ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - სიცოცხლის

თემა: მსჯელობა მეთოდის შესახებ (მეექვსე ნაწილი)
ამომცემლისათვის და შევიტყვე, რომ ჩემთვის პატივსაცემმა ადამიანებმა, რომელ თაც ჩემი ქმედებების იმართ ისეთივე ავტორიტეტულებად ვთვლი, როგორც საკუთარ გონებას ჩემივე აზრების მიმართ, არ მოიწონეს ფიზიკის სფეროდან ერთი მოსაზრება, ცოტა ხნით ადრე სხვა ავტორმა[2] რომ გამოაქვეყნა. მართალია, არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას, მაგრამ ამ კრიტიკამდე ვერაფერი შევნიშნე მასში ისეთი, რაც შეიძლებოდა მიმეჩნია მიუღებლად სარწმუნოების ან სახელმწიფოსათვის და რაც, შესაბამისად, მეც თავს შემაკავებინებდა ტრაქტატის დაეწერისაგან, თუ კი გონება აღნიშნული კრიტიკის სისწორეში დამარწმუნებდა. ამან მაიძულა სიფრთხილე გამომეჩინა - ხომ არ იყო, მაინც, ჩემს შეხედულებებშიც რაიმე მცდარი, მიუხედავად დიდი მცდელობისა მიმეღო მხოლოდ ისეთი დებულებები, რომლებიც აგებული იყო ძალზე უტყუარ დასაბუთებებზე და არაფერი დამეწერა ისეთი, რაც შეიძლებოდა ვინმესთვის საზიანო ყოფილიყო ეს საკმარისი შეიქნა აზრის შესაცვლელად - გადავწყვიტე არ გამომექვეყნებინა ჩემი შეხედულებები. თუმცა მოსაზრებები, რომელთა საფუძველზეც ადრე განვიზრახე მათი სინათლეზე გამოტანა, ძალზე დამაჯერებელი გახლდათ, მაგრამ ჩემმა სიძულვილმა წიგნების „კეთების“ ხელობისადმი, მყისვე მიკარნახა სხვა საფუძვლები ამ განზრახვაზე ხელის ასაღებად. თავისთავად, ეს საფუძვლებიც და წინა მოსაზრებანიც იმგვარი გახლავთ, რომ გარკვეულ წილად არა მხოლოდ მე ვარ დაინტერესებული მათი გამოქვეყნებით, არამედ, შესაძლოა, საზგადოებასაც სურდეს მათი გაცნობა.       არასოდეს მიმინიჭებია დიდი მნიშვნელობა იმისთვის, რაც ჩემი გონებიდან მოდიოდა; რაკი ერთადერთი შედეგი, რაც მივიღე ჩემგან გამოყენებული მეთოდიდან გახლავთ გონებაჭვრეტითი მეცნიერებების ზოგიერთი სირთულის გადალახვით მიღებული კმაყოფილება და მცდელობაჩემი ქმედებები დამეფუძნებინა იმ წესებზე, რომლებსაც ეს მეთოდი მასწავლიდა, არც კი ჩამითვლია თავი ვალდებულად მათ შესახებ რაიმე დამეწერა. რაც შეეხება ზნე-ჩვეულებებს, მათ შესახებ თითოეულის აზრი იმდენად ჭარბია და იმდენი რეფორმატორი აღმოჩნდებოდა, რამდენი ადამიანიცაა, თუკი ამ სფეროში ცვლილებათა შეტანის ნებას მისცემდნენ - იმათ გარდა, ღმერთმა საკუთარი ხალხის ხელმწიფეობა რომ დააკისრა, ანდა ვისაც წინასწარმეტყველების მადლი და ძალა უბოძა; და, თუმცა, საკუთარი სპეკულაციები ძალზე მომწონდა, ვიფიქრე, სხვებიც მიმართავენ ასეთ სპეკულაციებს და შესაძლოა, საკუთარი უფრო მეტადაც მოსწონთ. მაგრამ როგორც კი შევიძინე ფიზიკის ზოგიერთი დებულების შესახებ გარკვეული ცოდნა და დავიწყე მათი შემოწმება სხვადასხვა რთულ კერძო შემთხვევაში, შევნიშნე - რამდენად შეუძლიათ მათ დაგვარწმუნონ და რამდენად განსხვავდებიან ისინი იმ პრინციპებისაგან, რითაც აქამდე სარგებლობდნენ. მივხვდი, რომ მათი დაფარვა დიდი შეცოდება იქნებოდა კანონის წინაშე, რომელიც გვავალდებულებს შეძლებისდაგვარად ხელი შევუწყოთ ყველა ადამიანის საერთო კეთილდღეობას. დავრწმუნდი, რომ ფიზიკის დებულებების მეშვეობით შეიძლებოდა მიგვეღწია ძალზე სასარგებლო ცხოვრებისეული ცოდნისათვის; ამასთან, იმ სპეკულაციური ფილოსოფიის ნაცვლად სკოლებში რომ ისწავლება, იქნებ შეგვექმნა პრაქტიკული ფილოსოფია, რომლის საშუალებითაც გვეცოდინებოდა ცეცხლის, წყლის, ჰაერის, ვარსკვლავების, ცის შრეთა და ჩვენ ირგვლივ მყოფ მსგავს სხეულთა ძალა და მოქმედება ისევე ნათლად, როგორც ვიცით ჩვენი ხელოსნობის სხვადასხვა დარგები; ასე გამოვიყენებდით მათ, როგორც შესაძლებელია მათი გამოყენება მათივე წესისამებრ და ასე გავხდებოდით ბუნების ერთგვარი ბატონპატრონები. ასეთი ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ იმისათვის, რომ მრავალ საშუალებას მივაგნოთ, რათა ყოველგვარი გარჯის გარეშე დავტკბეთ მიწის ნაყოფითა და სიკეთით, არამედ, უმთავრესად, იმ მიზნით, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა, რაც უდავოდ, უპირველესი სიკეთეა და ამქვეყნად ყველა სხვა სიკეთის საფუძველიცაა. თავად სულიც ხომ ისე ძლიერაა დამოკიდებული ტემპერამენტზე და სხეულის ორგანოთა აღნაგობაზე, რომ იქნებ მოინახოს რაიმე საშუალება, ადამიანები, საერთოდ, უფრო გონიერნი და უფრო მარჯვენი გახდნენ, ვიდრე არიან. ვფიქრობ, ეს ყოველივე მედიცინაშია საძიებელი. მართალია, თანამედროვე მედიცინაში ცოტა რამ არის მნიშვნელოვნად სასარგებლო ადამიანისათვის - ისე არ გამიგოთ, თითქოს მისი ძაგება მეწადოს - მაინც მჯერა, პროფესიით ექიმთა შორისაც არ მოიძებნება ერთი ადამიანიც კი, რომელიც არ აღიარებდა მედიცინის დღევანდელი მიღწევების არარაობას იმასთან შედარებით, რაც ჯერ კიდევ მისაკვლევია. შეიძლებოდა, თავიდან აგვერიდებინა როგორც სხეულის, ისე სულის მრავალი დაავადება და იქნებ ხანდაზმულობით გამოწვეული უძლურებაც, ჩვენ რომ საკმარისი ცოდნა გაგვაჩნდეს მათ გამომწვევ მიზეზებსა და იმ სამკურნალო საშუალებებზე ბუნებამ რომ მოგვამარაგა. რაკი განვიზრახე მთელი სიცოცხლე მიმეძღვნა ესოდენ საჭირო მეცნიერების ძიებისათვის, და თანაც წავაწყდი იმ გზას, რომელმაც, თუ გავყვები, გარდუვალად უნდა მიმიყვანოს ამ მეცნიერებამდე, ცხადია, საკუთარი სიცოცხლის ხანმოკლეობა, ანდა ექსპერიმენტების ნაკლებობა ხელს თუ არ შემიშლის. ხსენებული ამ ორი დაბრკოლების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალება იქნება, კეთილსინდისიერად ვაცნობო საზოგადოებას ის მცირედი, რასაც აღმოვაჩენ, საღადმოაზროვნენი წავახალისო, უფრო დაწინაურდნენ, რისთვისაც საჭირო იქნება საკუთარი უნარი და შესაძლებლობა გამოიყენონ აუცილებელი ცდების ჩასატარებლად. მათ უნდა გააგებინონ ხალხს, რასაც მიაღწევენ, რათა მომდევნო მკვლევართ იმით დაიწყონ, რითაც წინამორბედნი დაასრულებენ; მრავალი ადამიანის სიცოცხლისა და ნაღვაწის ამგვარი შეერთებით, ყველა ერთად ბევრად უფრო წინ წავალთ, ვიდრე ამას თითოეული ჩვენგანი ცალ-ცალკე შეძლებდა.       რაც შეეხება ცდებს, შევნიშნე, რომ მათი ჩატარების აუცილებლობა იზრდება, რაც უფრო მეტს ვიგებთ; დასაწყისისათვის უმჯობესია ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ იმ ექსპერიმენტებით, რომელთა ჩატარების საჭიროებაც თავისთავად დგება ჩვენი გრძნობების წინაშე და რომელთა შესახებაც მცირეოდენი რეფლექსიაც კმარა, რათა გავიგოთ მათი შედეგები. ეს ბევრად უმჯობესია, ვიდრე იშვიათი და რთული ცდების ძიება, რაც დასტურდება იმით, რომ ასეთ ცდებს ხშირად შევყავართ შეცდომაში მანამ, ვიდრე არ შევიცნობთ უფრო მარტივ მიზეზებს, ხოლო მათი განმსაზღვრელი გარემოებები თითქმის ყოველთვის იმდენად იშვიათი და ფარულია, რომ მათი აღმოჩენა ძალზე ძნელდება. ამ შემთხვევაში შემდეგ თანმიმდევრობას ვიცავდი: ჯერ ერთი, საერთოდ ვცდილობდი მეპოვა ყველაფრის - რაც კი არსებობს, ან შეიძლება არსებობდეს სამყაროში - პრინციპები ან პირველმიზეზები; რაკი მხოლოდ ღმერთი მიმაჩნდა სამყაროს შემქმნელად, ამ საწყისებს ვეძებდი ზოგიერთ ჩანასახებში იმ ჭეშმარიტებებისა, განგებით რომ ძევს ჩვენს სულში. ამის შემდეგ განვიხილე პირველი და ყველაზე უფრო ჩვეული შედეგები, რაც შეიძლებოდა გამოგვეტანა ამ მიზეზებიდან; ვფიქრობ, ასე აღმოვაჩინე ცის შრეები, ვარსკვლავები, მიწა და თვით წყალი, ჰაერი, ცეცხლი, წიაღისეული და სხვა ძალზე ჩვეულებრივი, უმარტივესი და, ამდენად, ყველაზე იოლად შესაცნობი სხეულებიც. როდესაც უფრო კერძო შედეგებზე გადასვლა მოვისურვე, თვალწინ წარმომიდგა მათი უსაზღვრო მრავალფეროვნება და დავასკვენი: ადამიანის გონებას არ ძალუძს მიწაზე არსებულ სხეულთა ფორმები და სახეობები გამოარჩიოს უამრავ სხვათაგან, რომლებიც ღმერთისნებით შეიძლება განლაგებულიყო დედამიწაზე. მაშასადამე, მათ გამოყენებას ჩვენ სასარგებლოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებდით, თუ შედეგებიდან მივიდოდით მიზეზებამდე და მრავალ კერძო ცდას გამოვიყენებდით. სწორედ ამიტომ, გონებით გადავხედე ყველა საგანს, რომელსაც კი ოდესმე ჩემს გრძნობებთან ჰქონია შეხება და ვბედავ განვაცხადო, რომ არ შემინიშნავს არც ერთი საგანი, რომლის ახსნაც არ შემეძლებოდა საკმაოდ იოლად       ჩემ მიერ აღმოჩენილი პრინციპებით, მაგრამ ისიც უნდა ვაღიარო, რომ ბუნების ძალმოსილება იმდენად უკიდეგანო და ვრცელია, ჩემი პრინციპები კი მარტივი და ზოგადი, რომ ვერც ერთ კერძო შედეგს ვერ გამოვიყვანდით ამ პრინციპებიდან, რამდენიმე ხვადასხვა გზა რომ არ გამოგვეყენებინა. სწორედ ეს იყო ჩემთვის ყველაზე რთული - რომელი გზა, რომელი ხერხი იყო უკეთესი ამ დამოკიდებულების ნათელსაყოფად. ასეთ შემთხვევაში ერთადერთ საშუალებად მიმაჩნია, ხელახლა შევარჩიო რამდენიმე ისეთი ცდა, რომელთა შედეგი განსხვავებული იქნება იმის მიხედვით, თუ რა ხერხით ავხსნით ამ შედეგს. თუმცა, ეტყობა, უკვე კარგად ვარჩევ რა მისასვლელ გზებს ითხოვს იმ ცდათა უმრავლესობა, ამ მიზნისათვის რომ გამოგვადგებოდა. მაგრამ იმასაც ვხედავ, რომ ეს ცდები ისეთი ბუნებისაა და იმდენად მრავალრიცხოვანი, რომ მათ არც ჩემი ხელი ეყოფოდა და არც იმაზე ათასჯერ მეტი ქონება, რაც მაბადია. გამოდის, რომ ცდათა ჩასატარებლად რამდენადაც მეტი ან ნაკლები შესაძლებლობა მექნებოდა, იმდენად მეტად ან ნაკლებად წავიდოდი წინ ბუნების შემეცნებაში. საკუთარ თავს პირობა მივეცი, ეს ყოველივე გადმომეცა ჩემს ტრაქტატში და მასშივე ნათელმეყო ის სარგებელი, რის მიღებასაც საზოგადოება შეძლებდა მისგან. ამით ვაიძულებდი ყველას, ვისაც საერთოდ სიკეთე სურს ადამიანებისათვის, ე. ი. მათ, ვინც საქმით არიან სიკეთისმქმნელნი და არა მათ, ვისაც ასეთებად მოაქვთ თავი, ანდა მხოლოდ სხვებს თვლიან ასეთებად, მაცნობონ მათ მიერ ჩატარებული ცდების შესახებ და დამეხმარონ იმათ მიგნებაში, რაც კიდევ დარჩა ჩასატარებელი.       მაგრამ ამის შემდგომ გამიჩნდა სხვა მოსაზრებები, რომელთაც განზრახვა შემაცვლევინეს: ახალ ჭეშმარიტებათა აღმოჩენის კვალდაკვალ, თუ მივიჩნევდი მნიშვნელოვნად, წერილობით ჩამომეყალიბებინა ისინი და, თანაც, ისეთივე გულმოდგინებით, თითქოს მათი გამოქვეყნება მსურდა. ამან მაიძულა, უფრო გულდასმით განმეხილა ისინი, რადგან უდავოა, ბევრად გულისხმიერად ვიკვლევთ იმას, რაც მრავალთა სამსჯავროზე გაგვაქვს ვიდრე იმას, მხოლოდ ჩვენთვის რომ ვაკეთებთ. ხშირად საგნები, რომლებიც მიმაჩნდა ჭეშმარიტად, როცა მათზე ფიქრს ვიწყებდი, მცდარი აღმოჩენილა ხოლმე, როცა მათზე მსჯელობას ქაღალდზე გადავიტანდი. იმავდროულად, ვცდილობდი ხელიდან არ გამეშვა საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანის არც ერთი შესაძლებლობა, თუ მე შემწევს ამის       უნარი და ჩემს თხზულებებსაც თუ აქვს რაიმე ღირებულება; მსურდა მათ, ვისაც ჩემი სიკვდილის შემდეგ ისინი ხელში ჩაუვარდებოდა, შეძლებისდაგვარად უკეთ გამოეყენებინათ. ოღონდ არ უნდა დავთანხმებოდი ჩემ სიცოცხლეში მათ გამოცემას, რათა არც იმ საწინააღმდეგო მოსაზრებებს, არც მათგან გამოწვეულ დისპუტებს, არც ნებისმიერ სახელს, რომელიც მათ შეიძლება მოეტანათ ჩემთვის, არ დაეკარგინებინათ ჩემთვის ის დრო, რომელიც უნდა გამომეყენებინა თვითგანათლებაზე. ცხადია, ყოველი ადამიანი შეძლებისდაგვარად ვალდებულია ზრუნავდეს სხვათა კეთილდღეობაზე, სხვებისთვის უსარგებლოს არავითარი ფასი არ გააჩნია. მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენი საზრუნავები აწმყოზე უფრო შორს უნდა მიდიოდეს და თანამედროვეთათვის სასარგებლო მოღვაწეობას, სჯობს, ხელი მოვკიდოთ იმას, რაც მეტად წაადგება ჩვენს შთამომავლობას. მე ნამდვილად მსურს, იცოდნენ, რომ ის მცირედი, რაც მე ვიცი, თითქმის არაფერია იმასთან შედარებით, რაც არ ვიცი და რისი შესწავლის იმედსაც არ ვკარგავ. ისინი, ვინც თანდათანობით აღმოაჩენენ ჭეშმარიტებას მეცნიერებაში, იმათ ჰგვანან, ვინც, გამდიდრებულნი, უკვე ნაკლებ ირჯებიან სიმდიდრის მოსამატებლად, ვიდრე სიღარიბის დროს გაცილებით ნაკლების შესაძენად რომ შრომობდნენ. ისინი შეიძლება შევადაროთ იმ მხედართმთავრებს, რომელთა ძლიერებაც იზრდება მათი გამარჯვებების კვალობაზე, ხოლო დამარცხების შემდეგ, გადარჩენილთა დასაცავად და მდგომარეობის შესანარჩუნებლად უფრო მეტი საბრძოლო ხელოვნება მართებთ, ვიდრე ქალაქებისა და პროვინციების ძლევამოსილად აღებისას. რადგან მისწრაფება ყველა სირთულისა და შეცდომის დასაძლევად, რომლებიც ხელს გვიშლის ჭეშმარიტების შემეცნებაში, მართლაც, რომ საბრძოლო შერკინების ტოლფასია; მცდარი აზრის შექმნა რაიმე მნიშვნელოვან და ზოგად საგანზე ბრძოლის წაგებას უდრის; შემდგომში ბევრად უფრო მეტი ხელოვნება იქნება საჭირო იმისათვის, რათა ძალა მოიკრიბო და უწინდელი მდგომარეობა აღიდგინო,ვიდრე ეს იქნებოდა საჭირო მეტი წარმატებების მისაღწევად ხელთ არსებული სრულიად დასაბუთებული პრინციპების საფუძველზე. თავად მე, თუ ადრე აღმოვაჩინე ზოგიერთი ჭეშმარიტება მეცნიერებაში, ვიმედოვნებ, წინამდებარე ტომის შინაარსი ამას მოწმობს, შემიძლია ვთქვა, რომ ისინი გახლავთ მხოლოდ შედეგები და დასკვნები ხუთი თუ ექვსიჩემ მიერ გადალახული მთავარი სირთულისა, რომლებზე გამარჯვებაც მიმაჩნია ბრძოლად, რომელშიც ბედი ჩემ მხარეზე იყო. არც იმის თქმას შევუშინდები, რომ კიდევ ორისამი მსგავსი ბრძოლის მოგება და ჩემს გეგმებს განხორციელებულად ჩავთვლი; არც ისე ხანდაზმული ვარ, რომ მე, ბუნების ჩვეული დინების მიხედვით, საკმაო თავისუფალი დრო არ მქონდეს ამის განსახორციელებლად; მაგრამ მით უფრო უნდა გავუფრთხილდე ჩემს დარჩენილ დროს, რაც უფრო მეტად ვიმედოვნებ მის გამოყენებას კარგად. ცხადია, ჩემი ფიზიკის საფუძვლები რომ გამომექვეყნებინა, დროს ბევრჯერ დავკარგავდი, არადა ამ საფუძველთაგან ყველა იმდენად ცხადი გახლავთ, რომ მათი მოსმენაც კმარა, რათა ირწმუნოთ; მათ შორის არც ერთი არ გახლავთ ისეთი, რომლის დამტკიცებაც ჩემს ძალას აღემატებოდეს, თუმცა შეუძლებელია ისინი დაემთხვეს ყველა სხვათასრულიად განსხვავებულ მოსაზრებებს; ამიტომ წინასწარ ვითვალისწინებ, რომ ხშირად მომიწევს დროის გაცდენა, ყურადღების გადატანა საპირისპირო მოსაზრებებზე, რომელთაც აღნიშნული საფუძვლები გამოიწვევენ.       შესაძლოა, ეს საპირისპირო შეხედულებანი სასარგებლოც გამოდგეს ჩემთვის: ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ისინი გამაგებინებდნენ ჩემს შეცდომებს; მეორეც, იმიტომ, რომ ამ გზით სხვები უკეთ გაიგებდნენ ჩემს სიმართლეს: რამდენიმე ადამიანს ხომ მეტის დანახვა შეუძლია, ვიდრე ერთს; ამიტომ ახლა, როცა ვიყენებ ჩემ მიერ აღმოჩენილ პრინციპებს, ამ ადამიანებს შეეძლოთ დამხმარებოდნენ თავიანთი აღმოჩენებით. ვაღიარებ, ძალზე იოლად შეიძლება შევცდე და თითქმის არასოდეს ვენდობი თავში პირველად მოსულ აზრებს; მაინც საკუთარი გამოცდილება ნებას არ მაძლევს რაიმე სარგებლის გამოტანის იმედი ვიქონიო იმ საპირისპირო მოსაზრებათაგან, ჩემ საწინააღმდეგოდ რომ გამოთქვამენ. ხშირად შემიმოწმებია იმათი მოსაზრებებიც, ვინც მეგობრებად მეგულებოდა, იმათიც, ვინც მიუკერძოებლებად მიმაჩნდა და იმათიც კი, ვისაც ავი ზრახვა და შური აიძულებდა აღმოეჩინათ ის, რასაც კეთილგანწყობა მეგობრების თვალთაგან მალავდა, მაინც იშვიათად მომხდარა ჩემთვის დაეპირისპირებინოთ რაიმე ისეთი, რაც მე გათვალისწინებული არ მქონდა, ცხადია, თუ არ ჩავთვლით იმას, რაც ძალზე შორს იყო ჩემი საგნისაგან. ასე რომ, თითქმის არასოდეს შევხვედრივარ ჩემ მოსაზრებათა ისეთ ცენზორს, რომელიც ჩემზე უფრო მკაცრი და უფრო სამართლიანი ყოფილიყო. ასევე, არასოდეს შემინიშნავს, რომ კამათის საშუალებით, სკოლებში რომ არის მიღებული, აღმოეჩინოთ თუნდაც რაიმე, მანამდე უცნობი ჭეშმარიტება, რადგან ასეთ დროს თითოეული ლამობს გაიმარჯვოს და ორივე მხარე უფრო მეტს ცდილობს სიმართლის მსგავს რაიმეს ფასი მოუმატოს, ვიდრე ერთმანეთის მოსაზრებები აწონ-დაწონოს. დიდი ხნის განმავლობაში კარგ ადვოკატად ნამსახური, უკეთესი მოსამართლე როდი ხდება.       რაც შეეხება სარგებელს, რის გამოტანასაც სხვები შეძლებდნენ ჩემი აზრებიდან, რომელთაც გამოვაქვეყნებდი, ძალზე დიდი ვერც ის იქნებოდა, ვინაიდან ეს აზრებიც არ იყო იქამდე მიყვანილი, რომ პრაქტიკულ გამოყენებამდე არაფრის დამატება არ დასჭირვებოდა. პატივმოყვარეობის გარეშე შემიძლია განვაცხადო: თუ ვინმეს შესწევს მათი შევსების უნარი, ეს სხვაზე მეტად თავად მე ვარ; არა იმიტომ, რომ ქვეყნად არ ყოფილა ჩემზე გაცილებით მაღალი გონების მრავალი ადამიანი, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია გაიგო და გაითავისო სხვისი ნებისმიერი აზრი ისე კარგად, როგორც მაშინ თავად რომ მისულიყავი მის ჩამოყალიბებამდე. ეს ერთობ ცხადი რამ არის. არაერთგზის ამიხსნია ზოგიერთი ჩემი მოსაზრება გონებით გამორჩეული ადამიანებისათვის და თი-       თქოსდა მათაც ნათლად ესმოდათ ჩემი ჩვენი საუბრისას, მაგრამ შემდეგ, როდესაც ისინი მათ იმეორებდნენ და თითქმის ყოველთვის იმდენად ცვლიდნენ ჩემს აზრებს, რომ აღარ შემეძლო ისინი ჩემად მეღიარებინა. ვსარგებლობ შემთხვევით და ამის გამო ვთხოვ, ჩვენს შთამომავლებს: არასოდეს დაიჯერონ, როცა ამა თუ იმ აზრს ჩემად მიაწვდიან; ასეთად მხოლოდ ის მიიჩნიონ, რაც თავადვე გამოვაქვეყნე. პირადად მე სრულებითაც არ მიკვირს ის უცნაურობები, ძველი დროის იმ ფილოსოფოსებს რომ მიაწერენ, რომელთა თხზულებებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია; ამის გამო არ მეჩვენება მათი აზრები დიდად უგუნურად, რადგან ვფიქრობ მათი - თავიანთი დროის საუკეთესო მოაზროვნეების - აზრები ცუდად მოიტანეს ჩვენამდე. ეს იმითაც დასტურდება, რომ მათი მიმდევრები თითქმის არასოდეს აღემატებოდნენ თავიანთ მასწავლებლებს. დარწმუნებული ვარ, არისტოტელეს ამჟამინდელი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თავს ბედნიერად ჩათვლიდნენ, ბუნების შესახებ მათაც იმდენი რომ სცოდნოდათ, რაც მან იცოდა, თუნდაც იმ პირობით, უფრო მეტი ცოდნა ვერასოდეს შეეძინათ. ამ მხრივ ისინი ჰგვანან იმ სუროს, რომელიც ცდილობს არ ასცდეს ხეს, რომელსაც მიჰყვება, ხოლო მის კენწერომდე თუ მიაღწია, ისევ დაბლა ეშვება. ვფიქრობ, ესენიც ასევე ეშვებიან, რადგან, გარკვეული აზრით, მათი ცოდნა ღარიბდება და თავად ნაკლებსწავლულნი ხდებიან, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდნენ, სწავლისაგან თავი რომ შეეკავებინათ; მათ არ აკმაყოფილებთ იმის ცოდნა, რაც ავტორის მიერ გადმოცემულია გასაგებად, სურთ მის ნაწერებში აღმოაჩინონ პასუხი მრავალ საკითხზე, რომელთა შესახებაც ავტორი არაფერს ამბობს, ან, შესაძლოა, არც არასოდეს უფიქრია. თუმცა ფილოსოფოსთათვის დამახასიათებელი ასეთი წესი დიდად ხელსაყრელია საშუალო გონების ადამიანებისათვის, რადგან ბუნდოვანება იმ სხვაობებისა და იმ პრინციპებისა, რითაც ისინი სარგებლობენ, საშუალებას აძლევს მათ მცოდნეებივით ყველაფერზე თამამად ილაპარაკონ; აღნიშნულ ბუნდოვანებას იმისთვისაც იყენებენ, რომ ჯიუტად დაიცვან თავი იმისაგან, რასაც მათ შესახებ ამბობენ თვით ყველაზე გამჭრიახი და გაწაფული მოწინააღმდეგეები. ამით ისინი ჰგვანან იმ უსინათლოს, თანაბარ პირობებში საბრძოლველად თვალის ჩინის მქონეს სადმე ბნელ სარდაფში რომ ჩაიყვანს. ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები დაინტერესებულნი არიან, თავი შევიკავო ფილოსოფიის ჩემეული პრინციპების გამოქვეყნებისაგან, რომლებიც იმდენად მარტივი და ნათელია, რომ მათი მზის სინათლეზე გამოტანით, მე ერთგვარად გავაღებდი რამდენიმე ფანჯარას და შუქს ჩავუშვებდი იმ სარდაფში, ბრმა და თვალხილული საბრძოლველად რომ ჩავიდნენ. მაგრამ აღნიშნული პრინციპების გაცნობის სურვილი გამორჩეული გონების ადამიანებსაც კი არ გააჩნიათ; თუკი მათი სწრაფვა ამქვეყნად ყოველივეზე საუბარი და ამით სწავლული ადამიანის სახელის მოხვეჭა გახლავთ, ამას ისინი უფრო იოლად მიაღწევენ, თუ დასჯერდებიან სიმართლისმაგვარის იოლად აღმოჩენას ნებისმიერი სახის საკითხებში, ვიდრე ეძიონ ძნელად საპოვნელი ჭეშმარიტება და ისიც მხოლოდ ზოგიერთ საკი- თხში რომ მიიკვლევა, ამასთან საკუთარი უვიცობა გულახდილად აღიარონ, როგორც კი საქმე მიდგება სხვა საკითხზე. თუ ისინი ამჯობინებენ იცოდნენ ცოტაოდენი ჭეშმარიტება, ვიდრე დაკმაყოფილდეს მათი პატივმოყვარეობა და ყოვლისმცოდნედ გამოჩნდნენ - რაც, მართლაც, ბევრად უმჯობესია - და სურთ მიჰყვნენ ისეთსავე მიზანს, რომელსაც მე მივდევდი, სრულიად საკმარისი იქნება ისიც, რაც უკვე ვთქვი ამ მსჯელობაში; თუ მათ შესწევთ უნარი, ჩემზე მეტად წინ წავიდნენ, მით უფრო იოლად აღმოაჩენენ იმას, რაც, ვფიქრობ, მე აღმოვაჩინე; მე ყველაფერი გამოვიკვლიე მხოლოდ თანმიმევრობის დაცვით, ამდენად ის, რაც დამრჩა აღმოსაჩენი, ცხადია, თავისთავად ბევრად უფრო რთული და იდუმალია, ვიდრე ის, რაც აქამდე გამოვიკვლიე; რაოდენ სასიამოვნო იქნებოდა მათთვის, თავად აღმოეჩინათ ეს ყოველივე, ვიდრე ჩემგან შეეტყოთ. გარდა ამისა, შეძენილი ჩვევა - თავდაპირველად იოლი საკითხების კვლევა და თანდათანობით, საფეხურებრივად გადასვლა უფრო რთულ საკითხებზე - მით უფრო მეტადწაადგებოდათ, ვიდრე ამას შეძლებდა ყველა ჩემი დამოძღვრა. რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ, ჩემთვის ახალგაზრდობაშივე რომ ესწავლებინათ ყველა ჭეშმარიტება, რომელთა დასაბუთებასაც შემდეგში მე თავად ვეძებდი, ისინი რომ შემეცნო ყოველგვარი გარჯის გარეშე, ალბათ, ვერავითარ სხვა ჭეშმარიტებას ვეღარ მივაკვლევდი ან, ყოველ შემთხვევაში, ვერასოდეს შევიძენდი მათი მიგნების იმ ჩვევასა და უნარს, რაც მგონი გამაჩნია ახალ ჭეშმარიტებათა საძიებლად და აღმოსაჩენად. ერთი სიტყვით, ამქვეყნად თუ არსებობს რაიმე თხზულება,რომელიც შეიძლება წარმატებით დაასრულოს მხოლოდ მან, ვინც დაიწყო, მაშინ ეს სწორედ ის გახლავთ, რომელზეც მე ვმუშაობ.       მართალია, ამისათვის საჭირო ცდების ჩატარებასერთი ადამიანი ვერ შეძლებდა, მაგრამ საკუთარ ხელებზე უკეთ ხომ სხვათა ხელებს ვერ გამოიყენებენ; ცხადია, ხელოსნები და, საერთოდ, დაქირავებული ადამიანები გასამრჯელოს, ამ ძალზე ქმედითი საშუალების, იმედით ზუსტად გააკეთებენ ყველაფერს, რასაც კი შეუკვეთენ. რაც შეეხება მოყვარულებს, ცნობისმოყვარეობის ან სწავლის სურვილით რომ შეუძლიათ საკუთარი სამსახურის შეთავაზება, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ, ჩვეულებრივ, ისინი უფრო მეტს გვპირდებიან, ვიდრე ასრულებენ, ასევე, გვთავაზობენ კარგ წინადადებებს, რომელთაგანაც არასოდეს არც ერთი არ სრულდება; ზოგიერთი სირთულის ახსნისათვის, ისინი აუცილებლად ითხოვენ გასამრჯელოს, ანდა, ქათინაურებსა და ფუჭ თანხმობას მაინც, რაც ყოველთვის უფრო ძვირი დაგიჯდება, რაც არ უნდა ცოტა დრო დაიხარჯოს. სხვათაგან ცდების ჩატარებას რაც შეეხება - ისინი, ვინც საიდუმლოდ საქმიანობენ, რომც დათანხმებოდნენ ამის შესახებ ავტორისათვის ეცნობებინათ, რასაც, ცხადია, არასოდეს გააკეთებენ, - ეს ცდები უმთავრესად საჭიროებს იმდენ პირობას და ინგრედიენტს, რომ მათში ჭეშმარიტების გამოვლენა იოლი არ გახლავთ. გარდა ამისა, ყველა მიგნებული შედეგი ცუდად განმარტებული, ანდა მცდარიც კი იქნებოდა იმის გამო, რომ ცდების შემსრულებლები შეეცდებოდნენ მათ მისადაგებას თავიანთი პრინციპებისათვის; ზოგიერთი მათგანი თუ მაინც წაადგებოდა საქმეს, ძლივს აანაზღაურებდა მათ შესარჩევად დაკარგულ დროს. ამრიგად, ქვეყნად რომ არსებობდეს ერთობ უნარიანი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტდა, აღმოეჩინა საზოგადოებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე სასარგებლო რამ, რაც კი შეიძლება რომ არსებობდეს, და ამ განზრახვის აღსრულებაში სხვებსაც მცდელობა არ დაეკლოთ ყოველგვარი საშუალებებით დახმარებოდნენ, მაშინ, ჩემი აზრით,ყველაზე საუკეთესო, რასაც ისინი გააკეთებდნენ იქნებოდა ცდებისათვის საჭირო ხარჯების გაღება; თანაც, არავისთვის უნდა მიეცათ საშუალება, თავისი აბეზარობით მკვლევარისთვის თავისუფალი დრო დაეკარგვინებინა. თუმცა საკუთარ თავზე იმდენად დიდი აზრისა არ გახლავართ, რომ რაიმე არაჩვეულებრივს დაგპირდეთ, არც თავს ვიტყუებ ფუჭი იმედით, რომ საზოგადოება დიდად დაინტერესებულია ჩემი გეგმებით; არც ისე სულმოკლე ვარ, ნებისმიერისაგან მივიღო მოწყალება, რაც შეიძლება დაუმსახურებელ დახმარებად ჩამითვალონ.       ყველა ამ მოსაზრებათა ერთობლიობა გახლდათ ის მიზეზი, რის გამოც სამი წლის წინათ არ ვისურვე უკვე დასრულებული ტრაქტატის გამოქვეყნება და კიდეც გადავწყვიტე: ჩემ სიცოცხლეში არ გამომეცა სხვა, ასეთივე ზოგადი ნაშრომი, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა ჩემი ფიზიკის საფუძვლების გაგება. მაგრამ, მოგვიანებით, ორმა ახალმა გარემოებამ მიბიძგა ამ მსჯელობაში გამომექვეყნებინა რამდენიმე კერძო მოსაზრება და ამით ჩემს ქმედებებსა და გეგმებზე ჩამებარებინა ერთგვარი ანგარიში საზოგადოებისათვის. პირველი მოსაზრების თანახმად, მე რომ ეს არ მექნა, ბევრი, ვინც იცოდა ჩემი უწინდელი განზრახვა ზოგიერთი თხზულების გამოქვეყნების თაობაზე, იფიქრებდა, რომ ჩემი თავშეკავების მიზეზი უფრო დიდ ზიანს მომაყენებს, ვიდრე ეს ასე გახლავთ. მართალია, დიდების უზომო მოყვარული არ გახლავართ და - ვბედავ ვთქვა - მძულს კიდეც, რადგან მიმაჩნია, რომ იგი არღვევს სიმშვიდეს, რასაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ, მაინც, არც მიცდია ჩემი ქმედებები დამეფარა ისევე, როგორც ჩადენილ დანაშაულს ფარავენ ხოლმე. არც განსაკუთრებული სიფრთხილე გამომიჩენია იმისათვის, რომ ჩრდილში შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. ამას ხომ უსამართლობად ჩავთვლიდი საკუთარი თავის მიმართ, ეს ასევე გამიჩენდა გარკვეულ საზრუნავს, რაც დაარღვევდა ჩემი გონების სრულ სიმშვიდეს, რისკენაც მივილტვი. ასე რომ, მუდამ გულგრილი ვიყავი იმის მიმართ - სახელოვანი ვიქნებოდი, თუ ჩრდილში დავრჩებოდი. გარკვეული რეპუტაციის შეძენას არ ვეწინააღმდეგებოდი, პირიქით, მიმაჩნდა, რომ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა მეღონა, რათა ჩემი სახელი ცუდი მაინც არ ყოფილიყო. მეორე მოსაზრება, რამაც მაიძულა ამ თხზულების დაწერა, გახლავთ შემდეგი: ვხედავდი, რომ ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო გვიანდებოდა ჩემი განზრახვა - შემეძინა ცოდნა, რათა ჩამეტარებინა უამრავი ექსპერიმენტი, რაც მე ასე მჭირდება და რომელთა ჩატარებაც შეუძლებელი იქნებოდა სხვისი დახმარების გარეშე; ცხადია, თავს ვერ დავიიმედებ იმით, რომ საზოგადოება დიდ დახმარებას გამიწევს ჩემი ზრახვების განხორციელებაში, მაინც არ მინდა შევცოდო საკუთარ თავს და საბაბი მივცე მათ, ვინც ჩემ შემდეგ იცოცხლებს, ერთ მშვენიერ დღეს მისაყვედურონ: რატომ არ ავუხსენი მათ, თუ რით შეეძლოთ დამხმარებოდნენ ჩემი გეგმების შესრულებაში და თავს საშუალება არ მივეცი მრავალი საუკეთესო მონაცემი დამეტოვებინა მათთვის.       გადავწყვიტე: იოლია შერჩევა რამდენიმე საკითხისა, რომლებიც დიდად საკამათო არ გახდებოდა და არც მე მაიძულებდა ჩემი პრინციპები იმაზე მეტად გამომეტანა საჯაროდ, ვიდრე ეს მსურს; ისინი მაინც საკმაოდ ნათლად წარმოაჩენდნენ, თუ რას შემიძლია მივაღწიო მეცნიერებაში და რას არა. არ ვიცი, შევძელი ეს თუ არა, არც ის მსურს, რომ საკუთარ თხზულებებზე საუბრით ვინმეს მსჯავრს დავასწრო. დიდად მოხარული ვიქნები, თუ მათ განიხილავენ, ხოლო უფრო მეტი საფუძველი რომ ჰქონდეთ ამისათვის, უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვისაც კი რაიმე შენიშვნა ექნება, ნუ დაიზარებენ და აცნობონ ისინი ჩემს გამომცემელს, ვისი მეშვეობითაც მე შევიტყობ და შევეცდები, მაშინვე ვუპასუხო; ასეთი გზით მკითხველები ერთდროულად გაეცნობიან შენიშვნებს და პასუხებს და უფრო იოლად განსჯიან ჭეშმარიტებას. თანაც იმასაც გპირდებით, რომ მათ ვრცელ პასუხებს არასოდეს გავცემ, ძალზე გულახდილად ვაღიარებ ჩემს შეცდომებს, თუ მათ შევნიშნავ; მათ შემჩნევას თუ ვერ შევძლებ, უბრალოდ, ვიტყვი იმას, რასაც ჩემი ნაწერის დასაცავად საჭიროდ მივიჩნევ, არ მოვყვები რაიმე ახალი საკითხების განმარტებას, რათა კამათი დაუსრულებლად არ გაგრძელდეს.       „დიოპტრიკისა“ და „მეტეორების“ შესავალში მოცემულმა ზოგიერთმა მოსაზრებამ თავდაპირველად გაოცება თუ გამოიწვია, რაკი მე მათ ვარაუდებს ვუწოდებ და თითქოსდა არ ვაპირებდე მათ დასაბუთებას, მოთმინება იქონიონ და ყურადღებით წაიკითხონ ყველაფერი; ვიმედოვნებ, კმაყოფილნი დამრჩებიან, ვინაიდან, ჩემი აზრით, საბუთები მოცემულია იმგვარი თანმიმდევრობით, რომ პირველი საბუთებით, როგორც მიზეზებით, დასტურდება ბოლონი; ხოლო თავის მხრივ პირველები ე. ი. მიზეზები, ნათელიყოფა მომდევნოებით, როგორც მათი შედეგით. ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ისეთივე შეცდომას ვუშვებდე, ლოგიკოსები წრეს რომ უწოდებენ, რადგან გამოცდილება მთელი სიცხადით ადასტურებს აღნიშნულ შედეგთა უმრავლესობას. მიზეზები, რომელთაგანაც ეს დასაბუთებები გამომდინარეობს, ემსახურება არა იმდენად მათ დამტკიცებას, რამდენადაც ახსნას და პირიქით, თავადვე დასტურდება შედეგებით. მე მათ ვარაუდები მხოლოდ იმიტომ ვუწოდე, რომ შესაძლებლად მიმაჩნია მათი გამოყვანა ჩემ მიერ ზემოთ ახსნილი პირველი ჭეშმარიტებებიდან, მაგრამ განზრახ გავაკეთე ეს შემდეგი მიზნით: ისინი - ვისაც ჰგონიათ, ერთ დღეში გაიგებენ ყველაფერს, რაზეც ოცი წელი უფიქრია სხვას, თუკი იგი მათ ორი-სამი სიტყვით აუხსნის თავის ნააზრევს, მით უფრო ცდებიან და შორდებიან ჭეშმარიტებას, რაც უფრო გამჭრიახი და მკვირცხლი გონების პატრონი არიან; მინდოდა ხელი შემეშალა მათთვის, და არ მიმეცა შესაძლებლობა აეგოთ იმ საწყისებზე, რომელთაც ისინი ჩემად მიიჩნევდნენ, რაიმე ექსტრავაგანტური ფილოსოფია, რომლის მცდარობაც მევე დამბრალდებოდა. აბსოლუტურად ჩემს მოსაზრებებს რაც შეეხება, არა მგონია სიახლე საბოდიშო იყოს მათთვის; მჯერა რომ, თუ კარგად ჩაუკვირდებიან მათს საფუძვლებს, დარწმუნდებიან, ისინი იმდენად მარტივი და მისაღებია საღი აზრისათვის, რომ იმავე საგნების შესახებ ნებისმიერ სხვა შესაძლო შეხედულებებზე ნაკლებ უჩვეულო და უცნაური მოეჩვენებათ; არ ვტრაბახობ, რომ პირველმა აღმოვაჩინე ისინი; საკუთარ დამსახურებად ის მიმაჩნია, რომ აღნიშნული საფუძვლების სისწორეში საკუთარმა გონებამ დამარწმუნა, და არა ის, რომ მივიღე, რაკი ჩემზე ადრე სხვებს ჰქონდათ, ან პირიქით, საერთოდ არავის ჰქონდა გამოთქმული. „დიოპტრიკაში“ მოცემული გამოგონება ხელოსნებს მაშინვე რომ ვერც განეხორციელებინათ პრაქტიკულად არა მგონია, მხოლოდ ამის გამო დაეგმოთ ისინი. ჩემ მიერ აღწერილი მანქანების აგება და გამართვა - ისე რომ არაფერი მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ - დიდ ოსტატობასა და გამოცდილებას ითხოვს. ამდენად, პირველივე ცდაზე ხელოსანთა წარმატება ისევე გამიკვირდებოდა, როგორც კარგი ნოტების წყალობით ვინმეს ბარბითზე ჩინებულად დაკვრა ერთ დღეში რომ ესწავლა. ამ თხზულებას კი იმიტომ ვწერ ფრანგულად - ჩემი ქვეყნის ენაზე და არა ლათინურად, ჩემი მასწავლებლების ენაზე, რომ ვიმედოვნებ: ჩემს მოსაზრებებს უკეთ განსჯიან ის ადამიანები, მხოლოდ საკუთარ, განგებით ნაბოძებ წმინდა გონებას რომ იყენებენ; ხოლო ისინი, ვისაც საღი გონება ცოდნით გაუჯერებიათ, ერთადერთნი არიან, საკუთარ მსაჯულებად ვისაც ვისურვებდი. დარწმუნებული ვარ, ისინი არ გამოიჩენენ მიკერძოებას ლათინური ენისადმი და მხოლოდ იმ საბაბით არ განაცხადებენ უარს ჩემი მოსაზრებების წაკითხვაზე, რომ მე ისინი სახალხო ენაზე გადმოვეცი.       დასასრულ, აქ არ მსურს უფრო დაწვრილებით საუბარი იმ წარმატებებზე, რომელთაც, ვიმედოვნებ, სამომავლოდ მივაღწევ მეცნიერებებში; არ მინდა საზოგადოების წინაშე თავის დავალდებულება რაიმე დაპირებებით, რომელთა შესრულებაშიც არ ვარ დარწმუნებული. დავსძენ მხოლოდ ერთს: გადავწყვიტე, მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე მოვანდომო მხოლოდ ბუნების შესწავლას, რომ მისგან შეიძლებოდეს მედიცინაში იმაზე უფრო საიმედო წესების გამოტანა, ვიდრე დღემდე გვაქვს; ჩემი სურვილი იმდენად ძლიერია, რომ არავითარი სხვა განზრახვა აღარ მიპყრობს, განსაკუთრებით ის, რომელშიც ერთთათვის სარგებელი აუცილებლობით გულისხმობს საზიანოს მეორეთათვის. თუ გარემოებათა გამო იძულებული ვიქნებოდი, ამგვარი რამ მეკეთებინა, წარმატების იმედი არც უნდა მქონოდა. ამას აქ ვაცხადებ, თუმცა ვიცი, ამგვარი განცხადება საზოგადოებაში არ გაზრდის ჩემს ავტორიტეტს, მაგრამ ეს არც გახლავთ ჩემი მიზანი. მარად მადლიერი ვიქნები მათი, ვისი წყალობითაც დაუბრკოლებლად შევძლებ თავისუფალი დროით სარგებლობას, ვიდრე მათი, ვინც შემომთავაზებს ამქვეყნად ყველაზე უფრო საპატიო თანამდებობებს. დასასრული « მეხუთე ნაწილი ---------------------------------- შენიშვნები: [1] იგულისხმება დეკარტის თხზულება „სამყარო ანუ ტრაქ ტატი სინათლის შესახებ“. [2] დეკარტი გულისხმობს იტალიელ ფიზიკოსსა და ასტრონომს გალილეი გალილეის /1564-1642/. გალილეის ძირითადი თხზულებაა „დიალოგი სამყაროს ორი უმთავრესი - პტოლომესეული და კოპერნიკისეული - სისტემის შესახებ“ /1632/.…
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 10:51am on მაისი 18, 2020
თემა: ამბოხი
ელი, მხოლოდ შორებელთა სიყვარულს თუ შეძლებ. სადღაც „იოანე მოწყალის“ (ერთ-ერთი წმინდანის) შესახებ წავიკითხე: ერთხელ მასთან მშიერი და გათოშილი მგზავრი მისულა და უთხოვია, გამათბეო. წმინდანს იგი ლოგინში ჩაუწვენია და მოჰხვევია. მგზავრს რაღაც საშინელი ავადმყოფობისგან ჩაჩირქებული პირიდან სიმყრალე ამოსდიოდა. წმინდანს მისთვის პირში ჩაბერვა დაუწყია. მჯერა, რომ ამას იგი სიცრუის მოძალებით, მოვალეობით ნაკარნახევი სიყვარულით, საკუთარი თავისადმი დაკისრებული ეპიტიმიის გამო სჩადიოდა. კაცი რომ შეიყვარო, იგი უნდა გემალებოდეს, ხოლო როგორც კი თავის სახეს გაჩვენებს, სიყვარული უმალვე გაქრება. - ამის თაობაზე ბერ-მოძღვარს არაერთხელ უთქვამს, - შენიშნა ალიოშამ, - ისიც ამბობდა, ადამიანის სახე სიყვარულში გამოუცდელთაგან მრავალთ სიყვარულს უძნელებსო. მაგრამ ადამიანთა შორის ხომ ბევრია სიყვარული, თანაც თითქმის ქრისტეს სიყვარულისნაირი, ეს თავად ვიცი, ივან... - მე კი ეს ჯერ არ ვიცი და არც გაგება შემიძლია. ურიცხვი ადამიანი ასევეა. საკითხავი ის არის, ეს ადამიანთა ცუდი თვისებების გამო ხდება, თუ იმის გამო, რომ ასეთია მათი ბუნება. მე მგონი, ადამიანთა მიმართ ქრისტესმიერი სიყვარული ამქვეყნად შეუძლებელი სასწაულია. თუმცაღა, იგი ღმერთი იყო. მაგრამ ჩვენ ხომ ღმერთები არა ვართ. ვთქვათ, მე, მაგალითად, შემიძლია, მძაფრად ვიტანჯო, მაგრამ სხვა ხომ ვერასოდეს შეიტყობს, რანაირად ვიტანჯები, იმიტომ რომ ის მე კი არა, სხვა არის, უფრო მეტიც, ადამიანი სხვას იშვიათად მიიჩნევს ტანჯულად (თითქოს ეს ჩინი იყოს). რა გგონია, რატომ არ მიიჩნევს? მაგალითად, იმიტომ, რომ ცუდი სუნი უდის, ბრიყვული სახე აქვს, ანდა ერთხელ, როდესღაც, ფეხზე ფეხი დააბიჯა. ამას გარდა, სატანჯველიცაა და სატანჯველიც: დამამცირებელ სატანჯველს, რაც მე მამცირებს, მაგალითად, შიმშილს, ჩემი კეთილისმყოფელი კიდევ შესაძლებლად მიიჩნევს, მაგრამ სატანჯველი თუ უფრო მაღალი დონისაა, მაგალითად, იდეისთვის ტანჯვას, არა, ამას ძნელად თუ ირწმუნებს, რადგან, ვთქვათ, შემომხედავს და უცებ ნახავს, რომ სრულებით არა მაქვს ისეთი სახე, რაც მისი ფანტაზიით უნდა ჰქონდეს, აი, ამ იდეის გამო ტანჯულ ადამიანს. ჰოდა, უმალ მომაკლებს წყალობას, თანაც ყოველგვარი გულისწყრომის გარეშე. ღატაკები, განსაკუთრებით კეთილშობილი ღატაკები, გარეთ არც უნდა გამოჩნდნენ და მოწყალებას გაზეთების საშუალებით უნდა ითხოვდნენ. განყენებულად კიდევ შეიძლება მოყვასის სიყვარული, თანაც შორიდან, მაგრამ ახლოდან არასოდეს. ყველაფერი ისე რომ იყოს, როგორც სცენაზე, ბალეტშია, სადაც ღატაკნი აბრეშუმის ძონძმანძებითა და დაფხრეწილი მაქმანებით გამოდიან, გრაციოზულად ცეკვავენ და მოწყალებას ისე ითხოვენ, მაშინ კიდევ შეიძლება მათი ცქერით დატკბობა. ცქერით დატკბობა და არა სიყვარული. მაგრამ კმარა ამაზე ლაპარაკი. მე მხოლოდ ის მინდოდა, ჩემი თვალსაზრისი გაგეგო. მინდოდა, კაცობრიობის ტანჯვაზე მელაპარაკა, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ მხოლოდ ბავშვების ტანჯვაზე შევჩერდებით. ეს ჩემი არგუმენტაციის ოდენობას ათჯერ შეამცირებს, მაგრამ მაინც უმჯობესი იქნება, თუ მხოლოდ ბავშვებზე ვილაპარაკებთ. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ნაკლებ მომგებიანია. მაგრამ, ჯერ ერთი, ბავშვების სიყვარული შესაძლოა ახლოდანაც, შესაძლოა, გიყვარდეს უსუფთაონიც, ულამაზონიც (თუმცაღა, მგონია, რომ ბავშვები ულამაზონი არასოდეს არიან). მეორეც, დიდებზე კიდევ, აი, რატომ არ ვილაპარაკებ: გარდა იმისა, რომ ისინი საზიზღარნი არიან და სიყვარულს არ იმსახურებენ, შურისგების ღირსნიც არიან: მათ ვაშლი შეჭამეს, კეთილი და ბოროტი შეიცნეს და გახდნენ „ვითარცა ღმერთნი“. ვაშლის ჭამას ახლაც განაგრძობენ. ხოლო ბავშვებს არაფერი უჭამიათ და ჯერ არაფერი დაუშავებიათ. ალიოშა, ბავშვები თუ გიყვარს? ვიცი, რომ გიყვარს და მიხვდები, ახლა მხოლოდ მათზე რატომ მინდა ვილაპარაკო. თუ ამქვეყნად ისინიც საშინლად იტანჯებიან, ეს, რა თქმა უნდა, მათი მამების გამო ხდება, დაისაჯნენ მამების გამო, რომელთაც ვაშლი შეჭამეს, - მაგრამ ეს ხომ სხვა სამყაროს თვალსაზრისია, რასაც აქ, დედამიწაზე, ადამიანის გული ვერ შეიცნობს. უდანაშაულო, თანაც ასეთი უდანაშაულო, სხვის გამო არ უნდა იტანჯებოდეს! ალიოშა, თუნდაც გაგიკვირდეს, ბავშვები მეც ძალიან მიყვარს. ესეც იცოდე, სასტიკ, ვნებიან, ავხორც ადამიანებს, კარამაზოველებს, ბავშვები ზოგჯერ ძალიან უყვართ. ბავშვები, სანამ ბავშვები არიან, მაგალითად, შვიდ წლამდე, ასაკოვან ადამიანებს დიდად ჩამორჩებიან: თითქოს სულ სხვა არსებანი, სხვა ბუნების მქონენი არიან. ერთი ავაზაკის ამბავს გეტყვი, რომელიც საპატიმროში იჯდა: როცა ყაჩაღობდა და სახლებში ღამით გასაძარცვად შედიოდა, ხან მთელი ოჯახები ამოუწყვეტია და ყელი ბავშვებისთვისიც გამოუჭრია. მაგრამ საპატიმროში ჯდომისას ბავშვები საოცრად უყვარდა. საპატიმროს ფანჯარასთან იჯდა და ციხის ეზოში მოთამაშე ბავშვებს უცქეროდა. ერთი პატარა ბიჭი მიიჩვია, იგი ფანჯარასთან მიდიოდა და პატიმარს ძალიან დაუმეგობრდა... ალიოშა, არ იცი, ყოველივე ამას რატომ გეუბნები? თავი ამტკივდა და დავნაღვლიანდი. - სახეც უცნაური გაქვს, - უთხრა შეშფოთებულმა ალიოშამ, - გონებაარეულს გავხარ. - მართლა, ამას წინათ ერთი ბულგარელი მოსკოვში მომიყვა, - ისე განაგრძო ივან ფიოდოროვიჩმა, თითქოს ძმის ნათქვამი არც გაუგონიაო, - თურქები და ჩერქეზები იმათ ქვეყანაში, ბულგარეთში, ყველგან რა ბოროტმოქმედებას სჩადიან, რადგან სლავების საყოველთაო აჯანყებისა ეშინიათ: სახლებს წვავენ, ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებენ, პატიმრებს ყურით მესერზე ლურსმნით აჭედებენ, დილამდე იქ ტოვებენ, ხოლო დილით სახრჩობელაზე ჰკიდებენ და ასე შემდეგ, ყველაფრის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. ზოგჯერ ადამიანის „მხეცურ“ სისასტიკეზე ლაპარაკობენ, რაც მხეცების მიმართ ძალზე არასამართლიანი და დამამცირებელია: მხეცი ვერასოდეს იქნება ისეთი სასტიკი, ისე არტისტულად, ისე მხატვრულად სასტიკი, როგორიც ადამიანია. ვეფხვი მხოლოდ ღრღნის, მხოლოდ ფლეთს და მხოლოდ ეს შეუძლია. მას აზრადაც არ მოუვიდოდა, ადამიანი ყურით რომ მიეჭედებინა, თუნდაც ეს შეეძლოს. ის თურქები, სხვათა შორის, ნეტარებით აწამებდნენ ბავშვებსაც. დედებს მუცლიდან ხანჯლებით კვეთდნენ, ძუძუთა ბავშვებს მაღლა ააგდებდნენ და დედების თვალწინ ხიშტებზე წამოაგებდნენ. ნეტარებას უმთავრესად ის ანიჭებდათ, რომ ამას დედების თვალწინ სჩადიოდნენ. ყველაზე უფრო ერთმა სურათმა დამაინტერესა. წარმოიდგინე: აცახცახებულ დედას ხელში ძუძუთა ბავშვი უჭირავს, ირგვლივ თურქები შემოხვევიან. ისინი მხიარულობენ: ბავშვს ეფერებიან, იცინიან, რათა გაამხიარულონ, ახერხებენ კიდევაც, ბავშვი იცინის. იმ წუთას თურქი ოთხი გოჯის მანძილიდან სახეში პისტოლეტს უმიზნებს. ბიჭი მხიარულად ხარხარებს, ხელებს იწვდის, პისტოლეტს ეტანება. არტისტი უეცრად ჩახმახს დასხლეტს მის სახესთან და თავს შეუნგრევს... ხომ მხატვრულია, არა? მართლა, ამბობენ, თურქებს ტკბილეულობა ძალიან უყვართო. - ძმაო, ასეთ რამეებს რატომ მიყვები? - ჰკითხა ალიოშამ. - მე მგონი, თუ სატანა არ არსებობს და, მაშასადამე, იგი ადამიანმა შექმნა, მაშინ თავისდაგვარი, თავისი მსგავსი შეუქმნია. - ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ღმერთი. - შენ საოცრად შეგიძლია სიტყვების შეტრიალება, როგორც პოლონიუსი ამბობს „ჰამლეტში,“ - გაიცინა ივანმა. - რახან სიტყვაზე დამიჭირე, მოხარული ვარ. კარგი ყოფილა შენი ღმერთი, თუ ადამიანმა თავის მსგავსად შექმნა. ახლა მკითხე, ასეთ რამეებს რატომ მიყვებიო? მე ზოგ-ზოგი ფაქტის მოყვარული და შემგროვებელი გახლავარ და, თუ დამიჯერებ, გაზეთებიდან და მონათხრობებიდან, სადაც წავაწყდები, ამოვიწერ და ვაგროვებ ერთგვარ ამბებს და უკვე კარგი კოლექცია დამიგროვდა. თურქები კოლექციაში, რა თქმა უნდა, შევიდნენ, მაგრამ ესენი სულ უცხოელები არიან. მე მშობლიური ამბებიცა მაქვს და თურქულზე უმჯობესიც კი. რომ იცოდე, ჩვენში უფრო მეტი ცემა-ტყეპა, მეტი როზგი და მათრახია და ეს ეროვნულია: ყურით მილურსმვა ჩვენთან წარმოუდგენელია, რაც არ უნდა იყოს, ევროპელები ვართ, მაგრამ როზგი, მათხრახი - ეს უკვე ჩვენია და ვერავინ შეგვეცილება. უცხოეთში ცემა ახლა თითქოს სრულებით აღარ არის, ზნე-ჩვეულებები დაიწმინდა, თუ ისეთი კანონები შემოიღეს, რომ ადამიანს ადამიანის გაროზგვა არ შეუძლია, სამაგიეროდ, თავი სხვა რამით, როგორც ჩვენში, წმინდა ეროვნულით დაიჯილდოვეს, ისეთი ეროვნულით, რაც ჩვენში თითქოს შეუძლებელია, თუმცაღა, მგონი, ჩვენშიაც ინერგება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენს მაღალ საზოგადოებაში რელიგიური მოძრაობა დაიწყო. მე მაქვს ფრანგულიდან თარგმნილი ერთი საუცხოო ბროშურა, სადაც მოთხრობილია, რომ ჟენევაში სულ ცოტა ხნის, ხუთი წლის წინ სიკვდილით დასაჯეს ერთი ავაზაკი და მკვლელი, რიშარი, მგონი, ოცდასამი წლის ახალგაზრდა კაცი, რომელმაც ეშაფოტის წინ ცოდვები მოინანია და ქრისტიანულ რწმენას ეზიარა. ეს რიშარი ვიღაცის უკანონო შვილი იყო, ექვსი წლის ბიჭი მშობლებმა ვიღაც შვეიცარიელ მწყემსებს აჩუქეს, ხოლო იმათ გაზარდეს, რომ შემდეგ ემუშავებინათ. იქ როგორც ნადირი ისე იზრდებოდა, მწყემსები არაფერს ასწავლიდნენ, პირიქით, შვიდი წლისას უკვე ფარის სამწყემსად გზავნიდნენ წვიმასა და სიცივეში, თითქმის ჩაუცმელს და თითქმის უჭმელ-უსმელს. როცა ასე ეპყრობოდნენ, რა თქმა უნდა, არც რაიმე აფიქრებდათ და არც რაიმე ადარდებდათ, პირიქით, მიაჩნდათ, რომ ამის სრული უფლება ჰქონდათ, იმიტომ რომ რიშარი ნაჩუქარი იყო, როგორც ნივთი და ისაც არ მიაჩნდათ საჭიროდ, რაიმე რომ ეჭმიათ. თვით რიშარის მონათხრობით იმ წლებში მას, როგორც სახარების უძღებ შვილს, ის სალაფავიც კი ენატრებოდა, გასაყიდად გასასუქებელ ღორებს რომ აჭმევდნენ, მაგრამ მას ამ სალაფავსაც არ აძლევდნენ და სცემდნენ, როცა ღორებს ჰპარავდა. ასე გაატარა ბავშვობა და სიჭაბუკე, სანამ გაიზრდებოდა, ძალას მოიკრებდა და ქურდობას დაიწყებდა. ველური ჟენევაში ფულს დღიური შრომით შოულობდა, ნაშოვნს სასმელში ხარჯავდა, ავაზაკივით ცხოვრობდა და იმით დაასრულა, რომ ვიღაც ბერიკაცი მოკლა და გაძარცვა. იგი შეიპყრეს, გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს. იქ ხომ სანტიმენტალობა არ სჩვევიათ. ციხეში გარს შემოეხვივნენ პასტორები, სხვადასხვა ქრისტიანული ძმობის წევრები, ქველმოქმედი ქალები, სხვანი და სხვანი. წერა-კითხვა ასწავლეს, სახარებას განუმარტავდნენ, ანამუსებდნენ, არწმუნებდნენ, უტევდნენ, უჩიჩინებდნენ და ბოლოს მან დანაშაული საზეიმოდ აღიარა, სასამართლოს მისწერა, ავაზაკი ვარ, ბოლოს კი ღირსი შევიქენი, რომ უფალმა წყალობა მომმადლა და გონება გამინათაო. მთელი ჟენევა, მთელი ქველმოქმედი და ღვთისმოსავი ჟენევა აღელდა. ყველა ზნესრული და ზრდილი მისკენ გაეშურა. რიშარს ეხვეოდნენ, ჰკოცნიდნენ: „ძმა ხარ ჩვენი, ღმერთმა წყალობა მოგმადლაო!“ გულაჩუყებული რიშარი კი მხოლოდ ტიროდა: „დიახ, ღმერთმა წყალობა მომმადლა! ადრე, ჩემს ბავშვობასა და სიჭაბუკეში ღორების სალაფავი მენატრებოდა, ახლა კი ღვთის წყალობის ღირსი მეც შევიქენ, ღვთის წიაღში ვკვდებიო!“ - „დიახ, დიახ, რიშარო, ღვთის წიაღში მოკვდები, სისხლი დაღვარე და ღვთის წიაღში უნდა მოკვდე. თუნდაც უდანაშაულო იყო, რამეთუ ღმერთის არსებობა სრულებით არ იცოდი, როცა ღორების სალაფავი გენატრებოდა და იმის გამო გცემდნენ, რომ სალაფავს იპარავდი (რაც ძალიან ცუდია, რადგან ქურდობა აკრძალულია), - მაგრამ სისხლი დაღვარე და უნდა მოკვდე“. და, აი, უკანასკნელი დღე დადგა. ღონემიხდილი რიშარი ტირის და ყოველ წუთას მხოლოდ ამას იმეორებს: „ეს დღე ჩემი საუკეთესო დღეა, ღმერთთან მივდივარ!“ - „დიახ, - უყვირიან პასტორები, მოსამართლეები და ქველმოქმედი ქალები, - ეს შენი უბედნიერესი დღეა, რადგან ღმერთთან მიდიხარ!“ ყველანი ეშაფოტისკენ მიემართებიან, ზოგნი ეტლებით, ზოგნი ფეხით მიჰყვებიან სამარცხვინო საზიდარს, რომლითაც რიშარი მიჰყავთ. აი, ეშაფოტსაც მიაღწიეს: „მოკვდი, ჩვენო ძმაო, - უყვირიან რიშარს, - მოკვდი ღმერთის წიაღში, რამეთუ ღმერთმა წყალობა შენც მოგმადლა!“ აი, ძმათა დაკოცნილი ძმა რიშარი ეშაფოტზე აიყვანეს, გილიოტინაზე დააწვინეს და თავი ძმურად მაინც წაათალეს იმის გამო, რომ ღმერთმა წყალობა მასაც მოჰმადლა. ეს ნიშანდობლივია. ბროშურა რუსულად თარგმნეს მაღალი საზოგადოების ვიღაც მოლუთერანო ქველმოქმედმა რუსებმა და რუსი ხალხის განსანათლებლად უფასოდ დაარიგეს, როგორც გაზეთებისა და სხვა გამოცემათა დამატება. რიშარის ამბავი კარგი იმით არის, რომ ეროვნულია. ჩვენში თუმცა უაზრობაა, ძმას თავი მოჰკვეთო მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ჩვენი ძმა გახდა და ღმერთმა წყალობა მოჰმადლა, მაგრამ, ვიმეორებ, ჩვენ ჩვენი, თითქმის არანაკლები რამ გაგვაჩნია. ჩვენ ცემით წამების ისტორიული, უშუალო და უახლოესი ტკბობა გვაქვს. ნეკრასოვს ერთი ლექსი აქვს, გლეხი ცხენს მათრახით როგორ სცემს, თვალებში, „თვინიერ თვალებში“ როგორ ურტყამს. ასეთი რამ ვიღას არ უნახავს, ეს რუსიზმია. იგი აღწერს, უღონო ცხენი, რომელსაც საზიდარზე ზედმეტი ტვირთი დაუდეს, როგორ ჩაეფლო და საზიდარი ვეღარ ამოუთრევია. გლეხი სცემს, გაშმაგებით სცემს, ბოლოს ისე სცემს, არც იცის, რას სჩადის, ცემის ჟინით მთვრალი საშინლად, არაადამიანურად სცემს: „თუმცა არ შეგიძლია, მაინც ამოათრიე, მოკვდი და ამოათრიე!“ ჯაგლაგი საზიდარს ექაჩება, ხოლო გლეხი უმწეოს ცრემლიან, „თვინიერ თვალებში“ უწყებს ცემას. ცხენმა გაშმაგებით გაქაჩა, საზიდარი ამოათრია და აცახცახებული, სუნთქვაშეგუბებული დაიძრა როგორღაც გვერდულად, განზე გახტომით, როგორღაც არაბუნებრივად და სამარცხვინოდ - ნეკრასოვი შემზარავად აღწერს. მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ცხენია, ადამიანს ცხენის ცემა თვით ღმერთმა დაუწესა. თათრებმა ასე განგვიმარტეს და მათრახი გვისახსოვრეს. მაგრამ ადამიანების ცემაც ხომ შეიძლება. ჰოდა, ინტელიგენტი, განათლებული კაცი და მისი მეუღლე საკუთარ ქალიშვილს, შვიდი წლის ბავშვს როზგავენ - ეს ამბავი დაწვრილებით მაქვს ჩაწერილი. მამას უხარია, წკეპლა ნუჟრებიანი რომ არის. ამბობს, „უფრო კარგად ააჭრელებსო“ და საკუთარი ქალიშვილის „აჭრელებას“ იწყებს. ნამდვილად ვიცი, არიან ისეთი მწკეპლავები, ყოველი დარტყმის მერე ჟინი რომ ემატებათ, სულ უფრო რომ ცხარდებიან, ყოველი დარტყმის შემდეგ სულ უფრო მეტად და მეტად, სულ უფრო პროგრესულად. უტყლაშუნებენ ერთ წუთს, უტყლაშუნებენ ხუთ წუთს, უტყლაშუნებენ ათ წუთს, სულ უფრო მაგრად, სულ უფრო ხშირად, სულ უფრო მწარედ. ბავშვი ყვირის, ბავშვს ბოლოს ყვირილი აღარ შეუძლია, სული ეხუთება: „მამა, მამა, მამიკო, მამიკო!“ საქმე რაღაც ეშმაკად სასამართლომდე მიდის. ვექილს იქირავებენ. რუსი ხალხი დიდი ხანია, ვექილს „დაქირავებულ სინდისს“ უწოდებს. ვექილი თავისი კლიენტის დასაცავად გაჰყვირის: „უბრალო საქმეა, ოჯახური და ჩვეულებრივი, მამამ შვილი მიტყიპა და ჩვენი დროის სამარცხვინოდ სასამართლო გაიმართაო!“ დარწმუნებული ნაფიცი მსაჯულები გადიან და გამამართლებელი განაჩენი გამოაქვთ. მწამებლის გამართლებით გაბედნიერებული პუბლიკა ღრიალებს. ეეჰ, იქ არ ვიყავი, თორემ შევძახებდი, გთავაზობთ, მწამებლის სახელობის სტიპენდია დავაწესოთ-მეთქი!.. დიდებული სურათებია. თუმცაღა, უარესი რამეებიცა მაქვს ბავშვებზე. რუს ბავშვებზე, ალიოშა, ძალიან ბევრი რამ მაქვს მოგროვილი. დედამ და მამამ, „უღირსეულესებმა და ჩინოსნებმა, განათლებულებმა და აღზრდილებმა“ პატარა, ხუთი წლის გოგონა შეიძულეს. გაიგონე, მე კიდევ ერთხელ დაბეჯითებით ვამტკიცებ, რომ კაცობრიობაში ბევრს აქვს განსაკუთრებული თვისება - ბავშვების, მხოლოდ და მხოლოდ ბავშვების წამების სიყვარული. ადამიანთა მოდგმის ყველა სხვა სუბიექტის მიმართ იგივე მტანჯველები კეთილგანწყობილნი და თვინიერნი არიან, როგორც განათლებულსა და ჰუმანურ ევროპელს შეეფერება, მაგრამ ბავშვების ტანჯვა ძალიან უყვართ, თვით ბავშვები ამ მხრივ უყვართ. მტანჯველებს სახელდობრ ამ არსებათა დაუცველობა, ბავშვის ანგელოზური მიმნდობლობა ხიბლავს. ბავშვს წასასვლელი რომ არსადა აქვს და თავს ვერავის შეაფარებს, - მტანჯველს ბინძურ სისხლს ეს უჩქროლებს. ყოველ ადამიანში, რა თქმა უნდა, მხეცი იმალება, მრისხანე მხეცი, განაწამები მსხვეპლის ყვირილით ტკბობის ავხორცული ჟინით ანთებული მხეცი, ჯაჭვებაწყვეტილი, დაუოკებელი მხეცი, გარყვნილების ჟამს რომ შეჰყრია მრავალი სენი, ნიკრისი, თირკმელების დაავადება და სხვა. ამ ხუთი წლის საბრალო გოგონას განათლებული მშობლები რანაირად აღარ აწამებდნენ. სცემდნენ, წკეპლავდნენ, წიხლებს ურტყამდნენ, თავადაც არ იცოდნენ, რას ერჩოდნენ, მთელი სხეული დაულურჯეს. ბოლოს უკიდურეს დახვეწილობას მიაღწიეს: სიცივეში, ყინვაში, მთელ ღამეს ფეხისადგილში ამწყვდევდნენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ღამით გადაყენებას არ ითხოვდა (ანგელოზური ღრმა ძილით მძინარე ხუთი წლის ბავშვს თითქოს ისიც შეუძლია, რომ გადაყენება ითხოვოს), - ამის გამო მთელ სახეს განავლით უთხუპნიდნენ, აიძულებდნენ, ეს განავალი ეჭამა, და ამას დედა სჩადიოდა, დედა! თანაც ამ დედას შეეძლო სძინებოდა, როცა ღამით უწმინდურ ადგილას ჩამწყვდეული ბავშვის კვნესა გაისმოდა! გესმის, თუ არა, პატარა არსება, რომელსაც ჯერ ისიც ვერ გაუგია, რას ერჩიან, უწმინდურ ადგილას, სიბნელესა და სიცივეში ერთი ბეწვა მუშტს აქვითინებულ მკერდში იბაგუნებს და სისხლნარევი, უწყინარი, თვინიერი ცრემლებით ღმერთს შესტირის, დამიცავიო, - გესმის, ეს რა უაზრობაა, ჩემო მეგობარო და ჩემო ძმაო, ჩემო ღვთის მორჩილო და თვინიერო, გესმის, ეს უაზრობა რა საჭიროა და რატომაა შექმნილი! ამბობენ, ამის გარეშე ადამიანი ამქვეყნად ვერც იარსებებდა, რამეთუ სიკეთესა და ბოროტებას ვერ შეიცნობდაო. რა საჭიროა ამ ეშმაკეული სიკეთისა და ბოროტების შეცნობა, თუკი ასეთ ფასად დაჯდება? მთელი სამყაროს შეცნობაც ხომ არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს და ღმერთს ევედრებოდეს. მე დიდების ტანჯვაზე არ გელაპარაკები, იმათ ვაშლი შეჭამეს, ჯანდაბას მათი თავი, ყველანი ეშმაკს წაუღია, მაგრამ ესენი, ესენი! გაგტანჯე, ალიოშკა, კაცის ფერი აღარ გადევს, თუ გინდა, აღარაფერს ვიტყვი. - არა უშავს, მინდა, რომ მეც ვიტანჯო, - ჩაილაპარაკა ალიოშამ. - ერთ სურათსაც მოგიყვები, მხოლოდ ერთს, თანაც მარტო ცნობისმოყვარეობის გამო, რადგან ძალზე დამახასიათებელია და, რაც მთავარია, ახლახან წავიკითხე ჩვენი სიძველეების რომელიღაც კრებულში, „არქივში“ თუ „ძველ დროებაში“. უნდა შევამოწმო, გადამავიწყდა კიდევაც, სად წავიკითხე. ეს იყო ბატონყმობის ყველაზე ბნელ დროში, ამ საუკუნის დამდეგს, გაუმარჯოს ხალხის განმათავისუფლებელს! მაშინ, საუკუნის დამდეგს, იყო ერთი გენერალი, გავლენიან ნაცნობთა წრის მქონე, უმდიდრესი მემამულე, მაგრამ ერთი იმათგანი (თუმცაღა, მაშინაც უკვე მცირედთაგანი), რომელნიც სამსახურიდან წასვლის შემდეგ ლამის დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თავის ქვეშევრდომთა სიკვდილ-სიცოცხლის ხელყოფის უფლება დაიმსახურეს. მაშინ რაღა არ ხდებოდა. ჰოდა, ცხოვრობდა თავის მამულში ორი ათასი სული ყმის პატრონი ზვიადი გენერალი, გარს ეხვია წვრილ-წვრილი, მაამებელი მეზობლები, რომელთაც არად აგდებდა, თავის მასხარებად მიაჩნდა და სამადლო ლუკმას აჭმევდა. ჰყავდა საძაღლეში ასობით ძაღლი და თითქმის ასამდე მეძაღლე, ყველანი მუნდირებში გამოწყობილნი, ყველანი ამხედრებულნი. ერთხელაც, შინაყმის შვილმა, რვა წლის პატარა ბიჭმა თამაშობისას როგორღაც ქვა გაისროლა, გენერლის საყვარელ მწევარს მოახვედრა და ფეხი დაუშავა. „ჩემი საყვარელი ძაღლი რატომ კოჭლობს?“ - იკითხა გენერალმა. მოახსენეს, ასე და ასე იყო, აი, ამ ბიჭმა ქვა მოახვედრა და ფეხი დაუშავაო. „ეს შენ ჩაიდინე? - შეათვალიერა ბიჭი გენერალმა, - დაიჭირეთ!“ ბიჭს ხელი სტაცეს, დედას წაჰგლიჯეს, მთელი ღამე საკანში ამყოფეს. დილას, ინათა თუ არა, საზეიმოდ გამოწყობილი, სანადიროდ გამზადებული გენერალი ეზოში გამოვიდა, ცხენზე ამხედრდა. გარს ეხვივნენ მაამებლები, ძაღლები, მეძაღლეები, ბაზიერები, ყველანი ცხენებზე ისხდნენ. ეზოში შინაყმები ჭკუის სასწავლებლად გამორეკეს, ხოლო ყველაზე წინ დამნაშავე ბიჭის დედა იდგა. ბიჭი საკნიდან გამოიყვანეს. შემოდგომის მოქრუშული, ცივი, ნისლიანი, ნადირობისთვის შესაფერი დღე იყო. გენერალმა ბრძანა, ბიჭი გაეშიშვლებინათ. ბიჭს ტანზე გახადეს, მთლად გააშიშვლეს, შიშისაგან გაოგნებული ბიჭი კანკალებდა, ხმას ვერ იღებდა. „გააქციეთ!“ - ბრძანა გენერალმა. „გაიქეცი, გაიქეცი!“ - შეუძახეს მეძაღლეებმა. ბიჭი გაიქცა „ეცით მაგას!“ - დაიღრიალა გენერალმა და ბიჭს მწევართა მთელი ხროვა დაადევნა. ძაღლებმა ბიჭუნა დედის თვალწინ ლუკმა-ლუკმა დაფლითეს!.. გენერალს, მგონი, მფარველები გამოუჩდნენ. აბა... რას იტყვი? დასახვრეტია? ზნეობრივი გრძნობის დასაკმაყოფილებლად დასახვერტია? თქვი, ალიოშკა! - დასახვრეტია! - ხმადაბლა თქვა ფერმიხდილმა ალიოშამ და ძმას მზერა ალმაცერი ღიმილით მიაპყრო. - ბრავო! - შეჰყვირა აღფრთოვანებულმა ივანმა, - რაკიღა შენც ამას ამბობ... ყოჩაღ, სქიმოსანო! დახე, გულში რანაირი ჭინკა გჯდომია, ალიოშკა კარამაზოვო! - ახლა უაზრო რაღაც ვთქვი, მაგრამ... - საქმეც ეგ მაგრამაა... - ყვიროდა ივანი. - იცოდე, მორჩილო, რომ ამქვეყნად უაზრო რამეები ძალზე საჭიროა. ქვეყნიერება უაზრობათა რიგს ემყარება. ამის გარეშე ამქვეყნად იქნებ არაფერი არც მომხდარიყო. ჩვენ ის ვიცით, რაც ვიცით! - შენ რა იცი? - მე ვერაფერი შემიცვნია, - ისე განაგრძობდა ივანი, თითქოს აბოდებსო, - და ახლა არც მინდა რაიმეს შეცნობა. მინდა, ფაქტით შემოვიფარგლო. დიდი ხანია, გადავწყვიტე, არაფერი შევიცნო. თუ რაიმეს შეცნობას მოვინდომებ, ფაქტს მაშინვე დავამახინჯებ, მე კი გადავწყვიტე, ფაქტით შემოვიფარგლო. - გამოცდას რატომ მიწყობ? - გულმდუღარედ შესძახა დამწუხრებულმა ალიოშამ. - ბოლოს და ბოლოს მეტყვი თუ არა? - რა თქმა უნდა, გეტყვი, საუბარი იქით მიმყავდა, რომ მეთქვა. შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ, არ მინდა, შენი თავი დავუთმო შენს ზოსიმეს. ივანი ერთ წუთს დუმდა, სახე უცებ ძალიან დაუსევდიანდა. - მისმინე: მარტო ბავშვები იმიტომ ამოვარჩიე, რომ უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო. ადამიანთა დანარჩენ ცრემლზე, რითაც მთელი დედამიწა ქერქიდან ცენტრამდეა გაჟღენთილი, აღარაფერს ვამბობ, ჩემი თემა განზრახ შევავიწროვე. მე მღილი ვარ და თავის დამამცირებლად ვაღიარებ, რომ ვერ გამიგია, ყოველივე ასე რატომ არის მოწყობილი. მაშასადამე, ადამიანები თავად არიან დამნაშავენი: სამოთხე ჰქონდათ მიცემული, იმათ კი თავისუფლება მოინდომეს და ციდან ცეცხლი მოიტაცეს, თუმცა თავადაც იცოდნენ, რომ გაუბედურდებოდნენ, მაშასადამე შესაბრალებელნი არ არიან. ჩემი აზრით, ჩემი უბადრუკი, მიწიერი, ევკლიდესეული ჭკუით, მხოლოდ ის ვიცი, რომ სატანჯველი არსებობს, დამნაშავენი არ არიან, ყოველივე ერთი მეორედან პირდაპირ და უბრალოდ გამომდინარეობს, ყოველივე მიედინება და წონასწორდება, - მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ევკლიდური აბდაუბდაა, ეს ხომ ვიცი და არ შემიძლია, ამ წესით ცხოვრებას დავყაბულდე! რად მარგია ის, დამნაშავენი რომ არ არიან და ეს ვიცი, - მე საზღაური მესაჭიროება, თორემ თავს მოვისპობ. თანაც საზღაური უსასრულობაში, სადმე და ოდესმე კი არა, არამედ აქვე, ამქვეყნადვე, ამასთანავე თავად რომ ვიხილო. მწამდა და თავად მინდა, რომ ვიხილო, ხოლო თუ იმ დროს უკვე მკვდარი ვიქნები, დაე, მკვდრეთით აღმადგინონ, რადგან თუ ყველაფერი უჩემოდ მოხდება, ეს ძალიან საწყენი იქნება. იმიტომ ხომ არ ვტანჯულვარ, რომ ჩემით, ჩემი ბოროტმოქმედებითა და ტანჯვით ვინმესთვის მომავალი ჰარმონია მომეპოვებინა. მინდა, ჩემი თვალით ვნახო, ირემი ლომს გვერდით როგორ მიუწვება, ყელგამოჭრილი როგორ წამოდგება და თავის მკვლელს როგორ გადაეხვევა. მინდა, იქ ვიყო, როცა ყველა უცებ შეიტყობს, ყველაფერი ასე რატომ მოხდა. ამქვეყნად ყველა რელიგია ამ სურვილს ემყარება, ხოლო მე მორწმუნე ვარ. მაგრამ მაშინ ბავშვებს რაღა უნდა ვუყო? ეს ის საკითხია, რომლის გადაწყვეტა არ შემიძლია. მეასედ ვიმეორებ - საკითხები მრავალია, მაგრამ მხოლოდ ბავშვებით შემოვიფარგლე, რადგან აქ უცილობლად ნათელია ის, რის თქმაც მინდა. მისმინე: თუ ყველა უნდა იტანჯოს, რათა ტანჯვით მოიპოვონ საუკუნო ჰარმონია, მაშინ, გეთაყვა, მითხარი, ბავშვებმა რაღა დააშავეს? სრულებით გაუგებარია, ისინიც რატომ უნდა იტანჯონ და ჰარმონია ტანჯვით რატომ უნდა მოიპოვონ? ისინიც მასალად რატომ იქცნენ და ვიღაცისთვის მომავალი ჰარმონია რატომ მოიპოვეს? ცოდვაში ადამიანთა სოლიდარობა ჩემთვის გასაგებია, საზღაურში სოლიდარობაც გასაგებია, მაგრამ ცოდვაში ბავშვებთან სოლიდარობა კი არა, და თუ ნამდვილად მართალია ის, რომ ისინიც მამებთან სოლიდარულნი არიან მამების ყველა ბოროტმოქმედებაში, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არა ამქვეყნიურია და ჩემთვის გაუგებარია. ზოგი ხუმარა ალბათ იტყვის, სულ ერთია, ბავშვი ხომ გაიზრდება და ცოდვის ჩადენას მოასწრებსო, მაგრამ თუ ვერ მოასწრო, თუკი რვა წლისა ძაღლებს დააფლეთინეს! ოჰ, ალიოშა, ამას ღვთის მგმობელობად ნუ ჩამითვლი! გასაგებია, ქვეყნიერება როგორ შეიძრება, როცა ყოველივე ცასა და მიწისქვეშეთში ერთ სადიდებელ ხმად შეირწყმება და ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი შესძახებს: „მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ გამოცხადდა გზანი შენნი!“ როცა დედა მტანჯველს გადაეხვევა, ვინც მისი შვილი ძაღლებს დააფლეთინა და სამივენი თვალცრემლიანნი შესძახებენ: „მართალ ხარ შენ, უფალო,“ მაშინ, რა თქმა უნდა, შემეცნების მწვერვალი წარმოჩნდება და ყოველივე აისხნება. მაგრამ აქ მძიმე უნდა დავსვათ, ამის აღიარება არ შემიძლია და სანამ ამქვეყნად ვარ, ჩემსას უნდა ვეცადო. იცი რა, ალიოშა, იქნებ მართლა ისიც მოხდეს, თუ იმ ჟამამდე ვიცოცხლე ანდა მკვდრეთით აღვსდექი, რათა იგი ვიხილო, შესაძლოა, როცა ვნახავ, დედა შვილის მტანჯველს როგორ ეხვევა, თავადაც სხვებთან ერთად შევძახო: „მართალ ხარ შენ, უფალო!“ მაგრამ არ მინდა, რომ ეს ვქნა. სანამ დრო მაქვს, თავის დაცვას ვჩქარობ, ამიტომაც უმაღლეს ჰარმონიაზე უარს ვამბობ. ის არ ღირს თუნდაც იმ ერთი განაწამები ბავშვის ცრემლად, მკერდში მუშტს რომ იბაგუნებდა და მყრალ ფეხისადგილში აუნაზღაურებელი ცრემლებით ღმერთს ემუდარებოდა. არ ღირს იმიტომ, რომ მისი ცრემლები აუნაზღაურებელი დარჩა. ეს ცრემლები თუ არ ანაზღაურდება, ჰარმონია შეუძლებელი იქნება. მაგრამ რით აანაზღაურებ? განა ეს შესაძლებელია? ნუთუ შურისგებით? მაგრამ შურისგება ვის სჭირდება, მტანჯველთათვის ჯოჯოხეთი ვის სჭირდება, ჯოჯოხეთი რას გამოასწორებს, როცა ბავშვები უკვე ეწამნენ? ანდა სადღაა ჰარმონია, თუ ჯოჯოხეთიც არის: მე მსურს ვაპატიო, მსურს გულში ჩავიკრა, არ მინდა, რომ კიდევ იტანჯონ. თუ ბავშვების ტანჯვა იმ სატანჯველთა ჯამის შევსებას დასჭირდა, რაც ჭეშმარიტების შეძენისთვის იყო აუცილებელი, წინასწარ ვაცხადებ, რომ მთელი ჭეშმარიტება ამ ფასად არ ღირს. ბოლოს და ბოლოს, არ მინდა, რომ დედა გადაეხვიოს მტანჯველს, ვინც მისი შვილი ძაღლებს დააფლეთინა! დედას პატიების უფლება არა აქვს! თუ სურს, ის უზომო ტანჯვა აპატიოს, რაც დედის გულმა გადაიტანა, მაგრამ დაფლეთილი შვილის ტანჯვა რომ აპატიოს, ამის უფლება არა აქვს, ამის უფლება არა აქვს, თუნდაც თვით შვილმა მტანჯველს შეუნდოს! თუ ეს ასეა, თუ ისინი ვერ აპატიებენ, მაშ ჰარმონია სადღაა? მთელს ქვეყნიერებაზე განა არის ისეთი არსება, ვისაც პატიება შეეძლება და პატიების უფლება ექნება? არ მინდა ჰარმონია, კაცობრიობის სიყვარულის გამო არ მინდა. მირჩევნია, ტანჯვა შურისგებამ არ გააქარვოს. მირჩევნია, ჩემი ტანჯვა შურისგების გარეშე დარჩეს, გულისწყრომა არ დამიცხრეს, თუნდაც მართალი ნუ ვიქნები. ჰარმონია ძალიან ძვირად შეაფასეს, იქ შესვლას ჩვენი ჯიბე ვერ გასწვდება. ამიტომ ვჩქარობ, ჩემი შესასვლელი ბილეთი უკანვე დავაბრუნო. თუ თავი პატიოსან კაცად მიმაჩნია, მაშინ მოვალე ვარ, რაც შეიძლება, მალე დავაბრუნო. ჰოდა, ამას ვაკეთებ. ღმერთს კი არ უარვყოფ, ალიოშა, მხოლოდ ბილეთს ვუბრუნებ მოწიწებით. - ეს ხომ ამბოხია, - ხმადაბლა თქვა თავჩაღუნულმა ალიოშამ. - ამბოხი? მე შენგან ასეთი რამის გაგონება არ მსურდა, - გულში ჩამწვდომად უთხრა ივანმა. - ამბოხით ცხოვრება განა შეიძლება? მე კი ცხოვრება მწადია. მოგიწოდებ, პირდაპირ მითხრა. მაშ მიპასუხე: წარმოიდგინე, რომ თავად შენ აგებ ადამიანთა ბედის შენობას იმ მიზნით, რომ ფინალში ხალხი გააბედნიერო, დასასრულ სიმშვიდე მოუპოვო, მაგრამ ამისათვის აუცილებლად და გარდუვალად საჭირო იყოს, გააწამო მხოლოდ ერთი ციცქნა არსება, აი, ის ბავშვი, მკერდში მუშტს რომ იბაგუნებდა, და მის აუნაზღაურებელ ცრემლებზე დააფუძნო ეს შენობა, თუ დათანხმდებოდი, რომ არქიტექტორი ამ პირობით ყოფილიყავ, მიპასუხე და არ იცრუო! - არა, არ დავთანხმდებოდი, - წყნარად ჩაილაპარაკა ალიოშამ. - შეგიძლია თუ არა, აღიარო იდეა, რომ ხალხი, ვისთვისიც აშენებ, თანახმა იქნებოდა, თავად მიეღოთ ბედნიერება პაწაწინა წამებულის გაუმართლებელი სისხლის ფასად, მიიღებდნენ და საუკუნოდ ბედნიერნი დარჩებოდნენ? - არა, არ შემიძლია. ძმაო, - უეცრად თქვა თვალებაელვარებულმა ალიოშამ, - ახლა შენ თქვი: მთელ ქვეყნიერებაზე განა არის ისეთი არსება, ვისაც პატიება შეეძლება და პატიების უფლება ექნებაო? მაგრამ ასეთი არსება არის და მას ყველაფრის პატიება შეუძლია, ყველასი და ყველაფრისა, რადგან თავად გაიღო უდანაშაულო სისხლი ყველას და ყველაფრის ნაცვლად. შენ იგი დაგავიწყდა, შენობა მასზე აიგება და მას შესძახებენ: „მართალ ხარ შენ, უფალო, რადგან გამოცხადდა გზანი შენი!“ - ჰო, „ყოვლად უცოდველი“ და მისი სისხლი! არა, არ დამვიწყებია. პირიქით, სულ მიკვირდა, ამდენ ხანს რატომ არ დაიმოწმე. იმიტომ რომ პაექრობისას ყველა თქვენიანი უპირველეს ყოვლისა მას დაიმოწმებს ხოლმე. იცი რა, ალიოშა, არ გაგეცინოს, მაგრამ როდისღაც, ერთი წლის წინ, პოემა შევთხზე. ათიოდე წუთის დაკარგვა თუ კიდევ შეგიძლია, ამ პოემას მოგიყვები. - პოემა დაწერე? - ოჰ, არა, არ დამიწერია, - გაიცინა ივანმა, - ჩემს სიცოცხლეში ორი ლექსიც კი არ დამიწერია. ეს პოემა კი შევთხზე და დავიმახსოვრე. გატაცებით შევთხზე. ჩემი პირველი მკითხველი, ანუ მსმენელი, შენ იქნები. მართლაცდა, ავტორმა თუნდაც ერთი მსმენელი რატომ უნდა დაკარგოს, - ჩაიცინა ივანმა. - მოგიყვე თუ არა? - სიამოვნებით მოგისმენ, - უთხრა ალიოშამ. - ჩემს პოემას „დიდი ინკვიზიტორი“ ჰქვია, სულელურია, მაგრამ მინდა, რომ მოგიყვე.   სრულად - *ძმები კარამაზოვები* *ფიოდორ დოსტოევსკი* …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:18am on აპრილი 13, 2014
თემა: კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა
მომგონებლობისა და შემოქმედების სხვა სახეთა გზით, ქმნის თანამედროვე თაობა. ეს ნიშნავს, რომ კულტურას აქვს ტრადიციული და ინოვაციური მხარეები. როგორი დიდიც არ უნდა იყოს სიახლის წილი კულტურაში, ის ტრადიციულის, მემკვიდრეობით მიღებულისაგან არასოდეს არაა თავისუფალი. სხვა საკითხია, რამდენად განმსაზღვრელია მემკვიდრეობა კულტურის თანამედროვე ჰაბიტუსისათვის. ამას ძირითადად, თანამედროვე კულტურის შემოქმედთა მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს. მემკვიდრეობის ინსტიტუტი ორ განზომილებაში განიხილება. კულტურის შიგნით, როდესაც ამა თუ იმ კულტურის წინა თაობათა შემოქმედების ნაყოფი ძალას ინარჩუნებს თანამედროვეობაში. ესაა კულტურის შიგნით ცვლილებების პროცესში ტრადიციულისა და ინოვაციურის თანაფარდობის საკითხი. მეორე განზომილებაა კულტურათაშორისი მემკვიდრეობა, როდესაც ერთი კულტურის ელემენტები მეორეს გადაეცემა და ახალი კულტურის კომპონენტი ხდება.       კულტურათა განახლების საკითხი წყდება იმ თანაფარდობით, რომელიც მყარდება კულტურის მიღებულ ელემენტების მემკვიდრეობასა და ახლად შექმნილ ელემენტებს შორის. თუ კულტურაში ტრადიციული ელემენტები ჭარბობს, იქნება ეს პირდაპირ გადმოტანილი, თუ გადამუშავებული სახით, ასეთ კულტურას ტრადიციული ეწოდება. თუ კულტურაში ახალი ელემენტები ჭარბობს, ასეთ კულტურას ინოვაციური ეწოდება. მიუხედავად იმისა, როგორი დიდი იქნება ინოვაციის წილი კულტურაში, ტრადიციიდან სავსებით მოწყვეტილი კულტურა არ არსებობს. ისე როგორც კულტურათა შორის მიმართებებში, შემდგომი კულტურა ნოლიდან არ იწყებს, არამედ წინა კულტურის ელემენტებს ითვისებს. ამიტომ, მართებული არ უნდა იყოს შპენგლერის თეორიაში კულტურებს შორის მემკვიდრეობის უარყოფა. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, კულტურის განსაზღვრებების ნაწილი, ყურადღებას მემკვიდრეობაზე ამახვილებს, მთავარ ელემენტად ტრადიციულს მიიჩნევს და იჩრდილება კულტურის ინოვაციური ელემენტი.       ამერიკელი კულტუროლოგი, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი, ალბერტ კარლ კაფანია, ლესლი უაიტის მიმდევარი და მოწაფე, რომელსაც კულტურის განსაზღვრებათა შესახებ სპეციალური ნაშრომი აქვს შექმნილი, განსაზღვრებათა ტიპოლოგიაში კულტურის ტრადიციით განსაზღვრებას ცალკე ტიპად გამოყოფს. ასეთთა რიცხვს მიაკუთვნებს ბრონისლავ მალინოვსკისეულ, ედუარდ სეპირისეულ, რალფ ლინტონისეულ განსაზღვრებებს. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი. "სოციალური მემკვიდრეობა კულტურული მემკვიდრეობის ძირეული ცნებაა. ჩვეულებრივ, მას კულტურას უწოდებენ" (ბრონისლავ მალინოვსკი). ამავე განზომილებაში მოძრაობს კულტურის რალფ ლინტონისეული განსაზღვრება "სოციალური მემკვიდრეობა კულტურად იწოდება". კულტურის ასეთ განსაზღვრებათა ნაკლი ისაა, რომ მათში კულტურის ელემენტი გაიგივებულია კულტურის მთელთან. მაშინ, როდესაც კულტურის მთელი უფრო მეტია, ვიდრე მემკვიდრეობით მიღებული ელემენტი. ასე რომ არ იყოს, არც ექნებოდა ცალკე კულტურის ტიტულის ტარების უფლება. მემკვიდრეობა ახალ კულტურას ძველთან აკავშირებს. მაგრამ მასზე არ დაიყვანება. მოკლედ, კულტურისა და სოციალური მემკვიდრეობის ცნებები არ ემთხვევა ერთმანეთს. კულტურა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე მემკვიდრეობა. კაფანიას მტკიცებით, აინშტაინის ფორმულა, ენერგია მასის კვადრატის ტოლია: E = mc2, როცა შეიქმნა, მაშინ გახდა ჩვენი კულტურის მოვლენა, მაგრამ მემკვიდრეობის ნაწილი არ ყოფილა.       კულტურული მემკვიდრეობა ყოველთვის ორ მომენტს გულისხმობს: იმას, რასაც აწმყო წარსულიდან მზა ფორმით იღებს და იმას, რასაც მემკვიდრეობით მიღებულიდან აწმყო ქმნის, ე. ი. სახეს უცვლის და ახალ განზომილებაში წარმოადგენს. ყოველი კულტურა უცილობლად მოიცავს გამოგონებებსა და აღმოჩენებს, რომელთაც წარსულში არ ჰქონიათ ადგილი. ამდენად, ინოვაცია წარსულთან შედარებით მრავალსახოვანია. ერთ შემთხვევაში, წარსულში არსებულის განვითარებაა, მისი ბირთვიდან ახალი ასპექტების მიღებაა, მეორე შემთხვევაში, წარსულში მიღწეულის საფუძველზე ახალი რეალობის შექმნაა, რომელიც ახალი კულტურის მიერ დასმულ გამოწვევას უპასუხებს. კულტურასა და კულტურის ელემენტებს, ტოინბი სამართლიანად განიხილავს როგორც გამოწვევა-პასუხის არენას. ყოველი ეპოქა ახალ კითხვებს სვამს და ახალ პასუხებს მოითხოვს. ამ გამოწვევა-პასუხებს შეიძლება ანალოგიები ჰქონდეს წარსულში, მაგრამ ზუსტად იმ სახით არასოდეს ყოფილა. ამდენად, მართებულია შპენგლერისა და ტოინბის მსჯელობა კულტურათა თუ ცივილიზაციათა ერთდროულობის შესახებ. რადგან ცივილიზაციები, ტოინბის ენაზე რომ ვთქვათ, გამოწვევა-პასუხს სხვადასხვა ფორმაში იმეორებენ.       მემკვიდრეობა ძველსა და ახალს შორის, მრავალსახაა და ყველა სოციალურ ერთეულს შეიძლება ახასიათებდეს. მემკვიდრეობის ყველაზე მარტივი სახე შეიძლება იყოს მამებიდან შვილებზე გადაცემული სოციალური მემკვიდრეობა (და არა ბიოლოგიური), თუნდაც პროფესიის არჩევა. ცნობილია, რომ შვილები პროფორიენტაციას უმთავრესად მშობლების საქმიანობაზე აკეთებენ, განსაკუთრებით, მამების, თუმცა, დედაც არაა გამონაკლისი. სანიმუშოდ შეგვიძლია ავიღოთ, ტოინბის მიერ დედის გავლენით პროფესიის არჩევა. როგორც ტოინბი აღნიშნავს, დედამისი ისტორიკოსი იყო და ძილის წინ, ხშირად უყვებოდა ან უკითხავდა ინგლისის ისტორიის ეპიზოდებს, რამაც ისტორიით ტოინბის დაინტერესება გამოიწვია. მაგრამ ეს მემკვიდრეობა არ გამხდარა ტოინბის დედის კვალზე სვლის მიზეზი, რადგან ვითარება შეიცვალა. ტოინბიმ დედის გავლენით ისტორიკოსის პროფესია კი აირჩია, მაგრამ მისი ეპოქა, დედის ეპოქისაგან განსხვავებით, ნაციონალური ისტორიით არ იყო შეზღუდული. მას საშუალება მიეცა, ახალ ეპოქაში, კლასიკური განათლების საფუძველზე, კლასიკურ კულტურებზე აეღო ორიენტირი და ინგლისის ისტორიის ნაცვლად, ბერძნულ-რომაული ცივილიზაციები გაეხადა კვლევის საგანი.       ტოინბის მტკიცებით, ასეთი არჩევანისათვის მას რამდენიმე საფუძველი ჰქონდა. ჯერ ერთი, ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია უკვე დასრულებული პიესა იყო, განსხვავებით დასავლური ცივილიზაციისაგან, რომელიც ჯერაც დაუმთავრებელ პიესას წარმოადგენდა. მას შეეძლო ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია მთლიანობაში მოეცვა, რადგან ის ისტორიის დამთავრებული მონაკვეთია, განსხვავებით დასავლეთის ცივილიზაციისაგან, რომლის მხოლოდ ეპიზოდების შემეცნება შეეძლო, მეორეც ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია ინფორმაციით გადატვირთული არ ყოფილა, განსხვავებით ევროპულისაგან, მესამეც, ბერძნულ-რომაული ისტორიის მსოფლმხედველობა გლობალური იყო და არა ლოკალური. ამდენად ისტორიის კვლევის სფერო მემკვიდრემ წინაპართან შედარებით განავრცო. ტოინბის მტკიცებით, "თუ ბერძნულ-რომაული სამყაროს ისტორიას დავაკვირდებით, მასში დომინანტურად ერთიანობა ჟღერს და ამ დიდ სიმფონიას ერთხელ რომ მოვისმენ, უკვე აღარ მეშინია გავხდე ჰიპნოზირებული ჩემი ქვეყნის ისტორიის მარტოსული და უცნაური მელოდიით, მელოდიით, რომელიც თავის დროზე მხიბლავდა, როცა დედა მის სიუჟეტებს მიყვებოდა, დასაძინებლად რომ დამაწვენდა" .       მემკვიდრეობა წინა თაობიდან ახალ თაობას გადაეცემა არა მარტო პროფესიის არჩევანის, არამედ კვლევის მიმართულების თუ საქმიანობაში ძირითადი პრინციპების გაზიარების თვალსაზრისითაც. ეს არაა უცილობლად მშობლებთან დაკავშირებული. შეიძლება ამ სფეროში დასაქმებულ წინა თაობის წარმომადგენლის თვალსაზრისიდან მოდიოდეს. აქაც შეიძლება ტოინბის მაგალითი გამოვიყენოთ. სახელდობრ, მისი დამოკიდებულება ანალოგიური თვალსაზრისის მქონე შპენგლერის ნააზრევისადმი. ტოინბის თქმით, ისტორიკოსის პროფესიის არჩევამ, ბერძნულ-რომაულ ცივილიზაციაზე ყურადღების გამახვილებამ მას აღმოაჩენინა ის ფაქტი, რომ კითხვები, რომლებიც მას აწუხებდა, თავის დროზე იდგა თუკიდიდესა და ჰეროდოტეს წინაშეც, რომ ის, ფაქტობრივად, თუკიდიდეს ნააზრევის მემკვიდრე ხდება. მართალია, მან მისი წინაპრების ეროვნული და სახელმწიფოებრივი ისტორიის კვლევის მასშტაბი მთელი საზოგადოების მასშტაბით შეცვალა და საბოლოოდ კვლევის ობიექტად ცივილიზაცია გაიხადა, ამ კითხვებისა და მასზე პასუხების ძიებაში იყო, როდესაც მოუტანეს შპენგლერის "ევროპის მზის ჩასვენება", რომელშიც ტოინბის ჩანასახოვანი იდეების განხორციელების მცდელობა აღმოჩნდა. ბუნებრივია, შპენგლერის მემკვიდრეობა აითვისა ტოინბიმ, მაგრამ არა იმ სახით, როგორც ეს შპენგლერს ჰქონდა მოცემული. მთლიანი ისტორიისა და კულტურათა ერთდროულობის იდეები აღმოჩნდა შპენგლერის ნააზრევში. ეს იდეები ტოინბისთან ჯერაც არ იყო ჩამოყალიბებული და შპენგლერმა მასზე გავლენა მოახდინა. მაგრამ ტოინბი ვერ დააკმაყოფილა კულტურის გენეზისის საკითხში შპენგლერის პასუხებმა, რომელიც ფიქრობდა, რომ კულტურები ბუნებრივ კანონზომიერებას ექვემდებარება და გადიან დაბადების, ზრდის, განვითარებისა და კვდომის საფეხურებს.       გარდა ამისა, ისტორიის შპენგლერისეული სქემა გერმანული აზროვნებისათვის დამახასიათებელი აპრიორიზმის შესაბამისად, აპრიორული იყო. ტოინბიმ უარყო ბუნებრივი კანონზომიერების იდეა და შპენგლერის აპრიორიზმი ინგლისური აზროვნებიდან მემკვიდრეობით მიღებული ემპირიზმით შეცვალა. რითაც აჩვენა, რომ ადრე არსებული საზოგადოებანი თუ ცივილიზაციები თუმც სიკვდილს დაექვემდებარენ, მაგრამ ეს არ იყო აუცილებლობით გამოწვეული. ტოინბი შპენგლერთან დამოკიდებულებაში მემკვიდრეობისა და ინოვაციის შეზავებას ასე ახასიათებს: "1920 წელს პროფესორმა ნემირმა შპენგლერის "ევროპის მზის ჩასვენება" გადმომცა. ამ წიგნის გვერდების კითხვის პროცესში, გვერდებისა, რომლებიც ისტორიული ჭვრეტის ბრწყინვალებით იყვნენ აღვსილნი, იმაზე ვფიქრობდი, შპენგლერმა წინასწარ მთელი ჩემი გამოკვლევა ხომ არ განჭვრიტა მანამ, სანამ ჩემში არა თუ პასუხები, არამედ კითხვებიც კი, ნათლად ჩამოყალიბდებოდნენ. ჩემი თეორიის ერთ-ერთი ყველაზე კარდინალური დებულება იყო აზრი იმაზე, რომ ისტორიული კვლევის გონებით მისაწვდომი ველის უმცირესი უჯრედი მთელი საზოგადოება უნდა იყოს და არა მისი შემთხვევით იზოლირებული ფრაგმენტები. თანამედროვე დასავლეთის ეროვნული სახელმწიფოები ან ბერძნულ-რომაული პერიოდის ქალაქ-სახელმწიფოები. ჩემთვის მეორე ამოსავალი წერტილი იყო ის, რომ ყველა საზოგადოების ისტორია, რომელნიც ცივილიზაციის განსაზღვრებას ექვემდებარებიან, გარკვეული აზრით, ერთმანეთის პარალელურნი და თანამედროვენი იყვნენ. და ეს მთავარი აზრები იყო შპენგლერის სისტემის ქვაკუთხედიც, მაგრამ, როცა შპენგლერის წიგნში დავიწყე პასუხის ძიება კითხვაზე ცივილიზაციათა გენეზისის შესახებ, დავინახე, რომ მე საკმაო სამუშაო დამრჩა" .       ამრიგად, მემკვიდრე არ შეჩერდა წინაპრის მემკვიდრეობაზე და ახალი განზომილება შეიტანა კვლევაში. ეს მემკვიდრეობის კრიტიკული ათვისების შედეგია. მემკვიდრეობისა და ინოვაციის თანაფარდობა შეიძლება ყველა დონეზე და ყოველგვარი ზომით დავინახოთ, იქნება წარსულისა და თანამედროვე ცივილიზაციებს შორის მემკვიდრეობის საკითხი, სახელდობრ, რას ღებულობს შემდგომი კულტურა თუ ცივილიზაცია წინარესაგან და რას უარყოფს, რას ითვისებს და როგორი ფორმით, ყველა ვითარება და განზომილება დაგვანახებს, რომ მემკვიდრეობა და კულტურა არ უდრის ერთმანეთს. კულტურა, როგორც ახალი ფენომენი, მემკვიდრეობის გვერდით სიახლის გარეშე, ახალი კულტურა ვერ იქნება.       კულტურის ტრადიციასთან თუ მემკვიდრეობასთან მიმართების სამი განსხვავებული პოზიცია შეიძლება დავაფიქსიროთ. პირველ რიგში ეს ეხება კულტურის შიგნით პროცესუალურ თუ სოციალურ ცვალებადობას. ცვალებადობის პროცესში რა რჩება აწმყოში წარსულიდან, როგორია ის, რაც რჩება, იმავე სახეს ინარჩუნებს, რაც წარსულში ჰქონდა თუ სახეშეცვლილი შემოდის ახალში, ახალი მისგან გარკვეულ ნაწილს, თანაც ახალთან შესაბამისს იღებს გარდაქმნილი ფორმით, თუ ახალი ეპოქა საერთოდ არ იღებს წარსულიდან მემკვიდრეობას და თავიდან იწყებს კულტურის მშენებლობას? ჩვენ ვმსჯელობთ მხოლოდ ცვალებადობაზე. კულტუროლოგები ხშირად იყენებენ პროგრესის, რეგრესის, წრებრუნვის, ცნებებს ცვალებადობის გამოსახატად, მაგრამ მიგვაჩნია, რომ მეცნიერულ განხილვაში ასეთი ცნებებით ოპერირება არ უნდა იყოს მართებული, რადგან მათში შეფასებითი მომენტია, გამააზრებლის პოზიციაა. როდესაც კულტუროლოგი კულტურას მიაწერს წინსვლას, უკუსვლას ან წრეში ბრუნვას, ის ღირებულებით პოზიციას გამოხატავს. სოციალური ცვლილების ცნება კი, მოვლენათა ცვალებადობას აფიქსირებს მათ მიმართულებაზე მითითების გარეშე, ე. ი. შეფასებებით არ არის შეფერადებული. მასში არაა გამოხატული ცვალებადობის სასურველობა-არასასურველობა. საკითხი ისმის: კულტურის ცვალებადობის პროცესში, კულტურა თუ ღებულობს მისივე წარსულიდან მემკვიდრეობას ან წარსულთან თუ მას არაფერი აკავშირებს, შეიძლება თუ არა, იმავე კულტურის სახეცვლილებად წარმოვადგინოთ. რასაკვირველია, მემკვიდრეობის გარეშე შეუძლებელია ის წარსულის იდენტური იყოს და თუ მემკვიდრეობას ღებულობს, რამდენად მნიშვნელოვანია იგი მისი ჰაბიტუსისათვის. თუ განმსაზღვრელია, იდენტურობა ადვილი დასადგენი იქნება, მაგრამ საკითხი დაისმის აქვს თუ არა ადგილი ინოვაციას. თუ ინოვაციას აქვს ადგილი, რა განსაზღვრავს კულტურის სახეს _ მემკვიდრეობა თუ სიახლე?       