ძიება
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

Qwelly

ძიების შედეგები - XIX

თემა: ლობიზმის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები
დაინტერესებული ჯგუფების სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებზე პოლიტიკური ზემოქმედების სპეციფიკური ფორმა, საკუთარი ინტერესების საკანონმდებლო დონეზე წარმოდგენის, დაცვისა და უზრუნველყოფისათვის. თანამედროვე პირობებში უმეტეს ქვეყნებში ლობიზმი ლეგალურად აღიარებულ საქმიანობად განიხილება. ლობიზმის[1] განმარტება ორი მნიშვნელობით შეიძლება იქნეს გაგებული: მისი სიტყვასიტყვითი არსით და იმ მრავალმხრივი მოვლენის დახასიათებით, რომელიც მას უკავშირდება. ლობიზმის სიტყვასიტყვითი მნიშვნელობა, მისი როგორც ზემოქმედების საშუალების დახასიათებას შეეხება, ხოლო ფართო გაგებით - გულისხმობს ღონისძიებების მთელ კომპლექსს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზემოქმედებაზეა მიმართული. აღსანიშნავია ისიც, რომ მითითებულმა მოვლენამ და მისმა განმარტებამ გარკვეულწილად საკანონმდებლო შინაარსი შეიძინა და აისახა საკანონმდებლო აქტებში ისეთი ქვეყნებისა, სადაც ლობიზმი ლეგალურ საქმიანობად აღიარებულია და მის თაობაზე სპეციალური კანონებია მიღებული[2]. ლობიზმის განმარტება მრავალმხრივი შინაარსისაა, მისი ინტერპრეტაცია პერიოდულად იცვლებოდა და მასზე არსებული შეხედულებები უფრო ფართო მნიშვნელობას იძენდა. თავდაპირველად ლობიზმი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს კულუარებში მიმდინარე პროცესების ამსახველ ტერმინად მოიაზრებოდა. ცნობილი მეცნიერი ვან შენდელენი[3] ორი თვალსაზრისით ახასიათებს ლობირებას: ერთის მხრივ - ვითარცა მინიმალური კონცეფცია, წარმოადგენს ინფორმაციის არაფორმალურ გაცვლას საჯარო ორგანოებთან და მეორეს მხრივ მაქსიმალური დეფინიციით - ვითარცა საჯარო ორგანოებზე გავლენის მოხდენის არაფორმალურ მცდელობას. მეცნიერების ნაწილმა (მილბრათი და სხვ.) ჩამოაყალიბა ლობიზმის უფრო ლიბერალური განმარტება: "ინფორმაციის სტიმულირების და გადაცემის საკომუნიკაციო საშუალება ისეთი მოქალაქეებისათვის, რომლებიც მიმართავენ მთავრობას, რომელიც თავის მხრივ უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება და იმედოვნებენ, რომ გავლენას მოახდენენ მის გადაწყვეტილებებზე[4]". ტერმინ ლობიზმის (lobbyism) წარმოშობა დაკავშირებულია ინგლისურ სიტყვასთან - Lobby. თავის მხრივ, ინგლისურ ენაში აღნიშნული სიტყვა დამკვიდრდა ლათინური სიტყვისაგან – Lobia (რაც მონასტერთა გასასვლელსა და საიდუმლო ადგილებს აღნიშნავდა). დიდ ბრიტანეთში მსგავსი ტერმინით აღნიშნავდნენ თემთა პალატაში პარლამენტის წევრებისათვის განკუთვნილ დერეფანს (ვესტიბიულს, კულუარს), სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს და განეხილათ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებისათვის მხარდაჭერის საკითხები. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან ტერმინი ლობირება (ლობიზმი) ფართოდ გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და იგი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებული ცნება ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან შეიძინა განსხვავებული დატვირთვა - თუ თავდაპირველად იგი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს დერეფნებში გარკვეული თანხის სანაცვლოდ ხმის მოსყიდვასთან ასოცირდებოდა, შემდეგში იგი გარკვეული პოლიტიკური პროცესის აღმნიშვნელი ტერმინი გახდა. ცალკე აღსანიშნავია ლობიზმთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ასპექტები. მოვლენის დახასიათებისას ან აღნიშვნისას ქართულში ხშირად გვხვდება ტერმინები ლობიზმი, ლობირება, ლობისტური საქმიანობა და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში ისინი სინონიმებად გამოიყენებ. თუმცა სიტყვათაწყობისა და მისი შინაარსობრივი დატვირთვის გათვალისწინებით *ლობიზმი* უფრო სრულყოფილად ასახავს აღნიშნული მოვლენის არსს, მის მთლიან კომპონენტსა და განზოგადოებულ თავისებურებებს, რაც ამ მოვლენას ვითარცა ინსტიტუციურ და ერთიან პროცესს უსვამს ხაზს. იგი გულისხმობს, როგორც ცალკეული სუბიექტების ინტერესების წარდგენას, ინტერესების დაცვისათვის გასატარებელ ღონისძიებებს, ასევე იმ სუბიექტების ქმედებებს, ვინც ჩართულია პროცესში. ტერმინები *ლობირება* და *ლობისტური საქმიანაობა* კი უფრო კონკრეტული მნიშვნელობით შეიძლება იქნეს აღქმული და გულისხმობდეს მხოლოდ იმ პროცესს, ხერხებსა და საშუალებებს, რომელიც გამოიყენება ცალკეული სუბიექტის მიერ ინტერესების წარმოდგენის, დაცვისა და ზემოქმედებისათვის - ანუ ის შეიძლება ასახავდეს, მხოლოდ ისეთ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედებასთან, დაინტერესებული პირების მიერ მათთვის სასურველი გადაწყვეტილებების მისაღებად. მართალია, სამართლებრივ აქტებში, რომელიც შეეხება ლობიზმის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებს, როგორც წესი, განმარტებული და გამოყენებულია ტერმინი *ლობისტური საქმიანობა*. შესაბამისად, ნორმატიულ დონეზე *ლობიზმის* დეფინიციის არარსებობის პირობებში შესაძლებელია მსგავსი მოვლენის დახასიათებისას სინონიმად სამივე ზემოაღნიშნული ტერმინი გამოვიყენოთ. უშუალოდ ლობიზმი კი შეგვიძლია განვმარტოტ, როგორც კომპანიის თანამშრომლების პროფესიული საქმიანობა, ან კომპანიის მიერ დაქირავებული სპეციალური კონსულტანტების, საქმიანი და პროფესიული ასოციაციების, პროფკავშირებისა და სხვა ჯგუფების მიერ, ამ ორგანიზაციის ინტერესების წარდგენისათვის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში[5]. პოლიტიკური სისტემის პირობებში ლობიზმი მნიშვნელოვან სოციალურ ასპექტად მოიაზრება. ის წარმომადგენლობით დემოკრატიას უკავშირდება და გარკვეულ ფუნქციას ასრულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. “ლობირება წარმოადგენს საზოგადოების პოლიტიკური სისტემის ნაწილს. ის არის გარკვეული ინტერაქციული მექანიზმი სამიზნე ორგანიზაციასა და მაკრო პოლიტიკურ სისტემას შორის. ამგვარად, ბუნებრივია ის წარმოადგენს ნაწილს საერთო პოლიტიკური სისტემისა"[6]. აღნიშნულის გათვალისწინებით ლობიზმი შეიძლება განვიხილოთ სოციუმის და სახელმწიფო ორგანოების გარკვეულ ურთიერთობათა სისტემად, რომელიც მოიცავს მოქალაქეებისა და დაინტერესებული ჯგუფების ინტერესების გამოხატვას, ამ ინტერესების ხელისუფლების ორგანოებამდე და თანამდებობის პირებამდე მიტანასა და მათზე ზემოქმედებისა და დარწმუნების სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას. დემოკრატიულ პოლიტიკურ სისტემაში მოქალაქის ხელშეუვალ უფლებას წარმოადგენს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა. პირდაპირი დემოკრატიის პირობებში მოქალაქეები უშუალოდ მონაწილეობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს მათ წინაშე არსებული პრობლემების თაობაზე, ხოლო წარმომადგენლობით სისტემაში კი მოქალაქეების გაერთიანებით, ერთმანეთთან უშუალოდ დაკავშირებით და მათი წარმომადგენლის მეშვეობით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. წარმომადგენლობით სისტემაში არჩევნებში ხმის მიცემისა და წარმომადგენლების არჩევასთან ერთად, მმართველობის პროცესში მონაწილეობის გარკვეულ საშუალებას წარმოადგენს ასევე არჩეულ პირებზე გარკვეული არაპირდაპირი ზემოქმედება დაინტერესებული ჯგუფების მეშვეობით. ზემოაღნიშნული ფუნქციის გათვალისწინებით ლობიზმი თანდათან ხდება საზოგადოების პოლიტიკური სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი[7]. მნიშვნილოვანია ხაზი გავუსვათ იმას, რომ ლობიზმი ასევე შეიძლება მოიაზრებოდეს საზოგადოებაში არსებული მრავალგვარი ინტერესების გამოხატვისა და აღნიშნული ინტერესების რეგულირებისა და დიფერენციაციის საშუალებად. ეს საზოგადოებაში პლურალიზმის განვითარებას კიდევ უფრო უწყობს ხელს. უდაოა, რომ საზოგადოების თითოეულ წევრსა და გაერთიანებას აქვს თავისი სპეციფიკური ინტერესი, უფრო მეტიც - ისინი მოწოდებულნი არიან წარმოადგინონ და დაიცვან თავიანთი ინტერესები მათ ხელთარსებული ყველა საშუალებით. ბუნებრივია, რომ ინტერესთა ასეთი მრავალფეროვნების პირობებში ხდება ინტერესთა დაპირისპირება და აუცილებელი ხდება ერთის მხრივ აღნიშნული დაპირისპირებული ინტერესების შეთანხმება – დაბალანსება, მეორეს მხრივ კი პრიორიტეტული ინტერესების გამოკვეთა, რომელნიც იმ მომენტისათვის შესაბამისი საზოგადოებისათვის მნიშვნელობას წარმოადგენენ. მაშასადამე, უმეტეს შემთხვევაში მსგავსი რეგულატორის ფუნქციას ასრულებს ლობიზმი. ის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის კომპრომისის საფუძველზე ახდენს არსებითი ინტერესის გამოკვეთას და უზრუნველყოფს აღნიშნული ინტერესის წარმოდგენისა და დაცვისათვის შესაბამისი მექანიზმების გამოყენებას. ანუ ინტერესთა თავისუფალი კონკურენციისა და ლობიზმის მეშვეობით სახელისუფლო ორგანოები ფლობენ ინფორმაციას ხალხის ინტერესების შესახებ და ამ ინტერესების გათვალისწინებით პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ეძლევათ.  თანამედროვე პირობებში ლობირება შეიძლება განვიხილოთ ინფორმაციის გადაცემისა[8] და გაცვლის ეფექტურ საშუალებად გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც ქმედით დახმარებას უწევს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. ლობირების თეორია შესაძლებელია განსაკუთრებით გაამდიდროს მოლაპარაკებების თეორიის შესახებ არსებულმა იდეებმა. კომუნიკაციებზე კონცენტრირებული მიდგომა განიხილავს მოლაპარაკებას, როგორც პროცესს, რომელშიც წარმოდგენილია ორი ან მეტი დამოუკიდებელი მხარე, რომელთაც გააჩნიათ ერთმანეთთან შეუთავსებელი მიზნები და რომლებიც ჩართულნი არიან სოციალურ ურთიერთქმედებასა და წინადადებების ურთიერთგაცვლაში, რათა მიაღწიონ ორმხრივად დამაკმაყოფილებელ შედეგს. ეფექტური ლობირების მოდელი კონცენტრირებულია მოლაპარაკებების კონტექსტის ფორმირების ინტერაქციულ კომპონენტზე. ის მარტივად ქმნის დღის წესრიგს, რომელშიც ძირითადი ორიენტაცია მონაწილეებს ორ ან მეტ მოდავე მხარედ ჰყოფს, რაც ქმნის კოალიციებს, რათა დაიმორჩილონ შიდა აზრთა სხვადასხვაობა და მიაღწიონ ამა თუ იმ უმრავლესობის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს კონკრეტულ წინადადებას. წარმატებული ლობისტის მიზანია შეათანხმოს არსებული ვარიაციები მიზნებთან, პოლიტიკური ფორმულირების ჩამოყალიბების ტაქტიკის გამოყენებითა და მისი საკუთარ მიზნებთან შესაბამისობაში. ლობირება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც დარწმუნების მნიშვნელოვანი საშუალება. ამ თვალსაზრისით ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს ლობისტისა და პოლიტიკოსის ურთიერთობის მთავარ არსს. ლობისტი აგროვებს ძვირადღირებულ ინფორმაციას და სტრატეგიულად ავრცელებს მას, რათა დაარწმუნოს კანონმდებელი მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ან შეიცვალოს თავისი პრიორიტეტები. ამერიკელი პოლიტოლოგები გ. ალმონდი და ჯ. პაუელი ლობირების ეფექტურად განხორციელების პროცესში მნიშვნელობას ანიჭებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას[9]. მათი აზრით დემოკრატიულ საზოგადოებაში დაშვების სხვა მნიშვნელოვან არხს წარმოადგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები - ტელევიზია, რადიო, გაზეთი და ჟურნალი. ბევრი ინტერესთა ჯგუფი ყოველმხრივ ცდილობს იპოვოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები "პიარის" სფეროში და პირდაპირი რეკლამის განთავსებასთან ერთად, ყურადღება მიადევნონ, რომ მათი ინტერესები ხელსაყრელად გაშუქდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. ლობირება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც დარწმუნების მნიშვნელოვანი საშუალება. ამ თვალსაზრისით ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენს ლობისტისა და პოლიტიკოსის ურთიერთობის მთავარ არსს[10]. ლობისტი აგროვებს ძვირადღირებულ ინფორმაციას და სტრატეგიულად ავრცელებს მას, რათა დაარწმუნოს კანონმდებელი მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება ან შეიცვალოს თავისი პრიორიტეტები.  ლობისტური საქმიანობის ეფექტური განხორციელება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია და იგი ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. თავის მხრივ, ლობირების წარმატებულ სტრატეგიას ბევრად განსაზღვრავს აღნიშნული ეტაპების სწორად წარმართვა. ლობირების მთლიან პროცესში პირობითად შეიძლება შემდეგი ეტაპები გამოვყოთ: 1) ინტერესთა გამოკვეთა, რაც გულისხმობს კონკრეტული ჯგუფის ან ჯგუფების მიერ ინტერესის დაფიქსირებას საკუთარი ან საზოგადოების მოთხოვნიდან და საჭიროებიდან გამომდინარე; 2) ინტერესთა შეთანხმება – ინტეგრაციის პროცესი, რაც გულისხმობს კონკრეტული ჯგუფის ან ჯგუფების მიერ დაფიქსირებული ინტერესის შეთანხმება-შეჯერებას სხვა ანალოგიურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფებთან საერთო პოზიციის მიღწევის მიზნით; 3) ინტერესთა წარდგენა, რაც გულისხმობს ჯგუფის ან ჯგუფების მიერ შეთანხმებული-შეჯერებული ინტერესისა და პოზიციის წარდგენას გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტისათვის (საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ან მათი თანამდებობის პირებისათვის და ა.შ.); 4) გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, რაც გულისხმობს ჯგუფის ან ჯგუფების (მათი წარმომადგენლების) შესაძლებლობას კანონმდებლობით დაშვებული ფორმით მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და შესაბამის თანამდებობის პირებთან (ორგანოებთან) ურთიერთობებში[11]. ლობისტური საქმიანობის საბოლოო მიზანს კი გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედების განხორციელება წარმოადგენს, რათა დაარწმუნონ ისინი შეთავაზებული მოსაზრებების მართებულობასა და ეფექტურობაში. სწორედ ამიტომ ინტერესთა ჯგუფებისა და ლობისტების უმთავრესი ძალისხმევა აღნიშნული მიმართულებით კონცენტრირდება და არსებითი რესურსებიც ზემოქმედების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად მიემართება. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა პოლიტოლოგმა ჯ. ბერმა ლობისტების საქმიანობა და ტაქტიკა დაჰყო შემდეგ კატეგორიებად: პირველი, პირდაპირი კომუნიკაცია ლობისტებსა და სახელისუფლო ჩინოვნიკებს შორის, რომელიც მოიცავს როგორც პირად შეხვედრებს, პირველ ყოვლისა მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ფორმალურ იურიდიულ პროცესებს, მაგალითად, მონაწილეობას რაიმე ადმინისტრაციულ წარმოებაში. მეორე, მეთოდები, რომელთა მეშვეობით ლობისტები გავლენას ახდენენ პოლიტიკოსებზე მათი ამომრჩევლების მეშვეობით. აღნიშნულისათვის გამოიყენება ტაქტიკა, რომლის დროსაც პროფესიონალი ლობისტები გამოდიან როგორც შუამავლები, რომლებიც ახდენენ ლობირების სტიმულირებას მოქალაქეების მხრიდან თავიანთ მთავრობაზე. ამ მიზნით ამომრჩევლები აქტიურად წერენ წერილებსა და შეკითხვებს თავიანთ დეპუტატებს, მონაწილეობენ დემონსტრაციებში და სხვა. საზოგადოების ცნობილი და გავლენიანი ლიდერები ანდა მსხვილი ბიზნესმენები ასევე ამყარებენ პერსონალურ კონტაქტებს საჭირო პოლიტიკოსებთან. მესამე, დაინტერესებული ჯგუფები გავლენას ახდენენ სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლაზე არჩევნების ანდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მეშვეობით. აღნიშნული გულისხმობს საარჩევნო კამპანიაში უშუალო მონაწილეობას, რათა ხელისუფლების ორგანოებში მოიყვანონ მათთვის საჭირო ადამიანები. ეს მეთოდი საჭიროებს დეტალურ მომზადებასა და მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს, აგრეთვე პროცესში საზოგადოებასთან ურთიერთობის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვას, კვლევების მომზადებასა და მისი შედეგების გამოქვეყნებას, შესაბამისი პიარ-კამპანიის წარმოებას[12].  ლობირების ეფექტური განხორციელებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შესაბამისი ლობისტის პროფესიონალურ დამოკიდებულებასა და მის ინფორმირებულობაზე განსახილველი საკითხის მიმართ. ლობისტები, როგორც წესი, შესაბამისი სფეროს მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტები არიან და ლობირების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი პროფესიული დასკვნა და შეფასება განსახილველი საკითხის თაობაზე. ამიტომ, უშუალო ლობირების პროცესში გადაწყვეტილების მიმღები პირის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება ლობისტის მიერ მომზადებულ პროფესიულ შეფასებას განსახილველი საკითხის თაობაზე. ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი და ლობიზმის მკვლევარი ფარნელი[13] ლობისტური საქმიანობის პროცესში ხუთ საფეხურს გამოყოფს: მიზნის განსაზღვრა; იმ საკითხების შერჩევა, რომელიც გახდება მეთვალყურეობის, ანალიზისა და ჩარევის საგანი; იმ მიზნის იდენტიფიკაცია, რომელზედაც შესაძლებელია განხორციელდეს გავლენა: ა) მთავრობის შიდა აპარატზე; ბ) მთავრობის გარე აპარატზე, აგრეთვე მომენტი, რომლის დროსაც საუკეთესოა გავლენის მოხდენა; ლობირების ტექნიკის განსაზღვრა, რომელიც შესაძლებელია იქნეს გამოყენებული: პირდაპირი ლობირება; არაპირდაპირი ლობირება; გამოყენება, მონიტორინგი, შეფასება. ლობიზმი[14] წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზაციის ინსტრუმენტს, რომლის დახმარებით ხდება კანონპროექტების საზოგადოებრივი მხარდაჭერა ან ოპონირება, ეს კი გავლენას ახდენს პოლიტიკაზე. ამგვარ სიტუაციაში ლობიზმი გვევლინება ბიუროკრატიის მეტოქედ. აგრეთვე, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაზრო ურთიერთობების პირობებში სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სოციალური ჯგუფების ინტერესები დაუცველი რჩება, საჭირო ხდება შექმნილი ვაკუუმის შევსება სამოქალაქო საზოგადოების შესაბამისი სტრუქტურების მიერ. ლობიზმი შეიძლება მოვიაზროთ, როგორც სოციალურ-პოლიტიკური სტიმულატორი[15] ამა თუ იმ ინტერესებისა და გადაწყვეტილების მისაღებად და ცხოვრებაში გასატარებლად. ლობიზმი საშუალებას იძლევა გაფართოვდეს გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო საინფორმაციო და ორგანიზაციული ბაზა, და ყურადღება გამახვილდეს ისეთ საკითხებზე, რომლებიც გადაუდებელ გადაწყვეტას საჭიროებენ. აღსანიშნავია, რომ ლობიზმის, როგორც გარკვეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენის მიმართ, დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. თუ ცალკეულ შემთხვევებში იგი საზოგადოების აქტიურობის გარკვეული სამართლებრივი ინსტრუმენტისა და ადექვატური პოლიტიკური მოვლენების აღმნიშვნელი ტერმინების სახით გვხვდება, სხვა შემთხვევაში იგი უარყოფითი პოლიტიკური პროცესებისა და ნეგატიური მოვლენების აღმნიშვნელ სინონიმად გამოიყენება. როდესაც ლობირების პროცესის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობენ უმეტესად სწორედ ის მეთოდები და საშუალებები აქვთ მხედველობაში, რაც ლობირების პროცესში გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედების თვალსაზრისით იქნა გამოყენებული. აქ პირველ რიგში გულისხმობენ ქრთამს, მოსყიდვას და სხვა კორუფციული ხასიათის გარიგებებს გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე ზემოქმედებისათვის[16]. თუმცა ლობირების პროცესი არ შეიძლება გაიგივებული იქნეს მხოლოდ მსგავს მოვლენებთან. მით უმეტეს ისეთ პირობებში როდესაც აღნიშნული საქმიანობა ბევრ ქვეყანაში ლეგალურად არის აღიარებული და მისი განხორციელება საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე რეგულირდება. ლობირების ისტორიულმა განვითარებამ მის არსენალში გააჩინა რიგი ლეგიტიმური საშუალებები, რითაც ლობირების განმახორციელებელ პირებს შეუძლიათ ეფექტური გავლენა მოახდინოს როგორც გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტზე, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. აღნიშნული საშუალებები შესაძლებელია პირობითად რამდენიმე ჯგუფად გამოვყოთ, რომელთა შიგნით ზემოქმედების ერთგვაროვანი მექანიზმები კონსოლიდირებული სახით გაერთიანდება. ვითარცა ლობიზმის ევოლუციურმა განვითარებამ აჩვენა, მსგავსი ნეგატიური შეფასებები სისტემურ კორელატს არ წარმოადგენენ. დემოკრატიული ლობირების მთავარი პირობა და მისი ძირითადი მახასიათებელი გამოიხატება ინფორმაციის გაცვლის გამარტივებაში, კარგი ურთიერთობებისა და კეთილსინდისიერი სუბიექტებით. მეორე პირობას წარმოადგენს ის, რომ არალეგიტიმურმა ძალაუფლებრივმა ურთიერთობებმა გავლენა არ უნდა მოახდინონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე. სოციოლოგიის თვალთახედვით ლობირებას გააჩნია რამდენიმე დადებითი ასპექტი რომელნიც მოვლენას თვისობრივად ახასიათებს : ლობიზმი - სახელმწიფოსა და სოციუმს შორის ურთიერთობის და ურთიერთთანამშრომლობის მოქნილი საშუალებაა; ლობიზმი - სოციალურ-პოლიტიკური სტიმულატორია, რომელიც სოციუმის მოთხოვნებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღების პროცესს აჩქარებს; ლობიზმი - ეფექტური საშუალებაა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ლობიზმი - სპეციფიკური შესაძლებლობაა ადამიანთა ჯგუფისთვის (ჯგუფებისთვის) უზრუნველყონ თავიანთი ინტერესების წარმოდგენა და მათი გათვალისწინება პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში;  ლობიზმი - გადაწყვეტილების მიღების პროცესში ზრდის საინფორმაციო ველს და ორგანიზაციულ ბაზას, რითაც ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტს ფლობდეს მაქსიმალურ ინფორმაციას.         ლობიზმის მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომ იგი აღმოცენდება და ვითარდება ძალაუფლებასთან მჭიდრო კავშირში. შესაბამისად, ლობიზმი და მასთან დამახასიათებელი ქმედებები ყველაზე ხშირად გვხვდება იქ სადაც ძალაუფლების აკუმულირება და რეალური გადაწყვეტილების მიღება ხდება. უმნიშვნელოვანესია ის როლი, რომელიც ლობიზმის საქმიანობაში ენიჭება პროცესის მონაწილე მხარეების დადგენას. ამ თვალსაზრისით განარჩევენ ლობიზმის განმახორციელებელ სუბიექტებს და იმ ობიექტებს, რომლებზეც ლობისტური საქმიანობის განმახორციელებელო პირები ახორციელებენ ზემოქმედებას. *ინტერესთა ჯგუფები* (Interest Groups)[17] შესაძლოა მოიაზრებოდნენ სუბიექტები, რომლების ინტერესების შესაბამისად ხორციელდება სახელმწიფო ხელისუფების ორგანოებზე ზემოქმედება, ან რომელიც ესწრაფვიან გადაწყვეტილების მიღებას მათთვის სასარგებლო ფორმით. მაშასადამე, ლობისტური საქმიანობის სუბიექტს წარმოადგენდნენ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებიც. მნიშვნელოვანია ისიც რომ, ხშირად ლობიზმის სუბიექტებად არიან იურიდიული და საკონსულტაციო ორგანოები, ასევე ფირმები რომლებიც თანამშრომლობენ მთავრობასთან ურთიერთობის საკითხებზე (Government relations GR), საზოგადოებრივ საქმეებზე (Public affairs PA) და საზოგადოებასთან ურთიერთობებზე (Public relations - PR). სუბიექტები, რომელნიც ახორციელებენ ლობისუტურ საქმიანობას ისინი წარმოადგენენ ლობისტებს, რომელნიც უშუალოდ მონაწილეობენ და ლობირებენ დაინტერესებულ ჯგუფებს (ისინი არ მოქმედებენ საკუთარი სახელით არამედ გარკვეული ჯგუფების სახელით). იმის მიხედვით, თუ რა საკითხებისადმი ლობისტები სისტემატიურად  გამოხატავენ ინტერესს და ახორციელებენ ლობისტურ საქმიანობას, შეიძლება გამოვყოთ საზოგადოებრივი ურთიერთობის ის სფეროები, რომელი მიმართულებებითაც ხდება სპეციალიზაცია. განასხვავებენ სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, რეგიონალურ სფეროებში, ასევე უცხო ქვეყნისა თუ ორგანიზაციების ინტერესების შესაბამისად მომუშავე ლობისტებს. ინტერესთა ჯგუფები (IG), რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, წარმოადგენენ გავლენიანი ფინანსურ-ეკონომიკურ დაჯგუფებებს. მათ ყავთ თავიანთი წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად ერევიან და ცდილობენ გავლენის მოპოვებას საარჩევნო კამპანიებში და თავისი წარმომადგენლების მოხვედრას საკანონმდებლო ორგანოებში მოხვედრას. სოციალური სფეროს ლობისტებს წარმოაგენენ პროფესიული კავშირები და სხვა მსგავსი გაერთიანებები. ისინი ცდილობენ თავიანთი წევრების შრომითი და ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას. ისინი ფლობენ გარკვეულ მექანიზმებს თავიანთი ინტერესების წარმოდგენისა და დაცვისათვის[18]. ეკონომიკური სფეროს ლობისტებს განეკუთვნება მსხვილი საფინანსო გაერთიანებები, კორპორაციები, ბანკები და ა.შ. რომლებიც ცდილობენ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე გავლენა მოახდინონ ეკონომიკური საშუალებების გამოყენებით და თავიანთი ინტერესების დაცვის გათვალისწინებით. სოციალურ ჭრილში შეგვიძლია მოვიყვანოთ საქმიანობის სხვა სფეროების ლობისტებიც. მაგ.: რეგიონალური სფეროს ლობისტები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი რეგიონის ინტერესების წარმოდგენას, დაცვას, რეგიონისათვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭებას. მათი მიზანია საკუთარი რეგიონისათვის: ტრანსფერების გაზრდილი მოცულობა, შეღავათიან საგადასახადო რეჟიმი, ცალკეული საკითხების ადგილზე გადაწყვეტის უფლება. დიასპორების ლობისტები ასევე განეკუთვნებიან ლობირების სოციალურ შრეებს, იცავენ სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინტერესებს და იმავდროულად მოწოდებულნი არიან დაიცვან ქვეყანაში არსებული მათი დიასპორის ინტერესები. მაგ.:, ამერიკის შეერთებულ შტატებში გავლენიან ლობისტური ჯგუფებს განეკუთვნება ისრაელის, არაბეთის, მექსიკის და ა.შ. ლობისტური ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ და იცავენ საკუთარი ქვეყნებისა თუ დიასპორების ინტერესებს აშშ-ს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ორგანოებში[19]. პირი ან ორგანიზაცია, რომელზეც ლობისტი ახდენს ზემოქმედებას ითვლება ლობიზმის ობიექტად. ვინაიდან ნახსენები ორგანიზაციების ან თანამდებობის პირების განხილვა შეუძლებელია მათი საქმიანობისა და ამ საქმიანობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების გარეშე, ნაგულისხმევია, რომ ლობირების ობიექტად მოვიაზროთ ზემოაღნიშნული თანამდებობის პირების ან ორგანოების საქმიანობის შედეგად მიღებული თუ მისაღები გადაწყვეტილებებიც. არსებული შეხედულებების მიხედვით, ლობიზმი შეიძლება განხორციელდეს მმართველობის ყველა რგოლში. მაშასადამე, იმის მიხედვით, თუ ხელისუფლების რომელ შტოში განიხილება ლობისტებისათვის საინტერესო საკითხი განასხვავებენ ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო სფეროში განხორციელებულ ლობირებას, ასევე ადგილობრივ და რეგიონალურ ორგანოებში განხორციელებულ ლობირებას[20]. ლობიზმი როგორც კონკრეტული სოციალურ და სამართლებრივი მნიშვნელობის მოვლენა, უმეტეს შემთხვევაში გარკვეული სოციალური ჯგუფების საქმიანობას უკავშირდება. ასეთი დაინტერესებული ჯგუფების, იგივე გავლენის ჯგუფების საქმიანობა წარმოადგენს ლობიზმის, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი მოვლენის არსებობის საფუძველს და ლობიზმის კვლევა წარმოუდგენელია მსგავსი ჯგუფების საქმიანობის შესწავლისა და ანალიზის გარეშე. დღეს-დღეობით უცხოეთის ქვეყნების პოლიტიკურ მეცნიერებაში ლობიზმი უმეტეს შემთხვევაში აღარ განიხილება კვლევის სპეციალურ თემად, არამედ იგი წარმოადგენს ნაწილს უფრო ფართო მეცნიერული ინტერესისა, რომელიც დაკავშირებულია ინტერესთა ჯგუფებისა და ინტერესების წარმოდგენის პრობლემის კვლევასთან. ინტერესთა ჯგუფები მიიჩნეოდნენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად ქვეყნების პოლიტიკური სისტემის განსაზღვრებაში და მათ თაობაზე შეხედულებები არათანამიმდევრული იყო. მეცნიერთა ერთ ნაწილს მიაჩნდა, რომ პოლიტიკური სისტემა ჩამოაყალიბა, როგორც "ჯგუფური ბრძოლის" არსი; ხოლო მეცნიერთა ახალმა თაობამ შეამცირა ჯგუფების მნიშვნელობა პოლიტიკაში. ორმოცი წლის წინ ჯგუფების თაობაზე მიდგომა პოლიტიკაში იყო იმდენად დომინირებული, რომ მან პრაქტიკულად განსაზღვრა პოლიტიკური მეცნიერების მიმართ თანამედროვე მიდგომები[21]. "ჯგუფურობის იდუმალი საწყისი თვით ადამიანისვე ბუნებაში ღვივის; სამოქალაქო საზოგადოებაში ყოველმხრივ ვაწყდებით ხოლმე მისგან აღმოცენებულ სხვადასხვა დონის აქტივობებს. გულმოდგინებამ, რომელსაც ადამიანები იჩენენ რელიგიური და მმართველობის საკითხებისადმი, მათი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ასპექტებისადმი; სხვადასხვა ლიდერებისადმი ერთგულებამ, რომლებიც პირველობისა და ძალაუფლებისათვის იბრძვიან, თუ სხვა პირების სიყვარულმა ადამიანურ ვნებებს რომ თავდადების საგნად დაუსახავთ, ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფებად დახლიჩა კაცობრიობა; უფრო მეტად განაწყო ისინი ერთმანეთის საზიანოდ და დასაჩაგრად, ვიდრე საზოგადო სიკეთისათვის სათანამშრომლოდ“[22]. თავის მხრივ, მეცნიერის მოსაზრებით, მმართველობის პროცესი, ხასიათდება მსგავსი ჯგუფების ბრძოლით, ხოლო საკანონმდებლო აქტი განასახიერებს მხოლოდ ძალთა ამგვარ თანაფარდობას. საკანონმდებლო ორგანოში ხმის მიცემა ამა თუ იმ საკითხზე განასახიერებს მხოლოდ დაპირისპირებული ჯგუფების თანაფარდობას ხმის მიცემის მომენტში. იმას რასაც უწოდებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სინამდვილეში წარმოადგენს ჯგუფური დაპირისპირებისას თანხმობის მიღწევის შედეგს კონკრეტულ მომენტში. არ არსებობს არც ერთი კანონი, რომელიც არ ასახავდეს ძალთა ამგვარ თანაფარდობას. უნდა აღინიშნოს, რომ ბენტლის შეხედულებებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ლობირების ლეგალურ საქმიანობად მიჩნევის საქმეში, განსაზღვა რა აღნიშნული მოვლენის პრაგმატული და თეორიული საფუძვლები. ამასთან, აღნიშნული მოვლენა მან მჭიდროდ დაუკავშირა პლურალისტულ საზოგადოებას. ინტერესთა ჯგუფების (IG) მოღვაწეობა და მათზე წარმოდგენები დაკავშირებულია “კონსერვატულობის” და ასევე, ახალი მიმდინარეობის "ნეოკორპორატივიზმის" იდეთა განვითარებასთან. ინგლისელმა მეცნიერმა ა. კოსონმა თავის წიგნში "კორპორატივიზმი და პოლიტიკური თეორია”[23] ჩამოაყალიბა კორპორატივიზმის განმარტება, რომლის მიხედვით კორპორატივიზმი არის სპეციფიკური სოციალურ-პოლიტიკური პროცესი, რომლის პირობებშიც, ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს აგრეგირებულ ფუნქციონალურ ინტერესებს, შედის ურთიერთქმედებაში სახელმწიფო ორგანოებთან პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების მიზნით, შემდგომი მათი განხორციელებისათვის. ნეოკორპორატივიზმი - ესაა ინტერესთა წარმოდგენის სისტემა, რომელიც შედგება, შეზღუდული რაოდენობის, არა ნებაყოფლობითი, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი, იერარქიულად ორგანიზებული, ფუნქციონალურად განსხვავებული, სახელმწიფო სტრუქტურების მიერ თავიანთ საქმიანობაზე უფლების მიმღები ანდა ოფიციალურად აღიარებული (თუ არა შექმნილი), თავიანთ სფეროში წარმომადგენლობაზე მონოპოლიის მქონე, სანაცვლოდ ლიდერების შერჩევასა და მოთხოვნების არტიკულაციასა და დაცვაზე გარკვეული კონტროლის მქონე, ერთეულისაგან[24]. მეცნიერთა მოსაზრებებისა და სახელმწიფოთა საქმიანობის პრაქტიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სახელმწიფოთა პოლიტიკური პროცესი წარმოუდგენელია "ინტერესთა ჯგუფებისა" და ლობირების ინსტიტუტის გარეშე. იგი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის გარკვეულ ფორმადაც გვევლინება და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პლურალისტული საზოგადობის ფუნქციონირებაზე. მიიჩნევა, რომ ჯანსაღი, ინტერესთა შეჯერება-შეთანხმების პროცესზე დაფუძნებული ლობირება დადებით გავლენას ახდენს სახელისუფლო და არასახელისუფლო სტრუქტურების თანამშრომლობაზე და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ნაშრომის დასასრულს ავღნიშნავთ, რომ პირდაპირი დემოკრატიის პირობებში, როგორც წესი, მოქალაქეები უშუალოდ თავისი შეხედულების მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებას და ასეთ პირობებში, ინფორმაციული ზეგავლენა მცირე მნიშვნელობას იძენს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ხოლო წარმომადგენლობით დემოკრატიაში წარმომადგენლებს სჭირდებათ გაცილებით მეტი ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად და ეს უკანასკნელი თვითონ უნდა მოიძიონ გადაწყვეტილებების მიმღები ორგანოს ფარგლებს გარეთ. რთულ და მრავალფუნქციურ თანამედროვე საზოგადოებაში, ინტერესთა მრავალგვარობის პირობებში, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო მსგავსი ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და შეფასებისათვის. ლობიზმი კი წარმოადგენს ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას ინტერესების გამოხატვისა და მისი წარმომადგენლობით ორგანოებამდე მიტანისათვის[25]. ლობიზმი გარკვეული ხარისხით ემატება და ავსებს დემოკრატიული მმართველობის კონსტიტუციურ სისტემას. იგი კონსტიტუციით აღიარებულ მექანიზმებთან ერთად, საშუალებას იძლევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღოს სოციუმის იმ ნაწილმა, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით არ აქვს პირდაპირი დაშვება ხელისუფლებაში. რაც თავის მხრივ აფართოებს წარმომადგენლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული სუბიექტების მაქსიმალურ ჩართვას აღნიშნულ პროცესში. გამოყენებული   ლიტერატურა:     გურგენიძე ვ. “საზღვარგარეთის ქვეყნების პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია”, თბ. 2006 კვესელავა ი., შუბითიძე ვ. პოლიტოლოგია (პოლიტიკური თეორია და პრაქტიკა), თბ. 2009 “ლობიზმის სამართლებრივი რეგულირება საერთაშორისო პრაქტიკაში”, კორუფციის კვლევითი ცენტრი, თბ. 1998 ნადარეიშვილი გ. “მსოფლიოს პოლიტიკურ და სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია”, თბ. 2008;  უილკოქსი დ. ლ.. კამერონი გ. ტ. “საზოგადოებასთან ურთიერთობა, სტრატეგია და ტაქტიკა”, ქართული გამოცემა, გამომცემლობა “დიოგენე”, თბ. 2011  Berry Jeffrey M. , Clyde Wilcox “Interest Group Society”, 5th Edition, Longman Publishing Group, 2008 Cawson A. Corporatism and Political Theory, Oxford, 1986 Encyclopedia of American Government and Civics, by Michael A. Genovese and Lori Cox Han Copyright, New York, 2009 Encyclopedia of Interest groups and Lobbyists in theUnited States, Brooklyn College, City University of New York, by M.E. Sharpe INC, 2000 Griffith G., The Regulation of Lobbying, , Briefing Paper No 5/08, 2008 Mannheim Karl, The American Science of Politics, Taylor & Francis e-Library, 2001 Zetter Lionel “Lobbying: The art of political persuasion”, Great Britain, 2008 Jordan Grant and Maloney William A. Democracy and Interest Groups, 2007 The encyclopedia of political science, editor in chief: Kurian G. T., CQ Press, Washington, 2011; U.S. Lobbying Disclosure Act of 1995, (ინტერნეტ რესურსი: http://www.senate.gov/legislative/Lobbying/ Lobby_Disclosure_Act/compilation.pdf) Consolidation Lobbying Act R.S.C., Canada, 1985, (Published by the Minister of Justice at the following address: http://laws-lois.justice.gc.ca) Белоусов А.Б. Дискретная модель лоббистской коммуникации, ж. “Полис (Политические исследования)”, 2006 Батлер Джудит, Психика власти: теории субъекции. Пер. с англ. Харьков, 2002 Дегтярев А.А. Основы политической теории. М., 1998 Джордан Г., Группы давления, партии и социальные движения: Есть ли потребность в новых разграничениях?, Журн. “Мировая экономика и международные отношения”, 1997, №1 Золотарева Е. В. Группы интересов в политике, жур. Вестник РУДН. Сер. Политология. – 2000. №1 Кули Ч. Х., Человеческая природа и социальный порядок, Пер. с англ., под общей научной редакцией Толстова А. Б.; М., 2000 Манен Б., Принципы представительного правления, Пер. с. англ. Рощуна Е.Н., науч. ред. Хархордин О.В., СПБ, 2008 Меркель В., Круассан А., Формальные и неформальные институты в дефектных демократиях, “Полис (Политические исследования)”, 2002. #2 Павроз А. В. Группы интересов и лоббизм в политике, Санкт-Петерб., 2006 Скотт М. Катлип, Аллен X. Сентер, Глен М. Брум, Паблик рилейшенз. Теория и практика, 8-е изд. : Пер. с англ. М. Издательский дом "Вильямс", 2005 Тилли Чарльз, Демократия, пер. с англ. М., 2007 Шмиттер Ф., Неокорпоративизм, Jur. «Полис (Политические исследования)», 1997. №2 დანართი   1 ლობიზმი მეტად თვითმყოფადი და უნივერსალური მოვლენაა და იგი გარკვეული ფორმით ყველა ტიპის საზოგადოებაში არსებობს. მიუხედავად, 26 წლის დამოუკიდებლობისა, საქართველოში ჭარბობს სოციალისტური ცნობიერება და მასში ჩადებული ნეგატიური დამოკიდებულება ლობისტური საქმიანობისადმი. ყველას ავიწყდება, რომ ლობიზმი საბჭოთა კავშირშიც იყო დაფიქირებული. მსხვილ ლობისტთა ჯგუფებს შეადგენდნენ სამხედრო-სამრეწველო, აგრარულ-სამრეწველო და სხვა გავლენიანი კომპლექსის, რეგიონალური ელიტის, პარტიულ ბიუროკრატიასთან შეზრდილი ცალკეული სამრეწველო სტრუქტურების წარმომადგენლები[26], რომელთა საქმიანობა „სოციალისტური დემოკრატიის“ ფონზე საზოგადოების ფართო მასებისათვის მიუწვდომელი და ფარული იყო, და რომლებიც ეფექტურ გავლენას ახდენდნენ გადაწყვეტილების მათთვის სასარგებლო ფორმით მიღებაზე.     დანართი 2 უმსხვილესი ლობისტური ორგანიზაციები და მათი შემოსავლები 2016 წელს [27]   Akin, Gump et al                                           $27,700,000 Brownstein, Hyatt et al                                  $19,590,000 Podesta Group                                                $17,970,000 Van Scoyoc Assoc                                          $15,250,000 Holland & Knight                                          $14,470,000 Squire Patton Boggs                                       $13,760,000 K&L Gates                                                      $12,430,000 Cornerstone Government Affairs                  $12,410,000 BGR Group                                                     $12,300,000 Capitol Counsel                                              $12,240,000 Williams & Jensen                                         $12,190,000 Peck Madigan Jones                                       $10,080,000 Fierce Government Relations                        $9,730,000 Ernst & Young                                               $9,550,000 Covington & Burling                                     $9,363,000 Capitol Tax Partners                                      $9,230,000 Mehlman, Castagnetti et al                            $9,130,000 Cassidy & Assoc                                             $9,070,000 Alpine Group                                                 $8,520,000 [1] - *ლობიზმის* გავრცელებას   უკავშირებენ ვაშინგტონში არსებულ სასტუმრო "ვილლარდს" (Willard InterContinental Washington). სასტუმროს ფოიეში (ვესტიბიულში) ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს და მიეწოდებინათ მათთვის თავიანთი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან თუ კანონპროექტთან დაკავშირებით. [2] - Mack, C.S. Business, Politics and the Practice of Government Relations. Westport: Quorum Books. 2, 1997, cit. Conor McGrath, Comparative Lobbying Practices: Washington, London, Brussels, University of Ulster  [3] -  Van Schendelen R. National Public and Private Lobbying, Aldershot, Dartmouth, 1993 [4]  - Milbrath, L. Lobbying as a Communication Process, Public Opinion Quarterly, 1960 [5] -  Куме К., Лоббизм и его регулирование: советы британского эксперта, Jurn. „Бизнес и политика“, 1994. № 1 [6] - Jaatinen M. „Lobbying Political Issues, A Contingency Model of Effective Lobbying Strategies“, Helsinki, 1999, გვ. 5. [7] -  Jaatinen M. „Lobbying Political Issues, A Contingency Model of Effective Lobbying Strategies“, Helsinki, 1999 [8] - Жиро Т. Политология, Пер. с польск., Харьков, 2006, გვ. 94 [9] - Алмонд Г., Пауэлл Дж., Стром К., Далтон Р. А Сравнительная политология сегодня: Мировой обзор, пер. с англ. А С. Богдановского, Л. А. Галкиной; Под ред. М. В. Ильина, А Ю. Мельвиля, М.: Аспект Пресс, 2002 [10] - Белоусов А.Б. Дискретная модель лоббистской коммуникации, Jur. “Полис (Политические исследования)”, 2006, №4.    [11]  - Miia Jaatinen “Lobbying Political Issues, A Contingency Model of Effective Lobbying Strategies”, Helsinki  [12] - Berry J. M. Lobbying for the People: The Political Behaviour of Public Interest Groups. Princeton: Princeton University Press, გვ. 213-214 [13] - Фарнель Ф. Ж., Лоббирование стратегии и техники вмешательства, Монография, Les Éditions d’Organisation, Париж 1994, Пер. с франц. გვ. 60 [14] - მაგშტადტი თ.მ., გავიგოთ პოლიტიკა, იდეები, ინსტიტუტები და პრობლემები, ქართული გამოცემა, თბ., 2010    [15] -  Berry Jeffrey M., The interest group society, Scott, Foresman, 1989 [16]  იხ. დანართი N1 [17]  -  რობინსი ს. პ., ჯაჯი ტ. ა., ორგანიზაციული ქცევის საფუძვლები, ქართული გამოცემა, მთარგმნელი თ. თურმანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბ., 2009 [18]  -  Джордан Г., Группы давления, партии и социальные движения, Журн. “Мировая экономика и международные отношения”, 2007, №2   [19]  -  Baumgartner F. R. and Leech B. L., Basic interests: the importance of groups in politics and in political science, Princeton University Press, Princeton, New Jersey, 1998  [20]  -  ჰეივუდი ე., პოლიტიკა, ქართული გამოცემა, მთარგმნელები ჭუმბურიძე გ., ჭელიძე ზ., თბ., 2007,  [21] Baumgartner F. R. and Leech B. L., Basic interests: the importance of groups in politics and in political science, Princeton University Press, Princeton, New Jersey [22] Гамильтона А., Мэдисона Дж. и Джея Дж., Федералист: Политические эссе., Пер. с англ. [23] Cawson A. Corporatism and Political Theory, Oxford, 1986, გვ. 38 [24] იხ. დანართი N2 [25] -  Кули Ч. Х., Человеческая природа и социальный порядок, Пер. с англ., под общей научной редакцией Толстова А. Б.; М., 2000                        [26]  - H. Gordon Skilling and Franklyn Griffiths ““Interest groups in Soviet politics”“, Princeton University Press, Neu Jersey  [27]  - https://www.opensecrets.org/lobby/top.php?indexType=l&showYear=2016…
დაამატა George to სოციოლოგია at 6:34pm on მაისი 13, 2025
თემა: შუა საუკუნეების ფსიქოლოგია
სა და მეცნიერების განვითარების ზოგად ტენდენციას. ანტიკური ცივილიზაცია რომის დაცემასთან ერთად (476წ.) საბოლოოდ დაიშალა. მანამდე მოპოვებული ცოდნა თანდათან იკარგებოდა. ვრცელდებოდა და მკვიდრდებოდა ქრისტიანობა, რომელიც, ცდილობდა რა, დაემტკიცებინა თავისი ძალა და უნიკალობა, ებრძოდა ყველა სხვა პოზიციის გამოვლინებას და, პირველ ყოვლისა, წარმართულ მითოლოგიურ და ფილოსოფიურ შეხედულებებს. ქრისტიანული თეოლოგიური აზრის განვითარების პირველ ეტაპზე ეკლესიის მამები (თუნდაც იგივე ავგუსტინე) ცდილობდნენ ძირითადი ძველბერძნული ფილოსოფიური სკოლების ნააზრევის ასიმილაციას, მაგრამ შემდგომში ერთხანს გამეფდა ყოველივე არაქრისტიანულისადმი სრული შეუწყნარებლობა. ანტიკური მეცნიერებისადმი მომთმენი დამოკიდებულება საბოლოოდ დასრულდა, როცა 529 წელს იმპერატორმა ავგუსტინემ გააუქმა ათენის ყველა ფილოსოფიური სკოლა და წერტილი დაუსვა მათი განვითარების ცხრასაუკუნოვან ისტორიას.       შუა საუკუნეების დასაწყისი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების მატერიალური და სულიერი კულტურისა და მოსახლეობის აოხრებისა და განადგურების ხანაა. სხვადასხვა ხალხების (გოთები, ვანდალები, ვიკინგები, დანები, ანგლები, საქსები და სხვ.) განუწყვეტელმა შემოსევებმა, საზარელმა შიმშილობამ, ეპიდემიებმა და სრულმა განუკითხაობამ გააპარტახა ყველაფერი. მოისპო რომის ცივილიზაციის ნაშთები, ცივილიზაციისა, რომლის დროსაც სუფევდა წესრიგი და დოვლათი, მოსახლეობის მეტ-ნაკლებად შეძლებულმა ნაწილმა იცოდა წერა-კითხვა, არსებობდა საერო განათლების ხელმისაწვდომი კერები, ხოლო მეცნიერება და მეცნიერები დიდ პატივში იყვნენ. დამდგარ შავბნელ ხანაში ერთადერთი საზოგადოებრივი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფდა რაღაც სტაბილურობას და ასულდგმულებდა ცივილიზაციას, ეკლესია იყო. მონასტრები აძლევდნენ თავშესაფარს დევნილ, ულუკმაპუროდ დარჩენილ და ავადმყოფ ადამიანებს. იქ არსებობდა სულიერება, ინახებოდა წიგნები, ისწავლებოდა წერა-კითხვა. საზოგადოებაში, რომლის უმაღლეს წრეებშიც უვიცობამ დაისადგურა, ერთადერთი მეტნაკლებად განათლებული ფენა საეკლესიო პირები იყვნენ. ამავე დროს, ეკლესია კატეგორიულად ვერ ეგუებოდა რაიმე კონკურენციას, განსაკუთრებით მეცნიერების მხრიდან. ქრისტიანული რელიგია თითქოს ამძაფრებდა სულიერი სამყაროსადმი ინტერესს, მაგრამ არა კვლევა-ძიების, არამედ მარტოოდენ რწმენის მიმართულებით. ეკლესია მთლიანად დაეპატრონა ადამიანების სულს და ფსიქოლოგიისთვის ადგილი არ დატოვა. იმავდროულად გაიფურჩქნა მისტიკა და კაბალისტიკა, ალქიმია და ასტროლოგია.       VI-X სუკუნეები “ბნელ საუკუნეებად” მიიჩნევა. ამ პერიოდში დასავლეთ ევროპის სულიერ კულტურას თითქმის არაფერი შემატებია, მაშინ როცა ბიზანტიასა და მუსლიმანურ სამყაროში საქმიანი და შემოქმედებითი ცხოვრება წინ მიდიოდა. კონსტანტინოპოლში, მაგალითად, 855 წლიდან ფუნქციონირებდა უნივერსიტეტი (ე.წ. “მანგავრის უმაღლესი სკოლა”). შუა საუკუნეებში ფსიქოლოგიის წინსვლა ყველაზე მეტად სწორედ არაბულ ფილოსოფიასა და მეცნიერებას უკავშირდება. რაც შეეხება დასავლეთ ევროპას, ბნელი საუკუნეების შემდეგ, თანდათან ინტელექტუალური კლიმატის გარკვეული გაუმჯობესება დაიწყო. გაიხსნა უნივერსიტეტები. ყველაზე ადრე (IX საუკუნე) სოლერნოში გაიხსნა განთქმული “სამედიცინო სკოლა”, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობდა მედიცინის საუნივერისტეტო ტიპის სწავლება და კვლევა, მაგრამ პირველი ნამდვილი უნივერისტეტი გაიხსნა 1088 წელს - ბოლონიაში; შემდგომში ოქსფორდში (1117), პარიზში, XIII საუკუნის დასაწყისიდან - კემბრიჯში, მონპელიეში, სალამანკაში, პადუაში და ევროპის სხვა ქალაქებში. ამან უდავოდ შეუწყო ხელი ცოდნის შენახვას, სისტემატიზაციას და, რიგ შემთხვევაში, მის გაღრმავებასაც, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში შუა საუკუნეების სასწავლო და სასულიერო ცენტრებში დოგმატური სულისკვეთება სუფევდა. სწორედ ამ დროს წარმოიშვა სქოლასტიკა (ე.წ. “სასკოლო ფილოსოფია”), რომელიც ცდილობდა ქრისტიანული რწმენის რაციონალურ დასაბუთებას, ანტიკური ხანის ავტორების ფილოსოფიური ტექსტების კომენტირებისა და მათი სარწმუნოებრივი დოგმებისადმი მისადაგების გზით. თავდაპირველად სქოლასტიკა დადებით როლს თამაშობდა, რადგან ხელს უწყობდა დაკარგული ცოდნის აღდგენას, ორგანიზაციას და შენახვას, მაგრამ საკმაოდ მალე თავი იჩინა მისმა უარყოფითმა მხარეებმა: ჯერ ერთი, ის იყო არაპროდუქტიული - იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ხდებოდა ახალი ცოდნის გენერაცია და პირიქით, იზღუდებოდა ნოვატორული იდეების აღმოცენება-გავრცელება; მეორე, ის იყო დეზორიენტაციის შემომტანი - კათოლიციზმის პოზიციებიდან ძველი ავტორების (პირველ რიგში, პლატონისა და არისტოტელეს) ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის შესატყვისი ინტერპრეტაცია ხშირად მათი ნააზრევის რეალური შინაარსის გაღარიბებასა და დამახინჯებას იწვევდა. 3.1. არაბული ფსიქოლოგია       მეცნიერების ისტორიკოსების შეფასებით, კურიოზულ ისტორიულ ფაქტად შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ევროპაში მეცნიერების დაბრუნების თვალსაზრისით ითამაშეს არაბებმა - მათ შეინახეს და საფუძვლიანად დაამუშავეს ანტიკურ ხანაში მოპოვებული ცოდნა. მის შესახებ ინტელექტუალურ ლეთარგიაში მყოფ კათოლიკურ ევროპას წარმოდგენაც არ ჰქონდა. ესპანეთიდან არაბების განდევნის მერე ევროპელებმა აღმოაჩინეს უამრავი ანტიკური ტექსტი არაბულ ენაზე და მათი მაღალ დონეზე შესრულებული კომენტარები. ყოველივე ეს სასწრაფოდ ითარგმნა ლათინურად, რაშიც უდიდესი წვლილი შეიტანეს მავრიტანიაში მცხოვრებმა ორივე ენის მცოდნე ებრაელმა მწიგნობრებმა. თავად არაბებმა თავდაპირველად ათენის ფილოსოფიური სკოლების განადგურების მერე, მცირე აზიაში გაქცეული ნეოპლატონიკოსებისაგან, შემდეგ კი სხვა გზებით მოიპოვეს ანტიკური ფილოსოფიური ხელნაწერების დიდი ნაწილი, თარგმნეს და გაიაზრეს იგი, რითაც საფუძველი დაუდეს არაბულ ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას.       ინდოეთიდან ესპანეთამდე გადაჭიმულ ხალიფატში, საკმაოდ სტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში, VIII-XII საუკუნეებში კულტურული და ინტელექტუალური ცხოვრება ჩქეფდა. ბაღდადში, ბუხარაში, დამასკოში, კორდოვაში, სევილიასა და ქაიროში იყო უნივერსიტეტები, სადაც არ იკრძალებოდა ისლამისაგან განსხვავებულ რელიგიურ-ფილოსოფიურ მოძღვრებათა შესწავლა. რომაელების მსგავსად, ფილოსოფიის სფეროში არაბები ძველი ბერძენი ავტორების, განსაკუთრებით პლატონისა და არისტოტელეს თხზულებების კომპილაციითა და კომენტირებით იყვნენ დაკავებული. სამაგიეროდ, მათ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს კონკრეტული მეცნიერების სფეროში, კერძოდ, ფიზიკა-მათემატიკაში, ქიმიაში, ასტრონომიაში, გეოგრაფიასა და მედიცინაში. ეს ძალიან წაადგა ფსიქოლოგიას, რადგან სულის შესწავლისას არაბულენოვანი მეცნიერები არ იზღუდებოდნენ თეორიულ-ფილოსოფიური მსჯელობებით, არამედ აქტიურად იყენებდნენ ბუნებისმეტყველების, პირველ რიგში, მედიცინის მონაცემებს.       ცნობილი არაბი მეცნიერი, ნატურალისტი და მათემატიკოსი იბნ-ალჰაისამი (ალღაზენა) (965-1039) ფსიქოლოგიის ისტორიაში შევიდა, როგორც აღქმის ფსიქოფიზიოლოგიის მკვლევარი. მისი აღმოჩენები უმთავრესად მხედველობითი სისტემის ფუნქციონირებას უკავშირდება, რის შესწავლაშიც მან რევოლუციური ცვლილებები მოახდინა. ისტორიულად მხედველობის ფუნქციის ახსნა ე.წ. “გამოდინების” თეორიის შესაბამისად ხდებოდა: საგნებიდან გამოედინება მათი უმცირესი ასლები (მაგ., ეიდოლები), რომლებიც აღიბეჭდებიან თვალზე, მაგრამ ჩვენი მხედველობა უშვებს უამრავ შეცდომას, რომელთა ახსნა შეუძლებელია, მარტო საგნის ასლები რომ ხვდებოდნენ თვალში. ამიტომ დაშვებული იყო მეორე სახის “გამოდინება”, თვალიდან საგნისკენ მიმდინარე რაღაც ნივთიერი სუბსტრატის (მაგ., პნევმის) სახით. მთელი ეს ახსნითი კონსტრუქცია ოპტიკის კანონებისა და თვალის ფიზიოლოგიის უცოდინარობის მაჩვენებელი იყო. ალღაზენამ პირველმა სცადა ეჩვენებინა, თუ როგორ იქმნება თვალში გარემდებარე საგნის ხატი ოპტიკის კანონების შესაბამისად. ამ პირველად და უშუალო ფიზიკურ ეფექტებს ემატება ფსიქიკური აქტები ანუ ერთგვარი “გონების მუშაობა”, რომელიც არაცნობიერად მიმდინარეობს. ამით ალღაზენამ, ფაქტობრივად, წინასწარ განჭვრიტა ჰელმჰოლცის “არაცნობიერი დასკვნის თეორია” (იხ. თავი 5.1.). საგნების მოყვანილობის, სიდიდის, მოცულობისა და ა.შ. აღქმა ფიზიკური და ფსიქიკური პროცესების ურთიერთქმედების შედეგია.       ალღაზენამ ექსპერიმენტულად შეისწავლა ისეთი მოვლენები, როგორიცაა ბინოკულარული მხედველობა, ფერთა შერევა და სხვა. მან აგრეთვე აჩვენა, რომ ობიექტების სრულყოფილი აღქმისთვის აუცილებელია თვალის მოძრაობა. ამის წყალობით ავტომატურად ხორციელდება ფსიქიკური ოპერაციები, რომელთა შედეგად იკვეთება საგნების ადგილმდებარეობა, დაშორებულობა თუ ურთიერთმიმართება. მან გაარკვია, თუ რა მნიშვნელობა აქვს მხედველობითი აღქმის ხანგრძლივობას. ხანმოკლე აღქმისას თვალი მხოლოდ ნაცნობი ობიექტების აღქმას ასწრებს. ამ ფაქტიდან გაკეთდა შორსმიმავალი დასკვნა იმის თაობაზე, რომ მხედველობითი ხატის ფორმირებაში, ოპტიკური გამღიზიანებლის უშუალო ეფექტის გარდა, მონაწილეობს გამოცდილება, რომელიც ნერვულ სისტემაში წინარე აღქმებიდან მიღებულ შთაბეჭდილებათა კვალის სახითაა მოცემული.       განსაკუთრებულია იბნ-სინას (ავიცენას) (980-1037) წვლილი ფსიქოლოგიაში. იგი მოღვაწეობდა ბუხარაში, ხვარაზმსა და სპარსეთში. ავიცენა იყო უნივერსალური მეცნიერი, ფილოსოფოსი და ექიმი. მისი “წიგნი განკურნებისა” თვრამეტტომიანი ენციკლოპედიაა და ეხება ლოგიკას, ფიზიკას, მათემატიკასა და მეტაფიზიკას. სახელგანთქმული “მედიცინის კანონი” კი სამედიცინო ენციკლოპედიაა, რომელშიც ავტორის საკუთარ გამოცდილებასთან ერთად განზოგადებულია ბერძენი, რომაელი, ინდოელი, შუააზიელი ექიმების ცოდნა. XVI საუკუნემდე აზიასა და ევროპაში “კანონი” სამედიცინო ბიბლიის როლს თამაშობდა.       თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავიცენა ფსიქოსომატური მედიცინის სათავეებთან დგას. იგი უდიდეს ყურადღებას აქცევდა სხეულებრივი და ფსიქიკური პროცესების ურთიერთმიმართებას ავადმყოფობის აღმოცენებისა და მკურნალობის პროცესში. ცნობილია, მაგალითად, როგორ განკურნა უიმედოდ დატანჯული პაციენტი: ავიცენას ეჭირა მის პულსზე ხელი და სთხოვდა, გაეხსენებინა სხვადასხვა პროვინციის, რაიონის, ქალაქის, ქუჩისა და ადამიანის სახელი. გარკვეულ სახელწოდებათა დასახელებისას პულსის შეცვლის მიხედვით, ავიცენამ გაარკვია, რომ პაციენტი უსაზღვროდ შეყვარებული იყო, გაარკვია ქალიშვილის სახელიცა და მისამართიც. პაციენტმა ყურად იღო დიდი სწავლულის რჩევა, მოიყვანა ცოლად ქალიშვილი და განიკურნა. ავიცენას მიერ გამოყენებულ ხერხს დღეს “ასოციაციურ ექსპერიმენტს” უწოდებენ. მასვე მიეწერება ცდა, რომელიც, ფაქტობრივად, ექსპერიმენტული ნევროზის კვლევაა: ორი ცხვრიდან ერთი ნორმალურ პირობებში იკვებებოდა, მეორე კი - იქვე მიბმული მგლის თანდასწრებით. იგი საკმარისად ჭამდა, მაგრამ სწრაფად იკლებდა წონაში და მალე მოკვდა. დადასტურდა სტრესის მიერ ღრმა სომატური ცვლილებების გამოწვევის ფაქტი.       საზოგადოდ, ავიცენა სულის პრობლემატიკას ფილოსოფიის ჭრილშიც განიხილავდა. იგი ორგვარი ფსიქოლოგიის მომხრე იყო, მიჯნავდა რა სულის სამედიცინო ანუ საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ გაგებას და ხაზგასმით აღნიშნავდა ექიმის პოზიციის თავისებურებას. ამგვარად, ავიცენა შეგნებულად ავითარებს ორი სახის ფსიქოლოგიას - საბუნებისმეტყველოსა (სამედიცინოს) და თეორიულს (ფილოსოფიურს). ორგვარი ფსიქოლოგია, ემპირიული და მეტაფიზიკური ფსიქოლოგიის სახით, სხვა მეცნიერებთანაც იყო წარმოდგენილი, მაგრამ მათთან ეს გარემოება სათანადოდ ექსპლიცირებული არ იყო.       აქ მოკლედ შევეხებით ავიცენას თეორიულ შეხედულებას სულის სახეებისა და თვისებების შესახებ. იგი ძველი ბერძნული ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის, ძირითადად არისტოტელეს გავლენით არის ჩამოყალიბებული, თუმცა ბევრ საინტერესო ორიგინალურ ნიუანსსაც შეიცავს. ავიცენას თანახმად, არსებული სინამდვილე ან მატერიალურია, ანდა სულიერი ანუ სპირიტული. პირველს შეისწავლის ფიზიკა, მეორეს - მეტაფიზიკა. ინდივიდუალური სული შუალედურია მატერიალურ და სპირიტულ სამყაროებს შორის, უფრო ზუსტად, ესაა მარადიული მატერიის (სხეულის) და აბსოლუტური გონის (პირველსაწყისის) ურთიერთქმედების ნაყოფი. მისი წარმოქმნა აიხსნება ტრადიციული ნეოპლატონური ემანაციის საფუძველზე.       ავიცენა გამოყოფს მენტალური ძალების (თვისებების, უნარების) სამ ჯგუფს: ვეგეტაციური, ცხოველური და რაციონალური. ვეგეტაციური ძალები, იმის მიხდვით, თუ რა ფუნქციას ასრულებს, სამი სახისაა: გენერაციული (გამრავლება), ოგმენტაციური (ზრდა) და ნუტრიტული (არსებობის შენარჩუნება, კვება). არისტოტელეს მსგავსად, აქაც სიცოცხლის ფიზიკური მხარის ანალიზი კეთდება, რასაც ემატება მოსაზრება, რომ ვიტალური პროცესები არა მარტო მატერიის ფუნქციაა, არამედ მატერიასთან ერთიანობაში მყოფი სულისაც. ფსიქოლოგიის ისტორიკოსის თქმით, ამ თვალსაზრისს შეიძლება “ვიტალიზმის არაბული ფორმა” დაერქვას (ბრეტი).       ცხოველური სული ფსიქიკური მოვლენების ორ კლასს აერთიანებს - თანამედროვე ტერმინებით: მოტივაციურს და კოგნიტურს. პირველი სურვილსა და მოქმედების იმპულსს მოიცავს, ხოლო მეორე მის შესრულებას განაპირობებს. კოგნიტური სფერო გარე და შიდა ძალებად თუ უნარებად იყოფა. გარე უნარებს ხუთი შეგრძნება მიეკუთვნება. მათ ემატება შეხებაში შემავალი ოთხი თვისების გარჩევის უნარი (ცივი-ცხელი, მშრალი-სველი, მაგარი-რბილი, უხეში-ნაზი). ავიცენა კონკრეტულ შეგრძნებებს საკმაოდ დეტალურად ახასიათებს, იმ დროისთვის ბუნებისმეტყველებასა და, კერძოდ, მედიცინაში დაგროვებული ახალი ცოდნის გამოყენებით.       შიდა უნარები ადამიანის ცხოველური და ღვთიური ბუნების საზღვარზეა. აქ ხუთი შემეცნებითი უნარი გამოიყოფა: პირველი, ზოგადი გრძნობა. ის იღებს, აერთიანებს და ცნობიერად აქცევს ცალკეული შეგრძნებებიდან წამოსულ შთაბეჭდილებებს. ჩვენ ამ ფსიქიკურ პროცესს აღქმას ვუწოდებთ. ამ აღქმული შინაარსის შენარჩუნებას შემდგომი გახსენებისა ან განსჯისთვის სული ახდენს მეორე კოგნიტური შინაგანი უნარის - შემნახველი წარმოსახვის მეშვეობით. იგი აჯამებს აწმყოსა და წარსულის მონაცემებს და ინახავს მათ, რითაც მეხსიერებას ემსგავსება. ამავე დროს იგი გრძნობად შინაარსს გარდაქმნის წარმოსახულ ფორმად ანუ იმ ფსიქიკურ ხატად, რომლის ხელმეორე აღდგენა შესაძლებელია საგნის უშუალო ზემოქმედების შემდეგაც. ჩვენ ასეთ განცდას მეხსიერების წარმოდგენას ვუწოდებთ. მესამე შინაგანი უნარი კომპოზიციური წარმოსახვაა. ის ერთმანეთთან აკავშირებს შემნახველი წარმოსახვით ფიქსირებულ მენტალურ ხატებს და ქმნის ისეთ კომპოზიტებს, როგორიცაა, მაგალითად, კენტავრი. ცხოველებთან ეს პროცესი ასოციაციურია, ადამიანთან - შემოქმედებითი. მეოთხე უნარი არის შეფასება. ეს შეფასება ეხება საგნების სუბიექტურ ფასეულობას და მათთან მოპყრობის წესს. იგი დაახლოებით იმის ეკვივალენტია, რასაც ცხოველთან ვუწოდებთ ინსტინქტს, ხოლო ადამიანთან - ვარაუდს. მაგალითად, ძაღლი გაურბის ჯოხს, ვინაიდან “შეაფასა” მისი დამსჯელი ძალა, მელა ეძებს კურდღელს, რადგან “იცის”, რომ ის იჭმევა, ხოლო ადამიანი, როცა ბავშვს ხედავს, გრძნობს, რომ მას ნაზად უნდა მოეპყრო. ეს ისეთი შეფასებაა, რომელშიც შეფასების მიზეზები არ არის გაცნობიერებული და რომლის შემუშავებაში ინტელექტუალური პროცესები არ მონაწილეობს. თანამედროვე ფსიქოლოგია ასეთ პროცესს დასწავლის განპირობების მექანიზმებით ხსნის. ცხოველური სულის მეხუთე და ბოლო უნარი არის მეხსიერება და გახსენება; მასალა, რომელსაც ინახავს ეს უმაღლესი დონის მეხსიერება და აღადგენს გახსენება, არ არის ობიექტების უბრალო ასლები. მათთან საქმე აქვს შემნახველ და კომპოზიტურ წარმოსახვას. ეს მასალა ქმნის შედარებით მარტივი, მაგრამ აბსტრაქტული იდეების ან ზოგადი დასკვნების სისტემას, რომელიც გამომდინარეობს გამოცდილებიდან, მაგრამ არ მოიცავს უნივერსალიებს, ვინაიდან უნივერსალიების შექმნის უნარი აქვს მხოლოდ ადამიანის გონებას.       ვეგეტაციური და ცხოველური უნარები ორგანული ძალებია იმ გაგებით, რომ ისინი განსაზღვრულ მიმართებაში იმყოფებიან ორგანიზმის გარკვეულ ნაწილებთან და სხეულისა და სულის ერთიანი მოქმედების შედეგად ვითარდება. მაგალითად, მხედველობის უნარი კონკრეტულად უკავშირდება ორგანიზმის ერთ ნაწილს - თვალს. მას აქვს კონკრეტული სხეულებრივი ლოკალიზაცია. გრძნობის ორგანოში სწორედ ერთ-ერთი უნარია ლოკალიზებული. სამაგიეროდ, ტვინი ყველა უნარის ცენტრალური ორგანოა. ავიცენამ გამოყო ტვინის სხვადასხვა უბანი, რომლებიც შუბლის წილიდან კეფის წილამდე განალაგა და თითოეულს გარკვეული ფსიქიკური უნარი შეუფარდა. XVI საუკუნემდე ასეთი იყო მედიცინის სტანდარტული შეხედულება.       ვეგეტაციური და ცხოველური სულის ფუნქციების გარდა, არსებობს წმინდა სულიერი აქტივობა, რომელიც სხეულზე არ არის მიბმული. მის შესახებ რაციონალური სულის ან ინტელექტის დოქტრინაშია საუბარი. არისტოტელეს მსგავსად, ავიცენა მიჯნავს პრაქტიკულ და თეორიულ (მისი ტერმინოლოგიით, განსჯით) ინტელექტს. პრაქტიკული ინტელექტი რაციონალური სულის უფრო დაბალი ფორმაა და ადამიანის ყოველდღიური საქმიანობით არის დაკავებული. ის ახდენს სხეულის რეგულაციას, განაპირობებს მიზანშეწონილ ქცევას და განსჯით ინტელექტს თვითრეალიზაციის პირობებს უქმნის. განსჯითი ინტელექტის თვითგანხოციელება გრძნობადი გამოცდილებისაგან აბსტრაჰირებული უნივერსალური ცოდნის შექმნაში მდგომარეობს. განსჯითი ინტელექტის დახასიათებისას ავიცენას შემოაქვს პასიური და აქტიური გონების გამიჯვნის პრინციპი. განსჯითი ინტელექტი იწყება პასიური გონებიდან, ერთგვარი სიცარიელის მდგომარეობიდან, რომელიც პოტენციის სახით წინ უსწრებს ყოველგვარ აქტივობას. მის საპირისპირო მხარეს არის წმინდა ინტელექტუალური აქტივობა. განსჯითი ინტელექტი აღმავალი გზით მიემართება წმინდა პოტენციურობიდან, შუალედური ეტაპის გავლით, სადაც უკვე მოცემულია ცნებითი ცოდნა ანუ იდეების სისტემა, წმინდა აქტუალიზაციამდე. ეს ბოლო წერტილი მთლიანი თვითგანხორციელებაა და ნიშნავს “სუბიექტისაგან ტრანსცენდენტური, იდეალური ფორმების შემეცნებას” ან, სხვანაირად, “უზენაესი ინტუიციური ცოდნის წვდომას”, რასაც ძალიან ცოტანი, უმეტესად მოციქულები და წმინდანები აღწევენ. ავტორი ამ თეორიულ კონსტრუქციას მარტივი მაგალითით ნათელყოფს: ბავშვი თავდაპირველ ეტაპზე შეიძლება განვიხილოთ იმ არსებად, რომელსაც წერის უნარი აქვს, მაგრამ თვითონ წერა არ შეუძლია; სწავლების შედეგად იგი შეძლებს წერას გადაწერის მნიშვნელობით, საბოლოოდ კი მას ექნება უნარი წეროს საკუთარი გონების კარნახით.       არაბული ფილოსოფიის და მეცნიერების მეორე უდიდესი წარმომადგენელი იბნ-რუშდი (ავეროესი) (1126-1198) ცხოვრობდა ხალიფატის მეორე ბოლოში, ესპანეთსა და მაროკოში. ავეროესი ამტკიცებდა, რომ რელიგია შეიძლება განვიხილოთ როგორც სისტემა, რომელიც მასებისთვის გასაგებ ფორმაში, ქარაგმულად გადმოსცემს ჭეშმარიტებას, რომელსაც ფილოსოფია მხოლოდ გამორჩეულთათვის მისაწვდომი სახით აყალიბებს. ფორმალურად, აქადან გამომდინარეობს, რომ ჭეშმარიტება ერთია, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულადაა ასე. ფილოსოფიის ისტორიკოსების აზრით, სინამდვილეში ავეროესი შინაგანად დარწმუნებული იყო ე.წ. “ორგვარი ჭეშმარიტების თეორიის” სისწორეში და მხოლოდ ისლამური თეოლოგიის დევნისაგან თავის დასაღწევად გააკეთა ისეთი მოსარხებელი ფორმულირება, რომელიც, ფაქტობრივად, კარს ღიად უტოვებდა ამ თეორიას. მის მიხედვით, დაშვებულია წინააღმდეგობა ფილოსოფიის (რაციონალური შემეცნების) და თეოლოგიის (რელიგიური პოსტულატების) ჭეშმარიტებას შორის. ისინი, პრინციპში, შეიძლება ერთმანეთს გამორიცხავდნენ, მაგრამ ვინაიდან ასეთ ურთიერთგამომრიცხავ ფორმაში ორი ჭეშმარიტების დაშვება ლოგიკურად ძნელი გასამართლებელია (ჭეშმარიტება, თუ ის მართლაც ჭეშმარიტებაა, მხოლოდ ერთი უნდა იყოს), ამიტომ ამ თეორიის ყველაზე მისაღები ფორმულირება ის არის, რომ ფილოსოფიას საქმე აქვს მოვლენების ბუნებრივ მსვლელობასთან და იყენებს რაციონალურ გონებას, ხოლო თეოლოგიას საქმე აქვს ირაციონალურთან და ეყრდნობა რწმენასა და გამოცხადებას - და არა ლოგიკას.       ასეა თუ ისე, ავეროესიდან წამოსული ეს დოქტრინა პრინციპულად გზას უხსნიდა რწმენის დოგმებით შეუზღუდავ მეცნიერულ კვლევას. ფსიქოლოგიისთვის ამას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ადამიანის ფსიქიკური ცხოვრება თეოლოგიის საგანგებო ინტერესისა და მეცნიერებისადმი ეჭვიანობის საგანი იყო. ყველაზე მართებული დასკვნა, რომელიც ფსიქოლოგიას შეუძლია გააკეთოს ამ თეორიიდან, არის ის, რომ მას აქვს კვლევის საკუთარი სფერო, რომლის შესწავლა საკუთარი მეთოდებით შეუძლია ისე, რომ არ შეეხოს და არ შეეწინააღმდეგოს რელიგიურ პოსტულატებს. თუმცა ამ შესაძლებლობის ხორცშესხმა ფსიქოლოგიამ თანდათან მხოლოდ ახალი დრიოდან დაიწყო.       ავეროესმა გამოთქვა მოსაზრებები, რომლებიც შეუთავსებელი იყო ყურანთანაც და ბიბლიასთანაც და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უკიდურესად მძაფრი იდეოლოგიური დაპირისპირების საბაბად იქცა. მაგალითად, არისტოტელეს თავისებური ინტერპრეტაციის საფუძველზე ავეროესი განასხვავებდა ინდივიდუალურ მოკვდავ სულს და უნივერსალურ უკვდავ გონებას. ინდივიდუალური სულის ფუნქციები განუყრელია ორგანიზმისაგან (პირველ რიგში ე.წ. გრძნობიერება) და მასთან ერთად ისპობა. გონება ღვთიური წარმოშობისაა და ინდივიდუალურ სულში გარედან შედის იმის მსგავსად, როგორც მზე უგზავნის სხივებს გრძნობის ორგანოს. მაგრამ თვალს, ეს სხივები რომ დაინახოს, სპეციფიკური უნარი უნდა ჰქონდეს. ინდივიდუალური სულის ეს უნარი - მიიღოს უნივერსალური გონება - გრძნობიერების სახითაა წარმოდგენილი. სხეულისა და ინდივიდუალური სულის დაღუპვის მერე არსებობას განაგრძობს უნივერსალური გონების ნაწილი, რომელიც ისევ უერთდება თავის პირველწყაროს ინდივიდის ცხოვრებაში მიღებულ გამოცდილებასთან ერთად. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ღმერთის მსგავსია, მაგრამ მისი სული მოკვდავია. ეს თეზისები მიუღებელი იყო რელიგიისთვის ისევე, როგორც ორგვარი ჭეშმარიტების თეორია. სქოლასტიკურ ფილოსოფიაში ამ საკითხების გარშემო მიმდინარე აზრთა ჭიდილი ფსიქოლოგიური პრობლემების ფორმულირებაზეც ახდენდა გავლენას. 3.2. ფსიქოლოგია გვიანდელ შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქაში       გვიანდელი შუა საუკუნეების ფილოსოფია სქოლასტიკური აზროვნების დომინირების ნიშნით ვითარდებოდა. ცხადია, ეს არ ნიშნავდა სხვადასხვა პრობლემებზე განსხვავებული თვალსაზრისის არსებობას, მათ შორის ისეთებზე, რომლებიც ან უშუალოდ ეხებოდა სულიერ სფეროს, ანდა ქმნიდა მისი გააზრებისა და შესწავლის მსოფლმხედველობით საფუძველს. ასეთებს, ცოდნისა და რწმენის მიმართების პრობლემასთან ერთად (ორმაგი ჭეშმარიტების თეორია), მიეკუთვნება უნივერსალიების (ზოგადი ცნებების) ონტოლოგიური სტატუსის პრობლემა. ეს პრობლემა ეხება იმას, არსებობს თუ არა უნივერსალიები რეალურად და როგორია, საზოგადოდ, ზოგადის მიმართება კერძოსთან.       დისკუსია უნივერსალიების გარშემო, ფაქტობრივად, ეხებოდა შემეცნების ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ცენტრალურ თეორიულ პრობლემას: რა არის პირველადი - გრძნობადად მოცემული საგანი თუ იდეა; როგორ მიმდინარეობს ადამიანის შემეცნების პროცესი: კონკრეტული აღქმიდან ზოგადი ცნებისკენ თუ პირიქით - ცნებიდან კერძო საგნისკენ. უკვე ანტიკურ ფილოსოფიაში საკმაოდ ნათლად გამოიკვეთა ამ პრობლემის გადაჭრის ორი ძირითადი ვარიანტი. ერთი ჩამოაყალიბა პლატონმა, რომელიც იდეების პირველადობას ამტკიცებდა, მეორე კი - მის საპირისპიროდ კინიკოსებმა და სტოელებმა, როდესაც ასაბუთებდნენ, რომ იდეები რეალურად არ არსებობს და მხოლოდ გონებაში იმყოფება. შუა საუკუნეების სქოლასტიკურ ფილოსოფიაში ეს მიდგომები შესაბამისად ნომინალიზმის და რეალიზმის სახელწოდებით განვითარდა. მკვეთრად გამოხატული ნომინალიზმის მიხედვით, რეალურად არსებობს მხოლოდ ცალკეული კერძო საგნები მათთვის ნიშნეული ინდივიდუალური თვისებრიობით. ზოგადი ცნებები ამ საგნების შესახებ ჩვენი გონების შექმნილია. ისინი არა თუ არ არსებობენ ამ საგნებისაგან დამოუკიდებლად, არამედ არც კი ასახავენ მათ თვისებრიობას. უნივერსალიები მხოლოდ “ხმის მოძრაობაა”, ანუ ისეთი სახელებია ადამიანთა შორის ურთიერთობის გასაადვილებლად, რომლებიც მსგავსი საგნების ჯგუფებს მოსაზღვრავს. იმ ავტორთა შორის, ვინც ამ თვალსაზრისს იზიარებდა, ყველაზე ცნობილნი არიან დუნს სკოტი (1265-1308) და უილიამ ოკამი (1285-1349). ნომინალიზმის შერბილებულ ფორმაში, რომელსაც კონცეპტუალიზმი ეწოდება, უარყოფილია დებულება, რომ უნივერსალიები ქმნიან დამოუკიდებელ ონტოლოგიურ რეალობას. ამასთანავე, დაშვებულია, რომ საგნებში არსებობს რაღაც საერთო, რაც სიტყვით აღნიშნული და გონებაში მოცემული კონცეპტის (ცნების) საფუძველი ხდება. მოკლედ, სიტყვა ცარიელი ბგერა არ არის, ის საერთო მნიშვნელობას შეიცავს და საგნებისა თუ მოვლენების სახელწოდებათა სახით გადაეცემა ადამიანებს. ასე ფიქრობდა, მაგალითად, ცნობილი თეოლოგი პიერ აბელიარი (1079-1142).       რეალიზმი კი ამტკიცებდა, რომ უნივერსალიები რეალურად არსებობენ და წინ უსწრებენ ცალკეული საგნების არსებობას. რეალიზმის ორივე ფორმა სქოლასტიკურმა ფილოსოფიამ ანტიკური ფილოსოფიისაგან მემკვიდრეობით მიიღო. პირველი (უკიდურესი რეალიზმი) თავის სათავეს პლატონის იდეების თეორიაში იღებს, რომლის მიხედვითაც იდეები საკუთარ სამყაროს ქმნიან, არსებობენ კონკრეტულ საგნებამდე და მათ ორგანიზებას ახდენენ. მეორე (ზომიერი რეალიზმი) არისტოტელესაგან მოდის, რომელიც თვლიდა, რომ ზოგადი განუყრელ კავშირშია ცალკეულთან და საგნის არსს ანუ ფორმას წარმოადგენს.       შუა საუკუნეების უდიდესი სქოლასტიკოსი, წმინდა თომა აქვინელი (12251274), რომლის მოძღვრება “თომიზმის” სახელწოდებით საბოლოოდ კათოლიციზმის ოფიციალურ ფილოსოფიად გამოცხადდა, უფრო ზომიერი რეალიზმისკენ იხრებოდა. თომიზმი შეიძლება შეფასდეს, როგორც არისტოტელეს, ავიცენას და ქრისტიანული თეოლოგიის იდეების ერთგვარი სინთეზი. ეს თვალსაჩინოდ გამოჩნდა მის პოზიციაში უნივერსალიების პრობლემასთან დაკავშირებით. თომა აქვინელის მიხედვით, არსებობს სამი სახის უნივერსალია: “ცალკეულ საგნებამდე” ღვთიურ გონებაში, როგორც მათი იდეები, პირველსახეები; “თვით საგნებში”, როგორც მათშივე მოცემული არსი, ანუ ზოგადი ცალკეულში და “საგნების შემდეგ”, მათ შემმეცნებელ ადამიანურ გონებაში, როგორც განზოგადების გზით მიღებული ზოგადი ცნებები. ამით თომა აქვინელი შეეცადა მიეღწია კომპრომისისთვის ნომინალიზმსა და რეალიზმს შორის. ასეთივე განწყობით უდგებოდა იგი ორგვარი ჭეშმარიტების თეორიასაც. თომა ყოველთვის ცდილობდა, ეჩვენებინა არისტოტელეს ფილოსოფიის ძალა. მაგრამ იგი, მაინც, განასხვავებდა ფილოსოფიასა და თეოლოგიას და მიიჩნევდა, რომ მათი დაპირისპირების შემთხვევაში უპირატესობა რწმენას უნდა მიენიჭოს.       სამაგიეროდ, თომა აქვინელის პოზიცია სრულიად უკომპრომისო იყო სულისა და გონების გამიჯვნისა და ინდივიდუალური სულის მოკვდავობის პოსტულატების მიმართ, რომელთაც ავეროესისტები იცავდნენ. მას მიაჩნდა, რომ გონიერება სულის იმანენტური და აუცილებელი თვისებაა, რომლის გარეშე ის არც არსებობს. ამიტომ აზრს მოკლებულია იმის მტკიცება, რომ სული კვდება, ხოლო გონება უკვდავია. თომა ქადაგებდა მონოფსიქიზმს - გონება ყველასთვის საერთოა და სულთან მჭიდრო კავშირში იმყოფება; ღვთიური (ზოგადი) და ადამიანური (ინდივიდუალური) მენტალობა ერთიანობას ქმნის. ეს მენტალური მონიზმი სულის უკვდავების დოგმის გამართლებას ემსახურება და აძლიერებს სქოლასტიკური ფსიქოლოგიის სპირიტუალისტურ ტენდენციას. ამავე დროს, ის ხაზს უსვამს ფსიქოფიზიკურ დუალიზმს, სულსა და სხეულს შორის არსებულ დისტანციას (სხეულს არაფერი აქვს საერთო გონებასთან). ცდილობს რა თავის ფსიქოლოგიაში ამ დაპირისპირების შერბილებას, თომა სერიოზულ სირთულეებს აწყდება. მართლაც, არისტოტელეს მსგავსად, იგი გამოყოფს ადამიანის სულიერებაში ისეთ ძალებს ან უნარებს, რომლებიც სხეულთან უშუალო კავშირში იმყოფებიან და სხეულის გარეშე ვერ იარსებებენ. ვეგეტაციურ ფუნქციებზეც რომ არაფერი ვთქვათ, ასეთია შეგრძნების ნამდვილად ფსიქიკური, შემეცნებითი უნარი. თავის მხრივ, გონებასთან წილნაყარი ინტელექტი წმინდა მენტალური უნარია, ამიტომ არ უნდა უკავშირდებოდეს არც ვეგეტაციურ, არც სენსორულ თვისებებს და, საზოგადოდ, ორგანიზმს.       ამასაც რომ თავი დავანებოთ, თომა პატივს სცემს როგორც საკუთარ ემპირიულ გამოცდილებას, ისე არისტოტელეს და ავიცენას მტკიცებას სხეულის და სულის (მათ შორის მისი გონიერი, ინტელექტუალური ნაწილის) განუყრელი ერთიანობის შესახებ. ავტორი ამბობს: სხეული არც აკლდამა ან ციხეა, არც თოჯინა, რომელსაც სული მართავს. ადამიანი გონებისა და სხეულის ერთიანობაა. მიუხედავად იმისა, რომ გონიერი სული ტრანსცენდენტურია, მისი ბუნებრივი ადგილი არის სხეული, რომელსაც ის ავსებს და რომლითაც თავად ივსება. მაშასადამე, ის შეგრძნების მასალას იყენებს, სენსორული ხატები კი სხეულში (გრძნობის ორგანოში) არიან წარმოქმნილი. ამგვარი “სხეულნარევი” ხატების ცნებებად გარდაქმნა შეგრძნების სფეროდან ინტელექტის (ანუ წმინდა მენტალობის, გონების) სფეროში გადასვლას ნიშნავს, მაგრამ არსად არის ნათქვამი, თუ გრძნობითი ფორმიდან როგორ წარმოიქმნება აზროვნების შინაარსი. შეგრძნება ვერასდროს გახდება ინტელექტი, როგორც სხეული ვერ გახდება სული და პირიქით. წმინდა მენტალური წარმოშობის ინტელექტი არსებითად განსხვავედება “ნახევრად მატერიალური” შეგრძნებისაგან. მეორე მხრივ, შეგრძნება ინტელექტის გარეშე ვერასდროს გახდება უნივერსალური, ხოლო ინტელექტი ვერ იმოქმედებს გრძნობით შინაარსზე დაყრდნობის გარეშე. მათი საბოლოო ერთიანობის ახსნა ემპირიულ დონეზე ვერ ხერხდება და ისევ ღმერთში, როგორც ყველაფრის შემოქმედსა და ამხსნელში, უნდა იყოს მონახული. სული ყოველგვარი მედიატორის გარეშე ერთიანდება სხეულთან. ინტელექტს აქვს ობიექტის არსის უშუალო წვდომის უნარი, რაც აგრეთვე ღმერთისგანაა. შესამეცნებელი არსი და ინტელექტი შექმნილია ერთმანეთისთვის ღმერთის მიერ. ასეთია წმინდა თომა აქვინელის საბოლოო პასუხი.       ფსიქიკური პროცესების იერარქიის უკიდურესი წევრების (შეგრძნება და ინტელექტი) ერთმანეთთან დაკავშირება ძველ სწავლულს იმიტომ უჭირს, რომ მათი მიმართება სხეულისა და სულის ერთიანობას გულისხმობს, ხოლო ამ ერთიანობას ის უშლის ხელს, რომ სული უკვდავ ღვთაებრივ გონებასთან ანუ წმინდა მენტალობასთან არის გაიგივებული. ამასთანავე, თომამ სხვა ფსიქიკური პროცესების საკმაოდ საინტერესო ანალიზი მოგვცა. იგი ძირითადად ეყრდნობოდა ზემოთ განხილულ სულის უნარების ავიცენასეულ კლასიფიკაციას, მაგრამ დახვეწა და განავრცო ეს სისტემა ადამიანის სულის სპეციფიკის ხაზგასმით. ამ სპეციფიკას გონიერი სულის ორი არსებითი ნიშანი ქმნის, მისი ინტელექტუალურობა და ნებელობითობა. ყველაზე მეტად ამგვარი მიდგომა დაეტყო შეფასებისა და მოტივაციის უნარების ანალიზს. ავიცენასაგან განსხვავებით, თომა აქვინელი ორი ტიპის შეფასებას განიხილავდა. ერთი ჩვეულებრივი შეფასებაა, რომელიც ცხოველსაც აქვს და ნების კონტროლის გარეშე მიმდინარეობს: ბატკანი თავისთავად გაურბის მგელს, რადგან მას საფრთხის შემცველად აღიქვამს (აფასებს). შეფასების მეორე სახე მხოლოდ ადამიანს ახასიათებს და რაციონალურ-ნებელობითი კონტროლის საშუალებით ხორციელდება: ჩვენ შეგვიძლია გავექცეთ მგელს ან, საჭიროების შემთხვევაში, მასთან მიახლოება გადავწყვიტოთ. ადამიანი მსჯელობს და ირჩევს იმის ნაცვლად, რომ ბრმად, ინსტინქტურად მოახდინოს რაიმეზე რეაგირება. ამიტომ მისი შეფასებითი უნარი ნებელობით იმართება.       ასევე არსებობს ორი ტიპის მოტივაცია. პირველის გამოხატულებაა სიამოვნების შემცველი ობიექტებისკენ სწრაფვისა და უსიამოვნების მომგვრელი ვითარებებისაგან განრიდების ბუნებრივი და უნებლიე ტენდენცია. ამავე დროს ადამიანს აქვს სხვაგვარი სახის, ინტელექტუალური და ნებელობითი მოტივაცია, რომელიც ეძებს საუკეთესოს გონების კარნახით. ცხოველმა მხოლოდ სიამოვნება და უსიამოვნება “იცის”, ადამიანმა კი იცის, რა არის სწორი და რა - არასწორი.       თომა აქვინელმა კორექტივები შეიტანა ავიცენას მიერ განხილული სხვა უნარების ანალიზშიც. სახელდობრ, მან გააუქმა კომპოზიტური წარმოსახვა, ვინაიდან იგი მიიჩნია შემნახველი წარმოსახვისა და რაციონალური აზროვნების ზედმეტ დანამატად. გარდა ამისა, ადამიანური შეფასების ცნების შემოღებით, რომელიც მოქმედების მიზანშეწონილობის განსაზღვრის რაციონალურად წარმართულ უნარს გულისხმობს, მოიხსნა პრაქტიკული აზროვნების ცნების საჭიროება. დაბოლოს, თომა აქვინელმა გაამთლიანა გონება, იმით, რომ დაუბრუნა აქტიური ინტელექტი ადამიანის სულს. ცოდნა არის ადამიანის აქტიური აზროვნების პროდუქტი და არა ღვთიურად გასხივოსნებული საჩუქარი, მაგრამ, ვინაიდან ინდივიდუალური სული ორგანულად უკავშირდება უნივერსალურ გონებას, მისი ანალიზი, მიუხედავად გამოხატული ემპირისტული სულისკვეთებისა, მაინც მეტაფიზიკური ნისლით რჩება დაბინდული.       ამ ვითარების საილუსტრაციოდ გამოდგება ნების თავისუფლების პრობლემის ანალიზი. უდავოა, რომ ნების პარამეტრის შემოტანით თომა აქვინელმა სწორი მიმართულებით განავითარა სულის უნარების ავიცენასეული გაგება. ნებელობა არის ემპირიულად არსებული ფსიქიკური ფუნქცია და, ასე თუ ისე, ყველა სულიერ ძალას უკავშირდება. მაგრამ თვით ნებელობის დახასიათებისას თომა თანმიმდევრული არ არის და ბოლომდე ვერ ინარჩუნებს ემპირიულ სინამდვილესთან შესაბამისობის პოზიციას. ჯერ ერთი, იგი ახდენს ნების უკიდურეს ინტელექტუალიზაციას, აცხადებს მას გონების მიმართ მეორეულ ფუნქციად, რითაც, ფაქტობრივად, სპეციფიკას უკარგავს. გონების პრიორიტეტი ნებაზე კატეგორიულად არის განცხადებული: არ შეიძლება ისურვო ის, რაც არ არის აღიარებული გონების მიერ, გვეუბნება თომა, თუმცა თავადვე ხედავს, რომ ხშირად შემეცნებისკენ ადამიანს სწორედ ნებისყოფა აღძრავს. უფრო მეტიც, ყოფითი თვალსაზრისით, აღნიშნავს იგი, ღმერთისკენ ნებელობითი სწრაფვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გონებრივი შემეცნება. მიუხედავად ამისა, საბოლოო ჯამში, ადამიანის თავისუფალი გადაწყვეტილების წყარო არც მისი ნებაა და არც მისი ინტელექტი, არამედ ღმერთი, რომელმაც ერთადერთმა იცის, რა არის ჭეშმარიტება. ამდენად, თავისუფალი ნება ღვთიურ ცოდნაზე დამყარებული აუცილებლობაა. უფრო მეტიც, თვით ღვთიური ნებაც, ამბობს ავტორი, ღვთაებრივ გონებაზეა დამოკიდებული. ასეთი უკიდურესი მეტაფიზიკით დაგვირგვინდა მყარი ემპირიული ნიადაგიდან აღმოცენებული ანალიზი.       