ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - ფსიქოლოგიური

თემა: ფსიქოკონსულტირება (მეოთხე ნაწილი)
დის ფუძემდებელი იყო. ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში პლატონიდან დაწყებული თვლიდნენ და აცნობიერებდნენ იმ ფაქტს რომ როდესაც პედაგოგი კარნახობს და მოწაფე იწერს მაშინ დასწავლა მასწავლებლის ავტორიტეტის ბატონობის ატმოსფეროში ხდება. ეს ეწინაღმდეგება მასწავლებლისა და მოწაფის ურთიერთობის სოკრატისეილ გაგებას.       პლატონისათვის აზროვნება არის სულის თავის თავთან დიალოგი ანუ ორის ერთში თანაარსებობა. ერთი არის ვინმე სოკრატე რომელიც ფარულად არსებობს თვითოეულ ჩვენთაგანში და რომელიც გამუდმებით კითხვას გვისვავს ხოლო მეორე კი რომელიც ამ დასმულ კითხვებზე ეძებს პასუხებს, ცდილობს პასუხის გაცემას. პასუხს სცემს.       მკვლევარები ანსხვავებენ კომუნიკაციური ურთიერთობის ისეთ ფორმებს როგორიცაა მონოლოგი და დიალოგი. რომელთაგან პირველი ენის არსებობის ხელოვნური ხოლო მეორე კი ბუნებრივი ფორმაა. დიალოგი არის ურთიერთობის რამოდენიმე მონაწილის ძირითადად ზეპირი ვერბალური საუბარი.       სოკრატე დიალექტიკის ფუძემდებლად ითვლება. დიალექტიკის ქვეშ ძველად იგულისხმებოდა მოსაუბრის მსჯელობებში წინააღმდეგობის გამოვლენის და მათი გადალახვის გზით ჭეშმარიტების მიღწევის ხელოვნება. სოკრატე იყენებდა სწორედ დიალოგს რადგანაც თვლიდა რომ ცოდნა რომელიც უკვე გამზადებული ფორმით გადაეცემა ადამიანს ნაკლებად ღირებულია რადგანაც ხანმოკლე დროით რჩება მეხსიერებაში ვიდრე მაშინ როდესაც ის საკუთარი აზროვნების პროდუქტს წარმოადგენს. საუბარი სოკრატესთან ანუ მასთან დიალოგში ყოფნა ნიშნავდა სულის გამოცდას ანუ ცხოვრების საზრისის შეჯამება-შეფასებას და მორალური გამოცდას. იგი ყოველთვის გამოდიოდა ცხოვრების კონკრეტული       მოვლენებიდან და გამოყოფთა მათში ზოგად ელემენტებს, აანალიზებდა მათ რათა აღმოეჩინა და დაედგინა მათი გაერთიანების შემშლელი ფაქტორები და საბოლოო ჯამში რათა ისინი უმაღლეს დონეზე გაერთიანებინა ადრე უკვე გამოვლენილი არსებითი ნიშნების საფუძველზე.       სოკრატისეული დიალოგის ძირითადი შემადგენილი ნაწილებია: ირონია და მაიევტიკა - ფორმის მიხედვით; ინდუქცია და განსაზღვრება - შინაარსის მიხედვით.       იგი შედგება მოხერხებულად დასმული კითხვებისაგან. პასუხობდა რა ამ კითხვებს თანამოსაუბრე გამოსთქვამდა გარკვეულ მოსაზრებას ამა თუ იმ საკითხზე. შესაბამის სავარაუდო დასკვნას ადარებდნენ კარგად დასაბუთებულ ფაქტებსა და უკვე ყველასათვის ცნობილ ჭეშმარიტებებს. ამიტომ მას ჰქვია კითხვა პასუხის გზით ჭეშმარიტების ძიების მეთოდი. ამგვარი ძიება დაკავშირებულია Lპირველ რიგში გამოთქმული ვარაუდებისა და მოსაზრებებიდან ლოგიკური შედეგების მიღებასთან და დასკვნების გამოყვანასთან და მეორეს მხრივ ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტების საფუძველზე და უეჭველ ფაქტებზე დაყრდნობით მათი გაბათილების მცდელობასთან.       დიალოგის წამყვანის ამოცანაა ოპონენტის, მის მიერ ადრე გამოთქმულ მოსაზრებებთან წინააღმდეგობაში მიყვანა და ამის საფუძველზე მათი ამ მოსაზრებების უარყოფა.       დიალოგის ამ მეთოდს ხშირად აიგივებენ მსჯელობის ჰიპოთეტიურ-დედუქციურ წესთან ხერხთან. სინამდვილეში დიალოგის დროს კითხვაზე პასუხი წარმოადგენს აზრს, ვარაუდს უფრო ჰიპოთეზას რომელიც გადამოწმებას ითხოვს ანუ დადასტურებას ან უარყოფას საჭიროებს. ამისათვის ამ მოსაზრებებიდან კეთდება სათანადო დასკვნები , რომლებიც უნდა გადამოწდეს. მაგრამ დიალოგის ღირებულება მარტო იმაში როდი მდგომარეობს რომ გამოთქმული მოსაზრებებიდან ადექვატური დასკვნები გავაკეთოდ და მერე შევადაროთ ემთხვევა თუ არა ეს დასკვნები რეალობას. სოკრატისეული დიალოგის ძირითადი მნიშვნელობა და მიმზიდველობა კითხვების დასმის უნარში, უფრო სწორად ხელოვნებაში მდგომარეობს რომელიც კამათის საგნის კარგ ცოდნას და თანმიმდევრულ კითხვების დასმაში ოსტატობას და მიღებული პასუხების დეტალურ ზუსტ ზედმიწევნით ანალიზს გულისხმობს.       ამგვარდა ჰიპოთეტიურ დედუქციური მეთოდი მცდარი მოსაზრებების და ჰიპოთეზების გამორიცხვაში გვეხმარება რითაც ახალი ცოდნის ჭეშმარიტების ძიების ა ფარგლები ვიწროვდება. მაგრამ ამ ძიების პროცესი შეუძლებელია ვაწარმოოთ სუფთა მექანიკური პროცედურით ანდა აღვწეროთ წინასწარ მოცემული ალაგორითმით. როგორც წესი ძიება ყოველთვის დაკავშირებულია არჩევანთან და შემოქმედებასთან სადაც ინტუიცია, წარმოსახვა,       ფარული ანალოგიები და სხვა ფაქტორები წამყვან როლს თამაშობენ.       მაგალითად აუდიტორიასთან ურთიერთობისას უნდა განვასხვავოთ დიალოგის სხვადასხვა ფორმები, რომელთა შინაარსი და ფორმა განისაზღვრება იმით თუ რა მიზანს ისახავს დიალოგი. დიალოგის მარტივ ფორმას წარმოადგენს დიდაქტიკური ფორმა , რომლის მიზანს სასწავლო მასალის ათვისების პროცესის აქტივაცია, მსმენელებში მოწაფეებში ამოცანის საკითხის პრობლემის დამოიკიდებელად გადაწყვეტის, განსხვავებული მოსაზრებების ჰიპოთეზების შეფასების უნარის განვითარება წარმოადგენს.       რა თქმა უნდა ამგვარი დიალოგი უნდა ეყრდნობოდეს მოწაფეში უკვე არსებულ ცოდნას, იმ ცოდნას რომელსაც მოწაფე უკვე ფლობს და აგრეთვე მის უნარს თანმიმდევრულად ლოგიკურად იაზროვნოს. ადვილი დასანახია, რომ დიდაქტუკირი დიალოგი იმდენად ჭეშმარიტების ძიების მეთოდს კი არ წარმოადგენს არამედ უფრო არგუმენტაციის, უკვე ცნობილი ჭეშმარიტებების დასაბუთების, მათი უფრო გააზრებული შეთვისებისა და დამახსოვრების მეთოდს.       მეორეს მხრივ დიალოგი რომელიც კვლევა-ძიებას ისახავს მიზნად ანუ კვლევა ძიების მქონე დიალოგი ძირითადად მიმართულია ახალი მეცნიერული ჭეშმარიტების აღმოჩენისაკენ.       მესამე დიალოგი გამოიყენება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური, ტექნიკური და პრაქტიკული პრობლემების ანალიზის და გადაწყვეტის გზების ფორმების შერჩევისას. აგრეთვე გრძელვადიანი საზოგადოებრივი პროგრამების შედგენის დროს. ასეთი შეფასება ხდება ექსპერტების მიერ გადაწყვეტილებების სხვადასხვა ვარიანტების დადებითი და უარყოფითი ასპექტების კრიტიკული შეფასების პროცესში. რადგან ეს გადაწყვეტილებე ეხება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს ამიტომ მათი განხილვა უნდა წარმოებდეს დიალოგის ფორმით კონფერენციებსა და დებატებზე და მოლაპარაკეკბზე ანუ უნდა იქცეს ფართო დისკუსიის საგნად.       დიალოგის, როგორც ახალი ცოდნის ძიების და დასაბუთების მეთოდის, მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის რომ ის გულისხმობს დიალოგის მონაწილეთა ურთიერთობებსა და ურთიერთქმედებას. ამავე დროს იგულისხმება ის, რომ ამ ურთიერთობის მონაწილენი შეიძლება 2 ან ორზე მეტი ადამიანთა ჯგუფი იყოს. სოკრატისეული დიალოგის საწყისი პოზიცია იმაში მდგომარეობს რომ რომ ჭეშმარიტება იბადება მის მაძიებელთა შორის,       მათ შორის დიალოგის პროცესში. სოკრატისეული დიალოგის ორი ძირითადი ხერხი სინკრიზი და ანაკრიზი შემდეგში მდგომარეობს: პირველი გულისხმობს ერთსა და იმავე საგანზე განსხვავებული პოზიციების შეჯერებას ხოლო მეორე მოსაუბრის პროვოცირებას ბოლომდე გამოთქვას თავისი აზრი.       ფსიქოთერაპიაში სოკრატესეული დიალოგი შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც ინტელექტუალური ბრძოლა რომლის დროსაც ხდება არათანმიმდევრული წინააღმდეგობრივი დაუსაბუთებელი მსჯელობების კორეგირება. ფსიქოთერაპევტს თანმიმდევრულად ნაბიჯ ნაბიჯ მიჰყავს პაციენტი აუცილებელ და წინასწარ დაგეგმილ დასკვნამდე. ამ პროცესს საფუძვლად უდევს ლოგიკური არგუმენტაცია, რომელიც სოკრატისეული დიალოგის არს შეადგენს. საუბრისა ფსიქოთერაპევტი კითხვების საშუალებით აიძულებს პაციენტს მხლოდ დადებითი პასუხები გასცეს. რის საფუძველზე ადამიანი იმ დასკვნამდე მიდის რომელიც საუბრის დასაწყისში არ იყო მიღებული და გაუგებარი და უცნობი იყო.       ე. კრეჩმერი დიუბუას მსგავსად ასაბუთებდა რა დაჯერების ეფექტურობას, დიალექტიკას დაბეჯითებით გადარწმუნებას და სარწმუნო ლოგიკური არგუმენტების გზით დამტკიცებას თვლიდა სოკრატისეული მეთოდად. ნოოგენური ნევროზების დროს, როდესაც ცხოვრების საზრისი არის დაკარგული, ლოგოთერაპიის დროს გამოიყენება სოკრატისეილი დიალოგი რომელიც ადექვატური ცხოვრების საზრისის გაცნობიერებაში და პოვნაში ეხმარება ადამიანს.       საკითხის დაყენება - მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კლიენტზე და თვითანალიზის მოტივაციის შექმნა, ხდება ღია და დახურული შეკითხვების დასმა ღია კითხვების საშუალებით ცლიენტს საშუალება ეძლევა რომ გაგვიზიაროს საკუთარი ჩივილები, წუხილები, იგი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე.       შემეცნება, გაგება და ასახვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკაა. ის არის აუცილებელი პირობა ორ ადამიანს შორის ურთიერთობისას. პერეფრაზირებასა და გრძნობების ასახვისას ყურადღება ფოკუსირდება პაციენტის მონაყოლის შინაარსზე თუ რა ქვეტექსტი იმალება მასში, ამიტომ ხშირად უნდა ვკითხოთ კლიენტს რას გრზნობს და უნდა გამოვხატოთ ასევე კონსულტანტის გრძნობები. გრძნობების მნიშვნელობა კონსულტირების დროს შემდეგ პრინციპებს უნდა ეფუძვნებოდეს: კონსულტანტი ვალდებულია უფრო ზუსტად ამოიცნოს და იდენტიფიცირება მოახდინოს პაციენტის და საკუთარი გრძნობების; აუცილებელი არაა ყველა გრძნობის კომენტირება, აუცილებელია ყურადღება მიექცეს გრძნობებს როცა ისინი პრობლემებს ქმნიან კონსულტირების პროცესში ან ეხმარებიან მას.       გამხნევება, მხარდაჭერა, დამშვიდება და წახალისება ეს ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია კონსულტაციური კონტაქტის შექმნის განმტკიცებისას, კლიენტის მხარდაჭერა შეიძლება მოკლე ფრაზითაც.       დამშვიდება-რის საშუალებითაც კლებულობს შფოთვის დონე და თავისუფლად ხდება პრობლემების მოყოლა.       პერეფრაზირება და განზოგადოება; ინფორმაციის ასახვა, პერეფრაზირება და განზოგადება – კლიენტის მონაყოლის შინაარსის შეჯამებას ვახდენთ მისი გამონათქვამების პერეფრაზირებით ან რამოდენიმე გამონათქვამის განზოგადებით, რაც კლიენტში იწვევს შეგრძნებას რომ აქტიურად უსმენენ და ხდება აქტიური რაც თავისმხრივ ეხმარება მას საკუთარი განცდების, იდეების და განწყობების ჩაწვდომაში.       პერეფრაზირების ძირითადი მიზნებია: აჩვენოს პაციენტს რომ კონსულტანტი ყურადგებით უსმენს და ცდილობს გაიგოს მისი გამონათქვამი; ახდენს პაციენტის აზრის ხაზგასმას როცა შეკვეცილი ფორმით იმეორებს პაციენტის სიტყვებსა და აზრებს; ეხმარება კონსულტანტს გადაამოწმოს სწორად გაიგო თუ არა პაციენტის გამონათქვამი;       პერეფრაზირებისას უნდა გვახსოვდეს 3 ძირითადი წესი: უნდა მოხდეს ძირითადი აზრს პერეფრაზირება; დაუშვებელია ჩავანაცვლოთ ან დავამახინჯოთ პაციენტის გამონათქვამის მნიშვნელობა; თავიდან უნდა აიცილის კონსულტანტმა სიტყვა- სიტყვით ფრაზების განმეორება;       ფსიქოთერაპიული სარკე ემოციების ასახვა ემოციების გამოხატვის მიზნით;       ბიუჯენტალის მიხედვით ემოციები და გრძნობები კონსულტირების პროცესში იგივე ფუნქციას ასრულებს როგორსაც ქირურგიაში სისხლი, სისხლი ხომ ასუფთავებს და ახორცებს იგივე დატვირთვა აქვთ გრძნობებსაც, გრძნობების გამოხატვა თვითმიზანი არაა, თუმცა ძლიერი ემოცია გვეხმარება ფსიქოთერაპიისას       დუმილის გამოყენება თერაპიული მიზნით; პაუაზა და სიჩუმე ესაა უნარი გამოიყენო სიჩუმე თერაპიული მიზნებით, კონსულტანტი რომელიც დაეუფლა სიჩუმის სხვადასხვა მნიშვნელობების აღქმას და იყენებს გამიზნულ პაუზებს კონსულტირების პროცესში აღწევს შემდეგ თერაპიულ შედეგებს: ემოციური ურთიერთგაგების ზრდას; პაციენტს აძლევს საშუალებას ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს და გააცნობიეროს საკუთარი განცდები, წუხილები და განწყობები პაციენტს აძლევს საშუალებას მიხვდეს რომ პასუხისმგებლობა მასზეა.       პაუზას შეიძლება ჰქონდეს ფარული მნიშვნელობა: კონსულტირების დასაწყის ეტაპზე სიჩუმე შეიძლება გამოხატვდეს შფოთვას, დაბნევას ან ცუდ გუნება-განწყობას; სიჩუმე ყოველთვის არაა რეალური აქტივობის უქონლობა ამ დროს შეიძლება პაციენტი ეძებდეს საჭირო სიტყვებს; სიჩუმე შეიძლება იყოს დადასტურება რომ ორივე მხარეს სურს მომავალში საუბრის გაგრძელება; შეიძლება გამოხატოს რომ საუბარი ჩიხშია შეიძლება იყოს წინააღმდეგობის გამომხატველი; ზოგჯერ ის შეიძლება იყოს მაშინ როცა ურთიერთობა ზედაპირულია და გავურბივართ ღრმა დონეზე გადასვლას; ის შეიძლება გამოხატავდეს ღრმა განზოგადებას ზოგადებას.       ინფორმაციის მიწოდება- როცა პაციენტს ეუბნება კონსულტანტი რასაც ფიქრობს კონსულტანტი გამოთქვამს თავის მოსაზრებას პასუხობს პაციენტის კითხვებს და ინფორმაციას განსახილველიმპრობლემის განსხვავებულ ასპექტებზე.       კონფრონტაცია კონსულტაციის პროცესში ხშირია კონფრონტაცია პაციენტსა და კლიენტს შორის. კონფრონტაცია შეიძლება განისაზღვროს როგორც       კონსულტანტის ყველა ის რეაქცია რაც ეწინააღმდეგება პაციენტის ქცევას ეს დაპირისპირება შეიძლება იყოს პაციენტის ქცევის ორნმაგ სტანდარტებზე, ესაა თამაში და ყველაფერი ის რაც ხელის შემშლელია და რაც საკუთარ თავში შეიძლება დაინახოს.       კონფრონტაციის საშუალებით მიიღწევა ის რომ კონსულტანტი ასწავლის პაციენტს იმ ფსიქოლოგიურ დაცვას რომლის მიზანია შეგუება გარემო პირობებთან და შედგება მისი პიროვნული ზრდის შეფასება.       კონფრონტაციის სამიზნეს წარმოადგენს ინტერპერსონალური ურთიერთობები.       კონფრონტაციას 3 მიზანი აქვს: პაციენტს ყურადღება მიაქცევინოს იმ წინააღმდეგობაზე რომელიც არსებობს მის ქცევაში აზრებსა და გრძნობებს შორის; სიტუაცია დაინახოს ისეთად როგორიც არის; პაციენტს მიაქცევინოს ყურადღება მისი მხრიდან ზოგიერთი პრობლემების განხილვისგან თავის არიდებას კონსულტაცია არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დასჯა და კონსულტანტის საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის       ინტერპრეტაცია არის გადმოთარგმნა ანუ კლიენტი ყოველთვის გამოხატავს საკუთარ თავს       ხმის ტონით, ჟესტებით და პოზებით კონსულტანტის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული თუ რამდენად შეუძლია წაიკითხოს ეს შეტყობინება თითოეულ კლიენტში რომელიც ღია წიგნი კი არაა არამედ უცნობი ქვეყანა, ლატენტურ შინაარსის გამოაშკარავება პაციენტის ნაამბობსა რომელიც იმალება პაციენტის სიტყვების უკან არის ყველაზე მნიშვნელოვანი კონსულტირებისას ამისთვის არსებიბს ნაამბობის ინტერპრეტაცია. ინტერპრეტაცია საზრისს ანიჭებს პაციენტის მოლოდინს, გრძნობებს და ქცევებს რადგან მიზეზშედეგობრივი კავშირის აცნობიერებინებს.       იმ წინააღმდეგობაზე რომელიც არსებობს მის ქცევაში აზრებსა და გრძნობებს შორის;       სიტუაცია დაინახოს ისეთად როგორიც არის;       კონსულტაცია არ შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც დასჯა და კონსულტანტის საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებისთვის. ემპათიური მოსმენა       ემპათიური მოსმენა ეს მოსმენის ისეთი სახეა რომლის მიზანია პაციენტის, სხვა ადამაინის თვალსაზრისის და პერსპექტივის გაგება და რომელიც არ ნიშნავს ავტომატურად მის თვალსაზრისის დათანხმებასა და გაზიარებას. ის არ გულისხმობს ემპათიისას იდენტურ მდგომარეობაში გადავიდეთ ანუ ზუსტად ვიგრძნოთ იგივე რასაც სხვა ადამიანი გრძნობს. ეფექტური მოსმენის ხელისშემსლელი ფაქტორები: უყურადღებობა - როდესაც ადგილი აქვს მსმენელის მხრიდან ყურადღების გაფანტვას; მოსმენა ცალი ყურით - მოსაუბრის შეწყვეტა ან ნაწილობრივი მოსმენა მიუხედავად კითხვის გამეორებისა "რა თქვით? " სასურველის მოსმენა – როდესაც მსმენელი საკუთარი პერსპექტივით საკუთარი თვალსაზრისით, ხშირად ტენდენციურად, აფერადებს იმას რასაც ისმენს ანუ იგებს იმას რისი გაგებაც სურს. ჩასაფრებული პოზიციიდან მოსმენა - მოსმენისას პოზიტიურზე გამახვილების ნაცვლად შეტევის შესაძლებლობისათვის საბაბის ძებნა დაცვითი პოზიცია როდესაც მსმენელი საშუალებას აძლევს საკუთარ ემოციებს დაბინდოს დანისლოს სიტყვიერად გადმოცემული შეტყობინება ემპათიური მოსმენისათვის საჭირო ვერბალური უნარები: • კითხვების დასმის ხელოვნება: გამოაშკარავების კლარიფიკაციის მიზნით; მეტი ინფორმაციის მოძიება-შეგროვებისათვის; ფსიქიკის უფრო ღრმა პლასტებზე გასვლისათვის; ემოციების განტვირთვისათვის და გაგების ატმოსფეროს შესაქმნელად. • პასუხების გაცემის ტექნიკა: მხარდამჭერი და გამამხნევებელი სიტყვების გამოყენების მიზნით; პერეფრაზირება და განზოგადოება როდესაც მსმენელი პერეფრაზირებასა და განზოგადოებას ახდენს იმისა რაც ითქვა. ემპათიური მოსმენისათვის საჭირო არავერბალური უნარები მხარდამჭერი ჟესტები – ღიმილი, თავის დაქნევით დადასტურება; თვალების კონტაქტი – პირდაპირი მაგრამ არა დაჟინებული თვალჩიციებული ცქერა; ჩანაწერის გაკეთება იქ სადაც ეს ადექვატურია; დაინტერესებული პოზა - პირისპირ ყურება, ოდნავ წინ წამოწეული ჯდომა მშვიდი გამომეტყველება სახისა ღია გამომეტყველება და სხეულის სპონტანური ენა. ზოგადი ტექნიკები მოსაუბრეზე დაკვირვება – დააკვირდით თუ რა ითქვა და რა არა მიაქციეთ ყურადღებით დააკვირდით არის თუ რა შესაბამისობა კონგრუნტულობა პაციენტის ვერბალურ გამონათქვამსა და არაავერბალურ სიგნალებსა და მესიჯებს შორის. დაკვირვებით უსმინეთ გამოთქმულ იდეებს გამოხატულ გრძნობებსა და მისწრაფებეს აგრეთვე ასევე ფაქტებს; დარჩით ნეიტრალური - არ მისცეთ თქვენს ემოციებს ხელი შეუშალოს და დაათრგუნოს მოსმენის პროცესი; სხვის ტყავში ჩაჯექით; გადაამოწმეთ გაგების სისწორე - გადაამოწმეთ გამოთქმული სიტყვების მნიშვნელობა და კონტექსტი, თქვენი ინტერპრეტაციის სისწორე; შეაფასეთ შეტყობინება სიგნალები და მესიჯები - გააცნობიერეთ საკვანძო საკითხები შეეცადეთ თემატიკის დადგენა მაგრამ არ გააკეთოდ ნაადრევი დასკვნები; შეჯამება დაჯამება ; დასკვნის გამოტანა რეზიუმე - მოახდინეთ მონაყოლის პარაფრაზირება მნიშვნელობისა და კონტექსტის დადგენის მიზნით. ფოკუსირებული კითხვები       კითხვები შემეცნების და გაგების პროცესის საკვანძო საკითხებია მართლაც იმისათვის რომ ადამიანს დაეხმაროთ სწავლასა და საკუთარი პრობლემების გადალახვაში, საკუთარი გაგების გამოკვლევასა და საკუთარი განვითარების საქმეში პასუხისმგებლობის აღებაში მაშინ თქვენ უნდა მიმართოდ ისეთ დახმარებას რომელიც უმეტესად კითხვის ფორმით იქნება გამოხატული. რომელ კითხვებს უნდა ავარიდოთ თავი: კრიტიკული და სარკასტულიფორმით დასმულ კითხვებს რომელიც ძირს უთხრის ადამიანის თქვენდამი ნდობას და შეიძლება მასში გამოიწვიოს თქვენდამი მტრული განწყობა წყენა და იდეებისა და მოტივაციის დათრგუნვა გამოცდის ტონში დასმულ კითხვებს რომლებიც მიმართულია იმის გამოვლენაზე იცის თუ არა ადამიანმა "სწორი" პასუხი ან გადაჭარბებული რაოდენობით დახურული კითხვების დასმა ამ კითხვებს შეუძლიათ ადამიანში იმის განცდა რომ ის დაკითხვაზე იმყოფება რაც მათში დაცვით განწყობას გამოიწვევს მთავარი კითხვის კითხვა რამაც შეიძლება მცდარი პასუხი დაოს ინფორმაციის შემდგომი მიწოდება ამ საკითხის გარშემო სწორი კითხვების დასმა დახურული კითხვების გამოყენება : ინფორმაციის შეგროვების და დაგადამოწმების მიზნით ფაქტების სწორად გაგებისათვის თანხმობის და მოქმედების დადასტურების მიზნით; გადაწყვეტილების მიღების მიზნით მხოლოდ ორი ალტერნატივის არსებობის შემთხვევაში დახურული კითხვების მაგალითი რამდენი წლისა ხარ? სად დაიბადა? ეს როდის მოხდა? ღია კითხვები საიდან გინდა დაიწყო? რას გრძნობთ ახლა? რამ დაგამწუხრა? ღია კითხვების გამოყენება: რაპორტის დამყარების მიზნით თავისუფლი გარემოს შექმნა რათა ადამიანმა პასუხი საკუთარი სურვილისამებრ გასცეს; შეხედულებებისა და ფასეულობების შეფასებისა და გამოკვლევის მიზნით უფრო სრული გაგების მისარწევად ჩართულობისა და მოვალეობების ჩამოყალიბებისათვის უკუკვშირის წახალისებისათვის სხვა სასარგებლო კითხვები გამოძიების ზონდირების დანიშნულების მქონე კითხვები ისინი გამოიყენება როგორც დამატებითი კითხვები ღია კითხვების დასმის დროს. ისინი დამატებით ინფორმაციას იძლევიან არსებულ სიტუაციაში უკეთესად გარკვევისათვის; აგრეთვე გრძნობებისა და მოტივაციის გამოაშკარავებისათვის. ეს პროცესი ცნობილია აგრეთვე ფუნნელლინგ სახელწოდებით რაც ვიწრო კალაპოტში მოთავსებას ნიშნავს. ამ დროს გამოკითხვა იწყება ზოგადი კითხვებით, შემდეგ კი მათი ფოკუსი პროგრესულად და თანდათანობით ვიწროვდება და მათი მნიშვნელობა უფრო კონკრეტული ხდება. მას საძიებელი საკითხის პრობლემის გამოაშკარავება აქვს მიზნად. შემოქმედებითი კითხვები მიზნად ისახავენ ახალი აზრებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას და მიმართულია მომავალ შესაძლებლობებზე. მაგ როგორ ფიქრობ რა მოხდება თუ შენ სხვანაირად მოიმოქმედებ? . დაუშვათ თქვენ მიაღწიეთ მიზანს და მერე რა მოხდება თქვენი აზრით? ემპათიური კითხვები ქმნიან რაპორტს და ხელს უწყობენ ნდობის ჩამოყალიბებას რა იგრძენი როდესაც ეს მოხდა? . ამსახველი რეფლექტური კითხვები ასევე ხელს უწყობენ რაპორტის ჩამოყალიბებას და ემოციების განტვირთვას. მაგ როგორც ჩანს ეს ძალიან უსიამოვნო და საშიში იყო თქვენთვის? ამგვარად თქვენ ძალიან აღელდით როდესავ ეს მოხდა? ცნობიერების დონის ზრდაზე მიმართული კითხვები – ეხმარება ადამინს საკუთარი აზრებისა და გრძნობების შესწავლის საქმეში წახალისებაში მისი ცხოვრების სირთულეების გადალახვაში. რამ გაგაჩერა? რამ გაიძულად ასე მოქცეულიყავით? როგორ მოიმოქმედებდი მომავალში? შემაჯამებელი კითხვები მიმართულია თემატიკის დადგენასა მის გაშუქებაზე ქცევის და მოქმედებაში მოყვანის შეფასების იკვლევს იმ დაბრკლებებს რომელიც მოტივაციის და მიზნის განხორციელებას ხელს უშლის. რისი გაკეთებაა შესაძლებელი რა გიშლის ხელს ამის განხორციელებაში? ზოგადი კოგნიტური შეცდომები კატასტროფირება გადაჭარბება - ავტომატურად ცუდის დაჯერება; სულ ან არაფრის სტილით აზროვნება ანუ დიქოტიმური დასკვნების გამოტანა უკიდეროსობებით აზროვნება. მაგ. "თუ არ შემიძლია საქმის 100 % -ზე შესრულება ,საერთოდ არა აქვს აზრი ამის კეთდება". უკიდურესი განზოგადოება – ცალკეული მაგალითების ფაქტების განზოგადოება და მათ საფუძველზე დასკვნების გამოტანა მაგ ერთი რომელიმე მარცხის განხილვა როგორც დაუსრულებელ მარცხის მოვლენათა ერთობლიობა გონებრივი ფილტრი – ფოკუსირება ცუდზე და კარგის იგნორირება ; ნაადრევი დასკვნები – დაუსაბუთებელ მცირე მტკიცებულების მქონე ფაქტებზე დაყრდნობით დასკვნის გამოტანას პერსონალიზაცია – პასუხებლობის აღება იმ ფაქტებსა და მოვლენებზე ,რომლებსაც მცირე შეხება აქვს ან საერთოდ არა აქვს შეხება საკუთარი თავთან       კონფრონტაცია არის ერთ ერთი ძირითადი ფსიქოთერაპიული ტექნიკური საშუალება რომლის დროსა ხდება ადამიანისათვის ან ადამინთა ჯგუფისათვის გაუცნობიერებელი და ამბივალენტური განწყობების, დამოკიდებულებების, ურთიერთობებისა და ქცევის სტერეოტიპების წარდგენა წარმოდგენა მათი გაცნობიერების მიზნით ფსიქოთერაპიაში მას სოციალურ ფსიქოლოგიური დათვირთვა არა აქვს სადაც იგი დაპირისპირებას ნიშნავს. ყველაზე სრულად ეს მეთოდი დამუშავებული ფსიქოანალიტიკურ ფსიქოთერაპიაში.       კლარიფიკაცია - გარკვევას ნიშნავს გაშუქებას ფსიქოანალიტიკური ტერმინია რომელიც გულისხმობს შინაგან დარწმუნებას ძლიერ დარწმუნებას გრძნობას იმაში რომ ადამიანი მტკიცედ დარწმუნებულია იმაში თუ რა უნდა აკეთოს. კლარიფიკაციული შემჩნევა არის ფსიქოთერაპევტის მხრიდან განსაკუთრებული გამონათქვამი რომელიც უფრო მკაფიო ტერმინებში პაციენტის ნათქვამს იმეორებს.       ინტერპრეტაცია – ფართო გაგებით ნიშნავს პაციენტის განცდების და ქცევის მისთვის გაურკვევლი და ფარული ასპექტების მნიშვნელობის განმარტებას. ფსიქოდინამიკურ ფსიქოთერაპიაში სიმპტომის, წარმოდგენების ასოციაციური ჯაჭვის, სიზმრის, წარმოსახვის, წინააღმდეგობის და გადტანის მნიშვნელობის განმარტების საშუალებას ტექნიკას წარმოადგენს.       თავისუფალი ასოციაციები არის სპონტანურად, კონცენტრაციისა და დაძაბულობის გარეშე, წარმოქმნილი წარმოდგენები აზრები და მოგონებები. იგი ფსიქოანალიზის ერთერთი ძირითადი ტექნიკაა       მედიტაცია ტერმინი მედიტაცია ლათინური წარმომავლობისა ედიტორ და ნიშნავს ვაზროვნებ ვფიქრობ ედიტარე ნიშნავს ცენტრისკენ მოძრაობას მისი ანალოგები მართმადიდებლობაში არის გონიერი სურვილი დხიანა ბუდიზმში და ზიკრ სუფიზმში. იგი არის ცნობიერების გამოღვიძების განსაკუთრებული მეთოდია. ყველა სახის მედიტაციის კონცენტრაციით იწყება.       ვიზუალიზაცია არის წარმოდგენების და ხატების მიზანმიმართული გამოწვევა. ← წინა ნაწილი …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 2:44pm on ოქტომბერი 10, 2015
თემა: ფსიქოანალიზისა და განწყობის თეორიის შედარებითი ანალიზი
არაცნობიერზე თეორიული შეხედულებებით. უზნაძისათვის არაცნობიერის პრობლემა იმთავითვე ფუნდამენტური იყო. ამიტომ გასაგებია, რომ ფროიდის თეორიას მან თავიდანვე მიაქცია განსაკუთრებული ყურადღება. ეს ინტერესი ქართული ფსიქოლოგიისათვის ბოლომდე დარჩა დამახასიათებელი. ფსიქოანალიზის პირველ მოხსენიებას უზნაძის 1925 წლის მონოგრაფიაში «ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის საფუძველები» ვხვდებით. აქ იგი განხილულია არაცნობიერი ფსიქიკურის იმჟამად არსებული დასაბუთებების კონტექსტში. ფსიქოანალიზის მიერ მოპოვებული ფაქტები მოიხსენიება იმ ფაქტებს შორის, რომლებიც ცნობიერებიდან განდევნილ მოვლენებს შეეხება. ვინაიდან ამ პერიოდში უზნაძე არ სცნობდა არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, იგი, ცხადია, ამ ფენომენების ფსიქიკურობასაც უარყოფს. აქ ჯერ კიდევ არ არის მოცემული ფსიქოანალიზის საგანგებო შეფასება; იგი უნდა მოვიაზროთ უზნაძის იმ ზოგად შეხედულებათა კონტექსტში, რომელთა თანახმად, «არაცნობიერი ფსიქიკური განცდა არ არსებობს, მაგრამ ამავე დროს არც თვით ფსიქიკური განცდანი არიან საკმარისნი იმისათვის, რომ მათი მიმდინარეობა ჩვენთვის გასაგები გავხადოთ» [14; 160]. ეს არც ფიზიოლოგიურ ფაქტებს შეუძლია. ფსიქიკურის დეტერმინაცია ე. წ. ბიოსფერულ რეალობაში ხდება, რომელსაც შემდგომში ავტორი განწყობას დაარქმევს.       მოგვიანებით 1936 წელს ტრაქტატში «ძილი და სიზმარი» უზნაძე უკვე საფუძვლიანად იხილავს ფროიდის კონცეფციას და გამოთქვამს პრინციპულ მოსაზრებას მის შესახებ, რომელიც შემდგომ გამოკვლევებშიც ძალაში რჩება. ფროიდის მიხედვით, ამბობს უზნაძე, არაცნობიერი ფსიქიკის არე თავისი შინაარსით არ განსხვავდება ცნობიერისაგან. იგი ისეთსავე განცდებს შეიცავს, როგორც ცნობიერი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ინდივიდმა მათ შესახებ არაფერი იცის. მაგრამ მაშინ არაცნობიერის ცნება ახალს არაფერს გვაძლევს, რამდენადაც, მიუხედავად იმისა, შენიღბულია თუ არა მისი შინაარსი, როგორც ეს მაგალითად სიზმარში ხდება, იგი არსებითად იმავე მნიშვნელობათა მატარებელია, რაც ცნობიერება. ეს ფსიქიკური მოვლენები «უკვე მანამ არსებობენ დამთავრებული სახით, სანამ სიზმარში თავის რეალიზაციას მოახერხებდნენ. მაგრამ მაშინ რაღა აზრი ექნებოდა მათს სიზმრის ცნობიერებაში აქტივაციას? არა, იგინი როგორც განცდები კი არ განაგრძობენ არსებობას, როგორც წარმოდგენები, აზრები, სურვილები ან აფექტები, არამედ როგორც მათი ფუნქციონალური ტენდენციის აქტივაციის მზაობა, როგორც სუბიექტის განწყობა მათი მიმართულებით განცდების წარმოშობისა» [12; 58].       აქ ფაქტიურად ერთად არის მოცემული ნეგატიური და პოზიტიური შეხედულება, რაც საერთოდ დამახასიათებელია ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასებისათვის. უზნაძეს მიაჩნია, რომ ფროიდის ცნება არ გამოდგება ცნობიერი შინაარსების აღმოცენებისა და მიმდინარეობის გასაგებად, რადგან იგი შემდგარია განცდადობას მოკლებული ჩვეულებრივი ფსიქიკური (ცნობიერი) ფენომენებისაგან (აზრები, სურვილები, აფექტები), ხოლო განცდით (თუნდაც არაცნობიერით) განცდის ახსნა არ შეიძლება. ამისათვის უნდა მოინახოს სულ სხვა კატეგორიის და ხასიათის ცნება და რეალობა.       თავის გვიანდელ შრომებში უზნაძე კვლავ უბრუნდება ფროიდის კონცეფციის განხილვას, ოღონდ, უკვე არა სიზმრის ფენომენთან დაკავშირებით, არამედ ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ამ დროისათვის უზნაძემ შეცვალა თავისი პოზიცია განწყობის ფსიქიკურობის მიმართ. ახლა იგი (განწყობა) არაცნობიერ ფსიქიკურ რეალობად იქნა ჩათვლილი და ცალსახად მიეწერა ფროიდის მიერ ნაგულისხმევი არაცნობიერის ჩამნაცვლებლის როლი. ავტორის აზრით, არაცნობიერი ფსიქიკურის ცნება საზოგადოდ ზედმეტია და უნდა შეიცვალოს განწყობით. «განწყობა შეუძლებელია წარმოადგენდეს სუბიექტის ცნობიერების ცალკე აქტს, იგი მხოლოდ მოდუსია მისი, როგორც მთელის მდგომარეობისა. ამიტომ სავსებით ბუნებრივია ჩავთვალოთ, რომ თუ ჩვენში მართლაც მიმდინარეობს რაიმე არაცნობიერად, ეს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა ჩვენი განწყობა უნდა იყოს» [18; 285].       უზნაძის მიხედვით ფროიდის მოძღვრების ყველაზე სუსტი ადგილი ის არის, რომ მასში არაცნობიერი დახასიათებულია მხოლოდ ნეგატიურად – როგორც ცნობიერების უარყოფა. ფროიდის არაცნობიერი იგივე ცნობიერი განცდებია, რომლებიც განიდევნენ ცნობიერებიდან და ახლა ცნობიერებას მოკლებული განცდის ფორმაში იმყოფებიან. ასეთი არაცნობიერი ისეთივე ცნობიერი ფსიქიკაა, მინუს განცდა. მათი შინაგანი ბუნება და სტრუქტურა იგივეობრივია. ფროიდის თეორიის ძირითად ნაკლს უზნაძე ასე ახასიათებს: «რომ მოხერხდებოდეს, არაცნობიერის ცნების განთავისუფლება ცნობიერი ცხოვრებისათვის ჩვეული ფსიქიკური შინაარსისაგან, რომ მოხერხდებოდეს მათთვის სხვა უფრო შესაფერისი შინაარსის მოძებნა, მაშინ ხელთ გვექნებოდა იარაღი, რომელიც მოგვცემდა საშუალებას უფრო ღრმად ჩავწვდომოდით საქმის ნამდვილ ვითარებას» [17; 45]. განწყობა სწორედ ასეთ ცნებად არის მიჩნეული. იგი საფუძვლად ედება ყოველ ცნობიერ შინაარსს, რჩება რა ამასთან ყოველთვის არაცნობიერი. განწყობა ფსიქიკის განვითარების ადრეული საფეხურია, რომელიც ლოგიკურად და ფაქტობრივად წინ უსწრებს ცნობიერებას. არაცნობიერის ფსიქოანალიტიკური გაგება მეცნიერებას პოზიტიურს არაფერს აძლევს. იგი ცნობიერებიდან განდევნილი ფსიქიკაა, ე. ი. ცნობიერება მისი წარმოქმნის პირობაა, ამიტომ ცნობიერების განვითარებას იგი ვერ აგვიხსნის.       მიუხედავად ამ თეორიული წუნისა, ფსიქოანალიზს უეჭველი პრაქტიკული მიღწევები აქვს. უზნაძის აზრით, წარმატებული მკურნალობისას ფროიდი მართლაც ახერხებდა შეხებოდა იმას, რაც განსაზღვრავს ნევროტული სიმპტომების წარმოქმნას. მაგრამ დაავადების ჭეშმარიტ მექანიზმს ის ვერ ხედავდა და ახასიათებდა მას მხოლოდ უარყოფითად, როგორც განდევნილ არაცნობიერ განცდებს.       სინამდვილეში ფსიქოანალიზურ თერაპიას საქმე აქვს განწყობასთან, ვინაიდან სწორედ ის არის რეალური არაცნობიერი ფსიქიკური ფაქტი.       ასეთია ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასება. მას, როგორც ითქვა, აქვს როგორც კრიტიკული, ისე პოზიტიური ნაწილი. ერთი მხრივ ნაჩვენებია არაცნობიერის ფროიდისეული გაგების უმართებულობა; მეორე მხრივ მითითებულია ცნებაზე, რომელიც მას უნდა ჩაენაცვლოს. ამდენად, აქ ორი მომენტი უნდა გაირჩეს: ერთი, რამდენად ზუსტი და სამართლიანია ფროიდის უზნაძისეული კრიტიკა, და მეორე, რამდენად მიზანშეწონილია და ნაყოფიერი განწყობის მოაზრება ფსიქოანალიტიკური არაცნობიერის ალტერნატივად.       უნდა ითქვას, რომ უზნაძისეული ეს შეფასება ქართულ ფსიქოლოგიაში ყველამ არ გაიზიარა. მაგალითად, ვ. კაკაბაძე ფსიქონალიზისადმი მიძღვნილ მრავალ ნაშრომში იმ აზრს იცავს, რომ ფროიდი, მართალია, ადასტურებს არაცნობიერი ფსიქიკის ცნობიერებისაგან დამოუკიდებელ არსებობას, მაგრამ მისი ყოფიერების ფორმის თაობაზე, მისი ონტოლოგიური სახის შესახებ არაფერი იცის. ფროიდის მიხედვით არაცნობიერი პროცესების შინაგანი ბუნებისა და მდგომარეობის შესახებ საერთოდ შეუძლებელია გარკვეული და სანდო ცნობის მიღება. ფროიდი მართლაც არაერთგან მიუთითებს, რომ «წარმოდგენა, რომელიც მოცემულ მომენტში ცნობიერია, მომდევნო წამს აღარ არის ასეთი, მაგრამ შეუძლია ისევ გახდეს ცნობიერი გარკვეულ, ადვილად მისაღწევ პირობებში. როგორი იყო იგი შუალედურ პერიოდში, ჩვენ არ ვიცით; შეიძლება ითქვას, რომ იგი იყო დაფარული» [30; 185]. ან «არაცნობიერს ჩვენ ვუწოდებთ ფსიქიკურ პროცესს, რომლის არსებობის თაობაზე ჩვენ უნდა დავუშვათ, რადგანაც მის შესახებ ვასკვნით შედეგებიდან გამომდინარე ისე, რომ არაფერი ვიცით მის შესახებ» [31; 343]. თუ ეს ასეა, თვლის კაკაბაძე, მაშინ არ უნდა იყოს მართებული ფროიდის არაცნობიერის ცნების უზნაძისეული ინტერპრეტაცია. რა შინაარსი და სტრუქტურა აქვს არაცნობიერს და საზოგადოდ არის თუ არა ის ფსიქიკური, უცნობია. ფროიდი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ არაცნობიერი ჩვენთვის გაუგებარი რეალობაა, რომ მისი არსებობის ფორმის წარმოდგენა შეუძლებელია, ხოლო ფსიქოანალიზის ავტორის მიერ ხშირად ხმარებული გამონათქვამები, როგორიცაა: «არაცნობიერი წარმოდგენა»,       «არაცნობიერი აფექტი», «არაცნობიერი სურვილი» და სხვა, ფროიდისავე თქმით, მხოლოდ «გამონათქვამის უწყინარი დაუდევრობაა».       კაკაბაძე თავის მტკიცებებში ძალიან შორს მიდის. არაცნობიერი ფსიქიკური რეალობის დაშვება ფსიქოანალიზის ამოსავალი წერტილია. სხვა ამბავია, რომ ფროიდი ხშირად ერიდება ამ რეალობის პოზიტიურ, შინაარსობრივ დახასიათებას. მოყვანილი ამონაწერები სწორედ ამაზე მეტყველებს. მაგრამ ისინი, ამავე დროს, ფროიდის მეცნიერულ კეთილსინდისიერებასაც ადასტურებენ, რადგანაც არაცნობიერი, მისივე რწმენით, მაინც ჰიპოთეტური ცნებაა; როგორც თეორეტიკოსი, კაკაბაძე უარყოფს არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილის არსებობის შესაძლებლობას. ამიტომ, როგორც ფსიქოლოგიის ისტორიკოსი, იგი განსაკუთრებით სენზიტიურია ფროიდის ყოველგვარი გამონათქვამის მიმართ, რომელიც არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნების შეუცნობადობას ეხება. საქმეს ისიც ართულებს, რომ ფროიდის ტექსტები ხშირად იძლევა განსხვავებული წაკითხვის საშუალებას, და, საზოგადოდაც, მის მიერ არაცნობიერის ბუნების გააზრება სიცხადითა და თანამიმდევრულობით არ გამოირჩევა.       მართლაც, ერთი მხრივ, ფროიდი აღნიშნავს არაცნობიერი პროცესის მიუწვდომლობას. ცნობიერებიდან გასული შინაარსები ხდება ლატენტური, ცნობიერებისთვის უცნობი და უცხო. მათ შესახებ მარტო იმის თქმა შეიძლება, რომ «ისინი გახდნენ არაცნობიერნი, თუკი საერთოდ ვიქნებოდით დარწმუნებულნი, რომ ლატენტურ მდგომარეობაში ისინი აგრეთვე ფსიქიკურნი არიან» [31; 343]. ფროიდი აქ არაჩვეულებრივად ფრთხილობს და იმასაც კი ვერ ამბობს დარწმუნებით, არის თუ არა არაცნობიერი ფსიქიკური; მას ეჭვი შეაქვს თავისი თეორიის ფუძემდებლურ თეზისში, რომელიც არაერთგზის დაბეჯითებით გამოუთქვამს. მეორე მხრივ, ფროიდთან მოცემულია დადებითი მსჯელობების რიგი არაცნობიერის ფორმებისა და თვისებების შესახებ. იგი გამოყოფს ორი სახის არაცნობიერს: ე. წ. «წინაცნობიერი», რომელიც მჭიდრო კავშირშია ცნობიერებასთან, ადვილად გადის და შემოდის მასში, და «საკუთრივ არაცნობიერი», რომლის ამგვარი ტრანსფორმაცია ან შედარებით გაძნელებულია, ან სულაც შეუძლებელი. ბოლო პერიოდში ფროიდმა უფრო დააკონკრეტა თვალსაზრისი და ცნობიერებასთან მიმართებაში ოთხი სახის არაცნობიერზე მიუთითა. ესენია: წინაცნობიერი, განდევნილი, არქაული და საკუთრივ არაცნობიერი. უკანასკნელი აუცილებლად და ყოველთვის არაცნობიერია. დანარჩენები ამა თუ იმ კავშირში იმყოფებიან ცნობიერებასთან. მათი გენეზისის თავისებურება იმაშია, რომ ისინი ოდესღაც ცნობიერების შინაარსები იყვნენ და უკანვე დაბრუნების უნარი აქვთ. აქვე აღვნიშნოთ, რომ არაცნობიერის სწორედ ამ სახეობათა მიმართ არის მართებული უზნაძის კრიტიკული დებულება, რომლის თანახმად ფროიდის არაცნობიერის ცნება უვარგისია ცნობიერების გენეზისის საკითხის გადასაწყვეტად. არაცნობიერი, რომლის წარმოქმნა ცნობიერებაზეა დამოკიდებული, მართლა არ გამოდგება ცნობიერების აღმოცენების წინაპირობად. სამაგიეროდ ე. წ. «საკუთრივ არაცნობიერის» მიმართ ეს შენიშვნა ვერ გავრცელდება.       ამ უკანასკნელის მიმართ იმის თქმაც ძნელია, თითქოს ის შედგება ჩვეულებრივი ცნობიერი პროცესებისაგან, რომელთაც მხოლოდ განცდობა აკლია. არის რა «იდ»-ის არსებობის ფორმა, არაცნობიერის ეს სახე პრინციპულად უპირისპირდება ცნობიერებას, რომელიც მე-შია მოთავსებული. განსხვავება ეხება როგორც გენეზისს (იგი წინ უსწრებს და განსაზღვრავს ცნობიერებას), ისე მათ ბუნებას (შინაარსს და მოქმედების პრინციპებს). სამაგიეროდ, ცნობიერებიდან წარმოებული არაცნობიერი სულ სხვაგვარად ხასიათდება. ყოველ შემთხვევაში ცნობიერებასთან მისი დაპირისპირება გაცილებით ნაკლებ კატეგორიულია და, შესაძლებელია, სულაც არ არსებობდეს. სწორედ ასეთ არაცნობიერს ახასიათებს ფროიდი, როდესაც ამბობს, რომ «ზოგიერთ ლატენტურ მდგომარეობათა მიმართ ჩვენ შეგვიძლია ისიც კი ვამტკიცოთ, რომ ისინი მხოლოდ იმით განსხვავდებიან ცნობიერებისაგან, რომ მოკლებულნი არიან ცნობიერებას» [28; 127].       აზრი სრულიად ნათელია. არაცნობიერის გარკვეული სახეობა მხოლოდ იმით განსხვავდება ცნობიერებისაგან, რომ არ განიცდება, ცნობიერების მიერ არ აღიქმება. მაშასადამე, ფროიდი მართლაც ლაპარაკობს ისეთ არაცნობიერზე, რომელიც თვისებრივად არ განსხვავდება ცნობიერი ფსიქიკური შინაარსებისაგან. უზნაძე არაცნობიერის სწორედ ასეთი გაგების წინააღმდეგია. აქედან გამომდინარე, უზნაძეს ფსიქოანალიზის შეფასება ფაქტობრივად მხოლოდ ე. წ. «რეპრესირებულ არაცნობიერს» ეხება და არა მთლიანად არაცნობიერის სფეროს, რომელიც არ დაიყვანება ამ უკანასკნელზე.       ეს ვითარება შეამჩნია ი. ბჟალავამაც. მან დაადასტურა, რომ ფროიდის მოძღვრებაში ისეთი არაცნობიერის არსებობაც არის დაშვებული, რომელიც არ ყოფილა განდევნილი. მაგრამ მას მიაჩნია, რომ ამ დაშვებამ არ ჰპოვა განვითარება ფროიდის ნააზრევში და ამიტომაც სავსებით ეთანხმება არაცნობიერის ფსიქოანალიზური კონცეფციის უზნაძისეულ შეფასებას [2].       ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ თავის გვიანდელ შრომებში ფროიდმა განსაკუთრებული ყურადღება არაცნობიერის სწორედ ამ სფეროს მიაპყრო, ცდილობდა რა საკუთრივ არაცნობიერი განეხილა, მისი სიტყვებით, არა იმდენად როგორც «ფსიქიკის თვისება», არამედ როგორც «სულის არე». ეს არე, რომელსაც «იდი» ან «იგი» ეწოდა, განსხვავდება ორი დანარჩენი არესაგან («ეგო» და «სუპერეგო») მოქმედების პრინციპებითაც და არაცნობიერთან მიმართებითაც. «იდი» მთლიანად და აუცილებლად არაცნობიერია.       «იგი»-ში გაბატონებული თვისება არაცნობიერია. «იგი» და არაცნობიერი შინაგანად ისევე ეკუთვნის ერთმანეთს, როგორადაც «მე» და «წინაცნობიერი» [20; 501]. «იდი» არაცნობიერი ფსიქიკის გენეტიკურად პირველადი ფორმაა პერსონის და მისი ფსიქიკური აპარატის განვითარების თვალსაზრისით. «მე» იდიდან შეიქმნა. ევოლუციის პროცესში გარემოსთან შეგუების ზეგავლენით გარკვეული შინაარსები გარდაიქმნა წინაცნობიერად და მოთავსდა «მე»-ში, რომელიც მათ საჭიროებისამებრ აცნობიერებდა. «იდი»-ს სახით მოცემული გენეტიკურად პირველადი ფორმა არაცნობიერისა არის ფსიქიკური ენერგეტიკა, პირველადი ლტოლვები, რომლებიც ფილოგენეზის, ონტოგენეზის თუ აქტუალგენეზის თვალსაზრისით ყოველგვარ ფსიქიკურ სტრუქტურასა და აქტს განაპირობებენ. ამ არაცნობიერი ფსიქიკური სამყაროს არსებობისა და მოქმედების წესზე დარწმუნებით ბევრი არაფრის თქმაა შესაძლებელი, მაგრამ დაშვებები შესაძლებელიცაა და აუცილებელიც. ფსიქიკური ენერგეტიკა ისეთი ფუნდამენტური დაშვებაა, რომელიც ფსიქოლოგიის ბუნებისმეტყველური დაფუძნების ფროიდისეულ მცდელობას გამოხატავს. ფსიქიკურ ენერგეტიკას თავისი ფესვები ფსიქოფიზიკურ პროცესებში აქვს გადგმული. ამიტომ «იდი»-ს სფერო დაკავშირებულია სომატურ პროცესებთან, საიდანაც იძენს აღძვრით მუხტს და მათ ფსიქიკურ ფორმას აძლევს. «იდი»-ს არაცნობიერი პროცესები აკავშირებენ სომატურ და ფსიქიკურ პროცესებს, მაგრამ თუ რა სუბსტრატში ხორციელდება მათი დაკავშირება ან როგორია პირველადი არაცნობიერი პროცესის ონტოლოგიური სტატუსი, ამის გარკვევისაგან ფროიდი თავს იკავებს. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია – ეს არაცნობიერი სფერო თავისი ბუნებით არსებითად განსხვავდება როგორც ცნობიერი, ისე არაცნობიერი ფსიქიკის იმ სახეობათაგან, რომლებიც ცნობილია ტრადიციული ფსიქოლოგიისათვის[42].       ფროიდი არა მხოლოდ უშვებს არაცნობიერი ფსიქიკის ასეთი სფეროს არსებობას, არამედ ვარაუდების სისტემასაც აყალიბებს, ქმნის მიკროთეორიას მისი მოქმედების თავისებურებათა შესახებ. განსხვავებით წინაცნობიერისაგან ან განდევნილი არაცნობიერისაგან, რომლებიც სპონტანურად ან სათანადო პირობებში შედარებით ადვილად გადაინაცვლებენ ცნობიერებაში, «იდ»-ის მუდმივი ფენა ნაკლებ მოძრავია და შებოჭილია არაცნობიერის ფარგლებით. ამ საზღვრებში მოთავსებული ფსიქიკური სამყარო რადიკალურად განსხვავდება ყოველივე იმისაგან, რაც ჩვეულებრივ «მე»-ს ფსიქიკას მიეწერება. აქ სხვა კანონზომიერება და ლოგიკა მოქმედებს. ეს არის ირაციონალური ენერგეტიკული წარმონაქმნების უსისტემო მოძრაობის სფერო, სადაც მხოლოდ სიამოვნების პრინციპია გაბატონებული. მისთვის უცხოა ყოველგვარი შეფასება, სიკეთე, ბოროტება, მორალი; ასევე არ მოქმედებს აქ აზროვნების და ლოგიკის კანონები, იგი უგრძნობია შეუსაბამობათა და წინააღმდეგობათა მიმართ. საწინააღმდეგო ძალები თავისუფლად თანაარსებობენ და სრულიად წარმოუდგენელ კომბინაციებს ქმნიან. აქ არ არსებობს დროულობა; «იდ»-ის არაცნობიერი შინაარსები ვირტუალურად უკვდავნია. ისინი ყოველთვის ისე მოქმედებენ, თითქოს ახლა წარმოიქმნენ. მათ არ იციან წარსული და მომავალი. დრო გაჩერებულია, ხოლო აქტუალურად მოცემული სურათი სრული განუკითხაობისა და ქაოსის მდგომარეობად გვევლინება. ერთი სიტყვით, ფსიქიკური ცხოვრების ცნობილი კანონზომიერებანი «იდ»-ში არ მოქმედებს. უფრო მეტიც, აქ მოცემული ვითარება მათ ანტიპოდად გამოდგება. მართლაც, ფსიქიკა ხომ იმისათვის და ისეა ორგანიზებული, რომ გათვალისწინებულ იქნეს სიცოცხლის შენარჩუნებისათვის საჭირო ყველა მოთხოვნა და ფაქტორი და ინდივიდმა მისი მეშვეობით მიზანშეწონილად იმოქმედოს. იდისმიერი ლტოლვების სახით მოცემული არაცნობიერი ფსიქიკა შეგუებაზე კი არა, მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნავს. თუკი ასეთი ფსიქიკა მართლაც არსებობს, იგი ფსიქიკის ყველა სხვა სახისაგან პრინციპულად განსხვავდება. ჩვენი ანალიზისათვის კი მთავარი ისაა, რომ ფროიდს ამგვარი არაცნობიერი დაშვებული აქვს და იგი მართლაც ვერ აღიწერება, როგორც ცნობიერების ნიშანს მოკლებული ჩვეულებრივი ფსიქიკური პროცესი.       ამრიგად, ერთგვარი, თუმცა, არცთუ ყოველთვის ნათელი და ცალსახა თვალსაზრისი არაცნობიერი ფსიქიკური ფორმებისა და მათი თავისებურებების შესახებ ფსიქოანალიზს, რა თქმა უნდა, მოეპოვება. ამიტომ იმის მტკიცება, რომ ფსიქოანალიზში სულ არაა მოცემული რაიმე შეხედულება არაცნობიერის ბუნების არსებობის ფორმის შესახებ, უმართებულოა. ამგვარი შეფასების საფუძველს შეადგენს თეორიულ-მეთოდოლოგიური პოზიცია, რომლის თანახმად არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის დადასტურება საერთოდ შეუძლებელია მისი უშუალოდ დაუკვირვებადობის გამო [6][25]. ვერავინ, ცხადია, და ვერც ფროიდი ვერ იტყვის რაიმეს არაცნობიერის არსებობის ფორმაზე, იმაზე, თუ როგორია იგი თავისთავად, ცნობიერებისგან დამოუკიდებლად. ფროიდს მართლაც არაერთგზის აქვს აღნიშნული არაცნობიერის არადაკვირვებადობა. არაცნობიერი ფსიქიკურის ონტოლოგიური ბუნების წვდომასთან დაკავშირებული სირთულეები, რომლებიც მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, ამ გარემოებიდან მომდინარეობს. ფროიდს ისიც ნათლად ესმოდა, რომ მისი წარმოდგენები სინამდვილის ამ სფეროს შესახებ არსებითად ჰიპოთეტური ხასიათისაა. მაგრამ ასეთი წარმოდგენები მას ჰქონდა და ისინი სულაც არ იყო მიღებული თავისუფალი გონებაჭვრეტის შედეგად; ისინი სავსებით გარკვეულ ემპირიულ საფუძველს ემყარებოდნენ. კლინიკური პრაქტიკა ფროიდს აძლევდა იმის რწმენას, რომ თუნდაც არაპირდაპირი გზით იგი არაცნობიერს სწვდებოდა. ფროიდი ამტკიცებდა, რომ არსებობს ფაქტები, რომლებიც უშუალოდ მიგვანიშნებენ არაცნობიერის არსებობაზე; არაცნობიერი ფსიქიკურის კატეგორია მეცნიერებაში პირველ რიგში გარკვეული ემპირიის ახსნისა და გააზრების მოთხოვნითაა შემოტანილი.       ამრიგად, ანალიზი გვაჩვენებს, რომ ფროიდის კონცეფციაში, მიუხედავად ერთგვარი ბუნდოვანებისა, გათვალისწინებულია არაცნობიერის ისეთი სახე, რომელიც აღიწერება იმავე კატეგორიებით, რაც ცნობიერი ფსიქიკური აქტები. ასეთი «არაცნობიერის ubw სისტემას აქვს იგივე თავისებურება, რაც ცნობიერის bw სისტემას» [28; 132]. უზნაძის შეფასება ამგვარ არაცნობიერს ეხება. მაგრამ ფროიდის მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აგრეთვე სხვაგვარ არაცნობიერს უკავია. ეს არის ე. წ. საკუთრივ არაცნობიერი, რომლის ავტორისეული დახასიათება გამორიცხავს რაიმე პარალელს მას და ცნობიერებას შორის. ეს ჰიპოთეტური არაცნობიერი სფერო, რომელიც არსებითად პირველადი ლტოლვების სამყაროს წარმოადგენს, გააზრებულია როგორც ფსიქიკა, რომელსაც ფენომენალური ფსიქიკისაგან სრულიად განსხვავებული თავისებურებანი აქვს. და თუმცა ამის შესახებ ფროიდი ბევრს არაფერს გვეუბნება, ფსიქოანალიზში არაცნობიერი ფსიქიკის ასეთი სახის არსებობის უგულვებელყოფა დაუშვებელია. ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასება ამდაგვარ არაცნობიერზე ვერ გავრცელდება.       როგორც ითქვა, უზნაძე არ შემოიფარგლა ფროიდთან არაცნობიერის «უარყოფითი ცნების» კრიტიკით, არამედ გამოთქვა მოსაზრება, რომ იგი «დადებითი შინაარსის ცნებით», ანუ განწყობით უნდა შეიცვალოს. ის, რასაც ფსიქოანალიზი არაცნობიერი ფსიქიკურის სფეროს უწოდებს, განწყობის სფეროა; არაცნობიერად მხოლოდ განწყობები არსებობს. ამიტომ უფრო ფართო კონტექსტში უზნაძე იმასაც კი ამბობს, რომ არაცნობიერი საერთოდ ზედმეტი ცნებაა და იგი განწყობით უნდა შეიცვალოს. თუ რამეა მოცემული არაცნობიერად, ეს განწყობაა. როგორც ჩანს, აქ მეტი სიფრთხილეა საჭირო. ყოველ შემთხვევაში ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, სახელდობრ ის, რომ რეფლექსიური ცნობიერების გარეშე არსებული მოვლენების წრე მხოლოდ განწყობებით არ შემოიფარგლება. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ არსებობს ფსიქიკური შინაარსები და აქტები ცნობიერების მიღმა, რომლებიც არ წარმოადგენენ განწყობას. არსებობს განცდა მინუს ცნობიერება. ასეთია ცხოველის ფსიქიკა; ცხოველებს აქვთ შეგრძნებები, მოთხოვნილებები, წარმოდგენები, ერთი სიტყვით სხვადასხვა განცდები, მაგრამ მათ არა აქვთ ცნობიერება. ასეთი ცნობიერების გარეშე მოცემული ფსიქიკა ადამიანსაც აქვს და იგი თვით უზნაძის თეორიულ სისტემაშიც არის გათვალისწინებული. ჩვენ მხედველობაში გვაქვს ე. წ. ფსიქიკის მუშაობის პირველი დონე; ქცევის რეგულაცია ამ შემთხვევაში მიმდინარეობს იმ განცდებზე დაყრდნობით, რომელთა ობიექტივირება (გაცნობიერება) არ ხდება. აშკარაა, რომ ასეთი ფსიქიკა არ არის ცნობიერი, მაგრამ იგი არც განწყობაა, ვინაიდან, თეორიის თანახმად, თავად აღმოცენდება სათანადო განწყობის საფუძველზე. მაშასადამე, განწყობის ცნების შინაარსი არ ფარავს არაცნობიერი მოვლენების სფეროს; არაცნობიერი, როგორც ჩანს, ზედმეტი ცნება არ უნდა იყოს. სხვა საკითხია, რა მიმართებაშია ეს არაგანწყობისეული არაცნობიერი ფროიდის სისტემაში ნაგულისხმევი არაცნობიერის სახეობებთან. იქნებ შესაძლებელია აქ ე. წ. «წინაცნობიერთან» ერთგვარი პარალელის გავლება. ეს საკითხი სპეციალურ შესწავლას საჭიროებს.       ქართველი ფსიქოლოგების უმრავლესობამ გაიზიარა ასეთი მიდგომა. თავისებური პოზიცია დაიკავა შეროზიამ [36]. იგი ცდილობს შეარიგოს ერთმანეთთან ფროიდისა და უზნაძის თვალსაზრისები და ასეთი გზით «არაცნობიერის სრული თეორია მოგვცეს». ამ ამოცანას ავტორი ერთობ მარტივად სწყვეტს. იგი უბრალოდ არაცნობიერის სფეროში ორ ქვესტრუქტურას გამოყოფს. ერთი უზნაძისეული არაცნობიერი ანუ პირველადი განწყობაა. განწყობა იმთავითვე და აუცილებლად არაცნობიერია და ამასთან ყოველგვარი ფსიქიკური აქტივობის საფუძველია. მეორე ფროიდისეული არაცნობიერია, რომელსაც შეადგენენ ცნობიერების მიერ «გადამუშავებული», «ჩვეულებრივი არაცნობიერი განცდები»: სურვილები, მოტივები, წარმოდგენები, აზრები და ყოველგვარი ფიქსირებული განწყობები. ისინი არ არიან არც პრინციპულად არაცნობიერნი და არც რაიმე ფსიქიკურის საფუძველი, არამედ თვითონ ეყრდნობიან აქტუალურ განწყობას. ამავე დროს, როგორც ინდივიდის გამოცდილების გამოხატულება, ეს არაცნობიერი მოვლენები განწყობის რეალიზაციის ხელშემწყობ ან ხელშემშლელ ფაქტორებად გვევლინება. ამრიგად, არსებობს განწყობის სახით «ცნობიერებამდელი არაცნობიერი». იგი წარმოადგენს პიროვნების მთლიან მოდიფიკაციას და ამდენად, ყოველთვის და აუცილებლად არაცნობიერია. როგორც ფსიქიკის სახეობა, იგი გენეტიკურად და ფუნქციონალურად წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერ განცდებს. ამავე დროს დაშვებულია ფსიქიკის ისეთი არაცნობიერი ფორმაც, რომელიც ცნობიერებამოკლებული განცდებისაგან შედგება. ერთი სიტყვით, არაცნობიერის სფეროს არ მოიცავს განწყობა, არამედ მასში შედის არაცნობიერი ფსიქიკური განცდებიც, რომელთა არსებობას, როგორც ვიცით, უზნაძე კატეგორიულად უარყოფდა.       რის საფუძველზე ამტკიცებს ამას შეროზია? სამწუხაროდ, რაიმე საგანგებო თეორიულ არგუმენტაციას მის შრომებში ვერ ვხვდებით. როგორც ჩანს, ავტორს უბრალოდ მიაჩნია, რომ როგორც განწყობის, ისე არაცნობიერი განცდების ფენომენი დადასტურებულია სათანადო ფაქტოლოგიით, რომელიც აქვს შესაბამისად განწყობის ფსიქოლოგიას და ფსიქოანალიზს.       ფსიქოანალიზთან მიმართებაში ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰიპნოზისა და სიზმრის მოვლენები. ფროიდი მართლაც ხაზს უსვამდა ჰიპნოზის მნიშვნელობას ფსიქოანალიზის თეორიასა და პრაქტიკაში. იგი იმასაც კი ამბობს, რომ პოსტჰიპნოთიური ჩაგონების ცდებმა თვალნათლივ უჩვენა არაცნობიერის არსებობა და მისი ფუნქციონირების წესი [37]. ფროიდი ფიქრობდა, რომ ჰიპნოზურად ჩაგონებული მიზანი გადადის არაცნობიერ ფსიქიკურში და იქიდან, ვითარცა ცნობიერებას მოკლებული განზრახვა, განაპირობებს პოსტჰიპნოზურ მოქმედებას.       ამ საკითხში შეროზია ფროიდს ეთანხმება. ყოველ შემთხვევაში, იგი აქტიურად ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ არავითარი ფაქტი, მათ შორის ჰიპნოზურიც, არ გვაძლევს პირდაპირ ცნობას არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის შესახებ. ჰიპნოზის ფაქტი აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ჩაგონებული შინაარსი არ არის ცნობიერი; მაგრამ როგორი ბუნებისაა მიღებული არაცნობიერი მდგომარეობა – ფსიქიკურია იგი თუ ფიზიოლოგიური, ამაზე არაფერს ამბობს. მისი ასეთი თუ ისეთი გააზრება დამოკიდებულია წინასწარ მეთოდოლოგიურ პოზიციაზე იმის თაობაზე, თუ უშუალოდ ფსიქიკური საიდან მომდინარეობს – ისევ ფსიქიკურიდან თუ ნერვული სისტემის მოქმედებიდან. ჰიპნოზის მოვლენა პირდაპირ ვერ გვითვალისწინებს იმას, არსებობს თუ არა არაცნობიერი ფსიქიკა და როგორია მისი თავისებურებანი. არაცნობიერი ფსიქიკური ფაქტი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ჰიპოთეზები [5][6].       შეროზია უარყოფს ამ პოზიციას და მხარს უჭერს ფროიდს იმაში, რომ ჰიპნოზის ფაქტი ამტკიცებს არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას. პოსტჰიპნოზური ეფექტები ჩაგონებული ფსიქიკური ამოცანით არის გაპირობებული, მაგრამ ირკვევა, რომ შეროზია მაინც უკმაყოფილოა ჰიპნოზის ფსიქოანალიზური გააზრებით და ამის მიზეზია არაცნობიერის ფროიდისეული გაგება. უფრო მეტიც, «საკითხი არაცნობიერი ფსიქიკის ონტოლოგიური სტატუსის შესახებ ფროიდთან – ამბობს შეროზია – ღიად უნდა ჩაითვალოს» [36; 122].       შეროზიას მოსაზრებებს აკლია თანმიმდევრულობა. თუ ჰიპნოზის ფაქტი მართლაც ადასტურებს არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობას, მაშინ ის არაცნობიერის ონტოლოგიასაც გვითვალისწინებს. შეროზია ფროიდისეულ არაცნობიერ განცდებს ცნობს და განწყობასთან ერთად არაცნობიერის მთლიან სტრუქტურაში შეჰყავს, ხოლო ფროიდისთვის ჰიპნოზი სწორედ ასეთი არაცნობიერი ფსიქიკის მამტკიცებელი არგუმენტი იყო. მაინც რატომღა უნდა ჩაითვალოს ღიად ფსიქოანალიზში საკითხი არაცნობიერის ონტოლოგიური გარკვეულობის შესახებ? შესაძლოა, შეროზია ფიქრობს, რომ ჰიპნოზით მიღებული მდგომარეობის აღსაწერად ფროიდის არაცნობიერი არ გამოდგება; პოსჰიპნოზურ მოქმედებას არაცნობიერი მიზანი კი არა, განწყობა წარმართავს. ასეთი გაგება კანონიერია. მაგრამ ის გარემოება, რომ ჰიპნოზის მოვლენაზე დაყრდნობით ფროიდი და უზნაძე არაცნობიერის არსებითად განსხვავებულ ფორმებზე ლაპარაკობენ, იმაზე მეტყველებს, რომ ჰიპნოზი თავისთავად არ გვაძლევს ფაქტს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს შექმნილი მდგომარეობის ბუნებაზე. მაშასადამე, ჰიპნოზის მოვლენა ვერც იმას გაგვირკვევს, უნდა ჩაენაცვლოს თუ არა განწყობა არაცნობიერ განცდას და ვერც იმას, საჭიროა თუ არა ორივე მათგანის შენარჩუნება, როგორც ამას შეროზია გვთავაზობს.       ჰიპნოზის ფენომენი ყოველთვის იპყრობდა არაცნობიერით დაინტერესებული მკვლევარების ყურადღებას. გამონაკლისი არც უზნაძე და მისი სკოლა ყოფილა. სწორედ ჰიპნოზში ფორმირებული განწყობის მეთოდით ჩატარებული ცდები გახდა მთავარი ემპირიული არგუმენტი განწყობის არაცნობიერობის სასარგებლოდ. პირველად 1936 წელს ჩატარებული ეს ცდები მართლაც ამტკიცებს იმას, რომ «განწყობა ცნობიერების მოცემულობის გარეშე მოქმედებს და რომ ამ აზრით იგი არაფენომენალურ პროცესად უნდა ჩაითვალოს» [15; 104]. სამწუხაროდ, მიღებული ექსპერიმენტული ფაქტი არაფერს ამბობს არაცნობიერი ფიქსირებული განწყობის ონტოლოგიური სახის შესახებ. მას რომ ეს შეძლებოდა, საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მაშინვე იქნებოდა გადაწყვეტილი. არადა, ამ გამოკვლევიდან ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უზნაძე იმ პოზიციაზე იდგა, რომ არაცნობიერი ფსიქიკური არ არსებობს, ხოლო განწყობა ფიზიკურის და ფსიქიკურის გამაშუალებელი სინამდვილის ახალ სფეროს მიეკუთვნება. სხვა რომ არაფერი იყოს, ეს გარემოება ამტკიცებს იმას, რომ ჰიპნოზის ფაქტები არაცნობიერის ბუნებაზე მხოლოდ ჰიპოთეტური დებულებების გამოთქმის საშუალებას იძლევიან. ორმოციანი წლების ბოლოს, როცა უზნაძემ განწყობა არაცნობიერ ფსიქიკურ მოვლენად მიიჩნია, მის მიერ თვალსაზრისის შეცვლა ჰიპნოზის თუ სხვა რაიმე ახალი ექსპერიმენტული ფაქტების გავლენით არ მომხდარა[43]. სხვათა შორის, ნიშანდობლივია, რომ მკვლევარებს, რომლებიც უზნაძის თავდაპირველ პოზიციას იზიარებენ, მიაჩნიათ, რომ დინამიკური მდგომარეობა, რომელიც მედიუმში პოსტჰიპნოზური ჩაგონების შედეგად იქმნება, არც წმინდა ფიზიკური ცვლილებაა და არც წმინდა ფსიქიკური პროცესი [22]. ეს სავსებით ლოგიკურად გამომდინარეობს ისევ და ისევ წინასწარ მიღებული თეორიული დაშვებებიდან, რომ ჰიპნოზში განწყობა იქმნება, ხოლო ის არც ცალსახად ფიზიოლოგიურია და არც ცალსახად ფსიქიკური.       პოსტჰიპნოზური ჩაგონების ფაქტები მართლაც არ ააშკარავებს არაცნობიერის ონტოლოგიურ სახეს. მაგრამ მაინც ჰიპნოზში განწყობის ფიქსაციის ცდები ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე მიგვანიშნებს. კერძოდ, იმაზე, რომ ფიქსირებული განწყობა ცნობიერების ჩვეულებრივი ფსიქიკური შინაარსებისაგან განსხვავებული მოვლენა უნდა იყოს; წინააღმდეგ შემთხვევაში ისიც დაექვემდებარებოდა პოსტჰიპნოზურ ამნეზიას და ილუზორულ განცდასაც ვერ გამოიწვევდა. აქედან შორს მიმავალი დასკვნა კეთდება: «თუ ფროიდის არაცნობიერი იმას გულისხმობს, რაც პოსტჰიპნოზურ მოვლენაში იჩენს თავს, მაშინ ექსპერიმენტულად დასაბუთებულ დებულებად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ ფიქსირებული განწყობა ასრულებს იმის დანიშნულებას, რასაც ფროიდი არაცნობიერ წარმოდგენას უწოდებს» [2; 55]. ბჟალავას ეს ანალიზი მართლაც საინტერესოა, მაგრამ დებულება, რომ ფიქსირებული განწყობა ისაა, რასაც ფროიდი არაცნობიერ წარმოდგენას უწოდებს, ექსპერიმენტულად დასაბუთებულად მაინც ვერ ჩაითვლება. ამ ცდებიდან მარტო ის ჩანს, რომ ფიქსირებულ განწყობას «არსებობის საკუთარი ფორმა» აქვს, რომელიც განსხვავდება არაცნობიერი წარმოდგენისაგან, თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს. მაგრამ არსაიდან არ გამომდინარეობს, რომ არაცნობიერი სფერო მთლიანად მხოლოდ განწყობებისაგან შედგება. საკითხები, რომელთაც უზნაძის და ფროიდის შეხედულებათა ურთიერთშეპირისპირება ბადებს, პრინციპულია. დესკრიფციის საზღვრების დადგენას ხომ ფაქტიურად ფსიქოლოგიის საგნის დადგენამდე მივყავართ. უშუალო ცოდნა მართლაც მხოლოდ დაკვირვებადი, განცდადი ფსიქიკის შესახებ არსებობს. ამიტომ კითხვა არაგანცდადი განცდის შესახებ პრობლემურია. ფროიდი, როგორც ვიცით, ასეთ შესაძლებლობას უშვებდა, უზნაძე – არა. მნიშვნელოვანია აგრეთვე არაცნობიერის ონტოლოგიასთან დაკავშირებული საკითხებიც. ჩვენ უნდა გვქონდეს პასუხი კითხვებზე, არის თუ არა არაცნობიერი ფსიქიკური წმინდა თეორიული, ჰიპოთეტური კონსტრუქტი, თუნდაც ისეთი, როგორც დამოუკიდებელ და დამოკიდებულ ცვლადებს შორის არსებული სავარაუდო კავშირის აღმნიშვნელი ე. წ. შუალედური ცვლადებია? ან იქნებ ეს ცნება მხოლოდ ფილოსოფიურ-მეთოდოლოგიური საჭიროებით იქნა შემოტანილი? ან, შესაძლოა, მისი დამკვიდრება მეცნიერებაში ფაქტების პირდაპირი კარნახით მოხდა? თუ ასეა, რა ფაქტებია ეს, და ჩანს თუ არა მათში არაცნობიერის ნამდვილი ბუნება?       უნდა ვიფიქროთ, რომ თვით არაცნობიერი ფსიქიკა, როგორც მოვლენა, არც ყოფით და არც ექსპერიმენტულ ფაქტში ვერ დასტურდება, რადგან თუ მან ხილული, დაკვირვებადი სახე მიიღო, იგი ცნობიერებად, ანუ სხვაგვარ ფსიქიკად მოგვევლინება. ასეა იმ ჰიპოთეტური რეალობის შემთხვევაშიც, რომელსაც უზნაძემ განწყობა უწოდა. არის თუ არა ის არაცნობიერი ფსიქიკის ერთადერთი შესაძლო ფორმა, ესეც ვარაუდია. რომელ ფაქტში ჩანს ეს? – არცერთში. ასევე, ჩვენ არ ვიცით, რა ემართება ცნობიერებიდან განდევნილ შინაარსს. განა ფროიდმა სადმე ნახა მისი ფსიქიკურობა? ასეთი კითხვები უსასრულოდ დაისმის, რადგან მათზე ფაქტებით არ პასუხობენ: რა სახით ინახება გამოცდილება, რა ფორმით არის მოცემული აქტუალურად მოქმედი მოთხოვნილება, მოტივი, მიზანი, რომელიც არ განიცდება და სხვა. როდესაც ჩვენ ყოველივე ამის ასახსნელად ფიქსირებული განწყობის ცნებას ვიშველიებთ, ესეც ხომ ჰიპოთეზაა. ფიქსირებული განწყობა, როგორც საზოგადოდ განწყობა და არაცნობიერი – ვარაუდია. მისი ჭეშმარიტი ონტოლოგია უცნობია, თორემ ეს ცნება დღემდე არ იქნებოდა პოლემიკის საგანი [34].       ამრიგად, «არაცნობიერი ფსიქიკური არ აღიქმება უშუალოდ ისე, როგორც აღიქმება ცნობიერი ფსიქიკური პროცესები. იგი ჰიპოთეტური ხასიათის ცნებაა» [34; 98]. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას ემპირიული საფუძველი არ გააჩნია და საერთოდ არ უკავშირდება ფაქტებს. ცნობილია, რომ აზრი არაცნობიერი რეალობის არსებობის შესახებ მეცნიერებაში ორი გზით შემოვიდა. ერთ შემთხვევაში იგი გარკვეული ფილოსოფიური და ზოგადმეთოდოლოგიური პრობლემების ნათელსაყოფად გამოიყენებოდა (უწყვეტობის პრინციპი, ფსიქოფიზიკური პრობლემა, ცნობიერების წარმოშობისა და განვითარების დილემა); მეორე შემთხვევაში არაცნობიერის დაშვების იდეამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც მხოლოდ ფიზიოლოგიური კანონზომიერებებით ვერ ხსნიდნენ სულიერი ცხოვრების მთელ რიგ ფაქტებს. ეს ემპირიკა სრულფასოვნად აქვს სისტემატიზებული და გადმოცემული შ. ჩხარტიშვილს [22]. აქ შედის, როგორც არაცნობიერთან «ტრადიციულად» დაკავშირებული ფაქტოლოგია (სიზმრები, ჰიპნოზი), აგრეთვე ცნობიერების კოგნიტური, ემოციური და ვოლიტური სფეროს მრავალრიცხოვანი მოვლენა. ეს ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ უნდა არსებობდეს რეალობის არაცნობიერი ფსიქიკური სფერო, რომელიც გასაგებს გახდის ამ ფენომენების აღმოცენებისა და მოქმედების თავისებურებებს. ზოგი ფაქტი ამ მხრივ ნაკლებ ინფორმატულია, ზოგიც – მეტად. ამ უკანასკნელთა რიცხვს მიეკუთვნება, მაგალითად, ბოლო ხანს მოპოვებული მონაცემები «არაყურადღებულ შეგრძნებებთან» დაკავშირებით [4]. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფაქტები არც ერთ შემთხვევაში არ ცხადყოფს რეალობის ამ სფეროს ნამდვილ ონტოლოგიურ ბუნებას, განსხვავებით ფიზიოლოგიისგან და ცნობიერებისგან.       ნათქვამი მთლიანად ეხება ფსიქსირებული განწყობის მეთოდით მოპოვებულ ფაქტოლოგიასაც. ცნობილია, რომ თვით განწყობის ფსიქოლოგიის ავტორმა არაცნობიერის ონტოლოგიის ორი პარადიგმა ჩამოაყალიბა. ერთ შემთხვევაში განწყობა არაცნობიერ და არაფსიქიკურ რეალობად არის მოაზრებული. «ესაა სინამდვილის ჯერ კიდევ უცნობი არე», «სინამდვილის ჯერ კიდევ მიუკვლეველი სფერო». მას პირველად ბიოსფეროს თვალსაზრისის ავტორმა მიაკვლია და ფიზიკურისა და ფსიქიკურის ურთიერთქმედების ხიდად წარმოგვიდგინა. განწყობის (არაცნობიერის) ცნება ამ შემთხვევაში ფსიქოფიზიკური პრობლემის გადაჭრის მიზნითაა შემოტანილი. შემდგომში უზნაძემ უფრო დახვეწა და დააკონკრეტა თავისი პოზიცია. მან დასვა ე. წ. უშუალობის პრინციპის დაძლევის მეთოდოლოგიური ამოცანა. როგორც მთლიანი მდგომარეობის – განწყობის სახით თეორიაში შემოყვანილი იქნა სუბიექტი, პიროვნება, რომელიც აშუალებს «გარემო – ცნობიერებისა» და «ცნობიერება – ცნობიერების» ურთიერთმიმართებებს. თეორიის კონსტრუირება აქ უკვე სუბიექტისმიერი პოზიციიდან ხდება. ამავე დროს უზნაძე ცდილობს მიზანშეწონილების პრობლემის გადაჭრასაც. განწყობა სუბიექტის ისეთი მთლიანი მდგომარეობაა, რომელშიც გათვალისწინებულია ყველაფერი, რაც ქცევის მიზანშეწონილი წარმართვისთვისაა საჭირო. განწყობა (არაცნობიერი) ამ შემთხვევაშიც გაგებულია როგორც «თავისებური რეალობა, რომელიც უსწრებს კერძოულს ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურს და მათზე არ დაიყვანება» [13; 25]. სიცოცხლის მიწურულს უზნაძემ ძირფესვიანად შეცვალა ეს პოზიცია. მან დაუშვა არაცნობიერი ფსიქიკის არსებობა და განწყობა ასეთ ფსიქიკურ მოვლენად მიიჩნია. არგუმენტაცია აქაც მეთოდოლოგიას უკავშირდება. კერძოდ, უზნაძის წინაშე აქტუალურად დაისვა ფსიქიკის განვითარების პრობლემა. განწყობა ჩათვლილ იქნა ფსიქიკის გენეტიკურად პირველად ფორმად, რომელიც წინ უსწრებს და აპირობებს ცნობიერ ფსიქიკას. ამასთან, ვინაიდან ზემოთ დასახელებული მეთოდოლოგიური ამოცანებიც ძალაშია დარჩენილი, განწყობა ცალსახად არაცნობიერ მოვლენად რჩება, ფენომენად, რომელიც «არავითარ შემთხვევაში ჩვენი ცნობიერების შინაარსად არ ჩაითვლება» [17; 43].       ჩვენი ანალიზის კონტექსტში აღსანიშნავია, რომ განწყობის ონტოლოგიურ ბუნებაზე უზნაძის შეხედულებათა ცვლილება ახალი მეთოდოლოგიური ამოცანების გადაჭრის საჭიროებით იყო ნაკარნახევი. ეს ცვლილებები არ ეფუძნებოდა განწყობის ემპირიული კვლევის შედეგებს. განწყობის ძირითადი ემპირიული კანონზმიერებანი უკვე 30-იან წლებში დადგინდა, ხოლო განწყობის ონტოლოგიური ბუნების ძირფესვიანი გადახედვა და მისი ფსიქიკურ ფენომენად აღიარება 40-იანი წლების ბოლოს მოხდა. მაშასადამე, იგი ფაქტებით არ იყო ნაკარნახევი. ამ საკითხის გარკვევა მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, იგი დიდი ხნის წინ იქნებოდა გადაწყვეტილი.       უკანასკნელი თვალსაზრისი განწყობის ფსიქიკურობის შესახებ უზნაძის მიმდევრების დიდმა ნაწილმა გაიზიარა. მაგრამ იყო და არის სხვა შეხედულებებიც. მაგალითად, შ. ჩხარტიშვილი უფრო დ. უზნაძის პირველი თვალსაზრისისაკენ იხრება, მაგრამ ცდილობს მის რედაქტირებას ონტოლოგიური მონიზმის პოზიციიდან [22]. პიროვნების სუბსტრატი უმაღლესად ორგანიზებული მატერიაა, რომელიც ვერ იქნება დაყვანილი მხოლოდ ნერვულ მოქმედებაზე. ეს პროცესი ფსიქიკას წარმოქმნის და ფსიქიკითვეა გაჟღენთილი. იგი ფსიქიკის თვისების მქონე უმაღლესი მატერიალური პროცესია და ამ აზრით შეიძლება პირველად ფსიქიკის მოვლენადაც იქნეს კვალიფიცირებული. განწყობა ისეთი ფსიქიკური ფენომენია, რომელიც იმავდროულად ფიზიოლოგიურიცაა. იგი, ასე ვთქვათ, პირველადი ფსიქოფიზიკურად დაუნაწევრებელი რეალობაა. ერთი სიტყვით, განწყობა ფსიქოფიზიკური ბუნების მოვლენაა. აქაც, როგორც ვხედავთ, განწყობის ონტოლოგიური ბუნება გარკვეული მსოფლმხედველობრივი პოზიციიდან არის გააზრებული.       იგივე ითქმის ა. ბოჭორიშვილის შესახებ, რომელიც განწყობის ონტოლოგიური ბუნების საკითხს არაცნობიერი ფსიქიკის შეუძლებლობის მისეულ მრწამსთან შესაბამისობაში განიხილავს [1]. ვ. კაკაბაძეც უარყოფს არაცნობიერ ფსიქიკას. მარქსიზმიდან გამომდინარე, მას მიაჩნია, რომ ფსიქიკური დიალექტიკური ნახტომის გზით უშუალოდ გამოიყვანება «განსაკუთრებულად ორგანიზებული მატერიიდან». განწყობა კი, როგორც ფსიქიკური აქტივობის უშუალო არაცნობიერი საფუძველი, სინამდვილის «ჯერ კიდევ უცნობ ფიზიოლოგიურ ასპექტად» არის წარმოდგენილი [6; 99].       ბოლოს, არსებობს განწყობის ონტოლოგიური რაობის ისეთი გააზრებაც, რომლის თანახმად განწყობა არა მხოლოდ არაცნობიერ ფსიქიკას, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ცნობიერი ფსიქიკის სფეროსაც მიეკუთვნება. შ. ნადირაშვილი ამოდის წინასწარ მიღებული მოსაზრებიდან, რომ არაცნობიერი ფსიქიკური ფენომენის არსებითი ნიშანი მის გაცნობიერებადობაში მდგომარეობს. განწყობის ფსიქიკურობის კრიტერიუმი ის არის, რომ იგი შეიძლება უშუალოდ მიეცეს სუბიექტს «მე»-ს ნაწილად, «მე»-ს მდგომარეობად იქცეს, ანუ გაცნობიერდეს [7ა; 107-108]. არსებობს რადიკალურად საპირისპირო აზრიც: განწყობა სწორედ იმიტომ არის თავისებური ფსიქიკური ფენომენი, რომ გაუცნობიერებადია; განწყობა სუბიექტისმიერია და არა სუბიექტური. სუბიექტს იგი უშუალოდ არ ეძლევა ცნობიერების კერძო განცდის (წარმოდგენა, აზრი, ემოცია... და ა. შ.) სახით, ხოლო «ამგვარ განცდათა გარდა, სხვა შინაარსი ცნობიერებას არ გააჩნია». [17; 45]. ამიტომ განწყობა ცნობიერებისაგან განსხვავებული, ყოველთვის არაცნობიერ ფორმაში მოცემული ფსიქიკაა [26].       ჩვენი ამოცანა არაა ამ თვალსაზრისების ანალიზი. მხოლოდ იმას დავადასტურებთ, რომ ისინი არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. განწყობა გაგებულია, როგორც ახალი ონტოლოგიური რეალობა, როგორც მატერიალური, ფიზიოლოგიური პროცესი, როგორც არაცნობიერი ფსიქიკური სინამდვილე და როგორც ცნობიერი მოვლენა. ყოველი გაგება არგუმენტირებულია არა ფაქტებით, რომლებიც განწყობის ფსიქოლოგიის სფეროში ყველასთვის ერთნაირია, არამედ ამოსავალი მსოფლმხედველობრივი, მეთოდოლოგიური თუ თეორიული მოსაზრებებით. შეხედულება განწყობის (არაცნობიერის) ბუნების შესახებ ამის გავლენით ფორმირდება.       ამ ფონზე საკითხი ფროიდისეული არაცნობიერის განწყობით შეცვლის შესახებ რთულდება. მართლაც, ერთი მხრივ, როგორც ირკვევა, არაცნობიერის ცნება ფსიქოანალიზში არ არის ერთგვაროვანი, იგი არაცნობიერი ფსიქიკის სულ მცირე ორ, ერთმანეთისაგან ძალზე განსხვავებულ სახესხვაობას მოიცავს. მეორე მხრივ, არც განწყობის ონტოლოგიური სტატუსის მიმართ არსებობს შეთანხმებული პოზიცია. ასეთ ვითარებაში არც ისე ადვილია იმის გარკვევა, თუ რომელ არაცნობიერს როგორი განწყობა შეიძლება ჩაენაცვლოს და რატომ. ამისათვის უნდა გავითვალისწინოთ ის მეტათეორიული პრინციპები და ამოცანები, რომელთა გამოც ეს ცნებები იქნა ფორმულირებული, და ის ფუნქცია, რომელიც თეორიაში მიეწერება არაცნობიერ სფეროს, აგრეთვე თვით თეორიათა მასშტაბი და მიყენების არე. ერთი სიტყვით, არაცნობიერის ცნება უნდა განვიხილოთ არა თავისთავად, არამედ მოცემულ თეორიათა მთელს კონტექსტში. მაშასადამე, პირველ ყოვლისა, ამ თეორიათა ურთიერთმიმართება არის გასარკვევი.       დავიწყოთ იმით, თუ რა მასშტაბის კონცეფციებს მიეკუთვნება ფსიქოანალიზი და განწყობის თეორია. ცნობილია, რომ განასხვავებენ მცირე და დიდ თეორიებს. პირველი კერძო, ცალკეულ პროცესებს ეხება. მეორეს გაცილებით დიდი მოცულობა და ზოგადობა ახასიათებს. ისინი მთელი ქცევის და არა ცალკეული ასპექტების დახასიათებაზე არიან ორიენტირებულნი. დიდ თეორიებში, თავის მხრივ, კონცეფციების ორი სახე გაირჩევა – ესენია პიროვნების თეორიები და ქცევის ზოგადფსიქოლოგიური თეორიები. უკანასკნელნი ყველა სახის თუ დონის ქცევაზე ვრცელდება, ვინც უნდა იყოს მისი სუბიექტი (ცხოველი, ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი). ამასთან მათში განიხილება ქცევის სტრუქტურის ყველა ასპექტი – დინამიკური, საშემსრულებლო-ოპერაციული თუ სემანტიკური; გარდა ამისა, დახასიათებულია ყველა ფაქტორი, რომელიც მოტივაციის, გამოცდილების თუ სიტუაციის მხრიდან განსაზღვრავს მიზანშეწონილი ქცევის აღძვრას და მიმდინარეობას. რაც მთავარია, ქცევის ზოგადფსიქოლოგიურ თეორიაში გააზრებულია ქცევის რეგულაციაში ამ ფაქტორთა თანამონაწილეობის წესი, ე. ი. მოცემულია მიზანშეწონილი ქცევის ზოგადფსიქოლოგიური მექანიზმი.       პიროვნების თეორია მხოლოდ ადამიანის ქცევას ეხება; გარკვეული შეზღუდვები აქაც არის. პიროვნების თეორიაში ძირითადი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქცევის მოტივაციურ ასპექტს. აქტივობის სიტუაციური და საშემსრულებლო ასპექტი ან მთლიანად უგულვებელყოფილია (როგორც მაგალითად, ფროიდის თეორიაშია), ან ძლიერ შეზღუდულადაა წარმოდგენილი. ქცევის ფაქტორების მაინტეგრირებელი მექანიზმი, როგორც წესი, არ არის რეფლექსირებადი. პიროვნების თეორიების სპეციალისტები ამ განსხვავებებს ყურადღებას არ აქცევენ და მიაჩნიათ, რომ «ყველა ქცევის ზოგადი თეორია პიროვნების თეორიას წარმოადგენს და პირიქით» [32; 33]. ამ თეზისის მართებულობა სათუოა და რიგ შემთხვევებში სერიოზულ უხერხულობასაც ქმნის. მაგალითად, პიროვნების თეორიად ინათლება კონცეფცია, რომელიც თეთრი ვირთხების ქცევის შესწავლის შედეგად შეიქმნა (ბიჰევიორიზმი) და სადაც პიროვნების ცნება საერთოდ ფიქციად არის გამოცხადებული (სკინერი).       პიროვნების თეორია უფრო ვიწროა. აქ, ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ არის გაგებული პიროვნება. მაგალითისთვის ოლპორტის ცნობილი განსაზღვრებებიც კმარა.       მისი ორი პირველი განსაზღვრება ასეთია: «პიროვნება ის არის, რაც კონკრეტული აქტების უკან ძევს და ინდივიდის შიგნით იმყოფება» და «პიროვნება არის ინდივიდში იმ ფსიქოფიზიკური სისტემების დინამიკური ორგანიზაცია, რომელიც განსაზღვრავს გარემოსთან მის უნიკალურ შეგუებას» [38; 48]. რომ არ ვიცოდეთ, რომ ოლპორტი პიროვნებას მხოლოდ ადამიანთან აკავშირებდა, ამ განსაზღვრებებში ცხოველებიც მოექცეოდა. მხოლოდ გვიანდელ განსაზღვრებაში, სადაც ძალზე ფართო მნიშვნელობის მქონე სიტყვა «შეგუება» შეიცვალა სიტყვებით «ქცევა» და «აზროვნება» [39] ნათლად გამოჩნდა, რომ პიროვნება მოაზროვნე სუბიექტი ანუ ადამიანი ყოფილა (თუმცა დაზუსტება აქაც საჭიროა, ვინაიდან აზროვნების პრიმიტიული ფორმა უმაღლესი ცხოველებისთვისაც არ არის უცხო).       საკითხი იმ ჭრილშიც შეიძლება დაისვას, თუ რომელი კატეგორიაა უფრო ზოგადი – ქცევა თუ პიროვნება. თუ სუბიექტი და პიროვნება სინონიმებია, მაშინ საკითხი ქათმისა და კვერცხის დილემას დაემსგავსება, ვინაიდან ქცევა და მისი სუბიექტი განუყოფელია. სუბიექტი (ავტორი) ყველა ქცევას ჰყავს. ამიტომ მის როლში შეიძლება გამოვიდეს ცხოველი და ადამიანი, თოთო ბავშვი და იდიოტი. მაგრამ, არის კი ქცევის ყველა ეს სუბიექტი პიროვნება? თუ პიროვნება მხოლოდ ადამიანია და თანაც არა ყოველგვარი ადამიანი, მაშინ მისი ქცევაც სპეციფიკური ნიშნების მქონე იქნება, რაც სწორედ პიროვნების თეორიამ უნდა დაახასიათოს და არა ქცევის ზოგადფსიქოლოგიურმა კონცეფციამ. ამიტომ, დებულება რომ ქცევის ყველა ზოგადი თეორია პიროვნების თეორიას წარმოადგენს და პირიქით, მხოლოდ პირველ ნაწილშია მართებული და ისიც იმ გაგებით, რომ ქცევის ზოგადი თეორია შეიძლება შეიცავდეს პიროვნების თეორიასაც. იმისთვის, რომ იგი მართლაც გახდეს პიროვნების სრულყოფილი თეორია, საგანგებო სამუშაოა ჩასატარებელი. ეს იმით არის ნაკარნახევი, რომ პიროვნების ჭეშმარიტი თეორია უნდა პასუხობდეს კონკრეტულ კითხვებს, და შეიცავდეს სათანადო თემებთან დაკავშირებულ «მიკროთეორიებს». ზოგადი თეორიის შექმნისას ამას ზოგჯერ სათანადო ყურადღება არ ექცევა და საჭირო ხდება მისი «მიყვანა» სათანადო კონდიციამდე.       ჰიელისა და ზიგლერის მიხედვით პიროვნების ნამდვილი თეორია უნდა შეიცავდეს მოსაზრებებს ექვსი საკითხის თუ თემის გარშემო, რომლებიც გამოხატავენ მის შინაარსს და მიყენების არეს. ესაა: 1) პიროვნების სტრუქტურა 2) მოტივაცია 3) პიროვნების განვითარება 4) ფსიქოპათოლოგია 5) ფსიქიკური ჯანმრთელობა და 6) პიროვნების შეცვლა ფსიქოთერაპიული ზემოქმედების გზით [32].       ფროიდის მოძღვრება პიროვნების ერთ-ერთი თვალსაჩინო თეორიაა. იგი შეიცავს პასუხს თითოეულ ამ საკითხზე. უზნაძის თეორიის კვალიფიცირება ამ მხრივ უფრო რთულია. იგი პირველ რიგში ქცევის ზოგადფსიქოლოგიური თეორიაა. მას აქვს ასეთი რანგის კონცეფციის ყველა ნიშანი. განწყობის თეორია მოწოდებულია გადაჭრას მასშტაბური მეთოდოლოგიური ამოცანები. იგი რელევანტურია ქცევის ყოველგვარი გამოვლენის მიმართ, მიუხედავად იმისა, ვინ ახორციელებს მას და რა დონისა თუ სახისაა იგი. განწყობის თეორია მიმართულია მიზანშეწონილი ქცევის უნივერსალური მექანიზმის გამოვლენასა და შესწავლაზე. ამიტომ მასში გათვალისწინებულია ყველა შინაგანი თუ გარეგანი ფაქტორი, რომელიც მონაწილეობს ქცევის დეტერმინაციაში. ამავე დროს, როგორც უნივერსალური ზოგადფსიქოლოგიური კონცეფცია, განწყობის თეორია შეიცავს მოძღვრებას ადამიანის ფსიქიკისა თუ ქცევის თავისებურებათა და კანონზომირებათა შესახებაც.       აქ საჭიროა აღინიშნოს, რომ უზნაძის სკოლაში არსებობს ისეთი თვალსაზრისიც, რომლის თანახმად განწყობის თეორია მხოლოდ პიროვნების თეორიაა. მაგალითად, ა. ბოჭორიშვილი და მისი ზოგიერთი მიმდევარი ფიქრობს, რომ «განწყობაზე მხოლოდ იქ უნდა ვილაპარაკოთ, სადაც პიროვნება გვეგულება» და, მაშასადამე, «განწყობის ფსიქოლოგია, როგორც პიროვნების ფსიქოლოგია, შესაძლებელია მხოლოდ როგორც ადამიანის ფსიქოლოგია» [1; 292-293]. პიროვნება კი მხოლოდ იქ არის, სადაც ცნობიერებაა. ამ მტკიცებათა რეალური წყარო ავტორის მიერ არაცნობიერი ფსიქიკურის არსებობის კატეგორიული მიუღებლობაა. ამიტომ იგი ყოველ ზოგადფსიქოლოგიურ სისტემას, მათ შორის განწყობის თეორიასაც, ცნობიერებიდან იწყებს და პიროვნების თეორიად ნათლავს. საკითხავია ოღონდ, არსებობს თუ არა ამისათვის საკმაო საფუძველი. ბოჭორიშვილს მიაჩნია, რომ მოთხოვნილებისა და სიტუაციის თანხვედრით მიღებულ მდგომარეობაზე მსჯელობა საზოგადოდ კანონიერია, მაგრამ იგი სცილდება ფსიქოლოგიის ჩარჩოებს, ვინაიდან არც მოთხოვნილება და არც სიტუაცია არ არის ფსიქოლოგიური კატეგორია. «ცხოველის (და მცენარის) მიზანშეწონილი ქცევა და ყოველივე მასთან დაკავშირებული ბიოლოგიის პრობლემაა და არა ფსიქოლოგიისა» [1; 293].       საფიქრებელია, რომ ყოველივე თქმული სერიოზულ გაუგებრობას ქმნის. რატომ არის მოთხოვნილება და მისი დაკმაყოფილების გარემოს ასახვა არაფსიქიკური მოვლენა? ვინ თქვა, რომ მცენარე ქცევას ახორციელებს, ხოლო ცხოველის ქცევის მიზანშეწონილობის პრობლემა მხოლოდ ბიოლოგიის კომპენტენციაა? განა ქცევის, თუნდაც ცხოველის ქცევის, განხორციელებაში ფსიქიკა არ მონაწილეობს? ან იქნებ ცხოველს საერთოდ არ აქვს ფსიქიკა, განცდა და იგი მხოლოდ ავტომატია. მაშინ მართალი ყოფილა მალბრანში, როცა ამტკიცებდა, რომ შეიძლება გულარხეინად ვაწამოთ ძაღლი და არ მივაქციოთ ყურადღება მის წკმუტუნს, რადგან ეს მხოლოდ ცუდად გაზეთილი მექანიზმის ჭრიალია. ამ კითხვებზე პასუხის გარეშე მოცემული პოზიცია დაუსაბუთებელი დარჩება. სხვა თუ არაფერი, თუკი იგი შევიწყნარეთ, ფსიქოლოგიური მეცნიერების მიღმა დარჩება არა მხოლოდ განწყობის ფსიქოლოგია, რომელიც ცალსახად ქცევის მიზანშეწონილობის თეორიაა, არამედ აგრეთვე ფსიქოლოგიის ძირითადი მიმართულებები: ბიჰევიორიზმი და ნეობიჰევიორიზმი, გეშტალტფსიქოლოგია და ტოპოლოგიური ფსიქოლოგია, ფუნქციონალური და გენეტიკური ფსიქოლოგია, კოგნიტივიზმი და ქმედების თეორია, აგრეთვე ფსიქოლოგიის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებანი.       განწყობის ფსიქოლოგია მხოლოდ პიროვნების თეორია არ არის. ის პირველ ყოვლისა ქცევის სუბიექტის, ქცევის აქტორის ფსიქოლოგიაა. ამ როლში კი შეიძლება მოგვევლინოს ყოველი ცოცხალი არსება, ცხოველიც და ადამიანიც. თვით ადამიანის ფსიქიკური აქტივობაც სხვადასხვა დონეებზე მიმდინარეობს. ამიტომ ყველა მისი ქცევა პიროვნების აქტორობით არ სრულდება. ამ გაგებით ადამიანის ფსიქოლოგიაც არ არის ყოველთვის პიროვნების ფსიქოლოგია. განწყობის ფსიქოლოგია მოიცავს ფსიქიკური აქტივობის ყველა დონეს (მაგალითად, იმპულსური – ნებელობითი, განწყობის – ობიექტივაციის, ინდივიდის – სუბიექტის – პიროვნების), ამიტომ მართებულადაა მიჩნეული ქცევის ზოგად თეორიად. მაგრამ ითვალისწინებს რა პიროვნების აქტივობის დონესაც, იგი პიროვნების თეორიაცაა. ამავე დროს, ჩვენი აზრით, იგი შეიცავს გარკვეულ მოსაზრებათა სისტემას იმ საკითხებისა თუ თემების გარშემო, რომელთაც, როგორც აღინიშნა, უნდა მოიცავდეს პიროვნების სრული თეორია. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ ფროიდის და უზნაძის კონცეფციების, როგორც პიროვნების თეორიების შედარება შესაძლებელი და საინტერესო გახდება, თუმცა ამისათვის საგანგებო, რთული სამუშაოს ჩატარება იქნება საჭირო. ამ შემთხვევაში კი მხოლოდ იმაში გვსურს დავრწმუნდეთ, რომ პიროვნების თეორიის შემადგენელი თემები მართლაც არის წარმოდგენილი განწყობის ფსიქოლოგიაში.       1. საკითხი პიროვნების სტრუქტურის ანუ ადამიანის ქცევის სტაბილური ასპექტების შესახებ განწყობის ფსიქოლოგიაში რამდენიმე კუთხით არის განხილული. პირველ ყოვლისა ფიქსირებული ან ე. წ. დისპოზიციური განწყობის სახით გამოყოფილია პიროვნების სტრუქტურის მთავარი ერთეული, აქტივობის ძირითადი საშენი ბლოკი [8][15]. ის გარემოება, რომ ფიქსირებული განწყობები განსხვავდება პიროვნული წონით, გენეზისით, სიმყარით, ფუნქციით, რეალიზაციის ხარისხითაც კი, შესაძლებლობას ქმნის, გავავლოთ პარალელი არა მხოლოდ პიროვნების ე. წ. დისპოზიციური თეორიების ისეთ ცნებებთან, როგორიცაა სხვადასხვა სახის პიროვნული თვისება, ინდივიდუალური დისპოზიცია, ფაქტორი თუ სხვა, არამედ ფსიქოანალიზის ისეთ ცნებასთანაც, როგორიცაა კომპლექსი.       პიროვნების სტრუქტურა შეიძლება აღიწეროს პიროვნების ტიპის კონცეფციით. განწყობის ფსიქოლოგიაში მოცემულია ასეთი კონცეფცია; იგი პიროვნების ფორმალურ-დინამიკურ მახასიათებლებს ეხება. თუკი იგი მყარად დაუკავშირდება პიროვნების შინაარსეულ მახასიათებლებს, შესაძლებელი გახდება ფსიქოანალიზურ ტიპოლოგიასთან მისი მიმართების განხილვაც. და ბოლოს, განწყობის ფსიქოლოგიაში შემუშავებულია თვალსაზრისი განწყობისა და ადამიანის ფსიქიკური აქტივობის იერარქიული დონეების შესახებ [7ბ], რომელიც არ უნდა იყოს სავსებით ჰეტეროგენული ფროიდის პიროვნების სამდონიანი მოდელის მიმართ.       2. რაც შეეხება მოტივაციას, ამ თემაზე საკუთარი აზრი არა მხოლოდ პიროვნების თეორიას, არამედ ყოველ ზოგადფსიქოლოგიურ თეორიას უნდა მოეპოვებოდეს. გამონაკლისი არც განწყობის ფსიქოლოგიაა. უზნაძეს და მის მიმდევრებს ამ მხრივ არაერთი ორიგინალური მოსაზრება აქვთ გამოთქმული. ზოგი მათგანი მოთხოვნილებათა კლასიფიკაციას ეხება. გამოყოფილია სხვადასხვა სახის მოთხოვნილებები: დაბალი (ვიტალური) და მაღალი (მე-ს ეთიკური, ესთეტიკური და ინტელექტუალური მოთხოვნილებები) [15]; აგრეთვე ბიოგენური, ფსიქოგენური და სოციოგენური მოთხოვნილებები [21]. ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა ე.წ. სუბსატანციონალური და ფუნქციონალური მოთხოვნილებების კონცეპტუალიზაცია. სუბსტანციონალური მოთხოვნილებები რაიმე საგნით კმაყოფილდება, ხოლო ფუნქციონალური – საკუთრივ აქტივობით. ისინი კვებავენ ისეთ ქცევებს, როგორიცაა თამაში, გართობა, ესთეტიკური ტკბობა, შემოქმედება, ნაწილობრივ სწავლა და სხვა [15][16]. ჩვენი ანალიზისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ფუნქციონალური ტენდენციის კონსტრუქტის გამოყენებით არის გააზრებული განწყობის თეორიაში ისეთი «ფსიქოანალიზური თემები», როგორიცაა სიზმარი და კომპლექსი [12].       მოთხოვნილება აქტივობის აღძვრას ემსახურება, ხოლო მოტივი გამოხატავს იმ ღირებულებას, რომელიც კონკრეტულ ქცევას აქვს პიროვნებისთვის. ამიტომ მოტივი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია. უზნაძის და მისი მიმდევრების მიერ გამოთქმულია მრავალი საყურადღებო მოსაზრება, რომლებიც ეხება სხვადასხვა მოტივაციური წარმონაქმნების (მიზანი, გეგმა, მოტივი, ატიტუდი და სხვა) ბუნებასა თუ ფუნქციონირების წესს; აგრეთვე თვით მოტივაციის პროცესის ფუნქციას და დინამიკას (ქცევის აღძვრა, მიმართულება, გადაწყვეტილების მომზადება, მოთხოვნილებათა თანამოქმედება და ა. შ.) [15][21][24].       ჩხარტიშვილის აზრით, ძირითადი წინააღმდეგობა ფროიდსა და უზნაძის თეორიებს შორის წარმოიქმნება არა განწყობის ცნებასთან მიმართებაში, არამედ ქცევის მთავარ აღმძვრელ ფაქტორთან დაკავშირებით. ფროიდისთვის ეს არის სექსუალური ლტოლვები, ხოლო უზნაძის მიხედვით ამ «მთავარი ძალის ფუნქციას ასრულებს აქტივობის მოთხოვნილება, რომელიც დიფერენცირდება რა ფუნქციონალური სტრუქტურის შესაბამისად, შესატყვის სიტუაციაში განსაზღვრავს ადეკვატური განწყობის ფორმირებასა და რეალიზაციას» [35; 108].       ამას შეიძლება დავუმატოთ ისიც, რომ ფსიქოანალიზი მოტივაციის ჰომეოსტატურ, დახურულ მოდელს გვთავაზობს. განწყობის თეორიაში კი მოტივაციის ღია მოდელია გათვალისწინებული, რომელიც არ ეფუძნება წონასწორობის პრინციპს. «წონასწორობის ცნება, ამბობს უზნაძე, არ შეიძლება ამოსავალი ცნება იყოს ჩვენთვის, რაკი, ჩვენი რწმენით, ცოცხალი ორგანიზმი არსებითად ყოველთვის ერთგვარს დინამიკურ სისტემას წარმოადგენს. ბუნებრივი მდგომარეობა ცოცხალი ორგანიზმისა არის არა წონასწორობა გარემოსთან და უძრაობა, არამედ პირიქით, მოძრაობა, აქტივობა» [19; 88]. ამ პრინციპულ პოზიციას სხვა მკვლევარებიც იზიარებენ [21] [24]. ყველაზე შორს ამ მხრივ ა. ალხაზიშვილი წავიდა. მან აჩვენა, რომ ე. წ. სუბსტანციონალური მოთხოვნილებები ყოველთვის დახურული, ჰომეოსტატური სისტემებია; ხოლო იმ ფუნქციონალურ მოთხოვნილებებს, რომლებიც სპეციფიკურად ადამიანურ ფუნქციებში იღებენ სათავეს, ღიაობის პოტენციალი აქვთ [23]. სპეციფიკურად ადამიანური მოთხოვნილებების ღია ხასიათი ვლინდება მათ მუდმივობაში, არაციკლურობაში, დაკმაყოფილების ფიქსირებული დონის უქონლობაში, განვითარების, ზრდის და რეალიზაციის სულ უფრო მაღალი დონეებისაკენ სწრაფვაში. თქმა არ უნდა, რომ ამ მხრივ განწყობის ფსიქოლოგიაში გამოთქმული მოსაზრებები თვალსაჩინოდ უპირისპირდება ფსიქოანალიზს და უახლოვდება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პოზიციას.       3. ადამიანის ონტოგენეტიკური განვითარების საკითხს უზნაძის სკოლა ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. უზნაძეს ეკუთვნის ე. წ. «კოინცინდენციის თეორია», რომელიც განვითარების მამოძრავებელი ძალებისა და ფაქტორების ურთიერთმიმართებას ითვალისწინებს. ამ კონცეფციის თანახმად შინაგანი, თანდაყოლილი და გარეგანი, შეძენილი ფაქტორები იმთავითვე გულისხმობს და გარკვეულად მოიცავს ერთმანეთს. განვითარება ამ ამოსავალი ერთიანობის საფუძველზე ხდება. პოტენციური თანდაყოლილი ძალა თუ უნარი იმთავითვე თავის დამაკმაყოფილებელ გარემოსა და გამღიზიანებელს გულისხმობს. ამიტომ განვითარების წარმართვა (აღზრდა) ონტოგენეზის ყველა ეტაპზე მომწიფებული ფსიქოფიზიკური ძალებისთვის შესატყვისი «ასაკობრივი გარემოს» ორგანიზაციაში მდგომარეობს. «ასაკობრივ გარემოთა» კანონზომიერ ცვალებადობაზეა დამყარებული ბავშვის განვითარების უზნაძისეული პერიოდიზაცია [11][16]. ამ საკითხში უზნაძის პოზიცია მკაფიოდ ინტერაქციონისტულია, მაშინ, როდესაც ფროიდი უკიდურესი კონსტიტუციონალიზმის პოზიციაზე დგას [33].       თუ ფროიდის მიერ აღწერილი ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიები ფაქტიურად მოტივაციური სფეროს (ლიბიდოს) ჩამოყალიბების პროცესს ასახავს, უზნაძე ადამიანის განვითარების ფაქტორთა უფრო ფართო სპექტრს განიხილავს; ამა თუ იმ ასაკობრივი პერიოდის ხასიათი განისაზღვრება როგორც მოტივაციური, ისე ფუნქციონალური სფეროებით. ამასთან, რაც მთავარია, ფროიდისგან განსხვავებით, განვითარების პროცესის მიმდინარეობა არ არის ფატალურად განსაზღვრული ფსიქიკური ენერგეტიკის ფორმირების არსებითად ინსტინქტური, თანდაყოლილი კანონზომიერებებით. თუმცა, უნდა ითქვას, რომ თვით განწყობის, როგორც შინაგანისა და გარეგანის გამაერთიანებელი მექანიზმის ონტოგენეტური ცვალებადობა ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი.       4. უზნაძემ შექმნა განწყობის ფსიქოპათოლოგია. მისი მოძღვრების თანახმად ფსიქიკური დაავადების არსი პიროვნების მთლიანობითი სტრუქტურის დარღვევაში უნდა ვეძიოთ. თეორიის მიხედვით ეს სტრუქტურა პირველ ყოვლისა განწყობაშია რეპრეზენტირებული. ამიტომ, რაკიღა, როგორც ფსიქოზების, ისე ნევროზების დროს «ქცევის მკვეთრად გამოვლენილი გადახრის ან გამრუდების სხვადასხვა ფორმას ვხვდებით», «ამ პათოლოგიურ შემთხვევებში, განწყობის მოქმედების უეჭველად ამდენივე განსხვავებულ ფორმებთან უნდა გვქონდეს საქმე» [15; 113]. უზნაძის სკოლაში ჩატარდა მრავალი გამოკვლევა იმის გამოსავლენად, თუ როგორ იცვლება განწყობის ფორმალურ-დინამიკური მახასიათებლები განსხვავებული ფსიქიკური დაავადებების შემთხვევაში. ამ მონაცემებს გარკვეული დიაგნისტიკური ღირებულება მიეწერება.       