კვლევის მეთოდები განათლებაში
თავი 5

      განათლების სფეროში კვლევის დიდი ნაწილი შეიძლება რამდენიმე გაგებით იყო სენსიტიური და მკვლევრები კარგად უნდა აცნობიერებდნენ დელიკატური საკითხების მრავალფეროვნებას. ამ თავში აღწერილია სენსიტიური კვლევის სხვადასხვა ვარიანტი. შემდეგ განხილულია მისი დაგეგმვისა და განხორციელების ორი მნიშვნელოვანი საკითხი - შერჩევა და წვდომა და აღნიშნულია, თუ რატომ შეიძლება იყოს ეს ორი საკითხი მკვლევრისთვის პრობლემური და როგორ შეიძლება მათი მოგვარება. ასევე, საუბარია გუშაგებსა (8-ე გვერდი) და მათ როლზე. სენსიტიური კვლევა მთელ რიგ სირთულეებს ქმნის, ზოგჯერ - ძნელად მოსაგვარებელ ეთიკურ პრობლემებს და ზოგიერთი მათგანი ამ თავშია წარმოდგენილი. განათლების სფეროში სენსიტიური კვლევის შემთხვევად განხილულია ძალაუფლების მქონე ადამიანების კვლევა, რომლის მაგალითზეც არის წარმოდგენილი ამ სფეროში კვლევის რამდენიმე ძირითადი პრობლემა. შემდეგ მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა დაისვას კითხვები სენსიტიურ კვლევაში. ბოლოს ნახავთ იმ ძირითადი საკითხების ნუსხას, რომლებიც უნდა მოგვარდეს ასეთი კვლევის დაგეგმვის, ჩატარების და ანგარიშის წარდგენისას.

რა არის სენსიტიური კვლევა?

      სენსიტიურია კვლევა, "რომელიც პოტენციურად მოიცავს არსებით საფრთხეს მათთვის, ვინც მონაწილეობს ან მონაწილეობდა მასში" (Lee 1993: 4), ან როდესაც კვლევის მონაწილეები მას არასასურველად მიიჩნევენ (Van Meter 2000). სენსიტიურობა მრავალი წყაროდან შეიძლება მომდინარეობდეს, მათ შორისაა:

  • შედეგები მონაწილეებისთვის (Seiber ანდ შტანლეყ 1988: 49).
  • შედეგები სხვა ადამიანებისთვის, მაგალითად, ოჯახის წევრებისთვის, ნაცნობებისთვის, სოციალური ჯგუფებისა და ფართო საზოგადოებისთვის, მკვლევართა ჯგუფებისა და ინსტიტუტებისთვის (Lee 1993: 5).
  • შინაარსები, მაგალითად, კვლევის ტაბუირებული ან ემოციურად დატვირთული სფეროები (Ferberow 1963), როგორიცაა, ვთქვათ, კრიმინალი, დევიაცია, სქესი, რასა, დანაკარგი, ძალადობა, პოლიტიკა, პოლიციური კონტროლი, ადამიანთა უფლებები, ნარკოტიკები, სიღარიბე, ავადმყოფობა, რელიგია და საკრალური თემები, ცხოვრების სტილი, ფინანსები, ფიზიკური გარეგნობა, ძალაუფლება და მასთან დაკავშირებული ინტერესები (Lee 1993; Arditti 2002; ჩამბერს 2003).
  • სიტუაციური და კონტექსტუალური გარემოებები (Lee 1993).
  • პირად სფეროებში შეჭრა და ღრმად პიროვნული გამოცდილება (Lee and Renzetti 1993: 5), მაგალითად, სექსუალური ქცევა, რელიგიური პრაქტიკები, სიკვდილი და დანაკარგი, შემოსავალი და ასაკიც კი.
  • პოტენციური სანქცია, რისკი ან სტიგმატიზაციის საფრთხე, ინკრიმინაცია, ხარჯები და კარიერული დანაკარგები მკვლევრისთვის, მონაწილეებისთვის ან სხვებისთვის, მაგალითად, ჯგუფებისა და თემებისთვის (Lee and Renzetti 1993; ღენზეტტი ანდ Lee 1993ლ De Laine 2000), მკვლევრისთვის განსაკუთრებული სიტუაცია, როდესაც ის სწავლობს ადამიანის სექსუალობას და ამის გამო "სტიგმის ინფექციით" იტანჯება, ანუ ისევეა სტიგმატიზებული, როგორც მისი კვლევის მონაწილეები (Lee 1993: 9).
  • პოლიტიკურ გაერთიანებებზე თავდასხმა (Lee 1993).
  • კულტურული და კროსკულტურული ფაქტორები და აკრძალვები (Seiber 1992: 129).
  • კრიტიკულად შესწავლისა და ექსპოზიციის შიში (Payne et al, 1980).
  • საფრთხე, რომელიც ემუქრება მკვლევარს და კვლევის მონაწილეების ოჯახის წევრებსა და მათ ნაცნობებს (Lee 1993). ლი (Lee 1993: 34) აღნიშნავს, რომ შეიძლება მოხდეს "გაყინვა", ანუ როდესაც მკვლევარი "თავს იკავებს კვლევის განხორციელებისგან ან გავრცელებისგან", რადგან კოლეგებისგან მტრულ რეაქციებს მოელის, მაგალითად, რასობრივი ნიშნით. "დანაშაულებრივ ცოდნას" შეიძლება კოლეგების მხრიდან პიროვნული და პროფესიული რისკი მოჰქონდეს; ის საფრთხის შემცველია ორივესთვის - მკვლევრისა და კვლევის მონაწილეებისთვის (De Laine 2000: 67, 84).
  • მეთოდოლოგიები და ქცევა, მაგალითად, როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ძალაუფლების მქონე ადამიანებს იკვლევს, მამაკაც ინტერვიუერს ქალი რესპონდენტი ჰყავს, მსხვილი პოლიტიკური ფიგურები არიან ჩართული, ან როცა ძნელია წვდომა და გამოაშკარავება (Simons 1989; Ball 1990; 1994ა; Liebling and Shah 2001).

ზოგჯერ ყველა ან თითქმის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი ერთად დგას. ფაქტიურად, ზოგიერთ სიტუაციაში, განათლების სფეროში რეალურად განხორციელებული კვლევა თავისთავად შეიძლება, სენსიტიური იყოს. ასეთი ვითარება დიდხანს იყო ტოტალიტარული რეჟიმების პირობებში, როცა განათლების სფეროში კვლევის ნებართვა, ჩვეულებისამებრ, მთავრობის მაღალჩინოსნებს და განყოფილებების უფროსებს უნდა გაეცათ. დახურული საზოგადოება განათლების სფეროში მხოლოდ ნებადართული, როგორც წესი, არასენსიტიური და შედარებით აპოლიტიკური საკითხების კვლევის საშუალებას იძლევა. როგორც ლი (1993: 6) ამბობს, "ზოგიერთი ჯგუფის კვლევა... ანათემაა საკმაოდ პირდაპირი მნიშვნელობით". განათლების სფეროში კვლევის აქტი, განურჩევლად მისი მიზნისა, ფოკუსისა, მეთოდოლოგიისა თუ შედეგისა, უკვე სენსიტიური საქმეა (Morrison 2006). ამ ვითარებაში განათლების სფეროში კვლევის ჩატარება შეიძლება პიროვნებათშორის ურთიერთობებზე, ადგილობრივ პოლიტიკასა და მიკროპოლიტიკაზე იყოს დამოკიდებული. უბრალო მეთოდოლოგიური საკითხები შეიძლება, ეთიკურ და პოლიტიკურ/მიკროპოლიტიკურ ნაღმურ ველად იქცეს.

ლი (1993: 4) თვლის, რომ სენსიტიური კვლევა სამ დიდ სფეროს შეეხება, ესენია: პირად სივრცეში შეჭრის საფრთხე ("პირადი, სტრესული ან საკრალური" სფეროების კვლევა); დევიაციისა და სოციალური კონტროლის შესწავლა ანუ კვლევები, რომლებიც სტიგმატიზაციის ან ინკრიმინაციის (სანქციების დადების საფრთხე) გამომწვევ ინფორმაციას იძლევიან; პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც "ძალაუფლების მქონე პიროვნებების ან ინსტიტუტების, იძულების ან დომინირების", სიმდიდრისა და სტატუსის უკიდურესობებისადმი ინტერესებს ავლენენ (Lee 1993). როგორც ბეინონი (Beynon 1988: 23) ამბობს, "მდიდრები და ძალაუფლების მქონენი ჰაგიოგრაფიას[6] აქეზებენ და არა - კრიტიკულ კვლევაძიებას". ფაქტობრივად, ლი (Lee 1993: 8) ამტკიცებს, რომ არსებობს "ზემოდანქვემოთ კვლევის" და არა "ქვემოდან-ზემოთ კვლევის" ტენდენცია, ანუ ყურადღების წარმართვა ძალაუფლების არმქონე და არა - ძალაუფლების მქონე ჯგუფებზე, განსაკუთრებით, იმიტომ, რომ ისინი უფრო იოლი საკვლევი და ნაკლებად სენსიტიურია. სენსიტიურმა კვლევამ შეიძლება სუსტი, დაჩაგრული ჯგუფების ნაცვლად აღიმაღლოს ხმა, მათ ნაცვლად, ვისაც არ აქვს ხმის უფლება, ან ვისაც არ უსმენენ. ამასთან, მის ფოკუსში თანაბრად შეიძლება მოხვდნენ ძალაუფლების მქონე და მაღალ პოზიციებზე მყოფი ადამიანები.

ზემოთ აღწერილი სამი სახის სენსიტიურობა ცალ-ცალკე ან კომბინაციაში შეიძლება შეგვხვდეს. სენსიტიურობა არა მარტო თავად თემას ეხება, არამედ და, ალბათ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, "თემასა და იმ სოციალურ კონტექსტს შორის ურთიერთობასაც", რომელშიც კვლევა ტარდება (Lee 1993: 5). რაც მკვლევარს უცოდველად მიაჩნია, კვლევაში მონაწილეთათვის ან სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის შეიძლება უკიდურესად სენსიტიური იყოს. სენსიტიურობის ძირითად წყაროს საფრთხე წარმოადგენს. ლი (Lee 1993: 5) თვლის, რომ სენსიტიური თემების სიის შედგენაზე მეტად გამოსადეგი იმ პირობებზე დაკვირვებაა, რომელშიც წარმოიქმნება სენსიტიურობა კვლევის პროცესში. ამის გათვალისწინებით, მკვლევარმა უნდა გაიაზროს, თუ რამდენად სენსიტიური იქნება კვლევა განათლების სფეროში არა მარტო თავად საკვლევი თემის, არამედ - ამ კვლევით დაინტერესებული სხვადასხვა მხარის თვალსაზრისით, მაგალითად: უფროსი მასწავლებლების, მმართველების, ადგილობრივი პოლიტიკოსების და გადაწყვეტილების მიმღებთა, მკვლევრის (მკვლევრების) და საკვლევი თემის, ჩინოვნიკების, თემის, სოციალური მუშაკების და სკოლის კონსულტანტების, სპონსორებისა და საზოგადოების წევრების, კვლევაში მონაწილე თემის წევრების და ა. შ.

