საზოგადოება და საკრალური

creation of adam, michelangelo, public, religion, religion sociology, sacral, sajaro, sakraluri, sazogadoebrivi, social, society, sociologia, sociology, sociology of religion, ადამის შექმნა, ანიმატიზმი, ბუნება, ბუნების სული, დაოიზმი, მანქანა, მიქელანჯელო, პრაქტიკები, პროფანული, რელიგია, რელიგიის სოციოლოგია, რიტუალები, საზოგადოება, საკრალური, სოციოლოგია, სტატიები, ღვთაებრივი, ღვთაებრივი სოციალური, ღმერთის შექმნა
ფრაგმენტი ფრესკიდან "ადამის შექმნა", მიქელანჯელო, 1511-1512

საზოგადოება - მანქანა, რომელიც ღვთაებებს ქმნის

      რელიგიის მკვლევარები ხშირად სვამენ კითხვას - როგორ არის შესაძლებელი საზოგადოება ღმერთის გარეშე? ამ კითხვაზე ემილ დიურკემი მიდის დასკვნამდე, რომ საზოგადოების არსებობა და ფუნქციონირება ღმერთის გარეშე შეუძლებელია. ღმერთის ქვეშ დიურკემი გულისხმობს საკრალურის (ღვთაებრივი) გაგებას, რომელიც შეიძლება გამოხატული იქნეს სხვადასხვა რელიგიურ სისტემაში სხვადასხვა ფორმით: ტოტემიზმში - ტოტემის (მცენარის ან ცხოველის სახეობა, რომელიც კლანის პირველი ღვთაებრივი წინაპარი), ანიმიზმში - ანიმას (სხვადასხვა ობიექტების სულები), ბუდიზმში - ადამიანის შინაგანი შესაძლებლობების რწმენა, კონფუციანელობაში - სიკეთის ეთიკური ღირებულება, დაოიზმში - კოსმიური ჰარმონიის, ანიმატიზმში - მანას (ბუნების სული) სახით და ა.შ. დიურკემი ცენტრალური ავსტრალიისა და ჩრდილო ამერიკის თემების რელიგიური ცხოვრების მარტივი ფორმების კვლევის საფუძველზე აანალიზებს საკრალურის არსს და მის სოციალურ მნიშვნელობას.

      ავსტრალიურ ტოტემში საკრალური განსაკუთრებული სტატუსისა და მდგომარეობის მატარებელია; აქ საკრალური ცენტრალური მნიშვნელობის ღირებულებაა და ყოველთვის კოლექტიური ცხოვრების შუაგულში მდებარეობს; იგი სოციალური რეალობის ბირთვია, ცენტრალური მნიშვნელობის ფიგურაა, რომლის ირგვლივ კონცენტრირებულია მთელი საზოგადოებრივი ცხოვრება. დიურკემი თვლის, რომ ამ ირაციონალური, გარეგნულად უსარგებლო ელემენტის გარეშე ვერც ერთი ტიპის საზოგადოება ვერ გაძლებდა და დიდხანს შეინარჩუნებდა თავის თავს. თეორიულად საზოგადოებას ყველა რაციონალური რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ გაძლოს მისთვის ასერიგად უსარგებლო ღვთაებების გარეშე და მაინც საზოგადოება მუდმივად იგონებს და ქმნის კერპებს, რომლებსაც თავად სცემს თაყვანს. დიურკემი მიდის იმ დასკვნამდე, რომ რელიგია მარადიულად აქტუალური ფენომენია. წარმოუდგენელია დადგეს ის დრო, როცა მეცნიერება შექმნის ისეთ რაიმეს, რაც ჩაანაცვლებდა რელიგიას. რელიგია წარმოადგენს თავისი მნიშვნელობით ჩაუნაცვლებად ფენომენს.