5. განწყობა მიზანშეწონილი ქცევის, ე. ი. ნორმალური ადაპტაციის მექანიზმია. მისი გარკვეული მხარეების თუ ნიშნების პათოლოგიური ცვლილება არღვევს ოპტიმალური შეგუების შესაძლებლობას, რაც დაავადების ამა თუ იმ ფორმაში ვლინდება. მაგალითად, ფსიქასთენიის დროს ეს დარწმუნებულობის სისუსტეა, რომელიც განწყობის დიფერენცირებულობის უკმარისობით არის გამოწვეული, ხოლო ისტერიის შემთხვევაში აქტიური წარმოდგენით გაშუალებული განწყობის შექმნის სიძნელეში მჟღავნდება [17]. მაგრამ საფიქრებელია, რომ თუ განწყობის მექანიზმის დეფექტი დაავადებაში ვლინდება, გამოჯანსაღების პროცესიც უნდა აისახოს განწყობის მოქმედების სფეროში; კერძოდ, «განწყობის მოქმედების ტიპი ნორმალურს უნდა დაუახლოვდეს. პათოლოგიური განწყობის ექსპერიმენტული შესწავლის პროცესში სწორედ ამ ფაქტმა იჩინა თავი: «ყველგან, სადაც ავადმყოფი გაუმჯობესების გზას ადგებოდა, განსაკუთრებით იქ, სადაც მართლა გაჯანსაღების შესახებ შეიძლებოდა ლაპარაკი, ხშირად იქაც, სადაც იგი დროებით მაინც კარგად გრძნობდა თავს, მისი განწყობის ტიპი თვალსაჩინოდ იცვლებოდა და გარკვევით იმას უახლოვდებოდა, რაც ამ სუბიექტისათვის, როგორც გარკვეული ხასიათის პატრონისათვის, ჯანმრთელობის დროს იყო ან უნდა ყოფილიყო დამახასიათებელი» [15; 117]. ამრიგად, ჯანმრთელობა ქცევის მიზანშეწონილობის ხარისხის მაჩვენებელია. ამ პუნქტში უზნაძისა და ფროიდის პოზიცია არსებითად იდენტურია. ფროიდისთვისაც პიროვნების ჯანმრთელობის და მოწიფულობის საზომი იყო პროდუქტიული მუშაობის და ნორმალური სოციალური ურთიერთობის უნარი.       ასეთია ის ხუთი სფერო, რომელსაც უნდა მოიცავდეს პიროვნების სრულყოფილი თეორია. განწყობის ფსიქოლოგიაში, როგორც ვნახეთ, ისინი გათვალისწინებულია. პოზიცია ყველგან მეტნაკლებად გამოკვეთილია. რაც შეეხება მეექვსე თემას – ფსიქოთერაპიას, აქ საქმე უფრო რთულადაა და ამაზე ქვემოთ ვიტყვით. აქ კი აუცილებელია აღინიშნოს, რომ განხილულ საკითხთა უმრავლესობა ფროიდისა და უზნაძის მიერ განსხვავებულად არის დასმული და განხილული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან სისტემების შექმნისას ისინი სხვადასხვა მეთოდოლოგიურ, თერაპიულ და პრაქტიკულ ამოცანებს ისახავდნენ. უზნაძე უაღრესად მასშტაბური პრობლემების წინაშე იდგა. ფსიქოფიზიკურის საკითხის, სუბიექტის, მიზანშეწონილობის პრობლემებთან შერკინებამ მის თეორიას აშკარად ზოგადფსიქოლოგიური ხასიათი შესძინა. განწყობის კატეგორია პირველ ყოვლისა ამ მეთოდოლოგიური პრობლემების გააზრებას ემსახურება. ამავე დროს, სპეციფიკურად ადამიანურ ფაქტორებზე აგებული განწყობა, რომელიც ობიექტივაციის მექანიზმს იყენებს, სხვადასხვაგვარი ფიქსირებული განწყობები, რომელნიც პიროვნულ თვისებებს, გამოცდილებასა და რესურსებს გამოხატავენ, ქმნიან იმის შესაძლებლობას, რომ ამ თეორიით აიხსნას საკუთრივ ადამიანური ქცევის თავისებურებები, პიროვნების ჩამოყალიბების და ცვალებადობის კანონზომიერებანი. განწყობის ზოგადფსიქოლოგიური კონცეფციის ფარგლებში უზნაძემ დაიწყო ადამიანის, პიროვნების თეორიის შექმნა. ეს საქმე განაგრძეს მისმა მიმდევრებმა. თეორიის დახვეწა-განვითარება ამ მიმართულებით ამჟამადაც მიმდინარეობს.       ამ კონტექსტში უაღრესად საინტერესო და სასარგებლო უნდა იყოს განწყობის ფსიქოლოგიის შედარება პიროვნების სხვა თეორიებთან, იმათთანაც, რომლებიც ზოგადფსიქოლოგიური სისტემის ფარგლებში იმყოფებიან და იმათთანაც, რომლებიც იმთავითვე პიროვნების თეორიის სახით იყვნენ ფორმირებული[44].       ფროიდის თეორია ამ უკანასკნელთა რიგს მიეკუთვნება, ამიტომ მასში ვერ მოვიძიებთ იმ მდიდარ შინაარსს, რომელსაც გამოხატავს განწყობა, როგორც ყოველგვარი ქცევის უნიკალური მექანიზმი. განწყობის ცნების ადგილი ფროიდის თეორიაში არ ჩანს და არც არის შევსებული. ფსიქოანალიზში არაცნობიერის ცნება იმისთვის და ისეა ფორმირებული, რომ იგი პირველ რიგში ფსიქოთერაპიული პრაქტიკისთვის იყოს სასარგებლო, მოსახერხებელი. ყოველ შემთხვევაში ასეთია ე. წ. «განდევნილი არაცნობიერი» რომლის ცნობიერებიდან გასვლის და შემდეგ მობრუნების პროცესი ფროიდს უფრო მეტად აინტერესებდა, ვიდრე «საკუთრივ არაცნობიერის» ონტოლოგიური ბუნება. ფსიქოანალზური მეთოდი ამ ფაქტიურ ვითარებას ეხება. ამიტომაც ცნობიერებიდან გასული და შემოსული შინაარსი ერთი და იმავე ფსიქიკური მოვლენების სახით არის წარმოდგენილი. უზნაძეც ამას საყვედურობდა ფროიდს: ცნობიერების გარეშე არსებულ ფსიქიკურს სხვაგვარი ბუნება აქვსო და განწყობის სახით მისი თავისებურებების გათვალისწინება სცადა. ახლა თუ იმასაც მივიღებთ მხედველობაში, რომ «არაცნობიერი ფსიქიკურის ბუნება არც ყოფილა ფროიდის შესწავლის საგანი» [2; 51], არც ისე ნათელია, როგორ უნდა შედარდეს ერთმანეთს ფროიდის არაცნობიერი და განწყობა ამ უკანასკნელით მისი ჩანაცვლების თვალსაზრისით. არადა, ფსიქოანალიზის უზნაძისეული შეფასების მეორე ნაწილი სწორედ ამას გულისხმობს.       მართლაც, არაცნობიერის ცნება ორივე ავტორს დასჭირდა, მაგრამ მისი დამუშავება სხვადასხვა მოსაზრებით მოხდა და განსხვავებული მეთოდოლოგიით წარიმართა. უზნაძის წინაშე იდგა ფილოსოფიური ფსიქოლოგიის ძირეული პრობლემები, ხოლო მათ გადასაჭრელად ექსპერიმენტულად კონცეპტუალიზებული სინამდვილე (განწყობა) შეისწავლებოდა. ფროიდი, როგორც ექიმი, თავიდანვე ფსიქოთერაპიის ინტერესით იყო შეპყრობილი და კლინიკური დაკვირვების მეთოდს იყენებდა. შესაბამისად, არაცნობიერის ცნებამ არსებითად განსხვავებული ხასიათი და შინაარსი შეიძინა. ეს ცნებები თავის შინაარსს თეორიის მთელი კონტექსტიდან იძენს და მათი მექანიკური ურთიერთჩანაცვლება სხვა თუ არაფერი, არანაყოფიერი იქნება. ფროიდის განდევნილი არაცნობიერის ცნება პრინციპულად არ გამოდგება უშუალობის პოსტულატის დასაძლევად, ქცევის მიზანშეწონილობის გასაგებად ან ფსიქიკის გენეზისის პრობლემის გასაანალიზებლად. თუმცა თუნდაც ამ ბოლო პრობლემის მიმართ ფროიდისავე «საკუთრივ არაცნობიერის» ცნება შესაძლებელია არც ისე ჰეტეროგენული აღმოჩნდეს. ამავე დროს, განწყობის ცნებასაც გაუჭირდება პირდაპირ გახდეს კლინიკური პრაქტიკის ან ფსიქოთერაპიის საფუძველი. განწყობის ფსიქოლოგიისთვის, თუკი იგი პიროვნების თეორიის სტატუსზეც აცხადებს პრეტენზიას, ეს ამოცანა ჯერ კიდევ გადასაჭრელია. სამწუხაროდ, აქამდე ამ მიმართულებით საგანგებო და სისტემატური მუშაობა არ წარმართულა. პოლიტიკურ-იდეოლოგიური გარემო, რომელშიც ბოლო წლებამდე განწყობის ფსიქოლოგიას უხდებოდა ფორმირება, საერთოდ არ იყო ფსიქოთერაპიის განვითარებისთვის ხელშემწყობი, არადა, ყოველი დიდი ფსიქოლოგიური თეორიის ნაყოფიერების ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი ის არის, შექმნილა თუ არა მის ბაზაზე ფსიქოთერაპიული კონცეფცია და რამდენად ეფექტურია მასზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. ამ მხრივ განწყობის ფსიქოლოგიას ზრდის დიდი პოტენციალი უეჭველად აქვს. მაგრამ ჯერჯერობით მას ამ ასპექტით ვერ შევადარებთ ფსიქოანალიზს, რომელშიც არა მხოლოდ დაავადებისა და მკურნალობის მექანიზმების თეორიაა, არამედ მოცემულია მკურნალობის მეთოდებისა და ტექნიკების სისტემა.       სადღეისოდ ჩვენს ხელთაა ერთადერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქნას გააზრებული ნევროზის აღმოცენებისა და განკურნების პროცესი განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. იგი ეკუთვნის საქართველოში სამედიცინო ფსიქოლოგიის ფუძემდებელს, ი. ბჟალავას [2]. ბჟალავა არ გვაძლევს მითითებებს რაიმე კონკრეტულ მეთოდებსა თუ ტექნიკებზე, რომელთაც განწყობისეული ფსიქოთერაპია შეიძლება ეწოდოს. იგი უბრალოდ ცდილობს, გაიაზროს დაავადებისა და გამოჯანმრთელების იდეოლოგია განწყობის საფუძველზე და ფსიქოანალიზთან შეპირისპირებით. იგი სპეციალურად აღნიშნავს, რომ მის ანალიზში მოცემულია იმ პროცესის აღწერა, რომელსაც ფსიქოანალიზში უწოდებენ «არაცნობიერის გარდაქმნას ცნობიერებად»; ამასთან ერთად, უზნაძესთან სრულ შესაბამისობაში ამტკიცებს, რომ ცნობიერების შინაარსი იდევნება, მაგრამ რჩება განწყობა და ესაა ის, რაც ფროიდის მოძღვრებაში «კომპლექსის» სახელით აღინიშნება.       ბჟალავა განიხილავს კრეჩმერის მიერ აღწერილ კლინიკურ შემთხვევას. ახალგაზრდა ქალმა იგრძნო ახლობელი ყმაწვილისადმი ნორმალური სქესობრივი ლტოლვა. ოჯახური ნორმებისა და საერთო მორალური პრინციპების ზეგავლენით იგი ცდილობს ეს არ გაამჟღავნოს. თავშეკავება იწვევს გაფითრება-გაწითლების უნებლიე რეაქციებს, რომლებსაც იგი თავისი დაფარული სურვილის გამოვლინებად მიიჩნევს. ეს აძლიერებს გამჟღავნებასთან დაკავშირებულ შიშს. ქალიშვილი ებრძვის თავს, ერიდება საზოგადოებაში ყოფნას, მაგრამ სიმპტომი პირიქით, ძლიერდება და ბოლოს ტრანსფორმირდება ილუზორულ განცდაში იმისა, რომ მას მუცელში ჰყავს გველი, რომლის თავი საყლაპავს ებჯინება.       ახლა ვნახოთ, თუ როგორ ახასიათებს ამ ვითარებას ავტორი განწყობის ფსიქოლოგიის ენაზე. სქესობრივმა მოთხოვნილებამ მონახა თავისი ობიექტი (სიტუაცია) და ამ ფაქტორების საფუძველზე შეიქმნა აქტუალური განწყობა. ვუწოდოთ მას პირობითად სქესობრივი ქცევის განწყობა. მოცემულ ფაქტორთა ხშირ შეხვედრას მოჰყვა განწყობის უნებლიე ფიქსაცია. ამ ფიქსირებულ განწყობას ეწინააღმდეგება აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული და გაფიქსირებული განწყობა, რომელიც სქესობრივ მორალთანაა დაკავშირებული. ამ ორი განწყობის კონფლიქტის შედეგად ცნობიერებაში ჩნდება კონტრასტული განცდები. ირღვევა ცნობიერ მოვლენებს შორის ლოგიკური კავშირი. ძლიერდება იმპულსების ბრძოლა, რაც აღრმავებს განცდებს შორის კონფლიქტს. თავს იჩენს ერთმანეთის გამომრიცხავი შინაარსები და ამბივალენტური ტენდენციების მოქმედება. ჩვეულებრივ სიტუაციაში, როგორც ეს განწყობის ექსპერიმენტებიდან ჩანს, ცნობიერების შინაარსების ილუზორული ინტერპრეტაცია ადგილს უთმობს ადეკვატურ აღქმას. მაგრამ ავადმყოფობის შემთხვევაში რეალობის პრინციპს ძალა დაკარგული აქვს, ამიტომ გრძელდება ინფორმაციის მცდარი გადამუშავება. ავადმყოფი ვერ ახერხებს ფიქსირებული განწყობის შეცვლას. იგი ძველი, პათოლოგიურად ტრანსფორმირებული განწყობის ტყვეობაში რჩება და შთაბეჭდილებათა მცდარ ასიმილაციას, ე. ი. ცნობიერების თვალსაჩინო შინაარსების შერწყმასა და იდენტიფიკაციას ახდენს. ამ პათოლოგიურად შეცვლილი განწყობის ნიადაგზე ხდება შთაბეჭდილებათა ისეთი შეერთება, რასაც კონტამინაცია ეწოდება.       განწყობის პათოლოგიური შეცვლა გამოიხატება იმაში, რომ იგი ინერტული ხდება. ავადმყოფი უძლურია, თავისი ნებით შეცვალოს იგი, წინ აღუდგეს მის რეალიზაციას. ექიმის ფსიქოთერაპიის დანიშნულებაა, დაეხმაროს ამაში პაციენტს. ავადმყოფობის წყაროდ ქცეული ფიქსირებული განწყობა უნდა მოისპოს, აღმოიფხვრას; მას ნიადაგი უნდა გამოეცალოს და ცნობიერების მონაწილეობით «საწინააღმდეგო განწყობა» შემუშავდეს. ამისათვის აუცილებელია ფსიქოთერაპიის პროცესი, რომელიც გააანალიზებს ავადმყოფობის გამომწვევი ფიქსირებული განწყობის ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებს, რასაც მოჰყვება შეგნება იმისა, თუ რამ განაპირობა ავადმყოფური სიმპტომების აღმოცენება. ამ ობიექტივირებული ცოდნის საფუძველზე ვაღწევთ სიმპტომების გაცნობიერებას და სიმპტომების წყაროდ ქცეული განწყობის შეცვლას ცნობიერების, ე. ი. ობიექტივაციის დონეზე შემუშავებული განწყობით. ამას კი ავადმყოფი განკურნებისაკენ მიჰყავს. განკურნება ნიშნავს არა მოთხოვნილების მოსპობას, არამედ მისი რეალიზაციის ნორმალური საფუძვლის მონახვას. ობიექტივაციის დონეზე უნდა შეიქმნას ახალი განწყობა, რომელიც ამ მოთხოვნილებას ისეთ არხში წარმართავს, რომ არ დაუპირისპირებს მას სხვა განწყობებს. «ასე გვეხატება ჩვენ, დაასკვნის ავტორი, პროცესის მიმდინარეობა, რომელსაც ფსიქოანალიტიკოსები უწოდებენ არაცნობიერის გარდაქმნას ცნობიერებად. ამ პროცესს, ჩვენი აზრით, საფუძვლად უდევს ობიექტივირებული ცოდნა» [2; 68].       ადვილი დასანახია, რომ ბჟალავა თანმიმდევრულად მიჰყვება იმ ხაზს, რომელიც დასახა უზნაძემ. ფსიქოანალიზური ფსიქოთერაპია გასააზრებელია განწყობისეულ ფსიქოთერაპიად. უზნაძის თქმით, ფსიქოანალიზური პრაქტიკა ნაყოფიერია იმიტომ, რომ «ფროიდი მკურნალობის პროცესში ხშირად მართლაც ახერხებდა შეხებოდა იმას, რაც მნიშვნელოვნად აპირობებდა დაავადების პროცესს» [18; 285]. ეს რაღაც არის არა ცნობიერებიდან განდევნილი განცდა (კომპლექსი), არამედ განწყობა. მაშასადამე, დაავადების მიზეზიც და განკურნების გზაც განწყობაში უნდა ვეძიოთ. განწყობის თეორიისათვის ეს დებულება სავსებით ლოგიკური და სამართლიანია. სხვა ამბავია, როგორ უნდა მოხდეს მისი რეალიზაცია კონკრეტული ფსიქოთერაპიის ვითარებაში. ამისთვის მრავალი საკითხია დასაზუსტებელი და დასამუშავებელი. ეს ბჟალავას ანალიზიდანაც ჩანს. იგი არ გვაჩვენებს იმას, თუ კონკრეტულად როგორ უნდა გავიგოთ დაავადება და როგორ ჩავატაროთ მკურნალობა. როგორც აღვნიშნეთ, ამის პრეტენზია ავტორს არცა აქვს. სამაგიეროდ, განწყობისეულ ფსიქოთერპიასთან დაკავშირებული საკითხების გამოსაკვეთად მოცემული ანალიზი ფრიად სასარგებლოა.       პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ანალიზი მიმართულია უპირატესად ფსიქიკური დარღვევის აღმოცენების და მიმდინარეობის შინაარსობრივ მხარეზე. ასეთი მიდგომა შესაძლებელს ხდის ფსიქოანალიზურ და განწყობისეულ ფსიქოპათოლოგიებს შორის ურთიერთმიმართების დამყარებას. ეს პრინციპული ვითარებაა. საქმე ისა, რომ ორივე მიდგომა ავადმყოფობის მიზეზს ცნობიერების მიღმა არსებულ სფეროში ეძებს. მაგრამ ფსიქოანალიზი იქ არსებულ შინაარსებზე ლაპარაკობს, ხოლო განწყობისეული ფსიქოპათოლოგია ტრადიციულად ორიენტირებულია განწყობის ფორმალურ-დინამიკურ ნიშნებზე. სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის დახასიათებისას იზომება ფიქსირებული განწყობის ცნობილი დინამიკური მახასიათებლები. ამ მონაცემებს უთუოდ აქვთ გარკვეული პრაქტიკული მნიშნეველობა. მაგრამ ფსიქოთერაპიის პროცესში პირველ პლანზე გამოდის პაციენტის პრობლემების გაგება, მტკივნეული შინაარსების გამოვლენა და ანალიზი. მართალია, გააჩნია, რა სახისაა დარღვევა, მაგრამ მაინც მრავალი ნევროზის შემთხვევაში (თუნდაც დღეს ესოდენ გავრცელებული ლოგონევროზებისას) განწყობის დინამიკური მხარის ცვლილებათა შესახებ მონაცემებს უფრო დამატებითი ინფორმაციის მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს (თუკი ასეთი ცვლილებები საერთოდ მომხდარა). ყოველ შემთხვევაში მხოლოდ აგზნებადობის, სტატიკურობა-დინამიკურობის, სტაბილობის, ვარიაბელობის და მსგავს ტერმინებში ვერც გადახრის არსის, ბუნების გაგებაა შესაძლებელი და ვერც მისი კორეგირება.       ეს გაცნობიერებული აქვს ბჟალავას, რასაც მისი მსჯელობა ადასტურებს, მაგრამ, როგორც განწყობისეული ფსიქოპათოლოგიის, ე. ი. ფორმალურ-დინამიკური მიდგომის თვალსაჩინო წარმომადგენელი, იგი ბოლომდე არ ამბობს უარს განწყობის მეთოდების ფორმალურ-დინამიკურ ასპექტზე, ალბათ, სავსებით მართებულადაც. მოცემულ შემთხვევაში ბჟალავა აღნიშნავს, რომ განწყობის პათოლოგიური ტრანსფორმაცია მის ინერტულობაში, შეცვლისადმი დაუქვემდებარებლობაში გამოიხატება. ავადმყოფი პათოლოგიური განწყობის ტყვეობაშია, იგი თვითონ ვერ ცვლის მას, ვერ გადადის ადეკვატურ განწყობაზე და ამიტომაც საჭიროებს ფსიქოთერაპევტის დახმარებას.       ამასთან დაკავშირებით დგება ერთი პრინციპული საკითხი: რომელი განწყობა აქვთ მხედველობაში, როდესაც ფორმალურ-დინამიკური მახასიათებლების, ამ შემთხვევაში ინერტულობის გამოვლინებაზეა ლაპარაკი – ის კონკრეტული არარეალიზებული განწყობა, რომელმაც სიმპტომები გამოიწვია, თუ ყველა ის ფიქსირებული განწყობები, რომლებიც ქმნიან პიროვნების სტრუქტურას. სხვანაირად რომ ვთქვათ, იცვლება ერთი პათოგენური განწყობა თუ მთლიანად პიროვნება. მკაფიო პასუხი ამ კითხვაზე არ ჩანს. ტექსტში ყურადღება პათოგენური განწყობის დაუძლევლობასა და გაძლიერებაზეა გამახვილებული, რაც მისივე ინერტულობით აიხსნება. მაშასადამე, საქმე მისი დინამიკის ცვლილებაში ყოფილა. მაგრამ თეორიული და პრაქტიკული თვალსაზრისით ნათელი არ არის როგორ დავუშვებთ ისეთი ვითარების შესაძლებლობას, როდესაც განწყობის ფორმალურ-დინამიკური მხარის დეფექტი მხოლოდ ერთ, კონკრეტულ ფიქსირებულ განწყობაზე ვრცელდება და პიროვნების დანარჩენ განწყობებს არ მოიცავს. როდესაც ვახდენთ რაიმე ფსიქოპათოლოგიით შეპყრობილი სუბიექტის განწყობის ფიქსირებული განწყობის მეთოდით გამოკვლევას, ეს მონაცემი მის ყველა სხვა განწყობაზე ვრცელდება. იგულისხმება, რომ იცვლება პიროვნების განწყობის ტიპი და არა ეს ერთი კონკრეტული განწყობა. ჩვენს შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ინერტულობის ნიშანი ამ ადამიანის ყველა განწყობისათვის იქნება დამახასიათებელი. მაშასადამე, მისი ყველა განწყობა იქნება პათოლოგიურად შეცვლილი და მაშინ კითხვის ქვეშ დგება მოცემულ ანალიზში შემოთავაზებული მკურნალობის პრინციპი, რომელიც ერთი (პათოგენური განწყობის) მეორეთი (ადეკვატურით) ჩანაცვლებას გულისხმობს. ჩანაცვლება რეალურად თითქმის შეუძლებელი რამ იქნება, რადგან ყველა განწყობა ინერტულია. ეს თუნდაც მოხერხდეს, ახალი განწყობა იგივე პათოგენური ფორმალურდინამიკური თვისებების მქონე აღმოჩნდება და ძალიან მალე ახალი ნევროზის წყარო გახდება. ერთი სიტყვით, დინამიზმის (მაგალითად ინერტულობის) დარღვევის გამო ყოველი განწყობა (რა შინაარსისაც უნდა იყოს იგი), რომელიც რამდენადმე დომინირებულ ადგილს დაიჭერს პიროვნების სტრუქტურაში, თანდათანობით აუცილებლად პათოგენური გახდება.       ბჟალავა მიისწრაფვის მაქსიმალურად გამოიყენოს განწყობის ფსიქოლოგიაში დამუშავებული ცნებით-კონცეპტუალური აპარატი. ეს ეხება კონტრასტ-ასიმილაციის ცნებასაც, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია განწყობის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიისთვის. ამასთან, ავტორი ცდილობს, ეს მექანიზმი შინაარსეულ მასალას მიუყენოს. ეტყობა, ეს არც ისე ადვილია; ასეა, ყოველ შემთხვევაში, რაოდენობრივ მასალასთან შედარებით (მხედველობაში გვაქვს დიდი-პატარა ბურთები), სადაც ნათელია, რა რისი საწინააღმდეგოა ან კონტრასტული. კერძოდ, ცხოვრებისეული ვითარებების, მოთხოვნილებების ან თუნდაც ემოციური განცდების მიმართ, რასთანაც საქმე აქვს ფსიქოთერაპიას, ამის თქმა ძნელზე ძნელია, ზოგჯერ კი – პრაქტიკულად შეუძლებელი. არადა, თუ განწყობის შინაარსს ვეძებთ, სწორედ ეს უნდა გვქონდეს მხედველობაში.       მაგალითში მოცემულ ფსიქოთერაპიულ სიტუაციაში ამ მხრივ ბევრი რამაა ბუნდოვანი და გაუგებარი. დავიწყოთ თუნდაც პათოგენური განწყობის შინაარსეული დახასიათებით. აქ პირველ რიგში ქცევის რაგვარობაა გასარკვევი, რომლის საფუძველიც ეს განწყობაა. მოყვანილ ანალიზში ეს არ არის გაკეთებული, ამის გარეშე კი განწყობის შინაარსზე რეალურად რაიმე წარმოდგენას ვერ შევიქმნით. ამიტომ ცოტაოდენი გარკვეულობის შესატანად ჩვენ თავად ვუწოდეთ მას, შესაძლოა, არცთუ საუკეთესოდ, «სქესობრივი ქცევის განწყობა». ამ განწყობის შინაარსზეა დამოკიდებული მთელი პათოგენური სიტუაციის წარმოქმნა-გაშლის პროცესი. იგი შინაარსეულად უპირისპირდება ფიქსირებულ განწყობას, რომელიც სექსუალური ქცევის გარკვეულ აკრძალვასთან არის დაკავშირებული. ამ შინაარსის ფრუსტრაციის შედეგად ჩნდება ე. წ. «კონტრასტული განცდები», რაც, როგორც ჩანს, ვლინდება როგორც გარკვეული ემოციების, ისე სომატურ გამოვლინებათა ილუზორულ გაძლიერებაში. ამავე განწყობის დინამიკური მხარის დეფექტის, კერძოდ, ინერტულობის გამო ვერ ხერხდება მისი შეცვლა და როგორც ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტებშია – ადეკვატურ მოქმედებაზე და განწყობაზე გადასვლა. მთავარი საკითხი, რომელიც ასეთი ინტერპრეტაციისას დგება, ეხება იმას, თუ რა მოქმედება და განწყობა უნდა იქნას ამ სიტუაციაში მიჩნეული ადეკვატურად. თავისთავად სულაც არ არის ნათელი ის, თუ სუბიექტი ამ ორი კონფლიქტური განწყობიდან რომელს უნდა დაექვემდებაროს, რა კრიტერიუმით უნდა შეფასდეს ეს ეგზისტენციური სიტუაცია. აქედან გამომდინარე, გარკვევით არ ჩანს, თუ რა უნდა ურჩიოს განწყობისეულმა ფსიქოთერაპევტმა, თუკი პაციენტი მასთან იმ სტადიაზე მოხვდა, როცა ჯერ კიდევ შედარებით ადვილია არჩევანის გაკეთება ერთ-ერთი განწყობის სასარგებლოდ. მართლაც, პათოგენური სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით რას უნდა მიენიჭოს უპირატესობა: სექსუალურ ქცევას თუ მის აკრძალვას? ანალიზში ნაგულისხმევი პასუხი უკანასკნელს ემხრობა.       მაგრამ გავყვეთ ანალიზს. ვითარება სულ უფრო მძიმდება. პათოგენური ფიქსირებული განწყობა განაგრძობს თავის დამანგრეველ მოქმედებას. «შთაბეჭდილებათა მცდარი ასიმილაციის» შედეგად წარმოიქმნება სიმპტომი – «მუცელში მყოფი გველის თავის საყლაპავთან მიბჯენის» განცდა. ბუნებრივად დგება საკითხი, როგორია კავშირი ამ განცდისა და ფიქსირებული განწყობის შინაარსებს შორის. ერთი რამ ცხადია, კავშირი არავითარ შემთხვევაში არაა ისეთივე პირდაპირი და ლოგიკურად გასაგები, როგორც ფიქსირებული განწყობის ექსპერიმენტული ილუზიების დროს. აქ ძნელი მისახვედრია, რა კანონზომიერებით უკავშირდება ერთმანეთს განწყობა და მის ნიადაგზე წარმოქმნილი ფსიქოსომატური ფენომენი. გაუგებარია, რატომ გარდაიქმნა გაწითლების სიმპტომი მოცემულ შინაარსად და უფრო მეტიც, საზოგადოდ რატომ და როგორ ჩნდება სექსუალური ქცევის განწყობასთან დაკავშირებით ან, თუნდაც, მასთან ბრძოლის შედეგად ორგანიზმის შიგნით გველის ყოლის განცდა. განწყობასა და ილუზიურ განცდას შორის პირდაპირი შინაარსეული კავშირი, როგორც ეს განწყობის ცდებშია, აქ არ ჩანს. კავშირის გამოსავლენად სპეციალური სამუშაო არის ჩასატარებელი. ამისათვის საჭიროა პიროვნების ხასიათობრივი თავისებურების, მისი შინაგანი სამყაროს და გარემოცვის ღრმა შესწავლა და ამ მონაცემების ურთიერთმიმართებაში მოყვანა. მხოლოდ ამის საფუძველზეა შესაძლებელი შევიქმნათ წარმოდგენა იმ განწყობის შინაარსეულ მხარეზე, რომელმაც გამოიწვია ასეთი უცნაური შინაარსის განცდა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ასე იქცევა ფსიქოანალიზი; სპეციალური მეთოდებით ხდება პიროვნების მოტივების, გამოცდილების, სოციალური ურთიერთობების ფაქიზი ანალიზი, რომლის საფუძველზეც გამოითქმება ვარაუდი ავადმყოფური განცდების თუ სიმპტომების და მათ გამომწვევ ფსიქიკურ შინაარსებთან კავშირის შესახებ. განწყობის ფსიქოლოგიაში არ შემუშავებულა თეორიული მიდგომა და პრაქტიკული მეთოდი შინაარსეული ფსიქიკური მასალის ანალიზისთვის. კონტრასტ-ასიმილაციის ეფექტის მარტივ და ნათელ კონსტრუქციას აქ ბევრი რამით დასჭირდება შევსება სხვადასხვა ფსიქოთერაპიული სისტემებიდან, მათ შორის – ფსიქოანალიზიდან.       ამრიგად, განწყობისეული ფსიქოთერაპიის შემუშავების გზაზე ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლებაა განწყობის შინაარსის გასარკვევი მეთოდოლოგიის უქონლობა. ერთი შეხედვით აქ დიდი პრობლემა არ უნდა არსებობდეს: განწყობა ქცევის მექანიზმია, ქცევისადმი მზაობაა; რაც განწყობაშია მოცემული, ის ვლინდება აქტივობაში. მაშასადამე, განწყობის შინაარსს მისით შეპირობებული აქტივობის შინაარსი შეადგენს. ეს უეჭველად ასეა. მაგრამ აქვე ჩნდება სირთულეები. საქმე ის არის, რომ თვით ქცევა, როგორც განწყობის შინაარსი, უაღრესად რთული სტრუქტურის მქონე ფენომენია. იგი მოიცავს და აერთიანებს მრავალ პროცესსა და წარმონაქმნს: მოთხოვნილებებს, მიზნებს, გეგმებს, განზრახვებს, მოტივებს, მოქმედებებს, ოპერაციებს, ემოციურ და სხეულებრივ გამოვლინებებს. ყველა მათგანი ქცევის სტრუქტურის ელემენტია. ამავე დროს, იმის გამო, რომ ქცევას განწყობა განსაზღვრავს, იგი (ქცევა) არის განწყობის შინაარსიც. ფსიქოთერაპიის დროს განწყობის მთელი უმდიდრესი შინაარსიდან საჭიროა ავირჩიოთ ის, რაც არსებითად არის დაკავშირებული დაავადებასთან. ბჟალავას ანალიზში ვითარება ამ მხრივ შეძლებისდაგვარად გამარტივებულია; გამოყოფილია ე. წ. «პათოლოგიური მოთხოვნილება»[45]. მის საფუძველზე აღმოცენებული განწყობის შინაარსს თავად ეს მოთხოვნილება და მისი დაკმაყოფილება-ფრუსტრაციის პროცესში აღმოცენებული განცდები შეადგენს. განწყობის ფიქსაცია იმ შინაარსის ფიქსაციაა, რომელმაც, ასე ვთქვათ, «კომპლექსის» სახე მიიღო. აქედან გამომდინარე, ბჟალავა თამამად უპირისპირებს ერთმანეთს კომპლექსის და განწყობის ცნებებს და პირველს მეორით ცვლის.       უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ბჟალავა მიჰყვება ტრადიციულ სქემას, რომელიც უზნაძის სკოლაში განწყობის შინაარსის გარკვევისას გამოიყენება. ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევაში გამოყოფენ მოთხოვნილებას, რომელსაც განწყობით წარმართული ქცევა აკმაყოფილებს. იგულისხმება, რომ განწყობის შინაარსს მის მიერ გამოწვეული ქცევის მოთხოვნილებისეული, ან უფრო სწორად, ინტენციური მხარე განსაზღვრავს. რაზეც მიმართულია ქცევა, იმ შინაარსისაა სათანადო განწყობაც. მაგრამ მოთხოვნილების შინაარსით დახასიათებული განწყობა ძნელად თუ შეენაცვლება იმას, რაც ფსიქოანალიზში კომპლექსის სახითაა ცნობილი. მაშინაც კი, თუ სიმარტივისათვის არატიპურ, მხოლოდ ერთი მოთხოვნილებით აღძრულ აქტივობას განვიხილავთ, კომპლექსი არა მთლიანად ქცევას, არამედ მხოლოდ მის ნაწილს ან მხარეს შეეხება, იმას, რომელიც ტრავმატული შეიქმნა. კომპლექსი აფექტურად შეფერილი წარმოდგენა, ან, უზნაძის თქმით, «იდეოაფექტური მოტორული სისტემაა», რომელიც ქცევის ერთ-ერთი სეგმენტს დაუკავშირდა და შემდეგ რეპრესირებულ იქნა. ტრავმის მიღება, ცხადია, ქცევის პროცესში ხდება; მაგრამ კომპლექსის სახით იდევნება არა მთელი ქცევა თავისი ინტენციით, არამედ მხოლოდ ტრავმასთან დაკავშირებული მისი ერთ-ერთი, ზოგჯერ საკმაოდ მცირე ნაწილი. ამრიგად, კომპლექსის შინაარსი არ ფარავს და არ ემთხვევა ქცევის ინტენციურ შინაარსს, უფრო მეტიც, თვით კომპლექსი და მის მიერ გამოწვეული სიმპტომები შესაძლებელია შინაარსით ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული რამდენიმე ქცევის (და ე. ი. განწყობის) მიმდინარეობის პროცესში ჩამოყალიბდეს. ფროიდი საგანგებოდ აღნიშნავდა ამ გარემოებას, რადგან იგი აუცილებლად უნდა იქნას გათვალიწინებული კომპლექსის რეალური შინაარსისა და სიმპტომის გენეზისის დადგენისას.       მოვიყვანთ ერთ მაგალითს ფროიდის პრაქტიკიდან. პაციენტ ქალს აწუხებს ტიკი, ერთგვარი ტკაცუნის ხმა, რომელსაც იგი გამოსცემს თავისდაუნებურად აგზნებისას ან სულაც უმიზეზოდ. ეს ტიკი წარმოიქმნა როგორც შედეგი ორი განცდისა, რომლებიც აღმოცენდნენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, მაგრამ გააჩნდათ საერთო ნიშანი: იმ მომენტში ჩუმად ყოფნის საჭიროება. სწორედ ამ ხმამ მისდაუნებურად დაარღვია სიჩუმე ერთ შემთხვევაში, როდესაც ქალის ავადმყოფმა შვილმა როგორც იქნა ჩაიძინა და მეორეჯერ, როდესაც ეტლით მგზავრობისას ავდარში იგი ცდილობდა შეენარჩუნებინა სიჩუმე, რომ კიდევ უფრო მეტად არ დაეფრთხო ცხენები. რა თქმა უნდა, ბავშვის მოვლა და მგზავრობა სხვადასხვა ინტენციური შინაარსის ქცევებია და მათი განწყობებიც განსხვავებული შინაარსისაა. მათი რეალიზაციის პროცესში წარმოიქმნა საერთო-ტექნიკური ამოცანა და სათანადო განცდა, რომლის ტრავმატიზაციამ დატოვა გარკვეული სიმპტომი. ქცევის ამ მონაკვეთს, სადაც კომპლექსი წარმოიქმნა, საკუთარი, ქცევის განწყობისაგან განსხვავებული განწყობა ვერ ექნებოდა, რადგანაც განწყობა მთლიანი ქცევის რელევანტური მექანიზმია; ყველა ოპერაციას, განცდას თუ პროცესს, რომელიც ჩართულია ქცევაში, თავისი განწყობა, ცხადია, არ გააჩნია. მაგრამ მაშინ, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულია ორი განსხვავებული ქცევის განწყობა, ისმის საკითხი, რომელი ქცევის და რა შინაარსის განწყობამ მიიღო კომპლექსის სახე, დაფიქსირდა და გახდა ავადმყოფური სიმპტომის საფუძველი? ეს საკითხი კანონიერია იმ შემთხვევაში, თუკი განწყობისა და კომპლექსის შინაარსები გაიგივებულია ერთმანეთთან. მართლაც, თუ განხილულ მაგალითში ორივე განწყობა გაფიქსირდა, მაშინ ორი კომპლექსი უნდა არსებობდეს, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. ხოლო თუკი ამ ერთი კომპლექსის რეალური შინაარსიდან ამოვალთ, მისი შესატყვისი ფიქსირებული განწყობის მონახვა გახდება შეუძლებელი, რადგან ორივე შემთხვევაში ფაქტობრივად გაფიქსირდა არა მთელი განწყობა, არამედ მხოლოდ მისი მცირე მონაკვეთი.       ფროიდისთვის ამ შემთხვევის ანალიზი უფრო ადვილია. იგი არ ზრუნავს იმაზე, რომ დაადგინოს აქტივობის დიდი ერთეულის, ქცევის შინაარსი და კმაყოფილდება კონკრეტული განცდის (წარმოდგენის, ემოციის) შინაარსით. ამ მასშტაბში ლაპარაკობს იგი ტრავმაზე, განდევნაზე, კომპლექსზე, კონვერსიაზე და გაცნობიერებაზე, როგორც განკურნების საშუალებაზე. განწყობის თეორია ისეა კონსტრუირებული, რომ მოითხოვს კონკრეტული განცდის ანალიზს მთელი ქცევის და სათანადო განწყობის კონტექსტში. ეს ასეა, ვინაიდან, როგორც ითქვა, განწყობის თეორიის თანახმად, ქცევის პროცესში აღმოცენებულ ცალკეულ განცდებს თავისი საკუთარი განწყობა არ გააჩნია.       როგორც ჩანს, საკითხი იმის შესახებ, თუ რა შინაარსებთან და როგორ უნდა იმუშაოს განწყობისეულად ორიენტირებულმა ფსიქოთერაპევტმა და აგრეთვე ის, თუ როგორი უნდა იყოს მისი მიმართება ფსიქოანალიზის ცნებებსა და პრაქტიკასთან, სერიოზულ დამუშავებას მოითხოვს. არ არის საკმარისი მხოლოდ იმის მტკიცება, რომ კომპლექსი სინამდვილეში განწყობაა, ხოლო ფროიდის ფსიქოთერაპიის წარმატებები კი – იმის შედეგი, რომ ფროიდი როგორღაც ახერხებდა ამ განწყობასთან დაკავშირებას.       აღვწეროთ კიდევ ერთი მაგალითი ფროიდის პრაქტიკიდან, რომელიც კარგად აჩვენებს იმას, რომ სწორედ ემოციური შინაარსებია ის ფსიქიკური მასალა, რითაც ოპერირებს ფსიქოანალიზი. ერთ-ერთი სიმპტომი, რომელიც ბრეიერის ცნობილ პაციენტს ანას აწუხებდა, მდგომარეობდა იმაში, რომ ანა ძლიერი წყურვილის მიუხედავად ვერაფერს ვერ სვამდა. მას ჰქონდა ჰიდროფობია. როგორც ანალიზით გამოირკვა, ამის მიზეზი იყო ზიზღის გრძნობა, რომელიც ოდესღაც დაეუფლა მას, როდესაც დაინახა, როგორ თქვლეფდა მისი კომპანიონი ქალის ძაღლი წყალს პირდაპირ ჭიქიდან. ჰიპნოზში მოხდა ამ განცდის განმეორება, რასაც მოჰყვა კათარზისი და სიმპტომის მოხსნა.       ამრიგად, სიმპტომი გაგებულია, როგორც აფექტური განცდებისა ან აფექტური ტრავმების ნარჩენი კვალი ან სიმბოლო. აღწერილ მაგალითში მოხდა პათოგენული აფექტების შეკავება. «ნაწილობრივ ეს აფექტები დარჩნენ როგორც სულიერი ცხოვრების მუდმივი დაძაბულობის დამამძიმებელი წყარო; ნაწილობრივ მათ გადაინაცვლეს უცნაურ სხეულებრივ ინერვაციებსა და შეკავებებში, რომლებიც ამ შემთხვევის სხეულებრივ სიმპტომებს წარმოადგენენ» [29; 155]. კათარზისმა განმუხტა აფექტური დაძაბულობა და მოხსნა ისტერიული კონვერსია.       ამ შემთხვევის ინტერპრეტაცია ქცევის (მოთხოვნილების) შესაბამისი განწყობის შინაარსის ტერმინებში არ არის ადვილი. ძნელი სათქმელია, რა მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა ანას ქცევა მოცემულ სიტუაციაში და, მაშასადამე, რა განწყობის შინაარსი იქნა რეპრესირებული და ფიქსირებული. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ძიება ამ მიმართულებით მაინც უნაყოფო იქნება ფსიქოთერაპიისთვის, ვინაიდან სრულიად ნათელია, რომ ტრამვა ზიზღის განცდასთან არის დაკავშირებული, განცდასთან, რომელიც აქტივობის პროცესში შემთხვევით წარმოქმნილი ვითარების გამო გაჩნდა და თვით ამ ქცევის (განწყობის) შინაარსთან არსებით კავშირში არ ყოფილა. ამის გამო რა საჭიროა საერთოდ იმის გარკვევა, თუ რა ქცევას ასრულებდა ანა, როდესაც შევიდა კომპანიონი ქალის ოთახში და მოულოდნელად შეესწრო პათოგენურ სცენას? ერთი სიტყვით, აქედან ჩანს, რომ «მოლარული» ქცევის და შესაბამისი განწყობის შინაარსი ხშირად არ ემთხვევა კომპლექსის ფაქტობრივ «მოლეკულარულ» შინაარსს, რომლითაც ფსიქოანალიზი ოპერირებს. მოყვანილ შემთხვევაშიც კომპლექსის შინაარსი, რომელიც თავისთავად ეჭვს არ იწვევს, შეიძლება დავუკავშიროთ ქცევაში ჩართულ რაიმე «მიკროგანწყობას», თუნდაც კომპანიონი ქალის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამომხატველ განწყობას. თუმცა, ეს იქნება ძალდატანება განწყობის და ქცევის შესაბამისობის ძირეულ პრინციპზე და ქცევის პოლიგანწყობისეულ რეგულაციასთან დაკავშირებული მთელ რიგ საკითხებს წარმოშობს[46].       და მაინც, განწყობის ფსიქოლოგიის ფარგლებში ასეთი თეორიული სვლა სავსებით წარმოსადგენია. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როდესაც მთელი ტრავმატული ვითარება და კომპლექსის შინაარსი ხასიათდება უკიდურესად სპეციფიკური ფსიქოანალიზური ცნებების კონსტრუქციების თუ მექანიზმების საშუალებით? ასეთი შინაარსები ხომ საერთოდ უცხოა განწყობის ფსიქოლოგიისათვის. ამიტომ, ფსიქოთერაპიის პროცესში მათი შესაბამისი განწყობების (შესაძლებელიც რომ იყოს ასეთების მოაზრება) ძიებას საერთოდ არავინ დაიწყებს. მაგალითად გამოდგება თუნდაც ფროიდის მიერ აღწერილი «პატარა ჰანსის» ან «ადამიანი მგლებთან» ცნობილი შემთხვევები, სადაც ნევროტული კომპლექსის შინაარსი ოიდიპოსის და კასტრაციის კომპლექსების ენით აღიწერება. ძნელი სათქმელია, როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტი, რომელიც განწყობისა და კომპლექსის იდენტურობის აზრს იზიარებს. კომპლექსის ფსიქოანალიზური შინაარსის შესაბამისი განწყობის არსებობას იგი ალბათ ვერ დაუშვებს, რადგან ასეთი შინაარსები მისთვის სულ არ არსებობს. მაგრამ მაშინ მას უნდა შეეძლოს, ზუსტად მიუთითოს იმ განწყობის შინაარსზე, რომლის ფრუსტრაციამ გამოიწვია თუნდაც ის, რომ პატარა ჰანსს ქუჩაში ცხენის კბენისა ეშინია და ჩაატაროს ისეთი პროცედურები, რომ ეს შიში გაქრეს, როგორც ეს ფროიდმა გააკეთა.       შესაძლებელია კი ამის გაკეთება საზოგადოდ? ძნელი სათქმელია. პირველ ყოვლისა იმის გამო, რომ ფროიდი, როგორც ფსიქოთრაპევტი, განცდებზე მუშაობდა. არაცნობიერის გაგებაც ისეთი შეიმუშავა, რომ ეს საქმე გაადვილებულიყო. განწყობის ცნების შინაარსი ბევრად უფრო ფართოა და ფსიქოანალიზის სისტემაში არ ეტევა. საზოგადოდ, იმის მცდელობა, რომ აუცილებლად შეიცვალოს ფსიქოანალიზური ცნებები განწყობისეულით, თუნდაც კომპლექსისა – განწყობით, არაპროდუქციულად გამოიყურება. ასეთი რამ არც ერთ თეორიას არ არგებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში არსებითად განსხვავებულ კონცეპტუალურ სისტემებთან გვაქვს საქმე. განწყობის თეორია ვერ შეითვისებს ფროიდის შეხედულებებს ლტოლვაზე, ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე, პიროვნების სტრუქტურაზე, დაავადებისა და მკურნალობის მეთოდოლოგიაზე. ასევე ფსიქოანალიზისთვის ყოველთვის უცხო იქნება ქცევის მიზანშეწონილების განწყობისეული ახსნის, სუბიექტის მთლიანობის, ქცევის ფაქტორების ერთიანობის, ფუნქციონალური ტენდენციის, ობიექტივაციის, განწყობის ფიქსაციის და სხვა უზნაძისეული კონსტრუქციები. განწყობის ფსიქოლოგია ვერ მოერგება ფსიქოანალიზს. მან საკუთარი ფსიქოთერაპია უნდა შექმნას, ვინაიდან ფსიქოანალიზი ისე უდგება დაავადების აღმოცენებას და მკურნალობას, როგორც ეს მხოლოდ მასთან შეიძლება იყოს მოაზრებული. ამასთან ერთად, განწყობისეული ფსიქოთერაპიის ქმნადობის პორცესში არ უნდა დაიკარგოს არც ერთი სასარგებლო იდეა და პრაქტიკული ხერხი ფსიქოანალიზიდან თუ სხვა ფსიქოთერაპიული სისტემიდან. ამ სფეროში იმდენი ითქვა და გაკეთდა თეორიისა თუ პრაქტიკის მხრივ, რომ პრინციპულად ახლის გამოგონება ძნელია. არსებული გამოცდილება კი თამამად უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც ფსიქოთერაპიული სისტემები, როგორც კონცეპტუალური, ისე მეთოდური თვალსაზრისით უაღრესად მრავალფეროვანია. საჭიროა განწყობისეული ფსიქოთერაპიის კვალიფიცირება თუნდაც იმ მხრივ, თუ რა სახის ფსიქოთერპიულ სისტემებს უახლოვდება იგი და რომლებს უპირისპირდება. ეს იქნება პირველი ნაბიჯი განწყობისეული ფსიქოთერაპიის გააზრების გზაზე. ეს მომგებიანი იქნება ზღვა გამოცდილებიდან ჩვენთვის სასარგებლო მიდგომებისა და მეთოდების შესარჩევად. საფუძველი ასეთი ანალიზისთვის არსებობს, რადგან მეტ-ნაკლებად ცნობილია განწყობის ფსიქოლოგიის მიმართება სერიოზული ფსიქოთერაპიული სისტემების ქვემდებარე ზოგად თეორიებთან. განწყობის თეორიას აქვს მათთან გადამკვეთი პოზიციები, რაც შესაბამის ფსიქოთერაპიებთან კომუნიკაციისთვის ნაყოფიერი საფუძველი შეიძლება გახდეს.       ამ მხრივ, ცხადია, ჩვენთვის სერიოზული ინტერესის საგანია ფსიქოანალიზი, სიღრმის ფსიქოლოგიის სხვა სისტემები (კ. იუნგი, ა. ადლერი) და ნეოფროიდიზმი. აქ განწყობის ფსიქოლოგიასთან გადაკვეთის წერტილი პირველ რიგში არაცნობიერის სფეროა, რადგანაც ფსიქოთერაპიის ეს სისტემები (მათ შორის განწყობისეულიც), არაცნობიერ შინაარსებზე მხოლოდ მათი ცნობიერებაში ან ქცევაში გამოვლენის მიხედვით მსჯელობს. ამიტომ განწყობისეული ფსიქოთერაპიის შემთხვევაშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცნობიერებასთან მათი კონფლიქტის დარეგულირების გზები (ე. წ. დაცვითი მექანიზმები), არაცნობიერი შინაარსების გამოვლენის ხერხები (ასოციაციები, სიზმრები, გადატანა და სხვ.) და არაცნობიერი შინაარსების გაცნობიერება-დარეგულირების პროცედურები (კათარზისი, ჩაგონება, მანიპულაცია, აბსტინენცია და ა შ.), ერთგვარი მოდიფიკაციით.       საინტერესოა აგრეთვე ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია, რადგან «ფიზიკური ქცევა», როგორც მთელი ქცევის ერთ-ერთი განუყოფელი მხარე, ყოველთვის იმყოფება განწყობის ფსიქოლოგიის თვალსაწიერში. განწყობის ფსიქოლოგია პირდაპირ არის დაინტერესებული ჩვევებისა და ჩვეულებების ჩამოყალიბება-შეცვლის კანონზომიერებებით, რომლებიც ფიქსირებული განწყობის მექანიზმს ემყარება. განწყობის ფსიქოლოგიის თანამედროვე ვერსიებში ოპერაციული სისტემები განწყობის ერთ-ერთ ფაქტორად მოიაზრება [7ა][22][24].       ამიტომ ისინი შესაძლებელია მნიშვნელოვან ინსტრუმენტად განვიხილოთ როგორც განწყობის შექმნის, ისე მისი კორექციის პროცესში.       ინტერესს იწვევს რაციონალური თერაპიაც, ვინაიდან კოგნიტურ პროცესებსა და განწყობას შორის ურთიერთმიმართების საკითხს განწყობის ფსიქოლოგიაში ცენტრალური ადგილი უკავია (ობიექტივაციის ცნება და პროცესი).       არ უნდა გამოგვრჩეს არც ფენომენოლოგიური ტრადიცია და არც აუტოტრენინგი, რადგანაც ამ შემთხვევაში ემოციური და სხეულებრივი პროცესების რეგულაცია ხდება. ხოლო განწყობის თეორიაში ეს პროცესები განწყობის უშუალო გამოვლინებადაა მიჩნეული. თავის მხრივ სხეულიდან მომდინარე ინფორმაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განწყობის დეტერმინაციაზე. ამიტომ «სხეულთან მუშაობის» თერაპიული ეფექტურობა სავსებით ესადაგება განწყობისეულ პარადიგმას [10]. განწყობა, როგორც «მთლიანი ფსიქოფიზიკური მდგომარეობა», უშუალოდ გადის ორგანიზმულ პროცესებზე და როგორც უკვე დადასტურდა, შეიძლება გახდეს ფსიქოსომატური პათოლოგიის განვითარების საფუძველი [3]. ლიტერატურაში უკვე შემჩნეული და ობიექტივირებულია პარალელები, რომლებიც აგრეთვე გეშტალტთერაპიულ და განწყობისეულ სისტემებს შორის არსებობს [9].       განწყობისეულ ფსიქოთერაპიას შეუძლია თამამად გამოიყენოს ამ სისტემებში შემუშავებული დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურები, თუკი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ნაჩვენები იქნება მათი ადეკვატურობა განწყობის შინაარსის გამოვლენისა და კორექციის ამოცანებისადმი. ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი, რადგანაც განწყობის შინაარსი რეალურად აქტივობის ყველა მხარეს მოიცავს, ხოლო განწყობა, როგორც ახსნითი მოდელი ფსიქოლოგიაში, ერთერთი ყველაზე უფრო მთლიანობითი და ინტეგრალურია. ამიტომ განწყობისეული მიდგომისთვის აქტივობის არც ერთი ასპექტი არ არის უცხო. მაგრამ ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ განწყობისეული ფსიქოთერაპია განწირულია იყოს ეკლექტიკური სისტემა, რომელიც მხოლოდ სხვა სისტემების პროცედურებს აერთიანებს? ეს ალბათ ასეც იქნებოდა, განწყობა რომ მხოლოდ ახსნითი კონსტრუქტი ყოფილიყო. იგი ამავე დროს რეალურად არსებული მოვლენაა, რომელსაც თავისი მოცემულობისა და მოქმედების წესი აქვს. ამ ფენომენის პათოგენურობის დადასტურება და მისი მოდიფიკაცია – ეს არის განწყობისეული ფსიქოთერაპიის უპირველესი ამოცანა და იგი მხოლოდ განწყობის ზოგადი თეორიის გათვალისწინებით შეიძლება გადაიჭრას. ამ მიმართულებით აწარმოებდა კვლევას ი. ბჟალავა. არსებითად, ამ გზით მიდიან ის ერთეული მკვლევარებიც, რომელნიც დღეს ამ საკითხს შეისწავლიან [27].       პათოლოგიური პროცესი ფსიქიკის სფეროში და, შესაძლოა, მთელი ორგანიზმის მასშტაბითაც, შესაძლებელია გაგებულ იქნას, როგორც განწყობათა ინტერაქციის შედეგად აღმოცენებული მოვლენა. ბჟალავას მიერ მოყვანილ მაგალითში ეს კარგად ჩანს. დაშვებულია, რომ ავადმყოფობა აღმოცენდა განწყობათა დაპირისპირების გამო. ძლიერ განწყობათა არათავსებადობა პიროვნების დეზინტეგრაციას იწვევს; პათოლოგიური პროცესი არათავსებად განწყობათა თანამოქმედების შედეგია. ავადმყოფობის ასეთი კონცეფცია აღძრავს გარკვეულ საკითხებს. პრაქტიკულ პლანში საქმე ეხება განწყობათა შინაარსის გარკვევასთან დაკავშირებულ სირთულეებს. კერძოდ, აუცილებელია იმის გარკვევა, ამ მხრივ აქვს თუ არა განწყობის ფსიქოლოგიას სპეციფიკური სადიაგნოსტიკო ხერხები – სხვა სისტემების რომელი მეთოდებია ყურადღების ღირსი და საჭიროა თუ არა ახალი მეთოდების შექმნა. თეორიულ პლანში დგება საკითხი მრავალგანწყობისეული მდგომარეობის დახასიათებასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, თეორიის მიხედვით ყველა კერძო შემთხვევაში სუბიექტი იმყოფება ერთი კონკრეტული აქტუალური განწყობის მოდუსში; მეორე მხრივ, რეალური აქტივობის, მათ შორის პათოგენური პროცესის სრულყოფილ დახასიათებას აუცილებლობით მივყავართ ერთდროულად არსებული აქტუალური (პირველადი თუ გააქტიურებული ფიქსირებული) განწყობების კონფლიქტური ან სინერგიული მოქმედების აღიარებამდე. უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი თითქმის დაუმუშავებელია [24].       რაც შეეხება კორექციის პრობლემას, მისი განხილვა განწყობისეული მიდგომის საფუძველზე ნიშნავს განწყობის მოვლენის თერაპიულ ამოცანასთან შესაბამისობაში მოყვანას. მაგრამ რა უნდა ვიგულისხმოთ ამ შესაბამისობაში, ეს არც თუ ისე ადვილი სათქმელია. აქ ძირითადი სირთულე იმის ჩვენებაშია, თუ რომელი განწყობაა პათოლოგიური პროცესის წყარო და რომელი განწყობა მიგვიყვანს განკურნებამდე. ბჟალავას მიერ განხილულ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვნად რაიმეს თქმა ამის შესახებ ძნელია. ჩარევა კორექციის მიზნით აზრს იძენს იმ შემთხვევაში, თუკი მიღწეულია გარკვეულობა ამ საკითხში. მაგრამ დავუშვათ, რომ ეს საქმე მოგვარებულია. დგება შემდგომი ამოცანა – მოინახოს და განხორციელდეს მკურნალობის პროცედურა, რომელიც მიმართული იქნება განწყობის პათოლოგიური გავლენის მოსახსნელად. აქ სამი სახის სტრატეგია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ:       1) მუშაობა უშუალოდ პათოლოგიურ განწყობაზე ან განწყობებზე, მათი შესუსტების, მოსპობის ან მოდიფიკაციის მიზნით.       2) მუშაობა უშუალოდ იმ განწყობაზე ან განწყობებზე, რომლებიც უნდა ჩაენაცვლონ პათოგენურ განწყობას. აქ ვითარებისდა მიხედვით აქცენტი გაკეთდება ან პიროვნების არსებული განწყობების გაძლიერების ან სულაც ახალი ადეკვატური განწყობის შექმნაზე.       3) მუშაობა, რომელიც გარკვეული დოზით მოიცავს წინა ორ სტრატეგიას და მეტ-ნაკლებად ორივე მიზანს ემსახურება.       რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ სავარაუდო სქემაა. მასში გათვალისწინებულ ვარიანტებს დეტალური ანალიზი ესაჭიროება. დასაფიქრებელია თუნდაც ის, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს განწყობის მოდიფიკაცია ერთი განწყობის ფარგლებში; სად არის ის მიჯნა, რომლის მერე შინაარსობრივი და დინამიკური მხარის ტრანსფორმაციას უკვე ახალი განწყობის ჩამოყალიბებამდე მივყავართ. საზოგადოდ კი, ეს ვარიანტები განხილული უნდა იქნას განწყობის ფიქსაციისა და ჩაქრობის კანონზომიერებებთან შესაბამისობაში. სერიოზული სირთულე ისაა მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში დინამიკურთან ერთად განწყობის შინაარსეული მხარეც არის გასათვალისწინებელი.       ცხადია, თითოეული ეს სტრატეგია განსხვავებულ ტაქტიკას გულისხმობს. განწყობისეულ ფსიქოთერაპიას მოუწევს გარკვეულობის შეტანა იმაში, თუ რომელ შემთხვევაში რა თერაპიული ხერხების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი. ამ მიმართულებით ფართო კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოს ორგანიზება არის საჭირო. ჩვენი ანალიზის ფარგლებში კი მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ ალბათ ფსიქოანალიზური ტექნიკების უმრავლესობა ძირითადად პირველ სტრატეგიასთან არის დაკავშირებული. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: გამოკვლევები თეორიულ ფსიქოლოგიაში …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 9:35pm on აპრილი 4, 2019
თემა: იონას წინასწარმეტყველება (განმარტება)
გარეშე, არასრული სახით მოაღწია. მაგრამ საქმე ისაა, რომ ძველი აღთქმის წიგნებში მსგავს დასაწყისებს ხშირად ვხვდებით.‘უფლის სიტყვაში" იგულისხმება, რომ ღმერთმა იონას გარკვეული ქმედებისკენ მოუწოდა. ეკლესიის მამათა განმარტებით, საუფლო გამოცხადება წინასწარმეტყველის შინაგან სამყაროში, მისი სულის სიღრმეში ყოველგვარი გარეგნული გამოვლინებების გარეშე აღესრულა . დეკან. იოანე სოლოვიოვი: ტექსტში იონას შესახებ თხრობა მესამე პირშია წარმოდგენილი, რამაც განმმარტებელთა ნაწილს აფიქრებინა, რომ საწინასწარმეტყველო მოძღვრება არ ეკუთვნის უშუალოდ იონას და იგი სხვა, გარეშე პირისგანაა დაწერილი. აღნიშნულის საპირისპიროს უძველესი იუდაური ეკლესიის გადმოცემები ამტკიცებს, რაც თავის მხრივ იოსეფ ფლავიუსმაც დაიმოწმა ‘სიძველეებში", სადაც პირდაპირ მიუთითებს, რომ ნინევში განხორციელებული სამოციქულო საქმინობა იერობოამ II-ის დროს მოღვაწე იონას მიერ ჩაიწერა. წარმოდგენილ ცნობას ადრექრისტიანული ეპოქის მრავალი წყარო ეთანხმება. რაც შეეხება მესამე პირში საუბარს, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბიბლიური წიგნების ავტორთა უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით ისტორიული მოვლენების აღმწერელნი, როგორც წესი, საკუთარ თავზე მესამე პირში საუბრობენ, თუმცა მათი წიგნების ავოტორებთან დაკავშირებით არასოდეს გამოთქმულა ეჭვები. ძველი აღთქმის აღმწერთა ამგვარი ჩვეულება, რასაც ხსენებული ადამიანების სიმდაბლე განაპირობებდა, მოვლენის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას იძლეოდა და, ამასთანავე, ისინი საკუთარი წიგნების ავტორად როდი მიიჩნევდნენ თავს, არამედ საღვთო სულით აღძრულნი, მოძღვრების შემოქმედად მხოლოდ უზენაესს სახავდნენ. ძნელია ზუტად განისაზღვროს წიგნის დაწერის დრო. სავარაუდოდ, იონამ ნინევში მოგაზურობის შემდეგ, მალევე წერილობითი სახით ჩამოაყალიბა საკუთარი თავგადასავალი). პავლე იუნგეროვი: იონას წიგნში იმდენად მწირი და უმნიშვნელო მოვლენებია გახმიანებული ‘ვიწრო-პარტიკულარული" იუდაური აზროვნების წინააღმდეგ და ისე ბევრი რამაა ნათქვამი რელიგიური ‘უნივერსალიზმის" შესახებ, რომ არც ერთ გამყალბებელს აზრადაც არ მოუვიდოდა მსგავსი რამ დაეწერა, ვინაიდან განა წმინდა წიგნების ავტორთა შორის განაჩინებდნენ მას, არამედ, დიდი ალბათობით, ქვით განიტვინებოდა გაშმაგებულ თანამოქალაქეთა მიერ იგი. მეორე მხრივ, აქ იმდენად მცირედი ცნობაა წარმოდგენილი იონას განსადიდებლად და, პირუკუ, მრავლადაა მისი ხასიათის მამხილებელი და ნინეველთა საქებარი უწყება, რომ ავტორი იუდეველთა წმინდა ისტორიის აღმწერებს მოგვაგონებს, რომლებიც დღემუდამ რისხავდნენ საკუთარ მეფეებსა და თანატომელებს. კონკრეტულ ქმედებებში იმდენად ბევრი ფსიქოლოგიური ჭეშმარიტებაა ნაჩვენები, ობიექტურად შეუძლებელია მათი მოფიქრება და შეთხზვა. აქ ღრმა სინამდვილითა და წმინდა უბრალოებით, ცბიერების გარეშე სუნთქავს ყოველივე). მხ. 2. ‘ადექი, წადი ნინევში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი" . ნინევი სამარიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით ცხრაასი კილომეტრის დაშორებით, მდინარე ტიგროსის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა . მშვენიერი ასურული ქალაქი სიდიდით მხოლოდ ბაბილონს ჩამორჩებოდა. დაცემული, გაუკაცრიელებული და ნანგრევებად ქცეული ნინევის მახლობლად აღმოჩენილი ბერძენი ისტორიკოსის, ქსენოფონტეს (V-IV სს.) ცნობით, ქალაქის დამცავი გალავანი სიმაღლეში ცამეტს, ხოლო სიგანეში ხუთ მეტრს აღწევდა. კედლის დასაწყისი ნაწილი, ხუთი მეტრის სიმაღლეზე ერთიანი მასიური ქვით აეგოთ, ხოლე შემდგომ მზეზე გამომშრალი აგურებით გაეგრძელებინათ შენება. ნებისმიერისთვის, ვინც ასურეთის დედაქალაქის დაუფლებას განიზრახავდა, ამგვარი წინაღობა საკმაოდ ძნელად გადასალახ დაბრკოლებას წარმოადგენდა . წმ. კირილე ალექსანდრიელი: ღმერთმა მარადიული ცხოვრებისთვის შექმნა ადამიანი და საკუთარი ხატება და მსგავსება უბოძა მას. პირველქმნილი ადამიანი სიწმინდესა და ნეტარებაში მოქალაქეობდა, მაგრამ ეშმაკის მანქანებით მოტყუებული ცოდვისკენ მიიზიდა და წყევლასა და ხრწნას დაექვემდებარა. კაცთმოყვარე უფალმა სამყაროს შექმნამდე წინაგანსაზღვრა კაცობრიობის გამოსყიდვის საიდუმლო საკუთარი ძის მიერ, მაგრამ არც უწინარეს დაუკლია მზრუნველობა, სანამ დადგებოდა ჟამი ამ უაღმატებულესი მოვლენის აღსრულებისა. საღვთო მზრუნველობის საყოველთაობა რომ ჭეშმარიტად მარადიული უზენაესი ზრახვაა, რაც კაცობრიობის ისტორიას მუდმივად თან ახლავს, ძველი აღთქმის ეპოქაშიც საქმით დასტურდება. ამიტომაც მოუწოდა უფალმა იონას ნინევში წასასვლელად. ეს იყო აღმოსავლეთით მდებარე ასურული ქალაქი, რომელსაც იერემია „კერპების ქვეყანას" უწოდებს . ისრაელის სამეფოს მახლობლად არაერთი სახელმწიფო მდებარეობდა, სადაც კერპთაყვანისმცემლობა უმაღლეს ნიშნულს აღწევდა. იქ მრავალი წარმართული საკურთხეველი, ბომონი თუ კერპი იყო აღმართული. რატომ იგზავნება იონა ყველა ამ ქალაქის გვერდის ავლით ნინევიაში, ქალაქში, რომელიც საკმაოდ შორს მდებარეობდა იუდეიდან და ამავდროულად უხეში, არამეგობრული და მზის, ვარსკვლავებისა თუ ცეცხლის მადიდებელი ხალხით იყო დასახლებული? იონას ქადაგებით, ვფიქრობ გაცხადდა, რომ წარმართი ხალხი, რომელიც ცდომილებათა მორევში მიმოეხეტებოდა, გარკვეულ ჟამს ჭეშმარიტებას შეიმეცნებდა. წინასწარმეტყველი ნინევში საღვთო გულმოწყალების წარმოსაჩენად იგზავნება. კაცობრიობამ უნდა იგრძნოს, რომ მასზე უზენაესი ზრუნავს, მაგრამ ამავდროულად მისი მოღვაწეობა ისრაელის მხილებასაც ემსახურება. ნინეველებმა ერთი ქადაგებით შეინანეს, მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს ცდომილებაში იმყოფებოდნენ, ხოლო იუდეველები მოსესა და სხვა წმინდა ადამიანების უარყოფით თავად უზენაესს უპირისპირდებოდნენ, მათ განკაცებული ღმერთი არ მიიღეს, რომელიც გარდა ქადაგებისა უამრავ სასწაულს აღასრულებდა (რაც იონას შემთხვევაში არ მომხდარა). იუდეველნი იონას მიერ რომ იმხილებოდნენ, ამას მაცხოვრის პასუხიც ცხადყოფს: ‘ნინეველნი აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი" . როგორ მოხდა, რომ ქრისტეზე მეტად იონამ იმუშაკა, როდესაც წინასწარმეტყველი მხოლოდ მუქარით მიმართავდა მსმენელს, ხოლო მარადის მშვიდი უფალი უდიდესი სითბოთი და იმედით აღსავსე სიტყვებით უხმობდა ადამიანებს?!). არქიეპის. იოანე სმირნოვი: იონას უცხოტომელთა შესახებ თანამემამულეთა მსგავსი შეხედულება ჰქონდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ არავის ეკუთვნოდა ზეციური წყალობა გარდა იუდეველი ხალხისა, ურჯულონი კი მხოლოდ რისხვას განიკუთვნებდნენ. წინასწარმეტყველი ნინევში გაიგზავნა არა იმისთვის, რომ წარმართები საბოლოოდ მოქცეულიყვნენ და ჭეშმარიტი ღმერთი ერწმუნათ, რადგან ეს არც ქადაგების შემდეგ მომხდარა და ამას მომდევნო ისტორიაც ცხადყოფს , არამედ ასურელთა დედაქალაქში მივლინების მიზეზი ზემოხსენებული იუდაური გაუკუღმართებული შეხედულების აღმოფხვრა იყო. ებრაელებს ნათლად უნდა ენახათ, რომ ‘ღმერთს ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს" ). ნეტარი იერონიმე: იონა წარმართებთან იუდეველთა განკითხვის მიზეზით იგზავნება, რადგან წინასწარმეტყველის თვისტომნი უკეთურებაში გაკერპებულან, ხოლო ნინეველნი სინანულის საოცარ მაგალითს იძლევიან). მხ. 3. ‘ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო" . საღვთო მოწოდებაზე უარის თქმა, წმინდა წერილის თანახმად, სხვა ბიბლიური პირების ცხოვრებაშიც გვხვდება. მაგალითად, მოსე საკუთარ თავს ენებრგვილს უწოდებდა და ამით დაკისრებული მოვალეობიდან გათავისუფლებას ცდილობდა, ხოლო იერემია უფალს ასე მიმართავდა: ‘უფალო ღმერთო, მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ყმაწვილი ვარ" . მიუხედავად წარმოდგენილი მაგალითებისა, იონას შემთხვევა სრულიად განსხვავებული მოვლენაა და წმინდა წერილში თავისი ფორმით ანალოგს ვერ პოულობს.  წინასწარმრტყველი გარბის, რადგან არ სურს ნინევის გადარჩენა, თანაც უშუალოდ საკუთარი მონაწილეობით. იონა ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაცვლად დასავლეთისკენ მიემართება, რითიც კარგად წარმოაჩენს საღთო სიტყვისადმი საკუთარ შეუთავსებლობას. ისმის კითხვა: რატომ ამბობს ძველი აღთქმის მართალი ადამიანი სხვების გადარჩენაზე უარს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუნდაც რომ საქმე ბიბლიურ წმინდანს ეხებოდეს, ვითარების სწორად შეფასებაა აუცილებელი. ისინიც ადამიანები არიან და რიგ შემთხვევაში გარკვეულ სისუსტეს ავლენენ, თუმცა მოღვაწეობითა და საღვთო მოშურნეობით განიწმინდებიან დაცემული ბუნებისთვის მახასიათებელი სისუსტეებისგან და სულიერების უმაღლეს საფეხურს აღწევენ. წინასწარმეტყველი იონაც თანამედროვე იუდაური საზოგადოების წევრია. მასაც, როგორც თვისტომთ, მიაჩნია, რომ გარდა იუდეველებისა სხვა ხალხები ღვთის რისხვას იმსახურებენ. ამგვარ აზრს ძველი აღთქმის რჯულში წარმოდგენილი კანონებიც განამტკიცებდა, უკრძალავდა რა რჩეული ერის წარმომადგენლებს ურთიერთობას უცხოტომელებთან.  საღვთო მოწოდებამ წინასწარმეტყველის სულში ძლიერი ორთაბრძოლა აღძრა. იონას საკუთარ თავში სიყრმიდან ფესვგადგმული რელიგიური შეხედულებები უნდა დაეთრგუნა და მისთვის სრულიად ახალი რეალობა გაეცნობიერებინა: რომ უზენაესი არსი საღვთო მზრუნველობას ყველას მიმართ იჩენს.  სანამ იონა სულის სიღრმეში აღძრული მღელვარების მიზეზებში გამორკვეულა, უარს ამბობს ნინევში გამგზავრებასა და ქადაგებაზე. წინასწარმრტყველი უზენაესის თვალსაჩინო მოწმობის გარეშე საკუთარ თავს ვერ ერევა, შინაგან ჭიდილში კვლავ ძველი კაცი იმარჯვებს და იონა გარბის. იუდაური წარნმოდგენების თანახმად, მხოლოდ აღთქმული მიწა მიიჩნეოდა ღვთის განსაკუთრებული მყოფობისა და გამოცხადების ადგილად, ხოლო წარმართული სახელმწიფოები ასეთ სიკეთეს მოკლებული იყვნენ. იონაც მსგავსი შეხედულებებით ხელმძღვანელობს და მიემართება თარშში, რომელიც იმ დროისთვის დასავლეთით ქვეყნიერების დასასრულად მიიჩნეოდა , რადგან ფიქრობდა, რომ მასში აღძრული საღვთო სიტყვა შორეულ თარშში შეწყვეტდა მოქმედებას. გავა რამდენემე ათეული წელი და ოსია საღვთო განჩინებით მეძავ გომერზე დაქორწინდება. აღნიშნული მოქმედება უზენაესის რჩეული ერისადმი განუსაზღვრელი სიყვარულის სიმბოლოა, მოცემულ შემთხვევაში კი უფლის პირისაგან გაქცეული იონა იმავე რჩეული ერის ურჩობასა და უგრძნობლობას განასახიერებს. წინასწარმეტყველის თავს თევზის სახით მოვლენილი სასჯელიც იუდეველთათვის განკუთვნილი საღვთო რისხვის წინასახეა, თუმცა იონა უვნებელი გადარჩება, რითიც იმავე ერისადმი შემოქმედის უზომო სიყვარული და მზრუნველობა დასტურდება. დეკან. იოანე სოლოვიოვი: წინასწარმეტყველის გაქცევა არ იყო საღვთო ხმობის შეგნებული, შინაგანად დაგეგმილი უარყოფა. პირიქით, მის საქციელში უზენაესისა და თანატომელებისადმი უანგარო სიყვარული ვლინდება. ეს იყო ელიას მოშურნეობა, რომელიც საკუთარი თავისთვის სიკვდილს ითხოვდა, ოღონდაც ისრაელის მოსახლეობის მიერ იაჰვეს უარყოფა არ ენახა. ეს იყო მოსეს გულმოდგინება, ებრაელთა გადარჩენის წილ ცოცხალთა წიგნიდან რომ ევედრებოდა ამოშლას. ფსიქოლოგიური განწყობით იონას გაქცევა სახარებაში მოთხრობილი, მამის ნების თავდაპირველად უარმყოფელი, ხოლო შემდგომ იმავე ნების აღმსრულებელი ძის საქციელს ემსგავსება. ასეთი ადამიანისგან, განა ვითარცა გაავებული ღვთისმგმობისა და ეგოისტისგან უნდა გარემივიქცეთ, როგორც ეიხგორნი ფოქრობდა, არამედ უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ მას, რადგან ასეთი პიროვნების გრძნობა და მრწამსი არასოდეს განეკრძალვის სიტყვასა და საქმეს, ამასთანავე არც აზრების გამოთქმას ერიდება და უფრთხის იგი, რადგან იცის, რომ პირფერობისა და ცბიერების გარეშეა ეს ყოველივე. მართალი, ჭეშმარიტი და პატიოსანი გმირი შეიძლება ვუწოდოთ მას, რადგან მზადაა სიცოცხლე ამსხვერპლოს საკუთარ მრწამსსა და გრძნობებს. ჭეშმარიტად ღვთის რჩეულია იგი, წინასწამრეტყველი მესიისა, უფლის სადიდებლად სიკვდილამდე მოშურნე). თეოდორიტე კვირელი: თარში კართაგენია, აფრიკის წამყვანი ქალაქი. ესაიასთან ერთგან ნათქვამია: ‘იტირეთ კართაგენის ხომალდებო" . აკვილა, სიმაქოსი და თეოდოტიანე მოხმობილი წინადადების თარგმნისას ნაცვლად კართაგენისა თარშს ახსენებენ (შდრ. ‘იტირეთ თარშის ხომალდებო"), რადგან სწორედ ეს სახელი იყო მითითებული ებრაულ ტექსტში, რომელსაც ისინი ეყრდნობოდნენ. მსგავსადვე, როდესაც ეზეკიელი ქალაქ კართაგენს იგონებს, ებრაულსა და სირიულ ბიბლიაში იმავე ადგილას ვკითხულობთ თარშს. ვხელმძღვანელობთ რა წარმოდგენილი ცნობებით, ვამბობთ, რომ იონა მიემართებოდა არა ინდოეთისკენ, არამედ კართაგენში). ნეტარი იერონიმე: იონამ სულიწმინდის ძალით იცის, რომ წარმართთა მონანიება იუდეველთა დაცემას ნიშნავს. ამიტომაც სამშობლოსა და თანატომელების ძლიერ მოყვარული წინასწარმეტყველი არცთუ დიდი მონდომებით თანაუგრძნობს ნინევიას, არ სურს რა საკუთარი ხალხის დაღუპვა. იონამ უწყის, რომ ყველა წინასწარმეტყველი ისრაელის სახლის წარმწყმედილ ცხვრებთან მიივლინებოდა და წუხს, რადგან თავად იუდეველთა მოძულე სახელმწიფოს ყველაზე დიდ ქალაქში იგზავნება და ღვთის სიტყვა სწორედ რომ ებრაელთა არაერთგზის ამაოხრებელ ასურელებს უნდა უქადაგოს. ამასთანავე მას ეშინოდა, რომ ქადაგებისას, ნინეველთა მხრიდან სინანულის გამოვლინების შემთხვევაში, უზენაესს იუდეველი ერი არ დაეტევებინა და სხვა ერის მფარველი არ გამხდარიყო, რადგან იონამ იმავე სულით, რითიც წინასწარმეტყველად დადგინდა, უწყოდა, რომ რაჟამს წარმართნი ირწმუნებდნენ, სწორედ მაშინ განუდგებოდა ღმერთს ისრაელის სახლი და შიშობდა, მის დროს არ აღსრულებულიყო ის, რაც მომავალში განხორციელდა. იგი გარბის და იოსებ ფლავიუსის ცნობით, კილიკიის ტარსში მიემართება.  ებრაელებს მიაჩნიათ, რომ სიტყვა თჰარსის ნიშნავს ზღვას. როგორც ფსალმუნშია ნათქვამი: ‘მუნ სალმობაჲ, ვითარცა შობადისა. ქარითა სასტიკითა შეჰმუსრნეს ნავნი თარშისანი" . ესაიასთან: ‘იტირეთ თარშის ხომალდებო" . შესაბამისად, იონა არა რომელიმე კონკრეტული ადგილისკენ მიემგზავრებოდა, არამედ სურდა, აღთქმულ ქვეყანას ზღვით გარიდებოდა ნებისმიერი მიმართულებით, საითაც განგება წაიყვანდა. შეშინებული ადამიანისთვის ბუნებრივი იყო პირველივე შემხვედრ ხომალდზე ასვლა განუსაზღვრელად გეზისა, რადგან ადგილისა და მიმართულების დადგენას გარკვეული დრო დასჭირდებოდა. უფალთან, ჩვენს მხსნელთან, მიმართებით კი ვიტყვით, რომ მან დაუტევა სახლი და მამისეული წიაღი და მიიღო რა კაცება, ზეციდან გარდამოსული თარსში მოვიდა, რაც ამა ქვეყნის სახეა. იოპე ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე იუდეის ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ტვიროსის მეფე ხირამი ლიბანში მოჭრილ ხეებს ტივად შეკრული სახით აგზავნიდა. ამ ხეებს შემდეგ იოპედან სახმელეთო გზით იერუსალიმში ეზიდებოდნენ). წმ. კირილე ალექსანდრიელი: იოპე პალესტინის ქალაქია. იგი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე საპორტო პოლისი იყო. იონა თარშში მიმავალ ხომალდს მიჰყვება. იგი საფასურს იხდის და სხვებთან ერთად მიემგზავრება. ზოგიერთს თარში ინდოეთის ერთ-ერთ ქალაქად მიაჩნია. ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთი ქალაქი იქ მართლაც იყო. ვფიქრობ, მოცემულ შემთხვევაში არ იგულისხმება ინდოეთის თარში, რადგან მასში გამგზავრების მსურველს არა ხმელთაშუა, არამედ მეწამული ზღვით უნდა ესარგებლა. რაც შეეხება ხსენებულ თარშს, ის კილიკიაში მდებარე თანამედროვე ტარსუსი მგონია. იონას სურს, „უფლის პირისგან" გაიქცეს. რას უნდა ნიშნავდეს წმინდა წერილის ეს სიტყვები? რატომ გარბის წინასწარმეტყველი საკუთრივ თარშში? ამის თქმა საკმაოდ რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ წინასწარმეტყველს ღმერთის შესახებ არ ჰქონდა სრულყოფილი ცოდნა, რადგან ზოგიერთს მიაჩნდა, თითქოს საღვთო ძალაუფლება მხოლოდ იუდეველთა ქვეყანაზე ვრცელდებოდა და სხვას არანაირად არ ეხებოდა. უწინარეს ამ მოვლენებისა იაკობ მამამთავარი მშობლიური სახლიდან მესოპოტამიისკენ მიემართებოდა და ღამის გასათენებლად ერთგან შეჩერდა. ჩვეულებისამებრ მან ძილის წინ თავქვეშ ქვა ამოიდო, ჩასთვლიმა და ზეცად აღმართული კიბე იხილა, რომელზეც უფლის ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ, ხოლო კიბის თავში თავად უზენაესი იდგა. გამოღვიძებულმა პირველი ეს სიტყვები წარმოთქვა: „ამ ადგილზე უფალი ყოფილა, მე კი არ ვიცოდი" . ვფიქრობ, მსგავს რამეს იზრახავდა წინასწარმეტყველი, რაჟამს საკუთარ სამშობლოს ტოვებდა და ელინურ ქალაქში მიემართებოდა. თუ რატომ არ სურდა იონას მასზე დაკისრებული ღვაწლის აღსრულება, მისივე სიტყვებიდან ვგებულობთ: „ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე, ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია" . იონამ მის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველების საბოლოო ხვედრი არ უწყოდა, მაგრამ რაჟამს იხილა, რომ ქალაქი გადარჩა, ნინეველების შეეშინდა, რადგან ამ უკანასკნელთ, შესაძლოა, იონას წარმოდგენით, იგი მოეკლათ, როგორც სიცრუის მქადაგებელი). დეკან. იოანე სოლოვიოვი: იოპე იუდეველთა ერთადერთი საპორტო ქალაქი იყო. აღნიშნული ნავსადგურის შესახებ ცნობებს საომარი და საზღვაო საქმეების უბადლო მცოდნე იოსებ ფლავიუსი გვაუწყებს. ისტორიკოსი ამბობს, რომ რეიდი იოპეს სანაპიროზე ყველაზე საშიში მოვლენაა, რადგან ნავსადგურს არ გააჩნია მუდმივი სადგომი და ამ არეალში მოხვედრილი გემი არაფრითაა დაცული ზღვის ტალღებისგან. ფლავიუსის სიტყვების კომენტირებისას დე-სოლსი ამბობს : ‘საკმარისია იაპის ან იოპეს სანაპიროს ხომალდით მხოლოდ ერთხელ ესტუმრო, თუნდაც წელიწადის ყველაზე საუკეთესო დროს, რომ გააცნობიერო, რა არის საზღვაო საფრთხე. მთელი წლის მანძილზე აქ საშინლად ღელავს ზღვა". ხსენებული ავრტორი აგრძელებს ფლავიუსის ცნობების განხილვას და ამბობს: ‘მას შემდეგ, რაც ხალხმა ღია ზღვაში საკუთარ ნავებზე მთელი ღამე გაატარა, განთიადისას მძლავრმა ქარმა დაქროლა. მეზღვაურებმა მას მე`ლან ბო`რიან (შავი ბორიონი - ჩვეულებისამებრ, დღევანდელ დღემდე ასე უწოდებენ ჩრდილოეთის ქარს) შეარქვეს. სულ რაღაც ერთ წამში ნავების ნაწილი სანაპიროზე იქნა გარიყული, სხვები წყალქვეშა ქვებთან შეჯახებით დაიმსხვრა. მესამე, ყველაზე დიდი ჯგუფი, ცდილობდა ღრმად შესულიყო ზღვაში, ანაც როგორმე ნაპირისთვის მიეღწია, მაგრამ ნავები პირქვე ტრიალდებოდა, ზოგი იძირებოდა, ზოგიც კლდეებს ეხეთქებოდა და იმსხვრეოდა". ხსენებული პორტი ხომალდებისთვის დღემდე იმავე საშიშროებას წარმოადგენს. ‘კორალური რიფები, ამბობს რუსი მოგზაური ნოროვი, აქედან (იოპედან) მთელი სანაპიროს გასწვრივ ღაზამდეა გადაჭიმული. ისინი ნავსადგურში მდგომი ხომალდების ბაგირებს კვეთენ და ხომალდებს ზღის ანაბარა ტოვებენ. ასე რომ, ქარის ამოვარდნისას ღია ზღვაში გასვლა ერთადერთი საშუალებაა ხომალდის გადასარჩენად, რაც გრიგალის სიმძლავრის მიზეზით ხშირად ვერ ხერხდება" ). ფრიდრიხ რუჟემონტი: იუდეველები სიამოვნებით წარმოიდგენდნენ, როგორ მუსრავდა წარმართებს უფალი და ჯიუტად უარყოფდნენ აზრს იმის შესახებ, რომ რჩეულობა მათ ღვთის სიტყვის სხვა ერებისთვის საქადაგებლად მიენიჭათ. წინასწარმეტყველთა დევნისა და შევიწროების მიზეზიც სწორედ ეს იყო, რადგან ისინი ისეთ რამეს აუწყებდნენ თვისტომთ, რისი არათუ შესრულება, ყურისგდებაც კი არ სურდათ ამ უკანასკნელთ. კერძოდ, რომ ურჩობაშია ისრაელი და ამის გამო დაისჯება, ხოლო წყალობა ღვთისა ყოველ ერს თანაბრად მიეფინება. იონაც გარკვეულწილად საკუთარი ერის ეგოისტურ მდგომარეობას იზიარებს და არ სურს, ღმერთი ნინეველთა გადარჩენით დაკავდეს, თავად კი აღნიშნულ საქმეში საღვთო იარაღად იქცეს. ასე რომ, ეს ადამიანი, რომელმაც დიდი სიხარულით მიიღო ღვთისაგან უწყება, იერობოამ II-ის სირიელებზე გამარჯვება გაეცხადებინა, იმავე ღმერთს წინააღუდგება, რაჟამს აღმოსავლეთში გამგზავრების შესახებ გებულობს და გარბის ღვთის პირისაგან, რადგან დარწმუნებულია, აღთქმული მიწის საზღვრებს გარეთ ის აღარ იქნება წინასწარმეტყველი და არც უფალი დაედევნება შურეულ თარსამდე. ამრიგად, მიუხედავად ჭეშმარიტების ცოდნისა, მრავალი გამოცდილებისა და საღვთო სულის მიერ მოწოდებისა, შესაძლოა, მარავალი ქრისტიანი გულში კვლავაც ინარჩუნებდეს ურჩობისა და სიამაყის განცდას). მხ. 4. 'ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწილიყო ხომალდი" . წმ. კირილე ალექსანდრიელი: ღვთის განგებით ძლიერმა ქარმა დაქროლა, ხომალდი დაღუპვის პირას იყო მისული. ის იმგვარად მიმოექცეოდა ტალღებზე, რომ მეზღვაურებს ყოველგვარი იმედი წარეკვეთათ. ჩვეულებისამებრ ამ მდგომარეობისა მთელი ტვირთი ზღვაში გადაყარეს, რათა შემსუბუქებული გემი აზვირთებულ ტალღას ზემოდან მოჰქცეოდა. სასტიკი ქარის ამოვარდნას მეზღვაურთა შეძრწუნებაც ადასტურებს. ისინი მთელს იმედს საკუთარი „ღმერთებისკენ" მიმართავდნენ). თეოდორიტე კვირელი: წინასწარმეტყველი ასე იმიტომ მოიქცა, რომ ვითრცა ჭეშმარიტი ღმერთის აღმსარებელმა, მისი ყველგანმყოფობა იცოდა, მაგრამ ვარაუდობდა, თითქოს უზენაესი საკუთარ თავს მხოლოდ აღთქმულ ქვეყანაში განაცხადებდა. გაქცევის მიზეზი არ ყოფილა სიზარმაცე ან შიში. პირიქით, მან უწყოდა, თუ როგორი მოწყალეა უფალი და სინანულის შემთხვევაში ნინეველნი უცილობლად მოიპოვებდნენ წყალობასა და ცოდვათა შენდობას, ხოლო ამ ფონზე მისი წინასწარმეტყველება ფუჭად ჩაითვლებოდა, იონას კი სიცრუის მქადაგებლად გამოაცხადებდნენ. აღნიშნულ აზრს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უზენაესის მიერ ნინეველთა გაფრთხილება განუმტკიცებდა მას, რადგან თუკი უფალი დასჯას ინებებდა, წინასწარ არ განაცხადებდა ამის შესახებ. დასჯის თაობაზე უწყება კი თავისთავად სინანულისკენ აწვევდა ქალაქის მკვიდრთ. ასევე ნინეველთა კეთილგანწყობა მათთვის სრულიად უცხო და უცნობი ადამიანის ქადაგებისადმი, იუდეველთა წინააღმდეგ ბრალდების მიზეზი გახდებოდა, იუდეველებისა, რომლებსაც წინასწარმეტყველთა არა მარტო სიტყვა, არამედ აღურიცხავი სასწაულებიც უხილავთ, მაგრამ ურჩობის წყვდიადიდან მაინც არ გამოსულან და არავითარი სულიერი სარგებელი საღვთო სიტყვის მოსმენით არ მიუღიათ. ამიტომაც იონა უარს ამბობს ღვთის ნების აღსრულებაზე და გარბის, რომ განეკრძალოს მოწოდებულ მსახურებას. თუმცა ცისა და ქვეყნის შემოქმედი უდიდეს ღელვას აღძრავს და იმ დროს, როცა ყველა სხვა ხომალდი ზურგის ქარით მშვიდად მიაპობდა ტალღებს, ზღვა მხოლოდ იონას ხომალდის ირგვლივ ბობოქრობდა და შთანთქმას უქადდა. ამას წილისყრაც ადასტურებს, რადგან ზღვის მღელვარება რომ საზოგადო ყოფილიყო, მეზღვაურები არ გადაწყვეტდნენ, წილისყრით გამოევლინათ დამნაშავე, მაგრამ ხედავდნენ რა, რომ სხვა ხომალდები უდრტვინველად მიაპობდნენ ტალღებს, ხოლო მათი გემი კი დაღუპვისთვის განწირულიყო, ჯერ თავიანთ ღმერთებს მიმართავენ ლოცვით, ხოლო შემდეგ სხვა ხერხსა და საშუალებას ირჩევენ). ნეტარი იერონიმე: იონას გაქცევა ღვთის მცნებათა უარმყოფელი ადამიანის მდგომარეობას განასახიერებს, რომელმაც ზეცა დაუტევა და ამ ქვეყანას შეერთო, თუმცა მოგვიანებით შეჭირვებისა და განსაცდელების შედეგად იძულებული გახდა, ღვთის ძლიერება ეღიარებინა და კვლავ დაბრუნებოდა იმას, ვისაც გაექცა. იონამ იცოდა, რომ ღმერთს შესცოდა, ხოლო სხვებმა არსებული ღელვის შესახებ არაფერი უწყოდნენ. წინასწარმეტყველი დარწმუნებული იყო სტიქიის გამომწვევ მიზეზში). მხ. 5. ‘შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა; ზღვაში გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა" . წმ. კირილე ალექსანდრიელი: იონას ქარის ამოვარდნამდე დაეძინა, სხვაგვარად აუხსნელი იქნებოდა, როგორ შეეძლო ამ მდგომარეობაში მშვიდად ყოფნა. წინასწარმეტყველი გემის ყველაზე დაბალ ნაწილში იმყოფებოდა, რაც მისი სიწმინდის მანიშნებელია, რადგან ასეთებს მარადის მარტოობისთვის უთქვამთ გული. ისინი ერიდებიან ფუფუნებას, ხალხში ხშირ გამოჩენას. იერემია ერთგან ამბობს: „კარგია, როცა კაცი უღელს ატარებს სიჭაბუკეში; ზის სიმარტოვეში და დუმს, რადგან უფალმა დაადო ტვირთი" . სხვაგან იტყვის: „ლაზღანდარებში არ ვმჯდარვარ და არ გავლაღებულვარ; ცალკე ვიჯექი შენს ხელქვეშ, რადგან ამავსე ბრაზით" . მარტო ყოფნა კი ვფიქრობ, ცხოვრების მშვიდად გატარებას, საკუთარი თავის ქვეყნიური და ამაო საზრუნავებისგან გათავისუფლებას გულისხმობს, განმარტოებას იმ ადამიანთაგან, რომელთაც ვნებიანი ყოფა შეიყვარეს). ნეტარი იერონიმე: სძინავს მას არა უზრუნველობის, არამედ მწუხარების გამო, როგორც მოციქულთა შემთხვევაში, როდესაც გეთსიმანიის ბაღში მაცხოვრის ლოცვისას მისი პირისახიდან ოფლთან ერთად დაღვრილმა სისხლმა პეტრე, იაკობი და იოანე მოსალოდნელ განსაცდელში დაარწმუნა და სწორედ ამ საკითხზე ფიქრით დამაშვრალებს, გრძნობენ რა ისინი უდიდეს გადაღლას, ბუნებრივად ჩაეძინებათ). მხ. 6. ‘მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: რას დაგიძინია? ადექი, შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინძლო შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ" . მოცემულ შემთხვევაში ჩვეულებრივ მოვლენასთან გვაქვს საქმე. წარმართები საკუთარი ღვთაებების გარდა სხვა ღმერთების არსებობასაც აღიარებდნენ და სწორედ ამიტომ მიმართავენ წინასწარმეტყველს, იქნებ მის მიერ რწმენილმა უფალმა წყალობით მოხედოს სიკვდილისთვის განწირულებს. მხ. 7. 'თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას" . გამოთქმულია მოსაზრება, რომ წილისყრისას შესაძლოა, დანიშნული ქვა გამოიყენეს. მიმდინარე განსაცდელში დამნაშავედ იონა გამოვლინდა. ძველ დროში ხალხი უბედურებას კონკრეტულად რომელიმე პიროვნებას და მის მიერ აღსრულებულ ცოდვას უკავშირებდა. მართალი იობის განსაცდელი ამის ნათელი დასტურია. ნეტარი იერონიმე: მეზღვაურები, რომელთაც ხომალდზე ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნდათ, ზედმიწევნით ზუსტად ცნობდნენ ზღვის ბუნებას. მათ ჩვეულებრივი ტალღები რომ ენახათ, როგორც უწინარესაც არაერთხელ მომხდარა, არ დაუწყებდნენ ძიებას დამნაშავეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ გაუგონარი ზღვის ღელვა იხილეს და მიხვდნენ, რომ ეს ვიღაცის ფრიად დიდი შეცოდების შედეგი იყო. ამიტომაც შეეცადნენ, წილისყრით გამოეკვლიათ დამნაშავე). მხ. 8-10. ‘ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა? მიუგო: ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო, როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა" . მართალია, მეზღვაურებისთვის გაცემული იონას პასუხი ტექსტში საკმაოდ მოკლედაა წარმოდგენილი, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ყველაფრის შესახებ დეტალურად უყვება მსმენელს: თუ როგორ მოუწოდა უზენაესმა ნინევში გასამგზავრებლად და რა მოიმოქმედა მან ამის საპირისპიროდ. ნეტარი იერონიმე: მეზღვაურები ძლიერ შეშინდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ხომალდზე მყოფი პიროვნება წმინდა ადამიანია წმინდა მოდგმიდან. დიდია ის, ვინც გარბის, მაგრამ უზომოდ აღმატებულია ის, ვინც გაქცეულს დასდევნებია). წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხომალდზე მყოფი ადამიანები დამნაშავის გამოვლენისას ძლიერ დაინტერესდნენ, თუ რაში მდგომარეობს ბრალდებულის შეცოდება. ისინი ითხოვენ, რომ იონამ საკუთარი წარმომავლმობა, საცხოვრებელი ქალაქი, ეროვნება გაამხილოს, რათა ამის მიხედვით გაიგონ, რომელი ღმერთი მრისხანებს ეგზომ ძლიერად. მეზღვაურებს ეგონათ, გამოიკვლევდნენ რა იონას ღმერთის ვინაობას, თაყვანს მიაგებდნენ და ამით მის რისხვას დააცხრობდნენ. რაჟამს იონამ საკუთარი თავი ზეცისა და ქვეყნის შემოქმედი ღმერთის მონად გამოაცხადა, მაშინვე გულისხმაჰყვეს, რომ მათ წინაშე მდგომი ადამიანი უზენაესს გაურბოდა. როგორ მიხვდნენ ამას? იმით, რომ იუდეველებს ეკრძლებოდათ საკუთარი სამშობლოს მიტოვება და წარმართებთან აღრევა). მხ. 11. ‘ჰკითხეს: რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდეს? რადგან ზღვა კვლავინდებურად ღელავდა" . მეზღვაურები ფიქრობენ, თუ რა მოუხერხონ წინასწარმეტყვრელს. ჩვეულებრივ შემთხვევაში ისინი ყოველგვარი გამოძიების გარეშე გაუსწორდებოდნენ ღვთის განმარისხებელს, მაგრამ ხედავენ, რომ მათ წინაშე უფლის რჩეული იმყოფება და ვერ ბედავენ, განაჩენი თავად გამოიტანონ. ნეტარი იერონიმე: ასეთია მეზღვაურების იონასადმი მიმართვა: ამბობ, რომ შენ გამო აღელვდა ზღვა, აღიძრა გრიგალი, ავადმყოფობის მიზეზს შენ ასახელებ?! მაშ, მისი კურნების გზაც თავად გვიჩვენე). მხ. 12. ‘მიუგო: ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს" . იონა ღვთის წინაშე დანაშაულს განიცდის და საკუთარი თავისთვის ამ განცდის შესაბამისი სასჯელი გამოაქვს: წინასწარმეტყველი მზადაა, დათმოს ის, რაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასია სიცოცხლე. ამავდროულად ჩანს მისი მზრუნველობა გემზე მყოფი ადამიანების მიმართ. თუ იონა ხომალდზე დარჩება, მთელი შემადგენლობა დაღუპვისთვისაა განწირული. იგი თანახმაა, თავი გასწიროს სხვათა გადასარჩენად. მხ. 13-14. ‘მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აუბობოქრდათ. მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა"  მეზღვაურები ძალას არ იშურებდნენ, რომ იონა ნაპირზე გადაესვათ, მაგრამ რაჟამს ჩანაფიქრის განუხორციელებლობაში დარწმუნდნენ, უფალს თხოვნით მიმართეს, რათა მართალი კაცის მოკვდინებისთვის პასუხი არ მოჰკითხოდათ. ებრაული გადმოცემის თანახმად, ამ ადამიანებმა იუდაური რჯული მიიღეს და შემდგომში მათგან რწმენილი ღმერთი იქადაგეს. ნეტარი იერონიმე: ღვთის რჩეული ერი თავის დროზე იძახდა: 'ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი" , ხოლო მეზღვაურებს წინასწარმეტყველის მოკვდინება დაბრკოლების გარეშე ძალუძთ, ისინი კი საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებენ და მთელი ძალით ცდილობენ მის გადარჩენას). მხ. 15-16. 'აიღეს და ზღავაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა. დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს" . ნეტარი იერონიმე: მსხვერპლი იგულისხმება არა პირადპირი მნიშვნელობით, არამედ ამით ნაუწყებია, რომ მეზღვაურებმა ღმერთს სული შემუსვრილი, გული შემუსვრილი და დამდაბლებული მიუძღვნეს). არსებობს უწყება, რომ ამ ადამიანებმა დადეს აღთქმა, იერუსალიმის ტაძარში იუდაური რჯულის შესაბამისად განედიდებინათ ღმერთი, რაც მოგვიანებით აღასრულეს. წმ. კირილე ალექსანდრიელი: ხომალდზე მყოფნი, ხედავენ რა ზღვის დამშვიდებას, თავიანთ ცდომილ რელიგიურ შეხედულებებს დაუტევებენ და ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებენ). თავი 2 მხ. 1. ‘მოავლინა უფალმა დიდი თევზი და შთაანთქმევინა იონა. სამი დღე და სამი ღამე დაჰყო იონამ თევზის სტომაქში" . ხმელთაშუა ზღვაზე გასულ ხომალდებს, როგორც წესი, დიდი ზომის თევზები - ვეშაპები და ზვიგენები გვერდიგვერდ მიჰყვებოდნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წყლის ბინადრები მოსალოდნელი საფრთხის მოახლოებას გრძნობდნენ. ასევე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ზღვაში გადაგდებისთანავე წინასწარმეტყველი ერთ-ერთმა თევზმა უმალვე შთანთქა. ბიბლიური თხრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მკვლევარნი იონას თევზის მუცელში ყოფნას არარეალურ მოვლენად მიიჩნევენ და ცდილობენ, წარმოდგენილი უწყება სიმბოლურ-ალეგოლიური მნიშვნელობით მიმოიხილონ, ნაწილმა კი ხსენებული ადგილი მითად გამოაცხადა. ებრაელი რაბინები და პროტესტანტი ეგზეგეტები თვლიან, რომ წიგნს ზღაპრული ელფერის მქონე ცნობები უნდა გამოეყოს და შედეგად რეალურ ისტორიას მივიღებთ. მათი თქმით, წინასწარმეტყველი ნამდვილად გაიგზავნა ნინევში საქადაგებლად, მაგრამ მან ურჩობა გამოიჩინა და თარშში გაიქცა. მგზავრობისას ძლიერი გრიგალი ამოვარდა, ხომალდი დაიმსხვრა, ზღვაში აღმოჩენილი იონა კი მეორე ხომალდის გემბანზე აიყვანეს, რომელსაც სახელად ‘ვეშაპი" ერქვა. სწორედ ამ ‘ვეშაპში" იმყოფებოდა წინასწარმეტყველი სამი დღის მანძილზე. გემიდან იონა ნაპირზე გადადის, მომხდარით შეძრწუნებული და ღვთის ურჩობის გამო სინანულით აღსავსე ასურეთის დედაქალაქისკენ მიემართება. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, რომ თითქოს იონა გემის დაღუპვის შემდეგ იქვე, ზღვაში მოცურავე მკვდარ ვეშაპს ჩაეჭიდა და ტალღებმა იგი ერთ-ერთ სანაპიროზე გარიყა. მორიგი განმარტების თანახმად, იონა თარშში მიცურავდა და გემის ქვედა ნაწილში განმარტოებულს ეძინა. სწორედ ამ დროს ამოვარდა ძლიერი ქარი. წინასწარმეტყველი, რეაგირებს რა ბუნებრივ მოვლენებზე, სიზმრადაც სტიქიის შემოტევას განიცდის. სიზმარშივე ხედავს იონა, როგორ მიმდინარეობს გემზე წილისყრა და უბედურების მიზეზად სწორედ ის სახელდება. შემდგომ მას ზღვაში გადაისვრიან და იქვე მოცურავე ვეშაპი შთანთქავს, თუმცა მისდა გასაკვირად, ვეშაპის მუცელშიც აგრძელებს სიცოცხლეს და თევზის წიაღიდან შეჰღაღადებს უზენაესს ხსნას. უფალი ისმენს ვედრებას და ვეშაპი იონას ერთ-ერთ ნაპირზე ამოსვამს. წინასწარმეტყველს ეღვიძება. იგი ხედავს, რომ რეალურად საფრთხე დიდია. სიზმარსა და ცხადში მიღებული შთაბეჭდილებებით შეძრწუნებული იონა ღვთის წინაშე აღიარებს საკუთარ შეცოდებას, უკან ბრუნდება და საუფლო მოწოდებას აღასრულებს… დეკან. იოანე სოლოვიოვი: იონას წიგნთან დაკავშირებულ საკუთარ ბოლო შრომაში: Aენიგმატე პრისცი ორბის Iონას ინ Iუცე ინ ჰისტორია Mანასსის ეტ Iოსიაე, გარდტი იონას წიგნის ავტორად იუდეის მეფე იოშიას თანამედროვე მღვდელმთავარ ხელკიას ასახელებს, რომელმაც მეფეების - მანასესა და იოშიას დროინდელი იუდეის სამეფოს მდგომარეობა თითქოსდა ალეგორიულად აღწერა და იონას წიგნს ორ ტოლ ნაწილად ყოფს. პირველ ნაწილში (თავები 1, 2), გარდტის აზრით, მანასეს ისტორიაა მოთხრობილი, ხოლო მეორეში (თავები 3, 4) – იოშიას შესახებ ამბები. ისტორიული მოვლენები, გარდტის თქმით, იონას წიგნში შემდეგნაირად გადმოიცემა: კერპმსახურებისკენ მიდრეკილი უკეთური მანასე საკუთარ სამეფოში კერპების სახელზე საკურთხეველთა აღმართვის ნებართვას იძლევა, რითიც უზომოდ განარისხებს უფალს. ასურელთაგან შეჭირვებული მეფე იაჰვეს ნების წინააღმდეგ მათთან დაპირისპირებას განიზრახავს, მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველთაგან არაერთგზის მოისმენს ასურეთის ძლიერების ზეგარდამო ზღვარდადებული აღსასრულის შესახებ. ღვთისაგან შემწეობის იმედის არმქონე მანასე კავშირს სარდეს ძლევამოსილ მეფესთან ამყარებს. ურჩობისა და ურწმუნოების გამო არ დააყოვნა იაჰვემ მისი დასჯა: როგორც კი ასურელმა იერარქმა განდგომის შესახებ გაიგო, მყისვე თავს დაატყდა იუდას. მიუხედავად ყველანაირი ძალისხმევისა, რომ თვიდმყოფადობა შეენარჩუნებინათ, რჩეული ერის სამეფოს არაფერმა უშველა. იერუსალიმიც გარემოიცვა მტერმა, ხოლო მანასე მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბებით განიზრახავდა ქალაქიდან გაქცევას. ასურელებმა იუდეველი მეფის ჩაბარება მოითხოვეს. იერუსალიმის მოსახლეობამ მომხდურის სურვილი აღასრულა და საკუთარი მეფე მტერს გადასცა, როგორც მიზეზი თავსდატეხილი განსაცდელისა. ბორკილდადებული მანასე მდინარე ორონტის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ლიბონში წაიყვანეს, სადაც გულმოდგინე ვედრებით მიმართა მან ღმერთს და შედეგად კვლავ სამშობლოში დააბრუნეს. იონას წიგნის მესამე და მეოთხე თავებში, გარდტის თქმით, ალეგორიული თხრობა ამჯერად მეფე იოშიას უკავშირდება: რაჟამს მიდიელი მეფე ფრაოტი ასურელთა დედაქალქს დაესხა თავს და ალყაში მოაქცია, იოშია ფიქრობდა, რომ ნინევი დაეცემოდა, ხოლო იუდეა დაუძინებელი მტრისგან ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდებოდა. მაგრამ ასურელებმა შეწყალების სურვილით ლოცვა აღუვლინეს ღმერთს. ფრაოტმა ქალაქის გარშემო არსებული ალყა მოხნა, ხოლო თავად ჯარის უდიდეს ნაწილთან ერთად დაიღუპა. ასურელთა დედაქალაქი გადარჩა. ძლიერ დამწუხრდა იოშია, რადგან მტრის უღლისგან საკუთარი სამშობლოს გათავისუფლების იმედი დაკარგა. როდესაც ფრაოტის ვაჟი ქსერქსე სკვითთა ურიცხვი ჯარით კვლავ ნინევს მიადგა, მამის გამო რომ შური ეძია, იოშიას ისევ იმედი მოეცა, თუმცა საკმაოდ ხანმოკლედ, რადგან სკვითების არმიამ, ისარგებლა რა ქსერქსეს არყოფნით, მიდიაში შეიჭრა და ნინევიური ლაშქრობის გეგმა ჩაშალა. მეხის ხმასავით ესმა იოშიას ახალი ამბავი, რადგან სკვითებმა არა მარტო ასურელთა დედაქალაქი გაათავისუფლეს, არამედ პალესტინამდეც მოაღწიეს. იუდეველი წინასწამრეტყველები უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილ მეფეს ასურელთა დედაქალაქის მომავალი დაცემის გარდაუვალობით ამშვიდებდნენ. თითქოს ასეთია იონას წიგნის საფუძვლად გამოყენებული ნამდვილი ისტორია, სადაც იონა იუდეველი მეფეების სახეა, ხომალდი – იუდეის სამეფოსი, მეზღვაურები ამ სახელმწიფოს მკვიდრნი არიან, სარდე – თარშთანაა კავშირში, ნინევი – ნინევიასთან, ვეშაპი – ასურელების სიმბოლოა, აყირო – მიდიელების, დანარჩენი კი თავისთავად გასაგებია). უწყებას წინასწარმეტყველის საკუთრივ ვეშაპის მიერ შთანთქმის შესახებ შუასაუკუნეების დასასრულს მოღვაწე რიგი განმმარტებლებისა მცდარ ინფორმაციად მიიჩნევს, რადგან მათი თქმით, ვეშაპი არის არსება, რომელსაც ვიწრო საყლაპავი მილი გააჩნია, იგი მხოლოდ მცირე ზომის თევზებით იკვებება და, შესაბამისად, წარმოუდგენელია, მას ადამიანის გადაყლაპვა შესძლებოდა. ‘უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მოსაზრება ვეშაპებთან დაკავშირებით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც მეცნიერთაგან დადასტურებულია ვეშაპთა ისეთი სახეობების არსებობა, რომლებსაც საკმაოდ განიერი საყლაპავი გააჩნიათ და დაუბრკოლებლად ძალუძთ ადამიანის შთანთქმა" . ხმელთაშუა ზღვაში ბინადრობს ვეშაპის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც ერთი უცნაური თავისებურებით გამოირჩევა სხვათაგან. ესაა ეგრეთწოდებული რორკვალი, ანუ ‘ნაკეცებიანი ვეშაპი". მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აღნიშნულ სახეობას ქვედა ყბის ქვეშ უზარმაზარი ზომის ნაოჭებიანი ტომარა გააჩნია, სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი საკმაოდ მოზრდილი სხეულების განთავსება, ისე რომ გადამუშავებას ისინი არ ექვემდებარებიან. რორკვალები სიგრძეში ხშირად ოც მეტრს აღემატებიან და მათი ტომრის სიდიდე ოთხ მეტრამდე აღწევს, სადაც, ბუნებრივია, თავისუფლად განთავსდება ადამიანი მკვლევართა ნაწილის აზრით, თევზი, რომელმაც შთანთქა წინასწარმეტყველი, ზვიგენის გვარს განეკუთვნებოდა და ‘კაცისმჭამელი ზვიგენის" სახეობას წარმოადგენდა. ხსენებული სახეობა ხმელთაშუა ზღვაში მრავლად ბინადრობს. მათი სიდიდე ათ მეტრს აღემატება. საფრთხის მოახლოებისთანავე ისინი საკუთარ შვილებს ყლაპავენ და მოგვიანებით კვლავ უკან ამოანთხევენ. დეკან. იოანე სოლოვიოვი: წინასწარმეტყველის თავსგადამხდარი ისტორიის შესახებ მკვლევარი გოლხორდი ამგვარ მსჯელობას გვთავაზბს: ‘იონას წიგნში გვიან ჩაწერილ ხალხურ ლეგენდას ასეთი ფაქტი უდევს საფუძვლად. ერთ-ერთმა ასურელმა მეფემ, სავარაუდოდ ფულმა, ისრაელს ომი გამოუცხადა. ისრაელის მეფე იერობოამ II მასთან მოსალაპარაკებლად იონას აგზავნის, რომელმაც მოსალოდნელი საფრთხე უნდა დაძლიოს. მიემართებოდა რა ფულისკენ, უეცრად წინასწარმეტყველს, დავალების უკეთ წარმართვისთვის, აზრად მოუვიდა, რომ ასურელი მეფის წინაშე საკუთარი თავი წარედგინა არა როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, არამედ იაჰვესგან წარგზავნილს. და მან გადაწყვიტა სწორედ ასე ემოქმედა. მაგრამ უეცრად შიში დაეუფლა, რადგან მოფიქრებული გეგმა, შესაძლოა, უშედეგო აღმოჩენილიყო. და აი, იოპეში გარბის იგი, იქიდან კი - თარსისში, საკუთარ თანამემამულეთა მზერას რომ მიემალოს. ზღვაზე გრიგალისას, წილისყრის მიერ განსაცდელში დამნაშავედ გამოვლენელი იონა, ნავზე გადასვეს. მოულოდნელად ნაპირსაც მიაღწია მან. იონამ მომხდარი შემთხვევა დაგეგმილი საქმის აღსასრულებელ მითითებად მიიღო, კვლავ ნინევისკენ გაემართა და ფულს ისეთი შემართებით ესაუბრა ყოვლისშემძლე იაჰვეს შესახებ, რომ ცრუმორწმუნე დესპოტი ძლიერ დაფრთხა და ღვთისადმი საყოველთაო მიმართვის თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. რაჟამს იონა განმარტოებით მოელოდა საქმის დასასრულს, კვლავ მღელვარება დაეუფლა, ისევ გაგრილდა ჩაფიქრებული საქმისადმი იგი, მაგრამ აყიროს საამო ჩრდილთან დაკავშირებული მოვლენის გზით მინიჭებულმა სიამოვნებამ მას მწუხარება მალევე შეუმსუბუქა და შეჭირვებულ სულში კვლავაც მშვიდობამ დაისადგურა"). ნეტარი იერონიმე: ღმერთმა სიკვდილსა და ქვესკნელს იონას მიღება უბრძანა. რამდენადაც ხარობდა სიკვდილი წინასწარმეტყველის შთანთქმისას, იმდენადვე მწუხარებდა მისი განტევებისას. თევზის მუცელში სამდღიანი ყოფნის მნიშვნელობა თავად მაცხოვარმა განმარტა, ამიტომაც მასზე რაიმეს დამატება აღარაა საჭირო. აღნიშნული მოვლენა თითქოს, ერთი შეხედვით, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ჩვენ არაერთი მოწმობა გვაქვს წმინდა წერილში ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. გავიხსენოთ სამი ყრმა – ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც გახურებულ ღუმელში ჩააგდეს და გადარჩნენ. ორად გაყოფილი მეწამული ზღვა, სადაც იუდეველნი ვითარცა ხმელეთზე გავიდნენ. მშიერი ლომები, რომელთაც ხაროში ჩაგდებულ დანიელს არაფერი ავნეს და პირიქით, შიშით უმზერდნენ. რაჟამს იონა მიხვდება, რომ თევზის მუცელში მყოფს სიცოცხლე შეუნარჩუნდა, მხნეობამოკრებილი უფალს სასოებს და ლოცვით მიმართავს მას). წმ. კირილე ალექსანდრიელი: ღმერთი თავისი ყოვლისშემძლე ძალით ვეშაპს ხომალდისკენ მიმართავს, რადგან საკმარისია, მხოლოდ რამ ინებოს მან, რომ ნანებები მყისვე აღესრულება. ჩვენ არ ვამბობთ, თითქოს ღმერთი ვეშაპს იმგვარად უხმობს, როგორც ადამიანებს ან ანგელოზებს, რადგან ამ უკანასკნელთ უზენაესი მათი გონიერების შესაბამისად ეურთიერთობება, ხოლო უსულო არსებებს, სტიქიებს განსხვავებულად იმორჩილებს. ვეშაპმა გადაყლაპა წინასწარმეტყველი და საკუთარი წიაღით სამი დღე-ღამე ატარა. მრავალი იკითხავს: როგორ შეიძლებოდა ადამიანი სამი დღის მანძილზე ასეთ ვითარებაში ცოცხალი დარჩენილყო? ასეთებს ამგვარად ვუპასუხებთ: ეს უდიდესი სასწაულია, რის არსშიც წვდომა და განჭვრეტა ადამიანის გონებისთვის შეუძლებელია, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ეს ღმერთმა აღასრულა, განა ძალუძს მასში ვინმეს ეჭვის შეტანა? ყოვლისშემძლე არსს ბუნებათა თვისებების ცვალებადობა ხელეწიფება; მისი ნებით ხრწნადი უხრწნელებით იმოსება და პირუკუ, მყარი, უხრწნელი საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან ყოველი ქმნილება იმგვარ ბუნებას ფლობს, როგორსაც ღმერთი ინებებს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, თუ როგორ ყვებიან ელინები თავიანთ მითებში, რომ ჰერაკლე, ზევსისა და ალკმენეს ძე, ვეშაპმა გადაყლაპა, მოგვიანებით კი მან თავი დაიხსნა, მაგრამ ვეშაპის კუჭში არსებული სიცხისგან მთლიანად დაკარგა თმები. ახალშობილიც დედის წიაღში ყოფნისას მოკლებულია სუნთქვის რამ ძალას, მაგრამ მიუხედავად ამისა არაფერი მოსდის, პირიქით, იზრდება და ვითარდება ღვთის სასწაულმოქმედებით დაცული. არავის გამოუთქვამს ეჭვი ამის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ვერც ზემოხსენებულ მოვლენას სწვდება ადამიანის გონება. იონა ქრისტე მაცხოვარს განასახიერებდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ მთელი სამყარო საფრთხის წინაშე იყო, კაცობრიობა ცოდვის წყვდიადსა და უკეთურებას აბობოქრებული ტალღების მსგავსად დაენთქა. ვნებები ზღვაზე აზვირთებული ძლიერი ტალღების დარად ეკვეთებოდნენ ადამიანს და ძირფესვიანად ეუფლებოდნენ მას. ყოველივე ეს დემონისა და მისი ხელმწიფების ქვეშ მყოფი ადამიანის საქმეებია. ვიმყოფებოდით რა ამგვარ მდგომარეობაში, შემოქმედი ღმერთი და მამა მოწყალე გვექნა და თავისი კურთხეული ძე გარდამოგვივლინა, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება, მოვიდა ქვეყნად, საკუთარი ნებით იტვირთა სიკვდილი, რითიც მყუდროჰყო ტალღების მღელვარება, დააცხრო გრიგალი, რადგან მისი სიკვდილით ვართ დახსნილნი). დეკან. იოანე სოლოვიოვი: 1758 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს მოვლენები ასე განვითარდა: ხმელთაშუა ზღვაში გასული ხომალდიდან ერთერთი მეზღვაური უეცრად გემბანის მიღმა აღმოჩნდა. მას მყისვე ზვიგენი მიუახლოვდა და ადამიანი უზარმაზარი ურჩხულის ხახაში გაუჩინარდა. ტრაგიკულად განვითარებული მოვლენების თვითმხილველმა მენავეთმოძღვარმა ბრძანა, ზვიგენისთვის ყუმბარა ესროლათ. გაშვებული ტყვია ზღვის ბინადარს ისეთი მოხერხებით მოხვდა, რომ მან მაშინვე უკან ამოანთხია ხახაში გაუჩინარებული მეზღვაური. იგი წყალში ჩაშვებულ ნავზე ცოცხალი ამოიყვანეს, მხოლოდ მცირეოდენი ჭრილობა და დაბეჟილობა ჰქონდა. რაც შეეხება მონადირებულ ზვიგენს, მისი სიგრძე 7 მეტრს აღწევდა, სიგანე – 3-ს და 380 კგ-მდე იწონიდა). დეკან. ალექსანდრე მენი: პირველი ქრისტიანები იონას თავსგადამხდარ მოვლენებს ხშირად გამოსახავდნენ კატაკომბების კედლებზე, ღვთისადმი ზღვის უფსკრულიდან აღმომხდარი წინასწარმეტყველის ვედრება კი ახალი აღთქმის ეკლესიაში საცისკრო საგალობლის მეექვსე კანონს დაედო საფუძვლად . საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები არსებობს, როდესაც ადამიანი ვეშაპის მუცელში ყოფნის მიუხედავად ცოცხალი გადარჩენილა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ ცნობა ბრიტანული ადმირალიტეტის არქივებშია დაცული. საუბარია მეზღვაურ ჯეიმს ბარტლის გადარჩენის თაობაზე, რომელიც მსახურობდა ხომალდზე სახელწოდებით ‘აღმოსავლეთის ვარსკვლავი". 