როგორც აღინიშნა, ეს პრობლემა თავს იჩენს კულტურებს შორის მიმართებაშიც. ისტორიული კულტურები, რამდენიც არ უნდა იყოს მათი რიცხვი, იქნება ეს რვა, როგორც შპენგლერთან იყო, თუ ოცდაერთი ან ოცდაექვსი, როგორც ტოინბისთან, განხილულ უნდა იქნას არამარტო აწმყოს, არამედ წარსულის განზომილებაშიც, უნდა დადგინდეს, რა აკავშირებს წარსულთან და რა სთიშავს მისგან. ამ თვალსაზრისით, სამი თეორია უნდა განვასხვავოთ. 1. ერთიანი კულტურის თეორია, რომელიც პირველყოფილი კულტურების შემდეგ, წარსულსა და აწმყოს მთლიანობაში განიხილავს, დიფერენციაციის გარეშე; 2. იზოლირებულ კულტურათა თეორია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ერთიმეორისაგან ამოუკიდებელ რამდენიმე კულტურას პოულობს და მათ შორის ყოველგვარ მემკვიდრეობას უარყოფს. ისტორიკოსები ასეთად ვიკოს, შპენგლერისა და ტოინბის თეორიებს მიიჩნევენ, თუმცა, ანალიზი დაგვარწმუნებს, რომ ვიკო და ტოინბი არ არიან წრებრუნვის თეორიის ავტორები, შპენგლერი კი უდაოდ მიეკუთვნება ამ თეორიის წარმომადგენლებს. დაბოლოს, მესამე თეორია მრავალ კულტურათა არსებობას აღიარებს, მაგრამ მათ შორის მემკვიდრეობასაც პოულობს, მიუხედავად მათი ყოფიერებისა და ეპოქების დაშორებისა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კულტურათა შორისი მემკვიდრეობა ყოველთვის როდი პოულობს ერთმნიშვნელოვან შეფასებას. თუ ერთთათვის მემკვიდრეობა საძირკველია, რომელზედაც ახალი კულტურის ნაგებობა აღიმართება, მეორეთათვის ამ მემკვიდრეობის უარყოფითი შეფასება თავისთავად ცხადად ითვლება იმ მოტივით, რომ ახალი კულტურა იძულებულია ძველიდან მემკვიდრეობით მიღებულ კომპონენტებს შეეგუოს და მისთვის უცხო ელემენტები გაიშინაგანოს. თავისთავად, ახალი კულტურა ძველიდან მიღებული მემკვიდრეობისადმი არაა დადებითად განწყობილი, ისე, როგორც მემკვიდრეობით გადმოცემული ადათ-ჩვევები თუ კულტურის სხვა ფორმები უცხოდ გრძნობენ თავს ახალ კულტურაში და უჭირთ მასთან შეგუება. ამიტომ აღნიშნავდა ტოინბი „Социальное наследие плохо переносит трансплантацию. Духи культуры, являющиеся ангелами-хранителями родных пенатов - на родной почве, где один чувствуют себя своими, где существует гармония между ними и обитателями дома, превпращаются в духом разрушителей попадая в дом, заселенный незнакомцами, ведь ети незнакомцы естатесвенно не знают о тайных, их первых богов“ .       კულტურისა თუ ცივილიზაციის შიგნით და, კულტურათა თუ ცივილიზაციათა შორის მემკვიდრეობა ყოველთვის გამოიხატება კულტურის ახალ ელემენტებზე ძველის გავლენითა და ახალ კულტურაზე ძველი კულტურის ზემოქმედებით, მაგრამ არის კულტურათა შორის მიმართების კიდევ ერთი ფორმა _ დაპირისპირება, დაჯახება. ორი განსხვავებული ერთდროული ცივილიზაცია ერთმანეთზე ახდენს გავლენას მათ შორის შეხლის შემთხვევაში. ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დგება თანამედროვე ევროპული ცივილიზაციის ამჟამად არსებულ სხვა ცივილიზაციებთან მიმართებაში. ისე, როგორც თანამედროვე რუსული მართლმადიდებლური ცივილიზაციის დასავლურ კათოლიკურ, ისლამურ და სხვა აღმოსავლურ ცივილიზაციებთან მიმართებაში. აქ საკითხი ეხება არა წინარე ცივილიზაციებიდან გარკვეული ელემენტების მიღებას, არამედ, ორ, თანაარსებულ ცივილიზაციათა შორის ერთის მცდელობას მეორეს მოახვიოს თავისი ღირებულებანი და თავის ბატონობას დაუქვემდებაროს.       ამ მხრივ საინტერესო ანალიზია ტოინბისთან, რომელიც ცივილიზაციათა შეჯახებას აჩვენებს როგორც თანამედროვეობის, ისე წარსულის ფონზე, მიუთითებს იმ კონკრეტულ ვითარებებზე, როდესაც ერთ შემთხვევაში შემტევი ცივილიზაციის ელემენტებს თავდასხმის ობიექტად ქცეული ცივილიზაცია არ ღებულობს. მეორე შემთხვევაში ღებულობს თავდამსხმელი ცივილიზაციის კომპონენტებს, მაგრამ არა იმისათვის, რომ შემტევ ცივილიზაციას დაექვემდებაროს, არამედ მისგან თავის დასაცავად. მესამე შემთხვევაში, შემტევი ცივილიზაციის ღირებულებებზე უარს ამბობს და საკუთარი ცივილიზაციის ჩარჩოებში იკეტება. მეოთხე შემთხვევაში შეტევის ობიექტად ქცეული ცივილიზაცია იმსხვრევა აგრესორის დარტყმების შედეგად. ცივილიზაცია უარს რომ ამბობს მომხდურის კულტურის მიღებაზე, პირველის საილუსტრაციოდ ტოინბი იყენებს ჯვაროსნული ლაშქრობების მაგალითს, როდესაც ისლამურმა ცივილიზაციამ შემოტევას გაუძლო და ქრისტიანებმა უკან დაიხიეს. ანალოგიურია, პორტუგალიელების მიერ ინდოეთის აღმოჩენის შემდეგ მისიონერთა მხრივ ქრისტიანობის ქადაგება, რომელიც მისიონერთა და პორტუგალიელთა განდევნით დასრულდა. მეორე შემთხვევის მაგალითად, ტოინბი ასახელებს თურქეთის ვესტერნიზაციას, რომელმაც გააცნობიერა, რომ ევროპული ცივილიზაციის შეტევას ვერ გაუძლებდა ტექნოლოგიური ჩამორჩენილობის გამო. ამიტომ, ევროპულ ტექნოლოგიას დაეუფლა და ევროპელთა იარაღით შეაჩერა მათი სულიერი ღირებულებების შემოტევა. ანალოგიურ განზომილებაში განიხილავს ის ევროპულთან რუსული ცივილიზაციის მიმართებას პეტრე პირველის დროს. მესამე შემთხვევას ტოინბი ათვალსაჩინოებს ჩინეთის იმპერატორის საპასუხო წერილით ინგლისის მეფის წინადადებაზე, გაეხსნათ ჩინეთში ინგლისის წარმომადგენლობა, რაც ხელს შეუწყობდა ინგლისური ტექნოლოგიის ჩინეთში გატანას. რაზეც ჩინეთის იმპერატორმა უპასუხა, რომ ის არც წარმომადგენლობას გახსნის და არც ინგლისური ტექნოლოგია იზიდავს. ყველაზე სახიფათო მეოთხე შემთხვევაა, როდესაც დასავლეთის ცივილიზაცია ახალ ტექნოლოგიაზე დამყარებით, ცდილობს თავისი ღირებულებები თავს მოახვიოს რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ცივილიზაციებს, ან კიდევ, რუსული ცივილიზაციის მცდელობა, მესამე რომად გამოაცხადოს თავისი თავი მსოფლიოზე ბატონობის დამყარების მიზნით. ამ შემთხვევებში დღის წესრიგშია ცივილიზაციათა შორის შეხლა. ეს კი საერთოდ ცივილიზაციის არსებობისათვის საფრთხეა. თუ პირველ და მეორე მსოფლიო ომში ერთი მხარე მარცხდებოდა და მეორე იმარჯვებდა, მესამე მსოფლიო ომში, თუ ის გაჩაღდა, საომარი ტექნოლოგიის თანამედროვე დონის გამოყენება დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობას გამოიწვევს.       შპენგლერის მტკიცებით, ისტორიის რვა იზოლირებული და მნიშვნელობით ექვივალენტური კულტურა ერთიმეორის შემდეგ მხოლოდ დროში არსებობს, მაგრამ მათ შორის არავითარი მემკვიდრეობა არაა. ყოველი კულტურა აბსოლუტურად თავის თავში ინახავს საკუთარ შესაძლებლობებსა და სულის გამოვლინებებს, რაც მის გაქრობასთან ერთად კვდება. მკვდარი კულტურიდან აღარაფერი რჩება და არც არაფერი გადადის ახლადშექმნილ კულტურაში. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათ შორის მსგავსებაა. დასავლეთ ევროპის კულტურა ანტიკურ კულტურას ბაძავს. მის მიღწევებს თავისი იდეაც ახლავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანტიკურობიდან დასავლეთ ევროპამ მემკვიდრეობით რაიმე მიიღო. მისი სწრაფვა ანტიკურობისაკენ, მათი^ სულთა დაპირისპირების მაჩვენებელია. ერთი შეხედვით, ამტკიცებს შპენგლერი, გვეჩვენება, რომ ანტიკურობამ არაბულ კულტურას გარკვეული ტრადიცია გადასცა, მაგრამ ეს არ არის მართებული. ერთიდაიგივე არაა ანტიკური არისტოტელე და არაბული არისტოტელე. ახალი დროის აროსტოტელე კი ორივესაგან განსხვავდება. ყოველ კულტურას არისტოტელეს საკუთარი გაგება აქვს, მაშასადამე, საკუთარი არისტოტელე ჰყავს. ამიტომ იმდენი არისტოტელეს ისტორია უნდა დაიწეროს, რამდენ კულტურაშიც მონაწილეობდა იგი. ყოველი კულტურა თავისთავში ჩაკეტილი სიდიდეა. იგი იწყება სავსებით ყამირ ნიადაგზე, ისე, რომ სხვა კულტურებიდან მემკვიდრეობით არაფერს იღებს.       როდესაც მემკვიდრეობის საკითხს ვაყენებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კულტურათა იმრავლის დაშვება ყოველთვის არ არის დაკავშირებული ისტორიაში მემკვიდრეობის უარყოფასთან და იზოლირებულ კულტურათა არსებობის თეორიასთან. თუ შპენგლერი ყოველ კულტურას თავიდანვე უწესებს ეგრეთ წოდებულ ეთნოგრაფიულ პერიოდს, რომელიც ნულიდან იწყებს ყოფიერებას, ტოინბისთანაც მრავალი ცივილიზაციაა დაშვებული, მაგრამ ის არც ცივილიზაციების შიგნით და არც ცივილიზაციათა შორის მემკვიდრეობის არსებობას არ უარყოფს. მეტიც, მემკვიდრეობის ინსტიტუტი მასთან იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალი კულტურა ძველის მიერ ხელდასმის გარეშე წარმოუდგენელია. მათ შორის მამაშვილური დამოკიდებულებაა _ როცა მშობელი უმწეო ახალშობილს კვებავს, ხელს უწყობს მის ფეხზე დადგომასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებას. ასეთივე ვითარებაა ძველი და ახალი კულტურების მიმართებაში, ამიტომ, ახალ ცივილიზაციას ყამირ ნიადაგზე არ უხდება დაფუძნება.       ისტორიის ერთ-ერთი ძირეული ნიშანია უწყვეტობა როგორც კულტურის შიგნით, ისე კულტურათა შორის მიმართებაში. კულტურის შიდა უწყვეტობა განსხვავდება კულტურათაშორისი უწყვეტობისაგან. "უწყვეტობის ამ ორ სახეობას შორის თვისებრივი განსხვავება შეიძლებოდა გამოგვეხატა ადამიანის ცხოვრებასთან ანალოგიით. ორი ცალკე აღებული საზოგადოების ისტორიის თავები ადამიანის ზრდის თანმიმდევარ საფეხურზე მიგვანიშნებს. ასე მაგალითად, კავშირი ერთი საზოგადოებისა მეორესთან მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობას გვაგონებს. ბავშვი მშობლისაგან პირველ რიგში მემკვიდრეობით იღებს განსაზღვრულ თვისებებს, მეორეც, თვით დაბადების აქტით, ბავშვი იძენს გარკვეულ დამოუკიდებლობას. ამის მიუხედავად, ბავშვს კიდევ დიდხანს არ შეუძლია სიცოცხლე მშობლების ზრუნვის გარეშე. შემდეგ, როცა ის ცნობიერ დონეს აღწევს, მისი ბავშვური წარმოსახვა მშობელთა გრძნობებისა და წარმოდგენების ძლიერი გავლენის ქვეშ იმყოფება, ხოლო უფრო გვიან, როცა მოზრდილი ხდება, თვითონ სწავლობს მშობელთა ქცევას და აზრებს და იწყებს მათ იმიტაციას, ან კიდევ, მშობელთა გამოცდილებას გაურბის. საერთო გავლენა მშობლებისა შვილებზე, უსათუოდ, ძალზე დიდია. ამის მიუხედავად, ბავშვი რაღაცა აზრით, დამოუკიდებელი ინდივიდუუმია იმ მომენტიდან, როცა ის საკუთარი თავის გაცნობიერებას იწყებს. მოწიფულობის პერიოდში ის ნამდვილად გახდება მშობლებისაგან დამოუკიდებელი და სამყაროზე თავის შეხედულებას შეიმუშავებს, გამოიმუშავებს უნარს, საკუთარი პრობლემები დამოუკიდებლად გადაწყვიტოს და საბოლოოდ დამოუკიდებელი გახდება" .       ტოინბის აზრით, ანალოგიურია საზოგადოებათაშორისი კავშირისა თუ უწყვეტობის ფორმაც. ისე, როგორც შვილები არ წარმოიდგინება მშობლების გარეშე, ახალი საზოგადოება არ წარმოიდგინება ძველის გარეშე. ყოველ შემთხვევაში, ძველის წიაღში წარმოიშობა და იზრდება. ამრიგად, თუმცა, საზოგადოებრივი ცხოვრება და ისტორია არაა ერთიანი, ის ცალკეული ატომებისაგან შედგება, რომელთა შიგნით და შორისაც უწყვეტობაა. ერთი საზოგადოების შიგნით უწყვეტობა უფრო მკვეთრად გამოიხატება, ვიდრე საზოგადოებებს შორის.       საინტერესოა ისიც, რომ ტოინბის თეორიაში, განსხვავებით დასავლური კათოლიკური საზოგადოებისაგან, აღმოსავლური მართლმადიდებლური საზოგადოება საწყისს საქართველოსა და კავკასიისაგან იღებს. მისი მტკიცებით, "ჩრდილო-აღმოსავლეთში მართლმადიდებლური ქრისტიანობა თავდაპირველად საქართველოსა და კავკასიის მთიანეთში განმტკიცდა, ხოლო მერვე საუკუნის დასაწყისისათვის მან კავკასიის ქედი გადალახა და ალანიას მიაღწია, საიდანაც დიდ ევრაზიულ ველში გასასვლელი ღია იყო" . დამაჯერებლობას მოკლებულია ტოინბის შრომის კომენტატორის მტკიცება, თითქოს პირველი ქრისტიანული სახელმწიფო კავკასიაში სომხეთი იყო 301 წლიდან და ტოინბიმ იმიტომ არ დაასახელა სომხეთი ქრისტიანულ სახელმწიფოდ, რომ სომხები მონოფიზიტები იყვნენ, რაც ტოინბისათვის გახდა საფუძველი სომხეთის მართლმადიდებლური ცივილიზაციიდან ამოსარიცხად .       ტოინბის მტკიცებით, ყოველ ცივილიზაციას თავისი კულტურა და კლასიკური ენა ჰქონდა. ასეთ კლასიკურ ენას მართლმადიდებლური ქრისტიანობისათვის თავიდან ბერძნული წარმოადგენდა ისე, როგორც დასავლურისათვის _ ლათინური. მართლმადიდებლური ქრისტიანობის მრავალ ავტოკეფალურ ეკლესიებად დაშლა ლოკალურ სახელმწიფოთა შექმნის საფუძველი გახდა და "აღმოცენდა სხვა კლასიკური ენებიც, როგორც, მაგალითად, ძველი ქართული ან ძველი სლავური" . ტოინბი ცივილიზაციებს შორის მემკვიდრეობის პრინციპებს უფრო დაწვრილებით განიხილავს "ისტორიის შემეცნების" მრავალტომეულში. აქ ის კლასიფიკაციისათვის ორ კრიტერიუმს იყენებს: რელიგიურსა და ტერიტორიულს. ძირითადი მაინც რელიგიურია. საკითხი ეხება იმას თუ რა გადასცა ერთმა ცივილიზაციამ მეორეს, რამდენადაა მათი მიმართება მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ანალოგიური.       ტოინბი ახდენს ცივილიზაციათა კლასიფიკაციას მემკვიდრეობის პრინციპის მიხედვით. პირველია სრული დამოუკიდებლობის საზოგადოება. ასეთებია ეგვიპტური და ანდების ცივილიზაციები. მეორე ნათესაობით დაკავშირებული საზოგადოებაა. ასეთებად გვესახება ჩინური, მინოსის, შუმერისა და მაიასი. მესამეა ინფრააფილირებული საზოგადოებანი. ესენია: ინდური, ხეთური, სირიული, ელინური. მეოთხეა აფილირებულ საზოგადოებათა პირველი ჯგუფი, რომლებიც შვილობილ საზოგადოებებს ქმნიან. ასეთია დასავლური, მართლმადიდებლური და შორეული აღმოსავლეთის. მათ ეკლესიებს უცხო წარმოშობა აქვს. აფილირებულ საზოგადოებათა მეორე ჯგუფია ადგილობრივი ეკლესიის გზით შვილობილი საზოგადოებანი: ირანული, არაბული, ინდუისტური. შემდეგია სუპრააფილირებული საზოგადოებანი. მასში შედის ბაბილონური იუკანტური და მექსიკური. ტერიტორიული ნიშნით ტოინბი სამ ჯგუფს გამოყოფს: პირველი _ შვილი საზოგადოებანი, რომელთა ტერიტორია მთლიანად არ ემთხვევა წინამავალ მამათა საზოგადოებას; მეორე _ საზოგადოებანი, რომელთა საზღვრები ემთხვევა მამათა საზოგადოების საზღვრებს და მესამე _ საზოგადოებანი, რომელთა ტერიტორია მამა საზოგადოების ტერიტორიაში მთლიანად შედის. მემკვიდრეობის თვალსაზრისით, მათ შორის ურთიერთობის ხუთი ფორმა არსებობს: პირველი. საზოგადოებანი, რომლებიც არაფრით არ არიან დაკავშირებულნი არც წინამავალ და არც შემდგომ საზოგადოებებთან; მეორე. საზოგადოებანი, რომლებიც არაფრით არ არიან დაკავშირებულნი წინამავალთან, მაგრამ კავშირშია შემდგომ საზოგადოებებთან; მესამე. საზოგადოებანი, წინამავალთან დაკავშირებული, თუმცა, ნაკლებად უშუალო და ინტიმური კავშირებით, ვიდრე შვილობილი ნათესაობაა; მეოთხე. საზოგადოებანი, წინამავალთან დაკავშირებული მსოფლიო რელიგიით, როგორც შვილობილი საზოგადოებანი; მეხუთე. საზოგადოებანი, რომელთა კავშირი წინამავალთან უფრო ღრმაა, ვიდრე მშობლიური და შვილობილი კავშირებია . ამოსაბეჭდი ვერსია: • კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა • წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია" ← წინა ნაწილი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 11:55am on აპრილი 27, 2015
თემა: არისტოტელეს ეთიკა (წიგნი პირველი)
არა პოლიტიკის ნაწილი. პოლიტიკაში კი მოღვაწეობა არ შეიძლება ისე, თუ კაცს საამისო თვისებები არა აქვს. მე ვგულისხმობ ზნეობრიობას. ზნეობრივი ადამიანი კი სათნო ადამიანია. მაშასადამე, ვინც პოლიტიკურ მოღვაწეობას აპირებს, ის ზნეობრივი ადამიანი უნდა იყოს, რადგან ეთიკის მეცნიერება არის პოლიტიკის ნაწილი და საფუძველი. საერთოდ კი, მგონია, რომ უფრო მართებული იქნებოდა, რომ ამ მეცნიერებისათვის გვეწოდებინა არა ეთიკა, არამედ პოლიტიკა.       როგორც ჩანს, თავდაპირველად საჭიროა იმის დადგენა, თუ რა არის სათნოება და საიდან წარმოიშობა ის. რადგან არ იქნებოდა კარგი სათნოების ცოდნა იმის გაუთვალისწინებლად, თუ საიდან და როგორ წარმოიშობა იგი. საერთოდ, კვლევა მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ვაწარმოოთ, რომ გავიგოთ, თუ რას წარმოადგენს სათნოება, არამედ იმიტომაც, რომ ვიცოდეთ, თუ საიდან და როგორ წარმოიშობა ის, რადგან ერთი და იგივეა სათნოების ცოდნა და სათნოდ ყოფნა.       ამრიგად, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა არის სათნოება. მაგრამ იმის ცოდნა, თუ საიდან და როგორ წარმოიშობა ის, ადვილი არაა იმის ცოდნის გარეშე, თუ რას წარმოადგენს ის სხვა მეცნიერებებში. მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს არც ის, თუ უფრო ადრე რა ითქვა სათნოების შესახებ.       პირველად პითაგორამ დაიწყო მსჯელობა ამის შესახებ, მაგრამ არა სწორად. მან სათნოებები რიცხვებზე დაიყვანა და ამიტომ ვერ შექმნა სათნოების შესაბამისი თეორია. მაგალითად, სმართლიანობა არ შეიძლება იყოს კვადრატში აყვანილი რიცხვი.       პითაგორას შემდეგ მოვიდა სოკრატე, რომელმაც პითაგორაზე უკეთ იმსჯელა, მაგრამ არც ის იყო სწორი, როცა მან სათნოებები ცოდნან აქცია. რადგან ყოველი ცოდნა დასკვნას უკავშირდება, დასკვნა კი წარმოიშობა სულის მოაზროვნე ნაწილში. მაშასადამე, სოკრატეს აზრით, ყველა სათნოება სულის რაციონალურ ნაწილში წარმოიშობა. რადგან მან სათნოებები ცოდნან აქცია, ამით მოსპო სულის ალოგიკური ნაწილი, აფექტები და თვისებები. მაშასადამე, მან სათნოებები სწორად ვერ გაიგო.       სწორი იყო პლატონი, როცა სული ლოგიკურ და ალოგიკურნაწილებად დაყო და თითოეულს მისთვის შესაბამისი სათნოება მიაკუთვნა. აქამდე პლატონი სწორია, მაგრამ ამის შემდეგ კი არა, რადგან მან სათნოება აურია მოძღვრებაში იდეების შესახებ, რაც სწორი არაა. იდეებზე მოძღვრება მას სათნოებაზე არ უნდა გაევრცელებინა, რადგან მათ არაფერი არა აქვთ საერთო.       აი, ამაზე შეჩერდნენ ჩვენი წინაპრები. ამის შემდეგ გასარკვევია ჩვენი საკუთარი მოსაზრებები. პირველ ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ყოველ მეცნიერებასა თუ მოქმედებას აქვს რაიმე მიზანი და ეს მიზანი არის რაღაც სიკეთე, რადგან არც ერთი მეცნიერება ან მოქმედება არ არსებობს ბოროტების მიზნით. თუ ყოველი მოქმედების მიზანი სიკეთეა, ცხადია, რომ საუკეთესო მოქმედების მიზანი საუკეთესო იქნება. პოლიტიკა კი საუკეთესო მეცნიერება, ამიტომ მისი მიზანი უმაღლესი სიკეთე უნდა იყოს. როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს მსჯელობა სიკეთეზე, მაგრამ არა ზოგად სიკეთეზე, ან ღვთაებრივ სიკეთეზე, არამედ სიკეთეზე ჩვენთვის. ღვთაებრივი სიკეთის შესახებ საჭიროა სხვა სახის მსჯელობა და კვლევა. ჩვენ კი უნდა ვილაპარაკოთ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სიკეთის შესახებ. ესეც ნაწილებად უნდა დავყოთ. მსჯელობა ეხება სიკეთის თვისებებს, თვით სიკეთეს კი ერთი მნიშვნელობა აქვს. სიკეთე არის საუკეთესო ადამიანის თვისებებს შორის და ამიტომ ის სასურველია თავისთავად. ანდა სიკეთეა ის, რასაც ეზიარებიან მოვლენები, რათა კეთილი გახდნენ. ასეთი კი არის სიკეთის იდეა.       რომელ სიკეთეზე ვილაპარაკოთ, სიკეთის იდეაზე, თუ იმ სიკეთეზე, რომელიც არსებობს ყველაფერში როგორც ზოგადი? მე ვფიქრობ, რომ ზოგადი სიკეთე უნდა განვასხვაოთ სიკეთის იდეისგან, რადგან იდეა დამოუკიდებელია და თავისთავადი, ზოგადი კი ყველაფერში არსებობს და ის არაა იგივე, რაც დამოუკიდებლად არსებული იდეა. ხოლო ის, რაც დამოუკიდებელი და თავისთავადია, კონკრეტულ საგნებში ვერასოდეს ვერ იარსებებს.       ამრიგად, ვილაპარაკოთ თუ არა სიმრავლეში არსებულ სიკეთეზე? - არა. რატომ? იმიტომ, რომ ის ზოგადია და გვეძლევა განსაზღვრებითა და ინდუქციით. განსაზღვრებაში კი გვეძლევა ცალკეული საგნის არსი, ე.ი. კეთილია ის, თუ ბოროტი, თუ სხვა რამ. განსაზღვრება გვეუბნება, რომ უმაღლესი სიკეთე არის უნივერსალური ხასიათისა, რომლიც სასურველია თავისთავად. ამრიგად, ის, რაც ცალკეულ საგნებში არსებობს, განსაზღვრებას ჰგავს. განსაზღვრება კი გვეუბნება, რომ ეს საგანი კეთილია, მაგრამ არაფერს არ გვეუბნება ამ საგნის მიზნის შესახებ. ეს უკვე სხვა მეცნიერების განხილვის საგანია. არც ექიმი და არც კალატოზი არ ამბობს იმას, რომ ჯანმრთელობა ან სახლი სიკეთეა, არამედ პირველი ადგენს იმას, რაც ჯანმრელობას იწევს და როგორ იწვევს, ხოლო მეორე - იმას, რაც სახლის აშენებისთვის არის საჭირო. ამრიგად, ცხადია, რომ არც პოლიტიკა ლაპარაკობს ზოგად სიკეთეზე. პოლიტიკა ხომ ერთ-ერთია დანარჩენ მეცნიერებათა შორის. მაგრამ ზოგადი სიკეთის, როგორც მიზნის შესწავლა არაა არც რომელიმე უნარის, არც რომელიმე მეცნიერების საქმე. არც პოლიტიკის საქმეა იმ ზოგად სიკეთეზე მსჯელობა, რომელიც განსაზღვრებაში გვეძლევა.       არც ინდუქციით მიღებული ზოგადია პოლიტიკის შესწავლის საგანი. რატომ? - იმიტომ, რომ როცა გვსურს დავამტკიცოთ რომელიმე კონკრეტული საგნის სიკეთე, ამას ან ვამტკიცებთ, ან განვსაზღვრავთ რომ ერთი დაიგივე მსჯელობა უდგება როგორც ზოგად სიკეთს, ისე იმ კონკრეტულ საგანს, რომლის სიკეთეს ვამტკიცებთ ინდუქციით. მაგალითად, როცა გვსურს იმის დამტკიცება, რომ დიდსულოვნება არის სიკეთე, ვამბობთ, რომ სამართლიანობა არის სიკეთე, სიმამაცე არის სიკეთე და საერთოდ, სათნოება არის სიკეთე. დიდსულოვნება სათნოებაა, ე.ი. დიდსულოვნება სიკეთე ყოფილა. მაშასადამე, პოლიტიკის საქმე არ ყოფილა ინდუქციით მიღებულ ზოგად სიკეთეზე მსჯელობა, რადგან იმავე შეუსაბამობას მივიღებთ, რასაც ზოგადი სიკეთის განსაზღვრისას. ამ შემთხვევაშიც ინდუქციური დასკვნა გვეუბნება, რომ ეს სიკეთეა. ამრიგდ, ცხადია, რომ ჩვენ მოგვიწევს მსჯელობა უმაღლეს სიკეთეზე, რომელიც საუკეთესო სიკეთეა ჩვენთვის.       საერთოდ კი, გასაგები უნდა იყოს რომ ყოველი ზოგადი სიკეთის ცნების კვლევა არაა რომელიმე ერთი მეცნიერების ან უნარის საქმე. რატომ? - იმიტომ, რომ სიკეთე გვხვდება ყველა კატეგორიაში, როგორც არსის, ისე თვისების, რაოდენობის, დროის, მიმართების, ადგილის კატეგორიაში, საერთოდ, ყველა კატეგორიაში. მაგრამ თუ როდის გვხვდება სიკეთე მედიცინაში, იცის ექიმმა, ნაოსნობაში - მესაჭემ, ასევე ყველა სხვა სფეროში. რადგან თუ როდის არის საჭირო გაკვეთა, იცის ექიმმა, როდის შეიძლება გაცურვა, იცის მესაჭემ. ამრიგად, თითოეულ დარგში როდის რა არის სიკეთე, იცის ამ დარგის მცოდნემ. არც ექიმს ეცოდინება, თუ რა დროს რა არის სიკეთე ნაოსნობაში და არც ნაოსანს ეცოდინება, რაა სიკეთე მედიცინაში. მაშასადამე, არც ამ გზით შეიძლება მსჯელობა ზოგად სიკეთეზე, რადგან „როდის“ ყველგან ერთნაირია. ასევე მიმართებაც როგორც სიკეთის, ისევყველა სხვა კატეგორიაში არის საერთო. არც ერთი უნარისა და არც ერთი მეცნიერების საქმე არაა ზოგადი სიკეთის კვლევა. არც პოლიტიკის საქმეა მსჯელობა ზოგად სიკეთეზე. ამრიგად, ჩვენი მსჯელობის საგანი იქნება უმაღლესი სიკეთე, ანუ სიკეთე ჩვენთვის.       როდესაც რაიმეს დამტკიცება გვსურს, არ უნდა გამოვიყენოთ ბუნდოვანი მაგალითები, არამედ არანათელზე ნათელი მაგალითებით უნდა ვილაპარაკოთ, აზრობრივზე კი - გრძნობადით, რომელიც უფრო ნათელია. ამრიგად, როდესაც ვინმე იწყებს ლაპარაკს სიკეთის შესახებ, ის არ უნდა მსჯელობდეს სიკეთის იდეაზე. მიუხედავად ამისა, ისინი ფიქრობენ, რომ როდესაც სიკეთეზე ლაპარაკობენ, უნდა ილაპარაკონ სიკეთის იდეაზე. ისინი ამბობენ, რომ საჭიროა იმაზე მსჯელობა, რაც მეტად არის სიკეთე, ან რაც ყველგან იგივეობრივია. ასე, რომ მათი აზრით, სიკეთე არის იდეა. ასეთი მსჯელობაც სწორია, მაგრამ არც პოლიტიკური მეცნიერება და არც პოლიტიკური უნარი არ იკველვს ამ სიკეთეს, არამედ იმ სიკეთეს, რომელიც არის სიკეთე ჩვენთვის.       არც ერთი მეცნიერება, არც უნარი არ ამტკიცებს, რომ საბოლოო მიზანი არის სიკეთის იდეა. ამიტომ აქ მსჯელობა არ უნდა ვაწარმოოთ სიკეთის იდეაზე.       ისინი სიკეთის იდეას იყენებენ როგორც საწყისს და აქედან მიიწევენ წინ კონკრეტული მოვლენების კვლევაში. მაგრამ ეს არაა სწორი, რადგან ყოველთვის საჭიროა კონკრეტული საწყისის გამოყენება. რადგან უაზრობა იქნებოდა, რომ ვისაც სურს დაამტკიცოს, რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი ორი სწორი კუთხის ტოლია, საწყისად იღებდეს იმას, რომ სული უკვდავია. რადგან ეს არაა შესაბამისი საწყისი. საწისი უნდა იყოს მოვლენების შესაბამისი დამასთან დაკავშირებული. აქ კი კაცს სულის უკვდავების გარეშე შეუძლია დაამტკიცოს, რომ სამკუთხედის კუთხეების ჯამი უდრის ორ სწორ კუთხეს. ასევე კონკრეტული სიკეთეებიც უნდა განვიხილოთ სიკეთის იდეის გარეშე, რადგან ის მათ შესატყვის საწყისს არ წარმოადგენს.       არც სოკრატე იყო სწორი, როცა სათნოებები ცოდნად აქცია. სოკრატე, რომელიც ფიქრობდა, რომ ეს არავითარ უაზრობას არ წარმოადგენს ცოდნისადა სათნოების გაიგივებით ცოდნას უაზრობად აქცევდა. რატომ? - იმიტომ, რომ მეცნიერების არსის ცოდნა მეცნიერების დაუფლებასაც ნიშნავს. როდესაც ვინმემ იცის მედიცინის არსი, ის ექიმიცაა. ასევეა სხვა მეცნიერებებშიც. მაგრამ, სათნოებაში ეს ასე არაა. რადგან ვინც იცის სამართლიანობის არსი, მაშინვე სამართლიანი ვერ გახდება. იგივე ითქმის სხვა სათნოებებზეც. აქედან გამომდინარეობს, რომ ან სათნოებები არიან უაზრობა, ან ისინი არ წარმოადგენენ ცოდნას. თავი 2       ამ განსაზღვრებების შემდეგ ვილაპარაკოთ იმის შესახებ, თუ სიკეთის ცნება რამდენი მნიშვნელობით იხმარება. სიკეთეთაგან ერთნი პატივსაცემნი არიან, მეორენი საქებნი, მესამენი შესაძლებლობები. პატივსაცემს მე ვუწოდებ ღვთაებრივსა და საუკეთესო მოვლენებს, როგორიცაა სული, გონება, უფროსი, საწყისი და სხვა ამდაგვარი. პატივსაცემია ის, რასაც პატივი ხვდა წილად, ან რასაც პატივისცემა მოსდევს შედეგად. სათნოებაც პატივსაცემია, რადგან მისი მეოხებით ადამიანი კარგი ხდება და სათნო კაცის სახელს იღებს. ზოგი სათნოება საქებია, რადგან ამ სათნოებით მოქმედებას შედეგად ქება მოსდევს. ზოგი სათნოება კი უნარია, მაგალითად ძალაუფლება, სიმდიდრე, ღონე, სილამაზე. მათში მოცემულია იმის შესაძლებლობა, რომ კარგმა ადამიანმა ისინი კარგად გამოიყენოს, ცუდმა კი - ცუდად. ამიტომ ასეთ სათნოებებს უნართ უწოდებენ. ისინი, მართლაც სიკეთენი არიან და მათი ღირებულება ფასდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ იყენებს მათ კარგი ადამიანი და არა ცუდი. ხდება ხოლმე ისიც, რომ ამ სიკეთეთა წარმოშობის მიზეზი არის შემთხვევა, რადგან შემთხვევისაგან წარმოიშობა სიმდიდრეც, ძალაუფლებაც და საერთოდ, ყოველივე ის, რაც შესაძლებლობის ფარგლებში თავსდება. დაგვრჩა სათნოებათა მეოთხე ჯგუფი, რომელიც იცავს და ჰქმნის სიკეთეს. მაგალითად ფიზიკური ვარჯიშიწარმოშობს ჯანმრთელობას და სხვ.       მაგრამ არსებობს სიკეთეთა სხვა დაყოფა. მაგალითად, სიკეთეთა ნაწილი მოსწონს ყველას და ყოველთვის, ნაწილი კი არა. მაგალითად, სამართლიანობა და სხვა სათნოებანი მოსწონს ყველას და ყოველთვის, ხოლო ძალა, სიმდიდრე, გავლენა და სხვა ამდაგვარი არ მოსწონს ყველას და ყოველთვის.       არსებობს სხვა დაყოფაც: სიკეთეთა ნაწილი მიზანია, ნაწილი კი არა. მაგალითად, ჯანმრთელობა მიზანია, ხოლო რაც მას სჭირდება, არაა მიზანი. სადაც ასეთი მდგომარეობაა, იქ მიზანი საუკეთესოცაა. მაგალითად, ჯანმრთელობა სჯობს იმას, რაც ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. მარტივად რომ ვთქვა, საერთოდ, უკეთესია ის, რისთვისაც არსებობს ყოველივე სხვა. მიზანთა შორისაც საბოლოო მიზანი სჯობს არა საბოლოოს. საბოლოოა ის რომელსაც არსებობისათვის სხვა რამ არ სჭირდება. არასაბოლოოს არსებობისათვის სჭირდება ბევრი სხვა რამ. მაგალითად, სამართლიანობის არსებობისათვის ბევრი რამ გვჭირდება, ხოლო ბედნიერების დროს არაფერს არ ვსაჭიროებთ. ესაა ის საუკეთესო სიკეთე ჩვენთვის, რომელსაც ვეძიებთ. საბოლოო მიზანი კი არის ის უმაღლესი სიკეთე, რომელიც სხვა სიკეთეთა მიზანია.       ამის შემდეგ უნდა ვიკვლიოთ, თუ რას ნიშნავს უმაღლესი სიკეთე. ის ამათ უნდა მივაკუთვნოთ? მაგრამ ეს უაზრობა იქნებოდა, რადგან საუკეთესო არის საბოლოო მიზანი, ხოლო საბოლოო მიზანი, მარტივად რომ ვთქვათ, სხვა არა უნდა იყოს რა,თუ არა ბედნიერება. ბედნიერებას კი მრავალ სიკეთეთა შეერთებით ვიღებთ და თუ უმაღლეს სიკეთეს ამ სათნოებებს მივაკუთვნებთ, მაშინ ის თავის თავზე უკეთესი იქნებოდა. მაგალითად, ავიღოთ ჯანმრთელობა და ის, რაც მას სჭირდება. გავარკვიოთ, რომელი ამათგანია უკეთესი? უკეთესია ჯანმრთელობა. და თუ ის უკეთესია, მაშინ ის თავის თავზეც უკეთესი ყოფილა. ამრიგად, შედეგად ვიღებთ უაზრობას. მაშასადამე, ამ გზით შეუძლებელია საუკეთესოს კვლევა.       მაგრამ იქნებ ის დამოუკიდებლად არსებობს? თუ ესეც უაზრობაა? რადგან საბოლოო სიკეთე რაღაც სიკეთეთაგან შედგება, ხოლო იმის კვლევა, რომ ის, შემდგარი ამ სიკეთეთაგან, არის ამათზე უკეთესი, უაზრობაა. ბედნიერება კი არაა სხვა რამ, დამოუკიდებელი ამ სიკეთეთაგან, არამედ ის მათთან იგივეობრივია.       მაგრამ ვინმემ ამ მიმართულებით შეიძლება აწარმოოსსწორი კვლევა, თუ ის შედარებას მიმართავს, მაგალითად, თუ ბედნიერებას ჩათვლიდა ამ სიკეთეთაგან შედგენილად და შეადარებდაიმ სიკეთეთ, რომლებიც მის შემადგენლობაში შედის. იქნებოდა კი ეს საუკეთესო სიკეთის სწორი კვლევა? მაგრამ იმ უმაღლეს სიკეთეს, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, ერთი მიშვნელობა არა აქვს. მაგალითად, ვინმეს რომ ეთქვა, რომ გონიერება არის საუკეთესო იმ სიკეთეთა შორის, რომელთაც მას ვადარებთ. მაგრამ არც ამ გზით არის შესაძლებელი საუკეთესო სიკეთის კვლევა. ჩვენ ვეძებთ საუკეთესო სიკეთეს, ხოლო გონიერება, ცალკე აღებული არაა ასეთი სიკეთე. განა ჩვენ საუკეთესო სიკეთეს არ ვეძებთ? მაშასადამე, არც ესაა საუკეთესო სიკეთე და არც ის, ზემოთ რომ იყო მოხსენებული. თავი 3       ამას გარდა, არსებობს სიკეთეთა სხვა დანაწილებაც. სიკეთეთა ნაწილი, მგალითად, სათნოებები, არსებობენ სულში, ნაწილი არსებობს სხეულში, როგორიცაა ჯანმრთელობა და მშვენიერება. ზოგი სიკეთე გარეგანია, როგორც სიმდიდრე, ძალაუფლება, დიდება და სხვა. ამათგან       საუკეთესოა სულში არსებული სიკეთენი. ესენი კი სამად იყოფა: გონიერებად, სათნოებად და სიამოვნებად. ამრიგად, მივედით დასკვნამდე, რომ ბედნიერებაა ის, რასაც ჩვენ სიკეთეთა საბოლოო მიზნად და ყველაზე სრულყოფილ სათნოებად ვთვლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იგივეა, რაცკარგად მოქმედება და კარგად ცხოვრება. რაც შეეხება მიზანს, იგი მარტივი არაა, მას ორი მნიშვნელობა აქვს: მოქმედება და გამოყენება. როგორც მაგალითად, თვით მხედველობა და მისი გამოყენება. ცხადია, რომ მხედველობის გამოყენება სჯობს მის მხოლოდ ქონებას, რადგან მიზანი მოხმარებაა. არავინ არ ისურვებდა თვალების ისეთ ქონებას, რომ ვერ ხედავდეს და მუდამ დახუჭული ჰქონდეს. ასევეა სმენისა და სხვა ამგვარ შემთხვევებში. სადაც კი გამოყენება და ქონებაა, გამოყენება ყოველთვის უფრო კარგია და სასურველი, ვიდრე მხოლოდ ქონება, რადგან გამოყენება და მოქმედება მიზანია, ქონება კი გამოყენების მიზნით არსებობს.       ამის შემდეგ ვინც აწარმოებს ცოდნის სახეების კვლევას, დაინახავს, რომ ერთი მათგანი საერთოდ სახლს კი არ აშენებს და მეორე - კარგ სახლს, არამედ ორივე ეს მშენებლობის საქმეა. ხოლო მშენებლობის ხელოვნება, ანუ მშენებლობის სიკეთე არის კარგად შენების ხელოვნება. ასევეა ყველა დანარჩენ შემთხვევებში. თავი 4       ამის შემდეგ დავინახავთ, რომ ჩვენ ვცოცხლობთ მხოლოდ სულით და არა სხვა რამით, სათნოება კი სულში იმყოფება. ამიტომ ერთი და იგივეა ვიტყვით ჩვენ, რომ სული მოქმედებს, თუ სულის სათნოება მოქმედებს. სათნოება არის იმის კარგად კეთების უნარი, რის სათონებაც ის არის. სული იწვევს იმას, რითაც ჩვენ ვცოცხლობთ. ამრიგად, სულის სათნოების წყალობით ჩვენ კარგად ვცხოვრობთ. მაგრამ კარგად ცხოვრებას და კარგად მოქმედებას სხვას არას ვუწოდებთ, თუ არა ბედნიერებას. ამრიგად, ბედნიერი ცხოვრება და ბედნიერება მდგომარეობს კარგად ცხოვრებაში. ხოლო კარგად ცხოვრება არის ცხოვრება სათნოებით. ესაა საბოლოო მიზანი, ბედნიერება და ყველაზე საუკეთესო სიკეთე.       მაშასადამე, ბედნიერება მდგომარეობს გამოყენებასა და მოქმედებაში. რადგან სადაც ქონება და გამოყენებაა, იქ გამოყენება და მოქმედება იქნება საბოლოო მიზანი. რაც შეეხება სულს, სულის სათნოება არის ქონებაც, მაგრამ მისი სათნოებანია აგრეთვე მოქმედება და გამოყენება. ასე რომ, მისი საბოლოო მიზნი იქნება, როგორც მოქმედება, ისე გამოყენება. ხოლო ბედნიერება იქნება ცხოვრება სათნოებით. რადგან ბედნიერება არის საუკეთესო სიკეთე, რაც მოქმედებათა საბოლოო მიზანიც არის, ამიტომ თუ სათნოებით ვიცხოვრებთ, ბედნიერნიც ვიქნებით და ყველაზე საუკეთესო სიკეთესაც მოვიპოვებთ.       რადგან ბედნიერება საბოლოო სიკეთე და მიზანი ყოფილა, არ შეიძლება მხედველობიდან იმის გამოტოვება, რომ ბედნიერება სრულყოფაშიც უნდა მდგომარეობდეს, ამიტომ ბავშვი ბედნიერი არ იქნება, რადგან ბავშვი სრულყოფილი არაა, არამედ მამაკაცი, რომელიც სრულყოფილია. ბედნიერება არ იქნება არც დაუსრულებელ დროში, არამედ მხოლოდ დასრულებულში. დასრულებული დრო კი გრძელდება ადამიანის მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამიტომ სწორია ხალხი, როცა ამბობს, რომ ბედნიერება ხანგრძლივ სიცოცხლეში უნდა ვეძიოთ. იგულისხმება, რომ სრულყოფილება შეიძლება იყოს იქ, სადაც დასრულებულია როგორც დრო, ისე ადამიანის სიცოცხლე.       რომ ბედნიერება არის მოქმედებაც, ამის დამტკიცება შეიძლება შემდეგი მსჯელობით. ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ძილშია, ვერ ვიტყოდით, რომ ის ბედნიერია. მართალია, მას აქვს სიცოცხლე, მაგრამ მას არა აქვს სათნო სიცოცხლე, რაც მოქმედებაში მდგომარეობს.       საკითხი, რომელზეც ახლა უნდა ვილაპარაკოთ, ვფიქრობთ, რომ არ უნდა იყოს არც ძალიან დაშორებული ზემოთქმულიდან და არც ძლიან დაკავშირებული მასთან. ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს სულის რაღაც ნაწილი, რომლითაც ვიკვებებით და რომელსაც მკვებავ ნაწილს ვუწოდებთ. ეს გონივრულიც არის, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ქვებს კვება არ შეუძლიათ. ასე რომ, კვება არის სულიერი არსებების თვისება. მაშასადამე, სულის სიცოცხლის თვისება ყოფილა, და თუ ეს სულიერი არსებების თვისებაა, მაშ, სული სიცოცხლის მიზეზიც ყოფილა. მაგრამ სულის ქვემოთ დასახელებულ ნაწილთაგან არც ერთი არაა კვების მიზეზი: არც მოაზროვნე, არც ნებელობითი და არც ვნებითი, არამედ რაღაც სხვა, ამათ გარდა, რომელსაც სხვა უფრო შესაფერის სახელს ვერ ვუწოდებთ, კვებითი ნაწილის გარდა. ვინმემ შეიძლება იკითხოს: არსებობს კი სულის ამ ნაწილის სათნოება? მაგრამ თუ არსებობს, ცხადია, რომ ის უნდა იყოს ამ სათნოების მოქმედი. სრულყოფილი სათნოებით მოქმედება კი არის ბედნიერება.არსებობს თუ არა ამ ნაწილის სათნოება, ეს სხვა საუბრის საგანია. მაგრამ, თუ ის არსებობს, მას მოქმედებისთვისება უნდა ჰქონდეს, რადგან სადაც არაა იმპულსი, იქ არც მოქმედებას ექნება ადგილი. როგორც ჩანს, სულის ამ ნაწილში, იმპულსი არ უნდა იყოს, არამედ სავარაუდოა, რომ იგი გავს ცეცხლს, რადგან რასაც კი მასში ჩააგდებ, ყველაფერს შლის. და თუ არ ჩააგდებ, არც დაშლას ექნება ადგილი. ასეთივე მდგომარეობა იქნება სულის ამ ნაწილში: თუ ჩააგდებ მასში საკვებს, შეჭამს, მაგრამ თუ არ ჩააგდებ არც კვებისკენ სწრაფვა ექნება. მაშასადამე, სადაც იმპულსი არაა, იქ მოქმედებაა. ასე, რომ სულის ეს ნაწილი არ მონაწილეობს ბედნიერების განხორციელებაში.       მის შემდეგ განსახილველია საკითხი იმის შესახებ, თუ რა არის სათნოება, რადგან სათნო მოქმედება არის ბედნიერება. მაშინ, მარტივად რომ ვთქვათ, სათნოება ყველაზე კარგი თვისება ყოფილა. მაგრამ არ კმარა ასეთი მარტივი მსჯელობა, საჭიროა მისი უფრო ზუსტი განსაზღვრა. თავი 5       ჯერ ვილაპარაკოთ არა იმის შესახებ, თუ რა არის სული (ეს სულ სხვა საუბრის საგანია), არამედ იმის შესახებ, თუ რა ნაწილები აქვს სულს. როგორც ვთქვით, სული იყოფა ორ ნაწილად: მოაზროვნედ და არამოაზროვნედ. მოაზროვნე ნაწილში წარმოიშობა გონიერება, მახვილგონიერება, სიბრძნე, ადვილი ათვისების უნარი, მეხსიერება და სხვ. არამოაზროვნე ნაწილში წარმოიშობა ის სათნოებანი, რომელთა შესახებ უკვე ითქვა: თავშკავება, სამართლიანობა, სიმამაცე და სხვა ჩვევები, რომლებიც, როგორც ჩანს, საქებად ითვლება. მათ შესახებ ამბობენ, რომ საქებია, ხოლო აზროვნებასთან დაკავშირებულ თვისებათაგან არც ერთი არაა საქები. კაცი არაა საქები იმის გამო, რომ ბრძენია, არც იმის გამო, რომ გონიერია, არც სხვა რომელიმე ასეთი თვისების გამო. არც არამოაზროვნე ნაწილის სათნოებებია საქები, რადგან მათ აქვთ მხოლოდ მომსახურების ფუნქცია. ისინი ეხმარებიან მოაზროვნე ნაწილს.       ეთიკური სათნოებები ისპობიან ნაკლებობისა და სიჭარბის გამო, რომ მათ ღუპავს ნაკლებობა ან სიჭარბე, ამის დანახვა შეიძლება ჩვევებზე. ჩვეულებრივად, არანათელ მოვლენებზე ნათელი მაგალითები უნდა გამოვიყენოთ. ამის ცხადყოფა შეიძლება ფიზიკური ვარჯიშის მაგალითით. ზედმეტი ფიზიკური ვარჯიში, ისევე როგორც მცირე ვარჯიში ძალღონეს სპობს. იგივე მდგომარეობაა ჭამა-სმაშიც. ზედმეტი ჭამა ისევე ანადგურებს ჯანმრთელობას, როგორც ნაკლები. ზომიერი ჭმა-სმა კი იცავს ძალღონესაც და ჯანმრთელობასაც. იგივე მდგომარეობაა გონიერებაში, სიმამაცეში და სხვა სათნოებებში. თუ ვინმე ძალიან უშიშარი გახდა ისე, რომ ღმერთებისაც კი არ ეშიჯია, მამაცი კი არ იქნება, არამედ თავზე ხელაღებული.ხოლო ვისაც ყველაფრისა ეშინია, მხდალია. ამრიგად, მამაცი იქნება ის, ვისაც არც ყველაფრისა ეშინია და არც არაფრისა.მაშასადამე ერთი და იგივე მოვლენა, როგორც აძლიერებს, ისე ანადგურებს სათნოებას. რადგან ძალიან მოშიშნი ისევე ანადგურებენ ყველაფერს, როგორც არაფრის მოშიშნი. მაშასადამე, სიმამაცის სფეროა შიშის გრძნობა. ზომიერი შიშიაძლიერებს სიმამაცეს.       ასეთია შიშის გრძნობა, რომელსაც ადამიანები განიცდიან. ასეთივე მდგომარეობაა სხვა სათნოებებში. თავი 6       სათნოებას არა მარტო ამით განსაზღვრავს კაცი, არამედ ტანჯვითა და სიამოვნებითაც, რადგან სიამოვნების გამო ჩავდივართ ცუდს, ხოლო ტანჯვის გამო გავურბივართ მშვენიერებას. საერთოდ, სიკეთესა და ბოროტებას ვერ გავიგებთ ტანჯვისა და სიამოვნების გარეშე. სათნოება ხომ ტანჯვისა და სიამოვნების სფეროში ვლინდება.       ეთიკური სათნოების სახელწოდების დადგენა თუ გვსურს, საჭიროა ჭეშმარიტი მდგომარეობა ვიკვლიოთ ბგერითი გამოთქმების მიხედვით. ეს სწორიცაა, რადგან სიტყვა „ეთოსი“ ჩვეულებიდნ არის მიღებული, ხოლო სათნოება ეთიკურად იწოდება მიჩვევის გამო. ამით ნათელი ხდება ისიც, რომ სულის ირაციონალური ნაწილის არც ერთი სათნოება არა გვაქვს თანდაყოლილი. არც ერთი ბუნებრივი მოვლენა არ იცვლება ჩვეულების გამო. მაგალითად, ქვა და, საერთოდ, ყოველი მძიმე საგანი ბუნებრივად დაბლა ვარდება, მაგრამ თუ ვინმე მოისურვებს, რომ ის მიაჩვიოს ზემოთ მოძრაობას და ამიტომ ქვას ხშირად ისვრის მაღლა, ქვა მაღლა მაინც არასოდეს არ იმოძრავებს და ყოველთვის დაბლა დაეცემა. ასევა სხვა ანალოგიურ შემთხვევებში. თავი 7       თუ გვსურს დავადგინოთ, რა არის სათნოება, საჭიროა გავარკვიოთ, თუ რა მოვლენებია მოცემული სუში. სულში კი იმყოფება ირაციონალური მოძრაობები, განწყობები და მყარი თვისებები. ცხადია, რომ სათნოება რომელიმე ამათგანი უნდა იყოს. ირაციონალური მოძრაობებია: რისხვა, შიში, სიძულვილი, ლტოლვა, შური, თანაგრძნობა და სხვა, რასაცჩვენი ვარაუდით, თან სდევს ტანჯა და სიამოვნება. განწყობა კი არის ისეთი მდგომარეობა, რის საშუალებითაც განვიცდით ირაციონალურ ძვრებს და რომლის საშუალებით შეიძლება ჩავვარდეთ რისხვის, შიშის, თანაგრძნობისა და სხვა მდგომარეობაში. თვისებაა ის, რის მეშვეობითაც ამ ვნებების მიმართ ვართ სწორ და არასწორ დამოკდებულებაში. მაგალითად, სიბრაზის მიმართ ჩვენი დამოკიდებულების შესახებ უნდა ითქვას, რომ თუ ჩვენ ძალიან ვბრაზობთ, მაშინ სიბრაზეში ცუდი თვისება გვქონია, მაგრამ თუ სრულებით არ ვბრაზობთ არც მაშინ, როცა საჭიროა, რომ ვბრაზობდეთ ამ შემთხვევაშიც სიბრაზეში ცუდი თვისება გვქონია. ამრიგად, ზომიერების დაცვა იქნება არც ზედმეტი სიბრაზე და არც სრული გულგრილობა. როცა ასეთ მდგომარეობაში ვართ, მაშინ კარგი განწყობა გვქონია.       ასევეა სხვა ანალოგიურ შემთხვევებში. სიბრაზეში კარგი თვისების მქონე კაცი იცავს შუალედს მრისხანებასა და ინდიფერენტიზმს შორის. ასევეა ტრაბახსა და თავდამცირებაში. ის, ვინც თავის სიმდიდრეს აზვიადებს, ტრაბახობს, ხოლო ვინც აკლებს თავს იმცირებს. წესიერება იქნება ამ ორ უკიდურესობას შორის. თავი 8       ასევეა ყველა სხვა ანალოგიურ შემთხვევაში. სწორედ ამას ნიშნავს თვისება - კარგ ან ცუდ დამოკიდებულებას ასეთი მოვლენების მიმართ. კარგი განწყობა ნიშნავს არც გადაჭარბებას, არც დამცირებას, ამ ორ განწყობას შუა იმყოფებიან ის თვისებები, რომელთაც საქებად ვთვლით და რასაც კარგ განწყობას ვუწოდებთ. ცუდ განწყობას კი ვუწოდებთ ამავე თვისებებში გადაჭარბებას ან დაკლებას.       რადგან სათნოება ამ ირაციონალურ ვნებებს შუა იმყოფება, ხოლო ვნება ყოფილა ტანჯვა ან სიამოვნება, ან მათთან კავშირში მყოფი მოვლენა, აქედან ცხადი ხდება, რომ სათნოება ეხება ტანჯვასა და სიამოვნებას.       როგორც ზოგი ამბობს, არსებობს სხვა ირაციონალური ვნებებიც, რომელნიც უარსაყოფნი არიან თავისთავად სიჭარბისა და სიმცირისაგან დამოუკიდებლად. ასეთია, მაგალითად, ცოლ-ქმრული ურთიერთობის დარღვევა და ამ კავშირის დამარღვეველი. ასეთ კაცზე ვერ ვიტყვით, რომ ის თავისუფლად შობილ ქალებს უფო მეტად აცდუნებს, ვიდრე ეს დასაშვებია, არამედ როგორც ეს, ისე სხვა ამგვარი ირაციონალური ვნებები უარსაყოფნი არიან თავისთავად, იმისგან დამოუკიდებლად, ამ ვნებების სიჭარბესა აქვს ადგილი, თუ ნაკლებობას. თავი 9       ამის შემდეგ აუცილებელია ვილაპარაკოთ იმის შესახებ, თუ რა უპირისპირდება შუალედს, სიჭარბე, თუ სიმცირე. შუალედს ზოგჯერ ნაკლებობა უპირისპირდება, ზოგჯერ კი სიჭარბე. მაგალითად, სიმამაცეს უაზრო გამბედაობა კი არ უპირისპირდება, არამედ სიმხდალე, ე.ი. გამბედაობის ნაკლებობა. ხოლო გონიერებას, რომელიც სიამოვნების საქმეში თავაშვებულობასა და უგრძნობლობას შორისაა, არა მგონია რომ უგრნობლობა უპირისპრდებოდეს, როგორც სიამოვნების სიმცირე, არამედ უპირისპირდება თავშეუკავებლობა, როგორც სიამოვნების სიჭარბე. თუმცა შუალედს ორივე უპირისპირდება, როგორც სიჭარბე, ისე ნაკლებობა, რადგან შუალედი ნაკლებია, ვიდრე სიჭარბე და მეტი, ვიდრე სიმცირე. ამიტომაც მფლანგველები კეთილშობილთ უწოდებენ ძუნწებს, ხოლო ძუნწები კეთილშობილთ - მფლანგველებს. გაბედულნი და თავზე ხელაღებულნი მამაცებს მხდალებს უწოდებენ, ხოლო მხდალნი მამაცთ- თავზეხელაღებულთ და უგუნურთ.       მაშასადამე ორი მიზეზის გამო ვფიქრობთ, რომ შუალედს უპირისპირდება სიჭარბე და ნაკლებობა. თვით პრაქტიკიდან ამოსულთ უნდა გავარკვიოთ, თუ რომელი მოვლენა არის შუალედთან ახლო ან შორს. მაგალითად, დიდსულოვნებისგან უფრო მფლანგველობაა დაშორებული, თუ სიძუნწე? სავარაუდოა, რომ დიდსულოვნებას უფრო მფლანგველობა უახლოვნდება, ვიდრე სიძუნწე. რადგან სიძუნწე მისგან უფრო მეტად არის დაშორებული. ხოლო ის, რაც შუალედთან უფრო მეტად არის დაშორებული, მისდამი დაპირისპირებული გვეჩვენება. საქმიდან გამომდინარეთ კი ნაკლებობა გვეჩვენება შუალედისადმი უფრო მეტად დაპირისპირებული. მაგრამ, მეორეს მხრივ, რაც უფრო მეტად მივეჩვიეთ მოვლენას, მით უფრო მეტად დაპირისპირებული გვგონია შუისადმი. მაგალითად, ბუნებრივად ჩვენ უწესრიგობას უფრო მეტად მივეჩვიეთ, ვიდრე წესრიგს და მეტ წარმატებას ვაღწევთ იმაში, რასაც მივეჩვიეთ. ხოლო რაშიც მეტი წარმატება გვაქვს, ის შუას უფრო მეტად უპირისპირდება. რაგან ჩვენ უწესრიგობას უფრო ვეგუებით, ვიდრე წესრიგს, ამიტომ აქ სიჭარბე უფრო მეტად იქნება დაპირისპირებული შუისადმი, ვიდრე ნაკლებობა. რადგან თავაშვებულობა უკიდურესად უპირისპირდება გონიერებას.       ამრიგად, უკვე გავერკვიეთ, თუ რა არის სათნოება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის არის შუალედი ორ ირაციონალურ ვნებას შორის. ასე რომ, ვისაც სურს, რომ კარგი კაცის სახელი ჰქონდეს, მან ვნებებში შუალედი უნდა დაიცვას. მაშასადამე, ადვილი არაა კარგი კაცი იყო, რადგან ადვილი არაა ყოველ ცაკლეულ შემთხვევაში შუალედის დაცვა. მაგალითად, ყველას შეუძლია წრის დახატვა, მაგრამ ძნელია მასში შუის დადგენა. ასევე ადვილია გაბრაზება დამის საწინააღმდეგო მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ძნელია ზომიერების დაცვა. საერთოდ, ყოველ ვნებაში ადვილია იმის დანახვა რაც შუალედის გარშემო მდებარეობს, მაგრამ შუალედის პოვნა, რის გამოც გვაქებენ, ძნელია. ამიტომაც იშვიათია კარგი ადაიანი.       რადგან უკვე ვილაპარაკეთ სათნოების შესახებ, ამიტომ ამის შემდეგ საკვლევია შეიძლება თუ არა სათნოდ ყოფნა, თუ როგორც სოკრატე ამბობდა, ჩვენზე არ არის დამოკიდებული კარგი ვიქნებით, თუ ცუდი. ის ამბობდა, რომ თუ შეეკითხებიან კაცს, რა სურს: იყოს სამართლანი, თუ უსამართლო, არავინ არ არჩევდა უსამართლობას. ასევეა სიმამაცეში,       სიმხდალესა და სხვა თვისებებში. ცხადია, რომ თუ ზოგნი ცუდნი არიან, ისინი ასეთნი არიან არა თავისი ნებით. ცხადია, რომ არც კარგნი არიან თავისი ნება-სურვილით. მაგრამ ეს მსჯელობა სწორი არაა, რადგან რატომ ხდება, რომ კანონმდებელი ცუდ მოქმედებას კრძალავს, ხოლო კარგი და მშვენიერი მოქმედებისკენ კი მოუწოდებს? რატომაა, რომ სჯისროგორც იმას, ვინც ცუდს სჩადის, ისე იმას, ვინც კარგს არ სჩადის. მაგრამ უაზრობა იქნებოდა იმის დაკანონება, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენზეა დამოკიდებული, ვიქნებით კარგი, თუ ცუდი, რასაც ქებისა და გაკიცხვის ფაქტები ადასტურებენ. ქველმოქმედნი საქებნი არიან, ხოლო ბოროტმოქმედნი გასაკიცხნი. ქება და ძაგება არ ეხება იმათ, რომლებიც იძულებით მოქმედებენ. ამრიგად, ცხადია, რომ ჩვენზეა დამოკიდებული, როგორც ქველმოქმედება, ისე ბოროტმოქმედება. ისინი, რომლებსაც სურთ დაამტკიცონ, რომ ასეთი მოქმედებანი ნება-სურვილით არ ხდება, შემდეგ მაგალითს მიმართავენ: რატომაა, რომ თუ ავად ვართ, ან მახინჯნი ვართ,არავინ არ გვკიცხავს? მაგრამ ასეთი მსჯელობა სწორი არაა, რადგან ვკიცხავთ ასეთებსაც, როცა ვიცით, რომ თვითონ არიან დამნაშავენი ავადმყოფობაში ან სხეულებრივ სიმახინჯეში. ე.ი. ამ შემთხვევაში ნებაყოფლობით მოქმედებასთან გვაქვს საქმე. ამრიგად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქველმოქმედებაცა და ბოროტმოქმედებაც ადამიანთა სურვილით ხდება. თავი 10       ამის უფრო ნათელყოფა შეიძლება შემდეგი მსჯელობითაც: ყველა არსი, მაგალითად, მცენარეები და ცხოველები, რომელთაც აგრეთვე აქვთ წარმოქმნის უნარი, წარმოშობენ თავის მსგავს არსთ. ისინი წარმოქმნიან პირველი საწყისებიდან. მაგალითად, ხეები წარმოშობენ თესლიდან, რაც პირველი საწყისია. საწყისიდან კი წარმოშობა ასე ხდება: როგორიცაა საწყისი, ისეთივეა მისგან წარმოშობილი.       ამის უფრო ნათელყოფა შეიძლება გეომეტრიის მაგალითზე. გეომეტრიაში როგორ საწყისებსაც იღებს კაცი, ისეთივე შედეგი ექნება. მაგალითად, თუ სამკუთხედის კუთხეები ეტოლება ორ სწორ კუთხეს, ოთხკუთხედისა - ოთხს, ამიტომ როგორც იცვლება სამკუთხედი, ისევე შეიცვლება ოთხკუთხედიც, რადგან ისინი ურთიერთ კავშირში იმყოფებიან. და თუ ოთხკუთედს არა აქვს ოთხი თანასწორი კუთხე, არც სამკუთხედის კუთხეები იქნება ორი სწორი კუთხის ტოლი. თავი 11       ამისმსგავსი დაასეთივე მდგომარეობაა ადამიანებში, რადგან ადამიანიც სხვა არსებათა წარმომქმნელია და ისიც რაღაც საწყისებიდან აწარმოებს წარმოქმნას. რომელია კიდევ ასეთი შემოქმედი? ჩვენ ადამიანის გარდა, არც ერთ უსულოზე და არც ყველა სულერზე არ ვამბობთ, რომ მას შემოქმედება შეუძლია. ამრიგად, ცხადია, რომ ადამიანს შემოქმედების უნარი აქვს. ჩვენ ვხედავთ, რომ მოქმედებები იცვლება და ჩვნც ერთსა და იმავეს არასოდეს არ ვაკეთებთ. მოქმედებები კი რაღაც საწყისებიდან გამომდინარეობს. ცხადია, რომ რახან მოქმედება იცვლება, საწყისებიც უნდა იცვლებოდნენ, საიდანაც მოქმედება გამომდინარეობს, როგორც ეს ითქვა გეომეტრიის მაგალითზე. როგორც კარგი, ისე ცუდი მოქმდებების საწყისი კი არის წინასწარი არჩევანი და სურვილი და ყოველივე ეს ხდება აზროვნების საფუძველზე. ცხადია, რომ საწყისები იცვლება და ჩვენც ჩვენს მოქმედებას ჩვენივე ნებითა ვცვლით. ამრიგად, იცვლება როგორც საწყისი, ისე ჩვენი წინასწარი არჩევანი და მაშასადამე, ჩვენზე ყოფილა დამოკიდებული, კარგი ვიქნებით თუ ცუდი.       ამის შესახებ ვინმემ შეიძლება თქვას, რომ რადგან ჩემზე ყოფილა დამოკიდებული კარგი ვიქნები თუ ცუდი, მაშინ, თუ მოვინდომებ, ყველაზე კარგი გავხდებიო. მაგრამ ეს შეუძლებელია. რატომ? იმიტომ, რომ ეს ასე არ ხდება ჩვენს სხეულშიც კი. ვინმემ რომ მოინდომოს ყველაზე ლამაზი გახდეს და მიმართოს ფიზიკურ ვარჯიშს, ამით ის ყველაზე მშვენიერი ვერ გახდება. მაშასადამე არ კმარა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში, არამედ საჭიროა, რომ ბუნებრივად კარგი და მშვენიერი სხეული გვქონდეს. ვარჯიშით შეიძლება სხეული უკეთეს მდგომარეობამდე მივიყვანოთ, მაგრამ ყველაზე მშვენიერი მაინც ვერ გავხდებით. იგივე უნდა ითქვას სულის შესახებაც. რადგან, თუ კაცმა გადაწყვიტა ყველაზე კარგი გახდს, ვერ მიაღწევს ამას, თუ ბუნებამაც არ შეუწყო ხელი. თუმცა ის უფრო კარგი ადამიანი კი შეიძლება გახდეს. თავი 12       ახლა, როდესაც ნათელი გახდა, რომ ჩვენზეა დამოკიდებული კარგი ვიქნებით, თუ არა, საჭიროა ითქვას იმის შესახებაც, თუ რა არის ნებაყოფლობითი მოქმედება, რადგან ნებაყოფლობას სათნოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ნებაყოფლობითია ის მოქმედება, რასაც ჩვენ იძულების გარეშე ვაკეთებთ. მაგრამ ამის შესახებ საჭიროა უფრო ნათლად ვიმსჯელოთ. ის მიზეზი, რომლის გამო ჩვენ ვმოქმედებთ, არის მისწრაფება. მისწრაფება კი სამი სახისაა: ვნება, სწრაფვა და სურვილი. ჯერ განვიხილოთ ის მოქმედებები, რომელთაც ვასრულებთ ნების კარნახით. ნებაყოფლობითია ის, თუ არა? ვფიქრობთ, რომ ის იძულებითი მოქმედება არაა. რატომ და რა საფუძვლით?       არანებაყოფლობით მოქმედებებს ჩვენ იძულებით ვასრულებთ, ხოლო ყოველივე ის, რაც იძულებით ხდება, ტანჯვას იწვევს. ვნებებით ჩადენილი მოქმედებები კი სიამოვნებას იწვევენ. აქედან გამომდინარეობს, რომ ის, რაც ვნების გავლენით ხდება, უნდა იყოს არა იძულებითი, არამედ ნებაყოფლობითი. მაგრამ ამას უპირისპირდება თავშეუკავებლობის მაგალითი, რომლის მიხედვით ბოროტებას ნებაყოფლობით არავინ სჩადის, თუ მან იცის, რომ ეს ბოროტებაა. მაგრამ თავშეუკავებელი კაცი მაინც სჩადის ბოროტებას, თუმცა იცის, რომ ეს ბოროტებაა, სჩადის ვნების კარნახით და მაშასადამე, იძულებით. ამის საწინააღმდეგო არგუმენტია: თუ რაიმეს სჩადიან ვნებით, მას არ სჩადიან იძულებით, რადგან ყოველ ვნებას თან სდევს სიამოვნება. ხოლო სადაც სიამოვნებაა, იქ იძულებას ადგილი არ ექნება.       რომ თავშეუკავებელი კაცი ნებაყოფლობით მოქმედებს, ამის ნათელყოფა სხვა გზითაც შეიძლება, მაგალითად, უსამართლო კაცი ნებაყოფლობით მოქმედებს, თავშეუკავებელნი კი უსამართლონი არიან და უსამართლობას სჩადიან. ასე რომ, თავშეუკავებელი კაცის მოქმედება ნებაყოფლობითი ყოფილა. თავი 13       მაგრამ არსებობს ამის საწინააღმდეგო მოსაზრებაც, რომლის თანახმად, ეს მოქმედება არაა ნებაყოფლობითი. მართლაც, თავშეკავებული თავშეკავებულია ნებაყოფლობით. მას აქებენ სწორედ ნებაყოფლობითი მოქმედების გამო. მაგრამ თუ ვნებით ჩადენილი მოქმედება ნებაყოფლობითი აღმოჩნდა, მაშინ სურვილის საწინააღმდეგოდ ჩადენილი მოქმედება არანებაყოფლობითი იქნება. თავშეკავებული კაცი კი მოქმედებს სურვილის საწინააღმდეგოდ, მაშინ აქედან გამომდინარეობს, რომ თავშეკავებული ასეთია არანებაყოფლობითი. მაგრამ ეს სწორი არ უნდა იყოს, რადგან გამოდის, რომ ძლიერი ვნებით ჩადენილი მოქმედება არანებაყოფლობითია.       იგივე უნდა ითქვას იმ მოქმედებების შესახებ, რომლებიც გამომდინარეობენ ძლიერი იმპულსებიდან. აქ იგივე არგუმენტი გამოდგება, რაც ითქვა ვნების შესახებ, აქაც იგივე აპორია იქმნება, რადგან სიბრაზემ შეიძლება მოიცვას თავშეკავებულიც და თავშეუკავებელი კაციც.       დაგვრჩა განსახილველი მისწრაფებათა კიდევ ერთი სახე, რომელსაც ჩვენ სურვილი ვუწოდეთ. ნებაყოფლობითია ის, თუ არანებაყოფლობითი?       თავშეუკავებელთ ის სურთ, რასაც იმპულსები უკარნახებენ. მაგრამ ნებაყოფლობით ბოროტებას არავინ არ სჩადის, თუ მან იცის, რომ ეს ბოროტებაა, თავშეუკავებელმა კი თუმცა იცის, რომ ეს ბოროტებაა, მაგრამ მაინც სჩადის მას, თუ ამის სურვილი გაუჩნდა. მაშასადამე, ის ნებაყოფლობით არ მოქმედებს და სურვილიც ნებაყოფლობობითი მოვლენა არ ყოფილა. ამრიგად, ეს არგუმენტი სპობს როგორც თავშეუკავებლობას, ისე თავშეუკავებელს. რადგან თუ თავშეუკავებელი ნებაყოფლობით არ მოქმედებს, მაშ ის გასაკიცხი არ ყოფილა. მაგრამ თუ მას კიცხავენ, მისი მოქმედბა ნებაყოფლობითი ყოფილა და მაშასადამე, სურვილიც ნებაყოფლობითი აღმოჩნდება. თავი 14       პირველ ყოვლისა, უნდა ვილაპარაკოთ ძალადობისა და იძულების შესახებ. ძალადობა შეიძლება გავრცელდეს უსულო მოვლენებზეც, რადგან უსულოთაც აქვთ მათთვის განკუთვნილი ადგილი: ცეცხლს ზემოთ, მიწას ქვემოთ. მაგრამ მათ მიმართ შესაძლებელია ძალადობის გამოყენება და ქვის ამოძრავება ზემოთ, ცეცხლისა ქვემოთ. ძალადობა შეიძლება გამოყენებულ იქნას ცოცხალი არსებების მიმართაც. მაგალითად, ცხენი, რომელიც პირდაპირ მირბის, შეიძლება მოაბრუნო, ან წრეში ატრიალო. მაშინ, როდესაც საგანი მოქმედებს თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ და ამის მიზეზი იმყოფება მოქმედი საგნის გარეთ, მაშინ ვამბობთ, რომ ეს საგანი ძალადობას ემორჩილება. მაგრამ იმ მოვლენებზე, სადაც მოქმედების მიზეზი მათშივე იმყოფბა, ვერ ვიტყვით, რომ ეს მოვლენები ძალადობას ემორჩილებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში თავშეუკავებელი კაცი დაიწყებს თავის მართლებას და თავის დანაშულს უარყოფს. იგი იტყვის, რომ ასე მოქმედებს იმიტომ, რომ დაემორჩილა ძლიერ სურვლს.       ამრიგად, იძულებას შემდეგი განსაზღვება შეიძლება მივცეთ: იძულება მაშინ ხდება როდესაც მოქმედების მიზეზი მოქმედს გარეთ იმყოფება და პირიქით, სადაც მიზეზი თვით მოქმედ საგანში იმყოფება, იქ იძულებას არა აქვს ადგილი. თავი 15       კვლავ უნდა ვიმსჯელოთ ძალადობისა და იძულების შესახებ, მაგრამ არ შეიძლება ყველგან და ყველფერს იძულებითი ვუწოდოთ. მაგალითად, არ შეიძლება იძულება ვუწოდოთ იმას, რასაც სიამოვნების მიზნით ვაკეთებთ. ხომ არ შეიძლება ითქვას, რომ კაცი სიამოვნებამ აიძულა, რომ მეგობრის ცოლი შეეცდინა. ეს ხომ უაზრობა იქნებოდა. ეს კი იმიტომ, რომ იძულების მიზეზი მხოლოდ მოქმედს გარეშე შეიძლება იყოს. მაგალითად, როდესაც კაცი იძულებულია ზარალს შეეგუოს, რათა რაიმე უფრო ძვირფასი გადაარჩინოს. მაგალითად, ამბობენ ხოლმე: იძულებული ვიყავი სწრაფად წავსულიყავი მინდორში, თორემ ყველაფერი კატასტროფულ მდგომარეობაში დამხვდებოდა. თავი 16       რადგან ირაციონალურ ვნებებში ნებით არაფერი არ ხდება, ამიტომ იგი ტანჯვაში უნდა ვეძიოთ. არანებაყოფლობითია ის, რაც იძულებით ხდება, რაც ხდება ძალმომრეობით და წინასწარი განზრახვის გარეშე. ამის დამტკიცება შეიძლება მაგალითებით ცხოვრებიდან: როდესაც ვინმე ვინმეს გაარტყამს, ან მოკლავს, ან სხვა რაიმე ზიანს მიაყენებს წინასწარი განზრახვის გარეშე, ჩვენ ვიტყვით, რომ ის უნებურად მოქმედებს, დარწმუნებული ვართ რა, რომ ნებაყოფლობითი მოქმედება არის წინასწარ განზრახული მოქმედება. მაგალითად, ამბობენ, რომ ვიღაც ქალმა კაცს სიყვარულის წამალი დაალევინა, რის შედეგად ეს კაცი გარდაიცვალა. ქალი გამოცხადდა არეოპაგში, სადაც ის გაასამართლეს მოტივით, რომ ის მოქმედებდა წინასწარი განზრახვის გარეშე. მან ხომ წამალი სიყვარულის გამო მისცა, მაგრამ შესცდა. მკვლელობა უნებურად ჩათვალეს, რადგან წამალი არ მისცა მოკვლის მიზნით. აქ ნებაყოფლობითი მოქმედება წინასწარ განზრახულს ემთხვევა. თავი 17       განსახილველი დაგვრჩა არჩევანი, არის ის მისწრაფება თუ არა? მისწრაფება დამახასიათებელია ცხოველებისთვისაც, მაგრამ არჩევანის თვისება კი არა. რადგან არჩევანი განსჯასთან არის დაკავშირებული, განსჯა კი არც ერთ ცხოველს არ ახასიათებს. მაშასადამე, არჩევანი მისწრაფება არ ყოფილა.       იქნებ ის სურვილია? იქნებ არც სურვილია ის? სურვილი ხომ ვრცელდება ისეთ მოველენებზე, რაც შეუძლებელია. მაგალითად, ჩვენ გვსურს, რომ არ დავიხოცოთ. მაგრამ ჩვენ ამას არ ვირჩევთ, რადგან ეს შეუძლებელია. შემდეგ, არჩევანი ეხება არა მიზანს, არამედ იმას, რაც მიზნის განხორციელებას ემსახურება. მაგალითად, არავინ არ ირჩევს ჯანმრთელობას, არამედ ჯანმრთელობის მიღწევის საშუალებებს - სეირნობას, სირბილს და სხვ. სურვილი კი მიმართულია მიზნისკენ, მაგალითად, ჩვენ გვსურს ჯანმრთელობა. აქედან ცხადი ხდება, რომ სურვილი და არჩევანი ერთი და იგივე არაა. არჩევანი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ერთ მოვლენას მეორე მოვლენის წინაშე უპირატესობას ვაძლევთ. მაგალითად, უკეთესს ვირჩევთ უარესის ნაცვლად. აი, სწორედ მაშინ ხორციელდება არჩევანი.       რადგან არჩევანი არ ყოფილა მისწრაფება, იქნებს ის დაკავშირებულია განსჯასთან, რაც მას უფრო გადაწყვეტილებას უახლოვებს? თუ ესეც არაა სწორი? ჩვენ ბევრ რამეზე ვბჭობთ და ბევრ რამეზე ჩვენი თვალსაზრისი გვაქვს. მაგრამ ჩვენი გააზრების საგანი ამავე დროს ხდება თუ არა ჩვენი არჩევანის საგანი? თუ ეს ასე არაა? მაგალითად, ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ხოლმე ინდოეთის ამბებზე, მაგრამ ამას ჩვენი გადაწყვეტილების საგნად არ ვაქცევთ. მაშასადამე, გააზრება გადაწყვეტილება არ ყოფილა.       აქედან გამომდინარეობს დასკვნა: არჩევანი არ ემთხვევა არც ერთ ამ ფენომენს. სულში კი ამ ფენომენების გარდა, სხვა არაფერია. ამრიგად, გადაწყვეტილება დაკავშირებული უნდა იყოს რომელიმე ზემოთქმულ მოვლენასთან.       როგორც უკვე ვთქვით, გადაწყვეტილება ეხება იმ სიკეთეთ, რომლებიც მიზნის მიღწევის საშუალებებს წარმოადგენენ და არა თვით მიზანს. ეს სიკეთენი კი ჩვენთვის მისაღწევნი არიან და მსჯელობაც შეიძლება მის შესახებ, თუ რომელი მათგანია უკეთესი. ამრიგად, ცხადი ხდება, რომ ჯერ უნდა იყოს მოფიქრება და ბჭობა, რის შემდეგ ჩვენ ავირჩევთ უკეთესს. აი, მაშინ გვიჩნდება იმპულსი, ვიწყებთ მოქმედებას ამ გადაწყვეტილებით და ვაწარმოებთ ჩვენი არჩევანის განხორციელებას.       რადგან გადაწყვეტილება აღმნოჩნდა ბჭობასა და მოსაზრებასთან დაკავშირებული მისწრაფება, აქედან გამომდინარეობს, რომ ნებაყოფლობითი მოქმედება იგივე არ ყოფილა, რაც არჩევანი. მართლაც, ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ მანამ, სანამ მოვიფიქრებდეთ და გავიაზრებდეთ. მაგალითად, ვდგებით, ვჯდებით და ბევრ რამეს ვაკეთებთ მოაზრების გარეშე. ხოლო ის, რაც ემყარება გადაწყვეტილებას, ის აუცილებლად დაკავშირებულია მოფიქრებასთან. ამრიგად, ნებაყოფლობითი მოქმედება არ ყოფილა იგივე, რაც გადაწყვეტილება. ის, რაც გადაწყვეტილებას ემყარება, ამავე დროს ნებაყოფლობითია, რადგან როგორც კი გადაწყვეტილება მივიღეთ, მაშინვე ვიწყებთ მოქმედებას და ეს მოქმედება ნებაყოფლობითია. როგორც ჩანს, ზოგიერთი კანონმდებელნი ერთმანეთისაგან ასხვავებენ ნებაყოფლობითსა და წინასწარ განზრახულ მოქმედებას, რადგან ეს ორი სხვადასხვა რამაა. ისინი ნებაყოფლობითი მოქმედების გამო ნაკლებ სჯიან, ვიდრე წინასწარ განზრახულის გამო.       არჩევანს ადგილი აქვს იქ, სადაც ხდება ისეთი მოქმედება, რომლის შესრულება ან არ შესრულება, ასე ან ისე შესრულება ჩვენზეა დამოკიდებული და სადაც კითხვას მოქმედების მიზეზის შესახებ ერთი მნიშვნელობა არა აქვს. მაგალითად, როდესაც გეომეტრიაში კითხულობენ, რატომაა, რომ ოთხკუთხედის კუთხეების ჯამი უდრის ოთხ სწორ კუთხეს, პასუხობენ: იმიტომ, რომ სამკუთხედს აქვს ორი სწორი კუთხე. ასეთ შემთხვევაში მიზეზი დადგენილია წინასწარ დადგენილ საფუძველზე. მაგრამ მოქმედებათა სფეროში, სადაც ხდება გადაწყვეტილება, ასეთი მდგომარეობა არაა, რადგან აქ არა გვაქვს წინასწარ მოცემული მყარი საფუძვლები. ამიტომ როდესაც ვინმე მოითხოვს პასუხს კითხვაზე: რატომ ჩაიდინე ეს? პასუხობენ: იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეიძლებოდა, ანდა იმიტომ, რომ ასე უკეთესი იყო. აქედან გამომდინარეობს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანები იმას არჩევენ, რაც უფრო მიზანშეწონილი ჰგონიათ და სწორედ ამიტომ იწყებენ მოქმედებას.       მაშასადამე, ასეთ შემთხვევებში მოსაფიქრებელია, თუ როგორ ვიმოქმედოთ, მეცნიერებაში კი ეს საჭირო არაა. მეცნიერებაში არავინ არ თათბირობს იმაზე, თუ როგორ დაწეროს არქიკლეს სახელი. რადგან შეცდომა აზროვნების დროს კი არა, წერის დროს წარმოიშობა. ხოლო სადაც მიფიქრების დროს შეცდომას ადგილი არა აქვს, იქ არც თათბირობენ. თათბირობენ იქ, სადაც არაა განსაზღვრული, თუ რა არ უნდა გაკეთდეს და შეცდომასაც იქა აქვს ადგილი. გაურკვეველ მდგომარეობას ადგილი აქვს მოქმედებაში, სადაც შეცდომის ორი სახეა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ ვცდებით, როგორც საერთოდ, მოქმედებაში, ისე იმ მოქმედებაში, რომელიც სათნოებით ხდება. მივისწრაფით რა სათნოებისკენ, ვცდებით თანდაყოლილი მიდრეკილებების სფეროში. აქ შესაძლებელია შეცდომა როგორც ნაკლებობის, ისე გადაჭარბების მიმართულებით. აქეთკენ კი გვიბიძგებს სიამოვნება და ტანჯვა, რადგან სიამოვნების გამო ვაკეთებთ ცუდს და ტანჯვის გამო გავურბივართ მშვენიერს. თავი 18       მოაზრება არაა იგივე, რაც შეგრძნება. მაგალითად, მხედველობით არ შეიძლება ხედვის გარდა, სხვა რაიმეს კეთება. სმენითაც, სმენის გარდა, სხვა არა შეიძლება რა. ამიტომ არც ვთათბირობთ იმაზე, თვალით დავინახოთ და ყურით მოვისმინოთ, თუ არა. მოაზრება კი ასეთი არაა, რადგან მას შეუძლია როგორც ამის, ისე სხვა რამის კეთება. ამიტომ გადაწყვეტილების მიღება აზროვნებაში ხდება. შეცდომა ხდება არა სიკეთეთა საბოლოო მიზნის, არამედ მიზნის მისაღწევ საშუალებათა დადგენის დროს, რადგან მიზნის შესახებ ყველა ერთი აზრისაა, მაგალითად, იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობა სიკეთეა. რაა სიკეთე ჯანმრთელობისათვის: ამის ჭამა, თუ არა? აქ უფრო მეტად შეცდომას იწვევს სიამოვნება და ტანჯვა, რადგან ტანჯვას გავურბივართ, სიამოვნებას კი ვეტანებით.       მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, თუ სად და როგორ ხდება შეცდომა, გასარკვევი გვრჩება, თუ რა არის სათნოება, რომლისკენაც მივისწრაფით. მიზანია ის, თუ საშუალება, რაც მიზნის განხორციელებას ემსახურება? ის მშენიერებაა, თუ ის, რაც მშვენიერებას ემსახურება?       რა მდგომარეობაა მეცნიერებაში, მაგალითად, სახლის მშენებლობაში? მისი მიზანია ლამაზი სახლის აშენება, თუ ამ სახლის აშენების საშუალებების გამონახვა? თუ მისი მიზანია ლამაზი სახლის აშენება, მაშინ იმას, რაც ამის განხორციელებას ემსახურება, სხვა ვერავინ იპოვის და შექმნის, თუ არა სახლის მშენებელი. ასევეა სხვა მეცნიერებებში.       იგივე უნდა ითქვას სათნოებებზე, რომ ის უფრო მეტად მიზანს უნდა იკვლევდეს და ადგენდეს, ვიდრე იმას, რაც ამ მიზანს ემსახურება. როგორც მიზანს, ისე იმ საშუალებებს, რითაც ეს მიზანი ხორციელდება, სხვა ვერავინ ვერ შექმნის და ვერ მოიპოვებს, თუ არა სათნო ადამიანი. ამიტომ გონივრულია, რომ ყოველივე საუკეთესოს შემოქმედებისა და მოპოვების საწყისი იქნება. მაგრამ სათნოებაზე უკეთესი სხვა რამ არ არსებობს, პირიქით, ყოველი სხვა მისთვის არსებობს. ზოგს საბოლოო მიზანი მიაჩნია ასეთ საწყისად, რომლისთვისაც არსებობს ყოველი სხვა მოვლენა. ეს ერთგვარად სწორიც არის, რადგან სათნოება არის საუკეთესო როგორც მიზეზი და ის უფრო მიზნისკენ არის მიმართული, ვიდე იმისკენ, რაც ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება. თავი 19       სათნოების მიზანია ზნეობრივი მშვენიერება, ამიტომ სათნოება უფრო მშვენიერებისაკენ მიისწრაფვის, ვიდრე მისი განხორციელების საშაულებისკენ. თუმცა სათნოება ამასაც აქცევს ყურადღებას, მაგრამ მისი ყურადღების საგანი მარტო ეს არაა, რადგან ეს უაზრობა იქნებოდა. ასევეა მხატვრობაში. შეიძლება ვინმე კარგი გამომსახველი იყოს, მაგრამ არ აქებდნენ, თუ იგი მიზნად არ დაისახავს ყველაზე მშვენიერი მოვლენების გამოხატვას. ასევეა სათნოებაშიც. მისი მიზანია ზნეობრივი მშვენიერების მიღწევა.       შეიძლება ვინმე შემოგვედავოს, რადგან თავიდან ჩვენ ვამბობდით, რომ სათნო მოქმედება სჯობს სათნოდ ყოფნას, ახლა კი უპირატესობას ვაძლევთ სათნოებას, როგორც საუკეთესო მოვლენას, ისეთ სათნოებას, რაშიც სრულებით არ არის მოქმედება. დიახ, ჩვენ ახლა იმასვე ვამბობთ, რომ მოქმედება სჯობს ქონებას. კარგ კაცს თანამოქალაქენი აფასებენ მისი საქმეების მიხედვით, რადგან შეუძლებელია ყოველი ადამიანის მიზნის დანახვა. თითეოული ადამიანის მშვენიერებასთან დამოკიდებულებისა და მისი მიზნის ცოდნა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მას კარგი ადამიანის სახელი ექნებოდა მოქმედების გარეშე.       რადგან ჩვენ ვნებების შუალედი მდგომარეობა ვახსენეთ, ამიტომ საჭიროა ვილაპარაკოთ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ეს. თავი 20       რადგან სიმამაცე გაბედულებასა და შიშთან არის დაკავშირებული, ამიტომ გასარკვევია, თუ რაში მდგომარეობს გაბედულება და შიში. თუ კაცი, რომელსაც ქონების დაკარგვისა ეშინია და ამიტომ მხდალად ითვლება, მაშინ ამავე მდგომარეობაში მყოფი გაბედული ადამიანი ჩაითვლება თუ არა მამაცად? ასევე, როდესაც ვინმეს ავადმყოფობისა ეშინია, ანდა სრულებით არ ეშინია, ამ შემთხვევაში არც მშიშარაა ლაჩარი და არც უშუშარია მამაცი. მაშასადამე, სიმამაცე არ მდგომარეობს ასეთ შიშსა და გაბედულებაში. არც ისაა მამაცი, ვისაც არ ეშინია ქუხილისა და ელვის, ანდა რაიმე სხვა ისეთის, რაც ადამიანური შესაძლებლობების ფარგლებს სცილდება. ის უფრო მეტად უგუნური იქნება. სიმამაცე და გამბედაობა უფრო ადამიანური შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იმყოფებოდეს. მე ვგულისხმობ იმას, რომ რისაც ყველას ეშინია, ან ეშინია უმრავლესობას და ვინც ამაში გაბედულია, ისაა მამაცი.       განვსაზღვრეთ რა ეს, გასარკვევი გვრჩება, თუ ვინაა ნამდვილად მამაცი, რადგან სიტყვა „მამაცს“ ადამიანების მრავალი მნიშვნელობით ხმარობენ. მაგალითად, ჯარისკაცები, რომლებმაც გამოცდილებით იციან, რომ ამ ადგილას, ამ დროს და ამ პირობებში მათ საფრთხე არ მოელით და ამიტომ ადვილად იგერიებენ მტერს, მამაცნი არ არიან. მათ ეს ცოდნა რომ არ ჰქონოდათ, ადგილზე არ გაჩრდებოდნენ. მაშასადამე, კაცს გამოცდილების გამო მამაცს ვერ ვუწოდებთ.       არც სოკრატე მსჯელობდა სწორად, როცა ამტკიცებდა, რომ სიმამაცე არის ცოდნა, რადგან ცოდნა მიიღება ჩვევებიდან გამომუშავებული გამოცდილებით. გაბედულს გამოცდილების გამო მამაცს არ უწოდებენ და არც ვინმე იტყვის მასზე, რომ ის მამაცია. მაშასადამე, სიმამაცე არაა ცოდნა. პირიქით, ადამიანები მამაცნი არიან გამოცდილების საწინააღმდეგო მდგომარეობაში. გამოუცდელთ არ ეშინიათ მოსალოდნელი საფრთხისა გამოუცდელობის გამო. მაგრამ არც ამათ ეწოდებათ მამაცნი.       ზოგნი მამაცნი მოჩანან ვნებების გამო, მაგალითად, შეყვარებულნი, ან აღგზნებულნი. არც ამათზე ითქმის, რომ მამაცნი არიან, რადგან მათ როგორც კი გრძნობა გაუვლით, აღარც მამაცნი იქნებიან. მამაცი კი მუდამ მამაცი უნდა იყოს. არც გარეულ მხეცებზე, მაგალითად, გარეულ ტახზე, არავინ იტყვის, რომ ის მამაცია მაშინ, როცა ის დაჭრილია, ჭრილობის გამო იტანჯება და ამიტომ იძულებულია თავი დაიცვას. ამრიგად, ვნებების გამო გაბედული არაა ნამდვილი მამაცი.       არსებობს სხვა სახის სიმამაცე, რომელიც მოქალაქეობრივ სიმამაცედ ითვლება. მაგალითად, ზოგიერთი მებრძოლი თანამოქალაქეთა წინაშე სირცხვილის გამო არ უშინდება საფრთხეს და ამიტომ მამაცად მოჩანს, ამის მაგალითია: ჰომეროსი ჰექტორს ათქმევინებს („ილიადა“, 22, 100), რომ „პირველად პოლიდამე შეურაცხმყოფდა ლანძღვით“. ამიტომ ფიქრობდა, რომ ბრძოლა დაეწყო. არც ამაზე ითქმის, რომ მამაცია. თითოეულ ამ შემთხვევას უდგება ეს განსაზღვრება: თუ გრძნობის გაქრობისას სიმამაცე ქრება, მაშინ, აღარც სიმამაცე არსებულა. ვისაც სირხვილის გრძნობა გაუვლის, რომელიც მას სიმამაცისაკენ უბიძგებს, ის კაცი აღარც მამაცი იქნება.       ზოგნი მოჩვენებით მამაცნი არიან ან იმედით, ან მოსალოდნელი სიკეთის გამო. არც ამათ ეთქმით მამაცი, რადგან ასეთ მდგომარეობაში ამ ადამიანების ჩათვლა მამაცად უაზრობა იქნებოდა.       არც ერთი ზემოთ დასახელებული შემთხვევა არ შეიძლება ჩაითვალოს სიმამაცის რაიმე სახედ. ამიტომ გასარკვევია, თუ რაში მდგომარეობს სიამამაცის არსი. მარტივად რომ ვთქვათ, კაცი მამაცად ვერ ჩაითლება ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო. მამაცად ჩაითვლება ის, ვინც იცის, თუ რა არის მშვენიერი და ამ მიზნით მოქმედებს კიდეც. მაგრამ ამათშიც ზოგი ჩაითვლება მამაცად და ზოგი კი არა.       მაგრამ სიმამაცე არ წარმოიშვება ყოველგვარი ვნებისა და მისწრაფების გარეშე, ე.ი. ყოველგვარი იმპულსის გარეშე. ოღონდ საჭიროა, რომ ეს სწრაფვა წარმოშობილი იყოს გააზრების შედეგად და მიზნად მშვენიერება ჰქონდეს დასახული. კაცი, რომელიც მშვენიერების ცოდნის საფუძველზე საფრთხეში იგდებს თავს და უშიშარია, მამაცია და სიმამაცის სფეროც ესაა.       ა. კაცი უშიშარი მაშინ კი არაა, როცა სრულებით არა აქვს შიში, რადგან კაცი, რომლისთვისაც საერთოდ, არაფერია საშიში, არც მამაცია. ამ შემთხვევაში მამაცი იქნებოდა ქვაც და სხვა უსულო საგანიც. ამრიგად, საჭიროა, რომ კაცს ეშინოდეს, მაგრამ მაინც რჩებოდეს ადგილზე. ხოლო ვინც ადგილზე რჩება ისე, რომ არაფრისა არ ეშინია, არც მამაცი იქნება.       ბ. ამას გარდა, როგორც ზემოთაც ვთქვი, სიმამაცე მდგომარეობს არა ყოველგვარ შიშსა და ხიფათში, არამედ ისეთში, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.       გ. არც ყველგან და ყოველთვის გვხვდება სიმამაცე, არამედ იქ, სადაც ხიფათი და საშიშროება ახლოა. რადგან ვისაც ათი წლის შემდეგ მოსალოდნელი ხიფათისა არ ეშინია, მამაცი არაა. ზოგნი გაბედულნი არიან იმის მიმართ, რაც ძალიან შორსაა, მაგრამ საფრთხის მოახლოვებისას შიშით იხოცებიან.       აი, ესაა სიმამაცე და ასეთნი არიან მამაცნი. თავი 21       გონიერება სიამოვნების გრძნობის სფეროში თავაშვებულობასა და უგრძნობლობას შუა იმყოფება. გონიერება და საერთოდ, ყოველგვარი სათნოება საუკეთესო თვისებაა. საუკეთესო თვისება კი საუკეთესო ადამიანს აქვს. საუკეთესო თვისება მდებარეობს სიჭარბესა და ნაკლებობას შორის, რადგან გასაკიცხია ორივე, როგორც სიჭარბე, ისე ნაკლებობა. ასე, რომ თუ შუალედი საუკეთესოა, ის იქნება ორ უკიდურესობას შორის, თავაშვებულობასა და უგრძნობლობას შორის. აი, ესაა სწორედ შუალედი.       მეორეს მხრივ, გონიერება ეხება სიამოვნებასა და ტანჯვას, მაგრამ არა ყოველგვარ ტანჯვასა და სიამოვნებას და არც ყოველთვის. მაგალითად, თუ ვინმეს სიამოვნებს ნახატის ან ქანდაკების ყურება და ამ მხრივ თავშეუკავებელია, მას თავშეუკავებლად მაინც ვერ ჩავთვლით. არც ყნოსვისა და სმენის სიამოვნებაში ვუწოდებთ კაცს თავშეუკავებელს. თავშეკავება და თავშეუკავებლობა ვლინდება შეხებასა და გემოვნებაში. კაცი თავშეკავებულად არ ჩაითვლება, თუ სრულებით არაფერს არ განიცდის, რადგან ასეთი კაცი უგრძნობია. გონიერად ის ჩაითვლება, რომელიც განიცდის, მაგრამ არა ისეთი გატაცებით, რომ გადაჭარბებული სიამოვნების გამო ყოველივე სხვა ზედმეტი ეგონოს. გონიერად ჩაითვლება ის, ვინც მოქმედებს არა სხვა რაიმე მიზნით, არამედ მხოლოდ მშვენიერების გამო. ხოლო ის, ვინც სიამოვნებაში გადაჭარბებისაგან თავს იკავებს ან შიშის ან რაიმე სხვა ამდაგვარი მიზეზის გამო, გონიერი არ იქნება.       ადამიანის გარდა, სხვა ცოცხალ არსებაზე არ ვამბობთ, რომ ის გონიერია, რადგან მათ აზროვნების უნარი არა აქვთ, რითაც ისინი მშვენიერებას დააფასებდნენ და მისი მიღწევის მიზნით იმოქმედებდნენ. ყოველი სათნოება მშვენიერებას ეხება და მისი მიღწევისკენ არის მიმართული. ხოლო გონიერება დაკავშირებულია იმ სიმოვნებასა და ტანჯვასთან, რომელიც შეხებითა და გემოვნებით წარმოიშობა. თავი 22       მიღბული შედეგების შემდეგ უნდა ვლაპარაკოთ სიმშვიდის შესახებ, თუ რას წარმოადგენს ის ან რომელია მისი მოქმედების სფერო. სიმშვიდე იმყოფება მრისხანებასა და უგრძნობლობას შორის. საერთოდ, როგორც ჩანს, სათნოებანი რაღაც შალედურ მდგომარეობას წარმოადგენენ. რომ ისინი შუალედურნი არიან, ამის დამტკიცება ასეც შეიძლება: ყველაზე საუკეთესო მოვლენა შუაში მდებარეობს, სათნოება კი არის საუკეთესო თვისება, მაშ სათნოებაც შუალედი ყოფილა. ეს უფრო ნათელი გახდება, თუ უფრო დაწვრილებით განვიხილავთ. თუ ბრაზიანია ის, ვინც ყველაფერზე, ძალიან ხშირად ბრაზობს და ის გასაკიცხია, მაშინ გამოდის, რომ კაცი არ უნდა ბრაზდებოდეს ყველაფერზე, ყველგან, ძალიან და ყოველთვის. გასაკიცხია ისიც, ვინც არავისზე და არასოდეს არ ბრაზობს, რადგან ის უგრძნობია. საერთოდ, გასაკიცხია როგორც ზედმეტად, ისე ნაკლებ მრისხანე, ამიტომ მათ შუა მყოფი იქნება მშვიდი და საქები. ამრიგად, არაა საქები არც ზედმეტად და არც ნაკლებად ბრაზიანი კაცი, არამედ მათ შუა მყოფი. ასეთი კაცი კი მშვიდია და სიმშვიდეც ამ ორ უკიდურესობას შუა იმყოფება. თავი 23       ხელგაშლილობა იმყოფება მფლანგველობასა და სიძუნწეს შორის. ეს ვნებები დაკავშირებულია ქონებასთან. მფლანგველია ის, ვინც ხარჯავს იმაზე, რაზეც არ არის საჭირო ხარჯვა, ხარჯავს მეტს, ვდრე საჭიროა, და მაშინ, როცა არაა საჭირო. ძუნწი კი მას უპირისპირდება. იგი არ ხარჯავს იმაზე, რაზეც საჭიროა, არ ხარჯავს იმდენს, რამდენიც საჭიროა და არც მაშინ, როცა საჭიროა. ორივენი გაკიცხვას იმსახურებენ, პირველი გადაჭარბებისა და მეორე ნაკლები ხარჯვის გამო. ქების ღირსი კი იმყოფება ამ ორ უკიდურესობას შუა. ვინაა ის? ესაა ის კაცი, რომელიც ხარჯავს იმაზე, რაზეც საჭიროა, იმდენს, რამდენიც საჭიროა და მაშინ, როდესაც საჭიროა. თავი 24       სიძუნწის ფორმები მრავალგვარია. მაგალითად, ძუნწს ვუწოდებთ ხარბს, გაუმაძღარს, ანგარებიანს, მომხვეჭს. ყველა ესენი სიძუნწის ფარგლებში მდებარეობენ, რადგან ბოროტება მრავალგვარია, სიკეთე კი ერთგვარი. მაგალითად, ჯანმრთლობა ერთგვარია, ავადმყოფობა კი - მრავალგვარი. სათნოება ერთია, ბოროტება კი მრავალგვარი. ყველა ეს ბოროტებანი გასაკიცხნი არიან ქონების საკითხში.       ნიშნავს თუ არა სიუხვე ქონების მოპოვებისა და მისი დაგროების თვისებას? ვფიქრობ, რომ არა. მაგრამ ის არ ეხება არც სხვა რომელიმე სათნოებას. არც სიმამაცეს ეხება იარაღის დამზადება, არამედ სხვა სათნოებას. სიმამაცის საქმეა მისი ტარება და სწორი მოხმარება. ასევეა გონერებასა და სხვა სათნოებებში. გონიერება არ ეხება ხელგაშლილობას, არამედ ქონების მოპოვების ცოდნას. თავი 25       დიდსულოვნება მდებარეობს მედიდურობასა და სულმოკლეობას შუა. მისი სფეროა პატივისცემისა და უპატივცემულობისა, მაგრამ არა პატივისცემა მასების მხრივ, არამედ გონიერი ადამიანების მხრივ. უმეტეს შემთხვევაში იგი სწორედ ამას ეხება. გონიერნი მართებულად სცემენ პატივს ცოდნისა და სწორი შეფასების საშუალებით. ამიტომ უფრო სასურველია, რომ ისინი გვცემდნენ პატივს, რომლებიც შენსავით ფიქრობენ, რომ შენ პატივისცემის ღირსი ხარ. აქ ლაპარაკია არა ყოველგვარ პატივისცემაზე, არამედ უმაღლეს პატივისცემაზე. პატივისცემა კი ისეთი სიკეთეა, რომელსაც აქვს უმაღლესი საწყისი მნიშვნელობა.       ის ადამიანები კი, რომელნიც უღირსნი და მდაბალნი არიან, მაგრამ თავს დიდად იფასებენ და პატივისცემასაც მოითხოვენ, ცუდ მედიდურნი არიან. ხოლო ისინი, რომლებიც თავის თავს ნაკლებ სცემენ პატივს, ვიდრე იმსახურებენ, სულმოკლენი არიან. მათ შუა იმყოფება ის, ვინც თავის თავს იმაზე მეტი ან ნაკლები პატივის ღირსად არ თვლის, ვიდრე იმსახურებს. ის არც ყოველგვარ პატივს მოითხოვს. ასეთია დიდსულოვანი ადამიანი.       