დეპუტატობა კვოტირებით, სამართალი სანქციებით, უმუშევრობა სიღარიბით და ომბუდსმენი ანგარიშით

აპრილი თბილი დღეები მიეწყო და რა უცნაურია, რომ დღეს საგანგებო სამსახურმა დააგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები - 3 და 4 აპრილს, ამინდი მკვეთრად გაუარესდება და ყურადღებით იყავითო, ზღვაზე შტორმიაო და ა.შ. დღეს ძალიან საქმიანი დღე გამოდგა - პარლამენტი გენდერულ კვოტირებასა და ქალი დეპუტატების თანაბარრაოდენობრიობაზე საუბრობდა, ოპოზიცია სიღარიბეზე, ომბუდსმენი წლის შეჯამებით გამოვიდა, ხოლო მმართველი გუნდი მოსამართლეებს იცავდა. დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6814 ლარია.

საქართველოს და მსოფლიოს ამბები | 2 აპრილი, 2024

qwellynews, სიახლეები, ნიუსები, ამბები, აპრილი

პროპაგანდის დაფინანსება - ბექა ოდიშარია - ბებია და ბაბუა შვილიშვილს რომ ფულს აძლევენ, იმასაც კი აქვს მიზნობრიობა - დიდძალი თანხები გამოყოფილია ლგბტ პროპაგანდისთვის და ხელისუფლების გადატრიალებისთვის. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

ჩამოვარდნა - აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოვარდა. ზოგიერთი ინფორმაციით - ვერტმფრენმა „იძულებითი დაშვება განახორციელა“.

გენდერი პარლამენტარებში - ანა ნაცვლიშვილი სანდრო რაქვიაშვილს - გენდერული კვოტირების გაუქმება სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ინტერესებში შედის და თქვენ გამიზნულად და გააზრებულად ეხმარებით მას ამ ძალიან ცუდი თამაშის თამაშში - რამე სარგებელი მაინც თუ გაქვთ? ხატია დეკანოიძე - ჰერმან, იაგო და სანდრო, რა გაქვთ ის გამორჩეული პროფესიული ნიშანი, რის გამოც თანასწორობაზე უნდა ზრუნავდეთ? - საერთოდ არაფერი გაინტერესებთ გარდა იმისა, რომ პარლამენტში მოხვდეთ „ოცნების“ დახმარებით. შალვა პაპუაშვილი სიებში გენდერული კვოტირების გაუქმებაზე - მიკვირს პარტიების რეაქცია, ვინმე უკრძალავს შიგნით რაიმე კვოტის დაწესებას? გიორგი ვაშაძე - რამდენიმე ქალბატონი ჰყავთ სხდომათა დარბაზში და ისინიც არ უნდათ, რომ სიაში ჩაწერონ - ეს ცვლილება „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის. სანდრო რაქვიაშვილი - გენდერული კვოტირების გაუქმება არის საკითხი, რაც „ქართული ოცნების“ ინტერესებშიც შედიოდა და საბოლოო ჯამში, შევთანხმდით! - თუ კანონს მივიღებთ, ეს იქნება მაგალითი იმისა, თუ როგორ კეთდება პოლიტიკა. უმრავლესობის ქალი დეპუტატები - სავალდებულო კვოტირება ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომაა და არა ერთადერთი გზა - ეს პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმაა, რომელმაც გარკვეულწილად მიაღწია მთავარ ამოცანას. ნინო წილოსანი - კვოტირება ქალების პოლიტიკაში გაძლიერების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალებაა - გუნდის პოზიციას ვეთანხმები. ალეკო ელისაშვილი - კვოტების გაუქმება კი არა, დეპუტატების რაოდენობაა შესამცირებელი - სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2022 წელს 18 დეპუტატს ხმა არ ამოუღია, დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება, 100 საკმარისი იქნებოდა. იაგო ხვიჩია - ნორმალურმა ქალბატონებმა მადლობა უნდა გვითხრან იმისთვის, რომ ერთადერთი ვართ, ვინც რეალური თანასწორობისთვის იბრძვის - არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ. თინა ბოკუჩავა გენდერული კვოტირების გაუქმებაზე - ეს არ არის შეთანხმება, ეს არის გარიგება და გარიგებები საქართველოს მოქალაქეების ინტერესების ხარჯზე, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ქეთევან თურაზაშვილი - პარლამენტში თუ ვინმე საუბრობს ფემიციდზე, ოჯახში ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ისევ ქალები ვართ - ანუ, რა გამოდის, რომ ეს ხმა ჯერ უნდა შეამციროთ და საერთოდ აღარ უნდა ისმოდეს? ირაკლი პეტრიაშვილი - საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე მხარი დაუჭირა.