1891 წელს იგი მონაწილეობას ღებულობდა ვეშაპებზე გამართულ ნადირობაში. საარქივო მასალების თანახმად, უეცრად ჯეიმსი ხომალდიდან ღია ზღვაში გადავარდა და მოულოდნელად გამოჩენილმა დიდმა თევზმა გადაყლაპა, რომლის წიაღშიც მეზღვაურმა რამდენიმე საათი გაატარა. მას შემდეგ, რაც ეკიპაჟის დანარჩენმა წევრებმა აღნიშნული ზღვის ბინადარი მოაკვდინეს, დაკარგული მეგობარი ცოცხალი აღმოაჩინეს. ჯეიმსმა ამ ვითარებაში მხოლოდ მხედველობა დაკარგა. გარდაიცვალა იგი აღნიშნული შემთხვევიდან 15 წლის შემდეგ საკუთარ სამშობლოში, გლოჩესტერში). მხ. 2-3. ‘ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს, თავის ღმერთს, თევზის სტომაქიდან. თქვა: ჭირში მყოფმა შევღაღადე უფალს და მან ხმა გამცა. ქვესკნელის მუცლიდან შველა ვითხოვე და შენ ისმინე ჩემი ვედრება" . იონას ლოცა (მხ. 2-10) სამადლობელი ფსალმუნია, რომლის თითოეული სტრიქონი დავითის ფსალმუნის ამა თუ იმ შესაბამის ადგილს გვაგონებს . არაფერია გასაოცარი, თუკი წინასწარმეტყველმა თავსგადამხდარი საოცარი მოვლენების აღწერისას ნაცნობსა და, ამავდროულად, მისი სულისთვის მრავლისმთქმელ ფსალმუნებს მიმართა. თევზის მუცელში მყოფი იონა ღმერთს გარდაუვალი სიკვდილისგან გამოიხსნის მიზეზით მადლობს. წმ. კირილე ალექსანდრიელი: ვეშაპის წიაღში მყოფი იონა, ინარჩუნებს რა სრულ შემეცნებას, საღვთო მზრუნველობას გულისხმაჰყოფს. ის რწმუნდება, ღმერთი მოწყალეა. წინასწარმეტყველმა იცის, რომ ეს განსაცდელი მის მიერ საღვთო მსახურებაზე უარის თქმის შედეგია და ლოცვას მიმართავს, ლოცვას, რომელშიც უდიდეს მადლიერებას გამოხატავს და ამასთან სიკვდილისგან მხსნელ უზენაესს სადიდებელს აღუვლენს. გაოცებულია რა მისი ხელმწიფებით, საღვთო სიმდაბლეს აქებს. იონა ამბობს, რომ ვედრება შესმენილია. ვფიქრობ, რომ ვითარცა წინასწარმეტყველმა მან ეს მოვლენაც განჭვრიტა).მხ. 4-5. ‘როცა ღურღუმელში, ზღვის გულში ჩამაქანე, როცა მორევმა ჩამითრია, თავზე შენი ტალღა და ღვარი გადამდიოდა, ვთქვი: გაგდებული ვარ შენი პირისგან, ნუთუ ოდესმე მეღირსებამეთქი შენი წმიდა ტაძრის ხილვა?" წმ. კირილე ალექსანდრიელი: იონა გადმოგვცემს, რომ ზღვის უფსკრულამდე დამდაბლდა. იფიქრა, ღვთის მზერა მისგან სამუდამოდ გარემიიქცა და სასოწარკვეთამდე მივიდა, რადგან საშინელი და შემაძრწუნებელი საქმეა უფლის მზერის მიღმა დარჩენა. ამიტომაც ევედრებოდა დავითი: ‘ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ მიიქცევი რისხვით მონისა შენისაგან" . უფლის სახის განდრეკას აუცილებლად საღვთო რისხვა ახლავს, უფრო სწორად კი, რისხვა უწინარეს ჩნდება და ღვთაებრივ მზერას გარემიაქცევს. იონამ იცის, რომ საღვთო მზრუნველობით ვეშაპის წიაღში მას სიცოცხლე მიენიჭა, მაგრამ წინასწარმეტყველი ეჭვობს, შეძლებს კი ოდესმე უფლის ტაძარში წარდგომას და ამგვარად ლოცვას). თეოდორიტე კვირელი: მე მეგონა, ამბობს იონა, ღმერთი მხოლოდ იერუსალიმში ეცხადებოდა ადამიანებს, ხოლო მოხდა ისე, რომ ვეშაპის მუცელში აღვლენილი ლოცვაც შესმენილია. „ჯოჯოხეთის მუცლად" მოიხსენია იონამ ვეშაპის წიაღი, რადგან განწირული იყო სიკვდილისთვის და მხოლოდ საღვთო მადლით ინარჩუნებდა სიცოცხლეს. ამასთანავე ეს მოვლენა მაცხოვრის სამდღიან დაფლვას განასახიერებს). მხ. 6-7. ‘სულამდე მიწია წყალმა, უფსკრულმა მომიცვა, თავზე ლელი შემომეწნა, მთების ფესვებამდე ჩავედი; მიწა სამუდამოდ ჩაირაზა ჩემს უკან, მაგრამ შენ ქვესკნელს გამოსტაცე ჩემი სიცოცხლე, უფალო, ღმერთო ჩემო! როცა სულს ვღაფავდი, ვახსენე უფალი და ჩემმა ვედრებამ შენამდე შეაღწია შენს წმინდა ტაძარში" . იონა გულისხმაჰყოფს, რომ დაღუპვისთვის განწირულ ადამიანს ღმერთმა ხელი აღუპყრა და მადლიერების გრძნობით სავსე სიტყვებს ზეცად აღავლენს. მხ. 9-10. ‘ამაოებათა მსახურნი ვერ ეღირსებიან წყალობას! მე კი მსხვერპლს შემოგწირავ სამადლობელი სიტყვით; შევასრულებ, რაც აღთქმული მაქვს. უფლისგან არის ხსნა!" წმ. კირილე ალექსანდრიელი: იონა წინასწარმეტყველი იესო ქრისტეს წინასახეა. მისი ლოცვა სიმბოლურად მაცხოვრის მიერ გეთსიმანიის ბაღში აღვლენილ ვედრებას განასახიერებს: ,,უფალო, უკეთუ შესაძლებელარს, თანაწარხედინ ჩემგან სასუმელი ესე" . მაცხოვრის ადამიანური ბუნება უდიდეს შიშსა და შეძრწუნებას მოეცვა, მაგრამ ჯოჯოხეთში ჩასვლისას გამოთქვა თუ არა მან რამ ადამიანური, ეს მხოლოდ თავად უწყის, რადგან საშიშია ამის შესახებ რაიმეს მტკიცება. ჩვენ ვხედავთ, რომ პეტრე მოციქული მაცხოვარს განუკუთვნებს ფსალმუნის სიტყვებს: ‘არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს შინა, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი" ). მხ. 11. ,,უბრძანა უფალმა თევზს და მან ხმელეთზე გადმოანთხია იონა" . იოსებ ფლავიოსის ცნობით ვეშაპმა იონა შავი ზღვის სანაპიროზე გამორიყა, ხოლო მეორე მოსაზრების თანახმად, წინასწარმეტყველი ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე, პალესტინის კუთვნილ მიწაზე უბრუნდება ხმელეთს. დეკან. იოანე სოლოვიოვი: იონას ვეშაპის მუცელში სამდღიანი ყოფნის შესახებ წარმოდგენილ უწყებას მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა. მათმა ნაწილმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ბიბლიური თხრობა სხვა არაფერია, თუარა ცნობილი ბერძნული მითის ინტერპრეტაცია: პოსეიდონმა და აპოლონმა ზეცის მბრძანებლის, ზევსის დავალებით მეფე ლაომედეს ქალაქი ტროა გარშემო მძლავრი კედლების აგების საშუალებით გაამაგრეს. როდესაც ისინი სამუშაოს დაასრულებენ, ლაომედე დაპირებულ გადასახადზე უარს განუცხადებს და პოსეიდონსა და აპოლონს საკუთარი სახელმწიფოდან გააძევებს. განრისხებულმა ღმერთებმა სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტეს: აპოლონმა მომაკვდინებელი წყლულებით შემუსრა ქალაქი, ხოლო პოსეიდონმა ზღვის სიღრმიდან ადამიანთა შთანმთქმელი საშინელი ცხოველი მოავლინა. ორაკულის რჩევის თანახმად ტროის მოსახლეობა მხოლოდ ერთი ხერხის გამოყენებით თუ დაიხსნიდა თავს: მეფე ლაომედეს ზღვის ურჩხულისთვის საკუთარი ქალიშვილი - გეზიონა უნდა გადაეცა. შეჭირვებულმა ქალაქის მოსახლეობამ საკუთარი მეფე აიძულა, რომ შვილი მხეცისთვის შესაჭმელად გაეწირა. და აი, გეზიონას ზღვის სანაპიროზე, ერთ-ერთ კლდეზე მიამაგრებენ. სადაცაა შიშის მომგვრელი ზღვის ბინადარიც უნდა გამოჩნდეს და მშვენიერი ასული გადაყლაპოს, რომ უეცრად ტროაში არგონავტების მიერ ამაზონკების წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობიდან ჰერაკლე ჩამოდის. როდესაც სახელგანთქმული გმირი მშვენიერ ასულს იხილავს და მისი მოსალოდნელი ბედის შესახებ მოისმენს, გეზიონას გადარჩენის პირობას იძლევა, თუმცა სამაგიეროდ ტროელ მეფეს ზევსის მიერ ნაჩუქარ ცხენს მოსთხოვს. ლაომედე შემოთავაზებას თანხმდება. მახვილით შეიარაღებული ჰერაკლე ზღვის ურჩხულს ხახაში ჩაუხტება და სამი დღის მანძილზე მის შიგნეულობას მუსრს ავლებს, რის შემდეგაც მოკლული ცხოველიდან გარეთ გამოდის. უშიშარ გმირს მხოლოდ ერთი ზიანი მიადგა: მას მხეცის წიაღში ყოფნისას თმები მთლიანად დასცვივდა და გამელოტდა… უწყება ჰერაკლეს მიერ ზღვის ურჩხულის წიაღში სამი დღისა და ღამის მანძილზე ყოფნის შესახებ პირველად იუსტინე ფილოსოფოსთან გვხვდება ნაშრომში ‘შეგონება ელინებისადმი" (თავი 14), რაც შემდეგ სხვებთანაც მეორდება. თუკი აღნიშნულ მოვლენას წარმართი მწერლები არ იცნობდნენ და იგი მხოლოდ ქრისტიან მოღვაწეებთან აისახა, საიდან უნდა აეღოთ ამ უკანასკნელთ მსგავსი თხრობა, თუარა ბიბლიური ისტორიიდან? მართალია, ეს ვარაუდია, მაგრამ სავსებით საფუძვლიანი. იუსტინე ჭეშმარიტების მაძიებელი ფილოსოფოსი იყო და როდესაც სინამდვილეს ქრისტიანობაში მიაკვლია, იგი ბუნებრივად დაუპირისპირდა წარმართობას და მისი უსუსურობის დადასტურებას შეეცადა. იუსტინეს ნაშრომებში ხაზგასმით ჩანს აზრი იმის შესახებ, რომ წარმართული ფილოსოფია ღვთაებრივი გამოცხადებიდანაა დასესხებული. შესაბამისად, იმავე ლოგიკით ბერძნული მითი ჰერაკლეს შესახებ იონას ისტორიის გადაკეთებული ვერსიაა. როდესაც იუსტინე აღნიშნულ ორ მოვლენას შორის პარალელს ავლებდა, შესაძლოა, ურჩხულის მუცელში სამდღიანი ყოფნის თაობაზე თხრობა ჰერაკლეს ისტორიას თავად ბუნებრივად შეჰმატა, რაც ადრეულ წყაროებში არსად ასახულა, ხოლო შემდეგ იგივცე ცნობა სხვათაგანაც იქნა გამეორებული… ზემოხსენებული მითის გამოკვლევისას დგინდება, რომ თავდაპირველ, ჰომეროსის დროინდელ შინაარსში ჰერაკლეს მიერ გეზეონას გათავისუფლების შესახებ თხრობა განსხვავებული სახით იყო წარმოდგენილი და არაფერი თქმულა უმამაცესი გმირის ურჩხულის წიაღში ყოფნის თაობაზე, პირიქით, ბრძოლა ჰერაკლესა და ზღვის მხეცს შორის ერთმანეთის პირისპირ მიმდინარეობდა). თავი 3 მხ. 1-3. ‘იყო მეორედ უფლის სიტყვა იონაზე: ადექი, წადი ნინევში, დიდ ქალაქში, და იქადაგე საქადაგებელი, რასაც მე გეტყვი. ადგა იონა და წავიდა ნინევში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევი, სამი დღის სავალი" . ამჯერად წინასწარმეტყველი საღვთო ნებას აღარ ეურჩება, რადგან თავსგადამხდარი განსაცდელები მას საუფლო ნების უზენაესობაში არწმუნებს. განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ სამი დღის სავალ გზაში იგულისხმება არა ქალაქის სიგანე, არამედ მისი გარშემოწერილობა. საშუალო გათვლით ეს მანძილი დაახლოებით 7590 კმ-ს შორის მერყეობს. თუ ძველ ისტორიულ წყაროებს დავეყრდნობით, რომლებიც ბიბლიურ მონაცემებთან ზედმიწევნით თანხმობაში არიან, ნინევის გარშემოწერილობა 80 კილომეტრი იყო, ხოლო დიამეტრი 30 კმ-ს აღწევდა. დეკან. იოანე სოლოვიოვი: ‘დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევი". აღნიშნული სიტყვები არა მარტო სხვა ქალაქებთან მიმართებით წარმოაჩენს ნინევის სიდიდეს, არამედ ღვთისადმი მის დამოკიდებულებას განსაზღვრავს. უზენაესის წინაშე დიდი იყო ის არა იმ მიზეზით, რომ სამი დღე სჭირდებოდა შემოვლას, არამედ აღნიშნულ სიტყვებში, ერთი მხრივ, ქალაქის მკვიდრთა სიამაყით განპირობებული დაპირისპირებაა ნაჩვენები შემოქმედისადმი, ხოლო მეორე მხრივ, დიდია იგი ღვთისაგან მისდამი გამოვლენილი წყალობის მიზეზით. ზემოციტირებულ ბიბლიურ წინადადებაში გამოყენებულია ზმნა, რომელიც წარსულ დროზე მიგვითითებს (‘იყო"), და მასზე დაყრდნობით მკვლევართა ნაწილმა იონას წიგნი გვიანდელ, ტყვეობის შემდგომ ეპოქას განუკუთვნა, რადგან, მათი თქმით, წიგნში გადმოცემული მოვლენების აღწერისას ასურეთის დედაქალაქი აღარ არსებობდა და, ბუნებრივია, მოძღვრების შემდგენელმა ქალაქის შესახებ საუბარში წარმოადგინა ზმნა ‘იყო". მაგრამ უსამართლოა ამგვარი მსჯელობა. საქმე ისაა, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულია შესაბამისი ფორმა პრატერიტუმ, ანუ აწმყო დაკავშირებული წარსულთან. აქ პრატერიტუმ ფორმით მოხმობილი ზმნა ‘იყო" გვიჩვენებს, რომ წინასწამრმეტყველი ისტორიას წარსულის სახით გვთავაზობს და საუბრობს იმის შესახებ, რაც თითქოს ოდესღაც მომხდარი ფაქტია, მაგრამ სინამდვილეში სწორედაც რომ აწმყოს გულისხმობს. ავტორმა უბრალოდ სხვა ზმნებთან შესაბამისობაში წარმოგვიდგინა ნინევის თაობაზე უწყება, რადგან იქვეა ნათქვამი: ‘ადგა" და ‘წავიდა" (შდრ. ‘ადგა იონა და წავიდა ნინევში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქი იყო ღვთის წინაშე ნინევი, სამი დღის სავალი"). ამრიგად, განხილული ზმნის წარსულ ფორმას სინქრონული იმპერფექტი ეწოდება და მისი გამოყენებით წიგნის ავტორი საკუთარ თავს აწმყოზე ყოველგვარი მითითებისგან ათავისუფლებს. წარმოდგენილი ბიბლიური ციტატის პერიფრაზი იქნება: დგება იონა და მიდის ნინევში, როგორც უფალმა უბრძანა. დიდი ქალაქია ღვთის წინაშე ნინევი, სამი დღის სავალი). წმ. ეფრემ ასური: ზღვაში შევიდა იონა და ააბობოქრა იგი, ხმელეთზე გადმოვიდა და უდიდესი მღელვარება დათესა. აღელვდა ზღვა, რაჟამს გარბოდა წინასწარმეტყველი, ხოლო შეძრწუნდა ხმელეთი, როდესაც იქადაგა მან. ზღვა ვედრებამ დაამშვიდა, ხმელეთი კი - სინანულმა. ლოცულობდა იონა ვეშაპის წიაღში, ლოცულობდნენ ნინეველნი დიდ ქალაქში. ლოცვამ გამოიხსნა იონა, ლოცვამ გადაარჩინა ნინეველნიც. ღმერთს გაურბოდა იონა, სიწმინდეს განდგომოდნენ ნინეველნი. დანაშაულის გამოისობით ორივენი მართლმსაჯულებამ დააკავშირა ურთიერთს. იონამაც და ნინეველებმაც სინანული მიიტანეს ღვთისა წინაშე და წყალობა მიიღეს. კეთილმა აღსარებამ წინასწარმეტყველი ზღვაზე დაიცვა, ნინეველნი კი ხმელეთზე. საკუთარ თავზე შეიმეცნა იონამ, რომ მონანული შეწყალებული იქნება. თავად მასზე გაცხადდა მაგალითი უაღმატებულესი ზეგარდამო სახიერებისა ცოდვილებისადმი, რითიც მიეთითა წინასწარმეტყველს, რომ ცოდვათა შინა დანთქმული ქალაქიც იქნებოდა შეწყალებული). დეკან. იოანე სოლოვიოვი: ნინევის აღმოჩენის მიზნით თავდაპირველად, 1842 წელს, არქეოლოგიური გათხრები ფრანგმა კონსულმა, ბოტიუმ ჩაატარა, შემდეგ, 1845 წელს - ინგლისელმა ლეიარდმა და რავლინსონმა და ბოლოს, 1853 წელს - პლასმა. გათხრების შედეგად ასეთი მონაცემები ჯამდება: ნინევიად იწოდებოდა არა მხოლოდ ერთი, კედელმოზღუდული, გამაგრებული ქალაქი, არამედ რამდენიმე მსგავსი საცხოვრისი, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოცულობის ფართობი ეკავა. აღნიშნული დასახლება სამი მხრიდან მდინარით იყო შემოსაზღვრული: ჩრდილოეთით - კოსრა, დასავლეთით – ტიგროსი, სამხრეთ-დასავლეთით - გაცრ-სუ და დიდი ცაბი, ხოლო მეოთხე მხრიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთით მთები ებჯინებოდა. მჭიდროდ იყო გამაგრებული იგი მდინარეების მხრიდან კაშხლებით, წყალგამტარებითა და არხებით, მთების მიმართულებით კი მიწაყრილებითა და ციხესიმაგრეებით, რაც ნანგრევების გროვიდანაც აშკარად ჩანს. და სწორედ ამ მიდამოში, არათანაბარკუთხა ოთკუთხედის, ან ტრაპეციის ფორმის სივრცის ირგვლივ იყო განლაგებული დიადი ქალაქის - ნინევის ოთხი დიდი უბანი, როგორც მათ ლეიარდი უწოდებს. ხსენებულ უბანთაგან პირველი იყო საკუთრივ ნინევი, მეორე - კალახი, მესამე – დღემდე შეუსწავლელი და გამუკვლეველი უბანი და მეოთხე – სარკინი. ყველა ხსენებულ უბანში განსაკუთრებული სამეფო სასახლეები მდებარეობდა. ისინი წლის შესაბამისი დროის მიხედვით სამეფო რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდნენ. ოთხივე საცხოვრისი მთლიანობაში კედლებითა და სიმაგრეებით იყო შემოზღუდული, ხოლო უბნებს შორის დარჩენილ სივრცეებში კერძო, სასოფლო-სამეურნეო დასახლებები მდებარეობდა…). მხ. 4. ‘იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევი" . წმინდა ეფრამ ასური გვაუწყებს, რომ იონას ქადაგების დაწყებისთანავე ნინევის თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა. მხოლოდ ორმოცი დღის შემდეგ გაიფანტა სიბნელე და მზის ნათელმა კვლავ გაანათა ასურელთა დედაქალაქი. წინასწარმეტყველი ლოცულობს, სინანულისკენ მოუწოდებს ისრაელის სამეფოს დაუძინებელ მტერს, რითიც ძველ აღთქმაში სახეობრივად ვლინდება ახალაღთქმისეული მოძღვრება მტრის სიყვარულის შესახებ. დეკან. იოანე სოლოვიოვი: როგორც პავლე მოციქული ქრისტეს მოძღვრების საქადაგებლად ისეთი ადგილებისკენ მიიჩქაროდა, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბებოდა, მსაგვსადვე, იონასაც შესაბამისი გარემო უნდა შეერჩია, ხოლო ასეთი გარემო ნინევში ზემოხსენებული ოთხი უბანი იყო. სავრაუდოდ, წელიწადის სხვადასხვა დროს მეფე საცხოვრებლად განსხვავებულ ადგილებს ირჩევდა და მას თან ახლდა სახელმწიფოს უმაღლესი იერერქიაც. თითოეულ უბანს საკუთარი მოედანი გააჩნდა. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იმ ადგილიდან, საიდანაც იონა ქალაქში შევიდა, უბნამდე, რომელშიც წელიწადის მოცემული დროისთვის მეფე ცხოვრობდა, ფეხით მოსიარულე ადამიანი ერთ დღეში ჩააღწევდა. ლეიარდის მოსაზრებით, იონამ ქალაქში ჩრდილო-დასავლეთიდან, საკუთრივ ნინევად წოდებულ უბანში შეაბიჯა. ამასთანავე უნდა ვივარაუდოთ, რომ წინასწარმეტყველის ასურელთა დედაქალაქში აღმოჩენისას მეფე კალახად წოდებული უბნის რეზიდენციაში იმყოფებოდა და იგი სარდანაპალის ვაჟი უნდა ყოფილიყო (სარდანაპალი სწორედ ის ადამიანია, რომელმაც კალახში სამეფო სასახლე ააგო). ქალაქის უშუალოდ ეს ნაწილი ესაზღვრებოდა უდაბნოს, საიდანაც ცხელი ნიავი ქროდა, ხოლო ნინევიდან გასული წინასწარმეტყველის შესახებ მოთხრობილია, რომ ძლიერ შეაწუხა იგი მზის ცხუნვარებამ და მხურვალე ქარმა . შესაბამისად გამოდის, რომ იონას მთელი ნინევის გავლა მოუწია კალახამდე მისაღწევად, რისთვისაც ერთი დღე დასჭირდა. ხსენებულ უბნამდე მიმავალი წინასწარმეტყველი გზაში ქადაგებდა. ღვთისაგან მოვლენილი მოძღვრის სიტყვების მსმენელი მოსახლეობა, განურჩევლად ასაკისა, ძლიერ შეძრწუნებულიყო და ჯვალოშემოსილი უკან მიჰყვებოდა სტუმარს. ბუნებრივია, ადამიანების რაოდენობა მატულობდა და კალახში ჩასვლისას არნახული იყო საზოგადოების სიმრავლე, რამაც მეფის და მთელი კალახის ყურადღება მიიქცია… ‘კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევი", - ასე მიმართავდა წინასწარმეტყველი ხალხს, მაგრამ, რა თქმა უნდა, იონა არ შემოფარგლულა მხოლოდ წარმოდგენილი სიტყვებით. ისინი გამოთქმული წინასწარმეტყველების თავში იყო მოქცეული და მის დასაწყის ნაწილს შეადგენდა. იონასთან დაკავშირებული ბიბლიური თხრობის კითხვისას უეცრად ნათლისმცემელი გაგონდება, რომელიც მწიგნობრებსა და ფარისევლებს იქედნეთა ნაშობებს უწოდებდა და მისი სიტყვები ჭექა-ქუხილის დარად ჟღერდა, რასაც ვერავინ ეწინააღმდეგებოდა. თუკი იონას სიტყვაში სინანულისკენ მოწოდება არ ყოფილა, განა საჭირო იყო მისი ნინევში მივლენა? სხვაგვარად წინასწარმეტყველის საქმიანობა ყოველგვარ აზრს იქნებოდა მოკლებული). უცნობია, თუ რა ენაზე მიმართავდა მსმენელს წინასწარმეტყველი. ასურული ენა, როგორც ძლევამოსილი დამპყრობელი ერის ენა, ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ აზიაში და შესაძლოა, იონაც ფლობდა მას. დავუშვათ, რომ წინასწარმეტყველის მხოლოდ ებრაულ ენაზე საუბარობდა, ამ შემთხვევაშიც ნინეველებისთვის სრულიად გასაგები იქნებოდა მოსმენილი მოძღვრება, რადგან ასურული სემიტურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა და დიდ სიახლოვეს ავლენდა ებრაულთან არა მარტო გრამატიკულად, არამედ სინტაქსის დონეზეც. ასე რომ, ასურული გრამატიკა, კომპეტენტური მკვლევარების აზრით, სხვა არაფერია, თუარა ებარულის კოპირებული ფორმა. აღმოჩენილია მთელი რიგი ასურული წერილობითი წყაროები, რომლებშიც არა მხოლოდ ცალკეული სიტყვები, არამედ წინადადებებიც კი სრულ იდენტურობას ინარჩუნებენ ებრაულთან მიმართებით . წმ. ეფრემ ასური: საშინელი მკურნალი მიევლინა სნეულ ქალაქს სასტიკი სამკურნალო ხერხებით, რომელმაც გააცხადა და ყველას აჩვენა მკურნალობის შემაძრწუნებელი ხელოვნება. განა იმიტომ წარგზავნა ღვთის სახიერებამ წინასწარმეტყველი, რომ ქალაქი დაღუპულიყო. არაფერს ამბობდა იგი სინანულის შესახებ, რითიც მიანიშნებდა, რომ ყოველმა სნეულმა საკუთარ უძლურებებზე თავად უნდა იზრუნოს. იონამ ნინეველთა წინაშე სინანულის კარი დახურა, რათა სახილველი გამხდარიყო, როგორი გულმოდგინებით დაეშურებოდნენ მის გაღებას ისინი). ნეტარი იერონიმე: ზოგიერთების აზრით, იონამ ქალაქის მესამედი მოიარა, ხოლო ნაქადაგები მთელს ქალაქში ელვის სისწაფით გავრცელდა. ვერ გამიგია, რატომ ითარგმნა ბერძნულად 40 დღე (შდრ. ‘კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევი"), მაშინ როცა ებრაულ სიტყვებს სამსა (სალოს) და ორმოცს (არბაიმ) შორის მსგავსება არ არსებობს). თეოდორიტე კვირელი: აკვილა, სიმაქოსი და თეოდოტიანე სამის ნაცვლად 40 დღეს უთითებენ. მათ ეთანხმება სირიული თარგმანი და ებრაული ტექსტი. ამას სამი დღის სიმცირეც ადასტურებს, რადგან ესოდენ დიდი ქალაქის შემოვლა დროის მცირე მონაკვეთში შეუძლებელი იქნებოდა. სავარაუდოა, რომ 70-თა პირვანდელ თარგმანშიც 40 დღე იქნებოდა, მაგრამ არსებული განსხვავება მოგვიანებით გადამწერთა მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად მივიღეთ). სეპტანტაში ნაცვლად ორმოცისა სამი დღეა ნახსენები . მკვლევართა აზრით, ბერძნულ ტექსტში თავდაპირველად რიცხვი ორმოცი უნდა ყოფილიყო შესაბამისი ბგერითი აღნიშვნით მ (=40), ხოლო მოგვიანებით გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომის შედეგად ორმოცი დღე სამით შეიცვალა, რაც სხვა ხელნაწერებშიც მცდარად აისახა . მხ. 5-10. ‘იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიანპატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ. შეიტყო ეს ამბავი ნინევის მეფემ, ტახტიდან ჩამოვიდა, შემოიძარცვა სამოსელი, ჯვალო ჩაიცვა და ნაცარზე დაჯდა. გამოაცხადებინა ნინევში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: @არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული. ვინ იცის, კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!^ შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ და აღარ უყო" . წარმოდგენილი ადგილი გვაუწყებს, თუ როგორი გულშემუსვრილობით შეინანეს ნინეველებმა. მათზე ძლიერი გავლენა უნდა მოეხდინა წინასწარმეტყველის მიერ ზღვაზე გადახდენილი სასწაულებრივი მოვლენების თხრობას და სწორედ იონას უზაკველი, ჭეშმარიტი ქადაგება მათი გულებისკენ პოულობს გზას, რასაც შედეგად მარხვისა და გლოვის არნახული გამოვლინება მოჰყვა: ნინევის მეფის ბრძანებით, ქალაქის მკვიდრნი ცხოველებსაც ამარხულებენ. ისმის კითხვა: რამდენად გულწრფელია ნინეველთა სინანული? თუკი ჭეშმარიტად გულწრფელია, გაუგებარი ხდება, რატომ არ შეიცვალა სისასტიკისა და ძალადობისკენ მიდრეკილი ასურელების ბუნება, რომლებმაც გარკვეული დროის შემდეგ მიწასთან გაასწორეს იონას მშობლიური ისრაელის სამეფო. ისტორიული ცნობების გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ წინასწარმეტყველის ნინევში ჩასვლამდე ქალაქის მოსახლეობამ ორგზის უმძესი შიმშილობა იწვნია, რასაც მზის სრული დაბნელებაც დაერთო. ერთი სიტყვით, ხალხმა გადატანილი განსაცდელები, ბუნებრივი კატაკლიზმები ღვთის რისხვის გამოვლინებად მიიჩნია და მომხდარი მოვლენებით ძლიერ შეშინებული, იონას ქადაგებას ერთგვარი ფსიქოლოგიური მზაობით შეეგება, რამაც საყოველთაო სინანული გამოიწვია. ეპისკოპოსი პალადი: იონას ნინევში ქადაგებისას, სავარაუდოდ, ასურეთში სარდანაპალი მეფობდა). წმ. კირილე ალექსანდრიელი: მიუხედავად იმისა, რომ ნინევი მრავალსახოვან წარმართულ უკეთურებებში შთანთქმულიყო, იონას ქადაგება ყველამ როგორც ერთმა ირწმუნა, დაწყებული მდიდარი და შეძლებული მაღალჩინოსნებიდან, ვიდრე უმდაბლესი სოციალური ფენის წარმომადგენლებით დასრულებული. ქადაგებამ მეფის ყურამდეც მიაღწია, საოცარი მოშურნეობა გამოავლინა უკანასკნელმა. მან ტახტი დაუტევა, სამეფო ომოფორი გაიხადა და, მსგავსად საკუთარი მოსახლეობისა, ძაძებში მოსილი ნაცარში ჩაჯდა. ამასთანავე გამოსცა ბრძანება და მარხვა და გლოვა საყოველთაო აუცილებლობად გამოაცხადა. გასაოცარია მათი გულისხმიერება, არა მარტო თავად იტვირთეს თავშეკავება, არამედ საკუთარ ქალაქში პირუტყვებიც ამარხულეს. ღმერთი არავისგან ითხოვს მსგავს ქმედებას და არც ნინეველები დაუვალდებულებია ამაში. ეს მოსახლეობის პიროვნული გადაწყვეტილება იყო, რითიც თვალნათლივ დადასტურდა მათი შინაგანი შემუსრვილობა. ვიცი ისეთნიც, რომლებიც ამბობენ, რომ პირუტყვებში ნინევში მცხოვრები პირუტყვული ვნებებით შეპყრობილი ადამიანები მოიაზრებიან). წმ. ბასილი დიდი: ბავშვებს მოზარდებთან ერთად გლოვა იმიტომ განეწესათ, რომ მათი მწუხარება ყველასთვის მაგალითი გამხდარიყო და გადამდები ძალა ჰქონოდა). ნეტარი იერონიმე: მსმენია, რომ ზოგიერთები ნინევის მეფეში, რომელმაც მოისმინა რა ქადაგება, ტახტიდან გადმოვიდა, განიმოსა სამეფო სამოსი, ჯვალო შეიმოსა და ნაცარში მჯდომი გლოვობდა, ამასთან, გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ხალხს, პირუტყვს, ძროხასა თუ ცხვარსაც უნდა ემარხულა, დემონს მოიაზრებენ, დაცემულ სულს, რომელიც, მათი აზრით, ქვეყნიერების აღსასრულს დაუტევებს საკუთარ ქედმაღლობას, შეინანებს და ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება, რადგან არ შეიძლება ღვთის ქმნილი გონიერი არსება დაიღუპოს. წარმოდგენილი მოსაზრების დასადასტურებლად დანიელის წიგნის იმ ადგილსაც იშველიებენ, სადაც ნათქვამია, რომ ნაბუქუდუნოსორს შვიდწლიანი უძლურების შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ადამიანური გონი . წარმოდგენილი მსჯელობის საპირისპიროდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ სახარების თანახმად, მცოდველი და მოუნანიებელი ადამიანები 'ცეცხლსა მას საუკუნესა" იგზავნებიან, რომელიც 'გამზადებულია ეშმაკისა და მისი მსახურებისთვის" და სწორედ ამაზეა ნაუწყები: 'მატლი მათი არა დაესრულოს, და ცეცხლი მათი არა დაშრტეს" . თუ საყოველთაო გამართლების შესახებ მოსაზრება სწორია, რა განსხვავება იქნება უფლის დედასა და მეძავ ქალებს შორის (რისი თქმაც კი დანაშაულია. ნუ იყოფინ!)? ნუთუ ერთნი იქნებიან გაბრიელი და დემონი? არაფრით განირჩევიან ეშმაკი და მოციქულები? წინასწარმეტყველნი თუ ცრუწინასწარმეტყველნი? მოწამენი და მდევნელნი? თუკი ტანჯვის ჟამი დროშია მოქცეული და გარკვეულ ჟამს ყველანი ერთნაირ მდგომარეობას დაიმკვიდრებენ, არაფერს ჰქონია მნიშვნელობა, რადგან ჩვენ მივილტვით იქითკენ, თუ რანი ვიქნებით მარადიულად, ხოლო ამ მოსაზრებით მარადისობა ყველასთვის ერთნაირი ყოფილა. ხალხსა და პირუტყვს, მმარხველსა თუ ჯვალოთი მოსილს მე გონიერ და უგუნურ ადამიანთა შესახებ მითითებად მივიჩნევ. იონას ქადაგებით, მათ, ყველამ, როგორც ერთმა, შეინანეს). დეკან. იოანე სოლოვიოვი: ნინეველებმა რომ პირუტყვებიც ამარხულეს და ამაში არაფერია გასაკვირი, დასტურად არაერთი დღევანდელი უწყებაც გამოდგება. მაგალითად, გარდაცვლილის დაკრძალვისას შავებში არა მარტო ჭირისუფალნი, არამედ ცხენებიც იმოსებიან, რომლებიც ცხედარს მიასვენებენ. ამ ყოველივეს მიზანი ადამიანთა შორის მწუხარების გამძაფრებაა. როგორც ნეტარი თედორიტე აღნიშნავს: ნინეველებმა თავიანთ მწუხარებას პირუტყვები იმისათვის აზიარეს, რომ რაჟამს შიმშილისაგან შეჭირვებულნი, ისინი იღმუვლებდნენ, ადამიანები ცხარე ცრემლებს მეტად დაღვრიდნენ და ღვთისაგან შეწყალებას უფრო გულმოდგინედ გამოითხოვდნენ). წმ. ეფრემ ასური: როდესაც დასასრულს უახლოვდებოდა განსაზღვრული დღეები, ნინეველებმა ურთიერთს ხელი ჩაჰკიდეს და სიკვდილისთვის მზადება დაიწყეს. ბოლო, მეორმოცე დღეც გათენდა, დღე, როდესაც ღვთის საშინელი რისხვა საქმედ უნდა ქცეულიყო. დღეს ღამე მოჰყვა. ცრემლდადენილნი ბჭობენ ყველანი: რა დროზე დაიქცევა ქალაქი, ღამით თუ გამთენიისას? საშინელ ხმას როდის მოვისმენთ? ფიქრობენ, რომ საღამოს განადგურდება ნინევი, მაგრამ საღამო უკვე დამდგარა და ჯერაც არაფერია. ფიქრობენ, მოსახდენი ღამე მოხდება, თუმცა კვლავაც სიმშვიდეა. ზრახავენ, რომ შუაღამისას დადგება შესაბამისი ჟამი, მაგრამ დრო გადაცდა, კვლავაც სიმშვიდეა. ალბათ დილით დაეცემა ქალაქი, - ბჭობენ ისინი. ღამეც გათენდა, იმედი მოეცათ, რადგან სწორედ მაშინ, როდესაც საკუთარი თავი უეჭველი დაღუპვისთვის განწირულად მიიჩნიეს, უეცრად აღმოცისკრდა ხსნა. ძმა ძმას ხვდებოდა და ვერ კი ცნობდნენ ურთიერთს. მეგობარს ეგებებოდა მეგობარი, მაგრამ ერთურთს ვერ არჩევდნენ. სმენას არ ძალუძდა ერთი ხმა მეორისაგან განესხვავებინა, თვალსაც უუნარობა დაუფლებოდა, რომ სახეები გაერჩია ერთმანეთისგან, რადგან მწუხარებისა და გლოვის მიზეზით ფერმკრთალ აჩრდილებს დამსგავსებოდა ყველა, მღვიძარებისგან გალეულიყო მათი სხეული. გაუბრწყინდათ სახეები ნინეველებს. ყველას ეუწყა გადარჩენის შესახებ, რაჟამს ნინევის თავზე დღის სინათლე იხილეს. მუხლი მოიდრიკეს სალოცავად, ხელები ზეცად აღაპყრეს, ბაგეები მადლობდნენ და განადიდებდნენ იმას, ვინც საკუთარი რისხვით კვლავ სიცოცხლე მიჰმადლა მათ სინანულის გზით). ანდრია სმირნოვი: საინტერესო ფაქტია, ნინევში ჩასული სრულიად უცხო ადამიანი ადგილობრივი მოსახლეობის გულებს რომ იპყრობს და უდიდეს ნდობას იმსახურებს. რას უნდა განეპირობებინა ადგილობრივთა ესოდენი გულისხმიერება? არსებობს ერთი ლეგენდა, რომელიც შუამდინარეთში ცივილიზაციის წარმოშობის შესახებ გვაუწყებს. იონას დროინდელ ნინეველებს აღნიშნული მითი ღრმად სწამდათ და მის ჭეშმარიტებაში არავის ეპარებოდა ეჭვი. ასეთია აღნიშნული ისტორია: ოდესღაც, ათასწლეულებით ადრე, მესოპოტამიაში (და ზოგადად, მთელს სამყაროზე) განუვითარებელი, პირველყოფილი წესებით მცხოვრები ადამიანები ბინადრობდნენ. ერთ მშვენიერ დღეს სპარსეთის ყურიდან ღმერთის მიერ წარმოგზავნილი უცნაური გარეგნობის მქონე არსება ამოვიდა. მას თევზის სხეული და, ამავდრულად, ადამიანის გამოსახულება ჰქონდა. იგი შუამდინარეთში მიდის და ადგილობრივ მოსახლეობას ცივილიზაციას აზიარებს: განუმარტავს მათ სახელმწიფოს არსსა და დანიშნულებას, ურთიერთთან დამოკიდებულების ფორმებს, ასწავლის მიწათმოქმედებას, მშენებლობას… უცნაურ არსებას სახელად ოანესი ერქვა. იგი ღამით წყალში ჩადიოდა, ხოლო დღისით კვლავ უბრუნდებოდა ხმელეთს და ხალხის დამოძღვრას განაგრძობდა. ამ ყოველივეს შემდეგ, ძვ. წ. აღ-ის მე-9 საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქ ნინევში (შუამდინარეთში) გამოჩნდა უცხო ადამიანი, რომელიც ყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გადაყლაპა იგი დიდი ზომის თევზმა და მესამე დღეს კვლავ ამოსვა ერთ-ერთ სანაპიროზე. ნინეველნი იმასაც გებულობენ, რომ ახლადმოსულ სტუმარს სახელად იონა ჰქვია. ყოველივე ამან ასურეთის დედაქალაქის მკვიდრებს ენითგამოუთქმელი რელიგიური ძრწოლა და შიში მოჰგვარა, რადგან იონას თავსგადამხდარი ისტორიისა და მისი სახელის მოსმენისას (მითიური ოანესი და იუდეველი წინასწარმეტყველი იონა - პირველი ზღვიდან ამოდის და მოსახლეობას მოძღვრავს, მეორე თევზის წიაღიდან უკუმოქცეული, საღვთო მსჯავრის შესახებ იუწყება) პირველი ასოციაცია სწორედაც რომ ძველ ლეგენდას დაუკავშირდა, რომელიც ცხოველი ძალით განაგრძობდა არსებობას წინასწარმეტყველის თანამედროვე შუამდინარელთა მოგონებებში, და მათ იუდეიდან ჩამოსული უცხოტომელი ღვთისაგან მოვლენილ მქადაგებლად მიიჩნიეს. ასე რომ, უზენაესმა განგებულებამ იონას თევზის მუცელში სამდღიანი ყოფნა, გარდა მაცხოვართან დაკავშირებული წინასწარმეტყველებისა, ნინეველთა გულშემუსვრილობისკენაც მიმართა. საღვთო სიბრძნეს წარმართთა ჩვეულებანი, ტრადიციები ჭეშმარიტი სწავლების გასაცხადებლად მრავალგზის გამოუყენებია. მაგალითისთვის საპყრობილეში აღმოჩენილი იოსების შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ და მის თანამესენაკეთათვის გაცხადებული წინასწარმეტყველებითი სიზმრები, რომელთა ახსნითაც შემდგომში თავად იოსები განადიდა ღმერთმა. მსგავსი რამ მოხდა რამდენიმეგზის ნაბუქოდონოსორის შემთხვევაშიც: ქალდეველთა ღრმა რწმენის თანახმად სიზმრებით ადამიანებთან ღმერთი შედიოდა ურთიერთობაში. ბიბლიაში მრავალგზის გვხვდება უწყება, როდესაც უზენაესი სიბრძნე სწორედ ამგვარ შესაძლებლობებს იყენებს, რომ ღვთაებრივი განგებულება აღესრულოს). თავი 4 მხ. 1-4. ‘ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა. ილოცა უფლის მიმართ და უთხრა: ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი თარშიშში, რომ ვიცოდი, მონანიე და ლმობიერი ღმერთი ხარ, რისხვაგვიანი და მრავალმოწყალე; ნანობ ხოლმე ბოროტისყოფას. ახლა ბარემ ამომხადე სული, რადგან ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია. უთხრა უფალმა: მაგრად გამწარდი?" ორმოცი დღის გასვლის შემდეგ ქალაქი ნინევი დაუსჯელი რჩება, რამაც იონა ძლიერ გაანაწყენა. წინასწარმეტყველი ისე შეწუხდა, რომ უფალს სულის ამოხდა სთხოვა. საინტერესოა, რატომ არ სურს ძველი აღთქმის მართალს სხვათა გადარჩენა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იონამ ვერ ირწმუნა ნინეველთა სინანულის გულწრფელობა, მან ქალაქის მკვიდრთა ზემოხსენებული ქმედებანი მხოლოდ გარეგნულ გამოვლინებად მიიჩნია და სწორედ ამან შეაწუხა. იონა ერთგვარად ელიას ემსგავსება, ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ ისრაელის მთელი მოსახლეობა ბაალს ეთაყვანებოდა. თუმცა უფალი მას სხვაგვარ ჭეშმარიტებას უცხადებს: ისრაელში 7000 ადამიანია, რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს სასოებენ და არა კერპებს. წმ. კირილე ალექსანდრიელი: მას შემდეგ, რაც განვლო იონას მიერ ნახსენებმა დრომ, მაგრამ ქალაქს არაფერი შეემთხვა, წინასწარმეტყველი გამწარდა, თუმცა გულისტკივილი მოსახლეობისა და ქალაქის გადარჩენით როდი იყო განპირობებული, რადგან ასეთი რამ მხოლოდ გულარძნილ და უკეთურ ადამიანს ახასიათებს, იონა იმან დაამწუხრა, რომ ის მატყუარად და ამაომეტყველად წარმოჩნდებოდა ხალხის წინაშე, რადგან ფუჭად შეაშფოთა ქალაქის მკვიდრნი და არათუ საღვთო ნებას განაცხადებდა, არამედ საკუთარი ზმანებებით ხელმძღვანელობდა. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ იონა სრულიად სხვა რამემ, ბიბლიაში მიუთითებელმა ცნობებმა ააფორიაქა. კერძოდ, მან შეიტყო ისრაელის სამეფოში დიდი რაოდენობით კერპმსახურთა ჩასვლის შესახებ. წინასწარმეტყველმა საბოლოოდ დაკარგა იმედი იმისა, რომ მისი თანატომელები ჭეშმარიტ ღმერთს შეიმეცნებდნენ და ვითარცა მიცვალებულნი დაიტირა ისინი). ნეტარი იერონიმე: იონა უზომოდ შეწუხდა, მაგრამ ეს მწუხარება, როგორც მრავალს ჰგონია, არა წარმართების მოქცევამ განაპირობა, არამედ იმან, რომ წინასწარმეტყველი საკუთარი ხალხის დაღუპვას გლოვობდა. სწორედ ამ მიზეზით დასტიროდა მაცხოვარი იერუსალიმს; არ სურდა პურის მიღება შვილთაგან და დაგება ძაღლთათვის; მოციქულებიც პირველად ისრაელის წარწყმედილ ცხვრებთან საქადაგებლად იგზავნებოდნენ…). ეპისკოპოსი პალადი: ნინევის გადარჩენის მხილველი იონა დამწუხრდა, მაგრამ სხვისი შეწყალების მიზეზით მხოლოდ უკეთური ადამიანი თუ დანაღვლიანდება. სინამდვილეში წინასწარმეტყველის გულისტკივილი ერთი რამით იყო განპირობებული: ნინეველნი მას ცრუ მოძღვრად მიიჩნევდნენ, ხოლო ღმერთი, ვისი სახელითაც იონამ იქადაგა, შესაძლოა, ასევე უძლურ არსებად ჩაეთვალათ. დიდმა წუხილმა მას დროებით გონება დაუბინდა და სწორედ ამ მდგომარეობაში წარმოთქვა ლოცვა: ‘ჰე, უფალო, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი…". იონა ფიქრობს, რადგან მის მიერ ნაქადაგები სიტყვა არ აღსრულდა, გარკვეული დროის შემდეგ ნინევის მკვიდრნი და ქალაქის გარეთ მცხოვრებნი წინასწარმეტყველის მომავლინებელ ღმერთს არაფრად ჩათვლიან და, შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა წარმართების უზენაესთან მიახლებას მეტად დააბრკოლებს). მხ. 5. ‘გავიდა ქალაქიდან იონა და ქალაქის აღმოსავლეთით გაჩერდა; იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ, ჩრდილში, და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს" . წმ. კირილე ალექსანდრიელი: იონა ამგვარად ზრახავდა: მართალია, ღვთის რისხვა მოწყალებით შეიცვალა, მაგრამ ეს მოწყალება მხოლოდ იმ ნინევილებს განეკუთვნებათ, რომელთაც მთელი გულით შეინანეს. მართალია, დათქმული ვადა გავიდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ საღვთო უწყება მაინც აღესრულება. სწორედ ამიტომ გადის იგი ქალაქიდან და ბანაკდება უდაბნოში, რომ იქიდან ადევნოს თვალყური ნინევს. იონა ელოდა, რომ ქალაქი ან მიწისძვრით განადგურდებოდა, ან, მსგავსად სოდომისა, ცეცხლით დაიწვებოდა). არქიეპისკ. იოანე სმირნოვი: მას შემდეგ, რაც ორმოცი დღე გავიდა და ნინევი გადარჩა, წინასწარმეტყველმა მოიწყინა. უფლისგან მოსმენილმა სიტყვებმა - ‘მაგრად გამწარდი?" იონაში ასურელთა დედაქალაქის მახლობლად დარჩენის სურვილი აღძრა, რადგან ზეგარდამო გაჟღერებული კითხვა კვლავაც ტოვებდა საღვთო მსჯავრის აღსრულების შესაძლებლობას. ამიტომაც, იგი ნინევის აღმოსავლეთით, მთიან მიდამოში გავიდა და კარვის ქვეშ დაბანაკდა). თეოდორიტე კვირელი: იონას ქალაქიდან გასვლა და კარვის შექმნა უფრო ადრე ხდება, მაგრამ წიგნში ასეთი ქრონოლოგიით განთავსდა). მხ. 6. 'მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო და იგი იონას თავსზემოთ აიზარდა, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაექარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა " . წიგნის ბოლო ნაწილში გადმოცემულია უწყება, თუ როგორ განსწავლის უფალი იონას, რათა ეს უკანასკნელი საკუთარი შეხედულებების სიმცდარეში დარწმუნდეს. სწორედ ამ მიზნით ქალაქგარეთ, უდაბურ ადგილას გასულ წინასწარმეტყველთან ახლოს, აღმოცენდება მცენარე აყირო , რომელიც მალევე გახმება. ტექსტის თანახმად, აღმოცენებაც და გახმობაც თითო ღამეში ხდება, თუმცა, შესაძლოა, მითითებული დროის ხანგრძლივობა ბუკვალურად არ გვესმოდეს და ერთ ღამეში გაცილებით მეტი რაოდენობა იგულისხმებოდეს, რადგან წიგნში წარმოდგენილი ცნობებით არ ირკვევა, თუ რა ჟამის მანძილზე იმყოფებოდა წინასწარმეტყველი ქალაქგარეთ. აყირო აღწერილი აქვთ ჰეროდოტეს, პლინიუსს, ნეტარ იერონიმეს. მათი ცნობებით, აღნიშნული მცენარე სამ მეტრამდე აღწევს, საკმაოდ სწრაფად იზრდება და მალევე ხმება, გააჩნია დიდი, მაჩრდილებელი ფოთლები. ბოტანიკოსები მას Pალმა კრისტი-ს უწოდებენ. ნეტარი იერონიმე: ამ ადგილის გამო ვინმე კანტერიოსი უძველესი საგვარეულოს კორნელიელთა მოდგმიდან ბრალს მდებდა სიწმინდეთმკრეხელობაში, რადგან მე გოგრის წილ სუროდ ვთარგმნე მითითებული მცენარე. ნაცვლად გოგრისა თუ სუროსი ებრაულ ტექსტში გვხვდება ტერმინი ციცეიონ. იგი მცირე ზომის ხეა, ვაზის მსგავსი განიერი ფოთლებით. მცენარის ეს სახეობა მრავლად იზრდებოდა პალესტინაში, ძირითადად უდაბნოში. თუკი მის თესლს მიწაში ჩავაგდებთ, სითბოს ზემოქმედების შედეგად საოცარი სისწრაფით აღმოცენდება. რამდენიმე დღეში, ბალახის სახით ნანახი მცენარე, მცირე ზომის ხეს ემსგავსება. წინასწარმეტყველთა წიგნების თარგმნისას განვიზრახე, მითითებული მცენარის ებრაული სახელი დამეტოვებინა, რადგან ლათინურში მისი შესატყვისი არ გაგვაჩნია, მაგრამ შემეშინდა, რომ გრამატიკოსები, თუკი განმარტების სრული თავისუფლება მიენიჭებოდათ, აღნიშულ ებრაულ ტერმინს ან ინდოეთში მობინადრე ცხოველებად, ან ბიოტიის მთებად, ანთუ განსხვავებული რამ სახით აღიქვამდნენ და ტექსტის შინაარსს სრულად დასცილდებოდნენ. სწორედ ამ მიზეზით ძველ მთარგმნელებს მივბაძე, რომელთაც ასევე სუროდ ეთარგმნათ ხსენებული ებრაული ტერმინი, რაც ბერძნულად გადმოიცემა სიტყვით კისსო`ჯ). ფრიდრიხ რუჟემონტი: ხსენებულ მცენარეს საკმაოდ მსხვილი ტანი და მრავალი ტოტი გააჩნია, საიდანაც განიერი ფოთლები იზრდება და სასიამოვნოდ აჩრდილებს. ტოტებსა და ფოთლებს შორის ყვითელი ყვავილები აღმოცენდება, რომლის თესლიც სისიხლის გამწმენდ ზეთს შეიცავს. საკმარისია ტოტებს მოწყდეს ყვავილი და ფოთოლი, რომ რამდენიმე წუთში ჭკნებიან ისინი, როგორც ყველა სწრაფად მზარდ მცენარეს ემართება). მხ. 7. ‘მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს, განთიადისას, მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი" . ნეტარი იერონიმე: მცირე ზომის ხე ციცეიონ, რომელიც მალე იზრდება და მალევე ხმება, შეგვიძლია ისრაელს შევადაროთ, რომელმაც უმნიშვნელო ფესვი გაიდგა სულიერ ნიადაგში და მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლეზე ასვლა იზრახა, ვერ მიემსგავსა საღვთო კედარსა და ნაძვს. სანამ მზე ამობრწყინდებოდა, ის, რაც იონას აჩრდილებდა, სიმწვანით იყო აღსავსე, და აყირო, სიმბოლო იუდეველი ერისა, არ გამხმარა, მაგრამ რაჟამს სიმართლის მზე აღმოცისკრდა, ანუ ქრისტე ღმერთი წუთისოფელს მოევლინა, მისი ბრწყინვალებისა და სხივების ქვეშ ნინევიური სიბნელე, ძველი აღთქმის სულიერი წყვდიადი, განქარდა, ხოლო იონას მაჩრდილებელი მცენარე, იუდეველი ერი, გახმა. მატლსა და ხორშაკ ქარში რომაელ მხედართმთავრებსა და ჯარს მოიზრებენ, რომელთაც ქრისტეს აღდგომის შემდეგ პირწმინდად გაანადგურეს ისრაელი). მხ. 8-11. ‘მზე რომ ამოვიდა, მოავლინა ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი; მზემ ისე დააცხუნა თავზე იონას, რომ მან, ღონემიხდილმა, სიკვდილი ინატრა, თქვა: ამ სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია^. უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი ამ აყიროს გამო?^ მიუგო: @მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე. უთრა უფალმა: შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. ერთი ღამის შვილი იყო და ერთ ღამეში გახმა. აბა, მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევი, სადაც ასოცი ათასზე მეტი კაცია, ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა, და სადაც უთვალავი პირუტყვია?^" . ეპისკოპოსი პალადი: აყიროს გახმობის შემდეგ ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი მოავლინა. ანატოლიის ქვეყნებში ქარის აღნიშნული სახეობა უმძიმეს შედეგებს იწვევს, მას თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანის მოკვდინება ხელეწიფება). ტექსტში მითითებული 120 000-ის შესახებ განსხვავებული მოსაზრება გამოითქვა. ზოგიერთი თვლიდა, რომ ამ ადამიანებში ყრმა ასაკის ბავშვები მოიაზრებიან. შესაბამისად, საშუალო გათვლებით ნინევისა და მისი შემოგარენის მოსახლეობა 600 000-ს აღწევდა. სხვათა ვარაუდით, აღნიშნულ რიცხვში ზრდასრული ადამიანები იგულისხმებიან, რომლებსაც არ გააჩნიათ ცოდნა ცოდვა-მადლის შესახებ. ამ შემთხვევაში ადამიანების რაოდენობა, დაახლოებით, 300 000-მდე უნდა ყოფილიყო. ნეტარი იერონიმე: ნინევი, უმშვენიერესი და ულამაზესი ქალაქი, ქრისტეს ეკლესიის წინასახეა, სადაც ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობა ეძლევათ. რაც შეეხება 120 000 ადამიანს, ვისაც მარჯვენა მარცხენისგან ვერ გაურჩევია, მათში მცირეწლოვანი ბავშვები უნდა მოვიაზროთ, თუმცა შესაძლოა, ესაა ხალხი, რომლებსაც იონას ქადაგებამდე ბოროტებასა და სიკეთეს, კარგსა თუ ცუდს შორის სხვაობა ვერ შეემეცნებინათ). საკუთრივ ნინევის შესახებ მხოლოდ ორი წინასწარმეტყველი, იონა და ნაუმი, საუბრობს, და ორივე მათგანი თხრობას დასმული კითხვით ასრულებს . იონას წიგნის ბოლო ნაწილი მკითხველში თითქოს ერთგვარ გაურკვევლობას ბადებს, რადგან ვერ გებულობს, უპასუხა თუ არა წინასწარმეტყველმა კითხვას და თუნდაც ეპასუხა, წიგნში ეს არ ასახულა. როგორ უნდა გვესმოდეს იონას დუმილი? აქ შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ წინასწარმეტყველმა მთელი არსებით აღიქვა ის, რისი გაცხადებაც სურდა მისთვის შემოქმედს, წინააღმდეგ შემთხვევაში არც ეს წიგნი დაიწერებოდა, და გააცნობიერა რა საკუთარი დანაშაული უზენაესის წინაშე, იონამ ისტორიულ-ბიოგრაფიულ-წინასწარმეტყველებითი უწყება დასამოძღვრად შემდგომ თაობებს შემოუნახა. წმ. ეფრემ ასური: იონა ქალაქგარეთ იმყოფებოდა. მთელი ნინევის მოსახლეობა გავიდა მასთან და ყველას ესმოდა, რომ წინასარმეტყველი ვიღაცას რაღაცას ეკითხებოდა და, ამასთანავე, თავადაც პასუხობდა შემკითხველს… ხალხმა სიყვარულით ხელში აიტაცა იგი ვითარცა მეფე და ქალაქში შეიყვანა. დიდი თუ პატარა ცდილობდა პატივი მიეგო მისთვის. როდესაც იონამ სამშობლოში წასვლა გადაწყვიტა, ნინევილებმა მისი გაცილება განიზრახეს. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარმეტყველს არ სურდა მათი თანხლება, ასურელები მაინც გაჰყვნენ. რაჟამს აღთქმულ მიწას მიაღწიეს, იონამ თანამგზავრთა განტევება განიზრახა და მშვიდობიანი მგზავრობა უსურვა, რადგან ეშინოდა, ისრაელში არსებული კერპმსახურების ენითგამოუთქმელი სიმრავლე არ ენახათ და სინანულის გზით განწმენდილი ადამიანები კვლავ უკეთურებას არ ზიარებოდნენ. შიშობდა წინასწარმეტყველი, რომ ნინევილთა ახლადშეხორცებული სულიერი წყლული კვლავაც არ გახსნილიყო. საზიანოა უკეთური მაგალითი მდაბალი ადამიანისა, მაგრამ რაოდენ დამღუპველია მაგალითი იმისა, ვისაც განვითარების მაღალი საფეხურისთვის მიუღწევია და მერე დაცემულა. უსურცხვილო ცოდვილი თითქოსდა შეგნებულად საკუთარ საფუარს სხვის ცომს თანაშეურთავს და თავისი სიახლოვითა თუ თანაზიარებით სხვებსაც თავხედობამდე მიიყვანს…  როგორ უნდა დაემალა იონას თანატომელთა უკეთურება? იგივე ხერხი, რაც ზღვაზე გამოეყენებინა, ამჯერად ხმელეთზეც აამოქმედა. როდესაც გარბოდა, მეზღვაურები დაარწმუნა, ხომალდზე გამგზავრების უფლება მიეცათ მისთვის. ახლაც დააჯერა ნინეველნი, რომ განშორებოდნენ, რადგან ამგვარად მიმართა: ‘დიდი დღესასწაულია ჩვენს მიწაზე, სადაც შეუძლებელია წარმართების ყოფნა. ჩემი ერის ძეებს ზეიმი აქვთ, რომელშიც არც ერთი უცხოტომელი არ უნდა მონაწილეობდეს. დიდ ლხინს გადაიხდიან წინადაცვეთილები, ხოლო ეკრძალებათ მიახლება მათთან წინადაუცვეთელებს. თქვენ, მართალია, მონანულნი ხართ, მაგრამ არა წინადაცვეთილნი. ამიტომაც შეირყვნება წმინდა დღესასწაული წინადაუცეთელთა მონაწილეობით. წადით მშვიდობით, დაუბრუნდით თქვენს სამშობლოს და რაჟამს დღესასწაული დასრულდება, მაშინ მობრძანდით. მიიღეთ რჩევა და არ უარყოთ ჩემი ვედრება". ნინევილებმა ირწმუნეს იონას სიტყვა, თაყვანი სცეს მას, კურთხევაც გამოითხოვეს და განშორდნენ. მწუხარებდა მთელი საკრებულო, დამშვიდობებისას ყველა ტიროდა, რადგან დღესასწაული აღმოჩნდა ხელისშემშლელი აღთქმული მიწის მოსახილავად.  იონა ტყუილის თქმაზე მეტად იმას უფრთხოდა, რომ ასურელებს შესაძლოა მისი სიტყვა არ დაეჯერებინათ. შორს წასულიყო წინასწარმეტყველი, ისინი კი კვლავაც საზღვართან რჩებოდნენ. უეცრად მოპირდაპირე მხარეს დიდი მთა შენიშნეს და გადაწყვიტეს, უმალ ასულიყვნენ მასზე, რომ თუნდაც მცირედი ნაწილი ენახათ იმ მიწისა, სადაც დიდი გულმოდგინებით მიემართებოდნენ. და მთაზე ზეაღსვლა დაიწყეს. აი, მწვერვალსაც მიაღწიეს. მართალია, ეკრძალებათ ნინევილებს შესვლა აღთქმულ მიწაზე, მაგრამ თვალით მაინც მოიხილავენ მცირედს. მაღლიდან მზერა მთელს პალესტინას მოატარეს. უეცრად შეძრწუნდა ხალხი და ძლიერ შეშინდა, საშინელმა სულიერმა ტკივილებმა განმსჭვალა ისინი, რადგან აი, მთებზე საკურთხევლებია აღმართული, სიმაღლეებზე – წარმართული კერპები, ჭალებში გაუკუღმართებული მსახურებები აღესრულება, ტყეებში მრუშობას მისცემია საზოგადოება. ურიცხვია შეცოდებანი, დაუთვლელია უკეთურებანი. თვალწინ გადაშლილმა სანახაობამ ძრწოლა მოჰგვარა ნინევილბს და ასე მიმართავენ ერთმანეთს: ‘ნუთუ სიზმარია? აღთქმული მიწაა თუ სოდომია? ჩვენ წინაშე აბრაამის ძენი არიან თუ დემონები? მართლა ადამაინებს ვხედავთ? იქნებ სულები არიან, კაცთა გამოსახულებით? ნუთუ აქ გადმოინაცვლა ჩვენ მიერ ჩვენივე ქვეყნიდან განდევნილმა უკეთურებამ? ისეთ ურჯულოებას ვხედავთ, როგორიც ჩვენს სამშობლობშიც არ გვენახა! ისეთი ცოდვები აღესრულება, რასაც ჩვენში ვერასოდეს გაიგებ! არასოდეს შეგვიწირავს ბავშვები დემონებისთვის, აქ კი ვხედავთ, რომ ჩვილები დაიკვლიან! ჩვენში მსხვერპლად პირუტყი იწირება, ამათთან საკუთარ ასულებს აღავლენს ხალხი!" ურთიერთში ამგვარად ბჭობდნენ მონანული ნინევილენი და როგორი მძაფრი გულისთქმითაც სურდათ აქამდე აღთქმული ქვეყნის მოხილვა, ნანახით შეძრწუნებულებმა ზუსტად ისეთივე გულმოდგინებით მოიძულეს იგი, სირბილით უკუიქცნენ და ამბობდნენ: ‘მარადის იყოს ჩვენს ქვეყანაში ნეტარი წინასწარმეტყველის ხსოვნა, რადგან ისაა მიზეზი ჩვენი გადარჩენისა და სწორედ მისგან მივიღეთ ყოველივე სასარგებლო"). დეკან. იოანე სოლოვიოვი: ფსევდოეპიფანესა და ფსევდოდოროთეს ცნობებით, სამშობლოში დაბრუნებულ იონას თანატომელები ნინევიის დაქცევასთან დაკავშირებული უწყების შეუსრულებლობის მიზეზით ისე დასცინოდნენ, კიცხავდნენ და შეაჭირვებდნენ, რომ წინასწარმეტყველმა იუდეა დატოვა და საკუთარ დედასთან ერთად ფინიკიის ტვიროსში გაიხიზნა, სადაც გარდაიცვალა. ასევე გავრცელებულია სხვა ცნობებიც. ერთ-ერთი ასეთი გადმოცემის თანახმად, ღვთის ნების აღმსრულებელი იონა ნინევში დარჩა და იქვე აღესრულა. მეორე ცნობის მიხედვით, იგი გეთხოფერში დაბრუნდა და ვიდრე გარდაცვალებამდე მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ძნელია საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, თუ რომელი უწყებაა ჭეშმარიტი, რადგან 1842 წელს ქალაქ მოზულში აღმოჩენილ ნინევის ნანგრევებსა და სოფელ ელ-მეშახში (გადმოცემის თანახმად სწორედ აქ მდებარეობდა გეთხოფერი), ორივეგან იონას საფლავების არსებობაზე მიუთითებენ). …
დაამატა Kakha to წმინდა წერილი at 1:31pm on იანვარი 28, 2014
თემა: გუნება - განწყობის აშლილობები
ლასიფიკაცია დეპრესიის კლასიფიკაცია კლასიფიკაცია სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით კლასიფიკაცია კლინიკური სურათის მიხედვით კლასიფიკაცია მიმდინარეობის მიხედვით ICD10 და DSMIV კლასიფიკაციები ბიპოლარული აშლილობები კლასიფიკაცია და აღწერა ყოველდღიურ პრაქტიკაში დიფერენციალური დიაგნოზი დეპრესია მანია აფექტური აშლილობების ეპიდემიოლოგია ბიპოლარული აშლილობები დეპრესია დისთიმია და რეკურენტული ხანმოკლე დეპრესია მსუბუქი აფექტური აშლილობები აფექტური აშლილობების ეტიოლოგია გენეტიკური მიზეზები პიროვნული თვისებები გარემო ფაქტორები ადრეულ ასაკში პრეციპიტატული ფაქტორები ეტიოლოგიის ფსიქოლოგიური ახსნა ეტიოლოგიის ნეირობიოლოგიური ახსნა შესავალი სახელწოდება გუნებგანწყობის აშლილობები მომდინ არეობს იქიდან, რომ მათი ერთერთი ძირითადი მახასიათებელი გუნებგანწყობის პათოლოგიაა. დღესდღეობით ამ ტერმინის მნიშვნელობა ისეთი დარღვევებით შემოი ფარგლება, როგორებიცაა გუნებგანწყობის დაქვეითება ან აწეული გუნებგანწყობა, თუმცა წარსულში ზოგიერთი ავტორი ამ ჯგუფში შფოთვით აშლილობებსაც აერთიანებ და. შფოთვითი აშლილობები მოცემული წიგნის მე9 თავშია აღწერილი. გუნებგანწყობის აშლილობებს წარსულში ხშირად აფექტურ აშლილობებსაც უწოდებდნენ და ამ ტერმინს დღესაც ფართოდ გამოიყენებენ. დეპრესია უბედურების დროს დარდი ნორმალური ცხოვრებისეული ემოციაა. დეპრესიული განცდა ხშირად თან ახლავს რო გორც ფსიქიკურ აშლილობებს, ასევე ფიზიკურ დაავადე ბებსაც მაგ., ისეთ ინფექციებს, როგორებიცაა ჰეპატიტი ან ნევროლოგიური დაავადებები. ამ თავში განვიხილავთ არა ჩვეულებრივ დარდს ან სხვა დაავადების თანმხლებ დეპრესიულ განწყობას, არამედ სინდრომს, რომელიც დეპრესი ულ აშლილობადაა ცნობილი. ამსინდრომის ძირითადი მახასიათებლებია: გუნებგანწყობის დაქვეითება ნეგატიური აზრები ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა ენერგიის დაქვეითება შენელება. ჩამოთვლილი ნიშნებიდან, გუნებგანწყობის დაქვეითება ყველაზე ხშირი სიმტომია. მანია ანალოგიური მდგომარეობაა აწეული გუნებგანწყობის შემ თხვევაშიც. გარკვეული ხარისხით აწეული გუნებგანწყობა ჩვეულებრივი მოვლენაა ბედნიერების ჟამს, მაგრამ იგი, როგორც სიმპტომი, შესაძლოა გამოვლინდეს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების დროსაც, თუმცა, ჩვეულებრივ, უფრო იშვიათია, ვიდრე დეპრესია. ამ თავში შევეხებით სინდრომს, რომლის ძირითადი მახასიათებლებიც არის: მომატებული აქტივობა აწეული ან გაღიზიანებული გუნებგანწყობა საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება ამ სინდრომს მანია ეწოდება. ზოგიერთი დიაგნოსტიკური კლასიფიკაციის მიხედვით გამოყოფილია მანიის მსუბუქი ფორმა ჰიპომანია. კლინიკური ნიშნები დეპრესიული სინდრომი დეპრესიული ეპიზოდის კლინიკური მახასიათებლები გან სხვებულია და მათი დაყოფა სხვადასხვაგვარადაა შესაძ ლებელი. ამ თავში აშლილობები დაჯგუფებულია მათი სიმწვავის მიხედვით. თავდაპირველად განვიხილავთ ზო მიერად გამოხატულ დეპრესიას, შემდეგ უფრო მძიმე აშლილობებს, რომლებიც გარკვეული კლინიკური ნიშნების მიხედვითაა დაჯგუფებული. ხოლო, სულ ბოლოს, განხილულია მსუბუქი დეპრესიული აშლილობის დამახა სიათებელი ნიშანთვისებები. ის, თუ რა წარმოადგენს კლინიკური დეპრესიის ეპიზოდს, გარკვეულწილად, საკამათო საკითხია. დეპრესიული ეპიზოდის ICD 10 კლასიფიკაციის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და სიმწვავის სხვადასხვა დონეები მოცემულია გვიჩვენებს დეპრესიული ეპიზოდის DSM IVკლასიფიკაციის კრიტერიუმებს. ზომიერად გამოხატული დეპრესიული ეპიზოდი ზომიერი დეპრესიის ძირითადი მახასიათებლებია გუნებ განწყობის დაქვეითება, ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, პესიმისტური ფიქრები და ფიზიკური სისუსტე. ყოველივე ეს იწვევს სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების გაუარესებას. გარეგნობა ავადმყოფს დამახასიათებელი გარეგნობა აქვს. ჩაცმულობა და ვარცხნილობა შესაძლოა უგულებელყოფილ იქნეს. რაც შეეხება სახის ნაკვთებს, დამახასიათებელია ჩამოწეული ტუჩის კუთხეები და ვერტიკალური ნაოჭი წარბებს შორის (შუბლი შეჭმუხნულია). თვალების ხამხამი შესაძლოა შემცირებული იყოს. მხრები ჩამოვარდნილია და თავი ისეა დახრილი, რომ მზერა ქვემოთ არის მიმართული (თავჩაქინდრული და თვალებდახრილია). ჟესტიკულაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ, მიუხედავად ღრმა დეპრესიისა, ზოგიერთი პაციენტი სახეზე ღიმილს მაინც ინარჩუნებს. გუნებგანწყობა ავადმყოფი საკმაოდ სევდიან გუნებგანწყობაზეა. განწყობა მნიშვნელოვნად არ უმჯობესდება არც ისეთ გარემოებაში, როდესაც წუხილი შეიძლება შემსუბუქდეს, მაგ., სასიამოვნო საზოგადოებაში ყოფნა ან კარგი ამბის გაგება. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში გუნებგანწყობა ჩვეულებრივი მოწყენილობისაგან განსხვავებულად განიცდება. ზოგჯერ ავადმყოფები საუბრობენ შავ ღრუბელზე, რომელიც თან ახლავს ყველა გონებრივ აქტივობას. ზოგიერთ ავადმყოფს აქვს უნარი, დროის გარკვეულ მონაკვეთში მაინც შენიღბოს განწყობის ცვლილება გარშემომყოფთათვის. ზოგიერთი უხასიათობას ექიმთან გასაუბრების დროსაც ოსტატურად მალავს, რაც დიაგნოზის დასმას კიდევ უფრო ართულებს. გუნებგანწყობა დილას უფრო დაქვეითებულია, როდესაც ავადმყოფი იღვიძებს, ხოლო შემდეგ, დღის განმავლობაში, ის გარკვეულწილად, უმჯობესდება. აღნიშნულ მოვლენას გუნებგანწყობის დღეღამური მერყეობა ეწოდება. დეპრესიული შემეცნება ნეგატიური ფიქრები (დეპრესიული შემეცნება) მნიშვნე ლოვანი სიმპტომებია, რომელთა დაყოფა შესაძლებელია სამ ჯგუფად: 1. უღირსობის განცდა, 2. პესიმიზმი, 3. თვითბრალდება და თვითდადანაშაულება. უღირსობის განცდის დროს პაციენტს მიაჩნია, რომ, რასაც აკეთებს, არაფერი გამოსდის და რომ სხვებიც უვარგისად მიიჩნევენ მას. მას აკლია თავდაჯერებულობა და უგულებელყოფს ნებისმიერ წარმატებას, რადგან მის მიღწევაში საკუთარ დამსახურებას ვერ ხედავს. პესიმისტური ფიქრები ეხება სამომავლო გეგმებს. პაციენტი ყველაზე უარესს მოელის. იგი მომავალში ხედავს მხოლოდ წარუმატებლობას სამსახურში, ფინანსურ კრიზისს, უბედურებას ოჯახში და საკუთარი ჯანმრთელობის გარ დაუვალ გაუარესებას. ამ ტიპის უიმედობის განცდას თან ახლავს ფიქრი, რომ სიცოცხლე არაფრად არ ღირს და სიკვდილი მხოლოდ შვების მომგვრელი იქნება. ამან პიროვნება შეიძლება სუიციდურ აზრებამდე ან გეგმებამდეც კი მიიყვანოს. ამიტომ ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია პაციენტი გამოვკითხოთ, რათა დავადგინოთ ამ აზრების არსებობა (სუიციდის რისკის შეფასება დეტალურად განხილულია მე17 თავში). თვითბრალდება ხშირად გაზვიადებული, მიზეზთან შეუსაბამო დანაშაულის განცდაა მაგ,. პაციენტს შესაძლოა დანაშაულის გრძნობა გაუჩნდეს მის მიერ წარსულში ვინმეს მოტყუების ან განაწყენების გამო. ჩვეულებრივ, პაციენტებს მსგავსი ამბები არ ახსოვთ წლების მანძილზე და ახსენდებათ მხოლოდ დეპრესიის დროს, რასაც თან ახლავს ინტენსიური ემოცია. ასეთი ვითარება პირდაპირ მიგვითითებს დეპრესიულ მდგომარეობაზე. ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ბრალეულობის განცდა წარსულში მომხდარი კონკრეტული მოვლენის არსებობის გარეშე. სხვა ტიპის მოგონებები უკავშირდება უიღბლო/ უბედურ ფაქტებს; პაციენტი იხსენებს სევდიანი შემ თხვევებს, როდესაც არ გაამართლა სხვისი მოლოდინი ან, როცა იღბალმა უმტყუნა. დეპრესიის გაღრმავების პარალელურად სევდიანი მოგონებები სულ უფრო ხშირი ხდება. პაციენტი თავს იდანაშაულებს დათრგუნულობისა და უუნარობის გამო და ამას პიროვნულ ნაკლოვანებებსა და მორალურ სისუსტეს მიაწერს (ხშირ შემთხვევაში ამ აზრს სხვები არ იზიარებენ). მიზანმიმართული საქციელი ინტერესთა სფეროს შეზღუდვა და სიამოვნების გან ცდის უნარის დაქვეითება (ცნობილია, როგორც ანჰე დონია) დამახასიათებელია დეპრესიისთვის, თუმცა პა ციენტი ყოველთვის არ ამჟღავნებს ამ ჩივილებს. მას არ აქვს ენთუზიაზმი გააკეთოს ის, რაც ჩვეულებრივ მოსწონდა. იგი კარგავს ცხოვრებისა და ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესსა და ხალისს. ხშირ შემთხვევაში ცდილობს, განერიდოს საზოგადოებას. ენერგიის შემ ცირებაც, ჩვეულებრივ, დამახასიათებელი ნიშანია (თუმცა ხანდახან გამოიხატება ფიზიკური მოუსვენრობით და შეცდომაში შეჰყავს დამკვირვებელი). პაციენტი ხდება ლეთარგიული, დიდი ძალისხმევა სჭირდება ნებისმიერი საქმის გასაკეთებლად და უჭირს დაწყებული სამუშაოს დასრულება. მაგალითად, ჩვეულებრივ, სისუფთავის მოყვარული პიროვნება ამ დროს არ ალაგებს საწოლს ან ჭუჭყიან თეფშებს ტოვებს მაგიდაზე. სახლის გარეთ მუშაობა სულ უფრო და უფრო შეუძლებელი ხდება. გასაგებია, რომ ბევრი პაციენტი ასეთ მდგომარეობას ფიზიკურ ავადმყოფობას უკავშირებს. ფსიქომოტორული დარღვევები ფსიქომოტორული შენელება, ასევე, ჩვეულებრივი მოვ ლენაა (თუმცა, როგორც შემდგომ იქნება აღწერილი, ზოგიერთი პაციენტი თავს უფრო აჟიტირებულად გრძნობს, ვიდრე შენელებულად). შენელებული პაციენტი მოძრაობს და მოქმედებს ნელა. პაციენტთან საუბრისას აშკარად ჩანს აზროვნების შენელება; კითხვაზე პასუხის გაცემის დრო გახანგრძლივებულია, საუბრისას აკეთებს არაბუნებრივად გაწელილ პაუზებს. აჟიტაცია არის პაციენტის მოუსვენარი მდგომარეობა, რასაც იწვევს მოდუნების უუნარობა და გარშემომყოფთა მიერ აღიქმება, როგორც მოუსვენრობა. მსუბუქი ფორმა ვლინდება იმით, რომ პაციენტი მოუსვენრად ათამაშებს თითებს ან ვერ აჩერებს ფეხებს. მწვავე შემთხვევებში პაციენტს არ შეუძლია ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა და დადის წინ და უკან. საშუალო სიმძიმის დეპრესიის დროს შფოთვა ხშირია, მაგრამ არა მუდმივი (როგორც შემდგომ იქნება აღწერილი, ის უფრო მსუბუქი დეპრესიული აშლილობებისათვისაა დამახასიათებელი). მომდევნო, ასევე ხშირი სიმპტომი, არის გაღიზიანებადობა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერ უმნიშვნელო თხოვნას პაციენტი ზომაგადასული გაბრაზებით და გაღიზიანებით პასუხობს. ბიოლოგიური სიმპტომები ძალიან მნიშვნელოვანია სიმპტომთა ჯგუფი, რომლებსაც ხშირად ბიოლოგიურს (ასევე მელანქოლიურ, სო მატურს და ვეგეტატურს) უწოდებენ. ეს სიმპტომები მოიცავს: ძილის დარღვევებს, გუნებგანწყობის დღე ღამურ მერყეობას, მადის დაკარგვას, წონაში კლებას, ყაბზობას, ლიბიდოს დაქვეითებას და ქალებში ამენორეას (სქესობრივად მომწიფებულ ქალებში ციკლის არქონას). ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ხშირია, ოღონდ, გარ დამავალი ხასიათის საშუალო სიმძიმის დეპრესიული აშლილობის დროს. ძილის დარღვევა დეპრესიის დროს შესაძლოა რამდენიმე ტიპის იყოს. ყველაზე სახასიათო დილით ადრე გაღვიძებაა, მაგრამ შეიძლება აღინიშნებოდეს ჩაძინების გაძნელება და ღამის განმავლობაში ხშირად გაღვიძებაც. დილით ადრე გაღვიძება გულისხმობს, რომ პაციენტი ხშირად იღვიძებს გამთენიისას, ჩვეულებრივზე 23 საათით ადრე. ამის შემდეგ უკვე აღარ ეძინება, წევს ფხიზლად, აქვს შფოთვის, მოუსვენრობისა და გამოუძინებლობის განცდა. იგი გათენებული დღის მიმართ პესიმისტურადაა განწყობილი, დანაღვლიანებულია წარსულში განცდილი წარუმატებლობების გამო და მომავალს დამწუხრებული ელის. დიაგნოზის დასმისას სწორედ ეს კომბინაცია არის მნიშვნელოვანი ადრე გაღვიძება დეპრესიულ ფიქრებთან ერთობლიობაში. აღსანიშნია ისიც, რომ ზოგი დეპრესიაში მყოფი პაციენტი ზედმეტი ძილის შემთხვევაშიც თავს გამოუძინებლად გრძობს. წონაში კლება უფრო მეტია, ვიდრე დეპრესიული მდგომარეობით განპირობებულმა მადის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს. ზოგ შემთხვევაში ვითარება საპირისპიროა პაციენტებს უძლიერდებათ მადა და წონაშიც საგრძნობლად იმატებენ. ხშირად საკვების მიღება დროებით აყუჩებს დარდს. დეპრესიული აშლილობის დროს ხშირია სომატური ჩი ვილებიც. ფიზიკური სიმპტომები მრავალგვარია, თუმ ცა განსაკუთრებით დამახასიათებელია: ყაბზობა, ადვი ლად დაღლა და ტკივილის შეგრძნება სხეულის სხვა დასხვა ნაწილში. მატულობს უკვე არსებულ ფიზიკურ დაავადებასთან დაკავშირებული ჩივილები და თავს იჩენს ჰიპოქონდრიული ფიქრები. სხვა ნიშნები დეპრესიული აშლილობის დროს შესაძლოა, რამდენიმე სხვა სიმპტომმაც იჩინოს თავი და ძირითად კლინიკურ სურათში ერთერთი მათგანი დომინირებდეს. ესენია: დეპერსონალიზაცია, აკვიატებული აზრები, პანიკური შეტევა და დისოციაციური აშლილობების სიმპტომები, როგორიცაა: ფუგა ან პარეზი და კიდურებში მგრძნობელობის დაკარგვა. ხშირია ჩივილები მეხსიერების დაქვეითებაზეც; დეპრესიული პაციენტები, როგორც წესი, ნეიროფსიქოლოგიურ ტესტებს ცუდად ასრულებენ, მაგრამ განსაკუთრებით თვალსაჩინოა ის, რომ ახლო წარსულში დასწავლილი მასალის აღდგენა და გახსენება უჭირთ. ზოგჯერ დეპრესიული პაციენტის მეხსიერება იმდენადაა დაქვეითებული, რომ კლინიკური სურათი დემენციას ემსგავსება. ასეთ მდგომარეობას, რომელიც უფრო ხანდაზმულ პაციენტებში გვხვდება, დეპრესიულ ფსევდოდემენციასაც უწოდებენ. მძიმე დეპრესიული ეპიზოდი და ფსიქოზური დეპრესია როდესაც დეპრესიული აშლილობა მწვავდება, ყველა და მახასიათებელი სიმპტომი უფრო ინტენსიურად ვლინდება. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაციენტი შეძლებს სოციალური ან სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. ჰიგიენის ელემენტარული წესებისა და კვების უგულებელყოფა ეჭვქვეშ აყენებს პაციენტის კეთილდღეობას. ფსიქომო ტორულმა შენელებამ შესაძლებელია პაციენტთან ინტერვიუ გაართულოს ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს. ზოგჯერ ვითარდება ბოდვითი აზრებიც და ჰალუცინაციებიც. ასეთი მდგომარეობა ფსიქოზური დეპრესიის სახელითაა ცნობილი. მწვავე დეპრესიული ეპიზოდის დროს განვითარებული ბოდვითი იდეები იმავე ხასიათისაა, რაც საშუალო სიმძიმის დეპრესიული აზრები. ამიტომ მათ გუნებგანწყობის კონგრუენტული ბოდვითი აზრები ეწოდება. ესენია: თვითდამცირება, თვითბრალდება, აზრები ავადმყოფობისა და, უფრო იშვიათად, ქონების დაკარგვის შესახებ. ეს ბოდვები ძირითადად პირველ თავშია აღწერილი, ხოლო აქ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ: თვითბრალდების ბოდვის დროს პაციენტს შესაძლოა სჯეროდეს, რომ უმნიშვნელო თაღლითობის გამო, მაგალითად, პირა დი შემოსავლების დეკლარირებისას ინფორმაციის მცირე უზუსტობისთვის, მას სასტიკად დასჯიან და დაამცირებენ. მიაჩნია, რომ მსგავსი სასჯელი ნამდვილად დაიმსახურა. ჰიპოქონდრიული ბოდვების მქონე პაციენტი დარწმუნებულია, რომ სიმსივნე ან ვენერიული დაავადება აქვს. გაღატაკების ბოდვისას პაციენტს მიაჩნია, რომ მთელი ფული დაკარგა რაიმე ბიზნესწამოწყებაში (რაც არ არის ადეკვატური). შესაძლოა, თავი იჩინოს დევნის ბოდვამაც. პაციენტს მიაჩნია, რომ გარშემომყოფები მასზე დამამცირებლად საუბრობენ ან მასზე შურისძიება სურთ. როდესაც დევნის ბოდვა დეპრესიული სინდრომის ფარგლებშია, პაციენტი ძირითადად საკუთარ თავს მი იჩნევს დამნაშავედ და მიიჩნევს, რომ ის იმსახურებს ასეთ დამოკიდებულებას. ზოგიერთი პაციენტის ბოდ ვა და ჰალუცინაციები აშკარა კავშირში არ არის დეპ რესიულ გუნებგანწყობასთან, ანუ გუნებგანწყობის არა კონგრუენტული ფსიქოზური სიმპტომებია, რაც მეტად ართულებს დაავადების პროგნოზირებას. განსაკუთრებით მძიმე დეპრესიული ბოდვები დამახა სიათებელია კოტარის სინდრომისათვის რომელიც ფრანგმა ფსიქიატრმა კოტარმა აღწერა 1882 წელს. ამ სინდრომის დამახასიათებელი თვისებაა უკიდურესად ნიჰილისტური ბოდვები. მაგალითად, ზოგიერთი პაციენტი შეიძლება ჩიოდეს, რომ განადგურებული აქვს ნაწლავები ისე, რომ ვერასდროს შესძლებს ექსკრემენტის გამოყოფას. ზოგიერთმა შესაძლოა ამტკიცოს, რომ ღატაკია და ვეღარასდროს შესძლებს მომავალში ფულის შოვნას. ზოგს კი ღრმად სჯერა, რომ ოჯახი ამოუწყდა და თვითონაც გარდაცვლილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმპტომების უკიდურესი სიმძიმე შეშფოთებას იწვევს, ასეთი შემთხვევები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სხვა მძიმე დეპრესიული აშლილობებისაგან. ზომიერი და მძიმე დეპრესიის სხვა კლინიკური სურათები აჟიტაციური დეპრესია ეს ტერმინი ასახავს დეპრესიული აშლილობის ისეთ შემთხვევებს, როცა გამოხატულია აჟიტაცია. როგორც უკვე აღინიშნა, აჟიტაცია თან სდევს ბევრ მძიმე დეპრესიულ აშლილობას, მაგრამ აჟიტაციური დეპრესიის შემთხვევაში, ის განსაკუთრებით მწვავეა. აჟიტაციური დეპრესია უფრო ხშირია საშუალო ასაკისა და ხანდაზმულ პაციენტებში და იშვიათია ახალგაზრდებში. რეტარდირებული დეპრესია ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი დეპრესიული აშლი ლობების აღსანიშნავად, რომელთა თვალსაჩინო ნიშანია ფსიქომოტორული შეკავება. არ არსებობს მონაცემები იმისა, რომ ეს დამოუკიდებელი სინდორმია, თუმცა, შეკავება პროგნოზულად კარგი სიმპტომია ელექტროკრუნჩხვითი თერაპიისთვის. ამ ტერმინს უფრო აღწერილობითი მნიშვნელობა აქვს. მისი უკიდურესი გამოვლინებაა დეპრესიული სტუპორი. დეპრესიული სტუპორი მძიმე დეპრესიული ეპიზოდის დროს მოძრაობის შენელება და მეტყველების გაღარიბება შეიძლება ისე გამწვავდეს, რომ პაციენტი გახდეს უმოძრაო და დამუნჯდეს. დღევანდელ დღეს, რამდენადაც აქტიური მკურნალობა ხელმისაწვდომია, მსგავსი ტიპის მწვავე დეპრესიული სტუპორი იშვიათად გვხვდება. სწორედ ამიტომ კრეპელინის აღწერა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს: პაციენტები უტყვად წვანან ლოგინში, შეკითხვებზე პასუხს არ გვცემენ, ხშირ შემთხვევაში ცდილობენ თავი აარიდონ შეხებას, მაგრამ ძირითადად არ რეაგირებენ ქინძისთავის ჩხვლეტაზე (თავს არ იცავენ). ისინი უმწეოდ და უსუსურად სხედან, შესცქერიან საკვებს და წინააღმდეგობას არ უწევენ სხვას კოვზით კვებისას (და გვემორჩილებიან, როდესაც ვაჭმევთ). კრეპელინის შენიშვნით, გამოჯანმრთელებულ პაციენ ტებს უჭირდათ სტუპორის დროს განცდილი მოვლენების მოგონება. დღეს არსებული ზოგადი მოსაზრების მიხედ ვით, განკურნებულ პაციენტებს მეტნაკლები სიზუსტით ახსოვთ სტუპორის დროს მომხდარი ყველა შემთხვევა. შესაძლოა, კრეპელინის პაციენტებს ჰქონდათ ცნობიერების პათოლოგია (ეს შეიძლება სითხის არასაკმარისი რაო დენობით მიღებას უკავშირდებოდეს, რაც ხშირია მსგავს პაციენტებში). დეპრესიული სტუპორის შემთხვევაში პა ციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ მოტორული სფეროს კატატონური დარღვევები ატიპიური დეპრესია ტერმინი ატიპიური დეპრესია ზოგადად საშუალო სიმ ძიმის დარღვევების შემთხვევაში გამოიყენება. წლიდან წლამდე მისი მნიშვნელობა იცვლებოდა და ამჟამად იხ მარება შემდეგი ტიპის დაღვევების აღსანიშნად: ცვალებადი დეპრესიული განწყობა, გუნებგანწყობა რეაგირებს პოზიტიურ მოვლენებზე; საკვების გადაჭარბებულად მიღება და დიდხანს ძილი; უკიდურესი სისუსტე და სიმძიმის შეგრძნება კიდურებში (ტყვიის დამბლა); გამოხატული შფოთვა. ამ კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებს აქვთ ტენ დენცია, გააზვიადონ მოსალოდნელი ან სავარაუდო უარი (უარის მიმართ სენსიტიურობა). ატიპიური დეპრესიის ამოცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ინტერპერსონალური სენსიტიურობის გამო, პაციენტები რთულად სამართავები ხდებიან. მათ უფრო რთული ხასიათის ადამიანებად მიიჩნევენ. მიიჩნევა, რომ ატიპიური დეპრესია ნაკლებად ემორჩილება ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით მკურ ნალობას და ამ შემთხვევაში უფრო ეფექტურია მონო ამინოქსიდაზასა და სეროტონინის სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორებია. მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსუბუქი დეპრესიული აშლილობისთვის იგივე, ოღონდ ნაკლები ინტენსივობის სიმპტომებია დამახასიათებელი, რაც ზემოთ აღწერილი მძიმე ფორმების შემთხვევაში გვქონდა. ნაწილობრივ ეს ასეა, თუმცა მსუბუქი დეპრესიისას სხვა დამატებითი სიმპტომებიც ვითარდება, რომლებიც ნაკლებადაა გამო ხატული მწვავე მდგომარეობის დროს. ასეთი სიმპტომები წარსულში აღწერეს, როგორც ნევროზული და მათ მიეკუთვნება: შფოთვა, ფობიები (შიში), ობსესიური სიმ პტომები და, უფრო იშვიათად, დისოციაციური სიმპტომები. ორივე DSMIV და ICD10 კლასიფიკაციებში შედის მსუბუქი დეპრესიის კატეგორია, რომელიც დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმებში ჯდება, მაგრამ ამ შემთხვევაში დეპრესიული სიმპტომები რაოდენობრივადაც ცოტაა და სიმწვავითაც ნაკლები. ნევროზული სიმპტომების გარდა, რომლებიც თან ახლავს ზოგიერთ შემთხვევას, მსუბუქი დეპრესიული აშლილობებისათვის დამახასიათებელია ცუდ გუნებაზე ყოფნა, ადვილად დაღლა, ინტერესების დაქვეითება და გაღიზიანებადობა. დარღვეულია ძილიც, თუმცა დამახასიათებელია არა დილით ადრე გაღვიძება, როგორც ეს მძიმე დეპრესიის დროს ხდება, არამედ უფრო ხშირია ჩაძინების გართულება და ღამე ხშირი გამოღვიძება, რასაც ძირითადად ძილი მხოლოდ გამთენიისას მოჰ ყვება. ბიოლოგიური ნიშნები (უმადობა, წონის კლება და ლიბიდოს დაქვეითება) ხშირ შემთხვევაში არ შეი ნიშნება. თუმცა, გუნებგანწყობა დღის განმავლობაში რამდენჯერმე იცვლება დილასთან შედარებით საღამოს უფრო მძიმდება. პაციენტს გარეგნულად შესაძლოა არც ეტყობოდეს დათრგუნულობა ან მოძრაობის შენელება. ბოდვები და ჰალუცინაციები არ აღინიშნება. ყველაზე იოლ ფორმებში ეს შემთხვევები იძენს მსუ ბუქი აფექტური აშლილობების ფორმას, რომელთა აღ წერაც ქვემოთ არის მოცემული. როგორც შემდომ იქნება ნაჩვენები, მათი კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია. მსუბუქი აშლილობების უმრავლესობა საკმაოდ ხანმოკლეა; დაწყებას განაპირობებს პიროვნული წარუმატებლობა, ხოლო, როცა სიტუაცია იცვლება, მაშინვე იკლებს ან ხდება ახალ გარემოებებთან შეგუება. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება თვეობით ან წლობით და იწვევს მნიშვნელოვან პრობლემებს, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომატიკა არ უარესდება. ამ ქრონიკულ დეპრესიულ მდგომარეობას დისთიმია ეწოდება. ტერმინით ციკლოთიმიური დარღვევა აღნიშნავენ გუნებგანწყობის ხანგრძლივ არასტაბილურობას, როცა ხშირია მსუბუქი დეპრესიისა და აღტაცების ეპიზოდები. მიჩნეულია, რომ იგი ბიპოლარული აშლილობის მსუბუქი ვარიანტია. უფრო მძიმე გუნებგანწყობის დარღვევების დროს, არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა დისთიმიისა და ციკლოთიმიური აშლილობის მქონე ადამიანებს უვითარდებათ უფრო სერიოზული დარღვევები ან პირიქით ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზოგ შემთხვევაში მსუბუქი სიმპტომები შესაძლოა მხოლოდ რედუცირებულად გამოხატავდეს გუნებგანწყობის მძიმე დარღვევებს. გუნებგანწყობის მსუბუქი აშლილობები ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები ხშირად ერთდროულად იჩენს თავს. მართლაც, ძველი სახელმძღვანელოების ავტორებს მიაჩნდათ, რომ შფოთვისა და დეპრესიული დარღვევების მკაფიო გამიჯვნა სტაციონირებული პაციენტების შემ თხვევაშიც რთული იყო. თუმცა, თანამედროვე ფსიქი ატრები თანხმდებიან მოსაზრებაზე, რომ სიმპტომების დიფერენცირება შესაძლებელია უფრო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი მწვავე პაციენტების შემთხვევაში, ვიდრე პირველადი ჯანდაცვის რგოლში წარმოდგენილი მსუბუქი აფექტური აშლილობების დროს. კლასიფიკაცია ფსიქიატრებს მჭიდრო თანამშრომლობა უხდებათ ზოგადი პროფილის ექიმებთან; შესაბამისად, მსუბუქი შფოთვითი დეპრესიის მნიშვნელობის აღქმა ადეკვატურია, თუმცა, შეთანხმება არ არის მიღწეული კლასიფიკაციის საკითხებზე. ICD10 მოიცავს კატეგორიას შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა, რომელიც იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომები არ არის იმდენად ძლიერი, რომ შფოთვითი აშლილობის ან დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი დაისვას და, როცა სიმპტომები მჭიდროდ არ უკავშირდება სტრესულ მოვლენებს ან სერიოზულ ცვლილებებს ცხოვრებაში, რაც აუცილებელი პირობაა მწვავე სტრესული რეაქციების ადაპტაციური აშლილობებისთვის. ICD10ის მიხედვით, მსგავსი მდგომარეობის მქონე პირები ხშირად პირველადი დახმარების დაწესებულებებში ხვდებიან, თუმცა, ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც გამოკვლევა საერთოდ არ ჩატარებია. ICD10ში ეს დიაგნოზი შფოთვით აშლილობებშია მოქცეული, მაგრამ, ზოგიერთი ფსიქიატრის აზრით, იგი უფრო გუნებგანწყობის აშლილობებს უკავ შირდება; ამ შეხედულებას ასახავს ალტერნატიული ტერმინი მსუბუქი აფექტური აშლილობები. DCMIVის კლასიფიკაციაში ამის შესატყვისი დიაგ ნოზები მოცემული არაა. კლასიფიკაციის დანართში არის წინასწარი დიაგნოზის ორი ვარიანტი, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, როცა გვაქვს შერეული შფოთვითი და დეპრესიული აშლილობა და მსუბუქი დეპრესიული აშლილობა. მიჩნეულია, რომ ფაქტობრივი ინფორმაცია არ არის საკმარისი, რათა რომელიმე მათგანი კლასიფიკაციაში მოვათავსოთ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა რამ არის ცნობილი ამ მდგომარეობებისა და სხვა დარღვევებთან მათი კავშირის შესახებ, ამ აშლილობის მქონე პაციენტები მაინც მიმართავენ ექიმს. მაშინაც კი, როდესაც დიაგნოზის ზუსტი კრიტერიუმების ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელია, საჭიროა არსებობდეს მდგომარეობის განმსაზღვრელი შესაბამისი კატეგორია. კლინიკური სურათი მსუბუქი აფექტური აშლილობის ერთერთი ყველაზე საუკეთესო განმარტება მოგვცა გოლდბერგმა და სხვ. რომელმაც 88 პაციენტი შეისწავლა ფილადელფიაში. ყველაზე ხშირი სიმპტომები იყო: დაღლილობა დეპრესია გაღიზიანებადობა კონცენტრაციის უნარის დაქვეითება უძილობა სომატური და დისმორფული სიმპტომები. მსგავსი სიმტომებია მოცემული, რომელიც შეისწავლიდა ნევროზული სიმპტომატიკის სიხშირეს კონკრეტულ თემშ). მსუბუქი აფექტური აშლილობის მქონე პაციენტები ექიმთან გამოხატული სომატური ჩივილებით მიდიან. ამის მიზეზი გაურკვეველია; ზოგიერთი სიმპტომი ავტომატურად ახლავს თან შფოთვას და, შესაძლოა, პაციენტები უფრო მეტ ყურადღებას სომატურ ჩივილებს უთმობენ, ვიდრე ემოციურ პრობლემებს. მეორეს მხრივ, მსუბუქი აფექტური აშლილობა შესაძლოა გახანგრძლივდეს და ზოგიერთ შემთხვევაში გამოიწვიოს პიროვნული და პროფესიული ფუნქციონირების მოშლა. ამგვარად, ტერმინი მსუბუქი არ მოიაზრებს დარღვევის სერიოზულ შედეგებს ინდივიდისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, ზოგ შემთხვევაში მსუბუქი აფექტური აშლილობა შესაძლოა იყოს გუნებგანწყობის მძიმე აშლილობის რეზიდუალური ფორმა. მანია როგორც ზემოთ ითქვა, მანიის ძირითადი მახასიათებლებია აწეული გუნებგანწყობა, მომატებული აქტივობა და საკუთარი შესაძლებლობის გადაფასება. გუნებგანწყობა როცა გუნებგანწყობა ამაღლებულია, პაციენტი ოპ ტიმისტურადაა განწყობილი და მხიარულია. ასეთ მდგომარეობას ადრეულ შრომებში უწოდებდნენ გადამდებ სიმხიარულეს, თუმცა, ზოგჯერ პაციენტი უფრო გა ღიზიანებულია, ვიდრე ეიფორიული და ეს გაღიზიანება სიბრაზეში მარტივად გადადის. დამახასიათებელია გუნებ განწყობის დღეღამური მერყეობა რეგულარული რიტმის გარეშე, განსაკუთრებით, მძიმე დეპრესიული აშლილობების შემთხვევაში. აწეულ გუნებგანწყობას, როგორც წესი, დეპრესიის მსუბუქი ეპიზოდები მოჰყვება. გარეგნობა და ქცევა პაციენტის გარეგნობა ხშირად პირდაპირ ასახავს მის გუნებ განწყობას. მას შეიძლება ეცვას კაშკაშა ფერის და ცუდად შეხამებული ტანსაცმელი. უფრო მწვავე მგომარეობაში მყოფი კი შეიძლება უსუფთაო და დაუვარცხნელი იყოს. მანიაკალური პაციენტები ჰიპერაქტიურები არიან, რაც ხშირად ფიზიკურ გამოფიტვას იწვევს. პაციენტები ერთდროულად ბევრ სხვადასხვა საქმეს იწყებენ, მაგრამ ვერც ერთს ვერ ასრულებენ. მადა მომატებულია და პაციენტები საკვებს ყოველგვარი ეტიკეტის დაცვის გარეშე იღებენ. სექსუალური მოთხოვნილებები გაზრდილია, პაციენტი მისთვის უჩვეულოდ განმუხრუჭებულია და მისი ქცევა ზედმეტად თავისუფალია. შობადობის ასაკში მყოფი ქალები ორსულობის თავიდან აცილებისთვის საჭირო უსაფრთხოების ზომების დაცვას ხშირად უგუ ლებელყოფდნენ, რასაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. ძილის მოთხოვნილება დაქვეითებულია. პაცი ენტები დგებიან ადრე და, გარშემომყოფების გასაკვირად, ენერგიულად და ხმაურიანად იწყებენ საქმიანობას. მანიის დროს მეტყველება აჩქარებული და მრავალსიტ ყვიანია, რადგან ფიქრები და აზრები სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს. ამ დროს ხდება ასოციაციური პროცესის აჩ ქარება იდეათა ხტომა ანუ იმდენად სწრა ფად ხდება ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა, რომ ძნელია მიყვე ასოციაციათა ჯაჭვს. თუმცა მათ შორის კავშირის გაგება რთული არაა, განსაკუთრებით, თუ სა უბარს ჩავიწერთ და შემდეგ გავშიფრავთ. ეს მოვლენა განსხვავდება შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი აზროვ ნების დარღვევებისაგან, როდესაც ჩანაწერის შესწავლის შემდეგაც ასოციაციებს შორის კავშირის დადგენა შეუძ ლებელია. ხშირია ექსპანსიური/განდიდების იდეები. პაციენტებს სჯერათ, რომ მათი აზრები ორიგინალური და მნიშვნე ლოვანია და რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო გამორჩეული ხარისხისაა. ბევრი პაციენტი ხდება ექსტრა ვაგანტური, იწყებს ფულის ფლანგვას. ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლია. ყიდულობს ძვირიან მანქანასა და სამკაულებს, თავს ანებებს კარგ სამსახურს, ებმება უგუნურ და სარისკო ბიზნეს წამოწყებებში. ხანდახან განდიდების აზრებს თან ახლავს განდიდების ბოდვა. ზოგიერთმა პაციენტმა შესაძლოა ირწმუნოს, რომ არის მესია, ან სახელმწიფო მოღვაწეების მრჩეველი მნიშვნელოვან საკითხებში. შეიძლება განვითარდეს დევნის ბოდვაც, როდესაც პაციენტს სჯერა, რომ განსაკუთრებული მისიის გამო დევნიან. ასევე, გვხვდება დამოკიდებულებისა და ზემოქედების ბოდვითი იდეებიც. შნაიდერის (იხ. თავი მე12, ცხრილი 12.4) პირველი რიგის სიმპტომები აღე ნიშნება პაციენტთა 1020 პროცენტს. ბოდვები და პირველი რიგის სიმპტომები არ არის ხანგრძლივი მათი უმეტესობა ნიველირდება ან რამდენიმე დღეში შინაარსობრივად იცვლება. აღქმის პათოლოგია მანიის დროს ხშირია ჰალუცინაციებიც, რომლებიც უპი რატესად გუნებგანწყობის ფონის შესამაბისია. მაგა ლითად, ხმა, რომელიც არწმუნებს პაციენტს, რომ მას განსაკუთრებული უნარი აქვს ან რელიგიური შინაარსის ხილვები. სხვა დამახასიათებელი ნიშნები მწვავე მანიაკალურ მდგომარეობაში საკუთარი მდგომა რეობის მიმართ კრიტიკა მნიშვნელოვნადაა დაქვეითებული. პაციენტს არ ესმის, რატომ უნდა შეიკავოს თავი გრანდიოზული გეგმებისაგან ან შეამციროს ხარჯები და უარი თქვას ექსტრავაგანტური ნივთების შეძენაზე. იგი იშვიათად მიიჩნევს თავს ავადმყოფად ან თვლის, რომ სჭირდება მკურნალობა. პაციენტების უმრავლესობას შეუძლია თავისი მდგომა რეობის გაკონტროლება და დისიმულაცია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი მკურნალობის საკითხი განიხილება; ამიტომ, თუ კი ამის საშუალება არსებობს, მნიშვნელოვანია Udslim შემდეგნაირად აღწერა ეს პრობლემა: ისევე, როგორც არაღრმა თრობისას, ნაკლებად გამო ხატული მანიაკალური მდგომარეობის დროს, პიროვნებას შეუძლია, დაძაბოს გონება, თავი მოუყაროს აზრებს, გააკონტროლოს თავისი ქცევა და მცირე დროის მანძილზე ისაუბროს მშვიდად და გონივრულად ისე, რომ შეცდომაში შეიყვანოს გამოუცდელი მოსაუბრე. DSMIVის მიხედვით, მანიაკალური ეპიზოდის დიაგ ნოსტიკური კრიტერიუმები მოცემულია ცხრილში 11.3. ICD10ის მიხედვით, ეს კრიტერიუმები მსგავსია, თუმცა, ზუსტად არ არის მითითებული დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელი სიმტომების რაოდენობა. შერეული აფექტური მდგომარეობები დეპრესიული და მანიაკალური სიმპტომები ზოგჯერ ერთ დროულად აღმოცენდება. პაციენტს, რომელსაც აღენიშნება ჭარბსიტყვიანობა და ენერგიის მოზღვავება, შესაძლოა, ჰქონდეს გამოხატული დეპრესიული აზრები. ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში მანია და დეპრესია სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს; მაგ., მანიაკალური პაციენტი შე საძლოა რამდენიმე საათით გახდეს უკიდურესად დეპ რესიული და შემდეგ სწრაფად დაუბრუნდეს მანიაკალურ მდგომარეობას, რაც აღწერილია გრიზინგერის () ადრეულ ნაშრომებში მანიაკალური მდგომარეობების შესახებ. ბოლო წლებში საკითხი კვლავ აქტუალური გახდა, ვინაიდან ასეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, სხვა გუნებგანწყობის სტაბილიზატორებთან შედარებით, ყველაზე ეფექტურად ვალპროატი გამოიყენება. სწრაფად ცირკულირებადი აშლილობები ზოგიერთი ბიპოლარული აშლილობა რეგულარულად მეორდება ეპიზოდებს შორის რამდენიმე დღიანი ან კვირიანი ინტერვალით. მე19 საუკუნეში განმეორებადი აშლილობები ფრანგმა ფსიქიატრმა ფარლემ (1854) აღწერა, როგორც ცირკულარული შეშლილობა. დღევანდელ დღეს ბიპოლარული აშლილობის მქონე პაციენტებში გუნებგანწყობის ხშირ რეკურენტულობას, ჩვეულებრივ, სწრაფად ცირკულირებად აშლილობებს უწოდებენ. რეკუ რენტული ეპიზოდები შესაძლოა იყოს დეპრესიული, მანიაკალური ან შერეული. სწრაფად ცირკულირებადი აშლილობების თავისებურებებია: ხშირი რეკურენტულობა (მინიმუმ, ოთხი მკაფიოდ გამოხატული ეპიზოდი წლის მანძილზე), ეპიზოდებს შორის ხანმოკლე რემისია ან ერთი ეპიზოდიდან საპირისპიროზე გადასვლა. სწრა ფად ცირკულირებადი აშლილობების მართვისა და პრე ვენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი კლინიკური მახასიათებლები: უფრო ხშირია ქალებში; ხშირად თან ახლავს ჰიპოთირეოზი; შესაძლოა გამოწვეული იყოს ანტიდეპრესანტების მიღებით; მისი მკურნალობისათვის ლითიუმი ნაკლებად ეფექტურია. სწრაფად ცირკულირებადი აშლილობების კლინიკური მახასიათებლებისა და მკურნალობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. მაკინი და იანგი (). მანიაკალური სტუპორი ამ იშვიათ აშლილობას ახასიათებს სრული უმოძრაობა და დამუნჯება (მუტიზმი), პაციენტებს მხიარული სახის გამომეტყველება აქვთ, რაც აწეულ გუნებგანწყობას გამოხტავს, ხოლო მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ, აღწერენ გადატანილ, მანიისთვის დამახასიათებელ, იდეათა ხტომის განცდას. დღეს, რადგან აქტიური მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა, მსგავსი მდგომარეობა იშვიათად გუნებგანწყობის (აფექტური) აშლილობები გვხვდება. ამდენად, კრეპელინის აღწერა განსაკუთრებით ყურადსაღებია: პაციენტი, ჩვეულებრივ, მიუწვდომელია, გულგრილია ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მიმართ, შეკითხვებზე პასუხს არ გვცემს ან საუბრობს ჩუმად... იცინის უმიზეზოდ, მოწესრიგებული ტანსაცმლით უტყვად წევს სუფთა ლოგინში, ექსტრაორდინალურად არის მორთული და ეს ყველაფერი შინაგანი აღელვების ყოველგვარი ნიშნის გარეშეა. გამოჯანმრთელებულ პაციენტებს ახსოვთ სტუპორის დროს განცდილი მოვლენები. ეს მდგომარეობა შესაძლოა, განვითარდეს მანიაკალური ეპიზოდის ან დეპრესიული ეპიზოდიდან მანიაკალურ მდგომარეობაში გადასვლის ეტაპზე. ტრანსკულტურალური ფაქტორები მანია გვხვდება ყველა კულტურაში. მნიშვნელოვანია დისტრესის გამოხატვის კულტურალური თავისებურებების გათვალისწინება, ვინაიდან, ზოგ შემთხვევაში, ეს მდგო მარეობა შესაძლოა შეცდომით მანიად იქნეს მიჩნეული . დეპრესიული ეპიზოდის კლინიკური მახასიათებლები სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულია, ამასთან, ბევრ ქვეყანაში მისი დიაგ ნოსტირება არასათანადოდ ხდება, განსაკუთრებით, პირ ველადი ჯანდაცვის ქსელში. სომატური სიმპტომები ყველა საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა უფრო ხშირი და გავრცელებულია არადასავლურ კულტურებში. ემოციური მდგომარეობის განხილვისას, მნიშვნელოვანია, სომატიზაცია განვასხვავოთ სომატური მეტაფორებისაგან (იხ. მე10 თავი). მაგალითად, ლონდონში მცხოვრები სამხრეთ აზიელი ქალები თავიანთი, სრულიად გაცნო ბიერებული ემოციური განცდების აღსაწერად ხმარობენ ისეთ გამონათქვამებს, როგორებიცაა: გულზე სიმძიმე მაწევს ან სხეული მიხურს. გუნებგანწყობისა და ენერგიის დაქვეითება, საიმოვნების მიღების უუნარობა და შფოთვა ყველა კულტურაში დეპრესიის ძირითადი ნიშნებია. გუნებგანწყობის (აფექტური) აშლილობები გუნებგანწყობის (აფექტური) აშლილობების კლასიფი კაციებში ფუნდამენტური კლინიკური განსხვავება არის დეპრესიასა და მანიას შორის. არსებობს დეპრესიული ეპიზოდების მრავალგვარი დაყოფა (იხ. ქვემოთ), თუმცა ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგები ნაკლებად მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ყურადსაღებია გუნებ განწყობის აშლილობების მიმდინარეობაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგები, რომელთა თანახმადაც არსებობს გამოხატული კლინიკური სხვაობა იმ მდგომარეობებს შორის, როდესაც მხოლოდ დეპრესიული ეპიზოდები ვითარდება (რეკურენტული დეპრესიული აშლილობა) და როდესაც დეპრესიის გარდა აღინიშნება მანიაკალური და/ან ჰიპომანიაკალური ეპიზოდებიც (ბიპოლარული აშლილობა). დეპრესიის კლასიფიკაცია ზოგადი შეთანხმება დეპრესიული აშლილობების კლასი ფიკაციის საუკეთესო მეთოდზე ჯერჯერობით მიღწეული არ არის. არსებობს რამდენიმე მიდგომა: კლასიფიკაცია სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით; კლასიფიკაცია კლინიკური სურათის მიხედვით; კლასიფიკაცია მიმდინარეობის მიხედვით. კლასიფიკაცია სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით ისოტრიულად განასხვავებდნენ ორი სახის დეპრესიულ აშლილობას. ითვლებოდა, რომ ერთ შემთხვევაში სიმპ ტომები მხოლოდ შინაგანი, გარე ფაქტორებისგან დამო უკიდებელი მიზეზებით იყო განპირობებული (ენდოგენური დეპრესია), ხოლო მეორე შემთხვევაში, სიმპტომები გარე სტრესორზე საპასუხოდ ვითარდებოდა (რეაქტიული დეპრესია). მრავალი წლის განმავლობაში ასეთი დაყოფა არადამაკმაყოფილებლად იყო მიჩნეული. მაგალითად, ლუისი წერდა: ყველა დაავადება ორი ფაქტორის შედეგია გარემო ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. კონსტიტუციური ფაქტორებია წამყვანი, თუ გარემო ფაქტორები, ეს ვერასოდეს გახდება განსჯის საგანი. როგორც მე 5 თავშია აღნიშნული, დეპრესიის ინდივიდუალური შემთხვევების განხილვისას, საჭიროა სხვა დასხვა ეტიოლოგიური ფაქტორების ხვედრითი წილის გათვალისწინება. არც ICD10 და არც DSMIV კლასიფიკაციებში რეაქტიული და ენდოგენური დეპრესიის კატეგორიები არ არის შესული. კლასიფიკაცია კლინიკური სურათის მიხედვით მელანქოლიური დეპრესია ცნობილია, რომ დეპრესიული ეპიზოდის დროს განვითარებული სიმპტომები ერთი და იმავე პაციენტის შემთხვევაშიც და პაციენტებს შო რისაც განსხვავებულია. დეპრესიის კლინიკური ნიშ ნების შესწავლისას გამოვლინდა, რომ ზოგი დეპრესიული მდგომარეობისთვის დამახასიათებელია ე.წ. ბიოლოგიური სიმპტომები, როგორებიცაა: უმადობა, ფსიქომოტორული ცვლილებები, წონაში კლება, ყაბზობა, ლიბიდოს დაქვეითება, ამენორეა და დილით ადრე გაღვიძება. ამ სიმპტომებს ხშირად მელანქოლიურსაც უწოდებენ; ისინი ქმნიან დეპრესიული აშლილობების სპეციფიკურ ქვეჯგუფს, რომელიც DSMIV ში მოცემულია სახელწოდებით დეპრესია მელანქოლიით, ხოლო ICD10ში დეპრესიული ეპიზოდი სომატური სიმპტომებით. კლასიფიკაციის მეშვეობით დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან პაციენტების უმრავლესობას აქვს მელანქოლიის ესა თუ ის ნიშანი, რომლის გამოვლენას ყურადღებით გამოკვლევა სჭირდება. შესაბამისად, მელანქოლიური დეპრესიის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელი სიმპტომების რაოდენობა, გარკვეულწილად, საკამათოა. მიუხედავად ამისა, ზოგადად მიღებულია, რომ გამოხატული მელან ქოლიური დეპრესია ასოცირდება რიგ საერთო კლინიკურ მახასიათებელთან: უფრო მწვავე სიმპტომატიკა სუსტი პასუხი პლაცებომკურნალობაზე ელექტროკონვულსიური თერაპიის ეფექტურობა ნეირობიოლოგიური პათოლოგიების მეტი მტკიცებულება (სწრაფი ძილის ფაზაში შემცირებული ლატენტური პერიოდი, კორტიზოლის ჰიპერსეკრეცია). დღემდე გაურკვეველია, არის თუ არა მელანქოლიური დეპრესია დამოუკიდებელი აშლილობა, თუ იგი დეპრესიულ აშლილობათა კონტინუუმის სიმწვავით განსხვავებულ მდგომარეობას წარმოადგენს. კენდლერმა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად გამოიკვლია ტყუპები. მან დაადგინა, რომ მელანქოლიური დეპრესია წარმოადგენს დეპრესიის ვალიდურ ქვეჯგუფს, რომელიც ვითარდება დეპრესიისადმი მაღალი გენეტიკური წინაგანწყობის მქონე ინდივიდებში. ამასთან, მელანქოლიის დიაგნოზი მიუთითებდა რაოდენობრივად განსხვავებულ უფრო მწვავე ფორმის არსებობაზე, ვიდრე განსხვავებულ ეტიოლოგიურ ქვეჯგუფზე. ფსიქოზური დეპრესია როგორც ზემოთ აღინიშნა, მძიმე დეპრესიის დროს შესაძლოა განვითარდეს ფსიქოზური სიმპტომატიკა (დეპრესიულ ფსიქოზს თითქმის მუდმივად ახლავს მელანქოლიის ნიშნები). ფსიქოზური სიმპტომატიკის არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ მხოლოდ ანტიდეპრესანტებით მკურნალობა არ არის საკმარისი და საჭიროა მათი ანტიფსიქოზურ მედიკამენტებთან კომბინაცია). არამელანქოლიური დეპრესია სიმპტომატიკის პროფი ლის მიხედვით, დეპრესია (არამელანქოლიური დეპრესია) მოიცავს სხვადასხვა ტიპის კლინიკურ აშლილობებს, მათ შორისაა: მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი, ატიპიური დეპრესია და დისთიმია. ამ ტიპის დეპრესიული აშლილობების მქონე პაციენტი არაკეთილგანწყობილია, შფოთავს, აღენიშნება ფობიები და ობსესიები. ჩამო თვლილი სიმპტომების გამო, არამელანქოლიურ დეპრესიას ნევროზულ დეპრესიას უწოდებენ, თუმცა, ეს ტერმინი თანამედროვე დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებში აღარ გვხვდება. როგორც ზემოთ აღინიშნა , ატიპიურ დეპრესიას აქვს დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომატიკა და პასუხი მკურნალობაზე; ამიტომაც იგი არამელანქოლიურ დეპრესიებს შორის გამოყოფილია დამოუკიდებელ კატეგორიად. კლასიფიკაცია მიმდინარეობის მიხედვით უნიპოლარული და ბიპოლარული აშლილობები გუნებ განწყობის აშლილობებს, როგორც წესი, რეკურენტულობა ახასიათებს და კრეპელინი სწორედ მიმდინარეობით ხელმძღვანელობდა, როცა მანია და დეპრესია ერთ დაავადებად გააერთიანა. მან აღმოაჩინა, რომ დაავადება ძირითადად ერთნაირად მიმდინარეობდა, მიუხედავად იმისა, საწყისი ეპიზოდი მანია იყო, თუ დეპრესია. სწორედ ამიტომ, მან ეს ორი მდგომარეობა მანიაკალურ დეპრესიული ფსიქოზის კატეგორიაში გააერთიანა. ეს შეხედულება, საზოგადოდ, მიღებული იყო 1962 წლამდე, სანამ ლეონჰარდმა არ შემოგვთავაზა დაყოფა შემდეგ სამ ჯგუფად: პაციენტები, რომელთაც მხოლოდ დეპრესიული აშლი ლობა აქვთ უნიპოლარული დეპრესია; პაციენტები, რომლებსაც მხოლოდ მანიაკალური აშლი ლობა აქვთ უნიპოლარული მანია; პაციენტები, რომლებსაც როგორც დეპრესიული, ისე მანიაკალური აშლილობა აქვთ ბიპოლარული. ჩვენს დროში, როგორც წესი, არ იხმარება ტერმინი უნიპოლარული მანია და მანიის ყველა შემთხვევა ერთიანდება ბიპოლარულ ჯგუფში, რასაც განაპირობებს ის, რომ, მანიაკალურ პაციენტებს თითქმის ყოველთვის უვითარდებათ დეპრესიული აშლილობაც. რათა ხაზი გაესვა უნიპოლარულ და ბიპოლარულ აშლილობებს შორის არსებულ განსხვავებაზე, ლეონჰარდმა აღწერა ამ ჯგუფების მემკვიდრეობითი სხვაობაც, რაც შემდგომი კვლევებითაც დადასტურდა საზოგადოდ, თანხმდებიან, რომ დეპრესიის დროს ამ ორი ჯგუფის სიმპტომები ძირითადად მსგავსია. უნდა არსებობდეს გარკვეული გადაფარვა ჯგუფებს შორის, რადგან პაციენტებს, რომლებსაც უნიპოლარული დეპრესიის დიაგნოზი აქვთ, შეიძლება მოგვიანებით მანიაკალური სიმპტომებიც განუვითარდეთ. ანუ, სხვა გვარად რომ ვთქვათ, უნიპოლარული მდგომარეობები აუცილებლად მოიცავს ბიპოლარულ შემთხვევებს, რომ ლებიც ჯერ არ გამოვლენილა. ამ შეზღუდვის მიუხედავად, დაყოფა უნიპოლარულ და ბიპოლარულ აშლილობებად მკურნალობის თვალსაზრისით ძალიან მოსახერხებელია სეზონური აფექტური აშლილობა. ზოგიერთი პაციენტი დეპრესიული ხდება წელიწადის ერთსა და იმავე დროს, უპირატესად, შემოდგომასა და ზამთარში. სეზონური აფექტური აშლილობის განვითარებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს ცხოვრებისეულმა პრობლემებმაც, თუმცა, ხშირად სრულიად უმიზეზოდაც იჩენს თავს. ამდენად, ვარაუდობენ, რომ სეზონური აფექტური აშლილობა წელიწადის დროების ცვლილებას, მაგალითად, დღის სინათლის ხანგრძლივობას უკავშირდება. სეზონური აფექტური აშლილობების ძირი თადი მახასიათებელი მათი სეზონურობა; ამასთან, გუნებ განწყობის სხვა აშლილობებთან შედარებით, ამ დროს უფრო ხშირია შემდეგი სიმპტომები: ჰიპერსომნია; მადის მომატება ნახშირწყლების მიღების დაუოკებელი სურვილი; საღამოობით ენერგიის დაქვეითება. შეტევა, როგორც წესი, შემოდგომაზე, ან ზამთარში ვითარდება. აქედან გამომდინარე, მას ზამთრის დეპრესიასაც უწოდებენ. ზოგ პაციენტს ზაფხულის პერი ოდში შეიძლება მანია ან ჰიპომანია განუვითარდეს, რაც ბიპოლარულ სეზონურ აშლილობაზე მიუთითებს. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღის სინათლის შემცირება მნიშვნელოვანი ფაქტორია დეპრესიის პათო ფიზიოლოგიისთვის, ამიტომ მკურნალობის მეთოდები უნდა ითვალისწინებდეს დაბნელებისას ხელოვნურ სინათლეზე ყოფნას.ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია ზოგ შემთხვევაში რეკურენტული დეპრესია მხოლოდ მცირე დროის მანძილზე, 2დან 7 დღემდე, იჩენს თავს. ხანმოკლე პერიოდის გამო მდგომარეობა არ აკმაყოფილებს არც დიდი დეპრესიისა და არც დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმებს. ეპი ზოდები მეორდება გარკვეული სიხშირით (საშუალოდ, თვეში ერთხელ). ქალებთან რაიმე თვალსაჩინო კავშირი მენსტრუალურ ციკლთან არ აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ დეპრესიული ეპიზოდები ხანმოკლეა, ისინი ისეთივე მწვავეა, როგორც მძიმე დეპრესიული აშლილობების შემთხვევაში და, შესაძლებელია, თვითმკვლელობასაც უკავშირდებოდეს. ხანმოკლე რეკურენტული აშლილობა ასოცირებულია პიროვნულ დისტრესთან და სოციალური და პროფესიული ფუნქციონირების გაუარესებასთან. კომორბიდობა მანიაკალურ აშლილობას ან დისთიმიასთან ნაკლებ სავარაუდოა. ხანმოკლე რეკურენტული დეპრესიის შემთხვევებში პაციენტები იღებენ ანტიდეპრესანტებს, თუმცა საკამათოა, რამდენად ეფექტურია ისინი. ICD10 და DSM IV კლასიფიკაციები გუნებგანწყობის აშლილობების ძირითადი კატეგორიები DSMIVისა და ICD10ის მიხედვით, მოცემულია ცხრილებში.აქ ნათლად ჩანს ამ ორ კლასიფიკაციას შორის მნიშვნელოვანი მსგავსება და გარკვეული განსხვავებებიც. პირველი მსგავსებაა ის, რომ ორივეში შესულია გუნებ-განწყობის ერთადერთი ეპიზოდი და რეკურენტული ეპიზოდები. ასევე, ორივე აღწერს ქრონიკულ მსუბუქ გუნებგანწყობის აშლილობებს, როდესაც აღინიშნება აწეული გუნებგანწყობიდან დაქვეითებამდე პერიოდული მერყეობა (ციკლოთიმია), ან ხანგრძლივი დაქვეითებული გუნებგანწყობა (დისთიმია). აღნიშნულ შემთხვევებში გუნებგანწყობის აშლილობები არ არის იმდენად მწვავე, რომ დააკმაყოფილოს ჰიპომანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდის კრიტერიუმები. DSMIVის კლასიფიკაციაში ზოგადი სამედიცინო მდგომარეობებით გამოწვეული გუნებგანწყობის აშლილობები შედის გუნებგანწყობის აშლილობათა ქვეჯგუფში, ხოლო ICD10ში კი ორგანული ფსიქიკური აშლილობების კატეგორიაში. ბიპოლარული აშლილობები ორივე კლასიფიკაციაში მანიას ჰიპომანიისგან განა სხვავებს სიმპტომების ხანგრძლივობა, ფსიქოზური ნიშ ნების არსებობა, სოციალური და სამსახურეობრივი ფუნქციონირების გაუარესება. სიმწვავისა და ფსიქოზური სიმპტომების არსებობის ან არარსებობის მიხედვით, მანიაკალური ეპიზოდი შესაძლებელია დაიყოს ქვეჯგუფებად; DSMIV კლასიფიკაციის მიხედვით მანიის ან ჰიპომანიის ერთი კონკრეტული ეპიზოდის არსებობა საკმარისია ბიპოლარული აშლილობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად. ICD10ის თანახმად კი, ამ დიაგნოზის დასასმელად, სახეზე უნდა იყოს მინიმუმ ორი ეპიზოდი. DSMIV კლასიფიკაცია ბიპოლარულ აშ ლილობებს ორ ნაწილად ყოფს: ბიპოლარული I აშლილობა (საკმარისია მინიმუმ ერთი მანიაკალური ეპიზოდის არსებობა); ბიპოლარული II აშლილობა (როდესაც იყო ჰიპომანია და არა მანია). ბიპოლარული II აშლილობის დიაგნოზი ყურადღებას ამახვილებს მსუბუქი ჰიპომანიაკალური ეპიზოდის მნი შვნელობაზე ისეთ შემთხვევებში, როდესაც შესაძლებელია დაისვას რეკურენტული დეპრესიის დიაგნოზი. ასეთი ეპიზოდების არსებობა გავლენას ახდენს მკურნალობის სტრატეგიაზეც. DSMIV მითითებულია, რომ თუ მანია ან ჰიპომანია გამოწვეულია სომატური მკურნალობით, მაგალითად, ანტიდეპრესანტების მიღებით, მაშინ ვერ დავსვამთ ბიპოლარული I ან ბიპოლარული II აშლილობების დიაგნოზს. თუმცა, უკანასკნელ წლებში ჩატარებულ კვლევათა შედეგების საფუძველზე დაგროვდა მზარდი მტკიცებულებები იმისა, რომ ანტიდეპრესანტებით გა მოწვეული მანია ან ჰიპომანია უნდა მივიჩნიოთ ბი პოლარული აშლილობების მაჩვენებლად. კლასიფიკაცია და აღწერა ყოველდღიურ პრაქტიკაში მიუხედავად იმისა, რომ არც DSMIV და არც ICD10 კლასიფიკაციები არ არის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი, ნაკლებ სავარაუდოა, რომ აღწერილობითი კატეგორიების მომავალმა გადაჯგუფებამ უკეთესი შედეგი გამოიღოს. რეალურად, საკითხი მაშინ გადაიჭრება, როდესაც მოხერხდება აშლილობათა ეტიოლოგიის უკეთ გააზრება. თუმცა, ორივე კლასიფიკაცია, ICD10 და DSMIV ვარგისია სტატისტიკური მონაცემებისთვის. კლინიკური მიზნების უმრავლესობისთვის კი უმჯობესია აშლილობათა სისტემური აღწერა, ვიდრე მათი კლასიფიკაცია. ყველა შემთხვევაში, მდგომარეობის შეფასება უნდა მოხდეს სიმწვავის, გამოხატული სიმპტომების, მიმდი ნარეობის ტიპისა და ეტიოლოგიური ფაქტორების გათ ვალისწინებით. ჩვეულებრივ, ყველა მა ნიაკალური ეპიზოდი, დეპრესიული ეპიზოდის განვი თარების გარეშეც, ბიპოლარულ აშლილობად განიხილება, ვინაიდან მანიაკალური პაციენტების უმეტესობას საბო ლოოდ მაინც უვითარდება დეპრესია. ამასთან, მა ნიაკალური პაციენტები რამდენიმე მახასიათებლით გვანან ბიპოლარული აშლილობის მქონე პირებს. აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება შემდეგ თავებში. დიფერენციალური დიაგნოზი დეპრესია დეპრესიული აშლილობები უნდა განვასხვავოთ: ჩვეულებრივი დარდისაგან; შფოთვითი აშლილობებისაგან; შიზოფრენიისაგან; ტვინის ორგანული სინდრომისაგან. დეპრესიისა და ჩვეულებრივი დარდის დიფერენცირება ხდება დეპრესიული სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის გათვალისწინებით (გვ. 218??). დეპრესიული აშლილობა მაღალი კომორბიდობით გამო ირჩევა. ხშირია თანმხლები შფოთვითი, კვებითი და პერ სონოლოგიური აშლილობები ან წამალმოხმარება. ყველა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დეპრესიის ამოცნობა და სათანადო მკურნალობის ჩატარება. შფოთვითი აშლილობები მსუბუქი დეპრესიული აშლილობების გარჩევა შფოთვითი აშლილობებისაგან ზოგჯერ საკმაოდ რთულია. დიაგნოზის სიზუსტე დამოკიდებულია დეპრესიული და შფოთვითი სიმპტომების სიმწვავის შედარებით შეფასებასა და ამ სიმპტომების განვითარების თანმიმდევრობაზე. მსგავსი პრობლემები იჩენს თავს გამოხატული ფობიკური ან ობსესიური სიმპტომების ან დისოციაციური აშლი ლობების შემთხვევაშიც (თეატრალური ქცევითი დარ ღვევების არსებობის ან არარსებობისას). ყველა ასეთი მდგომარეობის დროს კლინიცისტმა შეიძლება ვერ გა მოავლინოს დეპრესიული სიმპტომები და დანიშნოს არასწორი მკურნალობა. შიზოფრენია შიზოფრენის შემთხვევაში დიფერენციალური დიაგნოზის სიზუსტე დამოკიდებულია ამ მდგომარეობისთვის დამა ხასიათებელი სიმპტომების გამოვლენაზე (მე12 თავი). დიფერენცირების პრობლემები შესაძლოა გაჩნდეს დეპ რესიული ფსიქოზის დროს, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, საჭიროა ფსიქიკური მდგომარეობის საგულდაგულოდ შესწავლა, დამახასიათებელი სიმპტომებისა და მათი განვითარების თანმიმდევრობის გამოვლენა. ყურადსაღებია წარსული ფსიქიატრიული ისტორიაც. განსაკუთრებით რთულია ისეთი მდგომარეობების დიფერენცირება, როდესაც დეპრესიული და შიზოფრენიული სიმპტომები თანაბრადაა წარმოდგენილი. ასეთი მდგომარეობები, ე.წ. შიზოაფექტური აშლილობები დემენცია და სხვა ორგანული მდგომარეობები შუა ან ხანშიშესული ასაკის პაციენტებში დეპრესიული აშლილობის განსხვავება დემენციისაგან საკმაოდ რთულია, ვინაიდან მათ უმეტესობას მეხსიერების პრობლემები აღენიშნება. მძიმე დეპრესიული აშლილობების დროს კოგნიტური ტესტების შესრულება გაძნელებულია, ამიტომ ამ მდგომარეობების დიფერენცირება მხოლოდ კოგნიტური დაქვეითების მაჩვენებლებით ფაქტობრივად შეუძლებელია. ამგვარ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიული სიმპტომების გამოვლენა. დეპრესიის დამა დასტურებელი იქნება ისიც, თუ გუნებგანწყობის ნორ მალიზებასთან ერთად, მოხდება მეხსიერების გაუმ ჯობესება. დეპრესია შეიძლება განვითარდეს ძალიან ბევრ ზოგადსამედიცინო მდგომარეობის ფონზე დიაგნოზისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავადმყოფობის ისტორიის ცოდნა, სრული ფიზიკური გამოკვლევის ჩატარება და, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დამატებითი მონაცემების მოძიება მანია მანიაკალური აშლილობები უნდა განვასხვავოთ: შიზოფრენიისაგან; თავის ტვინის ორგანული დაავადებებისაგან, რომლებიც შუბლის წილს მოიცავენ (მაგალითად, სიმსივნე ან აივ ინფექცია); ამფეტამინების ან სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებით გამოწვეული აგზნების ხანმოკლე ეპიზოდები საგან შიზოფრენია ყველაზე რთულია მანიაკალური მდგომარეობის დიფე რენცირება შიზოფრენიისაგან. მანიაკალური აშლი ლობის შემთხვევაშიც შესაძლოა, განვითარდეს სმე ნითი ჰალუცინაციები და ბოდვები, მათ შორის, ში ზოფრენიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებიც, მაგალ ითად, დამოკიდებულების ბოდვა. თუმცა, ეს სიმპტომები სწრაფად იცვლის შინაარს და იშვიათად გრძელდება მომატებული აქტივობის ფაზის შემდეგაც. თუ ორივე აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომები თანაბრადაა წარმოდგენილი, ასეთ მდგომარეობას შიზოაფექტური აშლილობა ეწოდება და იგი უფრო დეტალურად მე12 თავშია განხილული. დიაგნოსტიკისათვის დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად საჭიროა პაციენტის ოჯახისა და მისი პირადი ისტორიის გულდასმით შესწავლა. თავის ტვინის ორგანული დაავადება და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება საშუალო ან ხანდაზმული ასაკის ექსპანსიური ქცევის პაციენტების ემთხვევაში ყოველთვის უნდა გამოირიცხოს თავის ტვინის შესაძლო პათოლოგია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანამნეზურად გუნებგანწყობის აშლილობა არ აღინიშნება. გამოხატული აფექტური მდგომარეობის გარეშე უკიდურესი სოციალური განმუხრუჭება (მაგალითად, საზოგადოებაში მოშარდვა) მიუთითებს შუბლის წილის პათოლოგიაზე. ასეთ დროს აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევის ჩატარება. ახალგაზრდა ასაკში მანიაკალური მდგომარეობის განვითარებას შეიძლება ხელი შეუწყოს აივ ინფექციამ ან თავის ტვინის ტრავმამ. მანიასა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ აგზნებას შორის დიფერენციალური დიაგნოზის დასა სმელად მნიშვნელოვანია პიროვნების ისტორიის შესწავლა და ნარკოტიკების შემცველობაზე შარდის გამოკვლევა. პაციენტის სტაციონირების შემთხვევაში ნარკოტიკებით გამოწვეული მდგომარეობა სწრაფად სწორდება. თუმცა, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ბიპოლარული აშლილობის მქონე პირები მაღალი სიხშირით მოიხმარენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებს. აფექტური აშლილობების ეპიდემიოლოგია დეპრესიის გავრცელების მაჩვენებლის დადგენა რთულია, რაც, ნაწილობრივ, უკავშირდება სხვადასხვა კვლევებში განსხვავებული დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენებას. თანამედროვე მკვლევარები უფრო ხშირად მიმართავენ სტრუქტურირებულ დიაგნოსტიკურ ინტერვიუს, რომე ლიც მოიცავს შემდეგ სტანდარტულ დიაგნოსტიკურ ინსტრუმენტებს: დიაგნოსტიკური ინტერვიუს სქემა (DIS), შედგენილი საერთაშორისო დიაგნოსტიკური ინტერვიუ (CIDI) და ნეიროფსიქიატრიაში კლინიკური შეფასების სქემა (SCAN), რომლებშიც გამოყენებულია მიმდინარე მდგომარეობის კვლევის მე10 გამოცემა (PSE) (გვ. 62). რადგან მანიის დადგენა და დიაგნოსტიკა შედარებით მარტივია, გუნებგანწყობის აშლილობებს შორის ბიპო ლარული შემთხვევების გამოვლენა უფრო სანდოა. ბიპოლარული აშლილობები ინდუსტრიულ ქვეყნებში მოსახლეობის უკანასკნელმა გამოკითხვებმა () აჩვენა, რომ: სიცოცხლის მანძილზე ბიპოლარული აშლილობის განვითარების რისკი მერყეობს 0, 3დან 1.5 პროცენტამდე; 6 თვეში გამოვლენილი ბიპოლარული აშლილობების შემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სიცოცხლის მანძილზე დაავადების განვითარების სიხ შირისგან, რაც აშლილობის ქრონიკულ ხასიათზე მიუ თითებს; ბიპოლარული აშლილობის გავრცელება ქალებსა და მა მაკაცებში თანაბარია; მოსახლეობაში ჩატარებული კვლევების შედეგების თანა ხმად დაავადების საწყისი ასაკია დაახლოებით 17 წელი; ბიპოლარული აშლილობა მაღალი კომორბიდულობით ხასიათდება, განსაკუთრებით ხშირია შფოთვითი აშლი ლობები და წამალმოხმარება. დეპრესია მოსახლეობის კვლევისას დეპრესიული ეპიზოდის ზუსტი საზღვრების დადგენა რთულია, თუმცა, უკანასკნელი კვლევებით, რომლებშიც DSMIVის კრიტერიუმები გა მოიყენეს, განვითარებულ ქვეყნებში შემდეგი შედეგები მიიღეს (): მოსახლეობაში დიდი დეპრესიის 12თვიანი გავრცელების სიხშირე 25% ია; სიცოცხლის მანძილზე დეპრესიის გამოვლენის მაჩვე ნებელი სხვადასხვა კვლევებში მნიშვნელოვნად გან სხვავდება (430%). ზუსტი ციფრი, სავარაუდოდ, 10 20%ს შორის მერყეობს; დაავადების საწყისი ასაკია დაახლოებით 27 წელი; განსხვავებულ კულტურებშიც დეპრესია თითქმის ორ ჯერ მეტია ქალებში, ვიდრე _ მამაკაკაცებში; 1945 წელსა და შემდგომ დაბადებულ ადამიანებს დეპ რესიის მაჩვენებელი შესაძლოა გაზრდილი ჰქონდეთ; დეპრესიის მაჩვენებელი უფრო მაღალი აქვთ უმუშევარ და განქორწინებულ პირებს; დიდი დეპრესიის დროს ხშირია კომორბიდულობა, გან საკუთრებით, შფოთვითი აშლილობებისა და წამალ მოხმარების. მიზეზი იმისა, თუ რატომაა ქალებს შორის მაღალი მაჩვენებლი, დადგენილი არაა. სიხშირე იზრდება სქესობრივი მომწიფების ასაკში და, შესაძლოა, გარკვეულწილად, ქალებში დეპრესიული სიმპტომებისადმი მომატებული მზაობის მიზეზს წარმოადგენდეს. თუმცა, ასეთი არჩევითი ახსნა ვერ იქნება საკმარისი მტკიცებულება. დეპრესიის მქონე მამაკაცებს, რომლებიც ხშირად ალკოჰოლის დიდი ოდენოდით მომხმარებლები არიან, რაც ნიღბავს დეპრესიულ სიმპტომატიკას, შესაძლებელია სწორედ ამიტომ, უპი რატესად, ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ. თუმცა, არც ეს მოსაზრება იძლევა სრულ ყოფილ ახსნას სქესთან დაკავშირებული განსხვავების თაობაზე. სქესთან დაკავშირებული ნეირობიოლოგიური განსხვავებები (მაგალითად, სეროტონინული ცენტრალური გადაცემის გზის ორგანიზება) რამდენად განაპირობებს დეპრესიისადმი წინაგანწყობას, მომავალი კვლევის საგა ნია. გასათვალისწინებელია, რომ ზოგ კულტურაში ქალები სოციალური ჩაგვრისა და დისკრიმინაციის ობიექტს წარმოადგენენ. ისინი უფრო ხშირად განიცდიან სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას, ვიდრე მამაკაცები. ამდენად, მსგავსი ფაქტორებიც შესაძლოა განაპირობებენ ქალების მომატებულ დეპრესიულობას. ადრე ითვლებოდა, რომ დეპრესიული აშლილობების განვითარების რისკი ასაკთან ერთად მატულობს, თუმცა უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია ყველაზე მეტად გავრცელებულია 1844 ასაკობრივ ჯგუში. 1945 წელს და შემდგომ დაბადებული პაციენტების კვლევამ ინდუსტრიულ ქვეყნებში გამოავლინა ამ პოპულაციაში ცხოვრების მანძილზე დეპრესიის განვითარების მომა ტებული რისკი და პირველი ეპიზოდის განვითარების უფრო ახალგაზრდა ასაკი. ეს კვლევები ძირითადად რეტროსპექტულია და, შესაძლოა, ახალგაზრდებთან შედა რებით, ასაკოვან პაციენტებთან დეპრესიული ეპიზოდების შემთხვევებში ნაკლებია, რადგან მათ დაქვეითებული აქვთ მეხსიერება, ან წარსულში გადატანილი დეპრესიული მდგომარეობის გამჟღავნება არ სურთ (). დისთიმია და რეკურენტული ხანმოკლე დეპრესია ცხოვრების მანძილზე დისთიმიის რისკი დაახლოებით 4 პროცენტია (). დისთიმიის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალებსა და განქორწინებულებში. ხან მოკლე რეკურენტული დეპრესიის ეპიდემიოლოგიაზე არსებული მონაცემები მეტად მწირია. ციურიხში ჩატა რებული კვლევების თანახმად, ხანმოკლე დეპრესიული აშლილობისათვის 12თვიანი გავრცელების სიხშირეა დაახ ლოებით 2.6%, ხოლო დისთიმიისთვის _ 2, 3% (). მსუბუქი აფექტური აშლილობები მსუბუქი აფექტური აშლილობების სიხშირე ძალიან ვა რიაბელურია, ვინაიდან სხვადასხვა კვლევებში გან სხვავებული მიდგომებია გამოყენებული. ეს აშლილობები ყველაზე უფრო გავრცელებულია მოსახლეობაში. მა გალითად, ეროვნული ფსიქიატრიული ავადობის საყო ფაცხოვრებო კვლევის მიხედვით, ნევროზული აშლილობის ერთკვირიანი გავრცელების სიხშირე საშუალოდ 16% ია (12.3% კაცებში და 19.5% ქალებში). ამ საკვლევი ჯგუფიდან თითქმის ნახევარი აკმაყოფილებდა შერეული შფოთვითი აშლილობის ICD10ის კრიტერიუმებს . მსუბუქი დეპრესიის (DSMIVის მიხედვით) ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მისი გავრცელების სიხშირე 55 და მეტი ასაკის პირებში 9.8%ია (). საოცრად მსგავსი შედეგები იქნა მიღებული მოზარდებსა და ახალგაზრდებზე ჩატარებულ კვლევებშიც (9.9%) (). აფექტური აშლილობების ეტიოლოგია აფექტური აშლილობების ეტიოლოგიასთან დაკავშირებით სხვადასხვა თეორია არსებობს. საფუძვლიანადაა შეს წავლილი დეპრესიის გენეტიკური ეპიდემიოლოგია და ის ბავშვობისდროინდელი გამოცდილება, რომელიც პი როვნებას ზრდასრულ ასაკში უფრო მოწყვლადს ხდის დეპრესიისადმი. ასევე, დაგროვილია მნიშვნელოვანი ცოდ ნა იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს დეპრესიისადმი მიდრეკილი ინდივიდებისთვის ცხოვრებისეულ სირთუ ლეებსა და სტრესს, როგორც მაპროვოცირებელ ფაქტორებს. ბევრად ნაკლებია ცნობილი იმ მექანიზმებზე, რომლებიც მონაწილეობენ გამომწვევი და მაპროვოცირებელი ფაქ ტორების კლინიკურ სიმპტომებად გადათარგმნაში ამ მექანიზმების შესწავლისას (რაც, ბუნებრივია, მნი შვნელოვანია მკურნალობისათვის) იყენებენ ორ ძირითად კონცეპტუალურ მიდგომას, რომლებიც, ზოგადად, ფსი ქოლოგიურ და ბიოლოგიურ მექანიზმებად შეიძლება დაიყოს. გენეტიკური მიზეზები ოჯახისა და ტყუპების კვლევა ოჯახური კვლევები გუნებგანწყობის აშლილობების რისკი მაღალია, როგორც ბიპოლარული, ისე უნიპოლარული პირველი რიგის ნა თესავებში. ეს რისკი ორჯერ მეტია ბიპოლარული აშლი ლობების შემთხვევაში ბიპოლარული პრობანდების ნათესავებს აქვთ როგორც უნიპოლარული დეპრესიისა და შიზოაფექტური აშლილობების, ასევე ლოდ 20%მდეა. უნიპოლარული დეპრესიის დროსაც კონკორდანტობა უფრო მაღალია მონოზიგოტური (46%), ვიდრე დიზიგოტური ტყუპების შემთხვევაში (20%). ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ გენეტიკის გავლენა უფრო დიდია ბიპოლარული აშლილობების შემთხვევაში, ვიდრე უნიპოლარულის. ბიპოლარული აშლილობის განვითარების მომატებული რისკი. ამის საპირისპიროდ, უნიპოლარული დეპრესიის დროს ბიპოლარული და შიზოაფექტური აშლილობების განვითარების გაზრდილი მაჩვენებლები არ აღინიშნება. ტყუპების კვლევა ტყუპების შესწავლამ აჩვენა, რომ ოჯახში გუნებ განწყობის აშლილობათა შემთხვევებს გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს; კონკორდანტობა უფრო მაღალია მონოზიგოტურ, ვიდრე _ დიზიგოტურ ტყუპებში, როგორც ბიპოლარული, ისე უნიპოლარული აშლილობების დროს. მაგალითად, ბიპოლარული აშლილობებისთვის კონკორდანტობის მაჩვენებელი მონოზიგოტურ ტყუპებში 60დან 70%მდე, ხოლო დიზიგოტურ ტყუპებში მხოგუნებგანწყობის აშლილობების კლასიფიკაციის გე ნეტიკური საფუძველი გენეტიკური კვლევები გვეხმარება უკეთ გავიგოთ გუნებ განწყობის აშლილობების სხვადასხვა ქვეჯგუფებს შორის არსებული ეტიოლოგიური კავშირები, მაგალითად, ტყუპების კვლევისას, კარკოვსკი და კენდლერი () მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უნიპოლარული და ბიპოლარული დეპრესიების გენეტიკური წინაგანწყობა უფრო სიმწვავით, და არა ეტიოლოგიით, განასხვავებს ამ ორ მდგომარეობას ერთმანეთისაგან. მაკგაფინმა კი აჩვენა, რომ გენეტიკური მოწყვლადობა მანიისადმი უფრო სპეციფიკურია და, როგორც სჩანს, არ წარმოადგენს მხოლოდ სიმწვავით განსხვავებულ გუნებგანწყობის აშლილობას. ტყუპების კველვამ გამოავლინა, რომ გენეტიკური მო წყვლადობა დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობების მიმართ ერთი და იმავე გენებით, მაგრამ განსხვავებული გარემო რისკფაქტორებითაა განპირობებული. ამასთან, დეპრესიის მოწყვლადობაზე გარემო ფაქტორების ეფექტი უფრო მეტად მოიცავს პიროვნების ინდივიდუალურ გამოცდილებას, ვიდრე გაზიარებულ (ოჯახის) გამოცდილებას. მემკვიდრეობის ტიპი გუნებგანწყობის აშლილობათა ოჯახური განაწილება არ ექვემდებარება მენდელის მარტივ კანონებს. ცნობილია, რომ ქალი უფრო მიდრეკილია დეპრესიისადმი, ვიდრე მამაკაცი. შესაძლებელია, გენეტიკური ფაქტორები ქალებში უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ აფექტური აშლილობების უფრო ფართო დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია გამოყენებული (Kენდლერ ეტ ალ., 2001). ამდენად, გენეტიკური შეჭიდულობისა და კავშირების კვლევისას მნიშვნელოვანია მამაკაცებსა და ქალებში სხვადასხვა ლოკუსების დეპრესიისადმი წინაგანწყობაზე გავლენის ცალ ცალკე შესწავლა. ზოგადად, სავარაუდოა, რომ გენეტიკური წინაგანწყობა აფექტური აშლილობებისადმი განპირობებულია მრავალი გენის მცირე ეფექტის ერთობლივი მოქმედებით, ე.წ. პოლიგენური მემკვიდრეობით. მოლეკულური გენეტიკა გუნებგანწყობის აშლილობების მოლეკულური კავშირების შესწავლამ მნიშვნელოვანი ვერაფერი გამოავლინა, რისი მიზეზიც არის ცალკეული გენის მცირე ეფექტი და გენეტიკური ჰეტეროგენობა. მართალია, მიღებულია გარკვეული პოზიტიური მონაცემებიც, მაგრამ მათი დუბლირება ძალიან ძნელია, მაგალითად, ბიპოლარული აშლილობის შედარებით ახალმა კვლევებმა გამოავლინა მნიშვნელოვანი კავშირები 13 ქ და 22 ქ ქრომოსომებთან (), თუმცა აუცილებელია ამ შედეგის გამეორება. გენეტიკური კავშირების შესწავლა დეპრესიის მონოამინური თეორიის თანახმად, ალელების გენეტიკურმა ვარიაციამ, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონოამინების სინთეზის, მეტაბოლიზმის ან სპეციფიკური რეცეპტორების შესახებ, შეიძლება განსაზღვროს აფექტუ რი აშლილობების განვითარების რისკი. უამრავი კვლევაა ჩატარებული კანდიდატი გენების გამოსავლენად, მაგრამ ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელი მონაცემები არ არ სებობს (). სეროტონინის ტრანს პორტერის გენს ალელური ვარიაბელობა ახასიათებს, რომ ლიდანაც ერთერთი ტრანსპორტერის უბნის ექსპრესიას განსაზღვრავს. ასეთი პოლიმორფიზმის დამადასტურე ბელი მონაცემები დეპრესიულ პაციენტებზე ჩატარებული კვლევების ჩვენებით არაერთგვაროვანია პროსპექტული კვლევის საფუძველზე კასპიმ დაადგინა, რომ სეროტონინის ტრანსპორტ ერის გარკვეული ალელის მატარებელ პირებს უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენების დროს უფრო ხშირად უვი თარდებათ დეპრესია. ეს შესაძლოა იყოს არასასურველი გარემოსა და გენეტიკური წინაგანწყობის ფაქტორების ურთიერთკავშირის საინტერესო მაგალითი. პიროვნული თვისებები გარკვეული პიროვნული თვისებები წარმოადგენს გუნებ განწყობის აშლილობათა წინაგანწყობას. მაგალითად, კლინიკურად ვლინდება, რომ დეპრესიულ პაციენტს პრე მორბიდში ხშირად შფოთვის მაღალი დონე აღენიშნება. პიროვნული თვისებების თავისებურება გუნებგანწყობის აშლილობებთან შემდეგნაირად ასოცირდება: 1. პიროვნულ თვისებად მიჩნეული მახასიათებელი შესა ძლოა დაავადების მსუბუქ ფორმას წარმოადგენდეს. მა გალითად: კრეპელინი () ვარაუდობდა, რომ ციკლოთიმიური ტემპერამენტის მქონე ადამიანები (ე.ი. განმეორებადი და ხანგრძლივი გუნებგანწყობის ცვლილებებით) უფრო მეტად იყვნენ მიდრეკილნი მანი აკალურდეპრესიული აშლილობისადმი. ჩვენს დროში ამ ტიპის ტემპერამენტი კლასიფიცირდება გუნებგანწყობის აშლილობად (ციკლოთიმიური აშლილობა) და მიჩნეულია ბიპოლარული აშლილობების მსუბუქ ფორმად. 2. ზოგიერთი პიროვნული თვისება გავლენას ახდენს ადა მიანების ქცევაზე არასასურველ გარემოში მოხვედრისას და, შესაბამისად, ზრდის დეპრესიული აშლილობის რისკს. მაგალითად: კოგნიტური თავისებურება, რო გორიცაა სოციოტროპობა (მოწონების ძლიერი მოთ ხოვნილება) ასოცირდება დეპრესიის გაზრდილ რისკთან ცხოვრებისეული სირთულეების გადატანის შემდეგ. 3. გარკვეული ტიპის პერსონოლოგიურ განვითარებასა და ფსიქიკურ აშლილობებს შესაძლოა საერთო გენეტიკური საფუძველი ჰქონდეს, მაგალითად: ნევროტიზმი, რაც აიზენკის პიროვნების ტიპის გამოსავლენი ტესტით იზომება, დეპრესიის წინაგანწყობას წარმოადგენს. ტყუპების კვლევა კი გვიჩვენებს, რომ ნევროტიზმსა და დეპრესიას საერთო გენები აქვს. ამრიგად, თანამედროვე მონაცემები გვიჩვენებს, რომ დეპრესიის გენეტიკური რისკი ნაწილობრივ ხასიათის გარკვეული ტიპისა და კოგნიტური თავისებურების მემ კვიდრეობითობაში ვლინდება, რაც, შესაძლოა, აქვეითებდეს სტრესთან გამკლავების უნარს . გარემო ფაქტორები ადრეულ ასაკში მშობლის დეპრივაცია ფსიქოანალიტიკოსების აზრით, ბავშვობაში დედობრივი სიყვარულის ნაკლებობა, გამოწვეული მშობლის და კარგვით ან მასთან განშორებით, ზრდის დეპრესიული აშლილობებისადმი მოწყვლადობას ზრდასრულ ასაკში. თუმცა, ეპიდემიოლოგიური კვლევებით არ დასტურდება ზრდასრულობაში დეპრესიული აშლილობის რისკის მატება, განშორების მიზეზი თუ მშობლის გარდაცვალებაა. ზოგადად, მეტი მხარდამჭერი ჰყავს მოსაზრებას, რომ დეპრესიული აშლილობა მოწიფულ ასაკში უკავშირდება მშობლების დაშორებას, უფრო კონკრეტულად კი _ განქორწინებას. ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს მშობლების მხრიდან ყურადღების ნაკლებობა და მათ შორის არსებული უთანხმოება უფრო თამაშობს, ვიდრე კონკრეტული დანაკლისი. მართლაც, უთანხმოება ოჯახში და ადეკვატური ზრუნვის ნაკლებობა დეპრესიისაკენ მიდრეკილებას იმ ოჯახებშიც ზრდის, სადაც განქორწინება არ მომხდარა (). ურთიერთობა მშობლებთან ნათელია, რომ მშობლის ძალადობრივი დამოკიდებულება, მაგალითად ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ზრდასრულ ასაკში სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობების, მათ შორის დიდი დეპრესიის განვითარების რისკ ფაქტორია (). ნაკლებადაა ცნობილი აღზრდის განსხვავებული ტიპის გავლენა დეპრესიის წინაგანწყობაზე. ერთერთ სირთულეს წარმოადგენს მშობლებთან ურთი ერთობის ტიპის რეტროსპექტულად განსაზღვრა. პაციენტის მოგონებებს შესაძლოა, აფერხებდეს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, დეპრესიული აშლილობაც. თუმცა, სავარაუდოა, რომ, როგორც უყურადღებობა, ისე გადამეტებული ზრუნვა, თანაბრად უკავშირდება არამელანქოლიური დეპრესიის განვითარების რისკს ზრდასრულ ასაკში; ამ კავშირის მექანიზმის დადგენა შემდგომ შესწავლას მო ითხოვს (). პოსტნატალური დეპრესიის მქონე დედისთვის დამახასიათებელია უგულებელყოფა და ემოციური ინდიფერენტულობა ახალშობილის მიმართ. ზრუნვის ასეთმა სტილმა შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვის თვითშეფასებასა და მიჯაჭვულობის უნარზე, რაც შემდგომ თაობებში გაზრდის დეპრესიის განვითარების რისკს. პრეციპიტატული ფაქტორები ცხოვრებისეული მოვლენები მეთოდოლოგიური მიდგომები ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომდეპრესიულ აშლილობებს ხშირად სტრესული მოვლენები იწვევს. თუმცა, სანამ დავასკვნით, რომ სტრესული გარემო განაპირობებს დეპრესიულ აშლილობებს, საჭიროა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც. პირველ რიგში, კავშირი შეიძლება იყოს შემთხვევითი. მეორეც, კავშირი შეიძლება იყოს არასპეციფიკური; არ არის გამორიცხული, რომ სხვა ტიპის დაავადებებს ზუსტად ასეთივე სტრესული მოვლენა უძღოდეს წინ. მესამეც, შესაძლებელია, ის იყოს ყალბი; პაციენტი სტრესულად აღიქვამს მოვლენებს, როცა ცდილობს რეტროსპექტულად ახსნას დაავადების მიზეზი, ან იმიტომ, რომ უკვე დეპრესიულია. დაბოლოს, შესაძლებელია, რომ თავად დეპრესია იყოს ცხოვრებისეული მოვლენის გამომწვევი. მკვლევარები ცდილობენ ამ მეთოდოლოგიური სირ თულეების გადაჭრას. პირველი ორი პრობლემის შესას წავლად, კერძოდ, იმის გამოსავლენად, არის ეს მოვლენები შემთხვევითი თუ სპეციფიკური, საჭიროა ჯანმრთელი მოსახლეობიდან და სხვა დაავადებების მქონე პირებიდან საკონტროლო ჯგუფების სათანადოდ შერჩევა. ხოლო, ყალბი კავშირის გამოსავლენად ორი განსხვავებული მი დგომა გამოიყენება: პირველი გულისხმობს დაავადებისაგან სრულიად დამოუკიდებელი მოვლენების (მაგალითად, სამსახურიდან დათხოვნა საწარმოს დახურვის გამო) გამიჯვნას ისეთი მოვლენებისგან, რომლებიც შეიძლება დაავადების შედეგს წარმოადგენდეს (როგორიცაა სამ სახურიდან მხოლოდ ამ პიროვნების დათხოვნა). მეორე მიდგომა გულისხმობს, ჯანმრთელი პირების შეთანხმებულ მოსაზრებაზე დაყრდნობით, მოვლენის სტრესის ხარისხის განსაზღვრას. მიღებული შედეგები: მეთოდოლოგიურად სანდო კვლევებმა აჩვენა, რომ: დეპრესიული ეპიზოდის განვითარების წინა თვეებში უარყოფითი ცხოვრებისეული მოვლენების რიცხვი ექვს ჯერ მეტია; შფოთვითი აშლილობებისა და შიზოფრენიის განვი თარებას და თვითმკვლელობის მცდელობებს ბევრი სტრესული მოვლენა უძღვის წინ; ზოგადად, დანაკლისი უკავშირდება დეპრესიას, ხოლო საფრთხის შემცველი მოვლენები შფოთვას; დეპრესიის განვითარების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნ ელობა აქვს ცხოვრებისეულ მოვლენებს, მაგრამ მათი გავლენა ნაკლებია მელანქოლიური ტიპის აშლილობებისა და ძლიერი ოჯახური ისტორიის არსებობის შემთხვევაში. უკანასკნელი კვლევები გვიჩვენებს, რომ დეპრესიის განვითარება უფრო მეტად ღირსების შემლახველ და პიროვნებისთვის შეურაცხმყოფელ მოვლენებთანაა და კავშირებული. ხოლო, დეპრესიის რემისია ხშირად ასო ცირებულია ახალი ცხოვრების დაწყებასთან (ახალი ნაცნობობა ან სწავლის დაწყება) . მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორების როლი ცხოვ რებისეული სირთულეების დაძლევაში. მაგალითად, გარ კვეული ტიპის ინდივიდებს ახასიათებს სწრაფვა რისკის შემცველ გარემოსკენ; ასევე, გენეტიკური ფაქტორები, პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე, განაპი რობებს კონკრეტული ინდივიდის მიერ ცხოვრებისეული მოვლენების აღქმას. ზოგადად, დეპრესიული ეპიზოდების რიცხვის ზრდასთან ერთად, კლებულობს ცხოვრებისეული მოვლენების მნიშვნელობაც. ეს ნიშნავს, რომ დიდი დეპრესიული აშლილობის ჩამოყალიბების შემდეგ, დეპრესიული ეპიზოდი შეიძლება სტრესული მოვლენების გარეშეც განვითარდეს. ასეთი ურთიერთკავშირი ნაკლებად თვალსაჩინოა დეპ რესიული აშლილობის ოჯახური ისტორიის შემთხვევაში. შესაძლოა, რომ დეპრესიის ოჯახური ისტორია აკნინებს დეპრესიული ეპიზოდის განვითარებისას გარემო ფაქტ ორების მნიშვნელობას, რითაც შეიძლება აიხსნას ასეთ ოჯახებში დეპრესიის გაზრდილი რისკი. მანია დარწმუნებით ძნელია იმის თქმა, იწვევს თუ არა მანიას ცხოვრებისეული მოვლენები. წარსულში ითვლებოდა, რომ მანია მხოლოდ ენდოგენური (შინაგანი) დაავადებაა, თუმცა, კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ გარკვეულ შემთხვევებში ისეთი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც დეპრესიას უნდა იწვევდეს, შეიძლება მანიის მიზეზიც გახდეს, მაგალითად, მძიმე დანაკლისი. ისევე როგორც რეკურენტული დეპრესიის შემთხვევაში, ცხოვრებისეული მოვლენების გავლენა უფრო ძლიერია მანიაკალურდეპრესიული აშლილობის საწყის ეტაპზე, ხოლო აშლილობის ჩამოყალიბების შემდეგ, გარე ფაქ ტორები კარგავს თავის მნიშნველობას. თუმცა, უარ ყოფითი ცხოვრებისეული მოვლენები გავლენას ახდენს ბიპოლარული აშლილობის, განსაკუთრებით, დეპრესიული ეპიზოდის სიმპტომებზე. საინტერესოა, რომ მანიაკალური სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევამ, ანუ სიხარულისა და კარგად ყოფნის ჩვეულებრივი შეგრძნება, შესაბამისი წინაგანწყობის მქონე პიროვნებების შემთხვევაში, შესაძლოა მანიაკალურ აშლილობაში გადაიზარდოს (იხ. ღუსჰ, 2003). მოწყვლადობის ფაქტორები და ცხოვრებისეული სირთულეები ზოგადი კლინიკური დაკვირვების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ზემოქმედებს ის მოვლენები, რომლებიც უშუალოდ წინ უძღვიან დეპრესიულ აშლილობებს. ფაქტიურად, ესაა უკანასკნელი წვეთი იმ ადამიანისთვის, რომელიც ხანგრძლივი უარყოფითი გარემო ფაქტორების გავლენას განიცდის. მაგალითად, უიღბლო ქორწინება, პრობლემები სამსახურში ან მძიმე საცხოვრებელი პი რობები. ბრაუნმა და ჰარისმა (1978) წინაგანწყობის მოვლენები ორ ტიპად დაყვეს. პირველ ტიპს მიეკუთვნება ხანგრძლივი სტრესული გარემოებები, როლებსაც შე უძლიათ როგორც თავად განაპირობონ დეპრესია, ასევე გააძლიერონ ხანმოკლე ცხოვრებისეული მოვლენების ეფექტი. ბრაუნმა და ჰარისმა ამ ტიპის გარემოებებს ხანგრძლივი სირთულეები უწოდეს. მეორე ტიპი კი თავად არ ახდენს გავლენას დეპრესიაზე, არამედ მხოლოდ აძლიერებს ხანმოკლე ცხოვრებისეული მოვლენების ზემოქმედებას. ასეთ გარემოებებს უწოდებენ მოწყვლადობის ფაქტორს. ამ ორ ტიპს შორის არსებული განსხვავება არ არის ნათლად ჩამოყალიბებული. მაგალითად, ცოლქმრულ ურთიერთობაში გრძელვადიანი პრობლემები (ხანგრძლივი სირთულე) შესაძლოა უკავშირდებოდეს ინტიმური ურთიერთობის პრობლემებს, ხოლო ბრაუნის მიხედვით, ეს უკანასკნელი მოწყვლადობის ფაქტორს წარმოადგენს. კვლევები გვიჩვენებს, რომ დეპრესიული ეპიზოდების განვითარების რისკი იზრდება შემდეგი ცხოვრებისეული მოვლენების შედეგად, როდესაც პიროვნება: უვლის ბავშვებს; მუშაობს სახლიდან გაუსვლელად; არ ჰყავს ახლობელი ადამიანი ზოგადად, ცნობილია, რომ საზოგადოებრივი მხარ დაჭერისა და თანადგომის ნაკლებობა ან სოციალური გაუცხოება ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. ეს მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არაა, ამიტომ სხვადასხვა ინტერპრეტაციით ცდილობენ მის ახსნას: (1) შესაძლებელია პიროვნება დეპრესიისადმი უფრო მოწყვლადია, როდესაც სანდო ადამიანი გვერდში არ უდგას, ან (2) დეპრესია თავად ცვლის სხვა ადამიანებთან ურთიერთობის უნარს, ან (3) გარკვეული პიროვნული თვისებების გამო ინდივიდი ვერ ახერხებს საიმედო ურთიერთობების დამყარებას სხვებთან, რაც დეპრესიის განვითარებას განაპირობებს (). ამ თემაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ფიზიკური ავადმყოფობის შედეგები ყველა ტიპის დაავადებას ან მათ მკურნალობას, როორც არასპეციფიკურ სტრესორს, შეუძლია დეპრესიისადმი მიდ რეკილ ინდივიდებში გამოიწვიოს აფექტური აშლილობები. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, სომატურ დაავადებებს გუნებგანწყობის აშლილობების განვითარებაზე უშუალო გავლენის მოხდენაც შეუძლიათ. მაგალითად, თავის ტვინის სიმსივნე, კონკრეტული ინფექციები _ აივ შიდსის ჩათვლით, და ენდოკრინული დაავადებები. ასეთ თანმხლებ აფექტურ აშლილობებს ორგანულ გუნებგანწყობის აშილობებს უწოდებენ. მათზე დამატებითი ინფორმაცია მოცემულია მე16 თავში. უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთ აღნიშნული დაყოფა პირობითია. მაგალითად, კუშინგის დაავადების დროს, პაციენტთა მხოლოდ ნახევარს აღენიშნება თანმხლები დეპრესიული მდგომარეობა. რადგან ყველა პაციენტს არ აქვს დეპრესია, ეს ნიშნავს, რომ დეპრესიის განვითარებისთვის პლაზმაში კორტიზოლის გაზრდილი დონის გარდა, სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ორგანულ აფექტურ აშლილობებს შეუძლიათ მეტი ინფორმაცია მოგვცენ გუნებ განწყობის აშლილობათა ეტიოლოგიაზე, მაგალითად: კუშინგის დაავადების დროს დეპრესიული მდგომარეობა უმჯობესდება კორტიზოლის დონის ნორმალიზებით. სწორედ ამ აღმოჩენამ მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ კორტიზოლის ჭარბი გამოყოფა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეპრესიის პათოფსიქოლოგიაში აღსანიშნავია ისიც, რომ პუერპერიუმი (რომელიც არ არის დაავადება) ასევე უკავშირდება აფექტური აშლილობების გაზრდილ რისკს. ეტიოლოგიის ფსიქოლოგიური ახსნა ფსიქოლოგიური თეორიების თანახმად, უახლესმა და წარსულმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესიული აშლილობები. ამ თემაზე არ სებული ლიტერატურის დიდ ნაწილში ვერ ხერხდება დეპრესიული სიმპტომისა და დეპრესიული აშლილობის ადეკვატური გამიჯვნა. ამ პრობლემისადმი ძირითადი მიდგომები მომდინარეობს ფსიქოანალიზური და კოგნი ტურბიჰევიორული თეორიებიდან. ფსიქოანალიტიკური თეორია დეპრესიის ფსიქოანალიტიკურ თეორიას დასაბამი მისცა სტატიამ, რომელიც აბრაჰამმა გამოაქვეყნა 1911 წელს. შემდგომში იგი განავითარა ფროიდმა თავის ნაშრომში გლოვა და მელანქოლია (1917). მან ყურადღება გაამახვილა იმ განსხვავებაზე, რომელიც გლოვის ფე ნომენსა და დეპრესიული აშლილობის სიმპტომებს შორის არსებობს და დაასკვნა, რომ მათი გამომწვევი მიზეზები შესაძლოა მსგავსი იყოს. თუმცა, მოცემული და შემდგომი შემუშავებული თეორიები არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. მათი განხილვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვეცნობით დეპრესიის შესახებ არსებულ მოსაზრებათა განვითარების ისტორიას. უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდი არ მიიჩნევდა, რომ მწვავე დეპრესიული აშლილობის საფუძველი ყოველთვის ერთი და იგივე მიზეზი იყო. იგი ფიქრობდა, რომ ზოგი აშლილობა უფრო სომატური და არა ფსიქოგენურია. თუმცა, ეს მიდგომა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაჩნდა გამართლებულად, როდესაც ფსიქოგენური ბუნება ეჭვს არ იწვევდა (). ფროიდი თვლიდა, რომ, როგორც გლოვის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო სიკვდილით გამოწვეული დანაკარგი, ისე მელანქოლიაც _ სხვა ტიპის დანაკარგის შედეგი. რადგან აშკარა იყო, რომ ყველა დეპრესიულ პაციენტს არ ჰქონდა კონკრეტული დანაკარგი, აუცილებელი გახდა დანაკარგის გარკვეული აბსტრაქციის ან მისი შინაგანი წარმოდგენების პოს ტულირება, ან, ფროიდის სიტყვებით რომ ვთქვათ ობიექტის დაკარგვა. ფროიდი აღნიშნავდა, რომ დეპრესიული პაციენტები ხშირად თვითკრიტიკულები არიან და მისი აზრით, თვითბრალდებას უდავოდ იწვევს იმ ადამიანის ფარული დადანაშაულება, ვის მიმართაც პაციენტი გულგრილი არ არის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეპრესია მაშინ ჩნდება, როცა სიყვარული და სიძულვილი ერთდროულადაა გამოხატული (ერთმანეთის საპირისპირო გრძნობები). როცა საყვარელი ობიექტი იკარგება, პაციენტი სასოწარკვეთილია; ამავდროულად, ნებისმიერი აგრესიული გრძნობები, რაც ამ ობიექტს უკავშირდება, თვითბრალდების გრძნობების სახით, გადამისამრთდება პაციენტზე. ფროიდის აზრები მოგვიანებით მელანი კლაინმა (1882 1960) განავითარა; მას სჯეროდა, რომ ბავშვის ძუძუდან მოცილება (რძის არქონის გამო) უმნიშვნელოვანესი სიმბოლური დანაკლისია ჩვილისთვის, რომელსაც კარგი ობიექტის გაქრობის გამო სინდისის ქენჯნა და დანაშაულის გრძნობა უჩნდება. ნორმალური განვითარების შემთხვევაში, დეპრესიული შფოთვა განაპირობებს ზარალის ანაზღაურებისა და სხვაზე ზრუნვის სურვილს. მარცხი ამ პროცესის მართვაში იწვევს დეპრესიულ რეაქციებს მომავალი დანაკლისის სახით. კლაინი ნაკლებ ყურადღებას უთმობდა დედის საქციელს ამ პროცესში, სავარაუდოდ იმიტომ, რომ გადამწყვეტ ფაქტორად ჩვილის შინაგან იმპულსს მიიჩნევდა. თუმცა, ჯონ ბოულბის ნაშრომმა (19071990) გვიჩვენა, რომ აღმზრდელის უნარჩვევები (დასავლურ კულტურაში, ძირითადად, დე და) ჩვილის უსაფრთხო, ემოციური მიჯაჭვულობის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მას უდიდესი როლი ენიჭება სამომავლოდ ინტერპერსონალური ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესში. არასაიმედო მიჯაჭვულობას შეუძლია გაზარდოს სხვადასხვა ტიპის ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობების, მათ შორის დეპრესიის, განვითარების რისკი. ასეთ პიროვნებას ზრდასრულ ასაკში ცხოვრებისეული სირთულეების დროს უჭირს ემოციური მხარდაჭერის მიღება. კოგნიტური თეორიები დეპრესიულ პაციენტებს რეკურენტული და ინვაზიური ნეგატიური ფიქრები (ავტომატური ფიქრები) ახასიათებთ. ბეკმა (1967) გამოთქვა მოსაზრება, რომ დეპრესიული შემეცნების დროს პიროვნება ნეგატიურად აღიქვამს საკუთარ თავს, სამყაროსა და მომავალს (ხშირად, თავის წარსულსაც). აღნიშნული ავტომატური ფიქრები ალოგიკური აზროვნების გამო საკმაოდ მყარია (რასაც ბეკი კოგნიტურ დამახინჯებას უწოდებდა). ესენია: სუბიექტური დასკვნები (დასკვნის გამოტანა დაუსა ბუთებლად ან საპირისპირო მტკიცებულების საფუძ ველზე); შერჩევითი აბსტრაქცია (აქცენტის გაკეთება ერთ დე ტალზე და მდგომარეობის უფრო მნიშვნელოვანი მახასიათებლების იგნორირება); ზედმეტად განზოგადება (ზოგადი დასკვნის გაკეთება ერთი შემთხვევის საფუძველზე); პერსონალიზაცია (სრულიად შეუსაბამოდ გარე მოვლე ნების საკუთარ თავთან დაკავშირება). ფსიქიატრთა უმეტესობა გუნებგანწყობის აშლილო ბების განვითარებისათვის ამ დეპრესიულ კოგნიციას მეორეხარისხოვნად მიიჩნევდა.ბეკმა, ჩამოაყალიბა თავისი მოსაზრება და შემოგვთავაზა გან სხვავებული ხედვა, რომლის თანახმადაც, დეპრესიული კოგნიცია წინ უსწრებდა დეპრესიას და განაპირობებდა პიროვნების დეპრესიისადმი მიდრეკილებას და მათ დის ფუნქციური აზრები უწოდა. ასეთი აზრია, მაგალითად: მე თუ ყველაფერში წარმატებული არ ვარ, მაშინ არარაობა ვარ. საკითხის ასე დაყენება გავლენას ახდენს პიროვნების უნარზე დაძლიოს სტრესი და სირთულეები. მაგალითად, წარუმატებლობამ სამსახურში შესაძლებელია უფრო იმ ადამიანისთვის იყოს დეპრესიის გამომწვევი მიზეზი, ვისაც მსგავსი იდეები აქვს. სხვა კვლევებით დაადგინეს, რომ დეპრესიის დროს პიროვნებას უფრო მეტად უარყოფითი მოვლენები ამახსოვრდება. ასეთი სელექციური მოგონებები ამძიმებს დეპრესიულ მდგომარეობას და უფრო რთული ხდება მასთან გამკლავება. კოგნიტურ მოდელთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემაა ის, რომ დისფუნქციური აზრები და დამოკიდებულებები, ისევე, როგორც უარყოფითი შინაარსის მოვლენებისადმი არჩევითი ინტერესი, დეპრესიული მდგო მარეობიდან გამოსვლის შემდეგ ქრება. თანამედროვე კოგნიტური თეორიის მიხედვით, (ლატენტური) დისფუნქციური აზრები შეიძლება არსებობდეს, მაგრამ მათი გამოვლენა რთულია მანამ, სანამ შესაბამისი სტრესორი ან გუნებგანწყობის ცვლილება (ნორმის ფარგლებში) არ მოახდენს მათ აქტივაციას. ამ მოდელის მიხედვით, გუნებგანწყობის (ნორმისფარგლებში) უმნიშვნელო დაქვეითებამ შეიძლება გაააქტიუროს ყველა წარმოდგენა და მოსაზრება, რაც კლინიკურ დეპრესიასთან ასოცირდება. დაწეული გუნებგანწყობისა და ნეგატიური აზროვნების ინტერაქტიური ციკლი მოცემულია სურათზე კოგნიტური თეორიის ერთერთი მოსაზრების მიხედვით, გუნებგანწყობასთან დაკავშირებული კოგნიტური პროცესები ასახავს ცვლილებებს ფსიქიკურ მოდელებში, რომლებსაც ჩვენ ჩვენი გამოცდილების გასააზრებლად ვიყენებთ. ამან განაპირობა მეტაკოგნიტური ცნობიე რების დაკარგვის კონცეფციის განვითარება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ნეგატიური ფიქრები და გრძნობები აღიქმება როგორც ფსიქიკური მოვლენა და არა ობიექტური სიმართლე საკუთარი თავის შესახებ. მედიტაციაზე (მინდფულნესს) დაფუძნებული კოგნიტური თერაპია მიზნად ისახავს მეტაკოგნიტური ცნობიერების გაზრდას და, შესაბამისად, დეპრესიის რეციდივის თავიდან აცილებას. ← სარჩევი …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 11:08pm on თებერვალი 19, 2014
თემა: ბავშვთა და პედაგოგიური ფსიქოლოგია
ოგადოებისთვის. ამიტომ უძველეს კულტურებსა და ცივილიზაციებში არსებობდა გარკვეული პედაგოგიური პრინციპები და მათი რეალიზაციის ტექნოლოგია. განათლების შინაარსი, სწავლა-აღზრდის ორგანიზაციის წესი და მეთოდები ნაკარნახევი იყო ამა თუ იმ კულტურის „ობიექტური“ (სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, ეთნიკური, რელიგიური თუ სხვა) თავისებურებებით. რაც შეეხება „სუბიექტურ“ მხარეს, აღსაზრდელის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მათ სერიოზული მნიშვნელობა არ ენიჭებოდა და მხოლოდ მაშინ ითვალისწინებდნენ, როცა საჭირო ხდებოდა იმის გარკვევა, შეეძლო თუ არა აღსაზრდელს მის მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულება. პედაგოგიური ფსიქოლოგიის საკითხები თითქმის არ იყო რეფლექსირებული; მათი გადაწყვეტა პრაქტიკულ პლანში, საღი აზრის დონეზე ხდებოდა.       ანტიკურ ფილოსოფიაში იმთავითვე გაჩნდა მოსაზრებები ბავშვის ფსიქიკის განვითარების თაობაზე. სულიერი მოვლენების საფუძვლების ძიებას ანტიკური მოაზროვნეები აუცილებლობით მიჰყავდა ფსიქიკის განვითარების იდეამდე, რაც ლოგიკურად აყენებდა საკითხს განვითარების პროცესის განმსაზღვრელი ფაქტორებისა და ეტაპების შესახებ. აქედან გამომდინარე, ძველი დროის წამყვანი მკვლევარები სულზე (ფსიქიკაზე) თავისი შეხედულებების დასამტკიცებლად ხშირად მიუთითებდნენ იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი სამყაროს, როგორ ითვისებს ახალ ცნებებს, როგორ რეაგირებს სხვადასხვა სიტუაციაზე და ა.შ. (დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ეპიკურე, ძენონი, სენეკა, კვინტილიანე, მარკუს ავრელიუსი და ბევრი სხვა). ასე გაგრძელდა მომდევნო ეპოქებში, როგორც ქრისტიანული ტრადიციის (ავგუსტინე, თომა აქვინელი, ერაზმ როტერდამელი, ხუან ვივესი და სხვა), ისე აღმოსავლური ტრადიციის (კონფუცი, ალ-ღაზალი, ავიცენა, ავეროესი და სხვა) ფარგლებში.       შუასაუკუნოვან ევროპაში გაბატონებული იყო დოგმატურ-რელიგიური, სქოლასტიკური განათლება. სქოლასტიკის მთავარი სასწავლო მეთოდია გაზეპირება და დამახსოვრება (როგორც წესი, თვალსაჩინო წარმოდგენისა და გააზრების გარეშე). სქოლასტიკური პედაგოგიკა ყურადღებას არ აქცევდა ბავშვის ფსიქოლოგიას, ბავშვს მხოლოდ გამოსაძერწ და მოსარჯულებელ მასალად განიხილავდა, მიზნად ისახავდა ბავშვის ბუნების დათრგუნვას, რადგან იგი ცოდვილად და მანკიერებისკენ მიდრეკილად მიაჩნდა. სწამდა, რომ მხოლოდ ბუნების დათრგუნვით შეიძლება ზნეობრივი და გონიერი ქრისტიანის აღზრდა. ამგვარი მიდგომა, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში პროტესტანტულმა ეთიკამ კიდევ უფრო გააძლიერა, XX საუკუნის შუახანებამდეც კი შემორჩა. სქოლასტიკური ზეპირობა კი XXI საუკუნეშიც ერთ-ერთ მთავარ სასწავლო მეთოდად რჩება. მხოლოდ რენესანსის ხანაში მოხდა გამონათება და ანტიკური ტრადიციის განვითარება, ოღონდ გაცილებით მაღალ დონეზე - ქრისტიანული ჰუმანიზმისა და ინდივიდუალიზმის დონეზე. რენესანსის ფილოსოფიაში და, კერძოდ, პედაგოგიკაშიც, სქოლასტიკის საპირისპიროდ, მთავარია ბუნებითობის პრინციპი.       რენესანსის ჰუმანისტებმა (იტალიელები ვ. დე ფელტრე, პ. ვერჯერიო და მ. ვეჯიო, ჰოლანდიელი ერაზმი, ინგლისელი თ. მორი, ფრანგები ფ. რაბლე და მ. მონტენი, ჩეხი ი.ა. კომენსკი და სხვანი) კლასიკური პედაგოგიკა დააფუძნეს. რენესანსის ფილოსოფიის თანახმად, ღმერთმა ადამიანი ამქვეყნიურობის გვირგვინად და მეუფედ შექმნა, მოუწყო მას მშვენიერი სამყარო - ლამაზი ბაღი, რომელშიც ადამიანი ბედნიერად უნდა ცხოვრობდეს (ამ სიცოცხლეშივე), გონებით უნდა შეიმეცნებდეს და გულით ესთეტიკურად უნდა განიცდიდეს ამ სამყაროს - ღმერთის დიად ქმნილებას. მაგრამ, ამასთან, ვითარც კეთილ მეუფეს, ადამიანს ამ სამყაროზე ზრუნვაც ევალება - როგორც კარგი მებაღე ზრუნავს თავის ბაღზე. სიქველე, თავისუფალი შრომა, სიყვარული, შემოქმედება (ღმერთის მიბაძვა) - აი, ადამიანის მოწოდება და ღვთივსათნო საქმე (უკვე აქედან ჩანს აშკარად, თუ როგორ ძირეულად განსხვავდება რენესანსის სიცოცხლისმოყვარული ფილოსოფია ორთოდოქსული ქრისტიანობის გარდამქმნელი მეორე მძლავრი მოძღვრებისგან - პირქუში პროტესტანტიზმისაგან). ჰუმანისტებმა უარყვეს შუასაუკუნეთა სქოლასტიკური საეკლესიო პედაგოგიკა და, ანტიკური ტრადიციების აღორძინებით, დააფუძნეს სწავლება-აღზრდის საერო მოძღვრება მეცნიერებაზე დამყარებით (განათლების მეცნიერულობა). ეს იყო ჰუმანიზმის ზოგადი ფილოსოფიის გადატანა კერძოდ ბავშვზე: როგორც ადამიანია ამქვეყნიურობის ცენტრი, ისევე უნდა იყოს ბავშვი სწავლება-აღზრდის ცენტრი, ანუ განათლების მიზანი და არა საშუალება თუ მასალა (თანამედროვე პედაგოგიკაში ამას ეწოდება პედოცენტრიზმი ანუ მოსწავლეზე ცენტრირება); ამასთან, ყველა ბავშვი განუმეორებელი პიროვნებაა და თავისებური მიდგომა სჭირდება (განათლების ინდივიდუალიზაცია); როგორც ადამიანის ცხოვრება უნდა იყოს სისხლსავსე და მრავალმხრივი, ისე ბავშვის აღზრდაც უნდა იყოს მრავალმხრივი: სხეულის, გრძნობის, უნარის, გონებისა და ნების ურთიერთშეწონილი განვითარებით (ჰარმონიული განათლება); როგორც მებაღის მუშაობაში მთავარი საფუძველია მცენარეთა ბუნებრივი (ღმერთის მიერ ჩანერგილი) თვისებები, და მებაღე მათ საუკეთესო გაფურჩქნაზე უნდა ზრუნავდეს, ასევე პედაგოგიკის მიზანიც ისაა, რომ ბავშვის სულში ჩანერგილ, თანდაყოლილ უნართა და ჯანსაღ მიდრეკილებათა საუკეთესო გაფურჩქნა-განვითარებას შეუწყოს ხელი, ამასთან, ~გასხლას~ არაჯანსაღი ~წანაზარდები~. ესაა თანდაყოლილისა და შეძენილის, ბუნებრივისა და სოციალურის ურთიერთზემოქმედება ანუ ინტერაქცია - რისი კარგი ხატოვანი მაგალითიცაა სწორედ ბაღი, რომელიც ბუნებრივისა და კულტურულის ჰარმონიულ შერწყმას წარმოგვიდგენს.       ჰუმანისტებმა ყურადღება გაამახვილეს აგრეთვე ბავშვის (ზოგადად, ადამიანის) შემეცნებით უნართა მრავალფეროვნებაზეც: პირველადია უშუალო შეგრძნება (თვალსაჩინოების პედაგოგიკური პრინციპი), რომელიც, მომდევნო დონეზე, უნდა განვითარდეს განყენებულ განსჯით აზროვნებად; მეხსიერება მხოლოდ თვალსაჩინო წარმოდგენასთან და აზროვნებასთან ერთად და მათზე დაყრდნობით უნდა მუშაობდეს (გააზრებული სწავლების პრინციპი); ამასთან, დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე უშუალო წვდომას, ანუ ინტუიციას. მიუხედავად თვალსაჩინოების პრინციპის დამკვიდრებისა, რენესანსის გნოსეოლოგია (შემეცნების თეორია) არ იყო ცალმხრივად სენსუალისტურნომინალისტური, რადგან შეუძლებლად მიაჩნდა აზროვნებისა თუ ზნეობის ფორმების განვითარება შეგრძნებებიდან - თანდაყოლილი, ღმერთის მიერ მონიჭებული წინარეფორმების (ნასახების) გარეშე. სწორედ ეს ნასახები უნდა განავითაროს და ჩამოაყალიბოს ბავშვის გამოცდილებამ და ბავშვზე პედაგოგიურმა ზემოქმედებამ.       ახალი დროის ფილოსოფოსთაგან, საინტერესო მოსაზრებები ფსიქიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით გამოთქმული აქვთ დეკარტეს, სპინოზას, ლაიბნიცს. მაგრამ ლოკი და რუსო იყვნენ ის მოაზროვნენი, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს ის ინტელექტუალური კლიმატი, სადაც ხდებოდა ბავშვის ფსიქიკური ბუნების, მისი განვითარებისა და ფორმირების საკითხების განხილვა.       ჯონ ლოკი ემპირიული ფსიქოლოგიის ფუძემდებლად ითვლება (იხ. თავი 4.1.). იგი ამოდიოდა იქიდან, რომ ადამიანის ფსიქიკური მოწყობა ემპირიული გამოცდილების შედეგია. ადამიანი დაბადებიდან „სუფთა დაფაა“, რომელზეც გარემოს ზემოქმედების კვალდაკვალ იწერება ყოველგვარი ცოდნა ბუნების მოვლენებისა თუ საზოგადოებრივი წესების შესახებ. იგი ენერგიულად ებრძოდა ე.წ. თანდაყოლილი იდეების პოსტულატს, რომელსაც ბევრი მომხრე ჰყავდა (დეკარტე, ლაიბნიცი და სხვა). ყველა ახალშობილი ერთნაირია, ხოლო იდეებით აღსავსე ცნობიერებისა და ზნეობრივი პიროვნების ფორმირება სოციალური გარემოცვის, პირველ რიგში, სწავლა-აღზრდის ნაყოფია. განსაკუთრებით დიდია გარემოს ზემოქმედების როლი ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში, როდესაც მისი ფსიქიკა უფრო მოქნილია და მეტად ექვემდებარება მოზრდილების გავლენას.       სასწავლო და აღმზრდელობითი ზემოქმედება გარკვეული მექანიზმებისა და წესების გათვალისწინებით უნდა ხდებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებული მოსაზრებები ლოკმა ჩამოაყალიბა თავის მთავარ ფილოსოფიურ ნაშრომში „ცდა ადამიანის გონების შესახებ“ (1690), ძირითად, პედაგოგიურ ნაშრომში „აზრები აღზრდის შესახებ“ (1693) და მისი სიკვდილის შემდეგ გამოცემულ ტრაქტატში „ადამიანის გონების მართვის შესახებ“ (1706).       ლოკი ფიქრობდა, რომ ცნობიერება შედგება იდეებისაგან. მარტივი იდეები შეგრძნების გზით შემოდიან ცნობიერებაში. რთული იდეები მარტივი იდეების გადამუშავებით და კომბინირებით წარმოიქმნება. ამის ერთ-ერთ მექანიზმს ასოციაცია წარმოადგენს. ლოკი ასოციაციური ფსიქოლოგიის სათავეებთან დგას, თუმცა ასოციაცია სპეციფიკურად ესმის. ამ ტერმინით იგი აღნიშნავს იდეებს შორის არსებულ არაბუნებრივ ან არასწორ კავშირებს. მაგალითად, თუ ბავშვს რაიმე საგანთან ურთიერთობისას უარყოფითი გამოცდილება ჰქონდა, ცნობიერებაში ამ საგნის იდეის გაჩენა ნეგატიურ გრძნობებს და მის გამოყენებაზე უარის თქმას იწვევს, თუმცა ის, შესაძლოა, ძალიანაც სასარგებლო იყოს. ეს შემცდარი დამოკიდებულების ან ჩვევის მაგალითია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. მაგრამ დადებითი გამოცდილებისა და სასარგებლო ჩვევების შეძენა აუცილებელია და ამის ერთ-ერთი საშუალებაა გამეორება. გამრავლების ტაბულა ბევრჯერ უნდა წაიკითხო, კბილები ხშირად უნდა გაიხეხო. სწორედ ასე ხდება სათანადო ცოდნა-ჩვევის ფორმირება. კიდევ ერთი საშუალებაა მიბაძვა. აქ უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება კარგ მაგალითს, რომელსაც ბუნებით მიმბაძველი ბავშვი მიჰყვება. მაგრამ კარგი მოქმედებისა და შეხედულების გამომუშავებისთვის ეს ხშირად არ კმარა. სწავლა-აღზრდის პროცესი დასჯა-წახალისების გამოყენებასაც გულისხმობს, მაგრამ აქცენტი წახალისებაზე უნდა გაკეთდეს და შეძლებისდაგვარად, გამოირიცხოს ფიზიკური დასჯა (მაგ., როზგი). ქცევის გარეგან სტიმულებთან ერთად (შექება, საჩუქარი), ლოკი შინაგანი სტიმულების მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. საუბარია იმაზე, რომ გამოყენებულ იქნეს ბავშვის ცნობისმოყვარეობა, ის ბუნებრივი მექანიზმი, რითაც ადამიანი დაჯილდოებული იმთავითვეა და საიდანაც, სწორი აღზრდის შემთხვევაში, აღმოცენდება ცოდნისკენ სწრაფვა. ლოკი აღნიშნავდა, რომ აღზრდის რეალურ პროცესში ჩამოთვლილი მექანიზმები ხშირად ერთად მოქმედებენ. მაგალითად, საფიქრალია რომ ბავშვი თავის მშობლებს მიბაძავს, თუ დაინახავს, რომ ისინი ტანსაცმელს საკიდზე ჰკიდებენ. ეს კარგი მოქმედება გამეორებათა შედეგად ჩვეულებად გადაიქცევა და მით უფრო განმტკიცდება, რაც მეტს შეაქებენ მას ამის გამო.       სწავლა-აღზრდის შინაარსი და საშუალებები უნდა შეესაბამებოდნენ ბავშვის ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს. ვერ მოინახება ორი ბავშვი, ამტკიცებდა ლოკი, რომელთა აღზრდისას შესაძლებელი იქნება ზუსტად ერთნაირი მეთოდებისა და ხერხების გამოყენება. ინდივიდის მიდრეკილებების გათვალისწინება აუცილებელია იმისთვისაც, რომ სწავლის პროცესი დადებითი ემოციების ფონზე მიმდინარეობდეს, იყოს საინტერესო, სახალისო და, ამდენად, ეფექტური. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ბავშვები ერთმანეთისაგან იმთავითვე განსხვავდებიან. მათი ინდივიდუალური უნარები და მიდრეკილებები სერიოზულ შეზღუდვებს უქმნიან სწავლების შინაარსისა და მეთოდების განსაზღვრის საქმეს. ლოკი სისულელედ მიიჩნევს იმაზე ფიქრსაც, რომ შეეცვალათ ან წინ აღდგომოდნენ ბავშვის ბუნებრივ მიდრეკილებებს. როგორც არ უნდა შეფასდეს ეს დებულება დღევანდელი მეცნიერების თვალსაზრისით, ერთი რამ ცხადია, - ის ეწინააღმდეგება ლოკის ზოგად ემპირისტულ პოზიციას, რომელიც მისი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია. გამოდის, რომ ბავშვის გონება არ ყოფილა „სუფთა დაფა“, ან კიდევ „თიხის ნაჭერი“, რომლისაგანაც ყველაფრის გამოძერწვა შეიძლება. განვითარების თეორიების სპეციალისტებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ლოკის პედაგოგიური სისტემის ეს არათანმიმდევრულობა.       ჟან-ჟაკ რუსოსთვის (1712-1778) პოსტულატი ბავშვების თანდაყოლილი ფსიქიკური განსხვავებულობის შესახებ, პედაგოგიური კონცეფციის ერთ-ერთი საფუძველი იყო. რუსოს აზრით, ბავშვი ვითარდება ბუნების მიერ დაწერილი გეგმის შესაბამისად. განვითარების პროცესი შინაგნად არის განსაზღვრული. ლოკისაგან განსხვავებით, მას არ სჯეროდა, რომ სულიერი სფეროს ფორმირება ყოვლისშემძლე გარეგანი (პირველ რიგში სოციალური) ზემოქმედების მიხედვით წარიმართება. აღზრდა მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ ის შეესაბამება აღსაზრდელის ბუნებრივ უნარებს და მიდრეკილებებს, მისი განვითარების გეგმას. აღზრდამ უნდა შექმნას ოპტიმალური პირობები, რათა ამ გეგმის განხორციელება დაუბრკოლებლად წარიმართოს, რათა ბავშვმა თვითონ გამოავლინოს მისი შესაძლებლობები. ბუნება, ამბობდა რუსო, როგორც ფარული მასწავლებელი, აღძრავს ბავშვს, რათა მან ზრდის სხვადასხვა სტადიაზე სხვადასხვა უნარები განივითაროს. ბუნებრივად დაწესებული განვითარების განრიგი ასახავს როგორც ბავშვის ინდიდიდუალურ თავისებურებებს (ზოგი ადრე იწყებს სიარულს, ან გვიან იწყებს ლაპარაკს, ზოგი ხელოვნებისკენ არის მიდრეკილი, ზოგი მეცნიერებისკენ და ა.შ.), ასევე განვითარების ზოგად კანონზომიერებებს. ამ კანონზომიერებათა შესაბამისად გამოიყოფა განვითარების ოთხი სტადია ან პერიოდი, რომელთაც ყველა ბავშვი გაივლის. მათი დახასიათება ხდება იმის მიხედვით, თუ რომელი სფეროს განვითარება მიმდინარეობს უპირატესად და როგორ უნდა წარიმართოს აღზრდის პროცესი ბუნების ჩანაფიქრის ოპტიმალური რეალიზაციისთვის.       პირველი პერიოდი, ჩვილობა (დაბადებიდან 2 წლამდე), უპირატესად ფიზიკური განვითარების სტადიაა. მშობლების ვალია შეუქმნან ბავშვს სათანადო პირობები ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ, ამასთან, იყვნენ საკმარისად მომთხოვნები რათა ზედმეტად არ გაანებივრონ შვილი. სხეულებრივი განვითარებისთვის აუცილებელია ფიზიკური ვარჯიშისა და წრთობის ორგანიზება. ამ პერიოდში ბავშვებს არა აქვთ იდეები და გონება. ისინი უბრალოდ განიცდიან ტკივილს ან სიამოვნებას და ამ პროცესში ეცნობიან საგანთა თვისებებს (ცივი, თბილი, მაგარი, რბილი და ა.შ.). ბავშვები, აგრეთვე, იწყებენ დამოუკიდებლად ენის ათვისებას და ამ პროცესში უფროსების საგანგებო ჩარევა, მით უფრო მისი დაჩქარების მცდელობა, არ არის რეკომენდებული.       მეორე პერიოდი, ბავშვობა (2-დან 12 წლამდე) ძირითადად სენსორული განვითარების სტადიაა. რუსო, ფრანგი განმანათლებლების უმეტესობის მსგავსად, სენსუალისტი იყო და ამიტომ შეგრძნებათა განვითარებას აზროვნების მომავალი განვითარების საფუძვლად მიიჩნევდა. ამ დროს ბავშვი სამყაროს გრძნობის ორგანოების საშუალებით ეცნობა. მას აქვს თავისებური ინტუიციური გონებაც, მაგრამ ის უშუალოდ არის დაკავშირებული სხეულის მოძრაობებთან და შეგრძნებებთან. მაგალითად, ბურთის ზუსტად მსროლელი ბავშვი ავლენს სიჩქარისა და მანძილის „ცოდნას“. მაგრამ ეს ცოდნა და გონება ძალზე კონკრეტული ხასიათისაა. ამიტომ რუსო ბავშვების ადრეული სწავლების წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ პერიოდში „გონებას სძინავს“ და სისტემატური სწავლებაც შემდეგი პერიოდიდან უნდა დაიწყოსო, ამბობდა იგი.       მესამე პერიოდი, გვიანი ბავშვობა (12-დან 15 წლამდე) აზროვნების განვითარების სტადიაა. სისტემატური სწავლების დაწყება ამ დროს არის საჭირო, ვინაიდან ბავშვს სწორედ ახლა უჩნდება ჩვენ მიერ მიწოდებული ცოდნის ადეკვატური გაგებისა და შეთვისების უნარი. ამასთან, სწავლებაში რუსო გულისხმობს გონებრივი განვითარების პროცესს, რომელიც ხორციელდება პროგრამების, განრიგისა და სახელმძღვანელოთა გარეშე. უნდა შეიქმნას ისეთი სიტუაცია, სადაც ბავშვი გამუდმებით სვამს კითხვებს, ხოლო აღმზრდელი პასუხობს. ასეთი წესით ბავშვი აითვისებს გეოგრაფიას, ქიმიას, ფიზიკას, ბიოლოგიას, ე.ი. ბუნებისმეტყველურ საგნებს. სოციალურ-ჰუმანიტარული ცოდნის მიწოდება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ პერიოდში, ისევე როგორც წინა პერიოდებში, ბავშვი არის ასოციალური არსება, ანუ ძირითადად იმაზე ზრუნავს, რაც მისთვისაა სასარგებლო და ნაკლებად იჩენს ინტერესს სოციალური ურთიერთობებისადმი, რომელთა გარეშე არ არსებობს ზნეობა. ამ პერიოდის ბავშვს რუსო ადარებს რობინზონ კრუზოს: თვითკმარ ადამიანს, რომელიც ეფექტურად ურთიერთობს ფიზიკურ გარემოსთან.       მეოთხე პერიოდი, მოზარდობის ასაკი (15-დან 25 წლამდე, ანუ სრულწლოვანებამდე) არის მორალური განვითარების სტადია. ამ პერიოდში ახალგაზრდა ინდივიდი სოციალურ არსებად იქცევა. იგი აღარ არის თვითკმარი, მას უჩნდება ძლიერი სწრაფვა სხვა ადამიანების, განსაკუთრებით, თანატოლებისადმი. ეს დიდწილად სქესობრივი მომწიფებით არის განსაზღვრული და, რუსოს წარმოდგენით, 15 წლიდან იწყება. რადიკალურად იცვლება მოზარდის ემოციური სამყარო, ესაა „ქარიშხლებისა და ვნებების“ ხანა. სოციალურ ურთიერთობებზე ორიენტირებული, ემოციურად აგზნებული და არამდგრადი მოზარდისთვის აუცილებელია კეთილი სურვილების, კეთილი აზრებისა და კეთილი ნების გამომუშავება ანუ ზნეობრივი აღზრდა. ეს მიიღწევა არა დარიგებებით და შეგონებებით, არამედ კარგ ადამიანებთან უშუალო ურთიერთობით, კარგი მაგალითების ჩვენებით. ამ საქმეში თავის ფუნქციას ასრულებს სწავლებაც, განსაკუთრებით ისეთი საგანი, როგორიც ისტორიაა. იგი საშუალებას გვაძლევს დავანახოთ მოზარდს ადამიანური ცხოვრების სცენა წარმოდგენაში უშუალო მონაწილეობის გარეშე.       რუსომ მოგვცა ფსიქიკური განვითარების პირველი გაშლილი პერიოდიზაცია, რაც, ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ასაკობრივი, კერძოდ, ბავშვის ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსოს პერიოდიაზაცია უფრო გონებაჭვრეტითი ხასიათისაა. იგი ემყარება არა მის საკუთარ მეცნიერულ დაკვირვებებს, არამედ თეორიულ მოსაზრებებს და საზოგადოების ყოფით გამოცდილებას (ცნობილია, რომ რუსოს არ უყვარდა ბავშვები, არ ჰქონდა მათთან ურთიერთობა არც როგორც მასწავლებელს, არც როგორც მშობელს. მან თავისი ხუთივე შვილი თავიდანვე უპატრონო ბავშვების თავშესაფარში გაამწესა). რუსოს შეხედულებები ბავშვის ფსიქიკური ბუნებისა და ე.წ. ბუნებრივი აღზრდის თაობაზე ჩამოყალიბებულია მის ცნობილ წიგნში „ემილი ანუ აღზრდის შესახებ“ (1762).       ასაკობრივმა ფსიქოლოგიამ, როგორც ფსიქოლოგიის დამოუკიდებელმა დარგმა ჩამოყალიბება XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ოთხმოციანი წლებიდან მისი განვითარება უკვე საკმაოდ სწრაფი ტემპით წარიმართა. თუმცა პირველი წიგნი, სადაც სისტემატურად ასახულია ბავშვის პირველი ორი წლის ფსიქიკური განვითარება (ავტორის ვაჟის მაგალითზე) 1787 წელს გამოიცა და ეკუთვნის გერმანელ ექიმს დ. ტადემანს. საკუთარ შვილებზე დაკვირვება ყოველთვის წარმატებით გამოიყენებოდა ბავშვის ფსიქოლოგიაში, მისი განვითარების ადრეულ ეტაპზე კი ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. ასეთია, მაგალითად, ბ. სიგიზმუნდის (1856) ნაშრომი; აგრეთვე C. დარვინის „პატარა ბავშვის ბიოგრაფიული ესკიზი“ (1877), სადაც დღიურის ფორმაში გადმოცემულია ავტორის დაკვირვებები მისი შვილის ფრენსის ონტოგენეზზე; დაბოლოს, ი. ტენის შრომა, რომელშიც მისი ქალიშვილის მიერ ენის შეთვისების პროცესია აღწერილი და ენის ისტორიული განვითარების პროცესთან შედარებული. ამგვარი ნაშრომების არსებობის მიუხედავად, ბავშვის ფსიქოლოგიის საწყის პუნქტად მიჩნეულია ინგლისელი ბიოლოგისა და ფსიქოლოგის ვ. პრაიერის კაპიტალური ნაშრომი „ბავშვის სული“ (1882). მან უდიდესი რეზონანსი გამოიწვია და მრავალ ენაზე ითარგმნა. პრაიერი ამტკიცებდა, რომ საჭიროა (და შესაძლებელიც) არა მხოლოდ ფსიქიკური განვითარების ცალკეული მხარეების შესწავლა, არამედ ბავშვის მთელი სულიერი ცხოვრების, მისი გონებრივი, ნებელობითი, ზნეობრივი, ესთეტიური ასპექტების ერთიანობის სისტემატური ანალიზი. პირველი თაობის ბავშვის ფსიქოლოგები ერთხმად მიიჩნევენ, რომ პრაიერის წიგნმა, პირდაპირი მნიშვნელობით, გზა გაუკვალა ამ ახალ დარგს. ამავე დროს აღნიშნავენ, რომ „ეს საოცარი წიგნია, სავსე კეთლსინდისიერი და საინტერესო დაკვირვებებით და მწირი საკუთარი აზრებით“ (ბიულერი). აქ იგულისხმება, რომ ფაქტების პრაიერისეული ინტერპრეტაცია და მისი თეორიული შეხედულებები მეცნიერებას უკვე ორი ათეული წლის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებდა, იმდენად სწრაფი აღმოჩნდა პროგრესი ამ სფეროში. ამის მიუხედავად, პრაიერის წვლილი მაინც მნიშვნელოვანია, ვინაიდან მან კონკრეტულად აჩვენა ზოგიერთი ობიექტური მეთოდის გამოყენების პერსპექტივა ბავშვის ფსიქიკის კვლევაში.       მართლაც, ობიექტური, პირველ ყოვლისა ექსპერიმენტული მეთოდების დანერგვა, ფსიქოლოგიის ამ დარგის წინსვლის სერიოზული საწინდარი გახდა. თუ არა გარღვევა, რომელიც ფეხნერის, ვუნდტის, ებინჰაუსის, მიულერისა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის სხვა ფუძემდებლების წყალობით მოხდა, გენეტიკური ფსიქოლოგიის პრობლემატიკა (ფილოგენეზი და ონტოგენეზი), კვლავაც დარჩებოდა ყოფითი ხასიათის დაკვირვებებისა და ფილოსოფიური ვარაუდების სფეროში. ემპირიული ინტროსპექციული ფსიქოლოგიის ფარგლებში რომ პრაქტიკულად შეუძლებელია იმ სფეროს შესწავლა, სადაც თვითდაკვირვება არსებითად უძლურია (ცხოველის ან ბავშვის ფსიქიკა), ამაზე ზემოთ უკვე საკმარისად ითქვა (იხ. თავი 7.1.). აქ ყველაზე მეტად ჩანს კვლევის ობიექტური მეთოდების გამოყენების პროდუქტიულობა.       იმავდროულად, ფსიქოლოგიაში სულ უფრო იკიდებდა ფეხს ე.წ. გენეტიკური მეთოდოლოგია ან მიდგომა. იგი გულისხმობდა ფსიქიკური პროცესებისა და მთელი სულიერი ცხოვრების განხილვას მისი აღმოცენებისა და განვითარების კუთხით. დებულება, რომ ფსიქიკური მოვლენები არ წარმოიქმნებიან გამზადებული სახით, არამედ გაივლიან ფორმირების საკმაოდ ხანგრძლივ გზას და რომ ამ პროცესს თავისი კანონზომიერი ეტაპები აქვს, ასაკობრივი ფსიქოლოგიის ქვაკუთხედია. ეს იდეა, თავის მხრივ, ევოლუციონისტური აზროვნების ნაყოფია. მას, პირველ რიგში, დარვინის მოძღვრებამ გაუმყარა საფუძველი, მაგრამ მისი გავლენა გასცდა ბუნებისმეტყველებას და გავრცელდა სოციალურ მეცნიერებაზე და ფილოსოფიაზე. აქ უნდა მოვიხსენიოთ პირველი პოზიტივისტები, სახელდობრ a. ბეინი და, განსაკუთრებით, ჰ. სპენსერი. ემპირიული ფსიქოლოგია, როგორც ვიცით, ძირითადად ფილოსოფიის ფარგლებში ვითარდებოდა. სპენსერი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. მან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რათა ევოლუციური წარმოდგენების დანერგვის საშუალებით ასოციაციური ფსიქოლოგიის რეფორმირება მოეხდინა. იგი ამტკიცებდა, რომ ფსიქიკა ევოლუციის კანონზომიერი ეტაპია და გარემოსთან ადეკვატური შეგუების ფუნქციას ასრულებს (იხ. თავი 4.3.). ეს იდეები შემდგომში ფუნქციონალურ ფსიქოლოგიაში განვითარდა, რომელიც ამერიკაში გამოყენებითი დარგების თეორიული საფუძველი გახდა (იხ. თავი 6.5.). მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი ადგილი სწორედ ასაკობრივმა და პედაგოგიურმა ფსიქოლოგიამ დაიკავა.       რადგან ზემოთ სიტყვა ფილოსოფიაზე ჩამოვარდა, უნდა ითქვას შემდეგი: ბავშვის ფსიქოლოგიის ფორმირების პირველ ეტაპზე მიაჩნდათ, რომ ფილოსოფიის ბევრი ბნელი საკითხი შეიძლება გაშუქდეს ან გამარტივდეს იმ აღმოჩენების წყალობით, რომლებსაც მოიტანს ბავშვის ფსიქიკური ცხოვრების საწყისი ეტაპების მეცნიერული შესწავლა. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ის, რაც ემპირიზმისა და რაციონალიზმის მუდმივი დავის საგანს ეხება: რა ავსებს ჩვენ ცნობიერებას შინაარსით - გამოცდილება თუ „თანდაყოლილი იდეების“ აქტუალიზაცია. მაგრამ იდეების ან „ცოდნის“ (მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფება იგი - იმთავითვე ინდივიდში თუ მის გარეთ) ადამიანის ნამდვილ კუთვნილებად გადაქცევა იმას ნიშნავს, რომ სუბიექტი მას ცნობიერად უნდა ფლობდეს და საჭიროებისამებრ გამოყენება ხელეწიფებოდეს. ე.ი. ცოდნა აქტიური უნდა იყოს. ამის მისაღწევად კი სათანადო პირობები და მეთოდებია საჭირო. მაშასადამე, უნდა მოხდეს ისეთი პროცესის ორგანიზება, რომელიც „ცოდნის“ შეთვისებას ან აქტუალიზაციას უზრუნველყოფს. ეს კი, არსებითად, პედაგოგიური პროცესია.       ამ პროცესის გაძლიერებისა და გადახალისების ამოცანა უაღრესად აქტუალური გახდა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან. ის მნიშვნელოვან წილად უკავშირდებოდა საყოველთაო განათლების შემოღებას. მასობრივი სკოლა სულ სხვა მოთხოვნებს აყენებს, ვიდრე საოჯახო განათლება, რომელიც მანამდე წამყვანი იყო. აქ უკვე შეუძლებელია სწავლების ფორმალური და შინაარსეული მხარის განსაზღვრა ცალკეული ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებზე დაყრდნობით. ამიტომ დღის წესრიგში დგება განვითარების იმ ასაკობრივი ეტაპებისა და ცოდნის შეთვისების მექანიზმების გარკვევა, რომლებიც საერთოა ყველა ბავშვისთვის. ეს უშუალოდ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საქმეა. მხოლოდ ამ ცოდნის საფუძველზეა შესაძლებელი იმის განსაზღვრა, თუ რა, როგორ და როდის უნდა ასწავლოს სკოლამ. ყოველივე ეს საზოგადოებრივ მოთხოვნებს უკავშირდებოდა, კერძოდ, იმის რწმენას, რომ სასკოლო რეფორმა და აღზრდის სისტემის ძირეული გადახალისება, რაც მეცნიერულ საფუძველზე უნდა მომხდარიყო, საზოგადოებრივი ცხოვრების სასურველ ცვლილებებს მოიტანდა. ამ მეცნიერულ საფუძველს მნიშვნელოვან წილად სწორედ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგია ქმნის.       რეფორმატორული ტენდენცია განსაკუთრებით ძლიერი იყო ამერიკაში. აქ ფეხი მოიკიდა მძლავრმა საზოგადოებრივმა მოძრაობამ, ე.წ. პროგრესივიზმმა, რომელიც ქადაგებდა ინოვაციებს სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს სათავეში ჩაუდგა ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინტელექტუალი, პრაგმატიზმის ფილოსოფიისა და ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ჯონ დიუი (იხ. თავი 6.5.). სკოლის რეფორმა, მისი აზრით, აღზრდის ახალ მიზანს უნდა დაექვემდებაროს. ეს მიზანი ზედმიწევნით შეესაბამება პრაგმატიზმისა და ფუნქციონალიზმის იდეებს და ფორმულირებულია, როგორც „განსხვავებულ სიტუაციებთან შეგუება თავისუფალი მეწარმეობის პირობებში“. დიუის პედაგოგიური სისტემის დედაბოძი არის პრინციპი: სწავლება კეთების საშუალებით. ეს ნიშნავს სასკოლო სისტემის ისეთ აგებას, როდესაც განათლების წყარო არის პედაგოგიურ გარემოში მიმდინარე ბავშვის პრაქტიკული თვითაქტივობა. სათანადო პირობებში მოსწავლეები ბუნებრივად ითვისებენ სოციალური ქცევის კონკრეტულ ჩვევებს და ზოგად გამოცდილებას.       დიუის იდეების გამოცდის პოლიგონად გადაიქცა მის მიერ ჩიკაგოს უნივერსიტეტთან შექმნილი „სკოლა-ლაბორატორია“ (1896). მასში სწავლობდნენ 4-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები. ისინი ადრეული ასაკიდანვე ეჩვეოდნენ ყველაფრის დამოუკიდებლად კეთებას, უპირატესად, თამაშის ქცევის ფარგლებში. უფროსი ასაკის მოსწავლეების „კეთებით სწავლება“ შრომით საქმიანობას ემყარებოდა. აღმზრდელს უნდა წარემართა მოსწავლეთა სასწავლო-პრაქტიკული აქტივობა მათი უნარების გათვალისწინებით. დიუი ფიქრობდა, რომ სწავლა-აღზრდა თავიდანვე უნდა ეყრდნობოდეს ბავშვის თანდაყოლილ შესაძლებლობებს. სწავლა-აღზრდა ვერ აღმოაცენებს უნარ-შესაძლებლობებს, მას მხოლოდ მათი განვითარება შეუძლია.       განათლების სისტემის ოპტიმიზაციის ამოცანა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჩასახვისა და განვითარების უდიდესი მამოძრავებელი ძალა გახდა. მაგრამ ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ საერთო ფონის სახით არ იარსებებდა გაკვეული საზოგადოებრივი პოზიცია ბავშვისა და ბავშვობის, როგორც ასაკობრივი კატეგორიის მიმართ. საქმე ის არის, რომ უფროსების დამოკიდებულება ბავშვობისადმი, როგორც ადამიანის ცხოვრების გარკვეული ხანისადმი, შესამჩნევად ცვალებადობდა ისტორიის განმავლობაში. კაცობრიობის განვითარების ადრეულ სტადიაზე ბავშვობა პრაქტიკულად არ გამოიყოფოდა ცხოვრების ცალკე პერიოდის სახით, ვინაიდან თემის პატარა ინდივიდები ფეხზე დადგომისთანავე ერთვებოდნენ საკვების მოპოვების საქმიანობაში შემგროვებლობისა თუ პრიმიტიული იარაღების გამოყენების გზით. ასეთ პირობებში არ იყო არც საჭიროება და არც შესაძლებლობა იმისა, რომ გამოყოფილიყო ცალკე პერიოდი ბავშვის მოსამზადებლად მომავალი სერიოზული საქმიანობისთვის. ბავშვობა სოციალური თვალსაზრისით არც არსებობდა, ვინაიდან ისტორიულად ბავშვობის ცნება უკავშირდება არა ინდივიდის მოუმწიფებლობის ბიოლოგიურ მდგომარეობას, არამედ გარკვეულ სოციალურ სტატუსს, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ უფლებებსა და მოვალეობებს, ქცევის სპეციფიკურ ფორმებს.       შუა საუკუნეების ევროპაში ბავშვობა, როგორც ასეთი, იგნორირებული იყო. 6-7 წლამდე ინდივიდები ითვლებოდნენ უსუსურ ჩვილებად, ხოლო შემდეგ, პატარა, მინიატურულ მოზრდილებად. მათ სათანადოდ აცმევდნენ და სათანადო ცოდნა-ჩვევებს აზიარებდნენ. მაღალი შობადობისა და სიკვდილიანობის დემოგრაფიულ სიტუაციაში ბავშვობა მიჩნეული იყო სწრაფად წარმავალ და ნაკლებღირებულ პერიოდად. ვითარება შეიცვალა XVII საუკუნიდან. პატარა ბავშვი უკვე განიხილებოდა, როგორც ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი. ბავშვებისადმი გულგრილობა შეიცვალა მათდამი განსაკუთრებული ყურადღებით, განებივრებითაც კი. მაგრამ XVIII საუკუნეში, საზოგადოების განვითარების კვალდაკვალ, ბავშვისადმი, როგორც მშვენიერი სათამაშოსადმი დამოკიდებულება შეცვალა რაციონალური აღზრდის კონცეფციამ. ის დამყარებული იყო მკაცრი დისციპლინის პრინციპზე ოჯახში და სასწავლო დაწესებულებაში. სკოლა თანდათან გადაიქცა უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელიც ემსახურებოდა მომავალი კვალიფიციური მუშაკებისა და სამაგალითო მოქალაქეების ორგანიზებულ მომზადებას. გადახალისდა ბავშვობის კონცეფციაც. ადამიანის ცხოვრების ეს ხანა გახანგრძლივდა და მასში გამოიყო ყრმობისა და ჭაბუკობის პერიოდი. ტექნიკურმა პროგრესმა და საზოგადოებრივმა ცვლილებებმა XIX საუკუნეში საგრძნობლად გაზარდა მოთხოვნები ბავშვის მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით. ბავშვობის პერიოდის მნიშვნელობამ კიდევ უფრო იმატა. ამის გამოძახილი გახდა უკვე ნახსენები მოძრაობა განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით, რამაც ბიძგი მისცა ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის განვითარებას.       ამრიგად, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჩასახვისა და განვითარების წყაროდ შემდეგი მოვლენები იქცა: ევოლუციურ-გენეტიკური იდეების გავრცელება ბუნებისმეტყველებასა და ფილოსოფიაში, ობიექტური მეთოდების დანერგვა ზოგად ფსიქოლოგიაში, სასკოლო განათლების ოპტიმიზაციის პრაქტიკული მოთხოვნები და საზოგადოებრივ ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებები ბავშვობისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით.       პრაქტიკულ ამოცანებთან ერთად ამ დისციპლინების წინაშე თავიდანვე ფუნდამენტური თეორიული საკითხები დაისვა. მათ შორის ორი შეიძლება განსაკუთრებით გამოიყოს: 1) რა პერიოდებს გაივლის ადამიანი თავისი ონტოგენეტური განვითარების პროცესში და 2) რა ძალები ან ფაქტორები განსაზღვრავენ ამ გენეზისს. ესენი დამოუკიდებელი საკითხებია, მაგრამ, პრინციპში, პირველის გადაწყვეტის ესა თუ ის ვარიანტი არსებითად უკავშირდება იმას, თუ როგორ არის გააზრებული მეორე საკითხი.       