თომა აქვინელის მიერ დამუშავებული ერთი ცნება უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა და მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ფსიქოლოგიაში. ეს ცნება არის ინტენციონალობა. სულიერი მოვლენების შინაარსეული მხარის განხილვისას თომა აღნიშნავდა, რომ შეუძლებელია, გქონდეს რაიმე აღქმა ობიექტის გარეშე ან აზრი შინაარსის გარეშე. სული (ცნობიერება, ნებელობა) ყოველთვის მიმართულია რაიმეზე და ეს მიმართულობა არის ინტენციონალობა. ინტენციონალობა მრავალმხრივია. თავდაპირველად სული მიმართულია გარე ობიექტისკენ, რის შედეგადაც ვიღებთ აღქმის ხატს ან გარკვეული საგნის ცნებას (ე.წ. “პირველადი ინტენციონალობა”). შემდეგ სული მიიმართება არა გარეშე საგნისკენ, არამედ თავად იმ აქტისკენ, რომელსაც ის აწარმოებს. ამით სული სწვდება ლოგიკის კანონებს, რომელთა შესაბამისად მიმდინარეობს ინტელექტუალური აქტი და უნივერსალიებს, როგორც ამ აქტის პროდუქტს (ე.წ. “მეორეული ინტენციონალობა”). ბოლოს სულს შეუძლია დაუბრუნდეს თავისთავს და გააცნობიეროს არა ობიექტი ან აქტი, არამედ საკუთარი თავი, როგორც უნიკალური არსი. XIX საუკუნის ბოლოს, როცა ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი ემპირიული მეცნიერების, საგნის პრობლემა განსაკუთრებული სიმძაფრით დაისვა, ფრანც ბრენტანომ ინტენციონალობაში დაინახა ცნობიერების სპეციფიკური ნიშანი, რომელიც არსებითად განასხვავებს მას ფიზიკური მოვლენებისაგან. ინტენციონალობა მხოლოდ ცნობიერებას ახასიათებს, რის გამოც იგი სპეციალური მეცნიერების, ფსიქოლოგიის საგნად გვევლინება (იხ. თავი 6.3.).       შუა საუკუნეებს აგვირგვინებს აღორძინების პერიოდი. რენესანსმა მოიტანა არნახული აღმავლობა მატერიალური და სულიერი ცხოვრების ყველა სფეროში. ფართოდ გავრცელდა ჰუმანიზმის იდეები. ადამიანის ღირსებისა და უფლებების პატივისცემა, პიროვნების განვითარების, მისი შესაძლებლობების გამოვლენისა და ცხოვრების საკუთარი გზის არჩევის თავისუფლება, ყოველგვარ ფანატიზმთან შეურიგებლობა და თავისუფალი, არადოგმატური აზროვნების დამკვიდრება - ამას ქადაგებდნენ ამ ეპოქის უდიდესი ჰუმანისტები: დანტე ალიგიერი, ფრანჩესკო პეტრარკა, ჯოვანი ბოკაჩო, თომას მორი, ერაზმ როტერდამელი, ფრანსუა რაბლე, მიშელ მონტენი, უილიამ შექსპირი, მიგელ სერვანტესი და სხვები. გამაოგნებელ სიმაღლეებს მიაღწია ხელოვნებამ, განსაკუთრებით ფერწერამ. საკმარისია დავასახელოთ ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, ტიციანი, ბოტიჩელი, ტინტორეტო, დიურერი, კრანახი, ბრეიგელი, ბოსხი, ვან-დეიკი, ელ გრეკო და მრავალი სხვა. რენესანსის ერთ-ერთი ტიტანი ლეონარდო და ვინჩი უნივერსალური გენიოსი იყო. იგი აერთიანებდა ხელოვანისა და მეცნიერის ნიჭიერებას, იყო მხატვარი, არქიტექტორი, პოეტი, მუსიკოსი, ამავე დროს ფილოსოფოსი, ბიოლოგი, მექანიკოსი, ქიმიკოსი, ინჟინერი. სერიოზულად იკვლევდა ადამიანის სხეულის აგებულებას და მხედველობის ფსიქოფიზიოლოგიას. მეტ-ნაკლები უნივერსალიზმი აღორძინების ხანის სხვა მხატვრებისთვისაც იყო დამახასიათებელი. ამის გამო, მეცნიერების ისტორიკოსების თქმით, ისინი გამოხატავდნენ ახალი ტიპის მეცნიერებას, რომელიც იქმნებოდა არა უნივერსიტეტებში, სადაც უფრო მეტად ძველი ტექსტების კომენტირებით იყვნენ დაკავებულნი, არამედ მხატვრისა თუ გამომგონებლის სახელოსნოში, სადაც მეცნიერული აზრი ბუნების შემეცნებისა და გარდაქმნისკენ იყო მიმართული. რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა აკადემიური კვლევა-ძიებაც. გაკეთდა არაერთი ფუნდამენტური აღმოჩენა მეცნიერების სხვადასხვა დარგში: ასტრონომიაში, მათემატიკაში, ფიზიკაში (ნიკოლაი კოპერნიკი, გალილეო გალილეი, ჯორდანო ბრუნო, იოჰანეს კეპლერი და სხვა). გადატრიალების ტოლფასი ძვრა მოხდა ბიოლოგიურ და სამედიცინო მეცნიერებაში. აქ უნდა გამოიყოს ანდრეს ვეზალიუსის ნაშრომი “ადამიანის სხეულის აგებულება”. მან რევოლუცია მოახდინა ანატომიაში და საფუძვლიანად შეცვალა მანამდე საყოველთაოდ გავრცელებული გალენის შეხედულებები, რომელიც ადამიანის აგებულებაზე მეტწილად ცხოველების ანატომირების შედეგებით მსჯელობდა. მედიცინის სფეროში განსაკუთრებით გაითქვა სახელი აურეოლ პარაცელსმა.       აღორძინების ხანის კულტურის საერთო სულისკვეთება სამყაროს დემისტიფიკაციისკენაა მიმართული. რენესანსის ჰუმანისტების და ნოვატორების დიდი ნაწილი მკვეთრად აკრიტიკებდა ალქიმიას, ასტროლოგიას, ქირომანტიას და ა.შ. მაგრამ სამყაროს განსულიერების ტენდენცია მაინც მძლავრად იყო ფესვგადგმული, მათ შორის არაერთი პროგრესული მოაზროვნის ცნობიერებაში. მაგალითად, პლანეტების მოძრაობის კანონების აღმომჩენი კეპლერი ასტროლოგიას მიმართავდა, შარლატანობასთან სასტიკად მებრძოლი რაბლე ჰოროსკოპებს ადგენდა, ავადმყოფობის ბუნებრივი მიზეზების დაუღალავი მაძიებელი პარაცელსი სერიოზულად იყო დაკავებული ალქიმიითა და ასტროლოგიით.       ძლიერ გავრცელდა ქირომანტია და ფიზიოგნომიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საეჭვო პრაქტიკით დასაქმებული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა შარლატანი იყო, მათ შორის ისეთიც გამოერეოდა, რომელიც საკმაოდ სერიოზულად ეკიდებოდა პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თვისებების გამოვლენის საკითხს (ე.ი., ფაქტობრივად, ფსიქოდიაგნოსტიკას) და აღვივებდა ინტერესს სხეულისა და სულის ურთიერთმიმართების პრობლემის (ანუ ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მუდმივი პრობლემის) მიმართ. ზოგიერთი მკვლევარი, მაგალითად, ესპანელი ექიმი ხუან უარტე, ფსიქიკური თვისებების ინდივიდუალური განსხვავებულობის საკითხის შესწავლას წმინდა მეცნიერული პოზიციებიდან ცდილობდა და ადამიანთა პროფესიული ვარგისიანობის პრაქტიკულ ამოცანებს უკავშირებდა (იხ. თავი 7.2.). მეორე ცნობილი ესპანელი ექიმი ხუან ლუის ვივესი (1492-1540) თავის წიგნში “სულისა და ცხოვრების შესახებ” პირდაპირ მოუწოდებდა მეცნიერებს სულიერ პროცესებზე მსჯელობისას დაყრდნობოდნენ არა აბსტრაქტულ მოსაზრებებს, არამედ დაკვირვებისა და ექსპერიმენტის მონაცემებს. თავად იგი სისტემატურად აკვირდებოდა თავის პაციენტებს, რის საფუძველზეც ძალზე ზუსტად აღწერა სხვადასხვა ემოციური მდგომარეობა და ამ ემოციების რეგულაციის სავსებით რეალისტური მექანიზმები. ამ მონაცემების პრაქტიკული გამოყენების ძირითად სფეროდ მას ბავშვის სწორი აღზრდა მიაჩნდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იმ ეპოქის უდიდესი პედაგოგი იან ამოს კომენსკი თავისი აღზრდის მოძღვრების დასაბუთებისას ვივესის მონაცემებს ეყრდნობოდა.       რენესანსის ეპოქაში პირველად წარმოიქმნა ჰუმანისტური ფილოსოფია (და, მის ფარგლებში ჰუმანისტური ფსიქოლოგია - რომელმაც დიდი მნიშვნელობა შეიძინა მეოცე საუკუნეში), ჰუმანისტური პედაგოგიკა, გამოითქვა საყურადღებო ეთიკური და სოციოლოგიური მოსაზრებები. ამკვიდრებდნენ რა აქტიური, სიცოცხლითა და ღირსებით სავსე ადამიანის კულტს, ჰუმანისტები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ პიროვნების სხვადასხვა უნარების (ფიზიკური, გონებრივი, მხატვრული, ნებელობითი) მრავალმხრივ, ჰარმონიულ განვითარებას. დაბოლოს აუცილებელია აღინიშნოს, რომ XVI საუკუნეში ფსიქოლოგიის ისტორიის თვალსაზრისით მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ - გაჩნდა თვით ტერმინი “ფსიქოლოგია”. 1590 წელს გერმანელმა სქოლასტმა რ. გოკლენიუსმა გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი ამ სათაურით, მეორე კი 1594 წელს მისმა მოწაფემ - ო. კასმანმა.       ახალ ეპოქაში სულის შესწავლა მეტაფიზიკური გონებაჭვრეტიდან ემპირიული კვლევის კალაპოტში უნდა გადასულიყო, მაგრამ ამის რეალური განხორციელება გაცილებით უფრო ძნელი იყო, ვიდრე ბუნებისმეტყველებაში, ვინაიდან სულის სფერო ჯერ კიდევ სქოლასტიკური აზროვნების მარწუხებში იმყოფებოდა. მიუხედავად ამისა, აღორძინების ხანამ საჭირო ინტელექტუალური ფონი შექმნა და, ამდენად, მძლავრი ბიძგი მისცა ემპირიული ფსიქოლოგიის განვითარებას ახალ დროში.       ამ საქმეში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის გვიანდელი რენესანსის გამოჩენილ ინგლისელ ფილოსოფოსს, ფრენსის ბეკონს (1561-1626). ბეკონი დაჟინებით მოითხოვდა მეცნიერული ცოდნის ცდისეულ, ემპირიულ საფუძველზე დამყარებას. ამასთან, სამყაროს ემპირიული შესწავლა მასთან ახალ შინაარსს იძენს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბეკონი ანიჭებს არა უბრალოდ გრძნობად აღქმას, არამედ ექსპერიმენტის სახით ორგანიზებულ დაკვირვებას, რომელიც იყენებს სხვადასხვა ხელოვნურ საშუალებებს, ხელსაწყოებს, დანადგარებს. შიშველი ხელი იარაღის გარეშე სუსტია; ასევე გონებას ესაჭიროება იარაღები, რომლებიც განუზომლად აფართოვებენ მის შესაძლებლობებს. ცოდნა არ არსებობს გამზადებული სახით, საჭიროა მისი აღმოჩენა, ცდისეული მოპოვება. მეცნიერისთვის ბუნება წარმოდგენილია, როგორც სარბიელი, სადაც იგი ატარებს ცდებს, აწარმოებს დაკვირვებებს და გამოთვლებს სხვადასხვა ხელსაწყოს საშუალებით (მიკროსკოპი, ტელესკოპი, ბარომეტრი, თერმომეტრი). ნიშანდობლივია, რომ ბეკონი ხორცის გაყინვასთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარებისას გაცივდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. მაგრამ, შემეცნების მთავარი იარაღი არის ახალი მეთოდი - მეცნიერული ინდუქცია. ბეკონი შეეცადა ინდუქციისთვის, როგორც კერძოდან ზოგადზე გადასვლის მეთოდისთვის, მეცნიერული შემეცნების ზოგადი თეორიის სახე მიეცა. ინდუქცია მოწოდებულია დაადგინოს მოვლენათა მიზეზები. ამისთვის, ბეკონის აზრით, ცდისეული კვლევისას უნდა შეიქმნას ცხრილები, რომლებშიც შევა შესასწავლი მოვლენები და, სავარაუდოდ, მათი გამომწვევი თანმხლები გარემოებები. ამ ცხრილების მონაცემებს შორის არსებული შესაბამისობის შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ დავადგინოთ მოვლენათა შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირები, რის გამოც ისინი “აღმოჩენების ცხრილებად” მოგვევლინებიან.       ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით მთავარი ისაა, რომ კვლევის მთელი ეს მეთოდოლოგია ვარგისია არა მხოლოდ ბუნების მოვლენების, არამედ ფსიქიკურისთვისაც. “ჩვენ ვადგენთ ... აღმოჩენების ცხრილებს, როგორც სითბოსა და სიცივისთვის, როგორც სინათლისთვის ... ასევე რისხვისთვის, შიშისთვის, პატივისცემისთვის და ა.შ., აგრეთვე საზოგადოებრივი მოვლენებისა და სულიერი მოძრაობებისთვის - მეხსიერებისთვის ... მსჯელობისთვის და სხვა”. ბეკონმა მეცნიერებათა მთელი სისტემა გაიაზრა და მასში ფსიქოლოგიას, როგორც სულიერი მოვლენების შემსწავლელ დისციპლინას (ავტორი არ ხმარობს ტერმინს “ფსიქოლოგია”), საპატიო ადგილი მიუჩინა. ის შედის ერთიან სწავლებაში ადამიანის შესახებ, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება. ერთი განიხილავს ადამიანს, როგორც ასეთს და მას “ადამიანის ფილოსოფია” ეწოდება, ხოლო მეორე ადამიანს განიხილავს საზოგადოებასთან მიმართებაში და “სამოქალაქო ფილოსოფიის” სახელწოდებით აღინიშნება. ვინაიდან ადამიანი სხეულისა და სულისაგან შედგება, ადამიანის ფილოსოფიაც, თავის მხრივ, შეიცავს დისციპლინებს სულისა და სხეულის შესახებ. ამ უკანასკნელთ მიეკუთვნება მედიცინა, კოსმეტოლოგია, ფიზიკური კულტურა და სხვა. სწავლება სულის შესახებ (ანუ ფსიქოლოგია) ორ ნაწილად იყოფა. ერთი გამოიკვლევს სულის არსებას და ბუნებას, მეორე - შესაბამის უნარებსა და ფუნქციებს (შეგრძნებას, აღქმას, მეხსიერებას, წარმოსახვას, გონებას, აფექტებს, მისწრაფებებს, ნებას). აქ ბეკონს, არსებითად, მხედველობაში აქვს რაციონალური და ემპირიული ფსიქოლოგია, რომლებიც ამ სახელწოდებას მხოლოდ XVIII საუკუნეში შეიძენენ (იხ. თავი 4.2.).       ბეკონმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზეც, რომლებიც სხეულსა და სულს ერთნაირად მოიცავს. ეს არის სწავლება პიროვნების შესახებ და სწავლება სულისა და სხეულის კავშირის შესახებ. პირველ შემთხვევაში ისტორიული პერსონაჟების მაგალითებზე განიხილება ადამიანურ შესაძლებლობათა ღირსშესანიშნავი გამოვლინებები - უნიკალური მეხსიერება, გამორჩეული გონება, უმტკიცესი ნება და სხვა. მეორე შემთხვევაში საუბარია ისეთი პრაქტიკული მნიშვნელობის საკითხებზე, როგორიცაა სხეულის ავადმყოფურ მდგომარეობათა გავლენა სულიერ მოქმედებაზე, სულიერ მდგომარეობათა სხეულებრივი გამოხატულება (ფიზიოგნომიკა), სიზმრების ახსნა და სხვა.       როცა ბეკონი ფსიქიკურ უნარ-თვისებათა წარმოქმნაზე მსჯელობს, იგი აღარ გამოიყურება თანმიმდევრულ ემპირისტად და უფრო ნატივისტური თვალსაზრისისკენ იხრება. ბეკონი დარწმუნებულია, რომ ყოველი ინდივიდი შეიძლება დახასიათდეს რამდენიმე თანდაყოლილი უნარისა და ტემპერამენტის საშუალებით. ადამიანის ფსიქიკა მემკვიდრეობის წარუშლელი გავლენის ნიშნით არის აღბეჭდილი. ამიტომ მისი ქცევის თავისებურებანი, წარმატებები თუ ზნეობრივი სახე, გარე პირობების გავლენას ნაკლებად ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, ბეკონი მიიჩნევს, რომ ჩვევას და ცხოვრებისეულ გამოცდილებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, უსულო მატერიისაგან განსხვავებით, ადამიანური ქცევა “თავისუფლების” გარკვეულ ხარისხს შეიცავს.       საბოლოდ კი შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ფ. ბეკონის ემპირიზმის არათანმიმდევრულობისა, მან მაინც გაკვალა გზა შუა საუკუნეების მეტაფიზიკურ-სქოლასტიკური ფსიქოლოგიიდან ახალი დროის ემპირიულ ფსიქოლოგიამდე. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » …
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 10:30am on აპრილი 25, 2018
თემა: მიგელ დე უნამუნო - ევროპეიზაციისთვის
მაინც რა ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გარდასახვის იმ იდეებს საერთოდ და, კერძოდ, ჩვენთვის, სულ რომ ენაზე გვაკერია დიდსა თუ პატარას.       ორად ორი სიტყვით კი შეიძლება იმის გადმოცემა, რასაც ჩვენი ხალხისგან მოითხოვენ, რასაც ჩვენი ხალხი მოითხოვს და გააზრება იმისი, რაც მოვითხოვეთ; ეს ორი სიტყვა გახლავთ "ევროპელობა" და "თანამედროვეობა". "უნდა გავხდეთ ევროპელები!" "უნდა გავხდეთ თანამედროვეები!" "აუცილებელია ვიყოთ თანამედროვეები!" "აუცილებელია ფეხდაფეხ მივსდიოთ საუკუნეს!" "საჭიროა გაევროპელება!" ასეთია, ზოგადად, ეს მოთხოვნები.       ტერმინი "ევროპული" ცარიელი იდეაა, მეტისმეტად ცარიელი, უკიდურესად ცარიელი; მაგრამ ამაზე უფრო ცარიელია ტერმინი "თანამედროვეობა"; ხოლო თუ მათ შევაერთებთ, დავინახავთ, როგორ აკონკრეტებს და განმარტავს ეს ორი სიცარიელე ერთმანეთს და გამოთქმაც "თანამედროვე ევროპელი" კიდევ უფრო ნათელი გახდება, ვიდრე მისი ორი შემადგენელი ნაწილი ცალ-ცალკე, თუმცა, შესაძლოა, საფუძველშივე მათზე უფრო ცარიელი.       მოგეხსენებათ, მავანი და მავანი სულ იმას გვიკიჟინებს, ამგვარი თვითნებური მტკიცებები ძნელად დასასაბუთებელი და დასადასტურებელიაო, რაკიღა სრულიად უგულებელყოფილია თანამედროვე ევროპული ლოგიკა და მისი მეთოდები კი აბუჩად აგდებული.       ეგებ ასეცაა, მაგრამ მე გრძნობის მეტი მეთოდი არ ვიცი; და როცა გული ბოღმით მევსება, ეჭვები მღრღნის, ზიზღი მახრჩობს, მაშინ კი მივუშვებ ხოლმე გულს თავის ნებაზე, დაე, მან ილაპარაკოს, თქვას ყველაფერი, რაც პირზე მოადგება-მეთქი.       იტყვიან ხოლმე, თითქოს ჩვენ, ესპანელები ერთი თაღლითი, უქმად მოლაყბე ხალხი ვიყოთ და ლოგიკის სიცარიელეს რიტორიკით ვავსებდეთ, მახვილსიტყვაობით ვკაზმავდეთ და მაინც უქმად ვირჯებოდეთ, რადგან ამ სქოლასტიკური და კაზუისტური სულით დასკვნების გამოტანის უნარი არ შეგვწევდეს და ა.შ., ა.შ.       გამიგონია, ავგუსტინეც, ის დიდი აფრიკელიც, ამასვე ამბობდაო, როცა ეს მგზნებარე სულის ადამიანი რიტორიკის, ღვლარჭნილსიტყვაობის, ანტითეზების, პარადოქსებისა და მახვილგონიერების ტალღებს ააბორგებდაო. წმინდა ავგუსტინე, აი, ვინ იყო ნამდვილი გონგორისტიცა და კონსეპტისტიც მე თავად სწორედ მან დამარწმუნა, რომ კონსეპტიზმი და გონგორიზმი ვნებისა და გზნების ყველაზე უფრო ბუნებრივი გამოხატულებაა.       დიდი აფრიკელი, აფრიკელი ანტიკოსი! და აი, აკი მივიღეთ კიდეც გამოთქმა "აფრიკელი ანტიკოსი" და შეგვიძლია შევუპირისპიროთ "თანამედროვე ევროპელს", ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელობით შორს არაა; დიახ, აფრიკელი და ანტიკოსი გახლდათ წმინდა ავგუსტინე; ტერტულიანეც ხომ იგივე იყო; მაშინ რატომ არ შეგვიძლია ვთქვათ "საჭიროა ანტიკურობის გააფრიკულება", ანდა "აფრიკულის გაანტიკურება!"       მას შემდეგ, რაც ამ რამდენიმე წლის წინათ თანამედროვე ევროპის კულტურის კერები მოვინახულე და მერე ჩემსას მოვუბრუნდი, მარტო რომ დავრჩი საკუთარ ცნობიერებასთან, ვკითხე ჩემს თავს: "ვარ კი ევროპელი? ვარ კი თანამედროვე?" და ჩემმა ცნობიერებამ მიპასუხა: "არა, შენ არა ხარ ევროპელი, ანუ ის, ვისაც ევროპელს უწოდებენ! არა, შენ არა ხარ თანამედროვე, ანუ ის, ვისაც თანამედროვეს უწოდებენ!" და მე კვლავ მივმართავ ჩემს თავს: "და თუ შენ არც ევროპელად გრძნობ თავს და არც თანამედროვედ, მაშინ ვაითუ არც ესპანელად მიგაჩნია თავი!" მაგრამ ჩვენ, ესპანელები ხომ სულის სიღრმეში ესპანელებად ვრჩებით და ევროპულობისა და თანამედროვეობის შემადგენელ ნაწილებად არ ვიშლებით! მაშასადამე, რაკი ასეთები ვართ, აღარაფერი გვეშველება? მაშასადამე, თანამედროვეობისა და ევროპულობის გარდა სხვა ცხოვრება აღარ არსებობს? სხვა კულტურა, თუ რაც გნებავთ, ის დაარქვით, აღარა არის რა?"       ამთავითვე უნდა გამოვტყდე, რაც მეტს ვფიქრობ, მით უფრო იზრდება ჩემი აღშფოთება იმათ მიმართ, ვინც ევროპულ სულზე, დღევანდელ ორთოდოქსულ მეცნიერებაზე პირველად წამოიწყეს ლაპარაკი, მათს მეთოდებსა თუ ტენდენციებზე მიგვანიშნეს.       დღესდღეობით ორი თემა გახდა განსჯის საგანი - მეცნიერება და ცხოვრება. არც ერთი და არც მეორე, მართალი გითხრათ, დიდად არ მეფონება გულს.       მე რომ მკითხოთ, დიდი ახსნა-განმარტება არ სჭირდება მეცნიერებას, ანდა თუ გნებავთ, მეცნიერებას ფართო მნიშვნელობით, თუმცა კი ძალიან მოიკიდა ფეხი და დიდის მონდომებითაც იღვწის, როგორმე უფრო ღრმა აზრი და სიზუსტე მიანიჭოს უნივერსუმს. როდესაც მე, ასე თუ ისე, სპენსერიანელი გახლდით, მეგონა მეცნიერებაზე შეყვარებულიც ვიყავი, მერე კი მივხვდი, რომ ვცდებოდი და ისევე ვცდებოდი, როგორც ცდებიან ხოლმე ადამიანები, რომელთაც ეჩვენებათ ბედნიერები ვართო და სინამდვილეში არ არიან (თუმცა, მეორეს მხრივ, ვერც შეედავები, აკი ბედნიერებაც სწორედ ისაა, როცა გგონია ბედნიერი ვარო). არა, არასოდეს ვყოფილვარ მეცნიერებაზე გადარეული. მე რაღაც სხვას ვეძებდი, რაღაც სხვა მეგულებოდა მის მიღმა, მაგრამ როცა მის ავბედით რელატივიზმს შევეჯახე, მივედი კიდეც ignorabimus-მდე და ისიც კარგად გავაცნობიერე, რომ ყოველთვის მძულდა იგი. "მერედა რა შეიძლება მეცნიერებას დავუპირისპიროთ?" - ვამბობ ჩემთვის, - ეგებ უმეცრება! მაგრამ ზუსტი კია? მაშინ წინასწარმეტყველის, დავითის ძის, იერუსალიმის მეფის კვალად მეც უნდა გავიმეორო, მრავლის შეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს-მეთქი და მეცნიერსაც და უმეცარსაც ბოლო მაინც ერთი აქვს-მეთქი; მაგრამ სულ ასეც რომ არ არის! თუმცა რა საჭიროა ახალი სიტყვის ძებნა ან შეთხზვა, მეცნიერებას რომ დავუპირისპიროთ, როცა ასეთი სიტყვა არსებობს და ეს სიტყვა გახლავთ სიბრძნე; ფრანგულად -sagesse, ინგლისურად - wisdom, გერმანულად - wiesheit ან lugheit. მაგრამ უპირისპირდება კი იგი მეცნიერებას? - ვეკითხები ჩემს თავს და მივყვები მსჯელობის ჩემივე მეთოდს, ჩემი სულის გზნებით, ჩემი შინაგანი წინააღმდეგობრიობითა და შინაგანი ალღოთი წაქეზებული ვპასუხობ: "დიახ, უპირისპირდება; მეცნიერება ადამიანს განძარცვავს სიბრძნისაგან და გადააქცევს ცოდნით დამძიმებულ ლანდად".       მეორე თემა, რაზეც დღეს ყველა და ყველგან ლაპარაკობენ, გახლავთ სიცოცხლე და ამას კი ადვილად მოეძებნება საპირისპირო სიტყვა. სიცოცხლეს უპირისპირდება სიკვდილი.       ეს ახალი შეპირისპირება კი პირველის ნათელსაყოფად გამომადგება. სიბრძნე მეცნიერებისთვის იგივეა, რაც სიკვდილი სიცოცხლისთვის, ანდა, თუ გნებავთ, სიბრძნე სიკვდილისთვის იგივეა, რაც მეცნიერება სიცოცხლისთვის.       მეცნიერების საგანი გახლავთ სიცოცხლე, სიბრძნისა - სიკვდილი. მეცნიერება ღაღადებს: "უნდა ვიცხოვროთ!" - და ეძებს სიცოცხლის გახანგრძლივების, მისი გაუმჯობესების, გაიოლების გზებს, რომ ასატანი და საამური გაგვიხადოს ეს საწუთრო; სიბრძნე კი გვეუბნება: "მაინც მოვკვდებით!" - და ეძებს გზებს, რომ შეგვამზადოს სიკვდილთან უშფოთველი შეხვედრისათვის. "Homo liber de nulla re minus quam de morte cogitat et eius sapientia non mortis, sed vitae meditatio est". ამას ჩივის სპინოზაც თავისი "ეთიკის" IV თავში (LXVII). ესპანურად კი ასე ითარგმნება: "თავისუფალი ადამიანი ყველაფერზე ფიქრობს, გარდა სიკვდილისა, თუმცა მისი სიბრძნე არის მედიტაცია არა სიცოცხლეზე, არამედ სიკვდილზე".       ამ შემთხვევაში, ეს სიბრძნე, ეს sapientia, სიბრძნე კი აღარ არის, არამედ მეცნიერებაა. ალბათ მართებული იქნებოდა, ჯერ გაგვერკვია, რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანი, ადამიანი თავისუფალი უკიდურესი სევდისაგან, თავისუფალი გამუდმებული ძრწოლისაგან, თავისუფალი სფინქსის მზერისაგან, ანუ ადამიანი თანამედროვე ევროპის იდეალი რომ გახლავთ.       ახლა ვნახოთ მეორე კონცეფცია, რომელიც ჩემთვის არცთუ ნაკლებ უსიამოვნოა, ვიდრე ცხოვრება და მეცნიერება; ეს გახლავთ თავისუფლება. მაგრამ არ არსებობს სიკვდილზე უფრო ჭეშმარიტი თავისუფლება.       მერედა რა ძევს ყველაფერ ამის სიღრმეში? მაინც რას ეძებენ, რისთვის ილტვიან ისინი, ვინც ასერიგად ებღაუჭება მეცნიერებას, ცხოვრებასა თუ თავისუფლებას და ნებსით თუ უნებლიედ გვერდს უვლის სიბრძნესა და სიკვდილს? ისინი ეძებენ ბედნიერებას! აი, რას!       და მე მწამს, - თუმცა ეს ჩემი რწმენა შესაძლოა თვითნებობა თუ ახირებაც იყოს, - დიახ, მე მჯერა, რომ ჩვენ სწორედ ამ ძიების შუაგულში ვართ. ეგრეთ წოდებული თანამედროვე ევროპელი იმისთვისაა მოწოდებული, რომ ეძიოს ბედნიერება თავისთვისაც და სხვებისთვისაც; მეც ასევე ვფიქრობ, ადამიანი მუდმივად უნდა ილტვოდეს ბედნიერებისკენ, თუმცა მე თავად ეს არ ძალმიძს.       და ახლა, ჩემს ამ აღსარებაში ერთ ჩემს აკვიატებულ დილემაზე მინდა მოგახსენოთ, დილემაზე-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ლოგიკურად ამის დამტკიცებას ნამდვილად ვერ შევძლებ, რამეთუ იგი გულითა მაქვს ნაგრძნობი და არა გონებით განსჯილი; და აი, რა დილემაზე - ბედნიერება თუ სიყვარული. თუ გსურთ ერთი, მაშინ უარი უნდა თქვათ მეორეზე. სიყვარული კლავს ბედნიერებას, ხოლო ბედნიერება კლავს სიყვარულს.       ეს ყველაფერი კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ ჩვენი დიდებული მისტიკოსები, ჩვენი უებრო, წმინდა სისხლის ფილოსოფოსები, ვინც იყვნენ ესპანური სიბრძნის შემოქმედნი და არა მეცნიერებისა, - საბედნიეროდ, ცნებები მეცნიერება და ესპანეთი სრულიად შეუთავსებელია, - სიყვარულზე კი არ ფიქრობდნენ, არამედ გრძნობდნენ მას და ამიტომაც უთქვამთ "ვკვდები, რომ არ მოვკვდე", ანდა "საამო ტკივილი" და კიდევ სხვა და სხვა, რაც სწორედ რომ გრძნობათა სიღრმეზე მეტყველებს.       *       კარგი და კეთილი, მაგრამ რა კავშირი აქვს ყველაფერ ამას ესპანეთის სულიერების პრობლემასთან? განა ეს წმინდა წყლის პოზიციაზე და მით უმეტეს, ინდივიდუალობასა თუ ნების თავისუფლებაზე მეტია? ანდა თავად მე, ყველაფერ ამას ისე განვიცდი, როგორც ესპანელი? ნუთუ ეს სწორედ ის ესპანური სულია, მე რომ შთამაგონებს?       იტყვიან ხოლმე, სულ კათოლიკე მეფეებისა და ეროვნული გაერთიანების წყალობითაა ჩვენი ისტორიის კურსი რომ შეტრიალდაო. ესეც არ იყოს, მას შემდეგ, ანუ ამერიკის აღმოჩენისა და ევროპის ქვეყნების საქმეებში ჩვენი გარევის შემდეგ მოხდა, რომ სხვა ხალხების ცხოვრების დინებას გავყევით და შემოიჭრა ესპანეთში რენესანსის მძლავრი ნაკადი, შემოიჭრა და წალეკა ჩვენი შუასაუკუნოებრივი სული. რენესანსი კი საფუძველშივე იყო მეცნიერება, უპირატესად ადამიანისა და ცხოვრების ფორმაში გამოხატული და მაშინ ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ სიკვდილზე; და ქრებოდა მისტიკური სიბრძნე.       ისიც არაერთხელ უთქვამთ, ესპანელი ყველაზე მეტს სიკვდილზე ფიქრობსო, ამასთან, ყველა ხერხითა და საშუალებით მიგვანიშნებდნენ, ზოგჯერ საკმაოდ მოურიდებლადაც კი, თითქოს სწორედ ეს, სიკვდილზე ამდენი ფიქრი იყოს მიზეზი, რომ ვერა და ვერ შევეთვისეთ ევროპულ თუ თანამედროვე ცხოვრების ყაიდას. სიკვდილიანობას, სალმობას და ჯანის სისუსტესაც კი ამ ყბადაღებული სიკვდილის კულტს აბრალებენ. მე კი, ჩემის მხრით, ვიტყოდი, პირიქით, ძალიან ცოტასაც კი ვფiქრობთ, უფრო სწორად, სანახევროდ თუ ვფიქრობთ-მეთქი.       ხოლო ამ სანახევროდ ფიქრისა და განსჯის მიზეზი კი ის არის, რომ მაინც იქით გვიჭირავს თვალი, ეგებ ევროპელები და თანამედროვეები გავხდეთ, მაგრამ არც ესპანელობაზე ავიღოთ ხელი; ეს კი არ ეგების. და აკი მივიღეთ კიდეც წმინდა სიბრძნისა და ეგზოტიკური მეცნიერების, სიკვდილის ღრმა განცდისა და იმავდროულად სიცოცხლეზე ზრუნვის სამარცხვინო ნარევი. მაგრამ არც პროგრესისთვის რომ აგვიქნევია ხელი, ჩუმჩუმად რომ მაინც შემოდიოდა ჩვენში!       "თავს ნუ მოიტყუებთ, - მითხრა ერთხელ ჩემმა ერთმა უცხოელმა მეგობარმა, რომელსაც რატომღაც თანამედროვედ და ევროპელად მივაჩნდი, - თავს ნუ მოიტყუებთ, თქვენს ესპანელებს სულ არ გააჩნიათ უნარი თანამედროვე ცივილიზაციას ეზიარონ, ის კი არადა, წინააღმდეგობასაც კი უწევენ მას". იგი გაოცებისაგან გაშეშდა, როცა ვუპასუხე: "რაო, განა ეს ცუდია?" - ისეთი თვალებით დამიწყო ყურება ანაზდად გაგიჟებულ კაცს რომ მიაშტერდებიან; ეტყობა, მოეჩვენა, რომელიღაც გეომეტრიულ თეორემაზე ვეკამათებოდი და ერთ ახსნა-განმარტებას მოჰყვა, მაგრამ მე აღარ ვაცალე: "არა, თავს ნუ შეიწუხებთ, ტყუილად ცდილობთ რაიმეში დამარწმუნოთ; ვგონებ, არც მე დამწამებთ ბაქიაობას და არც პირფერობაში ჩამომართმევთ და პირდაპირ გეტყვით, ეჭვი არ მეპარება, შეგიძლიათ უამრავი მაგალითიც მომიყვანოთ და კიდეც დამისაბუთოთ თქვენი მოსაზრებები, მაგრამ არც ისე მარტივად გადასაწყვეტია, რამეთუ ეს გრძნობის საკითხია და არა გონებისა".       ახლა უკვე გრძნობებზე მოინდომა სჯა-ბაასი, მაგრამ აქაც ერთბაშად მოვუჭერი სიტყვა: "არა, ჩემო მეგობარო, არა, თქვენი იარაღია ლოგიკა, მე კი გრძნობებზე მოგახსენებთ, გრძნობებს ხომ ვნება წარმართავს და არა ეგ თქვენი ლოგიკა". - ასე დავშორდით ერთმანეთს და მე კვლავ მივუბრუნდი დიდი აფრიკელი ანტიკოსის "აღსარების" კითხვას.       განა მართლა ასე არ არის, განა ჩვენ ესპანელები სულიერად ვეპუებით ამ ეგრეთ წოდებულ თანამედროვე კულტურას? და თუ ნამდვილად ასეა, ამიტომ უნდა დაგვჯაბნონ? ამიტომ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ და მოვკვდეთ, - მით უმეტეს, მოვკვდეთ, - ღირსეულად ამ ყბადაღებული კულტურის გარეშე?       ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ მაინცდამაინც გულხელდაკრეფილები, უქმად უნდა ვისხდეთ-მეთქი, უბირები და რეგვენები დავრჩეთ-მეთქი; არა, იმისათვის რომ სულიერად ავმაღლდეთ, გავიზარდოთ, სიამაყე შევინარჩუნოთ, გავკეთილშობილდეთ და ზენაარის მადლს ვეზიაროთ, სხვა გზაც არსებობს და სულაც არ გვჭირდება მათი კულტურის დახმარება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სიბრძნის დამკვიდრებას მათი მეცნიერების გარეშეც კარგად მოვახერხებთ, ეგ არის მარტო ერთი რაიმე საშუალებად თუ გამოვიყენებთ, ოღონდ თვალი ფხიზლად უნდა გვეჭიროს, ჩვენს სულს არაფერი ვავნოთ. დიდი მტკიცება არ უნდა იმას, რომ სიკვდილის ჩვენეული აღქმა თუ სიყვარული რაც ჩვენი ჭეშმარიტი ცხოვრების სათავედ მიგვაჩნია, სულაც არ გულისხმობს სიცოცხლის ძალით მოსწრაფებას, ანუ თვითმკვლელობას, პირიქით, სიცოცხლე ჩვენთვის არის შემზადება სიკვდილისთვის და რაც უფრო კარგად შევემზადებით, მით უკეთესი; იგივეა სიბრძნისადმი ჩვენი სიყვარულიც; ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიყვარულმა მთლად აგვაღებინოს ხელი მეცნიერებაზე, ეს ხომ გონებრივი თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა; პირიქით, მეცნიერება უნდა მივიღოთ, როგორც შემზადება და მხოლოდ შემზადება სიბრძნისათვის.       მე კვლავ ჩემსას ვიტყვი, თანამედროვე ევროპის კულტურის კერები ფეხდაფეხ რომ არ შემომევლო, მაშინ ხომ ასეთ სიამოვნებას ვერ მომანიჭებდა ვერც ჩვენი ანტიკოსი აფრიკელისა და ვერც ჩვენი ხალხის სიბრძნე, რაც ასერიგად აღიზიანებს ინტელექტუალიზმის ყველა იმ ფარისეველსა და სადუკეველს, იმ ინტელექტუალიზმისას, სულს რომ გვიწამლავს. როცა მესმის, რა ჰიმნებს უძღვნიან მეცნიერებასა და ცხოვრებას, საშინელი უნდობლობა და შიშიც კი ამიტანს ხოლმე და ამიტომ შევიყვარე მე სიბრძნე სიკვდილისა, შევიყვარე ის მედიტაცია, სპინოზა რომ იტყოდა, როცა თავისუფალი ადამიანი არ ფიქრობს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ბედნიერიაო.       *       ამ რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ჩემი თანამოძმისა და მეგობრის, პიო ბაროხას სტატია, რომლის სათაურია "სევდიანი ქვეყანა!" და რომელშიც იგი წერს, ესპანეთი იმდენადვეა სევდიანი, რამდენადაც საფრანგეთი - მშვენიერიო; იგი საფრანგეთს, ამ მხიარულ, ნაყოფიერი მიწების, ველ-მინდვრების, წყალუხვი, ანკარა მდინარეების აყვავებულ ქვეყანას ადარებს ჩვენს ქვა-ღორღიან, ზაფხულში მზით გადაბუგულ, ზამთარში ყინვით დამზრალ ნახევარკუნძულს, მაგრამ ამავე დროს იმასაც შენიშნავს, საფრანგეთის სულიერი შემოქმედება ვერაფრით გაუტოლდება მისივე სასოფლო-სამეურნეო თუ სამრეწველო ნაწარმსო და რომ რასინის პიესები ისე ვერაა დამუშავებული, როგორც ბურდოს ღვინო და არც დელაკრუას სურათები ფასობს არკაშონის ხამანწკებზე მეტადო; თან დასძენს, სამაგიეროდ, ჩვენს დიდებულ ადამიანებს, როგორებიც გახლავთ სერვანტესი, ველასკესი, ელ გრეკო, გოია, მთელი დედამიწის ზურგზე ბადალი არ მოეძებნებათო, თუმცა ჩვენი საქმიანი ცხოვრება შესაძლოა ვერც მაროკოსა და ვერც პორტუგალიას ვერ გაეჯიბროსო.       მე კი ამას დავუმატებდი: "ნეტავი თუ უღირს საფრანგეთს ის თავისი საამური ცხოვრება დათმოს და სანაცვლოდ სერვანტესის, ველასკესის, გრეკოსა და გოიას სულით განიმსჭვალოს? განა მათი შედარება კი შეიძლება ბურდოს ღვინოსა და არკაშონის ხამანწკებთან?" ეგებ მე არცთუ დიდად მიუკერძოებელი შემფასებელი გახლდეთ და ისიც კარგად მესმოდეს, რომ ეს შედარებაც სრულიად უადგილოა, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, მირჩევნია, ჩემს კიხოტესთან დავრჩე, ჩემს ველასკესთან, ჩემს ელ გრეკოსთან და ჩემს გოიასთან, ვერც ბურდოს ღვინო მომხიბლავს და ვერც არკაშონის ხამანწკები, ვერც რასინი გადამიბირებს და ვერც დელაკრუა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ვნებისა და სენსუალობის შედარების თაობაზეც, ვნება თავისუფალი ნებაა, სენსუალობა - ლოგიკა; ხოლო ლოგიკა თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა სენსუალობის ერთ-ერთი სახესხვაობა.       "მთელი ჩვენი მატერიალური თუ ინტელექტუალური ნაწარმი გამომშრალია, მწკლარტეა, უგემურია, - განაგრძობს ბაროხა, - ღვინო ბლანტია, ხორცი - უვარგისი, ჟურნალ-გაზეთები - მოსაწყენი, ლიტერატურა - უსიამო. ვერ გამიგია, რატომაა მაინც ასეთი უსიამო ჩვენი ლიტერატურა?"       აქ კი უნდა შევჩერდე. კარგად ვერ მივხვდი, რანაირად შეიძლება სევდიანისა და უსიამოს გაიგივება; ეგებ ზოგიერთმა მიამიტმა პარადოქსადაც კი ჩამომართვას, მაგრამ მაინც ვიტყვი, ჩემთვის უსიამო სწორედ ისაა, რაც მავანს სასიამოვნოდ მიაჩნია. აბა, რა დამავიწყებს იმ უსიამოზე უსიამო განცდას, იმ ზიზღის გრძნობას, პარიზის აჟრიამულებულ და საზეიმოდ გაჩახჩახებულ ბულვარში რომ დამეუფლა; მას შემდეგ თექვსმეტი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ვერ მომიშორებია ის დამთრგუნველი მოუსვენრობის გრძნობა. ახალგაზრდები, რომლებიც იცინოდნენ, ოხუნჯობდნენ, დროს ატარებდნენ, სვამდნენ და არშიყობდნენ, ისეთ შთაბეჭდილებას ახდენდნენ, თითქოს თოჯინები იყვნენ, თოკები ჰქონდათ გამობმული და ვიღაც სხვა დაატარებდათ; ასე მეგონა, გრძნობის ნატამალიც არ გააჩნდათ, ნამდვილი ლანდები იყვნენ. მე იქ, მათ შორის მარტოსული ვიყავი, თავს ნამდვილ ეულად ვგრძნობდი და ეს განცდა ტკივილს მგვრიდა; ვერაფრით დამეჯერებინა, რომ ცხოვრების ამ ორომტრიალში ჩაბმული ეს ადამიანები ჩემივ მსგავსნი იყვნენ, ჩემივ მოყვასნი და ცოცხალი არსებები, ანთუ ცნობიერება გააჩნდათ.       რა გაეწყობა, ასეა, ვისთვის სასიამოვნოა, ვისთვის უსიამოვნო, სამაგიეროდ, როცა ჩემს გატანჯულ ხალხთან ვარ, ზეცას რომ შეღაღადებენ და შესთხოვენ მოწყალება მოიღეო, როცა De Profundis-სა და Miserere-ს გალობენ, თავს ჩემიანებს შორის, ჩემს ძმებს შორის ვგრძნობ, მათთან მე სიყვარული მაკავშირებს. მერე ბაროხა წერს: "ჩემის აზრით, ყველაზე უფრო სავალალო ის არის, რომ ჩვენ, ესპანელებს უნარი არ შეგვწევს მსუბუქად და ლაღად ვიცხოვროთ..." აი, ჩემთვის კი, ერთი ყველაზე უფრო სავალალო რამ სწორედ ის იქნებოდა, ესპანელები მსუბუქები და ლაღები რომ ყოფილიყვნენ. მაშინ ხომ აღარც ესპანელები გვერქმეოდა და ვეღარც ევროპელებად ვივარგებდით; მაშინ კი მოგვიწევდა მთლად ხელი აგვეღო ჩვენს ჭეშმარიტ ნუგეშზე, ჩვენს ჭეშმარიტ ღირსებაზე, ესე იგი იმაზე, რასაც სიმსუბუქისა და სილაღის უუნარობად ნათლავენ. მაშინ ხომ ყველა ერთად და ერთბაშად უნდა შევდგომოდით მეცნიერების გამომათაყვანებელ, პოპულარული სახელმძღვანელოების ზუთხვას და სიბრძნესთან მიახლებასაც ვერ ვეღირსებოდით; სამაგიეროდ, შეიძლება უკეთესი ღვინოებიც გვქონოდა, ნაკლებად მძაღე ზეთიც და საუკეთესო ხამანწკებიც კი, მაგრამ იმის იმედი მოგვეშლებოდა, რომ კიდევ მოვესწრებოდით ახალ კიხოტეს, ახალ ველასკესს და ყველაზე უფრო ახალ სან ხუან დე ლა კრუსს, ანდა ფრაი დიეგო დე ესტელას, სანტა ტერესა დე ხესუსს, ინიგო დე ლოიოლას, ორთოდოქსებსა თუ იეზუიტებს, თუმცა, რას ვამბობ!       და ბოლოს, ბაროხა დაასკვნის: "სევდიანი ქვეყანა, სადაც ყოველ კუთხესა თუ სოფელში მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, ყველაფერზე ფიქრობენ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სიცოცხლეზე".       ასეთი თვითნებური განსჯა ისე მაშმაგებს, რომ ლამის ვყვირი: "უბედურები ისინი არიან, ევროპის ის ქვეყნები, სადაც მთელი ცხოვრება ისე ცხოვრობენ, რომ სიცოცხლის მეტი საფიქრალი არა აქვთ რა, უბედურები არიან ის ხალხები, რომელთაც მუდმივად არ ახსოვთ სიკვდილი, და განა არის კი სხვა რამ ისეთი, რაც წარმართავს ჩვენს ფიქრსა და ცხოვრებას, თუ არა აზრი, რომ ერთ დღესაც ყველანი დავიხოცებით!"       *       აქ კიდევ ერთი წუთით უნდა შევჩერდე, თუკი შევძლებ და შევაჩერებ ჩემს ფიქრთა სრბოლას, გავაყუჩებ ჩემს აზავთებულ გონებას და ვეცდები როგორმე განვმარტო, თუ რას ნიშნავს თვითნებობა.       უცხოელები, უწინ ფრანგები მყავს მხედველობაში, ჩვენსას არაფერს იღებენ და თუ იღებენ, ისეთს გამოარჩევენ, რაც ყველაზე ნაკლებადაა ჩვენი, და სულიერებასთან ხომ ახლოსაც არაა, - ეს ბუნებრივიც კია! - მაინცდამაინც იმისთანა იდეებს გამოჩხრეკენ, რაც მათს ყოფას მიესადაგება და, რაღა თქმა უნდა, ზედაპირულია. ჩვენ კი, ბეჩავები, ამ დროს, ვერც ვუხვდებით თვალთმაქცობას, ტაშსაც ველოდებით გარედან, ანუ იმათგან, ვისაც ჩვენი არც ესმის და ვერც ვერას გაიგებს.       მე მაინც კარგად ვერ მივმხვდარვარ, რატომ იჩემებენ, თითქოს ჩვენსას იღებდნენ და ჩვენიც გაეგებოდეთ რამე, მე რომ მათ ადგილზე ვიყო, სწორედ იმას გამოვჩხრეკდი და იმას მივაწვდიდი ჩემს თანამოძმეებს, რაც ყველაზე მწარედ მოხვდებოდათ გულზე, გააოგნებდათ და შეაშფოთებდა მათს სულსა და რწმენას, რაც უცხო იქნებოდა მათთვის.       მაგრამ არც მათი საქციელია გასაკვირი, ხალხს აკი ის მოსწონს, რაც მათს ფიქრებსა და ცრურწმენას კვერს დაუკრავს, სწორედ ის აამებთ, როცა ატყუებენ, და რჩებიან კიდეც მოტყუებულები.       რა უნდა იღონო კაცმა, როცა ამისთანა ხალხთან გაქვს საქმე, რას გააწყობ მათი საქციელის შემხედვარე, გინდა ნებსითი იყოს და გინდა უნებლიე, მაგრამ ჩვენც რომ დავყვებით ხოლმე, დავყვებით და ნელ-ნელა ვკარგავთ, ვღალატობთ ჩვენს ბუნებას; ანდა როგორ გაუძლებ, როცა გამუდმებით გიჩიჩინებენ: "თუ გნებავთ ჩვენნაირები გახდეთ და გადარჩეთ, მაშინ ჩვენიც უნდა მიიღოთო".       ეგებ ჩვენ თვითონ ვცადოთ და გავაესპანუროთ ევროპა? ეს ერთადერთი გზაღა დაგვრჩენია, რომ გავევროპულდეთ. ერთი დავფიქრდეთ, რა გვაქვს მათგან მისაღები, რას მიიღებს ჩვენი სული ევროპული სულისგან? მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია!       *       ერთნი თვითნებობას დამაბრალებენ, მეორენი, პირიქით, ისე გაიგებენ ჩემს ნათქვამს, როგორც არის და ეგებ ასეცაა სინამდვილეში, მაგრამ მე რა ვიღონო?       - კმარა! - იტყოდა მავანი და მავანი ლოგიკურად მოაზროვნე, თანამედროვე ევროპელი მკითხველი, - ახლა კი გაები, შენ თვითონ აღიარებ, რომ შენს ამგვარ მსჯელობას საფუძველი არ გააჩნია, უბრალოდ, ახირებაა, ვერაფრით დაასაბუთებ და საქმედ არ უნდა აქციო! მე კი ამ ბეჩავ, ლოგიკურ მკითხველს, ევროპულსა და თანამედროვეს და, რაღა თქმა უნდა, მეცნიერებასა და სიცოცხლეზე შეყვარებულ ადამიანს ასე ვუპასუხებდი, თუკი რაიმე აზრი ახირებად მიგაჩნიათ, გგონიათ, რომ მისი დამტკიცება-დასაბუთება ლოგიკური მსჯელობის გზით შეუძლებელია, მაშინ ვერც იმას დაამტკიცებთ, სიყალბეაო, მაგრამ რაც მთავარია, იმას მაინც ვერ უარყოფთ, ასეთი მტკიცებები სულს რომ ამხნევებს და ცხოველჰყოფს, შინაგან ცხოვრებას წააქეზებს, შინაგან ცხოვრებას, რაც სრულიად განსხვავდება ლოგიკასა და მეცნიერებაზე გადარეული მკითხველის ცხოვრებისგან.       *       ორიოდე დღეა ხელი აღარ დამიკარებია ჩემი ესეისთვის, ძაფი გამიწყდა და შემთხვევასღა ველოდი, რომ გამეგრძელებინა და აკი მომეცა კიდეც ასეთი შემთხვევა დღეს, 13 მაისს, როცა ერთ ფრაზას წავაწყდი, რამაც სრულიად შემაცვლევინა მსჯელობის გეზი. სწორედ იგივე ემართებათ ხოლმე მდინარეებსაც, როცა გზად კლდე გადაეღობებათ, ამოვარდებიან კალაპოტიდან და იქამდე მიექანებიან უგზო-უკვლოდ, სანამ ან სხვა მდინარეს, ან სულაც ზღვას არ შეერთვიან. საოცარია, მაგრამ აზრებსაც იგივე სჭირთ, განა იშვიათად მომხდარა, როცა თავში ათასნაირი აზრი ბორგავს და გზა ვერ უნახავს, წყვდიადში გაღივებაც უჭირთ, უთავბოლოდ დაბორიალობენ, ერთმანეთს ვერ ხვდებიან, ხვდებიან კი არადა, კიდეც გაურბიან, რადგან აზრებს ადამიანებზე უფრო ეშინიათ სიბნელისა; მაგრამ, აი, შემოიჭრება ახალი, ელვარე აზრი, გაანათებს ყველა კუთხე-კუნჭულს და აქამდე თავთავიანთთვის მიყუჟულები ერთბაშად წამოიშლებიან, გამოცოცხლდებიან, გაეცნობიან ერთმანეთს, გადაეჭდობიან, ლამის საძმოს შეკრავენ და ბოლოს მაინც ეწევიან ცხოვრების სისრულეს.       ერთი ასეთი კუნჭული მეცა მქონდა გულში და იქაც ასევე ბორიალობდნენ წყვდიადში გზააბნეული აზრები, სანამ ერთ დღეს, მადრიდის ყოველდღიურ გაზეთში "La Correspondencia de España" არ ამოვიკითხე ფრაზა, რომელიც პირდაპირ პასუხობდა ჩემს გუშინდელ, 12 მაისის ფიქრებს.       სტატიაში, რომელსაც ხელს აწერდა ფაბიან ვიდალი და რომლის სათაური იყო "დღევანდელობა: კანოვასი", ავტორი ამბობს: "საგასტამ გაუგო ესპანელებს, მაგრამ ვერ გაუგო ესპანეთს! კანოვასმა ვერასოდეს ვერ ამოიცნო, მაინც რა მასალისგან იყვნენ შექმნილნი მათი თანამოძმეები".       წავიკითხე თუ არა ეს, მაშინვე ვიგრძენი, როგორ გამინათდა გონება და ერთბაშად დავინახე ის სხვაობაც, რაც ესპანეთის სულსა და ესპანელების სულს შორის არსებობს, ყველა ჩვენი ესპანელისა, ვინც დღეს ვართ ცოცხლები და მყისვე ისიც გამახსენდა, ბოლო კარლისტური ომის დროს, - მაშინ სულ ყმაწვილი გახლდით, - ერთმა კაცმა რომ თქვა: "მთელი ბილბაოც რომ გამხდარიყო კარლისტი, ბილბაო მაინც თავისუფალი დარჩებოდაო!" პარადოქსია, როგორც იტყვიან, მაგრამ სწორი ნათქვამი კია, ნამდვილი ვნების ჭეშმარიტებაა, გულის ჭეშმარიტებაა. მას შემდეგ სულ ეს მიტრიალებს თავში. "საგასტამ გაუგო ესპანელებს, მაგრამ ვერ გაუგო ესპანეთს!" - განა იგივე არ ითქმის ყველა იმ უხამს გამგებელზე, თავის გემოზე რომ ცხოვრობს და მშვენივრადაც სარგებლობს თავისი ძალა-უფლებით, ყველა იმ უხამს მწერალზე, საკუთარი წიგნების ტირაჟებს რომ ბეჭდავენ და ასაღებენ, ყველა იმ უხამს ხელოვნების მოღვაწეზე, მოაზროვნეზე! დიახ, ყველა კარგად უგებს თავის თანამოძმეებს, მაგრამ არა თავის სამშობლოს. ასეა ეს!       ესპანეთის სულში კი ცხოვრობენ და იღვწიან ჩვენ, ცოცხლებს გარდა, ჩვენზე ბევრად უკეთესნი, ჩვენი წინაპრები; დღესდღეობით ცოცხალთა სულები კი მათსავით ჯერ ვერ დავმკვიდრებულვართ, რამეთუ ჩვენი სული მანამდე არ შეერწყმის ჩვენს სამშობლოს, სანამ არ დატოვებს სხეულს, დროებით სამყოფელს, სანამ არ გარდავიცვლებით, არ გავეყრებით ამ საწუთროს.       ნეტავი, ასე რაისთვის ვირჯებით, რაისთვის ვისწრაფით მაინცდამაინც ეს თანამედროვე აზროვნება დავნერგოთ და თანაც იმ ენაზე, რომელიც არც ევროპულია და არც თანამედროვე? აბა, გასინჯეთ, როცა ჩვენ ერთი რამის თქმა გვინდა, ის სულ სხვას გვათქმევინებს და ვერც ვერასოდეს გამოვთქვამთ იმას, რასაც სინამდვილეში ვფიქრობთ და პირიქით, ჩვენდაუნებურად ვიმეორებთ იმას, რისი თქმაც აზრადაც არ გაგვივლია.       რატომღაც ჩვენს მოვალეობად მიგვაჩნია, ბევრს მაინც, საკუთარი სული გავიმრუდოთ გარეშეთა მიბაძვით, ქომაგი და მისაბაძი რომ გვგონია და ვცდილობთ, როგორმე მივემსგავსოთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის, ვერც იმათ ვემსგავსებით, ვისაც ვბაძავთ და ვერც თავისთავადნი ვრჩებით. აქედან კი იბადება შემზარავი სულის ნაჯვარი, თითქმის უნაყოფო ჰიბრიდი.       აქედანვე იწყება ყველაზე უცნაური და საკვირველი რამ და ამას ერთ მშვენიერ დღესაც ყველანი მივხვდებით, თუკი გამოჩნდება ვინმე და ხელს მოჰკიდებს XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ჩვენი ესპანეთის სულიერი მდგომარეობის კვლევას; მაგრამ კიდევ უფრო უცნაური და საკვირველია, რომ სწორედ ის ესპანელი ითვლება ნამდვილ ევროპელად, ვინც ესპანელია სისხლით, ჯიშით, მოდგმით, გამოირჩევა ეგზოტიკურობით და სულის სიღრმით და პირიქით, ისეთებიც არიან, რომელთაც ბევრი მიამიტადაც მიიჩნევს ეგზოტიკური სულის გამო, ვითომ გაინგლისელებულები, გაგერმანელებულები, გადაფრანგებულები თუ განორვეგიელებულები, მაგრამ ფესვებით კი დაკავშირებულნი არიან მათთან, ვინც გახლდათ ესპანური სულის ჭეშმარიტი შემოქმედნი, რამდენჯერ შემიმჩნევია, გინდა გრამატიკულად ვთქვათ და გინდა რიტორიკულად, მარტო გარედან რომ აკრავთ ქერქი, თორემ ფესვებით ერთიანად ამოძირკვულნი ყოფილან სამშობლოს სულიდან და პირიქითაც; ერთ გაბღენძილ რეგვენს ვიცნობდი, ლიტერატორი ბრძანდებოდა და ერთ დროს კარგი სახელითაც სარგებლობდა, ჩვენს მისტიკოსებს ჩაჰკირკიტებდა, ეგონა, მათგან ვისწავლი თუ ვისწავლი წმინდა კასტილიურსაც და კარგ წერასაცო, მაგრამ კი ვერაფერი გაუგო მათ მგზნებარე სულს, ჭეშმარიტად ესპანური მოდგმის სულს და ვერც ვერაფერი შეითვისა მათგან, მაგრამ ამავე დროს ისეთებსაც ვიცნობდი, რომელთაც არც არაფერი წაუკითხავთ რა, არც აზრად მოსვლიათ მათ ლიტერატურულ ტრადიციებსა თუ ორთოდოქსულ რელიგიას ზიარებოდნენ, მაგრამ თავიანთ სამშობლოს სულიერ ატმოსფეროში კი ტრიალებდნენ და სწორედ იმ მისტიკური ჰაერით სუნთქავდნენ, მათ რომ ასულდგმულებდათ.       ნეტავი რითი აიხსნება ასეთი დაბნეულობა, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? არ ვიცი, მაგრამ ჩემი ვარაუდით ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ადამიანებს უწინ იმის დიდი სურვილი ამოძრავებთ, როგორმე თავი დიდ ბრძენკაცებად წარმოაჩინონ, ეგ არის, სიბრძნისა ცოტა რამ სცხიათ, და კიდევ ისიც, რომ მაინცდამაინც იმათგან მოითხოვენ ლოგიკას, ვინც ყველაზე უფრო ფიცხი და დაუყოლიებელია. "ხალხს, - მეტყვის ხოლმე ჩემი მეგობარი, როცა ასეთ თემაზე ჩამოვუგდებ სიტყვას, - ხალხს ისეთი რამ სჭირდება და ისეთ რამეს მოითხოვს, როგორც იტყვიან, ცხოვრებაში რომ გამოადგება, თუნდაც გარკვეული იდეები, სასარგებლო ცოდნა, მეცნიერული თუ სხვა ახალი ცნობები, გონივრული ახსნა-განმარტებები, ხოლო ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, გრძნობებისა და ოცნებებისგან არ მოდის". ამისთანა აზრებს რომ ვისმენ, მაშინვე თავში გამიელვებს: "ბეჩავი ხალხი!" მერე კი, ცოტას რომ დავფიქრდები, მაინც ვიტყვი: "ერთის მხრივ, ეგებ მართლებიც არიან; ძალიან კარგი, თუკი ამას მაინც მოითხოვენ, მაგრამ ნუღარც სხვას ჰკრავენ ხელს! და, რაც მთავარია, რატომ არ უნდა მოეთხოვოს ყველას, თვითონაც გასცენ, თუკი აქვთ გასაცემი?" ახლა ჩვენი ხალხისაც ვთქვათ, რატომ ვართ ასე მონდომებული, რომ გავიმრუდოთ ეს ჩვენი შინაგანი ბუნება და უარი ვთქვათ იმაზე, რაც ბუნებითვე გვაქვს მომადლებული, ჩვენ კი სხვა რაღაცას ვეპოტინებით? ჩვენი ხინჯი, - ანუ ის, რაც სხვებს მიაჩნიათ ჩვენს ხინჯად, - სწორედ რომ ჩვენი უპირატესობაა, ის რაშიც სხვები ჩვენს წუნს ხედავენ და კიდეც დაგვცინიან ამისთვის, სწორედ რომ ჩვენი ღირსების ფუძეა. როცა კაცმა თავისი სიძუნწის ამბავი იცის, ისიც კარგად ესმის, რას ნიშნავს სიძუნწის ეთიკა და კეთილშობილური ხელგაშლილობის ფასსაც ხვდება, მაგრამ, თუ თავის ამ ნაკლს ვერ სძლია, ისევ საკუთარ თავს ავნებს და ასეთი კაცისგან სიკეთეს არ უნდა ელოდე. იგივე ითქმის ხელგაშლილზეც; როცა მან იცის თავისი ხელგაშლილობის ამბავი, კეთილშობილური გულუხვობის ეთიკაც არ არის მისთვის უცხო, მაგრამ თუ ამ ეთიკას გადაუხვევს, კვლავ თავის საკუთარ თავს მოუტანს ზიანს და არც მისგან უნდა ელოდეს კაცი დიდ სიკეთეს. ხოლო რაც ხდება ეთიკის სფეროში, იგივე ხდება ესთეტიკის სფეროში, რაც ხდება ინდივიდში, იგივე ხდება ხალხშიც.       არ არსებობს უნივერსალური ესთეტიკა, ისეთი ესთეტიკა, რომელიც ყველა ხალხისთვის ერთნაირად გასაზიარებელი იქნებოდა; წმინდა ესთეტიკა! არც გამიგია, თუ ასეთი რამ არსებობს და ვგონებ, არც შეიძლება არსებობდეს; განა ეს სწორედ ის ესთეტიკა არ არის, ჩვენი კონსეპტიზმი და გონგორიზმი ასე რომ გაკილა და ჩვენი წმინდა, ბუნებრივი მაღალფარდოვნება უგემოვნობად გამოაცხადა? არ არსებობს უნივერსალური ესთეტიკა, ყველა ხალხისთვის ერთნაირად მისაღები რომ იყოს, ეს იმათი ესთეტიკა გახლავთ, სხვისი, უფრო სწორად, ფრანგებისა, ვინც თავისი კანონები ბევრს მოახვია თავს. ამ ხალხის ლიტერატურისა და ხელოვნების უპირველესი ნაკლი ის გახლავთ, რომ შემაძრწუნებლად ლოგიკურია და სასოწარკვეთამდე გეომეტრიული, კარტეზიანული და სინამდვილეში ძალზე დაშორებულია კონსეპტისტური და გონგორისტული ესთეტიკისგან, მაგრამ მაინც რომ მოახერხა ჩვენშიც შემოეღწია თავისი კარგითაც და ავითაც. განა იმაზე უარესი შეიძლება წარმოიდგინო კაცმა, როგორიც გადაფრანგებული ესპანური ლიტერატურაა, ანდა ისეთი ესპანელი მწერლები, მართლაც რომ ყალბი და ბედითი, რომელთაც ფრანგული ლიტერატურის მიმბაძველობით მოიკიდეს ფეხი!       მაღალფარდოვნება! და თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენთვის ბუნებრივია? თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენი ბუნების სტიქიური გამოვლინებაა? თუ ეს მაღალფარდოვნება ჩვენი ვნების ისეთივე გამოვლინებაა, როგორიც მათი სენსუალობაა და ბუნებრივად და კეთილგონივრულად კი ნათლავენ ხოლმე! მე ერთი რამ ვიცი კარგად, როცა კაცი მართლა აღშფოთებულია ან აღფრთოვანებული, იგი არასოდეს არ გამოხატავს ამ გრძნობებს გონივრული, ნათელი, ლოგიკური, დალაგებული ფრაზებით, არამედ პირიქით, ან ერთბაშად, თავშეუკავებლად გადმოაფრქვევს, რაც კი ენაზე მოადგება, ანდა დითირამბების ბუქს დააყენებს. მეც ვიცი და ხალხსაც მშვენივრად მოეხსენება, რომ სამიჯნურო წერილები, - ნამდვილ სიყვარულს გულისხმობს, ტრაგიკულ სიყვარულს, რომელსაც ბედნიერება არ უწერია, - რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც ზოგადი ფრაზების ცეცხლოვანი ნაკადია.       ბევრჯერ მიფიქრია, ალბათ გონგორიზმი და კონსეპტიზმი, გარკვეული აზრით, ვნების გამოხატულებაა-მეთქი, მით უმეტეს, კონსეპტიზმი და ამას კიდეც ვამტკიცებ, რაღა თქმა უნდა, კვლავ თვითნებურად. თითქმის ყველა მგზნებარე სულის ადამიანი, რომელსაც კი იცნობს კაცობრიობის ისტორია, თვით დიდი აფრიკელიც, ვისზეც ზემოთ ვისაუბრეთ, კონსეპტისტებიც იყვნენ და თავიანთ სევდასა და წუხილს ანტითეზებში, პარადოქსებში და ისეთ ფრაზებში აფრქვევდნენ, ერთი შეხედვით, გონებამახვილობადაც კი მოგეჩვენებოდათ. ეგებ ეს იქიდანაც გამომდინარეობდეს, რომ ვნება ლოგიკის დაუძინებელი მტერია, რომ მასში ხედავს ტირანს და ესეც არ იყოს, კონსეპტიზმი ძირშივე გახლავთ ძალადობა ლოგიკაზე ლოგიკისავე მიერ; ამიტომაა, ცნებებით რომ თამაშობს და თავდაყირა აყენებს იდეებს, რომელიც გასაქანს არ აძლევს ისე იმოქმედოს, როგორც თავისივე ვნება უკარნახებს.       მე მჭირდება ჩემი სულის, ჩემი საკუთარი სულის უკვდავება, ჩემი ინდივიდუალური შემეცნების შეუზღუდავი მარადიულობა; მე ეს მჭირდება და უამისოდ, ამ რწმენის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია; და ეს ეჭვი, ეს ურწმუნოება, რომ მე ეს არ ძალმიძს, საშინლად მტანჯავს. და რაკი ეს მჭირდება მე, ჩემი ვნებაც მაქეზებს ვამტკიცო ის, რასაც ვამტკიცებ და თანაც თვითნებურად, ამასთან ვცდილობ სხვებიც დავარწმუნო, მაგრამ სხვები რომ დავარწმუნო, ჯერ მე თვითონ უნდა დავრწმუნდე. მაგრამ, როცა მე ასე ვეურჩები ლოგიკას და სულ იმის ცდაში ვარ, პირაღმა დავცე იგი, ისეთ არგუმენტებს ვიშველიებ ხოლმე, რასაც სხვები გონებამახვილობად და პარადოქსებად ნათლავენ, ხოლო ეს ბეჩავი ხალხი, რომელთაც ვნების ნატამალიც არ გააჩნიათ, უდრტვინველად ეგუებიან აზრს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ყველაფერი დაიქცევა და დამთავრდება.       მგზნებარება, თავისუფალი ნება ამბოხის საუკეთესო გამოხატულებაა; - ისეთი გროტესკული შთაბეჭდილება ჩემზე არაფერს მოუხდენია, როგორიც გადაფრანგებულ სუბიექტებთან შეხვედრამ მოახდინა, რომელთაც, რატომღაც დაუჩემებიათ, ყოველგვარ ტირანიას თავი დავაღწიეთო, თავისუფალი ნებაც გაგვაჩნია, ძლიერი სულიც და ხანდახან ანარქისტებიც და ხშირად ათეისტებიც გახლავართო; მაგრამ ლოგიკის დიდი ერთგულებიც რომ ბრძანდებიან და კარგი გემოვნების კოდექსის თავდადებული დამცველებიც; მორატინსაც კითხულობენ და საღი აზრითაც თავი მოაქვთ! ღმერთმა ხელი მოუმართოთ! დიახ, მაღალფარდოვნება, ქედმაღლობა, კონსეპტიზმი, პარადოქსიზმია სწორედ ვნების ენა და ჩვენთვის, ესპანელებისთვის, ყოველ შემთხვევაში, არცთუ ნაკლებ ბუნებრივი, ვიდრე ფრანგების ეგრეთ წოდებული naturel, რასაც დიდი გარჯის, დახვეწის, გააზიზებისა და ხელოვნური დამუშავების წყალობით თუ მიაღწიეს.       არ მახსენდება რომელიმე ფრანგს ეთქვას, ფრანგული ლიტერატურა ის ლიტერატურაა, რომელიც მჭევრმეტყველურად გადმოსცემს ყველაზე უფრო გახუნებულ აზრებსო. ვეთანხმები და კიდეც დავძენ, რომ ეს სწორედ ის ლიტერატურა გახლავთ, რომელმაც ჩვენს ესპანეთს ამდენი ვნება მოუტანა და კიდევ არ ეხსნება; ან როგორ პოულობს ამდენი საშუალო გრძნობებისა და საშუალო იდეების შესაფერის ფორმებს და მაინც რომ ვერ ჩაუტევია ის თავისი იდეები და დაუოკებელი გრძნობები, ვერ ჩაუტევია იმიტომ, რომ იგი გახლავთ უპირატესად სენსუალური და ლოგიკური ლიტერატურა, ამდენად ბრჭყვიალა და მხიარული. ხოლო ჩვენ, ესპანელები უფრო მგზნებარე ხალხი ვართ, ვიდრე სენსუალურები, უფრო თვითნებურები, ვიდრე ლოგიკურები. ასეთები ვართ და ასეთებად დავრჩებით; მაშასადამე, ისევ ჩვენს ოდინდელს უნდა მივუბრუნდეთ, რამეთუ ვშიშობ, მთლად ისეთები აღარა ვართ, რანიც ვიყავით! აბა, დავფიქრდეთ, ფრანგულ სულს ხომ ერთი დიდი მისტიკოსიც არ შეუქმნია, არც ერთი ჭეშმარიტი, დიდი, წმინდა მისტიკოსი არ წარმოუჩენია. პასკალს, რა თქმა უნდა, თავისუფალი ნებაც ჰქონდა და მაღალი, მგზნებარე სულიც, მაგრამ გეომეტრიამ, რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც თავისი დაღი დაასვა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პასკალი გახლავთ სწორედ ფრანგული სულის ყველაზე შესაშური გამოვლინება, ვისაც უფრო შევეთვისებოდით, თუკი ვინმეს შევეთვისებოდით; ესოდენ წამებულმა სულმა სხვა ათას რამესთან ერთად ორი თვითნებური აზრი ჩაგვინერგა და გვასწავლა, ანუ ორი თავსატეხი გაგვიჩინა, ერთია - pari, ანუ სანაძლეო და მეორე - II faut s’abetir, ანუ "უნდა გავპირუტყვდეთ", ვირწმუნოთ ის, რასაც გვარწმუნებინებენ. მაგრამ დიდ მისტიკოსს, ჭეშმარიტად წმინდა მისტიკოს ფრანგს მე არ ვიცნობ. აქ მე სიამოვნებით ვიტყოდი ორიოდ სიტყვას ნეტარ, სათნო, სენსუალურ და ლოგიკურ სან ფრანსუა სალეზე, ამ საღი აზრითა და საშუალო სულიერებით დაჯილდოებულ ადამიანზე, მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.       და აჰა, ესეც ამ ხალხის ესთეტიკა, რომელიც ასე განსხვავდება ჩვენი ესთეტიკისგან, მიუხედავად ლათინებთან ნათესაობის ამდენი მითქმა-მოთქმისა, თუმცა ისიც არ ვიცი, არიან კი ისინი ლათინები. ანდა ჩვენ თუ ვართ ლათინები. რაც პირადად მე შემეხება, დანამდვილებით ვიტყვი, რომ ლათინებისა არაფერი მცხია. მეტი რა შეიძლება ვთქვათ ამ ხალხის ესთეტიკის თაობაზე, რომელმაც ასე გადააგვარა ჩვენი არა ერთი სულიერი ქმნილება.       ლათინები! ლათინები? მერედა, ვითომ რატომ ბერბერები არა ვართ, რატომ არ ვგრძნობთ და არ ვაცხადებთ თავს ბერბერებად? განა ჩვენს სატკივარზე თუ სასოებაზე რომ ვმღერით, ბერბერების ესთეტიკაზე ვფიქრობთ?       ცოცხალი ურთიერთობის ერთადერთი გზა ისევ აგრესიის გზაა, ნამდვილი ძმობა და ურთიერთგაგება მხოლოდ აგრესიის საშუალებით მიიღწევა, ანუ როცა ერთი თავს მოადრეკინებს მეორეს, იქნება ეს ინდივიდი, თუ ხალხი. მაგრამ როცა მინდა ჩემმა სულმა ჩემი მოყვასის სულში შეაღწიოს, მაშინ ჩემი მოყვასის სულმაც უნდა შემოაღწიოს ჩემს სულში და მე უნდა მივიღო იგი. მოციქულის ლოცვა-კურთხევა მაშინაა ალალი, როცა მის მიერ დალოცვილთა სულები შეაღწევენ მის სულში და იგი მიიღებს მათ. ამას ჰქვია კეთილშობილური პროზელიტიზმი.       არა, არაფერი არ უნდა დაგრჩეს განსაცდელი და გასავლელი; არასოდეს არ უნდა აიჩეჩო მხრები სხვათა იდეებზე და მით უფრო გრძნობებზე, პირიქით, არ უნდა დაინდო და პირდაპირ მიახალო, ეს უფრო აფხიზლებს ადამიანს. რაც შემეხება მე, ერთს კიდევ ვიტყვი, თუკი ვინმესგან ვყოფილვარ დავალებული, ყველაზე უწინ იმათგან, ვისაც უარსაყოფი უარუყვია და არ მიუღია ჩემგან ის, რაც მისთვის მისაღები არ ყოფილა. ღრმად მორალური ცხოვრება ისევ აგრესული ცხოვრებაა და ურთიერთგაგებინებაა, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რაც გვასწავლეს, ღმერთმა შექმნა კაცი სახედ თვისად და ხატად თვისადო! მაგრამ დასაგმობი კი არის ყველა, ვინც თავისთავს სხვისი მიბაძვით ძერწავს, ვინც უარს ამბობს საკუთარ თავზე, რომ გახდეს სხვა, ანუ ის, ვინც სანიმუშოდ და მისაბაძად მიაჩნია. მაგრამ, ვაი, რომ ასეთი კაცი აღარც თავისთავადი რჩება და ვეღარც ის გახდება, ვისაც ბაძავს.       სხვა, სხვებიო კი ვამბობთ, მაგრამ მაინც ბევრი რამ მოიძებნება ევროპის სულში ისეთი, რაც მისაღებია, ოღონდ ეგ არის, ჩვენს ხორცად უნდა გარდავქმნათ იგი, ისევე, როგორც გარდავქმნით ხოლმე ცხოველისა თუ ფრინველის ხორცს, რითიც ვიკვებებით. მაგალითად, ხარის ტვინი აღაგზნებს ჩემს ტვინს, ღორის სუკი გულის ძგერას მიმატებს, თევზი და ფრინველის ხორცი ჩემს ხორცს ასაზრდოებს და ძალას ჰმატებს ჩემს სულს, რომ შეაძლებინოს სიღრმეებში შთასვლა და იქ ცურვა, სიმაღლეებში აიჭრას და იქ იფრინოს. რატომ არ შეიძლება სწორედ ასე შევირგოთ ევროპის სული? დიახ, როცა ხარებს, ღორებს, თევზებსა თუ ფრინველებს ვხოცავთ, თან ხომ ჩვენი ძალის უპირატესობასაც ვუმტკიცებთ და თანაც გვინდა დავასწროთ, რომ მათ არ დაგვასწრონ და არ შეგვჭამონ.       ღრმად ვარ დარწმუნებული, რაგინდ თვითნებურიც არ უნდა ვიყო, - რაც უფრო ღრმაა, მით უფრო თვითნებურია, - დიახ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ესპანეთის ჭეშმარიტი და ძირფესვიანი ევროპეიზაცია - ასე ვთქვათ, სანამ ევროპის მარგ ნაწილს არ შევირგებთ და ჩვენად არ გარდავქმნით, - მანამდე არ დაიწყება, სანამ ჩვენ თვითონ არ ვეცდებით და მათ არ გავაგებინებთ ჩვენს გემოს, სანამ არ ვეცდებით და არ გავაესპანურებთ ევროპას. დღეს კი სირცხვილი და გულისწყრომა მალაპარაკებს იმათზე, ვისაც აზრად მოსდის ევროპაში შესვლა სხვა გზით; თუნდაც ავიღოთ რომელიმე ჩვენი მწერალი, იქაურ ლიტერატორს თავის წიგნს რომ სთავაზობს სათარგმნელად და თან მარტო იმაზე ზრუნავს იმგვარად არ თარგმნონ ესპანურისა აღარაფერი დარჩესო; მთარგმნელსაც მეტი რაღა რჩება, მარტო სიტყვებს გადათარგმნის უცხოურ ენაზე და მორჩა; ასეთი მაგალითიც მახსოვს, ერთი ფრანგი მელაპარაკებოდა რომელიღაც ესპანური რომანის თარგმანზე და მიმტკიცებდა, ფრანგულად გაცილებით უკეთესი გამოვიდაო და ბოლოს, ესეც კი თქვა: "წიგნი თავის პირვანდელ ენას დაუბრუნდაო!"       ყოველ ადამიანს, რასაკვირველია, უფლება აქვს საკუთარი მეთოდიც ჰქონდეს, ესე იგი, საკუთარი შეხედულება და ქცევის საკუთარი წესიც გააჩნდეს; ის, რასაც ჩვენ ლოგიკას ვუწოდებთ, გონების მეთოდია, დასკვნების გამოტანის საშუალებაა და გონებასვე აკმაყოფილებს. ასე იქმნება მეცნიერება. მაგრამ როცა უკვე საქმე გონებასა და მის დაკმაყოფილებას აღარ ეხება, მაშინ აღარც ლოგიკა გვჭირდება. მე თავად იშვიათად თუ მივმართავ გონებას, ძალზე იშვიათად და თუკი ვინმე მისმენს და მკითხულობს, ის კითხულობს და უსმენს ჩემს მაგიერს.       ისიც ითქვა, თავისი ლოგიკა გულსაც გააჩნიაო, მაგრამ ცოტა არ იყოს, სახიფათოა, ლოგიკას გულის მეთოდი ვუწოდოთ, გულისმიერი, კიდევ არა უჭირს. მაგრამ არის კიდევ ვნების მეთოდიც და მას თვითნებობა ჰქვია და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავურიოთ ახირებაში, თუმცა კი ხშირად ურევენ. ერთია ახირებულობა, მეორე და საკმაოდ განსხვავებული - თვითნებობა. თვითნებობა, ანუ ხელაღებით იმის მტკიცება - გინდა თუ არა ასეაო, ანდა მე ასე მინდა ან ასე მჭირდებაო, ჩვენი სასიცოცხლო სიმართლის ქმნა გახლავთ და სწორედ ვნების მეთოდიც ესაა. ვნება თავისას ამტკიცებს და მისი მტკიცებები მისივე მტკიცების ძალაშია. მე სხვა მტკიცება არცა მჭირდება. როცა ვინმე საბრალობელი ინტელექტუალი, რომელიმე თანამედროვე ევროპელი მოდის და თავისი გონებითა და არგუმენტებით ჩემს მტკიცებებს უპირისპირდება, ჩემთვისღა ვიტყვი ხოლმე: "გონება, გონება და გონების მეტი არც არაფერი!" "აქ, - ალბათ იტყვით, - არაფერი მტკიცდებაო!"       ამ უკვდავი სტრიქონების ავტორი ესპანელი არ გახლავთ, თუმცა კი ღირსი იყო ესპანელი ყოფილიყო, იგი ინგლისელი ბრძანდებოდა.       "For Nothing worthy Proving can be proven, Not yet disproven, where fore thou be wise, Cleaver ever to the sunnier side of doubt And cling to Faith beyond the form of Faith!"       ლორდ ტენისონზე მოგახსენებთ, ეს თქვა თავის "Ancient Sage" -ში და კასტილიურად, ანუ იმ ენაზე, რომელზედაც ასეთი რამ პირველად უნდა თქმულიყო, ასე ითარგმნება: "არ არსებობს ღირსეული რამ ისეთი, რის დამტკიცებას ან უარყოფას შეძლებდეს თუნდაც ბრძენთა ბრძენი, ეჭვს მუდამ სინათლის მხრიდან უნდა შეხედო და ყველაზე უწინ ჩაებღაუჭო რწმენას, თუნდ რწმენის მიღმაც!" მართლაც მშვენიერი სტრიქონები დაგვიტოვა ტენისონმა და გვითხრა, რომ ცოდნა - Knowledge ანუ მეცნიერება ტბის ნაპირზე მდგარ ტირიფს ჰგავსო; იგი ტბაში კი ირეკლება, მაგრამ ოდენ ზედაპირზე ლიცლიცებს, სიღრმეში კი არასოდეს ჩააღწევსო.       კეთილი და პატიოსანი, მეც აქ დავასრულებ და მოვემზადები საფიქრებლად, თუ როგორ შეიძლება გავაესპანუროთ ევროპა და რომ ღირსსაყოფს არც მტკიცება და არც უარყოფა არ ჰფერობს.       დეკემბერი, 1906 წ. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 6:42pm on მაისი 4, 2015
თემა: ნიკო ფიროსმანი | Niko Phirosmani
სად, თავის სოცოცხლეში ვერ მოესწრო. ბიოგრაფიული ცნობები       ნიკო ფიროსმანმა (ფიროსმანაშვილმა), ღმრთისაგან ნიჭიერებით უხვად დაკილდოებულმა ამ თვითნასწავლმა გენიოსმა, რომელმაც თავისი მხატვრული ტილოების სახით შეუფასებელი სიმდიდრე დაუტოვა კაცობრიობას, უკიდურეს სიდუხჭირეში დალია სული.       მხატვრის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ცნობების შეგროვება მოხერხდა მის თანამედროვეთა მონათხრობების მიხედვით ფიროსმანის ბიოგრაფიიდან მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი დაბადებულა კახეთში, სოფ. მირზაანში, გლეხის, ასლან ფიროსმანაშვილის ოჯახში 1862 წელს. მალე მისი ოჯახი შულავერში გადასახლებულა       წერა-კითხვია, როგორც ჩანს, სოფლად ისწავლა. კლასიკური განათლება არ მიუღა, არც სპეციალური სამხატვრო სასწავლებელი დაუმთავრებია. მშობლების გარდაცვალების შემდეგ (ისინი ნაადრევად გამომშვიდობებიან ამ წუთისოფელს), ნიკალა (ასე ეძახდნენ მას ახლობლები და მეგობრები) თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად, თუმცა ბინა არ ჰქონია.       XIX საუკუნის 80-იან წლებში თვითნასწავლ მხატვართან გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო, სადაც ღებულობა აბრების შეკვეთებს.       1890-94 წლებში ფიროსმანს კონდუქტორად უმუშავია ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც უცდია ბედი, მაგრამ ამ საქმისგან იგი ძალზე შორს იყო.       უსახლკარგო გენიოსი თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, ასევე ქმნიდა პორტრეტებს და ულამაზეს სურათებს, რომელთა უმეტესობას ჩალის ფასად ჰყიდდა, ან უბრალოდ საჩუქრად უტოვებდა მედუქნეებს. ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავი მაინც ვერ დააღლწია.       ქართველმა მხატვრებმა სცადეს მისი ხვედრის შემსუბუქება, მაგრამ რეალურად ვერაფრით დაეხმარნენ. უმძიმესი ცხოვრებით დაღლილი და გატანჯული ფიროსმანი მარტოობაში გარდაიცვალა კიბის ქვეშ შემოფარგალულ და ცივ ადგილას. ისიც არავინ იცის დანამდვილებით, თუ სად დაასაფლავეს ეს უდიდესი მხატვარი. ფიროსმანის აღმოჩენა       ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და ორიგინალური შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწელი მიუძღვით ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ ზდანევიჩს და პოეტ ილია ზდანევიჩს, აგრეთვე მხატვრებს - მ. ლე დანტიუს, დიმიტრი შევარდნაძეს, ლადო გუდიაშვილს, დავით კაკაბაძეს და სხვ. მოგვიანებით ფიროსმანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა გოგლა ლეონიძემ, რომელიც მხატვრის დიდი გულშემატკივარი იყო.       1918 წელს თბილისში გაიმართა ქართველ მხატვართა პირველი დიდი გამოფენა, რომეზეც წარმოდგენილი იყო ფიროსმანის ნამუშევრებიც. XX საუკუნის 20-იან წლებში გამოიცა მისი შემოქმედებისადმი მიძღვნილი კრებული, იბეჭდებოდა სტატიები მის შესახებ.       ფიროსმანის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა 50-იან წლებში. მასზე გამოიცა წიგნები საქართველოში და საქართველოს საზღვრებს გარეთ, შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი "ფიროსმანი" (ნიკალას როლს ასრულებდა მხატვარი ავთო ვარაზი), დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები. მოეწყო ფიროსმანის ნახატების გამოფენა ევროპის მრავალ ქვეყანაში. ცხადი გახდა, რომ საქმე გვქონდა გენიალურ მხატვართან. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი, მხატვრის მშობლიურ სოფელში მირზაანში გაიხსნა ფიროსმანის სახლ-მუზეუმი.       მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელვონების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე უცხოეთის მუზეუმებში, თბილისისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში.       სურათების შექმნის ქრონოლოგია დღემდე დაუდგენელია. მხატვრობის სტილი       ფიროსმანი პრიმიტივისტ მხატვართა ჯგუფის წარმომაგენელია. იგი წერდა მუშამბაზე. მის სურათებში შეიმჩნევა, რომ ავტორს სპეციალური განათლება არ მიუღია, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს მის მიერ შექმნილი სამყარს მთლიანობას, პირიქით, ერთგვარად წარმოაჩენს კიეც მათ თავისებურებასა და ორიგინალობას. ნიკალას სურათების უპირველეს ღირსებას და ძალას შეადგენს მათი შინაგანი სიმართლე, უშუალობა დიდი ექსპრესიულობა, ხასიათის მაკიო გამოხატვა. მას შესწევს ყველაფერში არსებითის ტიპიურის დანახვისა და განზოგადების უნარი. მისი სურათების კოლორიტი მკაცრია, ზოგჯერ თითქმის მონოქრომული. მათში იგრძნობა ავტორის მახვილი კომპოზიციური ალღო. განურცევლად ზომისა, ფიროსმანის ნახატებს შინაგანი მნიშვნელობა და მონუმენტურობა ახასიათებს, რითაც იგი ძველ ქართულ კედლის მხატვრობას ენათესავება. ფიროსმანის შემოქმედება       ფიროსმანის მემკვიდრეობის გაცნობისას ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა მრავალფეროვნება, ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა და შეგნებული თანმიმდევრობა.       ფიროსმანის შემოქმედებამ XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე, როდესაც ხელოვნებაში მწვავედ დაისვა ქართული ეროვნული ფორმის ძიების საკითხი, დიდი გამოძახილი ჰპოვა ქართველ მხატვართა ახალი თაობის წარმომადგენლებში, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ფიროსმანი ეორვნულ ნიადაგზე აღმოცენებული მხატვარია.       ფიროსმანის თემატიკა აღბეჭდილია იმ აგრემოთი, რომელშიც უხდებოდა მას ცხოვრება. მის შემოქმედებაში დიდია დგილი უკავია ქეიფის სცენებს, რომლებიც არსებითად თბილისელ ვაჭარ-ხელსანთა, მიკიტნების, ზოგჯერ თავადების ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენენ ("ბეგოს კამპანია", "ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან", "თავადების ქეიფი მინდვრად", "ხუთი თავადის ქეიფი", 1906, თბ., საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილი პეიზაჟის ფონზე ("სვირი", საქართველოს ხელოვნების მუზეუმი) ან ჩართულია მრავალფიგურიან "პანორამულ" კომპოზიციებში ("ვერის ხიდი", "კახეთის ეპოსი", "ქეიფი რთველში"). თემატურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები. ნიკალას იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება ("რთველი", "დღეობა ბოლნისში", "გლეხის ქალი ვაჟით", "გლეხკაცი ვაჟით", "წყალზე მიმავალი ბავშვებიანი დედაკაცი", "კალოობა" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). მხატვარს იშვიათად იზიდავდა ქალაქური პეიზაჟები ("ბათუმი", "ფუნიკულიორი" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).       განსაკუთრებული პოეტური შთაგონებით არის აღბეჭდილი ფიროსმანის მიერ დახატული ღამის სცენები ("არსენალის გორა ღამით" - მოსკოვი, კერძო კოლექცია, "ყაჩაღმა ცხენი მოიპარა", "დათვი მთვარიან ღამით" - საქართველოს სხელოვნების მუზეუმი). მკვეთრი სოციალური დახასიათებებით გამოირჩევა ფიროსმანის მიერ თილისელი ხელოსნების, მედუქნეების, კინტოების, ბოჰემის წარმომადგენელთა, აგრეთვე მუშების პორტრეტები ("გოგონა საჰაერო ბუშტით" - მოსკოვი, კერძო კოლექცია; "მდიდარი კინტოს შვილი", "მეეზოვე", "ორი მუშა", "აქტრისა მარგარიტა", "ორთაჭალის ტურფები", "მუშა სოსო", "მებადური" - საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). სოციალური კონტრასტი ბრწყინნვალედ არის წარმოჩენილი სურათში "უშვილო მილიონერი და ღარიბი ქალი შვილებით" (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).       ფიროსმანი პირველი ქართველი ანიმალისტია. იგი ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-მორალურ აზრს აქსოვდა. განსაკუთრებულად შთამბეჭდავად აღქმება მისი "ირემი", "ჟირაფი", "თეთრი ღორი გოჭებით", "შავი ტახი", "თეთრი დათვი", "არწივს კურდღელი დაუჭერია" და სხვ. (საქართველოს ხელვონების მუზეუმი).       ფიროსმანს ძლიერ იზიდავდა ისტორიული თემები და პერსონაჟები ("რუსთაველი", "თამარ მეფე", "ერეკლე II", "გიორგი სააკაძე", "შეთე გზას უჩვენებს ბარიატინსკის შამილის დასაჭერად" და სხვ.). ნიკალას ზოგიერთი სურათი ქართული თეატრის სპექტაკლებით არის შთაგონებული (დ. ერისთავის "სამშობლო", ვ. განუას "და-ძმა"). ფიროსმანი და პიკასო       ფიროსმანის შემოქმედება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა უცხოელ მხატვართა წრეებში, მისით აღტაცებული ყოფილა დიდი პაბლო პიკასო. 2008 წლის 6 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და საფრანგეთის იონის მხარის გენერალური საბჭოს პრეზიდენტმა სენატორმა ჰენრი დე რენკურმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის ხელშეკრულებას, რომელიც ფიროსმანისა და პიკასოს გამოფენების მოწყობას ეხებოდა. 30 ოქტომბერს საფარნგეთის ქალაქ ვეზელეს ზერვოსის მუზეუმში ნიკო ფიროსმანიშვილის გამოფენა გაიხსნა, 2009 წელს კი სიღნაღის მუზეუმმა პაბლო პიკასოს გამოფენას უმასპინძლა. რაც დრო გადის, ამ გენიალური მხატვრის პოპულარობა უფრო და უფრო მატლობს და ეს სავსებით კანონზომიერია. ახალგაზრდა მეთევზე მეთევზე / მებადური ქართველი ქალი დაირით უშვილო მდიდარი და ღარიბი ქალი შვილებით მოსამსახურე ბიჭი რთველი დედა და შვილი მამა და შვილი ქართველი ქალი შვილებით ქალს მოაქვს სააღდგომო კვერცხები ქალბატონი ყვავილითა და ქოლგით ვედრება წმინდა გიორგისადმი პატარა გოგონა ბუშტით საოჯახო ლხინი აქტრისა მარგარიტა ქალი ლუდით ლომი და მზე ბატკანი და სააღდგომო სუფრა შველი სეირნობისას არწივმა კურდღელი დაიჭირა 1914 გარეული ტახი ირმების ოჯახი 1917 შველი პეიზაჟის ფონზე კრავი / ცხვარი დედა დათვი ორი ბელით თეთრი ღორი გოჭებით დამჯდარი ყვითელი ლომი 1917 თეთრი ძროხა შავ ფონზე თათარი აქლემით ჟირაფი მამალი, დედალი, წიწილები მეცხვარე / მწყემსი ქალი წველის ძროხას კალოზე მკურნალი სახედარზე მატარებელი თბილისის ფუნიკულიორი ზღვის ნაპირი ბათუმში დღესასწაული მდინარე ცხენისწყალზე შავი ზღვის ხედი ვენახი ცხოვრების სტილი …
დაამატა ლაშა to ხელოვნება at 3:06pm on დეკემბერი 28, 2012
თემა: კულტურისა და ადამიანის კრიზისი