საარჩევნო ცვლილება - შალვა პაპუაშვილი - „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების მიზანია, პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში განსაკუთრებით შენარჩუნდეს კავშირი რეგიონში მცხოვრებ ამომრჩეველთან.

ღარიბი ხელფასები - გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - თქვენ რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით? შეძლებდით ოჯახის შენახვას?! - თქვენ მდიდრდებით - ხალხი ღარიბდება. რა გააკეთა პარლამენტმა იმისთვის, რომ ასეთი მძიმე ეკონომიკური ფონი არ ყოფილიყო ქვეყანაში? - 600 ლარად დასაქმებული ადამიანი ვერ ჩაითვლება რეალურ დასაქმებულად. თინა ბოკუჩავა - როგორ უნდა იცხოვროს ოჯახმა ან თუნდაც ერთმა ადამიანმა 300 ან 600 ლარიანი ხელფასით? - ივანიშვილის ჩინოვნიკები მდიდრდებიან, ხალხს კი ურცხვად უმტკიცებენ, რომ 300-ლარიანი ხელფასით უნდა დაკმაყოფილდნენ. პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ - თუ თქვენ და ღარიბაშვილი ახერხებთ ყოველდღიურად გამდიდრებას, რატომ ვერ ახერხებს ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე? ეკა ხერხეულიძე „ოცნებას“ - მახსენდება სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, როდესაც მაძღარი კაცი მომყმარს წვრილად დაფშვნილ პურს დაუყრის და ეუბნება, ეს მიირთვიო და თან აყვედრის, რა ღორულად ჭამო - ეს გემართებათ, მეგობრებო!

სანქციები სასამართლოში - „რუსთავი2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი. გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც მისი სარჩელი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო და ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვა, რომლის მიხედვითაც, ნიკა გვარამია პატიმრობაში რჩებოდა. ბექა ოდიშარია - სტრატეგიულ პარტნიორს ვთხოვთ, დაუყოვნებლივ გადახედოს მოსამართლეების სანქციების საკითხს - ჩვენ გვაქვს დღევანდელი ელჩის იმედი, რომ ის განსხვავებით მისი წინამორბედისგან, სახელმწიფო დეპარტამენტში სწორ მესიჯებს მიიტანს. მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციას - რატომ არის უცხოელობა ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც ვინმეს უფლებას აძლევს ქართველ მოსამართლეს კეთილსინდისიერება დაუწუნოს? შალვა პაპუაშვილი - ჯერჯერობით, არანაირი რეაქცია არ მოგვისმენია იმ საელჩოებისგან, რომლებიც მონაწილენი იყვნენ ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ მადისკრედიტირებელი კამპანიისა - ველით განმარტებას და შედეგსაც. არცერთი NGO არ გამოსარჩლებია ჩვენს მოსამართლეებს და არ უკითხავს, თუ რა მტკიცებულებები დგას მოსამართლეების სანქცირების უკან. ვაპირებთ, დავარწმუნოთ ჩვენი მეგობრები, რომ როდესაც არის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, პირველ ყოვლისა, ეს აზიანებს მათ რეპუტაციას, ვინც ამ უსამართლო სანქციებს აწესებს. ირაკლი ზარქუა - საელჩოებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს მოსამართლე ჩხიკვაძის მიმართ ბოდიშის მოხდა ეკუთვნით - გამობრძანდით და მოუხადეთ ბოდიში ამ ოჯახს და სასამართლო სისტემას! მამუკა მდინარაძე - მგონია, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს. ირაკლი ქადაგიშვილი - ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ირაკლი ქადაგიშვილი - დღეს საქართველოს სასამართლო სისტემა აბსოლუტურად დამოუკიდებელია. სოზარ სუბარი - სტრასბურგმა ყოველ ჯერზე თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კანონიერი. მამუკა მდინარაძე - ვიდრე „ვეტინგზე“ თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა - გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ, რა დავხუროთ და რა არა.

