრობს და კბილს კბილზე ვაცემინებ. უნებურად ცრემლი მდის. აზიზ აყა უხეში თითებით მიმშრალებს ლოყებს და თვალებით მიცინის. მას რომ იცნობენ, ის მოსწავლეები ამბობენ, ყველა კბილი ოქროსი აქვსო. არ მჯერა. დედას ვეკითხები. არც მან იცის, აზიზ აყას არც იცნობს. ჩემი შეკითხვა არ მოსწონს და მემუქრება, რომ, თუ ავტობუსის მძღოლებს თვალიერებას დავუწყებ, ან ხმას გავცემ, ტყავს გამაძრობს. მისი აზრით, ოქროს კბილები მხოლოდ ცუდ ადამიანებს აქვთ. ისინი ყველანი ქურდები და მკვლელები არიან და ათას უბედურებას მოსწევენ პატარა გოგონებს. მე არ მჯერა. გული მწყდება, რომ დედა ხანდახან ავი და მატყუარა ხდება. ამბობს, რომ დეიდა აზარი სქელი და უშნოა. ვწუხვარ, რომ დედამ ბევრი რამ არ იცის, მაგალითად, ბევრი ქვეყნის დედაქალაქი, უბრალო მათემატიკური წესები. მაგრამ ჩემთვის ის მაინც ყველაზე ლამაზი და ყველაზე უკეთესი დედაა მსოფლიოში. ღამღამობით სინდისი მქენჯნის, მინდა, დედა საწოლზე დამიჯდეს და გავუმხილო, მასზე ცუდ რამეებს რომ ვფიქრობ, მაგრამ დედა დაკავებულია, სულ სადღაც ეჩქარება, ჩემს მოსასმენადაც არ სცალია. რომ იცოდეს, მამასა და მის ლაპარაკს ჩუმად რომ ვუგდებ ხოლმე ყურს, მწარედ დამსჯიდა. აზიზ აყას თოვლი და ჩაკეტილი გზა ტანჯავს. ძალიან ცდილობს, რამდენიმე ნაბიჯით მაინც წასწიოს წინ ავტობუსი, მაგრამ არაფერი გამოსდის. თითქოს დავიკარგეთ თეთრ უდაბნოში. შორიდან მესმის ჰასან აყას ხმა. ტირის, ეშინია და ხმამაღლა სლუკუნებს, მეც უცნაურად ვგრძნობ თავს, თითქოს ავად ვხდები. მუცელი ალუბლით მაქვს სავსე, ღებინება მინდა. ორივე ხელით ვიხუტებ აზიზ აყას ქურთუკს. თავბრუ მეხვევა. ადგომა მინდა, მაგრამ ძალა არა მაქვს. პირს ვაღებ – ხმა არ ამომდის. ყველგან თოვლია, ავტობუსში, ქალაქში, მთელ ქვეყანაზე, და მე ამ თეთრი გუმბათის ქვეშ გაყინული ვდევარ. წლებია თითქოს, რაც ყინულის ქანდაკად ვქცეულვარ. მხოლოდ თვალები მილაპლაპებს ბუხარივით და მდუღარე ცრემლი მდის. პირი გამომიშრა, მწარე გემოს ვგრძნობ. წყალი მინდა, წყალი, წყალი... …გრილი, სურნელოვანი ხელი მეფერება შუბლზე. ვიღაც ჩემს ყურთან ლოცვას კითხულობს და სულს მიბერავს. ნაცნობი სახეები მეხვევიან, დეიდა აზარის საყვარელი, დიდი თვალები ბრწყინავენ სინათლეზე. ბიბიჯანის ნახარშის სურნელი დგას. ჩემი საბნისა და ზეწრის სილბოს ვგრძნობ. ვხვდები, რომ ჩემს ლოგინში ვარ და დედა აქვეა, ჩემთან. გული სიმშვიდით მევსება. მეძინება და სიზმარს ვხედავ: აზიზ აყას ზურგზე ვუზივარ. მფრინავ ხალიჩასავით მიმაქროლებს ღრუბლებში, შორეული, უცნობი ქვეყნების სანახავად. როგორ მინდა, პირი გააღოს და ოქროს კბილები დავინახო! მაგრამ არა. პირი მოკუმული აქვს, თითქოს თვალ-მარგალიტით სავსე სკივრი იყოს. ძალიან ავად ვარ. ექიმი ქოუსარი ყოველ ხუთშაბათს მოდის ჩემს სანახავად. მახიხინებს, ღამღამობით სიცხე მიწევს. ყოველ მოსვლაზე ახალ-ახალ წამლებს მინიშნავს, თანდათან უარესად ვხდები. გავიცრიცე, გავყვითლდი, მომაკვდავს ვგავარ. თმა მცვივა. სხვა ექიმი მოჰყავთ. ის ჩემზე მეტს ახველებს. მისი წამლები არც ერთ აფთიაქში არ იშოვება. დღეები, კვირები ქარივით მიქრიან. სკოლა, სწავლა აღარც კი მახსოვს. დღისით მძინავს და ძილშიც ვახველებ. ბებია ფერხთით მიზის და ლოცვებს მიკითხავს. როცა ვიღვიძებ, ზღაპრებს მიყვება და კოვზით მაჭმევს საჭმელს. ფანჯრიდან ხურმის ხეების შიშველი, გაძარცვული ტოტები მოჩანს და გაზაფხულის მოსვლამდე დღეებს ვითვლი. ყოველდღე, ოთხ საათზე, შემირანის ავტობუსს ვხედავ. ვხედავ, როგორ ჩაივლის სკოლის წინ, რა სევდიანად უყურებს აზიზ აყა იმ ადგილს, სადაც მე უნდა ვიჯდე. იქნებ, კიდეც დამივიწყა და ჩემთვის გადანახულ ნუგბარს სხვა გოგონას აძლევს?! ბოღმა მიპყრობს და უარესად მახველებს. დაფეთებული დედა ექიმ ქოუსარის იძახებს. მესმის, მამა როგორ იძლევა განკარგულებას, რომ ევროპაში წასაყვანად მომამზადონ. წელს გამოცდებს ვერ ჩავაბარებ. ვტირი, დეიდა აზარი კი მამშვიდებს. მეუბნება, ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანიაო. ოჰ, ნეტავ მალე დადგეს ზაფხული და ბლის ხემ ფოთოლი და ნაყოფი მოისხას. ზაფხულობით ჩვენი სახლი ძალიან ხალხმრავალია. დიდი ნათესაობა გვყავს: ათობით მამიდა და ბიძა, რამდენიმე დუჟინი ბიძაშვილ-მამიდაშვილი. მამა ნათესავებში უფროსია და ყველანი ანგარიშს უწევენ. პარასკეობით ჩვენთან სადილობენ და სტუმართა უმრავლესობას დედა ღამითაც ჩვენთან ტოვებს. ყველანი ერთად ვწვებით ტერასაზე. ბავშვები – ერთ მწკრივად, უფროსები – მოშორებით, ოფის ხეების ძირში, ხის ტახტებზე, კოღოსგან დამცავი ბადეების ქვეშ. მამა მარტო წვება, ფანჩატურში. ფანჩატურს ნაკადული ჩამოუდის. დილამდე ჩაგვესმის ყურში მისი ჩხრიალი. ბებია ჩვენთან იძინებს, ბავშვებთან, და გვპატრონობს, თითოეულს თავთან ყინულიან ჭიქას გვიდგამს, ბალიშის ქვეშ კი ერთ მუჭა იასამნის ყვავილს გვიდებს. გვთვლის, გვეძახის, რომ დარწმუნდეს, არსად წავსულვართ. მიყვარს ღამეული ჩქამებით სავსე სიჩუმე. ყურს ვუგდებ მწიფე ხილის ფეთქვას, ახლად ამოწვერილი ყლორტების მსუბუქ სუნთქვას. დაძინებამდე ვარსკვლავებს ვითვლი, ღრუბლებს ვუყურებ, როგორ ჰგვანან ადამიანებს… ერთი აზიზ აყას ჰგავს. ზევიდან მეძახის და მეჯღანება… ბიჭები ჩურჩულებენ და ბებია თავისი ადგილიდან წკეპლას უტყაპუნებს ფეხებზე. უმცროსი ბიძია ისე ხვრინავს, რომ შორიახლო მყოფ ძაღლებს აყეფებს. ბიბიჯანი ძილში ლაპარაკობს, თუბა ხანუმი კი დილამდე ხმაურით იფხანს სხეულს, რომელიღაც ბავშვი ერთთავად ჰაერს აფუჭებს, ბებია დგება და ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე. ყველა თავს იმძინარებს და სუნთქვას იკრავს. კოღოები წუიან, ვარსკვლავები ციმციმებენ, ძილი ნელ-ნელა ბინდავს თვალებს, ხანდახან წვიმს და ბებია წინასწარ მომზადებულ უზარმაზარ ცელოფანს გვაფარებს. მე და ჩემი ბიძაშვილი ამ საიდუმლო საფარქვეშ ერთმანეთს ვეკვრით და სოროში შემალული ჭიანჭველებივით ვუსმენთ წვეთების ტყაპატყუპს. რაც ავად გავხდი, ჩემს ოთახში ვარ გამომწყვდეული და ყველაფრის მეშინია. შიში უხილავი ადამიანივითაა – ყველგან არის. ოდნავ შემოაღებს ხოლმე კარს და, ნაშუადღევს, როცა უფროსები ჩათვლემენ, თავს დამადგება. ზოგჯერ ფანჯრის უკანაა, ხან კი დედას კალთას ამოეფარება. ამ დილას სარკეში დავინახე, თითქოს დამცინოდა. ეს შიშია, ხველას რომ მიმძაფრებს. დედას აღარ სჯერა ექიმ ქოუსარის და მის წამლებს ყრის. ჩემი ექიმი ბიძა ღამ-ღამობით ჩვენთან რჩება. შეთანხმებულები არიან, რომ ერთ საღამოს ის გამიკეთებს ნემსს, მეორე საღამოს კი – დედა. მამა ამბობს, ევროპელი ექიმები მცოდნენი არიან და უმძიმეს ავადმყოფობასაც უცბად არჩენენო. დეიდა ნაღვლიანად მიყურებს და იმდენს მკოცნის, თითქოს ვეღარასდროს მნახავდეს. ჰასან აყას ერთი ძველისძველი საფოსტო ბარათი აქვს. მასზე ფუნჩულა, ქერათმიანი, ხავერდსა და მაქმანებში გამოწყობილი ქალია გამოსახული. ჰასან აყა ამბობს, ეს ქალი პარიზის დედოფალია, ძალიან უზნეოა, ყურანის არ სწამსო. ჰასან აყა ღელავს ჩემსა და დედას გამო. ბებიას სთხოვს, ამ ურჯულო დედოფლისგან ჩვენი გადარჩენისთვის ილოცოს დღედაღამ. დედა სიხარულით ალაგებს ჩემოდნებს. მე კი ვიცი, შიში პარიზშიც არის. ყველგან გამყვება, სადაც არ უნდა წავიდე. ბებია ერთთავად ლოცვას მიკითხავს და სულს მიბერავს. თუბა ხანუმი ყოველ საღამოს ერთ ჭიქა ბულიონს მასმევს. კისერზე, ფეხებზე, – ათასი ჯურის ლოცვა მაქვს შებმული, ბალიშის ქვეშაც ქვეყნის პატარა, ოთხად გაკეცილი, ქაღალდი მილაგია. ყოველდღე, ნაშუადღევის ოთხ საათზე, კვლავ მახსენდება სკოლა, ავტობუსი, რომელიც თანდათან მიახლოვდება, მაგრამ მაშინვე, როგორც მივიწყებული სიზმარი, თეთრ ნისლში უჩინარდება. ყოველ საღამოს, დაძინებამდე, ისევ ვიმეორებ ჩემთვის: „აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ“. ეს ჩვენი პირობაა და მე სამუდამოდ ამ პირობის ერთგული ვიქნები. გეფიცებით. დაფიცებისას თვალებს ვხუჭავ და სუნთქვას ვიკრავ. გულს დოლივით გააქვს ბაგაბუგი. მჯერა, აზიზ აყა ჩემს გულისცემას გაიგონებს და მიპასუხებს. სამ დღეში მივდივართ. ბებია ფანჯარასთან მიმჯდარა და იასამნის ფურცლებს ძაფზე აცვამს, რომ ყელსა და მაჯაზე შემაბას. რა მოწყენილია ყველა… თუბა ხანუმიც კი, რომელიც ადრე სულ მანჭვა-გრეხაში იყო, შეიცვალა. თვალები ცრემლით ევსება და ცხვირს სახელოთი იწმენდს. …კარზე კაკუნია. ალბათ, რომელიმე ახალი ექიმია, ან – ერთ-ერთი მამიდა. ვინ აღარ მოდის ჩვენს სანახავად, დღეში ასჯერ მაინც აკაკუნებენ კარზე. ჰასან აყა შემოდის და კართან ჩერდება. დაბნეულია, შემცბარი უყურებს დედას. რაღაცის თქმა უნდა და ვერ ბედავს. როგორც ყოველთვის, შიშით იწყებს სლუკუნს. გარეთ უთითებს, მაგრამ ხმას ვერ იღებს. დედა ბრაზობს, ვეღარ ითმენს. დგება და ჰასან აყას დერეფანში მიჰყვება. მისი ხმა მწვდება: „ვინ?“      ჰასან აყას პასუხი არ მესმის.      დედა კი თანდათან უწევს ხმას და განგაშის სირენასავით ზაფრავს ყველას.      ბებია დგება, ფანჯარას ხურავს. საბანს ნიკაპამდე მაფარებს.      ხელმეორედ სწვდება ყურს დედას ხმა: „ავტობუსის მძღოლი?“      გული გახეთქვაზე მაქვს. ლოგინში ვჯდები. ჰასან აყა პასუხად დასაკლავი ცხვარივით საწყალობლად ბღავის.      დედაჩემის კივილი თავში მირტყამს: „ვინ? რა? რომელი ავტობუსი?“      ცოცხალ-მკვდარი ჰასან აყა გამტკნარებული ლუღლუღებს. ყურში დედას წივილ-კივილი ჩამესმის. საინტერესოა, როგორ ბედავს ვიღაც უბადრუკი მძღოლი მისი ქალიშვილის მოსაკითხად მოსვლას? ჰასან აყას აგზავნის მისთვის გადასაცემად, რომ, თუ კიდევ გაბედავს ამ მხარეში გამოჩენას, ფეხებს მოამტვრევენ. საბანს შორს ვისვრი, ლოგინიდან ვხტები და ფეხშიშველი, თხელი ღამის პერანგით გავრბივარ დერეფანში. თუბა ხანუმი ცდილობს, შემაჩეროს. ხელს ვკრავ და ვკბენ. დედა, ჩემი უცნაური ქცევით გაოცებული, ლოგინში დაბრუნებას მიბრძანებს. მუქარას არად ვაგდებ, დერეფნის ბოლოს, მამაჩემის სამუშაო კაბინეტში შევრბივარ. კარს შიგნიდან ვკეტავ. ფანჯარა ქუჩაში გადის, ფარდას გვერდით ვწევ, სკამზე ავდივარ და აზიზ აყას ვხედავ: დატუქსული ბავშვივით აწურული დგას ქუჩაში. ხელში პატარა შეკვრა უჭირავს. აწეწილი თმა დაუვარცხნია, ღილები ბოლომდე შეუკრავს. არ უნდა, რომ მისი სვირინგი დაინახონ. ფანჯარას ვაღებ და ვეძახი. გარშემო იხედება, წასვლას აპირებს. უფრო ხმამაღლა ვეძახი, ხელს ვუქნევ. ბრუნდება, თავს მაღლა სწევს და მხედავს, ისევ ის ძველებური სინაზე ეფინება სახეზე. ცრემლები ჩამომდის, მე თვითონაც არ მესმის, რას ვამბობ. აზიზ აყა თავის ქნევით მესალმება. მარტო ღმერთმა იცის, რა ბედნიერია. ჩემკენ მოდის, იცინის და საოცარი რამ ხდება: აზიზ აყას ტუჩები ეხსნება, პირი ბნელ მღვიმეს მიუგავს, რომლის სიღრმეში ერთადერთი ოქროს კბილი ალადინის ლამპარივით ანათებს. ვიცი, რომ ეს ჯადოსნური ლამპარი ყველაფერს ამისრულებს. თვალებს ვხუჭავ და ვნატრობ, რომ მოვრჩე, ხველამ გამიაროს და შიში მომშორდეს. პარიზში სასტუმროში ვსახლდებით. სამი დღის მერე ფრანგი ექიმი მსინჯავს და გრძელ რეცეპტს გვიტოვებს. უკეთ ვარ და ნაკლებს ვახველებ. ჩემი საიდუმლოსა და ოქროს ჯადოსნური ლამპრის შესახებ არავინ არაფერი იცის. დედა ჩემს სწრაფ გამოჯანმრთელებას ფრანგ ექიმს მიაწერს. მე კი ვიცი, ვინ და რამ მომარჩინა. ყოველ ღამე, სიბნელეში, საბნის ქვეშ, ხელს ვიწვდი ალადინის უხილავი ლამპრისკენ და ჩემს ჩვეულ ლოცვას ვიმეორებ. პარიზში ექვს თვეს ვრჩებით. თეირანში რომ ვბრუნდებით, სკოლას მიცვლიან. ახალი სკოლა სახლიდან რამდენიმე ნაბიჯზეა. ფეხით მივდივარ და მოვდივარ, მაგრამ ქუჩაში გამოსვლისას გული მიმძიმდება, თვალი შემირანის ავტობუსისკენ გამირბის. …წლები სწრაფად გადის. მე ახალგაზრდა ქალბატონი ვხდები. ძველი ავტობუსების ადგილს ახალი მანქანები იჭერს და მათ საჭესთან ახალგაზრდა მძღოლები სხედან. მე კი, თუმცა დიდი დრო გავიდა, ჩემი მეგობრისა და ძველი პირობის ერთგული ვრჩები. ყოველთვის, როცა სევდა შემომაწვება, ან საქმეები ამეწეწება, ბავშვობის მოგონებებიდან ჩემი მეგობრის მაგიური სახე გამოკრთება ხოლმე. მისი ოქროს კბილის ელვარება ცისკრის ვარსკვლავივით მინათებს ღამეს. მოსახვევში სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსი უხვევს და ნელა მოიწევს წინ. ყურში ბავშვური ხმა ჩამესმის: „აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ“. ჩემი გოგონა წინ მისწრებს. ავტობუსის მძღოლს ხელს უქნევს. თვალები ანცი და იდუმალი ფიქრით აქვს სავსე. იქნებ, მასაც აქვს საიდუმლო, რომელსაც არ მიმხელს? როგორც მე არ ვუმხელდი არავის, არც დედას, არც ჰასან აყას და არც ოფის ხეებს ბაღის სიღრმეში. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:20pm on აგვისტო 3, 2014