      რელიგია არის ემოციონალური, ირაციონალური ძალა. მოსკოვიჩი მას ადარებს ზამბარას, რომელსაც საზოგადოების ცხოვრება მოძრაობაში მოჰყავს და საზოგადოების წევრთა ქცევას მართავს. დიურკემი იკვლევს რელიგიური სიმბოლოების, საკრალური ობიექტებისა და საზოგადოების ურთიერთკავშირს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი რელიგიის რაობასა და მის ძირითად თავისებურებებს რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმების მაგალითზე აანალიზებს. მან თავისი რელიგიის სოციოლოგიას დაუდო საფუძვლად ტრაიბალური კულტურის რელიგიური ფორმების კვლევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავსტრალიის მკვიდრი თემების ძირითად რელიგიას ტოტემიზმი წარმოადგენს. დიურკემი მიდის იმ იდეამდე, რომ ეს მარტივი სისტემა თავის თავში შეიცავს ნებისმიერი რელიგიის ჩანასახს. ტოტემიზმის როგორც რელიგიური გამოცდილების ელემენტარული ფორმა საფუძვლად უდევს ნებისმიერ რელიგიას. ისეთი რთული რელიგიური სისტემები, როგორიცაა მაგალითად., ქრისტიანობა და ბუდიზმი მას უფრო განვითარებულ და ნაყოფიერ სახეს აძლევს. დიურკემი ამტკიცებს, რომ ტოტემიზმის ანალიზი შესაძლებლობას ქმნის, გასაგები გახადოს ადამიანის რელიგიური ბუნება და გახსნას კაცობრიობის უმნიშვნელოვანესი და მარადიული ასპექტი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიურკემის ძირითადი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობს რელიგია, რომელიც იქნებოდა მცდარი. ყველა არსებული რელიგია შეესაბამისია (ადეკვატურია) ადამიანური არსებობის პირობების. ყველა მარტივი ფორმებიც კი თანაბრად წარმოადგენენ რელიგიებს, ისევე როგორც ყველა ცოცხალი არსება თანაბრად განეკუთვნება ცოცხალ არსებებს ყველაზე უმარტივესი პლასტიდებიდან დაწყებული ადამიანებამდე.

      ტრაიბალურ საზოგადოებაში ყველაზე მარტივ სოციალურ ორგანიზაციას წარმოადგენს ავსტრალიური თემი ანუ კლანი. ეს არის ნათესაური ჯგუფი, რომლის ფორმირებაც ხდება არა სისხლით ნათესაური კავშირის საფუძველზე. კლანი მეტ-ნაკლებად მუდმივად იკავებს კონრეტულ ტერიტორიას და ძირითადად დაკავებულია ნადირობითა თუ შემგროვებლური საქმიანობით, აღიარებს ერთ ბელადსა და სარგებლობს ერთი ენობრივი დიალექტით. ავსტრალიური კლანი შეიძლება განვიხილოთ როგორც სოციალური ატომი ან იზოლატი, თუკი არ ჩავთვლით მეზობელ კლანებთან მის მრავალრიცხოვან მეზობლურ თუ სასაქონლო-გაცვლით კავშირებს. თითოეული კლანი იდენტიფიცირდება კონკრეტულ ტოტემთან და მას სცემს თაყვანს. ადამიანები, რომლებიც შეადგენენ კლანს, გრძნობენ საკუთარ ერთობას საზოგადოების სხვა წევრებთან ტოტემის მეშვეობით. ტოტემი წარმოადგენს ემბლემას - კოლექტიურ იარლიყს - თანამედროვე საზოგადოებაში შეიძლება მისი ანალოგიები მოვიძიოთ ნაციონალური დროშისა და სახელმწიფო გერბის სახით. ტოტემიზმში კლანთან ერთობის კავშირი ინდივიდის მიერ მყისიერად შეიგრძნობა. აღსანიშნავია, რომ ღირებულებებს და ემოციებს ახასიათებთ ტენდენცია გაჩნდნენ გარკვეული ობიექტების მიერ, თუკი ასეთი ობიექტი იოლად ხელმისაწვდომი არ იქნება, მას შეცვლიან ამ ობიექტის სხვა ნიშნით ან გამოსახულებით, ანუ სიმბოლოთი, რომელიც მის სუბტრატს (შემცვლელს) წარმოადგენს. ამრიგად, ტოტემის მატერიალური გამოსახულება, იქნება ეს ქვისგან თუ ხისგან გამოთლილი ფიგურა, ახდენს ღვთაებრივის რეპრეზენტაციას. იგი განიხილება როგორც საკრალურის ორეული, დუბლიკატი, სიმბოლო, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს კიდეც მინიშნებას რაიმეზე, ამ შემთხვევაში, საღვთოზე. ეს არის იმის მიზეზი, რომ ადამიანებს აღელვებთ ნაციონალური დროშის ხილვა ან ჰიმნის მოსმენა, რადგან იგი სამშობლოს სიმბოლოა. სხვა ქართველებთან ერთიანობის დროს ნაციონალური სიმბოლიკის ფერები ამოტივტივდება ცნობიერებაში და პატრიოტულ სულისკვეთებას აღვივებს. ასეთი გამაერთიანებელი კოლექტიური სიმბოლოს როლს ასრულებს ტოტემი. ტოტემი ერთდროულად არის ღვთაების გარეგნული, ხილული, ექსპლიციტური ფორმა და საზოგადოების კონკრეტული ტიპის სიმბოლო. ტოტომისკენ არის მიმართული საზოგადოების წევრთა შემართება, ენთუზიაზმი, ის საერთო განცდები, რაც თემს როგორც ასეთს უკავშირდება. ამრიგად, ტოტემი წარმოადგენს ერთდროულად როგორც ღვთაებრივის, ასევე სოციალურის სიმბოლოსაც, ამიტომ დიურკემი სვამს კითხვას: ხომ არ ქმნის სოციალური და ღვთაებრივი ერთ მთლიანობას? აქ შემოდის ახალი ტერმინი "ღვთაებრივი სოციალური".