სენსიტიურობა ახასიათებს არა მარტო განათლების სფეროში საკვლევ თემას, არამედ, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია, იმ სოციალურ კონტექსტს, რომელშიც ტარდება ეს კვლევა და მის მოსალოდნელ შედეგებს ყველა დაინტერესებული მხარისთვის. კვლევის ჩატარება მხოლოდ პროექტის შექმნა და მონაცემების შეგროვება, ანალიზი და წარმოდგენა კი არ არის - ეს ოპტიმიზმი, იდეალიზმი ან უცოდინრობაა, არამედ პიროვნებათშორისი ურთიერთობები, პოტენციურად ხანგრძლივი მოლაპარაკებები, ურთიერთობების დელიკატურად დამყარება და შენარჩუნება, უკან დახევა, ცვლილებების შეტანა და კომპრომისიცაა. იდეალურ სამყაროში განათლების სფეროს კვლევაში მომუშავე მკვლევარს დაუბრკოლებლად შეეძლებოდა კვლევის დაგეგმვა და ჩატარება, მაგრამ იდეალური სამყარო, პოეტ იეტსის სიტყვებით "ჰაერის განსახიერებაა". განათლების სფეროში სენსიტიური კვლევა ამას ძალიან ნათლად აჩვენებს. სანამ განათლების სფეროში კვლევის დიდი ნაწილი სენსიტიურობის მატარებელია, სენსიტიური კვლევის, როგორც ასეთის, განხილვის ძირითადი თემა იქნება, თუ რას შეიძლება ეხებოდეს ეს დელიკატური საკითხები და როგორი შეიძლება იყოს მათი უმწვავესი გამოვლინებები. მკითხველს ვურჩევთ, რომ განათლების სფეროში კვლევების უმეტესობა სენსიტიურად მიიჩნიოს, წინასწარ განჭვრიტოს, თუ რა სახის სენსიტიურობასთან ექნება საქმე და რა კომპრომისებზე შეეძლება წასვლა.

შერჩევა და ხელმისაწვდომობა

უოლფორდი (Walford 2001: 33) ამტკიცებს, რომ საკვლევ გარემოში შესვლის უფლების მოპოვება და გაშინაურება ნელი პროცესია. ჰამერსლი და ატკინსონი (Hammersley and Atkinson 1983: 54) თვლიან, რომ შესვლის უფლება არამარტო პრაქტიკული საკითხია, არამედ "გარემოს სოციალური ორგანიზაციის წვდომასაც" უზრუნველყოფს.

ლის (1993: 60) მიაჩნია, რომ სენსიტიურ კვლევაში შერჩევის და წვდომის პოტენციურად სერიოზული სირთულეებია, განსაკუთრებით, იმ პოპულაციის ზომის განსაზღვრის პრობლემის გამო, საიდანაც შერჩევის წევრები უნდა აირჩიონ, როგორც გარკვეული ჯგუფის წარმომადგენლები, მაგალითად, დევიანტური ან უკანონო ჯგუფების წევრებს არ ენდომებათ თავიანთი კავშირების და გაერთიანებების გამოაშკარავება. ანალოგიურად, მსგავსი პოზიციის მქონე ჯგუფებს შეიძლება, არ სურდეთ გარეშე თვალის დაკვირვების ქვეშ ყოფნა. შეიძლება, მათ ბევრი დაკარგონ თავიანთი მიკუთვნებულობის გამჟღავნებით და, ფაქტიურად, მათი აქტივობები შეიძლება, იყოს არაკანონიერი, გასაკრიტიკებელი, არაპოპულარული, პროფესიული უსაფრთხოებისთვის საფრთხის მომტანი, დევიაციური და, სხვა ჯგუფების აქტივობებთან შედარებით, ნაკლებად გავრცელებული, რაც მათდამი წვდომას უმთავრეს დაბრკოლებად აქცევს. რა ხდება მაშინ, თუ მკვლევარი მოსწავლეებში გაცდენებს, მოზარდთა ორსულობას, თანატოლების მხრიდან დაშინებას ან წებოს სუნთქვას იკვლევს; ან მასწავლებლებში ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენება, ანდა ის ოჯახური ურთიერთობების პრობლემები აინტერესებს, რომლებიც სასწავლო პროცესში სტრესის სახით იჩენს თავს?

ლი (1993: 61) "განსაკუთრებული" (მაგალითად, იშვიათი ან დევიაციური) პოპულაციებიდან შერჩევის აღების რამდენიმე სტრატეგიის გამოყენებას გვთავაზობს, რომლებიც ცალ-ცალკე ან კომბინაციაში გამოიყენება:

  • სიიდან შერჩევა: საზოგადოებისთვის ღია წყაროების, მაგალითად, ახალგანქორწინებულთა სიების გადათვალიერება (თუმცა ასეთი სიები სოციალური მკვლევრებისთვის უფრო გამოსადეგი შეიძლება იყოს, ვიდრე კონკრეტულად განათლების სფეროში კვლევაზე მომუშავეთათვის).
  • მრავალფუნქციობა: გამოკითხვის გამოყენება საჭირო პოპულაციამდე მისასვლელად (თუმცა კონფიდენციალობის პრობლემებმა შეიძლება, ხელი შეუშალოს ამ სტრატეგიის გამოყენებას).
  • დათვალიერება: კონკრეტულ ადგილზე მისვლა ხალხის იქ შერჩევისთვის (რაც შესაძლოა, დიდ ძალისხმევას საჭიროებდეს და მცირე უკუგებას იძლეოდეს).
  • გამოვლენა: კონკრეტულ ადგილზე მისვლა, სადაც სამიზნე ჯგუფის ნაცნობი წევრები გვეგულებიან (მაგალითად, "ტუალეტების კლიენტურად" ("ტეაროომ ტრადე") წოდებული ჰამფრეისეული (Humphrey 1970) ცნობილი კვლევა, რომელიც იკვლევდა საზოგადოებრივ ტუალეტში მამაკაცებს შორის ანონიმური ორალური სექსის აქტს). განათლების სფეროში ეს შეიძლება, იყოს თანამშრომლების (მასწავლებლების) დასასვენებელი ოთახი ან შეხვედრების ოთახი სტუდენტებისთვის. ეს სტრატეგია მიკერძოებულობის რისკით ხასიათდება, რადგან არ ხდება შერჩევის რეპრეზენტაციულობის მარტივი გადამოწმებაც კი.
  • მომსახურება: ლი (1993: 72) გვთავაზობს, რომ მონაწილეების მოზიდვა კვლევაში მონაწილეობის სანაცვლოდ მათთვის გარკვეული მომსახურების შეთავაზებით შეიძლება მოხერხდეს. მკვლევარი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მათ ნამდვილად შეუძლიათ შეპირებული მომსახურების გაწევა. როგორც უოლფორდი (Walford 2001: 36) წერს: "ადამიანები პროდუქტებს არ ყიდულობენ; ისინი სარგებელს ყიდულობენ" და მკვლევარმა გარკვევით უნდა თქვას, რა სარგებელს სთავაზობს.
  • პროფესიონალი ინფორმანტები: ლი (1993: 73) ამბობს, რომ ეს შეიძლება, იყვნენ, მაგალითად, პოლიციელები, ექიმები, სასულიერო პირები ან სხვა პროფესიონალები. განათლების სფეროში ეს შეიძლება, იყვნენ სოციალური მუშაკები და კონსულტანტები. ამ სტრატეგიის გამოყენებაზე ფიქრი შეიძლება, არარეალური ოპტიმისტობა იყოს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ სწორედ ეს ადამიანები სამართლებრივი ან ეთიკური კონფიდენციალობით, ან ნებაყოფლობითი თვითცენზურით იყვნენ შეზღუდულნი (მაგალითად, აივ შიდსის კონსულტანტს მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შეიძლება, სულაც არ უნდოდეს უცნობ ადამიანთან ისევ შიდსის თემაზე ლაპარაკი, სოციალურ მუშაკს ან კონსულტანტს პროფესიული კონფიდენციალობა ზღუდავდეს, ან გადაღლილ მასწავლებელს არ სურდეს სასწავლო პროცესის სიძნელეებზე საუბარი). გარდა ამისა, ლი თვლის, რომ მაშინაც კი, თუ ასეთი ადამიანები თანხმდებიან მონაწილეობაზე, მათ შეიძლება, ყველაფერი არც იცოდნენ. ლის (1993: 73) მოაქვს ნარკომანების მაგალითი, რომელთაც სრულიად განსხვავებული კონტაქტი შეიძლება ჰქონდეთ პოლიციელებთან და ექიმებთან ან სოციალურ მუშაკებთან; ან, აქედან გამომდინარე, პოლიცია, ექიმები და სოციალური მუშაკები შეიძლება, ვერ ხედავდნენ ნაკრომანთა ამ ერთსა და იმავე ჯგუფს.
  • რეკლამირება: მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით პოტენციურად ფართო პოპულაციის წვდომაა შესაძლებელი, შეიძლება, ძნელი იყოს იმის კონტროლი, თუ ვინ გამოეხმაურება, რეპრეზენტაციულობის ან შესატყვისობის თვალსაზრისით.
  • კონტაქტების დამყარება: ეს სტრატეგია ზვავისებრ შერჩევას ჰგავს, როდესაც ადამიანების ერთი ჯგუფი მკვლევარს უფრო მეტ ადამიანთან აკავშირებს, რომლებიც, თავის მხრივ, კიდევ სხვებთან აკავშირებენ და ა. შ. ეს ფართოდ გამოყენებული ტექნიკაა, თუმცა ლი (1993: 66) ამბობს, რომ ყოველთვის იოლი არ არის კონტაქტების მოძიება, ვინაიდან საწყის ინფორმანტს შეიძლება, არ უნდოდეს მჭიდროდ შეკრული თემის წევრების გამოაშკარავება. მეორე მხრივ, მორისონი (2006) აღნიშნავს, რომ კონტაქტების დამყარება პოპულარული ტექნიკაა, როდესაც ძნელია ისეთ ფორმალურ ორგანიზაციაში შეღწევა, როგორიც სკოლაა, ან გუშაგები (ისინი, ვისაც შეუძლია ნებართვის მიცემაარმიცემა, მაგალითად, უფროსი მასწავლებელი ან ხელმძღვანელი პირები) არ იძლევიან შესვლის უფლებას. ის საუბრობს მკვლევრების მიერ არაფორმალური კავშირების ფართოდ გამოყენებაზე იმ მიზნით, რომ მეგობრებისა და პროფესიული ნაცნობების მეშვეობით მათ მეგობრებსა და პროფესიულ ნაცნობებს დაუკავშირდნენ და სკოლებში ფორმალური კონტაქტების დამყარებას გვერდი აუარონ.

უოლფორდი (2001: 36-47) შესვლის უფლების მიღების ოთხსაფეხურიან პროცესს აღწერს:

  1. მიახლოება (შესვლა, სავარაუდოდ, საერთო მეგობრის ან კოლეგის - დამაკავშირებელი პიროვნების - მეშვეობით): ამ კონტექსტში უოლფორდი (2001) გვაფრთხილებს, რომ წარსადგენი წერილი მხოლოდ შესავალი ინტერვიუს ან შეხვედრის უფლების მოპოვებისთვის უნდა გამოვიყენოთ; ან იმისთვის, რომ დირექტორთან სატელეფონო საუბარზე შეთანხმდეთ იმ მიზნით, რომ მასთან შეხვედრა დათქვათ და არა იმისთვის, რომ კვლევა ჩაატაროთ ან შესვლის უფლება მიიღოთ.
  2. ინტერესი (სატელეფონო საუბრის გამოყენება პირველი შეხვედრის შესათანხმებლად): ამასთან დაკავშირებით უოლფორდი (2001: 43) შენიშნავს, რომ დირექტორებს უყვართ ლაპარაკი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ მივცეთ ამის საშუალება ტელეფონითაც კი, როდესაც კვლევაზე სასაუბროდ შეხვედრაზე უთანხმდებით.
  3. სურვილი (წინააღმდეგობების დაძლევა და კვლევის სარგებლების ხაზგასმა): როგორც უოლფორდი (2001: 44) კეთილგონიერად შენიშნავს: "ბოლოს და ბოლოს სკოლას ხომ სულ სხვა მიზნები აქვს, ვიდრე ის, რომ კვლევის ველი იყოს". ის ამით ამბობს, რომ კვლევა შეიძლება მართლაც სასარგებლო იყოს სკოლისთვის, მაგრამ სკოლა ვერ ხვდებოდეს ამას, სანამ არ მიუთითებენ. მაგალითად, დირექტორს შეიძლება უნდოდეს, რომ მკვლევრის იმედი ჰქონდეს; მასწავლებლებმა შეიძლება სარგებელი ნახონ მკვლევართან გამართული დისკუსიებიდან; მოსწავლეებისთვის სარგებელი შეიძლება ის იყოს, რომ ვიღაც დაინტერესდება და კითხვებს დაუსვამს სწავლის შესახებ.
  4. გაყიდვა (როდესაც პოტენციური მონაწილე თანხმდება კვლევაში მონაწილეობაზე)

უიტი და ედუარდსი (Whitty and Edwards 1994: 22) ამტკიცებენ, რომ შესვლის უფლების მიღების პრობლემების დასაძლევად და მონაწილეების დასაყოლიებლად გამჭრიახობააა საჭირო, ზოგჯერ კი ცდუნებაც დასაშვებია: "მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა სკოლამ უარი გვითხრა თანამშრომლობაზე, დაწყებითი სკოლის მეშვეობით შემთხვევით შევხვდით ზოგიერთ მშობელს, რომელთა შვილებიც ამ სკოლაში სწავლობდნენ და შემდეგ დამოუკიდებელ სკოლებს ვუთხარით, რომ უკვე ვიღებდით გარკვეულ ინფორმაციას მათი მოსწავლეების შესახებ". ავტორები იმასაც ამატებენ, რომ ხანდახან აუცილებელია, მკვლევრებმა თქვან, რომ ისინი "კვლევის მონაწილეთა მხარეს" არიან.1 ფაქტობრივად, ისინი ამბობენ, რომ "ხშირად უკითხავთ ჩვენი საკუთარი მოსაზრებების შესახებ და ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთი მხრიდან საეჭვო დამოკიდებულება მეორე მხარესთან გამოგვდგომია მისგან შესვლის ნებართვის მისაღებად" (Whitty and Edwards 1994: 22). ეს ისევ ბეკერის (1968) რჩევასთან გვაბრუნებს - მკვლევრებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ ვის მხარეს არიან.