თემა: მისის მანტლიპის საშინელი თოჯინები
გრიეს? - რაღაც ციხე დაუნგრევიათ, ადრე. - ბასტილია, - გამახსენდა მამაჩემის მოტანილი კარლაილის წითელი წიგნი. - რაც არის, - თავი გადააქნია სემმა. - ტაუერი რომ დაენგრიათ, ახლა სადღა ჩაგსვამდნენ? - ლონდონი რომ დაენგრიათ, მაშინ კომენდატურაც არ გაიხსნებოდა ლესტერ სკვერზე. - ეგეც მართალია, მაგრამ სამხედროები რატომ არ ჩანან? აკი ქუჩებში დააბოტებენო? ერთი სამხედრო არ შეგვხვედრია, - დაეჭვდა სემი. - ვიწრო ქუჩებზე არ შემოდიან. შენ გგონია, კომუნიზმი შემოეტევა ამ პატარა სტოუროუდზე? აი, გოლდჰოუკზე კი ნაღდათ შემოვლენ, ბუშმარკეტელ ინდუსებს ტანკებს ქვეშ გაეღვიძებათ... - ჰეი... - დაუსტვინა სემმა, - ეგ შენი საზიზღარი გენერალი კომუნისტების უფროსია? - იცი, კომუნისტი რა არის? ჩვენ კომუნისტები სხვანაირი... - ვიცი, ვიცი, - ხელი აიქნია სემმა, - ვიცი კომუნისტები... საკუთარ ბებიებს და ბაბუებს რომ ჭამენ, ეგენი არ არიან? - მთლად ბებიებს და ბაბუებს არა, მაგრამ, ზოგადად, ყველაფერს. - როგორ არა, რადიოში თქვეს, ეფემ რადიოში... ჩვენ ჩემი სახლის სადარბაზო კარის კიბეზე ვისხედით. მხარმარჯვნივ მისის მანტლიპის ორქიდეების ბუჩქი ირხეოდა, მხარმარჯვნივ კი დიდი, საგულდაგულოდ დახურული სანაგვე ყუთები იდგა. ჩემთან ასვლა არ გვინდოდა, რადგან ვიცოდით, იქ გენერალი როდიონოვი გველოდა. უფრო სწორედ კი, მე მელოდა და სემი სულაც არ აინტერესებდა, მაგრამ შესვლას ვერ ვბედავდი და ამიტომაც ვიჯექი აქ ასე: როგორც ერთ დროს - ორჯონიკიძის რაიონის სამხედრო კომისარიატის კართან. მოგეკალი და იქ შეგეშვი. და ახლა აქ... - მიწის სართულზე ვინ ცხოვრობს? - დაბლა, ფანჯრებს ჩახედა. - დევიდი. - რა კაცია ეგ დევიდი? - კრუპიეა, კაზინოში. - წიგნი რომ დაწერა და მამამ რომ ქალი იმას უქნა? - მაგდენი არ ვიცი. - ეგ არ გამოგვადგება, - ჩაილაპარაკა სემმა და ძმურად გადამხვია ხელი, - მიაფურთხე ამას, ჯორჯია. მიაფურთხე მაგ გენერალს, კაი ამბავში წავიდეთ... - სად? - ტაუერის ეზოში ყვავი რობერტი გარდაიცვალა. ნაღდი შოტლანდიელი ყვავი. მამაჩემის ხნისა... - ახალგაზრდა ყოფილა. - ჰო, შემჯდარა და ცე ჰეპატიტიო... - ეგეც შენი შესმული იქნება. - წამო, წამო, წავიდეთ, გავაცილოთ უკანასკნელ გზაზე, - წამოდგა სემი. - მერე მოვიდეთ და ეგებ აღარც დაგვხვდეს ეგ შენი გენერალი. - მით უარესი, წავა და ჩემს მეგობრებს დახვრეტს... სემი ჩაფიქრდა. ერთხანს ქუჩა ათვალიერა და მერე ტიმოთის პაბს დაადგა თვალი. - აი, „არმზი“. მანდაური ბიჭები სანდო ხალხია? - კი. - ჰოდა, მაგათ მოვიხმარ. - სემ, პაბი კიდევ სამ საათს არ გაიღება. - ვიცი. მაგის მეტი რა ვიცი? ათზე სრულიად ინგლისში ლუდის ჩამოსხმა იწყება. რა სისულელეა... ვითომ, რვაზე რომ ჩამოასხან... - რა მოიფიქრე, სემ? - აქამდე რაც მოვიფიქრე, ყველაფერი სისულელე გამოდგა... ყველაფერში დავმარცხდით. რა მინდოდა ისტ ენდში? ერთი-ორ ჯეელ ბიჭს აქაც ვიშოვი და გავკოჭავთ იმ შენ გენერალს... პირი დავაღე. - მერე, ეგ აჩრდილებს რამეს დააკლებს? - სულ იმის ბრალია, რომ გათენდა, - შეცბა სემი. - ჩემი ნახევრადანგელოზური ამბავი დამთავრებულია... ახლა მხოლოდ პორტობელოელი დილერი ვარ... კიდევ კარგი, გამომაფხიზლე, ჯორჯია, თორემ რაღაც სისულელეს ჩავიდენდი... - წადი, სემ, - ალალად ვუთხარი, - მეტი რაღა უნდა ქნა? ძალიან მომეხმარე და... მთელი ამბავი. წადი, გაახვიე შენი წილი ჰაშიში, თორემ დაგიგვიანდება... - დაგიგვიანდებაო? ჩანს, რაღაც მაგარი გამოთხარე, ჩემო ბიჭუნავ, თორემ დილის შვიდის ნახევარზე რომელ დაგვიანებაზე ლაპარაკობ? - ეს არ იყო სემის ხმა. სემი ჩემ წინ იდგა და ჩემს უკან ვიღაცას მიშტერებოდა. მოვიხედე და, ჩემი ლენდლორდი მისტერ მანტლიპი არ შემრჩა ხელში? ძველი, ხაკისფერი კომბინეზონი ეცვა და ვარდისფერი კედები. თავზე თავისი რუხი კეპი ეხურა, ყელზე მეთოფეთა საკლუბო შარფი მოეგდო. მორგვივით კაცი იყო მისტერ მანტლიპი, დიდი ღიპითა და წითელ ცხვირ-პირზე მიწებებული ოქროსფერი ულვაშით. თვალები თითქმის არ უჩანდა, ამიტომ ბედნიერ ადამიანს ჰგავდა. განა არ ვიცოდი? შეფერდს ბუშ გრინზე მიდიოდა სარბენად. ყოველ დილით ასე იყო და ახლაც ასე იქნებოდა. მისტერ მანტლიპი მისის მანტლიპის ფერფლისფერ შნაუცერს, ვესლის გაიგდებდა ხოლმე წინ და ისე დარბოდა გრინის ბილიკზე. მაგრამ ამჯერად ვესლი არ ჩანდა. - დილა მშვიდობისა, მისტერ მანტლიპ. - დილა მშვიდობისა, - ამოახველა მისტერ მანტლიპმა, - ძაღლი გამომექცა და... - აქ არ გამოსულა, - უთხრა სემმა. მისტერ მანტლიპმა კი გულიანად გაუწოდა ხელი და შესცინა: - ენდრიუ კამელოტ მანტლიპი, ამ სახლის პატრონი... - სემ ფილიპსი, თქვენი მოქირავნის ბიძა, - უთხრა სემმა და შლაპა მოუხადა. - ბიძა? - შეცბა მისტერ მანტლიპი. - დიახ... მაგრამ მისტერ მანტლიპის გონება უკვე სხვაგან ქროდა. - ძალიან კარგი ძმისშვილი გყავთ, მისტერ ფილიპს. პირდაპირ გადასარევი. მე კმაყოფილი ვარ. იცით, რა მომიტანა? იან რაიტის ფოტო ავტოგრაფით. ენდრიუს პირველი მეთოფისაგან... თქვენ კი უნდა გაგეგონოთ იან რაიტი. გაგიგონიათ, არა? მე სულ ვეუბნები, ბიჭუნავ, ნამდვილი ფეხბურთი ჰაიბერიზეა. მე ხომ ისლინგტონელი ვარ. ისლინგტონში დავიბადე... არა, ჩემ პენი აღარ მახსოვს, მაგ დროს, ალბათ, ძალიან შორს ვიყავი და არავინ არაფერს მეკითხებოდა, მაგრამ გახსოვთ, ჩარლი ნიკოლსი? გახსოვთ ჩარლი ჯორჯი? სად არის ჩარლი ჯორჯი?.. აირინს არ უყვარს ფეხბურთი და მე მარტო აღარ დავდივარ ჰაიბერიზე, - მისტერ მანტლიპს სახე მოეღრუბლა და „არმზისკენ“ გაიშვირა ხელი, - აი, იქ ვუყურებ ხოლმე... აირინი ისეთი ქალია, სახლში „სქაიც“ არ მიყენია. აირინს არ უყვარს ფეხბურთი, - და მისტერ მანტლიპის შეძახილმა სისხამის სიჩუმე გაჰკვეთა: - განერზ, განერზ, განერზ!* - მე ნოტინგჰილელი ვარ, - მიუგო სემმა. - მე სამხრეთში დავდივარ და სამხრეთში ვქომაგობ... - „ჩელსი“? - ჩაეკითხა მისტერ მანტლიპი, - ჰა, ხომ გამოვიცანი? ჩაცმულობაზე შეგატყვეთ, ოსგუდის ხალხი... სემი წარბშეჭმუხნილი შესცქეროდა. - მაგრამ ეგ არაფერი... მთავარია, რომ თქვენი ნათესავი სწორ გზაზე დგას, ასე არ არის, ბიჭუნავ? - დიახ, მისტერ მანტლიპ. - მაშ, მე გავიქცევი, თორემ, - შარფი გაისწორა მისტერ მანტლიპმა, - მოიცა ერთი, პირდაპირ მითხარი, გასაღები დაკარგე? - არა... - აბა, აქ რას დამდგარხართ? ბიძას სახლში ვერ შეიპატიჟებ? ოთახი პატარაა, მაგრამ ფასიც ხომ არ არის დიდი? - ჩვენ... და სემმა ნაბიჯი წადგა კეთილი ლენდორდისკენ, ხელკავი გაუყარა მას და წასჩურჩულა: - მხოლოდ ორ წუთს წაგართმევთ... - და ისინი ნელი ნაბიჯით გაუყვნენ სთოუროუდის ქვაფენილს. სახლთან ვიდექი და ვუყურებდი, როგორ მისეირნობდნენ. მისტერ მანტლიპი ორ ნაბიჯს გადადგამდა და შედგებოდა, სემი კი მონდომებით უხსნიდა იმას, რასაც... ვიცოდი, რასაც უხსნიდა, მაგრამ მისტერ მანტლიპს რა უნდა ექნა? დიდი-დიდი, ეთქვა, უმჯობესი იქნება, სხვაგან გადაბარგდეო... ისინი გოლდჰოუკის კუთხემდე მივიდნენ, ზუსტად მანქანების მაღაზიამდე, შემდეგ მოტრიალდნენ. სემი კვლავ ლაპარაკობდა. რაც უფრო მიახლოვდებოდნენ, მისტერ მანტლიპი მით უფრო უჩქარებდა ნაბიჯს. სემი თითქმის სირბილით მოსდევდა. მომიახლოვდნენ თუ არა, მისტერ მანტლიპი გადამეხვია, და სემი რომ არა, ხელის გაშვებას არ აპირებდა. - ჩემო ბიჭუნავ, არასოდეს მიყვარდა ის, რაც აღმოსავლეთში ხდებოდა, - მითხრა ვაჟკაცურად და სემს მიხედა, - არ იციან, რომ ჩემი სახლი - ჩემი სახლია? - მათი აზრით, შენი სახლი მხოლოდ იმიტომაა შენი, რომ ჯერჯერობით მათ არ სჭირდებათ. - ჰმ... გესმის, ჩემო ბიჭუნავ? - მაგან ყველაფერი იცის, - გააწყვეტინა სემმა. - და ის ვიღაც გაფხორილი ინდაური ახლა ჩემს სახლშია, ოთახი უჭირავს და ამ ბიჭუნას... რას უპირებს ამ ბიჭუნას? - ტაუერში ჩასმას. - პირდაპირ ტაუერში? სკოტლენდ იარდშიც არ გაატარებს? - სკოტლენდ იარდსაც, საადმირალოსაც, ბოდიში და, ვესტმინსტერსაც, ტაუერში გაისტუმრებს... - ვინ არის, გენერალიო? - თავისუფლების მხედარი, - აუხსნა სემმა. მისტერ მანტლიპმა კვლავ ამოახველა და სადარბაზოსკენ დაიძრა. - კარგია, კარგია, - ბუტბუტებდა თავისთვის, - კარგია, ხომ იცი, - უკვე სემთან ჰქონდა საქმე და არა ჩემთან. - აქ მოიცადეთ, ფილიპს. აირინი, ხომ იცით... აირინი უნდა შევამზადო. ასე არ გამოვა. აირინი ისეთი ქალია, რომ... ჩემო ბიჭუნავ, შენ ხომ იცნობ ჩემ ცოლს? როგორ არ ვიცნობდი, ბარე ასჯერ მენახა მისის მანტლიპი, უსიტყვო და ოდნავ გაშტერებული დეიდა. მისტერ მანტლიპი რომ სადარბაზოში შევიდა, ჩვენ კვლავ კიბეზე ჩამოვსხედით. - არ მინდოდა, რომ ასე დამთავრებულიყო ეს საქმე, ჯორჯია, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავ, - ამოიოხრა სემმა. - როგორ, ასე? - აი, ასე. ამ მანტლიპებით და მთელი... - სემმა ხელი ჩაიქნია, - მაგრამ... რა ვიცი... ეგებ... - ეგებ, სულაც არ არის იქ! - შევძახე მე. - ვინ? - გენერალი როდიონოვი. სემმა გადააფურთხა, თავი ჩაქინდრა. - შენ მე სულელი გგონივარ, ჯორჯია?.. ის გენერალი შენს უბადრუკ სავარძელში ზის და გელის. წათვლიმა, ისაუზმა, მშვენიერ ხასიათზეა. მაგის მეტი რა ვიცი? რაღაც უცნაური გაზეთი უჭირავს და ათვალიერებს. იქაა, ჯორჯია... საუბარი მისტერ მანტლიპმა შეგვაწყვეტინა. უქუდოდ იყო და ბარგიც სახლში დაეტოვებინა. შინ შევედით და კიბეს ავუყევით. ჩემი ოთახის კარს რომ გავუსწორდი, გამაჟრჟოლა. - მხნედ, მხნედ, ტომლინსონ! - შესძახა მისტერ მანტლიპმა და მესამე სართულზე აგვიძღვა, სადაც თვითონ სახლობდა მისის მანტლიპთან ერთად. კარი შეაღო და შესძახა: - აირინ! აი, რა სტუმრები მოგიყვანე, აი-რიინ!.. მისის მანტლიპი გაწეწილი იყო, ჭრელი ხალათი შემოეცვა და უსიტყვოდ, რაღაცაზე ნაწყენი გვათვალიერებდა. - აი, ჩვენი ბიჭუნა, ეს კი - ბიძამისი... სარბენად მივდივარ და კარებთან არ ატუზულან?.. აქეთ, აქეთ, მობრძანდით. აირინს არ უყვარს ხოლმე... მაგრამ ჩაის კი სიამოვნებით მოგართმევთ, არა, აირინ? მიბრძანდით, - მისტერ მანტლიპმა სასადილო ოთახში შეგვიშვა და კარი მოგვიხურა. - რა უთხარი, სემ, ამ კაცს? - არაფერი. ვუთხარი, რომ შენს ოთახში ვიღაც ჩასახლდა. - მერე? - ნუ ნერვიულობ. თავიანთ სახლზე დარდობენ, შენსაზე კი არა. - მერე, რა უნდა ქნან? ქალაქი რუსის ჯარით არის სავსე... - ნახავ, რასაც იზამენ, ოღონდ, ნუ აიფოფრები. მისტერ მანტლიპი ხელების ფშვნეტით შემოთახთახდა ოთახში: - ჩამოსხედით, რას დამდგარხართ? ჩაი ახლავე იქნება... - როგორღაც უხერხულია, მისტერ მანტლიპ. შემოგეჭერით, - ავბლუკუნდი მე. - მე თვითონ დაგპატიჟეთ. აირინი ახლავე გაამზადებს ყველაფერს. ბარე თხუთმეტ წუთს ვისხედით ასე, დაპირებული ჩაი კი არ ჩანდა. მისტერ მანტლიპი მზისფერ ულვაშს იწიწკნიდა კბილებით, თუმცა ვერ მივხვდი, ამგვარი ქცევა უდარდელობას გამოხატავდა თუ მღელვარებას. სემი კედლის საათს უყურებდა. ჩაი არ ჩანდა და სულაც არ ვიყავი ცხელი რამეების ხვრეპის ხასიათზე, მაგრამ მისტერ მანტლიპმა იმდენჯერ ახსენა ჩაი, რომ ახლა სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. - შუქი გამორთე, ენდი, - მოისმა ჰოლიდან. - შუქი ჩამქრალია, ძვირფასო, - წამოხტა მისტერ მანტლიპი და კარი გამოაღო. - რა დავაშავე? - მისის მანტლიპს თავზე წოწოლა შავი შლაპა ეხურა, - რა დავაშავე, ენდრიუ მანტლიპ? თვრამეტი წელიწადია, შენი ცოლი ვარ და ვერაფერი ისწავლე... ქსელში გამორთე, ქსელში! თორემ ნათურები აფეთქდება. რა პირი დაგიღია, ენდი? მისტერ მანტლიპი შემოსასვლელი კარისაკენ გაქანდა. ჩვენც უკან მივყევით. საიდანღაც ელექტროფარანი დააძრო და ნიშაში შეანათა. ღილაკებს მალე მიაგნო და ჰოლშიც ჩამობნელდა. - ჩაი? - წამომცდა მე. მისის მანტლიპმა მეტად ავად შემომაქცია ზურგი და რომელიღაც ოთახის კარი შეაღო. - ნუ აჩქარდები, ჩემო ბიჭუნავ, - მისტერ მანტლიპიც გვარიანად დამფრთხალი ჩანდა, - აირინმა იცის... აირინ, ძვირფასო, შეიძლება, შენთან შემოვიდეთ? ნეტავ არ შევსულიყავით. სემს ღირსეულად ეჭირა თავი, იმაიაკელს და თანაც ნახევრადანგელოზს. მე კი, რა მეჭირა, აღარც კი მახსოვს. თავი რომ არ მეჭირა, ეს კი ვიცი... - აი, ჩვენც მოვედით, აირინ... ოთახში ბნელოდა, ორი რაღაც ტიალი სანთელი ბჟუტავდა მრგვალ მაგიდაზე და ეს წოწოლაქუდიანი დეიდა აირინი უზარმაზარ წიგნს ჩაჰკირკიტებდა. რას ხედავდა იმ შუქზე, ვერ მივხვდი, მაგრამ ბუტბუტებდა კია და იმ ბუტბუტმა იყო, რომ წამახდინა: - დანმორ... მაგორი... ბელია... სინ... სინ... მაგორი... რიჰინ... დორ... ლრუი... დრუი... კორო... თეთრი... მოდის... მოდის... რამლი... შარ... პინო... ამბი... სინ... კონი... შვიდობითი... მოდის... თეთრი... დაიკავებს... მე... ვარ... ალუინი... ალუინი... თეთრი... მომეხმარე... შენ... ბელია... მაგონი... -ისე აცქერდებოდა ამ წიგნს, თითქოს მზერით უნდა გახვრიტოსო, - მიშველი... დღეს... კოშკურის... ბატონო... კოშკების... მეუფევ? აირინმა ამოგვხედა და აი, მაშინ კი მივხვდი, რომ მისტერ მანტლიპი კაი გაძლების კაცი იყო, ამოგვხედა, მაგრამ სად ჰქონდა თვალები? თვალების მაგივრად იისფერი ნათურები უბზინავდა. კატა რომ შემოგხედავს სიბნელეში. იისფერი ნათურებიდან კრთებოდა რაღაც უცნაური ხაზები, მულტფილმებში რომ მოკლე ჩართვას ხატავენ, ისეთი, და მეხი რომ გამოჩნდება ღამის ცაზე, ზუსტად ისეთი. „ნეშენალ ჯიოგრაფიკში“ მინახავს ეგეთი მეხის ფოტოები და იისფერი ნათურების შუქი კი ფილმ „ოთხ ოთახში“. მაგრამ მისის მანტლიპი იმ ფილმის კუდიანებს არ ჰგავდა. - აირინი მოყვარული ჯადოქარია, ჩემო ბიჭუნავ, ვიქენდებზე ერთობა ხოლმე, - ამოღერღა მისტერ მანტლიპმა. - ლამპარი, - თქვა მისის მანტლიპმა. - ეს თუ მოყვარულია, მაშინ მე ძუძუთა ბავშვი ვყოფილვარ, - აღნიშნა სემმა. - ორი ლამპარი, - თქვა მისის მანტლიპმა. - ჩვენი არ ესმის, - განგვიმარტა მისტერ მანტლიპმა, - მაგრამ სამი ლამპარიო რომ იტყვის, უნდა მოვახსენოთ. - რა მოვახსენოთ? - სამი ლამპარი, - თქვა მისის მანტლიპმა. - სურვილი, - ჩქარა უნდა მოახსენოთ, - თქვა მისტერ მანტლიპმა. - რა სურვილი? - ენა დამება მე. - პიტერ ჯეფერსის ოთახი განთავისუფლდეს... - სამი ლამპარი! - ხმას აუწია აირინმა. - მოახსენეთ... - დაიცალოს მანტლიპთა მიერ პიტერ ჯეფერსისათვის მიქირავებული ოთახი... - დააზუსტა სემმა. - სამი ლამპარი!!! - შეჰკივლა აირინმა. სემმა შლაპა დაახეთქა ძირს: - არ მინდოდა ეს საქმე, ჯორჯია! არ მინდოდა ეს საქმე! გასკდეს, აფეთქდეს, დაიგლიჯოს ათას ნაკუწად ის, ვინც სამუდამო სატანჯველი განუზრახა პიტერ ჯეფერსს! იისფერი შუქი გაქრა აირინის თვალებში. - ადასტურებ? - მე შემომხედა. თავი დავუქნიე. - ჰო-თქო, ჰო-თქო, - მუჯლუგუნი წამკრა მისტერ მანტლიპმა. - ჰო. - ჩაისხას ქვაბში გირვანქა წვინტლი! - წაისისინა აირინმა. - ჩაიფქვას ძაღლის კბილის ნახრავი... გაიმეორეთ! - ლაყე კვერცხები და აქლემის მაწვნის დო, ასკილში აგლესილი. - ღამურის კანჭი, სახურავიდან ჩამოტანილი. დამპალი წყალი, დამპალი წყალი... ეგ რა გიჭირავს? - არაფერი, მისის... - მიპასუხე: „მკვდარი კატა“. - მკვდარი კატა. - ჰი, სულ არ გაშეშებულა? - შეიცხადა სემმა. - მკვდარი კატის ნაღველი და ღვიის ფესვის ნამწვავი. გავიმეორეთ. - ყველაფერი მოხმარდეს, ყველაფერი მოხმარდეს. - ყველაფერი მოხმარდეს, - სამ ხმაში გავიმეორეთ. - ღამით სახურავიდან ჩაშვებული თოკები შემოეჭდოს კისერზე... - შემოეჭდოს, - ამოიოხრა სემმა. - აბა, ახლა მომეცით, ნივთი, - აირინმა ხალათის ჯიბიდან უსახო თოჯინა ამოიღო. ნივთი და მაქო, ძაფი და ნემსი. - რა ნივთი? - შევცბით ჩვენ. - ნივთი, - ახლა მისტერ მანტლიპმა გამოგვიცხადა. - ნივთი? - მომეცით ნივთი, - მისის მანტლიპი ჰაერში ხელების ლივლივს მოჰყვა. სემი კედელთან ჩაცუცქდა. - იმ კაცის ნაქონი ნივთი გვინდა, ვისაც ჯადოს ვუტარებთ, - დაგვაკვალიანა მისტერ მანტლიპმა, - სულ დამავიწყდა, ჩემო ბიჭუნავ... - მე წავალ, - ამოიოხრა სემმა, - წავალ, რამეს ავართმევ... - ცხვირსახოცი, ღილი, სათვალე, მობაილის ელემენტი, ფეხსაცმლის ზონარი... - გააგრძელა მისტერ მანტლიპმა. - წვინტლი, წვინტლი შეიძლება? - დაიყმუვლა სემმა. - წვინტლი არა, - განმარტა მისის მანტლიპმა, - წვინტლი არა... - აბა, სულ წვინტლი, წვინტლიო, იძახდით და ახლა აღარ შეიძლება? მისის მანტლიპმა მაჯის საათს დახედა. - მერკური უახლოვდება პლუტონს, ირმის ნახტომზე მესამე პატარა აციაგდება. დრო ილევა... სამ წუთში ვეღარაფერს მოვახერხებთ... - სამ წუთში კიბეზე ჩასვლას ვერ მოვასწრებ, - ხელი ჩაიქნია სემმა. - ეგ რაღა ჯადოქრობაა, მე თუ მარბენინებთ... თანაც იქიდან ცოცხალი დავბრუნდები თუ არა... რომ ვერ მოვასწროთ, რა ვქნა? - საღამომდე უნდა მოვიცადოთ. ვარსკვლავების საჭირო განლაგებას უნდა დაველოდოთ. - საიდან ხედავთ ამ განლაგებას დღისით? - ინტერვიუ ფული ღირს, - მიუგდო მისის მანტლიპმა. - აირინს არ უყვარს, როცა... პატივცემულო ძიავ, - მისტერ მანტლიპი ოფლს თუ იწმენდდა შუბლიდან. - აირინს ბევრი არაფერი უყვარს და ვშიშობ, ვეღარაფერს მოვასწრებთ. - საღამომდე... - დაიწყო სემმა, მაგრამ უეცრად მოისმა: - მოიცათ! მოიცათ! აი, მე რა მაქვს! მოიცათ! ეს ჩემი ხმა იყო. ჯიბეებში ვიქექებოდი, ხურდა, ცხვირსახოცი და გასაღები, უვარგისი საკრედიტო ბარათი, გაზინტლული, ძია ბერტის სისხლშემხმარი ცხვირსახოცი - ყველაფერი გადმომიცვივდა და მაინც, გარეთა ჯიბეში მივაგენი - ის იყო, წყეული წერილი: „პეტას გაუმარჯოს...“ - აი, ეს მაქვს, - წერილი გავუწოდე მისის მანტლიპს, - ეს გამოდგება? - რა არის? - წერილი ჩამომართვა მოყვარულმა ჯადოქარმა, - აჰ, რაღაც ბარათი, მაგიური ნიშნებით. რა საინტერესო ნიშნებია? არც მინახავს ასეთი... - ეგ ანბანია, მისის... - ანბანი. საინტერესოა... შეგიძლია, მასწავლო? - დრო... აირინ, - შეწუხდა მანტლიპი. - რა სულელი ხარ, ენდი. მეოთხე პატარა ვარსკვლავიც ხომ უნდა დაიძრას ირმის ნახტომიდან? - აბა, მესამეო... - ენდი, წადი, უყურე ახალ ამბებს. წადი... ნივთი ხელთა მაქვს და, რაღა მეჩქარება? - აი, ასეთია, ჩემო ბიჭუნავ, ასეთი საყვარელია. - მოიცა, - ხელი აიქნია მისის მანტლიპმა, - მოიცა, ენდი, ეს იმ კაცის ნივთია? - არა, ჩემი, მაგრამ მან მომცა, - მივუგე მე. - ვის დაწერა ეს წერილი? დიდი ხნის წინათ დაწერესო, ასე მითხრა გენერალმა... ერთმა... - ამისმა ბიძამ დაწერა, - თქვა სემმა. - თქვენ, მისტერ ფილიპს? - პირი დააღო ჩემმა ლენდლორდმა. - არა, სხვამ. - რამდენი ბიძა გყოლია, ჩემო ბიჭუნავ, - გახალისდა მისტერ მანტლიპი. - მე ერთხელ ბარბადოსზე ვიყავი, იქ ყველა ერთმანეთის ბიძა ან ბიცოლაა... - ენდი! - დაჰკივლა მისის მანტლიპმა, - ახალი ამბები დაიწყო. - აირინ, აირინ... რამდენი ბიძა ჰყოლია... - ერთი ბიძაა, - თქვა სემმა, - ასე დაგვისაბუთა ლორდმა... - ლორდებთანაც იყავით? ლორდთა პალატაში? - გადაირია მისტერ მანტლიპი. - გამაგებინეთ, იმ კაცს ეჭირა ხელში ეს ქაღალდი? კეფა მოვიქექე. - კონვერტი ეჭირა, ეს წერილი კონვერტში იდო. მისის მანტლიპი წიგნს ჩააცქერდა. - არ ვიცი, რა გამოვა, - თქვა ხმადაბლა, - ეგებ სულ სხვა ვიღაც გავახვიოთ ხლართში... - მკვდარია. - ვინ? - ვინც წერილი გამომიგზავნა. მისის მანტლიპს აღარაფერი უთქვამს. ბარათი ორად გაკეცა და ხალათის ალბათ უძირო ჯიბიდან ძაფის კოჭა ამოაძვრინა. შემდეგ წერილი უსახო თოჯინას შემოაკეცა ტანზე და ძაფი შემოახვია. ახვევდა და ახვევდა, სანამ კოჭა მთლიანად არ დაიცალა. მახათები, ერთი, ორი, სამი... ექვსი მახათი. - მზადაა, - თქვა მისტერ მანტლიპმა, - არ იფიქროთ, რომ აირინი რამეში მრევს... ერთადერთხელ, ოთხმოცდაათ წელს, თასის ფინალი იყო და მხოლოდ ცოტა რამ ვთხოვე, სულ პატარა რამ, უბრალოდ, რომ აეცილებინათ. მგონი, ახლა მართლა დაიწყო ახალი ამბები, ჩემო ბიჭუნავ. ჩაის კი მე მოგართმევთ... წავიდეთ, დანარჩენი მხოლოდ აირინის საქმეა. ასე არ არის, ძვირფასო?.. - გაჩუმდი, ენდი, - თვალები გაკვესა მისის მანტლიპმა - წადი, სინათლე ჩართე. მერე ტელევიზორი ჩართე და უყურე. თქვენ კი სახლში ჩადით... - სახლში რა უნდათ? - ათუხთუხდა მისტერ მანტლიპი. - სახლში ჩადით, მსხვერპლთან მიდით და ჩვეულებრივად მოიქეცით. - კი მაგრამ, - კვლავ მე ვიყავი. - წავედით, - კარი გამოაღო სემმა. - წავიდეთ, წავიდეთ, - კვლავ გახალისდა მისტერ მანტლიპი და ბნელ ჰოლში გავარდა. - შენ აქ დარჩი, ენდი, - მოისმა მისის მანტლიპის ხმა. - ტელევიზორს უყურე. მისტერ მანტლიპი დამნაშავესავით შემოგვაცქერდა. - როცა ყველაფერი მოგვარდება, ამოიარეთ, ჩაი დავლიოთ, - გვითხრა მოწყენით. - ჩაიდანი ჩართე, - ჩაიცინა სემმა და კარი გამოაღო. ქვემოთ ჩავედით და კართან დავდექით პანაშვიდს შემორჩენილი ბიძებივით. - არ მინდოდა ასე, - გაიმეორა სემმა, - მაგრამ რას იზამ? ახლა კარი გააღე, ჯორჯია, და შედი. რაც მოხდება, მოხდეს. თუმცა, ეს ქალი მაგარი ვინმე კი ჩანს, მაგრამ... რაც არ უნდა იყოს, იცოდე - არ მინდოდა, რომ ასე და ამგვარად... - მარტო შევიდე? - ყბა ჩამომივარდა. - შენი სახლია და აბა მე ხომ არ შევალ? სახლი შენია, საქმე შენია, კომენდანტურა შენია. მე რა შუაში ვარ? მე, აი, აქ დავჯდები, კიბეზე... სემს არ ეშინოდა. ვერ დავიჯერებდი, რომ ასეთმა რამემ წაახდინა. მე მეშინოდა, სემს კი - არა, მაგრამ უკვე მერამდენედ, მარტოს მიშვებდა. - აი, ასე, - ჩამოჯდა სემი. - მიდი, მიდი, რას მათვალიერებ? დილერი ვარ, სემი. პირველად მხედავ? გასაღები უკანა ჯიბეში გაქვს... ვაი, შენს გოგიას! ჩხაკ! კარი შევაღე და არც კი ვიცი, მე შევედი, თუ ვიღაც სხვა. ვერცხლისფერ სააღლუმო მუნდირში, ოქროსფერი ეპოლეტებით და მბზინავი ორდენებით მისის მანტლიპის კუთვნილ ჭილის სკამზე იჯდა ამიერკავკასიის წითელდროშოვანი ჯარების სარდალი გენერალი იგორ როდიონოვი და ჩემს საბრალო ელექტროსაპარსს ატრიალებდა ხელში. - ჰეი, მანდ, ვინ მოდის? - მშვენიერ გუნებაზე ჩანდა, - ჰეი, მანდ, ვინ მოდის მომავლიდან? Отзовитесь, горнисты. Вы, студенты ленинских университетов миллионов. - მე ვარ, - ნაბიჯი გადავდგი და ჩემი სათაგურის შუაში აღმოვჩნდი. - ოჰო, არწივი მოფრენილა, - კაი მაგარ ნასაუზმევს ჰგავდა, - არწივი. შეხედეთ, ჩკალოვი, კოკინაკი... იცი, რას გეტყვი, თადარიგის ლეიტენანტო? აქედან რომ მიფრინავდი, მართვე იყავი, პწენჩიკი, არწივად კი დამიბრუნდი. აბა, მომახსენე, როგორ ჩაიარა ოპერაციამ? - კარგად, ამხანაგო გენერალო, - გავიღიმე მე და მუცელი ამტკივდა. - თამამად, ყმაწვილო, თამამად, ამოალაგე ნახაზები ბრუს-პარტინგტონისა. - მხოლოდ მიკროფილმები მაქვს... - ტყუილის თქმა არასოდეს მიჭირდა. - ოჰო, - ხელები მოიფშვნიტა გენერალმა როდიონოვმა. - კაი გამოცდილი ვინმე ყოფილხარ... არც კი ველოდი. ია-ოცდასამი ხაზზეა? - ხაზზეა, - გავიჭიმე მე. - შენ მე მაოცებ, იანეკ. მაქსიმე ისაევი ხომ არ შეგხვედრია ვულიჩის ახლოს? ის შენს დამზღვევად დავაბრუნეთ. - კი