      როგორ ხდება ტოტემის არჩევა? მაგალითად, ავსტრალიელები ტოტემად ირჩევენ ჩვეულებრივ, მათ ირგვლივ არსებულ ყველაზე მარტივ არსებებს - ესენია, მცენარეები ან ცხოველები; უფრო ზუსტად კი მცენარეული ან ცხოველთა სამყაროს ისეთ წარმომადგენელს, რომელსაც გვარისთვის ტიპიური ნიშან-თვისებები გააჩნია. ეს ტოტემის არჩევის კრიტერიუმია. ამრიგად, ტოტემური მცენარე ან ცხოველი უნდა მოიცავდეს თავის თავში გვარისთვის ტიპიურ ნიშან-თვისებებს. მას უკავშირდება აკრძალვების გარკვეული სისტემების არსებობა. კლანის წევრები ცდილობენ ტოტემური მცენარისა ან ცხოველისთვის ზიანის მიყენებასა ან ჭამაზე უარის თქმას. ამრიგად, თემი ანუ კლანი გამოხატავს თავის იდენტობას - იდენტიფიცირდება ტოტემური მცენარის ან ცხოველის გარკვეულ სახეობასთან თავის მიკუთვნების გზით. უფრო ზუსტად, კლანი თაყვანს სცემს ამა თუ იმ სახეობის ან გვარის გამოსახულებას და არა კონკრეტულ მცენარეს ან ცხოველს, ანუ ამ სახეობის სიმბოლოს. ტოტემური გამოსახულებები იქმნება ქვების დიდი ლოდებისგან ან ხის ძელებისგან (ე.წ. ჩურინგები), რომლებიც დამუშავებული და ორნამენტირებულია. კლანი დაჟინებით მოითხოვს ტოტემის ამ გამოსახულებების თაყვანისცემას. შესაძლებელია აუცილებლობის შემთხვევაში ტოტემის დაზიანება ან ჭამაც კი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაიშვება მისი დუბლის, სუბტიტუდის, სიმბოლოს განადგურება. ტოტემის სიმბოლო ძლევამოსილებით აღჭურვილია და მას ძალით ვერავინ შეედრება. ვერავინ შეძლებს არ დაემორჩილოს მის ძალაუფლებას. "ტოტემური სამკაულები გვაძლევენ იმის საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ტოტემი .. ეს არის მხოლოდ სახელი ან ემბლემა. სწორედ რელიგიური ცერემონიის დროს ისინი ასრულებენ ტოტემის როლს, სწორედ იმ დროს, როცა იგი წარმოადგენს კოლექტიურ იარლიყს და აქვს რელიგიური ხასიათი. სინამდვილეში, სწორედ მასთან მიმართებაში ხდება საგნების დაყოფა საღვთო (საკრალური) და პროფანულ კლასებად. ამასთან, იგი თავად წარმოადგენს ამ საკრალურ საგანთა ტიპს".