ასაკობრივი პერიოდების გამოყოფა სხვადასხვა საფუძველს ემყარება, კერძოდ იმას, თუ რა საფეხურებს გაივლის ადამიანის ფსიქიკის მომწიფების ბუნებრივი პროცესი, ან იმას, თუ რა გარემო პირობებში უხდება მას ცხოვრება. შესაძლებელია, ამ ფაქტორების ერთდროული მოქმედებაც. შესაბამისად, იკვეთება სამი შეხედულება განვითარების მამოძრავებელი ძალის შესახებ. ერთის მიხედვით, ფსიქიკურ ონტოგენეზს განსაზღვრავს ბიოლოგიურ მომწიფებასთან დაკავშირებული თანდაყოლილი ფაქტორები (ბიოგენეტიკური თვალსაზრისი). მეორის მიხედვით, გადამწყვეტი როლი ენიჭება სოციალურ გარემოს, სწავლა-აღზრდის პირობებს (სოციოგენეტიკური თვალსაზრისი); მესამე თვლის, რომ ფსიქიკური განვითარება ბიოლოგიურისა და სოციალურის, მომწიფებისა და აღზრდის ურთიერთქმედების შედეგია (ინტერაქციული თვალსაზრისი). ასეთია განვითარების სამი ძირითადი კონცეფცია, რომელიც სხვადასხვა მკვლევარის მიერ ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის საწყის ეტაპზევე იქნა წარმოდგენილი. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან აღნიშნული კონცეფციები არსებითად რაციონალიზმისა (ნატივიზმისა) და ემპირიზმის დაპირისპირებაში იღებს სათავეს.       ბიოგენეტიკური თვალსაზრისის მომხრე იყო ამერიკაში ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი სტენლი ჰოლი (1846-1924). ფსიქოლოგია მან ლაიფციგში, ვუნდტის ხელმძღვანელობით შეისწავლა, მაგრამ ამერიკაში დაბრუნებისას უარი თქვა თავისი მასწავლებლის წმინდა აკადემიურ, ზოგადფსიქოლოგიურ ორიენტაციაზე და თავისი ყურადღება პრაქტიკულ საკითხებზე გადაიტანა, უპირატესად სწავლებისა და ასაკობრივი განვითარების სფეროში. საერთოდ კი, ჰოლი ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც მეცნიერების თვალსაჩინო ორგანიზატორი. მან დააარსა ამერიკის პირველი ფსიქოლოგიური კვლევითი ლაბორატორია ბალტიმორის უნივერსიტეტში (1883), პირველი ფსიქოლოგიური ჟურნალი (1887), აგრეთვე ჟურნალი გენეტიკურ და პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში (1891), რელიგიის ფსიქოლოგიაში (1904), გამოყენებით ფსიქოლოგიაში (1915). იგი იყო ამერიკის ფსიქოლოგთა საზოგადოების დაფუძნების ერთ-ერთი ინიციატორი და მისი პირველი პრეზიდენტი (1892).       ჰოლის მეცნიერული ინტერესები საკითხთა ფართო წრეს მოიცავდა. მათ შორის უნდა გამოიყოს კლასიკური გამოკვლევა რელიგიის ფსიქოლოგიაში. მაგრამ ყველაზე დიდი აღიარება მას ბავშვის ფსიქიკური განვითარების სფეროში შესრულებულმა კვლევებმა მოუტანა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კაპიტალური ნაშრომები „ჭაბუკობა“ (1904) და „აღზრდის პრობლემები“ (1911). თავის ბოლო წიგნში „დაბერება“ (1922) ჰოლმა გააფართოვა ასაკობრივი ფსიქოლოგიის ფარგლები და მისმა კვლევამ არა მხოლოდ სიცოცხლის საწყისი, არამედ მისი დამასრულებელი პერიოდიც მოიცვა.       მოზარდების შესასწავლად ჰოლმა და მისმა თანამშრომლებმა შეიმუშავეს უამრავი ანკეტა და მათი საშუალებით დიდძალი მასალა დააგროვეს ბავშვის სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტის შესახებ. შემდგომში კვლევის არე გაფართოვდა და სხვა ასაკის ბავშვებიც მოიცვა. ამასთან, ანკეტებს ავსებდნენ როგორც ბავშვები, ისე მშობლები და მასწავლებლები. ეს საშუალებას აძლევდა ჰოლს კომპლექსურად დაეხასიათებინა ბავშვები, დაენახა განვითარების მიღწევები და სირთულეები როგორც თვით ბავშვების, ისე მოზრდილების პოზიციიდან. ჰოლის გავლენით ანკეტური მეთოდი ამერიკაში ძალიან პოპულარული გახდა. მას იყენებდნენ რათა გაერკვიათ, თუ როგორ განიცდიან ბავშვები სოციალურ გარემოს, რა პრობლემების წინაშე დგებიან სახლში, სკოლაში და სხვა. ამ ტიპის კვლევები ისე გავრცელდა, რომ თვით ანკეტური მეთოდი უკვე ასოცირდებოდა ჰოლის, და არა მისი ნამდვილი შემქმნელის, ჰალტონის სახელთან.       კვლევის შედეგად ჰოლი გარკვეულ თეორიულ განზოგადებამდე მივიდა, რომელიც ბავშვის განვითარების კანონზომიერებას ეხებოდა. იგი ე.წ. რეკაპიტულაციის თეორიის (ლათინურად რეცაპიტულატიო - გამეორება) სახით იქნა ჩამოყალიბებული. ეს თეორია ეყრდნობოდა ე. ჰეკელის მიერ ფორმულირებულ ბიოგენეტიკურ კანონს. იგი ცხოველური ორგანიზმების ემბრიონალურ განვითარებაზე დაკვირვების შედეგია და ამტკიცებს, რომ ჩანასახი ემბრიოგენეზში იმეორებს იმ ძირითად სტადიებს, რომლებიც გაიარა ამ ბოლოგიურმა გვარმა თავის ფილოგენეტურ განვითარებაში. ჰეკელის ფორმულა ასეთია: ონტოგენეზი არის ფილოგენეზის შეკვეცილი და სწრაფი გამეორება. გაავრცელა რა ეს კანონი ადამიანის ფსიქიკაზე, ჰოლი ამტკიცებდა, რომ ბავშვის განვითარების პროცესი იმეორებს იმ ძირითად სტადიებს, რომლებიც გაიარა კაცობრიობამ თავისი კულტურულ-ისტორიული განვითარების პროცესში. აქედან გამომდინარე, განვითარების ეტაპების თანმიმდევრობა და რაგვარობა თანდაყოლილად არის მოცემული და ყველა ბავშვი მათ აუცილებლად გაივლის.       ჰოლის მოწაფემ, კ. ჰათჩინსონმა რეკაპიტულაციის თეორიის საფუძველზე შექმნა ბიოფსიქიკური განვითარების კონკრეტული პერიოდიზაცია, რომელიც მიჰყვება კაცობრიობის კულტურულ-ისტორიული ცხოვრების სტადიების თანმიმდევრობას. ეს სტადიები გამოიყოფა იმის მიხედვით, თუ როგორ ცვალებადობდა, ისტორიულად, საკვების მოპოვების ხერხები. მისი აზრით, ასეთი ხერხი თავდაპირველად იყო, ჯერ მიწის თხრა და ქექვა, შემდეგ ნადირობა, მწყემსობა, მიწათმოქმედება და ბოლოს წარმოება და ვაჭრობა. შესაბამისად, გამოიყოფა ბავშვობის ხუთი პერიოდი, რომელთაც არა აქვთ მკაფიო საზღვრები: ერთის დაწყება არ ემთხვევა წინარეს დასასრულს. ეს პერიოდებია:       1) დაბადებიდან 5 წლამდე (პირველყოფილი ადამიანის ხანა). ამ პერიოდში ბავშვისთვის, ისევე როგორც პირველყოფილისთვის, „ყველაფრის საზომი არის საჭმელად ვარგისიანობა“. ამიტომ მას ყველაფერი პირში მიაქვს და გემოს უსინჯავს. ამავე დროს, ფრიად დაინტერესებულია მიწასთან დაკავშირებული თამაშებით და ფუსფუსით. 2) 4-9წ. (მონადირეობის ხანა). ამ პერიოდის ბავშვებისთვის, როგორც პირველყოფილი მონადირეებისთვის, დამახასიათებელია „შიში ყოველივე უცხოსი, მალულად მოქმედება, გულგრილობა ტკივილისადმი, გმირების თაყვანისცემა, სისასტიკე“. თამაშების შინაარსშიც დომინირებს ჩასაფრება, შეშინება, დამალობანა, დატყვევება და ა.შ. 3) 8-12წ. (მწყემსობის ხანა). ამ პერიოდისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია „ალერსიანობა ცხოველებისადმი და სურვილი გააჩნდეს რაიმე საკუთარი“. აქედან გამომდინარე, ბავშვების თამაშებსა და საქმიანობაში დომინირებს: „შინაური ცხოველების მოვლა, მყუდრო თავშესაფრების შენება, გვირაბების თხრა“. 4) 11-15წ. (მიწათმოქმედების ხანა). ამ პერიოდს ახასიათებს „წინდახედულების განვითარება და მებაღეობისადმი სწრაფვა“. იღვიძებს ამინდისადმი, ბუნების მოვლენებისადმი ინტერესი და ზოგადად, დაკვირვების უნარი. გართობა და თამაშიც ამ შინაარსით არის დატვირთული. 5). 14-20წ. (მრეწველობა-ვაჭრობის ანუ თანამედროვე ადამიანის ხანა). ამ პერიოდში ძლიერდება ფულისამი, დათვლისამი და გაცვლა-გამოცვლისადმი ინტერესი, რაც სათანადო თამაშებში და საქმიანობაში აისახება.       ჰოლი და ჰათჩინსონი თვლიდნენ, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია ყველა პერიოდის თანმიმდევრული გავლა. მაგრამ ბავშვს არ შეუძლია რეალურად გადაინაცვლოს იმ ეპოქების შესატყვის სიტუაციებში, რომლებიც მან უნდა გაიაროს. ამიტომ საჭიროა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ბავშვს იმის საშუალებას მისცემს, რომ ეს საკუთარ გარემოში განახორციელოს. ასეთი სპეციფიკური მექანიზმის როლს თამაში ასრულებს. სახლობანა, ომობანა და სხვა თამაშები ამას ემსახურება. თამაშის საშუალებით ხდება „ისტორიული ინსტინქტების აღმოფხვრა“. თამაში, ჰოლის აზრით, არის აუცილებელი ვარჯიში რუდიმენტული და ამჟამად უსარგებლო ფუნქციების გაქრობისთვის. თამაშის დროს ბავშვი ქცევის ისტორიული ფორმების რეალიზაციას ახდენს, რათა საბოლოოდ მოიცილოს ისინი. ეს თავკომბალას ქცევას ჰგავს, რომელიც გამუდმებით ამოძრავებს კუდს, რათა ის მოიწყვიტოს. ჰოლი აგრეთვე ფიქრობდა, რომ ბავშვის ნახატების ასაკობრივი ცვლილებები ასახავს სახვითი ხელოვნების კაცობრიობის მიერ განვლილ გზას.       ჰოლსა და ჰათჩინსონს მიაჩნდათ, რომ ცივილიზებული ადამიანის სტადია რვა წლის ასაკში, ანუ „მწყემსობის პერიოდში“ დგება. ამიტომ ამ დროიდან უკვე შესაძლებელია და საჭიროც არის ბავშვების სისტემატური სწავლება. საზოგადოდ კი სწავლება და აღზრდა უნდა ეფუძნებოდეს განვითარების გარკვეულ დონეს, რომელსაც რეკაპიტულაციის კანონზომიერების მიხედვით მიმდინარე ბუნებრივი მომწიფების პროცესი განსაზღვრავს. ამრიგად, რეკაპიტულაციის თეორიაზე დაყრდნობით, სავსებით პრაქტიკული დასკვნები კეთდებოდა, თუნდაც სასკოლო პროგრამებთან დაკავშირებით. მაგალითად, კითხვის სწავლებისას ზღაპრის საჭიროების დასასაბუთებლად მიმართავდნენ პარალელებს პრიმიტიულ კულტურებთან, სადაც არსებობს ძლიერი მიდრეკილება ყოველივე ზღაპრულისკენ; ესთეტიკური აღზრდის სფეროში საჭიროდ თვლიდნენ ყველა პერიოდის „აღმოფხვრას“, რეალიზმიდან მოყოლებული ვიდრე სიმბოლიზმამდე, ფუტურიზმამდე და სხვა იზმებამდე. რელიგიური აღზრდის კუთხით, ბავშვს განიხილავდნენ პატარა წარმართად და სთავაზობდნენ „გაეტარებინათ“ იგი ყველა კონკრეტული რელიგიის ისტორიულ ფორმაში, რათა აღმოეფხრათ ისინი ბავშვის ცნობიერებიდან და მიეყვანათ იგი თანამედროვე კულტურული კაცობრიობის ათეიზმამდე. დღევანდელი გადასახედიდან ყოველივე ეს არასერიოზულად გამოიყურება, მაგრამ XX საუკუნის დასაწყისში ე.წ. პედოლოგიური მოძრაობის ფარგლებში ამ თემებზე ბევრს საუბრობდნენ.       პედოლოგია უშუალოდ არის დაკავშირებული სტენლი ჰოლის სახელთან. გასული საუკუნის პირველ ნახევარში იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ტერმინი პედოლოგია (ბერძ. პაის, პაიდოს – ბავშვი) ჰოლის მოწაფეს ო. კრისტიანსენს ეკუთვნის; მოგვიანებით ამერიკაში უფრო პოპულარული გახდა ტერმინი ცჰილდ სტუდყ (ბავშვის შესწავლა). პედოლოგიურ მოძრაობაში გაერთიანებულნი იყვნენ პედაგოგები, ბიოლოგები, პედიატრები, ანთროპოლოგები, სოციოლოგები, ფსიქოლოგები. ოციან წლებში ამ უკანასკნელებმა დომინირებული ადგილი დაიკავეს პედოლოგიურ მოძრაობაში და მოხდა მისი აშკარა ფსიქოლოგიზაცია. პედოლოგიის არნახულ პოპულარობას მთელ მსოფლიოში, პირველ ყოვლისა, მისი მკვეთრად გამოხატული პრაქტიკული მიმართულობა განსაზღვრავდა. ბავშვებთან ურთიერთობისას აღმზრდელები და მასწავლებლები უამრავ პრობლემას აწყდებოდნენ სხვადასხვა სფეროდან, იქნებოდა ეს ბავშვის ჯანმრთელობა, ფსიქიკური უნარები, სოციალური ადაპტაცია თუ სხვა. პედოლოგიას, ჰოლისეული ჩანაფიქრით, კომპლექსურად უნდა მოევლო ამ პრობლემებისთვის.       პედოლოგიური კვლევა-ძიების თეორიულ ბაზად ჰოლი, ბუნებრივია, საკუთარ თვალსაზრისს მიიჩნევდა. მას მართლაც ჰყავდა მიმდევრები, ვინაიდან იმხანად ევოლუციონისტური წარმოდგენების ზეობის ფონზე, ბიოგენეტიკური იდეები საკმაოდ პოპულარული იყო ბავშვის ფსიქოლოგებს შორის. მიუხედავად ამისა, ჰოლის რეკაპიტულაციის თვალსაზრისის სუსტი მხარეები წამყვანი სპეციალისტებისთვის ცხადი იყო. ეს ეხებოდა კონკრეტულ შეუსაბამობებს ამა თუ იმ ასაკის ბავშვების ქცევით თუ ფსიქიკურ გამოვლინებებსა და იმ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც ამ ასაკს რეკაპიტულაციის თვალსაზრისი უყენებდა. ბავშვს, მაგალითად, შეიძლება უფრო ადრე გაუჩნდეს ინტერესი მანქანებისადმი ან საფრენი აპარატებისადმი, ვიდრე ცხოველებისადმი ან ყვავილებისადმი, რაც, ცხადია, ვერ აიხსნება იმით, რომ კოსმონავტიკის ეპოქა წინ უსწრებს მწყემსობისა ან მიწათმოქმედების ხანას. მაგრამ, დეტალების გარეშეც, თავიდანვე პრინციპულად დაისვა შემდეგი საკითხი: რამდენად კანონიერია ასეთი შორს მიმავალი და, რაც უარესია, სწორხაზოვანი პარალელები ამა თუ იმ ეპოქის საზოგადოების ქცევასა და გარკვეული პერიოდის ბავშვის ქცევას შორის. კულტურის ისტორიისა და პედოლოგიის მონაცემები უკვე მაშინ აყენებდა ეჭვქვეშ ამგვარი მიდგომის მართებულობას. საუბარია მის სწორხაზოვნებასა და უნივერსალობაზე, თორემ გარკვეული პარალელების არსებობის დანახვა, მართლაც, არ არის ძნელი.       მიუხედავად რეკაპიტუალაციის კონცეფციის შეზღუდულობისა და გულუბრყვილობისა, ბიოგენეტიკური პრინციპი მაინც საინტერესო და სასარგებლო იყო ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიისთვის, ვინაიდან იგი წარმოადგენდა განვითარების კანონზომიერების ძიების მცდელობას. მასში ნაჩვენებია კავშირი ისტორიულ და ინდივიდუალურ განვითარებას შორის. ამ კავშირის გაზვიადების მიუხედავად, ესაა თეორიული კონცეფცია, რომელმაც გზა გაუხსნა სხვა კონცეფციებს. ამაშია მისი უდავო ისტორიული მნიშვნელობა. გარდა ამისა, ისიც აღსანიშნავია, რომ ევოლუციური თვალსაზრისი, რეკაპიტუალაციის პრინციპის სახით, არსებითად, პირველად მიესადაგა ბავშვს და ადამიანის ფსიქიკის ონტოგენეზის პრობლემატიკას.       ჰოლისაგან განსხვავებით, მისი ყველაზე ცნობილი მოწაფე არნოლდ გეზელი (1880-1961) უფრო მეტად ადრეული ბავშვობის ხანით იყო დაინტერესებული. პედაგოგიური და სამედიცინო განათლების მქონე გეზელი ოცდაათ წელზე მეტ ხანს მუშაობდა იელის ნორმალური ბავშვობის კლინიკაში, რის საფუძველზე მოგვიანებით შეიქმნა გეზელის ბავშვის განვითარების ცნობილი ინსტიტუტი. იგი ფსიქიკური ონტოგენეზის კვლევის აღიარებულ ცენტრად გადაიქცა. გეზელი თვლიდა, რომ პირველი სამი წლის განმავლობაში ბავშვი თავისი ფსიქიკური განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს გაივლის. განვითარების ტემპი ამ დროს ყველაზე დიდია და შემდგომში თანდათან კლებულობს. ეს დებულება დაედო საფუძვლად მის ასაკობრივ პერიოდიზაციას, სადაც სამი პერიოდი გამოიყოფა: დაბადებიდან ერთ წლამდე, ერთიდან სამ წლამდე და სამი წლიდან თვრამეტ წლამდე. შესაბამისად, განვითარების უმაღლესი ტემპი პირველ პერიოდზე მოდის, საშუალო - მეორეზე და დაბალი - მესამეზე.       ბავშვის განვითარების კვლევაში გეზელმა ბევრი სიახლე შეიტანა. მან დაამუშავა ბავშვის განვითარების კომპლექსური დიაგნოსტირების პრაქტიკული სისტემა, რომელშიც მოცემულია მოტორული აქტივობის, მეტყველების, შეგუებითი რეაქციების, სოციალური კონტაქტების, პიროვნული, გონებრივი და სხვა მაჩვენებლების ნორმები სხვადასხვა ასაკისთვის სამი თვიდან ექვს წლამდე. ამისთვის გამოიყენება ბავშვზე დაკვირვების ობიექტური მეთოდები: ფოტო და კინო გადაღებები, ე.წ. „გეზელის სარკე“ (ცალმხრივი ხედვის მინა). გეზელმა პირველმა გამოიყენა ფსიქოლოგიაში ლონგიტუდური მეთოდი, რაც მდგომარეობდა ერთი და იმავე ბავშვის შესწავლაში დიდი ხნის განმავლობაში, უფრო ხშირად დაბადებიდან მოზარდობამდე. მანვე დაიწყო ტყუპების მეთოდის სისტემატური გამოყენება იმის ნათელსაყოფად, თუ რა მიმართებაა მომწიფებასა და სწავლებას შორის.       გეზელის აზრით, განვითარება მომწიფების ბუნებრივი პროცესისა და სოციალური ზემოქმედების ერთობლივი ნაყოფია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი უპირატესობას ანიჭებდა შინაგან, გენეტიკურად განსაზღვრულ მომწიფების პროცესს. სწორედ გენეტიკური პროგრამა განაპირობებს ბავშვის განვითარების მიმდინარეობას ფიქსირებული თანმიმდევრობით. შეიძლება ვარირებდეს განვითარების ტემპი და არა განვითარების სტადიების რაგვარობა და რიგითობა. ინდივიდუალური განსხვავებები განვითარების ტემპში, ნაწილობრივ, სოციალური გარემოთია განპირობებული, მაგრამ გადამწყვეტი აქაც ბავშვის ინდივიდუალური გენეტიკური პროგრამაა. ამიტომ არ უნდა ვეცადოთ ვასწავლოთ ბავშვს რაიმე იმაზე ადრე, ვიდრე ეს მისი მომწიფების ალგორითმით არის განსაზღვრული. ბავშვი აუცილებლად დაიჭერს თავს, დაჯდება, გაივლის, ალაპარაკდება, როცა ბუნებრივად მზად იქნება სათანადო ფსიქოფიზიკური სისტემები; მაშინ გაუჩნდება ამის შესრულების შესაძლებლობაც და სურვილიც. მანამდე მისი იძულებითი სწავლება არც ეფექტური იქნება და შეიძლება მრავალი გართულებაც გამოიწვიოს. ამასთანავე, ისიც ცხადია, რომ სწავლა-აღზრდა, ზოგადად სოციალური ზემოქმედება, ყოვლად აუცილებელია განვითარებისთვის. ასოციალურ სივრცეში, ამბობდა გეზელი, პიროვნების სტრუქტურა საერთოდ ვერ ჩამოყალიბდება. მაგრამ ყოველგვარი გარე ზემოქმედება, სოციალიზაცია მაშინ მიმდინარეობს ოპტიმალურად, თუ ის დამყარებულია შინაგანი მომწიფების კანონზომიერებაზე და მას ეთანხმება.       ამერიკაში გენეტიკური იდეების ერთ-ერთი აქტიური გამტარებელი იყო ჯეიმს ბოლდუინი (1861-1934). ამერიკელი ფსიქოლოგების პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი თეორეტიკოსი, ექსპერიმენტატორი და მეცნიერების ორგანიზატორი ბოლდუინი სოციალური, დიფერენციალური და განვითარების ფსიქოლოგიის სათავეებთან იდგა. ბოლდუინი პრინციპული ევოლუციონისტი იყო. ევოლოციის თეორიის განხილვა კი ორი თვალსაზრისით შეიძლება: პირველი - ორგანიზმზე გარემოს ზემოქმედების კუთხით, რის შედეგადაც ხდება ადაპტაცია და ახალი თვისებების ფორმირება; და მეორე - ინდივიდის მიერ ადაპტაციის შედეგად შეძენილი ახალი სასარგებლო თვისებების მემკვიდრეობით გადაცემის კუთხით. მაშასადამე, ევოლუციურ მიდგომაში განვითარების პრობლემის ორივე ასპექტია გათვალისწინებული, როგორც გარეგანისა და შეძენილის, ისე შინაგანისა და თანდაყოლილის. როდესაც ბავშვის განვითარებაზე ლაპარაკობდა, ბოლდუინი ორივე ამ ასპექტის მნიშვნელობას აცნობიერებდა. მაგრამ, ჰოლისა და გეზელისაგან განსხვავებით, მეტ აქცენტს სოციალური გარემოს როლზე აკეთებდა. ეს მისი ერთი-ერთი ძირითადი წიგნის სათაურიდანაც ჩანს: „სულიერი განვითარება სოციოლოგიური და ეთიკური თვალსაზრისით“ (1913). შეიძლება ითქვას, რომ ბოლდუინი უფრო სოციოგენეტიკოსი იყო, ვიდრე ბიოგენეტიკოსი.       ბოლდუინი დიდ ყურადღებას უთმობდა ბავშვის ემოციური სფეროს განვითარებისა და, რაც მთავარია, პიროვნული თვისებების ფორმირების საკითხს. სოციალიზაციის როლი ამ მხრივ გადამწყვეტია. ბავშვის პიროვნული თვისებები განიხილებოდა როგორც „გარედან“, ანუ კულტურისა და უშუალო სოციალური წრის ობიექტურ კრიტერიუმებთან მიმართებაში, ისე „შიგნიდან“, ბავშვის თვითშეფასების გადასახედიდან. აქედან გამომდინარე, ბოლდუინი კატეგორიულად მოითხოვდა პედაგოგიური სისტემის ისეთ რეფორმირებას, რომ საზოგადოებრივ, სასკოლო განათლებას მოეცვა ყველა ბავშვი. რაც შეეხება სკოლამდელ ხანას, აქ უდიდესი როლი ეკუთვნის თამაშს, რომელსაც ბოლდუინი სოციალიზაციის ინსტრუმენტად განიხილავდა. იგი ხაზს უსვამდა თამაშის მნიშვნელობას, როგორც ისეთი აქტივობისა, რომელიც აუცილებელია ადამიანის მოსამზადებლად რთული სოციალური ურთიერთობებისთვის.       პიროვნულ სფეროსთან შედარებით გონებრივი განვითარების სფეროში მემკვიდრეობითი ფაქტორის წონა მეტია. მაგრამ ბოლდუინი აქაც სოციალურ ფაქტორზე აკეთებს აქცენტს. ამ მხრივ ნიშანდობლივია მისი ერთ-ერთი წიგნის სათაური: „გონებრივი განვითარება ბავშვში და საზოგადოებაში“ (1895). კაპიტალურ სამტომიან თხზულებაში „გენეტიკური ლოგიკა“ (1903-1908) ბოლდუინმა ჩამოაყალიბა ბავშვის კოგნიტური განვითარების კონცეფცია. მისი აზრით, შემეცნებითი სფეროს ონტოგენეზში რამდენიმე საფეხური გამოიყოფა. ჯერ აქტუალიზდება და იხვეწება თანდაყოლილი სენსო-მოტორული რეაქციები. შემდეგ ბავშვი გაივლის მეტყველების განვითარების სტადიას და ბოლოს - ლოგიკური აზროვნების განვითარების საფეხურს. ბოლდუინი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო იმის ჩვენებით, თუ რა დიდ როლს ასრულებს ბავშვის სოციალური გარემოცვა შემეცნებითი ფუნქციების ფორმირების პროცესში. ამ კონტექსტში მან გამოყო აზროვნების განვითარების სპეციალური მექანიზმები: ასიმილაცია, ანუ გარემოს ზემოქმედების ინტერიორიზაცია და აკომოდაცია, ანუ თვით ორგანიზმის ცვლილება.       ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ბოლდუინის მოსაზრებებმა უთუოდ იქონია გავლენა კოგნიტური სფეროს ონტოგენეზის ყველაზე თვალსაჩინო მკვლევარის, პიაჟეს შეხედულებათა ფორმირებაზე (იხ. თავი 12.2.). სიცოცხლის მიწურულს ბოლდუინი ევროპაში მოღვაწეობდა, იყო ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი. აქ მუშაობდნენ ბოლდუინის კოლეგა და მეგობარი კლაპარედი და ამ უკანასკნელის მოწაფე პიაჟე.       პედოლოგია მაშინვე გავრცელდა ევროპაში. აქ მისი ერთ-ერთი ლიდერი უთუოდ ედვარდ კლაპარედი გახდა. კლაპარედი თვალსაჩინო ფიგურაა იმდროინდელ ფრანგულენოვან ფსიქოლოგიაში. როგორც თეორეტიკოსი, იგი ეკუთვნის ფუნქციონალური ფსიქოლოგიის ევროპულ ფრთას (იხ. თავი 6.5.). განსაკუთრებულია მისი წვლილი ბავშვის ფსიქოლოგიის განვითარებაში. მან ჟენევაში დააარსა რუსოს სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, რომელიც ევროპაში ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ერთ-ერთ წამყვან კვლევით ცენტრად გადაიქცა. აქ მიმდინარეობდა ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური და პიროვნული განვითარების კომპლექსური კვლევა. სწორედ ბავშვის შესწავლის კომპლექსურობაში ხედავდა კლაპარედი პედოლოგიის არსს. იგი მას ორ ნაწილად ყოფდა: თეორიულ და გამოყენებით პედოლოგიად. თეორიულმა პედოლოგიამ უნდა შეისწავლოს ონტოგენეზის ფუნდამენტური კანონზომიერებანი, ზოგადად, და ყველა ასაკობრივ ეტაპზე - კონკრეტულად. გამოყენებითი პედოლოგია, თავის მხრივ, მოიცავს ე.წ. ფსიქოტექნიკას და ფსიქოგნოსტიკას. ფსიქოტექნიკის მიზანია სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ადეკვატური სასწავლო-აღმზრდელობითი მეთოდების დამუშავება და დანერგვა, ფსიქოგნოსტიკისა - ფსიქიკური განვითარების დონის გარკვევა. ამ უკანასკნელის ფუძემდებლია კლაპარედის პარიზელი კოლეგა ალფრედ ბინე. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ბავშვის ინტელექტუალური განვითარების პირველი ტესტური მეთოდის შექმნა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ დიფერენციალური ფსიქოლოგიის ისტორიის კონტექსტში (იხ. თავი 7.2.).       ინტელექტუალური სფეროს ონტოგენეზის საკითხი კლაპარედის კვლევით ინტერესებშიც ერთ-ერთი უმთავრესი იყო. ეს დაინტერესებულობა მან გადასცა პიაჟეს, რომელმაც ამ მიმართულებით უდიდესი აღმოჩენები გააკეთა. კლაპარედი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კოგნიტურ განვითარებას, რომ მას თითქმის აიგივებდა ფსიქიკურ განვითარებასთან. ეს იქიდან ჩანს, - რომ ფსიქიკური განვითარების პერიოდიზაციის მისეულ სქემაში ერთი ეტაპიდან მეორეზე გადასვლის ძირითად კრიტერიუმად კოგნიციის სახეებისა და მათთან დაკავშირებული ინტერესების მონაცვლეობაა შერჩეული. კლაპარედი შემდეგ პერიოდებს გამოყოფს: 1) დაბადებიდან 2 წლამდე. ამ დროს ბავშვი ძირითადად იმით არის დაინტერესებული, თუ როგორ გამოიყურება საგნები. ამიტომ მისი კოგნიტური განვითარება უმთავრესად აღქმის გენეზისს უკავშირდება. 2) 2-დან 3 წლამდე. ამ პერიოდში დომინირებს ვერბალური ინტერესი (სიტყვები და მათი მნიშვნელობები); შესაბამისად, ვითარდება მეტყველების ფუნქცია. 3) 3-დან 7 წლამდე. საკუთრივ აზროვნების განვითარება სწორედ ამ პერიოდიდან იწყება. წამყვან ადგილს ზოგადი ინტელექტუალური ინტერესი იკავებს. 4) 7-დან 12 წლამდე. ამ პერიოდში იწყება სპეციალური ინტერესების ჩამოყალიბება. შემეცნება გამორჩეულად მიემართება გარკვეული საგნებისა თუ მოქმედებებისკენ. ამაში ვლინდება ბავშვის კოგნიტური განვითარების ინდივიდუალური თავისებურებები, მისი თანდაყოლილი ინტელექტუალური მიდრეკილებები. 5) 12-დან 18 წლამდე. კლაპარედი ამ პერიოდს სენტიმენტალურს უწოდებს. აქ განვითარება ეთიკური და სოციალური ინტერესების დომინირებით მიმდინარეობს.       ამ მიდრეკილებათა საფუძველზე, მოგვიანებით, უკვე მოზრდილობის ხანაში, თავს იჩენენ მემკვიდრეობითი ფაქტორებით გაპირობებული ე.წ. სპეციალური ნიჭები და უნარები. რაც შეეხება ე.წ. ზოგად ნიჭიერებას, კლაპარედის აზრით, ის ვლინდება ბავშვობის ხანაში და უკავშირდება მისი ყველა გონებრივი თვისების საერთო მაღალ დონეს, ინტელექტუალური საქმიანობის წარმატებულობას. თანდაყოლილი კოგნიტური უნარები, ისევე როგორც სხვა ფსიქიკური თვისებები, თვითგანვითარების პრინციპით მოქმედებენ, მაგრამ მემკვიდრეობით მოცემულის აქტუალიზაცია და რეალიზაცია გარკვეული სტიმულებისა და ფაქტორების ზემოქმედების შემთხვევაშია შესაძლებელი. თვითგანვითარებას მოქმედი მექანიზმები ესაჭიროება, რომლებიც განსაზღვრავენ მის ტემპს, მიმართულებას და შინაარსს. ასეთებად ავტორი თამაშსა და მიბაძვას მიიჩნევს. ამასთან, თამაში უფრო ქმედითი და უნივერსალური მექანიზმია; მისი საშუალებით ხდება ფსიქიკის ყოველმხრივი განვითარება, საერთო და სპეციალური უნართვისებების აქტუალიზაცია და გავარჯიშება. ეს ეხება როგორც გონებრივ, ისე აფექტურ და ნებელობით სფეროს. მიბაძვის მექანიზმი უფრო ამ უკანასკნელის განვითარებას ემსახურება. მისი მეშვეობით ბავშვი ეუფლება ახალ მოქმედებას, იძენს მისი შესრულების უნარს. ეს უნარი ასოციაციის პრინციპს ეყრდნობა: მყარდება კავშირი უფროსის მიერ ნაჩვენებ და თვით ბავშვის მიერ შესრულებულ მოქმედებას შორის. ამასთან, თუ ადრეულ ასაკში ათვისებული მოქმედების გამოსაწვევად მისი თვალსაჩინოდ ჩვენებაა საჭირო, შემდგომში სიტყვიერი მითითებაც საკმარისი ხდება.       განვითარების ზოგადი კანონზომიერებისა და მისი სწავლებასთან კავშირის პრობლემაზე მსჯელობისას კლაპარედი განიხილავს ბიოგენეტიკურ კანონს და მისგან გამომდინარე რეკაპიტულაციის პრინციპს. ის გარკვეულ დაზუსტებებს საჭიროებს. კერძოდ, სრულიად უმართებულოა ვიფიქროთ, რომ ადამიანის ემბრიონი მის ბიოლოგიურ წინაპრად გადაიქცევა (მაგ., თევზად, ვინაიდან ლაყუჩები უჩნდება). ასეთივე შეცდომაა იმის მტკიცება, რომ ბავშვი რომელიმე ეტაპზე პირდაპირი მნიშვნელობით ხდება ქვის ან ბრინჯაოს ხანის ადამიანი. ეს, ცხადია, ასე არ არის, ვინაიდან მას არა აქვს მოზრდილი ინდივიდის ის თვისებები, რომელთაც ფლობს პრიმიტიული ადამიანი, მაგალითად, სექსუალობა, მამაცობა და ა.შ. ბავშვის ფსიქოლოგია ყოველთვის „ბავშვური ფსიქოლოგია“ იქნება, ამბობს კლაპარედი. ეს არ ნიშნავს თვალის დახუჭვას იმ პარალელებზე, რომლებიც უეჭველად არსებობს ისტორიულ და ინდივიდუალურ განვითარებას შორის. ყველა ბავშვი, ყველა ქვეყანაში და განედზე, აუცილებლად აკეთებს იმას, რასაც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ამ პარალელიზმს ვერ გავექცევით, მაგრამ რა არის მისი მიზეზი? აქ ორი კონცეფცია არსებობს. ერთის მიხედვით, ეს მსგავსება წარმოიშვება იმის გამო, რომ ახალი თაობა მოკლედ იმეორებს წინა თაობის მიერ განვლილ ფაზებს და ეს ბავშვის მემკვიდრეობაშია ჩაწერილი. სხვა თვალსაზრისით, ეს მსგავსება უბრალო კონფორმულობაა: თუ ინდივიდის განვითარება მოგვაგონებს გვარის განვითარებას, ეს იმიტომ ხდება, რომ ცოცხალი არსება რეგულარული კანონების მიხედვით ყალიბდება, და ბუნება იყენებს იდენტურ საშუალებებს ინდივიდისა და გვარის ევოლუციის განხორციელებისთვის.       პირველი შეხედულება ყველაზე მკაფიოდ ჰოლმა გამოხატა. მეორეს მონახაზი დიუისთან გვხვდება. კლაპარედი მას გაფორმებული კონცეფციის სახეს აძლევს. ფილოგენეზსა და ონტოგენეზში ერთნაირი ლოგიკა მოქმედებს. ამ ლოგიკის შესაბამისად, საბოლოო ორგანოს, ფუნქციის ან მთელი ორგანიზმის მისაღებად საჭიროა დროებით არსებობდნენ უფრო პრიმიტიული წარმონაქმნები, ისევე როგორც შენობის აგებისას საჭიროა დროებითი ხარაჩოები. თუ ბავშვი გაივლის ზოგიერთ ეტაპს, რომელიც გვაგონებს ცხოველს, ველურს ან ბარბაროსს, ეს ეტაპები უნდა განვიხილოთ როგორც აუცილებელი საფეხურები მისი შემდგომი ევოლუციისთვის. ბავშვობის ბარბაროსული ეტაპი წარმოადგენს სტიმულს მოზრდილი ადამიანის უნარების განვითარებისთვის მსგავსად იმისა, როგორც ემბრიონის საზურგე ქორდა არის სტიმული ზურგის კოლონის (ხერხემლის) შემდგომი ჩამოყალიბებისთვის. აქედან დასკვნა: ბავშვის ფსიქიკის თანმიმდევრული პროგრესის გასაგებად და მისთვის სწავლა-აღზრდის კონკრეტული საფეხურის შესარჩევად მიზანშეწონილია დავიხმაროთ ცოდნა კაცობრიობის განვითარების ისტორიიდან.       კლაპარედი იმათაც ედავება, ვინც კატეგორიულად უარყოფს ბიოგენეტიკურ პრინციპს და მიიჩნევს, რომ აღზრდას არაფერი ესაქმება ბავშვსა და მის პრიმიტიულ წინაპრებს შორის არსებულ ანალოგიასთან. ბავშვი, რომელიც იმყოფება სრულიად განსხვავებულ პირობებში, ვიდრე ველური ან ბარბაროსი, სწრაფად უნდა შეეგუოს აქტუალურ გარემოს. ამისთვის აუცილებელი არ არის იმ შეცდომების გამეორება და იმ შემოვლითი გზების ხელახალი გავლა, რაც გაიარა კაცობრიობამ ევოლუციის პროცესში. პირიქით, ბლონსკის თქმისა არ იყოს, არაევოლუციური ის იქნებოდა, თუ ჩვენ ვაიძულებდით ბავშვს თავის თავზე გამოეცადა კაცობრიობის ინტელექტის ყველა შეცდომა. გარკვეული აზრით, ეს, ალბათ, სწორია. უკიდურესობამდე მიყვანილი ყველა პრინციპი შეიძლება უაზრობამდე დავიდეს. ეს ეხება პედაგოგიურ პრაქტიკაში რეკაპიტულაციის გამოყენებასაც. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ბავშვს ესაჭიროება ბუმერანგის ხმარების, დათვებზე ნადირობის ან კერპების თაყვანისცემის სწავლება იმის გამო, რომ „ველური“ ან „ბარბაროსული“ ინსტინქტების გამოვლენა სასარგებლოა მისი განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა, დიდი სიფრთხილე გვმართებს, რათა მეორე უკიდურესობაში არ გადავვარდეთ. სავსებით შესაძლებელია, რომ ის, რაც ჩვენი პედანტური ლოგიკისთვის „შემოვლითი გზა ან შეცდომაა“, სინამდვილეში მიზნის მიღწევის ყველაზე მოკლე გზა აღმოჩნდეს, ვინაიდან ეს ის გზაა, რომელიც ბუნებამ გაკვალა. ამ ლოგიკით შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ბაყაყისთვის შემოვლითი გზაა თავკომბალის მდგომარეობის გავლა; უფრო ადვილი არ იქნებოდა, რომ ის თავიდანვე დაბადებულიყო თათებით და, განსაკუთრებით, კუდის გარეშე, რომელიც არის მხოლოდ „შემოვლითი გზა და შეცდომა“?! მაგრამ რეალურად ეს „შეცდომა“ ევოლუციურად გამართლებულია. ძალიან აჩქარდებოდნენ ისინი, ვინც დიდი ბაყაყის ფორმირებისთვის თავკომბალას კუდს მოაჭრიდა. ამას ალბათ გააკეთებდნენ კიდეც, ბაყაყებს სკოლები რომ ჰქონოდათო, ირონიულად შენიშნავს კლაპარედი.       XIX და XX საუკუნეების გასაყარზე ბრიტანეთში ჯერ კიდევ ბატონობდა ემპირიული ფსიქოლოგია და მისი ყველაზე მძლავრი მიმდინარეობა - ასოციაციონიზმი. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ბავშვის ბრიტანული ფსიქოლოგიის პიონერი ჯორჯ სელი (1843-1923) ემპირიზმის პოზიციებზე იდგა. იგი ცდილობდა ასოციაციური ფსიქოლოგიის პრინციპები მოერგო ბავშვის განვითარების პრობლემატიკისთვის. სპენსერმა ასოციაციონიზმის პოზიციიდან ფილოგენეზი განიხილა, ხოლო სელიმ - ონტოგენეზი. მან თავისი მოსაზრებები რამდენიმე გახმაურებულ წიგნში ჩამოაყალიბა, რომელთაგან ყველაზე ცნობილია „ბავშვის ფსიქოლოგიის ნარკვევები“ (1895) და „პედაგოგიური ფსიქოლოგია“ (1915).       სელი ასოციაციური ფსიქოლოგიის ტრადიციულ სქემას მიჰყვება: თავდაპირველად არსებობენ ფსიქიკური ელემენტები, რომლებიც ასოციაციის გზით ერთიანდებიან რთულ ფსიქიკურ წარმონაქმნებში. კერძოდ, ბავშვის ფსიქიკური განვითარება იწყება ფსიქიკური პროცესების თანდაყოლილი ნასახებიდან ანუ ელემენტებიდან. ესენია შეგრძნება, მარტივი გრძნობა, რეფლექსურ-იმპულსური აქტივობა. განვითარების პროცესში მათ საფუძველზე წარმოიქმნება კოგნიტური, ემოციური და ნებელობითი პროცესები. ეს ხდება ელემენტების ინტეგრაციით, რაც წარმოშობს ცნებებს, წარმოდგენებს, განზრახვებს და ა. შ. ყოველივე ეს ასოციაციის კანონებს ემორჩილება. აქ სელის ახალი არაფერი უთქვამს. ახალი იყო ყურადღების გამახვილება იმაზე, თუ როგორი ასოციაციები და რა თანმიმდევრობით წარმოიქმნება ბავშვის განვითარების პროცესში. მისი გამოკვლევების თანახმად, თავდაპირველად ყალიბდება სენსომოტორული ასოციაციები მსგავსების კანონის მიხედვით. შემდგომში ბავშვს თანდათან უყალიბდება საგნების ხატები, მეზობლობის კანონის შესაბამისად, ხოლო მეორე წლის ბოლოს ჩნდება ასოციაციები, რომლებიც კონტრასტის კანონს ემყარება.       სელიმ თავისებურად გამიჯნა შემეცნებითი, ემოციური და ნებელობით ფუნქციების განვითარების ეტაპები. იგი დაბეჯითებით მოითხოვდა, რომ ეს გაეთვალისწინებინათ სასწავლო პროცესის ორგანიზებისას, სახელდობრ, სკოლაში სასწავლო პროგრამებისა და ბავშვებთან პედაგოგების ურთიერთობის სტილის შეცვლისთვის.       გარდა იმისა, რომ ბავშვის ფსიქოლოგიას შეუძლია და უნდა დაეხმაროს პედაგოგიკას, ის დიდ სარგებლობას მოუტანს მოზრდილი ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოების გახსნის საქმესაც. ყოველი ადამიანური ორგანიზმი, ამბობდა სელი, თავის თავში ატარებს ადამიანური ცნობიერების ჩანასახს. ეს ცნობიერება დაბადებიდანვე იწყებს განვითარებას და იმთავითვე სპეციფიკურად ადამიანური სახე აქვს. თუ ფსიქოლოგი მოახერხებს შეაღწიოს ბავშვის ცნობიერებაში და გაიგოს რა ხდება იქ, იგი გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება მოზრდილის რთულ ცნობიერებაში გარკვევისას. „შესაძლებელია, ბავშვის სული არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მაგრამ მკვლევარი ვერ აიღებს ამოსავალ წერტილად ვერც ერთი ცხოველის გონებას, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი შეიცავს ბევრ ადამიანურ ელემენტს, იგი ავლენს მათ სრულიად განსხვავებული, თავისებური ფორმით“. სელის ეს სიტყვები მნიშვნელობას იძენს ცხოველისა და ბავშვის ფსიქიკას შორის არსებული იმ პარალელების ფონზე, რომელზეც მიუთითებენ სხვა ფსიქოლოგები, განსაკუთრებით კი ბიულერი. ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. აქ კი აღვნიშნავთ, რომ ბიოგენეტიკური იდეები არც სელისთვის იყო უცხო. იგი ხედავდა გარკვეულ კავშირს ისტორიოგენეზსა და ონტოგენეზს შორის და აღნიშნავდა, რომ ადამიანის ცხოვრების პირველი წლები „თითქოს დაპატარავებულ და მრუდე სარკეში გვიჩვენებენ იმ მდგომარეობას, რომელშიც, ალბათ, იმყოფებოდა პირველყოფილი ადამიანი“.       გერმანიაში ბავშვის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერნსტ მოიმანი (1862-1915) უფრო მკვეთრად აფიქსირებს განსხვავებას ბავშვისა და მოზრდილის ფსიქიკას შორის და ოთხ ძირითად მომენტზე ამახვილებს ყურდღებას: 1) ბავშვს დასაწყისში არ გააჩნია მოზრდილის ყველა სულიერი თვისება. 2) თვისებების განაწილება ბავშვთან და მოზრდილთან განსხვავებულია. მათთან სხვადასხვა თვისებები დომინირებს. მაგალითად, მოზრდილი ადამიანი უმეტესწილად სიტყვების მეშვეობით აზროვნებს, მცირეწლოვანი ბავშვი კი უფრო მეტად იყენებს თვალსაჩინო წარმოდგენებს საგნების შესახებ. ამასთან, ბავშვსაც შეუძლია იაზროვნოს სიტყვებით, ხოლო მოზრდილს წარმოდგენებით, მაგრამ მათი თანაფარდობა განსხვავებულია. 3) ბავშვის სულიერი ცხოვრების ზოგიერთი გამოვლინება თვისებრივად განსხვავდება მოზრდილისაგან და 4) ბავშვის თვისებები მოზრდილისაგან ხარისხობრივადაც, ინტენსივობის მხრივაც განსხვავდება.       მოიმანი გერმანიაში ბავშვისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის თვალსაჩინო ორგანიზატორი იყო. მან ჰამბურგში დააარსა ბავშვის ფსიქიკური განვითარების შემსწავლელი ლაბორატორია და პირველი გერმანული ჟურნალი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. მისი კაპიტალური სამტომეული „ლექციები ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში“ (1907) იმ დროისთვის ენციკლოპედიური მნიშვნელობის კვლევას წარმოადგენდა. პირველ ორ ტომში განხილულია ბავშვის ფსიქოლოგიის, ხოლო მესამეში - პედაგოგიკისა და პედაგოგიური ფსიქოლოგიის, კერძოდ, კითხვის, წერის, თვლისა და ხატვის სწავლების საკითხები.       მოიმანი ბავშვის ორგანიზმს მთლიანობაში განიხილავდა, ანუ მისი ფიზიკური და ფსიქიკური მხარეების ერთიანობაში. იგი ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელია გვქონდეს თითოეული ინდივიდის განვითარების სრული ფსიქოფიზიკური სურათი და გაუმართლებლად მიაჩნდა აღმზრდელების ზედმეტი გატაცება ბავშვის მხოლოდ გონებრივი მოქმედების კონტროლით. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არასწორად მოვექცეთ ბავშვს და მისგან ისეთი რამ მოვითხოვოთ, რისი გაკეთებაც არ ძალუძს ფიზიკური სისუსტის გამო. ბავშვის ნებელობაზე აპელირება ამ შემთხვევაში სრულიად ამაოა, ვინაიდან აქ საქმეს მხოლოდ ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა უშველის. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სულიერი და ფიზიკური განვითარება ყოველთვის პარალელურად არ მიმდინარეობს. ეს მოიმანმა თავისი კვლევით დაადასტურა. მან ისიც დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა და მოზრდილი ორგანიზმი არა მხოლოდ ფსიქიკური, არამედ ანატომიურ-ფიზიოლოგიური კუთხითაც თვისებრივად განსხვავდება ერთმანეთისაგან.       მოიმანმა აჩვენა, რომ ბავშვის ნორმალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარება მუდმივი პროცესი არ არის - შეჩერებებსა და პაუზებს შეიცავს. განსაზღვრულ პერიოდებში ეს ყველა ბავშვს ემართება და, ამდენად, კანონზომიერია. საზოგადოდ კი, ყველაზე ადრე ვითარდება ის უნარები, რომლებიც ბავშვის გარემო პირობებთან შეგუებისთვის, თვითშენარჩუნებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, ბავშვი გაცილებით ადრე იწყებს ორიენტირებას სივრცეში, ვიდრე დროში. საქმე ისაა, რომ პატარას ცხოვრებას დროში აღმზრდელები ანაწილებენ, ხოლო სივრცითი ორიენტაცია უმეტესად მისი საკუთარი საზრუნავია. ასევე, ცოდნა საგნების სივრცითი თვისებების (ფორმა, ზომა და ა.შ.) შესახებ უფრო ადრე შეიძინება, ვიდრე ცოდნა ფერების შესახებ, ვინაიდან პირველი სრულებით აუცილებელია საგნების ცნობისთვის, ფერები კი ხშირად მხოლოდ ესთეტიკური დამატებაა. ასევე, სხვისი მეტყველების გაგება უფრო ადრე იწყება, ვიდრე დამოუკიდებელი მეტყველება და ა.შ.       გერმანული პედოლოგიის პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელია აგრეთვე კარლ გროსი (1861-1946). მისი წიგნი „ბავშვის სულიერი ცხოვრება“ საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ განსაკუთრებული აღიარება იმ გამოკვლევებმა მოუტანა, რომლებშიც თამაშის ბუნების გარკვევა იყო ნაცადი. თამაშის მნიშვნელობაზე ბევრ მოაზროვნეს უფიქრია, თუმცა საგანგებო კვლევის საგნად იგი მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალურ დარგად ჩამოყალიბების შემდეგ იქცა. გროსმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თამაშის სისტემატური შესწავლა, მდიდარ ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით აჩვენა მისი როლი ცხოველისა და ადამიანის განვითარების საქმეში. გროსის ცნობილ თამაშის თეორიაში ნაჩვენებია, რომ აქტივობის ამ სახის ფუნქცია მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებაა.       გროსს სურდა შეექმნა თეორია, რომელიც დაძლევდა სხვა თეორიების ნაკლოვანებებს. ამიტომ მან კრიტიკულად გააანალიზა იმ დროისთვის არსებული შეხედულებები. ასეთები იყო, მაგალითად, შტაინტალისა და ლაცარუსის თვალსაზრისი, რომელიც თამაშს დასვენების ფუნქციას მიაწერს, სპენსერის კონცეფცია, რომელიც თამაშს ორგანიზმში ჭარბი ენერგიის რეალიზაციის საჭიროებას უკავშირებს, ან კიდევ ჰოლის შეხედულება, რომლის მიხედვით თამაშის ბუნება რეკაპიტულაციის პრინციპის თანახმად არის გააზრებული.       გროსის ე.წ. ვარჯიშის თეორიის მიხედვით, ბავშვის თანდაყოლილი რეაქციები არ არის საკმარისი ნორმალური ადამიანური ფუნქციონირებისთვის მომავალში. ბავშვობის პერიოდში უნდა მოხდეს ისეთი ფუნქციებისა და რეაქციების გამომუშავება, რომლებიც რეალური ცხოვრებისეული ამოცანების გადასაჭრელად გამოდგება. ამას ემსახურება თამაში. მასში ხდება მოქმედების ახალი ფორმების შეძენა და სერიოზული ცხოვრებისთვის აუცილებელი ძალების გავარჯიშება. თამაშის საშუალებით ბავშვი მომავალი ცხოვრებისთვის ემზადება. ეს არის თამაშის ობიექტური მიზანი და დანიშნულება. გროსის თქმით, „ჩვენ იმიტომ კი არ ვთამაშობთ, რომ ბავშვები ვართ, არამედ სწორედ იმისთვის გვაქვს ბოძებული ბავშვობა, რომ ვითამაშოთ“. ცხადია, მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება არაა მოთამაშე ინდივიდის სუბიექტური მიზანი. თამაშის აქტივობის მასაზრდოებელი წყარო, მისი სტიმუ ლი თანდაყოლილი ძალების ამოქმედებაა. ძველ რეაქციებზე დაშენდება ახალი მოქმედებები, რომლებიც უფროსების მოქმედებათა გარეგნულ სახეს იმეორებენ: თოჯინის მოვლა, მანქანის ტარება და სხვა. თამაშის შინაარსი ბავშვის უფროსებისადმი მიბაძვის შედეგია, მიმბაძველობა კი ბავშვის თანდაყოლილი თვისება. ამრიგად, თამაშში ორგანულად არის შერწყმული ინდიდვიდის მემკვიდრეობითი მოცემულობა და სოციალური გარემოს ზემოქმედება.       გამოჩენილი გერმანელი ფსიქოლოგი ვილიამ შტერნი აზუსტებს და აღრმავებს გროსის ანალიზს. იგი გამოყოფს თამაშის ფორმას და შინაარსს. ფორმა უცვლელია და დაკავშირებულია თანდაყოლილი თვისებების გავარჯიშებასთან, რაც თამაშის მთავარი ბიოლოგიური ფუნქციაა. შინაარსი ცვალებადია, მას სოციალური გარემო განსაზღვრავს. შედეგად, თანდაყოლილი ფუნქციების ამოქმედების პროცესი თამაშის ქცევაში შეძენილი სოციალური შინაარსით ივსება.       ადვილი შესამჩნევია, რომ განვითარების თვალსაზრისით შტერნის თამაშის თეორიას ავტორის უფრო ფართო შეხედულების მკაფიო კვალი ატყვია. შტერნი პირველი თაობის პროფესიონალ ფსიქოლოგებს შორის ერთერთი ყველაზე ავტორიტეტული ინტერაქციონისტი იყო. იგი ამოდიოდა იდეიდან, რომ განვითარება ყოველთვის და აუცილებლად თანდაყოლილისა და შეძენილის, შინაგანისა და გარეგანის გაერთიანებული მოქმედების, ანუ კონვერგენციის შედეგია. კონვერგენციის თეორიის თანახმად, არსებობს ბავშვის თანდაყოლილი მიდრეკილებები და ნასახები, რომლებიც დასრულებული და გამზადებული თვისებები კი არაა, არამედ მხოლოდ პოტენციური შესაძლებლობებია. ფსიქოფიზიკური პოტენციის გადაქცევა სინამდვილედ, რეალურ თვისებად გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებით ხდება. მარცვალში იმთავითვე ჩანერგილია მომავალი მცენარის სახე. მაგრამ როგორი სისწრაფით, რამდენად კარგად და რა სპეციფიკური ფორმით განვითარდება იგი, დამოკიდებულია ნიადაგზე, ამინდზე, მებაღის მზრუნველობაზე და სხვა გარე პირობებზე. ასევეა ბავშვის შემთხვევაში.       განვითარების პროცესში შინაგანისა და გარეგანის ურთიერთქმედება ე.წ. ინტროცეფციის მექანიზმის მეშვეობით ხდება. შტერნის მიხედვით, ეს ნიშნავს შინაგანი მიზნების გაერთიანებას სოციალური გარემოდან მომდინარე მიზნებთან. თავდაპირველად მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქიკური შესაძლებლობები არ არის გამოკვეთილი; იგი არ აცნობიერებს საკუთარ თავს, საკუთარ უნარ-მიდრეკილებებს, მიზან-მისწრაფებებს. ყოველივე ამის ჩამოყალიბება, ორგანიზება, დაკონკრეტება და, საბოლოოდ, გაცნობიერება გარემოს ზემოქმედებით მიიღწევა. ბავშვი ცდილობს აიღოს გარედან ის, რაც მას ესაჭიროება და რაც მის შინაგან პოტენციას შეესაბამება, და პირიქით, ზღუდავს ისეთ ზემოქმედებას, რომელიც ამას ეწინააღმდეგება. ცნობიერება მოქმედების შესრულების დაბრკოლების, წინააღმდეგობის გაჩენის შემთხვევაში იჩენს თავს. მისი ფუნქციაა გართულებული ადაპტაციის ხელშეწყობა, მაგრამ გაცნობიერების საგანი ხდება არა მხოლოდ წინააღმდეგობის შემცველი ფიზიკური თუ სოციალური გარემო, არამედ სუბიექტური სამყაროს ის მხარეც, რომლის რეალიზაცია ვერ მოხერხდა მოქმედებაში; ესენია კონკრეტული მისწრაფებები და ფსიქიკური შესაძლებლობები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ინტროცეფციის გართულება ან ფრუსტრაცია მეტი სოციალიზაციისა და თვითრეფლექსიის, საბოლოოდ კი პიროვნების განვითარების წყაროდ იქცევა.       შტერნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სწორედ პიროვნების, როგორც მთლიანის განვითარებას და ფორმირებას. ეს სავსებით კანონზომიერია, შტერნი ხომ დიდი ფსიქოლოგიური სისტემის ავტორია, რომლის ცენტრალურ ცნებას პიროვნება (პერსონა) წარმოადგენს. შტერნმა პერსონალისტური ორიენტაცია განვითარების პრობლემატიკაზე გადმოიტანა. ამას, ზოგადად, პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ბავშვის ფსიქოლოგიის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მკვლევართა ინტერესი ძირითადად კოგნიტური სფეროს ონტოგენეზისკენ იყო მიმართული. კოგნიცია კი მთლიანი პიროვნების მხოლოდ ერთ-ერთი სფეროა. თუმცა აღსანიშნავია, რომ შტერნმა ამ სფეროს განვითარებაც სპეციალურად იკვლია და სერიოზულ შედეგებსაც მიაღწია. ყველაზე სრულად ისინი გადმოცემულია კლასიკურ ნაშრომებში „ბავშვის ენა“ და „ადრეული ბავშვობის ფსიქოლოგია“.       შტერნს მიაჩნდა, რომ კოგნიტური სფეროს განვითარება კონკრეტული მიმართულებით, კერძოდ, პერიფერიიდან ცენტრისკენ მიემართება. ამიტომ ონტოგენეზში ჯერ ვითარდება ჭვრეტა (აღქმა), შემდეგ წარმოდგენა (მეხსიერება) და ბოლოს აზრი (გონება). ამ გზით, ბავშვი გარემოს ბუნდოვანი ასახვიდან გადადის სამყაროს მოვლენათა არსის შეცნობაზე. გარდამტეხი მომენტი მთელ კოგნიტურ განვითარებაში დგება 1,5-2 წლის ასაკში, როცა მეტყველების ათვისების პროცესი კრიტიკულ ფაზას აღწევს. ამ დროს, შტერნის თქმით, ბავშვი აკეთებს უდიდეს აღმოჩენას თავის ცხოვრებაში - იგი ხვდება, რომ ყველა საგანს შეესაბამება მისი აღმნიშვნელი ბგერითი კომპლექსი, ანუ იმას, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს, ყველა სიტყვას კი - თავისი მნიშვნელობა. საზოგადოდ, მეტყველების ონტოგენეზში სამი ტენდენცია იჩენს თავს: მიმართულობა განცდის გამოხატვაზე, მიმართულობა შეტყობინებაზე და მიმართულობა სიტყვის მნიშვნელობაზე. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შტერნმა აღწერა მეტველების დაუფლების ძირითადი ეტაპები ხუთ წლამდე. მათ ცვალებადობას კანონზომიერი ხასიათი აქვს და მიმდინარეობს პასიური მეტყველებიდან აქტიურისკენ, ბგერებიდან სიტყვებისკენ, სიტყვებიდან წინადადებებისკენ.       შტერნმა შეისწავლა აზროვნების განვითარებაც, სახელდობრ, მისი ისეთი ონტოგენეტური ფორმა, როგორიცაა ე.წ. აუტისტური აზროვნება. საკითხი აზროვნების ამ ფორმის ბუნებისა და ფუნქციის შესახებ ბავშვის ფსიქოლოგიაში სერიოზული კვლევისა და აზრთა ჭიდილის ასპარეზი გახდა. აქ მხოლოდ შემდეგს აღვნიშნავთ: პიაჟესაგან განსხვავებით, შტერნს მიაჩნდა, რომ აუტისტური აზროვნება უფრო რთული ბუნებისაა, ვიდრე რეალისტური, და ამიტომ, კოგნიტური განვითარების პროცესში, მასზე გვიან უნდა ჩნდებოდეს.       შტერნი ფიქრობდა, რომ ასაკობრივი პერიოდების სახით მოცემული განვითარების ზოგადი კანონზომიერებების გარდა, ყველა ბავშვის შემთხვევაში ინდივიდუალური თავისებურებებიც იჩენს თავს. ეს, პირველ რიგში, ფსიქიკური განვითარების ინდივიდუალურ ტემპში გამოიხატება. შტერნის, როგორც დიფერენციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ინტერესი ბავშვების განვითარების ინდივიდუალური თავისებურებებისადმი სრულიად ბუნებრივი იყო. მან მხარი აუბა ბინეს და სერიოზული მუშაობა ჩაატარა იმ მეთოდების შესაქმნელად, რომლებიც ბავშვის ინტელექტუალური განვითარების გაზომვისთვის იყო საჭირო. სწორედ შტერნის შემოღებულია e.w. გონებრივი განვითარების კოეფიციენტი IQ (იხ. თავი 7.2.).       ეს სამუშაო მიმდინარეობდა ჰამბურგის პედაგოგიურ ლაბორატორიაში, რომელიც შტერნმა მოიმანის გარდაცვალების შემდეგ ჩაიბარა და აგრეთვე ჰამბურგის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც იყო ამერიკაში ემიგრაციამდე (1916-1933). ამ ინსტიტუტის მრავალფეროვან კვლევა-ძიებაში, რაც უმთავრესად გამოყენებითი ფსიქოლოგიის კუთხით მიმდინარეობდა, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის პრობლემატკას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა. ამავე დროს, შტერნი მოიმანის მიერ შექმნილ პედაგოგიური ფსიქოლოგიის ჟურნალსაც რედაქტორობდა. მოკლედ, შტერნი იყო ბავშვის ფსიქოლოგიის უდიდესი მკვლევარი და გერმანიაში პედოლოგიური მოძრაობის თვალსაჩინო ორგანიზატორი.       ბავშვის ფსიქოლოგთა პირველ თაობაში საპატიო ადგილი უკავია გამოჩენილ გერმანელ ფსიქოლოგს, კარლ ბიულერს (1879-1963). თავდაპირველად ბიულერი ვიურცბურგის სკოლის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა აზროვნების ექსპერიმენტულ კვლევაში. მას ეკუთვნის ტერმინი „აჰა განცდა“, რომელიც გამოხატავს ამოცანის გადაწყვეტის მომენტში გაჩენილ სპეციფიკურ შვების განცდას (იხ. თავი 7.1.). ვიურცბურგის შემდეგ ვენაში მოღვაწეობდა, ბოლოს კი ამერიკაში გადასახლდა. შეიცვალა მისი ინტერესებიც, რომლებმაც ზოგადიდან განვითარების ფსიქოლოგიაზე გადაინაცვლეს. ამ მიმართულებით მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომია „ბავშვის სულიერი განვითარება“ (1918). წიგნში განხილულია ბავშვის ფსიქოლოგიის ყველა ძირითადი თემა, მოცემულია ავტორის ორიგინალური შეხედულება მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ შორის ყველაზე არსებითია საკითხი ონტოგენეტური განვითარების პროცესის ბუნებისა და მსვლელობის კანონზომიერებათა შესახებ.       ბიულერი ამოდის თეზისიდან: „ბუნება არ აკეთებს ნახტომებს, განვითარება ყოველთვის თანდათანობით მიმდინარეობს“. ამიტომ იგი თამამად ავლებს პარალელებს ცხოველურსა და ადამიანურს, ბიოლოგიურსა და სოციალურ-კულტურულს, ფილოგენეტურსა და ონტოგენეტურს შორის, ცდილობს აჩვენოს მათი ერთმანეთში გადასვლის უწყვეტობა და თანმიმდევრულობა. განვითარება, საზოგადოდ, მყარ შინაგან კანონზომიერებას ექვემდებარება. უსუსური ახალშობილი სამი წლისთვის შორს იტოვებს განვითარებაში ყველა ცხოველს, ვინაიდან მეტყველებს, მსჯელობს, აკეთებს დასკვნებს, აქვს ერთგვარი მსოფლმხედველობაც, თუმცა, ცხადია, პრიმიტიული და არასაკმარისი; მას აქვს თავისებური დამოკიდებულება სიმართლისა და ტყუილის, კეთილისა და ბოროტის, ლამაზისა და უშნოს მიმართ. განვითარების ასეთივე ისტორია აქვს გვარსაც. კაცობრიობაც თანდათან დაეუფლა ენას, ხელოვნებას და კულტურის სხვა მონაპოვარს. მიუხედავად ამისა, ადამიანთა მოდგმა არ არის იზოლირებული ცხოველური სამყაროსაგან, რომელთანაც მჭიდრო ნათესაობა აკავშირებს. ეს უპირველესად იმაში ვლინდება, რომ ცხოველისა და ადამიანის ქცევა თუ ფსიქიკა განვითარების სამ ძირითად სტადიას გაივლის, ესენია: ინსტინქტი (სტერეოტიპული, თანდაყოლილი აქტივობა), დრესურა (მოქმედების ახალი ფორმების შეძენა) და ინტელექტი (პრაქტიკული აზროვნება).       აანალიზებს რა ონტოგენეზს, ბიულერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ადრეული ბავშვობის ხანას, ვინაიდან სწორედ აქ იჩენს თავს სამივე აღნიშნული მექანიზმი და საფუძველი ეყრება მთელ შემდგომ სულიერ განვითარებას. პირველი წლიდან იწყება ინტელექტის ფორმირება. ბავშვი იწყებს პრიმიტიული იარაღის გამოყენებას, მსგავსად კელერის მიერ შესწავლილი პრიმატებისა. ამიტომ ამ პერიოდს ბიულერი „შიმპანზესმაგვარს“ უწოდებს. ინტელექტის განვითარება ჯერ პრაქტიკული, აზრიანი მოქმედების პლანში მიმდინარეობს, ხოლო შემდგომ შინაგან პლანში გადაინაცვლებს. ეს ენის მეშვეობით ხდება. აქედან გამომდინარე, დიდი ყურადღება ექცევა მეტყველების ათვისების პროცესის დახასიათებას. ბიულერი იქიდან ამოდის, რომ „არსებობს სულიერი განვითარების მყარად დადგენილი რიტმი, რომელიც შეიძლება დაჩქარდეს ან დამუხრუჭდეს, მაგრამ მისი სრული გაჩერება შეუძლებელია“. ეს ეხება ყველა ფსიქიკურ პროცესსა თუ ფუნქციას, მათ შორის მეტყველებასაც. იგი განსაზღვრულ რიტმში გაივლის ტრანსფორმაციათა რიგს (ღიღინი, ტიტინი, მიბაძვა, პირველი სიტყვები, წინადადებები, ფრაზები და ა.შ.). საზოგადოდ კი, ბიულერი მიიჩნევს, რომ ამეტყველება გამზადებული ენის უბრალო შეთვისება კი არ არის, არამედ მისი კონსტრუირებაა უფროსებთან ურთიერთობის პროცესში. აქ ბავშვი აკეთებს სამ დიდ აღმოჩენას, რომლებიც ამ პროცესს სამ სტადიად ყოფს. პირველ სტადიაზე ბავშვი აღმოაჩენს სიტყვის „მნიშვნელობას“. იგი ხვდება, რომ ბგერათა გარკვეული კომპლექსი იწვევს მოზრდილთა შესაბამის რეაქციას და იწყებს მის განზრახ გამოყენებას. მეორე სტადიაზე აღმოაჩენს, რომ ყველა საგანს თავისი სახელი აქვს. იგი უკვე თვითონ კი არ იგონებს საგნების სახელებს, არამედ უფროსებისაგან იწყებს სათანადო ცნობების მოძიებას. მესამე სტადიაზე ბავშვი გრამატიკის მნიშვნელობას აღმოაჩენს. იგი აფიქსირებს, რომ მიმართებები საგნებს შორის შეიძლება გამოიხატოს სიტყვის ბგერითი მხარის ცვლილებით, მაგალითად: სათამაშო - სათამაშოები.       იგივე ითქმის აზროვნებაზეც. ლოგიკური აზროვნების განვითარება (ცნება, მსჯელობა, დასკვნა) იწყება მეტყველების განვითარების კვალდაკვალ. მას თავისი ტემპი აქვს და კონკრეტული კანონზომიერების შესაბამისად მიმდინარეობს. მაგალითად, ბავშვის ცნებებისა და განსაზღვრებების კვლევისას ბიულერმა დაადგინა, რომ პირველ ხანებში მათში მოცემულია მხოლოდ მითითება საგნის დანიშნულებაზე. მითითებანი გვარისა და სახეობის ნიშნებზე ჩნდება სასკოლო ასაკში და სასკოლო სწავლების გავლენით. ბიულერი ხაზს უსვამს იმას, რომ აზროვნების პროცესში ხდება ახალი მიმართებების წვდომა და, ამდენად, ეს პროცესი შემოქმედებითი ბუნებისაა. აზროვნებისა და შემოქმედების მიმართების კონტექსტში განიხილება ბავშვის მხატვრობის საკითხი. ბიულერმა აჩვენა, რომ ხატვა უშუალოდ მოქმედებს ბავშვის კოგნიტურ განვითარებაზე. ნახატი გრაფიკული მოთხრობაა, ის საგნის ასლი კი არ არის, არამედ ბავშვის გონებაში გადამუშავებული მონათხრობია მის შესახებ.       ხატვა ბავშვის შემოქმედებითი აქტივობის ერთ-ერთი გამოვლინებაა და, ამდენად, უშუალოდ არის დაკავშირებული ფანტაზიის ფუნქციასთან. ამ ფუნქციის განვითარების კიდევ ერთი წყაროა ზღაპრები. ბიულერი საგანგებოდ - აანალიზებს ზღაპრის წარმოშობისა და დანიშნულების საკითხებს გენეტიკური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებასთან მიმართებაში. იგი მიუთითებს მკაფიო პარალელებზე შემოქმედებასა და თამაშს შორის, მაგრამ მათ შორის არსებულ განსხვავებასაც ხედავს, რაც აქტივობის ამ ორი ფორმის განხორციელების ემოციურ-მოტივაციური მექანიზმის თავისებურებაში მდგომარეობს; ბავშვის თამაშის საკითხიც სწორედ ემოციების კონტექსტში განიხილება.       ეს კონცეფცია აშკარად ჰედონისტური ხასიათისაა. ავტორს შემოაქვს ტერმინი ჰედონალგიური რეაქცია, რაც გულისხმობს სიამოვნებისა (ჰედონე) და უსიამოვნების (ალგოს) ჩართულობას ცოცხალი ორგანიზმის ყოველგვარ აქტივობაში. ტკბობის საყოველთაო პრინციპის პირველადი გამოვლინებაა სურვილი და დაკმაყოფილება. საამისოდ ბუნებამ შექმნა ფუნქციონალური სიამოვნების მექანიზმი, როცა სიამოვნების წყაროა „არა დაკმაყოფილება“ (დაუკმაყოფილებლობა), ანუ აქტივობის სურვილი უსიამოვნების მდგომარეობაა, რომელიც აღძრავს „მიზანმიმართულ“ აქტივობას, ხოლო დაკმაყოფილება სიამოვნების მდგომარეობაა, რომელიც მოჰყვება „მიზნის“ მიღწევას. ეს მექანიზმი მოქმედებს იქ, სადაც აქტივობა ჩამოყალიბებულია, ანუ ინსტინქტის სტადიაზე. მაგრამ ის არ არის საკმარისი დრესურის სტადიაზე მიმდინარე აქტივობის გასაგებად. აქ აქტივობა არ არის ფორმირებული, ის ყალიბდება მრავალჯერადი გამეორებითა და ვარჯიშით. მთავარია არა შედეგი, არამედ თვით მოქმედება, მისი მიმდინარეობის პროცესი. ამით მოინახა „დრესურისთვის“ (ვარჯიშისთვის) საჭირო დაუღალავი მცდელობებისა და გამეორებების მამოძრავებელი ძალა.       ეს ყოველივე უშუალოდ ეხება თამაშს, რამდენადაც ის, პირველ ყოვლისა, ემსახურება პატარა ინდივიდის სხეულებრივი თუ სულიერი ფუნქციების გავარჯიშებას და მომავალი ცხოვრებისთვის მომზადებას. ამაშია მისი ბიოლოგიური აზრი, რაც ყველაზე უკეთ გროსმა აჩვენა. ბიულერი ამ ობიექტური ვითარების სუბიექტურ-მოტივაციურ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას და ფუნქციონალური სიამოვნების მექანიზმის საშუალებით ცდილობს, ნათელი გახადოს, თუ რატომ, რა შინაგანი საჭიროების გამო თამაშობს ცხოველი და ადამიანი. იგი ამბობს: „თამაშს ვუწოდებთ ისეთ ქმედებას, რომელიც ხასიათდება ფუნქციონალური სიამოვნებით. ფუნქციონალური სიამოვნებაა ის, რაც მას ინარჩუნებს და რისთვისაც იგი ხორციელდება. აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა განსხვავებულ შედეგამდე მივყავართ მას და კიდევ რა მიზნებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული“.       მაშასადამე, თამაშის შემთხვევაში სიამოვნება თვით მოქმედების პროცესს უკავშირდება. შემოქმედების დროს კი სიამოვნების წყარო არის არა ქცევის პროდუქტი ან პროცესი, რომელიც ხშირად საკმაოდ მძიმე და მტანჯველია, არამედ იდეის ჩასახვის, ნაწარმოების შინაგანი მომწიფების მომენტი. სიამოვნება აქ ქცევის საწყისშია. თუ ყოველ ქცევაში პირობითად ორ ფაზას გამოვყოფთ - შინაგანი და გარეგანი მუშაობის ფაზას - შემოქმედების სპეციფიკური სიხარული ან მთლიანად პირველ ფაზას დაუკავშირდება, ან წარმოიქმნება პირველიდან მეორეზე, ანუ გარე გამოვლენილ მოქმედებაზე გადასვლისას.       ამრიგად, ბიულერის მიხედვით, ქცევის ემოციურ-მოტივაციურ მექანიზმთან მიმართებაში განვითარების შემდეგი კანონზომიერება იკვეთება: ინსტინქტურ სტადიაზე სიამოვნება მოქმედების შედეგს, ე.ი. მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მოჰყვება; დრესურის (ფართო გაგებით თამაშის) სტადიაზე მოქმედებს ფუნქციონალური სიამოვნების ანუ აქტივობისაგან მიღებული სიამოვნების მექანიზმი; ინტელექტის (ფართო გაგებით შემოქმედების) სტადიაზე სიამოვნება ქცევის რეალიზაციამდეა მხედველობაში მიღებული: განვითარების გარკვეულ დონეზე ბავშვს შეუძლია მოქმედების დაწყებამდე წარმოიდგინოს, თუ რა სიამოვნებას მიიღებს, ვთქვათ, ნაყინისაგან ან თანატოლებთან ურთიერთობისაგან.       გამოჩენილი ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე ცნობილია თავისი განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიით, მაგრამ ზოგადი ფსიქოლოგიის გარდა იგი ნაყოფიერად მუშაობდა სხვა დარგებშიც, მათ შორის, და პირველ ყოვლისა, ბავშვის ფსიქოლოგიაში. უზნაძე შეიძლება ჩაითვალოს პედოლოგების პირველი თაობის წარმომადგენლად. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც იგი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებელთან, ვუნდტთან სწავლობდა, უზნაძემ ხელი მოჰკიდა აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას: ასწავლიდა გიმნაზიაში, დაარსებისთანავე სათავეში ჩაუდგა პირველ ქართულენოვან სკოლას „სინათლე“ და შექმნა მისთვის დაწყებითი სწავლების კონცეფცია. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე სახელმძღვანელო ძველი მსოფლიოს ისტორიაში, წერილები თეორიულ პედაგოგიკაში და, რაც მთავარია, რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი წიგნი ექსპერიმენტულ პედაგოგიკაში (1912). მასში პრინციპულად არის გატარებული აზრი, რომ მეცნიერული პედაგოგიკა მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიის ცოდნაზე შეიძლება იქნეს დაფუძნებული. წიგნში წარმოდგენილია მასალა, რომელიც იმ დროისთვის იყო დაგროვებული პედოლოგიაში ყურადღების, ინტერესის, მეხსიერებისა და დაღლილობის საკითხებთან დაკავშირებით.       მომდევნო წლებში უზნაძე მთავარ ყურადღებას თავისი ზოგადფსიქოლოგიური სისტემის, განწყობის თეორიის შექმნას უთმობდა, მაგრამ აგრძელებდა მუშაობას პედოლოგიის სფეროშიც, რაც დაგვირგვინდა წიგნით „პედოლოგია“ (1933). შესავალში ავტორი აღნიშნავს, რომ ამ წიგნს მოჰყვება გაგრძელება მეორე ტომის სახით, მაგრამ მას გამოსვლა არ ეწერა, რადგან 1936 წელს, სპეციალური დადგენილებით, საბჭოთა კავშირში აიკრძალა პედოლოგია. ეს იდეოლოგიური კამპანია ნაწილობრივ ინიცირებული იყო ტესტური გაზომვების შეცდომებით, რომელთა მიხედვით შეძლებული ოჯახის ბავშვებს უფრო მაღალი ინტელექტი აღენიშნებოდათ (იხ. თავი 7.2.). ამ დარგის წარმომადგენლებს დაბრალდა: „საბჭოთა პედაგოგიკაში ანტიმეცნიერული ბურჟუაზიული პედოლოგიის შეხედულებებისა და პრინციპების უკრიტიკო გადმოტანა, პედოლოგიისა, რომელიც ექსპლოატატორული კლასების ბატონობის შენარჩუნების მიზნით ამოცანას ისახავს, დაამტკიცოს ექსპლოატატორული კლასებისა და „უმაღლესი რასების“ საგანგებო ნიჭიერება და არსებობის განსაკუთრებული უფლებები, და, მეორე მხრივ, მშრომელი კლასებისა და „დაბალი რასების“ ფიზიკური და გონებრივი განწირულობა“. პედოლოგია მართლაც სერიოზულად განიხილავდა განვითარების მამოძრავებელი ფაქტორების მნიშვნელობას, მაგრამ არასდროს დაუდგენია კანონი „ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების, მემკვიდრეობისა და რაღაც უცვლელი გარემოს გავლენით ბავშვის ბედის ფატალური განსაზღვრულობის შესახებ“, როგორც ეს ხსენებულ დადგენილებაშია აღნიშნული. მისი გამოსვლის შემდეგ უზნაძემ ერთგვარად დაამუხრუჭა თავისი კვლევა და აღარ უწოდებდა მას პედოლოგიურს. მისი წიგნი „ბავშვის ფსიქოლოგია“ მხოლოდ 1947 წელს გამოიცა. ეს იყო წიგნი, რომელზეც აღიზარდა ქართველი ფსიქოლოგებისა და პედაგოგების რამდენიმე თაობა. ბრწყინვალე ერუდიციამ ავტორს საშუალება მისცა, გადმოეცა ბავშვის ფსიქიკური განვითარების სრული სურათი დაბადებიდან უფროსი სასკოლო ასაკის ჩათვლით. წიგნი შეიცავს თვით უზნაძის მიერ ჩატარებული ემპირიული კვლევის მონაცემებს და ორიგინალურ შეხედულებებს მთელ რიგ საკვანძო თეორიულ საკითხებზე.       განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. კოინცინდენციის თეორია, რომელიც გაშლილი სახით „პედოლოგიაშია“ გადმოცემული. მასში ლაპარაკია განვითარების მამოძრავებელი თანდაყოლილი (შინაგანი) და შეძენილი (გარეგანი) ფაქტორების არსებითი კავშირის შესახებ. ეს შეხედულება უზნაძემ შტერნის გახმაურებული კონვერგენციის თეორიის საპირისპიროდ წამოაყენა, რომლის მიხედვით განვითარების პროცესში ერთდროულად მოქმედებს ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები; ისინი სრულიად განცალკევებული, ავტონომიური ერთეულებია. უზნაძე მართებულად აღნიშნავს, რომ ორი სრულიად გამიჯნული და ჰეტეროგენული მოვლენა ვერ შექმნის ისეთ ჰარმონიულ კავშირს, რომელიც განვითარებას განაპირობებს და ქცევასაც წარმართავს. განვითარებისა და ქცევის დეტერმინაციის გასაგებად უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ ინდივიდის ყოველგვარ მახასიათებელს აუცილებლად შეესაბამება გარემოში არსებული რაიმე მოვლენა ან გამღიზიანებელი. მოთხოვნილება მისი დაკმაყოფილების საგანს გულისხმობს, შეგრძნების ორგანო - სათანადო გამღიზიანებელს და ა.შ. ვცადოთ, მაგალითად, თვალის, როგორც ორგანიზმის შინაგანი კუთვნილების, მისი თანდაყოლილი სტრუქტურის ფუნქციის დახასიათება და დავრწმუნდებით, რომ სრულიად გარკვეული გარეგანი პირობების, სახელდობრ, სინათლის ფიზიკური მახასიათებლების გათვალის წინების გარეშე ეს შეუძლებელი იქნება. თვალის სტრუქტურა და ფუნქცია პირდაპირ მიგვითითებს იმ გარემოებებზე, რომელთა გარეშე მისი განვითარება წარმოუდგენელია: „ახლა ვიკითხოთ, რა აქვს თვალს თანდაყოლილი, e.x. შინაგნად მოცემული, თავისი გარკვეული სტრუქტურა მხოლოდ, თუ ის პირობებიც, რომელშიც ჩვეულებრივ მისი განვითარება წარმოებს, ე.ი. სხივების ზემოქმედება. ჩვენ იძულებული ვიქნებით ვაღიაროთ, რომ რამდენადაც სტრუქტურა ისეთია, რომ მხოლოდ გარკვეულ პირობებს გულისხმობს და ამ პირობებზე მიგვითითებს, ერთიც თანდაყოლილი აქვს მას და მეორეც“. ადვილი დასანახია, რომ აქ იშლება სადემარკაციო ხაზი გარეგანსა და შინაგანს შორის. შინაგანში მკაფიოდ არის „ჩასახული“ გარეგანი. თავის მხრივ, ეს უკანასკნელიც (ამ შემთხვევაში სინათლის ზემოქმედება) იმ სტრუქტურას გულისხმობს, რომელზეც ზემოქმედება შეუძლია. ელექტრომაგნიტური ტალღა ყურზე ვერ იმოქმედებს, ხოლო ჰაერის ტალღა - თვალზე. ეს ლოგიკა ყველა სხვა შემთხვევაზეც ვრცელდება. აქედან გამომდინარე, „შინაგანის ცნება უკვე შეიცავს თავის შინაარსში იმას, რასაც გარეგანად თვლიან, და პირიქით, გარეგანისა იმას, რასაც შინაგანად თვლიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ცნებათა შინაარსის ურთიერთისაგან გამოთიშვა სრულიად მოუხერხებელია, და, მაშასადამე, ჩვენს წინაშე შინაგანისა და გარეგანის, თანდაყოლილისა და შეძენილის ცნებათა კოინცინდენციის, ერთიანობის ფაქტი დგას“.       კოინცინდენციის თეორია მეთოდოლოგიური საყრდენია სხვა პრინციპული საკითხების გადაწყვეტისთვის. კერძოდ, იგი არსებითად გასაგებს ხდის აღზრდის პროცესის დანიშნულებასა და მნიშვნელობას. მართლაც, თუ შინაგანი ძალა და გარეგანი ზეგავლენა ისეთ მთლიანობას ქმნის, რომ შინაგანი პირდაპირ მიგვითითებს, თუ როგორი ზემოქმედებაა საჭირო მისი განვითარებისთვის, მაშინ, ცხადია, აუცილებელი ხდება სათანადო ზემოქმედებათა შერჩევა და ორგანიზაცია, ანუ ის, რასაც აღზრდა ეწოდება. ეს ასეა, ვინაიდან ადამიანის ფსიქოფიზიკური ფუნქციების აქტუალიზაცია და განვითარება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად არის მონახული აღმზრდელობითი ზემოქმედების პრინციპები და ხერხები.       ეს ზემოქმედება, თავის მხრივ, შესაბამისად მოდიფიცირებულ გარემოში მიმდინარეობს, გარემოში, რომელიც სოციალური წრის მიერ არის განსაზღვრული და სახეშეცვლილი. ასეთ გარემოს უზნაძე ასაკობრივ გარემოს უწოდებს. ყველა ასაკს თავისი სპეციფიკური გარემო აქვს. ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილების საფუძველზე მასში გათვალისწინებული და ორგანიზებულია ის პირობები, რომლებიც შეესატყვისება ბავშვის რეალურ შესაძლებლობებს. ამდენად, ასაკობრივი გარემო, პირველ ყოვლისა, სოციალურად ორგანიზებული გარემოა. იგი უზრუნველყოფს ბავშვის ოპტიმალურ განვითარებას, რამდენადაც მასში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სათანადო ასაკის ბავშვის ფსიქოფიზიკური ძალები და თავისებურებანი. ამრიგად, „ერთი მხრივ, ბავშვის ძალთა განვითარება მასზე მომქმედ ასაკობრივ გარემოზეა დამოკიდებული, ხოლო, მეორე მხრივ, პირიქით, თვითონ ასაკობრივი გარემოს შინაარსი ბავშვის ძალთა განვითარების დონით განისაზღვრება“.       დაკვირვება ცხადყოფს, რომ ასაკობრივი გარემო, ბავშვის განვითარების კვალდაკვალ, სერიოზულ ცვლილებებს განიცდის და ვიდრე მოზრდილი ადამიანის გარემოს სახეს მიიღებდეს, რამდენიმე თვალსაჩინოდ განსხვავებული ფორმით წარმოგვიდგება. ამდენად, შესაძლებელია, თვალი გავადევნოთ ასაკობრივი გარემოს ცვალებადობას და ამის შესაბამისად, გამოვყოთ ბავშვობის პერიოდები. უზნაძე ასეც იქცევა და თავის ასაკობრივ პერიოდიზაციას ამა თუ იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ასაკობრივი გარემოს თავისებურებებზე აფუძნებს. ასე გამოიყოფა დედის მუცლის, ახალშობილობის, დედის ძუძუს ხანა, ადრეული ბავშვობა, სკოლის წინარე პეროიდი, პირველი, საშუალო და უფროსი სასკოლო პერიოდი.       ასაკობრივი გარემო ბავშვის აქტივობისთვის ოპტიმალურ პირობებს ქმნის. განვითარება მხოლოდ ქცევის პროცესში ხდება, ქცევა კი სუბიექტისა და გარემოს ურთიერთობაა. მაგრამ თითოეულ ასაკობრივ ეტაპს ქცევათა თავისებური სისტემა ახასიათებს. მასში ყოველთვის მოინახება ისეთი ქცევები, რომლებშიც უპირატესად ხდება ბავშვის განვითარება. ამიტომ კანონზომიერად დგება ამ ქცევების დახასიათების ამოცანა. უზნაძემ ეს ამოცანა ქცევის ფორმათა კლასიფიკაციის ფარგლებში გადაჭრა, რაც საკითხის დამუშავების სიღრმით უნიკალურია ფსიქოლოგიის ისტორიაში. აქ მხოლოდ ყველაზე მთავარს აღვნიშნავთ. კლასიფიკაციის საფუძველს მოთხოვნილებათა ორი სახეობის გამოყოფა წარმოადგენს, ესენია ე.წ. ფუნქციონალური მოთხოვნილებები, რომელთა დაკმაყოფილება თვით აქტივობის (ფუნქციონირების) პროცესში ხდება და ე.წ სუბსტანციონალური მოთხოვნილებები, რომელთაც სინამდვილის საგნები და მოვლენები აკმაყოფილებენ. შესაბამისად გამოიყოფა ე.წ. ინტროგენული ქცევის ფორმები, რომლებიც მიმართულია თვითონ აქტივობაზე, და ექსტროგენული ქცევის ფორმები, რომლებიც მიმართულია საგნებსა და ურთიერთობებზე. პირველის ტიპური ფორმაა თამაში, მეორისა - შრომა, ხოლო მათ შორის გარდამავალი ფორმაა სწავლა.       უზნაძე თამაშის ორიგინალური თეორიის ავტორია. ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ავტორი შინაგანისა და გარეგანის ერთიანობის პრინციპიდან ამოდის. თამაშის შინაგანი მოტივაციური ფაქტორია ფუნქციონალური ტენდენცია. ბავშვი თამაშობს იმიტომ, რომ ესწრაფვის აამოქმედოს მეტ-ნაკლებად მომწიფებული ფსიქოფიზიკური ფუნქციები, რომლებიც ჯერ არაა მიმართული სერიოზული სასიცოცხლო ამოცანების გადაჭრაზე. თამაშის შინაარსიც ნაწილობრივ ამ საფუძვლიდან გამომდინარეობს - იგი ყოველთვის განისაზღვრება სამოქმედოდ აღძრული ფსიქოფიზიკური ძალების შემადგენლობითა და მომწიფების დონით, მაგრამ ამ ძალების აქტუალიზაცია მხოლოდ გარკვეულ ასაკობრივ გარემოშია შესაძლებელი. ეს გარემო, თავის მხრივ, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფაქტორების შესაბამისად არის ორგანიზებული. „აქედან თავისთავად გამომდინარეობს, რომ ყველა იმ შინაგან შესაძლებლობათაგან, რომლებიც ბავშვის ფსიქოფიზიკურ ორგანიზმს მოეპოვება, ფუნქციონალურ ტენდენციას ყველაზე უფრო მკაფიოდ ის შესაძლებლობები გამოაჩენენ, რომელნიც გარემოში აუცილებელს შესატყვის პირობებს შეხვდებიან. აქედან ცხადია, რომ ბავშვი ყველგან და ყოველთვის ერთნაირად როდი თამაშობს, არამედ მისი თამაშის სახეები და ფორმები გარემოს მიხედვით იცვლებიან: სოფლელი ბავშვის თამაშის შინაარსი ერთია, ქალაქელი ბავშვისა - მეორე, ზღვის ნაპირას მცხოვრების სხვაა და მთიელი ბავშვისა კიდევ სხვა“.       სასკოლო ასაკში განვითარება უკვე სწავლის ქცევას მიჰყავს. სწავლასა და თამაშს შორის მსგავსება სწორედ ამაშია - ორივე ფსიქოფიზიკური ძალების განვითარებაზეა მიმართული. მაშასადამე, სწავლის პროცესში ამ ძალების აქტივობას დამოუკიდებელი, თავისთავადი მნიშვნელობა აქვს და მის მოტივაციურ საფუძველს, თამაშის მსგავსად, ფუნქციონალური მოთხოვნილებები ქმნიან. ისინი ხომ სუბიექტის ძალების ამოქმედებას და, ამდენად, განვითარებას იწვევენ. მაგრამ სწავლა თამაში არ არის, ის ქცევის დამოუკიდებელი ფორმაა. უზნაძე მიუთითებს სწავლის ისეთ თავისებურებაზე, რაც მას არსებითად განასხვავებს თამაშისაგან. თუ თამაშის დროს ბავშვი თვითონ ირჩევს თავისი ფუნქციონალური მოთხოვნილებების დამაკმაყოფილებელ საგანს, სწავლის დროს შებრუნებული ვითარებაა - ბავშვი არ ირჩევს იმას, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს. ამას უფროსები განსაზღვრავენ მრავალი თაობის ისტორიული და კულტურული გამოცდილების საფუძველზე. ბუნებრივია, რომ ბავშვს დამოუკიდებლად არ შეუძლია ამ მასალის მოპოვება და შეთვისება. „სწავლა ქცევის ისეთი ფორმაა, რომელშიც სამოქმედოდ განწყობილ ინტელექტუალურ ძალებს მათთვის აუცილებელი საგანი გარედან, და ამდენად იძულებით ეძლევა“. სწორედ ეს გარემოება განასხვავებს სწავლას თამაშისაგან და აახლოებს მას შრომასთან. ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლა ისეთი ქცევაა, რომელსაც როგორც თამაშის, ისე შრომის ნიშნები აქვს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის. იგი ქცევის თავისებური ფორმაა.       სწავლასთან დაკავშირებით უზნაძე მრავალ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. აქ მხოლოდ უმთავრესს შევეხებით. ეს არის საკითხი სწავლებისა და განვითარების (მომწიფების) ურთიერთმიმართების შესახებ. პედაგოგიური ფსიქოლოგიის ყველა სერიოზული მკვლევარი ვალდებულია, განსაზღვროს თავისი პოზიცია ამ საკვანძო საკითხთან დაკავშირებით, რასაც უზნაძე სრულიად ნათლად აკეთებს. სასწავლო მასალა, ერთი მხრივ, „მოსწავლის ძალთა განვითარების აქტუალური დონისთვის უნდა იყოს შესატყვისი; მეორე მხრივ, საკმარისად უნდა იყოს მას დაშორებული: წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.ი. რომ იგი სავსებით განვითარების აქტუალური დონის შესატყვისი ყოფილიყო, როგორ შეძლებდა იგი წინსვლისა და უფრო მაღალ დონეზე ამაღლების პირობად გამხდარიყო. სასწავლო მასალა, მაშასადამე, ყოველთვის ისეთია, რომ მოწაფის განვითარების აქტუალურ დონეზე მაღალია“ მაგრამ, ვინაიდან განვითარებისთვის მისი აქტუალურ დონესთან გარკვეული შესაბამისობაც უნდა იყოს დაცული, საჭირო ხდება მასწავლებლის ჩარევა, რომელიც ისე აწოდებს მასალას მოწაფეს, რომ მისთვის მისაწვდომი შეიქმნეს. საზოგადოდ, უზნაძის პოზიცია განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ შეიძლება შეფასდეს, როგორც ერთგვარი კომპრომისი ორ დაპირისპირებულ შეხედულებას შორის - ერთი მომწიფების ბუნებრივ პროცესზე აკეთებს აქცენტს (პიაჟე), ხოლო მეორისთვის განმსაზღვრელია სწავლების სოციალურად ორგანიზებული პროცესი (ბრუნერი, ვიგოტსკი) (იხ. თავი 12.2.). უზნაძე საუბრობს განვითარების „ბუნებრივ გზაზე“, რომელიც, თავისთავად, არასაკმარისია და მოითხოვს შევსებას სწავლების პროცესით. აქ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ აზრთა ამ ჭიდილს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა არა აქვს; ის განვითარების ფსიქოლოგიის დღევანდელ სახესაც განაპირობებს. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » P.S. სტატიის სათაური არ არის წიგნის ავტორისეული სათაური. სტატიის სათაური პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაურია…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 1:51pm on მაისი 11, 2018
თემა: შტეფან ცვაიგი - ფანტასტიკური ღამე
ი, 1914 წლის შემოდგომაზე რავა-რუსკასთან ბრძოლაში დაეცა. განსვენებულის ნათესავები ერთი თვალის გადავლებით მიხვდნენ, რომ იგი მხოლოდ ლიტერატურული ცდა უნდა ყოფილიყო; მთხოვეს, გავცნობოდი და თუკი საჭიროდ დავინახავდი, გამომექვეყნებინა კიდეც.       მე კი დიდად გააზრებულ მოთხრობად არა, მაგრამ მეტისმეტად გულალალ აღსარებად მიმაჩნია განსვენებულისა და სრულიად შეულამაზებლად გადმოგცემთ. ამ დილით რატომღაც მომინდა, მე თვითონვე აღმეწერა იმ ფანტასტიკური ღამის ამბები სრულის თანმიმდევრობით, რათა გავრკვეულიყავ მათში. ამ წუთიდან დაუოკებელი სურვილი დამეუფლა, აღვწერო ჩემი თავგადასავალი, თუმცა დიდად ვეჭვობ, მიახლოებით მაინც გადმოგცეთ ის უჩვეულო ამბები, რაც თავს გადამხდა. ბუნებას ხელოვნის ნიჭით არ დავუჯილდოვებივარ, არც კალამი მიცდია ლიტერატურაში, თუ რამდენიმე სახუმარო მოთხრობას არ ჩავთვლით, სკოლაში რომ ვწერდი. მაგალითად, ისიც კი არ ვიცი, არსებობს თუ არა განსაკუთრებული ტექნიკა, რომელიც სწორად შეუფარდებს ერთმანეთს გარეგან მოვლენებს და მათგან გამოწვეული გრძნობებისა და აზრების აღწერას. მე ვეკითხები საკუთარ თავს, შემიძლია თუ არა მივანიჭო სიტყვას საჭირო აზრი და აზრსაც საჭირო სიტყვა მივუსადაგო. განვიცდი თუ არა იმას, რასაც უნებურად შევიგრძნობ ხოლმე კარგი წიგნის კითხვისას. მაგრამ მე ხომ ამ სტრიქონებს მხოლოდ ჩემთვის ვწერ და არა იმისთვის, რომ სხვებს გავაგებინო, რაც მე თვითონაც დიდის გაჭირვებით მესმის. მე მხოლოდ ვცდილობ, დავივიწყო ერთი შემთხვევა, გონებიდან რომ არ მშორდება, მაღელვებს და მტანჯავს. ამიტომ ქაღალდზე უნდა გადავიტანო, ჩავუკვირდე და ყოველმხრივ განვჭვრიტო.      ეს არც ერთი ჩემი მეგობრისთვის არ მიამბნია, რახან ვერ ავუხსნიდი იმას, რაც თავი და თავი იყო, თან მრცხვენოდა კიდეც იმის აღიარება, რომ ესოდენ შემთხვევითმა ამბავმა ეგრე ამიფორიაქა სული. სულ უბრალო, ჩვეულებრივ რამეს მოგახსენებთ. აი, დავიწყე და ვგრძნობ, რა ძნელია შესაფერისი სიტყვების მოძებნა, რა ორაზროვანი, სულელური შეიძლება აღმოჩნდეს ყოველი, სულ უბრალო მნიშვნელობაც კი. რახან ჩემს თავგადასავალს „უბრალოს“ ვეძახი, რაღა თქმა უნდა, ეს შედარებითი მნიშვნელობით მესმის, ვუპირისპირდები დიდ ისტორიულ დრამებს, რომლებშიც წყდება ბედი მთელი კაცობრიობისა; ამასთან კიდევ მე მხედველობაში მაქვს დროის მცირე მონაკვეთი, ყველაფერი ექვს საათში მოხდა. მაგრამ ამ „უბრალომ“, ერთი შეხედვით ამ პატარა, უმნიშვნელო შემთხვევამ ისეთი დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ახლაც, ოთხი თვის შემდეგ იმ ფანტასტიკური ღამისა, ნაღველი მიპყრობს და თავს ძალას ვატან, ყველაფერი გულში დავიმარხო. დღენიადაგ, ყოველ წამს ვიგონებ თითოეულ წვრილმანს, თითქოს ჩემი ცხოვრების საყრდენნი გამხდარან. ყოველივეს, რასაც ვაკეთებ, რასაც ვლაპარაკობ, უნებურად ის განსაზღვრავს, ჩემს ფიქრებს მხოლოდ ის იპყრობს, რაც კვლავ წარმომიდგენს იმას და იმის გავლენის ქვეშ მაქცევს. ახლა მივხვდი, რასაც ვერ შევიცნობდი ათი წუთის წინ, როცა კალამს მოვკიდე ხელი: მომხდარ ამბავს მხოლოდ იმიტომ ვწერ ქაღალდზე, რომ მუდამ თვალწინა მქონდეს, შევიგრძნობდე, რათა ერთხელ კიდევ განვიცადო ყოველი და გონებით განვსაჯო. ახლახან მოგახსენეთ, მსურს, გულში დავიმარხო-მეთქი. ეს სიცრუე, მტკნარი სიცრუეა. პირიქით, მინდა მეტი სიცოცხლე შთავბერო სწრაფად განცდილს, გავათბო თბილი, მაცოცხლებელი სურნელით... ო, მე არ მეშინია, თუნდაც ერთი წუთით დამავიწყდეს ის ხვატიანი დღე, ის ფანტასტიკური ღამე. ნიშანსვეტი არა მჭირდება, რომ მოგონებებში განვვლო იმ წუთების გზა. გინდ დღისით, გინდ შუაღამისას, მთვარეულივით შეუცდომლად ვპოულობ ამ გზას და ყოველ წვრილმანს ვხედავ იმ გამჭრიახობით, რისი უნარიც გულს შესწევს და არა სუსტ მეხსიერებას. ახლაც შემეძლო, გულდაჯერებით დამეხატა ამწვანებული გაზაფხულის ბუნების ყოველი ფურცელი, ახლაც კი, შემოდგომაზე, ვიყნოსავ აყვავებული წაბლის ხეების დამბინდავ, ნაზ სურნელს და თუ მაინც აღვწერ იმ წუთებს, არა შიშის გამო, რომ გაჰქრნენ ჩემი მეხსიერებიდან, არამედ იმიტომ, რომ კვლავ მახარებს მათი განცდა. და ახლაც, როცა თანმიმდევრობით გადმოვცემ ყოველ წვრილმანს იმ ღამისა, იძულებული ვარ, მოთხრობის წყობისათვის საკუთარ თავს ლაგამი ამოვდო, რახან მოგონებების ბურანი მეხვევა, რაღაცნაირი ბანგი მაბრუებს და მეშინია, მეხსიერებაში წარმომდგარი ცალკეული სურათები არ შეერწყან ერთ ჭრელ ქაოსს. ახლაც ისე მწარედ განვიცდი განვლილ 1913 წლის 7 ივნისს, როცა შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ...       მაგრამ ვგრძნობ, კვლავ უნდა შევჩერდე, რახან შიშით შევიგრძნობ, რა მახვილი, რა მრავალმნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ყოველი სიტყვა. მოლოდ ახლა, როცა პირველად გადმოგცემთ ყოველივეს დალაგებით, ვხედავ, რა ძნელია, ერთ ფორმაში მოაქციო, რაც ხელიდან გისხლტება და ყოველი ცოცხალის არსს შეადგენს.      ეს-ესაა დავწერე სიტყვა „მე“ და ის, რომ 1913 წლის 7 ივნისს შუადღისას ფიაკრში ჩავჯექ, მაგრამ ეს სიტყვაც კი დაბნეულობას იწვევს, რადგან ის „მე“, რაც ვიყავი 1913 წლის 7 ივნისს, უკვე კარგა ხანია აღარა ვარ, თუმცა მას აქეთ ოთხმა თვემ განვლო და კვლავ იმ „მე“-ს ბინაში ვცხოვრობ და ვწერ მის საწერ მაგიდასთან, მისი კალმით და მისივე ხელით. იმ კაცს, სწორედ იმ ღამის გავლენით, სრულიად განვუდექი, შევყურებ შორიდან, ალმაცერად და ფხიზლად, შემიძლია ვწერო მასზე, როგორც ამხანაგზე, თანატოლზე, მეგობარზე, რომლის შესახებაც ბევრი რამ ვიცი, მაგრამ ამიერიდან ის აღარა ვარ. შემიძლია ვილაპარაკო მასზე, გავკიცხო, მკაცრად განვსაჯო და არ ვიგრძნო, რომ ოდესღაც ის მე ვიყავი. ადამიანი, რომელიც მე ვიყავი იმ ხანებში, გარეგნულად და შინაარსითაც ნაკლებად განსხვავდება იმ საზოგადოებრივი ფენის ადამიანთა უმეტესობისაგან, რომელსაც, საერთოდ, განსაკუთრებით კი ვენაში, სიამაყის გარეშე, სრული რწმენით, „კარგ საზოგადოებას უწოდებენ“. იმხანად ოცდამეთექვსმეტე წელში გადავდექი. მშობლები ადრე დამეხოცნენ და მიმატოვეს კარგა ხნით ადრე, სანამ სრულწლოვანი გავხდებოდი. მათი დანატოვარი ქონება საკმაო აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე სამუდამოდ გავთავისუფლებულიყავ რაიმე კარიერაზე ზრუნვისაგან. ამგვარად, სრულიად მოულოდნელად გავთავისუფლდი მოვალეობისაგან - მიმეღო რაიმე გადაწყვეტილება, რაც იმხანად ძლიერ მაწუხებდა. ის იყო, უნივერსიტეტი დავასრულე და სამოღვაწეო ასპარეზის არჩევანში ვიყავი. ჩემი ოჯახის ნაცნობებისა და მშვიდი ცხოვრების წყალობით, რისკენ მიდრეკილებაც ადრიანად გამომაჩნდა, ნამდვილად სახელმწიფო სამსახურში უნდა ჩავმდგარიყავ. მივიღე თუ არა მშობლების მემკვიდრეობა, მოულოდნელად დამოუკიდებელი, ფუქსავატური ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა და ჩემს თავს ისეთ ახირებულ დაჟინებასაც კი ვუსრულებდი, რაც შეიძლებოდა მეტად ძვირად დამჯდომოდა. არასოდეს ვყოფილვარ პატივმოყვარე, ამიტომ გადავწყვიტე, პირველ ხანებში, რამდენიმე წელს, სანამ მოთხოვნილება არ გამიჩნდებოდა, სამოქმედო ასპარეზი გამომეძებნა, ცხოვრებას დავკვირვებოდი. მაგრამ ისევე ცხოვრების დამკვირვებელი დავრჩი, თუმცა სულაც არ მივისწრაფოდი იქითკენ, რაც სცილდებოდა ჩემს მიერ ადვილად შესასრულებელ სურვილთა საზღვრებს.      არც ერთი ქალაქი მთელს მსოფლიოში ისე არ განგაწყობს უსაქმურობისაკენ, როგორც ვენა, სადაც უმიზნოდ ხეტიალის ხელოვნება, უმოქმედობა, კოხტაობა ნამდვილი ხელოვნების სრულყოფილებამდეა აყვანილი. თავიდან ამოვიგდე ყოველი ზრუნვა სერიოზულ შემოქმედებაზე და მთელი გატაცებით თავი მივეც დროსტარებას, როგორც შეჰფეროდა გამოჩენილი ოჯახის შვილს, მდიდარ, სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილ კაცს. გამიტაცა აზარტულმა თამაშობებმა, ნადირობამ, ვქეიფობდი, ვმოგზაურობდი, და მალე დავიწყე დიდის მონდომებით ჩემი უსაქმო ცხოვრების შელამაზება. ვაგროვებდი იშვიათ სურათებს, არა იმდენად გატაცებით, რამდენადაც კმაყოფილების გამო, რომ უშრომლად დავუფლებოდი განსაზღვრულ სფეროში ცოდნას. სახლში გამოვფინე იტალიური ბაროკოს გრავიურები და კანალეტოს მანერის პეიზაჟები. ამათი ძებნა ანტიკვარებში ან აუქციონებზე დიდ სიამოვნებას მგვრიდა და ამას საშიში აზარტის იერიც კი დაჰკრავდა. ჩემი გემოვნებისა და მიდრეკილების შესაბამისად სულ სხვადასხვა გასართობებს ვეტანებოდი. იშვიათად თუ გამოვტოვებდი კონცერტებსა და სურათების გამოფენებს. ქალებში დიდი წარმატებები მქონდა და ამ სფეროშიც კი გამოვამჟღავნე კოლექციონერის მალული გზნება, რაც გარკვეულ დრომდე სულიერი ცხოვრების მოშლილობაზე მეტყველებს. მრავალი სამახსოვრო და ძვირფასი წუთი მარგუნა ბედმა და ნელ-ნელა ჩვეულებრივი ტკბობის მოყვარულიდან მცოდნედ და დამფასებლად გადავიქეცი. ამგვარად, დღეებს ვლევდი სასიამოვნო დროსტარებაში, სრულის რწმენით, რომ მდიდარი, მრავალმხრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი და ეს რბილი, თბილი ატმოსფერო, რომელშიც მიედინებოდა ჩემი არც მოსაწყენი, მაგრამ არც თუ მღელვარე ყმაწვილკაცობა, დღითიდღე უფრო მომწონდა. სხვა სურვილი თითქმის არც კი გამაჩნდა. ამ უძრავ ატმოსფეროში ყოველი უსაქმობა სასიხარულო მოვლენად იქცეოდა. გემოვნებით შერჩეულ ჰალსტუხს შეიძლება კარგ გუნებაზე დავეყენებინე, ავტომობილით გასეირნებას, კარგ წიგნს ან ქალთან შეხვედრას უსაზღვრო ბედნიერება მოენიჭებინა. ამგვარი ცხოვრება განსაკუთრებით იმიტომ მომწონდა, რომ არც ერთი მხრით, როგორც უზადოდ შეკერილი ინგლისური კოსტიუმი, არავის ეჩხირებოდა თვალში. ასე მგონია, საზოგადოებაში სიმპათიურ კაცად მთვლიდნენ, ყველას ვუყვარდი და სიამოვნებით მიღებდნენ კარს. ნაცნობთა უმეტესობა ბედნიერ კაცს მეძახდა. ახლა მიმძიმს თქმა, მართლა ბედნიერად გრძნობდა თუ არა თავს ის ადამიანი, რომლის წარმოდგენასაც ვცდილობ, რადგან წინანდელის განცდილის გავლენით ყოველ გრძნობას უფრო სრულსა და ღრმა შინაარსს ვანიჭებ და შეუძლებლად მიმაჩნია მაშინდელ ჩემს განწყობილებაზე მსჯელობა. მაგრამ შემიძლია დაგიმტკიცოთ, თავს არ ვგრძნობდი უბედურად. ჩემი ყოველი სურვილი, ყოველი მოთხოვნილება, რასაც ცხოვრებას ვუყენებდი, სრულდებოდა. მხოლოდ სწორედ იმან, რომ მივეჩვიე, ბედისაგან მიმეღო, რასაც ვინატრებდი, თანდათანობით ჩამიხშო ყოველი ინტერესი და უმოქმედო გახადა ჩემი ცხოვრება. ზოგჯერ უნებურად ნაღველი შემომაწვებოდა გულზე არა იმიტომ, რომ რაიმეს ვნატრობდი. ეს იყო სურვილი სურვილისა, მოთხოვნილება - ვყოფილიყავ ძლიერი, აღვირახსნილი, შეუპოვარი, მქონოდა მშფოთვარე ცხოვრება და თუნდ ტანჯვაც გამომეცადა. მეტისმეტად გონივრული, ტაქტიკური მოქმედებით განვდევნე ჩემი ცხოვრებიდან ყოველი საწინააღმდეგო ქმედება და ამ წინააღმდეგობის გრძნობის უქონლობამ შეანელა ჩემი სიცოცხლისუნარიანობა. ვამჩნევდი, უფრო ნაკლები სურვილები მიჩნდებოდა, რაღაცნაირმა გარინდებამ მოიცვა ჩემი გრძნობები და სულიერი უძლურება, მშფოთვარე ცხოვრების დაუფლების სურვილი მტანჯავდა. სულ უბრალო რამეზე მივხვდი ამას. პირველად შევნიშნე, რომ თანდათან იშვიათად დავდიოდი თეატრში, საზოგადოებაში. ვიყიდდი ნაქებ წიგნებს და მერე მთელი კვირაობით ელაგა საწერ მაგიდაზე გაუჭრელი. წინანდებურად ვაგროვებდი ძველებურ სურათებს და სხვა სიძველეებს, მაგრამ აღარ ვალაგებდი განსაზღვრულ რიგზე და სიხარულს მგვრიდა, კარგა ხნის ძებნის შემდეგ მოულოდნელად რომ აღმოვაჩენდი რომელიმე იშვიათ ნივთს.       ასე შევიგრძენი ნელ-ნელა სულიერი ენერგიის ჩაქრობა ერთი შემთხვევის წყალობით, რომელიც მეხსიერებაში ჩამრჩა. ზაფხულში ვენაში დავრჩი ისევ იმ უცნაური მოთენთილობის წყალობით, არავითარი სიახლე რომ არ იზიდავს. სრულიად მოულოდნელად კურორტიდან ერთი ქალის წერილი მივიღე, რომელთანაც სამი წელია სიყვარულის ძაფები მაკავშირებდა და რომლის სიყვარულშიც თითქმის დარწმუნებული ვიყავი. იგი თოთხმეტგვერდიან აღმაშფოთებელ წერილს მწერდა: ერთი კაცი გავიცანი, იგი გახდა ჩემი სიცოცხლის მიზანი, შემოდგომაზე იმაზე ვთხოვდები და ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. იგი არ ნანობდა, უფრო მეტიც, ტკბილად იგონებდა ჩემთან გატარებულ დროსა და აღმითქვამდა, რომ გათხოვების შემდეგაც ძვირფას სახსოვარივით გულში შეინახავდა ჩემს მოგონებას და მემუდარებოდა, მეპატიებინა ეს ნაუცბათევი გადაწყვეტილება. ამ საქმიან წერილს მოჰყვა ფიცი და ვედრება, რომ ძალიან არ გავბრაზებულიყავ და ამ მოულოდნელ განშორებას არ დავეტანჯე, არ ვცდილიყავ, ძალათი შემეკავებინა, ან საკუთარი თავისთვის რამე არ ამეტეხა. წერილის სტრიქონები თანდათან უფრო ულმობელი ხდებოდა: მევედრებოდა, სხვა, უფრო ღირსეული ქალი შემეყვარებინა და მაშინვე მიმეწერა მისთვის წერილი, რადგან მოუთმენლად მოელოდა, როგორ შევხვდებოდი ამ გადაწყვეტილებას. ქვემოთ ფანქრით მინაწერი ჰქონდა: „რაიმე სისულელე არ ჩაიდინო, გთხოვ, გამიგო, და მაპატიო“.      