მაგრამ, პოლკოვნიკი ისაევი თუ გყავდათ, ჩემგან რა გინდოდათ? - აჰა, რა ჭკვიანი ხარ! - წამოდგა გენერალი და მუნდირის ტოტები დაქაჩა, - ჩვენთვის ის იყო მნიშვნელოვანი, რომ სწორედ შენი დავერბოება მომეხდინა, თორე ისაევი გმირიც კია... - დავერბოება? - ჰო, უმცროსო ლეიტენანტო, დავერბოება. დავერბოება, მგონი, ქართული სიტყვაა და კარგა ხანს მამულიშვილურ საქმიანობად ითვლებოდა თქვენში. ეს მერე იყო, რომ ცხვირი აიბზუეთ და ჰა, შედეგიც... - ვნახე ის თქვენი ისაევი, ისლიგტონში დაეხეტებოდა და ბუტბუტებდა, ინგრიდ, სახელოზე ღილი შემიკარიო. ქუჩის კაცები ამბობდნენ, ეს კაცი ოდესღაც გენერალისიმუსი იყო, ახლა კი შიზოფრენიკიაო... სულაც არ იყო ლამაზი კაცი, თქვენ რომ მეუბნებოდით, ლამაზი კაცია, ლამაზი კაციო... მაგრამ გენერალი მე აღარ მისმენდა. თავის მეოთხე სამმართველოში მოვლილ მუცელზე წაევლო ხელები და თითქოს რაღაცისთვის მიეგდო ყური. განა არ ვიცი? სამხედროები მეოთხე სამმართველოში არ დაიარებიან, თავიანთი პანსიონატ-სანატორიუმები აქვთ ზღვის პირებზე და იქ უვლიან სტომაქს, მაგრამ, პრინციპში, ეს მაინც მეოთხე სამმართველოა. ყველაფერი მეოთხე სამმართველოა. ჯობდა, ყველანაირ მთავრობას მეოთხე სამმართველო რქმეოდა, იმიტომ რომ, მთავრობა თითქოს იმის გამო არსებობდა, რომ არსებობდა მეოთხე სამმართველო. ხოლო მეცხრე სამმართველო კი იმიტომ არსებობდა, რომ არსებობდა მთავრობა. აქედან კი გამოდის, რომ მეცხრე სამმართველო მეოთხე სამმართველოს გამოისობით შეექმნათ. არ ვიცოდი, არსებობდა თუ არა მეათე სამმართველო, მაგრამ მერვე და პირველი, მესამე და მეშვიდე, მეორე, მეხუთე და მეექვსე რომ ნაღდად იქნებოდა, ვერავინ უარყოფს. ეტყობა, ეს არ იყო მნიშვნელოვანი სამმართველოები, თორემ მათი რაობაც გასაგები იქნებოდა. უნივერსიტეტში, სადაც ვსწავლობდით, სამმართველოები არ იყო, თუმცაღა ორ ვიწრო კარს იქით შებუდებულიყო მეორე და მესამე (თუ პირველი) განყოფილება. ერთი ჯარში გვიწვევდა, მეორე თვალყურს გვადევნებდა... ეჰ, გენერალო, მე ვამაყობ, რომ ორჯონიკის რაიონიდან ვარ და, როგორც მრავალი ათასი ორჯონიკიძის რაიონელი წვევამდელი, ავადმყოფი გახლდით. ვამაყობ, გენერალო, და ვმადლობ ყველას, ვინც დეზერტირად მაქცია. ყოველ შემთხვევაში, არ მრცხვენია... მაგრამ ეს ჩემი წილხვედრი გენერალი არ მისმენდა; მუცელზე წაევლო ორივე ხელი და მოკუნტულიყო. სიმართლეს ვიტყვი - არ კვნესოდა. - რა... რა მოგივიდათ? - ამინდი, - ამოღერღა მან, - ამინდის ბრალი თუა. ჰავის... ორმოცდასამში, გომელთან... ძველი ჭრილობა. - აჰ! - და უცებ ბეჭზე წაივლო ხელი, - უჰ! - ახლა ფერდზე იტაცა. ღმერთო! როგორ იკლაკნებოდა. ის დაუთოებული მუნდირი ტანზე ასკდებოდა. - რა... რა... რა... - ავბლუკუნდი და ვეტაკე. ღონიერი მკლავები კი ჰქონდა. ერთი გამკრა და კუთხეში მიმაგდო. წამოჭარხლებული დამხობილიყო იატაკზე და მაინც არ კვნესოდა. მხოლოდ შეხტებოდა ხოლმე. - ამხ...ამხ... - გენერალო, ამხანაგო! - ვყვიროდი მე. - აააააა! - აააააა! - დაიღრიალა უცებ და სცადა, წელში გასწორებულიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, მისის მანტლიპის ვერაგ მახათებს როგორ აჯობებდა? სიმწრისაგან სამკერდე ნიშნებს იგლეჯდა და კვლავ ცდილობდა, წამომდგარიყო და ავი წელკავი დაეჯაბნა. ამასობაში კი მუცელი ებერებოდა, ღილები სულ დაასკდა მუნდირზე... აჰ! არავინ მინახავს უფრო... უფრო... - აააააა! აააააა! - კვლავ აღმოხდა მას. არავინ მინახავს სხვა, არავინ მინახავს ვინმე, ამგვარი სიჯიუტით (უფრო კარგი სიტყვა კი „ვაჟკაცობა“ იქნებოდა) რომ ცდილიყოს ფეხზე წამოდგომას. ჩემს ჭილის სავარძელს ებღაუჭებოდა ღონიერი ხელებით. ცალ მუხლზე წამოჩოქილი ფეხების გამართვას ლამობდა, მაგრამ წყეული ტკივილები სახსრებს ჰკვეთდა და გაოფლილი, თვალებჩასისხლიანებული იგრიხებოდა. და მაინც, უეცრად, მოულოდნელად, წარმოუდგენლად, საწყალობლად დაკრეჭილ კბილთა რიგებს შორის მაინც გამოაღწია - ააააა! აააააა! ააააააა! ააააა-აღსდექ კრულვითა დაააააღ... დაღ...დასმ...აღსდეგ... ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები, ვინაიდან გაუგონარმა შელოცვებმა მაღლა ასტყორცნეს და ჭერს შეანარცხეს. თვალებზე ხელებს ვიფარებდი, კუთხეში მიკუნჭული ვცდილობდი, აღარაფერი დამენახა. ეშმაკმა წამიღოს, რა ძვირი ყოფილა სიმშვიდე-მეთქი, ვფიქრობდი და მახსენდებოდა სემის ნათქვამი, ასე არ მინდოდაო. არ მინდოდა, ასე ყოფილიყოო... და ამგვარად მოკუნტული ვიყავი მანამდე, სანამ არ მესმა ხმა საშინელი გრგვინვისა... თითქოს გასკდა ბუშტი ფრიდრიხსაჰაფენიდან ნიუ-იორკს გაფრენილი ცეპელინისა და მოსწყდა ცისკიდურის აპარტამენტი ცეპელინისა და თავზე დაასკდა წითელკანიან მონადირეს, დასავლეთიდან მომფრინავი თეთრი კაცი რომ ეზმანა სამი ათასი წლის წინათ. იმ კაცს, მგონი, ერქვა კეცალკოატლი, ხოლო გოგოს - ლუჩია, იტალიელნი კი ბევრნი იღუპებოდნენ მაშინ აბისინიაში და ჩვენ, მოხეტიალე სტუდენტები, გვარიანად ვითბობდით ხოლმე გულს ამით და რა გასაკვირია, რომ ლუჩიას გამო თვალები გამოვახილე? გამოვიჭვრიტე ჩემი უბადრუკი კუთხიდან და ლუჩია ვერ დავინახე; აღარც გენერალი როდიონოვი იყო იქა და აღარც ჩემი დიდფანჯრიანი კედელი. კედელი აღარ ჰქონდა ჩემს ოთახს. აი, კი გაგიჟდებოდა მისტერ მანტლიპი... გრგვინვა კი, ალბათ, სწორედ ამიტომ მესმა, კედელი თუ გაანგრია იმ ჩემი ცოდვით სავსემ. მაგრამ ლუჩია... - სემ! - ვისი იმედი გექნება კაცს ასეთ დროს? არა მოაკლდეს მთავრობაი შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, სემი არ ჩანდა. ფანჯრიდან რომ გადავიხედავდი ხოლმე ტიმოთის „არმაზს“ ვხედავდი. მაგრამ რა მეთქვა მისტერ მანტლიპისთვის ამ კედლის გამო? უნდა მეთქვა, რომ ეს სტუმრის პატივისცემის ჩვენებური წესია, კედლებისგან ტივებს ვაკეთებთ და უცხოელ სტუმრებს ტემზაზე ვასეირნებთ-მეთქი. მაგრამ დამიჯერებდა? თბილისში უნდა დამერეკა და კასეტის გამოგზავნა მეთხოვა. ერთ-ერთ ფილმში ხომ არის აღწერილი ეს ამბავი? აი, მაშინ კი დამიჯერებდა მისტერ მანტლიპი. სად წაუვიდოდა ფილმს? შვარცენეგერის გმირობისა სჯეროდა და ამას არ დაიჯერებდა? მაგრამ ფანჯრიდან „არმზი“ კი არ ჩანდა, არამედ რაღაც ძალიან დიდი და მოლივლივე: თითქოს, კვამლში გახვეული ქალაქი. ქალაქი თუ სოფელი. აბა, რა ვიცი? იქნებ მთელი ქვეყანაც ან რაღაც უფრო დიდი. რა ჰქვია რაღაც უფრო დიდს? მგონი, ციხე. ჰო, ციხე ჰქვია. აუღიათ-მეთქი, დაუჭერიათ სიგუტკინებს ლონდონ-თაუნი. დაუჭერიათ და ახლა, ალბათ, ტრიბუნას აშენებენ. იცი, რა იოლია ტრიბუნის აშენება? ბრიტანეთის მუზეუმს ზურგი უნდა გამოუნგრიო, ახლომახლო სახლები ააფეთქო დინამიტით და მერე ამავე ნანგრევებით აღმართო მშვენიერი თაღოვანი კვალრცხლბეკი... მსვლელობა ჰაიდ პარკ კორნერიდან დაიწყება. ოქტომბრის რაიონის მშრომელები... დახე, რა ხდება? მართლა მოდიან. მოდიან და მოაბიჯებენ. მოაქვთ ტრანსპარანტები, ტახტრევნებზე შემოდგმული ძეგლები და დიახ, დიახ, აგუგუნდება მთა-ბარი! რაებსა ვხედავ ამ გამონგრეულიდან? ციხეა, ციხე! ბიჭია, ბიჭი! ხარჩოსა, კაცო! ხარჩოსა! ნახეთ და დარდაკასაც! ვააჰ, ეს რაები ხდება, კაცო? თბილისის ციხესა ვხედავ. დარდაკასა და ხარჩოსა, სულ ყვავილების ვაჭრებსა და ის ვინ არის, ერთობ შილიფი? თმა კი აქვს გრუზა და ულვაშიც - გადაგრეხილი, და ვერაგულ რამეს კი უპირებენ ეს დარდაკა და ხარჩო? ვინ? ვინ არის!? ჰეი, მანდ, ვინ მოდის მომავლიდან! მომავლიდან კი არა, ეგ ხომ უკვე ვთქვი? წარსულიდან. ვინა და, ისა ყოფილა, სერგო ყოფილა ის შილიფი, და რას უპირებენ? ხარჩო და დარდაკა ლექსებს არა სწერავენ და გასაგებია, რასაც დაუპირებენ. ყველაფერია, ყველაფერი და ღამეები კი მიჰქრიან, როგორც ვერცხლის ნალებით დაჭედილი ბედაურები ანუ დიდი მძიმე ღამეებია, რახანღა ვერცხლი უფრო რბილია, ვიდრე ნაბადი და გამცვდარ და გალეულ ნალებს მალიმალ უნდა ცვლა. ჩვენ კი ქალაქისაკენ მივქრივართ. რა ქალაქია? არსებობს ეჭვი, რომ ამ ქალაქს ატნაშენია ჰქვია. აჰ, რა სისულელეა. რას ვფიქრობ? ვბოდავ? გენერალი სადღა წავიდა. აკი ამბობდნენ დილიჟანსელი ქალბატონები, მიადგები ქუხილიან უღელტეხილსო. ამ ნაფანჯრალიდან... მამისონია? რა სისულელეა, მაშ, მარუხი? ეს რა დავინახე... ჩემო ქალაქო, ჩემო კარგო, რად გინდა ტაში... შენ ხომ ატნაშენია გიყვარდა. ატნაშენია! ატნაშენია და არაფერი, ატნაშენიას გარდა. შენ ხომ... ორი ფრთა ატნაშენიასი-ტელეფონი და რესტორანი! ნუთუ ეს ლონდონია? მაშ, რად მღერის გეპეის ჯაზი? არა, ეს გეპეის ჯაზი არ არის. ეს ქვაფენილი ლონდონისას არა ჰგავს. ლონდონს ერთი-ორი აღმართ-დაღმართი აქვს და ისიც ვერ ჩაითვლება ჭეშმარიტ საქოშინო ალაგებად. მაგრამ, ქალაქსა ვხედავ და რა ვქნა? - სემ! შეხედე, სემ! ვეჭვობ მე, ძმანო, რომ დამთავრდა ჩვენი მოგზაურობა! ვფიქრობ მე, ძმანო, რომ სემუელ ფილიპსს დაუკარგავს უნარი ფრენისა, მივუტოვებივარ და დამდგარა პორტობელოზე ჩეკებით ჯიბეგამოტენილი. დგას „ლედბროკის“ კანტორაში და მსოფლიოს გუშინდელი დოღების ტელეტექსტებს აჩითვინებს უმცროს ბუკმეიკერს. მაგრამ, მოიცა - რაებსა ვხედავ! ეს... ეს... ოჰ, რა უცნაური ფანჯარა გამოდგა. თუმცა, რაღა ფანჯარა ეს იყო? ჩემს წინაშე გადაშლილიყო ხედი უცნაური ველ-მინდვრისა თუ ქალაქისა, რომელიც არ ჰგავდა ლონდონს, მაგრამ კი ჩამოჰგავდა თბილისს. მაგრამ თბილისიც ვერ დაერქმეოდა, რადგან ჩამოჰგავდა მინსკს. იცით მინსკი? არის ასეთი დიდი ქალაქი. და, საერთოდ, გიფიქრიათ, რით ჰგავს თბილისი მოსკოვს? მე ვიცი, რით არ ჰგავს. იქ ბევრი კოშკურიანი სახლია, ჩვენთვის კი მხოლოდ ერთი გამოიმეტეს, ისიც სასტუმროდ და სამინისტროდ კი არა, მეშახტეთა სამმართველოდ. რად უნდათ მეშახტეებს კოშკურიანი სახლი და წვეტიანი სახურავი? არა, აეროპორტის შენობასაც ჰქონდა წვეტიანი და სადგურსაც, მაგრამ ეს წვეტები და კოშკურები მალე დაივიწყა ხალხმა. უცნაური ტერიტორია იყო, ჩემმა მზემ, ჯარები მოძრაობდნენ, პოლკები, დივიზიები და თეთრ ცხენზედ ამხედრებული ზორბა ტანის პოეტი შუკებში დააჭენებდა ამ ცხენს და გაჰყვიროდა, დამშვიდდით, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნებაო. ხმა ამ პოეტისა განთქმული და ნაცნობი იყო, ერთ დროს მგრგვინავი, ჭერმიჭალიდან, მეფეთა პალატებიდან, დუქნებიდან და რატომღაც პარიზს დაზომებული ჰიდრომეტცენტრის კოშკიდანაც კი, ამშვიდებდა, ატკბობდა ყველას, ვინაიდან ჰქონდა უნარი უბრალო ამბებისა და ჩვეულებრივი წამწამების რითმებად ქცევისა და ამიტომაც მისი მუდარაგარეული ღრიალი, დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნებაო, სარწმუნოდ ჩანდა. დააჭენებდა ამ ცხენს, ვითარცა ძველი მხედარი, და ამშვიდებდა, კარგად იქნებაო. აი, როგორც თქვენ გიყურებთ, ისე ვუყურებდი ამ ამბავს ჩემი გამონგრეული ფანჯრიდან, რომლისგანაც, დიაღაც რომ ტივი გაეკეთებინა ყარაჩოღურ ნაკვალევზე შემდგარ კაცს. მინსკია ვითომ თუ ყარაგანდა? რით ჰგავს თბილისი ყარაგანდას? და გორი - ულან ბატორს? დააჭენებდა ამ ცხენს და დავინახე, რომ ერთ ქუჩაზე ცხენი დაფრთხა. დაფრთხა რა, ამ დაფრთხობით მივხვდი, რომ უფრო თბილისსა ჰგავდა ეს ადგილი, რადგან ქალმა, დედილომ, რომელსაც არ გაუგონია ქალაქში მქროლავი პოეტის დამამშვიდებელი მოწოდებანი, აივანზე ნარეცხი წყლით სავსე ტაშტი გამოიტანა და - თხლაშ! - გადმოუშვა ქვაფენილზე და რას იტყვით? უცნაურია ცხოვრება. განა თეთრი ცხენი, უნაგირის არმკადრებელი, მკადრებელი მხოლოდ პოეტის ყმობისა, უშიში, ვითარცა მამალი ხოხობი განთიადისას, ანუ, მაშინ, როცა მონადირე ვერ ხედავს, ამ არცთუ ჩარექი წყლის გადმოსხმაზე დაფრთხებოდა? ცხენს წყალი მტერი ეგონა და არ იცოდა, რომ პოეტი აგრე შემცბარი და მაინც იმედიანი, იმპერატორის ნათელ-მირონიც კი გამოდგებოდა. დამშვიდდიო!.. და ცხენი შედგა ყალყზე. და განა პოეტი კავალერისტი იყო? ზურგით