      ერთნაირ დანაშაულად (მკრეხელობად) ითვლება ტოტემის დაზიანება, მასთან დაკავშირებულ აკრძალვათა დარღვევა (ტოტემის ჭამა, ხელით შეხება, მოწყვეტა, მოკვლა და ა.შ), ისევე როგორც თანამედროვე ადამიანისთვის რესპუბლიკის სიმბოლოების განადგურება ითვლება (მაგალითად., დროშის დაწვა და ა.შ), და ბოლოს, საკრალური თვისება, ტოტემისა და მისი გამოსახულების გარდა, მიეწერება არსებათა მესამე კატეგორიას: კლანის წევრებს. ეს არის მორწმუნეთა თანასაზოგადოება, რომლებიც გაერთიანებულები არიან ჭეშმარიტი ნათესაური კავშირით. თემის თითოეული წევრი დაჯილდოებულია რაღაც საკრალური თვისებით, რომელიც იმის მსგავსია, რასაც აღმოაჩენენ ტოტემურ ცხოველში. აქ პირადი სიწმინდის მიზეზად გვევლინება ის, რომ ადამიანი საკუთარ თავს თვლის ერთდროულად ადამიანად და ტოტემური სახეობის ცხოველად ან მცენარედ. კლანის წევრი სინამდვილეში ატარებს ამ ტოტემურ სახელს; ამასთან სახელთან იდენტობა გულისხმობს თავის თავში ბუნებრივ იდენტობას ანუ ტოტემთან კავშირს. ადამიანი თავისთავად არ შეიძლება იყოს წმინდა, ხოლო მასში საკრალურის აღმოჩენა თუ ადამიანური თვისების საკრალიზება ხდება ტოტემის მეშვეობით, რომელთანაც იგი საკუთარ თავს აკავშირებს. აქედან გამომდინარე, რელიგიური წესებისა და რიტუალების შეუსრულებლობა გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკური რეპრესიების დაკისრებას, არამედ მკაცრ მორალურ გაკიცხვასა და ღმერთის რისხვას. ყველა, ვინც გაბედავს აკრძალვის დარღვევას შეჩერებული იქნება სასჯელის შიშით.

      რისი თაყვანისცემა და მარადყოფა ხდება ტოტემის მეშვეობით? ეს არის პრინციპი, რომელიც უნივერსუმის მომწესრიგებელი პრინციპია. დიურკემი ავსტრალიისა და ამერიკის მკვიდრი კლანების შესწავლის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ტოტემიზმში არ ხდება განსხვავებას ადამიანურ და ბუნებრივ სამყაროს შორის. მათთვის ბუნების ელემენტები წარმოადგენენ საზოგადოების ნაწილს, ხოლო კლანის წევრები - ბუნების ნაწილს. ყოველთვის თითოეული მოვლენა, რაც ხდება ბუნებაში, ან ციური სხეულები (მზე, მთვარე, ვარსკვლავები, პლანეტები და სხვა) მიეწერება კონკრეტულ კლანს. ეს მოვლენები მიეკუთვნება იმ სფეროს და გააჩნია იგივე ტოტემი, რაც კლანის წევრებს. ისევე, როგორც სხვა რომელიმე ბუნებრივი მოვლენა ან ციური სხეული მიეკუთვნება სხვა თემს და შესაბამისად, სხვა ტოტემსაც. ამრიგად, მაგალითად., მზეს და მთვარეს სხვადასხვა ტოტემი გააჩნია. ავსტრალიელები ყოველივეს, რაც მათ გარშემო არსებობს - საგნები, მცენარეები, ცხოველები - დაჯგუფებას ახდენენ საზოგადოებაში ადამიანთა დაჯგუფების მსგავსად. ამრიგად, მათ გააჩნიათ ერთიანი მსოფლაღქმა, რომლის საზღვრებშიც ყველაფერი დალაგებულია და ყველაფრის ახსნა არის შესაძლებელი. ამ დაჯგუფების გზით ისინი მიდიან რომელიღაც შორეული პირველწინაპრის იდეამდე ან, მოვლენამდე, რომლის შესახებაც მითები გვამცნობენ. ტოტემური პრინციპი ახდენს კოსმოლოგიის წარმოდგენას ცნებების სისტემაში, ენას გარდაქმნის კლასიფიკაციის ინსტრუმენტად და ანიჭებს მას საზრისს. ტოტემიზმის პრინციპი დანაწევრებული, გათიშული ადამიანური თუ მატერიალური ელემენტების მოყვანას ახდენს სისტემაში, რამაც შესაძლებელი გახადა ფილოსოფიისა და მეცნიერების არსებობა. ტოტემიზმის პრინციპიდან იღებს სათავეს ურთიერთობებისა და კლასების ლოგიკაც, ისევე როგორც ჩვენი წარმოდგენების საფუძვლების წარმოშობა.