ომბუდსმენის ანგარიში - კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს - დაუსჯელები არიან ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილის და კვარაცხელიას მკვლელობაში მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები წლების განმავლობაში ნარჩუნდება ფემიციდის კუთხით არსებული გამოწვევები - 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. შოვის ტრაგედიის საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. წინა წლებში გაკეთებული შეფასებების მსგავსად, სოციალური საცხოვრისების გარემო მკვეთრად არადამაკმაყოფილებელი და ღირსების შემლახავია. 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული.

დაბრუნება - შალვა პაპუაშვილი ხატია დეკანოიძის „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნების შესახებ ინფორმაციაზე - სად წასულან „ნაციონალური მოძრაობიდან“ ახლა რომ უკან ბრუნდებიან? - ამ ყველაფერს იუმორით უყურეთ. თაკო ჩარკვიანი - რაც უფრო ნაკლები ხატიას ტიპის ადამიანს დაიბრუნებს უკან განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება მათთვის.

უსამართლოაბ - მოსამართლე მადონა მაისურაძე - ჩემს საჯარო პოზიციას ჩემი ოჯახის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი - გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე მისი პოზიციის გამო სამსახურიდან დაითხოვეს - ეს არის სიცრუე.

ექსტრადიცია - პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით ნიდერლანდებს მიმართა.

საზღვარგარეთულები:

ენტონი ბლინკენი - უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა - აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რაც სჭირდებათ. ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს. ავსტრიის კანცლერი - ავსტრიამ რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს. ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის ყოველ ჯერზე სულ უფრო შორი მანძილის პასუხებს იღებენ. Bloomberg - ნატო უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს.

ბელარუსმა პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე ოლქებში სამხედრო წვრთნები დაიწყო. ალექსანდრე ლუკაშენკო - ჩვენ ვემზადებით ომისთვის - თუ მშვიდობა გინდა, ემზადე ომისთვის.

ირანის პრეზიდენტი - დამასკოში საკონსულოზე მხდლური თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება. ირანის სახელმწიფო მედია - სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.

სომხეთი აზერბაიჯანს საზღვარზე პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს.

ვლადიმერ პუტინი - კროკუსზე თავდასხმის დამკვეთებამდე აუცილებლად მივაღწევთ.

ისრაელი სამხედროების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, რომლებიც ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან. მომხდარის გამო, World Central Kitchen-მა რეგიონში მუშაობა შეაჩერა. ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს პოლონეთი ღაზაში ისრაელის თავდასხმის შედეგად პოლონელი ჰუმანიტარული მუშაკის დაღუპვის ფაქტზე ისრაელისგან განმარტებებს ითხოვს. დიდმა ბრიტანეთმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტს გამოიძიებს. ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰუმანტარული დახმარების მუშაკების დაღუპვაზე - ომის დროს ეს ხდება - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარ განმეორდეს.

წყაროები: ქართული ინტერნეტ საინფორმაციო პორტალები

◄ წინა ამბები მომდევნო ამბები ►