სმულა. ეს არ არის შემთხვევითი. ჩვენი საუკუნე განსაკუთრებით მწვავედ აყენებს კაცობრიობის ბედის, ადამიანისა და მის ქმნილებათა საკითხს, რადგან გამოირკვა, რომ ადამიანის სამყარო არც ისე მყარი ყოფილა, როგორც აქამდე ფიქრობდნენ. ამ ვითარებას ასე ახასიათებს ბერდიაევი: ჩვენ ვეღარ ვგრძნობთ სამყაროს ჰარმონიას, ჩვენ ამოვარდნილნი ვართ საერთო რიტმიდან... სამყარო, ჩვენი პლანეტა შეირყა, ადამიანს აღარა აქვს ფეხქვეშ მყარი ნიადაგი, რომელიც მას სამყაროს წესრიგთან დააკავშირებდა. "ჩვენს დროში, სამყაროს აგონიის დღეებში, მწვავედ იგრძნობა, რომ გადაულახავი წინააღმდეგობებით დაფლეთილ, დაცემულ სამყაროში,... დანაშაულისა და ფანტაზმების სამყაროში ვცხოვრობთ... ადამიანს ყოველი მხრიდან საფრთხე ემუქრება, მან არ იცის, რა იქნება ხვალ" ...       აღნიშნული საფრთხის შეგრძნებამ განაპირობა კულტურის ფილოსოფიის წარმოშობა, რომლის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები (შპენგლერი, კლაგესი, ჰაიზინგა, ვებერი, კაიზერლინგი და სხვ.) ცდილობენ განჭვრიტონ კულტურისა და ცივილიზაციის ბედი. "ჩვენს დროში არ არსებობს უფრო მწვავე თემა ცხოვრებისა და შემეცნებისათვის, ვიდრე კულტურისა და ცივილიზაციის თემა... ეს თემა ჩვენს მომავალ ბედს ეხება, ხოლო ადამიანს ისე არაფერი აღელვებს, როგორც თავისი ბედი" .       კაცობრიობის წინაშე დღეს ორი ძირითადი საკითხი დგას. ესაა აწმყოს განსაზღვრა, ადამიანის ადგილის პოვნა თანამედროვე სამყაროში და მომავლის გაგება. პირველი კითხვა დასავლეთის ოცი ცნობილი მოაზროვნის კრებულში იასპერსის სიტყვებითაა ფორმულირებული: "სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?"       ეპოქისა და ადამიანის მუნყოფიერების დიაგნოზირებისათვის განმსაზღვრელია კითხვა "სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?" მოაზროვნეთა უმრავლესობა აღიარებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის სიძნელესა და თვით კითხვის სირთულეს. პიპერის თქმით, "თვით ეს კითხვა არის პრობლემური", რადგან იგი მოითხოვს პასუხს, რომელიც გააშუქებს აწმყოს არა რომელიმე მხრით (ტექნიზაცია, ურბანიზაცია, კოლონიალიზმის დასასრული და სხვა), არამედ მთლიანად. სად ვიმყოფებით, ისტორიული გზის დასაწყისსა თუ ბოლოში? პასუხი ამ კითხვაზე მოითხოვს მთელი გზის ცოდნას, "რაც ერთ წერტილზე მყოფს არ შეუძლია. ამიტომ საზრისიანი პასუხის გაცემა ამ კითხვაზე შეუძლებელია".       პიპერის აზრით, პრობლემურია არა მარტო მთლიანად აღებული კითხვა, არამედ მასში შემავალი ყოველი ელემენტი. კითხვა ეხება გარკვეულ სუბიექტს "ჩვენი სახით", მაგრამ ვის ვგულისხმობთ მასში: ევროპელს, კაცობრიობას თუ ცალკეულ ინდივიდს? პიპერის აზრით, კითხვის დამსმელი უნდა იყოს ინდივიდი და მას შეუძლია უპასუხოს ამ კითხვას სიკვდილთან მიახლოებაზე მითითებით. ეს პასუხი თუმცა მართებულია, მაგრამ არსებითად ამ კითხვის პასუხი არაა. დასმული კითხვა პასუხად გულისხმობს, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილამდე მიაღწიოს მიზანს. ეს კი ადამიანის გონების შესაძლებლობებს აღემატება, "ამიტომ არავის ძალუძს თქვას, სად ვიმყოფებით ჩვენ ამჟამად". თუ ევროპელზე ან მთელ კაცობრიობაზე გავავრცელებთ ამ კითხვას, უნდა ითქვას, რომ "ჩვენ საერთოდ არ ვიმყოფებით ერთ რომელიმე წერტილზე, ჩვენს მოგზაურობას არა აქვს გაჩერების წერტილები, ამიტომ თუ შეიძლება საზრისიანი იყოს კითხვა _ "სად ვიმყოფებით დღეს ჩვენ?" პასუხი იქნება: "ჩვენ... არ ვიცით საით მიდის კაცობრიობა და, მაშასადამე, არც ის ვიცით, სად ვიმყოფებით დღეს" .       საკითხის სტრუქტურა ისეთია, რომ იგი მთელ კითხვაზე პასუხის გაცემამდე დიფერენცირებასა და თითოეული კომპონენტის ცალ-ცალკე განხილვას მოითხოვს. შელსკის აზრით, კითხვაში "სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?" ყველა სიტყვა გასარკვევია, ამიტომ მასზე პასუხი ყოველთვის სუბიექტური იქნება. "სად?" უკვე მოითხოვს პასუხს კითხვაზე, თუ რა უნდა იყოს ამოსავალი: ადამიანის გაწმინდანება, კეთილდღეობა, ჰუმანურობა თუ ბუნებაზე ბატონობა. გარდა ამისა, კითხვაში "სად ვიმყოფებით?" გაუგებარია ადამიანი მოძრაობის სუბიექტად იგულისხმება თუ ობიექტად. კიდევ უფრო გაურკვეველია, ვინ უნდა ვიგულისხმოთ "ჩვენის" ქვეშ? კაცობრიობა? ევროპელები? გერმანელები? ყოველ მათგანს ხომ განსხვავებული სოციალური ცნობიერება აქვს, რომელიც ამ კითხვას აზრს აძლევს. ასევე პრობლემურია, რა იგულისხმება სიტყვაში "დღეს", 1960 წელი თუ სხვა დრო? იქნებ ეს კითხვა არ ეხება ადამიანის მთელ ექსისტენცს, არამედ ყურადღებას მისი ცხოვრების რომელიმე მხარეზე ამახვილებს. ყოველ შემთხვევაში, შელსკის აზრით, ჩვენ ამჟამად არ შეგვიძლია მასზე პასუხის გაცემა. ეს საერთოდაც შეუძლებელია, რადგან იგი ეხება წუთიერს, რომლის მოხელთება და განსაზღვრა არ ხერხდება. მიუხედავად ამისა, შელსკის არ მიაჩნია უაზრობად ასეთი კითხვის დასმა.       ყოველივე ეს გარკვეულ ეჭვს ბადებს: იქნებ კითხვა მცდარად არის დასმული და ამიტომ ვერ შეძლო ადამიანმა მასზე პასუხის გაცემა? აქედან გამომდინარე, იუნგერი მოითხოვს დასმულ კითხვას კითხვითვე ვუპასუხოთ. კითხვას _ "სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?" საპირისპირო კითხვამდე მივყავართ _ "საერთოდ ვიმყოფებით სადმე?" ცხადია, ადამიანი მოძრაობს, მაგრამ ეს არ გამოიხატება გადაადგილებით ანდა სხვა რაიმე ცვალებადობით. მისი მოძრაობა ყოველთვის მასზე არ არის დამოკიდებული. იგი ხშირად მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება. ამ ფაქტთანაა დაკავშირებული როგორც შიში, ასევე იმედი.       აწმყო არა ჰგავს წარსულს, ამიტომ პიკარდის აზრით, წარსულის ანალოგიით აწმყოს გაგება შეუძლებელია. პირიქით, აწმყომ უნდა მოჰფინოს შუქი წარსულს, აწმყომ უნდა გაანათოს იგი ჩვენთვის. ანტიკური შიში და სიცარიელე შეუძლებელია შევადაროთ დღევანდელს. ადამიანის სამყაროს გაფართოებამ აწმყო დიდ პოტენციალთა სფეროდ აქცია. მათი რეალური გამოთვლა ან მათი საშუალებით ადამიანის სიტუაციის განსაზღვრა იმდენად ძნელი გახდა, რომ მასზე უარს ამბობენ. ადამიანის პოტენციალი იქცა რაღაც ირაციონალურ ძალად, რომელიც გაგებას არ ექვემდებარება. ასეთ ვითარებაში, მაქს პიკარდის აზრით, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ადამიანი კი არ იმყოფება, არამედ "გადაგდებულია პოტენციალში", ხოლო როპკეს თქმით, მართალია, ძნელია აწმყოს ლაბირინთებში ორიენტირება, მაგრამ მაინც აუცილებელია საკითხის დაყენება და მასზე პასუხის გაცემა საკაცობრიო მასშტაბით, ვინაიდან "კაცობრიობის ბედი ამჟამად ისე დაუკავშირდა კონტინენტალურ ხალხთა ჯგუფების ბედს და ისე მჭიდროდ შეერწყა მას, რომ კითხვა "სად ვიმყოფებით ჩვენ?" მხოლოდ მთელის საშუალებით შეიძლება გაირკვეს".       უპირველეს ყოვლისა, ხაზს უსვამენ ადამიანის მარტოობასა და სიცარიელეს ტექნიკის არნახული აღმავლობის ეპოქაში. ადამიანს, რომელმაც ყველაფერს მიაღწია, არაფერი აღარ უკვირს, მისთვის ყველაფერი ბუნებრივი გახდა, მას არაფერი იზიდავს, არაფერი ახარებს. იგი გულგრილია ყველაფრის მიმართ. "რაღაც მოკვდა ჩვენს სულში, ყოველგვარი აღტყინება და აღფრთოვანება გაქრა. ჩვენ ძლივს ვიგონებთ მათ, რადგან დავბერდით და სულიერად გავიყინეთ". ფრანკის თქმით, ჩვენ იმ მოხუცებს ვგავართ, რომლებიც გაკვირვებით იგონებენ ჭაბუკობისდროინდელ უგონო გატაცებას. "ჩვენ დავაბიჯებთ ევროპის დედაქალაქთა ლამაზ, კეთილმოწყობილ ქუჩებში, რომლებიც ოდესღაც ასე გვხიბლავდა და გვაღელვებდა, დღეს კი არ გვესმის, რა არის მათში კარგი. ასფალტის სწორი ზედაპირი, უნიათო არქიტექტურის ერთფეროვანი მაღალი სახლები. ზმუილით დაქრიან ავტომობილები, რომლებიც უსაქმურ დარდიმანდებს, ძუნწ სპეკულანტებსა და სულით ღატაკ საქმოსნებს დაატარებენ. ყოველ შენობაში ათობით და ასობით მეშჩანურად მოწყობილი ერთგვაროვანი ბინაა, რომლებშიც ირევა ოჯახურ უჯრედებად დანაწევრებულ ადამიანთა საჭიანჭველო. რა უნდა გვიხაროდეს ჩვენ? ირგვლივ მოწყენილობაა, საშინელი მოწყენილობა... ჩვენ უკვე აღარ გვახარებს მეცნიერების პროგრესი და მასთან დაკავშირებული ტექნიკის განვითარება. მოგზაურობა ჰაერში _ ეს ჩიტის გაფრენა, რომელზედაც კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ცნებობდა, უკვე ყოველდღიური მოვლენა გახდა. მაგრამ ვის რაში სჭირდება ეს, თუ მთელ სამყაროში მოწყენილობა, გამოუვალი სულიერი მარტოობა და უშინაარსოობა ბატონობს?" საერთოდ საჭიროა თუ არა ადამიანის ბედნიერებისათვის ტექნიკის ასეთი უსაზღვრო განვითარება? "ადამიანის გადაქცევა ნივთის, მანქანის, ტელეფონისა და სხვა მის ნაწარმთა და მკვდარ საშუალებათა მონად? ჩვენ არგაგვაჩნია პასუხი ამ კითხვებზე, მაგრამ გვაქვს ეჭვი და უნდობლობა, რომელიც ადრე უცნობი იყო" .       უწინ ადამიანი ნდობით უყურებდა სამყაროს. მისი ცხოვრება სამყაროსადმი რწმენით იყო ნასაზრდოები. ბუბერის თქმით, ახლა რწმენა შეირყა და ნდობა დაიკარგა. ადამიანები ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილნი. ისინი ვერ პოულობენ საერთოს, ამიტომ დაბნეულები უიმედოდ შესცქერიან მომავალს. იასპერსის აზრით, ეს იგივეა, იჯდე მოქმედ ვულკანზე და ელოდებოდე მის ამოფრქვევას. წარსული კულტურები გაქრა, დღევანდელს კი საფრთხე ემუქრება. ამიტომ ვინც წინ იხედება, მას ყოველივე უაზროდ ეჩვენება, ისიც, რასაც ახლა აკეთებს.       ადამიანის ეს შინაგანი სიცარიელე, მისი მარტოობისა და მოწყენილობის გრძნობა არ არის გამოწვეული მხოლოდ შინაგანი სამყაროს ცვლილებით. შეიცვალა გარესამყარო სოციალური გარემოს სახით. ადამიანს აღარა აქვს საყრდენი წერტილი გაფაშრებულ გარესამყაროში. "ჩვენ გამოკიდებული ვართ ჰაერში უცნაურ სიცარიელესა და ბურუსს შუა და ბობოქარი სტიქია, რომელიც ჩანთქმას გვიქადის, ვერ გაგვირჩევია მყუდრო ნაპირისაგან, სადაც შეიძლებოდა ნავსაყუდარი გვეპოვა". გარემო, რომელმაც მოამზადა ადამიანის სულიერი კატასტროფა, თვითონაც კატასტროფულია. ჰაიზინგას სიტყვებით, ჩვენ ვცხოვრობთ მძვინვარე სამყაროში... ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ჩვენი დროის სიგიჟე გაცოფებამდე მივა, რომელიც შთანთქავს ღარიბ ევროპულ კაცობრიობას... ძრავები იგუგუნებს, დროშები იფრიალებს, მაგრამ გონი მოკვეთილი იქნება. საყოველთაო ეჭვი სოციალური სისტემისადმი, რომელშიც ვცხოვრობთ, უსაზღვრო ძრწოლა უახლოესი მომავლის წინაშე... არ არის სიცოცხლის შეუბრალებელი წვის გრძნობა. ეს არის კარგად მოფიქრებული მოლოდინი, დაფუძნებული აღქმასა და მსჯელობაზე, ჩვენს შემავიწროებელ ფაქტებზე. ის, რასაც ოდესღაც თაყვანს ვცემდით, დღეს საოცრად მერყევი და არასაიმედო გახდა .       შინაგანი და გარეგანი სამყაროს შერყევა ნიშნავს მთელი სამყაროს ტრაგიკულობას. სამყარო არა მარტო შეგრძნებით არის ტრაგიკული, არამედ თავისი ყოფიერებითაც. გარდა აუტანელი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისა, ბერდიაევის აზრით, სამყარო სულიერ დეგრადაციას განიცდის. ადამიანი გახდა უგონო. მას დაეუფლა დემონური კოსმოსური და სოციალური ძალები. თანამედროვე დეჰუმანიზაციას კაცობრიობა სიგიჟემდე მიჰყავს .       რელიგიურად მოაზროვნე პიპერის აზრით, უკვე დასრულდა ქრისტიანული ერა და დადგა ანტიქრისტეს ბატონობის პერიოდი. ეს არის ტოტალიტარული ბატონობის, ტოტალური პროპაგანდისა და გლობალური ომების ეპოქა. როგორც ექიმი დაავადების სიმპტომების საფუძველზე სვამს დიაგნოზს, ასევე თანამედროვე მოაზროვნეებიც ახდენენ ეპოქის დიაგნოზირებას: "ჩვენ ფაქტობრივად განვიცდით როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე მთელი კულტურის ღრმა კრიზისს, რომელიც საბოლოოდ... თვით ღირებულებათა კრიზისია" .       როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, აქ საუბარია ორი ფენომენის _ ადამიანისა და კულტურის კრიზისზე. ის, რაც ამჟამად ხდება სამყაროში, არ არის ჰუმანიზმის კრიზისი _ ეს მეორეხარისხოვანი თემაა. სამყარო ადამიანის კრიზისმა მოიცვა. საკითხი ასე ისმის: ის არსება, რომელსაც მომავალი ეკუთვნის, უნდა იწოდებოდეს თუ არა ადამიანად? ჩვენ მოწმე ვხდებით კულტურისა და საზოგადოების ყველა სფეროს დეჰუმანიზაციის პროცესისა, რაც გამოიხატება ადამიანის მიერ თავისი თავის დაკარგვაში, მის გაუცხოებაში.       რაც შეეხება კულტურის კრიზისს, აქ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ყოველი მოაზროვნე კულტურის კრიზისის რომელიმე ასპექტს უსვამს ხაზს. ბერდიაევის აზრით, "კულტურის კრიზისი დაკავშირებულია ყოველი კულტურისათვის დამახასიათებელ არისტოკრატული საწყისთან, რომელსაც დემოკრატიზაცია და მასების ბატონობა უდიდეს საფრთხეს უქმნის. ჩვენ ვცხოვრობთ კულტურის არისტოკრატული საწყისის წინააღმდეგ პლებეური აჯანყების ეპოქაში" . ჰელმუტ ტილიკის აზრით, დღევანდელი კრიზისი ან უფსკრულამდე მიგვიყვანს, ანდა ახალ ნაპირამდე.       მოაზროვნეთა უმრავლესობა უყოყმანოდ აღიარებს, რომ დღევანდელი კრიზისი ყველაზე მწვავეა ისტორიულ კრიზისებს შორის. "მე არ ვიცნობ ისტორიაში ისეთ ღრმა და ყოვლისმომცველ კრიზისს, როგორიც ჩვენია" _ წერს ორტეგა გასეტი. ანალოგიურ აზრებს ავითარებენ შვეიცერი, ჰაიზინგა და სხვები.       ახლა გავარკვიოთ, რა იგულისხმება კრიზისში. იგი ყოფიერების სხვადასხვა მხარეს მოიცავს. შესაბამისად შეიძლება გვქონდეს "ჭარბი წარმოების ეკონომიკური კრიზისი", "იდეოლოგიური კრიზისი", "პოლიტიკური კრიზისი", "სულიერი კრიზისი", "სისტემის კრიზისი", "მეცნიერების კრიზისი", "სოციალური კრიზისი", "ადამიანის კრიზისი", "კულტურის კრიზისი" და სხვა. თითოეული მათგანი გამოხატავს რაღაც საერთოს, იგივეობრივს, რაც მათი გაერთიანების საშუალებას იძლევა ერთი ტერმინით _ "კრიზისი". რა არის ის საერთო, რომელიც ამ ცნებებს აერთიანებს? ეს არის განსაზღვრული ტიპის პროცესები, რომლებიც გარკვეულ მოვლენათა მწკრივში სიძნელეთა, დაბრკოლებათა, ზღუდეთა სახით გვევლინება. ყოველ შემთხვევაში, "კრიზისი" გამოხატავს ჩვეულებრივ მოვლენათა მსვლელობაში რაღაც არაჩვეულებრივს, ბუნებრივ მსვლელობაში _ არაბუნებრივს, ზომიერში _ უზომოს, ნორმალურში _ არანორმალურს. მაგალითად, ორგანიზმის შემთხვევაში კრიზისი შეიძლება გამოიწვიოს როგორც ორგანიზმის ზრდამ, ასევე ზრდის შეჩერებამ. ამის მიხედვით ორგვარ რღვევად პროცესს არჩევენ: ერთი გამოწვეულია ორგანიზმის ზრდითა და განვითარებით, მეორე _ ორგანიზმის გახრწნით. ერთის დაძლევა იწვევს ორგანიზმის შემდგომ ზრდას, მეორის დაძლევა კი, მართალია, ორგანიზმის განვითარების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ შესაძლებლობას გვაძლევს გავახანგრძლივოთ მისი არსებობა. ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ცნობიერების რეფლექსიასთან გარკვეულ მოვლენებზე, არამედ თვით ამ მოვლენებთან, უშუალოდ ობიექტურ სიძნელეებთან. მოკლედ რომ ვთქვათ, ობიექტური, ჩვენგან დამოუკიდებელი კრიზისული მოვლენები უნდა განვასხვავოთ ჩვენი ცნობიერების რეფლექსიისაგან ამ მოვლენებზე. ეს განსხვავება ძალაში რჩება მაშინაც, როდესაც კრიზისული მოვლენები იწვევს კრიზისულ ცნობიერებას, მაგრამ ისინი იგივეობრივნი არ არიან.       კრიზისული ცნობიერება თავის განვითარებაში შედარებით დამოუკიდებელ მნიშვნელობასაც იძენს და გარკვეულად უკუმოქმედებს ყოფიერების კრიზისზე, აღრმავებს და შემდგომ ავითარებს მას. ამიტომ ეს ორი სახე კრიზისისა _ ყოფიერების კრიზისი და კრიზისული ცნობიერება ურთიერთს განაპირობებს. განმსაზღვრელი მათ შორის მაინც ყოფიერების კრიზისია. ამრიგად, ტერმინი "კრიზისი" ნეგაციისა და ნეგატიურის გამომხატველია, მაგრამ ნეგაცია და ნეგატიური ობიექტურად მიმდინარე პროცესებში ცნობიერებას კი არ შეაქვს როგორც უარყოფითი რეფლექსია ცნობიერებისა ყოფიერებაზე (მოკლედ რომ ვთქვათ, იგი შეფასებითი დამოკიდებულება კი არაა), რამედ თვით ყოფიერებისეულია, ობიექტურია, ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებელია. ასეთი ნეგატიური პროცესები ყოფიერების სხვადასხვა მხარეს მოიცავს, ამიტომ შესაბამისად მრავალი ცნებით გამოიხატება.       ჩვენი გამოკვლევის მიზანია კრიზისის სახეობა, რომელიც ეხება სოციალური სამყაროს ძირეულ ფენომენს და რომელსაც სოციოლოგები ცნება "კულტურით" აღნიშნავენ, და მასთან დაკავშირებული ადამიანის კრიზისი.       "კულტურის კრიზისის" ცნებაში "კულტურა" უმთავრესად ფართო აზრით ივარაუდება. მოკლედ იგი იგივეობრივია სოციალურისა, ადამიანურისა. ამდენად, კულტურის კრიზისი მოიცავს მთელ ადამიანურ სამყაროს, მთელ "სოციალურ ისტორიას" გარკვეულ ეტაპზე. კულტურის კრიზისი ეხება კულტურის შემქმნელსა და მატარებელს, კულტურის სუბსტანციას ადამიანის სახით. კულტურის კრიზისი ადამიანის კრიზისია.       ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კულტურის ბუნების განსაზღვრა ადამიანის ბუნების განსაზღვრაა, კულტურის ხასიათი და სახე ადამიანის სახე და ხასიათია. ეს განაპირობებს კულტურის ფილოსოფიის ორიენტაციას ადამიანზე.       ადამიანის კრიზისის ფენომენი სხვადასხვა ტერმინით გამოიხატება. იყენებენ როგორც "კულტურის კრიზისს", ასევე "ისტორიულ კრიზისსაც". ორივე ტერმინი ერთი ცნების გამომხატველია, მოვლენათა ერთ რიგს აერთიანებს. ეს არის ადამიანისა და ადამიანური სამყაროს გაარაადამიანურება, რაც გამოხატვას ჰპოვებს ყოველ "ადამიანურ", ყოველ "კულტურულ", ყოველ "ისტორიულ" ფენომენში. ამიტომ კულტურის კრიზისის გამცნობიერებლები, მართალია, ხშირად სხვადასხვა მხრიდან აშუქებენ ამ ფენომენს, მაგრამ საბოლოოდ ერთ საერთო პუნქტამდე მიდიან _ ადამიანი არის კულტურის ცენტრი და სუბსტანცია. ყველა გზა ადამიანისაკენ მიდის. კულტურისა თუ ისტორიის კრიზისი ადამიანის კრიზისია. იგი განსხვავდება ყველა სხვა სახის კრიზისისაგან. კულტურის კრიზისი მოიცავს სხვა სახის კრიზისებს, მაგრამ იგი მათი უბრალო ჯამი როდია. იგი უფრო მეტი და ღრმაა, ვიდრე რომელიმე მათგანი ცალ-ცალკე ან ყველანი ერთად. იგი ეხება მთელ სოციალურ სამყაროს და არა მის რომელიმე მხარეს.       ადამიანური სამყაროს კრიზისი აისახება ცნობიერების მიერ. ეს არის ადამიანის ცნობიერება და იმ სამყაროს ნაწილი, რომლის კრიზისსაც ის ასახავს. საკითხი ისმის _ არის თუ არა ცნობიერება იმავე კრიზისული ნიშნების მქონე, რაც მის ასახულ სამყაროს გააჩნია. ცნობიერების მიერ კრიზისის ასახვა ნიშნავს ცნობიერებაში იმ რეალური ვითარების გამოხატვას, რომელიც მისგან დამოუკიდებლად არსებობს, მაგრამ ცნობიერება არ დაიყვანება სინამდვილის უბრალო ფიქსაციამდე. ცნობიერება არა მარტო ასახავს არსებულ ვითარებას, არამედ გარკვეულ რეაგირებასაც ახდენს მასზე, განსაზღვრულ პოზიციას იჭერს მის მიმართ. ამიტომ საკითხი კრიზისის ამსახველი ცნობიერების ხასიათის შესახებ გადაწყდება არა იმის მიხედვით, ასახავს თუ არა ის კრიზისს, არამედ იმ პოზიციის საფუძველზე, რომელსაც იგი იჭერს მის მიმართ. კრიზისის ასახვა, მისი გაცნობიერება ცნობიერებას აქცევს კრიზისის ცნობიერებად, მაგრამ კრიზისის ცნობიერებაში არ ჩანს ცნობიერების პოზიცია კრიზისის მიმართ. ცნობიერების პოზიცია კრიზისის მიმართ ერთ შემთხვევაში იმით გამოიხატება, რომ კრიზისის აღიარების შემდგომ ცნობიერება ეძებს მისი დაძლევის გზებს, ის თვითონ კრიზისის გარეთ დგება და არ ექვემდებარება კრიზისულ ვითარებას. ცნობიერება მაღლდება კრიზისზე. ასეთი ცნობიერება კრიზისის გაცნობიერებაა ისე, რომ მას არ ახასიათებს კრიზისი. სხვა ვითარებაა, როდესაც კრიზისის ამსახველი ცნობიერება თვითონაც ექვემდებარება კრიზისს, ვერ ხედავს მისგან გამოსავალს და თვითონვე ხდება კრიზისული სინამდვილის შემადგენელი ელემენტი. ასეთი ცნობიერება არა მარტო კრიზისის ცნობიერებაა, არამედ კრიზისული ცნობიერებაც და ეს არის მისი არსებითი განსხვავება პირველი სახის ცნობიერებისაგან.       კრიზისულ ცნობიერებას ხშირად "აპოკალიფსურ ცნობიერებას" უწოდებენ, რაც თავისებურად სწორად გამოხატავს მის ბუნებას.       კულტურის კრიზისის მრავალფეროვან თეორიათაგან განვიხილოთ ერთ-ერთი მათგანი _ ჰაიზინგას თეორია. ამ მეტად საინტერესო მოაზროვნემ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე მოგვცა კულტურის კრიზისის დაწვრილებითი ანალიზი. მან კულტურის კრიზისი გააცნობიერა არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის თვალთახედვითაც და მთელი ფენომენი განიხილა როგორც კრიზისული.       ჰაიზინგა კრიზისს ახასიათებს როგორც ადამიანის სამყაროს გაფაშრებას და აღნიშნავს მე-20 საუკუნის კრიზისული ცნობიერების სპეციფიკას. კრიზისული ცნობიერება მე-19 საუკუნეშიც არსებობდა, მაგრამ იგი არ იყო გაბატონებული _ დეკადენტური განწყობილება უმთავრესად ლიტერატურული მოდა იყო. მომავლის რწმენა ადამიანებმა მე-20 საუკუნეშიც _ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პირველ წლებამდე შეინარჩუნეს. მხოლოდ ამის შემდეგ მოიცვა ცნობიერება კულტურის კრიზისმა, ამის შემდეგ გახდა იგი კრიზისული, რამაც პირველი სერიოზული გამოვლენა ჰპოვა შპენგლერის ნაშრომში "ევროპის მზის ჩასვენება". ჰაიზინგა უარყოფს იმ მოსაზრებას, თითქოს დღეს კრიზისის ცნობიერების ასეთი საყოველთაობა გამოწვეული იყოს კრიზისის გამოსახატად იმ მძლავრი მეცნიერული აპარატის არსებობით, რომელიც წარსულ ეპოქებს არ გააჩნდა. ცნებათა სისტემამ, რასაკვირველია, შესაძლებელი გახადა კრიზისის უფრო ნათელი დასურათება, მაგრამ ძირითადი განსხვავება წარსულისა და აწმყოს კრიზისის გამომხატველ ცნობიერებას შორის თვით ამ კრიზისთა განსხვავებაშია.       ჰაიზინგა გამოყოფს სამ დიდ კრიზისს, რომელთაც ადგილი ჰქონდათ ანტიკურობიდან შუა საუკუნეებზე გადასვლის პერიოდში, შუა საუკუნეებიდან ახალ დროზე გადასვლისას და მე-18 _ მე-19 საუკუნეთა მიჯნაზე. სამივე კრიზისი წარსულს ეკუთვნის და მათი აცნობიერება ჭირს, რადგან ჩვენ ცოტა რამ ვიცით მათი მიზეზების შესახებ. ჰაიზინგას აზრით, კრიზისი გვაქვს არა მარტო მსხვრევის ეპოქებში, არამედ კულტურის ინტენსიური ქმნადობის პერიოდშიც. მოვიგონოთ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებით მდიდარი მე-15 (სამყაროს აგებულების შესწავლა, ეკლესიის გათიშვა, კულტურის აყვავება და სხვა) და მე-19 საუკუნეები. ისტორიის სეისმოგრაფი ორივეში იპოვის მძლავრ მოძრაობას. მიუხედავად ამისა, მოვლენათა ღრმა ანალიზი გვარწმუნებს, რომ წარსულის კრიზისებმა "საზოგადოების საფუძვლები გაცილებით ნაკლებ შეანჯღრია, ვიდრე ამჟამად". მაშინ კიდევ ჩანდა იმედი, იდეალი, მსხვრევის საშიშროება არ ემუქრებოდა მთელ კულტურას. არ შეინიშნებოდა მძაფრი სოციალური ძვრები, მწვავე კლასობრივი ბრძოლები. აქედან გამომდინარე, წარსული კრიზისები ნაკლებად გამოდგება ახლანდელი კრიზისის გასაგებად. ამიტომ ისტორიული პარალელი გამოუსადეგარია. ჰაიზინგა ილაშქრებს შპენგლერის ანალოგიის პრინციპის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ აწმყოს კრიზისი მხოლოდ აწმყოს ანალიზით გაიგება. ეს არ ნიშნავს კრიზისის მოწყვეტას ისტორიული წარსულისაგან და წარსულის კრიზისთა იგნორირებას. ჰაიზინგასათვის "კულტურის კრიზისი არის ისტორიული ცნება. ამიტომ მხოლოდ ისტორიის შემოწმებით, წარსულთან შედარებით შეიძლება მივანიჭოთ ამ ცნებას ობიექტური შინაარსი, რადგან ჩვენ ვიცნობთ ძველი კულტურის კრიზისების არა მხოლოდ დასაწყისსა და მსვლელობას, არამედ საბოლოო შედეგსაც" .       ჰაიზინგა აცნობიერებს კულტურის ფენომენის განსაზღვრის, მისი საზღვრების დადგენის სიძნელეს და, აქედან გამომდინარე, კულტურის ცნების ერთმნიშვნელოვნად და ამომწურავად განსაზღვრის შეუძლებლობასაც. იგი კულტურის ცნების განსაზღვრის ნაცვლად ცდილობს გააანალიზოს კულტურის ძირითადი ნიშნები, როგორც კულტურის პირობები. მაშასადამე, საკითხი ეხება იმ ღირებულებებს, რომელთა გარეშე ფენომენი ვერ დაიმსახურებს კულტურის სახელს. ასეთ ღირებულებათა მწკრივში ჰაიზინგა, უპირველეს ყოვლისა, ასახელებს სხვადასხვა სახის ღირებულებათა წონასწორობას. კულტურაში არსებული სულიერი და მატერიალური ღირებულებანი ურთიერთშესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი. ამ სულიერ ღირებულებებს, თავის მხრივ, აქვს ინტელექტუალური, მორალური, ესთეტიკური და სპირიტუალური ქვეღირებულებანი. წონასწორობის დაცვა აუცილებელია მათ შორისაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჰარმონია დაირღვევა მთელში. ჰარმონია საბოლოოდ თავის გამოხატვას პოულობს საზოგადოების ცხოვრების წესში, რიტმში. ამრიგად, კულტურის პირველი ძირეული ნიშანია ღირებულებათა ჰარმონია.       კულტურის მეორე ძირითადი ნიშანია სწრაფვა. კულტურა არის ყოფიერება, წარმართული ერთობლივი იდეალისაკენ. ერთობლივი იდეალი უფრო მეტია, ვიდრე ინდივიდის იდეალი, მაგრამ ის არ არის ერთსახოვანი. ერთობლივ იდეალში შეიძლება იგულისხმებოდეს გონითი, სულიერი, ღვთისეული იდეალები, თავისუფლება, შემეცნება, ძალაუფლება, სიდიადე, სიმდიდრე, კეთილდღეობა, ჯანმრთელობა. მათი დაჯგუფება შეიძლება გონით, შემეცნებით, საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და ჰიგიენურ იდეალებად. ნებისმიერ შემთხვევაში კულტურის წევრთათვის იდეალი წმინდაა.       კულტურის მესამე ძირითადი ნიშანია ბუნებაზე ბატონობა. "კულტურა ნიშნავს ბუნებაზე ბატონობას". ადამიანი თავის სამსახურში აყენებს ბუნებას. ის არის მწარმოებელი ადამიანი. ბუნება მის ხელში ხდება იარაღი მისი ყოფიერების დასაცავად. ბუნება არ უნდა გავიგოთ მხოლოდ ობიექტურ ყოფიერებად. ადამიანსაც აქვს თავისი შინაგანი ბუნება და კულტურა მასზე ბატონობასაც ისახავს მიზნად. ადამიანი ცდილობს გაბატონდეს მის ცნობიერებაში არსებული დანაშაულის შესაძლებლობაზე და მას უპირისპირებს მოვალეობას. აქ ძირითადი ხდება "სამსახურის" ცნება. ადამიანის გონში სამსახურებრივი მოვალეობის დანერგვა არის კულტურის ერთ-ერთი ძირითადი პირობა. ამ ნიშანთა გაერთიანების ბაზაზე ჰაიზინგა კულტურას განსაზღვრავს როგორც ადამიანთა ერთობის მიზანდასახულ მოქმედებას, მიმართულს ბუნებაზე გაბატონებისაკენ მატერიალურ, მორალურ და გონით სფეროებში, რომლის შედეგები ბუნებრივ ურთიერთობაზე ურთიერთობათა შედეგებზე უკეთესია. იგი ხაზს უსვამს სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა ჰარმონიულ წონასწორობას და ჰომოგენურად განსაზღვრულ იდეალს, რომლისკენაც ისწრაფვიან საზოგადოების წევრები.       თანამედროვე ვითარების დასახასიათებლად საჭიროა გაირკვეს, არის თუ არა განხორციელებული კულტურის ეს ძირეული პირობები. როგორც აღნიშნული იყო, ერთ-ერთ პირობას შეადგენს ბუნებაზე ბატონობა, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ბუნებასა და ადამიანის შინაგან ბუნებაზე ბატონობად. გარე ბუნებაზე ბატონობა ეჭვს არ იწვევს, რასაც მოწმობს ბუნების მეცნიერებათა და ტექნიკის განვითარება. სხვა მდგომარეობაა შინაგან ბუნებაზე ბატონობის მხრივ. ადამიანი ვერ გაბატონდა საკუთარ ბუნებაზე, კაცობრიობამ ვერ შექმნა მოვალეობათა სისტემა, რომელიც გამორიცხავდა დანაშაულს.       ასეთივე სავალალო მდგომარეობაა კულტურის მეორე ნიშნის _ იდეალთა ერთიანობის მხრივაც. ყველა ადამიანსა და სოციალურ ჯგუფს თავისი იდეალი აქვს. ღმერთის, სამართლიანობის, სიკეთისა და სიბრძნის იდეალთა მსხვრევის შემდეგ კაცობრიობამ დაკარგა საერთო იდეალი და შეიმუშავა ეროვნულ და კლასობრივ კულტურათა ცნებები. კულტურის ცნება დაექვემდებარა კეთილდღეობის, ძალაუფლებისა და უშიშროების ერთიმეორისაგან მოწყვეტილ იდეალებს, რითაც მან დაკარგა საზრისი. ასეთივე მდგომარეობაა სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა წონასწორობის მხრივაც. ჰაიზინგას აზრით, ზემოთ აღნიშნულ ღირებულებათა შორის როგორც აღმოსავლეთში, ასევე დასავლეთში წონასწორობა დარღვეულია. ორივე სფეროში არათანაბარი ინტენსიური წარმოებაა. ყველას შიშს ჰგვრის ის ფაქტი, რომ იწარმოება მასალა, რომელიც არავის უნდა. ჰარმონია დაირღვა ხელოვნების სფეროში, ბრძოლა წარმოებს სულიერ სამყაროშიც. დღეს ხელოვანი დამოკიდებულია პრესაზე, მოდასა და კომერციულ ინტერესებზე. ამრიგად, კულტურის სამი პირობიდან არც ერთი არაა განხორციელებული. ეს იმას ნიშნავს, რომ "ჩვენი ეპოქა კულტურისა და აყვავების ეპოქა კი არ არის, არამედ კრიზისისა და მზის ჩასვენების ეპოქაა".       ჰაიზინგა სვამს საკითხს: თანამედროვეობის აღქმა მუქ ტონებში ხომ არ არის ჩვენი განწყობის შედეგი? ანდა კიდევ: როდესაც ჩვენი კრიზისი ყველაზე საშინლად გვეჩვენება, ხოლო ანტიკურობა კი _ ჰარმონიის სამყაროდ, ხომ არ არის ეს გამოწვეული იმით, რომ ანტიკური ეპოქა დღევანდელობისაგან დაშორებულია და ამიტომ ჩვენთვის წაშლილია მისი რღვევადი ნიშნები. იქნებ რაღაც უმნიშვნელო დაავადებამ შეიპყრო ორგანიზმი და ამიტომ ვერ ფუნქციონირებს იგი ნორმალურად. შეიძლება თუ არა ამ ვითარების მიმართ დაისვას კრიზისის დიაგნოზი? ჰაიზინგა ფიქრობს, რომ შეიძლება. "კრიზისი, _ წერს ჰაიზინგა, _ არის ჰიპოკრატესეული ცნება. საზოგადოებისა და კულტურისათვის არ არსებობს უფრო ზუსტი შედარება, ვიდრე სამედიცინოა. უეჭველია, რომ ჩვენს დროს ახასიათებს ციებ-ცხელება და ეს ციებ-ცხელება არის კრიზისი". ჰაიზინგას აზრით, "წარმოებისა და ტექნიკის პროგრესი არ უარყოფს კრიზისს", რადგან მათი ზრდა საბოლოო მიზნის გარეშე ხდება, მაშინ როდესაც ნამდვილი პროგრესი საბოლოო ღირებულებებისაკენ სწრაფვა უნდა იყოს. ამდენად, საფუძვლიანია მტკიცება, რომ "კულტურა არსებითი წინსვლისას შეიძლება გადაგვარდეს".       ჰაიზინგას აზრით, კულტურის კრიზისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია შემეცნების იდეალის შეცვლა. აზროვნებისა და ცოდნის იდეალი შეიცვალა ცხოვრებისა და საქმის იდეალით. "კონფლიქტი ყოფიერებასა და ცოდნას შორის კულტურის კრიზისის ძირითადი მომენტია". ჭეშმარიტება დაექვემდებარა ცხოვრების ინტერესებს, ფილოსოფია და ადამიანის მთელი სულიერი მოღვაწეობა დაიმონა ცხოვრებამ, გაბატონდა ანტიინტელექტუალიზმი. თანამედროვე კულტურისათვის დამახასიათებელია ჭეშმარიტების უარყოფა და გონების შეცვლა ინსტინქტით. გონებისა და შემეცნების კულტი შეცვალა ცხოვრების კულტმა. ჰაიზინგას აზრით, ამან განაპირობა ექსისტენციალიზმის პოპულარობა. ცხოვრების ფილოსოფიამ მწვავედ დააყენა ყოფიერების დასასრულის საკითხი. ამიტომ გადაიქცა სიკვდილის ფენომენი ესოდენ ფართო განხილვის ობიექტად.       ჰაიზინგა კულტურის კრიზისის ერთ-ერთ სიმპტომად თვლის მორალურ ნორმათა დაცემას. სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც შეიქმნა გარკვეულ ისტორიულ პერიოდში, გადაგვარდა. მათ რიცხვს მიეკუთვნება სახელმწიფოც, "რომელიც დაცვის საშუალებიდან ძარცვისა და დაპყრობის იარაღად გადაიქცა". "სახელმწიფო სახელმწიფოსათვის მგელია", _ ესაა სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის პრინციპი. შეიცვალა ადამიანური მოქმედების შეფასების კრიტერიუმიც. ადამიანის თავგანწირულ მოქმედებას გმირობა ეწოდებოდა, დღეს კი გმირობა სიყალბისა და ფარისევლობის საფარი, რიტორიკული მოწოდების ობიექტი გახდა. მე-19 საუკუნეში ჰეროიკა შეცვალა დიდი ადამიანის კულტმა. მე-20 საუკუნე ისევ დაუბრუნდა ჰეროიკას, მაგრამ არა ძველი გაგებით. ჩვენს ეპოქას ჰეროიკული ტონი დასჭირდა მისი სისუსტის გამო. ჰეროიზმის რეკლამირება უკვე თავისთავად კრიზისული მოვლენაა. "საზოგადოების სამსახურის ცნებამ საბოლოოდ დაკარგა თავისი შინაარსი".       ჰაიზინგას აზრით, კრიზისის სიმპტომთა მეორე რიგს იწვევს ხელოვნება, რომელიც ანტიინტელექტუალიზმის გზას ადგას. პოეზიამ დაკარგა კრიტერიუმი ლოგიკური გაგებადობის სახით. ნიმუშად ჰაიზინგა რაინერ მარია რილკესა და პოლ ვალერის ასახელებს. სახვით ხელოვნებაში ამ მდგომარეობამ გამოხატულება აღქმადი ფორმებისადმი ზურგის შექცევაში პოვა. ასევეა მუსიკაშიც (ვაგნერი). ჰაიზინგას აზრით, ხელოვნება უფრო მეტადაა მექანიზებული და მოდერნიზებული, ვიდრე მეცნიერება. გამრავლდა "იზმები", რომლებიც მისი სახის დაკარგვასა და სუბიექტთა თვითნებობას გამოხატავს. ხელოვნების კრიზისის ნიშანია სტილის დაკარგვა. რომანული, გოთური ანდა ბაროკოს სტილი წარსულს ჩაბარდა, მათი შემცვლელი კი არ ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპოქის გაგება ხელოვნების საშუალებით სულ უფროდაუფრო შეუძლებელი ხდება. შემოქმედებაში გაქრა რაციონალური მომენტი. მთელ კულტურას ემუქრება საშიშროება. ყოველივე ეს, ერთად აღებული, არის კულტურის კრიზისის სიმპტომთა არასრული, მაგრამ არსებითი დახასიათება. ჰაიზინგა თვლის, რომ ის მხოლოდ დიაგნოზს უსვამს კულტურის ორგანიზმს და აღნიშნავს მის მძიმე დაავადებას. ეს დიაგნოზი არ ეხება კულტურის შემქმნელთ _ ადამიანებს. მათი სულიერი რაობა ცალკე მსჯელობის საგანია.       ჰაიზინგას აზრით, ადამიანი, როგორც კულტურის შემოქმედი და წყარო, დეფორმირებულ და კრიზისულ კულტურას ქმნის, რადგან თვითონაც დეფორმირებულია და კრიზისს განიცდის. აქედან გამომდინარე, კულტურის კრიზისის საფუძვლიანი ახსნა შეუძლებელია ადამიანის კრიზისის ახსნის გარეშე. ყოველივე ეს აყენებს საკითხს ადამიანის შესახებ. "დღეს ჩვენი ეპოქისა და მასთან ერთად ისტორიის ძირითადი თემა, _ წერს ბერდიაევი, _ არის ადამიანის ბედის თემა". ამიტომ კითხვა _ "სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?" გულისხმობს არა მარტო კულტურის ხასიათის განსაზღვრას, არამედ ადამიანის მდგომარეობის, მისი არსებისა და განხორციელების, მისი ყოფიერებისა და შესაძლებლობის გაგებას. საკითხი "სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?", რომელიც ისმის კულტურის მიმართ, "წინასწარ გულისხმობს პასუხს კითხვებზე: "სად იმყოფება მისი შექმნიდან ადამიანი? რაში გამოიხატება ძირითადი ადამიანური სიტუაცია? რა არის საერთოდ ადამიანი? როგორია მისი პოზიცია და რა ამოცანები დგას მის წინაშე?" .       მე-20 საუკუნის გააზრების ცენტრში "კულტურის კრიზისის" დასმა ბატაგიას თქმით, ნიშნავს "ადამიანის არსების საკითხის დასმას". ეს ნიშნავს, რომ "ადამიანს არ ესმის თავისი თავი, არ ესმის მისი ყოფიერების საზრისი", ე. ი. ადამიანი კრიზისს განიცდის. "ადამიანის, როგორც ინდივიდუუმის, კრიზისი, ამავე დროს, კულტურის კრიზისსაც ნიშნავს".       საკითხი ისმის, რა დაკარგა ადამიანმა და რამდენად დიდია ეს დანაკარგი? მარსელი შექმნილ ვითარებას ადარებს იმ ბედნიერი ქმრის მდგომარეობას, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი ბედნიერება მოჩვენებითი ყოფილა, რადგან ცოლი თურმე მთელი ცხოვრების მანძილზე ღალატობდა. ამ ადამიანისათვის უაზრო გახდა არა მხოლოდ წარსული და აწმყო, არამედ მომავალიც. ასეთივეა ბედი "კაცისა ბარაკიდან", ოღონდ განსხვავება ისაა, რომ მოტყუებულ ქმარს შეუძლია მიუთითოს თავისი რწმენის მსხვრევის მიზეზზე, ამ კაცს კი არ შეუძლია თქვას, რამ გახადა მისი ცხოვრება ასეთი უსაზრისო. მას მხოლოდ ნიჰილიზმის გზა აქვს, მისთვის ყველაფერი გახრწნის კანონს ემორჩილება, რადგან "ღმერთი მოკვდა", ხოლო ღირებულებათა გადაფასება ხდება ისეთი მასშტაბით, რომელიც მხოლოდ ვალუტის საყოველთაო დევალვაციას შეიძლება შევადაროთ. ეს იწვევს სიკვდილზე დაფიქრებასა და გააზრების ცენტრში სიკვდილის პრობლემის დასმას. ამრიგად, ადამიანის კრიზისი გამოიხატება მარტოობით, სამყაროსა და სხვა ადამიანებთან კომუნიკაციის დაკარგვით, "მე"-ს მსხვრევით, რაც სოციალურ ფონზე ნიშნავს მთელი კულტურის ღირებულებათა გაუფასურებას, გაურკვევლობას საკუთარ ძალებში. ეს ნიშნავს, რომ კითხვა _ "სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?", რომელიც ასე მწვავედ ისმის, კრიზისული სიტუაციის დამახასიათებელია.       ფრანგი პოეტი და პუბლიცისტი პოლ ვალერი შრომაში "გონის კრიზისი" აღიარებს ინტელექტუალური კრიზისის მწვავე ხასიათს, რაც გამოვლინდა ათასობით ახალგაზრდა მწერლისა და მხატვრის გონით სიკვდილში. ევროპის კულტურა დაკარგული ილუზიებით ცოცხლობს. მეცნიერება სასიკვდილოდაა დაჭრილი, იდეალიზმი _ ღრმად დაცარიელებული, რეალიზმი კი _ გულგატეხილი და დათრგუნული. "რყევა გემზე იმდენად ძლიერი იყო, რომ ბოლოს საფუძვლიანად დამაგრებული ნათურებიც გადაყირავდა". ევროპის ჰამლეტს მილიონობით ადამიანთა აჩრდილები უდგას წინ. ის ღრმად განიცდის ჭეშმარიტებათა "ყოფნა-არყოფნის" საკითხს და მიაჩნია, რომ უტყუარია სწრაფვა მარადისობისაკენ. მისთვის მნიშვნელობა დაკარგა ნებისმიერმა დიდმა ინტელექტმა. ყოველი თავის ქალა, ლეონარდოსი იქნება ის, ლაიბნიცისა თუ კანტის, კარგავს მნიშვნელობას. რა მოხდება, ჰამლეტმა რომ გადაყაროს ისინი? ეს ემუქრება ინტელექტებს, რომლებიც მოჩვენებით სამყაროდ გადაიქცნენ. ასეთ ვითარებაში შეუძლებელია სამყაროს განვითარების პერსპექტივაში რაიმე სიცხადის შეტანა. ისტორიკოსი და წინასწარმეტყველი ორივე ერთ ორმოში ზის. კრიზისი ცხადი გახდა იმით, რომ უჩვეულო ძრწოლამ შეიპყრო ევროპის ტვინი... მან მთელი თავისი აზრობრივი კვანძებით შეიგრძნო, რომ ემუქრება დაკარგვა თვითცნობიერებისა, რომელიც შეძენილი იყო საუკუნეების მანძილზე განცდილი უბედურებით. ევროპამ ამ კრიზისს უპასუხა უკანასკნელი გაბრძოლებით: მან აღადგინა ათასობით ინტელექტი, იგი დაეწაფა წიგნებს, მაგრამ ამაოდ. ინტელექტუალური შუქის მთელმა სპექტრმა გამოავლინა... ევროპის გონის აგონია.       პოლ ვალერი ევროპის კრიზისს აცხადებს არა უშუალოდ დაღუპვის ნიშნად, არამედ დაღუპვის მაუწყებლად. "ყველაფერი არ დაღუპულა, _ წერს იგი, _ მაგრამ ყველაფერმა შეიგრძნო მოსპობის საშინელება". ასეთ ვითარებაში ბუნდოვანებასა და გაურკვევლობას ძლევს კრიზისული ცნობიერებისათვის დამახასიათებელი უიმედობა. პოლ ვალერის იმედი მიაჩნია ადამიანის უძლურების მაჩვენებლად, როდესაც გონების საპირისპიროდ ადამიანი ქმნის ილუზიას, გადარჩენის მოჩვენებით გეგმებს სახავს.       სინამდვილეში არავის შეუძლია თქვას, რა მოკვდება ან რა დარჩება ლიტერატურაში, ფილოსოფიაში, ესთეტიკაში. არავინ იცის, რა იდეები და მათი გამოხატვის რა წესები შევა დანაკარგთა სიაში, რა სიახლენი გამოვა დღის სინათლეზე. ყოველ შემთხვევაში, იმედისათვის ადგილი არ რჩება. გადარჩენა შეუძლებელია. ამას ადასტურებს წარსულიცა და აწმყოც. მთელი ისტორია მხოლოდ იმის საბუთია, რომ "უზარმაზარ სასაფლაოზე მთელი კაცობრიობა დაეტევა და ცოცხალ კულტურათა ადგილს საბოლოოდ მუმიები დაიჭერენ". პოლ ვალერის კრიზისული ცნობიერების უკანასკნელი სიტყვა ასეთია: "ჩვენ ცივილიზაციები ვართ. ჩვენ ვიცით ამჟამად, რომ მოკვდავნი ვართ. გაგვიგონია ადამიანებზე, რომლებიც უკვალოდ გაქრნენ, იმპერიებზე, რომლებიც ჩაიძირა მთელი თავიანთი ადამიანებითა და ტექნიკით, საუკუნეთა სიღრმეში ჩაძირულებზე თავიანთი ღმერთებითა და კანონებით, აკადემიკოსებითა და მეცნიერებებით, კლასიკოსებით, რომანტიკოსებითა და სიმბოლისტებით, კრიტიკოსებითა და კრიტიკოსთა კრიტიკოსებით. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მთელი ხილული დედამიწა შექმნილია ფერფლისაგან... ისტორიის სიღრმეში ჩვენ ვხედავთ ფანტომებს დიდი გემებისა, რომლებიც ჩაიძირნენ... ჩვენ არ შეგვეძლო მათი გამოთვლა, მაგრამ ეს მსხვრევანი არ გვეხებოდა. ელამი, ნინევია, ბაბილონი ჩვენთვის მხოლოდ მშვენიერებით მოსილი ზღაპრული სახელებია და მათი რღვევა ჩვენთვის ისევე არაფრისმთქმელი იყო, როგორც მათი არსებობა. მაგრამ საფრანგეთი, ინგლისი, რუსეთი... ისინიც შეიძლება მხოლოდ ლამაზ სახელებად იქცნენ. ლუსიტანიაც ხომ ლამაზად ჟღერს. ჩვენ ვხედავთ, რომ ისტორიის უფსკრული საკმაოდ ტევადია ყველასათვის. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ცივილიზაცია ისეთივე სუსტია, როგორც სიცოცხლე, გარემოებანი, რომელთაც შეუძლიათ კიტსისა და ბოდლერის ქმნილებებს გააზიარებინონ მენანდრეს ქმნილებათა ხვედრი, ყველაზე ნაკლებ არის მიუწვდომელი. ნახეთ რომელიც გნებავთ გაზეთი" .       ანალოგიური აზრები ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ ევროპის ლიტერატურაში. ბაუმერს მოჰყავს ზოგიერთი მათგანი: "სამყაროს ყველა საათის ისარი ულმობლად მიიწევს წინ 12-ისაკენ" (კარლ ჰაიმი). "იყო აპრილის ნათელი, ცივი დღე და საათმა ჩამოჰკრა ცამეტი" (ჯორჯ ორუელი). "25-ე საათი _ ეს არაა უკანასკნელი საათი, ესაა უკანასკნელის შემდგომი საათი. ეს დასავლეთის ცივილიზაციაა მოცემულ მომენტში, ეს ჩვენი დღეებია" (ვირჯილ გეორგუ). "ამჟამად მე ვფიქრობ, რომ ევროპა განწირულია, რომ ისტორიის ეს თავი უახლოვდება დასასრულს" (არტურ კესტლერი) . ანალოგიურია ა. შვეიცერის მოსაზრებანი.       შვეიცერის დამსახურება კრიზისის გაცნობიერებაში მდგომარეობს, რომლითაც მან, მეოცე საუკუნეში ერთ-ერთმა პირველმა, გამოაცხადა კულტურის ფენომენის საფრთხის არსებობა. 1923 წელს გამოსულ შრომებში იგი განიხილავს კულტურის კრიზისს და უსაყვედურებს გულუბრყვილო ოპტიმიზმს, რომ ვერ ამჩნევს, არ ძალუძს გააცნობიეროს კულტურის დაქანება დაღუპვისაკენ . ყოველივე ეს კონცენტრირებულად გამოთქმულია შვეიცერის წინადადებაში: "ჩვენი კულტურა განიცდის მძიმე კრიზისს". შვეიცერი არ სჯერდება ფაქტის კონსტანტირებას. იგი აყალიბებს ამ კრიზისის ძირითად ნიშნებსა და მიზეზებს; ამავე დროს ედავება იმათ, ვისაც კრიზისის მიზეზი და შედეგი ვერ გაურჩევია ერთმანეთისაგან. ის უარყოფს იმ მოსაზრებას, თითქოს კრიზისის მიზეზი იყოს ომები; სინამდვილეში ისინი კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების შედეგია. შვეიცერის მიერ კრიზისის მიზეზებისა და ნიშნების დასურათებაში არის ერთი თავისებურება, სახელდობრ, კრიზისის ნიშანი და მიზეზი უმეტესად ემთხვევა ერთმანეთს. მიზეზი და შედეგი ერთმანეთში გადადის და ქმნის კულტურის დაცემის სურათს.       რა ნიშნებით ახასიათებს შვეიცერი კულტურის ამ დაისს? შვეიცერის აზრით, კულტურისათვის განმსაზღვრელია გონითი პროცესები და მათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსოფლმხედველობა, რომელიც იკვლევს სამყაროსა და ადამიანის საზრისს. ადამიანის სიცოცხლეს ამოცანად ესახება საკუთარი არსების წვდომა ყოფიერებისადმი უნივერსალურ ლტოლვაში. ამის საფუძველზე შვეიცერი უმაღლეს ადგილზე აყენებს იმათ, ვინც მსოფლმხედველობას შეიმუშავებს. იგი ედავება პლატონს, რომელსაც მიაჩნდა, რომ სახელმწიფო იდეალური ქმნილება იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას სათავეში ჩაუდგებიან ბრძენნი, ე. ი. ფილოსოფოსები. შვეიცერის აზრით, ადამიანის მოღვაწეობის სფეროში სახელმწიფოს მართვა არ არის უმაღლესი საფეხური. სახელმწიფოს მმართველები შემსრულებელნი არიან სხვისი განკარგულებისა, ისე, როგორც მოქმედი არმიის უმაღლესი სარდლები ახორციელებე გეგმებს, რომელთაც ისინი კი არ შეიმუშავებენ, არამედ სამოქმედო ასპარეზიდან დაშორებული გენერალური შტაბები.       ფილოსოფოსები განასახიერებენ იმ გენერალურ შტაბს, სადაც მუშავდება ეპოქის იდეები, რომელთაც ხორცს ასხამენ და ახორციელებენ ყველა სხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები მაშინაც, როცა არც კი აქვთ გაცნობიერებული ეს იდეები. კანტი და ჰეგელი ბატონობდნენ იმ ადამიანთა სულიერ სამყაროზეც, რომელთაც არც კი გაეგოთ მათი სახელები, რადგანაც ამ ორი ფილოსოფოსის მსოფლმხედველობა წარმართავდა ეპოქას. საკითხი ეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს მსოფლმხედველობა, რომ მას შეეძლოს გახდეს კულტურის შემოქმედი ძალა. მსოფლმხედველობისადმი უპირველესი მოთხოვნაა სიცოცხლისუნარიანობა: იგი არ უნდა იყოს წარსულის მემკვიდრეობის უბრალო გადმოტანა, ანდა არსებული ვითარების მჭვრეტელი და მაფიქსირებელი; იგი აქტიური უნდა იყოს სინამდვილის მიმართ; მას უნდა ჰქონდეს სინამდვილის გარდამქმნელი ძალა.       შვეიცერის აზრით, მსოფლმხედველობა არ უნდა იყოს ავტორიტარული. ყოველი პიროვნება თუ სოციალური ერთობა საკუთარი გააზრების გზით მიღებულ მსოფლმხედველობას უნდა ატარებდეს. მსოფლმხედველობა უნდა იყოს კულტურისა და ეპოქის მიერ დაყენებულ პრობლემატიკაზე საზრისიანი და გაცნობიერებული პასუხი.       მსოფლმხედველობის შესახებ შვეიცერის მოძღვრებაში ძირითადია მსოფლმხედველობის არსებისა და ორიენტაციის საკითხი. მსოფლმხედველობა უნდა არკვევდეს ადამიანის არსებას. იგი უნდა იყოს დაფიქრებული იმაზე, თუ რა ადგილი უკავია ადამიანის ყოფიერებას სამყაროს ყოფიერებაში და რა საზრისი აქვს სამყაროში ადამიანის ყოფიერებას. ამ საკითხის მიმართ ყოველგვარი გულგრილობა, შვეიცერის აზრით, მსოფლმხედველობის უქონლობას ნიშნავს. მსოფლმხედველობისათვის მთავარია, რომ იგი არის მაორიენტირებელი ძალა, რომლის განხორციელება მას მხოლოდ მაშინ ძალუძს, თუ გაარკვევს ადამიანის ყოფიერების საკითხს. ყველა სიტუაციაში ჩვენი გააზრების ძირითადი თემა საკუთარი ცხოვრების საზრისი უნდა იყოს. ამ დასკვნამდე შვეიცერი მივიდა ლევ ტოლსტოის ნაწარმოებთა გაცნობის შემდეგ, რომლებშიც ცხოვრების საზრისის საკითხის ღრმა და მრავალმხრივ მოფიქრებული დაყენებაა მოცემული. ადამიანი ყოველგვარი მოქმედების დროს, სანახაობა იქნება იგი თუ სამგლოვიარო პროცესია, იმის ნაცვლად, რომ ლაპარაკობდეს არაფრისმთქმელ ფაქტებზე, უნდა უფიქრდებოდეს ჩვენი ყოფიერების საზრისს. ამით, შვეიცერის აზრით, რადიკალურად შეიცვლება ჩვენი ყოველდღიური ყოფაც. მოკლედ რომ ვთქვათ, შვეიცერი მოითხოვს ექსისტენციალისტების მიერ დასმული კითხვების _ "ვინ ვარ მე?", "რატომ ვარ ამ სამყაროში?" და ა. შ., აგრეთვე ჩვენი ყოფიერების გარშემო თუ სიკვდილის წინაშე ძრწოლის ტოლსტოის გმირისეული განცდის უნივერსალიზაციას.       შვეიცერის აზრით, დღეს არა მარტო არა გვაქვს მსოფლმხედველობა, არამედ მისი მოთხოვნაც კი არ ჩანს. ჩვენში ჩამკვდარია იმის აუცილებლობის შეგრძნება, რომ დავაყენოთ სამყაროსა და ცხოვრების არსების საკითხი. ჩვენი მსოფლმხედველობა ამ უკანასკნელის უქონლობაა და ეს ყველაფერზე საშინელია, რადგან იგი ნიადაგს აცლის საზოგადოების ცხოვრებას საზოგადოდ. კულტურის საფუძველი განსაზღვრული ტიპის მსოფლმხედველობის სახით არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ამოიწურა კულტურის იდეალები და ის წყაროები, რომელიც მას ასაზრდოებს. მსოფლმხედველობა, რომელსაც შვეიცერი მოითხოვს კულტურისათვის, ოპტიმისტურ-ეთიკური უნდა იყოს. ასეთი მსოფლმხედველობა გამოიმუშავა მეთვრამეტე საუკუნემ, მაგრამ იგი დღენაკლული აღმოჩნდა, რადგან მისი ოპტიმიზმი იყო გულუბრყვილო, ბუნებრივი პროგრესის თეორიაზე დაფუძნებული და გამორიცხავდა პესიმიზმს, რომლის გარეშეც მსოფლმხედველობა ვერ იქნებოდა ქმედითი. ეთიკაც არ იდგა რეალურ ნიადაგზე, რადგან პიროვნების დაფუძნების ნაცვლად, მას საზოგადოების მონად აქცევდა. ეთიკა ყალიბდებოდა როგორც სოციალური და არა ინდივიდუალური ფენომენი. სამყაროსა და სიცოცხლის ყოფიერების დაფუძნების ნაცვლად მსოფლმხედველობა მიმართული იყო შემეცნებაზე და მთლიანად აგებული რაციონალიზმის პრინციპებზე; რაციონალიზმით კი სიცოცხლის საზრისის გაგება შეუძლებელია. რაციონალიზმი უნდა შევსებულიყო მისტიკით. მისტიკის უარყოფა იყო მსოფლმხედველობის დეგრადირების ერთ-ერთი მიზეზი. თანამედროვე კულტურაში დაირღვა ჰარმონია, კულტურის წარმმართველი ძალა _ გონი დაექვემდებარა მატერიალურ ელემენტს, რომელიც კულტურისათვის მეორადია. თანამედროვე კულტურა შეიძლება შევადაროთ გემს, რომელსაც მართვა დაკარგული აქვს და კატასტროფისაკენ მიექანება. გემის ცურვის შედეგი დამოკიდებულია არა მისი მოძრაობის სიჩქარეზე, ან იმაზე, თუ რა ამოძრავებს მას _ იალქანი თუ ძრავა, არამედ მისი კურსის სისწორესა და მართვის სისტემის გამართულობაზე. კრიზისშია კულტურის შემოქმედი და მატარებელი ადამიანიც. ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს თავისი ძირითადი განსაზღვრულობა, აზროვნების ნაცვლად, შთაგონებით ხელმძღვანელობს. იგი უბრალოდ იმეორებს იმას, რასაც სხვები შთააგონებენ. ეს ფაქტი მიუთითებს ადამიანის არსებით შეზღუდულობაზე _ თავისუფლებადაკარგულობაზე.       კრიზისის ერთ-ერთ ნიშანს შვეიცერი ხედავს ინდივიდსა და საზოგადოებას შორის შეფარდების შეცვლაში. კულტურის აყვავების პერიოდში ინდივიდი ქმნის იდეებსა და იდეალებს, რომელთაც მიჰყვება საზოგადოება. კულტურის კრიზისის პერიოდში კი ინდივიდები ნიველირდება და წარმმართველი ძალა ხდება მასა. საზოგადოებრივი აზრი ცვლის ინდივიდისას და ბატონდება პრესის, პროპაგანდის, ფინანსებისა და მოსყიდვის ყველა საშუალებით. შვეიცერის აზრით, როდესაც საზოგადოება უფრო ძლიერ მოქმედებს ინდივიდზე, ვიდრე ინდივიდი საზოგადოებაზე, მაშინ იწყება კულტურის დეგრადაცია და ადრე თუ გვიან იწყება კატასტროფა. რაც უფრო ვითარდება საზოგადოებრივ ინსტიტუტთა ორგანიზაცია, მით უფრო მეტი უნარი აქვთ მათ პიროვნებაზე გავლენისათვის და მით უფრო მეტად მოქმედებენ ისინი მასზე მანქანისებურად. მათში პიროვნება იკარგება. ორგანიზებულობის აუცილებელი პირობაა დისციპლინა და დაქვემდებარება (მორჩილება შესაბამისი ინსტიტუტების მიმართ), ეს კი ადამიანის თავისუფლების მტერია; რაც უფრო მეტია ორგანიზებულობა, მით უფრო ძლიერია დისციპლინა და დაქვემდებარება. შესაბამისად, მით უფრო შეზღუდულია პიროვნების თავისუფლება. ორგანიზებული ერთობა ბატონობს ინდივიდის გონზეც, რადგან ის შეიმუშავებს გარკვეულ აზრთა სისტემას, რომელსაც კოლექტივის აზრი და რწმენა ეწოდება და რომლის კრიტიკული განხილვის უფლება ინდივიდს არა აქვს, ვინაიდან ეს კოლექტივთან დაპირისპირებაა. ინდივიდი საზოგადოებიდან ღებულობს მზა იდეებს და ხდება მათი მომხმარებელი, რითაც საზოგადოება შთანთქავს ინდივიდს. შვეიცერის აზრით, ეს შუა აუკუნეების თავისებურების აღდგენაა, როდესაც რელიგია ცხადდებოდა ყოველგვარი განაზრებისაგან თავისუფალ სფეროდ და ბატონობდა აბსოლუტური დოგმატიზმი. თანამედროვე ვითარებაში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არ ეძიებს ჭეშმარიტებასა და სიმართლეს, მათ ადგილს იჭერს პროპაგანდა; ჭეშმარიტებისადმი რწმენა დაკარგულია.       თანამედროვე ადამიანის ყველაზე არსებით ნიშნად შვეიცერი მიიჩნევს საზოგადოების მიერ პიროვნების ნიველირებას. საზოგადოება მას მზა სახით აწვდის ეროვნულ, პოლიტიკურ და რელიგიურ შეხედულებებს. ადამიანი დაემსგავსა უხეირო ბურთს, რომელსაც ყოველი დარტყმის შემდეგ უჩნდება ჩანაზნექი. კოლექტივიზმისადმი უსაზღვრო რწმენით გამსჭვალული, ინდივიდუალობას მოკლებული ადამიანი არ შეიძლება რაიმე ახალი იდეების წყარო გახდეს.       შვეიცერის აზრით, აზროვნების კრიზისულობა არ ამოიწურება მსოფლმხედველობის უქონლობით; იგი იმითაც გამოიხატება, რომ კულტურისა და ღირებულებათა გაგებაში მცდარი აზრები ბატონობს. კულტურის პათოლოგია, როდესაც მხოლოდ მისი მატერიალური მხარე განიცდის პროგრესს და ითრგუნება გონითი მხარე, მხოლოდ ფაქტობრივი სურათი როდია; იგი ცნობიერების მხრივაც ბუნებრივად და ჯერარსულადაა მიჩნეული. კულტურის პათოლოგია აპოლოგირებული ხდება პათოლოგიური ცნობიერებით. ყალბი კულტურა ემყარება ყალბ ცნობიერებას. ეს ცნობიერება ამტკიცებს, რომ კულტურა არის მეცნიერებისა და ტექნიკის, ნაწილობრივ კი მხატვრული სფეროს პროდუქტი. იგნორირებულია კულტურის ეთიკური საწყისი და ელემენტი.       ზოგჯერ კულტურის კრიზისად მიიჩნევენ ვითარებასა თუ თეორიას, რომელიც კულტურის არსებას გამოხატავს და სწორედ იმის საწინააღმდეგოა, რასაც კრიზისს ვუწოდებთ. ასეთი არასწორი ინტერპრეტაცია მიიღო გასეტის ესთეტიკურმა ნააზრევმა, რომელსაც დამაინტრიგებელი სახელწოდება აქვს: "ხელოვნების დეჰუმანიზაცია" ან კიდევ "ადამიანის განდევნა ხელოვნებიდან". საერთოდ, გასეტი კულტურის კრიზისის ერთ-ერთი გამცნობიერებელია, მაგრამ მისი ესთეტიკური თეორია მართალია, მსჯელობს ადამიანის განდევნაზე ხელოვნებიდან, ხელოვნების გაარადამიანურებაზე, მაგრამ ეს არ არის კულტურის კრიზისის ნიშანი. პირიქით, გასეტს მიაჩნია, რომ კულტურა სულ უფრო უნდა დაშორდეს ადამიანსა და მის ცხოვრებას, რათა საკუთარი თავი ჰპოვოს. წლების განმავლობაში გასეტის ხელოვნების თეორიას ჩვენ განვიხილავდით როგორც კრიზისის მაჩვენებელს. ეს მცდარი შეხცედულება მხოლოდ ბოლო პერიოდში იქნა უარყოფილი. იმისათვის, რომ გაირკვეს, რამ გამოიწვია ეს შეხედულება და რამ შეიყვანა ადამიანები შეცდომაში, უნდა გაანალიზდეს ხელოვნების გასეტისეული თეორია.       ჩვეულებრივი წარმოდგენით, ხელოვნების არსება და დანიშნულება ადამიანის ცხოვრების ასახვა და ადამიანურთან მიახლოებაა; მისი აწმყოსა და მომავლის, რეალური და პერსპექტიული სურათის ასახვაა. ასეთ ხელოვნებას რეალისტური ეწოდება. გასეტის აზრით, ამ მიმდინარეობის წარმომადგენლები იყვნენ ცნობილი მწერლები და მხატვრები, რომელთა ქმნილებანი XIX საუკუნის ჩათვლით, რეალისტურობის საფუძველზე უმაღლეს ღირებულებებად ისახებოდა. რეალიზმის შესაბამისად, ხელოვნების ქმნილებანი რაც უფრო უახლოვდება ადამიანურ სინამდვილეს და შესაბამისად, რაც უფრო გასაგებია ადამიანებისათვის, მით უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებს. ადამიანი ნახულობს სპექტაკლს და განიცდის ესთეტიკურ ტკბობას იმ ზომით, რა ზომითაც სპექტაკლში ცხოვრებისეული სურათებია გადმოცემული, რა ზომითაც შეუძლია ხელოვნების ნაწარმოებში მისი და მის მსგავსთა მასების ცხოვრების სურათების დანახვა. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ადამიანების ესთეტიკური ტკბობა ცხოვრებისეული ტკბობის იგივეობრივია. ამ ტკბობას მასა არეგულირებს და მისით სულდგმულობს იმიტომ, რომ მისთვის გასაგებია რაზეა ლაპარაკი. ეს ხომ მისი ცხოვრებაა, მისთვის გასაგები და მისაწვდომი: "ეს ნიშნავს, რომ ადამიანთა უმრავლესობისათვის ესთეტიკური ტკბობა ისეთი სულიერი მდგომარეობა არაა, რომელიც ძირეულად განსხვავებული იქნებოდა ჩვეულებრივ ცხოვრებაში განცდილისაგან. საბოლოო ჯამში საგნები, რომლებთანაც ხელოვნებას საქმე აქვს, იგივეა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება _ ადამიანები და მათი ვნებები. ხელოვნებას ისინი უწოდებენ იმ საშუალებათა ერთობლიობას, რომელთა მეშვეობით კონტაქტს ამყარებენ ყოველივე იმ საინტერესოსთან, რაც ადამიანის არსებობასთანაა დაკავშირებული" . ეს ნიშნავს, რომ მასის თვალში ხელოვნებას მოეთხოვება ან ხელოვნებად ითვლება ნაწარმოები, რომელიც ცხოვრებას ასახავს და, ამავე დროს, გასაგებია, მისაწვდომია. ბუნებრივია, თუ ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს, გასაგებიც იქნება.       გასეტი კრიტიკულად ეკიდება რეალისტურ ხელოვნებას და სვამს კითხვას: "რეალიზმის კრიტერიუმებით შექმნილი ხელოვნების ნაწარმოები თუ იქნება ესთეტიკური ტკბობის, ესთეტიკური აღტაცების მომნიჭებელი?" გასეტი ამაზე კატეგორიულ უარყოფით პასუხს იძლევა. მისი აზრით, ხელოვნების ნაწარმოებში ნაჩვენები ადამიანის ბედის სიხარული თუ მწუხარება სრულიად "განსხვავებულია ნამდვილი მხატვრული ტკბობისაგან". მეტიც, ხელოვნებაში ადამიანის ელემენტისადმი სიმპათიები "შეუთავსებელია მკაცრ, ესთეტიკურ აღტყინებასთან". აქედან გამომდინარე, ვინც ხელოვნების ნაწარმოებში ეძებს ცხოვრებისეული პერიპეტიების გამოხატვასა და ადამიანურ განცდებთან მიახლოებას, ის უძლურია ჭეშმარიტი ხელოვნების ნაწარმოების აღქმისას. ასეთი მაყურებელი თუ მკითხველი რეალური სამყაროს სურათს ხელოვნების ნაწარმოებში ეძებს. ხელოვნების ნამდვილი ნაწარმოები კი არარეალურია და სწორედ რეალობისაგან დაშორებით ადამიანისა და მისი ყოფიერებისეული სიტუაციებიდან დაშორებით ხდება ის ხელოვნების ნაწარმოები.       გასეტის მტკიცებით, თითქმის ყველა ესთეტიკური თეორია ხელოვნებას განსაზღვრავს როგორც ადამიანის გონითობის, სუბიექტის გრძნობების გამოხატულებას. ფაქტობრივად, ხელოვნება არაა უბრალოდ ისეთი გამოხატვა, რომლის გამოსახატიც წინასწარ რეალობაში არსებობს; გრძნობები არაა პოეტის მიზანი; არაა სწორი მტკიცება, რომ ხელოვნების ნაწარმოებში რეალური გრძნობა გამოისახება. ხელოვნებაში გრძნობა ნიშანია, გამოხატვადი საშუალებაა და არა _ გამოხატული. დონ კიხოტი არც ჩემი სხეულია და არც რეალური ადამიანი, ან მისი სახე. ეს ახალი საგანია, რომელიც ესთეტიკური სამყაროს ატმოსფეროში ცხოვრობს. ესთეტიკური სამყარო კი განსხვავებულია როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური სამყაროსაგან. ამდენად, ხელოვნება თავისი არსებით, ირეალიზაციაა. ხელოვნების არსება ახალი საგნობრიობის შექმნაა. ეს საგნობრიობა რეალური საგნების მოსპობიდან მიიღება, ამიტომ ხელოვნება ორმაგად ირეალურია: ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის არარეალურია, მისი საგანი რეალობისაგან განსხვავებული რაღაც ახალია, და მეორეც იმიტომ, რომ ეს ახალი ესთეტიკური საგანი თავის თავში, როგორც ელემენტს, რეალობის მოსპობის ელემენტს ატარებს. ნივთის რეალური სტრუქტურის გადალახვა თუ მოსპობა, მისი ახალი სტრუქტურა (ჩვენი გრძნობადობა) ერთი პროცესის ორი მხარეა. განსაკუთრებული ხერხი, რითაც ყოველი პოეტი ნივთთა დერეალიზებას ახდენს, ეს სტილია. დერეალიზაცია შესაძლებელი ხდება მხოლოდ მაშინ, როცა სახის ობიექტური მხარე სუბიექტურს, შთაგრძნობას ექვემდებარება, როცა ობიექტური ჩვენი "მე"-ს ნაწილაკი ხდება. ამით გასაგებია გამოთქმა _ "სტილი ადამიანია". უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სუბიექტურობა არსებობს იმდენად, რამდენადაც საგანთანაა კავშირში, რომ სუბიექტურობა რეალობის დეფორმაციაში ვლინდება. სტილი "მე"-ს ინდივიდუალობიდან ამოდის, მაგრამ ნივთებში ვლინდება. ყოველი პოეტის "მე" ახალი ლექსიკონია, ახალი ენაა, რითაც ის მანამდე უცნობ საგნებს გვჩუქნის. სამყაროში რეალური ნივთები ჩვენთვის შეიძლება არსებობდეს უფრო ადრე, ვიდრე მათი აღმნიშვნელი სიტყვები. შეგვიძლია დავინახოთ და შევეხოთ ნივთებს ისე, რომ მათი სახელი არ ვიცოდეთ. ესთეტიკურ სამყაროში სტილი ერთდროულად სიტყვაცაა, ხელიცაა და თვალის გულიც. მხოლოდ მისი მეშვეობით ვიგებთ ჩვენ ახალ არსებებზე. რასაც ერთი პოეტის სტილი გვეუბნება, იმას მეორეს სტილი ვერ გვეტყვის. ყოველი სტილი სიტყვათა მდიდარი მარაგით ხასიათდება, თითქოსდა, ქვის სამტეხლოდან მადნის მთხრელს უამრავი საიდუმლოება ამოაქვს. ყოველი პოეტი მის სიტყვებში შეუცვლელია. მეცნიერს შეუძლია გადასწიოს თუ გადალახოს მეორე მეცნიერი, პოეტი კი ყოველთვის გადაულახავი რჩება. ხელოვნებაში ყოველი მიბაძვა უადგილოა. მეცნიერებაში ფასობს ის, რაც გამეორებადია. პოეტური სტილის ღირებულება მის ერთადერთობაშია.       გასეტის მტკიცებით, ტიციანის პორტრეტში _ "კარლოს მეხუთე ცხენზე" რეალური კარლოს მეხუთე კი არაა გამოსახული, არამედ წარმოსახვითი, ხელოვანის ფანტაზიის მიერ შექმნილი "ადამიანი, სურათზე გამოხატული და თვით სურათი, ორი სრულიად განსხვავებული ნივთია". რეალისტური ხელოვნება გასაგები და მისაწვდომი იყო მასისათვის იმდენად, რამდენადაც დაკავებული იყო ცხოვრების გამოხატვით. ის ფართო მასების, ბრბოს ხელოვნებაა. ყოველთვის არსებობდა ხელოვნების ორი ნაკადი _ არისტოკრატული და პლებეური, ანუ ნამდვილი ხელოვნება "იდეალისტური", "პირობითი", კეთილშობილი, ე. ი. მხატვრული და მასების ხელოვნება _ სახალხო, რეალისტური თუ სატელიტური. ნამდვილი ხელოვნების წვდომისათვის მხატვრული აღქმის განსაკუთრებული უნარია საჭირო. ის იქნება მხატვართა ხელოვნება და არა მასების, "კასტური და არა დემოკრატიული ხელოვნება".       საერთოდ, გასეტის ნააზრევის გაგებაში ბევრ მის მკვლევარს, თანმიმდევრობა აკლია. სახელდობრ, გასეტის მსოფლმხედველობის ძირითადი პრინციპების ანალიზისას აღნიშნავდნენ, რომ გასეტი ელიტისა და მასების თეორიის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც მასებს ბრბოსთან აიგივებს და ბრბოს ოთხი ძირითადი ნიშნის დახასიათებისას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ცნობიერებას მოკლებულობას, მაშინ, როდესაც გონითობით ელიტას ახასიათებს. ამავე დროს, გასეტი საზოგადოებრივი ყოფიერების კრიზისის მაჩვენებლად მასების ამბოხს მიიჩნევს, რაც მიზნად ელიტის ბატონობის მასების ბატონობით შეცვლას ისახავს. მასებს კი საზოგადოების მართვა არ შეუძლიათ. მაშასადამე, სოციალური კრიზისი, რომელსაც გასეტი აანალიზებს გამოიხატება მასების სწრაფვაში დაიკავონ ელიტის ადგილი, რითაც ირღვევა ელიტისა და მასების თანაფარდობა.       თანამედროვე კრიზისს გასეტი ყველაზე მწვავედ მიიჩნევს. ამ შემთხვევაში სოციალური კრიზისი სწორადაა დახასიათებული, მაგრამ იგივე პრინციპით უნდა მივუდგეთ გასეტის ხელოვნების თეორიას. მისმა მკვლევარებმა ვერ გაითვალისწინეს ეს ვითარება და გასეტთან ხელოვნების კრიზისი დაინახეს ხელოვნების დეჰუმანიზაციაში, გაარადამიანურებაში. ამ მხრივ განსაკუთრებით გასეტის მარქსისტი კრიტიკოსები გამოირჩეოდენენ, მაგრამ მარქსისტებს შორისაც აღმოჩნდნენ ისეთი ინტერპრეტატორები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს გასეტთან მასისა და ელიტის დაპირისპირებაზე და ეს პრინციპი გაავრცელეს ხელოვნებაზეც. გასეტის თეორია ამას აუცილებლობით მოითხოვდა. გასეტისათვის მასების ამბოხი ელიტის წინააღმდეგ არა მარტო პოლიტიკურ სფეროშია მიუღებელი, არამედ კულტურაშიც და განსაკუთრებით სულიერობის ისეთ სფეროში, როგორიც ხელოვნებაა. გასეტი უკუაგდებს ხელოვნების რეალისტურ მიმართულებებს. სულერთია, იქნება ეს კრიტიკული თუ სოციალისტური რეალიზმი, ან კიდევ როჟე გაროდისეული უნაპირო რეალიზმიც. გასეტი მოითხოვს ხელოვნების რეალობისაგან გამიჯნვას, ხელოვნების გაგებას როგორც სპეციფიური, არარეალური სინამდვილისა, რომლის მოწოდებაა არა სინამდვილის გამოხატვა, არამედ ახალი სინამდვილის შექმნა, რომელიც არ ემთხვევა არსებულს.       გასეტი რეალისტურ ხელოვნებასთან ერთად პრაგმატულ, პრაქტიკული დანიშნულების ხელოვნებასაც უარყოფს. მისი აზრით, კარგი ცხოვრების მოყვარული ერი ხელოვნებასაც პრაქტიკული გამოსადეგობით ზომავს. სილამაზის რესკინისეულ გაგებაზე წერს, რომ რესკინი საერთოდ ხელოვნებას ინგლისურ მანერაზე ზომავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისელს ახსნის პროცესი ყოველდღიური ნივთების დონეზე დაჰყავს. "ინგლისელი პირველ რიგში ცდილობს, იცხოვროს მოხერხებულად", ტკბილად: "რაც ფრანგისათვის გრძობისმიერია, გერმანელისათვის ფილოსოფია, ინგლისელისათვის კომფორტია". ამიტომ ინგლისელისათვის "ხელოვნება სარგებლიანობა და ხელსაყრელობაა". ასეთი პრინციპის მოთხოვნებს, გასეტის აზრით, ხელოვნების ის სახეები უპასუხებს, რომლებიც ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით ხელოვნებას არ წარმოადგენენ. ასეთია სამრეწველო და დეკორატიული ხელოვნება. მათთვის სილამაზე სარგებლიანობის ტოლია. ორივე განზომილებაში ხელოვნების ძირითადი პრინციპი იკარგება და ხელოვნება რეალობის ფარგლებში მოძრაობს, მაშინ, როდესაც, ნამდვილი ხელოვნება რეალობის გადალახვაა. ესთეტიკური ობიექტი არ შეიძლება იყოს ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული თავისთავადი სინამდვილე. ესთეტიკური ობიექტი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რაც ჩვენი გახდა იმით, რომ რეალობა იდეად გადავაქციეთ: "ჩვენი გაგების ობიექტად ვერ გავხდით, ვერ ვაიძულებთ ჩვენთვის იარსებოს საგანმა, თუ მას სახედ, კონცეპტად, იდეად არ გადავაქცევთ, სხვა სიტყვებით, თუ ის არ შეწყვეტს იმად არსებობას, რაც ის არის და თავის თავის აჩრდილი, სქემა არ გახდება" .       გასეტი სანიმუშოდ იღებს მედიჩის კაპელაზე გამოსახულ "დაფიქრებულს" და სვამს კითხვას _ რა არის ის? რა ხდება აქ ჩვენი ჭვრეტის ობიექტი და თემა? ეს არაა მარმარილოს ლოდის რეალობა, მისი არსებობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა, უფრო სწორედ, ის ჩვენი ესთეტიკური განცდისათვის მხოლოდ საშუალებაა. ის ჩვენთვის წარმოსახვის ობიექტია, რომლის ცნობიერებაში გადატანა შეგვიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ესთეტიკური ობიექტი ფანტასტიკური საგანია. რეალურსა და ფანტასტიკურს შორის განსხვავება მხოლოდ არსებობაშია. "დაფიქრებული" ახალი ობიექტია, რომელიც იწყება იქ, სადაც არსებული თუ არარსებული ფანტაზიური საგნის ყოფიერება მთავრდება. გასეტის მტკიცებით, ესთეტიკური ობიექტი არც ჩემი "მე"-ს ხედვაა. მარმარილოში გამოსახული არაა ჩემი დაფიქრების გამომხატველი. იგი ლიფსს აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც, მე ჩემი "მე"-ს პროეცირებას ვახდენ მარმარილოს ნაჭერში და "დაფიქრებულის" შინაგანი ცხოვრება თითქოსდა ჩემი ცხოვრების მასკარადია.       გასეტის აზრით, ეს მტკიცება ყალბია, რადგან "დაფიქრებული" ეს "ისაა" და არა "მე", ეს მისი "მე"-ა და არა _ "ჩემი". ხელოვნების ნაწარმოები არაა ჩემი "მე"-ს ინტროსპექცია, ის ჩემგან დაშორებულია. ამრიგად, ხელოვნების ნაწარმოები არც რეალობაა, არც ჩემგან დამოუკიდებელი და არც ჩემი მეობა. ეს ნიშნავს, რომ ხელოვნების ნაწარმოები ყოფიერებისა და სიცოცხლის საიდუმლოს კი არ გვიმჟღავნებს, არამედ ჩემი "მე"-საგან განსხვავებულ, განხორციელებადად წარმოდგენილ "მე"-ს სამყაროსა და ამ ნაწარმოების დანიშნულებაა ესთეტიკური ტკბობის მონიჭება. გასეტის აზრით, ხელოვნების ნაწარმოების ახსნისას განსაკუთრებული ადგილი მეტაფორას ეკუთვნის. მაგალითად, ხელოვნების ნაწარმოებში კვიპაროსი ეს ის კი არაა, რომელიც რეალურად ბაღში დგას, არამედ სილამაზით მოაზრებული არარეალური ხე. მის მისაღებად ჯერ უნდა უარვყოთ რეალური კვიპაროსი და შემდეგ კვიპაროსს მივანიჭოთ მშვენიერების თვისება. ამ გზით კვიპაროსი მესახება ერთის მხრივ, როგორც ნივთი და, მეორეს მხრივ, როგორც ამ ნივთის ჩემეული ხედვა. ამ მიზნით შეიძლება ნივთიდან მზერის ჩემს შინაგან სამყაროზე გადატანა. მისი სახე იქნება ჩემი "მე"-ს აქტუალიზება. ამით ობიექტი გადაიქცევა "კვიპაროსის გრძნობად", მაგრამ ისე, რომ ამ გრძნობაზე არ დაიყვანება, ისე, როგორც რეალურ საგანზეც. "ის ესთეტიკურ სამყაროს ატმოსფეროში ახალი საგანია".       ამდენად, ხელოვნება რეალობის ასახვა კი არაა, პირიქით, ის რეალობის ირეალიზაციაა, "ხელოვნების არსი ახალი საგნობრიობის შექმნაა, რომელიც რეალურ საგანთა გახლეჩისა და მოსპობისაგან მიიღება. ამდენად, ხელოვნება ორმაგად ირეალურია _ პირველ რიგში, იმიტომ, რომ ის არარეალურია, მისი საგანი რაღაც ახალია, რეალობისაგან განსხვავებული და, მეორეც, იმიტომ, რომ ეს ახალი ესთეტიკური საგანი თავის თავში, როგორც ერთ-ერთ ელემენტს, რეალობის მოსპობას ატარებს" .       ხელოვნების არსის გაგების ამ მოკლე გადმოცემიდან ცხადი უნდა იყოს, რომ გასეტისათვის ხელოვნება სინამდვილის წვდომა, მასთან მიახლოება, ადამიანის გამოხატვა და "მე"-ს ანალოგი კი არაა, არამედ დაშორება როგორც ნივთიერი, ისე ადამიანური სინამდვილიდან, ამიტომ ხელოვნების დეჰუმანიზაცია, ანუ ადამიანიდან დაცილება მისი კრიზისის მაჩვენებელი კი არაა, არამედ ხელოვნების მიერ საკუთარი არსის, პრინციპის განხორციელებაა, მისი ყოფიერების გაშლაა და არა მისი რედუქცია რეალურ ნივთებსა და ადამიანებზე. მაშასადამე, ხელოვნების დაშორება ადამიანისაგან და რეალური სამყაროსაგან, ხელოვნების კრიზისის მაჩვენებელი კი არაა, არამედ _ თავის თავთან იგივეობის. ამოსაბეჭდი ვერსია: • კულტურისა და ადამიანის კრიზისი • წიგნიდან: "კულტურის სოციოლოგია" ← წინა ნაწილი გაგრძელება → …
დაამატა ლაშა to სოციოლოგია at 9:04pm on აპრილი 30, 2015
თემა: ჰუმანისტური მიმდინარეობა
ა ფსიქოანალიზიც. 60-ანი წლებიდან მათ დაუპირისპირდა “მესამე ძალად” წოდებული ჰუმანისტური ფსიქოლოგია. მან ორგანიზაციულად გააერთიანა მკვლევარები, რომელთაც არ აკმაყოფილებდა პირველი ორი მიმდინარეობის ნატურალისტური, მექანიცისტური და რედუქციუნისტული ტენდენციები. ჰუმანისტური ფისიქოლოგია იმთავითვე არ იყო და არც ამჟამად არის ერთიანი თეორული სისტემა ან სკოლა. ამიტომაც, უფრო ხშირად ლაპარაკობენ ჰუმანისტურ მოძრაობაზე, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ მეცნიერულ-თეორიულ საკითხებზე, არამედ პრაქტიკის, სოციალურ ყოფასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე. ჰუმანისტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, მას სურს თავისუფალი, ჯანსაღი და ღირსეული ადამიანებით წარმოდგენილი საზოგადოების შექმნა. რაც შეეხება ჰუმანისტური ფსიქოლოგიის კონცეპტუალურ სახეს, იგი მიეკუთვნება ფსიქოლოგიური აზროვნების იმ ნაკადს, რომელიც უპირისპირდება ბუნების მოვლენების შემსწავლელი დისციპლინების ყაიდაზე აგებულ ფსიქოლოგიას.       ცნობილია, რომ უკვე XIX საუკუნის ბოლო მეოთხედიდან, ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბებისთანავე, მისი განვითარება ორი, ერთმანეთის საწინააღდეგო მიმართულებით წარიმართა. ერთი, ვუნდტიდან მომდინარე უფრო ძლიერი ნაკადი, ბუნებისმეცნიერებათა კალაპოტში მიედინებოდა. აქ ფსიქოლოგია ექსპერიმენტულ მეთოდოლოგიაზე იყო დაფუძნებული. პარალელურად, ვუნდტის თანამედროვეებმა ბრენტანომ, ჰუსერლმა და დილთაიმ საფუძველი ჩაუყარეს ფსიქოლოგიის ალტენატულ, შეიძლება ითქვას, ჰუმანიტარულ გააზრებას, რის მეტამეცნიერულ საფუძველსაც სიცოცხლის ფილოსოფია, ფენომენოლოგია და ეგზისტენცილიზმი შეადგენდა. ასეთი ორიენტაციის მქონე ფსიქოლოგია, ამოდიოდა ცნობიერების და პიროვნების უნიკალური, ბუნების პროცესებზე დაუყვანადი თავისებურებებიდან (ინტენციონალობა, მთლიანობა, ობიექტურ ღირებულებებთან კავშირი და სხვა); მას დაუშვებლად მიაჩნდა ადამიანის ფსიქიკის შესწავლა იმ მეთოდებით, რომლებიც ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების კვლევის პროცესში იყო აპრობირებული (იხ. 6.7.).       ამრიგად, ფსიქოლოგიის ორი, დიამეტრულად განსხვავებული ვერსიის არსებობა თავიდანვე იყო დამახასიათებელი ფსიქოლოგიური მეცნიერებისთვის და მთელ მის ისტორიას წითელ ხაზად გაჰყვა. გასული საუკუნის პირველ ნახევარში დომინირებულ ძალას აშკარად საბუნებისმეტყველო ფსიქოლოგია წარმოადგენდა. 50-ანი წლებიდან მოყოლებული, ჰუმანიტარული პარადიგმა ახალ ძალას იკრებს და საბოლოოდ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის სახით ყალიბდება. იგი, როგორც ერთიანი მოძრაობა, მესემე ძალა მოიცავს აგრეთვე ეგზისტენციალურ და ფენომენოლიგიურ ფსიქოლოგიას. ეს მოძრაობა არ არის ერთგვაროვანი. მისი ერთი ნაწილი (ეკლექტიკოსების ფრთა) შედარებით ზომიერ თვალსაზრისს იზიარებს და საბუნებისმეტყველო პარადიგმასთან გარკვეული კომპრომისების მომხრეა (გ. ოლპორტი, მასლოუ, როჯერსი, შ. ბიულერი, ჩაილდი, რიჩლაკი, პოპენი, რიქსი და სხვა); მეორე ნაწილი (ეგზისტენციალისტების ფრთა) კატეგორიულად უარყოფს ადამიანის სულიერი სამყაროს შესწავლისას ექსპერიმენტის, გაზომვის, სტატისტიკის და ბუნების კვლევაში დამკვიდრებული სხვა პროცედურების გამოყენების შესაძლებლობას და ამ სფეროში ერთადერთ რელევანტურ მეთოდოლოგიად ე.წ. ფენომენოლოგიურ, გაგებით ან ჰერმენევტიკულ მიდგომას მიიჩნევს (ბინსვანგერი, ბოსი, ბუგენტალი, მეი, ჯიორჯი, ბერელი, აანტესი და სხვა).       მიუხედავად ამ განსხვავებებისა ჰუმანისტური მოძრაობის ყველა წარმომადგენელი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ადამიანურ არსებობას თავისი უნიკალური ონტოლოგიური თავისებურებები აქვს. აქედან გამომდინარე, მასლოუს სიტყვებით, “მეცნიერების ის მოდელი, რომელიც ნაწარმოებია საგნების, ობიექტების, ცხოველების, პროცესების შესახებ მეცნიერებებიდან შეზღუდული და არაადეკვატური ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ ინდივიდები”. მათთვის ერთნაირად მიუღებელია ბიჰევიორიზმისა და ფსიქოანალიზის არაჰუმანური და რედუქციონისტული მომენტები. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ასოციაციის პირველმა პრეზიდენტმა ჯეიმს ბუგენტალმა შემდეგნაირად გამოხატა ეს დამოკიდებულება: ჩვენ, ჰუმანისტი ფსიქოლოგები ვწუხვართ იმის გამო, რომ ფსიქოლოგია ადამიანს განიხილავს როგორც დიდ თეთრ ვირთხას (ბიჰევიორიზმი) ან ნელა მომუშავე კომპიუტერს (კოგნიტივიზმი). ჰუმანისტური ფსიქოლოგია უპირისპირდება აგრეთვე აკადემიურ ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ელემენტარიზმს, რომელიც ვერ ითვალისწინებს შინაგანი გამოცდილების მთლიანობას. ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში, წერს ამ მიმდინარეობის მთავარი ჟურნალის რედაქტორი თომას გრინინგი, ადამაინი არ მოიაზრება, როგორც ცოდნა-ჩვევების, კოგნიტური პროცესების, ცნობიერი თუ არაცნობიერი შინაარსების და სხვათა ჯამი, რომელიც შეისწავლება დეპერსონალიზებული ცდისპირების ე.წ. ობიექტური დაკვირვებების სტატისტიკური ანალიზით. ეს ყოველივე ჰუმანისტური ფსიქოლოგების მიერ განიხილება არა მხოლოდ როგორც არასაკმარისი, არამედ, როგორც შეცდომაში შემყვანი წყარო ჩვენი ცოდნისა ადამიანის შესახებ, ცოდნისა, რომელიც არ ავლენს ადამიანის შინაგანი ცხოვრების მთელს სისავსესა და სიმდიდრეს.       წინანდელი ფსიქოლოგიის მიუღებლობა იმდენად შორს მიდიოდა, რომ ჰუმანისტური მოძრაობის ფორმირების პროცესში იმაზეც კამათობდნენ, გამოეყენებინათ თუ არა საერთოდ სიტყვა ფსიქოლოგია და ხომ არ აჯობებდა, ასოციაციის პერიოდული გამოცემისთვის “ადამიანის კვლევათა ჟურნალი” ეწოდებინათ. ასეა თუ ისე, საბოლოოდ შეწყნარებულ იქნა ტერმინი ჰუმანისტური ფსიქოლოგია, რომელიც ჯერ კიდევ 1930 წელს გ. ოლპორტმა გამოიყენა. შესაბამისი ჟურნალი დაარსდა 1961 წელს, ხოლო ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ამერიკული ასოციაცია 1962 წელს შეიქმნა. 1970 წელს ის გადაკეთდა საერთაშორისო ორგანიზაციად. ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებლებმა (გ. ოლპორტი, მასლოუ, როჯერსი, მეი, ბუგენტალი, მესტაკესი) ჩამოაყალიბეს მათი საზოგადოების კრედო, რომელიც შეიცავს ოთხ პუნქტს: 1. ყურადღების გამახვილება პიროვნებაზე, როგორც განცდის უნარის მქონე ინდივიდზე და განცდაზე, როგორც ადამიანის შესწავლის პირველად ფენომენზე; 2. ადამიანის მექანიცისტური და რედუქციონისტური გაგების საპირისპიროდ, აქცენტის გაკეთება ისეთ, გამორჩეულად ადამიანურ თვისებებზე, როგორიცაა არჩევანი, შემოქმედებითობა, ღირებულებათა მიღება და თვითრეალიზაცია; 3. კვლევის მეთოდის არჩევა მისი საზრისიანობის მიხედვით; 4. ადამიანის ღირსებისა და ღირებულებების გათვალისწინება, ყოველ ადამიანში მოცემული სპეციფიკური ძალებისა და უნარების განვითარება. ამ თვალსაზრისში მთავარი პიროვნებაა, რომელიც პოულობს თავის თავს და უკავშირდება სხვა ადამიანებსა და სოციალურ ჯგუფებს.       ჰუმანისტური ფსიქოლოგია დაფუძნებულია შემდეგ ძირითად დებულებებზე: ადამიანის მიერ სამყაროსა და თავის თავის განცდა მთავარი ფსიქოლოგიური რეალობაა; ადამიანი აქტიური, მიზანმიმართული, შემოქმედებითი არსებაა, პიროვნება, რომელიც, გარკვეული აზრით, თავისუფალია გარეგანი დეტერმინაციისაგან, ვინაიდან არჩევანს თავისი ნების მიხედვით აკეთებს. სინამდვილე ადამიანს საზრისებსა და ღირებულებებში გარდატეხილი სახით ეძლევა. ამასათან, ყოველი ინდივიდი უნიკალურია, ამიტომ, ერთეული შემთხვევების ანალიზი კანონიერიც არის და ნაყოფიერიც. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის სიცოცხლე ქმნადობისა და არსებობის ერთიან პროცესია - ადამიანი ერთდროულად არის ის, რაც არის და ის, რისკენაც იგი მიისწრაფის. ადამიანი დაჯილდოებულია განვითარებისა და თვითრეალიზაციის თვისებით, რაც მისი ფსიქოლოგიური ბუნების არსებით მხარეს შეადგენს.       გორდონ ბილარდ ოლპორტი (1897-1967) თითქმის მთელი შეგნებული ცხოვრება ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწეობდა. აქ მიიღო ფსიქოლოგის დოქტორის წოდება 1922 წელს. მისი დისერტაცია პიროვნების თვისებებს მიეძღვნა, რომელთა შესწავლას იგი მთელი ცხოვრება განაგრძობდა. ამავე წელს ჰარვარდში მიღებული სტიპენდიის წყალობით ოლპორტი ევროპაში გაემგზავრა, სადაც ორი წლის განმავლობაში გადიოდა სტაჟირებას ბერლინში, ჰამბურგსა და კემბრიჯში ფსიქოლოგიის ისეთ მეტრებთან, როგორებიც იყვნენ ვერთჰაიმერი, კელერი, შტერნი და ვერნერი. ჰარვარდში დაბრუნებული ოლპორტი სიკვდილამდე ეწეოდა უაღრესად ნაყოფიერ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას. იგი იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და აღიარებული ფსიქოლოგი, მრავალი ასოციაციისა თუ საზოგადოების წევრი, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) პრეზიდენტი. ოლპორტს მიღებული ჰქონდა ამერიკის ფსიქოლოგიური ფონდისა და APA-ს ჯილდოები “მეცნიერებაში გამორჩეული წვლილისთვის”.       ოლპორტი დარწმუნებულია, რომ ადამიანის ყველაზე დამახასიათებელი თვისება მისი უნიკალურობაა. “ინდივიდუალურობა, წერს იგი, არის ადამიანის ბუნების ძირითადი მახასიათებელი”. აქამდე ფსიქოლოგია ზოგადი კანონების დადგენაზე იყო მიმართული. ეს იყო მისი საბედისწერო შეცდომა, ვინაიდან ადამიანის ფსიქიკა მხოლოდ კონკრეტულ და ძალიან პიროვნულ ფორმაში არსებობს, ხოლო განზოგადოებული ადამიანის ფსიქიკა მითია და მეტი არაფერი. არ არსებობს ზოგადი ფსიქოლოგიის ისეთი კანონები, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს ყველა პიროვნებაზე. ამიტომ ფსიქოლოგიამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ დაადგინოს თავისებური და უნიკალური პიროვნების სტუქტურა.       ოლპორტი მიმართავს ვინდელბანდის მიერ შემოტანილ მეცნიერებათა დაყოფას ნომოთეტურად და იდეოგრაფიულად. ნომოთეტური მიდგომა ზოგადი კანონების დადგენაზეა ორიენტირებული, იდეოგრაფიული კი ერთეული მოვლენების შესწავლაზე. პიროვნების დასახასიათებლად სწორედ იდეოგრაფიულ მეთოდოლოგიას უნდა მივმართოთ. ტრადიციულად პიროვნების უნიკალურობას წარმოგვიდგენდნენ ესთეტიკურად განწყობილი ფილოსოფოსები, მოფილოსოფოსო მწერლები ან სხვა ხელოვანები. ოლპორტის აზრით, ფსიქოლოგიამ ბევრი რამ შეიძლება ისწავლოს ხელოვნებისაგან, რათა მის მიერ მოცემული უნიკალური პიროვნების დახასიათება უსუსურად არ გამოიყურებოდეს ლიტერატურული აღწერების ფონზე. დადგა დრო, რომ შეიქმნას პიროვნების უნიკალურობის კვლევის ადეკვატური მეცნიერული მეთოდები. მათი გამოყენებით მიღებული შედეგები უნდა იყოს შემოწმებადი და გამოხატვადი, მათ უნდა ჰქონდეთ პროგნოსტული ძალა. ამასთანავე, ოლპორტი არ უარყოფს ისეთი კანონების დადგენის საჭიროებასაც, რომლებიც მრავალ ადამიაზე ვრცელდება. ასეთ კანონებს იგი “მიახლოებითს” უწოდებს, მათი დადგენის გზას კი ტესტური კვლევების სტატისტიკურ ანალიზში ხედავს. ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა ენიჭება იდეოგრაფიულ კვლევას, დაშვებულია ნომოთეტური კვლევის კანონიერებაც, რაც ოლპორტის პოზიციას ამ საკითხში ეკლექტურ ხასიათს ანიჭებს.       ეკლექტიზმი საერთოდ ოლპორტის თეორიული სისტემის ერთ-ერთი მთავარი დამახასათებელი ნიშანია. ოლპორტი, ალბათ, ყველაზე უფრო შეგნებული და თანმიმდევრული ეკლექტიკოსი იყო ფსიქოლოგიის ისტორიაში. თავის მსჯელობებში იგი თავისუფლად უხამებდა ერთმანეთს ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ფილოლოგიისა თუ თეოლოგიის სფეროდან აღებულ ცნებებს. ჰარვარდის უნივერსიტეტში ოლპორტი სათავეში ედგა დისციპლინათშორის მოძრაობას და დააფუძნა ე.წ. სოციალური ურთიერთობების დეპარტამენტი, სადაც ფსიქოლოგების, სოციოლოგებისა და ანთროპოლოგების გაერთიანებული კვლევითი პროცესი მიმდინარეობდა. რაც მთავარია, ოლპორტი მომხრე იყო ფსიქოლოგიური კონცეფციების ინტეგრაციისა. ეს აისახა პლურალისტური მიდგომის, ან სისტემური ეკლექტიზმის პრინციპში. ამ პრინციპამდე ოლპორტი თანამედროვე ფსიქოლოგიაში შექმნილი მდგომარეობის საყურადღებო ანალიზის შედეგად მივიდა.       ოლპორტის აზრით, ფსიქოლოგია პარტიკულარიზმის (განცალკევებულობის, გათიშულობის) სენითაა შეპყრობილი; არსებობს მრავალი თეორია, რომლებსაც ზოგადობის, ყოვლისმომცველობის პრეტენზია აქვთ, მაგრამ სინამდვილეში ფიქსირებული არიან ადამიანის ბუნების ერთ ან რამდენიმე გამორჩეულ ასპექტზე, რაც მკაცრად განსაზღვრავს კვლევის მიმართულებას. ამასთან, ყოველი მათგანი მხოლოდ საკუთარი მიდგომის ჭეშმარიტებას ცნობს და უარყოფს ყველაფერს, რაც სხვა თეორეტიკოსებისთვისაა მნიშვნელოვანი.       ყოველ თეორიას თავისი საფუძველი და გამართლება აქვს. S-R მოდელი სავსებით დამაკმაყოფილებელია იმ შემთხვევაში, თუ ყურადღება არ ექცევა საკუთარი ცნობიერების არსებობას; გარემოთი გაპირობებულობის თვალსაზრისი (ე.წ. ინვაირონმენტალიზმი) მისაღებია, თუ არაფერი ვიცით გენეტიკის არსებობის შესახებ; არაცნობიერის კონცეფცია მაშინაა საკმარისი, თუ დავივიწყებთ, რომ კონფლიქტების უმეტესობა მკაფიოდაა მოცემული ცნობიერებაში და ა.შ. გაუგებრობა მაშინ იწყება, როდესაც მკვლევარები იმის მტკიცებას იწყებენ, რომ მათ მიერ შერჩეული პარამეტრი ან მოდელი ადამიანის მთელ პიროვნებაზე ვრცელდება.       ოლპორტის მიხედვით, ამ ცალმხრივობის დაძლევა და მეცნიერული მონიზმის მიღწევა ფსიქოლოგიაში არსებითად შეუძლებელია, ვინაიდან თეორიათა დაპირისპირება, საბოლოოდ, ფსიქოფიზიკურ მონიზმთან და დუალიზმთან, დეტერმინიზმთან და თავისულებასთან დაკაშირებული ანტინომიებიდან მომდინარეობს; აქ კი შეთანხმება პრინციპულად გამორიცხულია, ვინაიდან შესაძლებელია ამ საკითხებზე ერთნაირად დამაჯერებელი დადებითი და უარყოფითი მტკიცებების მოყვანა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უარი არ უნდა ვთქვათ ერთიანი თეორიის შექმნის იდეაზე. ანარქიის მდგომარეობის დაძლევა ფსიქოლოგიური თეორიის სფეროში აუცილებელია, ოღონდ ეს ამოცანა უნდა გადაწყდეს არა პარტიკულარული თეორიების სინთეზის საშუალებით, რაც არარეალურია, არამედ სისტემური ეკლექტიზმის პრინციპის საფუძველზე. მისი საბოლოო მიზანია ყოვლისმომცველი თეორიის აგება, რომელიც ახსნის ადამიანის ბუნებას. უსისტემო ეკლექტიზმისაგან განსხვავებით, სისტემური ეკლექტიზმი შეგნებულად ცდილობს ფსიქოლოგიის ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტას. იგი გამოარჩევს და შეაკავშირებს იმას, რასაც მნიშნელოვნად მიიჩნევს ყოველ კონკრეტულ თეორიაში. სისტემური ეკლექტიზმი მიისწრაფის ადამიანის ბუნების ერთიანი მეტათეორიისკენ, რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა სანდო მონაცემი - სუბიექტური და ობიექტური, ცნობიერი და არაცნობიერი, მექანისტური და ჰოლისტური, სოციალური და ინდივიდუალური. არც ერთი ვარაუდი ადამიანის ბუნების შესახებ არ უნდა იყოს უარყოფილი, თუ კი იგი მომდინარეობს კონკრეტული ცხოვრებისეული გამოცდილებიდან; აქ მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა გზით არის ის შეძენილი.       ოლპორტის ფსიქოლოგიის საყდენი ცნება არის პიროვნება. მთელი ფსიქიკური ცხოვრება განიხილება პიროვნებასთან მიმართებაში, რადგან სწორედ პიროვნებაა ის ინსტანცია, რომელიც ორგანიზებას უკეთებს ფსიქიკურ სამყაროს. ოლპორტი მიუთითებს, რომ ფსიქიკის ორგანიზაცია შეუძლებელია ორგანიზატორის გარეშე; შეგუება გულისხმობს იმას, ვინც ეგუება; მეხსიერება ვერ იარსებებს “მე”-ს დროში განფენილობის გარეშე; სწავლა პიროვნების შეცვლას ითვალისწინებს, ხოლო ცოდნა - თავის მატარებელს. ამიტომ გასაგებია, რომ ოლპორტი განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდება პიროვნების ცნების განსაზღვრებას. თავის ერთ-ერთ ძირითად წიგნში, “პიროვნება: ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია” (1937), ოლპორტმა განიხილა და შვიდ კლასად დააჯგუფა პიროვნების ორმოცდაათზე მეტი განსაზღვრება. იგი შეეცადა ამოეკრიფა ამ განსაზღვრებების საუკეთესო ელემენტები და შემდეგ ფორმულირებამდე მივიდა: “პიროვნება არის ინდივიდში იმ ფსიქოფიზიკური სისტემების დინამიკური ორგანიზაცია, რომლებიც განსაზღვრავენ მის უნიკალურ შეგუებას გარემოსთან”. მოგვიანებით, თავის ყველაზე ცნობილ წიგნში “კანონზომიერება და განვითარება პიროვნებაში” (1961), მან ოდნავ დააზუსტა ეს განსაზღვრება და შეგუების ნაცვლად ქცევა და აზროვნება ჩაწერა. ამრიგად, ავტორის განსაზღვრებაში ნაგულისხმევია, რომ პიროვნება მუდმივად იცვლება (დინამიკური ორგანიზაცია), რომ პიროვნება გონებრივისა და სხეულებრივის გაუნაწევრებელი ერთიანობაა (ფსიქოფიზიკური ერთიანობა) და რომ მისი განუმეორებელი თავისებურებები განსაზღვრავენ ყოველგვარი სახის აქტივობას (ქცევა და აზროვნება). მრავალი ასპექტის მომცველი ეს გულდასმით შესრულებული განსაზღვრება დიდი პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე ფსიქოლოგიაში.       ოლპორტი გამიჯნავს პიროვნების ცნებას ხასიათისა და ტემპერამენტის ცნებებისაგან. ხასიათი პიროვნებისა და მისი ქცევის ზნეობრივ შეფასებას გულისხმობს. კარგი ან ცუდი ხასიათი პიროვნების თვისებების სოციალურმორალური თვალსაზრისით მისაღებლობას აღნიშნავს. ტემპერამენტი გამოხატავს ინდივიდის ემოციური რეაგირების (ემოციების ინტენსიობა, აგზნებადობა და ა.შ.) ბიოლოგიურ, ფიზიოლოგიურ მხარეს. ტემპერამენტი ინდივიდის თანდაყოლილი ნიშანია; იგი გონებრივ შესაძლებლობებსა და ორგანიზმის ფიზიკურ კონსტიტუციასთან ერთად პიროვნების საშენი მასალაა.       ანალიზის ძირითადი ერთეული, რომელმაც ნათელი უნდა გახადოს, თუ რატომ მოქმედებენ გარკვეულ სიტუაციებში ადამიანები ერთგვაროვნად და, ამავე დროს, ინდივიდუალურად და თავისებურად, ესაა ე.წ. პიროვნების ნიშანი ან თვისება (თრაიტ). თვისება არის “ნეიროფსიქიკური სტრუქტურა, რომელსაც შეუძლია მრავალი სტიმული ექვივალენტურად აქციოს; აგრეთვე, აღძრას და წარმართოს ადაპტაციური და ექსპრესიული ქცევის საკმარისად მდგრადი ფორმები”. პიროვნების თვისებათა მაგალითებია კომუნიკაბელურობა, აგრესიულობა, გულითადობა, სიხარბე, აკურატულობა, თავაზიანობა, მორიდებულობა და ა.შ. შეიძლება ასეც ითქვას, რომ თვისება გამოხატავს ადამიანის მიდრეკილებას ერთნაირად მოიქცეს სიტუაციების ფართო დიაპაზონში; ვთქვათ, თუ პიროვნება კომუნიკაბელურია, იგი სათანადოდ მოიქცევა სახლშიც, სამსახურშიც, ექსპედიციაშიც და ა.შ.       განსაზღვრებიდან ჩანს, რომ თვისება ქცევას აღძრავს. მაშასადამე, ის დინამიკური ძალის მქონე მოტივაციური წარმონაქმნია. როგორც პიროვნების სტრუქტურის ელემენტი, თვისება მუდმივად ესწრაფის გამოვლენას; თუ ადამიანს, მაგალითად, ახასიათებს ისეთი პიროვნული თვისება, როგორიც კომუნიკაბელურობაა, იგი კონტაქტის მუდმივ ძიებაში იმყოფება. საკუთრივ მოტივებთან შედარებით, თვისება უფრო ფართო რეგულაციურ ფუნქციას ასრულებს. აღძვრასთან ერთად ის განსაზღვრავს ქცევის სახეს, მის რაგვარობას. ოლპორტი აღნიშნავს, რომ თვისება მოტივაციური, შემეცნებითი და საშემსრულებლო კომპონენტების ერთობლიობაა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თვისებისა და ჩვევის ურთიერთმიმართების საკითხი. ორივე მათგანი მოქმედების შესრულების თავისებურებას განსაზღვრავს, მაგრამ თვისება ბევრად უფრო მოქნილი და ზოგადი ხასიათის წარმონაქმნია; იგი პასუხობს სიტუაციების გაცილებით ფართო წრეს და გამოიხატება მრავალი ჩვეული მოქმედების საშუალებით. მაგალითად, ბავშვს უმუშავდება ხელების დაბანის ჩვევა. დროთა განმავლობაში იგი ეჩვევა სხვა მოქმედებათა შესრულებასაც - ივარცხნის თმას, აწესრიგებს თავის ტანსაცმელს, მაგიდას და ა.შ. ამ ჩვევების ინტეგრაციის გზით ვღებულობთ ისეთ პიროვნულ თვისებას, როგორიც აკურატულობაა.       ოლპორტი გამოყოფს პიროვნული თვისებების სამ სახეს: კარდინალური, ცენტრალური და მეორადი. ისინი გენერალიზაციისა და დომინირების ხარისხით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. კარდინალური თვისება იმდენად განზოგადებულია, რომ თუ ის ადამიანში არსებობს, მის ყოველ ქცევას ასვამს დაღს. ესაა პიროვნების მთელი ცხოვრების წარმმართველი ვნება, რომელიც, ოლპორტის აზრით, ცოტას თუ ახასიათებს. მათ საილუსტრაციოდ ავტორი მიმართვს ისტორიული პირებისა და ლიტერატურული პერსონაჟების მაგალითებს, რომელთა სახელებიც საზოგადო სახელებად გადაიქცა; სადიზმი, მაზოხიზმი, შოვინიზმი, დონკიხოტობა, დონჟუანობა გარკვეული პიროვნებებისთვის დამახასიათებელი კარდინალური დისპოზიციების მაგალითებია. მათგან განსხვავებით, ცენტრალური თვისებები (სხვანაირად, პირადი დისპოზიციები) ყველას აქვს და ისინი პიროვნების მთავარ დამახასიათებელ ნიშნებს შეადგენენ. მათი შენიშვნა ადამიანში სიძნელეს არ წარმოადგენს. ოლპორტის გამოკვლევების მიხედვით, ადამიანებში ცენტრალურ თვისებათა რაოდენობა გასაოცრად მცირეა და საშუალოდ ხუთიდან ათამდე მერყეობს. მეორადი თვისებები გაცილებით ნაკლებად განზოგადებული, არცთუ მკაფიოდ გამოვლენილი და ნაკლებად ინფორმატულია პიროვნების დახასიათებისთვის. ისინი გამოხატავენ ადამიანების კონკრეტულ გემოვნებასა და მიდრეკილებებს, რაც უცხო თვალისთვის იოლი აღმოსაჩენი არ არის.       