      ტოტემიზმში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე არ სურდათ დაენახათ არაფერი, გარდა ეგზოტიკური ცრურწმენების გროვისა. ე. დიურკემმა მოახდინა ამ მოსაზრების ტრანსფორმაცია და თუკი ტოტემიზმი ითვლებოდა წარსულის გადმონაშთად, მან მოახერხა რწმენების, ცნებებისა და მოქმედებების (რიტუალები, პრაქტიკები) ურთიერთდაკავშირებულ სურათად წარმოდგენა. მაშასადამე, დიურკემთან ტოტემიზმი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებული რწმენების, ცნებებისა და მოქმედებების (რიტუალები, პრაქტიკები) სისტემას. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ის სფერო, რომელიც შეისწავლა დიურკემმა, გახსნილიყო როგორც ცხოვრების ფორმა, რომელიც წარმოადგენს მთლიანად სოციალურ და მთლიანად რელიგიურ გამოცდილებას. დიურკემი ამ პრიმიტიულ კლასიფიკაციებსა და უძველეს ცნებებს ბუნების პირველ ფილოსოფიად მიიჩნევს.

      როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავსტრალიელები მთლიანობაში ბუნებას ხედავდნენ როგორც ადგილს, სადაც რელიგიური ძალები ავლენენ თავის თავს. თუმცა, საკრალური მომდინარეობს არა ტოტემური ობიექტის, მცენარის ან ცხოველიდან, ამასთან გრძნობები რომელსაც იწვევს ტოტემური საგნები გაზიარებულია კლანის წევრებს შორის, ისევე როგორც ტოტემის შესახებ მათი წარმოდგენები. მათი რელიგიური ხასიათი სათავეს იღებს რომელიღაც საერთო ელემენტიდან. იგი მათ ამცნობს სულიერ ძალას ისე, რომ არ კარგავს თავის იდენტობას. ავსტრალიურ რწმენათა სისტემა ამ რელიგიურ ძალას არ გამოყოფენ იმ საგნებისგან (ადამიანები, მცენარეები, ცხოველები), რომელშიც სახიერდება ეს ძალა. მალანეზიის უფრო გვიანი თემები ამ ძალას უწოდებენ მანას. მანა ეს არის დიფუზიური ენერგია, ანონიმური და უპიროვნო, რომელიც ასულიერებს ადამიანურ საზოგადოებას, რომლის ფსიქოლოგიური გავლენა თავისუფლდება და ინტენსიური ხდება კოლექტიური რიყუალების დროს. მანაზეა დამოკიდებული ამა თუ იმ ღონისძიების წარმატება-წარუმატებლობა.