ამრიგად, ცხადი გახდა, რომ დიდსულოვნება იმყოფება მედიდურობასა და სულმოკლეობას შორის. თავი 26       ბრწყინვალე ადამიანი იმყოფება ტრაბახასა და წვრილმან ადამიანს შუა. ბრწყინვალება ეხება ფულის ხარჯვას. ბრწყინვალე ადამიანი ხარჯავს იქ, სადაც საჭიროა, ხოლო მკვეხარა ხარჯავს იქ, სადაც საჭირო არაა. მაგალითად, როდესაც კაცი უბრალო წვეულებას ისე აწყობს, თითქოს ქორწილი ყოფილიყოს, მკვეხარაა. მკვეხარა ისეთი კაცია, რომელსაც თავი მდიდრად მოაქვს იქ, სადაც საჭირო არაა. წვრილმანი ადამიანი მას უპირისპირდება, სადაც საჭიროა, იქ ან ბევრს დახარჯავს, ან სულაც არაფერს. მაგალითად, ქორწილზე ან ქოროზე გაიღებს არა იმდენს რამდენიც საჭიროა, არამედ ცოტას, ასეთი კაცი ძუნწია. ხოლო ბრწყინვალე ისეთია, როგორც დავახასიათეთ და რასაც სახელიც ცხადყოფს. ის დიადია იქ, სადაც საჭიროა. ამიტომ სახელი „ბრწყინვალე“ მას კარგად უდგება. ბრწყინვალე კაცი საქებია, რადგან ის ხარჯავს იქ, სადაც საჭიროა და ის მდებარეობს გადაჭარბებასა და სიმცირეს შუა. იგი იცავს შუალედს იქ, სადაც საჭიროა.       როგორც ჩანს, ბრწყინვალების მრავალი სახე არსებობს. მაგალითად, ამბობენ, რომ იგი „ბრწყინვალედ დადიოდა“ და სხვა ანალოგიური შემთხვევები. მაგრამ, აქ „ბრწყინვალე“ იხმარება გადატანითი მნიშვნელობით, რადგან ბრწყინვალება ამაში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში, რაც უკვე ვთქვით. თავი 27       სინანული იმყოფება შურსა და გულბოროტებას შორის. ორივე უკანასკნელი გასაკიცხია. სინანული კი საქებია. სინანული ეხება იმ კეთილდღეობას, რაც უღირსს ხვდა წილად. მონანული ამ შემთხვევაში იტანჯება. იგი იტანჯება მაშინაც, როცა ხედავს, რომ ბოროტება ვინმეს დაუმსახურებლად ხვდა წილად. ესაა სინანული და შემბრალებელი კაცი ასეთია. შურიანი კი ამას უპირისპირდება. მარტივად რომ ვთქვა, შუარიანი იტანჯება როგორც ღირსეული, ისე უღირსი კაცის კეთილდღეობის გამო. გულბოროტს კი სიამოვნებს როგორც ღირსეულს, ისე უღირსის უბედურება. მონანიე კი ასეთი არაა. ის მათ შორის იმყოფება. თავი 28       ღირსეული ადამიანი იმყოფება თავმომწონე და მონური ბუნების ადამიანთა შორის. მისი სფეროა ადამიანთა ურთიერთობა. თავმომწონე ისეთი ადამიანია, რომელისაც ვერანაირად ვერ დაუკავშირდები და ვერ დაელაპარაკები. მისი სახელწოდება მისივე თავისებურებიდან წარმოსდგება. რადგან დამოუკიდებელია და თავისი თავით კმაყოფილი, ხოლო პირმოთნე უკავშირდება ყველას ყოველი ხერხით და ყველგან. ამიტომ ამ ორიდან არც ერთი არაა საქები. ღირსეული ადამიანი მათ შორის იმყოფება და საქებია. იგი ყველას კი არ უკავშირდება, არამედ ღირსეულთ. იგი არც ყველასგან არის დაშორებული, არამედ ზემოთ დასახელებულთაგან და მხოლოდ მათგან. თავი 29       თავმდაბალი კაცი იმყოფება ურცხვსა და მორცხვს შორის. მისი მოქმედების სფეროა მეტყველების სფერო. ურცხვია ის, ვინც ყველგან და ყველაფერზე ლაპარაკობს და მოქმედებს. მორცხვი მას უპირისპირდება. იგი ყოველთვის და ყველას მიმართ მორიდებულია, როგორც მოქმედებაში, ისე ლაპარაკში. ასეთი კაცი კი, რომელსაც ყველაფრისა სცხვენია, არაპრაქტიკულია. თავმდაბალი კაცი კი ამათ შუა იმყოფება, როგორც მოქმედებაში, ისე ლაპარაკში. იგი არც ყოველთვის და არც ყველას მიმართ არაა ისეთ დამოკიდებულებაში მოქმედებასა და ლაპარაკში, როგორც მორცხვი და ურცხვი კაცი. მორცხვი ხომ ყველას მიმართ მორიდებულია. თავმდაბალი კი მოქმედებს და ლაპარაკობს იქ, სადაც საჭიროა, რაც საჭიროა და როცა საჭიროა. თავი 30       გონებამახვილობა მდებარეობს მასხარაობასა და უხეშობას შორის. მისი მოქმედების სფეროა ხუმრობა. მასხარა ფიქრობს, რომ უნდა იხუმროს ყველაზე და ყველაფერზე. უხეშია ის კაცი, რომელსაც არც ხუმრობა უნდა და არც ხუმრობის საგნად ყოფნა და ასეთ შემთხვევებში ის ბრაზობს. გონებამახვილი მათ შორის იმყოფება. იგი არ დასცინის ყველასა და ყველაფერს და არც უხეშია. სიტყვა „გონებამახვილს“ ორი მნიშვნელობით ვხმარობთ, როგორც მოხერხებული ხუმრობის, ისე ხუმრობის ატანის მნიშვნელობით.       ასეთია მახვილგონიერი და მახვილგონიერება. თავი 31       მეგობრობა იმყოფება მლიქვნელობასა და მტრობას შორის. იგი ეხება საქმესა და სიტყვას. მლიქვნელია ის, ვინც ბევრს უმატებს არსებულ მოვლენებსა და ფაქტებს. მტერი, პირიქით, სიძულვილითაა აღსავსე და ფაქტებს ბევრს აკლებს. არც ერთი ამათგანი არ იმსახურებს ნამდვილ ქებას. მეგობრობა კი ამათ შორის იმყოფება. მეგობარი არც ფაქტებს უმატებს ბევრს და არც აქებს იმას, ვინც ქების ღირსი არაა, ის არ ამცირებს ფაქტებს და არც ყოველთვის ეწინააღმდეგება თავის შეხედულებებს.       ასეთია ნამდვილი მეგობარი. თავი 32       სიმართლის სიყვარული იმყოფება დაცინვასა და ტრაბახს შუა. იგი საუბარს ეხება, თუმცა არა ყოველგვარ საუბარს. ტრაბახაა ის, ვინს თავის თავს იმაზე მეტს მიაწერს, ვიდრე არის სინამდვილეში, ანდა მიიწერს იმის ცოდნას, რაც არ იცის. დამცინავი, პირიქით, თავის თავს იმაზე ნაკლებს მიაწერს, ვიდრე არის სინამდვილეში. ის არ ავლენს თავის ცოდნას, არამედ მალავს. ხოლო სიმართლის მოყვარე არაფერს ამდაგვარს არ სჩადის. იგი თავის ქონებას არც უმატებს, არც აკლებს, არამედ ამბობს იმას, რაცა აქვს და რაც იცის.       სათნოებანია ყოველივე ეს თუ არა, ამაზე სხვაგან გვექნება ლაპარაკი. მაგრამ მათ შუა ადგილი უკავიათ ზემოთქმულ უკიდურესობათა შორის, ეს კი ცხადია. და ისინი, ვინც ამ სათნოებათა მიხედვით ცხოვრობენ, ქების ღირსნი არიან. თავი 33       დაგვრჩა განსახილველი სამართლიანობა, რა არის ის, სად არსებობს და რას ეხება? თავდაპირველად გავარკვიოთ, თუ რა არის სამართალი. „სამართალს“ ორი მნიშვნელობა აქვს. მისი პირველი მნიშვნელობაა მოქმედება კანონების შესაბამისად, ე.ი. სამართლიანი იქნება ის, რასაც კანონი გვიკარნახებს. კანონი კი გვიკარნახებს სიმამაცეს, გონიერებას, მარტივად რომ ვთქათ იმას, რასაც სათნოება ეწოდება. ამიტომაც ამბობენ, რომ სამართლიანობა არის რაღაც სრულყოფილი სათნოება. თუ სამართლიანი არის ის, რასაც კანონი გვიკარნახებს, ხოლო კანონი გვიკარნახებს სათნო მოქმედებას, მაშინ, ვინც კანონს იცავს, ის ღირსეული ადამიანი იქნება, ხოლო სამართლიანობა იქნება, რაღაც სრულყოფილი სათნოება. მაშასადამე, სათნოების ერთი ფორმა იმყოფება ამ სფეროში და ამას ეხება. მაგრამ ჩვენ ვიკვლევთ არა ამ სამართალს და ამ სამართლიანობას, რადგან ამ გაგებით, სამართლიანი უნდა იყოს სამათლიანი თავის მიმართ. რადგან გონიერნი, მამაცნი და თავშეკავებულნი ასეთნი არიან თავის თავის მიმართ. მაგრამ სამართლიანობა სხვასთან მიმართებაში არ ემთხვევა ამ კანონიერ სამართლიანობას. ამიტომ ის, რაც სამათლიანია თავის თავის მიმართ, არ ნიშნავს სამართლიანობას სხვასთან მიმართებაში. ჩვენ კი სწორედ ამ უკანასკნელ სამართლასა და სამართლიანობას ვიკვლევთ.       მარტივად რომ ვთქვათ, სამართლიანობა არის თანასწორობა სხვასთან მიმართებაში, უსამართლობა კი უთანასწორობა იქნება. როდესაც ადამიანები თავისთვის ითვისებენ მეტ სიკეთეს და ნაკლებ ბოროტებას, ეს უთანასწორობაა. ამ შემთხვევაში ერთი მხარე სჩადის უსამართლობას, მეორე კი განიცდის მას. რადგან უსამართლობა არის უთანასწორობა, ხოლო სამართალი და სამართლიაობა კი თანასწორობა, მაშინ ცხადია, რომ სამართლიანობა რაღაც შუალედია ჭარბსა და მცირეს, მეტსა და ნაკლებს შორის. უსამართლოს უსამართლო მოქმედებით მეტი აქვს, ხოლო უსამართლობის განმცდელს კი უსამართლობის განცდის გამო ნაკლები აქვს. მათ შორის იმყოფება სამართლიანობა. შუალედი კი თანასწორობას ნიშნავს. ამრიგად, სამართლიანობა უნდა იყოს ის სფერო, რომელიც მეტსა და ნაკლებს შორის მდებარეობს. ხოლო სამართლიანია ის, ვინც თანასწორობას იცავს. თანასწორობა კი სულ მცირე ორი მხარის არსებობას მოითხოვს. მაშ, სამართლიანობა იქნება ერთი მხარის თანასწორობა მეორესთან. ასეთივე იქნება სამართლიანი კაციც. რადგან სამართლიანობა ნიშნავს თანასწორობასა და შუალედის დაცვას, ამიტომ სამართლიანი რაიმეს ან ვინმეს მიმართ უნდა იყოს სამართლიანი. ასევე თანასწორი რაიმეს ან ვინმეს მიმართ თანასწორი და შუალედიც რაღაცის შუალედი. ამრიგად, სამართლიანობა და სამართალი მდგომარეობს რაიმესთან ან ვინმესთან დამოკიდებულებაში.       რადგან სამართალი თანასწორობაა, ამიტომ თანასწორობა გამოვლიდება პროპორციაში. ხოლო პროპორცია, სულ მცირე, ოთხ წევრს შეორის წარმოიშობა. როგორ მიმართებაშიც არის „ა“ „ბ“ -სთან, ასეთსავე მიმართბაში იქნება „გ“ „დ“ -სთან. მაგალითად პროპორციაა შემდეგი: ბევრის მქონემ კავშირში ბევრი უნდა შეიტანოს, მცირეს მქონემ - მცირე, ვინც მეტი იშრომა, მეტი უნდა მიიღოს, ხოლო ვინც იშრომა მცირე, მცირეს მიიღeბს. რა მიმართებაცაა მშრომელსა და არამშრომელს შორის, ასეთივე მიმართებაა ბევრსა და მცირეს შორის. რა მიმართებაშიცაა მშრომელი ბევრის მიმართ, ასეთსავე მიმართებაშია არამშრომელი მცირეს მიმართ.       როგორც ჩანს, პლატონი ამ პროპორციულ სამართლიანობას იყენებს თავის „სახელმწიფოში“. ის ამბობს, რომ მიწათმოქმედი ქმნის ხორბალს, კალატოზი - სახლს, მქსოველი - ქსვილს, მეწაღე - წაღს. ასევე იქცევა ყველა დანარჩენი. ისინი ერთმანეთში სცვლიან თავის ნაწარმს. პროპორციაც სწორედ ესაა. რა მიმსართებაშიც არის მიწათმოქმედი კალატოზთან, ასეთსავე მიმართებაშია კალატოზი მიწათმოქმედთან, მეწაღესთან, ფეიქართან. ასეთსავე მიმართებაში აღმნოჩნდებიან დანარჩენნი ერთმანეთთან. იგივე პროპორცია იცავს სახელმწიფოსაც. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სამართალი არის პროპორცია. სამართლიანობა იცავს საზოგადოებასაც. მაშასადამე, სამართალი იგივეა რაც პროპორცია.       რადგან კალატოზი თავის ნამუშევარს მეწაღის ნამუშევარზე მეტად აფასებს, მდგომარეობა კი მოითხოვს, რომ მეწაღემ კლატოზს გაუცვალოს თავისი ნაწარმი, მაგრამ ფეხსაცმელი სახლში ვერ გაიცვლება, ამიტომ ყოველივე ამის ყიდვა-გაყიდვა რომ შესაძლებელი გაეხადათ, დაადგინეს, რომ ვერხლისთვის ეწოდებინათ ფული და ის ეხმარათ გასაცვლელ საშუალებად. ერთი მხარე, უხდის რა მეორე მხარეს მისი ნამუშევრის საფასურს, ამით ისინი ერთმანეთში გაცვლა-გამოცვლას აწარმოებენ და ამით იცავენ საზოგადოებრივ ურთიერთობას.       რადგან სამართლიანობა მდგომარეობს, როგორც ამ, ისე ზემოხსენებულ მოვლენებში, ამიტომ ასეთ შემთხვევებში სამართლიანობა იქნება წინასწარი გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოშობილი სწრაფვა ამ სფეროში.       სამართლიანობა იქნება საპასუხო განცდაც, მაგრამ არა ისეთი, როგორც პითაგორელები ვარაუდობდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ ერთი მხარე მოქმედებს, მეორე აუცილებლად განიცდის. მაგრამ ეს ყველგან ასე არ არის, რადგან სამართალი მონისთვის იგივე არაა, რაც თავისუფალისთვის. თუ მონა თავისუფალს დაარტყამს, სამართლიანი იქნება მისთვი არა ერთხელ, არამედ რამდენიმეჯერ დარტყმა. მაგრამ სხვა შემთხვევებში სამართლიანი იქნებოდა პროპორციის დაცვა. რადგან თავისუფალი მონაზე მაღლა დგას, ეს შესაბამისობა დაცული უნდა იყოს საპასუხო მოქმედებაში. ასეთივე უნდა იყოს თავსუფალის დამოკიდებულება თავისუფალის მიმართ. სამართლიანი არ იქნებოდა, რომ თუ ვინმემ ვინმეს თვალი ამოსთხარა, მისთვის მხოლოდ თვალის ამოთხრა, არამედ მისთვის მეტი ზიანის მიყენება იქნებოდა პროპორციის დაცვა. რადგან მან პირველმა იმოქმედა და უსამართლობა ჩაიდინა, ამით მან ჩაიდინა ორმაგი დანაშული. ამიტომ პროპორციის დაცვა მოითხოვს, პირველის უფრო მეტად დასჯას, ვიდრე მან დააშვა.       რადგან სამართლიანობას მრავალი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ დასადგენია, თუ რომელ სამართლიანობას ვიკვლევთ.       როგორც ამბობენ, სამართლიანობა ხორციელდება მონის პატრონთან მიმართებაში და ვაჟისა მამასთან მიმართებაში. მაგრამ ეს სამართალი მხოლოდ სიტყვიერად ემსგავსება სახელმწიფო სამართალს. ის სამართალი კი, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ, არის პოლიტიკური სამართალი. პოლიტიკური სამართლი კი, პირველ ყოვლისა თანასწორობაში მდგომარეობს. ის მოქალაქენი, რომელნიც ერთმანეთთან კავშირში იმყოფებიან, სურთ, რომ ბუნებრივად თანასწორნი იყვნენ, ხოლო ცხოვრების ფორმით განსხვავებულნი. მაგრამ ვაჟიშვილის გათანაბრება მამასთან და მონისა პატრონთან არავითარ შემთხვევაში არ იქნება სამართლიანი. ისევე, როგორც არ შეიძლება ჩემი ფეხის, ან ხელის, ან სხეულის სხვა რომელიმე ნაწილის გათანასწორება ჩემთან. ვფიქრობთ, რომ ასეთივე მიმართება უნდა არსებობდეს ვაჟიშვილისა მამასთან. რადგან ვაჟიშვილი არის მამის რაღაც ნაწილი, სანამ ის მამაკაცი გახდება და დამოუკიდებლობას მიაღწევს. მაშინ კი ის უკვე მამის თანასწორია და მსგავსი. მოქალაქეებს სურთ, რომ ასეთივე იყვნენ. მაგრამ ამავე საფუძვლით არც მონასა და არც ვაჟიშვილს არა აქვთ უფლება თავის პატრონზე, მონა ხომ პატრონის ნაწილია და თუ მას რაიმე უფლება აქვს, ესაა ოჯახური სამართლის საქმე. მაგრამ ჩვენ ოჯახურ სამართალს კი არ ვიკვლევთ, არამედ სახელმწიფო სამართალს. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო სამართალი მდგომარეობს თანასწორობასა და მსგავსებაში. ეს სამართალი ქალთა და მამაკაცთა ურთიერთობას უახლოვდება. ქალი მამაკაცზე დაბლა დგას, მაგრამ ოჯახურ ურთიერთობაში იგი როგორღაც არის მამაკაცის ტოლი. ამიტომ აქ იგი უფრო მეტად ეზიარება თანასწორობას. მათი ცხოვრებაც სახელმწიფოებრივ ურთიერთობას უახლოვდება. ასე, რომ ქალის დამოკიდებულება მამაკაცთან სხვა ურთიერთობებზე უფრო მეტად უახლოვდება სახელმწიფო სამართალს, ვიდრე სხვა სამართლიანობას. რადგან სამართალი სახელმწიფოებრივ ურთიერთობებში ხოლციელდება. ამიტომ სამართალიცა და სამართლიანობაც სახელმწიფო სამართალთან არიან კავშირში.       ნაწილი სამართლისა ბუნებრივია, ნაწილი კი კანონითაა დადგენილი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივი სამართალი არასოდეს არ იცვლება. მე ვგულისხმობ შემდეგს: თუ მარცხენა ხელს გაავარჯიშებთ საგნების ტყორცნაში, მაშინ ორივე ხელი ძლიერი გექნებათ. მაგრამ ბუნებრივად მაინც მარცხენა მარცხენაა და მარჯვენა მარჯვენა. მარჯვენა კი უკეთესია მარცხენაზე, თუნდაც მარცხენათი ისევე ვმუშაობდეთ, როგორც მარჯვენათი. ცვლილებების მიუხედავად, საგნები მაინც იმად რჩებიან, რაც არიან ბუნებრივად, ე.ი. უმეტეს შემთხვევაში მარჯვენა ხელი რჩება მარჯვენად და მარცხენა მარცხენად. აი, ესაა ბუნებრივი მდგომარეობა. ასევეა ბუნებრივი სამართლის შემთხვევაში. ბუნებრივი სამართალი არ ხდება არაბუნებრივი, რადგან არ იცვლება ჩვენი მოთხოვნილებების მიხედვით, არამედ მუდამ ბუნებრივად რჩება. სამართალი, რომელიც მეტწილად არ იცლვება, ცხადია, ბუნებრივი სამართალია. ხოლო, რასაც ჩვენ ვადგენთ და მნიშვნელობას ვაძლევთ, ის სამართალია, რომელსაც კანონით დადგენილს ვუწოდებთ. ბუნებრივი სამართალი მაღლა დგას კანონით დადგენილზე. მაგრამ ის სამართალი, რომელსაც ჩვენ ვიკვლევთ, არის სახელმწიფო სამართალი. ხოლო სახელმწიფო სამართალი არის კანონით დადგენილი და არა ბუნებრივი.       უსამართლობა და უსამართლო მოქმედება თითქოს ერთი და იგივეა, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. უსამართლობა კანონით არის დადგენილი, მაგალითად, უსამართლობაა მიბარებულის მითვისება. უსამართლო კი მოქმედებს უსამართლოდ, ასევე ერთი და იგივე არაა სამართალი და სამართლიანი მოქმედება. სამართლიანობაა ის, რაც კანონით არის დადგენილი, ხოლო სამართლიანი არის მოქმედება, რომელიც უკვე ჩადენილია.       როდის არსებობს სამართლიანობა და როდის არა? მარტივად რომ ვთქვათ, როცა კაცი წინასწარი განზრახვით მოქმედებს და არა თავისი სურვილით (თუ რაა ნებაყოფლობითი მოქმედება, ამაზე ჩვენ ზემოთ უკევ ვილაპარაკეთ) და როცა იცის, ვის მიმართ, როგორ და რა მიზნით მოქმედებს, უსამართლოდ მოქმედებს. ხოლო ის, ვინც უსამართლობას სჩადის ისე, რომ არაფერი არ იცის, ის იქნება არა უსამართლო, არამედ უბედური. მაგალითად, კაცი, რომელსაც ჰგონია, რომ მოკლა მტერი, სინამდვილეში კი მოკლა მამა, უსამართლობას სჩადის, მაგრამ ის უსამართლო კი არა, უბედურია. უცოდინარობის გამო უსამართლობის ჩამდენი უსამართლოდ არ ჩაითვლება. ეს იმ შემთხვევაში, როცა კაცმა არ იცის, ვის წინააღმდეგ, როგორ და რა მიზნით სჩადის დანაშულს. ამიტომ საჭიროა დადგენა იმისა, თუ როგორი სახის უცოდინარობის გამო არ იქნება უსამართლობა ვინმესთვის ზიანის მიყენება. ამის პასუხი ასეთი იქნება: როდესაც კაცი მოქმედებს უცოდინარობით და არა თავისი ნება სურვილით, ის უსამართლო არ იქნება. მაგრამ როდესაც უცოდინარობის მიზეზი თვითონ არის და როდესაც ის რაიმეს ჩადის უცოდინარობის გამო, რომლის მიზეზიც თვითონაა, ის დანაშაულს სჩადის და სწორიც იქნება, თუ მას უსამართლოს ვუწოდებთ. როგორც, მაგალითად, მთვრალები, როცა რაიმე დანაშაულს სჩადიან, თვითონ არიან დამნაშავენი თავის უცოდინარობაში. მათ ხომ შეეძლოთ იმდენი არ დაელიათ, რომ უცოდინარობის გამო კაცი არ მოეკლათ. იგივე ითქმის უსამართლობის სხვა შემთხვევებზეც, რომლის მიზეზნი თვითონ მოქმედნი არიან. ამიტომ უსამართლოდ მოქმედნი დამნაშავენი არიან. ისინი, კი რომლებიც თვითონ კი არ არიან დანაშაულის მიზეზი, არამედ მათი უცოდინარობა, ისინი უსამართლოდ არ ჩაითვლებიან. მათი უცოდინარობა ბუნებრივია, როგორც, მაგალითად, ბავშვებისა, რომლებიც უცოდინარობის გამო მამას ან დედას სცემენ. ამ შემთხვევაში უცოდინარობა ბუნებრივია. ამიტომ ბავშვების ეს მოქმედება უსამართლოდ არ ჩაითვლება. ამ მოქმედების მიზეზი ხომ უცოდინარობაა, უცოდინარობის მიზეზნი კი თვითონ ბავშვები არ არიან. ამიტომ მათ არც „უსამართლო“ ეწოდებათ.       ახლა ვილაპარაკოთ უსამართლობის განცდის შესახებ. მას ნებასურვილით განიცდიან, თუ უნებურად? საერთოდ, შესაძლებელია თუ არა ნებასურვილით უსამართლობის განცდა? - ვფიქრობთ, რომ არა, რადგან როგორც სამართლიან, ისე უსამართლო მოქმედებას ჩვენ ჩვენი სურვილით ვასრულებთ. მაგრამ უსამართლობას ვიტანთ ჩვენი სურვილის წინააღმდეგ. ჩვენ ხომ სასჯელს გავურბივართ, საიდანაც ცხადია, რომ უსამართლობას ჩვენი ნებით არ ვიტანთ. საერთოდ, უსამართლობას არავინ არ იტანს თავისი ნებით, რადგან ეს იგივე იქნებოდა, რაც თავისი ნებით ზიანის მიღება.       მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეკუთვნით თანაბარი წილი, მაგრამ მას სხვას უთმობენ. ამრიგად, თუ სამართლიანობა არის თანაბარი წილის მიღება, მცირეს მიღება უსამართლობა იქნება. მაგრამ რადგან ნაკლები მათ თავისი ნებით აიღეს, ამიტომ უსამართლობას ისინი თავისი ნებით იტანენ. მაგრამ მომდევნო მსჯელობიდან ნათელი გახდება, რომ ისინი ამას ნებაყოფლობით არ სჩადიან. რადგან ყველა ისინი, რომლებიც ირჩევენ მცირე ნაწილს, მას სცვლიან ან პატივზე, ან ქებაზე, ან სახელზე, ან მეგობრობაზე, ან რაიმე სხვა ამდაგვარზე. ხოლო იმან, ვინც თავისი ნებით გაცვალა იმ მიზნით, რომ სხვა რამე მიეღო, არც უსამართლობა განიცადა და თუ მას საერთოდ, არ განუცდია უსამართლობა, მაშ არც ნებაყოფლობითი უსამართლობა განუცდია.       გარდა ამისა, ისინი, რომლებიც ბევრის ნაცვლად მცირეს ირჩევენ და უსამართლობას განიცდიან, რადგან არ მიიღეს თანაბარი წილი, იკვეხნიან და თავს იწონებენ, ამბობენ რა, რომ „თუმცა მე შემეძლო თანაბარი წილის მიღება, მაგრამ არ ავიღე, რადგან დავუთმე უფროსს ან მეგობარს“. ხოლო ვინც ნამდვილად განიცადა უსამართლობა, ვერაფრით ვერ მოიწონებს თავს. ამრიგად, თუ ნამდვილი უსამართლობის გადატანისას ადამიანები თავს არ იწონებენ, არამედ მხოლოდ დასახელებულ შემთხვევებში, მაშასადამე, მცირე წილის აღების შემთხვევაში არც უსამართლობას განიცდიან. და თუ უსამართლობა საერთოდ არ განუცდიათ, მაშ, არც ნებაყოფლობით განუცდიათ იგი.       ამ მსჯელობას უპირისპირდება მსჯელობა თავშეუკავებლობის შესახებ. თავშეუკავებელი დანაშულის ჩადენით თავის თავს აყენებს ზიანს. იგი ამას სჩადის თავის ნებასურვილით, რადგან ის თავის თავს ვნებს ისე, რომ იცის, რასაც სჩადის. ასე რომ, ის თავის თავისივე სურვილით ვნებს. აქედან გამომდინარე დასკვნა ეწინააღმდეგება ამ მსჯელობას. ეს დასკვნა შემდეგია: არავის არ სურს უსამართლობის ატანა. მაგრამ, თავშეუკავებელი თავშეუკავებლობის გამო თავისი ნებით სჩადის დანაშულს. ასე, რომ ის თავის თავის მიმართ სჩადის უსამართლობას და თავის თავისთვის ცუდი სურს. მაგრამ უსამართლობის ატანა არავის არ სურს და ამიტომ, არც თავშეუკავებელი უნდა სჩადიოდეს უსამართლობას თავისი სურვილით.       მაგრამ აქ ვინმემ შეიძლება გვკითხოს: შეიძლება თუ არა დანაშაულის ჩადენა თავის თავის მიმართ? თავშეუკავებლობის განხილვისას ეს შესაძლებელი აღმოჩნდა.       ეს შესაძლებელია შემდეგნაირადაც: იმის ჩადენა, რაც კანონით ნებადართულია, სამართლიანია და ვინც ამას არ არსულებს, დანაშაულს სჩადის. კანონი კი მოგვიწოდებს, რომ ვიყოთ გონიერნი, გვქონდეს ქონება, გავიკაჟოთ სხეული და სხვა. ვინც ამას არ ასრულებს, ის თვითონ არის თავის თავის მიმართ დამნაშავე და არა ვინმე სხვა.       მაგრამ თუ ეს სწორი არაა და თუ დანაშაული თავის თავის მიმართ არ არსებობს მაშ შეუძლებელი ყოფილა, რომ ერთსა და იმავე კაცს ერთსა და იმავე დროს ბევრიც ჰქონდეს და ცოტაც და ერთდროულად ნებასურვილით და ნებასურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს. საერთოდ, ვინც უსამართლოდ იქცევა, ამის გამო ბევრი აქვს, ხოლო ვინც უსამართლობას განიცდის, მას ამის გამო ნაკლები აქვს. მაგრამ თუ ადამიანი თავის თავის მიმართ სჩადის უსამართლობას, აქედან გამომდინარეობს, რომ მას ერთდროულად ბევრიც აქვს და ცოტაც, რაც შეუძლებელია.       გარდა ამისა, უსამართლო უსამართლობას ნებაყოფლობით სჩადის, ხოლო ვინც განიცდის, უნებურად განიცდის. ასე, რომ თუ შესაძლებელია, უსამართლობის ჩადენა თავის თავის მიმართ, მაშინ შესაძლებელი ყოფილა ერთდროულად უნებური და ნებაყოფლობითი მოქმედება. მაგრამ ეს შეუძლებელია. მაშასადამე, არც ამ გზით შეიძლება უსამართლობის ჩადენა თავის თვის მიმართ.       გარდა ამისა, ამის დასაბუთება შეიძლება უსამართლო მოქმედების სხვა ფორმებთაც. ყველა უსამართლობას სჩადის ან ანაბარის მითვისებით, ან უზნეობით, ან ქურდობით და სხვა ამგვარით. მაგრამ არასოდეს არავის არ მიუთვისებია თავისი ანაბარი, არ ჩაუდენია უზნეობა თავისი ცოლის მიმართ, არც თავისთვის მოუპარავს რამე. ამგვარად, უსამართლობა ამაში არ მდგომარეობს. ე.ი. ამის ჩადენა თავის თავის მიმართ არავის არ შეუძლია. მაშასადამე, თავის თავის მიმართ დანაშულის ჩადენა შეუძლებელი ყოფილა. და თუ ეს შესაძლებელია, ეს ყოფილა არა სახელმწიფო, არამედ ოჯახური დანაშაული. რადგან სული შედგება მრავალი ნაწილისაან, როგორც ცუდისაგან, ისე კარგისაგან, ამიტომ თუ უსამართლობა წარმოიშობა სულში, ის იქნება სულის ნაწილების ურთიერთ მიმართებაში. ასევე ოჯახური ურთიერთობანი ჩვენ დავყავით იმის და მიხედვით, მიმართულა ის უკეთესი, თუ უარესი ნაწილისადმი, რადგან აქ როგორც სამართლიანი, ისე უსამართლო მოქმედება მიმართულია თავის თავის მიმართ. მაგრამ ჩვენ ოჯახურ სამართლას კი არ ვიკვლევთ, არამედ სახელმწიფოებრივს. ამიტომ დანაშული ამ სფეროში არ უნდა იყოს დანაშაული თავის თავის მიმართ.       შემდეგ, ვინ სჩადის დანაშულს, ან რაში მდგომარეობს იგი: უსამართლოდ მითვისებაში, უსამართლოდ განსჯაში, თუ უსამართლოდ განაწილებაში? როგორც შეჯიბრის დროს ხდება ხოლმე. იქაც ის კი არაა დამნაშავე, ვინც ან უფროსისგან, ან მსაჯისგან მიიღო ფინიკის ტოტი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა, არამედ ის, ვინც არასწორად განსაჯა და გადასცა მას. ისიც ერთის მხრივ, დამნაშავეა, მეორეს მხრივ, არა, რადგან რამდენადაც მან სწორად არ განსაჯა და არც მდგომარეობის შესაბამისად, ამდენად ის დამნაშავეა, მაგრამ რადგან მას ეს სამართლიანი ეგონა, ამიტომ მას არც დანაშული ჩაუდენია. თავი 34       როდესაც ვმსჯელობდით სათნოებების შესახებ, თუ რას წარმოადგენდნენ ისინი, რა პირობებში წარმოიშობიან და რას ეხებიან, მაშინ ვთქვით, რომ თუ კაცი სწორი გადაწყვეტილებით მოქმედებს, სწორად იქცევა. რადგან სწორი გადაწყვეტილებით მოქმედება იმას უდრის, ვინმემ რომ თქვას „ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეიძლება, თუ გამოვიყენებთ ამისათვის საჭირო საშუალებებს“. მაშინ შეიძლება ვინმე შემოგვედავოს: „ჩემთვის ეს არაა სავსებით გასაგები. მითხარი, თუ რა არის ჯანმრთელობისათვის საჭირო საშუალებები?“ იგივე უნდა ითქვას სწორი გადაწყვეტილების შესახებაც: რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების არსი და რა არის სწორი გადაწყვეტილება?       პირველ ყოვლისა საჭიროა იმის დადგენა, თუ სად წარმოიშობა სწორი გადაწყვეტილება. ზემოთ უკვე მოკლედ ვთქვი სულის შესახებ, რომ მასში არის მოაზროვნე ნაწილი და არა მოაზროვნე ნაწილი. სულის მოაზროვნე ნაწილი თავის მხრივ ორად იყოფა: განსჯით და შემეცნებით ნაწილებად. რომ ისინი განსხვავებულნი არიან, ცხადი გახდება მათი ობიექტების განხილვით. როგორც ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფერი, ბგერა, გემო და სუნი, ასევე განსხვავდებიან მათი შესაბამისი გრძნობის ორგანოები. ბგერას შევიგრძნობთ სმენით, გემოს - გემოვნებით, ფერს - მხედველობით. ამავე მეთოდით უნდა განვიხილოთ სხვა მოვლენებიც. რადგან განსხვავებულია აღქმის საგანი, განსხვავებული იქნება სულის ის ნაწლიც, რომლითაც მას შევიცნობთ. გასნხვავებული არიან აზრისა და გრძნობის ობიექტები, რომელთაც სულით შევიცნობთ. ამიტომ უნდა განვასხვავოთ სულის ის ნაწლებიც, რომლითაც ვწვდებით გრძნობად და აზრობრივ მოვლენებს. სულის ის ნაწილი, რომლითაც ვთათბირობთ და გადაწყვეტილება გამოგვაქვს, ეხება გრძნობად მოვლენებს. გრძნობადი მოვლენები კი იცვლებიან და წამოშობისა და გაქრობის პროცესს ექვემდებარებიან. ჩვენ ვთათბირობთ ხოლმე იმ მოვლენებზე, რომელთა გაკეთება ან არგაკეთება ჩვენზეა დამოკიდებული და რომლის ჩადენის ან არ ჩადენის შესახებ შეიძლება მოთათბირებაცა და გადაწყვეტილების მიღებაც. ესენი არიან გრძნობადი, ცვალებადი და მოძრავი მოვლენები. ამრიგად, ამ ნათქვამის მიხედვით, სულის განსჯითი ნაწილი გრძნობად საგნებს ეხება.       დავადგინეთ რა ეს, ახლა ვიმსჯელოთ ჭეშმარიტების შესახებ, თუ რას წარმოადგენს ის. ის ეხება ცოდნას, გონიერებას, ინტუიტურ წვდომას, სიბრძნესა და ვარაუდს. რა არის თითოეული მათგანის ობიექტი? ცოდნა ეხება შეცნობადს, სადაც ვიყენებთ მტკიცებასა და დასაბუთებას. გონიერება ეხება იმ მოვნელებს, სადაც ადგილი აქვს არჩევანსა და უარყოფას და რის შესრულება ან არშესრულება ჩვენზეა დამოკიდებული.       მაგრამ მოქმედება და შემოქმედება არაა ერთი და იგივე, როგორც ერთი და იგივე არაა გასაკეთებელი და შესაქმნელი. მოქმედებას, გარდა მოქმედებისა, კიდევ სხვა მიზანი აქვს. მაგალითად, სახლის მშენებლობა ჰქმნის სახლს, მაგრამ სახლი არის მშენებლობისგან განსხვავებული მიზანი. ასევეა არქიტექტურასა და სხვა საქმიანობაში. შემოქმედებას კი, გარდა მოქმედებისა, სხვა მიზანი არა აქვს. მაგალითად, კითარაზე დაკვრას არა აქვს სხვა მიზანი, რადგან მისი მიზანია თვით დაკვრის პროცესი. დაკვრა არის როგორც მოქმედება, ისე მისი განხორციელება და დასრულება. გონიერება კი ეხება პრაქტიკულ მოქმედებასა და მის განხორციელებას. ხელოვნება - შემოქმედებასა და შექმნილს. ამიტომ ხელოვნება უფრო შემოქმედებას წარმოადგენს, ვიდრე პრაქტიკულ მოქმედებას.       გონიერება კი არის თვისება, რომლითაც წარმოებს გადაწყვეტილების მიღება და იმის განხორციელება, რის შესრულება ან არშესრულება ჩვენზეა დამოკიდებული და რასაც ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს.       როგორც ჩანს, გონიერება არის სათნოება და არა ცოდნა. მაგრამ გონიერებს აქებენ, ხოლო ქებას სათნოება იმსახურებს. ყოველ ცოდნას თავისი უმაღლესი საფეხური აქვს. გონიერებას კი ასეთი საფეხური არ აქვს, როგორც ჩანს, ის უკვე არის უმაღლესი საფეური.       გონება ეხება როგორც აზრობრივი, ისე გრძნობადი მოვლენების საწყისებს. ხოლო ცოდნის საგანია ისეთი მოვლენები, რომლებსაც მტკიცება სჭირდებათ. საწყისები კი მტკიცებას არ საჭიროებენ, ამიტომ საწყისები არის არა მეცნიერების, არამედ გონების საგანი. სიბრძნე მოიცავს ცოდნასაც და გონებასაც. სიბრძნის საგანი როგორც საწყისები, ისე ის, რაც საწყისებიდან მიიღება და რასაც ცოდნა სწავლობს. რამდენადაც სიბრძნის საგანი საწყისებია, ამდენად ის დაკავშირებულია გონებასთან, ხოლო რადგან მისი საგანია აგრეთვე საწყისების შედეგები, ამიტომ ის ცოდნასაც მოიცავს. ამრიგად, ცხადია, რომ სიბრძნე მოიცავს როგორც გონებას, ისე შემეცნებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას იგივე ობიექტები აქვს, რაც გონებას და მეცნიერებას.       ვარაუდის ობიექტია ისეთი მოვლენები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ და არც არსებობდნენ.       ერთი და იგივეა, თუ არა სიბრძნე და გონიერება? სიბრძნის ობიექტია ის მოვლენები, რომლებიც მტკიცებას საჭიროებენ და ყოველთვის ერთნაირად არსებობენ. გონიერების ობიექტი კი არაა უცვლელი, არამედ ის ცვალებადობაში იმყოფება. მე ვგულისხმობ შემდეგს: სწორი, მოღუნული და ჩაღრმავებული ყოველთვის ასეთად რჩებიან. სასარგებლო კი არაა უცვლელი მოვლენა, ის ცვალებადობას ექვემდებარება. ამიტომ, რაც ახლა სასარგებლოა, ხვალ შეიძლება ასეთი აღარ იყოს, რაც ერთისათვის სასარგებლოა, მეორისთვის სასარგებლო არაა, რაც ამ სახით სასარგებლოა, იმ სახით არა. სარგებლობა კი გონიერების ობიექტია და არა სიბრძნისა. მაშასადამე, სიბრძნე და გონიერება განსხვავებულნი ყოფილან.       არის თუ არა სიბრძნე სათნოება? ქვემოთ მოტანილი მაგალითებით ცხადი გახდება, რომ ის სათნოებაა. ჩვენ ვამბობდით გონიერებაზე, რომ ის არის სათნოება და რომ ის მოთავსებულია სულის ერთ-ერთ მოაზროვნე ნაწილში. მაგრამ მაშინ ის სიბრძნეზე მდარე რამ ყოფილა. რამდენადაც მისი ობიექტები მდარეა. სიბრძნე კი ეხება მუდმივ და ღვთაებრივ მოვლენებს. როგორც უკვე ვთქვით, გონიერების საგანია ადამიანისათვის მიზანშეწონილი. მაგრამ თუ სათნოება არის რაღაც მდარე მოვლენა, მაშინ მასზე მაღლა მდგომი მოვლენა, უფრო, მეტად იქნება სათნოება და მაშასადამე, სიბრძნეც სათნოება ყოფილა.       რას წარმოადგენს გაგების უნარი? რა არის ის? გაგების, როგორც გონიერების, სფეროა მოქმედება. იქ, სადაც ხდება მოთათბირება, გადაწყვეტილების მიღება და განსჯა, იქ საჭიროა გაგებაც, ოღონდ ის ეხება უფრო უმნიშვნელო მოვლენებს და უმნიშვნელო მოვლენებშივე არსებობს ის. გაგება და გაგების უნარის მქონე გონიერებისა და გონების რაღაც ნაწილია და ის მათ გარეშე არ არსებობს. გაგების უნარიანს გონიერისაგან ვერ დააშორებ.       ასევე უნდა ვიმსჯელოთ მოხერხებულობის შესახებ. მეხერხება არ არის იგივე, რაც გონიერება, მაგრამ გონიერი ამავე დროს მოხერხებულიცაა. ამიტომ ამ აზრით, მოხერხება როგორღაც ემთხვევა გონიერებას. თუმცა მოხერხებული ცუდი აზრითაც იხმარება. მაგალითად, მენტორი, როგორც ჩანს, მოქნილია, მაგრამ გონიერი კი არ არის. გონირებისა და გონიერისათვის დამახასიათებელია მაღალი მიზნებისაკენ სწრაფვა, მათთვის უპირატესობის მინიჭება და ცდა მათი მიღწევისა. მოხერხებისა და გონებრივი მოქნილობისათვის დამახასაითებელია ყურადღება კონკრეტული მოვლენებისადმი და მათი განხორციელებისაკენ სწრაფვა. მაშ, სავარაუდოა, რომ მოქნილობა ეხება ასეთ მოვლენებს და იბრძვის მათი განხორციელებისათვის.       ვინმეს შეიძლება ეკითხა და გაკვირვება გამოეთქვა, რომ ვმსჯელობთ რა ეთიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, ამავე დროს ვლაპარაკობთ სიბრძნეზე. პირველ ყოვლისა, ამის საფუძველია ის, რომ ფილოსოფია არაა სავსებით სხვა რამ, ვიდრე პოლიტიკა, რომელიც სათნოებას წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ფილოსოფიის საქმეა, შეეხოს აგრეთვე მოსაზღვრე სფეროში შემავალ ობიექტებსაც. ამას გარდა, რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ იმის შესახებ, რაც სულშია, ამიტომ საჭიროა ვილაპარაკოთ სულის ყველა ნაწლზეც. რადგან სიბრძნეც სულში იმყოფება, ამიტომ მსჯელობა სიბრძნეზე არ იქნება ეთიკისგან დიდად განსხვავებული მსჯელობა.       რა დამოკიდებულებაშიც იმყოფება მოხერხებულობა გონიერებასთან, ვფიქრობთ, რომ ასეთსავე დამოკიდებულებაში იქნებიან სათნოებანი ერთმანეთში. მე ვგულისხმობ შემდეგს: არსებობენ ისეთი სათნოებანი, რომლებიც ბუნებრივად იმყოფებიან ცალკეულ მოვლენებში, მაგალითად, იმპულსები სიმამაცისაკენ, სამართლიანობისაკენ და სხვა სათნოებებისაკენ. მაგრამ არსებობენ ისეთი სათნოებანიც, რომელნიც ჩვევებს ემყარებიან. მაგრამ უმჯობესია ის სათნოებანი, რომლებიც აზროვნებას უკავშირდებიან და საქებნიც ეს სათნოებანი არიან. ბუნებრივი სათნოებანი კი აზროვნების გარეშე არსებობენ და განსჯასაც დაშორებული არიან. ისინი უფრო მდარე სათნოებანი არიან და არც ქებას იმსხურებენ. აზროვნებასთან და წინასწარ განსჯასთან კავშირი კი სათნოებას სრულყოფილებას ანიჭებს. მაშასადამე, სათნოებისაკენ ბუნებრივი სწრაფვა აზროვნებას უკავშირდება და მის გარეშე არ არსებობს. ასევე პირიქით, განსჯა და წინასწარი განზრახვა სრულყოფილ სათნოებად არ იქცევიან, თუ მათ თან არ ახლავთ ბუნებრივი სწრაფვა.       ამიტომ სწორი არ იყო სოკრატე, რომელიც ამბობდა, რომ სათნოება ცოდნა არისო, რომ სიმამაცისა და სამართლიანი მოქმედების ჩადენა ცოდნისა და წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე არასოდეს არ არის სასარგებლო. მაგრამ იმის თქმა, რომ სათნოება ცოდნაა, სწორი არაა. თანამედროვე ფილოსოფოსები ამ შემთხვევაში უფრო სწორად მსჯელობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ სწორი გადაწყვეტლების საფუძველზე მოქმედება არის მშვენიერება და სათნოება. მაგრამ არც ესაა სავსებით სწორი. რადგან თუ ვინმე მოქმედებს სამართლიანად, მაგრამ არა წინასწარი განზრახვით და არც ზნეობრივი მშვენიერების ცოდნით, არამედ რაღაც ირაციონალური ლტოლვით, ის საქები არ იქნება, რადგან ეს არაა სწორი გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოებული მოქმედება. უფრო სწორი იქნებოდა ასეთი მსჯელობა, რომ თუ იმპულსი უკავშირდება ზნეობრივ მშვენიერებას და სწორ გადაწყვეტილებას, აი, მაშინ განხორციელდება სათნოება და ასე მოქმედი ქებასაც დაიმსახურებს.       შეიძლება წამოიჭრას კითხვა: არის თუ არა გონიერება სათნოება? მომდევნო მსჯელობიდან ცხადი გახდება, რომ იგი სათნოებაა. თუ სამართლიანობა, სიმამაცე და სხვა სათნოებანი, რომელნიც მშვენიერების მიღწევას ისახავენ მიზნად, საქებნი არიან, მაშინ ცხადია, რომ გონიერებაც საქები იქნება და სათნოებათა რიცხვში მოექცევა. ის, რისკენაც როგორღაც ისწრაფვის სიმამაცე, იქითვე მიისწრაფის გონებაც. საერთოდ, სიმამაცე იმასვე აძლევს უპირატესობას, რასაც გონიერება. ასე რომ, სიმამაცე საქებია იმიტომ, რომ იმასვე ახორციელებს, რასაც გონება უკარნახებს. მაშინ, საბოლოოდ გონიერება იქნება როგორც სათნოება, ისე საქები.       არის თუ არა გონიერება მიმართული პრაქტიკული მოქმედებისაკენ? ეს ნათელი გახდება პრაქტიკულ ხელოვნებათა განხილვის შემდეგ, კერძოდ, არქიტექტურის განხილვის მაგალითზე. როგორც უკვე ვთქვი, არქიტექტურაში არის ადამიანი, რომელსაც ხუროთმოძღვარი ეწოდება და მისი დამხმარე და შემსრულებელი - კალატოზი, რომელიც აშენებს სახლს. ასევეა სხვა ხელოვნებებში. სადაც კი არის ხელმძღვანელი, რომელიც გეგმავს, იქვე იმყოფება მისი დამხმარე. მაშასადამე, ხუროთმოძღვარი, რომელიც სახლს გეგმავს, ამავე დროს არის ამ სახლის შემოქმედი. ასევეა სხვა პრაქტიკულ ხელოვნებებში, სადაც ერთი გეგმას ადგენს, მეორე კი მას ემსახურება. გეგმის შემდგენელი ითვლება გეგმის შედგენის ოსტატად და მას ემსახურება მეორე, მისადმი დაქვემდებარებული ადამიანი. თუ სხვა სათნოებებში იგივე მდგომარეობაა, მაშინ მართებული და გონივრული იქნებოდა, რომ გონიერება მიმართული იყოს პრაქტიკული მოქმედებისა და მისი განხორციელებისაკენ. ყველა სათნოებას ასეთი მიზანი აქვს, ხოლო გონიერება მათ წარმართავს და ისინი ასრულებენ იმას, რასაც გონება დაადგენს. რადგან სათნოებანი პრაქტიკულად გამიზნულნი ყოფილან, მაშ, გონიერებაც პრაქტიკული სათნოება ყოფილა. იგია გეგმის შედგენის ოსტატი.       მბრძანებლობს თუ არა გონიერება ყოველივე იმას, რაც კი სულშია, როგორც ამტკიცებს ზოგიერთი მოაზროვნე? სინამდვილეში იგი არ უნდა ხელმძღვანელობდეს ყველას, მათ შორის საუკეთესოს, როგორიცაა სიბრძნე. ერთ-ერთი თვალსაზრისის მიხედვით, იგი იმავე როლს ასრულებს, როგორსაც სახლში მეურნე. იგი ყველაზე ზრუნავს, ყველას წარმართავს, ყველაზე მბრძანებლობს, მაგრამ მას ყველა უფლება არა აქვს. იგი პატრონს მხლოდ თვისუფალ დროს აძლევს, რათა მას არ აბრკოლებდეს აუცილებლობა მშვენიერისა და მიზანშეწონილის შემოქმედების დროს. ასევე გონიერებაც ფილოსოფიურ სიბრძნეში ასრულებს ერთგვარი მმართველის როლს. იგი ფილოსოფიას აძლევს თავისუფალ დროს თავისი საქმის შესასრულებლად, რისთვისაც თრგუნავს ვნებებს და მათ სწორ მიმართულებას აძლევს. წიგნი მეორე » …
დაამატა ლაშა to ფილოსოფია at 1:14pm on აპრილი 24, 2020
თემა: გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი - ღვთაებრივი იულიუსი
ნეალოგია, გამოცხადებულიყო კეისრის დაბადება (თანმხლები წინასწარმეტყველებით) და მისი ცხოვრების დასაწყისი. ერთადერთი მონაკვეთი, როგორც ჩანს, შემონახულია სერვიუსის მიერ („ენეიდას“ კომენტარები, VI, 799): „სვეტონიუსი კეისარის ცხოვრებაში აცხადებს, რომ ორაკულებმა მთელ მსოფლიოს ამცნეს დაუმარცხებელი მხედარმთავრის დაბადება“. 1. თექვსმეტი წლისამ მამა დაკარგა. ერთი წლის შემდეგ, უკვე იუპიტერის ქურუმად დანიშნულმა, კოსუციასთან ნიშნობა ჩაშალა, - გოგონასთან, რომელიც მხედრული, მაგრამ მდიდარი ოჯახიდან იყო და ვისზედაც ჯერ კიდევ მოზარდი დანიშნეს, - და ცოლად შეირთო კორნელია, იმ ცინას შვილი, რომელიც ოთხჯერ იყო კონსულად. კორნელიამ მალე ქალიშვილი გაუჩინა, იულია. დიქტატორმა სულამ ვერაფრით შეძლო, რომ იულიუსი გაშორებოდა კორნელიას. ამიტომ, ქურუმის თანამდებობის, ცოლის მზითევის, საგვარეულო სიმდიდრის გარეშე დარჩენილი დიქტატორის მოწინააღმდეგეებში ითვლებოდა და იძულებულიც კი შეიქმნა, დამალულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ოთხდღიანი მალარიის, იგივე კვარტან მალარიის შეტევები ტანჯავდა, ლამის ყოველ ღამე უნდა შეეცვალა სამალავი, ფულით უნდა მოესყიდა სულას დეტექტივები, სანამ, ბოლოსდაბოლოს, შეწყალება არ მიიღო ქალწულებრივი უწყებითა და თავისი ნათესავების - მამერკიუს ემილიუსისა და აურელიუს კოტას მეოხებით. სულა დიდხანს ისტუმრებდა უარით თავის ერთგულ და სახელოვან მომხრეებს, რომლებიც კეისარს ჯიუტად შუამდგომლობდნენ; ბოლოს, როგორც ცნობილია, სულამ დაუთმო და ან ღვთიური შთაგონებით ან საკუთარი გამჭრიახობით შესძახა: „თქვენ გაიმარჯვეთ და წაიყვანეთ! მაგრამ იცოდეთ: კაცი, ვის გადარჩენასაც ასე ცდილობთ, ერთხელაც სასიკვდილო დარტყმას მოგვაყენებს იმ არისტოკრატიის მიზეზით, რომელსაც ჩვენ ვიცავდით; რადგან ამ ერთ კეისარში ბევრი მარიუსი იმალება!“ 2. სამხედრო სამსახური აზიაში დაიწყო, იმ მხარის გუბერნატორის პრეტორ მარკუს ტერმიუსის ამალაში. ბითინიაში გაგზავნილი ფლოტის იქ მისაყვანად, დიდხანს დაყოვნდა ნიკომედესთან. მაშინვე ხმა დაირხა, რომ მეფესთან შეუფერებელი ურთიერთობა ჰქონდა; თავად კი ეს ჭორი იმით გააღრმავა, რომ რამდენიმე დღის შემდეგ იქ კიდევ წავიდა იმ ვალის დაბრუნების მომიზეზებით, რომელიც თავის კმაყოფაზე მყოფ ერთ თავისუფალ კლიენტს მიეწერებოდა. შემდგომმა სამსახურმა მეტი დიდება მოუტანა და მითილენის აღებისას ტერმუსმა მუხის გვირგვინით დააჯილდოვა. 3. მსახურობდა კილიკიაში სერვილიუს ისავკილიუსის მეთაურობით, მაგრამ ცოტა ხანს; როცა სულას გარდაცვალების ცნობა მიუვიდა და ახალი არეულობის იმედი გაჩნდა, რომელსაც მარკუს ლეპიდუსი იწყებდა, სასწრაფოდ რომში დაბრუნდა. თუმცა ლეპიდუსთან თანამშრომლობაზე უარი თქვა, რომელიც დიდი სარგებელს ჰპირდებოდა. იულიუსს იმედი გაუცრუა როგორც ბელადმა, ასევე წამოწყებამ, რომელიც უფრო ცუდად დატრიალდა, ვიდრე თავად წარმოედგინა. 4. როცა ამბოხება ჩაახშეს, კორნელიუს დოლაბელას, კონსულარს და ტრიუმფატორს სასამართლოში უჩივლა გამოძალვის ბრალდებით; მაგრამ სამართალში მიცემული გაამართლეს. მაშინ გადაწყვიტა, როდოსზე წასულიყო, მტრების თვალსაწიერს რომ მორიდებოდა, თან შემთხვევით ესარგებლა და იმ დროისთვის სახელგანთქმულ მჭევრმეტყველების მასწავლებელთან, აპოლონიუს მოლოსთან ემეცადინა. ამ მოგზაურობის დროს, როცა უკვე ზამთრდებოდა, კუნძულ ფარმაკუსას შორიახლოს მეკობრეებს ჩაუვარდა ხელში და თავისდა სამწუხაროდ ორმოც დღემდე მოუწია მათთან ყოფნა. მხოლოდ ექიმი და ორი მსახურიღა დარჩენოდა. დანარჩენი თანამგზავრები და მონები გამოსასყიდის შესაგროვებლად გააგზავნა. მაგრამ როცა, ბოლოსდაბოლოს, მეკობრეებს ორმოცდაათი ტალანტი გადაუხადა და ნაპირზე გადმოსვეს, დაუყოვნებლოვ შეკრიბა ფლოტი, უკან დაედევნა, ყველა შეიპყრო და სწორედ იმ სასჯელით დასაჯა, რითაც არაერთხელ დამუქრებია ხოლმე ხუმრობით . ამ დროს განაპირა მხარეები მითრიდატემ გააუკაცურა და მოკავშირეებისადმი გულგრილობა რომ არ დაბრალებოდა, კეისარი წავიდა როდოსიდან, აზიაში გადავიდა, შეკრიბა დამხმარე რაზმი და პროვინციიდან გააძევა მეფის მხედართმთვარი, რითაც მორჩილებაში შეინარჩუნა შეყოყმანებული და მერყევი საზოგადოება. 5. რომში დაბრუნების შემდეგ მისი პირველი თანამდებობა ჯარის ტრიბუნობაიყო, რაც სახალხო კენჭისყრით მიენიჭა. აქ დიდი მონდომებით უჭერდა მხარს ლიდერებს, რომ ტრიბუნებს სულას დროს შემცირებული უფლებები აღდგენოდათ. ამას გარდა, ისარგებლა პლოტიუსის დადგენილებით, რომ რომში დაებრუნებინათ ლუციუს სინა, თავისი ცოლისძმა და ყველანი, ვინც ლეპიდუსის მხარეს იყო და იმისი სიკვდილის მერე სერტორიუსში გაიქცა; ამის შესახებ თავად წარმოთქვა სიტყვა. 6. კვესტორად ყოფნისას დეიდა იულია და მეუღლე კორნელია დაასაფლავა და, ჩვეულების მიხედვით, სახოტბო სიტყვებიც წარმოთქვა ტრიბუნიდან. სხვათა შორის, იულიასადმი მიძღვნილ სიტყვაში, ასე ლაპარაკობს თავისი დედის და მამის წარმომავლობაზე: „ჩემი დეიდის გვარი დედის მხრიდან მეფეებიდან მოდის, მამის მხრიდან კი უკვდავი ღმერთებიდან: რამეთუ ანკუს მარციუსიდან (დედამისის გვარი) მომდინარეობენ მარციუს-მეფეები, ხოლო ღმერთქალ ვენერადან კი იულიუსების გვარი, რომელსაც ეკუთვნის ჩვენი ოჯახი. აი, რატომაა ჩვენი გვარეულობა მეფეებივით ხელშეუხებლობით შემოსილი, რომლებიც სიდიადით მაღლა დგანან ჩვეულებრივ მოკვდავებზე, და მოწიწებით, როგორც ღმერთები, რომლებსაც თავად მეფენიც კი ემორჩილებიან“. კორნელიას შემდეგ პომპეა მოიყვანა ცოლად, კვინტუს პომპეუსის ქალიშვილი და ლუციუს სულას შვილიშვილი. მაგრამ მერე გაშორდა, რადგან თავის ცოლზე პუბლიუს კლოდიუსთან ცოლ-ქმრული ღალატი იეჭვა. იმის თაობაზე, რომ კლოდიუსმა საყვარელთან ქალის კაბით შეაღწია საღვთო დღესასწაულისას, ისეთი დამაჯერებლობით ლაპარაკობდნენ, რომ სენატმა სიწმინდეების შეურაცხყოფის გამო გამოძიება დანიშნა. 7. შორეულ ესპანეთში კვესტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ერთხელ, პრეტორის დავალებით, გემთმშენებლობის საკითხებზე ქალაქებს რომ უვლიდა, ჰადესში ჩავიდა და ჰერკულესის ტაძარში ალექსანდრე დიდი იხილა. ამოიოხრა, თითქოს ზიზღი იგრძნო თავისი უმოქმედობის გამო, - ჯერ არაფერი გაეკეთებინა ღირსსახსოვარი, როცა ალექსანდრემ ამ ასაკში უკვე მსოფლიო დაიპყრო, - და მაშინვე გათავისუფლებაზე დაიწყო ზრუნვა, რომ შემდეგ დედაქალაქში პირველივე შემთხვევით ესარგებლა და უფრო დიადი საქმეები ეკეთებინა. მომდევნო ღამეს სიზმარმა შეაცბუნა - დაესიზმრა, თითქოს საკუთარ დედას აუპატიურებდა; მაგრამ სიზმრების ამხსნელებმა უფრო გააცხოველეს მისი იმედები, რაკი გამოუცხადეს, რომ ეს სიზმარი წინასწარმეტყველებს მის ძალაუფლებას მთელ სამყაროზე, რადგან დედა, რომელსაც თავის ქვეშ ხედავდა, სხვა არაფერია, თუ არა დედამიწა, რომელიც ყველა ცოცხალი არსების დედად ითვლება. 8. ამგვარად, ვადაზე ადრე მიატოვა თავისი პროვინცია და ლათინურ კოლონიებში გამოცხადდა, რომლებიც მაშინ სამოქალაქო უფლებებს ითხოვდნენ. უეჭველად, მათ რამე უფრო თავხედურ ნაბიჯსაც გადაადგმევინებდა, რომ არა კონსულები, რომლებმაც ამის შიშით კილიკიისათვის შეგროვებული ლეგიონები დროებით შეაჩერეს. 9. ამას ხელი არ შეუშლია, რომში მალევე წამოეწყო უფრო თამამი საქმე. რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ედილის მოვალეობის შესრულებას დაიწყებდა, ბრალი დასდეს შეთქმულებაში, ექს-კონსულ მარკუს კრასუსთან, პუბლიუს სულასთან და ლუციუს ოტრონიუსთან ერთად, რომლებიც კონსულები უნდა გამხარიყვნენ, მაგრამ ამომრჩეველთა მოსყიდვაში აღმოჩნდნენ ბრალდებულნი. ვარაუდობდნენ, რომ ახალი წლის დასაწყისში თავს დაესხმებოდნენ სენატს, ამოწყვეტდნენ არასასურველ პირებს, კრასუსი დიქტატორი გახდებოდა, კეისარი ცხენოსანი ჯარის მეთაურად გამოცხადდებოდა, მაშინ სახელმწიფოს თავიანთი შეხედულებით მოაწყობდნენ და, ოტრონიუსსა და სულას კონსულობას დაუბრუნებდნენ.ამ შეთქმულებაზე წერენ: ტანუსიუს გემინიუსი თავის ისტორიაში, მარკუს ბიბულუსი ედიქტებში, გაიუს კურიო უფროსი თავის სიტყვებში. ეტყობა, ციცერონსაც იგივე აქვს მხედველობაში, როცა აქსიუსისადმი ერთ-ერთ წერილში ამბობს, კეისარი კონსული რომ გახდა, ის დესპოტიზმი დაამყარა, რომელსაც ჯერ კიდევ ედილად ყოფნისას იზრახავდაო. ტანუსიუსი დასძენს, რომ ან სინდისის ქენჯნისაგან ან შიშისაგან კრასუსი ხოცვა-ჟლეტვისთვის დანიშნულ დღეს არ გამოჩენილა, ამიტომ კეისარმაც არ მისცა წინასწარ დათქმული ნიშანი; კურიოს სიტყვით, დადგენილი იყო, რომ კეისარს ერთი მხარიდან ტოგა უნდა ჩამოეწია. იგივე კურიო, და მასთან ერთად მარკუს აკტორიუსი აცხადებენ, რომ კეისარმა შეთქმულება დაიწყო ასევე ახალგაზრდა გენიუს პიზოსთან, ხოლო როცა ეჭვი გაჩნდა, რომ რომში შეთქმულება მზადდებოდა, პიზომ უთხოვნელად და ურიგოდ ესპანეთში მიიღო დანიშვნა, მაშინ მათ მოილაპარაკეს, რომ ერთდროულად დაიწყებდნენ ამბოხებას: კეისარი - რომში, პიზო კი ესპანეთში, ამბრანების და ტრანსპადანების მხარდაჭერით. პიზოს სიკვდილმა მათი ჩანაფიქრი ჩაშალა. 10. ედილის თანამდებობაზე ყოფნისას არა მარტო კომიციუმი და ბაზილიკებანი ფორუმი შეამკო, არამედ კაპიტოლიუმზეც ააშენა დროებითი კოლონადები, რათა თავისი სიმდიდრის ნაწილი ეჩვენებინა. თამაშებს და ველურ ნადირებთან ბრძოლებს როგორც ამხანაგთან ერთად, ასევე დამოუკიდებლად წარმოადგენდა, ამიტომ საერთო დანახარჯსაც მხოლოდ მისთვის მოჰქონდა სახელი. მისი ამხანაგი მარკუს ბიბულუსი დაუფარავად აღიარებდა, რომ პოლუქსის ბედი ერგო: როგორც ფორუმზე მდგარ ღვთიური ტყუპების ტაძარს ეძახდნენ მარტო კასტორისას, ასევე მისი კეისართან ერთად გამოჩენილი ხელგაშლილობა მხოლოდ კეისარს მიეწერებოდა. კეისარი დამატებით გლადიატორების ორთაბრძოლებსაც აწყობდა, მაგრამ იმაზე ნაკლები მებრძოლი გამოჰყავდა, ვიდრე აპირებდა - იმის მიერ ყოველი მხრიდან შეკრებილმა მებრძოლების ბრბომ ისე შეაშინა მოწინააღმდეგეები, რომ საგანგებო ბრძანებით ყველასთვის აიკრძალა განსაზღვრულზე მეტი გლადიატორი ჰყოლოდა რომში. 11. როდესაც ხალხის კეთილგანწყობა მოიპოვა, ტრიბუნების მეშვეობით შეეცადა, რომ სახალხო კრებას იგი ეგვიპტეში გაეგზავნა. ამ რიგგარეშე დანიშვნის მიზეზი ის იყო, რომ ალექსანდრიელებმა თავიანთი მეფე გააძევეს, რომელიც სენატში მოკავშირედ და რომაელი ხალხის მეგობრად იყო გამოცხადებული; ამან კი საერთო უკმაყოფილება გამოიწვია რომში. ოპტიმატების წინააღმდეგობის გამო, წარმატებას ვერ მიაღწია. სამაგიეროდ შეეცადა მათი გავლენა ნებისმიერი საშუალებით შეესუსტებინა და გაიუს მარიუსის იუგურთებზე, კიმბრებზე და ტევტონებზე გამარჯვებების აღსანიშნავი ძეგლები აღადგინა, რომელიც თავის დროზე სულამ დაანგრია. სასამართლოს თავმჯდომარეობისას მკვლელობათა საქმეებზე, მკვლელებად გამოაცხადა ისინიც, ვინც პროსკრიპციის დროს ხაზინიდან მაინც იღებდა ფულს რომაელ მოქალაქეთა თავებისთვის, თუმცა კორნელიანეს კანონებით მათთვის გამონაკლისი იყო დაშვებული. 12. კაციც კი დაიქირავა, რომელმაც სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა გაიუს რაბირიუსი, და რომლის ძალისხმევითაც ცოტა ხნით ადრე სენატმა ტრიბუნ ლუციუს სატურნინუსის ამბოხება ჩაახშო. ხოლო როცა კენჭისყრით ამ საქმის მოსამართლედ დაინიშნა, რაბირიუსს ისეთი მონდომებით დასდო ბრალი, რომ განსასჯელს ხალხთან მიმართვისას ყველაზე მეტად მოსამართლის გადამტერებაზე მინიშნებამ უშველა. 13. როცა პროვინციის მიღების იმედს გამოეთხოვა, თავისი კანდიდატურა დიადი პონტიფიკოსის თანამდებობაზე წამოაყენა, უხვად გაიღო ქრთამები და ისეთ ვალებში ჩავარდა, რომ, როგორც ამბობენ, არჩევნებზე წასვლამდე, დედამისთან საკოცნელად შესულმა წარმოთქვა: „ან პონტიფიკოსად დავბრუნდები, ან, საერთოდ, არ დავბრუნდები“. და მართლაც, იმდენად სძლია თავის ორივე, უაღრესად საშიშ მოწინააღმდეგეს, რომლებიც აღემატებოდნენ როგორც ასაკით, ასევე მდგომარეობით, რომ იმათ ტრიბებში გაცილებით მეტი ხმა შეაგროვა, ვიდრე ორივემ ერთად ყველა ტრიბში. 14. პრეტორად იქნა არჩეული, როცა კატალინას შეთქმულება გაიხსნა და სენატმა შეთქმულებს ერთხმად მიუსაჯა სიკვდილი. მხოლოდ მან წამოაყენა წინადადება, მსჯავრდებულები ბადრაგის თანხლებით გაეგზავნათ მუნიციპალიებში, თითოეული ცალკეულ ქალაქში და მოეხდინათ მათი ქონების კონფისკაცია. ამასთანავე, აღწერა ის სახალხო სიძულვილი, რომელიც საუკუნოდ თავს დაატყდებოდა უფრო გადამჭრელი ღონისძიებების მომხრეებს და დამნაშავეებს. ამან ისეთი შიში აღძრა, რომ დანიშნული კონსული დეციმუს სილენუსი შეეცადა, თავდაპირველი აზრი შეერბილებინა, თანაც ამის აღიარება შერცხვა და გამოაცხადა, თითქოს ეს აზრი უფრო მკაცრად იყო განმარტებული, ვიდრე მხედველობაში ჰქონდა. კეისარმა ბევრი მიიმხრო, მათ შორის კონსულ ციცერონის ძმა და გამარჯვებასაც მიაღწევდა, შეყოყმანებული სენატისთვის მარკუს კატონის სიტყვას სიმტკიცე რომ არ დაებრუნებინა. მაგრამ არც მაშინ შეუწყვეტია წინააღმდეგობა, სანამ შეიარაღებული რომაელი მხედრები, დაცვის მომიზეზებით გარს რომ შემორტყმოდნენ სენტს, სიკვდილით არ დაემუქრნენ ასეთი სიჯიუტისთვის. ისინი უკვე გარს ერტყმოდნენ კეისარს გაშიშვლებული ხანჯლებით, გვერდით მჯდომმა სენატორებმა თავს უშველეს და მხოლოდ რამდენიმე იცავდა, ხელებგადახვეული და ტოგებსაც აფარებდნენ. მხოლოდ მაშინ დაუფარავი შიშით დაიხია უკან და წლის ბოლომდე სენატში აღარ გამოჩენილა. 15. პრეტორად გახდომის პირველსავე დღეს მოითხოვა, რომ კვინტუს კატულუსი ხალხის წინაშე კაპიტოლიუმის აღდგენის ანგარიშით წარმდგარიყო და წინადადებაც წამოაყენა, ეს საქმე სხვისთვის გადაეცათ. მაგრამ უსუსური იყო ოპტიმატების ერთსულოვანი წინააღმდეგობის მიმართ, - რადგან ხედავდა, თუ როგორ იკრიბებოდნენ ბრბოებად, ზურგს აქცევდნენ ახლადარჩეულ კონსულებს და მზად იყვნენ მათთვის პასუხის გასაცემად, საერთოდ, უარი თქვა ამ საქმეზე. 16. თუმცა, როცა სამოქალაქო ტრიბუნი ცეცილიუს მეტელუსი მეტად მეამბოხე კანონპროექტით გამოვიდა, მიუხედავად კოლეგების მიერ დადებული ვეტოსი, კეისარი მის დასაცავად აღდგა და უჩვეულო სიკერპით იცავდა, სანამ თავისი დეკრეტით სენატმა ორივე დროებით არ ჩამოაშორა სახელმწიფოს მართვას. ამის მიუხედავად, კეისარს ეყო სიმამაცე, დარჩენილიყო თავის თანამდებობაზე, ემართა სასამართლო და მომხრეები შეემატებინა. ოღონდ როცა შეიტყო, - ზოგიერთი მზად არის, იარაღით შემაჩეროსო, - თავისი ლიკტორები გაუშვა, პრეტორის ტოგა გაიხადა და ჩუმად გაეშურა შინისკენ, რათა სახელმწიფო მართვას მართლა ჩამოშორებოდა დროებით. მეორე დღეს იმის სახლთან თავისით შეკრებილმა მოსახლეობამ ერთობ მღელვარე დემონსტრაცია მოაწყო და თანამდებობაზე აღსადგენად დახმარებაც შესთავაზა, მაგრამ მათი შეჩერება შეძლო. რაკი ამას არავინ ელოდა, სენატმა, რომელიც სასწრაფოდ მოიწვიეს სწორედ ამ დემონსტრაციაზე ღონისძიებების მისაღებად, სახალხოდ გამოუცხადა მადლობა თავისი საუკეთესო წარმომადგენლების პირით, მერე კურიაში მიიწვიეს, ყველაზე სახოტბო სიტყვებით შეაქეს, თავიანთი გამოცემული დეკრეტი შეცვალეს და თანამდებობაზე დააბრუნეს. 17. მაგრამ ახალი საფრთხე ემუქრებოდა: კატილინას თანამოაზრედ იყო გამოცხადებული. გამომძიებელ ნოვიუს ნიგერის წინაშე ამის შესახებ განაცხადა დამსმენმა ლუციუს ვეტიუსმა, სენატში კი კვინტუს კურიუსმა, რისთვისაც კენჭისყრით სახელმწიფო ფულადი ჯილდო დაუნიშნეს იმისთვის, რომ პირველმა გაამჟღავნა შეთქმულთა ჩანაფიქრი. კურიუსი ამტკიცებდა, ამის შესახებ თავად კატილინასგან სმენოდა, ვეტიუსი კი კეისრის ხელით დაწერილი და კატილინასადმი გაგზავნილი წერილის წარმოდგენას აპირებდა. მაგრამ კეისარმა, რომელიც ფიქრობდა, რომ ამგვარი თავხედობის ატანა არაფრით შეიძლებოდა, ციცერონის მტკიცებულება წარმოადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ თავად მიაწოდა კონსულს ცნობები შეთქმულების გარკვეულ დეტალებზე, რითაც წინ აღუდგა იმას, რომ კურიუსს ჯილდო მიეღო. ვეტიუსი კი, დასჯილი გირაოს შეტანით და ქონების კონფისკაციით, კინაღამ ხალხისგან დაფლეთილი პირდაპირ როსტრიან ტრიბუნასთან, ციხეში ჩააგდეს გამომძიებელ ნოვიუსთან ერთად, რომელმაც საჩივარი მიიღო თანამდებობით აღმატებულზე. 18. პრეტურის შემდეგ კენჭისყრით შორეული ესპანეთი მიიღო. კრედიტორები არ უშვებდნენ. მათ თავდებების მეშვეობით დააღწია თავი და პროვინციაში წავიდა, კანონების და ჩვეულებების საპირისპიროდ, აღარ დაელოდა ბრძანებას და საშუალებებს. ცნობილი არ არის, მოსალოდნელ პირად სარჩელს გაურბოდა თუ მახვეწარი მოკავშირეების დასახმარებლად მიისწრაფოდა. პროვინციაში წესრიგი რომ დაამყარა, იმავე სისწრაფით, შემცვლელს აღარ დალოდებია, რომისკენ გამოეჩქარა ტრიუმფისა და კონსულობის საძებრად.        მაგრამ არჩევნების თარიღი უკვე დანიშნული იყო და შეეძლო, მაძიებლად გამოსულიყო როგორ ქალაქში შესული კერძო პირი. ცდილობდა, თავისთვის კანონის გვერდის ასავლელი გზა გამოენახა, მაგრამ წინააღმდეგობას წააწყდა და იძულებული გახდა, უარი ეთქვა ტრიუმფზე, კონსულობა რომ არ დაეკარგა. 19. კონსულობის მაძიებლები კიდევ ორნი იყვნენ: ლუციუს ლუკცეუსი და მარკუს ბიბულუსი. კეისარი პირველს შეუერთდა, რაკი ნაკლებად გავლენიანი, მაგრამ ძალიან მდიდარი იყო; მათ მოილაპარაკეს, რომ ლუკცეუსი ცენტურიონებს თავის პირად ფულს დაპირდებოდა ორივეს სახელით. ეს რომ ოპტიმატებმა გაიგეს, შეეშინდათ, რომ კეისარი არაფრის წინაშე უკან არ დაიხევდა, თუკი უმაღლეს თანამდებობაზე მეგობრად მოკავშირე და თანამოაზრე ეყოლებოდა. მათ მისცეს ბიბულუსს რწმუნება იგივე გულუხვი დაპირებით და ბევრმა ფულითაც მოამარაგა. თავად კატონიც არ უარყოფდა, რომ ეს მოსყიდვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე ხდებოდა. ასე გახდა კონსული ბიბულუსთან ერთად. იმავე მიზეზით ოპტიმატებმა იზრუნეს, რომ მომავალ კონსულებს დანიშვნოდათ უმნიშვნელო პროვინციები - მხოლოდ ტყეები და საძოვრები. ამ წყენამ გნეუს პომპეუსთან მიიყვანა, რომელსაც უთანხმოება ჰქონდა სენატთან, რომელიც მეფე მითრიდატესთან გამარჯვების შემდეგ მისი მოქმედებების რატიფიკაციას აგვიანებდა. პომპეუსთან მარკუს კრასუსი კეისარმა შეარიგა, რომლებიც ჯერ კიდევ თავიანთი ერთობლივი კონსულობიდან მტრობდნენ ერთიმეორეს და ორივეს მოკავშირე გახდა. მოილაპარაკეს, რომ ისეთი სახელმწიფოებრივი ღონისძიება არ დაეშვათ, რომელიც სამიდან რომელიმეს არ დააკმაყოფილებდა. 20. თანამდებობაზე მისვლისთანავე, პირველ რიგში ის ბრძანა, რომ შეედგინათ და გამოექვეყნებინათ ყოველდღიური ანგარიშები სენატის და ხალხის შეკრებებზე. აგრეთვე აღადგინა ძველი ჩვეულება, რომ იმ თვეებში, როცა ფასკები არ იყვნენ მასთან, წინ ყოველთვის მიდიოდა მაცნე, ხოლო ლიკტორები უკან მოსდევნენ. როცა წარადგინა კანონპროექტი მიწაზე[46] და კოლეგამ უკეთურ ზრახვებში დაადანაშაულა, იარაღის ძალით გააგდო ფორუმიდან. მეორე დღეს ბიბულუსმა სენატში შეიტანა საჩივარი, მაგრამ არავის ეყო სიმამაცე, ამ ძალადობაზე მოხსენებით გამოსულიყო ან თუნდაც ის ღონისძიებები შეეთავაზებინა, ჩვეულებრივი მცირე უწესრიგობის დროსაც რომ იღებდნენ ხოლმე. ამან ისე გაამწარა ბიბულუსი, რომ სახლიდან აღარ გამოდიოდა თავისი კონსულობის ბოლომდე და მხოლოდ ედიქტებზე გამოხატავდა თავის პროტესტს.ამ დროიდან კეისარი მარტო, თავის ნებაზე მართავდა ყველას მთელ სახელმწიფოში. ზოგიერთი მახვილგონიერი, ქაღალდებზე მოწმედ ხელმოწერისას, ხუმრობით კეისრისა და ბიბულუსის კონსულობას კი არ აღნიშნავდა, არამედ იულიუსისა და კეისრის კონსულობას, ერთ კაცს აღნიშნავდნენ სახელით და გვარით. მალე ხალხში ასეთი ლექსიც გავრცელდა: კეისრის კონსულობისას აქტი ფაქტადაც ყოფნიდათ. თუმც ბიბულუსის ხანაში არც არაფერი ყოფილა. სტელას ნაკვეთი, რომელიც წინაპრების მიერ ხელშეუხებლად იყო გამოცხადებული და ხაზინის შესავსებად საიჯაროდ დატოვებული კამპანიის მინდორი კენჭისყრის გარეშე დაუნაწილა იმ ოცი ათას მოქალაქეს, ვისაც სამი და მეტი შვილი ჰყავდა. მოიჯარეებმა რომ შეღავათი სთხოვეს, გადასახადის მესამედი შეუმცირა და ყველას სთხოვა, ზომიერები ყოფილიყვნენ, როცა მოუწევდათ საიჯარო თანხის მომატება. საერთოდ, უხვად გასცემდა ყველაფერს, რაც უნდა ეთხოვათ, წინააღმდეგობას არა ხვდებოდა ანდა მუქარით ახშობდა. ლიკტორს უბრძანა, კურიიდან გამოეთრია და ციხეში წაეყვანა მარკუს კატონი, რომელიც სენატში შეკითხვით გამოვიდა. ლუციუს ლუკულუსი, რომელიც მეტისმეტად სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, ისე დაზაფრა ყალბი ბრალდებებით, რომ ფეხებში ჩაუვარდა. ერთხელ ციცერონი სასამართლოში სახელმწიფოს მდგომარეობას დასტიროდა, კეისარმა იმავე დღეს, მეცხრე საათზე, პატრიციებიდან პლებეებში გადაიყვანა მისი მტერი პუბლიუს კლოდიუსი, რასაც თავად კლოდიუსი დიდხანს და წარუმატებლად ცდილობდა. . ბოლოს, მთელი მტრული პარტიის წინააღმდეგ დამსმენი დაიქირავა, რომელსაც უნდა გამოეცხადებინა, რომ პომპეუსის მოსაკლავად აქეზებდნენ, ტრიბუნასთან გამოსულიყო და წამქეზებლების წინასწარ დათქმული სახელები დაესახელებინა. მაგრამ რაკი ინფორმატორმა ერთი თუ ორი სახელი ალალბედზე დაასახელა, ეჭვი გაჩნდა. ასეთი ნაჩქარევი ჩანაფიქრის წარუმატებლობაზე გულაცრუებულმა, როგორც ვარაუდობენ, დამსმენი შხამით მოიცილა. 21. დაახლოებით ამავე დროს ცოლად მოიყვანა კალპურნია, ლუციუს პიზოს, კონსულის პოსტზე თავისი შემცვლელის ქალიშვილი, ხოლო სერვილიუს ცეპიოს, თავისი შვილი იულიას პირველ საქმროს, უარი უთხრა და გაათხოვა გნეუს პომპეუსზე, თუმცა სერვილიუსი მისი მთავარი დამხმარე იყო ბიბულუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. პომპეუსთან დანათესავებული, ხმის მიცემისას პირველად იმას შეეკითხებოდა ხოლმე აზრს, მანამდე კი კრასუსიდან იწყებდა, ხოლო ჩვეულება მოითხოვდა, მთელი წელიწადი გამოკითხვის ის თანმიმდევრობა დაეცვა, რაც კონსულისგან იყო მიღებული იანვრის კალენდში. 22. სიძისა და სიმამრის მხარდაჭერით ყველა პროვინციიდან გალია ამოარჩია სამართავად, რომელიც თავისი შესაძლებლობებით - სიმდიდრეს და კარგი ვითარებით - ტრიუმფებს ჰპირდებოდა. თავიდან, ვატინიუსის კანონით ციზალპური გალია მიიღო, მიმდებარე ილირიკუმით, მაგრამ მალე სენატმა დაუმატა ბანჯგვლიანი გალიაც, - სენატორები შიშობდნენ, რომ უარის თქმის შემთხვევაში ამ ადგილს ხალხიდან მაინც მიიღებდა. სიხარულით ფრთაშესხმულმა, თავი ვეღარ შეიკავა, რამდენიმე დღის შემდეგ მთელი სენატის წინაშე ტრაბახისაგან, რომ თავისი სურვილების მიზანს მიაღწია, მიუხედავად მოწინააღმდეგეთა უკმაყოფილებისა და ჩივილისა, და ახლა კი ყველა სენატორს ამოსდებდა აღვირს. ვიღაცამ საწყენად შენიშნა, რომ ქალისათვის ეს ადვილი არ არის. კეისარმა კი მიუგო, თითქოსდა ხუმრობით, რომ სირიაშიც ხომ მეფობდა სემირამიდა და ძველად აზიის არცთუ პატარა ნაწილს ამაზონები ფლობდნენ. 23. მისი კონსულობის დასასრულს პრეტორებმა გაიუს მემიუსმა და ლუციუს დომიციუსმა მოითხოვეს გამოძიება გასული წლის ღონისძიებებისა. კეისარმა ეს სენატს დაავალა, მაგრამ სენატმა უარი თქვა. სამი დღე უნაყოფო კამათში გალია და მერე თავის პროვინციაში გაემგზავრა. მაშინვე, თითქოსდა კეისრის გასაფრთხილებად, სასამართლოს გადასცეს მისი კვესტორი. მალე თავად ისიც გამოიძახა საპასუხოდ სახალხო ტრიბუნმა ლუციუს ანტისტიუსმა და მხოლოდ სხვა ტრიბუნებთან თხოვნით კეისარმა იმას მიაღწია, რომ სასამართლოსთვის არ გადაეცათ, სანამ სახელმწიფო საქმეზე იყო წასული. და მომავალში რომ დარწმუნებული ყოფილიყო, ძალიან ცდილობდა ყოველ წელს მაგისტრატებს შორის ჰყოლოდა თავისგან დავალებული ხალხი და მხოლოდ იმ მაძიებლებს ეხმარებოდა ან დაუშვებდა ძალაუფლებამდე, რომლებიც ეთანხმებოდნენ, დაეცვათ მისი არყოფნისას. იქამდეც კი მიდიოდა, რომ ზოგიერთისგან ითხოვდა ფიცს და ხელწერილსაც კი. 24. მაგრამ როცა ლუიციუს დომიციუსმა, კონსულობის კანდიდატმა ღია მუქარა დაუწყო, რომ როგორც კი კონსული გახდებოდა, იმას გააკეთებდა, რაც ვერ შეძლო პრეტორობისას და ჯარს ჩამოართმევდა, მაშინ კეისარმა თავისი პროვინციის ერთ-ერთ ქალაქ ლუკაში პომპეუსი და კრასუსი გამოიძახა, და დაარწმუნა ისინი, მოეთხოვათ მეორე ვადით კონსულობა, რათა დომიციუსი დაემარცხებინათ. თავისთვის კი ამ ორივეს დახმარებით კიდევ ხუთი წლით შეინარჩუნა მეთაურობა. ამაზე დაყრდნობით, სახელმწიფოდან მიღებული ლეგიონების დამატებად კიდევ ახლები შეკრიბა თავის ანგარიშში, მათ შორის ერთი ტრანსალპელი გალებისგან (ამ ლეგიონს გალურადვე ერქვა „ალაუდა“), რომლებიც შეაიარაღა და განსწავლა რომაულად და შემდეგში რომის მოქალაქეობაც უბოძა. ამ ხანებიდან ომის ერთი შემთხვევაც კი არ გაუშვია ხელიდან, უსამართლოსიც და სახიფათოსიც კი, და პირველი ესხმოდა თავს როგორც მოკავშირე ტომებს, ასევე მტრულსა და ბარბაროსულს. ასე რომ, ერთხელ სენატმა დაადგინა კიდევაც, რომ გალიაში კომისია გაეგზავნათ, იქაური მდგომარეობის გამოსაძიებლად. სხვები წინადადებას აყენებდნენ, რომ მტრისთვის გადაეცათ კეისარი. მაგრამ როცა საქმეები უკეთ წაუვიდა, მის საპატივცემოდ უფრო ხშირად და დიდხანს ინიშნებოდა სამადლობელი ლოცვები, ვიდრე ვინმე სხვაზე. 25. აი, რა ჩაიდინა თავისი მეთაურობის ათ წელიწადში. მთელი გალია, რომელიც მდებარეობს პირენეის ქედის, ალპების, სევენების და მდინარეებს რონასა და რაინს შორის, სულ 3200 მილი, მთლიანად, მხოლოდ მოკავშირე და რომისთვის სამსახურის გამწევი ტომების გარდა, პროვინციად გადააქცია და ორმოცი მილიონი სესტერცი ყოველწლიური გადასახადი დააკისრა.რომაელებიდან პირველმა მან გააკეთა ხიდი, თავს დაესხა რაინსგაღმა გერმანელებს და სასტიკად დაამარცხა. მანამდე უცნობ ბრიტანელებთანაც შეიჭრა, გატეხა ისინი და, გამოსასყიდი და მძევლები მოითხოვა. ამდენ წარმატებებში მხოლოდ სამჯერ არ გაუმართლა: ბრიტანეთში მისი ფლოტი თითქმის გაანადგურა ქარიშხალმა; გალიაში მისი ერთ-ერთი ლეგიონი დამარცხდა გერგოვიასთან; და გერმანიის საზღვართან, როცა მისი ლეგატები ტიტურიუსი და ორუნკულეიუსი საფარში შეიტყუეს და ამოხოცეს. 26. ამავე წლებში დაკარგა ჯერ დედა, მერე ქალიშვილი და მალე შვილიშვილიც. ამასობაში პუბლიუს კლოდიუსის მკვლელობამ აღაშფოთა მთელი საზოგადოება და სენატმა დაადგინა, მხოლოდ ერთი კონსული აერჩიათ და გნეუს პომპეუსი დაასახელა. სახალხო ტრიბუნებს სურდათ, რომ პომპეუსის კოლეგად გაეყვანათ, მაგრამ თავად ურჩია, ხალხისთვის ეთხოვათ, კეისარს საშუალება ჰქონოდა მივლინების ვადის ამოწურვამდე მეორე კონსულად წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა და ამისთვის რომში ისე არ გამოქცეულიყო, რომ ომი არ დაემთავრებინა.ამას რომ მიაღწია, უფრო მეტზე დაიწყო ფიქრი და იმედების ასასრულებლად ერთი შემთხვევაც არ გაუშვია, გულუხვობა გამოეჩინა ანდა ვინმეს დახმარებოდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საქმეებში. სამხედრო ალაფის საშუალებით ფორუმის მშენებლობა დაიწყო, რომლის მხოლოდ მიწა ას მილიონ სესტერცზე მეტი ღირდა. თავისი ქალიშვილის სამახსოვროდ გლადიატორთა თამაშები და ბანკეტი გამოაცხადა, - ეს კი მანამდე არავის გაუკეთებია. ამ მოვლენების მოლოდინი რომ უფრო დიდი ყოფილიყო, ბანკეტის კერძები არა მხოლოდ დაქირავებულ მეხორცეებს, არამედ თავის სახლშიც მოამზადებინა.სახელგანთქმულ გლადიატორებს, რომელიმე ორთაბრძოლაში რომ მაყურებელთა რისხვას დაიტეხდნენ თავს, მისი ბრძანებით, ძალით გადაარჩენდნენ ხოლმე და კეისრის ჯარისთვის ინახავდნენ. ახალგაზრდა მებრძოლებს გლადიატორების სკოლაში ანდა ლანისტებთან კი არ მიაბარებდა ხოლმე, არამედ რომაელი რაინდების კერძო სახლებში და იმ სენატორებთანაც კი, რომლებიც კარგად ფლობდნენ იარაღს. მისი წერილებიდან კარგად ჩანს, როგორი დაჟინებით სთხოვდა მათ, რომ ამ ახალგაზრდების სწავლისათვის თვალყური ედევნებინათ და პირადადაც ხელმძღვანელობდა ვარჯიშებს. ლეგიონერებს სამუდამოდ გაუორმაგა ჯამაგირი; როცა ხორბლის მოსავალი აურაცხელი იყო, კეისარი ყოველგვარი შეზღუდვისა თუ ზომის გარეშე უნაწილებდა ლეგიონერებს, ხოლო ზოგჯერ თითოს თითო მონას ჩუქნიდა ტყვეებიდან. 27. პომპეუსთან ნათესაობა და მეგობრობა რომ შეენარჩუნებინა, ცოლად ოქტავია შესთავაზა, თავისი დის შვილიშვილი, არადა ის უკვე გათხოვილი იყო გაიუს მარცელუსზე, თავად კი იმისი ქალიშვილის ხელი ითხოვა, რომელიც თავის მხრივ ფაუსტუს სულაზე იყო დანიშნული. პომპეუსის ყველა მეგობარი და სენატორთა დიდი ნაწილი თავისზე დამოკიდებული გახადა ფულის უპროცენტოდ ანდა პატარა პროცენტით სესხებით. სხვა ფენების მოქალაქეებს, რომლებიც მასთან მიდიოდნენ თავისით ანდა მიწვევით, გულუხვი საჩუქრებით ავსებდა, არც მათი გააზატებულები და მონები ავიწყდებოდა, თუკი ისინი თავისი პატრონის ან მფარველის კეთილგანწყობით სარგებლობდნენ.მოკლედ, ერთადერთი იყო ყველას დასახმარებლად, ვინც იურიდიულ გართულებებში, ვალებსა თუ გაფლანგვებში იყვნენ მხილებულნი, ოღონდ იმათ გარდა, ვისი დანაშაულის, მფლანგველობისა და სიღატაკის სიმძიმე ისეთი დიდი იყო, რომ კეისარიც კი ვეღარ შველოდა. ამნაირებს პირდაპირ ეუბნეოდა, რომ იმათი გადარჩენა მხოლოდ სამოქალაქო ომს შეეძლო. 28. არანაკლებ ძალისხმევას ხარჯავდა მთელი მსოფილოს მეფეთა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად; ზოგს ათასობით ტყვეს უგზავნიდა საჩუქრად, სხვებს დასახმარებლად ჯარს მიაშველებდა სადაც და როგორც უნდოდათ, თანაც სენატის და ხალხის დაუკითხავად. არა მხოლოდ იტალიის, გალიის და ესპანეთის, არამედ საბერძენეთისა და აზიის დიდ ქალაქებს დიდებული ნაგებობებით ამშვენებდა.ბოლოს, როცა ყველა განცვიფრებული იმას მარჩიელობდა, თუ საით უმიზნებდა, კონსულმა მარკუს კლავდიუს მარცელიუსმა, ედიქტებს გამოუცხადა, რომ აქვს დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმე და სენატს შესთავაზა, - კეისრის შემცვლელი ვადაზე ადრე დაენიშნათ, რადგან ომი დამთავრებული იყო, მშვიდობა დამყარდა და დრო იყო, გამარჯვებულს გაეშვა ჯარი; ხოლო არჩევნებზე კეისრის კანდიდატურა დაუსწრებლად არ უნდა მიეღოთ, რადგან პომპეუსმა ამისთვის არ ჩაწერა სათანადო პუნქტები სახალხო დადგენილებაში.საქმე ის იყო, რომ პომპეუსმა თავის კანონში თანამდებობრივი პირების შესახებ აკრძალა თანამდებობებზე წარდგენა დაუსწრებლად და გულმავიწყობით კეისრისთვისაც არ გაუკეთებია შეღავათი და ეს შეცდომა მხოლოდ მაშინ გაასწორა, როცა კანონი უკვე ამოკვეთილი იყო სპილენძის დაფაზე და ხაზინას ჩაბარებოდა. კეისრისთვის პროვინციების და შეღავათების ჩამორთმევით არ დაკმაყოფილდა მარცელიუსი და ასევე შესთავაზა სენატს, რომ მოქალაქეობრივი უფლებები ჩამოერთმიათ იმ ახალჩამოსახლებულებისთვის, კეისარმა რომ ჩამოიყვანა ვატინიუსის კანონით ნოვუმ კომუმში, - იმის საფუძველზე, რომ იმათ მოქალაქეობა თვალთმაქცური ჩანაფიქრით ჰქონდათ ნაჩუქარი და ეს უკანონობა იყო. 29. ამან კეისარი შეაშფოთა. დარწმუნებული იყო, მისგან ხშირად ესმოდათ, რომ ახლა, როცა პირველი კაცი გახდა სახელმწიფოში, არც ისე ადვილია მისი პირველი ადგილიდან მეორეზე გადმოგდება, როგორც მერე მეორედან - სულ ბოლოზე. ამიტომ მთელი ძალებით დაიწყო წინააღმდეგობის გაწევა, ნაწილობრივ ტრიბუნების ვეტოს მეშვეობით, ნაწილობრივ - მეორე კონსულის, სერვიუს სულპიციუსის მხარდაჭერით. მომდევნო წელს გაიუს მარცელუსმა კონსულის თანამდებობაზე შეცვალა თავისი ბიძაშვილი, მარკუსი და ისევ იგივე მოითხოვა. მაშინ კეისარმა დიდი ქრთამით უზრუნველყო მეორე კონსულის, ემილიუს პაულუსის და ტრიბუნებიდან ყველაზე მამაცის, გაიუს კურიოს მხარდაჭერა.მაგრამ ხედავდა, რომ მის წინააღმდეგ უფრო მეტი გულმოდგინებით მოქმედებდნენ, მომდევნო წლის კონსულებსაც კი მისი გადამტერებულებიდან ირჩევდნენ და სენატს წერილით მიმართა, ითხოვდა, არ ჩამოერთმიათ მისთვის რომაელი ხალხის საჩუქარი; ანდა მაშინ სხვა მხედართმთავრებსაც გაეშვათ თავისი ჯარები. როგორც ვარაუდობენ, იმედი ჰქონდა, საჭიროებისას მისთვის უფრო ადვილი იქნებოდა თავისი ვეტერანების დაძახება, ვიდრე პომპეუსისთვის ახალი მეომრების შეკრება. მოწინააღმდეგეებს შესთავაზა დათანხმებულიყვნენ იმაზე, რომ რვა ლეგიონზე და ტრანსალპური გალიაზე უარის თქმის შემდეგ, კონსულად არჩევამდე შენარჩუნებინა მხოლოდ ორ ლეგიონი და ციზალპური გალია, ანდა ერთ ლეგიონი და ილირიკუმი. 30. როცა არც სენატმა ისურვა ჩარევა, არც მოწინააღმდეგეებმა - რამე შეთანხმებაზე წასვლა, ახლო გალიაში გადავიდა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარების შემდეგ, გაჩერდა რავენაში და ომით დაიმუქრა, თუკი სენატი მკაცრ ღონისძიებებს მიიღებდა მისი მხარდამჭერი ტრიბუნების მიმართ.ეს, რასაკვირველია, მხოლოდ საბაბი იყო სამოქალაქო ომისა; მისი მიზეზები კი, როგორც ვარაუდობენ, სხვა იყო. მაგალითად, გნეუს პომპეუსი არაერთხელ ამტკიცებდა, რომ კეისარი იმიტომ წავიდა საერთო არეულობაზე და გადატრიალებაზე, რომ თავისი პირადი საშუალებებით აღარ შეეძლო არც იმ მშენებლობების დასრულება, რომლებიც წამოიწყო და არც იმ მოლოდინის გამართლება, რასაც მისი დაბრუნება აღძრავდა ხალხში.სხვები ამბობენ, თითქოს შიშობდა, რომ მოუწევს პასუხის გაცემა ყველაფერზე, რაც ჩაიდინა თავის პირველ კონსულობაში ადამიანთა მფარველობის, კანონების და დადებული ვეტოების საწინააღმდეგოდ. მარკუს კატონმაც ხომ არაერთხელ დადო ფიცი, რომ, როგორც კი ჯარს გაუშვებდა, მაშინვე პასუხისგებაში მისცემდა და ხალხში ამბობდნენ, რომ თუ კერძო პირად დაბრუნდებოდა, მაშინ მილოსავით შეიარაღებული დაცვით გარშემორტყმულს მოუწევდა თავის დაცვა სასამართლოში.ეს აზრი უფრო საწმუნოა ასინიუს პოლიოს მტკიცების ფონზე: ფარსალუსთან ბრძოლისას კეისარმა დახოცილი და გაქცეული მტერი რომ ნახა, სიტყვასიტყვით შემდეგი თქვა - „თავად მოინდომეს ეს! მე, გაიუს კეისარს, იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გავაკეთე, დამნაშავედ გამომაცხადებდნენ, ჩემი არმია რომ არ დამეხმარებინა!“ ბოლოს, ზოგიერთი ვარაუდობს, რომ კეისარში ამუშავდა ძალაუფლების ჩვევა და ამიტომ, ჯერ თავისი და მტრის ძალები აწონ-დაწონა, მერე კი შემთხვევით ისარგებლა და ხელში ჩაიგდო უმაღლესი ხელისუფლება, რაზეც ახალგაზრდობიდან ოცნებობდა. როგორც ჩანს, ასევე ფიქრობდა ციცერონი, როცა „მოვალეობების შესახებ“ მესამე წიგნში წერდა, რომ კეისარს სულ პირზე ეკერა ევრიპიდეს სტრიქონები, რომლებსაც ასე თარგმნის: თუ კანონს გადააბიჯებ, - მარტოოდენ მეფობისთვის, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კი პატივი უნდა სცე. 31. და აი, როცა ცნობამ მოაღწია, რომ ტრიბუნების ჩარევას წარმატება არ მოჰყოლია, და რომ თავად მოუწიათ რომიდან წასვლა, კეისარმა მაშინვე დაძრა კოჰოტები. და ეჭვი რომ არ გამოეწვია, სხვათა დასანახად სახალხო სანახაობებზე იარებოდა და განიხილავდა გლადიატორთა სკოლის გეგმას, რომლის აგებასაც აპირებდა, და ასევე, ჩვეულებისამებრ, მოაწყო დიდი ვახშამი.მაგრამ მზე რომ ჩავიდა, მეზობლად მდებარე წისქვილიდან ნათხოვარი, ჯორებშებმული საზიდრით მალულად დაადგა გზას, მხოლოდ რამდენიმე თანამგზავრი ახლდა. მაშხალები ჩაქრა, გზაც აებნა, დიდხანს ხეტიალობდა და მხოლოდ გამთენიისას გამცილებელი იპოვა და ფეხით გაიარა ვიწრო ბილიკები და, ბოლოსდაბოლოს, სწორ გზაზე გამოვიდა. ლეგიონებს თავისი პროვინციის საზღვარზე, მდინარე რუბიკონთან წამოეწია. აქ შეყოვნდა და, იმაზე ჩაფიქრების შემდეგ, თუ რა ნაბიჯის გადადგმას ბედავდა, თანამგზავრებს მიუბრუნდა და უთხრა: „ჯერ კიდევ შეიძლება უკან დაბრუნება. მაგრამ საკმარისია, ეს ხიდი გადავიაროთ, რომ ყველაფერს იარაღი გადაწყვეტს“. 32. კიდევ ყოყმანობდა, რომ უცებ ასეთი ხილვა ჰქონდა. შორიახლოს მოულოდნელად უცნობი კაცი გამოეცხადა, უცნაური სიმაღლისა და სილამაზისა - იჯდა და სალამურზე უკრავდა. სალამურის ხმაზე მოირბინეს არა მხოლოდ მწყემსებმა, არამედ ბევრმა მეომარმა და მესაყვირეებმაც. ერთ მათგანს ამ კაცმა საყვირი გამოსტაცა, მდინარეში გადახტა და გამაყრუებელი საომარი სიგნალი დასცხო, თან მეორე ნაპირისკენ მიდიოდა. მაშინ კეისარმა შესძახა: „წინ! წინ, საითაც ღმერთების ნიშანი და ჩვენი მოწინააღმდეგის უსამართლობა გვიხმობს!.. წილი ნაყარია“. 33. ასე გადაიყვანა ჯარი. და შემდეგ, საერთო შეკრებაზე გამოიყვანა მასთან გამოქცეული, გამოძევებული სახალხო ტრიბუნები, ატირდა, ტანსაცმელი შემოიგლიჯა მკერდზე და ჯარისკაცებს ემუდარებოდა, მისი ერთგულები დარჩენილიყვნენ. იმასაც კი ამბობენ, თითქოს თითოეულ მათგანს რაინდის მდგომარეობას დაპირდა, მაგრამ ეს გაუგებრობაა. ჯარისკაცებს რომ მოუწოდებდა, ხშირად აჩვენებდა მათ მარცხენა ხელის თითს და არწმუნებდა, რომ მზად იყო, გაეცა თავისი ბეჭედიც, რათა დაეჯილდოებინა თავისი ღირსების დამცველები. ხოლო უკანა რიგებიდან, საიდანაც უფრო ხედავდნენ, ვიდრე უსმენდნენ ორატორს, უხმო ნიშნები სიტყვებად მიიღეს და აქედან წამოვიდა ხმა, თითქოს რაინდების ბეჭდებს და ოთხასი ათას სესტერცს დაჰპირდა. 34. მისი შემდგომი მოქმედებანი, მოკლედ და წყობისად, ასეთი იყო. შევიდა უმბრიაში, პიცენუმში, ეტრურიაში. მის შემცვლელად უკანონოდ დანიშნული და კორფინიუმის გარნიზონის უფროსი ლუციუს დომიციუსი აიძულა, დანებებოდა, მაგრამ ტყვედ არ დაუტოვებია, გაუშვა. მერე ადრიატიკის გაყოლებაზე ბრუნდიზიუმისკენ განაგრძო გზა, სადაც კონსულები და პომპეუსი გაქცეულიყვნენ და როგორც კი შეძლებდნენ, ზღვის გადაცურვას აპირებდნენ.იმ წარუმატებელი ცდების შემდეგ, რომ ნებისმიერი ხერხით გაცურვის საშუალება არ მიეცა მათთვის, რომისკენ გადაუხვია. და სენატის შეკრების შემდეგ, სადაც სახელმწიფოში შექმნილ მდგომარეობაზე ილაპარაკა, პომპეუსის უძლიერესი არმიის წინააღმდეგ წავიდა, რომელიც ესპანეთში იდგა სამი ლეგატის ხელმძღვანელობით - მარკუს პეტრეიუსის, ლუციუს აფრენიუსის და მარკუს ვარონისა. გასვლის წინ მეგობრებს უთხრა: „ახლა უსარდლო ჯარის შესახვედრად მივდივარ და უჯარო სარდალს მერე დავუბრუნდები“. და თუმცა მასილიას ალყა - გზად მიმავალს რომ გადაუკეტეს კარიბჭეები და სურსათის ნაკლებობა - აყოვნებდა, მალე ყველა დაიმორჩილა. 35. ესპანეთიდან რომში დაბრუნებული, მაკედონიაში გადავიდა და იქ მთელი ოთხი თვე იჭერდა პომპეუსს მძლავრი სიმაგრეების რკალში, ბოლოს გატეხა კიდეც ფარსალის ბრძოლაში და გაქცეულს ალექსანდრიამდე სდია, სადაც უკვე მოკლული იპოვნა. რაკი ხედავდა, რომ მეფე პტოლემეუსი მის მიმართაც ავს იზრახავდა, მოუწია უჩვეულოდ რთული ომის წარმოება, არახელსაყრელ ადგილზე და ცუდ დროს, ზამთარში, მარაგის გარეშე, მოუმზადებლად, მდიდარი და ეშმაკი მტრის დედაქალაქში. გაიმარჯვა და ეგვიპტე კლეოპატრას და მის უმცროს ძმას მისცა, ვერ გაბედა მისი პროვინციად გადაქცევა, რომ რომელიმე მარჯვე ნაცვალს არ შესძლებოდა, ამხელა ქვეყანას დაყრდნობდა ახალი არეულობების წამოსაწყებად. ალექსანდრიიდან სირიაში გაემართა და მერე პონტოში, შეშფოთებული იყო მითრიდატე დიდის შვილზე, ფარნაკეზე მოსული ცნობებით, რომელმაც ისარგებლა ომის დაწყების შესაძლებლობით და უკვე მთვრალიც გახლდათ მრავალი გამარჯვებით. თავისი იქ ჩასვლის მეხუთე დღეს, გამოჩენიდან მეოთხე საათზე, კეისარმა დაამარცხა იგი ერთადერთ ბრძოლაში. მერე ხშირად იხსენებდა, თუ როგორ გაუმართლა პომპეუსს, მხედარმთავრის დიდება მოეპოვებინა ისეთ მტერზე გამარჯვებით, რომელმაც ბრძოლა არ იცის. ამის მერე აფრიკაში სციპიონი და იუბა დაამარცხა, რომლებთანაც თავშესაფარს ეძებდნენ მოწინააღმდეგის გადარჩენილი მომხრეები; და ესპანეთში - პომპეუსის შვილები. 36. მთელ ამ სამოქალაქო ომში ერთხელაც არ დამარცხებულა. წარუმატებლობების გადატანა მხოლოდ მის ლეგატებს უხდებოდათ: გაიუს კურიო აფრიკაში მოკლეს, გაიუს ანტონიუსი ილირიკუმში მტერს ჩაუვარდა ტყვედ, პუბლიუს დოლაბელამ იმავე ილირიკუმში თავისი ფლოტი დაკარგა, ხოლო გნეუს დომიციუს კალვინუსმა პონტოში - თავისი ჯარი. თავად კეისარი შეუცვლელად იბრძოდა შესანიშნავი გამარჯვებებით, საეჭვო წარმატებები რა იყო, არ იცოდა, ორი შემთხვევის გარდა: ერთხელ დირაქიუმთან, როცა პომპეუსმა გააქცია, მაგრამ არ დასდევნებია, შესძახა, რომ პომპეუსმა არ იცის გამარჯვება; და მეორედ, ესპანეთის ბოლო ბრძოლაში, - როცა დარწმუნდა, რომ ბრძოლა წააგო, თავის მოკვლას აპირებდა. 