ზვავისებრი შერჩევის გამოყენებას "უსაფრთხოება" შემოაქვს (Lee 1993), ვინაიდან "ზვავის" წევრები იცნობენ და ენდობიან კონტაქტებს. ეს კი ასეა, მაგრამ ამ მომენტს შეიძლება ტენდენციურობა სდევდეს თან, რადგან შერჩევის წევრთა შორის ურთიერთობა შეიძლება "რეციპროკული და ტრანზიტული" იყოს (Lee 1993: 67), ანუ მონაწილეებს შეიძლება მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეთ ერთმანეთთან და არ სურდეთ ამის გაფუჭება. ამგვარად, სავარაუდოდ, შერჩევის თვისებების ჰომოგენურობას მივიღებთ.

ასეთმა ზვავისებრმა შერჩევამ შესაძლოა კვლევა შეცვალოს, მაგალითად, შემთხვევითი, სტრატიფიცირებული ან პროპორციული შერჩევა მოსახერხებელ შერჩევად აქციოს და ამით განზოგადებადობა შეამციროს, ან ბევრი შემთხვევის შესწავლის სინთეზირებით განზოგადებადობის უზრუნველყოფის საჭიროება შექმნას. მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად დგება მომენტი, როცა არჩევანი არაალბათური შერჩევის სტრატეგიების გამოყენებასა და საერთოდ არაფრის გაკეთებას შორის უნდა გაკეთდეს.

სენსიტიური კვლევის ჩატარების მიზნით ადამიანებთან მისვლის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული საკითხები დაგეგმვის პროცესში შეიძლება მკვლევრისგან დიდ გამჭრიახობასა და წინდახედულებას საჭიროებდეს. მკვლევრებმა წინასწარ მარჯვედ უნდა გათვალონ საკვლევი ჯგუფის წვდომასთან დაკავშირებული პრობლემები და ისე დაგეგმონ კვლევა, რომ თავიდან აირიდონ ასეთი პრობლემები, მაგალითად, კვლევა საკუთარ ინსტიტუტში ჩაატარონ, ან პირადი გარემოებები იკვლიონ, თუნდაც ამით განზოგადებადობა ზარალდებოდეს. ასეთმა წინასწარ განჭვრეტილმა ქცევამ შეიძლება შემთხვევის შესწავლის, პრაქტიკული კვლევისა და საკუთარი ინსტიტუტების შესახებ ანგარიშების სიუხვე შექმნას, რადგან, წვდომის პრობლემის არსებობის პირობებში, ეს კვლევის ერთადერთი ხელმისაწვდომი ნაირსახეობებია.

გუშაგები

წვდომის ნებართვის მიღება გუშაგების ანუ იმ ადამიანების მეშვეობით არის შესაძლებელი, ვინც აკონტროლებენ წვდომას. ლი (1993: 123) აღნიშნავს, რომ "სოციალური წვდომა არსებითად არის დამოკიდებული პიროვნებათშორისი ნდობის დამყარებაზე". გუშაგები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კვლევაში, განსაკუთრებით ეთნოგრაფიულ კვლევაში (Miller and Bell 2002: 53). ისინი აკონტროლებენ წვდომას და განმეორებით წვდომას (Miller and Bell 2002: 55). ისინი იძლევიან შესვლის უფლებას ან ბლოკავენ მას; მათ შეუძლიათ მიმართულება მისცენ კვლევის პროცესს იმით, რომ "ველზე მუშაობისას მკვლევარი ხან ერთი მიმართულებით წაიყვანონ, ხან - მეორით", ან ზედამხედველობა გაუწიონ კვლევას.

გუშაგებმა შეიძლება მოისურვონ რისკის აცილება, შეზღუდვა, გაზრდა ან გაკონტროლება და, შესაბამისად, დააბრკოლონ წვდომა ან თავისი პირობები წამოაყენონ. წვდომის მათეული პირობების წამოყენებამ შეიძლება შეცვალოს დაგეგმილი კვლევის ბუნება მეთოდოლოგიის, შერჩევის, ფოკუსის, გავრცელების, სანდოობის და ვალიდობის, ანგარიშის მომზადების და მონაცემების კონტროლის თვალსაზრისით (Morrison 2006)

მორისონმა (2006) აღმოაჩინა, რომ განათლების სფეროში სენსიტიური კვლევის წარმოებისას შეიძლება შემდეგი ხასიათის პრობლემები შეიქმნას:

  • სკოლებში შესვლის ან მასწავლებლებთან მისვლის ნებართვის აღება;
  • კვლევის ჩატარების უფლების აღება (მაგალითად, სკოლის დირექტორისგან);
  • დირექტორების უკმაყოფილება;
  • ადამიანები, რომლებიც ყურადღებით აკონტროლებენ, თუ რომელი მონაცემების გამოყენება შეიძლება;
  • შერჩევაში მოხვედრის მსურველი საკმარისი რაოდენობის მონაწილეების პოვნა;
  • სკოლები/ინსტიტუტები/ადამიანები, რომელთაც არ სურთ საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება;
  • სკოლები/ინსტიტუტები, რომელთაც არ სურთ, რომ იდენტიფიცირებული იყვნენ მაშინაც კი, როცა დაცვა გარანტირებულია;
  • ადგილობრივი პოლიტიკური ფაქტორები, რომლებიც ზემოქმედებენ სკოლაზე/საგანმანათლებლო ინსტიტუტზე;
  • მასწავლებლების/მონაწილეების შიში, რომ მათი ვინაობა გამჟღავნდება/მათ მიაგნებენ მაშინაც კი, როცა დაცვა გარანტირებულია;
  • მონაწილეობის შიში მასწავლებლების მხრიდან (მაგალითად, თუ ისინი რაიმე კრიტიკულს იტყვიან სკოლის ან სხვების შესახებ, შეიძლება, დაკარგონ სამსახური);
  • სამსახურში დატვირთულობის გამო მასწავლებლებს არ სურთ კვლევაში მონაწილეობა;
  • დირექტორი თანამშრომლებთან გასაუბრების გარეშე წყვეტს, ჩართოს თუ არა ისინი შერჩევაში;
  • სკოლას ეშინია კრიტიკის/სახის ან რეპუტაციის დაკარგვის;
  • კვლევის სენსიტიურობა - საკვლევი საკითხები;
  • მკვლევრის უფლებამოსილება/პოზიცია (მაგალითად, თუ მკვლევარი ახალგაზრდა ან ხანშიშესული თანამშრომელია, ან გავლენიანი პიროვნებაა განათლების სფეროში).

რისკის შემცირებას მონაწილეთა მხრიდან კვლევისთვის პირობების წამოყენება შეიძლება, მოჰყვეს (მაგალითად, იმის თაობაზე, თუ რა ინფორმაციის გამოყენება შეუძლია ან არ შეუძლია მკვლევარს, ვისთვის შეუძლია მონაცემების ჩვენება, რას ნიშნავს "კონფიდენციალური" (და რა მოუვა ასეთ კონფიდენციალურ ჩანაწერებსა თუ შენიშვნებს). რისკის შემცირებას მკვლევარზე ზედამხედველობაც/მკვლევრის თანხლებაც შეიძლება მოჰყვეს დროის იმ მონაკვეთში, სანამ კვლევა ადგილზე წარმოებს (Lee 1993: 125).

შეიძლება, გუშაგებს "დაბეჭდილი და გამოცემული კვლევის შემოწმება, მოდიფიცირება ან დაფარვა" სურდეთ (Lee 1993: 128). შეიძლება, მათ კვლევის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაც უნდოდეთ, ანუ მათი ჩართულობა არ იყოს უანგარო ანდა უინტერესო; ან სანაცვლოდ ითხოვდნენ რაიმეს, მაგალითად, მკვლევრისგან ითხოვდნენ, რომ კვლევაში პირადად მათთვის საინტერესო სფერო ჩართონ, ან უშუალოდ მის - და, შეიძლება, მხოლოდ მის - წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. მკვლევარმა წინასწარ უნდა შეათანხმოს ამ სახის პოტენციური საფრთხეები, რომ არ ჩათვალონ დირექტორის ინფორმატორად. როგორც უოლფორდი (2001: 45) წერს: "დირექტორმა (შეიძლება) შესთავაზოს მკვლევარს, რომ დააკვირდეს იმ კონკრეტულ მასწავლებელს, რომლის შესახებაც თავად მას სურს ინფორმაციის მიღება". შეიძლება, მკვლევარს დასჭირდეს მონაწილეების დარწმუნება, რომ მათი მონაცემები არ მოხვდება დირექტორთან.

მეორე მხრივ, ლი (1993: 127) ფიქრობს, რომ მკვლევარი მცირეოდენ დათმობებზე უნდა წავიდეს, რათა შეძლოს კვლევის განხორციელება, ანუ სჯობს, გუშაგის მოთხოვნების მცირე ნაწილი შეასრულოს, ვიდრე საერთოდ ვერ შეძლოს კვლევის წარმოება.

გუშაგის გარდა, მკვლევარმა შეიძლება, საკვლევ ჯგუფში იპოვოს "სპონსორი" ანუ ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს წვდომას, ინფორმაციასა და მხარდაჭერას. ამის ცნობილი მაგალითია დოკის ფიგურა უაიტისეულ კლასიკურ კვლევაში შტრეეტ ჩორნერ შოციეტყ (1993. ორიგინალური კვლევა 1943 წელს გამოქვეყნდა). დოკი, ბანდის ლიდერი ჩიკაგოში, ამბობს (გვ. 292):

თქვენ მითხარით, რა გინდათ, რომ გავაკეთოთ და გავაკეთებთ. როცა რაიმე ინფორმაცია გინდათ, მე მოვითხოვ მას და თქვენ მოუსმინეთ. როცა ცხოვრების მათეული ფილოსოფიის გაგება გინდათ, მე დავიწყებ განხილვას და თქვენ ჩაერთეთ... არანაირი პრობლემა არ გექნებათ. თქვენ მეგობრად გვეკუთვნით.
(Whyte 1993: 292)

როგორც უაიტი წერს:

ჩემი ურთიერთობა დოკთან სწრაფად შეიცვალა... თავდაპირველად ის, უბრალოდ, ინფორმაციის მთავარი წყარო და ჩემი სპონსორიც იყო. მასთან დიდი დროის გატარების შემდეგ აღარ აღვიქვამდი მას პასიურ ინფორმატორად. საკმაოდ გულღიად განვიხილავდი მასთან, რის გაკეთებას ვცდილობდი, რა პრობლემები მაწუხებდა და ა. შ.... ასე რომ, დოკი მართლაც კვლევის რეალურ თანამშრომლად იქცა.
(Whyte 1993: 301)

უაიტი აღწერს, თუ, როგორ მოქცევას ურჩევდა დოკი იმ ადამიანებთან, ვისაც კვლევის ფარგლებში ხვდებოდა:

ფრთხილად იყავი მაგ "ვინ", "რა", "რატომ", "როდის", "სად"-ებთან, ბილ. ამ კითხვებს დაუსვამ და ადამიანები პირში წყალს ჩაიგუბებენ. თუ ხალხი მიგიღებს, სადღაც იქვე შეძლებ ყოფნას და, საბოლოო ჯამში, კითხვების დასმის გარეშეც გაიგებ პასუხებს.
(Whyte 1993: 303).