      საკრალური და სოციალური ურთიუერთდაკავშირებულია და მათ შორის ძლიერი კორელაცია არსებობს. ღმერთები ეს ერთობის ადამიანური მოთხოვნილების გამოვლენა. რელიგიის განსაზღვრა იწყება იქიდან, რომ ხდება საგანთა ფუნდამენტური განსხვავება საკრალურ და პროფანულ საგანთა კლასებად, და, მეორეს მხრივ, ეკლესიის ანუ მორწმუნეთა ერთობის არსებობა. ეს განსხვავება ეკლესიასთან ერთად იძლევა რწმენების, სიმბოლოებისა და პრაქტიკების სისტემას, რომელიც ყველაზე მაღლა დგას სხვა მოქმედებების სიტემებთან შედარებით. ტოტემიზმის ანალიზის საფუძველზე დიურკემი ადგენს, რომ საკრალურის თაყვანისცემით ხდება საკუთარი საზოგადოების აღიარება და ინსტიტუციონიზება უფრო გაუმჯობესებული და იდეალიზებული სახით.

      აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ საკრალურის კომპონენტი განმსაზღვრელია რელიგიისთვის. საკრალურის იდეა გულისხმობს საკრალურ და პროფანულ (საერო, ყოველდღიური) სამყაროთა პოლარულობას. საკრალურისა და საეროს პოლარიზება აფორმებს ადამიანური არსებობის საზღვრებს. რელიგიისთვის განმსაზღვრელია სამყაროს ფუნდამენტური დაყოფა საკრალურ და პროფანულ (ყოველდღიურ) საგანთა ურთიერთსაპირისპირო კლასებად. საკრალურისა და პროფანულის პოლარიზება მიჯნავს ერთმანეთისაგან მათ და უზრუნველყოფს საკრალიზების ტენდენციის მხარდაჭერასა და შენარჩუნებას საზოგადოებაში. როგორც ვიცით, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია საკრალურის წარმოება, კვლავწარმოება და განმტკიცება, რითაც ხდება რელიგიური და არარელიგიური სფეროების გამიჯვნა და "ღვთაებრივი სოციალურის" კონსტრუირება.

      როგორც უკვე აღვნიშნეთ, რელიგიის განსაზღვრისას გამოიყო ერთის მხრივ, სამყაროს საგნების დაყოფა საკრალურ და პროფანულ კლასებად, და მეორე მხრივ, გამოიყო მორწმუნეთა თანასაზოგადოება ანუ ეკლესია. ორივე ეს ელემენტი რწმენებისა და რიტუალების სისტემის საზღვრებს ადგენს ანუ ქმნის რელიგიის შესახებ ადამიანური ცნობიერების საზღვრებს ამა თუ იმ საზოგადოებაში.

      ტოტემიზმის ანალიზის საფუძველზე დიურკემი ასკვნის, რომ ადამიანები საკრალურის, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ტოტემის სახით, თაყვანს სცემენ საკუთარ საზოგადოებას უფრო იდეალიზებული და შელამაზებული კონფიგურაციით. დიურკემი ამტკიცებს, რომ საკრალური ეს იდეალიზებული კოლექტიურია ანუ საკრალურის სახით ნებისმიერ საზოგადოებაში გამოდის საკუთარი იდეალიზებული საზოგადოება. აპოკალიფსში გაცხადებული საშინელებები ელის მათ, ვინც არ არის აღბეჭდილი "ღვთაებრივი ნიშნით" - ყველას შეიწყნარებენ ურწმუნოთა გარდა. დიურკემის პარადიგმაში ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საზოგადოებაში და მას არ აღიარებენ და არ მიაგებენ თაყვანს, და თავის მხრივ, საზოგადოებაც არ აღბეჭდავს "ღვთაებრივი ნიშნით", დაიტანჯებიან უკვე ამქვეყნად - მათთვის საზოგადოება ჯოჯოხეთია. დიურკემი მიიჩნევს, რომ რამდენადაც ღმერთები წარმოადგენენ მხოლოდ და მხოლოდ კოლექტიურ პერსონიფიცირებულ იდეალებს (მაგალითად., ტოტემი ტრაიბალური საზოგადოების პერსონიფიცირებული იდეალია), მაშინ რწმენის ყოველგვარი შესუსტება მაჩვენებელია იმისა, რომ თავისთავად კოლექტიური იდეალი შესუსტდა. კოლექტიურ იდეალს კი არ შეუძლია შესუსტდეს, თუ არ მოხდა სოციუმის სოციალური სიცოცხლისუნარიანობის დაზიანება-დარღვევა. ერთი სიტყვით, გარდაუვალია ხალხების დაღუპვა, როცა კვდებიან ღმერთები, თუკი ღმერთები, თავის მხრივ, სხვა არაფერია თუ არა სიმბოლურად მოაზრებული ხალხები.