პიროვნების თვისება (ნიშანი) ოლპორტის თეორიის ცენტრალური ცნებაა. მისი საკვანძო მნიშვნელობის გამო ამ კონცეფციას, ხშირად, თვისებების თეორიასაც უწოდებენ. ამასთანავე, ოლპორტს შემოაქვს ცნება პროპრიუმი, რომელიც უკავშირდება იმ იდეას, რომ პიროვნება არ არის ერთმანეთთან დაუკავშირებელი თვისებების თუ დისპოზიციების ერთობლიობა, რომ პიროვნებაში მისი სტრუქტურული ელემენტების გამაერთიანებელი, მაორგანიზებელი პრინციპი მოქმედებს. პროპრიუმში შედის შინაგანი სამყაროს ის ნაწილი (ქცევები, თვისებები, ღირებულებები, მოტივები და სხვა), რომელიც პიროვნების მიერ ყველაზე მნიშვნელოვნად და ახლობლად განიცდება. გამოხატავს რა პიროვნების ცენტრს, პროპრიუმი, ფაქტობრივად, ისეთი ცნებების იდენტურია, როგორიცაა “მე” და “თვითონი”. ოლპორტი გამოყოფს პროპრიუმის შვიდ ასპექტს, რომლებიც პიროვნების ონტოგენეტური განვითარების სხადასხვა სტადიებზე გამოვლინდება. ესენია: საკუთარი სხეულის შეგრძნება, თვითიდენტიფიკაცია, თვითპატივისცემა, პიროვნების გაფართოება, “მე”-ს ხატი, რაციონალური თვითმართვა და პროპრიატული მისწრაფებები. პროპრიუმის ეს უკანასკნელი ასპექტი მოიცავს იმ მოტივებს, რომელთაც ადამიანი საკუთარ, პირად მისწრაფებად განიცდის და მათ საფუძველზე ისახავს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან მიზნებს. ეს მოტივაციური სისტემა ამთლიანებს პიროვნებას.       თავის შეხედულებას მოტივაციაზე ოლპორტი ფსიქოანალიზთან და ბიჰევიორიზმთან დაპირისპირებაში აყალიბებს. იგი სხვა თეორეტიკოსებზე მეტად უსვამს ხაზს ცნობიერი მოტივაციის მნიშვნელობას. ოლპორტი ამბობდა, რომ სიღრმის ფსიქოლოგია ზოგჯერ ზედმეტად “ღრმად თხრის”. იქ სადაც რეალურად მოქმედებენ ცნობიერი მოტივები, საჭირო აღარ არის აუცილებელი ჩაღრმავება არაცნობიერში. იგი გაუმართლებლად მიიჩნევს მთელი მოტივაციური სფეროს დაყვანას რამდენიმე ძირითად მოტივზე. მისი აზრით, არც ის არის სწორი, როდესაც მოტივების ფუნქციონირების ერთადერთ მექანიზმად წონასწორობის, ჰომეოსტაზის პრინციპი მოიაზრება; ადეკვატური შეხედულება მოტივაციაზე პლურალისტური უნდა იყოს. ეს გულისხმობს როგორც მოტივთა მრავლიანობის, ისე მათი წარმოქმნისა და ფუნქციონირების განმსაზღვრელი პრინციპების მრავალგვარობის აღიარებას.       მოტივთა სულ ცოტა ორ სახეობაზე შეიძლება ლაპარაკი; ესენია: საჭიროების ან დეფიციტის მოტივები და უმაღლესი განვითარების მოტივები. ჰომეოსტაზის პრინციპი მხოლოდ პირველი სახის მოტივებს მიეყენება. ჰომეოსტაზის ფორმულაში ვერ ეტევა ადამიანის ჭეშმარიტად პიროვნული არსებობის მრავალი ფორმა - ახალი, სულ უფრო რთული მიზნების დასახვა, ახალი ინტერესებისა და ინიციატივების გაჩენა, პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება და ა.შ. მაღალი მოტივაციისთვის დამახასიათებელია დაძაბულობის ძიება, წონასწორობისადმი წინააღმდეგობის გაწევა. ოლპორტი მიუთითებს კრიტიკულ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე, როდესაც მაღალი მოტივაცია დაბალს უპირისპირდება. ასეთ დროს, განსაკუთრებით დრამატულ ვითარებებში, ადამიანი ამჯობინებს დაიღუპოს, ვიდრე უღალატოს თავის “მე”ს. ოლპორტის ამ მოსაზრებებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჰუმანისტური ფსიქოლოგიის საერთო შეხედულება მოტივაციაზე.       ბევრი თეორია აიგება რწმენაზე, რომ პიროვნებას თავისი წარსული განსაზღვრავს. ოლპორტის თანახმად, პიროვნების ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი მის მოტივებსა და მიზნებში მოცემული ქმნადობისა და განვითარების პერსპექტივებია. ოლპორტი ფიქრობს, რომ პიროვნებისთვის გაცილებით მეტი მნიშვნელობა მის მომავალს აქვს; ცნობილია მისი ფრაზა: “მითხარი, როგორ წარმოგიდგენია შენი მომავალი და მე გეტყვი, ვინ ხარ შენ”. აქედან გამომდინარე, ისეთ კოგნიტურ ფენომენებს, როგორიცაა მიზანი, გეგმა, განზრახვა, მნიშვნელოვანი მოტივაციური როლი ენიჭება. სწორედ ისინი შეადგენენ “მე”-ს საკუთარ დინამიკურ ძალებს, რომლებსაც ფროიდი ყურადღების მიღმა ტოვებდა. იგი თვლიდა, რომ ინდივიდის მოტივაციური აღჭურვილობა უცვლელი ინსტინქტური მისწრაფებებისაგან შედგება.       ოლპორტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ წარმოიქმნება და ფუნქციონირებს მეორადი, მაღალი მოტივები. აქ იგი მკვეთრად უპირისპირდება ნეობიჰევიორისტულ თვალსაზრისს, რომლის თანახმადაც ყოველი ახალი აღმძვრელი წარმოიქმნება მაშინ, როცა მანამდე ნეიტრალური სტიმული რაიმე თანდაყოლილი, ორგანული მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესს დაუკავშირდება. ასეთ შემთხვევაში სტიმული იძენს ახალი ქცევის აღძვრის უნარს. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ყველა მეორადი, მაღალი, სოციალური მოთხოვნილება არის მხოლოდ ორგანული მდგომარეობის დერივატი (პროდუქტი, წარმოებული), სიგნალი მის მიღმა მყოფი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა. ნეობიჰევიორისტები ამტკიცებენ, რომ მეორადი მოთხოვნილებები ასრულებენ მხოლოდ იმ ფასადის როლს, რომელიც ფარავს მათ საფუძველში მყოფ თანდაყოლილ ორგანულ აღმძვრელებს. ადამიანს ჰგონია, რომ მას სამოქმედოდ მაღალი მოთხოვნილების შინაარსი აღძრავს, რეალურად კი ამას მის მიღმა არსებული ბიოლოგიური მოტივაცია აკეთებს.       ამ შეხედულების საწინააღმდეგოდ, ოლპორტი აყალიბებს მოტივთა ფუნქციონალური ავტონომიის კონცეფციას. მისი დედააზრი ასეთია: მოზდილი ადამიანის მაღალი მოტივები თავისთავადი და უსასრულოდ მრავალფეროვანი სისტემებია. ფუნქციონალური ავტონომიის პრინციპი ნიშნავს იმას, რომ ახალი მოტივები ამოიზრდებიან წინამორბედი მოტივაციური სისტემებიდან, მაგრამ ფუნქციონალურად მათგან დამოუკიდებელი არიან. ქცევა, რომელიც თავდაპირველად აღმოცენდება რომელიმე პირველად მოთხოვნილებასთან დაკავშირებით, როგორც მისი დაკმაყოფილების მომსახურე აქტივობა, დროთა განმავლობაში კავშირს წყვეტს ამ საწყის მოტივთან და გადაიქცევა ფუნქციონალურად დამოუკიდებელ, თვითკმარ მოტივაციურ ერთეულად. ის, რაც მიზნის მიღწევის საშუალება იყო, თვითონ ხდება მიზანი; ობიექტები და მოქმედებები, რომლებიც ოდესღაც მხოლოდ რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილების ინსტრუმენტები იყვნენ, თავად იქცევიან ინტერესის საგნად - იძენენ საკუთარ მოტივაციურ ძალას. მაგალითად, სუბიექტი თავდაპირველად ნადირობს საკვების მოპოვების მიზნით. მაგრამ, რატომ განაგრძობს ნადირობას იმის მერე, რაც გამოკვების პრობლემა მოხსნილია? თუ, როგორც ოლპორტი უწოდებს, “უცვლელი მოტივების თვალსაზრისზე” დავრჩებით, ანალიზი ისევ პრიმიტიულ მოტივებთან, ვთქვათ თანდაყოლილ აგრესიულ ტენდენციასთან მიგვიყვანს. ოლპორტი უარს ამბობს ასეთ ინტერპრეტაციაზე. მისი აზრით, როცა სუბიექტი პირველადი საბაზო მოტივაციის გარეშეც განაგრძობს მოქმედებას (ამ შემთხვევაში ნადირობას), ეს იმის გამო ხდება, რომ მას, უბრალოდ, მოსწონს, ეხალისება ეს საქმიანობა. ეს კი არსებითად ნიშნავს, რომ მოწიფული პიროვნების ქცევა არაა ფუნქციონალურად დამოკიდებული იმაზე, თუ რამ წარმართა იგი თავდაპირველად. მაშასადამე, პიროვნება, ფუნქციონალურად მაინც, არ არის პირდაპირ ამოზრდილი თავისი წარსულის ფესვებიდან.       ნათელია, რომ ეს შეხედულება საფუძვლიანად განსხვავდება იმ თვალსაზრისისაგან, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ინდივიდის წარსულს, ადრეული პერიოდის ფიქსაციებსა თუ განსაზღვრულობას ენიჭება (ფსიქოანალიზი, ბიჰევიორიზმი და სხვა). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ის სერიოზული ანალიზის საგანი გახდა. ეს უთუოდ საინტერესო კონცეფცია მართლაც წარმოშობს გარკვეულ კითხვებს: შეიძლება თუ არა, რომ ყოველი აქტივობა, ხშირად გამეორების შემთხვევაში, გახდეს ავტონომიური მოტივაციის მატარებელი და რა შეზღუდვები არსებობს ამასთან დაკავშირებით? რაც მთავარია, როგორია მოტივების ავტონომიზაციის ჭეშმარიტი ფსიქოლოგიური მექანიზმი, საიდან მომდინარეობს მოტივის დინამიკური ძალა, თუ მისი კავშირი პირველად აღმძვრელებთან დაკარგულია? ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხი არ იქნა გაცემული. სპეციალისტების მართებული შეფასებით, ფუნქციონალური ავტონომიის კონცეფციის შესამჩნევი სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ის, არსებითად, აღწერით მოდელად რჩება; ოლპორტი არსად მიუთითებს მოტივთა ავტონომიის მოვლენის საფუძვლადმდებარე ფსიქოლოგიურ პროცესსა თუ მექანიზმზე. ამის გამო ძნელია იმის წინასწარმეტყველება, თუ როდის და რა ვითარებაშია მოსალოდნელი კონკრეტული ავტონომიური მოტივის წარმოშობა.       რადგან სიტყვა წინასწარმეტყველებაზე ჩამოვარდა, უნდა აღინიშნოს, რომ სადავო საკითხად იქცა და მრავალი გამოკვლევის ობიექტი გახდა ისიც, თუ რამდენადაა შესაძლებელი ინდივიდის ქცევის პროგნოზირება მისი პიროვნული თვისებების მიხედვით; რამდენად შეესატყვისება საზოგადოდ ერთმანეთს ქცევა და პიროვნების თვისება. ეს საკითხი, ინტენსიური კვლევის მიუხედავად, დახურულად ვერ ჩაითვლება და კვლავაც რჩება ე.წ. დისპოზიციონიზმისა და სიტუაციონიზმის დაპირისპირების საგნად. მაგრამ, ეს ხელს არ უშლის პიროვნების თეორიების შემსწავლელ სპეციალისტებს, აღიარონ ოლპორტის სისტემის ისეთი კონცეპტების მნიშვნელობა, როგორიცაა პიროვნების თვისება, ფუნქციონალური ავტონომია, პროპრიუმი და სხვა. მათი ნაყოფიერება მრავალგზის გამოვლინდა პერსონოლოგიურ კვლევებში.       სხვა საკითხია, როგორ უნდა ხორციელდებოდეს ასეთი კვლევა. ეს საკითხი უკავშირდება ოლპორტის თეზისს პიროვნების ინდივიდუალურობისა და უნიკალურობის თაობაზე, რომელიც იმდენად რადიკალურადაა ფორმულირებული, რომ, პრინციპში, გამორიცხავს ადამიანის ფსიქიკის სფეროში რაიმე ზოგადი კანონზომიერების ძიების შესაძლებლობას. უნდა ითქვას, რომ ოლპორტის თეორიული სისტემის ამ პუნქტმა ყველაზე დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია იმ ფსიქოლოგთა შორის, რომლებსაც კანონზომიერების დადგენისა და განზოგადების გარეშე მეცნიერული კვლევა ვერ წარმოუდგენიათ. ინდივიდუალობის შესწავლა ზოგადის აღმოჩენაზე უარის თქმას არ უნდა ნიშნავდეს. პიროვნების ფსიქოლოგიის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ინდივიდის უნიკალურობას პიროვნული თვისებების სხვადასხვა დონეების უნიკალური შეხამება ქმნის, ამასთან, ეს თვისებები ყველასთვის ერთნაირია. უფრო ზოგად პლანში ეს პოზიცია მკაფიოდ გამოხატა ა. ფრანგიშვილმა. მისი თქმით, “პერსონალისტური ფსიქოლოგია, რომელიც უარყოფს პიროვნების შესწავლას ზოგადი ფსიქოლოგიის ფარგლებში, აგებულია კერძოსა და ზოგადის მცდარ ანტითეზაზე ... ერთეული არ არსებობს სხვაგვარად, თუ არა იმ კავშირებში, რომელთაც მივყავართ ზოგადამდე. ზოგადი არსებობს მხოლოდ ერთეულში და ერთეულის წყალობით ... ზოგადი ფსიქოლოგიისა და პიროვნების ფსიქოლოგიის დაპირისპირება კარგავს ყოველგვარ აზრს - ზოგადი ფსიქოლოგია არის იმავე დროს პიროვნების, ინდივიდუალობის ფსიქოლოგია”.       ოლპორტის თეორიულმა სისტემამ ბიძგი მისცა პერსონოლოგიაში პიროვნული თვისებების მიმართულების შექმნას. ამ ორიენტაციის ფარგლებში, რომელიც არ მიეკუთნება ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას და აგებულია საბუნებისმეტყველო პარადიგმაზე, მრავალი მკვლევარი მუშაობს. მათ შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ გამოჩენილი ფსიქოლოგები ჰანს იურგენ აიზენკი (1916-1997) და რაიმონდ ბერნარდ კეტელი (1905-1998)[1].       ჰუმანისტური ფსიქოლოგიის პრინციპები ყველაზე სრულად და მკაფიოდ მასლოუს შეხედულებათა სისტემაში გამოვლინდა. აბრაჰამ მასლოუმ (19081970) დაიბადა ნიუ-იორკში, რუსეთიდან გადმოსახლებულ ებრაულ ოჯახში. მან კარგი ექსპერიმენტული წრთობა გაიარა ვისკონსინის უნივერსიტეტის პრიმატების ქცევის შემსწავლელ ლაბორატორიაში, ნეობიჰევიორიზმის ერთერთი გამოჩენილი წარმომადგენლის ჰ. ჰარლოუს ხელმძღვანელობით. დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ (1934წ.) იგი ერთ ხანს მუშაობდა ნიუიორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში თორნდაიკის ხელმძღვანეობით, ხოლო შემდეგ ბრუკლინის კოლეჯში გადავიდა. ნიუ-იორკში გატარებულმა წლებმა დიდი გავლენა მოახდინა მასლოუს ორიენტაციის საბოლოო ჩამოყალიბებაზე. იმ პერიოდში ნიუ-იორკში მოღვაწეობდნენ ნაციზმს გარიდებული ბრწყინვალე ევროპელი სპეციალისტები: ადლერი, ბენედიქტი, ვერთჰაიმერი, კოფკა, ფრომი, ჰორნი, რომლებთანაც მასლოუს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა. 1951-1968 წლებში იგი სათავეში ედგა ფსიქოლოგიის კათედრას ბრანდეისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში ბოსტონის მახლობლად.       მასლოუს თავდაპირველი ფსიქოლოგიური ორიენტაცია ბიჰევიორისტული იყო. მისი სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა მაიმუნების კოლონიაში სექსუალურ ქცევაზე მოქმედი სოციალური ფაქტორების შესწავლას. როგორც შედარებითი ფსიქოლოგიის სპეციალისტი, იგი ემყარებოდა რწმენას, რომ ცხოველების შეწავლამ შეიძლება საშუალება მოგვცეს გავიგოთ ადამიანის ქცევა, ვინაიდან ადამიანებიც ცხოველებს მიკუთვნებიან. მოგვიანებით მასლოუმ ისევე, როგორც ყველა მისმა თანამზრახველმა ჰუმანისტურმა ფსიქოლოგმა, კატეგორიულად უარყო ყოველგვარი მოდელი, რომელიც ადამიანის ცხოველთან ან მანქანასთან ანალოგიას გულისხმობს. მასლოუს ახალი მრწამსის ჩამოყალიბება დაიწყო ოცდაათიანი წლების ბოლოს, როდესაც მან ხელი მოჰკიდა ისეთი ადამიანური თვისებების შესწავლას, როგორიცაა დომინანტობა და თვითპატივისცემა. კვლევაში გაჩნდა და განმტკიცდა მოსაზრება, რომ ეს თვისებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულიერი ჯანმრთელობის თვალსაზრისით. ამ იდეებმა განაპირობა მასლოუს ინტერესები მოტივაციისა და ჯანმრთელობის საკითხის მიმართ, რაც მას მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაჰყვა. შემდგომში მასლოუ დაინტერესდა ფენომენოლოგიით და აღმოსავლური ფილოსოფიით, სახელდობრ, ჩინური სისტემით, დაოსიზმით. მასლოუს მიაჩნდა, რომ დასავლურ მეცნიერებაში არსებული მიდგომები მასალის ორგანიზაციისა და აღწერის მიმართ დამყარებულია აბსტრაქტულ სქემებზე და გონებაჭვრეტით სპეკულაციებზე. მათ სანაცვლოდ უნდა გამოვიყენოთ დაოსური ჩაურეველი შემეცნება, უშუალო გამოცდილების ჭვრეტა, მოძრაობა “უკან საგნებისკენ”, როგორც ამას ჰუსერლი მოითხოვდა; ეს ნიშნავს ჭეშმარიტ წვდომას, გაგებას, მკვლევარისა და ობიექტის შერწყმას; ობიექტი უნდა მივიღოთ ისე, როგორც ის გვეძლევა, მთლიანად, წინასწარი შეფასებებისა და ვარაუდების გარეშე; მივიღოთ იგი უშუალო მოცემულობაში ანუ ექსპირიენტულად (განცდისეულად). ასე უნდა იწყებოდეს ფსიქოლოგიური კვლევა, როგორც იდეოგრაფიული შემეცნება უნიკალური, თავისებური პიროვნებისა. შემდგომ ეტაპზე, როდესაც დადგება ამ ინდივიდუალური ფენომენოლოგიური გამოცდილების ორგანიზაციის, კლასიფიკაციისა თუ განზოგადების ამოცანა, მოვა ჰიპოთეტური კონსტრუქციების და მათი ექსპერიმენტული შემოწმების დროც. მაშასადამე, ამოცანა მდგომარეობს ამ ორი მეთოდოლოგიის ოპტიმალურ ურთიერთშეხამებაში იმის გათვალისწინებით, რომ ყოველთვის მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ უშუალი სასიცოცხლო გამოცდილებასთან. საერთოდ კი მალოუს მიაჩნდა, რომ საჭიროა კონცენტრირება პრობლემებზე და არა მეთოდებზე. ყოველი მეთოდის ათვისება აჩენს სურვილს გამოიყენო იგი მისი რეალური შესაძლებლობების ფარგლებს მიღმა. “თუ თქვენ მხოლოდ ჩაქუჩი გაქვთ, ჩნდება ცდუნება, მოეპყრო ყველაფერს, როგორც ლურსმნებს”. უნდა შევისწავლოთ მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემები და არ შემოვიფარგლოთ იმით, რაც მისაწვდომია არსებული კვლევითი ტექნიკებისთვის.       მოტივაციის კვლევისა და პიროვნების თეორიის განვითარებისას, კერძოდ, თვითაქტუალიზებული ადამიანების შესწავლისას, მასლოუ ამ მეთოდლოგიურ პოზიციაზე იდგა. თავდაპირველად თვითაქტუალიზებული პიროვნებების შესწავლა არ იყო ჩაფიქრებული ავტორის მიერ, როგორც მეცნიერული კვლევა. მას ბიძგი მისცა მასლოუს ინტერესმა, გაერკვია, თუ რითი განსხვავდებიან მისი სათაყვანებელი მასწავლებლები რუთ ბენედიქტი და მაქს ვერთჰაიმერი სხვებისაგან. მასლოუს აღფრთოვანება ამ პიროვნებებით იმდენად დიდი იყო, რომ ექმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ისინი რაღაც უფრო მეტს წარმოდგენენ, ვიდრე უბრალოდ ადამიანები. ამ საკითხზე ფიქრმა მიიყვანა მასლოუ რწმენამდე, რომ შესაძლებელია ამ ორი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული პიროვნების ხატის განზოგადება და დაასკვნა, რომ აქ საქმე გვაქვს ადამიანთა გარკვეულ ტიპთან - თვითაქტუალიზებულ პიროვნებებთან.       ომის შემდგომ პერიოდში მასლოუ იწყებს თვითაქტუალიზებული პიროვნებების სისტემატურ კვლევას. კლინიკურ ანალიზთან ერთად, იგი იყენებდა ბიოგრაფიულ მეთოდსაც. შეისწავლა რიგი გამოჩენილი ადამიანების სასიცოცხლო გზა (მაგ., ბ. სპინოზა, ა. ლინკოლნი, თ. ჯეფერსონი, უ. ჯეიმსი, ა. აინშტაინი, ე. რუზველტი, ო. ჰაქსლი, ა. შვეიცერი), მასლოუმ გამოჰყო ის თვისებები, რომლებიც განსაკუთრებით გამოარჩევთ თვითაქტუალიზებულ პიროვნებებს. მათ შორისაა: რეალობაზე ორიენტირებულობა, მომთმენლობა და შემწყნარებლობა, უბრალოება და ბუნებრიობა, სპონტანურობა, პრობლემებსა და საქმეებზე ცენტრირება, უმაღლესი ან მისტიკური განცდების ქონა, დამოუკიდებლობა და ავტონომიურობა, აღქმის სიცხოველე, ზეშთაგონებულობა, საზოგადოებრივი ინტერესი, თანაგრძნობა, ხასიათის დემოკრატიულობა, სიკეთისა და ბოროტების, მიზნისა და საშუალების გამიჯვნა, ფილოსოფიური იუმორის გრძნობა, შემოქმედებითობა და არაკონფორმულობა.       ამ პიროვნული სტრუქტურის საყრდენ ღერძს თვითაქტუალიზაციის მოტივი წარმოადგენს. თვითაქტუალიზებული პიროვნების მოტივაციურ სფეროში თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებას დომინირებული ადგილი უკავია. ადამიანს აქვს მოთხოვნილება აკეთოს ის, რისთვისაც არის მოწოდებული. თუ ადამიანში ჩადებულია მოაზროვნის, მეცნიერის თვისებები, მან უნდა მოხდინოს ამ თვისებათა რეალიზაცია; მხატვრული ნიჭით დაჯილდოებულმა ადამიანმა უნდა ხატოს, პოეტურით - წეროს ლექსები, თუ, რა თქმა უნდა, მას საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა სურს. “ადამიანი ვალდებულია იყოს ის, რაც მას შეუძლია იყოს. ადამიანი გრძნობს, რომ უნდა შეესაბამებოდეს თავის ბუნებას. ამ მოთხოვნილებას შეიძლება ეწოდოს თვითაქტუალიზაცია”. ცხადია, ყველა ადამიანში ეს მოთხოვნილება განსხვავებულად ვლინდება. ერთს უნდა, რომ გახდეს იდეალური მშობელი, მეორე მიისწრაფვის სპორტული რეკორდებისკენ, მესამე მიმართულია შემოქმედებითი მწვერვალების დასაპყრობად... ინდივიდუალური სხვაობები აქ უთვალავია.       მასლოუს მიხედვით, თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას, დაახლოებით 1-4% შეადგენენ. ბუნებრივია, ისმის კითხვა: რატომ არის ასე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მასლოუ ცდილობს მოტივთა იერარქიული თეორიის საფუძველზე. ავტორის თანახმად, ერთმანეთისაგან უნდა გამოვყოთ მოტივების, ან ე.წ. ბაზური მოთხოვნილებების ხუთი კლასი, რომლებიც დონეების მიხედვით არიან იერარქიზირებული. 1) ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები (შიმშილი, წყურვილი, სექსუალური ლტოლვა, ძილი და ა.შ.); 2) უსაფრთხოების მოთხოვნილებები (ტკივილის, შიშის, დისკომფორტის და ა.შ. არიდების მოთხოვნილებები, სტაბილური, ორგანიზებული და პროგნოზირებული ცხოვრების მოთხოვნილებები); 3) სოციალური კავშირებისა და სიყვარულის მოთხოვნილებები (მარტოობისა და გაუცხოების არიდების, სოციალური მიკუთვნებულობის, იდენტიფიკაციის, სითბოს, სიყვარულის მოთხოვნილებები); 4) აღიარების და დაფასების მოთხოვნილებები; აქ ორი ჯგუფი გამოიყოფა: ა) სიძლიერის, დომინირების, მიღწევის, შეჯიბრის, დამოუკიდებლობის მოთხოვნილებები და ბ) პატივისცემის, ყურადღების, დაფასების, აღიარების მოთხოვნილებები; 5) თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები (ადამიანის უნარ-შესაძლებლობების, პიროვნული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაციის მოთხოვნილებები).       ამ მოთხოვნილებეთა გამოვლენის ფორმები ძალზე განსხვავებულია. მაგალითად, პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება სხვადასხვა ადამიანში შეიძლება თავისებურად წარმოჩინდეს: ერთისთვის აუცილებელია გახდეს გამოჩენილი პოლიტიკოსი და მოიპოვოს თანამოქალაქეთა უმრავლესობის მოწონება, მეორისთვის კი შვილების მიერ მისი ავტორიტეტის აღიარებაც საკმარისია. ერთი მოთხოვნილების ფარგლებში ვარიაციათა ასეთივე ფართო დიაპაზონი არსებობს ე.წ. “მოტივების პირამიდის” ყველა დონეზე, მათ შორის პირველზეც კი (ანუ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებში). თვითქატუალიზაციის მოთხოვნილებებზე ხომ უკვე ითქვა.       მოთხოვნილებათა ეს ჯგუფები იერარქიულ რიგს ქმნიან. იერარქიის უმდაბლეს დონეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები შეესაბამება, ხოლო უმაღლესს - თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებები. რაც უფრო მაღალია მოთხოვნილება, მით უფრო გვიან წარმოიქმნება იგი გენეტიკურად, მით უფრო ხანგრძლივად შეიძლება მისი დაუკმაყოფილებლობის ატანა; სუბიექტურად იგი ნაკლებ მომთხოვნად განიცდება. მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ბიოლოგიურ და ფსიქიკურ ფუნქციონირებას უფრო ეფექტურს ხდის და პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს. ოღონდ მაღალ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია რიგში უფრო დაბლა მდგომი მოთხოვნილებები. თუ, მაგალითად, დეპრივირებულია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ინდივიდის მთელი აქტივობა მათ დაკმაყოფილებაზეა მიმართული და სხვა მოთხოვნილებები ამ დროს მისთვის არც არსებობს. დაკმაყოფილების შემდეგ ამ მოთხოვნილებებს აქტუალურობა ეკარგება და ინდივიდს შესაძლებლობა ექმნება იზრუნოს შემდგომი დონის, ანუ უსაფრთხოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაზე და ა.შ. მაშასადამე, თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილებებმა მხოლოდ მაშინ შეიძლება განსაზღვრონ პიროვნების აქტივობა, თუ ყველა დანარჩენი მოთხოვნილება ასე თუ ისე დაკმაყოფილებულია. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს ვითარება მიუღწეველია; მათი ქცევა მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმართულია არა თვითაქტუალიზაციაზე, არამედ დაბალი რიგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. მასლოუს ვარაუდით, შედარებით განვითარებულ საზოგადოებებშიც ადამიანები იკმაყოფილებენ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს 85%, უსაფრთხოების – 70%, ურთიერთობის – 50%, თვითპატივისცემის – 40% და თვითაქტუალიზაციის – 10%. ამიტომაც შეადგენენ თვითაქტუალიზებული პიროვნებები მოსახლეობის უმცირესობას. საჭიროა აღინიშნოს, რომ მასლოუ ადასტურებს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც მოთხოვნილებების დაკმაყოფილების იერარქიული წესი ირღვევა და მაღალი მოთხოვნილებები ქცევის რეალური მოტივები ხდებიან დაბალი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის პირობებშიც. მაგრამ, ავტორის თქმით, ეს მხოლოდ ის გამონაკლისია, რომელიც საერთო წესს ადასტურებს.       აღწერილი მოდელი მასლოუმ ჩამოყალიბებული სახით დაალაგა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წიგნში “მოტივაცია და პიროვნება” (1954). იგი შემდგომშიც სრულყოფდა და ამდიდრებდა თავის შეხედულებებს თვითაქტუალიზაციის შესახებ; სახელდობრ, დაინტერესდა თვითაქტუალიზაციის განვითარების საკითხით. საქმე ისაა, რომ მასლოუს მიერ შესწავლილი თვითაქტუალიზებული პიროვნებები ძირითადად ასაკოვანი ხალხი იყო, რომელთათვისაც თვითაქტუალიზაცია მათი პიროვნული განვითარების შედეგს, საბოლოო მდგომარეობას წარმოადგენდა. მაგრამ, როგორ შეიძლება დახასიათდეს თვითაქტუალიზაციის კუთხით თუნდაც ეს პიროვნებები მათი ჩამოყალიბების მთელი პროცესის განმავლობაში? ნუთუ თვითაქტუალიზაციისთვის უცხოა დინამიკა, ქმნადობა?       ამ საკითხის დამუშავების პროცესში მასლოუმ შეარბილა თავისი პოზიცია მოტივთა აქტუალიზაციის მკაცრი იერარქიულობის შესახებ. მან თავის მოდელში ე.წ. ზრდის მოტივაცია შეიტანა. ესაა განვითარებისკენ სწრაფვის მუდმივ მომქმედი ტენდენცია, რომლის უმაღლეს და საბოლოო სახეს თვითაქტუალიზაცია შეადგენს. თვითაქტუალიზებულ პიროვნებებში ეს მოტივაცია ბატონობს, მაგრამ მისი ელემენტები ყველა ადამიანთან გვხვდება. ავტორი ასე აყალიბებს თავი მოსაზრებას: “თვითაქტუალიზაცია რამდენადმე განხორციელებულ ფაქტს მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებთან წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, უმრავლესობასთან იგი არსებობს იმედის, მისწრაფების, ლტოლვის, ბუნდოვნად სასურველის, მაგრამ ჯერ მიუღწევლის სახით. თვითაქტუალიზაციის ღირებულებები რეალურად არსებობენ მაშინაც, როცა ისინი არაა აქტუალიზებული. ადამიანი ერთდროულად წარმოადგენს იმასაც, რაც ის არის და იმასაც, რისკენაც ის მიისწრაფის”.       მასალოუს პოზიციის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა ფსიქოკონსულტაციური პრაქტიკის მონაცემებმა. იგი დარწმუნდა, რომ ფაქტობრივად ყველა ადამიანში არსებობს მისწრაფება თვითაქტუალიზაციისკენ, უმრავლესობას კი, პრინციპში, შეუძლია თვითაქტუალიზაციისკენ გზის გამონახვა ან დამოუკიდებლად, ან ფსიქოკონსულტანტის დახმარებით. ამრიგად, თვითაქტუალიზია არაა მხოლოდ ერთეული პიროვნებების სასრული და მუდმივი მდგომარეობა. თვითაქტუალიზაციის პოტენციამ შეიძლება თავი იჩინოს ხანმოკლე ეპიზოდების, მდგომარეობების სახითაც. ამ კონტექსტში მასლოუ ლაპარკობს საზღვრულ განცდებზე. მათ დახასიათებას ავტორი შემდეგი სიტყვებით ცდილობს: ესაა ყველაზე შესანიშნავი განცდა, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წამები, მომენტი აღფრთოვანებისა, ნეტარებისა და ექსტაზისა. ეს შეიძლება მოხდეს სიყვარულში, მუსიკის მოსმენისას, წიგნის კითხვის ან შემოქმედებითი აღტკინებისას. ამგვარ საზღვრულ განცდებში ადამიანი მაქსიმალურად ავლენს თავის შესაძლებლობებს და სწორედ მაშინ ხდება ადამიანი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ესაა ჭეშმარიტი თვითაქტუალიზაციის ეპიზოდები. მაშასადამე, თვითაქტუალიზაცია მხოლოდ გამორჩეულთა ხვედრი არ ყოფილა. “ყოველი ადამიანი, ამბობს მასლოუ, ყოველ საზღვრულ განცდაში დროებით იძენს ბევრ იმ თვისებათაგანს, რომლებიც მე აღმოვაჩინე თვითაქტუალიზებულ პიროვნებებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველი დამიანი, ხანმოკლე დროით მაინც, ხდება თვითაქტუალიზებული”.       მიუხედავად ამისა, მასლოუს ძირითად ინტერესს შეადგენს არა თვითაქტუალიზაცია, როგორც ერთხელობრივი აქტი, გაბრწყინება, ეპიზოდი, არამედ თვითაქტუალიზაცია, როგორც ცხოვრების სტილი, როგორც სრულყოფილი, განვითარებული პიროვნების არსებობის ფორმა. თავის საეტაპო წიგნში “ყოფიერების ფსიქოლოგიისკენ” (1962) იგი განსაკუთრებულ ყურადღებას პრობლემის ამ ასპექტზე ამახვილებს და მას მეტამოთხოვნილებების და ყოფიერების ღირებულებების ტერმინებში აღწერს. მასლოუ გამიჯნავს მოტივაციის ორ სახეს: პირველი (ე.წ. საბაზო მოტივაცია) ახასიათებს ადამიანებს, რომლებსაც არ მიუღწევიათ თვითაქტუალიზაციის დონემდე, ხოლო მეორე (ე.წ. მეტამოტივაცია) დამახასიათებელია თვითაქტუალიზაციის, ჭეშმარიტი არსებობის დონეზე მცხოვრები ადამიანებისთვის. ამ პიროვნებებს ყოველთვის აქვთ რაიმე მისია, როლი, მოწოდება, რომლის განხორციელებისთვის ზრუნვა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო საქმიანობად განიცდება. ეს მოწოდება ყოველთვის რომელიმე უმაღლეს ღირებულებასთან არის დაკავშირებული. მაშასადამე, მეტამოთხოვნილებათა როლს უმაღლესი ღირებულებები ან, როგორც ავტორი უწოდებს, ყოფიერების ღირებულებები ასრულებენ. მასლოუ 14 ასეთ ღირებულებას გამოყოფს, მათ შორის არის ჭეშმარიტება, სილამაზე, უნიკალურობა, სრულყოფილება, სამართლიანობა, წესრიგი, უბრალოება, დასრულებულობა, თვითკმარობა და სხვა. პრინციპში, აღნიშნავს მასლოუ, ეს ღირებულებები ან მეტამოთხოვნილებები ყველას აქვს, რადგან ისინი ადამიანის ბუნებას გამოხატავენ, მაგრამ ზოგიერთი ინდივიდები მათ არსებობას ვერც გრძნობენ, ხოლო ზოგიერთებისთვის ისინი ქცევის და ცხოვრების განმსაზღვრელი ფაქტორებია.       ამრიგად, მეტამოთხოვნილებები ადამიანის ბუნების ნაწილს შეადგენენ. თანდაყოლილი ბიოლოგიური მოთხოვნილებების მსგავსად, ყველა ადამიანს იმთავითვე ახასიათებს ყოფიერების ღირებულბებისადმი სწრაფვა. “სავსებით გარკვეული და ემპირიული აზრით, ადამიანისთვის აუცილებელია იცხოვროს სილამაზეში და არა სიმახინჯეში, ისევე, როგორც აუცილებელია საკვები მშიერი კუჭისთვის ან დასვენება დაღლილი სხეულისთვის”. მეტამოტივები ინსტინქტოიდური ხასიათისაა. გარემოს, კულტურას შეუძლია მხოლოდ ხელი შეუწყოს, ან შეაფერხოს მათი აქტუალიზაცია. ის ვითარება, რომ ადამიანების უმრავლესობა ვერ ახერხებს ნამდვილი ყოფიერების დონეზე ასვლას და მეტამოტივირების რეალიზაციას, უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებით არის გაპირობებული. ასეა თუ ისე, მეტამოთხოვნილებათა ქრონიკული ფრუსტრაცია იწვევს ფსიქიკურ დაავადებებს ანუ, მასლოუს ტერმინოლოგიით, მეტაპათოლოგიებს. ასეთი მდგომარეობები, როგორებიცაა დეპრესია, აპათია, გაუცხოება და სხვა, სწორედ ასეთი უმაღლესი დონის აშლილობების რიცხვს მიეკუთვნება.       მასლოუს, პირველ ყოვლისა, ფსიქიკურად სრულყოფილი, ჯანსაღი ადამიანი აინტერესებს. აბსოლუტურად ჯანმრთელი, ნორმალური, ბედნიერი ადამიანი მეტამოტივირებული პიროვნებაა. მას არ უნდა აწუხებდეს დაბალი რიგის მოთხოვნილებები. მასლოუს აზრით, თუ ადამიანში მუდმივად არის აქტუალიზებული სხვა ფუნდამენტური მოთხოვნილებები, იგი, ფაქტობრივად, ავადაა. ნათელია, რომ სიტყვა “ავადმყოფობა” აქ სპეციფიკური მნიშვნელობით იხმარება. ავადმყოფობა ამ შემთხვევაში ინდივიდისა და სოციალური გარემოს ურთიერთმიმართების ჭრილშია განხილული. მსჯელობას ასეთი სახე აქვს: ვინაიდან ადამიანი “ავადაა” მისი ფუნდამენტური მოთხოვნილებების დაუკმაყოფილებლობის გამო, ხოლო ბაზური მოტივების ფრუსტრაცია გაპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდის გარეთ არსებული ძალებით და პირობებით, მისი ავადმყოფობა საკუთრივ “საზოგადოების ავადმყოფობის” შედეგია. ჯანმრთელი საზოგადოება ისეთი საზოგადოებაა, სადაც ადამიანებს შეუძლიათ წარმატებით ურთიერთთანამშრომლობა, თავისი პოტენციალის განვითარება და მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება სხვათა თავისუფლების შეუზღუდავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასლოუს მიერ წარმოდგენილი ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მეტამიზანი კარგი საზოგადოების შექმნაა, ისეთი საზოგადოებისა, რომელშიც შესაძლებელია საკუთარი თავის რეალიზება და თვითაქტუალიზაცია. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა აქტიური ფსიქოკონსულტაციური და ფსიქოკორექციული მუშაობა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, იქნება ეს ოჯახი, განათლების სისტემა, ბიზნესი თუ პოლიტიკა.       მასლოუ თვითონ იყო ჰუმანისტური რეფორმების გატარების ინიციატორი ბიზნესისა და ინდუსტრიის სფეროში. მან სპეციალური შრომაც მიუძღვნა მენეჯმენტის ფსიქოლოგიას, რომელიც ითვალისწინებდა ხელმძღვანელსა და შემსრულებელს შორის დემოკრატიული ურთიერთობების დამყარებას უმაღლესი მოტივების შესაბამისად. მისი მიზანი ისეთი სამუშაო სიტუაციის შექმნა იყო, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა თვითაქტუალიზაცია და პიროვნული ზრდა. იმ რამდენიმე კორპორაციაში, სადაც მასლოუსეული პრინციპები დაინერგა, აღინიშნებოდა შესამჩნევი წარმატება მომსახურეთა პროდუქტიულობის, ეფექტურობისა და ბედნიერების ზრდის მხრივ. ამ შედეგებმა ცხადყო და დაადასტურა მასლოუს თეზისი, რომ პიროვნული ძალების გამოვლენის მაღალი დონე მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როდესაც ვაღიარებთ თვითაქტუალიზაციის მოტივაციას ყველა ადამიანში და ხელს შევუწყობთ ამ მოტივაციის მაქსიმალურად სრულ რეალიზაციას.       მასლოუ, ალბათ, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ყველაზე სერიოზული თეორეტიკოსია. მისი იდეები ფართოდაა გავრცელებული თანამედროვე ფსიქოლოგიურ (და არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ) საზოგადოებრიობაში, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ამ იდეებს ყველა იზიარებს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოტივაციის იერარქიულმა მოდელმა, რომელიც მასლოუს შეხედულებათა ქვაკუთხედია. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს არის მოტივთა კლასიფიკაციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ცდა. ამიტომ მკვლევარები შეეცადნენ მის განვითარებას. მაგალითად, მასლოუს მოტივთა კლასიკურ ხუთსაფეხურიან პირამიდას დაემატა აღიარების მოტივაციაზე დაშენებული შემეცნებითი და ესთეტიკური მოთხოვნილებების ორი დონე. მასლოუ თავის შრომებში ახსენებს კოგნიტურ და ესთეტიკურ მოთხოვნილებებს, როგორც მოტივაციის დამატებით ასპექტებს, მაგრამ ძირითადი მოტივაციის ჩამონათვალში ისინი არ შეჰყავს და თვითაქტუალიზაციის უმაღლეს მოტივაციაში აერთიანებს.       ამავე დროს, მოთხოვნილებათა თანმიმდევრული აქტუალიზაციის პრინციპი, რომელზეც აღნიშნული მოდელია დაფუძნებული, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგიერთი შეფასებით, იგი არსებითად სწორად გამოხატავს საქმის ვითარებას და შეესაბამება ონტოგენეტური განვითარების მონაცემებს, რომლებიც ადასტურებენ მასლოუს მიერ დადგენილ თანმიმდევრობას. მართლაც, სულ პატარა ბავშვისთვის მთავარია ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები; შემდგომ სტადიაზე უფრო მნიშვნელოვანი ხდება უსაფრთხოება. მომდევნო ეტაპზე დომინირებულ ადგილს სოციალური კონტაქტი და თვითშეფასება იკავებს. თვითაქტუალიზაცია თავს იჩენს მხოლოდ გარდამავალ ასაკში, სრულად კი უკვე მოზრდილობაში რეალიზდება. დომინანტურ იერარქიას ადასტურებენ ექსპერიმენტული მონაცემებიც, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ისინი იერარქიის ორ უმდაბლეს დონეს მოიცავენ. მაგალითად, დიდ ემპირიულ მასალაზეა ნაჩვენები, რომ ძირითად ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა (შიმშილი, წყურვილი, გამოყოფის მოთხოვნილება და ა.შ.) დეპრივაციის შემთხვევაში ისინი აბსოლუტურად გაბატონებულ ადგილს იკავებენ ქცევასა და ცნობიერებაში. არსებითად იგივე ითქმის უსაფრთხოებაზეც. დაცულობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებამ, რასაც ადგილი ჰქონდა სტიქიური უბედურებების ზონებში, ფაქტობრივად დათრგუნა რიგში მასზე მაღლა მდგომი მოტივები. ეს დასკვნები არ ვრცელდება მასლოუს იერარქიის შემდგომ დონეებზე. მონაცემები, რომლებიც არსებობს, მაგალითად, სოციალური კონტაქტის მოთხოვნილებათა დეპრივაციასთან დაკავშირებით, არ იძლევა ანალოგიური ერთმნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას. ამიტომ, ავტორთა უმრავლესობა სამართლიანად სვამს საკითხს მასლოუს მოდელის უნივერსალურობის თაობაზე. პირველ რიგში ეს ეხება თვითაქტუალიზაციის პირობებს. მართლაც, აუცილებელია თუ არა ამ პირობების შესაქმნელად ყველა დანარჩენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორც ამას მასლოუ ამტკიცებს? აქ თითქოს უნდა არსებობდეს დაეჭვების საფუძველი. შეიძლება უამრავი მაგალითის მოყვანა ხელოვნების, მეცნიერების, პოლიტიკის თუ სხვა სფეროებიდან, როდესაც აქ მოღვაწე პიროვნებები შთაგონებით ასრულებდნენ თავის მოწოდებას, ახორციელებდნენ სრულ თვითაქტუალიზაციას საოცარი გაჭირვებისა და მორალური თუ ფიზიკური ტანჯვის მიუხედავად. მართლაც, არსებობენ ადამიანები, რომელთა ღირებულებები და იდეალები იმდენად ძლიერია, რომ ისინი მზად არიან გადაიტანონ ტკივილი, შიმშილი, იზოლაცია, დამცირება და სიკვდილსაც კი გაუსწორონ თვალი.       ეს კრიტიკული მოსაზრებები, პრინციპში, მართებულია და მათ მასლოუც უწევდა ანგარიშს. გვიანდელ შრომებში მან ერთგვარად შეარბილა იერარქიული მოდელი. კერძოდ, აღიარა, რომ ერთი დონის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ავტომატურად არ იწვევს მასზე მაღალი დონის მოტივაციის აქტუალიზაციას. თვითაქტუალიზაციის ტენდენციაც არ ჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა მოთხოვნილებებია დაკმაყოფილებული. საზოგადოდ, სრული დაკმაყოფილება არ არის მაღალი დონის მოთხოვნილების გაჩენის აუცილებელი პირობა. ასევე, მოთხოვნილებათა განლაგება არ არის ფიქსირებული და ერთმნიშვნელოვნად ისეთი, როგორც სქემაზეა მოცემული. ასეთი იერარქია არსებობს, როგორც ყველაზე მდგრადი და გავრცელებული, მაგრამ სხვადასხვა ადამიანში იგი შესაძლოა ცვალებადობდეს მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე. მაგალითად, ზოგიერთისთვის პრიორიტეტული შეიძლება იყოს აღიარების მოთხოვნილება და არა სიყვარულის, ან უფრო აინტერესებდეს პრესტიჟი, ვიდრე ინტიმური ურთიერთობები და ოჯახი. ერთი სიტყვით, მასლოუ გარკვეულ დათმობებზე წავიდა თავისი მოდელის უნივერსალურობის თვალსაზრისით. მაგრამ საკითხი, არსებითად, მაინც ღიად დარჩა. სწორია თუ არა მოტივების იერარქიის მოდელი პრინციპში? მასლოუს ბოლომდე ეჭვი არ ეპარებოდა მის მართებულობაში.       კრიტიკული განსჯის საგანი გახდა თვითაქტუალიზაციის კონცეფციის სხვა ასპექტებიც. ყველაზე მეტი კრიტიკა წილად ხვდა მასლოუს მოსაზრებებს თვითაქტუალიზაციისა და მაღალი, მეტამოთხოვნილებების ე.წ. ინსტინქტოიდურობის შესახებ. მასლოუმ ისინი ადამიანის თანდაყოლილი ბუნების ნაწილად ჩათვალა. ვიტალური მოთხოვნილებების მსგავსად, ადამიანი იბადება ჩანერგილი ყოფიერების ღირებულებებით. გარემოს პირობები მხოლოდ მათი აქტუალიზაციის ხელშემწყობ ან დამაბრკოლებელ ფაქტორად არის წარმოდგენილი. ეს თვალსაზრისი ნამდვილად ბიოლოგისტურია; მასში იგნორირებულია სპეციფიკური ადამიანური მოტივაციის ქმნადობის, ფორმირების, გარემოსეული დეტერმინირებულობის უმნიშვნელოვანესი ასპექტი. უნდა აღინიშნოს, რომ მასლოუს პოზიცია ერთგვარად ეხმაურება დღეს უკვე საკმაოდ პოპულარულ სოციობიოლოგიურ კონცეფციას, რომლის თანახმად ადამიანის მაღალი მოთხოვნილებები (მაგ., ეთიკური) ევოლუციის შედეგია და მის მემკვიდრულ ნიშან-თვისებას წარმოადგენენ. ცხოველთა სამყაროში ალტრუისტული ქცევა მოცემული სახეობისთვის სასარგებლო ფაქტორად გვევლინება. ამის გამო სათანადო (ალტრუისტული) მოტივაცია მტკიცდება და მემკვიდრეობით გადაეცემა. ამ შეხედულების ერთ-ერთი მთავარი შემქნელის, ედუარდ უილსონის თქმით, სოციობიოლოგიის არსი საერთოდ ქცევისა და კონკრეტულად, ადამიანის საზოგადოებრივი ქცევის გენეტიკური განსაზღვრულობის ჩვენებაშია. ამ კონტექსტში აუცილებელია ითქვას, რომ მეორადი მოტივაციის, მაღალი მოთხოვნილებების წარმოშობის პრობლემა რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის გადაჭრილი. საფიქრებელია, რომ აქ მართლაც არის გარკვეული თანდაყოლილი, მასლოუს ტერმინოლოგიით, ინსტინქტოიდური მომენტები. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ მკვლევართა უმრავლესობა, განურჩევლად მათი თეორიული ორიენტაციისა, ემხრობა მაღალი მოტივაციის შეძენილობის, მისი უპირატესად სოციალური დეტერმინირებულობის თვალსაზრისს.       ჰუმანისტური ფსიქოლოგიის კიდევ ერთი წამყვანი ფიგურაა კარლ როჯერსი (1902-1987). როჯერსი იზრდებოდა საკმაოდ შეძლებულ ოჯახში მკაცრი პროტესტანტული და ფუნდამენტალისტული ტრადიციებით. იგი, თავდაპირველად, თეოლოგიას სწავლობდა ვისკონსინის უნივერსიტეტში, ხოლო შემდგომში ფსიქოლოგიით დაინტერესდა და სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სამეცნიერო ხარისხი კლინიკური ფსიქოლოგიის სფეროში 1931 წელს. მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში მუშაობდა ნიუ-იორკში ბავშვის ფსიქოლოგიის განხრით. 1940 წლიდან იწყება მისი აკადემიური კარიერა კოლუმბიის, ჩიკაგოსა და ვისკონსინის უნივერსიტეტებში. 1964 წლიდან როჯერსი გადასახლდა კალიფორნიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა ბიჰევიორალური მეცნიერებების დასავლეთის ინსტიტუტში და ადამიანის შემსწავლელ ცენტრში. როჯერსი ძალიან ბევრს აკეთებდა თავისი ფსიქოთერაპიული სისტემის პოპულარიზაციისთვის. იგი ხშირად მოგზაურობდა, ატარებდა სემინარებსა და სეანსებს სხვადასხვა ქვეყანაში. 1989 წელს ამ მიზნით ეწვია თბილისს.       როჯერსი, პირველ რიგში, პრაქტიკოსი ფსიქოთერაპევტი იყო და მისი პერსონოლოგიური შეხედულებანი სწორედ ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა. როჯერსის თვალსაზრისის ცენტრალური ცნება “მე”-კონცეფციაა. ესაა ქცევისა და ცნობიერების თვითრეალიზაციის ძირეული მექანიზმი. “როდესაც ორგანიზმი გარკვეულ ძალისხმევას ახორციელებს თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მის მიერ განცდილ სამყაროში, ამ ძალისხმევის ფორმა თავსებადი უნდა იყოს “მე”-კონცეფციასთან”. ეს უკანსაკნელი შედგება “მე”-ს შეხედულებებისაგან თავისთავზე (თვითშეფასება) და იმაზე, თუ როგორი სურს მას იყოს (იდეალური “მე”). ჯანმრთელი, ნორმალური, მოწიფული და ჰარმონიული პიროვნების “მე”-კონცეფციაში ეს ელემენტები ურთიერთთავსებადად, როჯერსის ტერმინოლოგიით, კონგრუენტულად არიან ინტეგრირებული. “მე”-კონცეფციის დეზინტეგრაციის საშიშროება მაშინ იქმნება, როდესაც ხდება განსვლა თვითშეფასებასა და იდეალურ მე-ს შორის, თვითშეფასებასა და ადამიანის უშუალო და რეალურ ქცევით გამოცდილებას შორის. “მე”-კონცეფციის დეზინტეგრაცია ვლინდება თავის თავში დაურწმუნებლობის, შიშის, შფოთვის და სხვა განცდებში. დასაწყისში შეუმჩნეველი ეს განცდები თანდათან ძლიერი და შემაწუხებელი ხდება. ამ ვითარებიდან ნამდვილი გამოსავალი “მე”-კონცეფციის გადახალისებაში მდგომარეობს. მაგრამ პიროვნება, როგორც წესი, ცდილობს შეინარჩუნოს არსებული “მე”-კონცეფცია; იგი შესაძლებისდაგვარად ებრძვის დეზინტეგრაციულ პროცესებს და დაცვით მექანიზმებს მიმართავს.       როჯერსი ორ ძირითად მექანიზმზე მიუთითებს: 1) რეალობის აღქმის დამახინჯება (მაგ., მიუხედავად მარცხისა და წარუმატებლობისა, ადამიანი მაინც მიიჩნევს, რომ ნიჭიერია და უბრალოდ, არ უმართლებს); 2) “მე”კონცეფციისთვის საფრთხის შემცველი გამოცდილების იგნორირება (მაგ., ადამიანი არ აცნობიერებს, თვალს ხუჭავს იმაზე, რომ იგი ბევრს ჭამს, ეწევა, უხეშობს, ფეთხუმია და ა.შ.). ამ მექანიზმებმა შეიძლება გარკვეულ ფარგლებში შეანელონ ან შეარბილონ დეზინტეგრაციული ტენდენციები, მაგრამ არსებითად საქმეს ვერ შველიან. პირიქით, უფსკრული “მე”-კონცეფციასა და რეალობას შორის სულ უფრო იზრდება, რასაც შეიძლება სერიოზული ფსიქოლოგიური დეზადაპტაცია და აშლილობა მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში უკვე ფსიქოთერაპევტის ჩარევა ხდება საჭირო. ამოცანა იმაშია, რომ ინდივიდს გამოუმუშავდეს საკუთარი თავის ახალი, რეალობის ადეკვატური ხატი, და ჩამოუყალიბდეს თავის შესაძლებლობათა შესატყვისი იდეალური მე.       იმისათვის, რომ მივიღოთ უფრო მოქნილი მე-კონცეფცია, საჭიროა მოიხსნას ან მაქსიმალურად შესუსტდეს დაცვითი მექანიზმები, რომლებიც ამახინჯებენ “მე”-კონცეფციას. ეს გზას გაუხსნის პიროვნებაში არსებულ ჯანსაღ ძალას, მიმართულს მის განვითარებაზე და თვითგამოვლენაზე. “რაც არ უნდა ვუწოდოთ მას, ამბობს როჯერსი, ზრდის ტენდენცია, აღძრულობა თვითაქტუალიზაციისკენ თუ წინ მოძრაობის ტენდენცია, ესაა სიცოცხლის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მისწრაფება, რომელზეც დამოკიდებულია მთელი თერაპია. ესაა მთელ ორგანულ და ადამიანურ ცხოვრებაში ჩართული მისწრაფება გავრცელდეს, გაფართოვდეს, გახდეს დამოუკიდებელი, განვითარდეს, გამოავლინოს და აამოქმედოს ორგანიზმის ყველა შესაძლებლობა ისეთ დონემდე, რომ გაძლიერდეს ორგანიზმი ან “მე”. ყოველივე ეს პიროვნებაში ღრმა და მნიშვნელოვან ძვრებს გულისხმობს, რაც იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ფსიქოთერაპიული სეანსების დროს შექმნილია სათანადო ატმოსფერო და ურთიერთობები. სწორედ ამაზეა მიმართული ფსიქოთერაპიის ის სახე, რომელიც მტკიცედ არის დაკავშირებული როჯერსის სახელთან; მას არადირექტიული ან კლიენტზე ცენტრირებული თერაპია ეწოდება. ამგვარი თერაპია გულისხმობს თერაპევტის მიერ კლიენტისათვის თბილი და მიმღებლური ატმოსფეროს შექმნას, რომელშიც ეს უკანასკნელი სრულ ფსიქოლოგიურ დაცულობას და უსაფრთხოებას გრძნობს. თერაპევტი ამჟღავნებს კეთილმოსურნეობას, “უეჭველ დადებით დამოკიდებულებას”; გულწრფელი ინტერესით და ემპატიით ცდილობს სწვდეს მეორე ადამიანის შინაგან სამყაროს, დაინახოს ისე, როგორც ეს უკანასკნელი ხედავს მას. ასეთ სიტუაციაში იცვლება კლიენტის დამოკიდებულება თავის თავის მიმართ; იგი ხდება უფრო გულისხმიერი და მიმღებლური თავისი რეალური განცდებისა და თვისებების მიმართ; მას უჩნდება რწმენა თავის თავისა, უძლიერდება თვითკონტროლი და ავტონომიურობა; იგი უკეთესად ახერხებს თვითრეალიზაციას. ერთი სიტყვით, ხდება პიროვნული ზრდა, მე-კონცეფციის ჰარმონიზაცია და რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანა. შედეგად ვიღებთ სრულყოფილად ფუნქციონირებად ინდივიდს, რომელსაც უნარი ექნება წარმატებით და უმტკივნეულოდ გაართვას თავი ცხოვრებისეულ პრობლემებს.       თავისი ფსიქოთერაპიული საქმიანობის მეორე პერიოდში როჯერსის ინტერესმა გადაინაცვლა ინდივიდუალური ფსიქოთერაპიიდან ჯგუფურზე. 6070-იან წლებში, ბევრწილად როჯერსის გავლენით, ამერიკაში უაღრესად პოპულარული გახდა ე.წ. შეხვედრის ჯგუფები. როჯერსი თვლიდა, რომ პიროვნული ცვალებადობა, შინაგანი პოტენციალის ზრდა უფრო სწრაფად ხდება მცირე და ინტენსიურ ჯგუფებში.       კლიენტზე ცენტრირებული მიდგომა ფსიქოთერაპიის ფარგლებს გასცდა და ადამიანურ ურთიერთობათა სხვა სახეებზეც გავრცელდა. საკმაოდ ბევრის მიერ შეწყნარებული და პრაქტიკულად რეალიზებული იქნა როჯერსის მიდგომის მთავარი პრინციპი, რომ გამაადვილებელი, ფასილიტაციური ფსიქოლოგიური კლიმატი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას ყოველგვარ სიტუაციაში, იქნება ეს თერაპევტისა და კლიენტის, მშობლისა და შვილის, მასწავლებლისა და მოსწავლის, ლიდერისა და ჯგუფის, ადმინისტრატორისა და თანამშრომლის თუ სხვა სახის ურთიერთობა. განსაკუთრებული გაქანება მოიპოვა ჰუმანისტურმა მიდგომამ განათლების სფეროში. როჯერსი აღიარებულია თანამედროეობის ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ფსიქოთერაპევტად. იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ხვეწდა ფსიქოთერაპიულ ტექნიკას, მაგრამ, როგორც მკვლევარი, არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ტექნიკის სრულყოფით და ცდილობდა მკაცრი ემპირიული მეთოდებით შეემოწმებინა თავისი მოდგომის მართებულობა. ამაში გამომჟღავნდა მისი მეთოდოლოგიური პოზიცია, რომელსაც ზემოთ ეკლექტიკური ვუწოდეთ. როჯერსი დასაშვებად, ზოგჯერ კი აუცილებლად მიიჩნევს ფენომენოლოგიური და ობიექტურ-პოზიტივისტური მეთოდოლოგიის შეთავსებას (იხ. თავი 6.7.).       როჯერსი შემეცნების სამ გზას გამოყოფს. 1) შინაგანი, სუბიექტური გამოცდილება, რომელიც დამყარებულია ე.წ. ორგანიზმულ გრძნობაზე და შეადგენს შინაგანი ჰიპოთეზების ფორმულირების წყაროს; 2) ობიექტური შემეცნება, რომელიც არსებითად კლასიკურ საბუნებისმეტყველო მეთოდოლოგიას გულისხმობს და 3) პიროვნებათშორისი ან ფენომენოლოგიური შემეცნება. ამ შემთხვევაში ემპატია მიმართულია სხვა ადამიანის სუბიექტური სამყაროს წვდომაზე, იმაზე, თუ რამდენად რელევანტურად შევდივართ მის ფენომენოლოგიურ ველში, მისი საზრისების სისტემაში. ამ გზით მოპოვებული ცოდნა აბსოლუტურად ინდივიდუალურია, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია მისი განზოგადება და შემოწმება სავსებით ობიექტური (ექსპერიმენტული) პროცედურების მეშვეობით. ბიჰევიორიზმის ცალმხრიობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი მხოლოდ მეორე სახის შემეცნებას სცნობდა. ქცევის ნამდვილი მეცნიერული შესწავლა კი სამივე სახის შემეცნებას გულისხმობს. როჯერს სჯერა, რომ სწორედ ჰუმანისტურ ფსიქოლოგიას (რომელსაც იგი ფენომენოლოგიურეგზისტენციალურს უწოდებს) შესწევს ამის უნარი. უფრო მეტიც, როჯერსი დარწმუნებულია, რომ ეს მიმდინარეობა მიგვიყვანს ისეთ თეორიულ დასკვნებამდე, რომლებიც გააოცებენ ტრადიციულ ფსიქოლოგებს, ვინაიდან იგი თავის თავში შეიცავს ახალი მეცნიერების სათავეებს; ეს იქნება მეცნიერება, რომელსაც არ შეეშინდება ხელი მოკიდოს პიროვნების პრობლემას და გამოიყენოს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური შემეცნება.       უნდა ითქვას, რომ ეს პრეტენზიები ნამდვილად გადაჭარბებულია. მიმდინარეობას, რომელსაც როჯერსი წარმოადგენს არც მაშინ, როდესაც ამას ამბობდა, და არც ახლა, ხუთი ათეული წლის მერე, არავინ გაუოცებია განსაკუთრებული მონაცემებით ან აღმოჩენებით, მით უფრო ახალი მეცნიერებით. როჯერსის პოზიცია დამაჯერებლად ჟღერს მხოლოდ ორთოდოქსალურ ბიჰევიორიზმთან მიმართებაში, რომელიც მართლაც იზღუდებოდა მხოლოდ გარედაკვირვებადი ცვლადების გაზომვით. მაგრამ განა იმ ფენომენების (მიზანი, საზრისი, განზრახვა, თვითაღქმა, თვითშეფასება და ა.შ.) მეცნიერული კვლევის ტრადიციას, რომლებიც პიროვნულ-მოტივაციურ სფეროს მიეკუთვნებიან, ფენომენოლოგიურმა და ეგზისტენციალურმა ფსიქოლოგიამ დაუდო სათავე? XX საუკუნის დასაწყისიდან ევროპულ ფსიქოლოგიაში ეს პრობლემატიკა ყოველთვის აქტუალური იყო. ორმოციანი წლებიდან კი ამ სფეროში უამრავი ექსპერიმენტული კვლევა განხორციელდა. ეს კვლევები ეხება მეკონცეფციის ისეთ ასპექტებს, როგორიცაა მე-ს ხატი, იდეალური მე, თვითშეფასება, პრეტენზიის დონე, მოლოდინი, ფრუსტრაცია და სხვა. აღსანიშნავია, რომ ეს კვლევები საბუნებისმეტყველო-პოზიტივისტური ორიენტაციით ხასიათდება, რომელიც ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალური მეცნიერული მსოფლმხედველობისთვის ანტაგონისტურია. ამრიგად, სუბიექტური, პიროვნულმოტივაციური ფენომენების კვლევას ტრადიციული ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფარგლებში ხანგრძლივი ისტორია აქვს. ამ კვლევებს თავისი ლოგიკა და მეთოდოლოგია აქვს; ამიტომ, სინამდვილეს არ შეეფერება ის შეფასება, თითქოს მათ გზა გაუხსნა ფსიქოლოგიის ასპარესზე მესამე ძალის გამოჩენამ. ის გარემოება, რომ ამ ფენომენებს როჯერსი ფენომენოლოგიურ-ეგზისტენციალურ ცვლადებს უწოდებს, თავისთავად არ აქცევს მათ ჰუმანისტური ფსიქოლოგიის კუთვნილებად; საჭიროა იმის დაზუსტება, თუ რა არის საკუთრივ ფენომენოლოგიური და ეგზისტენციალური ფსიქოლოგია.       ჰუსერლის ფენომენოლოგიისა და ფსიქოლოგიის ურთიერთმიმართებაზე ჩვენ ზემოთ უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ (იხ. თავი 6.3.). ფსიქოლოგიურ კვლევაში ფენომენოლოგიური მეთოდის გამოყენება ნიშნავს ცნობიერების მოვლენათა განხილვას განცდებზე უშუალო დაკვირვების საფუძველზე, წინასწარი ვარაუდებისა და თეორიული სქემების გარეშე, რომელთაც შეუძლიათ დაამახინჯონ ფენომენოლოგიური გამოცდილება. ასეთი დაკვირვება შეიძლება ლაბორატორიულ პირობებშიც მიმდინარეობდეს და ე.წ. ექსპერიმენტული ფენომენოლოგიის სახე მიიღოს. ამ მეთოდს ფსიქოლოგიაში დიდი ისტორია აქვს.       ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში ფენომენოლოგია ძირითად მეთოდად გვევლინება. განსხვავებით ტრადიციული ფსიქოლოგიისაგან, სადაც უპირატესად სხადასხვა ფსიქიკური პროცესების კვლევა მიმდინარეობდა, ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში ფენომენოლოგიური მეთოდი პიროვნების შესასწავლად გამოიყენება. მესამე ძალის წარმომადგენლები იქიდან ამოდიან, რომ პიროვნების გაგება მხოლოდ მისი საკუთარი თვალსაზრისიდან, მისი სუბიექტური გამოცდილებიდან შეიძლება. მთავარია გავიგოთ, როგორ განიცდის ადამიანი თავის თავს და სასიცოცხლო პრობლემებს. პიროვნების შემეცნების საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ემპატია-შთაგრძნობა, უშუალო შესვლა შინაგან სამყაროში, თანაგანცდა, ერთი სიტყვით ის, რასაც როჯერსი ფენომენოლოგიურ შემეცნებას უწოდებს. როჯერსისა და სხვა ეკლექტიკოსების მეთოდოლოგიური პოზიცია განსხვავებული მეთოდების შეუღლებაში მდგომარეობს; სხვების აზრით კი ფენომენოლოგია ჭეშმარიტი შემეცნების ერთადერთი იარაღია. ამგვარ ორიენტაციას ხშირად ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიას უწოდებენ. თუმცა, ალბათ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ მთელი ჰუმანისტური ფსიქოლოგია ეგზისტენციალურია ისევე, როგორც ფენომენოლოგიური. ერთ-ერთი წამყვანი ეგზისტენციალური ფსიქოლოგის, შარლოტა ბიულერის შეფასებით, თუ ფენომენოლოგია ჰუმანისტური ფსიქოლოგიის მეთოდური საფუძველია, ეგზისტენციალური შეხედულებები მის ფილოსოფიურ ბაზისს ქმნიან. თუმცა, აქვე უნდა ვახსენოთ ისეთი სისტემებიც, როგორიცაა სიცოცხლის ფილოსოფია და პერსონოლოგია. ირაკლი იმედაძე წიგნიდან: ფსიქოლოგიის ისტორია « წინა ნაწილი | გაგრძელება » [1] პერსონოლოგიის იმ მიმართულებაში, რომელიც პიროვნული ნიშნების ან თვისებების ფსიქოლოგიად იწოდება, არ არსებობს შეთანხმებული შეხედულება პიროვნების სრულყოფილი დახასათებისთვის საჭირო ნიშნების რაოდენობაზე. პიროვნების უნიკალური ნიშნების ღირებულების ხაზგასმით ოლპორტი, ფაქტობრივად, ნიშნების განუსაზღვრელი რაოდენობის აღიარებამდე მიდის. კეტელს, საერთო ნიშნების რაოდენობა თექვსმეტამდე დაჰყავს, აიზენკი კი სულაც სამი ნიშნით კმაყოფილდება. ბოლო ხანებში სულ უფრო მეტ ძალას იკრეფს ახალი მიდგომა, რომელიც ერთგვარ კომპრომისად შეიძლება ჩაითვალოს. ამ შეხედულების თანახმად, პიროვნების არსებითი დახასიათებისთვის აუცილებელი და საკმარისია ხუთი თვისება (ე.წ. “ხუთფაქტორიანი მოდელი”).…
დაამატა ლაშა to ფსიქოლოგია at 11:32am on მაისი 30, 2018
თემა: ეროვნული საგანძური
მკვეთრად გამოიკვეთა მეტალურგია, რასაც ბიძგი მისცა ამიერკავკასიის ურთიერთობის გაფართოებამ ძველი აღმოსავლეთის სამყაროსთან. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი იარაღის ზოგიერთი ფორმა თავის საწყისებს წინა აზიიდან იღებს. შუბისმაგვარი იარაღის, ხიშტის, ცულის ზოგიერთი ტიპისა და სხვა მსგავსი მასალა ძველ აღმოსავლეთშია აღმოჩენილი, თუმცა ამ პერიოდში გვხვდება იარაღისა და სამკაულის ადგილობრივად ჩამოყალიბებული ფორმებიც. მთელ რიგ ნამოსახლარზე აღმოჩნდა მეტალურგიული წარმოების ნაშთები (ღუმელები, ყალიბები). ლითონის ნივთების დასამზადებლად იყენებდნენ ადგილობრივ დარიშხანიან სპილენძს. მტკვარ- არაქსის კულტურაშია ლითონის წარმოების იმ ტრადიციების საწყისები, რომლებიც კავკასიაში მოსახლე ტომებს მთელი ისტორიის მანძილზე გამოჰყვა. ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულის ბოლოს იწყება შუა ბრინჯაოს ხანა. ამ პერიოდის ნასახლარები აღმოჩენილია როგორც ბარში. ასევე მთის ზოლში. კიდევ უფრო ვითარდება მეტალურგია. ჩნდება უფრო მაგარი, კალიანი ბრინჯაოს ნივთები (მანამდე ძირითადად გავცელებული იყო დარიშხანიანი ბრინჯაო).       კავკასიაში კალა არ მოიპოვებოდა და, სავარაუდოა, რომ ის სამხრეთიდან შემოჰქონდათ. განვითარების მაღალ დონეს აღწევს ოქრომჭედლობა. ადრებრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის ნიმუშებს ვხვდებით მარტყოფის, ბედენისა და იორ-ალაზნის ორმდინარეთის არქეოლოგიურ ძეგლებზე. ადრებრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ანანაურის (კახეთი) ყორღანში აღმოჩენილი ოქროს ყელსაბამი, რომლიც ცენტრალური ნაწილი ჭვურულია, ხოლო მის აქეთ-იქით კი ვოლუტების ფორმის საკიდებია. ყელსაბამის ცენტრალური ნაწილი უდაოდ ოქრომჭედლობის შედევრია მას პარალელი არ მოეპოვება. ამავე პერიოდის ნიმუშებია აღმოჩენილი ბედენის ყორღანში. მათ შორის შესრულების მაღალი ოსტატობით გამოირჩევა ოქროს ვოლუტებიანი საკინძი (ქინძისთავი), რომელიც ოქრომჭედლობის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია საქართველოში.       ამ ფორმის საკინძები დამახასიათებელია ადრებრინჯაოს ხანისთვის (ბრინჯაოს საკინძები), თუმცა მისი ბრტყელი თავის ზედაპირზე მოცემული ორნამენტული მოტივები: ერთ მხარეზე მეანდრი, ხოლო წრეები მოერეზე, განსაკუთრებით პოპულარული ხდება შუა ბრინჯაოს ხანაში. საკინძის დასამზადებლად გამოყენებულია საოქრომჭედლო ხელოვნების სხვადასხვა ტექნიკები: ჩამოსხმა, კვერვა,თეგვა, რჩილვა. ადრებრინჯაოს ხანის ოქრომჭედლობის კიდევ ერთ შედევრს წარმოადგენს წნორის ყორღანში აღმოჩენილი ლომის პატარა ოქროს ქანდაკება. ლომის მინიატურულ ქანდაკებას ზუსტი ანალოგია არ ეძებნება. ღრუტანიანი ლომის ფიგურა, ცვილის დაკარგვის ტექნიკითაა შესრულებული. ლომის სტილიზებული ფაფარი, რომელიც გავარსისა და გრეხილურის იმიტაციას წარმოადგენს, ასევე ჩამოსხმის ტექნიკითაა შესრულებული. ბედენისა და ალაზნის ველის გორასამარხებში (ძვ.წ. 2300-2000წწ.) აღმოჩენილი ოქროს ნაკეთობანი დამზადებულია ურთულესი ტექნიკური ხერხების გამოყენებით. ადრეყორღანულ კულტურაში განვითარებულმა მეტალურგიულმა ტრადიციებმა დიდი როლი ითამაშა შუაბრინჯაოს ხანაში თრიალეთის კულტურის ჩამოყალიბებაში. საქართველოში აღმოჩენილი ოქროს ეს უნიკალური ნივთები, რომლებიც ქრისტეშობამდე III ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება, მხატვრულ-ტექნიკური თვალსაზრისით ისევე სრულყოფილია, როგორც შუამდინარეთის, ეგვიპტისა და ტროას თანადროული ნაწარმი. თრიალეთის ყორღანული კულტურა       საქართველოში ოქრომჭედლობის აღმავლობის რამდენიმე პერიოდია ცნობილი. პირველი დიდი აღმავლობა ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარს ემთხვევა. ამ ხანის სამკაულთა უბრწყინვალესი ნიმუშების დიდი რაოდენობა აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე გათხრილ ყორღანებში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით გამორჩეულია შუაბრინჯაოს ხანის თრიალეთის დიდი ყორღანების კულტურა, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანებით თარიღდება. აღნიშნული კულტურის აყვავება ემთხვევა ტომთა დიდი გაერთიანებების წარმოქმნის პერიოდს, შესაბამისად, თრიალეთის ყორღანებშიც სწორედ ამ გაერთიანებათა ბელადები დაკრძალულია.აქვე დასტურდება მიცვალებულის ეტლით დაკრძალვის ძველაღმოსავლური წესი. მიუხედავად იმისა, რომ თრიალეთის კულტურაში აშკარად იგრძნობა ძველ აღმოსავლურ კულტრებთან ურთიერთობის კვალი, მას არც მახლობელ აღმოსავლეთში და არც კავკასიის თანადროულ კულტურებში პირდაპირი ანალოგები არ მოეძებნება.       თრიალეთის კულტურაში საიუველირო ხელოვნების თავისებური მხატვრული სტილი ჩამოყალიბდა. აქ განსაკუთრებულ განვითარებას მიაღწია ისეთმა ტექნიკებმა როგორიცაა: ოქროს ნივთების ფერადი თვლებით შემკობა ინკრუსტაციისა, ასევე გავარსის ფართო გამოყენება. იქმნება ახალი, ფერადოვანი პოლიქრომიული მხატვრული სტილი. ამზადებენ ღრუტანიან ნივთებს. თრიალეთის კულტურის არქეოლოგიურ მასალაში გვერდიგვერდ არსებობს მარტივი და რთული ტექნოლოგიური სქემით დამზადებული ნივთები. იგივე ითქმის მათ მხატვრულ მხარეზეც ერთი და იმავე სამარხებში გვხვდება სტილისტურად მკვეთრად განსხვავებული ნაწარმი: ერთი მხრივ სადა ოქროს თხელკედლიანი საკიდები და მეორე მხრივ პოლიქრომული სტილის ნიმუშები. ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს მაღალმხატვრული, რთული და ფაქიზად დახვეწილი გემოვნებით შესრულებული ნაკეთობანი. ძვირფასი ლითონის სამკაულიდან უფრო ხშირად გვხვდება სფეროსებრი მოყვანილობის მსხვილი მძივები, წვრილი მარცვლებით, ტეხილი ხაზებით, ან ფერადი ქვებით შემკული საკინძების ბირთვისებრ თავებს ასეთივე ინკრუსტაცია ამშვენებს. ოქროს ინკრუსტირებულ ნაკეთობათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდებული ყელსაბამი, რომელიც შედგენილია ოქროს სფეროსებრი მძივებისა და ოქროს ბუდეში ჩასმული აქატის კულონისაგან. მის შემკულობაში გამოყენებულია ცვარა, ფილიგრანი და ინკრუსტაცია. გარდა სამკაულისა, გვხვდება,აგრეთვე, ძვირფასი ლითონისგან დამზადებული ჭურჭელი: თასები,სასმისები, სარწყული და სხვ. ოქროს ერთი ფურცლისაგან დამზადებულ თასს ორმაგი კედელი და ღრუ ფეხი აქვს.       ოქროს ბუდეებში ჩასმულია სარდიონი, ლაჟვარდი, წითელი იასპი, გიშერი, მინისებრი პასტა სადაზედაპირიანი ოქროსა და ვერცხლის სასმისები გამოირჩევა ფორმათა სინატიფითა და ტექნიკური დამუშავების სისრულით. აღსანიშნავია თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანში ნაპოვნი ოქროს სასმისი, რომელიც დამზადებულია სახარატო ჩარხზე ოქროს მთლიანი ფურცლისგან. სასმისს ორმაგი კედელი აქვს, რომელიც თანდათანობით ვიწროვდება ძირისკენ და დაბალ ქუსლში გადადის. მისი გარეთა კედელი შემკულია წვრილი, გრეხილი ოქროს მავთულისგან ნაკეთები სპირალებით, რომლებშიც ჩასმულია სარდიონის, ლაჟვარდისა და კერამიკული მასის მრგვალი თვლები. ასეთივე თვლების ერთი რიგი შემოუყვება სასმისის პირს, ორი კი - ქუსლს. ძველ სამყაროში მას ანალოგი ყელსაბამი. XIX-X სს. ძვ.წ. წალკა, თრიალეთი. ოქროში ჩასმულია თხელფირფიტოვანი აქატი და სარდიონები არ მოეპოვება და სპირალების მსგავსება თრიალეთის ერთ-ერთ თიხის ჭურჭლის დეკორთან ამ სასმისის ადგილობრივი წარმომავლობის მანიშნებლად უნდა მივიჩნიოთ. თრიალეთის ყორღანული კულტურის კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ნიმუშია ჭედური ვერცხლის თასი, რომელმაც საყოველთაო აღტაცება და დიდი მეცნიერული ინტერესი გამოიწვია როგორც ხელოსნობის უმაღლესი დონით, ასევე მასზე ასახული კომპოზიციის სიუჟეტით. თასზე ჭედური წესით შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა, რომელიც წმინდა სასმელის თემას უკავშირდება და ფაქტობრივად ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეების ქართველთა უძველესი წინაპრების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობაზე მეტად საინტერესო მინიშნებებს შეიცავს. ბტყელძირა და მუცელფართო სასამისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურ-ირემია გამოსახული, რომელნიც ერთი მიმართულებით მიემართება. მათ ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია წარმოდგენილი, რომლებიც ხელში აპყრობილი მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისაკენ მიემართებიან. ნიღბიან მამაკაცებს აცვიათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელები, რომლებიც ახლოს დგას ხეთურ ნიმუშებზე ასახული ფიგურების ჩაცმულობასთან. უფროსი ღვთაება ტახტზე ზის და მასაც ხელში უჭირავს მაღალი თასი. მის წინ დიდი ფეხიანი ჭურჭელია(ან საკურთხეველია), ხოლო ჭურჭლის იქეთ და აქით ცხოველები.ღვთაების უკან სიცოცხლის ხეა გამოხატული,რომელიც ყველა დროისა და ხალხის უნივერსალურ სიმბოლოს წარმოადგენს.თრიალეთის თასთან დაკავშირებით მისი საწესო და საკულტო დანიშნულების შესახებ უამრავი მოსაზრებაა გამოთქმული. გამოკვეთილად დომინირებს ერთი აზრი, რომ აქ საქმე გვაქვს მთავარი ღვთაებისადმი წმინდა სასმლის შეწირვის რიტუალთან. მკვლევართა უმეტესობა მიიჩნევს, რომ რიტუალი დაკავშირებულია თრიალეთის ვერცხლის თასი, ძვ. წელთაღრიცხვით XVIII-XVII სს. ღვინის კულტურასთან, რაც სავსებით ბუნებრივია ღვინის წარმოების უძველესი ქვეყნისათვის – საქართველოსთვის, სადაც ჯერ კიდევ თრიალეთური კულტურის წარმოშობამდე გაცილებით ადრე, მეშვიდე ათასწლეული ბოლოს, ქართველთა წინაპრებს უკვე შეთვისებული ჰქონდათ ღვინის წარმოება. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითად ღვთაებას მიართმევენ ლუდს. აღნიშნულ მოსაზრებას საფუძვლად უდევს აღნიშნული სცენის საქართველოს მთიანეთში ეთნოგრაფიულ სინამდვილეში დადასტურებული საწესო-სარიტუალო დღესასწაულებთან მსგავსება. კერძოდ, ამ კუთხით შესაძლოა პარალელი გაევლოს თრიალეთის თასის რელიგიურ მისტერიასა და ხევსურულ რიტუალს შორის, როდესაც ხევისბერი საბეროში ზის ქვისაგან გაკეთებულ სკამზე, ხოლო მისკენ მიემართებიან ღვთისშვილები და მორიგეობით ილოცებიან წმინდა სასმელით. აქვეა შესაწირავი, სამსხვერპლო ცხოველები, რომლის სისხლითაც ინათლება ხევისბერიცა და ლუდიც და წმინდა ხე, როგორც ხევსურულ ღვთაებათა სადგომი. თრიალეთის ვერცხლის თასს უახლოესი პარალელი მოეპოვება დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ყარაშამბის თასის სახით, რომელის თრიალეთის თასისგან განსხვავებით, სამ რეგისტრადაა დაყოფილი და სარიტუალო პროცესიასთან ერთად ბატალური სცენასაც ასახავს. თრიალეთის ყორღანებში აღმოჩნდა ვერცხლის სარწყულიც, რომელიც ფრაგმენტული სახითაა ჩვენამდე მოღწეული. ვერცხლის ერთიან ფირფიტაზე, მოცემულია ცხოველების გამოსახულებები, მათ შორის არის ირმები, რომლებიც საკმაოდ ახლოა თრიალეთის ვერცხლის თასის ქვედა ეგისტრის ირმების გამოსახულებასთან. სარწყულში ვერცხლის გარდა ცალკეული აქცენტებად ნახმარია ოქროც. თრიალეთის ყორღანებში აღმოჩენილი ნივთების ტექნიკური თავისებურებები და მხატვრული ხერხების მრავალფეროვება ამ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ლითონის დამუშავების განვითარებაზე მიუთითებს. კოლხური ცული       ძვ. წ. II_I ათასწლეულის მიჯნაზე ბრინჯაოს მეტალურგია ამიერკავკასიაში განვითარების უმაღლეს საფეხურს აღწევს. შესაბამისად, ათასწლეულის პირველ საუკუნეებში მხატვრულად დამუშავებული ლითონის ნაწარმის არსებობა საყოველთაო ხასიათს ღებულობს, შესრულების მაღალი დონე კი ოსტატებით დაკომპლექტებული სახელოსნოების არსებობაზე მიუთითებს. კოლხური ბრინჯაოს კულტურის სახეს ძირითადად განსაზღვრავს ლითონის იარაღი - შუბისპირები, ცულები, თოხები, ბალთები, ხოლო მის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს კოლხური ცული. სწორედ ამ უკანასკნელის, კერძოდ კი, გრავირებული ნახატით შემკული ცულების სახით, საქმე გვაქვს თვისებრივად განსხვავებულ მოვლენასთან, რომლის მნიშვნელობა სცილდება ქრონოლოგიურ საზღვრებს და ქართული ხელოვნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. გრავირებული კოლხური ცულები (ძვ. წ. IX ს.) ბრინჯაოს სხვა ნივთებთან ერთად პირველად 1869 წელს ყობანში (ჩრდილოეთი ოსეთი) აღმოჩნდა. მას აღმოჩენის ადგილის მიხედვით ეწოდა ყობანური ცული, ხოლო ესაბამის კულტურას - ყობანური კულტურა. თუმცა შემდგომში, როდესაც დასავლეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიაზე მიკვლეული იქნა კოლხური ცულის ყველა ფორმა (ძვ. წ. XV-VI სს.), მათ შორის ყობანში აღმოჩენილი ცულის ვარიანტიც, რასაც დაემატა კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ყალიბები, რომლებიც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა დადასტურებული (თაგილონის განძი, თელოვნის განძი) ამ ტიპის ცულებს "კოლხური ცულები" ეწოდა. სადღეისოდ საქართველოს ტერიტორიაზე რამოდენიმე ასეული ამ ტიპის იარაღია აღმოჩენილი. მათი გავრცელების არეალი თითქმის მთლიანად ფარავს დღევანდელ საქართველოს ტერიტორიას. აღმოსავლეთით მისი გავრცელების უკანასკნელი პუნქტი ფასანაურია. ჩრდილო-დასავლეთით ქ.სოჭი. სამხრეთი საზღვარი დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე - ორდუსა და ართვინშია დაფიქსირებული. ჩრდილოეთით კი, მისი გავრცელება ჩრდილოეთ კავკასიაში, კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ცნობილ ყობანურ კულტურაში ექცევა. კოლხური ცულის არსებობა განისაზღვრება ძვ.წ. XV-VII_VI სს_ით. ძვ.წ.       XI საუკუნისთვისთვის დასრულდა მის ვარიანტებად ჩამოყალიბება. ამის შემდგომ კოლხური ცულის ფორმას არსებითი ცვლილება არ განუცდია. გვხვდება კოლხური ცულის სამი ტიპი: 1.შვეტილტანიანი, მახვილყუიანი, 2. სწორტანიანი დაწახნაგებული ტანით და ყუით და 3.ტანში ორგზის მოხრილი. ცალკე აღნიშვნის ღირია ცულები, რომელთა ყუა მორთულია სკულპტურული გამოსახულებებით მაგალითად სოფელ ყულანურხვასთან აღმოჩენილი ცული და სოფელ სულორში ნაპოვნი ბრინჯაოს ცული, რომლიც ყუა მორთულია მხედრების სკულპტურული გამოსახულებებით. მათ ფრიგიულის მსგავსი მუზარადები აქვთ, ხელში კვერთხი უკავიათ. არსებობს თვალსაზრისი, რომ ეს მხედრები ღვთაება „დიდი დედის" მეომრები არიან. მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით, შეგვიძლია დასავლეთ საქართველოში ნაპოვნი ცულები ორ ჯგუფად დავყოთ. პირველ, უფრო ადრინდელ ჯუფს ახასიათებს ფორმის სიტლანქე და სიმძმე, მწირი ორნამენტული შემკულობა. ძირითადად ესაა ტალღისებური პარალელური ხაზები, სპირალები. ცხოველთა გამოსახულებებში ჭარბობს გარეული ცხოველების - რმების,თევზების გამოსახულებები. ადრეულ ეტაპზე შემკულობა იმდენად ღარიბია, რომ სავარაუდოდ მათი დანიშნულება წმინდა პრაქტიკული უნდა ყოფილიყო. რაც შეეხება მეორე, გვიან ეტაპს, აქ ცულის ფორმა ბევრად უფრო დახვეწილია, ორნამენტი მრავალფეროვანი. ცულს გაზნექილი, მოგრძო პირი აქვს, ყუა კი მომრგვალებული ან წაკვეთილი. ცულის მთელი ზედაპირი დაფარულია მრავალფეროვანი გეომეტრიული და ანტროპომორფული ორნამენტით. ორნამენტი თან გასდევს ცულის ფორმას, ერწყმის მას. გვხვდება სპირალური წყვეტილები, გადაბმული ოთხკუთხედები და რთული წნულები, გრეხილები. ცხოველთა გამოსახულებაში გვხვდება როგორც გარეული (ირემი,ფრინველი, გველი,თევზი), ასევე შინაური ცხოველები - ხარი, ცხენი, ძაღლი ან ვერძი. ცხოველის გამოსახულება ძირითადად ფეხებმოკეცილია, თავი ზურგისკენ აქვს მობრუნებული, მუცელი ძალიან ვიწროა, ზურგი კი ამოწეული. ასეთი პოზა ძალიან დინამიკურია. გამოსახულება ან მთლიანად იკავებს ცულის ყუას, ან ორანემნტშია ჩასმული. გარდა ზემოთ მოხსენიებული ცხოველებისა, გავრცელებულია ფანტასტიკური ცხოველის გამოსახულება. მისი ძირითადი ნიშნებია წაგრძელებული კისერი, ხახადაღებული მომცრო თავი, დიდი თვალები, გრძელი სხეული და ბოლოში დახვეული კუდი. მის გვერდზე ხშირია ასტრალური ნიშანის - მზის, მთვარის, ვარსკვლავების გამოსახულებები, ამ ფიგურასთან დაკავშირებით რამდენიმე აზრი არსებობს. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ფანტასტიკური ცხოველი ძაღლის სტილიზებული გამოსახულებაა. ფართოდ დაღებული ხახა ნიშნავს ყეფას, მოკეცილი ფეხები კი სირბილს, რაც თავის მხრივ უკავშირდება ნადირობის თემას. მეორე თვალსაზრისის მიხედვით, ფანტასტიკური ცხოველი მგელია, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ტოტემია. ტოტემურ ცხოველს თან ახლავს ფანტასტიკური ატრიბუტები, რაც მას მაგიურ-რელიგიურ დატვირთვას ანიჭებს. სხვა ცხოველების გამოსახულებებსაც სიმბოლური დანიშნულება უნდა ჰქონდეს. მაგალითად, ფრინველი ზეცას ეკუთვნის და მისი სიმბოლოა, ცხოველები დედამიწაზე ბინადრობენ, თევზი წყალს აღნიშნავს. ამას ადასტურებს გრაფიკული გამოსახულებებიც: წლის აღმნიშვნელი ტალღისებური ხაზები, სპირალები. გამოთქმულია ვარაუდი (ო. ლორთქიფანიძე), რომ გარკვეულ ეტაპზე ცული თანდათან კარგავს სამეურნეო, შესაძლებელია, საბრძოლო დანიშნულებასაც და მას საკულტო- რიტუალურ ფუნქცია ენიჭება. ახალმა ფუნქციამ განაპირობა მისი ვიზუალური ცვლილება, რაც განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით (ტანში ორგზის მოხრილი ცულების გაჩენა, გრაფიკული დეკორი, სკულპტურული ელემენტის შეტანა შემკულობაში). შესაბამისად, მთავარი მნიშვნელობა სწორედ მის სიმბოლიკას მიენიჭა. ცულის ფართო გავრცელებას, სამარხებსა და "განძებში" მათი დიდი რაოდენობით აღმოჩენის ფაქტებს თუ გავითვალისწინებთ, უნდა ვიფიქროთ, რომ ცულის სიმბოლიკა უთუოდ მითოსურ-კოსმოგონიური სამყაროდან არის აღებული და ფართო, საზოგადოებრივი მნიშვნელობის იდეას ასახავს. მითოსურად მოაზროვნე ადამიანისთვის სამყაროს ცენტრი, კოსმიური ღერძი, უდიდესი მნიშვნელობის ადგილი იყო. სწორედ აქ არის მიღწეული ყველაზე მჭიდრო კავშირი ზეციერსა და მიწიერ სფეროებს შორის. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ცენტრალური იდეის - კოსმიური ღერძის სიმბოლოდ მოიაზრებოდა საკულტო ცული. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცულებზე მოცემული გრაფიკული ნახატი, სადაც ძირითადად წარმოდგენილია ძაღლი და ირემი. კომპოზიციის აგების თვალსაზრისით მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. ყველა ეგზემპლარი ძაღლის გამოსახულებით, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გადაკვეთილია დეკორატიული სარტყელით და, პირიქით, ირმის გამოსახულებიანი ნიმუშები,ასევე იშვიათი გამონაკლისის გარდა მოკლებულია ამ სარტყელს. ასეთი განსხვავება შესაძლებელია ემყარებოდეს ირ.სურგულაძის ვარაუდს, რომ საკულტო დანიშნულების ცულის ნაწილები კოსმოსის ელემენტებთან შესაბამისობაშია გააზრებული, რაზეც ავტორის აზრით მიუთითებს ზედ გამოსახული ფიგურების სემანტიკაც. ამ შემთხვევაში სარტყელს საკმაოდ დიდი შინაარსობრივი დატვირთვა ენიჭება, როგორც ზესკნელის და მიწიერი სამყაროს ზღვარს. ამავე დროს, თუ გავითვალისწინებთ ლ.ფანცხავას მოსაზრებას, რომ კოლხურ ცულებზე გამოსახული ირმის რქები ხშირ შემთხვევაში უტრირებულია და მოაზრებულია სიცოცხლის ხედ. ამ შემთხვევაში სარტყელი, როგორც ზღვარი სამყაროს ორ სფეროს შორის, ფუნქციას კარგავს. ამგვარად, თუ რეალურია ვარაუდი, რომ დეკორატიული სარტყელი გააზრებულია როგორც ზღვარი ზესკნელსა და მიწიერ სამყაროს შორის, მისი აუცილებლობა, იხსნება ირმის გამოსახულებასთან მიმართებაში, რადგან მისი რქები სიცოცხლის ხის ექვივალენტად მოიაზრება და თავად წარმოადგენს ცასთან კავშირის საშუალებას. მნიშვნელოვნია ისიც, რომ ცულზე გამოსახული ცხოველის თათები ზოგიერთ შემთხვევაში, სამკუთხა ფარფლების სახითაა გამოსახული. მკვლევართა ნაწილი ამ ფაქტს სტილიზაციის შედეგად მიიჩნევს; ზოგიერთი მათ წყლის სამყაროს აკუთვნებს, ზოგი კი ფანტასტიკურ ცხოველს ხედავს. როგორც ჩანს ცული გრაფიკულ ნახატზე წარმოდგენილი გამოსახულებები ორი ტიპისაა: პირველი, როდესაც ცულის ცალკეული ნაწილი შემკულია კონკრეტული სკნელის შესაფერისი ზოომორფული ფიგურით, მეორე კი პოლიმორფული არსებაა, რომელიც ავლენს კავშირს სამივე სკნელთან. ამგვარად სავარაუდოა, რომ კულხური ცულების გრაფიკული დეკორის ზოომორფული და ასტრალური სიმბოლოების საშუალებით გადმოცემულია იმ პერიოდის ადამიანის მსოფლმხედველობა და სამყაროს მოდელი. ამ ზოგადი, უნივერსალური ხასიათის იდეის წინა პლანზე წამოწევამ მნიშვნელოვანწილად განაპირობა დროის დიდი მონაკვეთით ერთმანეთისგან დაცილებულ ძეგლებზე მითოლოგიური კომპლექსის განმეორებითი გადმოცემა, რაზეც არა მხოლოდ სხვადასხვა დროს შექმნილი ცულების მსგავსი დეკორი, არამედ მათი ბრინჯაოს სარტყლებისა და ბალთების მორთულებასთან მჭიდრო კავშირიც მიუთითებს. ბრინჯაოს სარტყლები       ძვ. წ. IX- VII საუკუნეები ამიერკავკასიაში რკინის ფართო ათვისების ხანაა. რკინის იარაღი გაბატონებულია მეურნეობის ყველა დარგში, ხოლო ბრინჯაო გამოიყენება ძირითადად სამკაულებისა და საკულტო დანიშნულების დასამზადებლად. ამ პერიოდში ჩნდება ბრინჯაოსაგან დამზადებული ისეთი საყურადღებო ნიმუშები, როგორიცაა გრავირებული სარტყლები. სარტყელი კეთდებოდა 1,5-2 მმ სისქის ბრინჯაოს ფურცლისაგან, სიგრძით 80 – 85 სმ, ხოლო სიგანით 16-22 სმ. სარტყლის ბოლოები მომრგვალებულია, ნაპირებზე კი მას პატარა ნახვრეტები ჰქონდა, შიგნითა პირზე ტყავის ან ქსოვილის ამოსაკერებლად. სარტყლის ზედაპირი მთლიანად დაფარულია სხვადასხვა გამოსახულებებით. გვხვდება გეომეტრიული სახეები, სპირალები, ცხოველთა გამოსახულებანი, ნადირობის სცენები, ღვთაების თაყვანისცემის რიტუალური სცენები და სხვა. ამიტომაც ითვლება, რომ სარტყელს ჰქონდა არა მარტო ჯავშნის ფუნქცია, არამედ საკულტო მნიშვნელობაც. ბრინჯაოს სარტყლების გამოსახულებანი მიეკუთვნება ე.წ. „ცხოველურ სტილს". კომპოზიცია აქ დეკორატიულია, ფიგურები კი ძლიერ სტილიზებული. ფორმის მოდელირება სარტყელზე პირობითია,ხაზოვანი და გრაფიკული. ნაკვთების კონტურების შიგნით გრავირებით დასმულია წერტილები ან ხაზები.       ამ ხერხის წყალობით სილუეტი უფრო მკვეთრად გამოიყოფა გლუვ ფონზე და ნაკვთებს მეტყველებასა და ხატოვნებას მატებს. საქართველოს ტერიტორიაზე დაცულ ადრებრინჯაოს ხანის გრავირებულ სარტყლებზე (ძვ.წ.IX-VII საუკუნეები, რომლებიც, ასევე, გვხვდება დღევანდელი სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე), როგორც ვიზუალურ მასალაზე, რომელიც წერილობით წყაროებთან და ზეპირსიტყვიერ მასალასთან ერთად მითების შესწავლის უნიშვნელოვანესი წყაროა. სარტყლებზე ჩვენს წინაშე იშლება ნარატიული სცენები ადამიანთა სტილიზებული გამოსახულებებით; ასევე ორნამენტები, რომლებიც გეომეტრიული სტილისთვისაა დამახასიათებელი.ბრინჯაოს ბალთებზე ძირითადად ვხვდებით ნადირობის პურობის, ბრძოლის სცენებს, რიტუალურ პროცესიას.სარტყლების ზოოორფული გამოსახულებების სტილი ენათესავება კოლხური ცულების მორთულობაში გამოყენებულ გრაფიკულ გამოსახულებებს. ასევე გვხვდება ასტრალური სიმბოლოები, სიცოცხლის ხის თემა და სხვა.       ბრინჯაოს სარტყლებმა აღმოჩენისთანავე მრავალი მეცნიერის ყურადღება მიიპყრო. მეცნიერთა ნაწილი ბრინჯაოს სარტყლების გაფორმებას ნაყოფიერების კულტს უკავშირებს, ნაწილი მეურნეობას ნაწილი კი _ ამირანის ეპოსს. მაგ.; ჯვარედინად გრავირებულ რომბისებურ ფორმებს ან კვადრატებს, რომელიც ბრინჯაოს სარტყლებზე ცხოველთა ფიგურებს ფარავს კულტივირებულ ყანებად მიიჩნევენ, გრავირებული შტრიხებს წვიმასთან აიგივებენ. ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ირმისა და ხარის, გამოსახულებები და ზოგადად რქის თემა, რომელიც როგორც დასტურდება, ნაყოფიერების თემასთან, სამიწათმოქმედო კალენდართან და შესაბამისად, პირველი კვალის გაყვანასთან, თესვასთან და მოსავლის აღებასთანაა მჭიდროდ დაკავშირებული. ბოლო დროს გამოითქვა აზრი ბრინჯაოს სარტყლების საკრალურ ნადირობასთან და პურობასთან კავშირზეც. არსებობს მოსაზრება, რომ გრავირებული სარტყელი მონადირის სამოსის ატრიბუტი და შესაბამისად, მისი სტატუსის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ ბრინჯაოს სარტყლების გრავირებული ნახატი ერთი მხრივ, უდავოდ ასახავს იმ პერიოდის ადამიანის რწმენა-წარმოდგენებს, ხოლო მისი სტილისტური და იკონოგრაფიული მახასიათებლები თვალსაჩინოს ხდის იმ ადგილობრივ თავისებურებებს, რომელიც ჯერ კიდევ კოლხური ცულებში ჩაისახა, ხოლო ბრინჯაოს სარტყლების შემდგომ კი ბრინჯაოს ჭვირული ბალთების მორთულობაში განვითარდა. " ოქრომრავალი კოლხეთი " ვანისა და საირხის აღმოჩენები       კოლხეთის სამეფო ტერიტორიულად მთელ დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთი საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავდა. ძველ ბერძნები, კოლხეთს ოქრომრავალს უწოდებდნენ და ის იმ მითიური აიას ქვეყნის მემკვიდრედ მიაჩნდათ, საიდანაც არგონავტებმა ოდესღაც ოქროს საწმისი და გრძნეული მედეა გაიტაცეს. ოქრომრავალი კოლხეთის შესახებ არსებული მითის მატერიალურ დასტურს წარმოდგენს არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული სამარხეული ინვენტარი, რომელიც იმერეთში, ვანისა და საირხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. მდ. სულორის პირას დაბა ვანის ტერიოტორიაზე გათხრების შედეგად გამოვლინდა ერთ-ერთი ქალაქის (ძვ.წ. VIII - ახ.წ. I სს.) ნაშთები: ქალაქის თლილი ქვით ნაგები კარიბჭე და გალავანი, ტაძრები, საგანგებოდ მოწყობილი საკურთხევლები, მდიდრული სამარხები. აქვე არქეოლოგებმა საოქრომჭედლო სახელოსნოს ნაშთებსაც მიაკვლიეს.ადრეანტიკური ხანის ოქროს სამკაულები უაღრესად მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია.სამკაულის საუკეთესო ნიმუშები უხვად არის შემკული უწვრილესი გავარსით. ძვ.წ. V საუკუნის თავსამკაულთაგან განსაკუთრებით გავრცელებულია ოქროსა და ვერცხლის დიადემები, რომელთა გრეხილი რკალი ჭედური გამოსახულებებით მორთული რომბისებური ფირფიტებითაა დაგვირგვინებული. ასეთი დიადემები ძვ.წ. V-IV სს-ში მხოლოდ კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი. ისინი, როგორც ჩანს, საგანგებოდ დაკრძალვის რიტუალისთვის იყო განკუთვნილი. დიადემების სიდიდიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ისინი თავსაბურავზე მაგრდებოდა და არა შიშველ თავზე. ვანში აღმოჩენილ ყველაზე ცნობილ დიადემაზე (წარჩინებული კოლხი ქალის სამარხი N 11. ძვ.წ. V ს-ის შუა ხანები) წარმოდგენილია ძველი აღმოსავლეთისა და არქაული საბერძნეთის ხელოვნებაში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტი ცხოველთა ბრძოლისა: ერთ ფირფიტაზე - ორი ლომი გლეჯს ზურგზე წაქცეულ ხარს, ხოლო მეორეზე - ქურციკს. ვანის ეს ოქროს დიადემა ძველი ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშია და იგი ნამდვილად გამოჩენილი ოსტატის მიერაა შესრულებული. ამას მოწმობს ოსტატურად აგებული ჯგუფური კომპოზიცია, ცხოველთა დამახასიათებელი ნიშნების ხაზგასმა, ნათელი და მკვეთრი ნახატი. უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირი ანალოგი ვანის დიადემის გამოსახულებებს ვერ ეძებნება. როგორც ჩანს, ოსტატ-დეკორატორმა უბრალოდ კი არ გაიმეორა, რომელიმე ცნობილი ნაწარმოები, არამედ თავისებურად და მაღალი მხატვრული ოსტატობით დაამუშავა იმ დროს მახლობელ აღმოსავლეთსა და ანტიკურ სამყაროში ფართოდ გავრცელებული სიუჟეტები. გამოსახულების შესრულების მანერა სრულიად განსხვავებულია ბერძნულისაგან და ახლოს დგას აღმოსავლურთან, ე.წ. აქემენიდურთან, თუმცა არც მის კანონიკურ ნორმებს ემორჩილება. თავსამკაულის აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს, აგრეთვე, საყურეები და სასაფეთქლეები, რომლებიც კოლხეთში ძვ.წ. VI-IV სს- ებში რამდენიმე ნაირსახეობითაა წარმოდგენილი.       განსაკუთრებით დამახასიათებელია ე.წ. სხივანა საყურეები, რომლებიც ამ დროს მთელს კოლხეთშია გავრცელებული და, როგორც, წესი, არ გვხვდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ამიტომაც ისინი, ისევე როგორც დიადემები, ტიპურ კოლხურ სამკაულებადაა მიჩნეული. კოლხეთის სხვადასხვა ცენტრში ნაპოვნი ოქროს, ელექტრუმისა და ვერცხლის სხივანა საყურეები ერთმანეთისაგან შემკულობის ცალკეული დეტალებითა და უფრო მეტად კი სხივების რაოდენობით განსხვავდებიან. ამ ტიპის სამკაულის საუკეთესო ნიმუშები ისევ ვანშია ნაპოვნი. აქაური სხივანა საყურეები რთული წესითაა დამზადებული: საყურე-რგოლის საფასადო მხარე მეტწილად ვარდულითაა მორთული, ხოლო სხივები კი ცვარას (გრანულაცია, გავარსი) ტექნიკით შედგენილი პირამიდებით ბოლოვდება. განსაკუთრებით მდიდრულია წარჩინებული კოლხი ქალის N11 სამარხში (ძვ.წ. V ს.) აღმოჩენილი სხივანა საყურეები, რომლებიც, ამავე დროს, კოლხ ოქრომჭედელთა ფილიგრანული ტექნიკის ნიმუშს წარმოადგენს. ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხეთში გავრცელებულია, აგრეთვე, ე.წ. ჭვირულ და სფერულ ბურთულიანი ოქროს საყურეები და სასაფეთქლეები.       ისინი ნაპოვნია ვანში, როგორც ძვ.წ. V ს-ის სამარხებში, ასევე ძვ.წ. IV ს-ის სამარხებშიც. ზემოაღწერილი ტიპის საყურეები თუ სასაფეთქლე რგოლები მხოლოდ კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი და არ გვხვდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. წარჩინებული კოლხი ქალის N 11 სამარხი გამორჩევა, ასევე, მძივების სიმრავლით. სწორედ აქ არის აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუში - კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი. ყელსაბამებს შორის ასევე გამოირჩევა სხვა რამდენიმეც: ერთი მინიატურული ფრინველის გამოსახულებიანი საკიდებითა და წვრილი ტანდაღარული მძივებითაა შედგენილი, მეორე - ვერძის თავის გამოსახულებიანი საკიდებით, მესამე - სიმინდის ტაროსებური გამოსახულებებისგანაა შემდგარი. მეოთხე ყელსაბამი შედგენილია აგრეთვე ოქროს დოლისებ ური საკიდებისაგან, რომლებზეც ოქროს წვრილი მარცვლებისაგან შედგენილი სვასტიკებია გამოსახული. ამავე სამარხშია აღმოჩენილი ოქროსა და სარდიონის გლუვი ბურთულებისგან შედგენილი სამაჯურები, რომლებიც განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან. საინტერესოა,ასევე, ბეჭდები, რომლებიც ოთხი ხვეულით არიან მორთული და იმდენად თანამედროვედ გამოიყურებიან, რომ ნებისმიერი ახალგაზრდა ახლაც სიამოვნებით ატარებდა მათ. კოლხურ ოქრომჭედლობაში ცალკე ჯგუფს ქმნიან სამაჯურები, რომლებიც დაგვირგვინებულია ლომის, ხბოს, ვერძისა და თუ სხვა ცხოველთა თავების სკულპტურული გამოსახულებებით. სტილისტურად ისინი არ განსხვავდებიან აქემენიდურ სამყაროსა და ხმელთაშუაზღვისპირეთში გავრცელებული სამაჯურებისაგან. საგანგებოდ აღსანიშნავია ვანში აღმოჩენილი ძვ.წ. V ს-ის ოქროს სამაჯური, რომელიც ტახის სკულპტურული გამოსახულებითაა დამშვენებული. სტილისტური თვალსაზრისით ვანის სამაჯურის ტახის გამოსახულებანი რამდენადმე უახლოვდებიან ირანისა და მცირე აზიის ტერიტორიაზე ცნობილ ბრინჯაოს ტახის გამოსახულებებს, მაგრამ მათგან განსხვავდებიან ზოგიერთი დეტალის გადმოცემით და, რაც მთავარია, უფრო გრაფიკულ-დეკორატიული სტილითა და რამდენადმე სკულპტურულობით.       საინტერესოა აღინიშნოს, რომ ვანში იმავე სამარხში, სადაც ოქროს ტახიანი სამაჯურია, ნაპოვნია ვერცხლის საკიდებიც, რომელნიც ზედმიწევნით იმეორებენ სამაჯურზე გამოსახულ ტახის ფიგურას. ძვ.წ. IV ს-ის დასასრულს მიეკუთვნება ვანში აღმოჩენილი ოქროს ჭვირული თავსამკაული ირმის გამოსახულებით, რომელიც კოლხური ოქრომჭედლობის უბრწყინვალეს ძეგლს წარმოადგენს. ის ანტიკური ხანის საიუველირო ხელოვნებაში ფურცლოვან ოქროზე ჭვირული ტექნიკით გამოსახულების ამოჭრის ერთ-ერთი უადრესი მაგალითია. სამკაულზე გამოსახულია ირემი დატოტვილი რქებით, ხოლო მის ქვემოთ და გვერდებზე, სავარაუდოდ, შველებია წარმოდგენილი. სამკაულს სამი მხრიდან ოქროს მცირე ზომის სფეროსებური მძივები აქვს შემოვლებული, ხოლო ზემოდან ლომებისა და ჩიტების (ან ვერძების) გამოსახულებებია წარმოდგენილი. საინტერესოა, ასევე, კოლხეთის მეორე უმნიშვნელოვანესი ცენტრის - საირხის სამარხეული ინვენტარიც. მაგალითად, საირხის N13 სამარხში (რომელიც უძველესია ვანსა და საირხეში აღმოჩენილ სამარხებს შორის) აღმოჩენილია კოლხი წარჩინებულის ოქროს სამკაულის სრული კომპლექტი: დიადემა, საყურეები, სამაჯურები, ყელსაბამი, საბჭდავი-ბეჭედი და საკერებელი ფირფიტები. დიადემის ფირფიტებზე, წარჩინებული კოლხი ქალის N 11 სამარხში აღმოჩენილი ცნობილი დიადემისგან განსხვავებით,მხოლოდ გეომეტრიული ორნამენტია წარმოდგენილი, სხვა მხრივ კი მას ანალოგიური ფორმა აქვს. აღსანიშნავია, ასევე, საირხის N 5 სამარხში აღმოჩენილი ოქროს სასაფეთქლე, რომელიც ეროვნული მუზეუმის საგანძურშია დაცული. ეს არის წვრილი ბურთულებით შემკული ოქროს გრძელი და ვიწრო ფირფიტებისგან შემდგარი ჭვირული ბურთი, რომელსაც გარს აკრავს ჰორიზონტალური სარტყელი პატარა ვერძების ფიგურებით, ხოლო სარტყლიდან ჩამოშვებულ წვრილ ჯაჭვებზე ქვემოთკენ წაწვეტებული ოქროს კულონები კიდია. თავად სფეროს ჩამოსაკიდი წარმოადგენს ვიწრო ზოლს, რომელიც ორმაგი ფოთლისებური ორნამენტითაა შემკული. ამგვარად, გვაქვს ყველა საფუძველი იმისათვის, რომ ძვ.წ. V-IV სს-ის ახლო აღმოსავლეთის ოქრომჭედლობის ცნობილი ცენტრების (აქემენიდური ირანი, ეგვიპტე,კვიპროსი, ლიდია, არმენია, მიდია, ბაქტრიანა) გვერდით კოლხეთიც დავასახელოთ, მითუმეტეს, რომ, როგორც ცნობილია, კოლხეთში ოქროს მოპოვებასა და დამუშავებაზე ბერძენ-ლათინი მწერლებიც მოგვითხრობენ და მას ოქრომრავალ ქვეყანას უწოდებენ. ახალგორის განძი       1908 წელს, ქსნის ხეობაში, დღევანდელი ახალგორის რაიონის სოფელ საძეგურთან გაზაფხულის წვიმამ ძველი სამარხი გამორეცხა. აქ აღმოჩენილი ასზე მეტი დასახელების ათასამდე ნივთი ცხენის აღკაზმულობის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ნაწილები, ვერცხლის და ბრინჯაოს ჭურჭელი, ცხოველთა და ადამიანის ქანდაკებებით შემკული ზარაკებშეკიდული სარიტუალო შტანდარტები, ოქროს და ვერცხლის საბეჭდავი-ბეჭდები, ოქროს ყელსაბამები, საყურეები, სარტყელი, ტანსაცმელზე დასაკერებელი სახიანი ფირფიტები და ღილაკები, მინის, ქვის და ოქროს მძივები და ა.შ. ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით მოხვდა მუზეუმში და ახლა "ახალგორის განძის" სახელით არის ცნობილი. ახალგორის განძიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სასაფეთქლე საკიდების წყვილი, რომელიც წარმოადგენს დარახტული ცხენის გამოსახულებას. მისი ოვალური მოყვანილობის საკიდი რგოლის წინა მხარეს დარჩილულია ლოტოსის ვარდული და გავარსის სამკუთხედებით დაფარული ფართო ორნამენტული ფირფიტა, რომელიც მოგვაგონებს კოლხურ კულტურაში გავრცელებული სხივებიანი საყურეების ვარდულებს. ეტლში შებმული ცხენის ფიგურის გამოყენება საკიდებად ქართული ოქრომჭედლობისათვს ნაცნობი თემაა (ვანის საგანძური), ისევე, როგორც ოქროს ნივთების ცვარათი გაფორმება. საკიდების ადგილობრივ წარმოშობაზე მიუთითებს ისიც, რომ სასაფეთქლის ცხენის აღკაზმულობა მინიატურული მოდელია აქვე აღმოჩენილი ცხენების აღკაზმულობისა.       განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოქროს ფურცლისგან დამზადებული დისკო, რომელზეც კონცენტრული წრეებს შორის მოცემულია ერთი მიმართულებით განლაგებული ფრინველების რიგი, გარეთა მხარეს კბილანებზე კი – სტილიზებული პალმეტების მოტივი. ახალგორისთვის განძისთვის განსაკუთრებით სახასიათოა ოქროს და ვერცხლის საბეჭდავი-ბეჭდების ანუ ფარაკიანი ბეჭდების სიმრავლე. ახალგორის განძის ნაწილია სწორკუთხა ბალთები, რომელიცა ასვე ოქრის თხელი ფირფიტებისგანაა დამზადებული. ბალთებზე ერთი ტვიფრით (მატრიცითაა) დატანილი გრიფონის რელიეფური გამოსახულება. სავარაუდოა, რომ აღნიშნიშნული ბალთები წარმოადგენდა ადამიანის სარტყლის, ან ცხენის აღკაზმულობის ნაწილს. მათ პარალელები მოეპოვება აქემენიდურუი ირანის ხელოვნებაში. ახალგორში აღმოჩენილი მასალის ანალიზი მეტყველებს, რომ სამარხი ეკუთვნოდა წარჩინებულ ქალს, რომელიც ექვსი შეკაზმული ცხენის და რამდენიმე მსახურის თანხლებით დაუმარხავთ ქრისტეშობამდე IV ს-ის დასასრულს, თუმცა საფლავში ჩატანებული ზოგიერთი ნივთი გაცილებით უფრო ძველია - ისინი, ალბათ, 100-150 წლის განმავლობაში ინახებოდა. ახალგორის განძის შემადგენელი ოქროს ნივთები ადგილობრივი ნაწარმია და ისინი (განსაკუთრებით ეს ითქმის საბეჭდავ-ბეჭდებზე და გავარსიან სამკაულზე) სტილისტურად ახლოს დგას იმავე ძველ კოლხურ საოქრომჭედლო სკოლასთან, რომლის შედევრები დასავლეთ საქართველოშია (ვანი, საირხე და სხვ.) აღმოჩენილი. ამავროულად, ახალგორის განძის ოქროს ნივთებს აქემენიდური კულტურის გავლენის კვალი ემჩნევა, რასაც ვერ ვიყვით ბრინჯაოს ნივთეზე. განძი ძვ. წ. V-IV საუკუნეებით თარიღდება და ძვ. წ. I ათასწლეულის შუახანებისთვის საქართველოს მოსახლეობის მკვეთრ ეკონომიკურ და სოციალურ დიფერენციაციაზე მიუთითებს დიდი მცხეთა და მისი აღმოჩენები       ახ.წ. I საუკუნიდან ლითონმქანდაკებლობი ძალზე განვითარებული ცენტრი იყო იბერიის დედაქალაქი მცხეთა. ამ პერიოდში იბერიის სახელმწიფო ერთი მხრივ რომის, ხოლო მეორე მხრივ, სასანური ირანის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, რაც თავის მხრივ აისახა ამ პერიოდის ხელოვნებაზეც. 1937-1938 წლებში განსაკუთრებით საინტერესო ძეგლები აღმოჩნდა არმაზში, პიტიახშების ნეკროპოლისზე. მდიდრული სამარხებში იყო ოქროსა და ვერცხლის უმარავი ნივთი. ნაპოვნია სხვადასხვა სამკაული, საბეჭდავი-ბეჭდები, სატევრები. ვერცხლის ნაკეთობებიდან აღსანიშნავია თასები და მიცვალებულების სარეცელის მოჩუქურთმებული გარსაკრავები. ამ დროისთვის ოქრომჭედლობაში დომინირებს პოლიქრომული სტილი; წამყვანი ხდება ნაკეთობათა ინკრუსტაცია ძოწისა და სარდიონის ქვებით, აგრეთვე მოცისფრო პასტით, რომელიც ეგვიპტიდანაა იმპორტირებული. ოსტატები კარგად დაეუფლნენ დაზგაზე ჭრის ტექნიკას, ამიტომ შესაძლებლობა მიეცათ, უფრო რთული ფორმის ნაკეთობები დაემზადებინათ: ოქროს დიადემები, ბალთები, სამაჯურები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები და ყელსაკიდები, სამგლოვიარო გვირგვინის ფურცლები, საკიდები, აბზინდები და სხვა.იბერიის სამეფოს ტერიტორიაზე ნაპოვნი რომაული კულტურის ძეგლებიდან განსაკუთრებით საინტერესოა არმაზისხევის ერისთავთა სამარხებში ნაპოვნი ვერცხლის სამი ფიალა, რომელთაგან ერთი ანტინოეს გამოსახულებიანი მედალიონითაა შემკული, მეორე წვეროსანი მამაკაცის ბიუსტით (ადრიანე კეისარი ან მარკუს ავრელიუსი), ხოლო მესამე სიუხვის რქიანი ქალღვთაების ჰორელიეფით. ყანწიდან ყურძნის მტევნები, პურის თავთავები და ვაშლებია გადმოფენილი, რაც ნაყოფიერების კულტთან კავშირზე უნდა მიუთითებდეს. თავისი იკონოგრაფიით ის მოგვაგონებს ტიხე- ფორტუნას ქალაქის მფარველ ქალღმერთს, რომელიც ანტუკრი სამყაროს გარდა გავრცელებული იყო კოლხეთშიც.სამივე ფიალა მაღალმხატვრული ნაწარმოებია. ფიქრობენ, რომ ქართლის სამეფოს დიდგვაროვანთა სამარხებში წარმოდგენილი ეს ფიალები აქ დიპლომატიური არხებით უნდა იყოს მოხვედრილი.       ადგილობრივი ნაწარმიდან აღსანიშნავია არმაზისხევის სამარხებში აღმოჩენილი მრავალფეროვანი სამკაული. ოქროს საყურეები სხვადასხვა ფორმისაა და ძვირფასი თვლებითაა ინკრუსტირებული. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნივთია II ს-ის ჭვირული ყელსაბამი, რომელიც შემკულია გავარსით და ინკრუსტურებულია ფირუზისა და ალმანდინის თვლებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყელსაბამი ალმანდინებიანი სანელსაცხებლით, ამეთვისტოს კამეითა და ტიხრული ინკრუსტაციით შემკული მედალიონით.ოქროს სამკაული და ვერცხლის ჭურჭელი განსაკუთრები დიდი რაოდენობით აღმოჩნდა იბერიის დედაქალაქ მცხეთაში სამეფო ოჯახისა და პიტიახშთა სამარხებში. არმაზისხევის სამარხებში აღმოჩენილი ალმანდინის თვლებიანი დიადემები პიტიახშთა ოჯახის წევრი ქალების თავსამკაული იყო. ამავე სამარხებში აღმოჩენილ სამკაულთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნივთია გავარსით შემკული აბზინდა, რომელიც ფირუზისა და ალმანდინის ქვებითაა მორთული. სამკაულს ორი ერთმანეთის საპირისპიროდ მდგომი მომრგვალებულკუთხეებიანი E-ს ფორმა აქვს და ეს ორი ნაწილი ერთმანეთის იდენტურია. ნივთის ექვსივე ბოლო ორ-ორი გავარსის რგოლით ბოლოვდება შუაში ფირუზის მცირე ზომის თვლით.       ძვ.წ. I ს-დან იბერიაში პოპულარული ხდება გლიპტიკა – ძვირფას ქვაზე ჭრის ტექნიკა,რომელიც ფართოდ ვრცელდება გემებისა და ინტალიოების სახით (გემა - რელიეფური გამოსახულება, ინტალიო – ფონში ჩაჭრილი გამოსახულება), რომლებიც ბეჭდებსა თუ სხვა სამკაულში იყო ჩასმული.მათი უმრავლესობა ანტიკური სამყაროს სხვადასხვა ცენტრიდანაა შემოტანილი ასეთებია ბერძნულ-რომაული იტალიკური,რომაული, ბოსფორული,მცირეაზიული, პართული, სასანური და სხვა გემები. უკვე ახ.წ. I ს-დან იბერიაში ივარაუდება ადგილობრივი სახელოსნოები, სადაც მოწვეულ უცხო ოსტატებთან ერთად ადგილობრივი ხელოსნებიც მუშაობდნენ. ადგილობრივ დამზადებულ ჭრილა ქვებს შორის გვხვდება არაერთი მაღალმხატვრული ნახელავი, რომელთაგან არმაზისხევის ერისთავათა სამარხებში მოპოვებული პორტრეტული გემები გამოირჩევა. ამ ნიმუშებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ოქროს ბეჭედში ჩასმული სარდიონის ინტალიო, რომელზეც გამოსახულია წვეროსანი მამაკაცის პორტრეტი და თან ახლავს მისი სახელისა და თანამდებობის აღმნიშვნელი წარწერა:ასპავრუკ პიტიახში. მისივე სარტყლის ოქროს ბალთაში ჩასმულია მუქი ფერის პიროპის (გრანატის) ინტალიო, რომელზეც გამოსახულია ერთმანეთის მომზირალი წვერიანი მამაკაცისა და ქალის ბიუსტები რომაულ სამოსში გამოწყობილნი და რომაული წესითთმადავარცხნილნი. გამოსახულების ირგვლივ ბერძნული წარწერაა, რომელიც ასე ითარგმნება: ზევახ - სიცოცხლე ჩემი - კარპაკი. ფიქრობენ, რომ კარპაკი მამაკაცის სახელია, ზევახი კი მისი მეუღლისა და სავარაუდოდ ისინი ასპავრუკის მშობლები უნდა ყოფილიყვნენ. ამ სამკაულებთან ერთად სამარხებში გვხვდება, ასევე, ოქროს მონოქორმული სამაჯურები, სამკლავურები და საწვივე რგოლები, რომლებიც შედარებით სისადავით, თუმცა საოცარი ესთეტურობით გამოირჩევიან (გვხვდება ინკრუსტირებული ნიმუშებიც). ახ.წ. III-IV სს-ებიდან ფართოდ ვრცელდება პოლიქრომული სამაჯურები.       მთელი ზედაპირი ინკრუსტირებულია ფერადი თვლებით, ოქრო კი მხოლოდ ტიხრის ფუნქციას ასრულებს, რაც თავის მხრივ, წარმოშობს ვარაუდს, რომ ქართული ტიხრული მინანქრის სათავეები სწორედ ამ ტექნიკაში შეიძლება ვეძიოთ. საინტერესოა არამზისხევის N40 და N43 სამარხში აღმოჩენილი სამაჯურები. ისინი ერთნაირი ფორმისაა და ალმანდინით, ლაჟვარდითა და მალაქიტითაა ინკრუსტირებული. სამაჯურები შედგება ორი ჰორიზონტალური რიგისგან, რომლებშიც ერთმანეთს ენაცვლება ორი კომპოზიცია _ ალმანდინის მართკუთხა ფორმის ორი ვერტიკალურად განლაგებული თვალი, რომელთა შორისაც მალაქიტითა და ლაჟვარდით შესრულებული უფრო მცირე დეკორატიული ზოლია მოოთავსებული და ჭვირული კომპოზიცია, რომელშიც ჯვრის ფორმითაა განლაგებული სამყურას ფორმის მალაქიტები და გულის ფორმის ლაჟვარდები. ამ ორ კომპოზიციას ერთმანეთისგან გამოყოფს ოქროს მცირე ბურთულებისგან შექმნილი ვერტიკალური რიგი. კიდევ ერთი გამორჩეული სამაჯურია აღმოჩენილი სამთვაროს სამაროვანში. ერთმანეთზე გადამჯდარ ორ ოქროს წრეში ჩასმულია ალმანდინის მრგვალი ფორმის ქვა, რომელიც ოქროს უწვრილესი ბურთულებითაა შემოსაზღვრული და კომპოზიცია ხუთჯერ მეორდება. სამაჯური ძალიან ნაზი, სადა და ლამაზია. ახ.წ. III ს-ის დასასრულსა და IV ს-ის დასაწყისს მიეკუთვნება სვეტიცხოვლის ეზოში (სამარხი N 14) აღმოჩენილი საწერი ეს მოწყობილობა. კალმები მოთავსებული იყო კოლოფში, რომელსაც კრავდა ოქროს ჭვირული ფირფიტა ბერძნული წარწერით. კოლოფის ზურგზე ცხრა მუზაა გამოსახული. სახურავზე დამაგრებული იყო ბუდე, რომელშიც ოქროს სამელნე იდგა. არმაზისხევში აღმოჩენილი ოქრომქანდაკებლობის ძეგლები ძალიან მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია. ეს საგანძური მეტყველებს ქართლის სამეფოს მაღალ ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე ახ.წ. I საუკუნეებში. სტეფანწმინდის (ყაზბეგის) განძი 1871-1877 წლებში სტეფანწმინდაშიაღმოჩნდა განძი (ძვ.წ. I ათასწ. I ნახევარი), დაახლოებით 200 ნივთი. განძის შემადგენლობაში იყო როგორც იმპორტირებული აქმენიდური ხელოვნების ნიმუშები: ვერცხლის ფიალა, ბრინჯაოს ჭურჭელი, ფიბულები, ისე ადგილობრივი მცირე პლასტიკის ნიმუშები, კერძოდ კი ანტროპომორფული და ზოომორფული გამოსახულებები, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაყოფიერების კულტთან იყო დაკავშირებული. განძის დიდი ნაწილი ინახება მოსკოვის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, მცირე ნაწილი კი საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმსა და ქუთაისის მუზეუმში. ყაზბეგის განძის მცირე პლასტიკის ყველაზე გამორჩეულ ნიმუშებს მიეკუთვნება ხარის სამ წყებად განლაგებლ რქებზე აღმართული ითიფალური ფიგურები, რომლებსაც კვერთხი ან სასმისი უჭირავთ. სავსებით რეალისტურად გადმოცემული რქების ქვეშ კარგად ირჩევა ხარის თავი ჰორიზონტა ლურად გაშლილი ყურებით. რქები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჰორიზონტალური ღერძით, რომელზეც ჩამოკიდებულია წაგრძელებული ფორმის ზარები.       ამ ფიგურას, სავარაუდოდ, საკულტო დანიშნულება უნდა ჰქონოდა და კავშირში უნდა ნაყოფიერების (რქა) და ხარის კულტთან, რომელიც ძალზე გავცელებული იყო და დღესაც გვხვდება საქართველოს მთიანეთში. სტეფანწმინდაში აღმოჩენილ სხვა ითიფალურ ფიგურებს თავზე მუზარადი ახურავთ, წელზე სარტყელი აქვთ შემოვლებული, ფეხზე მაღალი ფეხსაცმელი აცვიათ. აქ გვხვდება მხედრების ფიგურები, რომლებიც მოთავსებულია ცხენის რახტის სფერული ფორმის სამკაულზე, ასევე ცხენის აღვირის სამკაულზე. აქ დასტურდება ბრძოლის სცენებიც: ერთ შემთხვევაში მხედარი მოხრილი დაშნით ჰკვეთს თავს მეორე მხედარს. მეორე კომპოზიცია წარმოადგენს ადამიანს, რომელიც თოკით ეწევა ხელებშეკრულ მოხუცს და ა.შ. ყველა ეს კომპოზიცია ეძღვნება ნაყოფიერების ბრძოლისა და გამარჯვების თემას. სტეფანწმინდის განძში ყურადღებას იქცევს მამაკაცის მცირე ზომის ხუთი ფიგურა, რომელთაც, როგორც ჩანს, ერთი და იგივე დანიშნულება ჰქონდათ და ერთ მხატვრულ წრეს ეკუთვნოდა. ამ ფიგურებს აქვთ რგოლები, რომელთა საშუალებითაც ისინი შეერთებული არიან ბრინჯაოს ჯაჭვით. თითოეული ფიგურა ცალკეა ჩამოსხმული, ყალიბი არ მეორდება. ორივე სტეფანწმინდის განძში გარდა განხილული ძეგლებისა, აღმოჩენილია ირმის, ვერძის, ხარის, ცხენისა და აღლის ბრინჯაოს ქანდაკებები. რჩეულ მოტივს შეადგენს ირმის გამოსახულება სტილიზებული რქებით და აგრეთვე ძაღლის სტილიზებული გამოსახულება. ჩამოთვლილი ცხოველების გარდა, დეკორის სისტემაში დიდი ადგილი უჭირავს გველის გამოსახულებას. სტეფანწმინდის განძი მდიდარ ინფორმაციას გვაძლევს ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევრის მცირე პლასტიკის შესახებ და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ძველი საქრთველოს მხატვრული კულტურის შესწავლისათვის. ყაზბეგის განძის მცირე პლასტიკაში ხედავენ მეცნიერები პირველი თეატრალური სანახაობების, ასევე მუსიკის ჩანასახებს. ამ მიმართულებით საინტერესო ინფორმაციის მატარებელია აქ აღმოჩენილი ფიგურების კოსტუმები და ლარისებრი სიმებიანი მუსიკალური საკრავი, რომელიც ბრინჯაოს შტანდარტის ბუნიკის ერთ-ერთ ითიფალურ უჭირავს. არსებობს მოსაზრება, რომ ყაზბეგის განძის მცირე პლასტკის ნიმუშები ქართული ეპოსის უძველესი ნიმუშის - «ამირანიანის» გამოძახილია. თითოეული ფიგურა გარკვეული დრამატურგიული ფუნქციის მატარებელია და «ამირანიანის» სიუჟეტური განვითარების ლოგიკას შეესატყვისება. …
დაამატა Kakha to ხელოვნება at 11:32pm on თებერვალი 3, 2014
თემა: ისტორიული ქრონოლოგია
მოძრაობაზე დაკვირვებით ადგენს ზუსტ ასტრონომიულ დროს. ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი დარგია. ის იყენებს მათემატიკური ქრონოლოგიის მონაცემებს და ადგენს წარსული მოვლენების თანმიმდევრობას.       კონკრეტულ დროს, როდესაც მოხდა ესა თუ ის მოვლენა, თარიღი ეწოდება. ისტორიული ქრონოლოგიისათვის უმნიშვნელოვანესი სწორედ ზუსტი თარიღების დადგენაა, რაც ხშირად ფრიად რთულია. რატომ არის ეს ასე რთული? იმიტომ, რომ ძველად სხვადასხვა ხალხებს დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემა ჰქონდათ და, თუ არ გავითვალისწინეთ რა მიმართებაშია ერთმანეთთან ეს სისტემები, თარიღის დადგენა შეუძლებელი გახდება. ისტორიული ქრონოლოგია სწავლობს, თუ როგორ ჩამოყალიბდა და ვითარდებოდა დროის აღრიცხვის სხვადასხვა სისტემები, როგორ აღნიშნავდნენ ისინი თარიღებს, როგორ ჩამოყალიბდა დროის ათვლის თანამედროვე სისტემა და როგორ ხდება ძველი სისტემებით მოცემული თარიღის დროის აღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანა. დრო და დროის საზომი ერთეულები.       ადამიანს სამყაროს შემეცნებისათვის ისეთი განზომილებების შემოტანა სჭირდება, როგორიცაა: სიგრძე, სიგანე, სიმაღლე და დრო. მართლაც, სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ჩვენ სივრცეს ვზომავთ, რაც აუცილებელი და საწყისი პირობაა მის შესასწავლად. დრო კი ისეთი განზომილებაა, რომლითაც ჩვენ სივრცის არსებობის ხანგრძლივობას და სივრცეში მოვლენათა თანმიმდევრობას აღვნუსხავთ. დროს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. ამ საზომით ვზომავთ ჩვენ არათუ ადამიანის სიცოცხლის, არამედ მთელი სამყაროს ხანგრძლივობას. ადამიანის ცხოვრების მთელი ციკლი დროზეა აგებული. ქართული ხატოვანი გამოთქმა რომ ვიხმაროთ: "დრონი მეფობენ და არა მეფენი".       განსაკუთრებული მნიშვნელობა დრომ თანამედროვე ცხოვრებაში შეიძინა. ამას კარგად გამოხატავს მთელს მსოფლიოში გავრცელებული გამოთქმა "დრო — ფულია".       ადამიანის ცხოვრებაში დროის ასეთი მნიშვნელობის გამო უძველესმა ადამიანებმა დროის გაღმერთება დაიწყეს. ამის საუკეთესო მაგალითია ძველი ბერძნული წარმართული სარწმუნოება, სადაც ქრონოსი დროისა და ჟამის აღმნიშვნელი სიტყვა, იმავდროულად, ბერძნულ წარმართულ რელიგიაში დრო და ჟამის ღვთაების სახელი იყო.       ვინაიდან დრო განზომილებაა, ბუნებრივია, მას თავისი საზომი ერთეულებიც ესაჭიროება. ასეთი ერთეულებია: წამი, წუთი, საათი, დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული.       ადამიანს დროის საზომი ერთეულები აქ ჩამოთვლილი თანმიმდევრობით სულაც არ აღმოუჩენია. თავდაპირველად უძველესმა ადამიანმა დროის მხოლოდ ერთადერთი საზომი ერთეული — დღე-ღამე იცოდა. ეს დროის ის მონაკვეთია, რომელსაც დედამიწა თავისი ღერძის გარშემო ერთხელ შემობრუნებას უნდება.       შემდეგ შუმერებმა დაახლ. 6 ათასი წლის წინ დღეღამე, ანუ დრო მზის ამოსვლიდან ჩასვლამდე და მზის ჩასვლიდან ამოსვლამდე, ორ თანაბარ, თორმეტ-თორმეტ ნაწილიან მონაკვეთად დაყვეს. დაყოფის საფუძვლად თორმეტი იმიტომ აიღეს, რომ შუმერების რიცხვითი სისტემა სამოცეულებზე იყო აგებული, რომლის ერთ მეხუთედს თორმეტი წარმოადგენს.       ძველმა ასტრონომებმა შეამჩნიეს, რომ დღისა და ღამის ხანგრძლივობა ყოველდღიურად იცვლებოდა, იმ დროს, როდესაც დღე-ღამის საერთო ხანგრძლივობა, ანუ დრო მზის ამოსვლიდან მზის მეორე ამოსვლამდე, უცვლელი რჩებოდა. ამიტომ შუმერებმა მთელი დღე-ღამე, 12+12, ანუ ოცდაოთხ თანაბარ ნაწილად დაყვეს. ამგვარად მათ დროის შედარებით მცირე საზომი ერთეული საათი შექმნეს, რომელიც დღე-ღამის ერთი ოცდამეოთხედია. მათვე საათი, როგორც დროის საზომი ერთეული, სამოც უფრო მცირე ერთეულად წუთად, ხოლო წუთი კი ასევე 60 კიდევ უფრო მცირე ერთეულად წამად და ა. შ. დაყვეს.       დროის უფრო მცირე ერთეულებად — წუთებად, წამებად და ა.შ. დაყოფა საუკუნეთა განმავლობაში ძირითადად, უფრო თეორიული გამოთვლებისთვის სჭირდებოდათ, ვინაიდან ადამიანს დროის ათვლის ზუსტი ხელსაწყო ანუ საათი, რომელიც დროის ამ მცირე ერთეულების ზუსტად ათვლას შეძლებდა, არ გააჩნდა.       უძველესი საათი მზის საათი იყო, რომელიც დროს მზის ჩრდილის მოძრაობის მიხედვით აითვლიდა. მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის იყო, რომ ასეთი საათით დროის ათვლა მხოლოდ მზიან ამინდში შეიძლებოდა. დაახლოებით 3500 წლის წინ ადამიანმა წყლის საათი გამოიგონა, სადაც დროის ათვლა ერთი ჭურჭლიდან მის ქვემოთ მდებარე ჭურჭელში გადასული წყლის რაოდენობის მიხედვით ხდებოდა. იმავდროულად ამავე პრინციპზე მომუშავე ქვიშის საათიც შექმნეს. ასეთ საათში წყალს ქვიშა ცვლიდა. პირველი მექანიკური, ქანქარიანი საათი მხოლოდ X ს-ის მიწურულს გაჩნდა.       ადამიანმა ძალზე ადრე შეამჩნია, რომ ყოველი ახალი მთვარიდან შემდგომ ახალ მთვარემდე ყოველთვის ერთი და იგივე დრო გადიოდა. ასე აღმოაჩინა მან დროის ახალი ერთეული თვე. თავდაპირველად თვე მთვარის იყო. სწორედ ამან განაპირობა, რომ თვის სახელწოდება მრავალ ენაში მთვარის სახელთანაა დაკავშირებული, მაგალითად, ბერძნულში მენე მთვარეს ნიშნავს, მენ — თვეს; ინგლისურში moon — მთვარეა, month — თვე; გერმანულში mond მთვარეა, monat — თვე; რუსულში месяц — მთვარესაც ნიშნავს და თვესაც; ქართულ სიტყვებს თვე/თუე-ს და მ-თუ-არ-ე-საც ერთი ძირი აქვთ. მთვარის თვის ხანგრძლივობა დროის იმ მონაკვეთის ტოლია, რომლის განმავლობაში მთვარე დედამიწის ირგვლივ ერთ შემობრუნებას უნდება. ეს დრო ადამიანის თავდაპირველი უხეში გამოანგარიშებით 30 დღეს უდრიდა.       მოგვიანებით, ჯერ კიდევ შუმერმა ასტრონომებმა მთვარის ასტრონომიული, ანუ სინოდალური თვე ზუსტად დაადგინეს (29 დღე, 12 სთ., 44 წთ., 2,6 წამი) და ის 29.5 დღით განისაზღვრა.       მიუხედავად ამისა, შუმერების აღმოჩენა იმჟამინდელ მსოფლიოში მყისიერად როდი გავრცელდა. ახალი ცოდნის ათვისებამდე ძველი მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში მთვარის თვე ერთ ხანს კვლავაც ოცდაათდღიანი რჩებოდა. ადამიანი დედამიწის ირგვლივ მბრუნავ მთვარეს სხვადასხვა სისრულით ხედავს: ვიწრო ნამგლისებური, ნახევარი, არასრული და სრული მთვარე. ამას მთვარის ფაზები ეწოდება. მთვარის ეს ფაზები, როგორც ქვემოთ ვნახავთ, საფუძვლად დაედო ძველი ადამიანის მიერ თვის უფრო მომცრო ნაწილებად — კვირებად დაყოფას.       სეზონური ცვლილებებისადმი თვალისდევნება უძველესი ადამიანისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო, ვინაიდან ის სოფლის მეურნეობის ციკლს უკავშირდებოდა: ხვნა-თესვა, მკა, თიბვა, რთველი და სხვ. ბუნებრივია, ადამიანებმა ადრევე შეამჩნიეს, რომ გარკვეული თვეების განმავლობაში თბილი სეზონი ცხელი სეზონით იცვლება, ცხელი — გრილით, გრილი — ცივით და, რომ სეზონთა ასეთი ცვლა დაახლოებით თორმეტი მთვარის თვის გასვლის შემდეგ კვლავ მეორდებოდა. ასე აღმოაჩინა ადამიანმა დროის კიდევ ერთი საზომი ერთეული — მთვარის წელიწადი.       მთვარის წელიწადი, შუმერებმა ჯერ კიდევ 6 ათასი წლის წინ თორმეტ თვედ დაყვეს და მთვარის ასტრონომიული თვის მიხედვით წელიწადის ხანგრძლივობა 354/55 დღით განსაზღვრეს.       სხვა ხალხებში კი მაგალითად, ძველ ეგვიპტელებში წელიწადის ხანგრძლივობა ოცდაათდღიან მთვარის თვეზე დაყრდნობით კარგა დიდხანს კვლავ 360-დღიანი დარჩა.       თანდათანობით ადამიანები მიხვდნენ, რომ მთვარის წელიწადი არ იყო დროის იდეალური საზომი სასოფლო სამუშაოების წარმოებისათვის, ვინაიდან ყოველწლიურად ამ სამუშაოების დაწყების დრო წინა წელთან შედარებით დაახლოებით ათი დღით ინაცვლებდა. ამის მიზეზი ის არის, რომ სეზონების რეალურ ცვალებადობას, რომელიც მზის ციკლს და მზის, ანუ ასტრონომიულ წელიწადს შეესაბამება, მთვარის წელიწადი 10/11 დღით ჩამორჩება.       მზის ანუ ასტრონომიული წელიწადი ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელმა და ბაბილონელმა ასტრონომებმა — 365 დღით განსაზღვრეს, მაგრამ მათ მიერ გამოთვლილი მზის წელიწადი რეალურ ასტრონომიულ წელიწადს 5 სთ-ით, 48 წთ-ითა და 46 წამით ჩამორჩებოდა. ეს ცდომილება, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ძველეგვიპტელ სწავლულთა გამოთვლების საფუძველზე შედგენილ რომაულ-იულიუსის კალენდარმა მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აღმოფხვრა. კვირა და კვირის დღეები.       უძველესი დროიდან ადამიანმა თვეების უფრო მცირე მონაკვეთებად, ანუ კვირებად დაყოფა დაიწყო. თავდაპირველად სხვადასხვა ხალხებში კვირა დღეების განსხვავებულ ოდენობას მოიცავდა. შვიდდღიანი კვირა პირველად შუმერებმა დაამკვიდრეს და მათგან ბაბილონელებმა გადაიღეს. ამას საფუძვლად მთვარის ოთხი ფაზის მონაცვლეობა დაედო. შვიდდღიანი კვირის ცალკეულ დღეებს ბაბილონელებმა და მათი გავლენით, საერთოდ, მსოფლიოს მრავალმა ხალხმა შვიდი მნათობი ღვთაების სახელი შეარქვა. ამ შვიდ მნათობღვთაებაში მხოლოდ იმჟამად ცნობილი ხუთი პლანეტა, მზე და მთვარეც მოიაზრებოდა, რომლებსაც ძველი ასტრონომები შეცდომით, პლანეტებად მიიჩნევდნენ.       სიტყვა პლანეტა — მოხეტიალეს ნიშნავს. ადამიანმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შეამჩნია, რომ პლანეტების ცაზე მოძრაობა ვარსკვლავების მოძრაობისგან განსხვავდებოდა, ამიტომ მათ "მოხეტიალე" უწოდა. პლანეტების აღმნიშვნელი ძველქართული სიტყვა "ცთომილია", რაც აგრეთვე, მათ "მცდარ მოძრაობას" უკავშირდება.       ანტიკურ ხანაში ადამიანი მისთვის პლანეტებად მიჩნეულ შვიდ ციურ სხეულს (მზე, მთვარე და პლანეტები: მერკური, მარსი, ვენერა, იუპიტერი, სატურნი) აღმერთებდა. სხვა პლანეტებს ადამიანი XVI ს-მდე არ იცნობდა, რადგან მათი დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.       ძველი ებრაელებიც, მეზობელი უძველესი შუამდინარეთის ხალხების შუმერებისა და ბაბილონელების გავლენით, იმთავითვე, თვეს შვიდდღიან მონაკვეთებად ყოფდნენ. ამას, უპირველეს ყოვლისა, "ძველი აღთქმა" მოწმობს, რომლის მიხედვით ღმერთმა სამყარო ექვსი დღის განმავლობაში შექმნა, მეშვიდე დღეს კი დაისვენა. ვინაიდან ებრაელებს მხოლოდ ერთი ღმერთი სწამდათ, ბუნებრივია, კვირის დღეებს ღვთაება-მნათობების სახელებს ვერ დაარქმევდნენ. ამიტომაც, სახელები დღეებს თავიანთი რელიგიური წესების შესაბამისად შეარქვეს: ძველ ებრაულად დასვენებას "შაბბათ" ეწოდება; ამიტომ იმ დღეს, როდესაც სამყაროს შექმნის (რომელიც 6 დღე გრძელდებოდა) შემდეგ, ღმერთმა დაისვენა, ებრაელებმა "შაბათი", ანუ დასვენების დღე უწოდეს და კვირის დანარჩენი ექვსი დღე შაბათიდან აითვალეს: შაბათის შემდეგ პირველი დღე, მეორე დღე, მესამე დღე და ა.შ.       კვირის დღეების ასეთი დასახელება ებრაელებიდან ძველმა სპარსელებმა გადაიღეს. სავარაუდოდ, ეს მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც აქემენიანთა სპარსეთის პირველმა მბრძანებელმა კიროსმა (ძვ. წ. VI ს.) ბაბილონი აიღო და ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ დატყვევებული ებრაელები გაათავისუფლა.       ებრაელებისაგან განსხვავებით სპარსელებმა შაბათის, მათი გამოთქმით "შამბეჰის" შემდგომ დღეებს იექ(ერთი)შამბეჰი, დუ(ორი)-შამბეჰი, სე(სამი)-შამბეჰი და ა. შ. უწოდეს.       კვირის დღეების სახელების ეს სპარსული ვერსია შეითვისეს ჩვენმა წინაპრებმაც. ამიტომაც კვირის დღეების ერთ ნაწილს ქართულად დღესაც: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი ეწოდება.       შვიდდღიანი კვირა ხმელთაშუაზღვისპირა ქვეყნებში ძვ. წ. I საუკუნისათვის უკვე საყოველთაოდ გავრცელდა. ებრაული წარმოშობის რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ამის თაობაზე აღნიშნავს, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში არცერთი ქალაქი და არცერთი ხალხი არ დარჩა, რომელიც მისი მშობლიური ხალხის (ანუ ებრაელების) მსგავსად, ყოველ მეშვიდე დღეს არ ისვენებდეს.       ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ რომაულ კალენდარში კვირის მეშვიდე, დასვენების დღეს, წარმართული პლანეტა-ღვთაება სატურნის სახელის ნაცვლად "საბბატუსი" ეწოდა, ვინაიდან რომაელები შაბათს "საბბატუს"-ად გამოთქვამდნენ. დანარჩენ დღეებს კი კვლავ ძველი მნათობი-ღვთაებების სახელები დარჩათ. რომის იმპერიის ბერძნულენოვან მოსახლეობაში კი, რომაელებისაგან განსხვავებით, კვირის დღეების წარმართული, ბერძნულ-რომაული მნათობ-ღვთაებების სახელები მთლიანად ებრაულის მსგავსად შეიცვალა, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ბერძნებმა შაბათის, ანუ ებრაული მეშვიდე დასვენების, იმავე "უფლის დღის" წინა, მეექვსე დღეს, პარასკევი შეარქვეს, რაც ბერძნული ზმნიდან "პარასეკო" მოდის და სიტყვასიტყვით "მომზადებას", ანუ "საუფლო დღისათვის" — შაბათისათვის მომზადებას ნიშნავს.       პარასკევის ეს სახელწოდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ცნობილ ფაქტს, რომ თავდაპირველად ქრისტიანები, ებრაელების მსგავსად, "უფლის", ანუ დასვენების დღედ სწორედ შაბათს მიიჩნევდნენ.       325 წ-ის ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დაისვა საკითხი, კვირის რომელი დღე ექციათ ქრისტიანებს დასვენების, ანუ უფლის დღედ. გადაწყდა, რომ ასეთად მზის დღე მიეჩნიათ, რომელიც, ბერძნულრომაულ წარმართულ კალენდარში, როგორც ვიცით, შაბათის შემდეგ პირველი დღე იყო. შესაბამისად, მზის დღეს ლათინურად "დომინიკუს", ბერძნულად კი კვირიაკე ეწოდა, რაც ამ ენებზე "ღვთის, უფლის დღეს" ნიშნავს. ამგვარად, ქრისტიანობის გავლენით რომაულ კალენდარში სახელები გადაერქვათ მხოლოდ კვირის მეშვიდე დღეს, რომელსაც შაბათი ეწოდა და პირველ, მზის დღეს, რომელსაც "დომინიკუს", ანუ უფლის დღე ეწოდა. ამიტომ რომაულის ანუ ლათინურისგან მომდინარე ფრანგულ, ესპანურ, პორტუგალიურ და ა.შ. ენებში საბატუსის და დომინიკუსის გარდა კვირის სხვა დღეებს კვლავაც ძველი წარმართული სახელები დარჩათ.       გერმანულენოვან ხალხებში, ანუ იმ ენებში, რომლებიც ძველი გერმანული ენიდან განვითარდნენ (საკუთრივ გერმანული, ინგლისური, ჰოლანდიური და ა.შ.) ებრაული "შაბათი" არ შესულა, ამიტომ ამ ენებში კვირის დღეებს ახლაც ნაწილობრივ ძველგერმანულ, ნაწილობრივ კი რომაულ წარმართ მნათობ-ღვთაებათა სახელები ეწოდებათ. საუკუნე და ათასწლეული.       დროთა განმავლობაში ადამიანმა დროის კიდევ ერთი დიდი საზომი ერთეული — საუკუნე შემოიღო. თავდაპირველად ამ ტერმინით იმ დროს აღნიშნავდნენ, რომელიც ერთი თაობის მეორე თაობით შეცვლას სჭირდება. ამიტომ, საუკუნე ძველ ებრაელებთან ორმოც წელს, ხოლო ძველ რომაელებთან ოცდათხუთმეტ წელს უდრიდა. შემდეგ რომაელები საუკუნედ უკვე 110 წელს ანგარიშობდნენ. ჯერ კიდევ დაახლოებით სამასი წლის წინათ ჩვენი წინაპრები სიტყვა საუკუნეს ათასწლეულის აღსანიშნავად ხმარობდნენ. საუკუნე ასი წლის მნიშვნელობით შედარებით გვიან დამკვიდრდა. რაც შეეხება დროის კიდევ ერთ საზომ ერთეულს ათასწლეულს, ის 10 საუკუნეს, ანუ 1000 წელს ნიშნავს. კალენდარი.       დროის დღე-ღამეებად, კვირებად, თვეებად, წელიწადებად აღრიცხვის სისტემას კალენდარი ეწოდება.       უძველესი დროიდან რელიგიური დღესასწაულები მთვარის ფაზების მიხედვით იყო აგებული. ამიტომ, პირველი კალენდარი, რომელიც ადამიანმა შექმნა, მთვარის კალენდარი იყო.       მთვარის კალენდარი რელიგიური დღესასწაულების გამოთვლებისათვის მოუხერხებელი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც გვახსოვს, მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე 10/11 დღით ნაკლებია, ეს კი ახალ წელს, რელიგიურ დღესასწაულებსა და სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყებას დროში ანაცვლებდა.       ამის თავიდან ასაცილებლად ძველმა ასტრონომებმა მთვარის კალენდრის მზის წელიწადთან მისადაგება დაიწყეს და მთვარე-მზის კალენდარზე გადავიდნენ.       იმისთვის, რომ მთვარე-მზის კალენდარი მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო კალენდარს მე-13 თვეს უმატებდნენ, რომელსაც ძველი ბერძნები "ემბოლისმურ", ანუ "ჩამატებულ თვეს" უწოდებდნენ.       ბაბილონური, იგივე ხამურაბის კალენდარი. შუმერები პირველები იყვნენ, რომლებმაც მთვარის კალენდარი მთვარე-მზის კალენდრით შეცვალეს. შუმერებისაგან მთვარე-მზის კალენდარი ბაბილონის ძველმა სამეფომ გადაიღო, რომლის პირველმა მეფემ — ხამურაბმა ის თავის სამეფოში სავალდებულოდ გამოაცხადა.       ებრაული კალენდარი. წარსულში მთვარე-მზის კალენდარს მრავალი ხალხი იყენებდა. დღეს ასეთ კალენდარს ოფიციალურად მხოლოდ ებრაელთა სახელმწიფოში, ისრაელში, ხმარობენ. ამ კალენდარს გარკვეული პერიოდულობით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამატებითი მეცამეტე — "ემბოლისმური თვე" ემატება.       რომაული და ეგვიპტური კალენდრიდან თანამედროვე კალენდრამდე. ძველი რომაული კალენდარი. თავდაპირველად ძვ. წ. VIII ს-ში. რომაელებს ათთვიანი კალენდარი ჰქონდათ, რომელიც წელიწადს მხოლოდ გაზაფხულიდან ზამთრის დაწყებამდე მოიცავდა. ასეთი წელიწადი 304 დღისაგან შედგებოდა. წელიწადის დარჩენილ ზამთრის დღეებს რომაელები თვეებად არ ყოფდნენ და არც კალენდარში შეჰქონდათ. ისინი უბრალოდ ახალი გაზაფხულის დაწყებას ელოდებოდნენ, რომ წელიწადის თვეების ახალი ათვლა დაეწყოთ. დღეისათვის საყოველთაოდ გავრცელებული ზოგიერთი თვის სახელწოდება იმ შორეული წარსულიდან მოდის. რომაელთა უძველესი კალენდრით წელიწადი გაზაფხულზე იწყებოდა. მის პირველ თვეს, რომაელთა ომის ღმერთის მარსის პატივსაცემად, მარტიუსი (მარტი) ეწოდებოდა. შემდგომი თვე იყო აპრილისი (აპრილი), რომელიც ლათინურად, ანუ რომაულად კვირტის გამოსვლას, გაფურჩქვნას ნიშნავს. ეს თვე სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთის — ვენერას თვედ მოიაზრებოდა.       აპრილის შემდგომ თვეს ნაყოფიერი მიწის ქალღმერთის მაიუსის (მაისი), ხოლო მის მომდევნოს, რომაელთა უმაღლესი ღვთაების იუპიტერის მეუღლის, გამარჯვების ქალღმერთ — იუნონას პატივსაცემად იუნიუსი (ივნისი) ეწოდებოდა. კალენდრის შემდგომ თვეებს სახელად რიცხვითი სახელები ჰქონდათ: კვინტილისი — მეხუთე, სექტილისი — მეექვსე, სეპტემბერი — მეშვიდე, ოქტობერი — მერვე, ნოვემბერი — მეცხრე, დეცემბერი — მეათე.       ძვ. წ. VII ს-ში რომაელებმა კალენდარს ორი თვე — იანუარიუსი (იანვარი) და ფებრუარიუსი (თებერვალი) დაუმატეს. პირველი სახელწოდება ორსახოვანი ღმერთის — იანუსის სახელიდან მოდის. შემდეგ თვეს კი ფებრიუსი რომაელებმა ქვესკნელის ღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. რომაელებს ლუწი რიცხვები არ უყვარდათ, რადგან ამ რიცხვებს, მათი აზრით, უბედურება მოჰქონდა. ამიტომ, ახალ კალენდარში ოთხი თვე 31 და შვიდი თვე 29 დღისაგან შედგებოდა. ერთადერთი თებერვალი იყო, რომელიც ლუწ, 28 დღეს ითვლიდა.       ამგვარად რომაელებმა სრული მთვარის, ანუ 355დღიანი კალენდარი მიიღეს, რომელსაც იმისათვის, რომ მზის ასტრონომიულ წელიწადს დიდად არ დაშორებოდა, დროდადრო მე-13, ემბოლისმურ თვეს უმატებდნენ.       მთვარის წელიწადი მზის ასტრონომიულ წელიწადზე, როგორც ვიცით, ნაკლებია. ამიტომ, პონტიფიკებმა, იგივე უმაღლესმა ქურუმებმა, რომლებიც რომში კალენდარს განაგებდნენ, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზამთრის ბოლოს მასში ემბოლისმური თვის შეტანა დაიწყეს. ამ დამატებითი თვის დღეების ოდენობასაც პონტიფიკები თვითონ ადგენდნენ. შესაბამისად, მათ ნებაზე იყო დამოკიდებული მომავალი ახალი წლის პირველი დღის გამოცხადებაც. ვინაიდან რომში უმაღლესი ხელისუფლება ყოველწლიურად იცვლებოდა, იმთავითვე რომის კალენდარი პოლიტიკური ინტრიგებისა და კორუფციის წყაროდ იქცა. ქურუმები, როდესაც რომის არჩევითი უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები მათ ახლობლებს ეკავათ, წელიწადის ხანგრძლივობას დამატებითი დღეების შეტანით აგრძელებდნენ და პირიქით. წლის გახანგრძლივებას და ახალი წლის დაწყების დაგვიანებას სხვა, წმინდა ფინანსური ინტერესებიც განაპირობებდა. საქმე ის არის, რომ გადასახადებისა და ვალების გადახდა რომში ახალი წლის დასაწყისში ხდებოდა. ამიტომ, რომის მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს ახალი წლის მოსვლა სულაც არ ეჩქარებოდა. ესეც კალენდრით მანიპულაციის დამატებითი მიზეზი ხდებოდა.       ამიტომაც, რომაული წელიწადი ასტრონომიულ წელიწადზე ხან ნაკლული იყო და ხანაც მას აჭარბებდა. შესაბამისად, პონტიფიკებიც კალენდარს ხან დაგროვილ ნამატ დღეებს აკლებდნენ, ხან კი ნაკლულს უმატებდნენ.       ყოველივე ამის წყალობით ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში რომაული კალენდარი რეალური დროისაგან ისე განსხვავდებოდა, რომ მოსავლის აღების ზეიმი ზამთარზე მოდიოდა.       იმ პერიოდის რომაული კალენდრის პარადოქსებზე XVIII ს-ის ფრანგი განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე ვოლტერი იუმორით აღნიშნავდა: "ძველი რომაელი მხედართმთავრები ყოველთვის იმარჯვებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, კალენდრის რომელ დღეზე მოდიოდა მათი გამარჯვება".       ძველეგვიპტური კალენდარი.       თავდაპირველად ძველი ეგვიპტელები ისევე, როგორც ყველა სხვა ხალხი, 360-დღიან, ანუ დამრგვალებულ მთვარის კალენდარს იყენებდნენ. ძველი ეგვიპტელები თვეების უმეტესობას თავიანთი ღმერთების სახელებს უწოდებდნენ. ისინი წელიწადს სამ: დატბორვის, ანუ ხვნა-თესვის, გამოჩენის, ანუ მოსავლის აღების და გვალვის ოთხ-ოთხ თვიან სეზონებად ყოფდნენ.       მთვარის კალენდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი მიწათმოქმედი ხალხისათვის, როგორიც ძველი ეგვიპტელები იყვნენ, ძალზე მოუხერხებელი იყო იმიტომ, რომ ის სეზონურ ცვალებადობას, რომელზედაც ნილოსის წყალდიდობა იყო დამოკიდებული, ვერ ასახავდა.       ეგვიპტელმა ქურუმებმა თანდათან შეამჩნიეს, რომ ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის — სირიუსის გამოჩენა, რომელსაც ისინი "სოტის" ეძახდნენ, ყოველთვის ზაფხულის მზებუდობას — 19 ივლისს და ეგვიპტეში ნილოსის ადიდების დაწყებას ემთხვეოდა. ნილოსის ყოველწლიური ადიდების დასაწყისი ეგვიპტეში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იყო, რადგან ამ დღიდან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები იწყებოდა. ამიტომ, ქურუმები სირიუსის ცაზე გამოჩენას ხალხს საზეიმოდ ამცნობდნენ.       თანდათანობით, ცაზე დაკვირვების შედეგად, ეგვიპტელებმა სირიუსის პირველად გამოჩენის და ზაფხულის მზებუდობის დღის გამოთვლა შეძლეს. ამან ეგვიპტელებს მზის კალენდრის შემუშავების საშუალება მისცა.       ამგვარად, შუმერების კვალდაკვალ ძველი ეგვიპტელი ასტრონომებიც მივიდნენ იმის ცოდნამდე, რომ მთვარის ასტრონომიული წელიწადი 354/355, მზის ასტრონომიული წელი კი 365 დღისაგან შედგებოდა. როგორც ვიცით, მზის ასტრონომიული წელი იმხანად აბსოლუტური სიზუსტით ვერ იყო გამოთვლილი. მიუხედავად ამისა, მზის კალენდარი ბევრად მოხერხებული იყო. ამან ეგვიპტელ ქურუმებს კალენდრის რეფორმა და მზის კალენდარზე გადასვლა აფიქრებინა.       მიუხედავად ამისა, ძველი ეგვიპტელების შეგნებაში 360-დღიანი მთვარის კალენდარი იმდენად მყარად იყო გამჯდარი, რომ ქურუმებს ღმერთების ავტორიტეტის მოშველიება და ლამაზი მითის შექმნა დასჭირდათ, რათა კალენდარში ხუთი დღის დამატება გაემართლებინათ.       ეგვიპტური მითის თანახმად, დედამიწის ღმერთის გების მეუღლე, ცის ქალღმერთი — ნუტი ღამღამობით შვილებს — ცის ვარსკვლავებს — აჩენდა, რომელთაც ყოველ დილას თავადვე ყლაპავდა. მაშინ გაბრაზებულმა მზის ღმერთმა რამ ქალღმერთს წელიწადის ყველა დღეს ახალი შვილების გაჩენა აუკრძალა. მაშინ ნუტიმ დახმარებისათვის სიბრძნისა და მეცნიერების ღმერთს თოთის მიმართა. თოთიმ ქალღმერთი ნუტისათვის რომ ეშველა, კოჭის თამაშში მთვარის ქალღმერთს წელიწადის 1/75, ანუ ხუთი დღე მოუგო. ამან ქალღმერთ ნუტის ხუთი შვილის შობის საშუალება მისცა. მათი დაბადების დღეები მთვარის ქალღმერთიდან მზის ღმერთ რას გადაეცა. ამით მზის წელიწადი ხუთი დღით დაგრძელდა, ხოლო მთვარის წელიწადი ხუთი დღით შემცირდა. მზის კალენდრისათვის დამატებულ დღეებს ძველი ეგვიპტელები ქალღმერთ ნუტის ამ ხუთი შვილის სახელს ეძახდნენ, რომლებიც, ეგვიპტური მითოლოგიის თანახმად, სიკვდილის შემდეგ ღმერთებად იქცნენ.       ეგვიპტელებს არც მთვარის კალენდარი დავიწყებიათ. ხუთი დღით, ანუ 355 დღემდე შემცირებულ მთვარის კალენდარს ისინი რელიგიური რიტუალებისათვის ქრისტიანობის მიღებამდე იყენებდნენ.       როგორც ვიცით, მზის წელიწადი 365 დღეს აღემატება. ასე რომ, ძველი ეგვიპტური კალენდარი ასტრონომიულ დროს წელიწადში სულ ცოტა 1/4 დღით ჩამორჩებოდა, რაც თანდათანობით დიდი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა, ვინაიდან ზაფხულისა და ზამთრის დღესასწაულები მნიშვნელოვნად ინაცვლებდნენ.       ძვ. წ. III ს-ში, ფარაონ ევერგეტის ხანაში, ეგვიპტელთა კალენდარი კიდევ ერთხელ გასწორდა და მას ერთი დღე დაემატა. ეს დღე ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ კალენდარს ბოლო თვის გასვლის შემდეგ ემატებოდა და მიცვალებულთა ხსოვნასა და ცოდვათა მონანიებას ეთმობოდა.       ფარაონის ბრძანებულების მიუხედავად ეგვიპტელებმა ახალი კალენდარი არ მიიღეს და თითქმის ორ საუკუნეზე მეტ ხანს ცხოვრებას კვლავ ძველი კალენდრით განაგრძობდნენ.       მხოლოდ ახალი და ძველი წელთაღრიცხვების მიჯნაზე, რომის კეისრის ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით, რომელმაც მანამდე ეგვიპტე საბოლოოდ დაიქვემდებარა, ეგვიპტელები ახალ კალენდარზე გადავიდნენ, რომელსაც საფუძვლად რომაული, იგივე იულიუსის კალენდარი დაედო.       იულიუსის კალენდრის ამ ეგვიპტურ ვარიანტს ალექსანდრიული კალენდარი ეწოდა. მას ქრისტიანი ეთიოპელები და კოპტები დღესაც იყენებენ.       იულიუსის კალენდარი. პარადოქსი ისაა, რომ ეს ახალი რომაული, ანუ იულიუსის კალენდარი, რომელიც ოქტავიანე ავგუსტუსმა ეგვიპტეში დანერგა, ძველეგვიპტელების მიერ ორი საუკუნის წინ დაწუნებულ ევერგეტის კალენდარს ეფუძნებოდა.       ამ კალენდარს რომის სახელგანთქმული უმაღლესი ხელისუფალი იულიუს კეისარი ეგვიპტეში ყოფნის დროს გაეცნო. მან, როგორც ირკვევა, კალენდართან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებაც რამდენიმე ნაშრომად გამოაქვეყნა. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ იულიუს კეისარმა რომის ახალი კალენდრის შედგენა ალექსანდრიელ ეგვიპტელ სწავლულს, სოზიგენეს დაავალა.       სოზიგენეს მიერ ძვ. წ. 46 წელს შემუშავებული კალენდარი საფუძვლად უდევს თანამედროვე კალენდარს. მას იულიუს კეისრის სახელის მიხედვით, იულიუსის კალენდარი ეწოდება.       იულიუსის კალენდრით წელიწადის ხანგძლივობა 365, 25 დღით განისაზღვრა. ამიტომ 365-დღიან კალენდარს ყოველ მეოთხე წელს ერთი დღე ემატებოდა. კალენდარი 12 თვისაგან შედგებოდა, სადაც კენტი თვეები 31, ლუწი თვეები კი — 30 დღეს მოითვლიდა. მხოლოდ თებერვალი, მათგან განსხვავებით, ჩვეულებრივ 29, ხოლო ნაკიან წელს 30 დღეს მოიცავდა. წელიწადის თვეებს კვლავ ძველი რომაული სახელები დარჩათ.       ახალი კალენდარი ძალაში ძვ. წ. 45 წელს შევიდა. იმ წელს ახლად არჩეულმა რომის უმაღლესმა სახელმწიფო მოხელეებმა — კონსულებმა თავიანთი თანამდებობის აღსრულება 1 იანვარს დაიწყეს, ამიტომ ეს დღე, იულიუსის კალენდრით, ახალი წლის დასაწყისად გამოცხადდა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალი წლის 1 იანვრიდან დაწყების ტრადიციას.       რომის სენატმა ახალი კალენდრის დამკვიდრების საქმეში და, საერთოდ, რომაელი ხალხის წინაშე დიდი დამსახურებისათვის, კალენდრის მე-7 თვედ ქცეულ ძველ მეხუთე, კვინტილიუსის თვეს იულიუს კეისრის სახელი იულიუსი (ივლისი) უწოდა.       იულიუს კეისრის შეთქმულთა ხელით სიკვდილის შემდეგ, პონტიფიკებმა, რომელთაც რომში, კალენდარზე თვალყურის დევნება ევალებოდათ, ახლად მიღებულ კალენდარში ნაკიან წელიწადად ყოველი მეოთხე წლის ნაცვლად, ყოველი მესამე წელიწადი გამოაცხადეს, რაც კალენდრის ასტრონომიულ საფუძველს ეწინააღმდეგებოდა.       ქურუმების ეს შეცდომა იულიუს კეისრის მემკვიდრემ, რომის იმპერატორმა, ოქტავიანე ავგუსტუსმა, ანუ ღვთაებრივმა გამოასწორა. მისი ბრძანებით, 16 წლის განმავლობაში ძვ. წ. 9 წლიდან ახ. წ. 7 წლის ჩათვლით, ნაკიანი წლები აღარ აღინიშნებოდა. იულიუსის კალენდარი სრული სახით მხოლოდ ახ. წ. 8 წელს აღდგა.       რომის სენატმა ოქტავიანე ავგუსტუსის კალენდრის წინაშე ეს ამაგი და, ზოგადად, რომაელი ხალხის წინაშე დამსახურება იმით უკვდავყო, რომ ივლისის მომდევნო, კალენდრის მე-8 თვეს მისი ტიტული — ავგუსტუსი (აგვისტო) უწოდა. თანაც ამ 30-დღიან თვეს 31-ე დღე დაუმატა, რომელიც წელიწადის მეორე თვეს, ფებრიარუსს (თებერვალი) ჩამოაკლო. კალენდრის ცვლილება ამაზე არ შეჩერებულა. სამი თვე: ივლისი, აგვისტო და სექტემბერი ზედიზედ 31-დღიანი რომ არ ყოფილიყო, სექტემბერს 31-ე დღე ჩამოართვეს და ოქტომბერს დაუმატეს. ამის შემდეგ ცვლილება იულიუსის კალენდარში აღარ შესულა.       325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამ იულიუსის კალენდარი ქრისტიანებისათვის სავალდებულოდ გამოაცხადა. ამ დროისათვის გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე მოდიოდა. ეს ქრისტიანულ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას უადვილებდა. ნიკეის კრების დადგენილების მიუხედავად, იულიუსის კალენდარი სხვადასხვა ქრისტიანულ ქვეყნებში სულ სხვადასხვა დროს დამკვიდრდა.       ერთ-ერთი პირველები ქრისტიან ხალხებს შორის, რომლებმაც იულიუსის კალენდარი მიიღო, ქართველები იყვნენ, მათ ახალი კალენდრით, მანამდე საქართველოში გავრცელებული, ძველი სპარსული კალენდარი ჩაანაცვლეს.       გრიგორიანული კალენდარი.       იულიუსის კალენდრის წელიწადი ასტრონომიულზე 11 წუთითა და 14 წამით ნაკლები აღმოჩნდა, რაც ყოველ 128 წელიწადში ერთი დღეღამის განსხვავებას იძლეოდა. ამის გამო, გაზაფხულის ბუნიობა კალენდრის მიხედვით სულ უფრო და უფრო უკან ინაცვლებდა. ეს დღე XVI ს-ში 21 მარტის ნაცვლად 11 მარტზე მოდიოდა. იულიუსის კალენდრის უზუსტობა განსაკუთრებით თვალში საცემი XIV ს-დან გახდა.       კალენდარში არსებული უზუსტობის შესახებ პირველად აზრი XIV ს-ის დასაწყისში ბიზანტიელმა სწავლულებმა გამოთქვეს, რომლებმაც ბიზანტიის კეისარს კალენდრის რეფორმა შესთავაზეს.       მათ კეისარს ყურადღება იმ ფაქტზე მიაქცევინეს, რომ გაზაფხულის ბუნიობა 21 მარტზე უკვე აღარ მოდიოდა და, შესაბამისად, აღდგომის დღეც იგვიანებდა, მაგრამ ამას კეისრის მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია.       კალენდრის რეფორმის აუცილებლობას კათოლიკური ეკლესიაც ხედავდა. XV ს-ის 70-იან წლებში ამ მიმართულებით რომის პაპის მცდელობა მარცხით დამთავრდა, ვინაიდან რეფორმის გატარების მიზნით რომში სპეციალურად მიწვეული გამოჩენილი ასტრონომი და მათემატიკოსი მოულოდნელად გარდაიცვალა, რამაც კალენდრის რეფორმა ას წელზე მეტი ხნით გადადო.       1582 წელს რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ კალენდრის რეფორმის გასატარებლად პროექტების განხილვა სპეციალურ კომისიას დაავალა. კალენდრის რეფორმის პროექტების განმხილველ კომისიაში იმ ხანის გამოჩენილი მეცნიერები შედიოდნენ. კომისიამ შეთავაზებული პროექტები განიხილა და გამარჯვებულად ცნობილი იტალიელი ექიმი და მათემატიკოსი ლუიჯი ლილიო აღიარა. თვით ალიოზი იმ ხანად გარდაცვლილი იყო და პროექტი კომისიას მისმა ძმამ წარუდგინა.       ლუიჯის პროექტზე დაყრდნობით, იმავე 1582 წლის 24 თებერვალს გრიგოლ XIII-მ სპეციალური დადგენილებით კალენდარში ცვლილებები შეიტანა. იმ ხანად იულიუსის კალენდრის ცდომილება ათ დღეს შეადგენდა. ამიტომ რომის პაპის ბრძანებით, 1582 წლის 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოცხადდა. ამით საგაზაფხულო ბუნიობა კვლავ 21 მარტზე მოვიდა.       მიუხედავად იმისა, რომ ლუიჯი ლილიო იყო ახალი კალენდრის შემქმნელი, მას რეფორმის ორგანიზატორის და სულის ჩამდგმელის რომის პაპის გრიგოლ XIII-ის სახელის მიხედვით გრიგორიანული კალენდარი ეწოდა.       გრიგორიანული კალენდრის შემოღების შემდეგ იულიუსის კალენდრით დროის აღნიშვნას ძველი სტილი, ხოლო გრიგორიანული კალენდრით აღნიშვნას ახალი სტილი ეწოდა.       ახალი კალენდარი, თავდაპირველად, მხოლოდ კათოლიკურ ქვეყნებში გავრცელდა. სხვაგან კი ამ კალენდრის შემოღებას ათეულობით, ზოგან კი ასეულობით წელი დასჭირდა.       ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ამ დროისათვის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულმა ახალმა ქრისტიანულმა მიმდინარეობამ — პროტესტანტიზმმა მოსახლეობის უმრავლესობა მოიცვა, ერთ ხანს ასეთი ლოზუნგიც კი გაისმოდა: "უმჯობესია მზეს დავშორდეთ, ვიდრე რომის პაპს შევუერთდეთ". უფრო მეტიც, ზოგ პროტესტანტულ ქვეყანაში ახალი კალენდრის შემოღებას სახალხო მღელვარებები და აჯანყებებიც კი მოჰყვა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა ლატვია იყო, სადაც რეჩპოსპოლიტას მეფის ბრძანებულებას, ახალი კალენდრის შემოღების შესახებ, დიდი მღელვარება მოჰყვა. მღელვარება მალე აჯანყებაში გადაიზარდა, რაც აჯანყების მეთაურების სიკვდილით დასჯით დასრულდა.       პროტესტანტულ ინგლისში ახალი კალენდარი ძალაში მხოლოდ 1752 წლის 1 იანვრიდან შევიდა. მანამდე ამ ქვეყანაში ახალი წელი 25 მარტიდან იწყებოდა. ახალი კალენდრის შემოღების მიზნით ახალი წლის დასაწყისი ინგლისში 25 მარტიდან 1 იანვარს გადაიტანეს. ასე რომ, 1751 წელი მხოლოდ 282-დღიანი აღმოჩნდა.       ახალი კალენდრის შემოღებით უკმაყოფილო ინგლისელები ამ რეფორმის გამტარებელ დიდმოხელეს ერთ ხანს ყვირილით: "დაგვიბრუნე ჩვენი სამი თვე" — ხვდებოდნენ.       ახალ სტილზე საქართველო 1918 წლის 18 აპრილიდან გადავიდა. ამ დროს განსხვავება ძველ და ახალ სტილს შორის უკვე 13 დღეს შეადგენდა. ამიტომ 18 აპრილი 1 მაისად გამოცხადდა.       თანდათანობით გრიგორიანული კალენდარი მართლმადიდებლური საბერძნეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და კონსტანტინოპოლის (ახლანდელი სტამბული) საპატრიარქოებმაც მიიღეს და ახალ სტილზე გადავიდნენ.       ძველ სტილზე მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს: საქართველოს, რუსეთის, ბელორუსიის, უკრაინის და აგრეთვე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიები დარჩა, რის გამოც ეს ქვეყნები შობას ძველი სტილით — 7 იანვარს, ახალ წელს კი—14 იანვარს აღნიშნავენ.       ძველი სპარსული კალენდარი.       სპარსეთის კალენდარი აქემენიანების ხანაში ძირითადად ბაბილონის კალენდარს ეყრდნობოდა. ის 360 დღისა და 12 თვისაგან შედგებოდა, რომელშიც დროდადრო დამატებითი XIII თვე შეჰქონდათ. ეგვიპტური ტრადიციის გავლენით თვეებს ღმერთების სახელები ეწოდებოდათ. სასანიანთა მმართველობის დასაწყისშივე შაჰმა არდაშირმა 365-დღიანი კალენდარი შემოიღო, რომელიც ძველი ეგვიპტური კალენდრის უფრო დიდ გავლენას განიცდიდა. ეს კალენდარი ძველი ეგვიპტურის მსგავსად, 30-დღიანი 12 თვისაგან შედგებოდა, რომელსაც კიდევ 5 დღე ემატებოდა. ახალი კალენდარი დიდ წინააღმდეგობას შეხვდა, რადგან მთელი რიგი ზოროასტრული დღესასწაულების აღნიშვნაში უხერხულობას იწვევდა. მაგალითად, ზოგიერთი დღესასწაული წელიწადში ორჯერაც კი მოდიოდა. ამიტომ შაჰი არდაშირის შვილიშვილმა ჰორმიზდ I-მა კალენდრის ახალი რეფორმა გაატარა. ამ კალენდრითაც წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა; ამიტომ, ყოველი 120 წლის შემდეგ მასში დამატებითი ერთი თვე უნდა შეეტანათ.       მუსლიმური კალენდარი.       მუსლიმური კალენდარი არაბების გამუსლიმებასთან ერთად შეიქმნა, შემდეგ კი, მუსლიმური რელიგიის მსოფლიოში გავრცელების კვალდაკვალ, მთელი მუსლიმური სამყარო მოიცვა.       არაბებს მუჰამედის ეპოქამდე მთვარე-მზის კალენდარი ჰქონდათ, რომელიც, სავარაუდოდ, ებრაელებისაგან გადაიღეს. მზე-მთვარის კალენდარი დროდადრო, როგორც გვახსოვს, თვეების დამატებას ითხოვდა. მუსლიმური რელიგიის ფუძემდებელი მუჰამედი კალენდარში თვეების დამატების წინააღმდეგ გამოვიდა, რაც ყურანის მეცხრე სურის 36-37 "აიიებში" — მუხლებში აისახა. ასე რომ, თვეების დამატების აკრძალვის შემდეგ, არაბთა მთვარე-მზის კალენდარი მხოლოდ მთვარის კალენდრად იქცა.       ოფიციალურად მუსლიმური მთვარის კალენდარი არაბთა სახალიფოში 638 წელს რიგით მეორე ხალიფამ — ომარმა შეიტანა. ჯერ კიდევ VII საუკუნეში, მუჰამედის ერთერთი მიმდევარი მთვარის 354 დღიანი კალენდრის ჭეშმარიტებას შემდეგნაირად ასაბუთებდა: "ალაჰმა 360-დღიანი წელი შექმნა, შემდეგ კი ამ წელიწადიდან ის ექვსი დღე გამორიცხა, რომელიც მან ცისა და დედამიწის შექმნას მოანდომა. ამიტომ, ეს დღეები წელიწადში აღარ შედიან".       მთვარის კალენდარი მზის კალენდარზე, როგორც ვიცით, 10/11 დღით ნაკლებია; ამიტომ მუსლიმებთან ახალი წელი წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაიწყოს. ამავე მიზეზით, რელიგიური დღესასწაულები, რომლებიც ადრე ზამთარზე მოდიოდა, შემდეგ ზაფხულში ინაცვლებს და — პირიქით. მსოფლიოში ყველაზე ზუსტი კალენდარი.       XI საუკუნის 80-იან წლებში სპარსეთის სელჩუკი სულთნის — მალიქ შაჰის ბრძანებით ცნობილი მათემატიკოსის, ასტრონომისა და პოეტის ომარ ხაიამის მეთაურობით საგანგებო კომისია შედგა, რომელმაც სპარსეთისა და, ზოგადად, სელჩუკთა იმპერიისათვის ახალი კალენდარი შექმნა.       ეს კალენდარი 1079 წლის 15 მარტს ძალაში შევიდა. ვინაიდან კალენდარი მალიქ შაჰის დავალებით შეიქმნა, მალიქ შაჰის საპატიო სახელის ჯალალ-ად-დინის მიხედვით ჯალალ-ად-დინის კალენდარი ეწოდა. ამ კალენდარში წელიწადი 365 დღისაგან შედგებოდა, რომელსაც ყოველ 33 წლიან მონაკვეთში რვა ნაკიანი წელი (366 დღე) ჰქონდა.       ჯალალ-ად-დინის კალენდარი ჩვენს თანამედროვე, გრიგორიანულ კალენდარზე უფრო ზუსტია, ვინაიდან, თუ თანამედროვე კალენდარი ერთი დღე-ღამის ცდომილებას ყოველ 3500 წელში იძლევა, ომარ ხაიამის კალენდარი ასეთ ცდომილებას მხოლოდ 5500 წლის გასვლის შემდეგ გვაძლევს.       მიუხედავად ასეთი სიზუსტისა, ომარ ხაიამის კალენდარი თავის დროზე სპარსეთის გარეთ ფართოდ ვერ გავრცელდა. მაინც საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ კალენდრის მეცნიერულ-ასტრონომიული მონაპოვარი კაცობრიობისათვის სრულიად გამოუყენებელი როდი დარჩა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სპარსეთში XI საუკუნეში შექმნილ და შემდგომში მივიწყებულ კალენდარს, ექვს საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ მიმდევრები საფრანგეთში გამოუჩდნენ!       საფრანგეთის დიდი რევოლუციის ხანაში, როდესაც რევოლუციურმა ხელისუფლებამ წარსულთან სრული გამიჯვნა და ახალი, რევოლუციური კალენდრის შექმნა გადაწყვიტა, მას საფუძვლად სწორედ ომარ ხაიამის კალენდარი დაუდო. ერა ანუ წელთაღრიცხვა.       ისტორიული დროის აღრიცხვას — წელთა აღრიცხვას საწყისი დრო, ათვლის წერტილი, ანუ ერა ესაჭიროება. ერა არის მოვლენა, საიდანაც იწყება წელთაღრიცხვა. ასეთი ათვლის წერტილის გარეშე, ჩვენ ვერ გავიგებდით თუ როდის მოხდა ესა თუ ის ისტორიული მოვლენა და რამდენი წელი აშორებს მას ჩვენს დრომდე.       თავდაპირველად სხვადასხვა ხალხები დროის ათვლის საწყის წერტილად, თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად, ანუ ერად სულ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენას იღებდნენ.       1. ერად მეფეების ან დინასტიების მმართველობის საწყისი წლის გამოყენება.       ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში, შუმერებთან, ძველი ბაბილონის სამეფოში, ხეთების სამეფოში, ეგვიპტეში, ჩინეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოვლენების დათარიღება მეფეთა მართვა-გამგებლობის ანუ ზეობის წლების მიხედვით. ახალი მეფის ტახტზე ასვლა წელთაღრიცხვის დასაწყისად მიიჩნეოდა, რომელიც მისი გარდაცვალებისთანავე წყდებოდა. ასეთი ერა, ბუნებრივია, შედარებით ხანმოკლე პერიოდისათვის გამოიყენებოდა.       ძველი ეგვიპტელები თავიანთი წელთაღრიცხვის დასაწყისად გაერთიანებული ეგვიპტის სამეფოს პირველი ფარაონის — მენესის აღზევების წელს მიიჩნევდნენ, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 5000 წლის წინათ ცხოვრობდა. მენესიდან მოყოლებული ისტორიულ დროს დინასტიებისა და ფარაონების ზეობის წლებით ანგარიშობდნენ.       ჩინეთშიც უძველესი დროიდან არცთუ შორეულ წარსულამდე ფართოდ იყო გავრცელებული ისტორიული მოვლენების სამეფო დინასტიებითა და იმპერატორების ზეობის წლებით დათარიღება. ტრადიციული ჩინური ერა ლეგენდარული იმპერატორის იაოს ტახტზე ასვლის წლიდან იღებს სათავეს.       ძველი ბერძნები მრავალრიცხოვან ქალაქ-სახელმწიფოებში, პოლისებში, ცხოვრობდნენ. ამიტომ დროის ათვლას სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფო სხვადასხვანაირად აწარმოებდა. მაგალითად, ათენში წლების ათვლა, აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის — არქონტების სახელების მიხედვით ხდებოდა. არქონტები კალენდარზეც იყვნენ პასუხისმგებელნი.       რომაელები რესპუბლიკის ხანაში წლებს რომის უმაღლესი მოხელეების — კონსულების მიხედვით ითვლიდნენ, რომლებიც ყოველწლიურად ირჩეოდნენ. დროის ათვლის ამ წესს თავისი მნიშვნელობა არც რომის იმპერიის ხანაში დაუკარგავს.       ასურელები, რომაელებისა და ძველი ბერძნებისაგან განსხვავებით, ყოველ წელს საკუთარ სახელს უწოდებდნენ. წლისათვის სახელების შერქმევა იმ საგანგებო მოხელის — "ლიმუ"-ს მიხედვით ხდებოდა, რომელიც ყოველწლიურად იცვლებოდა.       2. ერად საზოგადოების ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენის მიჩნევა.       ძველ ხალხებში გავრცელებული იყო ერად ქალაქის, ან სახელმწიფოს დაარსების, მნიშვნელოვანი გამარჯვების, სპორტული შეჯიბრებების გამართვის თარიღის ან საზოგადოებისათვის სხვა უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამოყენება.       ბაბილონის ტყვეობით დათარიღება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ერა ძველ ებრაელებს ძვ. წ. VI საუკუნის დასასრულიდან ჰქონდათ და ის ებრაელთა ისტორიის ისეთ მნიშვნელოვან ფაქტს უკავშირდებოდა, როგორიც ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორ II-ის მიერ ებრაელთა დატყვევება და მათი თავის დედაქალაქ ბაბილონში გადასახლება იყო. ებრაელთა ძველი ისტორიის ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელიც "ბაბილონის ტყვეობის" სახელითაა ცნობილი, ზოგიერთ ძველ ებრაელ და ბერძენ მწერალთან და ისტორიკოსთან ტყვეობის შემდეგ მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება.       ოლიმპიადებით დათარიღება. ძვ. წ. IV ს-ში მთელ ბერძნულ სამყაროში გავრცელდა ერთიანი წელთაღრიცხვა, რომლის ერა ოლიმპიური თამაშები იყო. ეს თამაშები ოთხ წელიწადში ერთხელ იმართებოდა და მთელ ბერძნულ სამყაროში უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. ძველი ბერძნები ყოველ ოლიმპიადას თანამიმდევრობით ზუსტად აღნუსხავდნენ. ოლიმპიური ერა დროის ათვლას I ოლიმპიადის გამართვის დღითა და თარიღით იწყებს, რომელიც თანამედროვე ქრონოლოგიით ძვ. წ. 776 წლის 1 ივლისს შეესაბამება.       ქრისტიანობის მიღების შემდეგ რომის იმპერატორებმა ოლიმპიური თამაშების გამართვა აკრძალეს. მიუხედავად ამისა, ის ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროში წელთაღრიცხვისათვის კიდევ რამდენიმე საუკუნე გამოიყენებოდა.       ქალაქ რომის დაარსების წელი, როგორც ერა. კონსულების რიგის მიხედვით წლების დათარიღების პარალელურად, ძვ. წ. I საუკუნეში რომში ერად ქალაქ რომის დაარსების წელი განისაზღვრა. ეს ერა ძველ ბერძნულ ოლიმპიურ ერას დაეფუძნა. რომაელ სწავლულებს შორის აზრთა სხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, თუ IV ოლიმპიადის რომელი წელი ჩაეთვალათ რომის დაარსების თარიღად, ანუ რომის დაარსებიდან ერის დასაწყისად. მარკუს კატონი მიიჩნევდა, რომ რომი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე გადაყვანით ძვ. წ. 753 წლის 21 აპრილს დაარსდა, ხოლო ვარონის მიხედვით ამ ქალაქის დაარსების და შესაბამისი ერის დაწყების თარიღად ძვ. წ. 754 წლის 21 აპრილი უნდა მიეჩნიათ. თავდაპირველად, რომაელები მხარს კატონის მოსაზრებას უჭერდნენ. ამიტომაც რომის 800 წელი ახ. წ. 47 წელს დიდი ზეიმით გადაიხადეს. შემდგომში უპირატესობა ვარონის თვალსაზრისს მიენიჭა და რომის 1000 წლის იუბილე უკვე ახ. წ. 248 წელს იზეიმეს.       3. ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.       ყველაზე უფრო მყარი აღმოჩნდა ისეთი ერები, რომლებიც მსოფლიო რელიგიებს უკავშირდება.       ნირვანას ერა. მსოფლიო რელიგიებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ძველი ერა ინდოეთში ბუდიზმის წიაღში წარმოიშვა. მას ნირვანას ერა ეწოდება. ერად ბუდის გარდაცვალება — ძვ. წ. 543 წ. მიიჩნევა.       დასაბამითგან წელთაღრიცხვა. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდეგ, ევრაზიის დიდი ნაწილი ერთ გეოპოლიტიკურ სივრცეში გაერთიანდა, რამაც იმჟამინდელი სწავლულების წინაშე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა დროს მომხდარი და, შესაბამისად, სხვადასხვა ქრონოლოგიით დათარიღებული მოვლენების სინქრონიზაციის, ანუ ურთიერთშესაბამისობაში მოყვანისა და ერთიან ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოქცევის ამოცანა დააყენა. ანტიკურ სწავლულთა სანაქებოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ურთულეს ამოცანას თავი საკმაოდ წარმატებულად გაართვეს.       ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტეში დაარსებულ ქალაქ ალექსანდრიაში, რომელიც იმხანად მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრად იქცა, ამ მიმართულებით დიდი მუშაობა გაჩაღდა. მეცნიერებს თავიანთ ტიტანურ შრომაში ხელს ახლადშექმნილი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა უწყობდა, რომელიც მილიონობით ხელნაწერ წიგნსა და გრაგნილს ითვლიდა; აგრეთვე, ალექსანდრიის მუზეუმი, სადაც აგრეთვე მრავალი ხელნაწერი წიგნი ინახებოდა. სწავლულთა შორის განსაკუთრებით ერატოსთენე გამოირჩევა, რომელიც ქრონოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის, წარმოქმნა განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო, ამ დარგის ფუძემდებლადაა აღიარებული. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობების შემდგომი ხანის ანტიკურ სწავლულთა მუშაობის შედეგად, ისტორიული ქრონოლოგია ისტორიული მეცნიერების მნიშვნელოვან დარგად იქცა.       მაინც რა მეთოდი შეიმუშავეს ძველმა სწავლულებმა?       ბუნებრივია, სხვადასხვა ხალხების სხვადასხვა წელთაღრიცხვები მსოფლიო ისტორიის ერთიან ქრონოლოგიურ სისტემაში მოქცევის საშუალებას ვერ იძლეოდა. აუცილებელი იყო დროის ათვლის უნივერსალურ დასაწყისად, უფრო ზუსტად, უნივერსალურ ერად ისეთი მოვლენის აღება, რომელთან მიმართებაშიც იმდროინდელი მსოფლიოს ყველა ისტორიული ფაქტი დათარიღდებოდა.       თავდაპირველად, როგორც გვახსოვს, დროის ათვლის ასეთ უნივერსალურ ერად ბერძნული ოლიმპიური თამაშები იქნა მიჩნეული. პირველი ქრონოლოგიური შრომები, სწორედ მანამდე არსებული უძველესი ქრონიკების, მეფეთა სიების და სხვ. ამ ოლიმპიურ თამაშებთან ქრონოლოგიური მიმართების წარმოჩენას, ანუ სინქრონიზაციას მიეძღვნა. ასეთი სინქრონიზაციის შედეგად, თვით ქალაქ რომის დაარსების თარიღიც, როგორც უკვე ვიცით, VI-VII ოლიმპიადებს შორის შუალედში განისაზღვრა.       ქრისტიანობის გავრცელებამ და ებრაელთა და ქრისტიანთა წმინდა წიგნის, ბიბლიის, გაცნობამ, ამ ქრონოლოგიურ კვლევებს ახალი საფუძველი მისცა. ბიბლიას დაეყრდნო ქრონოლოგიური სისტემა, რომელიც სამყაროს გაჩენიდან, ანუ "დასაბამითგან" აითვლებოდა. მოკლე ხანში ეს სისტემა მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელდა.       ქრისტიანებს მიაჩნიათ, რომ ბიბლიაში ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის თითოეული დღე სინამდვილეში ათას წელს შეესაბამება. მათი აზრით, ამას მოწმობს როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმის შემდეგი ადგილები: ძველ აღთქმაში, ფსალმუნებში ვკითხულობთ: "...ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე".       ეს აზრი ახალ აღთქმაში უფრო გამოკვეთილად არის გადმოცემული: "არც ეს უნდა იყოს დაფარული თქვენთვის, საყვარელნო, რომ ერთი დღე უფლისათვის, როგორც ათასი წელი, და ათასი წელი, როგორც ერთი დღე".       როგორც გვახსოვს, ბიბლიის მიხედვით, ღმერთმა სამყაროს შექმნას ხუთნახევარი დღე მოანდომა და ებრაელთა კვირის მეშვიდე დღეს, ანუ შაბათს დაისვენა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ, თუ ხუთნახევარ დღეს, ამ პრინციპით, წლებზე გადავიყვანთ დაახლოებით 5500 წელს მივიღებთ.       იმავდროულად, სახარების მიხედვით, ქრისტემ თავისი ცხოვრება დედამიწაზე, ჯვარზე გაკრულმა, კვირის მეექვსე დღეს, რომელიც დღევანდელ პარასკევს შეესაბამება, ნაშუადღევს დაასრულა. ქრისტიანებმა ღმერთის მიერ ადამიანის შექმნასა და ქრისტეს მოწამეობრივ სიკვდილს შორის სიმბოლური კავშირი დაინახეს — ორივე შემთხვევაში საქმე მეექვსე დღის ნაშუადღევთან გვქონდა. ამგვარად, ქრისტიანმა სწავლულებმა ღმერთის მიერ პირველი ადამიანის — ადამის შექმნიდან ქრისტეს ჯვარცვამდე დაახლოებით 5500 წელი გამოთვალეს. ეს გამოთვლა ადამიდან ქრისტემდე ბიბლიაში არსებულ ქრონოლოგიას ეფუძნებოდა (ადამის ცხოვრების წლებს მიმატებული კაენის ცხოვრების წლები... ნოეს ცხოვრების წლები, ნოეს შვილების ცხოვრების წლები და აშშ.). მიუხედავად ამისა, ქრისტიან სწავლულთა სრული შეთანხმება ამ საკითხში მაინც ვერ მოხერხდა და სამყაროს გაჩენიდან ქრისტეს ჯვარცმამდე მათ მიერ გამოანგარიშებული წლების რაოდენობა ერთმანეთისაგან რამდენიმე ათეული და, ხანდახან, რამდენიმე ასეული წლითაც განსხვავდება. ასეთი განსხვავების გამო, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რომელ "დასაბამითგანს" იყენებს ძველი ავტორი, ფრიად მნიშვნელოვან შეცდომას დავუშვებთ.       ბიზანტიური, იგივე ბერძნული "დასაბამითგან".       "დასაბამითგან" წელთაღრიცხვების განსხვავებულობის გამო იმთავითვე რომის იმპერიაში მათი უნიფიცირების საჭიროება გაჩნდა. მიუხედავად ამისა, ერთიანი "დასაბამითგანის" შემოღება გართულდა. ეს უკვე აღმოსავლეთ რომის იმპერიაში, ბიზანტიაში X ს-ის მიწურულს, ბასილი II-ს ტახტზე ასვლიდან (976 წ.) განხორციელდა, რომელმაც მთელი იმპერიისთვის სავალდებულო წელთაღრიცხვად 5508 წლიანი "დასაბამითგან" აღიარა. ეს "დასაბამითგან" ბიზანტიის იმპერიის ერთადერთ წელთაღრიცხვად 1453 წლამდე — ბიზანტიის, როგორც სახელმწიფოს მიერ არსებობის შეწყვეტამდე, დარჩა. ამიტომ მას "ბიზანტიური", ქართულ წყაროებში კი — "ბერძნული" ეწოდება.       ქართული "დასაბამითგან”.       ქართველები უძველეს ქრისტიან ხალხთა იმ ფრიად მცირერიცხოვან ნაწილს მიეკუთვნებიან, რომლებმაც "დასაბამითგან” წელთაღრიცხვის თავის სრულიად ორიგინალური ვერსია შექმნეს. ამ ვერსიის თანახმად, სამყაროს შექმნიდან ქრისტეს ჯვარცმამდე 5604 წელი გავიდა. მიუხედავად საკუთარი წელთაღრიცხვისა, X-XI სს-ის მიჯნაზე, ბიზანტიის გავლენის შედეგად, საქართველოში ბიზანტიური "დასაბამითგანიც" გავრცელდა.       როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ წლები "დასაბამითგან" წელთაღრიცხვით?       1. თუ ძველ საისტორიო წყაროებში დასაბამითგან დათარიღება შეგხვდებათ და: 1. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე, ანუ, მაგალითად, 5508 ან ქართულ 5604 წელზე ნაკლებია, ეს ნიშნავს, რომ ის ქრისტეს შობამდე მომხდარ ამბებს ეხება. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად 5508, ან ქართულ 5604 წელს, ეს თარიღი უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ძველ ბერძნულ ისტორიულ თხზულებაში გვხვდება: "ალექსანდრე მაკედონელი გარდაიცვალა დასაბამითგან 5185 წ.", ან ქართული წყარო იგივე ალექსანდრეს გარდაცვალების თარიღად დასაბამითგან 5281 წ. ასახელებს. წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემით ალექსანდრე გარდაცვლილა: ბერძნული წყაროს შემთხვევაში 5508-5185 = ძვ. წ. 323 წ.; ქართული წყაროს შემთხვევაში — 5604-5281 = ძვ. წ. 323 წ.       2. თუ თარიღი "დასაბამითგანის" თარიღზე მეტია, ეს ნიშნავს, რომ მოვლენა ახ. წ-ით, ანუ ქრისტეს შობის შემდეგ მოხდა. მაგალითად, ავიღოთ 632 წ. ამ თარიღს წელთაღრიცხვის თანამედროვე სისტემაზე გადმოსაყვანად, მას "დასაბამითგან" თარიღი, მაგალითად, 5508 ან ქართული 5604 უნდა გამოვაკლოთ. მაგალითად, ქართული წყარო გვეუბნება, რომ: "მუჰამედი დასაბამითგან 6236 წ. გარდაიცვალა". შესაბამისად, 6236-5604=632 წ.       ისმის კითხვა: რა მასალის, თუ ისტორიული წყაროს საფუძველზე მოხდა ადამის გაჩენიდან ქრისტეს შობამდე ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიური დალაგება?       ძველ აღთქმაში ქრონოლოგია, თანამედროვე გაგებით, არ გვხვდება. სამაგიეროდ, აქ ეთნარქების თუ მეფეების ცხოვრების წლებია მოცემული — ადამიდან ნოემდე და წარღვნამდე, ხოლო შემდეგ წარღვნიდან და ნოედან აბრაამამდე და აბრაამიდან ებრაელთა პირველ მეფემდე და ა. შ.       5500 წლიანი დროის მონაკვეთის შიგნით, რომელიც ადამიდან ქრისტეს ჯვარცმამდე გავიდა, ბიბლიაში გადმოცემული ამბების თარიღების დადგენა იმის მიხედვით ხდება, თუ ბიბლიის რომელ პერსონაჟზე: ეთნარქები, მსაჯულები, მეფეები და ა.შ., მოდის ესა თუ ის მოვლენა. თვით ამ პერსონაჟების ცხოვრების ხანა მათი წინაპრების ცხოვრების წლების დაჯამებით იქნა გამოთვლილი. ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით მოხდა, აგრეთვე, რომის იმპერიასა და მის მეზობლად მცხოვრები ხალხების ქრონიკებში მოცემული ამბების დათარიღებაც.       რა მეთოდს იყენებდნენ რომაელი სწავლულები თავისი ქრონოლოგიური ძიებების დროს?       მათ აიღეს მანამდე არსებული შუამდინარული, ეგვიპტური, ბერძნული, სპარსული და ა.შ. ქრონიკები, მეფეთა თუ სხვა მოხელეთა სიები, რომლებშიც ამ მოხელეებისა და მეფეების თანმიმდევრობა და მათი მმართველობის წლების რაოდენობა იყო მოცემული და ისინი ბიბლიის ქრონოლოგიას დაუკავშირეს. მაგალითად, თუ ბიბლიაში მოხსენიებული იყო ბაბილონის რომელიმე მეფე, მისი დათარიღება ბიბლიის პერსონაჟების მიხედვით ხდებოდა. შემდეგ თვით ეს დათარიღებული მეფე ათარიღებდა მის უკან და მის წინ ბაბილონურ მეფეთა ნუსხაში ჩამოთვლილ მეფეებს. ამის შემდეგ, თუ რომელიმე ძველ ბერძნულ თხზულებაში გვხვდებოდა ერთერთი ბაბილონის უკვე დათარიღებული მეფე, ის, თავის მხრივ, ათარიღებდა იმ თხზულებაში გადმოცემულ ამბებს და პერსონაჟებს და ა.