ფაქტიურად, დოკმა თავისი როლი შეასრულა კვლევითი ნაშრომის დაწერაში: "როცა დავწერე, სხვადასხვა ნაწილი ვაჩვენე დოკს და დეტალურად გავიარეთ ერთად. მისი კრიტიკა ფასდაუდებელი იყო გადასინჯვისას" (გვ. 341). 1993 წლის გამოცემაში უაიტი კვლევაზე მსჯელობისას სვამს კითხვას - ექსპლუატაცია ხომ არ გაუწია მან დოკს (გვ. 362). ეს აუცილებელი რეციპროკულობის სასარგებლო შეხსენებაა, რომელიც სენსიტიური კვლევის წარმოებისას შეიძლება მოიაზრებოდეს

ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ შერჩევისა და წვდომის საკითხების მოგვარებისას აღსანიშნავია რამდენიმე მომენტი (5.1 ჩანართი).

ჩანართი 5. 1.
შერჩევისა და წვდომის საკითხები სენსიტიურ კვლევაში

  • როგორ გამოვთვალოთ პოპულაციის და შერჩევის ზომა.
  • რამდენად შეიძლება იყოს ან არ იყოს შერჩევა პოპულაციის რეპრეზენტაციული.
  • როგორი შერჩევაა სასურველი (მაგალითად, შემთხვევითი), მაგრამ როგორია ის ერთადერთი შერჩევა (მაგალითად, ზვავისებრი), რომელიც პრაქტიკაში განხორციელებადი იქნება.
  • როგორ გამოვიყენოთ კავშირები შერჩევამდე მისასვლელად და რა სახის კავშირები გამოვიყენოთ.
  • როგორ ვაწარმოოთ კვლევა მონაწილეთათვის საფრთხის შემცველ სიტუაციაში (მკვლევრის ჩათვლით).
  • როგორ დავიცვათ მონაწილეთა ვინაობა და საფრთხის/რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფები.
  • როგორ დავუკავშირდეთ ძნელად მისაწვდომ ადამიანებს.
  • როგორ უზრუნველვყოთ და შევინარჩუნოთ წვდომა.
  • როგორ ვიპოვოთ და ჩავრთოთ კვლევაში გუშაგები და სპონსორები.
  • რა შევთავაზოთ გუშაგებსა და სპონსორებს.
  • რა საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება კომპრომისზე წასვლა.
  • რა საკითხებთან დაკავშირებით არის შეუძლებელი კომპრომისზე წასვლა.
  • როგორ დავამყაროთ და შევინარჩუნოთ ურთიერთობები ველზე.
  • რა მომსახურების გაწევა შეგვიძლია, როგორც მკვლევარს.
  • როგორ დავამყაროთ თავდაპირველი კონტაქტი პოტენციურ სამიზნე ჯგუფთან.

კვლევების უმრავლესობა უძლებს ან ვერ უძლებს შერჩევის ეტაპს. ეს განამტკიცებს ჩვენს მოსაზრებას, რომ კვლევის მთლიანად აკრძალვას, შესაძლოა, შერჩევისა და წვდომის თაობაზე კომპრომისის მიღწევა სჯობდეს. შეიძლება, კომპრომისი უკეთესი გამოსავალი იყოს, ვიდრე საერთოდ კვლევაზე უარის თქმა.

ეთიკური საკითხები სენსიტიურ კვლევაში

სენსიტიურ კვლევაში სირთულეს ქმნის ის, რომ მკვლევარს დევიანტური ჯგუფების ან სკოლის იმ წევრების შესახებ შეიძლება ჰქონდეს "დანაშაულებრივი ცოდნა" (De Laine 2000) და ამ ცოდნაში "გასვრილი ხელები" (Kლოცკარს 1979), ვისაც სკოლის დეკლარირებული ძირითადი მისიისადმი საწინააღმდეგო დამოკიდებულებები აქვთ. თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, ეს ნიშნავს, რომ მკვლევარმა უნდა დაადგინოს ის საზღვრები, რომლის მიღმაც აღარ გარისკავს. მაგალითად, გლაზგოს ბანდის პატრიკისეულ კვლევაში (Patrick 1973) მკვლევარი მკვლელობის მოწმე გახდა. უნდა შეატყობინოს მან ამის შესახებ პოლიციას და ამით გამოიაშკარავოს თავი, თუ გაჩუმდეს, რათა ბანდასთან კონტაქტი შეინარჩუნოს და, ამგვარად, დაარღვიოს კანონი, რომელიც მკვლელობის შესახებ განცხადებას მოითხოვს?

მოსწავლეების ინტერვიუირებისას მათ შეიძლება სენსიტიური თემები წამოწიონ საკუთარი თავის, ოჯახის და მასწავლებლების შესახებ. ასეთი ინფორმაციის მიღებისას მკვლევარმა უნდა გადაწყვიტოს, მოიმოქმედოს თუ არა რაიმე და თუ კი, რა და როგორ. რა უნდა ქნას მკვლევარმა, თუ, მაგალითად, დირექტორის მმართველობის შესახებ მასწავლებლის ინტერვიუირებისას, რესპონდენტი ამბობს, რომ დირექტორს სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა მშობელთან ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები აქვს? ასეთ შემთხვევებში მკვლევარი, კვლევისთვის საჭირო ცოდნა რომ მიიღოს, უნდა გაჩუმდეს, თუ უნდა იმოქმედოს? რა შედის საზოგადოების ინტერესებში - ერთი ცალკეული მონაწილის პირადი ცხოვრების დაცვა თუ მკვლევრის ინტერესები? ლი (1993: 139) მიუთითებს, რომ ზოგიერთი მონაწილე შეიძლება მიზანმიმართულად იგონებდეს ისეთ სიტუაციებს, რომლითაც მკვლევარს "დანაშაულებრივ ცოდნას" აწვდის და ამით ამოწმებს მკვლევრის მიდრეკილებებს: "ნდობის ტესტი".

ეთიკური საკითხები გამკვეთრებულია განათლების სფეროში სენსიტიურ კვლევაში. ფარული კვლევის საკითხი წინა პლანზე გადმოდის, ვინაიდან დევიაციური ან სენსიტიური სიტუაციების შესწავლა მონაცემების მოსაპოვებლად მკვლევრის ფარულად მუშაობას შეიძლება, საჭიროებდეს. ფარულ კვლევაში შესაძლებელია "რეაქტიულობის პრობლემების" დაძლევა (Lee 1993: 143), როდესაც კვლევა გავლენას ახდენს მონაწილეთა ქცევაზე (Hammersley and Atkinson 1983: 71). ის მკვლევარს ჯგუფის წევრების რეალური მოაზრებების გაგების შესაძლებლობასაც აძლევს, რასაც მკვლევარი ვერ მოახერხებს, თუ მათ, ვისაც ის იკვლევს, ეცოდინებათ, რომ იკვლევენ; წინააღმდეგ შემთხვევაში შესვლაზე, უბრალოდ, უარს ეტყვიან და მკვლევარს ხელი აღარ მიუწვდება ცოდნის მნიშვნელოვან სფეროებზე. ეს განსაკუთრებით ასე ხდება ძალაუფლების მქონე ადამიანების კვლევისას, რომელთაც შეიძლება არ სურდეთ ინფორმაციის გამჟღავნება და, აქედან გამომდინარე, წყვეტდნენ ან უარს ამბობდნენ შესვლის ნებართვის გაცემაზე. ინფორმირებული თანხმობის ეთიკური საკითხი ამ შემთხვევაში იგნორირებულია გამოვლენილი ვითარებების ინტერესების სასარგებლოდ, რაც საზოგადოების ინტერესიცაა. იმ ბრალდებისთვის, რომ ეს ჯაშუშობას ჰგავს, მიჩელი (Mitchell 1993: 46) ნათლად ამბობს, რომ ფარულ კვლევასა და ჯაშუშობას შორის დიდი განსხვავებაა:

  • "ჯაშუშობა იდეოლოგიურად პროაქტიულია, ხოლო კვლევა - იდეოლოგიურად გულუბრყვილო" (Mitchell 1993: 46). ის ამტკიცებს, რომ ჯაშუშები კონკრეტული სისტემის ან იდეოლოგიის მუშაობას უწყობნენ ხელს, კვლევა კი გაგებას ცდილობს და არა - დარწმუნებას.
  • ჯაშუშებს აქვთ განცდა, რომ მისიას ასრულებენ და გარკვეული ინსტრუმენტული მიზნების მიღწევას ცდილობენ, ხოლო კვლევას არ აქვს ასეთი სპეციფიკური მიზნები.
  • ჯაშუშებს სჯერათ, რომ ისინი მორალურად უფრო მაღლა დგანან, ვიდრე მათი დაკვირვების სუბიექტები, ხოლო მკვლევარს არ აქვს ასეთი განცდა. ფაქტიურად, საკუთარი მნიშვნელოვნების შესახებ რეფლექსიის შედეგად, მკვლევარი მეტად ცდილობს, რომ მისმა როლმა არ დაამახინჯოს კვლევა.
  • ჯაშუშებს ზურგს უმაგრებენ ინსტიტუტები, რომელთაც გაწვრთნეს ისინი და სხვადასხვაგვარი მახეების დაგება და ხრიკები ასწავლეს, ხოლო მკვლევრებს ასეთი ტრენინგი არ გაუვლიათ.
  • ჯაშუშებს ფულს უხდიან ამ საქმეში, მკვლევრები კი ხშირად ყოველგვარი მოგების გარეშე ან საკუთარი ინტერესის გამო მოქმედებენ.

მეორე მხრივ, ინფორმირებული თანხმობის მიღების გარეშე მონაწილეებმა თავი მოტყუებულად, ძალიან გაბრაზებულად, გამოყენებულად და ექსპლუატირებულად შეიძლება იგრძნონ, როცა საბოლოოდ კვლევის შედეგები გამოქვეყნდება და ისინი მიხვდებიან, რომ მათი თანხმობის გარეშე იკვლევდნენ.[2] მოღალატედ აღიქმება მკვლევარი (Lee 1993: 157), რომელიც კვლევას "სტატუსის, შემოსავლის ან პროფესიული წინსვლისთვის იყენებს, რაზეც კვლევის მონაწილეებს უარი ეთქვათ". როგორც ლი (1993: 157) აღნიშნავს: "ახალი არ არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი გეტოს ტიპის დასახლების მცხოვრებლებს გადაბრუნებული სიტყვა არ დაცდენიათ ათობით მოსწავლე სკოლაში რომ მიიყვანეს". გარდა ამისა, კვლევაში გამოყენებულ ადამიანებს შეიძლება არც ჰქონდეთ იოლად პასუხის გაცემის უფლება; თვლიდნენ, რომ კვლევაში არასწორად წარმოჩნდნენ; ჰქონდეთ განცდა, რომ უარი ეთქვათ ხმის უფლებაზე; არ უნდოდეთ, რომ ცნობადი იყვნენ და მათი პიროვნული სიტუაცია საჯრო განხილვის საგნად იქცეს; გრძნობდნენ, რომ მათ ექსპლუატაცია გაუწიეს.

ანონიმურობის საფარველი, როდესაც რესპონდენტები სრულიად ამოუცნობნი არიან, ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს სენსიტიურ კვლევაში. ამასთან დაკავშირებით, "დედუქციური ამოცნობის" საკითხი დგება (Boruch and Cecil 1979), როდესაც ინდივიდების ამოცნობა მონაცემების რეკონსტრუქციით და კომბინირებით არის შესაძლებელი. მკვლევარმა თავი უნდა დაიზღვიოს ამ შესაძლებლობისგან. თუ წარმოდგენილი დეტალები შესაძლებელს ხდის პიროვნების იდენტიფიცირებას (მაგალითად, თუ სკოლის კვლევაში მხოლოდ ერთი 50 წლის მამაკაცი მასწავლებელია, რომელიც ბიოლოგიას ასწავლის, სახელის ხსენება სულაც არ იქნება აუცილებელი მის ამოსაცნობად), მკვლევარმა არ უნდა გაამჟღავნოს ასეთი დეტალები, რათა მკითხველმა, რომც უნდოდეს რესპოდენტის ამოსაცნობად დეტალების გაერთიანება, ვერ შეძლოს ეს.

მკვლევარს, შეიძლება, სურდეს კონფიდენციალობის დაცვა, მაგრამ ისიც უნდოდეს, რომ ინდივიდებისგან ინფორმაცია ერთზე მეტი შეხვედრისას მიიღოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია "ბმული ფაილის" სისტემის გამოყენება (Lee 1993: 173): კეთდება სამი ფაილი. პირველში მონაცემები ინახება და მონაწილეებს შემთხვევითად ენიჭებათ რიცხვები. მეორე ფაილში რესპონდენტების სიაა, მესამეში კი ის ინფორმაციაა მოთავსებული, რომელიც აუცილებელია პირველ ფაილში მოცემული შემთხვევითი რიცხვებისა და მეორეში შენახული სახელების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. მესამე ფაილი ნეიტრალურ "ბროკერთან" ინახება და არა - მკვლევართან. ეს პროცედურა ორმაგად ბრმა კლინიკურ ექსპერიმენტს ჰგავს, რომელშიც მკვლევარმა არ იცის, რომელი მონაწილე იღებს ექსპერიმენტულ წამალს და რომელი - პლაცებოს. ლი აღიარებს, რომ ამის გაკეთება შეიძლება უფრო ადვილი იყოს რაოდენობრივი და არა - თვისებრივი მონაცემების შემთხვევაში.

ცხადია, ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია ცალკეული ადამიანების, სკოლებისა და დეპარტამენტების ვერ ამოცნობა, მაგალითად, შეიძლება სკოლების ამოცნობა მათი განსაკუთრებული გამორჩეულობით (Whitty and Eswards 1994: 22). ასეთ შემთხვევებში კარგად უნდა განისაზღვროს ინფორმაციის გამჟღავნების პირობები. ეს არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება ჩანდეს. მაგალითად, განათლების სფეროში კვლევის ზოგადი პრინციპია, რომ ინდივიდებს ზიანი არ უნდა მიადგეთ (ზიანის მიუყენებლობა), მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ ისეთი თემა გამოიტანეს სააშკარაოზე, რომელიც საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესებში შედის (მაგალითად, სკოლაში სათანადოდ არ არის დაცული საბუღალტრო პროცედურები)? მკვლევარმა აღმოჩენილი ვითარება თავად უნდა გაარკვიოს, საჯარო გახადოს, თუ საერთოდ არაფერი უნდა მოიმოქმედოს? საქმის გარკვევის შემთხვევაში სკოლაში მომუშავე თანამდებობის პირებს ნამდვილად მიადგებათ ზიანი.

ეთიკური საკითხები კვლევის წარმოებისას მკვეთრად ვლინდება პიროვნული, ინსტიტუციური და საზოგადოებრივი პოლიტიკის ფონზე და საზოგადო და პირად სფეროებს შორის საზღვარი არამარტო ფარდობითია, არამედ - ბუნდოვანიც. დებატებმა ეთიკის თემაზე იმატა, მაგალითად, იმ პოტენციური დაძაბულობის შესახებ, რომელიც არსებობს პირად ცხოვრებაზე ინდივიდის უფლებასა და საზოგადოების ცოდნის უფლებას შორის; ასევე, ინდივიდისთვის ზიანის მიუყენებლობაზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ სიკეთეზე ზრუნვას შორის. ვინაიდან საზოგადო და პირადი სფეროები შეიძლება ერთიანდებოდნენ, ძნელია, თუ შეუძლებელი არა, ასეთი დაძაბულობის იოლად განმუხტვა (cf. Day 1985; Lee 1993). უოლფორდი წერს (2001: 30): "პოტენციური სარგებელი საზოგადოების ინტერესისთვის... დიდი იყო. კვლევის მონაწილეთა პირად ცხოვრებაში გარკვეულწილად შეჭრა კი მოხდა, მაგრამ ამის გამართლება კვლევით შეიძლებოდა... ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია". მიზანი ამართლებს საშუალებას.

ეს საკითხები ყველაზე მკვეთრად დგას, თუ კვლევა ნეგატიური შედეგების გამოქვეყნების რისკის წინაშე დგას. გარკვეული პრაქტიკების საკვლევ ობიექტად ქცევა შეიძლება ღია ჭრილობიდან სახვევის აძრობის ტოლფასი იყოს. რა ვალდებულებები აქვს მკვლევარს მკვლევართა საზოგადოების წინაშე? თუ კვლევის ნეგატიური ანგარიში გამოქვეყნდა, სამომავლოდ სკოლები შეწყვეტენ და აკრძალავენ თუ არა კვლევის წარმოებას (კონკრეტული პრობლემაა, თუ მკვლევარს უკან უნდა დაბრუნება, ან სურს, რომ სხვა მკვლევრებს არ ჰქონდეთ სკოლაში შესვლის ნებართვის მიღების პრობლემა)? ვის ემსახურება მკვლევარი - საზოგადოებას, სკოლებს თუ მკვლევართა წრეს? აქ შეიძლება მკვლევრის სიმპათიების საკითხის დადგეს; ასეთ ვითარებაში პოლიტიკა და ეთიკა შეიძლება არაკომფორტული პარტნიორები იყვნენ. ნეგატიური კვლევის მონაცემებით, როგორიცაა სკოლებში კონფორმულობის ტრენინგის ნეგატიური დაფარული პროგრამა (Morrison 2005ა), მკვლევარი, ალბათ, ვერ მოაწონებს სკოლებს თავს. ამან შეიძლება ჩაახშოს განათლების სფეროში კვლევა, რაც, უბრალოდ, არ ღირს პირად ან საზოგადოების ხარჯებად. როგორც საიმონსი (2000: 45) წერს: "ფასი ძალიან დიდია".

გარდა ამისა, მიჩელი (Mitchell 1993: 54) წერს, რომ "მორიდებულმა სოციალურმა მეცნიერებმა შეიძლება თავი გაითავისუფლონ ძალაუფლების მქონე, პრივილეგირებულ და შეჭიდულ ჯგუფებთან შეჯახების რისკისგან, რომელთაც შეიძლება, სურდეთ, რომ დაფარონ თავიანთი ქმედებები და ინტერესები საზოგადოების თვალისგან." (ასევე, იხ. Lee 1993: 8). საფიქრალია, მკვლევრებს არ სურდეთ ძალაუფლების მქონეთა შეურაცხყოფა, უხერხულ სიტუაციებში აღმოჩენა. როგორც საიმონსი და აშერი (2000: 5) შენიშნავენ: "პოლიტიკა და ეთიკა განუყოფელია ერთმანეთისგან".

მოსწავლეები და მასწავლებლები პირად საუბრებში შეიძლება აკრიტიკებდნენ თავიანთ სკოლებს, მაგალითად, მენეჯმენტის, მმართველობის, გადატვირთული გრაფიკისა და სტრესის გამო, მაგრამ არ სურდეთ ამის საჯაროდ გაკეთება; ფაქტობრივად, მასწავლებლები, რომლებიც განახლებადი კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ, არ მოიჭრიან ხელს, რომელიც მათ კვებავს. ისინი სულ გაჩუმდებიან და კრიტიკული არაფერი დასცდებათ (Burgess 1993; Morrison 2001ა; 2002ბ).

ეთიკის სფერო განათლების სფეროს კვლევაში მნიშვნელოვნებით განსხვავდება ყოველდღიური კვლევის ეთიკისგან და არა - საკითხთა დიაპაზონით. აქ კვლევის წარმოებისას იგივე ეთიკური საკითხებია მოსაგვარებელი და მკითხველს მეორე თავის გადახედვას ვურჩევდით. თუმცა, მნიშვნელოვანი ეთიკური საკითხები განსაკუთრებით არის გამოკვეთილი სენსიტიურ კვლევაში. ეს საკითხები წარმოდგენილია 5.2. ჩანართში

ჩანართი 5.2.
სენსიტიური კვლევის ეთიკური საკითხები

  • როგორ უმკლავდება მკვლევარი "დანაშაულებრივი ცოდნისა" და "გასვრილი ხელების" საკითხს?
  • ვის მხარეს არის მკვლევარი? საჭიროა თუ არა ამის გამხელა? რა ხდება მაშინ, თუ მკვლევარი არ არის გამოკვლეულთა მხარეს?
  • როდის არის გამართლებული ფარული კვლევა?
  • როდის არის გამართლებული ინფორმირებული თანხმობის არქონა?
  • არის თუ არა ფარული კვლევა ჯაშუშობა?
  • როგორ უნდა დაძლიოს მკლევარმა მონაწილეების ექსპლუატირების (ანუ მათდამი, როგორც ობიექტებთან მოპყრობა და არა როგორც - კვლევის სუბიექტებთან ანუ ცდის პირებთან) ბრალდება?
  • როგორ უნდა უზრუნველყოს მკვლევარმა კონფიდენციალობა და ანონიმურობა?
  • როგორ უნდა შენარჩუნდეს ბალანსი ინდივიდის პირადი ცხოვრების უფლებასა და საზოგადოების ცოდნის უფლებას შორის?
  • რეალურად რა შედის საზოგადოების ინტერესებში?
  • როგორ უნდა გავუმკლავდეთ სიტუაციას, სადაც შეუძლებელია, რომ არ ამოიცნონ მონაწილეები?
  • რა პასუხისმგებლობები აქვს მკვლევარს მკვლევართა წრეში, რომელთაგან ზოგიერთს შეიძლება სამომავლოდ იმავე სფეროში სურდეს კვლევის წარმოება?
  • როგორ აგვარებს მკვლევარი შეშინებული ან დამფრთხალი ჯგუფების პრობლემას, რომლებმაც შეიძლება ძალიან ცოტა რამ თქვან?
  • რა სახის დაცვას უზრუნველყოფს კვლევა, ვისთვის და რისგან?
  • რა ვალდებულებები აქვს მკვლევარს?

ეს ჩამონათვალი მხოლოდ საწყის საკითხებს მოიცავს. ამ და სხვა ეთიკური
საკითხების უფრო სრული განხილვისთვის მკითხველს მეორე თავის
გადაკითხვას ვურჩევდით. ეთიკის საკითხებთან დაკავშირებული სიძნელე ისაა,
რომ ისინი "სიტუაციური" ხასიათისაა (Simons and Usher 2000) ანუ სპეციფიკურ
ადგილობრივ გარემოებებსა და სიტუაციებზეა დამოკიდებული. მათზე
შეთანხმება და დამუშავება კონკრეტული სიტუაციის მახასიათებლებთან მიმართებით უნდა მოხდეს. ზოგადი მითითებები გამოსადეგია, მაგრამ ისინი,
როგორც წესი, არ წყვეტენ პრაქტიკულ პრობლემებს, მათი ინტერპრეტაცია
ადგილზე შექმნილი ვითარების შესატყვისად უნდა მოხდეს.

ძალაუფლების მქონე ადამიანების კვლევა

სენსიტიური კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას შეადგენს კვლევები, რომლებიც ძალაუფლების მქონე ადამიანებზე, ან მათთან ერთად წარმოებს; ეს არიან წამყვან პოზიციებზე ან ელიტარულ ორგანიზაციებში მყოფი ადამიანები. განათლების სფეროში, მაგალითად, ეს შეიძლება იყვნენ დირექტორები და უფროსი მასწავლებლები, პოლიტიკოსები, წამყვან პოსტებზე მყოფი სახელმწიფო მოხელეები, გადაწყვეტილების მიმღებნი, ადგილობრივი მმართველობის მოხელეები და სკოლის მმართველები. ეს თემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა კვლევა პოლიტიკისა და მართვის საკითხებს ეხება (Walford 1994ა: 3). ძალაუფლების მქონეთა კვლევა "ქვემოდან ზემოთ კვლევის" მაგალითია და არა - ტრადიციული "ზემოდან ქვემოთ კვლევის" (მაგალითად, ბავშვების, მასწავლებლებისა და პრაქტიკანტების კვლევა).

კვლევას სენსიტიურად აქცევს ის, რომ ხშირად ეხება პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და გადაწყვეტილებების მიღების საკითხებს; საკითხებს, რომლებიც აქტუალური განხილვის და პოლემიკის საგანია მათი პოლიტიკური სენსიტიურობის გამო. ეს შეიძლება წვდომაზე ხშირი უარის ერთ-ერთი მიზეზიც იყოს. ძალაუფლების მქონენი არიან ისინი, ვინც კონტროლს ახორციელებენ სასურველი ან შესაძლებელი მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად, დიდი პასუხიმგებლობის მქონენი და ისინი, ვისი გადაწყვეტილებებიც მნიშვნელოვნად მოქმედებს ბევრ ადამიანზე.

აკადემიური განათლების სფეროში ძალაუფლების მქონეთა კვლევა შეიძლება არ ჰგავდეს ამ სფეროში კვლევის სხვა ფორმებს იმით, რომ შეუძლებელი იყოს კონფიდენციალობის უზრუნველყოფა. მონაწილეები იდენტიფიცირებული და საზოგადოებაში ცნობილი ფიგურები არიან. ამან შეიძლება "ცენზურის და თვითცენზურის პრობლემები წარმოქმნას" (Walford 1994c: 229). ეს იმასაც ნიშნავს, რომ კონფიდენციალურად და არაფორმალურად გაცემული ინფორმაცია, სამწუხაროდ, ასევე უნდა დარჩეს. ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევაში წამოჭრილი საკითხია იდენტობის გამჟღავნება, განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც გაურკვეველია, რა ითქვა "ოფიციალური ჩანაწერებისთვის" და რა - არა (Fitz and Halpin 1994: 35-6).

ფიცი და ჰალპინი (1994) მიუთითებენ, რომ მინისტრმა, რომელთანაც ინტერვიუ ჰქონდათ, დასაწყისშივე განაცხადა, თუ რისი თქმა შეიძლებოდა. ისინი იმასაც აღნიშნავენ, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევაში ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ გამოიყენეს, როგორც სტრუქტურის, ისე, მისი მოქნილობის გამო და კვლევის მიზნებისთვის ტრანსკრიპტის გასაკეთებლად ინტერვიუს ჩაწერის უფლებაც მიიღეს. მათ თითო ინტერვიუსთვის ორი ინტერვიუერი გამოიყენეს, ერთი ინტერვიუს ძირითად ნაწილს უძღვებოდა, მეორე იწერდა და დამხმარე კითხვებს სვამდა. ორი ინტერვიუერის გამოყენება ჯვარედინი გადამოწმების საშუალებასაც იძლეოდა. ფაქტიურად, ორმა ინტერვიუერმა ხელი შეუწყო ინტერვიუს ფორმატის ერთობლივ განსაზღვრას, რომელსაც რესპონდენტის მრჩევლებიც ესწრებოდნენ; ისინი თვალყურს ადევნებდნენ პროცესს, საუბარში ერთვებოდნენ, როცა ამას საჭიროდ მიიჩნევდნენ და იწერდნენ კიდეც (Fitz and Halpin 1994: 38, 44, 47).

ფიცი და ჰალპინი (1994: 40) საუბრობენ ძალაუფლების მქონეთა კვლევისას გუშაგებისგან შექმნილი სერიოზულ წინაღობებზე: იბლოკებოდა ადამიანებამდე მიღწევა (შესასვლელების მცველი ჩინოვნიკები და ადმინისტრატორები იღებდნენ გადაწყვეტილებას, უნდა ჩატარებულიყო თუ არა ინტერვიუ), ადგილი ("ელიტარული გარემო") და დრო (არასაკმარისი დრო რესპონდენტის მოუცლელობის გამო), იდებოდა "შეთანხმებები, რომ სტრატეგიის დაგეგმვის პროცესი დაფარული იქნებოდა საზოგადოებისა და აკადემიური წრეების მზერისგან", იზღუდებოდა წვდომა, კვლევის წარმოება და მონიტორინგი (Fitz and Halpin 1994: 48-9). გევირცისა და ოზგას (Gewirtz and Ozga 1994L 192-3) აზრით, ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევაში გუშაგის ფენომენს შეუძლია ისეთი სიძნელეები შექმნას, რომ "მოხდეს კვლევის განზრახვას არასწორად გაიგებენ, მკვლევარი კონტროლსა და დამოუკიდებლობას დაკარგავს, იგი უნდა შეურიგდეს კვლევის პროცესის მედიაციასა და კომპრომისს".

ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევა, ჩვეულებისამებრ, მათ ტერიტორიაზე ტარდება, მათ მიერ განსაზღვრული პირობებითა და დღის წესრიგით ("სახელმწიფო სამოქალაქო სამსახურისთვის დამახასიათებელი პოზიცია": Fიტზ ანდ Hალპან 1994: 42), იმ დისკურსის ფარგლებში, რომელსაც ისინი საზღვრავენ (და მკვლევრები, ნაწილობრივ, იმეორებენ) და შეთანხმებით, თუ რისი გატანა შეიძლება სააშკარაოზე და რისი - არა (მაგალითად, მთავრობის ოფიციალური საიდუმლო აქტის, ან კონფიდენციალური ინფორმაციის), მკვლევრისთვის უცნობ და ამიტომ დამაბნეველ სამყაროში და მონაწილეებთან, რომლებიც შეიძლება ზედმეტად თავდაჯერებულნი იყვნენ და ხანდახან მკვლევარს თავის ისე მოჩვენება უწევდეს, თითქოს იმაზე ნაკლები იცოდეს, ვიდრე რეალურად იცის. როგორც ფიცი და ჰალპინი (1994: 40) ამბობენ, მათ ჩაიქროლეს "უცნობ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ გამოჩნდა" და სადაც ყოველთვის კომფორტულად ვერ გრძნობდნენ თავს. ანალოგიურად, ბოლი (Ball 1994b: 113) თვლის, რომ "ჩვენ უნდა შევხედოთ... ინტერვიუს, როგორც "ძალაუფლების თამაშის" გაგრძელებას და არა - როგორც მისგან გამიჯნულ აქტივობას, მხოლოდ კომენტარს მის შესახებ".. , ძალაუფლების მქონე ადამიანებთან "ინტერვიუ ეთნოგრაფიული მოვლენაცაა... და პოლიტიკურიც". უოლფორდი (1994c) აღნიშნავს:

ძალაუფლების მქონენი მიჩვეული არიან, რომ მათი იდეები ყურადღებას იპყრობს. მათ კარგად შეუძლიათ ინტერვიუერებთან გამკლავება, კონკრეტულ კითხვებზე, თავიანთი მიზნების შესატყვისად, პასუხების გაცემაც და თავის არიდებაც და, ასევე, მოვლენებში საკუთარი როლის უკეთესი მხრიდან წარმოჩენა. მათ კარგად ესმით, თუ რას გულისხმობს აკადემიური კვლევა და მათთვის, როგორც რესპონდენტებისთვის, უცხო არ არის ინტერვიუს სიტუაცია და მათი საუბრის ჩაწერა. საერთო ჯამში, მათი ძალაუფლება განათლების სამყაროში გამოძახილს ჰპოვებს ინტერვიუს სიტუაციაში და ინტერვიუ დიდად არ უქმნის საფრთხეს მათ თანამდებობებს.
(Walford 1994c: 225)

მაკჰიუ (McHugh 1994: 55) ამბობს, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან მიღწევა არა მხოლოდ ოფიციალური არხებით არის შესაძლებელი, არამედ შუამავლების მეშვეობითაც, რომლებიც მათ წარუდგენენ მკვლევრებს. თავად მას მღვდელი დაეხმარა ძალაუფლების მქონე ქრისტიან პოლიტიკოსებთან შეხვედრაში და ურჩია: "თუ იტყვი, ვინ დაგეხმარა, მათ ეცოდინებათ, რომ შენ არ ხარ უცნაური, გაუგებარი ადამიანი, ვინც დაამახინჯებს მათ ნათქვამს" (McHugh 1994: 56). წვდომა მნიშვნელოვანი საკითხია ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკვლევი თემები წინააღმდეგობრივი ან საკამათოა. უოლფორდი (1994c: 222, 223) ამბობს, რომ საქმის გამარტივება არაფორმალური და პირადი, "კულისებს მიღმა" კონტაქტების მეშვეობით არის შესაძლებელი: "რაც უფრო მეტი სპონსორის მოძიება ხერხდება, მით უკეთესი", ინსტიტუციური იქნება ეს, თუ პირადი. წვდომა შეიძლება გაიოლდეს, თუ კვლევა აღიქმება, როგორც "უწყინარი" (Walford 1994c: 223). ამ თვალსაზრისით, უოლფორდი აღნიშნავს, რომ ქალ მკვლევრებს შეიძლება უპირატესობა ჰქონდეთ იმ გაგებით, რომ, უფრო უწყინრად და არასაშიშად აღიქმებიან.. უოლფორდი იმასაც ამბობს, რომ "შეუპოვრობა ამართლებს" (გვ. 224). როგორც ის სხვაგან წერს (Walford 2001: 31), "წვდომა პროცესია და არა ერთჯერადი გადაწყვეტილება".

მაკჰიუ (1994) აღნიშნავს ძალაუფლების მქონე პიროვნებასთან ინტერვიუსთვის სკრუპულოზურად მომზადების საჭიროებას, რათა მკვლევარს ერთიანი სურათის დანახვა შეეძლოს და ისევე იყოს ინფორმირებული ფაქტების, ინფორმაციისა და ტერმინოლოგიის შესახებ, როგორც რესპონდენტი; შედეგად მივიღებთ ორი ინფორმირებული ადამიანის ურთიერთობას და არა - უცოდინრობის გამოვლინებას. იგი ინტერვიუს დროს დასასმელი კითხვების წინასწარ განსაზღვრის საჭიროებასაც აღნიშნავს; წინასწარ ზედმიწევნით უნდა დაიგეგმოს ყველა კითხვა და დაიხვეწოს მათი ფორმულირება. მაკჰიუ (1994: 60, 62) თვლის, რომ ინტერვიუს მსვლელობისას ინტერვიუერი არა მარტო მაქსიმალურად მოქნილი უნდა იყოს და რესპონდენტის აზრთა მსვლელობას მიჰყვებოდეს, არამედ დაბეჯითებულიც, თუ რესპონდენტი თემიდან უხვევს და დასმულ კითხვას არ პასუხობს. თუმცა, ის გვახსენებს, რომ "ინტერვიუ, რა თქმა უნდა, არ არის სასამართლო დარბაზი" (გვ. 62) და ამიტომ ტაქტს, დიპლომატიასა და, რაც მნიშვნელოვანია, ემპათიას არსებითი მნიშვნელობა აქვს. დიპლომატია განსაკუთრებით აუცილებელია, როცა დასმულ კითხვაზე პასუხმა, შესაძლოა, ძალაუფლების მქონე ადამიანების წარუმატებლობა ან არაკომპეტენტურობა გამოავლინოს და მათ მოინდომონ გააკონტროლონ, რომელ კითხვაზე გიპასუხონ. ინტერვიუს როგორც ფორმის, ისე, შინაარსის მომზადება არსებითად მნიშვნელოვანია.