ეს წერილი რომ წავიკითხე, ჯერ გავშრი მოულოდნელობისაგან, მერე კი, როცა ფურცვლა დავიწყე და ხელმეორედ გადავიკითხე, სირცხვილი ვიგრძენი, რაც სულ მალე, როგორც კი მივხვდი, რისთვის მრცხვენოდა, შინაგან შიშის გრძნობად გადამექცა. რაღა თქმა უნდა, არც ერთ იმ ძლიერ გრძნობას, რასაც მიწინასწარმეტყველებდა ჩემი სატრფო, ოდნავადაც არ გაუღვიძია ჩემს გულში. ამ ამბავს ტკივილი არ მოუყენებია ჩემთვის, არ გამოუწვევია რისხვა და ერთ წუთსაც არ მომსვლია აზრად, თავი შემებრალებინა, ან რაიმე ამეტეხა საკუთარი თავისათვის. ისეთი უცნაური გახლდათ ეს სულიერი სიცივე, რომ შეუძლებელი იყო, თვითონვე არ შემშინებოდა. ჩემგან მიდიოდა ქალი, რამდენიმე წელს ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, ქალი, რომლის მოქნილი, თბილი სხეული ჩემსას ეკვროდა, რომლის სუნთქვაც გრძელ ღამეებში ჩემსას უერთდებოდა, და ამას ჩემი სული არ შეუძრავს, არ აღუშფოთებია, არ მიცდია ისევ უკან დამებრუნებინა. არაფერი მომხდარა ჩემში ისეთი, რასაც გულწრფელად მოელოდა ეს ქალი, როგორც ელიან ყოველი ცოცხალი ადამიანისაგან. მხოლოდ ახლა მივხვდი, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ. მივსრიალებდი ცხოვრების ზედაპირზე, როგორც წყლის სარკეზე, არსად ვჩერდებოდი, ფესვებს არსად ვიდგამდი. კარგად ვიცოდი, რომ ამ სივრცეში მკვდრის, მიცვალებულის რაღაც ნაწილი იყო, თუმცა ხრწნის სუნი არ იგრძნობოდა, მაგრამ ეს სულიერი გახევება, ეს საშინელი, ყინულივით ცივი უგრძნობლობა თითქოს წინასწარ აღმითქვამდა სიკვდილის მოახლოებას.       იმ დღიდან გულმოდგინედ ვაკვირდებოდი საკუთარ თავს და უცნაურ მოდუნებას გრძნობებისა, როგორც ავადმყოფი აკვირდება თავის ავადმყოფობას. იმ ხანებში მეგობარი გარდამეცვალა და როცა იმის კუბოს მივაცილებდი, დაძაბული ვუგდებდი ყურს საკუთარ გულისთქმას: სევდა ხომ არ შემომაწვება, ნაღველი ხომ არ დაისადგურებს ჩემს გულში იმის გაფიქრებაზე, რომ სამუდამოდ დავკარგე ბავშვობიდან საყვარელი ადამიანი? მაგრამ არაფერს შეუძრავს ჩემი სული, თითქოს მინის ხუფი ვიყავ, რომელშიც ყველაფერი ჩანს, მაგრამ შიგ არაფერი აღწევს. როგორ არ ვცდილობდი, მეგობრის დასაფლავებისას და მრავალ მსგავს შემთხვევაში რაიმე მეგრძნო, ან განსჯის საბუთებით აღმეძრა ჩემს გულში გრძნობა, მაგრამ ვერ ვპოულობდი მის გამოძახილს ჩემს სულში. მეგობრებმა დამივიწყეს, ქალები მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ამას თითქმის ისევე განვიცდიდი, როგორც ოთახში მჯდომი კაცი განიცდის ფანჯარაზე წვიმის შხაპუნს. ჩემსა და გარე სამყაროს შორის იყო რაღაც მინის კედელი, მაგრამ მე იმისი ვაჟკაცობა, ნებისყოფა არ შემწევდა, დამემსხვრია იგი.      ჩემს აღმოჩენას კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ეს აღმოჩენა ნამდვილ მღელვარებას აღარ განმაცდევინებდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, გულგრილად ვუყურებდი იმასაც კი, რაც მე მეხებოდა. დავკარგე აღშფოთების უნარი. მხოლოდ ის მაწუხებდა, ამ სულიერ მანკს ისევე ვერ შენიშნავდა უცხო ადამიანი, როგორც მამაკაცის არასრულფასოვნებას, რაც მხოლოდ ინტიმურ წუთებში მჟღავნდება. და ხშირად ხალხში თავი ისე მეჭირა, თითქოს აღფრთოვანებული, მეტისმეტად მგრძნობიარე გახლდით, რათა დამეფარა, რაოდენ უგრძნობელი და მკვდარი ვიყავ. გარეგნულად წინანდებურად საკუთარი სიამოვნებისათვის ვცხოვრობდი. არ ვიცოდი, რა იყო საზრუნავი, დაბრკოლება, არასოდეს გადამიხვევია ერთხელ არჩეული გზიდან. კვირეები, თვეები შეუმჩნევლად გარბოდნენ და შეუმჩნევლად იქცეოდნენ წლებად. ერთ დღეს საფეთქელთან ჭაღარა თმის ღერი შევნიშნე და მივხვდი, რომ ჩემი ყმაწვილკაცობა მოულოდნელად წარსულში უნდა გადასულიყო. მაგრამ ის, რასაც სხვები ახალგაზრდობას ეძახიან, ჩემთვის კარგა ხანია გამქრალიყო. ამიტომ ძნელი არ იყო მასთან გამოთხოვება. მე ხომ ჩემი ახალგაზრდობაც არასაკმაოდ მიყვარდა. ის კი არა, ჩემთვის ჩემი მღელვარე გულიც კი დუმდა.       მიუხედავად ათასნაირი საქმიანობისა და წვრილმანი ამბებისა, ამ ჩემი შინაგანი მოულოდნელობის წყალობით, დღეები თანდათან ერთფეროვანი ხდებოდა, ერთნაირად ფერმკრთალნი მისდევდნენ ერთმანეთს, გამოჩნდებოდნენ და ქრებოდნენ, როგორც ფოთლები ხეზე. და ასევე ჩვეულებრივად, არაფრით გამოირჩეოდა და არც არაფრით იყო შესანიშნავი, დაიწყო ის ერთადერთი დღე, რომელიც მინდა აღვუწერო საკუთარ თავს.      იმ დღეს, 1913 წლის 7 ივნისს, ჩვეულებრივზე ცოტა მოგვიანებით წამოვედი. უბედურად ვემორჩილებოდი სკოლის წლებიდან შემორჩენილ ჩვეულებას კვირა დღის შეგრძნებისა. აბაზანა მივიღე, გაზეთი გადავიკითხე, წიგნები გადავფურცლე, მერე, თბილი ზაფხულის მზით მოჯადოებული, ჩემს ოთახში რომ იჭყიტებოდა, სასეირნოდ წავედი. ჩავიარე გრაბენზე, სადაც, ჩვეულებისამებრ, საზეიმო ჟრიამული სუფევდა ხოლმე. ვტკბებოდი ეკიპაჟების ცქერით, ვესალმებოდი ნაცნობ-მეგობრებს, არავის ვაძლევდი პირობას - კვირა დღეს თქვენთან გავატარებ-მეთქი, რადგან სწორედ კვირადღეობით მიყვარდა საკუთარ თავთან განმარტოება, ახირების ან შემთხვევის აყოლა. ნასადილევს, რინგშტრასეზე რომ დავბრუნდი, მზით გაბრწყინებული ქალაქის, მისი საზაფხულო მორთულობის ცქერით ვტკბებოდი. ყველა მხიარული და სადღესასწაულოდ აჭრელებულ ქუჩებზე შეყვარებული მეჩვენა. ბევრი რამ ახარებდა თვალს და, უწინარეს ყოვლისა, პირდაპირ ასფალტში ამოჭრილი ხეების მწვანე, მშვენიერი სამოსელი. თუმცა აქ ყოველდღე დავდიოდი, ამ კვირადღის ჟრიამულმა მომხიბლა, მომწყურდა მწვანე, ნათელი, კაშკაშა ფერები. უნებურად მომაგონდა პრატერი, სადაც იმ დროს, როცა გაზაფხული ზაფხულში გადადის, ხშირფოთოლა ხეები მწვანე ლივრეებში გამოწყობილ მსახურებივით დგანან მთავარი ხეივნის ორსავე მხარეს, სადაც ეკიპაჟების გაბმული მწკრივი მიემართება და თავიანთ თეთრ, მშვენიერ ყვავილებს სადღესასწაულოდ გამოწყობილი სახლის ტალღას უწვდიან. როგორც მიჩვეული ვიყავ, მაშინვე ამესრულებინა ყოველი, თუნდაც სულ უბრალო სურვილი, გავაჩერე პირველივე ფიაკრი და მეეტლეს ვუბრძანე, პრატერში წამიყვანე-მეთქი.      - დოღზე, ბატონო? - მოწიწებით მკითხა მან, თითქოს ეჭვი არც კი ეპარებოდა.       მხოლოდ ახლა მომაგონდა, რომ დღეს ტრადიციული დოღი იყო დანიშნული, რასაც წინ უძღოდა ლატარეის გათამაშება, და რაზეც თავს იყრიდა ხოლმე მთელი ვენის საზოგადოება. „საოცარია, - გავიფიქრე, ფიაკრში რომ ვჯდებოდი, - რამდენიმე წლის წინ დღევანდელ დღეს როგორ დავაკლდებოდი, ან რა დამავიწყებდა ამ დღეს“.      ისე, როგორც დაჭრილი გაუფრთხილებელი მოძრაობით იღიზიანებს ხოლმე ჭრილობას, ამ გულმავიწყობამ მაგრძნობინა, რაოდენ გულგრილი გავმხდარიყავ.      როცა მთავარ ხეივანს მივაღწიეთ, იქაურობა დაცარიელებული დაგვიხვდა. ეტყობოდა, დოღი კარგა ხანია დაწყებულიყო, რადგან მშვენიერი ფიაკრების განუწყვეტელი ნაკადი აღარ ჩანდა, ცხენების ნალების ჭახაჭუხით კანტიკუნტად თუ ჩამოგვიქროლებდნენ ხოლმე ზოგჯერ, თითქოს უხილავ მიზანს ეჯიბრებიანო. მეეტლე მომიტრიალდა და მკითხა, ხომ არ დავეწიოთო, მაგრამ ვუბრძანე, ცხენები ნებაზე მიეშვა. ჩემთვის სულ ერთი იყო, დავიგვიანებდი თუ არა. დოღზე ხშირად დავდიოდი, დავკვირვებივარ ხალხსაც და ახლა სულაც არ მანაღვლებდა დაგვიანება. ნაღვლიან, ზოზინა გუნებაზე მყოფს უფრო მომწონდა ნელა დავრწეულიყავ ეტლში, ნისლისფერი ჰაერის ნაზი სრიალი შემეგრძნო, რაც გემბანზე ტალღების დგაფუნს მომაგონებდა, და მშვიდად მეცქირა მშვენიერი, აყვავებული წაბლის ხეებისათვის, ჩუმ და თბილ ქარს ფურცლებს რომ უშვერდნენ. ქარი ფურცლებს სწყვეტდა, ცოტა ხანს ჰაერში ატრიალებდა და თოვლის ფიფქებივით ჰფენდა მიწაზე. რა სასიამოვნო იყო სარწეველაში ქანაობა, თვალდახუჭულს გეგრძნო გაზაფხულის სუნთქვა, ნებაზე მიშვებულს სადღაც რომ მიგაქროლებდა. კაცმა რომ თქვას, არც ისე გამხარებია, ფიაკრი ფროიდენაუს ჭიშკარს რომ მიადგა. სიხარულით გამოვტრიალდებოდი უკან, რომ დავმტკბარიყავი ადრეული გაზაფხულის ნათელი თბილი დღით, მაგრამ უკვე გვიან იყო - ფიაკრი ჰიპოდრომის წინ გაჩერდა.      ყრუ გუგუნი შემომესმა, თითქოს საფეხურიანი ტრიბუნების მიღმა ზღვა ღელავსო. ჩემს თვალს მიფარებული ხალხის ტალღის ბობოქრობაზე უნებურად მომაგონდა, ოსტენდეში, ვიწრო შესახვევებით ქალაქიდან პლაჟზე რომ მიდიხარ, მჩქეფარე, მარილიანი ქარი შემოგეგებებათ და სანამ თვალწინ გადაგეშლებათ ნაცრისფერი, ტალღებად აგორებული, აქაფებული სივრცე, ყრუ ღმუილს გაიგონებთ.       ეტყობა ცხენები მორიგ წრეს ურბენდნენ, მაგრამ ჩემსა და ამ წრეს შორის, რომელსაც ცხენები უვლიდნენ, თითქოს ქარიშხალმა დაჰქროლაო, მხედრებისა და მაყურებელთა მოგუგუნე ტალღა გაჭედილიყო. მე გზას ვერა ვხედავდი, მაგრამ დოღის ყოველი წვრილმანი ისახებოდა გარშემომყოფთა საქციელში და შემეძლო თავისუფლად მედევნებინა თვალი მისთვის. ეტყობოდა, კარგა ხანია გაშვებული ცხენები გამწკრივდნენ; ორი-სამი წინ გაიჭრა და წინა ადგილებისათვის იბრძოდნენ, რადგან ხალხიდან, რომელიც მეტად განიცდიდა ჩემთვის უხილავ შეჯიბრს, უკვე ისმოდა ყვირილი, გამამხნევებელი ძახილი. ყველას თვალი ერთი წერტილისათვის მიეპყრო და მივხვდი, რომ ცხენები მოსახვევს უახლოვდებოდნენ. ხალხის ტალღა ერთ წაგრძელებულ კისრად გადაიქცა და თითქოს ერთი ყელიდან ამოსული ათასობით ხმა ერწყმოდა ზვირთცემის ღმუილსა და ბუყბუყს. ზვირთი სულ მაღლა-მაღლა იწევდა, მთელი სივრცე მოიცვა, თვით მოკრიალებულ, ლაჟვარდ ცამდე. ახლოს მდგომი რამდენიმე ადამიანის სახეს ჩავხედე. თითქოს შინაგანი კრუნჩხვისაგან დამახინჯებოდათ, ანთებული თვალები გადმოეკარკლათ, ბაგეები მოეკვნიტათ, ნიკაპები ხარბად წინ გამოეშვირათ, ნესტოები ცხენებივით დაბერვოდათ. ფხიზელ კაცს საშინელებად და სასაცილოდ მეჩვენებოდა ამ გონებადაკარგული, აზარტისაგან მთვრალი ხალხის ცქერა. ჩემს გვერდით სკამზე ერთი კოხტად გამოწყობილი კაცი შემდგარიყო, ეტყობა, სასიამოვნო გარეგნობისაც გახლდათ, მაგრამ ახლა უხილავი ეშმაკისაგან გათანგული ბობოქრობდა, ჯოხს იქნევდა, თითქოს ვიღაცას ურტყამს, წინ ერეკებაო, და უცნაურად მხარს უბამდა ჟოკეის მოძრაობას, გაჭენებულ ცხენს რომ დასძახოდა, რაც გარეშე მაყურებელს უჩვეულოდ სასაცილო ეჩვენებოდა. თითქოს უზანგებს აწვებაო, ქუსლიდან წვერზე გადაიწეოდა, მარჯვენა ხელით ჰაერს აპობდა, ჯოხს მათრახივით აქნევდა, მარცხენათი კი ნერვიულად ჭმუჭნიდა ფურცელს. ასეთი თეთრი ფურცლები გარშემო ბევრი ეყარა. ქაფის შხეფებივით ავარდებოდნენ ხოლმე ადამიანთა მღელვარე ზღვის თავზე. ახლა, ეტყობოდა, რამდენიმე ცხენი მიჰქროდა ერთმანეთის გვერდით, რადგან უცბად მრავალხმიანი ღრიალი გაიპო ორ, სამ, ოთხ სახელად, რასაც საბრძოლო მეტსახელივით წარმოთქვამდნენ ხოლმე ცალკეული ჯგუფები. დროდადრო გაშმაგებული გოდება გაისმოდა, რაც თითქოს სასულე იყო იმათი ციებცხელებიანი ბოდვისა.       მე ვიდექი აღუშფოთველი ამ გაგიჟებულ ხალხში, როგორც კლდე ბობოქარ ზღვაში და ნათლად მახსოვს, რასაც განვიცდიდი იმ წუთში. სიცილს მგვრიდა სხეულის სულელური მოძრაობანი, იმათი დამახინჯებული სახეები, და დამცინავი ირონიით გავცქეროდი ამ მონურ თავშეუკავებლობას, მაგრამ ამასთან - ამაში უნებურად გამოვუტყდი საკუთარ თავს - ცოტათი მეხარბებოდა ასეთი აღტყინება, ასეთი თავშეუკავებლობა, სიცოცხლის ძალა, ამ გაგიჟებულ აზარტში რომ იმალებოდა.      „ნეტავ რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ ასე ავეღელვებინე, ასე გავეგიჟებინე, ასე ცეცხლმოკიდებულივით მეღრიალა, ყელიდან უნებურად აღმომხდენოდა ასეთი ველური ყვირილი?“ - გამიელვა თავში.      ვერც დიდძალი ფული, ვერც ქალის სიყვარული ვერ გამაგიჟებდა ასე. არაფერი არ არსებობდა ისეთი... ვინმეს უნებურად რევოლვერის ლულა რომ მოეშვირა, ასე არ ამიჩქროლებდა გულს, როგორც მუჭა ოქროსათვის უჩქროლავდა ჩემს გარშემო მყოფ ათასობით, ათი ათასობით ადამიანს.      ეტყობოდა, ერთი ცხენი უკვე უახლოვდებოდა ფინიშს, რადგან ხალხის ტალღამ აიტაცა ერთი სახელი და ეს შერწყმული, ყურისწამღები ყვირილი თანდათან უფრო გააფთრებული ხდებოდა, ვიდრე უცბად არ მიწყდა, თითქოს მეტისმეტად დაჭიმული სიმი გაწყდაო. დაიგრიალა ორკესტრმა. ხალხის ტალღა შეთხელდა. დოღი დამთავრდა. ბრძოლა დასრულდა, აღელვებულები დამშვიდდნენ და მსუბუქი ფრფონაღა დარჩა. ხალხის ტალღა, რომელიც ახლახან განცდების ერთიან გუნდს წარმოადგენდა, დაიყო მრავალ მოსეირნე, მოცინარ, მოსაუბრე ადამიანად. უგუნურების ნიღბიდან კვლავ გამოჩნდა დამშვიდებული სახეები. ერთიანი, გამდნარი მასა, რადაც გადააქცია რამდენიმე წუთში თამაშის აზარტმა ეს ხალხი, კვლავ იწყებდა დაკოშტებას. ხალხი მიდიოდა, ან თავს იყრიდა ჯგუფ-ჯგუფად თავისი საზოგადოებრივი მდგომარეობის შესაბამისად; ხვდებოდნენ ნაცნობებიც, რომლებიც ერთმანეთს ესალმებოდნენ, იყვნენ უცხოებიც, ცივად რომ შეავლებდნენ თვალს ერთმანეთს. ქალები შურიანად ათვალიერებდნენ თავიანთი მეტოქეების მორთულობას, მამაკაცები მათ ნაზად შესცქეროდნენ. ხან იმ ბრწყინვალე საზოგადოებისათვის ჩვეულ ცნობისმოყვარეობას იკმაყოფილებდნენ, რაც, კაცმა რომ თქვას, მთავარ საქმიანობას წარმოადგენს მაღალი წრის ხალხში. ეძებდნენ მეგობრებს, ნაცნობებს, აინტერესებდათ, ყველანი აქ იყვნენ თუ არა, როგორ ეცვათ. ამ ბურანიდან გამოფხიზლებული ხალხისთვის რომ გეკითხათ, ვერც კი გეტყოდათ, რისთვის მოვიდა აქ - დოღის საყურებლად, თუ დროის სატარებლად შესვენებისას დოღსა და დორს შუა.       მე დინჯად დავსეირნობდი ამ უსაქმო ხალხში, ვესალმებოდი, სალამზე პასუხს ვაძლევდი, სიამოვნებით ვსუნთქავდი სიკოხტავის არომატს, ჩვეულ სურნელს სუნამოებისას, ამ ჭრელ ადამიანთა კალეიდოსკოპს. მაგრამ კიდევ უფრო მეტ სიამოვნებას ჰგვრიდა კაცს ზაფხულის მზით გამთბარი ჭალებიდან და მინდვრებიდან მონაბერი ნიავი, რომელიც ელამუნებოდა ადამიანებს, უმეტესად კი ქალების კაბების თეთრ მარმაშს.      ნაცნობებმა რამდენჯერმე სცადეს გამომლაპარაკებოდნენ. სილამაზით განთქმული მსახიობი დიანა ალერსიანად მომესალმა, მიმიწვია თავის ლოჟაში, მაგრამ მე არავისკენ მიმიწევდა გული. არ მაინტერესებდა ამ ხალხთან საუბარი, მომწყინდა მათში, როგორც სარკეში საკუთარი თავის დანახვა. მხოლოდ სანახაობა მიზიდავდა, აღგზნება, ხალხის ტალღაში რომ სუფევდა. უცქირო სხვის აღფრთოვანებას, გულგრილი ადამიანისთვის ეს ხომ ყოველთვის მიმზიდველი სანახაობაა. როცა ლამაზ ქალებს შევხვდებოდი, უტიფრად, თან მეტისმეტად გულგრილად შევცქეროდი ნისლივით გამჭირვალე ქსოვილით დაფარულ მათ მკერდს და მართობდა იმათი შეკრთომა, რომელშიც სირცხვილიც შეინიშნებოდა და დაკმაყოფილებული პატივმოყვარეობაც. მღელვარებას არ განვიცდიდი, უბრალოდ, მომწონდა ეს თამაში, მინდოდა, იმათში გულზვიადი აზრები აღმეძრა და თვალებით გამებურღა, მათ თვალებშიც საპასუხო ცეცხლი ამენთო. მე, როგორც ყოველ გულგრილ ადამიანს, ნამდვილ ტკბობას განმაცდევინებდა არა საკუთარი ვნება, არამედ ჩემს მიერ გამოწვეული გრძნობათა ჩოჩქოლი, მინდოდა მეგრძნო მხოლოდ იმ სითბოს ჩაღვრა სულში, რასაც განვიცდით ქალების შეხედვისას, და არა ნამდვილი ცეცხლი. არ მსურდა ცეცხლი მომდებოდა, მხოლოდ მისი ჭვრეტა მინდოდა. ასე დავსეირნობდი ახლაც, ვიჭერდი ქალთა მზერას, მსუბუქ ბურთებივით ადვილად ვიგერიებდი მათ, ვეალერსებოდი მიუკარებლად, ვტკბებოდი ისე, რომ არ შევიგრძნობდი, შევცქეროდი ოდნავ აღგზნებული ჩვეული თამაშით.      მაგრამ ესეც მალე მომბეზრდა. სულ ერთი და იგივე ხალხი მხვდებოდა, რომელთა სახეებსა და მოძრაობას კარგად ვიცნობდი. მახლობლად თავისუფალი სკამი აღმოჩნდა. ჩამოვჯექი. ჩემს გარშემო ისევ ერთი აურზაური ატყდა. ხალხი ჯგუფდებოდა, გარბოდა, ერთმანეთს ეჯახებოდა. აქ აღარ დამედგომებოდა, მაგრამ ადგილიდან არ ვიძროდი და სკამის ზურგს გადაწოლილი ჩაფიქრებული თვალს ვადევნებდი, ჩემი სიგარეტის ბოლი თეთრ ბოლქვებად როგორ ადიოდა ცაში და ღრუბლის ფთილასავით ჰქრებოდა გაზაფხულის ლაჟვარდში.       და აი, სწორედ ამ წუთში მოხდა ის განუმეორებელი რამ, რაც ახლაც წარმართავს ჩემს ცხოვრებას. შემიძლია ზუსტად დავასახელო დრო, რადგან იმ წუთში შემთხვევით დავხედე საათს. საათის ისრები გადაჯვარედინდა და მე ისეთი ცნობისმოყვარეობით ჩავაშტერდი, თითქოს ერთი სეკუნდის წინაც ამას ვფიქრობდი. ოთხის სამი წუთი იყო, 1913 წლის 7 ივნისი.      ამგვარად, ბავშვურსა და უაზრო ჭეშმარიტებაში მთლად ჩანთქმული, სიგარეტით ხელში, თეთრ ციფერბლატს დავცქეროდი, რომ უცბად ზურგს უკან ქალის სიცილი შემომესმა. ქალი ხმამაღლა, აღგზნებული კისკისებდა. სწორედ ეს მომწონს ქალებში, როცა სიყვარულის გზნებისას, მოულოდნელად აუტყდებათ ხოლმე კისკისი. ის იყო, თავის მობრუნება დავაპირე, რომ იმ ქალისათვის შემეხედა, ისე კადნიერად და გამომწვევად რომ შემოიჭრა ჩემს უზრუნველ ოცნებებში, როგორც თვალისმომჭრელი თეთრი ქვა გამოჩნდება ხოლმე შლამით დაფარულ გუბურაში, მაგრამ თავი შევიკავე. უცნაურმა სურვილმა შემაჩერა, რაც ხშირად დამეუფლებოდა ხოლმე, თავდავიწყებით მივცემოდი უწყინარ თამაშს, ჩამეტარებინა პატარა ფსიქოლოგიური ცდა, თავისუფლება მიმეცა ჩემი წარმოსახვისათვის და შეუხედავად წარმომედგინა ის ქალი - მისი სახე, პირი, კისერი, კეფა, მკერდი, ერთი სიტყვით, მისი სიცილით წარმომედგინა ცოცხალი, რეალური სახე.      ქალი, ეტყობოდა, სწორედ ჩემს ზურგსუკან იდგა. სიცილი საუბარმა შეცვალა. სმენადქცეული ყურს ვუგდებდი. იგი ძალიან სწრაფად და ცოცხლად, მსუბუქი უნგრული აქცენტით ლაპარაკობდა, ხმოვნებს ისე აგრძელებდა, თითქოს მღერისო. ახლა ჩემს გასართობს ის წარმოადგენდა, რომ მის ლაპარაკზე მთელ სახეს აღვიქვამდი და ვცდილობდი, წარმომედგინა ყოველი ნაკვთი. მე მივანიჭე შავი თმა, შავი თვალები, მსხვილი, მგრძნობიარე ტუჩები, თოვლივით ქათქათა, გამწკრივებული კბილები. პატარა თხელი, ნესტოებდაბერილი ცხვირი. მარცხენა ლოყაზე მშვენიერი ხალი დავუხატე. ხელში მივეცი წკეპლა, რომელსაც სიცილით ირტყამდა ფეხებზე. იგი ლაპარაკობდა შეუჩერებლივ. ყოველი სიტყვა ახალ თვისებას მატებდა ჩემს ოცნებაში ელვის უსწრაფესად წარმოქმნილ სახეს: თხელი, ქალწულებრივი მკერდი, მუქმწვანე კაბა, ირიბად გაყრილი ბრილიანტის აბზინდა, ღია ფერის, თეთრ ფრთებშემოვლებული შლიაპა. სურათი თანდათან ნათელი ხდებოდა და მე მეჩვენებოდა, რომ ჩემს უკან მდგარი ეს უცხო ქალი ჩემს თვალებში ისე ისახებოდა, როგორც ფოტოფირზე. მაგრამ თავი არ მომიტრიალებია, მინდოდა გამეგრძელებინა თამაში. რაღაც იდუმალი მომხიბვლელობა გამოსჭვიოდა ჩემთვის ამ თამამ ოცნებაში. თვალები დავხუჭე და ოდნავადაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ როცა გავახელდი და თავს შემოვატრიალებდი, წარმოდგენილი სახე უეჭველად დაემთხვეოდა რეალურს.       ქალი წინ წამოვიდა. უნებურად გავახილე თვალები და ცეცხლი მომეკიდა: სულ სხვანაირი იყო. უფრო მეტიც, თითქოს განზრახ სრული წინააღმდეგობა აღმოჩნდა ჩემს მიერ შექმნილი სახისა. მწვანე კაბა კი არ ეცვა, არამედ თეთრი, ტანწერწეტი კი არ იყო, ჩათქვირული, ჩამრგვალებულთეძოებიანი. მსუქან ლოყაზე ხალი არ უჩანდა, წითურა, და არა შავ თმაზე ჩაჩქანივით ქუდი ედო. არც ერთი ჩემი ნიშანი არ შეეფერებოდა იმის სახეს, მაგრამ ქალი ლამაზი იყო, მეტისმეტად ლამაზი, თუმცა მე, ამპარტავნობით თავი ფსიქოლოგად რომ წარმომედგინა, არ მინდოდა საკუთარ თავს გამოვტყდომოდი ამაში. თითქმის მტრულად შევხედე, მაგრამ, მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ამ ქალის შეხედვაზე რაღაც საოცარი გრძნობა დამეუფლა, ცხოველური გზნება მისი ჩათქვირული, მკვრივი სხეულისადმი. ქალი კვლავ კისკისებდა, აჩენდა თეთრ, სწორ კბილებს და ეს გულალალი, გამომწვევი სიცილი სრულიად ეხამებოდა მის სილამაზეს. ყველაფერი მიმზიდველი და გამომწვევი გეჩვენებოდათ მასში: მაღალი მკერდი, სიცილისას წინ გამოწეული ნიკაპი, მსუსხავი მზერა, კეხიანი ცხვირი, ხელი, მტკიცედ რომ ეჭირა ქოლგა. მასში შეიგრძნობდით ქალურ საწყისს, პირველყოფილ ძალას, ოსტატურ, დაჟინებულ მომხიბვლელობას, ხორცშესხმულ ცდუნებას.       მის გვერდით იდგა კოხტა, ცოტათი ჯანგატეხილი ოფიცერი და რაღაცას გატაცებით ელაპარაკებოდა. ქალი უსმენდა, იღიმებოდა, იცინოდა, პასუხობდა, მაგრამ გულგარეთ. ნესტოები მოუთმენლად უთრთოდა და თვალები აქეთ-იქით გაურბოდა. ყოველი ჩამვლელი მამაკაცი უეჭველად ყურადღებას მიაქცევდა, გაუღიმებდა. ქალს თვალები აქეთ-იქით გაურბოდა, ხან ტრიბუნებზე ნაცნობ სახეს შენიშნავდა და გახარებული პასუხობდა სალამზე, ხან - მარცხნივ, ხან - მარჯვნივ, თან წინანდებური ქედმაღლური ღიმილით უსმენდა ოფიცერს. მხოლოდ მე, მის თანამგზავრს ამოფარებული, ვრჩებოდი მისი მხედველობის არის გარეშე. ეს მაბრაზებდა. წამოვდექი, მაგრამ ის მაინც ვერ მხედავდა. ახლოს მივედი, ის მაინც ტრიბუნისაკენ იცქირებოდა. მაშინ წინ დავუდექი, მივესალმე მის თანამოსაუბრეს და ქალს სკამი შევთავაზე. ქალმა განცვიფრებით შემომხედა, თვალები ეშმაკურად გაუბრწყინდა, ბაგეებზე თავაზიანმა ღიმილმა გაურბინა. თუმცა თავდაჭერილად გადამიხადა მადლობა და სკამი გამომართვა, მაგრამ არ დამჯდარა. ნიდაყვებამდე შიშველი ხელებით მსუბუქად დაეყრდნო საზურგეს და ისეთი პოზა მიიღო, რაც გამოჰკვეთავდა იმის ჩათქვირულ ნაკვთებს.      უხეირო ფსიქოლოგიური ცდით გამოწვეული წყენა გამიქრა, მხოლოდ იმ ქალთან გააშიკება მიტაცებდა. ცოტათი უკან დავიხიე ტრიბუნების კედლისაკენ, საიდანაც ჯოხზე დაყრდნობილს შემეძლო თავისუფლად, სხვებისაგან შეუმჩნევლად მეცქირა მისთვის. ვცდილობდი, მისი მზერა დამეჭირა. ქალმა ეს შენიშნა. ოდნავ შემოტრიალდა ჩემი სათვალთვალო პოსტისაკენ, მაგრამ ისე, რომ ეს მოძრაობა სრულიად შემთხვევითი გეგონებოდათ. თვალს არ არიდებდა ჩემს მზერას, ის კი არა, ზოგჯერ შემომხედავდა კიდეც, მაგრამ იმედს არ მაძლევდა. თვალები წინანდებურად აქეთ-იქით გაურბოდა, მაგრამ ვერაფერზე ვერ აჩერებდა. მხოლოდ მაშინ, როცა ჩემს მზერას შეეფეთა, ღიმილი ჩაუდგა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ამ ღიმილით აჯილდოებდა ყველას? ვერა და ვერ გამომეცნო. სწორედ ეს გაურკვევლობა მაბრაზებდა. როცა მისი მზერა შუქნიშნის სხივივით მომხვდა, იგი მრავლისაღმთქმელი იყო, მაგრამ ისევე ცივი ელვარებით განურჩევლად ირეკლავდა მასზე მიპყრობილ მზერას. ამ თამაშით, ეტყობოდა ქედმაღლურ პატივმოყვარეობას იკმაყოფილებდა, თან კიდევ ერთ წუთსაც არ სწყვეტდა კურკურს თავის თანამგზავრთან, გეგონებოდათ, მისი ნათქვამი ძალიან აინტერესებსო. რაღაც გაუგონარი კადნიერება შეინიშნებოდა მის ქცევაში - აშიკობის ვირტუოზობა თუ წრესგადასული მგრძნობელობა. უნებურად ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი: მისი აღუშფოთველი კადნიერება მეც გადმომეცა. მე უკვე აღარ შევცქეროდი თვალებში, საქმის ცოდნით ვათვალიერებდი თავით ფეხამდე, მზერით ვხდიდი ტანსაცმელს და ვაშიშვლებდი. იგი თვალს ადევნებდა ჩემს მზერას და სულაც არ გრძნობდა შეურაცხყოფას, ტუჩების კუთხეებით უღიმოდა თანამოსაუბრე ოფიცერს, მაგრამ ამ ეშმაკურ ღიმილში მოწონება ამოვიკითხე. ხოლო, როცა ცქერა დავუწყე მის პატარა კოხტა ფეხს, კაბის ქვეშიდან რომ მოუჩანდა, და ცოტა ხნის შემდეგ, როცა თითქოს შემთხვევით დავადგი ფეხი სკამის ქვედა ღერძს და თხელ ქვედატანს ქვეშ თვალი შევავლე მის წინდებს მუხლებამდე, თანამოსაუბრისაკენ მიპყრობილ მომღიმარ სახეზე დამცინავი, ცბიერი გამომეტყველება გამოესახა. ეტყობოდა, ისიც ისევე აგზნების გარეშე მეკურკურებოდა, როგორც მე, და გაბოროტებით შევნიშნე, რომ იგი სრულყოფილად ფლობდა ამ სარისკო თამაშის ტექნიკას. მან თითქოს რაღაც იდუმალებით გააღვივა ჩემი ცნობისმოყვარეობა, თან ყურადღებით უსმენდა თავისი თანამოსაუბრის ჩურჩულს, მაგრამ ერთსაც და მეორესაც სრულის გულგრილობით აკეთებდა. ეს მაშფოთებდა, რადგან ამ ცივ, ბოროტ, ანგარებიან კურკურს ვერ ვიტანდი, სისხლისაღმრევ სიახლოვეს განმაცდევინებდა ჩემს საკუთარ უგრძნობელობასთან. მაგრამ მაინც წამეკიდა გზნება, იქნებ უფრო მეტად სიძულვილისაგან, ვიდრე ამ ქალით გატაცებისაგან. ახლოს მივედი და ურცხვად ჩავხედე თვალებში. „მე შენ მინდიხარ, მშვენიერო ცხოველო“, - არაორაზროვნად ამბობდა ჩემი მზერა, და ეტყობოდა, ჩემი ბაგეებიც უნებურად შეირხა, რადგან იმან გამიღიმა ოდნავ ზიზღნარევი ღიმილით და კაბა გაისწორა. შავი თვალები მაშინვე მკვირცხლად აქეთ-იქით გაექცა. სრულიად ნათელი იყო, რომ ისიც ისეთივე ცივი იყო, როგორც მე, რომ იგი ჩემი ღირსეული პარტნიორი გახლდათ, რომ თითოეული ჩვენგანი მეორის ჯიბრზე ნაცარს ჩხრეკდა, რომელიც მხოლოდ მოჩვენებით ცეცხლს გააღვივებდა, რაც მხოლოდ თვალს გაახარებდა და ამ ნაღვლიან დღეს დროს მოკლავდა.      მაგრამ უცბად გამოცოცხლება გაჰქრა მისი სახიდან, თვალებში ბრწყინვალება ჩაუქრა, ახლახან მომღიმარე ბაგეებზე წყენის ნაოჭი გაუწვა.      თვალს არ ვაშორებდი მის მზერას: ტანდაბალი, ფაშფაშა კოსტუმიანი სქელ-სქელი ბატონი აჩქარებით მოდიოდა მისკენ, თან აღელვებული გზა-გზა გაოფლიანებულ სახეს იწმენდდა ცხვირსახოცით. შლიაპის ქვეშ, აჩქარებისაგან გვერდზე რომ მოქცეოდა, დიდი ქაჩალი ადგილი მოუჩანდა. გუნებაში გავიფიქრე, ეს მოტვლეპილი თავი ქუდქვეშ ალბათ მსხვილი ოფლის წვეთებით აქვს დაცვარული-მეთქი, და უნებური ზიზღი ვიგრძენი ამ კაცისადმი. ბეჭდებაჩონჩხლილი ხელი ბილეთების დასტას ჭმუჭნიდა და მღელვარებისაგან გულგასიებულს ცოლისათვის არც კი შეუხედავს, უნგრულად ხმამაღლა გამოელაპარაკა ოფიცერს. მაშინვე მივხვდი, რომ საცხენოსნო სპორტის თავგამოდებული მოყვარული იყო. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მსხვილი ვაჭარი გახლდათ, რომლისთვისაც მთელი ცხოვრების აზრს აზარტი შეადგენდა. ეტყობოდა, ცოლმა შენიშვნა მისცა (მისი იქ ყოფნა არცხვენდა ქალს და ახლა მცირეოდენი მხნეობაც კი დაკარგა), რადგან შლაპა გაისწორა, მერე გულკეთილად გაიცინა და დაჰკრა მხარზე ხელი. ქალმა მრისხანედ შეჰყარა წარბები. ეტყობოდა, გააბრაზა ასეთი ინტიმური დამოკიდებულების გამომჟღავნებამ, შერცხვა ოფიცრისა და იქნებ უფრო მეტად ჩემი. კაცმა ისევ ბოდიში მოიხადა, ისევ უთხრა რამდენიმე სიტყვა ოფიცერს უნგრულად, რომელზეც იმან თავაზიანი ღმეჭით უპასუხა, მერე მორიდებითა და ნაზად გაუყარა ცოლს მკლავი. მივხვდი, რომ ქალს შერცხვა ასეთი ინტიმურობის გამომჟღავნებისა ჩვენს თვალწინ და მეც ზიზღნარევი, დამცინავი ღიმილით შევცქეროდი მის დამცირებას, მაგრამ იგი ისევ დაეუფლა საკუთარ თავს, მსუბუქად დაეყრდნო კაცის მკლავს, ირონიული მზერით მომხედა, თითქოს მეუბნებოდა: „ხედავ, აი, ამას ვეკუთვნი და არა შენ“. ეს მწყინდა კიდეც და თან ზიზღიც დამეუფლა. მხოლოდ ისღა მსურდა, ზურგი შემექცია მისთვის და გავტრიალებულიყავ, რომ დამემტკიცებინა, ამ ვულგარული, სქელ-სქელი კაცის ცოლი მე ვერ დამაინტერესებდა, მაგრამ ისე დიდი იყო ცდუნება, დავრჩი.       სწორედ ამ წუთში სტარტის ყურისწამღები ნიშანი გაისმა. უცბად მთელი ეს მოყაყანე, ზანტად მოსეირნე დაქუცმაცებული ხალხის ტალღა ამოძრავდა და ერთად მიაწყდა ბარიერს. ამ ტალღამ ლამის მეც გამიყოლა, მაგრამ მე უეჭველად მინდოდა, საერთო არეულობაში ამ ქალის გვერდით მოვხვედრილიყავი იმის იმედით, რომ შემთხვევა მომცემოდა გაბედული შეხედვისა, ჟესტის, რაიმე თამამი საქციელის, ოღონდ რისი, მე თვითონაც არ ვიცოდი, ამიტომ ჯიუტად ვარღვევდი ხალხის ტალღას და მივიწევდი მისკენ. მისი ქმარიც გააფთრებით მოიწევდა წინ, ეტყობოდა, უნდოდა უკეთესი ადგილი დაეჭირა ტრიბუნის მახლობლად, და უცბად ტალღის მოწოლით ისე მაგრად დავეჯახეთ ერთმანეთს, რომ ქუდი გადასძვრა და მის ბაფთში ჩატანებული ბილეთები აქეთ-იქით გაიფანტა, თითქოს წითელი, ლურჯი, ყვითელი და თეთრი პეპლებიაო. მან გაბრაზებით შემომხედა. ის იყო, უნებურად ბოდიშის მოხდას ვაპირებდი, რომ რაღაც ავმა გაბოროტებამ ენა ჩამიგდო. ის კი არა, ცივად, უტიფრად, შეურაცხმყოფელი, გამომწვევი მზერით შევცქეროდი. მისი მზერა ერთ წუთს დათრგუნვილი გააფთრებით აენთო, მაგრამ მაშინვე შიშით გაჰქრა ჩემი მზერის წინაშე. ერთ წუთს რაღაც დაუვიწყარი, დამფრთხალი თვალებით შემომხედა თვალებში, მერე გატრიალდა, მაგრამ უცბათ თავისი ბილეთები მოაგონდა, აიღო ქუდი და იმათი შეგროვება დაიწყო. მისმა ცოლმა კი ხელი გაუშვა ქმარს და დაუფარავი გააფთრებით, მღელვარებისაგან მთლად ალმურმოდებულმა მომანათა თვალები. მე გულში ვზეიმობდი, რომ ვუყურებდი, ლამის იყო ჩემთვის სილა გაეწნა. გულგრილად ვიდექი იმავე ადგილას და თავხედური ღიმილით თვალს ვადევნებდი, სწორედ ჩემს ფეხებთან სქელი კაცი როგორ ჰკრეფდა ხვნეშით ბილეთებს. დახრისას საყელო გაფხორილი ქათმის ფრთასავით გადაეწეოდა და ქონის სქელი ფენა ამოებერებოდა სქელ კეფაზე. ყოველი დახრისას ავადმყოფურად ხვნეშოდა. უნებურად წარმოვიდგინე ის ლეში ცოლქმრული ალერსისას და ზიზღითა და დაუფარავი ღიმილით შევცქეროდი მის მრისხანებისაგან დამახინჯებულ სახეს. ახლა ქალი მეტისმეტად ფერმკრთალი ჩანდა და ძლივს იკავებდა თავს, ბოლოსდაბოლოს წარვტაცე მას ჭეშმარიტი, ნამდვილი გრძნობა: სიძულვილი, დაუოკებელი მრისხანება. სიამოვნებას მგვრიდა ამ ბრაზისმომგვრელი სცენის უსაზღვრო გაჭიანურება და გულგრილი ნიშნისგებით ვადევნებდი თვალს, როგორ იტანჯებოდა ეს სქელ-სქელი კაცი, რომ სათითაოდ აეკრიფა ბილეთები. მოუსვენარი ეშმაკი მეჯდა ყელში, რომელიც გამუდმებით ხითხითებდა, თავს ძლივს იკავებდა სიცილისაგან. ო, როგორ მინდოდა, ერთი გულიანად გადამეხარხარა, ან ჯოხი მეკრა ჩემს ფეხებთან მხოხავი ლეშისათვის. არასოდეს ასეთ ბრაზს არ შევუპყრივარ, როგორიც ამ კადნიერ, თავის თავში დარწმუნებულ ქალზე სრული გამარჯვების წუთებში.       მაგრამ აი, უბედურმა ბოლოს და ბოლოს შეაგროვა ბილეთები გარდა ერთისა - ლურჯი ბილეთისა, რომელიც უფრო შორს გაფრენილიყო და პირდაპირ ჩემს ფეხებთან ეგდო. იგი ქოშინით მიტრიალდა აქეთ-იქით, ეძებდა თავისი ახლომხედველი თვალებით. პენსნე ოფლით დაცვარულ ცხვირზე ჩამოსცურებოდა. მე ცბიერად ვისარგებლე ამ წუთით, რომ გამეგრძელებინა ძებნა, რაც სიცილს მგვრიდა. ბავშვური სიცელქით სწრაფად წამოვწიე ფეხი და დავაფარე ლურჯ ქაღალდს: ახლა ვერასგზით ვეღარ იპოვიდა, შემეძლო, რამდენ ხანსაც მოვისურვებდი, მეტანჯა იგი, მეძებნინებინა, და ისიც ეძებდა, ეძებდა შეუსვენებლივ, ფორთხავდა, კვლავ ითვლიდა სხვადასხვაფერ ფურცლებს; რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი, ჩემი აკლდა. და როცა მომძლავრებულ ხალხის ტალღაში კვლავ აპირებდა ძებნას, იმისი ცოლი პუჩების კვნეტით ჯიუტად შეტრიალდა, თვალი აარიდა ჩემს დამცინავ მზერას, ვეღარ მოითმინა და იფეთქა.      - ლაიოშ! - მბრძანებლურად უყვირა ქმარს. კაცი შეკრთა, როგორც ცხენი შეკრთება ხოლმე ნაღარის დაცემისას, კიდევ მოავლო თვალი მიწას. ფეხქვეშ დამალულმა ბილეთმა შემიღიტინა და ძლივს ვიკავებდი სიცილს. მერე მორჩილად მიტრიალდა ცოლისკენ. ქალმა საოცარი სისწრაფით მომაშორა ქმარი და ორივე მჩქეფარე ხალხის ნიაღვარს შეერია.      მე კი იქვე დავრჩი, ოდნავი სურვილიც კი არა მქონია, იმათ გავყოლოდი. ეპიზოდი ჩემთვის დამთავრებული იყო. ეროტიული დაძაბულობის გრძნობამ ჩამიხშო წუთიერი სურვილი, გზნება, უცაბედი აფეთქება და ამ თამაშისაგან მხოლოდ კმაყოფილების სასიამოვნო, უტიფარი შეგრძნება შემომრჩა, რომ ნომერი გამოვიდა. წინ ერთი ჭყლეტა იყო, აღგზნებული ტალღა მღვრიე, აქაფებულ ზვირთივით მიაწყდა ბარიერს, მაგრამ მე არც კი ვიყურებოდი იქითკენ; მომწყინდა, ახლა მხოლოდ იმაზეღა ვფიქრობდი, აქვე პარკში გავისეირნო, თუ შინ წავიდე-მეთქი. მაგრამ ნაბიჯი გადავდგი თუ არა, მაშინვე შევნიშნე მიწაზე დაგდებული ლურჯი ბილეთი. ავიღე და ხელში ვათამაშებდი, არ ვიცოდი, სად წამეღო. თავში გამიელვა, ლაიოშისათვის დამებრუნებინა, რაც დიდებული მიზეზი იქნებოდა მისი ცოლის გაცნობისა, მაგრამ იგი ახლა სულაც აღარ მაინტერესებდა და ის წუთიერი ინტერესი, რაც ამ შემთხვევამ აღმიძრა, კარგა ხანია შესცვალა ჩემმა ჩვეულებრივმა გულგრილობამ. იმდენად მძაგდა ეს ლეში, ამ უხმო ორთაბრძოლის, გულღია მზერის მეტს აღარაფერს მოვითხოვდი ლაიოშის ცოლისაგან. გავერთე ამ თამაშით და ახლა წუთიერად თუ დამეუფლებოდა ცნობისმოყვარეობა, სასიამოვნო შეგრძნება.       სკამი, რომელიც იმას დავუთმე, ისევ იმავე ადგილას იდგა ცარიელი, უფრო მოხერხებულად დავჯექი და სიგარა გავაბოლე. ჩემს წინ ისევ ბობოქრობდნენ ვნებანი, მაგრამ მე ყურს აღარ ვუგდებდი. ჩემზე არ მოქმედებდა განმეორებანი, ნება-ნება ვაბოლებდი და ვფიქრობდი წყალვარდნილზე, რომელიც ორი წლის წინ ვნახე მერანოში. სწორედ ისეთი იყო, როგორც აქაურობა: მშფოთვარე, მჩქეფარე ნაკადი, რომლისაგან არც არავის სცივა და არც არავის სცხელა, უაზრო გრგვინვა ზურმუხტისფერ პოეზიაში. მაგრამ აი, ხალხის ტალღის დრტვინვამ უმაღლეს წერტილს მიაღწია. აბობოქრებულ ხალხის ზვირთებს ზემოთ კვლავ გამოჩნდა ქოლგები, შლიაპები, ცხვირსახოცები, კვლავ ყველაფერი ერთ გოდებად შეირწყა და ხალხის ვეებერთელა ტალღიდან კვლავ ათასგზის გამოიყო ერთი სახელი, რასაც დიდი აღტაცებით და თავგამოდებით ყვიროდნენ: „კრესი! კრესი! კრესი!“ მერე დაჭიმულ სიმის ხმასავით უცბად შეწყდა (რა ერთფეროვანია გზნებანი, როცა მეორდება). იგრიალა მუსიკამ. ხალხი იშლებოდა. ასწიეს ფარდები, რომლებზეც გამარჯვებულთა ნომრები ეწერა. ანგარიშმიუცემლად შევხედე მათ. პირველ ადგილზე შვიდიანი ბრწყინავდა. უნებურად შევხედე ხელში შემორჩენილ ლურჯ ბილეთს. იმაზეც შვიდიანი იყო გამოსახული.      გამეცინა. ბილეთმა მოიგო. ძვირფასი ლაიოში მიხვდა ალბათ ამას. ამგვარად, კვლავ ჩემს ხელთ იყო იმ ქალის სქელი მეუღლე. უცბად ეშმაკი შემიჯდა სულში. ახლა მაინტერესებდა, რამდენი დაუჯდა იმას ჩემი იჭნეული ჩარევა. პირველად დავაკვირდი ლურჯ ბილეთს; ბილეთი ოცი კრონისა იყო და ლაიოშიც მოგებული გახლდათ. ეს საკმაო თანხა იყო. დიდხანს არც კი მიფიქრია, ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი შევუერთდი ხალხის ტალღას, რომელიც სალაროებს მიაწყდა. ერთ-ერთ რიგში გავეჭედე, წარვუდგინე ბილეთი და კაცის ძვალტყავა, სწრაფმა ხელებმა, ვისი სახეც არასოდეს მენახა, მარმარილოს დაფაზე მომითვალა ოცი კრონის ცხრა ბანკნოტი.       იმ წუთში, როცა მონაგები ნამდვილი ფული მომითვალეს, სიცილი შემეყინა ბაგეებზე. უცბად საშინელი გრძნობა დამეუფლა. უნებურად ხელი გავწიე, რომ არ მიმეკარებინა სხვისი ფულისაკენ. სჯობდა, ეს ბანკნოტები დაფაზე დამეტოვებინა, მაგრამ ჩემს უკან ერთი ჭყლეტა იყო და მოუთმენლად ელოდნენ მონაგების მიღებას. ამგვარად, ზიზღით ავიღე ბანკნოტები, თითქოს მწვავდა, თითქოს ცეცხლის ენებიაო, ის კი არა, ხელიც კი გავწიე, თითქოს ჩემი არ იყო. მაშინვე მივხვდი, რა გამოუვალ მდგომარეობაშიც ჩავვარდი, ჩემდა უნებურად ხუმრობამ ისეთი ხასიათი მიიღო, რაც არ შეჰფეროდა წესიერ კაცს. ჯენტლმენს. მე თვითონვე ვერ ვბედავდი, ჩემი საქციელისათვის ნამდვილი სახელი მეწოდებინა. ეს ხომ დამალული კი არა, ეშმაკურად გამოცანცლული, მოპარული ფული იყო.      ჩემს გარშემო ხალხი ზუზუნით, ხელისკვრით მიიწევდა სალაროებისაკენ, ან უკან გამოდიოდნენ. მე კვლავ გაუნძრევლად ვიდექი ხელგაწვდილი. რა უნდა მექნა? უწინარეს ყოვლისა, მომაგონდა, რაც ყველაზე ბუნებრივი იყო; მომენახა ბილეთის მფლობელი, ბოდიში მომეხადა და უკან დამებრუნებინა ფული. მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, განსაკუთრებით იმ ოფიცრის თანდასწრებით. მე ხომ თადარიგის ლეიტენანტი გახლდით და ასეთი აღიარებისათვის უეჭველად ჩინით ჩამომაქვეითებდნენ. თუნდაც რომ შემთხვევით მეპოვნა ბილეთი, ფულის აღება უღირსი საქციელი იყო. ისიც კი ვიფიქრე, ხომ არ ავყოლოდი ინსტინქტურ სურვილს - მომეჭმუჭნა ქაღალდები და გადამეყარა, მაგრამ ესეც შეიძლებოდა ვინმეს საეჭვოდ მოსჩვენებოდა. მე კი არავითარ შემთხვევაში, ერთი წუთითაც კი არ მინდოდა ხელში მჭეროდა სხვისი ფული, თუნდაც იმ აზრით, რომ ვინმესთვის მეჩუქებინა. ბავშვობიდანვე შესისხლხორცებული სიწმინდის გრძნობა ნებას არ მაძლევდა ამ ბანკნოტების ხელის შეხებისა. თავში ჩაქუჩივით მარტყამდა ერთი აზრი, რა ხერხითაც არ უნდა ყოფილიყო, ოღონდ მომეშორებინა ეს ფული. დაბნეულმა უნებურად აქეთ-იქით მივიხედ-მოვიხედე, ხომ არ არის სადმე ისეთი მიფარებული კუთხე, რომ ეს ფული გადავყარო-მეთქი, რომ უცბად შევნიშნე, ხალხი კვლავ მიიწევდა სალაროებისაკენ, მაგრამ ახალ უკვე ფულით ხელში. ამ წუთში თავში გამიელვა, დამებრუნებინა ფული ცბიერი შემთხვევისათვის, რომელმაც იგი შემომაჩეჩა, უკან ჩამეგდო იმ გაუმაძღარ ხახაში, ჩემს თვალწინ ხარბად რომ ნთქავდა ვერცხლსა და ბანკნოტებს. დიახ, ეს იყო გამოსავალი, ეს იყო ჭეშმარიტი ხსნა!       ადგილს მოვწყდი, მივირბინე სალაროებთან, ჩავდექი რიგში. მხოლოდ ორი კაცი იდგა ჩემს წინ. პირველი უკვე მივიდა ტოტალიზატორთან, რომ უცბად მომაგონდა, არც კი ვიცოდი, რომელი ცხენი დამესახელებინა. დაძაბული ვუგდებდი ყურს სხვების ლაპარაკს: - რავახოლზე სდებთ? - ჰკითხეს ერთს. - რაღა თქმა უნდა, რავახოლზე, - უპასუხა მეორემ. - თქვენ როგორ გგონიათ, ტედის არა აქვს შანსები? - ტედის? - სულაც არა. ჰანდიკაპში მთლად ჩაფლავდა. ტედი მკვეხარაა და მეტი არაფერი...      როგორც მწყურვალე ადამიანი ხარბად დაეწაფება ხოლმე წყალს, ისე ვისრუტავდი ამ სიტყვებს. მაშ ასე, ტედი უიმედოა, ტედის არ შეუძლია გაიმარჯვოს. მაშინვე გადავწყვიტე ის ამერჩია. გავყარე ფული ფანჯარაში და დავასახელე ეს-ესაა გაგონილი სახელი ტედისა, ვიღაცამ ხელში მომაყარა ბილეთები, ერთის მაგივრად ცხრა ბილეთის მფლობელი გავხდი. ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ არც ისე საზიზღარი და დამამცირებელი გახლდათ, როგორც ხელში მოშრიალე ბანკნოტების ჭერა.      ისევ შვებით ამოვისუნთქე. ფული მოვიშორე. დამთავრდა თავგადასავლის უსიამოვნო მხარე და კვლავ უწყინარი ხუმრობის ხასიათი მიიღო. იმავე სკამზე დავჯექი და ნება-ნება ვაბოლებდი სიგარას, ბოლის ბოლქვებს ვუშვებდი, მაგრამ ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. წამოვდგებოდი, წინ და უკან დავდიოდი, კვლავ დავეშვებოდი კიბეზე. საოცარი იყო: ნეტარი, საოცნებო სიმშვიდე უკვალოდ გაქრა. რაღაც გამოუცნობი მღელვარება დამეუფლა. პირველად მეგონა, ეს უსიამოვნო გრძნობა გამოწვეული იყო ხალხში ლაიოშისა და იმისი ცოლის დანახვის შიშით. მაგრამ აბა ისინი როგორ მიხვდებოდნენ, რომ ეს ახალი, თეთრ, წითელზოლებიანი ბილეთები იმათ ეკუთვნოდა? არც აღელვებული, მოფუსფუსე ხალხი მიშლიდა ხელს. პირიქით, ყურადღებით ვადევნებდი თვალს, ბარიერისკენ ხომ არ მიიწევს-მეთქი. ის კი არა, საკუთარი თავი იმაშიც კი დავიჭირე, რომ ყოველ წუთს ვდგებოდი სკამიდან და თვალებით ვეძებდი დროშას, რომელსაც დოღის დაწყებისას აღმართავენ ხოლმე. ეს მხოლოდ ფიცხი მოუთმენლობა იყო, რამაც შემიპყრო სტარტის მოლოდინში, რადგან მინდოდა, ეს სულელური ამბავი სამუდამოდ დამთავრებულიყო.      გვერდზე ჩამირბინა ბიჭმა, რომელსაც აფიშები ეჭირა ხელში. დავუძახე, ვიყიდე აფიშა და დავიწყე ჩემთვის გაუგებარ სპორტულ ენაზე დაწერილი ტექსტის კითხვა, სანამ ბოლოს ტედის არ წავაწყდი. გამოვიცანი ჟოკეის, თავლის მფლობელის გვარი, ფერები - წითელი და თეთრი. მაგრამ რად მინდოდა ეს? გააფთრებით მოვჭმუჭნე ქაღალდი და გადავაგდე. წამოვდექი სკამიდან, მერე ისევ დავჯექი. უცბად დამცხა, სველი შუბლი ცხვირსახოცით მოვიწმინდე. საყელო ყელში მიჭერდა. დოღი ჯერ კიდევ არ დაწყებულიყო.      ბოლოს გაისმა ზარის ხმა. ხალხის ტალღა წინ მიაწყდა და ამ წუთში შევიგრძენი, რომ ამ ზარის წკრიალმა მაღვიძარასავით გამომიყვანა მთვლემარე გაშეშებიდან. ისე უცბად წამოვხტი, რომ სკამი გადაყირავდა, და ვიჩქარე, არა, თავპირის მტვრევით გავიქეცი, მაგრად ვჭმუჭნიდი მუშტში ბილეთებს და ხალხის ტალღაში ისე შევიჭერი, თითქოს მეშინოდა, არ დამგვიანებოდა, მეტისმეტად მნიშვნელოვანი რამ არ გამომრჩენოდა. ნიდაყვების უხეშად ქნევით ბარიერამდე მივაღწიე და თავხედურად ვეტაკე სკამს, რომელზეც ის იყო ერთი მანდილოსანი აპირებდა დაჯდომას. მის განცვიფრებულ მზერაზე მაშინვე მივხვდი, რომ უზრდელად მოვიქეცი. ეს ჩემი კარგი ნაცნობი გრაფინია „რ“ გახლდათ. იგი წარბებშეჭმუხვნილი განრისხებული შემომცქეროდა, მაგრამ სირცხვილისა და სიჯიუტის გამო ცივად მოვტრიალდი და სკამზე შევხტი, რომ უკეთ დამენახა ბილიკი.      სადღაც, შორს, მწვანე მინდორზე, სტარტთან ცხენების პატარა ჯგუფი შევნიშნე, რომელთაც თავს ძლივს უჭერდნენ პატარა, ჭრელ-ჭრელი, ჯამბაზებივით ჟოკეები. მინდოდა იმათ შორის ჩემი ამორჩეული ცხენი დამენახა, მაგრამ უჩვევი თვალი მქონდა. რაღაც მოციმციმე ბურუსი მიშლიდა ხელს და მრავალფერ ლაქებს შორის ვერ ვარჩევდი წითელსა თეთრ ფერს. ამ წუთში გაისმა მეორე ზარი და როგორც ერთი მშვილდიდან გასროლილი შვიდი ჭრელი ისარი, შვიდი ცხენი გაიჭრა მწვანე ბილიკზე. დამშვიდებული მაყურებლისათვის, რაღა თქმა უნდა, უჩვეულო, ლამაზი სანახაობა იყო. კოხტა ცხენები გააფთრებული ჭენებით გაიჭრნენ მწვანე მინდორზე, ნალებს მიწას არც კი აკარებდნენ, მაგრამ მე ვერაფერს ვამჩნევდი, მხოლოდ იმას ვცდილობდი სასოწარკვეთილი, ჩემი ცხენი და ჩემი ჟოკეი გამომეცნო და თავბედს ვიწყევლიდი, ბინოკლი რად არ წამოვიღე-მეთქი. როგორ არ ვიხრებოდი, როგორ არ ვიჭიმებოდი, მხოლოდ ოთხს თუ ხუთ ჭრელ ქინქლას ვხედავდი, რომელიც ერთ მფრინავ გორგალს შერწყმოდა. მაგრამ აი, მოსახვევში ეს გორგალი გაიშალა, შექმნა სოლი, წაწვეტებული მხარე წინ გამოიწია და უკან გამოეყო რამდენიმე ჩამორჩენილი ცხენი. გააფთრებული ბრძოლა იყო, სამი თუ ოთხი ცხენი, ჭენებაში გადარეული, თავი თავზე მიდებული მიჰქროდა, გეგონებოდათ ერთმანეთის გვერდზე დაწებებული სხვადასხვა ქაღალდის ზოლებიაო. ხან ერთი, ხან მეორე ისკუპებდა და ცოტათი წინ გამოიჭრებოდა. მეც მთელი ტანით ვიჭიმებოდი, კუნთებს ვძაბავდი, თითქოს ეს უშველიდათ ცხენებს, რომ უფრო სწრაფად, ქარივით ექროლათ.       ჩემს გარშემო მღელვარება მატულობდა. ზოგიერთი გამოცდილი მაყურებელი მოსახვევშივე არჩევდა ჟოკეის ფერს, რადგან გაურკვეველ ხმაურში შუშხუნებივით ავარდებოდა ხოლმე ცაში სახელები. ჩემს გვერდით ერთი კაცი იდგა, რომელიც გააფთრებით იქნევდა ხელს და როცა ერთი ცხენის თავი წინ წამოვიდა, ფეხი დააბაკუნა და ველურად დაიღრიალა ამაზრზენი საზეიმო ხმით; „რავახოლ! რავახოლ!“ - უცბად დავინახე, ამ ცხენის ჟოკეის ტანსაცმელი მართლაც ლურჯად ელავდა და საშინლად გავბრაზდი, რომ ჩემი ცხენი არ იმარჯვებდა. თანდათან აუტანელი ხდებოდა ჩემთვის ჩემი მეზობლის ყურისწამღები ღრიალი: რავახოლ! რავახოლ!“ ისე გავფითრდი, ძლივს შევიკავე თავი, რომ მუშტი არ მიმერტყა მის ფართოდ დაღებულ, აღრიალებულ შავ პირში. სიბრაზისაგან ისე ვცახცახებდი, არც კი ვგრძნობდი, ყოველ წუთს როგორ ვკარგავდი განსჯის უნარს. მაგრამ აი, მეორე ცხენი ლამის გაუსწორდა პირველს. იქნებ ეს ტედია, იქნებ, იქნებ, - და იმედმა ფრთები შემასხა. მართლაც, მომეჩვენა, რომ უნაგირზე გაიელვა წითელმა ხელმა, როცა ჟოკეიმ გავაზე შემოსცხო. იქნებ ეს ტედი იყო, არა, ტედია, ტედი, უეჭველად ტედია! მაგრამ რატომ არ უსწრებს წინ ის არამზადა? კიდევ შემოსცხე წკეპლა, შემოსცხე! ახლა სულ ახლოს იყო, ერთი ნახტომი და! რატომ უსწრებს რავახოლი? არა, რავახოლი არა! რავახოლი არა! ტედი! ტედი! გაუსწარი, ტედი, ტედი! უცბად უკან მოვიხედე. რა მოხდა? ვინ ღრიალებდა ასე? ვინ ღრიალებდა ასე გააფთრებით: „ტედი! ტედი!“ ეს ხომ მე ვიყავი. თუმცა ჭკუას ვკარგავდი, მე თვითონვე მეშინოდა საკუთარი თავისა. მინდოდა თავი შემეკავებინა, ჩემი თავი ხელში ამეყვანა. სირცხვილი მკლავდა, მაგრამ თვალს ვერ ვწყვეტდი ვერც ერთ ცხენს, თითქოს ერთმანეთს რომ შერწყმოდნენ. ეტყობოდა, ტედი მართლა ებრძოდა პირველ ადგილს იმ წყეულ რავახოლს, რომელიც ნამდვილი სიძულვილით მძაგდა, რადგან ჩემს გარშემო ატყდა ყურისწამღები ყვირილი: „ტედი! ტედი!“ - და მეც ერთ წუთს გონს მოსული კვლავ გავხელდი. ტედიმ უნდა მოიგოს, ვალდებულია მოიგოს! და მართლაც, აი, წინ მქროლავი ცხენის თავს გამოეყო მეორე თავი, ჯერ ერთი მეოთხედით, მერე ნახევრით, აი, უკვე კისერიც ჩანს - ამ დროს ზარმა დაიჟღრიალა და ხალხის ტალღას სიხარულის, სასოწარკვეთილების, მრისხანების ღრიალი აღმოხდა. ერთ წუთს სასურველმა სახელმა აავსო მთელი ცის თაღი, მერე ყვირილი მიწყდა და სადღაც მუსიკამ დაიგრიალა.       ალმურმოდებული, მთლად ოფლად დაღვრილი, გულაძგერებული ჩამოვხტი სკამიდან. ერთ წუთს ისევ ჩავჯექი, რადგან თავი მიბრუოდა. სიხარულმა შემიპყრო, რაც არასოდეს განმიცდია, დაუოკებელმა სიხარულმა იმის შეგრძნებისა, რომ შემთხვევა ასე ბრმად დაემორჩილა ჩემს სურვილს. ვცდილობდი საკუთარი თავი დამერწმუნებინა იმაში, რომ ცხენმა ჩემი სურვილის წინააღმდეგ მოიგო, რომ მე მინდოდა წამეგო ეს ფული. მაგრამ თანაც არ მჯეროდა ამისი და მთელს სხეულში საშინელ ქავილს ვგრძნობდი. რაღაც მიბიძგებდა და კარგად ვიცოდი, საითკენ: მინდოდა მეგრძნო გამარჯვება, მენახა იგი, შემეგრძნო, ხელში მჭეროდა ფული, ათრთოლებული თითებით გადამეთვალა ლურჯი ბანკნოტების დასტა. რაღაც გამოუცნობმა გააფთრებულმა ვნებიანმა სურვილმა შემიპყრო და ვეღარავითარი სირცხვილი ვერ შემაკავებდა. წამოვდექი თუ არა სკამიდან, სალაროსკენ გავიქეცი, უხეშად გავარღვიე რიგში მდგომი ხალხის ტალღა, სარკმელთან მივიჭერი, რომ რაც შეიძლება ჩქარა, ჩქარა დამენახა ნამდვილი ფული.      - უზრდელო! - ჩაიბუზღუნა ვიღაცამ ჩემს ზურგსუკან, მაგრამ გაბრაზება არც კი მიფიქრია, მთლად ვცახცახებდი მიუღწეველი, გააფთრებული მოუთმენლობისაგან. ბოლოს ჩემი რიგიც დადგა და ხარბად ვტაცე ხელი ბანკნოტების დასტას. სიხარულისაგან აცახცახებულმა გადავთვალე. დასტაში ექვსას ორმოცი კრონი იყო.      მაგრად ვუჭერდი ხელს ფულს. ჩემი პირველი ფიქრი ის იყო, კიდევ ამეღო, უფრო მეტი მომეგო, ბევრად უფრო მეტი. სად გაქრა ჩემი აფიშა? ოჰ, მღელვარებისაგან გადავაგდე! აქეთ-იქით ვიყურებოდი, იქნებ სხვა მეპოვნა, მაგრამ თავზარი დამეცა, რომ დავინახე, ჩემს გარშემო ხალხის ტალღა თხელდებოდა, გასასვლელისაკენ მიემართებოდა. სალაროები იკეტებოდა, დროშა დაეშვა. დოღი დამთავრდა. მე უკანასკნელი მოჯირითე ვიყავი. ერთ წუთს გაშეშებული ვიდექი. მერე მრისხანებამ შემიპყრო, თითქოს უსამართლობის მსხვერპლი ვყოფილიყავ. ვერა და ვერ შევრიგებოდი იმ აზრს, რომ ახლა, როცა ნერვები ასე მეტისმეტად დაძაბული მქონდა, როცა ამდენი ხნის შემდეგ სისხლი ასე მჩქეფარედ მიედინებოდა ჩემს ძარღვებში, დადგა აღსასრული. ამაოდ ვიტყუებდი თავს იმის იმედით, რომ ეს შეცდომა იყო: თანდათან იფანტებოდა ხალხის ჭრელი ტალღა და გათელილი ბალახი უკვე მწვანდებოდა აქა-იქ შემორჩენილ, დაგვიანებულ მგზავრთა ფეხქვეშ. ბოლოს გონს მოვეგე, მივხვდი, რომ სასაცილო, სისულელე იყო აქ ბორიალი, ავიღე შლიაპა და ჯოხი, მღელვარებისაგან რომ დამვიწყებოდა, და გასასვლელისაკენ გავემართე. ერთი მსახური მოვიდა, თავაზიანად მომიხადა ქუდი. მე ჩემი ფიაკრის ნომერი ვუთხარი, მან ხელები რუპორივით მიიტანა პირთან და დაუძახა. ფიაკრი მაშინვე ჭიშკართან გაჩნდა. მეეტლეს ვუბრძანე, ნელ-ნელა ევლო მთავარ ხეივანში, რადგან ახლა, როცა მღელვარება ცოტათი დამიცხრა, სიამოვნებას განმაცდევინებდა ამ დღეს განცდილი წვრილმანის მეხსიერებაში აღდგენა.       სწორედ იმ წუთში ჭიშკართან კიდევ ერთი ფიაკრი გაჩერდა. უნებურად გავიხედე იქითკენ და მაშინვე შემოვტრიალდი: ფიაკრში სწორედ ის ქალი და მისი სქელ-სქელი მეუღლე სხდებოდნენ. მე ვერ შემნიშნეს, მაგრამ მაშინვე საშინელი გრძნობა დამეუფლა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, თითქოს დანაშაულზე წამასწრესო. მინდოდა მეეტლისთვის დამეყვირა, მათრახი გადაეცხო ცხენებისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა გავცლოდი აქაურობას. ფიაკრი ნელ-ნელა გაცურდა რეზინის თვლებზე სხვა ფიაკრების გაყოლებით, რომლებიც ყვავილებით მორთულ ნავებივით მიირწეოდნენ წაბლების ხეივნის მწვანე ნაპირებს შორის და თან მიჰყავდათ ჭრელი ტვირთი - მორთულ-მოკაზმული ქალები. ჰაერი თბილი, სასიამოვნო იყო, უკვე იგრძნობოდა საღამოს სასიამოვნო სიგრილე, მაგრამ წეღანდელი ნეტარი, საოცნებო განწყობილება სრულიად გამიქრა: ჩემი სიცრუის მსხვერპლთან შეხვედრამ დამაბნია. თითქოს გაყინული ჰაერის ნაკადი შეიჭრა ჩემს სხეულში და მაშინვე დააცხრო ჩემი გზნება. კვლავ თავიდან და სრულიად დამშვიდებული გონებით მოვიფიქრე ყველაფერი. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი; მე, საზოგადოებაში პატივცემულმა ჯენტლმენმა, თადარიგის ოფიცერმა, საჭიროების გარეშე მივისაკუთრე ნაპოვნი ფული, შევინახე საფულეში და ეს ისეთი ხარბი სიხარულით, ისეთი სიამოვნებით გავაკეთე, რომ შეუძლებელი იყო ჩემი საქციელის გამართლება. ერთი საათის წინ უდანაშაულო, ჩირქმოუცხებელმა ადამიანმა ჩავიდინე დანაშაული - ქურდი გავხდი და თითქოს იმიტომ, რომ საკუთარი თავი შემეშინებინა, ხმადაბლა, ანგარიშმიუცემლად ავყევი ნალების კაკა-კუკს და ვიმეორებდი განაჩენს: „ქურდი! ქურდი! ქურდი! ქურდი!      მაგრამ უცნაურია, როგორ აღვწერო, რაც დამემართა? ეს ხომ ისეთი რამაა, რისი ახსნაც არ შეიძლება; უჩვეულოა და მაინც ვიცი, რომ არაფერს ვიგონებ, რაც იმ დღეს არ მომხდარა. ყოველი წვრილმანი ჩემი სულიერი მდგომარეობისა, ყოველი ფიქრი შთამებეჭდა მეხსიერებაში ისეთი ზებუნებრივი სიცხადით, როგორც არც ერთი მოვლენა ჩემი ოცდათექვსმეტი წლის ცხოვრებაში. მაგრამ მაინც ვერ გადამიწყვეტია გადმოგცეთ ქაღალდზე შეგრძნებათა ეს საოცარი მიმდინარეობა, ეს შემაძრწუნებელი აზრის ხვეულები. არა მგონია, რომელიმე პოეტსაც კი შესძლებოდა მათი გადმოცემა ლოგიკური თანმიმდევრობით. მე შემიძლია მხოლოდ აღვწერო ის, რაც განვიცადე, და თან ზედმიწევნით თანმიმდევრობით.      ამგვარად, ვეუბნებოდი საკუთარ თავს: „ქურდი! ქურდი! ქურდი!“ მერე დადგა საოცარი, რაღაც ცარიელი წუთი, როცა არ არსებობდა არაფერი, როცა მხოლოდ, - რა ძნელია ამის გამოთქმა, - როცა მხოლოდ ვისმენდი, ყურს ვუგდებდი საკუთარ გულისთქმას. საკუთარ თავს დაკითხვა მოვუწყე, წარვუდგინე დანაშაულობანი, ახლა სამართალში მიცემულს პასუხი უნდა გამეცა სასამართლოსათვის. და აი, ყურს ვუგდებდი, მაგრამ არაფერი მესმოდა. სიტყვა „ქურდს“, როგორც მათრახის დარტყმას, უნდა გამოვეფხიზლებინე და მერე სირცხვილისა და მონანიების უფსკრულში გადავეჩეხე. მაგრამ ეს სიტყვა ჩემზე არ მოქმედებდა, მოთმინებით ვიცდიდი რამდენიმე წუთს, კიდევ უფრო ღრმად ჩავხედე საკუთარ თავს, რადგან მეტისმეტად ნათლად შევიგრძნობდი, რომ ამ ჯიუტ დუმილში რაღაც იმალებოდა, და მღელვარებით ველოდი გამოძახილს, ველოდი, რომ ზიზღის, გულისწყრომის, სასოწარკვეთილების ყვირილი აღმომხდებოდა, მაგრამ ამჯერად არაფერი მომხდარა. არავითარი გამოძახილი. კიდევ გავიმეორე სიტყვა „ქურდი“ „ქურდი“ - ახლა უკვე ხმამაღლა, რომ გამეღვიძებინა თითქოს მიძინებული, მოდუნებული სინდისი. მაგრამ პასუხი კვლავ არ იყო. უცბად ელვასავით გამინათა გონება ნათელმა აზრმა, თითქოს ასანთი გაჰკრესო ბნელი უფსკრულის თავზე. მივხვდი, რომ მხოლოდ მინდოდა, სირცხვილი მეგრძნო, მაგრამ არა მრცხვენოდა, ის კი არა, თვით სულიერი დაცემულობის მომენტშიც კი რაღაც იდუმალი მიზეზით ამაყად ვგრძნობდი თავს და ბედნიერადაც კი, ამ ჩემი სულელური საქციელით.      როგორ შეიძლებოდა ეს? ახლა, როცა სულაც არ მაშინებდა ასეთი მოულოდნელი აღმოჩენა, მთელის ძალით ვეწინააღმდეგებოდი ამ გრძნობას, მაგრამ მეტისმეტი გზნებითა და შეუკავებლობით იღვიძებდა ჩემში. *გაგრძელება* →  …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 9:40pm on თებერვალი 4, 2015
თემა: ვალიდობა და სანდოობა ინტერვიუებში, ექსპერიმენტებში, დაკვირვებაში
ას ზომავდნენ, რისი გაზომვის პრეტენზიაც აქვთ. არავალიდობის ერთი მიზეზი მიკერძოებულობაა, რომელიც განისაზღვრება, როგორც "ერთი და იმავე მიმართულებით შეცდომების დაშვების სისტემური ან მუდმივი ტენდენცია, ანუ თვისების "ჭეშმარიტი ღირებულების" მოჭარბებულად ან არასაკმარისად შეფასება" (Lansing et al. 1961). ინტერვიუს საზომების ვალიდაციის ერთი გზა ინტერვიუს საზომის სხვა ისეთ საზომთან შედარებაა, რომლის ვალიდობა უკვე დადასტურებულია. ასეთი შედარება "კონვერგენციული ვალიდობის" სახელით არის ცნობილი. თუ ორი საზომი თანხვდება ერთმანეთს, მაშინ შეგვიძლია დავუშვათ, რომ შესაძლებელია ინტერვიუს ვალიდობის შედარება მეორე საზომის უკვე დამტკიცებულ ვალიდობასთან.       სავარაუდოდ, მეტი ვალიდობის მიღწევის ყველაზე პრაქტიკული გზაა მიკერძოებულობის შეძლებისდაგვარად მეტად შემცირება. მიკერძოებულობის წყაროებია ინტერვიუერის მახასიათებლები, რესპონდენტის მახასიათებლები და კითხვების რეალური შინაარსი. უფრო კონკრეტულად, მათ რიცხვში შედის: ინტერვიუერის დამოკიდებულებები, შეხედულებები და მოლოდინები; ინტერვიუერის ტენდენცია, დაინახოს რესპონდენტის საკუთარი (ანუ ინტერვიუერის) ხატი; ინტერვიუერის ტენდენცია, ეძიოს ტენდენციური მოსაზრებების მხარდასაჭერი პასუხები; ინტერვიუერის მიერ რესპონდენტის ნათქვამის მცდარი აღქმა; რესპონდენტის მიერ კითხვის არასწორად გაგება.       კვლევებმა ისიც აჩვენა, რომ რასა, რელიგია, სქესი, სექსუალური ორიენტაცია, სტატუსი, სოციალური კლასი და ასაკი გარკვეულ კონტექსტებში მიკერძოებულობის პოტენციური წყაროები, ანუ ინტერვიუერის ეფექტები შეიძლება იყოს (Lee 1993; Scheurick 1995). ინტერვიუერებს და რესპონდენტებს ინტერვიუს სიტუაციაში ერთნაირად მოაქვთ, ხშირად არაცნობიერად, თავიანთი საკუთარი გამოცდილება და წარსული. ჰიჩკოკი და ჰაგისი (1989) ამტკიცებენ, რომ ვინაიდან ინტერვიუ ინტერპერსონალურია - ადამიანები ურთიერთქმედებენ ადამიანებთან, მკვლევარი აუცილებლად მოახდენს რაღაც გავლენას რესპონდენტზე და, აქედან გამომდინარე, მონაცემებზეც. ფილდინგსა და ფილდინგს (1986: 12) დამაჯერებელი არგუმენტი მოაქვთ, რომ ყველაზე დახვეწილი გამოკითხვებიც კი მხოლოდ მანიპულირებენ იმ მონაცემებით, რომლებიც ოდესღაც მაინც მიუღიათ ადამიანების გამოკითხვის გზით! ინტერვიუერის ნეიტრალურობა ქიმერაა (Denscombe 1995).       ლი (1993) მიუთითებს ინტერვიუს ჩატარების პრობლემების ყველაზე მწვავე გამოვლინებაზე, როდესაც მკვლევარი სენსიტიურ მონაწილეებს იკვლევს, ანუ კვლევა შეიძლება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდეს მასში ჩართულ ადამიანებს (იქნება ეს ინტერვიუერი, თუ რესპონდენტი). ამ შემთხვევაში ინტერვიუ პირად სამყაროში შეჭრად შეიძლება მივიჩნიოთ, ან ინტერვიუერი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ვიღაც, ვისაც შეუძლია რესპონდენტისთვის სანქციების დაწესება, ან ვიღაც, ვისაც შეუძლია უმწეოთა ექსპლუატირება; რესპონდენტს პროჟექტორი ანათებს, რომელიც ინტერვიუერს უპყრია ხელთ (ასევე, იხილეთ Scheurick 1995). გადი (Gadd 2004) აღნიშნავს, რომ რესპონდენტმა "დაცული სუბიექტის" როლის მორგებით შეიძლება შეამციროს მზაობა, რომ "გაიხსნას", თუ ინტერვიუს სიტუაციის დინამიკა მეტისმეტი საფრთხის შემცველია. ამ საკითხთა რიცხვში შედის ტრანსფერი და კონტრტრანსფერი, რომელიც სათავეს ფსიქოანალიზში იღებს. ტრანსფერის დროს რესპონდენტს ინტერვიუერზე გადააქვს, ანუ აპროეცირებს თავისი გამოცდილებიდან მომდინარე საკუთარ გრძნობებს, შიშებს, სურვილებს, მოთხოვნილებებსა და დამოკიდებულებებს. (Scheurick 1995). კონტრტრანსფერის დროს შებრუნებულ პროცესთან გვაქვს საქმე. სანდოობის მიღწევის მიზნით, კონტროლის ერთი გზაა ყველა რესპონდენტისთვის უკიდურესად სტრუქტურირებული ინტერვიუ, სიტყვებისა და კითხვების ერთი და იგივე ფორმატი და თანმიმდევრობა (Silverman 1993), თუმცა სქორიჩი (Scheurick 1995: 241 – 9) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ეს სოციალური ურთიერთქმედების ღიაობისა და უსასრულო კომპლექსურობის არასწორი ინტერპრეტაციაა. სიტყვების ფორმულირების გაკონტროლება არ არის ინტერვიუს გაკონტროლების გარანტია. ოპენჰეიმი (Oppenheim 1992: 147) ამტკიცებს, რომ სიტყვების ფორმულირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ფაქტორია დამოკიდებულებების შესახებ კითხვებში და არა - ფაქტობრივ კითხვებში. ის თვლის, რომ სიტყვების, კონტექსტისა და აქცენტების შეცვლა აზიანებს სანდოობას, ვინაიდან ეს უკვე აღარ იქნება ერთი და იგივე კითხვა თითოეული რესპონდენტისთვის. ფაქტიურად, ის ამტკიცებს, რომ შეცდომა და მიკერძოება შეიძლება, მომდინარეობდეს სიტყვების ფორმულირების, პროცედურის, თანმიმდევრობის, ჩაწერისა და რაპორტის ცვლილებებიდან და მათ მინიმუმამდე დასაყვანად არსებითი მნიშვნელობა აქვს ინტერვიუერების ტრენინგს. სილვერმენის (1993) აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყოველმა რესპონდენტმა ერთნაირად გაიგოს კითხვა. ის ამბობს, რომ ინტერვიუების სანდოობა შეიძლება გაუმჯობესდეს ინტერვიუს განრიგის საგულდაგულო პილოტირებით, ინტერვიუერების ტრენინგით, პასუხების კოდირებისას შემფასებელთა შორის სანდოობით და მეტი დახურული კითხვის გამოყენებით. მეორე მხრივ, სილვერმენი (1993) ღია კითხვების შემცველი ინტერვიუს მნიშვნელოვნებას ამტკიცებს, რადგან ის რესპონდენტებს სამყაროს მათეული უნიკალური ხედვის, სიტუაციის მათი განსაზღვრების გამოვლენის საშუალებას აძლევს. ასეთი ინტერვიუ აღიარებს, რომ კითხვების ის თანმიმდევრობა, რომელიც ერთი რესპონდენტისთვის მოხერხებულია, შეიძლება, ნაკლებად ერგებოდეს მეორეს, ღია კითხვები კი მნიშვნელოვანი, მაგრამ დაუგეგმავი საკითხების წამოჭრის შესაძლებლობას ქმნის. ოპენჰეიმი (1992: 96 – 7) ინტერვიუირებისას მიკერძოებულობის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: ცუდი რაპორტი ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის; ცვლილებები კითხვის (მაგალითად, დამოკიდებულებების და ფაქტობრივი კითხვები) ფორმულირებაში; მწირი მოტივირება და მიკერძოებული ზონდირება; დამხმარე მასალების (მაგალითად, სადემონსტრაციო ბარათების) მწირი გამოყენება და მართვა; კითხვების თანმიმდევრობის შეცვლა; პასუხების არათანმიმდევრული კოდირება; მონაცემების/ტრანსკრიპტების შერჩევითი, ან ინტერპრეტირებული ჩაწერა; ძნელი ინტერვიუს დაუძლევლობა აქვე შეიძლება დაემატოს "მდუმარე თანხმობის" საკითხი (Breakwell 2000: 254) - ტენდენცია, რომ რესპონდენტებმა შეიძლება თქვან "დიახ" განურჩევლად იმისა, თუ რას ეკითხებიან, რეალურად რას გრძნობენ, ან ფიქრობენ. კიდევ ერთი საკითხია მიმართულების მიმცემი კითხვები. შთამაგონებელია კითხვა, რომელიც დაშვებებს აკეთებს რესპონდენტის შესახებ ან "მათ სიტყვებს უღეჭავს", როდესაც კითხვა, სავარაუდოდ, არალეგიტიმურად, გავლენას ახდენს პასუხზე. მაგალითად (Morrison 1993: 66 – 7), კითხვა: "როდის შეწყვიტეთ უფროს მასწავლებელთან ჩივილი?" უშვებს, რომ რესპონდენტი ხშირი მომჩივანი იყო, ხოლო კითხვა: "რამდენად კმაყოფილი ხართ მათემატიკის ახალი გეგმით?" გულისხმობს გეგმით კმაყოფილების ხარისხს. შთამაგონებელი კითხვები პერიფრაზირების შემდეგ შეიძლება, ნაკლებად შთამაგონებლად ჟღერდეს, მაგალითად, ასე: "რამდენად ხშირად საუბრობთ უფროს მასწავლებელთან?" და "რას ფიქრობთ მათემატიკის ახალ გეგმაზე?" არ ვამბობთ, რომ შთამაგონებელი კითხვების ადგილი საერთოდ არ არის ინტერვიუში. კვეილი (1996: 158) შთამაგონებელი კითხვების დამაჯერებელ მაგალითს ქმნის და ამტკიცებს, რომ ისინი შეიძლება აუცილებელი იყოს იმ ინფორმაციის მისაღებად, რომელსაც, ინტერვიუერის ვარაუდით, იძლევა რესპონდენტი. აქ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რესპონდენტისთვის "უარყოფის ტვირთის" აკიდება (მაგალითად, "როდის შეწყვიტეთ ცოლის ცემა?"). პოლიციელებთან ინტერვიუებში შთამაგონებელი კითხვები, ხშირად, შეიძლება, რესპონდენტის ნათქვამის სანდოობის გადასამოწმებლად გამოვიყენოთ, ან მიზანმიმართულად დასმული ასეთი შეკითხვით გამოვიწვიოთ კონკრეტული არავერბალური ქცევები, რომლებიც რესპონდენტის ნათქვამის სენსიტიურობაზე მიგვანიშნებს. შესაბამისად, მიკერძოებულობის შემცირება უფრო მარტივია: კითხვების ზუსტი ფორმულირება ისე, რომ მნიშვნელობა კრისტალურად სუფთა და გასაგები იყოს; პროცედურების სრულად დამუშავება და ტრენინგი ისე, რომ ინტერვიუერმა კარგად იცოდეს შესაძლო პრობლემების შესახებ; რესპონდენტების ალბათური შერჩევა; ზოგჯერ ინტერვიუერის მახასიათებლების თანხვედრა რესპონდენტთა შერჩევაში შემავალი ადამიანების მახასიათებლებთან. ოპენჰეიმი (1992: 148) მაგალითად, ამტკიცებს, რომ მკვლევრებმა, რომელთაც დამოკიდებულებების შესახებ პასუხების მიღება სურთ, უნდა უზრუნველყონ, რომ შერჩევაში ჩართული იყოს კრიტერიუმის ჯგუფი, მასში შემავალი ცნობილი მახასიათებლების მქონე ადამიანებით. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ინტერვიუ საერთო, შეთანხმებული და დინამიკური სოციალური მომენტია. ინტერვიუს სიტუაციაში მნიშვნელოვანია ძალაუფლების ცნება, ვინაიდან ინტერვიუ არ არის, უბრალოდ, მონაცემების შეგროვების სიტუაცია, არამედ სოციალური და, ხშირად, პოლიტიკური სიტუაციაა. "ინტერ-ვიეწ" სიტყვასიტყვით ნიშნავს ხიდს ორ ადამიანს შორის, ორმხრივი პროცესია და არა ცალმხრივი - ერთი ადამიანის მიერ მეორისგან მონაცემების მიღება. ძალაუფლება შეიძლება ერთნაირად იყოს როგორც ინტერვიუერის, ისე, რესპონდენტის მხარეს (Thapar-Bjorkert and Henry 2004), თუმცა სქორიჩი (1995: 246) ამტკიცებს, რომ, ჩვეულებისამებრ, მეტი ძალაუფლება ინტერვიუერის მხარესაა: ინტერვიუერი სვამს კითხვებს და რესპონდენტი პასუხობს მათ; რესპონდენტს აკვირდებიან, ინტერვიუერს კი - არა. კვეილიც (1996: 126) თვლის, რომ არსებობს ძალაუფლების გარკვეული ასიმეტრიები, ვინაიდან ინტერვიუერი საზღვრავს სიტუაციას, თემებს და ინტერვიუს მიმართულებას. ჯ. ქასელი (J. Cassell ციტირებულია წყაროში Lee 1993) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ელიტის წარმომადგენლები და ძალაუფლების მქონე ადამიანები შეიძლება დამცირებულად ან შეურაცხყოფილად გრძნობდნენ თავს, როცა მათზე დაბალი სტატუსის ან ნაკლები ძალაუფლების მქონესთან უწევთ რესპონდენტის როლში ყოფნა. გარდა ამისა, ძალაუფლების, რესურსებისა და კომპეტენციის მქონენი შეიძლება, თავიანთი რეპუტაციის შენარჩუნებაზე ფიქრობდნენ და ამიტომ უფრო მეტად აკონტროლებდნენ სათქმელს და მას კარგად შერჩეული, გასაგები ფრაზებით შეფუთულს წარმოადგენდნენ. ლი (1993) გამოთქვამს მოსაზრებას სხვადასხვა ინტერვიუს სიტუაციაში ძალაუფლების ასიმეტრიის შესახებ, როდესაც ერთ მხარეს უფრო მეტი ძალაუფლება აქვს და მეტად აკონტროლებს ინტერვიუს, ვიდრე - მეორე. ინტერვიუერები უნდა აცნობიერებდნენ ძალაუფლების პოტენციურად საზიანო ეფექტებს, კრიტიკული თეორიის მნიშვნელოვან ნიშანს, როგორც ითქვა პირველ თავში. ნილი (Neal 1995) ყურადღებას უთმობს ფიზიკური გარეგნობითა და სტატუსით გამოწვეულ უმწეობის გრძნობასა და შფოთვას, რომელიც ინტერვიუერს ეუფლება ძალაუფლების მქონე ადამიანთა ინტერვიუირებისას. ეს, განსაკუთრებით, ხშირია მარტოსული, დაბალი სტატუსის მქონე სტუდენტი მკვლევრების შემთხვევაში, როდესაც მათ ძალაუფლების მქონე ადამიანების ინტერვიუირება უწევთ; დაბალი სტატუსის მქონე მდედრობითი სქესის სტუდენტმა მკვლევარმა შეიძლება, აღმოაჩინოს, რომ მისი ინტერვიუ მაღალ თანამდებობაზე მყოფ მამაკაცთან (მაგალითად, უნივერსიტეტის ვიცერექტორთან, წამყვან პოლიტიკოსთან ან უფროს მენეჯერთან) სრულიად განსხვავდება იმავე ადამიანთან ინტერვიუსგან, თუ ის მიჰყავს უნივერსიტეტის მამაკაც პროფესორს, რადგან მისი რეგალიების გამო, რესპონდენტი ამ ინტერვიუს აღიქვამს თანასწორთა შორის დიალოგად (ასევე, იხილეთ Gewirtz and Ozga 1993: 1994). ბელი (1994ბ) ამბობს, რომ ინტერვიუ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან უნდა განიხილებოდეს, როგორც "ძალაუფლებით თამაშის" გაგრძელება, მისი თამაშისებრი კონოტაციებით. ის ფიქრობს, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანები აკონტროლებენ ინტერვიუს დღის წესრიგსა და მიმართულებას და, ჩვეულებრივ, ძალიან კარგად იციან ეს საქმე, ვინაიდან აქვთ რესპონდენტობის როგორც პიროვნული, ისე, პროფესიული გამოცდილება (ასევე, იხილეთ Batteson and Ball 1995; Phillips 1998). ძალაუფლების ეფექტი ინტერვიუს დაწყებამდეც შეიძლება იგრძნობოდეს, აღნიშნავს ნილი (1995) და საკუთარი მაგალითი მოჰყავს, როცა მას ალოდინეს და, საბოლოო ჯამში, შეაწყვეტინეს, მფარველობდნენ და რესპონდენტმა თავად მას აიძულა რესპონდენტობა. (ასევე, იხილეთ Walford 1994ბ). ფაქტიურად, სქორიჩი (1995) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ბევრი ძლევამოსილი რესპონდენტი არ უპასუხებს კითხვას, ან მის პერიფრაზირებას მოახდენს. ქონელი და მისი კოლეგები (ჩონნელლ ეტ ალ. 1996) ამტკიცებენ, რომ მუშათა კლასის წარმომადგენელი ქალისა და ტრანსნაციონალური ფირმის დირექტორის საუბარი სრულიად განსხვავებული იქნება ამავე პიროვნებასთან საშუალო კლასიდან გამოსული პროფესორის საუბრისგან. ლიმერიკი და მისი კოლეგები (Limerick et al. 1996) საუბრობენ იმ შემთხვევებზე, როდესაც ინტერვიუერები თავს პასიურად, მოწყვლადად, უმწეოდ და რეალურად მანიპულირების ობიექტებად გრძნობდნენ. ამ სირთულის დაძლევის ერთი გზაა ორი ინტერვიუერი თითოეული ინტერვიუსთვის (Walford 1994ც: 227). მეორე მხრივ, ჰიჩკოკმა და ჰაგისმა (1989) ნახეს, რომ თუ რესპონდენტები იცნობენ ინტერვიუერს, მაშინ რეციპროკულობის რაღაც ხარისხი შეიძლება იყოს ინტერვიუში და რესპონდენტი ისეთ პასუხებს იძლეოდეს, როგორსაც, მისი აზრით, ინტერვიუერი ელოდება. ძალაუფლების საკითხი ფემინისტურ კვლევაშიც დგას (მაგალითად, Thapar-Bjorkert and Henry 2004) ანუ კვლევაში, სადაც ხაზგასმულია სუბიექტურობა, თანაწორობა, რეციპროკულობა, თანამშრომლობა, არაიერარქიული ურთიერთობები და ემანსიპაციური პოტენციალი (კატალიზის და სოციალური შედეგების ვალიდობა) (Neal 1995) და ეხმიანება კომენტარებს კვლევის შესახებ, რომელიც კრიტიკული თეორიის პარადიგმის გავლენის ქვეშ იმყოფება. ამ შემთხვევაში ფენიმისტური კვლევა ცდილობს, გადაწყვიტოს ისეთი ინტერვიუები, რომლებიც ადაპტირებული კითხვების დომინანტურ, მამაკაცურ პარადიგმაზეა აგებული და პასიური რესპონდენტისგან ითხოვს პასუხებს. ლიმერიკი და მისი კოლეგები (Limerick et al. 1996) თვლიან, რომ სინამდვილეში სწორი იქნება, თუ ინტერვიუს მივიჩნევთ საჩუქრად, რომლითაც რესპონდენტს მიეძღვნა ძალაუფლება იმისთვის, რომ დაფაროს ინფორმაცია, თავად აირჩიოს ინტერვიუს ჩატარების ადგილი, აირჩიოს, რამდენად სერიოზულად მოეკიდება მას, რამდენ ხანს გაგრძელდება, როდის ჩატარდება, რაზე იქნება საუბარი, რა ტერმინებით, ვისი სიტყვებით, რა ცოდნაა მნიშვნელოვანი და ზოგჯერ ისიც კი, თუ როგორ გაანალიზდება და გამოიყენება მონაცემები (ასევე, იხილეთ Thapar-Bjorkert and Henry 2004). მილერი და ქანელი (1997) გამოყოფენ ზოგიერთ კონკრეტულ პრობლემას, რომელიც სატელეფონო ინტერვიუს ჩატარებისას წარმოიქმნება, სადაც ინტერვიუს სიტუაციის მხოლოდ სმენით მანიშნებლებზე დაყვანა განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება იყოს. აქ შერჩევის პრობლემა დგება, ვინაიდან ყველას არ ექნება ტელეფონი. გარდა ამისა, დგება მთელი რიგი პრაქტიკული საკითხებისა, მაგალითად, რესპონდენტებს მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ინფორმაციის შეკავება შეუძლიათ ხანმოკლე მეხსიერებაში, ამიტომ ძალიან ბევრი ვარიანტის (შესაძლო პასუხების "საჩვენებელი ბარათების" არაწერილობითი ფორმის) მიწოდება უშედეგო ხდება. აქედან გამომდინარე, პასუხების სანდოობა რესპონდენტის მეხსიერების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული - მაგალითად, ერთი დებულებისთვის სკალის რამდენი პუნქტის და დესკრიპტორის დამახსოვრება შეუძლია? გარდა ამისა, მნიშვნელოვანია არავერბალური მიმნიშნებლების, მაგალითად, სახის გამომეტყველების, ჟესტების, პოზის, სიჩუმისა და პაუზების მნიშვნელობის არარსებობა (Robinson 1982), ვინაიდან რესპონდენტი შეიძლება ნათლად ვერ გამოთქვამდეს სიტყვებს და ვერ გადმოსცემდეს დებულებებს მიღმა არსებულ მნიშვნელობას. ეს პრობლემა რთულდება, თუ რესპონდენტი არ იცნობს ინტერვიუერს. მილერსა და ქანელს (1977) კვლევით მიღებული მნიშვნელოვანი საბუთი მოაქვთ ვერბალურ დიალოგში არავერბალური მედიაციის მნიშვნელობის მხარდასაჭერად. როგორც ზემოთ ითქვა, ინტერვიუ სოციალური სიტუაციაა. სატელეფონო ინტერვიუში ძირითადი სოციალური ელემენტების არარსებობამ შეიძლება დაარღვიოს ინტერვიუს ძირითადი მსვლელობა და, შესაბამისად, მისი სანდოობა და ვალიდობა. არავერბალური პარალინგვისტური მანიშნებლები გავლენას ახდენს ინტერვიუს მსვლელობისას ქცევაზე, წინსვლასა და ურთიერთობებზე და, ასევე, იმ მხარდაჭერაზე, საფრთხესა და ნდობაზე, რასაც რესპონდენტი გრძნობს. სატელეფონო ინტერვიუ ადვილად შეიძლება იქცეს მექანიკურ და ცივ პროცესად. გარდა ამისა, არავერბალური მანიშნებლების არქონას ძალაუფლების ასიმეტრიაც ემატება, რომელიც ხშირად არსებობს ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის. ინტერვიუერმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად (მაგალითად, მისცეს რესპონდენტებს თავისუფლება და ნებაზე მიუშვას ისინი). მეორე მხრივ, ნიასი (Nias 1991), მილერი და ქანელი (1997) გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ სწორედ იმ ფაქტორით, რომ ინტერვიუ პირისპირ არ მიმდინარეობს, გაძლიერდეს სანდოობა, რადგან რესპონდენტმა შეიძლება, ისეთი ინფორმაცია გასცეს, რომლის მიღებაც ასე მარტივად ვერ მოხდებოდა პირისპირ ინტერვიუს დროს, ინტიმურ სიტუაციაში. შესაბამისად, სატელეფონო ინტერვიუს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს და მათი გამოყენება მიზნისთვის შესატყვისობის პრინციპით უნდა ხდებოდეს. ასეთი ინტერვიუ უფრო ხანმოკლეა, მეტად ფოკუსირებული და გამოსადეგია დაკავებულ ადამიანებთან ურთიერთობისას (Harvey 1988; Miller, 1995). ინტერვიუს, როგორც კვლევის ინსტრუმენტის, კრიტიკისას კიტვუდი (Kitwood 1997) ყურადღებას ამახვილებს კონფლიქტზე, რომელსაც ის ვალიდობისა და სანდოობის ტრადიციულ ცნებებს შორის წარმოქმნის. ის ამტკიცებს, რომ ინტერვიუს შემდგენლების კონტროლის გზით მისი სანდოობის ზრდა ვალიდობის შემცირების ხარჯზე ხდება და გვიხსნის: რამდენადაც "სანდოობა" გაიზრდება რაციონალიზაციის გზით, იმდენად შემცირდება "ვალიდობა". კვლევაში ინტერვიუს გამოყენების მთავრი მიზანი ისაა, რომ პიროვნებათშორის ურთიერთობებში ადამიანები უფრო მეტად გაიხსნებიან და ილაპარაკებენ საკუთარი თავის შესახებ, ვიდრე ნაკლებად ადამიანურ სიტუაციაში. ზოგიერთი მიზნისთვის მაინც აუცილებელია ისეთი საუბრის გენერირება, რომლის დროსაც "რესპონდენტი" თავისუფლად იგრძნობს თავს. სხვა სიტყვებით, ინტერვიუში გამოკვეთილი ადამიანური ელემენტი აუცილებელია მისი "ვალიდობისთვის". რაც უფრო რაციონალური, ანგარიშიანი და განყენებულია ინტერვიუერი, მით ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ ინტერვიუ მეგობრულ ურთიერთქმედებად იქნება აღქმული, უფრო მეტად მოსალოდნელია ანგარიშიანი პასუხების მიღება. (Kitwood 1977) კიტვუდი (1977) თვლის, რომ ვალიდობისა და სანდოობის პრობლემის გადაწყვეტა "გონივრული კომპრომისით" შეიძლება მოიძებნოს. პიროვნებას, რომლისგანაც ინტერვიუს იღებენ, პრობლემათა კლასტერი ახვევია თავს. მაგალითად, ტაკმენმა (Tuckman 1972) ნახა, რომ კითხვების ფორმულირებისას ინტერვიუერმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ რამდენად უბიძგებს კითხვა რესპონდენტს, უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი თავი ან გაუმართლებლად თანამონაწილე იყოს და ცდილობდეს, წინასწარ განჭვრიტოს, თუ რისი მოსმენა უნდა ინტერვიუერს; ან რამდენად მოითხოვს კითხვა ისეთი ინფორმაციის გაცემას, რომელსაც თავად არ ფლობს ან არ არის დარწმუნებული, რომ იცის. გარდა ამისა, ინტერვიუს პროცედურები ეფუძნება დაშვებას, რომ ადამიანებმა, რომლისგანაც იღებენ ინტერვიუს, იციან თავიანთი ქცევის მიზეზები. ასეთი ცოდნა იშვიათად მიიღწევა და თუ ხდება, ეს ხანგრძლივი და სირთულეებით აღსავსე ძალისხმევის შედეგია და, ჩვეულებრივ, მეორდება კლინიკური ინტერვიუების კონტექსტში. საგანმანათლებლო წრეებში ინტერვიუირება შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს ბავშვებთან მუშაობისას. საიმონსი (1982), მაკკორმიკი და ჯეიმსი (McCormik and James 1988) ბავშვების ინტერვიუირებასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემებს ასახელებენ, როგორიცაა, მაგალითად: ნდობის მოპოვება; თავშეკავებულობის დაძლევა; არაფორმალობის შენარჩუნება; თავის არიდება დაშვებისთვის, რომ "ბავშვებმა იციან პასუხები"; გაურკვევლად, დაუნაწევრებლად მეტყველი ბავშვების პრობლემის დაძლევა; კითხვის სწორად შერჩეულ დონეზე დასმა; სწორი ლექსიკონის შერჩევა; გაცნობიერება, რომ ხდება არავერბალური მანიშნებლების გაცემა და მიღება; უფრო შორს წასვლა, ვიდრე ინსტიტუციური პასუხები, ან იმის მიღებაა, რისი გაგონებაც, ბავშვების აზრით, ინტერვიუერს სურს; თავის არიდება იმისთვის, რომ ინტერვიუერი ავტორიტეტად, ჯაშუშად ან მოგზავნილად აღიქვან; თემის ფარგლებში დარჩენა; დუმილის დარღვევა ტაბუირებულ სფეროებსა და თანატოლების ზეწოლით განმტკიცებულ თემებზე; ბავშვების მოზრდილებზე ნაკლებად მნიშვნელოვნად მიჩნევა (შესაძლოა, იმ თანმიმდევრობით, როგორც ტარდება ინტერვიუ - უფროსი მასწავლებელი, სასწავლო პერსონალი და შემდეგ ბავშვები). ეს თემები არ არის ახალი. გასული საუკუნის 60-იან წლებში ლაბოვის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტუდენტები მწვავედ რეაგირებენ კონტექსტუალურ საკითხებზე ინტერვიუს სიტუაციაში (Labov 1969). ბავშვების სამეტყველო ენა იცვლებოდა მათი ეთნიკური წარმომავლობის, გარემოცვის კეთილგანწყობის, მეგობრებთან ერთად ინტერვიუირების შესაძლებლობის, მოზრდილის მანერების (მაგალითად, მოზრდილი ზის თუ დგას) და სასაუბრო თემის მიხედვით. განსხვავებები მნიშვნელოვანი იყო და იცვლებოდა უცნობ და არაკეთილგანწყობილ გარემოში მყოფი ბავშვების ერთმარცვლიანი პასუხებიდან ვრცელ პასუხებამდე, რომელსაც იძლეოდნენ უფრო კეთილგანწყობილ და ნაკლები საფრთხის შემცველ, ბავშვების ყოველდღიურ გარემოსთან მეტად მიმსგავსებულ გარემოში მყოფნი. ინტერვიუერის და რესპონდენტის სამეტყველო ენა, ჟარგონი (Edwards 1976), სოციალური და კულტურული ფაქტორები მძლავრ გავლენას ახდენს ინტერვიუს სიტუაციაზე. აქ კიდევ ერთი საკითხი დგება (Lee 1993): მკვლევარი მხოლოდ ერთი ინტერვიუთი უნდა შემოიფარგლოს დაუინტერესებლობის და განცალკევებულობის შესანარჩუნებლად (რაც, სავარაუდოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სენსიტიური თემების შემთხვევაში), თუ განმეორებითი ინტერვიუებია საჭირო სიღრმისეული ინფორმაციის მისაღებად და კვლევის თანამშრომლობითი ბუნებისადმი ერთგულების (მახასიათებელი, რომელიც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია ფენიმისტურ კვლევაში: Oakley 1981) საჩვენებლად. კვეილი (1996: 148 – 9) თვლის, რომ გამოცდილმა ინტერვიუერმა: უნდა იცოდეს ინტერვიუს თემა, რათა ინფორმირებული საუბარი აწარმოოს; ისე უნდა დაალაგოს ინტერვიუს სტრუქტურა, რომ მონაწილისთვის მისი ყველა ეტაპი გასაგები იყოს; გასაგები ტერმინოლოგიით უნდა ილაპარაკოს და მკაფიოდ თქვას, რა თემებს ეხება ინტერვიუ; მონაწილეებს უნდა მისცეს დაფიქრების და პასუხების მათთვის მოსახერხებელი ფორმით გაცემის საშუალება; სენსიტიური და ემპათიური უნდა იყოს, ყურადღებას უნდა აქცევდეს, როგორ ითქვა სათქმელი, იყენებდეს აქტიურ მოსმენას და არავერბალურ კომუნიკაციას; ფრთხილად და ყურადღებით უნდა მოეკიდოს ინტერვიუს იმ ასპექტებს, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მონაწილისთვის; არ უნდა გასცდეს თემას და თუ ინტერვიუ თემას უხვევს, მიმართულება მისცეს მას; სწორად დასმული კითხვებით უნდა გადაამოწმოს პასუხების სანდოობა, ვალიდობა და შეთანხმებულობა; უნდა შეეძლოს მონაწილის მიერ ადრე ნათქვამის გახსენება და მათზე მითითება; უნდა შეეძლოს მონაწილესთან მისივე კომენტარების გარკვევა, დადასტურება და მოდიფიცირება. უოლფორდი (1994ც: 225) ამ ჩამონათვალს ამატებს მოთხოვნას, რომ ინტერვიუერი წინასწარ უნდა მოემზადოს ძალაუფლების მქონეთა ინტერვიუირებისას, რადგან ასეთმა ადამიანებმა შეიძლება დეტალურად გამოკითხონ ინტერვიუერი, ვინაიდან ჩათვლიან, რომ ის კომპეტენტური და მცოდნე ადამიანია. ძალაუფლების მქონე რესპონდენტები, ჩვეულებრივ, დაკავებული ადამიანები არიან და მოელიან, რომ ინტერვიუერს წაკითხული ექნება მასალები, რომელიც საყოველთაო კუთვნილებაა. სანდოობის პრობლემები ინტერვიუს მხოლოდ მომზადებასა და ჩატარებაში არ იჩენს თავს. ისინი ინტერვიუს გაანალიზების პროცესზეც ვრცელდება. მაგალითად, ლი (1993) და კვეილი (1996: 163) "ტრანსკრიპტორის[1] მიერ განხორციელებულ შერჩევითობაზე"საუბრობენ. ინტერვიუს ტრანსკრიპტები როგორი დეტალური და სრულიც არ უნდა იყოს, მაინც სოციალური სიტუაციების ინტერპრეტაციებია. ისინი მაშინაც კია კონტექსტისგან დაცლილი და აბსტრაქტული, როცა დუმილის პერიოდები, ინტონაციები, არავერბალური ქცევები და ა. შ. არის ჩაწერილი. შესაბამისად, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ საერთოდ რამდენად გამოსადეგია ისინი მკვლევრისთვის და არა მათი სრული სანდოობის შესახებ. ინტერვიუში ღია კითხვების გამოყენებისას წარმოჭრილი ერთ-ერთი პრობლემაა პასუხების ჩაწერის დამაკმაყოფილებელი მეთოდის შემუშავება. ერთი ვარიანტი ინტერვიუს მსვლელობისას პასუხების შეჯამებაა. მისი ნაკლია ის, რომ ირღვევა ინტერვიუს უწყვეტობა და შეიძლება ტენდენციურობის წყაროდ იქცეს, ვინაიდან ინტერვიუერმა შეიძლება გაუცნობიერებლად იმ პასუხებზე გაამახვილოს ყურადღება, რომელიც მის მოლოდინებს თანხვდება და ვერ შეამჩნიოს მათი საწინააღმდეგო პასუხები. ზოგჯერ პასუხების შეჯამება ინტერვიუს ბოლოს არის შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ ასე დაცულია ინტერვიუს უწყვეტობა, აქ უფრო მეტია ტენდენციურობის ალბათობა, ვინაიდან ინტერვიუერს შეიძლება, უბრალოდ, დაავიწყდეს ზოგიერთი დეტალი და უფრო მეტად სწორედ ის დეტალები, რომლებიც არ თანხვდება ინტერვიუერის მოლოდინს. ვალიდობა და სანდოობა ექსპერიმენტებში როგორც ვნახეთ, ექსპერიმენტული დიზაინის ფუნდამენტური მიზანია იმ პირობების გაკონტროლება, რომლებიც სხვა შემთხვევაში შენიღბავდნენ დამოკიდებულ ცვლადზე დამოუკიდებელი ცვლადის რეალურ ზემოქმედებას. კემპბელი და სტენლი (1963), ბრაჩი და გლასი (Bracht and Glass 1968) და ლუისბეკი (1993) მიიჩნევენ, რომ ბუნდოვანების შემომტანი პირობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ექსპერიმენტის სანდოობას, უფრო მეტად ზემოქმედებს კვაზიექსპერიმენტების ვალიდობაზე, ვიდრე - ჭეშმარიტი ექსპერიმენტების, სადაც ექსპერიმენტულ პირობაში მოხვედრა შემთხვევითია და მკვლევარს უკეთ შეუძლია ორივე პირობის - ექსპერიმენტულისა და საკონტროლოს გაკონტროლება. ქვემოთ მოცემულია კემპბელისა და სტენლის (1963), ბრაჩისა და გლასის (1968) და ლუის-ბეკის (1993) შრომებიდან შეჯამებული ჩამონათვალი, რომელშიც ცალ-ცალკეა წარმოდგენილი საფრთხეები, რომელიც შეიძლება დაემუქროს "შინაგან" და "გარეგან" ვალიდობას. ერთი მხრივ, შინაგანი ვალიდობა პასუხობს კითხვას: "ექსპერიმენტული ჩარევა რეალურად იწვევს თუ არა განსხვავებას ამ კონკრეტულ ექსპერიმენტში?" გარეგანი ვალიდობა, მეორე მხრივ, სვამს კითხვას: "შესაძლებელია თუ არა ამ ნაჩვენები ეფექტის გენერალიზაცია?". შინაგანი ვალიდობის საფრთხეები ისტორია: განათლების სფეროში წარმოებულ კვლევაში ხშირად ხდება, რომ ექსპერიმენტული ზემოქმედების გარდა, პრეტესტსა და პოსტ-ტესტს შორის დროის შუალედში, სხვა მოვლენებიც მოქმედებენ. ეს მოვლენები ამცირებენ ეფექტს, რომელიც შეიძლება შეცდომით მიეწეროს ექსპერიმენტულ ჩარევას. მომწიფება: კვლევის მონაწილეები სხვადასხვაგვარად იცვლებიან ნებისმიერ ორ დაკვირვებას შორის დროის მონაკვეთში. ასეთმა ცვლილებებმა ექსპერიმენტული ჩარევისგან დამოუკიდებელი განსხვავებები შეიძლება წარმოქმნას. მომწიფების პრობლემა უფრო მწვავედ დგას განათლების სფეროში წარმოებულ ხანგრძლივ კვლევებში, ვიდრე ხანმოკლე ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში. სტატისტიკური რეგრესია: მომწიფების ეფექტის მსგავსად, პრეტესტსა და პოსტ-ტესტს შორის დროის ინტერვალთან ერთად სისტემატურად იზრდება რეგრესიის ეფექტი. განათლების სფეროში (და სხვაგან) წარმოებულ კვლევაში სტატისტიკური რეგრესია თავს იჩენს საზომი ინსტრუმენტების არასანდოობის და ყოველი ექსპერიმენტული ჯგუფისთვის უნიკალური გარეშე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად. რეგრესია, უბრალოდ, ნიშნავს, რომ, მოსალოდნელია, ცდის პირები, რომლებმაც ახლა მაღალი ქულა მიიღეს, შედარებით დაბალ ქულას მიიღებენ პოსტ-ტესტში; და, პირიქით, ისინი, ვინც დაბალი ქულები მიიღეს პირველ ტესტირებაში, მოსალოდნელია, რომ შედარებით მაღალ ქულებს მიიღებენ პოსტ-ტესტში. მოკლედ რომ ვთქვათ, პრეტესტ–პოსტ-ტესტის სიტუაციებში ხდება საშუალოსკენ რეგრესირება ანუ მაჩვენებლები საშუალოსთან მიახლოების ტენდენციით ხასიათდება. რეგრესიის ეფექტის გავლენით მკვლევარმა პოსტ-ტესტში მატება ან კლება შეიძლება არასწორად მიაწეროს მეტი ან ნაკლები ქულის მიღებას. ტესტირება: ექსპერიმენტის დასაწყისში ჩატარებულმა პრეტესტმა შეიძლება, ექსპერიმენტული ჩარევისგან განსხვავებული ეფექტი მოგვცეს. შესაძლოა, მათ შორის იყოს ცდის პირების მგრძნობელობა ექსპერიმენტის რეალური მიზნებისადმი და გავარჯიშების ეფექტი, რაც პოსტ-ტესტის დროს უფრო მაღალ ქულებში აისახება. ინსტრუმენტები: არასანდო ტესტებს ან ინსტრუმენტებს ექსპერიმენტში სერიოზული შეცდომის გამოწვევა შეუძლია. დამკვირვებლების ან შემფასებლების, ან ინსტრუმენტებისა და შემოწმების ცვლილებების შემთხვევაში, შეცდომები ექსპერიმენტის მსვლელობისას მათი უნარების და კონცენტრაციის დონის ცვლილებიდან შეიძლება მომდინარეობდეს. შერჩევა: მიკერძოებულობა შესადარებელ ჯგუფებში ცდის პირების არჩევისას დაშვებული განსხვავებების შედეგი შეიძლება იყოს; ან მიკერძოებულობასთან მაშინ გვქონდეს საქმე, როცა ექსპერიმენტულ ან საკონტროლო ჯგუფებად მთლიან კლასებს იღებენ. მეტიც, შერჩევის ტენდენციურობა შეიძლება სხვა ფაქტორებთან (ისტორიასთან, მომწიფებასთან და ა. შ.) ურთიერთქმედებდეს. ექსპერიმენტის სიკვდილიანობა: ხანგრძლივ ექსპერიმენტებში ხშირია ცდის პირების დაკარგვა კვლევიდან მათი გამოთიშვის გამო, რაც ექსპერიმენტული ცვლადების ეფექტთან შერევაში შეიძლება აისახოს, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში ჯგუფები შეიძლება შემთხვევით ყოფილიყო არჩეული, მოსალოდნელია, რომ საბოლოოდ დარჩენილი ჯგუფი განსხვავებული იქნება კვლევის დასაწყისში აღებული მიუკერძოებელი შერჩევისგან. ინსტრუმენტის რეაქტიულობა: კვლევის ინსტრუმენტების გავლენა კვლევაში მონაწილე ადამიანებზე (ასევე, იხილეთ Vulliany et al. 1990).  არჩევისა და მომწიფების ურთიერთქმედება: იმ ვითარებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ერთმანეთში ირევა კვლევის დიზაინის ეფექტები და ცვლადის ეფექტები. გარეგანი ვალიდობის საფრთხეები საფრთხეები, რომელიც გარეგან ვალიდობას ემუქრება, მოსალოდნელია, რომ შეზღუდავს კონკრეტულ ექსპერიმენტულ პირობებში მიღებული შედეგების სხვა პოპულაციაზე ან გარემოზე განზოგადების ხარისხს. ქვემოთ შეჯამებულად არის წარმოდგენილი მთელი რიგი ფაქტორებისა (ადაპტირებულია შემდეგი წყაროებიდან: Campbell and Stanley 1963; Bracht and Glass 1968; Hammersley and Atkinson 1983; Vულლიამყ 1990; Lეწის-Bეცკ 1993), რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს გარეგან ვალიდობას: დამოუკიდებელი ცვლადის გაუგებარი აღწერა: თუ დამოუკიდებელი ცვლადები ადეკვატურად და გასაგებად არ იქნა აღწერილი, მომავალში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ექსპერიმენტული პირობების გამეორება. ხელმისაწვდომი და სამიზნე პოპულაციების არარეპრეზენტაციულობა: მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეები შეიძლება ხელმისაწვდომი პოპულაციის რეპრეზენტაციულ ჯგუფს ქმნიდნენ, ეს ჯგუფი, შესაძლოა, არ იყოს იმ პოპულაციის რეპრეზენტაციული, რომელზეც ექსპერიმენტის შედეგების განზოგადებაა დაგეგმილი, ანუ არასწორი შერჩევა და/ან რანდომიზაცია. ჰოთორნის ეფექტი: სამედიცინო კვლევებში უკვე დიდი ხანია ცნობილია ფსიქოლოგიური ეფექტი, რომელსაც წამლებთან დაკავშირებულ ექსპერიმენტებში მონაწილეობა იწვევს. მონაწილეობით გამოწვეული მიკერძოებულობის საწინააღმდეგოდ, ასეთ კვლევებში პლაცებო და ორმაგად ბრმა ექსპერიმენტები გამოიყენება. ანალოგიურად, ე. წ. ჰოთორნის ეფექტი განათლების სფეროში ექსპერიმენტულ პირობებს მაშინ უქმნის გაჭუჭყიანების საფრთხეს, როდესაც მონაწილეები საკუთარ თავს საექსპერიმენტო ვირთხებად აღიქვამენ.  დამოკიდებული ცვლადების არაადეკვატური ოპერაციონალიზაცია: ექსპერიმენტატორის მიერ ოპერაციონალიზებული დამოუკიდებელი ცვლადები ვალიდური უნდა იყოს იმ არაექსპერიმენტულ გარემოშიც, რომელზეც უნდა განზოგადდეს კვლევის შედეგები. მაგალითად, კარიერის არჩევის შესახებ კითხვარი დიდად ვალიდური ვერ უნდა იყოს იმ სიტუაციისთვის, როცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქმე რეალურ დასაქმებასთან დაკავშირებულ არჩევანზე მიდგება. ექსპერიმენტული პირობებისადმი სენსიბილიზაცია/რეაქტიულობა: შინაგანი ვალიდობისთვის არსებული საფრთხეების მსგავსად, პრეტესტმა შეიძლება შეცვალოს ექსპერიმენტული ცვლადებისადმი ცდის პირების მგრძნობელობა და ამგვარად გადაფაროს და შეერიოს ექსპერიმენტული ჩარევის რეალურ ეფექტს. გარეშე ფაქტორებისა და ექსპერიმენტული ჩარევის ურთიერთქმედების ეფექტები: ზემოთ დასახელებული ყველა საფრთხე, რომელიც შეიძლება დაემუქროს გარეგან ვალიდობას, ექსპერიმენტულ ჩარევასთან ურთიერთმოქმედი სხვადასხვა ფაქტორია. მათი მოქმედების გარდა, ურთიერთქმედების ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს ჩამოთვლილიდან ზოგიერთი ან ყველა ფაქტორის ურთიერთქმედებამ იმ ფაქტორებთან, რომლებიც მოცემულია ქვეთავში "საფრთხეები შინაგანი ვალიდობისთვის". ინსტრუმენტების არავალიდობა ან არასანდოობა: მონაცემების მოპოვება არასანდო ინსტრუმენტებით (იხილეთ ქვემოთ ტესტების შესახებ). ეკოლოგიური ვალიდობა - რამდენად შესაძლებელია ერთ კონტექსტში დაკვირვებული ქცევის სხვა კონტექსტებზე განზოგადება: ჰამერსლი და ატკინსონი (1983: 10) ასახელებენ სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც თან ახლავს დასკვნებს ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ექსპერიმენტულ პირობებში ან ინტერვიუს პროცესში მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით. ამრიგად, თუ შევაჯამებთ, ვნახავთ, რომ ექსპერიმენტს იმდენად შეიძლება ეწოდოს შინაგანად ვალიდური, რამდენადაც, მის ფარგლებში, სანდოა მის მიერ მიღებული შედეგები (Pilliner 1973), მაგრამ გამოსადეგი რომ იყოს, მათი განზოგადება კონკრეტული ექსპერიმენტის მიღმა უნდა შეიძლებოდეს. ერთი სიტყვით, შედეგები გარეგანი ვალიდობითაც უნდა ხასიათდებოდეს. რანდომიზებული გაკონტროლებული ექსპერიმენტების და განზოგადების პრობლემების კრიტიკას მორისონთანაც (2001ბ) შეხვდებით. ფილინერი (Pilliner 1973) შინაგან და გარეგან ვალიდობებს შორის ცალმხრივ ურთიერთობაზე მიუთითებს. შინაგანი ვალიდობის გარეშე ექსპერიმენტს ვერ ექნება გარეგანი ვალიდობა; თუმცა, პირიქით, არ არის ყოველთვის მართებული: შინაგანად ვალიდური ექსპერიმენტი შეიძლება იყოს ან არ იყოს გარეგანი ვალიდობის მატარებელი. ამგვარად, მაქსიმალური ყურადღებით დაგეგმილი ექსპერიმენტი, ვალიურ ენაზე მოლაპარაკე ბავშვების მონაწილეობით, არ არის აუცილებელი, განზოგადდეს ისეთ სამიზნე პოპულაციაზე, რომელშიც ამ ენის არმცოდნე წევრებიც შედიან. აქედან გამომდინარეობს, რომ სკოლებში და, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა ორგანიზაციაში, მართებული ექსპერიმენტირება მდგომარეობს ორივე სახის ვალიდობის - შინაგანის და გარეგანის - მაქსიმიზაციაში. ვალიდობა და სანდოობა კითხვარებში საფოსტო კითხვარების ვალიდობა ორი თვალსაზრისით შეიძლება შეფასდეს (Belson 1986). პირველი, ზუსტად, პატიოსნად და სწორად შეავსეს თუ არა რესპონდენტებმა კითხვარები; და მეორე, დაუბრუნებელ კითხვარებში პასუხების ისეთივე განაწილება იქნებოდა, როგორიც დაბრუნებულებში აღინიშნა, თუ არა. სიზუსტე ინტენსიური ინტერვიუს მეთოდით შეიძლება გადამოწმდეს. ეს არის ტექნიკა, რომელიც 12 ძირითადი მოქმედებისგან შედგება, მათ შორისაა გაცნობა, დროებითი რეკონსტრუქცია, ზონდირება და გამოწვევა. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია მიმართოს Belson (1986: 35 – 8). პასუხის გაუცემლობის პრობლება - "მოხალისის ტენდენციურობის" საკითხი, როგორც მას ბელსონი (1986) უწოდებს, ნაწილობრივ, შეიძლება შემოწმდეს და გაკონტროლდეს იმ კონკრეტულ შემთხვევებში, როცა საფოსტო კითხვარები უწყვეტად იგზავნება. ეს პროცესი მოიცავს შემდგომ კონტაქტს იმ რესპონდენტთან, ვინც არ დააბრუნა კითხვარი და ამას ის ინტერვიუერები აკეთებენ, ვისაც ასეთ ადამიანებთან მუშაობისთვის სათანადო მომზადება აქვს გავლილი. ამის შემდეგ ერთმანეთს დარდება დაბრუნებული კითხვარებით და ამ კონტაქტების შედეგად მიღებული პასუხები. ასევე, ჰადზონი და მილერი (Hudzon and Miller 1977) საფოსტო კითხვარების დაბრუნების სიხშირის მაქსიმიზაციის რამდენიმე სტრატეგიას გვთავაზობენ: მარკიანი და მისამართიანი კონვერტის გაგზავნა კითხვართან ერთად; კითხვარების დაბრუნების რამდენჯერმე მოთხოვნა (სავარაუდოდ, სამჯერ მაინც); კითხვარით მოტანილი სარგებლის მნიშვნელობის ხაზგასმა; სამიზნე ჯგუფისთვის სარგებლისა და ამ ჯგუფის მნიშვნელობის ხაზგასმა (განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს უმცირესობის ჯგუფია, რომელიც ხმის უფლებისთვის იბრძვის); შუალედური მონაცემების უზრუნველყოფა დაბრუნებასა და არდაბრუნებას შორის, რათა შესაძლებელი იყოს მათი კვლევაში ჩართვა; მისამართების გადამოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა; კითხვარის მოძიება პირადი სატელეფონო ზარით; კითხვარების მოძიების პროცესის მორგება ინდივიდებზე (მითითება, რომ მათ პირადად იცნობენ და/ან, რომ ისინი მნიშვნელოვანი ფიგურები არიან კვლევისთვის. იმის საჩვენებლად, რომ მართლა იცნობენ, შეიძლება საუბარში მათზე გარკვეული პირადი ინფორმაციის ჩართვა. არ არის გამართლებული ზოგადი ხასიათის ერთნაირი წერილების დაგზავნა. თავად კითხვარის მახასიათებელების აღნიშვნა (შევსების სიმარტივე. შევსებისთვის საჭირო დრო, დასმული კითხვების სენსიტიურობა, კითხვარის მოცულობა); მოსაწვევების დაგზავნა შემდგომი (პირისპირ ან სატელეფონო) ინტერვიუსთვის; მონაწილეობის წახალისების უზრუნველყოფა მეგობრული მესამე მხარის მიერ; შერჩევის ბუნების სიღრმისეული წვდომა ისე, რომ შესაძლებელი გახდეს შერჩეულებთან ურთიერთობის ეფექტური სტრატეგიების გამოყენება. კითხვარს, მაგალითად, ინტერვიუსთან შედარებით, შემდეგი უპირატესობები აქვს: უფრო სანდოა; ვინაიდან ანონიმურია, რესპონდენტს მეტი გულწრფელობისკენ უბიძგებს (თუმცა, ცხადია, კითხვარში შეიძლება ვერ მოხერხდეს არაგულწრფელობისა და ფალსიფიკაციის დადგენა); უფრო ეკონომიურია დროისა და ფულის თვალსაზრისით; არსებობს კითხვარის ფოსტით გაგზავნის შესაძლებლობა. მეორე მხრივ, მისი ნაკლია: ზოგჯერ ძალიან ცოტა კითხვარი ბრუნდება უკან; ინტერვიუერს არ შეუძლია უპასუხოს კითხვებს, რომლებიც რესპონდენტს ებადება ინტერვიუს მიზნებისა და კითხვარის ნებისმიერი გაუგებარი ნაწილის შესახებ. ხანდახან ისეც ხდება, რომ სხვადასხვა ადამიანს ერთი და იგივე კითხვა სხვადასხვა მნიშვნელობით ესმის; თუ კითხვარში დახურული კითხვები გამოიყენება, მან შეიძლება ვერ დაფაროს საკვლევი თემა ან არ იყოს აუთენტური; თუ მხოლოდ ღია კითხვები გამოიყენება, მაშინ რესპონდენტს შეიძლება სხვადასხვა მიზეზით არ სურდეს პასუხების ჩაწერა; კითხვარები პრობლემებს უქმნის მათ, ვისაც უჭირს წერაკითხვა; ინტერვიუ შეიძლება სათანადო ტემპით ჩატარდეს, ხოლო კითხვარები ხშირად სიჩქარეში ივსება. მაშასადამე, საჭიროა კითხვარების პილოტირება და მათი შინაარსის, კითხვების ფორმულირების, მოცულობისა და ა. შ. დახვეწა და სამიზნე ჯგუფზე მორგება. კითხვარების სანდოობისა და ვალიდობის განხილვისას ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი შერჩევას ეხება. ძალიან მცირე ან ძალიან დიდი მოცულობის, არარეპრეზენტაციულმა, გადახრილმა შერჩევამ შეიძლება იოლად დაამახინჯოს მონაცემები. სინამდვილეში, ძალიან მცირე მოცულობის შერჩევები შეუძლებელს ხდის სტატისტიკურ ანალიზს (Morrison 1993). შერჩევის საკითხები მეოთხე თავშია განხილული. ვალიდობა და სანდოობა დაკვირვებებში დაკვირვებაზე დაფუძნებულ კვლევაში ორი ტიპის ვალიდობის საკითხი დგება. ფაქტობრივად, მონაწილის დაკვირვების სუბიექტური და მეტისმეტად მგრძნობიარე ბუნების შესახებ კომენტარები მის გარეგან ვალიდობას ეხება. საიდან ვიცით, რომ კვლევის ამ ნაწილის შედეგების გამოყენება სხვა სიტუაციებში შესაძლებელია? მეთოდის შინაგანი ვალიდობა უკავშირდება შიშს, რომ დამკვირვებლის შეფასებებზე იმოქმედებს მისი ჯგუფში ჩართულობა. საიდან ვიცით, რომ მთლიანი კვლევის ან მისი ნაწილის შედეგები რეალური, ნამდვილი პროდუქტია? მეოთხე თავში - შერჩევა განვიხილეთ მთელი რიგი ტექნიკისა (კვოტა, ზვავისებრი, მიზნობრივი შერჩევები), რომლებსაც მკვლევრები იყენებენ დაკვირვებული მოვლენების რეპრეზენტაციულობისა და მათეული ინტერპრეტაციების ჯვარედინი შემოწმებისთვის. გარეგან ვალიდობასთან ერთად, მონაწილის დაკვირვების შინაგანი ვალიდობაც მკაცრად უნდა მოწმდებოდეს. დაკვირვების შემთხვევაში ვალიდობასა და სანდოობას რამდენიმე საფრთხე შეიძლება დაემუქროს, მაგალითად: მკვლევარმა, რომელიც მიმდინარე მდგომარეობას იკვლევს, შეიძლება, არაფერი იცოდეს წინმსწრები მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ; ინფორმანტები შეიძლება, არ იყვნენ კვლევაში ჩართული შერჩევის რეპრეზენტაციული; დამკვირვებლის იქ ყოფნამ შეიძლება, განსხვავებული ქცევები გამოიწვიოს (რეაქტიულობა და ეკოლოგიური ვალიდობა); მკვლევარი შეიძლება "გაშინაურდეს", ძალიან მიეჯაჭვოს საკვლევ ჯგუფს და ვეღარ შეძლოს საკმარისად ცივი გონებით მისი ყურება. ამ პრობლემების მოსაგვარებლად დენზინი (1970ა) მონაცემების წყაროებისა და მეთოდოლოგიების ტრიანგულაციას გვთავაზობს. ბუნებრივ კვლევაში დაკვირვების სანდოობისა და ვალიდობის პრობლემების დაძლევის ძირითად გზებს მეთვრამეტე თავში განვიხილავთ. არსებითად, ეს არის შემოთავაზება, რომ ცნებამ "ნდობის ღირსია" (Lincoln and Guba 1985), რომელიც სინდისიერების, დადასტურების, გადატანისა და ნდობის საკითხებზე დაყრდნობით განვითარდა, ჩაანაცვლოს სანდოობისა და ვალიდობის უფრო ტრადიციული ხედვა. მეთვრამეტე თავში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება. თუ დაკვირვება, რომელიც რაოდენობრივი მონაცემების მოპოვებას ემსახურება, ბუნებით გაცილებით მეტად სტრუქტურირებულია, მაშინ მას დამკვირვებლებს შორის და მათ შიდა სანდოობის პირობებს უყენებენ. აქ საჭიროა დარწმუნება, რომ დამკვირვებელს თანმიმდევრულად და სწორად შეაქვს მონაცემები სათანადო კატეგორიებში (ანუ სანდოობა დამკვირვებელთა შორის და მათ შიგნით). გარდა ამისა, ვალიდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია პილოტური დაკვირვების წარმოება, რათა დავრწმუნდეთ, რომ თავად დაკვირვების კატეგორიები კვლევის მიზნისთვის შესატყვისად ადეკვატური, ამომწურავი, წყვეტილი, არაორაზროვანი და ეფექტურად ოპერაციონალიზებულია. ვალიდობა და სანდოობა ტესტებში მკვლევარმა უნდა შეაფასოს ტესტების მონაცემების როლი და მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ჰოთორნის ეფექტი უარყოფითად ან დადებითად მოქმედებს ტესტირებაში მონაწილე სტუდენტებზე. აქ დგება მთელი რიგი საკითხებისა, რომლებმაც შეიძლება, ტესტის სანდოობაზე იმოქმედოს, მაგალითად, დღის დრო, სასწავლო წლის დრო, ოთახის ტემპერატურა, სადაც ტესტირება ტარდება, ტესტის აღქმული მნიშვნელობა, ტესტირების სიტუაციის ფორმალურობის ხარისხი, "ნერვების ომი", სტუდენტების მიერ ნავარაუდევი პასუხების რაოდენობა (ტესტისთვის დამახასიათებელი სტანდარტული შეცდომის გამოთვლა), ტესტის ადმინისტრირების მეთოდი, ტესტის მარკირების მეთოდი, რამდენად ღიაა ან დახურული ტესტის დებულებები. შესაბამისად, მკვლევარი, რომელიც მონაცემების მისაღებად ტესტის გამოყენებას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ ეს ტესტი შესატყვისი, ვალიდური და სანდოა (Linn 1993; Borsboom et al. 2004) ვულფი (1994) გამოყოფს ოთხ ძირითად ფაქტორს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სანდოობაზე, ესენია: იმ ჯგუფის დიაპაზონი, რომლის ტესტირებაც ხდება; რამდენად გამოცდილია ჯგუფი; საზომის მოცულობა (რაც გრძელია ტესტი ანუ რაც უფრო მეტი დებულებაა მასში, მით მეტია შეცდომების დაშვების ალბათობა); სანდოობის გამოთვლის მეთოდი. ფიც-გიბონი (Fitz-Gibbon 1997: 36) ამტკიცებს, რომ სხვა ყველა თანაბარ პირობებში გრძელი ტესტები მეტად სანდოა, ვიდრე - მოკლე. ამასთან, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შეიძლება დააზარალოს ტესტების სანდოობა. ფელდი და ბრენანი (Feldt and Brennan 1993) ოთხი ტიპის საფრთხეს გამოყოფენ, რომელიც შეიძლება დაემუქროს სანდოობას: ინდივიდები: მათი მოტივაციები, კონცენტრაცია, გულმავიწყობა, ჯანმრთელობა, უდარდელობა, ვარაუდები, სხვა თანმხლები უნარები (მაგალითად, კითხვის უნარი, მსგავსი ტიპის პრობლემების გადაჭრის გამოცდილება, პრაქტიკის ეფექტი); სიტუაციური ფაქტორები: ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა ტესტირებისას - კონტექსტი; ტესტის გასწორების ფაქტორები: იდიოსინკრაზია და სუბიექტურობა; ინსტრუმენტის ცვლადები: სფეროების არასწორი შერჩევა, შეცდომები დავალებების შერჩევაში, დავალებების რეალურობა და ტესტირებულის გამოცდილებისადმი შესატყვისობა, არასწორი დებულებები, ერთგანზომილებიანობის დაშვება ან მოცულობა, ზომა დავალებაზე პასუხის თეორიაში, ტესტის მოცულობა/სიგრძე, მექანიკური შეცდომები, შეცდომები ქულების მინიჭებისას, გამოთვლის შეცდომები. არასანდოობის წყაროები ტესტირების და გამოცდების დროს რამდენიმე საფრთხე არსებობს, მაგალითად, გამომცდელებისა და გამსწორებლებისგან, განსაკუთრებით, შესრულების ან მიღწევის ტესტების შემთხვევაში (Cunningham 1998; Airasian 2001): შეცდომები გასწორებაში: მაგალითად, ნიშნების მიწერა, დამატება ან გადატანა; შემფასებლებს შორის სანდოობა: სხვადასხვა გამსწორებელი სხვადასხვა ნიშანს წერს ერთსა და იმავე ან მსგავს ნაშრომებში; არათანმიმდევრულობა გასწორებისას: მაგალითად, თუ ნაწერი ვრცელია, გასწორების დასაწყისში მეტი სიმკაცრის გამოჩენა, შემდეგ კი - შედარებით რბილად შეფასება. ვარიაციები ნიშნების დაწერისას: ნიშნის საზღვრებთან ახლოს მდგომ, ერთნაირი დონის ნამუშევრებს, ერთმა გამსწორებელმა შეიძლება ზედა ზღვრის ქულა მიანიჭოს, სხვამ კი - ქვედა.  ჰალო ეფექტი: სტუდენტი, რომლის შედეგები კარგად ან ცუდად შეფასდა ერთხელ, დაუმსახურებლად იღებს სასურველ ან არასასურველ შეფასებებს, შესაბამისად, სხვა სფეროებშიც. გამოიყოფა თავად სტუდენტებისგან და მასწავლებლებისგან მომდინარე არასანდოობის რამდენიმე წყარო: დავალების შესრულების მოტივაცია და ინტერესი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს შედეგზე. ცხადია, სტუდენტები მოტივირებული უნდა იყვნენ, თუ ტესტში სერიოზული შედეგის მიღებას აპირებენ. მოტივაცია შეიძლება იყოს შინაგანი (რაღაცის კეთება საკუთარი თავის გამო) ან გარეგანი (რაღაცის კეთება გარეგანი მიზეზით, მაგალითად, სერტიფიკატის აღება, დასაქმება ან უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა). განაწყენებული მოსწავლეების მიერ უმიზნოდ, უსისტემოდ შესრულებული ტესტი მათი შესაძლებლობების შესახებ დიდად სანდო ინფორმაციას ვერ მისცემს მასწავლებელს (Wiggins 1998). ტესტირების სეანსებში მონაწილეობის მოტივაცია ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც სტუდენტს დაანახვეს ტესტირების მიზანი და გამომცდელი ტესტირების პროცესში კეთილგანწყობილ, მიზანზე ორიენტირებულ დამოკიდებულებას ინარჩუნებს (Airasian 2001). შეფასებაზე გავლენას ახდენს ურთიერთობა (დადებითიდან უარყოფითამდე) შემფასებელსა და ტესტირებულს შორის. ამ მომენტის მნიშვნელობა მატულობს მასწავლებლის მიერ შეფასებისას, როდესაც სტუდენტები პირადად და პროფესიულად იცნობენ მასწავლებელს და პირიქით, ასევე, როდესაც შეფასება მასწავლებლისა და სტუდენტის პირისპირ კონტაქტს მოიაზრებს. გამომცდელი და გამოსაცდელი ერთმანეთზე გავლენას ახდენენ გამოცდის, ზეპირი შეფასების და მსგავს სიტუაციებში - ეს ორმხრივი პროცესია (Harsen 1994). ტესტირების სიტუაციაში სტუდენტები რეაგირებენ შემფასებლის ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა სქესი, ასაკი და პიროვნება. პირობები - ფიზიკური, ემოციური, სოციალური - გავლენას ახდენენ შეფასებაზე, განსაკუთრებით, თუ ისინი უცნობია. თუ შესაძლებელია, მოსწავლეებმა ტესტირება ნაცნობ გარემოში უნდა გაიარონ, სასურველია, საკუთარ საკლასო ოთახში, სკოლის ჩვეულ გარემოში. დისტრაქტორები, გარეშე ხმაურის, გამომცდელის ოთახში სიარულის და ოთახში სხვების შემოჭრების სახით, ზემოქმედებს მიღებულ ნიშნებზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაბალი კლასის მოსწავლეებთან გვაქვს საქმე (Gipps 1994). გამოცდის დროს მოსწავლეების შფოთვისა და დაძაბულობის შემცირებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, თუ რამდენად კარგად იციან, ზუსტად რას ითხოვენ მათგან. გამომცდელის მიერ ნათლად და მშვიდად მიცემულ მარტივ ინსტრუქციებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს საერთო დაძაბულობა საგამოცდო ოთახში. ამ თვალსაზრისით, მასწავლებლებისთვის, რომლებიც ტესტირების ჩატარებას აპირებენ, შეიძლება გამოსადეგი იყოს მოსწავლეებისთვის მისაცემი ინსტრუქციების გამკაცრება რეალური ტესტირების დაწყებამდე. იდეალურ ვარიანტში ტესტის ინსტრუქციები მარტივი, პირდაპირი და შეძლებისდაგვარად მოკლე უნდა იყოს. როდესაც ამ კონტექსტში ჰოთორნის ეფექტთან გვაქვს საქმე, სტუდენტებს, უბრალოდ, უნდა ავუხსნათ, რომ მხოლოდ შეფასების სიტუაციაც კი საკმარისია, რომ მათი შედეგი უარესობისკენ ან უკეთესობისკენ შეიცვალოს (არც ერთ შემთხვევაში არ გვექნება მათი ჩვეული შესაძლებლობების რეალური ასახვა). ნებისმიერი დისტრაქტორი, ჭარბი ინფორმაციის ჩათვლით, მოახდენს გავლენას. სტუდენტები იმის მიხედვით რეაგირებენ გამომცდელზე, როგორც, მათი აზრით, გამომცდელი ელოდება მათგან რეაგირებას (Haladyna 1997; Tombari and Borick 1999; Stiggins, 2001). ტესტის შედეგზე გავლენას მოახდენს დღის დრო, კვირა და თვე. ზოგიერთი სტუდენტი დილით უკეთ გრძნობს თავს და უკეთ ახერხებს კონცენტრირებას (Stiggins 2001). სტუდენტები ყოველთვის ზუსტად ვერ იგებენ, თუ რას გულისხმობს მოცემული კითხვა. ამიტომ მათ შეიძლება იცოდნენ სწორი პასუხი, მაგრამ ეგონოთ, რომ ის არ არის კითხვის შესატყვისი.  შედეგები შეიძლება შეიცვალოს კითხვიდან კითხვამდე - შეიძლება, სტუდენტმა უკეთესი შედეგი აჩვენოს სხვა კითხვების მიწოდების შემთხვევაში, რომლებიც იმავე საკითხზეა დასმული. ბლექი (1998) ამტკიცებს, რომ ორი კითხვა ექსპერტისთვის შეიძლება, ერთსა და იმავეს კითხულობდეს, ოღონდ სხვადასხვაგვარად, სტუდენტებმა კი ისინი სრულიად განსხვავებულ კითხვებად აღიქვან. სტუდენტები (და მასწავლებლები) ვარჯიშობენ ტესტის მსგავს მასალაზე, რომელიც, მიუხედავად, მომატებული ქულებისა, შეიძლება უკეთესად ამზადებდეს მათ, მაგრამ ტესტირების შედეგებში შესრულების გაუმჯობესება არ აისახებოდეს. სტუდენტს შეიძლება, შეეძლოს კონკრეტული უნარის ტესტში გამოვლენა, მაგრამ ვერ ახერხებდეს იგივე უნარი გამოავლინოს და გამოიყენოს სწავლის უფრო ფართო კონტექსტში. რამდენად მნიშვნელოვანი იქნება შეფასების დავალებები ან თავად შეფასების პროცესი სტუდენტებისთვის, დამოკიდებულია კულტურული, ეთნიკური და გენდერული ფონის ზემოქმედებაზე; ამასთან, გააზრებულობა გავლენას ახდენს მათ მიერ ტესტის შესრულებაზე. სტუდენტის პიროვნებამ შეიძლება, ცვლილება შეიტანოს ტესტის შესრულებაში. სტუდენტების სწავლის სტრატეგიები და სტილები შეიძლება, ცვლიდეს ტესტის შესრულებას. გასწორების პროცესი ყოველთვის არ არის სანდო, გამსწორებლები შეიძლება, ძალიან ხელგაშლილები, სულგრძელები იყვნენ და ძალისხმევასა და შესაძლებლობას აფასებდნენ და არა - ტესტის შესრულებას. კონტექსტი, რომელშიც დავალება სრულდება, გავლენას ახდენს ტესტის შესრულებაზე: ზოგიერთ სტუდენტს ყოველდღიურ პირობებში შეუძლია მოცემული დავალების შესრულება, მაგრამ იგივეს ვერ ახერხებს ტესტირებისას. თავად ტესტის დებულებების თვალსაზრისით, შემდეგი სახის პრობლემები შეიძლება იყოს: თავად დავალება შეიძლება მრავალგანზომილებიანი იყოს, მაგალითად, "კითხვის" შემოწმება რამდენიმე კომპონენტს და კონსტრუქტს შეიძლება საჭიროებდეს. მოსწავლეებმა შეიძლება, შეასრულონ მათემატიკური მოქმედებები მათემატიკის გაკვეთილზე, მაგრამ ვერ გააკეთონ იგივე, მაგალითად, ფიზიკის გაკვეთილზე. მოსწავლეები ყურადღებას არ მიაქცევენ ინგლისურის გრამატიკას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაკვეთილზე, მაგრამ არ დაავიწყდებათ მისი გამოყენება ინგლისურის გაკვეთილზე. ეს ვითარება ბადებს საკითხს იმ კონტექსტების რაოდენობის შესახებ, რომელშიც უნდა გამოვლინდეს ქცევა მანამ, სანამ ჩაითვლება, რომ ეს კონკრეტული ქცევა აკმაყოფილებს კრიტერიუმს (Cohen et al. 2004). ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვაც ცოდნისა და უნარების გადატანის შესახებ. დავალების კონტექსტი გავლენას ახდენს მოსწავლის მიერ ამ დავალების შესრულებაზე. შეიძლება საეჭვო იყოს დებულებების ვალიდობა. რა ენით ხდება შეფასება და რა ენაზე მეტყველებს შემფასებელი, გავლენას ახდენს ტესტის შემსრულებელზე, მაგალითად, თუ შეფასება ხდება შემსრულებლის არამშობლიურ ან "საშუალო კლასის" ენაზე (Haladyna 1997). დავალების კითხვადობის დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს ტესტზე, მაგალითად, კითხვისას წამოჭრილმა სირთულეებმა შეიძლება ყურადღება გადაანაცვლოს ტესტის მიზნიდან, რომელიც მათემატიკური ალგორითმის პრინციპით არის აგებული. ამ ტესტში რიცხვების ან შესასრულებელი მოქმედებების რაოდენობამ და კომპლექსურობამ (მაგალითად, მათემატიკაში) შეიძლება ყურადღება გაუფანტოს ტესტის შემსრულებელს, რომელსაც რეალურად ესმის ეს ოპერაციები და ცნებები. შესასრულებელი მოქმედებების რაოდენობა და ტიპი და დავალების შესრულების ეტაპები: მოსწავლემ შეიძლება იცოდეს, როგორ უნდა შეასრულოს თითოეული ელემენტი, მაგრამ როდესაც ისინი კომბინაციაში მიეწოდება, დავალების ზომა შეიძლება დამთრგუნავად დიდი აღმოჩნდეს. კითხვების ფორმასა და მოწოდების სტილს მოსწავლეების მიერ ტესტის შესრულებაში ვარიაცია შეაქვს და ამით ზემოქმედებს შედეგებზე. 396 განათლების სფეროში კვლევის კონტექსტი კომპლექსურ მიმდევრობაში ადრეულ ეტაპზე დაშვებულმა ერთმა შეცდომამ შეიძლება მიმდევრობის შემდგომი ეტაპები არიოს (ერთ კითხვაში ან კითხვათა ჯგუფში) და მოსწავლემ, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო მიმდევრობის შემდგომი ეტაპების კარგად შესრულება, შეიძლება, მთლიანად დაკარგოს იმისთვის განკუთვნილი ქულა, რისი გაკეთებაც რეალურად შეუძლია. შეიძლება კითხვები გამიზნული იყოს ბიჭებზე, ან გოგონებზე. თუ ნეიტრალურ, არაპიროვნულ თემებზეა საუბარი, მაშინ საგამოცდო კითხვები ბიჭებისთვისაა გამიზნული, ხოლო თუ პირადი და ინტერპერსონალური თემებია წინ წამოწეული - გოგონებზე (Haladyna 1997; Wedeen et al. 2002). ბიჭები გოგონებზე უკეთესად პასუხობენ კითხვები მრავალი არჩევითი პასუხითკითხვებს, ხოლო გოგონები ბიჭებზე უკეთესი არიან ესეს ტიპის კითხვებში (ალბათ, იმიტომ, რომ ბიჭები უფრო მონდომებული არიან, ვიდრე გოგონები, რომ მრავალჯერადი არჩევნის კითხვების პასუხები გამოიცნონ). ასევე, გოგონები ბიჭებზე უკეთ ასრულებენ წერილობით დავალებებს. კითხვები და შეფასება შეიძლება, კულტურით იყოს შეზღუდული: რაც გასაგებია ერთ კულტურაში, შეიძლება, გაუგებარი იყოს მეორეში. ტესტი შეიძლება იმდენად გრძელი იყოს (რათა დაფაროს მთელი მასალა), რომ მოყირჭებამ და კონცენტრაციის დაკარგვამ გააუარესოს სანდოობა. ამრიგად, კონტექსტის სპეციფიკურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ სწავლაზე და ეს გათვალისწინებული უნდა იყოს შეფასებისას, რათა შეფასების პროცესი შეძლებისდაგვარად უსაფრთხო და ბუნებრივი იყოს. ჰარლენი (Harlen 1994: 140 – 2) გამოთქვამს მოსაზრებას, რომ არათანმიმდევრულობა და არასანდოობა მასწავლებელზე და სკოლაზე დაფუძნებულ შეფასებაში შეიძლება, მომდინარეობდეს განსხვავებებისგან, რომელიც არსებობს: მასწავლებლების ან შემფასებლების მიერ შეფასების მიზნების, დავალებებისა და შინაარსის ინტერპრეტაციაში; რეალური დავალებების ნაკრებში ან მათ ირგვლივ არსებულ კონტექსტებსა და ვითარებებში (მაგალითად, დრო და ადგილი); იმაში, თუ რამდენად დაეხმარნენ ტესტის შემსრულებელს ტესტირებისას; ნიშნების დაწერის კრიტერიუმების კონკრეტულობის ხარისხში; ნიშნების დაწერის კრიტერიუმების გამოყენებასა და ნიშნების დაწერის ან გასწორების სისტემაში, რომელიც თან ახლავს ამ კრიტერიუმებს. იმაში, თუ მოსწავლის შესახებ რა მოცულობის დამატებითი ინფორმაცია გამოიყენეს შეფასებისას. ჰარლენი (1994) მხარს უჭერს მოდერაციის მთელი რიგი სტრატეგიების გამოყენებას როგორც ტესტირებამდე, ისე - მის შემდეგ, მათ შორის: სტატისტიკის /კრიტერიუმების გამოყენება; შერჩევების შემოწმება (ფოსტით ან პირადი ვიზიტით); ნიშნების ჯგუფური მოდერაცია; ნიშნების პოსტ-ჰოც დარეგულირება; ინსტიტუტების აკრედიტაცია; გადამმოწმებელთა ვიზიტები; შეთანხმების პანელები; გასწორებისა და ქულების მინიჭების კრიტერიუმების განსაზღვრა; განმარტებითი მაგალითების მოტანა; ჯგუფური მოდერაციის შეხვედრები. თუ მოდერაციის პროცედურები არსებითად ტესტირების შემდეგ ქულების დარეგულირებაა, შეთანხმების ცდები და გასწორების პრაქტიკა შეიძლება, ტესტის მიწოდებამდე განხორციელდეს, რაც, განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია, თუ დიდი რაოდენობით ნაწერებია გასასწორებელი, ან რამდენიმე გამსწორებელია. საქმე ისაა, რომ როგორც შედეგები, ისე - ინსტრუმენტები სანდო უნდა იყოს. სანდოობის მისაღწევად საჭიროა: სანდოობის კოეფიციენტების გამოთვლა, შუაზე გახლეჩვის ტექნიკები, კუდერ-რიჩარდსონის ფორმულა, ტესტის პარალელური/ეკვივალენტური ფორმები, ტესტ-რეტესტის მეთოდები, ალფა კოეფიციენტი; გაზომვის სტანდარტული შეცდომის გამოთვლა და კონტროლი; შერჩევის ზომის გაზრდა (ნორმატიული განაწილების მქონე ტესტში ქულები დიაპაზონისა და გაფანტვის მაქსიმიზაციისთვის), თუმცა კრიტერიუმზე დაფუძნებულ ტესტებში ქულები შეიძლება ზედა დონესთან შეჯგუფდეს (მაგალითად, პროფესიის დაუფლებისას), ანუ ქულების დიაპაზონი შეიძლება შეზღუდული იყოს და ამგვარად მცირდებოდეს გამოსათვლელი კორელაციის კოეფიციენტები; დაკვირვებების და ტესტში ჩართული დებულებების რაოდენობის გაზრდა (ქულების დიაპაზონის გასაზრდელად); დავალებაზე პასუხის თეორიაზე დაყრდნობით ტესტში დებულებების ეფექტური შერჩევის უზრუნველყოფა (ცალკე საკითხად არის განხილული ქვეთავში კომპიუტერისთვის ადაპტირებული ტესტირება. იხილეთ მეცხრამეტე თავი); დებულებების დისკრიმინაციის ხარისხისა და სირთულის ეფექტური დონის უზრუნველყოფა. არა მარტო უნდა მივაღწიოთ სანდოობას, არამედ - უნდა გამოჩნდეს კიდეც, რომ მივაღწიეთ, განსაკუთრებით, ისეთი ტესტირებისას, როცა "ფსონები მაღალია" (როდესაც ბევრია დამოკიდებული ტესტის შედეგებზე, მაგალითად, უმაღლეს სასაწავლებელში მოხვედრა ან სამსახურის დაწყება). აქედან გამომდინარე, სანდოობის უზრუნველყოფის პროცედურები გამჭვირვალე უნდა იყოს. აქ სირთულე ისაა, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით ზემოთ განსაზღვრულ სანდოობას, მით მეტად ობიექტური ხდება ტესტი, მით მეტი სტუდენტი გაიზომება ისე, თითქოს ისინი უსულო საგნები იყვნენ და მით მეტად კონტექსტიდან ამოვარდნილი იქნება ტესტი. სანდოობის ალტერნატიული ფორმა, რომელიც უფრო კონსტრუქტივისტულ ფსიქოლოგიას ეყრდნობა, ხაზს უსვამს კონტექსტის მნიშვნელობას, სუბიექტურობის მნიშვნელოვნებას და საჭიროებას, რომ ტესტის შემსრულებელი უფრო სრულად იყოს ჩართული, ვიდრე უბრალო ტესტში. პოზიტივიზმსა და უფრო ინტერპრეტაციულ მიდგომებს შორის დაძაბულობის შესახებ ამ წიგნის პირველ თავში ვისაუბრეთ. ობიექტური ტესტები, როგორც ამ თავშია აღწერილი, მკვეთრად იხრება პოზიტივისტური პარადიგმისკენ მაშინ, როცა სოციალური მეცნიერების კვლევის უფრო ფენომენოლოგიური და ინტერპრეტაციული პარადიგმები გარემოს, ინდივიდუალური აღქმების, დამოკიდებულებების, მოკლედ რომ ვთქვათ, "აუთენტური" ტესტების მნიშვნელობაზე გააკეთებენ აქცენტს (ტესტის მონაცემების დაუმუშავებული, არახელოვნური ფორმების გამოყენება, მაგალითად, პორტფოლიოები, დოკუმენტები, საკურსო ნაშრომები, უფრო რეალური დავალებები და მეტი აქტიური ჩართულობა). მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ისეთ პოზიციაზე დგას, რომელიც უფრო ახლოსაა შეფასებასთან, ვიდრე - ვიწრო "ტესტირებასთან", ეს ორი მიდგომა ფარავს ერთმანეთს, ორივე შემთხვევაში შესაძლებელია ნიშნების, ქულებისა და ჯილდოების მინიჭება, ორივე შეიძლება იყოს როგორც მაფორმირებელი, ისე - შემაჯამებელი და ორივე შეიძლება იყოს კრიტერიუმზე დაფუძნებული. რაც შეეხება ვალიდობას, უნდა აღინიშნოს, რომ ეფექტური ტესტი ადეკვატურად უზრუნველყოფს შემდეგს: შინაარსის ვალიდობა (მაგალითად, ტესტის დებულებებში პროგრამის და ტესტის მიზნების ადეკვატური და რეპრეზენტაციული დაფარვა - სფეროს შერჩევის ძირითადი მახასიათებელი): მიიღწევა იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტესტის შინაარსში სიტუაციების კლასის ან სფეროს, ან კიდევ სამიზნე თემის სამართლიანი შერჩევა. შინაარსის ვალიდობა მიიღწევა კონკრეტული სფეროსადმი ტესტის შინაარსის რელევანტურობისა და შერჩევის შესახებ პროფესიული დასკვნების გამოტანით. ეს დაფარვას და რეპრეზენტაციულობას ეხება და არა პასუხების პატერნებს ან ქულებს. აქ შეფასებით მსჯელობაზეა საუბარი და არა გაზომვაზე (Kerlinger 1986). შინაარსის ვალიდობისთვის ტესტის რამდენიმე მახასიათებლის უზრუნველყოფა (Wolf 1994): (ა) ტესტის ფარგლები, ანუ დაფარვის არე (რამდენად ფარავს ტესტი რელევანტურ სფეროს); (ბ) ტესტის რელევანტურობა (რამდენად ისწავლეს ტესტის დებულებებში მოცემული მასალა, ან რამდენად რელევანტურია დებულებები კონკრეტული პროგრამისთვის); (გ) პროგრამის ფარგლები (რამდენად ფარავს პროგრამა მთლიან საკვლევს სფეროს). კრიტერიუმის ვალიდობა: როდესაც მაღალი კორელაციის კოეფიციენტი გვაქვს ტესტის ქულებსა და იმავე უნარის შესაფასებელ სხვა, უკვე მიღებულ ქულებს შორის, ვალიდობა მიიღწევა ტესტის ქულებისა და სხვა საზომიდან ან ტესტიდან აღებული ერთი ან მეტი ცვლადის (კრიტერიუმის) ერთმანეთთან შედარების გზით, რაც იმავე ფაქტორის საზომად მიიჩნევა. ვულფი (1994) ამტკიცებს, რომ კრიტერიუმის ვალიდობის მიღწევისას ძირითადი პრობლემა, რომლის წინაშეც დგანან ტესტის შემქმნელები, სათანადო კრიტერიუმის საზომის არჩევაა. მას მოაქვს მაგალითი, რომელშიც ნაჩვენებია, თუ რამდენად რთულია აკადემიური უნარების ტესტში აკადემიური მიღწევისთვის სათანადო კრიტერიუმის შერჩევა. კრიტერიუმი უნდა იყოს: რელევანტური (და შეთანხმებული, რომ რელევანტურია); ტენდენციურობისგან თავისუფალი (ანუ გარეგანი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება აჭუჭყიანებდეს კრიტერიუმს, მოშორებულია); სანდო - ზუსტი და სწორი; შესაძლებელი უნდა იყოს მისი გაზომვა ან მიღწევა. კონსტრუქტის ვალიდობა (მაგალითად, ტესტის დებულების თვალსაჩინო მიკუთვნებულობა მისი შემოთავაზებული კონსტრუქტისადმი/არადაკვირვებადი თვისებისადმი ან მახასიათებლისადმი, რომელსაც აჩვენებს როგორც ემპირიული მონაცემები, ისე - ლოგიკური ანალიზი და კამათი, ანუ ხარისხი, რომლითაც კონკრეტულ კონსტრუქტებს ან ცნებებს ტესტის შესრულების ახსნის მოცემა შეუძლიათ): ეს მიიღწევა იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტესტის შესრულების სათანადო ახსნა კონკრეტული შესატყვისი კონსტრუქტებითა და ცნებებით. შინაარსის ვალიდობის მსგავსად, ის არ ეყრდნობა ტესტის ქულებს, არამედ საქმე უფრო მეტად ეხება იმას, თუ რამდენად არის ტესტის დებულებები კვლევისთვის სამიზნე საფუძვლად მდებარე, ფარული კონსტრუქტის ინდიკატორი. ამ თვალსაზრისით, კონსტრუქტის ვალიდობა შინაარსისა და კრიტერიუმის ვალიდობასაც მოიცავს. ამტკიცებენ (Loevinger 1957), რომ კონსტრუქტის ვალიდობა სინამდვილეში ყველა ტიპის ვალიდობის დედოფალია, ვინაიდან მასში სხვა ტიპის ვალიდობები ერთიანდება და კონსტრუქტებს ან ახსნას შეეხება და არა - მეთოდოლოგიურ ფაქტორებს. კონსტრუქტულ ვალიდობას საფრთხეს უქმნის კონსტრუქტის არასაკმარისი რეპრეზენტაცია, ანუ ტესტი ძალიან ვიწროა და ყურადღების მიღმა ტოვებს კონსტრუქტის მნიშვნელოვან ასპექტებს; ასევე საფრთხის შემცველია ირელევანტური საკითხების დამატებაც - სანდო დისპერსიის სიჭარბე. ანალოგიის ვალიდობა გვაქვს მაშინ, როდესაც ერთი ტესტის შედეგები თანხვდება სხვა ტესტების ან ინსტრუმენტების შედეგებს, რომლებიც იმავე კონსტრუქტს/უნარს ამოწმებს/აფასებს. ვალიდობის ეს ტიპი ახლოს დგას პრედიქტულ ვალიდობასთან, თუმცა არ გააჩნია დროის განზომილება. ანალოგიის ვალიდობის გამოვლენა სხვა ინსტრუმენტთან ერთდროულად არის შესაძლებელი და არა - გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. თვალსაჩინო ვალიდობა: როდესაც ტესტი გარეგნულად, ერთი შეხედვით ზომავს იმას, რის გასაზომადაც შექმნეს. მსაჯულთა ვალიდობა კონსტრუქტის ვალიდობის მნიშვნელოვანი ელემენტია; როდესაც მნიშვნელოვანია თანხმობის მიღწევა არადაკვირვებადი, არათვალსაჩინო კონსტრუქტების კონცეფციებისა და ოპერაციონალიზაციის თაობაზე. პრედიქტული ვალიდობა: ტესტის შედეგები ზუსტად წინასწარმეტყველებს თუ არა შემდგომ შესრულებას - ენათესავება კრიტერიუმის ვალიდობას. შედეგების ვალიდობა: დასკვნები, რომლის გამოტანა შეიძლება ტესტიდან, შინაარსიანია. სისტემური ვალიდობა (Frederiksen and Copplins 1989) მაშინ გვაქვს, როდესაც პროგრამის აქტივობები აუმჯობესებს ტესტის შესრულებასაც და კონსტრუქტსაც, რასაც პროგრამა ისახავდა მიზნად. ქანინგემი (Cunningham 1998) გვთავაზობს სისტემატური ვალიდობის მაგალითს, სადაც თუ ტესტს და ლექსიკური მარაგის შემოწმების მიზანს ტესტის შემსრულებლის ლექსიკური მარაგის გაზრდისკენ მივყავართ, მაშინ უზრუნველყოფილია სისტემური ვალიდობა. ტესტის ვალიდობის უზრუნველყოფის შემდეგ ის მიზნისთვის შესატყვისი უნდა იყოს და, ასევე, ვალიდობის ზემოთ ჩამოთვლილი სახეობების საკითხი უნდა ჰქონდეს მოგვარებული. მკვლევრისთვის, ალბათ, კონსტრუქტის ვალიდობაა ყველაზე რთულად მოსაგვარებელი, რისთვისაც საჭიროა შეთანხმების მიღწევა არათვალსაჩინო, ნახევრად ნავარაუდევი კონსტრუქტის ან ფენომენის დეფინიციისა და ოპერაციონალიზაციის თაობაზე. აქ თავისი როლი მეცნიერთა საზოგადოებამ უნდა შეასრულოს. ვალიდობის უფრო სრული განხილვისთვის იხილეთ Messick (1993). ამ თავის ბოლოს მოკლედ მიმოვიხილავთ ვალიდობასა და სანდოობას ცხოვრებისეული ისტორიების ანგარიშებში. ვალიდობა და სანდოობა ცხოვრებისეულ ისტორიებში სამი ცენტრალური საკითხი განამტკიცებს ცხოვრებისეული ისტორიის მეთოდოლოგიით მიღებული მონაცემების ხარისხს. ესენია რეპრეზენტაციულობა, ვალიდობა და სანდოობა. პლამერი ყურადღებას აპყრობს ცხოვრებისეული ისტორიის კვლევის ხშირ კრიტიკას, კერძოდ, იმას, რომ მისი შემთხვევები ატიპურია და არა - რეპრეზენტაციული. ამ ბრალდების თავიდან ასაცილებლად, ის ურჩევს მკვლევრებს, რომ "დაამუშაონ და ნათლად, გასაგებად აღწერონ ცხოვრებისეული ისტორიის მიმართება უფრო ფართო პოპულაციასთან" (Plammer 1983) იმით, რომ კვლევის სუბიექტი მოათავსონ რეპრეზენტაციულობასა და არარეპრეზენტაციულობას შორის კონტინუუმზე. სანდოობა ცხოვრებისეული ისტორიის კვლევაში მიკერძოებულობის წყაროს იდენტიფიკაციასა და მისი შესამცირებელი ტექნიკების გამოყენებაზეა დამოკიდებული. მიკერძოებულობა მომდინარეობს ინფორმანტიდან, მკვლევრიდან და თავად ურთიერთქმედებიდან. 6. 1, ჩანართში რომელიც პლამერის შრომიდან არის ადაპტირებული (1983), ამ ძირითადი წყაროებიდან მომდინარე მიკერძოებულობის ზოგიერთი ასპექტია წარმოდგენილი. ჩანართი 6. 1. მიკერძოებულობის ძირითადი წყაროები ცხოვრებისეული ისტორიების კვლევაში წყარო: ინფორმანტი − მოწოდებულია თუ არა (უნებლიეთ) მცდარი ინფორმაცია? − ადგილი ჰქონდა თუ არა თავის დაძვრენას? − არსებობს თუ არა ტყუილისა და შეცდომაში შეყვანის უშუალო მტკიცებულებები? − მხოლოდ „ზედაპირია“ თუ არა წარმოდგენილი? − რა შეიძლება მიიჩნოს ინფორმანტმა „ისედაც ცნობილად“ და ამიტომ აღარ თქვას? − რამდენად „გთაფლავთ“ ინფორმანტი? − რა მოცულობის მასალაა დავიწყებული? − რა მოცულობის მასალა შეიძლება იყოს თვითმოტყუება? წყარო: მკვლევარი − მკვლევრის დამოკიდებულებები: ასაკი, სქესი, კლასი, რასა, რელიგია, პოლიტიკა და ა. შ. − მკვლევრის ქცევის მანერები: ჩაცმულობა, მეტყველება, სხეულის ენა და ა. შ. − მკვლევრის პიროვნება: შფოთვა, მოწონების მოთხოვნილება, მტრული განწყობა, სითბო და ა. შ. − მკვლევრის მეცნიერული როლი: თეორიის გამართვა და ა. შ. − მკვლევრის მოლოდინი. წყარო: ურთიერთქმედება − შეხვედრაზე უნდა განიხილებოდეს: საიდან მოდის მიკერძოებულობა: ფიზიკური გარემოდან – „სოციალური სივრციდან“? წინმსწრები ურთიერთქმედებიდან? არავერბალური კომუნიკაციიდან? მეტყველებიდან? წყარო: ადაპტირებულია Plummer 1983: ცხრილი N5. 2. გვ. 103. მკვლევარს ვალიდობის გადამოწმების რამდენიმე შესაძლებლობა აქვს. პლამერი (1983) ასახელებს შემდეგს: ცხოვრებისეული ისტორიის სუბიექტი შეიძლება, თვითკრიტიკული გახდეს მას შემდეგ, რაც მთლიან პროდუქტს წაიკითხავს; შეიძლება, ერთმანეთს შედარდეს მსგავსი წერილობითი წყაროები განსვლისა და თანხვედრის ძირითადი პუნქტების გამოსავლენად; სიზუსტის გადასამოწმებლად ცხოვრებისეული ისტორია შეიძლება, შედარდეს ოფიციალურ ჩანაწერებს; შედარება შესაძლებელია სხვა ინფორმანტების გამოკითხვით. ნებისმიერი ცხოვრებისეული ისტორიის ვალიდობას, არსებითად, განაპირობებს ინფორმანტის უნარი - გადმოსცეს საკუთარი სუბიექტური რეალობა ანუ სიტუაციის მისეული განსაზღვრება. [1] შინაარსის რედაქტორის შენიშვნა: ინტერვიუს სრულ, დაწერილ ტექსტს ტრანსკრიპტი ეწოდება, ხოლო ის, ვინც ამ ტექსტს წერს, ტრანსკრიპტორია. ◄ წინა ნაწილი გაგრძელება ► …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 2:58pm on იანვარი 11, 2017
თემა: ესაიას წინასწარმეტყველება (განმარტება 21-40)
ესაიას უწყებაში მოიაზრებენ სენნახირიმის მიერ ბაბილონელი მეფის მეროდან-ბალადანის წინააღმდეგ ქრისტეშობამდე 702 წელს მიმართულ გამანადგურებელ საომარ მოქმედებებსა და იმავე ასურელი მეფის მიერ 689 წელს ქალაქ ბაბილონის დაქცევას. მეორენი თვლიან, რომ ესაია მოცემულ შემთხვევაში სპარსულ-მიდიური სამხედრო კოალიციის მიერ ძვ. წ. აღ-ის 539 წელს ბაბილონის დაპყრობას გულისხმობდა. მხ. 1. ‘ზღვის უდაბნოს განაჩენი. სამხრეთში ამტყდარი გრიგალები, ის მოდის უდაბნოდან, საშინელი ქვეყნიდან”. ზღვის უდაბნოს ზოგჯერ ბაბილონს უწოდებდნენ. განმმარტებლები სახელის წარმომავლობასთან დაკავშირებით ორ ვერსიას გვთავაზობენ: 1. მდინარე ევფრატი ქალაქ ბაბილონის სამხრეთით იმგვარად ფართოვდებოდა, რომ ერთი შეხედვით ზმღვას ჰგავდა. 2. ბაბილონი სპერსითის ყურესთან ახლოს მდებარეობდა, რისთვისაც რიგ შემთხვევაში მას ზღვისპირეთად მოიხსენიებდნენ. ტერმინი უდაბნო კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბაბილინის მომავალ ბედს. თავი 22 მხ. 1. ‘წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე. რა დაგემართათ, ყველანი რომ ბანზე გამოშლილხართ?” ესაია ხილვათა ხეობას იერუსალიმს უწოდებს, რადგა უზენაესისგან მიღებული გამოცხადებების უდიდესი ნაწილი სწორედ იუდეის დედაქალაქს უკავშირდება. წინამდებარე თავში გადმოცემული წინასწარმეტყველება სენნახირიმის იუდეაზე თავდასხმის შესახებაა[1]. იერუსალიმი მთებს შორის, შუაში იყი მოქცეული და მოახლოებული მტრი დედაქალაქის სახლის აივნებიდანაც კარგად ჩანდა. წინასწარმეტყველი თანატომელებს ამხნევებს და მომავალი განსაცდელების მშვიდობიან დასასრულს ატყობინებს. თავი 23 მხ. 1-14. ‘ტვიროსის განაჩენი. ივალალეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან დაქცეულია ტვიროსი, აღარც სახლებია, აღარც მისასვლელი! ქითიმის ქვეყნიდან გამოეცხადა მას…” წინასწარმეტყველი ფინიკიელთა ორი ქალაქის - ტვიროსისა და სიდონის შესახებ საუბრობს. ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ფინიკიელებს ამავე ზღვის დასავლეთ სანაპიროებზე თავიანთი კოლონიები ჰქონდათ. პირველ მუხლში ნახსენები ქალაქი თარში ტვიროსელთა კოლონია იყო. ტვიროსში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ სავაჭრო ნივთებით დატვირთული ხომალდები, ხოლო შემდეგ სახმელეთო გზებით ტვირთს სხვადასხვა მიმართულებით აგზავნიდნენ. ქალაქში მუდამ უამრავი სტუმარი იმყოფებოდა. დღისით თუ ღამით ტვიროსის ქუჩები სავსე იყო ჩამოსული ვაჭრებით. გამალებული ვაჭრობის შედეგად ფინიკიელებმა დიდი სიმდიდრე მოიპოვეს, მათი მთავარი ქალაქი ტვიროსი კი ერთ-ერთი საუკეთესო პოლისი გახდა. ესაიას წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ. 729 წელს აღესრულა, როდესაც ქალაქი ჯერ ასურელებმა დაიპყრეს, ხოლო მოგვიანებით თანმიმდევრობით - ქალდეველებმა, საპარსელებმა, ბერძნებმა. ტვიროსის დამხობის მიზეზი, ესაიას თქმით, მისი ამპარტავნებაა. წინასწარმეტყველი იუწყება, რომ შორეული თარშიდან ხომალდებით გამომგზავრებული ფინიკიელი ვაჭრები ზღვის კუნძულის მკვიდრთაგან გებულობენ[2], რომ მშობლიური ქალაქი ტვიროსი მტრებმა გაანადგურეს. ესაია მიმართავს მათ და კვლავ უკან მიბრუნებას ურჩევს. თავი 24 წიგნის 24-27 თავებს განმმარტებლები ესაიას აპოკალიფსს უწოდებენ. წინამდებარე თავში წინასწარმეტყველი მსოფლიო ხალხების გასამართელების შესახებ საუბრობს. თავი 25 მხ. 8. ‘შთანთქავს სიკვდილს საუკუნოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა”. ესაია სიკვდილის დამარცხების თაობაზე საუბრობს. იმავეს იუწყებოდა წინასწარმეტყველი ოსიაც: ‘სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?”[3] წინასწარმეტყველებმა საღვთო მადლით წინდაწინ განჭვრიტეს, რომ დადგებოდა ჟამი, როდესაც ყოვლისშემმუსვრელი სიკვდილი თავად განიგმირებოდა. თავი 26 მხ. 14. ‘მკვდრები არიან, არ გაცოცხლდებიან; აჩრდილები აღარ აღდგებიან, რადგან შენ დასაჯე და მოსპე ისინი. მათი სახსენებელი წარხოცე.” მხ. 19. ‘გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას”. წარმოდგენილ ორ მუხლში, ერთი შეხედვით, საპირისპირო აზრებია გადმოცემული, მაგრამ საქმე ისაა, რომ გაცოცხლებულ მიცვალებულებში ესაია უფალში განსვენებულ და მარადიული ნეტარებისთვის მკვდრეთით აღდგომილ ადამიანებს მოიაზრებს, ხოლო გაუცოცხლებელი მკვდრებში ისინი იგულისხმებიან, რომელნიც ჭეშმარიტი სიცოცხლის თანაზიარი არასოდეს გახდებიან, რასაც ეკლესიის მამები მარადიულ სიკვდილს უწოდებენ. თავი 27 მხ. 1. ‘იმ დღეს დასჯის უფალი სასტიკი, დიდი და ძლიერი მახვილით ლევიათანს, გველს მოსრიალეს, და ლევიათანს, გველს დაკლაკნილს, და მოკლავს გველეშაპს, ზღვაში მყოფელს”. ესაიას წიგნის 24-27 თავებში გადმოცემული აპოკალიპტური სწავლება წინამდებარე მუხლში კულმინაციას აღწევს. მასში მისტიკური ცხოველის სახით ლევიათანი, გველეშაპი, არის წარმოდგენილი, რომლის მიწიერ პირველსახესაც ნიანგი წარმოადგენდა. ლევიათანი წმინდა წერილის თანახმად, სამყაროში მოქმედი ბოროტების სიმბოლოა, რომელსაც საკუთარი უკეთური ძალა ღვთის რჩეული ერის წინააღმდეგ აქვს მიმართული. უგარიტულ ლიტერატურაში ლევიათანი წესრიგის მქონე სამყაროს მტერია[4]. ესაია მოცემულ შემთხვევაში სწორედ ამ სახეს იყენებს, რითიც მსმენელს აჩვენებს, რომ ღმერთს ძალუძს, ქაოსი შეაჩეროს და წესრიგი, ჰარმონია დაამყაროს როგორც დედამიწაზე, ასევე ადამიანის გულში. ეს მოხდება იმ დღეს, როდესაც დროის დასასრულს დედამიწაზე არსებული ბოროტება სამუდამოდ განიგმირება. წინასწარმეტყველი სამ არსებას ჩამოთვლის (გველს მოსრიალეს, გველს დაკლაკნილს, ზღვაში მობინადრე გველეშაპს). სამივე მათგანი ძველ აღმოსავლეთში ბოროტების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსრიალე გველში მდინარე ტიგროსი მოიაზრება, რადგან იგი როგორც ისარი, პირდაპირ მიემართება და მისი ასურული სახელწოდებაც ჰადიგლატჰ სწორედ ისარს ნიშნავს. ტიგროსის ხსენებით ესაია ასურეთის შესახებ წინასწარმეტყველებს და მოსრიალე გველის მახვილით დასჯა ასურეთის აღსასრულს გულისხმობს, რაც სიმბოლურად უკეთური ძალის საბოლოო მარცხს უიგივდება. დაკლაკნილ გველში განმმარტებლები მდინარე ევფრატს მოიაზრებენ, რომელიც ძლიერ დაკლაკნილი გზებით მიიკვლევდა კალაპოტს. მასში ბაბილონის სამეფო მოიაზრება, რადგან ქალაქი ბაბილონი სწორედ ევფრატის ნაპირზე იყო განლაგებული (უკეთურების კიდევ ერთი სიმბოლო). რაც შეეხება ზღვის გველეშაპს, ამ სახით წმინდა წერილი ეგვიპტის სამეფოს თაობაზე გვამცნობს (ბოროტების მესამე სიმბოლო). თავი 28 მხ. 1. 'ვაი, ეფრემის მემთვრალეთა სიამაყის გვირგვინს და მისი დიდებული მშვენების დამჭკნარ ყვავილს, ღვინით დაძლეულთა პოხიერი მინდვრების თავზე!" წინასწარმეტყველება ძვ. წ. აღ-ის 722 წლამდეა გამოთქმული, რადგან სწორედ ხსენებულ წელს დაიპყრეს ასურელიბამა ისრაელის სამეფო. ეფრემის საამაყო გვირგვინში ისრაელის დედაქალაქი სამარია მოიაზრება. იგი ულამაზეს ადგილზე, მთებს შორის იყო გაშენებული. მხ. 5. 'იმ დღეს ცაბაოთ უფალი იქნება მშვენიერების გვირგვინად და დიდების ჯიღად თავისი ერის ნატამალისთვის ". ისრაელის სამეფოს მკვიდრთათვის სმარიაა სიამაყის გვირგვინი, იუდასთვის კი ამგვარი გვირგვინი უზენაესია, რომელიც დაიფარავს და დაიცავს მათ განსაცდელთაგან. მორიგ მუხლებში ესაია მკაცრი მამხილებელი სიტყვებით მიმართავს სასულიერო პირებს, ცრუ წინასწარმეტყველებს და მოსამართლეებს. მხ. 9-10. 'ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი? - რძეს მოწყვეტილთ, ძუძუანასხლეტთ? რადგან რჩევა რჩევაზე, რჩევა რჩევაზე, წესი წესზე, წესი წესზე, ცოტა აქ, ცოტა იქ". ესაიას გამოთქმულ მხილებაზე სასულიერო პირები, მოსამართლეები და ცრუ მოძღვარნი უკმაყოფილებას ვერ მალავენ: 'ვინ უნდა დამოძღვროს ცოდნით და ვის უნდა ჩააგონოს ამბავი?". ისინი ცდილობდნენ, დაეცინათ წინასწარმეტყველისთვეს. მათი თქმით, არა მარტო ესაიაა ღვთივსათნო საქმის მცოდნე, არამედ თავადაც იციან, როგორ იმოქმედონ სწორად, და არაა საჭირო, მშობელთაგან დატუქსული მცირეწლოვანი ბავშვების დარად, ჭკუის დარიგება. მათი აზრით, ზედმეტია ყველაფერში ჩარევა და დამმოძღვრელობა, რადგან წარჩინებულ იუდეველებს ესაიას სიტყვა არ აინტერესებდათ, ვინაიდან საკუთარ თავს იყვნენ მინდობილნი და მიაჩნდათ, რომ დიპლომატია და მოხერხებულობა, რასაც ფლობდნენ, ყველგან და ყველაფერში გამოდგებოდა. მხ. 16-18. 'ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება. დავდებ სამართალს ლარად და სიმართლეს - შვეულდ, და სეტყვა წარხოცავს სიცრუის თავშესაფარს და წყალი წაიღებს ტყუილის საფარველს. გაცუდდება თქვენი აღთქმა სიკვდილთან და თქვენი კავშირი შავეთთან ვერ გაძლებს; როცა წარმხოცელი შოლტი ჩამოივლის, მისი გასათელი შეიქნებით". ესაია თვითდაჯერებულ თანამემამულეებს პასუხობს: საიმედო იქნება ლოდი, რომელიც სიონში დაიდება. სწორედ მას უნდა ჰსასოებდნენ და ესავდნენ ადამიანები. ხსენებულ ლოდში რომ ესაია ქრისტეს გულისხმობდა, ამას ახალი აღთქმის წიგნები ადასტურებენ[5]. ესაიას თქმით, სწორედ ეს ლოდია შენობის საფუძველი. ვინც თავსაკიდურ ლოდს დეყრდნობა, არასოდეს გამოეცლება სიმტკიცე, ხოლო საკუთარ თავს მინდობილი ადმიანი, მსგავსად წინასწარმეტყველის თანამედროვე იუდეველებისა, ამასოფლის განსაცდელთაგან მოვლენილი უდიდესი ტალღებით წაილეკებიან. თავი 29 მხ. 1. 'ვაი არიელ, არიელ, ქალაქს, დავითის სადგომო ქალაქო! მიუმატეთ წელს წელი, იბრუნონ დღესასწაულებმა. და მე შევაჭირვებ არიელს, და იქნება ურვა და ტირილი და მეყოლება არიელივით". არიელად იერუსალიმი იწოდება - ქალაქი, სადაც მეფე დავითი ცხოვრობდა. ფილოლოგიური ანალიზის შედეგად განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ, ტერმინ არიელს ორი მნიშვნელობა გააჩნია: ლომი ღვთისა და ღვთის სამსხვერპლო. პირველი მნიშვნელობაში იუდეველთა დედაქალაქის ძლევამოსილება იგულისხმება, ხოლო იერუსალიმის ვითარცა ღვთის საკურთხევლის მოხსენიებით ესაია სენნახირიმის მომავალ თავდასხმასა და უდიდეს მსხვერპლზე მიუთითებს. ‘მიუმატეთ წელს წელი” ანუ ასურთიდან მომდინარე საფრთხე დაახლოებით ორი წლის შემდეგ შეისხამს ხორც. თუმცა იერუსალიმი ღვთის არიელად კვლავ დარჩება. მხ. 3. ‘ბანაკად შემოგადგები ირგვლივ და კოშკებს შემოგავლებ, გოდოლებს აღვმართავ შენს წინააღმდეგ”. ესაია მსმენელს აუწყებს, რომ ასურელთა ხელით თავად უფალი იმოქმედებს და დაამდაბლებს იუდეველებს. მხ. 5. 'მტვრის კორიანტელივით იქნება შენი ურიცხვი მტერი და განიავებულ ბზესავით - ურიცხვი მტარვალი. მოხდება უცბად ანაზდეულად". იერუსალიმის მტრებს სიხარული მცირე დროით ელით, რადგან დედაქალაქის კედლებს ქარისგან გაფანტული მტვერის მსგავსად გაშორდებიან. მძიმე სიზმრის მსგავსად, ასურელთა შემოსევა მალევა დასრულდება და თავად მომხვდურთა ჯარიც იხილავს, რომ სურვილი, იერუსალიმის სიმდიდრით დამტკბარიყვნენ, განუხორციელებელი დარჩება. მხ. 13-14. 'თქვა უფალმა: რაკი პირით მომიახლოვდა ეს ხალხი და ბაგით მადიდებს მხოლოდ, გულით კი შორს არის ჩემგან და გაზეპირებულ ანდერძად ექცათ ჩემდამი მოწიწება, ამიტომ, აჰა, საკვირველს რასმე მოვახდენ ამ ხალხზე, გასაოცარს და საკვირველს; დაიკარგება მათ ბრძენთა სიბრძნე და მათ გონიერთა გონიერება უჩინო იქნება". იუდეველები, ერთი მხრივ, ტაძრის მსახურებაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ, ხოლო მეორე მხრივ, თავიანთი ზრახვები არაფრით ეთმობოდათ. სწორედ ასეთ მზაკვრულ დამოკიდებულებას ამხელს წინასწარმეტყველი, როდესაც ადამიანი სხვას ფიქრობს, სხვას ამბობს, სხვასაც მოქმედებს და უფლის ტაძარშიც მხოლოდ პირადი საჭიროებისთვის დადის. ასეთებს ესაია შეაგონებს: მხ 15. 'ვაი მათ, ვინც ღრმად მალავენ უფლისაგან თავიანთ ზრახვებს და ბნელში აქვთ თავიანთი საქმეები, და ამბობენ: ვინ არის ჩვენი დამნახველი, ვინ არის ჩვენი მცნობელი?" თავი 30 ესაიას წიგნის წინამდებარე და შემდეგი თავი ასურეთის იმპერიის ვასალი სახელმწიფოების პოლიტუგური უგუნურების მხილებას ეძღვნება. ისინი იუდეის სამეფოსთან ერთად (ესაა ეზეკიასს მმართველობის პერიოდი) ასურული უღლის გადაგდებას ჯიუტად ცდილობდნენ და, ამასთანავე, დასუსტებული ეგვიპის ეიმედებოდათ. იუდაში ანტიასურული პოლიტიკის აქტიურ მხარდამჭერ იერარქთა ჯგუფს სამეფო კარის მოხელე შებნა[6] ხელმძღვანელობდა. ესაიამ სწორედ ამ ადამიანის ძალისხმევით დაკარგა გავლენა ეზეკიაზე და დამეფემ წინასწარმეტყველის რჩევების ყურისგდება შეწყვიტა. გულისტკივილითა და მწუხარებითა შეჭირვებული ესაია საზოგადოებაში მეტად აღარ ჩნდებოდა, თუმცა საკუთარი მოწაფეების საშუალებით საშინელი ხვედრის შესახებ მთელს იერუსალიმს ატყობინებდა. ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა კოალიციის წინააღმდეგ წარმოთქმულ ქადაგებებში, რომლებმაც ხარკის გადახდა ერთი მეორეს მიყოლებით შეუწყვიტეს ასურეთს და კავშირს ეგვიპტესთან ეძებდნენ, ესაია იუდეის სიბეცეს ამხელს, რადგან ისინი ღვთის ნებას წინაღდგომიან. თავი 31 მხ. 1. 'ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან". ვაი მას, ვინც ეგვიპტეს და, ზოგადად, ამაქვეყნიურ ძალას ჰსასოებს, რაც მოცემულ შემთხვევაში ცხენებისა და ეტლების სიმრავლითაა წარმოდგენილი. ჯერ კიდევ მრავალი საუკუნით ადრე უფალი მოსე წინასწარმეტყველის ბაგეებით აფრთხილებდა იუდეველებს, რომ აქტიური კავშირი არ ჰქონოდათ ეგვიპტელებთან და ცხენები თუ ეტლები მათგან არასოდეს შეეძინათ[7]. ესაიას თანამედროვე ებრაელები კი საპირისპიროს მოქმედებენ. ჭინასწარმეტყველი ცდილობს, იუდეველებს განუმარტოს, რომ ერთადერთი შემწე, განსაცდელისგან გამომხსნელი უზენაესი ღმერთია და მასზე მთელი ძალით დანდობილი არასოდეს დამარცხდება. თავი 32 ---------- თავი 33 მხ. 1-4. 'ვაი შენ, დამარბეველო, თავად დაურბეველო, გამცემო და თავად გაუცემელო! როცა მოათავებ რხევას, შენც დაირბევი; როცა შეწყვეტ გამცემლობას, შენ გაგცემენ...აიკრიფება თქვენი ნადავლი, როგორც კრეფს ბოცომკალი; დაესხმის, როგორც კალიის ურდო ესხმის". წინამდებარე თავში გადმოცემული მოვლენები იუდეის სამეფოზე ასურელთა თავდასხმის პერიოდს უკავშირდე. ასურელები თავდაპირველად ეგვიპტისკენ გაეშურნენ, მოგვიანებით კი გეზი იერუსალიმისკენ მიმართეს. მიუხედავად ეზეკიას მცდელობისა, დიდი სიმდიდრის ფასად დაეხსნა იუდეა, სენნახირიმი შეჩერებას მაინც არ აპირებდა. ესაია ამ მოვლენათა შესახებ წინდაწინ იუწყება და იუდეველებს მომავალი განსაცდელისას ღვთის შემწეობაში არწმუნებს. თავი 34 ---------- თავი 35 ---------- თავი 36 ესიას წიგნის 36-37 თავებში წარმოდგენილი მოვლენები ნაწილობრივ ნეშტთა წიგნებში, ხოლო სრულად მეფეთა წიგნბშია გადმოცემული[8]. წინასწარმეტყველის მიზანი მოცემულ შემთხვევაში ღმერთს მინდობილი და სასწაულებრივი გზით ღვთისგან დაცული იუდეველი მეფის წარმოჩენა იყო. ეს ყოველივე რჩეული ერისთვის მაგალითი უნდა გამხდარიყო იმისა, რომ უზენაესი არა მარტო დაპირებებს იძლევა, არამედ მათი აღსრულებაც ძალუძს. ისმის კითხვა: რომელი ტექსტი დაიწერა პირველად, ის, რაც ბიბლიის ისტორიულ წიგნებშია გადმოცემული, თუ ესაია მიერ აღწერილი ცნობები? განმმარტებელთა შორის ამ საკითხთან მიმართებაში განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ისინი, ვინც მეფეთა წიგნების შესაბამისი უწყების უწინარესობას ემხრობიან, ამბობენ, რომ ესიამ მოგვიანებით საკუთარ წიგნში იგივე გაიმეორე და ასურეთის შესახებ მრავალგზის ნათქვამი წინასწარმეტყველების ჭეშმარიტება დაამოწმა. ამავდროულად, იმავე განმმარტებელთა თქმით, მეფეთა წიგნებში წარმოდგენილი მოვლენები გაცილებით მწყობრად და სრულად გადმოსცემს იერუსალიმის ალყასთან დაკავშირებულ მოვლენებს. მეორე მხარეს მიაჩნია, რომ პირიქით, მეოთხე მეფეთა წიგნის ავტორი ესაიას წინასწამრეტყველების უტყუარობას ადასტურებს. სანამ წინამდებარე თავში გადმოცემულ უწყებას მუხლობრივად განვიხილავდეთ, ისტორიულ ფონსა და განვითარებული მოვლენების წინაპირობებზე ვისაუბრებთ. დეკან. ალექსანდრე მენი: მეოცე თავში მოთხრობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც იუდა ასურეთის წინააღმდეგ სხვა წინააზიურ სახელმწიფოებთან ერთად იზრახავდა ამბოხს, ხუთ წელზე ოდნავ მეტი გასულიყო. მთელი ამ დროის მანძილზე იერუსალიმი მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას. 705 წელს პალესტინაში მოვიდა ამბავი სარგონის გარდაცვალების შესახებ. მყისიერად წამოიშვალა ძველი ვნებები ამბოხის სურვილისა. ესაია კვლავაც ხედავდა და გრძნობდა, ეზეკიას ერთი ნაბიჯი აკლდა, საომარ მოქმედებებში რომ ჩაბმულიყო. ამჯერად დაშვებული შეცდომა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩენილიყო, რადგან ასურეთის სამეფო ტახტზე ახალი მონარქი – სენნახირიმი აღზევდა, რომელიც საკუთარ მამაზე, სარგონზე, გაცილებით საშიში მოწინააღმდეგე იყო. მან ჯერ კიდევ მამის თანამმართველობისას გამოიჩინა თავი, როდესაც სადაზვერვო სამსახურხს ხელმძღვანელობდა. ფაქტობრივად, ახალ იერარქს ერთი წამის დაკარგვა არ უწევდა, მსოფლიოში არსებულ ვითარებას რომ გასცნობოდა, რადგან ეს საქმიანობა - ნებისმიერ სახელმწიფოში არსებული განწყობა, მონაცემები სამხედრო ძალების შესახებ, იერარქთა მიზნები, სურვილები, მისწრაფებები და მსგავს მოვლენებში გარკვეულობა ჯერ კიდევ გამეფებამდე იყო მისი პროფესიული ვალდებულება. ერთი რამ აშკარად ჩანდა, სენნახირიმი თეგლათ-ფალასარის სულით მოქმედებდა და ძველ ჩვეულებებს უბრუნდებოდა და მალე საკუთარი სისასტიკითა და დაუნდობლობით ყველა წინარე მმართველს გადააჭარბა. სენნახირიმის სიყვარულმა დისციპლინისა და წესრიგისადმი არ იცოდა საზღვარი. მეფემ ახალი ბრძანება გამოსცა: ვინც დედაქალაქში, ნინევში, სახლის მშენებლობისას გზის სწორ ხაზს თუნდაც რამდენიმე სანტიმეტრით დაარღვევდა, სარზე უნდა დაესვათ. იერარაქმა გარშემო სამხედრო ხალხი შემოიკრიბა და მათთან ერთად საომარ მოქმედებებს გეგმავდა. კვლავ გააქტიურდა შებნა მწერალი. იგი მეფე ეზეკიას შეაგონებდა, რომ აუცილებელი იყო იუდაც ჩაბმულიყო ანტიასურულ კავშირში. ამავდროულად, აქტიურობდა ეგვიპტე და გამამხნევებელ წერილებს აგზავნიდა ყველასთან. წინააზიურმა სახელმწიფოებმა ერთიმეორეს მიყოლებით უარი განაცხადა ასურეთისთვის ხარკის გადახდაზე. იუდეველმა მეფემაც ვერ გაუძლო ცდუნებას. მხოლოდ ეკრონის მეფე პადი უარობდა კოალიციაში გაერთიანებას, რადგან აზოტის სახით მშვენიერი მაგალითი ჰქონდა, თუ რა შედეგი მოაქვს ნინეველებთან დაპირიპირებას (აღნიშნულის შესახებ მეოცე თავშია მოთხრობილი). მაგრამ განსხვავებული განწყობა სუფევდა თავად ეკრონში: მისმა მკვიდრებმა საკუთარი მეფე პადი დაატყვევეს და იერუსალიმში ეზეკიასთან ჩაიყვანეს. ამგვარი ქმედება სენნახირიმის წინააღმდეგ მიმართული აშკარა გამოწვევა იყო, რადგან წინააზიურ რეგიონში ერთადერთი ერთგული ვასალი ასურელებისა დატყვევებულია და იუდეველთა დედაქალაქის საპყრობილეში იმყოფება. ეს არის დრო, როდესაც ესაიას არავინ არაფერს ეკითხება. და აი, დადგა დღე, როდესაც იერუსალიმის გარშემო მდებარე მთები ასურელებით დაიფარა. ყველა მხრიდან მოიჩქაროდნენ მეომრები. სენნახირიმმა კარგად იცის, რომ დედაქალაქის აღება არცთუ იოლი საქმეა, ხოლო ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში შესაძლოა საქმეში ეგვიპტელი ფარაონი ჩაებას, რაც ერთიორად გაართულებს გეგმას. ამიტომაც ასურელი მეფის ბრძანებით შეირჩა დელეგაცია, რომელმაც მოლაპარაკება უნდა აწარმოოს და ეზეკიას უომრად დანებება მოსთხოვოს. ეზეკია თავად უარს ამბობს დიალოგში მონაწილეობის მიღებაზე და სამ იერარქს აგზავნის. შეხვედრა ჩრდილო-აღმოსავლეთის გალავანთან ხდება. იერუსალიმის მოსახლეობა და მეომრები კედლებზე განლაგებულან და თვალყურს ადევნებენ შეხვედრას. სამხედრო მინისტრი რაბშაკე შეგნებულად იწყებს ებრაულ ენით მაღალ ხმაზე საუბარს. რაბშაკეს სიტყვა დახვეწილი სახითაა წარმოდგენილი და მსმენელებზე ერთგვარ ფსიქოლოგიური ხასიათის თავდასხმას წარმოადგენს. ასურელი იერარქის სიტყვებს იუდეველთა მხრიდან სამარისებური სიჩუმე მოჰყვა. წარგზავნილები ეზეკიასთან შემოხეული სამოსით ბრუნდებიან. სენნახირიმმა ეგვიპტელ ფარაონთან დაპირისპირების მიზეზით იერუსალიმის კედლებთან განლაგებული ჯარი მოხსნა, თუმცა ეზეკიას წერილით მიმართა და კვლავ დაემუქრა მთელი იუდეის განადგურებით. იუდეველი მეფე, მიიღო რა წერილი, ჯვალოშემოსილი ტაძარში გაემართა, ხოლო ელჩები ესაიასთან მიავლინა, რომ საიმედო სიტყვები გაეგო. დაბრუნებულმა ელჩებმა მეფეს აუწყეს: დაისჯება სენნახირიმი, რადგან ცისა და ქვეყნის შემოქმედი დაგმო. იერუსალიმის კედლებთან მომხდარი შემდგომი მოვლენები დიდწილად საიდუმლოებითაა მოცული. გარკვეულმა ვითარებამ ასურელთა ჩანაფიქრის შემდგომი განვითარება დააბრკოლა. ლაქიშის გათხრებისას უზარმაზარი ძმური სასაფლაო აღმოაჩინეს, სადაც უწესრიგოდ განეთავსებინათ 1 500 ადამიანზე მეტი ცხედარი. ეგვიპტური ლეგენდის თანახმად, როდესაც ასურელებმა ეგვიპტის წანააღმდეგ განიზრახეს ლაშქრობა, ვირთხების უზარმაზარი გუნდი დაესხათ თავს. მათ ასურელ მეომართა სამოსისა თუ იარაღის ზონრები ერთიანად გადაღრღნეს და უიარაღოდ დარჩენილი ჯარი უკუიქცა. ბიბლიის მიხედვით, ასურელთა მოკვდინება უფლის ანგელოზს – მალაქიას უკავშირდება). მხ. 1-2. ‘მეფე ხიზკიაჰუს მეთოთხმეტე წელს მოადგა სანხერიბი, აშურის მეფე, იუდას ყველა ციხე-ქალაქს და აიღო ისინი. გაგზავნა აშურის მეფემ რაბშაკე ლაქიშიდან იერუსალიმისკენ მეფე ხიზკიაჰუსთან დიდძალი ჯარით; და დადგა იგი ზემო ტბორის წყალსადინართან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე". განმმარტებლები ვარაუდობენ, რომ სენნახირიმმა[9] იერუსალიმი არა ერთგზის, არამედ რამდენიმეჯერ მოაქცია ალყაში, თუმცა ბიბლიური თუ ისტორიული წყაროებით აღნიშნული უწყების დამოწმება არ ხერხდება. ასურულ ლურსმნისებრ წარწერებში აღმოსავლეთის მმართველთათვის დამახასიათებელი ქედმაღლობით ნათქვამია, რომ სენნახირიმმა იუდეის 46 ქალაქი დაიპყრო, რაც ეზეკიას მიერ ხარკის გადახდაზე უარის თქმამ განაპირობა. სავარაუდოდ, გარდა იუდეისა სენნახირიმის წყრომის ობიექტს სხვა წინააზიური სახელმწიფოებიც წარმოადგენდა, რადგან ისინი შესაძლოა, კოალიციური არმიის შექმნას აპირებდნენ და ეგვიპტის დახმარების წყალობით ასურელთა უღლის გადაგდებას ლამობდნენ. ასურული ისტორიული წყაროების თანახმად, სენნახირიმის თავდასხმისას პირველად სიდონი განადგურდა (სიდონი ისრაელის სამეფოს ჩრდილოეთით მდებარეობდა და ფინიკიელებს ეკუთვნოდა). ასურულმა ჯარმა ხმელთაშუაზღვის სანაპიროს გავლით ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გაიკვალა გზა და ფილისტიმელთა ქალაქები - ეკრონი და აკკარონი დაიმორჩილა. შემდეგ სენნახირიმი იუდეისკენ დაიძრა და ქალაქი ლაქიში დაიკავა. ურიცხვ მტერთან ბრძოლის პირობებში ყველა იუდაური ქალაქის გადარჩენა შეუძლებელი ამოცანა იყო, ამიტომაც ეზეკია ეგვიპტიდან დახმარების მოლოდინში დედაქალაქს, იერუსალიმს, ამაგრებს. ასურის მეფე იუდეველ მეფეს ელჩებს ქ. ლაქიშიდან უგზავნის. მითითებული ქალაქი იერუსალიმის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა. ესაის წიგნის ცნობების შევსება მეფეთა წიგნებითაა შესაძლებელი. წინასწარმეტყველთან მე-2 მუხლში ვკითხულობთ, რომ ასურის მეფე იერუსალიმში რაბშაკეს აგზავნის, თუმცა მეფეთა წიგნების თანახმად, აღნიშნულ მოვლენას წინ უსწრებს უწყება თავად ეზეკიას მიერ წარგზავნილი ელჩების შესახებ, რაც ესაიასთან გამოტოვებულია. ამ ცნობის მიხედვით, ეზეკია სენნახირიმის წინაშე თავს დამნაშავედ სცნობს და ხარკის გადახდის განახლებაზე თანხმობას შეუთვლეს. სენნახირიმი იუდას 300 ქანქარ ვერცხლსა და 30 ქანქარ ოქროს მოსთხოვს. მითითებული თანხის მოძიება იერუსალიმში ვერ ხერხდება. გადასახადის მოკრების მიზნით ეზეკია სამეფო სასახლესა და სოლომონის ტაძარს ოქროსა და ვერცხლს მთლიანად შემოაცლის და ასურის მეფეს უგზავნის[10]. იოსებ ფლავიუსის ცნობით, სენნახირიმმა, მიუხედავად იმისა, რომ იუდას მთელი განძი მიითვალა, პირობის შესრულებაზე უარი განაცხადა და იერუსალიმის დასაპყრობად მხედართმთავარი რაბშაკე მიავლინა. დეკან. ალექსანდრე მენი: იერუსალიმში მთელი ძალით დაიწყო მზადება საომარი მოქმედებებისთვის. იუდაური ჯარი არაბი დაქირავებული მეომრებით შეივსო. რათქმაუნდა, იუდაში მიმდინარე მოვლენები ნინევში დაუბრკოლებლად ჩადიოდა, თუმცა დუმდა სენნახირიმი, მაგრამ ეს იყო დუმილი ჭექა-ქუხილის წინ. 702 წელს პალესტინაში აღმოსავლეთიდან არასასიამოვნო ამბავი ჩამოვიდა: ასურელ მეფეს ერთი ხელის დარტყმით დაემარცხებინა ბაბილონელი მეფე მეროდან-ბალადანი და უშუალოდ ქალაქ ბაბილონშიც შეჭრილიყო. სენნახირიმმა მეგაპოლისიდან 200 000 ადამიანი გადაასახლა. ამჯერად, როდესაც აღმოსავლური საფრთხე დაძლეული იყო, შუამდინარელი მონარქი ურჩი სახელმწიფოების დასასჯელად დასავლეთისკენ გამოემართა. 701 წელს უზარმაზარი ასურული ჯარი ფინიკიაში შეიჭრა, აქედან ეკრონისკენ გაემართა და დაიპყრო იგი. საკუთარი მეფის, პადის, წინააღმდეგ ამბოხში მონაწილე ყველა პირი უსასტიკესად დასაჯეს, ცხედრები კარიბჭეში სახალხოდ გამოფინეს, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი იმპერიაში გადაასახლეს. ამის შემდეგ ასურული ჯარი იუდაურ სახელმწიფოში შეიჭრა. გამაგრებული ქალაქები ერთიმეორეს მოყოლებით გადადიოდა მომხდურთა ხელში. სენნახირიმმა პალესტინის ერთ-ერთი უმთავრესი ქალაქი – ლაქიში დაიკავა და იერუსალიმის დასაპყრობად დაიწყო მზადება. ასურულმა ჯარმა მალე ალყაში მოაქცია იუდეველთა დედაქალაქი. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დაქირავებულმა არაბებმა და ჯარის ნაწილმა ეზეკიას ასურელებთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების წარმოება მოსთხოვა, იუდეველ მეფეს სავხა არაფერი დარჩენოდა: მან ლაქიშში მყოფ სენნახირიმს თხოვნით მიმართა და გამოსასყიდის გადახდას შეჰპირდა, თუ ისინი უკან დაიხევდნენ. შუამდინარელმა იერარქმა იუდას უზარმაზარი კონტრიბუცია დააკისრა: 150 კილოგრამზე მეტი ოქრო და ცხრა ტონა ვერცხლი. ეზეკიას მთელი იერუსალიმის განძისა და ტაძრის ძვირფასეულობის შეგროვებაც დასჭირდა. ძვირფას ლითონთან ერთად ლაქიშში ეკრონის დატყვევებული მეფე პადიც გააგზავნეს. ძვირფასეულობით დატვირთულმა ქარავანმა ასურელ მეფეს ლაქიშში ვერ ჩაუსწრო და ნინევიისკენ მიმავალ გზაზე წამოეწია. სენნახირიმის მოულოდნელი უკუსვლა იმპერიაში განვითარებულმა ახალმა ამბოხმა გამოიწვია, თუმცა სენნახირიმი დარწმუნებული იყო, რომ იუდამ ბრწყინვალე გაკვეთილი მიიღო, რასაც დიდი დროის მანძილზე არ დაივიწყებდა. ომის ამგვარი ტრაგიკული დასასრულის ფონზე შებნას პარტია უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა. სახელმწიფო მთლიანად დაცლილი იყო ქონებისგან, ხალხის ნაწილი ასურეთში გადაასახლეს. მეამბოხეებს მოუწიათ აღიარება, რომ მართალი იყო ესაია. ყველას მისკენ მიემართა მზერა, თუ რას იტყოდა ამჯერად ჭეშმარიტების მქადაგებელი. წინასწარმეტყელის ასპარეზზე გამოსვლიდან ორმოცი წელი გასულიყო, მისდამი კრძალვა კი სულ უფრო მეტად იზრდებოდა ხალხში. 701 წელს დედაქალაქში დაბრუნებულ სენნახირიმს იმპერიის შიგნით უამრავი პრობლემა ჰქონდა, რის მოგვარებასაც საკმაო დრო დასჭირდა. წინააზიური სახელმწიფოები კვლავ ურჩობის სურვილით განიმსჭვალნენ, მათ შორის იუდეის სამეფოც. 689 წელს, მას შემდეგ, რაც ასურელმა მონარქმა ყველა საშინაო საკითხი გადაწყვიტა, ურჩი ეზეკიასა და მისი სამეფოს დასასჯელად ხელმეორედ შეიჭრა იუდაში და სამხედრო ბანაკი კვლავ ლაქიშში განათავსა (მსგავსად პირველისა). სწორედ ამის შესახებ მოგვითხრობს ესაიას წიგნის წინამდებარე თავი. ამჯერად ეზეკია დარწმუნებული იყო, რომ ასურელებს უკან ვერაფერი გააბრუნებდა. უმძიმესი ვითარება სუფევდა იუდეველთა დედაქალაქში, მოსახელობა სასოწარკვეთილი მოელოდა მოვლენების განვითარებას. ხალხი თვლიდა, რომ ერთადერთი გამოსავალი უპირობო კაპიტულაციაა. სწორედ ამ დროს გამოდის სიტყვით ესაია და იერუსალიმელებს ჩაუბარებლობისკენ მოუწოდებს). მხ. 3. ‘გავიდნენ მასთან სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე”. ასურელებს იერუსალიმი ალყაში ჰყავთ მოქცეული. რაბშაკესთან მოსალაპარაკებლად გამოდიან ელიაკიმი, შებნა მწერალი და იოახი, ასაფის ძე. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეზეკიამ არ ჩათვალა საჭიროდ, თავად გასულიყო მოლაპარაკებაზე იერარქიულად დაბლამდგომ მხედართმთავართან. იოსებ ფლავიუსის ცნობით, უზომოდ შეშინებულ იუდას მეფეს ასურელებთან საუბრის უნარი აღარ შესწევდა. მხ. 4-7. რაბშაკე მსმენელს დამცინავი სიტყვებით მიმართავს, ეგვიპტეს გადატეხილ ლერწამს ადარებს, რომელიც ადამიანს ხელში შეერჭობა და სულს გაუმწარებს. აფრთხილებს იუდეველებს, რომ ნურც თავიანთი ღმერთის იმედი ექნებათ, რადგან ეზეკიამ მას ძლიერ აწყენინა. ასურელები, სავარაუდოდ, ფლობდნენ ინფორმაციას იუდეველი მეფის მიერ გატარებული რელიგიური რეფორმის შესახებ და ფიქრობდნენ, რომ კერპების პატივმისაგებად გამოყენებული სიმაღლეების განადგურება და ღმერთის თაყვანისცემის ადგილად ოდენ იერუსალიმის გამოცხადება იუდეველთა ღმერთის შეურაცხყოფას ნიშნავდა. მხ. 8-10. ერთადერთი გონიერი ნაბიჯი, რაც იუდეველებს დარჩენიათ, აგრძელებს რაბშაკე, ესაა ასურელთა ძლევამოსილების აღიარება და უბრძოლველად ჩაბარება, რადგან ომს სტრატეგია და ძალა სჭირდება, ხოლო იერუსალიმელთა მფლობელობაში მხოლოდ ფუჭი სიტყვებია. ეგვიპტიდან იმედოვნებენ იუდეველები ცხენებისა და ეტლების მიღებას? თავად რაბშაკე მისცემს მათ ორი ათას ცხენს, მაგრამ მოეპოვებათ კი შეშინებულ ებრაელებს ამდენი მხედარი? თუნდაც შეკრიბონ საჭირო რაოდენობა, ხომ არ ფიქრობენ ისინი, რომ ასურელი მეფის ყველაზე სუსტ მხედართმთავარს სძლევენ?[11] ასურელი მეთაურის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ იუდეველთა მიწის განადგურება ღვთის განგებით ხდება. ამგვარი ცნობა იუდეველებს ძლიერ შეაშინებდა, რადგან მუდმივი განდგომილებისა და ურჯულოების მიზეზით წინამდებარე განსაცდელი შესაძლოა, იაჰვესგან ყოფილიყო მოვლენილი. მხ. 11-12. მოსალაპარაკებლად მისულ იუდეველ მაღალჩინოსნებს არ სურდათ, ქალაქის კედლებზე მდგომ ებრაელებსაც გაეგოთ რაბშაკეს ებრაულ ენაზე წარმოთქმული სიტყვები. ამიტომაც არამეულად სთხოვეს მას საუბარი, რადგან სახელმწიფოთა იერარქებს შორის მოლაპარაკებებისას სწორედ არამეული გამოიყებეოდა და მას დიპლომატიური ურთიერთობის ენა ეწოდებოდა. რაბშაკე თხოვნაზე უარს აცხადებს, რადგან, მისი თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს, როგორი ხვედრი განუსაზღვრა მათ უზენაესმა. რაბინები და ნეტარი თეოდორიტე კვირელი ებრაულ ენაზე დაუბრკოლებლად მოსაუბრე ასურელ მხედართმთავარს იუდეველად მიიჩნევენ. მათი აზრით, ასურეთში აღმოჩენილი რაბშაკე საკუთარი ნიჭის, სიმამაცის წყალობით სამხედრო საქმეში წარემატა და მაღალჩინოსანთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. მხ. 13-20. კედლებზე გადმომდგარ იუდეველებს რაბშაკე მაღალი ხმით შეგნებულად ებრაულ ენაზე მიმართავს. მისი თქმით, იუდას მოსახლეობა, ნაცვლად საკუთარი უძლური მეფისა, ძლევამოსილ ასურელ ხელმწიფეს უნდა მიენდოს, რადგან იგი არავის ავნებს, ხოლო ასურეთში გადასახლებულ იუდეველებს საკუთარი სამშობლოს მსგავს პირობებს შეუქმნის. წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, რადგან აქამდე მრავალი სახელმწიფო დაემხო ასურელთა წინაშე და ვერც ერთმა ‘ღმერთმა” ვერ შეაჩერა ისინი. იგივე ელის იერუსალიმსაც. ხამათი და არფადი სირიული ქალაქებია. სეფარვაიმი, სავარაუდოდ, ხსენებულ ქალაქებთან ახლოს მდებარეობდა. სეფარვაიმისა და ხამათის მკვიდრები ასურელებმა ქრისტეშობამდე 722 წელს, ისრაელის სამეფოს მოსახლეობასთან ერთად გადაასახლეს[12]. რაბშაკე მსმენელს სწორედ ამ მარცხის თაობაზე შეახსენებს, რადგან ვერც ისრაელის ‘ღმერთებმა” შეაჩერეს უბედურება, თანაც სამარიისა და იერუსალიმის ღმერთი ხომ ერთი და იგივეა. საფიქრებელია, რომ ასურელი მაღალჩინოსნის უკანასკნელმა განცხადებამ მთელი იერუსალიმი შეაძრწუნა. განმმარტებლები რაბშაკეს მიერ წარმოთქმულ სიტყვას, სადაც ყველა დეტალი ზედმიწევნით ზუსტად იყო გათვლილი: მოსახლეობის ფსიქოლოგიური ტერორი, პოლიტიკური გზავნილები, დანაპირები სოციალური კეთილდღეობის შესახებ, ორატორული ხელოვნების უმაღლეს გამოვლინებად მიიჩნევენ. მხ. 21-22. ალყაში მოქცეული იუდეველები დუმილს ინარჩუნებენ, რადგან ასეთია მეფის ბრძანება. მგლოვიარე მაღალჩინოსნები სამოსელშემოხეულები ბრუნდებიან ეზეკიასთან. თავი 37 მხ. 1-4. მეფე ეზეკიამ გლოვისა და მწუხარების ნიშნად სამოსი თავადაც შემოიხია, ჯვალო შეიმოსა და ღვთის ტაძარს მიაშურა, იუდეველი იერარქები კი ესაიასთან გაგზავნა, რითიც აღიარა, რომ უფალი სწორედ ამ პიროვნების ბაგეებით გამოთქვამდა სათქმელს. წარგზავნილები უდიდესი გულისტკივილით მივიდნენ წინასწარმეტყველთან და ეს დღე უბედურების, დასჯისა და მწუხარების დღედ მოიხსენიეს, ასურელთა მხრიდან ცოცხალი ღმერთის წინააღმდეგ მიმართული გმობის გამო გულდამდუღრულნი მწუხარებდნენ და ესაიას ღვთისადმი ვედრებას ემუდარებოდნენ. მხ. 5-7. მოკლე, მაგრამ ნუგეშით აღსავსე იყო წინასწარმეტყველის პასუხი: ნურც ასურელ მხედართმთავრს, ნურც მეფეს შეუშინდებიან იუდეველები, რადგან ღვთის განგებით ისეთი რამ მოხდება, რომ მრისხანე ხელისუფალი საკუთარ სამშობლოს დაუბრუნდება, სადაც აღსასრული მოეწევა. მხ. 7-13. მიმდინარე მოვლენებისას სენნახირიმი ლაქიშიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით, 7 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიბნაში გაემართა. მეფისთვის მოლაპარაკების შედეგების გასაცნობად ხსნებულ ქალაქს რაბშაკეც ეწვია. სავრაუდოდ, სენნახირიმმა ლიბნაში გაიგო, რომ მის წინააღმდეგ ეზეკიას მოკავშირე ეთიოპიის მეფე ტირგაკი მოეშურებოდა. სენნახირიმმა მეორედ გააგზავნა ელჩები იუდეველთა მეფესთან და შეუთვალა, რომ არ ჰქონოდა მას საკუთარი ღმერთის იმედი. გოზანი, მდინარე გაბორის ნაპირზე მდებარე ქალაქი, ასურელებმა ასი წლით ადრე დაიმორჩილეს. ხარანი, მესოპოტამიის ჩრდილო-დასავლეთით განლაგებული ქალაქი, სადაც ოდესღაც მამამთავარი აბრაამი ცხოვრობდა, იმჟამად ასურული ციხე სიმაგრე იყო. რეცებფი ასევე ასი წლით ადრე დაპყრობილი სირიის ერთ-ერთი ქალაქია. მხ. 14-20. ეზეკიამ მაცნეთა ხელით მოტანილი წერილი წაიკითხა, კვლავ ტაძარს მიაშურა და იქ უფლის წინაშე გრაგნილი გაშალა. მეფემ გულწფრფელი ლოცვა აღავლინა უფლის წინაშე (მხ. 15-20). ეზეკია აცნობიერებს, რომ სხვა სახელმწიფოებს არ ჰყავდათ შემწე იაჰვეს სახით და მხოლოდ ხელით ქმნულ ‘ღმერთებს” სასოებდნენ. ამიტომაც დამარცხდნენ ასურელთაგან, მაგრამ ებრაელთა ერთადერთ და ჭეშმარიტ ღმერთს ნებისმიერი საფრთხის დაძლევა ძალუძს. მხ. 21-35. ესიასგან მეფე გებულობს, რომ ლოცვა შესმენილია: ასურელ მეფეს სირცხვილი და მარცხი ელის. შენნახირიმი მოპოვებულ გამარჯვებებს მისი ძლევამოსილი ჯარის დამსახურებად თვლიდა, წინასწარმეტყველის ცნობით კი, სინამდვილეში ყოველივე საღვთო განგებით წინდაწინ განისაზღვრა და დგება ჟამი, როდესაც ღვთისმგმობი იმპერია უნდა დაისაჯოს. მხ. 36-38. იერუსალიმის მახლობლად დაბანეკებული ასურული ჯარი 185 000 მეომარს კარგავს ერთ ღამეში. უნდა აღინიშნოს, რომ ებრაულ ტექსტში გადმოცემულ რაოდენობით რიცხვით სახელს განმმარტებელთა ნაწილი კითხულობს როგორც 5 180. ყველა შემთხვევაში ასურელთათვის მარცხი აშკარად სასწაულებრივი იყო. ადამიანთა გარდაცვალების მიზეზად ბიბლია უფლის წარგზავნილ ანგელოზს ასახელებს. იოსებ ფლავიუსის ცნობით, ჯარისკაცებს ეპიდემია შეეყარა, რამაც დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ჰეროდოტეს თანახმად, ასურულებს ეგვიპტეზე ლაშქრობისას თაგვების დიდი რაოდენობა შეესია, რომლებმაც იარაღის სამაგრები გადაღრღნეს. შედეგად, სენნახირიმმა მსვლელობა ვეღარ განაგრძო და სამშობლოში დაბრუნდა. ნინევში მიბრუნებული იერარქი რამდენიმე წლის შემდეგ, ქრისტეშობამდე 681 წელს, საკუთარმა შვილებმა მოკლეს. ძლევამოსილი მეფის მიზნები განუხორციელებელი დარჩა. ნეტარი თეოდორიტე: სენნახირიმი იერუსალიმის კედლებთან სიკვდილს იმიტო გადაურჩა, რომ ღვთის საკვირველებანი თავად მოეთხრო ყველასთვეს). თავი 38 მხ. 1. ‘იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკიაჰუ. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩებიო”. ესაიას წიგნის კომენტირებისას განმმარტებელთა დიდი ნაწილი შენიშნავს, რომ 36-39 თავებში გადმოცემული ისტორიული მოვლენების ქრონოლოგია არათამიმდევრულია. მათი თქმით, წინამდებარე და შემდეგ, 39-ე თავში გადმოცემული ამბები წინ უსწრებდა 36-37 თავებში ნაუწყებ საკითხებს, რაც მე-6 მუხლიდან ჩანს, რომ ეზეკიას ავადმყოფობა სენნახირიმის ჯარის სასწაულებრივი მარცხის უწინარესი მოვლენაა (შდრ. ‘გიხსნით შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან”), ანუ ასურელთა თავდასხმა სწორედ ეზეკიას დასნეულებისა და გამოჯამრთელების შემდგომი მოვლენაა. ამავე მოსაზრებას ადასტურებს მორიგ, 39-ე თავში, ნახსენები ბაბილონელი მეფის შესახებ არსებული ისტორიული ცნობები: მეროდან-ბალადანი 721–710 წლებში მართავდა ბაბილონს, შემდეგ იგი ტახტიდან გადააყენეს, თუმცა მოგვიანებით კვლავ დაიბრუნა ხელისუფლება და 703–702 წლებში ცხრა თვის მანძილზე, სენნახირიმის იუდეაში შეჭრამდე (701 წ.), ბაბილონში მეფობდა. თავების ამგვარი განლაგების მიზეზი ესაიას ბაბილონური ტყვეობის შესახებ წარმოთქმული შემაჯამებელი წინასწარმეტყველებაა, რომლის შემდეგაც წიგნის დარჩენილი ნაწილი სწორედ ტყვეობიდან დაბრუნების საკითხს ეხება. მხ. 2-3. ‘კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიაჰუმ და შეევედრა უფალს: უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელად რომ დავდიოდი შენს წინაშე, კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში. და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ”. იოსებ ფლავიუსის თქმით, ეზეკიას, გარდა სიკვდილის მოახლოებისა, სხვა სატკივარიც გააჩნდა: იგი იმ დროისთვის უშვილო იყო. შესაბამისად, გარდაცვალება დავითის ხაზით მეფობის გაუქმებას ნიშნავდა, რასაც მეფე დიდი გულისტკივილით განიცდიდა. მართალია, კონკრეტული თხოვნა წინამდებარე მუხლებში არ გადმოცემულა, მაგრამ იგი სტრიქონებს შორის იკითხება. ეზეკია ლოცვისას კედლისკენ ტრიალდება, რადგან, სავრაუდოდ, სწორე იმ მიმართულებით მდებრეობდა იერუსალიმის ტაძარი. მხ. 4-5. ‘იყო უფლის სიტყვა ესაიას მიმართ, მეტყველი: წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: გავიგონე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, კიდევ თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს”. პასუხმა არ დააყოვნა. ესაია ჯერ სამეფო სასახლიდან არ გასულიყო, რომ უფლისგან ახალი უწყება მიიღო: მეფეს თხუთმეტი წლის სიცოცხლე მიემადლა. ეზეკიას ლოცვაზე დაყრდნობით შედგენილი ანამნეზის თანახმად მედიკოსები ასკვნიან[13], რომ მეფის სასიკვდილო დაავადებაში კარბუნკული და ნუშუსებრი ჯირკვლის ანთება იგულისხმება. 'ცარბუნცულუს - კარბუნკული არის რამდენიმე თმის ბოლქვისა და ცხიმოვანი ჯირკვლის მწვავე ჩირქოვან-ნეკროზული ანთება, რომელსაც ახასიათებს ინფილტრატის გაჩენა და კანისა და კანქვეშა უჯრედების გავრცობილი ნეკროზი. კარბუნკული ყველაზე ხშირად ჩნდება უსუფთაობის პირობებში, კანის ტანსაცმელთან ხახუნის ადგილას ჩირქმბადი მიკრობების, სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების, შეჭრის შედეგად. კარბუნკულის გაჩენას ხელს უწყობს ორგანიზმის გამოფიტვა, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მოშლა, ავიტამინოზი. კარბუნკული იწყება ისე, როგორც ფურუნკული, მაგრამ სტაფილოკოკი თმის ბოლქვიდან სწრაფად იჭრება ლიმფურ ძარღვებში და აღწევს კანის ღრმა შრეებსა და კანქვეშა უჯრედებში. შედეგად ჩირქოვან-ნეკროზული პროცესი განივრცობა და ინფილტრატი მკვეთრად იზრდება. კლინიკურად კარბუნკული წარმოადგენს რამდენიმე შერწყმულ ფურუნკულს, რომლებსაც აქვთ საერთო, მკვეთრად შეშუპებული საფუძველი. კარბუნკული ხშირად ჩნდება კისრის უკანა ნაწილზე, ბეჭებზე და ბეჭებს შუა არსებულ არეში, წელზე, დუნდულებზე, იშვიათად - კიდურებზე. თავდაპირველად წარმოიქმნება პატარა ანთებადი ინფილტრატი თავზე პუსტულით, რომელიც სწრაფად იზრდება. შეხებისას მტკივნეულია, თუმცა ტკივილი შეხების გარეშეც შეიგრძნობა. ინფილტრატის არეში კანი იღებს მოვარდისფრო ელფერს, დაჭიმული და შეშუპებულია. ნეკროზული კერის ზემოთ ეპიდერმისი რამდენიმე ადგილას იგლიჯება და ჩნდება რამდენიმე ხვრელი, საიდანაც გამოდის მომწვანო-მორუხო ფერის სქელი ჩირქი. ხვრელებში ჩანს ნეკროზული ქსოვილი. ზოგი ხვრელი ერთდება და წარმოიქმნება კანის დიდი დეფექტი, საიდანაც მოედინება ჩირქი, და ძვრება ნეკროზული ქსოვილი. ტემპერატურა 40 გრადუსამდე იმატებს. აღინიშნება ძლიერი ინტოქსიკაცია (გულისრევა, ღებინება, უმადობა, თავის ტკივილი, უძილობა, იშვიათად - ბოდვა და უგონო მდგომარეობა). სახეზე ლოკალიზებული და დიდი ზომის კარბუნკულების დროს ზოგადი სიმპტომები კიდევ უფრო მკვეთრია, მაგრამ როგორც კი დაიწყება ჩირქის დენა და ნეკროზული ქსოვილების მოძრაობა, ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება. ჩირქის ამოსვლის შემდეგ ჭრილობა ივსება გრანულებით და ხორცდება. გართულებათაგან მოსალოდნელია ლიმფანგიტი, ლიმფადენიტი, პროგრესირებადი თრომბოფლებიტი, სეფსისი, ჩირქოვანი მენინგიტი. სეფსისი, მენინგიტი და თრომბოფლებიტი შედარებით ხშირია სახის კარბუნკულის დროს. გართულების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია ჩირქოვან განყოფილებაში. კარბუნკულის განვითარების საწყის (ანთებადი ინფილტრატის) ეტაპზე მიმართავენ ანტიბიოტიკოთერაპიას - პათოლოგიურ კერაში შეჰყავთ ანტიბიოტიკი, კეთდება კუნთშიგა ინექცია, ინიშნება სულფანილამიდები. რეკომენდებულია სისხლის გადასხმა და ადგილობრივი დასხივება ულტრამაღალი სიხშირის სხივებით. კარბუნკულს ადებენ მშრალ ასეპტიკურ ნახვევს ან სინტომიცინის ან სტრეპტომიცინის ემულსიის ნახვევს. თუ ავადმყოფს აქვს შაქრიანი დიაბეტი, აუცილებელია ინსულინოთერაპიის ჩატარება, რათა ინფილტრატისა და ნეკროზის განვითარების პროცესი შეფერხდეს. ავადმყოფს სჭირდება დასვენება (წოლითი რეჟიმი, იმობილიზაცია). სახის კარბუნკულის დროს იკრძალება ლაპარაკი და ინიშნება თხიერი საკვები. საჭიროებისამებრ, დასაშვებია ტკივილგამაყუჩებელი და საგულე საშუალებების მიღება, აუცილებელია კარგი კვება, რძის ნაწარმისა და მცენარეული პროდუქტების დიეტა. თუ ერთ-ორდღიანი კონსერვატიული მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა და ინტოქსიკაციის ნიშნები პროგრესირებს, ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა. დიდი მნიშვნელობა აქვს ავადმყოფის მოვლას. დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში პროგნოზი კეთილსაიმედოა"[14]. მხ. 7-8. ‘ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისაგან, რომ აღასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც თქვა: აჰა, ათი საფეხურით დავაბრუნებ უკან მზის ჩრდილს, რომელიც უკვე ჩამოსულია აქაზის საფეხურებზე. და უკან დაბრუნდა მზე ათი საფეხურით საფეხურებზე, რომლებიც უკვე ჩავლილი ჰქონდა”. საკუთარ პირობას უფალი ეზეკიას სასწულით უდასტურებს. სავარაუდოდ, იერუსალიმში ერთგვარი სპეციფიური კიბე იყო აგებული, რომელსაც ეზკიას მამის – აქაზის სახელი ეწოდა (შდრ. აქაზის საფეხურები). მას მზის საათის მსგავსი ფუნქცია ჰქონდა. მზის დასავლეთით გადახრისას ჩრდილი საფეხურებზე მაღლდებოდა, რითიც ადამიანები დროს განსაზღვრავდნენ. მაგრამ მოხდა სრულიად საპირისპირო რამ: ჩრდილი ათი საფეხურით დაბლა დაეშვა. განმმარტებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მოცემულ შემთხვევაში დედამიწამ საღვთო განგებით პირუკუ დაიწყო ბრუნვა. მას შემდეგ, რაც იუდას სამეფოს წინააღმდეგ წამოწყებული სირიისა და ისრაელის სამეფოების იერიში ასურელთა ჩარევის შედეგად განეიტრალდა (ასურეთის მეფე სირიის დედაქალაქ დამასკოში შეიჭრა და მოკლა ადგილობრივი მეფე რეცინი, რამაც იუდას წინააღმდეგ მიმართული ორი სახელწიფოს შეთქმულება საბოლოოდ ჩაშალა), აქაზმა მადლიერების ნიშნად გადაწყვიტა, რომ ძლევამოსილ ასურელ მბრძანებელს თავად ხლებოდა და მადლობა გადაეხადა. იუდეველი მეფე ქ. დამასკოში ჩადის. მკვლევარნი ვარაუდობენ, რომ სწორედ იქ იხილა იუდეველთა ხელმწიფემ მზის საათი, რომელიც შემდეგ საკუთარ სამშობლოშიც გააკეთებინა და აქაზის საფეხურების სახელითაა ცნობილი. გარდა ამისა მეფეს დამასკოს ერთ-ერთ წარმართულ ბომონში ნანახმა საკურთხეველმა მოსჭრა თვალი და გადაწყვიტა, მსგავსი ნაგებობა საკუთარ სამშობლოშიც აეგო. ურია მღვდელი ნახაზებით იერუსალიმში ბრუნდება და ნაცვლად საღვთო უწყებით აგებული სოლომონისეული სამსხვერპლოსი, დამასკოში აქაზის მიერ მოხილული სამსხვერპლოს ანალოგს აკეთებს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქაზი საკუთარი ხელით აღასრულებს მსხვერპლშეწირვას. მეფეს ძველი აღთქმის რჯულად დადგენილი მსახურება არ გაუუქმებია. ის მსახურების ძველ ფორმას ტოვებს, მაგრამ სამსხვერპლოს მთლიანად განაახლებს. სოლომონისეული სამსხვერპლო ტაძრის ჩრდილოეთით განთავსდა, ხოლო მისი ადგილი ზომებში გაცილებით დიდმა ნაგებობამ დაიკავა. გატარებული რეფორმებით, რასაც შედეგად რელიგიური სინკრეტიზმი და ღვთივგაცხადებული სარწმუნოების წარმართულ კულტმსახურებასთან აღრევა მოჰყვა, აქაზი იუდეის სამეფოს სულიერი ცხოვრების სრულიად ახალი რეალობის წინაშე აყენებს. ეს არის დრო, როდესაც იუდაში ჭეშმარიტი ღვთისმსახურება ასირიულ-ბაბილონურ-იუდაური რელიგიებიდან მიღებული სინკრეტიზმით იცვლება, ამავდროულად იუდეა ასურეთის ვასალი სახელმწიფო ხდება, რაც სულიერ დაცემასთან ერთად ამავე სახელმწიფოს პოლიტიკური უსუსურობის დასტურია. მხ. 9-15. მითითებულ მუხლებში ეზეკიას სამადლობელი ლოცვაა წარმოდგენილი. მეფე ფიქრობდა, რომ ყველაფერი დასრულდა, მოვიდა დრო, როდესაც ადამიანი ახლობლებს, მეგობრებს საუკუნოდ განშორდება, სული სხეულს ეყრება. მეფე დღედაღამ შემაწუხებელი საშინელი ტკივილების შესახებ ყვება. მხ. 16-20. მეფე აღიარებს, რომ განცდილი უდიდესი მწუხარება სასრგებლო აღმოჩნდა მისი სულისთვის. ეზეკია სიკვდილისაგან გამოხსნას ცოდვათა მიტევების ნიშნად აღიქვამს და უფალს ტაძარში განდიდებას აღუთქვამს. მხ. 21-22. მეფეს განკურნების მიზნით სხეულზე ლეღვის ტყლაპს ადებენ. სავარაუდოდ, ტყლაპი ანთების საწინააღმდეგო საშუალებად გამოიყენებოდა. თავი 39 მხ. 1. ‘ამ დროს გამოუგზავნა მეროდახ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიაჰუს წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო და მომაგრდა”. ბაბილონის მეფემ მეროდან-ბალადანმა ელჩების ხელით წერილი და ძღვენი გაუგზავნა ეზეკიას, ერთი შეხედვით, თითქოს იუდეველი მეფის გამოჯამრთელების მისალოცად, მაგრამ ჩამოსული სტუმრების მთავარი მიზანი, როგორც იოსებ ფლავიუსი აღნიშნავს, ასურთა იმპერიის წინააღმდეგ საიდუმლო კავშირის დამყარება იყო. მეროდან-ბალადანი ორგზის შეეცადა, ასურეთს გამოჰყოფოდა. 703-702 წლებში იგი ქალაქ ბაბილონს დაეუფლა და 9 თვე მართავდა, თუმცა სენნახირიმის მიერ საბოლოოდ გამანადგურებელი მარცხი იწვნია და ელამში გაიქცა. წინამდებარე თავში აღწერილი ბაბილონელი ელჩების ვიზიტი ასურელთა იუდეაზე თავდასხმის წინ, იერუსალიმის ალყაში მოქცევამდე ხდება. მიუხედავად კონსპირაციისა, შეხვედრა აშკარად ანტიასურული კამპანიის ელფერს ატარებს. ესაის მრავალგზის ჰყავდა გაფრთხილებული ეზეკია, რომ ასურეთი ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების დამსჯელი მათრახია ღვთის ხელში. ამიტომაც შეუსაბამოა წინასწარმეტყველის სიტყვასთან იუდეველი მეფის საქციელი. ფრიდრიხ რუჟემონტი: ბაბილონელი მეფეების შესახებ ცობები ბიბლიურ ისტორიაში პირველად სწორედ წინამდებარე მუხლში გვხვდება. უწინარეს ეპოქაში ისინი ასურეთის მორჩილებაში იმყოფებოდნენ და ამიტომაც ბევრი არაფერი ვუწყით მათი წარსულის შესახებ. როგორც ჩანს, სწორედ მეროდან-ბალადანის დროს ასურეთიდან სამხრეთით, ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ბაბილონმა დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამიერიდან მისი ძლიერება ასურეთის დაცემის პარალელურად იზრდებოდა). მხ. 2. ‘გაიხარა ხიზკიაჰუმ და დაათვალიერებინა მათ თავისი საუნჯე - ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, ძვირფასი ზეთი, საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც კი მის საგანძურებში იპოვებოდა. ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიაჰუს”. ბაბილონელი სტუმრების წინაშე იუდეველთა საუნჯის წარმომჩენი მეფე, სავარაუდოდ, ელჩებზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა, თუმცა ჩამოსულებიც უპირველეს ყოვლისა იმას განიზრახავდნენ, როგორ გამოეყენებინათ ებრაელთა განძი სენნახირმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნეტარი თეოდორიტე: მეფეს სტუმრები ოქრო-ვერცხლით კი არ უნდა მოეხიბლა, არამედ მისი მაკურნებელი ღმერთი ექადაგა). მხ. 3-7. ესაიას პასუხმა, რომელსაც მეფემ ქალდეველთა ვიზიტთან დაკავშირებული ყველა მოვლენა უამბო, შეაძრწუნა ეზეკია, რადგან ბაბილონის მხრიდან საფრთხის შესახებ მას არასოდეს ეფიქრა, ერთადერთი, ვინც იმ დღეებში რჩეულ ერს საფრთხეს უქმნიდა, ასურეთი იყო. წინასწამრტყველის სიტყვების აღსრულება, რომ მეფეთა შვილებს ბაბილონში წაასხამენ, ძვ. წ. აღ-ის 605 წლიდან იწყება. ნეტარი იერონიმე: წინამდებარე თავში ბაბილონელი მეფის – მეროდან ბალადანის მიერ იუდაში ელჩების გამოგზავნის თაობაზეა ნაუწყები. რამდენადაც ბაბილონელთა შორის ციური სხეულებისთვის თვალყურის დევნება ჩვეული მოვლენა იყო, რაც მაცხოვრის შობის დროს მოგვების ჩამოსვლამაც დაადასტურა, ამჯერად ნანახი სასწაული, მზის უკუქცევა, იმ ღმერთს ემსახურება, რომელიც ყოველთა მეუფეა. და როდესაც მათ მომხდარის გამოკვლევა დაიწყეს, გაიგეს, რომ იუდეველი მეფის გამოჯამრთელებას მანათობელთა შორის ყველაზე აღმატებული ქმნილების მოძრაობის ცვლილება მოჰყოლოდა… ელჩების წასვლის შემდეგ ეზეკიასთან წინასწარმეტყველი ესაია მივიდა და ორი კითხვა დაუსვა: რას ამბობდა ეს ხალხი? საიდან იყვნენ ისინი მოსულნი? მეფე მხოლოდ ერთ კითხვას სცემს პასუხს და ამ პასუხში დიდი ამპარტავნება ჩანს: ‘შორეული ქვეყნიდან მოვიდნენ ისინი ჩემთან, ბაბილონიდან”, რადგან რაც უფრო შორიდან მოდიან ადამიანები ვინმეს სანახავად, მით მეტად ამაღლებულია ის, ვისაც ნახულობენ. და მეფე ამბობს, რომ მოვიდნენ ჩემს სანახავად, მაშინ როდესაც უნდა ეთქვა: გვეახლნენ, რათა ღმერთი განედიდებინათ მომხდარი სასწაულის მიზეზით. ესაია კვლავ კითხულობსს: რა იხილეს მათ შენს სახლში? მეფე პასუხობს, რომ ყველაფერი, რაც მას გააჩნდა, სტუმრებმა საკუთარი თვალებით მოიხილეს. თუმცა ეზეკიამ თავი შეიკავა და ტაძრის სიმდიდრეების ჩვენების შესახებ ესაიას არაფერი უთხრა. წინასწარმეტყველი ამის საპასუხოდ ასე მიმართავს იერარქს: მოვა დრო, როდესაც მთელს სიმდიდრეს, სტუმართაგან განჭვრეტილს, ბაბილონში წაიღებენ). წმ. კირილე ალექსანდრიელი: მეროდან ბალადანი ელჩებს აგზავნის იუდაში, რომ მომხდარი მოვლენები გამოიკვლიოს, თუმცა არა მხოლოდ ეზეკიას ავადმყოფობამ და უეცარმა გამოჯამრთელებამ გააოცა ბაბილონელი იერარქი, არამედ კიდევ უფრო მეტად განცვიფრდა იგი, როდესაც მზემ საღვთო განგებით უკან დაიწყო სრბოლა და დაუბრუნდა ადგილს, რომელიც უკვე გავლილი ჰქონდა. შედეგად კი აქაზის საფეხურებზე ჩრდილი ათი საფეხურით ამაღლდა. ბაბილონელთა და ქალდეველთა შორის ბრძენებად წოდებული ადამიანებს, რომლებიც მზის მოძრაობას, ვარსკვლავთა ადგილსამყოფელს იმეცნებდნენ, შეუძლებელია მზის უკუქცევა და იმ კონკრეტული დღის არნახული სიდიდე შეუმჩნევლად დარჩენოდათ. სავსებით ლოგიკურია, რომ მომხდარი უცნაური მოვლენის შესახებ მთელს ქვეყნიერებაზე ბჭობა მიმდინარეობდა. მეროდანს იუდეველთა თავსგადამხდარი უწინდელი მოვლენებიც სმენოდა, როდესაც ღმერთს მრავალგზის დაუხსნია რჩეული ერი ზეგარდამო შემწეობით. შესაბამისად, ბაბილონელ მეფეს, მომხდარის გათვალისწინებით, კრძალვა და პატივისცემა გაუჩნდა ეზეკიასადმი. იუდეველ მეფეს ჩამოსული სტუმრებისთვის საღვთო შემწეობის შესახებ უნდა მოეთხრო, რომ ეს ადამიანები ბაბილონში ჭეშმარიტი ღმერთის ცოდნით განმსჭვალულნი დაბრუნებულიყვნენ და სხვებისთვისაც სარგებელი შეეძინათ. მაგრამ საპირისპირო რამ მოხდა: ეზეკია ადამიანურ ვნებას დაემორჩილა და ქება-დიდების მიღება ისურვა. ესაია მეფესთან შესახვედრად უფლის მიერ იგზავნება, თუმცა თავდაპირველად ისეთ სახეს ღებულობს, თითქოს საკუთარი სახელით ელაპარაკება მას და კითხულობს: რას ამბობდნენ ეს ადამიანები? მეფე პასუხად მხოლოდ იმას მიუთითებს, რომ ეს ხალხი შორეული ქვეყნიდან, ბაბილონიდან, ჩამოვიდა. შესაძლოა, მეფეს ამით იმის თქმა სურდა, რომ აი, მასთან შორეული მიწიდან თავად დიდებული ბაბილონის მკვიდრნი ჩამოვიდნენ, რათა მეგობრობა ეთხოვათ). წმ. იოანე ოქროპირი: ზოგიერთები ამბობენ, რომ ელჩები მეფის განკურნების დღეს მომხდარი სასწაულის მიზეზით ჩამოვიდნენ ბაბილონიდან, რადგან ის დღე ჩვეულებრივზე გაცილებით ხანგრძლივი აღმოჩნდა, მეათე საათი იყო და მზე კვლავ ათი საათით უკუიქცა. შესაბამისად დღის ჟამი საგრძნობლად გაიზარდა. სწორედ მომხდარის გამოსარკვევად ესტუმრნენ ბაბილონელები იერუსალიმს, ვინაიდან ერთ დღეში მზემ ოცდათორმეტ საათიანი სრბოლა აღასრულა)[15]. წმ. ეფრემ ასური: ბაბილონელმა იერარქმა ელჩები გააგზავნა ეზეკიასთან, რადგან მისი სასწაულებრივი კურნება გაიგო. მეროდანს მანათობელი დისკოს უკუქცევის მიზეზი აინტერესებდა. თავად მეფე დღეში ოთხგზის ეთაყვანებოდა მზეს. როდესაც დილის პატივმიგება აღასრულა, შემდეგ მეექვსე და მეცხრე ჟამზეც იგივე მოიმოქმედა. ამჯერად საღამოს ელოდებოდა, რომ მეოთხე, ბოლო თაყვანისცემაც მიეძღვნა და იხილა, რომ მზე კვლავაც ცაშია. ნანახით გაკვირვებული ბალადანი მომხდარის მიზეზის გამოძიებისას ბაბილონში მყოფი იუდეველებისგან გებულობს, რომ მომხდარი სასწაული მეფე ეზეკიას უკავშირდება და ელჩებს აგზავნის იერუსალიმში). მხ. 8. ‘უთხრა ხიზკიაჰუმ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა, შენ რომ წარმოთქვი. დასძინა: რადგან ჩემს დროში მაინც იქნება მშვიდობა და სიმტკიცე”. განმმარტებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მეფის სიტყვები პირად კეთილდღეობაზე მზრუნველი ადამიანის პოზიციაა, ხოლო სხვათა აზრით, თანატომელთა სიყვარულით განმსჭვალულმა ეზეკიამ, რომელმაც იცის საღვთო დაშვების გარდაუვალობა, მადლობა მიუძღვნა უფალს, რადგან საკუთარი თვალით არ იხილვს სამშობლოს უდიდეს უბედურებას. ფრიდრიხ რუჟემონტი: მტრული ძალა, რომელიც იუდეველებს მოგვიანებით მიუახლოვდება და კარგს არაფერს უქადის, ქალდეველთა სახით არის წარმოდგენილი. მან განსაკუთრებული ძალმოსილების მოპოვება ნაბოპალასარის მმართველობისას დაიწყო და უმაღლეს მწვერვალს ნაბუქოდონოსორის მეფობისას მიაღწია, ხოლო შემდგომ დაღმასვლის გზას დაადგა. დედაქალაქის მიხედვით ბაბილონად წოდებული სახელმწიფო, ასევე ხალხის ეთნიკურ სახელწოდებას – ქალდეასაც ატარებდა (ტერმინიდან ქალდეველი). მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალდეველები ბაბილონელთაგან სრულიად განსხვავებული ხალხია. მათი თქმით, ისინი ძვ. წ. აღ.-ის დაახლოებით 647 წელს ან დაქირავებული ჯარის, ანთუ დამპყრობელი ძალის სახით ჩრდილოეთიდან ბაბილონურ მიწებზე შეიჭრნენ და სწორედ ამ დროს იწყება ნაბოპალასარის ახალი ერა. ქალდეველებმა 625 წელს საბოლოოდ მოახერხეს, საკუთარი ხელისუფლება განემტკიცებინათ ბაბილონში და დამპყრობელ დინასტიას დაუდეს დასაბამი, რომელიც ნაბუქოდონოსორის მმართველობისას შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. მეცნიერთა მეორე ნაწილი ქალდეველებში ბაბილონის უძველეს მოსახლეობას ხედავს და არა უცხოტომელებს, რომლებიც თითქოსდა სხვის სახელმწიფოში შეიჭრნენ). თავი 40 საუკუნეზე მეტი დრო გაივლის, სანამ ესაიას წიგნის მეორე ნაწილში (40-66 თავები) იუდას სახელმწიფოს აღდგენის შესახებ გადმოცემული წინსწარმეტყველება აღსრულდება. 70-წლიანი ბაბილონური ტყვეობის სულიერი თვალით განმჭვრეტი ესაია განსაცდელში აღმოჩენილ იუდეველებს ამხნევებს, მოთმინებას, მხნეობას შთააგონებს და მიუხედავად გარდაუვალი შეჭირვებებისა, მართალი ცხოვრების წესისკენ აწვევს შემდეგ თაობებს. წინამდებარე თავში წინასწამრტყველი თითქოს იმჟამად უკვე ბაბილონში მცხოვრებ იუდეველებს მიმართავს, ხოლო იერუსალიმი მისი მზერის წინაშე ნანგრევების გროვად ქცეული ქალაქია. მხ. 1-2. ‘ანუგეშეთ, ანუგეშეთ, ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი. მოუოხეთ გული იერუსალიმს და ახარეთ, რომ დასრულდა მისი ლაშქრობა, რომ მიტევებულია მისი დანაშაული, რომ ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვების წილ”. მომავლის თაობაზე აწმყო ან წარსულ დროში საუბარი საწინასწარმეტყველო სიტყვის წარმოთქმისას ჩვეული ხერხია, რითიც მითითებული მოვლენა მეტ დამაჯერებლობას იძენს. იერუსალიმის გულსა და ცოდვების წილ გამოსყიდვაში განმმარტებელთა ნაწილი ებრაელი ერი ბაბილონის ტყვეობიდან მობრუნების შესახებ უწყებას ხედავს, ხოლო მეორენი თვლიან, რომ წინასწარმეტყველი ძველი აღთქმის დასრულების, სიკვდილის მეუფებისგან გათავისუფლებისა და ახალი სულიერი ცხოვრების დაწყების შესახებ იუწყება. ცოდვათა წილ ზღვევაში უაღმატებულესი გოლგოთის მსხვერპლი იგულისხმება, რაზეც პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში ამბობს: „ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვად ჩვენს გამო, რათა გავხდეთ ღვთის სამართლიანობა მასში“[16]. მხ. 3-4. ‘ხმაა მღაღადებლისა: უდაბნოში გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი \ დაბლობად”. მითითებული ადგილი რომ ნათლისმცემლის შესახებ გვაუწყებს, ამას თავად წმ. იოანე ამოწმებს, როდესაც მასთან მისულ ფარისევლებს პასუხობს: ‘მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც ბრძანა ესაია წინასწარმეტყველმა”[17]. ტექსტში ნახსენები უდაბნო ეკლესიის მამათა მიერ განსხვავებულად განიმარტება: 1). უდაბნოში მდინარე იორდანის აღმოსავლეთ სანაპირო, მკვდარი ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მოიაზრება, სადაც ცხოვრობდა და ქადაგებდა ნათლისმცემელი. 2) უდაბნოში იუდეველი ერი იგულისხმება, რომელიც სულიერ უნაყოფობაში იმყოფებოდა. ზოგადი მნიშვნელობით, უდაბნო მთელი ძველაღთქმისეული კაცობრიობის სახეა. მღაღადებელი უფალია, ხოლო მისი ხმა, მის მიერ წარგზავნილი ნათლისმცემელი. ‘ყველა ხევი ამაღლდება და ყველა მთა და ბორცვი დადაბლდება, და ციცაბო ვაკედ იქცევა და მთაგრეხილი \ დაბლობად”. ძველ აღმოსავლეთში არსებობდა ტრადიცია, მეფის გამგზავრების წინ ამორჩეულ მარშრუტზე მონების დიდი ჯგუფი იგზავნებოდა, რომლებიც გზების მოსწორებაზე ზრუნავდნენ. ნეტარი იერონიმეს განმარტებით, ხსენებულ გზებში ადამიანის გულისკენ მიმავალი გზა მოიაზრება და ყოველმა ადამიანმა თავად უნდა იზრუნოს მის განმართვაზე. მხ. 5. „გამოჩნდება უფლის დიდება და იხილავს მას ყველა ხორციელი ერთიანად, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს“. წინამდებარე მუხლში შესაძლოა, სამი მოვლენა იგულისხმებოდეს: უახლოესი, როდესაც უფალი ბაბილონური ტყვეობიდან გამოიხსნის ებრაელებს და ამის შესახებ აღმოსავლეთის ყველა ხალხი შეიტყობს. მეორე: განკაცებული ღმერთი მოევლინება სამყაროს. მესამე: მესია მეორედ მოვა წუთისოფელში. წმ. იოანე ოქროპირი: უფლის დიდება მარადის ცხადდებოდა, რისი ნათელი დასტურია ძველი აღთქმის მართალთა ცხოვრებაში მომხდარი ბევრი მოვლენა, თუმცა უაღმატებულესი გამოცხადება ღვთის სიტყვის განკაცება და წუთისოფლად მოსვლა იყო). ← წინა ნაწილი                                         გაგრძელება → [1] შდრ. ეს. 36-37 თავები. [2] კუძულებში კვიპროსი და კრეტა იგულისხმება. [3] ოს. 13.14. [4] უგარიტი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში განლაგებული უძველესი ქალაქი-სახელმწიფო იყო. ძვ. წ. აღ-ის XII საუკუნეში ზღვისპირა ხალხების შემოსევისა და მიწისძვრების შედეგად ქალაქი საბოლოოდ განადგურდა. [5] შდრ. საქ. მოც. 4.11; 1 პეტრ. 2. 6-7; ეფეს. 2.20. [6] შდრ. ეს. 22.15. [7] შდრ. II რჯულ. 17.16. [8] შდრ. 2 ნეშტ. 32.1-23; 4 მეფ. 18.13-20.19. [9] სენნახირიმის მეფობის წლები ძვ. წ. აღ-ის 705 – 681 წლები. [10] შდრ. 4 მეფ. 18. 14-16. [11] აღმოსავლელი იერარქები მსგავს ცბიერებას ხშირად მიმართავდნენ და საკუთარ თავს სხვებზე დაბლა აყენებდნენ (შდრ. ‘აბა, როგორ უკუაქცევ ერთ მოხელეს ჩემი ბატონის უმდაბლეს მსახურთაგან, როცა თავად ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?” ეს. 36.9). [12] შდრ. 4 მეფ. 17.24. [13] შდრ. ეს. 38. 9-20. [14] იხ. ინტერ. საიტი ლეხიცონ.პსპ.გე/?ლანგ=გეო&წორდ=4920&ნამე=კარბუნკული. [15] წმინდა იოანე ოქროპირი იყენებს ტერმინს ‘ჟამი”, რასაც ჩვენ ტექსტში გადმოცემული შინაარსის გასაგებად ‘საათად” ვთარგმნით და ამით წარმოდგენილ მოძღვრებას ზედმიწევნით თანვხვდებით. წმინდანის მსჯელობის თანახმად, დღე-ღამე ოცდაოთხ ჟამად იყოფა. აქედან თორმეტი დღეს ეკუთვნის, დარჩენილი თორმეტი – ღამეს. მზის ოცდათორმეტ ჟამიან მიმოქცევაში იგულისხმება, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე მანათობელმა დისკომ ათი საათი ისრბოლა. შესაბამისად, ორ საათში დღის მონაკვეთი უნდა დასრულებულიყო და ოცდაოთხ საათიანი დროის მეორე ნახევარი, ღამე, უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მოხდა საპირისპირო რამ: მზე ათი საათით უკუიქცა და აღმოსავლეთის იმ წერტილს დაუბრუნდა, საიდანაც დილით დაიწყო მოძრაობა დასავლეთისკენ, ანუ დღის მოცულობამ აღნიშნული მონაცემებით ოცი საათი შეადგინა. შემდეგ კვლავ გაიარა ათ საათიანი მანძილი და იმ ადგილს დაუბრუნდა, საიდანაც ათი საათით ადრე მისი უკუქცევა მოხდა. დროის შეჯამება ამჯერად ოცდაათ საათს გვაძლევს. ამის შემდეგ ორი საათიც ისრბოლა და ამით დღედ წოდებულმა ჟამმა ადგილი ღამის თორმეტ საათიან მონაკვეთს დაუთმო. ჯამში ოცდათორმეტი საათი გამოვიდა. [16] 2 კორ. 5.21. [17] ინ. 1.23. …