37. ომის დამთავრება ხუთი ტრიუმფით აღნიშნა: ოთხი ერთ თვეში, მაგრამ შუალედებით, - სციპიონზე გამარჯვების შემდეგ, და მეხუთე - პომპეუსის შვილებზე გამარჯვებისას. პირველი და ყველაზე ბრწყინვალე ტრიუმფი გალიისა იყო, მერე - ალექსანდრიისა, შემდეგ - პონტოსი, კიდევ - აფრიკული და ბოლოს - ესპანური, და თითოეული გამოირჩეოდა სხვებისგან თავისი განსაკუთრებული სიუხვითა და მოწყობით.გალური ტრიუმფის დროს ველაბრუმზე ღერძი გაუტყდა და კინაღამ გადმოვარდა ეტლიდან. კაპიტოლიუმზე ცეცხლის თანხლებით შევიდა, ორმოცი მაშხალიანი სპილო მოჰყვებოდა მარჯვნივ და მარცხნივ. პონტოს ტრიუმფში სხვა საგნებს შორის პროცესიას მოჰქონდა სამსიტყვიანი წარწერა: „მივედი, ვნახე, გავიმარჯვე“, - როგორც წესი, ამით ომის მოვლენას კი არ აღნიშნავდა, არამედ მისი დამთავრების სიჩქარეს. 38. თავის ძველ ლეგიონერებს ალაფიდან ოცდაოთხი ათასი სესტერცი დაურიგა, თუ არ ჩავთვლით ორი ათასს, გადახდილს სამოქალაქო ომის დაწყებისას. მიწებიც გამოუყო, მაგრამ არა ერთ ზოლად, თავისი ალაგებიდან რომ არ გაეყარა წინა მფლობელები. ხალხს დაურიგა ათი საწყაო მარცვლეული და ამდენივე ფუნტი ზეთი, ფულით კი სამას-სამასი სესტერცი, ადრე დაპირებული და კიდევ ას-ასიც იმისთვის, რომ ლოდინი მოუწიათ.ისინი, ვინც რომში ცხოვრებისათვის ორი ათას სესტერცამდე იხდიდნენ და იტალიაში - ხუთასამდე, ერთი წლით გაათავისუფლა ამ გადასახადიდან. დამატებით გამართა ლხინი და ხორციც დაარიგა, ხოლო ესპანური ტრიუმფის მერე - კიდევ ორი სადილი: პირველი ღარიბული და თავისი გულუხვობისთვის არასაკადრისი მოეჩვენა, ამიტომ ოთხი დღის შემდეგ მეორე გამართა, გაუგონრად მდიდრული. 39. სანახაობებს სულ ნაირ-ნაირს აწყობდა: გლადიატორების ბრძოლასაც, თეატრალურ წარმოდგენებს ქალაქის ყველა კვარტალში და ყველა ენაზე, დოღებს - ცირკში, ათლეტების შეჯიბრსაც და საზღვაო ბრძოლასაც. საგლადიატორო შეტაკებაში ფორუმზე სასიკვდილოდ იბრძოდნენ ფურიუს ლეპტინუსი პრეტორული გვარიდან და კვინტუს კალპენუსი, ყოფილი სენატორი და სასამართლოს ორატორი. სამხედრო ცეკვას ასრულებდნენ აზიის და ბითინიის მფლობელთა შვილები.რომაელი მხედარი დეციუს ლებერიუსი თავისი შეთხზული ფარსის დეკლამაციით გამოვიდა თეატრში, ჯილდოდ ხუთასი ათასი სესტერცი და ოქროს ბეჭედი მიიღო, და პირდაპირ სცენიდანვე გადაიარა ორქესტრა და თავისი ადგილისკენ გასწია პირველ თოთხმეტ რიგში. დოღებზე, რომლისთვისაც ცირკი ორივე მხრიდან გაფართოვდა და წყლიანი თხრილი შემოერტყა გარს, დიდგვაროვანი ოჯახის ახალგაზრდები მართავდნენ ოთხცხენიან და ორცხენიან სარბოლო ეტლებს. ორი ცხენით ერთდროულად გამოჭენებულები, ერთიდან მეორე ცხენამდე იხრებოდნენ და ხტომას აჩვენებდნენ. ტროას თამაშს ორ ჯგუფად, უფროსებად და უმცროსებად დაყოფილი ბიჭები ასრულებდნენ.ველური ცხოველებით ბრძოლა ხუთი დღე გრძელდებოდა, ბოლოს კი ნაჩვენები იყო ორი ლეგიონის შეტაკება, ხუთას-ხუთასი ქვეითით, ოც-ოცი სპილოთი და სამას-სამასი მხედრით. საბრძოლველად რომ მეტი ფართობი ჰქონოდათ, ცირკში აიღეს მოსახვევის მოსანიშნი ბოძები და მათ ადგილზე ორი ბანაკი ააშენეს ერთიმეორის საპირისპიროდ. ათლეტები ერთმანეთს სამი დღის განმავლობაში ეჯიბრებოდნენ დროებით სტადიონზე, რომელიც მარსის მინდვრის მახლობლად აიგო.საზღვაო ბრძოლისთვის ტბის ალაგი გათხარეს პატარა კოდეტას მინდორზე. ბრძოლაში მონაწილეობდნენ ბირემები, ტირიულისა და ეგვიპტურის მსგავსი ტრიტემები, უამრავი მებრძოლით. ამ სანახაობისთვის ყოველი მხრიდან იმდენი ხალხი მოაწყდა, რომ ბევრი ჩამოსული ქუჩებში და ქუჩაბანდებში გამართულ კარვებში ათევდა ღამეს, ხოლო ჭყლეტა იმისთანა იყო, რომ ბევრი სასიკვდილოდ დაშავდა, მათ შორის ორი სენატორიც. 40. მერე სახელმწიფოებრივი საქმეების მოწყობას მიჰყო ხელი. თავდაპირველად ქურუმების დაუდევრობით არეულ-დარეული კალენდარი შეასწორა, რომლებსაც თავის ნებისაებრ შიგ ისე ჩაესვათ თვეები და დღეები, რომ მომკლეთა ზეიმი ზაფხულს ასცდენოდა, ხოლო ყურძნის მოკრეფისა - შემოდგომას. მზის მოძრაობის გამოყენებით დაადგინა წელიწადში სამას სამოცდახუთი დღე, და ჩასმული თვის ნაცვლად ერთი დამატებული დღე ყოველ ოთხ წელიწადში. დროის სწორი ათვლა რომ დაწყებულიყო მომდევნო იანვრის კალენდებიდან, ნოემბერსა და დეკემბერს შორის ორი სხვა თვე ჩასვა. ასე რომ, წელიწადი, როცა ეს გარდაქმნები ხდებოდა, თხუთმეტთვიანი აღმოჩნდა, თუ ჩვეულებრივ, იმ წელიწადს ჩასასმელ თვესაც მივათვლიდით. 41. შეავსო სენატი, მოხუც პატრიციებს ახლები დაუმატა. გაზარდა პრეტორების, ედილების, კვესტორების რაოდენობა და უმცროსი მოხელეებისაც კი. იმათ, ვისაც ცენზორების მიერ წოდება ჰქონდა ჩამორთმეული ანდა სასამართლოს მიერ მოსყიდვისთვის იყო გასამართლებული, უფლებები აღუდგინა. არჩევნები ხალხთან ერთად გაიყო: კონსულობის მაძიებელთა გამოკლებით, კანდიდატების ნახევარი ხალხის სურვილით აირჩეოდა, მეორე ნახევარი კი კეისრის დანიშვნით. ნიშნავდა ამნაირი მოკლე ჩანაწერებით, რომლებიც ტრიბებში იგზავნებოდა: „დიქტატორი კეისარი - რომელიმე ტრიბს. თქვენს წინაშე წარმოვადგენ ამას და ამას, რათა თქვენი არჩევანისამებრ მიიღოს თავისთვის სასურველი წოდება“. თანამდებობებზე იმათი შვილებიც დაუშვა, ვინც პროსკრიპციის დროს სიკვდილი მიუსაჯეს. სასამართლოში ორი მოსამართლის დეკურია დატოვა: სასენატორო და მხედრული; მესამე - ხაზინის (ერარული) ტრიბუნებისა კი გააუქმა. მოქალაქეთა აღწერა ჩაატარა არა ჩვეულ ადგილას და არა ჩვეული წესით, არამედ კვარტალების მიხედვით და სახლების მფლობელთა დახმარებით, და ხაზინიდან პურის მიმღებთა რაოდენობა სამას ოცი ათასიდან ასორმოცდაათი ათასამდე შეამცირა. ხოლო სიების განახლების დროს ახალი არეულობები რომ არ მომხდარიყო, განაწესა, რომ ყოველ წელს პრეტორს კენჭისყრით ჩაენაცვლებინა გარდაცვლილი მიმღებები ახლებით, იმათი რიცხვიდან, ვინც სიებში არ იყო მოხვედრილი. 42. ამას გარდა, ოთხმოცი ათასი მოქალაქე ზღვისგაღმა კოლონიებში ჩაასახლა. ქალაქის შეთხელებული მოსახლეობის შევსების მიზნით გამოსცა კანონი, რომ არც ერთ ოცზე მეტი და ორმოცზე ნაკლები წლის მოქალაქეს, თუ არ იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, უფლება არ ჰქონდა, სამ წელზე მეტი ხნით მიეტოვებინა იტალია; და სენატორების შვილებიდან არავინ წასულიყო ქვეყნიდან სხვაგვარად, თუ არა თანამდებობის პირის სამხედრო ან სამოქალაქო ამალის შემადგენლობაში ყოფნით; და ნახირის მფლობელებს თავიანთი მწყემსების არანაკლებ მესამედისა აეყვანათ მოზრდილი, თავისუფალი ადამიანებიდან. ყველას, ვინც რომში მედიცინას ემსახურებოდა, და კეთილშობილ ხელოვნებათა ყველა მასწავლებელს რომის მოქალაქეობა აჩუქა, რომ მეტი მონდომებით დასახლებულიყვნენ ქალაქში და სხვებიც მოეყვანათ. ვერ გაამართლა არაერთხელ გაჩენილი იმედები სესხების ვალდებულებების შეცვლაზე, მაგრამ ბოლოს დაადგინა, რომ მევალეების გადასახადები მსესხებლებისგან განსაზღვრულიყო იმ ღირებულებით, როგორებიც ჰქონდა მათ მამულებს სამოქალაქო ომამდე, და ვალის მთლიან თანხას ჩამოეწერებოდა ყველა გადახდები ანდა გადარიცხვები პროცენტებით. ეს კი ვალს თითქმის მეოთხედით ამცირებდა. დაშალა ყველა კოლეგია, ყველაზე ძველების გამოკლებით. სასჯელი მოუმატა დამნაშავეებს; რაკი მდიდარი ადამიანები იმიტომაც მიდიოდნენ უკანონობაზე, რომ მთელი თავის ქონებას განდევნილობისას ისევ დაინარჩუნებდნენ ხოლმე, - კეისარმა, ციცერონის სიტყვით, დაიწყო დასჯა მოქალქის მკვლელობისათვის ქონების ჩამორთმევით, სხვა დანაშაულების დროს კი - ნახევარი ქონებისა. 43. სასამართლოს უჩვეულოდ ფხიზლად და მკაცრად მართავდა. იმათ, ვინც გამოძალვისთვის იყო გასამართლებული, სენატორების ფენიდან აძევებდა. ერთი ყოფილი პრეტორის ქორწინება წინა დღეს ქმარგაშორებულ ქალთან გააუქმა, თუმცა ღალატზე ეჭვი არა ყოფილა. უცხოურ საქონელზე ბაჟი დააწესა. ტახტრევნები, ასევე სადაფის კაბები და მარგალიტის სამკაულები მხოლოდ განსაზღვრულ პირთა გამოსაყენებლად დატოვა, განსაზღვრულ ასაკში და განსაზღვრულ დღეებში. განსაკუთრებით სასტიკად იცავდა ფუფუნების წინააღმდეგ კანონებს. ბაზრის გარშემო დარაჯები განალაგა, რათა ჩამოერთვათ და მისთვის წარმოედგინათ აკრძალული სანოვაგე, ხოლო თუ რამე გამოეპარებოდათ, ხანდახან გააგზავნიდა ლიკტორებს ჯარისკაცების თანხლებით, რათა აეღოთ უკვე მიტანილი კერძები პირდაპირ მაგიდებიდან. 44. დღითიდღე უფრო და უფრო დიად და მრავალრიცხოვან გეგმებს ჩაიფიქრებდა ხოლმე დედაქალაქის მოსაწყობად და დასამშვენებლად, იმპერიის გასაძლიერებლად და გასაფართოებლად: პირველ რიგში, მარსის ტაძარი ისე განაახლა, როგორიც არასოდეს ყოფილა, რომლისთვისაც ის ტბა ამოავსო და მოასწორა, სადაც საზღვაო ბრძოლებს მართავდა, ხოლო ტარპეის კლდის ფერდობზე დიდებული თეატრი მოაწყო. სამოქალაქო სამართალი მოეყვანა სათანადო წესრიგში, რამდენიმე წიგნში შეერჩია ყველაფერი საუკეთესო და საჭირო უამარავი კანონიდან; გაეხსნა რაც შეიძლება მდიდარი ბიბლიოთეკები, ბერძნული და ლათინური, და მათი შედგენა მარკუს ვარონს მიანდო; ამოეშრო პომპტინეს ჭაობები; ფუკინუსის ტბის დონე დაეწია; გზა გაეყვანა ადრიატიკიდან აპენინის ქედის გადავლით ტიბრამდე; ისტმი გადეთხარა არხით; დაეშოშმინებინა თრაკიაში და პონტოში შემოჭრილი დაკიელები; მერე კი პართელებზე ელაშქრა მცირე არმენიის გავლით, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა იქამდე არ მიეღო, სანამ წინასწარ კარგად არ გაიცნობდა მოწინააღმდეგეს. ამგვარ ჩანაფიქრებში და საქმეებში წამოეწია სიკვდილი. თუმცა სანამ ამაზე ვიტყოდეთ, ზედმეტი არ იქნება მოკლედ გადმოვცე ყველაფერი, რაც შეეხება მის გარეგნობას, ჩვეულებებს, სამოსს, ზნეობას, ასევე მის მოღვაწეობას საომარ და მშვიდობიანობის დროს. 45. ამბობენ, რომ მაღალი იყო, თეთრი, კარგი აგებულების, სახე ცოტა სრული, თვალები შავი და ცოცხალი. ჯანმრთელობა შესანიშნავი ჰქონდა, მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს დაეწყო უცაბედი გულისწასვლები და ღამის კოშმარები, ვარჯიშისას ორჯერ ჰქონდა ბნედის შეტევები. თავის სხეულს მეტისმეტი გულმოდგინებით უვლიდა, მარტო კი არ იკრეჭდა და იპარსავდა, იგლეჯდა კიდეც, და ამაზე ბევრი საყვედურობდა. სიმელოტეს ვერ იტანდა, რაკი ხშირად იწვევდა ავისმოსურნეთა სიცილს. ამიტომ შეთხელებულ თმას კეფიდან შუბლზე გადმოივარცხნიდა ხოლმე. დიდი სიამოვნებით მიიღო და სარგებლობდა უფლებით, მუდმივად ეტარებინა დაფნის გვირგვინი. და იცმევდა, როგორც ამბობენ, განსაკუთრებულად, - ატარებდა სენატორის ფოჩებიან და ფურფუჭელებიან ტუნიკას, თან დაუყოვნებლივ შემოირტყამდა ხოლმე სარტყელს, ოღონდ მოფომფლოვებულად. აქედან წამოვიდა სულას ნათქვამი, რომელიც ხშირად სთხოვდა ოპრიმატებს, - ეფრთხილათ ცუდად სარტყელშემოხვეულ ყმაწვილთან. 46. თავიდან სუბურაზე მოკრძალებულ სახლში ცხოვრობდა, ხოლო როცა დიდი პონტიფიკოსი გახდა, დასახლდა წმინდა გზაზე მდგარ სახელმწიფო შენობაში. ბევრი წერს, რომ ძალიან უყვარდა ელეგანტურობა და ფუფუნება. ამბობენ, რომ ტბა ნემისთან დიდ ფულად საძირკველი ჩაუყარა და ააშენა ვილა, მაგრამ მთლად არ მოეწონა და საძირკვლამდე დაანგრია, თუმცა ისევ ვალებში იყო. ლაშქრობებში თან დაჰქონდა მოზაიკური იატაკები. 47. ამბობენ, რომ დიდ ბრიტანეთში მარგალიტის მიღების იმედით შეიჭრა. და რომ მარგალიტების სიდიდის შესადარებლად, ხშირად ეწყო ისინი ხელისგულებზე. ძვირფასი ქვების, ჭედურობების, სტატუეტების და ძველი ნახატების გულმოდგინე კოლექციონერი იყო. მშვენიერ და სწავლულ მონებს ისეთ გაუგონარ ფასებად ყიდულობდა, რომ თავადვე რცხვენოდა და წიგნებში მათ შეტანას კრძალავდა. 48. პროვინციებში მუდმივად ორ მაგიდაზე აწყობდა სადილს, ერთზე სხდებოდნენ სტუმრები სამხედრო ლაბადებით ბერძენი მეგობრები, მეორეზე - სტუმრები ტოგებით და ყველაზე ცნობილი ადგილობრივი მცხოვრებნი. სახლში წესრიგს იმდენად მკაცრად იცავდა დიდსა თუ პატარა საქმეში, რომ ერთხელ მცხობელს ხუნდები დაადო იმისთვის, რომ სტუმრებს ისეთივე პური არ მიუტანა, როგორიც ბატონს. სხვა დროს სიკვდილით დასაჯა თავისი გააზატებული კაცი რომაელი მხედრის ცოლის შეცდენისათვის, თუმცა ამაზე არავინ ჩიოდა. 49. სიბრძნეში მისი ერთადერთი ლაქა იყო მეფე ნიკომედესთან თანაცხოვრება. ეს იყო მძიმე და წარმოუდგენელი სირცხვილი, თავს რომ დაიტეხა მასობრივ ჭორებად. არ ვლაპარაკობ ლიცინიუს კალვას ცნობილ სტრიქონებზე: ...და ყველა დანარჩენი, რასაც ბითინიელებიდან ფლობდა კეისრის უკანა მეგობარი. ხმას არ ამოვიღებ დოლაბელას და კურიო უფროსის სიტყვებზე, სადაც დოლაბელა ეძახის „მეფის საგებელს“ და „დედოფლის გამშორებელს“, ხოლო კურიო - „ნიკომედის მოწყვლად ადგილს“ და „ბითინიელ მოშუშულ ხორცს“. არ ვლაპარაკობ ბიბლუსის ედიქტებზე, რომელშიც თავის კოლეგას ბითინიელ დედოფალს ეძახის და აცხადებს, - ადრე მეფე უნდოდა, ახლა მეფობაო. იმავდროულად, მარკუს ბრუტუსის სიტყვებით, რომელიღაც ოქტავიუსმა, სუსტი ჭკუისა და ამიტომ ენააშვებულმა კაცმა, მთელ ხალხში პომპეუსს მეფე დაუძახა, ხოლო კეისარს - დედოფალი. მაგრამ გაიუს მემიუსი სიტყვას აწყვეტინებს იმით, რომ ის იდგა ნიკომედესთან ღვინისდამსხმელად სხვებთან ერთად დიდ ქეიფში, სადაც ესწრებოდა ზოგიერთი სტუმარი რომის ვაჭრებიდან, რომლებსაც სახელებით ჩამოთვლის. ციცერონი ზოგიერთ თავის წერილში წერს, როგორ წაიყვანეს მეფის მსახურებმა კეისარი საძინებელში, როგორ დაწვა ძოწეულის სამოსელში გამოწყობილი ოქროს ტახტზე და როგორ გაიხრწნა ბითინიაში ამ ვენერას შთამომავლის სიყმაწვილის ყვავილი. უფრო მეტიც, როცა ერთხელ კეისარი ლაპარაკობდა ნისას, ნიკომედესის ქალიშვილის დასაცავად და ჩამოთვლიდა ყველა დამსახურებას, რაც მეფეს მისთვის გაუწევია, ციცერონმა გააწყვეტინა: „მოვეშვათ ამას, გთხოვ. ყველამ მშვენივრად იცის, რაც მოგცა იმან და შენ რაც მიეცი!“ და ბოლოს, გალიის ომის ტრიუმფის დროს, ეტლს ადევნებულები სხვა დამცინავ სიმღერებთან ერთად ამასაც, ძალიან გახმაურებულსაც მღეროდნენ: კეისარი გალებს იპყრობს, ნიკომედეს - კეისარს: ახლა კეისარი ზეობს გალთა მპყრობელ მეისრად, - ნიკომედეს არ ზეიმობს, მეისრად ჰყავს კეისარს. 50. სასიყვარულო შექცევისას, საერთო აზრით, ხარბი და მფლანგველი იყო. ბევრი ცნობილი ქალის საყვარელი იყო, მათ შორის პოსტუმიასი, სერვიუს სულპიციუსის ცოლისა; ლოლიასი, აულუს გაბინიუსის ცოლისა; ტერტულასი, მარკუს კრესუსის ცოლისა და თვით მუციასი, გნეუს პომპეუსის ცოლისა. მართლაც, მამა-შვილი კურიოები და სხვაც მრავალი პომპეუსს საყვედურობდნენ, რომ ხელისუფლების წყურვილის გამო ცოლად მოიყვანა იმ კაცის ქალიშვილი, ვისი გულისთვისაც გააგდო ცოლი, სამი შვილი რომ გაუჩინა, და რომელსაც ოხვრით იგონებდა, როგორც თავისი ეგისთუსს. მაგრამ ყველაზე მეტად მარკუს ბრუტოსის დედა, სერვილია უყვარდა, ვისთვისაც თავისი პირველი კონსულობისას ექვსმილიონიანი მარგალიტი იყიდა, ხოლო სამოქალაქო ომში, სხვა საჩუქრები რომ არ ჩავთვალოთ, ლამის უფასოდ მიჰყიდა აუქციონიდან უმდიდრესი აგარაკი. როცა ბევრი გაოცებული იყო ასეთი სიიაფით, ციცერონმა მახვილგონივრულად შენიშნა: „რით არის ცუდი გარიგება, თუკი მესამედი ნაწილი გამყიდველთან რჩება?“ როგორც ეჭვობდნენ, სერვილიას თავისი საკუთარი შვილი იუნია ტერცია საყვარლად დაუდიოდა კეისართან. 51. პროვინციებშიც რომ არ ეხსნებოდა სხვის ცოლებს, ის ორსტროფედიც აჩვენებს, რომელსაც გალიის ტრიუმფში მღეროდნენ ჯარისკაცები: უდარაჯეთ, არ მოშორდეთ ცოლებს, ქალაქს მოდის თავმელოტი მაცდური. აქ ნასესხებ ფულის მაღალ გორებს გალიაში ფლანგვა უნდა კაცური. 52. მის საყვარლებში დედოფლებიც იყვნენ ევნოე მავრის ჩათვლით, ბოგუდესის ცოლისა და, როგორც ნაზონი წერს, ცოლსაც და ქმარსაც მრავალრიცხოვან და ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდა. მაგრამ ყველაზე მეტად კლეოპატრა უყვარდა, ვისთანაც არაერთხელ მოულხენია გათენებამდე. მზად იყო, კლეოპატრას მდიდრულ სათავსოებიანი ხომალდით გადაეცურა მთელი ეგვიპტე ეთიოპიამდე, ჯარს რომ უარი არ ეთქვა უკან მიყოლაზე. ბოლოს რომში მიიწვია და მანამდე არ გაუშვა, სანამ დიდი პატივით არ მიიღო და ძვირფასი საჩუქრები არ უძღვნა, თანაც კლეოპატრას უფლება მისცა, რომ თავისი ახლად დაბადებული შვილისთვის კეისრის სახელი დაერქმია. ზოგიერთი ბერძენი მწერალი აცხადებს, რომ ეს შვილი კეისარს ჰგავდა სახითაც და აგებულებითაც. მარკუს ანტონიუსი უმტკიცებდა სენატს, რომ კეისარმა ბიჭი თავის შვილად აღიარა და რომ ეს ცნობილია გაიუს მათიუსისთვის, გაიუს ოპიუსისთვის და კეისრის სხვა მეგობრებისთვის. თუმცა ამ გაიუს ოპიუსმა მთელი წიგნი დაწერა იმის მტკიცებაში, რომ ბავშვი, რომელსაც კლეოპატრა კეისრის შვილად ასაღებდა, სინამდვილეში სულაც არ არის კეისრისა. ჰელვიუს ცინა, ქალაქის თავისუფალი მოსახლეობის ტრიბუნი, აღიარებდა, რომ დაწერილი და მომზადებული ჰქონდა კანონპროექტი, რომლის დასამტკიცებლად გატანაც კეისარმა უბრძანა თავის არყოფნაში; ამ კანონის მიხედვით კეისარს უფლება ეძლეოდა, რამდენიც და როგორიც უნდოდა, იმდენი და ისეთი ქალი მოეყვანა ცოლად, მემკვიდრეების გაჩენის მიზნით. ბოლოს, ეჭვები რომ აღარ დარჩეს მისი უზნეობითა და გარყვნილობით შექმნილ სამარცხვინო სახელზე, მოგაგონებთ, რომ კურიო უფროსმა რომელიღაც სიტყვაში მოიხსენია ყველა ცოლის ქმრად და ყველა ქმრის ცოლად. 53. ცოტა ღვინოს რომ სვამდა, მტრებიც კი ვერ უარყოფდნენ. მარკუს კატონს ეკუთვნის სიტყვები: „ყველასგან განსხვავებით კეისარი ფხიზელი აწყობს სახელმწიფო გადატრიალებას“. საკვებთან დამოკიდებულებაში, როგორც გაიუს ოპიუსი გვიჩვენებს, იმდენად არაჭირვეული იყო, რომ როცა ვინმეს სადილზე ახლის მაგივრად ძველი კარაქი ჰქონდა მოტანილი და დანარჩენი სტუმრები უარს ამბობდნენ ჭამაზე, კეისარი მარტო იღებდა ჩვეულებრივზე მეტს, რათა არ ჰგონებოდათ, თითქოს გაუფრთხილებლობის ანდა თავაზიანობის გამო საყვედურობდა მასპინძელს. 54. უანგარობა არ აღმოაჩნდა არც სამხედრო, არც სამოქალაქო პოსტებზე. ზოგიერთი თანამედროვის მოგონებით, ესპანეთში პროკონსულობისას არა მარტო მდაბიოსავით სთხვოდა ფულს მოკავშირეებს თავისი ვალების გადასახდელად, არამედ თავს ესხმოდა და ლუზიტანიელებს რამდენიმე ქალაქი გაუძარცვა, როგორც ომში, თუმცა ისინი თანახმანი იყვნენ მის მოთხოვნებზე და კარიბჭეებსაც უღებდნენ. გალიაში ტაძრების სიწმინდეები და ღმერთების ტაძრებს ძარცვავდა და ქალაქებს აკოტრებდა უფრო ხშირად ალაფისათვის, ვიდრე დასასჯელად. ამიტომ აღმოაჩნდა იმდენი ოქრო, რომ იტალიაში ერთ ფუნტს სამი ათას სესტერცად ჰყიდდა. თავისი პირველი კონსულობისას კაპიტოლიუმის ტაძრიდან სამი ათასი ფუნტი ოქრო მოიპარა და იმის მაგივრად იმდენივე მოოქროვილი სპილენძი დადო. ვაჭრობდა კავშირებით და სამეფოებით, მხოლოდ პტოლემეოსს საკუთარი თავისა და პომპეუსის გამოსასყიდად ექვსი ათასი ტალანტი გამოსძალა. შემდეგში მხოლოდ დაუფარავმა გაძარცვებმა და მკრეხელობებმა შეაძლებინა დაეფარა სამოქალაქო ომის, ტრიუმფებისა და სანახაობების ხარჯები. 55. მჭევრმეტყველებაში და სამხედრო ხელოვნებაში არანაკლები დიდება მოიპოვა, ვიდრე ამ ხელობათა საუკეთესო მცოდნეებმა. დოლაბელას ბრალდების შემდეგ ყველამ უკამათოდ აღიარა ერთ-ერთ საუკეთესო სასამართლოს ორატორად მთელ რომში. ყოველ შემთხვევაში, ციცერონი ორატორებს რომ ჩამოთვლის თავის „ბრუტუსში“, აცხადებს, რომ არავინ უნახავს კეისარს რომ აღმატებოდა და უწოდებს მის სიტყვას დახვეწილს, ბრწყინვალეს და დიდებულსაც და კეთილშობილსაც კი. ხოლო კორნელიუს ნეპოტუსს ასე სწერდა: „როგორ? ვის ამჯობინებ ამას იმ ორატორებიდან, რომლებმაც არაფერი იციან, თავისი ხელოვნების გარდა? ვინ უფრო მახვიგონიერია და მდიდარი აზრებით? ვინ უფრო მრავალფეროვანი და დახვეწილია გამოთქმებით?“ როგორ ჩანს, მჭევრმეტყველების მაგალითად, უფრო ახალგაზრდობაში, მან აირჩია კეისარ სტრაბონიუსი, იმისი სარდინიელების დასაცავი სიტყვიდან რაღაც-რაღაცეები სიტყვასიტყვით გადაიტანა თავის შესავალ სიტყვაში. როგორც გადმოგვცემენ, მჟღერი ხმით ლაპარაკობდა, მგზნებარე, მაგრამ სასიამოვნო მოძრაობებით და ჟესტებით დაგვიტოვა რამდენიმე სიტყა, თუმცა ზოგიერთი ტყუილად მიეწერება. ავგუსტუსი არცთუ უსაფუძვლოდ თვლიდა, კვინტუს მეტელიუსის დასაცავი სიტყვა თავად კეისრის მიერ არ ყოფილა გამოცემული, არამედ ჩამწერის სტენოგრაფიული ნამუშევარია, ორატორის სიტყვას რომ ვერ დასწეოდა. ზოგიერთ ჩანაწერში ვნახე სათაური „მეტელიუსის დასაცავად“ კი არა, „მეტელიუსისთვის“, თუმცა იქ კეისარი თავისი მხრიდან ლაპარაკობს, საკუთარ თავსა და მეტელიუსს იცავს მათი საერთო მაძაგებლების ბრალდებებისგან. სწორედ ასევე ცდილობს ავგუსტუსი კეისარს მიაწეროს სიტყვა მეომრების წინაშე ესპანეთში; სხვათა შორის, ცნობილია ორი ასეთი სიტყვა, ერთი პირველი ბრძოლის წინ და მეორე - მეორე ბრძოლის დაწყებამდე, თუმცა ასპინიუს პოლიონი წერს, რომ ამ დროს მტრის მოულოდნელი თავდასხმისას დრო არა ჰქონდა ამხელა სიტყვების სათქმელად. 56. დატოვა „ჩანაწერები“ თავის მოქმედებებზე გალიის ომში და პომპეუსთან სამოქალაქო ომში. ვის ეკუთვნის ჩანაწერები ალექსანდრიის, აფრიკის და ესპანეთის ომებზე, უცნობია. ერთნი ოპიუსს ასახელებენ, სხვები ჰირციუსს, რომელმაც დაამთავრა აგრეთვე კეისრის მიერ დაუსრულებლად დატოვებული ბოლო წიგნი „გალიის ომები“. კეისრის ჩანაწერებს ასე ეხმაურებოდა ციცერონი იმავე „ბრუტუსში“ - „მისი შეთხზული ჩანაწერები უმაღლეს ქებას იმსახურებს, მათში არის შიშველი უბრალოება და მომხიბვლელობა, თავისუფალი მდიდრული ორატორული სამოსელისგან. მხოლოდ ის უნდოდა, რომ ყველაფერი მოემზადებინა იმათთვის, ვინც ისტორიის დაწერას მოინდომებდა, მაგრამ იმ ბრიყვებს აამა, რომელთაც მოესურვებათ მისი მოთხრობის შელამაზება თავისი დახუჭუჭებითა და კაულებით, გონიერი ხალხი იმის დაწერილის მერე კალამს აღარ მოჰკიდებს ხელს“. ხოლო გირციუსი იმავე „ჩანაწერებში“ ასე ამბობს: „ისეთი ერთსულოვანი მოწონებით შეხვდნენ, რომ, ეტყობა, იმდენს არ იძლევიან, რამდენსაც ართმევენ მასალას ისტორიკოსებს. ჩვენ უფრო მეტად, ვიდრე ვინმე სხვა აღფრთოვანებული ვართ მისით: ყველამ იცის, როგორ კარგად და ზუსტად, ჩვენ კი ისიც ვიცით, როგორ მსუბუქად და სწრაფად დაწერა იგი კეისარმა“. ასინიუს პოლიონი აღმოაჩენს, რომ „ჩანაწერები“ დაწერილია საჭირო გულმოდგინების და ჭეშმარიტებაზე ზრუნვის გარეშე. ბევრი რამ სჯეროდა იქიდან, რასაც სხვები აკეთებდნენ და ბევრს ამახინჯებს, რასაც თავად აკეთებდა, განზრახ ანდა გულმავიწყობით. სხვათაშორის, პოლიონი ვარაუდობს, რომ კეისარი გადააკეთებდა და შეასწორებდა ამ ნაშრომს. კიდევ დატოვა ორი წიგნი „ანალოგიებზე“, ამდენივე წიგნი „კატონის წინააღმდეგ“ და, ბოლოს, პოემა სათაურით „გზა“. ამ თხზულებებიდან პირველი ალპებზე გადასვლისას დაწერა, ჯარით რომ ბრუნდებოდა ახლოგალიიდან სასამართლო შეკრების შემდეგ. მეორე - მუნდასთან ბრძოლის დროს. საბოლოო - როცა ოცდაოთს დღეში რომიდან შორეულ ესპანეთში გადავიდა.აგრეთვე არსებობს მისი მოხსენებები სენატში. როგორც ჩანს, კეისარმა პირვლმა მისცა მათ სამახსოვრო და ფურცლებიანი წიგნის ფორმა, როცა ადრე კონსულები და მხედართმთავრები პირდაპირ ფურცლებზე წერდნენ, ზემოდან ქვემოთ. არსებობს მისი წერილები ციცერონისადმი და წერილები ახლობლებთან შინაურ საქმეებზე, რომლებშიც თუ რამის თქმა უნდოდა დაფარულად, საიდუმლო წერის მეთოდით სარგებლობდა, ანუ ასოებს ისე ცვლიდა, რომ იმათგან არც ერთი სიტყვა აღარ გამოდიოდა. რომ გავარჩიოთ და წავიკითხოთ ისინი, მაგალითად, D ასო A-ს მაგივრად იქნება და ასე შემდეგ. ასევე ცნობილია ზოგიერთ თხზულებაზე, ბავშვობასა და ახალგარდობაში რომ დაუწერია, - „ქება ჰერკულესს“, ტრაგედია „ოიდიპოსი“, „რჩეული თხზულებები“. მაგრამ ყველა ამ წიგნის გამოცემა ავგუსტმა აკრძალა თავის მოკლე და ნათელად დაწერილი წერილში პომპეუს მაცერუსის მიმართ, ვისაც დავალებული ჰქონდა ბიბლიოთეკების მოწყობა. 57. იარაღსა და ცხენს შესანიშნავად ფლობდა, ამტანობა ნებისმიერ წინასწართქმულს აჭარბებდა. ლაშქრობაში ჯარის წინ მიდიოდა, ჩვეულებრივ ფეხით, ხანდახნა ცხენით, უქუდოდ, მიუხედავად მზისა თუ წვიმისა. ყველაზე გრძელ გადასვლებს დაუჯერებელი სისწრაფით ასრულებდა, მსუბუქად ჩაცმული, ქვეითად თუ დაქირავებული ფორანით, რამდენიმე ასეულ მილს გადიოდა დღეში, მდინარეებს ცურვით გადალახავდა ანდა გაბერილი ტიკებით, - ასე რომ, მასზე გავრცელებულ ცნობებს ხშირად წინ უსწრებდა. 58. ძნელია თქმა, სიფრთხილე უფრო მეტი იყო მის სამხედრო წამოწყებებში თუ სიმამაცე. არასოდეს მიჰყავდა ჯარი იმ გზებით, სადაც მოსახერხებელი იქნებოდა ჩასაფრება, თუ წინასწარ არ დაზვერავდა ადგილმდებარეობას. ბრიტანეთში მანამდე არ გადაიყვანა ჯარი, სანამ თავად არ გამოიკვლია მისადგომები, საზღვაო გზები და კუნძულთან მისასვლელები. თავისი ბანაკების ალყაზე რომ შეიტყო გერმანიაში, გალურ სამოსში გამოწყობილმა კეისარმა გაიარა მტრის პოსტები და თავისიანებს შეუერთდა. ბრუნდიზიიდან დირაქიუმში ზამთარში გაემართა, მტრის ხომალდებს შორის, თავის ჯარს ბრძანება დაუტოვა, უკან მიჰყოლოდნენ. ხოლო როცა ისინი შეყოვნდნენ და სულ ტყუილად აჩქარებდა შიკრიკების გაგზავნით, ბოლოს, თავად ღამით, საიდუმლოდ, მარტო, ლაბადაში გამოხვეული, იმათკენ გაემართა პატარა ხომალდით და იმაზე ადრე არ გამოაჩინა თავი, იმაზე ადრე არ მისცა მესაჭეს უფლება, რომ ქარიშხალს მორიდებოდა, ვიდრე ხომალდი ლამის ჩაიძირა ტალღებისგან. 59. ვერავითარი ცრურწმენა ვერ აიძულებდა თავი დაენებებინა ან გადაედო წამოწყება. არ გადაუდია გამოსვლა სციპიონისა და იუბას წინააღმდეგ იმის გამო, რომ მსხვერპლის შეწირვის დროს ცხოველი ხელიდან გაუსხლტა. როცა უკან დაიხია, გემიდან ჩამოსვლისას ეს კარგ წინასწარმეტყველებად აქცია, რაკი ასე შესძახა: „შენ ჩემს ხელში ხარ, აფრიკავ!“ იმ წინასწარმეტყველების დასაცინად, რომელიც სციპიონების სახელს ამ ქვეყნად მუდმივ ბედნიერებას და დაუმარცხებლობას მიაწერდნენ, თავის ბანაკში მიუთითებდა ერთ უბადრუკ ვინმეზე კორნელიუსების საგვარეულოდან, თავისი თავაშვებული ცხოვრების გამო სალუტიონი რომ ერქვა. 60. ბრძოლაში მარტო გათვლით კი არა, შემთხვევითაც ჩაებმებოდა ხოლმე, ხშირად ლაშქრობის დამთავრებისთანავე, ზოგჯერ ყველაზე მკაცრ უამინდობაში, როცა იმისგან ყველაზე ნაკლებად ელოდნენ ამას. მხოლოდ ცხოვრების დასასრულს გახდა ფრთხილი; ასე განსჯიდა, - რაც უფრო მეტი გამარჯვება აქვს, მით ნაკლებად უნდა დაენდოს შემთხვევას, რაკი ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოუტანს იმდენს, რამდენსაც წაართმევს ერთი დამარცხება. მტერს რომ გააქცევდა, ყოველთვის წაართმევდა ხოლმე ბანაკსაც, საშუალებას არ აძლევდა, შიშის ელდას გაევლო. თუკი გამარჯვების სასწორი ირყეოდა, ცხენებს შორს აგზავნიდა, პირველ რიგში - საკუთარს, რომ მეომრები ძალაუნებურად მტკიცედ დამდგარიყვნენ, რაკი გაქცევის საშუალება აღარ ექნებოდათ. 61. (ხოლო ცხენი შესანიშნავი ჰყავდა, კაცივით ფეხებით და ჩლიქებით, რომლებიც თითებივით იყო დანაწილებული. ეს ცხენი რომ დაიბადა, მკითხავებმა მის პატრონს უწინასწარმეტყველეს ძალაუფლება მთელ მსოფლიოზე, და მაშინ კეისარმა ფრთხილად გამოიყვანა და გახედნა, სხვა მხედრებს ის ცხენი არ იკარებდა. შემდეგში ამ ცხენის ქანდაკებაც დადგეს ვენერას ტაძართან). 62. თუკი მისი ჯარი იწყებდა უკან დახევას, მარტოდმარტო ამყარებდა წერიგს. გაქცეულებს წინ გადაუდგებოდა, მარტო იჭერდა მეომრებს, ყელში სწვდებოდა და მტრისკენ შეატრიალებდა ხოლმე. ხოლო პანიკა ისეთი იყო ხოლმე, რომ ერთხელ კეისრის დაჭერილმა მედროშემ მედლის წვერით უჩხვლიტა, სხვა მედროშემ კი ტარი შეატოვა ხელში. 63. არანაკლები ჰქონდა სულიერი ძალა, რომელიც განსაცვიფრებლად იჩენდა ხოლმე თავს. ფარსალასთან ბრძოლის შემდეგ, თავისი ჯარი აზიაში რომ გააგზავნა, გადამყვანის ნავით მიცურავდა ჰელესპონტზე, რომ უცებ გადაეყარა თავის მტერ ლუციუს კასიუსს ათი საბრძოლო ხომალდის თანხლებით. მაგრამ იმის მაგიერ, რომ გაქცეულიყო, კეისარი ახლოს მივიდა მასთან და მოითხოვა, ჩაბარებოდა და ისიც, დაემორჩილა და მისკენ გადავიდა. 64. ალექსანდრიაში, ხიდთან ბრძოლის დროს, მოულოდნელად შემოჭრილმა მტერმა აიძულა ნავამდე დაეხია. მაშინ სხვებიც ბევრნი ჩასხდნენ იგივე ნავში, კეისარი წყალში გადახტა და ცურვით მიაღწია მახლობელ ხომალდამდე, ორასი ნაბიჯი აწეული ხელით გაცურა, რათა არ დაესველებინა თავისი დაფები, თან კბილებით ეჭირა ლაბადა, მტრისთვის რომ არ დაეტოვებინა. 65. მეომრებს ზნეობით, გვარიშვილობით და სიმდიდრით კი არა, მხოლოდ სიმამაცით აფასებდა. მათთან მიმართვისას ერთნაირად მკაცრი და შემწყნარებელი იყო. ყველგან და ყოველთვის კი არ ექცეოდა მკაცრად, არამედ მარტო მტრის სიახლოვეს. მაგრამ მაშინ კი მოითხოვდა მათგან უსიტყვო მორჩილებას და წესრიგს, არ აფრთხილებდა არც ლაშქრობაზე, არც შეტაკებაზე და მუდმივ დაძაბულობაში ჰყავდა, რომ სადაც საჭირო იყო, იქით გამოეყვანა. ხშირად გამოჰყავდა საჭიროების გარეშეც, განსაკუთრებით წვიმაში და ზეიმებისას. ხშირად გასცემდა ბრძანებას, არ დაეკარგათ თვალთახედვიდან და ბანაკიდან გამოსული იმალებოდა დღისით ან ღამით, შორეულ მოგზაურობას აწყობდა, რათა გადაეღალა მისგან ჩამორჩენილი ჯარისკაცები. 66. როცა გავრცელდებოდა საშიში ხმები მტერზე, ჯარისკაცების გასამხნევებლად კი არ უარყოფდა და ამცირებდა მტრის ძალებს, პირიქით, აზვიადებდა თავისი გამონაგონებითაც. მაგალითად, როცა იუბას მოახლოების დროს ყველა დაზაფრული იყო, ჯარისკაცებს დაუძახა შეკრებაზე და უთხრა: „იცოდეთ, რამდენიმე დღეში მეფე აქ იქნება, თან ახლავს ათი ლეგიონი, ოცდაათი ათასი მხედარი, მსუბუქად შეიარაღებულები ასი ათასი, სამასი სპილო. მე ეს დანამდვილებით ვიცი; ასე რომ, აქ ზოგიერთს თავის მტვრევა და მარჩიელობა აღარ სჭირდება, პირდაპირ დაიჯეროს ჩემი სიტყვა. ამისთანებს გახვრეტილ ხომალდში ჩავსხამ და ალალბედზე შევაცურებ ზღვაში“. 67. ჯარიკაცების დანაშაულს ყოველთვის არ შეიმჩნევდა და არც ყოველთვის სჯიდა, როგორც საჭირო იყო. გაქცეულებს და მეამბოხეებს მკაცრად სჯიდა, დანარჩენს თვალს არიდებდა. ხანდახან, დიდი და წარმატებული ბრძოლის მერე ყველას ათავისუფლებდა ყველა მოვალეობისგან და ნებას აძლევდა, დაესვენათ და გაენავარდათ, რაზეც ჩვეულებრივ იკვეხნიდა, რომ მის ჯარისკაცებს კეთილსურნელებაშიც დიდებულად შეუძლიათ ომი. შეკრებებზე მათ მიმართავდა არა „მეომრებო!“, არამედ მოფერებით - „თანამებრძოლებო!“ ზრუნავდა მათ გარეგნობაზე, აჯილდოებდა ვერცხლითა და ოქროთი მოვარაყებული იარაღით, როგორც სილამაზის, ასევე იმისათვის, რომ მაგრად სჭეროდათ ბრძოლისას იმის შიშისგან, რომ არ დაეკარგათ ძვირფასი ნივთი. და ისე უყვარდა ჯარისკაცები, ტიტურიუსთან დამარცხების ამბავი რომ გაიგო, თმა-წვერი მოუშვა და სანამ შური არ იძია, არ შეუჭრია. 68. ამ ყველაფრით ჯარიკაცებში იშვიათ ერთგულებას და სიმამაცეს მიაღწია. სამოქალაქო ომი რომ დაიწყო, ყველა ლეგიონის ყველა ცენტურიონმა შესთავაზა, თავიანთი დანაზოგით აღეჭურვათ თითო მხედარი; ჯარიკაცები კი დაპირდნენ, ემსხურათ ნებაყოფილობით, ჯამაგირისა და ულუფის გარეშე; ვინც უფრო შეძლებული იყო, ვალდებულებას იღებდა, ეზრუნა ღარიბებზე. და ამ გრძელი ომის განმავლობაში არც ერთ ჯარისკაცს არ მიუტოვებია, ხოლო ბევრი ტყვე, რომლებსაც მტერი სიცოცხლის შენარჩუნებას ჰპირდებოდა, თუკი კეისრის წინააღმდეგ საომრად წავიდოდნენ, უარს ამბობდა ამაზე. შიმშილს და სხვა გაჭირვებას, დიდი მოთმინებით იტანდნენ. იქნებოდნენ ალყის შემომრტყმელები თუ ალყაში. როცა პომპეუსმა დირაქიაის სიმაგრეებში დაინახა პური ბალახისგან, რომლითაც იკვებებოდნენ, შეჰყვირა, რომ მხეცები ებრძვიან და არა ადამიანები, თან ბრძანა, რომ ეს პური წაეღოთ და არავისთვის ეჩვენებინათ, რათა მტრის მოთმინებისა და ამტანობის დანახვით იმისი ჯარიკაცები არ წამხდარიყვნენ. (3) თუ როგორ თავგანწირულად იბრძოდნენ, იქიდან ჩანს, რომ ერთადერთი დამარცხების შემდეგ დირაქიასთან, ჯარისკაცები თავად ითხოვდნენ სასჯელს; ასე რომ, მხედართმთავარს უფრო მათი დაწყნარება მოუწია, ვიდრე დასჯა. სხვა ბრძოლებში ისინი არერთხელ ადვილად სძლევდნენ მტრის ურიცხვ ურდოებს გაცილებით ნაკლები ძალებით. მეექვსე ლეგიონის ერთმა კოჰორტამ, სიმაგრეს რომ იცავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში გაუძლო პომპეუსის ოთხი ლეგიონის დაწოლას და თითქმის ყველა მებრძოლი დაეცა ისრების წვიმაში, რომლებიც კედლების შიგნით ნაპოვნი და დათვლილი შეადგენდა ასოცდაათი ათასს. (4) და ეს არც გვიკვირს, თუკი ცალკეული მეომრების გმირობებს გავიხსენებთ. მაგალითად, ცენტურიონ კასიუს სცევას ან რიგითი გაიუს აცილიუსს, სხვებზე რომ არა ვთქვათ რა. სცევამ, ამოთხრილი თვალით, თეძოში და მხარში დაჭრილმა, ას ოცი დარტყმით გახვრეტილი ფარით მაინც არ შეუშვა მტერი ჩაბარებულ ციხე-სიმაგრეში. აცილიუსს საზღვაო ბრძოლაში ხელი მოჰკვეთეს, როცა იმით მტრის კიჩოს ჩაეჭიდა, მაგრამ ის, ბერძნების სახელიან კინეგირუსის მსგავსად, მტრის ხომალდზე გადახტა და მხოლოდ ფარით გარეკა მოწინააღმდეგე. 69. გალიის ომის ათი წლის განმავლობაში მის ჯარში აჯანყებები ერთხელაც არ მომხდარა, სამოქალაქო ომში - მხოლოდ რამდენიმეჯერ. მაგრამ ჯარისკაცები მაშინვე უბრუნდებოდნენ წესრიგს, და არა იმდენად მხედართმთავრის გულსიხმიერების გამო, რამდენადაც მისადმი პატივისცემის ნიშნად. კეისარი არაფერს უთმობდა მეამბოხეებს, ყოველთვის მტკიცედ მიდიოდა მათ წინააღმდეგ. მეცხრე ლეგიონი პლაცენციას წინ ადგილზევე დაშალა სამარცხვინოდ, თუმცა პომპეუსს ჯერ არ დაეყარა იარაღი, და მხოლოდ გრძელი და დამამცირებელი მუდარის შემდეგ აღადგინა იგი, ოღონდ მოთავეები დასაჯა. 70. ხოლო როცა მეათე ლეგიონის ჯარისკაცებმა რომში მღელვარე მუქარით მოითხოვეს განთავისუფლება და ჯილდოები, მიუხედავად აფრიკაში მიმდინარე ომისა, თან დედაქალაქიც საფრთხეში იყო, - მაშინ კეისარმა, მეგობრების რჩევას ყური არ ათხოვა, უყოყმანოდ გამოვიდა ჯარისკაცებთან და ყველა გაათავისუფლა. მერე კი მიმართვით „მოქალაქენო!“, ჩვეულებრივი „მეომრებო!“-ს ნაცვლად, ანუ ამ ერთი სიტყვით ისე შეცვალა მათი განწყობა, რომ კვლავ თავისკენ მიიმხრო. ყველამ ერთხმად შესძახა, რომ მოქალაქენი კი არა, კეისრის მეომრები არიან და თავისი ნებით გაჰყვნენ აფრიკაში, თუმცა უარს ამბობდა მათ წაყვანაზე. მაგრამ აქაც დასაჯა ყველა მთავარი მეამბოხე, დაპირებული წილი და მიწა მესამედით შეუმცირა. 71. ერთგულებით და კლიენტებზე ზრუნვით ახალგაზრდობიდან გამოირჩეოდა. დიდებული ახალგაზრდა მასინთასიგი ისეთი მგზნებარებით იცავდა მეფე ჰიემპსალასგან, რომ კამათის დროს მეფის შვილს იუბას წვერზე სტაცა ხელი. ხოლო როცა მასინთა მაინც გამოცხადდა მეფის მოხარკედ, კეისარმა ხელიდან გამოსტაცა მცველებს, დიდხანს მალავდა თავისთან, მერე კი, პრეტურის შემდგომ ესპანეთში მიმავალმა, თან წაიყვანა ტახტრევნით, რომელიც გარშემორტყმული იყო გამცილებელთა ბრბოთი და ლიკტორებით. 72. მეგობრებთან ყოველთვის ყურადღებიანი და კეთილი იყო. ერთხელ, როცა გაიუს ოპიუსთან ერთად უსიერ ტყეში მიდიოდა და მოულოდნელმა ავადმყოფობამ მოცელა, კეისარმა მეგობარს ერთადერთი გადასაფარებელი დაუთმო, თავად მიწაზე ეძინა, ღია ცის ქვეშ. ხოლო როცა უკვე ხელისუფლებაში მოვიდა, ზოგიერთი მეტად მდაბიო წარმომავლობის კაცი საპატიო თანამდებობებზე აღაზევა, და საყვედურებზე პასუხად დაუფარავად განაცხადა, რომ ყაჩაღებისა და კაცისმკვლელების მიერ რომ ყოფილიყო დავალებული, იმათაც ასევე გადაუხდიდა. 73. და პირიქით, მტრობა არავისთან ჰქონდა ისეთი შეუვალი, რომ მისგან უარი არ ეთქვა პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში. გაუის მემიუსს მძვინვარე სიტყვებს ასეთივე გესლიანად პასუხობდა, მაგრამ როცა ის მალევე გამოვიდა კონსულობის მაძიებლად, ხალისით დაუჭირა მხარი. გაიუს კალვუსს, რომელმაც უხეში ეპიგრამები დაუწერა და მერე მეგობრებს სთხოვა, კეისართან შემარიგეთო, თავად პირველმა მისწერა წერილი. პოეტმა ვალერიუს კატულუსმა, რომელმაც, თავად კეისრის აღიარებით, სამუდამოდ შეარცხვინა თავის ლექსებში მამურაზე, როცა ბოდიში მოუხადა, კეისარმა იმავე დღეს მიიწვია სადილზე, ხოლო მამამისთან აგრძელებდა მეგობრულ ურთიერთობას. 74. შურისძიებაშიც კი აღმოაჩენდა ხოლმე თავისი ბუნებით სირბილეს. მეკობრეებთან, ვისაც ტყვედ ჰყავდათ, დაიფიცა, რომ ჯვარზე გააკრავდა ყველას, მაგრამ როცა ისინი შეიპყრო, ბრძანა, ჯერ მახვილით განეგმირათ და მერე გაეკრათ ჯვრებზე. კორნელიუს ფაგიტესისთვის, რომელთანაც ის, ავადმყოფი დევნილი ოდესღაც ალყაში მოხვდა ღამით და მხოლოდ ხვეწნა-მუდარითა და დიდი ფულით დაითანხმა, რომ არ გადაეცა სულასთვის, მერე არაფერი დაუშავებია. მონა ფილემონი, თავისი მდივანი, რომელიც მტრებს დაპირდა, მოეწამლა, სიკვდილით დასაჯა, მაგრამ წამების გარეშე. პუბლიუს კლოდიუსი, მისი ცოლის პომპეიას შემაცდენელი, როცა ამ საქმის გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა, როგორც სიწმინდის შემბღალავი, მაშინ მოწმედ გამოძახებულმა კეისარმა განაცხადა, რომ არაფერი იცოდა, თუმცა დედამისმა ავრელიამ და დამ იულიამ უკვე თქვეს მთელი სიმართლე იმავე მოსამართლეების წინაშე. ხოლო შეკითხვაზე, მაშ, რატომ გასცილდა ცოლს, უპასუხა: „იმიტომ, რომ, ჩემი ახლობლები, როგორც მე მგონია, თავისუფალნი უნდა იყვნენ არა მხოლოდ დანაშაულისგან, არამედ ეჭვებისგანაც“. 75. მისი გაწონასწორებულობა და გულმოწყალება როგორც სამოქალქო ომისას, ისე გამარჯვების მერეც გასაოცარი იყო. იმ დროს, როცა პომპეუსმა თავის მტრად გამოაცხადა ყველა, ვინც რესპუბლიკის დასაცავად არ აღდგებოდა, კეისარმა ბრძანა, რომ იმათ, ვინც თავი შეიკავა და არავის მიემხრო, თავის მეგობრებად ჩათვლის. ყველას, ვისაც პომპეუსის რჩევით წოდება მიანიჭა, შესაძლებლობა მისცა პომპეუსის მხარეზე გადასულივნენ. როცა ილერდაში მოლაპარაკებები მიდიოდა დანებებაზე და ორივე არმია იშვიათად თუღა შეეჯახებოდა ერთიმეორეს, აფრანიუსმა და პეტრეიუსმა, უცაბედად გადაიფიქრეს, შეიპყრეს და დახოცეს კეისრის ყველა ჯარისკაცი თავიანთ ბანაკში. მაგრამ კეისარმა არ მიბაძა მოწინააღმდეგის დანერგილ ამ ვერაგობას. ფესალასთან მოუწოდა თავის ჯარისკაცებს, დაენდოთ რომაელი მოქალაქეების სიცოცხლე, მერე კი თითოეულ თავისიანს საშუალება მისცა გადაერჩინა თითო მოწინააღმდეგე. ომის გარდა, მისგან სხვაგვარად არავინ მომკვდარა, თუ არ ჩავთვლით აფრანიუსს და ფაუსტუსს და ახალგაზრდა ლუციუს კეისარს. მაგრამ ისინიც, როგორც ვარაუდობენ, მოკლეს არა კეისრის ნებით, თუმცა პირველმა ორმა, როცა ერთხელ უკვე შენდობილი ჰქონდათ, მაინც აღმართეს მის წინააღმდეგ იარაღი, ხოლო მესამე ცეცხლით და მახვილით სასტიკად გაუსწორდა კეისრის აზატებსა და მონებს, ცხოველებიც კი ამოწყვიტა, ხალხის გასართობად რომ ჰყავდათ მომზადებული. ბოლო წლებში ყველას მისცა უფლება იტალიაში დაბრუნებულიყო, ვისაც ჯერ არ მიეღო პატიება და დაუშვა ისინი სახელმწიფო თანამდებობებზე და სამხედრო პოსტებზე. ხალხისგან დამტვრეული სულას და პომპეუსის ქანდაკებების აღდგენაც კი ბრძანა. და როცა შემდეგში მის წინააღმდეგ ითქმებოდა ან იგეგმებოდა რამე სახიფათო, ცდილობდა შეეჩერებინა, მაგრამ არ დაესაჯა. შეთქმულებებს და ღამის თავყრილობებს რომ აღმოაჩენდა, იმით იფარგლებოდა, რომ ედიქტში აცხადებდა, რომ ეს ამბავი მისთვის ცნობილია. იმათ, ვინც მასზე ბოროტად ლაპარაკობდა, მხოლოდ ურჩევდა, ასე აღარ მოქცეულიყო. მძიმე დარტყმა, რომელიც მის კარგ სახელს მიაყენა ავლა ციცინას ჭორიკნულმა წიგნმა და პითოლაუსის პასკვილებმა, მშვიდად გადაიტანა, როგორც უბრალო მოქალაქემ. 76. თუმცა ამ ყველაფერს გადაიწონის მისი სხვა რიგის სიტყვები და საქმეები. ამიტომ ითვლება, რომ დამნაშავე იყო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში და მოკლეს დამსახურებულად. მარტო ის კი არა, რომ ყველანაირ პატივს ღებულობდა, - უცვლელ კონსულობას, დიქტატურას სიცოცხლის ბოლომდე, ზნეჩვეულებებზე ზედამხედველობას, მერე კეისრის სახელს, სამშობლოს მამის წოდებას, ქანდაკებას მეფეთა სკულპტურების გვერდით, ამაღლებულ ადგილს თეატრში, - მან დაუშვა თავის საპატივცემოდ დადგენილება, ადამიანურ ზღვარს რომ სცილდებოდა: ოქროს ტახტი სენატში და სასამართლოში, წმინდა ეტლი და ტახტრევანი საცირკო პროცესიებზე, ტაძრები, სამსხვერპლოები, ღმერთების გვერდით მოხსენიება, ქურუმის ადგილი ღმერთების გამასპინძლებისათვის, ახალი ლუპერცები, ერთ-ერთ თვეს დარქმეული მისი სახელი. და მთელ ამ პატივს ღებულობდა და არიგებდა თავის ნებაზე. თავის მესამე და მეოთხე კონსულობისას მხოლოდ სახელით იყო კონსული, იმავდროულად მისთვის შეთავაზებული დიქტატორის ძალაუფლებით კმაყოფილდებოდა. ხოლო შემცვლელებად ორივეჯერ კონსულები დანიშნა, მაგრამ მხოლოდ ბოლო სამ თვეს, ასე რომ, შუალედში სახალხო შეკრებაც კი არ მოუწვევიათ, გარდა სახალხო ტრიბუნების და ედილების ასარჩევად, რადგან პრეტორებიც პრეფექტებით შეცვალა, რომლებიც მის არყოფნაში განაგებდნენ ქალაქის საქმეებს. როცა ერთი კონსული მოულოდნელად მოკვდა ახალი წლის დამდეგს, განთავისუფლებული ადგილი ერთ კანდიდატს მისცა რამდენიმე დარჩენილი საათით. კანონის ასეთივე იგნორირებით დანიშნა თანამდებობის პირები რამდენიმე წლით ადრე, ათ ყოფილ პრეტორს კონსულის ნიშნები აჩუქა, სენატში შეიყვანა ხალხი, ახალი მიღებული რომ ჰქონდათ მოქალაქობა და, მათ შორის, რამდენიმე ნახევრადველური გალი. ამას გარდა, მონეტის მოჭრისა და სახელმწიფო შემოსავლების ზედამხედველად საკუთარი მონები დაადგინა, ხოლო ალექსანდრიაში დატოვებული სამი ლეგიონის მართვა და ხელმძღვანელობა თავის ფავორიტ რუფიოს გადაცა, თავისი აზატის შვილს. 77. არანაკლებ ამპარტავნული იყო მისი ღია გამონათქვამები, რომლებზეც ტიტუს ამპიუსი გვიამბობს: „რესპუბლიკა - არარაობაა, ცარიელი სახელია უსხეულო და უსახური“; „სულამ ინჩი-ბინჩი არ იცოდა, როცა ის დიქტატურას ამყარებდა“; „მასთან, კეისართან ადამიანებმა ფრთხილად უნდა ილაპარაკონ და მისი სიტყვები კანონად ჩათვალონ“. იმდენად გაყოყლოჩინდა, რომ ერთხელ, როცა მკითხავმა ცუდ მომავალზე აცნობა, რაკი დაკლული ცხოველი უგულო აღმოჩნდა, ასე განაცხადა: „ყველაფერი კარგად იქნება, თუკი მე მოვინდომებ და იმაში, რომ საქონელს არა აქვს გული, საოცარი არაფერია“. 78. მაგრამ უდიდესი, სასიკვდილო სიძულვილი დაიტეხა თავს ამისთანა საქციელით: დიდად საპატიო დადგენილებებით გამოცხადებული სენატორები მთელი შემადგენლობით ვენერას ტაძრის წინ მჯდომარემ მიიღო. ზოგიერთი წერს, რომ თითქოს წამოდგომა დააპირა, მაგრამ კორნელიუს ბალბუსმა შეაჩერაო. სხვები, პირიქით, - თითქოს არათუ ცდილობდა, არამედ მკაცრად შეხედა გაუის ტრებანციუსს, როცა იმან წამოდგომა შესთავაზა. ეს განსაკუთრებით აღმაშფოთებლად მოეჩვენათ იმის გამო, რომ თავად, ტრიუმფისას ჩავლილმა ტრიბუნების ადგილის წინ, დაინახა, რომ არ წამოდგა ერთ-ერთი ტრიბუნი, სახელად პონტიუს აქვილა და მაშინ ისე აღშფოთდა, რომ შეჰყვირა: „რესპუბლიკა ხომ არ დაგიბრუნოთ უკან, აქვილავ, სახალხო ტრიბუნო?“ და კიდევ მრავალი დღე, ვინმეს რომ რამეს ჰპირდებოდა, დაამატებდა ხოლმე: „თუკი პონტიუს აქვილას ესიამოვნება“. 79. თავისი ქედმაღლობით უსაზღვროდ გაამწარა სენატი და ამას სხვა, უფრო თავხედური საქციელიც დაურთო. ერთხელ, როცა მსხვერპლშეწირვიდან ბრუნდებოდა ლათინურ თამაშებზე, ხალხის წარმოუდგენლად მრავალი ხელის ქნევაში, ვიღაცამ ბრბოდან იმის სტატუეტს დაფნის გვირგვინი დაადგა, თეთრი ბაწრით გადახვეული, მაგრამ სახალხო ტრიბუნებმა ეპიდიუს მარულუსმა და ცესეტიუს ფლავიუსმა ბრძანეს, ჩამოეხსნათ თეთრი ბაწარი გვირგვინიდან, ის კაცი კი ციხეში ჩაეგდოთ. კეისარმა, განაწყენებულმა ან იმ მინიშნებით, რომ სამეფო ხელისუფლებისას არ ჰქონია წარმატება, ანდა იმაზე, რომ მას, თავისივე სიტყვით, წაართვეს უფლება, თავადვე უარი ეთქვა ამაზე, ტრიბუნებს მკაცრი გაფრთხილება მისცა და თანამდებობები ჩამოართვა. მაგრამ ამ დროიდან უკვე აღარ შეეძლო ჩამოეცილებინა მეფის წოდებისკენ ლტოლვის სირცხვილი, - მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ერთ პლებეის, რომელიც როგორც მეფეს, ისე ადიდებდა, უთხრა: „მე კეისარი ვარ და არა მეფე!“. სხვა დროს, როცა ლუპერკალიებზე ტრიბუნის წინ კონსული ანტონიუსი რამდენჯერმე ცდილობდა, მისთვის დიადემა დაედგა, უარყო ეს და ის დიადემა კაპიტოლიუმზე გააგზავნა, მადლიანი და დიდებული იუპიტერის ტაძარში. მეტიც, სულ უფრო და უფრო ხშირად დადიოდა ხმები, რომ თითქოს აპირებს ალექსანდრიაში ან ილიონში გადასახლებას, და ყველა სახელმწიფოებრივი საშუალების იქ გადატანას, რაკი იტალია სამხედრო გაწვევებით სისხლისგან დაცალა, ხოლო რომის მართვას მეგობრებს გადააბარებს, და თითქოს სენატის უახლოეს სხდომაზე კვინდეციმვირილუციუს კოტა შეიტანს წინადადებას, კეისარი მეფედ გამოაცხადონ, რაკი წისაწარმეტყველთა წიგნებში ჩაუწერიათ, რომ პართელებს მხოლოდ მეფე დაამარცხებს. 80. ამან აიძულა შეთქმულები დაეჩქარებინათ ჩაფიქრებული მოქმედებები, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ ამგვარ კენჭისყრაში. სხვადასხვა აგილებზე უკვე იკრიბებოდნენ საიდუმლოდ, სადაც ორი-სამი კაცი ხვდებოდა ერთმანეთს. ახლა ყველა გაერთიანდა. უკვე ხალხიც არ იყო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის მოხარული, ჩუმად თუ ცხადლივ აღშფოთებას გამოთქვამდა დიქტატურით და განმათავისუფლებელს ეძებდა. წარწერებით: „კარგი ამბავი! ახალ სენატორებს არ აჩვენოთ გზა სენატისკენ!“ ხალხში კი ასე მღეროდნენ: გალები კეისარმა ტრიუმფზე წაიყვანა, გალებით კეისარმა სენატში დაივანა. გალებმა შარვლები გაიხადეს, ძოწის ქობიანი ტოგები გაიმზადეს. როცა სამი თვით კონსულად დანიშნული კვინტუს მაქსიმუსი თეატრში შედიოდა და ლიკტორმა, ჩვეულებრივ, ყველას შესთავაზა, მისალმებოდნენ, გაისმა შეძახილები: „ეს კონსული არ არის!“ ცაზეთიუსის და მარულუსის ტრიბუნების თანამდებობებიდან გადაყენების მერე, უახლოს არჩევნებზე მისცეს მრავალი ხმა, რომელიც მათ კონსულებად აცხადებდა. ლუციუს ბრუტუსის ქანდაკებაზე ვიღაცამ მიაწერა: „ო, შენ რომ ცოცხალი ყოფილიყავი!“, ხოლო კეისრის ქანდაკებაზე კი: ბრუტუსი პირველი კონსული გახდა, მეფე გააძევა რომიდან. ეს ბოლოს ისევ მეფე გახდა, კონსულები გაყარა რომიდან. მის წინააღმდეგ შეთქმულებაში სამოც კაცზე მეტი მონაწილეობდა. სათავეში გაიუს კასიუსი, მარკუს და დეციმიუს ბრუტუსები იდგნენ. თავიდან ყოყმანობდნენ, ხომ არ მოეკლათ მარსის მინდორზე, როცა არჩევნებზე ტრიბებს ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, - ორად გაყოფილებს, უნდოდათ ხიდურებიდან გადაეგდოთ, ქვემოთ კი გამოეჭირათ და მახვილი ჩაეცათ, - ან წმინდა გზაზე დასცემოდნენ, ანდა თეატრში შესვლისას. მაგრამ როცა გამოცხადდა, რომ მარტის იდებზე სენატი სხდომაზე შეიკრიბება კურიოს პომპეაში, მაშინ ყველამ არჩია სწორედ ეს ადგილი და დრო. 81. ამასობაში ძალადობრივი სიკვდილის მოახლოება უეჭველი წინასწარმეტყველებებით ეცნობა კეისარს. ამაზე რამდენიმე თვით ადრე ილუსიუსის კანონით კაპუაში გადასულმა ახალმოსახლეებმა ძველი საფლავები გადათხარეს, რათა აგარაკები მოეწყოთ; მეტისმეტად იბეჯითეს და მიწაში რამდენიმე ჭურჭელი ნახეს, სულ ძველი ნამუშევრები. და აი, იმ საფლავში, სადაც გადმოცემით დამარხული იყო კაპუას დამაარსებელი, კაპისი, იპოვეს სპილენძის დაფა ამნაირი შინაარსის ბერძნული წარწერით: ყოველთვის, როცა კაპისის ნეშტი შეწუხდება, როცა მისი შთამომავალი აღესრულება თანამოძმეთა ხელით, მასზე შურს იძიებენ მთელ იტალიაში უდიდესი სისხლისღვრით. ეს არ უნდა ჩაითვალოს არაკად თუ გამონაგონად, როგორც აცხადებს კორნელიუს ბალბუსი, კეისრის ახლო მეგობარი. ხოლო სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე კეისარმა გაიგო, რომ იმ ცხენების რემა, რომელიც რუბიკონზე გადასვლისას ღმერთებს მიუძღვნა და თავისუფლად გაუშვა საძოვრებზე, დაცვის გარეშე, ჯიუტად არ ჭამენ საჭმელს და ცრემლებს ღვრიან. მერე, როცა სამსხვერპლო მიუტანა, მკითხავმა სპურინამ ურჩია, საფრთხეს მორიდებოდა, რომელიც მარტის იდებამდე ელოდა. ამის შემდეგ, ამ დღის წინ კურია პომპეაში შეფრინდა პატარა ფრინველი, სახელად „მეფე-ჩიტი“, ნისკარტში დაფნის რტო ეჭირა, უკან კი მახლობელი ჭალიდან გამოდევნებული ჩიტების გუნდი მოსდევდა, რომლებმაც დაფლითეს კიდეც. ხოლო მკვლელობის წინა ღამეს სიზმარში მოეჩვენა, როგორ დაფრინავდა ღრუბლების ქვემოთ და მერე იუპიტერი მარჯვენას უწვდიდა. იმის ცოლს, კალპურნიას ესიზმრა, რომ მათ სახლში ჭერი ჩამოინგრა, და ქმარს, რომელიც ეხვეოდა, მახვილებით კლავდნენ. და მათი საძინებლის კარი თავისით იღებოდა ბოლომდე. ამ ყველაფრის გამო, აგრეთვე ავადმყოფობისა, დიდხანს ყოყმანობდა, სენატის საქმეები ხომ არ გადაედო და შინ ხომ არ დარჩენილიყო. ბოლოს, დეციმუს ბრუტუსმა დაიყოლია, დასწრებოდა მრავალკაციან და დიდი ხანია მოსალოდნელ მის შეკრებას, და ისიც შინიდან გავიდა დღის მეხუთე საათზე. შემხვედრთაგან რომელიღაცამ ჩანაწერი მიაწოდა, სადაც შეთქმულებაზე ეწერა და ამან სხვა ფურცლებს მიამატა, მარცხენა ხელში რომ ეჭირა და წაკითხვას უპირებდა. მერე რამდენიმე ცხოველი შესწირა ზედიზედ, მაგრამ კეთილისმყოფელი ნიშნები მაინც არ გამოჩნდა. ყურადღება არ მიაქცია ცუდ ნიშნებს და როცა კურიაში შევიდა, სპურინას დასცინოდა იმის გამო, რომ მიუხედავად წინასწარმეტყველებისა, მარტის იდები დადგა და არაფერი უბედურებაც არ მოუტანია. „ჰო, მოვიდა, მაგრამ არ ჩაუვლია“, - მიუგო იმან. 82. დაჯდა და შეთქმულები გარს შემოერტყნენ, ვითომ მისასალმებლად. ამ დროს ტილიუს ციმბრი რომელიც ლიდერობდა, ახლოს მივიდა, თითქოს რაღაც უნდა ეკითხა და როცა კეისარმა ანიშნა, შეჩერებულიყო, ტოგაში წასწვდა, იდაყვებს ზემოთ. კეისარმა იყვირა, - „ეს უკვე ძალადობაა!“ - და ამ დროს უკანიდან გამოსულმა კასკასმა ყელს ქვემოთ მიაყენა ჭრილობა. კეისარმა ხელი დაუჭირა კასკასს, სტილოსით დაჭრა, ცდილობს გადახტეს, მაგრამ მეორე დარტყმა შეაჩერებს. როცა დაინახა, რომ ყოველი მხრიდან გაშიშვლებული ხანჯლები შემორტყმია, თავზე ტოგას გადაიფარებს და მარცხენა ხელით მის ნაკეცებს დაუშვებს მუხლებს ქვემოთამდე, უფრო ბუნებრივად რომ დაეცეს ქუსლებამდე დაფარული. და ოცდასამი ჭრილობა მიაყენეს, მხოლოდ პირველ დარყმაზე ამოიკვნესა, არც კი დაუყვირია, - თუმცა ზოგიერთი გადმოგვცემს, მისკენ გადამხტარ მარკუს ბრუტუსს ბერძნულად უთხრა: „შენც, შვილო ჩემო?“. ყველა გაიქცა. ისღა დარჩა უსულოდ მწოლარე, სანამ სამმა მონამ ტახტრევანზე არ დააგდო და სახლისკენ არ გააქცია, ტახტრევნიდან გადმოკიდებული და აქანავებული ხელით. და ამდენი დარტყმებიდან, ექიმ ანტისტიუსის აზრით, მხოლოდ ერთი გამოდგა სასიკვდილო, - მეორე, მიყენებული მკერდში. შეთქმულები მოკლულის ცხედარს ტიბრში უპირებდნენ გადაგდებას, მის ქონებას - კონფისკაციას, კანონებს - შეცვლას, მაგრამ ვერ გაბედეს კუნსულ მარკუს ანტონიუსისა და კავალერიის უფროსის, ლეპიდუსის შიშით. 83. მოკლულის სიმამრის, ლუციუს პიზოს მოთხოვნით, ანტონის სახლში გახსნეს და წაიკითხეს მისი ანდერძი, შედგენილი ლავიკუმის მამულში, გასული წლის სექტემბრის იდებში და შენახული უფროს მაცნესთან. კვინტუს ტუბერო აცხადებს, რომ კონსულობის დროიდან სამოქალაქო ომის დაწყებამდე ის ჩვეულებრივ, თავის მემკვიდრედ აცხადებდა გნეუს პომპეუსს და ამას კითხულობდა კიდეც შეკრებილი ჯარის წინაშე. მაგრამ ბოლო ანდრეძში მემკვიდრეებად დანიშნა თავისი დების სამი შვილიშვილი. გაიუს ოქტავიუსს ქონების სამი მეოთხედი დაუტოვა. ლუციუს პინარიუსს და კვინტუს პედიუსს - დანარჩენი მეოთხედი. უფრო მეტიც, ანდერძის ბოლოში იშვილა გაიუს ოქტავიუსი და თავისი სახელი გადასცა. მრავალი თავისი მკვლელი დაესახელებინა შვილის მეურვედ, თუკი გაუჩნდებოდა, ხოლო დეციმიუს ბრუტუსი - მეორე ხარისხის მემკვიდრედაც კი. ხალხს უანდერძა ბაღები ტიბრთან საზოგადოებრივ საკუთრებაში და სამას-სამასი სესტერცი თვითოეულ მოქალაქეს. 84. დაკრძალვის დღე გამოცხადდა. მარსის მინდორზე, იულიას საფლავის მახლობლად გამართეს დასაკრძალი კოცონი, ხოლო ტრიბუნის წინ - მოოქროვილი და ვენერას ტაძრისმაგვარი ნაგებობა. შიგნით იდგა სპილოს ძვლის ტახტი, გაწყობილი ძოწით და ოქროთი, თავთან - სვეტი იმ ტანსაცმლით, რომელიც მკვლელობისას ეცვა. ნათელი იყო, რომ ყველას, ვინც შემოწირულობებით მოდიოდა, ერთი დღე არ ეყოფოდა პროცესიისათვის და მაშინ ნება მისცეს მარსის მოედანზე უწესრიგოდ, ნებისმიერი გზით მიეტანათ. დამკრძალავ თამაშებზე, ხალხში წყენა და მწუხარება რომ აღეძრათ მისი სიკვდილის გამო, პაკუვიუსის „იარაღის სასამართლოდან“ ამ ლექსს მღეროდნენ - „მე ხომ არ ვიყავ ჩემთა მკვლელთა გადამრჩენელი?“ და აგრეთვე აცილიუსის „ელექტრადან“ მსგავს სტრიქონებს. სახოტბო სიტყვის ნაცვლად კონსულმა ანტონიუსმა გამომცხადებლის პირით გაახმაურა ჯერ სენატის დადგენილება, რომელშიც კეისარს ენიჭებოდა ყველა ადამიანური და ღვთიური პატივი; შემდეგ ფიცი, სადაც სენატორები პირდებოდნენ, ყველას დაეცვა მისი უსაფრთხოება, და ამას დაურთო რამდენიმე თავისი სიტყვა. კატაფალკი ფორუმზე მიიტანეს იმ და წინა წლის მოსამართლეებმა. ერთნი წინადადებას აყენებდნენ, დაეწვათ კუბო კაპიტოლიუმზე, იუპიტერის ტაძარში, სხვები - პომპეას კურიას ასახელებდნენ და ამ დროს მოულოდნელად გამოჩნდა ორი უცნობი, მახვილებით შეიარაღებულნი, ხელშუბებს იქნევდნენ და ცვილის მაშხალებით დაწვეს ნაგებობა. გარშემორტყმყულმა ბრბომ მაშინათვე ცეცხლში გადაყრა დაუწყო - გამომშრალ ფიჩხს, სკამებს, მოსამართლეების სავარძლებს და ყველაფერს, რაც საჩუქრად იყო მიტანილი. მერე ფლეიტისტებმა და არტისტებმა დაიწყეს საგანგებოდ ტრიუმფისათვის ჩაცმული ტანისამოსის შემოგლეჯა და ცეცხლში გადაყრა. მოხუცი ლეგიონერები იარაღს წვავდნენ, რომლითაც დაკრძალვისთვის მორთულიყვნენ, ხოლო ბევრმა ქალმა - რაც მოსახურები ჰქონდათ, ბულები და ბავშვების კაბები. ამ უსაზღვრო და საერთო მწუხარებაში მრავალი უცხოელი, ხან აქ, ხან იქ დაიტირებდა მოკლულს თავისებურად, განსაკუთრებით იუდევლები, რომელბიც მერეც ბევრ ღამეს იკრიბებოდნენ ხოლმე ფერფლთან. 85. დაკრძალვის შემდეგ რომის თავისუფალი მოქალაქეები მაშხალებით ხელში გაიჭრნენ ბრუტუსის და კასიუსის სახლებისკენ, - დიდი გაჭირვებით შეაჩერეს ისინი. მაგრამ გზად ჰელვიუს ცინა გადაეყარათ, ხალხმა მოკლა, რაკი კორნელიუს ცინა ეგონა, რომელსაც ეძებდნენ წინა დღეს, შეკრებაზე კეისრის წინააღმდეგ წარმოთქმული სიტყვისთვის. ცინა თავი შუბზე წამოაცვეს და ქუჩა-ქუჩა დაატარებდნენ. შემდეგში ხალხმა ფორუმზე მთლიანი ნუმიდიური მარმარილოსგან დაახლოებით ოცი ფუტის სიმაღლის კოლონა აღმართა, წარწერით „სამშობლოს მამას“. მის ძირში კიდევ დიდხანს მიჰქონდათ შესაწირი, ფიცს აძლევდნენ და დავებსაც წყვეტდნენ კეისრის სახელის დაფიცებით. 86. ზოგიერთ მეგობარს დარჩა ეჭვი, რომ თავად კეისარს აღარ უნდოდა მეტი სიცოცხლე, ამიტომ აღარ ზრუნავდა შესუსტებულ ჯანმრთელობაზე და არ უჯერებდა წინასწარმეტყვლებებს და მეგობრების რჩევებს. სხვები ფიქრობენ, რომ ეყრდნობოდა სენატის ბოლო დადგენილებას და ფიცს, და იმის მერე უარი თქვა თავისი დაცვის, მახვილიანი ესპანელების თანხლებაზე. სხვები, პირიქით, ვარაუდობენ, რომ ერჩია ერთხელ შეხვედროდა ყოველი მხრიდან დამუქრებულ საფრთხეს, ვიდრე მუდმივ შიშში გაქცეოდა ხოლმე. ზოგიერთი გადმოგვცემს მის ხშირად ნათქვამსაც, რომ სიცოცხლე თავად მისთვის იმდენად აღარ არის ძვირფასი, რამდენადაც სახელმწიფოსთვის - თავად ხომ დიდი ხანია მიაღწია სრულ ხელისუფლებას და დიდებას. სახელმწიფოს კი, თუკი კეისარს რამე მოუვა, მოსვენება არ ექნება, ბევრად უფრო უარეს სამოქალაქო ომში ჩაეფლობაო. 87. როგორც არ უნდა ყოფილიყო, ერთ რამეში კი თითქმის ყველა თანხმდება, - სწორედ ასეთი სიკვდილი იყო მისთვის სასურველი. მაგალითად, როცა კითხულობდა ქსენოფონტესთან, თუ მომაკვდავი კიროსი როგორ იძლევა თავის დაკრძალვაზე განკარგულებებს სასიკვდილო სარეცელიდან, ზიზღი გამოხატა ამისთანა ნელი-ნელ სიკვდილზე და მოულოდნელი და ჩქარი ისურვა. ხოლო სიკვდილის წინა დღეს, მარკუს ლეპიდუსთან სადილზე გამართულ მსჯელობისას, თუ როგორი სიკვდილია ყველაზე უკეთესი, მან მოულოდნელი და უცაბედი არჩია. 88. მოკვდა ცხოვრების ორმოცდამეთექვსმეტე წელს და მიეთვალა ღმერთებს, არა მარტო ბრძანებების სიტყვებით, არამედ ბრბოს რწემინთაც. ყოველ შემთხვევაში, როცა თამაშების დროს, რომელიც მისი გაღმერთების საპატივცემოდ გამართა მისმა მემკვიდრე ავგუსტუსმა, დაახლოებით თერთმეტ საათზე გამოჩნდებოდა ხოლმე და მიყოლებით შვიდი ღამე ანათებდა ცაზე კუდიანი ვარსკვლავი, ყველას სჯეროდა, რომ ეს ცად ამაღლებული კეისრის სული იყო. აი, რატომ გამოსახავენ თავთან ვარსკვლავით. კურიაში, სადაც მოკლეს, დადგენილებით ამოშენდა შესასვლელი, ხოლო მარტის იდებს დაერქვა მამისმკვლელთა დღე და ამ დღეს არასოდეს მოუწვევიათ სენატი. 89. მისი მკვლელებიდან ამის შემდეგ თითქმის არავის უცოცხლია სამ წელზე მეტი და არავინ მომკვდარა ბუნებრივი სიკვდილით. ყველა გაასამართლეს და ყველა სხვადახვანაირად აღესრულა: ვინ ხომალდის დაღუპვისას, ვინ ბრძოლაში. ზოგიერთმა კი იმავე ხანჯლით მოიკლა თავი, რითაც კეისარი განგმირა.   გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი: თორმეტი კეისრის ცხოვრება გამომცემლობა: პეგასი, თბილისი გამოცემის წელი: 2011 ISBN:9789941920615 …
დაამატა Kakha to მსოფლიო ისტორია at 12:39pm on აპრილი 6, 2014
თემა: ნოემბრის წვიმა
სველ მინებში საკლა სო ოთახი ირეკლებოდა და იქაც, იმ ანარეკლშიც ზუსტად ისევე ყურზე ხელისგულშემოდებული იდგა მოხუცი ალექსანდრე, ზუსტად ისევე - ოდნავ თავგადახრილი მისჩერებოდა პარუნაშვილს და მუშა-ახალგაზრდობის საღამოს სკოლის ხანგადასული მოსწავლეებიც სწორედ ისევე გაჩუმებულები და თავჩაღუნულები ისხდნენ მერხებზე.   - პარუნაშვილი, ადექი ახლავე და გაიმეორე, რაც თქვი!   - ნუ მიყვირით - სახე მოეღრუბლა პარუნაშვილს.   - ადექი-მეთქი!   - კლასობრივ მტრებს აქებთ, ბურჟუაზიულ პროპაგანდას ეწევით და კიდევ თქვენ ყვირით?!   - ვინ არის, ბიჭო, კლასობრივი მტერი?! - სახეზე შეცბუნებულმა ღიმილმა გადაურბინა მოხუცს.   - ვინ და მაგ ლექსის დამწერი!       ალექსანდრე გაფითრდა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო, ცარცით დასვრილი თითები გაიწმინდა, მერე პარუნაშვილს მიუახლოვდა, ყურში წასწვდა და თავი ღონივრად შეუქანჯალა.       საკლასო ოთახში სიოსავით გაირბინა ჩურჩულმა. პარუნაშვილმა თავი გასწია, მასწავლებელს ყურიდან ხელი გააშვებინა, მაგრამ ალექსანდრემ მაინც იმარჯვა და ახლა მოკაკვული თითი ჩასცხო ოდნავ შემელოტებულ კინკრიხოში.   - მდაა!... - გადატეტკილი ტუჩები ღიმილმა დაუბრიცა პარუნაშვილს.       ალექსანდრე გამობრუნდა, მაგიდასთან მივიდა, სკამი გამოსწია, დაჯდა და გამტკნარებულ კლასს მკაცრი მზერა მოავლო. * * *       ალექსანდრემ ქოლგა გაშალა და მერე კარგა ხანს იწვალა, სანამ იმ გაშლილი ქოლგით კარში გაეტეოდა.       ნელი, ბებრული ნაბიჯით გაუყვა შინისაკენ. ტროტუარზე მოზრდილი გუბეები იდგა, მაგრამ, რაკიღა კალოშები ეცვა, იმ გუბეებს მაინცადამაინც არ ერიდებოდა.       ნოემბრის ცივი თქორით ჩამობურულ ქუჩაში არავინ ჩანდა. სკოლის შენობას რომ გასცდა, უკნიდან აჩქარებული ნაბიჯების ხმა შემოესმა. კოლია ფურცხვანიძე უნდა ყოფილიყო - სკოლის დირექტორი, შინისაკენ მიმავალს სწორედ ამ ადგილას წამოეწეოდა ხოლმე და მერე ერთად აგრძელებდნენ გზას.       გაჩერდა და უკან მიიხედა. კი, კოლია იყო - მაღალი, კალიასავით გამწლეული კაცი. იმ სიბნელეში, რა თქმა უნდა, მისი სახის გამომეტყველებას ვერ გაარჩევდა, მაგრამ ალექსანდრეს მაინც მოეჩვენა, რომ დირექტორი რაღაცას შეეწუხებინა.       მოახლოებისთანავე კოლიამ მიიხედ-მოიხედა, ცარიელი ქუჩა ფრთხილად დაზვერა და იმის ნაცვლად, რომ ალექსანდრესთვის ჩვეულებისამებრ მკლავში ხელი გამოედო და რაიმე სახუმარო ეთქვა, მკაცრი ხმით ჰკითხა:   - ეგ რა ჩაგიდენიათ, ბატონო ალექსანდრე, ა?   - რა ჩამიდენია?!   - კი მაგრამ, არ იცით, ვინ არის პარუნაშვილი?       ალექსანდრე გაბრაზდა:   - შენ თუ იცი, რა გამიბედა?   - ვიცი, ბატონო, ყველაფერი ვიცი! მთელი სკოლა მაგაზე ლაპარაკობს.   - მერე?!       დირექტორმა ხელმეორედ მოათვალიერა ცარიელი ქუჩა, დაიხარა, მოხუცს ქოლგის ქვეშ შეუყო თავი და ჩურჩულით უთხრა:   - ჩეკისტია ეგ, ბატონო ალექსანდრე!   - ვინც უნდა, იყოს!       კოლია შეკრთა, გასწორდა და ახლა ზემოდან ჩამოხედა მოხუცს. ერთხანს მდუმარედ მისჩერებოდნენ ერთმანეთს.       წვიმდა. ქოლგას წურწურით ჩამოსდიოდა წვიმის წყალი.   - ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ბავშვები ხომ არ არიან, როგორ შეიძლებოდა ასე!   - რა ვქნა ახლა, ბოდიში მოვუხადო? იქნებ შინ ვეახლო, დავუჩოქო და...   - არა, არა - ირონია ვერ იგრძნო ფურცხვანიძემ.   - აბა?       დირექტორი ჩაფიქრდა.   - ამაღამ სადმე სხვაგან რომ გაათიოთ?   - დავიმალო?!   - და ჯერჯერობით ნურც სკოლაში მოხვალთ.   - სამსახურიდან მითხოვ, ყმაწვილო?!   - ჯერჯერობით, ჯერჯერობით-მეთქი!       დირექტორი შებრუნდა და სველ ტროტუარს ჩქარი ნაბიჯით გაუყვა. * * *   - გტკივა ღამე, საშა?       ალექსანდრემ არ უპასუხა, ცოლის შეკითხვა არც გაუგონია, მაღალზურგიან სავარძელში იჯდა, ხელები გამხმარ მუხლებზე დაეწყო და თვალებგაშტერებულს, ფიქრში წასულს ოდნავ ურაცრაცებდა თავი.       უყვარდა ამ სავარძელში ჯდომა. კაცმა რომ თქვას, არც ადრე იყო დიდი დაუდგრომელი ყმაწვილი, მაგრამ რაც პენსიაზე გავიდა და სამსახურს თავი დაანება, სულ შეიცვალა - ისე მოეშვა, გაზეთების საყიდლად აღარ გადიოდა ქუჩაში. ხეიბარივით მიეჯაჭვა იმ გაქუცულ სავარძელს, იჯდა და ან თვლემდა, ან არადა ფიქრობდა თავისთვის რაღაცას, ათჯერ რომ გეკითხა, ერთ პასუხს არ გაგცემდა.       ელენე თავიდან ყურადღებას არ აქცევდა - რას იზამ, დაბერდა და გამოჩურჩუტდაო, ფიქრობდა, მაგრამ როცა წვერის პარსვასაც მიანება თავი, მაშინ კი ძალიან შეშფოთდა, მიხვდა, რომ ალექსანდრემ ფარ-ხმალი დაყარა, სიბერეს ტყვედ ჩაბარდა და ახლა მშვიდად, უდრტვინველად ელოდებოდა სიკვდილს.       ჯერ გაბრაზდა, ისე როგორ უნდა დალაჩრდეს ვაჟკაცი კაცი, რომ წინასწარ დაიკრიფოს გულზე ხელები და სამარეში ჩაწვეს, საკუთარი ნებით მოისპოს სიცოცხლეო, მაგრამ მერე შეეცო და - ქმარი იყო მაინც, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ეწეოდნენ ერთად ცხოვრების ჭაპანს და ამ ხნის მანძილზე სიმწარესთან ერთად სიტკბოც ბევრი ახსოვდა მისგან.       ეგეც არ იყოს, ცოტათი საკუთარ თავსაც ადანაშაულებდა - შვილი რომ გვყოლოდა, ასე არ მოეშვებოდა, არ მოიმჩვარე ბოდა, შვილიშვილებს გადააყოლებდა გულს, იმათი სიყვარული გააძლებინებდა და გადაატანინებდა სიბერესო. ერთთავად იმის ფიქრში იყო, რა ვქნა, რით ვუშველო ამ კაცსო. ხან რას მოიგო ნებდა და ხან კიდევ რას: გადი, საშა, გარეთ, ნახე, რა ყაყაჩოსავით დღეაო! ე ბიჭო, რა იპოვნე ამ სახლში ამისთანა, ადექი, გაისეირნე, თვალს წყალი დაალევინეო!       ერთხელ თეატრის ბილეთები მოიტანა, ძალით გააპარსვინა წვერი, კოსტუმი ჩააცვა, ჰალსტუხიც გაუკეთა. წავიდნენ სპექტაკლზე, ხალხში გაერივნენ, თითო-ოროლა ნაცნობიც ნახეს. ალექსანდრე ცოტა გამოცოცხლდა, გახალისდა, მაგრამ მეორე დღეს ისევ ისე იჯდა იმ დასაწვავ სავარძელში გაყუჩებული, გარინდებული, ფიქრში წასული.       ბოლოს, ელენე მიხვდა, რომ ალექსანდრეს არც ქუჩაში სეირნობა უშველიდა და არც სპექტაკლებზე სიარული - ამ კაცს უსაქმობა სპობდა. წინათ, სანამ სკოლაში მუშაობდა, საკუთარი თავი საჭირო, გამოსადეგ ადამიანად მიაჩნდა, ახლა კი ზედმეტ ბარგად ქცეულიყო და ამიტომაც იყო ასეთ დღეში. კაცი რომ უსაქმოდ დარჩება, რა ფასი აქვს იმის სიცოცხლეს!       ელენე მიდგა-მოდგა და თავისი ნამოწაფარი კოლია ფურცხვანიძე იპოვნა. კარგად აუხსნა ყველაფერი, დაარიგა. ისიც მეორე დღესვე ეწვია შინ და იმდენი უჩიჩინა ალექსანდრეს, ქართულის მასწავლებელი არ მყავს და შენს იქით გზა არა მაქვსო, რომ დააჯერა კაცი!       ასე დაიწყო ალექსანდრემ საღამოს სკოლაში მუშაობა. სულ რამდენიმე საათი ჰქონდა, კვირაში სამჯერ უწევდა მისვლა, მაგრამ ისე შეიცვალა, ისეთნაირად გადასხვაფერდა, ვერც კი იცნობდით - გახალისდა, თითქოს გაახალგაზრდავდა კიდეც და ახლა ძველებურად ისევ გარინდებული და ფიქრში წასული რომ ნახა, ელენემ იმიტომ ჰკითხა, ხომ არაფერი გტკივაო. * * *   - გტკივა ღამე?       ალექსანდრემ არ უპასუხა, თვალებგაშტერებული თავისთვის ფიქრობდა.       ელენე მაგიდას მოსცილდა, წამოვიდა, ქმარს წინ დაუდგა და ნაღვლიანი ღიმილით მიაჩერდა.       იმან ახლაღა დაინახა ცოლი.   - ჰმ ჰმ-ხ! - ჩაახველა.   - ადექი, ვივახშმოთ.   - ჰო, კაი, კაი! - მაგრამ ალექსანდრე ერთხანს კიდევ იჯდა და საწერ მაგიდასთან, კედელზე გაკრულ სურათებს მისჩერებოდა: აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე. მათ ქვემოთ ოვალურ ჩარჩოში ჩასმული სიმამრის, პოლკოვნიკ გიორგი ჯანელიძის ფოტო.   - ადექი ახლა, ნუ გეზარება!       სავარძლის სახელურებს დაებჯინა, სადღაც შიგნიდან დაძრული კვნესა შეიკავა და ძლივს აითრია წელი.       ელენეს ღარიბული სუფრა გაეშალა: ჩაი, პური, ყველი, ბლის მურაბა.       სკამი გამოსწია და დაჯდა.   - რაღაც ვერა ხარ გუნებაზე. - სასხვათაშორისოდ უთხრა ცოლმა.       ალექსანდრემ ჩაის მოურია და ისე მიაჩერდა, თითქოს რაღაცის თქმას აპირებსო.   - ჰო! - წააქეზა იმან.   - დავბერდი, მგონი, ელიკო - გაიღიმა ალექსანდრემ.   - ოჰ, ახალი ამბავი! - ეჭვიანად შეათვალიერა ქალმა.   - ვინ გამახსედა, თუ იცი?.. მამაშენი. თვალწინ დამიდგა, საწყალი!       ელენეს გაეღიმა. იმასაც მოაგონდა მარტოხელა გადამდგარი პოლკოვნიკი - მხნე, ხალისიანი, საყვარელი მოხუცი.   - გახსოვს, სახლი რომ ააშენა აღბულახში?   - ბაღი? მერე სად, მიუვალ კლდეზე!   - "პოლკოვნიკ დჟანელიდზე სოშოლ სუმა, გდე ონ სტროიტ დომ?!" - ვიღაცას გამოაჯავრა მოხუცმა.   - ახლაც მახსოვს იმ ვაშლების სურნელი. ატამი? რა ატმებს გვიგზავნიდა!   - პირველად რომ ვეწვიეთ, როგორი გრანდიოზული საღამო მოაწყო, ვინ არ დაპატიჟა "მოია დოჩკა იზ პარიჟა!" - ახლა სიმამრს გამოაჯავრა ალექსანდრემ. ეტყობოდა კარგად გამოუვიდა, რადგან ელენემ ხმამაღლა გაიცინა.   - ცოლის შერთვა რომ მოინდომა? ოთხმოცი წლის ასაკში, წარმოგიდგენია?   - ჰო, იცინე, იცინე! ვერ გამოუჩნდა მშვენიერი საცოლე? თანაც ვინ - აბაშიძის ქალი!   - სულელი! ეგონა, მოკვდება და მილიონებს დამიტოვებსო, რა იცოდა, ყელამდე რომ იყო ვალებში.   - მერე რა ახალგაზრდა, როგორი ლამაზი! რა დაგიმალო, ელიკო, და ისეთ ქალზე არც მე ვიტყოდი უარს!   - ჰო, შენც კარგი მუსუსი ხარ, ნუ გეშინია!       ისხდნენ და იცინოდნენ. კუჭკუჭებდნენ ბებრულად.   - მასე, შე კაცო, რომ ჩამოგეშვა ცხვირი და იჯექი, - სული ძლივს მოითქვა ბოლოს ელენემ.   - ეჰ, გიორგი, გიორგი!.. - ამოიოხრა ალექსანდრემ.       ელენემ ჩაი მოსვა და ქმარს შეცბუნებული ღიმილით მიაჩერდა:   - უყურე?! ეს ჩაი კი გაგვციებია და! * * * ნავახშმევს ელენემ სუფრა აალაგა, ჭურჭელი გარეცხა, მერე ლოგინები გაშალა, ნავთის ლამპას ჩაუწია და დაწვა.       ალექსანდრემ ერთხანს კიდევ იბორიალა, სათვალე მოძებნა, დილანდელი გაზეთი გაშალა, გადაათვალიერა, მაგრამ როცა ცოლმა გამოსძახა - დაწექი, კაცო, დაისვენეო, - საწოლ ოთახში შევიდა, გაიხადა და ჩაწვა ლოგინში.       იცოდა, რომ არ დაეძინებოდა და მართლაც, როგორ არ იწვა ლა, რამდენი არ იტრიალა, რული არ მიეკარა თვალზე. ელენეს მალე ჩაეძინა, ალექსანდრე კი იწვა და ისევ იმ შემთხვევაზე ფიქრობდა: თვალწინ ედგა პარუნაშვილის გაფითრებული სახე, მისი ავი გამოხედვა, აგონდებოდა კოლია ფურცხვანიძის სიტ ყვებიც, ჩეკისტია ეგო, და რაღაც ცივი, წებოვანი თხიერით ევ სებოდა სული. იცოდა, რომ ამ გრძნობას გულში შემოპარული შიში იწვევდა და ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია მისთვის - სულერთია, ვინც უნდა იყოს და სადაც უნდა მუშაობდესო, ფიქრობდა, მაგრამ იქვე მეორე ხმაც ჩაესმოდა - არა ხარ მართალი, სისულელე ჩაიდინე ნამდვილადო. რა ვქნა აბა, მივიდე, მუხლებში ჩავუვარდე და პატიება ვთხოვოო? - საკუთარ თავზე ბრაზობდა ალექსანდრე, მაგრამ ის შინაგანი ხმაც ჩასაფრებუ ლივით იქვე იყო: არ გიშველის ეგ, ჩემო ალექსანდრე, აღარაფერი გიშველის, ის პარუნაშვილია თუ ვიღაცა ოხერი, მართლა ენკავედეში თუ მუშაობს, არ გაპატიებს ყურების ჭყლეტას და თავში კაკუნს, გათავებულია შენი საქმეო. კოლია ფურცხვანიძის ხმას ჰგავდა ეს ხმა. მეც კარგი ვინმე ვარო, ფიქრობდა გულში, მართლა და მართლა, პატარები ხომ არ არიან, სიტ ყვიერად გამეკიცხა, გამეთათხა, თუ გინდა. ეს ყურის აწევა და თავში რახუნი რაღამ მომაგონაო. შინაგანი ხმა გაჩუმებული ყო, კრინტს აღარ ძრავდა, მაგრამ ალექსანდრე გრძნობდა, რომ იქვე იყო, მისი ტვინის რომელიღაც კუნჭულში განაბულიყო და ჩუმად აყურადებდა.       ბოლოს, როგორც იქნა, ჩაეძინა და ესიზმრა, ვითომ, საკლასო ოთახში მერხზე იჯდა, მერხებს შორის დინჯად მიმოდიოდა უკან ხელებშემოწყობილი ევდოკიმ რომანოვიჩ კატუროვი - ჟღალწვერულვაშიანი, შავსერთუკიანი მასწავლებელი და წამღერებით ამბობდა:   - ოტ-ჩე ნა-ა-აშ!..   - ოჩე ნააშ! - გაჰკიოდნენ მოსწავლეები.       ზოგი მართლა "ოჩეს" გაიძახოდა, ზოგიც "ოჩის" და იდგა ერთი ყურთასმენის წამღები ღრიანცელი.   - ხორომ! - ბრძანებდა კატუროვი.   - ოტ-ჩე ნა-აშ, ხორომ! - იმეორებდნენ დაბნეული მოსწავლეები.   - ოტ-ჩე ნა-აშ, იჟე ე-სი ნა ნე-ბე-საახ ხორომ!       ამ შეძახილზე მთელი კლასი გუგუნებდა და ალექსანდრე ვითომ ძალიან კი ცდილობდა, მაგრამ სიტყვა ვერ დაეძრა, ხმა არ ამოსდიოდა ყელიდან, ამიტომ პირზე ხელს იფარებდა, არ უნდოდა მასწავლებელს მისი ეს პასიურობა შეემჩნია, მაგრამ კატუროვი მაინც მიუხვდა თვალთმაქცობას, გაბრაზებული მიეჭრა და "ვოტ, ტებე! ვოტ, ტებეს" ძახილით თავ-პირში წკეპლა დასცხო.       გამოეღვიძა შეშინებულს, ხელებაკანკალებულს.       ლამპა ჩამქრალიყო და ოთახში ნავთის სუნი იდგა. ალექსანდრე გულაღმა იწვა და იმ კოშმარული ზმანებიდან გამორკვევას ცდილობდა. ნელ-ნელა მოდიოდა გონს. ბოლოს ცოლის მშვიდ სუნთქვას მიუგდო ყური, საბოლოოდ გამოფხიზლდა.       სიზმარმა ბავშვობა და მოწაფეობის ხანა გაახსენა: ყოველდღე, გაკვეთილების დაწყებამდე, მასწავლებელი ბავშვებს ერთ დიდ საკლასო ოთახში მოუყრიდა თავს და ყველანი ერთად ამბობდნენ "ოტჩე ნაშსა" და "პრებლაგაი გოსპოდის", გაკვეთილების დამთავრების შემდეგ კი - "ბლოგოდარიმ ტია, სოზდატელუს". ეს ლოცვები მასწავლებელმა ბავშვებს პირველ სამ კვირაში გააზეპირებინა და მხოლოდ ამის შემდეგ დააწყებინა რუსული ანბანის შესწავლა. სწავლების მეთოდი მარტივი და, ამასთან, სრულიად გამოუსადეგარი იყო: მასწავლებელს ხელში ეჭირა წიგნი და დამარცვლით კითხულობდა ცალკეულ სიტყვებს, მოსწავლეები იმ სიტყვებს გუნდურად იმეორებდნენ და თან მერხზე გადაშლილი წიგნის ფურცელს მარჯვენა ხელის სალოკ თითს აყოლებდნენ. მასწავლებელი ზოგჯერ წყვეტდა კითხვას და ამოწმებდა, ყველა ბავშვს ედო თუ არა თითი საჭირო სიტყვასთან. ვაი, მისი ბრალი, ვინც ცდებოდა! ასეთებისთვის კატუროვს მზად ჰქონდა მოქნილი წკეპლა, რომელსაც მუდამ ზურგს უკან მალავდა ხოლმე. ამ მეთოდით ანბანის შესწავლა ბავშვებს ძალიან უჭირდათ, და ამიტომ მხოლოდ ორი-სამი წლის შემდეგღა ახერხებდნენ ასე თუ ისე თავისუფლად კითხვას. სამაგიეროდ, სკოლა ისე დაამთავრეს, რომ სრულიად არ იცოდნენ ქართული წერა-კითხვა. ქართული ენის სწავლება მხოლოდ ცხრაასხუთში შემოიღეს, როცა ალექსანდრე უკვე თვითონ იყო მასწავლებელი.       ერთხელ, მამამ - შეძლებულმა, მაგრამ უწიგნურმა გლეხმა, შინ ქართულად ნაწერი ქაღალდი მოიტანა და სადილის შემდეგ შვილს მისცა - შენს გაზრდას, წამიკითხე ერთი, რა წერია შიგო!- თან მაგიდის გარშემო შემომწკრივებულ მრავალრიცხოვან ჯალაბს ფარული სიამაყით მოავლო თვალი, აი, სად გამომადგა შვილის განსწავლულობა, ტყუილად როდი ვიხდი სკოლის ფულსო! ალექსანდრე ქაღალდს ჩააშტერდა, მაგრამ რაკი ვერაფერი გაუგო, მამას დამნაშავესავით მიაჩერდა და წაილუღლუღა, ქართული კითხვა არ ვიციო.   - როგორ, ამდენი ხანია სკოლაში დადიხარ და კითხვა არ იცი?! - გაოცდა მამა, - ეგ არის სწავლა? ფუი, მაგისთანა სკოლას და მაგისთანა მასწავლებელს! ხვალიდან აღარ გნახო იქ მისული, აიღე თოხი და გამომყევი ყანაში!       საქმეში დედა ჩაერია: ნუ იცი, კაცო, მასე შენო, - უთხრა ქმარს, - ქართულის სწავლას რად უნდა სკოლა, აგერ ნახავ, ერთ თვეზე თუ არ შევასწავლო ანბანიო!       მართლაც, მეორე დღესვე დედამ ალექსანდრეს წინ დაუდო გადაშლილი წიგნი და უთხრა:   - აი, ეს არის "ა"! აბა, ამისთანა სხვაგანაც მიპოვნე!ალექსადრემ მაშინვე უპოვნა.   - ჰოდა, - უთხრა დედამ, - მაგას ჰქვია "ა". აბა, კიდევ მიპოვნე "ა"!       ალექსანდრემ კიდევ უპოვნა.   - რა ჰქვია, შვილო, მაგასა?   - "ა". - უპასუხა ალექსანდრემ.   - ყოჩაღ! - შეაქო დედამ, აკოცა და თავზე ხელი გადაუსვა. ასე ასწავლა მთელი ანბანი. მერე წერაზე გადავიდნენ: იშოვნეს ხარის დიდი ბეჭი, გაწმინდეს, გააპრიალეს, მოიმარაგეს თავმომწვარი ჩხირებიც. დედამ გაპრიალებულ ძვალზე ჩამოწერა ასოები და უთხრა:   - ეს არის "ანი", ეს "ბანი", "განი", "დონი" აბა, გაიმეორე!ალექსანდრემ გაიმეორა.   - ახლა დამიწერე "ანი"!       ალექსანდრემ ადვილად დაუწერა, რადგან ხელი უკვე კარგად ჰქონდა გაწაფული სკოლაში მეცადინეობით.   - ახლა დამიწერე "ბანი"! - უთხრა დედამ.       ესეც დაუწერა და მერე მიაყოლა "განი", "დონი" და "ენი". ასე და ამგვარად, ზუსტად ერთ თვეში ისწავლა ქართული წერა-კითხვა. დედას ჰქონდა მზითვში მოყოლილი წიგნები: "ვეფხისტყაოსანი", "ალექსიანი", "დავრიშიანი", "ყარამანიანი" და მალე ისე გაიწაფა მათ კითხვაში, რომ დედასაც კი სჯობ ნიდა.       ალექსანდრემ ამოიოხრა და საწოლში გვერდი იცვალა. საკ ვირველი იყო, დედა მუდამ ახალგაზრდა ახსოვდა, არადა, მამი საგან განსხვავებით, საწყალმა, დიდხანს იცოცხლა და ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა. ხშირად ცდილობდა მოხუცებუ ლი დედა გაეხსენებინა - ძველ ქართულ კაბაში გამოწყობილი, ჩიხტიკოპით თავდახურული, ფარდაგგადაფარებულ ტახტზე მჯდომარე, მაგრამ მუდამ უჭირდა ეს და ახლაც, როცა თავს ძალა დაატანა და ოთხმოც წელს გადაცილებული, სახედაღარული დედაბერი წარმოიდგინა, ვერაფრით დაუკავშირა იგი დედას - ახალგაზრდას, ლამაზსა და ტკბილად მოუბარს.       მამა შედარებით ბუნდოვნად ახსოვდა. ზოგჯერ თვალწინ დაუდგებოდა მისი კუშტი სახე, ეჭვიანი გამოხედვა, დიდი, მძიმე ხელები, რომლებითაც სულ მუდამ რაღაცას აკეთებდა: ან სახრე ეჭირა და ხარებს მიერეკებოდა, ან თოხს უბაყუნებდა ყანაში, ან ცელს ლესავდა, მერე კი მუხლამდე ბალახში იდგა და თიბავდა, შეშას ჭრიდა, ბარავდა, ჭურს რეცხავდა, ურმის ფერსოს თლიდა, გოდორს წნავდა, ვენახიდან ამოსული, მუშაობით დაღლილი, ცივ მჭადს იფშვნიდა ლობიოს ჯამში.       ბოდაიბოს ოქროს საბადოებიდან დაბრუნებულ ალექსან დრეს მამა ცოცხალი აღარ დაუხვდა. მის ნაცვლად სამების საყ დრის ეზოში ერთი პატარა ბორცვი აჩვენეს, რომელზეც უკვე ამოსულიყო ბალახი. იმ ბორცვთან მთელი საღამოს განმავლო ბაში იჯდა, თამბაქოს აბოლებდა და ფიქრობდა თავის უიღბლო ცხოვრებაზე, სხვადასხვა ციხეებსა და ტაიგაში გატარებულ უაზრო წლებზე, მამაზე, რომელიც აქ, ამ ბორცვის ქვეშ, იწვა გულხელდაკრეფილი, უზრუნველად იხრწნებოდა და მშვიდად უერთდებოდა იმ მიწას, რომელსაც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე ჩაჰბღუოდა მუშა ხარივით.       იმ უზრუნველობაში, იმ სიმშვიდეში ხედავდა მაშინ ალექსანდრე ცხოვრების აზრს. ციხეებსა და გადასახლებაში გაწამებული კაცისაგან ეს არც იყო გასაკვირი, მაგრამ იმ საღამოდან მოყოლებული, მერეც, ყოველთვის სიმშვიდეს მიელტვოდა, მისკენ მიისწრაფვოდა. ერთხელ უნებურად ფეხგადაბრუნებული მუდამ ცდილობდა ფრთხილად ევლო, რადგან ძალზე მწარედ ახსოვდა მაშინდელი მარცხი, მაშინდელი ტკივილი.       ახლაც, სიბერეში ხშირად იგონებდა იმ საშინელ დამცირებასა და ტანჯვას, რაც ციხეებში ეგემა, მაგრამ იგონებდა თავისთვის, ფიქრში. ხმამაღლა ამის შესახებ არავისთვის, თვითონ ელენესთვისაც კი არაფერი უთქვამს.       