შ. ამას დათარიღების სინქრონული მეთოდი ეწოდება. ეს მეთოდი დღესაც წარმატებით გამოიყენება ისტორიკოსების მიერ.       ისტორიული მოვლენების დათარიღება.       ვინაიდან, როგორც დავრწმუნდით, "დასაბამითგან" წლების გამოთვლა არც ისე იოლი იყო და არითმეტიკის გარკვეულ ცოდნას მოითხოვდა. ამიტომაც ძველი ისტორიკოსები ამას თავს არიდებდნენ. მართლაც, ძველი ბერძენი თუ რომაელი ისტორიკოსების თხზულებებში ვერცერთ თარიღს ვერ შეხვდებით. ბიზანტიელი ისტორიკოსებიც კი XII-XIII სს-მდე თავიანთ საისტორიო თხზულებებში წლების მითითებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ და ამას აუცილებლად არ მიიჩნევდნენ.       ისტორიკოსებისაგან ცალკე არსებობდნენ ქრონოგრაფები, ქართულად წელთმრიცხველები ანუ ჟამთააღმწერლები, რომელთა ნაშრომები მხოლოდ მოვლენათა დათარიღებას და მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიურ გამართვას ეძღვნებოდა.       მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის ფუძემდებლებად გვევლინებიან რომაელი ისტორიკოსები იულიუს აფრიკანელი და ევსევი კესარიელი.       იულიუს სექსტ აფრიკანელი ახ. წ. II-III სს-ში მოღვაწეობდა. იულიუსმა ტიტანური მეცნიერული შრომა გასწია. უპირველეს ყოვლისა, მას ეკუთვნის საკუთრივ "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის შემოღება — 5500 წელი.       იულიუსმა აიღო ბიბლიის გენეალოგიური ნუსხა, ბაბილონის, ძველი ბერძნული ქალაქების (ათენის, სპარტას და სხვ.), ეგვიპტის, სპარსეთის მეფეთა და დინასტიათა თანმიმდევრული ნუსხები, ბერძნული ოლიმპიადების, ათენის არქონტების, რომის კონსულების ნუსხები და "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის გამოყენებით შექმნა მსოფლიო ისტორიის პირველი სინქრონული ქრონოლოგიური ბადე.       მსოფლიო ისტორიის ქრონოლოგიის დადგენის მიზნით დიდი შრომა გასწია III-IV სს-ის ბერძნული წარმოშობის რომაელმა ქრონოგრაფმა, ისტორიკოსმა და საეკლესიო მოღვაწემ ევსევი კესარიელმაც, რომელმაც "დასაბამითგანის" თავისი, იულიუს აფრიკანელისგან განსხვავებული, ვერსია შემოგვთავაზა. ამ ორი დიდი მეცნიერის ნაშრომების წყალობით შეიქმნა მსოფლიო ისტორიის ერთიანი ქრონოლოგიური საძირკველი, რომელსაც, როგორც მათი შემდგომი ანტიკური ხანის, ისე შუა საუკუნეების ქრონოგრაფოსთა თუ ისტორიკოსთა ნაშრომები დაეფუძნა.       ადრეშუასაუკუნეების დიდ ქრონოგრაფად, VIII-IX სს-ის ბიზანტიელი ისტორიკოსი და ქრონოგრაფი, ქართულად ჟამთააღმწერელი, თეოფანე მიიჩნევა, რომელმაც მსოფლიო ისტორიის სინქრონული ქრონოლოგიური ბადე უკვე IX ს-მდე მიიყვანა.       ქორონიკონით წელთაღრიცხვა. ძველ სწავლულებს ქრონოლოგიის დასადგენად "დასაბამითგან" წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ფრიად დიდი რიცხვების შეკრება-გამოკლება უწევდათ, რაც თავისთავად ხდებოდა შეცდომების წყარო. ამ მხრივ, "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა ბევრად უფრო მოსახერხებელი აღმოჩნდა, რომელიც, აგრეთვე, ბიზანტიაში შემუშავდა.       რა არის "ქორონიკონი" და როგორ წარმოიშვა წელთაღრიცხვის ეს სისტემა?       "ქორონიკონით" წელთაღრიცხვა შემდეგში მდგომარეობდა. "დასაბამითგან" მოყოლებული ისტორიული დრო დაიყო 532-წლიან ციკლებად — "ქორონიკონებად", ანუ "მოქცევებად".       ქორონიკონი — კლასიკური ციკლური წელთაღრიცხვაა, როდესაც ანგარიში ხუთას ოცდათორმეტწლიანი ციკლების შიგნით ხდება. ამიტომ ამ წელთაღრიცხვას XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსები ხუთასიანს უწოდებდნენ.       ქორონიკონით წელთაღრიცხვა დასაბამითგან წელთაღრიცხვას ეფუძნება. შესაბამისად, რომელ დასაბამითგანსაც იყენებს ავტორი, ქორონიკონსაც იმავე სისტემით აითვლის.       საქართველოში ქორონიკონით, ანუ 532-წლიანი ციკლებით ანგარიშისას, ათვლის წერტილად, ბიზანტიურ დასაბამითგანზე გადასვლის შემდგომაც, კვლავაც ქართულ დასაბამითგანს (5604 წ.) იყენებდნენ. საქართველოში ქორონიკონით წელთაღრიცხვა XIX ს-ის I ნახევრის ჩათვლით ფრიად ფართოდ გამოიყენებოდა და დასაბამითგან წელთაღრიცხვაზე ბევრად მეტი პოპულარულობით სარგებლობდა, ამიტომ ქორონიკონით დროის ათვლას ვახუშტი ბაგრატიონი ქართულსაც კი უწოდებს.       ბუნებრივია, ისმის კითხვა, თუ საიდან გაჩნდა ეს 532-წლიანი ციკლი? ქრისტიანული კალენდარი. თავდაპირველად ქრისტიანების უმთავრესი საეკლესიო დღესასწაული აღდგომა ებრაულ პასექს ემთხვეოდა. მხოლოდ 325 წელს ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე გადაწყდა, რომ ქრისტიანებს საკუთარი საეკლესიო კალენდარი შეექმნათ. ქრისტიანული კალენდარი, ე. წ. მოძრავი და უძრავი დღეებისაგან შედგება. მოძრავი ის საეკლესიო დღეებია, რომელიც ქრისტიანების მთავარი დღესასწაულის აღდგომის მიხედვით აითვლება. საეკლესიო კალენდრით აღდგომის დღის მოძრაობა 4 აპრილიდან — 8 მაისამდე შუალედში ხდება. ამ გადანაცვლების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ კიდევ ნიკეის I საეკლესიო კრების დადგენილებით, აღდგომა გაზაფხულის ბუნიობის მომდევნო პირველი სავსე მთვარის შემდეგ, პირველ კვირა დღეს აღინიშნება. მთვარის წელიწადი კი ასტრონომიული მზის წელიწადთან შედარებით ნაკლულია და მთვარის ფაზებიც მზის კალენდართან შედარებით გადაადგილდება. შესაბამისად, აღდგომის მთვარის სავსე ფაზასთან მიბმა მის გადანაცვლებას განაპირობებს.       ვინაიდან იმავე ნიკეის საეკლესიო კრებამ, როგორც გვახსოვს, რომის იმპერიაში მზის იულიუსის კალენდარი სავალდებულო გახადა. ასეთ ვითარებაში აღდგომის გამოანგარიშება იულიუსის კალენდართან მიმართებაში მთვარის სავსე ფაზების მოძრაობის გათვალისწინებას მოითხოვდა. ამან ქრისტიან ხალხებს იმთავითვე აღდგომის დღესასწაულის წინასწარი გამოანგარიშებისკენ, ანუ მომავალი აღდგომების, ანუ პასკალური ცხრილების შედგენისაკენ უბიძგა. ამ ცხრილებს საფუძვლად, ჯერ კიდევ ძველი ბერძნების მიერ გამოანგარიშებული, ცხრამეტწლიანი მთვარის ციკლი დაედო. ეს გამოანგარიშება იმის აღმოჩენას ეფუძნებოდა, რომ მზის კალენდრით ცხრამეტ წელიწადში დღეების ერთობლივი ოდენობა მთვარის კალენდრით 235 თვის დღეთა ოდენობას შეესაბამება, ანუ ცხრამეტი მზის წელიწადის ხანგრძლივობა 235 მთვარის თვის ხანგრძლივობას უდრის. ამის მიგნებას აღდგომის დღის გამოანგარიშება თითქოსდა უნდა გაეიოლებინა, მაგრამ გამოთვლების ერთიანი საფუძვლისდა მიუხედავად, ახლად შედგენილი პასკალური ცხრილები ერთმანეთისაგან განსხვავებული აღმოჩნდა, რაც ქრისტიანულ ხალხებში ქრისტიანული დღესასწაულების არასინქრონულობას იწვევდა. სომხური წელთაღრიცხვა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში სომხური ეკლესია აღმოჩნდა, რომელიც სხვა ქრისტიანი ხალხებისაგან განსხვავებით იულიუსის კალენდარზე არ გადასულა და კვლავინდებურად, ჩვენთვის უკვე ცნობილ, 360-დღიან ძველ სპარსულ კალენდარს იყენებდა, რომელსაც, ეგვიპტური კალენდრის მსგავსად, ხუთი დღე წლის ბოლოს ემატებოდა. ეს კალენდარი, როგორც გვახსოვს, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ იულიუსის კალენდართან შედარებით ერთი დღით უკან ინაცვლებდა და სომხურ ეკლესიას აღდგომის დღის გამოანგარიშებას ურთულებდა. ასეთ ვითარებაში სომხებმა ბიზანტიელ ეგვიპტელ სწავლულს ანდრია ალექსანდრიელს მიმართეს, რომელმაც მათ ეგვიპტური კალენდრის საფუძველზე 200-წლიანი (353—552) პასკალური ცხრილი შეუდგინა.       200 წლის გასვლის შემდეგ (552 წ.) პრობლემამ თავი ისევ იჩინა, რამაც სომხური ეკლესია საგონებელში ჩააგდო. 552 წელს სომეხთა კათალიკოსმა ქალაქ დვინში ქრისტიანული სამყაროდან, ძირითადად ეგვიპტიდან, პასკალური ცხრილების სპეციალისტებს მოუხმო. სპეციალისტთა თავყრილობა სომხური წელთაღრიცხვის, ანუ ერის შემოღებისათვის ფრიად ნაყოფიერი აღმოჩნდა და იულიუსის კალენდრით 552 წლის 10 ივლისი, იგივე სომხურ-სპარსული კალენდრის 1 ნავასარდი (სპარსულად ნავ — ახალი, სარდ — წელი) სომხური წელთაღრიცხვის საწყის წერტილად, ანუ ერად გამოაცხადა.       სწავლულთა კრებამ სომხებს პასკალური ცხრილების შემუშავებაში დიდი დახმარება ვერ გაუწია და აღდგომის დღესასწაულის გამოთვლის პრობლემა მხოლოდ ფრიად მცირე ხნით — 9 წლით გადაუჭრა. ამ დროის გასვლის შემდეგ — 562 წლიდან სომხური ეკლესია კვლავაც ეგვიპტურს დაუკავშირდა და აღდგომასა და სხვა მოძრავ საეკლესიო დღეებს ალექსანდრიის ეკლესიის პასკალური ცხრილებით ადგენდა.       სომხური ეკლესია შუა საუკუნეების განმავლობაში იულიუსის კალენდარზე გადასვლას არაერთხელ შეეცადა, მაგრამ ტრადიციონალისტთა დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. იულიუსის კალენდარი სომხურ ეკლესიაში საბოლოოდ მხოლოდ XVII-XVIII სს-ში დამკვიდრდა. 532-წლიანი ციკლი, ანუ ქორონიკონი.       სომხებისაგან განსხვავებით, რომლებმაც, როგორც ვნახეთ, აღდგომის გამოთვლები ეგვიპტის ალექსანდრიის ეკლესიას დაუკავშირეს, დანარჩენმა ქრისტიანმა ხალხებმა, მათ შორის ქართველებმა, აღდგომის გამოთვლის გაადვილების სხვა გზა მონახეს. VI ს-ის შუა წლებში ბიზანტიელმა სწავლულებმა ყურადღება იმას მიაქციეს, რომ მზის კალენდრის მიხედვით, ყოველ 28 წელიწადში ერთი და იმავე თვის ერთი და იგივე რიცხვი კვირის ერთსა და იმავე დღეს შეესაბამება, თანაც მზე თავისი მოძრაობის ერთ ციკლს ასრულებს. იგივე მოვლენასთან გვაქვს საქმე მთვარის კალენდრის მიხედვით ყოველ 19 წელიწადში. ამიტომ მათ 19 და 28 გადაამრავლეს და 532 წელი მიიღეს. ეს ის უნივერსალური დროის შუალედია, როდესაც, როგორც მზის, ისე მთვარის ციკლები მეორდება და თანაც კალენდრით არსებული თვეების რიცხვები და დღეების სახელები 532 წლის წინ ან შემდეგ არსებულს შეესაბამება. ამ 532-წლიანი ციკლების მიხედვით აღდგომის დღესასწაულის ციკლური თანმიმდევრობა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდა.       ბიზანტიის იმპერიის სხვადასხვა ქართულ მონასტრებში მოღვაწე ქართველმა ბერებმა ეს სიახლე მალევე გაითავისეს და 532-წლიანი ციკლები უკვე ქართულ "დასაბამითგანიდან", ანუ 5604 წლიდან აითვალეს.       თანდათანობით ქორონიკონით წელთაღრიცხვის "სიკეთეც" აშკარა გახდა. მართლაც, ციკლების შიგნით არა მარტო აღდგომების გამოთვლა, არამედ ისტორიული "წელთ-მრიცხველობაც, ანუ ქრონოლოგიური გამოთვლების გამოანგარიშებაც ფრიად მოსახერხებელი იყო. ამიტომ ქორონიკონით წელთაღრიცხვა მთელ ბიზანტიაში ფართოდ გავრცელდა.       ძველ ქართულ ისტორიოგრაფიაში ჩვენამდე მოღწეული ქორონიკონით წელთაღრიცხვის გამოყენების პირველი ნიმუში მხოლოდ ქართული დასაბამითგანის მე-12 მოქცევის დასასრულს და იმავდროულად 13-ე მოქცევის დასაწყისს — 780 წ-ს უკავშირდება (532×12=6384; 6384-780=5604). მაგალითად, ქართველი ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძე შემდეგნაირად გადმოგვცემს ქართლის ერისმთავრის აშოტ კურაპალატის გარდაცვალებას: "მოიკლა ესე აშოტ კურაპალატი დასაბამითგან წელსა ხვლ (6430; 6430-5604=826), ქრონიკონსა მეათცამეტედ მოქცეულსა შინა მვ [(46) 780+46=826], თუესა იანვარსა ოცდაცხრასა".       შემდგომი მე-14 მოქცევა ქართული დასაბამითგანით 1312 წ-დან დაიწყო (532×13=6916-5604=1312) და 1312+532=1844 წ-ს დამთავრდა.       1844 წლის შემდეგ წელთაღრიცხვის ეს სისტემა საქართველოში აღარ გამოიყენებოდა. მიუხედავად ამისა, ალბათ, საინტერესოა ვიცოდეთ, რომ 2010 წ. ქორონიკონით მე-15 მოქცევის, რომელიც 1844 წელს დაიწყო და 2376 წელს დასრულდება, — 166 წელია.       როგორ გამოიანგარიშება თარიღი ქორონიკონით წელთაღრიცხვის შემთხვევაში?       მაგალითად, ატენის ტაძრის კედლის წარწერა თურქული წარმოშობის არაბი სარდლის — ბუღა თურ-ქის საქართველოში შემოჭრასა და თბილისის აღებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: ქორონიკონი იყო 73. ეს თარიღი თანამედროვე წელთაღრიცხვაზე რომ გადმოვიყვანოთ, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რომელ მოქცევას გულისხმობს ავტორი. არაბთა შემოსევებს საქართველოში მხოლოდ 13-ე მოქცევაში (780 წ.-დან 1312 წ-მდე), ანუ 780+532 წელი=1312 წ. შუალედში შეიძლებოდა ჰქონოდა ადგილი და არა 1312 წლის შემდეგ, ანუ 14-ე მოქცევიდან, ამიტომ 780 წ-ს უნდა მივუმატოთ აღნიშნული 73 წელი და 853 წელს მივიღებთ, რაც არის კიდეც ბუღა თურქის მიერ თბილისის აღების თარიღი.       ქრისტიანული ერა. დღეისათვის მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, წელთაღრიცხვის, ანუ ერის დასაწყისად ქრისტეს დაბადების წელი მიიჩნევა. მას ქრისტიანული ერა, ჩვენი ერა, ახალი წელთაღრიცხვა ან მარტივად — ქრისტესით ეწოდება. ქრისტეს შობიდან დროის ათვლა VI ს-ში სკვითური წარმოშობის რომაელმა ბერმა დიონისე მცირემ შემოიტანა, თუმცა მის საყოველთაოდ აღიარებას საუკუნეები დასჭირდა.       ევროპაში ქრისტესით პირველი დათარიღება მხოლოდ VIII ს-ის შუა წლებიდან გვხვდება. რომის პაპების კანცელარიაში ასეთი დათარიღება X ს-დან ჩვეულებრივი, თუმცა არასავალდებულო, გახდა. მხოლოდ XV ს-ის მეორე ნახევრიდან პაპების სახელით გაცემულ ყველა დოკუმენტს დათარიღება ქრისტეს შობიდან აქვს. თანდათანობით "ქრისტიანული ერა" ჯერ ქრისტიანულ ქვეყნებში, შემდგომ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა.       საქართველოში ახალი ერა, ანუ ქრისტესით ძალზე ადრე, VII—VIII სს-ის მიჯნაზე შემოვიდა.       ამ წელთაღრიცხვას უძველეს ქართულ თხზულებებში ქრისტეს ამაღლებიდან, ჯვარცმიდან ან კიდევ ვნებიდან ეწოდება.       ერთ-ერთი ქრისტიანული ქვეყანა, სადაც ქრისტესით საკმაოდ გვიან (1700 წ.) დამკვიდრდა რუსეთი იყო. ის რუსეთის გამოჩენილმა მეფე-რეფორმატორმა პეტრე I-მა დააკანონა.       ქრისტესით ერის ყველაზე დიდი ნაკლი მისი შედარებით გვიანდელი წარმოშობა იყო. ამიტომ, თუ ქრისტეს დაბადების შემდგომი მოვლენების დასათარიღებლად მისი გამოყენება არანაირ სირთულეს არ ქმნიდა, ქრისტეს დაბადებამდე მოვლენების დასათარიღებლად ის არ გამოიყენებოდა, რის გამოც ძველი პერიოდის დასათარიღებლად კვლავაც "დასაბამითგან" წელთაღრიცხვას იყენებდნენ.       ქრისტეს შობამდე მომხდარი მოვლენების დასათარიღებლად გამოიყენება აბრივიატურა B.C. (Before Christ), ხოლო ქრისტეს შობიდან მომხდარი მოვლენების — A.D, რაც ლათინურად ჟღერდა, როგორც Anno Domini, (In the Year of Our Lord).       ასეთ დათარიღებას ქართულად: ჩვენ ერამდე, ქრისტეს შობამდე, (ქრ. შ-მდე), ან კიდევ ძველი წელთაღრიცხვით (ძვ. წ.) ეწოდება.       დროის ათვლის ეს მეთოდი დამკვიდრდა ისტორიულ მეცნიერებაში და მას ისტორიული ან კიდევ ქრონოლოგიური ათვლა ჰქვია.       ძველი წელთაღრიცხვით, ანუ ჩვენს ერამდე დროის ათვლა დიდი რიცხვიდან მცირე რიცხვისაკენ ხდება. რაც უფრო ახლოა ესა თუ ის მოვლენა ქრისტეს შობასთან, მისი თარიღი ნაკლებია და პირიქით. ამ შემთხვევაში ანალოგად შეიძლება რიცხვითი ღერძი გამოდგეს, სადაც ქრისტეს დაბადება ნულოვან წერტილს შეესაბამება, ახალი ერა დადებით რიცხვებს და ძველი ერა კი უარყოფით რიცხვებს.       წლების ისტორიული, იგივე ქრონოლოგიური ათვლა, წლების ასტრონომიულ ათვლასთან შედარებით, ერთწლიან ცთომილებას იძლევა, რაც მრავალი გაუგებრობის მიზეზი ხდებოდა. ფრანგმა ასტრონომმა ჟაკ კასინიმ თავის ნაშრომებში მეცნიერებს შესთავაზა ახ. წ. პირველ (1) წელსა და ძვ. წ. პირველ (-1) წელს შორის ჩაესვათ ნულოვანი წელი. დროის ასეთმა ათვლამ, ისტორიულისაგან განსხვავებით, ასტრონომიულის სახელწოდება მიიღო.       არაბული, ანუ მუსლიმური წელთაღრიცხვა. არაბული წელთაღრიცხვით, ანუ "ჰიჯრით" ათვლა 622 წლის 16 ივლისიდან იწყება. ამ დღეს მუსლიმთა განმანათლებელი და წინასწარმეტყველი მუჰამედი იძულებული გახდა, თავის მშობლიურ ქალაქ მექადან, რომლის მცხოვრებლებმაც თავდაპირველად მისი მოძღვრება არ მიიღეს, მეორე არაბულ ქალაქ მედინაში გაქცეულიყო. თვით წელთაღრიცხვის სახელიც ჰიჯრა არაბული ზმნა "გაქცევიდან" წარმოსდგება. მუსლიმური წელთაღრიცხვა, 638 წელს, მუსლიმურ კალენდართან ერთად, არაბთა ხალიფა ომარმა შემოიღო. წელთაღრიცხვის ეს სისტემა მუსლიმურ ქვეყნებში ერთადერთი იყო შუა საუკუნეებისა და ახალი ისტორიის ხანაში. ის დღესაც გამოიყენება ზოგიერთ მუსლიმურ ქვეყანაში. წიგნიდან: შესავალი მსოფლიო ისტორიაში წიგნი I თბილისი 2013…
დაამატა ლაშა to მსოფლიო ისტორია at 6:46pm on სექტემბერი 27, 2016
თემა: ონორე დე ბალზაკი - წითელი სასტუმრო
წვეულება გაუმართა დიდი ხნის მეგობარს, რომელსაც პირადად სულ არ იცნობდა; მსგავს მეგობრებს საქმიანი მიმოწერით სად არ იძენენ დიდვაჭრები.      სტუმარს, ნიურენბერგის რომელიღაც საკმაოდ მსხვილი ფირმის პატრონს, გულჩვილ, ჩასუქებულ გერმანელს, განათლებულსა და ფაქიზი გემოვნების ადამიანს, ჩიბუხის დიდ მოტრფიალეს, სანდომიანი გაბადრული ნიურენბერგული პირისახე ჰქონდა, ხოლო ოთხკუთხ, თითქმის მოტვლეპილ შუბლს გვარიანად შეთხელებული ქერა თმა უმშვენებდა.      იგი ჭეშმარიტი შვილი გახლდათ უმწიკვლო და კეთილშობილი გერმანიისა, რომლის წიაღშიაც უხვად მოიძებნებიან პატიოსანი ადამიანები და რომლის მშვიდობისმოყვარე ზნე-ჩვეულებანი შვიდმა ლაშქრობამაც კი ვერ შეცვალა.      უცხოელი გულღიად იცინოდა, ყურადღებით უსმენდა სხვებს და ხარბად ყლურწავდა ღვინოს; ეტყობოდა, შამპანური იოჰანისბერგულ ჩალისფერ ღვინოებზე ნაკლებ როდი მოსწონდა. მწერლების მიერ წიგნებში აღწერილ ყველა გერმანელივით მასაც ჰერმანი ერქვა. ვინაიდან ყველაფრის საფუძვლიანად კეთებას იყო ჩვეული, ახლაც ბანკირის სუფრასთან საგულდაგულოდ მოკალათებულიყო. ევროპაში განთქმული გერმანული მადით შეექცეოდა კერძებს და დიდი კარემის სამზარეულოს კეთილსინდისიერად ემშვიდობებოდა.      სტუმრის პატივსაცემად მასპინძელს მოეპატიჟნა რამდენიმე ახლო მეგობარი, კაპიტალისტები თუ კომერსანტები, თვალწარმტაცი თავაზიანი ქალები, რომელთა დათაფლული ჟღურტული და ძალდაუტანებელი მიხრა-მოხრა, გერმანულ გულითადობას საამოდ ეხამებოდა.      მართალია, იმ საღამოს, თქვენც ჩემსავით რომ გაბედნიერებულიყავით და შეგძლებოდათ თვალი მოგევლოთ ამ მხიარული საკრებულოსთვის, სადაც ადამიანებს სარფის მოსახვეჭად გამზადებული ბრჭყალები მიემალათ და ცხოვრების სიამტკბილობაში ჩაძირულიყვნენ, მევახშეთა საგანაღდებო პროცენტებს ვეღარ შეიძულებდით და ვეღარც ბანკროტობას დასწყევლიდით.      ადამიანს არ ძალუძს ყოველთვის ჩაიდინოს ბოროტება.      თვით მეკობრეთა ბრბოშიც კი გამეფდება ხოლმე ისეთი მყუდრო წუთი, როცა მათ პირქუშ ხომალდზე ადამიანი ისე გრძნობს თავს, როგორც საქანელაზე. - ბატონი ჰერმანი სანამ გამოგვემშვიდობება, ალბათ, გვიამბობს რაიმე შიშისმომგვრელ გერმანულ ამბავს.      ეს სიტყვები, ჩაროზი რომ ჩამოარიგეს, მაშინ წარმოთქვა ნორჩმა, ფერმკრთალმა და ქერა ქმნილებამ, უთუოდ გატაცებულმა ჰოფმანის ზღაპრებითა და ვალტერ სკოტის რომანებით. ბანკირის ერთადერთი ასული გახლდათ ეს მზეთუნახავი. ჟიმნაზში დადგმულ პიესებზე ჭკუას კარგავდა და ამ თეატრში საბოლოოდ იხვეწებოდა მისი აღზრდა-განათლებაც.      განცხრომაში ჩაფლული მეინახენი კი ზანტად სდუმდნენ; ასეთი განწყობილება მაშინ გვეუფლება, როცა ნუგბარ-ნუგბარ კერძებს უზომოდ მივეძალებით და კუჭის შესაძლებლობას ბოროტად ვიყენებთ. სკამზე ზურგით მიწოლილნი, მაგიდის კიდეზე ხელებით ოდნავ დაყრდნობილნი მოვარაყებულ დანებს ნება-ნება ათამაშებდნენ. ჩვეულებრივ, სადილის დასასრულს, ზოგი მსხლის კურკას დაუწყებს ხოლმე თამაშს, ზოგი ცერსა და სალოკ თითს შორის პურის გულს ასორსოლებს; მიჯნურნი ხილის ნაფცქვენისაგან უფორმო ასოებს ადგენენ, ძუნწები კურკებს ითვლიან და ისე ალაგებენ თეფშებზე, როგორც სტატისტებს ამწკრივებენ დრამატურგები სცენის სიღრმეში. ბრია-სავარენს, საერთოდ მეტად კეთილსინდისიერ მწერალს, თავის თხზულებაში რატომღაც გამოუტოვებია ღორმუცელობის ამ პატარ-პატარა ნეტარებების აღწერა.      მსახურნი თვალს მიეფარნენ. ომგადახდილ ესკადრას დაემსგავსა სუფრა - არეულ-დარეული, გაძარცვული, გაპარტახებული. თეფშები, უწესრიგოდ ეყარა და დიასახლისი მათ თავთავიანთ ადგილზე გულდაგულ დალაგებას ამაოდ ცდილობდა. ზოგი სტუმარი სასადილო დარბაზის ნაცრისფერ კედელზე სიმეტრიულად ჩამოკიდებულ შვეიცარიის ხედებს ათვალიერებდა. მოწყენილი არავინ ყოფილა. გემრიელი სადილის მონელებისას სევდიანი არც არავინ გვინახავს. ადამიანი ამ დროს გაირინდება ხოლმე - ეს ერთგვარი შუალედია მოაზროვნის ოცნებასა და მცოხნავი ცხოველის კმაყოფილებას შორის - კარგი იქნებოდა ამგვარი განწყობილებისთვის მატერიალური, გასტრონომიული მელანქოლია გვეწოდებინა. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ მეინახენი კეთილი გერმანელისკენ ერთბაშად მიტრიალდნენ, ეგებ რაიმე ამბავი მოგვიყვეს, თუნდაც არასაინტერესოო.      უცბად, სწორედ ჩემს პირდაპირ მჯდომი კაცის გარეგნობამ მიმიზიდა. შუატანისა იყო, მსუქანი. ემჩნეოდა, მხიარული ხასიათი ჰქონდა და განსაკუთრებული ჭკუით არ გამოირჩეოდა. მიმოხრა და ქცევა კი ბირჟის მაკლერისას მიუგავდა. აქამდე არც შემინიშნავს იგი. ახლა, ალბათ, შუქ-ჩრდილის თამაშის შედეგად მომეჩვენა, სახე თითქოს შეეცვალა, მოიისფრო ლაქებით დაეფარა და მიწისფერი დაედო. გეგონებოდათ, მომაკვდავის თავიაო. დიორამაში ჩახატულ ფიგურასავით უმოძრაოდ გაშეშებული, გამოყეყეჩებული თვალებით დაშტერებოდა ბროლის საცობის ელვარე წახნაგებს. ცხადი იყო, არაფერს ხედავდა და მომავლისა თუ წარსულის ფანტასტიურ ჭვრეტას გაეტაცნა.      მის საეჭვო სახეს დიდხანს ვუკვირდებოდი და ვფიქრობდი: ავად ხომ არ არის? ან ბევრი ხომ არ დალია? ან იქნებ ბირჟის აქციების დაცემამ გააკოტრა? ან შეიძლება ვარაუდობს, როგორ გააცუროს კრედიტორები? - შეხედეთ! - მივუთითე მასზე ჩემს გვერდით მჯდომ ქალბატონს, - ბანკროტობის პირწავარდნილი განსახიერებაა, არა? - ოჰ! ბანკროტი რომ იყოს, უფრო მხიარული გამომეტყველება ექნებოდა, - მიპასუხა ქალმა, - მერე თავი კეკლუცად გადააქნია და განაგრძო: - ეგ თუ ოდესმე გაკოტრდება, ჯოჯოხეთში ჩასვლასაც კი არ დავიზარებ, ოღონდ ეს ამბავი ყველას შევატყობინო. ერთი მილიონის მიწები აქვს. უწინ იმპერიის არმიის სურსათის მიმწოდებელი გახლდათ. საკმაოდ უცნაური ბერიკაცია. მეორე ცოლი ანგარიშით შეირთო, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერია ქალი მაგის ხელში. ლამაზი ასული ჰყავს, რომელსაც დიდხანს ახლოს არ იკარებდა; ვაჟიშვილის სიკვდილის შემდეგ, საწყალი დუელში მოუკლეს, იძულებული გახდა, ქალიშვილი მიეღო, რადგანაც მეტი შვილი აღარ ეყოლებოდა. ასე და ამგვარად, საცოდავი გოგო უცბად ყველაზე მდიდარი მემკვიდრე გახდა მთელს პარიზში. მამამისი კი, ეს კეთილი ადამიანი, ვისაც ერთადერთი ვაჟი ხელიდან გამოეცალა, უსაზღვროდ იტანჯება და ხანდახან სევდის დაფარვას ვერც ახერხებს.      ამ დროს სურსათის მიმწოდებელმა თვალი მომაპყრო და მე ავკანკალდი, იმდენად პირქუში ფიქრებით აღვსებოდა გამოხედვა, რაც, შესაძლებელია, მთელ მის სიცოცხლეს გამოხატავდა. მერე, უცბად სახე გაუნათდა: ბროლის საცობი აიღო, თავისი თეფშის წინ მდგომ წყლით სავსე სურას ანგარიშმიუცემლად დაახურა და ბატონი ჰერმანისკენ ღიმილით გაიხედა. ჩანდა, ეს გასტრონომიული სიამოვნების განცხრომაში ჩაძირული კაცი არა თუ არაფერზე ფიქრობდა, აზრის ნატამალიც კი არ გააჩნდა მას. შემრცხვა კიდეც, რომ წინასწარმეტყველურ ნიჭს ამ სქელკანიან ფინანსისტზე, ბილწ პირუტყვზე ვხარჯავდი. სანამ მე ჩემს ფუჭ ფრენოლოგიურ დაკვირვებებს ვაწარმოებდი, კეთილმა გერმანელმა ცხვირში ერთი მწიკვი ბურნუთი შეიყარა და ამბის მოყოლა დაიწყო. ვინაიდან ვერ შევძელი ამბავი გადმომეცა გერმანელის სიტყვებით, ხშირი პაუზებითა და თხრობიდან სიტყვამრავალი გადახვევებით, ამიტომაც ჩემებურად მოვყევი, შეცდომები ნიურენბერგელს დავუტოვე, ხოლო მისი პოეტური და საყურადღებო ადგილები გულუბრყვილოდ შევიტყაპუნე იმ მწერლებსავით, რომელთაც ავიწყდებათ თავიანთ წიგნებს მიაწერონ:      ფიქრი და საქმე - რესპუბლიკის ეპოქის VII წლის ვანდემიერის მიწურულს, ჩვენი სტილით 1799 წლის 20 ოქტომბერს, ბონიდან დილით გამოსული ორი ჭაბუკი მზის ჩასვლისას მიუახლოვდა რაინის მარცხენა ნაპირზე მდებარე პატარა ქალაქ ანდერნახს, რომელიც კობლენციდან რამდენიმე მილითაა დაშორებული.      იმ ხანებში საფრანგეთის არმია, გენერალ ოჟეროს მეთაურობით, მდინარის მარჯვენა მხარეს დაბანაკებულ ავსტრიელთა თვალწინ მანევრებს აწარმოებდა. რესპუბლიკის დივიზიის მთავარი შტაბი კობლენცში იყო მოთავსებული, ხოლო ოჟეროს კორპუსის ერთ-ერთი ნახევარბრიგადა - ანდერნახში.      ორივე ახალგაზრდა მგზავრი ფრანგი გახლდათ. მათი თეთრარშიებიანი და წითელი ხავერდის გულისპირიანი ლურჯი მუნდირების, ხმლებისა და, განსაკუთრებით კი, სამფეროვანი პლუმაჟიანი მწვანე მუშამბის ქუდების დანახვისას გერმანელი გლეხებიც კი ხვდებოდნენ, რომ ისინი სამხედრო ქირურგები იყვნენ, გონიერი და ღირსეული ადამიანები, რომლებიც მეტწილად უყვართ არა მხოლოდ ჩვენს არმიაში, არამედ ჩვენი ჯარის მიერ დაპყრობილ ქვეყნებშიაც. იმხანად, გენერალ ჟურდენის მიერ გამოცხადებული ჯარში გაწვევის ახალი კანონის შედეგად, სამედიცინო ასპარეზზე მოღვაწეობას მოწყვეტილი მრავალი კარგი ოჯახიშვილი ამჯობინებდა სამედიცინო სამსახური ბრძოლის ველზე გაეგრძელებინა, ვიდრე დარჩენილიყო რიგით ჯარისკაცად, რაც ნაკლებად შეეფერებოდა მათ განათლებასა და მშვიდობისმოყვარე მისწრაფებებს. ახალგაზრდა სწავლულები, მშვიდობის მომხრენი და დაუზარელნი, იმ შავბნელ დღეებში სიკეთეს თესავდნენ, ნასწავლ ადამიანებს თანაგრძნობით ეპყრობოდნენ იმ ქვეყნებში, სადაც მიაბიჯებდა საფრანგეთის რესპუბლიკის ულმობელი ცივილიზაცია. მგზავრები, აღჭურვილნი სამგზავრო საშვებითა და კოსტასა და ბერნადოტის ხელმოწერილი ბრძანებით მათი «უმცროს ექიმებად» დანიშვნის შესახებ, მიემართებოდნენ იმ ნახევარბრიგადისკენ, სადაც იყვნენ გამწესებულნი. ორთავე მიეკუთვნებოდნენ ბოვეელ ბურჟუათა ოჯახებს, რომლებიც არცთუ ისე მდიდრები იყვნენ, მაგრამ პროვინციულ ნამუსიანობასა და ალალმართლობას თაობიდან თაობას გადასცემდნენ, როგორც მემკვიდრეობის ნაწილს.      სტრასბურგამდე დილიჟანსით იმგზავრეს. ახალგაზრდებისათვის მეტად ბუნებრივი ცნობისმოყვარეობით ჭაბუკები სამსახურში დანიშნულ ვადაზე ადრე გამოცხადდნენ სამხედრო მოქმედების ასპარეზზე. თუმცა ფრთხილ დედებს ბევრი ფული არ გამოეტანებინათ, შვილები მაინც მდიდრებად თვლიდნენ თავს, რადგანაც ჯიბეში რამდენიმე ლუიდორი უჩხრიალებდათ; ეს კი ნამდვილი განძი იყო იმ დროს, როცა ასიგნაციებმა გაუფასურების უკანასკნელ საფეხურს მიაღწია და ოქრო ფულზე გაცილებით მეტად ფასობდა. უმცროსი ექიმები, ბევრი-ბევრი, ოც-ოცი წლისანი თუ იქნებოდნენ. და თავიანთი ახალი მდგომარეობის პოეტურ მხარეებს ჭაბუკური აღტაცებით ხვდებოდნენ. სანამ სტრასბურგიდან ბონში ჩავიდოდნენ, საჰერცოგო და რაინის ნაპირები დაათვალიერეს, ვითარც შეეფერებოდა არტისტულად და ფილოსოფიურად განწყობილ ცნობისმოყვარე არსებებს. ამ ასაკში, თუკი მეცნიერული მოღვაწეობისთვის ვემზადებით, მართლაც მეტად მრავალსახოვანნი ვართ მოგზაურობის დროსა თუ თვით ტრფობის ჟამსაც. უმცროსი ექიმი ვალდებულია, თავის მომავალ სახელსა და ბედ-იღბალს საძირკველს უყრიდეს.      ორი ყმაწვილი შეიპყრო ძალუმმა აღტყინებამ, რაც დაეუფლება ხოლმე განათლებულ ადამიანებს, მაინცსა და კელნს შორის, შვაბეთის პეიზაჟისა და რაინის ნაპირების დანახვისას. ბუნება აქ ზვიადია, ბარაქიანი, მთებითა და გორებით მოფენილი, ამწვანებული, ფეოდალური ძეგლებით მდიდარი, თუმცა ყოველივეს ცეცხლისა და მახვილის დაღი ატყვია. ეს თვალწარმტაცი მხარე ლუი XIV და ტურენმა ნაცარტუტად აქციეს. აქა-იქ მოჩანს ნანგრევები, მოწამენი ვერსალის მეფის ქედუდრეკელობისა, ან იქნებ წინდახედულებისაც; გერმანიის ამ კუთხის მშვენებანი, დიდებული ციხე-დარბაზები ხსენებული მეფის ბრძანებით იავარიქმნა. ტყეებითა და შუა საუკუნეების ურიცხვი მომაჯადოებელი სურათებით დაფარული საუცხოო ადგილების ხილვისას შეიცნობთ გერმანულ სულს, მეოცნებესა და მისტიურს. - ფრანკო-ჰოლანდიური არმიისა და ოჟეროს დივიზიის მთავარი ჰოსპიტალი თვით კურფიურსტის სასახლეში მოეთავსებინათ. ამიტომაც ახლად გამომცხვარი უმცროსი ექიმები იქით გაეშურნენ ამხანაგების სანახავად, სარეკომენდაციო ბარათების უფროსებისთვის გადასაცემად და საქმის გასაცნობად. აქ, ისევე, როგორც ეს სხვაგანაც ხდება, ისინი ერთგვარად გათავისუფლდნენ იმ გადაჭარბებული წარმოდგენისაგან, რაც ყველას გვაქვს შექმნილი მშობლიური ქვეყნის ისტორიული ძეგლებისა და მშვენიერების შესახებ. კურფიურსტის სასახლის მარმარილოს სვეტებით განცვიფრებული მეგობრები გერმანულ ნაგებობათა გრანდიოზულობამ აღაფრთოვანა; მიდიოდნენ და ყოველ ნაბიჯზე ძველი და ახალი ხელოვნების სამკაულებს აწყდებოდნენ. ხანდახან გორაკებს შორის მიკარგული ანდერნახისკენ მიმავალი გზები მათ კლდის მწვერვალზე აიყვანდა ხოლმე. იქიდან კი, ტყის ჭრილებსა და კლდეთა ფლატეებს შორის, მათ თვალწინ იშლებოდა ქვიშის ჩარჩოში ჩასმული, ანდა ატეხილი ჭალებით შემოკბილული რაინის სანახები. ხეობები, ბილიკები, ხეები ფიქრის ამშლელ სურნელებას აფრქვევდნენ. ხის კენწეროებს ოქროსფერი ეპარებოდა, აქა-იქ თბილი ტონებიც გამოსჭვიოდა, განსაკუთრებით კი, მიხაკისფერი - მაუწყებელი სიბერისა; ფოთლები ცვიოდა, მაგრამ ცას თვალისმომჭრელი ლაჟვარდი მაინც შერჩენოდა და მშრალი გზები ჩამავალი მზის ირიბი სხივებით განათებულ პეიზაჟზე ყვითელ ზოლებად იხაზებოდნენ. ანდერნახიდან ორი ლიეს დაშორებით ისეთი სიჩუმე იყო გამეფებული, თითქოსდა ომი ამ მშვენიერ მხარეს მუსრს არ ავლებდა. ორი მეგობარი მიჰყვებოდა საცალფეხო გზას, თხების მიერ გატკეპნილს გრანიტის კლდეებზე, რომელთა შორის მოჩქეფს რაინი. მგზავრები ხევ-ხევ დაეშვნენ. ხევის ძირში, მდინარის პირას კოხტად დასკუპულიყო პატარა ქალაქი, საუცხოო ნავსადგური მეზღვაურთათვის. - მართლაც ლამაზია გერმანია! - წამოიძახა ერთმა ყმაწვილმა, პროსპერ მანიანმა, როცა თვალი მოჰკრა ნაირფრად შეღებილ, კალათში ჩაწყობილი კვერცხებივით ერთმანეთთან მიყუჟულ სახლებს, რომელთაც ერთმანეთისგან ბაღები და ყვავილები ჰყოფდა. პროსპერ მანიანი ერთხანს აღტაცებით დასცქეროდა წვეტიან სახურავებს, გამოშვერილ კოჭებს, ხის კიბეებს, მყუდრო სადგომების უამრავ აივნებსა და ნავსადგურში ტალღებზე მოქანავე ნავებს...როცა ბატონმა ჰერმანმა პროსპერ მანიანი ახსენა, სურსათის მიმწოდებელი სწვდა სურას, ჭიქაში წყალი დაისხა და მაშინვე სულმოუთქმელად გადაჰკრა. ამით ისევ მიიპყრო ჩემი ყურადღება და თითქოს შევნიშნე კიდეც, რომ კაპიტალისტს ხელი ოდნავ აუკანკალდა და შუბლი ოფლით დაენამა. - რა გვარია ყოფილი სურსათის მიმწოდებელი? - შევეკითხე ჩემს ტურფა მეზობელს. - ტაიფერი, - მიპასუხა მან. - უგუნებოდ ხომ არა ბრძანდებით? - შევყვირე მე, როცა შევნიშნე, როგორ გაფითრდა ეს უცნაური ადამიანი. - სრულებითაც არა, - მომიგო ტაიფერმა და მადლობის ნიშნად თავაზიანად გამიღიმა, - მე ვუსმენ, - დასძინა და თავი დაუქნია სტუმრებს, რადგანაც ყველა მისკენ შემოტრიალდა. - მეორე ჭაბუკის გვარი დამავიწყდა, - წარმოთქვა ბატონმა ჰერმანმა, - როგორც პროსპერ მანიანმა ამიწერა, იგი შავგვრემანი, ოდნავ გამხდარი იყო და მხიარული ხასიათით გამოირჩეოდა. თუკი ნებას დამრთავთ, ვილჰელმს დავარქმევ, რათა უფრო გასაგებად შევძლო ამბის მოყოლა.      გულუბრყვილო გერმანელმა, ვითომც არაფერიო, ისე უგულვებელჰყო რომანტიზმიცა და ადგილობრივი კოლორიტიც, ფრანგი უმცროსი ექიმი გერმანული სახელით მონათლა და არხეინად განაგრძო თხრობა: - როცა ორი ჭაბუკი ანდერნახს ჩავიდა, უკვე ბნელოდა. სანამ მეთაურებს მოვძებნით, სანამ საბუთებს წარვუდგენთ, სანამ ჯარისკაცებით გადავსებულ ქალაქში სამხედრო თავშესაფარს მივიღებთ, დიდი დრო დაგვეკარგებაო, იფიქრეს და გადაწყვიტეს უკანასკნელი თავისუფალი ღამე გაეტარებინათ ანდერნახიდან ასიოდე ნაბიჯის დაშორებით მდებარე სასტუმროში, რომლის მდიდრულ შეფერილობას, მზის სხივებით უფრო მეტად გამშვენიერებულს, ორივე ყმაწვილი მთის წვერიდან აღფრთოვანებით გადმოსცქეროდა. ეს ერთიანად წითლად შეღებილი შენობა მნახველთ უცბად ეცემოდა თვალში, რადგან ქალაქის ერთფეროვანი მასიდან და ნაირნაირი ფოთლების სიმწვანიდან მისი მეწამულისფერი ისევე კონტრასტულად გამოკრთოდა, როგორც მდინარის მონაცრისფრო ტონებიდან - ამ ნაგებობის კაშკაშა ფერი. სასტუმროს სახელწოდება წარმოდგებოდა შენობის შეფერილობიდან, რაც ოდესღაც, ალბათ, მისი საძირკვლის ჩამყრელის ფანტაზიამ შეარჩია. რაინის მეზღვაურთა შორის დიდად სახელგანთქმული სასტუმროს შემდგომი მფლობელნი, სრულიად ბუნებრივი მერკანტული ცრურწმენის გავლენით, სახლს ძველ სამოსს მზრუნველობით უნახავდნენ.      ცხენების ფეხის ხმის გაგონებაზე წითელი სასტუმროს პატრონი ზღურბლზე გადმოდგა. - ღმერთმანი! - შეჰყვირა მან, - სულ ცოტა კიდევ რომ დაგეგვიანათ, ღია ცის ქვეშ მოგიხდებოდათ წოლა, მსგავსად თქვენს თანამემამულეთა უმრავლესობისა, ანდერნახის მეორე მხარეს რომაა დაბანაკებული. სასტუმრო პირამდე სავსეა. თუ მაინცდამაინც საწოლებზე გსურთ მოსვენება, ისღა დამრჩენია, საკუთარი საწოლი ოთახი შემოგთავაზოთ. თქვენს ცხენებს კი ეზოს კუთხეში დავაბინავებთ. დღეს თავლა ქრისტიანებით გამევსო. საფრანგეთიდან ჩამობრძანებულხართ, ბატონებო? - განაგრძო მან მცირე პაუზის შემდეგ. - ბონიდან, - წამოიძახა პროსპერმა, - და დილას აქეთ პირში ლუკმა არ ჩაგვიდია. - ოჰ, საჭმელზე ნუ შეწუხდებით, - თავის კანტურით განუცხადა პატრონმა, - წითელ სასტუმროში ათი ლიეს იქიდან მოდიან საქეიფოდ. მეფურ სუფრას გაგიშლით. იცით, რას მოგართმევთ? რაინის თევზს! მეტი რაღა ვქნა!      დაღლილი ცხენები მგზავრებმა სასტუმროს პატრონის მზრუნველობას მიანდეს. და მაშინ, როცა პატრონი ამაოდ უხმობდა მსახურებს, უმცროსი ექიმები სასტუმროს საერთო დარბაზში შევიდნენ. თუთუნის მწეველებს ბლომად მოეყარათ თავი და ბოლის ისეთი სქელი და მოთეთრო ღრუბლით გაევსოთ დარბაზი, რომ ახლად მოსულებმა თავდაპირველად ვერც კი გაარჩიეს, რა საზოგადოებაში მოხვდნენ. მაგრამ სუფრას მიუსხდნენ თუ არა, იმ ფილოსოფიურად განწყობილ მგზავრთა მოთმინებით, რომელთაც აყალმაყალის ამაოება კარგად შეუცვნიათ, კვამლში გაარჩიეს გერმანული სასტუმროს სავალდებულო აქსესუარები: ბუხარი, კედლის საათი, ლუდის ტოლჩები, გრძელტარიანი ჩიბუხები; საითაც გაიხედავდით, ათასნაირი ჯურის ხალხი ირეოდა: ებრაელები, გერმანელები, სახეკუშტი მეზღვაურები. ბურუსში ფრანგი ოფიცრების ეპოლეტები ელვარებდა, ფილაქანზე კი განუწყვეტლივ ჟღარუნობდა დეზები, ხმლები. ზოგი ბანქოს თამაშობდა, ზოგი კამათობდა, ერთი დუმდა, მეორე ჭამდა, სვამდა ან ბოლთას სცემდა. შორიახლოს ტრიალებდა ერთი გათქვირებული, ტანდაბალი დედაკაცი, რომელსაც ჩაწნულ თმაზე შავი ხავერდის ჩაჩი ეხურა, სირმით ამოქარგული ცისფერი კოფთა ეცვა, მკერდზე ვერცხლის ქინძისთავი ჰქონდა დაბნეული და აღჭურვილი გახლდათ ძაფის გორგლითა და გასაღებების ასხმულათი. ერთი სიტყვით, არ აკლდა არცერთი დამახასიათებელი კომპონენტი გერმანული სასტუმროს დიასახლისისა, რომლის ტანსაცმელი იმდენად ზუსტადაა გამოხატული უთვალავ სურათებზე და იმდენადაა გავრცელებული, რომ არცა ღირს ამ ქალის აღწერა. სასტუმროს პატრონის მეუღლე შესანიშნავი მოხერხებულობით აკარგვინებდა მოთმინებას ორ მეგობარს და ასეთივე მოხერხებულობით აშოშმინებდა მათ. თანდათან ხმაური შენელდა, მგზავრები დარბაზიდან გავიდნენ და კვამლის ღრუბელიც გაიფანტა. როცა უმცროს ექიმებს სუფრა გაუშალეს და რაინის სახელგანთქმული ჭანარი მოართვეს, საათმა თერთმეტი დარეკა და დარბაზიც დაცარიელდა. ღამის სიჩუმეში ყრუდ მოისმოდა ცხენების ხრამახრუმისა და ტორების ცემის ხმა, რაინის ლიკლიკი და მდგმურებით გაჭედილი სასტუმროს თავისებური ქოთქოთი, როცა მგზავრები დასაწოლად ემზადებიან: კარ-ფანჯარა იხსნებოდა, იკეტებოდა, ვიღაც-ვიღაცეები გაურკვევლად ჩურჩულებდნენ, ოთახებიდან გაუგებარი შეძახილები მოისმოდა. ამ სიჩუმეში და ფუსფუსში ორი ფრანგისა და მასპინძლის, - რომელიც ახალგაზრდებს უქებდა ანდერნახს, რაინის ღვინოს, რესპუბლიკის არმიას, საკუთარ პურ-მარილსა და ცოლს, - ყურადღება მიიპყრო მეზღვაურთა ხრინწიანმა ყვირილმა და ნავსადგურთან მოახლოებული ნავის დგაფუნმა. სასტუმროს პატრონი, უთუოდ შეჩვეული მენავეების ხორხისმიერ მეტყველებას, იმ წამსვე ოთახიდან გავარდა და მალე შემოუძღვა მსუქან, ტანდაბალ კაცს, რომლის უკან ორ მეზღვაურს მძიმე ყუთი და რამდენიმე ბოხჩა მოჰქონდა. დარბაზში დააწყვეს თუ არა ბარგი, კაცმა ყუთი აიღო, წინ დაიდგა და ორი უმცროსი ექიმის სუფრას მოურიდებლად მიუჯდა. - წადით, ნავში დაწექით, - მიმართა მეზღვაურებს, - სასტუმრო სავსეა და ისედაც სჯობს, ნავში დაწვეთ. - ბატონო, - განუცხადა მასპინძელმა ახალმოსულს, - სანოვაგიდან ამის მეტი აღარაფერი გამაჩნია, - მან ორი ფრანგისთვის გაშლილ სუფრაზე ანიშნა, - პურის ქერქიც კი აღარ მოიძებნება, ძვალსაც ვეღარ იპოვით. - კომბოსტოს წნილი? - სათითეში რომ ჩაეტევა, იმდენიც კი არ დარჩა. როგორც მქონდა პატივი მომეხსენებინა, საწოლად მიიღებთ სკამს, რაზედაც ხართ დაბრძანებული და ამ დარბაზის გარდა, სხვა ოთახსაც ვერ შემოგთავაზებთ.      ამ სიტყვებზე დაბალმა კაცმა აათვალიერ-ჩაათვალიერა მასპინძელი, დარბაზი და ორი ფრანგი. გამოხედვაში გამოუკრთა შიშიცა და სიფრთხილეც. - აქ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმას, - შეწყვიტა თხრობა ჰერმანმა, - რომ ჩვენ უცნობის ვერც ნამდვილი ვინაობა და ვერც ასავალ-დასავალი ვერ გამოვარკვიეთ. დოკუმენტები გვამცნობდა, რომ აახენიდან იყო ჩამოსული. იქ იგი ვალენფერის სახელს ატარებდა და ნეივალის მიდამოებში მდებარე ნემსების საკმაოდ მსხვილი წარმოების მფლობელი გახლდათ.      როგორც ყველა მეფაბრიკეს ამ მხარეში, მასაც უბრალო მაუდის რედინგოტი ეცვა, მუქი მწვანე ხავერდის შარვალი, ჟილეტი და ჩექმები, წელზე კი ტყავის ფართო ქამარი ერტყა. სახე მთლად მრგვალი ჰქონდა. თავისუფალი მიხვრა-მოხვრა და კეთილი გულისა იყო. ეტყობოდა, ძლიერ უჭირდა ფარული შიში არ გამოემჟღავნებინა, ან იქნებ მძიმე საზრუნავიც აწუხებდა. სასტუმროს პატრონი დაეჭვდა, ეს გერმანელი დიდვაჭარი უთუოდ სამშობლოდან გამოქცეული უნდა იყოსო. შემდეგ მე გამოვარკვიე, რომ ფაბრიკა შემთხვევით დასწვოდა, რაც, საუბედუროდ, ომის დროს ხშირად ხდება. თუმცა უაღრესად აღელვებული ჩანდა, მისი სახე მაინც დიდ გულკეთილობას გამოხატავდა. სასიამოვნო ნაკვთები ჰქონდა. სქელი კისერი ისე განსაკუთრებით თეთრად მოუჩანდა შავი ყელსახვევის ფონზე, რომ ვილჰელმმა ხუმრობით ანიშნა მასზე პროსპერს...      აქ ბატონმა ტაიფერმა ერთი ჭიქა წყალი შესვა.      პროსპერმა მეფაბრიკე თავაზიანად მიიპატიჟა ვახშამზე და ვალენფერმაც თავპატიჟი არ გამოიდო, უმალ დათანხმდა, როგორც შეეფერებოდა კაცს, რომელიც დარწმუნებულია, ამ პატივისცემის სათანადო მადლობით ანაზღაურება მაინცდამაინც არ გამიჭირდებაო. ყუთი იატაკზე დადო, ზედ ფეხები დააწყო, ქუდი მოიხადა, სუფრასთან მიიწია, ხელთათმანები გაიძრო და ქამრიდან ორი პისტოლეტიც მოიხსნა.      მასპინძელმა მაშინვე მოიტანა მისთვის ჭურჭელი. სამი მგზავრი დუმილით შეუდგა მადის დაკმაყოფილებას. დარბაზში ისე ცხელოდა და იმდენი ბუზი ირეოდა, რომ პროსპერმა მასპინძელს სთხოვა, ნავსადგურისკენ რომ გადიოდა, ის ფანჯარა გამოეღო და ჰაერი გაეწმინდა. ფანჯარა ჩაეკეტათ რკინის ურდულით, რომლის ორივე ბოლო ფანჯრის ჩარჩოს ორ კუთხეში გამოჭრილ ღრუში გაემაგრებინათ. მეტი უშიშროებისთვის დარაბებს ხრახნებით მოჭერილი თითო-თითო ჭანჭიკი ეკეთა. შემთხვევით, პროსპერი დააკვირდა, სასტუმროს პატრონი როგორ აღებდა ფანჯარას. - რადგანაც შენობაზე ჩამოვარდა სიტყვა, - გამოგვიცხადა ბატონმა ჰერმანმა, - აგიწერთ კიდეც სასტუმროს ოთახების შინაგან განლაგებას, რაკი მისი ზუსტი გაცნობის გარეშე ჩემი ამბავი გაუგებარი იქნება თქვენთვის.      დარბაზს, სადაც ამ თავგადასავლის სამი მოქმედი პირი იმყოფებოდა, ორი კარი ჰქონდა. ერთი კარი რაინს ჩაყოლებულ ანდერნახის გზაზე გადიოდა. იქ იდგა მეფაბრიკის მიერ სამოგზაუროდ დაქირავებული ნავი. მეორე კარი სასტუმროს ეზოში გადიოდა. ეზოს ძალიან მაღალი გალავანი ერტყა გარს და საქონლითა და ცხენებით იყო გაჭედილი. თავლებშიაც კი ხალხის ტევა აღარ იყო. ჭიშკარი ისე საგულდაგულოდ ჩაეხერგათ, რომ მის გაღებას იოლად ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ მასპინძელმა დიდვაჭარი და მენავეები დარბაზში ქუჩის მხარეს ჩატანებული კარიდან შემოიყვანა. და როცა ფანჯარა გამოაღო პროსპერ მანიანის თხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამ კარების დაკეტვასაც შეუდგა. ურდული გაამაგრა და ჭანჭიკები ჩახრახნა.      მასპინძლის საძილე ოთახი, სადაც ორ უმცროს ექიმს უნდა დაეძინა, საერთო დარბაზის გვერდით მდებარეობდა და თხელი ტიხრით იყო გამოყოფილი სამზარეულოდან, რომელშიც, ალბათ, სასტუმროს დიასახლისი და მისი მეუღლე აპირებდნენ ღამის გათევას. მოახლე, ის-ის იყო, გაეშურა თავშესაფრის მოსაძებნად რომელიმე ბაგაში, სხვენის კუთხეში, ან კიდევ სადმე სხვაგან. როგორც ხედავთ, საერთო დარბაზი, პატრონის საძილე ოთახი და სამზარეულო ცოტა მოშორებით მდებარეობდა სასტუმროს დანარჩენი ნაწილისგან. ეზოში ორი დიდი ნაგაზი დაძუნძულებდა და მათი ბოხი ყეფა ფხიზელი და მრისხანე მცველების არსებობას იუწყებოდა.      სასტუმროს პატრონმა კარის დაკეტვა დაასრულა. სიჩუმეს მდინარის ზვირთების შხაპუნიღა არღვევდა. - რა სიწყნარეა, რა მშვენიერი ღამეა! - ცისკენ აღაპყრო თვალები ვილჰელმმა. - ბატონებო, - მიმართა მეფაბრიკემ ორ ფრანგს, - ნება მომეცით, თქვენი ჭანარის დასასველებლად რამდენიმე ბოთლი ღვინო შემოგთავაზოთ. თქვენი გამომეტყველება და ჩაცმულობა ამჟღავნებს, რომ, ჩემი არ იყოს, კარგა მანძილი გამოგივლიათ.      ორი მეგობარი დათანხმდა. მასპინძელი სამზარეულოს კარით გავიდა და გასწია სარდაფისაკენ, რაც, უეჭველია, შენობის იმ ნაწილის ქვემოთ იყო მოთავსებული. როდესაც პატრონმა ხუთი დიდად პატივცემული ბოთლი სუფრაზე დადგა, მისმა ცოლმაც უკანასკნელი კერძი მოიტანა, დიასახლისის თვალი მოავლო დარბაზსა და საჭმელს და, როცა დარწმუნდა, სტუმრების ყველა სურვილი დაკმაყოფილებულიაო, სამზარეულოში გავიდა.      ოთხმა კაცმა, - ვინაიდან სასტუმროს პატრონიც მიიწვიეს, - ვერ გაიგო, თუ როგორ დაწვა დიასახლისი, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ, როცა დუმილი ჩამოვარდებოდა ხოლმე მეინახეთა საუბარში, გაისმოდა ხმამაღალი ხვრინვა. ეს ხმა მკვეთრად ჟღერდა დაფაცხატებული ტიხრის მეოხებით, რომლის იქითაც ეძინა დიასახლისს. ამ ხვრინვაზე მეგობრებს ეღიმებოდათ, განსაკუთრებით კი, სასტუმროს პატრონს. შუაღამისას, როცა სუფრაზე დარჩა მხოლოდ ბისკვიტი, ყველი, ჩირი და კარგი ღვინო, ყველანი, უფრო მეტად კი ჭაბუკი ფრანგები, გულგახსნილნი გახდნენ. ახსენეს სამშობლო, სასწავლებელი, ომი. საუბარი გაჩაღდა. პროსპერ მანიანმა ცრემლი მოჰგვარა გამოქცეულ დიდვაჭარს, როდესაც პიკარდული გულწრფელობით, კეთილი და მოსიყვარულე ადამიანის გულუბრყვილობით მოიგონა დედა, ნეტავ რას აკეთებს ახლა, როცა მე აქ, რაინის პირას, ვიმყოფებიო... - თვალწინ მიდგას დედაჩემი, - ამბობდა იგი, - მწუხრის ლოცვას კითხულობს ძილის წინ! რა თქმა უნდა, მე არ ვავიწყდები და თავის თავს ეკითხება, სად არის ახლა ჩემი პროსპერიო. თუ ქაღალდში მოუგო რამდენიმე სუ თავის მეზობელს, - დედაშენს, - ჩაურთო პროსპერმა და იდაყვი გაჰკრა ვილჰელმს, - ამ ფულს ჩაყრის წითელი თიხის დიდ ყულაბაში, სადაც აგროვებს საჭირო თანხას, ლეშვილში, მის პატარა მამულში შეჭრილი ოცდაათი არპანის მიწის შესაძენად. მიწა კარგი სამოცი ათასი ფრანკი მაინცა ღირს. ეჰ, რა მინდვრებია! ოდესმე რომ შემძლებოდა მისი შესყიდვა, მთელს ჩემს სიცოცხლეს ლეშვილში გავატარებდი და არად ჩავაგდებდი პატივმოყვარულ მისწრაფებებს. რამდენჯერ უნატრია მამაჩემს ეს ოცდაათი არპანი და მშვენიერი ნაკადული, იქ რომ მიიკლაკნება! რომ იცოდეთ, რამდენჯერ მითამაშია იქ! - ბატონო ვალენფერ, ნუთუ თქვენ არ გაგაჩნიათ თქვენი hoc erat in votis? - შეეკითხა მეფაბრიკეს ვილჰელმი. - დიახ, როგორ არა, ბევრი! მათ ასრულებას თითქმის აღარაფერი მიკლდა, მაგრამ ახლა...      ვალენფერი გაჩუმდა, წინადადება აღარ დაასრულა. - მე კი, - წარმოთქვა მასპინძელმა, რომელსაც სახე ოდნავ შეჟინჟღილებოდა, - მიწის ერთ ნაკვეთზე ვოცნებობდი მთელი ათი წელი და შარშან, როგორც იყო, ვიყიდე.      ამგვარად საუბრობდნენ. როგორც ხდება ხოლმე, ღვინომ ენა გაუხსნა მათ. ერთმანეთის მიმართ განიმსჭვალნენ კიდეც იმ ნაუცბათევი მეგობრობის გრძნობით, რასაც მაინცდამაინც არ ვიშურებთ მოგზაურობის დროს. ამიტომაც, როცა დასაძინებლად მოემზადნენ, ვილჰელმმა თავისი საწოლი მეფაბრიკეს შესთავაზა. - მშვიდად მოისვენეთ ჩემს საწოლზე, მითუმეტეს, რომ მე შემიძლია პროსპერთან დავწვე. ეს არ იქნება არც პირველად და, ალბათ, არც უკანასკნელად. თქვენ ჩვენზე უფროსი ბრძანდებით, ჩვენ კი ვალდებულნი ვართ, პატივისცემით მოვეპყრათ ხანდაზმულობას. - მოიცათ, - წამოიძახა მასპინძელმა, - ჩემი ცოლის საწოლზე რამდენიმე ლეიბი აგია, ერთი თქვენ დაიგეთ.      იგი ფანჯრის მისახურად გაემართა და ამ კეთილგონიერი მოქმედების განხორციელებისას ხმაური ატეხა. - თანახმა ვარ, - მიუგო დიდვაჭარმა, - უნდა გამოგიტყდეთ, - ხმა დაიდაბლა და შეხედა ორ მეგობარს, - რომ მაგას კიდეც ვნატრობდი. განა რა უნდა მქონდეს საწინააღმდეგო, რომ ღამე გავათიო ორ კეთილსა და პატიოსან ყმაწვილთან ერთად, ორ ფრანგ მეომართან! მერედა, ყუთში ასი ათასი ფრანკის ოქრო და ბრილიანტი მიწყვია.      მის გაუფრთხილებელ აღსარებას ორი ახალგაზრდა გულითადი თავშეკავებულობით შეხვდა, რამაც კეთილი გერმანელი დააშოშმინა. სასტუმროს პატრონმა მგზავრებს ლოგინის გაშლაში უშველა და, როცა ყველაფერი შეძლებისდაგვარად მოწესრიგდა, თვითონაც დასაწოლად გაეშურა. მეფაბრიკესა და უმცროს ექიმებს თავთავიანთ ბალიშებზე ეცინებოდათ; პროსპერმა საკუთარი და ვილჰელმის ქირურგიული იარაღები მუთაქის ნაცვლად თავქვეშ ამოიდო, ხოლო ვალენფერმა, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო, თავისი ყუთი სასთუმალქვეშ დაიდო. - ორთავენი ჩვენ-ჩვენს სიმდიდრეზე ვიძინებთ; თქვენ - თქვენს ოქროზე, მე კი - ჩემს იარაღებზე. ნეტავ ვიცოდე, ჩემი იარაღები იმდენ ოქროს თუ მაშოვნინებენ, რამდენიც თქვენ შეგიძენიათ? - იმედი იქონიეთ, - უპასუხა ვაჭარმა, - შრომით და პატიოსნებით ყველაფერს მიაღწევთ. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო.      ვალენფერსა და ვილჰელმს მაშინვე ჩაეძინათ. პროსპერ მანიანს კი თვალზე რული არ ეკარებოდა: იქნებ იმიტომ, რომ მეტისმეტად მაგარ საწოლზე იწვა, ან იქნებ უკიდურესი დაღლილობა არ აძინებდა, ანდა, შესაძლოა, სულიერი განწყობილების საბედისწერო შემოტრიალება იყო ამის მიზეზი. შეუმჩნევლად, მისმა ფიქრებმა ბოროტი მიმართულება მიიღო. აეკვიატა ფიქრი იმ ასი ათას ფრანკზე, მეფაბრიკეს რომ ედო თავქვეშ.      პროსპერისთვის ასი ათასი ფრანკი უდიდეს განძს წარმოადგენდა და ეს განძი მის ცხვირწინ იდო. ათასნაირად გამოიყენებდა. ფიქრებმა გაიტაცა; ისევე აგებდა ოცნების კოშკებს, როგორც ყოველი ჩვენთაგანი აგებს მათ თვლემის დროს, როცა ჩვენი გონება რაღაც გაურკვეველ საგნებს წარმოშობს და როცა ღამის დუმილში აზრი ჯადოსნური ძლიერებით იმოსება.      აგერ, პროსპერი დედის ყოველ სურვილს ასრულებს; ყიდულობს ოცდაათ არპან მიწას, ცოლად ირთავს ბოვეელ ქალიშვილს, ვისზედაც ფიქრს აქამდე ქონებრივი უთანასწორობა უშლიდა ხელს. ამ თანხით ყოველგვარ ნეტარებას მიიღებს ცხოვრებაში. აი, იგი ოჯახის მამაა, მდიდარი, თავის მხარეში დიდად პატივცემული და, ვინ იცის, იქნებ ბოვეს მერიც.      მისი პიკარდიული წარმოდგენა აღიგზნო. ახლა იმაზე იტეხდა თავს, რა ღონე ეხმარა, რათა ფიქცია რეალობად ექცია. იგი არაჩვეულებრივად მგზნებარებით შეუდგა ბოროტმოქმედების თეორიული გეგმის შემუშავებას.      დიდვაჭარმა სული განუტევა. პროსპერი აშკარად ხედავს ოქროსა და ბრილიანტებს. მათი ელვარება თვალს უბნელებს. გულს ბაგაბუგი გააქვს. გაფიქრებაც კი უკვე ბოროტმოქმედებაა. ოქროს გროვით მოჯადოებულს მკვლელის მოსაზრებები თავბრუს ახვევს. თავის თავს ეკითხება, ამ საწყალ გერმანელს ნეტავ რაღად უნდა სიცოცხლეო. თან გაიფიქრა, მაგას ხომ არც არასოდეს უცხოვრიაო. ერთი სიტყვით, ბოროტმოქმედება უნდა ჩაიდინოს და სასჯელსაც გადაურჩეს. რაინის მეორე მხარეს პრუსიელები დაპატრონებიან. ფანჯრებს ქვემოთ ნავია და სწორედ მენავეები გამოსჭრიან ყელს ფაბრიკის პატრონს. გვამს რაინში გადაისვრის. ყუთს აიღებს და ფანჯრიდან გადახტება. პროსპერი იმდენად შეიპყრო ამ ფიქრებმა, რომ საკუთარი მოხერხებულობის გამოცდა დაიწყო; როგორ გამოიყენებდა ქირურგიულ იარაღებს, თავს მოჭრიდა მსხვერპლს ისე, რომ იგი კრინტის დაძვრასაც ვერ მოასწრებდა.      აქ ბატონმა ტაიფერმა შუბლი მოიწმინდა და ცოტა წყალი კიდევ შესვა.      პროსპერი ნელ-ნელა, ჩუმად ადგა. როცა დარწმუნდა, არავინ გამიღვიძებიაო, ტანთ ჩაიცვა და საერთო დარბაზში გავიდა. შემდეგ იმ საბედისწერო გუმანით, უეცრად რომ ეღვიძებათ ადამიანებს, მძაფრი ალღოთი და მტკიცე ნებისყოფით, რაც გეგმების განხორციელებისას არასოდეს ღალატობს პატიმრებსა და ბოროტმოქმედებს, რკინის ურდული ბუდეებიდან ამოიღო ყოველგვარი ხმაურის გარეშე, კედელთან მიაყუდა და რომ ჭრიალი არ დაეწყო, დარაბების სახსრებს დააწვა და ისე გამოაღო. მთვარემ თავისი ფერმკრთალი შუქი შემოანათა და პროსპერმა შეძლო საგნების გარჩევა იმ ოთახში, სადაც ვილჰელმსა და ვალენფერს ეძინათ. ამ წუთას, როგორც შემდეგში მითხრა მან, გული თურმე ისე ძლიერ უცემდა, ისე ღრმად, ისეთი ბაგაბუგი გაჰქონდა, რომ თავზარი დასცემია, ვაითუ გულგრილად ვეღარ ვიმოქმედოო. ხელები უკანკალებდა, ფეხისგულები ეწვოდა, თითქოს აგიზგიზებულ ნახშირზე უდგასო. მიუხედავად ამისა, განზრახვა ისე ბედნიერად უსრულდებოდა, რომ ეს ქუდბედობა მან განგების მფარველობას მიაწერა. ფანჯარა გამოაღო, მიბრუნდა ოთახში, იარაღების ყუთს დასწვდა, შეარჩია დანაშაულის დასაგვირგვინებლად ყველაზე მეტად შესაფერი იარაღი. საწოლს მივუახლოვდი, - მითხრა მან, - და ჩემი თავი ანგარიშმიუცემლად ღმერთს მივანდე. მოუკრებია რაც ძალი და ღონე ჰქონდა და თურმე, როცა ასწია ხელი, შინაგანი ხმა შემოესმა; თითქოს სინათლემაც გაუელვა თვალწინ. თავის საწოლზე დააგდო იარაღი, მეორე ოთახში გავარდა და სარკმელს მიადგა. უღრმესი ზიზღით განიმსჭვალა საკუთარი თავისადმი. ისიც იგრძნო, რომ ნებისყოფა ჯერაც არ განმტკიცებოდა. შეეშინდა, კიდევ არ აჰყოლოდა ცთუნებას, რისი მსხვერპლიც გამხდარიყო. სწრაფად გადახტა გზაზე. გაჰყვა რაინის ნაპირს. სასტუმროს წინ გუშაგივით მიმოდიოდა. აჩქარებული ნაბიჯით ხან ანდერნახამდე ჩადიოდა. იმ ფერდობამდეც კი მიაღწია, საიდანაც მეგობრები სასტუმროსკენ დაეშვნენ. ღამის ისეთი სიჩუმე იყო გამეფებული, ისე ენდობოდა მოდარაჯე ძაღლებს, რომ ღიად დატოვებული ფანჯარა ხშირად ეკარგებოდა თვალთახედვიდან. ცდილობდა ძლიერ დაღლილიყო და ძილი მორეოდა.      დახეტიალობდა იგი მოწმენდილი ცის ქვეშ, შესცქეროდა თვალციმციმა ვარსკვლავებს, სუნთქავდა ღამის კამკამა ჰაერით, უსმენდა მდინარის მელანქოლიურ ჩუხჩუხს და ნელ-ნელა იძირებოდა ფიქრებში, ემორჩილებოდა კეთილ აზრებს. ბოლოს და ბოლოს, გონებამ მთლად გაჰფანტა უცაბედი თავდავიწყება. აღზრდით მიღებულმა ჩვევებმა, რელიგიურმა რჩევა-დარიგებებმა, განსაკუთრებით კი, - განმიმარტა მან, - მამისეული სახლის ჭერქვეშ გატარებული უმწიკვლო ცხოვრების მოგონებებმა დაამარცხეს ეს ბოროტი ზრახვანიო.      რაინის პირას დიდ ლოდზე დაყრდნობილი დიდხანს ყოფილა ჩაძირული ღრმა ფიქრებში, შემდეგ გონს მოსულა და როგორც თავად მითხრა, - უკვე შემეძლო დამეძინა კი არა, მედარაჯნა კიდეც ერთი მილიარდი ოქროსთვისო.      და როცა მისი პატიოსნება, ამაყი და ძლიერი, გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან, იგი აღტყინებული და ბედნიერი მუხლებზე დაემხო, მადლობა შესწირა ღმერთს. იყო მოცული სიხარულით, ლაღი და კმაყოფილი, ვით ზიარების პირველ დღეს, როცა ეგონა ანგელოზთ დავედარეო, რადგან მთელი დღის განმავლობაში არ შეუცოდავს არცა სიტყვითა, არცა საქმითა და არცა აზრით.      სასტუმროში დაბრუნდა. ფანჯარა გაბედულად მიხურა, რადგან დაჭრიალების აღარ ეშინოდა. მაშინვე ლოგინში ჩაწვა. სულ-ხორცით მოთენთილი მინებდა ძილს. სულ მალე მიეცა ფანტასტიური მოჩვენებებით აღვსილ თვლემას, რაც მუდამ წინ უსწრებს ღრმა ძილს. ამ დროს გრძნობები გვიჩლუნგდება, სიცოცხლე თანდათან გვშორდება, აზრი გვეფანტება და აღქმის უკანასკნელი შეფრთხიალება სიზმარი გვგონია. - რა მძიმე ჰაერია, - თავისთვის ჩაილაპარაკა პროსპერმა, - ასე მგონია, ორთქლს ვისუნთქავ.      ბუნდოვნად გაუელვა აზრმა, მინდვრის სუფთა ჰაერის შემდეგ, ალბათ, ოთახის ტემპერატურა ახდენს ჩემზე ასეთ გავლენასო. ცოტაც და რაღაც თანაბარი ხმები შემოესმა, - ონკანიდან ჩამოსული წყლის წვეთების დაცემას ჰგავდა. შიშისგან თავზარი დაეცა, დააპირა, ავდგები, სასტუმროს პატრონს დავუძახებ. გავაღვიძებ მეფაბრიკეს ან ვილჰელმსო, მაგრამ მაშინვე თავისდა საუბედუროდ, კედლის ხის საათი მოაგონდა, ეს ხმაური ქანქარის მოძრაობის ხმას მიამსგავსა და ამ გაურკვეველი, ბუნდოვანი შეგრძნებით შეპყრობილს ჩაეძინა კიდეც. - წყალს ხომ არ ინებებ, ბატონო ტაიფერ? - შეეკითხა მასპინძელი სურსათის მიმწოდებელს, რომელმაც დაუფიქრებლად აიღო სურა.      სურა ცარიელი დახვდა.      ბანკირის შეკითხვით გამოწვეული ხანმოკლე პაუზის შემდეგ ბატონმა ჰერმანმა თხრობა განაგრძო.      მეორე დილას პროსპერ მანიანი დიდმა ხმაურმა გამოაღვიძა. თითქოს საზარელი კივილი ჩაესმა და კვლავ საშინლად აუთრთოლდა ნერვები, რაც მაშინ გვემართება, როცა გამოღვიძებისას ჯერ კიდევ შეპყრობილი ვართ დაძინებისას მიღებული განცდებით. ჩვენში ერთგვარი ფიზიოლოგიური აქტი ხდება; მდაბიო ენით რომ ვთქვათ, შევხტებით ხოლმე. ეს მეცნიერებისათვის საყურადღებო ფენომენი ჯერჯერობით საკმაოდ შესწავლილი არ გახლავთ. ძილში ერთმანეთისგან გათიშული ორი საწყისის შეერთებით აღძრული საზარელი შეშფოთება ადამიანს, ჩვეულებრივ, სწრაფად გაუვლის ხოლმე. საბრალო უმცროს ექიმს კი შეშფოთება უფრო მეტად გაეზარდა, გაუხანგრძლივდა, უკიდურეს, თავზარდამცემ შეძრწუნებად გადაექცა, როდესაც თავის ლეიბსა და ვილჰელმის საწოლს შორის სისხლის ტბას მოჰკრა თვალი. უბედური გერმანელის თავი იატაკზე ეგდო, ხოლო ტანი - საწოლში. სისხლს ყელიდან ამოეხეთქა.      დაინახა თუ არა დიდვაჭრის ჯერ კიდევ გახელილი, დაჭყეტილი თვალები, სისხლი, რომელშიც ამოსვრილიყო მისი ზეწრები და ხელებიც კი, საწოლზე დაყრილი ქირურგიული იარაღები, პროსპერ მანიანს გული შეუღონდა და ვალენფერის სისხლში ჩაემხო. მან მითხრა, ჩემთვის ეს უკვე იყო დასჯა ბოროტი ზრახვებისთვისო.      როდესაც გონს მოვიდა, დაინახა, საერთო დარბაზში გადაეყვანათ. სკამზე იჯდა, გარს ფრანგი ჯარისკაცები ეხვია. თავზე ვიღაც-ვიღაცეები დასდგომოდნენ და ცნობისმოყვარეობით შეპყრობილნი დაჟინებით დასცქეროდნენ. პროსპერმა მზერა შეავლო რესპუბლიკის არმიის ოფიცერს, მოწმეთა დაკითხვას რომ აწარმოებდა და, ჩანდა, ოქმს ადგენდა. იცნო სასტუმროს პატრონი, მისი ცოლი, მოახლე, ორი მენავე, ქირურგიული იარაღი, მკვლელს რომ ეხმარა...      ბატონმა ტაიფერმა ჩაახველა, ცხვირსახოცი ამოიღო, მოიწმინდა ცხვირი, შუბლი. ეს საკმაოდ ბუნებრივი მოძრაობა ჩემს მეტს არავის შეუნიშნავს. ყველას ბატონი ჰერმანისთვის მიეპყრო თვალი და ყველა ხარბად უსმენდა. ტაიფერი მაგიდას იდაყვით დაეყრდნო, თავი მარჯვენა ხელს დაანდო და მთხრობელს მიაშტერდა. ამის შემდეგ მის მოქმედებას აღელვების ნატამალიც არ დასტყობია: არც განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებდა. მხოლოდ დაფიქრებული იჯდა და სახეზე ისევ ისეთი მიწისფერი ედო, როგორც მაშინ, როცა სურის საცობს ათამაშებდა ხელში.      მკვლელის იარაღი პროსპერის ქირურგიულ ყუთთან, პორტფელთან და დოკუმენტებთან ერთად მაგიდაზე იდო. დამსწრე საზოგადოება თვალს არ აცილებდა ნივთიერ საბუთებსა და სიკვდილის პირას მისულ ყმაწვილ კაცს, რომელსაც თითქოს თვალის ჩინი დაშრეტოდა. ქუჩიდან გაურკვეველი გუგუნი მოისმოდა; ალბათ, ბოროტმოქმედების ამბავს მოეზიდა ბრბო სასტუმროს წინ. შესაძლოა, მკვლელის დანახვის სურვილსაც. დარბაზის ფანჯრების ქვემოთ დაყენებულ გუშაგთა ნაბიჯები, მათი თოფების ჩხაკაჩხუკი ხალხის ქოთქოთს ფარავდა. კარიბჭეგადარაზული ეზო დუმილს მოეცვა.      პროსპერ მანიანმა თვალი ვერ გაუსწორა ოფიცერს, რომელსაც დაკითხვა მიჰყავდა. უცბად იგრძნო, ხელზე ვიღაცამ მოუჭირა ხელი. თვალი აახილა, ნეტავ ამ მტრულად განწყობილ საზოგადოებაში ჩემზე გული ვისღა შესტკივნიაო. ფორმაზე მიხვდა, ანდერნახში დაბანაკებული ნახევარბრიგადის მთავარი ქირურგი იქნებაო. მაგრამ მის მფარველს ისეთი გამსჭვალავი, ისეთი მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, რომ საბრალო ბიჭს ააკანკალა და თავი სკამის ზურგზე გადაუვარდა. ჯარისკაცმა ძმარი აყნოსა. პროსპერი უმალვე მოსულიერდა. ქირურგმა შენიშნა, დაბნეულ მზერაში სიცოცხლისა და გონიერების ნიშანწყალიც კი არ მოჩანდა და მაჯა გაუსინჯა. შემდეგ ოფიცრებს განუცხადა: - კაპიტანო, ამ კაცის დაკითხვა ამჟამად შეუძლებელია... - კარგი, წაიყვანეთ, - სიტყვა გააწყვეტინა ქირურგს კაპიტანმა და თავის ზურგსუკან მდგომ კაპრალს უბრძანა. - ბილწო მშიშარავ! - ჩურჩულით უთხრა ჯარისკაცმა პროსპერს, - ეცადე, მხნედ მაინც გაიარო წყეული გერმანელების წინ, ნუ არცხვენ რესპუბლიკას.      ჯარისკაცის სიტყვებმა პროსპერ მანიანი გამოაფხიზლა; წამოდგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მაგრამ, როცა გაღებულ კარში სუფთა ჰაერმა დაუბერა, გარედან შემოსულ ხალხს თვალი მოჰკრა, ძალა წაერთვა, მუხლთ მოეკვეთა და წაბარბაცდა. - ორგზის სიკვდილის ღირსია ეს ოხერი ექიმბაში! ჰა, გადადგი ფეხი, - ჩასჩიჩინებდა პროსპერს ორი ჯარისკაცი, რომლებიც მხარში ამოუდგნენ, რომ არ დაცემულიყო. - ოჰ, აი, ის უსინდისო! ზნედაცემული! ის არის! აგერ ის! აი, ის!      პროსპერს ეჩვენებოდა, რომ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა მხოლოდ ერთი ხმა: ეს ხმა აღმოხდა მშფოთვარე ბრბოს, რომელიც მას წყევლა-კრულვით აცილებდა და რომლის რიცხვიც ყოველ ნაბიჯზე იზრდებოდა. სასტუმროდან ციხეში გადაყვანისას ბრბოსა და ჯარისკაცების ფეხთა ტყაპუნი, ხალხის ზუზუნი, ცის სილაჟვარდე, ჰაერის სიგრილე, ანდერნახის მიდამოები, რაინის ლიკლიკი უმცროსი ექიმის სულში ქმნიდნენ შთაბეჭდილებას, იმ გრძნობების მსგავსს, რასაც იგი გამოღვიძების შემდეგ განიცდიდა. პროსპერი მეუბნებოდა, ხანდახან ისე მეგონა, თითქოს აღარც კი ვარსებობდიო.      იმ ხანებში მე ციხეში ვიჯექი, - შეწყვიტა ამბავი ჰერმანმა, - როგორც მოგეხსენებათ, ოცი წლისანი ყველანი ენთუზიასტები ვართ და ჩემი ოცნება გახლდათ, დამეცვა სამშობლო. ანდერნახის მიდამოებში თავი მოვუყარე თავისუფალ რაზმეულს და სათავეში ჩავუდექი კიდეც. რამდენიმე დღის წინათ, სანამ პროსპერს დააპატიმრებდნენ, ღამით, რვაასი კაცისგან შემდგარ ფრანგულ ნაწილს ხელში ჩავუვარდი. ჩვენ ორასი ძლივს ვიყავით. ჩემმა მსტოვრებმა გამყიდეს.      ანდერნახის ციხეში ჩამაგდეს. ხალხის დასაშინებლად დახვრეტას მიპირებდნენ. ფრანგები ცდილობდნენ რეპრესიებისთვის მიემართათ, მაგრამ მკვლელობა, რისი ჯავრიც რესპუბლიკელებს ჩემზე უნდა ეყარათ, კურფიუსტის სამფლობელოში არ იყო ჩადენილი. მამაჩემმა სასჯელის სისრულეში მოყვანა სამი დღით გადაადებინა, რათა გენერალ ოჟეროს ხლებოდა და ჩემი შეწყალება ეთხოვა მისთვის. მიზანს მიაღწია.      ამგვარად, მე ვნახე პროსპერ მანიანი მაშინ, როცა იგი ანდერნახის ციხეში შემოიყვანეს. ძალიან შემეცოდა. აღარც ადამიანის ფერი ედო, მისუსტებულიც იყო, სისხლში ამოსვრილიც, მაინც ისეთი გულწრფელი და უბიწო გამომეტყველება შევნიშნე სახეზე, რომ საშინლად ავღელდი. მის გრძელ, ქერა თმაში, მის ლურჯ თვალებში გერმანიის სუნთქვა შევიგრძენი. ყმაწვილი ჭეშმარიტი სურათი გახლდათ ჩემი ღონემიხდილი სამშობლოსი; იგი მსხვერპლი იყო და არა მკვლელი.      ჩემი სარკმლის ქვეშ რომ გაატარეს, მწარედ და მელანქოლიურად გაიღიმა, როგორც გიჟმა, რომელსაც უეცრად გაუელვა გონების სხივმა. ეს ღიმილი, რა თქმა უნდა, არ იყო მკვლელის ღიმილი. ჩემთან შემოსულ მედილეგეს ახალი პატიმრის ამბავი ვკითხე. - რაც საკანში შეიყვანეს, კრინტიც არ დაუძრავს. ზის ხელებში თავჩარგული. ან ძინავს, ან ფიქრობს. ფრანგებს თუ დაეჯერებათ, განაჩენს ხვალ დილასვე გამოუტანენ, ხოლო ოცდაოთხ საათში დახვრეტენ.      საღამოს, ციხის ეზოში სასეირნოდ განკუთვნილი მოკლე დრო მისი სარკმლის ქვეშ გავატარე. საუბარი გავაბით. მან მიამიტად მიამბო თავისი თავგადასავალი. შეკითხვებზე საკმაოდ ზუსტი პასუხები მომცა. პირველივე საუბრის შემდეგ მის უდანაშაულობაში ეჭვი აღარ მეპარებოდა. ვითხოვე, ნება მომეცით, რამდენიმე საათი გავატარო მასთან ერთად-მეთქი. ნება დამრთეს. ამრიგად, რამდენჯერმე შევხვდი მას და საწყალმა ბავშვმა გულის ნადები გადამიშალა. თავს უცოდველადაც თვლიდა და დამნაშავედაც. იგონებდა, რა საშინელი ცთუნების დაძლევა მოუხდა. შიშობდა, ვაითუ ძილში, ან სამთვარიოდ შეპყრობილმა ჩავიდინე ბოროტმოქმედება. რაზედაც დაძინებამდე, ცხადლივ ვოცნებობდიო. - თქვენი მეგობარი - შევეკითხე პროსპერს. - ოჰ, - მგზნებარედ შესძახა მან, - ვილჰელმს არ შეეძლო... - სიტყვის დასრულებაც კი ვერ შეძლო. ამ ჭაბუკური, სათნოებით აღსავსე აღშფოთების გამო ხელი ჩამოვართვი პროსპერს. - როცა გამოეღვიძა, ალბათ, შეძრწუნდა, თავგზა აებნა და გაიქცა. - და თქვენ არ გაგაღვიძათ? - წარმოვთქვი მე, - თუკი ფულის ყუთი არავის მოუპარავს, თქვენი დაცვა იოლია.      მან ერთბაშად ცრემლი გადმოაფრქვია. - დიახ, მე უდანაშაულო ვარ, - შეჰყვირა პროსპერმა, - არ მომიკლავს. ახლა სიზმარიც გამახსენდა. ჩემს კოლეჟელ ამხანაგებთან დაჭერობანას ვთამაშობდი. აბა, როგორ მოვჭრიდი კაცს თავს, თუკი სიზმარში ვხედავდი, რომ დაჭერობანას ვთამაშობდი.      ხანდახან იმედის შუქი ცოტაოდენ სიმშვიდეს უბრუნებდა და სულ მალე კვლავ სინდისის ქენჯნა ეუფლებოდა. დიაღაც, აღმართა ხელი მეფაბრიკის თავის მოსაკვეთად. საკუთარ თავს ბრალსა სდებდა და გული, სპეტაკი გული, ვეღარ ეპოვნა, რამეთუ გონებით მაინც ჩაიდინა ბოროტმოქმედება. - მერედა, რა კეთილი გული მაქვს! - გმინავდა იგი, - ოჰ, ჩემო საცოდავო დედავ! ვინ იცის, იქნებ ახლა თავის პაწია ხალიჩებიან სასტუმრო ოთახში მეზობლებთან იმპერიალს მხიარულად თამაშობს. ყურიც რომ მოჰკრას, მე მარტოოდენ ხელი აღვმართე კაცის მოსაკლავად... ოჰ, მაშინვე სულს განუტევებს! მე კი ციხეში ვზივარ და მკვლელობა მედება ბრალად. და თუ მეფაბრიკე არ მომიკლავს, დედაჩემს უეჭველად მოვკლავ.      ამ სიტყვებზე იგი აღარ ატირებულა, მაგრამ პიკარდიელებისათვის დამახასიათებელი ხანმოკლე და მძაფრი მრისხანებით შეპყრობილი კედელთან მიიჭრა და რომ არ შემეჩერებინა, თავს გაიხეთქავდა. - დაუცადეთ სასამართლოს, - ვაშოშმინებდი მას, - გაგამართლებენ. თქვენ ხომ უდანაშაულო ხართ, და დედათქვენი... - დედაჩემი... - წამოიყვირა მან, - დედაჩემს, უპირველეს ყოვლისა, ჩემს ბრალდებას შეატყობინებენ. პატარა ქალაქებში ასე იციან. საბრალო ქალი დარდით მოკვდება. თანაც მე ხომ უდანაშაულო არა ვარ, გსურთ გაიგოთ მთელი სიმართლე? ვგრძნობ, დავკარგე სინდისის სისპეტაკე.      წარმოთქვა ეს საზარელი სიტყვები, მერე ჩამოჯდა, გულხელი დაიკრიფა, თავი დახარა და იატაკს პირქუშად დააშტერდა. ამ დროს მედილეგე შემოვიდა და მთხოვა, საკანში დავბრუნებულიყავი. უსაზღვრო სასოწარკვეთილებით შეპყრობილი ამხანაგის მიტოვებამ გული დამწყვიტა, ძმურად გადავეხვიე და ვუთხარი: - მოითმინეთ, იქნებ ყველაფერი კეთილად დასრულდეს. თუკი პატიოსან ადამიანს შეუძლია დაგიყუჩოთ სინდისის ქენჯნა, გწამდეთ, რომ პატივისცემის გრძნობითა ვარ თქვენს მიმართ გამსჭვალული და მიყვარხართ კიდეც. მეგობრად მიგულეთ და ჰპოვეთ ჩემს გულში სიმშვიდე, თუ საკუთარ გულში ვერ გიპოვნიათ იგი.      მეორე დღეს, ცხრა საათზე, კაპრალი და ოთხი ჯარისკაცი უმცროსი ექიმის წასაყვანად გამოცხადდნენ. ჯარისკაცების ხმაურზე სარკმელთან მივედი. ახალგაზრდა კაცი ეზოში გამოვიდა და ჩემი საკნისკენ გამოიხედა. არასოდეს დამავიწყდება მისი მწუხარებითა და წინათგრძნობით გამსჭვალული, ბედს დამორჩილებული მზერა, მომხიბვლელად სევდიანი და მელანქოლიური. ეს გახლდათ მდუმარე და მრავლისმეტყველი ანდერძი ადამიანისა, თავის დაღუპულ სიცოცხლეს რომ გადასცემს უკანასკნელ მეგობარს. ალბათ, მეტად მძიმე იყო ეს ღამე პროსპერისათვის; ალბათ, მწარედ განიცდიდა მარტოობას. თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ მისი პირისახის სიფერმკრთალე, საკუთარი თავისადმი ახლად აღმოცენებული პატივისცემის გრძნობისგან წარმოშობილი, ჭაბუკის სტოიციზმის დამადასტურებელი იყო. იქნებ განიწმინდა იგი სინდისის ქენჯნით და გადაწყვიტა, ტანჯვითა და თავის შერცხვენით ჩამოერეცხა დანაშაული. მიდიოდა მტკიცე ნაბიჯით. შემთხვევით მოცხობილი სისხლის ლაქები დილითვე მოეშორებინა ხელებიდან. - ხელები, ღამით საბედისწეროდ ამომსვრია სისხლში, რადგანაც ძილში ძალიან ვბორგავ ხოლმე, - განწირული ხმით მითხრა მან წინა დღეს.      გავიგე, სამხედრო ტრიბუნალში მიჰყავდათ იგი. დივიზია მეორე დღეს უნდა დაძრულიყო ადგილიდან და ნახევარბრიგადის მეთაურს არ სურდა, ისე დაეტოვებინა ანდერნახი, რომ არ დაესაჯა დამნაშავე იქ, სადაც დანაშაული ჩაიდინა... სანამ სამხედრო საბჭო მიმდინარეობდა, ჩემს ღელვას საზღვარი არ ჰქონდა.      ნაშუადღევს პროსპერ მანიანი ციხეში დააბრუნეს. სწორედ ამ დროს გამოვყავდით სასეირნოდ. მან თვალი მომკრა, მომიახლოვდა და გულში ჩამეკონა. - დავიღუპე, - მითხრა პროსპერმა, - საბოლოოდ დავიღუპე! აქ ყველა მკვლელად ჩამთვლის.      თავი ამაყად ასწია ზევით. - ამ უსამართლობამ დამიბრუნა ჩემი სრული უდანაშაულობის გრძნობა. მთელი სიცოცხლე ტანჯვაში უნდა გამეტარებინა. სიკვდილი კი უებარი იქნება ჩემთვის. მაგრამ არსებობს კი მომავალი ცხოვრება?      ამ უცაბედად წამოჭრილ კითხვაში მთელი მეთვრამეტე საუკუნე გამომჟღავნდა.      იგი ჩაფიქრდა. - ბოლოს და ბოლოს, რა გკითხეს? - მივმართე მას, - ან რა უპასუხეთ? ხომ არ გადაუშალეთ ყველაფერი ისევე გულუბრყვილოდ, როგორც მე მომიყევით? ერთხანს დამაშტერდა; შემაძრწუნებელი დუმილის შემდეგ ციებცხელებიანივით, სხაპასხუპით მომიგო: - ჯერ შემეკითხნენ, ღამით სასტუმროდან ხომ არ გამოსულხართო? მე ვუპასუხე, დიახ-მეთქი. საიდან გამოხვედითო? გავწითლდი და ვუთხარი, ფანჯრიდან-მეთქი. მაშ, თქვენ ფანჯარა გააღეთო? - დიახ, ვუპასუხე. ძალიან ფრთხილად კი მოქცეულხართ, სასტუმროს პატრონს არაფერი გაუგონიაო. თავზარი დამეცა. მენავეებმა განაცხადეს, რომ დაინახეს, როგორ მივეშურებოდი ხან ანდერნახისკენ, ხან ტყისკენ. ბევრჯერ წავიდ-წამოვიდაო, თქვეს, მიწაში თუ ჩაფლა ოქრო და ბრილიანტებიო. თანაც, ვერც მეფაბრიკის ყუთი უპოვნიათ. ამასთან, მეც სულ საკუთარ სინდისს ვებრძოდი. ხმის ამოღებას დავაპირებდი თუ არა, „შენ დანაშაულის ჩადენა გსურდა“ - ჩამძახოდა ულმობელი ხმა. ყოველივე ჩემს წინააღმდეგ ამხედრდა, თვით მეც კი... ახლა ამხანაგზე ჩამომიგდეს სიტყვა. სრულიად ავუკრძალე მასზე ლაპარაკი. მაშინ მითხრეს: „დამნაშავე უნდა მოიძებნოს თქვენს, თქვენს ამხანაგსა, სასტუმროს პატრონსა და მის ცოლს შორის. ამ დილას ყველა ფანჯარა და კარი დაკეტილი აღმოჩნდა“. ხმა ჩამიწყდა, ძალა წამერთვა, ძლივსღა ვღაფავდი სულს. თანაც მეგობრისა საკუთარ თავზე მეტადა მწამდა და ბრალს ხომ ვერ დავდებდი. მივხვდი, მკვლელობის თანამოზიარეებად გვთვლიდნენ და მე, ჩემს მეგობარზე მოუხერხებლად მივაჩნდი. გადავწყვიტე, სამთვარეო სენით ამეხსნა დანაშაული და მეგობარი გამემართლებინა. რაღაცას ვჩმახავდი. დავიღუპე. მოსამართლეების თვალებში განაჩენი ამოვიკითხე. ისიც კი ვერ შეძლეს, უნდობლობის გამომხატველი ღიმილი არ გამოეჩინათ. ყველაფერი გათავდა. ხვალ დამხვრეტენ. ჩემს თავზე სულაც არ ვნაღვლობ. დედაჩემის ჯავრი მკლავს!      პროსპერი შეჩერდა. თვალი ცისკენ აღაპყრო. ცრემლი არ გადმოსცვივდა. ცრემლი გაშრობოდა და ქუთუთოები ძლიერად უთრთოდა. - ფრედერიკ!.. - ჰო, მართლა, მეორეს ფრედერიკი ერქვა, ფრედერიკი! დიახ, სწორედ ეს იყო მისი სახელი! - გამარჯვებული სახით შეჰყვირა ბატონმა ჰერმანმა.      მეზობელმა ქალმა ფეხი გამკრა და ტაიფერზე მანიშნა.      სურსათის ყოფილ მომწოდებელს, ვითომდაც არაფერიაო, თვალებზე აეფარებინა ხელი; მაგრამ ჩვენ თითქოს შევნიშნეთ, რომ თითებს შორის მისი თვალები პირქუშ ცეცხლს აფრქვევდნენ. - რა იქნება, -ჩამჩურჩულა ქალმა, - მაგას ფრედერიკი რომ ერქვას.      პასუხის ნაცვლად თვალით ვანიშნე: «სიჩუმე!»      ჰერმანმა განაგრძო: - ფრედერიკმა, - წამოიძახა უმცროსმა ექიმმა, - უსინდისოდ მიმატოვა. ალბათ, შეეშინდა. შესაძლებელია, სასტუმროში დაიმალა კიდეც. ჩვენი ცხენები ხომ ეზოში იყვნენ იმ დილას. რა მიუწვდომელი საიდუმლოებაა! - ცოტა ხნის სიჩუმის შემდეგ დასძინა მან, - სამთვარიო, სამთვარიო! ჩემს სიცოცხლეში ერთხელ მომიარა ამ სენმა და ისიც ექვსი წლის რომ ვიყავი, მაშინ. წავალ აქედან, - განაგრძო მან და მიწას დაჰკრა ფეხი, - წავიღებ კი თან ყველაფერს იმას, რასაც მეგობრობა მოგვიძღვნის ამქვეყნად? მეორედ მოვკვდები, თუ საეჭვოდ გამიხდება ძმობა, რაც ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო, გაგრძელდა კოლეჟში, ინსტიტუტში. სად არის ფრედერიკი?..      პროსპერი ატირდა. როგორც ხედავთ, ადამიანისთვის გრძნობა სიცოცხლეზე მეტად ძვირფასია. - წამო, - შევიდეთ საკანში, - მომმართა მან, - იქ მირჩევნია ყოფნა. არ მინდა ვინმემ დაინახოს, რომ ვტირი. სიკვდილს ვაჟკაცურად შევხვდები, მაგრამ უდროო დროს გმირობა არ ძალმიძს და თანაც, უნდა გამოგიტყდეთ, ჩემი სიჭაბუკე და ლამაზი სიცოცხლე მენანება. წუხელ თვალი არ მომიხუჭავს. ბავშვობის სურათები მელანდებოდა. დავინახე, როგორ დავრბოდი იმ ველებზე, რომელთა მოგონებებმაც, იქნებ, დამღუპა კიდეც. მომავალი მქონდა წინ გაშლილი, - შეწყვიტა მან თავისი მოგონებები, - ახლა კი... თორმეტი ჯარისკაცი... უმცროსი ლეიტენანტი ბრძანებს: თოფი მხარზე, დაუმიზნეთ, ცეცხლი! დოლები ახარხარდება და სამარცხვინო დასასრული!.. ესეც ჩემი მომავალი, ახლა! ოჰ! ალბათ, არსებობს ღმერთი, თორემ უამისოდ ხომ ყოველივე ეს უდიდესი სისულელე იქნებოდა.      იგი გადამეხვია და ღონივრად ჩამეხუტა. - ოჰ, თქვენ უკანასკნელი ადამიანი ხართ, ვისაც შემიძლია გადავუშალო გული. თქვენ გაგათავისუფლებენ! ნახავთ თქვენს დედას! არ ვიცი ღარიბი ხართ თუ მდიდარი, მაგრამ ეგ სულერთია. თქვენ ახლა ჩემთვის მთელი ქვეყანა ხართ. სულ ხომ ომი არ იქნება. იცით, რა! როცა მშვიდობა ჩამოვარდება, ბოვეში წადით. თუკი დედაჩემი გადაურჩება ჩემი სიკვდილის საბედისწერო ამბავს, ინახულეთ იგი და უთხარით ეს დამამშვიდებელი სიტყვები: იგი უდანაშაულო იყო! დედა დაგიჯერებთ, - განაგრძო პროსპერმა, - წერილსაც მივწერ, მაგრამ თქვენ ჩემს უკანასკნელ მზერას მიუტანთ. ეტყვით, რომ თქვენ იყავით უკანასკნელი ადამიანი, ვისაც მე გადავეხვიე. ოჰ! როგორ შეგიყვარებთ საცოდავი დედაკაცი თქვენ, ჩემს უკანასკნელ მეგობარს!      მოგონებათა ტვირთით გათანგული ცოტა ხანს გაჩუმდა და მერე განაგრძო: - აქ, მეთაურებიც და ჯარისკაცებიც ჩემთვის უცნობნი არიან. ყველას შიშს ვუნერგავ. თქვენ რომ არ შეგხვედროდით, ჩემი უდანაშაულობა საიდუმლოდ დარჩებოდა ჩემსა და ზეცას შორის.      შევფიცე, რომ უკანასკნელ სურვილს პირნათლად შევუსრულებდი. ჩემმა სიტყვებმა, გულითადმა მოპყრობამ ჭაბუკი მეტად ააღელვა.      მალე ჯარისკაცები მოვიდნენ და პროსპერი კვლავ სამხედრო ტრიბუნალში წაიყვანეს. მას დახვრეტა მიუსაჯეს.      არ ვიცი, ამ განაჩენის გამოტანისას რა ფორმალობას იცავდნენ, არც ის ვიცი, ახალგაზრდა ქირურგმა თავის დასაცავად ყველა კანონი თუ გამოიყენა. მხოლოდ ის იცოდა, მეორე დღეს დასახვრეტად რომ უნდა წაეყვანათ და მთელი ღამე დედასთან წერილის წერაში გაათია. - ორივე გავთავისუფლდით, - მითხრა მან ღიმილით, - გავიგე, გენერალს თქვენი შეწყალებისთვის ხელი მოუწერია.      დადუმებული შევცქეროდი ჭაბუკს, რათა ჩემს მეხსიერებაში მისი სახის ნაკვთები კარგად აღბეჭდილიყო. ერთბაშად სახეზე ზიზღი გამოეხატა და წარმოთქვა: - რა საცოდავი მშიშარა ვიყავი! მთელი ღამე პატიებას ვთხოვდი ამ კედელს, - და მან საკნის კედელზე მიმითითა, - დიახ, დიახ, სასოწარკვეთილებისგან ვღმუოდი, გულისწყრომას გამოვთქვამდი. გადავიტანე უსაშინელესი ზნეობრივი აგონია. მაშინ მარტო ვიყავი! ახლა კი ვფიქრობ, თუ რას იტყვიან სხვები... მხნეობა სამოსია, რაც უნდა გადავიცვა ახლა. საკადრისად უნდა შევხვდე სიკვდილს... ამიტომ...      ორი სამართალი - ოჰ, ნუ დაასრულებთ! - ნიურენბერგელს სიტყვა გააწყვეტინა იმ ყმაწვილმა ქალმა, რომელმაც თავდაპირველად სთხოვა, გვიამბეთ რამეო. - არ მსურს ვიცოდე, რა მოხდა ბოლოს. ჯობს მეგონოს, რომ იგი გადარჩა. ახლა რომ მითხრათ, დახვრიტესო, ამაღამ არ დამეძინება. დანარჩენს ხვალ მეტყვით.      სუფრიდან ავიშალეთ. ჩემს გვერდით მჯდომმა ქალბატონმა ბატონ ჰერმანს მკლავში ხელი გაუყარა და უთხრა: - იგი დახვრიტეს, ხომ? - დიახ, მე დავესწარი კიდეც მის დასჯას. - ნუთუ, ბატონო, - წარმოთქვა ქალმა, - ვერ შესძელით... - თვითონ მოისურვა, ქალბატონო. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელებაა მიჰყვებოდე ცოცხალი ადამიანის გასვენებას. თანაც იმ ადამიანისა, რომელიც გიყვარს და იცი, რომ უდანაშაულოდ დაიღუპა. საწყალ ბიჭს თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. გეგონებოდათ, მხოლოდ ჩემშიღა ცოცხლობდა. მე მინდაო, მეუბნებოდა, ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა დედაჩემს წაუღოთო. - მერე, ინახულეთ დედამისი? - ამიენის ზავის დადების შემდეგ საფრანგეთში ჩავედი, რათა მისთვის მეთქვა ეს მშვენიერი სიტყვები: «იგი უდანაშაულო იყო». რელიგიური სასოებით ვეწვიე იმ წმიდა ადგილს, მაგრამ ქალბატონი მანიანი მწუხარებისგან გარდაცვლილიყო. მისთვის ჩამოტანილი წერილი ღრმა სასოებით დავწვი. თქვენ, ალბათ, გაგეცინებათ ჩემს გერმანულ მგრძნობიარობაზე, მაგრამ მე უდიადესი მწუხარებით მოცულ დრამად მივიჩნევ იმ სამარადისო საიდუმლოებას, რის წიაღშიც ჩაიმარხა ერთი სამარიდან მეორეში გადაგზავნილი გამომშვიდობება და რაც არასოდეს სულიერ ქმნილებათა სმენას არ მისწვდება ისევე, როგორც ყვირილი უდაბნოში გზააბნეული მგზავრისა, ვისაც უეცრად თავს დაესხა ლომი. - ახლა თქვენ ამ დარბაზში რომელიმე სტუმრის წინ რომ დაგაყენონ და გითხრან, აი, მკვლელიო, ხომ არ იქნება ეს მეორე დრამა? - შეკითხვით სიტყვა გავაწყვეტინე ბატონ ჰერმანს, - მაშინ რაღას იტყოდით?      ბატონმა ჰერმანმა ქუდი აიღო და სახლიდან გავიდა. - პატარა ბიჭივით თავქარიანად იქცევით, - მომმართა მეზობელმა ქალმა, - აბა, შეხედეთ ტაიფერს! აგერ იქ! სავარძელში, ბუხრის კუთხესთან მადმუაზელ ფანი ფინჯნით ყავას აწვდის. ტაიფერი იღიმება. ამ ამბის მოსმენა მკვლელს ხომ ნამდვილ წამებას განაცდევინებდა და განა ეგრე მშვიდად იჯდებოდა? შეხედეთ, ხომ ნამდვილი პატრიარქალური გამომეტყველება აქვს? - დიახ, მაგრამ ერთი შეეკითხეთ, გერმანიაში ხომ არ უომნია? - წამოვიყვირე მე. - ვითომ, რატომ არ შევეკითხები?      და იმ გამბედაობით, რაც იშვიათად ღალატობს ქალს, თუკი იგი საქმით დაინტერესდება და მის გონებას ცნობისმოყვარეობა დაეუფლება, ჩემი მეზობელი სურსათის მიმწოდებელს მიუახლოვდა. - თქვენ ოდესმე ყოფილხართ გერმანიაში? - შეეკითხა იგი ტაიფერს.      ტაიფერს, ცოტა გაწყდა, ლამბაქი არ გაუვარდა ხელიდან. - მე, ქალბატონო? არა, არასოდეს... - რას ამბობ, ტაიფერ? - შეაწყვეტინა მას ბანკირმა, - განა ვაგრამის კამპანიის დროს შენ არ აწვდიდი ჯარს სურსათს? - ჰო, როგორ არა! - მიუგო ტაიფერმა, - მართლა, მაშინ კი ვიყავი. - სცდებით, ეს კეთილი ბერიკაცია, - მითხრა მეზობელმა ქალმა, როცა ჩემთან დაბრუნდა. - მაშ, კარგი! - წამოვიძახე, - სანამ ეს საღამო დასრულდებოდეს, მე გამოვაძევებ მკვლელს იმ წუმპედან, სადაც იგი ჩამძვრალა.      დღენიადაგ ჩვენს თვალთა წინ ხდება განსაცვიფრებელი სიღრმის მორალური მოვლენები, მაგრამ ისინი, ამავე დროს, იმდენად უბრალონი არიან, რომ ჩვენ ვერ ვამჩნევთ. თუ ერთ სალონში ორი კაცი ერთმანეთს შეხვდება, რომელთაგან ერთს უფლება აქვს ეზიზღებოდეს ან სძულდეს მეორე, რამეთუ გაგებული აქვს საიდუმლოებით მოცული, რაღაც სამარცხვინო ინტიმური და ფარული ქმედება მისი, აპირებს შურიც კი იძიოს ამ ადამიანზე; ეს ორი ადამიანი ერთმანეთს იცნობს და ითვალისწინებს იმ უფსკრულსაც, რაც მათ ამჟამად სთიშავს ან მომავალში გათიშავს. ისინი უნებლიედ უთვალთვალებენ ერთმანეთს, უკვირდებიან მათ გამოხედვასა და მიხვრა-მოხვრაში გამოსჭვივის მათი ფიქრთა გამოუცნობი ემანაცია და, თითქოს, ანდამატით არიან აღჭურვილნიო, ისე ელტვიან ერთურთს. არ ვიცი, რა უფრო ძლიერად იზიდავს: შურისძიება თუ ბოროტმოქმედება, სიძულვილი თუ შეურაცხყოფა. ვითარცა მღვდელი, ზვარაკი რომ ვერ შეუწირავს ბოროტი სულის თანდასწრებით, ასევე შებორკილი არიან ორთავენი, ერთმანეთში დაეჭვებულნი. ვერ გეტყვით რომელი, მაგრამ ერთი თავაზიანია, მეორე პირქუში: ერთი წითლდება ან ფითრდება, მეორე კანკალებს. ხშირად შურისმაძიებელი ისევე მშიშარაა, როგორც თვით მსხვერპლი. ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც ჰყოფნის ვაჟკაცობა ბოროტების ჩასადენად, თუნდაც საჭირო იყოს იგი. ბევრი, აყალმაყალისა თუ ტრაგიკული დასასრულის შიშით, დუმს ან მიუტევებს ცოდვებს.      ჩვენი სულისა და გრძნობათა ერთმანეთში შეჭრის შედეგად ჩემსა და სურსათის მიმწოდებელს შორის იდუმალი ბრძოლა გაჩაღდა. მას შემდეგ, რაც პირველად მივმართე ტაიფერს ბატონი ჰერმანის თხრობის დროს, იგი სულ თვალს მარიდებს. შესაძლებელია, ასევე არიდებდა პირს ყველა სტუმარს და ბანკირის ასულს, ცხოვრებაგამოუცდელ ფანის ესაუბრებოდა მხოლოდ. ალბათ, მასაც, როგორც ყველა ბოროტმოქმედს, სურდა სულის სიმშვიდე უმანკო ქმნილების გვერდით ეპოვნა. თუმც შორს ვიჯექი, მაინც ყურს ვუგდებდი და ჩემი გამსჭვალავი მზერა მას თილისმასავით ბოჭავდა. ხანდახან, როცა ეგონა, აღარ მიყურებსო, თვალთვალს მიწყებდა, მაგრამ წამსვე თვალს ვაგებებდი და იგი მაშინვე ქუთუთოებს ძირსა ხრიდა. ამგვარი წამებისაგან დაქანცული წამოდგა და ბანქოს სათამაშოდ ჩაჯდა. მის მოწინააღმდეგეს წილში შევუდექი და, ერთი სული მქონდა, ჩვენ წაგვეგო. სურვილი ამისრულდა. პარტნიორი ადგა. მისი ადგილი დავიჭირე და მკვლელის პირდაპირ აღმოვჩნდი... - ბატონო, - მივმართე მას, როცა იგი ქაღალდს არიგებდა, - იქნებ კეთილი ინებოთ და ანგარიში აურიოთ.      მან სასწრაფოდ გადაიტანა თავისი ჟეტონები მარცხნიდან მარჯვნივ. ჩემი მეზობელი ქალი გვერდით დამიდგა და მე მას მრავალმნიშვნელოვნად გადავხედე. - ბოდიში, თქვენა ბრძანდებით, - შევეკითხე სურსათის მიმწოდებელს, - ბატონი ფრედერიკ ტაიფერი, რომლის ოჯახსაც მე კარგად ვიცნობდი ბოვეში? - დიახ, ბატონო, - მომიგო მან.      ქაღალდები ხელიდან დასცვივდა, გაფითრდა, ხელები თავზე მიიდო, პარტნიორს სთხოვა თამაში გაეგრძელებინა და ადგა. - როგორ ცხელა აქ!.. - შეჰყვირა მან, - მეშინია...      