      ისმის კითხვა: რატომ ხდება საზოგადოების პერსონიფიცირება ღვთაებებში? რატომ იქცევა საზოგადოება რწმენებისა და კულტის ობიექტად? რატომ აძლევს რელიგია საზოგადოებას ასეთ ძალასა და სასიცოცხლო ენერგიას? დიურკემის რელიგიის სოციოლოგისთვის მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ ზოგიერთი სოციალური მდგომარეობა, როგორიცაა მაგალითად., კოლექტიური აღზნების სიტუაცია წარმოშობს (პროდუცირებს) და კვლავწარმოშობს (რეპროდუცირებს) რელიგიურ გრძნობებსა და რწმენებს. დიურკემის რელიგიის სოციოლოგიის იდეურ წყაროს წარმოადგენდა მასების ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა ნააზრევი (გ. ლებონი, გ. ტარდი, გელდვეიზერი). მაგალითად., გელდვეიზერი წერდა, რომ ე. დიურკემის ნაშრომის "რელიგიური ცხოვრების ელემენტარული ფორმები" უდიდესი მნიშვნელობის მიუხედავად, დიურკემისთვის საზოგადოება სუბლიმირებული (სახეშეცვლილი) ბრბოა, ხოლო სოციალური საზღვრები - ბრბოს ფსიქოლოგიის სიტუაციაო. მართლაც, იგი იმის დაზუსტების შემდეგ, თუ რას წარმოადგენს რელიგია მთლიანობაში და ავსტრალიის საზოგადოების ანალიზის საფუძველზე, მიდის თავის ძირითად ჰიპოთეზამდე, რომ საზოგადოება პერსონიოფიცირდება თავის ღმერთებში. მაგრამ მას უნდა გაეცა პასუხი რელიგიის შინაგანი ძალების შესახებ, ანუ საიდან წარმოიშვება კულტისა და უპიროვნო ძალების გავლენა? რელიგიის თეორია აღწერს სოციალურ ფაქტებს, რომლებსაც ახსნა აქვთ ფსიქოლოგიური მიზეზების მეშვეობით. რწმენებთან და იდეოლოგიასთან დაკავშირებული ფენომენების გაგებისთვის აუცილებელია ბრბოს ფსიქოლოგიის ცოდნა. დიურკემი ზიზღით უყურებდა ყველას, ვინც ცდილობდა რელიგიის წარმოშობის ახსნას ჰალუცინატორული მექანიზმის მეშვეობით, მაგრამ ევანს-პრიჩარდის აზრით, იგი თავადვე იგივეს ამტკიცებდა. დიურკემი ოპერირებს ისეთი ცნებებით, როგორიცაა, "დაძაბულება", "აღზნება", "ეგზალტაცია" და სხვა. რაც ძალზე ახლოს არის ერთად თავშეყრილი ადამაინების ემოციონალურ აღზნებასთან, რომლებიც განიცდიან რაღაც კოლექტიური ისტერიის მსგავსს.