დაჭერით კი დაიჭირეს, როგორც ახლა ფიქრობდა, სრულიად უაზროდ, საკუთარი გულუბრყვილობის, უფრო სწორად, სიბრიყვის გამო. ცხრაას ექვსის სექტემბრის მიწურულში, როცა ალექსანდრე ზუგდიდის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მუშაობდა, მისივე კოლეგამ, იმავე სკოლის მასწავლებელმა, ფედერალისტთა ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის წევრმა ვასიკო ალშიბაიამ, კომიტეტის სხდომაზე წაიყვანა. კაცმა რომ თქვას, ალექსანდრეს იქ წასვლა სულაც არ უნდოდა, რადგან გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიტიკაში არ გარეულიყო, მაგრამ ვასიკოს ხათრი ვერ გაუტეხა და წაჰყვა სხდომაზე, სადაც, თურმე, ძალზე მნიშვნელოვანი საქმე ირჩეოდა: "ესფერებს" (ასე ეძახდნენ მაშინ სოციალ-ფედერალისტებს), უნდა გამოეტანათ გადაწყვეტილება მაზრის უფროსის ვასილი კეღაშოვისა და მისი ორი ბოქაულის - კვარაცხელიას და შენგელაიას მოკვლის შესახებ. კეღაშოვისთვის წინა სხდომაზევე გამოეტანათ განაჩენი, ხოლო ბოქაულების შესახებ კამათი კარგახანს გაგრძელებულა და მათი საქმე ღიად დარჩენილა. კომიტეტის იმდღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ალექსანდრეც დაესწრო, ვასიკო ალშიბაია ამტკიცებდა, რომ ბოქაულების დახოცვა სრულიად ზედმეტი იყო, რადგან ისინი კეღაშოვის ხელში მხოლოდ ბრმა იარაღს წარმოადგენდნენ. ალექსანდრეს ხმის უფლება მიანიჭეს და საკითხს კენჭი უყარეს. ის, ცხადია, ვასიკოს მიემხრო და ბოქაულებსაც სწორედ ამან შეუნარჩუნა სიცოცხლე.       ვასილი კეღაშოვისთვის სასიკვდილო განაჩენი, როგორც უკვე ითქვა, წინა სხდომაზევე ჰქონდათ გამოტანილი და ამის შესახებ ალექსანდრესთვის, რა თქმა უნდა, არაფერი უკითხავთ. ისე კი ილაპარაკეს ქუთაისიდან ბომბის ჩამოტანაზე, იმაზე, რომ ეს საქმე უნდა დაევალებინათ ვინმე ჩხეიძისათვის, რომე ლიც ქუთაისში ჩამოტანილ ბომბს ვანო ჭანტურიას აფთიაქში დააბინავებდა, მაგრამ კეღაშოვს ბედმა გაუღიმა - ბოქაულმა შენგელაიამ ბომბი იპოვნა და კომიტეტის ყველა წევრი ერთ ღამეში დააპატიმრა. სხვებთან ერთად დაიჭირეს ალექსანდრეც.       სისხლის სამართლის მაშინდელი კანონის მიხედვით, პოლიტპატიმრებისათვის სამი კატეგორიის დანაშაული იყო კლასიფიცირებული: ა) - სიტყვიერი გამოსვლა სახელმწიფოსა და მთავრობის წინააღმდეგ, რაც ისჯებოდა სამ წლამდე პატიმრობით მოქალაქეობრივი უფლებების აყრის გარეშე. ბ) - არსებული სახელმწიფოებრივი წყობილების საწინააღმდეგო ფარული ორგანიზაციის თუნდაც პასიური წევრობა. ეს დანაშაული ოთხ წლამდე კატორღითა და მოქალაქეობრივ უფლებათა სრული აყრით ისჯებოდა. გ) - ფარული ორგანიზაციის წევრობა და ამასთან შეიარაღებული მოქმედება, რაც კატორღით ან სიკვდილით ისჯებოდა.       ალექსანდრე მეორე კატეგორიის დამნაშავედ სცნეს და ოთხი წლით საკატორღო სამუშაოებზე გაგზავნა და ციმბირში გადასახლება გადაუწყვიტეს.       სანამ ტუსაღებს შორეული რუსეთის გზას გაუყენებდნენ, სოციალ-დემოკრატებისა და ფედერალისტების საგუბერნიო კომიტეტებთან შეთანხმებით გადაწყდა ქუთაისის ციხეში გვირაბის შეყვანა და იქიდან პოლიტპატიმრების გაპარება. გვირაბი უნდა გაეთხარათ ესფერთა პარტიის წევრის ვარლამ ფანცხავას სახლიდან, რომელიც ციხეს ემიჯნებოდა, ქუჩის იქით ვარლამის სახლი იდგა, აქეთ - ციხე.       ჭიათურის მარგანეცის მრეწველთა საბჭოს თავმჯდომარის, ესფერთა საგუბერნიო კომიტეტის ხელმძღვანელის გიორგი ზდანევიჩის ხელშეწყობით, ჭიათურიდან ჩამოიყვანეს მაღაროს პროფესიონალი მეგვირაბეები და მათი ინჟინერი. მუშაობა ფანცხავას სახლის სარდაფიდან დაიწყო და მეთექვსმეტე დღეს გვირაბმა ციხის ერთ-ერთი საკნის საწოლქვეშ ამოყო თავი.       ტუსაღები სათითაოდ ჩადიოდნენ პირველი სართულის საკანში, ძვრებოდნენ გვირაბში, ხოხვით გადიოდნენ თორმეტნახევარ საჟენს და ამოდიოდნენ ფანცხავას სახლის სარდაფში, სადაც მათ "გუბკომის" წარმომადგენლები ახვედრებდნენ პასპორტებს, ფულსა და ტანსაცმელს. სმოკინგებში, ფრაკებსა და ცილინდრებში გამოწყობილი პატიმრები ერთმანეთის მიყოლებით გამოდიოდნენ ფანცხავას სახლიდან, ციხის ყარაულების თვალწინ სხდებოდნენ მათთვის დაძახებულ ეტლებში და სასწრაფოდ ტოვებდნენ იქაურობას.       ერთადერთი კაცი, ვინც სიაში იყო, მაგრამ ციხიდან ვერ გავიდა, ალექსანდრე გახლდათ. * * *       გარეთ ისევ გაწვიმდა.       ალექსანდრე საბოლოოდ გამოფხიზლდა, ერთხანს კიდევ იწვა და ცოლის სუნთქვასა და წვიმის ხმაურს ყურს უგდებდა. მერე ადგა, იატაკზე მიყრილ ფლოსტებში ფეხები წაჰყო, სკამის საზურგეზე გადაკიდებული ზოლიანი ხალათი მოიცვა და სას ტუმრო ოთახში გავიდა.       ამ მოზრდილი ფართო ოთახიდან ქუჩაში ორი ფანჯარა გადიოდა. გარეთ, სახლის წინ, ხის მაღალ ბოძზე მიმაგრებული ეული ნათურა ბჟუტავდა და ფანჯრიდან შემომავალი მისი შუქი იქაურობას მკრთალ ნათელს ჰფენდა. ალექსანდრემ თხელი, გამჭვირვალე ფარდა გადასწია და ქუჩას გახედა. ნათურის შუქზე მოჩანდა, როგორ ალმაცერად უჟაჟუნებდა. იდგა და ჩუმად უყურებდა წვიმას, სველ ქვაფენილს, ქუჩის გასწვრივ ჩარიგებულ ფოთოლგაძარცვულ აკაციებს, სიბნელეში უცხო კაცებივით რომ იდგნენ.       სულ მუდამ ეგონა, რომ სწორედ ასეთ ამინდში, ნოემბრის ცივ, წვიმიან ღამეს უნდა მომკვდარიყო. ზაფხულში და, მითუმეტეს, გაზაფხულზე სიკვდილი უაზრობად, ბედის მწარე დაცინვად მიაჩნდა. ისე ხშირად ფიქრობდა ამაზე, რომ ჭირივით შესძულდა წვიმაც და ნოემბრის თვეც. იმ საბედისწერო ჟამის წარმოდგენაზე მუდამ მძიმე ნაღველი აწვებოდა გულზე, ცხოვრების ხალისი ეკარგებოდა და ერთადერთი სურვილიღა რჩებოდა - მჯდარიყო თავისთვის სამების გორაზე დედ-მამის საფლავთან და ფიქრში გართულს სწორედ იქ დაესრულებინა თავისი ტკბილ-მწარე სიცოცხლე.       რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ იმ გორაზე, მისი მშობლიური სოფლის ეკლესიის შაბიამნისფერ კედელთან სიკვდილი უფრო ბუნებრივი, ლოგიკური და, ამდენად, გაცილებით უფრო იოლი უნდა ყოფილიყო, ვიდრე აქ, ამ მიუსაფარ ქალაქში. მაგრამ მაინც რა იყო სიკვდილი - დასასრული თუ დასაწყისი? ალექსანდრეს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე სწამდა, რომ სიკვდილი იყო ის საშინელი რამ, რაც დაუნდობლად სპობდა და ანადგურებდა ყოველივე ამქვეყნიურს, რაც უსულო ლეშად აქცევდა ადამიანს და ეს თავზარდამცემი აზრი თავგზას ურევდა, სიცოცხლის ხალისს უკარგავდა, მაგრამ ბოლო დროს, მისი უნუგეშობის ღამეულ ცაზე შორეული ვარ სკვლავივით აჭიატდა რაღაც იმედი, მართალია, ჯერ სულ მცი რე, უმნიშვნელო, ეჭვის ჭიასთან სუსტად მებრძოლი, მაგრამ მაინც იმედი, რომ სიკვდილი იყო დასაწყისი დიადი და შეუცნო ბელი რეალობისა.       ეს იმედი ჯერ იმდენად უძლური იყო, რომ შვებას ვერ ჰგვრიდა, ამღვრეულ სულს ვერ უმშვიდებდა, მაგრამ იმ შუ ქურას კი ჰგავდა, მღელვარე ზღვაში მობორიალე გზააბნეულ, მარტოსულ ნავს გეზს რომ აძლევს და შორეული ნაპირის მი მართულებას უჩვენებს. თანდათანობით რწმუნდებოდა, რომ იმ მიმართულებით უნდა ევლო, იმ ნაპირისკენ უნდა ეცურა, რად გან სწორედ იქ, იმ აღთქმულ მიწაზე იყო ის, რასაც ეძებდა, რაც ნაღველსა და ტანჯვა-წამებას გაუქარვებდა.       მაშინ, იმ შორეულ ბავშვობაში, როცა დედის მიერ ნასწავლი ლოცვის სიტყვებს იმეორებდა, ცხოვრება საგულდაგულოდ დალაგებული ეჩვენებოდა - ქვას, ბალახს, ყოველ სულიერს, თავად მას, მის მშობლებს, სოფელს და მთელს ქვეყნიერება საც ერთი პატრონი ჰყავდა - უსაზღვროდ კეთილი და სამარ თლიანად მკაცრი მამაღმერთი. ის წარმართავდა ყოველივეს, ის იყო ადამიანის მწყემსი და მფარველი, მისთვის უნდა დაგეჯერებინა, მას გაჰყოლოდი და ყველაფერი კარგად იქნებოდა, მაგრამ გადიოდა დრო, ალექსანდრე იზრდებოდა, დღითიდღე შორდებოდა დედის თბილ კალთას, მამის მზრუნველ, კოჟრიან ხელებს და თანდათანობით რწმუნდებოდა, რომ ცხოვრება გაცილებით მკაცრი და დაუნდობელი იყო, ვიდრე ეგონა. ღმერთი არ ერეოდა კაცის საქმეში და თუ ის მაინც არსებობდა, არსებობდა თავისთვის, მარტო, ქვეყნიერებიდან ძალიან მოშორებულ კუთხეში და სულაც არ აინტერესებდა მის მიერ შექმნილი ადამიანის ბედ-იღბალი.       ღმერთის არსებობაში პირველად მაშინ შეეპარა ეჭვი, როცა ათი-თორმეტი წლისამ უყურა, როგორ მოკლა მეზობლის ბერიკაცმა კეტის ცემით გომურის ბოძზე მიბმული საკუთარი ბებერი ძაღლი. მერეც, დიდობაშიც, მუდამ ახსოვდა საბრალო ცხოველის დაჩეჩქვილი, გასისხლიანებული სხეული, მისი შემზარავი, ადამიანური კვნესა და თვალები, ერთდროულად ორ გრძნობას - საშინელ ტანჯვასა და გამაოგნებელ ერთგულებას რომ გამოხატავდა. ახსოვდა ისიც, ის ბერიკაციც, რომელმაც თავისი საქმე რომ მოათავა, იქვე, რუსივე ამოიბანა ხელები და ვალმოხდილი კაცის კმაყოფილი იერით მიუჯდა ლაფაროში გაშლილ პატარა სუფრას. ხოლო მერე, დიდი ხნის შემდეგ, როცა საკუთარ ტყავზე გამოსცადა ნოვოროსიისკისა და ორიოლის ციხეების პატიმართა არაადამიანური, დამამცირებელი ყოფა, ზნამენკის და ბოდაიბოს კატორღული ცხოვრების აუტანელი, სულისშემხუთველი წესი, უფრო გაუძლიერდა ეჭვი, რომ მამაღ მერთი ადამიანის მიერ გამოგონილი ისეთივე ზღაპრული პერ სონაჟი იყო, როგორიც ხუთკუნჭულა, ჭიქარა თუ ხელმწიფის ოქროსქოჩრიანი ვაჟი.       მაგრამ ახლა, როცა მქრქალ ბურუსში სულ უფრო და უფრო კანთიელად მოჩანდა იმედის შორეული ნაპირი, ალექსანდრე დღითიდღე რწმუნდებოდა, რომ ჭეშმარიტი ცხოვრების გზას აცდენილი სულ სხვა მიმართულებით წასულიყო, სხვა ბილიკს დასდგომოდა და სხვაგან გასული, ახლა დაბნეული ათვალიერებდა იქაურობას - უცნაურსა და სრულიად უცხოს.       ორიოლის ციხეში გატარებული ოთხი წლის შემდეგ, როცა ციმბირში გადასახლებული ზნამენკაში ჩაიყვანეს, იქ, ერთი ად გილობრივი მეძავის ქოხში, ალექსანდრემ შემთხვევით სარკეში ჩაიხედა და ელდა ეცა - სარკიდან საკუთარი მამა შემოსცქერო და! დაზაფრული და მოულოდნელობისაგან თავზარდაცემული გვიანღა მიხვდა, რომ ის ნაადრევად დაბერებული, სახედაღარუ ლი ჭაღარა კაცი თვითონ იყო და ეს უცნაური გრძნობა ძალიან ჰგავდა იმას, ახლა, ამ სიბერეში რომ განიცდიდა - ეჩვენებოდა, თითქოს ახლაც დაბნეული, გაოგნებული იდგა სარკესთან და საკუთარი სულის ანარეკლს ვეღარა სცნობდა, რადგან იქიდან, იმ სარკიდან სულ სხვა კაცი შემოსცქეროდა. ჰო, სხვა, რადგან ადამიანს საკუთარი თავი ცოტათი მაინც უკეთესი ჰგონია, ვიდრე სინამდვილეშია და ახლა, შორეული ნაპირის ხილვით თვალახელილი ცხადად ხედავდა იმ უცხო, სრულიად უცხო, სრულიად უცნობ ადამიანს, რომელიც სინამდვილეში თავადვე იყო. * * *       ეს შინაგანი ცვლილება თუ შემობრუნება თავისით არ დაწყებულა.       შარშან, დეკემბრის ერთ ჭახჭახა ყინვიან კვირადღეს, როცა ალექსანდრემ სარდაფიდან შეშა ამოიტანა და ღუმელის დანთებას შეუდგა, კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და ცოტა ხნის შემდეგ, ელიკო ოთახში მათ ახალ მეზობელს - ნიკოს შემოუძღვა.       ნიკო იყო ასე ორმოცი წლის, საშუალო ტანის ოდნავ მელოტი, შავგვრემანი კაცი. ჰქონდა რაღაც განსაკუთრებულად შავი, ერთთავად მბრწყინავი თვალები და თეთრი, ნაფოტა კბილები. ამ თვალებისა და კბილების გამო ადამიანი მათი პატრონის მიმართ უნებლიე ნდობით იმსჭვალებოდა. ასე მოუვიდა ალექსანდრეს და არა მარტო ალექსანდრეს, თვით ელენესაც კი, რომელსაც საერთოდ არ უყვარდა უმიზეზოდ მხიარული, კრეჭია ადამიანები.       ნიკოს ჭადრაკის ყუთი ეჭირა ხელში, მაგრამ სულ მალე გამოირკვა, რომ ჭადრაკი ახალ მეზობელთან დაახლოების საბაბი უფრო იყო, ვიდრე თავგადაკლული მოთამაშის ჟინი: ორი პარტიის შემდეგ ფიგურები ყუთში ჩაყარა, ფეხი ფეხზე გადაიდო და საკუთარი ამბების მოყოლა დაიწყო. თითქმის მთელი საღამოს განმავლობაში იგი მოხუც ცოლ-ქმარს გულწრფელად, რაღაცნაირი ბავშვური მიამიტობითა და უშუალობით უამბობდა თავის საკმაოდ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ თავგადასავალს, გულუბრყვილოდ ლაპარაკობდა საკუთარ გრძნობებზე, მიზნებსა და მისწრაფებებზე და ალექსანდრეს ეჩვენებოდა, რომ ეს ახალგაზრდა კაცი, რომელიც წლოვანების მიხედვით შვილად ერგებოდა, განსაკუთრებულ ნდობას უცხადებდა ორთავეს და ამის საფასურად მათგანაც ისეთსავე გულახდილობასა და მიმნდობლობას თხოულობდა. მსგავსი რამ მხოლოდ ციხეში ენახა - ადამიანები მხოლოდ იქ იყვნენ ასეთი უშუალონი, გულწრფელნი და ამიტომაც იოლად უმეგობრდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს მეგობრობა, როგორც წესი, ხშირად დღენაკლული აღმოჩნდებოდა ხოლმე, რადგან გარეთ აღარ გასდევდათ და ძველი, გამოუსადეგარი ტანისამოსისა არ იყოს, იმასაც იქვე, ციხის კედლებში ტოვებდნენ. პატიმრობაში შეძენილი მეგობარი მართლაც ძალიან ჰგავდა ათას ადგილზე გამომწვარ, ზინზლიან ქურთუკს, რომელიც რამდენადაც საჭირო და გამოსადეგია ცივ საკანში, იმდენადვე სრულიად ზედმეტი და ხელისშემშლელი აღმოჩნდება ხოლმე ციხის გარეთ.       იმ საღამოს მერე ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ, ან ჭადრაკს თამაშობდნენ, ან სამოვარს უსხდნენ და ტკბილად მას ლაათობდნენ. ზოგჯერ, თუკი მიზეზი გამოჩნდებოდა, სვამდნენ ღვინოსაც. ასეთ დროს ალექსანდრე უფრო გულახდილი და ენამჭევრი ხდებოდა - ჰყვებოდა კატორღისა და გადასახლე ბის ამბებს, ხშირად ისეთ ღამესაც კი, რაზეც წინათ კრინტსაც არ სძრავდა და ამით, თითქოს, გულახდილობის ვალს უსტუმრებდა თავის მეზობელს. ნიკო კი ლაპარაკობდა დღევანდელ ცხოვრებაზე - იგი უკმაყოფილო იყო ბოლშევიკური რეჟიმისა, წუხდა საქართველოს მონური მდგომარეობის გამო, ლანძღავდა მავანთ და მავანთ, ვისაც თავისი პოლიტიკური ამბიციებისა თუ კარიერისთვის სამშობლო გაეყიდა.       ამ საუბრებიდან ალექსანდრე ხვდებოდა, რომ მისი ახალი მეზობელი საკუთარ სამშობლოში ტუსაღად გრძნობდა თავს, მშობლიური გარემო მას ციხის კედლებად გადაჰქცეოდა და ის უჩვეულო გულწრფელობა და უშუალობა, რითაც აგრერიგად გამოირჩეოდა სხვა ადამიანებისაგან, მეგობრის შეძენის ხერხი უფრო იყო, ვიდრე თანდაყოლილი თვისება. მეგობარი კი ნიკოს ისევე სჭირდებოდა, როგორც ციხეში გამომწყვდეულ, მარტოო ბისაგან გულგასენებულ პატიმარს.       ნიკოს ცოლი ნუნუ - ქმარზე თითქმის თხუთმეტი წლით ახალგაზრდა, არც თუ ულამაზო ქალი - ფეხმძიმედ იყო, დღედღეზე ბავშვს ელოდებოდა და ამიტომ განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებდა. მისი მშობლები ზემო იმერეთში ცხოვრობდნენ, ნიკოს კი სრულიად ყმაწვილს მოჰკვდომოდა დედა და მერე, ერთი წლის შემდეგ, მამაც; უფროსი და ერთ ქალაქელ ყასაბს გაჰყოლოდა ცოლად, საკუთარი შვილები და შვილიშვი ლები ჰყავდა მოსავლელი და, ცხადია, ახლადდაქორწინებულე ბისთვის არ ეცალა.       ნიკოს ცოლს ელიკო ეხმარებოდა, ხან ცხელ კერძს მიაწვდიდა, ხან სარეცხსა თუ სხვა მძიმე საოჯახო საქმეში წაუკრავდა ხელს და ორსულ ქალს ამით უმსუბუქებდა ყოფას. ალექსანდრე ხედავდა, დღითიდღე როგორ უახლოვდებოდნენ ქალები ერთმანეთს, როგორი სულიერი და იმავდროულად ნათესაური კავშირი მყარდებოდა მათ შორის, რანაირად უღვივდებოდა ელენეს დიდი ხნის წინათ მიმქრალი და მინავლული დედობრივი გრძნობა და, რაც მთავარია, როგორ თვალდათვალ იცვლებოდა ამის გამო მისი დამოკიდებულება ქმრის, საკუთარი ოჯახის, მთელი სამყაროს მიმართ.       ცოლის ამგვარი ცვლილება ალექსანდრეს თავიდან აფრთხობდა და აღიზიანებდა კიდეც, რადგან ეჩვენებოდა, რომ ხელიდან ეცლებოდა წლების მანძილზე ნაგები ციხესიმაგრე, რომლის ბატონ-პატრონი და ერთადერთი ბინადარი თვითონ იყო, რომ იმ კოშკში შემოსახლებული მდგმურები ჯიუტი მონდომებით იპყრობდნენ მის ყოველ სართულს, ყველა ოთახს, თავხედური სიხარბით ინაწილებდნენ მის კუთვნილ ნივთებს - სავარძელს, ფლოსტებს, ჯამ-ჭურჭელს და დანა-ჩანგალს, მაგრამ მერე, როცა თებერვლის ერთ ქარაშოტიან დღეს ნუნუს მუ ცელი ასტკივდა, როცა ალექსანდრემ ნიკოსთან ერთად მთელი ღამე გაატარა სამშობიარო სახლის ცივ, ჩაბნელებულ მოსაც დელში, ხოლო დილით, მომვლელმა ქალმა ნიკოს ბიჭის მამობა, მას კი, შეცდომით, ბაბუობა მიულოცა, ალექსანდრემ იგრძნო, რომ გულში რაღაც გაულღვა და იქიდან დაძრულმა სითბომ ჟრუანტელისმომგვრელად დაუარა ძარღვებში.       იმ დღის მერე მისი ცხოვრება საფუძვლიანად შეიცვალა: სულ ცდილობდა ბავშვთან ყოფილიყო, მის შორიახლო ეტრია ლა, სიამოვნებდა იმისი ცქერა, თუ როგორ უვლიდნენ ქალები მას, რანაირად აბანავებდნენ, როგორ აწვენდნენ აკვანში. ზოგ ჯერ ხელშიც აჰყავდა და როცა მისი თოთო სხეულის გულისამათრთოლებელ სითბოსა და სურნელს იგრძნობდა, მუდამ უცნაური სიხარული ეუფლებოდა ხოლმე.       ვერ გეტყოდათ, როგორ ან რატომ, მაგრამ ერთი კი ცხადი იყო, რომ სწორედ ამან, ამ ახლადმოვლენილმა სიცოცხლემ დაანახვა ალექსანდრეს ის შორეული ნაპირი, ის იმედისმომცემი შუქურა და აქამდე საკმაოდ არეული, ქაოსური ცხოვრებაც მისმა ნათელმა გაუცისკროვნა. ახლა თითქოს ყველაფერი ლაგდებოდა, ყოველივე თავის კუთვნილ ადგილს იჭერდა. და ალექსანდრე გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა ისადგურებდა მის გულში რწმენა და უჩვეულო სიმშვიდე. * * *       გარეთ ისევ წვიმდა. ალექსანდრემ ღამის ნათურა აანთო. საათი ოთხის ნახევარს უჩვენებდა. კედლიდან მშვიდად იმზი რებოდნენ ილია, ვაჟა და აკაკი. მათ ქვემოთ ოვალურ ჩარჩოში ჩასმული გიორგი ჯანელიძის ფოტო ეკიდა. ოთახში ციოდა. მოხუცმა კაფელის ღუმელის განელებულ კედელს ხელისგული მიადო, მერე ჩაიჩოქა, თუჯის მრგვალი კარი გამოაღო, მინავლულ ნაკვერჩხალს მასა შეუჩიჩხინა და ღუმელში შეშის ნაპობები შეაწყო. უეცრად, ისევ თვალწინ დაუდგა პარუნაშვილის გაფითრებული სახე, მისი ჩატეტკილი ტუჩები, სავარძელში ჩაჯდა და მუხლებზე კუბოკრული პლედი წაიფარა.       უცნაური გრძნობა დაეუფლა, მოეჩვენა, თითქოს, ეს ყველაფერი ოდესღაც, წინათ, უკვე იყო - ამგვარი, ან უფრო სწორად, ზუსტად ამგვარი რამ ადრეც განეცადა და ამ შემაწუხებელმა გრძნობამ ერთიანად ააფორიაქა, თანაც, ალბათ, შესცივდა, რადგან მუცელში საშინელმა ტკივილმა დაუარა და ამან, ამ ტკივილმა, უეცრად, საკვირველი სიცხადით გაახსენა ის დიდი ხნის წინანდელი ამბავი, რომლის მოგონებაზეც მუდამ სირცხვილისა და უხერხულობის შეგრძნება ეუფლებოდა და რომლის დავიწყებასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობდა.       თვალწინ დაუდგა ქუთაისის ციხის საკანი, დაინახა საკუთა რი თავიც - იმ საკნის ნარზე მწოლარე, მუცლის საშინელი ტკივილისაგან მოკრუნჩხული, დაინახა ვასიკო ალშიბაია და ვანო გოგუაძე, რომლებიც ციხიდან გასაპარებელი პატიმრების სიით ხელში დასდგომოდნენ თავზე და შეწუხებული სახით დასჩერებოდნენ. მაგრამ მუცელზე ხელშემოჭერილი, ტკივილისაგან გათანგული ალექსანდრე ადგილიდან ვერ იძვროდა და გატანჯული ხმით მხოლოდ ერთსღა იმეორებდა: "წადით, თქვენ წადით, ძმებო, მე თავი გამანებეთ!" ხოლო მერე, როცა ყველაფერი დამთავრდა და ოცდაორივე ტუსაღმა მშვიდობით გააღწია გარეთ, თითქოს ამას ელოდებოდაო, ალექსანდრეს მაშინვე მოეშვა მუცლის ტკივილი და შვებამოგვრილი განსაცდელისგან თავდახსნილი ადამიანის უეცარმა სიხარულმა შეიპყრო. ახლა კი, როცა თავის საყვარელ სავარძელში მჯდომი, წუხანდელ შემთხვევაზე ფიქრობდა, ეჩვენებოდა, რომ წლების მანძილზე ნაშენებ-ნალოლიავები ხუხულა თვალწინ ენგრეოდა და მის ადგილს ნელ-ნელა იჭერდა საოცრად ნამდვილი, ხელშესახები გრძნობა თავზარდამცემი და ყოვლისწამლეკავი შიშისა.       ღუმელი გახურდა და ოთახში სითბო დატრიალდა.თანდათან რწმუნდებოდა, რომ ამაღამ უსათუოდ წაიყვანდნენ. იქნებ სჯობდა, ცოლი გაეღვიძებინა და ყველაფერი ეთქვა. სხვა თუ არაფერი, თითო ხელ საცვალსა და წინდას მაინც გაუმზადებდა, მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა, რაღაც გაუცნობიერებელი იმედი აკავებდა, იქნებ ისე არა წვიმს, როგორც ქუხს და ელენეს ამბავი რომ ვიცი, ვაი თუ სასაცილოდ ამიგდოს, სიმხდალე დამწამოსო.       იჯდა და მუცლის ტკივილს უძალიანდებოდა.       აგონდებოდა რუსეთის სხვადასხვა საპატიმროებში გატარებული დღეები, ყურში ჩაესმოდა ბორკილების საშინელი ჩხარუნი და ბადრაგის ყვირილი. აგონდებოდა ჩელიაბინსკისა და ირკუტსკის გადასაგზავნი ციხეები, ზნამენკა, იქაური შიმშილი, სიღარიბე, დაბოლოს, ბოდაიბოში გამგზავრება.       ოქროს საბადოებზე შვიდი წლის მტანჯველი, ჯოჯოხეთური შრომის შედეგად, ალექსანდრემ იშოვნა ათ გირვანქამდე ოქრო, რომელიც, სამშობლოში გამომგზავრების წინ ირკუტსკში ფულად აქცია - გირვანქა ხუთას მანეთად გაყიდა, მაგრამ როცა თბილისში ჩამოსულმა, ვაგზლის რესტორანში ისადილა და ორ თავ კერძში მანეთის ნაცვლად თუმანი გადაახდევინეს, მიხვდა, რომ დიდი სისულელე ჩაედინა - საქართველო იმ დროს რუსეთოსმალეთის ფრონტის უახლოეს ზურგში იმყოფებოდა და ამიტომ ფულის კურსი აქ უფრო დაბალი იყო, ვიდრე ირკუტსკში, სამაგიეროდ, ოქრო ფასობდა გაცილებით ძვირად და ფულის ნაცვლად, ის ათი გირვანქა რომ ჩამოეტანა, მის ბედს ძაღლი არ დაყეფდა. თუმცა, რადგან სამშობლოში ჩამოსვლას ეღირსა, ალექსანდრეს დიდად აღარ უნაღვლია ეს ამბავი.       გაუთავებელმა ომმა, ეკონომიურმა სიდუხჭირემ და, ბოლოს, თებერვლის რევოლუციამ რუსეთის იმპერია დაანგრია. საქართველოში ამას პოლიტიკური მოძრაობის გაცხოველება მოჰყვა, მაგრამ ციხეებითა და გადასახლებით დაშინებული ალექსანდრე პოლიტიკაში არ ჩარეულა, იგი მთელი არსებით მიელტვოდა სიმშვიდეს, ოჯახურ მყუდროებას და ამიტომ თერთმეტი წლის უნახავი ცოლი სოფლიდან თბილისში ჩამოიყვანა, სოლოლაკში ოროთახიანი ბინა იყიდა და ამდენი ხნის იძულებითი განშორების გამო ერთმანეთს დანატრებულმა ცოლ-ქმარმა მართლაც რომ მყუდრო და მოსიყვარულე ოჯახი შექმნა.       ალექსანდრე მაშინ ორმოცდათერთმეტი წლის კაცი იყო, კატორღისა და გადასახლებისაგან ჯანგატეხილი და დაჩაჩანაკებული, მაგრამ მშობლიურმა გარემომ და განსაკუთრებით კი ელენეს მზრუნველმა ხელმა იგი ფეხზე დააყენა. შვილი არ ჰყავდათ, მაგრამ მათი ოჯახური ბედნიერებისათვის ამას ხელი არ შეუშლია - ცხოვრობდნენ ტკბილად, მეგობრულად, შეთანხმებულად, თითქმის უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთისა. მუშაობითაც ერთად მუშაობდნენ, ერთ სკოლაში. ელენე მათემატიკას ასწავლიდა, ალექსანდრე მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. ასე გადიოდა დრო.       იმ წელიწადს უჩვეულოდ თბილი ზამთარი დაიჭირა. მართალია, ნაახალწლევს მოთოვა და ქალაქის ირგვლივ შემოჯარული მთები თეთრად ჩამოლესა, მაგრამ იანვრის ოცში ქარმა დაუბერა, ღრუბელი გაფანტა და ცა ერთიანად მოაკრიალა. დათბა. მზემ თოვლი გაადნო, ქალაქში გაზაფხულისათვის დამახასიათებელი ნაზი სურნელი დატრიალდა. მტკვარიც სწორედ ისე ადიდდა, გაზაფხულობით რომ იცოდა ხოლმე - ამღვრეული, აზვირთებული მოქშუოდა და თან მოჰქონდა ძირიანად მოთხრილი ხეები, მოატივტივებდა ძველ, გამოუსადეგარ, გადაყრილ ნივთებს, ზოგჯერ ჩამოატარებდა დამხრჩვალ, მუცელგაბერილ და ბალანგასვლეპილ ძაღლს ან კატას. მაგრამ წყალდიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მდინარე ორ-სამ დღეში ჩაცხრა, დადინჯდა, ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. ჩადგა ქარიც და თბილი, მშრალი დღეები წაეწყო ერთმანეთს. გახალისდა, გამხიარულდა ყოველივე, მაგრამ ნაადრევი გამოდგა ეს სიხარული: თებერვლის მეორე კვირის ბოლოს, დილით, მოქალაქეები ქვემეხების გრიალმა გააღვიძა. სროლა სოღანლუღისა და ვაზიანის მხრიდან ისმოდა.       ჩრდილოეთიდან მოსულ მტერს თან მოჰყვა საშინელი ქარაშოტი, რომელმაც შავი, ყომრალი ღრუბლები მორეკა და სულ ჩამოაბნელა იქაურობა. აცივდა. მოულოდნელად დამდგარი ზამთრის სუსხი ძვალრბილში ატანდა. ქარიშხალი ყაჩაღივით დათარეშობდა ქალაქის უკაცრიელ ქუჩებში. ბეღურები სახლის სხვენებსა და თბილ საკვამურებს შეეხიზნენ. საღამოს ქარი ჩადგა, მაგრამ ისევ ციოდა. მერე დაღამდა. ჩამოწვა ყურჭივით შავი უკუნეთი და იმ სიბნელეში, უეცრად გათოვდა.       თოვდა მძიმედ, რაღაცნაირი ავი დაჟინებით. მაღლიდან ჯიბრიანად მოცვიოდა თოვლის დიდრონი ფანტელები. უცხო, უსახური ფრინველებივით სხდებოდნენ ის ფანტელები სახლის სახურავებზე, ქვაფენილზე, აივნის მოაჯირებსა და ხეების შიშ ველ ტოტებზე. ქალაქი გაყუჩდა. სახლებში შეყუჟული ადა მიანები შეფიქრიანებულები უსმენდნენ ზარბაზნების შორეულ გრუხუნს. შუაღამისას ქუჩაში ანთებული მაშხალებით ჩამოიარა ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა - "სა-ქარ-თვე-ლო, სა-ქარ თვე-ლო!" - ყვიროდნენ ისინი. მერე წავიდნენ, თოვლსა და სიბნელეს შეერივნენ და გაუჩინარდნენ. ვერავინ გაიგო, ვინ იყვნენ, საიდან მოვიდნენ ან ასე მოულოდნელად სად გაქრნენ.       მშვიდად დიოდა მრავლისმნახველი ბებერი მდინარე. მასაც ათოვდა. თოვლის დიდი, მძიმე ფანტელები მის გლუვ, ჩაშავებულ ზედაპირზე ჩუმად სხდებოდნენ და ასევე ჩუმად ამთავრებდნენ სიცოცხლეს. ის კი მიდიოდა, ქვემოთ მიჰქონდა სიცივისაგან გამკვრივებული წყალი.       მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავთ და როცა გათენდა, ნახეს, რომ ქალაქი თოვლის სქელ საბურველში იყო გახვეული. ოდნავღა ფერფლავდა, მაღლიდან უნიათოდ მოფარფატებდა თითო-ოროლა ვნებადამცხრალი ფიფქი. თითქმის სახლების დათოვლილ სახურავებამდე დაწეულიყო განაცრისფერებული ცაც. მოსულიყვნენ, ხის ტოტებზე ჩამოფაფხულიყვნენ შავი ყვავები.       ელენე და ალექსანდრე სკოლაში წავიდნენ. მართალია, კან ტიკუნტად ისევ ისროდნენ, მაგრამ გარეთ უჩვეულო სიწყნარე იდ გა. ჰაერში ზამთრის სუსხი და თოვლის საამო სურნელი ტრიალებდა. თითქოს არაფერი მომხდარაო, მოქალაქენი დინჯად, აუღელვებლად მიმოდიოდნენ დათოვლილ ქუჩებში. მეეზოვეები ტროტუარზე ნაცარს ყრიდნენ, ვაჭრები თავიანთი ფარდულების წინ აქანდაზებით თოვლს ფხეკდნენ. მარტო სასახლესთან ირეოდა უამრავი ხალხი - იქაურობა აშლილ, აფორიაქებულ სკას დამსგავსებოდა. ალექსანდრემ იცნო მთავრობის ერთი წევრი, რომელსაც ჯარისკაცის უბრალო მაზარა ეცვა, მხარზე შაშხანა გაედო და სასახლის წინ ბოლთას სცემდა.       სკოლაში სწავლა არ იყო, ყველანი უნივერსიტეტში წასულიყვნენ და ისინიც ფეხით გაუყვნენ დათოვლილ ქუჩას. ჩაუარეს ქვაშვეთის საყდარს, არტისტული საზოგადოების თეატრის შენობას. გზადაგზა ნაცნობები ხვდებოდათ. ადამიანები ჯგუფჯგუფად მიდიოდნენ. თანდათანობით იზრდებოდა ის ჯგუფები. სახეგაქვავებულები მიაბიჯებდნენ, მათ ფეხქვეშ თოვლი ჭრაჭუნობდა, იტკეპნებოდა, ფერს იცვლიდა.   - სა-ქარ-თვე-ლო! სა-ქარ-თვე-ლო! - ყვიროდნენ წინა რიგებში.   - ძირს ჩრდილოეთის სვავები!!! - ბანს აძლევდნენ უკანანი. - სა-ქარ-თვე-ლო! - გუგუნებდნენ ყველანი ერთად.       ასე მიადგნენ უნივერსიტეტის ეზოს, სადაც უამრავი ხალხი შეყრილიყო. შენობის მთავარ შესასვლელთან, ქვის დათოვლილი კიბის თავში იდგნენ პროფესორ-მასწავლებლები, მთავრობის წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ საომრად აღჭურვილი სამხედროებიც. უნივერსიტეტის რექტორი ხალხს სიტყვით მიმართავდა. იგი დინჯად, აუჩქარებლად ლაპარაკობდა, ეტყობოდა, ამით შინაგანი მღელვარების დაფარვას ცდილობდა. იქვე, კიბის ძირში, რამდენიმე ოფიცერი მოხალისეთა სიას ადგენდა. გრძელ რიგში ჩამდგარიყვნენ იმ სიაში ჩაწერის მსურველნი. ეწერებოდნენ სტუდენტები, ხნიერი მუშები, ქალაქელი ხელოსნები. რექტორი კი ლაპარაკს განაგრძობდა, მისი ხმა ნელ-ნელ იკრებდა ძალას, თანდათანობით უფრო ომახიანად ჟღერდა, დიდი, ღონიერი ფრინველივით უვლიდა ირაოს გაყინულ ჰაერში, ხმაგაკმენდილ, გაფითრებულ ადამიანებს არწივივით დაჰყეფდა ზემოდან და უცნაური, ჟრუანტელისმომგვრელი ძალით ავსებდა.       "უნდა ჩავეწერო!" - გაიფიქრა უეცრად ალექსანდრემ, თოვლში ფეხი მოინაცვლა და ცოლს გადახედა.       ელენე თავაწეული იდგა, ორატორს ყურადღებით უსმენდა და მთელი მისი გამომეტყველება - ოდნავ ღია ბაგე, გასხივოსნებული თვალები და განათებული სახე საოცარ აღტკინებას გამოხატავდა.       სიაში ჩაწერის მსურველთა რიგი ნელა მიიწევდა წინ, უფრო და უფრო იზრდებოდა, რიგს იკავებდნენ ახალგაზრდა გოგონები, სუფთად ჩაცმული ინტელიგენტები, ოჯახის ხანდაზმული მამები.       "არა, უნდა ჩავეწერო", - ფიქრობდა ალექსანდრე და თან წამდაუწუმ ფეხს ინაცვლებდა, სციოდა.       იქ, ზემოთ კი ახლა მოხუცი გენერალი ლაპარაკობდა. იგი ბორძიკობდა, სიტყვებს ეძებდა, მაგრამ მის ფოლადივით მჟღერ ხმაში მაინც ისმოდა ხმლების წკრიალი, თოვლში ჩაფანტული ნაპერწკლების შიშინი.       "მეც უნდა ჩავეწერო" - კიდევ ერთხელ გაიფიქრა ალექსანდრემ და ცოლს მკლავზე ხელი დაადო. ელენემ სწრაფად შეხედა, კითხვის თვალით მიაჩერდა, მაგრამ ალექსანდრემ მოუ ლოდნელად თავი ჩაღუნა და წაიდუდუნა:   - არ წავიდეთ ელიკო?   - კი ბატონო, წავიდეთ.       ფიქრიდან მანქანის მოტორის ხმაურმა გამოარკვია. შეკრთა, თავი ასწია, ავისმომასწავებლად ეჩვენა ამ შუაღამისას მანქანის გამოჩენა. სავარძლიდან წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და გარეთ გაიხედა. წვიმდა ისევ, წვრილად ცრიდა, რიყის ქვით მოგებული სველი ქუჩა შავმა მანქანამ ამოიარა და ბოძზე მიმაგრებული ნათურის შუქით განათებულ წრეში გაჩერდა. ალექსანდრემ უკან დაიხია, მაგრამ ცდუნებას ვერ გაუძლო, გამჭვირვალე ფარდა ათრთოლებული თითებით გადასწია, კისერი წაიგრძელა და საიდუმლო მდუმარებით მოცულ მანქანას ფრთხილად გახედა - დაორთქლილი საქარე მინა ნათურის ყვითელ შუქს ირეკლავდა და შიგ მსხდომთ არ აჩენდა. უეცრად, ავტომობილის ორთავ კარი ერთდროულად გაიღო და იქიდან სამი კაცი გადმოვიდა. ალექსანდრემ მაშინვე ხელი უშვა ფარდას, მაგრამ ბოლო მომენტში, მაინც იცნო ტყავის ქურთუკიანი პარუნაშვილი და მოეჩვენა, რომ მისალმების ნიშნად მან თავი დაუკრა და თავაზიანად გაუღიმა. * * * ბნელში ხელების ცეცებით მიმავლი ელენე ნოტიო კედელს მიუყვებოდა და როცა იმის ლოპრმოდებულ ზედაპირზე მოუხვდებოდა ხელი, ზიზღი იპყრობდა. ამ უცნაურ გვირაბში საშინლად მყრალი, გულისამრევი სუნი იდგა და ყველაფერი რაღაც წებოვანი ლორწოთი იყო გალიპული. ყინულივით ცივ, ბლანტ წყალში ფეხშიშველი მიაბიჯებდა. ზოგჯერ ფეხებზე ხორკლიანი, მოფუთფუთე არსებების შეხებას გრძნობდა და შიშისაგან სუნთქვაშეკრული ცდილობდა, უფრო სწრაფად ევლო, რომ იქაურობას რაც შეიძლება სწრაფად გასცლოდა, მაგრამ სიცივისაგან გათოშილი სხეული აღარ ემორჩილებოდა და ეჩვენებოდა, რომ სადაც იყო, წაიქცეოდა, ბინძურ წყალში წაღავდებოდა, იქ, იმ საშინელ სიბნელესა და სიმყრალეში ჩაიხრჩობოდა.       უეცრად, რაღაც შორეული ხმა, რაღაც ძახილი შემოესმა და გაჩერდა, ყური მიუგდო, მაგრამ ძახილი აღარ გამეორებულა. სამაგიეროდ გაიგონა ხის კიბეზე ამავალი ადამიანების მძიმე ფეხის ხმა, აშკარად შემოესმა ვიღაცათა გახშირებული სუნთქვა, ქოშინი და იმედმიცემულმა დაძახება გადაწყვიტა, პირი გააღო, მაგრამ ყელიდან უცხო, უცნაური ხავილის მეტი არაფერი ამოუვიდა. სასოწარკვეთილებისაგან დაზაფრულმა გზა განაგრძო, სწრაფად მიდიოდა, კოჭებამდე წყალს მიაჭყაპუნებდა და ახლა უკვე აღარ ერიდებოდა მყრალი ლორწოთი გაწებილ კედლებს, ზედ ეხლებოდა, ხელისგულებით ებჯინებოდა და სიბნელეში ეგრე მიტორტმანობდა.       უცებ, რაღაცას წამოჰკრა ფეხი, წაიბორძიკა, თავი ვეღარ შეიკავა და წყალში გულაღმა მწოლარე გვამზე წაიქცა. მაშინვე იცნო, უფრო სწორად, გუმანით მიხვდა, რომ ალექსანდრეს ცხედარი იყო, შიშისაგან შეჰყვირა და გამოეღვიძა.       ერთხანს თვალებდახუჭული იწვა, გონზე მოსვლას ცდილობდა, მერე ქმრის ლოგინზე ხელი მოაფათურა და როცა ნახა, რომ ცარიელი იყო, ელდა ეცა. ქუჩიდან რაღაც გაურკვეველი ხმები ისმოდა. ყური მიუგდო, გაიგონა მოტორის თუხთუხი, ვიღაცის მშრალი ჩახველება და მანქანის კარის ჯახუნი. ელენე საწოლიდან ადგა, სიბნელეში ხელების ცეცებით მივიდა ფანჯარასთან, სქელი ფარდა გადასწია და გარეთ რომ გაიხედა, დაინახა შავი ავტო, რომელიც ადგილიდან დაიძრა, ქვემოთ დაეშვა, სიბნელეს შეერია და გაუჩინარდა.       ერთხანს იდგა და ქმრის შემოსვლას ელოდებოდა. საპირფარეშოში გავიდოდაო, ფიქრობდა. მართლაც, ღამღამობით ხშირად უწევდა ხოლმე ალექსანდრეს საპირფარეშოში გასვლა და კოშმარული სიზმრიდან გამორკვეული ელენე თანდათანობით დამშვიდდა.       გარეთ ნოემბრის ცივი, გულისგამაწვრილებელი წვიმა ასველებდა ქუჩას, სახლის სახურავებს, ტანდაჯირჯვებულ, ბებერ აკაციებს. ელენეს რატომღაც ებრალებოდა ის აკაციები, შემოდგომით დაუნდობლად რომ გადაბელავდნენ ხოლმე და მერე, გაზაფხულზე, ხანმოთეულნი და უძალონი, ძლივსღა ამოიყრიდნენ თითო-ოროლა მწვანე რტოს. ამ ოცი წლის წინათ, ისინი ჯერ კიდევ ახალგაზრდები იყვნენ, ჯერ კიდევ შეეძლოთ ვარდობის თვეში თეთრად გადაპენტილიყვნენ და მთელი ქუჩა ნაზი, გუ ლისამაჩქროლებელი სურნელით გაებრუებინათ. ახლა კი უპატ რონო და უმწეო მოხუცებივით საბრალოდ იდგნენ იმ წვიმაში, იდგნენ და ელოდნენ, როდის ჩამოივლიდა ცულიანი წყნეთელი გლეხი, რომ ძირში მოეჭრა, მოკლე-მოკლედ დაეხერხა და ცხე ნის ურმით შინ წაეღო. მათ ამ მოლოდინს ელენე მუდამ მტკივნეულად განიცდიდა და იმ წყნეთელი კაცის გამოჩენაზე შიშით ისე აუთრთოლდებოდა ხოლმე გული, ისეთი ელდა ეცემოდა, თითქოს ქუჩაში ერთი უბრალო გლეხი კი არა, მიქელ-გაბრიელი მოდენილიყო.       ოცი წლის წინათ ელენეც ახალგაზრდა იყო, მთლად ისეთი ვერა, აყვავება რომ შესძლებოდა, მაგრამ ჯერ მაინც იმდენად ლამაზი, რომ აკაციის ყვავილებით გაბრუებულ ქუჩაში მომავალს, უბნის კაცები თვალს აყოლებდნენ და გადასახლებიდან დაბრუნებული, ცოლმონატრებული ალექსანდრეც ვნებიანად უთვალიერებდა ჯიშიან ტან-ფეხს.       ელენეს მიაჩნდა, რომ ქმარს უნდა ეამაყა მისით, რადგან იმ თერთმეტი წლის განმავლობაში, რაც იგი ციხესა და შორეულ გადასახლებაში იმყოფებოდა, მიუხედავად მრავალი მაცდუნებელი შემოტევისა, მაინც ბოლომდე მისი ერთგული დარჩა და კატორღაში მყოფ პოლიტპატიმარს ნამუსი შეუნახა. იმ დროს ხალხი ჯერ კიდევ დიდად აფასებდა კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის მებრძოლ, ტანჯულ გმირებს. ამიტომ ელენესაც, როგორც ერთ-ერთი ასეთი გმირის ცოლს, ყველა განსაკუთრებული ყურადღებითა და პატივისცემით ეპყრობოდა და თუმცა თვითონ სრულიად არაფერი იცოდა ქმრის იატაკქვეშა მუშაობის შესახებ, მაინც სულ იოლად დაიჯერა, რომ ალექსანდრე მართლაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო. მასთან ხშირად მოდიოდნენ სოციალ-ფედერალისტთა ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტის წარმომადგენლები, ეხმარებოდნენ ფულით და ზოგჯერ მისგანაც თხოულობდნენ დახმარებას.       ერთხელ ელენეს მათი ოჯახის კარგი ნაცნობი და შორეული ნათესავი, ელიზბარ ლოლუა ესტუმრა და როგორც რევოლუციონერის ცოლსა და სანდო პიროვნებას სთხოვა, დროებით, სულ რამდენიმე კვირით შეენახა უცხოეთიდან საიდუმლოდ შემოტანილი იარაღი. ელენე თავიდან შეშინდა, რადგან იმ წლებში საქართველოში საშინელი რეაქცია მძვინვარებდა და იცოდა, რომ იარაღის შენახვისათვის ციმბირს აქეთ დაატოვებინებდნენ, მაგრამ ქმრის სიყვარულისა და მისი საქმის ერთგულების გამო ელიზბარს უარი ვეღარ უთხრა. მართლაც, მარტის ერთ თოვლჭყაპიან ღამით, ელენეს კარზე მოაყენეს შაშხანებითა და ტყვია-წამლის ყუთებით დატვირთული, კამეჩებშებმული ურემი და იარაღი სამზადის ქვეშ, წინასწარ გათხრილ ხაროში დამალეს. დაღლილი და შეციებული ხალხი დიასახლისმა ბუხრის წინ გაშლილ სახელდახელო სუფრასთან მიიწვია და როცა ელიზბარის ამხანაგებმა სველი ნაბდები სოხანეზე მიყარეს და ყაბალახები შემოიხსნეს, ერთი მათგანის გამორჩეულმა ვაჟკაცურმა შესახედაობამ და სილამაზემ ქალი განსაკუთრებულად მოხიბლა. ეს იყო მთელს სამეგრელოში ცნობილი, სახელგანთქმული სენაკელი აბრაგი ჯარიშა ჯგუშია, რომელიც "ესფერებს" უცხოური გემიდან იარაღის გადმოტანასა და მის დაბინავებაში შველოდა.       იარაღის შემოტანა მუდამ დიდ ხიფათთან იყო დაკავშირებული და ამიტომ პარტიული კომიტეტი ყაჩაღთა რაზმებს იყენებდა ხოლმე ამ საქმისთვის, მაგრამ რაკი მათ ბოლომდე მაინც არ ენდობოდა, მეთაურად ყოველთვის ისეთ კაცს უნიშნავდა, რომელსაც ღალატს ვერავინ გაუბედავდა. სწორედ ასეთი კაცი იყო ჯარიშა ჯგუშია. იგი განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობდა აბრაგებს შორის. თვითონ იგი იმდენად იყო სანდო, რამდენადაც იცოდა, რომ ღალატის შემთხვევაში, პარტიული კომიტეტი მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდა და ამის აღმსრულებელსაც უთუოდ იპოვნიდა მის პირად მტრებს შორის.       იმ ღამით ელენემ სულ ორჯერ შეავლო ჯარიშას თვალი და იმან ორჯერვე დაიჭირა მისი მზერა. ამის შემდეგ არ გასულა რამდენიმე დღე, რომ ერთ საღამოს, სკოლიდან დაბრუნებულს აბრაგი შინ დაუხვდა. ელენემ ახლაც არ იცოდა, რანაირად შე ვიდა ჯარიშა დაკეტილ სახლში. იგი მშვიდად იჯდა ტახტზე და მის მოსვლას ელოდებოდა. ქალი გააცოფა ამგვარმა თავხედო ბამ, ყაჩაღი კინწისკვრით გააგდო გარეთ, მეორე დღეს კი ზუგდიდში ჩავიდა, ელიზბარ ლოლუა მოძებნა და აღშფოთებულმა ყველაფერი უამბო. მას შემდეგ ჯარიშა ჯგუშია თვალით აღარ უნახავს, მაგრამ, როცა რამდენიმე წლის შემდეგ მისი დაღუპვის ამბავი შეიტყო, დაჯდა და ცხარე ცრემლით დიდხანს იტირა.       დათქმულ დღეს ელიზბარის გამოგზავნილმა კაცებმა იარა ღი წაიღეს, ელენე კი მას შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობაში აღმოჩნდა ჩაბმული. კაცმა რომ თქვას, იგი არც თუ უხალისოდ ასრულებდა სხვადასხვა პარტიულ დავალებებს - დადიოდა კრებებზე, ავრცელებდა პროკლამაციებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს ესაუბრებოდა ძირმომპალი თვითმპყრობელობის მავნე, ანტიხალხური რეჟიმის დამხობის აუცილებლობასა და გარდაუვალობაზე, ბოლოს კი პარტიაშიც შევიდა, რადგან მიაჩნდა, რომ ქმრის მიერ დაწყებული საქმე თვითონ უნდა გაეგრძელებინა.       გადასახლებიდან დაბრუნებულმა ალექსანდრემ ცოლის პარტიულ გატაცებასა და ენთუზიაზმს ცივი წყალი გადაასხა. მან ჯერ ბევრი იცინა, როცა შეიტყო, ელენე პარტიის წევრი გამხდარაო, მერე კი სთხოვა, თუ ხათრი გაქვს, ელიკო, ეგ მანდატი ხვალვე ჩააბარე და იმ ხალხთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტეო.       ელენეს წინააღმდეგობა არ გაუწევია, იმ საქმეში სულაც ალექსანდრეს ხათრით იყო ჩაბმული და ამიტომ პოლიტიკურ მოღვაწეობას სრულიად უმტკივნეულოდ დაემშვიდობა, მაგრამ ქმრის შესახებ ადრინდელი წარმოდგენა კი, ცოტა არ იყოს, გაუფერმკრთალდა. თერთმეტი წლის განმავლობაში ალექსანდრე მისთვის ნელ-ნელა იმ საიდუმლო ბურუსით მოცულ რაინდად იქცა, დღედაღამ მშრომელი ხალხის კეთილდღეობისათვის, მისი ნათელი მომავლისათვის რომ იბრძოდა და ამ მაღალი მიზნის მისაღწევად სიცოცხლეს არ იშურებდა - არ ერიდებოდა ციხეს, ბორკილებს, ციმბირულ ყინვასა და კატორღულ შრომას. მაგრამ გადასახლებიდან დაბრუნებული ალექსანდრე, ელენეს გასაკვირად, სულ სხვა კაცი აღმოჩნდა. ამ ჩია, ავადმყოფ, ერთთავად კუჭმტკივან ადამიანს საერთო არაფერი ჰქონდა მისი წარმოდგენით შექმნილ გმირთან და ერთი ჩვეულებრივი, კურდღელივით ფრთხილი, მშვიდ ცხოვრებას დანატრებული კაცი იყო, რომელსაც სრულიად არ აინტერესებდა მსოფლიო პროლეტარიატის ბედი და მასზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენაც კი ჰქონდა.       ელენე კარგა ხანს გონს ვერ მოდიოდა, ეჩვენებოდა, თითქოს ოქროს თუმნიანის ნაცვლად ვიღაცამ ხელში ყალბი ფული შეაჩეჩა და იმედგაცრუებული და გაწბილებული დატოვა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ ამ საბრალო ადამიანს, რომელიც კუ ჭის გამუდმებულ ტკივილს სოდიანი წყლის სმითღა იყუჩებდა, საყვედურებისა და ათვალწუნების ნაცვლად, მზრუნველი ხელი და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდებოდა, შინაუ რი წამლები და მკაცრი დიეტა დაუნიშნა, ფაფებით კვებავდა, თვალ-ყურს ადევნებდა, რომ პირში ისეთი არაფერი ჩაეკარები ნა, რაც აწყენდა და ერთი წლის თავზე სასიკვდილოდ გადადე ბული კაცი ფეხზე დააყენა. იმ ერთი წლის მანძილზე ელენემ ისე ახლოს გაიცნო საკუთარი ქმარი, იმდენი კარგი თვისება აღ მოუჩინა, რომ უკვე თვითონვე ეცინებოდა თავის გაზვიადებულ წარმოდგენაზე და გრძნობდა, როგორ დღითიდღე უფერულდე ბოდა, რანაირად ფერმკრთალდებოდა მის მიერ წარმოსახული წამებული რაინდის სახე და მის ადგილს როგორ იჭერდა რეალური, ახლობელი და საყვარელი ადამიანი.       რევოლუციურმა საქმიანობამ ელენეს ხასიათს მაინც ღრმა კვალი დაამჩნია. ახლობლები მას იცნობდნენ როგორც გამბედავ, პირში მთქმელ ადამიანს, რომელიც არავის შეეპუებოდა და თავს ეგრე იოლად არავის დააჩაგვრინებდა. მოსწავლეებს მისი ეშინოდათ, მასწავლებლები ხათრითა და რიდით ექცეოდნენ. მისი პრინციპულობისა და შეუდრეკელი ხასიათის გამო ხშირად თავბედი უწყევლიათ სკოლის დირექტორებსა და განათლების განყოფილების გამგეებს.       ამნაირად იცხოვრა, ასე გალია წუთისოფელი და ახლა უკვე ხანშიშესული და თმაშევერცხლილი ხშირად ნაღვლობდა ხოლმე იმ მძიმე ხვედრზე, რაც ბედს მისთვის ერგუნებინა და რასაც ამ სიბერეში უფრო განიცდიდა, ვიდრე მაშინ, როცა ეგონა, რომ ყველა ბავშვი, ვისთვისაც კი ოდესმე ესწავლებინა, ვისაც მის ხელში გაევლო, საკუთარი შვილივით უყვარდა, მაგრამ ახლა, როცა ყველა მათგანს, ყველა მოსწავლეს - ავსაც და კარგსაც, უკვე ერთ მთლიან, უსახურ მასად აღიქვამდა, ხვდებოდა, რომ იმ მაშინდელი სიყვარულით თავს იტყუებდა და სწორედ ამით იკმაყოფილებდა დედობრივ ინსტინქტს, თორემ სულ სხვა იყო ის ნამდვილი, ღვთიური გრძნობა, ადამიანს საკუთარი სისხლი სა და ხორცის მიმართ რომ გააჩნია. ამ გრძნობას, ამ მარადიულ ინსტინქტს ებრძოდა მთელი ცხოვრება. ებრძოდა მაშინაც, როცა ეგონა, რომ საკუთარი შვილივით უყვარდა ყველა მოსწავლე, მაშინაც, როცა გადასახლებიდან დაბრუნებულ ავადმყოფ ალექსანდრეს უვლიდა და ახლაც, როდესაც ნიკოსა და ნუნუს შვილს - პატარა მერაბს მართლაც რომ საკუთარი შვილივით დაჰკანკალებდა და ცივ ნიავს არ აკარებდა.       გარეთ ისევ წვიმდა, ეული ნათურის შუქით განათებულ ქუჩაში, აქა-იქ წყლის შავი, პირქუში გუბეები იდგა და იმ გუ ბეებმა ელენეს წეღანდელი სიზმარი გაახსენა. ისევ თვალწინ დაუდგა ბნელი გვირაბი, წებოვანი ლორწოთი გალიპული მისი კედლები. ხალათი ჩაიცვა, კარი გამოაღო და სასტუმრო ოთახში შეიხედა.       ალექსანდრე ელენესაკენ ზურგშექცევით იდგა და კედელ ზე გაკრულ სურათებს ხსნიდა - უკვე ჩამოეღო ილიას, აკაკის, ვაჟას ფოტოები და ახლა მეფის არმიის პოლკოვნიკისფორმიან გიორგი ჯანელიძის სურათს აძრობდა.       დაბნეული ელენე ჩუმად უყურებდა ქმრის საქმიანობას. ვერ გაეგო, რაში სჭირდებოდა ახლა, ამ შუაღამისას, ალექსანდრეს ეს სურათები, მაგრამ როცა მან სიმამრის ფოტოც ჩამოხსნა, ღუმელთან მიიტანა და ოთხივე ცეცხლს შეუკეთა, ელენემ შეჰყვირა და ხელებგაწვდილმა წინ წაიწია.       ცოლის ყვირილზე ღუმელთან ჩაჩოქილმა ალექსანდრემ უკან მოიხედა და ელენემ დაინახა მისი მიტკალივით გაფითრებული სახე, უპეებჩაშავებული თვალები და მორღვეული, უფორმო პირი. თავზარდაცემული შეჰყურებდა ამ ერთ ღამეში დაჩაჩანაკებულ, უცნაურად შეცვლილ ქმარს. ვერ მიმხვდარიყო რა მოხდა, რა უბედურება ტრიალებდა მათ თავს და როცა ალექსანდრემ ასადგომად აიწია, მაგრამ მუხლმოკვეთილმა წაიბორძიკა და იატაკს ხელით დაებჯინა, ელენე სწრაფად მიუახლოვდა, წამოაყენა, სავარძელთან მიიყვანა და შიგ ფრთხილად ჩასვა.       ბერიკაცმა წყლიდან ამოგდებული თევზივით აალამუნა ტუჩები.   - ჰო, რა იყო, საშა, ცუდადა ხარ?       ჰკითხა ელენემ, მაგრამ ალექსანდრე ხმას ვერ იღებდა, ცოლს უაზროდ მიშტერებოდა, თითქოს ვერ გაეგო, ვინ იყო ეს ქალი, აქ საიდან მოსულიყო ან რა უნდოდა და როცა იმან კომოდის უჯრიდან პიტნის წვეთების პატარა ბოთლი ამოიღო, აკანკალებული ხელით წყლიან ჭიქაში ჩააყირავა და მერე ის ჭიქა პირთან მიუტანა, ჩახრინწული ხმით უთხრა:   - ნიკო და მისი ცოლი წაიყვანეს წეღან.   - დალიე ეს, დალიე! - აჩქარებით უთხრა ქალმა და როცა ალექსანდრემ ჭიქა გამოცალა, მერეღა ჰკითხა, - სად წაიყვანეს, საშა, რას ამბობ?!   - არ ვიცი, მანქანაში ჩასვეს ორივენი და წაიყვანეს.       ელენეს ახლაღა გაახსენდა ის შავი ავტომობილი, ელდა ეცა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა და იატაკზე დაეცა, მაგრამ არ გატეხილა.   - კი მაგრამ ბავშვი?!       ალექსანდრე ერთხანს უხმოდ მისჩერებოდა, სახე დაეძაბა, თითქოს რაღაცას იხსენებსო.   - არ ვიცი, ბავშვი არ დამინახავს.       ელენე კართან მიიჭრა, გასაღები გადაატრიალა, გააღო და აჩქარებული გარეთ გაიჭრა. * * *       ალექსანდრე არ განძრეულა, იჯდა და დაცარიელებულ კედელს მიშტერებოდა. გახუნებულ შპალერზე ფოტოსურათების ნაკვალევი დარჩენილიყო - სამი მოზრდილი და ერთიც მომცრო, ოვალური. იმ ადგილებზე კედელს ფერიცა და პეწიც ძველებური შერჩენოდა და ის დღე გაახსენდა, როცა აისორი ხელოსნები ბინას ურემონტებდნენ. ცხადად მოაგონდა კირის, სახამებლისა და ხის წებოს სუნი. ეს წარსულის, ბედნიერი ცხოვრების სურნელი იყო. რას არ მისცემდა, რომ ახლა იქ, იმ შორეულ წარსულში დაბრუნებულიყო. მაშინ, ოცი წლის წინათ, როცა ციმბირიდან ჩამოტანილი ფულით ეს ბინა იყიდა, მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან სწორედ ეს იყო მისი პირველი და ერთადერთი საკუთრება, რომელსაც გადასახლებაში ყოფნისას ასე ნატრობდა. თავიდანვე შეუყვარდა ამ სახლის სუნი, მისი კედლები, ხის დარაბებიანი ფანჯრები, საიდანაც რიყის ქვით მოგებული ვიწრო, თბილისური შუკა მოჩანდა. ახსენდებოდა გაზაფხულის საღამოები, როცა ამ ფანჯრების წინ გამართულ სკამზე მეზობლები ჩამოსხდებოდნენ და თამაშობდნენ ჭადრაკს, ნარდს, ანდა უბრალოდ, მეზობლურად მასლაათობდნენ.       ასეთ დროს, იმ თბილ ამინდში, ყველა სახლის ღია ფანჯრიდან მოჩქროლავდა განსაკუთრებული, მარტოოდენ იმ ბინებისთვის ნიშანდობლივი სხვადასხვა სუნი და ერთმანეთთან შეზავებული, თეთრად გადაპენტილი აკაციების ოდნავ მომწარო სუნთან შერწყმული, ერთ მთლიან, მხოლოდ მათი შუკისთვის დამახასიათებელ, განუმეორებელ სურნელსა ქმნიდა. მაშინ, იმ დროში, ადამიანები ყნოსვით სცნობდნენ საკუთარ ქუჩებს, რადგან ყოველი მათგანი, დიდი თუ მცირე, თავისი განსაკუთ რებული არომატით გამოირჩეოდა და სწორედ ამ ათასგვარ არომატთა ნაზავი, ერთ მთლიან სუნად შეკრული და შენივთე ბული წარმოადგენდა იმ უძველესი ქალაქის სურნელს, რომელ საც დასაბამიდან თბილისი ერქვა, მაგრამ რატომღაც ყველა უბრალოდ "ქალაქს" ეძახდა.       ალექსანდრე ახლა შორეული სიზმარივით იხსენებდა მაშინდელ თბილისს, რაღაც სხვანაირს, სხვა იმედით გაცისკროვნებულს და იქნებ ათასგვარი საზრუნავით შეწუხებულსაც, მაგრამ გაცილებით უფრო მხიარულს, ბედნიერსა და თავისუფალს. იხსენებდა იმ დღესაც, როცა დამარცხებულ ქალაქში ტანისამოსშემოფლეთილი, მკბენარდახვეული, მშიერი მტერი შემოვიდა. როცა სულ სხვა, უცხო კანონ-სამართალის არტახებით გაკრულ ქალაქში ცხოვრება ჩაკვდა და ჩაინავლა.       ქვეყანაში ტერორი გამეფდა. ცეცხლითა და მახვილით მოსულმა ძალამ გლეხი კოლმეურნეობის მონა გახადა, მუშა ჯამაგირის მოკლე თოკით დააბა, არისტოკრატია მოსპო, მღვდელი გაკრიჭა, ხოლო ინტელიგენცია მუჭში დამალული შაქრის ნატეხის ეშხით, ცირკის გაწვრთნილ გოშიად აქცია და ქართველი ერი თანდათანობით იმ მოზვერს დაამსგავსა, რომელიც იძულებული იყო ორიდან ერთი, უფრო ნაკლები უბედურება აერჩია: ან უნდა დაეკლათ და ხორცის ნაჭრებად გაეყიდათ, ან დაეკოდათ და მუშა პირუტყვად ექციათ. ერმა ფიზიკურ განადგურებას მეორე უბედურება ამჯობინა, უღელში მორჩლად გაყო თავი და ყელში აპეურწაჭერილმა, ხრიოკი სახრის შიშით, სოციალიზმის ოღრო-ჩოღრო გზაზე გასწია.       ეს არჩევანი ალექსანდრეს გონივრულად მიაჩნდა. დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო, ეუბნებოდა ხოლმე მასთან მოკამათე ნიკოს. ეს ერთი მუჭა საქართველო დიდ რუსეთთან ვერას გახდება, ტყუილუბრალოდ შევაწყდებით, გავნადგურდებით და აღვიგვებით პირისაგან მიწისა. მთავარია, როგორმე გავუძლოთ, თავი გადავირჩინოთ, სული რომ გვიდგას, ახლა ესეც დიდი საქმეაო. აბა, დავიკრიფოთ გულზე ხელები და ვუყუროთო? - ბრაზობდა ნიკო. - რატომ, კაცო, ვიშრომოთ, ქვეყანა ვაშენოთ, მამაპაპური ადათ-წესები შევინახოთ, ერის ტრადიციებს ნუ დავკარგავთ, ნუ გადავგვარდებით. მარადიული არაფერია, ამაზე უარესი დღეებიც გვინახავს, ბოლოს და ბოლოს, ესენიც წავლენ, მოგვცილდებიან და ჩვენი დროც დადგებაო. მაგრამ ნიკო არ ეთანხმებოდა - მონობაში სიცოცხლეს სიკვდილი სჯობსო, მონა შექმნის და ააშენებს კი არა, რაც აქვს, იმა საც დაკარგავს და სულ ხელცარიელი დარჩებაო.       ერთი სიტყვით, ვერ თანხმდებოდნენ, სხვადასხვა აზრზე იდგნენ და ცხარედაც კამათობნენ, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მათ მეგობრობას.       კარგით ახლა, გეყოფათ, ნუ დაჭამეთ ერთმანეთიო! - ეცინებოდა ელენეს, - ნეტა ვიცოდე, რა გაქვთ გასაყოფი, რა ყრია მაგ ცარიელ ლაპარაკშიო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირად თვითონაც ერეოდა მათ კამათში და ასეთ დროს მუდამ ნიკოს მხარეს იჭერდა, მის აზრს იზიარებდა; მათ ერთობლივ შემოტევას კი ალექსანდრე ვეღარ უძლებდა, ხუმრობით თითს მოკაკვავდა და ღიმილით ამბობდა, აბა, ელიკოსთან მე რას გავხდები, ეგ ხომ ძველი რევოლუციონერი გვყავს, პოლიტიკურ ბრძოლებში ნაცადი და გამოცდილიო.       ასე ამთავრებდნენ კამათს, უფრო სწორად, მეორე დღისთვის გადასდებდნენ, მანამდე კი მიუსხდებოდნენ ელენეს მიერ გაშლილ სუფრას, ან ჩაის სვამდნენ, ანდა წელში გამოყვანილ ჭიქებში დასხმულ საფერავს და ჭუკჭუკებდნენ ტკბილად, თავისთვის, სულ ავიწყდებოდათ სოციალიზმის მშენებლობა და მისი მონაპოვარი. მალე შემოვიდოდა ნუნუც, რომელსაც ცალ ხელში უსათუოდ ცხელი, იმერული ხაჭაპურებით თავმოდგმული თეფში, მეორეში კი ლოყებპუტკუნა, მოღიმარი ბიჭი ეჭირა, მიუჯდებოდა გვერდით ელენეს, ბავშვს კალთაში ჩაისვამდა და ალექსანდრე გრძნობდა, რომ ოთახში რაღაც სხვანაირი სითბო და სიყვარული ისადგურებდა.       ბოლო ხანებში, ნიკო და ნუნუ მათთვის განსაკუთრებულად ახლობელ ადამიანებად გადაიქცნენ, მაგრამ ახლა, როცა ისი ნი პარუნაშვილმა და მისმა ამხანაგებმა მანქანაში ჩასხეს და წაიყვანეს, ალექსანდრეს ერთი უცნაური, სამარცხვინო გრძნო ბა ეუფლებოდა, გრძნობა უცაბედად მოვლენილი შვებისა და სიხარულისა, რომელიც გააფთრებული წინააღმდეგობის მიუ ხედავად, მთელ მის არსებას მაინც ჯიუტი მონდომებითა და ძალით იპყრობდა.       წეღან, მანქანიდან გადმოსული პარუნაშვილის დანახვაზე, ალექსანდრეს, მისდა გასაკვირად, სრულიად გაუქრა შიშნარევი მოლოდინის მტანჯველი გრძნობა და უეცარი სიმხნევე და სიმშვიდე დაეუფლა. თითქოს მღვრიე წყლიდან ამოყვინთაო, გარკვევით დაინახა ყველაფერი, გონებადაწმენდილი ამჩნევდა, როგორ ლაგდებოდა ირგვლივ ყოველივე, რანაირად უბრუნდებოდა საგნებსა და მოვლენებს თავთავისი ფორმა და მნიშვნელობა. ტკბილ-მწარე მოგონებები რეალობამ შეცვალა, განვლილი ცხოვრების სურათები სქელ ნისლში დაინთქა და უფრო ხელშესახები გახდა აწმყო, რომელიც ალექსანდრეს უკვე აღარ აშინებდა, ახლა სხვა, მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი აწუხებდა: ნანობდა, რომ ცოლი თავის დროზე არ გააღვიძა, ყველაფერი წინასწარ არ უამბო და ამ წუთებისთვის არ შეამზადა. გონების თვალით იქექებოდა წიგნების კარადასა და საწერი მაგიდის უჯრებში, რადგან აინტერესებდა, ჩხრეკის დროს რა უნდა ეპოვნათ იქ ისეთი, რაც მომავალში მის საწი ნააღმდეგო სამხილად გამოადგებოდათ. ეცოდებოდა ელენე, რომელიც ამ სიბერეში ისევ მარტო უნდა დარჩენილიყო და, ცხადია, თვითონაც ესიკვდილებოდა იმ ერთხელ უკვე ავლილი გოლგოთის ხელმეორედ ავლა, კვლავ ყურში ედგა ბორკილების ჟღრიალი და ბადრაგის მკვახე შეძახილი. მაგრამ დიდი ხნის ნალოდინარი საშიშროება იმდენად რეალური და გარდაუვალი გამხდარიყო, რომ ალექსანდრეს სრულიად აღარ აფრთხობდა, რადგან საშიშროების მოლოდინი გაცილებით უფრო მტანჯვე ლია, ვიდრე თვითონ საშიშროება.       შუა ოთახში იდგა და ღამის სიჩუმეში გარკვევით ესმოდა ყოველი ჩქამი, სულ ოდნავი გაფაჩუნება: წვიმის რბილი, ჩუმი შრიალი, საათის ტიკტიკი, რაღაც შორეული, სუსტი წკრიალი და სადარბაზოს ხის ჭრიალა კიბეზე ამომავალი პარუნაშვილისა და მისი ამხანაგების მძიმე ფეხის ხმა. ეჩვენებოდა, რომ ხედავდა კიდეც მათ მკაცრ სახეებს, მოკუმულ ტუჩებს, ჯიბეებში ჩამა ლულ ხელებს. აი, კიბე ამოათავეს და დერეფანში შემოვიდნენ. ახლა მარჯვნივ გამოუხვევდნენ, მოადგებოდნენ ალექსანდრეს ბინის დაკეტილ კარს და ზედ მუშტით მაგრად დააბრახუნებ დნენ. სმენად იქცა, დაძაბული, კისერგაწვდილი მისჩერებოდა შემოსასვლელს, მაგრამ არავინ აკაკუნებდა და ეს მტანჯველი მოლოდინი თანდათანობით უფრო აუტანელი და დამთრგუნვე ლი ხდებოდა.       უეცრად, მართლაც ატყდა მძიმე ბრახუნი, მაგრამ მას როდი უკაკუნებდნენ, ეს ხმა უფრო შორიდან, დერეფნის ბოლოდან მოდიოდა და ალექსანდრემ გაიფიქრა, ალბათ, კარი თუ შეეშალათო.       ცოტა ხნის შემდეგ შემოესმა ნიკოს ნამძინარევი ხმა, ვინ არისო, კითხულობდა და ამათაც ისე მხიარულად, ისეთი მე გობრული ტონით უპასუხეს, გააღე, კაცო, ჩვენა ვართო, რომ ალექსანდრეს გაუკვირდა, ნეტავი ეს ჩვენი ნიკო და პარუნაშვი ლი საიდან იცნობენ ერთმანეთსო! მერე გაისმა კარის ჭრიალი, რაღაც გაურკვეველი, ყრუ შეძახილი, თითქოს ვიღაცამ დაახვე ლაო და იქაურობა ისევ ჩაწყნარდა, წვიმის გაბმულ შრიალსა და საათის ტიკტიკში ჩაიძირა.       ალექსანდრე არ განძრეულა, იდგა და ფიქრობდა: ალბათ, ჯერ ნიკოსთან იმიტომ შევიდნენ, რომ მოწმედ სჭირდებათ, მისი თანდასწრებით მიპირებენ დაპატიმრებას, რათა ყველაფერს კანონიერი სახე მისცენო, მაგრამ გადიოდა დრო და იქიდან ჩამიჩუმი აღარ ისმოდა.       ალექსანდრემ კარგა ხანს იცადა და ბოლოს ცოლის გაღვიძება გადაწყვიტა. ახლა მხოლოდ ისღა ადარდებდა, რა ვქნა, ისე როგორ შევაპარო ეს ამბავი, რომ საწყალ ქალს გული არ გავუხეთქოო და ამ ფიქრში რომ იყო, უეცრად, ისევ მოესმა კარის ჭრიალი, ხმაური და ნაბიჯების ხმა. ყური მიუგდო, გაიგონა კაცების ლაპარაკი და ქალის ტირილი, რაღაც ბღლარძუნის ხმაც შემოესმა, მაგრამ არც ამჯერად გამოუხვევიათ მისი კარისკენ, კიბე ჩაიარეს და გარეთ გავიდნენ.       ალექსანდრემ ფანჯარას მიაშურა, ფარდა გადასწია და ქუჩაში გაიხედა: ავტომობილის კარი გაეღოთ და ნიკოს და ნუნუს შიგ ძალით სვამდნენ. ნიკო გახევებული უაზროდ იდგა, ხმას ვერ იღებდა, ნუნუ კი ტიროდა, კაცებს უძალიანდებოდა, გამწარებული რაღაცას ამბობდა და სახლისკენ მიიწევდა, მაგრამ ისინი ყურს არ უგდებდნენ, მანქანის ღია კარისკენ უბიძგებდნენ და როცა ბოლოს ორივენი შიგ შეყარეს, თვითონაც ჩასხდნენ და ის იყო, ავტომობილი დაიძრა, რომ პარუნაშვილმა დაორთქლილი მინა გადაწმინდა, ალექსანდრესკენ გამოიხედა და გაუღიმა.       მერე მანქანა ქვემოთ დაეშვა, სიბნელეს შეერია და გაუჩინარდა, ალექსანდრე კი იქვე დარჩა, იმ ფანჯარასთან, ცალი ხელით ფარდას ჭმუჭნიდა და ისევ თვალწინ ედგა პარუნაშვილის სუფთად გაპარსული სახე, მისი ღიმილი, თითქოს ორაზროვანი და ნიშნის მომგები, მაგრამ იმავდროულად მეგობრობისა და კეთილგანწყობის გამომხატველიც. ეჭვმა შეიპყრო. ეს ღიმილი სანდო არ იყო. გაახსენდა, წეღან ნიკოს შინაურულად რომ დაუძახეს, გააღე, ჩვენა ვართო, და ალექსანდრესთვის ცხადი შეიქნა მათი მზაკვრობა. მოაგონდა შავი მანქანაც, რომელიც იმის ნაცვლად, რომ სიბნელეში გაეჩერებინათ, მთელს ქუჩაში ერთადერთ განათებულ და გამოსაჩენ ადგილზე, სწორედ მისი სახლის ფანჯრებთან დააყენეს და ალექსანდრე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი მის შესაშინებლად მოაწყო პარუნაშვილმა და ეგებ ნიკოსა და ნუნუს დაჭერაც მისთვის დადგმული სპექტაკლი იყო. ოღონდ ერთ ღამეს ჯერ ვერ ხვდებოდა, ეს უშნო ფარსი უკვე დამთავრდა თუ კიდევ წინ ჰქონდა მეორე აქტი, რომელიც ტრაგიკული ფინალით უნდა დასრულებულიყო და ალექსანდრეს კვლავ შემოაწვა გაურკვეველი მოლოდინის მტანჯველი გრძნობა, შემობრუნდა, ოთახს უაზროდ მოავლო თვალი და როცა, უეცრად, მაგიდის თავზე გაკრული ილიას, ვაჟას, აკაკის და მეფის არმიის პოლკოვნიკის, გიორგი ჯანელიძის ფოტოები შენიშნა, შიშისგან სუნთქვა შეეკრა და ელდანაცემმა საწერ მაგიდას მიაშურა. * * *       კარმა გაიჭრიალა და სავარძელში მჯდომი ალექსანდრე შეკრთა. ოთახში ელენე შემოსულიყო, ხელში მძინარე ბავშვი ეჭირა. ქალი აჩქარებული ნაბიჯით წამოვიდა, ქმრისთვის ერთხელაც არ შეუხედავს, წამით თვალი დაცარიელებულ კედელს შეავლო და საძინებელ ოთახში შევიდა. ღია კარიდან მოჩანდა, როგორ მზრუნველად ჩააწვინა ბავშვი ლოგინში, როგორ ჩაფუთნა. მერე იდგა და ჩუმად დასჩერებოდა.       ელენეს ეცოდებოდა ასე ობლად, უდედმამოდ დარჩენილი პატარა ბიჭი, რომელსაც ბრმა ლეკვივით ჯერ თვალიც არ აე ხილა და უკვე საშინელ განსაცდელს უმზადებდა წუთისოფელი. თავზარს სცემდა ნუნუსა და ნიკოს დაჭერა. ვერ წარმოედგინა, რა უნდა ჩაედინათ ამ მშვიდ, უწყინარ ადამიანებს ისეთი, რომ შუაღამისას შინ მოუცვივდნენ, ლოგინიდან წამოყარეს და ისე წაასხეს, თოთო ბავშვსაც არ გაუწიეს ანგარიში. ბუნდოვანი გუმანით გრძნობდა, რომ ამის შესახებ ალექსანდრემ მასზე მეტი იცოდა, თორემ იმ სურათებს ისეთი ფათაფუთით არ ჩამოხსნიდა და ღუმელში არ შეუკეთებდა. სასტუმრო ოთახში გავიდა, კარი ფრთხილად მიხურა და ქმარს მიაჩერდა:   - როგორ ხარ, საშა?   - არა მიშავს.       სკამი აიღო, სავარძელთან მიაჩოჩა და კაცს წინ დაუჯდა.       ალექსანდრე ოდნავ შეირხა. კარგა ხანს უხმოდ, მდუმარედ ისხდნენ და ესმოდათ ქუჩიდან შემომავალი წვიმის შრიალი, კომოდის თავზე შემოდგმული საათის ხმა და იატაკქვეშ დაბუდებული თაგვის ფაჩუნი. ელენე ქმარს სახეში შეჰყურებდა, მაგრამ ალექსანდრე თვალს არიდებდა, მუხლებზე დალაგებულ საკუთარ ხელებს დასჩერებოდა, ისე გულმოდგინედ აკვირდებოდა ყავისფრად დალაქავებულ, ძარღვებამომსხდარ მტევნებს, თითქოს პირველად შეამჩნიაო და როცა ქალმა ამდენი ხნის სიჩუმეს ვეღარ გაუძლო და სასხვათაშორისოდ ჰკითხა, ნეტავი რა ჩაიდინეს იმ საცოდავებმა ასეთიო, თავი ასწია და ფანჯრებს შეხედა.       ღამე გაბაცებულიყო, ოთახში დილის რიჟრაჟის მკრთალი ნათელი შემოდიოდა და, აწი, ალბათ, აღარ მოვლენო, გაიფიქრა. მართლაც, წესად ჰქონდათ, "ხალხის მტრებს" ღამღამობით აპატიმრებდნენ, იშვიათად თუ ვინმეს დღე დაიჭერდნენ, შუაღამისას მიადგებოდნენ ხოლმე მანქანით და ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ჩუმად მიჰყავდათ.   - ჩემი მოსწავლე იყო ერთი, - თქვა ბოლოს და ჩახრინწული ყელი რომ ჩაეწმინდა, ჩაახველა.   - რომელი?   - არ იცი შენ.   - მერე, ვერ უთხარი ღამე?! - ხმაში საყვედური გაერია ელენეს.       ალექსანდრეს ნაძალადევმა ღიმილმა დაუგრიხა ტუჩები, დაცარიელებულ კედელს შეავლო თვალი და ელენემაც ძალაუნებურად იქით გაიხედა. გახუნებულ, გაცრეცილ შპალერს მკვეთრად აჩნდა ის ადგილები, სადაც ამ ცოტა ხნის წინათ სურათები ეკიდა.   - გუშინ პატარა წაკინკლავება მომიხდა იმ ბიჭთან და მეგონა, ჩემს დასაჭერად იყვნენ მოსულები.   - მოიცა, თუ კაცი ხარ, დალაგებით მომიყევი ყველაფერი!   - ილიას "გაზაფხული" წავუკითხე. რა ვიცოდი, ჩეკისტი თუ მეჯდა კლასში.   - ჰო.   - კლასობრივი მტერია მაგ ლექსის დამწერიო, მითხრა!   - მერე?   - ყური ავუწიე და მგონი წამოვარტყი კიდეც პატარაზე. ელენემ ტუჩებზე ხელის გული მიიფარა და ქმარს გაღიმებული თვალებით მიაჩერდა. ერთხანს ეგრე უყურეს ერთმანეთს. ქუჩიდან გაღვიძებული ბეღურების ჟივჟივი ისმოდა. თაგვი გაჩუმდა. ახლა საათიღა წიკწიკებდა წყნარად და, ეტყობა, წვიმამაც გადაიღო, რადგან აღარ ისმოდა მისი გამაბეზრებელი ხმაური.   - მაგისთვის ვინ დაუჭერიათ, შე კაცო! - თქვა ბოლოს ქალმა. უეცრად გარედან საყვირის ხმა მოისმა. ელენე წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და ქუჩაში გაიხედა. ქვემოდან მერძევე მოდიოდა, ცალ ხელში ბიდონი ეჭირა, მეორეში მონიკელებული საყვირი. სახლთან რომ ამოვიდა, ბიდონი დადგა, საყვირი პირზე მიიდო და ჩაბერა.       ბავშვს გამიღვიძებს ეს შეჩვენებულიო, შეშინდა ელენე, სამზარეულოში გავიდა და კარადაში ჯამ-ჭურჭელს აუყენა ჩხარუნი - ქვაბს თუ ეძებდა რძისთვის.       ამ ახალმა ხმებმა: ბეღურების ჟივილ-ხივილმა, საყვირის ხმამ, ჭურჭლის ჩხარუნმა და ქუჩიდან შემოსულმა დილის ნათელმა, სამყარო შეცვალა, გადაასხვაფერა და თითქოს ალექსანდრესაც მოჰგვარა ერთგვარი შვება. მტანჯველი ღამე წარსულს ჩაბარდა და ახალმა დღემ რაღაც გაურკვეველი იმედი ჩაუსახა გულში. იმედიანი იყო ელენეს ნათქვამიც - მაგისთვის ვინ დაუჭერიათო, - და, მართალია, ალექსანდრემ კარგად იცოდა, რომ ამაზე გაცილებით უმნიშვნელო რამისთვისაც იჭერდნენ, მაგრამ მაინც გულიდან გადაეყარა ის მძიმე ნაღველი, მთელი ღამე რომ აწუხებდა და მოსვენებას არ აძლევდა.       გარედან ისევ მოისმა საყვირის ხმა. ალექსანდრემ თავი ასწია და საწოლი ოთახის კარს მიაჩერდა. იქ ბავშვს ეძინა - ნაადრევად დაობლებულს, მარტო დარჩენილს. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად იგრძნო სიბრალული. შეეცოდა მისი მშობლებიც, რომლებიც, ვინ იცის, რა ბრალდებით დააპატიმრეს. თავისი წეღანდელი ვერსია გაახსენდა - ნიკო და ნუნუ ჩემს შესაშინებლად დაიჭირა პარუნაშვილმაო, - და საკუთარ გულუბრყვილობაზე გაეცინა. მთლად ასე მარტივად არ უნდა ყოფილიყო საქმე. ეტყობოდა, ნიკო სხვასთანაც ლაპარაკობდა მთავრობის აუგს და დააბეზღა ვიღაცამ, ბოროტი ხალხის მეტი რა იყო! მაგრამ, ვაითუ, მართლაც ღამეში იყო გაბმული, ვაი თუ, მისი ხასიათის პატრონმა ვერ მოითმინა და რომელიღაც ფარულ ორგანიზაციაში შევიდა, მაშინ? თითქოს ცხელი წყალი გადაასხესო, ამის წარმოდგენაზე ცეცხლი მოედო. იცოდა, რომ იმათ ხელში ჩავარდნილ კაცს აღარაფერი ეშველებოდა, მაგრამ გონება მისგან დამოუკიდებლად მაინც ეძებდა გამოსავალს.       ამ ორიოდე თვის წინათ, ალექსანდრეს ქუჩაში ერთი შორეული ნათესავი შეხვდა, შუახანს გადაცილებული კაცი მანასი წიქორიძე. ეს მანასი ადრე წყალტუბოს თემის მღვდელი იყო. ცხრაასოცდასამში, როცა ბოლშევიკებმა დიდი ანტირელიგიური კამპანია წამოიწყეს, გაზეთში "მუშა და გლეხი" მისი სახელით შემდეგი შინაარსის წერილი დაიბეჭდა: "ამხანაგო რედაქტორო! ჩემს მღვდლობაში მე ადრევე დავრწმუნდი, რომ სასწაულები და არაბუნებრივი მოვლენები არ არსებობს, მაგრამ მე კიდევ მაჩერებდა სარწმუნოების ზნეობრივი მხარე; ეხლა ვხედავ, რომ ამაშიც შევმცდარვარ. ამიტომ ვტოვებ მღვდლობას, კავშირს ვწყვეტ ეკლესიასთან და ამიერიდან ვეცდები ვიყო მტკიცე მორწმუნე მეცნიერებისა. გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ მღვდლობა გულუბრყვილო ხალხის ძარცვა-გლეჯა და ავაზაკობაა. ამიტომ დღეიდან ამ საქმიანობას თავს ვანებებ და გადაწვეტილი მაქვს, ვემსახურო მშრომელ ხალხს და ვისაზრდოო თავი პატიოსანი შრომით".       სინამდვილეში, მანასი წიქორიძე სოფლის აქტივისტებმა და კომკავშირლებმა ძალით გაკრიჭეს, ის კორესპონდენცია კი, ცხადია, რედაქციის მუშაკმა დაწერა.       მისი ნახვით გახარებულმა ალექსანდრემ მანასი რესტორანში დაპატიჟა. დალიეს თითო ბოთლი ღვინო, მოიკითხეს ერთმანეთი, გაიხსენეს ძველი ამბები, ნათესავები. შუა პურის ჭამაში ყოფილ მღვდელს უეცრად, ტირილი წასკდა, თვალებიდან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები, ვეღარ ჩერდებოდა. კარგა ხანი გავიდა, სანამ დამშვიდდებოდა, მერე კი შეცბუნებულ ალექსანდრეს გამოუტყდა, სწორედ ახლა მოვდივარ შინსახკომიდან, სადაც ხელწერილი დამაწერინეს, რომ ვალდებული ვარ არაკეთილსაიმედო ხალხს თვალ-ყური ვადევნო და საიდუმლო განყოფილებას მათ შესახებ ცნობები მივაწოდოო. შენ გამოცდილი კაცი ხარ, ძველი რევოლუციონერი და მირჩიე რა ვქნა, როგორ მოვიქცეო.       ალექსანდრე გაშრა, უეცრად შესძულდა საკუთარი თავიცა და მანასი წიქორიძეც, გამტკნარებული იჯდა, ერთი სული ჰქონდა, აქედან როდის წავიდოდა. მანასი კი არ ეშვებოდა, ეხვეწებოდა, მირჩიე ღამეო. ბოლოს, ალექსანდრე ადგა, ყოფილ მღვდელს უთხრა, ისე მოიქეცი, როგორც საკუთარმა სინდისმა გიკარნახოსო, ოფიციანტს დანახარჯი გადაუხადა, დაბნეული სტუმარი გაშლილ სუფრასთან მიატოვა და წავიდა.       ალექსანდრემ იცოდა, რომ საქართველო სავსე იყო მანასი წიქორიძის მსგავსი აგენტებით და, ცხადია, სწორედ ერთ-ერთმა მათგანმა დააბეზღა ნიკოც.       ელენე შემოვიდა და ქვაბით რძე შემოიტანა. ალექსანდრემ შენიშნა, რომ ცოლი თვალს არიდებდა, სამაგიეროდ, წამდაუ წუმ, დაცარიელებული კედლისკენ გაურბოდა თვალი და, ცოტა არ იყოს, შერცხვა თავისი წეღანდელი საქციელისა, მაგრამ გუ ნებაში მაინც გაიმართლა თავი - სურათები ხომ იმიტომ დაწ ვა, რომ სულ მცირე, იოტისოდენა სამხილიც კი მოესპო და ახლა უკვე დარწმუნებული იყო, რომ დაპატიმრების შემთხვევა ში ისეთს ვეღარაფერს უპოვნიდნენ, რაც მის საწინააღმდეგოდ გამოადგებოდათ, მაგრამ, მოულოდნელად, თითქოს შიგნით რა ღაც აუფეთქდაო, გონება თვალისმომჭრელმა შუქმა გაუნათა. ამ უეცარი შეგრძნებისაგან ალექსანდრე ფეხზე წამოხტა და სა წოლი ოთახის კარს მიაშტერდა: იქ, იმ კარს მიღმა უდრტვინველად ეძინა პატარა მერაბს, დღეის ამას იქით ხალხის მტრის შვილსა და ყველაზე დიდ სამხილს, რაც სრულიად კმაროდა მისი და ელენეს ირკუტსკში, ზნამენკასა თუ ბოდაიბოში გადა სასახლებლად. * * *       თავდაპირველად მოაგონდა, რომ ნუნუს მშობლები სადღაც, ხარაგაულის რაიონში ცხოვრობდნენ, მაგრამ სოფლის სახელი ვერ გაიხსენა. გამალებული ფიქრობდა, მეტისმეტი დაძაბულობისაგან თავი ასტკივდა. ბოლოს დაასკვნა, ელენეს ეცოდინება მისამართიო, მაგრამ მაშინვე მიხვდა, რომ სანამ ტელეგრამა იქამდე ჩააღწევდა, სანამ ისინი თბილისში გამოსამგზავრებლად აიბარგებოდნენ და ბოლოს, სანამ ჩამოვიდოდნენ, დაგვიანდებო და ძალიან. მერე ნიკოს და მოაგონდა, რომელიც კუკიის უბანში ცხოვრობდა. არც მისი მისამართი იცოდა, მაგრამ ნიკოს სიძე ყასაბი იყო, ლეო ერქვა და ასე კიდევ შეიძლებოდა მათი პოვნა. ახლავე უნდა წასულიყო, კუკიაზე ყასაბი ლეო მოეძებნა და ბავ შვი იმათთვის მიეგვარა, მაგრამ, უეცრად, ცოლის ეჭვიან მზერას წააწყდა. ეტყობოდა, ელენე, როგორც ყოველთვის, ახლაც უსიტ ყვოდ მიხვდა მის ნაფიქრს, რადგან საწოლი ოთახის კარზე აკ რულს ფოცხვერივით უელავდა თვალები და თვითონაც იმ ფოც ხვერს ჰგავდა, ერთადერთი ლეკვის წართმევას რომ უპირებდნენ.       ალექსანდრე მოეშვა, სავარძელში მოწყვეტით ჩაჯდა და განათებულ ფანჯარას მიაჩერდა. წეღან ცოტა ხნით ნაგრძნო ბი შვება გამქრალიყო და ახლა მის ნაცვლად, რაღაც უცხო, ცხოველური შიში ავსებდა, შიში დამფრთხალი ნადირისა, ბნელ კუთხეში მიკუნჭული და მდევრებისაგან გარშემორტყმული, გადამწყვეტ დარტყმას რომ ელოდება.       სულ სხვა რამ იყო ეს შიში, სხვა აზრების გამჩენი და წარმომშობი სრულიად უცხო, მოულოდნელი სურვილებისა, რაც ალექსანდრეს თავზარს კი სცემდა, მაგრამ თანდათანობით იმორჩილებდა, რაღაც უცნაური ძალით თრგუნავდა და აიძულებდა წამომხტარიყო, უგზო-უკვლოდ გაქცეულიყო და მანამ ერბინა, სანამ დაღლილი და გასავათებული სადმე მკვდარივით არ მიეგდებოდა. მაგრამ ახლა, არამც თუ გაქცევისა, სავარძლიდან წამოდგომის თავიც არ ჰქონდა, რადგან, თურმე, დიდი ხა ნია უკვე გარბოდა, გაურბოდა იმ საზიზღარ ლაფსა და ტალახს, რომელსაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე ერიდებოდა და ახლა, გაუთავებელი სრბოლისაგან დაღლილსა და ძალაგამოცლილს, ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმაც აღარ შეეძლო. იჯდა და სასოწარკვეთილი ფიქრობდა, რომ სრულიად ამაო ყოფილიყო ის სირბილი, ის დაუსაბამო ტანჯვა-წვალება, რადგან, სადაც უნდა წასულიყო, როგორც უნდა დამალულიყო, მაინც იპოვიდნენ, მიწიდანაც კი ამოიღებდნენ და ბოლოს, უსათუოდ იმ წუმპესთან მიათრევდნენ, რომელსაც ასეთი სულელური გულუბრყვილობით ემალებოდა.       მარადიული ლტოლვისაგან დაღლილსა და გაბეზრებულს, ახლა უნებურად აგონდებოდა სოფელი და სამების გორაზე წამომართული, კედლებდაბზარული ძველი საყდარი, რომლის შორიახლოს, ჟანგისაგან შეჭმული რკინის მესერით შემოღობილ ყვითელ თიხნარში მშვიდად იწვნენ ცხოვრების დაუსაბამო მდინარისაგან გაცვეთილი და ზენაარის მიერ შვებამინიჭებული მისი მშობლები და ეჩვენებოდა, რომ თვითონაც იქ იყო, იმ დიდი ხნის წინათ მიტოვებულ საფლავთან იჯდა და უყურებდა, როგორ დასდიოდა ნოემბრის წვიმა ჯერ ისევ მწვანე ბალახით შემოსილ მიწას, სისველისაგან გაშავებულ საფლავის ლოდებს და მთელს სასაფლაოს, ხნარცვებიდან აძრული ნისლით შებურვილსა და რძისფრად შეღებილს. გონების თვალით ხედავდა მამას, მის ფიქრიან, ყოველდღიური საზრუნავით დამძიმებულ გამოხედვას და ესმოდა დედის ტკბილი, ჟრუანტელისმომგვრელად მშობლიური ხმაც: - ეს არის "ა"! - ეუბნებოდა იგი, - აბა, კიდევ მიპოვნე "ა". რა ჰქვია, შვილო, მაგასა?   -"ა", - ეღიმებოდა ალექსანდრეს და დედაც ალერსიანად უსვამდა თავზე ხელის გულს, ეფერებოდა.       გულაჩქროლებული ალექსანდრე გრძნობდა იმ ხელის სილბოს, სინაზეს, მის სულშიჩამწვდომ სითბოს და სანთელივით ეღვენთებოდა მთელი სხეული, თვალის უპეებში ცხელი ცრემლი უგროვდებოდა. * * *       ფიქრებიდან კარზე ატეხილმა კაკუნმა გამოარკვია, შეკრთა, თავი ასწია და ცოლს მიაჩერდა.       ამ სისხამ დილით სხვა ვინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ კარს უკან "ისინი" იდგნენ. გაუკვირდა, მანქანის ხმა რატომ ვერ გავიგონეო, სავარძლის სახელურებს დაებჯინა, ძლივს წამოდგა და ფანჯარასთან მიფრატუნდა. ტყვიასავით დამძიმებოდა ფეხები. გარეთ, ელექტრონის ბოძთან შავი ავტომობილი იდგა, ტყავისქურთუკიანი მძღოლი გადმოსულიყო, საქარე მინას ფალასით წმენდდა და თან წამ დაუწუმ მისი სახლის ფანჯრებისკენ იცქირებოდა.       ელენე უკვე კარს აღებდა. ზურგშექცევით მდგომ ალექსანდრეს ესმოდა გასაღების ჩხაკუნი, ჩაჟანგებული ანჯამების ჭრიალი და როცა მობრუნდა, დაინახა ოთახში შემოსული პარუნაშვილი - მაღალი, ლამაზი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ელენეს გაღიმებული მისჩერებოდა.   - უნდა მაპატიოთ, ქალბატონო, ამ დილაადრიან რომ შეგაწუხეთ, - წარმოთქვა მან და მერე ალექსანდრეს მიუბრუნდა, - ბოდიშის მოსახდელად გეახელით, ბატონო ალექსანდრე!       მოხუცმა გაკვირვებით აზიდა წარბები, ცოლს გადახედა. ელენე დაბნეული იდგა, ხან დაუპატიჟებელ სტუმარს უყურებდა, ხანაც ქმარს, რადგან ამ უცნაური გამოცანის პასუხს სწორედ მისგან ელოდებოდა.       პარუნაშვილი ალექსანდრეს მიუახლოვდა, მის წინ თავდახრილი, სახეშეფაკლული ჩუმად გაჩერდა, ბოლოს, როგორც იქნა, თვალი გაუსწორა და დარცხვენილი ღიმილით უთხრა:   - შევრიგდეთ, ბატონო ალექსანდრე?       ამ უცნაური მოულოდნელობისაგან ალექსანდრე საშინლად დაიბნა. მართლაც საკვირველი იყო: იმ პირსისხლიანი ჯალათისა და შემზარავი ურჩხულის ნაცვლად, რომელიც მის ცნობიერებაში მთელი ღამის ტანჯვისა და გვემისაგან ჩამოყალიბდა, ახლა მის წინ ერთი ზრდილი, სინდისის ქენჯნისაგან შეწუხებული ყმაწვილი იდგა და გუშინდელი უგვანი საქციელისათვის შენდობას სთხოვდა.       ამ მოულოდნელმა გარემოებამ მოხუცი სულით ხორცამდე შეძრა და მისი დაჭიმული ნერვები ისე დაალბო, როგორც გაზაფხულის წვიმამ გვალვისაგან დაშაშრული, ხრიოკი მიწა. სულმთლად მოეშვა, მუხლებში სისუსტე იგრძნო და, უეცრად, ისე, რომ თვითონაც არ ელოდებოდა, სიცილი წასკდა - მთელი სხეული აუთახთახდა, მუცელზე ხელები შემოიჭირა, მოიკაკვა და ბებრული, ხრინწიანი ხმით ახითხითდა.       იცინოდა და, თუმცა მშვენივრად გრძნობდა სიტუაციის აბსურდულობასა და იმ უხერხულობას, მისი უნებური, უაზრო სიცილი რომ იწვევდა, მაგრამ ვერ ჩერდებოდა, რადგან ეჩვენებოდა, რომ აქამდე ცოცხლად დამარხულს, სულშეგუბებულს, ზემოდან მიწა გადააცალეს და ახლა ის სიცილი სწორედ ისევე სჭირდებოდა, როგორც გრილი, სუფთა ჰაერი ბნელი სამარიდან ამოყვანილს.       პარუნაშვილი ჯერ კი გაღიმებული და, ცოტა არ იყოს, დაბნეული შესცქეროდა ასე მოულოდნელად გამხიარულებულ თავის მასპინძელს, მაგრამ თანდათანობით იმასაც გადაედო მისი სიცილი, შუბლშეკრულ, შეფიქრიანებულ ელენეს თვალი შეავლო და, უეცრად, ისეთი ხარხარი აუტყდა, რომ ძველი სახლის კედლები შეინძრა, კარადაში ჭურჭელი აწკარუნდა და ფანჯრის მინებმაც ზრიალი მოიღეს.       ახლა ორივენი იცინოდნენ, თვალზე ცრემლმორეულები, წელში მოხრილები ეხლებოდნენ ერთიმეორეს, სიცილისაგან დაოსებულები ზოგჯერ ხელებსაც კი უცაცუნებდნენ ერთმანეთს მკლავებზე, მხრებზე და ერთნაირი ჟინით ატაცებულნი, თითქოს ერთ არსებად ქცეულნი გიჟებივით ხარხარებდნენ.       გაოგნებული ელენე შეცბუნებული შეჰყურებდა კაცებს. უკვე იცოდა, ვინც იყო ეს უცხო სტუმარი და რაკი ქმრის ამნაირი მხიარულების მიზეზს ვერ ხვდებოდა, მათი სიცილი ნერვებს უშლიდა, აღიზიანებდა და როცა საძინებელი ოთახი დან, უეცრად, ბავშვის ტირილი შემოესმა, ვეღარ მოითმინა და დაუყვირა:   - კარგი, საშა, რა დაგემართა!       ალექსანდრე, როგორც იყო გაჩუმდა, მაგრამ პარუნაშვილი ჯერ ისევ იცინოდა, თან ჯიბეებში იქექებოდა, ცხვირსახოცს ეძებდა, რომ თვალებიდან ცრემლი მოეწმინდა.       სიცილისაგან გასავათებული, ძალაგამოლეული მოხუცი კი სავარძელში ჩაეშვა და ბავშვის ტირილიც სწორედ მაშინ შემოესმა!       პარუნაშვილმა სახიდან ღიმილი მოისხიპა, საწოლი ოთახის კართან მივიდა, გამოაღო და შიგ შეიხედა. იმას უკან მიჰყვა ელენე, რომელსაც ატირებულ ბავშვთან უნდოდა მისვლა, მაგრამ პარუნაშვილს გზა ჩაეხერგა და აღელვებული, აფორიაქებული ქალი კარებში გახიდულ კაცს ხან აქედან უვლიდა, ხანაც იქიდან, მაგრამ ოთახში შესვლას ვერ ახერხებდა.       ამასობაში ბავშვი ჩაბჟირდა, ახლა უკვე განწირული ხმით გაჰკიოდა, მაგრამ პარუნაშვილი ადგილიდან არ იძვროდა, კარის ჩარჩოზე ხელებმიბჯენილი, საძინებელ ოთახში თავშეყოფილი, უხმოდ იდგა და გაალმასებულ ქალს, რომელიც იმის განიერ ბეჭებს აქოთქოთებული, ცხარე კრუხივით ზედ აწყდებოდა, არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.       ალექსანდრე ბრაზით უყურებდა ამ სურათს და გული მოსდიოდა საკუთარ ცოლზე, რომელიც სტუმარს ზურგში ხელს ჰკრავდა, უჯიკავებდა და გზიდან მის ჩამოცილებას ასე ცდილობდა.       უეცრად, პარუნაშვილი მობრუნდა, ქალს გზა მისცა და ალექსანდრეს ნაღვლიანი ღიმილით მიაჩერდა.   - ამას კი აღარ მოველოდი თქვენგან, ბატონო ალექსანდრე, - თქვა ბოლოს და თავი სინანულით გადააქნია.       ალექსანდრე სავარძელში ჩაკვდა, ჩაიფერფლა. ახლაღა გაახსენდა, რომ ამ კაცისა სახელიც კი არ იცოდა და ამის გამო სინდისის ქენჯნა იგრძნო. შესცქეროდა ამ ლამაზ, წარმოსადეგ ადამიანს, მის მიმართ საოცარი ნდობით იმსჭვალებოდა და როცა იმან უსაყვედურა, ხალხის მტრისა და მოღალატის შვილი ოჯახში რამ შემოგაყვანინათო, ცოლს საწოლ ოთახში ბრაზით გასძახა: - აბა, მოიხედე, ქალო, რას გეუბნებოდიო!       პარუნაშვილი ფანჯარასთან მივიდა, ფარდა გადასწია, გარეთ გაიხედა და ვიღაცას თავი დაუქნია.       უეცრად მეორე ოთახიდან თმაგაწეწილი, სახეშეშლილი ელენე გამოვარდა და ქმარს ეცა:   - ვინ არის, საშა, ეს კაცი?   - ელიკო! - გამაფრთხილებლად უთხრა ალექსანდრემ.   - ვინ არის-მეთქი, რა უნდა ამ სახლში!   - კარგი, ახლა, ელიკო!   - უთხარი, ახლავე წავიდეს აქედან!   - დაწყნარდით, ქალბატონო, - ჩაერია პარუნაშვილი, - სჯობს ჩაიცვათ და ბავშვიც მოამზადოთ.       უეცრად, კარი გაიღო და ოთახში ორი უცხო კაცი შემოვიდა. ელენეს მკვდრის ფერი დაედო.   - ბავშვს თბილად ჩააცვით, თორემ გაგიცივდებათ. - ურჩია პარუნაშვილმა. * * *       ამის შემდგომ მოვლენებს ალექსანდრე სიზმარივით აღიქ ვამდა, ეჩვენებოდა, თითქოს ყველაფერი წყლის ფსკერზე ხდე ბოდა. ადამიანები შენელებულად მოძრაობდნენ, თევზებივით ალამუნებდნენ ტუჩებს, მათი ლაპარაკი სრულიად არ ესმოდა, ყურებში გაბმული ბუყბუყი და შრიალი ედგა. დაინახა, როგორ გამოიყვანეს საწოლი ოთახიდან ტყავისქურთუკიანმა კაცებმა პალტოჩაცმული, ბალღატატებული ელენე. უყურებდა, როგორ იდგა იგი შუა ოთახში, მისკენ არც კი იყურებოდა და ალექსანდრეს მოეჩვენა, რომ ქალს ერთი სული ჰქონდა, სანამ აქედან წავიდოდა და, მართლაც, როცა იმ კაცებმა წინ გაიგდეს, ოთა ხიდან ისე გავიდა, უკან ერთხელაც არ მოუხედავს.       მერე სავარძელში იჯდა და ხედავდა, როგორ დადიოდა პა რუნაშვილი დაცარიელებულ ოთახში, რანაირად ათვალიერებდა იქაურობას და ბოლოს, როცა მიუახლოვდა და დასამშვიდობებ ლად ხელი გამოუწოდა, ძალიან კი ეცადა, მაგრამ ისე ჰქონდა კიდურები გახევებული, რომ სავარძლის სახელურს მარჯვენა ვერ ააგლიჯა.       პარუნაშვილი ერთხანს ეგრე ხელგამოწვდილი იდგა, მერე ნელა შებრუნდა და წავიდა. * * *       ვერ გეტყოდათ, კიდევ რამდენ ხანს იჯდა, მაგრამ როცა წამოდგა, სხეულში უცნაური, სასწაულებრივი სიმსუბუქე იგრძნო, რამაც ენით აუწერელი შვება მოჰგვარა.       ფანჯრიდან გარეთ გაიხედა.       ავტომობილი აღარსად ჩანდა.       ცას ღრუბელი გადაეყარა და აღმოსავლეთიდან დიდი, წითელი მზე ამოდიოდა. მის სხივებს ერთნაირად გაეკაშკაშებინა ნაწვიმარი ქუჩა, სახლების სველი სახურავები, მთელი ქალაქი. ტროტუარზე ნელი ნაბიჯით მოდიოდა წყნეთელი გლეხი და ხმობაშეპარულ აკაციებს დინჯად, საქმიანად ათვალიერებდა.       ალექსანდრე ნელა შემობრუნდა. მზის ოქროსფერ ნათელში გახვეულიყო მთელი ოთახი, მისი ყოველი კუთხე-კუნჭული უცნაურად ბრწყინავდა და უეცრად, ელდანაცემმა კინაღამ შეჰკივლა: მაღალზურგიან, გაქუცულ სავარძელში უძრავად იჯდა მისი გახევებული, უსულო გვამი, რომელსაც ღიად დარჩენილ, ჩამქრალ თვალებზე შემოდგომის მსხვილი, მწვანე ბუზები დააცოცავდნენ. ნუგზარ შატაიძე ლიტერატურა: შეხვედრა (რჩეული) თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი. 2010.…
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 12:22pm on აგვისტო 29, 2015
პოსტი: პაექრობა ათეისტ ლექტორსა და მორწმუნე გლეხს შორის

ჩვენთან არს ღმერთი!