სიტყვა არ დაასრულა. ერთბაშად სახე საშინლად დაემანჭა და მაშინვე ოთახიდან გავიდა. მას გაჰყვა მასპინძელი, აშკარად შეწუხებული ტაიფერის ცუდადმყოფობის გამო.      ჩემმა მეზობელმა ქალმა და მე ერთმანეთს გადავხედეთ. რა შევნიშნე, რომ იცოდეთ - ტაიფერს მწვავე სევდის ჩრდილი მოჰფენოდა სახეზე. თამაში წავაგე და მაგიდას მოვცილდი. ქალმა ფანჯარასთან მიმიყვანა და მითხრა: - განა ლმობიერია თქვენი საქციელი? ხომ არ გსურთ, ყველას გულთამხილველი გახდეთ? დეე, კაცისა ან ღვთის სამართალს დაესაჯა იგი. თუ ერთს დავაღწევთ თავს, მეორეს ხომ ვერსად წაუვალთ. ნუთუ ეგრე მომხიბვლელია მსაჯულთა სასამართლოს თავმჯდომარის პრივილეგია? თქვენ ხომ ლამის ჯალათის როლი იკისრეთ. - განა თქვენ თვითონ არ იზიარებდით და ხელს არ უწყობდით ჩემში აღძრულ ცნობისმოყვარეობას. ახლა კი ზნეობას მიქადაგებთ. - თქვენ მე ჩამაფიქრეთ, - მიპასუხა მან. - მაშ ასე, მშვიდობა არამზადებს, ომი - უბედურთ და გავაღმერთოთ ოქრო... მაგრამ მოდი, ამას თავი დავანებოთ, - დავძინე სიცილით, - გეთაყვა, ერთი შეხედეთ აი, იმ ნორჩ არსებას, ახლა რომ შემოდის სალონში. - მერე, რა იყო? - სამი დღის წინათ ნეაპოლის საელჩოში მეჯლისზე შევხვდი და გაგიჟებით შემიყვარდა. თუ ღმერთი გწამთ, გამაგებინეთ რა ჰქვია, ვერავინ შეძლო... - ეს გახლავთ მადმუაზელ ვიქტორინ ტაიფერ!      თავზარი დამეცა და ძლივსღა გავარჩიე ჩემი მეზობლის ხმა: - სულ ცოტა ხნის წინათ დედინაცვალმა გამოიყვანა მონასტრიდან, სადაც მოგვიანებით დაასრულა სწავლა. კარგა ხნის განმავლობაში, მამა არც სცნობდა მას. ამ ოჯახში პირველად იმყოფება. ძალიან ლამაზიც გახლავთ და ძალიან მდიდარიც.      ქალბატონმა ამ სიტყვებს გესლიანი ღიმილიც დააყოლა.      უცბად გაისმა ძლიერი, მაგრამ შეკავებული ყვირილი. იგი თითქოს მეზობელი სახლიდან მოდიოდა და ბაღამდე ძლივს აღწევდა. - ეს ხომ ბატონი ტაიფერის ხმაა? - შევძახე მე.      მთელი ყურადღება მივაპყარით ამ ხმას და მალე შემაზრზენმა კვნესამ ჩვენს ყურამდე მოაღწია. ბანკირის მეუღლემ სასწრაფოდ ჩვენთან მოირბინა და ფანჯარა მიხურა. - აურზაურს ნუ შევქმნით, - მოგვმართა მან, - ვაითუ, მადმუაზელ ტაიფერმა მამის ყვირილს მოჰკრას ყური და ნერვები აეშალოს.      ბანკირი სალონში შემოვიდა, ვიქტორინი მოძებნა და რაღაც ჩასჩურჩულა. ყმაწვილმა ქალმა შეჰკივლა, კარისკენ გაიქცა და გაუჩინარდა. ამ ამბავმა დიდი არევ-დარევა გამოიწვია. თამაში შეწყდა. ყველა თავის გვერდით მდგომს ეკითხებოდა, რა ხდებაო. ხმაური გაძლიერდა. სტუმრებმა ჯგუფ-ჯგუფად მოიყარეს თავი. - ბატონმა ტაიფერმა, იქნებ... - წამოვიწყე მე. - თავი მოიკლა? - წამოიძახა ჩემმა დამცინავმა მეზობელმა, - დარწმუნებული ვარ, მის გამო შავებს არ ჩაიცვამდით. - მაინც რა დაემართა? - საწყალი კაცი, - მომიგო დიასახლისმა, - რაღაც სენი სჭირს. ვერ იქნა და ვერ დავიხსომე მისი სახელწოდება. მერედა, რამდენჯერ მითხრა ბატონმა ბრუსონმა. აი, ახლაც მოუარა ამ სენმა. - რა ხასიათისაა ეგ ავადმყოფობა? - იკითხა უცბად აქ სტუმრად მყოფმა გამომძიებელმა. - ოჰ, შემაძრწუნებელი სენია, ბატონო, - მოახსენა დიასახლისმა, - ექიმებმა არ იციან მისი წამალი. უდიდეს ტანჯვას კი უნდა აყენებდეს ავადმყოფს. ერთხელ ბატონი ტაიფერი ჩემს მამულში მყავდა სტუმრად. ისეთი შეტევა დაემართა, რომ იძულებული გავხდი მეზობელთან გავქცეულიყავი, ოღონდ კი მისი კივილი არ გამეგონა. საშინლად ყვირის და თავის მოკვლას ლამობს. მისი ქალიშვილი იძულებული ხდება, საწოლზე მიაბას მამა და შეშლილთა პერანგი გადააცვას. ეს კაცი ირწმუნება, თავში რაღაც ცხოველები მისხედან, ტვინს მიღრღნიან, მიწიწკნიან, მიხერხავენ და თითოეულ ნერვს საშინლად მიფლეთენო. თავი ისე სტკიოდა, რომ ერთხანს კანს უწვავდნენ, რათა მისი ყურადღება სხვა ტკივილზე გადაეტანათ, მაგრამ კანის დაწვასაც ვერა გრძნობდა. შემდეგ, ბატონი ბრუსონი აიყვანეს ექიმად და მან კანის ამოწვა აუკრძალა, რადგანაც მიაჩნია, რომ ეს ნერვული დაავადებაა, ნერვების ანთება. საჭიროა კისერზე წურბელები მოჰკიდონ, ხოლო თავზე ოპიუმი დაადონ. მართლაც, ახლა შეტევები იშვიათად უმეორდება, წელიწადში ერთხელ თუ მოუვლის, შემოდგომის მიწურულს. როცა გამობრუნდება, სულ იმას ამბობს, მირჩევნია ტანზე ბორბლები გადამატარონ, ვიდრე ასეთი ტკივილი კვლავ განვიცადოო. - ჰო, მართლაც ძალიან დიდი ტკივილი ჰქონია, - კვერი დაუკრა სალონური ენამოსწრებულობით ცნობილმა ბირჟის მაკლერმა. - რომ იცოდეთ, - განაგრძო დიასახლისმა, - შარშან კინაღამ დაიღუპა. თავის მამულში წასულიყო რაღაც სასწრაფო საქმეზე. როგორც ჩანს, მშველელი არავინ ჰყოლია და მთელი ერთი დღე და ღამე მკვდარივით გაშეშებული წოლილა. ცხელმა აბაზანამ გადაარჩინა. - ეს, რაღაც, ტეტანოსის მსგავსია, არა? - იკითხა ბირჟის მაკლერმა. - რა მოგახსენოთ, - უპასუხა დიასახლისმა, - უკვე ოცდაათი წელია ამ ავადმყოფობით იტანჯება. როგორც თვითონ ამბობს, ჯარში ყოფნისას ნავში ჩავარდნილა და თავში დიდი ხიჭვი შერჭობია. ბრუსონს იმედი აქვს მისი განკურნებისა. ამბობენ, ინგლისელები ამ სენს ციანის კალიუმით არჩენენო, იმგვარად, რომ ეს საწამლავი საფრთხეს არ წარმოადგენსო.      ამ დროს წინანდელზე უფრო გამყინავი ღრიალი გაისმა და ჩვენ შიშისგან გავშეშდით. - ხომ ხედავთ! აი, რას ვისმენდი ყოველ წუთს, - განაგრძო ბანკირის მეუღლემ, - სკამზე რომ ვიჯექი, მაღლა შემახტუნებდა ხოლმე და ნერვებს მიშლიდა. განსაცვიფრებელია პირდაპირ! საცოდავი ტაიფერი ხომ წარმოუდგენელი ტკივილებისგან იტანჯება, მაგრამ სიკვდილის საშიშროება არ ემუქრება. საშინელი წამების დროს, დაუდგება თუ არა ხანმოკლე შესვენების წამი, ჭამს და სვამს ჩვეულებრივად (რა უცნაურია ბუნება!) ვიღაც გერმანელმა ექიმმა უთხრა, ეს ერთგვარი თავის პადაგრააო, რაც თითქმის ემთხვევა კიდეც ბრუსონის მოსაზრებას.      დიასახლისის გარშემო მდგომ სტუმრებს გავშორდი და გავყევი მადმუაზელ ტაიფერს, რომელიც მსახურმა გაიხმო. - ოჰ, ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! ნეტავ რა დანაშაული მიუძღვის მამაჩემს მამა-ზეციერის წინაშე, რომ ასეთი ტანჯვა დაიმსახურა? მერე, რა კეთილი გული აქვს!      ქალი კიბეზე ჩამოვაცილე და ეტლში ასვლა ვუშველე. ეტლში მამამისს მოვკარი თვალი, ორად მოხრილიყო. მადმუაზელ ტაიფერი ცდილობდა, მამის გმინვა ჩაეხშო. პირზე ცხვირსახოცს აფარებდა. საუბედუროდ, ბატონმა ტაიფერმა შემნიშნა: სახე უფრო დაემანჭა, ჰაერში გაიფანტა მისი გააფთრებული კივილი, ერთი მძვინვარედ გადმომხედა და ეტლიც დაიძრა.      ამ საღამომ, ამ სადილმა, მწარე გავლენა მოახდინეს ჩემს ცხოვრებასა და გრძნობებზე. მე შემიყვარდა ტაიფერის ასული. იქნებ სწორედ იმიტომაც, რომ სინდისი და პატიოსნება მიკრძალავდა დავკავშირებოდი მკვლელს, რაც უნდა კარგი მამა და კარგი მეუღლე ყოფილიყო იგი. იდუმალი ბედისწერა მიზიდავდა იმ ოჯახებისკენ, სადაც ვიცოდი, შევხვდებოდი ვიქტორინს. ხშირად საკუთარ თავს პატიოსან სიტყვას ვაძლევდი, მას აღარასოდეს ვნახავ-მეთქი, მაგრამ იმავე საღამოს მის გვერდით აღმოვჩნდებოდი და უსაზღვროდ ბედნიერიც ვიყავი. ჩემი კანონიერი სიყვარული ქიმერიული სინდისის ქენჯნით შეპყრობილი, დანაშაულებრივი ვნების ელფერს ატარებდა. მეზიზღებოდა ჩემი თავი, როცა ვესალმებოდი ტაიფერს, - იგი ხანდახან თავის ასულთან ერთად მხვდებოდა, - და მაინც ვესალმებოდი! თანაც, საუბედუროდ, ვიქტორინი მარტოოდენ ლამაზი გოგონა როდი გახლავთ, იგი განათლებულიცაა, ნიჭიერიც და თავაზიანიც. პედანტობისა და მანჭიობის ნატამალიც კი არ გააჩნია. საუბარში თავდაჭერილობას იჩენს და მის ხასიათს ისეთი მელანქოლიური სინაზე აცისკროვნებს, რომ შეუძლებელია არ დაემორჩილო.      მადმუაზელ ტაიფერს მე ვუყვარვარ, ყოველ შემთხვევაში ნებას მაძლევს, ასე ვიფიქრო. რაღაც განსაკუთრებული ღიმილი უმშვენებს ბაგეს და ამ ღიმილს მარტო მე მიძღვნის. ხმას ჩემთან უფრო მეტად დაიტკბობს ხოლმე. ოჰ! ვუყვარვარ! მაგრამ იგი აღმერთებს მამას; ჩემს წინაშე ხოტბას ასხამს მის გულკეთილობას, თბილ და ნატიფ ხასიათს. ეს ხოტბა კი ხანჯალია, რასაც მადმუაზელ ტაიფერი გულში მიყრის.      ერთ დღეს, ცოტა გაწყდა, თანაზიარი გავხვდი იმ ბოროტმოქმედებისა, რაზედაც ტაიფერის ოჯახის სიმდიდრეა დამყარებული. ვიქტორინის ხელის თხოვნა განვიზრახე და გავიქეცი, ვიმოგზაურე. მოვიარე გერმანია, ანდერნახი. მაინც დავბრუნდი. ვიქტორინს ფერი დაჰკარგოდა, გამხდარიყო! ჯანმრთელი და მხიარული რომ დამხვედროდა, გადავრჩებოდი. გრძნობა უჩვეულო სიძლიერით ამიგიზგიზდა გულში. შემეშინდა, ყოყმანი მანიად არ გადამქცეოდა, ამიტომაც გადავწყვიტე, მომეწვია პატიოსან ადამიანთა სინედრიონი, რათა შუქი მომეფინა ამ მაღალზნეობრივი და ფილოსოფიური საკითხისათვის. მით უმეტეს, რომ ჩემი დაბრუნების შემდეგ საქმე უფრო მეტად გართულდა.      ამგვარად, გუშინწინ, თავი მოვუყარე იმ მეგობრებს, რომელთაც ყველაზე სინდისიერ, თავაზიან და წესიერ კაცებად მივიჩნევ: დავპატიჟე ორი ინგლისელი, ერთი საელჩოს მდივანი და ერთი პურიტანელი. ერთი პოლიტიკურად მომწიფებული პიროვნება, ყოფილი მინისტრი; რამდენიმე ჯერ კიდევ უმანკოების თილისმით მოჯადოებული ახალგაზრდა; ერთი მღვდელი, ერთი მოხუცი. არც ჩემი ყოფილი მეურვე დამვიწყებია - ეს გულუბრყვილო ადამიანი, რომელმაც ისეთი ყოვლად პატიოსანი სამეურვეო ანგარიში წარმომიდგინა, რომ დღესაც ვერ დაუვიწყებიათ სამეურვეო საბჭოში; ერთიც ადვოკატი, ნოტარიუსი და მოსამართლე. ერთი სიტყვით, საზოგადოებრივი აზრისა და პრაქტიკული კეთილგონიერების ყველა განმასახიერებელნი. ჯერ ერთი, გემრიელად ვისადილეთ, ლაპარაკით და ყვირილით გული ვიჯერეთ, შემდეგ, როცა ჩაროზი გაჩნდა სუფრაზე, მათ გულწრფელად გადავუშალე ჩემი თავგადასავალი ისე, რომ სატრფოს ვინაობა არ გამოვამჟღავნე, და კეთილი რჩევა ვთხოვე. - მეგობრებო, გთხოვთ მირჩიოთ რამე, - განვუცხადე ბოლოს, - ნუ აჩქარდებით, ყოველმხრივ აწონ-დაწონეთ ეს საკითხი, თითქოს საქმე რომელიმე კანონის პროექტს ეხებოდეს. ურნასა და ბილიარდის ბურთებს მოგიტანენ და ხმა მიეცით ჩემს ქორწინებას ფარული კენჭისყრის ყველა წესის დაცვით. უმალ ღრმა სიჩუმე გამეფდა. ნოტარიუსმა თავის თავზე აცილება შეიტანა. - საქმეში ხომ ქორწინების კონტრაქტია გარეული, - შენიშნა მან.      ჩემს მეურვეს ღვინო ბლომად ეყლაპა. დადუმებული იჯდა და თავად ესაჭიროებოდა ზრუნვა, რომ შინ დაბრუნებისას რაიმე ხიფათს არ გადაჰყროდა. - გასაგებია, - შევყვირე მე - თუ არ გამოთქვამთ აზრს, ამით უფრო ხაზგასმით მიმითითებთ, როგორ უნდა მოვიქცე.      სტუმრები აიშალნენ.      ერთმა ბინათმფლობელმა, რომელმაც თანხა შესწირა გენერალ ფუას ძეგლის ასაგებად და მისი შვილების დასახმარებლად, წამოიძახა: - ბოროტმოქმედება, მსგავსად სათნოებისა, სხვადასხვა ხასიათისაა! - ყბედი! - იდაყვი გამკრა და ჩამჩურჩულა ყოფილმა მინისტრმა. - მერედა, რა გაბრკოლებთ? - შემეკითხა ერთი დუკა, რომლის სიმდიდრე შედგებოდა ნანტის ედიქტის გაუქმების შემდეგ ურჩი პროტესტანტების კონფისკაციაში მოხვედრილი მამულებისგან.      წამოდგა ადვოკატი. - ჩვენს მიერ განხილული საკითხი იურისპრუდენციაში არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს! ბატონი დუკა მართალსა ბრძანებს! - შესძახა კანონის დამცველმა, - ხომ არსებობს ხანდაზმულობის ვადა! სად წაგვიყვანდა ყოველგვარ სიმდიდრეთა სათავეების ქექვა? ეს უკვე სინდისის საქმეა. თუ მაინცდამაინც აგიჩემებიათ სამსჯავროს წარუდგეთ ამ საქმით, მიმართეთ ცის სამართალს, მოინანიეთ ცოდვანი თქვენნი.      კანონის ხორცშესხმული კოდექსი გაჩუმდა, დაბრძანდა და ერთი ჭიქა შამპანური შესვა. წამოდგა კაცი, მოწოდებული სახარების ქადაგებისთვის, ტკბილი მოძღვარი. - მეტისმეტად სუსტნი მოგვავლინა ამ ქვეყნად ღმერთმა, - მტკიცედ ბრძანა მან, - თუ თქვენ ეტრფით ბოროტმოქმედის ასულს, შეირთეთ იგი, მაგრამ იკმარეთ დედისეული ქონება მისი, ხოლო მამის სიმდიდრე მიეცით ღატაკთ. - ვაითუ, - ხმა აიმაღლა ერთმა კამათის ულმობელმა მოყვარულმა, რომლის მსგავსთ ხშირად ვხვდებით საზოგადოებაში, - მამა სარფიანად იმიტომ დაქორწინდა, რომ თავად იყო მდიდარი. ამ ადამიანის სულ პაწაწა ბედნიერებაც კი, განა ყოველთვის ბოროტმოქმედების ნაყოფს არ წარმოდგენდა? - თვით ეს კამათი თავისთავად უკვე განაჩენია! არის ზოგი რამ ისეთი, რაზედაც არ მსჯელობენ, - წამოისროლა ჩემმა ყოფილმა მეურვემ, ვისაც ეგონა შეზარხოშებული ადამიანის წარმოთქმული სიტყვით შეკრებილ საზოგადოებას გონებას გაუნათებდა. - დიახ! - კვერი დაუკრა საელჩოს მდივანმა. - დიახ! - შესძახა მღვდელმა.      ამ ორ ადამიანს ერთმანეთის არა გაეგებოდათ რა. წამოდგა დოქტრინერი, რომელსაც არჩევნებში მხოლოდ ორმოცდაათი ხმა დააკლდა ასორმოცდათხუთმეტ ამომრჩეველთა შორის. - ბატონებო, ეს ინტელექტუალური ბუნების ფენომენალური შემთხვევაა, რაც აშკარად სცილდება ჩვენი საზოგადოების ნორმალური მდგომარეობის საზღვრებს, - განაცხადა მან, - ამიტომაც გადაწყვეტილება, რისი მიღებაც ჩვენ გვმართებს, არ უნდა წარმოადგენდეს ჩვენი აზროვნების წინასწარგანზრახულ ფაქტს; იგი უნდა იყოს უცაბედი, ჭკუის სასწავლებელი მოსაზრება; შემეცნების წამიერი აღქმა, რაც თითქმის მიემსგავსება გრძნობათა და გემოვნებათა გასხივოსნებას. დავიწყოთ კენჭისყრა! - ვუყაროთ კენჭი! - შესძახეს სტუმრებმა.      მოვატანინე თითოეულისთვის ორი ბურთი; ერთი თეთრი, მეორე - წითელი. თეთრი - უბიწოების სიმბოლო, ქორწინების აკრძალვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, წითელი კი - მისი დაშვებისა. რაკი უხერხულად მივიჩნიე, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განვაცხადე.      ჩვიდმეტი მეგობარი მყავდა სტუმრად. ცხრა აბსოლუტურ უმრავლესობას ქმნიდა. თითოეულს ბურთი უნდა ჩაეგდო წნორისგან მოწნულ ვიწროყელიან კალათში, საიდანაც ბილიარდის მოთამაშენი თამაშის რიგის დასადგენად იღებენ დანომრილ ბურთებს. ყველა ძლიერმა ცნობისმოყვარეობის გრძნობამ შეგვიპყრო, რადგან მეტად უცნაური გახლდათ ამ წმინდა ზნეობრივი საკითხის კენჭისყრით გადაწყვეტა. ხმის დათვლისას აღმოჩნდა ცხრა თეთრი ბურთი! შედეგი არ გამკვირვებია; მაგრამ დავითვალე კი ჩემი კბილა ახალგაზრდები, რომელნიც ჩემს მსაჯულთა შორის იმყოფებოდნენ. ეს კაზუისტები ცხრანი იყვნენ და ყველანი ერთი აზრით გამსჭვალულნი.      «ოჰ! ოჰ! - წარმოვთქვი გულში, საიდუმლო ერთსულოვნებაა, როგორც ჩემი ქორწინების სასარგებლოდ, ისევე მის წინააღმდეგ! როგორ დავაღწიო თავი ამ უხერხულ მდგომარეობას?» - სად ცხოვრობს სასიმამრო? - დაუფიქრებლად იკითხა სხვებზე ნაკლებად თავდაჭერილმა ჩემმა კოლეჟელმა ამხანაგმა. - სიმამრი აღარ არსებობს! - წამოვიძახე მე, - წინათ ჩემი სინდისი ისე აშკარად მესიტყვებოდა, რომ თქვენი განაჩენი არ მჭირდებოდა. და თუ დღეს მისი ხმა მისუსტდა, აი, მიზეზი ჩემი სულმოკლეობისა. ორი თვეა, რაც ეს მაცთური წერილი მივიღე.      საფულედან მოპატიჟების ბარათი ამოვიღე და ვუჩვენე მათ.      ბატონ... მოწყალეო ხელმწიფევ!      გთხოვთ დაესწროთ გასვენებას, წირვასა და დასაფლავებას „ტაიფერისა და კომპანიის“ მეთაურის, სურსათის ყოფილი მიმწოდებლის, სიცოცხლეში საპატიო ლეგიონისა და ოქროს დეზის კავალერის, პარიზის ნაციონალური გვარდიის მეორე ლეგიონის გრენადერთა კაპიტნის, ბატონ ჟან-ფრედერიკ ტაიფერისა, რომელიც გარდაიცვალა მაისის პირველს, თავის სასახლეში ჟუმერის ქუჩაზე. დაკრძალვა მოხდება.. და სხვ.      ...სახელით და სხვა». - როგორ მოვიქცე ახლა? - საკითხს მეტად ფართოდა ვსვამ. რაღა თქმა უნდა, რომ მადმუაზელ ტაიფერის მამულებში სისხლის მორევი დგას, და მამამისის მემკვიდრეობა ნამდვილი «აცელდამაა». ეს მე ვიცი. მაგრამ პროსპერ მანიანს მემკვიდრეები არ დაუტოვებია. ვერც ანდერნახში მოკლული ნემსების მეფაბრიკის ოჯახის პოვნა შევძელი. ვის, ვის გადავცე ქონება? და თუ გადავცემ, მთელი ქონება უნდა გადავცე? მაქვს კი უფლება, შემთხვევით გაგებული საიდუმლოება გავამჟღავნო და უმანკო გოგონას მზითევს მოკვეთილი თავი მივუმატო? მივაღწიო იმას, რომ იგი ცუდ სიზმრებსა ხედავდეს და დავაკარგვინო მშვენიერი ილუზია, მეორეჯერ მოვუკლა მამა სიტყვებით: «ყოველი თქვენი ეკიუ სისხლშია ამოსვრილი!»      ეკლესიის ერთი ხანდაზმული მსახურისგან ვითხოვე «სინდისის საკითხთა ლექსიკონი» და იქ ჩემი ეჭვების განმარტება ვერ ვიპოვნე. პროსპერ მანიანის, ვალენფერისა და ტაიფერის სულის საცხონებლად ავაგო ეკლესია? ჩვენ ხომ XIX საუკუნეში ვცხოვრობთ. ავაშენო თავშესაფარი, თუ დავაწესო ჯილდო სათნოებისთვის? სათნოების ჯილდოს გაიძვერებს მისცემენ. თავშესაფრები კი დღეს, როგორც ვხედავ, ბიწიერების ბუდედ გადაქცეულა! და განა შეიძლება ამ ბოროტმოქმედების იმით გამოსყიდვა, რომ დანაშაულით შეძენილი ქონება პატივმოყვარე მიზნების განხორციელებას მოხმარდეს? მერე, ვალდებული ვარ, ასე მოვიქცე? მე ხომ მიყვარს ეს ქალი და მიყვარს თავდავიწყებით. ჩემი სიყვარული სიცოცხლეა ჩემი! და ფუფუნებას, კოხტაობას, ხელოვნებისგან მიღებული სიამოვნებით სავსე ცხოვრებას მიჩვეულ ყმაწვილ გოგონას, ვისაც უყვარს ბუფონში როსინის მუსიკის ნებივრად მოსმენა, რომ შევთავაზო, ყოველწლიურად ათას ხუთასი ათასი ფრანკი შესწიროს გამოტვინებულ ბებრუცუნებსა და ქეციან მატანტალებს, იგი სიცილით ზურგს შემაქცევს, ხოლო მისი კომპანიონი ქალი კი ბოროტ ხუმარად ჩამთვლის. თუ ტრფობის თავდავიწყებაში ყოფნისას მე მას შევუქებ სადა ცხოვრების სილამაზეს, ჩემს პაწია სახლს ლუარის ნაპირას და შევეხვეწები ჩვენს სიყვარულს პარიზული ცხოვრება მსხვერპლად მოუტანოს, ეს ხომ, უპირველეს ყოვლისა, იქნება კეთილშობილი ტყუილი და თან, ვაითუ, სამწუხარო ექსპერიმენტი გამოდგეს და დამეკარგოს გული ნორჩი ასულისა, ვისაც ძალიან მოსწონს მეჯლისები, გაგიჟებით უყვარს თვალ-მარგალიტი და, ჯერჯერობით, მეც. მას მომტაცებს ტანწერწეტა, მორთულ-მოკაზმული, აბზეკილულვაშებიანი ოფიცერი, რომელიც დაუკრავს პიანინოზე, ხოტბას შეასხამს ბაირონს და კოხტად შესკუპდება ცხენზე. როგორ მოვიქცე? ბატონებო, შემიწყალეთ, მომეცით რჩევა!..      ჯენი დინსის მამის მსგავსმა პურიტანელი გემოვნების მქონე პატიოსანმა კაცმა, რომელიც მე უკვე ვახსენე, და რომელსაც აქამდე ერთი სიტყვაც კი არ წამოსცდენია, მხრები აიჩეჩა და განმიცხადა: - შე სულელო, ნეტავ რა გრჯიდა, რომ ეკითხებოდი, ბოვედან იყო თუ არა? პარიზი, მაისი, 1831 წელი. …
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 5:04pm on თებერვალი 28, 2015
თემა: ლუკა და ძმები
სოფელში იყო მასწავლებლად, ერწოზე.    იქ ნადირი ბევრი იყო და ვაჟაც ხშირად დადიოდა სანადიროდ, მაგრამ მალევე დაატყო, რომ გარშემო ბევრი იხვი იყო და ნადირზე სიარულიც დაეზარა, სოფელშივე ხოცავდა იხვებს. ვაჟა-ფშაველა - ლუკა რაზიკაშვილი - მთიელი გლეხი იყო და მთიელი გლეხის ცხოვრება კი მძიმე ცხოვრება იყო.    იმავე დროს მისი ცხოვრება შეურიგებელი კაცის ცხოვრებაც იყო და იმასთან ერთად კი - ლიტერატურის გენიოსის ცხოვრებაც. ვაჟამ ისე იცხოვრა, თავის სიმართლეს ძნელად თუ გადავიდოდა ხოლმე, თვით ძალიან პატარა და ერთი შეხედვით უმნიშვნელო ამბებშიც კი. ასეთი კაცი იყო და ასე მოსდგამდა.    რაზიკაშვილები შეუპოვრები და უტეხები იყვნენ, თან კიდევ ლაღები. მისმა ძმამ, მშვენიერმა პოეტმა ბაჩანამ, თავისი წაწალი, მარიამი შეირთო ცოლად და ამით ადათი დაარღვია. მეორე ძმა, თედო, საუცხოო საბავშვო მწერალი, უკვე ასაკოვანი, სოფელში ატეხილი დავის მსხვერპლი შეიქნა. მამამისის, პავლე მღვდლის ცხოვრებაც ბიჭობიდანვე აღმა ხვნა იყო: მოინდომა და მაინც გახდა მღვდელი.    ვაჟა-ფშაველა პროფესიით სოფლის მასწავლებელი იყო. ამ პროფესიას ხელმოკლე კაცი კარგად გამოიყენებდა, მაგრამ ვაჟამ ორგან იმუშავა მასწავლებლად, ერწოზე და სოფელ თონეთში, მერე ამ ხელობას აღარ გაჰყოლია. მასწავლებლობის წლების წერილებში, მომჩივანნი მას ნამდვილ ნიჰილისტად და სახელმწიფოს მტრად მოიხსენიებენ. ორივე სამუშაო ადგილას ვაჟას დიდი მტრობა ჰქონდა სოფლელ ბობოლებთან - თავადებთან, მამასახლისებთან, თან მღვდლებთანაც.    პირადად მისთვის ეს კონფლიქტები არაფრის მომტანი არ იყო, მაგრამ ასეთი კაცი იყო - თავისას არ გადავიდოდა. გლეხების გონზე მოყვანას ცდილობდა, ეუბნებოდა, გატყუებენო. უკან ვერ დაახევინებდი. ერთხელ ეკლესიის კედელთან სამიზნეც კი გამართა და სროლა დაუწყო: მღვდელს ებრძოდა, მამასახლისის ცოლისძმაა და სოფელს თავზე აზიანო. შემოწმება შემოწმებაზე მოდიოდა თბილისიდან.    ტოლათსოფელში თბილისიდან მოვლენილი ინსპექტორი დარსკი კლასში არ შეუშვა, გარეთ დაუდგა სკამი, აქედან მისმინეო.    იქ მამამისი, პავლე მღვდელი იყო მაშინ სტუმრად და დარსკიმ სწორედ პავლესთან მოახერხა შეხვედრა და უთხრა: შემიშვას, მისთვის უფრო ცუდია, არაფერს დავაშავებო.    ინსპექტორი რომ გაკვეთილზე შევიდა, ჰაერში რაღაც ასო მოხაზა თითით, ბავშვი წამოაყენა და აბა, რა ასო დავწერეო. ბავშვი ვერ მიუხვდა, ვაჟამ კი თვითონაც მოხაზა ჰაერში რაღაცეები და დარსკის ჰკითხა, აბა, რა გითხარიო. ისიც რას ამოიცნობდა.    ოთხ წელიწადს იყო მასწავლებლად და მერე, როცა დაოჯახებული საბოლოოდ დაბრუნდა ჩარგალში, იქაც კი სულ ასეთ წვრილ, ყოფით კონფლიქტებში იყო ჩართული და ეს ძალიან უმწარებდა სიცოცხლეს. თამამი იყო. რუსეთის პირველი რევოლუცია რომ დაიწყო, ვაჟამ ეს საქართველოსთვის ბრძოლის დასაწყისად აღიქვა. დაადგა თურმე ჩარგლელ მღვდელს, გიგო სონღულაშვილს, და უთხრა: აბა, მღვდელო, წამოიღე შენი ჯვარი და წამომყევი, მთელი სოფლები უნდა დავიაროთ, ხალხი ერთგულებაზე უნდა დავაფიცო და მამასახლისებს ჯინჯილები ავყაროო. გიგო მღვდელს უთქვამს: რას ამბობ, ციმბირს იქით გაგვიშვებენო.    ვაჟამ მათრახის მოღერება იცოდა: ციმბირამდე ვინ მიგიშვებს, აქავე მიგასაკლავებო, და ასე წაუყვანია. წაუყვანია და ბლომად უვლიათ, აფიცებდა ხალხს საქართველოს ერთგულებაზე. მერე, სახლში რომ ჩამოსულა, ცოლისთვის მიუყრია მამასახლისებისთვის ართმეული ჯინჯილები, მძივები გაიკეთეო. შიში არა ჰქონდა. ერთი ამხანაგი ჰყავდა - პრისტავი ოზიაშვილი. ხან კარგად იყვნენ ერთმანეთში, ხან - ცუდად. ვაჟა აუხირდებოდა ხოლმე ისევ და ისევ სამართლიანობის გამო და ერთხელ ეპოლეტებიც კი დაახია, მედლები ჩამოაგლიჯა. თონეთში ბავშვებს ხელმწიფე-იმპერატორის სურათი დაახევინაო, საჩივარში ეწერა, ეგ როგორი მასწავლებელი უნდა იყოსო. ასეთი კაცი იყო, ხელისუფლების არ ეშინოდა და არც მისი პატივისცემა ჰქონია ოდესმე. ვინმესთვის რაიმეს თხოვნა ხომ წარმოუდგენლად მიაჩნდა. მისმა ვაჟმა ლევანმა რომ სათავადაზნაურო გიმნაზია დაამთავრა, ძმები ეუბნებოდნენ, ბიჭო, ნახევარი წელიწადია უსაქმოდ დადის და რა გაგიჭირდა, ვინმეს რამე ადგილი რომ სთხოვო მისთვისო. ოჯახის გულისთვის არავის არაფერს სთხოვდა. თავისი უტეხობით რასაც მიაღწევდა, ის იყო. სანანებელი დაურჩა: ლევანი უნივერსიტეტში ვერ წავიდა. ქალიშვილზე ამბობდა, თამარზე, ვერ გავწვდი და ამ გოგოს ვერ ვასწავლე, სულ მე მგავს, ცოდოა ასეო.    არსებობს ჟანდარმერიის საბუთები რევოლუციის დროისა. იქ აღწერილია მისი ხასიათი და გავლენა ფშავში. ამ ქაღალდების მიხედვით, ინტრიგის მონაწილეა: ყველანაირად ცდილობს, ძლიერი პრისტავი, გვარად ჯანდიერი, როგორმე მოაშოროს თანამდებობას და თავისი ახლობელი და მეგობარი და თავისი ავტორიტეტის ჩრდილქვეშ მყოფი ოზიაშვილი გაიყვანოსო. მოუხერხებია, როგორც ამბობენ. ერთი მრავალწლიანი დავა ჰქონდა მიწის ნაკვეთის გამო. ლექსი „არწივი“ სწორედ ამ კონფლიქტის შედეგიაო, ძველები იხსენებენ. მისი სახლის შორიახლოს იყო ეს მიწის ნაკვეთი და ტყისპირი, რომელსაც სულ რაზიკაშვილები ამუშავებდნენ და მერე გამორკვეულა, რომ სახელმწიფოს მიწა ყოფილა და ტყისმცველებმაც მოუხშირეს იქით სიარულს. ღობეს მოუნგრევდნენ ხოლმე. ვაჟას პასუხი ერთი ჰქონდა - პირდაპირ სახლიდან ესროდა ხოლმე თოფს შესაშინებლად.    ამის მსგავსი ამბავია, ბაჩანას რომ შეემთხვა კახეთში. ვეჯინში რომ მასწავლებლობდა, იქ სკოლის მეთვალყურესთან, თავად ანდრონიკაშვილთან მოუხდა დავა: ეს თავადები უსაქმურები არიან და სკოლას არაფერს უკეთებენო. იქვე იყო ერთი სოსო აბაშიძე, თავადიშვილი, ოფიცერი და ანდრონიკაშვილის მეგობარი და ერთხელ ქორწილში მიეპარა ბაჩანას უკნიდან და დასცა ხანჯალი. მძიმე ჭრილობა ჰქონდა, მთელი ხელის სიღრმეზე იყო ჩასული ბეჭში ხანჯალიო. მეორე დღეს უკვე შეშინებულმა აბაშიძემ ორასი მანეთი გამოუგზავნა და შერიგება სთხოვა. ბაჩანამ არც სასამართლოში უჩივლა და არც შეურიგდა, მე ვიცი მაგის პასუხიო. დადგებოდა აბაშიძის სახლის წინ ბორცვზე და დააღერებდა თოფს მის აივანს. ჰოდა, ლუკაც ასე ესროდა ხოლმე და აშინებდა. ერთხელ ყანაში დაეცა თორმეტი კაცი და დაიჭირეს. ხანჯალიც ვეღარ ამოიღო. ხელებშეკრული ჩაიყვანეს თიანეთში, მაზრის უფროსთან. იქ პრისტავი ოზიაშვილი დაუხვდა და იყვირა, ხელები გაუხსენით, ლუკა არიო. იქიდან ძალიან გულგატეხილი და დამარცხებული წამოსულა, ხელები როგორ შემიკრესო. მაგრამ არ გაჩერდა. ამ ტყის მცველთაგან ორნი დაინახა გზაზე, დაეწია და იმდენი ქნა, რომ თოფი წაართვა. სახელმწიფოს თოფი წამოიღო სახლში, რაც ასევე სერიოზული დანაშაულია, მაგრამ, მოგეხსენებათ, მთაა და იქ საქმეები სხვანაირად გვარდება. მოვიდნენ და სთხოვეს, საციმბიროდ იხდი საქმეს და გაატანე ამ კაცს თავისი თოფიო, ეგეც შეშინდა და ეგეც დაისაჯაო. არაო, დამიჩოქოს და მივცემო, მაგან გაკოჭილი წამიყვანაო. აი ესეთი კაცი იყო. მისი უმცროსი ძმა, სანდრო ამბობს, ახალგაზრდობაში ძალიან ამაყი და მოუთმენელი იყო, მერე კი ცოტა დადინჯდაო.    იტყოდა ხოლმე: საპატიებელი არ არი ეგაო და არც აპატიებდა. ოდესღაც პეტერბურგში თავისუფალ მსმენელად ყოფნისას ქართული სტუდენტური კომიტეტისგან ხუთი თუმანი ესესხა. წლები გავიდა და ამ კომიტეტისგან წერილი მიიღო, ძალიან გვიჭირს, რვა სტუდენტი სრულიად უსახსროდაა და ვისაც კი ჩვენი ვალი აქვს, ვთხოვთ, ნაწილ-ნაწილ მაინც გამოგვიგზავნონ ფულიო.    ვაჟამ პასუხი მისწერა კომიტეტს და ეს პასუხი „ივერიაში“ გამოქვეყნდა. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ნაწილ-ნაწილაც ვერ გამოგიგზავნით, რადგან არა მაქვსო. თუმცა, რომც მქონდეს, მაინც არ გამოგიგზავნიდით, იმიტომ, რომ მე ეგეთი რამეების არა მწამსო: ეგ რვა კაცი რომ ზის მანდ მშიერ-მწყურვალი, წავიდნენ და იმუშაონო. მანდ მეც კი ვიყავი და, თავი რომ ვეღარ შევინახე, სახლში წამოვედიო. მე, ვაჟა-ფშაველა, იმას არა ვთაკილობ, რომ თოხზე ვმუშაობ და თქვენ რა გაგიხდათ ეგეთიო. ამ წერილმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში - ასე გულცივად და გულქვად როგორ მისწერაო და ამან გამოიწვია „ივერიიდან“ ვაჟას წასვლაც, იმიტომ რომ „ივერიამ“ საბრალო სტუდენტებს დაუჭირა მხარი. მათ მართლა შიოდათ, მაგრამ ვაჟა-ფშაველა თავისი პირადი მაგალითით აჩვენებდა: აი, ასე გაჭირვებით ვარ, ასე ვწვალობ, მაგრამ მე ვარ და ასეთი ვარ და ასეთი მიმიღეთ, თუ მიმიღებთო. ვაჟა რომ წერდა, ხშირად ნავთი არ ჰქონდა და ბუხრის შუქზე წერდა. ან არყის ხის ქერქის გამხმარ ნაყარს უკიდებდა და ეს იყო ხოლმე მისი სინათლე. უბეში ყოველთვის ჰქონდა რამდენიმე ბარათი და ფანქარი და ხვნის დროს რომ შეისვენებდა, 2-3 სტრიქონს იქაც ჩაიწერდა ხოლმე. თავისი გეგმა ჰქონდა, პროფესიონალი მწერალი იყო. თვალზე რაც დაემართა ვაჟას და რამაც ასე ადრე დააბერა, ჩვეულებრივი ყოფითი, გლეხური ისტორია იყო. ერთნი ამბობენ, საკლავი დაკლეს და იაფად ყიდდნენ, ოღონდ იცოდნენ, რომ ავადმყოფი ხარი იყო და ლუკამ მაინც იყიდა, მოვხარშავ, რა უნდა გვიყოსო. მეორენაირად კი ასეა: ვაჟას ბიძაშვილ მწარიას დაეკლა ხარი და დაეძახა. ვაჟასაც ძალიან მოსწონებია ხორცი და ლამის ნახევარი ხარი წამოიღო სახლში.    მანამდე მწარიამ მწვადები შეწვა და უკვე შეღამებულზე მოვიდა ვაჟა შინ კარგა შეზარხოშებული და მოტანილი ხორცის აქნა იქვე დაიწყო, ხვალ ხინკალი ჩავყაროთო. მაგრამ მეორე დილით ვეღარ ადგა. გაირკვა, რომ ციმბირის წყლული აქვს და იწამლა შინაურულად, როგორც წამლობენ ხოლმე გლეხები. თვალი გაუფუჭდა, ქუთუთო აღარ ჰქონდა და ხშირად, რომ დალევდნენ ხოლმე ძმები, ბაჩანა ეხუმრებოდა, აბა, დახუჭე, არწივო, თვალიო. ის კი პასუხობდა: მეო სულ მღვიძავს და სულ ვფხიზლობ თქვენი გულისთვისო. მისი პირველი ცოლის, კეკეს გარდაცვალების ამბავი ძალიან გულისმომკვლელია. ვაჟა შინ არ იყო, ყვარელში თავის დასთან, მართასთან წასულიყო სტუმრად. სიძეს მეტე ერქვა, კარგი მონადირე იყო და ვაჟასაც აიყოლიებდა ხოლმე. ამბობენ, ნადირობას თავი რომ დაანება, შეიძლება ეგ მიზეზიც იყოს, რომ სანადიროდ წასვლა ცოლის სიკვდილს დაემთხვაო. შველი მოინადირეს და უკვე გატყავებას იწყებდნენ, რომ ამბავი მოიტანეს, კეკე გარდაიცვალაო. თავიდან ვითომ არ უთხრა სიძემ, მაგრამ რამდენ ხანს დაუმალავდა?! ძალიან საცოდავი ღამე იყო მისთვის. მეტე ძალით ასმევდა, ეგებ დაიძინოს, ხვალ სამგზავრო ვიქნებითო. იჯდა და ეწეოდა და ეწეოდა. ძალით სვამდა ამ ღვინოს და, როგორც იქნა, დაიძინა.    როგორც ყველაზე ცუდ ამბებშია, დილით საშინელი თოვლი, ჭყაპი, ტალახი და სიცივე იყო. ოთხი დღის მერე ჩავიდნენ. ცოლი უკვე დაკრძალული დაუხვდა. ბაჩანამ დაკრძალა და მალევე თვითონაც შვილი მოუკვდა. აი, რა ცხოვრება ჰქონდათ. შვილები იხსენებენ, რომ იმ ორ წელიწადს, სანამ ვაჟა ქვრივად იყო, სულ ამბობდა ხოლმეო, არ შეიძლება უქალოდ ეს ოჯახიო. გოგოები კი ეხმარებოდნენ, მაგრამ ყველაფერს თვითონ გვიკეთებდა, მწნილსაც კი თვითონ ჩადებდა და პანტას ჩააყრიდა, არ იცით თქვენო, ტყის პანტის გემოთი სულ სხვააო.    მერე შეირთო მეორე ცოლი და ესეც მისი ხასიათის ამბავი იყო. დიდებაშვილის ქალი იყო და ვაჟას გულისთვის გაშორდა ქმარს და წამოჰყვა ჯვარდაუწერლად. კეკეს შერთვის ამბავი კი სულ სხვა იყო, ძველებურ რამეებს ჰგავდა. ვაჟა რომ პეტერბურგიდან მობრუნდა, მასწავლებლად იყო ამილახვრების ოჯახში. იმათ ვაჟი, გიორგი ეზრდებოდათ და იმას ამეცადინებდა. ბიჭს სწავლა დიდად არ ადარდებდა და ვაჟას აჯავრებდა კიდეც. ვაჟა რას დაუთმობდა, წამოარტყამდა ხოლმე. ერთხელ ისეთი შემოუკრავს, ბიჭი გავარდნილა და თოფიც კი ჩამოუხსნია, რა დრო დადგა, ამილახვარს ვიღაც ფშაველი სცემს თავის საკუთარ სახლშიო. სწორედ ამილახვრების სახლში იყო ეკატერინე, კეკე. ის ამილახვრიანთ უკანონო შვილი იყო, სახლის მოახლე. აგე, ვინ იცის, სად დაჰკრა იმ არსენასდროინდელმა ამბებმა. ქვრივი იყო. პირველი ქმარიც მასწავლებელი ჰყოლოდა. ვაჟამ კნეინას სთხოვა ნებართვა. თავიდან იუარეს, სახლის ქალს ვერ გამოგაყოლებთო, მაგრამ უკვე სხვა დრო იყო და დასთანხმდნენ. ბევრი კი არაფერი მზითვები იყო: ზანდუკი, დაირა და გარმონი. კეკე ძალიან კარგად უკრავდა, ძალიან კარგი ქალი იყო. გამოატანეს კეკე და ძმებმა ისე დაგეგმეს, რომ მცხეთაში შეკრებილიყვნენ და ქალი ერთად წაეყვანათ ჩარგალში. ბიძაშვილებიც ახლდნენ, იმათ შორის იოსებ ჟამიაშვილი. რომ ამოუყვნენ, დუშეთთან, გადასახვევთან ბევრი დუქანი იყო და ფშავლები ქეიფობდნენ. ამბავი გავრცელებულა, ლუკას ცოლი მოჰყავსო. იქვე დუქანში სვამდა ვინმე ქურციკო გიჟაშვილი, რომელმაც ფშაურად, ლექსით დააპირა მილოცვა. ვაჟა კაფიებისა და ექსპრომტის კაცი ისედაც არ იყო და თანაც ლექსის ბოლო უწმაწური გამოვიდა. სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ვაჟამ გაიგონა თუ არა, პირდაპირ შეუხტა დუქანში და დაუწყო ცემა. ქურციკოს თავისიანები მიეხმარნენ, ვაჟას - ესენი და ისეთი თავგადადებული ჩხუბი ატყდა! ქურციკოს ორჯერ მოუქნევია ვაჟასთვის ხმალი და ვერ მისწვდომია. ვაჟა უხანჯლოდ იყო, იოსებას ამოაცალა ხანჯალი და ყურის ბიბილო მოათალა ქურციკოს. ამით დამთავრდა ეს ჩხუბი, მაგრამ ბაჩანას ძლივს გამოართვეს ვიღაცას ხელიდან. ბაჩანა ძმებში ხომ ყველაზე ფიცხი იყო. ხანჯალი ამასაც დიდებული ჰქონდა, შამილის ნაქონი. ზედვე არაბულად ეწერა შამილის სახელიო. ყველაზე მშვიდი კი უფროსი გიორგი იყო. თავისი დროის კარგი მოკრივე, თიანეთელი ვექილი. სემინარიიდან სწორედ იმ პირველი დიდი წმენდის დროს გამორიცხული სტუდენტი, რომელსაც ვაჟა ტარტარენ ტარასკონელს ეძახდა, რახანღა გიორგის ნადირობაზე ბაქიაობა უყვარდა.    მას და ვაჟას ერთხელ პეტერბურგში მთელი ტრაქტირი შემოელახათ ბილიარდის თამაშის დროს და პრისტავმა გაამართლა, ამდენ ხალხს როგორ აუხვედითო. ეს საბრალო კეკე, თავადის სასახლეში გაზრდილი, თურმე იჯდა ცხენზე და კიოდა: სად მომიყვანეთ, ვინ ხართ, თქვე მხეცებოო…... დიდი ძმობა ჰქონდათ ერთმანეთში: ლაღი ხუმრობა და ერთად დადგომა იცოდნენ. უკვე კარგა დიდები იყვნენ, პავლე მღვდელსაც რომ დაუწყებდნენ გამოჯავრებას. მეცნიერები ამბობენ, რომ რაზიკაშვილები უხსოვარ დროში მოხევეები ყოფილან, ღუდუშაურები, სნოდან. მერე უვლიათ მთაში გაჭირვების ასარიდებლად, ზოგან ლეკებისგან მორიდებით, ზოგან ათასი სხვა რამის გამო და მოსულან ფშავში. ფშავშიც უცვლიათ ადგილები და ბოლოს მოსულან იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია ჩარგალი. ჩარგალი კაცის სახელი ყოფილა. პირველი ჩარგლელი ყოფილა თვითონ ჩარგალი. გვამცნობენ, რომ პირველი რაზიკაშვილი და გვარი რაზიკაშვილი, სახელ რაზიკადან მოდის. ერეკლეს დროინდელ საბუთებშია დარჩენილი ქუმსი, ხოლო უკვე აქეთ, XIX საუკუნეში რომ გადმოვალთ, ახსენებენ ასევე იმედას. აბა, არ ვიცი, ნამდვილი სახელია თუ შერქმეული, მთაში იციან შერქმევა. „მამას იმედიო“ - ასე რქმევია, გამორჩეული კაცი ყოფილა და მასზე ლექსებიც ყოფილა დარჩენილი. იმედასავე სიტყვებიცაა დარჩენილი: მეფე ერეკლეს უთხრა ერთხელ იმედამო, ფშავში მოსულ მეფე ერეკლესო: კაი კაცი ხარ, მეფეო, მაგრამ ორს რომ შენსას იტყვი, ერთი მეც გამიგონეო. მთის დემოკრატია, ასე ვთქვათ. იმედა ასევე განთქმული ყოფილა თავისი ცხენით. მაშინდელი ლეკიანობისა და არეულობის დროს თეთრი ცხენი ჰყოლია. ვაჟასაც ჰყავდა ერთი ერთგული ცხენი, რომელსაც ნიკორა ერქვა. პირველად რომ „ბახტრიონი“ გამოვიდა პატარა წიგნაკად და ვაჟამ თბილისიდან ჩამოიტანა სახლში და შვილებს უჩვენა, ზედ მამაჩვენი ეხატა თავის ნიკორათიო და ძალიან გახარებული იყოო, ხედავ, აი, ნიკორაც მოხვდა წიგნშიო. რომ წამოვყვეთ იმედას და გამოვტოვოთ ისინი, ვინც არ ვიცით და ერთი-ორი ისეთი, ვინც ვიცით, ვაჟას პაპა იყო გივი, გივი რაზიკაშვილი, რომელსაც ჰყავდა სამი ვაჟი: ბოიგარი, ნადირა და პავლე. ბოიგარს ასევე ეძახდნენ ბეროსაც, თავისი პაპის, ანუ, გივის მამის სახელს. ძალიან გამორჩეული და უცხო გარეგნობის ხალხი იყო ეს რაზიკაშვილები. ბოლომდე გამოჰყვათ ეს გარეგნობა - იყვნენ ან ახოვანები, ბრგეები და მაღლები, ან დაბლები, მაგრამ მაინც ბრგეები.    ბოიგარი ყოფილა ძალიან ახოვანი და ძველქართული იერისა. საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ჩვევა იყო ასეთი, რომ ქართველს ულვაში უნდა ჰქონოდა გრძელი და აუცილებლად ჩამოცილებული წვერს და ბოიგარს იმხელა ულვაში ჰქონდა, რომ მკერდზე ეფინა ორივე ნაკუწიო. მეცხვარე ყოფილა ეს ბოიგარი და მონადირე. ძალიან დასამახსოვრებელი სიარული ჰქონია და მედიდურიც ყოფილა. ვაჟა ჰგვანებია სიარულში. მონადირე ყოფილა ძალიან ცნობილი. ასე გვეტყოდა ხოლმეო, რომ თოფი სამჯერა მაქვს დამარხულიო. ასეთი რიტუალია, 100 ნადირს რომ მოკლავ, თოფი სამი დღით მიწაში უნდა დამარხო, მერე ამოთხრი ამ თოფსა და მიდიხარ მეორე ასზე. მეორენაირად რომ ვთქვათ, როგორც ბიძაჩვენი ბოიგარი იტყოდა, სამი აზარი მაქ ასრულებულიო - ე.ი. სამი ასიანი. იყო ასეთი დრო და იყვნენ ასეთი მონადირეები.    მეორე ძმა, ნადირა, ასევე დიდი ტანისა ყოფილა, მაგრამ ზარმაცი იყოო და უფრო ღარიბად ცხოვრობდაო, ცხვარშიც არ დადიოდა, მიწაზე მუშაობდაო. ჩვენთვის ალბათ მაინც ყველაზე საინტერესო და გემრიელი უნდა იყოს მესამე ძმა, პავლე, ვაჟა-ფშაველას მამა.    ის ყოფილა ტანით უფრო პატარა, მაგრამ ასევე ჯანიანი და ძალიან გამორჩეული ძმებისაგან. ერთი რომ ნაბოლარა იყო და დაჰყვებოდა ხოლმე ბოიგარს ცხვარში, მაგრამ ჰქონდა რაღაც სხვა მისწრაფება, სრულიად იშვიათი იმ დროის საქართველოს მთისთვის და, საერთოდ, ქართული სოფლისთვის - ძალიან დაინტერესებული იყო წერა-კითხვის შესწავლით. მაშინ ქაღალდი ჭირდა და სასწავლიც ძნელად იპოვებოდა და პავლეც სიპ ქვებზე წერით სწავლობდა ანბანს. ოღონდ მალვით ვსწავლობდიო, ასე იგონებს, ცხვარში რომ ვიყავი ბიჭობაშიო. სხვებიც იგონებენ, ხშირად ჰქონდა ფურცლები უბეში, როცა პატარა იყოო. საიდან ეშოვნა ეს ფურცლები, არავინ არ იცოდა, მაგრამ რაღაცა ნაწერები იყო, სიტყვები და ამათი გადაწერით სწავლობდა წერა-კითხვას. და მალვით რატომღა? - მალვით იმიტომ, რომ წერა-კითხვის ცოდნა მიღებული არ იყო, იმიტომ, რომ ადათის გადასვლას ნიშნავდა და რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს ესა, ცოტა მარტივად რო ვთქვათ - რუსობაში შედიხარო - ასე გეტყოდნენ, ანუ უკვე ხელი მიგიწვდება რაღაც ისეთზე, რაც დაგაკარგვინებს იმას, რაც გაქვს და რაც ძვირფასია თემისთვის. უკვე მერეც, როცა ვაჟა და მისი ძმებიც იგონებდნენ წერა-კითხვის სწავლის ამბავს, ამბობდნენ, რომ ამ აკრძალვაში დიდი ეშმაკობა იყო ჩადებული ხევისბერების მხრიდანო, იმიტომ, რომ ასე უფრო ეჭირათ მოსახლეობა და აკვარახჭინებდნენ რაღაც თავის საქმეებსო. კაცი, რომელმაც არ იცის წერა-კითხვა, მოკლებულია ათას რამეს.    მაგრამ პავლე თავისას არ იშლიდა და მაინც ერთგულად ისწავლა წერა-კითხვა, წიგნების შოვნასა და ერთ ამბავში იყო და მამამისი გივი თოფით დასდევდაო, სადაც დავინახავ, რომ კითხულობს რამეს, იქავ მოვკლავო, ყველაფერს ჩვენსას ღალატობს და მიდის პირდაპირ მტერზეო, ეგ რაღა ფშაველი იქნება, თუ წერა-კითხვას ისწავლისო. მათრახითაც ბევრჯერ გამოჰკიდებია, მართლა სათოფედ ვერ იმეტებდა, ეტყობა. პავლეს კი სწავლის სურვილი იმგვარი ჰქონია, რომ გაპარულა კახეთში, რომელ მონასტერში, ეს კი აღარ ვიცი. იქ იყო 3-4 წელიწადს და მთელი განათლება, რაც ჰქონდა, იქ მიიღო. იქავე გახდა მედავითნე და მერე მთავარდიაკვანიც გახდა ფშავში მობრუნებული, ძალიან მალე მიიღო ეს ხარისხები, ბოლოს კიდე მღვდლადაც ეკურთხა. ჰოდა, იყო ასეთი პავლე მღვდელი. გამოდგა საოცარი კაცი. თბილისში იყო ხოლმე, რომ ვაჟაზე ცხვირს იბზუებდნენ - მაგ გლეხმა რა უნდა იცოდესო, რაღაც ამბებს გაიგებს მთაში და იმას გალექსავს თავის კილოზეო. საოცარია, მარა პავლე მღვდელი ძალიან კარგად იცნობდა, მაგალითად, ვიქტორ ჰიუგოს შემოქმედებას და იყო მისი ტრფიალი. ასე რომ, ეგ აბზუებები უსწავლელობის შესახებ იყო ზღაპარი, კაცი თუ კითხულობს და სწავლობს, ყველგან ახერხებს ამას და ჩარგალიც არ იყო ისეთი ადგილი, სადაც საინტერესო წიგნები არ გეპოვა, თუნდაც აი, ამ მღვდლის სახლში და სრულიად მოულოდნელი წიგნებიც, სხვათა შორის. მაგრამ პავლე მღვდელს, თავის ფშაურ წესზე, თავის ხასიათზე უარი არ უთქვამს. ის იყო ძალიან გამორჩეული კაცი მთელ იმ არემარეში და დიდი ჭკუის საკითხავი კაციც გახლდათ და დიდი გავლენაც ჰქონდა ფშავლებზე. ანუ ის, რისაც ეშინოდათ ხოლმე ხევისბერებს, ნამდვილად მოხდა. საერთოდ, რაზიკაშვილებს მემკვიდრეობითაც მოსდგამდათ ეს გავლენა და ფასიანი სიტყვა და მერე და მერე პავლეს შვილებსაც სრულიად განსაკუთრებული სიტყვა ეთქმოდათ.    სხვა მხარეებს რომ შევხედოთ, პავლე ძალიან კარგი იყო ჭიდაობასა და კრივში და ჯანი ჰქონდა სრულიად არაადამიანური, გოლიათური. ახოვანი არ იყო, მაგრამ ღონიერი კაცი იყო და შეეძლო ბევრი რამ გადაეწყვიტა მუშტით. მთაა, გინდ მღვდელი იყავი. აი, ერთი ასეთი ამბავი: რაზიკაშვილების ერთი ნათესავი ქალი დანიშნული იყო ბიჭზე ერთი ახლო სოფლიდან. პავლე თურმე ძალიან ეწინააღმდეგებოდა ამ ქორწინებას, არ მომწონს სასიძოო და რამდენჯერმე კიდეც ჩაუშლია მოლაპარაკებები, მაგრამ ვაჟის მხარეს საკმაო ხარჯი ჰქონია გაწეული და ქორწინება აღარ ჩაიშალა და ქალი მაინც უნდა გაეტანებინათ. რახან ქალი უნდა წაეყვანათ, მაყარიც ხომ უნდა გაჰყოლოდა. მთელ ნათესაობაში ყველამ იუარა, ჩვენ ვერ წავყვებით, ისე ჩაგვიოხრა პავლემ საქმე ჩვენს მომავალ ნათესავებთან, რომ ქორწილში ხეირს არ დაგვაყრიანო. ვერ მიჰყვებოდნენ არა სამომავლო ურთიერთობების არქონის სურვილით, არამედ ქორწილის გამო. მთა არი და ქორწილში უნდა გაილახო, სხვანაირად არ გამოვა. ჰოდა, რახან სიძის მხარე განსაკუთრებით ნაწყენი ჩანდა, თავიდანვე, რაზიკაშვილები ამბობდნენ, გზიდანვე შარს აგვიტეხენო. გამოთქმაა ცნობილი, როცა პატარძლის მაყრებს დასცხებენ, დასძახიან: განანებ გამოყოლასაო. მოკლედ, არავინ მიჰყვება პატარძალს და პავლეზე არც ფიქრობს ვინმე, რომ მაყრობას გაბედავს და თანაც, მღვდელია, უბრალო ვინმე ხო არა. ჰოდა, პავლემ თქვა, მე წავყვები მარტო, რახან თქვენ ეგეთი მშიშრები ხართო და წაჰყვა. ანაფორამ ერთგვარად შეაბრკოლა სიძის მაყარი და გზაშივე ჩხუბი არ ამტყდარა, ალბათ იფიქრეს, მიზეზი ყოველთვის მოიძებნებაო და, ქორწილი რომ გახურდა კარგად და პავლე უზის პატარძალს გვერდით, ძმად წამოყოლილი და სვამს, აუხირდა ერთი და დაუძახა: განანებ გამოყოლასო და ხანჯლით პირდაპირ მიეტანა, მიეტანა და ამან წაართვა ეს ხანჯალი და აიღოო და აშარი მასპინძელი პირდაპირ კერიაზე დაანარცხა, ისე რომ, პირდაპირ ცეცხლში ჩასრისაო. ატყდა იქ ხმაური, არეულობა, ჰაი, ჰუი და ჩააწყნარეს უცბად ეს მასპინძელი, იმიტომ, რომ ძალიან ღონიერი იყო პავლე და დატრიალება შეეძლოო. და ისე ქნა და მოათვინიერა პავლე მღვდელმა მასპინძლები, რომ სამ დღეს დარჩაო იქა და სამ დღეს იქეიფა და ჩამოვიდა მერე მშვიდად და უთხრა თავისიანებს: აჰა, რო გეშინოდათ, ეგეც მე ვარო? დარჩენილია ერთი მოგონება მისი ჯანის შესახებ. ლხინი იყო, ლხინიო და აქეთ ახალგაზრდები ისხდნენ და იქით კიდევ ჭარმაგი ფშავლები და ჭედილა იყო დაკლულიო. ჩამოატარეს ჭედილას ძვალი ჯანის გამოსაცდელადო. არ ვიცი, რომელი ძვალია ესა, ქაჯიას კი ეძახიან ფშავლები. ჰოდა, გადაუგდეს ახალგაზრდებს, აბა, თუ გატეხთო და ახალგაზრდებში მჯდარიყო ვაჟაც, ვაჟას მაშინ არავინ ეძახდა - ლუკა იყო. ჰოდა ლუკა დაეჭიდა და ვერაფერი უყო. ვერც ერთმა ვერ გატეხა და დაინახა პავლე მღვდელმა ამათი წვალება და, გადმომიგდეთ აქაო. გადაუგდესო და იოლად გადატეხაო. ლუკას ისე გაუხარდა და ეამაყა, რომ წამოდგა, მივიდა და აკოცა მამამისსო. ასეთი ჯანისა და გაქანების კაცი იყო პავლე მღვდელი, თან მღვდელიც ნამდვილი იყო და ნასწავლი კაციც იყო და ბევრი რამეც იცოდა ქვეყნის. სრულიად მოულოდნელ ადგილას და მოულოდნელ დროში და ალბათ ამიტომ ჰყავდა ასეთი გამორჩეული ოჯახი და ცოლიც ძალიან ლამაზი ქალი შეხვედროდა - ფხიკელაანთ გულქანი. გულქანი გამოდგა ძალიან კეთილი და გულღია ქალი. ფშავში ლექსით ვის გააკვირვებ, მაგრამ გულქანის ბიძა პარასკევა ყოფილა განთქმული მელექსე და ამბობენ, რომ ვაჟას თუ ბოიგარის ნაბიჯი გამოჰყვა, მეორე მხრიდან კიდევ პარასკევას მელექსეობაო. მაგრამ ერთი უცნაური ამბავი ისაა, რომ ვაჟას არ უყვარდა მთაში გავრცელებული ლექსაობა. ხშირად, როცა გამოიწვევდნენ ხოლმე ლექსში, ჯეროვნად ვერ პასუხობდა.    კი, ლამის ყველა ყოფით ამბავზე ლექსს ამბობდა ხოლმე სახლში, მაგრამ თბილისში შემთხვევია ეგეთი რაღაც - ერთხელ ერთი მსახიობი გადაეკიდა სუფრაზე, მოდი, აბა, ექსპრომტად ლექსი ვთქვათო და თვითონ თქვა, ვაჟას კი გაუჭირდა. მერე ხელსახოცზე წერდა ლამის ნახევარ საათს. პარასკევა იმდენად კაფიის ოსტატი არ ყოფილა, რამდენადაც - მელექსე. გულქანი კი იყო კეთილი და ამხელა ოჯახი აწვა კისერზე. რაზიკაანთ სახლი გზის პირზე იყო და გულქანი კი გამვლელ-გამომვლელს, ნაცნობი იყო თუ უცნობი, დაუძახებდა ხოლმე აუცილებლად, მოდით, ჭამეთ ჩვენთანაო. პავლე მღვდელი ეხუმრებოდა, გამივერანე ოჯახი, აღარაფერი დამიტოვეო. ასეთი ქალი იყო და იმდენად გულუბრყვილო, რომ ერთხელ ბოშები ამოსულიყვნენ, საიდან, როგორ, რანაირად, ვინ იცის და შემოეშვა სახლში, საჭმელი მიეცა და ამასობაში კი ამათ გაეძარცვათ, როგორც ბოშების წესია. შვილებს ძალიან უყვარდათ და ძალიან გრძნობდნენ მას და საერთოდ ამ ოჯახში მთავარი ის იყო, რომ ძალიან გრძნობდნენ ყველანი ერთმანეთს. პავლეს და გულქანის უფროსი ვაჟი იყო გიორგი. იმას მოსდევდა მართა, იმას ლუკა, მერე მოდიოდა ნიკო, ანუ ბაჩანა, რომელიც მამას ჰგავდა ტანდაბლობაში და არაადამიანურ ჯანში, მერე მოდიოდა თედო და სულ ნაბოლარა კი იყო სანდრო.    დიდი ოჯახი იყო ესა და სახლი იყო სრულიად პატარა: სამი ოთახი იყო სულაო, შუაში დარბაზი გვქონდაო, თუ დარბაზი ეთქმოდა იმას, მაგრამ ისეთი ფარღალალა იყო, რომ სიცივე გადი-გამოდიოდა და დიდი ქარის დროს ხშირად ცეცხლსაც ისე გადაუვლიდა ქარი და გადმოუვლიდა, რომ კვამლში ვიყავითო. შვილები დიდი ხალისითა და იუმორით იგონებენ ამ თავიანთი სახლის ამბავს.    პავლე მღვდელი კარგად ზრდიდა შვილებს, ანუ როგორც მიაჩნდა თვითონ, ისე ზრდიდა. თვითონ ვაჟას აქვს აღწერილი, როგორ ანათლებდა პავლე მღვდელი შვილებს სახლში სასწავლებლებში გაგზავნამდე. ხინკლის ხორცს რომ მოუტანდა დედა დაფაზეო დასაკეპად, უკან ოთახში გავიდოდა თავისთან და დაიდებდა დაფას მუხლებზეო. აუცილებლად რომელიმეს დაგვიძახებდა და იქ იწყებდა თხრობასო. პავლე მღვდელი ძირითადად ჰყვებოდა ბიბლიას. როგორც ჩანს, ჰყვებოდა ძალიან კარგად, იმიტომ, რომ ვაჟა იხსენებს, ჯერ დავითის და გოლიათის ამბავი მოქმედებდა ჩემზე, მერე სამსონისო, ჩვენი ქართული ამბებიც, ყველაფერი ნათხრობი ჰქონდა და ბავშვობიდანვე გამიჩნდა საგმირო ამბებისა და რაინდების მიმართ ძალიან დიდი ინტერესიო.    იჯდა, კეპავდა ხინკლისთვის ხორცს და უამბობდა წყნარად. ბიჭები რომ წამოიზარდნენ, პავლე მღვდელი გრძნობდა მათი განათლების აუცილებლობას და ისე მოახერხა, რომ თუმცა უნივერსიტეტის დიპლომამდე თავისი მცირე შეძლების გამო ვერც ერთი ვერ მიიყვანა, მაგრამ რაც კი რამ შეეძლო, საქართველოში სასწავლებლები ყველას დაამთავრებინა. ყოველ შემთხვევაში, იქამდე მიიყვანა თავისი შვილები, რომ განათლება ჰქონოდათ. გიორგი და ლუკა იყვნენ თავისუფალ მსმენელებად პეტერბურგში და უმაღლესი წერტილიც ეს იყო, მაგრამ განათლების აუცილებლობას ეს კაცი ხედავდა და რომ ასწავლიდა შვილებს სემინარიებსა და სკოლებში და სხვაგან და სხვაგან, მერე ჩამოდიოდნენ ესენი იქაური იდეებით და მამისა და შვილთა დავაც იქ იწყებოდა. მაშინ ნაროდნიკობა იყო გავრცელებული. რაზიკაშვილებს წესად ჰქონდათ, რომ ზაფხულში მოიყრიდნენ თავს მამასთან და კარგი საცქერი და კარგი მოსასმენი იყო ესა, იმიტომ, რომ უცბად აუხტებოდნენ მღვდელს, აბა, შენ საიდან იცი, რომ ღმერთი არსებობსო და ასეთები. ბრაზდებოდა პავლე მღვდელი, წკეპლით გამოუდგებოდა, მაგრამ საქმე მაინც ხალისით მთავრდებოდა.    ერთხელ თურმე ჭექა-ქუხილში მოჰყვნენ სათიბში და ვაჟა და ბაჩანა გამოიქცნენ და ხის ქვეშ იმალებოდნენ და, ღმერთო, შენ გვიშველეო, იძახდნენ, აბა, არ არსებობს ღმერთიო? - ეცინებოდა პავლე მღვდელს. საოცარი ურთიერთობები იყო ამ ოჯახში და ყველა იყო ერთმანეთის მხარდამჭერი. არც ერთს ამათგანს არ დაუკარგავს ოჯახი, არ უღალატია იმ საოჯახო შეხედულებებისთვის, რითაც დაიზარდნენ - სამართლიანობისთვის, ვაჟკაცობისთვის, სიკეთისთვის. პავლეს მუშტი მტერს მოხვედროდა და ეს ბიჭებიც ბავშვობიდანვე კრივზე იყვნენ გამეცადინებული. ძმებში ძალიან დაცული იყო უფროს-უმცროსობა და ყველაზე რბილი მათ შორის მაინც იყო გიორგი. ბაჩანას კი არ უყვარდა, რომ დასცინოდნენ და გათამაშება და ხუმრობა კი ხშირი იყო მათ შორის. თედო და სანდრო უფრო მშვიდობიანები იყვნენ, თუმცა თედოც კარგი მუშტიანი იყო. ბაჩანაც იმწუთას მუშტზე იყურებოდა. ვაჟაც მუშტის კაცი იყო და ერთმანეთს რომ წაეკინკლავებოდნენ, სეირიც ეს იყო. ერთხელ ვაჟამ შამფური დასცხო თავშიო ბაჩანას. ბაჩანამ ხელი არ შეუბრუნა, როგორც უფროსს, მაგრამ ისე წაავლო მაჯაში ხელი, რომ შამფური გააგდებინაო.    ვაჟას, როცა რამე გამოუვიდოდა, ხშირად იტყოდა ხოლმე, იცის ბიჭმა, იცის ბიჭმაო და ბაჩანამ, შამფური რომ გააგდებინა, ჰკითხა, ჰა, იცის ბიჭმაო? ძალიან ლაღია ეს ყველაფერი და ძალიან ადამიანური. აი, როგორი იყო კიდევ პავლე მღვდელი: რომ შეატყო, მისი შვილები წერენ, განათლებასაც იღებენ და ლექსებიც გამოუდით, თვითონაც დაიწყო წერა. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი ქართველი მამა, რომელიც შვილებს ბაძავდა. შვილებს კი არ იმგვანებდა ძალით, არამედ რაც კარგი ჰქონდათ, თვითონ იღებდა. მგონი ვაჟა ერთადერთი ქართველი მწერალია, რომლის მამამაც მემუარები დაწერა. პატარა ხელნაწერია, ბევრი კი არ არის. სანამდეც გასწვდა ეს მოხუცი კაცი, გასწვდა.    თან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პავლე მღვდელი გლეხი კაცი იყო: ხნავდა, თესავდა, უჭირდა. როცა კვდებოდა და შვილები ადგნენ თავზე, ვერც ერთი ვერ იკავებდა თავს და ცრემლიც მოადგებოდათ ხოლმე. და უთხრა: რას ტირით, ერთი პატარა კაცი ვკვდები. შოთა რუსთაველი მოკვდა, თამარ მეფე მოკვდა. ასეთი გულწრფელი, უბრალო სიტყვებით დაამშვიდა თავისი შვილები, პავლე მღვდელი ვარ, ორღობეს რომ ჩავცდები, აღარავინ მიცნობსო. ასეთი კაცი იყო პავლე რაზიკაშვილი, ხოლო როგორი შვილები დაზარდა, ეგ კიდევ დიდხანს გამოჰყვება ქვეყანას.    ფშავიდან გამოსვლა ვაჟას ეძნელებოდა ხოლმე და თბილისში ჩამოსული კი უკვე კარგად გრძნობდა თავს. უყვარდა აქ ყოფნა და მიჩვეულიც იყო ბიჭობიდანვე. მოაწევდა ხოლმე დრო და გამოჩნდებოდა თავისი ხურჯინით, რომელშიც ელაგა ლექსები, მოთხრობები და პოემები და ჩამოივლიდა ხოლმე რედაქციებს. წამოკრეფდა ჰონორარებს, სადაც რას მისცემდნენ, და მერე ერთხანს გაჩერდებოდა ხოლმე თავის უმცროს ძმასთან, სანდროსთან, რომელიც ვერაზე ცხოვრობდა. აქ ბევრი მეგობარი ჰყავდა, უბრალო და კარგი ადამიანები. ისინი ჯერ კიდევ ბიჭობიდან გამოჰყოლოდნენ, როცა ის თბილისში სწავლობდა სამასწავლებლო ინსტიტუტის ორკლასიან სასწავლებელში. ვაჟამ თბილისი კარგად იცოდა და კარგადაც იყო აქ. სანდრო იგონებს, მოსწონდა ჩემთან ყოფნა და აქ წერაო. იმიტომ, რომ ფშავში მართლა მძიმე პირობებში მუშაობდა და სულ თავისუფალი წუთის ძებნაში იყო. თბილისში თითქოს კურორტზე ყოფილიყოს: ეჭირა პატარა ოთახი სანდროს სახლში, ნასადილევს წაუძინებდა ცოტას იქა და შემდეგ წერდა ხოლმე. ძალიან ბევრ რამეს ასწრებდა თბილისში და ნაწერს სანდროს უკითხავდა: ჰა, როგორ გამოუვიდა ბიჭსო? - ჰკითხავდა ხოლმე. ბიჭობაში კი საქმე სხვანაირად იყო.    თბილისში ვაჟა იყო ერთი თავის ნებაზე მიშვებული, ონავარი მოწაფე, რომელიც ბოლო მერხზე იჯდა ხოლმე. ბოლოდან არევა იოლია. მაშინ ასეთებს „გალიორკის მოწაფეებს“ ეძახდნენ. სასწავლებელში ვაჟას ამოჩემებული ჰყავდა ერთი რაჭველი ბიჭი, ნიკო ჩიკვაიძე - კარგი, კეთილი, დიდი ბიჭი, რომელიც რუსულად ლაპარაკისას არასწორად სვამდა მახვილებს და მოწაფეებს დახვეული ჰქონდათ ხელზე მისი რაჭული რუსული. ჩიკვაიძე განსაკუთრებით სასაცილოდ ამბობდა სიტყვებს: „გასპადინ უჩიტელ“. როგორც კი დაიწყებოდა გაკვეთილი, ვაჟა ბოლოდან დაიძახებდა ხოლმე: „გასპადინ უჩიტელ“, „გასპადინ უჩიტელ“, და ატყდებოდა ერთი სიცილ-ხარხარი. იმ დროის თბილისის პატარა სასწავლებლების განთქმული წესი ჩხუბიც იყო. სხვა სასწავლებლისას თუ გამოიჭერდი, უნდა გაგელახა. ვაჟას უკვე თელავში მოელია საკრივო სკოლა და ამიტომ ამ ჩხუბებშიც მაგარი იყო. შემორჩენილია ერთი მოგონება, როგორ დაეხმარა ვაჟა ერთი სასწავლებლის მოწაფეებს მეორე სასწავლებლის მოწაფეებთან ჩხუბში, რახანღა ეს უკანასკნელნი მეტნი იყვნენ. ამ ჩხუბს დარაჯი შეესწრო და გაოცდა, ვინ იყო ესაო, რას დატრიალდაო. ჩხუბი რომ მორჩა და მეტოქეები დაიფანტნენ, ვაჟამ დასცხო ციტატები რუსთაველიდან: კაცი კაცსა შემოსტყორცნაო... მოკლედ, თბილისში შინაური იყო, მის უბნებსაც კი ძალიან კარგად იცნობდა ბიჭობის დროდან, იმიტომ რომ როგორც კი ზაფხული მოვიდოდა, მოწაფეები ქალაქის ხილის ბაღებს მოედებოდნენ ხოლმე. იყო ასეთი მშვენიერი დრო, როცა თბილისში ხილის ბაღები იყო. განსაკუთრებით ბევრი ჰქონდათ გერმანელებსა და რუსებს, კირიჩნზე და დიდუბეში და აბა, იყო ერთი ძრომიალი და ხილის პარვა, მაგრამ ყოფილა ხოლმე, რომ თავს დარაჯი დასდგომიათ.    ერთი დარაჯი საერთოდაც სცნობდა ვაჟას და შორიდანვე დაუძახებდა ხოლმე ხეზე ამძვრალს: აი, ჯოღა-ფშაველო, მოხვედი ისევო და გამოუდგებოდა კეტით, მაგრამ ვაჟა დიდად გამქცევი არ იყო. ერთხელ ბაღის პატრონმა გერმანელმა მოუსწრო და ძიძგილაობა მოუხდათ. ვაჟა მოერია, წააქცია და როცა იმ საწყალი კაცის ცოლი აკივლდა, ლუკა ცდილობდა, დაეწყნარებინა, ცხვირში წკიპურტსაც კი ურტყამდა, დამშვიდდით, წავალთ ახლა ჩვენაო. აი, ასეთი ბიჭი იყო.    თბილისი ის ადგილი იყო მისთვის, სადაც მისი ლექსები პირველად წაიკითხა პროფესიონალმა მწერალმა. ვაჟამ და მისმა მეგობარმა ლექსებით სავსე რვეული მიუტანეს ანტონ ფურცელაძეს. ამ რვეულს ყდაზე ეწერა: „ლექსები შეთხზული ლუკა რაზიკაშვილის მიერ“. ფურცელაძემ რამდენიმე დღეში დაიბარა, რაღაცაში შეაქო და რაღაცაში არ შეაქო, რითაც ვაჟა მთლად კმაყოფილი ვერ დარჩა. თან ფურცელაძემ ურჩია, ეს „შეთხზული“ წაშალეო, მაშინ დააწერე, როცა ილიასა და აკაკისავით პოეტი გახდები, უბრალოდ ეწეროს „ლუკა რაზიკაშვილის ლექსებიო“. საინტერესო ის არის, რომ მაშინ ლუკა ფშავურ კილოზე არ წერდა. ჩვეულებრივად წერდა, ასე ვთქვათ, სალიტერატურო ქართულით. გორში სწავლისას გადაწყვიტა, რომ ფშაური კილო აეღო. ვაჟას თბილისელ ნაცნობ-მეგობართაგან ერთ-ერთი იყო კულა გლდანელი, სახელგანთქმული მოჭიდავე. კულას თავი მხოლოდ ჭიდაობით არ გაჰქონდა, ავჭალაში ერთი დუქანი ჰქონდა და ამ დუქნის უკან კი ბაგები მოეწყო. ბაგები თბილისში ბევრი იყო, რადგან ხალხი ან ცხენით ჩამოდიოდა, ან საქონელს მოერეკებოდა და ამას სადგომი უნდოდა. ჰოდა, ასეთი ჰქონდა კულა გლდანელს და მის ბაგებზე ხშირად ფშავლები ჩერდებოდნენ. ამიტომაც, ვაჟა ხშირად მიდიოდა ხოლმე იქა. ეს უკვე გვიანდელი ამბავია, არა მოწაფეობის დროისა. მაშინდელი, როცა ვაჟას უკვე დაემთავრებინა გორის სემინარია და სამუშაოს ან რაღაც სახსარს ეძებდა. იქ შეხვდნენ ერთმანეთს კულა და ვაჟა და ძალიან მოეწონა კულას. უსმინა ერთხელ, მეორედ, მესამედ და ვაჟა ფშავლებში ამბობდა, სადმე სასწავლებლად წასვლა მინდაო და ერთხელაც რაღაც სუფრა იყო და კულამ უთხრა, კაცი არ ვიყო, თუ პეტერბურგში არ გაგიშვა სასწავლებლადო, და ასეც მოხდა.    ვაჟა რომ წავიდა იქ და თავისუფალ მსმენელად იყო, კულას ფულით იყო. გათავდა ეს ფული და დაიწყო ვალები და წვალება. ვეღარ მოიკიდა იქ ფეხი და წამოვიდა. საერთოდ, ვაჟა ფხუკიანი იყო ამ საკითხში: რამეს არ გაჩუქებინებდა. მაგრამ ბაგებში და ღარიბულ დუქანში რომ კაცი გეხმარება, იმას სხვა გემო აქვს და კულაც სხვა კაცი იყო. მერე ვაჟას წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამაც დაუნიშნა 50-მანეთიანი პენსია. ბევრ ქართველ მწერალს ჰქონდა ეს პენსია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან, მაგრამ ვაჟას მალევე მოუხსნეს. არკვიეს, არკვიეს რატომ მოუხსნესო, და თავადი არ არისო, გლეხია და გლეხებზე წესდებაში პენსია არ წერიაო. ეს თვეში ხუთი თუმანი სჭირდებოდა: უფროსი ვაჟი, ლევანი სწავლას ეშურებოდა. თვეში ხუთი თუმანი კარგი ფული იყო. თბილისში მისდამი დამოკიდებულება ერთგვაროვანი არ იყო. ჟურნალებსა და გაზეთებშიც იოლად არაფერს უბეჭდავდნენ. ხან დაუწუნებდნენ, ხან სრულ სისულელემდე მისულ გარჩევას წამოიწყებდნენ ხოლმე. გულშემატკივარი და ყველაზე კარგად გამგები კაცი განთქმულთაგან ვაჟა-ფშაველას ერთი ჰყავდა - ილია ჭავჭავაძე, რომელმაც პირველ ჯერზევე ყველაფერი ამოიცნო და ყველაფერსაც მიხვდა და ვაჟას ყოველთვის ულაპარაკოდ უბეჭდავდა ყველაფერს. ვაჟას „ივერიასთან“ თანამშრომლობა თითქმის 15 წელიწადს გაგრძელდა: იქ ყოველთვის კარგად გრძნობდა თავს და იქ ყოველთვის საუკეთესო ჰონორარს იღებდა. ერთი საინტერესო ამბავიც არის: ძმებმა ყიფშიძეებმა, გრიგოლმა და ალექსანდრემ, ილიას უთხრეს, როგორმე გერმანიაში გავუშვათ ლუკა სასწავლებლადო.    ეს მისი პირველი გამოჩენის დროს იყო. შენ გარეშე რა გამოვა, მოგვეხმარე, ფული ვიშოვოთ, ძალიან გამოადგება ეგ სწავლაო. ილიამ უთხრა, არ ღირს მაგის გერმანიაში გაშვება, იმიტომ, რომ ახლა ეგ გერმანიაში წავა, იქ ისწავლის და წაუვა სული და გული ფილოსოფიისკენ, ისეთი ვინმეა, აშკარად ასე იქნება და მერე წერას თავს დაანებებსო. ჯობია, იქ იყოს, სადაც არის, თავისთან, სოფელში, და ჩვენ აქ როგორღაც მოვუხერხოთ და ჰონორარი წინდაწინ ვაძლიოთ, დაგვიწეროს და დაგვიწეროსო. ილიამვე უთხრა პირველად, კაცო, ლექსი და პოემა კარგია, მაგრამ პროზას რატომ არ წერო, და ვაჟამ: დაწერილი მაქვსო. საერთოდ, ვაჟას აღარც ახსოვდა ხოლმე, სად რას ბეჭდავდა. ასაკში რომ შევიდა, ჩამოწერდა, იქ ის მქონდა, აქ ესაო, მაგრამ მაინც ვერ აწესრიგებდა. „ივერიის“ შემდეგ ვაჟა თავისი ნაწერებით იმ დროს უკვე მოდურ ყოველკვირეულ „კვალში“ გადავიდა. დარჩენილია ვაჟას ერთი ძალიან გულსატკენი და სევდიანი წერილი. ირკვევა, რომ „კვალის“ რედაქტორ-გამომცემლი, ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლისა, დაპირებული იყო, ვაჟას დატოვებული ლექსები დაებეჭდა. აღარ დაბეჭდა და აღარ დაბეჭდა. ვაჟამ რომ მიზეზი გამოიკითხა, ანასტასიამ მოსწერა, ჩვენი რედკოლეგიის წევრი, ბატონი აკაკი წერეთელი მოვიდა, წაიკითხა ლექსები და თქვა, რომ სუსტია და არა ღირს ამის დაბეჭდვაო, სუსტია და არ ეკადრება ვაჟასო. ვაჟას ჩვეულებად ჰქონდა, უპასუხოდ არაფერი დაეტოვებინა. სერიოზულად მისწერდა ხოლმე ყველას პასუხს და „კვალსაც“ მისწერა, მე არ ვიცი, ეგენი სუსტია თუ რა არიო, ეგებ აკაკი წერეთელი ხვალ სხვა გაზეთში გადავიდეს და მერე შემმოწმებლად ვინღა გეყოლებათო. თქვენით რომ წაიკითხეთ, მაშინ რატომ არ მითხარით, რომ სუსტი იყოო. ჰოდა, ახლა, სანამ მაგ სუსტს არ დაბეჭდავთ, მე თქვენთან აღარაფერს მოვიტანო. საერთოდ, აკაკი და ვაჟა რთული ამბავია. აკაკი თავიდანვე ამბობდა, მისი ფშაური კილო და ენა არ მომწონს, ამახინჯებს, აფუჭებს ქართულსო, და მისი ლექსიც ცნობილია, „ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო...“ თუმცა ეს გვიანდელი ლექსია, 1913 წლისა - აკაკიც მოხუცია და არც ერთს აღარ დარჩენია დიდი ხნის სიცოცხლე. ვაჟას იუბილეს ამზადებდნენ და იმის წინა დღეებში გამოაქვეყნა აკაკიმ ეს ლექსი. ვაჟამ პასუხი მისწერა, იუბილემ ჩაიარა. მერე დიდი საჭორაო იყო თბილისში, როცა აკაკის იუბილე იყო, აბა, ვაჟა მოვა თუ არაო. მოვიდა ვაჟა. ადამიანი იყო, ეშმაკობა, ვერაგობა და ასეთი ამხანაგები არ უყვარდა. მაგრამ აკაკი სადაც წასწვდებოდა, გადაიხვევდა ხელზე ამ ფშაურ კილოს და აკრიტიკებდა. მიზეზი ეგებ ცოტა სხვაც იყო, ძნელი სათქმელია. ბიჭო, რას შემოგიჩნდა ეს აკაკიო, ეტყოდნენ ხოლმე და ვაჟამ მეგობრებში თქვა ერთხელ, მე რა მიკვირს, იციო, იმერელმა ფშაველს ქართული როგორ უნდა დაუწუნოს და შეუმოწმოსო. ასეთი პირდაპირი პასუხები იცოდა. ყოველ შემთხვევაში, აკაკის და ვაჟას ურთიერთობას მაინც გამოაბეს რაღაც კუდები მერე და მერე, იმიტომ რომ, აკაკი რომ გარდაიცვალა, ვაჟა არ ჩამოვიდა. ჩვენში დიდად აქცევენ ყურადღებას ასეთ რამეებს. მერე, რომ ჩამოვიდა, უსაყვედურეს, როგორ არ ჩამოხვედი, ხალხმა ჩათვალა, რომ ნაწყენი ხარო. კაცი თურმე კვდება, სავსე აქვს სითხით ფილტვები და ვერ ჩამოვედი, ავად ვიყავიო, თქვა. არ იყო ვაჟა ისეთი ხურდა კაცი, რომ ასეთი რაღაცეებისთვის ყურადღება მიექცია, ანდა თუნდაც აკაკის ნალაპარაკევისთვის. აკაკიმაც კარგად იცოდა, ვაჟა ვინ იყო.    ერთხელ აკაკი შეესწრო, თუ როგორ სცემა სერგეი მესხის კაბინეტში ვაჟამ კაზაკთა ატამანი აშინოვი. ეს აშინოვი იყო ერთი ავანტიურისტი, რომელიც ხელმწიფის კარამდე მივიდა და ამბობდა, რომ აბისინია უნდა შემოვუერთო რუსეთს, როგორც ერმაკმა შემოუერთა ციმბირიო. თბილისში იყო ჩამოსული და „დროებამ“ მასხრად აიგდო. ჰოდა, აშინოვი მოვიდა რედაქციაში და მოითხოვა უარყოფა. კაზაკურად ეცვა, მთელი ოქრო-ვერცხლი გულზე და მესხს ემუქრებოდა. აკაკიც იქვე იჯდა. მე შევშინდიო, მესხი შეცბა და ამ დროს მოვიდა ახალგაზრდა ვაჟა-ფშაველა, ერთი შეხედა ამ აშინოვს და უთხრა, რაღაცა ბევრს ლაპარაკობ შენაო და მოჰკიდა კისერში ხელი, გამოაღო კარი, დააგორა კიბეზე და წიხლიც მიაყოლაო, - აკაკი იხსენებს. ენა, რომელზეც ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ, აკაკის ენაა. გასაკვირი არ არის, რომ აკაკი, ვისაც ახალგაზრდობაში თვითონაც უწუნებდნენ ენას და მესტვირეს ეძახდნენ, მგრძნობიარე იყო ვაჟას ფშაურის მიმართ. და საერთოდ, აკაკის მიდგომა ნამდვილ შემოქმედთა მიმართ საინტერესო იყო.    იყო თბილისში ასეთი კაცი, ივანიკა კვინიტაძე. ის გახლდათ მამა შემდგომში გენერალ გიორგი კვინიტაძისა, ვისი ამბავიც ცალკე მოსათხრობია. ივანიკა პოლკოვნიკი იყო, კავკასიის ომებში სახელდაგდებული კაცი, რომელსაც გენერლობამდე იმიტომ ვერ მიეღწია, რომ ჯეროვანი განათლება ვერ მიეღო. შამილის ერთ-ერთი პირადი დამტყვევებელი იყო და ამითაც იცნობდნენ. სიბერეში ლექსების წერა დაეწყო და დაჰქონდა რედაქციებში. არ უბეჭდავდნენ, რა იყო დასაბეჭდი. ჩამოუჯდებოდა აკაკის და უკითხავდა. აკაკი დიდად უქებდა, ყოჩაღ, თავადო, ყოჩაღო. მერე ეკითხებოდნენ, ეგ რა არის, ნამდვილ და კარგ პოეტებს ბოლს გაადენ ხოლმე და მოხუცებულ კვინიტაძეს კი სისულელეებს უქებო. კარგად პასუხობდა: ამას არაფერი მოეთხოვება და არც ზიანი მოაქვს. უბრალოდ, კაცი თავის ჭიას ახარებს, ხოლო ვისაც მოეთხოვება, იმისთვის დათმობა არ შეიძლებაო. რედაქტორებთან ლაპარაკი ვაჟასთვის ერთი წვალება იყო ხოლმე. დაბეჭდვასაც უგვიანებდნენ და ფულსაც.    სანდრო იგონებს, მოვიდა ერთხელ გულნატკენი და თქვა, ნამუსი არა აქვთო. თვითონ მიმჯდარან და ხრავენ ამ ზუბალაშვილის ფულებს და სხვას თუ უნდა ჰონორარი, აღარ იციანო. სწყინდა ასეთი რაღაცეები, იმიტომ, რომ თავისი ნაწერის ფასიც იცოდა და უგულობასაც ვერ იტანდა. „სახალხო ფურცლის“ რედაქტორად იყო მელიტონ გობეჩია. ცუდი კაცი კი არ იყო, მაგრამ როგორც ბევრი თბილისელი რედაქტორი და ლიტერატურაში ჩაბმული კაცი, ესეც ფიქრობდა, რომ ვაჟა არ არის კულტურული ლიტერატურა, ეს არის ხალხურ კილოზე მოთხრობილი მთის ამბები. შემოქმედებაც არ არის, ვინმე რამეს იტყვის, ან მოყვება და ვაჟას პირდაპირ გადმოაქვსო. ჰოდა, ეს გობეჩია იდგა და ლანძღავდა ვაჟას, არ გვინდა, აღარაფერი მოიტანოსო. სწორედ ამ დროს მოსულა ვაჟა რედაქციაში. შესულან კაბინეტში და ვაჟა ძალიან მალე გამობრუნებულა. ვიდექით რედაქციის თანამშრომლებიო, სანდრო შანშიაშვილი იგონებს, გამომხედა ვაჟამ და მითხრა, საიდან მოიყვანეთ ეს ნეხვიო, გაიხურა კარი და წავიდაო. ცენზურასთანაც გაუჭირდებოდა ხოლმე. მის ბევრ პოემას, ლექსს, ეწერა: ძველი თქმულება, გაგონილი ამბავი, ძველი ამბავი, ლეგენდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ცენზორს შეთხზულ, ახალ და თანამედროვე რამედ არ ჩაეთვალა.  „სტუმარ-მასპინძელში“ ნამდვილი ამბავი მხოლოდ ის არის, რომ ერთი ზვიადაური მართლაც მოუკლავთ ქისტებს თავიანთ სოფელში. მაშინდელი ვაჟას კრიტიკოსები კი ამბობდნენ - უბრალოდ გალექსილი აქვს, თვითონ არ მოუგონიაო. ძალიან პრიმიტიულ რამეებს გამოაცხადებდნენ ხოლმე ვაჟას შესახებ. ილიას წესად ჰქონდა, რომ ლუკა ისარლოვთან გიგო ყიფშიძეს აგზავნიდა, მუნჯის ენა დედამ იცისო. ჰოდა, ლუკამ წაშალა „ერთხელ იქნება მოვკვდები“, ვერ გავუშვებთ ამ ლექსსო. იმიტომ რომაო, ეს ფრაზა ნიშნავს, რომ უნდა გაცოცხლდე და ეს ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგებაო; ეგზარქატში ამბავი ატყდება, მღვდლები გაბრაზდებიანო. არ დაიშალა არაფრით და მოულოდნელად, ღამით სახლში ილია მიადგა. აბაზანაში ჩამჯდარი დამიხვდაო, ილიას უთქვამს, ცოტა შეცბა კიდეცო. არ მოელოდა, ამხელა კაცი რომ მივიდოდა. არ დადიოდა ილია ცენზორებთან და არ ელაპარაკებოდა მათ. შეცვალეს. „როცა იქნება მოვკვდებიო“ - დაბეჭდეს. ასე იცოდა ილიამ. ვინც უყვარდა, ბოლომდე წაჰყვებოდა. ვაჟა თბილისში აუცილებლად ნახავდა შიო მღვიმელს და თავის ძველ ძმაკაცს, ივანე ბუქურაულს, ასევე, ახალგაზრდა სანდრო შანშიაშვილს, რომელსაც შანშეს ეძახდა და კიდევ ჰყავდა ერთი მეგობარი, დავით პავლიაშვილი: ეტყობა, კომიკური და კოლორიტული გარეგნობის კაცი, დაბალი და პროფილით ნაპოლეონს მიმსგავსებული, რომელსაც ვაჟამ „ნაპალენა“ დაარქვა და ყველა ასე ეძახდა. თბილისში ჩამოსულ ვაჟას საყვარელი დუქნებიც გაახსენდებოდა. ვორონცოვის ხიდის თავში იყო ასეთი პატარა დუქანი, ძმებ ხელაშვილების სარდაფი. როგორც ამბობენ, ამ დუქანს სწორედ ვაჟამ დაარქვა „ქოსები“ და ეს სახელი აგერ კომუნისტების დრომდე გამოჰყვა. იქ ისხდნენ ხოლმე საღამოობით მისი მეგობრები და ვაჟა ამბობდა: რა მინდა ძვირიან ადგილებში, ნამდვილი ხალხი აქ არის, ამბავს გაიგებ, ვიღაცა ჭიქას მოგიჭახუნებსო.    ბაღებშიც ხშირად დადიოდნენ, კარგი დროსტარება იცოდნენ, უბრალო და ძმაკაცური. ერთხელ სხედან მუშტაიდის ბაღში და პურსა ჭამენ ვაჟა, ბაჩანა და ივანე ბუქურაული. იქ ბილიკზე ბევრი ხალხი გადი-გამოდიოდა და იმათ შორის მსუბუქი ყოფაქცევის ქალებიც. რამდენი გაივლის, ვაჟა გააყოლებს თვალს, გამოივლის - გამოაყოლებსო. ბაჩანამ შეამჩნია და, ჰა, იცის ბიჭმა, იცის ბიჭმაო? ვაჟამ უკან არ დაიხია და უთხრა: იცის, მაშ არ იცისო?! იმავე სუფრაზე ბუქურაული ეკითხებოდა არაგვის ამბებს, სად როგორ მოდის, სად მაღალია და სად დაბალიო და ბაჩანას უთქვამს, მე ერთ ადგილზე არაგვზე გადამხტარი ვარო. ვაჟა სიცილით მომკვდარა, უსმინე ერთი, არაგვს გადაახტა კაციო. ბაჩანა ცოტა ხნით გასულა, როგორც არის ხოლმე და მთლად გალუმპული კი მობრუნებულა, რუს წაწყდომია დაბლა და სიბნელეში ვერ შეუმჩნევია. ივანეო, ვაჟას უთქვამს, აი, ეს ის ბიჭია, არაგვს რომ ახტებაო. მოსწრებული ენა ჰქონდა. იშვიათი ხუმრობა იცოდა და მარგალიტებიანი. დიუმა რომ თბილისელ დალაქებს სიძვირეს უჩიოდა, ის დალაქები არ შეცვლილან. ჰოდა, ერთხელ თბილისში დალაქმა ვაჟაც გაკრიჭა. ვაჟამ ამოიღო აბაზიანი და დაუდო. დალაქს უთქვამს, ეს რა არის, აბაზათ ვინა კრეჭს, მანეთი უნდაო.    ეჰ, შენ რომ იცოდე, რა თავი გაკრიჭე, ამასაც არ გამომართმევდიო, აუღია ქუდი ვაჟას და წამოსულა.საერთოდ კი, ვაჟას ძმებისაც ბევრია დარჩენილი. გიორგი კი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ ეს სემინარია ვერ დაამთავრა იმ ცნობილი ამბის გამო, როცა ერთხელ ალექსანდრეს ბაღში სემინარიელებმა ჯეროვანი სალამი არ მისცეს, უფრო კიდევ დასცინეს იქ მოსეირნე კავკასიის მეფის ნაცვალს. ამ ამბის შემდეგ კი სემინარიაში წმენდა დაიწყო და ბლომად ბიჭები გამორიცხეს. ბევრი მომავალში ცნობილი პირი ერია გამორიცხულებში. მაგალითად, ალექსანდრე ყიფშიძე-ფრონელი და იონა მეუნარგია.    გიორგი რაზიკაშვილმა, სემინარიიდან გამორიცხვის შემდეგ, იტრიალა თბილისში, ჩარგალში და მერე კი წავიდა პეტერბურგში და იქ იურიდიულ ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად დაჯდა. თავისუფალ მსმენელად იმიტომ, რომ გამორიცხული იყო და სტუდენტობა არ შეეძლო. იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლა და უდიპლომოდ დაბრუნდა საქართველოში, თუმცა მოახერხა და თიანეთში რაღაც სავექილო საქმეებს განაგებდა. გიორგი და ვაჟა გარეგნულად ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივე ახოვანი და მაღალი იყო, ოღონდ ასაკთან ერთად გიორგი უფრო მშვიდი ცხოვრების მოყვარული შეიქნა და მოსუქდა კიდეც. მისი სიმსუქნე ძმებში საოხუნჯო რამ იყო. თუმცა, ახალგაზრდობაში გიორგისაც გვარიანად უყვარდა კრივი და ლაღი ცხოვრება. საერთოდ, ძმებს შორის მიღებული იყო გათამაშება, ოღონდ უფროს-უმცროსობას მაინც იცავდნენ. უმცროსი ძმები - თედო და სანდრო - ძნელად თუ რამეს გაუბედავდნენ ვაჟას და გიორგის. გამონაკლისი იყო ნიკო, იგივე ბაჩანა, ყველაზე ცხელგულიანი და ბობოქარი. დამთმობი არ იყო. გიორგი თიანეთში ცხოვრობდა და ძველები იგონებენ, ცოტა არ იყოს, ფანტაზიორი იყოო. რას ფანტაზიორობდა ამისთანას, დიდად არ იხსენებენ. უდროო მეოცნებე ჩანს. ისიც ახალგაზრდობიდანვე წერდა ლექსებს, მაგრამ ამ საქმეს არ გასდევნებია, მისი ლექსები საშინაო პოეზიად დარჩა, მაგრამ ნასწავლობით კი ძალიან ნასწავლი კაცი იყო და კარგი ენის პატრონიც. ოცნებათაგან ერთი ასე გამოიყურებოდა: უჰ, ეხლა რომ სანადიროდ წავალ და ირემს რომ მოვკლავ, მერე მიყურეთ თქვენაო. არასდროს არ ყოფილა სანადიროდ ბიჭობის შემდეგ და ძმებიც იხოცებოდნენ სიცილით. საუკეთესო თოფი ჰქონდა და მთელ დღეს გაატარებდა ხოლმე ვაზნების თვლაში, აი, მე რომ სანადიროდ წავალ, ყველაფერი მზად უნდა მქონდესო და აპრიალებდა ამ თოფს და ძმებს გამოჭერილი ჰყავდათ ამის გამო.    ვაჟას ერთი ძმაკაცი ჰყავდა თიანეთში, მღვდელი სიმონა ბეგიევი, ისიც კაი დევგმირი კაცი და ერთხელ მასთან იყვნენ სტუმრად ვაჟა და გიორგი და გიორგიმ ისევ წამოიწყო თავისი ნადირობის ამბავი, ოღონდ მიზეზად ის მოჰქონდა, იმიტომ არ მივდივარ სანადიროდ ირემზეო, რომ თორმეტრქიანი მაინც უნდა იყოსო, ათი-თორმეტი მაინც უნდა ჰქონდეს ნაყარი რქაო, რომ სროლა მიღირდესო და ვაჟა აუგდია მორიგჯერ. თან გიორგი ფიზიკურადაც ძიაკაცს ჰგავდა უკვე, მაგრამ მაინც არ იშლიდა ვაჟასთან შეპაექრებას. ბევრი თავგადასავალი გადახდენოდათ ერთად და ერთმანეთის ღონისაც იცოდნენ. ჰოდა, აუტყდა თურმე ვაჟას: შენ რა ბევრს მელაპარაკები, ჭიდაობაში ეხლავე მოგერევიო და ატეხეს იქვე ჭიდაობა, ეტაკნენ ერთმანეთს. ვაჟა ვერ მოერიაო, მაგრამ მიანგრ-მოანგრიეს მთელი სახლი და ეს სიმონა მღვდელი გადაირია: ფშავლებო, ნადირებოო, წადით და თქვენს სახლში იჭიდავეთ, რაღა ჩემს სახლს ამტვრევთო.    იმ ჭიდაობისას გიორგი დაიჩაგრა, სიმსუქნემ და ჯანმა ვეღარ გასდია, აქოშინდა და ვაჟა მაინც დასცინოდა: რა მაგარი ყოფილხარ, რა მაგარიო. სულ ასე იყო ძმებში, შეჯიბრის ამბავი არსებობდა. ვაჟა თვითონაც წერს ამას: ბიჭობიდანვე მქონდა ასეთი თვისება, რომ თუ ვინმე კარგად აკეთებდა რამეს, უნდა მივმდგარიყავი და ისე მესწავლა, რომ მკეთებლისთვის აუცილებლად მეჯობნა ან გავტოლებოდი მაინცო. ასე დამართნია თურმე ერთხელ თელავში. იქ მგალობელთა გუნდი იყო ეკლესიაში, ვაჟას კი სმენა არ ჰქონდა და ხმაც დიდი არაფერი. არა მღეროდა, ფანდურზე იცოდა ხოლმე ჩხაკუნი და ეს იყო მისი სიმღერა. მაგრამ ერთი ჩვენი სასწავლებლის მოწაფეზე ამბობდნენ, რომ ისეთი კარგი ბანი აქვს, ისე კარგად გალობსო, რომ მეც დავიწყე ბასზე მუშაობაო და საშინელება გამომდიოდაო. ასევე იყო ნადირობაშიც, კაი მონადირეც ეთქმოდა, თუმცა მერე დაანება თავი ნადირობას.    გიორგი კარგი მოკრივე იყო ბიჭობაში. ვაჟა რომ ჩაიყვანა თელავში მამამ, სადაც გიორგი უკვე სწავლობდა იქაურ სასულიერო სასწავლებელში, კრივის საქმე იქ მაღლად იდგა. თელავი შაბათ-კვირას გადაიქცეოდა ხოლმე კრივის ქალაქად, ვაჟა გიორგის მალევე აჰყვა - ვიდექი და ვვარჯიშობდიო ფერდებში დარტყმას, ყველაფერსო. მერე და მერე ცნობილი თელაველი მოკრივეები ამბობდნენ - „გოგრიჭამია“ იყო ასეთი, „ბუტყაჭა“ და ასეთი ხალხი - მარტო ეგ ფშავლები გვერეოდნენო, მეტი ვერავინო.    ვაჟას ჰყოლია თელავში ერთი ძმაკაცი, იქაური მღვდლის შვილი, შალვა მაღალაშვილი და ერთად კარგი წყვილი იყო თურმე კრივში. თავიდან პატარებში კრივობდნენ, მაგრამ მალე დაიწყეს დიდებში სიარული და იქაც ეს სახელი დაიგდეს და ეს სახელი ვაჟას გაჰყვა ბოლომდე. ის სამგან სწავლობდა საქართველოში და ყველგან კრივითაც დაიგდო სახელი. მერე პეტერბურგშიაც, სადაც მან გიორგის ჩააკითხა, ძმებს კარგი საკრივო თავგადასავალი შეხვდათ.    უფულოდ მყოფი ძმები შევიდნენ ტრაქტირში და ნაძლევზე თამაშობდნენ ბილიარდს, თუ მოვიგებთ, გვასადილებთო და მთელი ამ ამბის უცნაურობა ის იყო, რომ ვინც ეთამაშება, თურმე იმასაც არა აქვს სადილის ფული და უნდა, რომ მოიგოს და როგორმე სადილის ფული იშოვოს და წააგო ამ რუსმა ვაჟასთან და გაპარვაც დააპირა.    და ატყდა იქ ჩხუბი და დალეწეს მთელი ტრაქტირი ვაჟამ და გიორგიმ. ოცდაათ კაცამდე გვეხვეოდაო, ბლომად მოგვხვდაო. გიორგი მიმწყვდეული ჰყავდათო, მარა ვაჟა კედელთან იდგა და აბა ფერდში, აბა ყბაში. ისეთი ჩხუბი იყო, რომ ბოქაული გამოიძახეს და, რომ მოვიდა და გამოარკვია, რამდენი რამდენს ეჩხუბებოდა, გიორგი და ლუკა გაუშვა, ამათი დაჭერა საცოდაობააო. გიორგი კი ფანტაზიორი იყო, მაგრამ მერე ერთი ამბავი უთქვამს ვაჟასთვის: ქუჩაზე მოვდიოდიო, კაცო, პეტერბურგშიო და კაცმა გამაჩერა და მითხრაო, მე თქვენ არ გეხსომებით, ოღონდ მაინც უნდა დაგპატიჟოთო და ვკითხე, ვინა ხარ-მეთქი და მეო ერთ-ერთი ვიყავი იქაო, ვინც თქვენ გალახეთ ტრაქტირშიო. ჰოდა, მე მოკრივე ვარ და შენც კარგად ჩხუბობდი, მაგრამ ის მეორე რომ იყოო, ის რომ გაჰყვეს მაგ საქმეს, მსოფლიოში ყველას მოუგებსო.    როცა გორში სწავლობდა ვაჟა, ეს ქალაქი საკრივო ამბავში ორად იყო გაყოფილი, ზემო და ქვემო უბნებად და ზემო ჯობნიდა ყოველთვის. ჰოდა, მოულოდნელად ვაჟამ ქვემოუბნელების მხარი დაიჭირა. სემინარიელი იყო და შეეძლო ზედა უბნისთვის დაეჭირა მხარი და მაშინ მთლად გააცამტვერებდნენ ქვედაუბნელებს, მაგრამ ამბობდნენ, ლუკა ეგეთიაო, ყოველთვის სუსტის მხარეს დადგებოდა და იქედან ეცდებოდა გამარჯვებას და იგებდა კიდევაცო. რომ გამოჩნდებოდა კრივშიო, ზემოუბნელებში ჩურჩული ატყდებოდა: ფშაველიც მოიყვანეს, ფშაველიც მოიყვანესო.    ძმებში ყველაზე გულცხელი კი იყო ბაჩანა. ხუთი ძმიდან სამნი - ბაჩანა, ლუკა და თედო მასწავლებლები გამოვიდნენ. მგონი, ისინი იყვნენ პირველი ფშაველი მასწავლებლები მთელ საქართველოში და იყვნენ სხვანაირი მასწავლებლები. ამნაირი მასწავლებელი არავის არ ენახა, მუშტიანი მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ არა ბავშვებისა და მოსწავლეების მიმართ, არამედ უწესრიგობისა და უსამართლობის მიმართ. ძალიან ლაღი ხალხი იყო. თავისუფლებასა და წესიერებას არაფერში ცვლიდნენ. ბაჩანას ხანჯალს ხომ ეწერა არაბულად და ოქროს ასოებით შამილის სახელი. ჰოდა, ის კიდევ კარგად მღეროდა და უკრავდა გიტარაზე და ძმებზე მეტად მომლხენიც იყო. მუშტსა და პატიოსნებაზე უკან არ დაიხევდა. ვაჟას ერთი ძველი ნაბადი ჰქონდა ამოჩემებული. საერთოდ, ტანსაცმლის მიჩვევა იცოდა და გიორგი ვერ იტანდა ამ დაბუმბლულ ძველ ნაბადს, რომ ჩამოდიხარ ამ ძველმანებში გამოხვეული ჩემს სანახავად, მე აქ ვექილი კაცი ვარ და რას იტყვიანო. მაგრამ ვაჟას ეს არ ენაღვლებოდა. ხანდახან უყვარდა ხოლმე კარგად ჩაცმა. დარდითაც იტყოდა ხოლმე, ყოფილა დრო, ცოლ-შვილი ძველმანებში მყოლია გამოხვეულიო. მოკლედ, ეს ნაბადი ვერაფრით მოაშორეს.    ერთხელაც, უნაგირზე ჰქონდა დაკრული და გიორგიმ ვერ მოითმინა, ახსნა და ამოჭრა ოთხ ადგილას, ამონაჭრები კი გამოიყენა თავისი ცხენის ამოსაცმელებად. ნაბადი დაახვია და ისევ დაამაგრა უნაგირზე. ვაჟა წავიდა და მოუსწრო წვიმამ. მოიგდო მხრებზე ძველი ნაბადი და თავიდან ვერც კი მიხვდა, რატომ სველდებოდა. შემოიხსნა და მიხვდა, რომ გიორგის ოინი იყო. გიორგისთან სახლში ყოველთვის ბევრი ცარიელი ბოთლი გროვდებოდა. თუ რატომ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ჰოდა, გიორგიმ შეამჩნია, რომ ჩაალაგებს ვაჟა ამ ბოთლებს ხურჯინში და მიაქვს. სჭირდებოდა, ჭურჭელი სოფლად ყოველთვის საჭიროა. ერთხელაც ასე ჩაალაგა და წაიღო ჩარგალში. მიიტანა სახლში, კეკემ რეცხვა დაიწყო და ხედავს, ფსკერი ყველა ბოთლს გახვრეტილი აქვს. გიორგის ოინიაო, ვაჟას უთქვამს. და რას ეძახდა ლუკა გიორგის? შენაო, არც ფშაველი ხარ და არც რაზიკაშვილიო, შენა ხარ ტარტარენ ტარასკონელიო. დღესაც კი ცოტა იქნება ისეთი ნასტუდენტარი, რომელსაც ეცოდინება ტარტარენ ტარასკონელი. იმ დროში კი ვაჟა ეგონათ უბრალო მთიელი კაცი, რომელსაც არაფერი გაეგება მსოფლიო ლიტერატურისა. როგორც ვაჟა იყო მოშეჯიბრე, ისევე ბაჩანაც. ვაჟასთან მეტოქეობა შეეძლო და მისთვის ჯობნაც.    ერთხელაც თიბვაში შეეჯიბრნენ. ვაჟა ჩქარხელიანი იყო და ყველაფერს სწრაფად აკეთებდა. თიბვა ისე წავიდა, რომ ვაჟამ გაუსწრო. თიბვაში მთავარი ყოფილა, ვინ უკეთ გალესავს ცელს, რაშიც ვაჟა ისეთი მაგარი ვერ იყო და ამ გრძელ გზაზე ნელ-ნელა ჩამორჩა ბაჩანას, რომელიც უკეთ ლესავდა. ვაჟამ შეატყო, ვეღარ დავეწევიო და ბოლოს დააგდო ცელი. საინტერესო ის იყო, რომ ამას უყურებდა პავლე მღვდელი და შეეცოდა ლუკაო. მივიდა, ცელს დახედა და აბა, ბლაგვი ცელით როგორღა დაეწევიო. ისე გამოიყვანა საქმე, რომ მაინც არ მოაგებინა ბაჩანასო. საქმე ისაა, რომ ვაჟა იყო ერთადერთი შვილი, რომელიც ხელში აეყვანა პავლე მღვდელს.    მაშინ არ იყო მიღებული მამისგან შვილის ზედმეტად ფერება. გიორგი სხვანაირად უყვარდა, პირველი იყო და მთელი შეძლება ჩადო მის განათლებაში, მაგრამ ლუკა სხვანაირად ჰყვარებია, ლამაზიაო, სულ ასე ამბობდაო, ბოიგარს ჰგავს, ჩემს ძმასაო.    თმასაც არ კრეჭდნენ ბავშვობაში, თვალებამდე ჰქონდა ჩამოყრილი. მამის გული სხვა არის, ვაჟაც რომ სხვანაირი გამოვიდა, შემთხვევითი არ არის. ბაჩანაც ძალიან კარგი პოეტი იყო და ძალიან კარგი კაციც. ბაჩანამ მორიდება, უკან დახევა არ იცოდა. როგორ ჰგავდა პავლე მღვდელსა! ერთხელ ჩარგალში ლხინი ყოფილა და იქ ყოფილა მთავარდიაკვანი ონისიმე, რომელმაც ბაჩანას ხუმრობა დაუწყო, შენზე ამბობენ, კაი კისრული იცისო. ბაჩანას უთქვამს, ანაფორა კი გაცვია, მაგრამ ცოტას მაინც დაგეჭიდებიო. გამოუყვანია და ვერც მოვასწარით თვალის შევლება, ისე აფრიალდა ანაფორა ჰაერში და ახლა კი გახდები კარგი მღვდელი, ისეთი კისრული გასწავლეო, ბაჩანას უთქვამს. ნაბოლარა იყო სანდრო. მშობლები რომ გარდაიცვალნენ, ფაქტობრივად, ძმებმა გაზარდეს. მერე ისე გამოვიდა, რომ სანდრო იყო მათი პატრონი, მათი შემკრები და მომვლელი.    თედო წავიდა, ქართლში დასახლდა, იქ მასწავლებლად იყო, საუცხოო მწერალი გამოდგა, რა ნიჭი იყო ესა. მეურნეობა ჰქონდა და მისდევდა. თედო დაიღუპა სამეზობლო ჩხუბში. საბჭოთა დრო რომ არ ყოფილიყო, ეგებ ასე არც მომხდარიყო. შესარიგებლად მისულს ისევ ჩხუბი აუტყდა და ესროლეს. არც ის იყო უკან დამხევი ადამიანი.    ერთი საინტერესო ამბავი, რაც ქოსების დუქანში მოხდა, ასეთი იყო: სანდრო შანშიაშვილი იგონებს, რომ ვაჟა შემხვდაო, ძალიან დაფიქრებული იყო და მძიმედ გამოიყურებოდაო. მითხრაო, შანშე, ხვალ მარტო შენ მოდი ქოსების დუქანში, შენთანა მაქვს სალაპარაკოო. მივედი მეორე საღამოს, დამიხვდა სუფრასთან და მითხრაო: დიდი გეგმა მაქვს და იმაში შენც გევალება ერთი რამეო. კახეთშიო ათი სანდო კაცი უნდა აარჩიოო, სულ ისეთები, ვინც საქართველოსთვის თავს დადებსო. ვითომ ცოტაა, მაგრამ ძნელი საძებარიაო. მთელ საქართველოში ხალხი უნდა დავგზავნო და 5000 მოვგროვდებით, ჩემს ნიშანზე ყველანი ერთად თბილისს შემოვეწყობით და რუსებს გავყრით აქედანო. იმის მერე ამაზე აღარაფერი უთქვამს და არც ვინმე სადმე გაუგზავნია. კი ფიქრობდა სულ ამას. ეს ლაპარაკი კი მაშინ მოხდა, როცა რუსეთის რევოლუცია უკვე დამარცხდა. ის დრო იყო, როცა ყველას იჭერდნენ, ყველა ჩაყარეს, ჩამოახრჩეს ან გადაასახლეს.    ეტყობა, დამარცხებისა და წაგების ჯავრი ისეთი ჰქონდა, რომ არ მოერიდა ამ საშიშარ დროს და ვიღაცეებს ეუბნებოდა, აჯანყებას ვაპირებო. ასევე იყო პირველი მსოფლიო ომის დროსაც. როგორც კი დაიწყო ეს ომი, ყველას ეუბნებოდა, ომი საჩვენოდაა და გაგვათავისუფლებსო. ბევრი ელოდა ამას, აკაკიც ელოდა.    ერთხელო, ვაჟას ძმა, სანდრო იგონებს, ომზე ვკამათობდით, ომის რუკა იყო გაშლილიო და ვაჟა ამბობდა დაუჯერებელ რაღაცეებს; ისეთ რაღაცეებს, რომ ვიღაცამ ჩაიწერა რუკის კიდეზეო. მე უკვე, წლების შემდეგ ვნახე ეს რუკა და ყველაფერი ისე მომხდარიყო, როგორც ამბობდაო.…
დაამატა Kakha to ლიტერატურა at 4:27pm on დეკემბერი 13, 2016
  • 1
  • ...
  • 7
  • 8
  • 9
  • 10
  • 11
  • 12
  • 13
  • 14
  • 15
  • 16