სირთულეები ახლავს სენსიტიური კვლევის ანგარიშის შედგენასაც, რადგან ძნელია ტენდენციურობისთვის თავის არიდება, განსაკუთრებით, იმის გამო, რომ კვლევის ანგარიშები და პუბლიკაციები საზოგადოების საკუთრებაა. უოლფორდი (2001: 141) მიუთითებს ცილისწამების რისკზე, როცა ცნობილია საზოგადო მოღვაწეების სახელები. ის სვამს კითხვას (1994b: 84): "რამდენად სწორია, სხვებს აფიქრებინოთ, რომ ეთანხმებით მაშინაც კი, როცა არ ეთანხმებით? ღიად უნდა აფიქსირებდეს თუ არა მკვლევარი საკუთარ პოლიტიკურ, იდეოლოგიურ თუ რელიგიურ მოსაზრებებს? როგორც მაიკელსონი (Mickelson 1994: 147) ამბობს: "ამ ადამიანების ინტერვიუირებისას არ ვიყავი ბოლომდე მიუკერძოებელი. გაცილებით გულწრფელი და მიუკერძოებელი ვარ ჩვეულებრივი ადამიანების ინტერვიუირებისას". დიმი (Deem 1994: 156) აღნიშნავს, რომ ის და მისი თანამკვლევარი "წინააღმდეგობისა და წვდომის პრობლემებს წააწყდნენ იმის გამო, რომ მათი კვლევა თითქოსდა ეწინააღმდეგებოდა კონსერვატიული მთავრობის განათლების რეფორმებს", წვდომა კი შეიძლება, დაბლოკილიყო "იმის საფუძველზე, რომ კვლევა არ იყო ნეიტრალური".

მაიკელსონი (1994: 147) ამას შემდგომში ეთიკური დილემის იდენტიფიკაცისთვის იყენებს, როცა "ზოგჯერ ძალაუფლების მქონე რესპონდენტები ინტერვიუს მსვლელობისას ამაზრზენ კომენტარებს აკეთებენ". მკვლევარმა არაფერი უნდა თქვას, თუ ხმა ამოიღოს და ამით ინტერვიუს შეწყვეტის რისკის წინაშე დადგეს? ის რეტროსპექტიულად ამბობს, რომ სურდა, შეკამათებოდა ამ მოსაზრებების თაობაზე და უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო (Mickelson 1994: 148). უოლფორდს (2001) მაგალითად მოყავს ინტერვიუ ეკლესიის მსახურთან, რომლის მოსაზრებებიდან ერთ-ერთი ასეთი იყო და მას მკვლევარი არ ეთანხმებოდა:

აივ შიდსი, ძირითადად, ჰომოსექსუალთა დაავადებაა... და ძალიან ეფექტურად განარიდებს მოსახლეობას არასასურველისგან. ის აფრიკაში ბევრგან პრაქტიკულად არ არსებობს... თუ თქვენ ცისფერი ხართ, იმას მიიღებთ, რასაც იმსახურებთ.... მე არასოდეს მივიღებდი ჰომოსექსუალს ჩემს კლასში.
(Walford 2001: 137)

მაიკელსონმა (1994: 132) აღმოაჩინა, რომ ძალაუფლების მქონე ადამიანების კვლევისას მათ შორის იშვიათად არიან ქალები, მკვლევრები კი ხშირად სწორედ ქალები არიან. ასეთი გენდერული განაწილება შეიძლება პრობლემური იყოს. დიმი (1994: 157) აღნიშნავს, რომ ის, როგორც ქალი, უფრო მეტ სირთულეს წააწყდა კვლევის წარმოებისას, ვიდრე მისი მამაკაცი კოლეგები, თუმცა მას უფრო მაღალი თანამდებობა ეკავა, ვიდრე კოლეგა მამაკაცებს. მეორე მხრივ, ის იმასაც ამბობს, რომ მამაკაცები უფრო მეტი გახსნილობით ხასიათდებიან ქალ მკვლევრებთან, ვიდრე - მამაკაცებთან, რადგან ქალებს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. გევირცი და ოზგა (Gewirtz and Ozga 1994) წერენ:

[როგორც მკვლევრები] ვგრძნობდით, რომ ძალიან სტერეოტიპულად გვიყურებდნენ, რადგან ქალები ვიყავით. ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინეთ, რომ მხარდამჭერებად აღგვიქვეს და და ჩვენც, გარკვეულწილად, უნდა მიგვეღო ეს როლი, ვინაიდან კვლევას წაადგებოდა.
(Gewirtz and Ozga 1994: 196)

როცა ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევას აპირებთ, მიზანშეწონილი იქნება რამდენიმე საკითხის განხილვა. ეს საკითხები მოცემულია 5.3. ჩანართში

ჩანართი 5. 3.
ძალაუფლების მქონე ადამიანთა კვლევა

  • რა აქცევს კვლევას სენსიტიურად.
  • როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ წვდომა ძალაუფლების მქონე ადამიანებთან.
  • რამდენად არის მოსალოდნელი, რომ მონაწილეები გაიხსნებიან, ან თავშეკავებული იქნებიან.
  • რა არის ფორმალური და არაფორმალური საუბარში.
  • როგორ მოვემზადოთ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან ინტერვიუსთვის.
  • როგორ დავუსვათ კითხვები და გამოვიწვიოთ ძალაუფლების მქონე ადამიანები.
  • როგორ ჩავატაროთ ინტერვიუ ისე, რომ შევინარჩუნოთ ბალანსი ინტერვიუერის გეგმებსა და რესპონდენტის გეგმებს და ღირებულებათა სისტემას შორის.
  • როგორ გამოავლინოს მკვლევარმა საკუთარი ცოდნა, მომზადება და ხედვა ძირითად საკითხებთან მიმართებაში.
  • მკვლევრის სტატუსი მონაწილეებთან პირისპირ შეხვედრისას.
  • ვინ უნდა წაიყვანოს ინტერვიუ ძალაუფლების მქონე ადამიანებთან.
  • რამდენად ნეიტრალური და შემწყნარებელი უნდა იყოს მკვლევარი მონაწილეებთან.
  • უნდა დასახელდეს თუ არა მონაწილე კვლევის ანგარიშში.
  • როგორ დავაბალანსოთ საზოგადოების ცოდნის უფლება და ინდივიდის პირადი ცხოვრების უფლება.
  • რა შედის საზოგადოების ინტერესებში.

კითხვების დასმა

კვლევაში კითხვების დასმასთან დაკავშირებით, სადმენი და ბრედბარნი (შუდმან ანდ Bradburn 1982: 50-1) თვლიან, რომ ღია კითხვები შეიძლება, უკეთესი იყოს, ვიდრე - დახურული, გრძელი კითხვა კი მოკლეს სჯობდეს. კითხვის ეს ორივე (ღია და გრძელი) ვარიანტი საშუალებას აძლევს რესპონდენტს, თავისი სიტყვებით უპასუხოს, რაც, შესაძლოა, უფრო მეტად ერგებოდეს სენსიტიურ თემებს. ფაქტობრივად, ავტორები ამბობენ, რომ თუ მოკლე კითხვები დამოკიდებულებების შესახებ ინფორმაციის მოგროვებისას გამოდგება, გრძელი კითხვები ქცევის შესახებ ინფორმაციას უფრო ერგება და შეიძლება, მოიცავდეს მაგალითებს, რომლებზეც რესპონდენტებმა, პასუხის გაცემა ისურვონ. გრძელმა კითხვებმა შეიძლება შეამციროს ქცევის რეალური ვითარების წარმოჩენის შემთხვევები (მაგალითად, სტრესში მყოფი მასწავლებლების მიერ ალკოჰოლისა თუ მედიკამენტების გამოყენება). მეორე მხრივ, მკვლევარს სიფრთხილე მართებს, რომ არ გადაღალოს, ემოციურად არ გამოფიტოს ან სტრესი არ მიაყენოს რესპონდენტს გრძელი კითხვით ან ინტერვიუთი.

ლი (1993: 78) გვირჩევს, რომ კითხვებში ნაცნობი სიტყვები გამოვიყენოთ, რადგან ეს ამცირებს საფრთხის შეგრძნებას სენსიტიურ თემებზე საუბრისას და ეხმარება რესპონდენტს, რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. ის "ამონარიდების" გამოყენებასაც გვირჩევს: "პიროვნების ან სიტუაციის მოკლე აღწერა, რომელიც ზუსტად მიუთითებს, თუ რა მოიაზრება ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რესპონდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების ან მსჯელობის პროცესში" (Lee 1993: 79). ეს არა მარტო კონკრეტულად საკვლევი საკითხების გამიჯვნასა და იზოლირებას ახდენს, არამედ ყურადღებაც გადააქვს პირადი სენსიტიურობიდან აღწერილ შემთხვევაზე ან ამონარიდზე, ახდენს მათ პროეცირებას და შეგვიძლია, რესპონდენტს მისი პირადი რეაქციების შესახებ ვკითხოთ, მაგალითად, ასე: "თქვენ რას მოიმოქმედებდით ამ სიტუაციაში?"

სენსიტიურ თემებზე მომუშავე მკვლევრები თავად უნდა იყვნენ სიტუაციისადმი ძალზე მგრძნობიარენი. მაგალითად, მათი არავერბალური კომუნიკაცია შეიძლება გადამწყვეტი იყოს ინტერვიუს დროს. აქედან გამომდინარე, არავითარი მინიშნება არ უნდა გააკეთონ მსჯელობაზე, მხარდაჭერასა თუ გაკიცხვაზე. ისინი კონტრტრანსფერს (მკვლევრის საკუთარი მოსაზრებების, ღირებულებების, დამოკიდებულებების, ტენდენციურობისა და წარსული გამოცდილების სიტუაციაზე პროეცირებას) უნდა ერიდონ. საკითხს, რით ახდენს ეფექტს ინტერვიუერი, მეთექვსმეტე თავში, მკვლევრის მახასიათებლებთან (მაგალითად, სქესი, რასა, ასაკი, სტატუსი, ჩაცმულობა, გარეგნობა, რაპორტი, წარსული გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ინსტიტუციური მიკუთვნებულობა, პოლიტიკური მიკუთვნებულობა, საქმიანობის ტიპი, მაგალითად, მღვდლობა) კავშირში განვიხილავთ. ქალ ინტერვიუერთან შეიძლება ქალები უფრო კომფორტულად გრძნობდნენ თავს; მამაკაცები კი - არაკომფორტულად.; ძალაუფლების მქონე ადამიანებმა შეიძლება შერაცხყოფილად იგრძნონ თავი, თუ მოკრძალებული პოზიციის მქონე ახალბედა ასისტენტის რესპონდენტობა უწევთ. ინტერვიუერის ეფექტურობა იმ მოლოდინებზეც არის დამოკიდებული, რომელიც ინტერვიუერს შეიძლება კვლევისგან ჰქონდეს (Lee 1993L 99). მაგალითად, მკვლევარი შეიძლება, შფოთავდეს, ან არაკომფორტულად გრძნობდეს თავს სენსიტიურ თემაზე ინტერვიუს გამო. ბრედბარნი და სადმენი (1979 წყაროში Lee 1993: 101) აღნიშნავენ, რომ ინტერვიუერებმა, რომლებიც წინასწარ არ ფიქრობდნენ ინტერვიუს მსვლელობისას წამოჭრილ შესაძლო სირთულეებზე, 5-30 პროცენტით მეტი ინფორმაცია მიიღეს სენსიტიურ თემებზე, ვიდრე მათ, ვინც წინასწარი გათვლებით იყო დაკავებული. ეს ფაქტი ტრენინგის საჭიროებაზე მიუთითებს.