ავტორისაგან…

დაამატა აკაკი ლიპარტია at 7:02pm on ივნისი 21, 2012
თემა: ვარიაციები განწყობის სტრუქტურის დინამიკური მოდელის თემაზე
ოდ, თეორიის არასწორი მიმართულებით განვითარების წყარო შეიძლება გახდეს. გარკვეულწილად ასე მოხდა განწყობის თეორიაში. დ. უზნაძე ამოდიოდა არა მხოლოდ ე. წ. «განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელიდან», როგორც მას შ. ჩხარტიშვილმა უწოდა, არამედ აგრეთვე, «ქცევის დისკრეტული მოდელიდანაც». პირველი ქცევის დეტერმინაციას, მისი მექანიზმის ფუნქციონირებას ეხება და ამდენად თეორიის ახსნით ნაწილს განეკუთვნება. მეორე ეხება ემპირიულად მიმდინარე დაკვირვებად აქტივობის პროცესს. ანალიზს ექვემდებარება ამ აქტივობის «გრძნობადი ქსოვილი» მასში რაიმე აზრისა და მნიშვნელობის მქონე მონაკვეთებისა თუ ნაწილების გამოყოფის მიზნით.       უზნაძე აქტივობას დიდ მორალურ ერთეულებად ყოფს და მათ ქცევას უწოდებს. ეს სავსებით მართებული მიდგომაა, თუ იგი ე. წ. «მოლეკულარულ» თვალსაზრისთან იქნება დაპირისპირებული. განწყობა მოაზრებულია ამ დიდი ერთეულის ანუ ქცევის დეტერმინაციის ფუნდამენტურ მექანიზმად. ქცევა განწყობის გარეშე ვერ განხორციელდება. განწყობა განიხილება იმ ქცევასთან ერთობლიობაში, რომელსაც იგი ემსახურება. განწყობა წარმოიქმნება ქცევის მიზანშეწონილების უზრუნველსაყოფად. ესაა მისი ფუნქცია.       ეს უზნაძის განწყობის თეორიის ამოსავალი დებულებებია, რომლებზეც ამ კონცეფციის მიმდევრებს შორის არავინ დავობს. ამავე დროს, დგება საკითხი არა მხოლოდ აქტივობის დიდი ერთეულების (ანუ ქცევის) შესახებ, არამედ თვით ქცევის საშენი მასალის, ასე ვთქვათ, «მოლეკულების» და «ატომების» შესახებაც. აშკარაა, რომ ქცევა, როგორც მთლიანობა, მრავალი განსხვავებული სახის ფსიქიკური და სხეულებრივი მოვლენებისაგან და პროცესებისაგან აიგება. ისინი, თავის მხრივ, აქტივობის სხვადასხვა მონაკვეთებს შეადგენენ, რომელთა თანმიმდევრულ განხორციელებას ქცევის საბოლოო მიზნამდე მივყავართ. უზნაძეს არ დაუტოვებია ჩამოყალიბებული თვალსაზრისი ქცევის სტრუქტურის შესახებ. მის მიმდევრებში კი აზრი სერიოზულად გაიყო, როგორც თვით ქცევის მდგენელების აღწერითი მახასიათებლების (მაგალითად, ვერაფრით ვერ გაირკვა მოქმედების ქცევისაგან განმასხვავებელი ნიშნები), ისე მათი განწყობასთან მიმართების საკითხში [14][16][17][20]. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ქცევის თეორიის აღწერით ნაწილში მიმდინარე ამ კვლევის შედეგები არ აისახა განწყობისეული მექანიზმის დახასიათებაზე ანუ თეორიის ახსნით ნაწილზე. თეორიის მიმდევართა აბსოლუტური უმრავლესობა, ჩხარტიშვილის რამდენიმე მოსწავლის გარდა, განაგრძობდა დგომას განწყობის სტრუქტურის სტატიკური მოდელის პოზიციებზე. ეს ეხება იმ ახალ მიმართულებასაც, რომელსაც «განწყობის ანთროპული თეორია» ეწოდა [6].       ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ უზნაძე უაღრესად სერიოზულად ეკიდებოდა აღწერითი თეორიის კიდევ ერთ საკითს. მხედველობაში გვაქვს აქტივობის დიდი ერთეულების ანუ ქცევების ერთმანეთისაგან გარჩევის საკითხი. მან შექმნა ფსიქოლოგიაში უნიკალური ქცევათა კლასიფიკაციის სისტემა. იგი ძალზე საინტერესოა, შეიცავს მრავალ ორიგინალურ და ნაყოფიერ იდეას, მაგრამ მის ფარგლებში მაინც ვერ ხერხდება ქცევების ავტონომიური, დამოუკიდებელი ფორმების მკაფიო და დამაჯერებელი დისკრიმინაცია თეორიულად ნათელი და პრაქტიკულად ხელმოსაკიდი პრინციპებისა და კრიტერიუმების მიხედვით. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს კლასიფიკაცია ჯერაც რჩება ამგვარი მცდელობის საუკეთესო ნიმუშად, რაც უთუოდ საკითხის უკიდურეს სირთულეზე მიანიშნებს.       აქტივობის აღწერითი დისკრეტული მოდელი, რომელზეც განწყობის თეორიის კლასიკური ვარიანტია დაფუძნებული, ამოდის შემდეგი მოსაზრებებიდან: 1. აქტივობის პროცესი არის ერთმანეთზე გადაბმული, მაგრამ მკაფიოდ დიფერენცირებული ერთეულების (ქცევების) მონაცვლეობა; 2. ქცევის გარეგან და შინაგან გარემოებათა ოდნავი ცვლილება იწვევს აქტივობის შინაარსის ისეთ ტრანსფორმაციას, რომ იგი ახალი ქცევის სახეს იღებს; 3. არ არსებობს არსებითი განსხვავება ქცევის პროცესსა და ფსიქიკურ პროცესს შორის. ესა თუ ის ფსიქიკური პროცესი (ფუნქცია) ქცევის სტატუსის მატარებელი შეიძლება იყოს.       ამის შესაბამისად აქტივობის ახსნითი მოდელი შემდეგ სახეს იღებს: 1. ყველა ქცევას აუცილებლად საკუთარი, ექსკლუზიური განწყობა ემსახურება, რომელიც მკაფიოდ არის დიფერენცირებული წინარე განწყობიდან. 2. ყოველი სიახლე ქცევაში (მეტადრე მისი შემაფერხებელი) იწვევს მიმდინარე ქცევის შეწყვეტას, კვალიფიცირდება ახალი ქცევის დაწყების წინაპირობად და უკავშირდება შესაბამისი ახალი განწყობისეული მექანიზმის შექმნას; 3. სავსებით გამართლებულია სხვადასხვა ფსიქიკური პროცესების (აღქმა, აზროვნება, წარმოსახვა, ემოცია და სხვა) რელევანტურ განწყობათა შესახებ ლაპარაკი.       ამ ორი მოდელის გამთლიანება ქცევის ერთიან კონცეფციაში გვაძლევს ე. წ. «განწყობის სტატიკურ-დისკრეტულ მოდელს» [2].       1. როგორც ითქვა, აქტივობის აღწერის დისკრეტული მოდელის პირველი ნიშანი ისაა, რომ პროცესი მკაფიოდ განცალკევებულ ქცევით ერთეულებად იყოფა. მაგრამ აქტივობის პროცესისთვის დამახასიათებელია მუდმივი ტრანსფორმაცია და უწყვეტობა. მას უფრო ნაკადთან (ცნობიერების ნაკადის მსგავსად) ანალოგია ესადაგება და არა ჯაჭვისა თუ ჯარისკაცთა რიგის დისკრეტულ სურათთან. აქტივობის შინაარსი ყოველთვის მეტ-ნაკლებად ცვალებადობს მოტივაციური, ოპერაციული, სიტუაციური პირობების დინამიკის შესაბამისად, ისე რომ ხშირად ძნელია, გამოყო მასში რაიმე მყარი და სხვებისაგან ნათლად გამორჩეული ქცევითი პატერნები. მაშინაც, როცა ეს ასე თუ ისე ხერხდება და აქტივობა გარკვეულ მომენტში მკვეთრად იცვლის მიმართულებას, რაც ახალი ქცევის დაწყებად შეიძლება მივიჩნიოთ, იგი მაინც ამჟღავნებს კავშირს წინარე აქტივობასთან. ცნობიერებისა არ იყოს, რეალური აქტივობა არასდროს არაა იმდენად შეზღუდული აწმყოთი, რომ მასში სულ არ იყოს მინიშნება იმაზე, რაც მას წინ უძღოდა. აქტივობის ყოველი ახალადწარმოქმნილი მოვლენა თავისი ინტენსივობის, ტონუსის, შინაარსისა და მიმართულების ნაწილს იღებს წინმსწრები მოტორული თუ მენტალური აქტებისაგან. ამიტომ ქცევებად წოდებულ ერთეულებს შორის საზღვრები ერთობ პირობითია, ზოგჯერ კი სულაც წაშლილი. არც თუ იშვიათად, ერთი ქცევა მეორის წიაღში აღმოცენდება და აქტივობის ერთიანი ნაკადის სახით მასთან ერთად მიმდინარეობს. ასეთ აქტივობას ორი და მეტი ფოკუსი აქვს. მისი დახასიათება ავტონომიური ქცევების უბრალო კონგლომერატის სახით ნაკლებად ნაყოფიერია. ძალიან ხშირად ქცევები იმდენადაა ერთმანეთში გადახლართული, რომ უპრიანია ვილაპარაკოთ მათ ანსამბლებზე ან, უფრო ზუსტად, კომპლექსურ აქტივობაზე, რომელიც ერთიან რთულ ინტენციონალურ შინაარსს ქმნის და არ იშლება მის შემადგენელ «დამოუკიდებელ ქცევებად».       გამოვიყენოთ უზნაძის ცნობილი მაგალითი, რომელიც მან მოტივზე თავისი შეხედულების საილუსტრაციოდ აღწერა. მეცნიერი ალტერნატივის წინაშეა, წავიდეს საინტერესო კონცერტზე, თუ დარჩეს სახლში სამუშაოდ. აქ ორი ღირებულება (და შესაბამისი ქცევა) უპირისპირდება ერთმანეთს: ესთეტიკური სიამოვნება და საქმის საჭიროება. მეცნიერი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ვინაიდან მას მეტი სუბიექტური ღირებულება (ანუ უფრო ძლიერი მოტივი) აღმოაჩნდა. ამასობაში ტელეფონით ატყობინებენ, რომ კონცერტზე იქნება პიროვნება, რომელთან შეხვედრა მისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. გარკვეული ყოყმანის შემდეგ იგი კონცერტზე წასვლას გადაწყვეტს. რა მოხდა ამ შემთხვევაში? უზნაძის ანალიზი ასეთია: ადამიანი ძველ ქცევას კი არ დაუბრუნდა, არამედ ახალი ქცევის შესრულების გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან კონცერტზე წასვლის აქტივობა არცაა ქცევა, როგორც ასეთი. ის მხოლოდ ე. წ. «ფიზიკური ქცევაა», ხოლო «ფსიქოლოგიურ ქცევად» მას აქცევს გარკვეული მოთხოვნილება, მიზანი, რომელსაც იგი უკავშირდება. კონცერტზე წასვლა ესთეტიკური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად სხვა ქცევაა, გასართობად – მეორე, ხოლო ახალი ნაწარმოების გასაცნობად – მესამე და ა. შ. «წინა გადაწყვეტილების აქტით – წერს უზნაძე – მე უარვყავი «ესთეტიკური სიამოვნების მიზნით კონცერტზე წასვლა»; ახლა კი, როდესაც ნაცნობის ნახვის მოტივი გამიჩნდა, ძველი გადაწყვეტილება კი არ შემიცვლია: მე მხოლოდ ფიზიკურად იმავე ქცევის შესრულება გადავწყვიტე, რომელიც უარვყავი (კონცერტზე წასვლა), თორემ ფსიქოლოგიურად სრულიად ახალი ქცევის შესრულება ვამჯობინე, სახელდობრ, «კონცერტზე წასვლა ნაცნობთან შეხვედრის მიზნით». ხომ ცხადია, რომ ეს უკანასკნელი სულ სხვა ქცევაა, ვიდრე კონცერტზე წასვლა ესთეტიკური სიამოვნების მიღების მიზნით» [9; 212].       ეს მართლაც ასეა. მაგრამ საკითხავია, რატომ უნდა დავუპირისპიროთ ამ შემთხვევაში ისინი ერთმანეთს? კონცერტზე წასვლა ნაცნობთან შესახვედრად სულაც არ გამორიცხავს ესთეტიკური სიამოვნების მიღებასაც. პირიქით, თუ უფრო ზუსტად გავაანალიზებთ რეალობას, ცხადი უნდა იყოს, რომ რაკიღა სამუშაოს მაინც მოსცდა, ადამიანი გამოიყენებს შესაძლებლობას და კონცერტსაც მოუსმენს. ამდენად, მიღებული გადაწყვეტილების ნამდვილი ფსიქოლოგიური აზრი კომპლექსური აქტივობის განხორციელებაშია. კონცერტზე წასვლის კომპლექსურ აქტივობაში მოცემულია ორი მიზან-მოთხოვნილება. სახლში მუშაობას ამჯერად უპირისპირდება აქტივობა ასეთი შინაარსით – წავიდეს კონცერტზე, რათა დატკბეს მუსიკით და ამავე დროს განახორციელოს საქმიანი შეხვედრა. მისი ორივე მდგენელი ინტეგრირებულია ახალ მთლიანობაში, რომელიც ვეღარ აღიწერება «დისკრეტული მოდელის» ენაზე, როგორც ორი ქცევის უბრალო ჯამი. ეს კომპლექსური აქტივობა საკუთარი მოტივის მატარებელია, რომელიც სუბიექტისთვის მის ერთიან ღირებულებას გამოხატავს. მისი ღირებულება სწორედ ამიტომ აღემატება სამუშაოსთან დაკავშირებული ქცევის ღირებულებას, თორემ ცალკ-ცალკე ვერც ერთი ეს მიზანმოთხოვნილება ვერ გადასწონიდა მუშაობის საჭიროებას.       აღნიშნული კომპლექსური აქტივობა ახალი «ქცევითი რეალობაა», რომლისთვისაც ადგილის მიჩენა ქცევათა უზნაძისეულ კლასიფიკაციაში უბრალოდ შეუძლებელია. მართლაც, რომელ ქცევათა კლასში უნდა შევიყვანოთ იგი? მოთხოვნილების კრიტერიუმით თუ ვიხელმძღვანელებთ – ვერც ერთში, ვინაიდან აქ აქტივობის აღძვრა მინიმუმ ორი მოთხოვნილებით ხდება, ანუ ქცევა პოლიმოტივირებულია. უზნაძის კლასიფიკაცია ამოდის მოთხოვნილების, განწყობისა და ქცევის შესატყვისობის პრინციპიდან. ეს ნიშნავს, რომ ქცევის ფსიქოლოგიური ბუნება და სახელწოდება მისი აღმძვრელი ერთადერთი მოთხოვნილების თავისებურებებითაა გაპირობებული, ანუ იგი მონომოტივირების პრინციპს ეყრდნობა. აღწერილ ქცევით რეალობას კი აქვს თავისი პოლიმოტივაციური სტრუქტურა და ერთიანი განწყობისეული მექანიზმი. ამ აქტივობის გააზრება ორი და მეტი ქცევის ერთდროული განხორციელების სახით, მაშინ როდესაც ამოსავალ პრინციპად ქცევისა და განწყობის ცალსახა შესატყვისობის პრინციპია აღიარებული, მრავალი ერთდროულად რეალიზებადი აქტუალური (პირველადი და არა ფიქსირებული) განწყობის დაშვებამდე მიგვიყვანს. ასეთი რამ კი განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის ყველაზე ფუნდამენტურ პოზიციებს ეწინააღმდეგება.       პოლიმოტივაციის მოვლენა უაღრესად ფართოდ არის გავრცელებული და შეიძლება ითქვას ტიპურიცაა რთული ადამიანური აქტივობისთვის. მის გასათვალისწინებლად ქცევის სრულფასოვან აღწერით და ახსნით მოდელებზე ლაპარაკი ზედმეტია. საქმე ისაა, რომ ქცევის ორგანიზების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია ძალებისა და დროის ეკონომია. პოლიმოტივაცია ამ პრინციპის პირდაპირი და აშკარა გამოვლინებაა. რაც უფრო ეკონომიურად იხარჯება ფსიქოფიზიკური რესურსები და დრო, მით უფრო ეფექტურია აქტივობა. ამ კრიტერიუმით პოლიმოტივირებული აქტივობა, ცხადია, ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მონომოტივირებული, ვინაიდან იგი თავს უყრის და აერთიანებს პიროვნების მრავალფეროვან ინტერესებს. გარდა ამისა, პოლიმოტივირებული აქტივობა ხშირად უფრო ნაყოფიერიცაა, რამდენადაც მას მრავალრიცხოვანი აღმძვრელებიდან მომდინარე შედარებით ძლიერი დინამიკური მუხტი ახასიათებს. ხოლო ქცევის შედეგიანობისა და მოტივაციის ძალის ურთიერთკავშირი კარგადაა ცნობილი. ასეთი აქტივობა, აგრეთვე, უფრო გამძლეა სხვადასხვა დაბრკოლებათა მიმართ. ისიც საყურადღებოა, რომ მონომოტივირებულ ქმედებასთან შედარებით მისი გაგრძელების შესაძლებლობა გაცილებით მეტია; ერთი მოთხოვნილების ენერგეტიკა შეიძლება მალე გამოილიოს, ხოლო პოლიმოტივაციური სისტემა დროში უფრო მდგრადია. გარდა ამ დინამიკური ასპექტისა, არსებობს ღირებულებითი ასპექტიც: მდიდარი მოტივაციური შინაარსის აქტივობა მეტი პიროვნული წონისაა და მეტი ქცევითი კმაყოფილების მომტანია. მასში, არცთუ იშვიათად, შეთანხმებულია სასიამოვნო და სასარგებლო. და კიდევ: მრავალ ქცევაში უბრალოდ შეუძლებელია ერთადერთი მოთხოვნილების შესაბამისი მოტივაციის გამოკვეთა. ასეთია, მაგალითად, ბავშვის სასწავლო მეცადინეობა, რომელშიც უფრო ხშირად თანაბრად მნიშვნელოვანია ფუნქციონალური ტენდენციის, თვითდამკვიდრების, პრესტიჟის, ხათრისა და სხვა სოციალური მდგენელები.       მიუხედავად ამისა, პოლიმოტივაციის მოვლენა ემპირიულად ძალზე ცუდად არის შესწავლილი, ხოლო თეორიულად თითქმის არ არის გააზრებული. როგორც ითქვა, ჩვეულებრივ ქცევის დახასიათება ქვემდებარე მოთხოვნილების მიხედვით ხდება, ანუ როგორიცაა მოთხოვნილება, ისეთია ქცევა: შიმშილს – ჭამა შეესაბამება, ესთეტიკურ მოთხოვნილებას – მუსიკის მოსმენა ან გამოფენის ნახვა, ინტელექტუალურ ინტერესს – თეორიული ქცევა და ა. შ. ქცევის ფორმები მათთვის სპეციფიკური მოთხოვნილებების მიხედვით გამოიყოფა.       ქცევის ბუნება, რა თქმა უნდა, გაპირობებულია მის საფუძველში არსებული მოთხოვნილებებით. მაგრამ ქცევის კონკრეტული ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია არა მხოლოდ მოტივაციური, არამედ სიტუაციური და ინსტრუმენტული ფაქტორებითაც. გარდა ამისა, ქცევასთან შესატყვისობის თვალსაზრისით თვით მოთხოვნილებებიც ძალზე განსხვავდება ერთმანეთისაგან. ვიტალური მოთხოვნილებები, უმეტესად, საკუთარ ქცევით პატერნებს ქმნის. ამავე დროს, არსებობს მოთხოვნილებები, უპირატესად ფსიქოგენური და სოციოგენური, რომლებზეც არც არის «მიმაგრებული» შესატყვისი ქცევის ფორმა. კავშირი მათსა და ქმედებას შორის არ არის ისეთივე ბუნებრივი და ერთმნიშვნელოვანი, როგორც ეს სასიცოცხლო მოთხოვნილებათა შემთხვევაშია. ისინი რეალიზდებიან სხვადასხვა შინაარსის აქტივობაში. მაგალითად, წარმატების მიღწევის მოთხოვნილება კმაყოფილდება წარმატების მიღწევით ერთმანეთისაგან სრულებით განსხვავებულ ქცევებში. იგი არ წარმოქმნის «წარმატების მიღწევის» დამოუკიდებელ ქცევას. ასეთივე ბუნებას ავლენენ სხვა ტიპური ადამიანური მოთხოვნილებები: პრესტიჟის, აფილაციის, დომინირების, ძალაუფლების, სიცოცხლის საზრისის ძიების, თვითქატუალიზაციისა და სხვა. პრესტიჟის მოთხოვნილება შეიძლება მრავალი სახის სოციალური აქტივობით დაკმაყოფილდეს, თვითაქტუალიზაცია კი სხვადასხვა მიზნის მიღწევის პროცესში ხორციელდება. ამგვარი, ჭეშმარიტად ადამიანური მოთხოვნილებები შეადგენს პიროვნების ძირეულ და მუდმივმოქმედ ტენდენციებს, რომლებიც განუწყვეტლივ რეალიზდებიან ხან ერთ, ხან მეორე ქცევაში. ამიტომ ისინი, როგორც წესი, თანაარსებობენ სხვადასხვა მოთხოვნილებებთან და მათთან ერთად ქმნიან კონკრეტული აქტივობის აღმძვრელების რთულ პოლიმოტივაციურ ანსამბლებს. აღნიშნული მოთხოვნილებები ინტენსიურად შეისწავლება მოტივაციის ფსიქოლოგიაში, მაგრამ მათი ეს არსებითი თავისებურება მხედველობის გარეშეა დარჩენილი, რაც ფსიქოლოგიაში ქცევის აღწერითი თეორიის საერთო ნაკლოვანებაზე მიუთითებს.       პოლიმოტივაციის ყველაზე გავრცელებულ ვარიანტს მაინც, ალბათ, ის შემთხვევები ქმნის, როცა ქცევას ერთდროულად აღძრავენ ე. წ. ფუნქციუნალური და სუბსტანციური მოთხოვნილებები. უზნაძის თანახმად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები საკუთრივ აქტივობის პროცესს, ფუნქციონირებას უკავშირდება, სუბსტანციური კი – საგნებსა და მოვლენებს. ყოველი მეტ-ნაკლებად გაშლილი ქცევის განხორციელებაში განსხვავებული ფსიქოფიზიკური ფუნქციები მონაწილეობს. ყველა მათგანის პროცესუალური მხარე შესაბამისი ფუნქციონალური ტენდენციით ვლინდება. ამიტომ ამა თუ იმ ქცევის სუბსტანციურ მოტივაციას, როგორც წესი, თან ახლავს და ზურგს უმაგრებს მეტ-ნაკლები ძალის ფუნქციონალური მოტივაცია.       პრინციპულად პოლიმოტივირებულ ქცევებად შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი სახის კოლექტიური ქცევები, რომლებიც სხვა ამოცანასთან ერთად ურთიერთობის აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებასაც გულისხმობენ. ასეთივე ტიპისაა გართობასთან, დასვენებასთან, სხვადასხვა გატაცებებთან დაკავშირებული მრავალი ქცევა. მაგალითად დავასახელოთ სპორტული ნადირობა, რომელიც ფუქციონალურ-სამოძრაო, ბუნებასთან ურთიერთობის, მოსაპოვებელი პროდუქტის ღირებულებასთან დაკავშირებულ და სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას გულისხმობს.       ერთია, როცა მოთხოვნილებები საერთო ძალებით აღძრავს ერთიან ქცევას (მაგალითად, იგივე ნადირობა) და მეორე, როცა სიმულტანურად აქტუალიზებული მოთხოვნილებები მათ დაკმაყოფილებაზე მიმართულ სპეციალურ მოქმედებათა სისტემას უკეთებს მობილიზებას. ეს უკანასკნელი შედგენილი (ჩხარტიშვილის ტერმინით – ინტეგრირებული) აქტივობის სახით წარმოგვიდგება. მაგალითად, კონცერტზე მიმავალ ადამიანს გზაში ხვდება კოლეგა და ისინი იწყებენ კამათს ორივესთვის საინტერესო მეცნიერული პრობლემის გარშემო. იმავდროულად გაცხარებული ადამიანი იწყებს სიგარეტის მოწევას. ამ შემთხვევაში კონცერტზე წასვლის ისედაც პოლიმოტივირებულ აქტივობას ემატება ახალი მოტივაციური შინაარსები, რომლებიც მისი კომპლექსურობის ხარისხს კიდევ უფრო მაღლა სწევენ.       საჭიროა ასეთი შემთხვევების საგანგებო ანალიზი, როდესაც აქტივობის რამდენიმე ინტენციონალური ხაზი ერთმანეთშია გადახლართული და სიმულტანური კვანძების სახითაა მოცემული. დამოუკიდებელ ქცევებად წოდებული პროცესები ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს და ერთმანეთშია ჩართული. თუ რეალური აქტივობის აღწერა გვსურს, უნდა გავითვალისწინოთ ის ერთობ გავრცელებული გარემოება, რომ ერთი ქცევის განხორციელების პროცესში ადამიანს ხშირად უჩნდება სხვა მიზნების და ამოცანების რეალიზაციის შესაძლებლობა. დროისა და რესურსების ეკონომიის ხსენებული ძირეული პრინციპის შესაბამისად ადამიანი, როგორც წესი, იყენებს ამ შესაძლებლობას. ამისთვის ორი პირობაა საჭირო. ან ერთი ქცევის შესრულების მსვლელობაში დროებით დგება შედარებითი უმოქმედობის პერიოდი, ან კიდევ ერთი ქცევის მიზნის მიღწევა შესაძლებელი ხდება მოქმედებათა და ოპერაციების მცირე რაოდენობის მეშვეობით. ეს ათავისუფლებს ფუნქციების ნაწილს და ისინი სხვა ინტენციონალური ხაზისკენ მიიმართება. უფრო საფუძვლიანად ეს საკითხი სხვაგან გვაქვს გაშუქებული [16].       მოცემული წერილის კონტექსტში მთავარი ისაა, რომ აღწერილი რთული, კომპლექსური აქტივობა ურთიერთთან კოორდინირებული, ზოგან კი სულაც გაერთიანებული ქცევითი ამოცანების ერთობლიობად წარმოგვიდგება და არა მკაფიოდ დიფერენცირებული ერთეულების (ქცევების) მონაცვლეობად. როგორც ზემოთ ითქვა, სწორედ ეს უკანასკნელი სურათი იხატება აქტივობის დისკრეტული მოდელის მიერ. განწყობის ახსნითი მოდელისაგან იგი მოითხოვს რთულ აქტივობაში შემავალი ყველა ქცევისთვის საკუთარი, სხვებისაგან განსხვავებული განწყობის დაშვებას. ამის სანაცვლოდ, თუ აქტივობის დახასიათების არადისკრეტული (შესაძლებელია ვიხმაროთ ტერმინი «კონტინუალური» [2]) მოდელიდან ამოვალთ და უზნაძის თეორიით ვიხელმძღვანელებთ, მაშინ პოლიმოტივირებული აქტივობის მიზანშეწონილი განხორციელების მექანიზმად ყველა აუცილებელი ფაქტორის (მათ შორის მოტივაციურის) გათვალისწინებით შექმნილი (ან გამოდიფერენცირებული) განწყობის ერთიანი, მთლიანობითი მდგომარეობა უნდა ვიგულისხმოთ.       2. აქტივობის აღწერითი დისკრეტული მოდელის მეორე ნიშანი ისაა, რომ აქტივობის ყოველი ტრანსფორმაცია ახალი ქცევის დაწყებად მოიაზრება, ხოლო შესაბამისი განწყობის სტატიკური ახსნითი მოდელი ამ ახალ ქცევას ახალ გაწყობას უფარდებს. სინამდვილეში ქცევის მსვლელობის პროცესში აქტუალური სიტუაცია მუდმივად ცვალებადობს, სუბიექტი გარემოდან წამოსულ ახალ და ახალ შთაბეჭდილებებს იღებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იცვლება მისი აქტივობის შინაარსი, რომ იცვლება მისი ქცევა.       განწყობის დინამიკური მოდელის ავტორი ჩხარტიშვილი მხოლოდ განწყობის სიტუაციური ფაქტორის ცვალებადობას შეეხო. უყურადღებოდ დარჩა მოტივაციურ ფაქტორში მიმდინარე დინამიკური პროცესები. ქცევის აღწერითი თეორიის ეს ასპექტი იმდენად ცუდადაა დამუშავებული, რომ ის სულ არ იქნა მხედველობაში მიღებული ქცევის განწყობისეული მექანიზმის პროცესუალური ტრანსფორმაციის გააზრებისას. არადა ქცევის სრულყოფილი დახასიათება შეუძლებელია იმის გათვალისწინების გარეშე, რომ აქტივობის პროცესში მის აღმძვრელ პოლიმოტივაციურ სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იჩენს თავს. ეს კი სერიოზულად აისახება აქტივობის დინამიკურ და ღირებულებით ასპექტებზე, ხოლო საბოლოოდ – ქცევის მიზანშეწონილების უზრუნველმყოფელი მექანიზმის ფუნქციონირებაზე, რომელიც თეორიის ახსნით ნაწილში განიხილება.       ქცევის სუბიექტური ღირებულების შეცვლა ხდება აქტივობის საწყის ეტაპზევე, უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ეს გამოვლენილ იქნა ლ. ფესტინგრის მიერ, რომელმაც აჩვენა, რომ კოგნიტური დისონანსის მექანიზმის წყალობით არჩეული ქცევის სუბიექტური ღირებულება მატულობს [23]. ამავე მიმართულებით ხდება ცვლილება აქტივობის დამამთავრებელ ფაზაზეც. ეს ვლინდება მოვლენებში, რომლებიც «მოტივაციური გრადიენტის» ან «მიახლოების გრადიენტის» სახელითაა ცნობილი [18]. აქტივობის მსვლელობაში მისი სუბიექტური ღირებულების გაზრდას იწვევს მოტივაციური ფუნდამენტის გამდიდრებაც მასში ახალი მოთხოვნილებების აქტუალიზაციისა და ჩართვის მეშვეობით. საპირისპიროც ხდება – მოთხოვნილებათა სისტემა «ღარიბდება», კარგავს რა თავისი შემადგენლობის ნაწილს. მაგალითად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომლებიც ხშირად შედიან სხვადასხვა მოტივაციურ ანსამბლებში, აქტივობის განმავლობაში სუსტდება და, შესაძლოა, მთლიანად დაკმაყოფილდეს. ამის შედეგია, რომ იმავე მიმართულებით ფუნქციონირება არათუ აღარ აკმაყოფილებს სათანადო მოთხოვნილებას, არამედ გადაიქცევა ყოველგვარ პროცესუალურ მიმზიდველობას მოკლებულ ძნელ საქმიანობად. აქტივობის პროცესში ფუნქციონალურ თუ სხვა მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ხშირად იმდენად ცვლის ქცევის სუბიექტურ ღირებულებას, რომ იგი შეიძლება შეწყდეს და სულ სხვა მიმართულებით წარიმართოს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანი არ წყვეტს ქცევას შუა გზაზე და ის ბოლომდე მიჰყავს. პიროვნება არ იმყოფება მოტივაციურ სისტემაში მომხდარი ავტომატური ცვლილებების, მოთხოვნილებისეული ძალების მექანიკის ტყვეობაში. მას აქვს უნარი, გააკონტროლოს და კორექცია გაუკეთოს ამ პროცესს. ამაში პოულობს თავის გამოვლინებას ნებელობითი ან პიროვნული დონის თვითრეგულაცია.       მოკლედ, დინამიკური ცვლილებები ხდება აქტივობის პროცესში როგორც სიტუაციის მხრიდან, ისე მოტივაციის მხრიდანაც. მთავარი ისაა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს არ ნიშნავს მიმდინარე აქტივობის შინაარსეულ გადახალისებას, ერთი ქცევის შეწყვეტას, ახალი ქცევის დაწყებას და შესაბამის განწყობათა შეცვლას. ადამიანი, რომელიც მიდის სასეირნოდ და, ამავე დროს, სახლისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების საყიდლად, პოლიმოტივირებულ კომპლექსურ აქტივობას ახორციელებს. მას ერთიანი განწყობა ასაზრდოებს, რომლის რეალიზაციის პროცესში ფიზიკური და სოციალური სიტუაცია სულ ცვალებადობს: ხან სად მოუწევს შესვლა, ხან ვისთან ურთიერთობა. ყოველივე ეს წინასწარ ვერ იქნება განსაზღვრული განწყობის ე. წ. ობიექტური ფაქტორში და, შესაბამისად, განწყობის საწყის სტრუქტურაში. იგივე ითქმის ე. წ. სუბიექტურ ფაქტორზეც. მას, როგორც პოლიმოტივაციურ სისტემას, შეიძლება მოაკლდეს მდგენელი (მაგალითად, დაღლილობის მიზეზით დასუსტებული ფუნქციონალური ტენდენცია), ან მოემატოს (გზად გაახსენდეს დამატებით რაიმე საყიდელი, ან მოსწყურდეს და წყალი დალიოს). ყველა შემთხვევაში არა გვაქვს საფუძველი ვილაპარაკოთ განწყობათა განუწყვეტელ ცვალებადობაზე. ტრანსფორმაცია ერთიანი განწყობის სტრუქტურაში ხდება. ამაშია დინამიკური მოდელის საკვანძო პრინციპი.       დისკრეტულ-სტატიკური მოდელის მიხედვით განწყობა აქტივობის დაწყებამდე მთლიანად არის სტრუქტურირებული ქცევის ყველა მონაკვეთის მიზანშეწონილი განხორციელების უზრუნველსაყოფად. არადა, სეირნობის ქცევა კი არა, მისთვის მომზადების პროცესიც კი ვერ იქნება თავიდანვე სიტუაციის მხრიდან მთლიანად განსაზღვრული. უზნაძის ცნობილ მაგალითებს მივმართოთ: ის, რომ სასეირნოდ განწყობილმა ადამიანმა მარცხენას ნაცვლად მარჯვენა ფეხსაცმელი მოირგო, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ფეხსაცმლის ჩაცმასთან დაკავშირებული სიტუაციის უბანი აქტივობის მსვლელობაში (და არა მის დასაწყისში) არ იქნა სათანადოდ ასახული განწყობაში. იგივე ითქმის კარის დაკეტვაზეც, რომელიც შეფერხდა სხვა გასაღების მორგების შეუძლებლობის გამო. აქაც მოხდება სიტუაციის უფრო ადეკვატური ასახვა, რასაც, შესაძლოა, უფრო რთული კოგნიტური აქტივობა დასჭირდეს. ოღონდაც ეს ყველაფერი ერთი კომპლექსური აქტივობის ფარგლებში მოხდება, ერთი და იმავე ქცევის ფსიქოლოგიურ სივრცეში. სტატიკური მოდელი ამ მაგალითების ანალიზისას მოტივაციური ფაქტორის ცვლილებაზეც მიუთითებს; კერძოდ, შეფერხების შედეგად ჩნდება ახალი მოტივაცია – შემეცნების მოთხოვნილება. ამდენად, აქტივობის ფორმა (კოგნიტური პროცესები) და შინაარსი (შემეცნებითი მოტივაცია) თეორიული ქცევის ხასიათს იღებს. შესაბამისად ყალიბდება თეორიული ქცევის განწყობა, რომელიც ენაცვლება შეწყვეტილი პრაქტიკული ქცევის დანგრეულ განწყობას.       ასეთი ინტერპრეტაციის ეკოლოგიური არავალიდურობა არაერთხელ იქნა ნაჩვენები [4][5][13][21]. ჯერ ერთი საიდან ჩანს, რომ აღმოცენდა ახალი, თეორიული მოტივაცია? ვინ თქვა, რომ ფეხსაცმლის ჩაუცმელობის ყოფითი პრობლემა შემეცნებით ინტერესს აღძრავს? თუმცა ასეც რომ იყოს, ეს უკანასკნელი მხოლოდ დამატებითი მდგენელი გახდება სასეირნოდ წასვლის კომპლექსური აქტივობისა, დაუკავშირდება რა მის ერთ მცირე მონაკვეთს და მალევე ამოწურავს თავს, როგორც პოლიმოტივაციური სისტემის კომპონენტი. ქცევის შეწყვეტაზე, მის ნაცვლად ახალი ქცევის დაწყებაზე და შემდეგ ისევ ამ ქცევასთან მობრუნებაზე ლაპარაკი, როგორც ამას სტატიკურ-დისკრეტული მოდელი აკეთებს, არა მხოლოდ ზედმეტია, არამედ მცდარი და მავნე განწყობის თეორიისთვის. აქტივობის ამგვარი აღწერა და ახსნა ქცევათა და განწყობათა გაუთავებელი წყვეტა-დანგრევის, ფორმირება-აღდგენის სურათს ხატავს, რომელშიც ყოველგვარი გარკვეულობა იკარგება. მართლაც, აქტივობაში, ჩვეულებრივ, რაღაც შეფერხება ხდება. პრაქტიკულ-თეორიულ-პრაქტიკული ქცევების და შესაბამის განწყობათა მონაცვლეობა რომ ამის კვალობაზე მიმდინარეობდეს, ერთი რთული ქცევა ასობით განწყობის რეალიზაციის შედეგად წარმოგვიდგება.       3. განხილული მაგალითები სტატიკურ-დისკრეტული მოდელის მესამე ნიშნის ილუსტრაციადაც გამოდგება. იგი უშვებს კერძო ფსიქიკური პროცესებისთვის ქცევის სტატუსის მინიჭებას და ლაპარაკობს მათ შესატყვის განწყობებზე. ამ მოდელის დამცველთა ბევრ ნაშრომში, დაწყებული თვით უზნაძიდან და მისი სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელებიდან, დამთავრებული ე. წ. «ანთროპული თეორიის» მიმდევრებით, შეხვდებით მრავალ გამონათქვამსა და მსჯელობას აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, წარმოსახვის, გრძნობის ... შესაბამის განწყობაზე. შორს წასვლა არაა საჭირო. განწყობის თეორიის კლასიკური ექსპერიმენტების ანალიზისას, სულ დიდ-პატარა ობიექტების აღქმის განწყობაზეა საუბარი. იქ გამოვლენილი განწყობა – აღქმის განწყობაა. ობიექტივაციის კონცეფციაშიც აზროვნებას საკუთარი განწყობა აქვს მიჩენილი. აზროვნების პროცესს აზროვნების განწყობა წარმართავს. სხვა პროცესების შემთხვევაშიც იგივე მდგომარეობაა.       ეს მართებული იქნებოდა, ქცევა და ფსიქიკური პროცესი თანაფარდი ცნებები რომ ყოფილიყო. განწყობა ქცევის რელევანტური ცნებაა, მისი მიზანშეწონილი განხორციელების ფსიქიკური მექანიზმია. ეს პირველ ყოვლისა მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველყოფას ნიშნავს. ამიტომ განწყობის აღმოცენება-ფორმირება საკუთარი მოტივაციისა და მისი შესაბამისი სიტუაციის საფუძველზე ხდება. მოთხოვნილებას კი მხოლოდ ქცევა აკმაყოფილებს და არა მისი რომელიმე ნაწილი, კომპონენტი თუ შემადგენელი პროცესი. ქცევის სტრუქტურულ ელემენტებს საკუთარი, ექსკლუზიური მოტივაცია არ გააჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც ქცევის სტატუსი ექნებოდა. აქედან გამომდინარე, ქცევის შემადგენელ მოქმედებებსა და ოპერაციებს თავ-თავისი განწყობები არა აქვს და მთლიანი ქცევის განწყობით იმართება.       გამართული ქცევის თეორია ამას უნდა ითვალისწინებდეს. სამწუხაროდ, განწყობის თეორიის ავტორმა ქცევის სტრუქტურის საკითხი სათანადო ყურადღების გარეშე დატოვა. ამაზე იგი არ მსჯელობს, ხოლო იმ გამონაკლის შემთხვევებში, სადაც ეს ხდება, ბევრი გაუგებრობა იჩენს თავს. მაგალითისთვის მოვიყვანთ ამონარიდს, რომელშიც ყველაზე გაშლილად არის მოცემული მსჯელობა ქცევის სტრუქტურის შესახებ. «მუშაობის გათავებისას ჩემში სასეირნოდ წასვლის მოთხოვნილება გაჩნდა. რასაკვირველია, ეს მოთხოვნილება თავისთავად, როგორც მოთხოვნილება სასეირნოდ წასვლისა, ძლიერ ზოგადის, საკმარისად განყენებული შინაარსის მოთხოვნილებად უნდა ვიგულისხმოთ. მაგრამ მოცემულ პირობებში იგი დაქვემდებარებულ მოთხოვნილებათა მთელ იერარქიას შეიცავს, მაგალ., შესაფერისად ჩაცმა-დახურვის მოთხოვნილებას, ოთახის წესრიგში დატოვების (ღუმელის გამოთიშვის, კარების დაკეტვის... ) მოთხოვნილებას. და როდესაც ამ მოთხოვნილებათა მქონე სუბიექტი შესატყვისი სიტუაციის წინაშე დადგება, მასში ყოველს კერძო შემთხვევაში გარკვეული გ ა ნ წ ყ ო ბ ა ჩნდება ან იღვიძებს, და მისი ქცევა ამ განწყობის მიხედვით მიმდინარეობს.       ჩვენს მაგალითში, მაშასადამე, უნდა ვიგულისხმოთ, სუბიექტის ამა თუ იმ კონკრეტულ ქცევას – ღუმელის გამორთვას, გასაღების მოძებნას, ოთახის დაკეტვას – ყოველს ცალკე შემთხვევაში შესატყვისი განწყობა უსწრებდა წინ, რომელიც შემდეგ ამ ქცევის მიმდინარეობას განსაზღვრავდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს ქცევის ფსიქიკური, კერძოდ – პერცეპტული კომპონენტები, ვთქვათ, კარადის კარის აღქმა, ღუმელის, გასაღების, კლიტის და სხვ. აღქმა» [8; 149]. ამ განცდებს განსაზღვრავდა კარადის გაღების, ოთახის კარის დაკეტვის და ა. შ. განწყობები (?!).       პირველ რიგში თვალში საცემია, რომ ავტორი აღწერს რთულ აქტივობას უფრო მცირე ზომის, ურთირთდაქვემდებარებული, გარკვეული თანმიმდევრობით განლაგებული აქტების ერთობლიობის სახით, რაც, თავისთავად, სავსებით გამართლებულია. გასარკვევია ოღონდ, რას წარმოადგენენ ეს აქტები ფსიქოლოგიურად? უზნაძის ანალიზის მიხედვით ისინი ხასიათდებიან, როგორც ერთმანეთთან კავშირსა და სუბორდინაციაში მყოფი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ქცევები. როგორც ასეთებს მათ უნდა ჰქონდეთ ქცევის ყველა ატრიბუტი – საკუთარი მოტივაცია თავისი სიტუაციით და საკუთარი განწყობა. საკითხი იმაშია, რამდენად მართებულია საქმის ვითარების ამგვარი ინტერპრეტაცია? რამდენად ადეკვატურია, ეკოლოგიურად ვალიდურია, მაგალითად ისეთ მოთხოვნილებებზე (ქცევებზე, განწყობებზე) საუბარი, როგორიცაა სინათლის გამორთვისა თუ კარის დაკეტვის მოთხოვნილება? მათ არსებობას არ გვიდასტურებს არც შინაგანი გამოცდილება და არც თეორიის ლოგიკა. განცდაში ასეთი აქტების შესატყვის მოთხოვნილებებს ვერ მოვნახავთ. ერთადერთი, რაც მათ შეიძლება შეესაბამებოდეს, საბოლოო მიზნის ქვემდებარე ე. წ. «შუალედური მიზნებია», რომელნიც ძირეული მოტივაციის საფუძველზე წარმოიქმნებიან. მაშასადამე, საქმე ემპირიულ ფაქტებში კი არა, თეორიული დაშვების ლოგიკაშია, კერძოდ დებულებაში, რომ რთული ქცევის ერთეულები თავადაც ქცევებია, უფრო მცირე ზომის, მაგრამ ნამდვილი ქცევები (?!). ამ ლოგიკას რომ გავყვეთ, მაშინ მეტნაკლებად რთული ქცევის ყველა მდგენელს ქცევის სტატუსი უნდა მივანიჭოთ და დავუშვათ შესაბამისი მოთხოვნილებებისა და განწყობების ურიცხვი რაოდენობა. მაგალითად, «სასეირნოდ ჩაცმის» ქცევა დასრულებული აქტების მთელი რიგისაგან შედგება (პერანგის, კოსტუმის, ფეხსაცმლის და ა. შ. ჩაცმა). თუ თანმიმდევრულნი ვიქნებით, ისინიც ქცევებად უნდა განვიხილოთ და, ესე იგი, დავუშვათ შესაბამის მოთხოვნილებათა (პერანგისა თუ ფეხსაცმლის და ა. შ. ჩაცმის) და განწყობათა არსებობა. უფრო მეტიც, ვინაიდან ამ «ქცევებსაც» თავისი მიკროსტრუქტურა აქვს, აუცილებლად გაჩნდება ქცევა (მოთხოვნილება, განწყობა) ღილების ან ზონარის შეკვრისა და სხვა. ამდენად, საბოლოო ჯამში, ყოველი ელემენტარული მოტორული და მენტალური პროცესი, რომლებისგანაც აიგება აქტივობა, საკუთარი განწყობის მქონე ცალკეულ ქცევად მოგვევლინება.       როგორი ფანტასტიკურიც არ უნდა ჩანდეს, სწორედ ასეთი სურათი იხატება, როცა არ არის სათანადოდ დამუშავებული აქტივობის თეორიის აღწერითი ნაწილი და კერძოდ მისი საკვანძო მომენტი – ქცევის სტრუქტურის (შემადგენლობის) საკითხი. ფსიქიკური პროცესები და ცალკეული განცდები ქცევის შემადგენელი ელემენტების – მოქმედებებისა და ოპერაციების – საშენი მასალაა. ამიტომ მათ არც საკუთარი მოტივაცია გააჩნიათ და, მითუმეტეს – საკუთარი განწყობა. გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საუბარია პირველად და არა ფიქსირებულ განწყობაზე. პირველადი განწყობა აქტივობის «მოლარული» ერთეულის (ქცევის) რელევანტური ცნებაა, ფიქსირებული – «მოლეკულარულის» (მოქმედებაოპერაციის). მოქმედება-ოპერაციები იმდენად ეფუძნება ფიქსირებულ განწყობებს, რამდენადაც ჩვეულნი, ავტომატიზირებული არიან. მთელი ქცევის ფიქსირება არ ხდება. თუ გამოცდილება ფიქსირებული განწყობების სახით ინახება, მაშინ არ შეიძლება წარმოიქმნეს ისეთი განწყობა, რომელშიც არ იქნება ჩართული ადრე ფიქსირებულ განწყობათა რაღაც ნაკრები. მაგრამ თავისი მთლიანი აგებულებით განწყობა განახლებულია და საფუძვლად ედება სრულიად ახალ ქცევას – თუნდაც მხოლოდ ადრე ფიქსირებული განწყობებისაგან იყოს აგებული [21; 25-26]. ჩხარტიშვილისთვის ეს გარემოება პირველადი და ფიქსირებული განწყობების პრინციპული განსხვავებულობის ერთერთი მაჩვენებელია. მას მოჰყავს სხვა განმასხვავებელი ნიშნებიც, რომლებიც ეჭვის ქვეშ აყენებენ ფიქსირებული განწყობის განწყობისეულ ბუნებას [13][21].       ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლაში ეს მოსაზრებები უბრალოდ იგნორირებული იყო, მათ შორის ე. წ. «ანთროპული თეორიის» ფარგლებშიც. სულ ახლახანს გამოჩნდა ძალზე საფუძვლიანი გამოკვლევა რომელშიც, როგორც იქნა, აღიარებულია ჩხარტიშვილის არგუმენტაციის სერიოზულობა [2]. ამავე დროს, მისი ავტორი ცდილობს, შეინარჩუნოს ფიქსირებული განწყობის ცნება. ეს სავსებით გასაგებია, თუ ჩვენი განზრახვაა განწყობის თეორიას შევუნარჩუნოთ ფიქსირებული განწყობის მეთოდით მოპოვებული ექსპერიმენტული საფუძველი და არ ვმოქმედებთ უბრალოდ «განწყობის თეორიის ტრადიციიდან და ამ ტერმინის დამკვიდრებულობიდან გამომდინარე» [2; 103].       ამასთან, აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო. ფიქსირებული განწყობის განწყობისეულობის დამტკიცების გულისთვის განწყობისთვის ისეთი ნიშნების უბრალო მექანიკური ჩამოცილება, როგორიცაა მისი «მთლიანობა» და «დინამიკურობა», თეორიის არსობლივი შეცვლის რეალურ საფრთხეს შეიცავს. ყოველ შემთხვევაში ამას სერიოზული დასაბუთება ესაჭიროება, თუნდაც ე.წ. «უშუალობის პოსტულატთან» მიმართებაში. განწყობის ცნების შემოტანის მეთოდოლოგიური აზრი, უზნაძის მიხედვით, ისაა, რომ მან უნდა შეავსოს ანალიზის ორწევრიანი სქემა; ეს, თავის მხრივ, მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუკი განწყობა მთლიანი ინდივიდის მდგომარეობას გამოხატავს და არა მისი რაიმე ნაწილისა ან «ცაკლეული არის». ასეთი «განწყობა», უზნაძის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის თანახმად, ვერც ჩაითვლება განწყობად. საჭიროა იმის ნათელყოფაც, საიდან იძენს პირველადი განწყობა ფიქსირებულისაგან არსებითად განსხვავებულ თვისებებს [2; 102], თუ მისი მდგენელები მხოლოდ გააქტიურებული ფიქსირებული განწყობებია, თუნდაც სპეციფიკურად «განლაგებულ-მოგეზილი» [2; 115]. შეგვეძლო გვევარაუდა, რომ აქტუალური განწყობის თვისებები ემერჯენტული ხასიათისაა, ე. ი. ახალია და არსებითად განსხვავებული ნაწილების (ანუ ფიქსირებული განწყობების) თვისებებისაგან. მაგრამ ასეც რომ იყოს, ფიქსირებული განწყობა მითუმეტეს ვერ გამოდგება აქტუალური განწყობის მოდელად, ისევე როგორც შეგრძნების თვისებები ვერ გამოდგება აღქმის გეშტალტის თვისებების გასარკვევად. ნაწილიდან მთლიანს ვერ გაიგებ.       თუმცა, როგორც ჩანს, აქტუალურ და ფიქსირებულ განწყობებს შორის ამგვარი მიმართება არ იგულისხმება. ამაზე მეტყველებს, ავტორის მიერ აქვე ისეთი ვითარების საგანგებო განხილვა, როდესაც მთლიანობის ერთ-ერთი მდგენელი ფიქსირებული განწყობა ხდება წამყვანი. ამ შემთხვევაში აქტუალური განწყობის მოქმედების წესი და თვისებები თითქმის ემთხვევა კონკრეტული ფიქსირებული განწყობის კანონზომიერებებსა და თვისებებს. ასეა, მაგალითად, გააზრებული ვითარება განწყობის კლასიკურ ექსპერიმენტებში. ასე გამოდის, რომ არ ყოფილა არსებითი განსხვავება აქტუალურ და ფიქსირებულ განწყობებს შორის?! მაგრამ მაშინ საკითხავია, თუ ფიქსირებული განწყობა «ცალკეული მოდალობის მდგომარეობაა» [2; 103], როგორ უნდა ნათელყოს მისმა ექსპერიმენტულმა შესწავლამ ინდივიდის მთლიანობითი მდგომარეობის ანუ აქტუალური განწყობის ბუნება?       სიცხადეს ამ და სხვა საკითხებში, ალბათ, შემდგომი კვლევა შეიტანს. მაგრამ აქვე დგება საკითხი აქტივობის სტრუქტურის პრობლემატიკის კონტექსტში. სახელდობრ, რამდენად პროდუქტიულად შეიძლება ფიქსირებული განწყობის ცნების გამოყენება აქტივობის აღწერითი მოდელის ფარგლებში. ყველა მოქმედებას, ოპერაციას, უმცირეს მოტორულ ან მენტალურ აქტს თავისი ფიქსირებული განწყობა დაუქვემდებაროთ, რაც ალბათ, საბოლოოდ, უაზრობამდე მოგვიყვანს, თუ აქტივობის გარკვეულ ერთეულებს ან მონაკვეთებს შევუფარდოთ რეგულაციის ეს მექანიზმი? ხოლო თუ ასეა, რა კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელოთ? საკითხი არ არის არც ტრივიალური, არც მარტივი. თუ თეორია გვინდა, რომელიც პრაქტიკაში იმუშავებს, იმაზეც უნდა გვქონდეს პასუხი, რის ფიქსირებულ განწყობაზე ვლაპარაკობთ: სასეირნოდ წასვლის, პერანგის ჩაცმის თუ ღილების შეკვრისა.       ამრიგად, შეიძლება ითქვას რომ, განწყობის სტრუქტურის სტატიკურ-დისკრეტული მოდელი ამოდის მოსაზრებიდან თითქოს ქცევის შემადგენელი ელემენტები (მოქმედებები და ოპერაციები) თავისი საკუთარი განწყობებით იმართებიან. იგი დაძლეულ უნდა იქნეს, თუ გვსურს მივიღოთ თეორია, რომელიც: 1) რეალური აქტივობის ადექვატურია და 2) შინაგანად არაწინააღმდეგობრივია. აქამდე უპირატესად პირველ მომენტს ვუსვამდით ხაზს. ახალა ყურადღებას მეორე მომენტზე მივმართავთ.       აქ რამდენიმე საკითხი მოითხოვს განხილვას. ამჟამად მხოლოდ ერთზე შევჩერდებით, სახელდობრ, იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც განწყობის ფაქტორების მოქმედების განწყობითვე უზრუნველყოფას ეხება. ეს წინააღმდეგობა თვითონ უზნაძემ შეამჩნია და მას «აღქმის პარადოქსი ეწოდა». მისი არსი კარგადაა ცნობილი: განწყობის შექმნა სიტუაციის აღქმას საჭიროებს, ხოლო აღქმას, როგორც ფსიქიკურ პროცესს ან განცდას, თავადვე ესაჭიროება საფუძვლადმდებარე განწყობა, და ასე უსასრულოდ...       აღსანიშნავია, რომ უზნაძემ ეს წინააღმდეგობა მხოლოდ განწყობის სიტუაციურ ფაქტორთან მიმართებაში გააცნობიერა. თუმცა უნდა ითქვას, რომ არანაკლები საფუძველი არსებობს მოცემული ლოგიკის გავრცელებისა განწყობის მოტივაციური ფაქტორის მიმართაც. მოთხოვნილებაც ფსიქიკური პროცესია, განცდაა და აღქმის მსგავსად მასაც ესაჭიროება ქვემდებარე განწყობა[28]. მაშასადამე, პრობლემა უფრო ფართოდ უნდა დაისვას განწყობის ყველა ფაქტორთან დაკავშირებით და, საზოგადოდ, განცდისა თუ ფსიქიკური პროცესის განწყობასთან ურთიერთმიმართებისა და შესაბამისობის საკითხის ზოგად კონტექსტში უნდა გადაწყდეს.       უზნაძე, როგორც ითქვა, მხოლოდ სიტუაციური ფაქტორის აღქმისეული მოცემულობის შესახებ საუბრობს. დილემის მისეული გადაწყვეტა ცნობილია: განწყობას წინ უსწრებს არა აღქმა, როგორც დასრულებული პროცესი, საგნობრივი განცდა, არამედ აღქმის უნარის პირველი, პრიმიტიული საფეხური, ე. წ. «შემჩნევა» ან «შეგრძნება». ეს უკანასკნელი არ საჭიროებს სპეციალურ განწყობას, მაშინ როდესად «აღქმა შესაფერისი გაწყობის გარეშე არ არსებობს» [10; 30]. მოკლედ, განწყობის აღმოცენებას წინ უსწრებს გარკვეული «უგანწყობო მდგომარეობა», რომლის საფუძველზე იქმნება საკუთრივ განწყობა.       ასეთი ფსიქიკური მოვლენის დაშვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს უზნაძე ალბათ გრძნობდა. ერთი მხრივ, მართალია, ეს «შემჩნევა» თუ «შეგრძნება» ხასიათდება, როგორც რაღაც ისეთი, რაც სუბიექტის (პიროვნების) მონაწილეობის გარეშე ხორციელდება, არა როგორც გარედან მოსული შთაბეჭდილება, არამედ განცდა ჩვენი გრძნობის ორგანოს მდგომარეობისა (მაგალითად, ხმაური ყურში) [11; 276]; მაგრამ იგი მაინც განცდაა, ფსიქიკური ფენომენია[29] და, როგორც ასეთი, თითქოს, განწყობის ნიადაგზე უნდა აღმოცენდებოდეს. ყოველ შემთხვევაში, განწყობის თეორიის ამოსავალი მეთოდოლოგიური პრინციპებისა და საფუძვლების თანახმად, ყოველი ფსიქიკური მოვლენა განწყობითაა გაშუალებული. «გაშუალების პრინციპი» ამ თეორიული სისტემის ქვაკუთხედია, რომლითაც იგი უპირისპირდება «უშუალობის პოსტულატზე» დამყარებულ მთელს წინანდელ ფსიქოლოგიას.       ეს თავსატეხი უზნაძეს, როგორც ჩანს, საკმაოდ აწუხებდა. ნიშანდობლივია ამ მხრივ, რომ მოცემულ დილემასთან დაკავშირებით, თავის უკანასკნელ ნაშრომში, მან ტექსტის ორი ვარიანტი დატოვა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას არ აკმაყოფილებდა არგუმენტაციის ფორმულირებები და, შესაძლოა, ბოლომდე არ იყო დარწმუნებული დილემის გადაწყვეტის მართებულობაში. კიდევ უფრო ნათლად ჩანს ამ პრობლემასთან დაკავშირებული ეჭვები და ვარაუდები უზნაძის შენიშვნების რვეულებში, რომლებშიც რამდენიმე ჩანაწერი უშუალოდ ეხება მოცემულ საკითხს. ამ მასალის შესწავლა გვარწმუნებს, რომ განწყობის კონცეფციის ავტორი აქტიურად ეძებდა გამოსავალს მოცემული თეორიული წინააღმდეგობიდან და ამ პროცესში არ ერიდებოდა საკმაოდ გაბედულ დაშვებებს, ისეთებსაც, რომლებიც არყევდნენ მთელი თეორიული სისტემის მეთოდოლოგიურ ფუნდამენტს. ასეთია, პირველ რიგში, უკვე აღნიშნული შუალობის პრინციპი.       1945 წლის 15 იანვარს გაკეთებულ ჩანაწერს ეწოდება: «უშუალობის პოსტულატის მართებულობის ფარგლები». მასში ვკითხულობთ: «არ იქნება სწორი, თუ ვიფიქრებთ, რომ სუბიექტში არაფერი ჩნდება გარემოს ზემოქმედების შედეგად მისი შუალობის გარეშე, რომ ყველაფერი სუბიექტის განწყობი თაა გაშუალებული. ვფიქრობ, რომ იმ შემთხვევაში, როცა სუბიექტს არა აქვს არავითარი საჭიროება და მოთხოვნილება გარემოსთან ურთიერთობის დამყარებისა ან არა აქვს ამის შესაძლებლობა... შესაძლოა, გარემო მაინც მოქმედებდეს მასზე და უშუალო ეფექტს იწვევდეს მის ფსიქიკაში ან მის ორგანიზმში, ან მის სომატიკაში. ამ ეფექტს ყველგან რეფლექსები ან რეფლექსოიდური ეფექტი შეიძლება ვუწოდოთ. ასეთი იქნება: შეგრძნება – შემეცნების სფეროში, სიამოვნება უსიამოვნება – ემოციონალურ სფეროში და რეფლექსები – მოტორულ სფეროში» [12ბ; 61]. ძველი ფსიქოლოგია შესაძლოა არც კი ცდებოდა, განაგრძობს იქვე უზნაძე, როცა შეგრძნებას, გრძნობას და რეფლექსს ფსიქიკის ელემენტარულ შინაარსებად სცნობდა. მაგრამ ეს იმ აზრითაა მართებული, რომ ისინი მხოლოდ მასალას წარმოადგენენ, საიდანაც აიგება კონკრეტული განცდები, რომელთა აღმოცენება სუბიექტში შესაბამისი განწყობის არსებობაზეა დამოკიდებული.       ეს ჩანაწერი პირველი მონახაზია იმ თვალსაზრისისა, რომელიც 1950 წლის უზნაძის ბოლო ნაშრომში არის მოცემული აღქმის პარადოქსთან დაკავშირებით. აქ ვხედავთ, რომ პირველ ხანებში ავტორი უფრო ფართო კონტექსტში აანალიზებდა ვითარებას და, ასე ვთქვათ, უგანწყობო ფსიქიკურ მდგომარეობებს ან «ფსიქიკურ რეფლექსებს» [12ბ; 65] უკავშირებს არა მხოლოდ შეგრძნებებს, არამედ მოტორულ და, რაც მთავარია, ემოციურ პროცესებსაც. ეს, პრინციპში, იმის საწინდარია, რომ განწყობის ობიექტური ფაქტორის განწყობისეული უზრუნველყოფის პრობლემა და მისი გადაწყვეტა სუბიექტურ ფაქტორზეც გავრცელდეს. რაც შეეხება თვით პრობლემას, როგორც ზემოთ ითქვა, ლოგიკურად, «მოთხოვნილების პარადოქსი» ისევე კანონიერია, როგორც აღქმისა. ხოლო თუ განვიხილავთ ამ პრობლემის გადაწყვეტის არატრადიციული, «რეფლექსოიდური» ვარიანტის ექსტრაპოლაციის შესაძლებლობას მოტივაციურ ფაქტორზე, საჭიროა ხიდის გადება ემოციასა და მოთხოვნილებას შორის. უზნაძემ სერიოზულად იზრუნა ამაზე თავისი მრავალრიცხოვანი ჩანაწერებით შენიშვნების რვეულში. აქ იგი სხვადასხვა კუთხით აანალიზებს საკითხს მოთხოვნილების (მოტივაციის) ემოციონალური ბუნების შესახებ. სამწუხაროდ, განწყობის თეორიის ავტორის ეს მოსაზრებები ჯერ არ გამხდარა საგანგებო შესწავლის საგანი. ჩვენ აქ მხოლოდ ყველაზე თვალშისაცემ მომენტებს აღვნიშნავთ.       უზნაძეს მიაჩნია, რომ სიამოვნება-უსიამოვნება გრძნობადი ტონის სახით სხვა განცდების აუცილებელი თანმხლები მომენტია. პირველ რიგში ეს «მოთხოვნილება-იმპულსს» ეხება, რომელშიც შედის ტენდენცია, სწრაფვა, ერთგვარი ობიექტური შინაარსი და სიამოვნება-უსიამოვნების ტონი [12ბ; 63-4]. ამავე დროს ნათქვამია, რომ «გრძნობა მოთხოვნილების დაკმაყოფილების თუ დაუკმაყოფილებლობის სპეციფიკური განცდაა. ამიტომ სიამოვნება კმაყოფილებაა, უსიამოვნება – უკმაყოფილება» [12ა; 82]. უფრო მეტიც, გარემოს «ზემოქმედება სუბიექტის ორგანიზმში ყოველთვის რაიმე ფიზიოლოგიურ ეფექტს იწვევს პირდაპირ უშუალოდ, რეფლექსურად. ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა – სასარგებლო თუ მავნებელი – ცნობიერებაში სიამოვნება-უსიამოვნების სახით გვეძლევა... იგი მოთხოვნილების დახასიათებაა: ემოციურია მოთხოვნილება [12ა; 82-83]. აქედან გამომდინარე «ჩვეულებრივი, ნორმალური ემოცია ჩვენი ყოველდღიური ქცევის ორგანიზაციის საწყისს წარმოადგენს» [12ბ; 64], მაშასადამე, იგი აუცილებელი ფაქტორია ქცევისა და განწყობისა.       უზნაძის მოყვანილი გამონათქვამები ემოციის მოტივაციური და, ამავე დროს, რეფლექსური ბუნების შესახებ შემდეგი მსჯელობის საშუალებას იძლევა: განწყობის შესაქმნელად საჭირო სუბიექტური ფაქტორი მოცემულია სიამოვნება-უსიამოვნების რეფლექსური მდგომარეობის სახით, რომელიც ისევე, როგორც სიტუაციის ამსახავი შეგრძნება, განწყობისეული გაშუალების გარეშე ჩნდება. განწყობის წინმსწრები ფაქტორების – მოთხოვნილებისა და სიტუაციის – ფსიქიკური რეპრეზენტაცია რეფლექსოიდური მდგომარეობის სახით ხდება.       მაგრამ საქმე ისაა, რამდენად შორს შეიძლება წასვლა უგანწყობო ფსიქიკური მდგომარეობების ან განცდების (შეგრძნება და სიამოვნება-უსიამოვნება პრიმიტიული, მაგრამ განცდაა) დაშვებაში, ისე, რომ არ შეირყეს უზნაძის თეორიის ფუძემდებლური პრინციპი ფსიქიკური მოვლენების განწყობით და, მაშასადამე, მთლიანი ინდივიდით გაშუალების შესახებ?       შეგრძნება და სიამოვნება-უსიამოვნება შესაბამისი ფსიქიკური პროცესების შედეგად წარმოქმნილი განცდებია. უზნაძის აზრით, მთავარი აქ ამ პროცესებისა და განცდების რაგვარობა კი არ არის, არამედ ის გარემოება, რომ ისინი უშუალოდ აღმოცენდებიან გარეგანი თუ შინაგანი სტიმულაციის საფუძველზე და, ამდენად, რეფლექტორული ბუნებისანი არიან. განწყობის თეორიის ავტორის ანალიზის თანახმად «მთელი კლასიკური ფსიქოლოგია – არა მარტო ბიჰევიორისტული, არამედ ემპირიული სუბიექტური ფსიქოლოგიაც – რამდენადაც იგი სწორედ ასეთს უშუალო კავშირს გულისხმობს იმ მოვლენათა შორის, რომელთაც სწავლობს, ერთი სიტყვით, რამდენადაც იგი უშუალობის პრინციპს ეყრდნობა, არსებითად რეფლექსოლოგიად უნდა ჩაითვალოს» [7; 20]. აქედან გამომდინარე, საჭიროა ახალი ფსიქოლოგია, ვინაიდან «თუ ჩვენი მოტორული თუ ფსიქიკური პროცესები მათზე მოქმედი სტიმულების უშუალო პასუხს წარმოადგენენ, მაშინ გამოდის, რომ სინამდვილესთან ურთიერთობას სუბიექტი კი არა, მისი ფსიქიკა, ან კერძოდ, მისი მოტორიკა ამყარებს, რომ ჩვენი ქცევა თუ განცდა სუბიექტის მონაწილეობის გარეშე ჩნდება და, მაშასადამე, მათზე მოქმედი სტიმულებით ერთმნიშვნელოვნად განისაზღვრება. უშუალობის პოსტულატი შესაძლებლობას უსპობს კლასიკურ ფსიქოლოგიას, ადამიანის ქცევის ერთმნიშვნელოვანი განსაზღვრულობის იდეას თავი დააღწიოს» (იქვე). უზნაძის რწმენით, განწყობითი გაშუალების პრინციპის შემოტანით ახალი განწყობის ფსიქოლოგია თავს აღწევს კლასიკური ფსიქოლოგიის ამ «საბედისწერო შეცდომას» და რეფლექსოლოგიად გადაქცევის საფრთხეს.       თუ გაშუალების პოზიციაზე ვდგებით, მაშინ ამ პრინციპს უნივერსალური ხასიათი უნდა მიენიჭოს, ის უნდა გავრცელდეს სულიერი ცხოვრების ყველა მოვლენაზე, ფსიქიკურ პროცესსა თუ განცდაზე. გამონაკლისების დაშვება ზოგიერთი კოგნიტური ან ემოციურ-მოტივაციური ფენომენისთვის მთელს თეორიულ კონსტრუქციას სიმწყობრესა და ლოგიკურობას აკარგვინებს. მართლაც, არ არის ნათელი, რატომ არ საჭიროებს განწყობას შეგრძნება და გრძნობა? მხოლოდ იმის თქმა, რომ ისინი პრიმიტიული პროცესები და განცდებია, არ არის დამაჯერებელი. ანდა რაში მდგომარეობს მათი პრიმიტიულობა? შესაძლოა გენეტიკურად ისინი მართლაც წინ უსწრებენ შედარებით რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებს და, გარკვეული აზრით, მათ მასალადაც გვევლინებოდნენ, მაგრამ თავისი ფუნქციის მიხედვით ისინი სულაც არ გამოიყურებიან პრიმიტიულად. გავიხსენოთ, რომ ისინი განწყობის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორის ფსიქიკური რეპრეზენტაციის ფორმად გვევლინებიან. ეს ნიშნავს, რომ სწორედ მათ შემოაქვთ განწყობაში ინფორმაცია ქცევის გარეგანი და შინაგანი პირობების შესახებ, ისინი განსაზღვრავენ, რის მიმართ (სიტუაცია) და რატომ (მოთხოვნილება) ჩნდება ინდივიდის მზაობის მდგომარეობა კონკრეტული აქტივობისთვის. ასეთი სერიოზული ფუნქციით დატვირთულ ფსიქიკურ მოვლენას თუ არ ესაჭიროება გაშუალება, მაშინ სწორი ყოფილა უშუალობის პოსტულატზე მდგომი კლასიკური მოძღვრება და მთელი ფსიქოლოგია მართლაც რეფლექსოლოგია ყოფილა.       შესაძლოა ამიტომაც, ეს მოსაზრება სამუშაო ჰიპოთეზად დარჩა. დასაბეჭდად გამზადებულ ტექსტში უზნაძემ თავი შეიკავა გაშუალების პრინციპის ასეთი შევიწროვებისაგან და მხოლოდ შეგრძნების (შემჩნევის) რეფლექსოიდურობის დადასტურებით დაკმაყოფილდა. ეს უკანასკნელი გაგებულ იქნა, როგორც «გრძნობის ორგანოზე გამღიზიანებლის ზემოქმედების ერთგვარი პირველადი ეფექტი, რომელიც ჯერ კიდევ არ შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული, გარე სამყაროში ლოკალიზებული ობიექტური გამღიზიანებლის ნამდვილ, დასრულებულ აღქმად» [11; 276]. ამის გამო იგი წინ უძღვის ნამდვილ აღქმასა და განწყობას და თავისი განხორციელებისთვის სპეციალურ განწყობისეულ მექანიზმს არ საჭიროებს.       ტექსტის მეორე ვარიანტში მსჯელობა ქცევის ფსიქოლოგიის ტერმინებში მიმდინარეობს და, ამიტომ, მოცემული ანალიზისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ის იწყება დებულებით, რომელსაც მთელი მსჯელობა არასწორი მიმართულებით მიჰყავს: «რისამე აღქმა არ წარმოადგენს უფრო ნაკლებ სრულსა და დამოუკიდებელ აქტივობას, ვიდრე ყოველგვარი სხვა ქცევა» [11; 328]. მაშასადამე, აღქმა დამოუკიდებელი ქცევა ყოფილა, ხოლო თუ ასეა, მას უნდა ჰქონდეს თავისი მოთხოვნილებაც და განწყობაც. მსჯელობა სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება – დასტურდება შესაფერისი მოტივაციის არსებობა («აღქმის მოთხოვნილება», აღქმის «მიზანი», «ამოცანა», «ინტერესი») და შესატყვისი განწყობა, ურომლისოდაც არავითარი დამოუკიდებელი ქცევა არ არსებობს. აქედან ლოგიკურად მივდივართ დილემამდე: «აღქმის ფაქტის აღმოცენებამდე, სუბიექტს პირველ რიგში მოცემული ობიექტის აღქმის განწყობა უნდა გაუჩნდეს, სხვაგვარად ეს აღქმა ამ სუბიექტთან არ განხორციელდება» (იქვე), ხოლო განწყობას, თავის მხრივ, სიტუაციის აღქმა უნდა უსწრებდეს წინ. უზნაძის აზრით, მოცემული წინააღმდეგობიდან გამოსავალი იმაშია, რომ დავუშვათ ორი სახის აღქმა: ერთ შემთხვევაში აღქმა «სუბიექტის წინაშე არსებულ სრულიად დამოუკიდებელ ამოცანას წარმოადგენს» [11; 329]; მეორე შემთხვევაში საკმარისია შევამჩნიოთ ობიექტი, რომ უშუალოდ აქტივობაზე გადავიდეთ. «სხვანაირად შეუძლებელიცაა, რადგან ამ შემთხვევაში სუბიექტს აღქმის ობიექტი დამოუკიდებელად კი არ აინტერესებს, არამედ როგორც მხოლოდ მომენტი გარკვეული მოქმედების პროცესში – ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა თვით აღქმა, არამედ გარკვეული მოქმედება, რომლისთვისაც ეს აღქმა ხორციელდება» (იქვე). ასეთი «აღქმა» მხოლოდ ქცევის ძირითადი მიზნის მიმართ დაქვემდებარებულ აქტად გვევლინება და, ამდენად, დამოუკიდებელ განწყობას არ საჭიროებს.       მთავარი აქ აღქმის პროცესის დამოუკიდებელ ქცევად მიჩნევის მომენტია. ეს თეზისი სტატიკურ-დისკრეტული მოდელის უკვე აღნიშნული მესამე ნიშნიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად, უარყოფილია განსხვავება ქცევის პროცესსა და ფსიქიკურ პროცესს შორის; ამ უკანასკნელს დამოუკიდებელი ქცევის სტატუსი აქვს მინიჭებული. აღქმაც ფსიქიკური პროცესია და, ამდენად – დამოუკიდებელი ქცევა. ფუნქციის მიხედვით აღქმა სიტუაციის ფსიქიკურ ასახვას ემსახურება. მაგრამ, საზოგადოდ, რა უნდა ვიგულისხმოთ ქცევის (განწყობის) სიტუაციის აღქმაში? ეს საკვანძო საკითხია, რომელზეც ნათელი პასუხი ზემოთ მოყვანილი მსჯელობიდან არ ჩანს. საზოგადოდ, როგორ შეიძლება გავიგოთ სიტუაციის აღქმა სტატიკურ-დისკრეტული მოდელის მიხედვით?       უნდა გაირჩეს სიტუაციის ფსიქიკური მოცემულობის ფორმები და მათი მიმართება განწყობასა და ქცევასთან. სიტუაცია გარემოს ის ნაწილია, სადაც შესაძლებელია ქცევის მოტივაციური ძალების რეალიზაცია. მისი ფსიქიკური რეპრეზენტაცია კოგნიტური აქტივობის ორ დონეზე ხორციელდება. შესაბამისად, გაიმოიყოფა «აქტუალური» ან «აღქმული» სიტუაცია და «წარმოსახული» ან «აზრითი» სიტუაცია. განცდის ამ რაგვარობათა მიღმა გარკვეული ფსიქიკური პროცესები იგულისხმება. პირველ შემთხვევაში საკვანძო როლს პერცეფცია თამაშობს, მეორეში – აზროვნება, წარმოდგენა, წარმოსახვა. ქცევის დაბალ სახეობებს (იმპულსურს) სიტუაციის მოცემულობის პირველი ფორმა შეესაბამება; ქცევის მაღალ (ობიექტივირებულ) სახეობებს – მეორე. თუმცა მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ამ განსხვავებათა პირობითობა: საბოლოო ჯამში, ყოველგვარი იმპულსური ქცევა, ცხოველთან და ადამიანთან, შეიცავს პროგნოსტიკის გარკვეულ ელემენტს, ხოლო, თავის მხრივ, ყოველი ობიექტივირებული ან ნებელობითი ქცევა აუცილებლობით ეყრდნობა აქტუალურად აღქმული სიტუაციის მონაცემებს [16].       როგორ უნდა გავიგოთ განწყობისა და ქცევის მიმართ აღქმული სიტუაციის წინასწარ მოცემულობის საკითხი? სიტუაცია მოიცავს ყველაფერ იმას, რაც მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების და ქცევის მიზანშეწონილი განხორციელების პირობაა. ესაა თვით მოთხოვნილების საგანი, ქცევის წარმართვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური პირობები, აგრეთვე ტექნოლოგიური საშუალებები. მოკლედ, იგი მრავალი ობიექტის აღქმას ითვალისწინებს. როგორც წესი, ეს ობიექტები აღქმის ერთჯერად აქტში არაა მოცემული. სიტუაციის საგნობრივი შემადგენლობა და კონფიგურაცია მუდმივად იცვლება ქცევის მიმდინარეობის კვალდაკვალ. თუ არ იქნა წესიერად აღქმული გარემოს გარკვეული უბანი (მონაკვეთი), მასში ზუსტი და საჭირო მოქმედებისა თუ ოპერაციების შესრულება შეუძლებელი იქნება და ვერც მიზანშეწონილი ქცევა განხორციელდება. ამდენად, უნდა ვილაპარაკოთ არა სიტუაციის აღქმაზე, როგორც ერთჯერად ხდომილებაზე, რომელიც უზრუნველყოფს განწყობის ფორმირებას და ქცევის შესრულებას, არამედ ქცევის მთელ გაყოლებაზე წარმოებულ აღქმის მუდმივ პროცესზე. აღქმის პროცესის ხანგრძლივობა და სირთულე დამოკიდებულია ქცევის შესაბამის პარამეტრებზე. პერცეპტული ინფორმაცია სიტუაციის შესახებ ნაკადისებურად შემოდის ე. წ. «სტიმულაციური ხატების» სახით (ჩხარტიშვილის ტერმინოლოგიით).       ყოველ სტიმულაციურ ხატში ის გარემო პირობებია აღბეჭდილი, რომლებშიც ამჟამად იშლება ქცევა, ხორციელდება ესა თუ ის მოქმედება და შესაფერისი ოპერაციები. თითოეული სტიმულაციური ხატი სიტუაციის აღქმის უწყვეტი პროცესის კერძო აქტის შედეგია. ამ აქტის სტრუქტურა უთუოდ მოიცავს სათანადო სენსორულ ინფორმაციას (მონაცემებს), რომლებიც ორგანიზდება გარკვეულ პერცეპტულ ხატად. თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგია გვეუბნება, რომ გარემოს შესახებ ეს შეგრძნებისეული მონაცემები წამის მეათედების განმავლობაში რჩება სათანადო «სენსორულ რეგისტრში». საკითხი იმას ეხება, რამდენად შეიძლება «შეგრძნებისა თუ შემჩნევის» ეს «რეფლექტორული» პროცესი განვიხილოთ ისეთ აქტად, რომელიც წინ უსწრებს განწყობის ნიადაგზე აღმოცენებულ ნამდვილ აღქმას. ამ საკითხის აზრიანობა და მნიშვნელობა განწყობის თეორიისთვის დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, აქვს თუ არა აღქმას სპეციალური განწყობისეული საფუძველი. თუკი აღმოჩნდება, რომ აღქმის ფსიქიკურ პროცესს საკუთარი გაწყობა არ გააჩნია, და ის, სხვა პროცესების მსგავსად, ქცევის განწყობით იმართება, მაშინ სიტუაციის ამსახველი უგანწყობო შეგრძნება-შემჩნევის ძიებას აზრი დაეკარგება, ვინაიდან ე. წ. «აღქმის პარადოქსიც» აღარ იარსებებს[30].       ამ საკითხში ჩაღრმავებისას უთუოდ წავაწყდებით უზნაძის გამონათქვამებს, რომ აღქმა ასრულებს «მხოლოდ დაქვემდებარებულ, სპეციალურად გაუცნობიერებელ როლს მის გარეთ არსებული ძირითადი მიზნის მიღწევაში» [11; 329] და რომ სუბიექტის მიზანია არა თვით აღქმა, არამედ გარკვეული მოქმედება, რომლისთვისაც ეს აღქმა სრულდება. უზნაძე ამ სიტყვებით შეგრძნებას ახასიათებს, სინამდვილეში კი ისინი ზედმიწევნით ზუსტად გამოხატავს საკუთრივ აღქმის ფსიქიკურ პროცესს. გამღიზიანებლის ზემოქმედებით გამოწვეული სენსორული პროცესი აღქმის მთლიანი პროცესის ნაწილი და პირობაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პირველი უგანწყობო რეფლექსია, ხოლო მეორე საკუთარი განწყობის ნიადაგზე აგებული დამოუკიდებელი და სრულფასოვანი ქცევა. ფსიქიკური პროცესის ცნება ქცევის ცნებასთან მიმართებაში, პრინციპში, დაქვემდებარებული და ვიწრო მნიშვნელობის მქონეა. ქცევა აიგება ფსიქიკური პროცესებისაგან და არა პირიქით.       აღქმა ფსიქიკური პროცესია და ეს დებულება მასზეც ვრცელდება. იგი დაქვემდებარებული, ქცევის სტრუქტურის ერთეულების (მოქმედებების და ოპერაციების) მომსახურე აქტივობაა. ამიტომ აღქმა სხვა მოტორული და ფსიქიკური პროცესების მსგავსად[31] (მაგალითად, ყურადღება, მეხსიერება და სხვა) მონაწილეობს ქცევის ცოცხალი ქსოვილის ქმნადობაში. იგი ამ ქცევის განწყობით იკვებება და იმართება. აქედან გამომდინარე, რამდენადაც აღქმას არ გააჩნია საკუთარი, მიმდინარე ქცევისაგან განსხვავებული სპეციალური აქტუალური განწყობა, ეს უკანასკნელი, ცხადია, არც შეგრძნება-შემჩნევას ექნება. ამით დღის წესრიგიდან იხსნება ე. წ. «აღქმის დილემა». უზნაძის სკოლაში მისი გადაწყვეტის გზების ძიებაზე ძალზე ბევრი დრო და ინტელექტუალური რესურსი დაიხარჯა. დადგა დრო, ვაღიაროთ, რომ ესაა განწყობის სტრუქტურის სტატიკურ-დისკრეტული მოდელის ნიადაგზე წარმოქმნილი ცრუ პრობლემა. ამ არაადეკვატურ მოდელზე უარის თქმა თავისთავად აქრობს სიტუაციის აღქმის დილემასაც.       მაგალითად, მუშაობის შემდეგ გასეირნება გადავწყვიტე. ყველა მომდევნო მოქმედება-ოპერაციის შესრულება (ჩაცმა, ბინის დაკეტვა თუ სხვა), აღქმის პროცესს გულისხმობს, რომელიც სასეირნოდ წასვლის ქცევის განწყობის ფონზე იშლება. ეს ქცევა უზნაძის ქცევათა კლასიფიკაციის მიხედვით თვითმომსახურების (ან იქნებ გართობის?!) ქცევათა ჯგუფს მიეკუთვნება. ცხადია, მასში სხვა ფსიქიკური პროცესებიცაა ჩართული: რომ ჩაიცვა ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი, უნდა გახსოვდეს, სადაა ისინი შენახული; რომ გადაწყვიტო მარცხენა-მარჯვენა ფეხსაცმლის ან კარის გასაღების «პრობლემა» (უზნაძის ცნობილი მაგალითებიდან), ყურადღება, აზროვნება და, წარმოდგენაც დაგჭირდება. თუმცა არსად ფსიქიკური პროცესის შესაბამისი, სპეციალური (მეხსიერების, აზროვნების და ა.შ.) აქტუალური განწყობა არ აღმოცენდება და ყველაფერი იმავე ქცევის განწყობის მოქმედების ფარგლებში წარიმართება. იგივე ითქმის აღქმაზეც. აღქმა სიტუაციის ცვალებადობას მიჰყვება (უნდა აღიქვა ტანსაცმელი, კარები და ა. შ.). მას შეაქვს ინფორმაცია ქცევის განწყობის დინამიკური სტრუქტურაში და ამავე განწყობით იმართება.       ახალა ვნახოთ რა ხდება, როცა აქტივობა მკვეთრად იცვლის მიმართულებას, შესაბამისად, ახალი ქცევის განწყობის ამოცანა დგება. განწყობის დინამიკური მოდელის თანახმად ამ შემთხვევაში შესაძლებელია, ვილაპარაკოთ ამჟამინდელი განწყობის დიფერენციაციაზე, რომელიც ახალ მოტივაციურ და სიტუაციურ ვითარებებს ითვალისწინებს. განწყობის ამ გადასტრუქტურებისთვის საჭირო ინფორმაცია თვით ძველი განწყობის მოქმედების ფონზე შემოდის ფსიქიკაში. დაახლოებით ასე აქვს წარმოდგენილი საქმის ვითარება ამ მოდელის დაზუსტებასა და განვითარებაზე მიმართული ერთობ საყურადღებო ნაშრომის ავტორს ზ. ვახანიას [2]. მისი აზრით: «ცოცხალი სულიერის ნამდვილი ქცევა არ დაიყვანება დისკრეტული       ერთეულების (ცალკეული ქცევების) თანმიმდევრობაზე; ერთი ქცევის გამოყოფა მეორისაგან და მათ შორის მკაფიო საზღვრის გავლება პრაქტიკულად შეუძლებელია. შეუძლებელია გავიგოთ, ზუსტად სად და როდის იწყება და როდის მთავრდება ესა თუ ის ქცევა. სინამდვილეში საქმე გვაქვს აქტივობის განუწყვეტელ ნაკადთან, რომელიც განწყობით იმართება. ეს განწყობა ებრიოგენეზში ისახება თანდაყოლილი ფუნქციონალური აქტივობის «გამოღვიძების» შედეგად. ეს უკანასკნელი «გარემოდან მიღებული შეგრძნების ზეგავლენით, დასაბამს აძლევს იმ პირველად აქტუალურ განწყობას, რომელიც სულდგმულის მთელი სიცოცხლის განმავლობაში განაგრძობს ქმნადობა-განვითარება-დიფერენცირებას, თან მართავს ქცევას, აგრეთვე ყველა შინაგან განცდას, მათ შორის აღქმასაც, რომელიც, ქცევასთან ერთად, უკუზემოქმედებას ახდენს განწყობაზე და იწვევს მის შემდგომ დიფერენცირებას» [2; 100].       ჩვენი ანალიზის კონტექსტში მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ შეგრძნებაც და აღქმაც მუდმივმოქმედი განწყობის მექანიზმს ეყრდნობა. აღქმა ყოველთვის მიმდინარე აქტივობის განწყობით რეგულირდება და მის შემდგომ დიფერენცირებაში მონაწილეობს. არც ის იწვევს ეჭვს, რომ განწყობა სულ ცვალებადობს. ეს დინამიკური მოდელის საკვანძო პუნქტია.       სხვა საკითხია იმ აქტივობის დახასიათება, რომელიც დინამიკური სტრუქტურის მქონე განწყობით იმართება. დისკრეტული მოდელი დიახაც მკაფიოდ განცალკევებული ქცევითი ერთეულების თანმიმდევრობის სურათს გვიხატავს, რის არაადექვატურობაზე ზემოთ ვრცლად ვისაუბრეთ. ქცევებს შორის საზღვრები ხშირად წაშლილია, ახალი ქცევა წინარესთან ორგანულადაა დაკავშირებული, თანაც როგორც ფორმალურ-დინამიკური, ისე შინაარსეული თვალსაზრისით. მეტიც, არც თუ იშვიათად, ქცევები ერთმანეთშია შეზრდილი. სახეზეა «კომპლექსური       აქტივობა», რომელსაც მრავალმოთხოვნილებისეული ერთიანი ენერგეტიკული საფუძველი და რთული ინტენციონალური შინაარსი აქვს. ეს გარკვეული ქცევითი გეშტალტია, რომელიც დამოუკიდებელი ქცევითი ერთეულების უბრალო ჯამზე არ დაიყვანება. მოკლედ, დინამიკური თვალსაზრისის გადმოსახედიდან აქტივობის სურათი ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანია, ვიდრე ამას სტატიკურ-დისკრეტული მოდელი ხატავს.       მიუხედავად ამისა, არსებობს მეორე უკიდურესობაში გადაჭრის საფრთხე. აქტივობის ნაკადისებურობა-უწყვეტობის დინამიკურმა დახასიათებამ არ უნდა დაჩრდილოს აქტივობის შინაარსეული მხარის ცვალებადობის ემპირიულად მოცემული მნიშვნელოვანი მომენტი.       როდესაც უ. ჯეიმსს ცნობიერების დახასიათებისას თავისი ნაკადის მეტაფორა შემოჰქონდა, იგი ხაზს უსვამდა ორ მომენტს: ელემენტარისტული მიდგომის უნაყოფობას (მდინარეს ვერ დაჭრი და ელემენტების თანმიმდევრობად ვერ წარმოადგენ) და ცნობიერების უწყვეტობას (იმას, რომ ყველა ახალი შინაარსი წინარესთან არის დაკავშირებული). ამასთან, იგი არასდროს არ ამცირებდა ცნობიერების ფაქტებს შორის არსებულ შინაარსეულ-საზრისულ განსხვავებათა მნიშვნელობას. განცდების ინტენციონალური სხვადასხვაობა არც ჯეიმსს და არც სხვას დაუყენებია ეჭვის ქვეშ. განცდები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც თვისებრივად (კოგნიტური, ვოლიტური, ემოციური), ისე საგნობრივად (ანუ რაზეა მიმართული).       არსებითად იგივე ითქმის აქტივობის ნაკადის შესახებაც. აქაც შეიძლება ვილაპარაკოთ თვისებრივ და ინტენციონალურ განსხვავებებზე. პირველის მაგალითია ის განსხვავება, რომელიც არსებობს, მაგალითად, თეორიულ და პრაქტიკულ ქცევას შორის. ეს განსხვავება არსებობს და ეკოლოგიურად მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის რეალური ქცევა, უმეტესად, შედგება ორივე ტიპის მოქმედებებისაგან (მოტორული და მენტალური). ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, ერთ-ერთი თვისების მეტ-ნაკლებობაზე ვილაპარაკოთ. ეს აუცილებლად ქმნის პირობითობის მომენტს ამგვარი დაყოფისას, მაგრამ ამ სირთულეს ვერ გავექცევით, ვინაიდან აღსაწერი რეალობაა თავად რთული. სხვათა შორის, მსგავსი სირთულე ცნობიერების დახასიათების დროსაც წარმოიქმნება. ცნობიერების თითქმის ყველა შინაარსი თვისებრივად განსხვავებული ფსიქიკური მოვლენების ერთობლიობად წარმოგვიდგება და დღეს უკვე საყოველთაოდაა აღიარებული ცნობიერების მოვლენათა კლასიკური კანტიანური კლასიფიკაციის (ე. წ. «სულის ტრიქოტომიის») პირობითობა. მას შემდეგ, რაც მიღებულ იქნა ატიტუდის სამკომპონენტიანობის თეზისი, განსაკუთრებით კოგნიტურ ფსიქოლოგიაში, სულ კოგნიტურ-ემოციურ, კოგნიტურ-მოტივაციურ, ემოციურ-მოტივაციურ და ა. შ. წარმონაქმნებზეა საუბარი [15][16][19][22][24]. არ არსებობს უმოტივაციო შემეცნება, ან კიდევ მოტივაცია აბსოლუტურად დაცლილი კოგნიციისაგან და გრძნობისაგან. მიუხედავად ამისა, მაინც ვსაუბრობთ ცალკე კოგნიტურ პროცესებზე, ემოციურზე და ა. შ.       რაც შეეხება ინტენციონალურ განსხვავებებს, ისინი იმდენად თვალსაჩინოა, რომ სპეციალურ ილუსტრაციას არ საჭიროებს. თუ თვისებრივი განსხვავებები ძირითადად ქცევის ოპერაციულ მხარეს ეხება, ამ შემთხვევაში პირველ პლანზე მოტივაციის შინაარსი გამოდის. როცა ეს განსხვავება არსებითი ხასიათისაა, როცა აქტივობა მკვეთრად იცვლის მიმართულებას, როცა იგი სულ სხვა სემანტიკის, საზრისის მატარებელი ხდება, ჩვენ ვადასტურებთ აქტივობის მუდმივ ნაკადში ახალი შინაარსის მქონე მონაკვეთის გაჩენას და მას ახალ ქცევას ვუწოდებთ[32].       განწყობის კლასიკური (სტატიკური) მოდელი დაიწყებს აქ ქცევის შესაბამისი განწყობის ფაქტორების აღმოცენების განწყობისეული მექანიზმის გამოკვლევას და ამ პროცესში მივა აღქმის პარადოქსამდე თუ უგანწყობო რეფლექსებამდე. დინამიკური მოდელის მიხედვით, შემდგომი ქცევის განწყობის ფაქტორები (სუბიექტურიც და ობიექტურიც) წინარე ქცევის განწყობის მოქმედების ფონზე აღმოცენდება და «განახლებულ განწყობას» ედება საფუძვლად. მაგალითად, გასეირნების მოთხოვნილებამ თავი იჩინა ფსიქიკაში (ცნობიერებაში), როცა ჯერ კიდევ სხვა, კერძოდ მუშაობასთან დაკავშირებული მოტივაცია და შესაბამისი განწყობა მართავდა აქტივობას. გასეირნების (დასვენების) მოთხოვნილება, შეიძლება ითქვას, თავისი ანტაგონისტი მოთხოვნილებითა და განწყობით აღძრულ-წარმართული ქცევის, კერძოდ მუშაობის მიმდინარეობის პროცესში იკრებდა ძალას, სანამ იმდენად ინტენსიური არ გახდა, რომ სუბიექტი აქტივობის ხასიათის შეცვლის ამოცანის წინაშე დააყენა. ამ შემთხვევაში ერთი ქცევის მეორისაგან გამოყოფა და მათ შორის საზღვრის გავლება რთული არაა. მუშაობასა და სეირნობას (დასვენებას) შორის განსხვავება სავსებით ნათელია. სტატიკური მოდელი იტყოდა, რომ ამ შემთხვევაში ძველი განწყობა ქრება და იქმნება ახალი განწყობა. დინამიკური მოდელის მიხედვით აქ ხდება მუდმივმოქმედი განწყობითი მექანიზმის არსებითი გადასტრუქტურება, მისი შინაარსეული მხარის ტრანსფორმაცია[33]. ოღონდ, როგორც არ უნდა იყოს, ამ განწყობის სუბიექტური ფაქტორი იმთავითვე არსებობს და მისი გამომუშავებისთვის რაიმე საგანგებო აქტივობა (და შესაბამისი სპეციალური განწყობა) არ არის საჭირო.       იგივე ითქმის ობიექტურ ფაქტორზეც. შედარებით მარტივი ქცევის ანალიზისას ეს კარგად ჩანს. ვთქვათ, მუშაობის პროცესში წყურვილმა შემაწუხა. ვწყვეტ მუშაობას, მივდივარ მაგიდასთან, სადაც ბორჯომი მეგულება და ვიკმაყოფილებ გააქტიურებულ მოთხოვნილებას. თუ წყლის დალევის განწყობის შექმნა გულისხმობს წყურვილის (მოტივაცია) შეხვედრას მაგიდაზე მდგარი მინერალური წყლის ხატთან (სიტუაცია), უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს უკანასკნელი ამ ქცევის განწყობამდეა მოცემული. წინარე ანალიზით გამოვრიცხეთ, რომ ამისთვის აღქმის სპეციალური განწყობა იქმნება, რომელიც წინ უძღვის საკუთრივ წყლის დალევის ქცევის განწყობას; ამიტომ გვრჩება ერთი გზა – მივიჩნიოთ, რომ ჯერ კიდევ მუშაობის განწყობის მოდუსში მყოფმა სუბიექტმა არა მხოლოდ თვით წყურვილი განიცადა, არამედ მისი დამაკმაყოფილებელი საგანიც აღიქვა. რამდენადაც ახალი ქცევისთვის (განწყობისთვის) საჭირო ორივე ფაქტორი სახეზე იყო, სუბიექტმა შეწყვიტა მუშაობა (წინარე ქცევა) და დაიწყო ზრუნვა იმაზე, რათა მოეკლა წყურვილი (ახალი ქცევა). რადგანაც არ არსებობს უგანწყობო მდგომარეობა და არც აღქმის სპეციალური განწყობა, «ახალი განწყობის» სიტუაციის აღქმა წინა განწყობის მოქმედების პროცესში განხორციელებულა.       ეს ასეა იმპულსურ ქცევაში, ვინაიდან მხოლოდ ასეთი ქცევა იწყება სიტუაციის აღქმით. აღქმული სახით იმპულსური ქცევის განწყობის სიტუაციური ფაქტორია მოცემული. მხოლოდ ასეთი ქცევის გაწყობის აღმოცენებას შეიძლება უსწრებდეს წინ სიტუაციის აღქმისთვის საჭირო განწყობა, თუნდაც ჰიპოთეტურად. მაშასადამე, აუცილებელია ითქვას, რომ ე. წ. აღქმის პარადოქსის შესახებ, საზოგადოდ, მარტო იმპულსური ქცევის ანალიზის შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი.       უფრო რთულია ვითარება, როცა საქმე გვაქვს არა იმპულსურ, არამედ ობიექტივირებულ ქცევასთან. ამ შემთხვევაში განწყობის მაფორმირებელი სიტუაცია მოცემულია არა აღქმის, არამედ წარმოსახულ, იდეურ ფორმაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაშიც თავი უნდა შევიკავოთ წარმოსახვისა თუ აზროვნების განწყობათა დაშვებისაგან. როგორც უკვე ითქვა, ქცევის შემადგენელი ფსიქიკური პროცესები თვით ქცევის აქტუალური განწყობით იმართება, თუმცა, შეიძლება, ფიქსირებულ განწყობათა ძლიერ გავლენას განიცდიდეს.       ამრიგად, განწყობის სტრუქტურის დინამიკურ მოდელს, როგორც ახსნით კონცეფციას, უნდა შეესაბამებოდეს სათანადო მოდელი აქტივობის აღწერისა. იგი იმით განსხვავდება ე. წ. დისკრეტული მოდელისაგან, რომ არ მოითხოვს ახალი ქცევის სტატუსი მიანიჭოს აქტივობის მოტივაციური თუ სიტუაციური შინაარსის ყოველგვარ ცვალებადობას. ადამიანის ქცევის მოტივაციურ საფუძველს, როგორც წესი, პოლიმოთხოვნილებისეული ხასიათი აქვს. ამ სისტემით აღძრული «კომპლექსური აქტივობის» პროცესში ხდება მრავალი ცვლილება, რომელიც აისახება ქცევის დინამიკაზე და სემანტიკაზე. გარკვეულ მომენტში ცვლილება შეიძლება იმდენად შორს წავიდეს, რომ აქტივობის ინტენციონალური შინაარსი არსებითად შეიცვალოს, ახალი მიზნისკენ წარიმართოს. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვილაპარაკოთ ახალი ქცევის დაწყებაზე. დინამიკური მოდელისთვის მთავარია აქტივობისა და, შესაბამისად, განწყობის უწყვეტობის პოსტულატი. ამიტომ, სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისის საპირისპიროდ, უნდა ვისაუბროთ მუდმივმოქმედი განწყობის შინაარსობრივ ტრანსფორმაციებზე და არა ერთი განწყობის მოქმედების შეწყვეტასა და მეორე განწყობის აღმოცენებაზე.       სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისი, არსებითად, ვერ ხედავს განსხვავებას ქცევასა და ფსიქიკურ პროცესს შორის. ამიტომ მისი დამცველები ხშირად საუბრობენ აღქმის, აზროვნების და სხვა განწყობაზე. დინამიკური მოდელი ფსიქიკურ პროცესს ქცევის შემადგენელ ერთეულად მიიჩნევს, ხოლო აქტუალურ განწყობას – მხოლოდ ქცევის რელევანტურ მექანიზმად (თუმცა განწყობა ძლიერ გავლენას ახდენს ხოლმე ფსიქიკურ პროცესებზეც, ზოგჯერ ძირეულადაც ცვლის ხოლმე მათ). ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა ქცევა აიხსნას დინამიკური სტრუქტურის მქონე ერთიანი განწყობის საშუალებით, რომლითაც იმართება ყველა ფსიქოფიზიკური მოქმედება და პროცესი.       დინამიკური მოდელი, აგრეთვე, თავიდან გვაცილებს თეორიულ პრობლემებს, რომლებიც სტატიკურ-დისკრეტული თვალსაზრისის ნიადაგზე წარმოიქმნება. აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება ე. წ. «აღქმის პარადოქსი», რომელსაც ექვს ათეულ წელზე მეტია, წარუმატებლად ებრძვის განწყობის ფსიქოლოგია. ამ დილემასთან დაკავშირებული შინაარსი დაზუსტებას საჭიროებს – გარკვეული მიმართულებით იგი უნდა შევიწროვდეს, სხვა მიმართულებით კი გაფართოვდეს. აღქმის პარადოქსის მიყენების არეალი უნდა შეიზღუდოს იმპულსური ქცევით, ვინაიდან ობიექტივირებული ან ნებელობითი ქცევის განწყობა ეფუძნება არა აღქმულ, არამედ «წარმოსახულ ან იდეურ» სიტუაციას. მეორე მხრივ, ლოგიკა მოითხოვს მოცემული დილემა გავრცელდეს განწყობის შინაგან, მოტივაციურ ფაქტორზეც, რამდენადაც ისიც ფსიქიკური პროცესი და განცდაა და, სტატიკური მოდელის თანახმად, საკუთარ განწყობას საჭიროებს.       ანალიზი ცხადყოფს, რომ ესაა ცრუ პრობლემა. მისი ფესვები იმ დებულებაშია, რომ ფსიქიკურ პროცესს თავისი განწყობა ასაზრდოებს. თუ ამოვალთ იქიდან, რომ სიტუაციის ამსახველი აღქმის ფსიქიკური პროცესი იმ განწყობით იმართება, რომელიც ამ მომენტში განსაზღვრავს ქცევის მიზანშეწონილებას, პრობლემაც მოიხსნება. სანამ აქტივობა სხვა მიმართულებას შეიძენს, სიტუაციის აღქმას მიმდინარე ანუ «ძველი ქცევის» განწყობა განაპირობებს. ასეთნაირად აღქმული სიტუაციისა და ახლად გააქტიურებული მოტივაციის შესაბამისად, განწყობა ტრანსფორმირდება და აქტივობას ახალი მიზნისკენ წაიყვანს. იგივე ითქმის მოტივაციურ ფაქტორზე, რომლის აქტივაციაც წინარე განწყობის მოქმედების ფონზე ხორციელდება. არც სიტუაციის აღქმას და არც მოტივაციის განცდას დამატებითი, საკუთარი განწყობა არ ესაჭიროება.       სიტუაციის აღქმას, როგორც ყოველგვარ პერცეპტულ პროცესს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი სენსორული საფუძველი; მას, ასე ვთქვათ, «წინ უსწრებს» შეგრძნება, ან უზნაძეს თქმით «შემჩნევა». მაგრამ, ვინაიდან, თვით აღქმაც არ იმართება სპეციფიკური «აღქმის განწყობით», შეგრძნების რეფლექსურობის ანუ უგანწყობობის მტკიცებას აზრი ეკარგება. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 2:55pm on მარტი 23, 2019