Welcome to
Qwelly

რეგისტრაცია
ან შესვლა

ღონისძიებები

  • დაამატე ღონისძიება

ბლოგ პოსტები

CBD Gummies UK

გამოაქვეყნა Claudia Baughan_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 7:26am 0 კომენტარი 0 მოწონება

Our teams of experts have worked hard to create some of the best flavouring CBD edibles in the UK you’ll find online. Each CBD gummy is packed full of the most delicious flavour in every bite. Whether you’re craving the tangy sweetness of peach rings or the refreshing taste of watermelon slices, our amazing range of gummy shapes and flavours means there’s something for herbal anxiety solution everyone to enjoy.…

გაგრძელება

We Pay on your Tales!

გამოაქვეყნა Tanya Hogarth_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 3:13am 0 კომენტარი 0 მოწონება

SLEAZY colleagues at Amazon-owned good doorbell company Ring spied on one another's digital camera recordings to rate the women they brought dwelling. That is according to a damning new report, which reveals Ring's lax angle to customer safety handed engineers unfiltered access to people's private video feeds. Ring was purchased by Amazon last 12 months, and makes smart doorbells that seize a video feed of your doorstep that is streamed in actual-time to an app on your phone. However Ring's…

გაგრძელება

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი 0 მოწონება

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი 1 Like

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება
  • დამატება დღიურში
  • ყველა

Qwelly World

free counters

© 2025   George.   • Ning - platform for social network creation and community website building

პანაღია  |  პრობლემის აღმოჩენისას!  |  Terms of Service

საუბრის დაწყება!