დაამატა ლაშა to წმინდა წერილი at 1:20pm on იანვარი 28, 2014
თემა: შიშის არსი და ცხოვრებისეული ანტინომიები
გადაელახა, დაეთრგუნა ან ნაკლებად შეეგრძნო შიში, მასთან ბრძოლას კი თავისთავზე მაგია, რელიგია და მეცნიერება იღებდა. მართალია, ღვთის რწმენა და უანგარო სიყვარული, ბუნების კანონების ცოდნა, ცხოვრების ასკეტური წესი და მისი ფილოსოფიური გააზრება ვერ სპობს შიშს, მაგრამ მის დაძლევაში გვეხმარება და, შესაძლოა, ხელსაც კი გვიწყობს მის გამოყენებაში ჩვენ სასარგებლოდ. ნამდვილად ილუზიაა იმაზე ფიქრი, თითქოს შიშის გარეშე ცხოვრება შეგვეძლოს. შიში ხომ ჩვენი არსებობის ნაწილია და სიკვდილის გარდაუვალობასთან დაკავშირებულ ფიქრებს აირეკლავს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ვებრძოლოთ მას და საკუთარ თავში ისეთ საპირისპირო ძალებს გამოვუხმოთ, როგორიცაა სიმამაცე, ნდობა, ცოდნა, ამტანობა, იმედი, მორჩილება, რწმენა და სიყვარული. ამით შევძლებთ შიშის გათავისებას, ახსნას და ისევ და ისევ მის დამარცხებას; ამიტომ, ალბათ, ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ იმ მეთოდებს, რომლებიც შიშისაგან მთლიანად გათავისუფლებას გვპირდება, რადგან ვერ აცნობიერებს ადამიანური არსებობის რეალობას და, შესაბამისად, მცდარ მოლოდინებს აღძრავს. მართალია, შიში ჩვენი ცხოვრების აუცილებელი თანმდევი მოვლენაა, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს მას მუდმივად განვიცდიდეთ. ამასთან, იგი მუდამ ჩვენთანაა და ცნობიერებაში იმ დროს ამოტივტივდება, როგორც კი, ჩვენი განცდების წყალობით, მისი შინაგანი თუ გარეგნული გამოვლინების კონცენტრაციას ვახდენთ. ასეთ შემთხვევაში, როგორც წესი, ვცდილობთ, როგორმე თავი ავარიდოთ და გავექცეთ მას. ამისათვის საკუთარ თავში გამომუშავებული გვაქვს საგანგებო ტექნიკა და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავძლიოთ, განვდევნოთ და «მოტყუებით» ჩავიხშოთ შიში. მაგრამ, სიკვდილის მსგავსად, შიში არ წყვეტს არსებობას მაშინაც, როდესაც მასზე სულაც არ ვფიქრობთ.       შიშის არსებობას რომელიმე ხალხისა თუ ცალკეული ადამიანის კულტურისა და განვითარების დონე არ განსაზღვრავს. მისი სხვადასხვა სახით გამოვლინება, ერთი მხრივ, იმ ობიექტებზეა დამოკიდებული, რომლებიც შიშს იწვევს, ხოლო მეორე მხრივ, ამაში იმ საშუალებებსა და ღონისძიებებს მიუძღვით წვლილი, რომლებსაც შიშის დასაძლევად ვიყენებთ. ასე მაგალითად, თანამედროვე ადამიანს აღარ ეშინია ჭექა-ქუხილის; მზისა და მთვარის დაბნელებას იგი ახლა უკვე ბუნების საინტერესო მოვლენად აღიქვამს და აღარ განიცდის შიშს, რადგან იცის, რომ ეს ამ ციური სხეულების საბოლოო გაქრობას და სამყაროს დაღუპვას არ მოასწავებს. სამაგიეროდ, თანამედროვე ადამიანი ისეთ შიშებს განიცდის, რომლებიც ადრინდელი კულტურებისთვის უცხო იყო; ახლა მას უკვე ბაქტერიების, ახალ-ახალი დაავადებების, სატრანსპორტო ავარიების, სიბერისა და სიმარტოვისა ეშინია. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მაგიური რიტუალები და შელოცვები შიშის დამთრგუნველმა ფარმაცევტულმა საშუალებებმა შეცვალა, თავად შიში კი ისევ ადამიანის კუთვნილებად დარჩა.       დღეისათვის შიშის შესწავლის ახალ, ყველაზე მნიშვნელოვან და უტყუარ საშუალებას ფსიქოთერაპია წარმოადგენს, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ინდივიდში შიშის განვითარების ისტორიას და ოჯახურ თუ სოციალურ-კულტურულ გარემოსთან მის კავშირს იკვლევს, რათა შეიცნოს შიშის მექანიზმი; ეს კი შემდგომ უზრუნველყოფს შიშისადმი გააზრებულ მიდგომას და მის წინააღმდეგ ბრძოლას მისივე დაძლევის მიზნით.       ამ დროს გამოვლინდება ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი კანონზომიერება და აშკარად ვხედავთ, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის წყალობით, სამყაროს დაპყრობის პროცესში მიღწეულ პროგრესთან ერთად, ადამიანს უქრება გარკვეული შიშები, თუმცა მათ ადგილს სხვა, ახალი შიშები იკავებს; ეს კი კვლავ გვაყენებს იმ ფაქტის წინაშე, რომ შიში ჩვენი ცხოვრების მუდმივად თანმდევ მოვლენას წარმოადგენს. დღევანდელ ცხოვრებაში მოჭარბებულად არსებულ შიშს თავად ადამიანის საქმიანობა და ქმედებები განაპირობებს, რომელთა შედეგებიც მისთვის სავალალო ხდება. ამ დროს ადამიანს იპყრობს შიში საკუთარი ხელით შექმნილ გამანადგურებელ საშუალებათა მიმართ, ფიქრობს იმ საფრთხეზე, რომელიც მას, შესაძლოა, ბირთვული იარაღის ან იმ ძალების გამოყენების შემთხვევაში შეექმნას, რომელთა ჩართვაც ცხოვრების პროცესში არაბუნებრივი გზებით ხდება. აშკარაა, ამ შემთხვევაში ადამიანს საკუთარი ზესთამჩენობა ბუმერანგივით მიუბრუნდება უკან, რადგან სიყვარულსა და საკუთარი ღირსების გრძნობას მოკლებული, თავქარიანი ძალაუფლება და ბუნებაზე გაბატონების სურვილი თავისდაუნებურად წარმოშობს იმის შიშს, რომ მართულ, უგუნურ არსებებად არ გადავიქცეთ. თუკი ადრე ადამიანი მრისხანე დემონებისა და შურისმაძიებელი ღმერთების წინაშე შიშით ძრწოდა, რომელთა მიმართ თავს უმწეოდ გრძნობდა, დღესდღეობით მას საკუთარი თავის წინაშე იპყრობს შიში.       ამრიგად, ისევ და ისევ ილუზიაა იმაზე ფიქრი, თითქოს «პროგრესი», რომელიც იმავდროულად რეგრესსაც გულისხმობს, ოდესმე შიშებისგან გაგვათავისუფლებს, რადგან მას შედეგად ახალი შიშები მოჰყვება.       ერთი სიტყვით, შიშის განცდა თავად ჩვენი ცხოვრების ნაწილია და ამ თვალსაზრისით ზოგადად არსებობს; ამასთან, თითოეულ ადამიანს საკუთარი შიშის განცდა გააჩნია, რომელიც ისევე უჩვეულოდ და თავისებურად გამოვლინდება, როგორც «სიკვდილის» ან «სიყვარულის» ზოგადი ცნებების კონკრეტული განცდა. ნებისმიერი ადამიანი შიშს ინდივიდუალურად გამოხატავს და იგი ისეთივე განსაკუთრებულია მისთვის, როგორც სიკვდილის ან სიყვარულის საკუთარი განცდა.       ამრიგად, არსებობს მხოლოდ ის შიში, რომელსაც კონკრეტული ადამიანი განიცდის და გამოხატავს, რის გამოც იგი ყოველთვის განსაკუთრებული სახით გამოვლინდება, მიუხედავად შიშის განცდის ზოგადი ნიშანთვისებებისა. პიროვნულ შიშს განსაზღვრავს ინდივიდის ცხოვრების პირობები, განწყობილებები, უნარ-ჩვევები და გარესამყარო. ამ შიშს გააჩნია თავისი ისტორია, რომელიც რეალურად ადამიანის დაბადებისთანავე იწყება.       თუ შიშს «შიშის გარეშე» განვიხილავთ, შეგვექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ორი სახით გამოვლინდება, რადგან მას შეუძლია, ერთი მხრივ, უფრო ქმედითი გაგვხადოს, ხოლო მეორე მხრივ კი, სრულიად დაგვჯაბნოს. საფრთხის დროს შიშის განცდა ყოველთვის გაფრთხილებას მოასწავებს, მაგრამ იმავდროულად იგი იმ იმპულსსაც შეიცავს, რომელიც საფრთხის დაძლევას მოითხოვს. სავარაუდო შიშის შეგრძნება და გაცნობიერება ადამიანის მიერ წინ გადადგმულ ნაბიჯზე მიგვანიშნებს, რის შედეგადაც იგი ნელ-ნელა პიროვნულ სიმწიფეში შედის. თუ შიშის შეგრძნება და გაცნობიერება არ ხდება, პიროვნება სტაგნაციას და დამუხრუჭებას განიცდის და განვითარების ბავშვობისდროინდელ დონეზე რჩება, როდესაც შიშის ზღვრის გადალახვა შეუძლებელია.       შიში ყოველთვის ისეთ სიტუაციაში გამოვლინდება ხოლმე, რომელსაც ადამიანი საერთოდ მოუმზადებელი ხვდება. განვითარების ნებისმიერი პროცესი თუ პიროვნული სიმწიფისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი შიშს უკავშირდება, რადგან იგი რაღაც სიახლის მაუწყებელია. შინაგანი თუ გარეგნული თვალსაზრისით, შიში ყოველთვის უცნობი და გაურკვეველი სიტუაციებისკენ გვიბიძგებს, როგორიც არასოდეს შეგვხვედრია და საკუთარ თავზე არ გამოგვიცდია. ის, რაც ჩვენს ცხოვრებაში პირველად ხდება და სიახლის ხიბლს, სათავგადასავლო გატაცებას ან რისკით გამოწვეულ სიხარულს უკავშირდება, იმავდროულად შიშსაც ბადებს და, რაკი ჩვენი ცხოვრება მუდმივად რაღაც ახალი, უცნობი და ჯერ შეუცნობელი მოვლენების დინებას მიჰყვება, ამიტომ მათ შიშიც განუხრელად ახლავს ხოლმე თან. ადამიანი შიშს, უპირველეს ყოვლისა, თავისი განვითარების ისეთ მნიშვნელოვან ეტაპებზე განიცდის, როდესაც იძულებულია, მისთვის ჩვეული გზით სიარულზე უარი თქვას და ახალ სიძნელეებს შეეჭიდოს, რაც მის ცხოვრებაში ცვლილებებს გამოიწვევს. ამრიგად, ადამიანის ზრდა, განვითარება და პიროვნული მომწიფება აშკარად გულისხმობს შიშის დაძლევას, ხოლო ამისათვის ის ნაბიჯები უნდა გადადგას, რომლებზეც დამოკიდებულია ნებისმიერი ასაკისათვის დამახასიათებელი შიშის წარმატებით გადალახვა.       ამის მიხედვით, არსებობს სრულიად ნორმალური, ასაკისა და განვითარების შესაბამისი შიშები, რომლებსაც ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანი წინ აღუდგება და დაძლევს, რაც მეტად მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისათვის. მაგალითისათვის გავიხსენოთ ბავშვის მიერ პირველი ნაბიჯების დამოუკიდებლად გადადგმის მცდელობა, როდესაც მას დედამ ხელი უნდა გაუშვას, მან კი ამ დროს მარტომ გადალახოს თავისუფალ სივრცეში გადაადგილების შიში; ანდა ბავშვის ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი ავიღოთ, როდესაც იგი სწავლას იწყებს. ამ დროს ბავშვი პირველად ტოვებს ოჯახის წიაღს და საზოგადოებაში დამკვიდრებას იწყებს. სიყმაწვილისა და ახალგაზრდობის წლებში ადამიანს პირველად უხდება შეხება საპირისპირო სქესთან და ამ დროს უკვე ეროტიული და სექსუალური სურვილები სტანჯავს. აქვე გავიხსენოთ პროფესიულ საქმიანობაში გადადგმული პირველი ნაბიჯები, ოჯახის შექმნა, დედობის განცდა, ბოლოს კი – სიბერე და სიკვდილთან შეხვედრა. ყველა ამ მოვლენის თავდაპირველი განცდა თუ გააზრება შიშის თანხლებით ხდება.       ნებისმიერი შიში ორგანულადაა შერწყმული ადამიანის ცხოვრებასთან, რადგან იგი დაკავშირებულია მის სომატურ, სულიერ და სოციალურ განვითარებასთან, და მისი გამოვლინება საზოგადოებაში ახალი ფუნქციების შესრულების დროს ხდება. ასეთ შემთხვევებში ადამიანს იმ საზღვრის გადალახვა უხდება, როდესაც იგი მისთვის დადგენილ, ნაცნობ წესებს ემშვიდობება და ახალ, უცხო სამყაროში სურს შედგას ფეხი. ამას გარდა, არსებობს ინდივიდუალური შიშებიც, რომლებიც, ზღვრული სიტუაციების გათვალისწინებით, არატიპურ შიშებს განეკუთვნება. ისინი სრულიად წარმოუდგენელია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ასეთი რამ არასოდეს განუცდიათ. ამგვარ შიშებს ზოგ ადამიანში სიმარტოვე იწვევს, ზოგს ხალხმრავლობა ვერ აუტანია, ზოგსაც შიშის შეტევები ხიდზე და ვრცელ ქუჩაზე გადასვლისას ან დახურულ სივრცეში ეწყება. არცთუ იშვიათად, ადამიანები პანიკურ შიშში უწყინარი ცხოველების, ხოჭოების, ობობებისა და თაგვების დანახვაზე ვარდებიან.       ამრიგად, გამოდის, რომ ადამიანს ამქვეყნად თითქმის ყველაფრის ეშინია, მაგრამ რაგინდ მრავალფეროვანი უნდა იყოს შიშის ფენომენი, დაკვირვებები გვიჩვენებს, რომ ამ დროს საქმე მაინც შიშის გარკვეულ ვარიანტებთან გვაქვს. ჩემს წიგნსაც სწორედ ამიტომ დავარქვი «შიშის ძირითადი ფორმები» და მათ აღწერას ვაპირებ. ნებისმიერი შიში ამ უმთავრეს ფორმებს უკავშირდება და მათ გამოვლინებას წარმოადგენს. ზოგჯერ შიში ამ ფორმებში ექსტრემალური ან მტანჯველი შიშის სახით გამოვლინდება, ზოგ შემთხვევაში კი მათი გადატანა სხვა ობიექტებზე ხდება. კერძოდ, ადამიანს აქვს მიდრეკილება, დაუძლეველი შიში იმ უწყინარი ობიექტებით ჩაანაცვლოს, რომლებსაც თავს უფრო ადვილად აარიდებს, ვიდრე საკუთარ შიშთან დაკავშირებულ გამოწვევებს.       შიშის ძირითადი ფორმების არსებობას სამყაროსადმი ადამიანის დამოკიდებულება განსაზღვრავს და მიგვანიშნებს, რომ ორ დიდ ანტინომიას შორის წარმოჩენილი წინააღმდეგობა და დაპირისპირება უნდა გავაცნობიეროთ. ამ ანტინომიების აღწერით მინდა ნათელი მოვფინო იმას, რაც ზეპიროვნული წესრიგისა და კანონზომიერებების დადგენის დროს ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა მაინც არსებობს.       ჩვენ ვიბადებით სამყაროში, რომელიც ოთხ ძლიერ ძალას ემორჩილება: დედამიწა გარკვეულ დროში მოძრაობს ჩვენი სისტემის ცენტრალური მნათობის გარშემო და ამ მოძრაობას «რევოლუციას» ანუ «გადატრიალებას» ვუწოდებთ. იმავდროულად დედამიწა წრეს საკუთარი თავის გარშემოც შემოავლებს, რასაც «საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვა» ჰქვია: ამრიგად, საქმე გვაქვს ურთიერთსაპირისპირო და იმავდროულად ურთიერთგანმაპირობებელ ძალასთან, რომელსაც ჩვენი სამყაროს მთელი სისტემა მოძრაობაში მოჰყავს ისე, რომ ამ მოძრაობას, ერთი მხრივ, სიმძიმის, ხოლო მეორე მხრივ, მიზიდულობის ძალა გარკვეული მიმართულებით წარმართავს. სიმძიმის ძალა თითქოს აკავებს ჩვენს სამყაროს, მისი ცენტრისკენ მიემართება და რაღაცით შთანმთქავ მორევს ჰგავს. მიზიდულობის ძალა სამყაროს შუაგულიდან მიისწრაფვის გარეთ, სივრცეში გაიჭრება და შურდულივით მსრბოლ მატარებელს მოგვაგონებს. მხოლოდ ამ ოთხ ძალას შორის არსებული წონასწორობა უზრუნველყოფს იმ სამყაროს კანონზომიერ და ქმედით წესრიგს, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც კოსმოსი ჰქვია. ამ მოძრაობების დაჩქარება, შეფერხება ან შეჩერება მთლიანად გაანადგურებდა სამყაროში არსებულ წესრიგს და დიდ ქაოსს გამოიწვევდა.       ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ დედამიწა აღარ დაემორჩილა ერთ-ერთ ამ ძალას; აი, მაგალითად, შეწყვიტა მზის გარშემო ბრუნვა და მხოლოდ საკუთარი ღერძის გარშემო იტრიალა; მაშინ იგი დაარღვევს პლანეტისათვის დადგენილ წესრიგს, დაემსგავსება მზეს და მის გარშემო სხვა პლანეტები დაიწყებენ ბრუნვას. დედამიწა მისთვის განკუთვნილ ორბიტაზე მზის გარშემო ვეღარ იმოძრავებს და საკუთარი კანონით გააგრძელებს არსებობას.       იმ შემთხვევაში, თუ დედამიწა აღარ დაემორჩილება როტაციის კანონს, ანუ საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნვაში აღარ ჩაერთვება და მხოლოდ მზის გარშემო იმოძრავებს, მაშინ იგი პლანეტიდან თანამგზავრამდე «ჩამოქვეითდება» და დაემსგავსება მთვარეს, რომელსაც მხოლოდ ცალი მხარე აქვს მზისკენ მიქცეული და მთლიანად მის გამგებლობაში იმყოფება. დედამიწა ორივე შემთხვევაში დაარღვევს პლანეტისთვის განჩინებულ კანონს, რომლის თანახმადაც, იგი, ერთი მხრივ, სამყაროს მთლიან სისტემაში უნდა ჩაერთოს, ხოლო მეორე მხრივ, დამოუკიდებლად იმოძრაოს საკუთარი ღერძის გარშემო.       შემდეგ: დედამიწას რომ არ ჰქონდეს სიმძიმის, ანუ ცენტრისკენული ძალა, იგი მხოლოდ მიზიდულობის, ანუ ცენტრიდანული ძალის ამარა დარჩება, ქაოტურად დაიწყებს მოძრაობას, ერთიანად დაიშლება, თავისი ორბიტიდან ამოვარდება და, ალბათ, სხვა ციურ სხეულებს შეეჯახება. და, ბოლოს, თუ სიმძიმის ძალას არ დაუპირისპირდება ცენტრიდანული ანუ მიზიდულობის ძალა, ეს ან დედამიწის სრულ გაქვავებას გამოიწვევს, ანდა იგი, სხვა ძალების გავლენით, საკუთარი ორბიტიდან ისე ამოვარდება, რომ მათ ვერავითარ სხვა ძალას ვერ დაუპირისპირებს. ახლა კი შედარებას მივმართოთ და ერთი წუთით დავუშვათ, რომ ადამიანი, როგორც დედამიწის მკვიდრი და ჩვენი მზის სისტემის პაწაწინა ნაწილი, ასევე დაკავშირებულია ამ სისტემის კანონზომიერებებთან და ინსტინქტებისა და ლატენტური მოთხოვნების სახით საკუთარ თავში ზემოაღწერილ ძალებს მოიცავს. რაკი ეს მოსაზრება ძალიან ახლოს დგას ჭეშმარიტებასთან, ამიტომ ამგვარ შედარებას საოცარ მსგავსებამდე მივყავართ. უბრალოდ, უნდა შევეცადოთ, ეს მთავარი მამოძრავებელი ძალები ადამიანთან მიმართებაში ფსიქოლოგიურ დონეზე გადმოვიტანოთ, რათა კითხვები მათი მსგავსების შესახებ ახლა უკვე სულიერ სფეროში დავსვათ და ზემოხსენებულ ანტინომიებსაც შევეხოთ, რომელთა შორისაც მიედინება მთელი ჩვენი ცხოვრება. ამ დროს შიშის ის ძირითადი ფორმები წარმოჩინდება, რომლებიც ამ შედარებასთან მიმართებაში დიდად მნიშვნელოვანნი არიან.       როტაცია ანუ დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სავსებით შეესაბამება ინდივიდუაციის შესახებ მოთხოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ ცალკეული ადამიანები შეიძლება ინდივიდები გახდნენ. «რევოლუცია» ანუ დედამიწის მოძრაობა ცენტრალური მნათობის, მზის, გარშემო კი იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომლის თანახმადაც, ჩვენც ჩავერთვებით ერთ დიდ სამყაროში და ამით ვზღუდავთ საკუთარ პრინციპებს და სურვილებს ზეპიროვნული ურთიერთობების სასარგებლოდ. ამრიგად, პირველი ანტინომია საპირისპირო მოთხოვნებს წამოაყენებს იმის თაობაზე, რომ ინდივიდმა საკუთარი თავი ზეპიროვნულ ურთიერთობებში უნდა ჩართოს. ცენტრისკენულ ანუ სიმძიმის ძალას ფსიქოლოგიურ დონეზე შეესაბამება ადამიანის არსებობის ხანგრძლივობისა და სიმყარის იმპულსი; და, ბოლოს, ცენტრიდანული ანუ მიზიდულობის ძალა იმ იმპულსის შესაგვანია, რომელიც წინსვლისკენ, ცვლილებებისა და გარდაქმნებისკენ გვიბიძგებს. ამრიგად, მეორე ანტინომიაც ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნებს შეიცავს და განმარტავს, რომ ადამიანი, ხანგრძლივობისა და სიმყარის ფონზე, გარდაქმნებისა და ცვლილებებისკენ უნდა მიილტვოდეს.       კოსმიური ანალოგია საშუალებას გვაძლევს, ოთხი ფუძემდებლური მოთხოვნის თანახმად, ადამიანში ისევ და ისევ ურთიერთსაპირისპირო, მაგრამ, ამასთანავე, ურთიერთგანმსაზღვრელი მიზან-მისწრაფებები აღმოვაჩინოთ. ისინი სხვადასხვა ფორმით გამოვლინდება ადამიანის ცხოვრებაში და ჩვენგან გამუდმებით ახალ-ახალ პასუხებს ელის.       ჩვენ მიერ შემოთავაზებული შედარების პირველი მოთხოვნა როტაციას ეხება, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი განუმეორებელ ინდივიდუუმად უნდა ჩამოყალიბდეს; ამისათვის კი თითოეულმა ადამიანმა თვითმყოფადობა უნდა დაიმკვიდროს და დანარჩენებს გაემიჯნოს, რათა დამოუკიდებელ და მასისგან გამორჩეულ პიროვნებად ჩამოყალიბდეს; თუმცა ამგვარი მოთხოვნა ეჭვს აღძრავს და გვაფიქრებინებს, რომ, თუ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება, მაშინ ისინი ამოვარდებიან იმ წრიდან, რომელსაც ადამიანთა ურთიერთმიკუთვნებულობა და ერთობლიობა ჰქვია; ეს კი ადამიანისთვის სიმარტოვისა და სხვებისაგან იზოლაციის ტოლფასი იქნებოდა. ნებისმიერი ადამიანი გარკვეულ რასას, ხალხსა თუ ეროვნებას განეკუთვნება; გარდა ამისა, იგი, თავისი ოჯახის, სქესისა თუ ასაკის მიხედვით, იმ ჯგუფების წარმომადგენელიცაა, რომლებიც მას ახლობლად მიაჩნია, და რომლებთანაც მჭიდრო ურთიერთობა აქვს. მაგრამ ადამიანები იმავდროულად ინდივიდებიც არიან და ერთმანეთისაგან აშკარად განსხვავდებიან, რასაც ის საოცარი ფაქტიც ადასტურებს, რომ, ყოველი ადამიანის თითის ანაბეჭდის წყალობით, შესაძლებელია, დავადგინოთ მისი გამორჩეულობა და ერთმნიშვნელოვანი იდენტიფიკაცია. ამრიგად, ჩვენი არსებობა პირამიდას ჰგავს, რომლის საყრდენი ფუძე ნელ-ნელა შორდება მის წვერთან დამაკავშირებელ კედლებს, ბოლოს კი განუმეორებელი ინდივიდუალობის ნიშნით წარმოჩინდება. ადამიანი თავისი განუმეორებლობით, ანუ როგორც ამას იუნგმა უწოდა, ინდივიდუაციის პროცესის წყალობით, ამოვარდება თავისი მიკუთვნებულობის დაცული სისტემიდან («მეც ისეთივე ვარ, როგორებიც – სხვები») და სიმარტოვის შიშს განიცდის, რადგან, რაც უფრო მეტად განსხვავდება ადამიანი სხვებისგან, მით უფრო მარტოსულად გრძნობს თავს და იმ საფრთხის წინაშე დგება, რომ დაკარგავს თავდაჯერებას, ყველასგან გარიყული, უარყოფილი იქნება და, გარკვეულ ვითარებებში, თავს დამარცხებულად იგრძნობს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ადამიანი უარს იტყვის დამოუკიდებელ ინდივიდუუმად ჩამოყალიბებაზე, მაშინ იგი ადამიანთა მასაში გაითქვიფება და მუდმივად ვალში იქნება საკუთარი ადამიანური ღირსების წინაშე.       «რევოლუციასთან» ჩვენეული შედარების თანახმად, წამოყენებულ მეორე მოთხოვნაში მითითებულია, რომ ადამიანებმა ნდობით უნდა გაუღონ კარი გარესამყაროს და თანამოძმეებს, დაამყარონ ურთიერთობა «არა – მე»-სთან, «უცხოსთან» და «ჩვენ მიღმა მყოფთან», რაც, ფართო გაგებით, ცხოვრებისადმი ერთგულების გამოჩენას ნიშნავს; მაგრამ ეს ერთგულება დაკავშირებულია უამრავ შიშთან, რომელიც ადამიანს აფრთხილებს, რომ ამით იგი დაკარგავს საკუთარ «მე»-ს და თავისუფლებას, ვიღაცის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება, ვეღარ გამოავლენს საკუთარ თვითმყოფადობას და იძულებული იქნება, თავისი ცხოვრება სხვებს მიუტანოს მსხვერპლად; ერთი სიტყვით, ადამიანმა, ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, ბევრი რამ უნდა დათმოს. ამრიგად, აქ საქმე ადამიანის სხვებთან ურთიერთობას და მის თვინიერებას ეხება; ესე იგი, როდესაც მისი «მე» ამგვარ საფრთხეებს განიცდის და უმწეო მდგომარეობაში ვარდება, მან მაინც ალღო უნდა აუღოს და მიენდოს ცხოვრებას. თუ ადამიანს საამისოდ გამბედაობა არ ეყო, მაშინ იგი ყველასაგან გარიყული და იზოლირებული დარჩება, მთლიანად მოსწყდება მის მიღმა არსებულ მოვლენებს და ვერც საკუთარ თავს და გარესამყაროს შეიცნობს. ზემოხსენებული პირველი ანტინომია პარადოქსულ აზრს შთაგვაგონებს, რომლის თანახმადაც, ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს თვითმყოფადობა, მოახდინოს მისი რეალიზება, გამოავლინოს ერთგულებისა და მედიტაციის უნარი, მეორე მხრივ კი, გადალახოს შიში საკუთარი «მე»-ს პიროვნებად ჩამოყალიბების წინაშე.       ახლა კი ჩვენი შედარების იმ ბოლო ორ მოთხოვნაზე გადავიდეთ, რომლებიც ასევე ურთიერთდაპირისპირებისა და ურთიერთშეფასების პოლარულ მიმართებებს აღწერენ. ჩვენი შედარების მესამე მოთხოვნა სიმძიმის ანუ ცენტრისკენულ ძალას უკავშირდება და იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი ხანგრძლივობისკენ უნდა მიისწრაფოდეს. ამ სამყაროში იგი თავს მყუდროდ და შინაურულად უნდა გრძნობდეს და მომავალს ისე გეგმავდეს, თითქოს მუდმივად აპირებს აქ დარჩენას. მას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სამყარო სტაბილურია, მომავლის განჭვრეტა შესაძლებელია და სიცოცხლე მარად გაგრძელდება. ამასთან, ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ «media vita in morte sumus», ანუ მის არსებაში სანახევროდ სიკვდილია ჩაბუდებული და, შესაძლოა, მისი სიცოცხლე ყოველ წამს შეწყდეს. ხანგრძლივობის განცდის ამგვარი მოთხოვნით, ადამიანს შესაძლებლობა ეძლევა, მომავალი გარკვეული დროით დაგეგმოს და, ამასთანავე, მიიჩნიოს, თითქოს ეს მომავალი მტკიცე და უსაფრთხოა.       ეს მოთხოვნა ადამიანს აღუძრავს შიშებს, რომლებიც დაკავშირებულია მისი წარმომავლობისა და მასზე დამოკიდებულების წინასწარ შეუცნობელ, ირაციონალურ ცოდნასთან; ეს არის შიში სიახლის, გაბედული ქმედებებისა და დაგეგმილი ცხოვრების წინაშე; ამასთან, ადამიანს იმის შიშიც იპყრობს, რომ მან საკუთარი თავი ცხოვრების იმ მარადიულ დინებას უნდა მიანდოს, რომელიც არასოდეს ჩერდება, მერე კი თავად მასაც შეეხება და შეცვლის. სწორედ ამ აზრს გამოხატავს გამონათქვამი, რომლის თანახმადაც, ადამიანი ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შევა, რადგან მდინარეც და ადამიანიც მუდმივად შეცვლილი სახით მოგვევლინება. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ადამიანი ხანგრძლივობის მოთხოვნას უგულებელყოფს, ვერაფრის შექმნას და ვერანაირი საქმის თავის მობმას ვერ შეძლებს. ადამიანის წარმოსახვაში ყოველგვარი ქმნადობა ხანგრძლივობის ნიშნით უნდა იყოს აღბეჭდილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც ერთი საქმის წამოწყებას და ვერც ერთი მიზნის განხორციელებას ვერ მოახერხებს. ადამიანი ყოველთვის ასეთი ცხოვრების წესით ცხოვრობს: მას თითქოს სჯერა, რომ განუსაზღვრელი დროის მფლობელია და მიღწეული შედეგის სტაბილურობა გარანტირებული აქვს; მაგრამ სწორედ ამ სტაბილურობის, ხანგრძლივობისა და მარადისობის ვითარსი შეგრძნება წარმოადგენს იმ არსებით იმპულსს, რომელიც მას ქმედებას აიძულებს.       და ბოლოს: ჩვენი შედარების მეოთხე მოთხოვნა, რომელიც ცენტრიდანულ ანუ მიზიდულობის ძალას უკავშირდება, იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მუდმივად მზად იყოს ცვლილებებისათვის. დიახ, მას უნდა შეეძლოს განვითარებისათვის აუცილებელი ცვლილებების მიღება, მისთვის ცნობილი საქმეებისა და აზრების უგულებელყოფა, უნდა დაივიწყოს ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, უარი თქვას მიღწეულ შედეგებზე და ისეთი გრძნობა დაეუფლოს, თითქოს ცხოვრებას შუა გზიდან აგრძელებს.       ადამიანში მუდმივად აღძრავს შიშს მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, იგი აქტიურად უნდა ვითარდებოდეს, არ შეჩერდეს და არაფერს გამოეკიდოს, ამასთანავე, გულისხმიერებითა და გაბედულად შეხვდეს მისთვის ყოველივე ახალსა და უცნობს. ამ დროს ადამიანი ფიქრობს, რომ არ უნდა გამოვიდეს წესრიგის, კანონებისა და ზნე-ჩვეულებების ჩარჩოებიდან, უნდა შეზღუდოს საკუთარი შესაძლებლობები და თავისუფლებისადმი სწრაფვა. რაკი, ზემოხსენებული «შიშის» თანახმად, «სიკვდილი» წარმავლობის ნიშნითაა აღბეჭდილი, იგი ადამიანისათვის გაქვავებას და საბოლოოდ დაღუპვას ნიშნავს. თუ ადამიანი სიმამაცეს ვერ გამოიჩენს და უარს იტყვის სიახლეებსა და ცვლილებებზე, იგი თავის წეს-ჩვეულებების მონად გადაიქცევა, ჯიუტად გაიმეორებს მისთვის უკვე ნაცნობსა და არსებულს, მერე მას დრო და თანამედროვეები ჯერ გაასწრებენ, შემდეგ კი – დაივიწყებენ.       ამრიგად, ამ ანტინომიის სქემის მიხედვით, ცხოვრების მოთხოვნის შესახებ შემდეგი აზრი გამოიკვეთა: ადამიანი ცვლილებებისა და ხანგრძლივობის განცდის შემდეგ მაინც კვდება, მაგრამ მანამდე მან შეუჩერებელი წარმავლობისა და უტყუარი აუცილებლობის წინაშე შიში უნდა გადალახოს.       მას შემდეგ, რაც გავეცანით შიშის ოთხ ძირითად ფორმას, დასკვნის სახით მინდა ერთხელ კიდევ შევაჯამო ისინი. ეს ფორმებია: ერთგულების შიში, როგორც საკუთარი «მე»-ს დამოუკიდებლობის დაკარგვის განცდა; პიროვნებად ჩამოყალიბების შიში, როგორც დაუცველობისა და სიმარტოვის განცდა; ცვლილებების შიში, როგორც წარმავლობისა და რწმენის უქონლობის განცდა; გარდუვალობის შიში, როგორც დასასრულისა და შებოჭილობის განცდა.       ნებისმიერი შიში საბოლოოდ მაინც შიშის იმ ოთხი ძირითადი ფორმის ნაირსახეობებით გამოვლინდება, რომლებიც ასევე ჩვენი არსებობის განმსაზღვრელ ოთხ მთავარ იმპულსში იღებენ დასაბამს და წყვილების სახით კიდეც ავსებენ და კიდეც უპირისპირდებიან ერთმანეთს: ერთი მხრივ, თვითგადარჩენისა და თვითგანდგომის იმპულსი უპირისპირდება თვითერთგულებისა და მიკუთვნებულობის იმპულსს, ხოლო მეორე მხრივ, ხანგრძლივობისა და დაცულობის იმპულსი ცვლილებებისა და გაბედული ქმედებების საპირისპირო იმპულსს წარმოადგენს. ნებისმიერი სწრაფვა შეიცავს შიშს საპირისპირო სწრაფვის მიმართ. თუ ერთხელ კიდევ დავუბრუნდებით ჩვენს კოსმიურ შედარებას, აღმოჩნდება, რომ ცხოვრებისეული წესრიგის დაცვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დავიცავთ წონასწორობას ამ ანტინომიურ იმპულსებს შორის. მაგრამ წონასწორობის დაცვა სტატიკურ პროცესს არ ნიშნავს, რადგან იგი უზარმაზარი შინაგანი დინამიკითაა გაჯერებული და მასში მუდამ მოქმედებს აღდგენითი ძალები.       საყურადღებოა ისიც, რომ შიშის განცდა და მისი ინტენსივობის ხარისხი დიდწილად დამოკიდებულია არა მხოლოდ ადამიანის თანდაყოლილ, «მემკვიდრეობით» მიღებულ თვისებებზე, არამედ ასევე მისთვის დაბადებიდან ნაცნობ გარემოზე, მის ფიზიკურ და სულიერ სტრუქტურაზე, პირად ბიოგრაფიასა და პიროვნებად ჩამოყალიბების მთელ ისტორიაზე. და, რაკი ადამიანის შიშებსაც აქვთ თავისი ისტორია, მოგვიანებით დავინახავთ, რომ მათი წარმოშობის უშუალო მიზეზებს სწორედ მის ბავშვობასთან მივყავართ. ამდენად, შიში, ადამიანის მიდრეკილებებისა და გარემოპირობების წყალობით, მრავალგვარ ელფერს იძენს; ნაწილობრივ სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ფაქტიც, თუ რატომ განიცდის ესა თუ ის ადამიანი ზოგიერთ შიშს სხვებზე უფრო მძიმედ. ამის მიზეზი სრულიად განსხვავებულ, ცხოვრებისეულ პირობებშიც უნდა ვეძებოთ. ადამიანის მიდრეკილებებმა და გარემომ, რომელსაც ოჯახთან და მის გარშემო არსებულ «წრესთან» ერთად, საზოგადოებაც წარმოადგენს, შესაძლოა, ზოგიერთი შიშის წარმოშობას ხელი შეუწყოს, ზოგს კი უკან დაახევინოს. ჯანმრთელ და ნორმალურად განვითარებულ ადამიანს, საერთოდ, შეუძლია შიშთან შებრძოლება და მისი დამარცხება; განვითარებაშეფერხებული ადამიანი კი არა მხოლოდ უფრო ძლიერად, უფრო ხშირადაც განიცდის შიშებს, რომელთაგან შიშის ერთ-ერთი სახეობა, თავისი ინტენსივობით, გადაწონის ხოლმე დანარჩენებს.       შიში მძიმე ტვირთად აწვება ადამიანს და, შესაძლოა, მისი დაავადების მიზეზიც გახდეს, თუ ის თანდათანობით ძლიერდება და, ამასთან, მას ადამიანი ხანგრძლივი დროის მანძილზე განიცდის. ყველაზე მძიმეა ბავშვობაში გადატანილი შიში, რადგან ადამიანს ამ ასაკში ჯერ არ გააჩნია ის დამცავი ძალა, რომელსაც იგი შიშს დაუპირისპირებდა. ძალიან რთულია შიშთან ბრძოლა, თუ ის თანდათანობით ძლიერდება და ეს პროცესი დიდხანს გრძელდება, ან, თუ შიში ადამიანს იმ დროს შეიპყრობს, როდესაც მის დასათრგუნად საჭირო ძალები არ გააჩნია; და, რაკი მას პოზიტიური ქმედებების უნარი დაქვეითებული აქვს და მისი განვითარება აღარ ხდება, იგი ბავშვობისდროინდელი ქცევის წესებს უბრუნდება და მისი საქციელი სიმპტომატური ხდება. გასაგები მიზეზების გამო, ასაკთან შეუსაბამო, აუტანელ შიშებს ბავშვობის პერიოდში ვხვდებით. ბავშვის ჯერ კიდევ სუსტადგანვითარებულ «მე»-ს არ შეუძლია გარკვეული შიშების დაძლევა; ამიტომ, თუ მას ამ გაუსაძლის მდგომარეობაში მარტოს ტოვებენ, იგი დიდ სულიერ ტრავმას იღებს.       ისეთ საგანგებო სიტუაციებში, როგორიცაა ომი, ტყვეობა, ბუნებრივი კატასტროფები, უეცრად თავსდატეხილი საფრთხეები ან მძიმე სულიერი განცდები, ზრდასრული ადამიანი, შესაძლოა, გასცდეს შიშების მიმართ საკუთარი მდგრადობის ზღვარს და უჩვეულო ქმედებებით მოახდინოს მათზე რეაგირება; მაგრამ, ბავშვებთან შედარებით, ზრდასრულ ადამიანს გაცილებით მდიდარი არჩევანი აქვს საკუთარ თავში შიშის საწინააღმდეგო ძალების გამოსანახად. მას შეუძლია თავი დაიცვას, გაიაზროს სიტუაცია და გააცნობიეროს შიშის გამომწვევი მიზეზები, უპირველეს ყოვლისა კი, მიხვდეს, საიდან მოდის ეს შიში, რის შემდეგაც მას უკვე შეუძლია თავისი შიშის ვინმესთვის გაზიარება; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანი სათანადოდ აფასებს მოსალოდნელ საფრთხეებს, რისი უნარიც ბავშვს ჯერ არ გააჩნია; იგი ის ობიექტია, რომელიც უმწეოდ აჰყვება საკუთარ შიშებს, არ იცის, რამდენ ხანს გასტანს მისი ასეთი მდგომარეობა და, საერთოდ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.       შემდგომ დავინახავთ, რომ შიშის ამ ოთხი მთავარი ფორმიდან, ერთ-ერთი მათგანის ჭარბად გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლებლობა მოგვეცემა, ვიმსჯელოთ პიროვნების ოთხ სტრუქტურულ ტიპზე, ანუ «სამყაროში ადამიანის არსებობის» ოთხ სახეობაზე. ცნობილია, რომ საფეხურებად განლაგებულ ამ სახეობებში, ასე თუ ისე, ჩვენც ვმონაწილეობთ. შემდგომში პიროვნების ეს სტრუქტურული ტიპები უნდა განვიხილოთ შიშის ოთხ მთავარ ფორმასთან მიმართებით და ხაზგასმით გამოვყოთ თითოეული მათგანის საგანგებო თვისებები. პიროვნების სტრუქტურული ტიპის აღწერისას, რაც უფრო ცალმხრივად და მკვეთრად გამოვლინდება ესა თუ ის თვისება, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ იგი ბავშვობისდროინდელ დარღვევებს უკავშირდება. შესაბამისად, სულიერ ჯანმრთელობაზე მაშინ შეიძლება საუბარი, თუ ადამიანს შეუძლია, ცხოვრებაში წონასწორობა ოთხი მთავარი იმპულსის საშუალებით დაიცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შიშის ოთხი მთავარი ფორმა გაცნობიერებული აქვს.       პიროვნების ოთხი სტრუქტურული ტიპი, უპირველეს ყოვლისა, გარკვეულწილად აქცენტირებულ, ნორმალურ სტრუქტურებს წარმოადგენს. თუ მათი აქცენტირება მეტისმეტად ცალმხრივად და მკვეთრად მოვახდინეთ, მაშინ ეს ცალმხრიობა იმ ზღვარს გასცდება, რომლის იქითაც ოთხი უმთავრესად ნორმალური სტრუქტურის ტიპი უკვე ნევროზული ფორმების ან ექსტრემალური ვარიანტების სახით წარმოგვიდგება. აქედან გამომდინარე, საქმე გვექნება სტრუქტურული ტიპების ნევროზულ ვარიანტებთან, რომლებსაც ფსიქოთერაპია და სიღრმისეული ფსიქოლოგია აღწერს როგორც შიზოიდიის, დეპრესიის, ობსესიური ნევროზისა და ისტერიის ოთხ მთავარ ნევროზულ ფორმას. შესაბამისად, ნევროტიკული პიროვნებები მხოლოდ მწვავე ან ექსტრემალური შემთხვევების დროს გამოავლენენ ამ ზოგადადამიანური არსებობის საყოველთაოდ ცნობილ ფორმებს.       საბოლოო ჯამში, საქმე «სამყაროში არსებობის» ოთხ განსხვავებულ სახეობას ეხება. ახლა მინდა, მათი ცალმხრივი გამოვლინების ფორმები აღვწერო, სრულიად ჯანსაღი, მსუბუქი ფორმებით დაწყებული და ფსიქიური აშლილობის მძიმე ფორმებით დამთავრებული. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ადამიანის კონსტიტუციის თავისებურებანი, მაგრამ, პირველ რიგში, ჩვენთვის მაინც მისი ცხოვრებისეული სივრცეა საინტერესო.       მანამდე კი მინდა კიდევ ერთი შენიშვნა გამოვთქვა: პიროვნების ოთხი სტრუქტურის აღწერამ, შესაძლოა, ადამიანის ტიპების შესახებ მოძღვრების ხასიათი მიიღოს; მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ იგი სხვა ტიპოლოგიებისაგან განსხვავდება, რადგან მის საფუძველს უმთავრესად ფსიქოთერაპიისა და სიღრმისეული ფსიქოლოგიის მონაცემები და გამოცდილება წარმოადგენს. ამდენად, ზემოხსენებული სტრუქტურული ტიპები, საბოლოო ჯამში, ნაკლებად ფატალური და ცვალებადი ხასიათისანი არიან, იმ დროს, როდესაც კონსტიტუციისა და ტემპერამენტის მიხედვით აღწერილი ტიპები ფატალურ და უცვლელ ხასიათს ავლენენ და ამიტომ ისინი ისეთებად უნდა მივიღოთ, როგორებიც არიან. მაგრამ აქ სხვა რამ მაქვს მხედველობაში.       ჩემს პიროვნებას ქმნის და გარკვეულ სტრუქტურულ ნიშან-თვისებებს სძენს არა მხოლოდ ის, რომ სხეულის ჩემეული აგებულებით გამოვირჩევი, არამედ ისიც, რომ სამყაროსა და ცხოვრების მიმართ იმ განწყობილებებსა და დამოკიდებულებას გამოვხატავ, საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან რომ მივიღე. რაც ამ დროს განგების ნებით ხდება, იქნება ეს ჩვენი თანდაყოლილი ფსიქიკური და ფიზიკური მონაცემები, ურთიერთობა ბავშვობისდროინდელ გარემოსთან, ჩვენს მშობლებთან, აღმზრდელებთან თუ საკუთარი წესებით მოთამაშე საზოგადოებასთან, რომლის წიაღშიც დაბადებიდან ვარსებობთ, – აი, ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჩვენი თანამონაწილეობით ხდება. მაგრამ ამის შეცვლა შეიძლება, ყოველ შემთხვევაში, ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ადამიანი უნდა შეეგუოს. იმ პიროვნულ სტრუქტურებში, რომლებსაც ახლა ვგულისხმობთ, ადამიანის მთლიანი სურათის ერთ-ერთი ასპექტი წარმოჩინდება. უპირველეს ყოვლისა, განგების ნებით არასაკმარისად განვითარებული, უგულებელყოფილი, მცდარი, გაუცხოებული თუ დათრგუნული ცალკეული ასპექტების შემდგომმა განვითარებამ, შესაძლოა, უკვე არსებული სტრუქტურა ადამიანის მთელი წარმოსახვის ან სიმწიფის სასარგებლოდ იმდენად შეცვალოს, რამდენადაც ეს ცალკეულ პიროვნებას საკუთარი თავისთვის ხელეწიფება.       აქ ზოგადად არსებულ ოთხ უმთავრეს განწყობას და შესაძლებელ ქცევას ჩვენი არსებობის პირობებთან და ურთიერთობებთან მიმართებაში განვიხილავთ, რომლის დროსაც მოქმედი წესრიგი და წონასწორობის დაცვის კოსმიური ნიმუში თითქოს შეუსაბამოდ უპირისპირდება ერთმანეთს.       ნევროზების შესახებ არსებული თეორიიდან ცნებების აღმნიშვნელი სპეციალური ტერმინების გადმოტანას ოთხი სტრუქტურული ტიპის ასევე ჯანმრთელ ადამიანებზე, თავისი პრაქტიკული უპირატესობა გააჩნია, რადგან ეს ცნებები ყოველთვის გვაძლევს შესაძლებლობას, მათი საშუალებით ერთდროულად განვიხილოთ ადამიანის ბიოგრაფიული მონაცემები და ნევროტიული ვარიანტები. ამასთან, ეს ტერმინები ისე ფართოდ დამკვიდრდა, რომ ახლების შექმნა სრულიად ზედმეტი ჩანს. მკითხველი, ალბათ, მალე მიხვდება ამას, როდესაც შიზოიდიის, დეპრესიისა და სხვა ცნებებს, მათი აღწერის შემდეგ, ნათლად გაიაზრებს. შევეცადე, ამ წიგნში არ შევხებოდი განსხვავებას «შიშსა» (Angst) და «ძრწოლას» (Furcht) შორის, რასაც უმთავრესად ლიტერატურულ ტექსტებში ვხვდებით ხოლმე. ჩემი კონცეფციისთვის ამ საკითხს არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, უმართებულო მგონია ამ ორი ცნების ჩვეულებრივ მეტყველებაში დამკვიდრებული ხმარების წესიც. ძალიან ძნელია ამ ორ სიტყვას შორის განსხვავების დადგენა, როდესაც ვლაპარაკობთ «სიკვდილის შიშზე» და «სიკვდილის წინაშე ძრწოლაზე». შეიძლება კიდეც არის გარკვეული სიმართლე გავრცელებულ აზრში, თითქოს «ძრწოლა» რაღაც განსაზღვრულსა და კონკრეტულს გამოხატავს, «შიში» კი, პირიქით, რაღაც განუსაზღვრელთან და უფრო ირაციონალურთან მიმართებაში იხმარება, მაგრამ ამის დასაბუთება ყოველთვის ვერ ხერხდება. რატომ ვამბობთ, მაგალითად, «ძრწოლა ღვთის წინაშე» (Gottesfurcht), მაშინ როდესაც, ზემოაღნიშნული განსხვავების თანახმად, უნდა ყოფილიყო «შიში ღვთის წინაშე»(Gottesangst). აქედან გამომდინარე, შეგნებულად ვთქვი უარი, დამედგინა განსხვავება «შიშისა» და «ძრწოლის» ცნებებს შორის. ამ წიგნის მიზანია, დაეხმაროს თითოეულ ადამიანს, გაერკვეს საკუთარ ცხოვრებაში, მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, გააცნობიეროს, თუ რა მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისათვის ადრეული ბავშვობის წლები. წიგნი ასევე ისახავს მიზნად, დააფიქროს ადამიანები იმ დიდ მოვლენებზე, რომელთა შუაგულშიც ვტრიალებთ, რადგან, ჩემი აზრით, მათი წყალობით შეიძლება ბევრი რამ მნიშვნელოვანი ვისწავლოთ. გაგრძელება → ფრიც რიმანი წიგნიდან: შიშის ძირითადი ფორმები …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 1:45pm on სექტემბერი 29, 2018
თემა: ფსიქოანალიზის შესახებ
ა შეუმდგარი განდევნის შემთხვევაში. – ფსიქოანალიზის მიზანი. სწორედ იმ პერიოდში როდესაც ბრეიერი თავის პაციენტთან ატარებდა ტალკინგ ცურე-ს, შარკომ პარიზში, სალპეტრიერში დაიწყო ისტერიკოსების კვლევა, რამაც ავადმყოფობის შესახებ ახალი ცნობები მოიტანა. ფროიდისა და ბრეიერის აზრით მათი ავადმყოფების პათოგენური განცდები, ფსიქიკური ტრავმები გაიგივებული იყო იმ სხეულებრივ ტრავმებთან, რომელთა ზემოქმედებაც ისტერიულ პარალიჩებზე იკვლია და დაადგინა შარკომ.ბრეიერისეული დებულება ჰიპნოიდურ მდგომარეობებთან დაკავშირებით არის იმ ფაქტის ასახვა, რომ შარკო ხელოვნურად ახდენდა ჰიპნოზში ტრავმატული პარალიჩების ხელახალ გამოწვევას. ეს უდიდესი ფრანგი დამკვირვებელი ფროდის სიყვებით არ იყო მიდრეკილი ფსიქოლოგიური ნაგებობებისადმი, მაგრამ მისი მოწაფე ჟანე ისტერიის დროს განსაკუთრებული სულიერი ფსიქიკური პროცესების უფრო სიღრმისეულ წვდომას ცდილობდა, ისინიც (ფროიდი და ბრეიერი) მის მაგალითს მიყვებოდნენ, როდესაც ნაგებობების ცენტრში ფსიქიკის გაორება და პიროვნების განხეთქილება დააყენეს. ჟანეს ისტერიის თეორია იზიარებს საფრანგეთში გაბატონებულ აზრებს შთამომავლობასა და დეგენერაციასთან დაკავშირებით. მისი აზრით ისტერია წარმოადგენს ნერვული სისტემის დეგენერატიული ცვლილების გარკვეულ ფორმას, რომელიც ფსიქიკური სინთეზის ანდაყოლილ სისუსტეში მდგომარეობს. ისტერიკოსებს არ გააჩნიათ პირველადი უნარი განსხვავებული ფსიქიკური პროცესების დაკავშირებისა ერთ მთლიანობაში, აქედან გამომდინარე მათ გააჩნიათ მიდრეკილება სულიერი დისოციაციისადმი. ისტერიკოსების სისუსტე ცუდ შესაბამისობაშია იმ გარემოებასთან რომ შრომისუნარიანობის დაქვეითების გამოვლინებას თან ერთვის შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ამაღლების შემთხვევაც. ბრეიერის პაციენტის შემთხვევაში მის მიერ სხვა ენების დავიწყების შემთხვევაში ინგლისურის სრულყოფილი ფლობის მაგალითი. როდესაც ფროიდმა ბრეიერის მიერ დაწყებული კვლევები გამოიყენა მას განსხვავებული შეხედულება ჩამოუყალიბდა ისტერიულ დისოციაციასთან დაკაავშირებით. მსგავსი უთანხმოება აუცილებლად უნდა აღმოცენებულიყო ვინაიდან ფროიდი ხელმძღვანელობდა არა ლაბორატორიული გამოკვლევებით, როგორც ჟანე, არამედ თერაპიული ძალისხმევით. ვინაიდან კატარტიკული მეთოდი მოითხოვდა ავადმყოფის ჰიპნოტურ მდგომარეობაში მოყვანას, ხოლო ჰიპნოზი ფროიდისათვის გახდა არასასიამოვნო როგორც და მისტიური საშუალება და როდესაც გამოცდილებამ მას აჩვენა რომ ავადმყოფების უმრავლესობასთან ეს შეუძლებელია, ფროიდმა გადაწყვიტა მიენებებინა თავი ჰიპნოზისათვის და კატარტიკული მკურნალობა მისგან დამოუკიდებლად ექცია. ამ შემთხვევაში ფროიდი ბერნჰაიმის მაგალითს იყენებს. როდესაც ავამდყოფებთან ერთად ფროიდი იმ პუნქტამდე მიდიოდა, სადაც ისინი ამტკიცებდნენ რომ არაფერი აღარ იციან, ფროიდი ამტკიცებდა და არწმუნებდა მათ, რომ სწორედ ის მოგონება იქნება სწორი, რომელიც მათ თავში მოუვათ მაშინ როდესაც ფროიდი შუბლზე ხელს დაადებთ. ამგვარად ფროიდი იგებდა ყველაფერს რაც იყო საჭირო დავიწყებულ პათოგენურ სცენებსა და მათ შემდგომ დარჩენილ სიმპტომებს შორის არსებული კავშირების დამყარებისათვის. მაგრამ მისივე სიტყვებით ეს იყო ძალიან დამღლელი და არაეფექტური პროცედურა. თუმცა მან არ მიატოვა ეს მეთოდი, სანამ გარკვეული სახის დასკვნებამდე არ მივიდა. ფროიდი ამტკიცებს რომ დავიწყებული მოგონებები არ გამქრალა. ავამდყოფი ჯერ კიდევ ფლობდა ამ მოგონებებს და ისინი მზად იყვნენ ასოციაციური კავშირის დამყარებისათვის იმასთან რაც ავადმყოფმა უკვე იცის, მაგრამ გარკვეული ძალა ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ ისინი გაცნობიერებულიყვნენ და აიძულებდა მათ ისევ არაცნობიერში დარჩენილიყვნენ. ამ ძალის არსებობენ შეიძლებოდა სავსებით დადასტურებულიყო, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელი დაძაბულობის შეგრძნება შესაძლებელი იყო განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მის საპირისპიროდ არაცნობიერი მოგონებების ცნობიერში გადატანის მცდელობა მიმდინარეობს. შესაძლებელი იყო იმ ძალის შეგრძნება რომელიც ავადმყოფურ მდგომარეობას ინარჩუნებდა, ეს იყო ავამდყოფის წინააღმდეგობა. სწორედ წინააღმდეგობის იდეაზე დაფუძნებით ააგო ფროიდმა თავისი წარმოდგენა ისტერიისათვის დამახასიათებელი ფსიქიკური პროცესების გაგება. გამოჯანმრთელებისათვის აუცილებელი აღმოჩნდა ამ წინააღმდეგობის განადგურება. იგივე ძალები რაც ამჯერად ეწინააღმდეგებიან დავიწყებულის ცნობიერში გადასვლას, თავის დროზე ეს დავიწყება განაპირობეს და განდევნეს ცნობიერიდან შესაბამისი პათოგენური განცდები. ამ სავარაუდო პროცესს ფროიდმა უწოდა განდევნა და განიხილავდა მას როგორც დამტკიცებულს წინააღმდეგობის უდავო არსებობის თანახმად. ფროიდი საუბრობს ხანმოკლე კონფლიქტის შესახებ რომელიც აღმოცენდება ყველა ამ განცდიდან გამომდინარე წარმოშობილი სურვილების შესახებ, ეს სურვილები კი ხშირად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და წარმოიშობა ხანმოკლე კონფლიქტი. ამ შინაგანი ბრძოლის შედეგს წარმოადგენს ის, რომ ამ შეუსაბამო სურვილის მატარებელი წარმოდგენა ცნობიერებიდან განდევნას ექვემდებარება ყველა მისთვის დამახასიათებელი მოგონებების თანხლებით. ფროიდს ასევე მოყავს ერთ-ერთი თავისი პაციენტის მაგალითი, რომელიც საკუთარი სიძისადმი არის სიყვარულით აღსავსე და გარდაცვლილი დის სასთუმალთან გაიფიქრებს: “აი ეხლა კი მას შეუძლია მომიყვანოს ცოლად, თავისუფალია.” და რომელსაც შემდეგ ემართება ისტერიული შეტევა და ავად ხდება. ფროიდს მოყავს უმარტივესი მაგალითი განდევნის მექანიზმისა და ადარებს მას ლექციის მსვლელობას, რომლის დროსაც ხმაურიანი ინდივიდი “განდევნილია” აუდიტორიიდან და ის ორი პიროვნება ვინც ის განდევნა კარებთან სხდებიან და მისთვის “წინააღმდეგობას” ქმნიან აუდიტორიაში ხელმეორედ შემოღწევის დაბრკოლების სახით. თუკი ფსიქოლოგიის ტერმინებით სივრცე აუდიტორიის შიგნით და გარეთ მოიაზრება ცნობიერებითა და არაცნობიერით, მაშინ სრულიად ნათლად იქნება შემქნილი განდევნის პროცესის გამოსახულება. სწორედ ამაში მდგომარეობს ფროიდისეული ფსიქიკის განხეთქილებისა და ჟანეს შეხედულებებს შორის. არა სინთეზის თანდაყოლილი უკმარისობით სულიერი აპარატის მხრიდან, არამედ ეს განხეთქილება აიხსნება დინამიურად, როგორც ურთიერთდაპირისპირებული სულიერი ძალების კონფლიქტი. ფროიდი მიიჩნევს წარუმატებლად ბრეიერის პაციენტის შემთხვევის განხილვას როგორც განდევნის ფაქტისა. ავადმყოფობის ეს ისტორია მიღებულია ჰიპნოტური ზემოქმედებით, ამიტომ ამისათვის არ გამოდგება. ფროიდის სიტყვებით მხოლოდ მაშინ როდესაც ჰიპნოზი იქნება გამორიცხული შესაძლებელია წინააღმდეგობისა და განდევნის შემჩნევა და იქნება მიღებული ნამდვილად მართებული წარმოდგენა პათოგენურ პროცესთან დაკავშირებით. ყველაზე ფასეული, რაც არის მიღებული ბრეიერისეული დაკვირვებიდან, ეს არის დასკვნები სიმპტომებისა და პათოგენური განცდებთან ან ფსიქიკურ ტრავმებთან არსებული კავშირების შესახებ და ეს კავშირი უნდა შეფასდეს განდევნის გადმოსახედიდან. ისტერიკოსებისა და სხვა ნევროტიკების კვლევას მივყავართ დასკვნამდე, რომ მათ ვერ შეძლეს იმ იდეის განდევნა რომელსაც უკავშირდება შეუსაბამო სურვილის არსებობა.მათ განდევნეს ის ცნობიერებიდან და მეხსიერებიდან, რითაც უფრო მეტი რაოდენობის უსიამოვნებისაგან დაიზღვიეს თავი, მაგრამ არაცნობიერში განდევნლი სურვილი განაგრძობს არსებობას და ელოდება იმ პირველ შესაძლებლობას როდესაც მისი გააქტიურება იქნება დასაშვები და ცნობიერში გაგზავნლი იქნება დამახინჯებული, სრულიად სახეშეცვლილი მოადგილე. განდევნილის შემცვლელი წარმოდგენა – სიმპტომი – განთავისუფლებულია მომდევნო თავდასხმებისაგან რომელიც ჩვეულებრივ მეს მხრიდან ხორციელდება და ხანმოკლე კონფლიქტის ნაცვლად უსასრულო განცდა იწყება და ისადგურებს.   III.      ამოცნობის ტექნიკა ავადმყოფის თავისუფლად აღმოცენებად აზრებზე დაყრდნობით.– არაპირდაპირი გამოსახულება / ასახვა. – ფსიქოანალიზის ძირითადი წესი / კანონი. – ასოციაციური ექსპერიმენტი. – სიზმრების განმარტება. – სიზმრებში სურვილების ასრულება. – სიზმრის მუშაობა / მოქმედება. – შეცდომითი, სიმპტომატიური და შემთხვევითი ქმედებანი. – წინააღმდეგობა ფსიქოანალიზის მიმართ. ფროიდი იხსენებს იმას, რომ როდესაც მან უარყო ჰიპნოზი, გადაწყვიტა გაჰყოლოდა ავადმყოფის თავისუფლად აღმოცენებად აზრებს, რაც თავისთავად მოგონების დავიწყებულ გაგრძელებას წარმოადგენს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ენიჭება თავში პირველად მოსულ აზრს. მაგრამ ამგვარი რამ ხდება მხოლოდ ანალიზის დასაწყისში, როდესაც აღმოცენდება ის რასაც დაჟინებით მოითხოვს თვითონ ფროიდი. ამგვარი რამ შესაძლებელია ითქვას მხოლოდ დასაწყისზე, შემდგომში უკვე მართებული აზრები აღარ აღმოცენდებიან და თვით პაციენტებიც უარყოფენ მათ ჭეშმარიტებას. ფროიდის მოსაზრებით, თუკი ავადმყოფს აღმოუცენდება რაიმე აზრი, ის ვერ იქნება დავიწყებული წარმოდგენის იდენტური. ეს ფაქტი აიხსნება ავადმყოფის სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე. ავადმყოფში მკურნალობისას მოქმედებს ორი ძალა, რომელიც ერთმანეთის საპირისპიროა: ერთის მხრივ მისი ცნობიერი სწრაფვა რომ გაიხსენოს დავიწყებული, ხოლო მეორეს მხრივ – ჩვენთვის ცნობილი წინააღმდეგობა, რომელიც დაბრკოლებას უქმნის განდევნილს ან მისი განმაპირობებელი ფაქტორების ცნობიერში დაბრუნებას. თუკი ეს წინააღმდეგობა ნოლს უტოლდება, ან ძალიან უმნიშვნელოა, მაშინ დავიწყებული ყოველგვარი დამახინჯების გარეშე აღმოცენდება ცნობიერებაში; თუკი წინააღმდეგობა მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა აღინიშნოს რომ განდევნილი იმდენად განიცდის დამახინჯებას რამდენად ძლიერიც არის მისი გაცნობიერების წინააღმდეგობა. ის აზრი რომელიც აღმოცენდება ავადმყოფში, თავისთავად ყალიბდება სიმპტომის სახით: ეს არის განდევნილის ახალი, ხელოვნური, ეფემერული ჩანაცვლება. რამდენადაც უფრო ძლიერია დამახინჯება წინააღმდეგობის ზეწოლიდან გამომდინარე, შესაბამისად ნაკლებია მსგავსება აღმოცენებად აზრს – განდევნილის ჩანაცვლებას და თვით განდევნილს შორის. შემთხვევითი აზრი განდევნილ აზრს უნდა უკავშირდებოდეს როგორც მინიშნება. მსგავსი კავშირი შეიმჩნევა აზრთა გადმოცემაში არაპირდაპირი საუბრისას. ამ შემთხვევაში ფროიდს ხუმრობის აგებულების ტექნიკა მოყავს მაგალითად. ერთ ერთ ინგლისურ ხუმრობას იხსენებს. ფროიდი იხსენებს ანეკდოტს, ორი მზაკვრის შესახებ, ვინც თავიანთ პროტრეტებს შეუკვეთავს ძვირად ღირებულ მხატვრებს და შემდეგ კრიტიკოსს ხალხით სავსე დარბაზში აზრის გამოთქმას სთხოვენ. ის თავს იქნევს და იძახის “კი მაგრამ სად არის მაცხოვარი?” სწორედ მსგავსი კოსტელაცია წარმოადგენს იმ მიზეზს, რომ პაციენტი დავიწყებული მოსაძიებელი მასალის ნაცვლად იხსენებს მეტნაკლებად დამახინჯებულ ჩანაცვლებას. ფროიდი ამტკიცებს რომ სრულიად მართებულია ერთი აფექტით დაკავშირებულ წარმოდგენათა ჯგუფს ვუწოდოთ “კომპლექსი”, ციურიხის სკოლის მაგალითზე დაყრდნობით (ბლეილერი და იუნგი და ა. შ.). ფროიდი ამოდის იმ მოსაზრებიდან, რომ თუკი განდევნილი კომპლექსის ძიებაში დავეყრდნობით იმ უკანასკნელ მოსაზრებას, რომელსაც გამოთქვამს ავადმყოფი, შესაძლებელია ვიქონიოთ იმედი დავიწყებული კომპლექსის მოძიებისა, თუკი ავადმყოფი აზრების დინებაში ამ თავისუფალ აზრთა საკმაო რაოდენობას იძლევა. სწორედ ამიტომ ეძლევა ავადმყოფს შესაძლებლობა ისაუბროს ყველაფერზე რაც კი მას თავში მოუვა. ამ შემთხვევაში ფსიქოთერაოევტი ეყრდნობა თვალსაზრისს, რომ ავადმყოფს შესაძლებელია თავში მოუვიდეს მხოლოდ ის, რაც არაპირდაპირ კავშირშია მოსაძიებელ კომპლექსთან. ფროიდი დარწმუნებულია რომ ეს არის ერთადერთი საშუალება მივიწყებული / დაკარგული კომპლექსის მოძიებისათვის. თუკი ავადმყოფი ჩუმდება და ამტკიცებს რომ მას თავში არაფერი არ მოსდის, ფროიდი თვლის რომ ეს არის წინააღმდეგობის შენიღბული მოქმედება, იმიტომ რომ უფრო მეტი დაკვირვება დაგვარწმუნებს აზრთა მსვლელობის შეწყვეტის შეუძლებლობაში. ეს შენიღბული წინააღმდეგობა ზოგიერთ შემთხვევაში გამოიხატება თავში მოსული აზრის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებასა და მის მნიშვნელოვნობაზე ორჭოფობაში. ფსიქოთერაპევტი თავს იცავს მსგავსი შემთხვევებისაგან – ის ავადმყოფს ამ შესაძლებლობის შესახებ წინასწარ აფრთხილებს და მოითხოვს რომ აზრების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გამოირიცხოს. მან უნდა ისაუბროს ყველაფერზე. ამ წესის თანახმად ფსიქოთერაპევტი უზრუნველყოფს საკუთარ თავს იმ მასალით, რომელიც აუცილებლად მიიყვანს მას განდევნილი კომპლექსების კვალამდე. ეს არის აზრთა მასალა, რასაც ავამდყოფი არ აფასებს და რისგანაც თავს აღწევს, თუკი ის არა ექიმის, არამედ წინააღმდეგობის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ეს აზრთა მასალა ფსიქოანალიტიკოსისათვის წარმოადგენს ჯართს, რომლისაგანაც მან ახსნა განმარტების ოსტატობაზე დაყრდნობით ძვირფასი ლითონი უნდა გამოადნოს. თუკი ფსიქოანალიტიკოსს აქვს სურვილი ავადმყოფისაგან მისი კომპლექსების შესახებ სწრაფი წინასწარი ცნობები მოიპოვოს, ამ კომპლექსებს შორის არსებული ურთიერთკავშირების გამოცნობის დაწყებამდე, ამისათვის ფსიქოთერაპევტს შეუძლია გამოიყენოს ასოციაციური ექსპერიმენტი. (ისეთივე სახით, როგორც ის არის წარმოდეგნილი იუნგისა და მისი მოწაფეების მიერ). ეს მეთოდი ფროიდმა შეადარა ისეთივე შედეგს როგორსაც იძლევა ქიმიკოსისათვის ხარისხობრივი ანალიზი. აქვე ფროიდი აღნიშნავს, რომ ნევროტიკების მკურნალობისას შეგვიძლია არ გამოვიყენოთ ეს მეთოდი, მაგრამ ის აუცილებელია კომპლექსების ობიექტური დემონსტრაციისათვის, ასევე ფსიქოზების კვლევისას. მაგრამ აზრების დამუშავება არაცნობიერის კვლევის ერთადერთ ტექნიკას არ წარმოადგენს. ამავე მიზანს ემსახურება კიდევ სხვა ორი საშუალებაც: ავადმყოფის სიზმრების ახსნა-განმარტება და მცდარი და შემთხვევითი ქმედებების გამოყენებაც. ფროიდი განსაკუთრებულად აღნიშნავს სიზმრების განმარტებისა და ანალიზის უდიდეს მნიშვნელობას არაცნობიერის კვლევის ტექნიკებს შორის. სიზმრების განმარტება წარმოადგენს სამეფო გზას არაცნობიერის შეცნობისაკენ. ფროიდი თვლის, რომ ღამის სიზმრების პროდუქტები წარმოადგენენ ერთის მხრივ ყველაზე უდიდეს გარეგან მსგავსებას და შინაგან კავშირს სულიერი ავადმყოფობის სიმპტომებთან, მეორეს მხრივ ისინი სრულიად შეესაბამებიან ჩვენს ჯანსაღ ცხოვრებას. ფროიდი დარწმუნებულია რომ სრულიად სწორია ის მოსაზრება, რომ ვისაც არ ესმის სიზმრები, “ჰალუცინაციები”, ბოდვითი იდეები და ხასიათის ცვლილებანი, მას არ უნდა ქონდეს პრეტენზია ავადმყოფური მდგომარეობის გამოვლინების გაგებაზე. ამ სახის დილეტანტებს ის მიაკუთვნებს ფსიქიატრებს.    ფროიდი ახდენს სიზმრების პრობლემის ზედაპირულ ანალიზს.ჩვეულებრივ გამოღვიძებისთანავე ჩვენ ისეთივე ქედმაღლური დამოკიდებულება გვაქვს ჩვენი სიზმრების მიმართ, როგორიც ააქვთ ავამყოფებს იმ შემთხვევითი აზრების მიმართ, რომლებიც ესოდენ ესაჭიროება ფსიქოანალიტიკოსს. ხშირ შემთხვევაში ხდება სიზმრების უგულვებელყოფა და დავიწყება. მსგავსი დაბალი შეფასება უკავშირდება სიზმრების უჩვეულო ხასიათს და იმ აბსურდულობასა და უაზრობას რაც ზოგიერთ სიზმარს ახასიათებს. ჩვენი ზიზღი ასევე გამოწვეულია მისწრაფებების განუზომელი ზნედაცემულობისაგან რაც ვლინდება სიზმრებში სააშკარაოდ. თუმცა ძველ დროში სიამრების მიმართ არ იყო ასეთი ზიზღიანი დამოკიდებულება. თუმცა ფროიდი ვერ პოულობს ვერაფერს ისეთს რამაც შესაძლებელია დაამტკიცოს სიზმრების წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. მათ შესახებ ბევრი სხვა რამ შეიძლება ითქვას რაც საკმაოდ გასაოცარი შეიძლება იყოს ასევე. პირველყოვლისა ფროიდი აღნიშნავს, რომ ყველა სიზმარი არ არის ჩვენთვის ესოდენ უცხო და გაუგებარი. მას მაგალითის სახით მოყავს ბავშვების სიზმრები, რომლებიც წარმოადგენენ სურვილების შესრულებას, იმ სურვილებისა რაც ბავშვს წინა დღეს გაჩენია. ბავშვების სიზმრები არ საჭიროებენ განმარტებას.ზრდასრულთა შემთხვევაში კი სრულიად საპირისპიროდ, სიზმრების შინაარსი ძალიან გაუგებარია და არ წარმოადგენს სურვილების ასრულების ასახვას. ამ საკითხზე პასუხი შემდეგი სახისაა, სიზმრებმა დამახინჯება განიცადეს; მათ საფუძველში მდებარე ფსიქიკური პროცესი, სრულიად განსხვავებულ სიტყვიერ გამოხატულებას პოულობს. აუცილებელია სიზმრის აშკარა შინაარსის გამიჯვნა სიზმრის ფარული აზრებისაგან. აშკარა შინაარსი რომელსაც სიტყვიერად საკმაოდ დიდი სიძნელეებით წარმოსთქვამთ დილით და სიზმრის ფარული აზრი, რომელიც ფსიქიკური არაცნობიერის სფეროში იმყოფება. სიზმრების ამგვარი დამახინჯებაც არის იგივე პროცესი, რომელსაც გავეცანით ისტერიული სიმპტომების წარმოქმნის კვლევისას. ეს პროცესი მიუთითებს იმაზე, რომ სიზმრების წარმოქმნისას ადგილი აქვს სულიერი ძალების ისეთივე ბრძოლას, როგორც სიმპტომების წარმოქმნისას. სიზმრების შინაარსი არის არაცნობიერი აზრების დამახინჯებული ჩანაცვლება და სწორედ ეს დამახინჯება არის მეს დამცავი ძალების ამოქმედება, ანუ იმ წინააღმდეგობის რომელიც ფხიზლობისას განდევნილ აზრებს / სურვილებს ცნობიერში შეღწევის შესაძლებლობას საერთოდ არ აძლევს.   იმისათვის რომ დავრწმუნდეთ სიზმრების ფარული აზრების ნამდვილ არსებობაში და ასევე რომ მათსა და აშკარა შინაარსს შორის არის გარკვეული კავშირი, შესაძლებელია სიზმრების ანალიზზე დაყრდნობით, რომლის მეთოდიკა ფსიქოანალიტიკურ მეთოდიკას უკავშირდება. უნდა გამოირიცხოს ელემენტების ყოველგვარი მოჩვენებითი კავშირები და უნდა იყოს შეკრებილი შემთხვევითი აზრები, რომლებიც აღმოცენდებიან თავისუფალი ასოცირებისას სიზმრის თითოეულ ელემენტთან დაკავშირებით. ამავე დროს უნდა იყოს დაცული ფსიქოანალიზის მთავარი წესი. ამ მასალიდან ფარული აზრების შესახებს ცნობებს მოიპოვებთ ისევე როგორც ეს ხდება ავადმყოფის აზრების შემთხვევაშიც, რომლის აზრებიც მის სიმპტომებს და მოგონებებს უკავშირდებიან, ჩვენ ვიგებთ მისი ფარული კომპლექსების შესახებ. ამგვარი გზით მოპოვებული აზრების შედეგად, თქვენ მიხვდებით თუ რამდენად მართებლია ზრდასრულთა სიზმრებიც განიხილებოდნენ ბავშვების სიზმრების თანახმად. ის რაც აღმოჩნდება აშკარა შინაარსის ადგილზე სიზმრის ნამდვილი აზრის სახით, წარმოადგენს განვლილი დღის განმავლობაში შეუსრულებელი სურვილის ასრულებას. სიზმრის ნამდვილი შინაარსი რომელიც გახსენდებათ გამოღვიძებისას, შესაძლებელია იყოს განსაზღვრული როგორც განდევნილი სურვილების შენიღბული ასრულება.    ამ პროცესს ფროიდი უწოდებს “სიზმრის მუშაობის / მოქმედების” პროცესს. ცნობიერი და არაცნობიერი პროცესების გარდა ფროიდი გამოყოფს შედედებისა და დაძვრის პროცესებს. სიზმრის მოქმედება არის განსხვავებული ფსიქიკური დაჯგუფებების ურთიერთზემოქმედების ცალკეული შემთხვევა, სხვა სიტყვებით – ფსიქიკის გახლეჩის ცალკეულის შემთხვევის შედეგი. ამავე დროს სიზმრების ანალიზისას, განსაკუთრებით საკუთარი სიზმრებისა, წააწყდებით აღმოჩენას: ადამიანის განვითარებისას უდიდესი როლი ენიჭება შთაბეჭდილებებსა და შეგრძნებებს რომელიც ბავშვს განუცდია ადრეულ ასაკში. სიზმრების სამყაროში ბავშვი აგრძელებს არსებობას ზრდასრულში თავისი განსაკუთრებულობებისა და სურვილების შენარჩუნებით. ამავე დროს ფროიდი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს იმას, რომ არაცნობიერი იყენებს გარკვეული სახის სიმბოლიკას, განსაკუთრებით ეს ეხება სექსუალური კომპლექსების ასახვას, რომელიც ნაწილობრივ ინდივიდუალურად განსხვავდება, ხოლო ნაწილობრივ კი შეესაბამება იმ სიმბოლიკას რომელის გამოიყენება ჩვენს მითებსა და ზღაპრებში. ფროიდი ასევე აღნიშნავს შიშის მომგვრელი სიზმრების არსებობას და იმ ფაქტს რომ ამ შემთხვევაშიც სიზმარი ჩვენი განდევნილი სურვილის ასახვას წარმოადგენს. ნევროტული შიშის საფუძველი არის სწორედ ის რეაქცია, რომელიც აღმოცენდება მეს მიერ მძლავრი სურვილების განდევნის შემთხვევაში. სიზმრების განმარტების განხილვის შემდგომ ფროიდი გადადის სულიერი ფენომერემების მესამე ჯგუფზე, რომელთა შესწავლაც ასევე წარმოადგენს ფსიქოანალიტიკურ საშუალებას.ეს არის შეცდომითი / მცდარი ქმედებები, როგორც სულიერად ჯანსაღი, ასევე ნერვიული ადამიანების შემთხვევაშიც. ჩვეულებრივ მსგავს წვრილმანებს არ ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას. ამას მიეკუთვნება მაგალითისათვის იმის დავიწყება რაც ძალიან კარგად უნდა იცოდეს ადამიანმა, (საკუთარი სახელის დავიწყება). ფროიდს მოყავს ისეთი უმნიშვნელო მაგალითები როგორიცაა წამოცდენები, შეცდომები მართლწერისას, საგნების დაკარგვა ან გატეხვა. საუბრისას ტანისამოსის ან სხეულის რომელიმე ნაწილით თამაში და ა. შ. მოკლედ ის წვრილმანები რასაც არ აქცევენ ყურადღებას როგორც წესი.მსგავსი წვრილმანები, შეცდომითი, სიმპტომატიური ან შემთხვევითი ქმედებანი არ არიან მოკლებული მნიშვნელობას. ისინი ყოველთვის სავსე არიან აზრით / შინაარსით და შესაძლებელია იყვნენ თავისუფლად განმარტებული იმ სიტუაციებიდან გამომდინარე, სადაც წარმოიშვებიან. მათი ანალიზი იწვევს დასკვნას, რომ ეს მისწრაფებანი თავისთავად გამოხატავენ იმპუსებსა და სწრაფვებს, რომლებიც განდევნილია / განრიდებულია და უნდა იყვნენ დაფარული ცნობიერისაგან, ან პირდაპირ მიეკუთვნებიან არაცნობიერ სურვილებსა და კომპლექსებს. აქედან გამომდინარე ისინი ისეთივე შეფასებას იმსახურებენ როგორც ეს სიმპტომები და მათი შესწავლა შესაძლებელია გვაძლევდეს სულიერი ცხოვრებიდან განდევნილის შეცნობის შედეგს. მათი მეშვეობით ადამიანი თავის ყველაზე ინტიმურ საიდუმლოებებს ავლენს.ფროიდი ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ფსიქოანალიტიკოსი გამოირჩევა სულიერი ცხოვრების დეტერმინირებულობისადმი რწმენით. მისთვის ფსიქიკურ ცხოვრებაში არაფერი არ წარმოადგენს წვრილმანს, შემთხვევითს ან უნებლიეს. ის ყველგან მოტივირების ამოცნობის მოლოდინშია, იქაც, სადაც ამგვარი მოთხოვნა შესაძლებელია არც კი იყოს. ფროიდი აქვე აღნიშნავს ისეთი მოვლენების გამოყენების შესაძლებლობას (ფსიქოანალიზის ტექნიკის თვალსაზრისით) როგორიც არის “გადატანა”.   IV      სექსუალობის ეთიოლოგიური მნიშვნელობა. – ინფანტილური სექსუალობა. – სიყვარულის ამერკელი დამკვირვებელი ბავშვობის ასაკში. – ფსიქოანალიზები ბავშვებთან. – აუტოეროტიზმის ფაზა. – სქესობრივი ცხოვრების საბოლოო ფორმირება. – ნევროზის კავშირი პერვერსიასთან. – ნევროზების ბირთვული კომპლექსი. – ბავშვის ჩამოშორება მშობლებისაგან.  ფსიქოანალიტიკური კვლევებს ავადმყოფთა ტანჯვის სიმპტომები მათი სასიყვარულო ცხოვრების შთაბეჭდილებებამდე დაჰყავთ. ეს კვლევები ეხება ეროტიულ სწრაფვებს და გვაიძულებენ ვაღიაროთ, რომ ეროტიკის მოშლილობებს მიეწერებათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ავადმყოფობის გამომწვევ ფაქტორებს შორის, რაც ორივე სქესის შემთხვევაშია დამახასიათებელი. (ეთიოლოგია – ავადმყოფოფბის მიზეზების შესწავლის მეცნიერება / კვლევა.) ფროიდი აღნიშნავს, რომ ის მკვლევარებიც კი ვინც ეთანხმებიან მას ფსიქოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, ორჭოფობენ სექსუალური ფაქტორის მიზეზობრივობასთან დაკავშირებით ავადმყოფობის აღმოცენების შემთხვევაში და უსვამდნენ მას (ფროიდს) კითხვას თუ რატომ არ შეიძლებოდა რომ განდევნისა და ჩანაცვლების მიზეზად სხვა სულიერი განცდები არ ყოფილიყვნენ. რაზეც ფროიდი პასუხობს, რომ წინააღმდეგი არ იქნებოდა რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს ამ მოტივების მნიშვნელობა არ არის ისეთივე, უფრო მეტიც, ისინი სექსუალური მოტივების მოქმედებას ეხმარებიან, მაგრამ ვერასოდეს ვერ ახდენენ მათ ჩანაცვლებას. ფროიდი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სექსუალური მოტივები ყოველთვის საიდუმლოებით მოცულია და პაციენტებს არასოდეს არ სურთ მათი გამხელა, ისინი ხშირ შემთხვევაში სტყუიან, რაც ზოგადად მიღებულია კულტურულ საზოგადოებაში. ყველა ცდილობს დაფაროს საკუთარი ეროტიკა. თუმცა ფროიდი აღნიშნავს, რომ ერთის მხრივ სიმპტომების ფსიქოანალიტიკური კვლევა არა სექსუალურ, არამედ უბრალო ბანალურ ტრავმატულ განცდებამდე მიდის. აუცილებელი ანალიტიკური სამუშაო არ უნდა შეჩერდეს ავადმყოფობის დროინდელ განცდებზე, თუკი მიზნად არის დასახული საფუძვლიანი კვლევა და განკურნება. ის უნდა შეეხოს სქესობრივი მომწიფების პერიოდს და შემდგომში ადრეული ბავშვობის ასაკსაც, რომ მოხდეს იმ შთაბეჭდილებებისა და განცდების განსაზღვრა რამაც შემდგომში ავადმყოფობა განაპირობა. მხოლოდ და მხოლოდ ბავშვობის განცდები იძლევიან შემდგომი ტრავმების მიმართ მგრძნობელობის ახსნას, და მხოლოდ და მხოლოდ ამ მოგონებების აღმოჩენითა და გაცნობიერებით (ეს მოგონებანი ხშირ შემთხვევაში დავიწყებულია) ჩვენ მოვიპოვებთ ამ სიმპტომების დაძლევის ძალას. ამ შემთხვევაში ისეთივე შედეგს ვიღებთ როგორც სიზმრების ანალიზისას, - ბავშვობიდან შემორჩენილი მაგრამ განდევნილი სურვილები სიმპტომების აღმოცენებას უწყობენ ხელს. ამ სურვილების გარეშე მომდევნო ტრავმები არსებული რეაქცია ნორმალურად წარიმართებოდა. ხოლო ბავშვობის ძლიერ სურვილებს შესაძლებელია სექსუალური სურვილების სახელდება მივანიჭოთ. ფროიდი თვლის რომ ბავშვი თავიდანვე არის სექსუალური სურვილების მფლობელი და ანხორციელებს გარკვულ სექსუალურ ქმედებებსაც. ბავშვის სექსუალური ინსტინქტი ძალიან რთულია; მას ახასიათებს მრავალ კომპონენტად დაშლა, ეს კომპონენტები განსხვავებული წყაროებიდან წარმოიქმნებიან. უპირველეს ყოვლისა, სექსუალური ინსტინქტი სრულიად არ არის დამოკიდებული გამრავლების ფუნქციაზე, რომლის მიზანსაც ის ემსახურება მოგვიანებით. ის ისწრაფვის განსხვავებული ტიპის სიამოვნებების მიღებისაკენ და მიღწევისაკენ. ინფანტილური სექსუალობის მთავარი წყარო – არის გარკვეული სახის განსაკუთრებლი აღგზნების მქონე სხეულის ნაწილების შესაბამისი გაღიზიანება, გენიტალიების გარდა, პირის, უკანა , ასევე კანისა და სხვა ლორწოვანი გარსების გაღიზიანებაც. ვინაიდან ბავშვობის ამ ფაზაში დაკმაყოფილება მოიპოვება საკუთარი სხეულის ფარგლებში, არ არის გვერდითი ობიექტის ყოლის საჭიროება. ამ ფაზას ელისის ტერმინით ფროიდი აუტოეროტიულს ეძახის. კარგი მაგალითია წოვა თოთო ბავშვების შემთხვევაში. შემდგომი ეტაპია გენიტალიების მასტურბაციული გაღიზიანება, რაც ზოგიერთი ინდივიდის მიერ მთელი ცხოვრების განმავლობაში არ არის ამოწურული. გარდა ამ აუტოეროტიული ქმედებებისა, ბავშვს საკმაოდ ადრეულ ასაკში ახასიათებს სექსუალური დაკმაყოფილების ის კომპონენტებიც, რაც ობიექტის სახით სხვა პირსაც საჭიროებს. ეს კომპონენტები წყვილში აღმოცენდებიან და არიან როგორც აქტიური ასევე პასიური სახისაც; ფროიდი ასახელებს სადიზმს – სხვა პირისადმი ტკივილის მინიჭებისაგან სიამოვნების განცდა და მის პასიური წეევილს მაზოჰიზმსაც. ასევე აქტიური და პასიური თვალთვალის სურვილი. თვალთვალის აქტიური სურვილიდან შემდგომში აღმოცენდება შემეცნების სურვილი, ხოლო პასიური ფორმიდან მხატვრისა და არტისიტის მდგომარეობისადმი სწრაფვა / მიდრეკილება. სექსუალური ქმედების სხვა გამოვლინებანი უკვე მიეკუთვნებიან სიყვარული ობიექტის არჩევანს. ამასთანავე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ შემთხვევაში სხვა პირი, რაც პირველყოვლისა უკავშირდება თვითგადარჩენის ინსტინქტს. ბავშვობის ამ პერიოდში სქესის სხვაობა არ იძენს გადამწყვეტ მნიშვნელობას / როლს. ამგვარად შესაძლებელია თითოეულ ბავშვს ჰომოსექსუალური მიდრეკილებაც მივანიჭოთ. ჯერ კიდევ პუბერტატის პერიოდამდე, აღზრდის ზეგავლენით გარკვეული სახის ლტოლვების საკმაოდ ენერგიულად განიდევნებიან, მაშინვე აღმოცენდებიან ისეთი სულიერი ძალები როგორიცაა სირცხვილი, ზიზღი, მორალი, რაც მცველის მსგავსად აკავებს ამ განდევნებს. როდესაც პუბერტატის პერიოდში აღმოცენდებიან სქესობრივი მოთხოვნილებები, განდევნილი რეაქტიული წარმონაქმნებისა და წინააღმდეგობის ფორმას იძენს, რაც შეუძლებლად აქცევს განდევნილი მიდრეკილებების / მოთხოვნილებების აღდგენას. ზოგადი პათოლოგიის მიხედვით ნებისმიერი განვითარება პათოლოგიური წინაგანწყობის ჩანასახს ატარებს, კერძოდ, განვითარების პროცესი შესაძლებელია იყოს შეკავებული, შენელებული ან არასაკმარისი. იგივე რამ ეხება სექსუალური ფუნქციის განვითარებასაც. სექსუალური განვითარება ყველა ინდივიდუუმთან მდორედ არ მიმდინარეობს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში ტოვებს ანომალიებს ან წინაგანწყობას უფრო გვიანდელი ავადმყოფობისადმი საპირისპირო განვითარების გზით (რეგრესია). შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ ყველა ლტოლვა არ დაექვემდებაროს გენიტალური ზონის უპირატესობას; ამ შემთხვევაში დამოუკიდებლად დარჩენილი კომპონენტი წარმოადგენს იმას, რასაც ვუწოდებთ პერვერსიას და რამაც შესაძლებელია შეცვალოს ნორმალური სექსუალური მიზანი საკუთარით. ორივე სქესის პირველადი ერთმნიშვნელოვნობა ასევე შესაძლებელია იყოს გარკვეული გავლენის მქონე; მოწიფულ ასაკში აქედან გამომდინარე შესაძლებელია იყოს წარმოქმნილი ჰომოსექსუალურობა. ამგვარი დარღვევების მთელი რიგი განაპირობებს სექსუალური ფუნქციის განვითარების შეკავებას; ამას მიეკუთვნებიან პერვერსიები და არც ისე იშვიათი შემთხვევა სექსუალური ცხოვრების ინფანტილიზმი. ნევროზებისადმი წინასწარგანწყობა განსხვავებული სახით უკავშირდება სქესობრივი განვითარების დარღვევას. ნევროზები უკავშირდებიან პერვერსიებს, როგორც პოზიტივი ნეგატივს. ნევროზის შემთხვევაში შესაძლებელია იყოს დადასტურებული ისეთივე კომპონენტების არსებობა, როგორც კომპლექსების მატარებლებისა და სიმპტომების წარმომქმნელების, რაც შეინიშნება ასევე პერვერსიებისას. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი არაცნობიერად მოქმედებენ. ფსიქოანალიზი აღმოაჩენს, რომ ამგვარი ლტოლვების გადამეტებული გამოვლინება ადრეულ ასაკში თავისებური სახის ნაწილობრივ ფიქსაციას განაპირობებს, ხოლო მსგავსი ფიქსაცია წარმოადგენს სუსტ წერტილს სექსუალური ფუნქციის სტრუქტურაში. ფროიდი აღწერს ოიდიპოსის კომპლექსის მნიშვნელობას და ბავშვის დამოკიდებულებასა და განწყობას მისი მშობლებისადმი და ასევე გარკვეულ ურთიერთგანწყობას და-ძმებს შორის. ყველაფერი ეს საფუძველს უყრის ნებისმიერ ნევროზის ბირთვულ კომპლექსს და ფროიდი თვლის რომ მოსალოდნელია მისი აღმოცენება სულიერი ცხოვრების სხვა სფეროებშიც. ის პარალელს ავლებს მეფე ოიდიპოსისა და შექსპირის ჰამლეტის ნაწარმოებებთან, სადაც პირველ შემთხვევაში მშობელთა ინცესტის სურვილის მოტივი ღიად ხოლო მეორე შემთხვევაში კი ფარულად არის გამოვლენილი. იმ პერიოდში, როდესაც ბავშვი განიცდის ბირთვული კომპლექსის ზემოქმედებას, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განდევნილი, მისი გონებრივი მოქმედების უმნიშვნელოვანესი ნაწილი ეძღვნება სექსუალურ კითხვებს. მისი პირადი ლტოლვების გავლენით, რაც განასხვავებს ბავშვს ზრდასრულისაგან, ის აყალიბებს რამოდენიმე ინფანტილურ სექსუალურ თეორიას, სადაც ორივე სქესს მსგავსი სასქესო ორგანოები მიენიჭება, ჩასახვა ხდება საკვების მიღებით, ხოლო დაბადება – დეფეკაციის აქტის მეშვეობით. კოიტუსს ბავშვი აღიქვამს როგორც გარკვეული სახის მტრულ აქტს, ძალადობას. სრულიად ნორმალურია და გარდაუვალი ის, რომ ბავშვი თავის სექსუალურ და სასიყვარულო საობიექტად საკუთარ მშობლებს ირჩევს. თუმცა ბავშვის ჩამოშორება მშობლებისაგან უნდა წარმოადგენდეს ასევე გარდაუვალ ამოცანას იმისათვის, რომ ბავშვის სოციალურ მდგომარეობას არ ემუქრებოდეს საშიშროება. ფროიდი აღნიშნავს, რომ ფსიქოანალიტიკური მკურნალობა შესაძლებელია იყოს მოაზრებული როგორც მომდევნო აღმზრდელობითი სამუშაო, ინფანტილური ნარჩენების ჩამოშორების თვალსაზრისით.   V.   რეგრესია და ფანტაზია. – ნევროზი და ხელოვნება. – გადატანა. – განდევნილის განთავისუფლების შიში. – ფსიქოანალიტიკური სამუშაოს შედეგები. – სექსუალური განდევნის მავნე დონე. ფროიდი თვლის რომ ადამიანები ხდებიან ავად, თუკი მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა რეალურად დააკმაყოფილონ თავიანთი ეროტიული მოთხოვნილება გარეგანი წინააღმდეგობების ან ადაპტირების შინაგანი უკმარისობის შედეგად. მაშინ ფროიდის სიტყვებით ისინი გარბიან ავადმყოფობაში რომ ამგვარად მოიპოვონ არასაკმარისი დაკმაყოფილების ჩანაცვლება. ავადმყოფობის სიმპტომებში ვლინდება ავადმყოფის სექსუალური ქმედების ნაწილი, ან მთელი მისი სექსუალური ცხოვრება. ამ სიმპტომების მთავარ ტენდეციას წარმოადგენს რეალური სამყაროსაგან განრიდება, ეს არის ყველაზე დიდი ზიანი რომელიც მიენიჭება ადამიანს ავადმყოფობის შედეგად. ფროიდი თვლის რომ ავადმყოფების წინააღმდეგობა გამოჯანმრთელებისადმი არ არის მარტივი, ის შედგება მრავალი მოტივისაგან. გამოჯანმრთელებას ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ავადმყოფის მე, არამედ მისი სექსუალური ლტოლვებიც.    დაუკმაყოფილებელი რეალობისაგან თავის დაღწევა ავადმყოფობაში არასოდეს არ გამორიცხავს ავადმყოფისათვის უშუალო მოგებას სიამოვნების თვალსაზრისით. ამგვარი თავის დაღწევა ხორციელდება საპირისპირო განვითარების მეოხებით (რეგრესიით), სექსუალური ცხოვრების განვლილი ფაზებისადმი დაბრუნებით, რომლებიც თავის დროზე განაპირობებდნენ დაკმაყოფილებას. ამგვარი რეგრესია ვლინდება ფროიდის აზრით ორმხრივია: პირველყოვლისა ეს არის დროებითი რეგრესია, რომელიც მდგომარეობს იმაში რომ ლიბიდო, ეროტიული მოთხოვნილება ბრუნდება განვითარების წინარე ფაზებზე. და მეორეს მხრივ ფორმალური, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ეროტიული მოთხოვნილების გამოვლენა თავს იჩენს პირველყოფილი პრიმიტიული საშუალებებით. რეგრესიის ორივე სახეობა უკავშირდება ბავშვობას და სქესობრივი ცხოვრების ინფანტილური მდგომარეობის აღდგენას. ფროიდი ხაზს უსვამს იმ გარემოებას რომ ადამიანები ხშირად მიმართავენ ფანტასიას ვინაიდან რეალობა ყოველთვის არ შეესაბამება მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს. მისი აზრით ენერგიული და შრომისუნარიანი ადამიანი არის სწორედ ის, ვინც ახერხებს საკუთარი ფანტაზიების რეალობაში განხორციელებას. სადაც ეს არ არის შესაძლებელი გარემო ფაქტორების გამო, ინდივიდუუმი ტოვებს რეალობას და იძირება საკუთარ ფანტასტიურ სამყაროში, რომელიც მისთვის უფრო მეტად არის დამაკმაყოფილებელი. დაავადების შემთხვევაში ამ ფანტასტიური სამყაროს შინაარსი ვლინდება სიმპტომების სახით. თუკი რეალობისადმი მტრულად განწყობილი პიროვნება ამასთანავე მხატვრული ნიჭითაც არის დაჯილდოვებული, მას შეუძლია თავისი ფანტაზიები გამოხატოს არა სიმპტომების, არამედ მხატვრული ქმნილებების სახით, რითაც ის თავს აღწევს ნევროზსს და ამგვარი მოვლითი გზით უბრუნდება ისევ რეალობას. ფროიდი თვლის, რომ ჩვენს დროში ნევროზი ჩანაცვლებულია მონასტერით, ვინაიდან იქ მიდიან ისინი, ვინც ცხოვრებაში იმედგაცრუებულია ან ცხოვრებისათვის თავს ზედმეტად სუსტად თვლის.ფროიდი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ნევროზებს არ გააჩნიათ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი შინაარსი, მას მოყავს იუნგის სიტყვები: ნევროტიკები იტანჯებიან იმავე კომპლექსებით, რასაც ებრძვიან ჯანმრთელი ადამიანები.ფროიდი ასევე აღნიშნავს, რომ ყოველთვის, როდესაც მიმდინარეობს ნევროტიკის კვლევა, ავადმყოფი ხშირად ავლენს არასასიამოვნო გადატანის მოვლენას, მას გადააქვს ექიმზე ნაზი და ხშირ შემთხვევაში მტრული განწყობის მქონე გრძნობებიც. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ნევროზის მამოძრავებელი ძალა სექსუალურია.    იმის გამო, რომ ავადმყოფი ვერ იხსენებს თავის გრძნობებთან დაკავშირებული ცხოვრების რაიმე ნაწილს, ის განიცდის ამას ექიმთან მიმართებაში და მხოლოდ და მხოლოდ გადატანისას ამ განცდის გამო, ის რწმუნდება ამ არაცნობიერი სექსუალური ლტოლვების არსებობასა და სიმძლავრეში. ამ შემთხვევაში ფროიდი იყენებს ქიმიის შედარებას და ამბობს, რომ ის სიმპტომები, რომლებიც წარმოადგენენ წარსული სასიყვარულო განცდების ნალექს, შესაძლებელია გაქრნენ მხოლოდ და მხოლოდ გადატანის განცდის მაღალი ტემპერატურის შედეგად. მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი მათი გადაყვანა სხვა ფსიქიკურ პროდუქტებში. ფერენჩის გამოთქმით ექიმი ასრულებს ამ რეაქციის კატალიზატორული ფერმენტის ფუნქციას, რომელიც განთავისუფლებულ აფექტებს დროებით თავისკენ მიიზიდავს. სწორედ გადატანის შესწავლა იძლევა შესაძლებლობას ჰიპნოტური შთაგონების წვდომისათვის.    ფროიდი აღნიშნავს რომ გადატანა ხდება ნებისმიერი სახის ურთიერთობების შემთხვევაშიც და ყველა შემთხვევაში ის ატარებს თერაპიული ზემოქმედების მნიშვნელობას. აქედან გამომდინარე ფსიქოანალიზი არ ქმნის გადატანებს, ის მხოლოდ და მხოლოდ გაუმხელს ცნობიერებას მათი არსებობის შესახებ და ეუფლება მათ იმისათვის რომ ფსიქიკური განცდები სასურველი მიზნისაკენ წარმართოს.    ← სარჩევი *ზიგმუნდ ფროიდი - ფსიქიკური ბუნება - ფსიქიკური აპარატი* *ზიგმუნდ ფროიდი - ლტოლვათა შესახებ* *ზიგმუნდ ფროიდი (1856 - 1939)*   …
დაამატა Kakha to ფსიქოლოგია at 3:19pm on იანვარი 13, 2014
  • 1
  • ...
  • 21
  • 22
  • 23
  • 24
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

EcoLight LED Bulbs: The Future of.

გამოაქვეყნა Marty Penton_მ.
თარიღი: აგვისტო 8, 2025.
საათი: 6:21am 0 კომენტარი 0 მოწონება

In today's world, energy efficiency is a top priority for many consumers and businesses. One of the most effective ways to reduce energy consumption is by switching to LED bulbs, and EcoLight is leading the way with their innovative LED lighting solutions.



LED bulbs are known for their energy efficiency, durability, and long lifespan. Compared to traditional incandescent bulbs, LED bulbs use up to 80% less energy, making them a cost-effective and environmentally friendly…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი 0 მოწონება

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი 1 Like

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი 1 Like

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!