თემა: სულეთის კიდობანი (დასასრული)
ასევე ფრინველთათვის და ცხოველთათვის. არც ყოველი ხე უნდა მოიჭრას, რომელიც ნაყოფს არ გამოიღებს, რათა არ წახდეს და არ გამოიფიტოს ჰაერი, მაგრამ ნაყოფის გამომღებ ხეს დიდი ვალდებულება აქვს ღვთის წინაშე. ძველთაგანვე აკრძალული იყო ნაყოფის მომცემი ხის მოჭრა.და იყო ერთხელ ომი ქართველებსა და შემოსეულ მტერს შორის.       ქართველების ციხე მიუვალ კლდეზე იდგა. მტერი გარს ერტყა ციხეს. ციხის ძირში გვირაბი გადიოდა და გვირაბით აჰქონდათ იქიდან ქართველებს წყალი. ციხის გარშემო უფსკრული იყო, ამიტომ მრავალრიცხოვანი მტერი პირდაპირ შეტევაზე ვერ გადადიოდა. უფსკრულის ქვებით და მიწაყრილებით ამოვსება ბრძანა მტრის მთავარსარდალმა. დაიწყეს უფსკრულის ამოვსება. ციხის ზემოთ ცაში აშოლტილი მსხლის ხე იდგა. გაზაფხული იყო და ისე ლამაზად ჰყვაოდა მსხლის ხე, უმთვარო ღამეშიც კი მთვარესავით ანათებდა მისი თეთრად გადაპენტილი ყვავილები. ამ მსხლის ნათელში უთვალთვალებდნენ ერთიმეორეს მტერი და მოყვარე. თანდათან ივსებოდა მიწაყრილით ქართველების ციხის გარშემო უფსკრული, და       უცებ, ცაზე მეხის გავარდნის ხმასავით გაისმა ჭახანი.       ამ ხმაზე კარვიდან გამოვარდა მტრის მთავარსარდალი. იმან თვალი მოჰკრა, როგორ მოწყვეტით დაეცა მიწაყრილის მხარეს მოჭრილი მსხლის ხე, რომელსაც აფეთქებული ყვავილები სცვიოდა და ჰაერში თეთრი ყვავილების კორიანტელი და სურნელი იდგა.       სახე მოეღუშა მტრის მთავარსარდალს. ათასისთავი იხმო და მკაცრად იკითხა: – ვისი ბრძანებით მოიჭრა ეს მსხლის ხე?   -ჩემი ბრძანებით, დიდო მბრძანებელო.       ჯალათს უხმო მთავარსარდალმა და უბრძანა: – როგორც ის ნაყოფისგამომღები მსხლის ხე დაეცა მიწაზე, ისე დაეცეს ამავე წუთში ამისი ტანი!       ჯალათის ხმალმა ჰაერში გაიშხუილა და ათასისთავის სხეული მთავარსარდლის ფეხებთან დავარდა, ხოლო თავი მიგორავდა და ბოლოს ჯერ კიდევ ამოუვსებ უფსკრულში ჩაეხეთქა.   -ცხენი! – ბრძანა მტრის მთავარსარდალმა.       იმისთანა ცხენი მოჰგვარეს, გასაფრენად გამზადებულ ანგელოსს ჰგავდა.   -გახსოვდეთ, როცა გეწინააღმდეგებათ მტერი, საკუთარი სიკვიდილიც არ უნდა დაიშუროთ მის შესამუსრად, ხოლო როცა სიცოცხლეს უსწრაფებთ ნაყოფის გამომღებ ხეს, რომელსაც ერთნაირად მოაქვს სურნელი და ნაყოფი თქვენთვის და თქვენი მოწინააღმდეგისათვის, ღირსი არა ხართ მოწინააღმდეგეზე გამარჯვებისა. ასეთია ღმერთის სამართალი და ვინც ამას დაარღვევს, ისევე ჩაგორდება უფსკრულში იმისი თავი, როგორც ათასისთავი ჩაგორდა დღეს.       მოხსენით ალყა!   -მოხსენით ალყა! – ათასისთავებმა გასძახეს ერთ-ურთს.       მხოლოდ წასვლისას დააკარა მტრის მთავარსარდლის მერანმა მიწას ფეხი, მერე გაფრინდა და გაჰყვა ციხესშემოწყობილი ლაშქარი.       ქართველებმა იმ წაქცეული მსხლის ხისაგან გუთანი გამოთალეს, თავიანთ ხმალ-ხანჯლები გადაადნეს და მჭედელს იმ გუთნისთვის სახნისი და საკვეთელი გამოაჭედინეს. იმ გუთნით კი საუკუნეების მანძილზე მარტო იმ ციხის შემოგარენს ხნავდნენ, იქ მოჰყავდათ ქერი, რომლის მარცვლებსაც სალოცავ ხატში აფორებდნენ, იმისაგან ლუდსა და არაყს ხდიდნენ და იმათ შესანდობარს სვამდნენ, ვინც მამულისათვის ბრძოლაში დაეცა. ამავე ეკლესიაში ინახებოდა თასი, რომლითაც იმ მტრის მთავარსარდლის შესანდობარს სვამდნენ, რომელმაც ღვთის წინაშე სამართლიანად დაიცვა ნაყოფის გამომღები ხე.       ძვირფასო, მელია!       აი, ყველაფერი ის, რისი შეტყობაც შევიტყვე ამ ჩვენს მუზეუმში მიყუდებული გუთნის შესახებ. მომიტევეთ, მაგრამ არა მგონია ამ გუთანმა საჩვენოდ გაიმეტოს მომავალ არჩევნებში ხმა.       მარად თქვენი ერთგული და სადაც მიბრძანებთ       იქ შემრჭობი – სადგისი! საქმე №14. ზარფუში       (საიდუმლო ინფორმაცია ზარფუშზე) ბატონო პრეზიდენტო!       მე დიდი გულისყურით ვათვალიერებ სამუზეუმო საგნებს, რომელთაც შემდეგ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ასეთი სახელწოდებით უნდა მიიღონ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა: მემუზეუმელთა კავშირი. ამ კავშირს დიდი გამოცდილებაცა აქვს და ბევრი მტერიცა ჰყავს დანარჩენ სამუზეუმო ექსპონატებში, რომლებიც ყოველმხრივ შეეცდებიან სახელი გაუტეხონ მემუზეუმეთა კავშირს და ეს რომ არ მოხდეს, ისევ და ისევ თქვენი დავალებით შერჩეული მყავს ისეთი სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც არჩევნების დროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ უნდა დავნიშნოთ.ეს ექსპონატი არის ზარფუში. მე არ ვიცი ზარფუში ქართული სიტყვაა თუ სხვა ენიდან შემოპარული ქართულში და ამის გამო შეიძლება ზარფუშის კანდიდატურამ წინააღმდეგობა გამოიწვიოს ჩვენს მოწინააღმდეგე პარტიებში, დაგვაბრალებენ არაეროვნულობას, რომ მუზეუმი სავსეა ისეთი ექსპონატებით, რაც აშკარად არაქართულია და რომ ეროვნული საგნები კიდობანში გვყავს გამოკეტილი (სხვათაშორის მაგ კიდობნის შესახებ მალე შევადგენ საქმეს და მოგაწვდით ინფორმაციას) ერთი სიტყვით, ზარფუში, ჩემი აზრით, შეუცვლელი კანდიდატურაა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დასანიშნად. მოგახსენებთ: ზარფუში არის ის საგანი, რომელიც ეხურება საარაყე ქვაბს და იქ დატრიალებული ორთქლი ზარფუშის მილიდან გამოდის. იმ მილს ცივ წყალს ასხამენ და მილის ბოლოს პატრუქია დატანებული, საიდანაც არაყი ჩამოდის. ბევრ შეშას შეუკეთებ საარაყე ქვაბს, შიგნით მეტი ორთქლი დატრიალდება და მილიდანაც მეტი არაყი გამოიხდება. თუ უფრო მეტ შეშას შეუკეთებ, ქვაბში უფრო წამოდუღდება საარაყე მასალა და შეიძლება ისე მოხდეს რომ არაყის მაგიერ მთხლე გამოვიდეს მილიდან. მოკლედ, ზარფუშზეა დამოკიდებული ორთქლის გამოშვება. რამდენსაც გვინდა იმდენ ორთქლს გამოვაშვებინებთ მილიდან და არაყსაც იმდენს გამოვხდით, რამდენიც საჭიროა. უნთოს მერე ოპოზიციამ საარაყე ქვაბს ცეცხლი და ადინოს ზარფუშის მილიდან მთხლე და ალაო. მთავარია ჩვენ გამოვადინოთ წინწანაქარი.       რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ზარფუში უნდა ავირჩიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ.       მარად თქვენი წვერწამახული – სადგისი!       ბრძანება!       დაევალოს სამუზეუმო ექსპონატების კავშირს, უახლოეს სხდომაზე მომავალი სამუზეუმო არჩევნების ცენტრალური სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიოს ზარფუში.       გუდამაყრის მუზეუმის პრეზიდენტი – მელია.   -მამავ, მამავ! – კარი შემოაღო შუღლიანთ სებაის ნაბოლარა ბიჭმა.   -რა იყო მამა გენაცვალოს?   -მე მგონი მდინარემ სხვა მხარეს გაჭრა თხრილი და ჩვენ სახლს ვეღარ მოგვტაცებს. აი, კიდევ ცივი წყალი მოგიტანე და დედიკომ დაგიბარა, ხინკალს ვაკეთებ და ცოტა ხანში სახლში გადმოდიო. გადმოხვალ ხო, მამავ?   -გადმოვალ, მამა გენაცვალოს.   -მანამდე ჩემი დის ამბავი მომიყევი, კარგი მამავ?   -მოგიყვები, – ნაღვლიანად თქვა შუღლინთ სებამ.   -რატომ წაიყვანეს ღმერთთან ბატონებმა?   -რა ვიცი, მამა გენაცვალოს, ალბათ ღმერსაც ლამაზები უყვარს. შენი და, ნინო, კი მართლა ისეთი ლამაზი იყო, ყვავილებში რომ გაივლიდა, მინდორში მოსიარულე ველის შროშანი გეგონებოდა. ყაყაჩოები უყვარდა ყველაზე მეტად. ერთხელ იმ გორაზე წავიყვანე, სადაც ყაყაჩოები იზრდება და გადაირია სიხარულით. იმდენი ყაყაჩო ერთად არასოდეს ენახა. რამდენიმე ცალი მოწყვიტა და გახარებული ყვირილით გამოიქცა       ჩემსკენ.   -მამიკო, მამიკო, ნახე რა ლამაზი ყაყაჩოები მაქვს!       რომ მირბოდა, ქარმა ყაყაჩოების სუსტი ფოთლები გააყრევინა და ცარიელი ღეროები შერჩა ნინოს ხელში.       დაჯდა და ტირილი დაიწყო.       მე დაწყნარება დავუწყე: რა გატირებს, ხომ ხედავ გარშემო რამდენი ყაყაჩოებია-მეთქი.   -არა, არა, ეტყობა მე არ ვუყვარვარ ყაყაჩოებს, თორემ ფოთლებს არ ჩამოიყრევინებდნენო! – უფრო მოუმატა ტირილს.       მერე ბატონები შეხვდა და ღმერთთან წაიყვანეს.   -ღმერთთან ახლა ალბათ ყაყაჩოების ბაღში დასეირნობს ჩემი დაიკო, ხო მამავ?   -ხო, შვილო, მამა გენაცვალოს!   -დედამ თქვა დღეს შენი დის დაბადების დღეა და მთელი ოჯახი ერთად შევხვდებითო. ხინკალსაც იმიტომ ხარშავს, შენდობა უნდა ვუთხრათ ჩემ დაიკოს. წავიდეთ მამავ?   -წამო შვილო, წამო, შენი მამა გენაცვალოს შენ!       ხელი მოხვია შუღლიანთ სებამ და თავისი უკვე გაღარიბებული მუზეუმიდან გარეთ გავიდა. საქმე №15. კერია       (ანუ საიდუმლო ინფორმაცია კერიაზე დაგდებულ თავმომწვარ ხეზე) კერა სახლის საფუძველია.       კერა სახლის საძირკველია.       კერა სახლის სალოცავია.       კერაზე ენთება ცეცხლი.       კერაზე ცხვება ხატში შესაწირი ქადა.       კერაზე ხდება სანთლის ჩამოქნა.       კერაზე ჰკიდია საკიდელი, რომლის გარშემოც შემოატარებდნენ ხოლმე ნეფე-პატარძალს და მათ მაყრიონს. მაყრები საკიდელს ხანჯლებს სცემდნენ და თან იძახდნენ: ღმერთმა გაგვიმრავლოს ჩვენი ნეფე-დედოფალი.       კერასთან წყდებოდა ოჯახის საქმეები.       კერასთან უყვებოდნენ უფროსები ბალღებს საგმირო ზღაპრებს.       კერასთან საპატიო ადგილზე სვამდნენ სტუმარს.       კერასთან მღეროდნენ ზამთრის გრძელ ღამეებში ფანდურზე საგმირო ლექსებს.       კერის პირას უწმინდური ქალი ვერ დაჯდებოდა.       კერაში ღამ-ღამობით ახვევდნენ ღადარს, რომ დილით გაეღვივებინათ და ამაში იყო რაღაც დროის უწყვეტობა, რაც პრომეთემ ღმერთებს ცეცხლი მოსტაცა და ადამიანებს ჩამოუტანა მიწაზე, ადამიანი კი დღესაც გულმოდგინედ ახვევს ღადარს, რომ ხვალ კიდევ გააღვივოს ცეცხლი.       კერაზე ხვდებოდნენ ახალწელს.       აი, იმ გრძელ მორზე, რომელიც გუდამაყრის კერიის მუზეუმში ახლაც დევს, ოდესღაც, ახალი წლის ღამეს, მთელი ოჯახი გადასხდებოდა ამ მორზე, რომელსაც თავში ცეცხლი ეკიდა, ოჯახის უფროსი იმ ცეცხლს აბურჯღლებდა ჯოხის ცემით და თან იძახდა: – ბებერაი მიბრძანდება! – ურტყამდა ჯოხს და აბურჯღლებდა ცეცხლწაკიდებულ მორს, ამით ძველ წელს მიაცილებდნენ და ბებერაიც მას ერქვა.       მერე საზეიმოდ დაიძახებდა: – ახალი წელი მობრძანდება!   -რასა ბრძანებს? – ეკითხებოდნენ ოჯახის წევრები.   -ბედსა, ბედნიერობასა, პურსა, პურიანობასა, ვაჟსა, ვაჟიანობასა, წულსა, წულიანობასა, ოჯახის ბარაქიანობასა!       მერე ოჯახის უფროსი გარეთ გავიდოდა და სპეციალურად ამ დღისათვის გამომცხვარ ბედისკვერს შემოაგორებდა სახლში. თუ ბედისკვერი წაღმა დაეცემოდა, დიდი სიხარულის მომტანი იყო ეს წელი, თუ გულაღმა დაეცემოდა ავის ნიშანი იყო, ვიღაცა გულაღმა გავიდოდა იმ წელიწადს ამ ოჯახიდან.       ქართველისათვის ყველაზე დიდი წყევლა იყო, შენ გაგიცივდეს კერაო.   -ხო ახდა? – ნიშნისმოგებით იკითხა მელიამ.   -რა? – უცებ ვერ მიუხვდა სადგისი.   -კერის გაცივება. ეს მორი აქედან უნდა გავათრევინოთ, თორემ ეს შუღლიანთ სება ისეთი ჯიუტი ჩანს, შეიძლება საახალწლოდ კერაც გაგვიღვივოს აქ და თუ ამათ კერიების გაჩაღება დაიწყეს, ჩაგვეშლება ის დიდი საქმე, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.       ამაღამვე მივუსევ გაწვრთნილ ჩრჩილებს მაგ საახალწლო ხეს და პირობას გაძლევ ერთ კვირაში ნამცეცს არ დატოვებენ.   -რაც შეიძლება ეცადე ბევრი ჩრჩილები გაწვრთნა სხვადასხვა საქმეებისთვის – დაარიგა მელიამ სადგისი და კუდი თავქვეშ ამოიდო. * * *       ის ღამე თავის ცოლ-შვილთან გაათენა შუღლიანთ სებამ. დილით რომ მუზეუმში დაბრუნდა ელდა ეცა – იმ ადგილზე სადაც ფარდაგზე ვახტანგ მეფის ანდერძი იყო ამოქარგული ჩრჩილებს ისეთნაირათ ამოეჭამათ ანდერძი რომ ზოგი სიტყვა მთლიანად გამქრალი იყო ანდერძიდან და სულ სხვა მნიშვნელობას იძენდა ამის გამო ეს დიდებული ანდერძი. ახლა ასე გამოდიოდა ამ ანდერძის შინაარსი: ანდერძი       (ამის წინ ამოჭმული იყო სიტყვა ვახტანგის) (მტკიცედა) ამოჭმული იყო და დარჩენილი იყო შემდეგი: სდექით სარწმუნოებასა ზედა და ეძიებდეთ სიკვდილსა       ამოჭმული იყო სიტყვა ქრისტესათვის და საერთოდ აღარ იყო სიტყვები: რათა მარადიული დიდება მოიგოთ!   -ვაი, ჩემს თვალებს, ეს რა უქნიათ ჩრჩილებს! – აღმოხდა შუღლიანთ სებას.   -რა უქნიათ და ისეთი სიტყვები ამოუჭამიათ, რითიც ის ანდერძი იყო სასიქადულო.   -მაინც რა სიტყვა არის ისეთი შეჭმული, რომ ეგრე დაგწყდა გული? – ჰკითხა მელიამ.   -აქ იყო, რომ ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა, ეხლა კი ქრისტესათვის ამოჭმულია და გამოდის რომ ისე უნდა ვეძიებდეთ სიკვდილს, ურწმუნოდ, არაფრისათვის.   -მაგაზე ზედმეტ ალიაქოთს ნუ ატეხავ, ანდერძებს ქვეყნის მბრძანებლები წერენ და თუ ამ მუზეუმში ვინმეს რამე ეკითხება, მე მგონი მომავალ არჩევნებამდე სამუზეუმო საგნებს ჩემი სჯერათ და რახან ეს ფარდაგიც სამუზეუმო ექსპონატია, ვიფიქრებთ და შემდეგი არჩევნებისთვის უკეთეს ანდერძს ამოვაქარგვინებთ ზედ. ისე, ჩემი აზრით ვიწრო გუდამაყრულ ჩარჩოებში არ უნდა ჩავიკეტოთ და ყველა რელიგიას თავის გასაქანი უნდა მივცეთ, თუ გვინდა რომ საერთაშორისო დემოკრატიულმა მუზეუმებმა თავის ოჯახში მიგვიღონ. ჩვენ ამ მუზეუმის ექსპონატებს არ უნდა მოვახვიოთ თავს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტიანობა, ჩვენ უპირველესად დემოკრატიული მუზეუმი ვართ და ვერავის ვერ ავუკრძალავთ იწამოს ის, რაც მას სურს. აი, მაგალითად ზარფუშს, შეიძლება სულაც არ უნდა ქრისტიანობის სახელით გამოუშვას ის ორთქლი, რაც საარაყე ქვაბში დაგროვდა. ჩვენ უფრო სხვა მასშტაბებით უნდა შევხედოთ სინამდვილეს, დღევანდელი მუზეუმები სხვა პრინციპებს ემყარებიან და ჩვენ ცალკე ვერ ვიქნებით. თოფები და ხმლები, და ათასხუთასი წლის წინანდელი ანდერძი რომ გვიკიდია მუზეუმში ეს უპირველესად ჩრდილს აყენებს ჩვენს მუზეუმს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ჩვენ უნდა შევეგუოთ ახალ აზროვნებას, სხვანაირად დემოკრატიულ ფერხულში ვერ ჩავდგებით. ეროვნულობის ყვირილმა რაც მოგვიტანა, კარგად მოგეხსენება. დღეს მსოფლიო მუზეუმები დემოკრატიის, ახალი აზროვნების პრინციპებით ერთიანდებიან და სირცხვილია იმაზე ტირილი, საქართველოს რუკაზე ათასხუთასი წლის წინათ დაწერილ ასოს თუ ამოსჭამს ჩრჩილი.   -ეს მუზეუმი იმისათვის შევქმენი რომ მამა-პაპათა აზროვნება და რწმენა შემენახა მომავალი თაობებისათვის, თუკი ყველაფერს კიდობანში გამოვკეტავთ და ანდერძსაც ჩრჩილებს შევაჭმევინებთ, უარს ვიტყვით იმ სარწმუნოებაზე, რომლის ძალითაც დღემდე მოვედით, რაღას ჰქვია ახალი აზროვნება?   -ახალი აზროვნება იმასა ჰქვია რაც წინა არჩევნების მერე, ჩვენი მუზეუმის უდიდესმა მოაზროვნე ნაწილმა, სამუზეუმო ექსპონატთა კავშირმა რომ წამოიწყო და ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ჩვენ შუა გზაზე საქმის მიტოვება არა გვჩვევია და ზოგიერთებს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ ბრძოლის ყველა ხერხს გამოვიყენებთ ჩვენი დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად.   -ეს მუზეუმი სულ სხვა მისიით გავხსენი ბატონო მელია, სოფელ-სოფელ ვაგროვებდი ძველებურ ნივთებს, რაც ჩვენ წინაპრებს უტარებიათ, რითიც დღემდე მოვედით და მეჩვენება, რომ ის ნივთები ერთმანეთს წაეკიდნენ და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ხალხი მეკითხება, რა მუზეუმია, ხმალი შენ არ გიკიდია შიგნით და ხანჯალიო, მაპატიეთ და მარტო თქვენი ფიტულის გამოსაჩენად არ გამიხსნია ეს მუზეუმი. თავიდან არც კი გაგვხსენებიხართ, არაფერი ხეირი არ გვახსოვდა თქვენგან და რამოდენიმე ექსპონატის მოთხოვნით მოგიყვანეთ რუსული ბასტიონიდან აქ. ვიფიქრეთ, მტრის ბუჩქში სად რომელი კურდღელი იმალება ის ეცოდინება და იმის მაგივრად რომ ეს გვითხრათ, მარჩიელობთ, ყველაფერზე იმას იძახით, მომატყუეს თორემ მე დანამდვილებით ვიცოდი რომელ ბუჩქში რომელი კურდღელი იჯდაო. სიმართლე გითხრათ მეშინია, როცა ერდოებიდან შემოსულ აჩრდილებს საიდუმლოდ ელაპარაკებით. არასოდეს ასეთ ლაპარაკს ჩვენი მუზეუმისთვის სასიკეთო არაფერი არ მოჰყოლია, პირიქით, ხან თოფები ჩამაკეტინეთ კიდობანში ამის მერე, ხან ხმლები და ხან ფარები. ყველაფერს სხვას აბრალებთ და ისე დადიხართ ამ მუზეუმში, ერთი ფეხის დანადგამ ნაკვალევს არ ტოვებთ თქვენსას, მიითრევთ კუდს და შლით თქვენს ნაკვალევს. მე მთელი ცხოვრება ამ მუზეუმის შექმნას შევალიე, ლამის არის ცოლ-შვილი შიმშილით გამიწყდეს და ღმერთმა ნუ ქნას, თუ კიდევ ძოღანდელივით ადიდდა მდინარე, სახლსაც გამტაცებს.   -ამაზე არჩევნების მერე ვილაპარაკოთ, ეხლა კი დიდი სურვილი მაქვს გავარკვიო, რა კიდობანია და რა წარსული აქვს იმ კიდობანს, სადაც ის შენი სანაქებო ეროვნული ხმალ-ხანჯლებია ჩაკეტილი. იქნება შეთქმულებაც კი მზადდება არჩევნების წინ მაგ კიდობანის შიგნით.       მომახსენეთ!   -ამ წუთას, კიდობნის საქმეს დაგიდებთ, ჩემო ბატონო! – მელიის წინ გამოგორდა ავადწვერწამახული სადგისი. საქმე №16. ქალამნები       ბატონო მელია! მანამ ცოდვის კიდობანზე, რომელიც თურმე ასეთ სახელს ატარებდა სოფელში, სრულ ინფორმაციას შევაგროვებდე, ნება მომეცით წვრილ-წვრილი საქმეებით დავაკავო თქვენი ყურადღება. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ქალამნებს, რომლებიც მუზეუმის ჩრდილოეთ კედელზე ჰკიდია სხვა ტანსაცმელთან ერთად. ჩემი აზრით ზუსტად ეს ქალამნები გამოგვადგება ჩვენ არჩევნებში, იმიტომ რომ როგორც შევიტყვე მაგ ქალამნების წყალობით სასამართლოში საქმე მოიგო იმ კაცმა, ვისაც ეგ ქალამნები ეცვა. ორი გლეხი ედავებოდა ერთ-ურთს მამულს. ადრე რომ მამულები პაპიდან შვილიშვილზე გადაეცემოდა და ერთი გოჯი მიწა რომ მოეხნა სხვის მამულში ვინმეს, აუცილებლად სისხლი დაიღვრებოდა.       ამ ქალამნების პატრონმა მთლიანად მოხნა სხვისი მამული. პატრონი უწყინარი კაცი იყო და რა თქმა უნდა მიწის გულისთვის არც ხმალი უშიშვლია და არც ხანჯალი. წავიდა და თემის კაცებს შესჩივლა თავისი გასაჭირი.       მაშინ რუსები კი იყვნენ უკვე შემოსული, მაგრამ სოფლის თავკაცების სამართალი მაინცა სჭრიდა.       მამულის პატრონი ამტკიცებს ჩემია მიწაო.       ქალამნების პატრონი იძახის ჩემი მამა–პაპის დანატოვარიაო.       ვერ შველდებიან.       ბოლოს დაინიშნა სასამართლო.       დაისწრეს რუსი ბოქაული.       სოფლის მღვდელმა ბიბლია მოიტანა.       ქალამნების პატრონმა ღამით თავისი კუთვნილი მამულის მიწა ჩაიყარა ქალამნებში და როცა ბიბლიას ხელი დაადო, ასე დაიფიცა: – მაღალი ღმერთის ძალი და ამ წმინდა ბიბლიის მადლი გამიწყრეს, თუ რაიმე მოვიტყუო, ის მიწა რომელზედაც ახლა ფეხისგულები მიდგა ჩემს მამა- პაპას ეკუთვნოდა და ასევე მეკუთვნის მეც.       მისი სიტყვა და ფიცი ისეთი დამაჯერებელი იყო, ხმა ვეღარავინ გასცა, ნამდვილმა პატრონმაც კი ვეღარ თქვა ვეღარაფერი და ხალხი ამტყუვნებდა კიდეც, ამდენ ხანს სხვისი მამული უხნია, როგორც იქნა სამართალმა იზეიმა და მიწა ნამდვილ პატრონს დაუბრუნდაო.       აი, ეს ქალამნები ჰკიდია ჩვენს მუზეუმში და თუკი ვინმეს მომხრობა გვინდა, ზარფუშთან ერთად, მე მგონი, ეგ ქალამნებიც დიდ საქმეს გაგვიწევენ.       მარად თქვენი ერთგული და სადაც მიბრძანებთ       დაუყოვნებლივ იქ შემრჭობი – სადგისი! საქმე №17. საფლავის ქვა       დიდო მელია, საფლავის ქვას რა უნდა მუზეუმში?       შუღლიანთ სებას რომ ვკითხე, მითხრა, ეგ საფლავის ქვა მდინარის პირას ვიპოვე, არ ვიცოდი ხატიდან წამოიღო წყალმა, ან ვის საფლავს ეკუთვნოდა და მუზეუმში იმიტომ მოვიტანეო.   -რას გვიშლის მერე საფლავის ქვა, იყოს, ვინ იცის როგორ გამოგვადგება საარჩევნოდ.   -ჩვენ რომ არ მოგვცეს ხმა?   -რატომ ფიქრობ?   -ზედ უცნაური წარწერა აწერია.   -რა აწერია?   -სოფლისა თავსა მჯდომარე       სოფლისა ბოლოს ესვენა, „ცრუ არის ესე სოფელი“       საფლავის ქვაზე ეწერა.   -მშვენიერი წარწერა არის, – თქვა მელიამ.   -ის რომ წერია, სოფლისა თავსა მჯდომარე, სოფლისა ბოლოს ესვენაო, ცუდად ხომ არ გენიშნებათ ეს.   -ჰო, ეს ვერ დაუწერიათ მთლად კარგად, მე თუ მკითხავენ, ყოველი სოფლისა თავსა მჯდომარე, სიკვდილის მერეც სოფლის თავს უნდა ესვენოს, მაგრამ გვყვანან მუზეუმის თავში დასაჯდომად გამზადებული საგნები და სწორედ იმათ დავადებთ ზემოდან მაგ ქვას.   -დიდებული აზრია.   -მანამდე შენ მაგ საფლავის ქვასთან იმუშავე და იქნებ წამოაცდენინო, საიდან წამოიღო წყალმა, ვის საფლავს ეკუთვნის და ჩააწვეთე, რომ მე დიდად ვაფასებ მაგ ქვის ჩვენ მუზეუმში არსებობას.   -ყველაფერს შევიტყობ და საჩვენო აზრზე დავაყენებ, – ჩაუჩურჩულა მელიის ფიტულს სადგისმა და მუზეუმის კუთხეში დაგდებულ საფლავის ქვისაკენ გაგორდა.       მდუმარე ლაშქარი   -მამავ, მამავ, რა კარგი იყო გუშინ ღამით ყველას ერთად რომ გვეძინა სახლში, იქნებ ამაღამაც სახლში წამოხვიდე დასაძინებლად, – სთხოვა შუღლიანთ სებას ნაბოლარა შვილმა.   -ვერა შვილო, მამა გენაცვალოს, ვერ წამოვალ.   -რატომ მამავ, დედა ხომ კარგად გექცევა და აღარა გსაყვედურობს, სახლისთვის არაფერს აკეთებო.   -ხო შვილო, მაგრამ მუზეუმს ვეღარ დავტოვებ უმეთვალყურეოდ, აქ ისეთი ამბები ხდება...   -არაფერიც არ ხდება მამავ, თავისთვის არიან საგნები, ამათ რა ყარაულობა უნდა, თუ გინდა გარედან დავკეტოთ ბოქლომით კარი, რომ ღამით ქურდებმა რამე არ მოიპარონ.   -არა შვილო, მამა გენაცვალოს, ჩრჩილები შესევიან საქართველოს ფარდაგს, ვახტანგ მეფის ნახევარი ანდერძი უკვე შეუჭამიათ, რაღაცა უნდა ვიღონო, რომ მოვსპო ეგ ჩრჩილები, თორემ მთელ ფარდაგს ნაფლეთებად აქცევენ.   -მეც მოგეხმარები მამავ, მაგათ კვერცხები ექნებათ ფარდაგში დადებული და, მოდი მზეზე გავიტანოთ, დედაჩემი მზეზე ფენს ხოლმე როცა რამეს ჩრჩილები გაუჩნდება.       მამამ და შვილმა ფარდაგზე ჩამოკიდებული საგნები ჩამოხსნეს, ტახტზე დაალაგეს, მერე ფარდაგი გარეთ გაიტანეს, მზეზე გაფინეს და ტანსაცმლის ჯაგრისით გაასუფთავეს, მტვრისა და ჩრჩილების კვერცხებისაგან.       საღამოს, მზე რომ ჩაიწვერა, ისევ მუზეუმში შეიტანეს ფარდაგი, ჩამოკიდეს აღმოსავლეთ კედელზე და ტახტზე დაწყობილი ნივთები ჩამოაკონწიალეს ზედ.   -ეხლა ხომ დაიძინებ ჩვენთან მამავ?   -ვერა შვილო, მამა გენაცვალოს, მაინც სჯობია აქაურობას ვუყარაულო.   -წავალ, წყაროს წყალს მაინც მოგიტან, – დოქს წამოავლო ბიჭმა ხელი და წყაროსაკენ მოკურცხლა.   -შენ გენაცვალოს შენი მამა, შენა, აი! – კი არ უთქვია, ისე გაივლო ეს სიტყვები გულში სებამ და კიდობანში ჩაიხედა, სადაც თოფები და ხმალ-ხანჯლები ჰქონდა ჩაწყობილი.   -დაახურე თავსახური და დაკეტე თუ არ გინდა რომ ისე შეგერჭო, სული გაგაფრთხობინო, – მოესმა სადგისის ხმა სებას.       დაახურა კიდობანს თავსახური და კლიტით ჩაკეტა.   -მოიტა ეგ გასაღები და ჩამაბარე, – უბრძანა მელიამ.       შუღლიანთ სებამ ყელზე ჩამოჰკიდა მელიის ფიტულს კიდობნის გასაღები.       ბიჭმა წყაროს წყალი მოარბენინა დოქით.   -გინდა მამავ, მეც შენთან ერთად დავიძინებ ამაღამ მუზეუმში, – თქვა ბიჭმა.   -დედა რომ გაგიბრაზდეს?   -დედას უკვე ვუთხარი.   -კარგი ჩემო ბიჭო, ამ ერთ ღამეს დაიძინე, აი, რა კარგი ტახტი გვაქვს, ისეთი ბედნიერი ოჯახის ნაქონი ტახტი ყოფილა ეს, ამაზე ძილს რა სჯობია.   -ჩემი დის ამბავს და ზღაპრებსაც ხომ მომიყვები მამავ.   -მოგიყვები, მამა გენაცვალოს, მოგიყვები.       ბიჭი გულაღმა წამოწვა ტახტზე და მუთაქა ამოიდო თავქვეშ. მამა გვერდით მიუწვა.   -ერთ სოფელში, – დაიწყო ზღაპრის მოყოლა სებამ, – შაბათ დილით წირვაზე წასულა მთელი სოფელი. შევიდნენ ეკლესიაში და დაიწყო მღვდელმა წირვა. ამ დროს საიდანღაც მოცურდა უშველებელი გველეშაპი და ეკლესიას შემოეხვია გარშემო, ისე რომ კუდი და თავი შესასვლელთან დადო და ისე ჩაკეტა, ვეღარავინ ბედავდა გარეთ გამოსვლას. ფანჯრებს დიდი რკინის გისოსები ჰქონდა დატანებული, მაგრამ ისე იყო ხალხი შეშინებული, გისოსებიც რომ არ ყოფილიყო, მაინც ვერ გაბედავდნენ გარეთ გამოსვლას.       გველეშაპი ეკლესიაში ვერ შედიოდა წმინდა გიორგის შიშით, ხალხი გველეშაპის შიშით ვერ გამოდიოდა გარეთ და იყვნენ ასე.       გავიდა ერთი დღე. ორი. სამი. ლოცულობდა ხალხი რომ მოეშორებინა იქაურობისათვის გველეშაპი, მაგრამ იმდენი ცოდვა ჰქონდათ ჩადენილი, არ შეისმინა ღმერთმა მათი ლოცვა.   -არც მღვდლისა, მამავ?   -ხო, არც მღვდლისა შვილო, ეტყობა იმასაც ცოდვა ჰქონდა ჩადენილი. გველეშაპი კი იყო ეკლესიის გარშემო შემოწოლილი და ელოდებოდა როდის გამოვიდოდნენ რომ ყველა ჩაეყლაპა. არა და ხალხს მოშივდა, წყალიც მოსწყურდათ, ღმერთი კი არ ისმენდა მათ ლოცვას.   -მერე მამავ?   -იმ ხალხში ერია ერთი შენხელა ბიჭი, რომელსაც ძალიან სწამდა ღმერთი და რასაცა სთხოვდა, ღმერთიც უსრულებდა, მაგრამ ისე უყვარდა ამ ბიჭს ღმერთი, არ აწუხებდა თხოვნით.   -რას აკეთებდა ხოლმე ღმერთის შეწევნით ის ბიჭი მამავ?   -ერთხელ შუა ზაფხულში, ძალიან დაცხა, ლამის ქვეყანა გადახმა, იმ ბიჭმა ღმერთს სთხოვა და თოვლი მოიყვანა.   -კიდევ მამავ?   -ერთხელ, შუა ზამთარში პატარა და გაუხდა ავად, ისე ავად რომ გადარჩენის პირი აღარ ჰქონდა. სიკვდილის წინ დამ ძმას სთხოვა, ვაშლი მინდაო. მოირბინეს მთელი სოფელი, მაგრამ არავის არ აღმოაჩნდა ვაშლი. მაშინ ბიჭმა ღმერთს სთხოვა, ღმერთმა ვაშლის ხე ააყვავა, იმავე დღეს გამოისხა ნაყოფი და დამწიფდა კიდეც.       ბიჭმა დიდი გობით მიართვა თავის დაიკოს თურაშაული ვაშლები.   -და გველეშაპი რომ მოეშორებინა ეკლესიისათვის, ის არ სთხოვა ღმერთს იმ ბიჭმა, მამავ?   -სთხოვა, მამა გენაცვალოს და ისე უყვარდა ღმერთს ის ბიჭი შეუსრულა თხოვნა.   -მოკლა გველეშაპი?   -არა, მთელი ეკლესია, თავის ხალხიანად ცაში აფრინდა და ღმერთის საუფლოში დაეფუძნა. დარჩა წითელი გველეშაპი პირდაღებული დედამიწაზე.   -რა კარგია მამავ, ნეტავ მეც ეგრე ვუყვარდე ღმერთს, თხოვნით არც მე შევაწუხებდი, უბრალოდ ვთხოვდი მდინარე რომ ადიდდება დიდი წვიმების დროს, არ მოგვტაცოს ჩვენი სახლი და კიდევ ვთხოვდი, რომ არ გეჩხუბოს დედიკომ და ღამ-ღამობით მთელმა ოჯახმა ერთად დავიძინოთ ხოლმე. კიდევ ვთხოვდი, რომ ერთი დღით გამიცოცხლოს ჩემი დაიკო, მაჩვენოს როგორია და მერე ისევ თავისთან წაიყვანოს ყაყაჩოების ბაღში.  მთვარე ამოვიდა და ერდოებიდან შემოიჭრა მისი მკრთალი სხივები. ყურდაცქვეტილი მელიას ფიტული რაღაცას გაჰყურებდა ერდოდან. მთვარის შუქზე კარგად ჩანდა მთაზე გაჭრილი გორგასლის ნაგზევი, რომელზეც უცნაური სანახაობა ხდებოდა ამ დროს – ძველ ნაგზევზე მოდიოდა მდუმარე ლაშქარი, რომელსაც წინ თეთრ ცხენზე ამხედრებული ახალგაზრდა მეფე მოუძღვებოდა. მეფეს მოჰყვებოდნენ მხლებლები და რაინდები მოასვენებდნენ ვახტანგ მეფის მასწავლებელს. მეფე იყო დაღვრემილი. მთვარის შუქზე ელვარებდა ჯვრიანი ქართული დროშები.       შეშინებული ბიჭი მამას ეკვროდა და ძველ ნაგზევზე მიმავალ მდუმარე ლაშქარს გაჰყურებდა.       უთვალავ ლაშაქარს ბოლო არ უჩანდა.       მთვარე ღრუბლებში მიიმალა და ლაშქარიც გაქრა.   -ეს რა იყო მამავ?! – ჰკითხა ჯერ კიდევ შიშით აკანკალებულმა ბიჭმა მამას.   -ნუ გეშინია ჩემო ბიჭო, ღმერთს უყვარხარ კეთილი რომ ხარ და იმიტომ დაგანახვა ამ გზაზე ათასხუთასი წლის წინათ მიმავალი ვახტანგ მეფის ლაშქარი. თუ უფრო მეტი გულით შეიყვარებ ღმერთს და უფრო კეთილი იქნები, მე რომ მოგიყევი, იმ ბიჭივით ყველაფერს შეგისრულებს.       ბიჭი მამას გულში ჩაეხუტა.       ცოტა ხანში ჩაეძინათ კიდეც.       მელიამ სადგისს უხმო და წაუჩურჩულა: დილით უბრძანე, ეგ ერდოები ამოქოლოს რომ მეტად აღარ გამოჩნდეს ძველი ნაგზევი.   -არ ამოქოლავს და ისე შევერჭობი რო?! – დაამშვიდა მელია სადგისმა.       ტკბილად ეძინა მამა-შვილს ბედნიერი ოჯახის ნაქონ ტახტზე.       დილით მზის სხივი შემოიჭრა ერდოდან და უცნაურად გაანათა კიდობანი, რომელსაც ეჭვის თვალით უყურებდა მელიას ფიტული. ყელზე სამკაულივით ეკიდა იმ კიდობნის ბოქლომის გასაღები. საქმე №18. ცოდვის კიდობანი        (საიდუმლო ინფორმაცია კიდობანზე, რომელიც ახლა გუდამაყრის მუზეუმში დგას, შიგ თოფ- იარაღი, ვეფხისტყაოსანი და კიდევ სხვა ნივთები აწყვია, რომელთაც შეიძლება ხელი შეუშალონ ახალ აზროვნებას, რომელი აზროვნებაც წარმართავს ცივილიზებული მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებს) როგორც მითხრეს არსებობს მშვიდი, ღვთითკურთხეული სიკვდილი. ასეთი სიკვდილით მიიცვალა !)!. წლის შემოდგომაზე ათონის ივერთა მონასტრის ბერი ბენიამინი. მწუხარებამ მოიცვა ქართველი ბერები. ტაძარში დაასვენეს ბენიამინის ცხედარი და უთენებენ ღამეს. ათონის მთაზე არც ისე იშვიათად მომხდარა სასწაულები, რის მოწმენიც ეს ბერებიც გამხდარან ღვთის განგებით, მაგრამ რაც იმ ღამეს მოხდა, ეს ნამდვილად ენით აუწერელი სასწაული იყო. ჯერ მიცვალებულის სახე განათდა უცნაური ღვთიური შუქით. ბერებს ეგონათ, რომ მიცვალებული ცოცხლდებოდა და ხმამაღალი ლოცვით შეჰღაღადეს ღმერთს. მიცვალებულის სახეზე დაფენილი ღვთიური შუქი თანდათან ძლიერდებოდა და ბოლოს ისე გაძლიერდა, რომ მთელი ტაძარი განათდა ამ შუქით. აღმოსავლეთის კედელზე კი უცნაური სანახაობა წარმოჩინდა: როგორც კინოეკრანზე, ისე გამოჩნდა ბენიამინის ბავშვობა, ყრმობა, ყოველი საქმე რაც ბენიამინს სიცოცხლეში უკეთებია. ბერები ბენიამინის საქმეების ამსახველ ნათებაში ხედავდნენ თავის თავს. იმათ შორის იყო ბერი ზოსიმეც, რომელიც გუდამაყრის ხეობიდან წამოიყვანა გზადმიმავალმა ბენიამინმა და მას მერე შვილივით ზრდიდა. მანვე მოიყვანა ათონის წმინდა მთაზე და აი, ახლა, ტირილით ეთხოვება თადეოზი თავის სულიერ მამას. ბოლოს აღმოსავლეთის კედელი თვალისმომჭრელი შუქით განათდა, იმ სინათლიდან გამოვიდა მაცხოვარი, ბენიამინი გულზე მიიყრდნო და უთხრა: – წამო შვილო, წამო!  სინათლე უფრო გაძლიერდა და მაცხოვართან ერთად გაქრა ბენიამინის გამოსახულება ტაძრის კედელზე. მიცვალებულის სახეზე ნათება ჩაქრა. ისე იყვნენ ნანახი სასწაულით აღფრთოვანებული ბერები, ვეღარცკი აღიქვამდნენ ბენიამინის ცხედარს მიცვალებულად. მათ ხომ ეს-ეს არის თავის თვალით ნახეს, როგორ შეიყვანა მაცხოვარმა მათი წინამძღვარი დიდ საუფლოში.       ათონის მთაზე, შემაღლებულ ადგილზე არის საძვალე, სადაც ყველა ქართველი ბერის თავის ქალაა მოთავსებული. ეს საძვალე უფრო ტაძარია, ვიდრე საძვალე. პირველ სართულზე მიცვალებულთა ძვლებია თავისი აღმნიშვნელი ნომრებით, თუ ვის კუთვნილებას წარმოადგენს ესა თუ ის თავის ქალა, ხოლო მეორე სართულზე ტაძარია.       სამ წელიწადს მიწაში მარხავენ მიცვალებულს, შემდეგ საფლავს თხრიან და საძვალეში გადააქვთ მისი თავის ქალა.       ბენიამინის ცხედარიც, მესამე დღეზე მიწას მიაბარეს ქართველმა ბერებმა. თადეოზი აირჩიეს წინამძღვრად, რადგან იგი სიწმინდითაც იყო განთქმული და ბენიამინის უსაყვარლესი მოწაფეც იყო. მწუხარე იყო თადეოზის გული. თუმცა თავისი თვალით იხილა, როგორ შეიყვანა დიდ საუფლოში მაცხოვარმა მისი გამზრდელი და მოძღვარი, მაგრამ სიხარულთან ერთად სევდის მძიმე ლოდი ეწვა გულზე. ამ ლოდს, ადამიანთა ენაზე, ამ ქვეყანაზე ობლად დარჩენის ლოდი ჰქვია. პირველად ადრეულ ბავშვობაში განიცადა ობლობა თადეოზმა. ახლაც ცხადად ახსოვს ის დღე, როცა რუსის ჯარისაგან დაბეგრილი სოფელი ერთ საწყალ მაჩვზე იყრიდა მთელი რუსეთის ჯავრს. როგორც გითხარით, ისე ჰყავდა შევიწროვებული რუსის ჯარს მთელი გუდამაყრის ხეობა, სახლიდან „სტრაჟნიკის“ დაუკითხავად არცკი შეეძლოთ სოფლიდან შორს წასვლა – რა იცი როდის გზის გასაწმენდად დაგიძახებდნენ და როდის კიდევ სხვა სამუშაოზე. ქალებს ტვირთებით თივას აზიდვინებდნენ ცხენებისათვის. როცა უნდოდათ მაშინ შედიოდნენ „ სტრაჟნიკები“ გუდამაყრელთა სახლებში და თუკი რაიმე სანოვაგეს ნახავდნენ, უბოდიშოდ და მადიანად შეექცეოდნენ. ყოველ გუდამაყრელს ისინი დაცინვით „კაცოს“ ეძახოდნენ. ახლაც ყურში უწივის „სტრაჟნიკების“ მიერ ნათქვამი ეს კაცო თადეოზს. მწირია გუდამაყარი და ერთადერთი კარტოფილი ხარობს, იმით გაჰქონდათ ზამთრობით თავი. კარტოფილით და ქერის პურით, თუმცა ქერის პური დიდი სიამოვნება იყო, ქერში სვილსაც ურევდნენ და ამას ქერ-სვილაის პურს ეძახდნენ.       მაჩვი შეეჩვია კარტოფილებს. ღამ-ღამობით უსაფრდებოდნენ, მაგრამ ვერა და ვერ მოიგდეს ხელში. ვიღაცამ ხაფანგი დაუგო. მაჩვი ხაფანგში გაება და როგორც ჩანს იმდენი იწვალა, ხაფანგის სამაგრი მოგლიჯა და თან წაითრია ხაფანგი. სისხლის კვალს გაჰყვნენ სოფლელები და ამით მიაგნეს მაჩვის სოროს, რომელიც ლოდებით გამაგრებულ ადგილას იყო ღრმად ჩათხრილი. უფროსებმა სოფელში გააგზავნეს ბალღები და ბარები და ქარჩები მოატანინეს სოროს გამოსათხრელად. გამოთხარეს და რას ხედვენ, მაჩვს გულში თავისი ლეკვი ჰყავს ჩაკრული და ქშუტუნით ცდილობს თავდაცვას, ეტყობა ჰგონია ამით ხალხს შეაშინებს, მაგრამ ხალხს შურისძიება სწყურია, ისინი ისე არიან „სტრაჟნიკების“ თავხედობით შეწუხებული, თვითონაც სურვილი აქვთ ვიღაცაზე იყარონ ჯავრი. რა თქმა უნდა, ყველა მათგანს რუსებისაგან ჩამორთმეული აქვს თოფები, რომ ბუნტი არ მოაწყონ, მაგრამ ჩუმ-ჩუმად ხანჯლები აქვთ ჩოხის კალთებს შიგნით გადამალული. ამ შურისძიებამოწყურებულ ხალხის წინ დგას ლეგაფერის სქელბეწვიანი მაჩვი, რომელსაც შუბლისა და ცხვირის გაყოლებაზე თეთრი ზოლი ჩამოსდევს. შეშინებულ მაჩვს ჯაგარი ეკლებივითა აქვს წამოშლილი. ვიღაცამ კეტი მოუქნია და სწორედ იქ დაარტყა, სადაც თეთრი ზოლი ჩამოსდევდა ტუჩცხვირის გასწვრივ. სისხლმა შეღება ეს თეთრი ზოლი. მერე მეორემ დაარტყა კეტი. მაჩვი ქშუტუნებდა და ლეკვს უფრო მაგრად იკრავდა გულში. ვიღაცამ ხანჯალი იშიშვლა და ტუჩი წააჭრა. მაჩვს ლეკვი გაუვარდა, გამწარებულმა საშინლად ამოიქშუტუნა. ვიღაცამ ხაფანგის ჯაჭვს ჩაავლო ხელი და სოფლისაკენ წამოათრიეს მაჩვი, რომ იქ სხვებისვთისაც ეჩვენებინათ როგორ უნდა მათი ბარაქის გამნიავებლის წვალება. ორი-სამი კაცი ძლივს მოათრევდა, შვილისაკენ იწევდა, არ უნდოდა მისი მიტოვება, ბასრი ბრჭყალებით ფორჩხნიდა ღორღიან მიწას. ძალით მოათრევდნენ და ლეკვიც თან მოჰყვებოდა, ის როგორღაც ახერხებდა, ლეკვის მხარეს წაფორთხდებოდა და გულში იკრავდა. ხალხი ჯოხებით აშორებდა შვილს და მაჩვი ამ დროს საშინლად ღმუოდა. დასცხეს კეტები და მდინარეში გადააგდეს. არც იქ დაიხრჩო, ნაპირზე გამოცურა და ისევ გულში ჩაიკრა თავისი შვილი. ახლა კი გამეტებით დასცხეს კეტები და ექსტაზმიცემულმა ხალხმა ქვასა და ღორღში აურიეს მაჩვი და მისი ასევე შუბლსაღარა ლეკვი. სწორედ ამ დროს თოფების სროლა გაისმა და სოფლის მოედანზე „სტრაჟნიკები“ შემოცვივდნენ ცხენებით.   -რა ამბავია, რაშია საქმე?! – დაიყვირა უფროსმა, რომელსაც როგორც ჩანს საშინლად არ მოეწონა კეტებით შეიარაღებული ერთადშეყრილი ხალხი.   -მაჩვი მოვკალით უფროსო, ამისაგან მოსვენება აღარა გვქონდა, გაგვინადგურა მოსავალი – ქუდის მოხდით მოიბოდიშა სოფლის მამასახლისმა.   -ვი შტო, ეტა ბუნტ?! – უფრო დაიყვირა „სტრაჟნიკების“ უფროსმა და მრისხანედ გადახედა ხალხს, რომლებიც ისე შეშინდნენ, კეტები და ქარჩები შორს მოისროლეს.   -მაჩვისაგან კი არა, ამათგან არა გვაქვს მოსვენება! – დაიძახა თადეოზის მამამ და სტრაჟნიკებზე მიუშვირა ხალხს ხელი.   -შტო, შტო?! – აენთო უფროსი.   -რას ამბობ, კაცო, გაგიჟდი?! – წამოაძახეს აქეთ-იქიდან თანასოფლელებმა თადეოზის მამას.   -დასცხეთ კონდახები მაგ მამაძაღლს! – ბრძანა უფროსმა და „სტრაჟნიკებსაც“ მეტი რა უნდოდათ, თოფის კონდახებით ჩაჩეხეს თადეოზის მამა. თანასოფლელებიდან არავინ გამოჰქომაგებია, ნიშნსაც კი უგებდნენ და ერთ-ურთს ეჩურჩულებოდნენ: – ახია, ახი! ჩვენი წაქეზებაც უნდოდა, არ იცოდა რომ რუსებს ვერ მოვერევით.   -ეგდოს აქ, სანამ სული არ ამოსძვრება, არავინ გაბედოთ მიხმარება, თორემ ვაი თქვენი ბრალი! – დაემუქრა დამტვრეული ქართულით უფროსი და ხალხს უბრძანა გზის გასაწმენდად გაჰყოლოდნენ ბეგარაზე.  თადეოზის მამა ცოცხალ-მკვდარი ეგდო მოედანზე. სახლიდან ტირილით გამოვარდა მოხუცი დედამისი. თადეოზის დედა არ იყო ამ დროს სახლში, დღე-დღეზე უნდა ემშობიარა და რაკი სოფლის წესი ჰკრძალავდა „მირეული“ ქალის სოფელში ყოფნას, მდინარის გადაღმა ჰქონდა სოფელს სამშობიარო სოფელი და მშობიარობიდან მხოლოდ ორმოცი დღის მერე შეეძლო მელოგინე ქალს სოფელში დაბრუნება. სალოცავის მოედნად და წმინდა ადგილად ითვლებოდა ეს სოფელი და წესს ვერავინ დაარღვევდა. ამიტომ იყო თადეოზის დედა ამ დროს მდინარის გადაღმა აშენებულ სამშობიარო ბოსელში. თადეოზმა და მისმა ბებიამ ძლივს წაათრიეს კონდახებით ჩამსხვრეული თადეოზის მამა სახლში, მარტო ორი მოხუცი ქალი მიეხმარა სოფლიდან, დანარჩენები ისე იყვნენ „სტრაჟნიკებისაგან“ შეშინებულნი, სახლებში შეიკეტნენ.       ახლა ახსენდება თადეოზს, როგორ ესვენა სახლის შუაგულში მდგარ ტახტზე მომაკვდავი მამა და სულის გაყრას ებრძოდა. მამამისსაც რაღაც უცნაური შუქით ჰქონდა სახე განათებული. ბიჭმა ისიც შეამჩნია, რომ სახლში ადამიანები შემოვიდნენ, შემოვიდნენ და მომაკვდავის აქა- იქა დადგნენ. ჯერ თანასოფლელები ეგონა მოსულები ბიჭს, მაგრამ მერე მიხვდა რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არ იყვნენ.   -ბებო, ბებო, ვინ არიან ეს კაცები? – ჩუმად ჩაუჩურჩულა თადეოზმა მტირალ ბებიას.   -ეგენი სულეთის კაცები არიან, ჩემო ბიჭო, ჩემი საწყალი შვილის წასაყვანად არიან მოსულნი.   -სად უნდა წაიყვანონ?   -სულეთის ქვეყანაში! – ამოიქვითინა მოხუცმა.       მომაკვდავმა თვალები გაახილა და ჯერ სულეთის კაცებს შეხედა, მერე თადეოზს, მერე დედის ხელი აიღო და გულზე დაიდო.       ბიჭმა დაინახა, რომ სულეთის კაცებს დაენანათ დედა-შვილის ასეთი ყოფა და მზერა აარიდა. ჩანართი       (ანუ სულ-ხორცის გაყრა და დედის დალოცვა სულეთის ქვეყანაში მიმავალი შვილისა) მოხუცმა ცრემლები მოიწმინდა. კარადიდან თაფლის სანთელი ამოიღო და აანთო.       შვილმა დედას შეხედა. დედამ კი ასე დაითხოვა შვილი: – დამითხოვიხარ, ნუღა შემომტირი, გამშორდი დედაშვილობით (ქალი სულეთის კაცებს მიუბრუნდა: წაიყვანეთ, ნუ დაგენანებათ, ოღონდ მშვიდობის გზებით ატარეთ). წადი, დედაო, გაჰყევი, ნურცარა შეგაშინებს, ნუმც დამიღონდები, მალედამც შაეყრები შენ სწორთ. უდედობით ნუ იტირებ. გაჰყევი შვილო , მაინც არ გწირავენ; მე დამითხოვიხარ, ჩამიბარებიხარ სულეთის კაცთათვის. გიყვარდა ყველაი, მაგრამ ეხლა უნდა გასწირო . თუ რამეში შესცდი: ხელით, ენით, თვალით სუ ყველაფერიმც გეპატიოს, ცოდვად ნუ გადაგხდების. წადი, ჯვარი გეწეროს. ალალიმც არის შენზე ჩემი ამაგი. მე დამითხოვიხარ, უნდა გავიყაროთ დედა-შვილობით; სულეთის ღმერთიმც ჩაგიბარებს, ისიმც დაგაყენებს ნათელს. მშვიდობით, ჯვარი გეწეროს, ნათელშიმც იქნები! ქალმა სანთელი დაამაგრა საკაცის თავთან. სულეთის კაცებმა თვალები დაუხუჭეს თადეოზის მამას და მერე მის სულთან ერთად გავიდნენ კარიდან.       საღამო ხანი იყო. ტირილით გავარდა დედისაკენ თადეოზი. მდინარეზე ხის ერთი მორი იყო გადებული და ზედ ადიდებული მდინარე გადადიოდა ჩქერად.   -დედაა, დედაა, მამიკო მოჰკლეს! – გაჰყვიროდა დედას თადეოზი.       ქალი ბოსლიდან გარეთ გამოვიდა. ხელში ჩვრებში გამოხვეული პატარა ეჭირა.   -მამიკო მოჰკლეს, დედაა! - გასძახა თადეოზმა და ხიდზე გასვლა დააპირა.   -ხიდზე არ შემოდგე, გადავარდები! – დაუძახა ქალმა, პატარა ბოსელში დატოვა და თადეოზისაკენ გამოიქცა, რომ ხიდზე არ შემდგარიყო.   -მამიკო მოჰკლეს, დედაა! – ტიროდა ხიდისყურთან თადეოზი. ქალი ხის მორზე შემოდგა, მაგრამ შუამდე რომ მოვიდა, ხიდზე გადამავალმა მდინარის ჩქერმა დაჰკრა და მორიდან გადააგდო.   -დედაა! დედაა!– გაედევნა ტირილით მდინარის ნაპირს თადეოზი.       შავად მიქანავებდა მდინარე. ერთი-ორჯერ ამოატივტივა ქალის სხეული და მერე შიგ ჩაიხვია, წავიდა და წაშავდა, ჩამოწოლილმა ღამემაც ხელი შეუწყო სიშავეში.       თადეოზის ბებია გადასახლდა პატარას გასაზრდელად იმ სამშობიარო ბოსელში. სანამ ორმოცი დღე არ გახდებოდა, სახლში ვერ მოიყვანდა პატარას. ერთი თხა ჰყავდათ, ის წაიყვანა და იმის ძუძუთი ზრდიდა უდედოდ დარჩენილ ბიჭს. მაგრამ კაცს რომ ერთხელ დაატყდება უბედურება, თურმე ეგრე ადვილად აღარ ანებებს თავს. იმ სამშობიარო სახლშიც ის ავადსახსენებელი „სტრაჟნიკები“ მივიდნენ და მიუხედავად მოხუცის ხვეწნისა, მაინც დაკლეს ბიჭის დედისმაგიერი თხა, კოცონიც დაანთეს და მწვადებიც შეწვეს.       თოფის კონდახიც ჩაარტყეს ქალს თავში და როცა მოხუცი გრძნობაზე მოვიდა, აღარც „სტრაჟნიკები“ იყვნენ იქ და პატარაც ტირილით გაგუდულიყო.       შავად დაბრუნდა შავი ბებერი სახლში.       შავად ჩამოჯდა შავი კერიის პირას.   -ბებო, პატარა ბიჭიც სულეთის კაცებმა წაიყვანეს?– ჰკითხა თადეოზმა.   -ჰო, შვილო, სულეთის ქვეყანაში წაიყვანეს.   -დედა რომ სხვაგან წაიღო მდინარემ, ვაი თუ სხვაგან წასულმა ვერ ნახოს მამაჩემი და ჩემი ძმა! – შეშინებული თვალები შეანათა შავ ბებერს ბიჭმა.   -ნუ გეშინია, შვილო, სულეთის ქვეყანა ერთია, ნახავენ, აუცილებლად ნახავენ ერთ-ურთს.   -სად არის სულეთის ქვეყანა ბებო?   -ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, იქ არის სულეთი. ცის ნაპირის იქით ხორციელი ვერ მიდის, თორემ რამდენი წავიდოდა თავისიანების სანახავად.   -ჯერ არავის გაუცურნია ცის ნაპირამდე ბებო?   -რა ვიცი შვილო, ამბობენ წმინდა ნოეს გაუცურნია კიდობნით დიდი წარღვნის დროს და მერე ისევ დაბრუნებულა.   -კიდობნით?   -ასე გამიგონია შვილო – შავად ამოიოხრა შავმა ბებერმა.       იმ ღამეს ქუხდა და ელავდა. გათენების პირზე ჩაეძინა დაღლილ ბებერს.       მზის ამოსვლისას გამოეღვიძა. თადეოზს დაუწყო ძებნა. მთელი სოფელი შემოიარა, მაგრამ ვერსად ვერ იპოვა. ბოლოს საფლავებთან მიაგნო . მარტოკა სთხრიდა ბიჭი მამის საფლავს. „ სტრაჟნიკების“ შიშით არავინ არ ეხმარებოდა. ასევე მარტოკამ შეაბა ხარები მარხილში, ბებიის დახმარებით მამა მარხილზე დაასვენა, საფლავთან აიტანა და რაკი ქალის მისვლაც არ შეიძლებოდა აქაური წესით საფლავთან, მარტოკამ მიაყარა თადეოზმა მამას მიწა. პატარა ბიჭი, რაკი ჯერ ორმოცი დღისა არ იყო, სასაფლაოზე არ დაამარხვინეს და იქვე, მდინარის გაღმა, სამშობიარო სოფელთან გაუთხარა პატარა საფლავი თავის პატარა ძმას, სამ დღეში დაკაცებულმა თადეოზმა. ამის მერე შავი მოხუცი იშვიათადღა იღებდა ხმას. ერთ დილით კი მისმა ტირილმა გააღვიძა სოფელი: – თადეოზ, შვილო, თადეოზ,სადა ხარ?– მწარედ გაჰკიოდა მოხუცი. ვერსად ვერ იპოვეს თადეოზი. სამი დღე ეძებდნენ, მაგრამ მნახველიც კი ვერავინ ნახეს. ბოლოს ვიღაცამ იმათი სახლის კალოში დადგმულ კიდობანს ახადა სახურავი და იქ ნახეს გულაღმა მწოლიარე თადეოზი. ამ კიდობანში პურის მარცვალს ინახავდნენ და იმ მარცვლებზე იწვა ბიჭი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. კიდობნიდან ამოასვენეს და სახლის დერეფანში დაასვენეს ტახტზე. მკვდარი იყო, მაგრამ არც მკვდარი ეთქმოდა, სახეზე სულ ბედნიერების ალმური გადასდიოდა. სამი დღე ესვენა ასე, არც სუნთქავდა, არც რაიმე სხვა სიცოცხლის ნიშანი ეტყობოდა, მარტო სახე ჰქონდა ჩვეულებრივი მკვდრისაგან განსხვავებით ბედნიერად განათებული, იმდენად ბედნიერად, რომ ჯერ სიცოცხლეში არავის ენახა ასეთი ბედნიერი გამომეტყველების მქონე ადამიანი. ამ სოფელში სამი დღის მერე წესად ჰქონდათ მიცვალებულის დამარხვა და გადაწყვიტეს კიდეც საფლავის გაჭრა, რომ უცებ მიცვალებულის თავს ზემოთ მტრედის ფართქალის მაგვარი ხმა გაისმა და ამის მერე ბიჭიც შეტოკდა, სულეთის ქვეყანაში წასული სული მოფრინდა და ჩაიბუდა მის სულში.   -ბებო , ბებო, რა გახარო ბებო! – ეხვეოდა ბიჭი ბებიას. მართლა გასცურა ცის ნაპირამდე ჩვენმა კიდობანმა, ღმერთს ვთხოვე, რომ სულეთის ქვეყანა ეჩვენებინა და იმიტომ ჩავწექი კიდობანში, ჩავწექი და გავცურე კიდეც.       იცი რა ლამაზია სულეთის ქვეყანა, იცი რა კარგად არიან ჩვენები, დედაც ვნახე, მამაც, ჩემი პატარა ძმაც, პაპაჩემიც; აღარ მინდოდა იქიდან წამოსვლა, მაგრამ ბოლოს თასით წყალი მოიტანეს, ჩემ წინ დაღვარეს და მიბრძანეს: წადი და სანამ შენი აქ მოსვლის ჟამი არ მოვა, ქვეყანას ემსახურეო. ნეტავ გენახა რა დიდებულია სულეთის ქვეყანა და რა ბედნიერები არიან ყველანი, ასე ხომ აღარ იტირებდი ბებო.   -კარგი, ოღონდ შენ ნუ დამიღონდები და აღარ ვიტირებ ჩემო ბიჭო, აღარა, – ჩამომჭკნარი ხელით ცრემლები მოიწმინდა მოხუცმა.       გაზაფხული იყო და ხალხი მამულებს ხნავდა. თადეოზს მოწნული ჯინით ნაკელი გაჰქონდა თავის მამულში რომ გაენოყიერებინა. გზად სხვის მამულზე უნდა გაევლო. იმ მამულის პატრონს მგელიკა ერქვა. მართლა მგელივით დაუნდობელი და ავადმზირალი კაცი იყო.       გაატარა ერთხელ თავის მამულისკენ თადეოზმა ხარები და ჯინი, დაუხვდა მგელიკა წინ, გადმოუბრუნდა ჯინი და თავის მამულში გაშალა ნაკელი.   -რას შვრები ძია მგელიკავ, სხვა გზა საით მაქვს, დღემდე ესე დაგვქონდა სასუქი და ახლა რა დაგიშავე რო გზას არ მაძლევ - შემცბარმა ჰკითხა თადეოზმა მგელიკას.       თადეოზმა ხმა არ გასცა, მამულის ხვნა გააგრძელა. წამოვიდა თადეოზი, ისევ გაივსო სასუქით ჯინი და წაიღო თავის მამულისაკენ. ისევ დაუხვდა წინ მგელიკა და თავის მამულში წამოუქცია ჯინი.       სახლში ატირებული მივიდა თადეოზი.   -ხმა არ გასცე, ბებო გენაცვალოს, თორემ ეგ ისეთი გულქვაა, ვაი თუ რამე დაგიშაოს. უსასუქოდ მოვხნათ მამული.   -უსასუქოდ რა ყანა უნდა მოგვივიდეს, ბებო?   -ხო იცი მამასახლისია და რუსები მაგის მხარეს დაიჭერენ, დავალებული აქვს ალბათ იმათგან ჩვენი გამწარება.       თადეოზმა კიდევ გაავსო ჯინი სასუქით და თავისი მამულისაკენ გაუძღვა ჯინში შებმულ მხარეს.   -რამდენჯერ უნდა გამაიარო ამ გზაზე შე მკვდარციციანო, შენა! – შემოუქნია მგელიკამ შოლტი და ნახნავ მიწაზე დააგდო თადეოზი. მერე მართლა მგელივით მიეჭრა და ნახნავ მიწაში ცოცხლად დაუწყო ჩამარხვა. ბელტს ბელტზე ადებდა და თან ლანძღავდა: – შე მკვდარციციანო! შე ბუნტავშიკის შვილო! რუსეთი არ გინდათ და ხარები კი გინდა ატარო ჩემ მამულზე არა! ჩამარხა ცოცხლად. თადეოზის ბებია მიეჭრა და შვილს დაუწყო თხრა.   -არ ამოსთხარო, თორე! – დაიღრიალა მგელიკამ და ქარჩით თავი გაუხეთქა მოხუცს.       გაღმა მამულში აპარეკაი ხნავდა მამულს. ჯერ ყველაფერს უყურებდა და როგორღაც ითმენდა. როცა მგელიკამ ბალღი ცოცხლად ჩამარხა ნახნავ ბელტებში და მოხუცს სული გააფრთხობინა, მიატოვა ხარ-გუთანი, ჩოხის კალთის შიგნით ჩამალული ხანჯალი იშიშვლა და შიგ გულში გაუყარა მგელიკას. ამოთხარა ბიჭი ბელტებიდან და მომაკვდავ მგელიკას მიაძახა: – დალიე ეხლა ეგ ძაღლური სული, შე მართლა მკვდარციციანო შენა!       საიდანღაც გამოცვივდნენ „სტრაჟნიკები“, მაგრამ აპარეკამ მოასწრო გორის გადავლა და ტყეს შეერია.       დარჩა თადეოზი მიწისა და ცის ამარა, მაგრამ მიწასა და ზეცას ჰყავს თავისი გამრიგე და არ დატოვა არსთაგამრიგემ უპატრონოდ თადეოზი, რომელმაც ერთხელ უკვე ნახა სულეთის ქვეყანა და იქიდან ამ სიტყვებით გამოუშვეს უკან: წადი, ემსახურე ქვეყანას და სანამ შენი დრო არ მოვა, აქ აღარ მოხვიდე. ამიტომ აღარ ჩაწვა თადეოზი იმ კიდობანში, რომლითაც ერთხელ უკვე გასცურა სულეთის ქვეყნამდე. დაასაფლავა ბებია და მართალია უკვე იცოდა, რომ სულეთის ქვეყანაში ბედნიერად იქნებოდა ბებიამისი და ერთხელ სთხოვა კიდევაც, სულეთის ქვეყნის მკვიდრთ ბედზე არ ეტირა, თვითონ მაინც იტირა, როცა ბებიას ბღუჯით მიწა მიაყარა. რაკი გუდამაყარზე იყო ძველად გზა, აქ ჩამოიარა წმინდა ბერმა ბენიამინმა და თან წაიყვანა თადეოზი. ახლა სწორედ სამი წელი სრულდებოდა მას მერე, რაც ბენიამინი ათონის მთის მიწას მიაბარეს ქართველმა ბერებმა და წესის მიხედვით მონასტრის საძვალეში უნდა გადაესვენებინათ მისი ძვლები.       აღასრულეს წესი.       ბენიამინის თავის ქალას ნომერი დაუსვეს.       გადაიხადეს პარაკლისი იმ ეკლესიაში, სადაც თავის დროზე ექვთიმე ათონელი ლოცულობდა. ეს არის მოგრძო ეკლესია და სწორედ ამ ეკლესიაში იყვნენ ბოლო ქართველი ბერები ათონის მთაზე, რომელიც ოდესღაც ქართველთა სიმრავლით და მათ მიერ ჩადენილი სასწაულებით იყო განთქმული. მაგრამ როგორც ილეოდა ძველი დიდება, ოდესღაც ზღვიდან – ზღვამდე განფენილი და ჟამთასიავის გამო მრავალმტერმორეული საქართველოსი, ასევე ილეოდა ბერ-მონაზონთა რიცხვი, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს წმინდა ადგილებზე და მათ შორის ათონის მთაზეც, სადაც ბოლო დროს ძალიან შევიწროებას განიცდიდნენ ქართველი ბერები და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მათი წმინდა მთაზე ყოფნა-არყოფნის ჟამი დადგა. ათონის მთაზე, ივერიის მთავარ ტაძარში, აღსავლის კარის წინ ჰკიდია ქართველი დიდებულების მიერ შეწირული კანდელი, რომელიც ჟამით-ჟამს იწყებს ხოლმე რხევებს, წრიულს, ან ჰორიზონტალურს. დროთაგანმავლობაში აკვირდებოდნენ ბერები ამ რხევებს და აღმოაჩინეს, რომ თუ კანდელი წრიულად ირხევა, ეს სასიხარულო ამბის ნიშანია, ხოლო თუ მარჯვნიდან მარცხნივ ირხევა ჰორიზონტალურად, ეს სამწუხარო ამბის მაუწყებელია. ეს მონასტერი დააარსეს იოანე, ექვთიმე და გიორგი ათონელებმა, რომელთა წმინდა ძვლებიც განისვენებენ იმ საძვალეში, სადაც სულ ახლახან ბენიამინის წმინდა ძვლები გადაასვენეს სამარხიდან უკანასკნელმა ქართველმა ბერებმა. უკანასკნელმა იმიტომ, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ წაუჭერს ყელში ლახვარს სატანა, კიდევ მორიგე მტრის უღელს დაადგამენ საკუთარი შვილები და ივერონის აღსავლის კართან დაკიდებული კანდელიც სამწუხაროდ რხევებს დაიწყებს. ამას მოჰყვება ქართველი ბერების იძულებით წამოსვლა საქართველოში, სადაც რუსეთს უკვე შემოტანილი აქვს წითელი უღელი. ბერები ეთხოვებიან ათონის მთას და იქ ტოვებენ ერთადერთ ბერს, იმ იმედით რომ მალე დაბრუნდებიან საქართველოდან და თავიანთ მამა-პაპათა ნაშენებ ტაძრებში ისევ შეასრულებენ ქართულ წირვა-ლოცვას.       მწუხარე არის ეს დღე.       საძვალიდან წინაპართა ძვლების წმინდა ნაწილებს იღებენ და საქართველოში მოაქვთ.       ყველაზე მეტად უჭირს მამებთან განშორება იქ დარჩენილ ერთადერთ ბერს.       ივერონის მონასტრის კართან ისევ სამწუხაროდ ირხევა კანდელი.       მოდიან ბერები. გზა არის შორი და დამღლელი. იმათ ჯერ კიდევ არ იციან როგორი საქართველო ელოდებათ. არ იციან რომ სათითაოდ ყველას დახოცავენ. ერთ ბერს არმაზში აკუწავენ და გვიანღა ნახავს ხალხი. მეორე ბერს შიო მღვიმში მოკლავენ. ერთი ბერი რევოლუციონერმა ქართველებმა ხიშტზე წამოაგეს, გამორჩათ, მაგრამ მაინც მოკლეს ბეთანიაში.       მანამ ეს მოხდებოდა, ასე შეეგება წითელუღელდადგმული ბედნიერი საქართველო სამშობლო მონატრებულ ბერებს.       ისინი ბაზარში შევიდნენ და ასეთ სურათს წააწყდნენ. შუა ბაზარში დიდი დათვის ტყავი იყო გაშლილი. ზედ ორი პატარა ბელი იჯდა და ხალხისაგან დამფრთხალები ერთ-ურთს ეკვროდნენ. ტყავის გარშემო ამაყად დაალაჯუნებდა უზარმაზარი მთიული და ხალხს სთავაზობდა: – იყიდეთ, იყიდეთ, მთიულური დათვის ტყავი, თავისივე ბელებით. ასე შეეგება ათონის მთიდან იძულებით წამოსულ ბერებს მშობლიური საქართველო. მათ ჯერ კიდევ არ იცოდნენ რა ელოდათ წინ.       არც თადეოზმა იცოდა.       იგი მატარებელს მიჰყვებოდა. მატარებელი გორთან გააჩერეს და თადეოზმა დაინახა, რომ ქვედა საწოლიდან ვიღაც გაათრიეს. იმას სხვა ვაგონიდანაც მიაყოლეს მეორე. თადეოზი ჩუმად ჩამოვიდა მატარებლიდან და დაღმართს დაუყვა, მტკვრის პირას დაიმალა. ჩამალულმა ბინდ-ბუნდში, გაარჩია როგორ მოჰყავდათ ჩეკისტებს ხალხი, როგორ გაათხრევინეს სამარე, მერე იმ სამარის პირას ჩაამწკრიეს და თოფები მიუშვირეს.   -რას შვრებით, ღმერთი აღარა გწამთ? – სამალავიდან წამოხტა ხმამაღალი ყვირილით თადეოზი. ეცნენ და ისიც სხვებთან ერთად დააყენეს სამარის პირას.       ერთდროულად იჭექა რამდენიმე თოფმა და ფერდის არეში იგრძნო თადეოზმა ტკივილი, როცა სხვებთან ერთად ჩაეხეთქა გათხრილ სამარეში.       ზემოდან თხლად მიაყარეს მიწა. ეტყობა ხვალაც აპირებდნენ აქ ხალხის მოყვანას. განთიადისას მოახერხა სამარიდან ამოძრომა თადეოზმა.   -ეე, მღვდელი გაიქცა სამარიდან, მღვდელი! – იყვირა ვიღაცამ. ეტყობა იმ ადგილას ყარაულად ჰყავდათ დაყენებული.       ისევ მტკვრის პირას ჩაიმალა თადეოზი და დაღამებას დაელოდა. გადაწყვეტილი ჰქონდა როგორმე გუდამაყარში წასულიყო და იმ კიდობანში ჩაწოლილიყო, რომლითაც ერთხელ უკვე იმგზავრა სულეთის ქვეყანაში. ჭრილობა ანაფორის ნახევებით შეიხვია მჭიდროდ. ტყე- ტყე მიდიოდა ღამღამობით. როგორც იქნა მიაღწია თავის სოფელს, მივიდა თავის სახლთან, დააკაკუნა, ბიძაშვილმა გაუღო კარები. თავიდან ვერ იცნო.   -თადეოზი ვარ, თადეოზი! – გადაეხვია ბიძაშვილს თადეოზი, რომელსაც აშკარა უკმაყოფილება შეეტყო სახეზე.       დასხდნენ. გამართეს საუბარი. თადეოზმა თავს გადახდილი მოუყვა. ბიძაშვილმა თავისი უამბო.   -კიდობანი ისევა დგას კალოში? – ჰკითხა თადეოზმა.   -კი, ისევ იქ არის.   -იქ მინდა ამაღამ ჩაწოლა.   -რატომ, მდევრებისა გეშინია?   -არა, იმ კიდობანში ჩაწოლა მომენატრა.   -სირცხვილი არ არის, დაჭრილი კაცი კიდობანში როგორ ჩაგაწვინო, შენი სახლია და დროებით ვცხოვრობ აქ, აბა სხვას ხომ არ შემოვუშვებდი, მე მგონი არ გწყენია, თორემ კიდობანში დაძინება რა საკადრისია.   -არა, ნუ გეწყინება, იმ კიდობანში მინდა ჩაწოლა.   -ნება შენია, – თქვა ბიძაშვილმა და კალოსკენ წაუძღვა თადეოზს.       კიდობანში აღარ ეყარა ხორბალი. ნაბადი ჩაუფინა ბიძაშვილმა და ისე ჩაწვა თადეოზი.   -სოფელში რომ შემოხვედი, ხომ არავის დაუნახიხარ? – ჰკითხა ბიძაშვილმა.   -ძეხორციელი არ შემხვედრია.   -ძალიან კარგი, თორემ ხო იცი, რა დროა.   -ზემოდან სახურავი დამახურე – უთხრა თადეოზმა.       ბიძაშვილმა ზემოდან კიდობანს სახურავი დაახურა და დიდხანს ფიქრობდა ერთ ადგილას დაყუდებული. მერე სადღაც წავიდა.       მზისამოსვლისას ახადეს კიდობანს სახურავი ჩეკისტებმა. თადეოზს ხმაურზე არ გაუღვიძნია, რაღაცნაირად ბედნიერი სახე ჰქონდა, ისეთი, ბავშვობისას რომ ამოიყვანეს კიდობანიდან.   -სძინავს? – იკითხა ჩეკისტმა.   -ეტყობა – თქვა თადეოზის ბიძაშვილმა.       რამდენიმე მაუზერმა ერთდროულად იქუხა კიდობნის შიგნით. რომ ამოიღეს, ისევ ისეთი ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდა თადეოზს სახეზე, როგორც ჩვეულებრივ მკვდარს არა აქვს ხოლმე და ცოცხლებსაც კი იშვიათად შეამჩნევ ასეთ ბედნიერების ნიშანს.       მამამისის გვერდით დამარხეს თადეოზი.       ის კიდობანი კი მანამდე იდგა იმ კალოში, მანამ შუღლიანთ სებამ გუდამაყრის მუზეუმი არ ააშენა და ერთი ძროხა არ მისცა კიდობნის ახალ პატრონს იმის შესყიდვაში. როცა კიდობანს სისხლისაგან ასუფთავებდა, მაშინ იპოვა სებამ ანაფორის ნახევში გამოკრული ათონელი ბერების ძვლების ნაწილები. კიდობნის კუთხეში შეენახა თადეოზს. ძვლები ისევ იმ კიდობანში დატოვა სებამ. ხალხმა კი ამ კიდობანს „ცოდვის კიდობანი“ შეარქვა და საყვედურობდნენ კიდეც, რაღა მაინცდამაინც ცოდვიანი კიდობანი შემოიტანე კიდობანშიო.       ბატონო მელია!       თუ მიბრძანებთ იმ ბერების ძვლებსაც მივუჩენ ჩრჩილებს. კიდობანზე არ ვიცი რა მოგახსენოთ, მაგისი გასაღები თქვენს ხელთაა და არა მგონია საარჩევნოდ ჩვენს წინააღმდეგ გაბედოს რამე. კიდობანის იქით რომ ჩოხა ჰკიდია, ისიც თადეოზის ნაქონი ჩოხაა და ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენ მოგვცემს ხმას. სებას უნდა კიდობანს სულეთის კიდობანი შეარქვას, მაგრამ რაკი ერთხელ უწოდა ცოდვის კიდობანი, არა მგონია სებას რამე გამოუვიდეს. თუ სულეთის კიდობანს შეარქმევენ, მაშინ შიგ გამომწყ ვდეულ ნივთებსაც ფასი და ხმა მოემატებათ. ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ კიდობანს „ცოდვის კიდობანი“ ერქვას. ასეთი სახელით უფრო იოლად დადგება ჩვენს მხარეზე.       მაპატიე, დიდო მბრძანებელო, შეიძლება ცოტა გრძელი ინფორმაცია გამომივიდა ამ კიდობანის შესახებ, ან იქნებ რაიმე ისეთი ინფორმაცია ვერ მოვიპოვე, რაც თქვენს ბრწყინვალებას უფრო საჭიროდ მიაჩნია, მაგრამ ერთი წუთით არ დავიშურებ ცდას და დამატებითი ამბების მოგროვებას.       როგორც ყოველთვის, ახლაც თქვენი ბრძანებით ყველგან შემრჭობი – სადგისი!       კიდობანს ეჭვით უყურებდა მელია და ყელზე შებმულ გასაღებს მარცხენა თათით აქეთ-იქით ათამაშებდა.   -ჩრჩილებს ნუ მიუსევ მაგ ბერების ძვლებს, მოვა დრო და მე თვითონ დამჭირდება გამოსახრელად და ისევე გამოვხრავ, როგორც ერთ დროს ქრისტეს მიმდევართა ძვლებს ვხრავდი და ვაკნატუნებდი – გააფრთხილა მელიამ სადგისი და ისევ მარცხენა თათით       გააქან-გამოაქანა აქეთ-იქით ყელზე ჩამოკიდებული კიდობანის ბოქლომის გასაღები. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .       ხანდახან ისე საშინლად დაიქუხებს ხოლმე გუდამაყარში, რომ შეუჩვეველ კაცს ეგონება, ეხლა ეს მაღალი ცა მთებს შორის ჩამოიმსხვრევა და ერთიანად ჩაიტანს არაგვის ვიწრო ხეობას. მაღალ მთებს შორის მოქცეული ხეობა კი მართლაც ვიწროა და რაკი აქ გამუდმებით შავი არაგვი მოედინება, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სადღაც ამ მთებშია ჯოჯოხეთის შესასვლელი კარი და ეს კუპრივით შავი მდინარეც იქიდან მოდის. საკმარისია წვიმა წამოვიდეს რომ გახელდება, გადაირევა მდინარე, ერთი მთიდან მეორეს აწყდება, ტალღებს იქოჩრავს, ლოდებს მოაგორებს და რაღაცაზე გულამღვრეული მიიჩქარის ხეობის სიღრმისაკენ, თითქოს მართლა ჯოჯოხეთის გულში დგომით შეწუხებული იყოს და ახლა იქედან იმიტომ მიეჩქარება, რომ სამზეო მოიაროს, ქვეყანა მოისამოთხოს. მორბის და მოარბევს ისედაც ჩამორღვეულ მთების ნაპირებს. მეოთხედიც აღარ დატოვა პირიმზის სალოცავი მინდორი და ახლა აშკარად ისმის მუზეუმის ერდოებიდან შემოჭრილი მისი აღელვებული ხმა.   -მამავ, მამავ, შენ გენაცვალე მამავ, გვიშველე, ისევ წაიღო არაგვმა ჩვენი ბროლია, სახლშიც მოგვიხტა, ყველანი იქ არიან, ჯებირს ამაგრებენ, შენც წამოდი, გევედრები მამავ, შენც წამოდი – ტირილით შემოვარდა მუზეუმში შუღლიანთ სებას ნაბოლარა ბიჭი და სებაც თან გაჰყვა შეშინებულ ბიჭს. თქეშად მოდიოდა წვიმა. მდინარეს ნახევარ მინდორზე მეტი უკვე ჩაუქცია, თან წაეღო, სახლების კედლებს არღვევდნენ, რასაც ერეოდა შავი ტალღებით მიითრევდა და არავითარ ჯებირს აღარ ერიდებოდა. როგორც ჩანს გადაწყვეტილი ჰქონდა თან წაეღო მთელი პირიმზის მინდორი. ჩაარღვია და ჩააქცია ძველი რუსული ბასტიონის კედელი, მიუხტა გუდამაყარის მუზეუმს და მოარღვია კედლები. შუღლიანთ სებაი მუზეუმისკენ გაიქცა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისეთი უძლური აღმოჩნდა აბობოქრებულ მდინარესთან, როგორც ჭიანჭველა ბეჰემოტთან. მდინარის ტალღებში საცოდავად მიტივტივებდნენ ცხოველების ფიტულები. კიდობანი აღელვებულ კალთებზე ქანაობდა და ქვემოთ მიჰყვებოდა მდინარის დინებას. კიდობანზე შემოსკუპებულიყო მელიის ფიტული და ისე ცდილობდა ადევებული მდინარიდან თავის დაღწევას. სებამ მდინარის ტალღებში მოლივლივე საქართველოს ფარდაგს მოჰკრა თვალი და მის გადასარჩენად შევარდა წყალში.   -რას შვრები მამავ, ნუ მიდიხარ შიგნით, წაგიღებს წყალი! – ტირილით დაედევნა სებას ნაბოლარა ბიჭი. სებას არავისი ხმა აღარ ესმოდა, მდინარეში ყვინთავდა და ცდილობდა როგორმე ფარდაგი დაეჭირა.   -მაგას თავი ანებე და მე გადამარჩინე! - მოესმა კიდობანზე ატორტმანებულ მელიას განწირული ხმა.   -შენ ადრევ წასაღები იყავი! - მიაძახა სებამ.   -მაინც დავბრუნდები, ნახე თუ არ დავბრუნდე! – ნიშნისმოგებით გამოსძახა მელიამ და სწორედ ამ დროს ამოატრიალა კიდობანი აბობოქრებულმა მდინარის ტალღამ. მელია შავ ტალღებში ჩაინქთა, მაგრამ სებას მოეჩვენა, რომ რომელიღაც ტალღიდან თავი ამოყო და დაიძახა: – მაინც დავბრუნდები და ვაი, თქვენ დღეს მერე!       არა, ეს სებას მოეჩვენა, მელია აღარ ჩანდა კუპრივით შავ მდინარეში. შუღლიანთ სება ფარდაგის კალთას მისწვდა და ნაპირისაკენ დაითრია. მდინარე ფეხქვეშ უცლიდა მიწას და უჭირდა ფარდაგის გამოთრევა. ბიჭმა გაბედა, წყალში შევარდა და მამას მიეხმარა ფარდაგის გამოთრევაში. არ ცხრებოდა მდინარე. მიდი-მოდიოდა პირიმზის სალოცავის მინდორზე და ერთიანად მიჰქონდა ყველაფერი; წაიღო რუსული ბასტიონი, წაიღო კვარცხლბეკი, სადაც ერთ დროს ხან ნიკოლოზის ძეგლი იდგა, ხან სტალინის და ხან ლენინის. სხვათა შორის, ისე მიტივტივებდა მდინარის ტალღებში ლენინის ბიუსტი, თითქოს დიდი ხანია ელოდა ამ დღეს და ასეც უნდა ყოფილიყო. მარცხენა, თუ მარჯვენა ხელი ტალღებიდან ზემოთ ჰქონდა ამოშვერილი და ისე მიაქანავებდა მდინარეში, კაცი იფიქრებდა, მდინარის პირას გამოფენილ ხალხს ემშვიდობებაო. წყალმა წარეცხა ყოველივე პირიმზის სალოცავის მოედანზე. მამა-შვილი სალოცავისკენ მიათრევდა აღმა წყლით გაჟღენთილ ძველებურ ფარდაგს, რომელზეც უხსოვარი დროის იქით, ვიღაცას საქართველოს დროშა ამოექარგა. უცებ, მდინარის ტალღებისაგან მოტივტივე საფლავის ქვას მოჰკრა სებამ თვალი და დააკვირდა წარწერას.   -რა აწერია, მამავ? - ჰკითხა შვილმა.   -რისთვის ბადებ უბედურსა, რისთვის შაჰყრი მთვარე-მზესა, - წაუკითხა მამამ.   -ვისია, მამავ?   -არ ვიცი, შვილო, ალბათ ვიღაც უბედურის, თავის სიცოცხლეში ვერაფერი სასიხარულო რომ ვერ ნახა ამ მზისა და მთვარის ქვეშ, წავიდა და მიწას ამოეფარა.   -ჩვენც უბედურები ვართ მამავ?   -რატო შვილო?   -ყველაფერი გაგვტაცა მდინარემ, სახლიც და საქონელიც. ბროლიაც, შენი მუზეუმიც.   -ნუ გეშინია შვილო, მთავარია რომ ეს ფარდაგი არ გავატანეთ მდინარეს. სახლსაც ავაშენებთ, მუზეუმსაც უფრო საიმედო ადგილას და ძველებურ ნივთებსაც კიდევ შევაგროვებთ.   -კიდობანი ზღვაში წაიღო მამა?   -სულეთის ზღვაში წაიღო, მამა გენაცვალოს.   -მერედა სად არის სულეთის ზღვა.   -ხმელეთი რომ გათავდება, ცის ნაპირი რომ გათავდება, აი იქ არის სულეთის ზღვა.   -მერე კიდობანი როგორ მივა იქ?   -მივა შვილო, მივა, ღვთის ნებით მივა, მოდი მომეხმარე ფარდაგი ბალახებზე გავფინოთ, რომ შლამი წვიმამ გარეცხოს.       მამა-შვილმა ფართოდ გაშალეს პირიმზის სალოცავის გვერდზე მობიბინე მოლზე ფარდაგი.       გადაიქუხა, გადაიქუხა და ცოტა ხანში მზემაც ამოანათა. მზის სხივებში აელვარდა პირიმზის ეკლესია, რომლის თავზეც ცისარტყელა გამოისახა, რომელიც მთლიან რკალად წვდებოდა გუდამაყრის ვიწრო ხეობას, შუა რკალი ცის მოკრიალებულ გუმბათზე ჰქონდა მიბჯენილი, შვიდფერი სვეტის ერთი ბოლო აღმოსავლეთის მთაზე ჰქონდა დაბჯენილი, მეორეთი დასავლეთის მთას ეყრდნობოდა და პირიმზის ეკლესიის ეზოში დაფენილი წვიმით გარეცხილი ხალიჩა, რომელზეც საქართველო იყო ამოქარგული, ცისარტყელიდან ჩამომდგარი შუქით, უცნაურად გაბრწყინებულიყო. ხალიჩასთან დაჩოქილი მამა-შვილი თვალებში ჩამდგარი სევდიანი იმედით შეჰყურებდნენ ცისარტყელას. ხეობის ბოლოს, მდინარის შავ ტალღებზე, სულეთის ქვეყნისკენ მიტივტივებდა კიდობანი. გოდერძი ჩოხელი …