და კეფით დაენარცხა ქვაფენილს და მჯერა, გაიფიქრა, არ დაიდგამსო, და ის სიმშვიდეც ვეღარ დაინახა, აგრე რომ არ სჯეროდა თვითონ. გაქრა მისი შეძახილი, გაქრა, წაიღო სამხრეთის ქარმა. პოეტი კი წამოჯდა გაჭირვებით, კეფაზე მოისვა ხელი, დახედა გასისხლიანებულ თითებს და, სისხლიო, ამოთქვა. ის არ იყო კავალერისტი, არც არტილერისტი, მაგრამ მაინც მოახერხა და ისროლა. რევოლვერი გამორჩეული იყო, ზარნიშიანი, ალბათ, წარწერიანიც. სამიზნე ახლოს იყო. რა იდიოტური გამოთქმა შემოვიდა: ტყვია პირში მისცა. ორ რამეზე ამბობენ ასე. გაგიჟდები კაცი, სად სექსი და სად ლულაში ჩამჯდარი ტყვია. თუმცა, დოქტორი, ჰემსპტედელი დოქტორი კი გამოიყვანდა აქედან რამეს. ნეტავ შეგვევლო საწყალ ძია ბერტთან ერთად. საგულისხმოებს კი გვეტყოდა, მაგრამ რაღა დროს ვენელი დოქტორია? რაღა დროს ეგაა, ხალხი კოსმოსში გაფრინდა, მაგრამ პოეტი... სიმშვიდეს რომ გვთავაზობდა, ის პოეტი მოკვდა. მოკვდა, როგორც მოტყუებული მიჯნური. ეჰ, ვერ მიხვდა. ამ დროს სად დადგებოდნენ კლოდელი, ჟამი და სიუარესსი, თუმცა, ისინიც... მოკვდა პოეტი და ის ქალიც, ჯერ კიდევ აივანზე რომ იდგა ცარიელი ტაშტით ხელში, აკივლდა. აკივლდა შიშით, უბედურებითა და, რა თქმა უნდა, ოდნავ სცენიურ თავდავიწყებით, ისევე როგორც კივიან ჯორჯიაში ტყვიით მოკლულთა გამო უბედური დედები და ბებიები, რომელთაც უკვირთ, რად მოვესწარით ამ დღესო. თოფ-იარაღი, თოფ-იარაღი, თოფ-იარაღი. შეჰკივლა ქალმა, შეჰკივლა და გაღმა, მეორე აივანზე გამოსულმა კაცმა დაუნანებლად ჰკრა ტყვია ქალს პირდაპირ გულში - ვინ არის, რომ ამ უთენია მიფრთხობს სიმშვიდეს, ეს რა წესია ამ ქალაქში, რომ ყველამ ყველას ყველაფერი უნდა გააგებინოსო. ჰკრა ტყვია, არც უფიქრია და მივხვდი, დასრულდა სიმშვიდე. დამშვიდდითო, ყვიროდა ის პოეტი, როგორც მესიტყვეს, თავისთვის გამოეგონებინა ეს სიტყვა და მიმხვდარიყო, რომ ქუჩის შეძახილი ქარს მიაქვს. შეძახილი ხომ ვაზნა არ არის, რომ ხმა ქარს გაატანოს, ტყვია კი დასტოვოს სამუდამო მოთქმა-ვაების დასაწყებად. თითქოს რადიოს აუწიესო იქ, ქალაქში, სადაც მოძრაობენ ვიღაცეები და სადაც არსებობს ოცნება სტრიპტიზ-ბარების გახსნისა. ოცნება, ჩუმი და გამოუთქმელი, საუკუნო ოცნება თვალის ძღომისა და საუკუნეთა ბოქლომები. ჰეი, თქვენ, მებოქლომენო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენს საფლავებთან მოსვლა მომინდა, ოღონდ არა მუხლის მოსაყრელად. ერთხელ უკვე მოვიყარე მუხლი, ყველამ მოიყარა და დავრჩით მე და წოპე ფეხზე მდგომნი და მუშტშეუკვრელნი. ძალიან შეგვრცხვა და მოვიყარეთ. ბევრი არაფერი გამოსულა იმ საქმიდან, რადგან ყვირილით არავინ ყვიროდა, დამშვიდდითო. სიმშვიდე მოკვდა! ფრანც მოორ! შენ არ არსებობ. სიმშვიდეში, წიგნებში კარგი ვინმე ხარ, ლამის უფსკრულში გადმოგყვები, მუსიო ვალჟან, მაგრამ სიმშვიდე მოკვდა... რა ქალაქია? ულან-უდეა, თუ სიკტივკარი? ეი, პრავადნიკ! უზლავოია! ციმბირისაკენ, ციმბირისაკენ. თოვლისა და ავი სვირინგის მხარეში. დახეთ, რამდენ მატარებელს ვხედავ დეპოში? მატარებლები მიდიან და მოდიან, ტყვია კი რჩება. შიგ გულში! ერთი მოხდენილი დარტყმით ძირს დასცა გაი გისბორნი. რატომ მატყუებდი, რობინ? მთელი ბავშვობა მატყუებდი... პარკს ვხედავ, პარკს. რიჯენთს პარკი. როგორ გეკადრებათ, სერ. აქ ბალახი ცოტაა, ვარდისფერი ხვინჭა კი - ბევრი. სამაგიეროდ, ბაბუები თამაშობენ ჭადრაკს. ათიოდ ბაბუა იქნება? ეჰ, სადღა ნახავ ელამ ბაბუას, გულისფიცარზე მიკიდულ მედლით. აი, სიმშვიდე სად სუფევს. პოეტს ცხენი არ შემოუჭენებია, მაგრამ ამათ არც სჭირდებათ მოწოდება. მოხუცთა ბანაკი ისედაც ზეცას მიემგზავრება! ზეცას მიემგზავრებიან ძველი პალტოებით, შვილების პიჯაკებით. მოხუცთა ბანაკი ზეცას მიემგზავრება... სვეტლანა ტომა! აჰ, ჩვენი ბავშვობის შვიდკაბიანი სტრიპტიზი. ბოლო არა აქვს. წესით, არ უნდა იცოდეს, მაგრამ შავსათვალიანი მოხუცი ამბობს: - ძველ ინდურ დაცვას მეთამაშები? ორმოცდაათი წელია, ძველინდური დაცვით ვარჩენ ოჯახს! ხე-ხე-ხე... გესმის, პლატონიჩ? ამის თქმა და, რას ვხედავ? გამხეცებული პარტნიორი დანას იძრობს და უღერებს: - ყველაფერი ვიცი შენი, ალიოშა შტერო! - აჰა, შინსახკომის ვეტერანები ყოფილან და ჭეშმარიტად არ ვიცი, ვინ მოერევა. ჩეკას ბებერი ნაბოზრები, საბუღალტრო ფრონტის ვალმოხდილი მუშაკები, თუ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწენი? მარდად იბრძვიან, მარდად ისვრიან, დანის ამბავშიც სწორუპოვარნი ჩანან, აბა, რა იქნება? თითო კილო ძველებური მედალი ყველას სახლში უდევს. - ართმელაძე ვარ მე, ართმელაძე, - წითელ წიგნაკს და ხელჯოხს ერთდროულად იქნევს შლაპიანი და მოვლილი. - ვაგონების ქურდებო! ქვების წვიმა მოდის. - პურის ტალონების ქურდებო! აი, პირველი სისხლი, ძმებო. პირველი სისხლი ვალმოხდილი კაცისა. ჰაი, მოხუცნო, სისხლი. ჰოი, ღამევ, ფიქრისა ჩამისაებრ ბნელო! სემ, შეხედე, სემ? მოხუცები. თოთხმეტი დახვრეტა გადაუდია, მოდი და ნუ დაუჯერებ. ეკლესია ისტორიული ძეგლიაო, ყველაზე კეთილი ასე ამბობს. ისტორიული ძეგლები კი ხშირ-ხშირად ინგრევა ხოლმე მთავარ მოედანზე. ჰო, მართლა, სად არის მთავარი მოედანი? იქ ვისი ძეგლიც იდგება, იმით ამოვიცნობთ, რომელი ქალაქია, სად არის მთავარი მოედანი? აგე, წაიქცა მოხუცი პარკში, გულგანგმირული. მაინც ისროლა იმ საზიზღარმა ვიღაცოვიჩმა. ზეიმობენ სანაყინის უკან, ზეიმობენ. ეს რა მოისმის? კი, ის არის, ის. ის არის, მღერიან ტკბილად და ამაყად. გაფრინდიო, გაფრინდიო და ამბავი ჩამომიტანეო, საფოსტო მტრედებს თუ მოუწოდებენ. - თოთხმეტი დახვრეტა მაქვს გადადებული და მერე გაუქმებული. შევედი ტყიბულის შინსახკომში და დავუგდე გოგლიძის ხელმოწერილი, - გლოვობენ ფოტოატელიეს უკან. - მამამისი ლიოჰკი კავალერისტი იყო. ყველა შეკრული იყო, ლიოჰკი კავალერისტი და ესეც შეიყვანა, მერე შინსახ... ამასობაში კი შევიტყვე, ძმებო, თბილისი ყოფილა, ჩვენი თბილისი. აბა, გოგლიძეო და... სხვაგან სად იქნებოდა? თბილისი ყოფილა, მზის და ვარდების მხარეო. ყველა მოხუცი და ყველა ელამი. სცოდნიათ ომი, სცოდნიათ. მაგრამ რა თბილისი? გოგლიძე მინსკშიაც ყოფილა უფროსად. რა ქვეყანაა? თფუ, რა ქალაქია? ჩემი ქვეყნის ოქროყანა გამოვა. სწორია. ოქროყანაში უნდა ახვიდე და გადმოხედო, მაშინ მიხვდები, რა ქალაქია. მაგრამ თუ ოქროყანაა... მოხუცები კი იბრძვიან. პარკში ომია და აქეთები რომ მტრედს მოუწოდებენ, იქეთებმა თქვეს, ერგეაშვა. ვაჰრადას სულაც არა ჰგავს ერგეაშვა, მაგრამ საკვირველიც ეს არის, რომ მას პარკელი მოხუცები მღეროდნენ. ეს არის და, აფხაზური სიმღერა გავიგონეთო, სანაყინის საფრიდან თავგამეტებით ააკაკანეს ტყვიისმფრქვეველი. - ღალატია, ღალატი! - აფხაზები ყოფილან... - აბა, ქართველი მაგას იზამდა? ვუთხრა ჩემს შვილიშვილს, საგადასახადოში როა... - აქამდე მოსულან! დააყარე, თეოფილე! მორჩა, თბილისია, თბილისია. ჩიტაში აფხაზები არ ცხოვრობენ. ფოტოატელიეს მხრიდან კი თავზე ხელი აიღეს. - სამშობლოსათვის, სტალინისათვის! - და ვირთხებით სავსე ყუთი გადმოისროლეს. სწორედ ეს დროა და პარკში სამხედროთა სასულე ორკესტრი შემოვიდა. მას წინ მოუძღვის „ჩემო ტკბილო მეგობაროს“ ჰანგი. - ჩვენები არიან, - ხრინწი ეპარება ორივე ბანაკს. - ვაშააა, ურაააა!.. ჰაი, აფეთქებულო პრაღის ქუჩებო! პრაღა რაღა შუაშია? ეს თბილისია, ძმებო, თბილისი! მშობელ მიწაში მიდგას ფესვები და აღარაფრისა მეშინია. ჩემი ლამაზი და მშვიდი მოხუცები. არსად ასე არ მღერიან მოხუცები, არსად ასე არ უკრავენ. მხოლოდ მოსკოვში... ისევ მოსკოვი. მოსკოვი, კრემლი. თბილისის თავზე ფრიალებს ჩითის ნიფხავთა სერპანტინი. ეს თოკი მოსწყვეტია ავლაბარში ბოძს. ამიტომაც ფრიალებს აგრე ამაყად. მამაკაცის ჩითის ნიფხავთა მშვენიერი ცეკვები ცაში. გაუმარჯოს ნიფხვოსან რესპუბლიკას! მაგრამ ცაში დარხეული სილამაზეები რას მიეხმარება მიწაზე? დიახ, ბღავიან მოხდენილი ქარიშხლები ცათა შინა, იგრე ბღავიან, რომ სულაც არ არის ბღავილი, არამედ ხმანი ჩვენს განთქმულ ბანთა და ტენორთა, მაგრამ ეს იქ, მაღლა... იმღერებ, რატო არ იმღერებ? სიმღერის მეტი რა დაგრჩენია. და სანამ ჯარი მწყობრი ნაბიჯით ცდილობს სიმშვიდის აღდგენას და ამშვიდებს ამ განუმეორებელი გამონაგონით ანუ ტყვიით, თუ რაცა ჰქვია: მოასვენებენ მოხუცებს, მოასვენებენ თავიანთი ფრონტის ხაზიდან. აჰ, ამას პოეტის სიტყვა დაამშვენებდა, მაგრამ პოეტს ხომ ცხენი დაუფრთხა, ის ტომრიანი კაცი კი დადიოდა. თურქული ფქვილის ტომარა იყო, იმ კაცს კიდევ კაცი არც ეთქმოდა, ცალი ულვაში მომპარსეთო, ვინმე რომ დაიქადნებს და რომ მოპარსავენ, ზუსტად ისეთი იყო, მომიტინგეთა შორის დაძვრებოდა და პირმოხსნილ ტომარას უჩვენებდა, შევეწიოთ ჩვენს განმათავისუფლებელ მოძრაობასო. ეჰ, რამდენი იძრობდა უკანასკნელ სამმანეთიანს, ზოგიერთი შეშინებული კი - ოცდახუთმანეთიანსაც - და მოიკიდებდა ამ ტომარას ზურგზე, რათა შინ წაეღო და სულაც არ ფიქრობდა დამეწყრილთათვის სახლების აშენებას, ვინაიდან თვითონაც არ ჰქონდა სახლი. ჭეშმარიტი გამათავისუფლებელი იყო, ხალხს სამმანეთიანებისგან ათავისუფლებდა განთავისუფლების ფრონტის სახელით. ჰოდა, სწორედ ეს კაცი დავინახე, უჰ, რას დაახალეს ტყვიები? ბიჭები იყვნენ, სულ დარჩეული ჯეელები. რა დაამშვიდებდათ? ზოგჯერ პოეტი რომ გეუბნება, დამშვიდდიო, სწორედ რომ პირიქით გამოდის. ზოგი ალალი პოეტი ცხენს მაინც დააჭენებს ქუჩებში და ასე შეგაგონებს. ზოგიერთი კი შეარჩევს ძნელბედობის ჟამს და სწორედ იმ დროს გამოგვეცხადება ტელევიზორში ძახილით, დამშვიდდი, თორემ არ მოგვითმენენ, დამშვიდდი, თორემ შენ თუ არ დამშვიდდი, მეც არ მომითმენენო. ის ცხენოსანი პოეტი საწყალი იყო და არაფერი გაეგებოდა ამ საქმისა. დააჭენებდა და ფიქრობდა, ეგებ მართლა კარგია, რომ ხალხი მშვიდად იყოსო. ეს ტომრიანი კაცი კი მიცხრილეს, ჩემის არ იყოს, მის სახლსაც აღარ ჰქონდა ფანჯარა, სატანკო ჭურვით გამოენგრიათ და ეგრევე ეგდო საწერ მაგიდასთან მისი ხელი, რომელიც ტომარას ბღუჯავდა. იმ ტომარაში ყოფილა ყველაფერი. ხოლო თავად სად გაქრა, ვეღარ დავინახე. ალბათ, უკეთეს სამყაროში თუ მოხვდა, მაგრამ ხელი, ემაგის მარჯვენა ხელი, გაჯიუტდა თუ რა იყო, არ ვიცი. ეტყობა, ტომარა დაენანა და აქ დარჩა. აი, სულელი. რა თქმა უნდა, ის კაცი, თორემ ხელმა თავის საქმე იცოდა - ჩაებღუჯა ფულით სავსე ტომარა. მერე მოვიდნენ ვიღაცეები, შემოლაგდნენ ნანგრევ ოთახში და იმ ტომარაჩაბღუჯული ხელის გარშემო მდგომებმა დაიწყეს პაპიროსების წევა. რა უნდოდაო, თქვეს, დღეში ოცი ღერი პაპიროსი და ცოტაოდენიც სიყვარულიო. აჰ, როგორ ვიცოდი, რომ ტყუილი იყო! იმ ხელს ტომარა ჩაებღუჯა, რადგან მის ოდინდელ პატრონს დაენახა, ჩემი ფანჯრისკენ საჰაერო ყუმბარა მოშხუილებსო, და ეტაცა ხელი ტომრისთვის. ტანი ყუმბარამ წარიტაცა, ხელი კი დარჩა, ვითარცა ხატი მისი. დაიჭირეს ეს კაცი და მკლავი მოსჭრეს, ფული რატომ აგიღიაო. ჩვენი ფული იყოო და როგორ არ უნდოდა ოც პაპიროსსა და სიყვარულზე მეტი? მეტი უნდოდა, მაგრამ იქ ჩამომსხდარნი სულაც არ ფიქრობდნენ ამის გამო, ეტყობოდა, დიდი ხნით აპირებდნენ ჩამოსხდომას, პაპიროსის წევას და ბჭობას. ამბობდნენ კიდეც, სად შევურჩიოთ სამუდამო ადგილი ამ ხელსო, ერთი ამბობდა, მოდი, ბუხრის თავზე მივაჭედოთო, მეორე - ყველაზე მაღალ ადგილას გამოვდოთ, რათა ადამიანებმა დაინახონ და სამუდამოდ ახსოვდეთ ჩვენი დიდი მეგობარიო. ზოგიერთი პაპიროსს პაპიროსზე უკიდებდა და აგრე იტყოდა, მოდით, კრემაცია მოვუხდინოთ ამ ჩვენი პატიოსანი და მოსიყვარულე კაცის ხელს და ამით ყველანი ავალაპარაკოთ, რახანღა ჩვენს ქალაქში დაფერფვლა ჯერ არ მოხერხებულაო. ამაზე შეთანხმდნენ და ტომარაჩაბღუჯული ხელის გასვენებაც გადაწყვიტეს, ოღონდ კი ისე გამოვიდა, რომ ხელიდან ტომარა ვერ გამოართვეს, ისე ჩაებღუჯა ცხონებულს, რომ შევატყვე, ოფლი დასდიოდათ. ჩამოსხდნენ და გააბოლეს პაპიროსები, გაუშვი, ტომრიანად დავწვათო. მაგრამ ტომარა არ ეთმობოდათ და ამის გამო დიდი კამათი და გაწევ-გამოწევაც მოუხდათ. მერე ერთმა ჩააქრო პაპიროსი და თქვა, ქვემოდან გავჭრათ ტომარა, რაც შიგ ვნახოთ, დავინაწილოთ, რადგან ვიცი, ჩვენთან მოჰქონდა ეს ყველაფერი, სიკეთითა და გულისხმიერებით, ოციოდ პაპიროსითა და ცოტა სიყვარულით გამთბარსო. ამით ყველამ გაიხარა და დაიჭირეს პაპიროსები სამ-სამი თითით, ვითარცა წმინდა სანთლები, და თქვეს მხურვალედ, აქ ვინც ღვიძლები ვართ, შურს ვიძიებთ. გადავტენით და გადმოვტენით... ამასობაში კი წვიმა წამოვიდა. ოჰ, ღმერთო ჩემო, არასოდეს მინახავს ასეთი ლამაზი, ასეთი მათრობელა, ასეთი გემრიელი წვიმა. ერთიხანობა ვიფიქრე, ბორდოს ღვინო თუ მონაკადულობს ციდან-მეთქი, მაგრამ ამ ქალაქს მეწამული ცა როდი ადგა თავზე. სადღაც სკდებოდა საწნახელის ტოლა ჭურვები და ქუჩებშიც ყვიროდნენ, ღმერთი გაწყრა და სრესის ავზების ხეთქვა დაიწყოო, მაგრამ ეს წვიმა, ოჰ, განუმეორებელი და გემრიელი, ვითარცა უზრუნველობა! ეს წვიმა ფერადი იყო და, ქალაქის ასფატლს დამსკდარი, როდი ადნებოდა ზედ, არამედ აქავე რჩებოდა, როგორც ნივთი, ზედ დაგდებული. წვეთები იყო შაურიანის ტოლა, წითელი, ყვითელი, მწვანე და ლურჯი, ფერები საქარხნო წარმოებისა. და ამოვიცანი ამ გემრიელ წვეთებში წვიმა ჩიპებისა: ხუთლარიანისა, ათლარიანისა და სხვათა, უფრო დიდთა და ტევადთა. ერთი-ორი ოქროსიც კი გამოერია, დავინახე იმათი ბრწყინვალება. მოდიოდა ჩიპების წვიმა და გალობდნენ ჩემთვის უცხონი სადღაც ძალიან ახლოს, „ჩიპ-სოლდ, ჩიპ-სოლდ, პას პაროლ, წითელი და შავიო“ და როდესაც მეჩვიდმეტედ გავიგონე „პას-პაროლ, სერვი, სერვი, პას პაროლ“, უეცრად ამოიზარდა მიწიდან მრავალსართულიანი, ორასბინიანი სახლები, თეთრი და ჭუჭყიანი, ჭუჭყიანი და თეთრი და კვლავ შევძახე, ნუთუ მინსკია ანდა კიდევ - ზელინოგრადი? ჩელიაბინსკია თუ ტულა? - აჰ, თბილისია, მგონი, თბილისი, რახანღა სხვაგან არსად ივერცხლება ამგვარად თმა, სხვაგან არსად ისვრის ნაპერწკალს ამგვარად თვალი, შემალული გაფარჩხულ, ჭაღარა წარბების ქვეშ. ეს ფიქრი იყო და, გამოცვივდნენ ამ დიდი სახლების სადარბაზო კართაგან სხვადასხვაგვარი ატნაშენია ბიძიები სულ ნაირ-ნაირად მოსილნი, და გაქანდნენ ჩიპების ნიაღვრებისკენ, დაღმართებში რომ ჩამოჰგავდნენ იმერულ ღელეებს. გზადაგზა უცვიოდათ რევოლვერები, ბლოკნოტები, კრიალოსნები, მობილურები, მალბოროს კოლოფები, ოქროს საათები, მზის სათვალეები, ექვსასიან მერსედესთა გასაღებები, რაიც, აგრეთვე, გახლავსთ ატნაშენია, მაგრამ როდი ბრუნდებოდნენ მათ წამოსაკრებად, არამედ უკან მოუხედავად მირბოდნენ ჩიპის ღელეებისკენ და ხტებოდნენ შიგ, ვითარცა ომარ შარიფი - ერთ დავიწყებულ, მამაპაპურ ფილმში. ძიაკაცები ყლაპავდნენ ჩიპებს და თავ-პირს და ხელებს უშვერდნენ ცით წამოსულ ჩიპეულობას. სადა ნაღდდება ეს ჩიპებიო, ამოიხრიალა ვიღაცამ და მეტი ხმაც არ ყოფილა, დაცურავდნენ ამ ჩიპებ-ღელეებში, პირაღმა ტივტივებდნენ შიგა, თვალგახელილნი და ნეტარნი, დგაფუნობდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს, ბედნიერნი და ხრინწიანნი, არასოდეს ამოყვინთავდნენ ამ ბედნიერებიდან... მე კი ვიდექი ჩემს გამონგრეულ კედელთან და მეშინოდა მათი, ვინაიდან ატნაშენია - ატნაშენიად, მაგრამ განა მგლებს აქვთ ატნაშენია? ამოდის, ნათდება! ეს კი აღარ მოეწონებოდა ლეგჩოხა ბიჭ ტოტიას. ვშიშობდი, ვაითუ წვიმამ გადაიღოს და მერე ჩიპების განაწილება გაჭირდეს-მეთქი. ამის ფიქრში რომ ვიყავი, შევნიშნე, ბიძიებს თანდათან იერი ეცვლებოდათ, ვითარცა პინოქიოს, ონავართა კუნძულზე რომ მოხვდა, და ბიძიები დინოზავრებს ემსგავსებიან. კოსტუმებიც კი, კოსტუმებიც, ბედის უხილავ მკერავთა მიერ, ახალ თარგზე ეჭრებოდათ. საყელოები ფართოვდებოდა, ჰალსტუხის მარყუჟები მსხვილდებოდა და პერანგები ფერს იცვლიდა. აქამდე არასოდეს მენახა თმაწამოზრდილი, ქილვაშიანი დინოზავრები, რომლებსაც მოკასინები ეცვათ. ეტყობოდა, ჩიპთა მდინარეებში მოლაღე ბიძიები თავადაც გრძნობდნენ ამ მოულოდნელ ცვალებადობას, ერთმანეთს ათვალიერებდნენ და სინჯავდნენ ხელებით, შენა ხარ, თენგიზ, თუ შენა ხარ, თამაზ, თუ შენა ხარ, რობერტ, ან კიდევ, ავთუშ, ნოდარ და გურამო? ვიფიქრე, ეს უთუოდ თბილისი უნდა იყოს-მეთქი, და ცრემლი მომადგა თვალზე, რადგანაც მივხვდი, რომ ჩემთა, საკუთართა, გადინოზავრებას ვუცქეროდი, ისინი კი დაბნეულნი, ვითარცა ტალახში მოსვრილი სესილია თაყაიშვილი „ნატვრის ხეშია“, ჩიპთა ღელეებში ჩაჩოქილიყვნენ და შველას ითხოვდნენ ნაპერწკალწართმეული თვალებით უძლური მტაცებლებისა, ეს წამია, რომ ტყვია ჰკრა ჩაუქმა მონადირემ და სწორედ ამ დროს, ბუთქა, მაგრამ რა ბუთქა... მეხი იქნებოდა? არასოდეს მინახავს მეხის დაცემა, მაგრამ ეს არ იყო მეხი. თითქოს ვიღაცას დაენაღმა სარდაფები, ვიღაც უცნობს ჩაელაგებინა ჭურვები ქალაქის რესტორნებსა და სხვადასხვა სამმართველოებში და ახლა ბორცვს მოფარებული აჭერდა ღილაკებს. ჩვიდმეტი ადგილი დავთვალე, სადაც იბუთქა, წახდა ყოველი კოხტა ალაგი, და დაემთხვა თუ რა იყო, აღარ ვიცი, შეწყდა ჩიპების წვიმა და ჩრდილოეთიდან მობერილმა ქარმა საიდანღაც შემოაფრიალა ალისფერი ბარათები. მილიონობით ალისფერი ბარათი დაქროდა ამ ნაქალაქარ ადგილას, და რატომ დავმალო, ბარე ორასი ცალი ჩემს გამონგრეულშიაც შემოფრინდა. თავიდან, რომელიღაც საკრედიტო ბარათის სარეკლამო კამპანიის ბარათები მეგონა და ცაში დირიჟაბლს დავუწყე ძებნა, იქიდან ხომ არ ყრიან-მეთქი, მაგრამ, ნურას უკაცრავად, სულ სხვა რამ გამოდგა. რახანღა დავწვდი, მოგახსენებთ - ეს იყო მეთვრამეტე პარტიული კონფერენციის დელეგატთა მანდატები. აღარსად ჩანდა ჩიპების მდინარეები და აღარც ისინი გალობდნენ „ჩიპსოლდის“... სადღაც აგრუხუნდა რადიო და თვალებით დავუწყე ძებნა. რეპროდუქტორი იყო. ერთი მოედნის ერთ კუთხეში გადმოსცემდა და რას? მღერას - ტაშკენტისკენ ცხრა მთა გადავიარეთო. იქნებ ტაშკენტია? პურის ქალაქი. ერთ დროს ხომ იქაც მოხდა უბედურება, დაინგრა ყველაფერი და ხალხი ნანგრევებს ქვეშ დაინთქა. მაგრამ რეპროდუქტორმა ნგრევა შეწყვიტა და ვიღაცის ატმის მურაბაში ჩამბალი უბერებელი ხმა გამოუშვა. ეს ხმა ჯერ რაღაც ლექსს კითხულობდა, მერე კი იმ დღეს სხვადასხვა დანაშაულისათვის დაპატიმრებული ადამიანების გვარების ჩამოთვლას მიჰყო ხელი. რატომღაც სულ გარეუბნელ სიდედრთა გარეუბნელი მკვლელები ჩამოთვალა. მერე კი... თურმე, ნუ იტყვით და, ქალაქში ომი მიმდინარეობს, მე კი არ ვიცოდი. მანდატებში ჩამხრჩვალი ბიძიები კი ჩიპების ღელეებს მიჰქონდა სადღაც, მინგეჩაურისკენ. არა, ეს არ არის ტაშკენტი. ამბობენ, ტაშკენტიდან ქარავნები მოდიანო. აქედან გასული ქარავანი კი ჯერ არ დამინახავს. არც სქელი ქალი ზის აქლემზე და არც რაღაცეები მოაქვს. ამიტომ ეს არ არის ტაშკენტი. და, საერთოდ, რა მტკიცება უნდა? რას ამოვიჩემე? ახლა მთავარი რადიორეპროდუქტორია, ანუ ინფორმაცია. ადრე რომ განათლებულს ეტყოდნენ, ახლა ინფორმირებულია. აგრე აღნიშნავენ. ყველაზე ცუდი კი რადიოში ის არის, რომ შორით მოსულ ხმას გაჩვევიხარ და წარმოიდგენ, ამგვარი სიტკბოებით, მეგობრულობით, ვაჟკაცობით, თუ ათასი სხვა რამით გაჯერებული ხმის პატრონი უეჭველად ასეთი და ასეთი ვინმე უნდა იყოსო, მერე, ერთ მშვენიერ დღესაც, სადმე გაიცნობ წამყვანს და იმედგაცრუებული რჩები პიკასოს ბიჭობის ამბავში. მაგრამ ახლა რადიოზე ფიქრის დროა? გამომცხადებელი უკვე დამჯდარიყო სტუდიაში და ქალაქს ამბავს ამცნობდა. ლაპარაკობდა დინჯად, თითქოს დარდიანად, მაგრამ მაინც უდარდელად. ეტყობოდა, სხვის დაწერილს კითხულობდა, და თანაც - პირველად. დარდიანობა მისი სტილი თუ იყო, უდარდელობა კი ხასიათის ერთ-ერთი ნიშანი. განაპირასო, ასე ჰყვებოდა, სადაც ოდესღაც მაუდ-კამვოლის ქარხნის მილები ალამაზებდნენ ცისკიდურსო, ბლინდაჟი გაუმართავს ყოფილ ბუღალტერთა გაბოროტებულ რაზმეულსო. ბუღალტერთა მთავარ შტაბში, რომელიც მაუდ-კამვოლის ქარხნის პარტკომის აპარტამენტებშია გამართული, უწყვეტ ნაკადად მიედინება ხალხი და მუქარის წერილებიო. შუადღისთვის ველით ყოფილ ბუღალტერთა შემოტევას, რადგან ქარხნის ეზოში უკვე თავს იყრიან ბუღალტერთა მხარდამჭერი გაავებული ყოფილი ინჟინრები და მოუღლელად იქნევენ ჯოხებს, რომლებსაც მალე შეცვლიან თოფ-იარაღით, რახან ბუღალტრებს ფული შეუგროვებიათ და თოთხმეტი ტომარა გაუგზავნიათ ტრაქტორისტებისთვის, რომელთაც დაუფიცნიათ, ამ თოთხმეტი ტომრისთვის ტრაქტორებს ტანკებად გადავაკეთებთო. ათასეულები დგებაო, ანუ დუმნებიო, ამბობდა წამყვანი და მოუღლელად აღნიშნავდა ბუღალტერთა ამბიციების სრულ უადგილობას. ამას ისიც დაერთო, რომ რადიომ ქვეყანას მოჰფინა ჭეშმარიტ ბუღალტერთა და მთავარ ინჟინერთა მრისხანე განცხადება: „მაუდ-კამვოლის მილებს ქვეშ შეკრებილნო, რიგითო მოღვაწენო, დაფიქრდით, განვლილ ცხოვრებას ხაზს ნუ გადაუსვამთ, ხომ იცით, რომ ნამდვილი ბუღალტრები და ინჟინრები ჩვენა ვართ, თქვენი მეთაურები, და თქვენ უჩვენოდ ვერას გახდებით; ამიტომაც მოგიწოდებთ, დასტოვეთ მაუდ-კამვოლის წმინდათაწმიდა აკვანი მშრომელ კაცისა და დაუბრუნდით ქუჩაში პაპიროსისა და მამალოს გაყიდვას, ასევე - ტაქსისტობას და სხვა ამგვარ ხელობებს, რომელთა მეშვეობითაც თავს ირჩენდით ბოლო ხანს, ვინაიდან თქვენი ბუღალტრობა და ინჟინრობა აღარაფრით გამოვა. ყველამ ვიცით, რომ თქვენი ბუღალტრობა და ინჟინრობა ცრუ იყო, ამიტომ, ნავთის ჩამომსხმელობას უნდა დასჯერდეთო“. გამომცხადებელმა ერთი ისე ამოისუნთქა, ბედნიერების ახლო მოტრიალე პატარძალი რომ ამოისუნთქავს ხოლმე. ალბათ, ის გაუხარდა, ადრეც გამომცხადებელი ვიყავი და ახლაც გამომცხადებელი ვარო, და განაგრძო მთავარ ინჟინერთა და ბობოლა ბუღალტერთა მუქარის კითხვა: „თქვენ, გზასაცდენილნო, კარგად იცით, რომ ჩვენ გვყავს ახალი ბუღალტრები და ახალი ინჟინრები, რომლებიც საანგარიშოთი და ყალბი ფაქტურებით კი არ ირჯებიან, არამედ კომპიუტერსა და ინგლისურ ენას ფლობენ და თურქ მუშათა ხელმძღვანელობა და ამერიკელ მენეჯერთა ხელქვეითობა შეუძლიათო. ისინი განაწყენებულან თქვენი უგვანო თავშეყრით და ახლა თავადაც იარაღდებიან, თქვენი დაპირისპირება მესამე ძალის წისქვილზე ასხამს წყალს, მეტს კი ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთო.“ ამის თქმა იყო და, აკაკანდა კიდეც. ტყვიების ჯერმა დაადუმა რეპრდოუქტორი. ვიფიქრე, აჯანყებულ ბუღალტრებს თუ ეწყინათ და სნაიპერი აამოქმედეს-მეთქი, მაგრამ ამ ვერსიის გადამოწმებამ აზრი დაკარგა, რახან მოედანზე ათი-თორმეტი მანქანა შემოგრიალდა და იქაურობას იმგვარი ბუღი აადინა, რომ ერთხანს ვეღარაფერს ვხედავდი. იმ მანქანებიდან ჯეელები გადმოცვივდნენ და იმგვარი ცეკვა-თამაში გააჩაღეს, რომ თვალები ამიჭრელდა. კარგა მოვლილი ჯეელები ჩანდნენ და ზოგიერთი ელვის პრესლის ჰგავდა, ზოგიერთი - ჯონი დეპს, დანარჩენები კი ცდილობდნენ, კინუ რივზის იერისა ყოფილიყვნენ. აქეთ-იქით ქუჩებიდან მედოლეები მორბოდნენ, აქაოდა, საჩქაროდ მოვემსახუროთ ბატონკაცებსო. თუ ფიქრობდნენ, დოლებს სულ ფულით დაგვიტენიანო და ისინიც, მე რომ მეგონა, ავტომატის ჯერით დაადუმეს რადიო-მეთქი, თურმე რევოლვერივით მოხდენილად და სასიკვდილოდ ისროდნენ შამპანურის ბოთლის საცობებს. რასაც დაუმიზნებდნენ, იქვე აჯენდნენ ნიშანში. ჯერ საცობს ისროდნენ, მერე კი საკონტროლო გასროლის ამბავში ბოთლსაც დააყოლებდნენ ხოლმე. თანაც, ამ საქმეს გაქანებული ცეკვა-თამაშის დროს ახერხებდნენ, დაახლოებით ისე, ძველ დროში თავადიშვილ-აფიცრები რომ ჩამოუვლიდნენ ხოლმე ნაგანის სროლით. ქუჩაზე გაჩერებულ მოსეირნე ხალხს ეს კაი ბიჭები წელში უვარდებოდნენ და აშინებდნენ: - დაითესე აქედან! მესამე ძალა მოვედი!.. ხალხს კი ეშინოდა, მაგრამ წასვლას არა ჩქარობდა. ხან ვის შეასკდებოდა საცობი შუბლში და ხან ვის, მაგრამ მეზობელთა დარდი არავის ჰქონდა და არც ამგვარ გასროლათა შიში. აბა, ვინ იფიქრებს, რომ შამპანურის ბოთლის საცობით აღესრულება? ესენი კი, მართლაც, საუცხოოდ ტაშფანდურობდნენ, ოღონდ დოლების ბრაგაბრუგის ხმა ხეირიანად არც ისმოდა, რადგან ღრიანცელი, ტაშისცემა და მანქანებიდან გამოფრენილი ჰანგები ერთმანეთში არეულიყო. ჯეელები მოუღლელად ცეკვავდნენ და თავიანთი მანქანების სახელებს შესძახებდნენ ხოლმე. ცხადია, ამგვარი ხმაურობა ბევრს გაუღვიძებდა მოედანზე გამოჩენის სურვილს. ამიტომ, დიდად არ გამკვირვებია, როცა იქ მოძრავ-მექანიზებული აბანოები შემოახრიგინეს. ყოველ გორგოლაჭებიან აბანოს წინ თითო განთქმული მამაშა მოუძღოდა. ყოველ ასეთ მამაშას ხელში მობილური ტელეფონი ეჭირა. ყოველ მოძრავ-მექანიზებულ აბანოს ბანზე მეგაფონიანი პუტანა შემოსკუპებულიყო და ყოველი მათგანი საჯაროდ აცხადებდა: - გზა, გზა, მიგვიშვით კლიენტებთან! ხალხი გულითადი ტაშით შეეგება მოსულებს. - ძველ დროში ქალი არიგებდა მოსისხლეებს, - თქვა ვიღაცამ, ოდნავ გლეხურად განათლებულმა, - ახლაც ამათი იმედი უნდა გვქონდეს, ესენი შეგვარიგებენ! - ქალი სიტუაციის საუკეთესო ფილტრია, თქვა მიქელანჯელო ანტონიონიმ, - თქვა ვიღაცამ, ოდნავ ინტელექტუალმა. - უგანდონოდ მაინც არ შეიძლება! - მოისმა ბრბოდან. - აპასნია, მა რა, ტრაბზონიდან ეგრე მოგორავენ და სოფელი არ გაუცდენიათ. ამასობაში კი მოცეკვავეთა შორის ერთი რამ გაუგებრობა შეიქნა. ერთმა მოცეკვავემ ექსტაზში შესძახა: - ჩემი ფერარის დალნები ყველაზე მაგარი დალნებია მსოფლიოში! სამწუხაროდ, მის ახლოს მროკავი ვერაგი მსახიობი გამოდგა და ამიტომ ექსტაზში არ იყო. როგორც შევატყვე, მხოლოდ დილიხორისთვის ცეკვავდა და ამიტომ კარგად გაიგონა კომპანიონის ნათქვამი. ჩანს, ეს საწყენად დაურჩა და იქვე მიაძახა: - ჩემი ლენდკრუიზერის დალნები შენი ფერარის დალნებზე შორს დამანახებსო... ამან გამოიწვია მოსალოდნელი შელაპარაკება სინათლის სიჩქარისა და ღირსების საკითხებზე და შედეგად ბოთლებით ხმალაობა მოჰყვა. ეჰ, ორივე დაიღუპა... ალბათ, დაიღუპა, რადგან ძმაკაცებმა ბოთლები დაიმარჯვეს და დაუნანებლად დაუშინეს საცობები მოდავეებს. მოკლედ, ჩაქოლეს შამპანურის საცობებით, მაგრამ ამის შემხედვარე ხალხი აღელდა და წარმოდგენის ჩამშლელებად მედოლეები დასახა, ჯეელები ამათმა უგვანო ბრაგუნმა გააღიზიანაო. ამიტომ ყველანი მედოლეებს დაერივნენ და იმ თავისი ნაქები დოლების თავზე ჩამომხობა უწყეს. მერე ვიღაცამ შესძახა, აბანოს გოგოების ბრალი არ დაივიწყოთ, ხალხო, გაიხსენეთ, რაგვარი მეძვირეები არიანო, და ბრბო მოძრავ-მექანიზებულ საროსკოპოებს შეერია. ყველა მამაშამ იძრო მობილური და წივილ-კივილით უხმო მილიციას, ანუ იმ მილიციელებს, რომლებსაც მუქთად გაესინჯათ მათი გოგოები. მუქთი ხომ კარგი იყოო, კიოდნენ ყურმილებში. როგორც შევატყვე, მილიცია შეშინებული ჩანდა და მოედანზე გამოსვლა უჭირდა. ბედი არ გინდა? ან სად იყო ამდენი გზა პირკეთილ ქალაქ ტაშკენტში... ოჰ, თბი... ოჰ, რა ყველაფერი შემოეტია ამ ოხერში. ფარდა რომ მქონოდა ჩემს გამონგრეულზე, ნაღდად ჩამოვაფარებდი, მაგრამ ამხელა ფარდა სად მქონდა? არადა, ყველაფერს ერთბაშად ხომ არ... ეჰ, როგორ ყველაფერს... წაიმურდლაო, ბიძები რომ იტყვიან. ამხელა ფარდა ოპერაშიც არ ექნებათ. დიახ, ყველაფერი ერთმანეთს ემთხვეოდა. ძალიან შემაშინა ზარის ხმამ. კომპრაჩიკოსთა მეთაურის, ბერინალი დუს გალდაუზენის ნათქვამი გამახსენდა, შუა ზღვაში სიკვდილის ზარი რეკავსო. ამასობაში, გაირკვა, რომ ეს იყო მთელი ქალაქის კერძო უნივერსიტეტების დიდი დასვენების მაუწყებელი ზარი და მე დავინახე, როგორ შეესივნენ სუპერმარკეტებს აშორდიას სტუდენტები. ბედი არ გინდა? ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა. ახლა ეს სტუდენტები, რომელთაც ჯერ არ გაესინჯათ ყავა „ბუენდიასი“ და ვისკი ჩ(შ)ივას რიგალისა. თანაც, გადაეწყვიტათ, სუპერმარკეტის ქალწულები ზედ სალაროებზე უნდა შევიცნოთ, საღეჭ რეზინთა და ეკლერთა შორისო. სწორედ ამ დროს კი ცვლა დაწყებულიყო და სახელმწიფო დაცვის ათასობით თანამშრომელი ლუდხანების გაღებას და ფენოვან ხაჭაპურს ითხოვდა. ყველაფერი ერთად, ყველაფერი ერთად. წარმოგიდგენია? რა ქალაქია... მაინც არ მასვენებს მწარე სინანული. რომელი ქალაქია, რომელი ქალაქია... უსახელო მაღლობზე... ამხანაგო მიშაკოვ, ძმაო შალამბერიძე. საიდან მოისმის ეს უცნაური შეძახილები? კვლავ აფეთქება. ერთი, ორი, სამი, ოთხი... ფეთქდება და ფეთქდება ნაირგვარ ადგილებში. მივხვდი! ვიღაც მეტროს სადგურებს აფეთქებს. ლამაზ მეტროს სადგურებს. აი, რა იყო მკვიდრი, უბერებელი და უკვდავი. არა, არა, ვიღაც დაძვრება ამ ქალაქში, ვიღაც ეშმაკი და ვერაგი მენაღმე. აბა, რა არის? წეღანაც ააფეთქა, ახლაც ააფეთქა. სტალონესავით კაცია, ვიღაცაა. ვაჰ, დაძვრება და აფეთქებს. ამფეთქებელი. მიყვარს უჩინარი ფრონტის მსახურნი, თუმცა არ მგონია, რომ ბევრისშემძლენი იყვნენ. მაგრამ რა დროს ეგეებია? დახე, ამ წითელ ავტობუსებს? ესენიც მოედნისკენ არ მოეტენებიან? იქნებიან ეგრე, ორასამდე. დიდი სისულელეა, ჩემმა მზემ, ასეთ მოუქნელ რამეს „იკარუსი“ დაარქვა. მოეტენებიან და ვერც მოეტენებიან. აგე, რამხელაა ეს ქალაქი, ავტოსადგურები დაილია? მაგრამ აქეთ უნდათ. ავტობუსებიდან კი დაქანცული, გაოფლილი, ორღამენათევი ქალები ჩამოდიან. თითოს სამ-სამი დიდი ჩანთა უჭირავს, კუბოკრული, ნაცნობი ჩანთები. დაქანცულები კი არიან, მაგრამ არეულობის შემხედვარენი არ იზარებენ და სახელდახელოდ ახდილ წყალსადენის ხუფებთან იკავებენ რიგს. აჰა, მივხვდი, ჩანთებს მალავენ ქალაქის კლოაკაში. და უცებ რეპროდუქტორი ირთვება. უცნაურია, უცნაური. ჯართის ჩამბარებლებიც რიგით ბუღალტრებს მიმხრობიან, იმიტომ რომ, ჯართზე ფასი დაცემულია. გამომცხადებელი გვამცნობს, რომ ყველა ტრაქტორი უკვე ტანკად გადაუკეთებიათ და დაძრულან მაუდ-კამვოლის მხრიდან. ამ სიტყვებზე მიწისქვეშა გადასასვლელებიდან ამოდიან რძის ფხვნილით იმერული ყველის დამამზადებელ მიწისქვეშა საამქროთა მუშაკები და ყველისა და ჰუმანიტარული რძის ფხვნილის ყუთებისაგან აგებენ ბარიკადებს. ფრონდა! ფრონდა! იგვირგვინებს ბაგრატივანი. რადიოში კი დაუნდობლად აცხადებენ, რომ ფინანსურ ბიუროში გაიცემა პროფესორთა დავალიანება. ეს ადამიანები კი პროფესორები ყოფილან! ყველაზე ბოლოს მოდიან, ყველას გზას უთმობენ. ბედია ყველაფერი! ის ვიღაც ვერაგი ახლა ფინანსურ ბიუროს აფეთქებს. ფინანსთა ბიუროსაც და სხვა რამეებსაც, გრუშე. ამოზრდილი სახლების სახურავებზე ალისფერი დროშები ფრიალებს. აჰ, როგორ იცვლება ყველაფერი. მზემ გამოანათა და რას ვხედავ? ეს წითელი დროშები სულაც არ ყოფილა დროშები, არამედ საწმერთულები, თანაც იმგვარი საამო ფერისა, რომ წეღან - ნიფხვები და ახლა კიდევ საწმერთულები. ეტყობა, ამ სახლებში ქალწულები ჰყავთ დატყვევებული. ვიცი, ვიცი თქვენი ამბავი: შაჰინშაჰთან გასაგზავნ მზეთუნახავებს მალავთ. ვხედავ ამ ქალწულებსაც. სანამ გულდამშვიდებული მშობლები რადიოს უსმენენ და ლოჯიის ფანჯრებიდან ხოხბისყელისფერ ხალიჩებს ფენენ, იმათ თავიანთი დალალები გადაუშვიათ საწოლი ოთახების აივნებიდან. რა გასაკვირია, და დალალებს ღატაკი გვარდიელები მოსჭიდებიან. აი, სიყვარული. ძლივს სიყვარული არ გამოჩნდა? ესე იგი, გადაგვარჩენს. მაგრამ დახეთ ვერაგობას! ჭეშმარიტია: სად კაცი დაიბადება, სამარეც იქავეა გამზადებული. ყოფილ ინჟინერთა ლაშქრის სნაიპერები რადიოს კი აცდიდნენ ლაპარაკს, მაგრამ მშობელთაგან მალულ მიჯნურობას კი ვეღარ უძლებენ და, უცნობ ადგილებში მიმალულნი, დამიზნებით, მოკლე ჯერით სწყვეტენ ნაწნავთა თოკებს საბრალო ყმაწვილებს. აჰ, აღარ ვიცი, რა ქალაქია. ჩიპთა ჭაობებში იღვიძებენ დინოზავრებად ქცეული ბიძიები და ავი ღმუთუნით ათვალიერებენ ახმაურებულ გარემოს. ცა ისეთია, როგორიც ტურისტულ ბუკლეტებსა და ლექსებში. იქ, სადაც ადრე რეპროდუქტორი იდგა, ახლა უზარმაზარი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო წამომართულა. მისი ჩალეწილი მინებიდან კი მაწანწალა ბავშვებს გადმოუყვიათ ლულები. ბარე თორმეტი ლაშქარი დავთვალე უკვე. უცხადესია, ყველა იბრძოლებს. ეჰ, სემ, სემ. გეუბნებოდი, სისხლი, სისხლი-მეთქი, შენ კიდევ იამაიკურად დაიჩემე, უხერხულიაო, რა არის უხერხული? აგე, უყურე, სადა ხარ? შენ მაინც სადა ხარ. ეს კარიც ვიღაცას ჩაუკეტავს. - არ მინდოდა ასე, მაგრამ რას იზამ? ნივთი არ იყო ისეთი... კონვერტში ჩადებული წერილი როგორ გაიჩხიბება? - მისის მანტლიპის ხმა იყო. - კარს ვერ ვაღებ, შიგნიდანაც ჩამიჩუმი არ ისმის, - ამბობდა სემი. - მე შევანგრევ. მახსოვს, ერთხელ ლუთონში გავყევი გუნდს და იქ სტუმართა ტერასის კარი შევანგრიეთ, - მისტერ მანტლიპს თავისი მხარბეჭის იმედი თუ ჰქონდა. - სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. წადი, ტელევიზორს უყურე. ამ კარს გამოლოცვა სჭირდება, შენგრევა კი არა, - მაინც მაგარი იყო ეს ჩვენი მისის მანტლიპი. - აქა ვარ! აქ! - მოვრთე ღრიალი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი არ ესმოდათ. ამასობაში კი მილიციელებს გაებედათ და მეძავეთა დასახმარებლად წამოსულიყვნენ. ესენიღა აკლდნენ ჩვენს დროის გატარებასო, ასე იფიქრებდა ადამიანი, მაგრამ სადღა იყო ფიქრის დრო. ავისმომასწავებელი გრუხუნი ტრაქტორებისა უკვე ახლოდან მოისმოდა. ამ გრუხუნში აღარც კი ისმოდა რადიოს წამყვანის უდარდელი სიტყვები: კომპიუტერის მცოდნე ბუღალტრები არ დაუშვებენ უვიცთა დიქტატს და უკვე შეიარაღებულნი მოიწევენ ფრონტის ხაზის გასამაგრებლადო. ამასობაში კიდევ ვიღაც კაცი გამოხტა და მოჰყვა გრგვინვასა და ქაღალდების ფრიალს: - გავერთიანდეთ, ხალხო, რაც კარგები ვართ, იდეოლოგია შევიმუშაოთ და პატაგონიაში წავიდეთ! ქაღალდები ამის თაობაზე უკვე მივიღე და მითვლიან, რაც კარგები ხართ, წამოდითო!.. აი, ქაღალდები!.. ვინ არის შენი პატაგონიაო. და დააყარეს ზოგმა რა, ზოგმა კიდევ - რა. ტყვიით დაწყებული, თავწაწყვეტილი ბეღურებით დამთავრებული, ყველაფერს ესროდნენ. ათიოდე ამგვარი ბეღურა და სამი-ოთხი ტყვია ჩემს ნაოთახარშიაც შემოვარდა და კინაღამ ოხრად დამარჩინა მე, მტვერი სთოუროუდის ქვაფენილისა. იმ უბედურ ქაღალდებიანს რაღას უზამდა? სწორედ ამ დროს აფეთქდა რამდენიმე საპრივატიზაციო ობიექტი. ნეტავ ის ოხერი ამფეთქებელი დამანახვა და ისე მომკლა. ბოლოს ხომ ამ ჩემს გამონგრეულსაც მოსწვდება და აი, მაშინ თუ ვნახავ. ვაჰ! ის იქნება - გენერალი. არა, რა სისულელეა? ის ხომ გასკდა? გასკდა და გაქრა. გაქრა. საპნის ბუშტია? თუ გენერალი? აი, რას ვფიქრობ! ეს ყველაფერი, მთელი ეს ამბავი მის ჯიგარში თუ იყო გამომწყვდეული და რახან მისის მანტლიპმა თავისი მახათები დაუტრიალა გულ-გვამში, ჩემი მტანჯველი გასკდა და ეს უცნაური ქალაქი გადმოისროლა ჩემს გასაგიჟებლად. მოუმზადებელო ყმაწვილებო, ნუ დაეტაკებით დე კუინსის ნაწერებს. იცით, როგორ ვარ? თითქოს სამი ბოთლი ხენდროს ლიქიორი დამელიოს აგვისტოს ღამით და მერე ტაქსი ვერ დამეჭიროს შინ მოსასვლელად. აი, ასე, ლიქიორდანალევს თავწაწყვეტილ ბეღურებს რომ შემოგიყრიან გამონგრეულში, რა დღეში იქნები? ამასობაში კი შევამჩნიე, კვლავ დაიწყო საშინელი გარდასახვა და ეს ხალხი სულ ერთმანეთს დაემსგავსა. ქალს და კაცს ერთმანეთისგან ვეღარ გაარჩევდი, ყველა შავ, ღილებიან კომბინეზონში გამოწყობილიყო. ყველასთვის თავი გადაეპარსათ და რუსული ყურებიანი ქუდები დაერიგებინათ. რატომ დავმალო? მეც ეს წყეული უშანკა მეხურა თავზე. საიდანღაც აგურები გამოეთრიათ და ერთმანეთს აწვდიდნენ, იქით კი ქაფჩა-ცემენტის ამბავი ტრიალებდა. აგურების მოგზაურობა წულუკიძის მხარეშია. რუსთავის მხარეში. ქსანი, ტუბზონა. პაემანის ოთახები? იმუშავეთ, ვირებო, ჭამეთ, ბრიგადირებო. რა ქალაქია? მელიორაციის