      დიურკემის მთავარი პოსტულატია: იზოლირებული ადამიანი მოკლებულია ან არასაკმარისად აქვს სასიცოცხლო ენერგია. იზოლირებული ადამიანი მექანიკურად მისდევს ჩვევებს, ძლივს მოძრაობს, ნევრასთენიკის მსგავსად აპათიურად, გულგრილად რეაგირებს თავის მსგავს ადამიანებზე; მარტოობა და უსუსურობაა ამ დროს ინდივიდის თანმხლები სულიერი მდგომარეობები და მხოლოდ საზოგადოებას (კოლექტიურ ერთობას) შეუძლია მისი დახმარება და ამ განსაცდელისგან დახსნა. საზოგადოებაში ადამიანი ხდება უფრო მეტი, ვიდრე მარტო მყოფი ინდივიდი, რადგანაც ერთობა ახდენს პიროვნების სტიმულირებას, ავსებს მას აუცილებელი სასიცოცხლო ენერგიით და აქეზებს სხვადასხვა სახის აქტივობისკენ. ადამიანი იძენს უნარს გავიდეს ინდივიდუალური მგრძნობელობის საზღვრებს გარეთ, მიიღოს სიამოვნება აფილაციის - სხვებთან გაერთიანებისა და "სხვა" რეალობაზე ფიქრის დროს, რომელიც ჯერარსულია, ანუ ინდივიდი იძენს უნარს განიცადოს და გაიგოს იდეალური (ღვთებრივი). ამის შედეგია სივრცე, დრო, და გონების სხვა კატეგორიები, რომლებიც საზოგადოების სიმბოლიზებას ახდენენ უფრო ამაღლებული ფორმით. უფრო სპეციფიკური მიზეზი ისაა, რომ რელიგიის წინაშე დგას ადამიანთა გაერთიანების, კომუნიკაციის, მათი ენერგიით უზრუნველყოფის ამოცანა უმაღლესი მიზნების მიწოდების მეშვეობით. აქ საზოგადოება არის ადამიანთა ურთიერთქმედების ძირითადი და არა ერთადერთი საფუძველი. დიურკემი წერს, რომ არა მხოლოდ ჯგუფი (სქესობრივი, ასაკობრივი, ეთნიკური), რომელიც რეალობის მოწესრიგებას ახდენს სოციალურად, არამედ ნებისმიერი კოლექტიური სიტუაცია ხასიათდება ჯგუფთან ინდივიდის კავშირით. დიურკემი სვამს კითხვას: როგორ ხდება საზოგადოება ჰომოგენური ან ჰეტეროგენური, იძენს ან კარგავს თავის წევრებზე გავლენას. ამის გასაგებად აუცილებელია კოლექტიური რელიგიური სიტუაციების ანუ რიტუალების ცნებაზე შეჩერება.

ტეგები: religion, society, sociology, მანქანა, მიქელანჯელო, პროფანული, რელიგია

ნახვა: 962

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2024

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მაისი 5, 2024.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

„თქვა ... იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ვინც მე მიწამებს, თუნდაც რომ მოკვდეს,…

გაგრძელება

Demystifying Vape Cartridges

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 4, 2024.
საათი: 8:00am 0 კომენტარი







Vaping has advanced considerably over the years, presenting a myriad of selections to buyers looking for a convenient and customizable knowledge. Amid the popular alternatives are vape cartridges and disposables, Every single with its possess exclusive characteristics and Positive aspects. In this particular detailed information, we'll discover every thing you need to know about vape cartridges and disposables that will help you make educated selections.…



გაგრძელება

The Value of Life Insurance and How to Select the Ideal Coverage

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 2, 2024.
საათი: 12:30pm 0 კომენტარი







Daily life insurance is a vital fiscal Software that gives protection and satisfaction for both you and your family members. On this page, we are going to discover the significance of existence coverage, its various kinds, and offer you guidance on choosing the right coverage to safeguard your legacy and future monetary security.

Knowing Existence Insurance policy Principles



Daily life insurance policies can be a agreement in between you and an insurance…

გაგრძელება

Amazon Adventuresome Studios

გამოაქვეყნა taoaxue_მ.
თარიღი: აპრილი 30, 2024.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

The Luck of the Basal draft will run until August 29th, which gives you about two weeks to accumulate as abounding boodle as you can. Calendar that you’ll abandoned be able to accepting boodle from Rafflebones up to three times a day. You’ll additionally accusation to accordance a complete accumulated of draft to New World Gold accepting rewards.

Meanwhile, the latest adventuresome acclimatize additionally fixes some issues with affluence chests, abasement action cards, and quests,…

გაგრძელება

Qwelly World

free counters