დაამატა ლაშა to ლიტერატურა at 1:12pm on მარტი 3, 2014
თემა: გოლი თარაყი - სახლი ზეცაში
დაადგა. არც კი გაუაზრებია, წინ რა ელოდა. არც სურდა, წინდახედული და შორსმჭვრეტელი ყოფილიყო. არ სურდა, ვინმეს მოსთათბირებოდა. არც მათ, ვინც მასზე გამოცდილი იყო, არც მათ, ვინც ყოველგვარ ცვლილებას და გადაადგილებას უფრთხოდა და არც მათ, ვისთვისაც დარჩენა ზნეობრივ არჩევანს წარმოადგენდა, რადგანაც საკუთარ ფესვებს, მიწას და ადათ-წესებს იყვნენ მიჯაჭვულნი. მასუდ დ-ს ომი სძულდა და სიკვდილის ეშინოდა. ღამეული შფოთვა ძილს და მოსვენებას უკარგავდა და ალიონის მტანჯველი მღელვარება კიდევ მეტად აწამებდა. უნდა წასულიყო, გაქცეულიყო და მშვიდი ადგილისათვის შეეფარებინა თავი. ისეთი ადგილისათვის, სადაც არ იქნებოდა აურზაური, ყუმბარები და აფეთქება. სადაც არ იქნებოდა სიკვდილი, სიგიჟე და... თავისი საქმეები ერთბაშად, ელვასავით სწრაფად და ნიავივით ჩუმად მოიკეთა. ბინის მთელი მოწყობილობა აუქციონზე გაიტანა, სახლი კი ლამის მუქთად მიჰყიდა პირველსავე მუშტარს. მიიღო ვიზა, იყიდა ბილეთი, ბარგი-ბარხანა შეკრა და, ის იყო, წასვლას აპირებდა, რომ მისი არეული მზერა მოხუც დედაზე შეჩერდა... ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. როგორ მოიქცეს? ძლიერმა ტკივილმა მოუჭირა გულში და მუცლისკენ ჩაცურდა. წამიერად დაივიწყა ომი და სიკვდილი და დარჩენა გადაწყვიტა. მაჰინ ბანუ მთელი ამ დროის მანძილზე უხმოდ შესცქეროდა ყველაფერს, არც არაფერს ეკითხებოდა ვინმეს, არც პროტესტს უცხადებდა, არც საკუთარ არსებობას შეახსენებდა. ხედავდა, რომ მთელი მისი ავლა-დიდება გასაყიდად გაჰქონდათ და არაფერი უთქვამს. ხედავდა, რომ მის ოთახებში უცხო ადამიანები მიმოდიოდნენ და ბაგეც არ შესტოკებია. კედელთან ჩამჯდარიყო, კუთხეში, დიდ თავრიზულ ხალიჩაზე და ჩუმი სევდით ეალერსებოდა მის ხავერდოვან ყვავილებს, ოქროდ აფერადებულ ხვეულებს. წინაპართა ეს სახსოვარი გარდასულ დღეთა ნიშანი იყო, მისი თითები უკანასკნელად გრძნობდნენ ძველი მეგობრის სხეულს. ეჩვენებოდა, რომ ნახევრად გაციებულ ადამიანს ეხებოდა ხელით სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში. მაგიდის გადასაფარებელს კიდეებში ჩაჰფრენოდა, თითქოს წამით მაინც ცდილობდა მის შეჩერებას. თვალი მიურბოდა ფაიფურის მოხატული თასებისაგან, რომლებიც ხელიდან ხელში გადადიოდა, მაღალი რუსული ლამპებისაკენ, გასაყიდად რომ მიჰქონდათ. უნდოდა ეთქვა, არა, ჩემს ქაშმირის შალს და ნიშნობის სარკეს არ გაგატანთო, უნდოდა, აეღო რაიმე და გადაემალა, მაგრამ არაფერი უთქვამს. იჯდა ერთ კუთხეში, ჩუმი და უჩინარი, უყურებდა, როგორ გაჰქონდათ სახლიდან კედლის საათი, მაგიდა და სკამები, ჩინური თეფშები, მოოქროვილი ჩარჩოები. იტანჯებოდა, როგორც დედა, რომლის შვილებიც შორეულ ქვეყანაში მიემგზავრებიან. ხვდებოდა, მწარე არსებობა ელოდა და შეჰგუებოდა ბედს. შვილზე არ იყო ნაწყენი. წლების წინ თვითონვე გადააფორმა სახლი მის სახელზე. მხოლოდ ეს ჰქონდათ პირობად, რომ მის სიცოცხლეში სახლს არ გაყიდდნენ. ეს პირობა კი მოძველდა. იგი მაშინ დადეს, როცა არც რევოლუცია იყო და არც ომი, არც შიში იყო და არც შვილების გაჭირვება. მაჰინ ბანუს კი თავისი ვაჟისა და ქალიშვილის (რომელსაც ინგლისელი ქმარი ჰყავდა და თეირანში არ იმყოფებოდა) ჯანმრთელობისა და ბედნიერების გარდა არაფერი უნდოდა. არც იმ ხალიჩას დაინანებდა, რომელზედაც ფეხი მოერთხა, სულსაც მისცემდა, რომელიც უკვე მილეულიყო და აღარავის სჭირდებოდა... შვილებსაც უყვარდათ. მასუდ დ. არასდროს გულში არ გაივლებდა, რომ მოხუცი დედა მიეტოვებინა და გაქცეულიყო, უქონელად ექცია, ღვთის ანაბარა მიეგდო და საკუთარი ტყავი გადაერჩინა. ეგ იყო, რომ ამ არეულობასა და განუკითხაობაში, ომსა და სიკვდილის მეუფებაში, თავგზა აჰბნეოდა და თავის გრძნობებსა და საქციელში ვერ გარკვეულიყო. ეს იცოდა მაჰინ ბანუმ და ბედსაც ამ დედობრივი გრძნობის გამო დამორჩილებოდა. რა თქმა უნდა, უტირია კიდეც, გულამოსკვნითაც უქვითინია, უჩუმრად, სხვებისაგან მალულად – ღამით, საბანში თავჩარგულს, დღისით, სააბაზანოში ჩაკეტილს, ან ბაღში, მაღალ ფიჭვებს ამოფარებულს. უყვარდა თავისი ძველი ნივთები – ხალიჩები და ქაშმირის შალები... მამის, ქმრის, სიყმაწვილის ბედნიერი დღეების სახსოვრად დარჩენილნი. ერთად დაბერებულიყვნენ და ძველი ახლობლობა ჰქონდათ. ნაწყვეტ-ნაწყვეტი მოგონებები ოთახებში ტრიალებდნენ, ეზოს ქვაფენილს და კედლებს მისი ბავშვობის ნაკვალევი შერჩენოდათ. ამ სახლის გარდა თავისად არც ერთი ადგილი არ ეგულებოდა ქვეყნად და ხედავდა, რომ აღარ იყო „აქაურობის“ პატრონი. არაფრის პატრონი აღარ იყო. ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და ცაში გამოეკიდა. უნდოდა, მომაკვდავ კატასავით თავჩაღუნული გასცლოდა აქაურობას, გამქრალიყო, მაგრამ იცოდა, ჯანსაღად იყო, ცოცხლობდა და არაფერი სჭირდა სასიკვდილო. სიბერე თითქოს სხვებს მოეხვიათ მისთვის თავს. ადამიანების უსამართლო შეხედულება და წარმოდგენა ადგამდა მხრებზე ასაკის ტვირთს და მის ლოყებზე წლების კვალს ტოვებდა. თავისი ახალგაზრდობის პორტრეტი ჰქონდა, ძველ სარკეებში არეკლილი სურათი, გარდასულ დღეთა მშვენიერ მოგონებებს შერჩენილი სახე. გული კვლავ უცემდა და თვალს ყველაფერი ახარებდა. მომავალს შესცქეროდა, გაზაფხულს და ზაფხულს ელოდა. ათასი იმედი და ოცნება ჰქონდა – თავისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. სამოცდათოთხმეტი თუ სამოცდათექვსმეტი? თუ კიდევ მეტი? ამ ანგარიშს სხვები აწარმოებდნენ, მისი დაბადების და ქორწინების თარიღებს ადგენდნენ. მაჰინ ბანუ კი ორმოც წელზე მეტის არ იყო. ამას მხოლოდ თვითონ გრძნობდა და ასე სჯეროდა. და ახლა, უსახლკაროდ დარჩენილს, ვერ გაერკვია, როდის ჩამორჩა დროის სვლას, ვინ არის, სად არის და რა ევალება? სრულიად ზედმეტად ქცეულა, გამოვარდნილა სამყაროს მწყობრიდან; ასე ვარსკვლავი მოწყდება ხოლმე, ზეცის შორეთში მარტოობისთვის განწირული. გულით უნდოდა, წასულიყო, მაგრამ... სიკვდილს მისთვის ჯერ არ ეცალა. ფეხები მიწას ითხოვდნენ. სხეული სინათლის და სითბოს წვეთებს ისრუტავდა და ფიქრები უხილავი ძაფებით ჩახლართვოდა სიცოცხლის ტკბილ კუთხე-კუნჭულებს. გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუს რამდენიმე კვირით (ან იქნებ, ორი-სამი თვითაც) დასთან დატოვებდნენ, სანამ მასუდ დ. პარიზში დამკვიდრდებოდა, ბინას და სამსახურს იშოვიდა, ცხოვრებას ააწყობდა და მერე, როგორც კი შემთხვევა მიეცემოდა, გულარხეინად გამოგზავნიდა ვინმეს დედის წასაყვანად. ქალიშვილიც წუხდა დედაზე და, თუმცა მცირე შემოსავალი ჰქონდა, რეგულარულად რეკავდა ლონდონიდან და დედას თავისთან ეპატიჟებოდა. ინგლისელი სიძეც კეთილი კაცი იყო და უარს არ ამბობდა სიდედრის მიღებაზე. ეგ იყო, რომ უნდა მოეთმინათ. ბოლოს ყველაფერი კარგად იქნებოდა, იქნებ, წინანდელზე უკეთესადაც. და მაჰინ ბანუც მომთმენი და გონიერი ქალი იყო. შვილებიც მისი შინაგანი ტაქტის მადლიერნი იყვნენ. პირველი ორი კვირა ცოტა გაუჭირდა. ადგილის ცვლა ადვილი არ იყო, მაჰინ ბანუ არ იყო ნაჩვევი სხვადასხვა ადგილას ძილს. თავის ოთახს, საწოლს და ბალიშს იყო მიჩვეული; ქუჩის ხმაურს და ყოფილი მეზობლების რია-რიას; ძველი სამზარეულოს არომატს და ზედა კიბეების ნოტიო სუნს; რა თქმა უნდა, ხვიარა ყვავილების სურნელს თავისი ფანჯრის წინ და მამამისის ხნის ოთხ მაღალ ოფის ხეს. მისი და ალერსიანი იყო და სტუმართმოყვარე, სიძე კი, დოქტორი იუნეს ხანი, არავის საქმეში არ ერეოდა. გაცრეცილი, მარტოსული კაცი გახლდათ, შორს მყოფ შვილებზე დარდობდა. რევოლუციის შემდეგ მისი ექვსივე შვილი წასულიყო ირანიდან. უფროსი ვაჟი ავსტრალიაში დასახლებულიყო, მასთან კავშირი შეუძლებელი იყო; ორი ქალიშვილი (ნებიერა ტყუპები) ამერიკაში წასულიყო. შუათანა ვაჟი სინგაპურს, ტაილანდსა და იაპონიას შორის მიდი-მოდიოდა, უმცროსი კი წარამარა იცვლიდა ადგილსამყოფელს. ერთ გოგონას (იუნეს ხანი დარწმუნებული არ იყო, რადგან მეხსიერება ღალატობდა), კანადის, ინდოეთის, თუ აფრიკის რომელიღაც ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო. დები ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. ამ მხრივ მასუდ დ. არ ღელავდა, სინდისი მშვიდად ჰქონდა. იცოდა, რომ დედამისი კარგად იყო. ეგ იყო მხოლოდ, რომ ღამეულ დაბომბვებს და სარაკეტო შეტევებს ბატონი იუნეს ხანის სულიერი წონასწორობა დიდად დაერღვიათ. უცნაური ფიქრები დასჩემდა და ყველას ეჭვის თვალით უმზერდა. კარს უკან მიიმალებოდა და სხვების ლაპარაკს ყურს უგდებდა. ცოლის ხელჩანთაში და ცოლისდის ჩემოდანში იქექებოდა, სრულიად უვარგის ხარახურას ინახავდა და აღარ ახსოვდა, სად რა დადო. ეგონა, რომ მაჰინ ბანუმ მისი სათვალე, ან სანთებელა აიღო და ამაში ცოლის დარწმუნებას ცდილობდა. ცოლი უარყოფდა და დიდი უსიამოვნება ჰქონდათ. კარს უკან მიყუჟული მაჰინ ბანუ სირცხვილისგან იტანჯებოდა და დღეებს ითვლიდა, ერთი სული ჰქონდა, ევროპის გზას დასდგომოდა და შვილებთან ეპოვა სიმშვიდე, დოქტორ იუნეს ხანის გამოც სტკიოდა გული. იცოდა, მისი საქციელი ცუდი ბუნებისაგან არ იყო. არც იმ დღეს უტირია და დაუჩივლია, როცა კარში თითი მოიყოლა და ფრჩხილი მოსძვრა და არც იმ ღამეს უთქვამს საყვედური, იუნეს ხანმა თავისი მიკარგული აყიყისთვლიანი ბეჭდის ძებნაში ცოლისდის ლოგინი და ჯიბეები რომ გადმოაქოთა. თავისთვის თქვა მხოლოდ, რომ ეს წუთები წარმავალია, მადლობა ღმერთს, რომ შვილები კარგად ჰყავს და თვითონაც, ამდენი დავიდარაბის მიუხედავად, ცოცხალია და სრულ ჭკუაზე. და აი, აღთქმული დღეც დადგა. მაჰინ ბანუ თითქოს სიზმარში იყო. სიხარულის ცრემლები ღვარად სდიოდა. მას ასე, სხვების დასანახად, არასდროს უტირია! მაგრამ რა ექნა... დაუსრულებლად კოცნიდა შვილიშვილებს. ძილი და დასვენება სადღა ახსოვდა, თუმცა მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს: აეროპორტი, საბაჟო, ბარგი... მერე ჩანთა დაკარგა, სათვალე და წამლების შეკვრაც სადღაც დარჩენოდა. ფეხის ტკივილის გარდა, უეცარი თავბრუსხვევაც იგრძნო, თვითმფრინავში კი ყველაფერ ამას საშინელი გულისრევა დაემატა. ამის მიუხედავად, რომ ეცლიათ, მთელი დღე ილაპარაკებდა, შვილიშვილებს, შვილსა და რძალს დაკოცნიდა, ივლიდა და ივლიდა მათ ბინაში, თაგვი რომ კუდს ვერ მოიქნევდა და, აგზნებულ-აფორიაქებული, აქეთურ-იქითურ ამბებს გამოიკითხავდა. მაჰინ ბანუ პირველ ორ ღამეს ძალისძალად დააწვინეს ბავშვების ოთახში. ბავშვებს სასტუმრო ოთახში დაუგეს ლეიბი და ყურში ჩასჩურჩულეს, რომ ბებია გზაში დაიღალა და ცოდოა. მოგვიანებით სხვაგან გადაიყვანენ და ოთახს ბავშვებს დაუბრუნებენ. მაჰინ ბანუმ ბავშვების მდუმარე უკმაყოფილება დაინახა და შეწუხდა. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ვერ გაბედა. აღარც ძალა ჰქონდა. სხეულს დაღლილობისაგან ვეღარ იმორჩილებდა. როგორც კი თავი ბალიშზე დადო, ძილმა წაიღო, ღრმად ჩაეძინა, მაგრამ გამთენიას უეცრად გამოეღვიძა. თითქოს ტყვიის ნაჭერი აწვებოდა მკერდზე. აქამდე უცნობი მტანჯველი გრძნობა, სირცხვილის, დანაშაულისა და დამცირების, მთელ სხეულს ტკივილივით უსერავდა. შვილიშვილების უკმაყოფილო სახეები გაახსენდა. უხერხულობა იგრძნო, რომ მათი ოთახი დაიკავა. თითქოს შამფურებს უყრიდნენ, ლეიბიდან და ბალიშიდან წვრილ-წვრილი ნემსები იჩხვლიტებოდნენ. ერჩია, კარს უკან, დერეფანში დაეძინა, ან სავარძელში მოკუნტულიყო, ოღონდ სხვისი ადგილი არ დაეკავებინა. მესამე დღეს ადგილი გამოუცვალეს და მაჰინ ბანუმ შვებით ამოისუნთქა. ერთი მსუბუქი ლეიბი გამოუყვეს, რომელსაც ღამით იატაკზე შლიდა, დილით დივანში ინახავდა. ჩემოდნები სამზარეულოს ერთ კუთხეში დააწყო. ხელჩანთა კი, სადაც წავიდოდა, თან დაჰქონდა. ტანსაცმლით გამოტენილი კარადები არ იკეტებოდა, ტახტებშიც ტევა არ იყო. ბინაში განძრევა არ შეიძლებოდა. მაჰინ ბანუს მთელი ცხოვრება დიდ სახლში, ნათელ ოთახებში ჰქონდა გატარებული. ფანჯრებიდან ცას და მზეს ხედავდა, გარშემო კი ბაღები ყვაოდა. მის სახლში კარადებიც იყო და საკუჭნაოებიც, სხვენშიც ასობით ჩემოდანი დაეტეოდა და სარდაფში საბარგო მანქანაც მოთავსდებოდა თავისი ტვირთით. ოჰ, ეს ყველაფერი ჩავლილი ზღაპრებია. ცხოვრებაში აღმართიც შეგხვდება და დაღმართიც. სასტუმრო ოთახში ძილსაც ჰქონდა თავისი ხიბლი. თუმცა ქუჩიდან ხმაური შემოდიოდა და იქვე ახლო მდებარე მეტროს ვაგონები ფანჯრებს აზანზარებდა, მაგრამ მაჰინ ბანუმ მაშინვე დაიმშვიდა თავი, რას იზამ, ევროპაში ცხოვრება ასეთია! საწუწუნო არაფერია. მადლობა ღმერთს, რომ შვილებთანაა და მშვიდად ცხოვრობს. შვილიშვილები თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ. სკოლა მოსწონდათ და არაბი და პორტუგალიელი მეგობრებიც გაეჩინათ. დროდადრო სტუმრები ჰყავდათ და მაჰინ ბანუ იძულებული ხდებოდა, ადგილი შეეცვალა. თავისი ლოგინით ხელში წყნარ კუთხეს დაეძებდა. სად უნდა ეპოვა? ორი საძინებელი ოთახი იყო, ერთი ვიწრო, გრძელი სამზარეულო და პაწაწინა სააბაზანო-საპირფარეშო. ცოლ-ქმრის ოთახში ხომ ვერ შევიდოდა. თუმცა, ვაჟი ეპატიჟებოდა და კეთილი რძალიც არ იყო წინააღმდეგი. ბავშვების ოთახში ადგილი არ იყო: ორი საწოლი ერთმანეთზე იყო მიდგმული, წიგნების დასტა, ჩოგბურთის რაკეტა და ფეხბურთის ბურთი იატაკზე ეყარა. სამზარეულო რჩებოდა, არც იყო წინააღმდეგი. ანდა, რა იმოდენა ადგილი სჭირდებოდა მაჰინ ბანუს? ბავშვისხელა იყო. თხელი, გამხდარი და სიფრიფანა. თაროზე ან ტახტის ქვეშაც შეეტეოდა. ერთი ღამე აბაზანაშიც გაათია და ეძინა კიდეც. თუმცა, ვაჟი წავიდა წინააღმდეგი და დედა ძალით დააწვინა თავის ლოგინში. რძლის გვერდით ყველაზე მწარე ღამე გაათენა მაჰინ ბანუმ. რცხვენოდა რძლის, საწოლის კიდეზე მიწვა, იმდენად ნაპირას, რომ, რომ განძრეულიყო, ჩამოვარდებოდა. თვალი არ მოუხუჭავს. საბანი ტანს სწვავდა, მთელი სხეული უხურდა. ისე მობუზულიყო, პატარა ბურთს დამგვანებოდა. ხელი რომ გაგეკრა, გაგორდებოდა. რძალმა რამდენიმე ღამე გაუძლო ამ ამბავს, მერე კი რბილად აგრძნობინა ქმარს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. მასუდ დ. თუმცა გონიერი და მშვიდი კაცი იყო, რატომღაც ერთბაშად აფეთქდა, აყვირდა და მისი ხმა ყველას ყურს მისწვდა. ბავშვები შეშინდნენ, ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაეტაკა და ისე იჩხუბეს, არასდროს რომ არ უჩხუბიათ. მაჰინ ბანუ მოკვდა და გათავდა. თავს იწყევლიდა, რომ აქ ჩამოვიდა და ოჯახური სიმყუდროვე დაარღვია. გადაწყვიტა, აქედან წასულიყო. ჩემოდანი ჩაალაგა, ჩაიცვა, დერეფანში სკამზე ჩამოჯდა და დაელოდა. დაელოდა, რომ გული საგულეს ჩასდგომოდა და აზრებიც მოეკრიბა, მოეფიქრებინა, სად შეიძლებოდა წასულიყო. თეირანში დაბრუნდება, დასთან. ყველაფერს ასე აჯობებს... ისევ დოქტორ იუნეს ხანის უაზრო თავის შექცევა? არა, შეუძლებელია... დეიდაშვილთან წავა. გაახსენდა, რომ დეიდაშვილი, ორი თვეა, გარდაიცვალა. ისევ ატირდა. ბიძაშვილთან წავა, ძმისშვილებთან (ძმისშვილები ამერიკაში იყვნენ). სიკვდილში წავა, ჯანდაბაში, იმათხოვრებს, მოსამსახურედ დადგება. ბოლოს და ბოლოს, თავის ქვეყანაში იქნება. სულაც, მიწაზე მიდებს თავს და მოკვდება. აქ ვეღარ დარჩება, შეუძლებელია. საბედნიეროდ, მაჰინ ბანუს ქალიშვილმა მანიჟემ (რომელსაც ევროპაში მაგიდ იხსენიებდნენ) ლონდონიდან დარეკა და მოითხოვა, რომ დედამისი დღესვე, ამ წუთასვე ჩაესვათ თვითმფრინავში და მასთან გაეშვათ. მაშინვე, რა თქმა უნდა, არ მოხერხდა. ერთ კვირაში კი მაჰინ ბანუ აეროპორტში წაიყვანეს. მაჰინ ბანუმ, გალიიდან გამოშვებული ჩიტივით, ახალი სიცოცხლე შეიძინა. თვითმფრინავი სახლივით იყო, თბილი და საიმედო. თავისი სკამი ჰქონდა, საკუთარი სკამი. ეს ადგილი მას ეკუთვნოდა და ვერავინ წაართმევდა. მიწაზეც რომ მიეცათ მისთვის ერთი სკამი, ერთი მტკაველი ადგილი, მისი რომ იქნებოდა, იკმარებდა. უგემურად ისაუზმა და ნენე ხანუმი გაახსენდა, ლანგრით რომ მოართმევდა ხოლმე ვახშამს (ეს ის დრო იყო, როცა რაღაცას წარმოადგენდა და სხვასთანაც მიდიოდა და მასთანაც მოდიოდნენ). როგორ ეტკინა გული და რამდენი იტირა, როცა გაიგო, რომ ნენე ხანუმის შვილიშვილი ომში დაიღუპა, შვილი კი ფსიქიატრიულში წაიყვანეს. ეს რომ არ მომხდარიყო, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. მასუდ დ. აპირებდა, რომ დედისთვის პატარა ბინა ექირავებინა და იგი ნენე ხანუმისთვის ჩაებარებინა. ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო, მისთვისაც და დედამისისთვისაც, მაგრამ ვინ იცის, რა მოგელის? ნენე ხანუმის შვილიშვილს ჭურვი მოხვდა თავში და წამში მოუღო ბოლო. საბზევარიდან რამდენიმე კაცი ჩამოვიდა. მეორედ მოსვლა იყო. კომიტეტიდან იყვნენ; შაჰიდთა ორგანიზაციიდან; მისალოცად და სამძიმარზე. ნენე ხანუმი სოფელში წაიყვანეს, ოთახი გამოუყვეს და პენსია დაუნიშნეს. გადაწყდა, რომ იქ იცხოვრებდა. ეს ყველაფერი იქამდე მოხდა, სანამ მაჰინ ბანუ დასთან გადავიდოდა საცხოვრებლად. მაგიმ (ყოფილმა მანიჟემ) დედა ჩაიხუტა და ისეთი სიყვარულით ჩაიკრა გულში, რომ მაჰინ ბანუმ ტკივილით და სიხარულით შეჰკივლა. სიძემაც აკოცა და ხელი ღონივრად ჩამოართვა. დევიდ ოუქლი კარგი კაცი იყო, ებრაული სისხლი ჰქონდა და ამიტომაც იყო თბილი ადამიანი. მაჰინ ბანუ სულაც არ იყო კმაყოფილი, ქალიშვილი რომ ინგლისელ ებრაელს გაჰყვა ცოლად, უნდოდა, ირანელი, მუსლიმი სიძე ჰყოლოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. შვილების საქმეში არ ერეოდა. თუმცა გული დამძიმებული ჰქონდა და მხოლოდ მაშინ ჩამოეხსნა სიმძიმე, როცა დევიდ ოუქლის ჯანსაღი სახე და გულღია, ალალი თვალები დაინახა. ხელი მის მამაკაცურ ხელში ჩამალა, გაიცინა და კვლავ შენიშნა, როგორ გამხდარა და დალეულა. სიძეს წელამდეც ვერ სწვდებოდა, წიწილას ჰგავდა, ორმოცი კილო თუ იქნებოდა. იქნებ, ნაკლებიც. ფუტურო ძვლებით, ასანთის ღერებივით ფეხებით. წვიმდა. ციოდა. დევიდ ოუქლი მანქანით იყო. ჩემოდნები საბარგულში ჩადო და ხელი მხიარულად დაჰკრა მაჰინ ბანუს სუსტ მხრებზე. მაგი გვერდით მიუჯდა დედას და თავით მიეყრდნო. ყურში ჩასჩურჩულა, რომ მეტად აღარსად გაუშვებდა მას, არც პარიზში და არც თეირანში. ასეთმა სიყვარულმა და სითბომ მაჰინ ბანუს გული აუჩუყა, თვალები დახუჭა და ისე დაეძინა, სიზმარიც არ უნახავს. მაგი და დევიდ ოუქლების ბინა მეოთხე სართულზე იყო, ლიფტი არ ჰქონდათ. მაჰინ ბანუს, დაღლილს და ძილმორეულს, თაბრუ ეხვეოდა. დევიდ ოუქლიმ ჩალის ღერივით მსუბუქად აიტაცა სიდედრი ხელში. მაჰინ ბანუმ შეჰკივლა, წელში გასწორდა და გაქვავდა, მაგიმ გაიცინა. დევიდ ოუქლიც კარგ გუნებაზე იყო, სიდედრი ხის თოჯინასავით ამოიდო იღლიაში და კიბეებს შეუყვა. მაჰინ ბანუს წამწამი არ შეტოკებია, არ იცოდა, ეცინა, ეყვირა თუ ეტირა. აქამდე თავს მსგავსი არაფერი გადახდენია. არავითარი რეაქცია, დადებითი თუ უარყოფითი, ამ შემთხვევისთვის მზად არ ჰქონდა. ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ თვითონ არ იყო, რაღაც საგნად ქცეულიყო, ცოცხად ან სკამად, რომელიც ბაზრიდან მოაქვთ. „ცოცხად ყოფნა“ ახალი მდგომარეობა იყო მისთვის. მაგის ბინა უფრო პატარა იყო, ვიდრე მისი ძმისა. მხოლოდ ერთი საძინებელი ოთახი ჰქონდათ. ბავშვები არ ჰყავდათ, ჰყავდათ ძაღლი, დიდი და ბანჯგვლიანი, მაჰინ ბანუს სიმაღლის. დევიდ ოუქლი რაციონალური და მიზანდასახული კაცი იყო და საქმეც ანგარიშიანი და მოწესრიგებული იცოდა. ემოციებს არ აჰყვებოდა, გონებით ცხოვრობდა. ზედმეტი ცერემონიები არ უყვარდა, გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუ სასტუმრო ოთახში, დივანზე დაიძინებდა, როცა ცოლ-ქმარს სტუმრები მოუვიდოდნენ, მათ ოთახში წამოწვებოდა. ძილ-ღვიძილში იქნებოდა. არც ეს იყო უპრობლემო გამოსავალი, მაგრამ რას იზამდნენ. მაჰინ ბანუს არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო, მას არასოდეს არაფერი არ ჰქონდა საწინააღმდეგო. რომ ჰქონოდა კიდეც, იცოდა, რომ არ იყო ამის დრო. ეს კი ყველას უადვილებდა ცხოვრებას. დევიდ ოუქლი მასწავლებელი იყო. ეკონომიკას ასწავლიდა და ოჯახის მთელ ხარჯებს დიდი დაკვირვებით ანგარიშობდა. საბედნიეროდ, მაჰინ ბანუ წიწილაზე დიდი არ იყო და იმასაც ცდილობდა, რომ წიწილაზე მეტი არ ეჭამა. მაგი უნივერსიტეტში დადიოდა, საბუღალტრო საქმეს სწავლობდა. ცოლიც და ქმარიც დილას მიდიოდნენ და საღამოს ბრუნდებოდნენ, ისეთი დაღლილები, რომ ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდათ. თუ ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ცხოვრების სიძვირეზე. მაჰინ ბანუს ფული არ ჰქონდა. პირველივე დღეს თავისი ოქროს სამაჯური და ლალისთვლიანი საყურეები დიდი ხვეწნა-მუდარით მისცა ქალიშვილს გასაყიდად, მაგრამ მაგიმ უარი უთხრა, გამორიცხულიაო. მისმა ქმარმა, რა უშავსო?! მაგი ატირდა. არაო, თქვა, მაგრამ მერე დათანხმდა. რა თქმა უნდა, უგულოდ და ქმრის ჩარევით. მაჰინ ბანუს საკუთარ თავთან ლაპარაკი დასჩემდა. სიძის ენა არ იცოდა, მაგი კი იძულებული იყო, ქმართან ინგლისურად ელაპარაკა, ან სულ არ ელაპარაკა. უხმოდ ვახშმობდნენ. მაგი მეცადინეობდა და დევიდ ოუქლი გაზეთს კითხულობდა, პირველი გვერდიდან ბოლო გვერდამდე. შემდეგ სამივენი ტელევიზორს მიუსხდებოდნენ ხოლმე. სამეცნიერო ან კულტურული პროგრამა, საუბრები და დიალოგები... მაჰინ ბანუ უაზროდ იჯდა, ტელევიზორს მიშტერებული, ვერც ვერაფერს ხედავდა, არც არაფერი ესმოდა. მოგონებებში იძირებოდა, სხვა დროში და სხვა ადგილას გადადიოდა. დღისითაც მარტო იყო, სახლს ალაგებდა. ფანჯარაზე დადგმულ ორიოდე ქოთნის ყვავილს უვლიდა და საათობით გასცქეროდა გადაუღებელ წვიმასა და მოქუფრულ ცას. დევიდ ოუქლის ძაღლისაც ეშინოდა და შვილის მოსვლამდე უფრო ხშირად საძინებელ ოთახში რჩებოდა. თუ ამინდი საშუალებას იძლეოდა, დროდადრო სასეირნოდ გადიოდა, მოპირდაპირე პარკში ჩამოჯდებოდა და კანკალებდა ხოლმე. მკაცრი ზამთარი იყო, კიდეც გაცივდა. ჯერ ყელი ასტკივდა და მერე მკერდი გაუკავდა. როგორ ახველებდა! თითქოს მთელი შიგთავსი ამოვარდნას ლამობდა. ყველაზე უარესი ის იყო, რომ ხველის ხმა კედელს მიღმა მეზობელს უფრთხობდა ძილს და ისიც კედელზე მუშტს უბრახუნებდა. მაჰინ ბანუ ბალიშს თავზე იდებდა, ზეწრის კუთხეს პირში იტენიდა, სუნთქვას იკავებდა. გაზაფხულმა ყველაფერი შეცვალა. მზის ორიოდე სხივმა გამოანათა ღრუბლებიდან და გულებიც გაახალისა. დევიდ ოუქლიმ სამდღიანი შვებულება აიღო და ცოლი და სიდედრი სასეირნოდ წაიყვანა. შესანიშნავი დრო გაატარეს. მაგიმ დედას აბები და მიქსტურა უყიდა მოსამაგრებლად, მაჰინ ბანუმ ორი კილო მოიმატა და გულში ღმერთს მადლობა შესწირა. მადლობაც არ დაემთავრებინა, რომ ბედმა კვლავ უმუხთლა. ზაფხული იწყებოდა. დევიდ ოუქლი ორი თვით მამიდასთან მიდიოდა, მთაში. მაჰინ ბანუს წაყვანა არ შეიძლებოდა. ამ ორი თვით ბინის გაქირავებას აპირებდნენ, რომ ცოტა ოჯახის ბიუჯეტს შეშველებოდა. ეს გასაგებიც იყო. მით უფრო, რომ სიდედრის ხარჯებიც დამატებოდათ. ამას კი ანაზღაურება სჭირდებოდა. გადაწყდა, მაჰინ ბანუ პარიზში გაეგზავნათ მასუდ დ. -სთან. ეს გადაწყვეტილება სასწრაფოდ მიიღეს, მასუდ დ. -სთან შეუთანხმებლად. ჩასვეს თვითმფრინავში მაჰინ ბანუ და ვაჟიშვილს შეატყობინეს, რომ დედა უკვე გზაშია. ცუდი დრო იყო. მასუდ დ. თუმცა მოხარული იქნებოდა, დედა ენახა, მაგრამ ამ პერიოდში არ შეეძლო მისი შენახვა. სხვა დროს მისი თავი ენაცვალოს, ახლა არ შეუძლია. უნდა გაუგონ. ზაფხულია და ყველა საფრანგეთის სამხრეთშია წასული. სასტუმროს და კერძო სახლის ფული არა აქვთ და ზღვის პირას კარავს დგამენ. წყლის ნაპირას, უდაბნოში იძინებენ. არა, უდაბნოში კი არა, ტყეში, ან მინდვრად, რა მნიშვნელობა აქვს? მაჰინ ბანუს წაყვანა გამორიცხულია. და-ძმა შელაპარაკდა. დევიდ ოუქლის რამდენიმე სხვა გამოსავალიც ეგულებოდა. ითათბირეს და გადაწყდა, რომ მაჰინ ბანუ კვლავ ლონდონში დაებრუნებინათ და მისი ცხოვრება იქვე აეწყოთ. თუმცა ცდილობდნენ, რომ ეს საუბრები მაჰინ ბანუს ყურისთვის აერიდებინათ, მას მაინც ესმოდა და ერჩია მიწა გახეთქოდა და თან ჩაეტანა. ხედავდა, ნივთივით გადადიოდა ხელიდან ხელში. რეტდასხმული იყო. ფირუზე ხანუმი მაგის ახლო მეგობარი იყო. პატარა სამრეცხაო ჰქონდა, ამით ირჩენდა თავს. დახმარებისათვის მას მიმართეს. იგი ლამაზი და ხუმარა ქალი იყო. თქვა, რომ მისი ოთახი ძალიან პატარაა, სტუმარს ვერ დაიტევს, მაგრამ სამრეცხაოს უკან ცარიელი საკუჭნაოა. უფანჯროა, მაგრამ თბილია და მყუდრო. დევიდ ოუქლი დათანხმდა. მაგი უკმაყოფილო იყო, მაგრამ რა გზა ჰქონდა, აღარაფერი უთქვამს. მაჰინ ბანუც თანახმა იყო, ერთი სული ჰქონდა, ეს საქმე მალე დამთავრებულიყო. სამრეცხაოს უკანა ოთახი ნესტიანი იყო და ბნელი. მაჰინ ჰანუმ მთელი ღამე ტირილში გაატარა, ღმერთს ევედრებოდა, ეშველა მისთვის და მოეკლა. თავისთავს ეკითხებოდა, რა ძალას მიეჯაჭვა სიცოცხლეზე ასე ძლიერად? იგრძნო, რომ ეს ძალა შვილების სიყვარულია. ღმერთს შესთხოვდა, ამ სიყვარულისაგან გაეთავისუფლებინა იგი. ფირუზე ხანუმი კეკლუცი ქალი იყო. ბარე ათ კაცს აუვიდოდა. თეირანში ქმარიც ჰყავდა, ერთი თრიაქით გაბრუებული, მარადი სევდით მოცული კაცი. წელიწადში ერთხელ, ცოლის კმაყოფაზე, ევროპაში ჩამოდიოდა, წუწუნებდა, ჩიოდა ქვეყნისას და დროისას. ერთი უღიმღამო, საპყარი რამ იყო. ადრე კი თავი კაცი ეგონა, ნასწავლი, წიგნიერი. პირველივე დარტყმამ წააქცია, დააბნია და გაანადგურა. ფირუზე ხანუმი ძუ ლომი იყო, ვერ იტანდა ზედმეტ წუწუნს და ცრემლებს. შვილები ინგლისის გზას გაუყენა, თვითონაც ფეხზე დადგა, საქმე წამოიწყო. გულისხმიერიც იყო და, იმ ადამიანებს, ვინც იმსახურებდა, ძალიან ეხმარებოდა. როგორც კი თვალი მოჰკრა მაჰინ ბანუს საყვარელ სახეს, მის ნაღვლიან თვალებს, მაშინვე შეუყვარდა. საყიდლებზე ეგზავნებოდა, უვლიდა, სამრეცხაოში შემოჰყავდა, იქ დასვამდა, სპარსულ გაზეთებსა და წიგნებს მოუტანდა ხოლმე და ართობდა. მაჰინ ბანუს ძმა, ქარიმ ხანი, კანადაში ცხოვრობდა. სახლიც ჰქონდა, ფულიც და ბაღიც – ფრინველებითა და კურდღლებით. ერთი ნაცნობისგან შეიტყო დის აწეწილი ყოფის შესახებ (ამბავი გაბერეს, გაბუქეს) და ყვირილით ცა შეძრა. ისე აღაშფოთა ამ ამბავმა, დისშვილებს მაშინვე წერილი მისწერა, ლანძღავდა და ათახსირებდა (იქნებ, მეტიც მოუვიდა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა). უბრძანა, მისი დის საქმეები მოეგვარებინათ. კანადის საელჩოში ნაცნობი ჰყავდა. მისი მეშვეობით მაჰინ ბანუს ვიზა უშოვა, თვითმფრინავის ბილეთი გაუგზავნა და, სანამ მაგი და მასუდ დ. გონს მოვიდოდნენ, დაურეკა კიდეც და ორივე გამოლანძღა. ოჯახის უფროსი იყო და არავინ შეჰკამათებია. ზამთრის პირი იყო, მაჰინ ბანუ რომ კანადაში წავიდა. უხაროდა, კვლავ ცასა და მიწას შორის იყო. თანაც, უფრო გრძელ გზაზე. როგორ ნეტარებდა! იჯდა ფანჯარასთან და თვალი მოელვარე სხივებისათვის მიეშტერებინა. რბილი და თბილი ადგილი ჰქონდა. მეტი რა უნდოდა?! სხვათათვის აკრძალული პატარა კუთხე. მზე ფანჯრის მინებს ეკვროდა. წამით ჩათვლემდა, თავი მკერდზე უვარდებოდა, მყისვე იღვიძებდა. თვალები მიელულა. მზერით ჰორიზონტს სწვდებოდა, უკიდეგანო სივრცეს, რომელსაც ბოლო არ ჰქონდა. ფეხქვეშ თეთრი ღრუბლების მინდორი ეგო – ანგელოზთა სიზმარივით ნათელი, მსუბუქი და შეურყვნელი. ვიღაცამ ყურში უთხრა რაღაც, სკამის მეზობელი იყო, ვერ გაიგონა. საჭმელი არ ინდომა და პირი იბრუნა. სახე შუშას მიადო, თვალებით მზის სხივი შეისრუტა. იგრძნო, მის ფიქრებში ათასი წვრილი ვარსკვლავი აკიაფდა, სულში სინათლე ჩაეღვარა. ცა ერთიანად ლურჯი იყო. არც ღრუბლის ფთიალა, არც ერთი ბეწო ხორკლი თუ ხინჯი, კიდით კიდემდე ლაჟვარდი ჩქეფდა. მაჰინ ბანუ თავის თავს ხედავს. თორმეტი წლისაა და დემავენდის ბაღში თამაშობს. თოვს. თითის წვერები გაუშეშდა ფიფქებთან თამაშში. თავაწეული შესცქერის ფანტელების ცვენას, ნაცრისფერ სივრცეს, და ეჩვენება, რომ მიწას სწყდება, ზევით მიფრინავს, ცისკენ... ძალიან უყვარდა ეს თამაში. დაბერდა და მაინც არ დაავიწყდა. ფანჯარას მიუჯდებოდა ხოლმე. ნენე ხანუმი ჩაის და შაქარყინულს მიუტანდა. ორივენი მონუსხულები მიშტერებოდნენ თეთრ საბურველში გახვეულ ქუჩას და თანდათან ძილი ერეოდათ. შუაღამისას ეღვიძებოდა. იცოდა, თოვდა და ყურს მიუგდებდა ხოლმე. ქალაქს ეძინა. თითქოს გაქვავებულიყო თეთრ სუდარაში. ასე ნივთებს სძინავთ ხოლმე თეთრი ზეწრის ქვეშ ადამიანებისგან მიტოვებულ სახლში. ჩქამი არ ისმოდა. იყო მხოლოდ ყოვლისმომცველი სიჩუმე, აღსავსე ღვთიური მდუმარებით. სიცხიანი იყო მაჰინ ბანუ და ოფლად იღვრებოდა, მაგრამ მთელი გზა სიამით ეკვროდა ფანჯარას. იმდენად იყო დაბანგულ-მონუსხული გარე სამყაროთი, რომ არც ახსოვდა, ვინ იყო, ან სად იყო. თვლემდა, სიზმრებს ხედავდა, იღვიძებდა, გარეთ იყურებოდა, მოგონებებში მიდიოდა და ისევ ეყვინთებოდა. ტრიალებდა. თოვლში იყო, ზეცაში ციგურებით დასრიალებდა, ქანაობდა. სხვადასხვა დროში და სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა. მრავალი მაჰინ ბანუ – მოხუცი, ბავშვი თუ ახალგაზრდა, ამ ცხოვრებაშიც და სადღაც სხვა დროშიც, ხან სივრცეში იფანტებოდა, ხანაც მწკრივში ჩამდგარი ჩაუვლიდა თვალწინ. უსაზღვროებად ქცეული, იგი მარადისობას უერთდებოდა. პირველად ხდებოდა, რომ შვილებზე და ამქვეყნიურ ადამიანებზე არ ფიქრობდა. თავისი დიდი თავრიზული ხალიჩა და ქიშმირის შალი, სახლი ფეჰლევის გამზირზე არ ახსენდებოდა. ღრუბლებს ზემოთ დააბიჯებდა, უსაზღვროება ნელ-ნელა შემოდიოდა მასში და სულში ილექებოდა. თითქოს შემოდგომის საამო სითბო, ნოტიო და მომთენთავი, მის გარშემო აბრეშუმის ძაფებით ქსოვდა საჩრდილობელს. სამყაროს წიაღში იყო, საიმედოდ შეფარებული. ქარიმ ხანი მოუთმენლად ელოდა დის ჩამოსვლას, გადაწყვეტილი ჰქონდა, თავისთან ჰყოლოდა. დისშვილების ნაცვლად რცხვენოდა. მაჰინ ბანუ რომ დაინახა, ატირდა, ისედაც დარდობდა, ყველა და ყველაფერი ენატრებოდა. გამუდმებით სამშობლოზე ფიქრობდა და იტანჯებოდა. მოხუცი, მოტეხილი, უმწეო დის დანახვამ იარები გაუხსნა. „ეშმაკმა დასწყევლოს ემიგრაცია“, – ჩაილაპარაკა და მოულოდნელად დაბრუნება გადაწყვიტა. ბაღიც ჰქონდა და სახლიც. დაბრუნდებოდა და მაჰინ ბანუსთან ერთად იცხოვრებდა. ახლობლები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ, ასაკითაც, თითქმის, ტოლები იყვნენ. მაჰინ ბანუ რომ დაინახა, შეეშინდა. როგორი გამხდარი, გაცრეცილი და განადგურებული იყო. იყურებოდა, მაგრამ ვერ ხედავდა. გონზე არ იყო თითქოს. ხელი რომ მოჰკიდა, შეკრთა: გავარვარებული ძვლების კონა შერჩა. ელაპარაკებოდა – არ ესმოდა, უაზროდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ პასუხობდა. ქარიმ ხანს სახე შეეცვალა, შეშფოთდა. და ჩაიხუტა და დაკოცნა. საკუთარი სიბერე დაინახა, გული შეეკუმშა. სახლში რომ მივიდნენ, მაჰინ ბანუ დიდ საწოლზე დააწვინა და ექიმი გამოიძახა. დისშვილებს დაურეკა და დედის ამბავი შეატყობინა. აუხსნა, დაიღალა, უძილოა და წნევა აქვს, სერიოზული არაფერიაო. დის მკურნალობას შეუდგა. აღტაცებული იყო, ფორიაქობდა. იმდენი რამ ჰქონდა სათქმელი და არ იცოდა, საიდან დაეწყო. იგონებდა წარსულს, ბავშვობის ხანას, ელაპარაკებოდა გუშინდელ ამბებზე, თავის თავზე, სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობაზე. იცინოდა. უხაროდა. არც კი სჯეროდა, რომ დაბრუნება გადაწყვიტა. ამ უეცარ სიხარულს დას უნდა უმადლოდეს. თვითონაც ვერ გაეგო, როგორ მოუვიდა აზრად ეს ფიქრი. იქნებ, დის მარტოსულმა და უძრავმა სახემ უბიძგა. უყურებდა მაჰინ ბანუს გაშტერებულ თვალებს, რომლებშიც აზრის ნაპერწკალიც არ კრთოდა და ეშინოდა. მასში ხედავდა ემიგრაციის სიმძიმეს და ძრწოლა იპყრობდა. ახლაღა გააცნობიერა, რა მარტოა... ფეხქვეშ მიწა ერყევა, მისი ცხოვრება დროებითია და წარმავალი. თავი ცივ და პირქუშ ბაქანზე მდგომ მიტოვებულ მგზავრად იგრძნო. მაჰინ ბანუს ხელი აიღო და აკოცა. უთხრა, რომ დამთავრდა წანწალი და უსახლკარობა, როგორც კი მორჩება, დაბრუნდებიან. მაჰინ ბანუმ თვალები დახუჭა. კვლავ თვითმფრინავის ფანჯარასთან იჯდა. ლურჯი სივრცე ეძახდა. დაიძინა და სიზმარიც ზეციური ნახა – ზღვასავით ლურჯ ცაში სინათლის ნაკადულები ჩქეფდა. არ იცოდა, რამდენი ეძინა. სწყუროდა. წამოდგა. მუხლები უკანკალებდა. ქარიმ ხანი წასულიყო. მიიხედ-მოიხედა. ვერ გაიხსენა, სად იყო. ფარდის არშიებში მზის სხივები ატანდა. ნაბიჯი წინ წადგა და სკამის საზურგეს ჩაეჭიდა. სული მოითქვა. ორი ნაბიჯი გადადგა. მოეჩვენა, რომ ამოგლეჯილი მთაა. ოფლი ღვარად ჩამოსდიოდა. მოცახცახე ხელებით ფარდა გადასწია. თოვდა. ყური მიუგდო. ისევ ის, ძველი, მომნუსხავი მდუმარება... ნენე ხანუმმა ჩაი და შაქარყინული მოუტანა, კარებში დადგა და ატირდა, შვილიშვილი დაეღუპა, საბზევარში მიდიოდა. უთხრა: „მოიცადე, ნენე ხანუმ, გზის ფულს მოგცემ“. ხელი წაავლო კარის სახელურს... … დაღლა იგრძნო. დაჯდომა მოუნდა. ადგილის ძებნა დაიწყო. სტიუარდესამ მის ბილეთს დახედა. სახე სიცივემ აუწვა, გააჟრჟოლა. თოვდა. ლამბაქივით დიდი, მძიმე ფანტელები ცვიოდა. ისევ წინ წავიდა. ფეხი დაუსხლტა. ცივი თვითმფრინავი იყო. ადგილსაც ვერ აგნებდა. ისევ წინ წაიწია. თეთრი შარაგზა ედო წინ. თოვლი თვალებში ეყრებოდა. დემავენდის მთა, მაღალი, მძლავრი და შთამბეჭდავი, შორიდან შემოსცქეროდა. დემავენდი მამამისს ჰგავდა დიდებულებით. ასეთი იყო მამა, როცა ნამაზს იწყებდა და ქარი აბას უფრიალებდა. თითქოს თავი ზეცამდე აეზიდა, ფეხებს კი მიწაში გაედგა ფესვი. რა ბედნიერი ხანა იყო, როცა ამ ცად აწვდილი, გასაოცრად ბუმბერაზი მთის სიახლოვეს გრძნობდა, როცა ეს კაცი, შუადღის ლოცვისას აივნის ორ მარმარილოს სვეტს შორის ჩამდგარი, ჩრდილით უსაზღვროებას ერთვოდა. რა ნეტარება იყო, როცა მისი აბას ქვეშ შეიყუჟებოდა, ან მხრებზე მოახტებოდა. ეს ხომ ქვეყნიერების უმაღლესი მწვერვალი იყო. შორს რჩებოდა მიწა, პატარა თიხის სახლები და ადამიანები – ჭიანჭველები, პაწაწინები და სასაცილონი. თვითმფრინავის ფანჯრიდანაც იმავეს ხედავდა და ეგონა, ისევ მამამისის მხრებზე იჯდა. აქ ვერავინ მისწვდებოდა: ვერც დედა თავისი შენიშვნებით, ვერც მათემატიკის ანჩხლი მასწავლებელი დაუსრულებელი გამრავლება-გაყოფით; ვერც ქუჩაში მდგარი პოლიციელი აუწევდა ყურს, ვერც ქმარი შეუზღუდავდა თავისუფლებას, ვერც შვილები ჩამოეკიდებოდნენ და გამოსწოვდნენ სისხლს მადიანად. ვერც სხვა ვერავინ მოახვევდა თავს ზნეობრივ ნორმებსა თუ დამკვიდრებულ ფილოსოფიას, გამოუტენიდა თავს სიტყვების დამთრგუნველი ზომა-რიტმებით, მოკლე სახაზავით ვერ აუზომავდა თვალთახედვის არეს და აზროვნების წესს. ვიღაც ეძახდა. ალბათ, დემავენდის მთიდან. გაიქცა, წრე დაარტყა, მარცხნივ შეუხვია, ყველგან თოვლი იდო. დასცხა, ალმური ასდიოდა. პალტო გაიხადა, პერანგი გაიღეღა, სახე ცას მიუშვირა. ბავშვობისდროინდელი თამაში გაიხსენა და გაიცინა. ფანტელები პირში ჩაუცვივდა, ეგემრიელა. უყურა, უყურა ცას, გაშტერებით უმზერდა. თვალს არ ახამხამებდა. ნელა მოსწყდა მიწას, თოვლის ფიფქები აღარ იძვროდნენ, თავაწვდილი მიიწევდა მაღლა; უკვე ზეცაში იყო, ღრუბლებს ზემოთ, დემავენდს ხედავდა. მის წვერზე დიდი სავარძელი იდგა, კაკლის ხის, წითელ ხავერდგადაკრული. სწორედ ის, მამამისს რომ ედგა კაბინეტში. სტიუარდესამ ადგილი უჩვენა. მისი საკუთარი ადგილი. ბავშვისოდენა იყო, დიდ სკამში ჩაიკარგა. მამამისის აბაში გაეხვია და ფანჯრის მინას მიეკრო. ცა ერთიანად ლურჯი იყო, სინათლის ნაკადივით გამჭვირვალე. სივრცე შემოსცქეროდა, უხვი, მოწყალე და უნაპირო. ყური მიუგდო. ჩქამი არ ისმოდა. იყო მხოლოდ ფანტელთა ცვენა და სიკვდილის საამო მდუმარება. მასუდ დ. -მ მთელი დანაშაული დას დააკისრა, ის მიაჩნდა დამნაშავედ, მისი და ბიძია ქარიმს უჩიოდა. დევიდ ოუქლი ამბობდა, რომ ამგვარი რამ ხშირად ხდება. რამდენადაც უნივერსიტეტში ასწავლიდა, მიზეზ-შედეგობრიობაზეც ბევრი ილაპარაკა და ეკონომიკური და ისტორიული ცნებებიც მოიშველია. ფირუზე ხანუმს გული ეტკინა, მერე კი მიავიწყდა. სხვებიც ეცადნენ, მაჰინ ბანუ არ დაევიწყებინათ, მაგრამ დაივიწყეს. განა შეიძლებოდა, ამდენ უბედურებაში, ტანჯვა-წამებაში, ომსა და ემიგრაციაში ხსოვნის უნარი შერჩენოდათ? მაჰინ ბანუ მათ მშვენივრად გაუგებდა. ღვთის მადლით, გამგები ქალი იყო. შემირანის ავტობუსი      სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსი ჩვენს მისვლამდე იძვრის ადგილიდან და გვშორდება. ჩემი პატარა გოგონა ცოტა ხანს მისდევს და მოსახვევთან იმედგაცრუებული ჩერდება… სხვა ავტობუსს ველოდებით. თოვა იწყება და ჰაერში ბრჭყვიალა მტვერი ტრიალებს. ქალაქის ჩვეულ ხმაურს საამო სიჩუმე ცვლის, ყველაფერი თეთრია და მშვიდი. ამ რამდენიმე წლის მანძილზე, რაც პარიზში ვცხოვრობთ, პირველად თოვს ასე ხვავიანად. ყურში ბებიაჩემის ხმა ჩამესმის: „ანგელოზები სახლს ალაგებენ, ღრუბლებს მტვერს აცლიან და ხალიჩებს ბერტყავენ“. თეირანული მზიანი ზამთრები მახსენდება – ელბურსის მაღალი მწვერვალი ნათელი და კრიალა ცის ქვეშ; თოვლის გამწმენდი მანქანების რახრახი სახლების ბანზე; ოფის ხეები ბაღის სიღრმეში, ჭაღარა ტანმაღალ დედაბრებს რომ ემსგავსებოდნენ. ბავშვობაში, თოვას რომ დაიწყებდა, თითქოს უსასრულოდ თოვდა, ბოლო არ უჩანდა. შაბათი, კვირა, ორშაბათი, დღეებს ვითვლიდი. ათი სანტიმეტრი, ოცი სანტიმეტრი, ნახევარი მეტრი. სკოლა ერთი კვირით იკეტებოდა. ო, რა ბედნიერება იყო! წარმოუდგენელი ბედნიერება! მთელი ერთი კვირა დილაობით ლოგინში გორაობა! მთელი ერთი კვირა თამაში ათას ერთ ბიძაშვილთან და დეიდაშვილთან ერთად. მთელი ერთი კვირა არც ზედამხედველის შიში, არც მათემატიკის ანჩხლ მასწავლებელთან შეხვედრა, არც სჯულისკანონი, არც სავარჯიშოების წერა, მთელი ერთი კვირა გრძელი, უშინაარსო ლექსების და კალიგრაფიის გაკვეთილების გარეშე; სკოლისა და სწავლის გარეშე; თავისუფლებისა და დროსტარების შვიდი დღე! რა სიხარული იყო, თუ სტუმრები გვყავდა, თოვლი კი გზებს ჩაკეტავდა. ყველანი ჩვენთან რჩებოდნენ ორი-სამი დღით. აი, ვინ იყო ჩვენი მუდმივი სტუმარი: ჩემი სიფრიფანა, კეთილი ბებია, სულ რომ ლოცულობდა და ღმერთს ჩვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ბედნიერებას ევედრებოდა; ბიბიჯანი – დედაჩემის მოხუცი დეიდა, ყურში რომ არ ესმოდა და სხვა შეგრძნებებიც მოსჩლუნგებოდა, მე რომ ჩემს ძმაში ვეშლებოდი, ჩემი ძმა – ბიძაშვილში; ბიძაშვილი რომ მეზობელი ეგონა, მეზობელი კი – მე. ჩემი ალერსიანი დეიდა აზარი თავისი ონავარი ბავშვებით, რომლებიც პირდაპირ დერეფანში თამაშობდნენ გრძელ ვირს, გულისწამღები წივილ-კივილით, მაიმუნებივით მარჯვედ დაცოცავდნენ კედლებზე თუ ხეებზე და მოაჯირებზე აღმა-დაღმა დასრიალებდნენ; ჩემი ბიძია აჰმადხანი, ამქვეყნად ყველაზე კეთილი კბილის ექიმი, ვერავის რომ ვერ იმეტებდა კბილის ამოსაღებად. თუკი რომელიმე ჩვენგანი ატირდებოდა, მასაც მაშინვე თვალები მოუწყლიანდებოდა ხოლმე; უფროსი ბიძია, საარტილერიო ჯარების ოფიცერი, ცხენს რომ უფრთხოდა და თოფი და ზარბაზანი შიშის ზარს სცემდა. სამსახურის დაწყებისთანავე გაიხადა ოფიცრის ფორმა და მის ნაცვლად ქალის წინსაფარი აიფარა. უგემრიელეს მურაბებს ხარშავდა და შალის ჭრელ-ჭრელ სვიტერებს ქსოვდა. დაბოლოს, თუბა ხანუმი, მსუქანი და ზანტი, საოცარ და უცნაურ ამბებს რომ ყვებოდა, სულებსა და ჯინებს იცნობდა, ჯადოქრობა იცოდა და ფოკუსებს გვიჩვენებდა. ეს ადამიანები, ყველანი ჩვენთან რჩებოდნენ თოვლის დადნობამდე. ვგიჟდებოდი ხალხმრავალ ოთახებზე, ხალიჩაზე მიჯრით დალაგებულ ლოგინებზე, ხორაგით სავსე მაგიდებზე. რა არ ეწყო ხოლმე: შარბათის სურები, ბროწეულის მარცვლებით სავსე ჭიქები, ნაირ-ნაირი კანფეტები და გემრიელი ბაქლავა, დედა რომ აცხობდა. რა სიამოვნება იყო, ათასი თავბრუდამხვევი სუნი რომ დატრიალდებოდა ხოლმე სახლის დერეფნებში: აქ იყო ბებიაჩემის ყალიონის სურნელი, ბიბიჯანის ბალახების ნახარშის საამო ორთქლი, ცხელ ბრინჯზე მოყრილი ზაფრანის, ძირასა და დარიჩინის, ვარდის წყლის არომატი, მოხრაკული ხახვისა და გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე დაბრაწული მწვადის ოხშივარი. როგორ მიყვარდა გვერდით ოთახებში მყოფი უფროსების ჩურჩულსა და მოგუდულ სიცილში ჩაძინება… ვუსმენდი უმცროსი ბიძის თარის წყნარ ხმას, დეიდა აზარის ჩუმ ღიღინს, დედაჩემის ფოსტლების ტყაპატყუპს კიბეებზე და ძილს ვეძლეოდი. შუაღამისას მეღვიძებოდა. უფროსებს არ ეძინათ, სინათლე ენთო, სამზარეულოში ერთი ამბავი იყო, ქვაბები ჩხარუნებდა. ისევ ვიძინებდი. ჩემი სიზმრები ქაღალდის ფრანივით მსუბუქი და ლაღი იყო. თოვამ ამ საღამოს ისევე ამანთო და ამაფორიაქა, როგორც ბავშვობაში. ჩემი გოგონაც აგზნებულია. ადგილზე ტრიალებს, ცეკვავს, პატარა ხელებით თოვლს აგუნდავებს და ჰაერში ისვრის. ერთთავად ქუჩის შუაგულისკენ გარბის, მოუთმენლად ელის სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსს. მისი მოუსვენრობა ჩემს ბავშვობისდროინდელ შფოთვას მახსენებს, როცა ყოველ საღამოს, გაკვეთილების შემდეგ, ღელვით მივშტერებოდი ქუჩის მოსახვევს და ჩემი მეგობრის, აზიზ აყას, მოლოდინში წამებს ვითვლიდი… თავს ზევით ვწევ, პირს ვაღებ, რომ თოვლის ფანტელები ვიგრძნო ენაზე. რა გემრიელია, რა საოცარი სურნელი აქვს. თითქოს იასამნის ფურცლები ცვივა ზეციური ბაღებიდან… მეჩვენება, რომ მიწას ვწყდები, სივრცეში მივცურავ. მინის ბურთში ვზივარ და უხილავი სიო წარსულში მიმაქროლებს. …ათი წლის ვარ. სკოლის გზაჯვარედინთან შემირანის ავტობუსს ველოდები. ჩვენი ახალი სახლი ქვეყნის დასალიერში დგას, ბორცვებს იქით, შიშველ მიწაზე, გარშემო სულიერი არ ჭაჭანებს. ხანდახან, ღამღამობით, ტურები კივიან. დედას ეშინია, მზარეულსაც ეშინია, ჰასან აყას. ამიტომ ლოგინს პირდაპირ დერეფანში, მამას ოთახის კართან იშლის. მე მიყვარს უკაცრიელ ადგილას ჩადგმული ჩვენი სახლი. არ მეშინია არც წყალსაცავის, არც ბაყაყებით სავსე ჭაობის და არც ხეთა დაბურული ჩრდილების, ავსულებს რომ ჰგვანან. ბაღის სიღრმეში, ბზის ბუჩქებს უკან, ძველი ზეწრებისგან სახლი მოვიწყვე, ვერავინ მომაგნებს. საჭმელს აგურის ქვეშ ვინახავ. სუფთა წერის რვეულს, ნოლი რომელშიც მაქვს მიღებული, დედაჩემის შიშით მიწაში ვმარხავ. ოფის ხეები ჩემი მეგობრები არიან. ყველას თავისი სახელი აქვს, უფრო მაღლები ბიჭები არიან. სკოლიდან რომ ვბრუნდები, ჩანთას მოვისვრი და მათ სანახავად მივრბივარ. ყველაფერს ვუყვები, რაც მოხდა. ჩემს ნახატებსაც ვათვალიერებინებ და სპარსულის წიგნსაც ვუკითხავ ხმამაღლა. ზოგი ზარმაცია და ამთქნარებს, ზოგი უწესოა და არ მისმენს. ვინც კარგად იქცევა, ვკოცნი და ჩემს საღეჭ რეზინს ფოთლებზე ვაწებებ. იმათ კი, ვინც ჩემს ზურგს უკან ცუდს ლაპარაკობს, წავუთაქებ ხოლმე და ტოტებს თოკით ვუბამ ერთმანეთზე. ფირუზქუჰის სკოლამდე ავტობუსი ერთ საათზე მეტ დროს ანდომებს. ჩემი ძმა უფროსია და მარტოს უშვებენ. მე კი ვალდებული ვარ, ჰასან აყას ჩავჭიდო ხელი და მისი ნებართვის გარეშე ფეხი არ გადავდგა. ეს დედაჩემის განკარგულებაა. მაგრამ მე ისე ვიქცევი, როგორც მინდა. თუ ჰასან აყა კრინტს დაძრავს დედასთან, ტყავს გავაძრობ. რადგანაც ვიცი, რომ საკუჭნაოს ვითომდა დაკარგული გასაღები ჰასან აყას უდევს პიჯაკის სარჩულში. ვიცი, როცა დედა სახლში არ არის, ჰასან აყა პეშვებით იპარავს ლობიოს, ბრინჯის და ოსპის მარცვლებს და, ბაღის სიღრმეში რომ საპირფარეშოა, იმის უკან ინახავს, ყუთში. დასვენების დღეს კი ყველაფერი თან მიაქვს. ამიტომაა, რომ ჩვენ ერთმანეთს არ ვერჩით და ბარიბარში ვართ. ოთხ საათზე, როცა გაკვეთილები მთავრდება, ჰასან აყა მაკითხავს და გზაჯვარედინზე შემირანის ავტობუსს ველოდებით. დღეს თოვს, თეფშისოდენა ფიფქები ცვივა. ყველაფერი გადათეთრდა. ჰასან აყასი კონტურებიღა ჩანს კედლის ძირას. სახე ქათქათა ღრუბლის ფთილას მიუგავს. სწორედ ისეთს, ღამღამობით რომ ვხედავ ხოლმე ცაზე. ვიცი, ისინი ათასი წლის წინანდელი ადამიანები არიან. ზოგიერთს გვირგვინი ადგას, გრძელი წვერი აქვს და ცხენს მიაჭენებს. მთვარეზე, თუ კარგად დააკვირდები, პატარა ბავშვს დაინახავ, ხელები ფეხებისთვის შემოუხვევია, თავი დაუყრდნია და ტირის. ჩემი ბრიყვი ძმა, რამდენსაც არ ვცდილობ, დავანახვო, ვერ ხედავს. დედას სავსე მთვარის ეშინია და მთხოვს, რომ ცას არ ვუყურო. ხანდახან ცის სილურჯიდან გველეშაპი გამოცურდება ხოლმე და კვლავ მის სიღრმეში იძირება. ამას ჰასან აყას რომ ვეუბნები, ყვირის, თავზე ზეწარს იფარებს და ხმამაღლა ლოცულობს… შემირანის ავტობუსი არ ჩანს. მიხარია, შუა ქუჩაში დავსრიალებ. ხეებს ფეხს ვურტყამ, რომ თოვლი დამაცვივდეს თავზე. ჰასან აყას ჩემი ჩანთა და სადილის ქვაბი უჭირავს და კანკალებს. პირიდან ორთქლი ამოსდის. მამაჩემის ძველი ფეხსაცმელები აცვია. რამდენიმე ნომრით დიდი აქვს. ქუსლებთან ფეხსაცმელი ცარიელია და თოვლი ეყრება. ხელებიც პატარა აქვს და დედაჩემის ხელთათმანი წამოუცვამს. ცალ-ცალი ხელთათმანი, ერთი – ტყავის, უნაბისფერი, მერე კი – ნაქსოვი, შავი. მამა დღესასწაულებზე განკარგულებას იძლევა, რომ ყველას ახალი პიჯაკი, პერანგი, წინდა, საცვალი და ფეხსაცმელი უყიდონ. ჰასან აყა ახალ ტანსაცმელს არ იცვამს, ჩემოდანში ინახავს, რომ ზაფხულის მიწურულს, სოფელში რომ წავა, თან წაიღოს, ან ყველაფერს ყიდის და ფულს თავის ოთახში ინახავს, ღუმლის საკვამურში. მე ერთადერთი ვარ, ვინც იცის ეს ამბავი, მაგრამ ხელს არასდროს არ ვახლებ. გეფიცებით. შორიდან ავტობუსის ხმა ისმის. ჰასან აყა ადგილს სწყდება, მე სიხარულით და ფორიაქით შევცქერი თეთრ კაბინას, რწევით რომ მოიწევს ჩვენკენ. ჩემთვის ვამბობ: ფარს თუ აანთებს, ჩავჯდები, თუ არა და – შემდეგს დაველოდები. ჰასან აყა რომ გაიყინოს კიდეც, დედაჩემი მღელვარებით გაგიჟდეს და მე შიმშილით და დაღლილობით მოვკვდე, მაინც. ეს საიდუმლოა, რომელიც არავინ იცის, სრულიად არავინ. ჩემი და აზიზ აყას საიდუმლო, ჰასან აყამაც არაფერი იცის ამის შესახებ და ვერ გაუგია, ზოგჯერ რატომ არ ვჯდები შემირანის ავტობუსში (ფარს რომ არ ანთებს, ის ავტობუსი აზიზ აყასი არ არის) და რატომ გავრბივარ, რატომ არაფრად ვაგდებ მის ყვირილს და პროტესტს. რამდენჯერმე დამემუქრა, დედაშენს ვეტყვიო და მეც საკუჭნაოს გასაღები შევახსენე, სარჩულში რომ უდევს. ამიტომაც აღარ მერჩის, თავი დამანება. აზიზ აყასი ის ავტობუსია, შორიდან სამჯერ რომ აანთებს ფარს. ყოველ ღამე, ძილის წინ, დედამ რომ ლოცვა მასწავლა, იმის ნაცვლად სამჯერ ვიმეორებ: „აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ“. ეს პირობაა, რომელიც ჩვენ დავდეთ, საუკუნო პირობა. რა თქმა უნდა, უსიტყვო. მე ხომ ჩემს გოლიათ მეგობარს (რომელიც მამაჩემზე მაღალიც კია და რომლის შიშისმომგვრელ სახეს პოლიციელებიც კი უფრთხიან) ხმასაც ვერ ვცემ. ვერ ვბედავ! მოახლოებული ავტობუსის ფარები ინთება და ქრება, ინთება და ქრება და ჩემი გულიც ციბრუტივით ტრიალებს. ჩერდება. ავდივარ. ჰასან აყა წინ მისწრებს, აზიზ აყა მიყურებს და შეშუპებული, დაწითლებული თვალებით სალამზე მპასუხობს. გაპოხილი, ხუჭუჭი თმები აქვს. ჰასან აყა ამბობს, ექვსთვიანით აქვს დახვეულიო. შავი წარბები აქვს, ხშირი ულვაში კი მთელ პირს უფარავს. მე მის უკან ვჯდები. ჰასან აყა სიღრმისკენ მიდის, სადაც უფრო თბილა. დაჯდომას ვერ ასწრებს, ისე იძინებს. სულ რამდენიმე მგზავრია, ისინიც თვლემენ. სკოლიდან ჩემს სახლამდე მთელი მოგზაურობაა. მით უფრო ზამთარში, როცა თოვს. უჯაჭვო მანქანები სხლტიან, გზები იკეტება, ხანდახან აზიზ აყა დაღლილია, ამთქნარებს. პირიდან მძაფრი სუნი ამოსდის, უფრო მძაფრი, ვიდრე იოდის ხსნარს აქვს, დედა რომ მისვამს ხოლმე გადაყვლეფილ მუხლებზე. თავბრუ მეხვევა, მუცელი მიბუყბუყებს. სარკეში მიყურებს და მეჯღანება, ლოყებს ბერავს, ცხვირს ატრიალებს და თვალებს მარცხნივ ბრეცს, ხელებს პირზე ვიფარებ, მგზავრებმა რომ არ გაიგონონ ჩემი სიცილი. ჩემთვის ვბჟირდები. ჩემი მეგობარი დევს ჰგავს, პატარებს მისი ეშინიათ. ხელები და მკერდი მოსვირინგებული აქვს, ყურიდან კისრის ბოლომდე მსხვილი, იისფერი ზოლი გასდევს, თითქოს ვიღაცა თავის მოჭრას უპირებდა. დედა არასდროს არ მგზავრობს ავტობუსით. მძღოლი ჰყავს და საკუთარი მანქანა, მაგრამ იცის, რომ ამქვეყნად არსებობენ აზიზ აყას მსგავსი დევები და ჩემ გამო ღელავს. არ უნდა, რომ სკოლაში ავტობუსით ვიარო, მაგრამ ეს მამას სურვილია და მას ვერავინ გადავა. ჰასან აყას ფეხი მოურთხამს ავტობუსის სიღრმეში და ღრმად სძინავს. ჩატეხილი ფანჯრიდან სუსხი შემოდის და მგზავრებს თოშავს. აზიზ აყა ქურთუკს იხდის და ფეხებზე მახურავს. ქურთუკს მყრალი სუნი ასდის. მინდა, მგზავრებმა დამინახონ, ხელს ამაყად ვუსვამ გაქონილ საყელოს. ჩემს ხელს უცნაური სუნი მოჰყვება. ასეთი სუნი ჩვენს სახლში არ არის, არ არის არც ბიძების და მამიდების სახლში. ეს არც კატის და ძაღლის სუნია, არც ძროხის და ცხვრის. ეს ის სუნია, უცნობი ქვეყნის ჭუჭრუტანიდან რომ ჟონავს, იმ ცუდი საქმეების სუნია, რომელთა ჩადენაც არ შეიძლება, იმ რაღაცეების სუნია, რომელთა შესახებაც კიდევ დიდხანს, ძალიან დიდხანს არ უნდა ვიცოდე. დედას ყველაფრისგან განსხვავებული სუნი აქვს. ეს ის სურნელია, ფრანგულ სუნამოს და ფერუმარილს რომ ახლავს, კინომსახიობებს და მოდის ჟურნალებს, ლალეზარის გამზირს და საცეკვაო სალონებს მუნიციპალურ კაფეში. დედას მომავალი დღეების სუნი აქვს, ხვალინდელი დღის, ბევრი კარგი რამის, რაც შემდეგ მექნება. მუხლებზე ამ ქურთუკით სხვა ვიღაც ვხდები. ვიღაც, რომელიც არაა ვალდებული, ფაქიზად იაროს, ზრდილობიანად მოიქცეს, კარგად ისწავლოს და პირველი მოსწავლე იყოს; თმაზე დიდი ბაფთა გაიკეთოს და ყველასთან თავაზიანი იყოს. წვეულებაზე სრულიად უცხო ხალხს სკოლაში ნასწავლი ლექსი წაუკითხოს, ხეირიანად რომ არც იცის; მოყაყანე ნათესაობისთვის ფორტეპიანოს პირველი გაკვეთილი დაუკრას, რაც სხვა არაფერია, თუ არა „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი“; მონაწილეობა მიიღოს კონკურსში „ულამაზესი ბავშვი“ და ვერ გაიმარჯვოს. მუხლებზე აზიზ აყას ქურთუკით თვითონ აზიზ აყას ვემგვანები. მგონია, რომ მთელ ტანზე სვირინგები მაქვს და ნახევარი კბილები – ოქროსი. ვხედავ, როგორ დავეხეტები ქუჩებში მარტოდმარტო და მრეცხავი ფათემეს გოგოებივით როხროხით ვიცინი. უბნის ულამაზეს ბიჭს ვუზივარ საჭესთან და მასთან ერთად „ტარზანის“ სანახავად მივდივარ. აბშარის გაჩერებაზე აზიზ აყაც ჩერდება. მგზავრების დიდი ნაწილი ჩაიხანაში ჩაის დასალევად შედის. მე და ჰასან აყა ადგილიდან არ ვიძვრით. ჩასვლამდე აზიზ აყა ყუთიდან პატარა პაკეტს იღებს და კალთაში მიდებს. სარკეში მიყურებს და თვალს მიკრავს. სახე ისეთი ალერსიანი აქვს, ნაკვთები ისეთი რბილი, თითქოს ნაჭრის კაცუნა იყოს. ჩემი მეგობარი ყველაზე უკეთესი დევია ამქვეყნად. მის ხელ-ფეხს, მის უცნაურ სუნს, მის ჩაწითლებულ თვალებს, ძველ, გაქონილ ქურთუკს თითქოს მოციაგე ალმური ახლავს, რომელიც გარს მერტყმის. თოვლის ფიფქივით ვდნები ამ ჯადოსნურ სიმხურვალეში და უნაპირო ბედნიერებას ვგრძნობ. მინდა მრავალი, მრავალი წელი ასე დავრჩე, გაუნძრევლად, როგორც ქანდაკება, არ გავიზარდო, არ შევიცვალო. დღეს აზიზ აყას ჩემთვის ალუბლის კერკი უყიდია, ავტობუსის სიღრმიდან ჰასან აყა მეძახის, ჩემს ამბავს კითხულობს – არ ვპასუხობ. ალუბალს ვითვლი. მგზავრები ფეხზე მდგარნი სვამენ ჩაის. აზიზ აყა რამდენიმე ყლუპ არაყს სვამს პირდაპირ ბოთლიდან და მოსაშარდად ხეებს ეფარება. მე არ ვუყურებ. თავს ვხრი და ჩქარ-ჩქარა ვღეჭავ ალუბალს. მაგრამ მაინც ვხედავ მას და ყურები მიხურს. გზას ვაგრძელებთ, ვანაქის მოედნამდე ჭიანჭველებივით მივღოღავთ. დროდადრო უკან მივსრიალებთ. სხვა მანქანებიც ცურდებიან და ჩვენ წინ ჩერდებიან. დაღამდა, მაგრამ მთელი ქვეყანა ქათქათებს. ჰასან აყას ეშინია და წარამარა მეძახის. ვიცი, სადაცაა ატირდება. ტირილი, თითქოს, ცხვირზე ჰკიდია და დღეში რამდენჯერმე, სრულიად არაფრის გამო ღვრის ცრემლს. დედა ირწმუნება, ჰასან აყას ცრემლებს მიზეზი ისევე არ სჭირდება, როგორც ქათმის კაკანსო. მამა კი ამბობს, ჰასან აყა ნამდვილი ვირიაო. ჰასან აყა იცინის, ძალიან მოსწონს ვირობა. მხიარულად ალაგებს ჭურჭელს და მამას პირში მიშტერებია. ის კი კმაყოფილი ღეჭავს მწვადის ნაჭრებს. უყვარს ჰასან აყას ნახელავი. ჩემ გვერდით ფანჯარაა ჩატეხილი და ცალ მხარეს სიცივე მირტყამს. კისერი მიშეშდება, ზურგი მეყინება. აზიზ აყა შეშფოთებით მაკვირდება სარკეში. ავტობუსს აჩერებს, გაზეთის ნაგლეჯს და ძონძების გროვას ფანჯარაში ტენის და კვლავ საჭესთან ჯდება. მე მესმის მისი მუნჯური ენა. ვიცი, წუხს ჩემ გამო და ურჩევნია, რომ გადავჯდე. მისი თვალები, თითქოს, მეუბნებიან: „ადექი, შე ჯიუტო გოგო, გაცივდები, უკან გადაჯექი, იქ უფრო თბილა. მეშინია, ავად არ გახდე“. მეც თვალებითვე ვპასუხობ: „არსადაც არ გადავჯდები. ეს ჩემი ადგილია და ვერსად ვერ წავალ“. მომწონს, აზიზ აყა რომ ღელავს. მისი მშობლიური ზრუნვა მაგრძნობინებს, რომ ვუყვარვარ. თვალებს ვხუჭავ და შორეულ დროში, დიდებული ფადიშაჰების სახელმწიფოში მივემგზავრები, სადაც თავდადებული ფალავნები მბრძანებელთათვის მორჩილებისა და ერთგულების დასამტკიცებლად გავარვარებულ ნაკვერჩხლებზე ფეხშიშველი დააბიჯებდნენ და შვიდთავიან გველეშაპებს ეომებოდნენ. ავტობუსი აღარ იძვრის. გზა ჩაიკეტა. ყინვა დათარეშობს ყველგან. მთელი მარჯვენა მხარე გამიშეშდა. ხელის თითები დამიბუჟდა, ფეხებს ვეღარ ვგრძნობ. თავი ქვასავით დამიმძიმდა, იბერება და იჩუტება, თითქოს გასაბერი იყოს. ერთიანად გავითოშე. დამძიმებული ქუთუთოებიდან თოვლში მოფარფატე ლანდებს ვხედავ. ცხვირში სისველეს ვგრძნობ, თვალები მეწვის. ერთიანად ალმური ამდის, მცხელა, მერე ჟრჟოლა მიპყრობს და კბილს კბილზე ვაცემინებ. უნებურად ცრემლი მდის. აზიზ აყა უხეში თითებით მიმშრალებს ლოყებს და თვალებით მიცინის. მას რომ იცნობენ, ის მოსწავლეები ამბობენ, ყველა კბილი ოქროსი აქვსო. არ მჯერა. დედას ვეკითხები. არც მან იცის, აზიზ აყას არც იცნობს. ჩემი შეკითხვა არ მოსწონს და მემუქრება, რომ, თუ ავტობუსის მძღოლებს თვალიერებას დავუწყებ, ან ხმას გავცემ, ტყავს გამაძრობს. მისი აზრით, ოქროს კბილები მხოლოდ ცუდ ადამიანებს აქვთ. ისინი ყველანი ქურდები და მკვლელები არიან და ათას უბედურებას მოსწევენ პატარა გოგონებს. მე არ მჯერა. გული მწყდება, რომ დედა ხანდახან ავი და მატყუარა ხდება. ამბობს, რომ დეიდა აზარი სქელი და უშნოა. ვწუხვარ, რომ დედამ ბევრი რამ არ იცის, მაგალითად, ბევრი ქვეყნის დედაქალაქი, უბრალო მათემატიკური წესები. მაგრამ ჩემთვის ის მაინც ყველაზე ლამაზი და ყველაზე უკეთესი დედაა მსოფლიოში. ღამღამობით სინდისი მქენჯნის, მინდა, დედა საწოლზე დამიჯდეს და გავუმხილო, მასზე ცუდ რამეებს რომ ვფიქრობ, მაგრამ დედა დაკავებულია, სულ სადღაც ეჩქარება, ჩემს მოსასმენადაც არ სცალია. რომ იცოდეს, მამასა და მის ლაპარაკს ჩუმად რომ ვუგდებ ხოლმე ყურს, მწარედ დამსჯიდა. აზიზ აყას თოვლი და ჩაკეტილი გზა ტანჯავს. ძალიან ცდილობს, რამდენიმე ნაბიჯით მაინც წასწიოს წინ ავტობუსი, მაგრამ არაფერი გამოსდის. თითქოს დავიკარგეთ თეთრ უდაბნოში. შორიდან მესმის ჰასან აყას ხმა. ტირის, ეშინია და ხმამაღლა სლუკუნებს, მეც უცნაურად ვგრძნობ თავს, თითქოს ავად ვხდები. მუცელი ალუბლით მაქვს სავსე, ღებინება მინდა. ორივე ხელით ვიხუტებ აზიზ აყას ქურთუკს. თავბრუ მეხვევა. ადგომა მინდა, მაგრამ ძალა არა მაქვს. პირს ვაღებ – ხმა არ ამომდის. ყველგან თოვლია, ავტობუსში, ქალაქში, მთელ ქვეყანაზე, და მე ამ თეთრი გუმბათის ქვეშ გაყინული ვდევარ. წლებია თითქოს, რაც ყინულის ქანდაკად ვქცეულვარ. მხოლოდ თვალები მილაპლაპებს ბუხარივით და მდუღარე ცრემლი მდის. პირი გამომიშრა, მწარე გემოს ვგრძნობ. წყალი მინდა, წყალი, წყალი... …გრილი, სურნელოვანი ხელი მეფერება შუბლზე. ვიღაც ჩემს ყურთან ლოცვას კითხულობს და სულს მიბერავს. ნაცნობი სახეები მეხვევიან, დეიდა აზარის საყვარელი, დიდი თვალები ბრწყინავენ სინათლეზე. ბიბიჯანის ნახარშის სურნელი დგას. ჩემი საბნისა და ზეწრის სილბოს ვგრძნობ. ვხვდები, რომ ჩემს ლოგინში ვარ და დედა აქვეა, ჩემთან. გული სიმშვიდით მევსება. მეძინება და სიზმარს ვხედავ: აზიზ აყას ზურგზე ვუზივარ. მფრინავ ხალიჩასავით მიმაქროლებს ღრუბლებში, შორეული, უცნობი ქვეყნების სანახავად. როგორ მინდა, პირი გააღოს და ოქროს კბილები დავინახო! მაგრამ არა. პირი მოკუმული აქვს, თითქოს თვალ-მარგალიტით სავსე სკივრი იყოს. ძალიან ავად ვარ. ექიმი ქოუსარი ყოველ ხუთშაბათს მოდის ჩემს სანახავად. მახიხინებს, ღამღამობით სიცხე მიწევს. ყოველ მოსვლაზე ახალ-ახალ წამლებს მინიშნავს, თანდათან უარესად ვხდები. გავიცრიცე, გავყვითლდი, მომაკვდავს ვგავარ. თმა მცვივა. სხვა ექიმი მოჰყავთ. ის ჩემზე მეტს ახველებს. მისი წამლები არც ერთ აფთიაქში არ იშოვება. დღეები, კვირები ქარივით მიქრიან. სკოლა, სწავლა აღარც კი მახსოვს. დღისით მძინავს და ძილშიც ვახველებ. ბებია ფერხთით მიზის და ლოცვებს მიკითხავს. როცა ვიღვიძებ, ზღაპრებს მიყვება და კოვზით მაჭმევს საჭმელს. ფანჯრიდან ხურმის ხეების შიშველი, გაძარცვული ტოტები მოჩანს და გაზაფხულის მოსვლამდე დღეებს ვითვლი. ყოველდღე, ოთხ საათზე, შემირანის ავტობუსს ვხედავ. ვხედავ, როგორ ჩაივლის სკოლის წინ, რა სევდიანად უყურებს აზიზ აყა იმ ადგილს, სადაც მე უნდა ვიჯდე. იქნებ, კიდეც დამივიწყა და ჩემთვის გადანახულ ნუგბარს სხვა გოგონას აძლევს?! ბოღმა მიპყრობს და უარესად მახველებს. დაფეთებული დედა ექიმ ქოუსარის იძახებს. მესმის, მამა როგორ იძლევა განკარგულებას, რომ ევროპაში წასაყვანად მომამზადონ. წელს გამოცდებს ვერ ჩავაბარებ. ვტირი, დეიდა აზარი კი მამშვიდებს. მეუბნება, ჯანმრთელობა ყველაფერზე მნიშვნელოვანიაო. ოჰ, ნეტავ მალე დადგეს ზაფხული და ბლის ხემ ფოთოლი და ნაყოფი მოისხას. ზაფხულობით ჩვენი სახლი ძალიან ხალხმრავალია. დიდი ნათესაობა გვყავს: ათობით მამიდა და ბიძა, რამდენიმე დუჟინი ბიძაშვილ-მამიდაშვილი. მამა ნათესავებში უფროსია და ყველანი ანგარიშს უწევენ. პარასკეობით ჩვენთან სადილობენ და სტუმართა უმრავლესობას დედა ღამითაც ჩვენთან ტოვებს. ყველანი ერთად ვწვებით ტერასაზე. ბავშვები – ერთ მწკრივად, უფროსები – მოშორებით, ოფის ხეების ძირში, ხის ტახტებზე, კოღოსგან დამცავი ბადეების ქვეშ. მამა მარტო წვება, ფანჩატურში. ფანჩატურს ნაკადული ჩამოუდის. დილამდე ჩაგვესმის ყურში მისი ჩხრიალი. ბებია ჩვენთან იძინებს, ბავშვებთან, და გვპატრონობს, თითოეულს თავთან ყინულიან ჭიქას გვიდგამს, ბალიშის ქვეშ კი ერთ მუჭა იასამნის ყვავილს გვიდებს. გვთვლის, გვეძახის, რომ დარწმუნდეს, არსად წავსულვართ. მიყვარს ღამეული ჩქამებით სავსე სიჩუმე. ყურს ვუგდებ მწიფე ხილის ფეთქვას, ახლად ამოწვერილი ყლორტების მსუბუქ სუნთქვას. დაძინებამდე ვარსკვლავებს ვითვლი, ღრუბლებს ვუყურებ, როგორ ჰგვანან ადამიანებს… ერთი აზიზ აყას ჰგავს. ზევიდან მეძახის და მეჯღანება… ბიჭები ჩურჩულებენ და ბებია თავისი ადგილიდან წკეპლას უტყაპუნებს ფეხებზე. უმცროსი ბიძია ისე ხვრინავს, რომ შორიახლო მყოფ ძაღლებს აყეფებს. ბიბიჯანი ძილში ლაპარაკობს, თუბა ხანუმი კი დილამდე ხმაურით იფხანს სხეულს, რომელიღაც ბავშვი ერთთავად ჰაერს აფუჭებს, ბებია დგება და ცდილობს გაარკვიოს, ვინ არის დამნაშავე. ყველა თავს იმძინარებს და სუნთქვას იკრავს. კოღოები წუიან, ვარსკვლავები ციმციმებენ, ძილი ნელ-ნელა ბინდავს თვალებს, ხანდახან წვიმს და ბებია წინასწარ მომზადებულ უზარმაზარ ცელოფანს გვაფარებს. მე და ჩემი ბიძაშვილი ამ საიდუმლო საფარქვეშ ერთმანეთს ვეკვრით და სოროში შემალული ჭიანჭველებივით ვუსმენთ წვეთების ტყაპატყუპს. რაც ავად გავხდი, ჩემს ოთახში ვარ გამომწყვდეული და ყველაფრის მეშინია. შიში უხილავი ადამიანივითაა – ყველგან არის. ოდნავ შემოაღებს ხოლმე კარს და, ნაშუადღევს, როცა უფროსები ჩათვლემენ, თავს დამადგება. ზოგჯერ ფანჯრის უკანაა, ხან კი დედას კალთას ამოეფარება. ამ დილას სარკეში დავინახე, თითქოს დამცინოდა. ეს შიშია, ხველას რომ მიმძაფრებს. დედას აღარ სჯერა ექიმ ქოუსარის და მის წამლებს ყრის. ჩემი ექიმი ბიძა ღამ-ღამობით ჩვენთან რჩება. შეთანხმებულები არიან, რომ ერთ საღამოს ის გამიკეთებს ნემსს, მეორე საღამოს კი – დედა. მამა ამბობს, ევროპელი ექიმები მცოდნენი არიან და უმძიმეს ავადმყოფობასაც უცბად არჩენენო. დეიდა ნაღვლიანად მიყურებს და იმდენს მკოცნის, თითქოს ვეღარასდროს მნახავდეს. ჰასან აყას ერთი ძველისძველი საფოსტო ბარათი აქვს. მასზე ფუნჩულა, ქერათმიანი, ხავერდსა და მაქმანებში გამოწყობილი ქალია გამოსახული. ჰასან აყა ამბობს, ეს ქალი პარიზის დედოფალია, ძალიან უზნეოა, ყურანის არ სწამსო. ჰასან აყა ღელავს ჩემსა და დედას გამო. ბებიას სთხოვს, ამ ურჯულო დედოფლისგან ჩვენი გადარჩენისთვის ილოცოს დღედაღამ. დედა სიხარულით ალაგებს ჩემოდნებს. მე კი ვიცი, შიში პარიზშიც არის. ყველგან გამყვება, სადაც არ უნდა წავიდე. ბებია ერთთავად ლოცვას მიკითხავს და სულს მიბერავს. თუბა ხანუმი ყოველ საღამოს ერთ ჭიქა ბულიონს მასმევს. კისერზე, ფეხებზე, – ათასი ჯურის ლოცვა მაქვს შებმული, ბალიშის ქვეშაც ქვეყნის პატარა, ოთხად გაკეცილი, ქაღალდი მილაგია. ყოველდღე, ნაშუადღევის ოთხ საათზე, კვლავ მახსენდება სკოლა, ავტობუსი, რომელიც თანდათან მიახლოვდება, მაგრამ მაშინვე, როგორც მივიწყებული სიზმარი, თეთრ ნისლში უჩინარდება. ყოველ საღამოს, დაძინებამდე, ისევ ვიმეორებ ჩემთვის: „აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ“. ეს ჩვენი პირობაა და მე სამუდამოდ ამ პირობის ერთგული ვიქნები. გეფიცებით. დაფიცებისას თვალებს ვხუჭავ და სუნთქვას ვიკრავ. გულს დოლივით გააქვს ბაგაბუგი. მჯერა, აზიზ აყა ჩემს გულისცემას გაიგონებს და მიპასუხებს. სამ დღეში მივდივართ. ბებია ფანჯარასთან მიმჯდარა და იასამნის ფურცლებს ძაფზე აცვამს, რომ ყელსა და მაჯაზე შემაბას. რა მოწყენილია ყველა… თუბა ხანუმიც კი, რომელიც ადრე სულ მანჭვა-გრეხაში იყო, შეიცვალა. თვალები ცრემლით ევსება და ცხვირს სახელოთი იწმენდს. …კარზე კაკუნია. ალბათ, რომელიმე ახალი ექიმია, ან – ერთ-ერთი მამიდა. ვინ აღარ მოდის ჩვენს სანახავად, დღეში ასჯერ მაინც აკაკუნებენ კარზე. ჰასან აყა შემოდის და კართან ჩერდება. დაბნეულია, შემცბარი უყურებს დედას. რაღაცის თქმა უნდა და ვერ ბედავს. როგორც ყოველთვის, შიშით იწყებს სლუკუნს. გარეთ უთითებს, მაგრამ ხმას ვერ იღებს. დედა ბრაზობს, ვეღარ ითმენს. დგება და ჰასან აყას დერეფანში მიჰყვება. მისი ხმა მწვდება: „ვინ?“      ჰასან აყას პასუხი არ მესმის.      დედა კი თანდათან უწევს ხმას და განგაშის სირენასავით ზაფრავს ყველას.      ბებია დგება, ფანჯარას ხურავს. საბანს ნიკაპამდე მაფარებს.      ხელმეორედ სწვდება ყურს დედას ხმა: „ავტობუსის მძღოლი?“      გული გახეთქვაზე მაქვს. ლოგინში ვჯდები. ჰასან აყა პასუხად დასაკლავი ცხვარივით საწყალობლად ბღავის.      დედაჩემის კივილი თავში მირტყამს: „ვინ? რა? რომელი ავტობუსი?“      ცოცხალ-მკვდარი ჰასან აყა გამტკნარებული ლუღლუღებს. ყურში დედას წივილ-კივილი ჩამესმის. საინტერესოა, როგორ ბედავს ვიღაც უბადრუკი მძღოლი მისი ქალიშვილის მოსაკითხად მოსვლას? ჰასან აყას აგზავნის მისთვის გადასაცემად, რომ, თუ კიდევ გაბედავს ამ მხარეში გამოჩენას, ფეხებს მოამტვრევენ. საბანს შორს ვისვრი, ლოგინიდან ვხტები და ფეხშიშველი, თხელი ღამის პერანგით გავრბივარ დერეფანში. თუბა ხანუმი ცდილობს, შემაჩეროს. ხელს ვკრავ და ვკბენ. დედა, ჩემი უცნაური ქცევით გაოცებული, ლოგინში დაბრუნებას მიბრძანებს. მუქარას არად ვაგდებ, დერეფნის ბოლოს, მამაჩემის სამუშაო კაბინეტში შევრბივარ. კარს შიგნიდან ვკეტავ. ფანჯარა ქუჩაში გადის, ფარდას გვერდით ვწევ, სკამზე ავდივარ და აზიზ აყას ვხედავ: დატუქსული ბავშვივით აწურული დგას ქუჩაში. ხელში პატარა შეკვრა უჭირავს. აწეწილი თმა დაუვარცხნია, ღილები ბოლომდე შეუკრავს. არ უნდა, რომ მისი სვირინგი დაინახონ. ფანჯარას ვაღებ და ვეძახი. გარშემო იხედება, წასვლას აპირებს. უფრო ხმამაღლა ვეძახი, ხელს ვუქნევ. ბრუნდება, თავს მაღლა სწევს და მხედავს, ისევ ის ძველებური სინაზე ეფინება სახეზე. ცრემლები ჩამომდის, მე თვითონაც არ მესმის, რას ვამბობ. აზიზ აყა თავის ქნევით მესალმება. მარტო ღმერთმა იცის, რა ბედნიერია. ჩემკენ მოდის, იცინის და საოცარი რამ ხდება: აზიზ აყას ტუჩები ეხსნება, პირი ბნელ მღვიმეს მიუგავს, რომლის სიღრმეში ერთადერთი ოქროს კბილი ალადინის ლამპარივით ანათებს. ვიცი, რომ ეს ჯადოსნური ლამპარი ყველაფერს ამისრულებს. თვალებს ვხუჭავ და ვნატრობ, რომ მოვრჩე, ხველამ გამიაროს და შიში მომშორდეს. პარიზში სასტუმროში ვსახლდებით. სამი დღის მერე ფრანგი ექიმი მსინჯავს და გრძელ რეცეპტს გვიტოვებს. უკეთ ვარ და ნაკლებს ვახველებ. ჩემი საიდუმლოსა და ოქროს ჯადოსნური ლამპრის შესახებ არავინ არაფერი იცის. დედა ჩემს სწრაფ გამოჯანმრთელებას ფრანგ ექიმს მიაწერს. მე კი ვიცი, ვინ და რამ მომარჩინა. ყოველ ღამე, სიბნელეში, საბნის ქვეშ, ხელს ვიწვდი ალადინის უხილავი ლამპრისკენ და ჩემს ჩვეულ ლოცვას ვიმეორებ. პარიზში ექვს თვეს ვრჩებით. თეირანში რომ ვბრუნდებით, სკოლას მიცვლიან. ახალი სკოლა სახლიდან რამდენიმე ნაბიჯზეა. ფეხით მივდივარ და მოვდივარ, მაგრამ ქუჩაში გამოსვლისას გული მიმძიმდება, თვალი შემირანის ავტობუსისკენ გამირბის. …წლები სწრაფად გადის. მე ახალგაზრდა ქალბატონი ვხდები. ძველი ავტობუსების ადგილს ახალი მანქანები იჭერს და მათ საჭესთან ახალგაზრდა მძღოლები სხედან. მე კი, თუმცა დიდი დრო გავიდა, ჩემი მეგობრისა და ძველი პირობის ერთგული ვრჩები. ყოველთვის, როცა სევდა შემომაწვება, ან საქმეები ამეწეწება, ბავშვობის მოგონებებიდან ჩემი მეგობრის მაგიური სახე გამოკრთება ხოლმე. მისი ოქროს კბილის ელვარება ცისკრის ვარსკვლავივით მინათებს ღამეს. მოსახვევში სამოცდამეათე მარშრუტის ავტობუსი უხვევს და ნელა მოიწევს წინ. ყურში ბავშვური ხმა ჩამესმის: „აზიზ აყას ავტობუსის გარდა, არც ერთში არ ავალ“. ჩემი გოგონა წინ მისწრებს. ავტობუსის მძღოლს ხელს უქნევს. თვალები ანცი და იდუმალი ფიქრით აქვს სავსე. იქნებ, მასაც აქვს საიდუმლო, რომელსაც არ მიმხელს? როგორც მე არ ვუმხელდი არავის, არც დედას, არც ჰასან აყას და არც ოფის ხეებს ბაღის სიღრმეში. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 12:20pm on აგვისტო 3, 2014
  • 1
  • ...
  • 57
  • 58
  • 59
  • 60
  • 61
  • 62
  • 63
  • ...
  • 72

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი 0 მოწონება

გაგრძელება

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 0 მოწონება

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 0 მოწონება

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი 1 Like

შუალედური წერა

 

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!