ლი (1993: 102-14) რამდენიმე საკითხს ასახელებს, რომელიც განხილული და მოგვარებული უნდა იყოს სენსიტიური ინტერვიუს ჩატარებისას:

  • როგორ მივუახლოვდეთ თემას (რათა თავიდან ავიცილოთ მონაწილეთა შებოჭილობა და დავეხმაროთ, რომ მათთვის პრიორიტეტული მხრიდან მიუდგნენ საკითხს). გვირჩევენ, ვეცადოთ, რომ თემა "ნელ-ნელა, თანდათანობით წამოიჭრას ინტერვიუს მსვლელობისას" (Lee 1993: 103) და რესპონდენტის ნდობა და ინფორმირებული თანხმობა მივიღოთ.
  • როგორ გავუმკლავდეთ წინააღმდეგობებს, სირთულეებსა და ემოციებს (რაც ინტერვიუერის ტრენინგსა და ზედამხედველობას/შემოწმებას შეიძლება მოითხოვდეს); როგორ დავდგეთ შემწყნარებლურ და მიმტევებლურ პოზიციაზე; როგორ გავუმკლავდეთ იმ რესპონდენტს, რომელიც ინტერვიუერს შეიძლება დიდად არ მოსწონს, ან არ ეთანხმება.
  • როგორ დავძლიოთ ინტერვიუს დროს ძალაუფლების გამოყენება და კონტროლი: (ა) როცა ძალაუფლებასა და სტატუსს შორის არსებული განსხვავება მოქმედებს, როცა ინტერვიუერს უფრო მაღალი ან დაბალი სტატუსი აქვს, ვიდრე რესპონდენტს და როცა ინტერვიუერსა და რესპონდენტს თანაბარი სტატუსები აქვთ; (ბ) როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, როდესაც ინტერვიუერს უნდა ინფორმაცია, მაგრამ არ არის ისეთ პოზიციაზე, რომ შეეძლოს მისი მოთხოვნა და როდესაც რესპონდენტს სურს ან არ სურს ინფორმაციის გაცემა; (გ) როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, რომელშიც ძალაუფლების მქონე ადამიანები ინტერვიუს ხანგრძლივად და, სავარაუდოდ, უადგილოდ იყენებენ, როგორც საკუთარი სიამოვნების მიხედვით მოქცევის შესაძლებლობას; (დ) როგორ გავუმკლავდეთ სიტუაციას, როდესაც შეხვედრის დასრულების შემდეგ ინტერვიუერი ფლობს სენსიტიურ ინფორმაციას, ამით რესპონდენტზე ძალაუფლებას იძენს და მას მოწყვლადობის განცდას უჩენს; (ე) რა უნდა უქნას ინტერვიუერმა ინფორმაციას, რომელიც იმათ საწინააღმდეგოდ შეიძლება მიიმართოს, ვინც ეს ინფორმაცია გასცა (მაგალითად, თუ საზოგადოების რომელიმე ჯგუფი იტყვის, რომ არასაკმარისად ჭკვიანია უმაღლესი ან შემდგომი განათლების მისაღებად); დაბოლოს, (ვ) როგორი ფორმით წარვმართოთ ინტერვიუ (მაგალითად, დიალოგის სახით, ფორმალურად, უკიდურესად სტრუქტურირებულად, უკიდურესად დირექტიულად).
  • იმ პირობებთან გამკლავება, სადაც ინტერვიუ მიმდინარეობს. ლი (1993: 112) თვლის, რომ ინტერვიუ, რომელიც სენსიტიურ თემებს ეხება, "ერთჯერადი უნდა იყოს" ანუ რესპონდენტი უნდა გრძნობდეს, რომ ის და ინტერვიუერი, შესაძლოა, აღარასოდეს შეხვდნენ ერთმანეთს. ამან შეიძლება მეტად უზრუნველყოს ნდობა და რესპონდენტის გახსნილობა, ვიდრე ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის ახლო ურთიერთობამ. მეორე მხრივ, "ერთჯერადი" ინტერვიუ ხელს არ უწყობს კვლევის ფარგლებში თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებას (Lee 1993: 113).

განათლების სფეროში კვლევის დიდი ნაწილი მეტნაკლებად სენსიტიურია. მკვლევრის გადასაწყვეტია, როგორ მიუდგება სენსიტიურობის საკითხს და როგორ გაუმკლავდება მის მრავალ ფორმას, მასთან დაკავშირებულ ერთგულების, ეთიკის, წვდომისა და პოლიტიკის საკითხებს და შედეგებს.

დასკვნა

განათლების სფეროში კვლევის განხილვისას, ჩვენი რჩევა იქნება, რომ ის არ გეგონოთ დალაგებული, სუფთა, მოწესრიგებული, უპრობლემო და ნეიტრალური პროცესი, არამედ მიუდექით მას, როგორც გამჭოლ გასროლას, შესაძლო მაღალი მგრძნობელობით. გვახსოვდა რა ეს, თავი შევიკავეთ ცდუნებისგან, მოგვეცა სენსიტიური თემების ჩამონათვალი, ვინაიდან შეიძლებოდა, გამარტივებული ვარიანტი გამოგვსვლოდა და ყურადღების მიღმა დარჩენილიყო ის ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც კვლევას სენსიტიურს ხდის მათი სოციალური კონტექსტის გამო. ის, რაც მკვლევარს შეიძლება თავაზიან და ნეიტრალურ კვლევად მოეჩვენოს, მონაწილეებში შეიძლება ღრმა სენსიტიურობის გამომწვევი იყოს. ჩვენ ვთქვით, რომ ხშირად სწორედ ეს ხდის კვლევას სენსიტიურს და არა - ფოკუსში მოსახვედრი თემების შერჩევა. მკვლევრებმა უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა მოსალდნელი ან შესაძლო გავლენა ექნება კვლევით პროექტს, პროცესს, შედეგებს, ანგარიშსა და გავრცელებას არა მარტო მათთვის, არამედ მონაწილეებისთვის, მათთან დაკავშირებული ადამიანებისთვის და კვლევაში ჩართული ყველა დაინტერესებული მხარისთვის (ანუ "შედეგების" ვალიდობა: კვლევის ეფექტები). ეს გვაფიქრებინებს, რომ მიზანშეწონილი იქნება, რომ განათლების სფეროში ყველა კვლევას სიფრთხილით მოვეპყრათ და პოტენციურად სენსიტიურად მივიჩნიოთ. მკვლევარმა შეიძლება, დასვას მთელი რიგი კითხვებისა კვლევების დაგეგმვასთან, წარმოებასთან, ანგარიშის წარდგენასა და გავრცელებასთან დაკავშირებით. ამ კითხვებს წარმოგიდგენთ 5.4. ჩანართში

ჩანართი 5.4
განათლების სფეროში კვლევის განხილვისას დასასმელი ძირითადი კითხვები

  • რა აქცევს კვლევას სენსიტიურად?
  • რა ვალდებულებები აქვს მკვლევარს, ვის წინაშე და როგორ უნდა შეასრულოს ისინი? როგორ ვლინდება ეს ვალდებულებები?
  • რა მოსალოდნელი შედეგები აქვს კვლევას (ყველა ეტაპზე) მონაწილეებისთვის (ინდივიდებისთვის და ჯგუფებისთვის), დაინტერესებული მხარეებისთვის, მკვლევრისთვის, საზოგადოებისთვის? ვისზე მოახდენს კვლევა გავლენას და როგორ?
  • ვინ განიხილება კვლევის სამიზნედ?
  • პასუხის გაცემისა და კონტროლის რა უფლებები აქვთ კვლევის მონაწილეებს?
  • რა ეთიკური საკითხები დგება მეტი სიმწვავით კვლევაში?
  • რა საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება მოუწიოს მკვლევარს კომპრომისზე წასვლა დაგეგმვის, ფოკუსის, ქცევის, შერჩევის, ინსტრუმენტების, მეთოდოლოგიის, სანდოობის, ანალიზის, ანგარიშგებისა და გავრცელების ეტაპებზე? რაზე შეიძლება და არ შეიძლება კომპრომისი?
  • უსაფრთხოებისა და დაცვის (რისგან) რა ზომებია მიღებული კვლევაში, რა ვალდებულებებსა და კომპენსაციებს ითვალისწინებს კვლევა და ვისთვის? როგორ შეიძლება ამ საკითხების მოგვარება?
  • ვისთვის არის კვლევა განკუთვნილი? ვის ეკუთვნის კვლევა? ვინ იგებს და ვინ აგებს (რა საკითხთან მიმართებაში) კვლევაში?
  • რა რისკები და სარგებლები აქვს კვლევას და ვისთვის? რას "იძლევა" და აკეთებს კვლევა?
  • ღიად უნდა დააფიქსიროს თუ არა მკვლევარმა საკუთარი ღირებულებები და დაუპირისპირდეს მათ, ვისაც არ ეთანხმება ან მიუღებლად მიაჩნია?
  • რა შედეგები, უკუგება და უკურეაქცია შეიძლება ჰქონდეს კვლევას და ვისთვის?
  • რა სანქციები შეიძლება უკავშირდებოდეს კვლევას?
  • რაზე უნდა მოხდეს შეთანხმება საკონტრაქტო შეხვედრაზე და რა უნდა დარჩეს შეთანხმების მიღმა?
  • რა გარანტიები უნდა მისცეს მკვლევარმა მონაწილეებს?
  • მონიტორინგის და ანგარიშგების რა პროცედურები უნდა იყოს უზრუნველყოფილი კვლევაში?
  • რა უნდა გამოაშკარავდეს ან რა - არა, რა შეიძლება ან არ შეიძლება გამოაშკარავდეს, რა შეიძლებოდა, რომ გამოაშკარავებულიყო, ან არ გამოაშკარავებულიყო კვლევაში?
  • უნდა იყოს თუ არა კვლევა ფარული, ღია, ნაწილობრივ ფარული, პატიოსანი მიზნებზე საუბრისას?
  • უნდა იყოს თუ არა ცნობილი, ვინ ვინ არის კვლევის მონაწილეებს შორის ან უნდა შეიძლებოდეს თუ არა მათი ამოცნობა კვლევის მონაცემების მიხედვით? რა ხდება მაშინ, როცა იდენტიფიკაცია გარდაუვალია?
  • როგორ მოხდება წვდომისა და შერჩევის უზრუნველყოფა და რამდენად სათანადოდ?
  • როგორ შენარჩუნდება წვდომა დროთა განმავლობაში?
  • ვინ არიან გუშაგები და რამდენად სანდონი არიან ისინი?

ეს კითხვები განამტკიცებენ "სიტუაციური" ეთიკის განხილვის მნიშვნელობას (Simons and Usher 2000), როგორც კონკრეტული სიტუაციებით განპირობებულის და არა, მეტწილად, ეთიკური კოდექსებითა და დირექტივებით. ამ თვალსაზრისით, განათლების სფეროში სენსიტიური კვლევა სხვა ნებისმიერ კვლევას ჰგავს, მაგრამ აქ უფრო მკვეთრად დგას ეთიკური საკითხები. ამასთან, სენსიტიურობასთან დაკავშირებული მრავალი კითხვის მიღმა ძალაუფლების პრეტენზიული საკითხი იმალება: ვის აქვს ის, ვის - არა, როგორ მოძრაობს კვლევის სიტუაციებში (და რა შედეგებით) და როგორ უნდა მოვეპყრათ მას. განათლების სფეროში სენსიტიური კვლევა ხშირად იმდენად არის ძალაუფლების თამაში, რამდენადაც ის მნიშვნელოვანია. მკითხველს ვურჩევთ, რომ განათლების სფეროში კვლევის დიდი ნაწილი სენსიტიურობის შემცველად მიიჩნიოს; საჭიროა ამის დანახვა და მასთან გამკლავება.

ტეგები: Qwelly, განათლების_კვლევა, კვლევის_მეთოდები, სოციოლოგია, ქველი

ნახვა: 1627

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Decoding the choice Method

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 29, 2024.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი







Deciding on the appropriate rack LiFePO4 (Lithium Iron Phosphate) solar batteries is crucial for guaranteeing best functionality and longevity in solar Electrical power programs. This informative article serves as a comprehensive information, outlining crucial factors to look at and methods to adhere to when deciding upon rack LiFePO4 solar batteries for your personal renewable Vitality set up.



Comprehension Rack LiFePO4 Photo voltaic Batteries



Rack…

გაგრძელება

Qwelly World

free counters