სისტემას ვაგვარებთ? ტყუილად კი არა ვარ ივან დენისოვიჩი. აი, მოვხვდი აქაც, ხლებარეზკის ვირთხებო! ვირთხუშ პეტროვიჩებო. გრელკით შემოგზავნილი სპირტი. ეს რა არის? ზონა. მთელი ლონდონი ზონაა. ლონდონი? ნეტავ ლონდონს თუ აშენებდნენ გერმანელი ტყვეები? იქნებ სწორედ ესენი არიან გერმანელი ტყვეები. ჰაიტ, აბა, როგორია? ეჰ, მე რომ არა ვარ გერმანელი? ვხვდები, ყველა ამათგანი თავად მე ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ვიმალები ჩემს გამონგრეულში. ჯერჯერობით ვერ მომაგნეს. ეს კიდევ რა ჯანდაბაა? ჰო, სასტუმრო. მივლინებაში ვარ. - რა მიზნით ჩერდებით ჩვენს სასტუმროში? ნახე, რამხელა სასტუმრო ააშენეს უცბად? გარჯა, შრომა. არა, ამას ჩვენ ვერ ავაშენებდით. ნუ ჩხუბობთ, ნუ ჩხუბობთ. ხედავთ, დაერივნენ ადმინისტრაციას. ვაიმე, დედა! აჰ, რა საზარელი მკვლელობაა. ხოცავენ, ხოცავენ, გამარჯვება ახლოა! ისევ დირიჟაბლები, დირიჟაბლები და წითელკანიანი მონადირეები. ლუჩია, ლუჩია, სად არის შენი აბისინიაში მებრძოლი ქმარი? ახია ჩემზე, ნახეთ, როგორ მითრევენ? დროშებით ხელში მობობღავენ ჩემს გამონგრეულში. დამანებეთ, თავი და-მა-ნე-ბეთ. დამიტოვეთ ერთი პატარა გამონგრეული, ჩემი ტკბილი, გამონგრეული ოთახი, ადგილი, სადაც სისუფთავე და სინათლეა. ხელი უშვით! ხელი უშვით ვუდი ალენის წიგნს! აი, თქვე, ჭიანჭველებო. რადიოს ხელი უშვით და „ტაიმსის“ შეხუნებულ ნომრებსა! ხელი უშვი დე კვინსის, შე ვირიშვილო! შე, ტუსაღო! დამანებეთ ჩემი გამონგრეული, ჩემი გამოქვაბული! ჩემი გამოქვაბული ჩემი ციხესიმაგრეა! რა გინდათ? ყვავად ვიქცე და ტაუერის ეზოში ვისეირნო? მაგასაც ვიზამ, მაგრამ იქაც რომ მომადგებით? ხელი უშვი, ბიჭო! ხელი უშვი ჩემს ქაღალდებს... ჩემი ბრალია, ჟან, ჟან ვალჟან, შენი ბრალია. აორთქლება შეიძლებაო, შენსავ ქალაქში შეიძლება, იარო უჩინმაჩინის ქუდით და იყო მშვიდი, მომთმენი და მოარული ვიწრო ქუჩაზეო. აბა, ნახე, თუ შეიძლება... მობობღავენ, მობობღავენ და მეც ჩავყვები, ჩამათრევენ ქვემოთ ჩემი გამონგრეულიდან და მერე მომხვდება შამპანურის საცობი. ნეტავ კი მომხვდეს და გათავდეს, მაგრამ ვინ მოგარტყამს? თქვენ მაინც მიშველეთ, ბიძიებო... ვიცი, ვიცი, რა ქალაქია, გადამწვარა და არც გადამწვარა. ყველაფერი იწვის და დუქნები - არა. მედუქნეებო! მედუქნეებო ყველა უბნისა, შეერთდით და მთელი ქვეყანა თქვენი იქნება! ფეხები წამართვეს, მექაჩებიან. საწოლის კიდეს ვებღაუჭები... აჰა! ეს რა არის? თქვენი ჭირიმე, თქვენი ჭირიმე, ავო მესაყვირენო! ეს რა ჰანგი ჩაჰბერეთ ემაგ წითელდროშოვან საყვირებში, რომ ხელი შემიშვეს? მომიყარეს ჩემი ყდაახეული ვუდი ალენები და დე კვინსები. საით გარბიან? საით გარბიან ასე ერთად? უუუ... თქვენ გენაცვალეთ. ამ ახალგათენებულზე ჩაჰბერეთ, ჩაჰბერეთ დილის საარსა და არღანიც ატირდება იმ თეთრ ადგილებში. რა დაგვრჩენია? ორი მისხალი ენა ვართ. დაასხი, ჩვენს ბიძაშვილებს გაუმარჯოთ. ბიძაშვილებს, ბასკებს გაუმარჯოთ. ბიძაშვილი ეგრე კარგად მოწყობილიყოს, არც გამიგია. კაი ადგილზეა, მარა მაინც უკმაყოფილოა, სამმართველოს უფროსთან ვერ არი კარგათ. დაასხი, დაასხი. ბიძაშვილებისა ხომ გითხარი? დაო დოლორეს, ძმებო ბასკებო, ეი, მეეტლევ, შეაჩერე ელდორადოსთან! ოთხი კარეიკა გაგვიკეთე... დავთვერი თუ რა არის? მესაყვირენი. მწყობრად მოდიან პიონერები. ჩქარა - ზურგჩანთა, შრომით სემესტრში მივემგზავრებით. შენ ჯარში რა გინდა, აქ ვერ დადიხარ ქუჩაში. აჰ, რამსისქე კომისარია! ქაბულში გამიხსენებ, პადლეც? შენ ხარ ავად? ტვინის დამბლა გაქვს? ქაბულში გამიხსენებ, ხო გაიგე. არ მეშინია, შენი არ მეშინია. ვიცი, არ წავსულვარ ქაბულში. კუს ტბაზე კი გნახე ერთხელ, ამხანაგო კომისარო. რა დაღლილი სახე გქონდა. ოჰ, რა დაღლილი. ვიფიქრე, ავად თუ არის-მეთქი. ქაბული კიდევ რა? ჩემზე კარგები ჩაალაგეს თუთიის კუბოებში და, ალბათ, ისინი თუ გიხსენებდნენ. დეზერტირების რაიონი ხართ და ვიღაც გაბრაზებული დეზერტირის მამის ყვირილი იმ სასტუმროს დერეფანში: - ეგ დეზერტირები გაჭმევენ პურს, თქვენი დედა... ქაბული. იქნებ ქაბულია? მაგრამ საყვირი, მაგრამ ჰანგი არ არის მათი. ჰანგი ჩვენია. ჩვენი რომ არ იყოს, გაიქცეოდნენ. მივხვდი - ომი იწყება. კომისარიც ამიტომ ბრაზობდა. სულ ნაკუწებად აქცია საავადმყოფო ფურცელი. ექიმ-ნევროლოგთა დასკვნა დაიკიდა ფეხებზე, ქაბულში წახვალო. ომია და იმიტომ. მაგრამ სად არის რიგით ბუღალტერთა და ყოფილ ინჟინერთა ლაშქარი? ლაშქარი ჩვენი მღელვარებისა. მოდიანო, ჩოჩქოლია. მოდიანო და დედაბუდიანად სპობენ ყველაფერსო. წითელი ძაღლებივით მოდიანო, კრუსუნებენ დინოზავრი ბიძიები და მაუგლის ეძებენ. აჰა, ვხედავ ლაშქრის თავს. ის რა არის, ბუზებსავით რომ მოჩანს მზის ჩასვლის ადგილას? ცხადია, ლაშქარია. ბოდიში და, რომში ხომ არა ვართ? ალარიჰი და იმის ჯეჯგვები ხომ არ მოიწევენ? სადა, ჩვენ ვინ მოგვცა ეგ ადგილები. აქ უნდა ამოგვხდეს სული. ამნისტია მზადდებაო. ამ რადიოს ახლა მე ვესვრი, რაც ხელში მომხვდება, იმას. წყალი რომ გადავასხა? აი, ქალები. დედასამშობლო გეძახის. რამდენი რამ უპოვიათ თავდასაცავად. დაიცავენ და მერე შეუტევენ. ლიმონათის ყუთებიო, ფქვილის ტომრებიო (აი, თურმე, სად ყოფილა ფქვილი, რომ ამბობდნენ, სამი დღის მარაგიღა დაგვრჩაო). ესეც კიდევ ჰალსტუხებისგან გამოკვანძული ქამანდებიო. ბუღალტერთა ტრაქტორები კი თანდათან იკავებენ ქუჩებს. კედლებზეც კი ადიან. ეს ვინღაა? სარეკლამო სიუჟეტს ხომ არ იღებენ? ვიღაც პატიოსანი ტელევიზორებს ისვრის ფანჯრიდან. სწორია! ტელევიზორი მხოლოდ ლუდხანაში უნდა იდგეს. მიხვიდე, ფეხბურთს უყურო და მორჩა. კინო? კინოს კინოში უნდა უყურო. ახალი ამბებიო? ახალ ამბებს ლუდხანაში გაიგებ. აბა, მეტი რად გინდა? მით უმეტეს, რომ არც ერთი ახალი ამბავი არ გამოდგება მთლად ახალი. აჰა, მოდიან! განა ძველები? ახლები, კომპიუტერიანები. თავიანთ ცოდნას იცავენ, განა რაიმე სხვას? ცოდნა უნდა დავიცვათო, დაუჭერიათ ელექტრონის ბოძები და ტრაქტორებს დასდევენ. განა ეს ბრძოლაა? ძიძგილაობაა და მეტი არაფერი. რა ვქნა? ვეღარ ვსუნთქავ და... თუ ომია, ომი იყოს. თორმეტი არმიის ბრძოლა-მეთქი და თითო-თითო დარბიან, როგორც დაუფინანსებელ ფილმებში. ვითომ ომია და ერთი დარბის. კარი, კარი გამიღეთ, სემ! ვიხრჩობი. ეს ქალებიც როგორ კივიან? მოტირალთა ბიუროა თუ ომი? ნახე, იმან გარდერობიც გადმოაყოლა. ქაბული იქნება, ქაბული! ტელევიზორებს ტანკებს ესვრიან ფანჯრებიდან. არა, ეგ ჩვენც ვიცით. ქაბული არ გამოდის. რას ამოვიჩემე? დინოზავრები კი... დახე დინოზავრებს? ჩუმ-ჩუმად დასუნსულებენ. პირველი სართულის ფანჯრებში ძვრებიან, მერე მეორესკენ მიხოხავენ. ნახე - მესამეზეც ასულან. კარგად დაძვრებიან, ხო იცი! სანამ აქ ომია. უბედური მოხუცები, მირახრახებენ უნომრო ტროლეიბუსით. რა უნდათ? ტყვიას ვეძებთო, ყვირიან. ე! ე! ე! ეს ვინ მოძვრება? - ვინა ხარ, ე? - კაი მოგლეჯილი ბიჭია, შობელძაღლი. თვალები დაურბის. ახლა ეს მაკლდა ჩემს გამონგრეულში. - ორი წუთი, ამოვისუნთქო, - ლოგინზე ჯდება. - ვინა ხარ, ე? - ესა, ნახე, ეხლა რა მოხდეს? ნახე, რა დაბათქუნდეს? - ვინა ხარ? - ისა, ამფეთქებელი. ნახე, ეხლა... - წადი აქედან, აქ რა გინდა? - მაიცა რა, ამოვისუნთქო. - წადი აქედან. რატომ აფეთქებ? - პრიკაზია, ჯიგარო. მე რა, ხელობა მაქ ეგეთი... - ვისი პრიკაზია, სიგუტკინის? - ეგ არ ვიცი. წყალი არა გაქ? - ვისი პრიკაზია? - ვინ იძლევა პრიკაზებს? - აბა, რა ვიცი. - მაიტა, დამალევიე... ფუ, - შემთბარი ლუდის ბოთლს დადგამს იატაკზე. საათზე იყურება, - აი, ნახე. აი, ოციდან უკან დაითვალე... - სულ უკან რატომ უნდა ვითვალო? - სულ უკან მიდიხარ და, აბა, წინ როგორ დაითვლი! ბრძენია, ხო იცი. - ვისი პრიკაზია? - მარშლისა. - მარშალი ვინ არის? - არი ეგეთი, ლოყაწითელი, - საათზე იყურება, - ყურებში ხელები გაიკეთე, ჯიგარო. ნახე, როგორ აალდეს. - წამოდგება და ყურებში ირჭობს თითებს, - პირი კარქა დამუწე... ბახ! ბაბახ! ბახ! ბახ! ბარაბახ! მართლა ფეთქდება, ყველაფერი ფეთქდება. ყველაფერი ინგრევა. არა, არა, არა, შე ვირიშვილო. არა, ე, სად წავიდა ეს ჩათლახი? გაიპარა. იწვის. ქანდაკებები ინგრევა, ჩვენი გამზრდელი ცხენოსან-ხმლოსნები! სად მიაქვთ? რაო? ზარბაზნებად ადნობენო? არა, ჯიგარო, არ გაგატანთ. ფრონტს სჭირდებაო? რომელ ფრონტს? სად არი ფრონტი? ცეცხლსა და მტვერში, ამ ნანგრევებში რას გაარჩევ შენიანს და მტერს? რაო? აუცილებელი არ არის? რაო, რა არის მთავარიო? მთავარი მოქმედებააო? მოქმედება როგორ არის მთავარი, შე კაი კაცო? არა ხარ კარგი კაცი? კარგები მხოლოდ სასაფლაოზე ხდებიან? მალე ყველა იქ ვიქნებით? არა, მე არა, მე არა. მე ხომ ტელევიზორი არა მაქვს? არ ვმონაწილეობ. აი, ჩემი ოთახი აი, ჩემი... ჩვენს შორის ხუთი საათი ამოსუნთქული ფრენაა. არაფერი არ არის ჩვენს შორის? არც ერთი ნაბიჯი? უნდა იყოს. აი, ნახავ, იქნება, იქნება... ვხედავ, ვხედავ, ბრძოლა დაიწყო. აჯანყებულთა თავები დაფრინავენ. თუმცა, აჯანყებულები რომლები არიან? ყველანი, ყველანი. ეს ათი-თორმეტი ლაშქარი. აი, ხმალი, აი, ომი. ვინა თქვა, დაგვავიწყდაო. ალბათ, იმან, ვინც „ბორჯომის“ გამორჩეულ როლს და მანდარინის ექსპორტს აწვებოდა. ვაიმე, ნახეთ, ნანგრევებში. ნანგრევებში. რა დროს ქალია, ჯარისკაცო, რა დროს სექსია. არ უნდა. თქვენ კი, რატომ ხვრეტთ ერთმანეთს. კომბლიანო, ფრთხილად, ბავშვია. ბავშვი კი არა, მანქანაა. „მერსედეს-600“. ვაჰ, როგორ შეება. რატომ იმსხვრევა ეს ტანკები ბოცებივით? ალბათ, იმიტომ, რომ ნამდვილი არაა. შეხედეთ, ბუღალტერთა სარდალი! ღმერთო, რა ქაჯური ჰალსტუხი უშოვია. დამიცავ, ჩემო გამონგრეულო! გამიღე, სემ! ყველგან კვამლია, გემრიელი, მაგრამ მახრჩობელა. კვამლია, უჰ. თფუ, ამოვიღე ყველაფერი. რა ნაცნობი, რა გემრიელი სურნელია. რისი კვამლია? რამდენი ცეცხლია! რამდენი ცეცხლია! თითქოს პილპილს მაყრიან ცხვირ-პირში. ცხრა ლახვარი... რატომ? რისთვის? მზე კვლავ მიეფარა ღრუბლებს. ყველაფერი შუშისა ყოფილა. ყველაფერი მე ვარ და მაინც ჩემს გამონგრეულში დავრჩი. ცისკარა ვარ, წყალი დამალევინეთ. გაქვავებულთა ქალაქში დავდივარ. კიდევ კარგი, გაქვავდნენ, თორემ ხომ ამოჟლეტდნენ ერთმანეთს. ეს თქვენ იყავით, ლავრენტი პავლეს ძევ, თუ ვინმე გახლდათ უფრო მასშტაბური? მოიცათ!!! მოიცათ!!! მოიცააათ... რაზმეულო, სწორდი, სმენა! პირველი-მეორეზე გაითვალეთ! ეს რა არის იქ, მაღლა? კომკავშირული გუულიიი... მფრინავი თეფშები? თუ, კომკავშირული ქალაქი ყოფილა. ძნელაძეო, თუ რაღაც. მივხვდი, მივხვდი, რა ქალაქია! ეს რა არის? ჩემი კომკავშირის ბილეთი. მორჩა, ვთავდები. ვისი ხელები და ფეხებია? ამდენი ხელი და ამდენი ფეხი? აკი შუშისააო, ქვისააო, ზღაპარიაო... ისევ ფეთქდება... იქითაც. რა საშინელი ქვაბია, რა მყრალი ფაფაა!!! მოიცათ!!! ხელი!!! ომია, ომი!!! დაგვცხეს, დაგვცხეს, ტო! მოიც... სეეემ!.. ეს რაები გამოჩნდნენ ცაში? არ ჩამოართვა, არ ჩამოართვა ხელი კომანდორს!.. და შაჰრაზადს შემოათენდა ნებადართულ სიტყვებზე. უჰ... რომელი საათია? …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:45pm on ოქტომბერი 19, 2018
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
  • 6
  • 7
  • 8
  • 9
  • 10

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი 1 Like

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი 9 მოწონება

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი 1 Like

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი 0 მოწონება

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი 0 მოწონება

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი 0 მოწონება

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2026   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!